![]() |
თავისუფლება № 12, 2002 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ზურაბიშვილი დავით, საყვარელიძე ფრიდონ, კუბლაშვილი კოტე, კოტეტიშვილი ირაკლი, ანდერსონი ალექს |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
წყარო: პ.დ. 1289/2002 |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა უფლება დაცულია რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 ახალი წელი, ძველი პრობლემები |
▲back to top |
დავით ზურაბიშვილი
ახალი წლის მოსვლა ყოველთვის ახალ იმედებს აღძრავს, თუნდაც გასული წელი არანაირი ოპტიმიზმის საბაბს არ იძლეოდეს. ახალი წელი იმედიანი დღესასწაულია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთია ადამიანის ბუნება - სასიკეთო ცვლილებების იმედი ხომ ის მაცოცხლებელი ნერვია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას აზრიანს და გასაძლისს ხდის.
საახალწლოდ ერთგვარი ტრადიცია ძველი წლის მოსაგონარის თქმაც არის და რამდენადაც ჩვენი გამოცემის მუდმივი თემა ადამიანის უფლებებია, ორიოდ სიტყვით იმის შესახებ, თუ რა ტენდენციები შეიმჩნეოდა 2002 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
სამწუხაროდ, ვერაფერ გულგასახარს და აღმაფრთოვანებელს ამ მხრივ ვერ ვიტყვით. ერთადერთი დამაიმედებელი ტენდენცია, ეს არის უფლებადაცვითი ორგანიზაციების შედარებითი გააქტიურება თბილისს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართებით მუშაობენ არა მარტო თბილისში დაფუძნებული, მეტ-ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციების ფილიალები, არამედ ადგილობრივი გაერთიანებებიც.
ჯერ-ჯერობით რაიმე არსებით გარდატეხაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, რეგიონებში უფლებადაცვითი ორგანიზაციები საერთოდ არ არსებობდნენ, გარკვეული პროგრესი აშკარაა. აქ თავისი როლი ითამაშა იმანაც, რომ დონორი ორგანიზაციები ბოლო დროს მეტ ყურადღებას უთმობენ საქართველოს რეგიონებს და რეგიონულ აქტივობებს გარკვეულ უპირატესობასაც ანიჭებენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქალაქ ქუთაისში, შინაგან საქმეთა ორგანოებთან საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნა. ეს არის დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიციაზე საზოგადოებრივი კონტროლის აპრობირებული საშუალება და იმედი ვიქონიოთ, რომ 2003 წელს, მსგავსი ტიპის საბჭოები სხვა ქალაქებშიც შეიქმნება.
შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის კარგი ამბავი სულ ეს არის, ცუდი კი რამდენიც გნებავთ.
ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ტენდენცია, რაც აშკარად გამოიკვეთა გასული წლის განმავლობაში, ეს იყო კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავება და კრიმინალური ელემენტების აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში წარმატებით დასრულდა და პანკისის პრობლემა გარკვეულწილად მოიხსნა, ადამიანების გატაცებას, შეკვეთილ მკვლელობებსა და სხვა ამგვარ უმძიმეს დანაშაულობებს ბოლო მაინც ვერ მოეღო. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, ხოლო ის აღმაშფოთებელი აქცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა ანტიტერორისტული ღონისძიების საბაბით, როდესაც ჩეჩენი ეროვნების ადამიანები ქალებბავშვებიანად მირეკეს პოლიციის განყოფილებებში, კიდევ დიდხანს დარჩება საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო ლაქად.
გასულ წელს განსაკუთრებით უხეში დარღვევებით აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესი. არჩევნები მიმდინარეობდა აქამდე არნახული არაორგანიზებულობისა და ქაოსის ფონზე. ადგილი ჰქონდა ძალადობას, ყაჩაღურ თავდასხმებს და ყოველივე ეს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირების გარეშე დარჩა.
2002 წელს თავის პიკს მიაღწია რელიგიურ უმცირესობათა მიმართ აგორებულმა ისტერიამ. შემაშფოთებელი იყო არა მარტო ის, რომ კვლავ გრძელდებოდა ცნობილი დარბევები, ხოლო ხელისუფლება და სამართალდამცველი ორგანოები კვლავ არაფერს აკეთებდნენ ექსტრემისტების ქმედებების აღსაკვეთად, არამედ ის, რომ რელიგიური შეუწყნარებლობისა და აგრესიის პროპაგანდას ფაქტობრივად სრული შემადგენლობით შეუერთდა ქართული პოლიტიკური სპექტრი. ისინი ორ ბანაკად გაიყვნენ, ერთნი დაუფარავად უჭერენ მხარს მკალავიშვილის ტიპის ექსტრემისტებს და აცხადებენ, რომ ,,მამა ბასილი ეროვნულ საქმეს ემსახურება,” მეორენი კი ცალყბად გმობენ მკალავიშვილის ძალადობრივ მეთოდებს, მაგრამ სოლიდარობას უცხადებენ მის მიზნებს, სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი ამტკიცებენ: ცემით არაფერი გამოვა, ამას დასავლეთში ,,ვერ გაგვიგებენ” და სექტები ცივილური მეთოდებით უნდა ავლაგმოთო. შედეგი კი ის არის, რომ რელიგიური უმცირესობებისგან გამოიძერწა მტრის ხატი. ,,სექტანტი” წარმოდგენილია, როგორც საქართველოს დაუძინებელი მტერი, მტრის უფლებების დაცვას კი აბა, ვინ მოიწონებს?
რელიგიური ექსტრემიზმის პროპაგანდა წლის მიწურულს ერთგვარად ჩაცხრა. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრ და პრინციპულ პოზიციას. აშშ ელჩმა საქართველოში, რიჩარდ მაილსმა საგაზეთო ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ სანამ უხეშად ირღვევა რელიგიურ უმცირესობათა უფლებები, საქართველო ვერასოდეს შევა ნატოში. ამან ცოტა გამოაფხიზლა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უფლებადაცვითი ორგანიზაციების პროტესტის ხმას აქამდე არაფრად აგდებდა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე სახელის გაფუჭებას მაინც უფრთხის...
კიდევ ბევრი ცუდი ამბავის გახსენება შეიძლებოდა, ყველაზე ცუდი ალბათ ის არის, რომ ის ცუდი, რაც არ გაუარესდა, არც გაუმჯობესებულა, ანუ ისევ ისე დარჩა: პოლიციაში კვლავ რეგულარულად ცემენ დაკავებულებს, საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ აგრძელებს კონსტიტუციისგან ხელისუფლების დაცვას (ამის შესანიშნავი მაგალითი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიტინგებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონის აშკარა ანტიკონსტიტუციურობის ,,ვერდანახვა”) და ა. შ. და ა. შ..., მაგრამ ყველაფერი რომ ჩამოვთვალოთ, ადგილიც არ გვეყოფა და საახალწლო განწყობილებასაც ვერ წაადგება.
ამ დროს ჩვეულებრივ იტყვიან ხოლმე: რაც ცუდი ახლდა გასულ წელს, მასვე წაეღოსო. ჩვენც იგივეს ვუსურვებთ ჩვენს მკითხველებს და ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავემშვიდობებით.
კიდევ მრავალ ახალ წელს!
![]() |
2 არეოპაგიტიკა |
▲back to top |
ჯონ მილტონი
სიტყვა თქმული ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების თაობაზე ინგლისის პარლამენტისა მიმართ
1644 წელი
სწორედ ესაა ჭეშმარიტი თავისუფლება, როცა ადამიანს, თავისუფალ პიროვნებად შობილს, აქვს უფლება სხვისი კარნახის გარეშე ილაპარაკოს: ვისაც ეს ძალუძს და სჩადის კიდეც, პატივისცემის ღირსია; ვისაც არც ძალუძს და არც სურვილი აქვს, დაე, ჩუმად იყოს - განა რა იქნება ამაზე უფრო სამართლიანი ნებისმიერ სახელმწიფოში?
ევრიპიდე
ისინი, ვინც ხელისუფლებასა თუ მის წარმომადგენლებს მიმართავენ, ან თუ პირადად სურთ მათთან შეხვედრა - როგორც ახლა მე მოგმართავთ თქვენ - პარლამენტის უზენაეს საკრებულოს - მუდამ იმის მტკიცებაში არიან, რომ მათი ნააზრევი უცილობლად წაადგება საზოგადოებას; თუმც ზოგს ეჭვიც ღრღნის, ზოგი კი, ვინძლო, პირადად მისთვის სავალალო შედეგებს უფრთხის...
თავად მე, შეიძლება ითქვას, სამივე ეს განცდა დამუფლებია, რადგან საკითხი ესე, ჩემს მიერ განსახილველად გამოტანილი, არაერთგვაროვან გამოხმაურებას გამოიწვევდა წარსულში და ვფიქრობ, არც ახლანდელი დრო იქნება გამონაკლისი.
ჯონ მილტონი
დიდი ინგლისელი პოეტის, ჯონ მილტონის (1608-1674) კლასიკურ მემკვიდრეობაში, მისი ცნობილი პოემების გვერდით, საპატიო ადგილი უჭირავს სახელგანთქმულ ტრაქტატს ,,არეოპაგეტიკა.” ქართველი მკითხველისთვის პუბლიცისტური პროზის ეს აღიარებული შედევრი პრაქტიკულად უცნობია, რაც სრულებითაც არ არის გასაკვირი. საბჭოთა კავშირში, სიტყვის თავისუფლების ყოველგვარი აპოლოგია, თუნდაც საუკუნეების წინ გამოთქმული, უბრალოდ არ შეიძლებოდა, არ ყოფილიყო აკრძალული, ხოლო მილტონის ,,არეოპაგეტიკა,” რომელიც ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებას ეძღვნება და ცენზურის წინააღმდეგაა მიმართული, სოლჟენიცინის ,,გულაგის არქიპელაგზე” ნაკლებ ანტისაბჭოურად როდი გაიჟღერებდა. ამიტომაც საბჭოთა მკვლევარები და ლიტერატურათმცოდნეები, მილტონის შემოქმედების ამ ეპიზოდს დელიკატურად უვლიდნენ გვერდს, თარგმნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
,,არეოპაგეტიკა” 1644 წელს დაიწერა და წმინდა მხატვრული და შინაარსობრივი ღირსებების გარდა, ამ ნაწარმოების ძალა უპირველეს ყოვლისა იმაშია, რომ იგი ყოველთვის აქტუალური და თანამედროვე იქნება, სანამ იარსებებს სიტყვის თავისუფლების დაცვის საჭიროება და ცენზურის საფრთხე - სულერთია, რა ფორმით და დედამიწის რომელ კუთხეში. ეს თხზულება საოცრად აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვისაც: პრობლემები, რომელსაც დიდი ინგლისელი პოეტი ეხება თავის ტრაქტატში, თითქოს ჩვენი ყოველდღიური რეალობიდანაა აღებული და ქართველი მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო და დამაფიქრებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში იმაზე გვიხდება ლაპარაკი, რაზედაც მე-17 საუკუნის ინგლისში მსჯელობდნენ.
სამწუხაროდ, ჩვენი გამოცემის ფორმატი არ გვაძლევს ამ ვრცელი ტრაქტატის სრული პუბლიკაციის საშუალებას. ამიტომ გამოსაქვეყნებლად შევარჩიეთ ის ფრაგმენტები, რომლებიც სრულ წარმოდგენას იძლევა ნაწარმოების სულისკვეთებაზე და განსაკუთრებით აქტუალურად ჟღერს ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის.
ორიოდ სიტყვით ქართულ თარგმანზე. უნდა ითქვას, რომ მილტონის ,,არეოპაგეტიკა” უაღრესად რთული ტექსტია სათარგმნელად. გარდა იმისა, რომ ეს თხზულება სამასსამოცდაორი წლის წინ დაიწერა და იმდროინდელი ინგლისური საგრძნობლად განსხვავდება დღევანდელისგან, ნაწარმოები წარმოადგენს ანტიკური ხანის ორატორთა ერთგვარ იმიტაციას, იგი გადატვირთულია მრავალფეროვანი რიტორიკული ხერხებით, ციტატებით და ციტაციებით. ქართველი მთარგმნელი მეტად რთული ამოცანის წინაშე იდგა და, უნდა ითქვას, რომ მან შესანიშნავად გაართვა თავი ამ სერიოზულ გამოწვევას. ქართული თარგმანი შესრულებულია მართლაც და მაღალ პროფესიონალურ დონეზე, რაშიაც მკითხველი თავად დარწმუნდება.
* * *
და კიდევ, სამი რამაა, რის გარეშეც ყოველგვარი სიტყვა ფუჭია: უპირველესად, როცა მხოლოდ იმას აქებენ, რაიც ჭეშმარიტად ღირსია ქების; მეორეც, თუკი ქების სიტყვა სწორი მისამართითაა მიმართული, და მესამე - ცხადზე უცხადესი უნდა იყოს, რომ მაქებარს ლიქნის ჭია არ შეჩენია. ყოველ შემთხვევაში, ვინც შესაბამისად წარმოაჩენს რიგიანად გაკეთებულ საქმეს და არც იმას დაერიდება, აჩვენოს, რისი ქმნა იყო უკეთ შესაძლებელი, სწორედ მისი შეფასებანი იქნება მლიქვნელობას მოკლებული, ხოლო შენიშვნები - გარკვეულწილად, მისივე საქებარი სიტყვა.
* * *
ამჯერად საქმე ეხება თქვენს მიერ გამოცემულ ბრძანებულებას ბეჭდვითი სიტყვის შეზღუდვის თაობაზე: ,,არა წიგნი, გაზეთი თუ ცალკეული ფურცელ-პამფლეტი იქნას დაბეჭდილი, თვინიერ ქვემოაღნიშნულ პირთა წინასწარი მოწონებისა და შემდგომი ნებართვისა”. ჩემის მხრივ, შევეცდები დავამტკიცო, რომ ამგვარი აკრძალვა ვერაფრით შეუშლის ხელს იმ სკანდალური, გამრყვნელი თუ სახელმწიფოს ძირგამომთხრელი ლიტერატურის გავრცელებას, რომლის წინააღმდეგაცაა ეს ლიცენზირება გამიზნული, არამედ მხოლოდღა ზოგადად ცოდნის შეძენას შეუშლის ხელს, სიმართლის გარკვევას, ჭეშმარიტების ძიების სურვილს მოსპობს როგორც საერო საზოგადოებაში, აგრეთვე ეკლესიის წიაღსა შიგან.
განათუ ვუარყოფდე, რომ ეკლესიასა თუ ფართო საზოგადოებას სწორედაც რომ თვალი უნდა ეჭიროს წიგნებზეც და ადამიანებზეც - მართალი სამართლის ჰქმნა მუდამჟამ უპრიანია, ეგაა, ნაბეჭდი წიგნი არაა მხოლოდ უსულო საგანი, მასში იგივე აღმტკინებელი ძალაა ჩაქსოვილი, რაიც მის შემქმნელს ახასიათებდა და მასშივე ირეკლება ის გონი, რამაც იგი შვა. წიგნი იმ მითიური გველეშაპის კბილებს შეიძლება შევადაროთ, დათესილნი რომ იარაღასხმულ ჯარად ამოიყრარნენ. მეორეს მხრივ, მისი განადგურებაც ლამის კაცისკვლას უტოლდება: ვინაც კაცს კლავს, კლავს გონიერს არსებას, ღვთის ხატად შექმნილს; მაგრამ ვინც წიგნს სპობს, სპობს თავად გონებას, ანუ იმას, რაიც ღმერთმა სულის შემდგომ შთაბერა ადამიანს.
დედა-მიწისთვის კაცთაგან ბევრი იქნებდა მხოლოდ ტვირთია, მისი მტკეპნავი; ოღონდაც კარგი წიგნი ძვირფასი განძია აღმქმელი სულისა და გამგები გონებისათვის, ცხოვრების შემდგომ სიცოცხლისთვის გადანახული. ჭეშმარიტად, არა ჟამთა სვლას არ ძალუძს კერძო სიცოცხლის აღდგენა, რაც იქნებ არც ისეთი უბედურებაა - ოღონდ ჟამთა ცვლაც არცთუ ისე ხშირად გვიბრუნებს ერთხელ უკვე უარყოფილ ჭეშმარიტებას - რაც მერე მთელი ერის სავალალოდ იქცევა ხოლმე.
