![]() |
თავისუფლება № 8 (32), აგვისტო, 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მონსენიორი სალვატორე დი კრისტინა, ბასილაია მერაბ, კოტეტიშვილი ირაკლი , ამონაშვილი-თევზაძე ნატო , მელაძე გიორგი , ტაბატაძე თამარ |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge |
![]() |
1 კანონიერების კულტურის მხარდაჭერა |
▲back to top |
მონსენიორი სალვატორე დი კრისტინა
ბილტას ტიტულარული ეპისკოპოსი და პალერმოს ეპარქიის ეპისკოპოსის თანაშემწე, თეოლოგიისა და პატრისტიკის დოქტორი, მისი უწმინდესობა იოანე პავლე II-ის საპატიო პრელატი
სიცილიის კათოლოკური საზოგადოების წვლილი
Educare alla legalita - განათლება კანონიერებისთვის - ტერმინი, რომელიც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მონაკვეთში იშვა და უშუალოდ უკავშირდება იტალიის ეპისკოპოსთა 1991 წლის 4 ოქტომბრის კონფრერენციის ჩანაწერებს. სიტყვათა ეს შეთანხმება აქტუალურია დღესაც და ჩვენ, იტალიელებს, გვახსენებს უახლესი ისტორიის იმ ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტა მიდიოდა ბევრ სამარცხვინო დათმობაზე სამართლიანობისა და კანონიერების საზიანოდ.
დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ იტალიის ეპისკოპატმა გარდამტეხი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივ აზრში. ეკლესიურ საზოგადოებაში თვითკრიტიკული ხედვის დამკვიდრებით, ცხოვრების წესსა და არჩევანის დილემაზე შეულამაზებელი მსჯელობით, მან ახალი ძალა შესძინა იტალიელ კათოლიკეთა ჭეშმარიტ ცივილურ ცნობიერებას. რაც შეეხება სიციალიას ოთხმოცდაათიან წლებში, ორმა უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ განსაზღვრა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და კონსოლიდაცია.
პირველი, ჩემი ღრმა რწმენით, იყო დიდი საეკლესიო კრება 1993 წლის ნოემბერში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ათასხუთასმა მღვდელმსახურმა სიცილიის ყველა ეპარქიიდან. ამ კრებაზე უპირობოდ დაიგმო ,,სუბიექტივისტური მენტალიტეტის ყოველგვარი გამოვლინება“ და ,,სიკეთის, მათ შორის საზოგადოებრივი სიკეთის, ეგოცენტრისტული და უტილიტარული ინტერპრეტაციის“ ტენდენციები. სწორედ ამ კრებაზე ღიად და დაუფარავად ითქვა, რომ ღირებულებათა ასეთი აღქმა და მით უმეტეს, ცხოვრების წესად დამკვიდრება, ქრისტიანულ კულტურას ეწინააღმდეგება. ეს მიმართვა, კრების ხასიათიდან გამომდინარე, უწინარესად კათოლიკებისადმი იყო მიმართული და მიზნად ისახავდა მორწმუნეთა შორის ჯანსაღი თვითკრიტიკულობის დამკვიდრებას.
,,სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ქრისტიანებიც კი, ხშირად ვერ ვახერხებთ თავი ავარიდოთ საზოგადოებრივ მანკიერებებს“, -
ნათქვამია ამ კრების დასკვნით დოკუმენტში.
მეორე საგულისხმო მოვლენა, რომელზეც მე ვსაუბრობ, უდაოდ იყო 1996 წელს სიცილიელ ეპისკოპოსთა კონფერენცია, რომელიც სიცილიის სტატუსის ორმოცდამეათე წლისთავს მიეძღვნა. აქაც, კანონიერებასთან დაკავშირებულ დასკვნით დოკუმენტში ნათქვამია:
,,საჯარო მოხელეთა პრაქტიკული უმეცრება, ჭეშმარიტი პოლიტიკური პროფესიონალიზმის არარსებობა, ყოველგვარი უკანონობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება სისტემის შიგნით სპობს რეგიონის პოლიტიკურ სტრუქტურას და ეს პრაქტიკა უმძიმეს ტვირთად აწვება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს“.
კონფერენციის მონაწილეებმა ღიად მოუწოდეს ყველას, ვისაც ,,დემოკრატიისა და ცივილური ცხოვრების სიკეთის“ სჯეროდა, აქტიურად დამდგარიყო ამ ღირებულებათა დაცვის სადარაჯოზე, რადგან ვერავითარი ინსტიტუციონალური რეფორმა ვერ მოიტანდა წარმატებას, თუ ეს რეფორმა ,,ადამიანთა გულისა და გონების“ მხარდაჭერით არ იქნებოდა განმტკიცებული.
