ცხელი შოკოლადი №44


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, პაიჭაძე დავით, ჯაფიაშვილი ნინო, ბუხრიკიძე დავით, ტურაშვილი დათო, ცეცაძე მაია, ცაავა ქეთო, გარდაფხაძე ნარგიზა, ქიქოძე არჩილ, რობაქიძე ნინო, მალენი მარკ, კაკაბაძე ნინია, გაფრინდაშვილი ლელა, ხარბედია მალხაზ, ამაღლობელი რატი, მაკარიძე დავით, რენერი პამელა, ბუკია სოფო, ქადაგიშვილი ეკა, თოლორდავა კახა, ბექიშვილი ნინო, მარგველაშვილი გივი, კიწმარიშვილი ეროსი, ბურჯანაძე ნინო, ბოკერია გიგა, ღოღობერიძე ლანა, მაისურაძე გიორგი
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დეკემბერი, 2008 გარეკანზე: იასონ ბადრიძე ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორები ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო სვანიძე კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: დავით ბუხრიკიძე, თამარ ბაბუაძე, სოფო ბუკია, ეკა ქადაგიშვილი, მარკ მალენი, გიორგი მაისურაძე, არჩილ ქიქოძე, დათო ტურაშვილი, ნარგიზა გარდაფხაძე, კახა თოლორდავა, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო ბექიშვილი, დავით მაკარიძე, ნინო რობაქიძე, შორენა შავერდაშვილი, დავით პაიჭაძე, ნინია კაკაბაძე, პამელა რენერი, მალხაზ ხარბედია, დავით ჩიხლაძე, ლანა ღოღობერიძე, რატი ამაღლობელი, ლელა გაფრინდაშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, დარო სულაკაური ილუსტრაცია მაია სუმბაძე დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი, თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „Publishing“ აავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

5 წლის თავზე დავიწყეთ ვარდების რევოლუციის დემისტიფიკაცია და რეტროსპექტიულ ანალიზს მივყავით ხელი. იყო თუ არა 2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენა რევოლუცია და არა „მიტინგი?“ ვინ იბრძოდა რევოლუციისთვის და ვინ ევოლუციისთვის? ვინ იყო ამ პროცესების ყველაზე გულწრფელი მოთამაშე და ვისთვის იყო ეს მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა? გავაკეთეთ თუ არა არჩევანი პროგრესის სასარგებლოდ და რას მივაღწიეთ რევოლუციის შედეგად?

ამ პროექტზე ნინო ჯაფიაშვილთან ერთად ვმუშაობდი. რაღაც ეტაპზე, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ძალიან საკრალურს შევეხეთ და დავანგრიეთ... ან იქ ვეძებდით რაღაც „ძვირფასს“, სადაც ის არ იყო. თუმცა, ბოლოს, როცა უკვე პროექტის შესავალს ვწერდით, მივხვდით, რომ პოლიტიკური თამაშების მიღმა, არის და ყოველთვის იქნება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი - გულწრფელი, თავისუფალი არჩევანი და ნება რაღაცის შეცვლის და განახლების. ამიტომ იყო ეს არა ვარდების, არა ლიდერების, არამედ ჩვენი რევოლუცია. ახლაც ჩვენ უნდა მოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა კიდევ ერთი, ახალი ეტაპის დასაწყებად.

ამ ნომრის გარეკანზეც ვარდების რევოლუცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ იასონ ბადრიძეზე სტატიის წაკითვის შემდეგ, მივხვდით, რომ ბატონ იასონს და მის მგლებს გადაფასებები არასოდეს დაემუქრება. მისი ისტორია ყოველთვის ერთნაირად შეგეხებათ და წაგიყვანთ იმ სამყაროში, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ყოველთვის უცხო და ხელშეუხებელი იქნება.

არჩილ ქიქოძესაც ნოესთან უნდოდა შეხვედრა, მაგრამ ჩაეძინა და შეხვედრა ვერ შედგა. თქვენთვისაც გასაგები გახდება არჩილის და ნოეს ვერშეხვედრის სინანული. ისევე, როგორც გული დაგწყდებათ როცა წაიკითხავთ, რომ თრუსოს ხეობა უკვე აღარავის მიწაა და ალბათ ჩემსავით მოგინდებათ, აიკრათ გუდანაბადი და გადაიხვეწოთ იქ, სადაც ადამიანები აღარ ცხოვრობენ.

ამ ნომერშივე წაიკითხავთ რეპორტაჟებს პანკისიდან, ერთ დროს „ცხელი წერტილიდან“, სადაც ახლა კოცონი ჩუმად იწვის, და „წითელი ზონებიდან“, სადაც მიწა ჯერ კიდევ დანაღმულია და ომის კვალი - ცხელი.

გიორგი მაისურაძემ მარადიულ რევოლუციონერზე, ტროცკიზე დაწერა ამ ნომრისათვის ვეღარ მოასწრო, ჯერ მხოლოდ ვარდების რევოლუცია გაიხსენა. ასევე, მერაბ მამარდაშვილის იუბილეს აღსანიშნავად, გივი მარგველაშვილის „კაპიტან ვაკუშიდან თარგმნა ერთი თავი, სადაც ავტორი მამარდაშვილს და მის ლექციებს იხსენებს.

მაშინ, როცა კავკასია სულ უფრო მეტად ქუცმაცდება, გავიხსენეთ „კავკასიური სახლი და კავკასიური სოლიდარობის იდეა და გავიარეთ გზა თბილისიდან ნუკრიანამდე, სადაც ნაირა გელაშვილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ჩვენც გვახსენებს, რომ სულ სხვის იმედად არ უნდა ვიყოთ და თავად ვაკეთოთ ის საქმე, რაც საკეთებელია.

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დათო პაიჭაძე

შარშანდელი 7 ნოემბრის შემდეგ, ხელისუფლება საგრძნობლად შეიცვალა. არ ვგულისხმობ ადამიანების შეცვლას მთავრობაში და ახალ პარლამენტს. ხელისუფლებამ შეცვალა ქცევა და დამოკიდებულება სინამდვილისადმი. ის თითქოს მოეშვა, გამბედაობა და დინამიზმი მოაკლდა, რომ არა ვთქვათ, დაკარგა. ხელისუფლებას შეუნელდა ინტერესი ადამიანური საქმიანობის იმ სფეროებისადმი, სადაც პოლიტიკის გატარებას 4 წლის მანძილზე ცდილობდა. ან, შეიძლება, არ შეუნელდა, მაგრამ ილაჯი აღარ შერჩა შემართებისათვის, რომელიც 2003 წლის შემდეგ, დედაქალაქში მაინც, ყველგან იგრძნობოდა. ან ეგებ მესამე: შერბილება, შენელება, ერთგვარი მიშვებაც ხელისუფლების სრულიად ცნობიერი არჩევანია, რადგან ახლა ყველაზე მეტად სტაბილურობა და სიმშვიდე ფასობს, ხოლო ამათ მისაღწევად კომპრომისული პოლიტიკა უფრო გამოდგება, ვიდრე მიმწოლი და შეუპოვარი.

სწორედ ასეთი შეუპოვარი პოლიტიკის პირველი შედეგები ვნახეთ, მაგალითად, განათლების სისტემაში. დღეს სხვა დრო და მოქმედების სხვა მოდუსია: ხელისუფლება არათუ ძველებურად აღარ ხარჯავს ძალისხმევას, არამედ აღარ პასუხობს სხვადასხვა რიგის ოპონენტთა ნაბიჯებს. ხელისუფლება თანდათან კარგავს გავლენის არეალებს და ამის მიმართ თითქოს გულგრილია. მას ხელთ არ აქვს ძლიერი შემკრავი იდეა თუ ღირებულება მოქალაქეებისთვის შესათავაზებლად. არ ვიცი, უნდა ჰქონდეს თუ არა, მაგრამ ადრე ჰქონდა და ამართლებდა: ვთქვათ, საქართველო კორუფციის გარეშე ან საქართველო იქნება მთლიანი. ამ უკანასკნელს ახლა ვერ გამოიყენებ, ის ვერ იმუშავებს, რადგან ომის კვალი ცხელია. ფინანსური კრიზისიც ახლა დაიწყო. მძიმე ფონია საიმისოდ, რომ ეფექტიანი იყო. კრიზისული მენეჯმენტის დამაჯერებლად განხორციელება ხელისუფლებას ახლა უფრო უჭირს, ვიდრე 4-5 წლის წინათ. მაგრამ ერთი რამ არ უნდა გაუჭირდეს - დააკვირდეს მაინც, ვინ იკავებს „წმინდა ადგილებს, რომელიც ამ გახევების დროს, განახლების იმპულსის მოკლებისას, თავადვე გამოათავისუფლა.

0x01 graphic

ნინო ჯაფიაშვილი

სამი წლის წინ, პირაქეთა ხევსურეთში, მიხა არაბული გავიცანი. მესაზღვრეების ვერტმფრენში ვიჯექი და ქათქათა თეთრ თოვლზე, სხვებთან ერთად, მის ნაკვალევს ზევიდან ვეძებდი. ისეთი ხმაური იყო, რომ მე და ჩემს ოპერატორს ერთმანეთის ძლივს გვესმოდა. ყვირილით გამაგონა: „სახლის საკვამურიდან ბოლი არ ამოდის, თუ ცოცხალია, რამე ნიშანი თოვლზე უნდა იყოს, მაგრამ დათვის ნაკვალევის გარდა, არაფერი ჩანსო“.

ზამთრის დადგომასთან ერთად, გორშუღმის ხეობა მთლიანად იცლება, საქონელი ბარში ჩაყავთ და მთელ ამ მხარეში, რამდენიმე თვით, მარტო მიხა არაბული რჩება. უახლოეს სოფლამდე 15 კილომეტრია, კისრამდე თოვლი და რამე რომ გაუჭირდეს, მის ამბავს კაციშვილი ვერ გაიგებს.

იმ დღეს, კვალს რომ ვერ მივაგენით, ვერტმფრენით პირდაპირ მის ეზოში დავჯექით და ერთი ტომარა ფქვილი ჩავუტანეთ. თვეზე მეტი იყო, რაც პური გამოლეოდა და მარტო ყველს ჭამდა. უკან წამოსვლისას დაგვაბარა, შემდეგ ჩამოსვლაზე რადიოლას „ბატარეიკები“ და კალენდარი ჩამამიტანეთო. იქ აღარასოდეს დავბრუნებულვარ და ყოველი ზამთრის დადგომასთან ერთად, სულ იმაზე ვფიქრობ, ნეტა როგორ არის ახლა მიხა არაბული? ხუთი წლის წინ, ვარდების რევოლუციის ბოლო მომენტში, სრულიად შემთხვევით ჩემს ოპერატორთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მანქანაში აღმოვჩნდი. რაღაც თვალსაზრისით, ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა უნდა ყოფილიყო... თუმცა ეს ისტორია სხვა დროს იყოს... არასოდეს მიყვარდა პოლიტიკაზე წერა, არასოდეს.

0x01 graphic

დავით ბუხრიკიძე

„ყველაფერი, რაც თქვენ გსურდათ გცოდნოდათ სექსზე, მაგრამ გეშინოდათ გეკითხათ“ - მგონია, ვუდი ალენის პაროდიული და ლამის დავიწყებული ფილმის სათაური ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩვენს მდგომარეობას. არა, ზოგადად, კითხვების დასმის შიშს არ ვგულისხმობ, ეს ცალკე აღებული ფობიაა და მსუბუქი სვეტისათვის ზედმეტად მძიმეა. მაგრამ იმის გაგების შიში, რა გვჭირს და სად არის გამოსავალი, სერიოზული სოციალური პრობლემაა. რამის დავიწყება ან კითხვების თავის არიდება უკვე რაღაცის სიმპტომია და მას ჟურნალის მსუბუქ სვეტში ვერ ჩაატევ. არადა, ბუფერული კარალეთი(?!), სადაც სტუდენტობისას ბალის საკრეფად დავდიოდით, ჩემთვის მუდმივად კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის აუცილებლობას ნიშნავს. მაგალითად, ვიცნობდი ერთ შესანიშნავ, ნიჭიერ ადამიანს, რომელიც სერიოზულად ავად იყო, მაგრამ სიკვდილის შიშის გამო არ მკურნალობდა... ამბობდა, რომ დასასრულის აღარ ეშინია, რადგან ის ჩვენი მონაწილეობის გარეშე მაინც დადგება.

მაგრამ არსებითი განსხვავებაც ამაშია: ეს კონკრეტული ადამიანის და არა სახელმწიფოს არჩევანია; სახელმწიფოს კი არ აქვს უფლება, ჩვენს კითხვებს არ უპასუხოს. და თუ საკუთარი ბედი, ყოფა ან არსებობა არც ჩვენ გვაწუხებს და არც ხელისუფლებას, გამოდის, რომ ომიც და მშვიდობაც ერთი და იგივე ყოფილა; რომ სამყაროსათვის ოთხმილიონიანი „საქართველოს დრამატული ამბები“ მხოლოდ ვირტუალური სივრცისა და „სი-ენენ“-ის პოლიტიკური სიუჟეტის მომგებიანი თემაა.

იქნებ ტერიტორიებით ვაჭრობა საერთაშორისო პოლიტ-ფილოსოფიის აუცილებელი ნაწილია (რაშიც გვიხდიან ყბადაღებულ ოთხ მილიარდს) და ეს არის მიზეზი, რატომ არ უნდა დავსვათ კითხვები. კარგი იქნებოდა, ვუდი ალენის ფილმის სათაურსაც არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით თუ „ვთარგმნიდით“ - „ყველაფერი, რაც თქვენ გსურდათ გეკითხათ ომზე, მაგრამ გეშინოდათ გეკითხათ“... და ნამდვილად მინდა, არც კითხვების დასმის ეშინოდეს ვინმეს და არც - პასუხების მოსმენის.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა, რასაკვირველია, მაკეინის გაპრეზიდენტების მომხრე იყო და, შესაძლოა, სწორედ იმ ცნობილი ფრაზის გამო, რომელიც მან რუსეთ-საქართველოს ომის დროს თქვა.

თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ მაკეინის სიყვარული საქართველოში სხვა ფაქტორებმა განაპირობა და უპირველესად ეს არის ილუზია, რომელიც საბჭოთა კავშირმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ჩვენ, ჯერ ისევ საბჭოთა ადამიანებს, დღემდე ისეთი ლიდერის მოლოდინი გვაქვს, რომელიც ჩვენს ნაცვლად ისწავლის, იშრომებს და სამაჩაბლოსაც დაგვიბრუნებს და აფხაზეთსაც. ალბათ მთავარი განსხვავებაც მონებისა და თავისუფალი ადამიანების ცნობიერებებს შორის სწორედ ეს არის - საკუთარი პასუხისმგებლობის შიში და ფუჭი იმედი იმისა, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვიღაც სხვა გააკეთებს.

ობამას გაპრეზიდენტება კი, არათუ არ გვინდოდა, ვერც კი წარმოგვედგინა და ბოლომდე გვეგონა, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებდნენ ობამას დასამარცხებლად. ერთმა ჩემმა მეგობარმა (რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან საკმაოდ დაახლოებულია) ისიც კი მითხრა, - შავკანიანის გამარჯვებას ამერიკელები უბრალოდ არ დაუშვებენო, - და თვითონ ისიც კი დაუშვა, რომ თუ გაჭირდებოდა, ბოლო-ბოლო არჩევნებსაც გააყალბებდნენ ამერიკაში. მაგრამ ამერიკა მართლა დემოკრატიული ქვეყანა აღმოჩნდა. ისიც აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლა ძალიან შორს ვართ დემოკრატიისა და ისეთი ფასეულობებისაგან, რომელსაც თანამედროვე სახელმწიფოები ეფუძნებიან. და თუ არა ხარ შინაგანად დემოკრატი და თავისუფალი ადამიანი, ვერც ვერასოდეს შექმნი დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანას.

ყველაზე მთავარი პრობლემა კი ალბათ მაინც ჩვენი არჩევანია, რომელიც რეალურად ჯერ არ გაგვიკეთებია, რადგან არც გვჯერა, რომ დემოკრატია, სისუსტე კი არა, უზარმაზარი ძალაა და, მგონი, ამიტომაც გვეშინია თავისუფლების...

P.S. თბილისში პოსლეზე ჩამოყვანილი და მერე გადაგდებული დიეგო მარადონას ქართველ მასპინძლებს გულწრფელად ვთხოვე, რომ როცა მარადონას უკანა გზაზე, აეროპორტისაკენ წაიყვანდნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ დიეგოს ბუშის სახელობის ქუჩაზე ბუშის უზარმაზარი ფოტო არ შეემჩნია. ასე რომ მომხდარიყო, ალბათ ჩვენი მხრიდან საკონტროლო გასროლასავით იქნებოდა უკვე დაცხრილული გენიოსისთვის ამერიკის ყველაზე ცუდი პრეზიდენტის ავლაბარში შემოფეთება. საბედნიეროდ მარადონა ისე დაბრუნდა არგენტინაში, რომ ვერც კი გაიგო თბილისში ასეთი ქუჩის არსებობის შესახებ. სხვის გონებრივ შესაძლებლობებზე ჭორაობა რომც არ ვიკადროთ, საყოველთაო გამოკითხვით, ჯორჯ ბუში ნომერ პირველი მკვლელია მსოფლიოში (ბენ ლადენსაც კი უსწრებს) და მისი სახელობის ქუჩის არსებობა საქართველოს დედაქალაქში, მგონი, უარესია, ვიდრე - უბრალოდ სირცხვილი...

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


გიორგი გუნიას საიუბილეო გამოფენა

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

ვისაც გიორგი გუნიას მიერ გაფორმებული სპექტაკლები უნახავს („ალი ბაბა“, მარჯანიშვილის თეატრის სცენა, რეჟისორი ლევან მირცხულავა, (დეკორაციის ესკიზი); „ჟამთა სიავე“, ნიკო ლორთქიფანიძე, მარჯანიშვილის თეატრი, (კოსტუმების ესკიზი). „ანტიგონე“, ჟან ანუი, რუსთაველის თეატრის სცენა, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი (დეკორაციის ესკიზი)...), ამ და სხვა მრავალი თეატრალური ჩანახატისა თუ ესკიზის „ქარვასლის“ საგამოფენო სივრცეში ხილვა არ გააკვირვებდა, მაგრამ ვისთვისაც გიორგი გუნიას ხელწერა შედარებით უცნობია, ექსპონირებული მისი შემოქმედება ალბათ აღმოჩენა იქნებოდა.

ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში მოღვაწე შემოქმედს სიცოცხლეში უამრავი გამოფენა მოუწყვია და თავადაც აქვს ბევრგან მონაწილეობა მიღებული, მაგრამ პერსონალური გამოფენა არასდროს ჰქონია. მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ კი გიორგი გუნიას პერსონალური გამოფენა ორგანიზატორებმა (ვ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო; თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; თბილისის ისტორიის მუზეუმი) მხატვრის 70 წლის იუბილეს დაუკავშირეს. მხატვრის ოჯახიდან, ასევე - თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციიდან ექსპონირებული ნამუშევრები სრულად ასახავდა ავტორის კონცეფციას. აქ გამოფენილი მაკეტების მხატვრული ღირებულება არაფრით ჩამოუვარდებოდა ნამდვილ სასცენო დეკორაციას. გიორგი გუნია ხომ სივრცობრივი ხელოვნების ოსტატი იყო და ხშირად ესკიზზე ადრე მაკეტს ქმნიდა.

სასურველია, რომ დღევანდელი სასცენო მხატვრობა უფრო ახალი, თანამედროვე, ოღონდ ამავე რანგის იყოს.

ჯინსების თაობის პირველი გამოცემა

ავტორი: მაია ცეცაძე

0x01 graphic

1983 წელს რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანისთვის საბჭოთა საქართველოდან თავის დაღწევის მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა. თვითმფრინავის გატაცების გზით ამერიკაში მოხვედრა გულუბრყვილო და წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა. თვითმფრინავის გატაცებას ეკიპაჟის წევრები, მგზავრები და გამტაცებლებიც ემსხვერპლნენ. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს კი, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით ის სასულიერო პირიც კი დასაჯეს, ვინც გამტაცებლებთან მეგობრობდა, თუმცა იმ დღეს თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა... ეს ისტორია ყველამ კარგად ვიცით და მას 25 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალობა. დღემდე არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა და დღემდე კამათობენ იმის თაობაზე, თუ ვინ იყვნენ სინამდვილეში ეს ახალგაზრდები: მართლა ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ.

ეს ტრაგიკული ამბავი რომ მოხდა, ძალიან პატარა ვიყავი. მას შემდეგ კი, რაც სკოლის მერხზე „თვითმფრინავის ბიჭებიდან“ ერთ-ერთის - გია ტაბიძის შვილთან ერთად აღმოვჩნდი, ეს თემა პირადად ჩემთვისაც ადრეული ასაკიდანვე აქტუალური გახდა. მახსოვს, როდესაც გიორგის (ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგაც) ეკითხებოდნენ, - მამაშენი სად არისო? „დაჭრილია და საავადმყოფოში წევსო“, - პასუხობდა. იმ დღიდან კი, რაც, გიორგის მსგავსად, სიმართლე მისმა თანატოლებმაც შევიტყვეთ, ამ ამბის ყველა დეტალი (ლეგენდაც და სინამდვილეც) ჩვენთვის საინტერესო გახდა.

ამ ტრაგიკულ ისტორიას, კარგა ხანია, დათო ტურაშვილმა მიუძღვნა „ჯინსების თაობა“. სულ ახლახან ამ კინორომანის გამოცემა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ითავა. ახლაც კი, როცა „ჯინსების თაობის“ პირველი გამოცემა სულმოუთქმელად გადავიკითხე, კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგე წარსულზე, რომელთანაც მხოლოდ დრო გვაშორებს და არა ცნობიერება. შევიტყვე გამტაცებლების დრამატულ ცხოვრებაზე, როგორ შეცვალა ერთი ბადრაგის ცნობიერება ქართველი ბერისადმი გამოჩენილმა განსაკუთრებულმა სისასტიკემ... თაობაზე, რომელსაც სურდა, დაშორებოდა ბოროტების იმპერიას და იმ წყობის იდეოლოგიას, სადაც ჯინსებიც კი იკრძალებოდა და რომ მათ „ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ“...

სახლთან ახლოს - მოძრავი ფოტოგამოფენა

0x01 graphic

რა გავლენას ახდენენ გარკვეული მიგრაციული ჯგუფები თანამედროვე საზოგადოებაზე, რომელმაც უმეტესად არაფერი იცის მათ არსებობაზე? როგორ მიმდინარეობს ემიგრანტების ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი და, საერთოდ, როგორ ვითარდებიან ისინი ახალ სოციალურ სტრუქტურებში მოქცეულნი? სწორედ ამ თემებს იკვლევს საერთაშორისო მოძრავი ფოტოგამოფენა „სახლთან ახლოს“. ასეთი სახელწოდების მქონე გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრები რვა ფოტოხელოვანის შემოქმედებას გვთავაზობდა, რომელიც მიგრაციისა და გადაადგილების საკითხებს ეხებოდა. ეს ექსპოზიცია ბრიტანეთის საბჭოს უფრო ვრცელი პროექტის ნაწილია. გამოფენა პირველად მარტის თვეში ლონდონში იყო წარდგენილი, ამჟამად კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობს.

ფოტოობიექტივით აღბეჭდილი შავგვრემანი ბიჭის - ბარიშის ისტორია ქრონოლოგიურად ასახავს სომხის არასომეხთან დაწყვილების (ასეთი რამ კი სომხურ ოჯახებში იშვიათად ხდება) ოჯახურ ამბავს. სერიის ბოლოს ერთ-ერთი, თითქოსდა ჩვეულებრივი კადრით (როცა პატარა ბარიში საწოლში წევს), ფოტოსერიის ავტორი ფირუზა ხალიაპინი ასკვნის, რომ სწორედ ასეთი ოჯახების შთამომავლების უპირატესობაა არჩევანის თავისუფლება და რომ „რელიგიის გარეშე აღზრდილი ბარიში, როცა გაიზრდება, სარწმუნოებას თავად აირჩევს“.

„სიწყნარე ქარიშხლის შემდეგ“ - აივორ კრიკეტის ეს ფოტოსერია ხორვატიიდან დევნილ სერბებზეა. იუვალ იაირის „ხსოვნის ჩემოდნები“ კი მიმდინარე სერიის ის ნაწილია, რომელიც პიროვნულ და კოლექტიურ მეხსიერებას ეძღვნება. ჩემოდნის გამოსახულებებზე აღბეჭდილი ფოტოინსტალაციის ნაწილი (მაგალითად, ხის სახლი) ბავშვური მოგონების გამოძახილია, ზოგიერთ სურათზე კი ის მიტოვებული სახლებია აღბეჭდილი, ოდესღაც პალესტინელ არაბებს რომ ეკუთვნოდათ.

„მოძრავ გამოფენაში“ მონაწილე რვავე ფოტოგრაფი თავისებურად შეეცადა, გადმოეცა, რომ შინიდან მოშორებითაც კი „სახლთან ახლოს“ ყოფნა სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც შესაძლებელია.

ტაიმ-აუტი

ნიკაკოის საშემოდგომო დისკი

ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

ფრანგული გარემო, მცირე დოზით ალკოჰოლი და საშემოდგომო ნუგბარი, სათანადო მუსიკა და დროის სასიამოვნოდ გატარების სურვილით შეპყრობილი სტუმრები - ასე აღნიშნა კაფე „ბელ დე ჟურმა“ უკვე ტრადიციად ქცეული წამოწყების, მორიგი საავტორო კომპაქტ-დისკის გამოცემა. ხმაურიც იყო და თამბაქოს კვამლით გაღენთილი ჰაერიც, თუმცა უკმაყოფილება არავისთვის შემინიშნავს.

შემოდგომისა და ზამთრის გასაყარზე გამოსული მეორე, სეზონური დისკი „ბელ დე ჟურის მესვეურებმა მუსიკოს ნიკა მაჩაიძეს დაუკვეთეს. ახალ დისკში ნიკაკოიმ ნამდვილი საშემოდგომო განწყობა შექმნა და თავის შემოქმედების ქომაგებს მორიგი საღამო მიუძღვნა. CD-ის წარდგენაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მუსიკალურ შემოქმედებას ოფიციალური პრეზენტაციები ნაკლებად „უხდება“ და რომ მუსიკოსებს ლაპარაკზე ბევრად უკეთ გამოსდით დაკვრა.

დისკის პრეზენტაციის მომდევნო ნაწილმა მოგვიანებით კლუბ „ზენ“-ში გადაინაცვლა, სადაც ქლაბერებს საშუალება მიეცათ, ნიკაკოის მუსიკისთვის მოესმინათ და სასურველ რითმებზე ეცეკვათ. ნიკა მაჩაიძის ახალი დისკი კი შეგიძლიათ კაფე „ბელ დე ჟურშიც შეიძინოთ.

კაფე-ბუტიკი NEW TREND-ისგან

0x01 graphic

სულ ახლახან მსოფლიოს მოდის სამყაროს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კომპანია New Trend-მა ჭავჭავაძის გამზირზე ახალსახლობა იზეიმა. გახსნიდან რამდენიმე თვეში კი მაღაზიამ მორიგი სიახლის გასახმაურებლად ისევ პომპეზური ზეიმი მოაწყო - წითელი ხალიჩით, საზეიმო მიღებით, ეგზოტიკური ფურშეტითა და ცოცხალი მუსიკის თანხლებით, სადღესასწაულო ტორტითა და ფეიერვერკით. ზეიმი განსხვავებული მიმართულების New Trend Cafe-Boutique-ის გახსნას იუწყებოდა, რომელიც ჩვენში ახალი, თუმცა მსოფლიო მოდის სამყაროში გავრცელებული მოვლენაა.

კაფე-ბუტიკი შენობის სამ სართულს იკავებს, სადაც ცნობილი ბრენდების GUCCI, GIORGIO ARMANI, DOLCHE & GABBANA, PRADA, MARNI... ქალისა და მამაკაცის სამოსია განთავსებული. კაფეს თეთრი, მშვიდი გარემო ბუტიკის ნებისმიერ სტუმარს უმასპინძლებს, ვისაც კი „შოპინგის“ დროს განტვირთვის სურვილი გაუჩნდება. მომხმარებელს ექსკლუზიურ ევროპულ კერძებს შესთავაზებს ცნობილი იტალიელი მზარეული... ასე რომ, თუკი ამ სიახლეს თქვენი ჯიბე გაწვდება, თავისუფლად შეგიძლიათ ეს მოწოდებაც აიტაცოთ: „იყავი გამორჩეული, იყავი თრენდი!

დარგეთ ხე საქართველოს ბანკთან ერთად!

ავტორი: მაია ცეცაძე

0x01 graphic

არსებობს ერთი ძველი მოსაზრება, - ადამიანს შთამომავალი თუ არ ჰყავს, ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი რომ იყოს, ერთი ხე მაინც უნდა დარგოსო! თუმცა, ურიგო არ იქნება, ამ საქმით საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თუ დაკავდება, მით უფრო დღეს, როდესაც ზაფხულის ცნობილი მოვლენების შედეგად ტყეები განადგურდა და ქვეყანა სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დადგა.

„საქართველოს ბანკმა“ 2008 წლის სექტემბერში, კონფლიქტის დროს გაჩენილი ხანძრების შედეგად განადგურებული ტყის აღდგენისა და მომავალი თაობებისათვის მისი შენარჩუნების მიზნით, საგანგებოდ „მწვანე ანაბარი“ შექმნა. საქმე ისაა, რომ 500 ლარის (ან მეტი) მოცულობის ვადიანი ან საბავშვო ანაბრის გახსნის შემთხვევაში, „საქართველოს ბანკი“ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში მეანაბრის სახელზე ხეს რგავს. ყველა ახლად დარგული ხე ინომრება და მიეთითება მეანაბრის სახელი და გვარი. მეანაბრეს კი მის სახელზე დარგული ხის ნომერი და შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა. განაშენიანებული ტერიტორიის ამსახველი სპეციალური რუკის მეშვეობით მეანაბრეები შეძლებენ მათ სახელზე დარგული ხის ადგილსამყოფელის დადგენას.

ზემოხსენებული პროექტი „საქართველოს ბანკმა“ 2 ნოემბერს საჯაროდ აამოქმედა და ხეების დარგვა დაიწყო. ფიჭვის, სოჭის, კედარის, იფანის, ნეკერჩხლისა და კაკლის ჯიშის 15 000 ნერგი 2 ნოემბერს 30 000 კვ.მ-ის მოცულობის ფართობზე დარგეს. განაშენიანებულ ტერიტორიაზე კი 50 წელიწადში სრულყოფილი ტყე გაჩნდება.

ნერგების დარგვისთვის ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდა: ფართობის გაწმენდა, ტერიტორიის შემოღობვა, ნიადაგის დარგვისწინა მომზადება, ორმოების ამოღება, ნერგების ადგილზე მიტანა... ათვისებული ტერიტორიის შემდგომ მოვლას კი „საქართველოს ბანკი ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტთან ერთად აპირებს.

ნერგების დარგვის ღონისძიებას „საქართველოს ბანკის“ მეანაბრეებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. თუ გსურთ, თქვენც შეიტანოთ წვლილი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიკეთო საქმეში, ხის დარგვა 2009 წლის გაზაფხულზეც შეგეძლებათ, რადგან „მწვანე ანაბრის“ აქცია გრძელდება.

4 არტი, როგორც ისტერია ისტერია, როგორც ისტორია... ისტორია, როგორც მოსაზელი ტალახი...

▲ზევით დაბრუნება


კულტ-მიმოხილვა

ფოტო: ქეთო ცაავა
ავტორი: დავით ბუხრიკიძე

0x01 graphic

ნაომარი სივრცე

„ჩვენ დასასრულის მოწმენი ვართ და ეს ცოდნა თუ შეგრძნება ცხოვრებაში გვიიოლებს ნებისმიერ ინიციატივას. ხოლო ფინალის უსასრულობა და უსარგებლობა ოპტიმიზმს გვინერგავს, რომ უარესი აღარ მოხდება“... ალბათ მძიმეა ფილოსოფოს ჟან ბოდრიარის პოსტმოდერნისტული ქადაგების მოსმენა ქართველისთვის, რომელმაც იცის, რომ უარესი ყოველთვის უარესს შობს; რომ „კარალეთის დღეები“ მხოლოდ გალაკტიონით ან ომით შთაგონებული მხატვრულ-დოკუმენტური რეალობა აღარ არის; რომ შეღებილი სახლების გამოგონილი სამყარო თუ სივრცე, რომელიც ძლივს მშვიდობიანად შევაკოწიწეთ და საფასური ბანკებიდან გამოტანილი კრედიტივით სანახევროდ გადავიხადეთ, ომმა ასე უეცრად, ხუხულასავით დაანგრია.

პესიმიზმი და სიცარიელე - ეს ის შეგრძნებებია, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი ავსებს. ვერც ევროპიდან დასახმარებლად გამოწერილი სამი მილიარდი და ვერც ევრო-ამერიკული მორალური მხარდაჭერა. სამაგიეროდ, სატელევიზიო დებატები ვირტუალური პოლიტ-დებატების არსებობის შესახებ წამახალისებელ და კომიკურ ოპტიმიზმს ბადებს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ანუ „კოკა-კოლას“ სარეკლამო ენაზე რომ ვთქვათ, „ყველაფერი გამოვა“. სხვათა შორის, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი „არტისტერიუმი“, რომელიც 4-9 ნოემბერს თბილისში გაიმართა, სწორედ ომის შემდგომ, ცარიელ არტ-სივრცეში აღმოცენებული ოპტიმიზმის თვითჩასახვას ჰგავდა. როცა არ არსებობს ზეიმი, მას გამოიგონებ, ხოლო შემდეგ დაიჯერებ და სხვასაც დააჯერებ, რომ ხელოვნება, სამყაროს თუ არა, „ქარვასლაში“ შეკრებილ უნუგეშო არტ-ისტერიკოსებს და მათ გულშემატკივართ მაინც იხსნის.

არტფორუმი (მსგავსი ღონისძიებები, როგორც წესი, არაკომერციული, ალკოჰოლით შთაგონებული და არტ-ისტულია) კულტურის სამინისტროსა თუ უცხოელი ორგანიზატორების ჩანაფიქრითა და ნაომარი სივრცის „გაადამიანურების“ თვალსაზრისით, ოპტიმიზმის მინიმალურ მუხტს მაინც უნდა ატარებდეს. თუ კულტურის სამინისტროს, უცხოურ საელჩოებსა და კულტურის ცენტრთა ამქარს (ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, დიუმას სახელობის ცენტრი, ირლანდიის ცენტრი, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება) დავუჯერებთ, შედეგი დაახლოებით მაინც უნდა ყოფილიყო დამაიმედებელი. ორგანიზატორებმა გამოფენისათვის თემაც და მასშტაბიც შესაფერისად მჟღერი ლათინურით შეარჩიეს - Modus Operandi; ანუ განსხვავებული გზის ძიებაში. ეს თავისთავად გულისხმობს თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ პროცესებში ჩართვას და მის პოპულარიზაციას, თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას და ნაირგვარ პროექტში მონაწილეობას.

0x01 graphic

ამერიკული ექსპოზიცია წელამდე ტალახში

0x01 graphic

ექსპოზიცია ქარვასლაში

0x01 graphic

ამერიკული ექსპოზიცია წელამდე ტალახში

0x01 graphic

ბრუნო ფურნიეს ფოტონამუშევარი

თავად არტფორუმში მონაწილეთა შთამბეჭდავი რაოდენობა - მხატვრები, არტ-კურატორები, არტ-კრიტიკოსები, ორგანიზატორები, ჟურნალისტები 16 ქვეყნიდან, იმაზე მეტყველებს, რომ ომისშემდგომი შოკიდან ჯერ ვერგამოსული ქვეყანა მოკლევადიან არტ-თერაპიის კურსს იტარებს. როგორც აღვნიშნეთ, ამის შესახებ ერთობლივად კულტურის სამინისტრომაც იზრუნა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმაც. პროექტის ფარგლებში განხორციელდა „არტისტერიუმის“ პარალელური პროგრამა: გალერეა „ბაიამ“, მაგალითად, მეოცე საუკუნის 10-30 წლების ქართული მოდერნიზმის შედევრები თუ არა, საინტერესო ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები წარმოადგინა.

ცალკე პროგრამები წარმოადგინეს გალერეა „კოპალამ“ (გელა ზაუტაშვილის პერსონალური ფერწერული გამოფენა, კონცეპტუალური სახელწოდებით „10+1“) და „რაციომ“ (ვალერი კოჩაროვის პროექტი „კოსმო“, რომელიც ლითონის, სხვადასხვა ობიექტისა და ნეონის საშუალებით ნანატრ „დრაივს“ აღწევს). საგამოფენო სივრცის მიღმა არც კასპის რაიონში მდებარე, პოპულარული და ერთ დროს მოდური არტ-ვილა „გარიყულა“ დარჩა, რომელმაც ქართველ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა. „კავკასიურმა სახლმა“ კი თურქი მხატვრისა და პოეტის იეშიმ აღაოღლუს პერსონალური გამოფენა მოაწყო, ჩვენთვის მრავლისმეტყველი სათაურით „ეს მეც შემიძლია!“

როგორც „არტისტერიუმის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და დირექტორი, მხატვარი ილიკო ზაუტაშვილი აღნიშნავს: „გამოფენის თემა ისეთი პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს, სადაც სხვადასსხვა ქვეყნის მხატვრები და კურატორები, შეხვედრებისა და გამოცდილების საფუძველზე, შემოქმედებითად გამოიკვლევენ საერთოსა და განმასხვავებელს, გაეცნობიან თბილისის არტ-სივრცეს. ღონისძიება ხელს შეუწყობს მონაწილეთა შორის ღია, უშუალო დიალოგის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და მონაწილეთა შორის ხანგრძლივი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებას“; ანუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს არის ომისშემდგომი საქართველოს არტ-სიცარიელის ამოვსებისა და პესიმისტური სახელოვნებო კონტექსტის შეცვლის მცდელობა.

სხვა საქმეა, რამდენად არის შესაძლებელი დაშლილი, გახლეჩილი პოლიტიკური სივრცის გამთლიანება თანამედროვე მხატვრობის ან ხელოვნების საშუალებით. ქმნის თუ არა არტი (თუნდაც ისტერიული და ექსტრემალური) დღევანდელი, გამანადგურებელი პოლიტიკური სივრცის ალტერნატივას? ეს კითხვა პესიმისტ-ოპტიმიზმის შესახებ იგავს ჰგავს - თუ გინდა, რომ სამყარო პესიმისტურად დაინახო, კარგად ინფორმირებული მაინც უნდა იყო, რათა შემდგომი, ზუსტი მოქმედების საშუალება მოგეცეს.

როდესაც სპეციალურ მიღებაზე ამერიკის საელჩოს განათლების, კულტურისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი, ქალბატონი სინტია უიტლსი ფორუმში მონაწილე ამერიკელ ხელოვანთა ჯგუფს გვაცნობდა, მეგონა, აგვისტოს ომის შემდეგ ცოტა ხნით უახლოეს წარსულში დავბრუნდი; როცა მითები შადრევნების ჩხრიალსა და შარდენზე შრიალზე პესიმიზმს მაინც არ ნიშნავდა, არც - საინფორმაციო შიმშილს. მომხდარის გადაფასება ან მოჩვენებითი არტისტიზმის დაფასება ამერიკელ მხატვართა (უფრო მოდურად რომ ვთქვათ, მედია-მხატვართა) გამოფენაზე, არტ-გალერეა „არსში“ უკეთ შეიგრძნობოდა.

ამერიკული არტ-სამკურნალო ტალახი

პოპულარული ქანთრი-მუსიკოსის პიტ სიგერის სიმღერა „წელამდე ტალახში“ (მომღერალი 60-იანი წლების პაციფისტური მოძრაობის თავისებურ სიმბოლოდ იქცა) ამერიკელი კურატორების - ლიდია მეთიუსა და ლორი ლაზერისათვის ერთგვარი ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. სიმღერა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამერიკელ ჯარისკაცებზე მოგვითხრობს, არანაკლებ აქტუალურია ამჟამადაც. ალბათ იმიტომ, რომ სიგერის ბალადა ერთდროულად ეხმიანება ვიეტნამის ომის ეპოქასაც და ერაყის ომის აბსურდულობასაც. თუმცა, ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ 2008 წლის არჩევნები ამერიკაში, რაც თანამედროვე ხელოვნებაში პოლიტიკური და სოციალური თემების წარმოჩენის მიზეზს ნამდვილად იძლევა.

0x01 graphic

ილიკო ზაუტაშვილის კავკასიური მანიფესტი

0x01 graphic

გალერეა ბაია - მე-20 საუკუნის ქართული მოდერნიზმი

0x01 graphic

გელა ზაუტაშვილის 10 + 1

„წელამდე ტალახში“ - სწორედ ამ სახელწოდების გამოფენა მოეწყო გალერეა „არსში“, რომელიც თორმეტი ამერიკელი ხელოვანისა და მედია-მხატვრის გამოფენას უფრო სოციალურ მეტაფორად აქცევდა, ვიდრე თუნდაც მოკრძალებულ პერფორმანსად. პოლიტიკური და მეტაფიზიკური თემების ერთობლიობა თითქმის ყველა ნამუშევარშია გადაჯაჭვული. ამავე დროს, ამერიკელ ხელოვანთა ბიოგრაფია უცნაურად მდიდარია მოულოდნელი დამოკიდებულებით ხელოვნების ობიექტებისადმი და სხვადასხვა მედიაში თუ საგამოფენო სივრცეში მუშაობის გამოცდილებით. წყნარი და ატლანტიკის ოკეანეების სანაპირო, უკიდეგანო წყლის სივრცე, მედიტაციური გარემო და სხვადასხვა მედიის სფეროში ძიებანი მათ შემოქმედებაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფერწერული „ტვირთი“, თუნდაც, რიგითი ქართველი მხატვრის შემოქმედებაში.

მაგალითად, რეჟისორისა და ფოტოგრაფის ბილ დანიელის ფოტო-ნამუშევარში („მანქანა, სახლი, ნიუ-ორლეანი“) 2005 წელს მომხდარი კატასტროფაა ასახული. ქარიშხალ „კატრინას“ მიერ თითქმის განადგურებული ქალაქის შავ-თეთრი კადრები გადაღებულია 16-მმ-იანი ფირით, მაგრამ გამოსახულება დაბალი ხარისხისაა ანუ „დაპიქსელებულია“, რაც უფრო დიდ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს. ნამუშევარი ზუსტად ასახავს კატასტროფის შემდგომი ნიუ-ორლეანის შიშსა და სასოწარკვეთას. როგორც ცნობილია, ამ ეკოლოგიური კატასტროფის შემდეგ თითქმის მოსახლეობის მესამედს სახლები დაენგრა, უმრავლესობამ კი ქალაქი დატოვა და საცხოვრებლად ამერიკის სხვა შტატებში გადასახლდა.

მხატვარი და სკულპტორი ვალტერ კიტუნდუ ნამუშევარში „ფონოაფრა“ ელექტრონულ ნაწილებსა და ფირსაკრავს იყენებს. ტანზანიაში დაბადებული და სან-ფრანცისკოში მცხოვრები ხელოვანი რეალობასა და პერფორმანსს შორის არსებულ საზღვრებს იკვლევს. ხელით ნაკეთი ფირსაკრავით იგი თითქოს ახალ ბგერით რეალობას ქმნის, რადგან მხატვრისათვის ბგერები სამყაროსთან დამაკავშირებელი რგოლია... უფრო ზუსტად, მისი შეცნობისა და ინტერპრეტაციის საუკეთესო საშუალებაა. მისი ორიგინალური ფირსაკრავი ქარის, წვიმის, ცეცხლისა თუ ტალღების მოქცევის ხმას გამოსცემს და, შესაბამისად, სხვადასხვა სტიქიის ენერგიას ატარებს.

გლობალური სახელწოდების მქონე და ერთგვარი პრეტენზიით შესრულებულ ნამუშევარში „სუბატომური ენერგია“ საკუთარ ხედვას გვაზიარებს მხატვარი იონ ლი. მისი იდეა, გააერთიანოს კოსმოსი, აბსტრაქცია და კამერულობა, უფრო ირონიული სურვილია, ვიდრე სრულყოფილი კონცეფტი ან შესაძლებლობა. სამაგიეროდ, მკაცრი და კონცენტრირებულია დევიდ გარმენის „რეფლექტორული პროექტი“, რომელიც ტიგროსის ხეობას კოსმოსიდან გადაღებული სურათით 2004 წელს აფასებს. ხოლო თუ პოლიტიკურ კონტექსტს, ანუ ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი გახდება. მინაწერი ნამუშევარზე - „ინფრაწითელი, ჩანაწერები ვერტმფრენიდან“ - მას ერთგვარ ირონიას ანიჭებს, მაგრამ ამძაფრებს და აკონკრეტებს სათქმელს.

მხოლოდ ქაღალდი და ნახშირია საჭირო იმისათვის, რომ მინიმალისტური ფერწერით შთაგონებულმა შეილა შიდინმა „გრძელი სიტყვა მოკლედ თქვას“ და ტილოზე აგვისხნას, რომ მისი „მზის ცეკვა“ სხვადასხვა ეთნოსის ცეკვის ელემენტების ერთობლიობაა. თავად მხატვარი აღიარებს, რომ ნამუშევრის შექმნის იდეა მას შთააგონა ნაცნობ ემიგრანტთა მონაყოლმა, რომლებიც თავიანთი ეროვნული ცეკვებისა და ისტორიის შესახებ მოუთხრობდნენ.

საკუთარ ნამუშევარში „მეექვსე გრძნობას“ საფუძვლიანად დაეძებს მოქანდაკე, მოყვარული მსახიობი, პროფესიონალი მეფუტკრე და პოლიტ-პერფორმანსის ოსტატი მარკ ტომსონი. იგი საკუთარ სხეულს იყენებს, როგორც არტ-კომუნიკაციის საშუალებას და, მაგალითად, ჩიკაგოში გადაღებულ ვიდეო-პერფორმანსში გამვლელებს თაფლის ფიჭას ბირჟის ბროკერის ხელის მოძრაობებით სთავაზობს. არცთუ ღარიბი გამოცდილების მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ კარგა ხანია, მსგავსი ირონიული, მახვილგონივრული და სოციალურად შთამბეჭდავი ვიდეო-პერფორმანსი არ მინახავს. სამაგიეროდ, შემაშინებლად სერიოზულია დევიდ მაიზელის „ტბის პროექტი“, რომელშიც ტბების ეკოლოგიური კატასტროფისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემა უაღრესად აქტუალურია. გიგანტურ, ფერად ფოტოებზე აღბეჭდილი დაბინძურებული ტბები და გარემო მართლაც გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს, რომელიც მხატვარმა და ფოტოგრაფმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილას, ოუენსის უდაბნოში (კალიფორნიის შტატი) აღმოაჩინა.

ერთი სიტყვით, ფორუმში მოვლინებულ ამერიკელ ხელოვანთა არტ-თერაპია არ გამოდგა მაინცადამაინც მსუბუქი. „წელამდე ტალახი“ არა მარტო ჩვენი, არამედ მათი პრობლემაცაა და ალბათ ამიტომაც იყო სხვადასხვა პერფორმანსზე თავმოყრილ, სრულიად სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ხელოვანთა რეაქცია ასე მძაფრი და პოლიტიკური. განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმებისა და „ქარვასლაში“ წარმოდგენილი ვიზუალური მასალის ნახვის შემდეგ, რომელიც ქართველთა და უცხოელთა თვალით დანახულ აგვისტოს საომარ მოვლენებს ასახავს. ასე იქცევა არტი ისტერიად, ისტერია - პოლიტიკად ანუ ისტორიად, რომელიც სინამდვილეში მუდმივად მოსაზელი „ტალახია“.

საით მივყავართ ჩვენ გზას, მოწყენილს?

ნიშანდობლივია, რომ გალერეა „არსში“ წარმოდგენილ ამერიკელთა გამოფენას სწორედ კონცეპტუალური სახელწოდება აქვს. ვინ იცის, იქნებ ჩვენებურებიც წელამდე ტალახის არსებობას გულისხმობდნენ, როცა „ქარვასლაში“ საკუთარ ობიექტებს და ტილოებს საგულდაგულოდ კიდებდნენ. არ შეიძლება არ აღინიშნოს ფორუმის კურატორების - მაგდა გურულისა და ლიკა მამაცაშვილის შრომა და ალბათ მხატვრული ალღოც, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი, თითქმის ყველა ცნობილი ქართველ ხელოვანისა თუ არტ-ისტერიკოსის ნამუშევრებს თავი მოუყარეს. იქნებ პრინციპით - „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“.

0x01 graphic

ადრიან კოლბურნის ინსტალაცია

0x01 graphic

სინტია უიტლსი ამერიკულ ექსპოზიციაზე

0x01 graphic

თემურ ჯავახიშვილის რუსი პოლიტიკოსების ოცნება

პრინციპში, დიდი დრო და მოთმინებაა ერთდროულად საჭიროა, რათა ერთ სივრცეში მოქცეული ამდენი განსხვავებული ნამუშევარი გააერთიანო და მოინელო. მაგალითად, მიშა გოგრიჭიანის „ბობ მარლი სეკენდ ჰენდში“ - უბრალო, უპრეტენზიო ფერწერული ნამუშევრის კატეგორიიდან სოციალური ნიშნის მქონე არტ-მოვლენად აქციო; ან მამუკა ჯაფარიძის ბევრად უფრო მკაცრი ვიდეო ნამუშევარი „ნავი-ნიავი“ (წარწერით „უყურე ეკრანზე ფრანც კაფკას“) არ მოგეჩვენოს კონცეპტუალიზმის გამარტივებულ სადღეგრძელოდ.

არანაკლებ ზუსტი, პუბლიცისტური და უკვე მძაფრად პოლიტიკურია თემურ ჯავახიშვილის ნამუშევარი „რუსი პოლიტიკოსების ოცნება“ - საქართველოს რუკით „დამზადებული“ საზღვაო ქოშები, რომელსაც, ავტორის აზრით, რუსებისთვის მხოლოდ უტილიტარული დანიშნულება აქვს.

კოტე ჯინჭარაძის „შუშის სახლი“ კი (ერთგვარი ფსევდო-პროექტი) თბილისში მომრავლებული შუშის ცათამბჯენებისადმი ირონიას გამოხატავს.

„ქარვასლაში“ წარმოდგენილ ნამუშევართაგან ლევან ჭოღოშვილის „84 წელი“ (უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელწოდება ნაკარნახევია ორუელის რომანის ასოციაციით) ყველაზე ზუსტად გამოხატავს ხელოვანის დროსთან მიმართებას. თქვენ ორ დოკუმენტურ წყაროს, უფრო ზუსტად, წერილს პარალელურად აკვირდებით. ერთი დათარიღებული 1924 წლით, „საქართველოს მხატვართა საზოგადოების მიმართვა განათლების სახალხო კომისარიატს“, სადაც ახალგაზრდა ქართველი მხატვრების პარიზში გაგზავნაზეა საუბარი. მეორე 2003 წლით, როცა უკვე ჩვენი თანამედროვე მხატვრები შევარდნაძის დროინდელ ხელისუფლებას სთხოვენ ვენეციის 2003 წლის ბიენალეზე მიწვეული მხატვრების გაგზავნას და ქართული პავილიონის გახსნას. ერთი შეხედვით, თითქოს სრული ანაქრონიზმია, მაგრამ დროში აცდენილი ეს ორი არტე-ფაქტი ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია და ზოგადად ასახავს ხელოვნებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოში.

ცალკე საუბრის თემაა ვიდეო-არტი და პერფორმანსი, რომელიც ფორუმზე რამდენიმე სრულიად განსხვავებული განზომილებით იყო წარმოდგენილი, თუმცა რაოდენობა ნამდვილად არ განსაზღვრავდა ხარისხს. ნატალია მალის (გერმანია) ვიდეო-პერფორმანსი, მაგალითად, აგებულია კულტურათა განსხვავებასა და კონტრასტზე - პირველი ნაწილი ეთმობა „ევროპელ გოგონას“, მეორე „აღმოსავლურ“ კოსტიუმში გამოწყობილ ქალს. სინამდვილეში ეს ერთი და იგივე პერსონაჟის ორ საწყისს, თუ ორმაგ ბუნებას გამოხატავს. მხატვარ ანა მოლსკას პოლონური ვიდეო-პერფორმანსი „ტანაგრამა“ შიშველი სხეულისადმი შიშის დაძლევის პესიმისტური მცდელობაა, ხოლო ასევე პოლონელი, პაველ ალტამერის ვიდეო კლიპი გუნდის მომღერლებისა და მოჭიდავეების გამოსახულების და მონტაჟურ კონტრასტზეა აგებული.

გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით, საშუალება მოგვეცა, რამდენიმე გერმანელი ავტორის ნამუშევარსაც გავცნობოდით. იქ წარმოდგენილ მხატვარ სიმონე ვესტერვინტერის პერსონალური გამოფენა არცთუ ურიგოდ ერითმებოდა რეჟისორ ჰაინერ მულენბროკის 25-წუთიან, მხატვრულ-დოკუმენტურ ვიდეო არტს სახელწოდებით „მთელი ძალისხმევით“. აქვე გაიმართა ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ნატალია მალის პერფორმანსის - „თვალს ვერ გაშორებ“ - ჩვენება.

და მაინც, „არტისტერიუმის მენიუში ყველაზე გამორჩეული ადგილი ფოტოგრაფიას დაეთმო. ამ მხრივ, ქართველ მხატვართა თუ ხელოვანთა სიყოჩაღე და შემართება გამორჩეულია: კოკა რამიშვილის „ფანჯრიდან დანახული ომი“ (სამოქალაქო ომის დროინდელი უცნობი ფოტოები), მაკა რაზმაძის „ანალები“ (წიგნებისა და შიშველი ზურგების რითმა), გიო სუმბაძის „პოლიგონი“ (ფარული, მაგრამ საგრძნობი პაციფისტური სურნელით), ვატო წერეთელის „ხმაურა“ და „დავოსი“ (ერთი მხრივ, ფეთქებადსაშიში კავკასია და, მეორე მხრივ, მილიონერების საყვარელი შვეიცარიული კურორტი ზამთარში), ნიკო ცეცხლაძის „ნო კომენტ (პოლიტიკურად პლაკატური, მაგრამ მძაფრად ირონიული, კონდოლიზა რაისისა და ჯორჯ ბუში ფოტოებით), გურამ წიბახაშვილის „გენეტიკური მეხსიერება“ (გოგონასა და მოზარდის სახეები მსხვილი ხედით), ილიკო ზაუტაშვილის „კავკასიური მანიფესტი“ (ქალისა და მამაკაცის შიშველი სხეულები მათ შორის ჩადებული ხანჯლით)...

ცხადია, შეიძლებოდა გაგრძელება, მაგრამ სრულიად საკმარისია არაისტერიული შთაბეჭდილების მოსახდენად.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზემოხსენებული თურქი მხატვრის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია... ნორმალური ცხოვრება, თუნდაც მძიმედ გადატანილი ომის, დეპრესიისა და კრიზის შემდეგ. შემოქმედებაში იყოს ისტერია, იყოს ფორუმები და პრემიერები, ოღონდ აღარ ვიყოთ მუდმივად ისტორიის მოსაზელი ტალახივით.

5 მომავლის მუსიკა თბილისში

▲ზევით დაბრუნება


კულტ-მიმოხილვა

ავტორი: ნარგიზა გარდაფხაძე

0x01 graphic

„თანამედროვე მუსიკის საღამოები“ (16-31 ოქტომბერი, თბილისი 2008) - ასეთია ამ მოვლენის ოფიციალური სახელი; არაოფიციალურად კი ფესტივალის ბუკლეტში „მეთორმეტე საუკუნის უცნობი ავტორიდან მიხეილ შუღლიაშვილამდე“ ერქვა. ორი სათაური, თანაც - ურთიერთგამომრიცხავი!

ყველაფერი კი დაიწყო დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც თბილისში შესრულდა თეიმურაზ ბაკურაძის სიმფონიური კომპოზიცია, „პრელუდიუმი“. მაშინ მეც კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი და ახალი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებდი, საბჭოთა დროში ეს საკმაოდ უცხო ხილი იყო. იმ დროს, არატრადიციული და უჩვეულო მუსიკის გამო, შეეძლოთ კომპოზიტორი ფორმალიზმის ბრალდებით გაერიცხათ კომპოზიტორთა კავშირიდან და არასდროს აღარ შეესრულებინათ მისი ნაწარმოებები. მიუხედავად ამისა, თეიმურაზ ბაკურაძემ ეს გაბედა. ბაკურაძის „პრელუდიუმის“ პრემიერამ არნახული სკანდალი გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ვიოლონჩელისტმა გოგი ტოროშელიძემ ინსტრუმენტი გადადო და თოფიდან გაისროლა, ცნობილმა კომპოზიტორებმა ერთი მეორეს მიყოლებით დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი. ეს იყო 1977 წელი და მართლაც „თოფის გასროლა!“ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ატყდა სიცილი და ხმაური; უფროსმა თაობამ დემარში კარებების ჯახუნით დაასრულა.

სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც იმ დღეს ჯანსუღ კახიძე დირიჟორობდა (დარბაზის ზედა იარუსიდან, რაც იმ დროში არნახული რამ იყო) მხოლოდ პირობითად აღიქმებოდა ორკესტრად სცენაზე. ეს უფრო ჰგავდა თეატრალიზებულ წარმოდგენას (ვაჟა-ფშაველას ლექსების ვოკალიზით), სადაც მუსიკოსები ჩვეულ ადგილებზე არ იყვნენ, ისინი თავისუფლად მოძრაობდნენ სცენაზე, დრამატული მსახიობებივით და რთულ აუდიო-ვიზუალურ ქსოვილს ქმნიდნენ.

„პრელუდიუმის“ სკანდალური პრემიერის შემდეგ გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა კრიტიკული სტატია, რომლის შემდეგაც ბაკურაძემ შეწყვიტა საკუთარი ნაწარმოებების გამომზეურება, დიდი ხნით ჩაიკეტა საკუთარ თავში და მიხვდა, რომ თავისი ახალი მუსიკისთვის აუდიტორია თვითონ უნდა მოემზადებინა. ეს ჩანაფიქრი მან დიდი ხნის შემდეგ, 2005 წელს ქეთევან ბოლაშვილთან ერთად განახორციელა და სათავეში ჩაუდგა ყოველწლიურ ფესტივალებს.

მესიანი და შტოკჰაუზენი - მე-20 საუკუნის ფრანგი და გერმანელი კომპოზიტორები, წლევანდელი არტ მუსიკის ფესტივალის მთავარი მოქმედი გმირები გახდნენ.

დღე პირველი - STALAG VIII A GORLITZ

ეს დღე მთლიანად ფრანგ კომპოზიტორებს მიეძღვნა. სამი თაობის კომპოზიტორებიდან ოლივიე მესიანი ყველაზე ცნობილი და აღიარებულია დღეს მსოფლიოში. ჟერარ გრიზი, უკვე მისი მოწაფე, ე.წ. სპექტრული მუსიკის წარმომადგენელია, ფილიპ იურელი კი ამ უკანასკნელის მოწაფეა. ასე რომ, ერთ საღამოში აუდიტორიამ კარგად შეიცნო, თუ საიდან მოდის და სად მიედინება თანამედროვე ფრანგული მუსიკალური კულტურა. სპეციალურად ამ დღისათვის თბილისში ჩამოვიდა პარიზის ანსამბლი Court-Circuit, რომელსაც თავად ფილიპ იურელი ხელმძღვანელობდა.

ფილიპ იურელის შემოქმედებით „ბაბუას“, ოლივიე მესიანს წელს საიუბილეო წელი აქვს - 10 დეკემბერს მას 100 წელი შეუსრულდებოდა. აბსოლუტური ინდივიდუალისტი, ექსპერიმენტატორი, ახალი რიტმების და კილოების გამომგონებელი შთაგონების წყაროდ მთელ სამყაროს იყენებდა - ინდური რიტმებით და ანტიკური ლიტერატურით დაწყებული, მსოფლიო მხატვრობით, მუსიკით, ფრინველთა ხმებითა და კათოლიკური რწმენით დასრულებული.

ოლივიე მესიანი: „შესაძლოა, ფრინველები არიან ამ პლანეტის უდიდესი მუსიკოსები. 550-მდე ფრინველის ხმის გამოცნობა შემიძლია დაფიქრების გარეშე. მძიმე ფიქრთა მოძალების ჟამს, როდესაც განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობ ჩემს უსარგებლობას... სხვა რა გზა და გამოსავალი არსებობს, თუ არა ტყის ფრინველთა გალობაში ან ზღვის სანაპიროზე განმარტოება?“, - წერს ოლივიე მესიანი.

თბილისში ამ დღეს შესრულდა მესიანის ცნობილი კვარტეტი „ჟამთა დასასრულზე“, რომელიც კომპოზიტორმა 1941 წელს საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის დროს დაწერა. მესიანს მისი ღრმა რწმენა დაეხმარა, არ გამტყდარიყო სულიერად და ტყვეობაში დაეწერა ეს გენიალური ქმნილება, რომელიც „აპოკალიფსის“ მე-10 თავით არის ინსპირირებული და ჟამთა დასასრულზე გვაუწყებს. პრემიერა 1941 წლის 15 იანვარს ბანაკის ტყვეებისა და მათი გერმანელი ზედამხედველების თანდასწრებით შედგა. კვარტეტი დაწერილია იმ ინსტრუმენტებისათვის, რომელთა შემსრულებლები იმ მომენტში ბანაკში იმყოფებოდნენ: ვიოლინო, კლარნეტი, ჩელო და ფორტეპიანო, რომელზედაც თავად ავტორი უკრავდა.

ეტიენ პასკიე ( ბანაკში მყოფი მევიოლინე) იგონებს: „გერლიცის ბანაკი, ბარაკი -27 B - ჩვენი თეატრი - გარეთ ღამეა, თოვლი და უბედურება, აქ - საოცრება, ჟამთა დასასრულს სამოთხეში შევყავართ და აღგვამაღლებს ამ საზარელ სამყაროზე“. მესიანის აზრით, ბანაკის მსმენელების მსგავსი მას არასდროს ჰყოლია.

16 ოქტომბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზის მსმენელიც სულით შეიძრა.

ფესტივალის თითოეულ კონცერტს ორგანიზატორებმა საკუთარი სახელი დაარქვეს; ერთი იდეით ან გამჭოლი ხაზით გაერთიანებული სპექტაკლები (დაარქვით კონცერტი, ჰეფენინგი, რაც გნებავთ) უნიკალური მოვლენა ხდებოდა. პირველი კონცერტის სათაური იყო STALAGAVIII A GORLITZ. ეს იმ საკონცენტრაციო ბანაკის მისამართია, სადაც დაიწერა და შესრულდა პირველად მესიანის კვარტეტი.

დღე მეორე - „ორშაბათი ნათელიდან“.

გოეთეს ინსტიტუტი; კონცერტის სათაური: Montag Aus Licht ანუ „ორშაბათი ნათელიდან. კონცერტის პირველ ნახევარში შტოკჰაუზენის შვიდნაწილიანი საოპერო ციკლის - „ნათელის“ პირველი ნაწილი - „ორშაბათი“ აჩვენეს. გადაღებული მილანში, 1988 წელს „ლა სკალას“ თეატრში, პრემიერის წინ.

შტოკჰაუზენი - ადამიანი მუსიკოსი, მისტიკოსი, ფილოსოფოსი, თეორეტიკოსი, ექსპერიმენტატორი, ახალი ხმოვანი ტექნოლოგიების მაძებარი, ასობით მუსიკალური თუ წერითი ნამუშევრის ავტორი, უამრავი პრიზის მფლობელი, სიცოცხლეშივე გენიოსად აღიარებული, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობრივი. მის შესახებ თავად შტოკჰაუზენის მოწაფეს, პიანისტ ნინო ჟვანიას შევეკითხე:

ნინო ჟვანია: „ჩემი ნაცნობობა შტოკჰაუზენთან 2000 წელს დაიწყო. ერთი წლით ადრე ჩემმა პედაგოგმა ნანა ხუბუტიამ შტოკჰაუზენს გაუგზავნა ვიდეოჩანაწერი, რომელზედაც ის კომპოზიტორის ნაწარმოებს ასრულებდა. შტოკჰაუზენს მოეწონა ნანას ინტერპრეტაცია და მას ახალი ნოტები გამოუგზავნა საჩუქრად, სადაც პიანისტს ევალებოდა არა მარტო დაკვრა, არამედ პარალელურად ცოტა სიმღერა, ჩურჩული, სამსახიობო ჟესტიკულაცია. ნანამ გადაწყვიტა, ჩემთვის მოეცა ეს ნოტები, რადგანაც მე ისედაც კარგად ვმღერი და ჩათვალა, რომ არ გამიჭირდებოდა. მეც შევისწავლე ახალი ნაწარმოები და 2000 წელს გავემგზავრე კიურტენში, გერმანიაში, სადაც ყოველწლიურად ტარდება შტოკჰაუზენის საფორტეპიანო ფესტივალი.

იქ წარმატებულად გამოვედი და გავიცანი თვითონ კომპოზიტორი, რომელთანაც მის გარდაცვალებამდე მქონდა ურთიერთობა. თავისი ნაწარმოებების შესრულებისა და გააზრებისადმი უნიკალური მიდგომით მან აბსოლუტურად სხვა თვალთახედვა გამიხსნა“.

0x01 graphic

0x01 graphic

ოპერა „ნათელი“ ინსპირირებული იყო „ურანტიას წიგნის“ მოძღვრებით, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში, ზეციური არსებების კარნახით ჩაიწერეს. მასში კოსმოსის აგებულება და სამყაროს შემოქმედის ღვთაებრივი არსია განმარტებული. დოკუმენტური ფილმი „ორშაბათი“ ციკლის პირველ ოპერას ეძღვნება და ევას, როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს აღიარებას. უჩვეულო იყო თავად წარმოდგენა, სცენაზე ევას უშველებელი ქანდაკებით, რომელიც ერთდროულად განაყოფიერებისა და მშობიარობისთვის მზადყოფნაშია.

უჩვეულო იყო ოპერის კულმინაციაც - ევას სულიერი განაყოფიერება როიალის მეშვეობით! ამისთვის სპეციალურად დამზადდა გიგანტური როიალი მრავალჯერ დაგრძელებული სიმების ნაწილით და საჭირო დროს როიალი მიაგორეს ევას საშოსთან, ფანტასმაგორიულ კოსტუმში ჩაცმულმა პიანისტმა კი შეასრულა „განაყოფიერების მუსიკა.

0x01 graphic

წარმოვიდგინე ჩვენი საზოგადოება - კლასიკური მუსიკის მოყვარულებს რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ, ეს რომ თბილისში ჩატარებულიყო. „ორშაბათი იწერებოდა მაშინ, როდესაც აქ ბაკურაძის ნაწარმოებების აღქმა ცოტა ვინმეს თუ შეეძლო.

შტოკჰაუზენის ინტერვიუ დოკუმენტური ფილმიდან: „ყველაფრის დასაბამი არის ტალღები, ვიბრაცია, რხევები. სამყარო არის მუდმივ ვიბრაციაში. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეისწავლება სამყაროდან ტალღებით მოსული ინფორმაცია. მუსიკოსები შეისწავლიან ამ მეთოდიკას და ჩვენ აღარ დაგვჭირდება სხვა პლანეტაზე გასამგზავრებლად 100 წლით დაძინება - მუსიკალურ დარბაზში, მომავლის კომპოზიტორები შესაბამის რხევათა მეშვეობით 10 წუთის განმავლობაში გაგვამგზავრებენ, მაგალითად, პლანეტა სირიუსზე.

დოკუმენტური ფილმის შემდეგ ნინო ჟვანიამ შეასრულა შტოკჰაუზენის ორი „კლავირშტუკი ფორტეპიანოსათვის. მიუხედავად როიალის და დარბაზის აკუსტიკის შეუფერებლობისა, პიანისტმა ძალიან საინტერესოდ დაგვანახა მისტიკოსი კომპოზიტორის „რხევათა სამყარო. შტოკჰაუზენისეულმა ადამიანის სუნთქვამ, სტვენამ, ჩურჩულმა და რეჩიტატივმა პიანისტს ახალი შესაძლებლობები შემატა.

დღე მესამე - მესიანი: ლაუდები

კონსერვატორიის მცირე დარბაზი. კონცერტის სათაური: „მესიანი: ლაუდები“. ფესტივალის ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს მესიანის, მიხეილ შუღლიაშვილის და ძველი, ბახამდელი კომპოზიტორების მიქსი, რაც ერთიანი დრამატურგიული უწყვეტი ხაზის გატარებით ახალ მუსიკალურ ნაწარმოებად გადაიქცა.

11 პიესა, კონტრასტულად დაწყობილი (ძველისა და ახლის პრინციპით) შერწყმულად გადადიოდა ერთმანეთში. თითოეული ნაწარმოების დასასრული აკორდი მომდევნო ეპოქის ახალ აკორდს სრულიად ბუნებრივად ერწყმოდა. 21-ე საუკუნის მსმენელისთვის ეს ორი ეპოქა ძალიან შეთავსებადი გამოდგა. 300-წლიანი წყვეტა გაქრა და იმ დღეს დარბაზში შეიქმნა ახალი, 21-ე საუკუნის ტილო.

„ბათიაშვილი-კამერატამ“ (სიმებიანთა ანსამბლი) დაიწყო და დაასრულა კონცერტი: დასაწყისში მუსიკოსები რიგრიგობით შემოდიოდნენ მე-12 საუკუნის უცნობი ავტორის მარტივი მელოდიის დაკვრით, რაც თანდათან გრანდიოზულ, 11-ხმიან კანონში (მუსიკალური ფორმაა და ნიშნავს ისეთ კონტრაპუნქტს, სადაც მთავარი მელოდია მეორდება სხვა ხმების მიერ ან ზუსტად ან სახეცვლილებით, გარკვეული დროის შემდეგ) გადაიზარდა. მთელი რიგი მუსიკალური პიესების შემდეგ, კონცერტის დასასრულს ეს კანონი ისევ ბრუნდება, ოღონდაც ბოლოს პირიქით მოხდა: მუსიკოსები თან უკრავდნენ კანონს და თან თითო-თითოდ გადიოდნენ დარბაზიდან. როდესაც დარბაზი დაცარიელდა, მაყურებელს კიდევ 7-8 წუთი ესმოდა კანონის დაკვრა უკვე დარბაზის გარეთ, ჰოლიდან. ჯერ მთელი ანსამბლი უკრავდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ეთიშებოდნენ საკრავები. მეთორმეტე საუკუნის „მარტივმა“ მელოდიამ სიღრმე შეიძინა და მთელი კონცერტის ეპიგრაფად გადაიქცა.

გასუსულ დარბაზში, სადაც შორიდან ისმოდა მარტოდ დარჩენილი ვიოლინოს ხმა, ბგერისადმი ინტერესი გაასმაგდა, როდესაც საბოლოოდ სიჩუმე დამყარდა, დარბაზი კიდევ დიდხანს ვერ გამოერკვა და ტრანსში ჩაძირულივით საერთოდ არ უკრავდა ტაშს, რადგანაც ის სიჩუმეც საოცარი სიჩუმე იყო!

თამაზ ბათიაშვილი (სახელმწიფო კვარტეტის წევრი და „ბათიაშვილი-კამერატას“ ხელმძღვანელი):

„ამ იდეის ავტორი და რეჟისორიც იყო თემო ბაკურაძე. მესიანს ძალიან უყვარდა ბახამდელი მუსიკა, ამიტომ თემომ გადაწყვიტა, მესიანი და ბახამდელი მუსიკა ერთად აეჟღერებინა. მანვე შეარჩია კონცერტისთვის ნაწარმოებები და დაარქვა მთელ საღამოს „ლაუდები“ ანუ ლოცვანი. მესიანის მთელი შემოქმედება ხომ მგზნებარე ლოცვაა, ბახამდელი მუსიკის შემოქმედების მთავარი იმპულსი კი, ასევე, რელიგია იყო“.

დღე მეოთხე - მუსიკალური შესაწირი

რუსთაველის თეატრი. კონცერტის სათაური: „მუსიკალური შესაწირი“. პროგრამაში შტოკჰაუზენის ნაწარმოებებთან ერთად იყო თეიმურაზ ბაკურაძის რეკომპოზიციები (შტოკჰაუზენის ნაწარმოებების მიხედვით). მოლოდინს ამძაფრებდა გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრის და ბალეტის მოცეკვავის მონაწილეობაც.

არ მგონია, თავად შტოკჰაუზენს ამ კონკრეტული ნაწამოებებისთვის მულტიმედიური ჩანაფიქრი ჰქონოდა. მაგრამ კომპოზიტორის შემოქმედება შემსრულებლებს ყოველთვის სთავაზობს იმპროვიზირების შესაძლებლობას, ამიტომაც შტოკჰაუზენის მუსიკა იტევს ყველაფერს, რასაც ინტერპრეტატორი მასში ჩატვირთავს - ჩრდილების არაჩვეულებრივ თეატრსაც და გალაკტიონის მიერ წაკითხული „მთაწმინდის მთვარეს“ ფონზე საბალეტო ნომერსაც, რომელიც მარიამ ალექსიძემ შეასრულა.

არ ვიცი, ვინ რომელ პლანეტაზე და, მე კი ამ დროს ნამდვილად სადღაც მივფრინავდი.

ნინო ჟვანიამ და მისმა პედაგოგმა ნანა ხუბუტიამ შეასრულეს შტოკჰაუზენის და შტოკჰაუზენ-ბაკურაძის საფორტეპიანო ნაწარმოებები. ნინოს შესრულება იმ დღეს კიდევ უფრო მეტად დრამატურგიული იყო, ვიდრე გოეთეს ინსტიტუტში. მართლაც, ერთ პიანისტს, გარდა ფორტეპიანოზე დაკვრისა, შეუძლია ძალიან ბევრი რამ გააკეთოს; მაგალითად - ხელი წამოკრას რამდენიმე დასარტყამ საკრავს (მათ შორის - როიალის დეკას), ილაპარაკოს და იყვიროს, თუ დასჭირდა, გაიარ-გამოიაროს ნაწარმოების შუაში და ამით საინტერესო პაუზა შექმნას; დააჯდეს კლავიატურას და თან დარბაზში გამოიხედოს. რატომაც არ უნდა გაეხსნას პიანისტს ეს საზღვრები, როდესაც მას ამდენი რამ შეუძლია? ნინომ ეს ყველაფერი გააკეთა და ძალიან დამაჯერებლადაც. აი, შტოკჰაუზენის სიტყვები ნაწარმოების შესახებ, რომელიც იმ დღეს შესრულდა: „მე XIII კლავირშტუკს ისტორიულ მნიშვნელობას ვანიჭებ. იგი ცვლის დამოკიდებულებას როიალისადმი. ეს არის სასიამოვნო, ხანდახან შეშლილი ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს ემსახურება!“

წარმოდგენა იმდენად მრავალფეროვან-მრავალ ბგეროვანი და მასშტაბური იყო, რომ მთელი კონცერტის განმავლობაში წუთითაც არ მოშვებულა დარბაზი, იმდენ ახალ-ახალ რამეს სთავაზობდა მას წარმოდგენის ავტორი თეიმურაზ ბაკურაძე. იმ საღამოს მომავლის კოსმიური მუსიკა მოვისმინეთ.

დღე მეხუთე - შობის სიმღერები

კონცერტის სათაური: „შობის სიმღერები“. ბახი და ბახამდელი ქორალური პრელუდიები ნანა ხუბუტიამ ერთ როიალზე დაუკრა, ხოლო მეორე როიალზე - ბაკურაძის „შობის სიმღერები“ ანუ 30 ალილუია. ბაროკოს ნატიფმა ქორალებმა თითქოს მოგვამზადეს და გადაგვიყვანეს ბაკურაძის სამყაროში. რა ვუწოდო იმ ემოციას, რაც დარბაზში ბაკურაძის ალილუებმა გამოიწვია? ყველა სიტყვა ყრუ კედელივითაა რეალობასთან შედარებით. გვერდით მჯდომმა გამანდო, - გული მაწუხებდა და ამ მუსიკამ უკეთ გამხადაო; მეორე კი, დაღლილი მოსულიყო და, ეტყობა, მედიტაციურმა ჰანგებმა ისეთი შვება მისცეს, რომ სიზმრების სამყაროში მოისმინა ალილუების ნაწილი, თუმცა ბოლოს ტაშს ისიც მგზნებარედ უკრავდა.

ბაკურაძეს არ უნდა იყოს ცნობადი სახე. ასე რომ, ქუჩაში მას ვერასოდეს იცნობთ. თუ ძალიან მოგინდებათ მისი გაცნობა, ეს მომავალ ფესტივალამდე უნდა გადადოთ და თუ გაიცნობთ, ნამდვილად მიხვდებით, რომ გარესამყაროსთან ურთიერთობის მის ასეთ სტილში სნობური არაფერია. უბრალოდ, ბაკურაძის გარინდებულ ბგერებს გარშემო აურზაური და ხმაური არ სჭირდებათ...

მისი შემოქმედების შესახებ მუსიკისმცოდნეების კვლევები არ არსებობს. ერთადერთი, რაც მასზე მოვიპოვე, ეს არის ინფორმაცია ბრიტანული მუსიკალური ენციკლოპედიიდან, რომლის ამონარიდსაც ქვევით შემოგთავაზებთ:

0x01 graphic

„ბაკურაძის სტილი აღინიშნება მთელი რიგი ტექნოლოგიების გამოყენებით: ატონალურობა და სერიალიზმი, კოლაჟი, მინიმალიზმი, კონკრეტული მუსიკა, ალეატორიკა და სონორისტიკული მეთოდები. მისი პიესების უმრავლესობა ექსტრა-მუსიკალურ ელემენტებისაგან შედგება. ესენია: მისტიური ფილოსოფია და ქრისტიანული სიმბოლიზმი, რაც ორგანულადაა შერწყმული გამომწვევ გამჭრიახობასთან და ამავე დროს სიურრეალიზმთან... მისი მედიტაციური სტილის ამოცანაა მსმენელის აღქმის ტრანსფორმაცია, რათა უბიძგოს მას იმ მდგომარეობისკენ, რასაც „აბსტრაქტული აზროვნება ჰქვია. ასეთი გარღვევა მსმენელის ქვეცნობიერში ბაკურაძის გამორჩეული თვისებაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენელია პოსტავანგარდული მუსიკისა და, ამავე დროს, ქართველ კომპოზიტორთა ახალგაზრდა თაობის ლიდერიცაა“.

ნუ შეგაშინებთ სტილების და მიმდინარეობების დასახელებები. ბაკურა ძის მუსიკას ნამდვილად ყველა სიამოვნებით მოუსმენთ. სხვა თუ არაფერი, გულის წამლის მაგივრობას მაინც გაგიწევთ.

დღე მეექვსე - ჰელიკოპტერი და ბუდრუგანა

წარმოდგენის სათაური: „ჰელიკოპტერი და ბუდრუგანა“. ოპერის წითელი დარბაზი, აი იქ, სადაც ჩვენ ანტრაქტებზე დავსეირნობთ ხოლმე, იდგა ეკრანი. ჩვენების წინ ოპერის დირექტორმა დათო საყვარელიძემ მოკლე სიტყვაში თქვა: „ მიხარია, რომ ამ კედლებში ასეთი მუსიკის ბაცილა შემოვიდა და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში, დიდ სცენაზეც შეიძლება ვიხილოთ იგი“. ნუთუ შტოკჰაუზენი და თბილისის საოპერო თეატრი შეთავსებადი ცნებებია? დღეს ალბათ არა, და არა მარტო მატერიალური ფაქტორების გამო. უბრალოდ, ამის დრო ჯერ არ მოსულა საქართველოში - აქ ჯერ კიდევ კარებების ჯახუნის დროა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც შარშანდელი ფესტივალის ფილმები ვიხილე. არ შემიძლია არ მოვყვე შტოკჰაუზენის ერთი უნიკალური ოპუსის „ჰელიკოპტერების კვარტეტის“ შესახებ, რომელიც 2007 წელს თბილისში, სამეფო უბნის თეატრში გაჟღერდა. ეს იყო ჩანაწერი, ცოცხალი შესრულება კი სულ ერთხელ მოხდა ისტორიაში. მოკლე და ძალზე უჩვეულო ისტორია ამ ნაწარმოებისა ასეთია:

ერთ ღამეს შტოკჰაუზენს დაესიზმრა, რომ დაფრინავდა ოთხი ჰელიკოპტერის თავზე, ხოლო თითო ჰელიკოპტერში კვარტეტის მუსიკოსები უკრავდნენ. ჰელიკოპტერები გამჭვირვალე იყო და ის კარგად ხედავდა მუსიკოსებს დაკვრის დროს. ამ სიზმრის შემდეგ მან დაწერა ეს უნიკალური ნაწარმოები, რომელიც სიზმრის ანარეკლი უნდა გამხდარიყო. პრემიერა 1995 წელს, ამსტერდამში ჩატარდა. პროგრამის მიხედვით, ოთხი მუსიკოსი დარბაზიდან უნდა გასულიყო გარეთ, სადაც მათ ოთხი ჰელიკოპტერი ელოდებოდათ. მუსიკოსები აღჭურვილნი იყვნენ ისეთი მიკროფონებით, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ კავშირს დარბაზთან. დარბაზში იყო ტრანსლირებული ოთხივე მუსიკოსის ვიდეოგამოსახულებაც მთელი ფრენის მანძილზე.

2007 წელს საქართველოში „ჰელიკოპტერების კვარტეტის“ ჩანაწერი დარბაზის კედლებზე მერაბ სტურუას კომპიუტერული გრაფიკის თანხლებით გაჟღერდა, ოღონდ შემოკლებული ვერსიით. იყო მხოლოდ აფრენა და დაშვება. სიმებიანთა ჰანგებმა შერწყმული ჰელიკოპტერების ძრავის ხმაურთან ერთად სრულიად ახალი ხმოვანი ტილო დაბადა. ამ მუსიკამ მომავლის კომპოზიტორებს გზა გაუხსნა აღმოჩენებისკენ - რამდენი ხმაური გვაქვს დღეს, რაც მუსიკაში ჯერაც არ გაჟღერებულა?!

იმ საღამოს, ფილმების ყურებისას ოპერის წითელ დარბაზში, რომელიც რუსთაველის პროსპექტს ესაზღვრება, კიდევ ერთი ხმაური - ჩვენი ქალაქის ქუჩის ხმაური ემატებოდა. თუ დასაწყისში ეს ცოტა გამაღიზიანებელი იყო, შტოკჰაუზენის კვარტეტის შემდეგ იგი ბუნებრივად, ახალ მუსიკალურ პლასტად ჩაჯდა ჩვენს ცნობიერებაში.

დღე მეშვიდე - მესიანი: ასიზელის ცხოვრება

კონსერვატორიის დიდი დარბაზი. ფესტივალის დასკვნითი დღე. ციფრი შვიდი - შტოკჰაუზენის შვიდნაწილიანი ოპერის შემდეგ გარკვეულ პარალელებს იწვევს. მისი ოპერა „ნათელი“ სამყაროს აგებულებაზე მოგვითხრობს, სადაც თითოეული ნაწილი კვირის შვიდი დღის სახელს ატარებს... ეს უნებლიედ გაგონდება და ფესტივალის ყოვლისმომცველ პროგრამას უკიდეგანო სამყაროს ასოციაციებამდე მივყავართ, რომლის აუდიო ვერსიაც ფესტივალის შვიდ დღეში შეიქმნა.

ბოლო კონცერტის სათაური: მესიანი: „ასიზელის ცხოვრება“, ქვესათაური კი „ინსტრუმენტული თეატრი“ ანუ უწყვეტი კონცერტი, სადაც საფორტეპიანო ნაწარმოებები ერთმანეთს ებმოდა მესიანის ოპერის „წმინდა ფრანცისკ ასიზელის“ მუსიკით. კონსერვატორიის პედაგოგის და თანამედროვე მუსიკის უნიკალური შემსრულებლის ნანა ხუბუტიას საფორტეპიანო კლასის სტუდენტებმა კონცერტი ერთ უწყვეტ სპექტაკლად წარმოგვიდგინეს, სადაც თითქმის ყველა ეპოქის ნაწარმოები შესრულდა. კონტრასტულობამ, სტილების დაპირისპირებამ ძალიან ძლიერი ემოციური ველი შექმნა დარბაზში. მუსიკოსები ზუსტად გათვლილ დროს გამოდიოდნენ სცენაზე და იწყებდნენ დაკვრას; გასვლისას კი, ცხადია, ტაშს არავინ უკრავდა. სამაგიეროდ, ბოლოს დარბაზი ოვაციად იქცა! იდეის ავტორი, რასაკვირველია ისევ ბაკურაძე იყო. არ ჩამოვთვლი ახალგაზრდა, ნიჭიერ პიანისტებს, რადგან ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. კარგია, რომ ბევრნი არიან!

ისევ წლევანდელმა, იუბილარმა, ოლივიე მესიანმა განსაზღვრა ყველაფერი! წმინდა ფრანცისკის სულიერი მადლის გამომხატველი მუსიკა აერთიანებდა ყველა ეპოქას ერთ დიდ მუსიკალურ კოლოსად, რომლის ფინალად შოპენის 27-ე ნოქტიურნი, თითქმის ჩაბნელებულ დარბაზში სადად და ძალიან ნოსტალგიურად შეასრულა ნიჭიერმა ანი ტაკიძემ.

ეს ნათელი და რომანტიული სიყვარულით სავსე მუსიკა სრულიად შეესატყვისებოდა მესიანის კრედოსაც: „კათოლიკური რწმენის ჭეშმარიტება განსაზღვრავს ჩემი შემოქმედების ყველაზე კეთილშობილურ ასპექტს და ესაა ყველაზე არსებითი რამ, რომელიც სიკვდილის ჟამს არ გამოიწვევს ჩემში სინანულის განცდას!“

6 ბეჟანი და ნოე

▲ზევით დაბრუნება


აქცენტი

ავტორი: არჩილ ქიქოძე

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ნაკრესი

ადამიანს ალბათ ბევრი რამ აქვს ცხოვრებაში სანანებელი, თუკი საერთოდ ფიქრობს ასეთ რამეზე, მეც ძალიან ვნანობ უყურადღებობას ან უსამართლობას, რაც თავის დროზე გამომიჩენია ან ჩამიდენია, ვნანობ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ცხოვრებაში გადავდგი და კიდევ უფრო მეტს, რომელიც არ გადავდგი. და ამ ყველაფრის მერე, იმ საქციელების ან უსაქციელობების მერე, რამაც ვინმეს ზიანი ან ტკივილი მიაყენა, ვნანობ იმას, რომ წელს სექტემბრის ბოლოს ვაშლოვანის ნაკრძალში ყოფნისას ჩვეულებრივზე ადრე ჩამეძინა. აკა მორჩილაძის წიგნმა დამაძინა, თუმცა დაღლილიც ვიყავი, თორემ წიგნი სულაც რომ არ იყო დასაძინებელი.

მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ბოლომდე არც მეძინა. იქაური რეინჯერის ხმამ გამაღვიძა, - პატარა შირაქისკენ რაღაც მანქანა დადის და პროჟექტორს ანათებსო, უეჭველად ბრაკონიერები იქნებიანო და ბეჟან ლორთქიფანიძეს სთხოვა: შენი მანქანით წავიდეთო. წავიდნენ სამნი - ორი რეინჯერი და ბეჟანი. უფრო სწორად ბეჟანმა წაიყვანა რეინჯერები და მეც ზრდილობის გულისთვის გავძახე: გჭირდებით? წამოვიდე-მეთქი. არაო, - და შევიბრუნე ძილი.

თითქოს ერთი წამი გავიდა და ისევ გამაღვიძა ამჯერად სახლში შემოვარდნილი ბეჟანის ღრიალმა: - ლეოპარდი, ლეოპარდიო, - გაჰყვიროდა. მაშინვე მივხვდი რაც მოხდა და მართლა მომინდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. რეინჯერთა თავშესაფრიდან სულ რაღაც ნახევარ კილომეტრში ზედ მანქანით მიადგნენ აი იმ ცნობილ ვაშლოვანის ლეოპარდს, ჯერაც რომ თვალით არავის ნანახი არ ჰყავდა და მხოლოდ ფოტოხაფანგები რომ აფიქსირებდა აქამდე. მე კიდევ მეძინა...

ბეჟანი ყვიროდა, ხაოდა, აგზავნიდა მესიჯებს და რეკავდა ტელეფონით. გარეთ წვიმაში იდგა (სახლში ტელეფონი არ იჭერდა), მე კი ჩუმად ვიჯექი და მშურდა. მეორე დღეს ერთად ვიცინოდით ერთ-ერთ მესიჯზე. დედამისისთვის მიუწერია: „ლეოპარდი ვნახე“, და პასუხი მოვიდა: „ახლოს არ მიხვიდე“.

მეორე დღეს ის ადგილიც დავათვალიერეთ, სადაც ლეოპარდს გადაეყარნენ და ფარები მიანათეს, ის კი აუჩქარებლად წავიდა, გრაციოზულად გასცილდა იქაურობას, გამორბენის გარეშე გადაახტა ძეძვის ბუჩქს და სიბნელეში ჩაინთქა. ისე ვყვები, არა, თითქოს მენახოს! მე ვიცი, რომ ამ სტატიის გარდა კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები ვაშლოვნელ ლეოპარდს, ალბათ რომელიმე მოთხრობაშიც ჩავსვამ და, შეიძლება, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატიც შევაჭმევინო, ან უფრო მსხვილი ვინმე, თუკი მოვიფიქრე, კლანჭებში როგორ ჩავუგდო; კიდევ ბევრჯერ ვინანებ მომხდარს თუ არმომხდარს, მაგრამ თვითონ ლეოპარდს ვეღარასოდეს ვნახავ. ის ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი ცხოველია დედამიწაზე, საქართველოში ის ერთადერთია და ჯერჯერობით მხოლოდ ბეჟანის ნივაში მსხდომმა სამმა ადამიანმა ნახა 2008 წლის 30 სექტემბრის წვიმიან ღამეს დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე. მე შემეძლო მეოთხე ვყოფილიყავი, მაგრამ არ მეკუთვნოდა, ეტყობა.