და ასევე, რაკიღა ჩემდათავად წინააღვუდგები ზემოხსენებულ ბრძანებულებას, იმასაც შევეცდები დავამტკიცო, რომ ბეჭდვითი სიტყვის ლიცენზირების ეს პროექტი არ ახალია - მან ინკვიზიციის ფესვებიდან ისაზრდოვა და მხოლოდღა მერე იქნა ჩვენს შინაურ ანაფორიანთა მიერ გათავისებული. სწორედ ტრენტის კრებამ და ესპანეთის ინკვიზიციამ, ერთობლივად შეიმუშავეს და დააკანონეს ნუსხების ის სისტემა და ამკრძალავი ინდექსები, რასაც ბევრი მშვენიერი ძველი წიგნი შეეწირა - ასეთი რამ მათი ავტორების საფლავებსაც რომ დამართოდათ, უარესი ვერ იქნებოდა. ოღონდ არა სჯერდებოდნენ ისინი ნაწერის მკრეხელური ბუნების განსჯას, არამედ ნებისმიერი, მათთვის გაუგებარი აზრების აღმოფხვრით ისაქმებდნენ თავს. საბოლოოდ, დააკანონეს კიდეც, რომ ,,არა წიგნი, ფურცელი თუ ბარათი იქნას დაბეჭდილი ორი, ან უკეთ, სამი ბერის მიერ შესაბამისად განხილვისა და ხელრთვის თვინიერ” (თითქოსდა თავად წმ. პეტრეს ხელი-ხელ ებოძოს მათთვის კლიტენი ბეჭდვისანი!)
* * *
გავკადნიერდები მოსეს, დანიელისა და პავლეს სახელების მოხმობით, რომელნიც ეგვიპტელთა, ქალდეველთა და ჰელინთა ყოველგვარ სწავლებათა მეცნიერნი იყვნენ და ვერ განიწრთვნებოდნენ მათთა წიგნთა კითხვის გარეშე. განსაკუთრებით მოციქული პავლე, სულაც რომ არ თვლიდა ზედმეტად ბერძენი პოეტების გამონათქვამები ჩაერთო წმ. წერილში. მისგან განსხვავებით, იულიანე განდგომილი - ჩვენი საერთო რწმენის დაუძინებელი მტერი - ყოველთა ქრისტიანთ უკრძალავდა წარმართთა წიგნების სწავლას. ეგენიო - ამბობდა იგი - ჩვენივე იარაღით გვისწორდებიან, და ხელოვნებითა დიდითა და მეცნიერებითა გვჯაბნიანო. ამა ბრძანებას კი მხოლოდ ის შედეგი მოჰყვა, რომ საქრისტიანო კინაღამ უვიცობის მორევში გადავარდა. იმ დროის ერთი ისტორიკოსის თქმით, მისი და მამა-შვილ აპოლინარიუსების მოღვაწეობას მეტი ზიანი მოჰქონდა ეკლესიისთვის, ვინემ დეციუსისა თუ დიოკლეტიანეს დაუფარავ სისასტიკეს.
II საუკ. 40-იან წლებში დიონისე ალექსანდრიელს უკვე ფრიადი სახელი ქონდა გაგდებული საეკლესიო წრეებში, როგორც უაღრესად ღვთისმოსავ და განსწავლულ კაცს, რომელიც, ერეტიკოსთა წინააღმდეგ, ხშირად მათსავე ნაწერებში ამოკითხულ მოსაზრებებს იშველიებდა. ერთხელაც, მავანმა საეკლესიო პირმა დაამუნათა, როგორ ბედავდა იგი ამ უწმინდურებაში ხელის ფათურს. დიონისე არათუ აგდებით მოეკიდა უვიცის სიტყვებს - პირიქით, თავს დაეკითხა, რამდენად მართებული იყო მისი საკუთარი ქცევა; უცაბედად, მას ღვთისგან ჩვენება მოევლინა (ყოველ შემთხვევაში, თავად სწორედ ასე აღწერს) რომელმაც ამცნო: იკითხე ყოველი, რაკიღა აიწონა გონება შენი და მიჩნეულ ხარ ღირსად განსმსჯელად და მეცნიერად. მისივე თქმით, წმინდა წერილიც სწორედ იმ გვერდზე იქნა გადაშლილი, სადაც თესალონიკელთა მიმართაა ნათქვამი: ყოველივე გამოიცადეთ, და უკეთესი იგი შეიკრძალეთ; და მეყსეულად გაახსენდა იმავე მოციქულის თქმული: წმიდათათვის ყოველივე წმინდა არს - ანუ, არათუ ლუკმა სასმელი ხოლო, არამედ სწავლებაც ყოველგვარი - კეთილი თუ ბოროტი, ვინაიდან ვერა ცოდნა და ვერა წიგნი წარწყმედს, თუკი შემეცნება კაცისა იმთავითვე არაა წაბილწული.
და ასევე, როდესაც ღმერთმა საკვების არჩევანი დაუტოვა ადამიანს, მას გონების საკვების შერჩევის უფლებაც მისცა: ყოველმა ზრდასრულმა საკუთარი ნებით უნდა დაიცვას თვისი სულიერი დიეტა.
რამეთუ წიგნიც საკვებსა ჰგავს - ზოგი მარგებელია, ზოგი - არც იმდენად; მაგრამ განა ვინ უკეთეს მოწმეს ვიპოვი, ვიდრე აქ, თქვენს შორის მჯდომ სწავლულთა შორის უპირველესს, ბ-ნ სელდენს, ვისი შრომებიც ბუნებისა და სახელმწიფოს კანონების თაობაზე ლამის მათემატიკური სიზუსტით ადასტურებს, რომ ყოველი მოსაზრება, თუნდაც მცდარი, ოღონდ ჯეროვნად გააზრებული, კიდევ ერთი ბიჯით გვაახლოვებს ჭეშმარიტებასთან! და ასევე, როდესაც ღმერთმა საკვების არჩევანი დაუტოვა ადამიანს, მას გონების საკვების შერჩევის უფლებაც მისცა: ყოველმა ზრდასრულმა საკუთარი ნებით უნდა დაიცვას თვისი სულიერი დიეტა.
სწორედ ესაა ადამის შთამომავალთა ბედისწერა: კეთილ-ბოროტი შეიმეცნონ და განასხვავონ. და რაღაა იგი, სიბრძნე კეთილი, ბოროტისა უმეცარი?! მხოლოდ მას, ვისაც ძალუძს ბიწიერების საცდურს გაუძლოს, და არა დაჰმორჩილდეს, და არჩევით გაჰყვეს გზას კეთილს - ჭეშმარიტი ქრისტიანიც მხოლოდ მას ერქმის.
არა პირისაგან შესულისა შეირყვნების კაცი, არამედ პირისაგან გამოსულისაო - და ამით მაცხოვარი არჩევანს გვიტოვებს; სოლომონი გვაფრთხილებს, განსწავლულობა ვაებას ბადებსო, მაგრამ არც მას და არც სხვა ვინმე მადლცხებულ ავტორს უთქვამს - ამა და ამ საკითხავში არა ჩაიხედოთო. და საერთოდ, მაღალ ღმერთს რომ ჩვენი განსწავლულობის დასაზღვრა სურვებოდა, იმაზეც ნათლად მიგვითითებდა, რა სახის წიგნი გამოგვეცხადებინა ვაების მომტანად და რა - კანონგარეშედ. აი, წმ. პავლეს მიერ მოქცეულებმა, წრეგადასული გულმოდგინებისა გამო, ეფესელთა წიგნები დაწვეს - ჯადო-მჩხიბაობისა იყოო; ეს მათი ნება გახლდათ, ყოველგვარი მითითების გარეშე, საკუთარი წიგნები დაწვეს და ეს ვოლუნტარისტული ქცევა შეფასების არჩევანს გვაძლევს: მათთვის იქნებ ეს გამოსავალიც გახლდათ, სხვას კი ეგებ კეთილი საქმისათვის გამოეყენებინა იმ ნაწერებში დაგროვილი ცოდნა.
ჭეშმარიტად, კეთილიცა და ბოროტიც ერთურთის თანამდევია ამ სამყაროში, მათი გაგება ერთი ჩაკბეჩილი ვაშლისაგან შემოვიდა ამა ქვეყნად; ანუ, სწორედ ესაა ადამის შთამომავალთა ბედისწერა: კეთილ-ბოროტი შეიმეცნონ და განასხვავონ. და რაღაა იგი, სიბრძნე კეთილი, ბოროტისა უმეცარი?! მხოლოდ მას, ვისაც ძალუძს ბიწიერების საცდურს გაუძლოს, და არა დაჰმორჩილდეს, და არჩევით გაჰყვეს გზას კეთილს - ჭეშმარიტი ქრისტიანიც მხოლოდ მას ერქმის.
ყოველივე ზემოთქმულის გასაბათილებლად, ჩვეულებრივ, ერთადერთ მოსაზრებას იშველიებენ: ვაითუ საეჭვო საკითხავმა ზნეობისა და მართალი რწმენის დაკნინებას შეუწყოსო ხელი. მაგრამ მაშინ რიგი საეკლესიო წიგნებიცა და მათში არსებული საკამათო საკითხებიც უნდა გავიქროთ თვალსაწიერიდან! იქნებდა თავად ბიბლიაც ნაწილ-ნაწილ დაგვეჩეხა? აკი ღვთისგმობასაც ამოიკითხავთ მასში, გარყვნილთა ქცევაც არცთუ კაზმულსიტყვაობის გარეშეა აღწერილი, ალაგ-ალაგ წმინდა ადამიანებსაც კი ღვთის ნების მიმართ დასცდებათ ხოლმე საყვედური და ზოგან ვინმე უცებმა მკითხველმა ვინძლო ეპიკურეს დებულებებიც ამოიკითხოს... და თუკი კაცს განსწავლულსაც ზოგჯერ უჭირს მართლისა უკუღმართისაგან გამორჩევა, ლიცენზიის გამცემთ რიღათი იხელმძღვანელონ? თუ ისინი წინასწარულად მიიჩნევენ თავს ყოველთა ზედა მდგომებად და იჭვის ჭიაც არასოდეს შეპარვიათ?
და ასევე, თუკი მართალია, რომ ჭკვიანი კაცი უხეირო ქმნილებებშიაც ჰპოვებს რაიმეს სასარგებლოს, ხოლო სულელი რჩეულ წიგნშიც ვერაფერს ნახავს, მაშ რაღად უნდა მოვაკლოთ ბრძენს მისი გონების მასაზრდოებელი წყარო, იმის შიშით, ბრიყვი რამ სიბრიყვეს არ გადააწყდეს? ასე არა მარტო არისტოტელეს, სოლომონის სიტყვასაც უნდა ვუფრთხოდეთ და თავად მაცხოვრისასაც, რაკიღა ყოველი ეშმა საკუთარ ბიბლიას კითხულობსო, ნათქვამია.
თუკი ჩვენ მართლა გადავწყვეტთ ბეჭდვითი სიტყვის შეზღუდვას, და ამით იმედი გვაქვს, ზოგადად ხალხის ზნე-ჩვევებსაც გავაუმჯობესებთ, მაშინ, ყურადღების მიღმა დაგვრჩება გართობა-სანახაობრივი ღონისძიებების მთელი რიგი, რაც, ვინძლო, წიგნზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ხალხის ცხოვრებაში. არა მუსიკობა, არა მღერა, არა როკვა არ უნდა იქნეს დაშვებული მკაცრი ლიცენზირების გარეშე: მხოლოდღა ღრმად შინაარსობრივი და ტრადიციული ხმიანობის შესაბამისი უნდა მისწვდეს ხალხის სმენას! ახლა, მოცეკვავეებსაც ხომ უნდა მივხედოთ - რა მოძრაობა, რა ჟესტი თუ რხევა ეთანხმება საყოველთაო ზნეობრივ ნორმებს? და ყველაფერ ამას (მიყრუებულ პროვინციებს აღარ ვგულისხმობ) ორიოდ ათეული ზედამხედველი უნდა გასწვდეს? აღარას ვამბობ ჩაცმულობაზე, ღვინისა თუ სხვა რამ მათრობელი სასმელების მოხმარების ოდენობაზე, საუბრის წაყვანის წესსა თუ ნებისმიერი სახის დროსტარებაზე - ყველაფერი ეს ორიოდ ათეული ბრძენკაცის მიერ უნდა დარეგულირდეს?!
როს უფალმა ნათელი გონებისა შთაბერა ადამს, ამით იგივე არჩევანის უფლება უბოძა - რაკიღა გონება იგივე განსჯის უნარია, ღვთივბოძებულიდან უამესი ამოირჩიოს; და არჩევანისაგან მისისა იქმნება სწორედ სათნოება კაცისა. ხოლო ერთისა სათნოდ მოქცევა უმეტეს კეთილად ეთნიება ღმერთს, ვინემ ათი ბიწიერის მოთოკვა.
* * *
ისემც კაი დაგემართოთ, ბატონებო - ვთქვათ და, მართლაც ავკრძალეთ ყოველი უზნეო და გონებისამღვრევი გამოცემა, ადგილობრივი თუ უცხოეთიდან შემოსული; რა მერე? ხომ სახელ-სახელ უნდა ჩამოითვალოს ისინი, ძველნიც და ახალნიც - დღეყოველ რომ ჩნდება - განათუ ორ ათეული მოხელე აუვა ამ საქმეს? ახლა ისიცა ვთქვათ, თუკი ზოგი ნაწილობრივაა მხოლოდ უვარგისი, სხვა მხრივ კი მეტად სასარგებლოა - მათ რაღა უყოთ? ფურცელ-ფურცელ ვჩეხოთ და ვშალოთ? და რამდენს გავწვდებით? და რამდენი უვარგისი გამოცემის მიხედვით (ვარგისთან შეფარდების გათვალისწინებით) შეგვეძლება ავკრძალოთ თავად ის სტამბები, სადაც ამგვარი რამ იბეჭდება? და თუ საქმიანობა უნდა შევუზღუდოთ მხოლოდ, როგორ და რამდენი ხნით?
განა ცოტაა სექტა თუ სქიზმა, ბეჭდვით სიტყვას სრულებით რომ არ საჭიროებს? რამდენი დოქტრინაა, საუკუნეების განმავლობაში, დაუწერელი კანონებით რომ საზრდოობდა? აკი თავად ქრისტიანობაც სქიზმა იყო ერთ დროს, და მთელს წინა აზიაში სახარებისა და ეპისტოლეების უწინარეს ვრცელდებოდა!
ასე მიჩანს, ბრძანებულება ესე მკვდრადშობილია. განა ცოტაა სექტა თუ სქიზმა, ბეჭდვით სიტყვას სრულებით რომ არ საჭიროებს? რამდენი დოქტრინაა, საუკუნეების განმავლობაში, დაუწერელი კანონებით რომ საზრდოობდა? აკი თავად ქრისტიანობაც სქიზმა იყო ერთ დროს, და მთელს წინა აზიაში სახარებისა და ეპისტოლეების უწინარეს ვრცელდებოდა! თუკი საზოგადოებაში ზნეობის ამაღლება გვსურს, ერთი გახედეთ იტალიასა და ესპანეთს - განათუ ჩვენზე პატიოსნები, ზნეობრივნი და შრომისუნარიანნი გახადა ისინი ინკვიზიციამ...
ნება მომეცით, სერ ფრანსის ბეკონის სიტყვები შეგახსენოთ: ,,ამგვარი ნებადართული ნაწერები მხოლოდღა მედროვეთა წისქვილზე ასხამს წყალს...” ხოლო სიმართლე და აზრის სიახლე ის საქონელი არაა, ბეჭდვით, ხელრთვითა და რაღაც სტანდარტებით იქნას ნიშანდებული.