მიუხედავად იმისა, რომ სიცილიის ეკლესია არ იშურებდა ძალისხმევას საზოგადოების სამართლებრივი განათლების სფეროში და ამ მხრივ დიდი გამოცდილებაც შეიძინა, ჩვენ კვლავაც ვეძებთ ახალ გზებს და მეთოდოლოგიას, რათა გავაძლიეროთ ეს ძალისხმევა. მოვძებნოთ ახალი საშუალებები, რათა უფრო ეფექტურად შევებრძოლოდ ისეთ სამწუხარო მოვლენას, როგორიცაა მაფია.
ვფიქრობ, უადგილო იქნება, ვრცლად ვისაუბრო ამ ბოროტების არსზე და მისდამი ეკლესიის დამოკიდებულების ეტიმოლოგიაზე. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეკლესიის ანტიმაფიური ხაზი არაერთი ათწლეულის მანძილზე ყალიბდებოდა და იძენდა ძირითად კონტურებს, შესაძლოა, ნელა, მაგრამ მაინც უფრო აქტიურად და გაცილებით ადრე, ვიდრე ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოებაში დაიწყებოდა. ამ კონტექსტში, პირველი, რაც ყველას გვახსენდება, 1962 წელი, სიცილიის ეპისკოპოსთა საბჭო და ამ საბჭოს თავმჯდომარის, კარდინალ ერნესტო რუფინის მოღვაწეობაა. სწორედ მისი ძალისხმევით მოხერხდა, რომ ეკლესიამ თავისი წიაღიდან გარიყა კრიმინალური ქმედებების განმხორციელებელი გავლენიანი ჯგუფი და ეს მეთოდი დღესაც აქტიურად გამოიყენება მაფიასთან ბრძოლაში.
არ შეიძლება, არ აღვნიშნო სამოცდაათიან წლებში სიცილიის ეპისკოპატის რეგიონალური კონფერენციის ეგიდით განხორციელებული პროგრესული ნაბიჯები. ეპისკოპატის განცხადებები გამოირჩეოდა თავისი პრინციპულობითა და დამაჯერებლობით. აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ სიცილიის არქიეპისკოპოსის, კარდინალ სალვატორე პაპალარდოს, უაღრესად შთამბეჭდავი განცხადებები. მისი განსაკუთრებული სიტყვები იმ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც სიცილიაში ოთხმოციანი წლების დასასრულსა და ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში განვითარდა. მე მხედველობაში მაქვს ის საზარელი მკვლელობები, რომლებმაც შესძრეს მთელი იტალია. თუ გავითვალისწინებთ კარდინალ პაპალარდოსათვის დამახასიათებელ გამჭრიახობას, ძნელი წარმოსადგენია ის, რომ მას არ სცოდნოდა, თუ რა რისკზე მიდიოდა ასეთი განცხადებების გაკეთებისას. მისი გამოსვლები არ ჯდებოდა უბრალოდ ,,ანტი-მაფიური ლოცვის“ სტერეოტიპში. მისი ქმედებები განპირობებული იყო იმ რეალობის განცდით, რომ მაფიასთან, როგორც მოვლენასთან ბრძოლა, საჭიროებდა შესაბამისს მეთოდოლოგიას, ამ მოვლენისადმი ქრისტიანული პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბებას. მან ზუსტად გაიაზრა, რომ მაფიას უნდა ჩამოსცილებოდა სიცილიური კულტურის და რწმენის, მით უფრო, ეკლესიის განუყოფლობის სტერეოტიპი. ანუ უნდა დანგრეულიყო მაფიის წევრთა ეკლესიურობის სტერეოტიპი. კარდინალმა პაპალარდომ ზუსტად შეაფასა ამ საქმეში სიტყვის მნიშვნელობა. სიტყვისა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა იმ რიტორიკისაგან, რომლითაც ოფიციალური სექტორი, სასამრთლო ან მასმედია გამოდიოდა.
იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რომელზეც მე ზემოთ ვისაუბრე, კათოლიკურ საზოგადოებაში გააღვივა ანტიმაფიური განწყობილებები და უკვე დაიწყო აქტიური საუბრები ,,ანტიმაფიური პასტორალის“ აუცილებლობაზე. შესაძლოა, თავად ეს ტერმინი ზუსტად არ ასახავდეს მასში ჩადებულ იდეას, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ანტიმაფიური განწყობილებები ამ დროისათვის უკვე სახარებისეული ჭეშმარიტებით იყო შთაგონებული.