დილით გავზომეთ მანძილი იმ ადგილიდან, სადაც მანქანა იდგა ძეძვის ბუჩქამდე, რომელსაც ჯიქი გადაევლო (ხომ არ მინახავს და ახლაც თვალწინ მიდგას), 8 ნაბიჯი გამოვიდა. რვა ნაბიჯი და რამდენიმე წამი, რომლის მანძილზე ბუნების ერთ-ერთ ყველაზე გრაციოზულ ქმნილებას უცქერ და უკვე იცი, რომ შენც გინახავს რაღაც ისეთი, შვილიშვილებისთვის მოსაყოლად რომ გამოდგება ოდესმე, როცა ამის დრო მოვა.

ვის ეკუთვნოდა ნამდვილად ლეოპარდის ნახვა და - ბეჟანს. 2003 წელს მეორე ახალგაზრდა ზოოლოგთან, გიორგი დარჩიაშვილთან ერთად სწორედ მან მიაქცია ყურადღება ფოცხვერისთვის უჩვეულოდ დიდ ნაკვალევს, ნადირის ბილიკებზე მათ დააყენეს ის ფოტოხაფანგები, რომელმაც უკვე 2004 წელს პირველი სენსაციური ფოტოები გადაიღო, ნადირისა, რომელსაც წილად ხვდა პატივი ადამიანის მსგავსად საკუთარი სახელი რქმეოდა (ბოლო ფრაზა ფოლკნერს მოვპარე, მაგრამ გამიგებდა). არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესის“ (ბეჟანი დღემდე ამ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია) თანამშრომლებმა მაშინ მას „ნოე“ დაარქვეს. ასე ჰქვია ვაშლოვნელ ლეოპარდს. ორმოცდაათი წლის მერე საქართველოში ამ ნადირის გამოჩენა (უკანასკნელი ნახევარი საუკუნის წინ საგურამოსთან მოკლეს) სენსაციად მოინათლა, ხოლო იმ ხალხისთვის, ვისაც ბუნება უყვარს, დიდ სიხარულად იქცა. მახსოვს ჩემებთან, მთაწმინდაზე, მამაჩემი, ბიძაჩემი და მე ლეოპარდის სადღეგრძელოს ვსვამდით, მამაჩემს კაბინეტის კედელზე უკვე ჩარჩოში ჩასმული ვაშლოვნელი ჯიქის სურათი ეკიდა და მის ნახვაზე არც კი ვოცნებობდით, მე კიდევ... თუმცა ჩავლილი ამბავია ეგ უკვე.

მერე იყო ჩვეულებრივი დღეები, თუმცა ჩვეულებრივი არ ეთქმის ვაშლოვანში ყოფნას. მე წიგნის კითხვა დავამთავრე, ბეჟო თავის ანტენიანი ჯადო-მანქანით დასდევდა დათვს, რომელიც ზაფხულში დაიჭირა და რადიოგადამცემიანი საყელური დაუმაგრა. სწავლობდა დათვის მარშრუტებს და ყველაფერი რუკაზე დაჰქონდა. ვაშლოვანიც იყო ლამაზი, თრიმლის ფოთლებს უკვე შეპარული ჰქონდა სიწითლე, ვხედავდით მელიებსა და კურდღლებს, ქვეწარმავლებს, კაკბებს და ნაირ-ნაირ მტაცებელ ფრინველებს, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე აღარ იყო საკმარისი. მერე ჩამოვედით. მანამდე ბეჟომ ისევ დაიარა რამდენიმე თვის წინ დაყენებული ფოტოხაფანგები, ფირები ამოიღო და ახლები ჩადო. უკვე თბილისში ელექტრონული ფოსტით გადმომიგზავნა ფოტოები და ყველანი იქ იყვნენ - ვაშლოვანის დღისით უხილავი მკვიდრები: გარეული ღორიც და ტურაც, დათვიც იჭყიტებოდა ობიექტივში, ფოცხვერი ხომ სულ ახლოს მოსულიყო და აპარატს ათვალიერებდა და... ერთი სურათი ნოესიც იყო. ცოტა კონტრაჟურში იყო მოხვედრილი, მაგრამ მაინც მაგარი სურათია. ძალიან ლამაზი ვინმეა. ბეჟან ლორთქიფანიძემ იცის, სად დააგოს მახე.

ბეჟომ დაიმსახურა-მეთქი და ბეჟომ ნახა, მაგრამ იმ ორმაც ხომ ნახეს, რეინჯერებმა, მაგათზე უფრო ვარ დაბოღმილი, ერთ-ერთს, რომელსაც სახლში უჩუმრად სიარულის და მუდამ დაძაბული სახის გამომეტყველების გამო „ბერიმორი“ შევარქვით (გახსოვთ ბასკერვილ ჰოლის კუშტი და უთქმელი სახლთუხუცესი, ჭაობში დამალულ კატორღელს ღამღამობით სანთლით რომ აძლევდა ნიშნებს?), არც სიხარული ეტყობოდა და არც გაოცება, მაგრამ ეგეც არაფერი. უარესებიც ხდება, თავიდანაც ხომ ვთქვი, ადამიანურ ამბებს უფრო ვნანობ - უნებურსა და უგუნურს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იმ ღამის სინანულიც, აი, ბოლომდე, სულ ბოლომდე გამყვება.

7 თუ ვერ კითხულობ „ვეფხისტყაოსანს“

▲ზევით დაბრუნება


აქცენტი

ავტორი: ნინო რობაქიძე

0x01 graphic

ავიდანვე რომ „ვეფხისტყაოსანს“ კითხულობდე, ან ბავშვობიდან ძილის წინ „ვეფხისტყაოსანს“ უნდა გიმღეროდნენ, ან ოჯახში ერთი ფილოლოგი მაინც უნდა გყავდეს. თუმცა შეიძლება, უბრალოდ, ბედნიერ ვარსკვლავზეც იყო დაბადებული.

აი, უფილოლოგო ოჯახებში გაზრდილი და ერთ ჩვეულებრივ ვარსკვლავზე დაბადებული ბავშვები კი იჩაგრებიან - თავიდანვე ვერ კითხულობენ „ვეფხისტყაოსანს“ და, ამას კიდევ არა უშავდა, ბოლოსკენ მაინც რომ წაეკითხათ.

ზუსტად ასე, ბოლოსკენ დაინტერესდა მამაჩემი „ვეფხისტყაოსნით“, წაიკითხა და დღემდე ნესტან-დარეჯანზე ამორალური პერსონაჟი არ ეგულება მსოფლიო ლიტერატურაში: იმ პატიოსან სასიძოს რას ერჩოდაო? სამაგიეროდ, როსტევან მეფეზე კეტავს ჭკუას. მოკლედ, მაინც მოეწონა, განიცადა და გადავრჩით, რუსთაველი აღიარა!

მერე, როცა გავიზარდე და მე დავიწყე „ვეფხისტყაოსნის სწავლა, გვქონდა მე და მამაჩემს ხელჩართული ომი იმაზე, იყვნენ თუ არა ნესტანი და ფატმანი ამორალური ქალები, და ტარიელი ვაჟკაცი იყო, თუ - მშიშარა. ვერაფერს გავხდი!

და ახლა, როცა ლევან გველესიანის მონათხრობი „ვეფხისტყაოსანი“ ვიპოვე, წიგნი გამოსვლისთანავე ვიყიდე და მამას ვაჩუქე. აუცილებლად წაიკითხავს და, ვინ იცის, იქნებ ეს იყოს ჩვენი ოჯახურ-ვეფხისტყაოსნური ომების დასასრული?!

13 ნოემბერს ლია შველიძისა და მამუკა ცეცხლაძის სამხატვრო სტუდია მამუკა ცეცხლაძის გამოფენით გაიხსნა. გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობა „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული სურათები იყო. სამხატვრო სალონის გახსნას და მამუკა ცეცხლაძის გამოფენას წინასწარგამიზნულად დაემთხვა ლევან გველესიანის მიერ მოთხრობილი და მამუკა ცეცხლაძის დასურათებული „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაციაც.

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი, მოთხრობილი ლევან გველესიანის მიერ, თანამედროვე ენით, კომენტარებითა და შენიშვნებით, არ არის პოემის უბრალო შინაარსი. ეს უფრო ერთი ადამიანის „ვეფხისტყაოსანია“ - „პატარა ბავშვივით ვიყავი, რომელმაც რაღაც იცის და ერთი სული აქვს, ეს სხვასაც გაანდოს; ასე მეგონა, რომ მხოლოდ მე მივხვდი, რას მოგვითხრობს რუსთაველი და მინდოდა, ყველასათვის მომეყოლა“. ავტორის ეს განცდა ძალიან ბუნებრივად მეჩვენება - მისი წიგნის კითხვისას „ვეფხისტყაოსნის“ აქამდე ჩემთვის შეუმჩნეველი რამდენიმე ლაბირინთის არსებობა მეც შევიტყვე, კიდევ ერთხელ წავიკითხავ რუსთაველის პოემას... ან კიდევ ათასჯერ.

მთხრობელი მისი წიგნის წინასიტყვაობაში კი ამბობს „ჩემი მარტივი ინტერპრეტაციით მინდა, ახალგაზრდა ქართველებს ვუთხრა, რომ რუსთაველის პოემა უაღრესად თანამედროვეა, რომ მასში ჩამოჩუქურთმებული მოძღვრება ეკუთვნის არა მეთორმეტე, არამედ ყველა მომდევნო საუკუნესაც, ჩვენსასაცო“, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ამის თქმა არა მარტო ახალგაზრდებს სჭირდებათ. არამარტო ახალგაზრდებს სჭირდებათ დახმარება, რომ „რუსთაველის აზრთა სიმდიდრე ყოველდღიურ ინსტრუქციად“ გაიხადონ. ბევრი ძველგაზრდაც არ დაფიქრებულა საკუთარ თავსა და პოემის გმირებს შორის არსებულ კავშირზე; ბევრი ვერც წარმოიდგენს, რომ შეიძლება რუსთაველს და ლენონს თითქმის ერთი და იგივე ეთქვათ სიყვარულზე; ბევრს ვერ დააჯერებ, რომ დღეს მისთვის ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხი 850 წლის წინ დაწერილ წიგნში იმალება.

„მე შემიძლია მხოლოდ ვისურვო, რომ ჩემს წიგნს საქართველოში ბევრი წაიკითხავს და თუკი ამ მკითხველთა ნაწილი მაინც მას ხიდად გაიდებს „ვეფხისტყაოსნისაკენ“, ბედნიერი ვიქნები“, - მომწერა ლევან გველესიანმა და მე ზუსტად მივხვდი, რატომაც არ შეუშინდა ავტორი მოსალოდნელ კრიტიკას „ჯერ რუსთველოლოგების იმ არმიისაგან, რომელთაც დისერტაციები და აკადემიკოსობები უპყრიათ. მერე მოყვარულთაგან, რომელნიც „ვეფხისტყაოსანს მკრეხელობისგან იცავენ, გახევებულ რამედ მიიჩნევენ და თავს დაჰფოფინებენ“.

რამდენი ადამიანისთვის იქნება ეს წიგნი ხიდი „ვეფხისტყაოსნისკენ“, ჯერ არ ვიცით. წიგნებს ხომ თავიანთი ბედისწერა აქვთ.

თანამედროვე ენით მოთხრობილ „ხელი-ხელ საგოგმანებ“ ამბავს მამუკა ცეცხლაძის სურათები კიდევ უფრო აზარტულს ხდის. ეს ილუსტრაციები „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენთვის აქამდე ცნობილ არც ერთ დასურათებას არ ჰგავს. აქ არის ბევრი მოძრაობა, ბევრი ხმაური, დიდი სივრცე და ინტიმი.

„ვეფხისტყაოსნის“ თემა წლების მანძილზე მიფორიაქებდა მხატვრულ წარმოდგენებს. უშუალო შესრულებამდე ერთი წელი ვმუშაობდი ტექსტზე, რომ ზუსტად აღმექვა დრო, ვითარება, კოსმოსი, სიყვარული..., - ამბობს მხატვარი. მამუკა ცეცხლაძის მიერ 2005-2007 წლებში „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული 110 ნამუშევრიდან წიგნში უმრავლესობა მოხვდა - პატარა ზომის ილუსტრაციებიდან დაწყებული, დიდი ფერწერული ტილოებით დამთავრებული, რომელთა ელექტრონულ ვერსიაზეც გურამ წიბახაშვილმა იზრუნა.

წიგნის ბოლოსიტყვაში მამუკა ცეცხლაძე წერს, - „მხატვრობა ვიზუალური მხარეა, შემდეგ მოდის მუსიკა, ხმები, მოძრაობა... „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან მოძრავია; არის ბევრი გადაადგილება, ბევრი კოსტუმი, სახეები, მასობრივი სცენები, ცხენები. ასოციაციურად ჩნდება სპილოები, აქლემები, ისინი მოძრაობენ, ხმაურობენ, არის მტვერიც და სიმდიდრეც. მე „ვეფხისტყაოსანს“ კინოდ ვხედავ“. ამ კინოში ყველას შეუძლია აღმოჩნდეს, ვინც წიგნს გადაშლის. ძალიან იშვიათად შემხვედრია ასეთი მთლიანი, ჰარმონიული, დინამიური და მიმზიდველი წიგნი, რომელშიც მოთხრობილ ამბავსა და ნაჩვენებ სურათებს შორის შენი ფანტაზიისთვის არის უსაზღვრო სივრცე.

არის რაღაც მისტიური იმაში, რომ ავტორმა და მხატვარმა ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად შექმნეს ამბავი და სურათები, რომლებმაც შეავსეს ერთმანეთი. ჩვენი გადაკვეთის წერტილი „ვეფხისტყაოსნის სიყვარულიაო, - მითხრა ლევან გველესიანმა.

მგონია, რომ ცოტა ხანში თავად ეს წიგნი გახდება „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ სხვადასხვა აზრის, განსხვავებული დამოკიდებულებების, ათასი იდეის, ბევრი ახალი ჩანაფიქრის გადაკვეთის წერტილი, შენთვის კი - ხიდი რუსთაველის ძველ და ყველაზე თანამედროვე სამყაროსთან, თუ თავიდანვე ვერ კითხულობ „ვეფხისტყაოსანს“.

8 ძალა ერთობაშია

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: მარკ მალენი
თარგმნა რუსიკო ამირეჯიბმა

0x01 graphic

იმ დილას, შევარდნაძე რომ გადადგა, მზით განათებულ რუსთაველს ჩავუყევი. პარლამენტში მივდიოდი პრეზიდენტ ბურჯანაძესთან. წინა ღამე ყველაზე აღმაფრთოვანებელი და ბედნიერი სახალხო ზეიმი იყო, რომელსაც კი ოდესმე შევსწრებივარ. ყველა ამაყობდა იმით, რასაც საქართველომ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე პირველად მშვიდობიანად მიაღწია. მეორე დილით დასუფთავებულ ქუჩებში მანქანები ისე მოძრაობდნენ, თითქოს არაფერი მომხდარიყო. წუხელ მართლა მოხდა რევოლუცია? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ხანდახან ეს კითხვა მას მერეც მიჩნდება ხოლმე.

ზოგჯერ გვავიწყდება, რა უღიმღამო და გაურკვეველი იყო შევარდნაძის ბოლო წლები. ბევრს ეგონა, რომ თავისი ძალაუფლების წყალობით ის კიდევ დიდხანს ამყოფებდა ამ ოდესღაც დიად, მაგრამ იმ დროს დასუსტებულ, არშემდგარ საქართველოს კორუფციის ჭაობში. მაგრამ ხალხის რწმენამ და დამსახურებული, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნამ თავისი გაიტანა.

მას მერე ბევრი სასიკეთო რამ მოხდა. ხელისუფლებამ არაერთხელ ჩამოგვითვალა განხორციელებული ღონისძიებები და მათი არდანახვა უსამართლობა იქნებოდა. ერთი შეხედვით, თითქოს არც ისე ბევრია მიღწეული, მაგრამ 2003 წელს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა და არც ერთი არ გაკეთდებოდა, რომ არა ვარდების რევოლუცია, რომელსაც მაშინ ყველა ზეიმობდა.

ახლა კი რევოლუციის იმ ასპექტებზეც ვთქვათ, რაც ჯერ კიდევ განსახორციელებელია.

ეს სახალხო რევოლუცია კი იყო, მაგრამ მისი საშუალებით მოსული ხელისუფლება სახალხო ვერ გამოდგა. რევოლუციის მოხდენისთანავე ლიდერებმა ის თავისად მიიჩნიეს და არა ჩვენად, ანუ ჩათვალეს ისეთ მოვლენად, რომელიც მიზნად ხელისუფლებაში მათ მოსვლას ისახავდა.

მთავრობა დღემდე უარყოფს იმას, რომ დემოკრატიის განხრით საქართველოს პრობლემები აქვს, იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ თავს დემოკრატებად მიიჩნევენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი არადემოკრატებად. რა მოსახერხებელია, არა? ეს რამდენიც უნდა იმეორონ, არც საქართველოში და არც მის გარეთ თითქმის არავის სჯერა, რომ საქართველო არ შეიძლება უფრო დემოკრატიული იყოს.

მათი თვითდაჯერებულობა კარგად ჩანს იმაში, თუ როგორ იმუშავებენ და ნერგავენ პოლიტიკას - განზრახ არაორგანიზებულად. ორგანიზებულად რომ აკეთებდნენ, ეგებ ხელისუფლების გარეთ მყოფთ დაენახათ, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას და მონაწილეობაც მიეღოთ პროცესში. არაორგანიზებულობის გამო, გადაწყვეტილებას ადამიანთა ვიწრო წრე იღებს, იმ დროს და იქ, სადაც მოესურვება. თითქოს ხანდახან იმართება საჯარო მოლაპარაკებები და კონსულტაციები, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია და პროცესზე გავლენას ვერ ახდენს. ხელისუფლებას არ ახსოვს, როგორ უნდა ჩართოს ხალხი პროცესში, არადა, რა კარგი იქნებოდა! მათი წარმოდგენით, ხალხი საკმარისად სულელი და კორუმპირებულია იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდეს. სჯერათ, რომ საქართველოსთვის აჯობებს, თუ ამას თავად, დახურულ კარს მიღმა გააკეთებენ.

ქართველმა ხალხმა რამდენჯერმე სცადა ამ კარის შეღება, მაგრამ ბოლოს მოეშვა. ისე მიეჩვია გარეთ ყოფნას ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რომ ახლა ზრდილობიანად დაკაკუნებასაც აღარ ცდილობს და მხოლოდ იმას გაყვირის, რომ კარი დაკეტილია.

საქართველოს ზედმეტად აღელვებს, თუ რას ფიქრობს მასზე დანარჩენი მსოფლიო. მთავრობა გადარეულია საერთაშორისო PR-ზე, რაც ცოტა უცნაურია, იმის გათვალისწინებით, თუ რა იშვიათად იღებს ის ყურად საერთაშორისო რჩევებს. მაგრამ ამაში ხალხიც დამნაშავეა, ვინაიდან ბოლო ხუთი წლის მანძილზე მას დაავიწყდა, თუ რა ძალა აქვს. მართალია, რუსეთს საქართველო ოკუპირებული ჰყავს, მაგრამ ამაზე უარესი ის გახლავთ, რომ საქართველოს წარუმატებლობა ოკუპაციას ბრალდება. ვშიშობ, ეს ფაქტი პერმანენტულ გამამართლებელ საბუთად ექცევა საქართველოს მთავრობასაც და ხალხსაც. კრემლს ხალხის ტვინი აქვს ოკუპირებული. რატომ ვაძლევთ ამის საშუალებას? დროა, საქართველომ შეწყვიტოს იმაზე ოცნება, რომ აშშ და ევროკავშირი რუსეთს შვედეთივით მოქცევას აიძულებს. ეს განუხორცილებელი ოცნებაა. საქართველომ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს და გაიაზროს, რომ დანარჩენი მსოფლიო სხვაგან მდებარეობს და თავისი პრობლემებიც არ აკლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთთან მიმართებაში დასავლეთი იმდენად ამოუდგება საქართველოს გვერდში, რამდენადაც საქართველო შეეცდება თავისი პრობლემების მოგვარებას რუსეთთან. ასე რომ, საქართველო უნდა გათავისუფლდეს პატარა ქვეყნის კომპლექსისაგან და ყველაფრის დიდ ქვეყნებზე გადაბრალებას უნდა მოეშვას.

ხალხიც და მთავრობაც ზედმეტად ბევრს ფიქრობს ოპოზიციაზე. საქართველოს ჰყავს მთავრობა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა დროის ფუჭი კარგვაა. ასეთი სიტუაცია მთავრობასაც და ოპოზიციასაც აძლევს ხელს. ხელისუფლება ოპოზიციის დაბალი დონით ხარობს და ხელიდან არ უშვებს შანსს, მათი უუნარობა წარმოაჩინოს. ისინი კი, ვინც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს, დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი მოგვარდება თუკი ხალხის წინაშე დგომას გააგრძელებენ. სინამდვილეში ხალხის ძალამ უნდა აიძულოს მთავრობა, ხალხის ინტერესებისთვის იმოქმედოს. ამ ინტერესებს კი თითქმის არაფერი აქვს საერთო ოპოზიციის ინტერესებთან. ოპოზიციას მხოლოდ ძალაუფლება სურს. ხალხმა კი გამჭვირვალობა, თავისუფალი მედია, დაბალი ფასები, ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება და მიუკერძოებელი სასამართლო უნდა მოითხოვოს. ხალხმა აღარ უნდა მიაქციოს ყურადღება მათ, ვინც თავს ოპოზიციას უწოდებს და მზერა იმათკენ მიმართოს, ვინც მათ მოთხოვნებს გააჟღერებს.

გაურკვევლობა კონსტიტუციაში 2004 წლის თებერვლის უკანონო და პარლამენტზე ზეწოლით მიღებული ცვლილებებით დაიწყო. შედეგად მივიღეთ ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც მთავრობის ყველა რეფორმისტული ცდა დაასამარა. ქართველები კანონმორჩილებით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან, მაგრამ როცა ხელისუფლება ასე მოექცა კონსტიტუციას, არა მარტო ქვეყნის უზენაეს კანონს, არამედ სახელმწიფოს მომწყობ კანონსაც, ამით მსოფლიოს, ხალხს და თავის თავს განუცხადა, რომ ფურცელზე დაწერილს არაფრად აგდებს. ფორმალურ შეთანხმებას კი არა აქვს ძალა, არამედ იმას, რაც ჩვენ დღეს მიგვაჩნია მიზანშეწონილადო. სანამ მთავრობა ამას არ აღიარებს და სათანადო პასუხისმგებლობით არ მოეკიდება, ნამდვილ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ნამდვილი ცვლილება დისკუსიებს, მოლაპარაკებებს, შეთანხმებას და ურთიერთგაგებას ეფუძნება, მერე კი წერილობით მყარდება. საქართველოს წინაშე მდგარი უდიდესი გამოწვევა იგივე რჩება, რაც საუკუნეების მანძილზე იყო: ძალაუფლების მემკვიდრეობითობა. ამის მიღწევა კი იოლი არ არის, როცა კონსტიტუციას არაფრად დაგიდევენ.

ჩემი, როგორც ამერიკელის, ვარდების რევოლუცია იყო 2008 წლის 4 ნოემბერი. მხოლოდ ობამას გამარჯვების გამოცხადებით გამოწვეული სახალხო ზეიმის განცდა თუ მიუახლოვდება 2003 წლის 23 ნოემბერს ღამით თბილისის ქუჩებში განცდილს. საზეიმო ბევრი რამ იყო: ის, რომ ობამა ამერიკის სხვა პრეზიდენტებს არ ჰგავს; ის, რომ დასრულდა 2000 წლის დამამცირებელი არჩევნების შედეგები და ბუშის ადმინისტრაციის რვაწლიანი სამარცხვინო მმართველობა. ყველაზე მეტად კი ხალხი იმას ზეიმობდა, რომ შეძლო რაღაც არაჩვეულებრივისა და წარმოუდგენლის გაკეთება. განა ეს იგივე არ არის, რასაც ხუთი წლის წინ ვზეიმობდით საქართველოში? ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს შესაძლებელია და ჩვენ ამის გაკეთება ძალგვიძს. ობამას არჩევნებში იმ ხალხის სოლიდარობამ და ერთიანობამ გაამარჯვებინა, რომელთაც ცვლილებებისთვის შრომა არ დაზარებიათ. ასე რომ, ქართველებო, გეყოთ წუწუნი, გაერთიანდით და საქმეს მიხედეთ.

9 კონიუნქტურის ტყვეობაში

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: ნინია კაკაბაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

ბრუნო ფურნიეს ფოტონამუშევარი

ვარდების რევოლუცია პირველი სიყვარულივით იყო, რომელზე წერაც ყოველთვის ძალიან რთულია. რთულია, არ იყო სენტიმენტალური და პათეტიური... 2003 წლის ნოემბრის მოგონება ყველაზე ძვირფასია. მაშინ პირველად გავაკეთე შეგნებული, გაცნობიერებული არჩევანი. 2003 წლის 2 ნოემბერს ხმა მივეცი სიბნელიდან გამოსვლას, ლიბერალური ფასეულობების გამარჯვებას, დემოკრატიული წყობის ნამდვილ დამკვიდრებას და არა ისე, როგორც ეს საბჭოთა „დემოკრატის“ - ედუარდ შევარდნაძის ხანაში იყო. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ადამიანს, რომელიც დღეს ქართული პოლიტიკის ამინდს ქმნის, სწორედ ეს სურს: ისეთი სახელმწიფო შექმნან, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება დამყარებული. მაგრამ საინტერესოა, რატომ არ გვაქვს დღეს ეს ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო? რატომ ვერ დავდექით ლიბერალიზმის გზაზე? ჩვენ რა შეცდომები დავუშვით? რა ვერ მოვახერხეთ და რატომ?

ვინ ვართ ჩვენ? - ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელთაც გვაქვს საშუალება და უნარი, არა მხოლოდ ქუჩის მანიფესტაციის, არამედ სხვადასხვა გზებით ხმა მივაწვდინოთ ხელისუფალთ და განვსაზღვროთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. წარმოდგენა იმაზე, რომ საზოგადოება პოლარიზებულია და მხოლოდ ორ ნაწილად დაიყო - მცდარია.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე სეგმენტად არის დაყოფილი. ეს სეგმენტები დაახლოებით ასეთია:

1. საბჭოთა საქართველოში დაფასებული ხელოვანები და მეცნიერები - ანუ „ძველი ინტელიგენცია“ („წითელი ინტელიგენცია“ - ზ.გამსახურდია). ეს ჯგუფი დაკარგულ პრივილეგიებს და ძველ სტატუსს მისტირის, არა მხოლოდ მატერიალურს, არამედ „პროფესიულს“: სამუშაო ადგილს, თანამდებობას, დაფასებას, საახალწლო ძღვენს - ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას, რაც საბჭოთა წყობამ უანდერძა პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებელ საქართველოს. სამწუხაროდ, ადამიანთა ამ ჯგუფის საპროტესტო რიტორიკა ვერ სცდება „ძველი დიდების“ დაბრუნების წყურვილს.

2. შედარებით ახალ სეგმენტს, რომელსაც პირობითად „ახალ ინტელექტუალებს“ დავარქმევ, შეადგენენ ინტელექტუალები და ხელოვანები, რომელნიც სიტყვითა და საქმით ახალი ქართული პოლიტიკის იდეოლოგიას განამტკიცებენ. მათი პრივილეგიები, „ძველი ინტელიგენციისაგან“ განსხვავებით (ძღვენი, ნობათი, აგარაკი, ავტომობილი...), უფრო მოდერნიზებულ სახეს ატარებს: შემოსავლიანი სამუშაო, საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, კარგი მივლინებები უცხოეთში... ქვეყანაში, სადაც მმართველობის ვერტიკალური მოდელია, ახალ ინტელიგენტს ბევრი მოეთხოვება და დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილგანწყობაზე. ამ ახლად ჩამოყალიბებულ ჯგუფს, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია აკისრია. ამ ჯგუფის უმრავლესობის „არჩევანი“ გაცილებით უფრო გულწრფელია, ვიდრე ეს საბჭოთა ეპოქაში იყო.

3. არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც „დაკარგულებს“ დავარქმევ. მისი მდგომარეობა ახალი ხელისუფლების პირობებში არ შეცვლილა. ის ისევ მყარად დგას ძველ ადგილზე და აგრძელებს უშედეგო ღაღადს. ამ ჯგუფს უსაფუძვლოდ არ უწოდებენ „უპასუხისმგებლო ჯგუფს“, რადგან მისი წევრები გაურბიან ნებისმიერ პასუხისმგებლობას და, საკუთარი საქმის პარალელურად, მუდმივად აგრძელებენ კრიტიკას, რაც გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგიის თანამოაზრეობა, მისი ლეგიტიმაცია და ბრძოლა თუნდაც არაპოპულარული და, უმეტეს შემთხვევაში მცდარი იდეებისთვის, როგორც ეს „ახალი ინტელექტუალების“ შემთხვევაში ხდება.

საკუთარ თავს ამ უპასუხისმგებლოთა სეგმენტს მივაკუთვნებ და ვიტყვი, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი უმთავრესი შეცდომა სწორედ „კრიტიკოსის“ ყველაზე კომფორტული პოზიცია იყო. ამ პოზიციიდან გამომდინარე, თვითმიზანი სწორედ ხელისუფლების კრიტიკა გახდა და არა ყველა მანკიერი ახალი ტენდენციის თუ ძველი ტრადიციისა. სწორედ ეს მიკერძოებულობა აერთიანებს ორ უკანასკნელ სეგმენტს. ერთნი, რომელთაც გადაწყვიტეს, თვალი დახუჭონ ხელისუფლების შეცდომებზე და მეორენი, რომელთაც არჩიეს თვალი დაეხუჭათ ხელისუფლების გარეთ - ხალხში, საზოგადოებაში, ეკლესიაში, ოპოზიციაში არსებულ არანაკლებ მძიმე შეცდომებზე. ჩვენ ვერ შევძელით იდეების მხარდაჭერა, მიკერძოებულნი გავხდით.

4. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორიც. სამწუხაროდ, NGO-ებმაც მხოლოდ ხელისუფლების შეცდომების კრიტიკა დაისახეს მიზნად და თითქმის არ გაუმახვილებიათ ყურადღება სხვა ჯგუფების მიერ ადამიანთა უფლებების შელახვის აშკარა შემთხვევებზე. ბუნებრივია, მხედველობაში მაქვს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელნიც ხშირად და საჯაროდ სწორედ ხელისუფლების მიერ შელახულ უფლებებზე საუბრობენ. სამწუხაროდ ის, რაც ვარდების რევოლუციამდე თავისუფლების ინსტიტუტმა მოახერხა ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებისთვის, ზოგადად, ადამიანის უფლებებისთვის წარმატებულად ებრძოლა, ასე ეფექტურად ვერც ერთმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ვერც მთლიანად არასამთავრობო სექტორმა ვერ შეძლო. სამწუხაროდ, NGO-ებიც ამ საზოგადოებრივი და აპოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ მოექცნენ.

პირობითად ოთხი ჯგუფი გამოიკვეთა: „ძველი ინტელიგენცია“, „ახალი ინტელექტუალები“, „უპასუხისმგებლოები“ და NGO-ები. რასაკვირველია, ამ ჯგუფების წევრების ერთი ნიშნის ქვეშ გაერთიანება რთულია. მაგალითად, „ახალ ინტელექტუალები არიან ისეთებიც, ვინც ახალი ხელისუფლების რწმენა თითქმის ფანატიზმის რანგში აიყვანა და კრიტიკული აზროვნების უნარიც დაკარგა. მაგრამ მათი უმეტესობის არჩევანი, დაეხუჭა თვალი ხელისუფლების ყველა მანკიერ ტენდენციაზე, შეგნებული იყო. სწორედ ისინი ახდენენ ხელისუფლების შეცდომების ინტელექტუალურ ლეგიტიმაციას. მათი არჩევანის მიზეზი არ არის ანგარება, მიზეზი იმის რწმენაა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ახალი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა - ფილოსოფოსებმა, ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა, ფილოლოგებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა, პოეტებმა - აღიარეს მაკიაველის პოსტულატი, რომ პოლიტიკაში უნდა დაეყრდნო ძალას და არა მორალს და ერთადერთ მიზნად ძლიერი სახელმწიფოს შექმნა დაისახეს, რომლის ჩამოყალიბების გზაზე მორალური კრიტერიუმები და ადამიანის უფლებების დაცვა მეორეხარისხოვანი გახდა. მათ სჯერათ და აიღეს პასუხისმგებლობა, რომ სწორედ ამ გზით იქნება მიღწეული მიზანი!

ახლა რაც შეეხება „უპასუხისმგებლოთა“ ჯგუფს - მთავარი შეცდომა, მხოლოდ ხელისუფლების შეცდომებზე კონცენტრირებაა. ჩვენ ვთქვით: ახლა არ არის დრო, კრიტიკულად შევხედოთ და შევაფასოთ ოპოზიციის მცდარი შეხედულებები, ნაციონალისტიური იდეოლოგია, ხშირ შემთხვევაში, ქსენოფობიური რიტორიკა და ა.შ. თვალი დავხუჭეთ საზოგადოებისგან წამოსულ არასწორ მოთხოვნებსა თუ უკმაყოფილებაზე. რიგ შემთხვევებში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია მისაღები იყო ჩვენთვის, ჩვენ ამ კონიუნქტურის ტყვეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი მოქმედება კონფორმისტული იყო, რადგან ხელისუფლების კრიტიკა და ოპოზიციის, რიგ შემთხვევაში, ბნელი, ფუნდამენტალისტური იდეების უკრიტიკოდ დატოვება სხვა არაფერია, თუ არა კონფორმიზმი და პოპულიზმი. ამასთანავე, „უპასუხისმგებლოთა“ ჯგუფმა უკრიტიკოდ დატოვა საზოგადოება, თუნდაც განაწყენებული „ძველი ინტელიგენცია“, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ბნელ იდეებს ქადაგებს და ფუნდამენტალისტური კუთხიდან უტევს მთავრობას. ერთადერთი, რაც ამ უკანასკნელმა ჯგუფმა მოახერხა, ის გახლავთ, რომ არავის მიემხრო, მაგრამ როდესაც ერთნი გაიძახოდნენ: „ეკლესიებს გვინგრევენ“, მეორენი კი „ენას და სარწმუნოებას გვართმევენო“ და ა.შ. და ა.შ., ჩვენ არ ვთქვით, რომ ეს უგუნურებაა და სხვა არაფერი. ერთი სიტყვით, ახალი ინტელექტუალების მსგავსად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იდეის ერთგულება, რომელიც საერთო მიზნამდე მიგვიყვანს, მიზნამდე, რომელსაც ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო ჰქვია.

თუკი მთავარი იდეებისათვის თავისუფალი „ბრძოლა“ იქნება და არა ნებისმიერი სახის მიკერძოებულობა, მაშინ შედგება საზოგადოება, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი წონა ექნება, ვიდრე დღეს აქვს. დღეს კი ჩვენ მაქსიმუმს ვითხოვთ ხელისუფლებისგან და გვავიწყდება, რომ ეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი ნაყოფია. ხუთი წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს ქვეყნისა და სახელმწიფოს ახალი მოდელი, ხუთი წლის შემდეგ კი დავინახეთ, რომ განვითარების ამგვარ პირობებში, ჩვენ არათუ ვუახლოვდებით ამ ახალ სახელმწიფოს, არამედ შესაძლებელია, ვშორდებით მას, რაშიც დამნაშავე ყოველი ჩვენგანია. თუკი დღეს პოლიტიკოსები - ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრობს, ხელისუფლება კი ძალაუფლების შენარჩუნებაზე - საზოგადოებამ, პირველ რიგში, საკუთარ შეცდომებზე უნდა იფიქროს და მიხვდეს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

10 უსიერ ტყეში

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ვტორი: ლელა გაფრინდაშვილი
ვუძღვნი თიკა რეხვიაშვილს და ნატალია კობიაშვილს

0x01 graphic

ამ წერილით 31 ოქტომბერს, ერეკლე II-ს ქუჩაზე მომხდარ Halloween-ის დარბევას ვეხმაურები.

ალბათ მიხვდით, რომ იაპონელი მწერლის რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის სათაური ვისესხე; არა იმიტომ, რომ ის ჩემი ყველაზე საყვარელი მოაზროვნეა, არამედ იმ გულისტკივილის გამო, რასაც რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოების ნაწილის გაუგონარი პოზიცია განაპირობებს. დააკვირდები მათ შეხედულებებს, აგრესიულ ქცევას და თავი უსიერ ტყეში გგონია, გამოუვალ, ბნელ და ავისმომასწავებელ ლაბირინთში.

ბევრი დამეთანხმება, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი ცოდნისა და რწმენის თანაარსებობას გამორიცხავს, არადა გონებრივი და სულიერი შემოქმედება ურთიერთშემავსებელია. ამის მაგალითია საქართველოში ორი უმაღლესი სასწავლებლის - გელათისა და იყალთოს აკადემიების მონასტერთან დაარსება, რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნების სამაგალითო დიალოგი დასავლურ კულტურასთან.

ხალხური დღესასწაულებისა და სანახაობების საკითხში განსწავლულ ადამიანს კარგად მოეხსენება, რომ ქართული კულტურა ყოველთვის ივსებოდა ახალ-ახალი შინაარსებით. მთვარის, ტაროსის, განაყოფიერებისა და შვილოსნობის, ხეთა და ცხოველთა თაყვანისცემის სანახაობები, მისნური და ჯადოქრულ-საწესო ცეკვები სავსეა დასავლური ანალოგიური რიტუალების დეტალებით.

გარდასახვა, ყოფითი პრობლემებისა და განცდების ინსცენირება, ლხინისა და ვარამის გამომზეურება ადამიანს ყოველდღიური რუტინისაგან დისტანცირებასა და რელაქსაციაში ეხმარებოდა; სანამ ბუნებას შეისწავლიდა და დაიმორჩილებდა, იგი თამაშობდა და ტკბებოდა. ამიტომ ხელოვნება მრეწველობაზე ხანდაზმულია, სიამოვნება კი - შემეცნებაზე ძველი.

მაშ, რა ხდება დღეს? რამ შეაშინა მართლმადიდებლობის სახელით მოღვაწე ხალხი? რატომ ამბობს მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ Halloween-ი სატანისტურია და რომ: „რამდენიმე წელია, ცდილობენ ამ ე. წ. დღესასწაულის დაკანონებას. კონკრეტული პიროვნება და ორგანიზაცია არ ჩანს, მაგრამ ყოველივე ამის უკან დგას დასავლეთი, უფრო ამერიკა...?“

არა მგონია, ეს კითხვა რიტორიკული იყოს. პასუხის ძიების პროცესში, აზრის დაბადებისას მე მხოლოდ ბებიაქალის როლს შევასრულებ, მოსამართლის ტვირთი კი თითოეული თქვენგანისთვის მომინდვია.

სიმბოლური სასამართლოს იდეასაც აკუტაგავას მოთხრობას ვუმადლი: იამასინასაკენ მიმავალ გზაზე, უსიერ ტყეში მომხდარი მკვლელობის საიდუმლოს ამოსაცნობად, მწერალი უსმენს ყველას - ბრალდებულს, მოკლულის სულს და მის მეუღლეს, სასამართლო მოხელეს, ჩაფარს, ტყის მჭრელს, მოხეტიალე ბერს. მაგრამ კანაძავა ტაკეჰიროს მკვლელი მკითხველმა უნდა გამოიცნოს, მასზეა მთელი პასუხისმგებლობა.

0x01 graphic

მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს! ეს სიმბოლური სასამართლო ერთადერთი არჩევანია, რადგან სისხლის სამართლის საქმე „სატანისტების“ დარბევის შესახებ აღძრული არ არის.

ამ საქმესთან დაკავშირებულ ვერც ერთ სახელმწიფო მოხელეს ვერ დავუკავშირდით. ისინი ან არ არიან, ან სატელეფონო ზარს არ პასუხობენ.

ჩვენს განსჯაში მონაწილეთაგან არც ერთის ვინაობას არ ვასახელებ, რადგან მეშინია, ვინმემ მათზე ანგარიშსწორება არ მოინდომოს სამარცხვინოა, როცა 21-ე საუკუნის საზოგადოებაში აზრისა და პოზიციის გამოთქმა შეიძლება ძალადობის მიზეზი გახდეს.

რა უამბო სასამართლოს Halloween-ის მონაწილემ, 18 წლის გოგონამ

გამოგიტყდებით, რომ იმ დღეს ცოტა შეუძლოდ ვიყავი და კინაღამ შინ დარჩენა ვარჩიე. მაგრამ როგორც კი გამახსენდა, რომ ღონისძიება საქველმოქმედო იყო, რა გამაჩერებდა? თან ჩემს მეგობრებსაც ვნახავდი, გავერთობოდი. ასეთი სახალხო, კოსტუმირებული ზეიმები ხომ ჩვენს ქალაქში იშვიათია? ყველაფერი პოლიტიზირებულია. მამაჩემი მიყვება, - საბჭოთა დროს კონცერტის ბოლოსკომუნისტური პარტიისათვის მადლობა უნდა გადაგეხადა ან მეცნიერულ ნაშრომში ლენინი გეხსენებინაო. სწორედ ეს მახსენდება, როცა თანამედროვე გასართობ ღონისძიებებს ვუყურებ.

წლევანდელი Halloween-ი სხვანაირი იყო, თეატრს ჰგავდა, „პატრინოტი“ არ იყო. რაც გაზეთ „ალიაში“ დაიწერა, ეს ავტორების მიერ სასურველის რეალობად გასაღება უფრო იყო, ვიდრე - რეალობა. სანამ ეს ხალხი გამოჩნდებოდა, ყველაფერი წყნარად იყო. მოვიდნენ, დაიწყეს ახალგაზრდების დამოძღვრა (სხვათა შორის, დაცვამ და პოლიციამ ისინი უპრობლემოდ შემოუშვა მაშინ, როცა უბილეთოდ არავის ატარებდნენ), შემდეგ სცენაზე აცვივდნენ, წამყვანი პირდაპირ ხალხში გადმოაგდეს და ტექნიკის მტვრევა დაიწყეს. დიჯეის სცემეს და სცენის უკანაც დაერივნენ ხალხს. ერთი კითხვა მაქვს კიდევ. ჩემმა ნათესავმა 80-იან წლებში სუფრაზე ვიღაც კაცს თავში ბოთლი ჩაარტყა და თან გაიძახოდა: როგორ მიბედავ, მე უნივერსიტეტის პროფესორი ვარო. იმ დღის მერე მისი ფეხი უნივერსიტეტში არავის უნახავს. საინტერესოა, ამ ამბავს საპატრიარქო როგორ გამოეხმაურება? იმედი მაქვს, რომ ძალადობას, ადამიანების შეურაცხყოფას აუცილებლად დაგმობენ.

მიუხედავად იმისა, რომ გვარიანი შიში ვჭამე, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემი 15 ლარი სასარგებლო საქმეს მოხმარდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მოიძიეს ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ და ორ, სოციალურად დაუცველ გოგონას ფინანსური დახმარება გაუწიეს: თიკა რეხვიაშვილს, პოეტესასა და ნიჭიერ შემოქმედს და ნატალია კობიაშვილს - ადამიანს, რომლის თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ოდესმე შევსწრებივარ და მონაწილეობა მიმიღია.

ქველმოქმედება ყოველთვის გაფიქრებინებს, რომ საჭირო ხარ, კეთილი და მოსიყვარულე. ამ ფონზე, 31 ოქტომბერს მომხდარი ვანდალიზმი არაფრად მიღირს.

რა უთხრა სასამართლოს 80 წლის ეთნოგრაფმა ქალმა, ქართული შრომითი, საწესო და დრამატული სანახაობების მკვლევარმა

ამ სამარცხვინო დარბევას მხოლოდ ილია ჭავჭავაძის სიტყვებით მინდა ვუპასუხო: „ცოდნა სინათლეა“.

თამაში კაცობრიობის ბავშვობაა. საქართველოში, დაბა ვანში აღმოჩენილია ანტიკური ხანის თეატრალური ნიღბები, რაც ადასტურებს, რომ ხალხური სანახაობები ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქვეყნის ყველა რეგიონი შრომასთან, რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ რიტუალებს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა.

ჩემი დიდი წინაპარი კავკასიაში სახელგანთქმული ბერიკა-მუშაითის, აბელ რევაზიშვილის დასის წევრი და თბილისში, ერევნისა და გუნიბის მოედანზე გამართული სანახაობების მონაწილე იყო.

1855 წელს, აღდგომა დღეს აბელმა თბილისში „დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა“ განასახიერა. იგი დამსწრე საზოგადოებას ოჩოფეხებზე მდგომი, ხელში ნაბდის ქუდით მოუთხრობდა აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში მოგზაურობაზე. მისი ქუდი იმ ქვეყნის მკვიდრის სახეს იღებდა, რომელზეც ბერიკა-მუშაითი ყვებოდა. ჩემი დიდი პაპა პამპულა-ხუმარა იყო და არანაკლებ ართობდა ხალხს.

პაპაჩემი 1894 წელს თბილიში გამართული სპექტაკლის „ყეენობის კუდის“ მონაწილეა და ყოველთვის სიამაყით იხსენებს, რომ მათ წარმოდგენას ილიაც ესწრებოდა.

„ბერიკაობისა“ და „ყეენობის“ შესახებ არსებული ეთნოგრაფიული მასალით დგინდება, რომ ეს სანახაობები განაყოფიერებისა და შვილიერების კულტს უკავშირდება („ბერი“ ეტიმოლოგიურად ბერას ანუ ნაშობს, ბელს ნიშნავს). ამ რიტუალით ქართველები თითქოს ხარკს უხდიან ღვთაებას, რათა მას გვარისა და თემის გამრავლებისათვის ხელი არ შეეშალა.

„ჭიაკოკონობა“ (სულხან-საბას მიხედვით, „ჭიაკოკოლა“ დიდ, ჩალის ცეცხლს ნიშნავს) კი გვიჩვენებს, რომ ავი სულები თავიანთ მსხვერპლს ითხოვენ და სოფელ-სოფელ დაეხეტებიან. პაპაჩემი მიყვებოდა: ქაჯები და ჭინკები იალბუზის მთაზე იკრიბებიან. შემდეგ ჩვენკენ დაიძრებიან და თუ სახლის წინ ცეცხლი არ დაინახეს, შინ შევლენ და ან ვინმეს გააგიჟებენ ან კიდევ - ბავშვს მოიტაცებენო.

ახლაც გული სიყვარულით მევსება, როცა ჩემთან ერთად მოფუსფუსე პაპა გამახსენდება: კაჭაჭს ის აგროვებს, ერდოზე ასკილის ეკლიან წნელს ამაგრებს და კოცონზე მოხტუნავე გოგო-ბიჭებს ტაშს გვიკრავს.

Halloween-იც ანალოგიური ზეიმია. როცა განათებულ გოგრას დაინახავს, შეუძლებელია ეთნოგრაფს „კვახა-ბერა“ არ გაახსენდეს, სარწყული კვახისგან გაკეთებული, თვალების, პირისა და ცხვირის ადგილზე ამოჭრილი ნიღაბი, რომელიც თავზე ეხურათ ბერიკებს. „კვახა-ბერას“ იმერეთში აღდგომის წინა კვირას თამაშობდნენ; ასევე არსებობდა დათვის, მგლის, მელიის, ვირის, ტაროსის ღვთაების, ცხენ-კაცის ნიღბები.

ნიღბებში საგანგებოდ გამოწყობილი ბავშვები ჩამოივლიდნენ სოფელს და ყველა გლეხის ჭიშკართან მღეროდნენ: „კიჭებიო, კიჭებიო, დაგეზარდოთ ბიჭებიო“.

სიმბოლური კია, რომ Halloween-ი ერეკლე II-ის ქუჩაზე გაიმართა. ამ მეფეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სანახაობების შენახვისა და შთამომავლობისთვის გადაცემის საქმეში. მის კარზე არსებობდა საოხუნჯო დარბაზი, სადაც ხუმარა ბენია (იოანა-ბუიანა) მართავდა წარმოდგენებს. ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ თარხანი, გიორგი მახათაძე, რომლებიც მასკარადის არქაულ შინაარსსაც ინახავდნენ და ახალი, თანამედროვე პრობლემებითაც ამდიდრებდნენ მას.

ბოლოსკენ მინდა ვთქვა, რომ ადამიანს, რომელმაც თავისი კულტურა კარგად იცის, უცხო კულტურის არ შეეშინდება და, მით უმეტეს, არასოდეს გაილაშქრებს მის წინააღმდეგ. ერთ ბერიკას უთქვამს: „ენა ყველას იტყვის, მაგრამ კაცს სინდისი უნდა ჰქონდეს“.

რა წერილზე მიუთითეს სასამართლოს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა, თავიანთი პოზიციის გასაცნობად

ე. წ. ჰელოუინი

ამა წლის 31 ოქტომბერს, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ერეკლეს ქუჩაზე მოეწყო ე. წ. ჰელოუინის „ზეიმი“. თავისი არსით, ჰელოუინი, არის წარმართული, სატანური რიტუალის გათანამედროებული ფორმა. ინფორმაცია ჰელოუინის არსის შესახებ იხილეთ ჩვენს საიტზე (www.religia.ge, რუბრიკა მიმართვები, ბუკლეტები). ჰელოუინის „ზეიმი“ არაგათვითცნობიერებულთათვის კარნავალის სახით არის შენიღბული, ფორმით კი ეს კარნავალი არის საზარელი აღვირახსნილი სანახაობა, სატანისტური ნიღბებით, ნარკოტიკებით გაბრუებული ხალხით, ორგიებით, ვაკხანალიით, ღია და დაუფარავი სექსით პირდაპირ ქუჩაში, საზოგადოების თანდასწრებით, შიშველი ქალების როკვითა და სხვა ათასგვარი უზნეობით.

ნებისმიერი ფორმის სატანური რიტუალის მიზანი ჭეშმარიტი ღმერთის შეურაცხყოფაა. თბილისში ჩატარებული „ჰელოუინის“ აქციაზეც გათამაშდა სიმბოლური სცენა - მართლმადიდებლობის დამარცხება: ახალგაზრდა კაცი სცენაზე განასახიერებდა მუხას. ითქვა, რომ მუხა - ეს მართლმადიდებლობაა, შემდეგ ნახევრად შიშველმა ქალებმა მუხა-მართლმადიდებლობას ჰკრეს ხელი, წააქციეს იგი და თავს დააცხრენ. აი, ასე „დაამარცხეს“ ჰელოუინის მესვეურებმა უგუნური ხალხის თანდასწრებითა და, ფაქტობრივად, შეგნებული თუ შეუგნებელი მონაწილეობით მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობის „დამარცხების“ შემდეგ მონაწილეები მიეცნენ ვნებებს, როკვას, ორგიებს, სექსს პირდაპირ მიწაზე, რისი მოწმენიც იქ მისულები გახდნენ და სხვა უზნეობას.

სრულიად აშკარა იყო, რომ ჰელოუინის მესვეურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფა იყო: აღვირახსნილმა ბრბომ შებილწა ჩვენი სიწმინდე, სიონის ტაძარი, მისი ეზო ტუალეტად აქცია და წაბილწა, ხოლო მავანმა ტაძარზე თქვა, - ის არის ტუალეტი, რომელსაც სიონი ჰქვიაო.

მართლმადიდებელთა უკმაყოფილება „ზეიმთან“ დაკავშირებით იზრდებოდა, მათ იწყეს მოგროვება ერეკლეს ქუჩაზე და სურდათ, შეეჩერებინათ უმსგავსობა და სიწმინდეთა შეურაცხყოფა. „მოზეიმეებთან“ მისულ მართლმადიდებელ მოძღვარსა და მრევლს, რომელთაც სურდათ, აეხსნათ მონაწილეთათვის ჰელოუინის ნამდვილი არსი, მოეწოდებინათ მათთვის, შეეჩერებინათ აღვირახსნილობა და უზნეობა, არც კი მოუსმინეს, ექსტაზით გაბრუებულები (რასაც არც მალავდნენ) იქ მისულ მოძღვარს უკნიდან ასხამდნენ კოკა-კოლასა და სხვა სასმელებს, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ. დაპირისპირებას მოჰყვა არეულობა. იგი შემდგომ გადაიზარდა ჩხუბში თავად მონაწილეებს შორის, თუმცა სამართალდამცავების ჩარევით დამყარდა წესრიგი.

გაიმართა საუბრები მონაწილეებთან. გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას არც კი ჰქონდა გააზრებული, თუ რისი უნებლიე მონაწილენი შეიქმნენ ისინი. ამის გამო, ისინი წუხდნენ და ნანობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ მიიღეს მხილება, დაუფარავად აცხადებდნენ, რომ უზნეობა მათი არჩევანია და ეს მათი უფლებაა. ამაზე ჩვენ მათ ვუპასუხებთ: ქუჩებში მათი აღვირახსნილობა არის უკვე უზნეობის ქადაგება, რის უფლებასაც მათ არ მისცემენ მორწმუნეები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებსაც სურთ ზნეობრივი საზოგადოება, ზნეობრივი გარემო, რომელშიც უნდა აღიზარდონ მათი შვილები, საქართველოს მომავალი თაობა.

რაც შეეხება ზოგადად სატანიზმს, ესაა მეტად საშიში მოვლენა, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრება ყველას: მიმდევრებს - თვითმკვლელობის, როგორც სატანიზმის უმთავრესი მიზნის, პროპაგანდითა და მოწოდებით, ხოლო არამიმდევრებს - რიტუალური მკვლელობებით. სატანიზმის ხელშეწყობა გამოიწვევს საზოგადოების ღია დაპირისპირებას სატანიზმის მიმდევრებისადმი, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სატანიზმის ხელშემწყობლებს.

ჩვენ მოვითხოვთ სატანიზმის ორგანიზებული ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას საქართველოში.(სტილი დაცულია)

რა უთხრა სასამართლოს მოხელეს Halloween-ის ერთ-ერთმა მონაწილემ, 25 წლის ვაჟმა

ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ის ქმედება, რომელიც იქ მოსულმა ადამიანებმა მართლმადიდებლობის სახელით ჩაიდინეს. ღონისძიება უკვე მთავრდებოდა, როცა სცენაზე ამოვიდნენ და აპარატურის მტვრევა დაიწყეს. ეს გაწევ-გამოწევა ნახევარ საათს გრძელდებოდა. ბევრი ადამიანი დაშავდა.

როცა გაზეთსა და ინტერნეტში ჩვენი სანახაობის „სტუმრებისა“ და მათი თანამოაზრეების წერილები წავიკითხე, გაოგნებისაგან ენა დამება: საიდან მოიტანეს ავხორცული ორგიებისა და მართლმადიდებლობის დამარცხების ინსცენირებები, ვერ ვხვდები? საიდან ეს არაამქვეყნიური შიში სიახლის, გართობისა და მხიარულების მიმართ?

ზარალი დიდია, მაგრამ მე, პირადად, ორგანიზატორებს გასაჩივრებას არ ვურჩევ, რადგან გვერდში არავინ დაუდგება, მათ შორის - სახელმწიფოც განზე გადგება. რატომ? მართალია, მსგავსი რამ არასოდეს შემმთხვევია, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ ვცხოვრობ, დაკვირვებისა და ანალიზის უნარი ხომ მაქვს?

რა უთხრა სასამართლოს მასკარადის მონაწილე werewolf-მა ანუ მგელ-კაცამ

ასეთი რამ არც ერთ Halloween-ზე არ მინახავს. თავიდან ყველა მესალმებოდა და ბეწვზე ხელს მითათუნებდა, ბოლოს კი თავ-პირი დამამტვრიეს. ვიწრო ქუჩებით გამოვიქეცი და უსიერი ტყისკენ ავიღე გეზი. ცოტაც და სამშვიდობოს გავიდოდი, რომ ერთ-ერთ მოსახვევთან ქართველი მაქცია შემეფეთა. თავი წარმომიდგინა, - მგელბერიკა ვარო. ჩემი ძმა ყოფილხარ-მეთქი. ძალიან ეამა. გავთამამდი და მოვუყევი, რომ მცემეს ერეკლე II-ის ქუჩაზე, როგორც ამერიკელი და სატანის მსახური. ერთი მგლურად გადაიხარხარა და მითხრა:

- უარესის ღირსი ხარ, რომ არ დამპატიჟე! მე კი „ბერიკაობაზე“ გიწვევ. ოკუპანტი ბერიკაც გვჭირდება, ვინმე უნდა დავითანხმოთ ამ როლზე, დათვის ნიღაბი მოვარგოთ და საჯაროდ გავროზგოთ. რა სანახაობა იქნება - ქართველი და ამერიკელი ბერიკები ერთად რომ მოარჯულებენ დამპყრობელს?!

- დაარტყი ხელი, ძმები ვართ! - ვუთხარი მე აღფრთოვანებულმა. აღარც გვერდები მტკიოდა და აღარც გული. მეგობარიც ვიპოვე და საქმეც გამიჩნდა. გამართლებაც ამას ჰქვია!

დასრულდა ჩვენი სასამართლო. მოწმეთა უმრავლესობა განხილვას დაესწრო, ნაწილმა კი წერილობით მოგვაწოდა საკუთარი პოზიცია.

ჰოდა, მოინდომეთ და განსაჯეთ, შეიგრძენით პასუხისმგებლობის გემო!

11 ინვოლუცია ცოდნის ტაძარში

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

რეალისტური ოქსიმორონი

ავტორი: დავით პაიჭაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ცნებამ „ცოდნის ტაძარი“ ჩემს ცნობიერებაში რამდენიმე ეტაპი გაიარა: თავდაპირველად, უნივერსიტეტში სწავლისას „ცოდნის ტაძარს“ ვანიჭებდი მნიშვნელობას, რომელიც მას უნივერსიტეტის დამფუძნებელმა მამებმა შესძინეს. ეს კონვენციური გაგება კარგა ხანს, წლების მანძილზე გამყვა და ერთხანს მას შემდეგაც ცოცხლობდა ჩემში, რაც უნივერსიტეტის იდეა და რეალური უნივერსიტეტი განვასხვავე. მეორე ეტაპზე უკვე გამიჭირდა, შევგუებოდი ამ შესიტყვებას, რადგან ტაძარი იმ ადგილად მიმაჩნდა, სადაც უწინარესად რელიგიური რწმენით აღვსილი ადამიანები იკრიბებიან, ხოლო ცოდნა რწმენის მსგავსად არ გეძლევა. ცოდნის დაუფლებას სხვაგვარი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე რწმენით შემოსვას. ცოდნა აქტიური რაციოს გარეშე არ არსებობს. რწმენისთვის ეს აუცილებელი არ არის - „მწამს, რადგან აბსურდი“ (credo, quia absurdum est) სწორედ მორწმუნე ინტელექტუალებმა მოიფიქრეს. მესამე ეტაპზე კი აღმოვაჩინე, რომ „ცოდნის ტაძარი“, დიახაც რომ, უზუსტესი დეფინიციაა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. თუ თავს აკუთვნებ რომელიმე აღმსარებლობას - აღიარებ მის ძალიან ძნელად ცვალებად პრინციპებსა და დოგმებს. ვისაც აინტერესებს, იცის, რაოდენ ძნელად რეფორმირდება ესა თუ ის რელიგია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო სამი წლის მუშაობის მანძილზე აღმოვაჩინე, რომ იგივე შეიძლება დაემართოს ცოდნას - არ განახლდეს, არ ისურვონ მისი გამდიდრება, უერთგულონ დოგმებად ქცეულ დებულებებს, უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭონ ტრადიციის შენახვასა და გადაცემას მისი გააზრების გარეშე. აი, ამ მხრივ, უნივერსიტეტი ნამდვილად ცოდნის ტაძარია, ყოველ შემთხვევაში - მისი ის სეგმენტი, სადაც დღემდე ვთანამშრომლობ, მაგრამ აღარ ვმუშაობ. ვგულისხმობ ჟურნალისტურ განათლებას.

მცირე პრეისტორია

თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანად 2005 წლის მარტში დავინიშნე. იმხანად ფაკულტეტზე დაახლოებით 100 საგანს ასწავლიდნენ. ცალკე საგნები იყო, მაგალითად, ჟურნალისტიკის შესავალი, ჟურნალისტიკის პრინციპები და ჟურნალისტიკის საფუძვლები. ასევე ცალ-ცალკე ასწავლიდნენ ჟურნალისტის ოსტატობას, წამყვანის ოსტატობას, ტელეჟურნალისტის ოსტატობასა და კორესპონდენტის ოსტატობას. სემესტრში სწავლობდნენ 12-15 საგანს, თითოეულს - კვირაში ერთი ან ორი საათის დატვირთვით. ფაკულტეტს 600-ზე მეტი სტუდენტი ჰყავდა. არ არსებობდა ბიბლიოთეკა. კატასტროფულად აკლდათ თანამედროვე სახელმძღვანელოები. მუშაობდა ათიოდე ყავლგასული კომპიუტერი. პრაქტიკულად, არ ჰქონდათ ტელე და რადიოჟურნალისტიკის სწავლებისათვის საჭირო აღჭურვილობა. დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ უნივერსიტეტი როინ მეტრეველის რექტორობისას იქცა, ძირითადად (თუ მთლიანად არა), პერსონალზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. სტუდენტები წარმავალი ხალხია, ხოლო პროფესურა და, განსაკუთრებით, ადმინისტრაცია - ჰგიეს უკუნისამდე. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სტუდენტი ერთეულებს თუ ანაღვლებდათ. დამრჩა განცდა, რომ ფაკულტეტზე სწავლება სტუდენტის მოტყუების ოთხწლიანი პროექტი იყო.

ოპოზიციათა ჭიდილში

ორ წელიწადზე მეტია, ერთი იდეა მაქვს და ვერავის გავუზიარე ისე, რომ ხორცი შეესხას: მინდა, გამოვიკვლიოთ, საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს შორის პროცენტულად რამდენმა მიიღო საუნივერსიტეტო ჟურნალისტური განათლება და რამდენი შეუერთდა ჟურნალისტიკას სხვა პროფესიებიდან. ასეთი კვლევა დაგვეხმარებოდა, დაგვესკვნა, რამდენად ეფექტიანია ჟურნალისტური განათლების სისტემა საქართველოში, არიან თუ არა განათლებით ჟურნალისტები კონკურენტუნარიანები, მათი რა ნაწილი ერთგულებს სტუდენტობაში არჩეულ პროფესიას, სჭირდება თუ არა ქართულ მედიას იმდენი ჟურნალისტი, რამდენსაც ყოველ წელს უშვებენ უმაღლესი სასწავლებლები და ა.შ. მგონია, რომ ასეთი კვლევა იქნებოდა პასუხიც ღაღადისა ჟურნალისტთა მწირი განათლების შესახებ - ეგებ აღმოჩნდეს, რომ განათლება მოიკოჭლებს სხვა სფეროებში, იქ, საიდანაც ადამიანები ჟურნალისტიკაში მიდიან.

განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტური განათლების მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტში სწავლის ორივე საფეხურზე - ბაკალავრიატშიც და მაგისტრატურაშიც. როგორც წესი, ბაკალავრი ჟურნალისტები ძალიან იშვიათად აგრძელებენ სწავლას ჟურნალისტიკის მაგისტრატურაში და ამ უკანასკნელს სხვა სპეციალობებში განსწავლული ადამიანები აკითხავენ, ხშირად არაერთი წლის სამუშაო გამოცდილებით. იქაური ბაკალავრიც ხშირად ჩვენსაზე უფროსია, რომელმაც პროფესიის დაუფლება მოწიფული არჩევანის შედეგად გადაწყვიტა. საქართველოში არსებული პრაქტიკა კი მეუბნება - 17-18 წელი უკმარი ასაკია საიმისოდ, რომ მომავალი პროფესიის არჩევაში დარწმუნებული იყო. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლით გაწბილებული არაერთი სტუდენტი მინახავს - ზოგი სწავლების ხარისხის, ზოგიც იმის გამო, რომ ჟურნალისტიკა არ აღმოჩნდა ის, რაც ეგონა ან წარმოედგინა. სწორედ ამიტომ ყოფილ კოლეგებს უნივერსიტეტში განსახილველად შევთავაზე იდეა: აგვემოქმედებინა ორწლიანი მაგისტრატურა, მომართული პრაქტიკოსი ჟურნალისტების მომზადებაზე, ხოლო ბაკალავრიატში სტუდენტებს ჟურნალისტიკა აერჩიათ მხოლოდ დამატებით სპეციალობად და ჟურნალისტიკის მიმართულება გახსნოდა ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს. ასე მივიღებდით კურსდამთავრებულებს, რომელთაც ძირითადი განათლება ექნებოდათ რაიმე სხვა სფეროში, ხოლო ჟურნალისტად მუშაობას დაიწყებდნენ, თუ აღმოაჩენდნენ, რომ ეს პროფესია მართლაც მათი მოწოდებაა. შეთავაზებამ აზრი დაკარგა, რადგან უნივერსიტეტმა საერთოდ გააუქმა ვალდებულება, სტუდენტს ბაკალავრიატში სწავლისას აერჩია დამატებითი სპეციალობა; მეორეც, ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესურის ნაწილმა ეს შეთავაზება - არ ვიცი, საკუთარი ინტელექტუალური გაქანების გამო, არ ვიცი, განზრახ დამახინჯების მიზნით - აღიქვა და გაავრცელა, როგორც მცდელობა, არსებითად გაუქმებულიყო ჟურნალისტიკის სწავლება თსუ-ში და ჟურნალისტიკა ქცეულიყო მეორეხარისხოვან სპეციალობად. თქვენ, მკითხველო, მჯერა, უკვე იგრძენით განსხვავება. თსუ რექტორი გვერდით დაუდგა ამ პროფესურას, რომელიც უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სწავლებისა თუ მეცნიერული მუშაობის ხანგრძლივ და სახელოვან ტრადიციებზე აპელირებდა. რექტორის მხარდაჭერა სამომავლოდ, ალბათ, ამ ტრადიციების შენარჩუნებასაც ნიშნავს. მე კი ოთხწლიანი ბაკალავრიატის შემთხვევაშიც ვხედავ გამოსავალს: პირველი ორი წლის მანძილზე სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა ჰუმანიტარული, სოციალური თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებსა და დისციპლინებს, იწაფება ინგლისური ენის ცოდნაში, ერკვევა ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მოქმედების წესებსა და სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში და, მხოლოდ ამ პირობით, ბოლო ორი წლის მანძილზე ეძლევა საშუალება, ისწავლოს ჟურნალისტიკა. მიმდინარე სასწავლო წელი კოლეგებთან ერთად სწორედ ასეთი სწავლების მოსამზადებლად უნდა დამეთმო.

შეთავაზებული რეფორმა ეფუძნებოდა ხანგრძლივ დაკვირვებას სასწავლო პროცესზე, სწავლების ეფექტსა და პროფესურაზე. ვითარება, რომელიც ფაკულტეტზე დამხვდა, პირველი რიგის მაქსიმალისტურ მიზნად მისახავდა მარტივი დევიზის რეალიზებას: არ ავნო. რადგან ცოდნა, რომელსაც პროფესორთა საგრძნობი ნაწილი სტუდენტებს უზიარებდა, სრულიად გამოუსადეგარი, ხოლო ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ საზიანო იყო ჟურნალისტიკაში, როგორც პრაქტიკულ ასპარეზზე საქმიანობისათვის. პროფესურის ნაწილი უაღრესად კონსერვატიული აღმოჩნდა; კანონი უმაღლესი განათლების შესახებ სამეცნიერო ხარისხის მქონე პირებს აკადემიური თანამდებობის დაკავებისას უპირატესობას აძლევს. სამეცნიერო ხარისხი ჟურნალისტიკის პროფესორთა უმრავლესობას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ისტორიაში ან ჟურნალისტიკის თეორიაში დაწერილი შრომებით. ხარისხების კონვერტირებამდე ისინი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები გახლდნენ. ახლა ზოგი მათგანი CV-ში წერს, რომ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორია, თუმცა, იმავე CV-ში არ უთითებს, რა ერქვა მის სადისერტაციო ნაშრომს. სამეცნიერო ხარისხმა ამ ადამიანებს გაუჩინა განცდა, რომ შეუცვლელნი არიან, ამდენად, არც მათი ცოდნის შეცვლა და განახლებაა საჭირო. კონსერვატიულობა ცოდნის დაკონსერვებაში გამოიხატა. პროფესურის ეს ნაწილი სტუდენტებსაც ყოველ წელს ამ კონსერვს აჭმევდა და კვლავაც შეაჭმევს. შინაგანი იმპულსი ცოდნის გასამდიდრებლად მათ არ გააჩნიათ. გარეგან იმპულსებზე კი მტკივნეულად და ნეგატიურად რეაგირებენ. ცოდნის ქცევას დოგმებად, მის გახევებას ახლავს სტუდენტებთან ურთიერთობის ავტორიტარული მანერა, დამორჩილების სულისკვეთება ან პროფესიული უმწეობის შესანიღბად გამოხმობილი ფამილარობა. შედეგად, უკეთეს შემთხვევაში, იღებ გაუცხოებულ ან მეამბოხე სტუდენტს, რომელიც, თუ ნება და ძალისხმევა აღმოაჩნდა, თვითონ მიაგნებს განათლების ალტერნატიულ წყაროებს. ჩვეულებრივ კი, გამოგყავს დამოკიდებული (dependent), ორთოდოქსიისკენ მიდრეკილი კურსდამთავრებული, რომელსაც გაუჭირდება განსხვავებულ აზრთა შეწყნარება და კრეატიულ მიდგომათა გამოვლენა. შესაძლებელია სხვაგვარი პროდუქტიც: კონფორმისტი მორალური რელატივიზმით. ეს ბრწყინვალე მასალაა იმ ტიპის მედიისათვის, დღეს საქართველოში ყველა რომ დასტირის. პოლიტიკოსები, ინტელექტუალები, მოღვაწეები, NGO სექტორის წევრები ჩივიან, რომ მედიას თავისუფლება წაართვეს, მაგრამ თავად დასაქმებული და თავისუფლებაწართმეული ჟურნალისტები ხმას - არ ან ვერ იღებენ.

მისი არჩევანი

თსუ-ში აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა აკადემიური პერსონალის კონკურსი. უნდა შეერჩიათ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის, რომელშიც მოქცეულია ჟურნალისტიკის მიმართულება. ჟურნალისტებისთვის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა პირადად თსუ რექტორმა. საკონკურსო კომისია გაეცნო საკონკურსო განაცხადებს, კანდიდატთა სილაბუსებს, ნაშრომებს, ზოგიერთს გაესაუბრა კიდეც. მიიღო გადაწყვეტილება და დაწერა დასაბუთებული ოქმი. ოქმში ისიც ეწერა, რომ პროფესორობის კანდიდატს, მარინე ვეკუას, პლაგიატი აღმოაჩნდა. ის არ იმსახურებს პროფესორის წოდებას. საკონკურსო კომისიის ოქმში ქ-ნი ვეკუა არ იხსენიებოდა გამარჯვებულთა შორის. უნივერსიტეტმა არ გაიზიარა ეს დასკვნა და ქ-ნ ვეკუას პროფესორობა დაუდასტურა. რექტორმა გამოსცა ნორმატიული აქტი, რომლის ძალითაც ქ-ნ ვეკუას ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების უფლება მიენიჭა. მეორე ნორმატიული აქტით რექტორმა პლაგიზირებული ნაშრომი ექსპერტიზისთვის საქპატენტს გადაუგზავნა. სანამ ეს მოხდებოდა, სწავლება უკვე დაგეგმილი იყო. ამის მიუხედავად, ქ-ნმა ვეკუამ მოახერხა და უნივერსიტეტში შემოაბრუნა თითქმის ყველა, ვინც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი ვერ გაიარა. ოქტომბერში ამ სტრიქონების ავტორმა შეისწავლა ქ-ნ ვეკუას კიდევ ერთი, წიგნად დასტამბული ნაშრომი და აღმოაჩინა, რომ ავტორისეული ტექსტი მთლიანად, 100%25-ით გადმოწერილია ერთი რუსი მეცნიერის წიგნიდან. გადმოწერილ ტექსტს არ ახლავს არც ერთი მითითება რუსი მეცნიერის წიგნზე, როგორც ციტატის ან აზრის წარმოშობის წყაროზე. ამ ფაქტს უნივერსიტეტმა საერთოდ წაუყრუა, ხოლო რექტორმა, რომელსაც პირველ პლაგიატთან დაკავშირებით დაშვებული ინტელექტუალური შეცდომის შემდეგ ორიენტირება უწევდა აბერაციული მორალის კოორდინატთა სისტემაში (ამ აზრს მარტივად გადმოსცემს ორი მსუყე ქართული ზმნა, რომელთაც აქ არ დავწერ), კერძო საუბრისას განმიცხადა, რომ მე ჩრდილი მივაყენე უნივერსიტეტს ვეკუას ამბის გახმაურებით. უნივერსიტეტს ჰქონდა საფუძველი, არაფრად ჩაეგდო აკადემიური კლეპტომანიის ფაქტები, რადგან, ბ-ნი რექტორის თითქმის სამწლიანი მმართველობის მიუხედავად, თსუ-ში არ მიუღიათ პლაგიატზე რეაგირების წესი. დაწინაურებული ქვეყნების უნივერსიტეტებში სტუდენტსაც კი პლაგიატის გამოვლენისთანავე გარიცხავენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჯობინეს, ჟურნალისტური განათლება ჩაებარებინათ იმ ადამიანებისათვის, ვინც რეფორმის დაწყებამდე ჟურნალისტიკის რუსული საბჭოთა თეორიით უგლესდა ტვინს სტუდენტებს და თავად დღესაც იმდენად ღრმად და გულწრფელად სწამს ამ თეორიისა, რომ იმის იქით გახედვაც არ უნდა. ჟურნალისტიკის საბჭოურად შესწავლას კი, სულ ცოტა, ორი შედეგი მოჰყვება: აღიჭურვები გამოუსადეგარი თეორიული, აბსტრაქტული ცოდნით და თან შეიძლება, გჯეროდეს, რომ საზოგადოების აზრთა მპყრობელი ხარ პუბლიცისტიკაში დაოსტატების ძალით. ხოლო პუბლიცისტიკა, მოგეხსენებათ, ჟურნალისტიკის ხერხემალია (რატომ არა კუდუსუნი? - ამაოდ ვკითხე ჩემს ერთ ყოფილ კოლეგას). თავისი არჩევანითა და გადაწყვეტილებით უნივერსიტეტმა ამ ხერხემალის მალები გაამარგა. უნივერსიტეტი, საბჭოთა ცოდნით შემოსილი პროფესურის სახით, ებღაუჭება წლების წინ კრახგანცდილ ჟურნალისტურ განათლებას და ცდილობს, ეს კრახი ნორმად უქციოს სტუდენტებს. მგონია, რომ განმეორებითი კრახიც გარდაუვალია.

წინ, წარსულისაკენ

ქართულ მედიაში ვხედავთ, რა მოაქვს ჟურნალისტების, ვითარცა პუბლიცისტების აღზრდას: ჯერ ერთი, გამოუცდელობის, ნაკლები ცოდნისა და ახალგაზრდა ასაკის გამო, ჟურნალისტი, ნაცვლად იმისა, რომ ცხვირით მიწას თხრიდეს სანდო ახალი ამბების მოსაძიებლად, მდარე სიტყვიერი ეკვილიბრისტიკის წიაღში ინთქმება. შედეგად იღებ „ჟურნალ-გაზეთებს“, რომელთაც აქ არ ჩამოვთვლი - nomina sunt odiosa (ოდიოზური სახელწოდებები). სხვათა კვალად, მეც ვიზიარებ, რომ პუბლიცისტიკა ჟურნალისტიკაში უფრო უნაყოფო მიმართულება გახლავთ, რადგან არ შეუძლია, გაიჩინოს ახალი მკითხველები. პუბლიცისტს თავისი მკითხველი ჰყავს, რომელსაც პუბლიცისტის ტექსტი გულზე მტლად ედება და სხვა პუბლიცისტები დიდად არ აინტერესებს. პუბლიცისტებს უპირატესად კითხულობენ და უსმენენ ადამიანები, რომლებიც მათ ამ კითხვა-მოსმენის გარეშეც ეთანხმებიან (ამ საკითხზე წერენ არგენტინელი ჟურნალისტი მარიანო გრონდონა და კუბური წარმოშობის ესპანელი მიმომხილველი კარლოს ალბერტო მონტანერი ესეში Journalism and Values, კრებული Culture Matters: How Values Shape Human Progress). სამი წლის წინ თსუ-ში წამოწყებული ჟურნალისტური განათლების რეფორმა მიზნად ისახავდა ახალი ამბების მიგნებასა და მიწოდებაზე ორიენტირებული სტუდენტების მომზადებას, რასაც თან ახლდა მცდელობა, სტუდენტებთან „მოძღვარი-შეგირდის“, უფროს-უმცროსობის პარადიგმიდან გადავსულიყავით ჰორიზონტალურ, კოლეგიალურ და პროდუქტიულ ურთიერთობებზე. რაღაც გამოგვივიდა. მაგრამ წლევანდელი სასწავლო წელი მომავალი ჟურნალისტებისთვის უნივერსიტეტმა რეტროგრადული შემოქცევითა და ძალიან საეჭვო მორალური არჩევანით დაიწყო.

ობიექტური პირობები

ამას წინათ თსუ-ის ერთ პროფესორს ვესაუბრებოდი (არა ჟურნალისტიკის მიმართულებიდან). მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა: ჩემი აზრით, უნივერსიტეტი არის სოციალური პროექტი, სადაც სტუდენტები იღებენ წელიწადში 1500-ლარიან განათლებას, ხოლო პროფესურა და ადმინისტრაცია იღებს ხელფასს. დიდად კმაყოფილი არავინაა, მაგრამ არც უკმაყოფილება მიუახლოვდება კრიტიკულ ზღვარს.

დასაქმება, ლოიალობა, სტაბილურობა - ალბათ ასე შეიძლება გადმოიცეს ამ სოციალური პროექტის მიზნები (თუ, ცხადია, პროფესორის ნათქვამს გავიზიარებთ). განათლების ადგილი აქ სად რჩება, არ ვიცი. აუარებელი სტუდენტი - მხოლოდ ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების თავის ტკივილი არ არის. ჟურნალისტიკის მიმართულებაზე დღესაც 600-ზე მეტი სტუდენტი მოდის. ბიბლიოთეკა არსებობს, მაგრამ ძალიან პატარაა - 30 კაცს ძლივს იტევს. მოქმედებს ორი კარგად აღჭურვილი სასწავლო რადიოსტუდია. შეემატათ 20 ციფრული დიქტოფონი და სამი ტელეკამერა. სტუდენტებს შეუძლიათ 25 კომპიუტერთან იმუშაონ. სრულფასოვანი სწავლისთვის საჭიროა, კომპიუტერები სტუდენტთა რიცხვის მესამედი მაინც იყოს და 5 სტუდენტზე ერთი ტელეკამერა მოდიოდეს. სტუდენტთა რაოდენობის გამო, დრო და სივრცე საკმარისი არ არის მათთან პროდუქტიული მუშაობისათვის. არადა, ახალი თაობის სტუდენტებში, წინა თაობებთან შედარებით (მე-16 წელია, ვკითხულობ ლექციებს თსუ-ში), აშკარად მეტობს მოტივირებულ და ენთუზიასტ სწავლის მოსურნეთა რიცხვი. ამ დროს ერთი პროფესორი წიგნებს მალულად იწერს და ქართული კარგად არ იცის; მეორე სილაბუსში აცხადებს, რომ ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ჟანრის მიზანი მოწინააღმდეგის განადგურებაა; მესამე პუბლიცისტურ წერილებს „აშინაარსებინებს“. მეოთხე ტიპური homo unius libri-ა - ერთი წიგნის კაცი. მცოდნე ხალხსაც ნახავთ, მაგრამ „პარადი სხვას ჩააბარეს“. თქვენც იფიქრეთ, სად ჩააბაროთ გაისად.

12 რთველის რიტორიკა

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

წლების განმავლობაში საქართველოში რთველის გარკვეული ნორმები ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, ამ ნორმებს არაფერი აქვს საერთო მეღვინეობასთან, თუმცა კი ძალზე ზუსტად ასახავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ასე იყო 70-იან წლებში, რთველი (და ზოგადად ვენახი) მაშინაც გარკვეული პოლიტიკის თუ იდეების მსხვერპლად იქცეოდა ხოლმე, და ასეა ახლაც, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ძალოვანების დაქვემდებარებაში გადადის, მათი ოპონენტები კი არაფრისადმი ინტერესს არ ამჟღავნებენ, გარდა ქარხნებთან შექმნილი რიგებისა. რთველის დაწყებასთან ერთად ორმხრივი უსაგნო კამათი იწყება, რომელშიც ვერც ვაზს ნახავთ სადმე და ვერც ღვინოს, სამაგიეროდ, ბევრისთვის ეს „კამათი“ ქულების დაგროვების კარგი საშუალებაა, წლების მანძილზე ნაწრთობი „რთველის რიტორიკა“ კი უფრო იხვეწება.

ამ რიტორიკის მთავარი შემადგენელი გლეხია. როცა იტყვიან, „გლეხი“, იქ თავისთავად იგულისხმება ხოლმე „მევენახეც“ და „მეღვინეც“, იმას კი არავინ იაზრებს, რომ ყველა ნაგულისხმევი „გლეხი“ კარგი მევენახე და მეღვინე ვერ იქნება, რომ მხოლოდ შეწამლვაზე და დროულ გაფურჩნაზე არაა დამოკიდებული ხარისხიანი მოსავალი და კარგი ღვინო, და რომ მარტო გლეხური ინტუიცია არ კმარა საამისოდ. შეიძლება ითქვას, ყველა გლეხს „იცავს“, ყველა მისი სახელით სპეკულირებს, ხელისუფალიც, ოპოზიციონერიც და პრესის ზოგიერთი წარმომადგენელიც, არსებითად კი, სამივე თავგზას უბნევს მას და ყველაზე მოტყუებული ბოლოს სწორედ გლეხი რჩება. მოტყუებული, ანუ ცოდნის, სახსრისა და იმედის გარეშე.

ყველაფერმა ამან იქამდე მიიყვანა გლეხი, რომ აღარავის ენდობა, აღარც კოოპერატივის იმედი აქვს და არც ამხანაგობების. საქმე კი წინ არ მიიწევს, ცოდნაზე და განათლებაზე არავინ ზრუნავს, დაკვალიანებაზე და სტანდარტების დადგენაზე არავინაა პასუხისმგებელი, არავინ საუბრობს ღვინის ხარისხზე. დღესაც, ძველებურად, რაოდენობა ფასდება ყველაზე მეტად, ღვინის არსი და გნებავთ ღვინის ფილოსოფია ყველამ დაივიწყა. ბევრნი, იმის ნაცვლად, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ საკითხი, ეძიონ გამოსავალი, გაითვალისწინონ უცხოური გამოცდილება და კომპეტენტური აზრი გამოთქვან, ქარხანასთან ჩამწკრივებული მანქანების რიგს ზომავენ დიდი ნაბიჯებით და ამა თუ იმ ქარხნის შარშანდელი დავალიანების შესახებ გვაუწყებენ მხოლოდ.

ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება, ამიტომ რთველზე სტატიის დაწერა შესაძლოა მოსაბეზრებელ საქმიანობადაც იქცეს. არ იცვლება რთველის შეფასების კრიტერიუმები, მიდგომები, ყურძნის ფასის დადგენის საქმეში სრული ქაოსია. ერთ ფასად იბარებენ წინანდლისა და ჩალაუბნის რქაწითელს, მუკუზნისა და თოხლიაურის საფერავს. გარდა ამისა, თითქმის არაა ფასში სხვაობა საფერავსა და რქაწითელს შორის. ამის შესახებ ერთხელ უკვე გვქონდა საუბარი, რომ აუცილებელია ვენახების გარკვეული საფასო კლასიფიკაცია გაკეთდეს, შეიქმნას ე.წ. „კრუს ტაბულა“, სადაც ყოველი რთველის წინ გარკვეული კოეფიციენტის მიხედვით შეფასდებოდა ყურძენი. კახეთში თუნდაც ერთ მიკროზონაში რომ განხორციელებულიყო ეს სიახლე, დარწმუნებული ვარ, პირველივე წელს მივიღებდით შედეგს და გამოჩნდებოდა ამ მეთოდის უპირატესობა დღევანდელ აბსურდულ კლასიფიკაციასთან შედარებით. ყოველ წელს მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიწეროს ვენახები, დადგინდეს მიკროზონების საზღვრები, ვენახების ზუსტი ფართობი და მისი პოტენციალი, მაგრამ საქმეს ხან რა უშლის ხელს, ხან რა, სწორედ ამიტომაც, გვაქვს 10-ჯერ მეტი „მოსავალი“ ხვანჭკარაში, ვიდრე ეს 300-400 ჰექტარზეა შესაძლებელი (სხვა მონაცემებით, ხვანჭკარა 150-170 ჰექტარს მოიცავს მხოლოდ), და აუარება „წინანდალი“, რომელიც შეუძლებელი იყო 600 ჰექტარზე მოწეულიყო.

წლევანდელი მოსავალი

მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, კახეთში ერთი გერმანელი მეღვინე ცხოვრობდა, გ.ი. ლენცი, რომელმაც მაშინდელ პრესაში არაერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ქართული ღვინის შესახებ. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინაც ვორონცოვის მმართველობის პერიოდში სერიოზული ყურადღება მიაქცია ადგილობრივ ჯიშებს და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გაუმჯობესების საქმეს ჩაუდგა სათავეში. 1846 წელს, გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მან რამდენიმე შენიშვნა მისცა ტრადიციული მევენახეობის მიმდევრებს. ლენცი ძალიან აფასებდა ქვევრს და მას ღვინის ყველა სხვა დანარჩენ (სადუღარ თუ დასაძველებელ) ჭურჭელზე მაღლა აყენებდა, თუმცა ბევრი რამ იყო ისეთი, რაც მიუღებელი აღმოჩნდა გერმანელი მეღვინესთვის, განსაკუთრებით კი ეს შენიშვნები ნაადრევ რთველს ეხებოდა. იგი წერდა: „აქაურები, რთველს, როგორც წესი, ალავერდობის მეორე დღეს, 15 სექტემბერს იწყებენ (ახალი სტილით, 29 სექტემბერს), რაც ძალიან ადრეა“-ო.

თავად ლენცი რუისპირში დასახლებულა თურმე, გაუშენებია ვენახები და მისი მეცადინეობით მთელს სოფელში ოქტომბრის მეორე ნახევრისკენ გადაწეულა რთველი. საქმე ისაა, რომ 1845 წელს მას გლეხებისგანაც მიუღია ყურძენი და რადგანაც ლენცზე უკეთესი მუშტარი არა ჰყავდათ რუისპირელებს, იძულებულნი გახდნენ, გვიან დაეწყოთ მოსავლის აღება, გერმანელის გემოვნების მიხედვით.

ეს დიდი ხნის წინ ხდებოდა, მას შემდეგ 160-ზე მეტი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის რთველის დაწყების პრინციპებშიც, თუმცა ვერც ლენცი და ვერც მისი თანამედროვე გლეხები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 2008 წელს კახელები სექტემბრის პირველ რიცხვებში (ანუ ალავერდობამდე ერთი თვით ადრე) დაიწყებდნენ ნაცრიანი ყურძნის კრეფას. დაიწყებდნენ არა სადმე დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც, როგორც წესი, ადრე მწიფდება ყურძენი, არამედ კარდენახში, გურჯაანში და ალაზნის მარცხენა ნაპირზეც, ყვარლის რაიონის ზონებში.

წელს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ძალზე ცივი და წვიმიანი გაზაფხულის შემდეგ, ივნის-ივლისში კიდევ უფრო აირია ამინდები და ისე უცნაური მონაცვლეობით მიყვა ერთმანეთს წვიმა და სიცხეები, რომ აშკარა გახდა, ნაცარი გარდაუვალი იყო. ბევრმა სათანადოდ ვერ ან არ უწამლა ვენახს და მოსავლის დიდი ნაწილიც დაკარგა. ყურძენს თავისი დაღი დაასვა გვალვიანმა აგვისტომაც, სიცხეებმა მარცვალს განვითარების საშუალება არ მისცა და წვიმამაც ყველაზე უდროო დროს, რთველის წინა და ზედ რთველის პერიოდში მოუსწრო ვაზს. თუკი ივლისში ჯერ კიდევ იყო დაზიანებული ვაზის გადარჩენის შანსი, სექტემბრის უამინდობამ ეს შანსიც გამორიცხა.

შარშანდელი დიდი მოსავლის გამო ბევრ ვენახში ნაკელის და სხვა სასუქის შეტანა გახდა საჭირო და ვინც ეს ვერ მოახერხა, შესაბამისად, გამოსავალიც ნაკლები ჰქონდათ.

ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ ავდარი აღმოჩნდა. აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ბევრგან დაისეტყვა ვენახები, ქართლიდან მოყოლებული (მაგ. მცხეთაში) - კახეთის ბოლო სოფლებით დამთავრებული. დაისეტყვა საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ყვარლის რაიონები, განსაკუთრებით, სოფლები ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, ვანთა, აკურა, წინანდალი, შილდა, საბუე, გავაზი. წინანდლის მიკროზონაში თითქმის ნახევარი მოსავლისა გაფუჭდა, ვერც მუკუზანში მოვიდა შარშანდელისნაირი საფერავი, მანამდე კი ნაცარმა დააზიანა კარდენახის, ვაქირისა და ბევრი სხვა სოფლის ვენახები. სხვებთან შედარებით უკეთესი ხარისხის ყურძენი მოვიდა ნაფარეულის მიკროზონაში, ასევე ახმეტის რაიონშიც.

შედარებით უკეთესი ვითარება იყო ქართლში, თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რაც წლევანდელ აგვისტოსა და სექტემბერში შიდა ქართლში ხდებოდა, ეს „ვითარებაც“ ძალზე მუქ ფერებში უნდა დავინახოთ. ქართლში შარშანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები რაოდენობით ყურძენი მოვიდა და აქაც საკმაოდ გვიან, სიმწიფის პერიოდში გამოვლინდა ჭრაქი, თუმცა მოსავლის დიდი ნაწილი კომპანია „ბაგრატიონმა“ ჩაიბარა (ჩინური - 80 თეთრად) და დაბინავების პრობლემა გლეხებს არც გასჩენიათ.

წვიმიანი და ტალახიანი რთველი იყო იმერეთშიც. ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონის 20-ზე მეტ სოფელში, სადაც კი მომიწია ყოფნა, ყველგან დაზიანებული იყო ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნას ვენახები. შედარებით კარგად ეჭირა თავი ოცხანურ საფერეს.

რაჭული რთველი

წვიმებისა და უამინდობის გამო წელს რაჭაში რთველი შარშანდელზე გაცილებით გვიან დაიწყო. ხვანჭკარის მიკროზონაში შემავალ ზოგიერთ სოფელში კი ნოემბრის პირველ რიცხვებამდე არ იყო ყურძენი დაკრეფილი.

საკმაოდ დაბალი იყო მოსავლის ხარისხიცა და რაოდენობაც, რაც გამოიწვია არასახარბიელო კლიმატურმა პირობებმა. უამინდობამ ყვავილობის პერიოდიდან მოყოლებული - მწიფობამდე, არ მისცა საშუალება ყურძენს ბოლომდე განევითარებინა მიკროზონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. ზოგიერთ ნაკვეთზე, როგორც მაგალითად, სოფ. სადმელში, რიონისპირა ჭალაში (ვაშლარი), ძირაგეულში და სხვ., ძალზე მცირე რაოდენობით საღი მტევანი გადაირჩა.

მოსავლის დიდი ნაწილი საკმაოდ გვიან, მწიფობის პერიოდში გაფუჭდა, მაშინ, როცა შეწამვლითი თუ ყველა სხვა ოპერაცია დასრულებული იყო. მაგალითად, სოფელ წესში, ზოგიერთ ვენახში სულ რამდენიმე საათის განმავლობაში განადგურდა წულუკიძის თეთრას მოსავალი.

ერთიანი სურათის მიუხედავად, ბევრ ნაკვეთში ძალზე კარგი მოსავალიც მოვიდა (იგულისხმება ხარისხი და არა რაოდენობა) და დაუზიანებელი მტევნების გადარჩევის შემთხვევაში ხარისხიანი ღვინომასალის მიღებაც შეიძლება.

ყურძნის მიღება თავდაპირველად ხვანჭკარისა და ბუგეულის ქარხნებმა დაიწყეს. ხვანჭკარაში (შპს „ხვანჭკარა“) ხელშეკრულების თანახმად გადამუშავდა 70 ტონამდე ყურძენი, ბუგეულში (შპს „ალექსანდროული“) კი ტკბილის წასაღებად უკვე 20-22 ოქტომბრიდან ჩავიდნენ კომპანია „ვაინმენი“, „თბილღვინო“, „თელიანი ველი“ და მთლიანად გადამუშავდა 235 ტონა ყურძენი. ასევე ჩაიბარეს ყურძენი „ქართული ღვინის სახლმა რაჭაში“ (80 ტ.), ჭრებალოში შპს „რაჭულმა ღვინომ (75 ტ.) და ამბროლაურში, „ოქროს ხვანჭკარამ“ (50 ტ.). ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი დაიკრიფა კომპანიებისა და ადგილობრივი ღვინის საწარმოების კუთვნილი ვენახებიდანაც, სოფლებში: ჭყვიში, ჟოშხა, ბუგეული, ძირაგეული, სადმელი.

ჩაბარების ფასით უკმაყოფილება ნაკლებად შეიმჩნეოდა, თუმცა ხვანჭკარის მიკროზონის ზოგიერთ სოფელში (განსაკუთრებით იმ სოფლებში, რომლებიც საკმაოდ მოშორებულია ამ მიკროზონის გულ სოფლებს) დიდი უკმაყოფილება ჩანდა იმის გამო, რომ მათ ყურძენს არ იბარებდნენ „სახვანჭკარედ“, ანდა ძალზე დაბალ ფასში ითხოვდნენ მის ჩაბარებას. არადა სოფლები, რომლებზეცაა საუბარი (მაგ. წესი, ქვიშარი, ხიმში და სხვ.), კანონის მიხედვით, ხვანჭკარის მიკროზონაში შედის.

საუბარი იყო იმაზეც, რომ ყურძნის საერთო ფასიდან (3 ლ.) გლეხები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დამატებულ 1 ლარს იღებდნენ, დანარჩენი 2 ლარის გადახდას კი რამდენიმე თვის შემდეგ პირდებოდნენ.

ფასები და მომავალი

რაჭას ფასის მხრივ ნაკლები პრობლემა ჰქონდა, აი, კახეთში კი წარმოუდგენლად რთული გახდა ღვინის დაბინავება ან ნორმალურ ფასში მისი ჩაბარება. ცალკე საკითხია ფასების კონტროლის ბოლო დროს დამკვიდრებული წესები, როცა დაინტერესებული პირები (ადგილობრივი ადმინისტრაცია, ძალოვანები და სხვ.) ცდილობენ თბილისიდან ან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მყიდველი აკონტროლონ, რათა მათი ნებართვის გარეშე მევენახეებთან არ მივიდნენ და იმაზე მეტი არ გადაიხადონ, ვიდრე ქარხნები იხდიან. წელს, სუბსიდია კახეთშიც გამოიყო გლეხების დასახმარებლად, რომელიც გულისხმობდა ე.წ. „ქარხნის ფასზე“ გარკვეული თანხის დამატებას: თეთრ ყურძენზე 15 თეთრს, წითელზე კი 25-ს. ბევრს იმედი გაუჩნდა, რომ შარშანდელ ფასს (დაახლ. 30-50 თეთრი) დამატებული 15-20 თეთრი შეღავათი იქნებოდა გლეხისთვის, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქარხნები 20 თეთრზე ძვირად არ იბარებდნენ ყურძენს, შესაბამისად კი ფასი შარშანდელს არ ასცილებია. პროგრესი გასულ წელთან შედარებით ის იყო, რომ წელს გაცილებით მცირე მოსავალი მოვიდა, რის გამოც განსაკუთრებულ ექსცესებსაც გადაურჩა კახეთი. ამაში პოლიციამაც შეიტანა თავისი წვლილი. სექტემბრის შუა რიცხვებში „რეზონანსის“ ჟურნალისტი წერდა: „კახეთის სოფლებში სპეცრაზმი და პოლიცია „რთველი - 2008“-ისთვისაც მობილიზებულია, ოღონდ ნიღბების გარეშე. გლეხებს პროტესტის გამოხატვა ამჯერადაც აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ მათ მოსავალს ქარხანა დაიწუნებს და შემოსავლის გარეშე დარჩებიან“. აქედან სრულიად აბსურდული სიტუაცია მივიღეთ, რომლის შესახებაც რადიო „ჰერეთის“ ერთ-ერთ ნიუსში ამოვიკითხე. სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის მკვიდრს წამოსცდა: „ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია და თუ უკმაყოფილებას მაინც ხმამაღლა გამოთქვამთ, დასჯის ნიშნად, არცერთი ღვინის ქარხანა თქვენს ყურძენს არ მიიღებსო, - შემოგვითვალეს გამგეობიდან. ისედაც არ იბარებენ ჯერჯერობით ამ ყურძენს და როცა ჩაიბარებენ, მაშინაც რომ არ მიიღონ ჩვენი მოსავალი, პურის გარეშე დავრჩებით“.

სამართალდამცავების გააქტიურებას არც თავად ძალოვანები და ყოფილი ძალოვანები (როგორც მაგალითად გიორგი ღვინიაშვილი, კახეთის გუბერნატორი) უარყოფდნენ: „სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გამოყო სუბსიდია, რომლის ფარგლებშიც მევენახეები შავ ყურძენზე 25 თეთრს, ხოლო თეთრ ყურძენზე დამატებით 15 თეთრს მიიღებენ. ამ ვაუჩერებით ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა რომ არ ისარგებლონ ბოროტად და საკუთარ ვენახებში დაკრეფილ ყურძენზე არ გასცენ სუბსიდიით გათვალისწინებული თანხა, ამ ფაქტების თავიდან ასაცილებლად პოლიცია გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს“, - აღნიშნავდა გიორგი ღვინიაშვილი. ქარხნების მესვეურები კი ძალიან დაბნეულები ჩანდნენ. ზოგი ამბობდა, რომ აპირებდნენ ყურძნის მიღებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგანაც სუბსიდიის ვაუჩერებს ვერ იღებდნენ. სხვები სასწორის გაუმართაობას ადანაშაულებდნენ. ერთი ქარხნის დირექტორმა აღნიშნა: „ქარხანას აქვს სურვილი, ყურძენი მიიღოს, მაგრამ ორგანიზაციას, რომელსაც ჩვენთან ყურძნის მიღებაზე ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, კონტრაქტი ამ დრომდე არ გაუფორმებია. შესაბამისად, ყურძენს ჯერჯერობით ვერ მივიღებთ“-ო. მეორემ კი დაამოწმა: „ამ დროისთვის სპონსორთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც არ ვიცი, როგორ დამთავრდება. მოლაპარაკების ფარგლებში საუბარია მხოლოდ თეთრი ყურძნის მიღებაზე (1 კილოგრამი 20 თეთრად), რასაც დაემატება სახელმწიფო სუბსიდიით გათვალისწინებული თანხა, 15 თეთრი. საფერავის მიღებას საერთოდ არ ვგეგმავთ, თუ არ დაგვავალეს“-ო.

დღეს კახეთში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელნი გარკვეულწილად ეს ამორფული, უსახური ქარხნებიც არიან, რომელთა პროდუქცია, როგორც წესი, საერთოდ არ ჩანს ხოლმე ბაზარზე, რომლებიც ლამის ყოველ წელს იცვლიან დასახელებას, არ ზრუნავენ ღვინის ხარისხზე და ძირითადად სახელმწიფოსა და გლეხის შუამავლობით არიან დაკავებულნი. როგორც გამოჩნდა, ბევრი მათგანი უპირო შუამავალია, სწორედ მათ გამოა, რომ გლეხი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. არადა, საბედნიეროდ არსებობენ საქართველოში კომპანიები, რომელთაც ღვინის საკუთარი ფილოსოფია გააჩნიათ და უკანასკნელი წლების განმავლობაში საგრძნობი წინსვლა აქვთ ხარისხის და სიახლეების თვალსაზრისით. ზოგ მათგანს ვენახებიც თავისი აქვს, თუმცა გლეხებისგან მაინც საკმაო რაოდენობით ყურძენს შეისყიდიან, თანაც გლეხმა თავისი დამკვეთისგან ზუსტად იცის, თუ როგორი ხარისხის უნდა იყოს ყურძენი და ისიც მთელი წლის მანძილზე ზრუნავს ხელსაყრელ ადგილას გაშენებულ თავის ვენახზე და თუ საჭირო გახდა, ხელოვნურადაც ამცირებს მოსავლიანობას. მთელი კახეთი რომ ამგვარ სისტემაზე გადავიდეს, ყველა მცირე საწარმომ თუ კომპანიამ რომ ხარისხზე ზრუნვა დაისახოს მთავარ მიზნად და ზედმიწევნით დაიცვას კანონი (1. არ შეურიოს ადგილწარმოშობის ღვინოებში სხვა ზონაში დაკრეფილი უხარისხო ყურძენი, 2. არ ჩამოასხას ერთი და იგივე ცისტერნიდან 5 დასახელების ღვინო და ა.შ.), გლეხის პრობლემაც შედარებით ადვილად დარეგულირდება.

სამწუხაროდ, დღეს ქართული ღვინო შიდაპოლიტიკური თამაშების იარაღად და გარეპოლიტიკის მსხვერპლად აღიქმება, არადა უკეთესი იქნებოდა ქართული ღვინო საგარეო კულტურული პოლიტიკის ნაწილად გვექცია და ერთიანი გეგმა შეგვემუშავებინა მისი ღირსებების უკეთესად წარმოსაჩენად. ბალტიისპირეთის ქვეყნებში სოლიდარობის ნიშნად ნაყიდი ქართული ღვინო ან პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსების შესახებ შეთანხმების აღსანიშნავად რუსების ჯინაზე გახსნილი რამდენიმე ბოთლი კახური საფერავი, სამწუხაროდ, საქმეს ვერ უშველის.

13 ჯიპებსა და ჯიხურებს შორის

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: რატი ამაღლობელი

0x01 graphic

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ თვალს განსაკუთრებულად ახარებს ქალაქში ასე მომრავლებული გემებივით დიდი და შავი ჯიპები, ჯიპები „სირენებით“, ე.წ. კანარეიკებით სახურავზე, სამთავრობო ჯიპები, სპეცდანიშნულების რაზმების ჯიპები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯიპები, დაცვის ბიჭების ჯიპები, მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების ჯიპები, უმრავლესობის ლიდერების ჯიპები, ყოფილი და ახალი პრემიერ-მინისტრების და პარლამენტის თავმჯდომარეების ჯიპები, მათი ესკორტები შავი ჯიპებით, დეპუტატების ჯიპები და მათი ცოლების ჯიპები. ცოლების ჯიპები, ცოლების ჯიპები, ცოლების ჯიპები (ლექსის დაწერა მომინდა, მაგრამ არ ავყვები ცდუნებას; ცდუნებას, რომელიც ჰგავს ეპისკოპოსების ჯიპებს), მღვდლების ჯიპები, ნაკურთხი ჯიპები, ეპარქიების ჯიპები, ჯვრები და ჯიპები.

ქალაქის მერების ჯიპები, გუბერნატორების ჯიპები, გამგებლების ჯიპები, ჯიპები პროკურორების, ჯიპები საგადასახადოსი, ფინანსური პოლიციის და სოდი-ს და კუდი-ს და სადი-ს ჯიპები (სადი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი). ჯიპები შავი შუშებით დაბურული - შავი შუშებით დაბურულ ჯიხურებთან. ჯიხურები.

ჯიხურები სადარბაზოებთან, რომლებიც იცავენ ჯიპების მფლობელთა უსაფრთხოებას. არა ისეთი, როგორიც ადრე, არამედ ახალი, მეტალოპლასტმასის, ორმაგი შუშებით დაბურული ჯიხურები - შავი და იდუმალი.

შავი და იდუმალი, შავი და იდუმალი, შავი და იდუმალი, იყოს... ლექსიც იყოს...

მერე ეს ჯიპები ქალაქებში, მერე კურორტებზე, მერე გუდაურში, მერე კვარიათში, მერე გონიოში და მერე ბათუმში ან პირიქით,

და ბოლოს, წითელ ხიდთან მდგარი ჯიპების ჯაჭვი. ჯიპების ჯაჭვი, ჯიპების ჯაჭვი.

ჯიპების ჯაჭვი, ესეც შეიძლება, მეტრულად ჯდება, ლექსს უხდება, ქუჩას უხდება ჯიპების ჯაჭვი, რაღაცით სიმღერას ჰგავს - შავლეგოს, რაღაცით - ედგარ პოს ყორანს, მათი სიმრავლე, მათი სვლა, მათი „სიგნალის ხმა და შიში უეცარი, რომელსაც აღძრავს, როცა ქუჩაზე გადადიხარ და უეცრად მოსახვევიდან ჩაგიწუილებს ჯიპების ესკორტი, ჯიპების ჯაჭვი.

ჩემს სახლთან, მოპირდაპირე ორ სადარბაზოში ორი მინისტრი ცხოვრობს, ორი - ძალოვანი. შესაბამისად, ეზოში დგას ორი ჯიხური და ბევრი ჯიპი. სახლიდან დილით, როგორც წესი, გავდივარ მაღაზიაში ან უბრალოდ გავდივარ სადმე სხვაგან, მოკლედ, გავდივარ. ეზო სავსეა შაოსანი დაცვით და ჯიპებით. უნდა გავიარო, უნდა მოვნახო ადგილი და გავიარო ჯიპებსა და ჯიხურებს შორის, სხვა გზა არ არის, ერთადერთი გასასვლელი გზა ჯიპებსა და ჯიხურებს შორის გადის. რაციები აშიშინდნენ, დაცვა ნერვიულობს, ფაციფუცია, ეტყობა, მინისტრი ჩამოდის სახლიდან, ახალგაზრდებს ფორმები აცვიათ, გამოცდილებს შავი კოსტუმები, ერთ-ერთი მაჩერებს, შავკოსტუმიანი, მკაცრად მეუბნება, - „მოითმინეთ“, უფრო სწორად - „მოითფინეთ“. მე ვერ „ვითფენ. „უკაცრავად, რას ნიშნავს მოვითმინო“? კითხვას ვუსვამ, დაცვა არ მპასუხობს, სახე წაშლილი აქვს, სხვაგან იყურება. მე ვდგავარ კანონმორჩილად და კიდევ რამდენიმე გამვლელი ჩემთან ერთად, თუმცა რომელ კანონს ვიცავთ, არ ვიცით არც ერთმა. მინისტრის ჩამოსვლას ველოდებით, მინისტრი აშკარად აგვიანებს, ჩვენ ვდგავართ, დაცვა სხვაგან იყურება, ჩვენ არ გვიყურებს. მინისტრი არ ჩანს, ალბათ მობილურმა დაურეკა და საუბრობს, ან ზონარს იკრავს, ან უკრავენ, რაღაც შეფერხებაა მოკლედ. ერთ-ერთმა დაცვის წევრმა სადარბაზოში ძალიან სწრაფად შეიხედა, ისე, თითქოს ამის უფლება არ ჰქონდა. აშკარა იყო, რომ მინისტრი უკვე სადარბაზოშია, მაგრამ რატომღაც არ გამოდის. ჯიპები უკვე ჩართულია, მათი ძრავები გუგუნებენ, მძღოლებს თავები სადარბაზოსკენ აქვთ მიშვერილი. დაახლოებით წუთნახევარი ასე ვდგავართ. მე მეჩქარება, ალბათ ყველას, გამვლელებს ვგულისხმობ. თავისუფალი ადგილი დავინახე ნახევრად დაძრულ ჯიპსა და ჯიხურს შორის, უფრო ღრიჭო, რომელშიც შეიძლება გაძრომა, გასვლა, გავლა. მეც უცებ გავძვერი, გავიარე ჯიპსა და ჯიხურს შორის, ყველამ მე შემომხედა, თითქოს რაღაც გადავლახე ჩემში, ცოტაოდენი კმაყოფილების გრძნობაც მქონდა, რომელიც ძალიან მალე სირცხვილის გრძნობამ შეცვალა იმ ასაკოვანი გამვლელების გამო, რომლებიც დავტოვე ან მივატოვე იმ წუთნახევრიან, მაგრამ აუტანელ და დამამცირებელ შეზღუდვაში, თუ მოლოდინში, რასაც თავისუფალი გადაადგილების უფლება და შესაძლებლობა ჰქვია. ახლა მინდა, მათ მოვუხადო ბოდიში, რომ მივატოვე, თავისუფალი ადგილი მოვნახე და გავძვერი ჯიპებსა და ჯიხურებს შორის.

14 პროპაგანდა პროპაგანდის წილ

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

მედია რევოლუციის მანიფესტი

ავტორი: დავით მაკარიძე

მიწასთან მიახლოებისას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ფრთების ჩრდილებს
უილიამ ს. ბეროუზი, ველური ბიჭები

…თქვენ, რომლებიც შაჰიდის ქამრით დადიხართ სამსახურში და პაემანზე, თქვენ, რომლებმაც აირწინაღებით შეიცანით დედა და გტკიოდათ შეხებები, ახალი სილამაზის იდეებით გულანთებულო პროლეტარებო… ჩვენი არაცნობიერის ფარული ფოლდერებიდან მე ამომაქვს ახალი მეცნიერება, ახალი წარმართული დღესასწაული, ახალი იდეა (რ)ევოლუციისთვის
ზურა ჯიშკარიანი, არალეგალური კოსმონავტიკის ზოგადი საფუძვლები

ჩვენ მედია ერაში ვცხოვრობთ. დღეს, როგორც არასდროს, მედია განსაზღვრავს იმ რეალობას, რომელშიც გვიწევს არსებობა. ჩვენ აღარ დავდივართ ტაძრებში, ბიბლიოთეკებში, ფორუმებზე, ბირჟაზე, ჩვენ გადავეჩვიეთ სტუმრად სიარულსაც კი. მთელი ჩვენი ყურადღება დღეს ახალ საკურთხეველს უპყრია. ეკრანი გვახალისებს, გვმოძღვრავს, გვაშინებს, გვახარებს, ეკრანი გახდა ახალი ფანჯარა ახალ რეალობაში, რომელმაც ჩვენი ყურადღების უდიდესი ნაწილი დაიპყრო და ახალ ჩარჩოებში მოაქცია. დღეს ის, ვინც მართავს ეკრანზე გამოსახულ რეალობას, უხილავი სადავეებით გვმართავს ჩვენც.

დღეს ჩვენ ეკრანზე ვუყურებთ საომარ მოქმედებებს, რევოლუციებს, კანონმდებლების უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლებს, საჭეთმპყრობელთა აღზევებას და დაცემას, რიგითი ადამიანების ტრაგედიას და შუშის მიღმა ჩვენს თანამოძმეებზე ჩატარებულ სოციალურ ექსპერიმენტებს. დღეს ეკრანის საშუალებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ შორეულ კოსმოსში და ვიხილოთ სუბატომური ნაწილაკების სასიკვდილო როკვა. ეკრანმა ჩვენ მოგვიახლოვა რომი, მაგრამ დაგვაშორა ის რეალობა, რომელსაც ვეხებოდით. ჩვენ დღეს აუდიოვიზუალური პერცეფციის დიქტატის ეპოქაში ვართ და გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ ვირტუალური რეალობა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავია, ილუზიურია და ამიტომ არ ღირს მისი სერიოზული განხილვა.

პრომეთემ ღვთაებრივი ცეცხლი ხალხს ოლიმპოდან ჩამოუტანა, ცეცხლი, რომელიც იმ რეალობის კვინტესენციას წარმოადგენდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ამით მან დასაბამი დაუდო ღმერთების დიქტატის დასასრულს და ალბათ ერთ-ერთი პირველი რევოლუციონერი იყო, რომელმაც ელიტარიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა. დღევანდელი ოლიმპო და მისი ადეპტების იდუმალებით მოცული ტაძრები კი ის ეშმაკეული მანუფაქტურებია, სადაც ახალი რეალობის წარმოება მიმდინარეობს. დღევანდელი პრომეთეს ცეცხლი სწორედ ის ხრიკებია, რომლითაც მედიამანიპულატორები ადამიანებს ახალ წესრიგს ახვევენ თავს.

დღეს ყველა ერთხმად აცხადებს, რომ პროპაგანდა ცუდია და მედია არასოდეს უნდა უწყობდეს ხელს პროპაგანდას. მაგრამ ამ იმპოტენტურ ლიბერალიზმს ამოფარებული ინტელექტუალები არასოდეს აცხადებენ იმას, რომ ნებისმიერი განსჯა ეს უკვე პროპაგანდაა, და მედია დისკურსი ოსტატის ხელში ყოველთვის იმ მიმართულებით წაიყვანს მაყურებლის ცნობიერებას, საითაც მას სურს, და იმას დააჯერებს, რისი დაჯერებაც ჰქონდა ჩაფიქრებული. დღევანდელ რეალობაში გულუბრყვილობაა, მოითხოვო ვინმესგან რაიმე მორალური ღირებულებებისადმი ერთგულება, მით უმეტეს, როდესაც მას ხელში მსგავსი განუზომელი ძალაუფლების იარაღი უპყრია და როდესაც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს მორალური პრინციპების ფარდობითობას. ერთადერთი ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც შეიძლება ახალი ერთობის საფუძველი გახდეს, ალბათ ისაა, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს უფლება თავისუფალი არჩევანის გაკეთების, თუ ეს ფიზიკურად არ ზღუდავს სხვისი თავისუფალი ნების გამოვლინებას. ეს მარტივი პრინციპია, რომელსაც ძალუძს იდეალურად უზრუნველყოს ნებისმიერი სოციალური კონგლომერატის არსებობა.

იმისათვის კი, რომ პიროვნებას ჰქონდეს არჩევანის საშუალება, მას უნდა ჰქონდეს ალტერნატივა ყველაფერში, საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ განსაჯოს და აირჩიოს ის, რაც მას საჭიროდ მიაჩნია. ფარული პროპაგანდა, რომელიც მუდმივად მოედინება ნებისმიერი მედია საშუალებიდან, სწორედაც რომ საწინააღმდეგოს აკეთებს და ზღუდავს პიროვნების არჩევანის სივრცეს. დღეს გვასწავლიან, რომ კარგია ჯანმრთელი ცხოვრების წესი, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა სიამოვნებაზე მოგვიწევს უარის თქმა ან რა ტანჯვის ფასად ხდება ეს ყველაფერი. გვასწავლიან, თუ რა მავნებელია თამბაქო, ალკოჰოლი, თუ ფსიქოტროპული ნივთიერებები, მაგრამ არავინ გვაწვდის ინფორმაციას იმაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვთ მათ ადამიანისთვის. ეს ინფორმაცია არც კი არსებობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არასოდეს არავინ ფიქრობს, გამოიკვლიოს ეს თემები, ხოლო ზოგიერთი საკითხის ამ კუთხით კვლევა აკრძალულიც კი არის. ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ ბევრ ქვეყანაში არ საუბრობენ, მაგრამ ცოტა თუ ლაპარაკობს იმ სიკეთეზეც და ცუდზეც, რაც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს მოაქვს. უკეთეს შემთხვევაში, ეს ისე ჩანს, თითქოს ჰომოსექსუალობა ბუნების კაპრიზია და არა პიროვნების არჩევანი. ბანალური ჭეშმარიტების მიუხედავად, რომ არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ცუდი ან კარგი ქმედება, დღეს ეკრანიდან მუდმივად გვმოძღვრავენ და გვისაზღვრავენ მორალურ ორიენტირებს.

მაყურებლის იმაში დასარწმუნებლად, თითქოს მედია რეალობის ზუსტი სარკეა, ილუზიური ობიექტურობის პრინციპის პროპაგანდაც მიმდინარეობს; პრინციპის, რომელიც სამყაროს თავისი მრავალფეროვნებით ბინარულ შავ-თეთრ რეალობამდე ამარტივებს და თითოეულ ურთიერთობას მხოლოდ ორი დაპირისპირებული მხარის კონფლიქტად წარმოგვიდგენს. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი მოვლენის იმდენივე ხედვა არსებობს, რამდენი გონებაც გაიაზრებს მას. თეორიულადაც კი, შეუძლებელია მოვლენის სრული სურათის წარმოსახვა, ამიტომაც ეკრანზე წარმოდგენილი რეალობა ისევე განსხვავდება იმ რეალობისაგან, სადაც ჩვენ ფიზიკურად ვცხოვრობთ, როგორც მერკატორის ატლასი უსასრულობაში გამოკიდებული ბურთისგან. კონფლიქტი კი ამ პოლიფონიურ ქსოვილში წარმოშობილი დისონანსია, რომელიც ჰარმონიული გადაწყვეტისკენ გვიბიძგებს.

დღეს ამ დიქტატთან დაპირისპირების და პიროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა მათივე იარაღი - პროპაგანდა. პროპაგანდა პროპაგანდის წილ; კონტრპროპაგანდა იმისთვის, რომ იყოს არჩევანის საშუალება და თითოეულმა თვითონ განსაზღვროს ის სამყარო, რომელშიც უნდა ცხოვრება. კონტრპროპაგანდა ყველაფრის, რასაც არ გვახვევენ თავს ეკრანიდან და რაც სხვა პიროვნებაზე ძალადობისაკენ არ მოგვიწოდებს. დღევანდელი მედია აქტივისტები ლაპარაკობენ იმ ქმედებების სიკეთეებზე, რომელთა ცუდი შედეგები ყველამ უკვე კარგად იცის. მსჯელობენ, თუ რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს თამბაქომ, გემრიელმა კერძებმა, ალკოჰოლმა, ცნობიერების ალტერნატიულმა მდგომარეობებმა, სექსუალური ურთიერთობის ფორმების მრავალფეროვნებამ, განმარტოებამ, ექსტემალურმა ცხოვრებამ; საუბრობენ იმაზე, თუ რა ცუდ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს სპორტული ცხოვრების წესმა, აქტიურმა სოციალურმა ურთიერთობებმა, შრომამ, ჯანმრთელმა საკვებმა და მედიამ. ისინი ებრძვიან ძველ სტერეოტიპებს და ამკვიდრებენ ახალ ალტერნატიულ დღესასწაულებს. მაგალითად, 28 ნოემბერი, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში აღინიშნება, როგორც „არაფრის ყიდვის დღე“ და უპირისპირდება მედიით აქტიურად პროპაგანდირებულ მომხმარებლური ცხოვრების წესს. მედია აქტივისტებმა, დიდი ხანია, უკვე შეაღწიეს ილუზიების ფაბრიკებში და შიგნიდან ანგრევენ კართაგენის კედლებს. „სიმფსონები“, „სპანჩბობი“ და „სამხრეთის პარკი“ გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალი თავისუფალი თაობის ჩამოყალიბებაში, ვიდრე დამფუძნებელი მამების დამოუკიდებლობის დეკლარაცია. დღევანდელი მედია აქტივიზმის ახალი პოლიგონი ინტერნეტია თავისი შეუზღუდავი რესურსებით, სადაც, ყოველგვარი ელიტური ცენზურის გარეშე, ჩვეულებრივ მოკვდავთ შეუძლიათ თვითონ შექმნან საკუთარი ახალი მრავალფეროვანი მედია რეალობა, ეზიარონ ღვთაებრივ ამბროზიას და ნელ-ნელა ის ახალი ფრონტირი ჩამოაყალიბონ, რომელიც ჩვენს არსებობას ახალ აზრს მიანიჭებს.

დღეს დადგა ახალი რევოლუციის ჟამი, რომელმაც ის რეალობა უნდა შეცვალოს, რომელიც გაურკვეველი წარმოშობის ღვთაებების ადეპტებმა მოგვახვიეს თავს. პროპაგანდა, დღევანდელი პრომეთეს ცეცხლი, სწორედ ის იარაღია, რომელსაც ძალუძს მედიაელიტის დამხობა, რათა ის სამყარო, რომელშიც გაურკვეველი მიზეზების გამო აღმოვჩნდით, უფრო შემწყნარებლური, უფრო სახალხო და უფრო თავისუფალი გახდეს.

15 თრუსოს ხეობა - აღარავის მიწა

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

ავტორი: არჩილ ქიქოძე
ფოტო: არჩილ ქიქოძე, გოგიტა ბუხაიძე

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ხეობის ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობის შესახებ მოწოდებული ინფორმაციისთვის სტატიის ავტორი მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია CCN-ს და პირადად რეზო გეთიაშვილს

რატომღაც ადამიანები თავიანთ მიტოვებულ სახლებში ერთ-ორ ძველ სურათს მაინც დატოვებენ ხოლმე კედელზე. ასეთი სურათები მე არა მარტო მთის მიგდებულ სოფლებში, ბარში ქალაქელებზე გაყიდულ მამა-პაპისეულ სახლებშიც მინახავს. რატომ აკეთებენ ამას და რატომ არ ხსნიან კედლიდან წინაპრების ბოხოხიან, რეტუშიან შავ-თეთრ ფოტოებს, ამის თქმა მიჭირს. ალბათ, მაინც იმას უსვამენ ხაზს, რომ ყველაფრის მიუხედავად მათია იქაურობა, დაბრუნების იმედს თუ იტოვებენ და რაღაცას თავისას აუცილებლად ტოვებენ ნაბინავარზე და ნასახლარზე. შეიძლება, ღამისსათევად ცარიელ სახლში შესული მგზავრების დასანამუსებლადაა ეს პორტრეტები, ანდაც ქურდის და „მარადიორის“ დასაფრთხობად...

თრუსოს ხეობის სიღრმეში, უკვე ნასოფლარად ქცეულ სუატისშიც დაგვხვდა ასეთი მასპინძელი. ჩვენ სოფლის პირველივე სახლში შევედით და სხვა ბინის ძებნა არც დაგვიწყია. მოვეწყვეთ, მერე საღამოსკენ დანარჩენი სახლებიც დავიარეთ და ძველი ფარდაგების ნაგლეჯებზე ჩამოკიდებული თითო-ოროლა პორტრეტი ყველა სახლში დაგვხვდა. ზოგ სახლს კედლები უკვე მონგრეული ჰქონდა, ზოგში კიდევ იცხოვრებოდა, კლიტე არც ერთს არ ედო კარზე - პატრონებმა იცოდნენ, მოსული კაცი მაინც მოაგლეჯდა და კარსაც გააფუჭებდა ეგ იყო, რომ ყველა სახლი გადაქოთებული და გადატრიალებული იყო, სხვენიდანაც კი იყო გადმოყრილი ნივთები. - ეტყობა იარაღს ეძებდნენო, - ამიხსნა ვახომ, ჩემმა მოხევე მეგობარმა. მართალიც იყო, თრუსოელი ოსები იარაღს თან ვერ წაიღებდნენ ვლადიკავკაზში, მთიელებს კიდევ იარაღი უყვართ, მაგრამ, მგონი, მისი დამალვაც კარგად იციან და არა მგონია, მათი ნასახლარის მჩხრეკავებს, ადვილად ჩაეგდოთ რამე ხელში.

ჩვენს მთებში ხშირად დამითვალიერებია ნასახლარები, რომლებიც ძალიან ძველი მგონებია და მერე შიგნითა კედელზე შპალერის ნახევი მიპოვია. ჩვენი მთიელების სახლები ხომ ყოველთვის ადგილობრივი ფიქლის ქვის მშრალი წყობით შენდებოდა, ეგრე იყო და ეგრე არის დღემდე. ეს სახლები მალე შენდება და მიტოვების მერე მალევე ვერანდება, ერთ-ორი ზამთარი და გადაუთოვლავი სახურავიც ჩაიქცევა, ყველაფერი მოისპობა და რამდენიმე წელიწადში მხოლოდ მშრალად ნაშენი ფიქლის კედლებიღა რჩება. მიდი და გაიგე - როდინდელია.

თრუსოს ხეობა (ისტორიული დვალეთი) ჩემს თვალწინ დაიცალა იქ მაცხოვრებელი ოსებისგან. საბედნიეროდ, თრუსოელი ოსები არავის გაუყრია თავიანთი მიწა-წყლიდან, წავიდნენ, ნელ-ნელა გადაბარგდნენ ვლადიკავკაზში, მას მერე, რაც დარიალის (ოსების კარიბჭე) საზღვარი ჩაიხშო, აქაურობა იქაურობაზე გაცვალეს, შვილიშვილებთან, შვილებთან და თვისტომებთან ყოფნა არჩიეს მათგან სრულ იზოლაციას და დატოვეს მამა-პაპისეული სახლები და საფლავები, რომლებიც ეგრე ძნელი დასათმობია კავკასიელი კაცისთვის. ოსები მხოლოდ სოფელ კობშიღა დარჩნენ ცოტანი და კიდევ თრუსოს შესასვლელში, ოქროყანაში, ცხოვრობს მოხუცი ცოლ-ქმარი.

რამდენიმე წლის წინ თრუსოს ერთ-ერთი ნასოფლარიდან მატყლის საჩეჩელი წამოვიღე და ახლაც თაროზე მიდევს. მაშინ კერტისში და აბანოში ჯერ კიდევ იყო მოსახლეობა, ხოლო სუატისში კეთილი მოხუცი შალიკო მეგულებოდა, მუდამ ნირვანაში მყოფს გვერდით გაუთავებლად რომ ედგა ხოლმე ხაბიზგინების გორა, ჩაიდანში მუდამ ედგა რბილი ხილის არაყი, კედელზე კი გველეშაპთან მებრძოლი წმინდა ვასტარჯის გახუნებული პლაკატი ეკიდა. შალიკო ძიას სახლშიც შევიხედე და იქაც გადაქოთებული დამხვდა ყველაფერი...

„ჩვენს სახლში“ ღუმელიც იდგა. გარეთ ვიღაცის საქათმის ნარჩენი დავამტვრიეთ და იმის ფიცრებით დავანთეთ ცეცხლი, მოსანთებად ვიღაცის რეზინის კალოშს ავაჭერი ქუსლი. სანამ ფარანს ჩავაქრობდი და დავიძინებდი, ერთხელაც გავხედე კედელზე ჩვენს მასპინძელს, „კარაკულის“ ბოხოხის ქვევიდან ცოტა დამცინავად რომ დამცქეროდა.

ოდესღაც, როდესაც ჩეჩნები და ინგუშები ულვაშა ძიას ბრძანებით ერთ ღამეში გაუყენეს შუა აზიის გზას, ხევსურეთში არხოტში ცხოვრობდა არაჩვეულებრივი კაცი და პოეტი გაბრიელ ჯაბუშანური. ის და სხვა არხოტელი ხევსურები (ისევე როგორც მოხევეთა ნაწილი) დაბლა ჩავიდნენ მთიდან და ასას და ჯარიახის ხეობებში ინგუშების მიტოვებულ სოფლებში ჩასახლდნენ. პირობები და ჰავა პირქუშ ხევსურეთთან და ხევთან შედარებით იქ უკეთესი იყო. სტალინის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ამნისტირებული ინგუში ხალხი უკან დაბრუნდა, ჩვენმა მთიელებმა, ულაპარაკოდ დაცალეს მათი სახლები და ბაგაში თითო სული საქონელიც დაუტოვეს - გაუბედურებულ და გაღატაკებულ ხალხს პირველ ხანებში რომ თავი გაეტანა. ამბობენ, რომ ინგუშებს ეს ამბავი დღემდე ახსოვთ. არ ვიცი - ძალიან ბევრი რამე მოხდა მას მერე კავკასიაში და არაფერი კარგი, მაგრამ როდესაც 91 წელს უკანასკნელად ვიყავი ინგუშეთში, ნამდვილად ახსოვდათ. ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ მაშინ, ინგუშეთში ჩასახლებულმა და ქისტების ცარიელ ნასახლარებზე მობორიალე პოეტმა არაჩვეულებრივი ლექსების ციკლი დაწერა. მე თითქმის არაფერი წამიკითხავს ასეთი სევდიანი და სულისშემძვრელი: პოეტი უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ყმუილს უგდებს ყურს და სულ სხვა ხმები ახსენდება - ქისტური ქორწილის ჟრიამული, გარმონი და ლამაზი ქისტი გოგოები, რომლებიც აღფრთოვანებული უცქერენ ჯიგიტის ცეკვას, ის კი თან ცეკვავს და თან წყვილ ნაგანს ატრიალებს, ბრუნავს, კივის და დროდადრო იატაკში მარჯვედ ჩააჭედებს ტყვიას...

0x01 graphic

არა, მე ხმები არ გამიგონია არც იმ ღამეს და არც მეორე დღეს, მაგრამ ძალიან ბევრი, უამრავი რამ გამახსენდა თრუსოზე და აქაურ ხალხზე. ამ ფიქრებით დამეძინა და ამავე ფიქრებით ავდექი ღამის ორ საათზე, როცა მე და ვახომ ზურგჩანთები მოვიკიდეთ და მთის წვერებისკენ მიმავალ აღმართს დავადექით. მე უკვე მერამდენედ მინდოდა ჯიხვების და არჩვების გადაღება თრუსოში. მზე რომ ამოვიდა, უკვე მთის წვერზე ვიყავით, საიდანაც თრუსოს ხეობის ყველა განტოტება ხელისგულივით ჩანდა, მაგრამ ვახო სულ ტყუილად დააკვდა თვალებით თავის დურბინდს - არსაით ნადირის ნასახი არ იყო. ხეობა, რომელიც სულ რაღაც თხუთმეტი წლის წინ სავსე იყო გარეული ცხოველებით, სულ მთლად გადანადირებულია, თანაც ყველაზე ბარბაროსული გზით - ვერტმფრენებით და ავტომატური იარაღით. ეს ძალიან მდიდრული გართობაა (თუმცა გასართობს ამაში მე ვერაფერს ვხედავ), რომელზეც მხოლოდ მაღალ თანამდებობის პირ სამხედროებს და ძალიან შეძლებულ ხალხს მიუწვდება ხელი. ქვეყანაში, სადაც უბრალო მთიელს მამა-პაპური შაშხანით ჯიხვის მოკვლისთვის 50 000 ლარიანი ჯარიმა ემუქრება, საჰაერო იერიშები მიაქვთ ამ უნიკალურ ცხოველზე და რამდენიმე საათის განმავლობაში მთელ ჯოგებს ანადგურებენ. თრუსო, სადაც ოდესღაც პირდაპირ ტრასიდან, მანქანიდან შეუიარაღებლი თვალით ვხედავდით ხოლმე არჩვებს, დღეს ადამიანისა და ნადირისგან თითქმის მთლიანადაა დაცლილი.

და ყველაფერ ამასთან ერთად ხეობამ ფერიც დაკარგა. თრუსოს მიმზიდველობას, მის სილამაზეს და ფერს მისი მჟავე, მინერალური წყლები განსაზღვრავს, თრუსოშივეა ცნობილი უძირო მჟავე წყლის პატარა ტბა, რომელიც ყველა უცხოელი ტურისტის მარშრუტში ხვდება და რომელსაც ჯერ კიდევ გურამ თიკანაძე უღებდა სურათებს. ტბა მუდმივად ბუყბუყებს და ზედაპირზე გაზებს ამოისვრის, თვითონ ლურჯია და ნაპირები მინერალებისგან სულ მთლად გაწითლებული აქვს. ვისაც უნახავს, დამეთანხმება, რომ ულამაზესი სანახაობაა. მაგრამ წელს ტბის დონემ ოდნავ დაიწია, ზედაპირმა ბუყბუყს უკლო, ხოლო ულამაზესი თეთრ-ნარინჯისფერი ქანები, რომლებზეც ხეობაში შემავალი სამანქანო გზა გადიოდა და რომლებიც მინერალურ ტბასთან ერთად ხეობის სავიზიტო ბარათი იყო, ჯერ გახუნდა და მერე გაშავდა.

ოდესღაც მარმარილოსფერ ქანებს, რომლებიც წნევიანი წყლებისგან გამოტანილი ჭარბტენიანი მინერალების დალექვის შედეგად იქმნებოდა, ზედაპირზე მოხვედრისას იჟანგებოდა და ყოვლად ზღაპრულ შეფერილობებს იღებდა, სწორედ ის წნევიანი წყლები დააკლდა. მთელი წნევა სოფელ კეტრისთან ნახშირორჟანგის მოპოვების მიზნით გათხრილმა ჭაბურღილმა წაიღო. მინერალური წყლებისთვის გაზის მოსაპოვებლად გათხილმა ჭაბურღილმა და იქვე დადგმულმა რეზერვუარებმა საშინლად დაამახინჯა ხეობის ლანდშაფტი. საბედნიეროდ გამოჩნდა ხალხი, რომელმაც ამ ყველაფერზე დიდი ხმაური ატეხა და სექტემბრის თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჭაბურღილის პატრონ შპს-ს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ყოველგვარი კვლევებისა და დასაბუთების გარეშე 25 წლის ვადით გაცემული ლიცენზია შეუწყვიტა. ჭაბურღილის გამთხრელებს თავად დაეკისრათ მისი დაკონსერვება და თითქოს მოგვარებულია ყველაფერი, მაგრამ მე სექტემბრის შემდეგ სამჯერ ვიყავი თრუსოში და იქაურობას დაკონსერვებისა არაფერი ეტყობოდა, პირიქით - ყოველ ჩასვლაზე ხეობა სულ უფრო უარესად გადათხრილი მხვდებოდა და თანაც, როგორც მეცნიერებმა ამიხსნეს, ჭაბურღილის დაკონსერვების შემდეგაც არავინ იცის, დაუბრუნდება თუ არა თრუსოს თავისი პირვანდელი სახე. თურმე, საკუთარი გაფუჭებული საქმის გამოსწორებასაც დიდი ცოდნა და სიფრთხილე სჭირდება.

თრუსოს შესასვლელთან კი აფეთქებები წარმოებს. წითელი ტუფის ქვას მოიპოვებენ, ვინ და რისთვის - არავინ იცის. ოღონდ იმდენი გვარჯილა შეუდიათ გათხრილ გვირაბში, რომ ნახევარ კილომეტრში მოხვედრია სახლებს, ეგეც არაფერი - სახლები უკვე აღარავის ეკუთვნის, ცარიელია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი. სამაგიეროდ, ახლა თრუსოში მესაზღვრეები დგანან და უკანასკნელ წლებში ადამიანთა სიბრიყვის წყალობით გაჩენილ საზღვარს აკონტროლებენ. საზღვარს, რომელიც თან არსებობს თან არც არსებობს თითქოს, რომელიც არც ერთ ქართულ რუკაზე არ არის დატანილი - აქედან ჯავაში გადადის ბილიკი.

მე ნამდვილად არ ვიცი, გაუძლებს თუ არა წლევანდელ ზამთარს იმ სახლის სახურავი, რომელმაც შეგვიფარა, მაგრამ წელს თუ არა, გაისად აუცილებლად ჩამოიქცევა და მერე დარჩება ცარიელი კედლები, მის შიგნით და გარეთ ამოსული მაღალი ბალახით. მერე უკვე ვეღარავინ მიხვდება, რომ სულ რამდენიმე წლის წინ აქ ხალხი ცხოვრობდა.

16 პანკისის ჩუმი ცეცხლი

▲ზევით დაბრუნება


წერილი პანკისიდან

ავტორი: პამელა რენერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ფოტო: დარო სულაკაური

0x01 graphic

პანკისის ხეობის შუაგულში მდებარე სოფელი დუისი, ერთ დროს ძალიან ცნობილი ადგილი, დღეს უჩინარი დასახლებაა. დუისში ფოტოგრაფ დარო სულაკაურთან ერთად ჩავედი, პირადად რომ შევხვედროდი ხეობის უჩინარ ბინადრებს: აქა-იქ შემორჩენილ ჩეჩენ ლტოლვილებს და ადგილობრივ ქისტებს, რომელთაც ჩრდილოელ დევნილებს თავშესაფარი მისცეს, საკუთარი საკვები და ქვეშაგები გაუნაწილეს. ხეობას ჟურნალისტები მეორე ჩეჩნური ომის შემდეგ, 1999-2003 წლებში მიაწყდნენ, როცა საქართველოს სასაზღვრო დასახლებებს ჩრდილოეთიდან 7000-მდე ჩეჩენი ლტოლვილი მოედო. რეპორტიორებს ხეობაში ლეგენდები იზიდავდათ; ლეგენდები ხეობის კრიმინალთა ბუდედ გადაქცევის, ნარკოტრეფიკის და ნარკობარონების შესახებ რომ აღარაფერი ვთქვათ, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაკთა გატაცებებზე. ახლა, როცა აღარავის იტაცებენ და მშვიდობაც აღდგა, ჟურნალისტებმა საერთოდ ამოიკვეთეს ფეხი ხეობიდან.

0x01 graphic

მეორე ჩეჩნური ომის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ პანკისში „ალ ქაიდას“ აგენტები გამაგრდნენ და ხეობა თავიანთ ციტადელად აქციეს (თუმცაკი, იქ არც ერთი „ალქაიდელი“ არ დაუჭერიათ). სტატიაში „ტერორის ფოლკლორი“ ტრენტის უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის პროფესორი პოლ მენინგი ამტკიცებს, რომ ხმები „ალ ქაიდას“ ქსელის, ბიოლოგიური იარაღის წარმოების და მსოფლიო დონის ისლამური ამბოხის რაიმე სხვა ნიშნების შესახებ პანკისში ყოველთვის უფრო ფანტაზიის ნაყოფი იყო, ვიდრე სინამდვილე. ეს იყო „ტერორის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის“ გაბუქებული რიტორიკის მაგალითი.

დღეს, ოთხი წლის თავზე მას შემდეგ, რაც ქართველმა სპეცრაზმელებმა ხეობაში სამხედრო წმენდის ოპერაცია ჩაატარეს და ადგილობრივი ნარკომანები და კრიმინალები დააწიოკეს - ზოგი ნამდვილი, ზოგიც გამოგონილი, ხეობაში სრული სიმშვიდეა. ქაოსის ნიშანწყალიც არსად შეიმჩნევა. ძროხები და ჟღალი მამლები დასეირნობენ დუისის მთავარ, ხრეშიან გზაზე. ბინადრებიც ამ პატარა ხეობისა, რომელიც მაღალ და დაკბილულ კავკასიონს მისწეპებია, უდრტვინველად გამოიყურებიან. ერთადერთი, რაც დღეს პანკისში უხეშად გხვდება თვალში, გაჩერებული დროა.

მე და დარო „მარშუტკიდან“ გადმოვფოფხდით, ზიზი ქავთარაშვილი გაჩერებაზე შეგვხვდა და პირდაპირ თავის სახლში წაგვიყვანა. ზღურბლს სანამ გადააბიჯებ, ფეხზე რეზინის ფეხსაცმელი უნდა ამოიცვა, ქუჩის მტვერი შინ რომ არ შეიტანო. აქ სახლის შიდა და გარე მხარე, აივანი და გზა ერთმანეთისგან თხელი მაქმანებიანი ფარდებით არის გამოყოფილი. ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში ქალებსა და ბავშვებს მხოლოდ ფარდების შიდა მხარეს ვხედავთ, ქმრებს - გარეთ. დუისი მუსლიმური ქალაქია და თუ ქალი სტუმრები გეწვევა, სქესებს შორის გამყოფი ხაზის გავლება აუცილებელია. ხეობაში თავშეკავება ფასობს.

ქავთარაშვილებს უბრალო ხის სახლი უდგათ, თავისებური სიმყუდროვითა და ხიბლით: სამი ოთახი, შეშის ღუმელი სითბოსთვის, ძველმოდური სამზარეულო, წყალგაყვანილობის გარეშე, და საპირფარეშო სახლის უკან. თანამედროვე ცხოვრებიდან აქ ერთადერთი ნივთია შემოპარული - ტელევიზორი. ოთახში ზიზის ორი პატარა შვილიშვილი ზის - მექა და მედინა. უფროსი წელში გამართული ზის და თმა ბალერინასავით გრძელ კიკინად აქვს შეკრული. გოგონები გაკვეთილებს ამზადებენ.

0x01 graphic

„ღარიბი კი ვარ, მაგრამ გული მაქვს მდიდარი“, - გვეუბნება ზიზი და სამზარეულოში პატარა მაგიდისკენ მიგვიძღვება, სადაც, უცებ ვხვდები, რომ მთელი კვირის სურსათისთვის სამყოფი ფული ჩვენთვის, საპატიო სტუმრებისთვის, დაუხარჯავს და სანოვაგე დაუხვავებია. მოთუშული ხორცი და ხმელი ყველი, ახლად გამომცხვარი მჭადები, ქლიავის მურაბა, ჯონჯოლი, მწვანე კიტრის პიკულები და დაშაქრული შავი ჩაი ისეთი გულმოდგინებითაა გამოლაგებული სუფრაზე, რომ ხვდები, ეს ყველაფერი ოჯახური ბარაქის ხაზგასასმელად ხდება. დიახ, ზიზისთან ნამდვილი სოფლური ლხინია.

სუფრას მივუსხედით, ზიზიმ კი ქართული ფოლკლორული ხელოვნებისა და მხატვრების შესახებ წიგნი გაგვიშალა. „ამ წიგნში მეც ვარ“, - განმარტა და თან გვიჩვენა მთელ ფურცელზე გაშლილი შალის ჭრელი ტექსტილის ფოტო, რომელიც ზიზის დამზადებულია. ზიზის ნამუშევრები მიწიერია და ჭრელი, თან თავიანთი სიმარტივით გიზიდავს. ორნამენტები ხან ფოთლებს გვანან, ხან უნაგირებს, ხანაც - გოგრებს. ხვეულები მარტივია, ბოსტნეულის ფერები - ხასხასა. ამერიკელი ვარ და ამიტომ ქალი, რომელიც თექას ამზადებს, პირველად ვნახე.

0x01 graphic

თვალი უფრო რთული ნამუშევრებისკენ გამირბის: კომპლექსურად დამუშავებული ხის საკრავები, ჩონგური და ფანდური ხვეული ორნამენტებით. შემდეგ თავს მაღლა ვწევ და ზიზის ვათვალიერებ - ერთი სოფლელი, უბრალო ქალია, რომელიც ისე ხარისხიანად ამზადებს თექის ქსოვილებს, რომ ამ პრიალა წიგნშიც მოხვდა. რაღაც დეტალი მის გამოხედვაში - თავისებური სიმტკიცე და სიმხნევე, ანდა უცნაური, გამჭოლი იუმორი, რომელსაც ეს ქალი ავლენს - ბებიაჩემის დას მახსენებს, ქალბატონს ვენიდან, რომელიც ამერიკაში ნაცისტების ოკუპაციას გამოექცა, რომელსაც მოცარტი უყვარდა, ნიუ-იორკში ქეიტერინგის ბიზნესი გახსნა და 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზიზი, იგივე სუზანა ქავთარაშვილი, 66 წლისაა. დროისგან გამომჭკნარი სახე აქვს და ცოცხალი ღიმილი. თმას მანდილი უფარავს. უშრეტ ენერგიას აფრქვევს. როცა თექის დამუშავების შესახებ გიყვება, ანდა ბურნუთის შესუნთქვით განცდილ სიამოვნებას გიზიარებს, ახერხებს, რომ მძიმე დღეების თითო პატარა სიხარული თქვენც განგაცდევინოთ.

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი გროზნოში გაატარა, მის ოჯახს მაღალი მთების გადმოღმა მდებარე ქართულ დასახლებასთან მაინც ბევრი რამ აქვს საერთო. ისინი, უკვე თაობებია, რაც პანკისში საკუთარ სახლს ფლობენ. ზიზის მამა ექიმბაში იყო და პანკისელების ჯანმრთელობაზე იმ პერიოდიდან ზრუნავდა, როცა რეგიონში ექიმები საერთოდ არ იყვნენ. ეს ხეობა ქისტებისა და ჩეჩნური წარმომავლობის ქართველებისთვის ოდითგან სახლი იყო. ასე იყო იმ დროიდან, სადამდეც ადგილობრივებს მეხსიერება სწვდებათ, ანუ მე-19 საუკუნემდე. ამ ხალხის რწმენა რადიკალური ისლამი არ არის; ისინი უფრო სუფისტურ, წარმართულ და ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციებს მისდევენ. ასეთია მათი რელიგია, რომელიც ყოველდღიურ ტრადიციებთანაა შერწყმული.

1990-2000 წლებში, როცა ჩრდილოეთიდან დევნილთა უწყვეტი დინება დაიწყო, ქისტებმა უყოყმანოდ გაუღეს სახლის კარი ლტოლვილ ჩეჩნებსა და დამარცხებულ ჯარისკაცებს, რომლებიც მთებით გადმოდიოდნენ, ზოგჯერ ფეხით, ზოგჯერ ავტობუსებით, მოდიოდნენ ჩრდილოეთით მდებარე შატილის გამოვლით და გეზი ქვევით გაშლილი გორაკებისკენ ეჭირათ.

ტრადიციულად, ქისტები მიწათმოქმედი ხალხია, უფრო მდიდარ და უფრო ქალაქელ ჩეჩენ ნათესავებზე მეტად. საბჭოთა პერიოდში ხალხი საზღვარზე იოლად გადადიოდა, ვაჭრობდნენ და სახლებს ორივეგან უვლიდნენ - ჩრდილოურ ქალაქშიც და ქართული ხეობის სოფლებშიც. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ დიდი გაურკვევლობაა მოქალაქეობასთან დაკავშირებით. არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ფაქტობრივად არც ერთი სახელმწიფოს მოქალაქე არაა. თუმცა, ჩეჩნეთის მეორე ომის დამთავრებიდან რვა წლის თავზე უკვე ტენდენციად იქცა პანკისელებისთვის ქართული პასპორტების დარიგება. რიგ შემთხვევებში, ეს მათი სურვილის საწინააღმდეგოდაც ხდება - როგორც ამას ადამიანის უფლებების ქართული ცენტრი ამტკიცებს. სააგენტოს ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 200-მდე ადამიანს ჩამოართვა ძალით ლტოლვილის სტატუსი და საქართველოს მოქალაქეობა მიაღებინა. „ამის შედეგად ამ ადამიანებმა დაკარგეს 14-ლარიანი დახმარება და მას შემდეგ, რაც გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის საკვების პროგრამა დასრულდება, ისინი სამედიცინო დახმარებისა და საჭმლის გარეშეც დარჩებიან“.

ამ ადამიანებს სრული უფლება აქვთ, თავიანთი სტატუსი გაასაჩივრონ, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ მათი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული. გაერო-ს ადამიანის უფლებების კომისიის ანალიტიკოსი კრისტოფ ბაიერუორთიც აღიარებს, რომ „შერეული ოჯახების წარმომადგენლები უსაფრთხოების მახეში გაებნენ“. ზიზისნაირ ოჯახებზე უკვე აღარ ვრცელდება დახმარების პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ მათ გროზნოში სახლები და ქონება დაკარგეს.

„მებრძოლი არასამთავრობოები გაქრნენ“, პანკისი რეკლასიფიკაციას განიცდის, „საგანგებო მდგომარეობის შემდეგ განვითარების გამოწვევა მიიღო“.

ამასობაში მაფიასთან ძლიერი კავშირების მქონე რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები ხეობაში ახალ სახლებს იშენებს. ერთ-ერთი შენობა, რომელიც განსაკუთრებულად მდიდრულად გამოიყურება და, სავარაუდოდ, ფარულად მოქმედი ნარკოვაჭრობის წყალობით წამოიჭიმა, ზედ მთავარ გზაზე დგას, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისის გადაღმა. ოფისის შიგნით კი ნორვეგიული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაერო-ს თანამშრომლებს ხვდებიან, რათა გადაწყვიტონ, რომელ ადგილობრივ ოჯახს მიანიჭონ მიკროგრანტი, რომელიც ორი ძროხისა და ერთი ხბოსგან შედგება და რომელიც იღბლიან ოჯახს საშუალებას მისცემს, ბაზარში რძით ივაჭროს. ფულადი შემოსავალი აქაურებს ძალიან იშვიათად აქვთ. მსგავსი შეუსაბამობების გამო, გაოცებისგან პირი ღია გრჩება.

0x01 graphic

სტატისტიკური ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, პანკისში დევნილების რაოდენობა შემცირდა. UNHCR-ის 2008 წლის მონაცემებით, დარჩენილია მხოლოდ 1.021 ადამიანი. თუმცა, რეალურად, ოფიციალურ ციფრებს შეცდომაში შევყავართ, რადგან დევნილთა ნაწილი არსად წასულა, ისინი უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები გახდნენ. რამდენიმე ასეულმა ლტოლვილმა საზღვარგარეთ გასვლა მოახერხა და ძირითადად კანადასა და შვედეთს შეაფარა თავი. თუმცა, დღეს უკვე ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები ლტოლვილების ახალი ნაკადისთვის.

ლტოლვილთა დანარჩენი ნაწილი გაურკვეველ მდგომარეობაშია. მათზე არავინ ზრუნავს. ისინი დაივიწყეს. მათ დიდ ნაწილს ქალები, ბავშვები და ახალგაზრდა კაცები შეადგენენ - გაბრჭყვიალებული მობილური ტელეფონებითა და სოფლის ჩუმი, ძველი ორღობეებით. კლასობრივი კრიზისი აქ უწყვეტად მიმდინარეობს, ერთი ისაა, რომ - ხმაურის გარეშე - არავითარი ბიოლოგიური იარაღი, გრძელწვერიანი მკვლელები ანდა სამზარეულოებში დამზადებული და ბოსტნებში ჩამონტაჟებული ბომბები.

მოხეტიალე ცირკმა პანკისი დატოვა. ტერორისტების კვალი აღარსად ჩანს. ქართული სპეციალური პოლიციის უფროსი განზრახ აათუხთუხებს მანქანის ძრავას, როცა პოლიციის შენობას გვერდით ჩავუვლი. თუმცა, ისიც მოწყენილი ჩანს, როგორც ხეობის დანარჩენი ბინადრები.

ადგილობრივი ქისტებიცა და ამ ხეობაში ჩარჩენილი ჩეჩენი დევნილებიც უმუშევრად სხედან, თუ არ ჩავთვლით მიწათმოქმედებას, რომელიც მათი არსებობის წყაროს წარმოადგენს. ფულის მიმოქცევა, როგორც ასეთი, აქ არ ხდება. პანკისური პრობლემები კი ხეობის გარეთ აღარავის აღელვებს. ამ უნაყოფო მიწას გარს მთები აკრავს, მის ღატაკ ბინადრებს კი ჩეჩნური ომის მოგონებები არ ასვენებთ.

„თავიანთი ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის გამო, ისინი ყველამ დაივიწყა, ყველამ მიატოვა“, - აცხადებს ვლად ლოზინსკი, კინოდოკუმენტალისტი, რომელიც ახლა ხეობაში ერთ პატარა საგანმანათლებლო ფონდს განაგებს. ლოზინსკი დასძენს, რომ საქართველომ უკეთ შეძლო მუსულმანი უმცირესობის მიღება საბჭოთა პერიოდში.

ვლადს ვეკითხები, იყო თუ არა პანკისი ოდესმე ისე საშიში, როგორი სახელიც გაუვარდა.

„იყო დრო, აქ ჩამოსვლას ყველა ერიდებოდა, - აცხადებს ლოზინსკი, - არც ნარკობიზნესის შესახებ გავრცელებული ხმები იყო სიმართლეს მოკლებული. პანკისის ხეობაში მართლა ცხოვრობდნენ ჩეჩნეთის ომის მებრძოლები“. საქართველოს საზღვარზე გადმოდიოდნენ, ისვენებდნენ, ძალებს მოიკრებდნენ, სულს მოითქვამდნენ, შემდეგ დრო გადიოდა, „მებრძოლებს ასაკი ტეხდა, ართრიტსაც ვეღარ უმკლავდებოდნენ“.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ანალიტიკოსი კრისტოფ ბაიერუორთიც აცხადებს, რომ: „2003 წელს ხეობა უკანასკნელმა არალეგალურმა ბანდფორმირებებმა დატოვეს. მას შემდეგ, მდგომარეობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტაბილურია. კრიმინალური სტატისტიკა ისეთივეა, როგორც საქართველოს სხვა ღატაკ რეგიონებში. წესრიგი კლანური წესებით მყარდება და არა სამართლის დასავლური კანონებით“.

„შრომისუნარიანი ლტოლვილები გროზნოდან ბოლო წლებში უკან ბრუნდებიან - ხან ლეგალური, ხანაც ფარული გზებით“, - აცხადებს ლოზინსკი. რუსული რეჟიმი მათ ძველებურად სძულთ, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, სჭირდებათ სამუშაო, რომელსაც ფული მოაქვს. გროზნოში კი მშენებლობების ბუმია. რუსული ინვესტიციების წყალობით, ეკონომიკა იფურჩქნება. საზღვრის გადმოღმა, ქართულ ხეობაში შექმნილი ვითარება კი სრულიად საპირისპიროა.

ლოზინსკის თქმით, - პანკისში დღეს „მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილებია. ამ ადამიანებს უკიდურესად უჭირთ. მათ არაფერი აბადიათ. მისცემ საქმეს და თან გადაგყვებიან. მაღალი ზნეობის ხალხია“.

პანკისში სულ უფრო იზრდება ისეთი ოჯახების რიცხვი, რომლებშიც ქალი უფროსობს. შუახნის მამაკაცებს აქ იშვიათად ნახავთ. დუისში, გზის პირას წელში მოხრილი მოხუცი ქალი დგას და ქუჩის შადრევანში შალის ნართით სავსე კალათებს რეცხავს. რამდენიმე დღეა, სულ ამ პოზაში მხვდება - მოხრილი დგას, რეცხავს მატყლს და დასიებული თითებით აძრობს აქა-იქ შერჩენილ ეკლებს. ამასობაში დრო არ იძვრის, გაყინულია.

* * *

ქავთარაშვილებთან, ტრადიციული, რკინის ღუმელის გარშემო ვიკრიბებით. იატაკის ოღრო-ჩოღრო ფილებზე, რომლებზეც შინ დამზადებული თექის ფარდაგები აგია, ფეხებს ვასვენებთ. ზიზი ქართულად გვიყვება გროზნოში გატარებული ბოლო ღამის თავგადასავალს. როცა ციდან რუსული ბომბები ცვიოდა, სახლიდან ისეთი სისწრაფით გამოვარდა, რომ ცალი ფეხსაცმლის ჩაცმა ვერ მოასწრო. ზურგს უკან მთელი სახლი ცეცხლში გაეხვა. ეს ზუსტად ის ამბავია, ჟურნალისტს რომ უნდა უამბო და ზიზიც მთელი სიზუსტით ჰყვება თითოეულ დეტალს (თუმცაკი, მოგვიანებით აღიარებს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მის სიძეს შეემთხვა).

ქავთარაშვილებს სხვებზე მეტად გაუმართლათ. როცა ომმა გროზნოში მთელი მათი ქონება მიწასთან გაასწორა, დუისში მაინც დარჩათ სახლი, რომელსაც თავი შეაფარეს. ზიზი მადლობელია, რომ მის შვილებსა და შვილიშვილებს თავშესაფარი ჰქონდათ.

ზიზის რძალი, 40 წლის მაგული ქავთარაშვილი იხსენებს იმ ავბედით დროს, როცა დუისში პირველად ჩამოვიდა. ეს 1999 წელს მოხდა, ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებისას. სიძნელეები უხვად იყო: ამდენი აყრილი და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრი, გაჭირვებით ნაშოვნი საკვები. რამდენიმე თვეში მაგულის დახმარება აღმოუჩინეს: „ჩეჩნეთიდან გამოქცეული დევნილების სიაში შემიყვანეს და სამთავრობო დახმარება გვერგო. საკვებით, მედიკამენტებითა და ნახმარი სამოსით გაერო და წითელი ჯვარი გვამარაგებდა“. როგორც ლტოლვილს, მაგულის ყოველთვიური პენსიაც დაუნიშნეს, მაგრამ: „შემდეგ, როცა მშვიდობა აღდგა, დახმარება შემიწყვიტეს“.

მაგულიმ სამსახური იშოვა და პირადობის მოწმობის აღება დასჭირდა, ამიტომ ქართული მოწმობა აიღო. როცა სამსახური დაუმთავრდა, უთხრეს, - დევნილის სტატუსი უკვე მოხსნილი გაქვსო.

საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია, სიტუაცია რომ შეცვლილიყო. ამიტომაც ქავთარაშვილის ქალებმა სადავეები ხელში თვითონ აიღეს და ოჯახური საქმე წამოიწყეს - თექას ამზადებენ. თავიანთი ხელსაქმის შედეგს შუაკაცზე ყიდიან. შემოსავალი მცირეა, მაგრამ სტაბილური. და ქალებიც გულის სიღრმეში თავიანთი ნაყოფიერი შრომით დიდად ამაყობენ.

„თექაზე მუშაობა ბავშვობაში დედისგან ვისწავლე“, - ამბობს ზიზი. საბჭოთა პერიოდში ზიზი რომელიღაც ერთ-ერთ ბიუროკრატიული დაწესებულების კანცელარიაში მუშაობდა, მაგიდასთან იჯდა და დოკუმენტებზე ბეჭედს არტყამდა. მოკლედ, ეს ის საქმე ნამდვილად არ იყო, კომუნიზმის დანგრევის შემდეგ სეპარატისტული ომებით გახლეჩილ ახალ სისტემაში რომ გამოადგებოდა ადამიანს.

„როცა სამსახური დავკარგე, ფაქტობრივად, არაფრის ამარა დავრჩი. მაშინ ვიფიქრე, კარგი, სამათხოვროდ ქუჩაში გასვლა არ მინდა, იქნებ რამე საქმისთვის მომეკიდა ხელი“?

* * *

მეზობელი სახლის უკან, ცემენტით შელესილ საკუჭნაოში მაგული ქავთარაშვილი და მისი მეგობარი ქალი ძალას არ ზოგავენ, მკლავებით რომ მოთელონ გრძელი, ნედლი თექის ქსოვილი. ზიზი, ასაკის გამო, უკვე ვეღარ შრომობს. თექაზე მუშაობა მართლა მძიმე ფიზიკური ჯაფაა.

მაგული შრომას აგრძელებს, ხელის მოხდენილი, გაწვრთნილი მოძრაობით თელავს შალს, შიგადაშიგ მძიმედ ამოისუნთქავს ხოლმე. შრომის დროს ქალები ზედა ტანის მთელ სიმძიმეს იყენებენ, ღონივრად აწვებიან ქსოვილს, წყვეტილი, ხტუნვის მსგავსი მოძრაობებით მუშტავენ და თელავენ, სანამ მჭიდრო, შეკრულ ქსოვილს არ მიიღებენ; არანაირ ხელსაწყოს არ იყენებენ, შიშველი მკლავების გარდა. ერთ-ერთ შუადღეს შეუჩერებლად იშრომებენ. ბოლოს კი უკანა ეზოში გამოფენენ უგრძეს ქსოვილს გასაშრობად. იქვე, საკუჭნაოს მახლობლად მეზობლის ქმარი ვენახის ტოტებს მონდომებით სხლავს. მათ ფონზე კი მორუხო-მოყავისფრო გორები მოჩანს, ფერდობზე შეფენილი და ბალახს მიძალებული ცხვრის ფარით.

ქალები ქსოვილს სასურველ ფორმას აძლევენ, სხეულის მთელ სიმძიმეს იყენებენ მოთელვისთვის. რამდენიმედღიანი თელვისა და შრობის შემდეგ, თექა ძლიერი, მჭიდრო და სქელი ხდება. ვერაფერს იტყვი, პანკისს ინდუსტრიულ რევოლუციამდე საუკუნეები აშორებს.

* * *

კვამლში გახვეულ სოფელს ბინდი ეცემა. ხეობა უცებ მოჩვენებების სასუფეველს ემსგავსება. ზიზის მორცხვი ძმისწული რუსლანი და მეზობლის ბიჭი ომარ მარგაშვილი სასეირნოდ გვეპატიჟებიან. 22 წლის ომარი საქართველოს მოქალაქეა. სულ ახლახან ქართულ არმიაში სავალდებულო სამსახური მოიხადა. სამხედრო მოვალეობამ ხეობიდან მოშორებით მდებარე დასახლებებსა და ქალაქებში გადაისროლა. ქართულ ენას რამდენიმე თვეში დაეუფლა, მაგრამ ბოლოს მაინც თავის სოფელში დაბრუნდა.

„ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ, - მთელი სერიოზულობით მსჯელობს ომარი, - ქარხანაშიც ვიმუშავებდი, რომ იყოს, მაგრამ აქ არაფერია. ამიტომ რა გასაკვირია, რომ აქედან წასვლა გვინდა“. ვეკითხები, შენი ასაკის გოგონების გაცნობა და მათთან მეგობრობა თუ შეგიძლია-მეთქი და მპასუხობს, რომ „დიახ“, ურთიერთობა მესიჯებით შეუძლიათ. გაზაფხულობით ხეობის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდობა ერთმანეთს პირისპირ ხვდება. ერთხელ, რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი შემთხვევაც: ერთი ნაცნობი გოგონა მოსანახულებლად ომარს სახლში ეწვია.

ეს ვიზიტი დღემდე ვერ დაუვიწყებია. მისი ასაკის ბიჭები ახლაც იხსენებენ მისი „ბორდელის“ ამბავს, არადა გოგონას სტუმრობა აბსოლუტურად უმანკო იყო. მართლა მაინტერესებს, როგორ უძლებს ომარი გრძელ, ზანტ პანკისურ ზამთრებს. გიტარაზე თუ უკრავს?

„ბალალაიკაზე დაკვრა ვიცოდი, კარგი მუსიკოსიც ვიყავი, როგორც მეუბნებოდნენ, მაგრამ ხუთი წლის წინ ბიძაშვილი თვალწინ მომიკვდა და დაკვრას თავი დავანებე. ინსტრუმენტს იმ დღის მერე არ გავკარებივარ“.

დაროს და მე დუისის გარეუბნებში სეირნობისას კიდევ ერთი გამცილებელი გვახლავს - ქალი, რომელიც აქაურობას ხუთი თითივით იცნობს და ძალიან სანდო ადამიანია. ეს ზიზის უფროსი ქალიშვილი მარგო ქავთარაშვილია. მარგო მწყემსივით მზუნველი და სიტყვაძუნწია.

უკაცური, დაკბილული გორაკებისკენ სიარულს ხუთნი ვაგრძელებთ. აქა-იქ გამომშრალ მწვერვალებს მწყემსების კოცონები ანათებს. პეიზაჟი შეუვალია; ხმელი, უხეში ტორფი ცეცხლის ალში ეხვევა, როცა გორად შექუჩებულ ნაგავს წვავენ. კვამლით გაჟღენთილ ჰაერს დღედაღამ მომჟავო არომატი ასდის. ეს რაღაც ქიმიური სუნის მსგავსია.

როცა შემთხვევით გზის განაპირას, ლერწმიანში დამიცურდება ფეხი, მარგო წამავლებს მკლავზე ხელს და დამიჭერს. როცა შუა გზაზე ვჩერდები და ყურს ვუგდებ მუეძინის არაამქვეყნიურად ლამაზ, აღმოსავლურ გალობას, რითაც ის მორწმუნეებს მწუხრის ლოცვაზე უხმობს, მარგო შორიახლო ჩერდება და მელოდება.

ერთმანეთის ენა არ გვესმის. ამიტომ სალაპარაკოდ ჟესტებს ვიყენებთ: ხელის გულითადად ჩამორთმევა, მტევანის მაღლა აღმართვა რაღაცის გასაფრთხილებლად. ეს გულჩათხრობილი ქალი ჩემი მფარველია. მეორე დღეს დღის შუქზე, როცა გზაზე წინ და უკან დავდივართ და ხან სკოლას ვსტუმრობთ, ხანაც გაერო-ს ლტოლვილთა ოფისს, აშკარად ვამჩნევ, მარგო ავადაა, მაგრამ არ აღიარებს. მას რაღაც სენი უმოწყალოდ ჭამს. იმ მომენტში, როცა უბრალოდ დგას და ისვენებს, მარგო თვალებს უკან ატრიალებს. ისე გამოიყურება, როგორც ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები. როგორც ჩანს, არასდროს უმკურნალია. აქ ექიმები არ არიან.

მარგოს გვერდით ვდგავარ სულ მთლად უსუსური და მთელი სხეულით ვგრძნობ, თუ რას ნიშნავს, ცხოვრობდე მივარდნილი სოფლის სიღატაკეში.

* * *

როცა პანკისის ხეობის შესწავლას იწყებ, უცებ ხვდები, თუ რამდენნაირი ხერხი არსებობს, ხეობის ბინადართა თავგადასავლის გადმოსაცემად; ესაა იმ ადამიანების ამბები, რომელთაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ომით გამოწვეული ნგრევა; ომით, რომელიც ერთ პატარა ისლამურ ქვეყანასა და მსოფლიოს ყოფილ სუპერ-სახელმწიფოს შორის გაიმართა და ამ სუპერ-სახელმწიფოს კვლავაც მტკიცედ აქვს გადაწყვტილი წარსული ძლევამოსილების დაბრუნება.

ეს ისტორია შეგიძლიათ სიმბოლური გახადოთ მსოფლიოს დანარჩენი ცხელი წერტილებისთვის, რომელთაც ამერიკელი სტრატეგები გადაპრანჭულ ენაზე „ტერორის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს“ ეძახიან. ასეთი ადგილებია: ღაზას სექტორი, ქაბული, ბაღდადი - თავად აირჩიეთ, რომელიც გნებავთ. თუმცა, სიმბოლოებზე ფიქრი გააბუნდოვანებდა ჩეჩენი ლტოლვილების ნამდვილ სახეს; ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გეოპოლიტიკური კონფლიქტის ბოლო დასახლებულ პუნქტში და ფიქრობენ: ნეტავ, საიდან უნდა მოვიტანო ხვალის სამყოფი პური, ან სად უნდა ვიპოვო ექიმი, ჩემს ზრდასრულ ქალიშვილს რომ ვუმკურნალოო?

თუმცა, შეგიძლია, თხრობა ჩეჩნეთის ორი ომით დაიწყო და წარმოადგინო თეორიები იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ ვერ გადაიტანდა რუსეთი მეორე ომის წაგებას.

„სტრატეგიის ამბავია, საქმე ნავთობშია“, - ამბობს ლოზინსკი, ძველი რეპორტიორი და დოკუმენტალისტი, რომელმაც ცხოვრების ეს უბრალო, სოფლური წესი თვითონ აირჩია. ბაირონისებრ ულვაშს ატარებს - წახნაგებიანსა და დიდს. თითქოს მე-19 საუკუნიდანაა. მახვილგონივრული და სხარტი ცინიზმით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს, რომ თავისი უანგარო ბუნება შენიღბოს ანდა იმედგაცრუება იმ მომენტში, როცა ხვდება, რომ ის რაც უნდოდა, არ გამოდის.

„ჩეჩნეთს დამოუკიდებლობა სურდა, ისევე, როგორც საქართველოს. რუსეთმა გაიაზრა, რომ თუ მათ ეს გამოუვიდოდათ, მაშინ გამოუვიდოდა ყველას - ინგუშებს, დაღესტნელებს. რუსეთს ამ პატარ-პატარა მინი-სახელმწიფოების გაჩენა არ აწყობდა“. ასე რომ, საჭირო იყო, ამბოხის ადგილზევე ჩახშობა და ჩანაფიქრის, რაც შეიძლება დამაჯერებლად, სისრულეში მოყვანა. ვკითხულობდი ანა პოლიტკოვსკაიას და ვხვდებოდი, რა ხდებოდა სასაკლოებად ქცეულ მიწებზე, ჩეჩნების გვამებით რომ იყო სავსე. ნუთუ არ იყო ეს სასტიკი ომი?

„ყველა ომი სასტიკია“. წარმოშობით ავსტრალიელი ლოზინსკი მსოფლიოს ცხელ წერტილებში უსასრულოდ დაეხეტებოდა: ავღანეთსა და რუსეთში 1990-იან წლებში, შემდეგ ერაყში, ინდოეთსა და პაკისტანში. კიდევ ათობით სხვა კონფლიქტურ მიწაზე ყოფილა. რაც არ უნდა სხაპასხუპით ჩამოუყარო ქვეყნები, ლოზინსკი გეუბნება, რომ იქ ნამყოფია, „ეი-ბი-სი“-ს ან „ენ-ბი-სი“-ს ფილმის გადასაღებად.

ბოლო ოთხი წელია, საქართველოშია. ფრანგი დიპლომატი ცოლის კვალდაკვალ ჩამოვიდა და ჩარჩა, მოგზაურობებს შეეშვა. ბედის ბორბალის ასე შემობრუნება სულაც არ ხიბლავს. ამიტომ თავის შესაქცევად სხვა გზები იპოვა. რამდენიმე წლის წინ ჩეჩნეთის ომის დროს მისი ოპერატორი მეგობარი როდი სკოტი დაიღუპა. როგორც რეპორტიორებისა და რომანტიკოსების უმრავლესობა, სკოტიც სიმპათიით იყო განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დამარცხებისთვის იყვნენ განწირულნი.

სკოტის მშობლებს, რომლებიც ლონდონში ცხოვრობდნენ, სურდათ, შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად კეთილი საქმე გაეკეთებინათ. ლოზინსკის დახმარებით, მათ შეძლეს პატარა, ინგლისურენოვანი სკოლის გახსნა პანკისში. სინამდვილეში, როგორც ლოზინსკი ამბობს, თვითონ ერჩივნა, სკოტის მშობლებს აქაური ახალგაზრდებისთვის სტიპენდიებისთვის საჭირო თანხა გამოეყოთ, მაგრამ სკოტებმა ინგლისური ენის სკოლის გახსნა არჩიეს.

თებერვლისთვის, სკოლის გეგმა უკვე ჩავარდნის პირას იყო. „ჩამოვედი და საქმეები მოვაგვარე“, - იხსენებს ლოზინსკი, - მშვენიერი ადმინისტრატორი ვიპოვე, ლია მარგაშვილი, რომელიც ძალიან დამეხმარა. ლიასთან ერთად ლოზინსკიმ აიყვანა ინგლისური ენის მასწავლებლები და დირექტორი, რომელიც თბილისიდან გაუწევდა სკოლას კურირებას. კლასები სამ სოფელში გაიხსნა, სულ 45 მოსწავლე შეაგროვეს, ყველანი 11 წლის. საფასური სიმბოლური იყო; სკოლის შესანახად საჭირო რესურსიც ასევე სიმბოლური - თვეში მხოლოდ 1000 ლარი.

თუმცა, მალე გაირკვა, რომ ფონდის გეგმა - აშენებულიყო ახალი, ტექნიკურად მაღალ დონეზე აღჭურვილი საკლასო ოთახები სოფლის მიტოვებული სკოლის ტერიტორიაზე, ცისფერი ოცნება იყო და მისი ახდენა სულაც არ იყო დამოკიდებული ფულზე. საქმე ის გახლდათ, რომ ლოზინსკიმ და მისმა ჯგუფმა შენობის არენდით აღების უფლება ვერაფრით მოიპოვეს.

საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილი კერძო პირთა ხელში გადავიდა. დუისში სკოლის მოყანყალებული ხის შენობის ახალი მფლობელი ერთი დუისელი კაცი გახდა, რომელიც სოფელში აღარ ცხოვრობდა. შესაბამისად, შენობის დაქირავება ვერ მოხერხდა, რადგან ბოლომდე დარწმუნებული არავინ იყო, ვინ ფლობდა ლეგალურად ძველ შენობას. და, როგორც ლოზინსკი ჰყვება, ეს მხოლოდ ბიუროკრატიული აისბერგის წვერი იყო. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მთავრობამ დუისის ცენტრალური სკოლა ახალთახალი კომპიუტერებით მოამარაგა და ამ პროექტზე ამერიკული დახმარების სოლიდური ნაწილი დახარჯა. ეს ნამდვილი პირიქეას გამარჯვება გამოდგა. „კომპიუტერებს რომ ამონტაჟებდნენ, ელექტროგაყვანილობის კაბელები გაუთავდათ, ქუჩიდან 117 მეტრში“.

ახალთახალი დანადგარების გამოყენება, ცხადია, ვერავინ შეძლო. გამორთული კომპიუტერები მწკრივებად უსარგებლოდ ეწყო. არც ინტერნეტის დაყენებისთვის საჭირო შელოცვა არსებობდა. რაღა ექნათ მასწავლებლებს, ადგნენ და კომპიუტერები სახლებში წაიღეს, საკლასო ოთახებიდან ვინმეს რომ არ მოეპარა.

„დაგეგმვა არაფრისა ხდება“, - უკმაყოფილოა ლოზინსკი საქართველოს ხელისუფლებით. დაუგეგმავად მოქმედების შედეგი კი ისაა, რომ ყველა სასარგებლო წამოწყება ჩანაფიქრშივე კვდება. ერთადერთი უკეთესობა, რასაც დუისში ამჩნევს, გუდრონით ახლად დაფარული გზაა. „ლიამ იხუმრა ერთხელ, ხალხი ამ გზაზე იმიტომ დადის, რომ მათი სახლების იატაკს ჯობიაო“.

* * *

დილა დუისში მამლებისაა. წითელ, გაფოფრილ მამლებს აქ ბატალიონობით შეხვდებით. და ტყდება ერთი დიდი „ყიყლიყოოო“ ყოველ გარიჟრაჟზე, სანამ მამლები გულს არ დაიამებენ. ადამიანები კი ალიონს უფრო ზანტად ხვდებიან, დილას ნელი ტემპით იწყებენ, უკვე იციან, რა უნდა გააკეთონ. კარგად ინათებს თუ არა, ისევ ის წელში მოხრილი, თეთრთმიანი ქალი თავის ადგილს იკავებს ქუჩაში, წყლის მილთან; დგას და შალის ნართს რეცხავს. ყოველდღე ასეა, შუა ქუჩაში, გამდინარე წყალზე ქსოვილს ცხიმოვან ნაწილაკებს აცლის.

გუშინ მაგული ქავთარაშვილმა მითხრა, - საბჭოთა წლებში, დიდი ოჯახი გვქონდა, ოჯახის თითოეულ წევრს კი - სამსახური და შემოსავალიო. ყავისფერ თვალებში ღრმა სასოწარკვეთაც ეტყობოდა. მაგული 40 წლისაა, ჩემზე ერთი წლით უმცროსი, მაგრამ ათი წლით უფროსს კი ჰგავს. როცა ერთხელ წამომცდა და ვუთხარი, თითქმის ტოლები ვართმეთქი, გაუკვირდა: დაინტერესდა, რატომ არ მქონდა თმაში ჭაღარა.

უცებ აბსოლუტურად კონკრეტულად გავიაზრე, ჩემი ცხოვრების წესის კომფორტი და სიიოლე - ჰიტლერის ევროპის დროინდელი ემიგრანტების ქალიშვილი, ამერიკის უმაღლეს სასწავლებელში გატარებული წლებით, წიგნებით გამოტენილი ბიბლიოთეკით, ნიუ-იორკული ზამთრებით, რომელსაც ცენტრალური გათბობის სისტემა ალღობს და მეტროს სწრაფი მგზავრობები აიოლებს. როცა ავად ვარ, შემიძლია, მივაკითხო კლინიკას, რომელიც უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი.

UNHCR-ის პროგრამის დირექტორმა სნეჟანა საჟდიჩმა მითხრა, რომ აქაურების ემიგრაციაში წასვლის შანსი თითქმის არ არსებობს: „ვინც მოახერხა, უკვე წავიდა ქვეყნიდან“.

თუ ქისტი ხარ, შენი კანონიერი მფარველი საქართველოს ხელისუფლებაა და სხვისგან დახმარებას არ უნდა ელოდე. საჟდიჩიც მეუბნება, რომ მოქალაქეობის საკითხი ჩახლართულია: „არსებობს სტატუსის გარეშე დარჩენილი ადამიანების ჯგუფი, რომელთაც არც ქართული და არც რუსული პასპორტები აქვთ. ზოგიერთ მათგანს ძველი საბჭოთა დოკუმენტაცია აქვს შემორჩენილი - ანუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რომელიც აღარ არსებობს“.

* * *

პანკისში ჩვენი პირველი დილა გათენდა. დარო და მე წინა ღამით დიქტოფონზე ჩაწერილ არაამქვეყნიურად ლამაზ მელოდიას ვუსმენთ - მუეძინის სიმღერას, რითაც ის თანასოფლელებს მწუხრის ლოცვაზე უხმობს. მუსლიმის ღიღინი ისეთი გულშიჩამწვდომია, ტანზე ბუსუსები გაყრის. მელოდია უძველესია, სევდიანი და ძლიერი, უდაბნოს მოხეტიალე ადამიანების ხმებით გაცოცხლებული. ჩეჩნეთში სუფიზმს ღრმა ფესვები აქვს გადგმული. ახლის მაძიებელი ახალგაზრდები კი თანდათან უარს ამბობენ კავკასიელი მუსლიმების ძირძველ რწმენაზე და უფრო ფუნდამენტალისტურ ვაჰაბიზმს აღიარებენ. ზიზის ვაჟი ერთ-ერთი მოქცეულ ვაჰაბიტთაგანია. ოჯახში მისი რწმენა აზრთა დიდ სხვადასხვაობას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი ცოლი ზიზის სახლიდან რამდენიმე ნაბიჯში ცხოვრობენ, ერთმანეთთან უბრად არიან. რადიკალიზმის პოტენციური საფრთხე მართლა არსებობს საზოგადოებაში, რომლის უამრავი მიმდევარი მოკლეს და დააპატიმრეს. გაჭირვება და სასოწარკვეთა სულ არ გეკითხებიან, ისე გიტარებენ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს.

* * *

დღის შუქი ბლანტია და გაუმჭვირვალე. ასეთ „ფაქტურას“ კვამლი აძლევს. დარო ფოტოებს ვეღარ იღებს. პანკისში დაბრუნებას მეორე დღეს აპირებს, როცა შუქი უფრო გამკვეთრდება. მარგო ქავთარაშვილი, ზიზის 47 წლის ქალიშვილი, გვანიშნებს, - წამომყევითო. დუისის დევნილ ბავშვთა სკოლაში მივდივართ - ფართო, უბრალო ხის შენობაა, რომელიც ამერიკული პრერიების პირველ ბინადრებს მახსენებს, რომლებიც იქ ორასი წლის წინ დასახლდნენ. რამდენიმე უფროს ბიჭს შეშის მსხვილი ნაჭრები მოაქვს ღუმელში შესაყრელად. ბავშვები ცნობისმოყვარე თვალებით გვათვალიერებენ. უცხო სტუმარი მათი სამყაროს შუაგულში - ეს უკვე საინტერესოა.