* * *
ახლა ისიც ვიკითხოთ, როგორნი უნდა იყვნენ თავად ცენზორები? ცხადია, ვისაც წიგნის ქვეყნად მოვლენისა თუ მოკვდინების უფლება ერგო, ის უნდა იყოს კაცი ყოვლად პატიოსანი, გაბრძნობილი, მუშაკი დაუღალავი: და ასეთი კაცი, იმის მაგივრად, საკუთარი სულიერი ინტერესების სფეროს მიხედოს, უნდა დაჯდეს და თვალი დაიფსოს ათასგვარი უვარგისი, ყოველ შემთხვევაში, მისთვის უინტერესო ნაწერთა ქექვით? გარნა ორიოდ ფურცლის გაცნობა ვერანაირად მისცემს საშუალებას, ვთქვათ, მთელს კრებულს გამოუტანოს მსჯავრი. და სად ვიპოვით მერე ამისთანა ხალხის შემცვლელთ? ისევ საშუალო გაგების, ცოდნისა და უნარის მქონე, ოღონდაც მუყაითი კორექტორების იმედზეღა მივუშვათ საქმე? მერედა, განა რა ქმნის სურვილი უნდა დარჩეთ მეცნიერთ, მწერალთ, მგოსან-მუსიკოსთ, თუკი მუდამ პატრიარქალური მორჭმით მჯდომარე ლიცენზატორის შიში ექნათ? და საერთოდ, სახელმწიფო ჩემი ზედამხედველი კი უნდა იყოს, მაგრამ არა კრიტიკოსი და ცენზორი. ხელისუფალნი ისევე შეიძლება შეცდნენ ცენზორის არჩევაში, როგორც თავად ცენზორმა შესაძლოა, შესცოდოს ავტორის მიმართ. ბოლოს და ბოლოს, ნება მომეცით, სერ ფრანსის ბეკონის სიტყვები შეგახსენოთ: ,,ამგვარი ნებადართული ნაწერები მხოლოდღა მედროვეთა წისქვილზე ასხამს წყალს...” ხოლო სიმართლე და აზრის სიახლე ის საქონელი არაა, ბეჭდვით, ხელრთვითა და რაღაც სტანდარტებით იქნას ნიშანდებული.
და თუკი ვინმე, ბატონებო, იმის მტკიცებას მოჰყვება, თითქოს ყველა ჩემი ეს არგუმენტი თითიდან მქონდეს გამოწოვილი, ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ სწორედ ახლახანს დავბრუნდი იმ ქვეყნებიდან, სადაც ინკვიზიცია ზეობს; იქაურ ბრძენ და პატივცემულ ხალხშიც მიწევდა ჯდომა, და ფრიად ნაამები გახლდით იმ საზრისით, რითაც ისინი ჩვენ გვაფასებენ: ანუ, ინგლისი მათთვის აზრის სრული თავისუფლების ქვეყანაა, და არა უვიც-უწიგნურ კლერიკალთა სამწყსო. თავად კი იმას სწუხდნენ, რომ წლობის განმავლობაში იქ არაფერი დაწერილა, ლიქნითა და გახევებული დოგმატიკით აღბეჭდილ ოპუსთა გარდა. პატივი მერგო მენახულა თვით გალილეი, ინკვიზიციის დილეგში წლებგატარებული, უკვე მოტეხილი მოხუცი - ბრალი მისი ოდენ ის გახლდათ, ასტრონომიაზე სულ სხვა წარმოდგენა რომ ჰქონდა, ვინემ ფრანცისკანელ თუ დომინიკანელ ცენზორთ.
და განათუ ერთადერთი ვარ, ვინაც ამა თვალსაზრისს ადგას: თუკი ჩვენც ინკვიზიციის მეთოდების მსგავს აკრძალვებს დავაკანონებთ, და სახელმწიფო ყოველ თავის ქვეშევრდომზე ისევე იეჭვიანებს, როგორი შიშიც ექნება ყოველი ნაბეჭდი წიგნისა თუ ფურცლის, წასაკითხად კი მხოლოდ იმას დაგვიტოვებენ, რასაც ცენზორებს საკუთარი ღჯუ გონება უკარნახებთ - იგივე ტირანია, ოღონდაც ნასწავლობის საწინააღმდეგოდ მიმართული - ახლა ჩვენშიც უცილობლად გაბატონდება. დიახაც, შედეგი სწორედ რომ სავალალო იქნება - ერთი მცირე, გაუნათლებელი მრევლის მოძღვარი უცაბედად ათასობით წიგნთა სამყაროს არქიეპისქოპოსად მოგვევლინება; ვინც გუშინ ხელოვნების მცირე ნიმუშს სამყაროული ბოროტების თესლად რაცხდა, ხვალ წიგნთა რიგს, წიგნთა ჯარს გამოუტანს განაჩენს და ვეჭვობ, ბევრ მათს ავტორსაც ზედ მიაყოლებს.
განა აღარაა დრო, ჭკუა ვისწავლოთ: ინკვიზიციურ მეთოდებს მუდამ მიზნის საწინააღმდეგო შედეგებისაკენ მივყავართ - სექტებისა და სქიზმატურ აზრებს დათრგუნვის მაგივრად სახელს ვუგდებთ და რეპუტაციას ვუქმნით. „ნებისმიერი ნააზრევის აკრძალვა მის განდიდებას იწვევს!“ - ბრძანებს ვიკონტ სენტ-ალბანი, და იქვე ამატებს: „ყოველგვარი აკრძალული ნაწერი კი რატომღაც ჭეშმარიტების იმ ნაპერწკლად მიიჩნევა, რომლისაგან შემდგომ დიადი კოცონი აგიზგიზდება უცილობლად.“
განა აღარაა დრო, ჭკუა ვისწავლოთ: ინკვიზიციურ მეთოდებს მუდამ მიზნის საწინააღმდეგო შედეგებისაკენ მივყავართ - სექტებისა და სქიზმატურ აზრებს დათრგუნვის მაგივრად სახელს ვუგდებთ და რეპუტაციას ვუქმნით. ,,ნებისმიერი ნააზრევის აკრძალვა მის განდიდებას იწვევს!” - ბრძანებს ვიკონტ სენტ-ალბანი, და იქვე ამატებს: ,,ყოველგვარი აკრძალული ნაწერი კი რატომღაც ჭეშმარიტების იმ ნაპერწკლად მიიჩნევა, რომლისაგან შემდგომ დიადი კოცონი აგიზგიზდება უცილობლად.” ასე და ამგვარად, ბრძანებულება ესე ვინძლო სექტების ძიძადაც იქცეს, ოღონდ ჭეშმარიტების ავ დედინაცვლად კი ნამდვილად გამოდგება; განა ვინ არ უწყის, რომ ჩვენი რწმენაცა და ცოდნაც მუდმივ გავარჯიშებას მოითხოვს - ჩვენივ სხეულისა თუ კიდურების მსგავსად. წმიდა წერილშიც ჭეშმარიტება წყაროსთვალსაა შედარებული: თუ წყალი მისი მუდმივ ნაკადად არ ამოედინა, იგი შემგუებლობისა და დამყაყებულ ტრადიციათა გუბედ იქცევა. და ასევე, მართალი რწმენით აღვსილი კაციც შეიძლება ერეტიკოსი გახდეს: თუ რწმენა მისი მხოლოდღა მოძღვრის სიტყვასა და ეკლესიის მამათა მსჯავრზეა გამოკიდებული და ყოველგვარ განსჯას მოკლებულია, საბოლოოდ თავად მისი რწმენა ექცევა ერესად.
მეორეს მხრივ, რაოდენ საამოა იმის ცოდნა, რომ ყოველივე რეგულირებულია და წინასწარ დადგენილი: არა ნაწერი არა ხვდება უცების თვალს, თვინიერ სამგზის გასინჯულისა, ნასწორებისა და საყოველთაო ხმარებისათვის მოწონებულისა - შინაგანი მზერა მოავლეთ, ბატონებო, ამ შემთხვევაში რაგვარი თანხმობის, შემგუებლობისა და უცილობელი პირმოთნეობის წუმპე მოგველის ერსა თუ ბერს!
* * *
ბატონებო! ჩვენ, ბრიტანელები, საკუთარი რეფორმების ნათლით ვამაყობთ; გარნა თუ უჭკუოდ მიაშტერდა, კაცს მზის სინათლეც კი ბნელში შთააგდებს. ისინი, ვინც დღეყოველ სქიზმისა და სექტების საფრთხით გვაშინებენ, საკუთარი უვიცობისა თუ ამპარტავნობის შედეგად თესავენ შფოთს - მათ არც სხვისი მშვიდად მოსმენა ძალუძთ, არც თავად შეუძლიათ ვინმეს რამეში გადარწმუნება. ესღა დარჩენიათ - ყველაფერ იმის აღმოფხვრა მოითხოვონ, რაიც მათს სინტაგმაში არა სწერია. სწორედ ეგენი არიან განხეთქილებათა შემომტანნი, არც თავად ხელეწიფებათ და არცა სხვას ვისმე ანებებენ ჭეშმარიტების სხეულის ნაწილ-ნაწილ გამთლიანებას. არადა, წერილ არს: ,,იყავით ცოდნით აღჭურვილნი, ცოდნის ძიებაში“ - ანუ, ჭეშმარიტების ერთი აგურის მეორეზე დადება - ეს არის როგორც მათემატიკის, ეგრევე თეოლოგიის ოქროს ჭრილი, რაიც საუკეთესო ჰარმონიას ქმნის ეკლესიის შიგან, და არა ნაძალადევი, გულსგარე ერთობა შინაგანად დანაწევრებული ხალხისა.
სადაცა განსწავლის სურვილი აქვთ, მუნცა მრავლად ბჭობენ, განსჯიან, წერენ - აზრი აზრია აზრის შესახებ, და კაცი საკუთარი აზრს სწავლის პროცესში იქმნის. ყოველ თავისუფლებაზე მაღლა მე სწორედ ცოდნის შეძენის, განსიტყვებისა და სხვებთან მისი განსჯის უფლებას ვაყენებ; თქვენ კი რას სჩადით, ბატონებო? გნებავთ ორიოდ ათეული ოლიგარქოსის დადგენილი საწყაოთი მომიზომოთ გონების საზრდო? მერწმუნეთ, ვინც ამგვარ რჩევას გაძლევთ, თქვენსავე მაღალ მდგომარეობას უთხრის ძირს: განა ბეჭდვისა და სიტყვის ამ თავისუფლებას თქვენსავე წინდახედულ, გამოზომილ, ჰუმანურ მმართველობას არ უნდა ვუმადლოდეთ? განა თქვენს შორისაც არ არიან ისეთნი, ვინაც, სწორედ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების წყალობით, საკუთარ საზრისთა დანერგვაგავრცობას ეწეოდა მოქალაქეთა შორის? განა თავად თქვენ არ გამოეცით წინარე ბრძანებულება, საკმარისზე საკმარისი, სადაც შავით თეთრზე სწერია: ,,არა წიგნი დაიბეჭდოს, გარეშე დასტამბველის, ეგრეცა ავტორის სრული სახელისა”. აი, ვინც საკუთარი სახელისა თუ დამღის რეგისტრირებას გაურბის და ფარულად ცდილობს საქონლის გასაღებას, სწორედაც რომ უპრიანია, სრულად დაისაჯოს კანონის მიხედვით.
და ბოლოს, ერთსაც ვიტყვი: Erare humanum est - შეცდომები კარგ მთავრობას ისევე მოსდის, როგორც ცუდს, და თუ ბეჭდვის უფლება ფავორიტთა მცირე ჯგუფს გადაეცა, მით მეტია ალბათობა, მმართველი ორგანო შეცდომაში შეიყვანონ; ხოლო შეცდომის აღიარების უნარი და მისი სასწრაფოდ გამოსწორების სურვილი, ბატონებო, ის უმაღლესი ნიჭია, რაიც ბრძენ გამგებელთ უნდა ახასიათებდეთ.
თარგმნა გია ჭუმბურიძემ
![]() |
3 ადამიანის მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე |
▲back to top |
ფრიდონ საყვარელიძე
ყოველ ადამიანს აქვს უფლებები და თავისუფლებები, მაგრამ უფლებებისა და თავისუფლებების გარდა, მას აქვს მოვალეობები როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების, თუ მისი თითოეული წევრის წინაშე. თუმცა, ამ წერილში საუბარი შეეხება მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე ადამიანის მოვალეობებს.
სანამ ამ საკითხს დაწვრილებით შევეხებოდეთ, ჩვენი აზრით, აუცილებელია ერთი განმარტება:
ხშირად ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს უკავშირებენ მის მოვალეობებს სახელმწიფოს წინაშე. ამ მოსაზრების მიხედვით, თუ ადამიანი თავის მოვალეობებს შეასრულებს, მაშინ სახელმწიფო დაიცავს მის უფლებებსა და თავისუფლებებს.
ეს ასე არ არის. უფლებები და თავისუფლებები იმიტომა გვაქვს, რომ ადამიანებად დავიბადეთ. ისინი ჩვენი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე. თუკი ამ მოვალეობებს არ შევასრულებთ, სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია ჩვენი დასჯა, მაგრამ ყველაფერი ეს სრულიად არ არის დაკავშირებული ჩვენს უფლებებსა და თავისუფლებებთან. უფლებები და თავისუფლებები იმიტომ გვაქვს, რომ
ადამიანები ვართ, მოვალეობები კი უნდა შევასრულოთ, რადგან მოქალაქეები ვართ. თუკი ჩვენს მოვალეობებს არ ვასრულებთ, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს ჩამოგვართვას ჩვენი უფლებები და თავისუფლებები (მას შეუძლია, მაგალითად, დაგვაპატიმროს კანონიერ საფუძველზე და ამით შეზღუდოს ჩვენი თავისუფლება, მაგრამ წამების, აბუჩად აგდების, პატივისა და ღირსების შელახვის უფლება სახელმწიფოს არასოდეს აქვს, თუნდაც უმძიმესი დანაშაული გვქონდეს ჩადენილი). ამრიგად, უფლებები და თავისუფლებები არ არის დამოკიდებული მოვალეობებზე.
მაინც რა მოვალეობები აქვს მოქალაქეს სახელმწიფოს წინაშე?
ასეთი მოვალეობა სულ ოთხია:
1. მოქალაქე მოვალეა, იხადოს გადასახადები, რათა სახელმწიფოს შეექმნას ნორმალური ფუნქციონირების საშუალება. ეს მის საკუთარ ინტერესებშია, რათა სახელმწიფომ შესძლოს მისი დაცვა შიდა და გარე საფრთხისაგან. ე.ი. შექმნას არმია, პოლიცია და სასამართლო. თუ მოქალაქე გადასახადებს არ გადაიხდის, სახელმწიფო ვერ შესძლებს თავისი ამ ძირითადი ფუნქციის შესრულებას. ვერც გარეშე საფრთხისგან დაიცავს და ვერც შინაურისაგან. თანაც ვერც მოქალაქენი განახორციელებენ საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს. არც სკოლა აშენდება, არც საავადმყოფო და არც სასამართლო, ვერც მასწავლებლები და ექიმები მიიღებენ ხელფასებს.
2. სამხედრო ვალდებულება - მოვალეა თუ არა მოქალაქე იმსახუროს არმიაში? რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, როდესაც რაიმე ძალზედ სერიოზული მოტივის გამო მას არ სურს, ან არ შეუძლია ჯარში სამსახური. ამ შემთხვევაში კეთილი უნდა ინებოს და ალტერნატიულ სამასახურში წავიდეს, ან გაზრდილი გადასახადი იხადოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, როგორც ეს ზოგიერთ ქვეყანაშია და ამგვარად შეუწყოს ხელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
3. კანონორჩილება!? - უნდა დაიცვას თუ არა მოქალაქემ ქვეყნის კანონმდებლობა? სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა იყოს თუ არა ის კანონმორჩილი? უმრავლეს შემთხვევებში ასეა. თუმცა, აქაც არის გარკვეული ნიუანსები. განა ყველა კანონი კარგია? ასე რომ იყოს, საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობას საერთოდ დაეკარგებოდა აზრი და სახელმწიფოები ასე ხშირად არ გამოცვლიდნენ ან შეასწორებდნენ კანონებს მათი სრულყოფის მიზნით. მეტიც, ზოგიერთი კანონი შეიძლება სრულიად უვარგისი აღმოჩნდეს, ვინაიდან ზღუდავს, ან სულაც აუქმებს ზოგიერთ უფლებასა თუ თავისუფლებას. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ასეთ შემთხვევაში? აქვს თუ არა მას უფლება, დაარღვიოს ასეთი კანონი? ამგვარი ქცევის არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს. მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი არათუ არ გამოირჩეოდნენ კანონმორჩილებით, არამედ სხვებსაც მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაკენ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფართომასშტაბიან აქციებს აწყობდნენ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა კი თავისი არსით იმ კანონის აშკარა და საჯარო დარღვევაა, რომელსაც აქციის ჩამტარებელი ამორალურად და ზიანის მომტანად თვლის. ამ აქციების დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ კანონის დამრღვევი პირი მზად არის წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მოიხადოს სასჯელი. ამგვარი ქმედება სამართლებრივ სახელმწიფოებში გამოიყენება. ისინი კი, ვინც სახელმწიფოს უცხოდ თვლის, ხელისუფლებას კი, თავსმოხვეულად, ცდილობენ, თავი აარიდონ დევნას და სასჯელს კანონის დარღვევისას. ამრიგად, მოქალაქე არ არის ვალდებული, დაიცვას მისი აზრით უმართებულო კანონი, შეუძლია ხაზგასმითაც დაარღვიოს ის, მაგრამ ის მოვალეა, პატივი სცეს და დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას (ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი მოვალეობა არ ჰქონიათ კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწე დისიდენტებს, ამგვარი მოვალეობა არც არადემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ).