მაფიასთან ჭეშმარიტად ქრისტიანული ბრძოლის მაგალითი იყო დონ ჯუზეპე პაგლიზი, ბრანკაჩიოს, პალერმოს ერთ-ერთი იმ უბნის მღვდელი, სადაც მაფიის გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იყო. იგი მოკლეს სწორედ იმისათვის, რომ ცდილობდა თავის მრევლში ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა და ცნობიერება გაეღვივებინა. დონ ჯუზეპეს ძლიერმა და ამაღლებულმა სულიერებამ თვალნათლივ დაგვანახა მოძღვარისა და მრევლის ურთიერთობის უზადო მაგალითი და ეკლესიის მისია მაფიასთან ბრძოლაში.
დონ ჯუზეპეს მოწამებრივი სიკვდილი იყო ჭეშმარიტი ქრისტიანის განვლილი ცხოვრების დასასრული, რომლითაც მან - მომიტევეთ ოქსიმორონისათვის - აჩვენა სწავლების უპირობო გამარჯვება ,,სიკვდილის მაფიურ კულტურაზე”.
დონ ჯუზეპეს წვლილი განსაკუთრებით აღინიშნა სიცილიის ეკლესიების მესამე კრებაზე. კრების დასკვნით დოკუმენტში ,,ახალი ევანგელიზაცია და პასტორალი“, რომელშიც ხაზგასმულია მაფიის შეუთავსებლობა ქრისტიანულ კულტურასთან, გაკეთდა საგანგებო ჩანაწერი, რომელიც დონ ჯუზეპე პაგლიზის ხსოვნას მიეძღვნა:
ჩვენ, მაფიური მენტალიტეტის, მაფიის ძალადობის წინააღმდეგ მოღვაწე, სიცილიის ეპისკოპოსები, სახარებისეული ჭეშმარიტებისა და ღვთაებრივი ძალის მადლით შთაგონებულნი, კიდევ ერთხელ, თუმცა მეტი რწმენით, ვუცხადებთ ბრძოლას ამ ბოროტებას.
დონ ჯუზეპე პაგლიზის მაგალითით შთაგონებულნი, რომელმაც ყველას დაანახა, თუ რა ძალა აქვს ჭეშმარიტ რწმენას და მოგვცა უზადო ღვთისმსახურის მიწიერი ცხოვრების მაგალითი, შექმნა ჭეშმარიტი ქრისტიანის ხატი, შეურიგებელ ბრძოლას ვუცხადებთ მათ, ვისთან ბრძოლასაც დონ ჯუზეპემ თავი შესწირა.
დარწმუნებული ვარ, რომ სიცილიის ეკლესიების უმაღლეს იერარქთა ესოდენ მკაფიო განცხადება ასახვას ჰპოვებს მათ გულებსა და გონებაში, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს. სიცილიის თეოლოგიურ ფაკულტეტსა და კუნძულის სხვა აკადემიურ ინსტიტუციებში საკმაო ხანია მიმდინარეობს მსჯელობა თეოლოგიური მოტივაციისა და პასტორალური მეტყველების მეთოდოლოგიურ ასპექტებზე, რომელიც, თავისი ფუნქციით მიმართულია მაფიასთან ბრძოლაზე. უნდა ითქვას, რომ ორგანიზებული დანაშაულის დასამარცხებლად მეცნიერულად დასაბუთებული ინსტრუმენტების ამოქმედება კარგა ხანია გამოიყენება მაფიასთან ბრძოლაში ეკლესიის როლის რეალიზაციის პროცესში.
შემიძლია დავამატო, რომ ზოგიერთი მოძღვარი იყენებს ერთობ საინტერესო პასტორალურ მეთოდს სიცილიის, კერძოდ, პალერმოს კონკრეტულ უბნებში სამოქმედოდ.
ასეთი მეთოდის მთავარი ფილოსოფია არის ის, რომ უნდა მოვიცვათ სიცილიის მთელი ტერიტორია, პასტორალური მისია უნდა იგრძნობოდეს ყველგან.
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო საერო მოხალისეთა თეოლოგიური მომზადების სკოლის (რომელსაც შემდგომ თეოლოგიის ბაზისური სკოლა ეწოდა) ამოქმედება. ასობით მოხალისე რეგულარულად გადის სწავლებას ამ სკოლაში.
მოგვიანებით შეიქმნა სოციალურ-პოლიტიკური სწავლების სკოლა, რომლის ამოცანაა:
- ქრისტიანული სწავლებისა და კანონიერების კულტურის გავრცელება;
- მაფიის წინააღმდეგ სახარებისეული მორალის ხაზგასმა;
- მაფიასთან, როგორც მოვლენასთან ბრძოლაში იმ საჯარო მოხელთა მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავენ სამოქალაქო თანაარსებობის პრინციპების რეალიზაციას.
სიცილიის კათოლიკური აკადემიები და სხვა სკოლებიც ახორციელებენ ანალოგიურ საქმიანობას.
ათასობით სტუდენტი სწავლობს და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა სიცილიის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. აქვე ეუფლებიან იურისპრუდენციას და სხვა სოციალურ მეცნიერებებს.