კლასიდან კლასში გადავდივართ. სახეებს ვაკვირდები. გოგონებს სქელი, მბზინვარე ნაწნავები დასდევთ ზურგზე; ბიჭები მორცხვები ჩანან, მაგრამ ეტყობათ, ცელქები არიან. ზოგს ალისფერი თმა აქვს, ცხვირზე დაყრილი ჭორფლი და თაფლისფერი თვალები - ნამდვილი ჩრდილოური სახეებია. როცა შევდივართ, თავაზიანად დგებიან ფეხზე. მასწავლებლებს მუქი ფერის თავსაფრები აქვთ კისერთან განასკვნული.

მარგო შენობის შუაგულისკენ მიგვიძღვება. გზად მერი მარგუშვილი გვხვდება - ინგლისური ენის მასწავლებელი - ძლივს, ისეთი ადამიანი, რომელთანაც თარჯიმნის გარეშე გასაუბრება შემიძლია. სამასწავლებლო ოთახში ზის, 50 წელს გადაცილებული ნაზი ქალი ჩანს, თვალებში ჩამდგარ სევდას მასაც ვამჩნევ. უნივერსიტეტში განათლებამიღებული ქისტი ქალი ჩეჩნეთში ცხოვრობდა, როცა მეორე ომი დაიწყო. „ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. გამეორება აღარ მინდა. უბრალოდ ვიტყვი, რომ ომს არავის ვუსურვებ“.

შემდეგ იხსენებს იმ დროს, როცა პანკისს ლტოლვილების ზღვა მიაწყდა: „8-9 წლის წინ, დაახლოებით 1999 წელს აქ 7 ათასზე მეტი ჩეჩენი ჩამოვიდა. თბილად მივიღეთ, საკუთარი ჭერი გავუყავით. იმით იკვებებოდნენ, რითაც ჩვენ, იმას სვამდნენ, რასაც ჩვენ. ასეთი ხალხია ქისტები, ყველაფერი კარგი რაც გააჩნიათ, სურთ, სტუმრებს უწილადონ, - შემდეგ კი იხსენებს: ჩემმა ოჯახმა 12 დევნილი შეიფარა, საკმარისი საწოლები არ გვქონდა და პირადად მე ბიცოლაჩემთან გადავდიოდი დასაძინებლად. დილით ვბრუნდებოდი სახლში და სტუმრებს ვუმასპინძლდებოდი. ჩემნაირად იქცეოდა ყველა აქაური ქალი. ჩვენთვის ვიკლებდით და სამაგიეროდ მათ ვკვებავდით ხორცით“.

პირველ წელიწადს სკოლას 600 დევნილი ბავშვი მიაწყდა. მასწავლებლები თავიდან ხელფასების გარეშე მუშაობდნენ. მერის თქმით, „შემდეგ გაერო ჩაერთო საქმეში მასწავლებლებისთვის შექმნილი საგრანტო პროგრამით. დროთა განმავლობაში ბევრი ბავშვი წაიყვანეს აქედან მშობლებმა“.

გაერო დღესაც ეხმარება სკოლას, წიგნებითა და სასკოლო ინვენტარით კი ნორვეგიის დევნილთა საბჭო ამარაგებთ - არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ყველაზე მტკიცე ნების მქონე. მარგუშვილს ვეკითხები, რა კეთდება იმისთვის, რომ საბჭოთა პერიოდში შევიწროებული ჩეჩნური თვითმყოფადობა, ისტორია, ენა და კულტურა აღდგეს? ასწავლიან თუ არა ბავშვებს, მაგალითად, ძველ ნაციონალურ სიმღერებს?

„იყო დრო, ბედნიერი ერი ვიყავით, - ამბობს მარგუშვილი, - სიმღერებიც გვქონდა და ცეკვებიც... - ხმა უმწეოდ აუკანკალდა, - მასწავლებლები ახლა ყველაფერს აკეთებენ, ბავშვებს თავიანთი ისტორია, ენა, ლიტერატურა და კულტურა რომ ასწავლონ“.

ჩვენს საუბარს, თურმე, ერთი თეთრქუდა, ჟღალწვერა კაცი უსმენდა და დიალოგში თავისი სურვილით ერთვება: საბჭოურმა რეჟიმმა ჩეჩნების კულტურის დიდი ნაწილი გაანადგურა. „რაც კი წიგნები გვქონდა, გროზნოში ყველაფერი დაგვიწვეს“.

მარგუშვილი დასძენს: „ძველ ამბებს წინაპრები ზეპირსიტყვიერად გადმოგვცემდნენ, წერილობითი სახით არ შემონახულა. ჩვენ ზედმიწევნით რელიგიური ხალხი ვართ; ყველაფერი დანარჩენი ჩვენთვის უცხოა. ჩვენები რწმენას საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი ინარჩუნებდნენ“.

მისივე ნაამბობით, ჩეჩნები ყოველთვის აღნიშნავდნენ ლეგენდარულ მებრძოლებთან, შამილთან და გაილანთან დაკავშირებულ თარიღებს. „ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროსაც ისინი ჩვენი გმირები იყვნენ. მაგრამ შამილი და გაილანი ყველასთვის გმირი არ შეიძლება იყოს. ზოგისთვის, შეიძლება, მათ ტერორისტები ჰქვიათ. არ ვიცი. ეს ისტორიის გადასაწყვეტია“.

* * *

დუისის საზოგადოებრივი სამსახურის ცენტრში ოთხ ჩეჩენ ქალს შევხვდი, რომლებიც თავიანთ სოფელში ნამდვილ ლიდერებად იქცნენ. ისინი გაერო-ს დევნილთა სააგენტოს ქართველ თანამშრომელთან დალი ჩაჩილავასთან თანამშრომლობენ. ქალებს ვხვდები თავიანთ ოფისში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საავადმყოფო იყო. ახლა საერთო საცხოვრებელია, სამოქალაქო ცენტრი და დევნილების სამზარეულოც აქვეა განთავსებული. უსაფრთხოების რისკის გამო, უკან დაბრუნებაზე ბევრი არ ფიქრობს. კვლავაც არ ქრება მეწყერის საფრთხე. თან იმის შიშიც აქვთ, რომ სამხედრო ასაკის მქონე ახალგაზრდებს რუსები სასტიკად გაუსწორდებიან.

ვზივარ ქალებს შორის და თავში გამუდმებით მიტრიალებს კითხვა - სად არიან კაცები? მარტოხელა 40 წლის დედა ციცინო გაურგაშვილი მიხსნის: „ზოგი მიწათმოქმედებას მისდევს, ზოგი უცხოეთში წავიდა პურის ფულის საშოვნელად, ზოგიც სახლში ზის და უსაქმურობს, რადგან სამსახურის შოვნა ძნელია“.

იაჰა, რომელსაც ფსიქოლოგის დიპლომი აქვს და გვარის გამხელას ერიდება, რიგ საკითხებს სხვა ქალებზე უფრო პროგრესულად უყურებს. თანამედროვე პიჯაკი აცვია, და თმასაც სხვებთან შედარებით მომცრო თავსაფარი უფარავს. საუბრისას სამკუთხა მოყვანილობის სახე კონცენტრირებული უხდება, თავს მაღლა სწევს ხოლმე და ეს ყველაფერი მის ინდივიდუალობას უსვამს ხაზს.

იაჰა ადგილობრივი ქალების დაჯგუფებას ხელმძღვანელობს და გაერო-ს სააგენტოსთან თანამშრომლობს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს მათ, ვინც გამოიარა ომი და ოჯახის წევრები დაკარგა. გარდა ამისა, ფსიქოლოგად მუშაობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ქართულ ცენტრში. თბილისის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა გერმანულმა ფონდმა დაუფინანსა.

„რუსებს გაეხარდებოდათ, უკან გროზნოში რომ დავბრუნდეთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი ჩინებულადაა, - ამბობს იაჰა, - სამჯერ გამოგზავნეს საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს მანქანა მოხალისე რეპატრიატების გროზნოში წასაყვანად“.

იაჰამ და დანარჩენმა დევნილებმა წასვლაზე უარი თქვეს. მათ აქ, ამ ბარაკებში, ნეიტრალურ ქართულ მიწაზე დარჩენა არჩიეს. „ჩეჩნეთში ადამიანები ყოველდღე ქრებიან. ჩემი სამი ნათესავი დაიკარგა უკვალოდ. როცა ძიებას იწყებ, ოფიციალური პირები გემუქრებიან, პირდაპირ გეუბნებიან, - ჯობს, ჩხრეკას თავი დაანებოო“.

იაჰა ოჯახიდან ერთადერთია, ვინც გადარჩა: ოთხი ძმა და მამა ჩეჩნეთში დაეღუპა. ის საკმაოდ გაუცხოებულია ტრადიციული, მშობლიური სამყაროსგან, რომელშიც ქალები მამაკაცებს ბრმად ემონებიან. მაგრამ როცა მის დამოუკიდებელ ხასიათზე ვეკითხები, სევდიანად იჩეჩავს მხრებს: „ძალიანაც ბედნიერი ვიქნებოდი, ვინმეს რომ ეთქვა, ამოეფარე კედელს, მე დაგიცავ“.

მაგრამ კედლები ჩამოშლილია. იაჰა იძულებით გახდა საკუთარი თავის მფარველიც და დამცველიც; მიაღწია დამოუკიდებლობას, რომელიც არასდროს სურდა; ის ფემინისტია უფრო ძალდატანებით, ვიდრე საკუთარი სურვილით. რაც მთავარია, მას აღიზიანებს სქესთა მტკიცე იერარქია მშობლიურ ტრადიციებში: „როცა ერთმანეთს დავშორდით, ჩემი ვაჟი ქმარმა წაიყვანა დაღესტანში. ჩეჩნური წესის მიხედვით, შვილის დასაბრუნებლად არაფრის გაკეთების უფლება არ მაქვს“.

* * *

ყველაზე დიდი კულტურული ბარიერები, რაც ჩეჩნების ქართულ კულტურაში ინტეგრაციას უშლის ხელს, გენდერულ პრობლემებს უკავშირდება. ამ საზოგადოების ქალი და მამაკაცი წარმომადგენლების ნორმატიული როლები სრულ შეუსაბამობაშია თანამედროვე ქართულ რეალობასთან, რომ აღარაფერი ვთქვათ დასავლეთ ევროპაზე.

თუმცა, თვითდამკვიდრება პანაცეა არ არის: „დევნილების დამკვიდრება მასპინძელ ქვეყნებში საკმაოდ პრობლემური საკითხია. შიდა ოჯახური ძალადობის ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, - აცხადებს UNHCR-ის წარმომადგენელი ბაიარუორთი, - ერთ-ერთი ფაქტორია ბავშვების კულტურული ასიმილაცია“. მამების თაობას ახალ მიწაზე ფესვების გადგმა უფრო უჭირს და იძულებულნი არიან, პენსიას დასჯერდნენ. მათ დაკარგეს ლიდერის როლი და ამ როლის დაბრუნება უჭირთ. ამ ფონზე ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის ხშირად სწორედ ძალადობით წყდება“.

ოჯახური ძალადობის შემთხვევები არც ამ ხეობაშია იშვიათი. დარო და მე ერთ-ერთი დევნილის ბარაკის გვერდით მივსეირნობთ, ეზოში წვერებიანი კაცი ზის ლურჯი სამხედრო ფორმით, მოცლილად და ნება-ნება ლაზღანდარობს თანასოფლელებთან ერთად. კარგად ვაკვირდები და მის გარეგნობაში რაღაც ისეთი განწყობა გამოკრთის - ალბათ, უფრო მოწყენილობა და ნიჰილიზმში გადაზრდილი იმედგაცრუება - რომ ძალიან მაგონებს პატიმრებს, ნიუ-იორკში რომ მინახავს.

პანკისიდან წამოსვლამდე ჩეჩენი კაცების სამ გამორჩეულ ლიდერს ვხვდებით. მოჰამედი და მისი ორი სიძე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ დანარჩენ დევნილებს შორის. ღუმელში პური ცხვება, იბურცება და ოთახში საფუარის თბილ არომატს აყენებს.

კაცები წარმოსადეგი გარეგნობის არიან და სუფთად აცვიათ. იმ მამრების მკაცრი თვითდისციპლინა ეტყობათ, შეიარაღებულ კონფლიქტში რომ მიუღიათ მონაწილეობა. მოჰამედი მეუბნება, რომ პარტიზანული ომი ჩეჩნეთში კვლავ გრძელდება. თუმცა, რუსები ამას არ აღიარებენო, - დასძენს.

სამიდან ყველაზე სიტყვაძუნწ კაცს კალთაში პატარა ბავშვი უზის. ცოლები შინ არ არიან და მამაკაცები ოჯახის ბატონ-პატრონების როლში თავს კომფორტულად გრძნობენ. უკმაყოფილონი არიან, - პასპორტები არ გვაქვს, საქართველოდან რომ წავიდეთო. მაოცებს მათი სამზარეულოს შედარებითი სიმდიდრე, როცა ქავთარაშვილების სამზარეულოს ვიხსენებ.

საკვები უხვადაა. მოჰამედი ინვალიდის ძველ სავარძელში ზის. მოხერხებულად ჯდება და თავაზიანი რუსული ფრაზებით ბოდიშს გვიხდის, რომ არ შეუძლია ინტერვიუ მოგვცეს, რადგან, ისლამური წესის მიხედვით, ქალებთან საუბრის უფლება არ აქვს.

„მაგრამ ახლა ხომ გველაპარაკება“, - ვამბობ ჩემთვის.

* * *

ზიზისთან ვბრუნდებით. დარო ზღურბლზე ზის პატარა გოგოებთან - მექასთან და მედინასთან ერთად. 12 წლის მედინა თავის 5 წლის დას დედობას უწევს. მედინა ახლა საქმეშია ჩაფლული, დაროს უბის წიგნაკში ჩეჩნურ ფრაზებს უწერს და მათ წარმოთქმას ასწავლის. გაკვეთილი ორივეს ძალიან მოსწონს. დამეგობრდნენ.

ზიზი ისვენებს. მგონია, რომ თავი სტკივა, რადგან რაც აქ ვართ, თითქმის უჭმელი დადის და უამრავს შრომობს. ჩვენ ფსკერამდე დავიყვანეთ მისი ქლიავის ჯემის ქილა, ვცმუცნეთ მისი ყველი, ვსანსლეთ მისი ხორცი. იმედი მაქვს, ოჯახში რამე საჭმელი დარჩა ამ კვირის, შემდეგი კვირის და კიდევ შემდეგი კვირის სამყოფი. თვალწინ მიტრიალებს გასაშრობად ჩამოკიდებული გრძელი თექა და ვხვდები, რატომ შრომობს მაგული ასე თავაუღებლად.

მარგო დაბალ ხის სამფეხაზე ზის და ისვენებს, მთელი შუადღე ერთად ვიხეტიალეთ სოფელში - ის ხომ ჩემი მფარველია. ჩუმად ზის და წამწამებს აფახურებს, უხმოდ თანავუგრძნობ. ზოგი ქალი ყვავილს ჰგავს, ზოგი - კლდეს. ბევრ რამეს ისწავლის ადამიანი პანკისში.

დარო სწავლობს, როგორ თქვას ჩეჩნურად წინადადება - „შეიძლება, ფოტო გადაგიღოთ? მედინა ფრაზას იმეორებს და შემდეგ დაროს ამეორებინებს. როცა დარო აქ მეორედ ჩამოვა, უკვე ეცოდინება, როგორ ითხოვოს ხეობის ბინადრებისგან აქაური ცხოვრების ფირზე აღბეჭდვა.

გუშინ ღამით, ვიდრე ბუმბულის საბანში ჩაფლულს ჩამეძინებოდა, კედელზე ჩამოკიდებული ორი სურათი შევნიშნე. ერთზე კავკასიელი გოგო იყო გამოსახული, რომელსაც ხელში ყურძნის მტევანი უჭირავს. მეორე კი ძველმოდური სტუდიური ფოტო იყო, დაახლოებით 60-იან წლებში გადაღებული, რომლიდანაც გრძელთმება, გროზნოელი გოგო იცქირება, საგულდაგულოდ გამოქნილი წარბებით. ეს ზიზია - თავისი ძველი, სანახევროდ დავიწყებული წარსულიდან.

17 ომი ასი დღის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

ავტორი: სოფო ბუკია
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით Amnesty International-ის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში საინფორმაციო სივრცის ისეთივე ბესტსელერად იქცა, როგორც მანამდე Human Rights Watch-ის კვლევები იყო.

76-გვერდიან ანგარიშში კონფლიქტის ნებისმიერი მხარე იპოვის სათავისოს. გულის მოსაფხანი აქ ყველასთვის მოიძებნება.

მაგალითად, რუსული პრესის საყვარელი ქვეთავია ქართული გრადების იერიში ცხინვალზე, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. ქართული მედია ყურადღებას 24 ათას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილსა და იმ გაუსაძლის ვითარებაზე ამახვილებს, რომელიც, Amnesty International-ის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შეიქმნა.

რეალობა კი ის არის, რომ თუ თავიდან ბოლომდე წავიკითხავთ, Amnesty International-ის ანგარიში თითქმის თანაბრად კრიტიკულია ორივე მხარის მიმართ. საერთაშორისო ორგანიზაცია ორივე მხარეს ამხელს სამხედრო დანაშაულებების ჩადენასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაში. ამ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადოდ დაცვა, რის გამოც, აგვისტოს ომს უფრო მეტი მშვიდობიანი მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე სამხედრო.

ამ სანახევროდ გაგებულ ანგარიშებში იკითხება რეალობა, რომელსაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ. მაგალითად, ის, რომ კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში ქვა ქვაზე აღარ დარჩა. ანუ სახლები, რომლებიც დევნილებს შავშვებში, კოდასა თუ სხვაგან უშენდებათ, დროებითი საცხოვრებელი კი არაა, როგორც ჩვენ ვამბობთ, არამედ მათი მუდმივი კარმიდამოა - ერთადერთი, რადგან სხვა უკვე აღარ აქვთ. მათი მშობლიური სახლები ან დამწვარია ან ЗАНЯТО!.

საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ანგარიშებში არის კიდევ მეორე რეალობა, რომელსაც ჩვენ საერთოდ არ ვაღიარებთ, თავს ვარიდებთ, გაგონებაც არ გვინდა: ის, რომ, როცა ქართულმა „გრადმა“ პირველად გაისროლა, ცხინვალში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაძინებლად ემზადებოდა; რომ ჩვენც, რუსი აგრესორების მსგავსად, კასეტური ბომბები გამოვიყენეთ - იარაღი, რომელსაც მსოფლიოს 107-მა ქვეყანამ უარი უთხრა, განსაკუთრებული არაჰუმანურობის გამო, და ისიც თურმე ტექნიკურად გაუმართავი, თურმე ჩვენივე სოფლებში ჩაგვიყრია. ამას Human Rights Watch-ის ანგარიში ამბობს.

არც Amnesty International-ის და არც Human Rights Watch-ის ანგარიშები ომის გამომწვევ მიზეზებს არ იკვლევენ. არც იმას ამბობენ გადაჭრით, ვინ დაიწყო ომი. უბრალოდ, მიანიშნებენ. მინიშნება კი ის არის, რომ ომის 76-გვერდიანი ქრონიკა აქ 7 აგვისტოს 23.30 საათიდან იწყება, როცა ქართულმა „გრადმა პირველად გაისროლა ცხინვალისკენ.

ეს ანგარიშები აგვისტოს პირველ რიცხვებს არ ეხება. Amnesty International-ი ზოგადად აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ზონაში აგვისტოს დასაწყისში სროლები ისმოდა. ანგარიშში ვკითხულობთ: „ჩვენს მიერ გამოკითხულმა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა სამოქალაქო პირებმა გვითხრეს, რომ აგვისტოს პირველ რიცხვებში სარდაფებში ეძინათ“.

მაშინ მთელ მსოფლიოს ეძინა. Amnesty International-საც და Human Rights Watch-საც. „გრადი“ გახდა საჭირო, რომ მსოფლიოს გაღვიძებოდა.

7 აგვისტო, 11 საათი და 30 წუთი - ამ დროს ქართულმა ჯარმა პირველი იერიში მიიტანა ცხინვალზე.

ცხინვალელი ყაზბეგ ჯილოევი Amnesty International-ის წარმომადგენლებს საკუთარი სახლის ნანგრევებთან უყვება თავის ისტორიას:

„სახლში ვისხედით. ვუსმენდით სააკაშვილს, რომელიც ამბობდა, რომ თანახმაა მოლაპარაკებაზე. თავი უსაფრთხოდ ვიგრძენით... მე ჩაის ვსვამდი, როცა ყველაფერი დაიწყო. სარდაფში ჩავედით. ორ საათში სახლი საშინლად შეინძრა, სახურავი აფეთქდა. ჩვენ სახლს ოთხი „გრადის“ ჭურვი მოხვდა. მე და ჩემი ძმა სარდაფიდან ამოვედით, რომ გვენახა, რა ხდებოდა. თვითმფრინავის ხმა გავიგონეთ, იქიდან პირდაპირ ჩვენ დაგვიმიზნეს და გვესროდნენ. ისევ სარდაფს შევაფარეთ თავი. შოკში ვიყავი. ქართველები ამბობენ, - რუსულ სამხედრო პოზიციებს ვესროდითო. ეს სიცრუეა. ისინი ჩვენ გვესროდნენ - მშვიდობიან მოსახლეობას. აქ ჯარისკაცები არ იყვნენ, არც სამხედრო ობიექტები იყო. ახლა მე სახლი აღარ მაქვს, არც არავინ მეხმარება. ვერასოდეს ავიშენებ სახლს, იმიტომ, რომ ფული არ მაქვს“.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ ოსურ მხარეს 7 აგვისტოს 19:00 საათზე მოუწოდა.

ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება - რა ხდებოდა კონფლიქტის ზონაში 19:00 საათიდან 23:30 საათამდე? რა საფრთხე დაინახა ქართულმა სახელმწიფომ, რომ პასუხად საკუთარ ტერიტორიაზე „გრადი“ ისროლა? არც Amnesty International-ის და არც Human Rights Watch-ის ანგარიშში დროის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის დეტალური კვლევა არ არის.

Human Rights Watch-ის წარმომადგენლები ცხინვალში პირველად 13 აგვისტოს შეუშვეს. მათ ასეთი სურათი დახვდათ: „ქალაქი სრულიად უკაცრიელი იყო. ბევრი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლი დაცხრილული იყო, ზოგიერთი სახლი - დაზიანებული ჭურვით, რომელიც სავარაუდოდ „გრადიდან იყო ნასროლი. ზოგ სახლს სატანკო ჭურვების კვალი ეტყობოდა, რაც ზედაპირული დათვალიერებით ახლო მანძილიდან ნასროლს ჰგავდა. სარდაფები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს ხოლმე თავს, ზოგან დაცხრილული იყო“.

„აგვისტოს შუა რიცხვებში მძიმე ბრძოლის შედეგები ქალაქს კიდევ ეტყობოდა, - წერს Amnesty International-ი თავის ანგარიშში, - მთავარი გზის გასწვრივ სახლებში არც ერთი ფანჯარა არ იყო საღი. კედლები დაცხრილული იყო. რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი - უნივერსიტეტი, ცენტრალური ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, მე-6 და მე-5 სკოლები, ასევე, მრავალრიცხოვანი კერძო სახლი დაზიანებული იყო საარტილერიო და სატანკო ცეცხლისგან. თუმცა, ძნელი იყო გარკვევა - ეს ორმხრივი სროლების, თუ ქართული ჯარების „განურჩეველი იერიშის“ შედეგად მოხდა“.

Amnesty International-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცხინვალში ნგრევების დიდი ნაწილი GRADLAR MLRS ტიპის ჭურვებმა გამოიწვია:

„თვითმხილველთა ინტერვიუები, ქართული ძალების მიერ გამოყენებული იარაღის ხასიათი და ცხინვალის მთელს ტერიტორიაზე ნგრევების გაფანტულობა გვაფიქრებინებს, რომ ქართულმა ძალებმა არაზუსტი, უწესრიგო იერიში მიიტანეს ცხინვალზე 7 აგვისტოს ღამეს და 8 აგვისტოს გამთენიისას, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ობიექტების ნგრევა მოჰყვა“. თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე Amnesty International-ი ცხინვალის სხვადასხვა ნაწილში მიმოფანტულ 183 დანგრეულ შენობას ხედავს.

ცხინვალისა და ხეთაგუროვოს მისამართით „გრადის“ გამოყენებას ქართული მხარე აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ქართული „გრადის“ სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტები იყო, მათ შორის - ე.წ. „ვერხნი გოროდოკი“, სადაც რუს მშვიდობისმყოფელთა შტაბია დაბანაკებული. ქართული მხარე ირწმუნება, რომ ქართულ სოფლებს სწორედ ამ პოზიციიდან ესროდნენ ჯერ კიდევ 7 აგვისტომდე.

სამხედრო ობიექტების დიდი ნაწილი ცხინვალის პერიფერიებშია განლაგებული, გარშემო კი მოსახლეობა ცხოვრობს. „ქართული ჭურვები, რომლებიც სამხედრო ობიექტებს ასცდა, სწორედ მშვიდობიან დასახლებაში აფეთქდა“, - ვარაუდობენ დამკვირვებლები.

Amnesty International-ი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ქართულ მხარეს მოძველებული, არაზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა, რომლის გადამოწმებაც ცხინვალზე იერიშამდე ვერ უზრუნველყო და ამიტომაც მიზანში მჭიდროდ დასახლებული რაიონები მოხვდა.

0x01 graphic

ამავე ანგარიშში, ორიოდე აბზაცით ზემოთ იგივე წერია: შესაძლოა, რომ ოსური პოზიციები, საიდანაც ქართულ მხარეს ესროდნენ, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში იყო განთავსებული, რაც ჟენევის კონვენციის ერთ-ერთი მუხლის დარღვევაა.

HRW-მა ნახა ცხინვალის ერთადერთი საავადმყოფო, რომელსაც, სავარაუდოდ, „გრადის“ ჭურვი მოხვდა. პალატები მეორე სართულზე სერიოზულად იყო დაზიანებული.

ექიმი უყვება HRW-ს: „8-11 აგვისტოს იძულებული ვიყავით, სარდაფში გვემუშავა. ყველა დაჭრილი სარდაფში ჩავიყვანეთ. საარტილერიო ცეცხლი არ წყდებოდა. საავადმყოფო 18 საათის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო“.

პირველი, ვინც უარყო რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალში 2 ათასი დაღუპულის შესახებ, HRW-ი იყო. ამ ანგარიშს მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტიც დაეყრდნობა გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსვლის დროს: Human Rights Watch-მა საბოლოოდ ახადა ფარდა რუსეთის ტყუილს, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უთხრა Amnesty International-ს, რომ 134 სამოქალაქო პირია დაღუპული. საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირები, რომლებიც შეიარაღებულ წინააღმდეგობაში მონაწილეობდნენ. ცხინვალელი ექიმები ამბობენ, რომ დაჭრილთა და გარდაცვლილთა ყველაზე დიდი ნაკადი 8 აგვისტოს გამთენიისას იყო.

Amnesty International-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ „კონფლიქტი პირველივე დღეებში ხასიათდებოდა დეზინფორმაციის მაღალი ხარისხით, ბრძოლის მასშტაბების და მსხვერპლის რაოდენობის გაზვიადებით“.

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ მიუხედავად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა, საუბრები გენოციდის შესახებ, როგორც ქართველების ისე ოსების მხრიდან, გაზვიადებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

განსხვავებით გენოციდისგან, ქართველთა ეთნიკური წმენდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დასტურდება. ამას საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში მოყვანილი დევნილთა ინტერვიუებიც მოწმობს და თვით ედუარდ კოკოითის მიერ აგვისტოს ბოლოს გაკეთებული განცხადება: „ჩვენ იქ (ქართულ სოფლებში) ყველაფერი მიწასთან გავასწორეთ“.

„თექვსმეტი დღის განმავლობაში, 8-დან 20 აგვისტომდე, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობდნენ ნგრევასა და სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე“, - წერს Amnesty International-ი. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე 75 რუსული საჰაერო თავდასხმა დაფიქსირდა.

„თვითმხილველთა ნაამბობიდან ირკვევა, რომ რუსული ჭურვები, ხშირ შემთხვევაში, სამხედრო ობიექტების სიახლოვეს ფეთქდებოდა. თუმცა, ასევე, დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა სამოქალაქო პირები და ობიექტები, შესაძლოა, უშუალოდ ხდებოდნენ რუსული თავდასხმის სამიზნე“, - აღნიშნულია Amnesty International-ის ანგარიშში.

ორგანიზაცია ასკვნის, რომ მიუხედავად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და ნგრევისა, რუსული დაბომბვები უფრო შერჩევითი და იზოლირებული ხასიათის იყო, განსხვავებით ცხინვალზე ქართული იერიშისგან.

აბზაცით ქვემოთ მოყვანილია მაგალითები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ამ დასკვნას:

12 აგვისტოს გორში მომხდარი ავიათავდასხმა, რომელსაც ჰოლანდიელი ჟურნალისტისა და კიდევ შვიდი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე ანგარიშშია აღწერილი. გაურკვეველი რჩება, რა უნდოდა რუსულ ჭურვს გორის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგა. მეტად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გორის მოედანზე „ისკანდერის“ ჭურვი აფეთქდა. „ისკანდერი“ კი ზუსტ იარაღად ითვლება.

HRW თავის ანგარიშში უფრო კატეგორიულია რუსეთის მხრიდან ძალის განურჩეველ, არაზუსტ გამოყენებასა და შესაძლო მიზანმიმართულ დარტყმებზე მშვიდობიან დასახლებებში.

ექვსი თვითმხილველი ჰყვება, თუ როგორ დაიბომბა 8 აგვისტოს სოფელ ერედვთან მშვიდობიანი მოსახლეობის ავტოკოლონა. თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით 16.00 საათზე ცაზე ხუთი ვერტმფრენი გამოჩნდა. მათ გადაუფრინეს კოლონას, შემობრუნდნენ და ცეცხლი გახსნეს. „საშინელი აფეთქების ხმა გავიგეთ, ალბათ 4-5 მანქანა აფეთქდა. ვხედავდი დაჭრილებს, გარდაცვლილებს. ერთ-ერთ „ნივაში“ ორი და იყო, ორივე გარდაიცვალა, - ჰყვება თემო კასრაძე სოფელ ქემერთიდან“.

12 აგვისტოს ბინდდებოდა, რომ HRW-ის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, როგორ იწვოდა კონფლიქტის ზონის ქართული სოფლები და იძარცვებოდა ეთნიკურიქართველების სახლ-კარი ოსური დაჯგუფებების მიერ. განსაკუთრებული სისასტიკით იმ სოფლებს გაუსწორდნენ, რომლებიც აგვისტომდე საქართველოს ხელისუფლებისა და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის კონტროლქვეშ იყო.

„12 აგვისტოს, საღამოს, ჯავიდან ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ საშინელი სურათის მოწმენი გავხდით ოთხ ქართულ სოფელში. იქ დარჩენილი მცირერიცხოვანი ქართული მშვიდობიანი მოსახლეობა ამბობდა, რომ ამ გზაზე ოსებმა ჩაიარეს, მათი სახლები დაწვეს და გაძარცვეს. ისინი ამბობდნენ, რომ ოსებმა გზა სხვა ქართული სოფლების მიმართულებით გააგრძელეს. ჩვენ მართლაც ვნახეთ ჯავის გზაზე ოსური სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებით სავსე უამრავი მანქანა და, ასევე, რუსული სამხედრო ტრანსპორტიც“. ამ დღეს თითქმის სრულიად გადაიწვა კეხვი, ქვემო და ზემო აჩაბეთი, თამარაშენი.

„სოფლები თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ მოხუცები იყვნენ. ერთი ხანდაზმული კაცი ქვემო აჩაბეთში თავზეხელაღებული ეზიდებოდა მღვრიე წყალს გუბედან, რათა საკუთარი ცეცხლწაკიდებული სახლი გადაერჩინა. მას აღარ ჰქონდა არც სასმელი წყალი, არც საჭმელი; ხელები დამწვარი, თმებიც; სახლი უკვე თითქმის დაფერფლილი იყო“, ის მაინც ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. ეტყობოდა, რომ შოკში იყო, - წერია HRW-ის ანგარიშში.

თანამგზავრიდან სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ ქართული სოფლების მასობრივი განადგურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მოსახლეობა ქაოტურად, ხშირ შემთხვევაში ფეხით ტოვებდა მშობლიურ სოფლებს. მათი ევაკუაციისთვის არავინ იზრუნა.

ნინა, ხანდაზმული ქალი ქურთადან, უყვება Amnesty International-ს: „ისინი ბაღებიდან მოვიდნენ. რუსულად საუბრობდნენ, მაგრამ რუსები არ იყვნენ. ერთნაირი სამხედრო ფორმა ეცვათ. მათ ქურთაში 15 სახლი დაწვეს, საქონელი სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს. 13 რიცხვი იყო, ჩვენ იმ დღეს დავტოვეთ ქურთა. როცა სოფლიდან გავდიოდით, ვნახეთ, რომ მაროდიორებმა ჩვენი ორი მეზობელი გაიტაცეს, ძალით ტენიდნენ მანქანის საბარგულში. ფეხით მივდიოდით. ხეთადან ერედვში გადავედით. ერედვში გვამები ვნახეთ - ქალის, კაცის და ორი ბავშვის. გზა სოფელ დითსამდე განვაგრძეთ. იქ ზოგი სახლი დამწვარი იყო. თრძისშიც დამწვარი იყო სახლები, ირგვლივ ქუჩაში სხვადასხვა ნივთი იყო მიმოფანტული. სოფლები ცარიელი იყო. ღამე თრძისში გავათენეთ. შემდეგ ტყვიავში გადავედით. იქ ბევრი გვამი ვნახეთ. გვამები ქუჩაში ეყარა. ყველანი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ. მე არ მინახავს არც ერთი მკვდარი ჯარისკაცის გვამი“.

Amnesty International-მა ერედვში რამდენიმე ჭიშკარზე ასეთი წარწერა ნახა: „ირონ“! და ЗАНЯТО!. „ირონ“-ოსურად ოსს ნიშნავს. ერედვში Amnesty International-ის დამკვირვებლებს რუსი სამხედროები შეხვდათ, თუმცა რუსებმა სთხოვეს, ამ შეხვედრის შესახებ არავისთვის ეთქვათ. საქმე ისაა, რომ ამ დროს ერედვში ქართველების სახლები იწვოდა და იძარცვებოდა, რუსი სამხედროები კი ამას ხელს არ უშლიდნენ, შორიდან მშვიდად აკვირდებოდნენ. კითხვაზე, თუ რატომ არ აღკვეთენ ამ განუკითხაობას, რუსმა ჯარისკაცებმა მიუგეს დამკვირვებლებს: политика такая.

რუსული აგრესიის მსხვერპლთა სია, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, 228 სამოქალაქო პირს ითვლის.

Amnesty International-ის ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ვალდებულია, უზრუნველყოს ყოველი ადამიანის უსაფრთხოება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ის აკონტროლებს: „სერიოზული დარღვევები, რომელთა შედეგია მასშტაბური ნგრევა, სახლების ძარცვა, გადაწვა, ადამიანთა ცემა, გატაცებები და მკვლელობები, არის ცხადი დადასტურება იმისა, რომ რუსეთი ვერ ასრულებს ამ ვალდებულებას“.

Amnesty International-ის ანგარიში სახელწოდებით „მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის ხაზზე: ქართულ-რუსული კონფლიქტი“, ამბობს, რომ უკვე 100 დღეა, საკუთარ სახლ-კარს ვერ უბრუნდება 24 ათასამდე ქართველი; კონფლიქტის ზონაში არ წყდება ძალადობა და განუკითხაობა; ე.წ. ბუფერულ ზონებსა თუ სხვა ადგილებში კომბოსტოს ყანასა თუ ვაშლის ბაღებში მშვიდობიანი მსხვერპლის მოლოდინში კვლავ ჩასაფრებულია აუფეთქებელი კასეტური ბომბები, ორივე მხარის მიერ ნასროლი, ტექნიკურად გაუმართავი და მხოლოდ იმის შემძლე, რომ უდანაშაულო ადამიანი მოკლას ან დაასახიჩროს.

„სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული დე-ფაქტო საზღვრის გასწვრივ არასტაბილურობის, გაურკვევლობის ახალი ზონაა შექმნილი. აქ ხალხი საფრთხეშია. მშვიდობიანი მოსახლეობა შიშისა და რისკის ქვეშ იმყოფება. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ორმხრივი სროლების, აფეთქებების, ადამიანთა გატაცებების, მაროდიორობისა და მკვლელობების შესახებ“, - ასეთია რეალობა კონფლიქტიდან 100 დღის თავზე.

Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როცა კონფლიქტში ჩართული მხარეების ქმედებების გამოძიება უნდა მოხდეს. ორგანიზაცია მოუწოდებს მხარეებს მიმართონ ფაქტების დამდგენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კომისიას (IHFFC), რათა ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა აგვისტოში.

„პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე, შეუძლებელია შერიგება და მშვიდობის მიღწევა“, - მიიჩნევენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

0x01 graphic

სამწუხაროდ, აქ არ წერია, როგორ უნდა მოიქცნენ მხარეები, თუ არც შერიგება სურთ და არც რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობენ.

„გაეთრიეთ აქედან! ჩვენ აქ არ გვჭირდება ქართველები! ჩვენ ვწვავთ თქვენს სახლებს, რომ თქვენი შვილები აქ აღარ მოვიდნენ“, - როცა ირა ალმოდებული მშობლიური ქურთადან გარბოდა, უკან ეს სიტყვები მიაძახეს; და - არა მარტო მას.

18 წითელი სოფლები

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ხადურების ოჯახში, საძინებლის ძველ სარკეზე კასეტური ბომბის სამუდამო კვალი დარჩა. 12 აგვისტოს, დღის 11 საათზე აქ პირველად გაიგეს ამ ტიპის ბომბის შესახებ, საკუთარი თვალით ნახეს და შედეგიც საკუთარ თავზე გამოსცადეს. „მამაჩემი იმ დილით ეზოში ტრიალებდა. ჩვენ სახლში ტელევიზორთან ვისხედით. უცებ აფეთქების ხმა გაისმა, შუშები ჩაიმსხვრა და გარშემო ყველაფერი დაილეწა. ეზოში წაქცეული მამაჩემი რომ დავინახე, ვიფიქრე, რომ შუშის ნამსხვრევებისგან დაიჭრა. უცებ მოხდა ყველაფერი, ვერც ვერაფერი თქვა. რამდენიმე წუთში გარდაიცვალა“, - იხსენებს მამის სიკვდილს სერგო ხადური.

მათი კერძო სახლი გორის ცენტრშია, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სტალინის ძეგლიდან 200 მეტრით დაშორებული. იმ დროს, როდესაც 84 წლის ვიქტორ ხადური ბომბმა იმსხვერპლა, სტალინის ძეგლთან ჰოლანდიელი ჟურნალისტი გარდაიცვალა. აფეთქებას სახლი არ დაუნგრევია, სამაგიეროდ იქაურობა ნასხლეტებით გაივსო, შუშები მთლიანად დაიმსხვრა. სახლი და ეზო რამდენიმე წუთში ბრძოლის ველს დაემსგავსა. ოჯახში დღესაც ინახავენ ბომბის წვრილ ნარჩენებს, რკინის ბურთულებს, რომლებიც ხადურების ოჯახში სხვადასხვა მიმართულებით მიმოიფანტა.

Human Rights Watch-ის მონაცემებით, აგვისტოს ომის დროს რუსული და ქართული მხარის მიერ კასეტური იარაღის გამოყენებას, სულ მცირე, 17 სამოქლაქო პირის სოცოცხელე შეეწირა. ათეულობით ადამიანი დაიჭრა. ოქტომბრის ბოლოს, საველე კვლევების დასასრულს, საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებით, მათ დოკუმენტურად შეუძლიათ დაადასტურონ, რომ რუსების მიერ გამოყენებული კასეტური იარაღის კვალს ექვს ქალაქსა და სოფელში მიაკვლიეს, ქართული მხარის მიერ კი - ცხრა დასახლებულ პუნქტში ამავე დროს, გამოძიებული საქმეები ადასტურებს, რომ სასიკვდილო შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ რუსული მხარის მიერ გამოყენებულ იარაღას მოჰყვა. HRW-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ 8 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ სოფლებში შინდისსა და ფხვენისში რამდენიმე კასეტური ბომბი გამოიყენა. ეს იარაღი იყო გამოყენებული რუსული ავიაციის მიერ გორისა და რუისის დაბომბვის დროს 12 აგვისტოს. შედეგად, სულ ცოტა, 11 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით დაიჭრა.

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებას განურჩეველი ხასიათი ჰქონდა, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ უარყოფს საქართველოს ტერიტორიაზე კასეტური სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების ფაქტებს, Human Rights Watch-ი ამტკიცებს, რომ რუსული მხარე კასეტურ იარაღს დასახლებულ პუნქტებში შერჩევის გარეშე იყენებდა. მაგალითად, სოფელ ვარიანში რუსების მიერ ჩამოგდებული კასეტური ჭურვი იმ დროს აფეთქდა, როდესაც 13 წლის ბექა გიორგიშვილი მეგობარს ველოსიპედის ბორბლის დაბერვაში ეხმარებოდა. დაჭრილია 70 წლის მამაკაციც. თუმცა, ადგილობრივ მცხოვრებლებს უფრო მეტი გასახსენებელი აქვთ.

„ეს მოედანი ტყვიავის ცენტრში, 11 აგვისტოს დაიბომბა. ოფიციალური დასკვნა თვალით არ გვინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ აქ კასეტური ბომბი აფეთქდა. შეხედეთ, კედლები როგორ არის წვრილად დაცხრილული. იმ დილით როზა დაიჭრა, ოთხმა ავწიეთ, საბანში გავახვიეთ და გორის საავადმყოფოში წავიყვანეთ. ტყვიაველმა ანზორ ქარელმა ომის დასრულების შემდეგ მუშის წინსაფარი აიფარა და საკუთარი სახლის აღდგენა დაიწყო. უფრო მეტად დაინგრა მისი მეზობლის როზა ოქრუაშვილის სახლი. 15 ათასად როზამ ვერც ახალი სახლი იყიდა და ვერც საკუთარი გაარემონტა. დანაწევრებული ღობე ძირს გდია, სახურავი ჩამონგრეულია, კედლები დაცხრილული, ეზოში ნანგრევების გროვაა, ბოსტნის ადგილას დიდი ღრმულია. ღრმულის გაჩენამდე, 5 წუთით ადრე როზა ჭურჭელს რეცხავდა. როგორც თავად ამბობს, სახლში რომ არ ასულიყო, ბომბი ალბათ ნაფლეთებად აქცევდა. თუმცა, ბომბს მაინც ვერ გადაურჩა. „სახლში ავედი, ჩავრთე ტელევიზორი და ფანჯრიდან უცებ რაღაც შემოვარდა და აფეთქდა. დავიჭერი მუცელში, ფეხში, ხელში მგრძნობელობა ახლაც არ მაქვს. სისხლისგან ვიცლებოდი და ვყვიროდი, - მიშველეთ-თქო. გორის საავადმყოფოში მოვედი გონს, მაგრამ გამოცხადდა, რომ იქაურობაც უნდა დაბომბილიყო. ექიმებმა ყველაფერი მიატოვეს და წავიდნენ, ჩვენ კი ბედის ანაბარა დაგვტოვეს“. როზა ოქრუაშვილი მაინც გადარჩა. ჭრილობები მან კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად მიიღო.

თავდაპირველად HRW-ი ანგარიშებში კასეტური ბომბების გამოყენებაში მხოლოდ რუსულ მხარეს ადანაშაულებდა. 4 ნოემბერის ანგარიშში კი წერია, რომ ქართულმა მხარემ რუსეთთან ომის დროს უფრო მეტი კასეტური იარაღი გამოიყენა, ვიდრე მანამდე იყო ნავარაუდევი. „რაც ყველაზე საგულისხმოა, ქართველი სამხედროების მიერ გამოყენებული ბომბების ნაწილი, ტექნიკური გაუმართაობის გამო სამხედრო ობიექტების ნაცვლად ქართულ სოფლებში ცვიოდა, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვერ ახსნეს რატომ იყო გაუმართაობის ხარისხი ასეთი მაღალი. ჩვენ მიგვანიშნეს, რომ ახსნისთვის ისრაელის იარაღის მომწოდებელს მიმართავენ“, - წერია ანგარიშში.

0x01 graphic

ვერა ლუკიანოვა, ვიქტორ ხადურის მეუღლე, გორი.

გაუმართავ ქართულ კასეტურ ბომბებს ორი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, სამი დაიჭრა.

Amnesty International-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლთა თქმით, ქართული მხარე კასეტურ ბომბებს იყენებდა მხოლოდ რუსეთის საჯარისო ნაწილებისა და როკის გვირაბთან განთავსებული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, განუცხადეს Amnesty International-ს, რომ ეს იარაღი გამოიყენებოდა 8 აგვისტოს ძარის გზაზეც რუსულ და ოსურ ძალებზე თავდასხმისთვის.

„შესაძლოა, კასეტური ბომბების სამიზნე მართლაც სამხედრო ძალები იყო, მაგრამ ამ იარაღმა მშვიდობიანი მოსახლეობაც დააზარალა, ვინაიდან ძარის გზაზე მოძრაობდნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთისკენ გარბოდნენ“, - აღნიშნულია Amnesty International-ის ანგარიშში.

ექსპერტების დასკვნით, ორივე მხარის მიერ იარაღის გამოყენებისას საბრძოლო ელემენტების დიდი ნაწილი არ ამოქმედდა და ისინი ავტომატურად, მიწაზე დაცემისას ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვებად იქცა. სწორედ ეს ქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ. საბრძოლო ელემენტების დიდი ნაწილი ან მიწის ზევით დარჩა, ან არც ისე ღრმად მიწაში. განაღმვის სპეციალისტების აზრით, ასეთი აუფეთქებელი ნაწილების რაოდენობა, რომელიც ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს, რამდენიმე ათასს უნდა აღწევდეს.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შვიდ ეთნიკურად ქართულ სოფელში, საერთო ჯამში, 484 კასეტური ბომბის ნარჩენები, 29 კასეტური ბომბი და 8 კასეტური ჭურვი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

0x01 graphic

ვალია მერაბიშვილი, ტყვიავი

0x01 graphic

ბრიტანული Halo Trust არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც რეგიონში ჰუმანიტარული განაღმვით არის დაკავებული. ბრიტანელებმა სოფლები წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებად დაყვეს. მწვანე - უსაფრთხო ტერიტორიებია, ყვითელი - აფეთქების მხოლოდ მცირე რისკით, წითლად კი ის სოფლები აღნიშნეს, სადაც ჯერ კიდევ დარჩენილია აუფეთქებელი კასეტური ბომბები და მათი ამოქმედების რისკი ძალიან მაღალია. ტირძნისი, ბროწლეთი, მეღვრეკისი, დიცი, შინდისი, ვარიანი, კარალეთი, ძევერა, რუისი, ძლევიჯვარი, ქვემო ხვიტი, ზემო ხვიტი, ფხვენისი, საკაშეთი, ზემო ნიქოზი, ახალდაბა - გორის რაიონის ყველა ეს სოფელი წითელ ზონაშია.

„წითელ სოფლებში“ ცხოვრება სახიფათოა, თუმცა მაცხოვრებლების ევაკუაცია აუცილებელი არ არის. სავალდებულო სპეციალური ინსტრუქტაჟია, აუფეთქებელი კასეტური ბომბი მხოლოდ შეხების შემდეგ იწყებს მოქმედებას.

0x01 graphic

ტყვიავში, მერაბაშვილების სახლთან მიახლოების მეზობლებსა და ნათესავებს ეშინიათ. „ველოდებით, რა იქნება: ან გადავრჩებით, ან მოვკვდებით“, - ამბობს ვალია მერაბაშვილი, რომლის სახლის დასავლეთ კედელთან დიდი ორმოა, ორმოში ბომბი, ჯერჯერობით გაურკვეველი - რა ტიპის, აფეთქებული თუ აუფეთქებელი. ამ პირობებში ცხოვრების 3 თვის თავზე ვალია კიდევ ერთხელ მოითხოვს, სასწრაფოდ გაკეთდეს დასკვნა, რადგან, მის გარდა, ამ ბომბის გვერდით მეუღლე, შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ. „ინგლისელებმა თქვეს, - არ არის ბომბიო, ჩვენებმა თქვეს, - კიო. მაგრამ საბოლოო დასკვნა ჯერ არავის გაუკეთებია. არადა, 11 აგვისტოს ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩავარდა აქ ბომბი და აფეთქება არ ყოფილა. რამდენიმე მეტრში მეორე ბომბი ჩამოვარდა და აფეთქების შედეგად გარშემო სახლები დაზიანდა. შიშით სახლიც ვერ შევაკეთეთ. ინსტრუქტაჟი მივიღეთ, - ახლოს არ მიეკაროთო“. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბომბი 5 მეტრის სიღრმეზეა და, თუკი არ აფეთქდა, ეს რბილი ნიადაგის ბრალია. ეზოში გაჩენილი ორმოს გარშემო კი ჩვეულებრივი ოჯახური ფუსფუსი გრძელდება, ოჯახის წევრების ყოველდღიურ რუტინაში მიწაში დამალული ბომბი მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება.

ფრაზა - „წითელი ზონა“ ერგნეთის დაცარიელების მიზეზი გახდა. სოფელში მხოლოდ მოხუცები და მამაკაცები დარჩნენ. ცხინვალიდან 3 კილომეტრით დაშორებული ეს სოფელი ოფიციალურად წითელ ზონას არ მიეკუთვნება, თუმცა ადგილობრივების თქმით, „არაოფიციალურად“ სულ სხვა რეალობაა. სახლები ისევე, როგორც სხვა სოფლებში, აქაც დამწვარია, დანგრეული და დაცხრილული. ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა ვალერი დარგუაშვილი ამბობს, რომ ვისაც წასასვლელი ჰქონდა წავიდა, ვისაც არა, სოფელში დარჩა. თუმცა, ვინც დარჩა, თითქოს დაისაჯა და ყოველგვარი დახმარების გარეშე აღმოჩნდა. დახმარებას დღესაც ელოდებიან: 15 ათასს, რომლითაც ზამთრისთვის სახლს გადახურავენ, პურის და შეშის მცირეოდენ მარაგს შეიძენენ. ამ მოლოდინში კი ზამთარიც მოახლოვდა. ერგნეთი წითელ ზონად ითვლებაო, - და თითქოს კიდევ რაღაცას ელოდებიან. ვალერი დარგუაშვილი შიშობს: „ამ წუთას კი არაფერი ხდება, მაგრამ რამე რომ იყოს, პირველს ჩვენ დაგვარტყამენ. ეს ნამდვილად ესეა და, ამიტომაც ჩვენამდე დახმარებამ ვერ მოაღწია. მოვლენ ვიღაცები, რაღაცებს ჩაიწერენ და მიდიან. ეს რა საკმარისია? ჩემს დანგრეულ სახლს ეს უშველის? აქ ვინც დავრჩით, ადამიანები არ ვართ“?

Halo Trust-მა, საერთო ჯამში, სამი ტიპის კასეტურ ბომბებსა და მის ნარჩენებს მიაკვლია. დასახლებული პუნქტების გარდა, ჭურვებად ქცეული ბომბები დღესაც ბოსტნებში, ბაღებში და სახნავ-სათეს ტერიტორიებზეა მიმოფანტული.

9-10 აგვისტოს სოფელ ტირძნისში ჭურვების ნამდვილი წვიმა იყო. სოფლის მაცხოვრებლები აფეთქებული ჭურვების ნარჩენებს დღემდე პოულობენ. ზოგისთვის ეს შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა და ჯართისთვის აგროვებს, ზოგიც კი იმიტომ, რომ ბომბის ბასრპირიანმა ნაგლეჯმა ეზოში მოთამაშე ბავშვებს ზიანი არ მიაყენოს. ტირძნისში, სადაც კასეტური ბომბების ყველაზე დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი, ახლა უფრო მეტად მიწაში დამალული ნაღმების ეშინიათ. ამ შიშს მიზეზიც აქვს. „ორი თუ სამი კვირის წინ საქონელი მინდორში გავუშვი, აქვე ახლოს. რომ აღარ დაბრუნდა, ძებნა დავუწყე და ჩემი სამი ძროხა აფეთქებული ვიპოვე. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, იქ ადამიანს რომ გაევლო“, - ამბობს ლამარა ქარელი, რომელიც მცირეწლოვან შვილებს ეზოდან შორს გასვლას უკრძალავს, საკუთარი ეზო კი ჭურვის ნარჩენებისგან საგულდაგულოდ გაასუფთავა.

წელს მოსავალი გაფუჭდა. ერთი მხრივ, იმის გამო, რომ სიმინდის ყანებს ტანკებმა გადაუარეს, მეორე მხრივ კი, კომბოსტოს ასაღებად და ვაშლის დასაკრეფად ნაღმების შიშით ხალხმა ბაღებში შესვლა ვერ გაბედა. ამიტომ „წითელ სოფლებში“ უყურადღებოდ დარჩენილი ვაშლის მოსავალი ხეზე ლპება. მოსახლეობა ზამთარს მარაგის გარეშე ხვდება.

ომიდან სამი თვის შემდეგ ხალხი მინდვრებში აქა-იქ თუ ჩანს. ვიდრე კიდევ უფრო აცივდება, „წითელ ტერიტორიებზე“ სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად, წლევანდელი მოსავალი მაინც უნდა აიღონ; მოსავალი, რომელიც ომის შემდეგ საქონლის საკვებად იქცა.

19 ინტერვიუ ჰარუკი მურაკამისთან

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ

ნიუ-იორკერის ფესტივალი

ავტორი: კახა თოლორდავა

0x01 graphic

ეს „ნიუ-იორკერის ფესტივალის ბოლო დღე იყო. ამერიკელი რეჟისორების გილდიის შენობის წინ აურაცხელი ხალხი მოვიდა. მგონი, ასეთი ხალხმრავლობა ქლინთ ისთვუდთან შეხვედრაზეც კი არ ყოფილა. შეხვედრამდე ორი საათით ადრე მეც რიგში ვიდექი. „ნიუ-იორკერის“ ულვაშებაწკეპილი ფოტოგრაფი, რომელიც მთელი სამი დღის განმავლობაში ყველას ფეხებში გვებლანდებოდა, აქეთ-იქით დარბოდა და ფოტოებს გვიღებდა. გარშემო იმდენი ლამაზი იაპონელი და კორეელი ახალგაზრდა გოგო დადიოდა, რომ კინაღამ დაველმდი. მარტო მე არ ვიყავი ასე, ყველა დანარჩენი არაიაპონელი და არაკორეელი მამაკაცი ჩემსავით აცეცებდა თვალებს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი იაპონელი (მერე აღმოჩნდა, რომ კორეელი იყო) მაღალი ახალგაზრდა ქალი. მისმა სილამაზემ „ნიუ-იორკერის“ ფოტოგრაფი კინაღამ შეიწირა - ფოტოს უღებდა და მანქანის სავალ გზაზე გადავიდა. მძღოლმა დროზე დაამუხრუჭა. ფოტოგრაფი გადაგვირჩა, თუმცა გემრიელი fuck you მაინც მიიღო. დარბაზში რომ შეგვიშვეს, ის ქალი თავის გასიებულ ამერიკელ თანმხლებ ბიჭთან ერთად ჩემს გვერდით მოხვდა. ერთმანეთს ჯერ არ იცნობდნენ. არ ვიცი, ის ბიჭი ალბათ მისი მასპინძელი თუ იყო. ძალაუნებურად მესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ. ყველაფერს გეფიცებით, არც ერთ სიტყვას არ ვამატებ, შეხვედრა რომ დამთავრდა, მათი საუბარი ბლოკნოტშიც კი ჩავიწერე. ბიჭი: „კარგად ვერ გავიგე, რა გქვია“? გოგო: „სო-ჰი“. ბიჭი: „მე - ჯონი. მიხარია, რომ გაგიცანი, სო-ჰი“. გოგო: „მეც მიხარია, რომ გაგიცანი, ჯონ“. პაუზა. შემდეგ (მაგარი უტიფარი ტიპი იყო ის ბიჭი). ბიჭი: „ცოლად გამომყვები, სო-ჰი“? გოგო (დაუფიქრებლად): „რა თქმა უნდა, არა, ჯონ, მე მურაკამის უნდა გავყვე ცოლად“. მერე კი მურაკამიც გამოვიდა სცენაზე. მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა. ახლა უკვე ვიცი, თუ რას ნიშნავს ფრაზა - „ტაში მთელი ათი წუთის განმავლობაში არ დამცხრალა“. მურაკამი და მისი ინტერვიუერი დებორა თრეისმანი ამაოდ ცდილობდნენ მაყურებლის დაწყნარებას. ის კორეელი გოგო ტიროდა. ტიროდნენ სხვა გოგოებიც (გახსოვთ 1989 წლის 11 აპრილს შევარდნაძის ცნობილი ფრაზა, - „ვტიროდი მე, ტიროდა რაზუმოვსკი“?). როკ-კონცერტივით იყო... მურაკამი ისეთი დაბალია, სცენაზე რომ გამოვიდა, პირველად ვერც კი შევამჩნიე. ღია კოსტუმი, სპორტული ფეხსაცმელი და კოჭებამდე წინდები ეცვა. ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობს, თრეისმანს წამდაუწუმ უწევდა შეკითხვების გამეორება, მაგრამ საუბარს იწყებდა თუ არა, იმავე წამს ხვდებოდი, რომ შენ წინ მართლაც დიდი მწერალი იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ თემებზე საუბრობდნენ, ინტერვიუმ სულ სიცილ-ხარხარში ჩაიარა, არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად სასაცილო რამ ხდებოდა, არამედ - მურაკამის მიერ შეკითხვებზე უცნაური რეაქციების და მისი წამდაუწუმ „ასწორებს“ გამო. თვითონ ერთხელაც არ გაუღიმია. შეკითხვებზე დიდხანს ფიქრობდა. ისე დიდხანს, რომ დარბაზში დაძაბული სიჩუმე ისადგურებდა. მერე კი ამბობდა: „ასწორებს“ და პასუხსაც იწყებდა. შეხვედრა ისე დასრულდა, რომ იმ კორეელ გოგოს მურაკამისთვის ცოლად გაყოლა არ შეუთავაზებია. მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვა, ისიც ისეთი ოხვრა-ოხვრით, რომ მეშინოდა, გული არ წაუვიდეს-მეთქი. იმ გასიებულ ტიპს იმის შემდეგ ერთი სიტყვაც აღარ დაუძრავს; ალბათ მიხვდა, რომ მურაკამის რომ „დასწეოდა“, კიდევ ბევრი უნდა ემუშავა საკუთარ თავზე.

დებორა თრეისმანი: თქვენ მითხარით, რომ ინტერვიუს დაწყებამდე რაღაცის თქმა გინდოდათ...

ჰარუკი მურაკამი: დიახ. სულ რაღაც ორიოდე დღეა, რაც ტოკიოდან ჩამოვედი. იქ ყველა ფინანსურ კრიზისზე ლაპარაკობდა. ნიუ-იორკში ჩამოვედი და აქაც ყველას კრიზისი აკერია პირზე. მართლაც რომ პატარა გახდა მსოფლიო... არა, დღეს მე კრიზისზე საუბარს არ ვაპირებ თქვენთან, ერთ ჯაზმენზე მოგიყვებით, რომელიც ალტო საქსოფონზე უკრავდა ორმოცდაათიანებსა და სამოციანებში. ბუნებრივია, რომ როგორც ყველა ალტო საქსოფონზე დამკვრელი, ისიც ჩარლი ფარქერის გავლენას განიცდიდა. ერთ საღამოს „ბერდლენდში“, ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბში უკრავდა. როდესაც კონცერტს მორჩა და სცენიდან ჩამოვიდა, ვიღაც ახალგაზრდა მიუახლოვდა და უთხრა: „რასაც თქვენ აკეთებთ, სულ ჩარლი ფარქერის იმიტაციაა. „მართლა“? - გაიკვირვა მუსიკოსმა, თავისი საქსოფონი გაუწოდა და დაამატა: „გამომართვი და შეეცადე, ჩარლი ფარქერივით დაუკრა“. მე მომწონს ეს ისტორია. აქ სამი მნიშვნელოვანი რამ იკვეთება: პირველი - სხვების გაკრიტიკება ადვილი და სახალისოა; მეორე - ძალიან ძნელია რაიმე ორიგინალურის შექმნა; და მესამე - გინდა თუ არა, ეს ვიღაცამ მაინც უნდა აკეთოს. მე, უკვე ოცდაათი წელია, ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ - ვწერ. ეს ჩემი საქმეა და მიმაჩნია, რომ სწორედ ის ადამიანი ვარ, მესამე პუნქტს რომ ესადაგება. ამიტომაც, გთხოვთ, ძალიან მკაცრი ნუ იქნებით ჩემს მიმართ, თორემ მეც იმ ჯაზმენივით გეტყვით: „მაშინ აიღეთ და თქვენ აკეთეთ ის, რასაც მე ვაკეთებ“. აი, ამის თქმა მინდოდა დასაწყისში...

თრეისმანი: ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში სახელწოდებით რას ვგულისხმობ, როდესაც სირბილზე ვლაპარაკობ თქვენ გვიყვებით, თუ როგორ დაიწყეთ წერა. იმ დროს უკვე ოცდაათის იყავით, ტოკიოში საკუთარი ჯაზ-კლუბი გქონდათ და უეცრად წერის დაწყება გადაწყვიტეთ. მართლა ასე მოულოდნელად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუ გრძნობდით, რომ წერის სურვილი ნელ-ნელა მწიფდებოდა თქვენში?

მურაკამი: მართალია, იქამდე საერთოდ არ მიცდია წერა, იმიტომ, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი ჩემი კლუბით და შუაღამემდე კოქტეილების კეთებით. ასე გაგრძელდა, ვიდრე 29 წლის არ შევსრულდი. მერე კი, უეცრად წერის სურვილი მომეძალა. მწერლობაზე არც ვფიქრობდი, იმიტომ, რომ მეგონა, ამისთვის საკმარისი ნიჭი არ მქონდა. უეცრად ავდექი და წერა დავიწყე. ასე მოულოდნელად გავხდი მწერალი. არც კი ვიცი - რატომ.

თრეისმანი: დღეს როგორ ფიქრობთ, იმ დროისათვის უკვე გქონდათ მწერლობის ნიჭი?

მურაკამი: მხოლოდ ხუთი თუ ექვსი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ალბათ ძალიან უნიჭო არ ვიყავი. მანამდე საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე.

თრეისმანი: თქვენი პირველი წიგნის დაახლოებით ასი ათასი ეგზემპლარი გაიყიდა იაპონიაში, „ნორვეგიული ხე კი - უკვე მილიონობით. ეს ძალიან სწრაფად მოხდა და მაინტერესებს, თავად როგორ შეხვდით ასე უეცრად მოვარდნილ პოპულარობას?

მურაკამი: არ ვიცი... მწერალი რომ გავხდი, ჩემი პირველი წიგნის ასი ათასობით ეგზემპლარი გაიყიდა და ვიღაც-ვიღაცები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ახალი ხმა ვიყავი იაპონურ ლიტერატურაში. სამაგიეროდ, ზოგი „პანკს“ მეძახდა. გაოგნებული და დაბნეული ვიყავი, როგორც ალისა საოცრებათა ქვეყანაში. რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი. მე, უბრალოდ, წერა მომწონდა და მინდოდა, შეუფერხებლად მეწერა... თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ორი მილიონი ეგზემპლარი ძალიან ბევრია, არა?

თრეისმანი: თქვენ თვითონ მკითხველი მწერალი ხართ? გიყვარდათ კითხვა ადრეულ ასაკში?

მურაკამი: ძალიან. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი. დედისერთა ვიყავი, ამიტომაც ძირითადად წიგნებთან და კატებთან ვურთიერთობდი. ისინი იყვნენ ჩემი მეგობრები, და მუსიკაც. სპორტითაც კი არ ვყოფილვარ გატაცებული. ნამდვილი წიგნის ჭია ვიყავი...

თრეისმანი: როდესმე თუ გიცდიათ, დაკვრა გესწავლათ?

მურაკამი: ბავშვობაში ფორტეპიანოზე დაკვრას ვსწავლობდი, მაგრამ შევეშვი. თხუთმეტის რომ გავხდი, ართ ბლეიქი და Jazz Messengers იაპონიაში ჩამოვიდნენ და კონცერტზე წავედი. მანამდე საერთოდ არაფერი ვიცოდი ჯაზის შესახებ, მაგრამ იმ საღამოს ჯაზი შემიყვარდა. თხუთმეტის ვიყავი და გამოდის, რომ, ორმოც წელზე მეტია, რაც ჯაზდისკების კოლექციონერი ვარ. იმდენი დისკი მაქვს სახლში, რომ ჩემი ცოლი სულ წუწუნებს.

თრეისმანი: თქვენი მშობლები ლიტერატურის მასწავლებლები იყვნენ. კმაყოფილები დარჩნენ, უეცრად მწერლობა რომ მოინდომეთ?

მურაკამი: მე მგონი - კი...

თრეისმანი: ...არ უნდოდათ, რომ ექიმი ან ინჟინერი გამოსულიყავით?

მურაკამი: არც კი ვიცი, ისინი რას ფიქრობდნენ... სხვათა შორის, მუსიკამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წერო. წერის დროს სამი მნიშვნელოვანი რამაა საყურადღებო: რიტმი, ჰარმონია და თავისუფალი იმპროვიზაცია. ყველაფერი ეს მუსიკამ მასწავლა და არა ლიტერატურამ. ამიტომაც, წერა რომ დავიწყე, მუსიკაზე ვფიქრობდი და ისე ვწერდი, თითქოს ტექსტზე კი არ ვმუშაობდი, არამედ ვუკრავდი. მაგარი საკაიფო იყო!

თრეისმანი: ესე იგი, ეს ყველაფერი ბუნებრივად მოვიდა თქვენთან?

მურაკამი: მგონი, რომ - კი. არ ვიცი რატომ, მაგრამ წერა ადვილად გამომდიოდა. ადვილიც იყო და სახალისოც. პირველი რომანი ასე დავწერე და უკვე დასრულებული ვარიანტი მერე გამომცემელს გავუგზავნე. მათ კი პრიზი მომცეს. პრიზის აღებაც ადვილი და საკაიფო იყო...

თრეისმანი: თქვენ ახალ წიგნში ამბობთ, რომ ვიღაცისთვის წერის პროცესი ნაკადულიდან წყლის ამოღებასავით ადვილია, თქვენთვის კი ეს უფრო წყლის ძებნაში კლდეების მტვრევას ჰგავს.

მურაკამი: პირველი ორი წიგნის შემთხვევაში, წერა მართლაც რომ ადვილად გამომდიოდა, მხედველობაში მაქვს უსმინე ქარის სიმღერას და ფინბოლ... სათაური დამავიწყდა...

0x01 graphic

ჰარუკი მურაკამი ფრანც კაფკას საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს გადაცემის დროს, პრაღა 2006

თრეისმანი: „ფინბოლ 1973“...

მურაკამი: ხედავთ, თქვენ უკეთესად იცით... მოკლედ, ეს წიგნები ადვილად დავწერე, მაგრამ შედეგით კმაყოფილი მაინც არ ვიყავი. ამას ისიც დაემატა, რომ დასრულების შემდეგ უფრო ამბიციურიც გავხდი. მერე მე დავწერე „ცხვრებზე ნადირობა და ამ წიგნის დასასრულებლად დიდი დრო დავხარჯე. თუ არ ვცდები, სამი თუ ოთხი წელი... გამოდის, რომ ღრმა ორმო უნდა ამომეთხარა, წყარომდე რომ ჩამეღწია. სწორედ ამიტომაც მიმაჩნია ეს წიგნი ჩემი სამწერლო კარიერის დასაწყისად.

თრეისმანი: ეს წიგნიც კარგად მიიღეს?

მურაკამი: ისე რა... სხვანაირად აღიქვეს ეს რომანი. იმ დროისათვის უკვე ვიცოდი, რომ ჩემში იყო რაღაც, რაც წერისთვის აუცილებელია. ამ რომანზე მუშაობისას ძალიან მომართული ვიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, ამის შემდეგ რა მოხდებოდა და სამუშაო დღე რომ მიმთავრდებოდა, მოუთმენლობა მკლავდა მეორე დღის მოლოდინში. მინდოდა, შემდეგი გვერდი გადამეშალა და წამეკითხა, შემდეგ რა მოხდებოდა, მაგრამ ის გვერდები ჯერ არ არსებობდა. ის გვერდები ცარიელი იყო, რადგანაც ის, რაც უნდა მომხდარიყო, ჯერ დაწერილი არ მქონდა. მაგრა ასწორებდა...

თრეისმანი: გამოდის, რომ მუშაობის პროცესს წინასწარ კი არ გეგმავთ, არამედ წერის პროცესშივე მიჰყვებით დინებას...

მურაკამი: წინასწარ არავითარ გეგმებს არ ვაწყობ ხოლმე. ერთადერთი, რაც მაქვს, საწყისი სცენაა. იმის მერე წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა მოხდება. უბრალოდ, მივყვები თხრობას და მივდივარ იმ მომენტამდე, როდესაც უკვე ვიცი, თუ რა მოხდება შემდეგში. მერე კი ისევ ვაგრძელებ წერას. ასწორებს! ეს-ესაა ჩემი ახალი რომანი დავამთავრე. წელიწადი და ათი თვე ვწერდი და მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ დაძაბული ვიყავი: შემდეგ რა მოხდება? ყოველ საღამოს ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ეს ასე გრძელდებოდა ყოველდღე. ყოველ დილით ვიღვიძებდი და მაინტერესებდა, რა მოხდებოდა შემდეგ. იცით, ძნელი საქმეა წელიწადისა და ათი თვის განმავლობაში ასე წერა.

თრეისმანი: როდესაც არ იცით, რა მოხდება, ამ შემთხვევაშიც აგრძელებთ წერას დილაობით?

მურაკამი: დიახ. ჩემთვის უცხოა წერისას კრიზისული სიტუაციები. საკმარისია მაგიდას მივუჯდე და უკვე ვიცი, რაც მოხდება. ძალიან ბუნებრივად გამომდის ეს ყველაფერი...

თრეისმანი: რამდენადაც ვიცი, ძალიან ადრიანად იწყებთ ხოლმე მუშაობას...

მურაკამი: დილის ოთხ საათზე, ზოგჯერ სამზეც. დაძინებით კი საღამოს ცხრა საათზე ვიძინებ ხოლმე, ზოგჯერ რვაზეც. გუშინ მაგალითად რვაზე დავიძინე. ამიტომაცაა, გაგებაში რომ არ ვარ, რა ხდება ქვეყანაზე!

თრეისმანი: შეიძლება ითქვას, რომ სიუჟეტები სიზმარში მოგდით ხოლმე თავში? იღვიძებთ და უკვე იცით, რა მოხდება შემდეგ...

მურაკამი: არ მგონია. სიზმარი სიზმარია, თხრობა კი თხრობა. სად მაქვს ძილში რომანის სიუჟეტებზე ფიქრის დრო?

თრეისმანი: თქვენ ჟანრულად მრავალფეროვანი ავტორი ბრძანდებით: რომანები, მოთხრობები, დოკუმენტური პროზა. როგორ იღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას, თუ რა ჟანრის იქნება თქვენი შემდგომი წიგნი?

მურაკამი: ეს ერთგვარი როტაციის შედეგად ხდება. ახლა, როდესაც წელიწადი და ათი თვე რომანზე ვმუშაობდი, ალბათ ცოტას შევისვენებ და მოთხრობებზე გადავალ. მერე ალბათ ესეზე ვიმუშავებ, შემდეგ კი თხელტანიან რომანზე. ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე შეიძლება ისევ დიდ რომანზე ფიქრი. წიგნი, რომელიც წინა კვირას დავასრულე, მოსამართი ჩიტის ქრონიკაზე უფრო დიდია და თითქმის ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე კაფკა ნაპირზე. რა უბედურებაა ამსისქე წიგნები? მოკლედ, ცოტას დავისვენებ დიდი ფორმებისგან.

თრეისმანი: ხშირად უბრუნდებით ხოლმე უკვე დასრულებულ წიგნს შესწორებების გასაკეთებლად?

მურაკამი: დიახ, და საკმაოდ საფუძვლიანადაც ვასწორებ ხოლმე. მომწონს ეს პროცესი. საკაიფოა! ეს უკვე ტექნიკის საქმეა. თუ წერის ტექნიკას ფლობ, ეს ადვილი რამაა. შეიძლება ისევ სიზმრებზე ვისაუბროთ?

თრეისმანი: დიახ.

მურაკამი: მგონი, ზოგჯერ მაინც მესიზმრება ხოლმე რაღაც-რაღაცები. წერა ჩემთვის სიზმარივითაა. ერთადერთი განსხვავება წერასა და სიზმარს შორის ისაა, რომ წერის დროს ყველაფერს მიზანდასახულად ვაკეთებ - ანუ შემიძლია დავიწყო, როდესაც მომესურვება და შევწყვიტო, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, მეორე დღეს კი ისევ გავაგრძელო. სიზმარში ასე ვერ მოიქცევი. ცუდია, როდესაც კარგი სთეიკი, ან კათხა ლუდი გესიზმრება, მერე კი გაიღვიძებ და ყველაფერი გამქრალია.

თრეისმანი: არადა, თქვენს წიგნებში ხშირად გვიამბობთ სიზმრებზე...

მურაკამი: ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ასწორებს!

თრეისმანი: რამდენიმე წლის წინ რომ შეგხვდით, იმ დროს ახალ რომანზე მუშაობდით და თან ბლოკნოტს დაატარებდით, სადაც ახალ იდეებს იწერდით; მოლაპარაკე მაიმუნი და კიდევ უამრავი რამ... მაშინ მითხარით, რომ როდესაც ახალ წიგნს ამთავრებთ, ამ წიგნში აუცილებლად უნდა შევიდეს ორი ან სამი რამ იმ ბლოკნოტიდან. დღესაც აგრძელებთ ასე მუშაობას?

მურაკამი: ასე მხოლოდ იმ შემთხვევებში ვიქცევი, როდესაც ერთდროულად რამდენიმე მოთხრობაზე ვმუშაობ. იმ დროს ექვს მოთხრობაზე ერთდროულად ვმუშაობდი და ამიტომაც მესაჭიროებოდა საწყისი ფრაზები და საყრდენი იდეები. რომანზე მუშაობისას ასე არ ვიქცევი. მაშინ ყოველდღე ვწერ და ვწერ. სულ განსხვავებულ სისტემებს ვიგონებ, როდესაც ახალ წიგნზე ვიწყებ მუშაობას. მაგალითად, ყველა ჩემი წინა წიგნი პირველ პირშია მოთხრობილი. ბოლო, ახალი რომანი კი - მესამეში. სერიოზული გამოწვევაა ჩემთვის.

თრეისმანი: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალ რომანში ნაკლებად აიგივებთ თავს მთავარ გმირთან?

მურაკამი: ხან ასეა და ხან ისე. პროტაგონისტი შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი, მაგრამ, როგორც წესი, ის მე არ ვარ.

თრეისმანი: თქვენს წიგნებში, როგორც წესი, მამაკაცები ემოციურად დაუცველები და ეგზისტენციალურად სამყაროს მოწყვეტილნი არიან, არცთუ ისე ბედნიერები... შეიძლება, რომ თქვენც ასეთი ყოფილიყავით?

მურაკამი: დიახ, ეს შესაძლებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მთავარი პერსონაჟი ბედნიერია, მოსაყოლიც არაფერი მექნებოდა. მე ვწერ, და ამავე დროს არ ვწერ ამ სამყაროზე. თერთმეტი სექტემბერი რომ არ ყოფილიყო, სამყარო სხვანაირი იქნებოდა. ზოგჯერ მგონია, რომ მეც სხვა, ჩვენს მიღმა არსებულ სამყაროში ვარ გაჩენილი და სწორედ ამ მრუდე სამყაროზე ვწერ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, თუ როგორი იქნებოდა სამყარო, თერთმეტი სექტემბერი რომ არ ყოფილიყო. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო.

თრეისმანი: თქვენს ახალ წიგნს რაიმე კავშირი აქვს 2001 წლის 11 სექტემბერთან?

მურაკამი: არა, მაგრამ მგონია, რომ ყოველთვის სხვა, წარმოსახვით სამყაროზე ვწერ ხოლმე. სამყაროზე, რომელშიც შეიძლებოდა მოვხვედრილიყავით და იქ გვეცხოვრა.

თრეისმანი: თქვენ რეალურ მოვლენებზეც წერთ ხოლმე. მაგალითად ერთ-ერთ წიგნში ქალაქ კობეში მომხდარი მიწისძვრის შედეგებზე გვიყვებით; ან, თუნდაც, „მოსამართი ჩიტის ქრონიკა“ ავიღოთ; იქ მასალად მანჯურიის ომს იყენებთ. როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, რომელი რეალური მოვლენა უნდა მოხვდეს თქვენ წიგნებში?

მურაკამი: არ ვიცი. მაგალითად, როდესაც ომზე ვწერ (მამაჩემისგან განსხვავებით, მე ომში ნამყოფი არ ვარ), როგორც წესი, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია; გამოგონილის და წაკითხულის ნარევი... როდესაც 1995 წელს კობეში მომხდარ მიწისძვრაზე ვწერდი, იმ დროს, იაპონიაში კი არა, შეერთებულ შტატებში ვცხოვრობდი. ყველაფერი ტელევიზორში ვნახე და მერე ვცდილობდი, წარმომედგინა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო იქ. მე მწერალი ვარ და ასე ვარ მოწყობილი. ჩვეულებრივ, რომანზე მუშაობისას განსაკუთრებულ წინასწარ კვლევას არ ვატარებ ხოლმე, რადგანაც მიმაჩნია, რომ წარმოსახვის უნარი ჩემი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. ესაა ჩემი ნიჭი.

თრეისმანი: მაგრამ თქვენ იმავე წელს მომხდარ მოვლენას დოკუმენტური პროზით უპასუხეთ. ვგულისხმობ ტოკიოს მეტროში გაშვებული გაზით უამრავი ადამიანის დაღუპვის შემთხვევას...

მურაკამი: არც იმ დროს ვყოფილვარ იაპონიაში. ყველაფერი გაზეთებიდან შევიტყვე, მაგრამ ამ შემთხვევაში პრესის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვერ დავკმაყოფილდი. გადავწყვიტე თავად ჩავძიებოდი მომხდარს, გავსაუბრებოდი გადარჩენილებს და ის შეკითხვები დამესვა მათთვის, რასაც საჭიროდ ჩავთვლიდი, რომ უფრო მეტი შემეტყო. სწორედ ტერაქტის შედეგად დაზარალებულებმა მომითხრეს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იქ გაზის გაშვების შემდეგ. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? უბრალო ტოკიოელები. ისინი ძალიან საინტერესო რამეებს მიყვებოდნენ, მე კი მათ მონათხრობს ვიწერდი. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ამის გაკეთების სურვილი სხვას არავის გასჩენია. მე ჩემი შეკითხვები მქონდა მათთან, პირადი ინტერესი იქ მომხდართან დაკავშირებით. მინდოდა, მივმხვდარიყავი, თუ რა მოხდა იქ სინამდვილეში. მინდოდა თვითონ შემეგრძნო, რას გრძნობს ადამიანი, როდესაც მომწამვლელი გაზის შესუნთქვა უწევს. ამ ინტერვიუებმა ერთი წელი წამართვა. ყველაფერი რომ დასრულდა, უეცრად გავაცნობიერე, რომ შევიცვალე... უბრალოდ, სხვა ადამიანი გავხდი. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ვუსმენდი მათ მონაყოლს და ამ დროს არც ერთი სიტყვა არ დამიწერია. მათი ხმები ჯერ კიდევ ჩემშია... მათ მე შემცვალეს და ეჭვი მაქვს, რომ ჩემთან ერთად ჩემი წიგნებიც შეიცვალა.

თრეისმანი: როგორ?

0x01 graphic

მურაკამი: ზუსტად ვერ გეტყვით. ვიგრძენი, რომ უნდა მივნდობოდი ამ ხმებს და მათი კარნახით მეწერა. ის ადამიანები მეტროს მატარებლიდან ვინმე მნიშვენლოვანი პერსონები კი არ იყვნენ, არამედ უბრალო მოქალაქეები, რომლებიც დილაობით გადატენილი მატარებლებით მგზავრობდნენ ტოკიოში. და აი, უეცრად ამ ჭედვაში ვიღაცამ მომწამვლელი გაზი გაუშვა. ბევრი დაიღუპა. სიურრეალისტური მოვლენაა, მაგრამ აი, ის ხმები კი რეალურია და ნამდვილ ადამიანებს ეკუთვნით. მიჭირს ამის ახსნა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც უცნაურ ისტორიებს ვიგონებ, მეც მათსავით უბრალო ადამიანი ვარ და სწორედ ამიტომაც მომაჯადოვეს ასე მათმა ისტორიებმა. სხვათა შორის, იმავე დროს ბევრ მნიშვნელოვან პერსონასთანაც მომიხდა გასაუბრება, მაგრამ მათ ხმებს ისე არ მოვუხიბლივარ, როგორც - ჩემში შემოჭრილმა ამ უბრალო ადამიანების ხმებმა.

თრეისმანი: თქვენ ერთხელ ბრძანეთ, რომ სწორედ ამ წიგნის დაწერის შემდეგ გაგიჩნდათ იაპონიაში დაბრუნების და იქ დასახლების სურვილი...

მუარკამი: ახალგაზრდა რომ ვიყავი, იქიდან გაქცევაზე ვოცნებობდი. მინდოდა, თავისუფალი ვყოფილიყავი, მაგრამ 1995 წელს ყველაფერი შეიცვალა. ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა ჩემი ხალხისთვის; არა - ქვეყნისთვის, არამედ ხალხისთვის. მე სწორედ მათ ვუწოდებ ჩემს ხალხს, ვინც იმ შეტევის დროს დაზარალდა.

თრეისმანი: მიგაჩნიათ, რომ სამუდამოდ დასახლდით იაპონიაში, თუ კიდევ გაქვთ იქიდან გაქცევის სურვილი?

მურაკამი: არ ვიცი. არ მიფიქრია ამაზე...

თრეისმანი: თქვენ წიგნებში ხშირად ჩნდებიან პერსონაჟები, რომლებიც თითქოს სხვა, მიღმა, ბნელი სამყაროდან შემოიჭრნენ ჩვენ სამყაროში. როგორც სულები გადაინაცვლებენ სამყაროდან სამყაროში... რამდენად დიდია თქვენი ინტერესი ასეთი მოვლენებისადმი? ვიცი, რომ თქვენი ბაბუა ბუდისტი ბერი იყო.

მურაკამი: იაპონიაში ეს ორი სამყარო ძალიან ახლო-ახლოს დგას ერთმანეთთან. ჩვენ უამრავი ღმერთი გვყავს და მე სულ მქონდა იმის განცდა, რომ სულების სამყარო ყოველთვის ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ისეთი შეგრძნება მაქვს, ზღვარზე გადაბიჯებამ რომ მომიწიოს, ჩემთვის ეს ადვილი იქნება. დასავლელისთვის ეს ასეთი იოლი საქმე არაა, იაპონიაში კი იქ მოხვედრას თუ მოისურვებ, ჩათვალე, რომ უკვე იქ ხარ. ჩემს წიგნებში თუ, მაგალითად, ვინმე ჭის ფსკერზე აღმოჩნდება, ის უკვე სხვა სამყაროშია. ასეთი რამეები ადვილად გამომდის. ძნელია, მონახო განსხვავება ამ და იმ სამყაროებს შორის და სწორედ ამ აზრის გაზიარება მინდა ხოლმე.

თრეისმანი: თქვენს წიგნებში ის სამყარო, როგორც წესი, აქაურობაზე ბევრად უფრო ბნელი და პირქუშია.

მურაკამი: არა, ეს აუცილებლად ასე არაა. ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა. თუ არსებობს კარი ამ და იმ სამყაროებს შორის, შენ უბრალოდ გაინტერესებს, რა ხდება იქ. მე ყოველდღე ასე ვაკეთებ - შევდივარ, რომ ვნახო, თუ რა არის იქ, მერე კი უკან ვბრუნდები და იქ ნანახის შესახებ ვწერ.

ყველაზე რთული მაინც იქიდან დაბრუნებაა. თუ თქვენ ამის უნარი ან ტექნიკა არ გაგაჩნიათ, მაშინ უკან ვეღარ დაბრუნდებით. პირველი, რაც ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, ისაა, თუ როგორ მოხვდეთ იქ, მეორე კი, როგორ უნდა დაბრუნდეთ უკან. დილის ოთხ საათზე რომ ვიღვიძებ, გარეთ ჯერ კიდევ ბნელა. ეს საუკეთესო დროა იქ მოსახვედრად. მზის ამოსვლისთანავე ვბრუნდები ხოლმე უკან. ვერც კი ვიხსენებ, როდის მოვახერხე ეს პირველად. ვერ ვიხსენებ, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია.

თრეისმანი: თქვენი ცოლი არ ნერვიულობს ხოლმე?

მურაკამი: არა, სრულიადაც არა. საერთოდ, კარგია, წიგნის წერისას წინასწარ გაწერილი გეგმა რომ არ მაქვს, იმიტომ, რომ მისი მეშვეობით ნამდვილად ვერ მოხვდება კაცი იქ. არც წერის პროცესი იქნება სახალისო. თუ წინასწარ იცი, როგორ დასრულდება წიგნი, ყველაფერი გიშხამდება. ამ დროს წერა საკაიფო აღარაა.

თრეისმანი: თქვენ ხშირად იყენებთ იმ ჟანრების თხრობის ტექნიკას, რომლებიც სერიოზულ ლიტერატურად არ მიიჩნევა. ვგულისხმობ ფანტასტიკას, თრილერს, დეტექტივს... რაიმე განსხვავებას თუ ხედავთ ამ ჟანრებსა და ეგრეთ წოდებულ სერიოზულ ლიტერატურას შორის?

მურაკამი: ბავშვობაში ნებისმიერი ჟანრის წიგნს ვკითხულობდი და დღეს მგონია, რომ ეს ყველაფერი წერის დროს ძალიან მეხმარება. მე თავს არ ვიზღუდავ და მივმართავ ყველა იმ ხერხს, რაც საჭიროდ მიმაჩნია, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მე ან ფანტასტიკურ ჟანრში ვმუშაობ ან, ვთქვათ, დეტექტიურ ჟანრში ვცდილობ მუშაობას. მე ჩემს წიგნებს ვწერ. დიახ, მე ვიყენებ დეტექტიური ჟანრის ტექნიკას, თუმცა ჩემი წიგნები დეტექტივი არაა. იგივე ეხება ფანტასტიკასაც. მე ვიყენებ ამ ჟანრში მომუშავე მწერლების მიერ შემუშავებულ ტექნიკას, მაგრამ ჩემი წიგნები ფანტასტიკურ ჟანრს ნამდვილად არ განეკუთვნება. სხვათა შორის, ვთარგმნი კიდეც ზოგიერთ ასეთ წიგნს და ძალიან ბევრსაც ვსწავლობ თარგმნის პროცესში. მე არ მყავს საყვარელი მწერალი, მასწავლებელი, მოძღვარი, მენტორი, და ასე შემდეგ; მე მე ვარ და ყველაფერი, რაც ვისწავლე, წიგნებმა მასწავლეს.

თრეისმანი: რადგან თარგმანზე ჩამოვაგდეთ სიტყვა... თქვენ ნათარგმნი გაქვთ სელინჯერი, ფიცჯერალდი და სხვა ავტორები. როგორ ირჩევთ სათარგმნელ ავტორებს?

მურაკამი: რაც მომწონს, იმას ვთარგმნი, ესაა და ეს...

თრეისმანი: ვინ თარგმნეთ კიდევ?

მურაკამი: თიმ ო'ბრაიანი, რაიმონ ქარვერი, ტრუმენ ქეფოთი და ბევრი სხვა...

თრეისმანი: როგორ გგონიათ, თქვენი წიგნები იაპონური ლიტერატურის ტრადიციას აგრძელებს, თუ უფრო დასავლურ ტრადიციაში აქვს ფესვები გადგმული?

მურაკამი: მე ასე არ ვფიქრობ ხოლმე. ჩემი წიგნები ჩემი წიგნებია და არავითარ ტრადიციას არაა მიჯაჭვული. მეორე მხრივ, მე იაპონურად ვწერ და ჩემი პერსონაჟებიც იაპონელები არიან. შესაბამისად, მეც იაპონელი მწერალი ვარ, თუმცა გავიმეორებ, რომ ჩემი სტილი არც ერთ ტრადიციას არ განეკუთვნება.

თრეისმანი: აზიასა თუ დასავლეთში ბევრი ახალგაზრდა მწერალი ცდილობს, წეროს თქვენსავით...

მურაკამი: მართლა? არ ვიცოდი... მე მგონია, ჩემი სტილი იმდენად ორიგინალური და თავისებურია, რომ შეუძლებელია მისი მიბაძვით წერო. მე არავისთვის მიმიბაძავს და არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს. ძნელი უნდა იყოს, იხელმძღვანელო იმით, რაც მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის. ჩემი მიმბაძველების გვარები თუ გახსოვთ?

თრეისმანი: ასეთები ბევრნი არიან... თქვენ რომ წერა დაიწყეთ, ბევრი იაპონელი მწერალი არცთუ კეთილგანწყობილი იყო თქვენ მიმართ. მიაჩნდათ, რომ თქვენ ერთ-ერთი მათგანი არ იყავით...