4. და ბოლოს, თითოეული ადამიანის უფლება, უფრო მეტიც - მოვალეობაა, დაამხოს ხელისუფლება, რომელმაც წარიტაცა მისი უფლებები და თავისუფლებები და ქვეყანაში დიქტატორული, დესპოტური რეჟიმი დაამყარა. ხაზს ვუსვამთ, ამგვარი რეჟიმის დამხობა ადამიანის მხოლოდ უფლება კი არა, ეს, პირველ ყოვლისა, მისი მოვალეობაა.
ორასზე მეტი წლის წინ, 1776 წლის 4 ივლისს - თავისი სახელმწიფოს დაარსებისას, დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრეამბულაშიამერიკელებმა აღიარეს:
,,ჩვენ გვესმის როგორც თავისთავადი ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და დაჯილდოებულია ღმერთის მიერ ხელშეუხებელი უფლებებით. ამ უფლებათა უზრუნველსაყოფად ხალხი აყალიბებს მთავრობას, რომლის კანონიერი ძალაუფლებაც გამომდინარეობს მართულთა თანხმობიდან. თუკი როდესმე ესა თუ ის მმართველობის ფორმა საშიში აღმოჩნდება ამ მიზნებისათვის, ხალხს უფლება აქვს, დაამხოს ხელისუფლება და შექმნას ახალი, რომელიც საფუძვლად ისეთ პრინციპებს აიღებს და ისე მოახდენს საკუთარი ხელისუფლების ორგანიზებას, როგორსაც ხალხი მიიჩნევს უფრო ხელსაყრელად და სასარგებლოდ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”.
უფრო ქვემოთ კი დეკლარაციის ავტორები ამბობენ:
,,...როდესაც გრძელი რიგი ბოროტმოქმედებისა და ძალადობისა... მიმართულია იქით, რომ ადამიანები აბსოლუტურ დესპოტიზმს დაუმორჩილონ, მათი უფლებაა, მათი მოვალეობაა (ხაზგასმა აქ და შემდგომში ჩვენია - ფ.ს.) დაამხონ ასეთი ხელისუფლება”.
საფრანგეთის რევოლუციის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში ,,ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია” ნათქვამია:
,,ყოველი პოლიტიკური კავშირის მიზანია ადამიანის თანდაყოლილი და განუყოფელი უფლებების დაცვა. როგორიცაა - თავისუფლება, საკუთრება, უსაფრთხოება და ჩაგვრისადმი წინააღმდეგობის გაწევა”.
საქმე ის არის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ცნობენ და იცავენ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს,როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წყარო არ არის სახელმწიფო. სახელმწიფო კი არ ანიჭებს ადამიანს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ აღიარებს მათ არსებობას სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად. ამას გარდა, სახელმწიფოს მოვალეობაა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. ამრიგად, თუკი სახელმწიფო არათუ არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებსმოქალაქის წინაშე (ანუ არ ან ვერ იცავს მას შინაური და გარეშე მტრისაგან, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას და სხვა), არამედ წარიტაცებს მის წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს (რომელიც, ამასთან, მისი ნაწყალობები არ არის) მოქალაქის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, დაამხოს ამგვარი ხელისუფლება და ამ გზით დაიბრუნოს სახელმწიფოს მიერ უზურპირებული უფლებები და თავისუფლებები.
ადამიანის ეს უფლება და მოვალეობა სახელმწიფოს შექმნის ხელშეკრულებითი თეორიიდანაც გამომდინარეობს, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოს შექმნას გაცნობიერებული აქტის სახით წარმოგვიდგენს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ხალხი საკუთარი უფლებების ნაწილს სახელმწიფო ხელისუფლებას გადასცემს, სახელმწიფო კი ვალდებულებას იღებს, დაიცვას ადამიანის განუყოფელი უფლებები, ანუ დაიცვას მისი საკუთრება, თავისუფლება და ა.შ.. ამგვარი ხელშეკრულება ხელისუფლების კანონიერების საფუძველია. ხელშეკრულების მონაწილე თოთოეული მხარე საერთო ნებას ემორჩილება ისე, რომ თავად არის ამ ნების განხორციელების მონაწილე. სუვერენიტეტი ხალხს ეკუთვნის, ხოლო მმართველნი ხალხის წარმომადგენლები არიან და პასუხს აგებენ მის წინაშე. ამის შედეგად ხელისუფალთა და საზოგადოებას შორის წარმოიშვება ორმხრივი უფლება-მოვალეობების კომპლექსი და შესაბამისი ურთიერთპასუხისმგებლობაც ამ უკანასკნელის შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამ კონცეფციას ღრმა დემოკრატიული ფესვები აქვს და ასაბუთებს ადამიანების ბუნებრივ უფლებას, დააამხოს ის ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს ხალხის წინაშე.
ეს თეორია ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში წარმოიშვა, სადაც სოფისტები თვლიდნენ, რომ სახელმწიფო ადამიანების ხელშეკრულებითი გაერთიანების შედეგად წარმოიშვა, სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. მაგრამ თუ ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებში ამ თეორიის ჩანასახები გვხვდება, მე-17-18 საუკუნის ბრწყინვალე მოაზროვნეებმა - სპინოზამ, გობსმა, ლოკმა და რუსომ ის საბოლოოდ განავითარეს და ახალ სიმაღლეზე აიყვანეს.
ამ თეორიის მიხედვით, იმ ხელისუფალთა წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი ხალხის მიმართ დესპოტურ ძალაუფლებას ახორციელებენ, ადამიანებს ერთადერთი შესაძლებლობა რჩებათ - გამოიყენონ ძალა უსამართლო და უკანონო ძალის წინააღმდეგ. თავდაპირველი, ან, სხაგვარად რომ ვთქვათ, ,,დასაბამიერი კანონის” (ლოკის ტერმინია) მიხედვით, რომელიც ადამიანთა მიერ მიღებულ ყველა კანონზე აღმატებულია, ხალხს უფლება აქვს, განსაჯოს, აქვს თუ არა მას საკმარისი მიზეზი, ხელი მოჰკიდოს იარაღს. ლოკის მიხედვით, ხალხის სუვერენიტეტი საბოლოო ჯამში (და ეს კარგად ჩანს კრიზისულ ვითარებებში) უფრო მაღალი და უფრო მნიშვნელოვანია, ამავე ხალხის მიერ შექმნილი სახელმწიფოს სუვერენიტეტთან შედარებით. თუ ხალხის უმრავლესობა გადაწყვეტს, წერტილი დაუსვას საზოგადოებრივი ხელშეკრულების დამრღვევ ხელისუფალთა თავხედობას, რათა სახელმწიფო დაუბრუნდეს თავისუფლების, კანონიერების და საყოველთაო კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზას, მაშინ შეიარაღებული სახალხო აჯანყება სრულიად კანონიერი და მართლზომიერი იქნება.
თუკი ზემოთქმულს იმასაც დავამატებთ, რომ თავისუფლება არა მარტო ადამიანის უფლებაა - იმოქმედოს საკუთარი ნების შესაბამისად, ვისიმე სახელით დაწესებული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, არამედ მისი მოვალეობაც, ცხადი გახდება, რომ ადამიანი მოვალეა, ნებისმიერი მეთოდით დაიცვას საკუთარი თავისუფლება, რომელიც მას უკანონოდ წარსტაცეს.
![]() |
4 რწმენის აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შესახებ |
▲back to top |
კოტე კუბლაშვილი
სამართლის დოქტორი (Dr. jur.)
I. შესავალი
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებს. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით,
,,სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას”,
იმავდროულად აღიარებს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. კონსტიტუციის მე-19 მუხლი დაწვრილებით ასახავს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანეს უფლებებს:
1. ყოველ ადამიანს აქვს ... სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა ... აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ ... თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.,,
კონსტიტუციის აღნიშნული დებულებები ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება განსაზღვროს და ჰქონდეს საკუთარი რწმენა; იცხოვროს საკუთარი რწმენის, მსოფლმხედველობისა და სინდისის მიხედვით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მე-19 მუხლი იცავს ადამიანის რელიგიურ და მორალურ გრძნობებს და შინაგან რწმენას (Forum internum; აზროვნების სფერო), რელიგიური და მსოფლმხედველობრივი აღმსარებლობის თავისუფლებას (Foum externum; მოქმედების სფერო), აგრეთვე საკუთარი შინაგანი რწმენისა და სინდისის კარნახით (და მათ საფუძველზე) გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას.
როგორც ვხედავთ, რწმენის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებები საქართველოს კონსტიტუციაში ერთად არის მოცემული. ამის საფუძველი მათი შინაარსობრივი მსგავსებაა. თუმცა, თითოეულ ამ ცნებას თავისი სპეციფიკური, სხვებისაგან განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, რის გამოც უმჯობესია მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა და თითოეული უფლების ცალ-ცალკე განხილვა.
II. რწმენის (რელიგიის) თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი რწმენის თავისუფლება, რომელსაც ხშირად რელიგიის თავისუფლებას უწოდებენ, სახელმწიფოსთან მიმართებაში საკუთარი ინტერესების დასაცავად, ყველა ფიზიკურმა პირმა შეიძლება გამოიყენოს. ეს ნიშნავს, რომ რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებაა და არა მოქალაქეობრივი (ანუ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა) უფლება, რადგან კონსტიტუციის მე-19 მუხლის ტექსტი პირდაპირ მიუთითებს ,,ადამიანზე” და არა ,,საქართველოს მოქალაქეზე”. მაგრამ ეს ძირითადი უფლება დამცავი უფლებაა არა მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ რელიგიური თუ სხვა მსოფლმხედველობრივი გაერთიანებებისთვისაც. ამ ნიშნების მიხედვით განასხვავებენ ინდივიდუალურ (ფიზიკურ პირებთან მიმართებით) და კოლექტიურ (იურიდიულ პირებთან მიმართებით) რელიგიის თავისუფლებებს. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე.
1. ინდივიდუალური რელიგიის თავისუფლება
ა. დაცული სფერო ინდივიდუალური რელიგიის თავისუფლება იცავს რელიგიურ, აგრეთვე მსოფლმხედველობრივ შეხედულებას, რწმენას. კონკრეტულად რწმენის თავისუფლება ნიშნავს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, თავად ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს თავისი რელიგიური თუ არარელიგიური (ათეისტური) რწმენა სამყაროში ადამიანების არსებობის, უზენაეს ძალებთან (ღმერთთან) თავისი დამოკიდებულების შესახებ, აგრეთვე ადამიანის გარეგან თავისუფლებას, აღასრულოს, საჯაროდ გამოხატოს და გაავრცელოს თავისი რწმენა და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებანი (აღმსარებლობის თავისუფლება).
შენიშვნა: აქ აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება საერთოა რწმენისა და სინდისის თავისუფლებებისათვის, რადგან აღმსარებლობა არის ადამიანის მიერ საკუთარი რწმენისა და სინდისის, აგრეთვე მათ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვითგანხორციელებული მოქმედების საჯაროდ გაცხადება.
რელიგიის თავისუფლება იცავს ინდივიდის უფლებას, იცხოვროს, იმოქმედოს და მთელი თავისი საქმიანობა წარმართოს თავისირელიგიის წეს-ჩვეულებათა და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აქ დაცულია ინდივიდის არა მხოლოდ ის რწმენა, რომელიც მისი რელიგიის სავალდებულოდ შესასრულებელ მოთხოვნებს ემყარება, არამედ ის რწმენაც, რომელიც ინდივიდისაგან კონკრეტულ სიტუაციაში აუცილებლად რელიგიურ მოქმედებას არ მოითხოვს, მაგრამ ინდივიდი დარწმუნებულია, რომ მოცემულ სიტუაციაში რელიგიური მოქმედება ყველაზე სწორი და ადეკვატური იქნება. რელიგიის თავისუფლებით დაცულია აგრეთვე ე.წ. ,,რელიგიის განხორციელების” საშუალებები, როგორებიცაა წირვა, ლოცვა, პროცესიები, ეკლესიური შეკრებები, რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები, აგრეთვე სხვადასხვა საკულტო მოქმედებები და თვით არარელიგიური, ანუ ათეისტური ზეიმები.
რელიგიის თავისუფლება უზრუნველყოფილია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხით. პოზიტიური რელიგიის თავისუფლება ნიშნავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს და წარმოადგინოს თავისი რწმენა ან მსოფლმხედველობა და იმოქმედოს მათ მიხედვით (მაგალითი: წირვაში ან სხვა რელიგიურ მოქმედებაში, რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება). ნეგატიური რელიგიის თავისუფლება ნიშნავს ადამიანის თავისუფლებას, უარყოს ყოველგვარი რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი რწმენა, ან არაფერი თქვას ამის შესახებ და არავის გაანდოს თავისი რწმენა (მაგალითი: განზე დგომა ყოველგვარი რელიგიური თუ სხვაგვარი ღონისძიებებისაგან). როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას ნეგატიური კუთხითაც უზრუნველყოფს და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით აცხადებს, რომ ,,დაუშვებელია ადამიანის ... იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება” რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ.
რელიგიის თავისუფლება უზრუნველყოფილია არა მხოლოდ აღიარებული და ტრადიციული ეკლესიებისა თუ რელიგიური გაერთიანებების წევრთათვის, არამედ ნებისმიერი სხვა რელიგიური გაერთიანების მომხრეთათვის. აქ მნიშვნელობა არ აქვს ასეთი გაერთიანების წევრთა რიცხოვნებას ან მის (გაერთიანების) სოციალურ მდგომარეობასა და გავლენას. ეს ყოველივე გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით მსოფლმხედველობრივ-რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის შესახებ
სახელმწიფოსათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნიდან და ეკლესიებისა და აღმსარებლობათა პარიტეტის პრინციპიდან. აღსანიშნავია, რომ რელიგიის თავისუფლებით დაცული არიან არა მხოლოდ ზემოხსენებული ტრადიციული თუ არატრადიციული ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების მიმდევრები, არამედ ე.წ. განსმდგომებიც, რომლებსაც სრული უფლება აქვთ განავითარონ თავისი პიროვნება საკუთარი სუბიექტური რწმენის შესაბამისად. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ამ შინაგან, აბსოლუტურად დაცულ სფეროში ჩარევა დაუშვებელია, რადგან სახელმწიფოს არ აქვს უფლება, შეაფასოს თავის მოქალაქეთა რწმენა თუ ურწმუნოება და მიიღოს გადაწყვეტილება მათი მართებულობისა თუ უმართლობის შესახებ.
ბ. ჩარევები ინდივიდუალურ რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა სახეზეა მაშინ, როცა სახელმწიფო ზემოაღნიშნულ დაცულ საქმიანობას რაიმე წესებს დაუდგენს, ან, ფაქტობრივად, მნიშვნელოვნად შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ განხორციელებას. სახელმწიფოს მხრიდან ეს შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარად გამოიხატოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ისლამური რელიგიის მიმდევარი მოსწავლე გოგონას იძულება, მონაწილეობა მიიღოს ცურვის ან ფიზკულტურის გაკვეთილში. მოსწავლე გოგონას რელიგიის თავისუფლება, რომელსაც სურს თავისი ცხოვრება, საქციელი და მოქმედებები თავისი რწმენის წეს-ჩვეულებებსა და მოთხოვნებს შეუსაბამოს, ირღვევა ცურვისა და ფიზკულტურის გაკვეთილებში მისი მონაწილეობით, რადგან მისი რელიგია გოგონებს სხვათა თანდასწრებით საკუთარი სხეულის ან სხეულის კონტურების გამოკვეთილად გამოსახვას უკრძალავს. კიდევ ერთი მაგალითია სამუშაოდან გათავისუფლება, რისი საფუძველიც, მოსამსახურის რელიგიური დღესასწაულის გამო, მისი სამსახურში გამოუცხადებლობა გახდა.