არა მარტო რელიგიური, არამედ სოციალური ასპექტები უდევს საფუძვლად პალერმოს ეკლესიის საქმიანობას საერო მოხალისეებთან ურთიერთობაში. სოციალური სოლიდარობა, კანონიერების განმტკიცება და ვოლუნტარისტული საქმიანობა კათოლიკური მრევლისათვის უცხო აღარ არის და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ დღეს სიცილიის ეკლესია ამ სფეროს ლიდერია.
უაღრესად მოტივირებული საერო მოხალისეები აქტიურად არიან ჩართულნი ისეთ ურთულეს საქმიანობაში, როგორიცაა მაფიის იდეოლოგიის მსხვერპლთა რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში.
პალერმოს ეკლესია უდიდეს ყურადღებას უთმობს ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების სწორად გააზრებას, როგორიცაა ოჯახი და ახალგაზრდა თაობის სამოქალაქო განათლება. სასკოლო განათლებაში ჰუმანიზმის პროპაგანდა.
პალერმოს ეკლესიის ყოველ წევრს ურყევად სწამს, რომ ჭეშმარიტი (შესაბამისად, ქრისტიანული) ცხოვრების წესის დამკვიდრება, მაფიისაგან და ყოველგვარი ძალადობისგან გათავისუფლება, მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრება სწორედ უფლის ნებაა.
![]() |
2 პალერმოს ,,Segno” |
▲back to top |
მოამზადა მერაბ ბასილაიამ
,,Segno“ ანუ ,,ნიშანი“, პოლიტიკური და თეოლოგიური გაზეთი, რომელმაც დღის სინათლე პირველად 1975 წლის ნოემბერში პალერმოში იხილა. ეს გაზეთი, რომლის სახელწოდების ინტერპრეტირება ,,ნიშანსვეტის“ მნიშვნელობითაც არის შესაძლებელი, ხანგრძლივი რედაქციული დაგეგმარებისა და ანალიზის შედეგი არ ყოფილა. მკაფიოდ გააზრებული მხოლოდ ამ გაზეთის ამოცანა იყო: ეკლესიისა და პოლიტიკის განახლება. თუმცა ამ ამოცანის დასახვა საკმაოდ დიდ გამოცდილებას ეყრდნობოდა და მას თავისი გზა ქრისტიანული რწმენისა და საზოგადოებრივი ინტერესების ზღვარზე უნდა გაეკვლია.
თავად გაზეთის იდეოლოგია პალერმოში არ დაბადებულა. მასში ასახული იდეები ვატიკანის საბჭოს, მეოცე საუკუნის ამ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო მოვლენას უკავშირდება. თუმცა მისი სახე და, რაც მთავარია სულისკვეთება წმინდად სიცილიური, უფრო სწორედ კი პალერმოული იყო. ამ გაზეთში აისახა ერთი შეხედვით ჩამორჩენილი და სტაგნაციაში მყოფი, მაგრამ დიდი და ფარული ენერგიის მქონე ქალაქის სულისკვეთება, რომელიც აფეთქების ზღვარზე იყო.
,,Segno“-მ ჩაანაცვლა წინამორბედი გაზეთი ,,ქრისტიანობა დღეს“ და ეს პალერმოში მღვდელთმსახურისა და ჟურნალისტის ნინო ფასულლოს ბინაში მოხდა. ამ ჩანაცვლებამ საეკლესიო წრეებში და საერო საზოგადოებაში დიდი გაკვირვებაც კი გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ,,Segno“ გასცდა პალერმოს თემატიკას და ჩამოყალიბდა მიმომხილველად, რომელიც გაფაციცებით ადევნებდა თვალს არა მარტო სიცილიის, არამედ მსოფლიო საზოგადოებრივ პროცესებს.
ამ პროცესს სათავეში მისიონერი მღვდელი, რედაქტორი, მასწავლებელთა მომზადების კოლეჯის ლექტორი, ნინო ფასულლო ჩაუდგა.
მართალია, გაზეთმა სამოცდაათიან წლებში დაიწყო გამოსვლა, მაგრამ მისი იდეოლოგია წინა ათწლეულმაც განსაზღვრა. ამ თვალსაზრისით საკვანძო მნიშვნელობის იყო მოვლენა (Gaudium et spes), რომელმაც დასაბამი მისცა ლიტურგიკულ რეფორმას და ჩამოაყალიბა სპონტანური საეკლესიო ჯგუფები.