მურაკამი: დიახ. ჩემებური წერის მანერა იმდენად განსხვავდებოდა დანარჩენებისგან, რომ მათ ვერ გაიგეს, ვინ ვიყავი. იმას კი მიხვდნენ, რომ სხვანაირად ვწერდი, მაგრამ მათთვის მაინც მარგინალად დავრჩი. მე კი აი, უკვე ოცდაათი წელია, ვწერ და როგორც ხედავთ, გადავრჩი. დღეს მათ უკვე აღარ შეუძლიათ ჩემი იგნორირება. ან, თუ გნებავთ, ასე ვიტყვი - რა თქმა უნდა, შეუძლიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გადავრჩები.

ჩემი წიგნები დღეს უკვე უამრავ ენაზე ითარგმნება - ორმოც თუ ორმოცდაათ უცხო ენაზე. ეს უკვე ფაქტია, მათ კი ამ ფაქტის იგნორირება აღარ შეუძლიათ.

თრეისმანი: რამდენადაც ვიცი, თქვენ მილიონობით ახალგაზრდა მკითხველი გყავთ იაპონიაში...

მურაკამი: დიახ, და ეს მაგრა ასწორებს. წერა რომ დავიწყე, ჩემი მკითხველები ძირითადად ან ოცისანი იყვნენ, ან ოცდაათს ოდნავ გადაცილებულნი. ოცდაათი წლის შემდეგ ჩემი მკითხველები ისევ იმ ასაკობრივ ჯგუფში არიან. ვერაფრით ამიხსნია, რატომ ხდება ასე.კარგია ის, რომ ჩემი მკითხველების პირველი თაობა ახლა უკვე ორმოცს გადაცილებულია და დღესაც კითხულობენ ჩემს წიგნებს; მათი შვილებიც. ეს ძალიან მახარებს... გამოდის, რომ როდესაც ვინმე ჩემს წიგნს ყიდულობს, ერთ ოჯახში მინიმუმ სამი-ოთხი ადამიანია, ვინც ერთდროულად კითხულობს ამ წიგნს. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც სულ მეუბნება, რომ სახლში, სადაც მასთან ერთად მისი ოცი წლის შვილი ცხოვრობს, ისინი ჩემი წიგნების გარდა ვერაფერზე საუბრობენ. სხვა სალაპარაკო თემა არ აქვთ. ესეც ძალიან კარგია! სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცი, რა ტიპის მკითხველი კითხულობს ჩემს წიგნებს. მე რომ ვწერ, მინდა, რომ ის პირველ რიგში მე მომეწონოს. მე გულახდილ წიგნებს ვწერ და არ მაინტერესებს, თუ ვინ კითხულობს მათ. თქვენ ხომ კითხულობთ ჩემს წიგნებს?

თრეისმანი: ზოგჯერ. მიწევს ხოლმე და რა ვქნა... თქვენ ზუსტად ერთდროულად დაიწყეთ წერა და სირბილი. მე ვიცნობ მწერლებს, რომლებსაც სიარულისას უყვართ იმაზე ფიქრი, რაზეც იმჟამად მუშაობენ. ეტყობა, სიარულის ტემპი ახდენს მათში ამის პროვოცირებას. თქვენ თუ ფიქრობთ ხოლმე წერაზე სირბილის დროს?

მურაკამი: არა. როდესაც დავრბივარ, უბრალოდ დავრბივარ. ესაა და ეს. მიყვარს სირბილი, რადგანაც ამ დროს გონებას ვიცარიელებ. ზოგჯერ ალბათ რაღაცებზე ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ, როგორც წესი, იმავე წამს ვივიწყებ ყველაფერს. იცით, რას გეტყვით, ჯანზე უნდა იყო, ხანგრძლივად წერა რომ შეგეძლოს. შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს და კარგი წიგნი დაწერო, მაგრამ კარგი წიგნების წერა წლების განმავლობაში არცთუ ისე იოლი საქმეა; ზოგჯერ - თითქმის შეუძლებელიც... თუ გინდა წლების განმავლობაში გააგრძელო წერა, ჯანზე უნდა იყო. რა თქმა უნდა, ნიჭიც და იღბალიც გესაჭიროება, მაგრამ ამავე დროს ფიზიკურადაც მაგარი უნდა იყო. წერა რომ დავიწყე, ოცდაათის ვიყავი. სირბილი კი ოცდათორმეტის თუ ოცდაცამეტისამ დავიწყე. უკვე ოცდახუთი წელია, დავრბივარ. ჩემთვის წერის დროს მთავარი კონცენტრაციაა და სწორედ ამის შენარჩუნებაში მეხმარება სირბილი. წერის დროს ისევე გესაჭიროება გამძლეობა, როგორც სირბილისას. ოცდათორმეტის რომ გავხდი, გადავწყვიტე, ყოველდღე მერბინა და მენახა, თუ რა მოჰყვებოდა ამას. ცხოვრება ლაბორატორიაა და შენ ყველაფერი შეგიძლია სცადო ამ ლაბარატორიაში, თუმცა ეს ყველაფერი ბევრ დროს მოითხოვს. მაინტერესებდა, თუ რა შეიცვლებოდა ჩემში წლების განმავლობაში, ყოველდღე რომ მერბინა. აი, უკვე ოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ და ხედავთ, თქვენთან ვზივარ და თავს კარგად ვგრძნობ.

თრეისმანი: ...და სულ მცირე ხნის წინათ ტრიატლონიც დაძლიეთ, არა?

მურაკამი: დიახ. იაპონიაში. მაგრა გაასწორა! უცნაური კაცი ვარ, არა? სულ მაინტერესებს, რა მოხდება ხოლმე, რაიმე ჩაფიქრებულს თუ განვახორციელებ. ასე ვარ მოწყობილი. სირბილი ერთი-ერთი ასეთი მაგალითია ჩემს ცხოვრებაში.

თრეისმანი: ახლა უკვე იცით, თუ რა მოხდება, არა?

მურაკამი: დიახ.

თრეისმანი: მე მგონი, უკვე დროა, მაყურებლის შეკითხვებზე გადავიდეთ...

მურაკამი: დავიწყოთ...

კითხვა დარბაზიდან: დაკვირვებული ვარ, რომ ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები ხშირად ხვდებიან თქვენს წიგნებში. რატომ?

მურაკამი: უჰ, ეს ადვილი საპასუხოა. პატარა რომ ვიყავი, ძირითად დროს ბიბლიოთეკებში ვატარებდი. კაცობრიობის მთელი ცოდნა იქაა შენახული და ყოველთვის, როდესაც იქ ვხვდები, განსაკუთრებული გრძნობა მიპყრობს - თითქოს სიბრძნის სასახლეში დავაბიჯებ. ესაა და ეს.

კითხვა დარბაზიდან: მე და ჩემმა ცოლმა ერთმანეთი ოსაკაში გავიცანით თქვენ წიგნებზე საუბრისას...

მურაკამი: უჰ, ასწორებს!

კითხვა: ... ჩვენ კანადაში ვცხოვრობთ. ის ვერ ჩამოვიდა ამ შეხვედრაზე. დისერტაციაზე მუშაობს. მე მას ვკითხე, - რა შეკითხვა გინდა დავუსვა მურაკამის-მეთქი, და მან მითხრა, - მხოლოდ ერთი რამ უთხარიო - კონიჩუა. გმადლობთ.

მურაკამი: კიდევ კარგი, ეს კითხვა არ იყო! გმადლობთ.

კითხვა დარბაზიდან: სხვათა შორის, მე უფრო შორიდან ვარ ჩამოსული, ავსტრალიიდან... გზაში თქვენს წიგნს ვკითხულობდი იმ ადამიანებზე, მეტროში მომწამვლელი გაზით რომ დაზარალდნენ. შეეცადეთ თუ არა მათთან შემდგომ დაკავშირებას და მოეწონათ თუ არა მათ თქვენი წიგნი?

მურაკამი: ინტერვიუების დროს უმრავლესობა მთხოვდა, მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევაზე მეკითხა, მაგრამ მე მაინც ვეკითხებოდი მათ, თუ სად დაიბადნენ და გაიზარდნენ, რას აკეთებენ და ასე შემდეგ. ეს პირადული შეკითხვებია და მათ ძალიან უკვირდათ, თუ რაში მჭირდებოდა ყველაფერი ეს; რატომ მინდოდა, ასე დეტალურად მცოდნოდა მათ შესახებ. მე კი ეს უბრალოდ მაინტერესებდა - ვინ იყვნენ ისინი, როგორ ცხოვრობდნენ, რა უხაროდათ, რაზე ნაღვლობდნენ? ზოგს ერიდებოდა პირად ცხოვრებაზე საუბარი და მთხოვდნენ, ეს ყველაფერი არ შემეტანა წიგნში. იაპონელები ნერვიულობას იწყებენ, როცა მათ პირად ცხოვრებას ეხებიან. იძაბებოდნენ, ასეთ შეკითხვებს რომ ვუსვამდი. ამიტომაც, წერას რომ მოვრჩი, ჯერ მათ წავაკითხე ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაქვეყნე წიგნი. დიახ, მათ მოეწონათ, რაც დავწერე. არავითარი პრობლემა არ მქონია.

კითხვა დარბაზიდან: ერთდროულად თუ ახერხებთ თარგმანზე და ახალ წიგნზე მუშაობას და რამდენად განიცდით სათარგმნელი წიგნების ზეგავლენას წერის პროცესში?

მურაკამი: ხდება ხოლმე, როდესაც ერთდროულად ვმუშაობ ახალ წიგნზე და ამავდროულად ვთარგმნი, მაგრამ წერისას მე ტვინის ერთ ნახევარსფეროს ვამუშავებ, თარგმნისას კი - მეორეს. ეს ძალიან სასარგებლო ბალანსია ჩემთვის. შესაბამისად, ვინაიდან სხვადასხვა ნახევარსფეროებით ვმუშაობ, სათარგმნელი წიგნები ჩემზე გავლენას ვერ ახდენენ. ოღონდ ნუ შემეკითხებით, რომელი ნახევარსფეროა პასუხისმგებელი წერაზე და რომელი თარგმანზე. არ ვიცი.

კითხვა დარბაზიდან: თქვენი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმები თუ მოგწონთ და არის თუ არა გეგმაში რომელიმე თქვენი წიგნის მიხედვით კიდევ ერთი ფილმის გადაღება?

მურაკამი: სიმართლე რომ გითხრათ, არც კი მინახავს ეს ფილმები. წიგნს რომ ვასრულებ, ის ჩემშიც სრულდება, ამიტომაც არავითარი სურვილი არ მაქვს, დავჯდე და ახლად დამთავრებული წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ვნახო. შემდეგი ფილმი კი „ნორვეგიული ხე იქნება. ვიეტნამელი რეჟისორი გადაიღებს. ძალიან მომწონს მისი ფილმები და ამიტომაც, როდესაც დამიკავშირდა და მითხრა, - „ნორვეგიული ხე მინდა გადავიღოო, - დავეთანხმე. წინა ფილმები კარგი იყო, იმიტომ, რომ ბევრი ფული მომიტანა. ამ შემთხვევაში კი მე ძალიან მომწონს რეჟისორი.

თრეისმანი: ნახავთ ფილმს?

ურაკამი: ჯერ არ ვიცი.

კითხვა დარბაზიდან: ისევ თარგმანს რომ დავუბრუნდეთ - კმაყოფილი ბრძანდებით თქვენი წიგნების თარგმნის ხარისხით, ვთქვათ, თუნდაც ინგლისურ ენაზე? მიგაჩნიათ, რომ მთარგმნელებმა მოახერხეს თქვენი მანერის და სტილის „ჩავლება?

მურაკამი: რაც შეეხება ინგლისურ ენაზე ნათარგმნ წიგნებს, მე ისინი წაკითხული მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ რეზულტატით. როგორც წესი, მთარგმნელები ტექსტის ერთგულნი არიან, მაგრამ თუ რაიმე შეცდომა გამოეპარათ, მე მათ მივუთითებ ამ შეცდომაზე და ისინიც ასწორებენ. რაც შეეხება დანარჩენ ენებზე თარგმანებს, ვერაფერს გეტყვით. მე თვითონ მთარგმნელი ვარ და მჯერა თარგმანის ძალის. ხშირად ამბობენ, რომ თარგმანი ორიგინალის აჩრდილია, მაგრამ ვიტყოდი, რომ, და ეს განსაკუთრებით პროზას შეეხება, თქვენ შეგიძლიათ ენდოთ კარგ თარგმანს.

კითხვა დარბაზიდან: ბრძანეთ, რომ მუსიკა დიდ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში და რომ წერისას ხშირად უსმენთ მუსიკას. რას უსმენთ ხოლმე და რომელიმე ახალი ალბომის მოსმენას ხომ არ შემომთავაზებდით?

მურაკამი: დილაობით ძირითადად კლასიკურ მუსიკას ვუსმენ - მაგალითად ბაროკოს პერიოდის მუსიკას. თუმცა წერისას, როგორც წესი, მუსიკა ფონია; ამ დროს მე არაფერს ვუსმენ, რადგანაც წერაზე ვარ კონცენტრირებული. საჭესთან კი ძირითადად როკ-მუსიკას ვამჯობინებ. მომწონს REM, Beck, Radiohead. საღამოობით მხოლოდ ჯაზს ვუსმენ. ხედავთ, აქაც როტაციაზეა ყველაფერი აწყობილი. მე საკუთარ ჩვევებზე ვაწყობ ყველაფერს, არ ვიცი - რატომ; ალბათ ასეთია ჩემი ბუნება. მუსიკის სმენასაც ჩემებურად ვუდგები. ზოგჯერ მთელი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ სიბელიუსის სიმფონიას ვუსმენ, მერე კი ყელში ამომდის და Beach Boys-ზე გადავდივარ.

კითხვა დარბაზიდან: რამდენად მშვიდი ადამიანი ბრძანდებით ცხოვრებაში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენი წიგნებიდან უცნაური სიმშვიდე იღვრება.

მურაკამი: ეგ იქნებ ჩემს ცოლს ჰკითხოთ?! მგონი, უფრო მშვიდი ადამიანი უნდა ვიყო. ალბათ იმიტომ, რომ არის რაღაც-რაღაცები, რაც მე ღრმად მაინტერესებს, ამისთვის კი კონცენტრაციაა საჭირო. თუ ადვილად ღიზიანდები, გონების კონცენტრაციას დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებ. დიახ, შეგიძლიათ მშვიდი ადამინი მიწოდოთ, მაგრამ ჯაზ-კლუბის მეპატრონე რომ ვიყავი, ვიღაც მთვრალებთან საკმაოდ უხეში ლაპარაკიც მიწევდა ხოლმე. ჰო, მაშინ მშვიდი ნამდვილად არ ვიყავი. ყველაფერთან ერთად ჯიუტიც ვარ. რაც შეეხება ჩემს წიგნებს, მე ისინი თავდასხმებისგან უნდა დავიცვა და ამ დროს მშვიდი ნამდვილად არ ვარ. ასეთ შემთხვევებში მე ძლიერი უნდა ვიყო. გაწყობთ ასეთი პასუხი?

შეკითვა დარბაზიდან: მე ეს-ესაა დავასრულე თქვენი წიგნის - „მოსამართი ჩიტის ქრონიკა - თარგმნა ალბანურ ენაზე, რომელიც მალე გამოვა და მინდა, წიგნის პრეზენტაციაზე დაგპატიჟოთ ალბანეთში. კითხვა კი ესაა: წიგნებში თქვენ ხშირად მოიხსენიებთ ხოლმე ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს. რატომ?

მურაკამი: საბერძნეთი პირველი უცხო ქვეყანა იყო, სადაც მე მოვხვდი და ის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია ჩემთვის. „ნორვეგიული ხის“ პირველი თავებიც იქ დავწერე. დაუვიწყარი პეიზაჟებია, რომლებიც დროდადრო ბრუნდებიან ჩემთან და ჩემს წიგნებში ხვდებიან. თარგმანისთვის კი დიდ მადლობას მოგახსენებთ.

კითხვა დარბაზიდან: თქვენ ბრძანეთ, რომ წერისას არავითარ წინასწარ დასახულ გეგმას არ მიჰყვებით. როგორ ხვდებით, წიგნი რომ დასრულებულია?

მურაკამი: უჰ, სიცილს რომ ვიწყებ, მაშინ; ან ზოგჯერ - ტირილს. მაგრა ასწორებს!

კითხვა დარბაზიდან: როდესაც ამბობთ, რომ წერის დაწყებისას ერთი სცენა გიტრიალებთ თავში, ეს სცენა სტატიკაა თუ მიზანსცენა?

მურაკამი: გააჩნია... აი, მაგალითად, „მწუხრის შემდეგ“-ს რომ ვწერდი, ერთი სცენა მიტრიალებდა თავში, რომელიც თითქოს კლიპივით იყო. ეს სულ რაღაც წუთ-ნახევრიანი სცენა მთელი წლის განმავლობაში მიტრიალებდა თავში. მაინტერესებდა, რა უნდა მოჰყოლოდა ამ სცენას, მაგრამ არ ვიცოდი, რა დამეწერა. ასე გაგრძელდა ერთი წლის განმავლობაში; ვფიქრობდი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ სცენის ბუნებრივი გაგრძელება, და აი, ერთხელაც, უეცრად ჩავავლე ძაფს და ამის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ შემეძლო წერის დაწყება. ეს ეპიზოდი რესტორანში იწყება. იქ ახალგაზრდა ქალი ყავას მიირთმევს. კარი იღება და შემოდის კაცი. ის ქალს ჩაუვლის, ჩაფიქრდება, თითქოს ნანახი ჰყავს სადღაც, თუმცა ვერ იხსენებს სად. აი, სულ ესაა!... წამები! ამ სცენით იწყება რომანი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში მაწვალა.

კითხვა დარბაზიდან: წერის დაწყება რატომ მოგინდათ? ეს თქვენი ზრდისათვის იყო აუცილებელი, თუ აუდიტორია გესაჭიროებოდათ? სხვანაირად რომ ვთქვათ: თქვენივე თავში გარკვევა გინდოდათ, თუ გეგონათ, რომ ისეთ რამეს მიაგენით, რისი სხვისთვის გაზიარებაც გსურდათ?

მურაკამი: პირველი ორი წიგნის შემთხვევაში, უბრალოდ, მინდოდა იმის გამოხატვა, რასაც ვფიქრობდი, ვინაიდან ყველაფერი ეს რომ არ ჩამეწერა, არ მეცოდინებოდა, თუ რა ხდება ჩემში. ვერც ვერასდროს გავიგებდი. როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩემი ბუნების ნაწილია. თუ მინდა მივხვდე, რაზე ვფიქრობ, ან რა მიდევს გულში, უნდა ვწერო. პირველი ორი წიგნის შემთხვევაში, მინდოდა, ჩემს თავში გავრკვეულიყავი. იმ დროს, რა თქმა უნდა, მკითხველზე არ ვფიქრობდი. ახლა კი, როდესაც უკვე პროფესიონალი მწერალი ვარ, მიწევს ხოლმე მკითხველზე ფიქრი.

კითხვა დარბაზიდან: მიგაჩნიათ, რომ ეს კომპრომისია?

მურაკამი: არა. მე მაქვს ჩემი ისტორიები და ვცდილობ, მოვძებნო კავშირი ჩემსა და ამ ისტორიებს შორის. კომპრომისი აქ არაფერ შუაშია. როდესაც მინდა, საკუთარ თავზე შევიტყო იმაზე მეტი, ვიდრე ვიცი, ამ დროს ჩემზე კი არ ვწერ, არამედ ან სპილოზე ან მაცივარზე.

კითხვა დარბაზიდან: ამას წინათ თქვენი მოთხრობების კრებული წავიკითხე და იმ კრებულში პირველივე მოთხრობა თქვენი დიდებული რომანის, „მოსამართი ჩიტის ქრონიკა, მოკლე ვარიანტი იყო. მაინტერესებს, ეს თავიდან რომანის იდეა იყო, რომელიც შემდეგ მოთხრობად აქციეთ, თუ - პირიქით?

მურაკამი: ყველაფერი მოთხრობით დაიწყო. სპაგეტის სცენით. როდესაც წერას ვიწყებდი, ვფიქრობდი კაცზე, რომელიც სპაგეტის იმზადებს ვახშამზე. მე ეს დავწერე, მაგრამ რატომღაც ეს სცენა წლების განმავლობაში ჩარჩა ჩემში. თითქმის ათი წელი! შემდეგ კი უეცრად აღმოვაჩინე, რომ შემეძლო ამ სცენაზე დაყრდნობით უფრო დიდი ნაწარმოების აწყობა. ასე გაჩნდა ეს რომანი. იგივე მოხდა „ნორვეგიული ხის შემთხვევაშიც. ისიც მოთხრობით დაიწყო. გოგო და ბიჭი ფეიერვერკს უყურებენ ერთად... მაგრამ მე უფრო მეტის დაწერა მომინდა ამაზე და... მოთხრობებიც ლაბორატორიასავითაა, უამრავი ექსპერიმენტის საშუალებას მაძლევს ხოლმე. და ზოგჯერ ხდება ისე, რომ რომელიმე მათგანი რჩება და დიდ რომანად იქცევა. დასაწყისში მე ნამდვილად არ ვიცი, თუ რომელ მათგანს აქვს რომანად ქცევის პოტენცია. უნდა მოვიცადო და ვნახო. რადგან ვასრულებთ, შეიძლება რაღაც ვთქვა? სასაცილო ისტორიაა...

თრეისმანი: რა თქმა უნდა.

მურაკამი: ცოტა ხნის წინ ტოკიოში მატარებელში ვიჯექი და სადღაც მივდიოდი. წიგნს ვკითხულობდი. ჩემ წინ ვიღაც ქალი იჯდა და თვალს არ მაცილებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის წამოდგა, მომიახლოვდა და მკითხა: „უკაცრავად, თქვენ ბატონი მურაკამი ბვრძანდებით“? „დიახ“, - ვუპასუხე. მან მითხრა, რომ ჩემი თაყვანისმცემელი იყო. მადლობა გადავუხადე. ზოგჯერ მაგრა ასწორებს ასეთი რამეები... მერე კი მან მითხრა: „მე ძალიან მიყვარს თქვენი პირველი წიგნი და მიმაჩნია, რომ ეს თქვენი საუკეთესო ნაწარმოებია“. „გმადლობთ“ - ვუპასუხე ისევ. მან კი გააგრძელა: „მაგრამ წიგნიდან წიგნამდე თქვენ სულ უფრო და უფრო უარესი ხდებით“. საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ, რომ მან ჩემი ერთი წიგნი მაინც წაიკითხა. ერთი არც ერთს ჯობს, არა? ამიტომაც, ზოგჯერ ვინმე რომ მეუბნება, - თქვენი წიგნი მომეწონაო, - მადლობას ვუხდი და ვეუბნები, - გეთაყვა, შემდეგი წიგნიც იყიდე-მეთქი. ზოგჯერ კი, როდესაც მეუბნებიან, - თქვენი ბოლო წიგნი საშინელება იყოო, - ვეუბნები: „ვწუხვარ. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ წიგნი კარგი გამოსულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ მან არ დაგაკმაყოფილათ. ამიტომაც, შემდეგი წიგნი იყიდეთ, იქნებ ის მოგეწონოთ“. თქვენც იგივეს გეტყვით, - იყიდეთ ჩემი შემდეგი წიგნი!

20 კონტაქტი

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, იასონ ბადრიძის პირადი არქივი

0x01 graphic

ჩემთვის რომ ამ ადამიანზე კინოსცენარის დაწერა შეეკვეთათ, აი, ასე დავიწყებდი... ყველაფერი ეს სინამდვილეში მოხდა. მხოლოდ დეტალები დავამატე ვიზუალური ხარისხის გასაძლიერებლად. მაშ, ასე...

ექსტერიერი. საქართველო. გარეჯი. დილა.

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მეორე ნახევარი. საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა არმიის სასაზღვრო ძალების ექვსი თუ შვიდი ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცი თავქუდმოგლეჯილი მირბის ხრიოკზე. მათ შემდეგ კადრში მხოლოდ ჰაერში ავარდნილი ბუღი რჩება. ცხელა.

ინტერიერი. შტაბი. გარეჯი. დილა.

შტაბის უფროსი და რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერი სამხედრო აპარატურით გადაჭედილ პატარა ოთახში შექუჩულან. ისინი ყურადღებით აკვირდებიან ერთ-ერთი მონიტორის მრგვალ ეკრანს. მონიტორებთან მჯდომი რიგითი ოპერატორი ფანქრით მიუთითებს ეკრანზე მოძრავ მკაფიო წერტილზე. შტაბის უფროსი ოფიცრებს გადაულაპარაკებს. ისინი ოთახიდან გადიან.

ექსტერიერი. გარეჯი. დილა.

წელში მოხრილი ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცები ამჯერად უფრო ფრთხილად მოძრაობენ. აშკარად ჩანს, რომ ისინი რაღაცას, თუ ვიღაცას ეპარებიან. მათი მეთაური ხელით ანიშნებს დანარჩენებს. ჯარისკაცები წელში იმართებიან და უზარმაზარი ლოდის მიმართულებით გარბიან. ისინი ორივე მხრიდან არტყამენ ალყას ლოდს და ავტომატმოღერებულები მთელი ხმით ღრიალს იწყებენ. რამდენიმე წამში ლოდის უკნიდან ხელებაწეული მამაკაცი გამოდის. კაცი ოცდაათიოდე წლის იქნება - საშუალო სიმაღლის, ხმელი, წვერმოშვებული. მტვრიანი ტანსაცმელი აცვია. აშკარად შეშინებულია. ისიც ყვირილით ცდილობს, რაღაც აუხსნას ჯარისკაცებს. მაღლა აწეულ მარჯვენა ხელში მომცრო ზომის ანტენიანი გადამცემი უჭირავს. ჯარისკაცები ყვირილს აგრძელებენ და ავტომატის ლულებით მიუთითებენ, რომ გადამცემი მიწაზე დადოს და რამდენიმე ნაბიჯით მოსცილდეს. კაცი ემორჩილება.

ინტერიერი. შტაბი. დღე.

დაკითხვის სცენები არცთუ ისე ბრუტალურია, თუმცა შემაშინებელი. ოთახის შუაგულში ერთადერთი მაგიდა და ორი სკამია. ერთ-ერთზე წვერმოშვებული კაცი ზის. შტაბის უფროსი მის გარშემო მოძრაობს და რაღაცას ეკითხება. დროდადრო, როგორც ჩანს, მდგომარეობიდან გამოსული, პატიმარს უახლოვდება, შუბლს ლამის შუბლზე ადებს და ყვირილზე გადადის. კარი იღება, ოთახში ლეიტენანტი შემოდის, შტაბის უფროსს უახლოვდება და რამდენიმე სიტყვას ჩასჩურჩულებს ყურში. უფროსი ჯერ ტუსაღს უყურებს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოფიცერს შეხედავს და თითქოს თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ექსტერიერი. გარეჯი. საღამო.

ხუთი ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცი და მათი ტუსაღი ისევ ხრიოკზე მიაბიჯებს. სახეებზე ყველას წურწურით ჩამოდის ოფლი. ისინი ისევ იმ ლოდს უახლოვდებიან, სადაც დილით უცნობი დააკავეს. ყველა ჩერდება. ჯარისკაცები კაცს უყურებენ. მათ გამომეტყველებაზე ჩანს, რომ ისინი რაღაცას ელიან მისგან. კაცი მიიხედ-მოიხედავს და ნელი ნაბიჯებით გადის ალყიდან, რამდენიმე მეტრის მოშორებით ჩერდება და მოულოდნელად ყმუილს იწყებს ჯერ გაბმულად, შემდეგ რამდენჯერმე წყვეტილად. ჯარისკაცები დაბნეულად გადახედავენ ერთმანეთს. კაცს ეღიმება და ისევ ყმუის. ამის შემდეგ გარშემო კვლავ სიჩუმეა. მხოლოდ ქარის ხმა ისმის. მიწიდან ავარდნილი ოხშივარის გამო, გამოსახულება ოდნავ ბუნდოვანია. ცხელი ჰაერის წებოვან მასაში ძუნძულით მომავალი ოთხი ცხოველი იკვეთება. ოდნავ ახლოს რომ მოდიან, ჩანს, რომ მგლები არიან. რამდენიმე წამის განმავლობაში ჯარისკაცები გაშეშებულები მისჩერებიან მათი მიმართულებით მომავალ მგლებს. შემდეგ ერთ-ერთი თითქოს აზრზე მოდის და ფაციფუცით იმარჯვებს ავტომატს. დანარჩენებიც იგივეს აკეთებენ. უცნობი სასწრაფოდ დგება მათსა და მოახლოებულ მგლებს შორის და ხელით ანიშნებს, - ავტომატები დაუშვითო. მგლები უკვე სულ რაღაც ოციოდე მეტრში იქნებიან მათგან. კაცი კიდევ ერთ გაურკვეველ ბგერას ამოუშვებს პირიდან და ჩაიმუხლებს. მგლები კიდევ უფრო ახლოს მოდიან და მისგან ხუთიოდე მეტრის მოშორებით ჩერდებიან. რამდენიმე წამის განმავლობაში ისინი ერთმანეთს უყურებენ, შემდეგ კი ოთხივე მგელი თითქმის ერთდროულად იწყებს მისი დანახვის სიხარულით გამოწვეულ მგლურ ცეკვას. ეკრანზე ჩნდება ფილმის სათაური: კონტაქტი

„ის თვითნაკეთი პელენგატორი, რა თქმა უნდა, ჩამომართვეს, - იასონ ბადრიძე ღიმილით მიყურებს და მის მუხლებზე ზარმაცად მოკალათებულ პატარა ძაღლს ეფერება, - უკან რომ ვბრუნდებოდით, უკვე ცოტა რიდით მიყურებდნენ. გამომიშვეს, თუმცა თავიდან ჯაშუში ვეგონე, არადა, მე იმ ხელსაწყოთი ჩემი მგლების გადაადგილებას ვაკვირდებოდი“. ძაღლი ნელა დგება მისი მუხლებიდან, იასონს ახედავს, თითქოს უფლებას იღებსო, მერე ჩემს მუხლებში იკალათებს და ხვნეშით გვატყობინებს, - კარგად მოვეწყვეო. კედელთან მიმდგარ ტახტზე ვსხედვართ. ჩვენს უკან, კედელზე, ფოტოებთან ერთად ჯერალდ დარელის წერილია გაკრული, რომელშიც ის მადლობას უხდის ბატონ ბადრიძეს მისი ნაშრომისათვის მგლების რეინტროდუქციაზე ველურ ბუნებაში. რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერის ახალგაზრდა წარმომადგენელმა მის ბინაში ინტერნეტის ქსელი გაიყვანა. „პაროლი რა გნებავთ, რომ იყოს“, - შეეკითხა ის ბატონ იასონს. „უჰ, რა ვიცი, აბა“... - უპასუხა იასონმა. „მე ვიცი, - უეცრად მიიღო გადაწყვეტილება ახალგაზრდამ, - მოდი, მგელი იყოს“. ოთახში ცხელა. გარედან მანქანების ხმაური შემოდის. თბილისში 2008 წლის ზაფხულია. ომი თვენახევარში დაიწყება.

იასონ ბადრიძე ისევ ისეთი ხმელი და წვერმოშვებულია, როგორც ალბათ იმ შორეულ წარსულში, გარეჯში რომ დააკავეს. მხოლოდ თმები თუ შეუთხელდა. საოცრად ცოცხალი და განსაკუთრებული, ძნელად ასახსნელი გამოხედვა აქვს. გარემოსდაცვით ორგანიზაციაში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება მეუბნება, რომ ასეთი გამოხედვა მხოლოდ იმ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, ვინც სიცოცხლის დიდი ნაწილი ცხოველებთან ურთიერთობაში გაატარა. ვხვდები, რომ საჭიროების შემთხვევაში მკაცრიც შეუძლია იყოს და უკმეხიც. ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება მგლის ქცევას სწავლობს. ძალიან ბევრს ეწევა. თავიდან პირქუში კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მერე აღმოაჩენ, რომ ხშირად ბიჭური ღიმილით იღიმის და ლაპარაკიც უყვარს, მეცნიერია და აზრების არტიკულირების დიდებული უნარი აქვს. ურთიერთობის ხუთი დღის განმავლობაში არც ერთხელ არ უცდია ჩემთვის უცნობი მეცნიერული ტერმინებით ჩემი დაჩაგვრა. საკუთარ ცხოვრებაზე ასე ალბათ ინდიელი ბელადები საუბრობდნენ ხოლმე. და კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია - მას ჯაზი უყვარს.

0x01 graphic

„ოთხი წლის ვიყავი, პირველად მგლის ყმუილი რომ მოვისმინე, - იასონი სიგარეტს უკიდებს, - ქვიშხეთში ვისვენებდით და მამაჩემმა წმინდა გიორგის ეკლესიასთან ამიყვანა ტყეში ღამის გასათევად. იმავე წამს ვიცანი მგლის ხმა, რადგანაც მამაჩემი ხშირად მიყვებოდა ცხოველებზე და ყოველთვის ცდილობდა მათი ხმის მიბაძვას“. კონსტანტინე გიორგის ძე ბადრიძეს, იასონის მამას, ეს არ უნდა გაჭირვებოდა. ის თეატრალური სტუდიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სასცენო მოძრაობის მასწავლებელი და პირველი ქართველი კასკადიორი იყო. სწორედ მამისგან გაიგო იასონმა ის, რაც მომავალში, როგორც თვითონ მითხრა, ყველაზე მეტად გამოადგა: „რაღაცამ შეიძლება გაიძულოს, შენთვის უცნობ სისტემაში შეხვიდე, - უთხრა ერთხელ მამამ, - მაგრამ თუ შენ შინაგანად არ ხარ ამ სისტემის კაცი, ეს სისტემა ადრე თუ გვიან გამოგრიყავს, ხოლო თუ გამოასწარი, თვითონვე წამოხვალ“. მამამ კიდევ ბევრი რამ ასწავლა. „რომ არა მისი სკოლა სხეულის ფლობაში, ჩემი დაზიანებული ხერხემლით ბევრს ვერ მივაღწევდი“. მის სხეულს კი მართლაც რომ უამრავი რთული გამოცდის „ჩაბარება“ მოუხდა. ალპინიზმით გატაცებული, სკოლის ბოლო კლასში რამდენიმეჯერ გაიპარა მყინვარწვერზე, იყო სიმძიმეების აწევაში საქართველოს იუნიორთა ჩემპიონი, ჰქონდა პირველი თანრიგი ტანვარჯიშსა და სროლაში, მოგვიანებით კი, როდესაც მგლებს „გადაეყარა“, კილომეტრებს დარბოდა მათთან ერთად მგლის ბილიკებზე, ათეულობით კილომეტრს... გაუვალ ტყეებში... ნებისმიერ ამინდში...

„ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, როგორ არის მოწყობილი სიცოცხლე, - ამბობს იასონი და კიდევ ერთ სიგარეტს უკიდებს, - მაგრამ დღემდე მიკვირს, ეს თეატრში გაზრდილი კაცი ბიოლოგი როგორ გამოვედი“. ოთხი თუ ხუთი წლის იყო, როდესაც „მოკვეთილის“ მსვლელობის დროს დედის, მსახიობ ნათელა აფაქიძის „გადასარჩენად“ სცენაზე ავარდა და კინაღამ სპექტაკლი ჩაშალა. მაინც ისე მოხდა, რომ თეატრს „გადაურჩა“, ძირითადად, როგორც თვითონ ვარაუდობს, მშობლების წყალობით („ყველაფერი გააკეთეს, რომ მსახიობი არ გამოვსულიყავი“.) და, რაც მთავარია, ბავშვობიდან გამოყოლილი ინტერესების გამო. როგორც ჩანს, ალპინიადებს და ველურ ბუნებაში ხეტიალს ტყუილუბრალოდ არ ჩაუვლია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც ქცევის ფიზიოლოგიურ მექანიზმებს სწავლობდა. ბუნებრივია, მოვიდა დრო, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თუ რა უნდა ყოფილიყო მისი შესწავლის ობიექტი. როგორც თვითონ ამბობს, არჩევანის წინ რომ დადგა, სწორედ მაშინ ამოუტივტივდა მეხსიერებაში ბავშვობაში მამასთან ერთად ტყეში გატარებული ღამე და იმავე წამს ყველაფერი თავ-თავის ადგილებზე დადგა. მგელი! ყველაზე ნაცნობი უცნობი მტაცებელი. არ ვიცი, გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა იასონ ბადრიძეს ის, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მისი ცხოვრება ისეთი ვეღარ დარჩებოდა, როგორც მანამდე. ალბათ უფრო - არა.

„რატომ მგელი“? - უკვირდათ მის კოლეგებს ზოოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ის 1976 წელს გადავიდა სამუშაოდ. „რატომ მგელი? - ეკითხებოდნენ ნაცნობები, - ირემი შეისწავლე, უფრო გემრიელია. მგელს კი ერთადერთი, რაც უნდა, ტყვიაა შუბლში“... არ იცოდნენ, რომ მისთვის ამ შეკითხვის დასმას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, რადგანაც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, 1972-ში მან უკვე თავისი პირველი მგლის ლეკვები აიყვანა და, მისივე თქმით, ამის შემდეგ „შეუძლებელი იყო სხვა რამეზე ფიქრი“. ხოლო თეთრი ყვავის რეპუტაცია რომ ჰქონდა, ეს ყველაზე ნაკლებად ანაღვლებდა. სამაგიეროდ, ოჯახში გაჩენილი პრობლემების უგულებელყოფა იყო შეუძლებელი, რადგანაც ამ დროისათვის მას უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა (დღეს იასონ ბადრიძეს უკვე ხუთი შვილიშვილი ჰყავს. ყველაზე უმცროსს, რომელიც ამერიკაში გაჩნდა, ის ჯერ არ იცნობს). წარმოიდგინეთ: მეუღლე, ორი პატარა შვილი და ოთხი მგლის ლეკვი კვლევითი ინსტიტუტის ახალგაზრდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პატარა ბინაში. ბავშვები და მგლები მთელ სახლში დარბიან. ზედახორა. წივილ-კივილი და წკავწკავი... მოკლედ, ბავშვები, ალბათ, ნამდვილად ერთობოდნენ, რასაც ოჯახის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყოდით. „ერთი მანქანა გვყავდა, ისიც ნორმალურად ვერ მოხმარდა ოჯახს, ჩემს გამო, - ამბობს ის, - მგლები აქეთ-იქით რომ გადამყავდა, მანქანის სალონი ნაფლეთებად აქციეს. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მგელს ძაღლივით სისუფთავეს ვერ ასწავლი. როდესაც ერთხელ ბიძაჩემი მოსკოვიდან ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა, კინაღამ ჭკუიდან გადადგა კაცი, - იცინის იასონი და აგრძელებს, - არც ლაბორატორია მქონდა, არც საკმარისი ტერიტორია და არც ფული. მგლის ლეკვი 50 მანეთი ღირდა, ჩემი ხელფასი კი 140 მანეთი იყო. პრინციპული მოსაზრების გამო, მე არასდროს ვიყვანდი მგლის ლეკვებს ბუნებიდან; ვყიდულობდი. იმ დროს ჯერ კიდევ ბევრი არაფერი ვიცოდი მგლების ქცევაზე, არც რაიმე მეთოდოლოგია მქონდა. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ლიტერატურას მივადექი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც მგლებზე არსებობდა, მათ მოსპობაზე იყო. ერთადერთი, რაც გამომადგა, კვალზე მოძიების მეთოდები იყო, თუმცა ესეც მათს მოსპობას ემსახურებოდა. მე კი მაინტერესებდა, თუ როგორ ფორმირდება მგლის ქცევა დაბადებიდან სიკვდილამდე, გონივრული მოქმედების ჩათვლით. იმ დროს კი ეთოლოგია სერიოზულ მეცნიერებად არ ითვლებოდა. ცხოველის ქცევა რომ შეგესწავლა, ან გიჟი უნდა ყოფილიყავი ან ძალიან ბევრი ფული გქონოდა“. იასონ ბადრიძეს ფული არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ის, ყველაზე კარგი გაგებით, „გიჟი“ აღმოჩნდა, ისეთი, დიდ მეცნიერებზე რომ ამბობენ ხოლმე. სწორედ ამიტომაცაა, ამ ტახტზე მის გვერდით რომ ვზივარ და პირდაღებული ვუსმენ მის ყველა სიტყვას. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ყველაფერი განზე გაწიონ და იმ გზას გაჰყვნენ, რომელიც მათ მოსვენებას უკარგავთ. ველურ ბუნებაში სწორედ ამ ძალამ გაიყვანა, ვინაიდან იცოდა, რომ მგლის ქცევას სხვაგან ვერსად შეისწავლიდა.

ტყეში 1974 წელს „გავარდა“ პირველად, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში. ოთხი თუ ხუთი თვის განმავლობაში თითქმის მუდმივად ცხოვრობდა იქ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მგლების ერთ ოჯახს იჩვევდა. როგორც უკვე ვთქვი, არავითარი მეთოდოლოგია არ ჰქონია, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ცხოველთან კონტაქტში შესვლა. აი, როგორ აკეთებდა ამას: სახლიდან ბავშვების გასახვევი ტილოები მიჰქონდა, ტანზე იხვევდა და რამდენიმე დღე ასე დადიოდა, მისი ოფლი კარგად რომ გამჯდარიყო ტილოებში. მერე ამ ტილოებს ნაკუწ-ნაკუწ ხევდა და მგლის ბილიკებზე ყრიდა, ცხოველები მის სუნს რომ შეჩვეოდნენ. თავიდან მგლები შორიდან უვლიდნენ ტილოების ნაკუწებს, მერე კი დაგლეჯა დაიწყეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ უკვე აღარ ეშინოდათ. ამის შემდეგ იასონმა ხორცის ნაჭრების დაწყობა დაიწყო ტილოებზე და მგლებმა მათი ჭამა რომ დაიწყეს, იასონმა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, გამოჩენილიყო და დანახვებოდა ცხოველებს („თუმცა, რა თქმა უნდა, მგლები უფრო ადრეც მხედავდნენ“, - ამატებს ის). ძუ მგელს დიდი ინტერესი არ გამოუჩენია მის მიმართ, სამაგიეროდ, ხვადი გამოემართა მის შესახვედრად...

მგლების უფროსი ლეკვები რომ ხედავდნენ, მშობლები მას არ უფრთხოდნენ, თვითონაც სწრაფად შედიოდნენ კონტაქტში. „მე არასდროს ვცდილობდი მათ სოციალურ სისტემაში მოხვედრას; არც ადრე და არც მოგვიანებით. იქ შესვლა ნიშნავს იმას, რომ რაღაც რანგი მაინც უნდა დაიკავო, ამ შემთხვევაში კი ადრე თუ გვიან აუცილებელი ხდება ამ რანგის გადასინჯვა. ეს მგლებთან ფიზიკურ კონფლიქტში შესვლის ტოლფასია, არადა, სად მგლის ტყავი და სად ადამიანის კანი. ამიტომაც ჯობდა, დამკვირვებლად დავრჩენილიყავი“.

მგლებთან ერთად ტყეში სირბილი მაინც ყველაზე უფრო ძნელი იყო. როგორც წესი, დღეში ოციოდე კილომეტრი ძუნძულით სირბილი უწევდა მათთან ერთად მათსავე ბილიკებზე. მგლებმა თავისი ტერიტორია კარგად იციან, მაგრამ ეს ტერიტორია მასაც ხუთი თითივით უნდა სცოდნოდა. სხვანაირად არ გამოვიდოდა; უფრო მეტიც, მას აგრეთვე კარგად უნდა სცოდნოდა მათი მსხვერპლის მიგრაციული ბილიკები, სად სვამდნენ ისინი წყალს, სად ათენებდნენ ღამეს და ასე შემდეგ.

იასონ ბადრიძე ტყიდან ისეთი ცოდნით გამოვიდა, როგორიც არც მას და არც არავის აქამდე არ ჰქონია. თან უამრავი კითხვაც გამოიტანა. მთავარი კი მაინც ის იყო, რომ მან უკვე იცოდა, თუ რა გზით შეიძლებოდა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ნიადაგის მომზადება. მას ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. „ცოდვა დავიდე. ჩემივე შეცდომების გამო, რამდენიმე ლეკვი დამეხოცა პირველი პარტიიდან. ძირითადად - ფილტვების ანთებით; არ ვიცოდი, სწორად როგორ უნდა მეკვება. მერე კი, ისევ და ისევ ჩემივე უვიცობის გამო, რამდენიმე ზრდასრული მგელი შემომაკვდა. მათი აგრესია ჩემივე უვიცობით იყო გამოწვეული. ერთი წლის შემდეგ მათი სახლში ყოლა უკვე სახიფათო ხდება. ამ დროს ზრდასრული მგლები უკვე სოციალურ სისტემაში უნდა შევიდნენ. აქედან მოყოლებული, 1979 წლის ჩათვლით, მან ოცდაორი ისეთი მგლის ლეკვი გაზარდა, რომლებიც „ქალაქელი“ მგლები კი არ იყვნენ, არამედ ველური ბუნების სრულფასოვანი წარმომადგენლების თვისებებს ფლობდნენ.

ექსტერიერი. ტყე. საღამო.

ნელ-ნელა ბინდდება, თუმცა მზის სუსტი სხივები ჯერ კიდევ აღწევს დაბურულ ტყეში. კაცი კოცონთან ზის და ჩანთაში იქექება. სასწრაფოდ იღებს იქ ჩარჩენილ სახვევებს და ჩანთას გვერდზე მიაგდებს. მარჯვენა ფეხი ოდნავ არაბუნებრივად უდევს, ნაღრძობი ან დაზიანებული აქვს. შარვლის ტოტს მაღლა იწევს და ისევ იმანჭება ტკივილისგან. ფეხს მოხერხებულად დებს და სახვევების დახევას იწყებს. უეცრად ჩერდება და მიაყურადებს. მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი ისმის. ისევ სახვევებს მიუბრუნდება, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ჩერდება და ამჯერად უკან იყურება. გამომეტყველებაზე ეტყობა, რომ რაღაც დაინახა. სწრაფად, თუმცა მაინც გაჭირვებით მთელი სხეულით ბრუნდება და მოულოდნელად შეშდება. მის წინ, ათიოდე მეტრში მგელი დგას, პირდაპირ მას უყურებს და კუდს აქიცინებს. კაცს ეღიმება და რაღაც უცნაურ, წკმუტუნის მსგავს ხმას გამოსცემს. ცოტა ხანი მგელი ისევ გაუნძრევლად შესცქერის მას, მერე კი ნელა იწყებს მისი მიმართულებით მოძრაობას. მისგან სამიოდე მეტრის მოშორებით ჩერდება, თავს დაბლა ხრის და პირიდან რაღაც უცნაურ მასას ამოანთხევს. შემდეგ ბრუნდება და ძუნძულით ეცლება იქაურობას. კაცი ერთხანს თვალისმოუცილებლად უყურებს მგელს, მერე კი ხელებს მიწაზე აბჯენს და გაჭირვებით გახოხდება წინ. ყოველგვარი ზიზღის გარეშე, დაწვდება მასის ნაწილს და ყურადღებით აკვირდება. ღიმილს ვერ იკავებს. მას ხელში ლორწოში გახვეული მოუნელებელი ხორცის ნაჭრები უკავია. ის ისევ ტკივილნარევი ღიმილით იყურება იქითკენ, საითაც მგელი გაუჩინარდა.

„და თქვენ ეს ყველაფერი შეჭამეთ“? - პირველი, რაც შევეკეთხე, ეს იყო. „ჰო, კონსერვები მქონდა, მაგრამ რაღაც ნაწილი გავრეცხე და შევჭამე, - მიპასუხა იასონმა, - თუ მათ საზოგადოებაში ცხოვრობ, ისე უნდა იცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობენ. ჩემი დაზიანებული ფეხის გამო, თითქმის ერთი კვირა ვერ დავყვებოდი მათ ბილიკებზე და მათაც იფიქრეს, რომ საჭმელი დამჭირდებოდა. ასეთ საჩუქარზე უარი არასდროს არ უნდა თქვა“. „ის თქვენი წკმუტუნი რაღას ნიშნავდა“? - შევეკითხე მე. „ეს აბსოლუტურად დაუფიქრებლად წამომცდა და ნიშნავდა შემდეგს: „გამარჯობა. მიხარია, რომ მოხვედი“. ხვდება, რომ თავს იდიოტივით ვგრძნობ და ამიტომ სწრაფადვე აგრძელებს. „ქშენანარევი ყეფა ხიფათს ნიშნავს. ასეთი ბგერით ისინი თავიანთ ლეკვებს აფრთხილებენ. საერთოდ მათი „ენა“ რამდენიმე სახის ყმუილს და წკმუტუნს გულისხმობს. ნაღვლიანად მაშინ ყმუიან, როდესაც ოჯახი ერთად არაა და ერთმანეთს რაღაც უნდათ, რომ შეატყობინონ. ყმუიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ან დიდი მანძილით არიან ერთმანეთისგან დაცილებულნი ან როდესაც ზედმეტი ემოციები აწვებათ ხოლმე. უშუალო კონტაქტისას ყმუილს აზრი არა აქვს. ამ დროს ისინი ყეფენ. სხვადასხვა რეგიონში მგლები სხვადასხვანაირად ყმუიან“. მე ცოტა ხანი კიდევ მჭირდება ბოლომდე აზრზე მოსასვლელად. ის განაგრძობს: „მათ ყმუილის ორი ტიპის რეპერტუარი აქვთ - თანდაყოლილი და შეძენილი. ხიფათის აღმნიშვნელი ყეფა თანდაყოლილია და ასეთ ყეფაზე რეაქციაც თანდაყოლილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამტკიცება ჯერ არ შემიძლია, იმისდა მიხედვით, თუ როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი, როგორია ექო, ტყეში არიან თუ ღია ადგილზე და ასე შემდეგ, მათი ყმუილის ტონალობა და ვარიაცია, წესით, უნდა იცვლებოდეს. კახელ მგლებს თუ გურულ მგლებთან კავშირი არ ჰქონიათ, ისინი შეძენილ რეპერტუარში ერთმანეთს ვერ გაუგებენ“. ახლა მე გავაგრძელებ... რაღაც მომენტში იასონი დაინტერესდა, შეიძლებოდა თუ არა სემანტიკური მნიშვნელობის ფორმირება ხელოვნურად და ამის გასარკვევად მან ყმუილის ისეთი ვარიაცია მოიგონა, რომელიც მგლებს რეპერტუარში არ აქვთ. ამ ყმუილს თავისი დატვირთვა ჰქონდა და ნიშნავდა - „აქ საჭმელია“. მგლები ცხრანაირ დაყმუვლებას ეპასუხებოდნენ, მაგრამ მოდიოდნენ მხოლოდ იმ ხელოვნურ ყმუილზე, რადგანაც მას საჭმელს უკავშირებდნენ. ერთხელაც გაირკვა, რომ მის მიერ ტყეში გაშვებული მგლები, შიმშილის შემთხვევაში, სწორედ ყმუილის ამ ვარიაციას მიმართავდნენ. ფირები, რომელზეც მას მგლების ყმუილის ვარიაციები ჰქონდა ჩაწერილი, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ომის დროს დაიკარგა.

„რა შეგძინათ მგლებთან ურთიერთობამ“? - ვეკითხები იასონს, სანამ ის თავის მესამე სიგარეტს უკიდებს მეორე კოლოფიდან. ამ შეკითხვაზე სწრაფად არ მპასუხობს. ჯერ ფიქრობს. ზაფხულის სიცხეში სიგარეტის ბოლს სასიამოვნო სუნი აქვს. „მათი მეშვეობით ადამიანური ურთიერთობების ფასი გავიგე, - ამბობს ის რამდენიმე ხნის შემდეგ, - უფრო დინჯი გავხდი. ადრე ადვილად ფეთქებადი ვიყავი. ეს ცხოვრების იმ  წესმა მასწავლა, რაც მგლებთან ურთიერთობისას მქონდა. ეს და კიდევ იმის შეგრძნება, თუ რა ხდება შენს უკან. თითქმის დეტალურად შემეძლო სიტუაციის აღწერა. მგელი მაინც ველური ცხოველია და, როგორც ჩანს, ეს უნარი ჩემი მუდმივი დაძაბულობის წყალობით შევიძინე. ამან ძალიან შემაწუხა ქალაქში ყოფნისას“.

პაუზა. „ისინი საოცრად მზრუნველები არიან თავისიანების მიმართ. ძუ მგელი რომ მშობიარობს, ამ დროს მას ნადირობა არ შეუძლია და საკვების მომარაგებაში დანარჩენები ეხმარებიან. ლეკვებს საჭმელი არ უნდა შემოაკლდეთ“. ისევ პაუზა. „მათ ბოდიშის მოხდა და სიყვარული შეუძლიათ. ნადავლის გაყოფაც იციან. ერთხელ ირემი მოინადირეს და თვითონ რომ გაძღნენ, 15-20 მეტრში დაწვნენ. ერთი ხვადი მე მიყურებდა, კუდს აქიცინებდა და მიღიმოდა. წარმოუდგენელი ღიმილი აქვთ (არა, ნამდვილად არ მეშაყირება!). ისინი საჭმლის გამო კი არ იღიმებიან ხოლმე, არამედ სოციალურ პარტნიორს უღიმიან. გავბედე და ირემს მივუახლოვდი. არც განძრეულან. პატარა დანით ცოტა ხორცი ამოვჭერი ჩემთვის. მგლები იწვნენ და იცინოდნენ. ამის მერე სისტემატურად მაძლევდნენ ნადავლთან მისვლის უფლებას“.

სიგარეტის კვამლი ჭერისკენ მიიზლაზნება. ჩემს შემდგომ შეკითხვას აზრი ნამდვილად არ აქვს, ამიტომაც თვითონვე აგრძელებს: „მხარის მიცემაც იციან, აი, ქუჩურ ენაზე „ატმასკას“ რომ ეძახიან. ერთხელ ჩემს გამო დათვს დაესხნენ თავს“. არ უთქვამს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ის და დათვი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ტყეში. ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც დათვი უკანა თათებზე შედგა და იასონიც და დათვიც შიშის ბღავილზე გადავიდნენ, ორი მგელი, ძუ და ხვადი, დათვს მივარდნენ. „ნებისმიერ სიტუაციაში მგელი დათვს გაურბის“, - ამბობს ის, - ეს თანდაყოლილი შიშია. ერთადერთი, რამაც ისინი აიძულა, თავს დასხმოდნენ დათვს, ის ხიფათი იყო, რაც მე მემუქრებოდა. დათვი გაიქცა. ამის მერე რა გრძნობა შეიძლება მქონდეს მგლების მიმართ? - მეკითხება ის.

„იასონზე წერ? - უხაროდათ ხოლმე ჩემს ნაცნობ-მეგობრებს როდესაც მეკითხებოდნენ, თუ ამჯერად რაზე ვმუშაობდი. მერე კი იწყებოდა, - დიდი მოკითხვა გადაეცი ჩემგან. მე მასთან მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში. ხო მაგარი კაცია“?! არც კი ვიცოდი, ამდენი საერთო ნაცნობი თუ გვყავდა! თითოეულ მათგანს თავისი ისტორია ჰქონდა იასონზე, მის მგლებზე და მათი თანდასწრებით ჩატარებულ ექსპერიმენტებზე. ყველა მზადყოფნით იხსენებს საკუთარ შემთხვევებს, თუმცა ამ ტექსტში ყველაფერს მაინც ვერ მოვყვები. ჩემი და ბატონი იასონის საუბრის ჩანაწერებს ვერ ავუდივარ, არათუ სხვების მონათხრობს... მე თუ როდესმე ფილმისთვის სცენარის დაწერა მომიწია, უკვე ვიცი, რომ ეს იმ ადამიანის ისტორია იქნება, რომელიც ექსპერიმენტებს, მარტო მგლებზე კი არა, არამედ, როგორც ყველა დიდი მეცნიერი, საკუთარ თავზეც ატარებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორივე მხარე მდიდრდება და ეს ალბათ ყველაზე საინტერესო უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც ცხოველის ქცევას სწავლობს, აუცილებლად თვითონვე იცვლება. „როდესაც მგელს გაზრდი და ველურ ბუნებაში მისი გაშვების დრო მოდის, მთავარი ისაა, რომ იქ მან ნორმალურად იმოქმედოს, თავს არ ესხმოდეს შინაურ ცხოველს და გაურბოდეს ადამიანს“. იასონი უმატებს, რომ მგელი ყოველთვის იყო ადამიანის კონკურენტი. ჩვენში პრობლემა იმის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ თუ მგელს გაწყვეტდნენ, ცხოველების რაოდენობაც იმატებდა ტყეებში. სოციალისტურ მეცხოველეობაში გაჩენილი ეს კონცეფცია აბსოლუტურად მცდარი გამოდგა, რადგანაც ის იმას აღარ ითვალისწინებდა, თუ რა შეიძლება მოყოლოდა ტყეებში მგლის პოპულაციის შემცირებას. იმ დროს მთავარი გეგმა იყო. მგლის მოკვლაზე ფულადი პრემია იყო დაწესებული. ასე დაიწყო უკონტროლო ნადირობების ეპოქა არა მარტო მგელზე, არამედ მის მსხვერპლზეც. მერე კი, როდესაც მგელს ტყეში მოსანადირებელი ნადირი შემოაკლდა და სოფლებში გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ის ქურდობის შესანიშნავი საშუალებაც იყო. თუ ის ორ ცხვარს ჭამდა, ადამიანი ოცდაორს იპარავდა და ყველაფერს მგელს აბრალებდა. მგლის გაუმაძღრობის მითი აქტუალური უნდა დარჩენილიყო.

„რა არის ის, რაც მგელში არ გიყვართ“? - ვეკითხები იასონს. „ალბათ უფრო უნდა შემეკითხოთ, თუ რა არ მესმის მასში, - მპასუხობს ის, - ინტელექტით ის აშკარად ახლოს დგას პრიმატებთან, მას ადაპტაციის საოცარი უნარი აქვს, ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში უხდებოდა გადარჩენისთვის ბრძოლა. შეუძლიათ შედეგების პროგნოზირება და აქვთ ტაქტიკური გათვლების უნარი, გააჩნიათ სოციალური ურთიერთობების საოცრად დიდი უნარი, რაც განაპირობებს ინტელექტის მაღალ დონეს, შეუძლიათ ფერების გარჩევა (არჩევენ ყვითელ და ცისფერ ფერებს), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან ხისტები არიან და ძნელად ეჩვევიან ახალს. დღემდე ვერ გამიგია, თუ რატომ მშობიარობს იმ ბუნაგში, სადაც ერთხელ უკვე წაართვეს ლეკვები, ან რატომაა მიბმული ერთ ბილიკს, როდესაც ამ ბილიკზე ხაფანგებია? ისინი ტერიტორიული ცხოველები არიან და საოცარი მეხსიერება აქვთ; მათ ბილიკზე რამდენიმე სანტიმეტრითაც რომ გადააადგილო ქვა, იმასაც ხვდებიან, მაგრამ სამაგიეროდ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ახსოვთ საკუთარი საკუჭნაოების ადგილმდებარეობა. რატომაა ასე? ვერსიაც კი არ გამაჩნია“.

ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, თავიდან არ იცოდა. მთავარი, რაც ტყეში პირველი შესვლიდან გამოიტანა, იყო არა მეთოდიკა, არამედ ძირითადი პრინციპები, თუ როგორ ემუშავა. ძალიან ეხმარებოდა ის, რომ ფიზიოლოგიური განათლება ჰქონდა, რადგანაც მგლებთან მუშაობისას, უნდოდა თუ არა, ქცევის ფიზიოლოგიურ მექანიზმებზე ფიქრობდა, იმაზე, თუ ტვინის რა სტრუქტურებს შეეძლოთ ამა თუ იმ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება. მან ისიც იცოდა, რომ ცხოველს ამოცანას რომ აძლევდა, ის მისთვის ეკოლოგიურად ადეკვატური უნდა ყოფილიყო. ის იგონებდა ლეკვებისათვის ბუნებრივ მაწოვარებს, როდესაც ხელით კვების დროს ლეკვებს შეეძლებოდათ რძის თანაბარი მოწოდების რეგულირება, საკუთარი ხელით აწყობდა ველურ პირობებთან მიახლოებულ ვოლიერებს, რადგანაც ხვდებოდა, რომ ცხოველის ქცევის სირთულე ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გარემოში უხდება მას არსებობა, მეგობრების დახმარებით აწყობდა ალბათ მხოლოდ მისთვის გასაგებ და გამოსადეგ ელექტრონულ ხელსაწყოებს, და კიდევ რას არ აკეთებდა... მგლების პირველ ოჯახზე დაკვირვების სუფთა დრო 1500 საათს შეადგენდა. „მაგრამ, აი, დამთავრდა ექსპერიმენტი და მერე რა? - კითხულობს იასონი, - ან უნდა გააჩუქო, ან კიდევ“... ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო, შესაბამისად, მას მუშაობა უნდა გაეგრძელებინა ველურ ბუნებაში გასაშვებად მეთოდის შესამუშავებლად და მათთვის ისეთი ქცევითი ტრადიციები ჩამოეყალიბებინა, რაც თაობიდან თაობაში შეიძლება გადასულიყო. მაგალითად, და ეს ძალიან საინტერესოა, ერთ დღესაც დადგა მომენტი, როდესაც მას ადამიანზე და შინაურ ცხოველზე მგლის განრიდებაზე უნდა დაეწყო მუშაობა. თუ მგელი შინაურ ცხოველს ესხმის თავს, ამის მიზეზი, როგორც წესი, ადამიანია. მშობელი არასდროს არ უშვებს წინ თავის ლეკვს, ამიტომაც დაგებულ ხაფანგებშიც პირველად ისინი ხვდებიან. უდედმამოდ დარჩენილმა ლეკვებმა კარგად ნადირობა ჯერ არ იციან. მათ მტაცებლური ქცევები უკვე ჩამოყალიბებული აქვთ, მაგრამ ველურ ნადირზე სანადიროდ საკმარისი არც ფიზიკური ძალა აქვთ და არც ილეთების არსენალი. ამ დროს მას ირმის წაქცევა ჯერ არ შეუძლია, ამიტომაც გადის შინაურ ცხოველთან. ამის შემდეგ თუ გადარჩა, ის თავის ლეკვებსაც შინაურ ცხოველებზე გაზრდის (იასონს მიაჩნია, რომ თუ საერთოდ მგელზე ნადირობაზეა საუბარი, სწორედ ასეთი მგლები უნდა შემცირდეს ველურ ბუნებაში). სრულფასოვანი განრიდების ჩამოსაყალიბებლად, საშუალოდ, ორმოცი დღეა საჭირო და ამ დროს სულ მგელთან უნდა იყო. ადამიანის შემთხვევაში, განრიდების სწავლა მრავალფეროვანი უნდა იყოს, რადგანაც ადამიანი სხვადასხვა სახით შეიძლება მოევლინოს ცხოველს. ამიტომაც ამ დროს მის ასისტენტებს ხან ჩანთა ეჭირათ ხელში, ხან ჯოხი, ხანაც თოფი... (ის მხოლოდ უცხო ადამიანებზე უმუშავებდა ცხოველებს განრიდებას, რადგანაც თავის თავზე რომ გაეკეთებინა ეს, სრულფასოვან დამკვირვებლად ვერ დარჩებოდა). მგლებს კისერზე დისტანციურად სამართავი ელექტროსტიმულატორი ეკეთათ. როდესაც ისინი რამდენიმე მეტრში უახლოვდებოდნენ ადამიანს ან შინაურ ცხოველს, იასონი ელექტროსტიმულატორის მეშვეობით აჩერებდა მათ. ასე გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. პარალელურად, იმაზეც უნდა ეზრუნა, რომ მგლების ოჯახი ველურ ბუნებასაც მიჩვეოდა, ამიტომაც, პერიოდულად გაყავდა ისინი ვოლიერებიდან და მერე ისევ უკან აბრუნებდა. ერთხელაც, როდესაც ისინი ველურ ბუნებაში იყვნენ, მისმა მგლებმა შველი მოინადირეს. ეს უკვე იმის მანიშნებელი იყო, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობა შეეძლოთ. „ძალიან უჭირდათ თქვენთან განშორება“? - ვეკითხები. „საბოლოოდ რომ ვუშვებდი, ერთი დღე მათთან ვრჩებოდი, მეორე დღე კი არა და ასე ერთი კვირის განმავლობაში, - მიხსნის ის, - მერე რამდენიმე დღე არ გავყევი. ისინი ტყეში მარტო დარჩნენ. მეც ტყეში ვრჩებოდი, ოღონდ კარავში ვცხოვრობდი. ჯერ ორი დღის შემდეგ მოვიდნენ, მერე სამი დღის შემდეგ. შემდეგ რამდენიმე დღე არ გამოჩენილან. დავიყმუვლებდი, მოვიდოდნენ, მომეფერებოდნენ და ისევ მიდიოდნენ. ამ დროს რაღაც დონეზე იზრდება სოციალური დისტანცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მათთან კონტაქტი დავკარგე“. ველურ ბუნებაში გაშვებულ მგელს ქეჩაგადაკრულ საყელოს უკეთებდა წარწერით: „ამ მგლის მომკვლელი მიიღებს ორჯერ მეტ ფულს, ვიდრე მას სახელმწიფო პრემია ჰპირდება“. რატომ? „თუ ჩემი მეთოდიკა მუშაობდა, მონადირეებს ვერც ერთი ჩემი მგელი ვერ უნდა მოეკლათ“. არც ერთი მგელი არ მოუკლავთ.

როდესაც თავის მგლებს ველურ ბუნებაში უშვებდა, იცოდა, რომ მარტო ყმუილი არ უშველიდა საქმეს, ამიტომაც ლეკვებს სხვადასხვა კომბინაციით აჭრიდა ფრჩხილის ფალანგებს, ხან ერთ თათზე ხან მეორეზე, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ნაკვალევით მოეძებნა. ერთხელ, მეორე ოჯახის ტყეში გაშვებიდან ცხრა წლის შემდეგ სწორედ ასეთ ნაცნობ კვალს გადააწყდა. ორი კვირა დადიოდა და ყმუოდა. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოვიდა წყვილი. არ მიეკარნენ. უკვე ბებრები იყვნენ, გამხდრები, გაცვეთილი კბილებით. ალბათ მოზრდილ ცხოველებზე ნადირობა აღარ შეეძლოთ და მინდვრის თაგვებით იკვებებოდნენ. არ მიეკარნენ, მაგრამ მის დანახვაზე მგლური კუნტრუში დაიწყეს. თხუთმეტიოდე მეტრის დაშორებით ჩაურბენდნენ და ჩამოურბენდნენ. ახსოვდათ და ასე გამოხატეს მასთან შეხვედრის სიხარული.

მწყემსების კარავი. დღე.

გაშლილი არემარე. კარავთან კოცონის გარშემო კაცები სხედან და საუბრობენ. მწყემსები არიან. ფილმის მთავარი გმირიც მათთანაა. რაღაცაზე კამათობენ.

პირველი მწყემსი: რას ამბობ, კაცო, შენ აქ მგელს მაიყვანდა ი მგელი ჩემ ცხვარს არაფერს დაუშავებს?

კაცი: არაფერს. ხომ გითხარი, ათ ცხვარზე დავნიძლავდეთ მეთქი...

მეორე მწყემსი: მააყვანინე თომა, გამოვყრუვდით კაცო, გავერთობით მაინც...

პირველი მწყემსი: გაერთობი რა, ცირკია... შენი ცხვარი იყოს. ჩემები ყოველი ძილის წინ მეუბნებიან, - ოღონდ მგელი არ დამანახო და სამჯერ უფრო მეტს მატყლს და ხორცს ჩაგაბარებთო. კაცები იცინიან.

მეორე მწყემსი: ჯანი გავარდეს, ჩემი ცხვარი იყოს. იცოდე, რაიმე რომ დაუშავოს... მაიყვა, სადაა ი შენი მგელი?

კაცი: შენი ცხვარი სადღაა?

მეორე მწყემსი: მიდი, მაიყვა... ცოტა მჭლე შეარჩიე, კაცო!

მესამე მწყემსი: მჭლე რა, თუ ეგრეა შენ დაუწექი იმ მგელსა...

მეორე მწყემსი: ხმა, თორემ მე ვიცი ვისაც დავუწვენ...

მწყემსები ისევ იცინიან. ახალგაზრდა ზლაზვნით წამოიმართება და კარვის უკან გადის. კაცი დგება, ტანსაცმელს ჩამოიფერთხავს და კოცონს სცილდება. ოციოდე მეტრში ჩერდება და ელოდება. მალე ახალგაზრდა მწყემსს მხრებზე შემოგდებული ცხვარი მოჰყავს, კაცისკენ მიდის და მის ფეხებთან მიაგდებს ცხოველს.

კაცი: წადი, იმათთან დაჯექი...

ახალგაზრდა სწრაფი ნაბიჯებით სცილდება.

კაცი ჯერ მწყემსებს გადახედავს, შემდეგ კი მოულოდნელად რაღაც უცნაურ კილოზე წამოიყმუვლებს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... მერე ფეხებთან მიგდებულ ცხვარს დახედავს და ისიც მწყემსებს უერთდება. სხედან ჩუმად, მოლოდინით სავსენი, დაძაბულები...

მგელი მალე გამოჩნდება. ჩამავალი მზის შუქზე ალბათ იმაზე დიდი მოჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ძუნძულით უახლოვდება ტრიალში უპატრონოდ დარჩენილ ცხვარს, მაგრამ ახლოს რომ მიდის, ნაბიჯს ანელებს. ცხვარი მგელს თვალს არ აცილებს. შემდეგ კი თამამად წაბაკუნდება მისკენ.

მეორე მწყემსი: სად მიდიხარ, მაგენატრა არა, შე შობელძაღლო!

დისტანცია ცხვარსა და მგელს შორის მცირდება. მგელი უკვე აღარ მოძრაობს. ის დგას და ელოდება, მაგრამ მის უძრაობაში რაღაც უცნაური შიში შეიმჩნევა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გაქცევა უნდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა აჩერებს ადგილზე. ცხვარი კი სულ უფრო და უფრო ახლოს მიდის მასთან. ხუთი მეტრი, ოთხი, სამი, ორი... უეცრად მგელს მუხლები ეკვეთება და ცხვრის წინ იშოტება. ეს სცენა სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება, მერე კი მგელი ფეხზე წამოხტება და სირბილით ეფარება თვალს, თან წამდაუწუმ იყურება უკან...

კარავთან ყველანი დუმან. ბოლოს ცხვრის პატრონიღა ახერხებს რამდენიმე სიტყვას: ცხვარი კი არა, მუჰამედ ალი მყოლია, კაცო... დაინახეთ, რა გაშოტა?

...მე ვიცინი. „რა მექნა, - მეუბნება ის, - საკმარისი ფული არ მქონდა და ასე ვმამაძაღლობდი. ბევრი ნაძლევი მომიგია“. ეს ისე, გასართობად.

ოთახში ცხელა... მე უკვე ვიცი, რომ ამ ადამიანის შესახებ ყველაფერს ვერ მოვყვები. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ვერც იასონი მომიყვება ყველაფერს. უბრალოდ, ვერ მოასწრებს. არა მარტო თავის მგლებზე მოყოლას, არამედ ვერ მოასწრებს მომიყვეს ველურ მგლებთან და სხვა ცხოველებთან მუშაობაზეც. ბოლოს და ბოლოს ის თავის ახალ წიგნს ასრულებს, სადაც ალბათ თვითონ მოყვება ყველაფერს. მე უკან ვიხედები და ჯერალდ დარელის წერილს ვუყურებ. „ეს წერილი ყველა ჯილდოს მირჩევნია“, - მეუბნება ის და ეშმაკურად ეღიმება, ალბათ ისე, ერთხელ სკოლაში ხმელ წიწაკებს ცეცხლი რომ წაუკიდა და კინაღამ მთელი კლასი გაგუდა მწარე ბოლით. მითხრა, ერთ წიგნში წავიკითხე, ასე ინდიელები აკეთებდნენ ხოლმეო... მე უკვე სერიოზულად ვნანობ იმაზე, რომ ქართული კინოინდუსტრია აღარ არსებობს, თორემ სწორედ კინოშია შესაძლებელი ამ ადამიანის ცხოვრების მოყოლა. მერე კი მახსენდება, რომ არის ერთი რამ მის მონათხრობში, რასაც კინო ვერ დააფიქსირებს. ეს მისი და მგლების პირველ კონტაქტს ეხება ბორჯომის ნაკრძალში. თუ გახსოვთ, ვთქვი, პირველი შეხვედრისას ძუ მგელს დიდი ინტერესი არ გამოუჩენია მის მიმართ, მხოლოდ ხვადი გამოემართა მისკენმეთქი... შემეძლო ბოლომდე მომეყოლა, მაგრამ გადავწყვიტე, ეს სცენა ბოლოსთვის შემომენახა. მაშ ასე, ხვადი მისკენ გამოემართა, თითქმის ხუთი მეტრით მიუახლოვდა და შეჩერდა. მანამდე იასონი ასე ახლოს არ მდგარა მგელთან. რამდენიმე წამის განმავლობაში ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და თვალმოუშორებლად უყურებდნენ ერთმანეთს. „ენა დამიბუჟდა, - მეუბნება იასონი, თვალებს ხუჭავს და იმეორებს, - შიშისგან ენა დამიბუჟდა“.

21 კავკასიური სახლის გზა თბილისიდან - ნუკრიანამდე

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: დავით მესხი, კავკასიური სახლის არქივი

0x01 graphic

კავკასიური სახლის“ ხედვაა ისეთი კავკასია, სადაც სხვადასხვა ხალხები მშვიდობიანად თანაარსებობენ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აცნობიერებენ საერთო პრობლემებსა და ინტერესებს; იმ საერთო კულტურულ ღირებულებებს და სულიერ სივრცეს, რომელსაც მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, და ხელმძღვანელობენ ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპებით; სადაც დაცულია სასიცოცხლო სივრცე და კულტურული მემკვიდრეობა.

ნაირა გელაშვილი

ამ სახლს, გალაკტიონის 20 ნომერს, ძველი და ლამაზი ისტორია აქვს - XIX საუკუნის შუა წლებში თბილისელმა ვაჭარმა იაგორ თამამშევმა შვედ არქიტექტორს, ოტო სიმონსონს ააგებინა და შემდეგ, შვილიშვილს, ელისაბედს გაატანა მზითვად. ასე იქცა თამამშევის სახლი სმირნოვ-თამამშევების სახლად. აქაა დაცული ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ლიტერატურული სალონის უნიკალური ნივთები, რომლებიც მისმა შთამომავლებმა პეტერბურგიდან თბილისში ჩამოიტანეს. ამ სახლში იმდროინდელი თბილისური არისტოკრატია იკრიბებოდა და რუსეთიდან თუ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებსაც მასპინძლობდნენ.

ალბათ სახლებსაც აქვთ ბედისწერა. სახლი მისმა უკანასკნელმა მკვიდრმა, მიხეილ სმირნოვმა გასული საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოს, კერძოდ კი „მხატვრული თარგმანისა და ურთიერთობების კოლეგიას“ უანდერძა. საბჭოთა თბილისში „კოლეგია“ ერთი პატარა სამოთხე იყო, სადაც, როგორც რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უყვარდათ ხოლმე თქმა, „სუნთქვა შეიძლებოდა“ - ამ პატარა ოაზისში იმ თავისუფლებასა და სილაღეს გრძნობდნენ, რასაც ჩრდილოეთში ასე იყვნენ მოკლებულნი. ჩემი მშობლებიც „კოლეგიაში“ მუშაობდნენ, ამიტომ, ხშირად მიწევდა ყოფნა და რომ ვიხსენებ, როგორი გარემო იყო იქ, როგორი წიგნები ითარგმნებოდა, როგორი საუბრები იმართებოდა, ნამდვილად მესმის იმ რუსებისა. ეს ყველაფერი კი მაინც ერთი კაცის, ოთარ ნოდიას დამსახურება გახლდათ, რომელმაც მოახერხა და 70-იანი წლებიდან ამდენი ნიჭიერი ადამიანი შემოიკრიბა ირგვლივ. სწორედ ოთარ ნოდიას და მის „კოლეგიას“ უანდერძა საკუთარი სახლი და ქონება მიხეილ სმირნოვმა, ვინც თავისი უკანასკნელი არჩევანი სწორად გააკეთა - სახლი ცოცხალია, სმირნოვების მუზეუმის ექსპონატები - მოვლილი, რესტავრირებული და გამოფენილი, და რაც მთავარია - „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი“ სწორედ იმ იდეალებს ემსახურება, რისიც მიხეილ სმირნოვს სწამდა - ერთაშორის ურთიერთობებს და კულტურას.

„კავკასიური სახლის“ დამაარსებელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა, კარგად იცოდა, მარტო კალმით საქართველოში კომუნიზმის ეპოქის რეალურად დასრულებისათვის ბევრს ვერაფერს გააკეთებდა. ამისთვის სხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობა იყო საჭირო - იმ საქმის კეთება, რომელსაც შედეგად ქართულ საზოგადოებაში საერთო ევროპული ღირებულებების დამკვიდრება მოჰყვებოდა თან. ნაირა გელაშვილი ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც პოსტკომუნისტური ქვეყნის მოსალოდნელი საფრთხეები არა მხოლოდ იგრძნო და ამაზე ხმამაღლა საუბარს არ მოერიდა, არამედ, გადაწყვიტა, ემოქმედა.

1989-90 წლებში „კოლეგია“ მწვანეთა მოძრაობის კოლექტიური წევრი გახდა. ზურაბ ჟვანიამ და ნაირა გელაშვილმა საერთო კავკასიური მოძრაობა დაიწყეს სახელწოდებით - „კავკასია ჩვენი საერთო სახლია“. მათ კარგად ესმოდათ, რომ, თუნდაც ეკოლოგიური პრობლემების გამო, კავკასიის ხალხებს ცალ-ცალკე გადარჩენის პერსპექტივა ნაკლებად ჰქონდათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველაზე დიდ და საშიშ მეზობელთან, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობაც. იმ დროსვე გამოქვეყნდა ნაირა გელაშვილის ესეი - „ეკოლოგია, ტექნოკრატია, პოეზია“ - საბჭოეთისგან გათავისუფლებულ საქართველოში ახალი, ევროპული აზროვნების და ღირებულებების შემოტანის ყველაზე ხმამაღალი მცდელობა. ძალიან ბევრმა სწორედ ამ ესეს წაკითხვის შემდეგ გააცნობიერა ის საფრთხე, რომელიც ჩვენს პლანეტას ემუქრება.

მერე თბილისის ომიც დაიწყო. სმიროვების სახლი იმდროინდელ ბარბაროსობას, ძარცვას და დარბევას „კოლეგიის“ თანამშრომლების თავდადებამ გადაარჩინა - მორიგეობით დარაჯობდნენ და შეუძლებელი შეძლეს - მუზეუმის არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.

90-იან წლებში, მწერალთა კავშირისა და მრგვალი მაგიდის მეცადინეობით, კოლეგიას ჩამოერთვა და გაიყიდა მთავარი შენობა, სმირნოვების სახლსაც რესტორნად გადაქცევას უპირებდნენ, სწორედ ამას შეეწირა ოთარ ნოდიას სიცოცხლე. 1993 წელს „მხატვრული თარგმანისა და ურთიერთობების კოლეგიის“ დირექტორი ნაირა გელაშვილი გახდა. ორგანიზაციას მხოლოდ სმირნოვისეული სახლი დარჩა, ისიც ავარიული, დანგრეული, გაყინული და ჩაბნელებული, როგორც იმდროინდელი თბილისური სახლების უმრავლესობა. ისევე, როგორც მაშინ „კოლეგიაში“, ახლაც „კავკასიური სახლის“ არსებობა ერთი ადამიანის, ნაირა გელაშვილის დამსახურებაა. იდეების ერთგულება, თანამოაზრეების შემოკრება და სწორი ორიენტირები - ამდენი წელია, კავკასიური სახლი სწორედ ამ საფუძვლებზე დგას.

ნაირა გელაშვილი იხსენებს:

„-1993 წელს ბერლინში ჩემი წიგნი გამოვიდა. ასე ერქვა: „საქართველო - სამოთხე ნანგრევებში“. აფხაზეთის ომის დროს დავწერე, ქვეყანა თავზე რომ გვექცეოდა, მაშინ. შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ გერმანულენოვანი სამყაროს ყურადღება ჩვენს მიმართ გაძლიერდა, აინტერესებდათ ეს ქვეყანა, ინფორმაცია კი თითქმის არ ჰქონდათ. წიგნი კარგად გაიყიდა. მაშინვე ვწერდი კავკასიური სახლის იდეაზე. ვწერდი, რომ საქართველო თავისი ფუნქციით, გეოგრაფიული მდებარეობით, ტრადიციით კავკასიის კულტურული ცენტრია და სწორედ მან უნდა წარმართოს კავკასიის ინტეგრაციის და განვითარების პოლიტიკა. ისე მოხდა, რომ შემდეგ, ამ წიგნმა ბევრი ევროპელი მოიყვანა ჩემთან. მაშინ აღმოვაჩინე ერთი რამ - ევროპაში და, კერძოდ, გერმანიაში სახელმწიფო სამსახურებში შინაგანად მოტივირებული ადამიანები მუშაობენ, მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ დედამიწის მოქალაქეები არიან და ამიტომაც, ნებისმიერი ქვეყნის უბედურება მათი უბედურებაა. არ ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკაში გათვალისწინებული აქვთ ეკონომიკური ხარჯები ამ ქვეყნების დასახმარებლად. ისინი უშუალოდ განიცდიდნენ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა. 1996 წელს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მრჩევლის, ბატონ ნოიფელდის რეკომენდაციით, „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ“ (GTZ) დახმარების ხელი გამოგვიწოდა - ერთწლიანი პროგრამა გააკეთეს, 80 ათასი მარკა მოგვცეს და მახსოვს, როგორ ამოვისუნთქეთ.

იმავე პერიოდში ცნობილი გერმანელი მრეწველების გვარის, ჰენლეების შთამომავალი, იორგ ჰენლე გავიცანი, რომელმაც ქართული მოთხრობის გერმანულენოვანი ანთოლოგიის შედგენა და თარგმნა შემიკვეთა. ანთოლოგია გამოვეცით და 1995 წელს იორგ ჰენლე საქართველოში მოვიწვიეთ. ჩამოვიდა და ნახა, რა პირობებში ვმუშაობდით. ნახა ავარიული სახლი, რომელიც ყოველ წუთას შეიძლებოდა დანგრეულიყო, თაგვები დაშლიგინებდნენ, შუქი არ იყო, გათბობა არ გვქონდა, ვიყინებოდით, მაგრამ დილიდან საღამომდე მაინც ვმუშაობდით, სამსახურში ძლივს მოვდიოდით, ტრანსპორტიც არ დადიოდა. აქ კი ყოველ დღე რაღაც ხდებოდა - შეხვედრები, დისკუსიები, პოეზიის საღამოები. ამ ყველაფერმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჰენლეზე, რომ გადაწყვიტა, დაგვხმარებოდა. იორგ ჰენლე ევროპული ფონდის „HORIZON“, ერთ-ერთი დამფუძნებელია, ფონდი ჰოლანდიაშია, თვითონ ჰენლე გერმანელია. ჯერ სახლის გადარჩენა გადაწყვიტეს. თქვეს, ეს ხალხი ამ შენობაში დაიხოცებაო, და კაპიტალურად გაარემონტეს.

კავკასიური სახლის კონცეფცია, მეზობელ ხალხებთან და ნაციონალურ უმცირესობებთან ურთიერთობის, კულტურული კონტაქტების მნიშვნელობა ევროპელებისათვის მშობლიური და გასაგებია. მადლობელი ვარ ამ კაცის, იორგ ჰენლესი და მისი ფონდისა. ეს ერთადერთი ფონდია, რომელიც კულტურულ პროექტებს, წიგნების გამოცემას, მთარგმნელობით საქმიანობას აფინანსებს. ქართულ-კავკასიური ფენომენის გადარჩენას ფონდი პრიორიტეტად თვლის. სხვა ამგვარი ფონდი მე არ ვიცი.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ურთიერთობებისას ენების თანხვედრა მოხდა, ერთ ენაზე ვსაუბრობდით. უნივერსიტეტშიც დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას ვკითხულობდი და ევროპის სულიერი ისტორია კარგად ვიცი... იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად პატიოსნად მუშაობ მათთან. ურთულესი პროექტები გვქონდა და არც ერთი არ ჩაგვიგდია. ქართველების დაუდევრობის ამბავი ხომ იცით, გაგაწამებენ! მით უმეტეს, თუ ეს ქართველი ნიჭიერია! ვახუშტი კოტეტიშვილს, ზეზვა მედულაშვილს და გიორგი ლობჟანიძეს ძალით გამოვდღლიზე თარგმანები - „დუინური ელეგიები“ და „სონეტები ორფევსისადმი“, „ქოროღლი“ და „ყურანი“. ჟანდარმად ვიქეცი, აღარ დავეძებდი ადამიანურ ურთიერთობებს...

ევროპული ფონდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბუღალტერიასაც. ამ მხრივ შენიშვნა არასდროს ჰქონიათ. არ მომხდარა, რამეში ეჭვი შეპარვოდათ. ჩვენც ვცდილობთ, პატიოსნად ვიმუშაოთ. ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ლამის ბრმად გვენდობიან.

ორგანიზაციას სახელიც შევუცვალეთ და მიმართულებაც, „კულტურული ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი“ დავარქვით. ამით ბევრი რამ განვსაზღვრეთ: კულტურა ტოტალური, უნივერსალური ცნებაა, რომლის ნაწილიც ყველაფერი უნდა იყოს - პოლიტიკა, ურთიერთობების ხელოვნება, ფოლკლორი, სპორტი, დედამიწაზე ყოფნის წესების ცოდნა, განსხვავებულ ფენომენებთან ურთიერთობა. აგრეთვე ურთიერთობა იმასთან, რაც შენი დასაცავია და რაც ყველაზე დაუცველია. ევროპის ისტორიიდან გამომდინარე, ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარების პრინციპი - ქვეყნები ცალ-ცალკე ვერ განვითარდება. საქართველოსაც დამოუკიდებლად, თუ არ შექმნის საერთო სივრცეს სომხეთსა და აზერბაიჯანთან, პერსპექტივა არა აქვს. დღეს, როცა რუსეთი უკვე ოფიციალურად შევიდა ოსეთსა და აფხაზეთში, გაცილებით რთულადაა ყველაფერი, მაგრამ მუშაობა მაინც შეიძლება. პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვყოფილვართ, რომ ჩვენი მუშაობისთვის პოლიტიკური მიმართულება მიგვეცა. ვთქვით, რომ იმ ინტელექტუალურ და სულიერ საფუძველებს ვამზადებთ, რაც კავკასიაში მშვიდობისა და დემოკრატიის, აგრეთვე შიდაკავკასიური ინტეგრაციის გარანტიაა. თუ ეს სულიერი საფუძვლები არ იარსებებს და მარტო შიშველი ეკონომიკური ინტერესებია, მაშინ, როგორც კი ეს ინტერესები შეიცვლება, ყველაფერი ირღვევა.

საგანგაშოა, რომ რეგიონის ხალხები ერთმანეთს არ იცნობენ. ფიზიკურად ახლოს ვართ, ერთმანეთის კულტურა კი საერთოდ არ ვიცით. ყველაზე ხანგამძლე ხიდი ორ ხალხსა და ორ კულტურას შორის თარგმნილი ტექსტია. თარგმნი იმ ლიტერატურას, რომელიც კარგია, შესაყვარებელია. როცა ავტორს იცნობ და გიყვარს, გიყვარდება მისი ხალხიც. ხომ ცნობილია, მტრის ხატი მაშინ იქმნება, როცა არ იცნობ, და მას, ვინც უცნობია, შეიძლება ნებისმიერი ცუდი თვისება მიაწერო. ძნელი სამუშაოა, რადგან კლასიკური ღირებულებების ნაწარმოებებს ვიღებთ, აქ კი აკადემიური, სამეცნიერო მუშაობაა საჭირო“.

კავკასიური სახლის მიერ გამოცემულ წიგნებზე უბრალო თვალის გადავლებაც კი აშკარას ხდის, რამდენად ფართოა გამომცემელთა ხედვა და ინტერესი. გამომცემლობა რამდენიმე ენაზე მუშაობს, ესაა თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურა - კავკასიის ხალხთა ფოლკლორის ორენოვანი გამოცემების ოცტომეული - ქართულ და რუსულ ენებზე თარგმნილი უძველესი კავკასიური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, სომეხ და აზერბაიჯანელ ავტორთა ორენოვანი კრებულები, გივი მარგველაშვილის პროზა თუ ფილოსოფიური ნაწარმოებები; რაინერ მარია რილკეს ხუთტომეული, ნაირა გელაშვილის წიგნები, ინგერბორგ ბახმანის პოეზია, დევიდ ჰენრი ლორენსის ესეები, ქართული კლასიკური ლიტერატურის თარგმანები კავკასიის ხალხთა ენებზე, წიგნები დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების შესახებ, ქალის პრობლემისადმი მიძღვნილი ორტომეული, „ვეფხისტყაოსანი“ ქურთულად, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რადგან ქურთი ხალხი მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. დღემდე მოდის მადლობის წერილები მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქურთებისაგან. დღეს აქ სამ ჟურნალს გამოსცემენ - „აფრას“, „ჩვენს სოფელს“ და „მრავალსახოვან ქვეყანას“... დაბოლოს, „ყურანის“ თარგმანი, რომელიც სწორედ „კავკასიურ სახლში მომზადდა. ამ თარგმანის საერთაშორისო აღიარებას ჩვენ სპეციალური სტატიები მივუძღვენით და აქ აღარ შევჩერდები, უბრალოდ, გავიხსენებ იმას, რაც მექა ხანგოშვილმა მითხრა: - პანკისელი ჩეჩნებისათვის „ყურანი“ უდიდესი საჩუქარი იყო, რადგან ქართველ მუსლიმებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მაღალმხატვრულ თარგმანში გაცნობოდნენ წმინდა წიგნსო.