გ. ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი რელიგიის თავისუფლება, როგორც კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან ჩანს, არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი ძირითადი უფლება. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რელიგიის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ მისი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციურად უზრუნველყოფილმა რელიგიის თავისუფლებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვათა ასევე კონსტიტუციურად უზრუნველყოფილ უფლებათა და სიკეთეთა გაუმართლებელი შეზღუდვა. ბუნებრივია, რომ შეზღუდვისათვის აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეიძლება იყოს არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (პრეზიდენტის ბრძანებულება ან მინისტრის ბრძანება ან ნებისმიერი სხვა აქტი), არამედ მხოლოდ ფორმალური კანონი, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს და ასევე უნდა შეესაბამებოდეს ე.წ. ზომიერების პრინციპს. რელიგიის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს შორის კოლიზიისას, უნდა მოხდეს ამ კოლიზიის კონკრეტული გარემოებების მიხედვით განხილვა, ანუ საჭიროა აწონ-დაწონვის, იგივე შედარების მეთოდის გამოყენება. სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდება, კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რომელ სამართლებრივ სიკეთეს მიეცემა უპირატესობა.
მაგალითი: ავტოსტრადაზე მოძრაობისას ერთ-ერთი რელიგიის მოძღვარმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა მანქანიდან და პირდაპირ ავტოსტრადაზე დაიწყო აუცილებელი რელიგიური რიტუალის - ლოცვის შესრულება. მოძრაობა შეფერხდა, ბევრი მანქანა ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მძღოლთა სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ამ შემთხვევაში მლოცველი პირის რელიგიის თავისუფლების ძირითადი უფლება უკანა პლანზე გადაიწევს სხვა ადამიანთა უფლებასთან მიმართებაში, იმგზავრონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობებში.
2. კოლექტიური რელიგიის თავისუფლება
ა. დაცული სფერო კოლექტიური რელიგიის თავისუფლებით დაცულია რელიგიური და მსოფლმხედველობრივი გაერთიანებების საქმიანობა. აღნიშნული საკუთარი რწმენის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებას, შიდაორგანიზაციულ საქმიანობას, შიდა წესების შემუშავებას და ორგანიზაციის მართვას გულისხმობს. რელიგიურ გაერთიანებებში იგულისხმება ყველა იურიდიული პირი, რომლის მიზანია თავის წევრთა რელიგიური ან მსოფლმხედველობრივი რწმენის ქადაგება, მხარდაჭერა და გავრცელება. ამ ძირითადი უფლებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
ბ. ჩარევები კოლექტიურ რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა სახეზე გვაქვს, როცა სახელმწიფო დაადგენს გარკვეულ წესებს ზემოხსენებული რელიგიური საქმიანობებისათვის ან სხვა სახით ფაქტობრივად მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მათ განხორციელებას. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნით და სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი გაფრთხილებით, რომ მათ უნდა აღკვეთონ რომელიმე სხვა რელიგიური მიმდინარეობის საქმიანობა. რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული მიდგომაც ასევე კოლექტიური რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას წარმოადგენს. კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ეკლესიის ზარების რეკვის ან მინარეთზე მოლას ხმამაღალი ქადაგების სრული აკრძალვა (დასაშვებია მხოლოდ დადგენა იმისა, რომ ხმამ არ გადააჭარბოს დეციბალების განსაზღვრულ ოდენობას, რაც ხელს არ შეუშლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და არ დააზიანებს მათ ჯანმრთელობას).
გ. ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება დაუშვებელია, რომ რელიგიური გაერთიანების შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ დაადგინოს ისეთი ნორმები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ჩაერევა და თავად მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერ შიდაორგანიზაციულ საკითხში სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ჩარევა გაუმართლებელი იქნება და ამისათვის კანონის ნორმებიც არასაკმარისია, რადგან ეს ნორმები წინააღმდეგობაში მოვლენ კოლექტიური რელიგიის თავისუფლებასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შიდაორგანიზაციულ საკითხთან საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაქვს, როცა საკითხი არ სცდება რელიგიური გაერთიანების შიდა სფეროს და გაერთიანების წევრებიც ამ სფეროში მოქმედებენ.აღნიშნული სფეროს მიღმა ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის აუცილებელია კანონის არსებობა, თუმცა, ბუნებრივია, ეს კანონი, თავის მხრივ, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს. ასეთი კანონის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ კოლექტიური რელიგიის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევის დროს მოცემული გარემოებების საფუძველზე უნდა მოხდეს შედარება კოლექტიურ რელიგიის თავისუფლებასა და მასთან კოლიდირებულ სიკეთეს შორის, ანუ შეზღუდვის (ჩარევის) მიზანს შორის.
III. სინდისის თავისუფლება
ა. დაცული სფერო სინდისის თავისუფლება იცავს ინდივიდის მიერ სინდისის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას (ე.წ. ,,სინდისის გადაწყვეტილება”). ,,სინდისის გადაწყვეტილება” არის ყოველი მნიშვნელოვანი ზნეობრივი, ანუ ,,კარგსა” და ,,ცუდზე” ორიენტირებული გადაწყვეტილება, რომელსაც ინდივიდი კონკრეტულ სიტუაციაში შინაგანად მისთვის აუცილებლად სავალდებულოდ თვლის. ამ განმარტების შესაბამისად დაცული საქმიანობა (რელიგიის თავისუფლების მსგავსად) არის, ერთი მხრივ, შინაგანი სინდისი (forum internum), მეორეს მხრივ კი, ამ სინდისის გარეგანი გამოხატულება (მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები) (forum externum). სინდისის თავისუფლების ძირითადი უფლების გამოყენება შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს. სამაგიეროდ ამ ძირითად უფლებას ვერ გამოიყენებს ვერც ერთი იურიდიული პირი, მიუხედავად მათი კერძო თუ საჯარო სამართლებრივი ხასიათისა.
ბ. ჩარევები სინდისის თავისუფლების დარღვევა სახეზე გვექნება იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო ამ ძირითადი უფლებით დაცულ საქმიანობას გარკვეული სახით ,,მოაწესრიგებს” ანუ წესებს დაუდგენს ან ფაქტობრივად მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მის განხორციელებას.
გ. ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება სინდისის თავისუფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი ძირითადი უფლება. რელიგიის თავისუფლების მსგავსად იგი შეიძლება იმ შემთხვევაში შეიზღუდოს, როცა მისი გამოვლინება სხვების უფლებებს ლახავს. სხვა სამართლებრივ სიკეთესთან კოლიზიისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს შედარება სინდისის თავისუფლებასა და ამ კოლიდირებულ სამართლებრივ სიკეთეს შორის, საქმის გარემოებების მიხედვით. ბუნებრივია, რომ ყოველ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს საფუძველი კანონის ნორმათა სახით.
სინდისის თავისუფლებიდან გამომდინარეობს სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის უფლება.
IV. კონკრეტული სასამართლო საქმეები ადამიანის ყოველი ძირითადი უფლების შინაარსი და მოქმედების ძალა ნათლად ჩანს კონკრეტული სასამართლო საქმეების განხილვისას. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა და სასამართლოთა არგუმენტაცია, რაც ზემოთმოცემული თეორიული განხილვის შემდეგ ცხადად წარმოაჩენს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებათა პრაქტიკულ მნიშვნელობას.
მაგალითი 1: საქმის არსი: გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა ოჯახი სამი ბავშვით. ცოლ-ქმარი ღრმად რელიგიურები და ერთ-ერთი არატრადიციული კონფესიის მიმდევრები იყვნენ. მეოთხე ბავშვზე მშობიარობისას (მათი რწმენის შესაბამისად, ქალი ყოველთვის სახლში, ექიმთა დახმარების გარეშე, მხოლოდ მეუღლის თანდასწრებით მშობიარობდა) ქალს პრობლემები შეექმნა. ბოლოს ბავშვი დაიბადა, მაგრამ ქალს სისხლდენა დაეწყო, რომლის შეჩერებაც მეუღლეებმა ვერ შეძლეს. ცხადი იყო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ქმარმა უთხრა მეუღლეს: ,,შენ იცი, ჩვენი რწმენის მიხედვით ასეთ განსაცდელში, რა უნდა გავაკეთოთ - უნდა მოვუხმოთ ჩვენს მოძღვარს და მასთან ერთად უნდა ვილოცოთ. მაგრამ ასევე შეგვიძლია, დავუძახოთ სასწრაფო დახმარებას, ისინი სისხლს გადაგისხამენ და გადაგარჩენენ. გადაწყვიტე, რა ვქნათ.” ქალმა, თავისი რწმენის შესაბამისად, მოძღვარის დაძახება სთხოვა ქმარს. მოძღვარი მოვიდა, მათ ერთად ილოცეს, მაგრამ სისხლდენის გამო ქალი დაიღუპა. ქმრის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მას ბრალი დასდეს ადამიანის განსაცდელში მიტოვებასა და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ყოფნის დროს დახმარების აღმოუჩენლობაში, გაასამართლეს და მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საკონსტიტუციო სარჩელით მოსარჩელე აცხადებს, რომ დარღვეულია მისი ძირითადი უფლებები, გამომდინარე ძირითადი კანონის პირველი მუხლის პირველი აბზაციდან (ღირსების ხელშეუხებლობა) და მე-4 მუხლის პირველი აბზაციდან (რწმენის თავისუფლება).
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყველასათვის უზრუნვეყოფილია თავისუფლება გადაწყვიტოს, სურს თუ არა საავადმყოფოში ექიმთა მომსახურებით სარგებლობა. ამიტომაც მას არ ჰქონდა უფლება, თავისი მეუღლე წაეყვანა საავადმყოფოში მისი (მეუღლის) სურვილისა და რწმენის საწინააღმდეგოდ. კონსტიტუციურ-სამართლებრივად უზრუნველყოფილი და გარანტირებული მოქმედების საყოველთაო თავისუფლება დაუშვებელია შეიზღუდოს რაიმე ზოგადი საფუძვლით, თუკი საკითხი საჯარო ინტერესებს არ ეხება, მისი მეუღლის ჯანმრთელობის საკითხი კი მხოლოდ მათი პირადი საქმე იყო და არა საჯარო ინტერესის საგანი.
მოსარჩელის აზრით, ასევე დაუშვებელი იყო მისი (მოსარჩელის) იძულება, რომ მას ემოქმედა საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ. ყოვლად მიუღებელია ,,განკურნების ბიბლიური მეთოდის” საბოლოოდ უარყოფა და ის, რომ ამ მეთოდის გამოყენებაში ხელისუფლების ორგანოებმა დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა დაინახონ. და საბოლოო ჯამში, განკურნების ეს მეთოდი არ შეიძლება, ზნეობის საწინააღმდეგოდ შეურაცხყოს.
I. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს: სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის განმარტებისა და შეფარდების დროს საერთო სასამართლოთა გადაწყვეტილებებში (რომლებიც გასაჩივრებულია კონსტიტუციური სარჩელით) გათვალისწინებულია თუ არა ამ ნორმაზე ძირითადი უფლებების ზემოქმედების ძალა.
1. ძირითადი კანონის მე-4 მუხლით აღიარებულია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებები, მაგრამ ისინი არ არიან აბსოლუტურად (ბოჭვის ფარგლების გარეშე) გარანტირებული და უზრუნველყოფილი. ძირითადი კანონის მე-4 მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, რწმენის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ მაშინ, თუ მისი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს. კონფლიქტი, რომელიც წარმოიშობა რწმენის თავისუფლების გარანტიის ფარგლებთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს კონსტიტუციით შექმნილი ღირებულებათა წესრიგის ფარგლებში, ამ ღირებულებათა სისტემის ერთიანობის გათვალისწინებით. გაბატონებული სამართლებრივი შეხედულების მიხედვით, დაუშვებელია, რომ ადამიანთა თვითდამკვიდრებისა და საქმიანობის სახეები, რომლებიც მათი რწმენისაგან გამომდინარეობენ, დაექვემდებარონ სანქციებს, რომლებსაც სახელმწიფო დააწესებს ასეთი საქმიანობისათვის, მიუხედავად ამ საქმიანობის რწმენისაგან გამომდინარე მოტივაციისა. რწმენის თავისუფლების ძირითადი უფლების უშუალო მოქმედების ძალა აქ იმ სახით იჩენს თავს, რომ მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სანქციების სახესა და სიძლიერეზე. სისხლის სამართლის ნორმების მიმართ ეს შემდეგნაირად გამოიხატება: როცა ინდივიდი კონკრეტულ სიტუაციაში საკუთარი რწმენიდან გამომდინარე მოქმედებასა თუ უმოქმედობას თავად განსაზღვრავს, იგი შეიძლება კონფლიქტში აღმოჩნდეს საზოგადოებაში გამეფებულ ზნეობრივ შეხედულებებთან და მათზე დაფუძნებულ სამართლებრივ ნორმებთან და ვალდებულებებთან. თუკი პირის მოქმედება კვალიფიცირდება სისხლის სამართლის რომელიმე ნორმით, მაშინ ძირითადი კანონის მე-4 მუხლის რაკურსით უნდა დაისვას კითხვა, საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას ექნება თუ არა რაიმე საფუძველი? ასეთი ,,დამნაშავე” სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ გამოდის არა იმის გამო, რომ მას არასაკამარისი სამართალშეგნება აქვს. სისხლის სამართლებრივი ნორმებით დაცული სიკეთის დაცვა მასაც სურს, მაგრამ იმავდროულად იგი საკუთარ თავს ხედავს ისეთ უხერხულ და ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულს, როცა საყოველთაო სამართლებრივი წესრიგი წინააღმდეგობაში მოდის მის პირად რწმენასთან და იგი გრძნობს ვალდებულებას, რომ ამ დროს იმოქმედოს საკუთარი რწმენის უმაღლესი მოთხოვნის შესაბამისად.
და თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება ობიექტურადაც გასაკიცხია, საზოგადოებაში საყოველთაოდ გამეფებული ღირებულებების სისტემიდან გამომდინარე, მაგრამ დაუშვებელია მისი ბრალად წაყენება იმ დონეზე, რომ გამართლებული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ხელში არსებული ყველაზე მწვავე იარაღით - სისხლის სამართლით - ამ პირის (საზოგადოების თვალში: ,,დამნაშავის”) წინააღმდეგ მოქმედება. სისხლის სამართლებრივი სასჯელი, მიუხედავად მისი სიძლიერისა, ასეთი საქმის მიმართ ყოველგვარი ასპექტით (შურისგება, პრევენცია, რესოციალიზაცია) წარმოადგენს არაადექვატურ სანქციას.
2. ამ პრინციპების წინამდებარე შემთხვევაზე მისადაგებით ცხადი ხდება, რომ საერთო სასამართლოებმა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის განმარტებისა და შეფარდების დროს რწმენის თავისუფლების ზემოქმედების ძალა ვერ დაინახეს. მოსარჩელეს არ შეიძლება ბრალი წაეყენოს იმისათვის, თუ რატომ არ გადაარწმუნა მან (თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ) მეუღლე, უარი ეთქვა საკუთარ რწმენაზე, თანაც მეუღლის რწმენა ისეთივე იყო, როგორც მოსარჩელისა. მას სჯეროდა, რომ იგი და თავისი მეუღლე დაკავშირებული იყვნენ ერთმანეთთან საერთო რწმენით, რომ ღმერთის მიმართ ლოცვა და მისთვის თხოვნა უკეთესი გზა იყო მეუღლის გადასარჩენად. მოსარჩელისა და მისი მეუღლის საქციელი წარმოადგენდა ამ საერთო რწმენისადმი აღმსარებლობას და სრულ მინდობას. ეს რწმენა და ნდობა განპირობებული იყო მეუღლეთა შორის ურთიერთპატივისცემით და ურთიერთნდობით იმ საკითხში, რომელიც ეხებოდა სიკვდილსა და სიცოცხლეს, და წარმოადგენდა მათ სუბიექტურ სიცხადეს იმის შესახებ, რომ ეს დამოკიდებულება ,,სწორია”.