სოციალურ და კულტურულ დონეზე, ამ წლებზე გავლენა დონ ლირენცო მილანის მიმართვის ტექსტებმაც მოახდინა. მან წერილით მიმართა სკოლის მასწავლებლებს და უნივერსიტეტების პროფესურას. ასევე აღსანიშნავია 1968 წლის მიმართვები ვიეტნამის ომსა და ლათინული ამერიკის პარტიზანული მოძრაობების საკითხებთან დაკავშირებით. ეს იყო თავისუფლების თეოლოგია. ეს იყო პოლიტიკის კრიტიკა.
ეს პროცესები მსოფლიოში მიმდინარეობდა, მაგრამ სიცილიის გვერდის ავლით. კუნძულზე მათ შესახებ არავინ იცოდა და მით უმეტეს, არავინ მსჯელობდა. თუკი რაიმე არსებობდა სიცილიაში, ეს ტრადიცია იყო. რეალობა კი ასეთი გახლდათ: პალერმოს ეკლესია იყო ეკლესია დროისა და სივრცის მიღმა. იქ არაფერი ხდებოდა. არ იყო კავშირი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.
,,Segno“-მ ეს დუმილი 1973 წელს დაარღვია. პირველი ნაბიჯი იყო მარტივი და იმავდროულად გმირული. გაზეთმა პალერმოში კათოლიციზმისა და თეოლოგიის ექსპერტები მოიწვია. მათ შორის რამდენიმე არაიტალიელი. ეს იყო პირველი ნაბიჯი უძრაობიდან და თვითიზოლაციიდან. ეს იყო გარე სამყაროსთან კავშირის დამყარების პირველი მცდელობა. პირველი სტუმარი მეოცე საუკუნის უდიდესი თეოლოგი მამა ბერნარდ ჰიორინგი იყო. მეორე მნიშვნელოვანი პერსონა მამა ერნესტო ბალდუჩი გახლდათ. ღირსეული მამა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ბრძოლით დრომოჭმულ ტრადიციებთან და ცრურწმენებთან (უმსჯელობებთან), უდიდესი კულტურისა და ერუდიციის მატარებელი პიროვნება გახლდათ.
მათ ქალაქზე უმძლავრესი ზეგავლენა მოახდინეს. სასულიერო მოღვაწეთა გარკვეული ჯგუფები პროგრესული კათოლიციზმის დასაყრდენ ჯგუფებად იქცნენ. ასეთი ჯგუფების ირგვლივ იკრიბებოდნენ ინტელექტუალები, ახალგაზრდები და პოლიტიკოსები. მათ ნათლად დაინახეს ის ცვლილებები, რომელიც ეკლესიაში, საზოგადოებაში და პოლიტიკაში მიმდინარეობდა. მათ გადაწყვიტეს, ამ პროცესის მონაწილეები გამხდარიყვნენ. მომდევნო პერიოდში პალერმოში ჩავიდნენ ისეთი თვალსაჩინო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ რა ნიერო ლა ვალე, ცნობილი გამომცემელი დონ ჯოვანი ფრანცონი, ბიბლიის ცნობილი მკვლევარი ხოსე მარია რიუსი, რომლის ნაშრომებს მთელს მსოფლიოში კითხულობდნენ.
ეს იყო 1972 წელი. წელი, როდესაც იტალიაში მეუღლეთა გაცილების კანონის შესახებ საზოგადოებრივი დებატები მიმდინარეობდა და პოლიტიკურმა ტემპერატურამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.
,,Segno“ ამ პროცესების ცენტრში, უფრო მეტიც, მათი ლობისტი იყო. ერთი რამ მაშინ მკაფიოდ გამოჩნდა. პალერმოელ ქრისტიანთა პოლიტიკურ ერთიანობაში გარდატეხა დაიწყო. ამ დებატების შედეგად ჩამოყალიბდა შემწყნარებლური დამოკიდებულება სეკულარიზაციისა და მემარცხენეობის მიმართ. ეს წარმოუდგენელი იყო სიცილიაში. ეს იყო გარდატეხა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ,,კათოლიკეთა პოლიტიკური ერთობა გაუქმდა“, არამედ იმიტომ, რომ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი პოზიცია, რომ ეკლესიის ერთადერთი ორიენტირი, გნებავთ, ,,პარტია“ ადამიანები და მათი გაჭირვება იყო. ეკლესიას არ სჭირდება მიწიერი ძალაუფლება, არც პირდაპირი და არც ირიბი, რათა მთელი ძალისხმევა გაჭირვებულების დახმარებაზე მიმართოს.
ასეთ მიდგომას, სიცილიის კათოლიკური გარემოს რისხვის და ძალისმიერი წინააღმდეგობის პროვოცირებაც შეეძლო. ,,Segno“ ამ პროცესების შუაგულში იდგა და მზად იყო დარტყმა თავის თავზე მიეღო.