მექა ხანგოშვილმა ერთი პროექტის შესახებაც მიამბო და მითხრა, რომ მის ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ისეთი ამაღელვებელი წუთები, როგორც მაშინ, როცა კავკასიის გადარჩენისთვის ლოცულობდნენ. ეს პროექტი - „ლოცვა სიცოცხლის გადარჩენისთვის კავკასიაში“ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა. სახლის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები, სხვადასხვა რელიგიათა და კონფესიათა წარმომადგენლები, თავიანთ სალოცავებში ერთსა და იმავე დროს კავკასიის გადარჩენისთვის ლოცვის ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობდნენ. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ლოცვაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ლოცვის შემდეგ „კავკასიურ სახლში“ რელიგიური მუსიკის კონცერტი იმართებოდა ხოლმე.

შეიძლება, „კავკასიური სახლი“ მსოფლოში ერთადერთი ადგილიც იყოს, სადაც გაქრობის პირას მყოფ კავკასიურ ენებს ასწავლიან და ინახავენ. თარგმნიან და გამოსცემენ ამ ხალხთა ფოლკლორს, კავკასიელი ხალხების ეთნოგრაფიაზე მუშაობენ და მათ კულტურას იკვლევენ. ეს მაშინ, როცა დანარჩენი საქართველო მხოლოდ ევროპისაკენ და ამერიკისაკენ იმზირება. არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ საქმიანობას ჰოლდერლინისა და რილკეს მკვლევარი და მთარგმნელი უდგას სათავეში და ყველაფერი ევროპელების მიერ გაღებული ფულით კეთდება.

საქართველოს რომ კავკასიის ხალხები ჯერ კიდევ ახლო წარსულში, მართლაც, მოწიწებით და მადლიერებით უმზერდნენ, როგორც კავკასიის ერთიანობის პოტენციურ ცენტრს, ამის შესახებ „კავკასიური სახლის“ თანამშრომელმა, ჩერქეზმა ქალბატონმა თამარ უჯუხუმ მიამბო. ისიც მითხრა, როგორ აცილებდა პატარა ჩერქეზული სოფლის მთელი მოსახლეობა 17 წლის თამარს საქართველოში - უხაროდათ, თბილისის უნივერსიტეტში რომ ისწავლიდა. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, იმდენი კარგი მსმენოდა, რომ ეს ქვეყანა უკვე მიყვარდაო. თურმე, თავის დროზე, ვახტანგ ჭაბუკიანმა ჩერქეზი ბავშვები თბილისში ჩამოიყვანა და ცეკვა ასწავლა. სწორედ მისმა მოსწავლეებმა შექმნეს პირველი ჩერქეზული ცეკვის ანსამბლი. ადიღეს თეატრალური დასი კი დღემდე დგამს ქართულ პიესებს. ქართულმა ენათმეცნიერებამ ბევრი რამ გააკეთა კავკასიური ენების კვლევის საკითხში. 1929 წელს სიმონ ჯანაშიას ჩერქეზეთში უმოგზაურია. მისმა „ჩერქეზულმა დღიურებმა“ მხოლოდ ახლა იხილა დღის სინათლე.

როცა საქართველოს ჩეჩენ დევნილთა ნაკადი მოაწყდა, ნაირა გელაშვილი ლამის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ყველაზე ხმამაღლა იბრძოდა ჩეჩნების დასახმარებლად. კავკასიურმა სახლმა დევნილებიც შეიფარა, საკუთარ ლუკმასაც უნაწილებდა და დახმარებაც ჩაჰქონდა პანკისის ხეობაში. „კავკასიური სახლის“ რუსულენოვანი გაზეთი, „Кавказский акцент“-ი კი იმ დროს ერთადერთი ქართული გამოცემა გახლდათ, რომელიც ზოგადად კავკასიაზე და კერძოდ, ჩეჩნების ტრაგედიაზე შეულამაზებლად წერდა, სადაც ჩეჩნეთიდან დევნილების ხმა ისმოდა. სწორედ ამიტომ გამოიწვია რუსული მედიიის აგრესია, მაშინ ОРТ „კავკასიურ სახლს“ ტერორისტების ბუდედ აცხადებდა. ამიტომ ხომ არ შეწყდა გაზეთის დაფინანსება დასავლური ფონდების მიერ? სამწუხარო ისიცაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა - როცა შენს გვერდით მთელი ერის გენოციდი გაუგონარი სისასტიკით ხორციელდება, მოვალე ხარ, რაღაც გააკეთო, ბოლოს და ბოლოს, ხმამაღლა მაინც უნდა თქვა ამის შესახებ.

0x01 graphic

მაშინ, როდესაც ოფიციალურ პროპაგანდას ქართული ბომონდი ფსოუს წყლის დასალევად მიჰყავდა და დღედაღამ ატრიალებდნენ აფხაზეთზე გადაღებულ მილიტარისტულ კლიპებს, კავკასიურმა სახლმა „შერიგების სიმღერა“ ჩაწერა. ტექსტი ნაირა გელაშვილისაა. ცნობილი რეპერი ლექსენი სიმღერას ოთხ ენაზე - ქართულად, აფხაზურად, ოსურად და რუსულად მღეროდა. სიმღერა აფხაზებსა და ოსებს ძალიან მოეწონათ და იქ მალე გავრცელდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლექსენი ხელისუფლების მხარდამჭერ და მეხოტბე რეპერად იქცა, ამ სიმღერას იშვიათად ასრულებს. ნაირა გელაშვილს ეს ძალიან უკვირს და ამბობს:

„რეპი“ ცოცხალი პროტესტია, მხოლოდ ჩვენთან ხდება, რომ რეპერი ხელისუფლების მხარდამჭერი იყოს და ხელისუფლებას უმღეროდეს, და კიდევ... ინტელექტუალები ხელისუფლების სამსახურში იყვნენ, ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება - ინტელექტუალები ყველგან ოპოზიციაში არიან.

ჩვენ სამშვიდობო ორგანიზაციას ვუწოდებთ თავს, კავკასიის ხალხებთან კულტურულ ურთიერთობებს ვამყარებთ. კულტურა და პოლიტიკა გადაჯაჭვული უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ხელისუფლების და არც ქართული მედიის მხარდაჭერა არ გვაქვს. ხელისუფლებას არასდროს უცდია ჩვენი გამოცდილების გამოყენება. „კავკასიურ სახლში“ ჩამოდიან მაღალი რანგის უცხოელი დიპლომატები, ჟურნალისტები და ვიცი, მათ თვითონ უთქვამთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის - გაიცანით „კავკასიური სახლი“, თქვენთვის საჭირო ორგანიზაციააო, მაგრამ არაფერი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სწორედ ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, ეს უნდა იყოს ქვეყნის დიდი კავკასიური კულტურული პოლიტიკა. სინამდვილეში ქართველების უმეტესობა იქ არ იმყოფება, სადაც დანარჩენი მსოფლიოა. ჩვენთან სამოქალაქო ცნობიერების მატარებელი საზოგადოების მცირე ნაწილია, ადამიანები რეალურ პრობლემებს ვერ გრძნობენ. ეს ნამდვილი დაავადებაა, როცა პრობლემას ვერ ხედავ.

დღეს, ჩემი, რიგითი მოქალაქის, აზრით, საქართველოში არ არსებობს არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკის, არც ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. მგონია, რომ აქ სტიქიურად მიმდინარე, იმპულსური პროცესებია. მით უმეტეს, კავკასიის მიმართულებით. ამას რომ აცნობიერებდნენ, ამდენი უბედურება არ დაგვატყდებოდა თავს. როცა კავკასიის ნაწილი ხარ და შენი უშუალო მეზობელი რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობასაც ყველა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, და ამ დროს შენ საერთოდ არ გაგაჩნია არც დეპარტამენტი, არც ინსტიტუტი, არც რაიმე ჯგუფი, რომელიც რუსეთის საკითხებზე სპეციალურად იმუშავებს, შედეგად ომს იღებ. ღონისძიებებზე, რომლებიც ნაციონალურ უმცირესობებს ეხება, ტელევიზიებს ყოველთვის ვეპატიჟებით. მაგრამ არ მოდიან, არ აშუქებენ. მასმედიის დონე დღეს იმდენად დაბალია, რომ მას ინტელექტუალური სინამდვილის ათვისების უნარი არ გააჩნია.

„კავკასიურ სახლთან“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაც მუშაობს, სადაც უკვე 27 დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელთა უმეტესობაც ქალთა მდგომარეობას, ეთნოკონფლიქტებს, ნაციონალურ უმცირესობებს ეხება. 2003 წელს კავკასიური სახლის გადამღებმა ჯგუფმა აფხაზეთში იმოგზაურა. „აფხაზეთი... ათი წლის შემდეგ სწორედ მაშინაა გადაღებული.

აქაურ საკვირაო სკოლაში დევნილი და სოციალურად დაუცველი სხვადასხვა ეროვნების ბავშვები ქართულ ენას, ეკოლოგიას, გეოგრაფიას, ხელგარჯილობას სწავლობენ. სწავლობენ იმას, რაც ყველაზე მთავარია - ჰუმანიზმს, სამშობლოს სიყვარულს, სუსტის გამოსარჩლებას. იმას, რომ საქართველოსთვის, მულტიეთნიკური ქვეყნისათვის აქ მცხოვრები სხვადასხვა ხალხების კულტურის დაცვა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. „კავკასიურ სახლში“ ცდილობენ სკოლის კურსდამთავრებულებთან კონტაქტი შეინარჩუნონ, რადგან მომავალ თანამშრომლებად სწორედ მათ მოიაზრებენ. ამიტომაც, მათთვის საზაფხულო ბანაკებს აწყობენ აბასთუმანსა და ნუკრიანში.

ნუკრიანი

ნუკრიანიდან რომ ჩამოვედი, რამდენიმე დღე სულ იმაზე ვფიქრობდი, აგერ ლამის ორი საუკუნე გავიდა და ისევ ილია ჭავჭავაძე გვჭირდება თავისი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით“. ის, რომ საქართველოს სოფლებში ბავშვებს ქართულად წერა-კითხვას ასწავლიან, განათლებას, სამწუხაროდ, სულაც არ ნიშნავს. „კავკასიურმა სახლმა“ კი ნუკრიანში სწორედ განათლება შეიტანა - სამოქალაქო, ეკოლოგიური, და ზოგადად, განათლება.

ნაირა გელაშვილი წარმოშობით ნუკრიანიდანაა. მისი მამაპაპისეული ერთსართულიანი სახლიც იქვეა, სკოლასთან ახლოს.

„თავიდანვე ამ პასუხისმგებლობით გამზარდეს, რომ რაც მე მომეცა, - ჩემი სოფელი, ჩემი ქალაქი, ჩემი სამსახური, იმას უნდა მივხედო, მოვიყვანო წესრიგში. საერთოდ, სადაც მივდივარ, ჯერ დასუფთავებას ვიწყებ. მოვრჩები დალაგებას და დასვენებასაც ვერ ვასწრებ, უკვე წამოსვლის დროა. ჩემი მეგობრებიც ასე არიან. როგორც ჩანს, შინაგანი კულტურის მქონე ადამიანის ბედისწერა ესაა - სხვისი ნაგავი კრიფოს.

ნუკრიანშიც და, ალბათ, ყველა სოფელში იქნება რამდენიმე მდიდარი ოჯახი, რომელიც არაფერს აკეთებს სოფლისთვის. ქართველების მასიური გულგრილობა საკუთარი ხალხის და ქვეყნის მიმართ ჩემთვის ცხრა ბეჭდით დაბეჭდილი გაუგებრობაა. ვერ გავიგე, საიდან მოდის, რატომ ხდება ასე. მათი გულგრილობა ჩვენ ვერ გავტეხეთ, ამ ფენაზე გავლენა ვერ მოვახდინეთ. ცხრა წელია ამ სოფელში ვმუშაობთ და იმას ვერ მივაღწიეთ, რომ ნაგავი არ დაყარონ სოფლის ცენტრში. ბავშვი არ არის პრობლემა, პრობლემა მშობელია. ბავშვი ადვილად მოგვყვება და სწავლობს. მერე ვაწყობთ შრომით აქციებს და ბავშვებს ვალაგებინებთ სოფლის ცენტრს.

თავიდან სოფელში დაინტერესებული ახალგაზრდების ჯგუფი შევქმენით. ეკოლოგიური განათლების შეტანით დავიწყეთ. ჩემი ყოფილი სტუდენტი, ლონდა ხასაია გავგზავნე, რომელსაც ჯვარში ეკოლოგიური ორგანიზაცია აქვს და უკვე გამოცდილებაც დაუგროვდა. მან ეს გამოცდილება ნუკრიანელებს გაუზიარა, შემდეგ ორი სახლი დავიქირავეთ, ორივე ჩემი ბიძაშვილისა, ლამაზად მოვაწყვეთ, მოვრთეთ. ეს ის დროა, როცა სინათლეც არ იყო, ნავთი და სალიარკა ბოთლებით თბილისიდან დაგვქონდა - იქ ამასაც ვერ იშოვიდი. წრეები გავხსენით - ჭადრაკის, ქართულის, უცხო ენების. ჩადიოდნენ ჩემი თანამშრომლები და ამეცადინებდნენ ბავშვებს, ყველაფერს უფასოდ ვასწავლიდით. ასე შევქმენით პატარა, გამთბარი კერა, სადაც სადილობდნენ კიდეც. რაღაცნაირად მოვახერხეთ, რომ ყოველთვის ყოფილიყო რაღაც წასახემსებელი. მაგნიტოფონიც გვქონდა, ვიდეოც. ბავშვები მუსიკას ისმენდნენ, ფილმებს ნახულობდნენ. ორი-სამი წელი გაგრძელდა ასე, მერე უკვე მოვიდა დაფინანსება. ის სამი წელიწადი თითქმის უფასოდ ვიმუშავეთ. აქ, თბილისში, ვაგროვებდით თანხას - წიგნების გაყიდვიდან, ჩვენი ხელფასებიდან, რაღაც დანაზოგებიდან. დავკვირვებივარ, თუ იდეით ხარ ანთებული და მიუხედავად იმისა, რომ სახსრები არა გაქვს, მაინც მუშაობ, რაღაც დროის მერე აუცილებლად ჩნდება დაფინანსებაც.

წლის ბოლოს სოფლის ფესტივალს ვმართავდით. კონკურსს ვაცხადებდით რამდენიმე ნომინაციაში - ყველაზე ლამაზი ეზო, ყველაზე ლამაზი ნაქარგი, საუკეთესო მომღერალი, საუკეთესო მკითხველი და ა. შ. ცალკე იყო ფეხბურთის ტურნირი სოფლის უბნებს შორის. ზაფხულში ერთი დღე გვქონდა დათქმული, როცა ცხადდებოდნენ გამარჯვებულები, ეწყობოდა მუსიკალურ-პოეტური საღამო ძალიან დიდი ალაფურშეტით. სულ 2000 ლარამდე გვიჯდებოდა. ნახევარი სოფელი მოდიოდა, ხარობდა ბავშვი და დიდი. მერე ფონდი HORIZON ჩაერთო და სკოლა გაგვირემონტა. ამ ფონდის პროფილი არ იყო სკოლის გარემონტება, ამიტომ გავაფორმეთ ისე, როგორც კავკასიური სახლის ნუკრიანის ფილიალი. სამსართულიანი უზარმაზარი შენობა გაარემონტეს. მერე ეს წრეებიც სკოლაში გადავიტანეთ და საბავშვო თეატრი შევქმენით, რომელიც განსხვავებულად, თანამედროვე კონცეფციაზე დაყრდნობით მუშაობს. ეს არ არის ტრადიციული დადგმები, ეს სამოქალაქო აქცენტებით გამართული დრამატურგიაა, პიესებს სპეციალურად მათთვის მე ვწერ. ახლა, ლეონიძის 2 ნომერი, ძველი და ლამაზი შენობა რომ დაანგრიეს, ამაზე იყო სპექტაკლი. მოდიან მაფიოზები და სახლს ანგრევენ. ბავშვები დიდი სიხარულით ჩაერთვნენ, მონდომებით იმუშავეს“.

იმ დარბაზში, სადაც სპექტაკლებს მართავენ, ნუკრიანის ხელგარჯილობის სახელოსნოების ნაწარმია გამოფენილი. „კავკასიური სახლის“ ნუკრიანის ოფისში ქალთა სახელოსნოებია, სადაც დღეს 17 ქალბატონი მუშაობს. კერავენ, ქსოვენ, თექას თელავენ, თოჯინებს აკეთებენ. ყველაფერი სუფთად, ფაქიზად და ლამაზადაა შექმნილი. მერე სიღნაღში ყიდიან სხვადასხვა ფესტივალებზე, თბილისშიც ჩამოაქვთ. ჩემმა მასპინძელმა, პროექტის კოორდინატორმა ანა მარგველაშვილმა რამდენიმე ნაკეთობა გერმანიაში გასაგზავნადაც შეარჩია. დალაგებულ ქვეყანაში იმ მუშაობას, რაც „კავკასიურმა სახლმა“ ნუკრიანში გასწია, უკეთესი შედეგი მოჰყვებოდა, აქ კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და შედეგი გვიან ჩანსო, მითხრა ანამ. თუმცა, ის, რაც ვნახე, ცოტა ნამდვილად არაა. სოფლის მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, რაც დღევანდელ საქართველოში ბევრს ნიშნავს, მაგრამ, მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ყველა, ვინც ნუკრიანის სკოლაში გავიცანი, კარგად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც აკისრიათ - სკოლამ მხოლოდ სავალდებულო პროგრამა კი არ უნდა აათვისებინოს ბავშვებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებად უნდა აღზარდოს.

ნუკრიანელი ბავშვები უფასოდ დადიან სკოლასთან არსებულ წრეებში - მუსიკის, ცეკვის, ჭადრაკის, ეკოლოგიის, მუშაობს ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლა. ჭადრაკი, ცნობილი პედაგოგის, მზია ლოლიშვილის წყალობით, რომელიც დღემდე თბილისიდან დადის, აქ ძალიან პოპულარული გახდა - დიდი და პატარა თამაშობს. სააბიტურო სკოლაში ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, სწავლობენ უცხო ენებს. ნუკრიანის სათემო ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობს ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანაც“. რადგან ეს წრეები უფასოა, ყველა მსურველს აქვს საშუალება, რაც უნდა, ის შეისწავლოს. აქ დღეს დაახლოებით 200 ბავშვი დადის. შარშან სკოლის ცეკვის ანსამბლი ფესტივალ „ოქროს ცერის“ ლაურეატი გახდა, ანსამბლის კოსტუმები აქვე, ნუკრიანის ქალთა სახელოსნოში შეიკერა. საკვირაო სკოლის ბავშვებისთვის ჩანთები გვჭირდება და ამათ უნდა დავუკვეთოთო, მითხრა ანამ.

ნუკრიანში კინოფესტივალი „მე - ადამიანი“ ორჯერ ჩატარდა. ამას გარდა, ხშირად ეწყობა სხვადასხვა ფილმების ჩვენება. ჩვენებას გარჩევა და დისკუსიები მოსდევს თან. სკოლაში თვეში ერთხელ ორგანიზაციიდან „საფარი - ოჯახი ძალადობის გარეშე“ ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილი ჩამოდის. ჯერ პედაგოგებთან მუშაობდა, ახლა უფროსკლასელებთან შედის. როგორც მითხრეს, ფსიქოლოგის გაკვეთილები ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ...

მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლაში „კავკასიური სახლის“ შემოსვლის შემდეგ, სოფლიდან მოსახლეობის გადინებაც შემცირდა. მშობლები ხვდებიან, რომ გაუჭირდებათ თბილისში ასეთი განათლება მისცენ შვილებს, ამდენი რამ ასწავლონ.

ნუკრიანში სამშვიდობო ქარავანმაც ჩამოიარა. მისი მონაწილეები საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ და ნუკრიანში ოთხი დღე დარჩნენ. მანამდე გონიოში, ლანჩხუთში, თბილისში იყვნენ. ძალიან ლამაზი სანახაობა გაიმართა. ქარავანს სამშვიდობო მისია ჰქონდა და თავისი მსვლელობით სურდა სოლიდარობა გამოეცხადებინა კავკასიისათვის, როგორც კონფლიქტური რეგიონისთვის.

სწავლობენ თავად მასწავლებლებიც. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი (dvv International), რომელიც ზრდასრულთა განათლებაზე მუშაობს, აქ რეგულარულად ატარებს სხვადასხვა ტრენინგებს. ტარდებოდა სამართლებრივი სემინარებიც, სადაც დასასწრებად არა მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, არამედ სიღნაღელებიც ჩამოდიოდნენ.

ანა მარგველაშვილი თვლის, ნუკრიანში რომ არ დაეწყო მუშაობა, ნამდვილად პარალელურ რეალობაში იცხოვრებდა და ბევრი რამ არ ეცოდინებოდა:

„ხანდახან მიფიქრია, რომ აქ დროა გაჩერებული. დღეს მარტო დედაქალაქზეა აქცენტი. თავკომბალადაა თბილისი ქცეული და დიდი კონტრასტია ქალაქსა და სოფელს შორის. ეს ტრაგედიაა. საქართველო მარტო თბილისი არ არის.

ყველაზე დიდი შედეგი, რომელსაც დღეს ვხედავ, ისაა, რომ 2005 წლიდან ნუკრიანში სოფლის სათემო ორგანიზაცია დაარსდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები ერთიანდებიან, ქმნიან ორგანიზაციას და სოფლის პრობლემებზე მუშაობენ. სოფელში გაზი გაიყვანეს, წყლის სისტემებიც მოაწესრიგეს. გაალამაზეს ეკლესია, სოფლის ცენტრში ნაგვის ურნებიც დააყენეს. იმდენად კარგად იმუშავეს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ჰქონდათ მცირე გრანტებზე დაფინანსება. ჩვენში იშვიათობაა, მუნიციპალიტეტმა არასამთავრობო დააფინანსოს. ეს ადგილობრივი სათემო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ზეწოლას ახერხებდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს ქვემოდან წამოსულ ინიციატივებს.

ხალხი თუ არ დასაქმდა, სოფელი დაიცლება. ნუკრიანი მიბმულია სიღნაღზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო სიღნაღი კი არა, მთელი რეგიონი განვითარდეს. სიღნაღმა სწორედ ამას უნდა შეუწყოს ხელი - რეგიონის განვითარებას.

აქ იყო ერთი შემთხვევა. ფსიქოლოგმა რაღაც შეკითხვა დასვა, ისე მოხდა, რომ პასუხი მხოლოდ ერთმა ბავშვმა იცოდა, რომელსაც მანამდე სკოლაში ხმა არ ამოუღია. გაბედა ამ ბავშვმა და უპასუხა, შემდეგ ჩამოსვლაზე ფსიქოლოგს პირველ მერხზე დახვდა. მერე კი, კინოფესტივალზე, უკვე სიტყვითაც გამოვიდა. ჩემთვის ამ კონკრეტული ბავშვის ამბავი უკვე დიდი შედეგია.

0x01 graphic

ხომ ვამბობთ, რომ საზოგადოება უნდა შეიცვალოს. ის რაღაც, პატარა, ახალი, რაც შემოგვაქვს, სწორედ საზოგადოების შეცვლისთვისაა აუცილებელი“.

სამწუხაროა, რომ სოფლის მნიშვნელობას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ, საზოგადოებაც ვერ აცნობიერებს. სოფლებს ტელევიზორშიც მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა იქ ან რამე სკანდალური ხდება, ან არჩევნები მოდის. სოფელი ცალკეა, ჩვენ, თბილისელები - ცალკე. ამ დავიწყებულ სოფელს სხვა რაღა დარჩენია, თვითონ მოიწევს ქალაქისაკენ; იცლება, ცარიელდება, სოფლელები ვითომ ქალაქელდებიან, მაგრამ ძალიან იშვიათად ახერხებენ აქ ადგილის პოვნას.

ჩვენ კი მხოლოდ ამაზე ვბრაზდებით, რომ ქალაქი გაიბერა, კანში ვეღარ ეტევა, ქუჩაში საცობებია, სივიწროვეა... ვწუწუნებთ, მხოლოდ ეს შეგვიძლია. ნაირა გელაშვილმა სხვა გზა აირჩია, გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა:

„პროექტს დავარქვით - „გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი“ და გავავრცელეთ ეს მოწოდება, რათა სხვა არასამთავრობოები, სახელმწიფო ორგანიზაციები და ბიზნესმენები აგვყოლოდნენ. თითომ თითო სოფელი რომ ავიღოთ ჩვენი მეურვეობის ქვეშ, რაღაცას დავატყობთ. შეიძლება ფული არ გქონდეს, მაგრამ მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარო ან საბავშვო ბაღს მიხედო. შეიძლება, უბრალოდ, წიგნები გაუგზავნო. დაეხმარო სოფლის ამბულატორიას ან კლინიკას. ათასი ფორმა არსებობს. მხოლოდ მონდომებაა საჭირო. არადა, სოფლის გარეშე არ არსებობს საქართველო. გავიდა წლები და უკვე გაიზარდა თაობა, განსაკუთრებით ის, ვინც პოლიტიკაში მიდის, რომელსაც საქართველოს შეგრძნება არა აქვს. ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არა აქვთ კავშირი სოფელთან, წარსულთან, სამშობლოს მგრძნობელობა არ გააჩნიათ. ძნელია მათ აუხსნა და გააგებინო, რატომ იღუპება ქართული სოფელი და რომ ამით საქართველო დაიღუპება. აქ, თბილისში ბაზრები მოსპეს და ამაზე ხალხს რეაქცია არ ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ მოსპეს ჩვევა, ტრადიცია, საზოგადოება კი იმდენად ატროფირებულია, რომ ეს ფაქტი არ გააპროტესტა. ბაზარი მარტო ყიდვა-გაყიდვის ადგილი არ არის, ის სოფლის და ქალაქის შეხვედრის ადგილია. დედაქალაქს მოუსპეს ცოცხალი კავშირის ადგილი. უცხოელები რომ ჩამოდიან, სწორედ ბაზრები აინტერესებთ, ამათ ჰგონიათ, რომ უცხოელები აქ სუპერმარკეტებს დაეძებენ...

ჩვენთან ყოფითი კულტურის აბსოლუტური დაცემა და გაველურება მოხდა, ხალხი გამოსულია კანონის, კულტურის, ზრდილობის შეგრძნების ველიდან. სამწუხაროა, ჩვენმა კულტურულმა ელიტამ ვერ გააცნობიერა, რომ მისი მთავარი ამოცანა ხალხის აღზრდა იყო. ყველა დიდი ადამიანი, ვისაც სახელმწიფოზე და ხალხზე უფიქრია, თვლის, რომ მთავარი პასუხისმგებელი კულტურული ელიტაა. თუ ხალხი ისევ შეუსმენელი და ველური რჩება და XXI საუკუნეში არ იცის, რომ ნაგავი არ უნდა დაყაროს, ეს ეხება ქალაქის მოსახლეობასაც, და თუ ისეთივეა, როგორიც თავის დროზე ილიამ აღწერა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კულტურული ელიტის ბრალია. ილია ჭავჭავაძეც, თომას მანიც, ალბერტ შვეიცერიც და სხვებიც ამას ამბობდნენ - თუ განათლებულმა ელიტამ ვერ მოახერხა ხალხის აღზრდა, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება. ამიტომაც, ამ პროექტში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ჟურნალ „ჩვენს სოფელს“ ვანიჭებ. ცნობიერებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და მერეა დანარჩენი. დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა არავითარ სულიერ საკვებს, საღ სიტყვას, რჩევას არ იღებს. მით უმეტეს, სოფელში. ეს მხოლოდ ტექსტით შეიძლება გაკეთდეს. ჩვენი ჟურნალი უფასოდ რიგდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გლეხს ყიდვა არ შეუძლია. ჟურნალმა თავისი ენაც შეიმუშავა - უბრალო, ადამიანური ქართული. სოფლის მოსახლემ როგორ უნდა გაიგოს ჩვენში შემოსული ახალი სიტყვების კორიანტელი? ჟურნალი ახლა ორ თვეში ერთხელ გამოდის, ძალიან მინდა, ყოველთვიური გახდეს. ტირაჟის გაზრდაზეც ვფიქრობთ. მთელი საქართველოდან გვწერენ, - ჩვენც გვინდაო. ახლა დევნილებსაც დავურიგეთ. უკვირთ მერე, რატომ არ მოქმედებს კანონი, რატომ არ ფუნქციონირებს სტრუქტურები. ამაზე ვინ უნდა იმუშაოს? ჩვენი დღევანდელი ტელევიზია ისეთია, სჯობს სულაც არ იყოს, ტელევიზიამ არათუ ხელი შეუწყო მოსახლეობის განათლებას, პირიქით, ხალხი დააჩლუნგა და უკან დასწია. იქნებ გამოჩნდეს ქართველი ბიზნესმენიც, ვინც ამის მნიშვნელობას გაიგებს, ჟურნალის გამოცემა ხომ ძვირი არ ჯდება.

ჩვენი სტატია გალაკტიონის 20 ნომრის ისტორიით დავიწყეთ და ნუკრიანამდე ჩამოვედით. ეს ის გზაა, რომელსაც „კავკასიური სახლის“ თანამშრომლები ხშირად გადიან. ამ გზაზე კიდევ ბევრი რამ იყო, რაზედაც მინდოდა დამეწერა და ვერ დავწერე. ერთი სტატია ნამდვილად არ ეყო ყველაფერს, რაც „კავკასიური სახლის შესახებ“ ვიცოდი, რაც გავიგე და ვნახე.

P.S. და კიდევ, ნუკრიანელები ჩემთან საუბარში ძალიან ხშირად ახსენებდნენ ნაირა გელაშვილს. იგრძნობოდა - როგორ უყვართ, როგორ ემადლიერებიან, როგორ ეიმედებათ. გზაში სულ იმაზე ვფიქრობდი, რას ვაკეთებ ჩემი სოფლისთვის? ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ. თქვენ?

22 მერაბ მამარდაშვილი იმ დროს ჯერ არშემდგარი მწერლის თვალთახედვით

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: გივი მარგველაშვილი
გერმანულიდან თარგმნა გიორგი მაისურაძემ
(ფრაგმენტი ავტობიოგრაფიული რომანიდან „კაპიტანი ვაკუმში“)

0x01 graphic

ბოლოსკენ მაინც მინდა გიამბო ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც უკანასკნელად თბილისში მქონდა და რომელიც ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებათა რუბრიკაში შესატანია, რაც კი ოდესმე გადამხდენია. ეს იყო შეხვედრა ერთ ქართველთან, რომელიც მე ვაკუშმა ფილოსოფიის ინსტიტუტელ კოლეგად და მისთვის ერთობ სათაყვანებელ მეგობრად დამისახელა. „სერგო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, - მითხრა მან, - რამხელა სიხარულია ჩემთვის იმ მართლაც ცოტაოდენ ადამიანთა რიცხვს რომ მივეკუთვნები, რომლებსაც მერაბი თავისი გამორჩეული ყურადღებით ეპყრობა და ისევ და ისევ თავისთან პატიჟებს, რათა მათ სხვადასხვა რამეზე ესაუბროს. ისაა პირველი რანგის ფილოსოფოსი და რომ არ ვიცოდე თქვენ აქ როგორ უხალისოდ ეკიდებით ვინმეს გაცნობას, სიამოვნებით წარგადგენდით მასთან. მე ამის შემდეგაც არ გადავუხვიე ჩემი პრინციპიდან - ვაკუშის გარდა, არავინ ახლოს არ მომეკარებინა, ასე რომ, პირადად არც ბატონი მერაბი გამიცვნია. მაგრამ რადგანაც ვაკუში არ მოეშვა მასზე ამბების მოყოლას - მას აღმიწერდა, როგორც ფილოსოფოსს, რომელიც, თავისუფალი აზროვნების გამო, მოსკოვში ყველა სამსახურიდან მოიცილეს და რომელმაც თავშესაფარი თბილისში ჰპოვა, საქართველოში ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების მზრუნველი მფარველის ნიკო ჭავჭავაძის ინსტიტუტში; და რადგანაც მერაბს აქ, რაღა თქმა უნდა, მაშინვე უნივერსიტეტში სწავლების უფლება მისცეს, უკვე ძალიან მალე ფილოსოფიურად (და არა მხოლოდ ფილოსოფიურად) მომართული გოგო-ბიჭების ქალაქის საყვარელ ფილოსოფოსად გადაქცეულიყო. აუდიტორიები ყოველთვის გადაჭედილი არისო მის ლექციებზე, და ფავორიტი მომხსენებელი ყოველთვის ლაპარაკობს მის წინ ჩამწკრივებული და მის მიერვე მომართული სხვადასხვა მაგნიტოფონის ფონზე, რომლებიც მის ყოველ სიტყვას არეგისტრირებენ, ისე, რომ სტუდენტებმა მერე სახლშიც მოისმინონ, მონიშნონ და მათზე იმსჯელონ. ჰოდა, რადგანაც ვაკუში ისევ და ისევ ასეთი შთაგონებული მერაბზე საუბარს უბრუნდებოდა, ბოლოს და ბოლოს მეც გადავწყვიტე, რომ როცა მომიხერხდებოდა, მერაბისთვის მეც უფრო ახლოდან შემევლო თვალი. ერთხელაც მეც შევერიე სტუდენტებს ერთ აუდიტორიაში, სადაც მისი ლექცია იყო დანიშნული, დავიკავე ადგილი ბოლო მერხზე და ახალგაზრდათა დიდ ჯგუფთან ერთად, რომლებიც აშკარად ფილოსოფიით ინსპირირებული ადამიანები იყვნენ და მერაბის ბოლო საუბრის ჩანაწერს მაგნიტოფონზე მოწიწებით უსმენდნენ, ველოდი, რაც უნდა დაწყებულიყო. უკვე ათეული წლების განმავლობაში „ვაკუშის ნაკლოვანებებით“ ვიყავი დაკავებული და ამან როგორც ქართული, ასევე, რუსული ენები გადამდო. მე უკეთ მესმის ორივე ენა, ვიდრე მათზე ლაპარაკი შემიძლია და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც უმალვე მივხვდი, რომ სტუდენტებს ახლა კასეტიდან იმის გადამეორება სურდათ, რაც მათი „მოძღვრის“ ბოლო საუბრის თემა იყო და ასე იმის გაგებასაც შეძლებდნენ, რაც შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო. ის, რაც ამ შესავალ მომენტში ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის შესახებ შევიტყვე, უკვე საკმარისად შთამბეჭდავი მეჩვენა. ყოველ შემთხვევაში, რასაც იგი კასეტაზე ამბობდა, იყო ისეთი რამ, რის გამოც მარქსიზმ-ლენინიზმის ორი მთავარი იდეოლოგი - თავად ლენინი და წითელ ტახტზე მისი მემკვიდრე სტალინი - სიმწრისაგან საფლავში ამოტრიალდებოდნენ, რადგანაც ეს არათუ მატერიალისტური და მარქსისტული არ იყო, არამედ - ყველაფერ იმის საწინააღმდეგოც კი, რაც ამ ორმა მამასახლისიმუსმა ერთ დროს თავიანთ ნაწერებში თქვა და ამტკიცა. მე გაოცებისგან პირი ვეღარ დამეხურა, როდესაც ამ კაცის სიტყვები ფირიდან მესმოდა და, რაც ჩემს განცვიფრებას უფრო ზრდიდა, იყო ის სრულიად აშკარა ფაქტი, რომ ამ იდეალისტურ იდეებსა და აზრებს, რომლებიც სრულიად თავისუფლად და ხმამაღლა თითოეული მსმენელის, ჩემ ირგვლივ მყოფი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების საბჯენებს ტბორავდა, მათ ინდივიდუალურ სააზროვნო და სასაუბრო სივრცეში იჭრებოდა და იქ უკვე გაბზარულ, ძველ იდეოლოგიურ სიბრიყვესთან სრულიად შეუფერხებლად კონკურენციის გაწევა შეეძლო. ძვირფასო დანტე, ესაა ისტორიაში საბჭოთა დაისის კიდევ ერთი ნიშანი და ვაკუშს შეუძლია ეს ჩვენი წინასწარმეტყველების დამატებით არგუმენტად მიიჩნიოს, რომ ხალხთა საპყრობილე ორ დეკადაში ან კიდევ უფრო მალეც, იმ ფორმით, როგორითაც იგი დღესაა, თავის არსებობას შეწყვეტს. რას ამბობდა ასეთს მერაბ მამარდაშვილი ამ ფირზე? ვერ დაგპირდები, რომ მე აქ მის აზრებს სიტყვა-სიტყვით ჩამოგიწერ, რომელიც მაგნიტოფონიდან ისმოდა. მაგრამ მისი არსი მაინც მგონია, რომ გავიგე და აქვე გადმოგცემ. ფილოსოფოსი ამბობდა: ჩემი აზრით, ადამიანი არის არსება, რომელიც იმდენად არსებობს, რამდენადაც საკუთარ თავს ქმნის და ამას იგი იმ საშუალებებით აკეთებს, რომლებიც ბუნებაში ასეთი სახით არ მოიპოვება. ადამიანის ადამიანურობის განმსაზღვრელია ის, რომ იგი არაა ბუნებრივი არსება და ამ თვალსაზრისით არც მაიმუნისგანაა წარმოშობილი. საერთოდაც, ადამიანი არ წარმოშობილა იმისაგან, რაც ბუნებაში ერთგვარ ბიოლოგიურ მანქანადაა მოცემული, ანუ არა სახეობათა განვითარებიდან“. ძვირფასო დანტე, შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი დამუხტული ვიყავი, როდესაც ამ სიტყვებს ვუსმენდი, რადგანაც არაფერია უფრო წინააღმდეგობრივი მარქსისტულ-ლენინისტური მატერიალიზმის, რომელიც ადამიანს მთლიანად მატერიასთან აიგივებს, ვიდრე ზემოთ თქმული. რასაც მერაბ მამარდაშვილი მაგნიტოფონიდან ამბობდა და ალბათ კიდევ უფრო მეტად ისიც, რომ იგი ამას ამბობდა, იყო ისეთი რამ, რაც ჩემ ირგვლივ მყოფ მოფილოსოფოსო გოგო-ბიჭებს პირდაპირ სისხლში უჯდებოდათ, რაც მათ იდეოლოგიური ცალმხრივობისა და სიდუხჭირის მრავალი წლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ესმოდათ, რაც მათ უნატრიათ და რაც სამყაროს მათეულ გაგებას ბევრად, უსასრულოდ უფრო მეტად შეესატყვისებოდა. და მე ასე მგონია, მათ ეს იმიტომაც მოსწონდათ, რომ ასეთი რამ ადამიანს, არსობრივი თვალსაზრისით, ბუნების კანონების კლანჭებიდან ათავისუფლებდა და მას ისეთ არსებად აღწერდა, რომელიც, თუკი მას სამყაროში დაკარგვა არ სურდა, საკუთარი კანონზომიერებები უნდა შეემეცნებინა და მას გაჰყოლოდა.

იმან, რაც ამ ბატონმა მერაბმა თქვა, სულ ცოტა ის მაინც, რაც ანთროპოსის საკუთრივ კანონზომიერებებზე აქცენტის გადატანას ეხებოდა, მაშინვე კანტის და ყველა მისი ცნობილი ფენომენოლოგი მემკვიდრე-ფილოსოფოსის გახსენების სასიამოვნო შეგრძნება მომგვარა და ამასთანავე ძალიან ლამაზად, ძალიან გამამხნევებლად, ჩვენი ბიოლოგოგრაფიულ საბჯენ სტრატეგიების სართულებზე, ძვირფასო დანტე, იქ მე ვიგრძენი, პრინციპში, პოზიტიურად მიღების მზადყოფნა იმ კოლხიდურ-კოლხოზურ გოგო-ბიჭების მხრიდანაც, რომლებთან ერთადაც მერხზე ვიჯექი და ფირზე ჩანაწერს ვუსმენდი. ვინაიდან ფირი ხშირად უკან იხვეოდა და წინა ნაწყვეტებიდან ხელახლა მოისმინებოდა, საშუალება მქონდა, მერაბ მამარდაშვილის აზრთა სვლისათვისაც ყურადღება მიმექცია და ამით ლექციის დაწყებამდე მოსაცდელ პერიოდში მისი სწავლების შესახებ ზოგადი წარმოდგენაც შემექმნა. რასაც ის აკეთებს, ერთგვარ სიმბოლურ მეტაფიზიკად მეჩვენება, რომელსაც სიმბოლური ტრანსცენდენტალიზმიც შეიძლება ეწოდოს. ყოველ შემთხვევაში, აუდიოჩანაწერში სიტყვები „სიმბოლო“ და „მეტაფიზიკა“ ხშირად მეორდებოდა, თანაც არა კრიტიკული, არამედ აფირმატიული თვალსაზრისით, რომლებიც მერაბის წარმოდგენებს განსაზღვრავდნენ. ასე მრავალი წლის შემდეგ, ძვირფასო დანტე, საბჭოთა სახელმწიფოში მისი იდეოლოგიის პრინციპულად საწინააღმდეგო ცნებებს კვლავ მიეგება პატივი. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ დევნილ, კანონგარეშედ შერაცხულ და ფაქტობრივად გავლენიანი ფილოსოფოსი კოლეგების მფარველობის ქვეშ მყოფი პროფესორების მხრიდან, მაგრამ ეს აქაც რომ ძალიან სწრაფად შეიცვლება, იდეალიზმი რომ ოფიციალურადაც ისევ ფეხს მოიკიდებს, მეც და შენც კარგად ვიცით. რასაც მე იმ სტუდენტთა გარემოცვაში, სადაც მაგნიტოფონიდან მერაბის ხმა მოისმოდა, კიდევ ვცდილობდი, იყო ის, რომ ამის მსგავსი რამ ერთ რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტშიც წარმომედგინა. და უნდა ვაღიარო, რომ - უშედეგოდ. და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მაგნიტოფონებს სტუდენტები ამ მიზნით ძალზედ იშვიათად იყენებენ. მიზეზი იმისა, თუ რატომ მიჭირდა ასეთი პარალელების გავლება, არის თავად ფილოსოფიურ ინტერესთა სხვაობა დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნების სტუდენტებს შორის. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთში ფილოსოფიურ იდეალიზმში უკანასკნელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებზე ნადირობენ, დასავლეთში, უმეტეს ადგილას, მხოლოდ და მხოლოდ იმ მსოფლმხედველობრივ რეფლექსიებზე არიან ორიენტირებულები, რომლებიც საფუძვლად უდევს მარქსიზმს, და ისინი მის პოზიტიურ კრიტიკად და გაგრძელებად მიაჩნიათ. ეს იმითაც შეიძლება აგვეხსნა, რომ აღმოსავლეთში უტოპია საკმარისადაც გასინჯეს და ყელშიც ამოუვიდათ, მაშინ, როდესაც დასავლეთში, სადაც ამაზე პიროვნული ექსისტენციური გამოცდილება არ მომხდარა, მას საკმაოდ დიდი ყურადღებით ეკიდებიან. როგორც არ უნდა იყოს, მე გთხოვდი, რომ როცა მოგიხერხდება, ამაზე იქნებ კაპიტან ვაკუშსაც დაელაპარაკო და იმისთვისაც შეამზადო, რომ დასავლეთში, თუკი იგი ოდესმე იქით გადასახლდება, მას ისევ აღმოსავლურ იდეოლოგიასთან შეხვედრა მოუწევს, რომელსაც იქ განსხვავებული გარეგნობა აქვს და საგნის უკეთ ცოდნასაც ემყარება. თუმცა, მან ალბათ ეს, უკვე დიდი ხანია, ისედაც იცის და ამით ჩვენ მას ახალს ვერაფერს ვეტყვით.

აქ მინდა კიდევ მოკლედ მოვყვე, როგორი იყო მერაბ მამარდაშვილის ლექცია. როდესაც მან აუდიტორიაში შემოაბიჯა, ყველა წამოდგა და მას მხურვალე და ხანგრძლივი ტაშით შეეგება (აქვე უნდა ვთქვა, რომ ამასობაში სტუდენტებს სხვა, უფროსი ადამიანებიც შემოემატნენ). მე მამარდაშვილის დანახვისთანავე უკვე მისით მოხიბლული ვიყავი. იგი ტანმაღალია, მასიური აღნაგობის, რომელსაც მელოტი, სახასიათო თავი მოციმციმე შუშის სათვალით აგვირგვინებს და გარეგნულად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. მისი თხრობის სტილი, მე მგონი, ამოვარდნილია ყოველგვარი, სულ ცოტა, საბჭოური მაინც, საუნივერსიტეტო ჩარჩოებიდან. მერაბის ლექციებს არ შეიძლება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ლექცია ეწოდოს; ეს არაა „კითხვა“ ან „წაკითხვა“, არამედ თავისუფალი, ექსპრომტული ფილოსოფიური იმპროვიზაცია ან ფილოსოფიურად იმპროვიზირებული ძებნა იმისა, რაც უნდა ითქვას და აგრეთვე როგორ უნდა მოხდეს მისი ფორმულირება. რასაც ის თავის ყოველთვის მონუსხულ და შთაგონებულ აუდიტორიას აუწყებს, არის ფილოსოფია ქმედებაში, ანუ ის, რაც, კაპიტან ვაკუშის ტერმინოლოგიით რომ ვთქვა, თავად ფილოსოფოსების ინდივიდუალურ სააზროვნო და სასაუბრო ოთახებში წარმოიშობა, როგორც მათი აზრი იქ აინთება და მანათობელ ცეცხლად იქცევა. ასევეა ალბათ საიდუმლო მისი შარმისა, რომელიც მერაბის ლექციებს აქვთ და იმ მომნუსხველობის, რომელსაც ისინი მუდამ გადავსებულ აუდიტორიებზე ახორციელებენ. ლექცია, რომელსაც მე დავესწარი, ადამიანის თავისუფლების პრობლემასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რომელიც ბუნებრივი სამყაროს მიმართ მისი პრინციპული უცხოობიდან და არაბუნებრიობიდან გამომდინარეობს. მე ამას ვვარაუდობ, რადგანაც ჩემმა ნასწავლმა რუსულმა სამწუხაროდ იმის საშუალება არ მომცა, რათა მისი თხრობის დინებაში მუდამ სათანადო სიმაღლეზე მეცურა. მაგრამ ის, რომ თავისუფლება იქ მთავარი რამ იყო, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. იგი, მერაბ მამარდაშვილის აზრით, არ მოიძებნება უცვლელ, ანუ პერმანენტულად მოცემულ სიმყარეების კატალოგში, არამედ, როგორც ყოველი ცოცხალი, ისიც მიდრეკილია შეცდომების, უმართებულობის, მოტყუების და „მეს“ სხვა ავადმყოფობების მიმართ. ის შეიძლება ლოგინად იყოს ჩავარდნილი და უკვე ბოლო ამოსუნთქვის პირას იყოს, რომ უცებ თავისით ან ცოტაოდენი იღბლით ისევ ძალა მოიკრიბოს და ფეხზე დადგეს. წარმოშობით იგი დემოკრატ პერიკლეს ხანის ათენიდანაა და ისტორიულად მისი სახლი ევროპაშია, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის გეოგრაფიულად მსოფლიოს რომელიმე ადგილზე განსაკუთრებულად მიმაგრებული იყოს. ევროპულ-ფედერაციულად და დემოკრატიულად შესაძლებელია, როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, მისი ჰონგკონგსა თუ ტოკიოში ყოფნა, ცენტრალურ ევროპაში დიდი ხანი ის უკვე აღარ ყოფილა და მოსკოვიდან დღემდე კვლავაც შორს არის. ამ მოსაზრებამ, შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი მხურვალე ოვაციები გამოიწვია ყველა იმ გოგო-ბიჭებსა თუ მამასახლისებში, რომლებიც აუდიტორიაში ისხდნენ და მერაბ მამარდაშვილის ამგვარ ფილოსოფოსობას უსმენდნენ. ასე მგონია, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი აქ, საბჭოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეში განასახიერებს საკუთრივი, ნამდვილი ცხოვრებისეული ღირებულებების დაბრუნებას მოსახლეობის ყველა ინდივიდუალურ სააზროვნო და სასაუბრო ოთახებში. ვაკუშმა სიამაყით მომიყვა, რომ მას უფლება აქვს, საკუთარ თავს მერაბის მეგობარი უწოდოს, რომ მას იგი ხშირად სახლშიც იწვევს, სადაც ისინი მერე ერთადაც სადილობენ და მერე ერთი კაი გერმანული შნაპსის თანხლებით სხვადასხვა თემაზე საუბრობენ, განსაკუთრებით კი, რაღა თქმა უნდა, იმ უკვე ყველასათვის ცხადად ქცეულ ბზარებსა და ნაპრალებზე, რომელიც საბჭოთა სისტემის ნაგებობაში გაჩნდა. „მერაბი ისეთია, როგორიც არის, განსაკუთრებით თავისი ჩიბუხიდან ბოლებით და გოგლი-მოგლიზე რეფლექსიებით, აქ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი“, - მეუბნებოდა ვაკუში და მეც ვფიქრობ, რომ მართალი იყო.

23 ჩვენი რევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორები: ნინო ჯაფიაშვილი, შორენა შავერდაშვილი

ვარდების რევოლუციის რეტროსპექტივა

ჩვენთვის, ყველასთვის, ვარდების რევოლუცია იყო ნამდვილი რევოლუცია. ბრძოლა ცვლილებებისთვის, პროგრესისთვის, ღირებულებებისთვის, რეფორმებისთვის, თავისუფლებისთვის. ჩვენს თვალწინ იცვლებოდა და იქმნებოდა ქვეყნის, თითოეული ჩვენთაგანის მომავალი. რუსთავი 2-მა, რომელიც 24 საათი, პირდაპირ ეთერში გადასცემდა რევოლუციის ყველა წუთს, თითქოს ამ კადრების საკრალიზება მოახერხა და წარმოსახვასა და რეალობას შორის ზღვარი წაშალა. მას შემდეგ, რაც რევოლუციის რომანტიზმის ტალღამ გადაგვიარა, დავუბრუნდით ამ მოვლენებს და რევოლუციის რამდენიმე გმირთან ერთად შევეცადეთ, ცივი გონებით გაგვეაზრებინა 2003 წლის ნოემბერი. რა ხდებოდა ეიფორიული რეალობის მიღმა? ვინ მართავდა პოლიტიკურ პროცესებს? ვინ რისთვის იბრძოდა? რამდენად სპონტანური იყო რევოლუცია და როგორ გადანაწილდა მოპოვებული ძალაუფლება? იყვნენ თუ არა რევოლუციის ლიდერები მზად ამ ძალაუფლებისათვის?

2003 წლის ნოემბრის პოლიტიკურ დრამას ბევრი მოთამაშე ჰყავდა, მათ შორის, ჩვენი პროექტის გმირები - ნინო ბურჯანაძე, ეროსი კიწმარიშვილი და გიგა ბოკერია. თითოეული მათგანი „ვარდების რევოლუციის“ საკუთარ ვერსიას გვთავაზობს და ამ ხედვების შესაბამისად იცვლება კონტექსტი და მნიშვნელობა. ამის მიუხედავად, მათ მონათხრობში ბევრია საერთო და იკვეთება ერთი რეალობა. ჩვენთვის „ვარდების რევოლუციის“ ვიზუალური სიმბოლო მთვარის ფაზების ცვალებადობას ჰგავს - როგორც ერთი ეტაპის დასრულება და ახლის დასაწყისი, როგორც მუდმივი ბრძოლა განვითარებისთვის.

5 წლის შემდეგ, რევოლუციის შეფასებისას თითქოს გეჩვენება, რომ ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ბრძოლა ძალაუფლებისთვის. თუმცა, დროსთან ერთად, ისტორიისთვის ესეც მეორეხარისხოვანი გახდება. რომ არა თითოეული ჩვენგანის არჩევანი, მუხტი, გულწრფელობა და ძალისხმევა, ჩვენი რევოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ თამაშად დარჩებოდა.

ინტერვიუ ეროსი კიწმარიშვილთან

ვინ და ვინ მართავდით რევოლუციურ პროცესებს? ვინ რა როლს ასრულებდით და რა მიზანი გამოძრავებდათ?

ამ რევოლუციის მთავარი გმირი იყო ხალხი. 30 წლის განმავლობაში, შევარდნაძე მობეზრდათ და ყელში ამოუვიდათ. „რუსთავი 2“ წვეთ-წვეთობით ვუგროვებდით ამ გაღიზიანებას, ვუჩვენებდით, რატომ უნდა გაღიზიანებულიყვნენ, დაღლილიყვნენ და თუ როგორ იყო საქართველო უკანასკნელი ქვეყანა კავკასიაშიც კი. ადამიანებს მობეზრდათ ეს ყოფა, ეს დეპრესიულობა, ეს ჩამორჩენილობა, უშუქობა, უწყლობა, უგაზობა, უპენსიობა, შვილების უპერსპექტივობა, ემიგრაციაში წასვლის სურვილი... ტელევიზიამ ამ ხალხს, მრავალწლიანი მუშაობით, ბევრ რამეზე აუხილა თვალი, მისცა ინფორმაცია შევარდნაძის ოჯახზე, კორუფციაზე და როცა ადამიანები უკვე გვენდობოდნენ და ჩვენი რეიტინგი ეკლესიისას გაუტოლდა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა ასეთ კონსერვატიულ საზოგადოებაში, ეს ხალხი გამოგვყვა.

მეორე მიზეზი ამ რევოლუციის იყო თვითონ შევარდნაძე, რომელიც უკვე ვეღარ მართავდა. ბოლო მომენტში შევარდნაძე ვერანაირ გადაწვეტილებას ვეღარ იღებდა. 2 ნოემბრიდან 22-ის ჩათვლით, 23-შიც ის ვეღარაფერს აკეთებდა. წარმოიდგინეთ, ვინ იყო ამ დროს მის გარემოცვაში - ძველი კომუნისტური ნომენკლატურა, მათთან ერთად - სარიშვილი, ბათიაშვილი, რჩეულიშვილი, პატარკაციშვილი, იქით ასლანი. მოკლედ, დიდი კაკაფონია იყო და არ არსებობდა ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა. ქაოსი იყო, მაგრამ ყველა ელოდებოდა, რომ „ბებერი მელა“ ბოლო მომენტში მაინც მოიგონებდა რაღაც მაგარს და ყველას გააცურებდა. ამ დროს პოლიცია და ძალოვანები მთლიანად პარალიზებულია, იმის გამო, რომ სისტემა მთლიანად დანგრეული და კორუმპირებულია.

როდის გახდა მიხეილ სააკაშვილი ლიდერი?

ოქტომბრის დასაწყისში ნათელაშვილს და სააკაშვილს ერთნაირი რეიტინგი ჰქონდათ. როდის დაიწყო მიშას რეიტინგმა ზრდა და ჟვანიას რეიტინგმა კლება? როცა ნათელაშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა - შევარდნაძის ლანძღვიდან ის ჟვანია-სააკაშვილის ლანძღვაზე გადავიდა. 2003 წლის ოქტომბრამდე, ბურჯანაძე-ჟვანია ლიდერობენ და ნათელაშვილი უსწრებს მიშას. თან ისინი ერთსა და იმავე ელექტორატზე მუშაობდნენ. ეს ის პერიოდია, როცა თბილისში, პოლიტიკურ წრეებში მიშას არმაგედონს ეძახიან, მაგრამ მისი რეიტინგი იზრდება, ბურჯანაძე-დემოკრატების - ეცემა. როცა 2003 წლის 2 ნოემბრის ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ მიშამ გაუსწრო ყველას, თუმცა მცირე უპირატესობით, ჟვანია დეპრესიაში ჩავარდა. ამის მერე ზურა შეეცადა, ეგზიტპოლის შედეგები არ გამოცხადებულიყო.

რატომ?

იმიტომ, რომ მეხუთე ადგილზე იყო. ზურა და ჩვენ ერთად ვმუშაობდით, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო. ჩვენი მოლოდინი, რომ „დემოკრატებს“ უნდა მოეგოთ, არ გამართლდა და აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე ადგილზეა. ამ დროს მე დილემის წინაშე ვდგავარ, ზურამ დამირეკა და მთხოვა, - არ გამოაქვეყნო შედეგებიო. ვუთხარი, - ზურა, უკაცრავად, მაგრამ მამაზეციერმა რომ მთხოვოს, მე ამის გამკეთებელი არა ვარ, მთელი საქართველო ბოლო 5 წლის განმავლობაში მიეჩვია ეგზიტპოლს და ელოდება, რომ „რუსთავი 2“ იტყვის შედეგებს-თქო. ანუ, მე შედეგებს ვაქვეყნებ!

გავიხსენოთ, რომ 2003 წლის განმავლობაში მიდის ომი საარჩევნო სიებით. სინამდვილეში მოხდა ის, რომ მიშა შეეკრა ჯორბენაძეს და ერთად უკვე თბილისის რაიონებში ავიწროვებენ ბურჯანაძე-დემოკრატებს. ყველაზე მეტად, სიები თბილისში აირია, სადაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჟვანიას ჰქონდა. ზურა ბოლომდე მტყუანი კი არ იყო ჩემთან, როდესაც მეუბნებოდა, - ეგზიტპოლის შედეგები ბოლომდე სინამდვილეს არ გამოხატავსო. ანუ, სიტუაცია არის ასეთი: ერთი მხრივ არიან „დემოკრატები“, რომელიც აგებს, თუმცა არცთუ ისე დრამატულად, იმიტომ, რომ წარუმატებელი კამპანია აწარმოა; აგებს კიდევ იმიტომ, რომ მთელი თბილისი რიგებად გადაიქცა, იმიტომ, რომ ხალხი სიებში თავს ვერ პოულობს. იქ, სადაც აპრიორი მათ უნდა მოეგოთ - ვერა, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, მთაწმინდა და მთელი ეს უბნები, გაყალბებული და არეულია, მკვდარი სულები ჩაყრილი, უბნები გამქრალი... ამას აკეთებს ხელისუფლება. გააყალბა ხელისუფლებამ, ჯორბენაძემ და კამპანიამ, ზესაშვილმა.

რით ასაბუთებთ, რომ სააკაშვილი გაურიგდა ჯორბენაძეს?

ავთო ჯორბენაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვები, რომლებიც ვერ იტანენ ზურას, გაურიგდნენ მიშას - ადამიანს, რომელიც ადვილი „გადასაგდებია“. მიშა მათთვის არავინ არაა, გუშინ გააკეთა პარტია და ყოველთვის მოახერხებენ მის განეიტრალებას. ვინ იყო მიშა? ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისში მეორე ადგილზე გასული ექსცენტრული პოლიტიკოსი. ავთო ჯორბენაძეს რევოლუციის შემდეგ საერთოდ არაფერი შეხებია ისე წავიდა, რატომ? ავთო ვინმემ დაიბარა? ან ფული წაართვეს, ან ბიზნესი? მოკლედ, წარსული დამსახურება დაუფასეს. ანუ, ერთი მხრივ, ზურას გაუყალბეს თბილისი, რის გამოც დაკარგა, პირობითად ვთქვათ, 4-5 %25. მაგრამ რადგან ზურას თავისი არხები აქვს  შევარდნაძესთან, ის თამაშს ბოლომდე არ ეთიშება. ნიკოლო ემ-ის ეგზიტპოლით, რომელიც ჩვენი ეგზიტპოლის საპირწონედ დადეს, ზურა მეორე ადგილზე გადის. მას უნდა, რომ ეს შედეგი გამოქვეყნდეს. ნანა დევდარიანი, რომელთანაც ზურას ამ დროს კონტაქტი აქვს, ქუთაისში ორ უბანს ღამის 12 საათამდე არ ხურავს და ამ არგუმენტით ითხოვს ეგზიტპოლის არგამოქვეყნებას.

მიშამ კი იცის, რომ ეგზიტპოლი მის სასარგებლოდაა, მაგრამ არ იცის, მე რას ვიზამ. ამიტომ აგზავნის ბოკერიას ჩემთან, რომელიც მოდის და მეკითხება, - რას აპირებო. მე ვუთხარი, - გიგა, მოვა შედეგი და ვდებ, თან ვიცი, რომ მგონი, მიშა იგებს-მეთქი. მიყურებს გახარებული. როცა მოდის შედეგები, ეგრევე, ჩემი ოთახიდან ურეკავს მიშას და ეუბნება, - ეროსი აქვეყნებს ამ შედეგებსო.

ამ ეგზიტპოლით, მიშა გადის პირველ ადგილზე, გარბის ქუჩაში და გახარებული იწყებს ყვირილს, - მოვიგე, მოვიგეო! 2 და 3 ნოემბერს ზურა ეთიშება მოვლენებს, იბუტება, გაბრაზებულია, ჩაკეტილია ვაშლიჯვარში. მისი გარემოცვა დაბნეულია.

თქვენ რა ინტერესები გამოძრავებთ ამ დროს?

შევარდნაძემ და მისმა გარემოცვამ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 2000-დან 2003-ის ჩათვლით, დამანახეს, რომ მომავალი პრეზიდენტის არჩევნებამდე „რუსთავი 2“ არ უნდა მივიდეს და ეს გადაწყვეტილი აქვთ.

ნოემბრის ამბების შემდეგ, სიტუაცია ასეთია: მოქ. კავშირის თითქმის 100%25 ბადრი პატარკაციშვილისაა, „მემარჯვენეების“ „აქციების“ 100%25-ის მფლობელიც ბადრია, ასლან აბაშიძესთან მისვლა-მოსვლა აქვს გაჩაღებული, ასლანი ივაჭრებს, მაგრამ შორს ვერ წავა. ამას დაუმატეთ ნათელაშვილი, სადაც ყოველი მეორე ნაყიდი ჰყავს ბადრის და „დემოკრატებსაც“ მეტ-ნაკლებად აკონტროლებს, 75 მაჟორიტარიდან, 50 კაცი, ეგრეთ წოდებული, „ფულის ტომრებიც“ მისია.

ესე იგი, ბადრი იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ვაჟა ლორთქიფანიძე ფეხის წვერებზე დგას, ის პარლამენტის თავმჯდომარე ხდება, გამყრელიძე - პრემიერ-მინისტრი. შევარდნაძეს, რუსული სქემით, 6 თვეში გადააყენებენ. ბადრი, რომელმაც იყიდა „Georgian Glass and Mineral Water“-ის აქციები და შევარდნაძის ოჯახს ნაღდი ფული გადაუხადა, უკვე შევარდნაძის გარანტორი გახდა. 6 თვის მერე, ინიშნება ახალი არჩევნები და... პრეზიდენტი ხდება ბადრი. ბადრის ნათქვამი აქვს, - რუსეთში ჩვენ სხვა მოვიყვანეთ პრეზიდენტად, ვფიქრობდით, კომპრომატებით გავაკონტროლებდით და შევცდითო. ახლა კი თვითონ მოდის ლამაზი, ფუმფულა ულვაშებიანი ფილანტროპი და არა მიზანტროპი, ხალხის და ბავშვების მოყვარული და იბარებს ქვეყანას. ნახეთ, 2003 წლის სექტემბერში „იმედ-ქალაქის“ დაფუძნებაზე წარმოთქმული მისი სიტყვა. ეს იყო საპრეზიდენტო გამოსვლა, და შევარდნაძეც კი, რომელიც ეტყობა იმ მომენტში გონზე იყო, მიხვდა და გაღიზიანდა.

დავუბრუნდეთ წინა კითხვას - თქვენ რის გაკეთებას ცდილობთ?

ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩემზე გადატყდებოდა. ანუ, ბადრი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მე მემუქრება განადგურება, ფიზიკური, სატელევიზიო თუ ეკონომიკური, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, „რუსთავი 2“ უნდა გაქრეს. მე ვიცავ თავს და მაქვს მხოლოდ ერთი ამოცანა - თავი უნდა გადავირჩინო. და თავის გადასარჩენად არც ერთ ინსტრუმენტს არ ვუშვებ ხელიდან და ვცდილობ, ეს კონფიგურაცია რამენაირად დავაზიანო.

ვხედავ, რომ სააკაშვილი „დაქოქოლია“, ზურა კი გათიშულია და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ბოლოს რომ ველაპარაკე, ღამის 11 საათზე, გაბრაზებულ ზურას, იმის მერე არ რეკავს, არც მე ვურეკავ. ყველანი დაღლილები ვართ, იყო ყუთების გატაცება, ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, დამტვრეული კამერები... და სულს ვითქვამთ, მაგრამ მეორე მხრივ, სულის მოთქმის დრო არ არის. მიშას მიტინგზე ცოტა ხალხია, ძალა არ იგრძნობა, იმიტომ, რომ თბილისის ცენტრია გაყურსული. რა არის თბილისის დაქოქვის მექანიზმი? ის, ვისაც ისინი მართლა უჭერენ მხარს, ესაა ჟვანია და ბურჯანაძე. ზურა არ ინძრევა. მინდა ზურა დავქოქო და შევუერთო ამათ. სხვანაირად თბილისში არაფერი გამოვა.

მაგრამ ჩემი მარტო მისვლა მასთან შეიძლება არ იყოს საკმარისი. ზურას ნერვები უნდა მოვუშალო. როგორ? უნდა წავიყვანო ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს მოცემულ მომენტში. ეს მასზე ზემოქმედების გარკვეული ფსიქოლოგიური მცდელობაა. ჩემი და მისი რაციონალური დიალოგი, ვიცი, რომ არ იქნება საკმარისი. როცა მიმყავს ადამიანი, რომელზეც ზურას ბურძგლავს, გამოფხიზლდება. მოკლედ, წავიყვანე ბოკერია...

რატომ ჰქონდა ჟვანიას ბოკერიასადმი ასეთი დამოკიდებულება?

არ ვიცი, წარსულშია რაღაც.

ბოკერია „რუსთავი 2“-იდან გავუშვი 97 წელს, იმიტომ, რომ მისი ამბიცია და შესაძლებლობები განსხვავდება ერთმანეთისგან. ის ძალიან დიდი ამბიციების მქონე ადამიანია და შეიძლება, ესეც ყოფილიყო მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ იტანდა ზურა მას. პრინციპში, ზურა პირველად მაშინ გაბრაზდა, როდესაც „თავისუფლების ინსტიტუტმა“ საქართველოში რამდენიმე თვის წინ მის მიერ ჩამოყვანილი სააკაშვილი „წლის საუკეთესო პოლიტიკოსად“ აღიარა. მაშინ მიხვდა, რომ ამ ხალხმა სხვა ბანაკში დაიწყო გადარბენა...

სააკაშვილი თანახმაა ჟვანიასთან და ბურჯანაძესთან გაერთიანებაზე?

რა თქმა უნდა. რა გგონიათ, მიშამ არ იცის თავისი შესაძლებლობები? მოკლედ, ზურასთან მივდივართ მე და გიგა ბოკერია. იმდენი მანქანა დგას ვაშლიჯვრის ოფისთან, რომ სკასავითაა იქაურობა. ძლივს შევეტენეთ. რომ ავედით ზემოთ, პირველი, რაც გავაკეთე, ფანჯრიდან გადავახედე და ვუთხარი: ნახე, რამდენი მანქანა დგას შენს ფანჯარასთან, ახლა თუ არ ადგები და არ წამოხვალ სააკაშვილთან და არ გაერთიანდებით, ამ ტალღას ჩამორჩები, ცოტა ხანში ეს მანქანები განახევრდება და 2 კვირის თავზე შეიძლება აქ მარტო შენი მანქანაღა იდგეს-მეთქი.

მეორე დილით მირეკავს ირაკლი ჩუბინიშვილი და მეუბნება, - შენ რომ წახვედი, წავიდა, დაიძინა, რამდენიმე საათი ეძინა, დაბრუნდა, შეკრიბა ხალხი და უთხრა, - აბა, ვიქოქებითო! და დაიძრნენ ფილარმონიისაკენ, სადაც პირველი ყრილობა გაიმართა... ამან დაძრა ცენტრი, ამან დაძრა ქალაქი. ჟვანია და სააკაშვილი გაერთიანდნენ და დაიწყეს შეტევა. მაგრამ შეტევა მაინც არ იყო საკმარისი.

მე მინდა, რომ ამ არჩევნებში ან წააგოს შევარდნაძის გუნდმა ან დასუსტდეს. ჟვანიას უნდა პოზიციების და ლიდერობის დაბრუნება.

ამ მომენტში უკვე ცხადია, რომ სააკაშვილი ლიდერია?

ფაქტობრივად, მიშა პრეზიდენტი გახდა 23-ში, როცა ვარდებით შევარდა პარლამენტში და შევარდნაძე გააქცია. მანამდე, მიშა საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო და არა რევოლუციის.

ერთადერთი, ვინც ყველა გზა ჩავიხერგეთ და უკან დასაბრუნებელი აღარ დავიტოვეთ, ჩვენ ვიყავით. ესენი ყველანი პარლამენტში შედიოდნენ, შარდი ჰქონდათ ჩაბარებული, რაც პარლამენტარის უფლებამოსილების ცნობისათვის სავალდებულო პროცედურაა. თუ ეს პროცესები ცუდად დამთავრდებოდა, ჩვენ ყველაფერს ვკარგავდით. დანარჩენებს ყველა შემთხვევაში დატოვებული ჰქონდათ ალტერნატიული გასასვლელ-გამოსასვლელები.

როცა 22-ში ზღვა ხალხი შეგროვდა, ზურა ამბობდა, - სამი დღე კანცელარია გვქონდეს ალყაში და შევარდნაძე სამი დღე რომ ვერ შევა, გადადგებაო. ზურას მოთხოვნა იყო, პარლამენტისკენ არ წავსულიყავით. ჩვენ კი „დავხაოდით“ ზურას და მიშას, - დროზე გადით პარლამენტისკენ-თქო. ესენი ვერ ხედავდნენ სიტუაციას, თვითონ მიტინგის შუაგულში არიან. ჩვენ კიდევ სტუდიაში რვა კამერა გვაქვს ჩართული, რვა სხვადასხვა სიგნალი მოგვდის და ვიცით, სად რა ხდება. პარლამენტის სიგნალი ცალკე მაქვს, ასლან აბაშიძის მიტინგის - ცალკე, კანცელარიის - ცალკე. მოკლედ, ვიცი რა ხდება, იქ მიტინგზე მობილურებიც აღარ მუშაობს და კომუნიკაცია ამათ ერთმანეთში აღარ აქვთ.

ამ მომენტში მიშა იღებს, კარგი გაგებით, თავხედურ გადაწყვეტილებას და მიდის „ნა პრალომ“, ნინოც მიჰყვება, მაგრამ ქუსლებიანი ფეხსაცმელი აცვია და ჩიტაძეზე ჩამორჩება კოლონას. მიშა ძერჟინსკის ქუჩიდან ჩამოდის და მგონი, უკანა შესასვლელიდან შედის.

როდის მიხვდით, რომ უკვე რევოლუცია ხდება და ეს აღარ არის დაუმორჩილებლობის აქცია ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით?

21 ნოემბრის საღამოს, როცა ქალაქში „გველეშაპის ჩირაღდანი“ - მანქანების განათებული კოლონა შემოვიდა. მიშამ ვითომ თბილისზე მარშის გაკეთება გადაწყვიტა. ეს მარში კი ისეთივე ქაოსური გამოვიდა, როგორიც თვითონ არის - დაუმთავრებელი და გაურკვეველი. წალენჯიხიდან რომ დაიძრა, ჩვენ ამას ვაჩვენებთ უწყვეტ რეჟიმში. სულ მიშაა ტელევიზორში და ხალხი ხედავს, რომ რაღაც ხდება. რეალურად კი, მიშას არავინ მოჰყვებოდა. გორიდან რომ გამოვიდა, სულ 30 მსუბუქი მანქანა, 3-4 მიკროავტობუსი და 2 იკარუსი მოსდევდა...

300-400 კაცი მოდის რეალურად გორიდან. თბილისის შემოსასვლელთან, როცა ნატახტარს გამოსცდნენ, საღამო ხანია, კვირაა, საცობია, საპროტესტო კოლონამ მოძრაობა ჩაკეტა და გაჩნდა უსასრულო ჯაჭვი. წინა მანქანები ნელა მოდიან, უკავიათ ყველა ხაზი და დანარჩენებიც, იძულების წესით, მოჰყვებიან და ჩანს მანქანების უშველებელი კოლონა. ამ დროს ჩვენი ოპერატორი ადის ჯვარზე და იღებს ამ კადრს. საღამოს 6 საათია, ქარია და მიკროფონებშიც საშინელი ხმაური ისმის. 6-საათიან კურიერში, პირდაპირ ეთერში შევაგდეთ სააკაშვილის, არა, სააკაშვილის კი არა, რევოლუციის კოლონა.

ამ კადრების შემდეგ თბილისი ამბობს, - მთელი საქართველო ჩამოვიდა და ჩვენ სახლში ვსხედვართო. დიღომი გამოდის ქუჩაში, მიდის პიპინი, ყველა უერთდება. მეორე დილით მართლა დაიძრა მთელი თბილისი და ჩამოვიდა მთელი პროვინცია.

მთელი ამ დროის განმავლობაში არის ხელისუფლების მხრიდან ჩემი მოსყიდვის მცდელობა, ღამეული შეხვედრები, ფულის შემოთავაზება, რომ „რუსთავი 2“ გაჩერდეს.

ეს პატარკაციშვილის ფულია?

კი, ბადრის ყველა კალათში აქვს ჩალაგებული კვერცხები - ჟვანიაც, გამყრელიძეც, ისიც, ესეც, საბოლოოდ, თვითონ ხდება ყველაფრის პატრონი...

პატარკაციშვილის და ჟვანიას ალიანსის თემა ბუნდოვანია ...

2002 წელს, როცა ჟვანიამ წააგო არჩევნები, მიდიოდა იელის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, ჩალაგებული ჰქონდა ჩემოდნები. ამ დროს მოდის ჩემთან ბადრი და მეუბნება, - შენ გაქვს ტელევიზია, მე - ფული. მოდი, გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები და ეს ქვეყანა ავიღოთო. მე და ჩემმა პარტნიორმა დვალმა ამის პასუხად შევთავაზეთ, რომ თუ ის მიეხმარებოდა ჟვანიას გამხდარიყო პრეზიდენტი, ჩვენ მზად ვიყავით, 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „რუსთავი 2“ წინასწარ შეთანხმებულ ფასად დაგვეთმო მისთვის.

მოკლედ, ჩვენ ვამბობთ, - ზურას თუ გახდიან პრეზიდენტად, ლიბერალი პრეზიდენტი გვეყოლება, ლიბერალური ქვეყანა გვექნება და ჩვენც ბიზნესს მშვიდად გავაკეთებთო. რაც მოხდა კიდეც რეალურად, მაგრამ ზურა კი არა, მიშა გახდა პრეზიდენტი. ბადრი გვეთანხმება, ზურაც თანახმაა და ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელსაც ჰქვია „დემოკრატები. თუ გახსოვთ, 2003-ის დასაწყისში, ჟვანიამ გამოაცხადა თავი საპრეზიდენტო კანდიდატად. „დემოკრატთა პირველ ყრილობაზე ითქვა, რომ ზურა უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი. მთელი ამ დროის განმავლობაში ზურას საარჩევნო კამპანიას მთლიანად აფინანსებს ბადრი პატარკაციშვილი.

პატარკაციშვილმა რა როლი ითამაშა პოსტრევოლუციურ საქართველოში?

ის როლი, რამაც 7 ნოემბრამდე მიგვიყვანა. ბადრიმ დაიწყო მომზადება თავისი მეორე ბრძოლისთვის; წააგო ერთი და დაიწყო მეორისთვის მზადება. თითქმის მიიყვანა ბოლომდე; რომ არა მისი დიდი შეცდომა არჩევნების ბოლოს, ის ხდებოდა საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი; გარანტირებულად იღებდა ხელში ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ მივეხმარე მიშას იანვრის არჩევნებში, რომ ეს არ მომხდარიყო.

ამ მუდმივი პოლიტიკური გარიგებების ფონზე, როგორ ენდობოდით ერთმანეთს?

ჩემი ინიციატივით იმართება ამ ხუთეულის - ბურჯანაძე, სააკაშვილი, გამყრელიძე, ჟვანია, გაჩეჩილაძის შეხვედრები, რომლის ჩაშლასაც სულ ცდილობს გამყრელიძე და სააკაშვილი. გამყრელიძე ბადრის ალტერნატიული პროექტი იყო და სააკშვილს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, - ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

ჩვენ ზურას ვეხმარებოდით, მაგრამ მიშას ხარჯზე კი არა, ეს იყო პრინციპული საკითხი. მე მინდოდა, ზურა გამხდარიყო პრეზიდენტი, როგორც „ნიუ-იორკ ტაიმს“-ს უნდოდა პრეზიდენტი ობამა გამხდარიყო, მაგრამ მაკეინის წინააღმდეგ არ მუშაობდა. მე მაქვს ჩემი „ედიტორიალი“. ანუ, ზურას პრომოუშენი არ ხდებოდა სააკაშვილის, გამყრელიძის ან სულაც ნათელაშვილის ხარჯზე. არავის გაშუქება არ იჩრდილებოდა.

ხუთი წლის შემდეგ როგორ აფასებთ - იყო ეს რევოლუცია პროგრესული მოვლენა?

ეს რევოლუცია იყო ძალიან პროგრესული მოვლენა. ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ ქართველი ხალხი არ არის ბრბო, რომელსაც მართავ დირიჟორის ჯოხით.

საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით...

...რატომ?

ყველა პროცესი გარიგებების, პოლიტიკური ფიგურების მიერ იყო მართული.

რატომ იყო მართული?! ეს პროცესი იყო აბსოლუტურად უმართავი... არანაირად ჩემს თავს არ ვეწინააღმდეგები. ჩვენ ხალხთან ვმუშაობდით, მიშა შემთხვევით გახდა ამ ხალხის ლიდერი, თორემ ამ ხალხს რომ შევარდნაძე აღარ უნდოდა, ამ ხალხს რომ ქუჩაში გამოსვლა არ მონდომებოდა... სინამდვილეში ხალხმა გააკეთა ეს ყველაფერი, ხალხმა აჩვენა მაგალითი, რომელიც ამ ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს. უბრალოდ არ ვიყავით მზად, საზოგადოება გამოუცდელი იყო. ამიტომ, დღევანდელი გაკვეთილი ჩვენთვის ის არის, რომ მეორედ ასე აღარ უნდა ვიაზროვნოთ... ანუ, დამოკიდებულება, რომ ოღონდ ეს წავიდეს და მერე ვინც გინდა, ის იყოს - კატასტროფულია. უკვე ჩვენივე შეცდომებიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნები.

რევოლუცია თავისთავად ძალიან ცუდი მოვლენაა, ვარდების კი არა, ზოგადად, რევოლუცია - ამ დროს ახტები განვითარებას და გინდა, რომ ამ ნახტომების გზით მიაღწიო რაღაც შედეგს. დიდი უფსკრულია რეალობასა და სურვილს შორის. ევოლუცია ყოველთვის უფრო სასარგებლოა.

როგორც ამბობთ, ჟვანია რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, თქვენ გეძლეოდათ ლიბერალურ გარემოში ბიზნესის კეთების საშუალება. ჟვანია რომ არ გახდა პრეზიდენტი, ამით ეს შანსი დაიკარგა? სააკაშვილი ვერ შეასრულებდა იგივე ფუნქციას? მაშინ რას ფიქრობდით ამაზე?

მიშა და ლიბერალი?! 23 ნოემბერს პირველი, რასაც მივხვდით, ის იყო, რომ საქმე ცუდად გვქონდა. მიშა მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იყო ჩვენი პირველი ემოცია და რეაქცია. მაგრამ რამდენად ცუდად გვქონდა საქმე, ეს მეორე ამბავია. ადრე თუ გვიან დაპირისპირება რომ გარდაუვალი იყო, ვხვდებოდი. აქ იყო აბსოლუტური იდეოლოგიური შეუთავსებლობა. მივხვდი, რომ არ ვიყავით მზად, არც მე და არც ხალხი, რომ გაგვეპროტესტებინა ის, რაც ხდებოდა. მე კიდევ ვიცოდი, რა გველოდებოდა, სამზარეულოში ვიჯექი და ვიცოდი, ხალხმა კი არ იცოდა.

ანუ რევოლუცია მოხდა, მაგრამ თქვენ მაინც არ იყავით კმაყოფილი...

იმიტომ, რომ მიშა იყო. მეორე მხრივ, ვიყავი უფრო მშვიდად, რადგან ზურაც იყო. მიშა მარტო რომ მოსულიყო, ეს იქნებოდა კატასტროფა. მაგრამ მოვიდა ზურაც. როცა ზურამ არ დაიწყო თავისი ხალხის დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე მინისტრებად, ეს მომენტი დავიჭირე. მაშინ მივხვდი, რომ ზურამ დაიწყო თავის ხალხის შენარჩუნება იმ მომენტისათვის, როცა მართლა აიღებდა ძალაუფლებას ხელში.

როგორია ჟვანიას როლი პოსტრევოლუციურ პერიოდში? თუ თქვენს ლოგიკას გავყვებით, ეს ნიშნავს, რომ ბადრის პროექტი ჯერ კიდევ აქტიურია?

არა, ამ დროს ზურა უკვე იწყებს უფრო სერიოზულ სისტემაზე მუშაობას, მარტივად რომ ვთქვათ. ზურა მრავალწახნაგიანი იყო და ამიტომ იყო საინტერესო. მას ცალსახა შეფასებას ვერ მიუყენებდი - კარგს ან ცუდს. ზურა ურთულესი ადამიანი იყო თავისი წარსულით, თავისი ცხოვრებით. სულ ვეუბნებოდი, - რამდენი ნიღაბი გაქვს-მეთქი. რომელი ნიღაბი ეკეთა, აღარ ახსოვდა ხოლმე. ის მიხვდა, რომ ამ ეტაპზე ვერ მოიგო, მეორე მხრივ - ჰყავდა ბადრი, რომლისთვისაც უწევდა რევერანსების კეთება, აძლევდა ის ფულს თუ აღარ. ეს რევერანსია ყულევის ტერმინალის მშენებლობის ისტორია და კიდევ სხვა, თუნდაც BP-ის მიერ ბადრისთვის გადახდილი ათეულობით მილიონი დოლარი „ბორჯომის“ საკომპენსაციოდ. მეორე მხრივ, ზურას არ უნდოდა დიდი ტემპი აეკრიფა, ეს არ სჭირდებოდა, რადგან იცოდა, რომ მიშა (მიშას კარგად იცნობდა) ადრე თუ გვიან მას ხელში ჩაუვარდებოდა. ჟვანიას სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მისი უახლოესი გარემოცვიდან ერთი მეუბნებოდა, - ზურა ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მტკვარს რომ უთხრას, უკან წადი, უკან წავაო.

ზურამ დაიწყო თავის ქსელზე მუშაობა, რეალურად ძალაუფლების აღება. შეხედეთ, დღეს ვინ არის მიშას რეალური დასაყრდენი - ისევ ზურას გარემოცვა. თუ არ ჩავთვლით პირადად მასზე მიბმულ 3-4 ადამიანს, დანარჩენი სისტემები მუშაობს ზურას ხალხის ხარჯზე. ზურა ემზადება იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან ჩაანაცვლოს მიშა - ან მშვიდობიანად ან კონფლიქტით. ანუ, ზურა უკვე თავის მარშრუტს ამთავრებდა. თუმცა პირველი, რაც გააკეთა - დამიპირისპირდა მე. ამაში მისი პარტნიორები არიან მიშაც და ბადრიც.

ზურა თვლიდა, რომ მე გადამწყვეტ მომენტში მიშას მხარე დავიჭირე და როცა თვითონ გავიდოდა ფინიშის ხაზზე, ჩემი მეგობარი ვეღარ იქნებოდა.

როგორ შეიცვალა პოლიტიკური გავლენები ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ?

იმ მომენტში ჩანდა, რომ მოიგო მიშამ, მაგრამ სინამდვილეში მიშა დაიღუპა. ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს საქართველო სხვანაირი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ზურას სიკვდილით ვინ მოიგო და იმან - ვისი ჯარიც დღეს გორთან, შავშვებთან დგას. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც გადავდგით ნაბიჯები წინ ?

რა თქმა უნდა. 2003 წლის ნოემბრიდან 2005 წლამდე ჩვენ გავაკეთეთ დიდი ნახტომები. ერს გაუჩნდა ახალი ენერგია. გვქონდა ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, ინვესტიციები, გვქონდა შანსი რეგიონის ლიდერები გავმხდარიყავით.

პრობლემები იწყება ბუშის ვიზიტის შემდეგ. ბუშის ვიზიტი იყო უდიდესი ბედნიერება პატარა პროვინციული ქვეყნისთვის. საქართველოში ჩამოდის უძლიერესი ქვეყნის ლიდერი, - პოპულარული თუ არაპოპულარული, არა აქვს ამას მნიშვნელობა, - რომელმაც უზარმაზარი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. თუმცა, ამის შემდეგ, მიშას და მის გარემოცვას საერთოდ დაეკარგათ რეალობის შეგრძნება. ისინი თვლიდნენ, რომ ეს პირადად მათი მხარდაჭერაა და ყველაფრის უფლება აქვთ. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი ცუდი, რამაც აგვისტოს მოვლენებამდე მიგვიყვანა.

კონკრეტულად?

დაუსჯელობის სინდრომი, ის, რომ იდეა ამართლებს ყველანაირ საშუალებას. ეს ლიბერალური ბოლშევიზმია. ეს ფრანკენშტეინობის კლასიკური იგავია. მათ მონსტრი შექმნეს. დაიწყეს იმის კეთება, რაც არ იციან. რა უნდა ყოფილიყო ამის ალტერნატივა, არ ვიცი. მეც ვეძებ ამ კითხვაზე პასუხს...

მე წარმოვადგენდი ჩემს თავს და ტელევიზიას, მიშა იყო ლიდერი, რომელმაც გაიმარჯვა, ზურა - ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი და ნინო, რომელმაც გარკვეული მუხტი და ლეგიტიმაცია მისცა ამ რევოლუციას. ანუ ყველამ ჩვენ-ჩვენი წილი ვითამაშეთ. ვის რამდენი წილი ეკუთვნოდა ამ ოთხეულში? პირობითად ვთქვათ, 25%25-25%25. შემდეგ რა ხდება - პირველი, ზურა და მიშა რასაც აკეთებენ, რიგდებან, კონსტიტუციას ცვლიან და ამით ნინოს გავლენას ამცირებენ, არა როგორც პარლამენტის გავლენას, არამედ პერსონალურად ნინოს გავლენას; ანუ, ნინოს ართმევენ მისი ხმების დიდ ნაწილს. ეს პროცენტები სამივეზე კი არ გადანაწილდა, პირდაპირ მიშასთან მივიდა. მე რომ გავედი თამაშიდან, ის ჩემი წილიც მიშასი გახდა. შემდეგ ზურა გარდაიცვალა და მისი წილიც მიშასთან მიდის. მიშას დარჩა 95%25, ნინო-ს - 5%25. ასე გახდა მიშა რევოლუციის უზურპატორი.

რევოლუცია ევოლუციის სანაცვლოდ

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

ვინ იყავით ის ადამიანები, ვინც ეს რევოლუცია მოახდინეთ. ვინ რა როლს თამაშობდით?

რევოლუციური მოძრაობა დაიწყო სპონტანურად, გამომდინარე არჩევნების შედეგებიდან. ჩვენი ამოცანა იყო საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნა, ამ შედეგების გადახედვა და არა რევოლუცია და პრეზიდენტის გადაყენება. თავდაპირველად ჩემი და ჟვანიას მოთხოვნა, სხვათა შორის - სააკაშვილისაც, იყო არჩევნები. როდესაც პრეზიდენტ შევარდნაძესთან კრწანისში მივედით, 20 წუთის განმავლობაში ვცდილობდით, დაგვერწმუნებინა ის, რომ დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები. 20 წუთის განმავლობაში ვუმტკიცებდით მას, რომ საპარლამენტო არჩევნები განმუხტავდა სიტუაციას. მე არ ვიყავი რევოლუციის მომხრე და წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში სულ ვამბობდი, რომ გვჭირდება რევოლუციური რეფორმები, მაგრამ - რევოლუციის გარეშე.

რევოლუციას ყოველთვის ახლავს ის ნეგატიური მოვლენები, რისი მოწმენიც გავხდით - რევოლუციური გუნდი, მმართველობის რევოლუციური სტილი, რევოლუციური გადაწყვეტილებები, რევოლუციური რეფორმები, რაც ანგრევს ბევრ დასანგრევ რამეს, მაგრამ ნგრევის პროცესი უფრო მტკივნეულია, ვიდრე მაშინ, როცა ქვეყანა ევოლუციურად გადადის ერთი ეტაპიდან მეორეზე.

ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა 2003 წელს დავუშვი, როდესაც მიუხედავად ძალიან მაღალი რეიტინგისა და დიდი მხარდაჭერისა, რომელიც მაშინ მქონდა, შეიძლება - ყველაზე მაღალი რეიტინგიც კი, გადავწყვიტე, არ შემექმნა პოლიტიკური პარტია და მემოქმედა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად.

მე ვიფიქრე, იქნებ ამდენი პოლიტიკური პარტიიდან საუკუთესო რესურსი შეკრებილიყო, გაერთიანებულიყო პოლიტიკური სპექტრი, ერთმანეთთან  კი არ გვეკინკლავა, არამედ ერთიანად დავპირისპირებოდით ხელისუფლებას. ასეთ შემთხვევაში, ერთიან ოპოზიციას ხელისუფლება ვერ გაუყალბებდა არჩევნებს. გარწმუნებთ, რევოლუციას თავიდან ავიცილებდით, მოხდებოდა მშვიდობიანი, სერიოზული, რადიკალური ცვლილება პარლამენტში და შესაძლებელი იქნებოდა რადიკალური რეფორმების გატარება. სამწუხაროდ, ჩემი ეს მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.