ასეთ და ამის მსგავს სხვა შემთხვევებში დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით მოთხოვნა იმისა, რომ საერთო რწმენის მქონე ორმა ადამიანმა ერთმანეთზე მოახდინოს ზეგავლენა, რათა ერთმანეთი დაარწმუნონ მათი რწმენის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საკუთარი ჯანმრთელობისათვის საშიშროებაში. მოსარჩელე ასევე არ იყო ვალდებული, თავისი გადაწყვეტილება მეუღლის გადაწყვეტილების ნაცვლად გამოეყენებინა. ეს მხედველობაში იქნებოდა მისაღები მხოლოდ მაშინ, თუკი მეუღლეს აღარ ექნებოდა შესაძლებლობა (სისხლდენის მიზეზით გონების დაკარგვის გამო), თავად მიეღო გადაწყვეტილება. მეუღლის რწმენა, რომ უარი უნდა ეთქვა საავადმყოფოში ექიმთა მომსახურებაზე, ემყარებოდა მის საკუთარ, თავისუფალ და კონსტიტუციით უზრუნველყოფილ შინაგან რწმენას. მას არ დაუკარგავს გონება და ბოლომდე ინარჩუნებდა საკუთარი თავისუფალი ნების გამოხატვის უნარს. შესაძლოა, მოსარჩელისაგან სახელმწიფო და საზოგადოება ელოდა იმას, რომ იგი ორივე შესაძლებლობას ერთდროულად გამოიყენებდა. მაგრამ რადგან ეს მოსარჩელისათვის რწმენის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში სრულიად დაუშვებელია მის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლებრივი სანქციების გამოყენება.
II. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების შემოწმების შედეგად ცხადი ხდება, რომ ეს გადაწყვეტილებები დაუშვებელი ფორმით არღვევენ მოსარჩელის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების ძირითად უფლებებს (ძირითადი კანონის მე-4 მუხლი).
მაგალითი 2: სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იყო ანტიქრისტიანული გაერთიანების წევრი. იგი სხვა პატიმრებს მოუწოდებდა ეკლესიისგან განდგომას. ზოგიერთ პატიმარს იგი პირდებოდა თამბაქოს, თუკი დასტოვებდნენ ეკლესიას. როდესაც ამ პირმა შესაბამის ორგანოს წარუდგინა განცხადება მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის შესახებ, მას უარი უთხრეს. უარის საფუძვლად მოყვანილი იყო მისი მოწოდებები ეკლესიისაგან განდგომის შესახებ, რაც შეფასებული იყო ,,საშინელ ჩანაფიქრად და მორალურ გახრწნილებად”, რის გამოც კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო მიიჩნევდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ეს პირი არ იცხოვრებდა არსებული სამართლებრივი წესრიგის შესაბამისად და მისგან ამ წესრიგს ისევ საფრთხე შეექმნებოდა. აღნიშნულმა პირმა ეს უარი კომპეტენტურ სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ სახელმწიფო ორგანოს მიერ ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმა პატიმრის აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევად არ შეაფასა. მართალია, აღმსარებლობის თავისუფლება იცავს პირის მცდელობას, არგუმენტების საშუალებით დაარწმუნოს სხვა ადამიანები ეკლესიის დატოვებაში, მაგრამ რადგანაც იგი თავისი მიზნის მისაღწევად იყენებდა სასჯელაღსრულების დაწესებულების სპეციფიკურ გარემოს, სადაც პატიმრები შეზღუდული არიან ამა თუ იმ საშუალებით, თავისუფლად ვერ იღებენ სასურველ საქონელს თუ მომსახურებას და მათ ეკლესიიდან განდგომის შემთხვევაში, სთავაზობდა პატიმრებისათვის ისეთ სასურველ და მნიშვნელოვან საქონელს, როგორიც არის თამბაქო, ეს უკვე წარმოადგენდა აღმსარებლობის თავისუფლების არასწორ გამოყენებას. პირთა რწმენაზე ასეთი ან მსგავსი ,,ეკონონომიკური ან მატერიალური” ზეწოლის გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი არ შეიძლება ჩაითვალოს ამ პატიმრის ძირითადი უფლების დარღვევად.
მაგალითი 3: გერმანიაში მოქმედმა ახალგაზრდულმა კათოლიკურმა ორგანიზაციამ 1965 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყო აქცია ნახმარი ტანსაცმლისა და ქაღალდების შეგროვების მიზნით. რამდენიმე თვის განმავლობაში შეგროვილი საქონელი მათ მიჰყიდეს ბითუმად მოვაჭრეებს, ხოლო მიღებული შემოსავალი - მილიონობით მარკა, განკუთვნილი იყო განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარების გასაწევად. ამ აქციას მხარი დაუჭირეს ეკლესიებმა: ყოველ ეკლესიაში წირვის დროს ცხადდებოდა აქციაში მონაწილეობის შესახებ. ერთ-ერთმა მეწარმემ, რომლის ძირითადი საქმიანობა სწორედ აღნიშნული საქონლის შეგროვება და გაყიდვა იყო, სარჩელი შეიტანა სასამართლოში, მოითხოვა აქციის შეწყვეტა და მისთვის ზარალის ანაზღაურება, რადგან ამ აქციის დროს მისმა საწარმომ დიდი ზარალი ნახა და გაკოტრების პირას მივიდა. იგი ვეღარ იბარებდა საქონელს, რადგან მოსახლეობა აქტიურად და მასშტაბურად ჩაება აქციაში და ყველაფერს აქციის ორგანიზატორებს აბარებდა, მეწამრე კი, აღნიშნულის გამო ვეღარაფერს ყიდდა და შემოსავალი საერთოდ აღარ ჰქონდა. სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა იმ მხრივ, რომ აკრძალა ეკლესიების მიერ ამ აქციისათვის რეკლამის გაწევა და ტაძრებში აღნიშნულზე განცხადებების გაკეთება, რადგან, მოსამართლის არგუმენტაციით, ეს არღვევდა კონკურენციის თავისუფლებას და უსამართლო სამეწარმეო უპირატესობას ანიჭებდა აქციის ორგანიზატორს. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვის შედეგად ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევდა რელიგიური გაერთიანების ძირითად უფლებას რელიგიის თავისუფლების განხორციელებაზე. ამ გაერთიანებას კონსტიტუციით გარანტირებული სრული უფლება ჰქონდა იმისა, რომ ხელისშემშლელი პირობებისა და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დაბრკოლების გარეშე განეხორციელებინა რელიგიური საქმიანობა. თუმცა, ყოველ საქველმოქმედო აქციას შეიძლება არ ჰქონდეს რელიგიური ხასიათი. საქველმოქმედო აქციები შეიძლება ჩატარდეს კულტურის, მეცნიერების ან სპორტის სფეროში დახმარების საფუძვლით. აგრამ კათოლიკური გაერთიანების მიერ განხორციელებული აქცია ეკლესიების რეკლამასთან ერთად აშკარად წარმოადგენდა რელიგიური საქმიანობის განხორციელების ერთ-ერთ სახეს, რომელიც დაცულია რელიგიის თავისუფლების ძირითადი უფლებით. ცხადია, რომ საქონლის ჩაბარება, რომელიც უსასყიდლოდ ხდებოდა, შეესაბამებოდა მოსახლეობის გარკვეულ რელიგიურ გრძნობებს, იგი მოტივირებული იყო მათი შინაგანი რწმენით და რელიგიური გრძნობებით, როგორიცაა ახლობლის სიყვარული, თანადგომა და თანაგრძნობა, და წარმოადგენდა ყოველი ინდივიდის პიროვნულ თანადგომას აქციის ორგანიზატორებისადმი, რომლებიც, მათი რწმენით, სამართლიან და კეთილ საქმეს აკეთებდნენ. ეს თანადგომა მოტივირებული იყო არა მხოლოდ ზოგადი სოციალური საფუძვლით (უქონელთა დახმარების სურვილით), არამედ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მოქალაქეთა შინაგანი რელიგიური რწმენით.
![]() |
5 შეზღუდული უფლებები ანუ, როცა პრეზიდენტი საგანგებო ან საომარ მდგომარეობას აცხადებს |
▲back to top |
ირაკლი კოტეტიშვილი
XX საუკუნის მეორე ნახევარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის უფლებათა დამკვიდრების და დაცვის თვალსაზრისით. სწორედ ამ დროს არის მიღებული მთელი რიგი კონვენციები და დეკლარაციები ადამიანის უფლებათა დასაცავად. აღნიშნულ საერთაშორისო აქტებს უშუალოდ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას ამა თუ იმ საერთაშორისო აქტში განმტკიცებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
საერთაშორისო სამართლის ის ნორმები, რომლებიც ადამიანის უფლებებს აწესებენ, შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:
1) ნორმები, რომელთა მოქმედება შესაძლოა, შეჩერდეს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
2) ნორმები, რომელთა მოქმედების შეჩერება საგანგებო სიტუაციების დროსაც კი დაუშვებელია.
სწორედ მეორე ჯგუფის ნორმები ქმნიან საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განშტოებას - ჰუმანიტარულ სამართალს. ჰუმანიტარული სამართლის ნორმები ასევე შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ:
1) ნორმები, რომლებიც ომში მონაწილე სახელმწიფოებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს;
2) ნორმები, რომლებიც იცავენ ადამიანის იმ უფლებებს, რომელთა შეზღუდვაც სახელმწიფოს ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროსაც კი არ შეუძლია.
წინამდებარე სტატია საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით განიხილავს ადამიანის უფლებების შეზღუდვის პრობლემას სწორედ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების დროს.
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში, შეზღუდოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, არაუგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება უფლებების შეზღუდვის შესახებ წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
ვიდრე საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პრობლემას მიმოვიხილავთ, ვფიქრობ, უმჯობესია, ჯერ თავად ტერმინები ,,საგანგებო ან საომარი მდგომარეობა” განვმარტოთ. 1997 წელს მიღებული ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად:
,,საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების - ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას“, ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა“.
საქართველოს კანონი ,,საომარი მდგომარეობის შესახებ“ ადგენს იმ პირობებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შემოიღოს საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა: ,,საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოცხადებას, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს“. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას.
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივები, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა და ტერიტორიული საზღვრები (მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს). საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თანხმობით, შეუძლია, გაახანგრძლივოს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ან ვადამდე გააუქმოს იგი. არსებობს მეორე, ალტერნატიული, ვარიანტი: თუ საქართველოს პარლამენტი ჩათვლის, რომ აღარ არსებობს ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, საკანონმდებლო ორგანო იღებს კანონს მისი გაუქმების შესახებ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს როგორც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ასევე მის რომელიმე ნაწილში, ხოლო საომარი მდგომარეობა ცხადდება მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით და, ბუნებრივია, ამას თავისი გამართლება აქვს: საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს მაგალითად, რაჭაში სერიოზული მიწისძვრის გამო. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ქვემო ქართლს ან საქართველოს სხვა რაჭისაგან მოშორებით მყოფ მხარეს არა აქვს არანაირი შეხება სტიქიასთან და სწორედ ამიტომ არ არის საჭირო ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება. ხოლო რაც შეეხება საომარ მდგომარეობას, იგი ცხადდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან მტერი თავს ესხმის არა საქართველოს რომელიმე ნაწილს, არამედ მის სუვერენიტეტს.
საგანგებო მდგომარეობას, ისევე როგორც საომარს, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აფრთხილებს მოსახლეობას ამ გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილების დასამტკიცებლად. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ამ მომენტიდან საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გაუქმებულად ითვლება. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტს, რომელსაც 48 საათის განმავლობაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. დეკრეტის ტექსტი გადაიცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ მაინც.
როგორც ვხედავთ, ერთადერთი სუბიექტი, ვისაც პარლამენტის თანხმობით შეუძლია, შეზღუდოს ადამიანის უფლებები, არის საქართველოს პრეზიდენტი. განსხვავებულად იყო ეს საკითხი გადაწყვეტილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაში, რომლის 43-ე მუხლის მიხედვით, ამბოხების ან ომის დროს, მხოლოდ - პარლამენტს, ხოლო თუ პარლამენტი არ იყო შეკრებილი, მთავრობას ჰქონდა უფლება, მთელს რესპუბლიკაში, ან მის რომელიმე ნაწილში დროებით შეეჩერებინა კონსტიტუციის იმ მუხლების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებდნენ: სიკვდილით დასჯის გაუქმებას, პიროვნების ხელშეუხებლობას, განსაზღვრული დროით შეპყრობილის დაკავებას, ყოველი მოქალაქის ბინის შეუვალობას, კერძო მიწერ-მოწერის ხელშეუხებლობას, მიმოსვლისა და ბინადრობის არჩევაში სრულ თავისუფლებას, სიტყვის, პრესის, აზრის თავისუფლებას, შეკრებებისა და მიტინგების უფლებას, გაფიცვის თავისუფლებას, ხოლო ომის დროს, შეეძლო ასევე იმ მუხლის მოქმედების შეჩერება, რომელიც ითვალისწინებდა ყოველი მოქალაქის უფლებას, ყოფილიყო გასამართლებული მხოლოდ საერთო წესით. ვფიქრობ, რომ დღევანდელ კონსტიტუციაში არის ერთი მომენტი, რომელიც სერიოზულად ხელყოფს ადამიანის უფლებებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი გადაწყვეტილებები, დაამტკიცოს პარლამენტმა. ტერმინი ,,დამტკიცება“ გულისხმობს, რომ სანამ საქართველოს პარლამენტი თავისი თანხმობით გადაწყვეტილებას იურიდიული ძალას არ მიანიჭებს, მანამ იგი ძალაში არც უნდა შევიდეს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქმე ეხება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვას და ერთ პირს, თუნდაც იგი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, არ უნდა მივცეთ უფლება, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ მაინც განახორციელოს აღნიშნული ქმედება. ის, რომ პრეზიდენტს მაინც აქვს 48 საათის განმავლობაში (ვიდრე პარლამენტი თანხმობას მისცემდეს) საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის უფლება, ჩანს საქართველოს კანონებიდან ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ და ,,საომარი მდგომარეობის შესახებ“. ზემოთდასახელებული ორთავე კანონის მე-2 მუხლის II პუნქტები ერთმანეთის იდენტურია, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ მოქმედებს მანამდე, ვიდრე საქართველოს პარლამენტი უარს იტყოდეს ამ გადაწყვეტილების დამტკიცებაზე (რა თქმა უნდა, თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოქმედება გრძელდება). ამრიგად, თუ კი საგანგებო ან საომარი მდგომარეობა მოქმედებს, ქვეყანაში ავტომატურად მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლიც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აძლევს ნებას, გამოსცეს ადამიანის უფლებების შემზღუდველი დეკრეტები, რომელთა მოქმედება პარლამენტის მიერ მათ დამტკიცებამდე 48 საათის განმავლობაში გრძელდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არცერთი დეკრეტი, რომელიც ეხება ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას, არ უნდა შევიდეს ძალაში, ვიდრე მას პარლამენტი არ დაამტკიცებს. ხოლო რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, იგი პრეზიდენტმა ერთპიროვნულად უნდა გამოაცხადოს და ამისათვის პარლამენტის თანხმობა საჭირო არ უნდა იყოს. მივიჩნევ, რომ განსხვავებულად უნდა გადაწყდეს საომარი მდგომარეობის შემოღების საკითხი - იგი, რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს 48 საათში და სწორედ ამის შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში პრეზიდენტის ის დეკრეტები, რომლებიც ადამიანის უფლებებს ზღუდავენ.
ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ის საკითხიც, თუ რომელი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. მივყვეთ თანმიმდევრობით:
● საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის ჩამონათვალში რიგით პირველი მე-18 მუხლია, რომლის შინაარსი შემდეგია:
1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.
5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
6. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს.
7. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება
ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება ეძლევა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეზღუდოს მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები. ამ მუხლის შეზღუდვის შემთხვევაში, დაკავებულ პირს შეეზღუდება ერთდროულად ყველა ის ძირითადი უფლება და თავისუფლება, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი პროცესუალური მოქმედება. მე-18 მუხლის III პუნქტში დადგენილია, რომ პირის დაკავების მაქსიმალური ვადაა 72 საათი და ამ დროის განმავლობაში მას თუ ბრალი არ წაუყენეს, მაშინ იგი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ამ უფლების შეზღუდვის მიზანი არის ის, რომ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გააუქმოს ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის I I პუნქტი, სადაც წერია, რომ ,,ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტი არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები“. ვფიქრობ, საერთოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან რეჟიმები, რომლის დროსაც პრეზიდენტს ზემოთხსენებული მუხლების შეზღუდვის უფლება ენიჭება. როგორც ზემოთ აღინიშნა, საერთაშორისო სამართალი აწესებს ნორმებს, რომელთა მოქმედების შეჩერება საგანგებო
სიტუაციების დროსაც კი დაუშვებელია. სწორედ ასეთ ნორმას განეკუთვნება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც დაკავებულ პირს ანიჭებს უფლებას, იყოს დაცული ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებისაგან. ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზემოქმედებას მეორენაირად წამება ჰქვია, რაც მრავალი საერთაშორისო აქტითაა აკრძალული. წამების აკრძალვას ითვალისწინებს სპეციალურად შექმნილი ჟენევის წამების საწინააღმდეგო კონვენცია. ამ კონვენციის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება როგორც მშვიდობიანობის, ისე საომარი მდგომარეობს დროს. ერთი სიტყვით, წამებას კრძალავს როგორც ადამიანის უფლებათა, ისე ჰუმანიტარული სამართალი. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის 1950 წლის კონვენციის მე-3 მუხლი შემდეგი შინაარსისაა: „არავინ არ უნდა განიცადოს წამება, არც არაადამიანური ან ღირსების დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი.“ წამების აკრძალვას ეძღვნება ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლი: ,,არავის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.“
თუკი პირს ამ უფლებას შევუზღუდავთ, მაშინ სამართალდამცავი ორგანოები (მით უმეტეს, ჩვენს პირობებში) ყველანაირად შეეცდებიან, მიაღწიონ დაკავებულისაგან მათთვის სასურველი ჩვენებისა თუ აღიარების მიღებას. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ სამართალდამცავ ორგანოებს და საერთოდ, სახელმწიფო ორგანოებს არ უნდა ჰქონდეთ დამატებითი ინსტრუმენტები სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ პრობლემის არსი სწორედ ის არის, თუ რა დონემდე შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის უფლებები? პასუხი მარტივი, მაგრამ მრავლისმთქმელია: ერთის მხრივ, იმ დონემდე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მეორეს მხრივ, ვიდრე დაირღვეოდეს ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. ანუ კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ: დაცული უნდა იყოს თანაფარდობა კერძო და საჯარო ინტერესთა შორის.
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ქვეყანაში შექმნილია არაორდინალური და ექსტრემალური ვითარება. შეზღუდულია სახელმწიფოს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება, სახელმწიფოს შემადგენელ მეორე აუცილებელ ელემენტში, საზოგადოებაში, ასევე არაორდინალური ვითარებაა - პრაქტიკულად შეჩერებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების მოქმედება. ბუნებრივია, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ ხელისუფლება ვალდებულია, აღადგინოს ის სტატუს-კვო, რომელიც ამ მდგომარეობის წარმოშობამდე არსებობდა და ამის მისაღწევად მას დამატებითი ინსტრუმენტები სჭირდება. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სამართალში გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც სახელმწიფოებს ეძლევათ უფლება, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეზღუდონ ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, შეზღუდონ საყოველთაოდ აღიარებული ყველა უფლება და თავისუფლება. საერთაშორისო სამართალი აწესებს იმ მინიმალურ უფლებებს, რომელთა შეზღუდვაც თვით საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ შეიძლება. ეს უფლებები რამდენიმე საერთაშორისო აქტშია გაფანტული. ნორმები, რომლებიც ასეთ მინიმუმებს აწესებენ, ქმნიან ჰუმანიტარულ სამართალს. ჰუმანიტარული სამართლის ნორმები არის ის უკიდურესი ზღვარი, რომლის დარღვევა სახელმწიფოებს თვით ომიანობის დროსაც კი არ შეუძლიათ. წამების აკრძალვა სწორედ ჰუმანიტარული სამართლის სფეროს განეკუთვნება და თუკი ქვეყანა უშვებს წამების ლეგიტიმაციას (თუნდაც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს), მას არ შეიძლება, ჰქონდეს პრეტენზია დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოქმედების შეჩერებით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს კომპენსაციის მიღების უფლება ჩამოერთმევა. თუმცა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გაუქმების შემთხვევაში, ავტომატურად უქმდება პრეზიდენტის ყველა დეკრეტი, მათ შორის ისიც, რომელიც მე-18 მუხლის მოქმედებას აჩერებს და ყველას ეძლევა საშუალაბა, რათა მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
რაც შეეხება სხვა კონსტიტუციურ უფლებებს, რომელთა შეჩერება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტს შეუძლია, შემდეგია:
● კონსტიტუციის მე-20 მუხლი, რომლის თანახმად:
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის საშუალებებით, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა.
პირადი ხელშეუხებლობის მოთხოვნას აწესებს ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ, კოდექსის მე-18 მუხლი: საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით), თუ არსებობს კანონით დადგენილი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24-საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია.
● საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეუძლია, ასევე შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი. ე. ი. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. 21-ე მუხლის თანახმად:
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
საკუთრება, ზოგადი გაგებით, სოციალური დატვირთვის მატარებელია, რაც მრავალ შემთხვევაში ვლინდება. არ შეიძლება წარმოვიდგინოთ საკუთრება, როგორც აბსოლუტურად შეუზღუდავი ფასეულობა. მესაკუთრის უფლებამოსილებანი შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით. ასე მაგალითად, თუ მესაკუთრე დააპირებს საკუთრების ობიექტის გაყიდვას, ზოგჯერ ის ვალდებულია, შესთავაზოს გასასხვისებელი ობიექტი უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირებს, ან კიდევ, შეიძლება ზოგ შემთხვევაში, საკუთრების ობიექტის (ვთქვათ, ბინის) გასხვისების ვალდებულება დაეკისროს მას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 222-ე მუხლი). მესაკუთრის მოქმედებით ასევე არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მესაკუთრეს ეკრძალება საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება. დაუშვებელია უფლების გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სავარაუდოდ ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ საკუთრების უფლების შეზღუდვა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ძირითადი პირობა: საკუთრების უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ ამოწურულია მიზნის მისაღწევად არსებული ყველა საშუალება და უფლების შეზღუდვა ერთადერთ გამოსავლად რჩება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შეზღუდვის შემდეგ, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ: 1) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს (მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული) ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს - აგრეთვე სასწავლოსამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიული ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი; 2) კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.
● კიდევ ერთი უფლება, რომლის შეზღუდვაც საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეუძლია, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლშია ასახული. ამ მუხლის თანახმად:
1) ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
2) ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია გავიდეს საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.
3) ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის,დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ამ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვით სახელმწიფო ცდლილობს გაიიოლოს მუშაობის პროცესი, რადგან თუ თავისუფალი მიმოსვლა და ქვეყანაში შემოსვლა ან გასვლა შეიზღუდება ან აიკრძალება, მაშინ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს კონტროლის საუკეთესო საშუალებები ექნებათ. 22-ე მუხლის მოქმედების შეჩერებით ან შეზღუდვით და ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ხელისუფლებას შეუძლია: დროებით გაასახლოს მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან, აუცილებლად უნდა მისცეს მათ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები; საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში შემოიღოს მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; აუცილებლობის შემთხვევაში, შეუზღუდოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება; აუკრძალოს საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პიროვნებას თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფელის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე; საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც მოცემული ადგილის მცხოვრებნი არ არიან, გააძევოს საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ.
● საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს შეზღუდოს ასევე ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი. ინფორმაციის თავისუფლება კონსტიტუციურ სამართალში წარმოადგენს ცნებას, რომელიც მოიცავს უფლებათა და თავისუფლებათა მთელ ჯგუფს: სიტყვის თავისუფლებას, ბეჭდვისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას. ამ თავისუფლების განსახორციელებლად საქართველოში დღესაც მოქმედებს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 10 აგვისტოს მიღებული კანონი ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“,რომელშიც ცვლილებები 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონით შევიდა.
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ასევე საუბარია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლში: ,,ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად პირმა ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგავრი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული ფორმების საშუალებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით.“ ეს მუხლი აწესებს ზოგიერთ შეზღუდვასაც, რაც კანონით დადგენილი და სავალდებულო უნდა იყოს სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის, სახელმწიფო უშიშროების, საზოგადეობრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.
● საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეზღუდვას ექვემდებარება ასევე კონსტიტუციის 25-ე მუხლში გათვალისწინებული შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. ხალხის სუვერენიტეტის ამ უფლებაზე პირველად ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლერაციაში (1789 წ.) დაიწერა, შემდეგ კი - იაკობინელთა 1793 წლის კონსტიტუციაში, რომლის 35-ე მუხლში აღნიშნულია: ,,როდესაც მთავრობა ლახავს ხალხის უფლებას, მის წინააღმდეგ ამხედრება წარმოადგენს ხალხის წმიდათაწმიდა უფლებას და ყველაზე აუცილებელ მოვალეობას”.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომელიც გაეროს წევრ სახელმწიფოებს შორის 1966 წლის 19 დეკემბერს დაიდო ქ. ნიუ-იორკში, მოითხოვს მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, რომელიც სახელმწიფოების მიერ არ უნდა შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებული შემთხევევების გარდა, რაც მხოლოდ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერსებით შეიძლება გამართლდეს (აღნიშნული პაქტის 21-ე მუხლი).
მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლება ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციითაა აღიარებული. მაგალითად, იტალიის კონსტიტუციის მე-17 მუხლში მითითებულია, რომ მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანად და უიარაღოდ შეკრების უფლება, საზოგადოებისთვის ღია ადგილებში შეკრების უფლების ჩათვლით.
● საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ასევე შრომის უფლების შეზღუდვას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლითაა განმტკიცებული. კერძოდ:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითერებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ლ) ქვეპუნქტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს, კონკრეტულ ვითარებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ, ჩააბან შრომის უნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება.
● საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაშვებია გაფიცვის უფლების შეზღუდვაც, რომელიც ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებზე შედარებით ფართო უფლების ნაწილს წარმოადგენს, კანონით დადგენილი პროცედურების გამოყენებით. გაფიცვა გულისხმობს მუშებისა და მოსამსახურეების მიერ სამუშაოს კოლექტიურ შეწყვეტას და მეწარმეებისადმი ან სახელმწიფოსადმი ეკონომიკური (ხანდახან პილიტიკურიც) მოთხოვნების წაყენებას. ეს უფლება აღიარებულია მრავალი საერთაშორისო აქტით, თუმცა ასევე ყველა აქტში არის მინიშნება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული უფლება შეზღუდვას ექვემდებარება.
● და ბოლო უფლება, რომლის შეზღუდვაც საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეუძლია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლითაა დაცული. ამ მუხლის შინაარსი ასეთია:
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტაციებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვეებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
![]() |
6 მოძრაობა ადგილზე ,,არ მივდივართ წინ და ვცდილობთ, არ დავიხიოთ უკან“ |
▲back to top |
სურათზე: ალექს ანდერსონი
სამხრეთ კავკასიაში Human Rights Watch-ის ოფისის დირექტორი ალექს ანდერსონი სულ ერთი წელია, რაც თბილისში იმყოფება და სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ახორციელებს თავის მისიას.
საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასება, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტს, ჩვენ სწორედ მას ვთხოვეთ.
ბატონო ალექს, როგორ შეიძლება შეაფასოს Human Rights Watch-ის წარმომადგენლმა საქართველოში ადამიანის უფლებები?
მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, ძალიან წინააღმდეგობრივია. საქართველო, ძირითადად, თბილისი, სარგებლობს იმ უპირატესობით, რომ აქ არის ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციათა ძალიან ცოცხალი ფრთა. გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა გამჭირვალეობის თვალსაზრისითაც, მხედველობაში მაქვს იუსტიციის სამინისტროში, კერძოდ, წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაწყებული დაკავებულთა სისტემატური მონიტორინგი, როგორც სხეულის დაზიანების მხრივ, ასევე პოლიციაში გადაყვანის ვადების დარღვევის თვალსაზრისითაც. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ბიურო მაია ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც თანდათან საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროცესებზე. სამართალ-აღსრულებითი პროგრამების რეფორმირებისათვის ასევე შეიქმნა საპრეზიდენტო კომისია, რომელიც ამ წლის განმავლობაში ძირითადად თეორიული ხასიათის სამუშაოს ასრულებდა და იმედია, მომავალ წელს მისი მუშაობის შედეგიც გამოჩნდება.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ ეტაპზე საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ უფრო ისეთი სიტუაციაა, როდესაც წინსვლაზე მეტად, დღის წესრიგში წინა წლების მიღწევების შენარჩუნების საკითხი დგას. ამის საილუსტრაციოდ ერთ ფაქტს მოვიყვან: ორი წლის წინ Human Rights Watch-მა მოამზადა დიდი მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო საქართველოს პარლამენტმა 1999 წელს სისხლის საპროცესო კოდექსი. საქართველო ევროპის საბჭოში დაახლოებით 1999 წლის მაისში გაწევრიანდა და მრავალ რეფორმათა შორის, რომელიც მან ევროპის საბჭოს პროცესიდან გამომდინარე განახორციელა, ერთ-ერთი სწორედ ახალი სისხლის საპროცესო კოდექსი იყო. ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან ზუსტად ორი კვირის განმავლობაში პარლამენტმა უარყო და კანონმდებლობიდან ამოიღო დაცვის მთელი ის ახალი მექნიზმები, საპროცედურო დებულებები, რომლებიც პოლიციას დაკავებულთა წამებას და მათი უფლებების შელახვას ურთულებდნენ. სამაგიეროდ, პარლამენტმა ისეთი ცვლილებები შეიტანა კოდექსში, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დღეს მდგომარეობა საბჭოთა პერიოდზე გაცილებით უარესია. უკანასკნელი ორი-სამი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, რომ სისხლის საპროცესო კოდექსის დაცული მექანიზმები კიდევ უფრო გააუარესოს. ამ ფაქტის გამო ჩვენმა ორგანიზაციამ გაავრცელა საპროტესტო პრეს-რელიზი და მედიაში ახლაც მიმდინარეობს დებატები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩვენს ორგანიზაციას შორის ამ ყოვლად მიუღებელი ინიციატივის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ისედაც უკვე ცუდ მდგომარეობაში მყოფი სისხლის საპროცესო კოდექსი მისი კიდევ უფრო გაუარესებისგან.
მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია, განსაკუთრებით უკანასკნელი კვირეების განმავლობაში, შეიმჩნევა სხვა სფეროებშიც. მაგალითად, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ფიზიკური თავდასხმებისა და მუქარების უეცარი ზრდა ჟურნალისტების მიმართ. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ასევე ვიხილეთ პოლიციის მიერ ჩეჩნების მასობრივი დაკავების ექსტრაორდინალური ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ განმარტა ამ დაკავებათა სამართლებრივი საფუძველი. მან ვერ მოგვცა სისხლის პროცესის თვალსაზრისით ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რა და რატომ გააკეთა. და როდესაც შს სამინისტროში ითქვა, რომ ეს ყოველივე გამოიყურებოდა, როგორც გარკვეული მასობრივი ანტი-ჩეჩნური ოპერაცია, საუკეთესო პასუხი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პაატა გომელაურმა ამ აზრის საწინააღმდეგოდ მოიხმო, ასეთი გახლდათ: ჩვენ ვაკავებდით არა მხოლოდ ჩეჩნებს, არამედ - ზანგებსაც. ეს იყო განსაკუთრებით საშინელი განმარტება სამინისტორს მხრიდან. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ ზოგად გაუარესების ტენდენციას, განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თქვენი აზრით, რა მიზეზებზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა საქმე საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს ეხება?