გაზეთის უნიკალური მახასიათებელი სწორედ ის იყო, რომ ეს იყო ავტონომიური, დამოუკიდებელი საერო გამოცემა. საქმე ის გახლდათ, რომ ისტორიულად ,,საერო“ და ,,კათოლიკური“, სიცილიურ ცნობიერებაში, მოიაზრებოდა ანტაგონისტურ ცნებებად. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს ანტაგონიზმი დაძლეულია. კათოლიკობა დღეს არ ეწინააღმდეგება საერო ცხოვრებას და კათოლიკეს შუძლია, იცხოვროს ასეთი ცხოვრებით ისე, რომ კვლავაც კათოლიკედ დარჩეს.
საეროობა აღარ აღიქმებოდა ეკლესიურობის მტრობად. კრიტიკული აზროვნება აღარ იყო ღვთისგმობა, როგორც ამას ადრე აფასებდნენ. თავისუფალი მსჯელობა მორალზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ,,Segno“ ფაქტიურად მორწმუნე და არამორწმუნე ჯგუფების ინტერესთა გამოხატულება იყო და გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი თვალსაზრისით, მათ შორის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობდა. და მართლაც, ვინ არის მორწმუნე?- ეს კითხვა თავისთავად გაჩნდა და იმ დღეების აქტიური მსჯელობის საგანი იყო. მორწმუნეა ის, ვინც სიტყვით აღიარებს სახარებისეულ სწავლებას, თუ ის, ვინც ამ სწავლებით ცხოვრობს?ვინ არის კათოლიკე პოლიტიკოსი?ის, ვისაც არჩევნებში სასულიერო იერარქები უჭერენ მხარს, თუ ის პოლიტიკოსები, რომლებიც სამართლიანობის, კანონიერების, თავისუფლებისა და მშვიდობისათვის გაჭირვებულთა თანადგომისა და მომავალი თაობის სიჯანსაღისათვის იღწვიან?
ამ დებატებმა საბოლოო დარტყმა სწორედ ფსევდო კათოლიკური კულტურის აპოლოგეტებს მიაყენე. იმ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთი სურვილით ყოფდნენ ადამიანებს მორწმუნეებად და არამორწმუნეებად. ამ დებატებმა წარმოშვა კულტურული თანაცხოვრების ახალი გამოცდილება და შეცვალა იდეოლოგია. რაც მთავარია, შეიცვალა დამკვიდრებული ყოველდღიურობა.
უმთავრესი თანამდევი ეფექტი, რომელიც ამ პროცესს მოჰყვა, მაფიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნა იყო. ის ფაქტი, რომ პალერმოში შეიქმნა ერთიანი ძალა, ძალა რომელშიც გვერდიგვერდ იდგნენ მორწმუნეები და არამორწმუნენი, ძალა, რომლის უმთავრესი ამოცანა საზოგადოებიდან და კულტურული ცნობიერებიდან მაფიის განდევნა იყო, დაედო საფუძვლად ,,ოთხმოციანი“ წლების გარღვევას ამ მიმართულებით.
გაზეთი უმთავრესმა დოქტრინამ - ყოფილიყო კრიტიკული მიმომხილველი და ეს კრიტიკა აბსოლუტურად ღია ყოფილიყო - შედეგი გამოიღო. მკაფიოდ ჩამოყალიბდა დოქტრინის პარაბოლა - შეუძლებელია, გვერდი აუარო ადამიანურ პრობლემებს და მოიქცე ისე, თითქოს ეს პრობლემა არ არსებობს. პიროვნების ვალია, დაინახოს ადამიანი, გაითავისოს მისი პრობლემა და მონაწილეობა მიიღოს მის გადაწყვეტაში. მორწმუნის სულის ხსნა უპირველესად სხვათა თავისუფლების ხელშეწყობაშია. რწმენა ქალაქს უნდა მოხმარებოდა და მისი ძალა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გახარჯულიყო. შესაბამისად, ეს ძალა ქალაქის, რეგიონის უმთავრეს პრობლემაზე - მაფიასთან ბრძოლაზე უნდა მიმართულიყო.
იმ ხანად ეკლესიის მესვეურთა დიდ ნაწილში გავრცელებული იყო თეზა, რომ მაფია ,,არ არსებობდა“. აქედან გამომდინარე, იყო სრული სიჩუმე და ეს სიჩუმე ,,Segno“-ს უნდა დაერღვია, თუნდაც იზოლაციის იმ პირობებში, რომელიც კუნძულზე იმ ხანად სუფევდა.