ეს არ უნდოდა არც სააკაშვილს, არც ჟვანიას, არავის?

არა, ჟვანიას და მე ამის მცდელობა გვქონდა, ჩვენ მაშინ ერთი ბლოკი ვიყავით და შეთანხმებულად ვმოქმედებდით, მაგრამ დანარჩენები ამისთვის მზად არ იყვნენ. თუმცა, ჩვენ ნაწილობრივ შევძელით და გარკვეული თავდაუსხმელობის პაქტი გავაფორმეთ, რომ ოპოზიციას მაინცდამაინც ერთმანეთის კრიტიკაში არ დაეხარჯა ენერგია.

სამწუხაროდ, ეს უკვე შემდგომი ფაქტებია, რომ ჩემი ეს კეთილშობილური გადაწყვეტილება ყველა ჩემმა პოლიტიკურმა პარტნიორმა მერე ჩემსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რადგან რეალურად აღმოვჩნდი გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, რამაც განაპირობა ჩემი სუსტი პოზიციები იგივე პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.

ქალბატონო ნინო, თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით გვიამბეთ ზურაბ ჟვანიას როლზე. არსებობს მოსაზრება, რომ ჟვანიას რევოლუციური ტალღის აგორებაში არც ისე დიდი წვლილი აქვს; რომ ეს მეტწილად სააკაშვილის და თავისუფლების ინსტიტუტის სტრატეგიის ნაწილი იყო და არა ზურაბ ჟვანიასი და ნინო ბურჯანაძის; რომ თქვენც და ჟვანიასაც, გარკვეულწილად, შევარდნაძის ხელისუფლების ევოლუციურ მომავალად მიგიჩნევდნენ.

ამაზე ლაპარაკი სასაცილოა. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების დროს პარლამენტის წინ გამოსული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ბურჯანაძე-დემოკრატების მხარდასაჭერად იყო მოსული.

რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავამცირო ნაციონალური მოძრაობის როლი ამ რევოლუციაში, იმიტომ, რომ მათ მართლაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს, პირადად სააკაშვილის წვლილიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ისიც არავის დავიწყებია, არჩევნების ღამეს ნაციონალები დროშებით რომ დარბოდნენ, - არჩევნები მოვიგეთ და კარგი არჩევნები ჩატარდაო. თუკი იტყვიან, - ბურჯანაძეს და ჟვანიას არავითარი როლი არ ჰქონდათო, - ჩვენც გაგვახსენდება სხვა რაღაცები. ამიტომ, ჯობს, ობიექტურები ვიყოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ - ნაციონალურ მოძრაობას ამ რევოლუციაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა, ვგულისხმობ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა არასოდეს არ არსებობდა. ეს არის სააკაშვილი და ის ადამიანები, ვინც მისი სახელით სარგებლობენ. ეს არასოდეს ყოფილა სერიოზული პოლიტიკური პარტია, არამედ - ერთ ადამიანზე და ერთ ლიდერზე ორიენტირებული, რომელსაც მართლა სერიოზული და ქარიზმული ლიდერი ჰყავდა. ისიც კარგად ვიცი, რომ ნაციონალური მოძრაობის, ასეთი რადიკალური ძალის ხელისუფლებაში მოსვლას ძალიან ბევრი ადამიანი ცოტა სიფრთხილით შეხვდა. მაგრამ შევარდნაძე ვერა და ვერ მიხვდა, რომ არჩევნები უნდა დაენიშნა; ახლა, მენტორული ტონით ყველას  რომ გვარიგებს ჭკუას კრწანისიდან, თუ რამე არ მოსწონს, ძალიან დიდი წვლილია მისი პირადი იმაში, რაც მოხდა - ქვეყანა რევოლუციამდე რომ მივიდა და რადიკალურმა ფრთამ რომ გაიმარჯვა და არა უფრო ევოლუციურმა. გარწმუნებთ, ბურჯანაძე-დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბალანსებულად მაინც რომ მოსულიყო, და ნაციონალურ მოძრაობას, ანუ რევოლუციას, არ წაეღო ძირითადი ძალა, ქვეყანაში ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელდებოდა, ოღონდ - უფრო ნაკლებად მტკივნეულად.

რატომ არ დაგთანხმდათ შევარდნაძე მაშინ არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?

ბოლო პერიოდის განმავლობაში, შევარდნაძე გარკვეული გარემოცვის ტყვეობაში იყო მოქცეული... რევოლუციის პერიოდში, რამდენჯერმე მქონდა მასთან ტელეფონით დაკავშირების მცდელობა. არ მახსოვს, ადრე მასთან დამერეკოს და პრეზიდენტს, თუ მაშინვე არ აიღებდა ყურმილს, უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ზარითვე არ ეპასუხოს. რევოლუციის დროს მან უბრალოდ არ უპასუხა ჩემს ზარს. არადა, სწორედ საფრთხესთან დაკავშირებით მსურდა მასთან საუბარი. ის მთლიანად თავისი გარემოცვის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. არასოდეს დამავიწყდება, როდესაც კრწანისში მასთან მივედით და ვუთხარით, - პარლამენტის წინ 50 ათასი ადამიანია შეკრებილი, და რომ მივბრუნდებით, ამ ხალხს რაღაც უნდა ვუთხრათ-თქო. ამაზე ასეთი პასუხი მივიღეთ: არავითარი 50 ათასი კაცი იქ არ არის, თქვენ იგონებთ, 3000 კაციაო.

ისტორია მეორდება ხოლმე. ჩვენი ხელისუფლება ლამის იგივეს მიმეორებდა 2007 წლის მოვლენების დროს. ფანჯრიდან მე ვიხედებოდი, არადა მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, თითქოს მიტინგზე იმაზე ათჯერ ნაკლები ადამიანი იყო, ვიდრე სინამდვილეში.

დღეს ჩვენი პრეზიდენტიც, რომელზეც ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ გარემოცვის ტყვე აღმოჩნდებოდა, ისევეა რაღაც ილუზორული რეალობის ტყვე, როგორც შევარდნაძე იყო მაშინ. არ შეიძლება რეალობას მოსწყდე და მარტო იმას ხედავდე და ისმენდე, რაც გინდა რომ მოისმინო.

-ნო ნინო, ამ ყველაფერზე პრეზიდენტთან თუ გქონდათ ხოლმე დისკუსიები პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში?

ყოველთვის! არსებობს 2 ბლოკნოტი, რომელსაც ოდესმე გამოვაქვეყნებ, როცა მემუარებს დავწერ. ორი იმიტომ, რომ ერთი საგანგებო ბლოკნოტი მქონდა პრეზიდენტისათვის, როცა მასთან მივდიოდი შეხვედრაზე ან რამე უნდა მეთქვა, და არავითარ შემთხვევაში, არა თუ არ უნდა დამვიწყებოდა, არამედ უნდა გამეკონტროლებინა კიდეც, რამე რეაქცია მოჰყვა თუ არა. ყოველთვის თან დამქონდა ის ბლოკნოტი. ეს ერთი ბლოკნოტი შეივსო და გადავედი მეორეზე, რომელიც შუამდეა მისული. ეს ბლოკნოტები არსებობს. ახლა არ ვაპირებ მათ გამოქვეყნებას, მაგრამ როდესმე, მემუარების დაწერის დროს...

რატომ ახლა არა? თითქოს სწორედ ახლაა გადამწყვეტი ბრძოლა თქვენთვის

ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. პოლიტიკა მაშინ არის ბინძური, როდესაც მასში ბინძური ადამიანები არიან და ბინძურ მეთოდებს იყენებენ. მე არასოდეს ვიყენებდი ამ მეთოდებს. პოლიტიკაში ხარ თუ სხვაგან, ადამიანმა შენ თავსაც უნდა სცე პატივი, შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც, იმ თანამდებობასაც, რომელიც გეკავა. არის უამრავი რამ, რისი თქმაც არ შეიძლება. არ შეიძლება, ქვეყანაში იყოს პრეცედენტი, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი მიდის და მოაღებს პირს და ბევრს ლაპარაკობს. ამ რაღაცეების თქმით, შეიძლება მე ერთჯერადად ან მოკლევადიანად ქულები ჩავიწერო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბევრად უფრო მეტს დავკარგავ და, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის არ იქნება სწორი და კარგი.

თუმცა, ქალბატონო ნინო, ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი, თქვენზეც ხომ გადმოვიდა? და იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ ან არ გინდათ, რაღაცები თქვათ, ეს ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება.

ეს ჩემთვის ტვირთიც არის და პატივიც. რადგან ამას ამბობენ ადამიანები, ვინც ბურჯანაძისგან ელოდა და ელის მეტს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რატომ ვერ შეძლო ბურჯანაძემ მეტი? მინდა გულწრფელი ვიყო და გაგახსენოთ ის ვითარება, რომელშიც ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა რევოლუციის შემდეგ, გაგახსენოთ ის პერიოდი, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებები განიხილებოდა პარლამენტში. მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი კონსტიტუციური ცვლილებებისა იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა წარმოდგენილი. გუნდში ვიკამათე, ვთქვი, რომ ამას მხარს არ დავუჭერდი, ღიად გამოვედი განცხადებით, რომ პარლამენტი სუსტდება.

როდესაც საქმე წავიდა იქით, რომ შევარდნაძე გადადგა, ადამიანების მოთხოვნა იყო - არ დაიშალოთ, ერთმანეთს არ დაუპირისპირდეთ, შეინარჩუნეთ ერთიანობა, მიეხმარეთ ერთმანეთს. მე არ მქონდა მორალური უფლება და ხალხიც ვერ გაიგებდა, რომ 2004 წლის მარტში მეთქვა, - იცით რა, ეს კონსტიტუციური ცვლილებები ქვეყანას ანგრევს და მე მივდივარ.

შემდგომ ეტაპზე, კვლავ ჩემი ბრძოლის იგნორირება მოხდა. ვცდილობდი, პარლამენტში მოსულიყო მეტი არარევოლუციური ტიპი. მესმის ადამიანების დამსახურება რევოლუციის დროს, მაგრამ მათი დასაქმების უამრავი შესაძლებლობაა აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. პარლამენტი საკანონმდებლო სტრუქტურა, სადაც ვერ დანიშნავ და ვერ მოხსნი, ამიტომ, იქ უფრო გაწონასწორებული და გამოცდილი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. გაიხსენეთ, რა იწერებოდა მაშინ - ბურჯანაძე მამამისის, თავისი ქმრის, თავისი მეგობრების ჩაწერას ცდილობს სიაში და ამიტომ გაბრაზდაო. იმ ხალხიდან რომელი აღმოჩნდა ჩემი ახლობელი? ყველა მათგანმა დაადასტურა პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემდამი ერთგულებაც დაადასტურეს, მაგრამ ამ პრინციპით ეს ხალხი არც შემირჩევია.

მაშინ, როდესაც ვიბრძოდი კონსტიტუციისთვის, სხვა ტიპის ადამიანებისთვის პარლამენტში, რეალურად მარტო აღმოვჩნდი. ბუნებრივია, ჩემი ხმა გაცილებით სუსტი იყო, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ხმა იყო. მას არ უმაგრებდა ზურგს პარლამენტის რაღაც ნაწილი მაინც. როგორ ფიქრობთ, როდის უფრო მეტი წონა ექნებოდა ბურჯანაძის სიტყვას - როცა ის იტყოდა, „მე ამას არ ვეთანხმები, რადგან არასწორია , თუ მაშინ, თუ ის იტყოდა, - „ამას არ ვეთანხმები და თუ არ იქნება კორექტივები შეტანილი, მე უზრუნველვყოფ, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს. მე რომ მყოლოდა პარლამენტში 20-25 კაცი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ჩააგდებდა, იძულებული გახდებოდნენ, ანგარიში გაეწიათ.

პირველად მაშინ ხომ არ აღმოაჩინეთ, რომ ზურაბ ჟვანია აღარ არის თქვენს გვერდით და რომ მარტო აღმოჩნდით? მანამდე იყო სამი გამოკვეთილი ლიდერი - ბურჯანაძე, ჟვანია და სააკაშვილი. ამ სამ ადამიანს ჰქონდა ხალხის ნდობა და მათ შორის გადანაწილებული იყო პასუხისმგებლობაცა და ძალაუფლებაც. როგორ აღმოჩნდით ცალ-ცალკე, როგორ გახდა მიხეილ სააკაშვილი ლიდერი?

როდესაც ჩვენ 23 ნოემბერს ღამით შევიკრიბეთ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტობაზე და მხარს დავუჭერდი მიხეილ სააკაშვილს. ზურაბ ჟვანია უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო პარლამენტთან დაკავშირებით არსებობდა შეთანხმება, რომ მისი დაკომპლექტება მოხდებოდა იმ პრინციპებით, რა პრინციპებითაც საჭიროდ ჩათვლიდა ბურჯანაძე. შესაბამისად, პარლამენტს მთლიანად დააკომპლექტებდა ბურჯანაძე. მე, რა თქმა უნდა, მაშინვე ვთქვი, - ეს უნდა მოხდეს სამივეს შეთანხმებით და უნდა ვეცადოთ, რომ სამივემ წარმოვადგინოთ საუკეთესო კანდიდატურები. ამ საუკეთესოთა შორისაც ამოვარჩიოთ და თუ დავინახავ, რომ თქვენი უკეთესია, აღარ დავიჟინებ ჩემს კანდიდატურას-თქო. როგორი გულუბრყვილო ვიყავი, წარმოიდგინეთ. შეთანხმება იყო ასეთი.

ამ შეთანხმებას ესწრებოდა ეროსი კიწმარიშვილი, როგორც დამოუკიდებელი ტელეარხის მფლობელი. მან თქვა, - მე ვესწრები ამ შეთანხმებას და, როგორც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელი, ჩემს თავზე ვიღებ ფუნქიას, რომ თუ რომელიმე თქვენგანი ბალანსის დაცვის და ურთიერთმხარდაჭერის შეთანხმებას დაარღვევს, ამას საჯაროს გავხდი და დარტყმის ობიექტი აღმოჩნდება ის, ვინც პირველი გატეხს სიტყვას. მოხდა ის, რაც მოხდა.

როდის დაიწყო პრობლემები?

ინაუგურაციის მერე. ინაუგურაციამდე ყველანი სხვანაირები არიან ხოლმე... ორჯერ ვნახე ეს უკვე. ინაუგურაციამდე და ინაუგურაციის შემდეგ ადამიანები... არა, მარტო ერთეულები. დაირღვა შეთანხმება, ძალიან მიჭირს ბატონ ზურაბ ჟვანიაზე საუბარი, რადგან ის სამწუხაროდ ტრაგიკულად წავიდა ამ ქვეყნიდან და ჩვენ ბოლო პერიოდში ნამდვილად არ გვქონდა კარგი ურთიერთობა. თუმცა, მტრები, ბუნებრივია, არ ვყოფილვართ. მე მასზე მწყდებოდა გული, ეს იყო პოლიტიკური აღშფოთებაც, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, პარლამენტის სიძლიერისთვის ბრძოლისას ჟვანია ჩემს გვერდით რომ არ იდგა, ამან განაპირობა პარლამენტის სისუსტე და ბევრი შემდგომი რამ. როგორც ჩანს, ბატონ ზურაბს ეგონა, რომ ის, როგორც ძლიერი და გამოცდილი პოლიტიკოსი - და მგონი ორი აზრი არაა, რომ ის ნამდვილად იყო ძალიან სერიოზული კალიბრის პოლიტიკოსი - თავისი მთავრობით შეძლებდა რაღაცების გაწონასწორებას და ეს იქნებოდა საკმარისი. მიკვირს, რატომ ეგონა მას ასე..

ყველაზე დიდი შოკი სწორედ ეს იყო, რომ ადამიანმა, რომელმაც იცოდა პარლამენტის ფასი და ქართული პარლამენტარიზმის შექმნის სათავეებთან იდგა, არათუ არ დაიცვა, არამედ დაასუსტა პარლამენტი.

როგორ გგონიათ, რატომ მოიქცა ასე? მიიღეთ პასუხი?

სამწუხაროდ, არა. არ მინდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, ეს არაკორექტული იქნებოდა. ის ადამიანი აღარაა და პასუხებს ვერ გასცემს...

თქვენი ვარაუდით, რატომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო?

როგორც ჩანს, სამი ძლიერი ფიგურა ერთ ნავში ვერ წარმოედგინათ პრეზიდენტსა და პრემიერს.

როგორც თავად ამბობთ, ერთი მხრივ, თავიდან დათმეთ პარტია და სხვა პარტიაში წახვედით ლიდერად, მერე დათმეთ თქვენი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩვენებში, შემდეგ - თქვენი გუნდის წევრები პარალამენტში, თითქოს ძალიან რაციონალური გადაწყვეტილებები იყო პოლიტიკოსისთვის, რომელიც ხედავს, რომ არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მაგრამ არის მეორე მხარეც - ადამიანური. რას გრძნობდით მაშინ?

მე არასოდეს მქონია იდეაფიქსი, რომ მაინცდამაინც პრეზიდენტი ან მაინცდამაინც პარლამენტის თავმჯდომარე ვყოფილიყავი. უბრალოდ, გულზე მოგხვდება მტკივნეულად, როცა ამბობენ, - აი, თანამდებობა... უკაცრავად, მაგრამ, მე რომ ის გადაწყვეტილება არ მიმეღო, რაც მივიღე 2003 წელს და შევარდნაძის გუნდში დავრჩენილიყავი, კიდევ საკითხავია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მაგრამ 2003 წელს პარლამენტის თავმჯდომარეობა არ დამისახავს მიზნად. როდესაც ოპოზიციაში მივდიოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის შანსი, პრაქტიკულად, ნოლი იყო. ვინ იფიქრებდა, რომ მაინცდამაინც რევოლუცია მოხდებოდა და მოვლენები ისე განვითარდებოდა, როგორც განვითარდა. მაგრამ მე თუ შევარდნაძის ხელისუფლებაში დავრჩებოდი, არ ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის შანსი არ მექნებოდა. მე არ გამიკეთებია არჩევანი პარლამენტის თავმჯდომარეობის სასარგებლოდ არც მაშინ, არც ახლა, როდესაც ეს გარანტირებული მქონდა.

ზუსტად ვიცი, რომ რაღაც მომენტში საზოგადოება შეიძლება შეცდეს, მაგრამ საბოლოოდ ძალიან სწორ დასკვნებს აკეთებს. 2003 წელს მე არ მქონია თვითმიზანი, რომ მაინცდამაინც პრეზიდენტი გავმხდარიყავი. ზუსტად ვიცოდი, ამ ქვეყნის პრეზიდენტობა რამხელა ტვირთია და ძალიან მიკვირდა, რომ 35 წლის ასაკში მიშა სააკაშვილს ჰქონდა ამის ამბიცია, მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ადამიანია უდავოდ. თუმცა, შესაძლოა, სწორედ ამ ასაკმა განაპირობა მნიშვნელოვანწილად ის შეცდომები, რასაც ის არ დაუშვებდა 10 წლის შემდეგ. როდესაც 2003 წელს სოფელ-სოფელ, რაიონიდან რაიონში დავდიოდი და ვხედავდი ამ დაქცეულ ქვეყანას, ჩემს თავს ვეკითხებოდი, როგორ უნდა მოგინდეს ამ დაქცეული ქვეყნის პრეზიდენტობა - რამხელა ტვირთია და რამხელა პასუხისმგებლობა.

ზუსტად ვიცი, როგორ მოიქცეოდა ნაციონალური მოძრაობა, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი რომ გამხდარიყო; იგივე მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა პირველივე დღიდან ჩემი ოპონენტები იქნებოდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილი, რომელიც 4 წელიწადს მოითმენდა ბურჯანაძის ან შეცდომებს ან პრობლემებს ან მოუგვარებელ სირთულეებს და შეეცდებოდა, კაბინეტში მიეცა კარგი რჩევები მისთვის? პერმანენტული მიტინგები იქნებოდა ამ ქვეყანაში. თუ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, კი ბატონო, შეეპაროთ.

სხვათა შორის, სააკაშვილს ჰქონდა საიმისო რესურსი, რომ ეს ქვეყანა აეშენებინა, თუ დააბალანსებდა მის გვერდით მყოფ ადამიანებს, თუ არ მისცემდა თავს უფლებას, ყველაფერი თავად გადაეწყვიტა - ფასადების ფერიდან დაწყებული, ომში ჩართვით (არ მინდა სიტყვა „დაწყება ვიხმარო) დამთავრებული. მას ჰქონდა შანსი, თუ ამ შანსს სწორად გამოიყენებდა, რომ თვითონაც შესულიყო ისტორიაში, როგორც მართლა ამ ქვეყნის აღმშენებელი და ეს ქვეყანაც სწორ გზაზე დაეყენებინა. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ერთი მარტივი რამ - არ ჰგონებოდა, რომ მხოლოდ მან და კიდევ მის ირგვლივ მყოფმა 5-მა თუ 3-მა ადამიანმა იციან, თუ როგორ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანამ.

როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე ახერხებს ეს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას, მიუხედავად იმ სერიოზული შეცდომებისა, რაც მან დაუშვა?

შიშის. შიშის და ინფორმაციის ნაკლებობის.

-ნო ნინო, ივანოვის როლი გვაინტერესებს. ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული რევოლუციის დროს მოლაპარაკებებში...

ივანოვი ბევრად უფრო აქტიურად იყო ჩართული აჭარის პროცესებში, ვიდრე ვარდების რევოლუციის პერიოდში. საერთოდ, ნამდვილად ძალიან უცნაური თემაა. მე ღამეც პარლამენტში ვიყავი და დაახლოებით 4 საათი იყო თუ 5-ის ნახევარი, როდესაც დავიშალეთ, ალბათ ოდნავ ჩამთვლიმა, როცა ლია, ჩემი მდივანი, შემოვარდა ოთახში და მითხრა, - ქალბატონო ნინო, ივანოვია მიტინგზეო. ვიფიქრე, - რაღაც მომესმა-მეთქი, - მაგრამ, - ნამდვილად ეგრეაო, - მითხრა. ბუნებრივია, ჩვენც მაშინვე ჩავედით. ივანოვს არ ჰქონდა ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ხდებოდა რეალურად, თუმცა შეეცადა რაღაცნაირად პოზიტიური როლი ეთამაშა.

ვისი მოწვევით ჩამოვიდა?

ჩვენ ნამდვილად არ მოგვიწვევია. ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონია.

არც შევარდნაძეს?

არ ვიცი, შევარდნაძეს რა როლი ჰქონდა მის ჩამოსვლაში, მაგრამ ჩვენთვის ეს  ნამდვილი სიურპრიზი იყო.

არ გვისაუბრია პატარკაციშვილის როლზე. მან თავისი ფულით, ფაქტობრივად, ახალი თამაშის წესები შემოიტანა ქვეყანაში...

კი, მას ჰქონდა სერიოზული პოლიტიკური ამბიცია, რომელიც გამოჩნდა. ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ისევ მიჭირს გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი, მაგრამ ჩემთვის იყო აბსოლუტური შოკი, როდესაც ის მიტინგზე დავინახე. არ დაგიმალავთ, კიდევ უფრო დიდი შოკი იყო ის რეაქცია, რაც მონაწილეთა ნაწილს ჰქონდა მისი გამოჩენაზე. ის არ იყო პოლიტიკური ფიგურა. 2001 წელს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გავხდი, პირველ ბრიფინგზე დამისვეს შეკითხვა - თუ რას ვფიქრობდი პოლიტიკაში მის მოსვლასთან დაკავშირებით. და აბსოლუტურად გულწრფელად ვუპასუხე: ნებისმიერ ადამიანს აქვს პოლიტიკაში მოსვლის უფლება, მაგრამ ვთვლი, რომ ასეთი დიდი ბიზნესის წარმომადგენელი ასეთ პატარა ქვეყანაში არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, ბიზნესი ბიზნესი უნდა იყოს, პოლიტიკა კიდევ - პოლიტიკა-მეთქი. ასეთი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის და მიმაჩნდა, რომ ამ ადამიანს შეეძლო ბევრი კარგი საქმე ეკეთებინა, როგორც ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე სწორი კი ის იქნებოდა, რომ პოლიტიკურ მოვლენებში არ ჩარეულიყო.

რა გარანტიაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა პოლიტიკურ მოვლენებში?

იმედი მაქვს, რომ ის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია იმისათვის, რომ არ გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ბადრი პატარკაციშვილმა დაუშვა. ასეთ პატარა ქვეყანაში ამოდენა ბიზნესის წარმომადგენელი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ამის მაგალითია, თუნდაც, იტალია - როდესაც ბიზნესის და პოლიტიკის ასეთი გამიჯვნა დიდ ბიზნესში პრაქტიკულად არ ხდება.

ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუბანდებია ფინანსები პოლიტიკაში?

მე ასეთი პრეცედენტი არ ვიცი. პირიქით, ვიცი, რომ ეს ადამიანი ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე გარედან ჩანდა.

თქვენი აზრით, როდის შევწყვიტეთ პროგრესისკენ სვლა?

იცით, მაგ კითხვას მეც ვუსვამ ჩემს თავს - როდის მოხდა ის გარდატეხა, როდესაც რეალურად დემოკრატიიდან ავტოკრატიისკენ შემოტრიალება დავიწყეთ; როდის გამომრჩა ეს მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თავიდანვე ბევრი რამ არ მომწონდა? იყო მტკივნეული შეცდომები, მაგრამ იყო გაკეთებული საქმეების გვერდით. როდის დაიწყო ნეგატივმა პოზიტივის გადაწონა, მიჭირს ამის თქმა. მაინც მგონია, ეს იყო 7 ნოემბერი, ეს იყო „იმედის“ დახურვა. „იმედიც“ არ იყო ბოლომდე ობიექტური ტელევიზია, მოდით, ვთქვათ. იმედი იყო ისეთივე არაობიექტური, როგორც იყო „რუსთავი 2“. მაგრამ სხვადასხვა პოლუსზე მყოფი ორი სუბიექტური ტელევიზია მაინც რაღაც ბალანსს ქმნიდა ქვეყანაში და ხელისუფლებას არ ჰქონდა იმის განცდა, რომ ყველაფერი შეუძლია, რასაც უნდა გააკეთებს და პასუხს არავინ არ მოსთხოვს. და რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს; მაინც მოიგო, მაინც გაიმარჯვა, დააშინა.

-ნო ნინო, იყო თუ არა ვარდების რევოლუცია არა ცვლილებებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა?

არა, ეს არ იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა. არ იყო იმიტომ, რომ არც სააკაშვილს არ უნდოდა შევარდნაძის გადადგომა 2003 წლის ნოემბერში, არც ბურჯანაძეს და არც ჟვანიას. და ბოლო წუთამდე ვეხვეწებოდით შევარდნაძეს, ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა. ჩვენ სამივემ ვიცოდით, რომ იმ ეტაპზე არ ვიყავით მზად სრულყოფილი ძალაუფლება აგვეღო ხელში. ეს არ იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა იმისთვის, რაც გვეკუთვნოდა მეც, თქვენც, თითოეულ ჩვენგანს - პარლამენტი შეცვლილიყო იმ დაქცეულ, კორუმპირებულ, ჩაბნელებულ ქვეყანაში, რომ რაღაც რეფორმები დაწყებულიყო. იმიტომ, რომ ვხედავდით, ქვეყანა კატასტროფული სისწრაფით მიექანებოდა უფსკრულისკენ. ეს იყო ბრძოლა იმისთვის, რომ პარლამენტში მოსულიყო ახალი შემადგენლობა, რომელიც რაღაცას შეცვლიდა, პრეზიდენტის ვადის გასვლამდე ხომ სულ წელიწადი და 6 თვე იყო დარჩენილი. ამიტომ ეს ნამდვილად არ იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა. უბრალოდ, ჩვენ ვერ შევასმინეთ „პატივცემულ“ პრეზიდენტს, რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო და ეს.

რევოლუცია რადიკალური ცვლილებებისათვის.

ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან

ვინ იყო რევოლუციის ლიდერი? როდის დაიწყო რევოლუციური მოძრაობა? ამ ამბავს თავისი გმირები ჰყავს - ვის რა როლი ჰქონდა?

1999 წლიდან პოლიტიკურ ესტაბლიშმენტშიც და საზოგადოების აქტიურ ნაწილშიც ძალიან ბევრი ადამიანისათვის ნათელი იყო, რომ შევარდნაძეს ქვეყნის მომავლის არანაირი ხედვა არ გააჩნდა. თუმცა ყოფილი კომუნისტებიც და ისინიც, ვისთვისაც შევარდნაძე მორალურად მიუღებელი იყო, მრავალი ფაქტორის გამო, მის მიმართ ლოიალური რჩება. 1993-1994 წლიდან, საზოგადოებას უნდა აერჩია პარამილიტარისტულ ძალებსა და შევარდნაძეს შორის. საზოგადოებამ არჩევანი ორ ბოროტებას შორის შევარდნაძის სასარგებლოდ გააკეთა და ასეც უნდა ყოფილიყო. 97-98 წლებში მმართველ გუნდში მოვიდა პოლიტიკოსების ახალი თაობა, საზოგადოება წინ წავიდა, გამოცდილება და ცოდნა შეიძინა, მაგრამ გაირკვა, რომ ამ კაცმა, რომელსაც არ ჰქონდა მომავლის ხედვა, ყველაფრის დაკონსერვება დაიწყო. ამ დროს მოხდა ჯანმრთელი კონფლიქტი ხელისუფლებაში ახალ თაობასა და ესტაბლიშმენტს შორის… ეს კონფლიქტი ჩამოყალიბდა 90-ების ბოლოს და გაფორმდა ცოტა გვიან…

ანუ მაშინ, როცა ჟვანია და სააკაშვილიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ შევარდნაძესთან ერთად?

ჰო, რა თქმა უნდა. ხელისუფლების შიგნით მოხდა ეს კონფლიქტი. ამ ხალხს ქვეყნის მოდერნიზაცია უნდოდა. შევარდნაძეს და იმ ხალხს, ვინც მან აირჩია თავის გარემოცვად, მსგავსი არაფერი უნდოდათ; გადასულები იყვნენ მხოლოდ კონსერვაციაზე და ინსტიტუციურ, ღრმად ფესვგადგმულ, ოჯახურ კორუფციაზე. არადა, ქვეყანას უამრავი გამოწვევა ჰქონდა. სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდებოდა უამრავი ენერგია და ენერგიული ნაბიჯები, ეს ყველაფერი კი არ ჩანდა.

ამასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ქართველი ხალხი ჰქვია. გადიოდა დრო და ვითარება უარესდებოდა. ამ ხალხის კრიტიკულ მასას ჰქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური მოლოდინები, მოთხოვნები და ეს ნება არჩევნებზე გამოხატა. საპასუხოდ, მათ ციფრებით დაწერილი სრულიად შეტრიალებული სურათი მიიღეს და სწორედ ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა.
იმ დროს, როცა საშინლად დამარცხდა შევარდნაძე, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის გაიმარჯვა ნაციონალურმა მოძრაობამ, იმიტომ, რომ მათ შესთავაზეს ამომრჩევლებს ის ხედვა, რაც მათთვის მისაღები, გასაგები და საინტერესო აღმოჩნდა. სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კი ასეთი ხედვა ვერ შესთავაზეს. თუ მოსახლეობის ფართო მასებზე ვლაპარაკობთ, ძირითადი კონკურენცია მაშინ ნაციონალურ მოძრაობასა და ლეიბორისტულ პარტიას შორის იყო.

თუ მეკითხებით, ვინ ემზადებოდა ავტომატურად რევოლუციისთვის, არ ვიცი, ასეთ ხალხს მე არ ვიცნობ. მახსოვს ჩემი თავი და ადამიანები ჩემს გარშემო, რომლებსაც გვქონდა ამოცანა, აბსოლუტურად ღია, რომ გაგვეკეთებინა ამომრჩევლების მობილიზება, რათა არჩევნებზე მისულიყვნენ. მაშინ ხელისუფლება ნიჰილიზმს თესავდა. მთავარი გზავნილი იყო - „არაფერს აზრი არ აქვს“ და არა ის, რომ „ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება“. მაშინ ილუზიაც კი არ ჰქონდა მმართველ პარტიას, რომ ეს უნდა ყოფილიყო მთავარი გზავნილი და არა - „მთავარია იყოს სიწყნარე და დარჩით სახლში“. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ადამიანების მობილიზება, რომ გამოეყენებინათ თავიანთი საარჩევნო უფლება, როგორც რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა. ჩვენ გვქონდა სერბიის გამოცდილება, სადაც ხელისუფლებამ ამას წინააღმდეგობა გაუწია, და მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ არაძალადობრივად დაგვეცვა ჩვენი ხმები. ამიტომ არჩევნებამდე რამდენიმე წლით ადრე, სადღაც 2001-2000 წლებში, ეს იდეაც გაჩნდა.

ანუ ეს იდეა გაჩნდა თავისუფლების ინსტიტუტში?

არა, არასწორი ფრაზა ვიხმარე. იდეა კი არა, ცოდნა ხომ არსებობს და არ არის იზოლირებული - ყველანი ვუყურებდით, თუ რა მოხდა მილოშევიჩის შემთხვევაში… მსგავს სიტუაციაში. როცა ხელისუფლებიდან არ მიდიან, ყოველთვის არის ძალადობრივი, ქაოტური პროტესტის საფრთხე.

მოვლენებს გავყვეთ და დავიწყოთ პატარკაციშვილის როლით.

ბადრი პატარკაციშვილი ჩამოვიდა საქართველოში და დაამყარა კონტაქტი კახა თარგამაძესთან და რიგ მოთამაშეებთან, მაგრამ თარგამაძე იყო საკვანძო ფიგურა და გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ გზით მოეპოვებინა სრული კონტროლი ქვეყანაზე, ეტაპობრივად, შევარდნაძის წასვლასთან ერთად. პირველი მცდელობა - ბადრი პატარკაციშვილს უნდოდა, ხელში ჩაეგდო „რუსთავი 2“, რაც მაშინ არ დაუთმო „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ და საზოგადოებამ. ერთ მშვიდ დღეს უცებ შევარდნენ ტელევიზიაში, ეგონათ, დააშინებდნენ, მაგრამ ამას მოჰყვა უკურეაქცია, რასაც შეეწირა შემდეგ თარგამაძე, რომელიც პატარკაციშვილის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. მაგრამ ამის შემდეგ, მალევე იყო მცდელობა, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე გაეყვანათ პარლამენტის თავმჯდომარედ, მაგრამ, შიდა უთანხმოებების გამო, ეს მცდელობაც ჩავარდა და ამის მერე, უკვე გაიყო ეს შიდა ჯგუფი. აქეთ იყო - ჯორბენაძე, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ნარჩემაშვილი, იქით კი - თარგამაძე, ახლები, ბადრი. მათ შორის იყო დაპირისპირება მრავალ საკითხზე, მაგრამ რევოლუციის წინ დაზავდნენ. ამის სიმბოლური გამოხატულება იყო ვაჟა ლორთქიფანიძის ჩაყენება მმართველი პარტიის სიის სათავეში. მოხდა გარიგება, პატარკაციშვილმა მიიღო ძალიან დიდი წარმომადგენლობა სიაში. ანუ ასეთი ხედვა იყო: შევარდნაძე ხომ უნდა წავიდეს, ხომ შეიძლება შევარდნაძე გადადგეს... და სახელდებოდა სხვადასხვა გვარი, ვისაც ამზადებდა თვითონ შევარდნაძის გარემოცვა პრეზიდენტად, მაგრამ ბადრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო; ანუ როცა საქმე რევოლუციამდე მივიდა, პატარკაციშვილი აბსოლუტურად მკაფიოდ იყო მეორე ბანაკში. პატარკაციშვილი ხელისუფლებასთან დაპირისპირებამდე ურთიერთობდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის - ყოფილ პრემიერ-მინისტრთანაც და ამას არავინ მალავს. ალბათ ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მასთან არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, შეიძლება სხვებიც იყვნენ, მაგრამ მე ეს არ ვიცი.

ურთიერთობა ყველასთან - ეს პატარკაციშვილის თამაში იყო. ასე  მანიპულირებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთიდან გამოაძევეს, მას სჭირდებოდა დასაყრდენი ქვეყანა.…

მას და მის გარშემო ბევრ ადამიანს ჰქონდათ სრული რწმენა, რომ ეს ქვეყანა მათ დარჩებოდათ; თანაც მაშინ ქვეყნის ცხოვრების დიდ ნაწილს აკონტროლებდა ორგანიზებულ დამნაშავეთა სამყარო. აქეთ იყო კალაშოვი, იქით - ტარიელ ონიანი. ზოგჯერ ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ მაინც ერთად იყვნენ და ყველაფერი გადანაწილებული ჰქონდათ. ეს ქვეყანაც მათ რჩებოდათ… ტკბილად. ამიტომ იყო მათთვის რევოლუცია შოკი!

რატომ არ იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია ერთ გუნდში, თუკი ხელისუფლებიდან წამოსვლისას ერთი მიზანი ჰქონდათ. რა წინააღმდეგობები იყო მათ ხედვებს შორის?

მიჭირს დეტალების გახსენება, იმდენი რამ მოხდა. მგონი, მთავარი განსხვავება ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს და იმ ადამიანებს, ვინც მის გარშემო იყვნენ, ჰქონდათ მკაფიო ამოცანები, რომ არჩევნების შემთხვევაში უნდა გაკეთებულიყო ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, და ასე შემდეგ კონკრეტული რამ. ყოფილი პრემიერის გუნდს კი ჰქონდა უფრო ელიტისტური დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკის მიმართ - გარკვეული საზოგადოების ჯგუფების ინტერესები მიაჩნდა პრიორიტეტულად. ეს აშკარა განსხვავება იყო და სწორედ ამან მისცა მკაფიო განსხვავება არჩევნების შედეგებშიც - სააკაშვილმა მოიგო 5-ჯერ მეტი ხმა, იმიტომ, რომ ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი არ არის ელიტა.

ვის გულისხმობთ ელიტაში?

ეგრეთ წოდებულ ინტელიგენციას, ამ სიტყვის კარგი და ცუდი გაგებით, ობიექტურად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. ეს ტერმინი მოდის საბჭოთა დროიდან, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ეს ცუდი ხალხია.

თუ გაიხსენებთ, ზურაბ ჟვანიას საარჩევნო კამპანია ძალიან ელიტისტური იყო, არ იყო ორიენტირებული კონკრეტულ გზავნილებზე. მოკლედ რომ შევაჯამოთ: მიხეილ სააკაშვილს მაშინაც ჰქონდა ძალიან მკაფიო ხედვა იმისა, რომ ჩვენ უამრავი დრო დავკარგეთ და საჭირო იყო მკვეთრი და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა ბევრ საკითხში, მათ შორის - დამკვიდრებული კორუფციული კვანძების, როგორც გორდიას კვანძების ჩაჭრაში; ასევე - ძალიან რადიკალური რეფორმები მრავალ საკითხში, მაგალითად, განათლების სფეროში. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი რადიკალურად ამ გზით სიარულის მომხრენი იყვნენ, სხვა ჩემთვის ღირებულებითად მისაღები ოპოზიციური ჯგუფები კი - ბევრად უფრო ფრთხილები. ეს ყველაფერი ე.წ. ელიტებთან კონფლიქტს უკავშირდებოდა. ეს სიფრთხილე, ჩემი აზრით, ფუნდამენტური შეცდომა იყო.

რატომ გახდა მიხეილ სააკაშვილი რევოლუციის ლიდერი?

ჯერ ერთი, მან მოიგო საპარლამენტო არჩევნები; მეორე ის, რომ მას აღმოაჩნდა ნება, გამბედაობა და ენერგია, რომ პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო. ბევრი ლიდერი ყოყმანობდა მაშინ.

როგორი იყო თავისუფლების ინსტიტუტის როლი?

სერბეთის გამოცდილება ვახსენე. ჩვენ მაშინ ვიმუშავეთ ტექნოლოგიაზე: „ადექი და ხმა მიეცი“. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ფუნდამენტურად გაყალბდებოდა, უნდა შეგვძლებოდა პროტესტის შვიდობიანი გამოხატვა და საკვანძო ჯგუფების მობილიზება. ამ გამოცდილებას ვიძენდით აბსოლუტურად ღიად. მე ვიყავი ბელგრადში წასული. როცა ამ ამბავს ვყვები ხოლმე, ზოგიერთ მსმენელს ან ინტერვიუერს ჰგონია, რომ ასე შეიძლება შექმნა რევოლუცია, რაც ღრმა შეცდომაა. ასე შეიძლება მობილიზება და მშვიდობიანი პროტესტი, თუკი ამის წინაპირობები არსებობს. მთავარი წინაპირობა ის არის, რომ ხალხს ხელისუფლება არ მოსწონს და ის ვერ გამოცვალა არჩევნების გზით. კრიტიკულ მასაში ამ განწყობას ხელოვნურად ვერავინ შექმნის. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

ამას ვაცხადებდით ღიად, ტელევიზიით და ვცდილობდით, მოგვეპოვებინა მორალური უპირატესობა, მათ შორის - სახელისუფლებო რგოლებში. ამიტომ ჩამოიქცა ის რეჟიმი, რომელიც ისედაც მორყეული იყო. მაგრამ ამას რომ არანაირი ძალადობა არ მოჰყოლია, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალი მორყეული რეჟიმი ხომ, სწორედ იმიტომ, რომ მორყეულია, ძალადობის გზით მიდის ხოლმე. ძალიან ბევრი საფრთხე იყო, მაგრამ მე და რამდენიმე ჩემმა მეგობარმა ძალიან კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა.

თუკი ვინმე დაუმორჩილებლობის გრძელვადიან მარათონზე ლაპარაკობს, ალბათ გულისხმობს, რომ მთავარი რაუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზე შედგებოდა. მაგრამ, ხელისუფლებას არ შეეძლო იმის დაშვება, რომ საპარლამენტო არჩევნები სხვა ძალას მოეგო, რადგან ამას ჯაჭვური რეაქცია ექნებოდა, და შემდეგ უკვე დანიშნული მემკვიდრის გაყვანა ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იქნებოდა.

შეიძლებოდა, რომ ეს ზურაბ ჟვანია ყოფილიყო ბადრისთან დაზავების მერე?

არა, აბსოლუტურად გამორიცხულია. არა, ჟვანია აღმოჩნდა ცალსახად ოპოზიციის ბანაკში. ეს ძალიან უსამართლო ბრალდება იქნებოდა ყოფილი პრემიერის მიმართ. ის, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ცდილობდა პოლიტიკური კონტაქტების დამყარებას, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილთანაც და, ჩემი აზრით, ეს მცდარი იყო, მაშინაც ასე ვთვლიდი და ახლაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან უღალატა რაღაც ფუნდამენტურ პრინციპებს. შემდეგ როცა კონტრაქტი საბოლოოდ გაფორმდა შევარდნაძის გარემოცვის სხვადასხვა წევრებს შორის, ჟვანია ცალსახად ამ კონტრაქტის მიღმა იყო. პოლიტიკოსები დროებით ირჩევენ ხოლმე ტაქტიკურ პარტნიორებს, მაგრამ ღირებულებითი პარტნიორები რომ არ ყოფილან ზურაბ ჟვანია და პატარკაციშვილი, ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ.

ზურაბ ჟვანია იყო ცალსახად ოპოზიციური ლიდერი ჩემთვის მრავალ საკითხში მისაღები ღირებულებებით და მკაფიოდ ბარიკადის აქეთ მხარეს მდგომი, იქ, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, მეც და მრავალი სხვა ადამიანი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. იმის თქმა, რომ ის შევარდნაძის მემკვიდრე იყო, აბსურდია.

ბურჯანაძე იყო ძლიერი პოლიტიკური ფიგურა?

დიახ. ის იყო ძალიან ცნობადი პარლამენტის თავმჯდომარე. უაღრესად პრინციპულ ბრძოლაში მოიგო არჩევნები. მისი მაშინდელი გამარჯვება პრინციპული იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, არა იმიტომ, რომ მისი პერსონა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ - უფრო ის, რომ ვაჟა ლორთქიფანიძემ ვერ გაიმარჯვა. ბადრი პატარკაციშვილის თამაში იმ მომენტშიც დამარცხებით დასრულდა.

მაგრამ ქალბატონი ბურჯანაძე თავისთავად არ იყო მთავარი მოთამაშე სულ ბოლო დრომდე. მისი პერსონა ზურაბ ჟვანიამ წამოწია ელექტორალური ამოცანებისათვის. მე ამით ქალბატონი ნინოს, როგორც პოლიტიკოსის, დამცირება არ მსურს.

ეროსი კიწმარიშვილი იყო მოთამაშე?

კი, უდავოდ, როგორ არ იყო. უბრალოდ გადაფასებაც მოხდა „რუსთავი 2-ის როლის. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, მაგრამ არა - გადამწყვეტი.

რა მოტივები ჰქონდა მას?

ამ თემაზე სპეკულაციისგან თავს შევიკავებ. თავად მას ჰკითხეთ, რა დოზა იყო ღირებულებითი და რა დოზა - სხვა.

არსებობს კიდევ ერთი ილუზია, რომ „რუსთავი 2“ მთელი ეს პერიოდი იყო რადიკალურად ოპოზიციური არხი. ეს ასე არ ყოფილა. ცალსახა არჩევანი არხის მფლობელებმა არჩევნების შემდეგ გააკეთეს - ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი, საზოგადოებრივი ინტერესებით ნაკარნახები არჩევანი. და თუ ვინმეს მერკანტილური მოტივაცია ჰქონდა, ამ თვალსაზრისითაც სწორი იყო ეს პოზიცია. იქამდე, ეს იყო მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც ხშირად იცვლიდა ხოლმე სარედაქციო პოზიციას და წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა მკვეთრად კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მკვეთრი სარედაქციო არჩევანი გასაგებია და მისაღები და იმის თქმა არ მინდა, რომ ამით ართმევდა სხვას შესაძლებლობას.

იყო თუ არა თავისუფლების ინსტიტუტი ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი?

სიტყვა იდეოლოგია არ მიყვარს. თუ გულისხმობთ აქტიურ მოთამაშეს ამ პროცესებში, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურები, მათ შორის - ყველა პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობაში. გვქონდა ფუნდამენტური შეხედულებები, რაც ყოველთვის არ ემთხვეოდა ჩვენი მოკავშირეების შეხედულებებს, მაგრამ ის ამოცანა, რომ ქვეყანაში საჭირო იყო ფუნდამენტური ცვლილება, ოღონდ - არჩევნების გზით და მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, საერთო იყო. ამ ხედვის განსახორციელებლად გამოცდილების მიღებასაც ვცდილობდით.

ამ რევოლუციამ დაამკვიდრა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი. თუ საზოგადოების კრიტიკულ უმრავლესობას არ უნდა რომელიმე მთავრობა, შეუძლებელია ის დარჩეს ხელისუფლებაში. ეს უკვე პრაქტიკულად გამორიცხულია. საერთოდ, ამომრჩევლის ფასი პირველად გაჩნდა სწორედ ამ არჩევნების და ამ რევოლუციის შემდეგ. ეს არის დემოკრატიის პირველი წესი - როცა ხალხი, და არა ელიტების გარიგება, წყვეტს ყველაფერს. თუმცა, ელიტების გარიგება ყოველთვის იარსებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, აპელირება უნდა მოახდინონ უმრავლესობაზე. ეს არის არსი.

იქნებ გვითხრათ, რა არის ამ უმრავლესობის მახასიათებლები; როგორია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა?

შეიძლება მქონდეს მოსაზრებები, მაგრამ პრინციპულად თავს შევიკავებდი ასეთი პრეტენზიული ანალიზისგან.

რამდენად არის პოსტრევოლუციური საქართველო იმ იდეების და ღირებულებების მემკვიდრე, რისთვისაც თქვენ იბრძოდით

პირდაპირი მემკვიდრეა. საზოგადოება არის უფრო თავისუფალი, ვიდრე წლების წინ იყო. უფრო კონსოლიდირებული. ეს ბოლო კრიზისმაც გვიჩვენა.

როგორი იყო თქვენთვის გარდამავალი ეტაპი თავისუფლების ინსტიტუტიდან ხელისუფლებაში? როცა თავისუფლების ინსტიტუტში იყავით, საზოგადოების უმრავლესობა აბსოლუტურად მარგინალური იდეებისათვის მებრძოლად მიგიჩნევდათ. როგორ გახდით ხელისუფლება, რომელიც ეყრდნობა უმრავლესობის ნებას?

თუ იდეების უმრავლესობა არის მიუღებელი, მაშინ ხელისუფლებაში ვერ დარჩები. მე მაშინაც ვდავობდი და ახლაც ვდავობ, რომ ეს იდეები საქართველოს უდიდესი ნაწილისათვის არ იყო მიუღებელი.

საზოგადოების უმრავლესობა არასოდეს უჭერდა მხარს ძალადობას, მათ შორის - ფიზიკურ ძალადობას მათთვის თუნდაც მიუღებელი შეხედულებების ან მრწამსის ადამიანების მიმართ.

დაკარგეთ თუ არა პოპულარობა რეფორმების გატარების პროცესში?

პოპულარობას კარგავ ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით - ამ ტიპის რევოლუციების შემდეგ. ასეთი რევოლუციის შემდეგ არის უზარმაზარი მოლოდინი. ხალხის ნაწილი გირჩევს საპროტესტო ტალღითაც. ასე რომ, ყველა შემთხვევაში უნდა ჩამოხვიდე ქვემოთ, სხვანაირად ვერ მოხდება.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა რეფორმები, რომლებმაც რაღაც მონაკვეთებში გამოიწვია ელექტორატის ნაწილის დაკარგვა ან კრიტიკულ მასაში უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, იყო.

დაასუსტა თუ არა პოპულარობის დაკარგვამ თქვენი, როგორც მმართველი პარტიის ძალა და ქმედითუნარიანობა?

90 %25-იანი მხარდაჭერის შემდეგ, როგორც გითხარით, ყველა შემთხვევაში უნდა „დასუსტდე“. ეს ბუნებრივად მოხდება. თუმცა, ის მხარდაჭერა, რაც ამ ხელისუფლებამ რევოლუციის შემდგომ არჩევნებში მიიღო, ეს არის მხარდაჭერა იმისთვის, რაც გაკეთდა. ეს მხარდაჭერა უფრო მყარია, ვიდრე რევოლუციის შემდეგ.

მაგრამ, თუ ძალა დაკარგეთ, მოგიწევთ თუ არა რაღაცებზე უარის თქმა, ვთქვათ, უფრო რადიკალური რეფორმების გაგრძელებაზე?

ბუნებრივია დავკარგეთ, თუ იმ ტიპის გადაწყვეტილებებს და რეფორმებს გულისხმობთ, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ამა თუ იმ ფენაში შექმნილი კონიუნქტურის დარღვევასთან. არ შეიძლება პოლიტიკოსის ამოცანა იყოს, რომ მხარდაჭერა დაკარგოს, იმიტომ, რომ მას სურს არჩევნების მოგება. თუ დაკარგა მხარდაჭერა, მაშინ უნდა წავიდეს კიდეც. თუ გაქვს ამოცანა, რომ მიაღწიო იმ შედეგს, რაც სწორად მიგაჩნია, ეს კონიუნქტურა უნდა გაითვალისწინო. თუ აღმოჩნდება, რომ ამ კონიუნქტურის გამო, იმ გზით აღარ მიდიხარ, რაც სწორად მიგაჩნია, ეს, რა თქმა უნდა, აღარ არის მისაღები კომპრომისი. თუ ჩათვლი, რომ ფუნდამენტურად არ მიდიხარ იმ მიმართულებით, რაც ქვეყნისათვის სწორია, მაშინ პატიოსანი პოლიტიკოსი ოპოზიციაში უნდა აღმოჩნდეს.

ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ეთანხმები იერარქიის ნებისმიერ დონეზე, იმიტომ, რომ შიგნით მწვავე დისკუსია სულ არის - ეს ჩვეულებრივი რამაა.

როგორ ფიქრობთ, რის გამო დაკარგეთ ელექტორატი - იმიტომ, რომ ძალიან წარმატებულ რეფორმებს ატარებდით, მათ შორის - რადიკალურსაც, თუ შეცდომებს უშვებდით და საზოგადოებას არ ესაუბრებოდით?

სამივეს. მესამეს თუ გამოვყოფთ - არასაკმარისი საუბარიც შეცდომაა.

ხელისუფლებაში ადამიანის მოსვლა არის გამოწვევა. სხვა ტიპის პასუხისმგებლობაა, რისთვისაც მე, რაღაც თვალსაზრისით, არ ვიყავი მზად და ეს ჩემთვის მართლაც სერიოზული გამოწვევა იყო - იმ მდგომარეობაში გადასვლა, როცა უკვე აღარ კმარა, რომ რაღაც არ მოგწონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, გქონდეს შეხედულება ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად.

ეს გამოწვევა დღესაც უდგას ჩვენი პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს. ჩვენ უპასუხისმგებლო წარსულიდან მოვდივართ და ეს მეც მეხებოდა ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდი. თუ ხარ აქტიური მოქალაქე საზოგადოებრივ საქმეებში, და გაქვს ამბიცია, გქონდეს კრიტიკული შეხედულება, რაღაც თვალსაზრისით, აუცილებელია, სწორ გზასაც ხედავდე.

რაში იყავით არაკომპეტენტურები, როცა ხელისუფლებაში მოხვედით?

ალბათ ბევრ რამეში. გამოცდილება ძალიან შეზღუდული იყო, მე საკუთარ თავს ვგულისხმობ, პირველ რიგში.

მაგალითად, თბილისში საკუთრების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემა - თუ როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ საზოგადოებრივ დაკვეთას, რომ დაამყაროს წესრიგი ამ საკითხში. საზოგადოებამ ძალიან მკაფიო სიგნალი მისცა ამ ხელისუფლებას, რომ იმ ფორმით, როგორც ეს გაკეთდა, ეს შეცდომა იყო. ამოცანა სწორი იყო, მაგრამ შეთავაზებული ფორმა - მცდარი და ეს ძალიან ნათლად გამოხატეს ადამიანებმა. ეს გამოხატა ოპოზიციური პოლიტიკოსების ნაწილმაც.

ფიქრობდით, რომ რევოლუციის შემდეგ, თქვენ მოხვიდოდით ხელისუფლებაში?

მოვლენები ისე დინამიურად ვითარდებოდა, რომ არ მქონდა იმაზე ფიქრის დრო, მე სად ვიქნებოდი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სრულიად უანგარო ვარ, უბრალოდ ასე მოხდა. ამას არასდროს გამოვრიცხავდი. საერთოდ, როცა აქტიური ადამიანი ხარ, უფრო კომფორტულია, რომ იყოს შენი იდეების გამომხატველი ხელისუფლება და შენ არ იყო ამ ხელისუფლებაში - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

განახორციელეთ ის იდეები, რაც გქონდათ?

პროცესში ვართ...

24 სიცოცხლის ძალა

▲ზევით დაბრუნება


პარიზული ჩანაწერები

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

0x01 graphic

პატარა ლანა

ცხოვრებამ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შევირგე - ადრეული ახალგაზრდობიდან ვაჟას ეს სიტყვები ჩემი სიცოცხლის მრწამსად ვაღიარე. და ნამდვილად მჯეროდა, რომ მეც ასე ვარსებობდი, რომ ვახერხებდი ცხოვრების მიერ თასებით მორთმეული შხამის ღვინოსავით შერგებას. მაგრამ უეცრად, მოულოდნელად, სიცოცხლის მიწურულს ამ სიტყვებმაც დაკარგეს თავიანთი ძალა. მართლა შევძელი შხამის ღვინოდ ქცევა, თუ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იყო?

როგორ უნდა გაუძლო ტკივილს, რომელიც უცებ, და თითქოს სამუდამოდ, ჩასახლდა შენში. ის ყველგან არის, შენს შიგნით, შენს გარეთ. დაგყვება, როგორც ცოცხალი არსება, თუ როგორც ჩრდილი. შიგნიდან გღრღნის და განადგურებს. პირადი ტკივილი, გადაჯაჭვული საერთოსთან. სასოწარკვეთილება. რა მეტყველი სიტყვაა და რამდენის მთქმელი!

და უცებ, ამ დილას მოხდა სულ უბრალო რამ: გავახილე თვალები და დავინახე ადრეული მზის მკრთალი სხივით შეფერილი ვარდი, რომელიც ეზოდან მოსდგომოდა ჩემს ფანჯარას... და გული შემიქანდა (ვარდი - მშვენიერების სტერეოტიპი)...

გუშინ საღამოს კი დამირეკა სტრასბურგიდან ჩემმა უფროსმა შვილიშვილმა, რომელიც ინტერნეტში უყურებდა, ამ საყოველთაო ფინანსური კრიზისის პირობებში, როგორ აგროვებდა მსოფლიო ჩვენთვის ოთხნახევარ მილიარდს! ლადოს ხმა უთრთოდა აღფრთოვანებისგან: ეს ხომ მარტო ეკონომიკური დახმარება არ არის, არამედ არნახული სოლიდარობის გამოვლინება, და კიდევ ჩვენი მორალური გამარჯვება და სტაბილურობის და განვითარების გარანტია!

და მერე, დილით ვარდიც მოულოდნელად მოადგა ჩემს ფანჯარას. თუ ის მთელი ამ ხნის მანძილზე აქ იყო და მე ვერ ვხედავდი? ალბათ ეს არის სიხარული. სიხარული... აღარც მახსოვდა მისი ფერი. ახლა ვხვდები, რომ ის მართლაც ვარდის ფერია.

კიდევ ერთი შემობრუნება ჩემს სულიერ ცხოვრებაში. ასე ჩაიბეჭდება ჩემს მეხსიერებაში ეს დღე.

ცხოვრებამ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შევირგე...

18 ოქტომბერს „ლე მონდში“ დაიბეჭდა ნატალი ნუგეირედის ჩვენთვის საყურადღებო წერილი სათაურით „რუსული თავსატეხი დასავლეთისთვის“ :

„საქართველოს ომმა“ შეცვალა დასავლელების დამოკიდებულება რუსეთისადმი. აქამდე, პუტინის წლებში რუსეთს აღიქვამდნენ, როგორც პარტნიორს, რთულს, მაგრამ მაინც გასაგებს. კრემლის ხშირად ხმაურიანი რიტორიკა აღიქმებოდა, როგორც მოუხეშავი სწრაფვა საერთაშორისო პრესტიჟისაკენ, რომლის უკან მხოლოდ სახელმწიფოს აღდგენის სურვილი იმალებოდა. მაგრამ ამ ზაფხულს გამოჩნდა სხვა სახე: რუსეთი - დამპყრობელი, მოწადინებული, იარაღით დაამხოს მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება და შეცვალოს დადგენილი საზღვრები. ფიცხი პარტნიორიდან რუსეთი გადაიქცა უსაფრთხოების პრობლემად. მას მერე დასავლელები ცდილობენ, შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა. „მაგრამ ვერც შეერთებულმა შტატებმა და ვერც ევროპამ ვერ იპოვეს ჯერჯერობით პასუხი, როგორც ამბობს სტეფან სესტანოვიჩი, მადლენ ოლბრაიტის მრჩეველი საბჭოთა კავშირის საკითხებში.

8 ოქტომბერს ელიზემ წარმოადგინა ინიციატივა: დაიჭიროს სიტყვაზე რუსეთის პრეზიდენტი - დიმიტრი მედვედევი, რომელმაც ილაპარაკა „ევროპულ ცივილიზაციაზე“, სადაც რუსეთს ექნება თავისი ადგილი. ევროპელებს უნდათ, დადონ ფსონი ახალგაზრდა ხელმძღვანელზე; მათი აზრით, ის პუტინზე ნაკლებად უნდა იყოს ტრავმირებული „დამცირებით“, რომელიც გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაკარგვამ.

ფაქტობრივად, ევროპელები იბნევიან რუსეთის ნამდვილი მისწრაფებების შეფასებისას. რუსეთსა და საქართველოს შორის ხუთდღიანი ომის მიღმა იმალებოდა ფართო ამბიციები: აეძულებინა დასავლეთი, უარი ეთქვა ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო ფარზე, ნატო-ს გაფართოებაზე. რუსეთის გათვლებში ფიგურირებდა ირანის ატომური დოსიეც.

... მოსალოდნელია, რომ მომავალში დისკუსიები კიდევ უფრო მწვავე გახდება, რადგანაც 2009 წელს ევროკავშირის სათავეში მოვლენ ჩეხები და შემდეგ შვედები, რომლებიც ბევრად უფრო მკაცრად აფასებენ მოსკოვს. ევროპული ერთიანობა საქართველოს მიმართ ემყარება მრავალმხრივ სტრატეგიას: შეწყვიტოს „ძველებური ურთიერთობა“ რუსეთთან, მაგრამ არ დაუშვას მისი იზოლაცია. ამავე დროს, ყალიბდება ახალი ურთიერთობა აღმოსავლელ მეზობლებთან და გაცხადებულია ძალისხმევა ენერგიის ახალი წყაროების მოსაპოვებლად.

ბუშის მიმავალი ადმინისტრაცია კმაყოფილი ჩანს ევროპელების ინიციატივებით. „ეს აჩვენებს, რომ საქმე ეხება არა პრობლემებს რუსეთსა და ამერიკას შორის, არამედ პრობლემას რუსეთსა და საერთაშორისო ერთობას შორის“, ამბობს დან ფრიდი. ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის მერე მოსკოვი საკვირველად იზოლირებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე. 200 ევროპელი დამკვირვებლის ჩასვლა საქართველოში სრულიად ახალი მოვლენაა. ზაფხულის ომამდე ევროპა არ ამჟღავნებდა დაინტერესებას რეგიონით.

თანდათან თავს იჩენს წინააღმდეგობები რუსეთის ხელისუფლების შიგნით. დიპლომატები თვლიან, რომ პუტინმა, გაღიზიანებულმა იმით, რომ მისმა პროპაგანდამ ვერ მოახერხა საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე საქართველოზე თავდასხმის გამართლება, მარტომ გადაწყვიტა გადაელახა ზღვარი „ახალი სახელმწიფოების“ - აფხაზეთის და ოსეთის - აღიარებით. დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ამას დაემატა ფინანსური ვარდნა. მედვედევი ყველაფერს გააკეთებს, რომ აღადგინოს თავისი ხელისუფლების იმიჯი. ევროპა კი შეეცდება, მისცეს გზა მოსკოვში „რეალისტურ“ დინებას „ძერების“ საწინააღმდეგოდ.

ვფიქრობ, რომ ეს სტატია თავისი ობიექტურობით იპყრობს ყურადღებას. რუსეთთან ურთიერთობა დღეს მართლაც უაღრესად აქტუალურ პრობლემად იქცა დასავლეთისთვის: რუსეთის იზოლირება, თუ ყველა ღონის ხმარება, რომ ეს უცნაური ქვეყანა საერთაშორისო ნორმების ფარგლებში მოაქციონ. მე მაინც მგონია, რომ ევროპელებს არ ესმით ერთი ელემენტარული რამ: ბევრად უფრო სახიფათოა მოსკოვთან დათმობებზე წასვლა, ვიდრე მისი იზოლირება; ან შეიძლება ესმით კიდევაც, მაგრამ დათვის მოშინაურებას არჩევენ.

„ჰერალდ ტრიბიუნმა“ კიდევ უფრო რადიკალური წერილი გამოაქვეყნა.

„ევროპის რუსული პრობლემა“:

„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, შეცვალოს ძალით საქართველოს (ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის) საზღვრები. სანამ ევროპელები არ გაერთიანდებიან აშშ-სთან ერთად მოსკოვის თავგასულობის წინააღმდეგ, რუსეთის ლიდერები ნაკლებად იგრძნობენ ზეწოლას თავისი ქცევის შესაცვლელად.

ევროკავშირი გაყოფილია უკიდურესად შეშინებულებად და ახლომხედველობით გაბრუებულებად. პირველ ჯგუფში არიან ყოფილი საბჭოთა სატელიტები, ანუ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, რომელთაც ერთად შეკრიბეს თავიანთი შიში, და მათ შეუერთდა ბრიტანეთი. მეორეში არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი (ბატონი სარკოზი გამონაკლისია), რომელთაც ყველაფერზე მაღლა დააყენეს ვაჭრობა და რუსეთის ენერგეტიკული სიმდიდრე.

ნავთობისა და გაზის წყალობით, მოსკოვს აქვს კოზირები, მაგრამ არც იმდენად ძლიერი, როგორც მას ჰგონია.

აშშ-ს ადმინისტრაციამ სამართლიანად განაცხადა, რომ ერთი ქვეყნის ცალმხრივ ქმედებას - ანკლავების დამოუკიდებლობის აღიარებას - არ შეუძლია რეალურად შეცვალოს სიტუაცია. ასეთი განცხადებები უნდა მოდიოდეს ატლანტიკის ორივე მხრიდან.

ევროკავშირმა არ უნდა განაახლოს მოლაპარაკება რუსეთთან, ვიდრე რუსეთი არ დათანხმდება, შეუშვას ევროპელი დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და არ შეეგუება აზრს, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობას ხელეწიფება ანკლავების სტატუსის გადაწყვეტა.

მეტი დათმობა მხოლოდ გააძლიერებს რუსეთის ამბიციებს“.

არ მცილდება ისტორიის ტრაგიკულობის შეგრძნება. კაცობრიობის ისტორია, ქვეყნების, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების ისტორია, ამ ტრაგიკულობით არის დაღდასმული. დრო დაგვანახვებს, რამდენად შეუძლია მე-20 საუკუნეში შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაციებს მათ მიერ აღიარებულ საყოველთაო სამართლიანობის პრინციპებს და სოლიდარობას ამ ისტორიულად დეტერმინირებული ტრაგიკულობის შერბილება. და რამდენად შეძლებენ  პატარა ქვეყნები, გადალახონ მარტოობა, რომელიც ისტორიამ არგუნა ხვედრად. ეს პროცესი ასე თუ ისე დაწყებულია და იქნებ პირველად ამ თვეებში საქართველომ რეალურად იგრძნო, რომ აღარ არის მარტო. ღმერთმა ქნას, რომ ეს განცდა არ იყოს წუთიერი.

ჩემი კიდევ ერთი დაბადების დღე, რომლის მიმართაც არაფერს არ ვგრძნობ, გულგრილობის გარდა. „რუსთავი 2“-დან დამირეკა ირმა ნადირაშვილმა, შემომთავაზა ჯგუფის გამოგზავნა ამ დღის გადასაღებად. მე მადლობაც ვუთხარი ყურადღებისთვის და კატეგორიული უარიც - საერთოდაც არ მიყვარს ყველანაირი იუბილეები და მით უმეტეს ახლა, როცა არავის არ გვილხინს! საბოლოოდ იყო ის, რაც ყველაზე უფრო ბუნებრივია, ვიყავით ყველანი ერთად და მარტონი, მე და ჩემი შვილები, შვილიშვილები, ხუთი შვილიშვილი... ყველაზე უბრალო და, სწორედ ამიტომ, ყველაზე ნაღდი ღირებულება ამ ქვეყნად. სიცოცხლის გაგრძელება. უკვდავება. ბავშვი, რომელიც გეხვევა და გინაწილებს „სიცოცხლის ძალას“ - ეს ჩემი და პატარა (4 წლის) ლანას თამაშია, რისიც მას აბსოლუტურად სჯერა და რაც თავისთავადაც ჭეშმარიტებაა! თავიდან ცოტა შეწუხდა, როცა ვუთხარი, სიცოცხლის ძალა მომეცი-მეთქი. შენ რომ მოგცე, მე რაღა ვქნა, მეც ხომ უნდა მქონდესო; მაგრამ მე დავარწმუნე, რომ მას ბევრი აქვს და არ დააკლდება. მას მერე, როცა ერთად ვართ, ჩვენი დილა ამ პატარა რიტუალით იწყება, ბავშვის ხელების შემოჭდომა და „სიცოცხლის ძალის“ გადმოცემა. ერთხელ, როცა ის ჰამბურგში იყო, ტელეფონით ვუთხარი თბილისიდან, - მომეცი სიცოცხლის ძალა-მეთქი. დაიბნა, - ტელეფონით როგორ მოგცეო. მე ვუთხარი, - ძალიან მაგრად იფიქრე და გადმომივა-მეთქი. დაფიქრდა, როგორც ჩანს, ეს წინადადება სარწმუნოდ არ ჩათვალა და პატარა პაუზის მერე მითხრა: იცი რა, ახლა ანას გამოართვი და როცა ჩამოვალ, ისევ მე მოგცემო. ათი წლის ანაც დაეთანხმა ამ შემოთავაზებას, ცხადია, უკვე გაზრდილი ადამიანის ირონიით. იყო იმ დღეს კიდევ სხვა სიხარულებიც - ბავშვებთან ერთად შემოდგომის სხვადასხვა ფერად მოციმციმე ტყეში ხეტიალი, ყვითელი და წითელი ფოთლების კრეფა, ამ საქმიანობაში სანდროს და გიოს თავგამოდება, ვინაიდან იციან, რომ მიყვარს სახლში, თაროებზე ამ წითელ-ყვითელი ფოთლების შემოწყობა. ამიტომ ეს მათგან საჩუქარი იყო, თავიანთ ნახატებთან ერთად; და კიდევ - მეგობრების ზარები, ესეც ის, რის გარეშე, სიცოცხლეც არ ღირს (საუბედუროდ, ამ ბოლო ხანს ჩვენი მეგობრების წრე ძალიან შეთხელდა ბუნებრივი მიზეზების გამო). ბოლოს დარეკა ელდარმა (შენგელაიამ). მითხრა ბევრი კარგი სიტყვა, მეც - ასევე. ელდარი, რომელსაც თითქოს ყველაფერი გამოსდიოდა ცხოვრებაში, რომელმაც გადაიღო მშვენიერი და ხალხისთვის ასე საყვარელი ფილმები, რომელსაც ყოველთვის თან სდევდა წარმატება, და უცებ - უფსკრული, უფსკრული, საიდანაც ვერც ამოხვალ! რატომ, რისთვის?! შვილის (შვილის!) დაღუპვა. ღმერთო, აშორე ყველას, ყველას, მტერსა და მოყვარეს! ელდარის ხმა კი ისეთი ახლობელი იყო, ჩვენ ხომ მართლა მთელი სიცოცხლე გვაკავშირებს - მოსკოვი, ვგიკი, კინოსტუდია, კინემატოგრაფისტთა კავშირი, 9 აპრილი, პარლამენტი, საერთო მიზნები, საერთო ბრძოლა, ჩვენი გაგებით, ყველანაირი ობსკურანტიზმის წინააღმდეგ; იყო ამ მუდამ დაძაბულ ურთიერთობაში აღმა და დაღმა სვლები, ნამდვილი სიახლოვეც, წყენაც, განხიბლვაც, დაპირისპირებაც კი... და ისევ დაახლოება, ისევ ერთობლივი ჭიდილი ცხოვრებასთან, ისევ მუდმივი ინტერესი ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის ფილმების მიმართ და, რაც მთავარია, მამოძრავებელი იდეების იდენტურობა. იმ საზარელმა დღემ კი  ყველაფერი გადაფარა, ყველაფერი წვრილმანი და ზედაპირული და დარჩა მხოლოდ ჭეშმარიტი სიახლოვის განცდა. დარჩა ელდარი - ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და მეგობარი.

ფერადი ფოთლები ყველგან, ეზოში, ოთახში - თაროებზე... მკვდარი ფოთლები...
და მე მივდივარ,
უთვისტომო, მიუსაფარი,
მივყვები ქარებს,
მოწყვეტილი
ფოთოლი მკვდარი. (პოლ ვერლენი)

ამ ბოლო დროს სარკოზი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. ბედმა გაგვიმართლა, რომ იმ ტრაგიკულ დღეებში სწორედ საფრანგეთი, თავისი ასე განსაკუთრებულად აქტიური და დინამიური პრეზიდენტით, იყო ევროკავშირის თავმჯდომარე. ეს ხომ ნათელია, რომ სარკოზის სიმტკიცის და შეუვალობის შედეგად რუსეთმა ვერ შეძლო თავისი „პროგრამა მაქსიმუმის“ შესრულება, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრულ კოლაფსს ისახავდა მიზნად.

ამ რამდენიმე დღის წინ რიჩარდ ჰოლბრუკმა - აშშ-ს ყოფილმა ელჩმა გაერო-ში - განაცხადა ტელევიზიით: სარკოზიმ და კუშნერმა სრულად შეცვალეს საფრანგეთის იმიჯი მსოფლიოში. რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან ორი კვირის განმავლობაში ამერიკამ არაფერი არ გააკეთა. ისინი კი უკვე მესამე დღეს თვითმფრინავში ისხდნენ მოსკოვისა და თბილისის მიმართულებით და მოქმედებდნენ. მოგვიანებით ზოგიერთი აკრიტიკებდა იმ შეთანხმებას, მაგრამ მის გარეშე, საერთოდ არაფერი არ იქნებოდა. ასე კი რუსეთმა თავის ნამდვილ მიზანს ვერ მიაღწია.

საერთოდ ეს თემა - რუსეთის აგრესიისა საქართველოს მიმართ - დღემდე არ ქრება საფრანგეთის მედიიდან. და მიუხედავად იმისა, როგორი იქნება საბოლოოდ ამ ომის პოლიტიკური შედეგები, დღეს სრულიად ნათელია: მოსკოვის აგრესიამ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთპიროვნულმა აღიარებამ პირველად დაანახა დასავლეთს რუსეთის ნამდვილი სახე.

0x01 graphic

ნიკოლა სარკოზი დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს, მოსკოვი, სექტემბერი 2008

REUTERS

შთამბეჭდავია სარკოზის გახსნილობა. ამ უმძიმეს პერიოდში გამოჩნდა, როგორ ცდილობს, ალღო აუღოს რეალობას და არ დაემორჩილოს პარტიების მიერ შემუშავებულ დოგმებს. ამიტომ მგონია, რომ ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი. ამ მხრივ, საინტერესო იყო მისი გუშინდელი - 21 ოქტომბრის - გამოსვლა სტრასბურგში, ევროპარლამენტში და ძალიან ცოცხალი ურთიერთობა ევროპარლამენტარებთან. მან თავიდანვე პარლამენტის წევრთა გული მოიგო იმით, რომ საბანკო კრიზისის დაძლევის სფეროში ყველა წარმატება მხოლოდ თავის თავს არ მიაწერა (ბევრი სხვა შემთხვევისაგან განსხვავებით) და აღნიშნა ანგელა მერკელის და ჟოზე ლუის ზაპატეროს დამსახურება. ეს უკვე ნამდვილად ახალი შტრიხი იყო მისი იმიჯისთვის. მერე შეეცადა, დაეძლია გაუგებრობა და განაცხადა, რომ ის არ შეერთებია ანტიკაპიტალისტთა ლაშქარს. „პრეზიდენტმა სარკოზიმ ილაპარაკა, როგორც ნამდვილმა ევროპელმა სოციალისტმა, - აშკარა სიმპათიით მიუგო მარტინ შულცმა, ევროპელი სოციალისტების პარტიის პრეზიდენტმა, - შევთანხმდეთ, რომ თქვენ მართლაც არ ლაპარაკობთ, როგორც ფრანგი სოციალისტი“. და მომღიმარე სარკოზის პასუხი: „სოციალისტების განხეთქილებაში მე ვირჩევ ბატონ შულცს, ყოველგვარი სინანულისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“. როდესაც დანიელ კონ-ბენდიტმა სთხოვა საკუთარი თავის კრიტიკით გამოსულიყო, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ ის საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგ გამოდიოდა, სარკოზიმ ისევ ღიმილით უპასუხა: „გავაკრიტიკო საკუთარი თავი? გეთანხმებით, მაგრამ მე მარტო არ უნდა ვიყო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არასდროს კაპიტალისტურ სისტემას არ მოუტანია იმდენი ნგრევა, როგორც კოლექტივისტურ სისტემებს“. ამ სიტყვებმა ძალიან გაამხიარულა პარლამენტარები.

შეხვედრის დასასრულს მარტინ შულცმა ასე მიმართა პრეზიდენტს: „თქვენ კარგად იმოქმედეთ. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა სიმტკიცემ. აგვისტოში ევროპამ გააჩერა ტანკების თბილისში შესვლა, ოქტომბერში გადაარჩინა ბანკები!“ „გააკეთეთ ისე, რომ დეკემბერში მან გადაარჩინოს ლისაბონის შეთანხმება!“ - დაუმატა ლიბერალ-დემოკრატების თავმჯდომარემ - გრაჰამ ვატსონმა.

უნდა ითქვას, რომ, დიდი ხანია, სარკოზის ამგვარი ქება-დიდება არ მოუსმენია.

დასკვნით სიტყვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი კრიტიკოსების საპასუხოდ განაცხადა: „არ შეიძლება კონკურენციის პრინციპი გადავაქციოთ დოგმად“ და მოუწოდა ევროპას, დაადასტუროს, რომ „ის გონებით ახალგაზრდაა“.

პესიმიზმის გაელვებები:

ხანდახან მგონია, რომ ცხოვრება აბსურდამდე უაზროა, ვინაიდან უსათუოდ ცუდად, ანუ სიკვდილით, მთავრდება.

როგორ უნდა იფიქრო მომავალზე, როცა ბევრად მეტი დროა შენს უკან, ვიდრე შენს წინ. თუმცა აქვე მახსენდება ვუდი ალენის სიტყვები:

„მომავალი მაინტერესებს იმიტომ, რომ იქ უნდა გავატარო დარჩენილი წლები“. იუმორი მართლაც რომ ყველანაირი უიმედობის წამალია. შეხედე ირონიით შენს თავს და ყველაფერს, რაც პირადად შენს გარშემო ხდება... და გაიცინე!

არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ბარაკ ობამამ ოფიციალურად ორი დღით შეწყვიტა საარჩევნო კამპანია და გაემგზავრა ჰაიტიში თავის 86 წლის ბებიასთან, რომელიც მძიმედ არის ავად. კამპანიის შეწყვეტა, განსაკუთრებით მის მიწურულს, სრულიად უჩვეული რამ არის ამერიკაში, ამიტომ ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემოკრატთა რიგებში. მომხრეები საყვედურობდნენ თავიანთ კერპს გრძნობების აყოლისთვის და გამარჯვების ეჭვქვეშ დაყენებისთვის. თუმცა, მაშინვე გაჩნდა დამამშვიდებელი განცხადებებიც. ანალიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ეს ნაბიჯიც წინასწარ იყო გათვლილი კანდიდატის მიერ და ახალი ხმების მოპოვებას ემსახურებოდა: ამერიკელები ხომ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ოჯახური ფასეულობების მიმართ და 86 წლის ავადმყოფი ბებიის მონახულებას, გაცხარებული პოლიტიკური ბრძოლის პირობებში, მათთვის უსათუოდ უნდა აეჩუყებინა გული. და იყო კიდევ ერთი, იქნებ უფრო მნიშვნელოვანი მომენტიც: ეს ბებია, ობამას დედის დედა, თეთრკანიანია, და არჩევნების წინ მისი ტელევიზიით ჩვენება დამაწყნარებელ ფაქტორად უნდა ქცეულიყო იმათთვის, ვისაც ჯერ კიდევ აწუხებს ობამას კანის ფერი. მეტისი მაინც სხვაა, ვიდრე უბრალოდ შავი, თან კენიელი ზანგის შვილი. და ამერიკულმა ტელევიზიებმა მართლაც ძალიან ფართოდ გააშუქეს ეს მოვლენა: პრეზიდენტობის კანდიდატი თავდახრილი თავისი მოხუცი, სნეული, თეთრკანიანი, ფრიად პატივსაცემი კანზასელი ბებიის სასთუმალთან.

როგორც ჩანს, ამგვარი ვიზუალური შეხსენება ობამას წარმომავლობისა აუცილებელი გახდა ქვეყანაში, სადაც ბოლო ხანს, ობამას წარმატებების კვალდაკვალ, სულ უფრო და უფრო დაჟინებით დაიწყეს ე. წ. „ბრედლის ეფექტის“ გახსენება. ფაქტი კი ასეთია: 80-იანი წლების დასაწყისში კალიფორნიის გუბერნატორად კენჭს იყრიდა შავკანიანი კანდიდატი ბრედლი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და, ყველა გამოკითხვის მიხედვით, ბევრად უსწრებდა წინ თავის მოწინააღმდეგეს. მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა თეთრკანიანმა კანდიდატმა. კომენტატორების აზრით, ამ ფაქტს ერთადერთი ახსნა ჰქონდა: ბოლო წუთში ამოქმედდა რასისტული ინსტინქტი და ურნის წინ მარტო დარჩენილმა ამომრჩეველმა თავის გუბერნატორად მაინც თეთრკანიანს მისცა ხმა. დემოკრატები შიშობენ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს დღესაც, ობამას დიდი უპირატესობის ( 5-7 პროცენტის) მიუხედავად. ეს შიში ემყარება მოსაზრებას, რომ სიღრმისეულ ამერიკაში ჯერ კიდევ ცოცხალია რასიზმი, და თუმცა ასეთი ამერიკელი დღეს აღარ აცხადებს აშკარად, რომ არ უყვარს შავები - ამიტომაც მისი განწყობა არ აისახება გამოკითხვებში, - ბოლო წუთს, საარჩევნო ყუთის წინ მარტო დარჩენილი ის მაინც არ მისცემს ხმას შავკანიან კანდიდატს.

მე კი ვფიქრობ, რომ ობამას ფაქტორი იმდენად ყოვლისმომცველი გახდა, რომ, ყველანაირი ბრედლის ეფექტის მიუხედავად, ის მაინც გახდება ამერიკის პრეზიდენტი. და კიდევ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება, ვინაიდან ობამას გამარჯვება - ეს მართლაც დემოკრატიული და პროგრესული იდეების გამარჯვებაა, რომ ამას გულის ფანცქალით ელოდება მთელი მსოფლიო, რომ ამ აქტით აღდგება მსოფლიოში ამერიკის პრესტიჟი, გაძლიერდება მისი გავლენა და მეტი ძალა ექნება მის მხარდაჭერას, რაც დღეს ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

როდესაც სასოწარკვეთა მოგეხვევა და ჩაგეჭიდება ისე, როგორც ცოცხალი არსება, ერთდროულად საყვარელი და საძულველი, რომლის მოშორება არც შეგიძლია და არც გინდა, როდესაც ყველაფერი გაუსაძლისი ხდება, დაძინება, გაღვიძება, ადგომა, ჩაცმა და საერთოდ არსებობა, როდესაც სულ უბრალოდ გინდა, დაწვე და არ გაიღვიძო, უსათუოდ ხდება რაღაც, უფრო ხშირად სულ უმნიშვნელო... შემოდგომის ყვითელი ფოთოლი ნელა წყდება ტოტს და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად წვება მიწაზე შენს ფერხთით; პატარა გოგო, შენი შვილიშვილი და სეხნია, მაგრად, მთელი თავისი პატარა სხეულით ჩაგეხვევა, რომ „მოგცეს სიცოცხლის ძალა“, როგორც შევთანხმდით რაღაც ხნის წინ და შენ, შენდა სამარცხვინოდ, აღარ გახსოვდა ეს შეთანხმება; უქარო დღეს, როცა ყველაფერი მისტიურად გაყუჩებულია ირგვლივ, შენი ფანჯრის მიღმა უცებ შეირხევა ფიჭვი, ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს, შენ არ გესმის ამ შერხევის მიზეზი, ვინაიდან სულ მთლად დაივიწყე ამ ეზოს ბინადარი შაშვი, ის კი ერთი წამით შეფრთხიალდება, თავს გაგახსენებს და ისევ ხეს შეაფარებს თავს... და შენ უეცრად ხვდები, რომ სწორედ ეს არის სიცოცხლე, რომელსაც თითქოს განუდექი, მაგრამ რომელიც თურმე ისევ ისე გიყვარს, სიცოცხლე, რომელიც მუდმივად იბრძვის, იბრძვის თავისი თავის დასამკვიდრებლად, იბრძვის ყველგან და ყოველთვის და ყოველთვის იმარჯვებს, ვინაიდან ასეთია მისი ბუნება, ღვთიური ძალით დადგენილი. რამდენ შეცდომას და სულმოკლეობას ავიცილებდით, უფრო ხშირად რომ ვფიქრობდეთ ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულზე. „დე, მას სიკვდილი კი არ ერქვას, არამედ ბოლო“, - როგორც ამბობს თაგორი. თუ იფიქრებ „ბოლოზე“, შეძლებ განთავისუფლდე ყველაფრისგან, რაც ბოჭავს შენს სულს, ყველა პატარა და წვრილმანი ვნებისგან, შურისგან, საკუთარი თავის განდიდების წყურვილისგან, მოყვასის მიმართ ზიზღისა და სიძულვილისგან... რა შესაცოდია ადამიანი, რომელმაც სიჭარმაგეს მიაღწია, ანუ გაიარა ახალგაზრდული დაუოკებელი ვნებებით სავსე პერიოდი და ვერ გაიგო არსებითი: შენი ცხოვრება წარმავალია და მას კიდევ უფრო წარმავალს და ხანმოკლეს ხდის სხვისი დაკნინების სურვილი, ბოღმა, წვრილმანი მომაკვდინებელი ვნებები, ღვარძლი... სამაგიეროდ, მარადიულია ის, რისთვისაც არსებობ - სიკეთე, მშვენიერება, თანაგრძნობა, ადამიანის ხელით შექმნილი სილამაზე.

ადამიანის სული მგრძნობიარეა და დაუცველი. დიდმა ფიროსმანმაც კი ვერ გაუძლო ვიღაც უგუნურის კარიკატურას და მარტოობაში ჩაიკეტა.

მეცოდება ადამიანი, რომელსაც ახრჩობს ბოღმა (შეხედეთ ჩვენს ტელევიზიას და, თუ დაეთანხმებით ჩემს პოსტულატს, აღმოაჩენთ შეცოდების ღირს უამრავ პერსონას - ცხადია, პოლიტიკურ დაპირისპირებებს არ ვგულისხმობ, არამედ მხოლოდ პირად, დამანგრეველ ვნებებს).

„ნახე ფიროსმანი და შენ ირწმუნებ საქართველოს“. გრიგოლ რობაქიძის ეს სიტყვები საფრანგეთის იონის დეპარტამენტმა თავის დევიზად აღიარა (ფიროსმანის გამოფენის პერიოდში); მეტიც: ეს გამოფენა ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილი სოლიდარობის გამოხატულებად იქცა. როგორც ამბობს იონის დეპუტატი, ჟან მარი როლანი, „რაც გინდა მოხდეს, საქართველო ჩვენს გულშია“. თანამშრომლობა იონის დეპარტამენტსა და კახეთს შორის იუნესკო-ს ეგიდით დაიწყო და „ის ბრწყინვალედ ადასტურებს ნდობით გამსჭვალულ ურთიერთობას, რომელიც დამყარდა ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, - წერს იგივე როლანი.

ბორცვზე შეფენილი პატარა ქალაქი - ვეზლე, თავისი მშვენიერი კათედრალით, საგამოფენო დარბაზებით, ორი მუზეუმით და ბურგონიის მომხიბლავი ხედით, რომელიც ზემოთ მიმავალი ვიწრო ქუჩის ყოველი კუთხიდან იშლება შენს თვალწინ. რომენ როლანის სახლი, სადაც მან ცხოვრების ბოლო წლები გაატარა და სადაც გარდაიცვალა, და სადაც დღეს მუზეუმია განლაგებული. ფიროსმანის 17 ტილო, მათ შორის - საყოველთაოდ აღიარებული შედევრები. ფრანგების გაოგნება და აღფრთოვანება, ჩვენი სიამაყე და, მე ვიტყოდი, ბედნიერება.

ფიროსმანი - მარტოსული. მარტოობაში გაატარა სიცოცხლე და მარტოობაში გარდაიცვალა.

როგორ მომწონს მისი თანამედროვე მედუქნე ბეგოს ნათქვამი:

„ნიკალა, - ვეუბნებოდი მე, - ძნელია მარტო კაცის ცხოვრება. შექმენი ოჯახი.

- მე მარტო დავიბადე და მარტო მოვკვდები, - ამბობდა ნიკალა, - მეგობარი დამმარხავს, ეს არ მადარდებს. ცხოვრება მოკლეა, როგორც ვირის კუდი.

დაიჯერეთ, მისი ფუნჯის წვერზე ანგელოზი იჯდა“.

ანგელოზი, მხატვრის ფუნჯის წვერზე შემომჯდარი... რა საოცარი სიტყვებია,არა? რომელი განათლებული და ყველაფრის მცოდნე მკვლევარი იტყოდა უკეთესად?

დიდი ხნის წინათ დავწერე „ლიტერატურულ საქართველოში“ გიორგი შენგელაიას ფილმის - „ფიროსმანის“ გამო: „და დადის ეკრანზე ეს დიდი და სევდიანი კაცი და დააქვს ტვირთი თავისი ტალანტისა; ტრაგიზმი თავისი შეუთავსებლობისა ამ ცივ და გათიშულ გარემოსთან; კაცი, თავისი სულის უსაზღვრობით - საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი იზომება, სადაც თერმოსებში ინახავენ შთაგონებას და სადაც ტირილი სურდო ჰგონიათ (როგორც ამბობს მარინა ცვეტაევა)“. ავთო ვარაზი, კიდევ ერთი მარტოსული მხატვარი, რომელშიც რეჟისორმა, ხელოვანის განჭვრეტის ძალით, ფიროსმანი დაინახა.