ძნელი სათქმელია, რა არის უშუალოდ ბოლო კვირეების განმავლობაში ატმოსფეროს გაუარესების მიზეზი, თუმცა ვფიქრობ, ამის ახსნა ნაწილობრივ პროცესების პოლიტიკური პოლარიზაციით შეიძლება. რაც შეეხება საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ზოგად მდგომარობას, ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში რელიგიური ძალადობის ესკალაციით. 1997-1999 წლებში რელიგიური ძალადობა პოლიციის იზოლირებულ მოქმედებად აღიქმებოდა, შემდეგ კი ეს პროცესი სვადასხვა ბრბოების გააქტიურებაში გადაიზარდა, ასეთები გახლავთ ბასილ მკალავიშვილის ბრბო გლდანში, ორგანიზაცია ,,ჯვარი” რუსთავში. ჩვენ ვხედავთ პოლიციასთან ამ ჯგუფების თანამშრომლობის არაერთ მაგალითს, შემწყნარებლობას ბრბოს მიერ განხორციელებული თავდასხმების მიმართ. თბილისსა და რუსთავში რელიგიურ ძალადობას თავდასხმათა მთელი სერია მოჰყვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე კახეთში. სამწუხაროდ, შეუწყნარებლობა რელიგიური უმცირესობების მიმართ, ძალადობის მზარდი კამპანია მათ წინააღმდეგ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მომდინარე რიტორიკითაც იკვებება. რელიგიური ძალადობის ატმოსფეროს შექმნას ხელს უწყობს პოლიციაც, რომელიც მშვიდად ადევნებს თვალ-ყურს დარბევის ფაქტებს. ამ ჯგუფთა დაუსჯელობა კი ხდება იმის მიზეზი, რომ ისინი თანდათან სხვებსაც იზიდავენ, ამის მაგალითად იურისტი ქართლოს ღარიბაშვილიც გამოდგება, რომელიც დაახლოებით იგივე მეთოდების გამოყენებას იწყებს, როგორითაც მკალავიშვილი მოქმედებს, რაც, თავის მხრივ, სხვა დანაშაულს უქმნის საფუძველს.
რაც შეეხება პოლიტიკურ უზრუნველყოფას, პარლამენტარი გურამ შარაძე აფუძნებს პოლიტიკურ მოძრაობას ქვეყანაში და ამისთვის იყენებს იეღოვას მოწმეთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებას, როგორც თავისი პოლიტიკური მოძრაობის მთავარ ღერძს, რასაც იგი შემდგომში გამოიყენებს ყველა სხვა სახის ულტრანაციონალისტური მიზნებისათვის. კერძოდ, ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა მცდელობა, შემოიღოს ერთი ექსკლუზიური ენის კანონი, რომელმაც ქართული ენა ყველასათვის სავალდებულო უნდა გახადოს და იყოს საზიანო სხვა ეთნიკური უმცირესობებისათვის, იგი ასევე აწარმოებს კამპანიას საქართველოში მუსლიმანი მესხების დაბრუნების წინააღმდეგ, რაც ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს და ა.შ. ამდენად თქვენ გაქვთ ეს სხვადასხვა ბრბო-წარმონაქმნები, რომლებიც იწყებენ თანამშრომლობას მსგავს აქტიორებთან სამართლებრივ და პოლიტიკურ სფეროებში. ეს უკანასკნელნი კი ამ ატმოსფეროს საკუთარი ძალების გასაძლიერებლად იყენებენ და, ამდენად, ისინი გარკვეული სახის სიმბიოზში ყალიბდებიან.
არსებობს თუ არა იგივე პრობლემა აზერბაიჯანსა და სომხეთში?
არა, სომხეთში 1990-იანების შუა წლებში ჩვენ შევნიშნეთ გარკვეული სახის ბრბომოქმედებების დასაწყისი. კერძოდ, ეს იყო გასამხედროებული ფორმირება, რომელიც ყარაბახის ომის ვეტერანებისაგან შედგებოდა. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიჭრენ ისინი ადამიანის უფლებათა ბიბლიოთეკაში და დაარბიეს იგი. ასე რომ, ამ ბრბოს ელემენტებმა დაიწყეს გარკვეული როლის თამაში სომხეთის პოლიტიკაში 90-იანების შუა პერიოდში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ეს პრობლემა გადალახეს. აზერბაიჯანში მსგავსი არაფერი ხდება, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. თუმცა, გასულ წელს ბაქოში ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როცა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა პარტიამ მოაწყო ქალთა პოლიტიკური დემონსტრაცია. დემონსტრანტებმა მოამზადეს პროსახელისუფლებო ქალ-თავდამსხმელთა ბრბო, რომელიც ხელისუფლების დამცველი ლოზუნგებით გამოდიოდა. მიუხედავად ამისა, პირველი სერიოზული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ყველა დააკავა ისე, რომ არც გაურჩევია, ვინ იყო თავდამსხმელი და ვის დაესხნენ თავს. ასე რომ, არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანში, საქართველოს მსგავსად, ბრბოს მზარდი მოქმედების პრობლემა არ დგას.
რა მდგომარეობაა ისეთ უფლებებთან მიმართებით, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, საარჩევნო უფლება?
რაც შეხება სიტყვის თავისუფლებას, საქართველოში მართლაც საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. ქართული მედია საკმაოდ ცოცხალია, თუმცა, როგორც ადრე აღვნიშნე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თავი იჩინა თავდასხმებმა და მუქარებმა ჟურნალისტების მიმართ, რითაც ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ განვახორციელებთ უმკაცრეს მონიტორინგს, რათა ამგვარმა შემთხვევებმა უარყოფითი ეფექტი არ მოახდინოს ჟურნალისტიკაზე, მით უმეტეს, რომ უკვე ვამჩნევთ ერთგვარი გულგრილობის ეფექტს რელიგიურ ძალადობასთან მიმართებით.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენთან მოვიდა ერთი ჟურნალისტი (მე სპეციალურად არ დავასახელებ არც ჟურნალისტს და არც გაზეთს), რომელმაც აგვიხსნა, რომ მისთვის რთული აღმოჩნდა განეთავსებინა სტატია რელიგიური ძალადობის შესახებ არა იმიტომ, რომ იგი დაინტერესებული გაზეთის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, არამედ იმიტომ, რომ მათ ეშინოდათ, ამგვარი ტიპის სტატიის დაბეჭდვის შედეგად, არ გამხდარიყვნენ ბრბოს აგრესიის ობიექტი. ჩვენ უკვე ვნახეთ ინციდენტები, თუ როგორ დაესხა თავს ბასილ მკალავიშვილის ბრბო ,,რეზონანსს,” როდესაც მათ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნეს; ანალოგიურს ადგილი ჰქონდა ,,თავისუფლების ინსტიტუტთან” მიმართებაში: რამდენიმე დღის შემდეგ, რაც გურამ შარაძის მომხრეებმა მოაწყვეს დემონსტრაცია ინსტიტუტის შენობის წინ და ყვიროდნენ, რომ ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება, ანონიმური ნახევრადსამხედრო ტიპის ახალგაზრდების ჯგუფი მოვიდა თქვენს ოფისში, ცემა თქვენი ოფისის წევრები და დაამსხვრია აპარატურა. ამდენად ეს მეტად შემაშფოთებელია. ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ გამოაძევეს რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი ჟურნალისტი - სოზარ სუბარი - სასამართლო დარბაზიდან, როდესაც იგი რეპორტაჟის გასაკეთებლად მკალავიშვილისა და ივანიძის სასამართლო პროცესზე მივიდა. სასამართლოში მყოფმა პოლიციამ იგი არ დაიცვა მკალავიშვილის ბრბოს წევრებისაგან, რომლებიც მას ემუქრებოდნენ.
რაც შეეხება საარჩევნო უფლებას, ამ მომენტისათვის საარჩევნო პროცესი და საარჩევნო სისტემა საქართველოში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ივნისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების დროს. ევროპის საბჭო ახორციელებდა ამ არჩევნების მონიტორინგს და მათ მიიღეს საკმაოდ მკაცრი დადგენილება, რომლითაც დაიგმო არჩევნების მომზადების და იმპლემენტაციის უკიდურესად დაბალი დონე. ამომრჩეველთა სიები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რაც ფართომასშტაბიანი გაყალბების მიზეზია. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველომ ვერ მოახერხა ამ სიების კომპიუტერიზება და ჩვენ რეგულარულად გვთავაზობენ ანეკდოტურ არგუმენტებს, რომ სიების დაახლოებით 40 პროცენტამდე ყალბია, ამომრჩეველთა დაახლოებით 40 პროცენტი კი ეწერება დამატებით სიებში, რომლებიც იმავე დროს დგება. ეს ქმნის სამართლიანი უნდობლობის მაღალ ხარისხს, უკარგავს ადამიანებს არჩევის ინიციატივას. ადამიანები გრძნობენ, რომ მათ არ აქვთ საშუალება მოახდინონ ზეგავლენა ლეგიტიმურ შედეგზე.
ადგილობრივი არჩევნების დროს Human Rights Watch მონიტორინგს ახორციელებდა მარნეულში ჩატარებულ არჩევნებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ უმეტეს უბნებში მონაწილეობის დონე ნამდვილად ძალიან დაბალი იყო, მაშინ, როდესაც დღის ბოლოს ოლქები არჩევნებში მონაწილეთა პროცენტულ მაჩვენებლებს 90-ზე და ზოგჯერ 100-ზე მაღლაც კი უჩვენებდნენ. ცხადია, ამგვარი ფაქტები იწვევს უნდობლობას. მოსახლეობის უნდობლობიდან გამომდინარე და აგრეთვე იმის გამო, რომ რეგიონებში რეალური ხელისუფლება არჩეული ორგანოს კი არა, პრეზიდენტის მიერ დანიშნულ რწმუნებულებს აქვთ, ვერ ხორციელდება ხალხის რეალური, ლეგიტიმური მონაწილეობა ხელისუფლებაში, სამაგიეროდ, ყალიბდება ბრბოს ტიპის გაერთიანებები და ისეთი პოლიტიკური მოძრაობები, რომლის ლიდერიც ხდება გურამ შარაძის ტიპის პოლიტიკოსი. შარაძის აქტივობები კი მთლიანად ემყარება მტრობას, აგრესიას, დამანგრეველი ფორმის ნაციონალიზმს, და ეს ყველაფერი ეფუძნება ძალიან სასაცილო მითებს. მაგალითად, შარაძე აცხადებს და ეს გამუდმებით შუქდება ტელევიზიით, რომ სექტანტები, განსაკუთრებით იეღოვას მოწმეები წირვისას ეწევიან ჯგუფურ სექსს, თავს იკლავენ გორის ციხედან გადახტომით და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ფაქტი მე პირადად გადავამოწმე წინა შაბათ-კვირას. მოვინახულე ყველა საავადმყოფო გორში და გამოვიკითხე, მართლა ჰქონდა თუ არა მსგავს შემთხვევას ადგილი. საავადმყოფოს თანამშრომლებმა თქვეს, რომ მსგავსი ფაქტი საერთოდ არასდროს მომხდარა.
როგორი მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანსა და სომხეთში?
აზერბაიჯანში მთავრობას სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტების შეზღუდვის ძალიან ცუდი პრაქტიკა აქვს. მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში, მრავალმა გაზეთმა მიმართა ეუთო-ს, მედიის თავისუფლების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს იმის გამო, რომ სახელმწიფო ახორციელებს მათ შეზღუდვას. ადგილი აქვს პოლიტიკური დემონსტრაციების შეზღუდვებს, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებებს. ზაფხულში ჩვენ გავხდით ნაზარანის მოვლენების მომსწრე, როდესაც პოლიციამ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, მოკლა ერთი და დააზიანა რამდენიმე სხვა დემონსტრანტი. ასეთი ინციდენტები შეგვიძლია, იმ ზოგადი ტენდენციის კერძო გამოვლინებად ჩავთვალოთ, რასაც შეიძლება ,,კატა-თაგვობანას თამაში” ეწოდოს. ხელისუფლების წარმომადგენლები ეთამაშებიან მოსახლეობას სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებით პროტესტების თაობაზე - ჯერ ნებას დართავენ, მერე აკრძალავენ, ჯერ დააპატიმრებენ, მერე გამოუშვებენ, მერე ისევ დააპატიმრებენ და ასე შემდეგ...
თავისუფალი არჩევნების მხრივ აზერბაიჯანში ასევე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა უკანასკნელი 2000 წლის ნოემბერში აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნების შესახებ განაცხადეს: ,,ჩვენ სავარაუდოდ ველოდით გარკვეული სახის დარღვევებს, მაგრამ არასდროს გვინახავს ამ დონის დარღვევები.” ამავე დროს აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალიან ცუდ პოლიტიკას ახორციელებს ადგილობრივ ბიზნესთან დაკავშირებით, იგი მთლიანად კონცენტრირებულია ნავთობის და გაზის სექტორზე და ყურადღებას არ აქცევს ეკონომიკის დანარჩენ სფეროებს, ისევე როგორც არ ახორციელებს სწორ პოლიტიკას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ. ფაქტობრივად, ბაქოს მიღმა მთელი ქვეყანა მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. უაღრესად მაღალია უმუშევრობის დონე და როდესაც ადამიანები ცდილობენ, გამოთქვან სოციალური პროტესტი ამის შესახებ, ხდება სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა და პოლიტიკური მოტივების აღრევა, როგორც იყო 2000 წელს შექის დემონსტრაციის დროს. მოხდა ძალისმიერი შეტაკება და დემონსტრანტებს დაუნდობლად გაუსწორდნენ. 2001 წლის იანვარში ხელისუფლებამ დაარბია ყარაბახის ომის ინვალიდთა შიმშილობაც.
როდესაც გასული წლის ზაფხულში მთავრობამ შექის დემონსტრაციის მონაწილეები, სასამართლოს გადასცა, ეს იყო მკაფიოდ გამოხატული მინიშნება, რომ ასე მოექცევიან ყველას, ვინც სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო პროტესტს გამოთქვამდა.
დემონსტრანტების დაპატიმრებებს ადგილი ჰქონდა სომხეთშიც. გაზაფხულზე დემონსტრაციების აგორების მიზეზი სამთავრობო კომისიის მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიების ჩამორთმევა იყო.
პოლიციამ მიმართა ძალისმიერ მეთოდებს, რათა აეძულებინა მოსახლეობა, შეეწყვიტათ გამოსვლები როგორც ერევანში, ისევე სხვა ქალაქებში. ჩვენი აზრით, ეს მეტად დასაფიქრებელი მოვლენები იყო.
ისევე როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთშიც, და შეიძლება უფრო ნაკლებად საქართველოში, არსებობს სამხედრო ძალის გამოყენების პრობლემა, გაწვეულთა სიკვდილის შემთხვევები. გასული წლის დეკემბერში ბევრი ბაკალავრიატ დამთავრებული სტუდენტი გაიწვიეს ჯარში, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გამო მათზე ვრცელდებოდა პრეზუმფცია. ერევანში ამ გაწვევის წინააღმდეგ უამრავი სტუდენტი გამოვიდა პროტესტის ნიშნად. სტუდენტთა ერთ-ერთი ლიდერი მაინც გაიწვიეს ჯარში, ქალაქ ვანაძორში, სადაც ცემეს და მოკლეს. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია.
არის თუ არა ძალიან დიდი განსხვავება ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონებსა და ცენტრს შორის?
სამწუხაროდ არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიმჩნევა იმედისმომცემი ტენდენცია: მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ თბილისში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზციები ანვითარებენ თავიანთ შტოებს რეგიონებში. თუმცა, საზოგადოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი რეგიონებში ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე თბილისში. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეთნიკურ დანაყოფებთან მიმართებით: აზერბაიჯანელი მოსახლეობა მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში, დმანისში ძალიან სუსტად არის დაკავშირებული თბილისთან. იგივე შეიძლება ითქვას სომეხ მოსახლეობაზე ჯავახეთში. ამგვარი გათიშულობა, რასაკვირველია, აისახება ადამიანის უფლებათა დაცვაზეც. ამ მიმართულებით დიდ მუშაობას ეწევა გია ნოდიას ორგანიზაცია, მაგრამ ეს მაინც საქართველოს ზოგადი პრობლემაა, რადგან თქვენ ასევე გაქვთ აჭარა, რომელიც საერთოდ ცალკე საკითხია. ადამიანის უფლებებში იგი ერთგვარი შავი ხვრელია, რაც ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
დასასრულ, როგორ შეაფასებდით ზოგად ტენდენციას?
ზოგადად, მე ვფიქრობ, ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან ძალოვანი სამინისტროების და მთავრობის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნონ უკვე არსებული მიღწევები ადამიანის უფლებების სფეროში, დააბრკოლონ ისინი, იმოქმედონ ისე, რომ შექმნან ადამიანის უფლებათა ხელყოფის დასჯის პრეცედენტები. ჩვენ არ მივდივართ წინ, უბრალოდ ვცდილობთ ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ არ დავიხიოთ უკან..
ესაუბრა ელენე აგლაძე