რევოლუცია ამ სიტყვის სრული გაგებით, - ასეთი იყო გაზეთის პოზიცია. მაფიის ოპონირება, სარედაქციო ჯგუფის გაგებით, არ იყო სხვათა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა იმისათვის, რომ კანონი ყველას დაეცვა. თუ მაფიოზობა საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებას ნიშნავდა, მაშინ ანტიმაფიური ბრძოლა ყველას და ყველაფრისკანონის ჩარჩოებში მოქცევა უნდა ყოფილიყო. კანონიერება, ანტი-მაფიური კულტურის დამკვიდრებას ნიშნავდა. რაც უფრო მეტია კანონიერება, მით უფრო ნაკლებია მაფია და პირიქით. სწორედ მაშინ განაცხადა ცნობილმა მწერალმა ლეონარდო სკაზიამ: მაფია კანონიერებამ უნდა დაამარცხოს.
კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოთხმოციანი წლების შუაში დაიწყო, როდესაც პალერმოს მერმა ლეოლუკა ორლანდომ შექმნა ქალაქის ,,პენტაკოლორი“ მთავრობა. მაფიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ეს იყო მეოცე საუკუნის ისტორიის უმთავრესი მოვლენა. უფრო სწორედ, ის ქმედებები, რომელიც ამ მთავრობამ განახორციელა.
![]() |
3 თუ რეკეტირი გქვია სახელად |
▲back to top |
ირაკლი კოტეტიშვილი
ანტიკორუფციული და ანტირეკეტული საკანონმდებლო ბაზის შექმნის მიზნით, წელს საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებები და დამატებები შეიტანა. ცვლილებები შეეხო ისეთ საკანონმდებლო აქტებს, როგორიცაა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციულ-საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლებელია პირობითად ორ ნაწილად დავყოთ:
ა) ნორმები, რომლებიც არეგულირებენ თანამდებობის და მათთან დაახლოებულ პირთათვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის პროცედურებს;
ბ) რეკეტის შედეგად შეძენილი ქონების და ასევე რეკეტირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის პროცედურებს.
წინამდებარე სტატიის მიზანია, მოახდინოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ასახული ცნებების ანალიზი და შეიმუშაოს შესაძლო რეკომენდაციები მათ დასახვეწად.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 171-ე მუხლი, რომელიც განმარტავს რეკეტს, რეკეტულ დაჯგუფებას და რეკეტირს:
ა) რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.
ბ) რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.
გ) რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.
ხოლო, კოდექსის 181-ე მუხლს დამამძიმებელ გარემოებად დაემატა შემდეგი შინაარსის III ნაწილი:
ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (გამოძალვა) ჩადენილი რეკეტირის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
თუ ზემოაღნიშნულ დებულებებს გავიაზრებთ, აშკარაა, ორი რამ:
1. ცალკე აღებული, რეკეტირობა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დანაშაულს;
2. რეკეტული დაჯგუფების წევრობა არ ითვლება დასჯადად, ანუ რეკეტირად არ ითვლება ის პირი (და შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება კოდექსის 181-ე მუხლის III ნაწილი), ვინც რეკეტული დაჯგუფების წევრია, რომლისთვისაც ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და მოქმედებს დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად.
არადა აშშ-ი, ანტირეკეტული კანონების სამშობლოში, არსებობს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Wgitney v. California, სადაც სასამართლომ დაადგინა რეკეტირად ყოფნის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, რეკეტული ორგანიზაციის წევრობა უკვე დანაშაულია, თუმცა ამ პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, ან უნდა ჰქონოდა, რომ ორგანიზაცია რეკეტულია. ზემოაღნიშნული ხარვეზის გარკვეულწილად შესავსებად ჩვენ საზოგადოებრივ განხილვაზე გამოგვაქვს ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გაამარტივებს რეკეტული ორგანიზაციების წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას.
1. ჩვენი აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, ასევე რეკეტული დაჯგუფების წევრი, რომლისთვისაც ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და მოქმედებს დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.
2. ცვლილება უნდა შევიდეს ასევე 181-ე მუხლში და კოდექსს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის 1811-ე მუხლი:
რეკეტირობა, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით X-დან Y წლამდე. ხოლო მუხლს დამამძიმებელ გარემოებად უნდა ახლდეს რეკეტული დაჯგუფების ხელმძღვანელობა, - რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით X-დან Y წლამდე.
3. ცვლილებებია შესატანი ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და 3561-ე მუხლში, სადაც საუბარია რეკეტული საქმიანობის სიხშირეზე და რომელშიც 5 წელი უნდა შეიცვალოს 10-ით.
4. ხოლო 3561-ე მუხლის გ) პუნქტი ჩამოყალიბდეს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის ანალოგიურად.