დღეს ფილმი „ფიროსმანი“ და ჩემი წერილი გამახსენდა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთად - ფიროსმანი, მისი ტილოები, პეროვსკაიას ქუჩაზე, ერთ პატარა ბნელ სახელოსნოში შეყუჟული ავთო ვარაზი, ბობოქარი გიორგი შენგელაია, მისი სურათი, ფიროსმანისეული ხედვით და რიტმით აღბეჭდილი ჩვენი ცხოვრების ერთი საინტერესო ფურცელია.

ილია ზდანევიჩმა უწოდა ფიროსმანს „წინასწარმეტყველი, რომელიც ჩაწვდა ადამიანური არსებობის საიდუმლოს“. ჩემთვის ბევრის მთქმელია ფრანგულად დაწერილი მისი სტრიქონები:

ფიროსმანიშვილი
ჩემი მხატვარი
......ჩემი მთები
......ჩემი ტყეები
......ჩემი სითამამე
......გამქრალი.
...................ფიროსმანი 1914. ავტორი - ილიაზდი, (ილია ზდანევიჩი).

0x01 graphic

დღეს ყველას გვაქვს ასე თუ ისე გაგონილი, რომ ფიროსმანი პირველებმა ძმებმა - ილია და კირილ ზდანევიჩებმა - აღმოაჩინეს. მაგრამ არის კი სათანადოდ დაფასებული მათი როლი ჩვენი კულტურის ისტორიაში? მე ვიცნობდი კირილ ზდანევიჩს. სამოციან წლებში ის ჩვენი ხშირი სტუმარი იყო. მოვიდოდა გაფრთხილების გარეშე, მაშინ ფალიაშვილის 32-ში ვცხოვრობდით, ჩაჯდებოდა ერთ ძველ გამოხუნებულ სავარძელში, რომელიც ამოჩემებული ჰქონდა, ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც ასეთივე გამოხუნებული (მაგრამ ძალიან სუფთა) პიჯაკი ეცვა, ისეთი, პირვანდელ ფერსაც რომ ვეღარ ამოიცნობდი, სიამოვნებით სვამდა ჩაის და შეექცეოდა ვაშლის ნამცხვარს, რომელსაც სახელდახელოდ გამოაცხობდა ხოლმე დედაჩემი, ვინაიდან დიდ სიახლოვეს გრძნობდა ამ საზოგადოებიდან გარიყულ მხატვართან... მე მქონდა შეგრძნება, რომ თავის სახლში კირილს არასდროს არავინ არ უცხობდა ნამცხვარს, თუმცა ისიც არ ვიცოდი, ჰყავდა თუ არა ვინმე, ვისაც შეიძლებოდა ეზრუნა მასზე. ისიც (ფიროსმანივით) მარტო კაცი იყო, მაგრამ იუმორით სავსე და მხიარულიც კი. როგორც ახლა ვხვდები, აღფრთოვანებული იყო ლადოს პიროვნებით და, სხვათა შორის, ჩანახატებით, რომელთაც თავაუღებლად, კომენტარების გარეშე ჩასცქეროდა. და საერთოდ, ყველაფერი აინტერესებდა... ხშირად ლაპარაკობდა ფიროსმანზე. გატაცებით ჰყვებოდა, როგორ აღმოაჩინეს ძმებმა ჯერ მისი ტილოები დუქნებში და მერე თვითონ კაცი, რომელმაც არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა მათზე თავისი განდეგილობით, ასკეტიზმით და მოულოდნელი ევროპული ჩაცმულობით. იმ დროიდან დამრჩა კირილ ზდანევიჩის ნაჩუქარი მისი ორი პატარა ფერწერული ტილო - მთები და ნატურმორტი; გარდასულ დღეთა სახსოვარი...

დღეს კი... ფიროსმანის გამოფენაა ვეზლეში. დიდხანს ვდგავარ მისი საკვირველი ჟირაფის წინ. ჟირაფი, თავისი გამმჭვალავი და თავგზააბნეული მზერით (ფიროსმანის მზერით?), რომელსაც ვიღაცამ მხატვრის ავტოპორტრეტი უწოდა. მე ეს დიდ მხატვრულ მიგნებად მიმაჩნია. ჟირაფი - ფიროსმანის ავტოპორტრეტი! ჟირაფი, რომელიც თვითონ ფიროსმანს არასოდეს უნახავს. მაგრამ ეს უცნაური ცხოველი ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენს მიწაზე. ამას ადასტურებს დმანისის არქეოლოგიური გათხრები, და თუმცა ჩვენ ეს მხოლოდ ახლა გავიგეთ, ვინაიდან გათხრები სულ ახლახან ჩატარდა, ფიროსმანმა, როგორც ბუნების მესაიდუმლემ, ეს იმთავითვე იცოდა. ის უყურებდა ჟირაფს თავისი წინაპრების თვალით, ამიტომ ჩაასახლა მასში თავისი მღელვარე და მარტოობას შეხიზნული სული და, ალბათ შეუცნობლად, საკუთარ ალტერ ეგოდ აქცია. ჩემთვის ამ განწყობის დამადასტურებელია ფრანგი ხელოვნებათმცოდნის - ან ბერტრანის მშვენიერი სიტყვები: „ის (ჟირაფი) ავსებს მთელ ტილოს, მშვიდი ციდან მობიბინე დედამიწამდე, ჰორიზონტის ხაზის ზემოთ. ვიოლინოს სიმივით დაჭიმული, როგორც ამბობს პაუსტოვსკი, რომელმაც პირველმა იგრძნო ასეთი მღელვარება, ემოცია, სიყვარული ამ ჟირაფის მიმართ. როგორ გამოხატო წინააღმდეგობა ამ გაუგონარი არსებისა სამყაროში, რომელიც არაფრად აგდებს მას, ვინც უსარგებლოა. ფიროსმანი ხატავს ჟირაფს, და მასთან ერთად საკუთარ თავს“.

ვდაგავარ ამ ამოუცნობი ტილოს წინ და მიჩნდება განცდა, რომელიც სიხარულით მავსებს: მართლაც ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს ჩვენი უთავბოლო და სასტიკი სამყარო, ეს მშვენიერებაა!

და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: ფიროსმანის გამოფენის საპასუხოდ, ვეზლეს მუზეუმი 2009 წელს გვიგზავნის პიკასოს ნაწარმოებების მისეულ კოლექციას, რომელიც სიღნაღის მუზეუმში გამოიფინება! ამ მოვლენას კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება.

და აი, აღსრულდა „ამერიკული ოცნება“: ბარაკ ობამა, კენიაში დაბადებული შავკანიანი აფრო-ამერიკელი გახდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ქვეყნის 44-ე პრეზიდენტი. ამ მოვლენის შესახებ ჩვენი მკითხველისთვისაც ალბათ უკვე ბევრი რამ არის ცნობილი, მე მინდა მხოლოდ რამდენიმე დეტალზე შევაჩერო თქვენი ყურადღება.

შესანიშნავი იყო ობამას პირველი საპრეზიდენტო სიტყვა, გამაერთიანებელი სიტყვა, წარმოთქმული ჩიკაგოში 65000 ადამიანის წინაშე; სადა, უბრალო და ადამიანურობით სავსე სიტყვა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯერ გაიხსენა თავისი გამზრდელი ბებია, რომელიც მოინახულა გაცხარებული კამპანიის დროს და რომელიც გარდაიცვალა ზუსტად ამ ისტორიული მომენტის წინ. ილაპარაკა 106 წლის ამერიკელ ქალზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა რიგში ატლანტაში, ქალი, რომელმაც ნახა სეგრეგაცია, მართინ ლუთერ კინგის მკვლელობა, ბერლინის კედლის დანგრევა და დღეს ხმა მისცა თავის კანდიდატს. (მე ჩემთვის გავიფიქრე, - ნუთუ ამერიკელებმა 106 წლის ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში რიგში გააჩერეს-მეთქი? მაგრამ შევუნდოთ გამარჯვებით გაბრუებულ ლიდერს ეს ერთგვარი გადაჭარბება). „თუ დღეს კიდევ არის აქ ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ამერიკა არის ადგილი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, თუ ის ჯერ კიდევ ეკითხება თავის თავს, ცოცხალია თუ არა ჩვენი დამაარსებლების ოცნება, თუ მას ჯერ კიდევ აეჭვებს ამერიკული დემოკრატიის ძალა, დღევანდელმა საღამომ მას გასცა პასუხი“. შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა ილაპარაკა კონსენსუსის აუცილებლობაზე და პატივი მიაგო რესპუბლიკური პარტიის ფუძემდებელს აბრაამ ლინკოლნს. და ბოლოს, იხუმრა კიდეც: მე დავიბადე „რაღაც“ პლანეტაზე და ჩემმა მამამ გამომგზავნა პლანეტა დედამიწაზე მის გადასარჩენად. ხალხი გმინავდა აღტაცებისგან.

ობამას ტალღამ გადაფარა ამერიკა. დიახ, ჩვენ შეგვიძლია! - მისი საარჩევნო კამპანიის ამ მთავარ ლოზუნგს იმ დღეს იმეორებდა ყველა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, თეთრი, შავი, თუ ლათინური ქვეყნიდან მოსული ემიგრანტი... სახეები - აღელვებული, გაბრწყინებული, ბევრი - მოტირალი... სიხარულის ცრემლები; იცინოდა და თან დაუფარავად ტიროდა ჩვეულებრივ ჯმუხი და შეუვალი ჯესი ჯექსონი, შავკანიანების უფლებებისათვის მებრძოლი. აცრემლებული პატარა ბიჭი ამბობდა: „მსოფლიოში ისევ ვეყვარებით. ეს შესანიშნავია!“ რესპუბლიკელების ერთ-ერთი მხარდამჭერი: „ჩვენ ყველა ამერიკელები ვართ. ერთად უნდა ვიყოთ“. და უმთავრესი განცდა: დიახ, ჩვენ შეგვიძლია! დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ! დიახ, აქ ყველაფერი შესაძლებელია!

ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მაკეინის ღირსებით სავსე გამოსვლა. „ეს დამარცხება ჩემია, და არა თქვენი, - ასე მიმართა მან თავის მხარდამჭერებს, - და გააგრძელა: ამერიკელმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა. თქვა ნათლად. რამდენიმე წუთის წინ მე მქონდა პატივი, დამერეკა სენატორ ობამასთვის და მიმელოცა, რომ ის არჩეულ იქნა პრეზიდენტად ქვეყნისა, რომელიც ასე გვიყვარს ორივეს. ეს ისტორიული არჩევნებია... ერთი საუკუნის წინ თეოდორ რუზველტის მიერ თეთრ სახლში ბუკერ ტ. ვაშინგტონის (ყოფილი მონა ქცეული ზანგი მოსახლეობის რუპორად) მიწვევა გარკვეული წრეების მხრიდან შეურაცხყოფად იქნა აღქმული. დღევანდელი ამერიკა სინათლის წლებით დაშორდა იმ სასტიკ და აუტანელ შეურიგებლობის ეპოქას. და ამის საუკეთესო დასტურია აფრო-ამერიკელის არჩევა შეერთებული შტატების პრეზიდენტად... ეს მძიმე პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის. და დღეს საღამოს მე ვპირდები ბატონ ობამას, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალაშია, რომ მივეხმარო ამ გამოწვევების გადალახვაში. მე მივმართავ ყველა ჩემს მხარდამჭერს არა მხოლოდ იმისათვის, რომ შემომიერთდნენ მოლოცვაში, არამედ იმისთვისაც, რომ შევთავაზოთ ჩვენს მომავალ პრეზიდენტს ჩვენი კეთილი ნება და ჩვენი მტკიცე სურვილი, მივაღწიოთ კომპრომისებს, აუცილებელს იმისათვის, რომ აღვადგინოთ კეთილდღეობა, დავიცვათ ჩვენი სამშობლო ამ საშიშ სამყაროში და დავუტოვოთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს უფრო კარგი და ძლიერი ქვეყანა, ვიდრე ის, რაც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობად“.

ჩემთვის ეს იყო დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის უბრწყინვალესი მაგალითი. ფრანგი კომენტატორები კი ერთხმად აღნიშნავდნენ მაკეინის განსაკუთრებულ ელეგანტურობას. ადამიანის ჭეშმარიტი ღირსება ალბათ ყველაზე მეტად დამარცხების დროს მჟღავნდება.

მას ეძახიან „ქერა ველურს“, ანტიპარიზელს, „კეთილშობილ მოგზაურს“, ვოლტერის „კანდიდს“ (გულუბრყვილოს). უნდა გითხრათ, რომ ეს „ველური“ მართლაც მომხიბლავია, თავისი გულში ჩამწვდომი რომანებით, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, გარიყულებისა და მარგინალებისადმი ინტერესით და თანაგრძნობით, არტისტული გარეგნობით - ჟურნალისტები მას ხშირად მაკ კუინს ადარებენ, მარტოობისადმი მიდრეკილებით, მომხმარებელი საზოგადოებიდან გაქცევის დაუოკებელი წყურვილით. და აი, დღეს ეს განდეგილი - 68 წლის ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო - ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ლე კლეზიო ნიცაში დაიბადა. ზღვა დაბადებიდან შეიჭრა მის ცნობიერებაში. 6 წლისა ის გემით წაიყვანეს აფრიკაში, და მას მერე ზღვა, და ზღვის საშუალებით წასვლა, გაქცევა, ისტორიაში ჩაძირული და დაკარგული სამყაროების ძიება მისი სიცოცხლის არსი გახდა. „სხვა ნაპირი“, სხვა ცივილიზაციის ადამიანები, ჰორიზონტი, რომელსაც ვერასდროს ვერ მისწვდები... როგორც წერს „ნუველ ობსერვატორში“ ჟერომ გარსენი, „უდაბნოს“ ავტორი იმალება იმისათვის, რომ წეროს და არასდროს არ მოაქვს ამით თავი. ის არ იცვლება. დღესაც, 68 წლის ასაკში, მას იგივე, მორცხვი ახალგაზრდა კაცის იერი აქვს. დღესაც გამქრალი სამყაროების მირაჟები ურჩევნია მონდიალიზაციის ქიმერებს. „პარიზს კი არ უყვარს, როცა მას უწყლო ველებს, გამომშრალ მთებს და უკვამლო ცას ამჯობინებენ. პარიზს არ უყვარს, როცა მას უარყოფენ და მის მოდას არ მისდევენ“, - ასე წერს ჟურნალისტი და მის სიტყვებს ადასტურებს „ლე მონდში გამოქვეყნებული, ლიტერატურის მკვლევარის - ფრედერიკ-ივ ჟანეს წერილი სათაურით - „ნობელის დაუმსახურებელი პრემია“. ავტორი ლე კლეზიოს განსაკუთრებით მრავალსიტყვიერებას და „ყბედობას“ უწუნებს. ამ აზრს უპირისპირდება ლიტერატურის კიდევ ერთი მკვლევარი ალენ მაბანკუ. ის იხსენებს, რომ სტენდალი იგივეს ამბობდა რასინსა და ვოლტერზე, „იქ, სადაც საჭიროა ორი სიტყვა, ისინი გვთავაზობენ ათ ლექსს“ და ჟანეს კიდევ უფრო ძლიერი არგუმენტით ანადგურებს: „იქ, სადაც საჭიროა ორი სიტყვა, პრუსტი იყენებს სამასს“. და მე დავუმატებდი: მაგრამ როგორი აუცილებელია, ორის ნაცვლად, პრუსტის ეს სამასი სიტყვა, მათ გარეშე, ის ხომ დაკარგული დროის საძებნელადაც ვერ წავიდოდა! „თუ ლე კლეზიო, გაბრიელ გარსია მარკესი და მარიო ვარგას ლიოსა „მრავალსიტყვიერი და ყბედები“ არიან, ეს იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობენ ისეთი მუსიკის ქვეყანაში, რომელიც მიუწვდომელია სხვათა ყურისთვის, როგორც ამბობს დიდი პოეტი, ჩიკაია უტამსი“, - ეს იგივე ალენ მაბანკუს სიტყვებია.

მე კი... ვკითხულობ ლე კლეზიოს და ვგრძნობ, რომ ის სამუდამოდ ჩასახლდა ჩემში თავისი ტკივილიანი სინაზით, სისადავით, „უბრალო“ ადამიანების სულის სიმდიდრის წვდომით, კილოს თავისებურებით, ანუ ყველაფერი იმით, რაც ქმნის დიდ მწერალს...

მახსენდება კამიუს ბრწყინვალე სიტყვა მისთვის ნობელის პრემიის მინიჭების დღეს და დიდი ინტერესით ველოდები, რას იტყვის ამ ცერემონიაზე ეს „სხვა ნაპირების“ მაძიებელი ჰუმანისტი.

25 „ვარდები არ არიან“... ანუ ერთი ტკბილი ოცნების ძველი და ახალი მოტივები

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: გიორგი მაისურაძე

0x01 graphic

ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში, თბილისი 2005

შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან, ერთი ტკბილი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან“.

გალაკტიონ ტაბიძე

ტოტემი და ტაბუ“, ანუქართული ჩაი სურნელოვანი და სასიამოვნო სასმელია“

„ქართული ჩაი“ ის მთავარი სამარკო ნიშანია, რომლითაც წლების განმავლობაში საბჭოთა საქართველოს მთელ სოცბანაკის წევრ ქვეყნებში იცნობდნენ, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ქართულ ჩაის თითქმის ყველა სოციალისტური ქვეყნის მშრომელი მიირთმევდა და მის დამამზადებელ ქვეყანასაც ამა თუ იმ ფორმით მოიხსენიებდა. არასოციალისტური ქვეყნებისათვის კი, სადაც ქართული ჩაი არ მოიპოვებოდა, უცნობი იყო მისი მომყვანი ქვეყანაც, რომელიც მათ ალბათ რუსეთისგანაც კი ვერ განესხვავებინათ, რადგანაც მათთვის ყველაფერი, რასაც made in USSR ეწერა, რუსული იყო, მათ შორის - ალბათ ქართული ჩაიც.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაის მოშენება საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რევოლუციამდე დაიწყო, ამ მცენარის აღზევება ქვეყნის არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ კულტურულ ცხოვრებაშიც, უშუალოდ, საბჭოთა ხელისუფლებას უკავშირდება, რომელმაც მეჩაიეობით საქართველო ინდოეთსა და ჩინეთს გაუტოლა. ქართულ სოც-რეალიზმში ჩაის მოტივმა კი თვით ღვინოსაც წაართვა პირველობა და სოციალისტური საქართველოს მთავარ სიმბოლურ რეპრეზენტანტად იქცა (სამაგალითოდ ქართული ფილმების - „ბედნიერი შეხვედრის“, „ჭრიჭინას“ და „ჩარირამას“ გახსენებაც შეიძლებოდა). ყველაზე ცნობილი ქართველი კოლმეურნე, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი თამარ ყუფუნიაც, რომელიც საბჭოთა საქართველოში მშრომელი ქალის პროტოტიპად იქცა, მეჩაიე იყო.

ჩაის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში: 90-იან წლებში ნავთქურის მბჟუტავ ალზე ძლივსძლიობით მოდუღებულმა ჩაიმ საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს, არაერთი ცივი ზამთარი გადაატანინა და სტუმრის გამასპინძლების ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ საშუალებად მაინც იქცა. ამავე დროს, სწორედ 90-იანი წლების დამდეგს ჩაიმ ლამის ხელისუფლების იდუმალი ატრიბუტის სახე მიიღო, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სცენას სათავეში მუდამ განუყრელი ჩაის ჭიქით ხელში ედუარდ შევარდნაძე მოევლინა. ყოველ ტრიბუნაზე, რომელზეც შევარდნაძე ფეხს დადგამდა, იქვე ჩაის ჭიქაც უნდა გაჩენილიყო. თანდათანობით შევარდნაძის ჩაის ჭიქამ მისი ძალაუფლების სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა, თითქოს პრეზიდენტი ამ სასმისიდან მაგიურ ელექსირს ეწაფებოდა. თერთმეტი წლის განმავლობაში საქართველო ცნობისმოყვარე თვალებით შესცქეროდა საკუთარი სახელმწიფოს მეთაურის სასმისიდან ამომავალ იდუმალებით მოცულ ორთქლს, რომელიც საზოგადოებაში ათასგვარ მითქმა-მოთქმასაც აღძრავდა: იმასაც კი ამბობდნენ, - ჩაი ალიბია და სინამდვილეში ასაკოვანი პრეზიდენტი დოპინგებს იღებსო. მაგრამ, აბა, ვის შეეძლო იმის გადამოწმება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ პოლიტიკური საკრამენტის შებღალვით და, მაშასადამე, მის ერთადერთ კანონიერ უფლებამოსილზე ხელის აღმართვით უნდა მომხდარიყო?

შევარდნაძის ჩაის ჭიქის ხელყოფა მისთვის ხელისუფლების წართმევას ნიშნავდა. ყოფითი საგნის ძალაუფლებასთან გაიგივებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს: მსგავსი ფენომენი უკვე XIX საუკუნის ეთნოლოგებმა პირველყოფილ და არქაულ საზოგადოებებში აღწერეს, როდესაც ტომის ბელადის სასმისთან, ისევე, როგორც მის პირად ნივთებთან უნებლიედ შეხებაც კი არათუ აკრძალული, არამედ მომაკვდინებელიც იყო. ბელადის პირადი ნივთის ხელყოფა კი უკვე ხელისუფლების უზურპაციად აღიქმება; უფრო მეტიც, ხელისუფლების მიტაცებისთვის მისი ყოფილი მფლობელის დამარცხება და თვით მისი ფიზიკური განადგურებაც კი არაა საკმარისი. დამხობის აქტი სიმბოლურ დონეზეც უნდა გათამაშდეს, ეს კი დამხობილის პირადი ნივთების შებღალვას, დესაკრალიზაციას საჭიროებს, რაც ხშირად დამარცხებულის სასმისიდან დალევით გამოიხატება. ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი, ამგვარი მაგალითების საფუძველზე, შეეცადა აკრძალვის, ანუ ტაბუს ფენომენის ახსნას. ფროიდის აზრით, ყოველგვარი ტაბუს უკან დათრგუნული სურვილი იმალება, რომლის სიმბოლური განსახიერებაც კონკრეტული „აკრძალული“ საგანია. ამ საგნის დაუფლებით და მისი ხელყოფით აკრძალულ სიამოვნებაზე უფლება მოიპოვება. არქაულ საზოგადოებებში ტაბუს ფენომენი ტოტემისას გადაებმება. ტოტემი ძირითადად რომელიმე ცხოველი, ზოგჯერ კი მცენარეცაა, რომელსაც ამა თუ იმ ტომის წევრებისათვის საკრალური მნიშვნელობა აქვს და, შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოების სიმბოლური რეპრეზენტანტია, რაც მის თაყვანისცემის ობიექტად ქცევას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ტოტემი კოლექტიური ტაბუა, რომლის ხელყოფა თვით ბელადსაც კი არ შეუძლია, რამდენადაც ამ ტაბუს დარღვევა მთელი კოლექტივის „პოლიტიკურ მოშლას მოასწავებს, ისევე, როგორც ხელისუფლების სიმბოლოს დესაკრალიზაცია უზურპაციის ტოლფასია.

2003 წლის 22 ნოემბრის კადრების ნახვისას, როდესაც ვარდმომარჯვებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრა, შევარდნაძე ტრიბუნიდან განდევნა, მისი ადგილი დაიკავა და მისი ფინჯნიდან ჩაი შესვა, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ჩემ თვალწინ ზიგმუნდ ფროიდის წიგნი „ტოტემი და ტაბუ“ თამაშდებოდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის ცნობიერ მოტივაციებს, რამდენადაც ასეთი სიმბოლიკა არაცნობიერი ფსიქიკის არხებით გადაიცემა. ამდენად, შევარდნაძის ჭიქიდან ჩაის დალევა სიმბოლურად მისი დამხობის აღმნიშვნელი ქმედება იყო. პრეზიდენტის პირადი ნივთის ხელყოფა, რომელიც თითქმის მისი ხელისუფლების ატრიბუტი იყო, სწორედ ამ ხელისუფლების შებღალვას ნიშნავდა. ეს თავად შევარდნაძემაც ასევე აღიქვა - სამთავრობო რეზიდენციაში დაბრუნებულმა და ძალაუფლებადაკარგულმა პრეზიდენტმა, რომელიც ფაქტობრივად 31 წლის განმავლობაში წარმართავდა საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებას, რუსი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში აღშფოთებით განაცხადა: „Он выпил мой чай“. მეორე დღეს პატივაყრილი შევარდნაძის გადადგომა მისი უკვე შემდგარი დამხობის, ანუ რეალობის აღიარება იყო. მაგრამ ამ აქტით, ფროიდის მეტაფორებს თუ გამოვიყენებთ, სააკაშვილი ოიდიპალურ სცენარში ჩაეწერა, ანუ შევარდნაძესთან კონკურენცია მისი პოლიტიკური აზროვნების განმსაზღვრელად იქცა. იქიდან მოყოლებული სააკაშვილს თითქმის არც ერთი სიტყვა არ წარმოუთქვამს, რომ თავი შევარდნაძისათვის არ შეედარებინა, და თან საკუთარი უკეთესობისა და მართებულობისათვის არ გაესვა ხაზი. შევარდნაძეზე კონცენტრირებამ, მის ჯინაზე მოქმედებამ აკვიატებული იდეის სახე მიიღო, რაც ობიექტის როგორც უარყოფას, ასევე მისთვის მიბაძვასაც გულისხმობს. ამ ფაქტორმა შეიძლება გადამწყვეტი ზეგავლენაც კი იქონია იმ პოლიტიკური იდეოლოგიისა და სიმბოლური წესრიგის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობას უკავშირდება.

ვარდს გაეფურჩქნა კოკორი

0x01 graphic

0x01 graphic

აყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო... იოსებ ჯუღაშვილი

შევარდნაძის გადადგომას იმავე საღამოს, ანუ 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საზეიმო მიტინგზე ზურაბ ჟვანიამ „ვარდების რევოლუცია უწოდა. ასე გაიჟღერა პირველად ოფიციალურ კონტექსტში გამოთქმამ, რომლის ავტორიც არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე იყო. ამით  შევარდნაძის გადადგომამ სრულიად ახალი პოლიტიკური და იურიდიული სტატუსი შეიძინა და იგი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა რევოლუციის სიუჟეტში, რითაც შემდგომი მოვლენების ამ სიუჟეტის ლოგიკის მიხედვით განვითარებას შეუწყო ხელი. რევოლუციური სიუჟეტის ლოგიკით, მხოლოდ შევარდნაძის დამხობა არ იქნებოდა საკმარისი: პირველ რიგში, საქართველოს საკრალურ ფლორაში ახალ მცენარეს უნდა ეხარა, რომელიც ჩაის ადგილს დაიკავებდა და ამდენად, ახალი ხელისუფლების მთავარი, თანაც ოფიციალური სიმბოლო გახდებოდა. ასეთი სიმბოლო თავად ამ მოვლენის „ვარდების რევოლუციად შეფასებაში იყო ჩადებული, ხოლო საკუთარი თავის ვარდებთან გაიგივებით ახალი ხელისუფლება ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში ასოციაციურად ამაღლებულ პოეტურ ტრადიციას გადაეჯაჭვა, და ამ მოვლენის პოლიტიკურ შინაარსზე პოეტიკურ-სიმბოლურის დომინანტის აღმნიშვნელის ხასიათიც მიიღო, ხოლო ამ მოვლენას, პოლიტიკურზე მეტად, პოეტიკურ-სიმბოლური ხასიათი შესძინა. პოეტური პათოსი ყველა სახის რევოლუციის არათუ დამახასიათებელი ნიშანია, არამედ რევოლუციის რეპრეზენტაციის უმნიშვნელოვანესი ფორმაც, რაც ქვეყნის მოქალაქეებს ახალი ხანის დაწყებას უნდა ამცნობდეს და ისინი ამ სიახლის მართებულობაში დაარწმუნოს.

„რევოლუცია“ არსებული პოლიტიკური სისტემისა და მმართველობის ფორმის ძალისმიერ შეცვლას ნიშნავს. მაგალითად, საფრანგეთის რევოლუციამ აბსოლუტიზმი რესპუბლიკური მმართველობის ფორმით შეცვალა, ფეოდალური ვასალობა - მოქალაქეობის პრინციპით, მეფისადმი ლოიალურობა - სამშობლოს სიყვარულითა და ერისშვილობით. რევოლუციით არა მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმი ინგრევა, არამედ არსებული საზოგადოებაც განიცდის რადიკალურ ტრანსფორმაციას. ერთი მხრივ, გადაისინჯება ზნეობრივი ნორმატივები: მაგალითად, ოქტომბრის რევოლუცია ტრადიციულ მონოგამიურ სქესობრივ მორალს კაპიტალიზმის გადმონაშთად აცხადებს, აღიარებს ქალთა თანასწორუფლებიანობას და ოციან წლებში სექსუალური თავისუფლების პროპაგანდასაც ეწევა; ირანის ისლამური რევოლუცია კი პირიქით, მაქსიმალურად ზღუდავს სექსუალური ემანსიპაციის ნებისმიერ გამოვლინებას, კრძალავს ალკოჰოლს, გასართობ თამაშებს, ანუ ყველაფერს, რაც მკაცრ ისლამურ ნორმებს არ შეესაბამება.

მეორე მხრივ, რევოლუციით იცვლება სიმბოლური წესრიგი, კულტურული რეპრეზენტაციის ფორმები. ამის ყველაზე ნათელი და რადიკალური გამოვლინება მაო ძედუნისეული „კულტურული რევოლუციაა“, როდესაც რევოლუციამდელი ჩინური კულტურის ძეგლთა დიდი ნაწილი იმისათვის განადგურდა, რომ ახალი, კომუნისტური ჩინეთი, როგორც სამყაროს შესაქმის მითში, არაფრიდან აღმოცენებულიყო. „შესაქმის მითი“, არარადან, ქაოსიდან ახალი სამყაროს შექმნა, ყოველი რევოლუციური ნარაციის მთავარი იდეოლოგიური პრინციპია, რომლის ძირითადი სიუჟეტია ბოროტებისა და უსამართლობის განმასახიერებელ ტირანზე გამარჯვება და ახალი წესრიგის დამყარება. აქვე აუცილებლად უნდა იყოს გაცხადებული მიზნებიც, რომლებიც ბოროტებაზე საბოლოო გამარჯვებას და ყველაზე სანუკვარი იდეალების აღსრულებას ემსახურება. ასეთი პერსპექტივიდან რევოლუციური სცენარის სტრუქტურა უკვე წინასწარაა მოცემული და შესასრულებელი რჩება მისი მხოლოდღა გაფორმება, მისადაგება.

ვინაიდან 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში არც საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილება და არც სახელისუფლებო სისტემა არ შეცვლილა და ასეთი განზრახვა არც რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონია, რევოლუციის ინსცენირება მხოლოდ სიმბოლურ სფეროში გათამაშდა, ანუ პოლიტიკური პროცესების რევოლუციურ სიუჟეტად გაფორმება დაიწყო, თანაც - იმდენად წარმატებულად, რომ „ვარდების რევოლუციამ“ არა ალეგორიის, არამედ რეალურად მომხდარი და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტის სტატუსი შეიძინა. „ვარდების რევოლუცია, როგორც შესაქმის აქტი, მთელი რიგი სიმბოლოების რეორგანიზაციით დაიწყო. სახელმწიფო ჰიმნის, გერბისა და დროშის, როგორც უმაღლესი რეპრეზენტაციული სიმბოლიკის შეცვლას სწორედ ერთგვარი „კოსმოგონიური“ მნიშვნელობა ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ახალი დროის დადგომა ეუწყა. ამით „რევოლუცია“ დროის ათვლის ახალ წერტილად იქცა: არსებობს რევოლუციამდელი საქართველო - ქაოსის, კორუფციის, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის ხანა, რომელიც ერთ პრეკოსმიურ არსებას - შევარდნაძეს უკავშირდება და არსებობს რევოლუციის შემდგომი - რომელიც, სააკაშვილის სიტყვებით, „შევარდნაძის არ გეგონოთ“, არამედ ეს მომავლის საქართველოა, რომელიც გაბრწყინდება. აქვე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დროშის სახელმწიფო რანგში აღზევებით გაფორმდა ქვეყნისა და მმართველი პარტიის გაიგივება. ვარდმა, როგორც რევოლუციის სიმბოლომ, ახალი საქართველოს რეპრეზენტანტის მნიშვნელობა შეიძინა, როდესაც 2004 წლის იანვარში ახლად არჩეულ პრეზიდენტ სააკაშვილის ბერლინში ვიზიტისთვის გერმანიაში, საქართველოს საელჩოს ეზოში წითელი ვარდის ძეგლი დაიდგა. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს, რომელსაც რესპუბლიკის, ანუ სახელმწიფო წყობილების სახელი ერქვა და რომელიც მისი ამშენებლის, მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის ეპოქის სიმბოლო იყო, „ვარდების რევოლუციის“ ეწოდა. ამ მოედნიდან სასწრაფოდ გაქრა მისი მთავარი ატრიბუტი - „ანდროპოვის ყურები“ და შევარდნაძის პრეზიდენტობისას აღმართული დავით აღმაშენებლის ქანდაკებაც. სააკაშვილმა გააგრძელა პრეზიდენტის ეკლესიაში ინაუგურაციის შევარდნაძისეული ტრადიცია, მაგრამ შეცვალა ტაძარი: რევოლუციის შემდგომი საქართველოს პრეზიდენტმა „ღვთის წინაშე ფიცი“, სვეტიცხოვლის ნაცვლად, გელათში დადო.

რევოლუციურმა ხელისუფლებამ შემოიტანა და დაამკვიდრა სახელმწიფო ცერემონიების ახალი ლიტურგია: მაგალითად, საქართველოს ჰიმნი მკერდზე მუშტის მიბჯენით მოისმინება, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს პროამერიკულობაზე მიანიშნებს, მეორე მხრივ, ერთნაირი ჟესტიკულაცია კოლექტიური ერთობის განცდას წარმოშობს. ამასთანავე გამოიკვეთა რევოლუციური სიუჟეტის ჟანრი, რომელიც თანდათანობით საგმირო ეპოსს ემსგავსებოდა: გმირი უთანასწორო ბრძოლაში ამარცხებს თავისზე ბევრად ძლიერ მტერს. ამ სიუჟეტის ცალკეული მოტივები ახალი ხელისუფლების იდეოლოგიის მთავარი შემადგენელი ნაწილებია.

ახალი ოცნება და ძველი მოტივები

მივდიოდით მხარდამხარ და დრო გვეუარესა, აწ არ ვიცი, სადა ხარ და რომელსა მხარესა?“ გალაკტიონ ტაბიძე

მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციას“ „საქართველოს სულიერი მისიის განხორციელება“ უწოდა. ასეთი, თუნდაც რიტორიკული კვალიფიკაციით, რევოლუციის კონცეფციამ სრულიად არაახალი, არამედ არქაული, ქრისტიანულ-მესიანური მიმართულება მიიღო და თან იდეოლოგიურად დაუკავშირდა ამ რიტორიკული ფიგურის ავტორს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. თუმცაკი ასეთი გადაძახილი არ ყოფილა შემთხვევითი - გამსახურდიასთან დაბრუნება, მისი სრული რეაბილიტაცია და მოწამის შარავანდედით ეროვნულ პანთეონში კანონიზაცია, ერთი მხრივ, ახალი ხელისუფლების „ოიდიპალური“, მეორე მხრივ კი რევოლუციური სიუჟეტის ლოგიკით იყო ნაკარნახევი. ვინაიდან შევარდნაძე გამსახურდიას დამხობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და თავისი წინამორბედის მმართველობას „პროვინციული ფაშიზმი“ უწოდა, გამსახურდიას რეაბილიტაციით შევარდნაძის უზურპატორობას და არალეგიტიმურობას უნდა გასმოდა ხაზი, რამაც უკვე რევოლუციის სიუჟეტში სამართლიანობის აღდგენის მოტივი შემოიტანა. „ვარდების რევოლუციის“ გამსახურდიას მთავარი იდეოლოგიური ტრაქტატის სათაურთან დაკავშირებით კი კარი გაეხსნა საქართველოში მესიანისტური იდეოლოგიის რენესანსს, რომელმაც სააკაშვილის რიტორიკაში, განსხვავებით გამსახურდიას ეზოთერიზმისაგან, ახალი, სეკულარული ჟღერადობა შეიძინა. თუკი გამსახურდიასთვის ევროპული და ზოგადად ქრისტიანული ცივილიზაციის აკვანი საქართველოა, რომელსაც თავისი სულიერი ძალებით მთელი კაცობრიობის ხსნა შეუძლია, სააკაშვილთან ქართველები „უძველესი ევროპელები“ არიან, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არგუმენტი და წინაპირობაა. თუ გამსახურდია საქართველოს ბნელ ძალებსა და ურჩხულებთან ესქატოლოგიურ ბრძოლაზე, როგორც ქართული მესიანიზმის აღსრულებაზე ღაღადებდა, სააკაშვილთან ეს მოტივი სამხედრო ძლიერების პროპაგანდად გადაიქცა, რომელსაც თავისი მესიანისტური ჟღერადობა არათუ არ დაუკარგავს, არამედ მან სრული მოდერნიზაცია განიცადა და გამსახურდიას ბუნდოვანი, ლამის ოკულტისტური შეძახილებიდან მარტივად გასაგებ და მწყობრ იდეოლოგიად ჩამოყალიბდა, რომელსაც ახალმა ხელისუფლებამ მოგვიანებით „საქართველოს მოდერნიზაცია“ უწოდა.

0x01 graphic

ახლა ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ თავად ტერმინ „მოდერნიზაციის“ მნიშვნელობა, რომელიც სიტყვა „მოდერნიდან“ (ფრანგ. moderne - „ახალი“, „თანამედროვე“) მომდინარეობს და ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრადიციის გაწყვეტას და მის გათანამედროვებას ნიშნავს, რომლის დასაწყისიც ევროპაში განმანათლებლობის ეპოქას (XVII ს.) უკავშირდება და შუა საუკუნეების რელიგიური დოგმატიკით შემოსაზღვრული ცნობიერების დასასრულს და რაციონალური აზროვნების გაბატონებას გულისხმობს. პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდერნი „ძველ წყობილებას“ უპირისპირდება, რაც აბსოლუტიზმის - დემოკრატიით, მონარქიის - კონსტიტუციით შეცვლას, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას, სეკულარიზაციას იწვევს. საკრალური ლეგიტიმაციის - ხელისუფლის ეკლესიის მიერ კურთხევის ადგილს კი ინაუგურაცია იკავებს, ანუ კონსტიტუციაზე ფიცის დადების სამოქალაქო რიტუალი.

მოდერნის ნაყოფია ნაციონალიზმიც, რომელიც XIX საუკუნის დამდეგს გაჩნდა და კოლექტიური იდენტობისა და თაყვანისცემის ახალი სიმბოლო დაამკვიდრა - ეროვნული გმირის ინსტიტუტი. „ეროვნული გმირი“ შეიძლება იყოს როგორც ისტორიული პიროვნება, ასევე - მითოლოგიური ფიგურაც, წმინდად იდეოლოგიური სიმბოლოა, რომელიც ახალ კოლექტიურ ერთობაში მიბაძვისა და სიამაყის საგანი ხდება. ეროვნულ გმირებზე იწერება ლიტერატურა, იდგმება მათი ქანდაკებები, გამოიფინება მათი პორტრეტები. ამით კი ადამიანთა ცნობიერებაში გარკვეული იდეოლოგიის შეტანა და ჩაბეჭდვა ხერხდება. მაგალითად, მეომარი ან ათლეტი გმირები ფიზიკური ძალისა და ზოგადად ძლიერების შინაარსს გადასცემენ. XIX საუკუნის ნაციონალიზმებში ასეთი ფიგურების მეშვეობით იქმნება ეროვნული ნარაციები - იდეოლოგიური შინაარსის თხზულებები, რომელთა მიზანია ეროვნული სიამაყის გრძნობის გაღვივებით კოლექტიური იდენტობის განმტკიცება და, საბოლოო ჯამში, ამ იდენტობის მთავარი საფუძვლის - „სამშობლოს“, როგორც ერთ დროს ღმერთის მიმართ, უპირობო მორჩილებისა და ლოიალობის დაწესება. აკაკი წერეთლის სიტყვები, - „ჩემი ხატია სამშობლო“, - რითაც საქართველოს ახალი ჰიმნი იწყება, ასეთ ჩანაცვლებას გამოხატავს, რაც სწორედ XIX საუკუნის ნაციონალიზმისთვისაა დამახასიათებელი. ნაციონალიზმის ამგვარმა განვითარებამ პირველი და მეორე მსოფლიო ომების იდეოლოგიური ნიადაგები მოამზადა, რის გამოც, უკვე XX საუკუნის შუა ხანებში მასზე, როგორც კოლექტიური იდენტობის განმსაზღვრელ ფაქტორზე, დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვეს; და ამით შესაძლებელი გახდა ევროპის ქვეყნების ზესახელმწიფოებრივ და ზენაციონალურ ევროკავშირად გაერთიანება.

ასეთ ფონზე ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოტანილი იდეოლოგია, ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის მათეული გაგება, XIX საუკუნის ნაციონალიზმისა და შუა საუკუნეების ქრისტიანული მესიანიზმის პარადოქსული ნაზავი, ჰიბრიდია. ჰიბრიდულობის პირველი შტრიხები სააკაშვილის მიერ დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადებისთანავე გამოჩნდა, რაც მერე კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ლოზუნგში - „წინ - დავით აღმაშენებლისაკენ!“. ეკლესიაში ინაუგურაციით სააკაშვილმა, ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა, დაარღვია ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მოდერნისტული პრინციპი; დავით აღმაშენებლის საქართველოს ნიმუშად და საპროგრამო მოდელად გამოცხადებით კი მომავლის პროექტი XII საუკუნეში აღმოჩნდა საძიებელი. შუა საუკუნეებში პარალელების ძებნის კიდევ ერთი ნიშანი იყო ბაგრატიონთა სამეფო გერბის აღდგენა, რომელიც რესპუბლიკური წყობილებისათვის უბრალოდ კურიოზულიც კია და პოლიტიკური ცნობიერების მხოლოდ რეგრესიაზე, ანუ განვლილ საფეხურებთან დაბრუნებაზე მეტყველებს.

პარალელურად ცოცხლდება XIX საუკუნის ნაციონალიზმის ტიპური ელემენტებიც, როგორიცაა „ეროვნული გმირების თაყვანისცემა, მათი გადმოსვენების პომპეზური ცერემონიები - ტრადიცია, რომელმაც საბჭოთა ხანისა და გამსახურდიას შემდეგ ახალ ბრწყინვალებას „ვარდების რევოლუციით“ მიაღწია. თუ გამსახურდიას ეზოთერულ ნაციონალიზმში ცალკეული მითოლოგიური ფიგურები წმინდად ნარატიული პერსონაჟები იყვნენ, „რევოლუციის“ შემდგომ საქართველოში მათი გავიზუალურება დაიწყო. წმინდა გიორგის, მედეასა და პრომეთეს ქანდაკებები „მოდერნიზაციის“ ხანის საქართველოს ნაციონალისტური მითოლოგიის უმაღლესი ტრიადაა: წმინდა გიორგი, როგორც საქართველოს პატრონი, იმპერიულ ურჩხულთან მებრძოლი, სიძლიერისა და გამარჯვების სიმბოლო; პრომეთე, როგორც მეამბოხე, თავგანწირვისა და გამძლეობის ნიმუში და ზეკაცის პროტოტიპი; და მედეა, როგორც საქართველოს დასავლურ სამყაროსთან პირველი დამაკავშირებელი. საინტერესოა თავად ამ ქანდაკებათა ესთეტიკაც: მედეა და წმინდა გიორგი XIX საუკუნის ნაციონალიზმისათვის დამახასიათებელ ნეოკლასიცისტურ ფორმებს იმეორებენ, რაც შეეხება პრომეთეს, იგი ნაცისტური გერმანიის ოფიციალური ესთეტიკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, მოქანდაკე არნო ბრეკერის ნამუშევრების ლამის პირდაპირი ასლია. ასეთი ვიზუალური გარემო კი საბრძოლო-ჰეროიკული განწყობის საყრდენს ქმნის, რომელიც ადვილად გადადის აგრესიულ ნაციონალიზმსა და ძალის იდეოლოგიაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ პირველი პოლიტიკური ძალაა პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელიც მოზარდ-ახალგაზრდობასთან მუშაობის საბჭოთა პრაქტიკასა და მეთოდებს დაუბრუნდა და „პიონერთა ბანაკების“ ანალოგიური „პატრიოტთა ბანაკები“ აღადგინა, სადაც მოზარდები დასვენებასთან ერთად „პატრიოტულ აღზრდასაც“ გადიან. ასეთი პრაქტიკა, როგორც იდეოლოგიური ზეწოლის ფორმა, დემოკრატიული ქვეყნებისთვის ფაქტობრივად უცხოა და მას მხოლოდ ნეოფაშისტური და ფუნდამენტალისტური დაჯგუფებებიღა მიმართავენ.

საბჭოური წარმომავლობისაა სამხედრო-პატრიოტული პროპაგანდაც საბრძოლო შინაარსისა და ისტორიული ანალოგიების გამოყენებით შექმნილი ვიდეო რგოლებით, მუსიკალური კლიპებით, პლაკატებითა თუ ლოზუნგებით, ასევე - პატრიოტული ფილმებითა და ლექსებით, რაც პირდაპირ იმეორებს სტალინის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოგონილ სქემას.

ასე მივიღეთ „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების იდეოლოგია, რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: 1. შუა საუკუნეების ქრისტიანული მესიანიზმი და ესქატოლოგიური ბრძოლის იდეა; 2. XIX საუკუნის ნაციონალიზმი და მისთვის ნიშანდობლივი თავგანწირვისა და ჰეროიზმის პრინციპები; 3. სამხედრო-პატრიოტიზმის საბჭოური ანალოგიის აღმზრდელობითი პროპაგანდა. ამით საქართველოში მოხდა არა ქვეყნის მოდერნიზაცია, არამედ შუა საუკუნეების სამხედრო-მესიანისტური პარადიგმის კიდევ ერთხელ გამაგრება, სრულიად არათანამედროვე და მოჩვენებითი რეალობის შექმნა, რომლის შედეგიცაა წარსულის გაზღაპრებული სახით გაცოცხლება და რეპროდუქცია, ხოლო შემდეგ ამ ზღაპრების თავადვე დაჯერება. ეს კი ერთგვარ „მოჯადოებულ წრეს“ აჩენს, საიდანაც შეუძლებელი ხდება გამოსვლა, ალტერნატივის გაჩენა და მოდერნიზაცია, რაც ყველაზე ცხადად ნაციონალებისა და ოპოზიციის დებატებში გამოჩნდა.

ვარდების კონტრრევოლუცია, ანუ წინ შუა საუკუნეებისაკენ

ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების...
რუსთაველი

„გადამეტება ბადებს ტირანებს, - ნათქვამია ერთ ბერძნულ ტრაგედიაში (სოფოკლე, „მეფე ოიდიპოსი). მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს ან რომელიმე მის წინამორბედს ტირანობა დავაბრალო. თუმცა, თავად ძველ საბერძნეთში ტირანია ხელისუფლების თვითნებობას, მის ქედმაღლობას, ზედმეტად საკუთარ თავში დარწმუნებულობასაც ნიშნავდა, რაც მას არა მხოლოდ ხალხისა და მისი პრობლემებისგან, არამედ რეალობისგანაც აუცხოებდა. პლატონი ტირანიას ზმანების მდგომარეობას ადარებს, როდესაც წარმოსახვა და მოჩვენებითობა პოლიტიკურ რეალობად ქცევას ცდილობს. რეალობის დაკარგვა კი არაადეკვატური, ზოგჯერ საბედისწერო ქმედებების საფუძველია, რომლის უკან აღარაფერი რაციონალური აღარ დგას და აზროვნებაც და ქცევაც თავისივე შეთხზული და მერე თვითონვე დაჯერებული ხატებით იმართება. ასე მაგალითად, საკუთარი თავის წმინდა გიორგის მითოლოგიურ სიუჟეტთან გაიგივებით მართლაც შესაძლებელია, რომ რომელიმე პოლიტიკოსს გველეშაპთან შეჭიდების განცდა დაეუფლოს და მოულოდნელად ისიც აღმოაჩინოს, რომ გველეშაპს ერთი მოჭრილი თავის ადგილას ორი და მრავალი ახალი ამოსდის და შუა ბრძოლაშიღა გაახსენდეს, რომ გველეშაპებს, საზოგადოდ, ასეთი რამ ახასიათებთ, მაგრამ მის მიერ შეთხზულ და დაჯერებულ ვერსიაში ეს მომენტი გამოტოვებული ყოფილა. როდესაც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა, - „ვისაც რითი შეუძლია“ - ეს განცხადება არა მხოლოდ უპასუხისმგებლობის, არამედ დროისა და ეპოქის არასწორი აღქმის ნიმუში იყო, რომლის ქვეტექსტიც, პოლიტიკური აზროვნების ნაცვლად, ხალხური სიმღერიდან მოდიოდა - „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“...

„ვარდების რევოლუციამ“ საქართველოში ერთი რამ სრულიად წარმატებულად მოახერხა: მან მოსახლეობის დიდ ნაწილს არათუ დააჯერა საკუთარი იდეოლოგიური მითოლოგია, არამედ პოლიტიკურ სფეროში სრულიად არაადეკვატური და მითოსური შინაარსის არტიკულაციის ფორმები დაამკვიდრა და ისინი საყოველთაო და ტოტალური გახადა. ეს მომენტი ყველაზე ცხადად ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში გამომჟღავნდა, რაც, ფაქტობრივად, არაადეკვატურობასა და ანაქრონულობაში შეჯიბრად გადაიქცა. თუ ოპოზიცია პრეზიდენტის უფლებების გაზრდითაა უკმაყოფილო, იგი ამას პრეზიდენტობის ინსტიტუტის გაუქმებისა და მისი მონარქიით შეცვლის მოთხოვნით გამოხატავს. როდესაც ხელისუფლების სამხედრო-პატრიოტულ პოლიტიკას ქვეყანა რუსეთთან სამხედრო შეტაკებამდე მიჰყავს, ოპოზიცია ამაში კი არ ხედავს პრობლემას, არამედ ხელისუფლებას არაპატრიოტობასა და კაპიტულანტობაში სდებს ბრალს. ამით ოპოზიცია ხელისუფლების ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრატეგიას კი არ ეძებს, არამედ მისი ანაქრონული და არაადეკვატური იდეოლოგიური ელემენტებისა თუ პოლიტიკური ქმედებების კიდევ უფრო მეტად გარადიკალურებასა და გააბსურდულებას მოითხოვს. ამის საუკეთესო ნიმუში ტელეკომპანია „იმედის“, როგორც ოპოზიციური არხის, ხელისუფლების კრიტიკის ძირითადი ხასიათი და მიმართულება: „ეკლესიებს ანგრევენ!“, „სამშობლოს უცხოელებზე ყიდიან, „ჩინელებსა და ზანგებს გვისახლებენ“ - ამ ქსენოფობიური, ფუნდამენტალისტური და მემარჯვენე პოპულისტური „ალტერნატივის“ ძირითადი კომპონენტებია. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნა - გაძლიერდეს ეკლესიის როლი სახელმწიფოში, პატრიარქის მიერ აღზრდილი უფლისწული მეფედ ეკურთხოს, სინოდმა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში - შუა საუკუნეების თეოკრატიული მოდელის გადმოტანის აბსურდული დემაგოგიაა, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილი ილუზორული სამყაროს კიდევ უფრო გაზღაპრულებას და რეალობასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას მოითხოვს. შესაბამისად, ოპოზიციის გამოსვლებს საქართველოში ძირითადად ფეოდალური აშლილობის სახე უფრო აქვს, ვიდრე პოლიტიკური დებატებისა: საპროტესტო მოძრაობა მაშინღა აქტიურდება, როდესაც ხელისუფლებას რომელიმე ყოფილი მინისტრი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი გადაუდგება და უცებ მის სიცუდეს აღმოაჩენს, რაც ისევ და ისევ მასში მართლმადიდებლობის ან პატრიოტობის ნაკლებობა ყოფილა. თუმცა, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ძნელად ასახსნელი თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიცია მნიშვნელოვანწილად „ვარდების რევოლუციის“ ყოფილი აქტივისტებისგან შედგება, რომელთა ბრალდებებიდან გამომდინარე, მმართველი პარტია ღალატობს „საქართველოს გაბრწყინების“ რევოლუციურ იდეალებს.

ასეთი უალტერნატივობა კი საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებასა და დემოკრატიული სტრუქტურების ამუშავების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია და მხოლოდ იზოლაციონისტურ ტენდენციებსა და ფუნდამენტალიზმს აღვივებს. ფუნდამენტალიზმი კი საკუთარი თავის, საკუთარი კულტურის ზედმეტად სერიოზული და უიუმორო აღქმით წარმოიშობა, რომელიც გარდა თავისივე შეთხზული რეალობისა, სხვა რეალობებს ვეღარ ხედავს და ძალისმიერი მეთოდებით მის თავზე მოხვევას ცდილობს. ასეთი განვითარების შედეგი კი ისაა, რომ ოპოზიციის კრიტიკისგან თავის დასაცავად ხელისუფლება თავად გადავიდა კიდევ უფრო მეტად ანტიმოდერნიზმზე, კიდევ უფრო დაშორდა ლაიციზმს და დაუახლოვდა ეკლესიას, რომლის ლოცვა-კურთხევის გარეშე უკვე მიტინგიც კი აღარ ტარდება, და უფრო მყარად დადგა წინ - შუა საუკუნეებისაკენ მიმავალ გზაზე.

26 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲ზევით დაბრუნება


უახლესი ისტორია

დათო ტურაშვილი

(გაგრძელება)

0x01 graphic

პირველი ნამდვილი დისკი ლაშა ფხაკაძემ მაჩუქა ბავშვობაში და იმ დისკის ყდაზე ჯორჯ ბენსონი ეხატა თავისი ჯადოსნური გიტარით. სხვებს, კლასშიც და უბანშიც, ძირითადად ლურჯი და თხელი ფირფიტები ჰქონდათ, მე კი ნამდვილი დისკი - დიდი და მწვანე.

ჯორჯ ბენსონმა ნამდვილი მუსიკა შემაყვარა და კარგისა და ცუდის გარჩევაც, მგონი, მაშინ ვისწავლე. ამიტომაც ვფიქრობ ხოლმე, რომ ქართველებმა ერთად და გულწრფელად ბოლოს ცხრა აპრილის შემდეგ იმღერეს (ალბათ ქვინსი ჯონსის გავლენით) და მერე აღარც კი მინახავს ასე გულწრფელად მომღერალი რომელიმე სხვა ქართველი. ის კლიპიც (ტიტების შესახებ) ახლახან კიდევ ერთხელ აჩვენეს ტელევიზიით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთავარია, ადამიანი გულწრფელი იყოს და იყოს თუნდაც ისე უცნაურად შემოსილი, როგორც იმ კლიპში დგანან ქართული ესტრადის მაშინდელი ვარსკვლავები. კარგად რომ დააკვირდე იმ კლიპს, სრულიად სხვა ეპოქაა და ცოტა ღიმილის მომგვრელიც, მაგრამ მაინც საუკეთესო, რადგან მაშინ არა მხოლოდ გულწრფელები ვიყავით, არამედ ცამდე მართლებიც, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გვქონდა იარაღი, რომლითაც მერე ერთმანეთი უნდა დაგვეხოცა. სწორედ ამიტომ (სანამ იარაღს დაგვირიგებდნენ), ჩვენ ვიყავით ძალიან ძლიერები და უიარაღოდ, მართლა შიშველი ხელებით მოვიპოვეთ ძალიან დიდი გამარჯვება - ძალიან მალე ცხრა აპრილის შემდეგ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გასრულდა. მართალია, კომუნისტური რეჟიმი 1990 წლის 28 ოქტომბერს მხოლოდ იურიდიულად დამთავრდა, მაგრამ ცოტა ხნით ადრე ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. თუმცა ძველი, ტაშითა და ყიჟინით ჩამოგდებული საბჭოური ძეგლების ნაცვლად, ახალი და სხვა ძეგლების აღმართვის მსურველები მაშინვე გაჩნდნენ საქართველოში. როგორც ჩანს, კერპთაყვანისმცემლობა მარადიული ქართული სისუსტეა.

ლენინისა თუ ორჯონიკიძის ძეგლები თბილისში უკვე აღარ იდგა, მაგრამ იმ ძეგლების კვარცხლბეკები კიდევ კარგა ხანს იყო დარჩენილი და იმის საშიშროებაც, რომ ზედ ვინმე შეხტებოდა, დიდხანს არსებობდა. განსაკუთრებით საშიში კი იმთავითვე იყო რუსთაველზე, ახლანდელი პარლამენტის შენობის წინ დატოვებული ორი კვარცხლბეკი, რომლებზეც ადრე ნამგალდაურომომარჯვებული მშრომელები იდგნენ. ძეგლები აიღეს, მაგრამ უზარმაზარი კვარცხლბეკები მაინც დატოვეს და კონკურსიც გამოაცხადეს ახალი კერპების შესაქმნელად. მომავალი ძეგლების მაკეტები იქვე, მაშინდელი მხატვრის სახლში გამოფინეს და ზვიად გამსახურდიამ თვითონვე, ღიმილით მაჩვენა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი მოქანდაკის ნამუშევარი - კვარცხლბეკზე მუშტმოღერებული ზვიად გამსახურდიას მომავალი ძეგლი იდგა.

- ასე მებრძვიან გენაცვალე, - მითხრა სიცილით და მეც ბევრი ვიცინე, მაგრამ სასაცილო რომ არ იყო მეოცე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა, მოგვიანებით საბოლოოდ დავრწმუნდი. თვითონ ზვიად გამსახურდია კი, როგორც ჩანს, ჩვენზე ადრე მიხვდა, საიდან გვემუქრებოდა ყველაზე მთავარი საშიშროება და საქართველოს პირველ პრეზიდენტსაც ყველაზე მონდომებით (ცოტა ხანში) სწორედ ისინი ესროდნენ, ვინც მას მანამდე მესიას უწოდებდა.

1990 წლის 27 ოქტომბერს, სწორედ არჩევნების წინა საღამოს ჭავჭავაძის პროსპექტზე ჩავლილ შავ ვოლგას (და შიგ მჯდომ ძვირფას გვამს), ჩემმა მეგობარმა მარჯვენა ხელით ზუსტად ის მოძრაობა გაუკეთა, რაც ტარტაროზმა ჰოპემ - ჩვენ, 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში, როცა პირველი გოლი გაგვიტანა თასების მფლობელთა თასის ფინალში.

იმ ჩემმა მეგობარმა იმ ქართველ საბჭოთა ჩინოვნიკს მერე მონდომებითაც შეაგინა და ხმამაღლაც მიაძახა, - ხვალიდან აღარ იარსებებთო!

მოულოდნელად კი იქვე მდგომმა საკმაოდ ასაკოვანმა ქალბატონმა გაკვირვებით შეგვათვალიერა და მშვიდად გვკითხა: კი, მაგრამ, ამ შავ „ვოლგებში“ ხვალიდან ხომ სხვები ჩასხდებიანო...

არაფერი გვითქვამს საპასუხოდ მშვენიერი ქალბატონისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ცამდე მართალი იყო, ჩვენ მაინც გვახარებდა კომუნისტების მომავალი მარცხი და გვიხაროდა დასასრული იმ ხელისუფლებისა, რომელმაც აურაცხელი ბოროტება ჩაიდინა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში. ამიტომაც 1990 წლის 28 ოქტომბერი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე იყო და ჩვენს ქვეყანაში იმ დღიდან მართლაც ახალი ერა დაიწყო. თუმცა, ყველაფერი ახალი აუცილებლად წარმატებულს სულაც არ ნიშნავს და რა გასაკვირი იყო, რომ უამრავი პრობლემა დახვედროდა ახალ ეროვნულ ხელისუფლებას.

1918 წლის დამოუკიდებლობის პერიოდთან შედარებით, ზვიად გამსახურდიას მთავრობას ის აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რომ ამ ხელისუფლებაში ძირითადად თავისუფალ საქართველოზე მეოცნებე ადამიანები მაინც მოხვდნენ. 1918 წელს კი მაშინდელ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ძირითადად ის ქართველი სოციალ-დემოკრატები შეადგენდნენ, რუსეთისაგან საქართველოს გამოხსნაზე არასოდეს რომ არც უფიქრიათ. რევაზ გაბაშვილის ცნობილ მოგონებათა წიგნში არის კიდეც ერთი სასაცილო და თანაც სამარცხვინო ეპიზოდი, რომელსაც წიგნის ავტორი ვორონცოვის ყოფილ სასახლეში თვითონვე შეესწრო. კედელზე გაკრულ საქართველოს რუკასთან მდგარი პავლე ინგოროყვა ჯოხით აჩვენებდა ერთ-ერთ მაშინდელ მინისტრს კახეთს და იქვე უყვებოდა მას საქართველოს ისტორიას. ის მინისტრი კი, გულწრფელად გაკვირვებული და გახარებული შლიდა ხელებს, - კაი დიდი მხარე კი ყოფილა ეს კახეთიო...

1990 წელს, სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით, ჩვენმა მინისტრებმა საქართველოს ისტორია მაინც იცოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მეორე უკიდურესობის პრობლემა არსებობდა, რადგან პოსტსაბჭოურ საქართველოში დანარჩენ სამყაროზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდათ. საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი, სრულიად იზოლირებული ქვეყანა იყო და ამიტომაც ახლად გამოცხადებული დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამთავრობო დელეგაციები უცხოეთში, ზოგჯერ სრულიად სხვა, სრულიად უცნობ სამყაროში ხვდებოდნენ. ასე აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დელეგაციის წევრები ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ორმოცდამეთვრამეტე ქუჩის მისადგომებთან. მართალია, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ისინი ვაშინგტონში გააგზავნა, მაგრამ ოფიციალური შეხვედრების დამთავრების შემდეგ სამი ზედმეტი დღე ჰქონდათ დარჩენილი თვითმფრინავის რეისამდე და რატომ არ უნდა ენახათ, ვთქვათ, ნიუ-იორკი.

მოკლედ, მანჰეტენზე იმდენი ისეირნეს ჩვენმა ჩინოვნიკმა თანამემამულეებმა, სანამ ორმოცდამეთვრამეტე ქუჩაზე არ აღმოჩნდნენ, სადაც ცოტა მეძვირე, მაგრამ დედამიწის ყველაზე ლამაზი პუტანკები დგანან. იქვე, ორმოცდამეთვრამეტე ქუჩასთან ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების სასტუმროებია და ამიტომაც რჩეული პუტანკები აქ დასადგომად, არამხოლოდ სრულიად ამერიკიდან, მთელი მსოფლიოდანაც ჩამოდიან. აქ ისეთი ლამაზი ქალები დგანან (მაშინ იდგნენ ხოლმე), რომ შეიძლება ცუდად გახდე, მაგრამ ჩვენი დელეგაციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ცუდად კი არა, ქართველი ჩინოვნიკები ძალიან კარგად გახდნენ მათი დანახვისას და ამ უძველესი პროფესიის უმშვენიერესი წარმომადგენლები სასტუმროში მიიწვიეს. ქართველი მამაკაცი, მოგეხსენებათ, ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ამ უძველეს პროფესიას, დანარჩენი კაცობრიობისაგან განსხვავებით, სრულიად პოეტურად უყურებს და ამიტომაც ჩვენი დელეგაციის წევრებმა ჯერ მათი პატივისცემა გადაწყვიტეს. თანაც ისინი პოსტსაბჭოური საქართველოდან იყვნენ და ქალებთან ურთიერთობის მხოლოდ ის წესები იცოდნენ, რომელიც მოსკოვიდან ახსოვდათ - ჯერ დალევა, მერე სექსი.

მგონი, ადვილი წარმოსადგენია ნიუ-იორკელი პუტანკების გაკვირვებული სახეები, როცა მათ აღმოაჩინეს, რომ ეს უცნაური კლიენტები, რომლებიც უკვე მათი დედმამიშვილების სადღეგრძელოს ამბობდნენ (სავსე ჭიქებით ხელში), სულ არ ჰგავდნენ ჩვეულებრივ კლიენტებს და, რაც მთავარია, სულ არ ეჩქარებოდათ. ხოლო როცა სადღეგრძელოების წარმოთქმისას იმ უცნაურმა კაცებმა ფეხზე წამოდგომა დაიწყეს, ორმოცდამეთვრამეტე ქუჩის პუტანკები მიხვდნენ, რომ აქ დიდი ფულის გაკეთება შეიძლებოდა.

ასეც მოხდა - მოგეხსენებათ, ქართველ კაცს ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ვისკი ამარცხებს და თიშავს და ქართული სამთავრობო დელეგაციის წევრებს რამდენ ხანს ეძინათ, არავინ იცის. ფაქტია, როცა გაიღვიძეს, აღმოაჩინეს, რომ საშინელი გაძარცულები იყვნენ და სინამდვილეში ვერაფერიც ვერ აღმოაჩინეს, გარდა ტრუსეულისა, რომელიც ქართველ მამაკაცებს ზედ ემოსათ. ბედნიერმა პუტანკებმა არამხოლოდ ფული და ხელის საათები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელებიც კი წაიღეს და ასე შიშველი და გაუბედურებულები დაგვტოვეს რუსეთის უზარმაზარი იმპერიის პირისპირ.

(მერე, შევარდნაძის დროს ვენეციაში მივლინებით გაგზავნილმა ერთმა ქართველმა მინისტრმა სასტუმროს ფანჯრიდან ქუჩაში რომ გადაიხედა, ისტორიული ფრაზა თქვა - აქანე წყალდიდობა ყოფილაო, - და ძალიან დაწყდა გული, რომ სწორედ მის ვიზიტს დაემთხვა ვენეციის მარადიული თავისებურება).

იყო სხვა, არანაკლებ თავშესაქცევი ისტორიებიც, მაგრამ მათ გახსენებას აზრი არა აქვს, რადგან ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და პრეზიდენტობის ეპოქიდან მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები დარჩება საქართველოს ისტორიაში.

როგორც არ უნდა გვახსოვდეს ჩვენი სუბიექტური შთაბეჭდილებები და მაშინდელი ხელისუფლების შეცდომები, მაინც ობიექტური ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს სწორედ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით აღიდგინა საქართველომ დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. ნებისმიერი ადამიანისა და ნებისმიერი ქვეყნისთვის კი თავისუფლებაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არც არაფერი არსებობს...

27 პოლიტიკის, კარნავალისა და სიჩუმის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


რეცენზია

რეჟისორი რობერტ სტურუა 70 წლისაა და ისევ თეატრალურ ვერსალშია

ავტორი: დავით ბუხრიკიძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, დიმიტრი ჩიკვაიძე

0x01 graphic

ცხადია, დროთა კავშირი გამუდმებით ირღვევა და მისი შეკვრა რეჟისორის პროფესიული მოვალეობაა. უკვე საპატიოზე მეტი ასაკის, 70 წლის რობერტ რობერტის ძე სტურუა თავისი ცხოვრების თითქმის 45 წელს თეატრს უძღვნის და ამ დროის განმავლობაში იკვლევს, ანგრევს და აშენებს შექსპირის ამ ფრაზას. მისი რეჟისურა ყველაზე მეტად ჯაზს, უფრო ზუსტად ჯაზის პაროდიას მოგაგონებთ - საგანგებოდ პოლიფონიური, მათემატიკასავით აწყობილი და იმპროვიზებული, დროში ყოველთვის მჟღერი, არქიტექტურასავით სივრცეში კარგად ორგანიზებული და მუდამ მრავალგანზომილებიანი.

სტურუას გამომწვევად გამჭვირვალე და ავთენტიზმით აღბეჭდილი სცენური სამყარო გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული (როცა მან რუსთაველის თეატრში პირველი ხმაურიანი ნახევარშედევრები დადგა) დღემდე აღელვებთ თეატრალებს და არა მხოლოდ მათ. ხოლო როცა 80-იანი წლების ბოლოს პოლიტიკური მითების ნგრევა ჩვენს თვალწინ დაიწყო, სტურუას თეატრის ესთეტიკური, პოლიტიკური და სოციალური ხატები თითქოს უფრო გასაგები და სიცოცხლისუნარიანი გახდა.

„დანიის საპყრობილე“ წარსულს ჩაბარდა (გნებავთ, იგულისხმეთ საბჭოთა იმპერია), აღარც შურისძიების წყურვილით ანთებული „მამების აჩრდილები“ (გენსეკები) დაძრწიან შუაღამით. თავისუფლების ეიფორიამაც ხმაურიანად გადაიარა და მარტივად საბედისწერო პოლიტ-ეკონომიაში ჩაიკარგა. თითქოს ყველაფერი ითქვა, დაიწერა და გადაიწერა კიდეც. ავბედითი სიჩუმე გვამებით მოფენილ ელსინორის სასახლეში და ფორტინბრასის ირონიული ფრაზა „ჰამლეტის“ ფინალში - „გაიტანეთ გვამები“, მოულოდნელად იქცა ყველაზე მნიშვნელოვან მეტაფორად, რომელიც, სხვათა შორის, დღესაც არ კარგავს მნიშვნელობასა და აქტუალობას.

რობერტ სტურუა, როგორც შექსპირის ერთ-ერთი მთავარი „არქეოლოგი“, უკვე მესამედ (?!) დადგმულ „ჰამლეტში“ (2002 წელი) მშობლიური რუსთაველის თეატრში ერთდროულად იკვლევს სწორედ პოლიტიკური გვამების „დეზინფექციისა“ და ხელისუფლების გამხრწნელი ზემოქმედების კვალს. მაგრამ კარგად ნაცნობი პოსტმოდერნისტული დროის მეტაფორები თითქოს უცნაურად და ხილულად ნთქავენ სპექტაკლის პოეტურ შრეებს. ხოლო რეჟისორისათვის ჩვეული პოეზიისა და ირონიის რითმა ნაძალადევი და დამღლელი გამოდის...

ისიც ცხადია, რომ ხელისუფლების მარადიული ცვლისა და გვამების გატანის პრაქტიკა ჩვენთვის არ შეცვლილა. იყო დრო, როცა გვამები ჩუმად გაჰქონდათ, ხოლო პირქუში ელსინორის რესტავრაციაზე არავინ ფიქრობდა. თუმცა, ცნობილი რევოლუციის შემდეგ სასახლის კარი მალე შეიცვალა, კედლები „გადაღებეს“ და ახალი გვამების გატანის პრაქტიკა გააგრძელეს. ისე, ტრადიციის შესანარჩუნებლად ან, უბრალოდ, მომავალი პიარ-საკონცერტო მხიარულებისათვის. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ოპერიდანაა.

ყველაზე მნიშვნელოვანია სტურუას პირველი „ჰამლეტი“ შექსპირის სამშობლოში, ლონდონის სახელგანთქმულ რივესაიდ სტუდიოში, 1992 წელს. მთავარ როლში ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიის რამდენიმე ჯილდოს მფლობელი, რამდენიმე პრესტიჟული თეატრალური პრემიის (მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ტონი“) ლაურეატი, ცნობილი კინომსახიობი ალან რიკმანი. რამდენიმე წლის შემდეგ რეჟისორმა „ჰამლეტი“ უკვე მოსკოვის თეატრ „სატირიკონში“ განახორციელა (კონსტანტინ რაიკინი - ჰამლეტი, ალექსანდრ ფილიპენკო - კლავდიუსი). და ბოლოს, რუსთაველის თეატრი, სადაც ჰამლეტი - ზაზა პაპუაშვილი ფურცელზე დაწერილ „ყოფნა-არყოფნის“ მონოლოგს ჯერ ზარმაცი მოსწავლესავით „შპარგალკად“ იყენებს და შემდეგ ავანსცენაზე საჯაროდ და გამომწვევად წვავს... არც ის არის გამორიცხული, რომ ეს არაცნობიერი შურისძიების მხიარული აქციაა ამ ყველაზე მოუხელთებელი ტექსტის მიმართ.

კითხვას, თუ რატომ უბრუნდება წლების განმავლობაში შექსპირის ამ უმთავრეს პიესას, რობერტ სტურუა პასუხობს, რომ „შეუძლებელია კონკრეტულ თეატრალურ სივრცეში და, შესაბამისად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში „ჰამლეტის“, როგორც ტრაგედიის სრულყოფილი დადგმა. ყოველთვის რჩება რაღაც, რაც მნიშვნელოვანია თუნდაც ყველაზე კარგი დადგმის შემდეგ. და მაინც, სამივე „ჰამლეტს“ ბევრი რამ ერთიანებს - ყველგან ომებით დაღლილი დანიის სამეფოს დასასრულს ვუცქერთ. დროს აცდენილი და დეპრესიაში მყოფი ჰამლეტი, ცოდვაში ჩაფლული კლავდიუსი და გალოთებული გერტრუდა, რომლებიც ომით გაპარტახებულ ქვეყანას ვეღარ მართავენ...

დრო და განწყობა ყოველთვის ზემოქმედებს სათქმელზე, რეჟისურის რიტმზე, ხარისხსა და ემოციაზე. ძველი და უდარდელი დრო, როცა კარნავალური ელვარება და პოლიტიკური ნართაულები დისიდენტობას გამოხატავდა, დასრულდა. ხარისხის ხუთვარსკვლავიანი ნიშნით აღბეჭდილი პოლიტიკური „ყვარყვარე“, ლამის დრამატული მიუზიკლი „კავკასიური ცარცის წრე“ და ბრეჟნევის დროინდელი პაროდია საბჭოეთზე „რიჩარდ მესამე“ შეიცვალა 90-იანი წლების პირქუში სპექტაკლებით: კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“. ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი, ლაშა თაბუკაშვილის „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“, შექსპირის „მაკბეტი“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამაინი“?! მოქმედებად „აჟღერებული, მაგრამ უტექსტო“ „იაკობის სახარება“...

ცხადია, ესეც დროის გამოწვევა იყო. დიდი არტისტული თაობის (რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა, იზა გიგოშვილი, გოგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე) შემდეგ სათქმელს უკვე ახალი თაობა გამოხატავდა - გაცილებით მარტივად, მაგრამ ზუსტად და ცინიზმით. ზაზა პაპუაშვილი, ნინო კასრაძე, ლევან ბერიკაშვილი, დავით დარჩია, ნანუკა ხუსკივაძე და სხვები 90-იანი წლების ომებისა და დეპრესიის თაობას განეკუთვნებოდნენ, და სცენიდან დროის შესატყვისი ამბიციები და გამომსახველობა მოჰქონდათ.

თუმცა, არც ესთეტიკური და არც ორგანიზაციული თვალსაზრისით, გარემონტებულ და დავარცხნილ თეატრში (რომელსაც ავი ენები „პრივატულ ვერსალს“ უწოდებენ) განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არც თეატრში გამოჩენილა ვინმე ახალი და თავზეხელაღებული. 70 წლის სტურუა ისევ უფრო ახალი და მრავლისმეტყველია, ვიდრე რამდენიმე ახალგაზრდა ერთად. თუმცა, მისი მისია მესიობა (უკაცრავად რითმისთვის) არ არის. სტურუა ისევ ბევრს მუშაობს და ისევ ექსპერიმენტებს მიმართავს, ახლა უკვე ახალი თაობის მსახიობთა გაზრდა-გახარებისათვის.

ბეკეტის „გოდოს მოლოდინი“ ექსტრავაგანტულად მოულოდნელი ამირან ამირანაშვილის (ვლადიმირი) მონაწილეობით მცირე ექსპერიმენტს ჰგავდა. სამაგიეროდ სხვა ოპუსები - განსაკუთრებით ახალი იდეებითა და ერთგვარი ლაბორატორიული სამუშაოებით შთაგონებული „სტიქსი“ (ყანჩელის მუსიკის მიხედვით შეთხზული უსიტყვო ოპუსი), „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“ (ლაშა ბუღაძის სკანდალურად ქცეული პიესა) და ბულგარეთში დადგმული შექსპირის „მეთორმეტე ღამის“ ახალი ვერსია ექსპერიმენტს ნამდვილად არ ჰგავდა.

... გია ყანჩელის რეკვიემი -„სტიქსი“ ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალტისტ იური ბაშმეტს მიეძღვნა. იგი ალტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის რამდენიმე წლის წინ დაიწერა და მალე მსოფლიოს საუკეთესო ჩანაწერებს შორის მოხვდა. სტურუამ ავანტიურასა თუ ექსპერიმენტს მიმართა - ყანჩელის რეკვიემზე ააცეკვა, უფრო ზუსტად, მის მუსიკაზე „აამეტყველა მსახიობთა სხეულები. 2003 წლის ნოემბერში, როცა ქუჩებში მიტინგები, დრამატული ტაშ-ფანდური და „მიშა, მიშა! ერთმანეთს ცვლიდა, რუსთაველის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში, მეექვსე სართულზე რეჟისორმა დაასრულა წინასწარმეტყველური, პირქუში, მაგრამ ულამაზესი, 70-წუთიანი პლასტიკური ოპუსი უსიტყვო სხეულების თითქოს ამაო, მაგრამ მნიშვნელოვან მღელვარებაზე.

ყანჩელის ლამის „მდუმარე“, მინიმალისტურ მუსიკაში (რეკვიემის ტექსტში ჩამოთვლილია კომპოზიტორის გარდაცვლილი მეგობრების სახელები) სტურუამ ერთი შეხედვით შეუთავსებელი ისტორიული, პოლიტიკური და არქეტიპული ამბები დააკავშირა და, როგორც სჩვევია, წინასწარმეტყველებად აქცია.

თითქმის სტერილურ სითეთრესა და ქათქათა კოსტიუმებს შორის მხატვარი თემო ნინუა მოულოდნელად გაცვეთილ გაზქურასაც მოაქცევს, რომელიც მოგვიანებით ყოფითი სცენური რეკვიზიტიდან ტრაგიკულ სიმბოლოდ იქცევა.

„სტიქსი“ მხოლოდ ნაწილობრივ ჩამოჰგავს ევროპაში ძალიან მოდური „ფიზიკური თეატრის“ ჟანრის სპექტაკლებს, თუმცა მისი ენა ერთობ განსხვავდება, ვთქვათ, ემიო გრეკოს, საშა ვალცის, ლუკ პერსევალისა თუ იოჰან კრესნიკის წარმოდგენებისგან. როგორც წესი, დასავლეთში „ფიზიკური თეატრი“ უკვე ათვისებულ თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფიულ ტრადიციას ეყრდნობა, სტურუა კი მსახიობთა დახვეწილი მოძრაობის უნარს „დრამატული შინაარსით“ და „ფიზიკური“ ზეამოცანით აღვიძებს და არა წმინდა ქორეოგრაფიული საწყისით. სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებული გაუცხოების ეფექტს - თითქოს „ცუდად“ წარმოდგენილ ქორეოგრაფიულ სანახაობას ესწრებით. სინამდვილეში ესეც გაუცხოების ერთგვარი ფორმაა, რაღაც საშუალო მუნჯ კინოსა და ქორეოდრამას შორის.

0x01 graphic

ჰამლეტი

0x01 graphic

შობის მეთორმეტე ღამე

„სტიქსი“ არ ყოფილა სტურუას პირველი და განსაკუთრებული რევოლუციური გამოხდომა. დაახლოებით ათი წლის წინ მან სულ რამდენჯერმე წარმოადგინა მიმოდრამის მსგავსი „იაკობის სახარება“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის“ ქორეოდრამატულ ვერსიას გულისხმობდა. თითქმის ექსპერიმენტულ და ცოტათი პროვოკაციულ სანახაობაში რეჟისორის კონცეფცია არამკვეთრად იკითხებოდა. ხოლო იმის მიხედვით, თუ რა ვიტალური შეგრძნებებით მოძრაობდნენ ზომიერად ნაკვები მამაკაცები, ან რა ტემპო-რიტმით დასრიალებდნენ სიფრიფანა ქალები, გაუგებარი რჩებოდა „მესიჯი“ - რას თამაშობდნენ მსახიობები და რას ეძღვნებოდა ეს „უცნაური სანახაობა? სამწუხაროდ, მაშინ, 90-იან წლებში ეს გაუგებარ ექსპერიმენტად მოინათლა, არადა თანამედროვე უღიმღამო და ფორმალისტურ-თეატრალურ სანახაობებს ის ნამდვილად ჯობდა.

ესთეტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ჩავარდნაა რეკლამირებული პრემიერა „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“, რომელიც ლაშა ბუღაძის პატარა პიესებს ეყრდნობა. სტურუასა და ბუღაძის თანამშრომლობაზე, თითქმის ხუთი წელია, მითები ვრცელდებოდა. ჯერ არსებობდა „პოლიტიკური კაბარეს“ ვერსია; შემდეგ ალაპარაკდნენ ახალ სახელწოდებაზე „პ.25.პ“ - ანუ „პატარა 25 პიესა“, თუმცა მიზეზები, რატომ დავიდა 25 პიესა ორ ვოდევილზე, დღემდე უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ამან დრამატურგის რისხვა გამოიწვია.

სიმართლე ვთქვათ, ბუღაძის ბიოგრაფიისთვის ეს სპექტაკლი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი, მაგრამ ისიც გაუგებარია, რა მოსაზრებით დატოვა პიესებიდან რეჟისორმა მხოლოდ „რქები და ჩლიქები“? ან რატომ მოამზადა მისგან ისეთი ცხარე, იაფი და იმპროვიზებული „კარნავალური ხაში“, რომ თვით თაყვანისმცემლებიც კი გემოს ბოლომდე ვერ უგებენ. არ გვგონია, თავად რეჟისორი ვერ ხვდებოდეს მსგავსი ნაძალადევი, „შაბათის შოუს“ ესთეტიკის სპექტაკლების მნიშვნელობას, მაგრამ ჩანს, გარკვეული თვალსაზრისით, მიზანი სწორედ მძაფრი პოლიტიკური გროტესკი იყო და არა წმინდა თეატრალური ხარისხის მიღწევა.

სტურუას საოცარი, ლამის ინსტინქტური უნარი ნებისმიერ ტექსტში, შექსპირიდან ბუღაძემდე, აღმოაჩინოს თანამედროვე საზოგადოებისთვის აუცილებელი, დროული და განზოგადებული სათქმელი, სამწუხაროდ მიუწვდომელია ახალგაზრდა რეჟისორებისთვის. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ უკანასკნელნი უფრო სამთავრობო ტაშ-ფანდურის ორგანიზებით, ქუჩის კონცერტებითა და დიდი და მომცრო აღლუმებით არიან დაკავებულები და საკუთრივ თეატრისთვის ნაკლებად იცლიან. ისე კი, ყველაზე უცნაური და საშიში თეატრალური ექსპერიმენტებითაც ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაკავებულები და არა ღვაწლმოსილები...

0x01 graphic

შობის მეთორმეტე ღამე

0x01 graphic

სტიქსი

0x01 graphic

ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი

...რუსთაველის თეატრის გიგანტურ სცენას სიღრმიდან დაჰყურებს სტალინი, რომელიც ერთდროულად მადამ ტიუსოს მუზეუმიდან დროებით გამოთხოვილ ექსპონატსა და „დონ-ჟუანში“ კომანდორის ქანდაკებას ჰგავს. მისი ფიგურა ავბედითი წითელი ფერით ნათდება. თითქოს ამ გამაფრთხილებელი შეფერილობით ჩვენი პოლიტიკური ელიტა (ხვანჯარგახსნილი პრეზიდენტით დაწყებული, სახელმწიფო მნიშვნელობის ატროკებული ქალებითა და დაცვის ბიჭით დამთავრებული) ადამიანის უფლებათა მთავარი „დამცველის“ შენიშვნას იღებდეს. ანგელოზთა მცდელობის მიუხედავად, სპექტაკლში ჯარისკაცი უხამს ანეკდოტს ბოლომდე მაინც არ უსმენს. არც პრეზიდენტი უგდებს ყურს ჭკვიანურ რჩევებს და კანცელარიაში მრავალსერიანი სამბა-რუმბა რითაც მთავრდება, გასაგებია.

მიუხედავად იმისა, რომ სტურუა არასოდეს არის მორალისტი, იგი თავს ნებას აძლევს, ბახის პასიონის პათეტიკის ფონზე, დახვრეტილი ინტელიგენტის სახელით შეგვახსენოს, რომ 30-იანი წლები და დასმენები მოჩვენება არ ყოფილა. გვამებით მოფენილი კანცელარია ფინალში შეიძლება აღიქვათ, როგორც პაროდია ელსინორის სასახლეზე, ან როგორც ცუდი სიზმრის ტრანსფორმაცია შექსპირის ან კალდერონის პიესაში. მით უმეტეს, ანგელოზიც გვამცნობს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო!

და ბოლოს, რობერტ სტურუას „პატრიოტულ“ ძალისხმევაზე: რუსთაველის თეატრში იგი ჯერ ირაკლი სამსონაძის ახალი პიესის - „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ - მწარე რეცეპტს გვთავაზობს (ზაზა პაპუაშვილის ერთ-ერთი საინტერესო როლი), ხოლო შემდეგ კლდიაშვილის ქრესტომათიული „დარისპანის გასაჭირის“ რადიკალურ ვერსიას. დიდი ხანია, თეატრალურ სამყაროში ასეთი აზრთა სხვადასხვაობა არც ერთ სპექტაკლს არ გამოუწვევია. - ტოტალური უარყოფიდან წარუშლელ აღფრთოვანებამდე. მაყურებელი ასეთი რადიკალური მხოლოდ „სტიქსის“ შეფასებისას იყო, თუმცა მაშინ სტურუა-ყანჩელის ეს ქორეო-დრამატული ექსპერიმენტი კრიტიკას მოეწონა. ამჯერად კი კრიტიკის აზრიც ორივე წარმოდგენის შესახებ გაიყო.

გარემო, რომელშიც ირაკლი სამსონაძის პიესის პერსონაჟები მოქმედებენ, უფრო ფანტასმაგორიასა და სიზმარს წააგავს, როგორც ფელინის ფილმებში. ახალდაქორწინებული ახალგაზრდა წყვილი, იდუმალი ბინა, ძალიან უცნაური და ძალიან სასაცილო პერსონაჟები (ზაალ ჩიქობავა - გურამი, ნინო არსენიშვილი - მაია, ტრისტან სარალიძე - ლადო, ლელა ალიბეგაშვილი - მერი, დავით უფლისაშვილი - ნოშრევანი), ირგვლივ გიგანტური თოჯინები (მხატვრობა და სცენოგრაფია მირიან შველიძე), როგორც ეციო ფრიჯერიოსა და ჯორჯო სტრელერის დაუვიწყარ „მთის გიგანტებში“.

ბოლოდროინდელ სპექტაკლებში სტურუას აღარ აინტერესებს პერსონაჟების პირადი, წვრილმანი პრობლემები. იგი ადამიანს თითქოს კოსმიურ განზომილებაში ხედავს და კლასიკურ პიესებშიც სრულიად მოულოდნელ ისტორიებს თხზავს. მაგალითად, როგორც „დარისპანის გასაჭირში“, სადაც დარისპანი (ზაზა პაპუაშვილი) პროვინციული დასის მოხეტიალე მსახიობია და საკუთარი საიუბილეო აფიშები უფრო აინტერესებს, ვიდრე კაროჟნას (ქეთი ხიტირი) გათხოვება. სიმპათიური და სექსუალური მართა (ნინო კასრაძე) კომპიუტერით ეცნობა ახალგაზრდებს და არც თავად ამბობს უარს სოსიკოზე... სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ონისიმე (ზურა პაპუაშვილი) „ბატონ იოსებს“ ანუ მისტიურ სოსიკო ხარაბაძის სიმშვიდეს იცავს, ხოლო სკლეროზიანი პელაგია (ნანა ფაჩუაშვილი) ფულსა და ბეჭედს სთავაზობს მართას, ნატალია რომ გააბედნიეროს...

მოკლედ, სტურუას „დარისპანს“ არაფერი აქვს საერთო კლდიაშვილთან. გასაგებია, რომ მაყურებელს არც კლასიკური ფინალი ელის - სოსიკო და ონისიმე ცინცხალი „ფოლქსვაგენით“ მიემგზავრებიან სცენიდან, მაყურებელს კი გამონაბოლქვთან ერთად კლასიკის „გაუბედურება“ აწუხებს. თუმცა მსაჯული სადაა ან ვინაა?!

სტურუა ბრეხტსა და შექსპირსაც ისევე თამამად ეპყრობა, როგორ 30 წლის წინ. როცა ლონდონში გასტროლების დროს „გარდიანმა“ სტურუას „რიჩარდ მესამეზე“ დაწერა, - მსგავსი შექსპირი არ გვინახავსო... ეს სწორედ მაშინ იყო, როცა საბჭოთა ჯარებმა ქაბული მიწასთან გაასწორეს და სიტყვა „საბჭოთა“ და „ოკუპანტი“ სინონიმები გახლდათ. სპექტაკლში კი გენიალური ავთანდილ მახარაძე-მეფე განუწყვეტლივ მშვიდობაზე ლუღლუღებდა და უცნაურად ჰგავდა ჰელსინკის სამშვიდობო აქტზე ხელმომწერ ბრეჟნევს... მერე რა, რომ მისი დიდი თეატრალური კარნავალი ჩავლილია; მისი პოლიტიკური ალუზიები დაუვიწყარი; მისი 70-წუთიანი სიჩუმე „სტიქსში“ უკვე ისტორიული. „თეატრალურ ვერსალში“ შემოდგომითაც ბევრი რამაა სანახავი. მთავარია, რომ მებაღე ისევ იქაა და, ვგონებ, არც წარსული ავიწყდება და არც გემოვნება ღალატობს.