5. ვფიქრობთ, გონივრული იქნება, თუკი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3565-ე მუხლს, სადაც მოცემულია ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები, დაემატება შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
თუ სასამართლომ ქონება სცნო რეკეტულად, რეკეტირი ვალდებულია, ამ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ყოველი წლის 10 თებერვალს პროკურატურას განსჯადობის მიხედვით წარუდგინოს წერილობითი მოხსენება და შესაბამისი დოკუმენტები წლის განმავლობაში მის მიერ მიღებული შემოსავლების (ფული, სხვა ფასეულობანი) კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ. დოკუმენტების წარდგენის შემდეგ პროკურატურა ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაიწყოს წარდგენილი დოკუმენტების შემოწმება. თუ შემოწმების შედეგად ვერ დასტურდება ქონების კანონიერება და დასაბუთებულობა, პროკურატურა ვალდებულია, ამ თავით დადგენილი წესით, აღძრას სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.
ჩვენი აზრით, შემოთავაზებული ცვლილებები საშუალებას მისცემს სამართლადამცავ ორგანოებს, უკეთ ებრძოლონ არა მხოლოდ რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის შედეგებს, არამედ აღკვეთონ რეკეტირთა ქმედებები მათი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების წევრად გახდომისთანავე.
![]() |
4 საქართველოს კანონი ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ |
▲back to top |
პროექტი
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 1999 წელი - N41(48)) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 171-ე მუხლის 3-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, ასევე რეკეტული დაჯგუფების წევრი, რომლისთვისაც ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და მოქმედებს დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში...
2. 181-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი და კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1811-ე მუხლი:
,,მუხლი 1811. რეკეტიორობა
1. რეკეტირობა,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით X-დან Y წლამდე.
2. რეკეტული დაჯგუფების ხელმძღვანელობა,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით X-დან Y წლამდე..
მუხლი 2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი 1997 წელი - №47-48) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 3561-ე მუხლის ა) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) რეკეტი . შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ათი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა;..
2. 3561-ე მუხლის გ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) რეკეტირი . პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, ასევე რეკეტული დაჯგუფების წევრი, რომლისთვისაც ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და მოქმედებს დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში;..
3. 3565-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. თუ სასამართლომ ქონება სცნო რეკეტულად, რეკეტირი ვალდებულია, ამ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყოველი წლის 10 თებერვალს პროკურატურას განსჯადობის მიხედვით, წარუდგინოს წერილობითი მოხსენება და შესაბამისი დოკუმენტები წლის განმავლობაში მის მიერ მიღებული შემოსავლების (ფული, სხვა ფასეულობანი) კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ. დოკუმენტების წარდგენის შემდეგ პროკურატურა ვალდებულია, დაუყონებლივ დაიწყოს წარდგენილი დოკუმენტების შემოწმება. თუ შემოწმების შედეგად ვერ დასტურდება ქონების კანონიერება და დასაბუთებულობა, პროკურატურა ვალდებულია, ამ თავით დადგენილი წესით, აღძრას სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ...
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
![]() |
5 საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა - დემოკრატიული ხელოვნება |
▲back to top |
დასასრული. დასაწყისი იხ. ,,თავისუფლება“, №7(31)
ჯეი როზენი
გაფართოებული ლექსიკონი
ჟურნალისტები
- განსაზღვრავენ საკუთარ სამოქმედო არეალს;
- ფლობენ ამბის ფორმულირების ხელოვნებას;
- აქვთ საზოგადოებრივ სამსჯავროზე მოვლენების წარმოჩენის უნარი;
- პოზიციური ეფექტი;
- შეუძლიათ ძირითადი თემის ჩამოყალიბება.
1. სამოქმედო არეალის განსაზღვრა
საყოველთაო მედიცინის დამფუძნებლებს ესმოდათ, რომ ექიმებს აქვთ შესაძლებლობები, რომლებსაც ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ. ზოგადად ამგვარი შესაძლებლობები აქვთ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს, თუკი ისინი დამოუკიდებლობის რაიმე ხარისხს მაინც ფლობენ. საუბარია პრობლემის განსაზღვრისა და მასზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობაზე. ავადმყოფობის მოდელიც სწორედ ამგვარ მიდგომას ეფუძნებოდა. იგი ზღუდავდა მედიკოსების მიერ გადასაჭრელ პრობლემას. განაცხადი კი ამგვარი იყო: ჩვენ ვკურნავთ ავადმყოფებს და დაშავებულებს, ამიტომ მობრძანდით ჩვენთან, როცა ავად გახდებით ან დაშავდებით. ალტერნატიულმა მოდელმა - საყოველთაო მედიცინამ - პრობლემა სხვაგვარად განსაზღვრა, როცა განაცხადა: ჩვენ ადამიანებს ჯანმრთელობას ვუნარჩუნებთ. ამიტომ მობრძანდით ჩვენთან და ჩვენც მოვალთ თქვენთან, რათა დაგეხმაროთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ნებისმიერი პროფესია, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი სამოქმედო არეალის განსაზღვრა, მოკლებულია დამოუკიდებლობასა და, რა თქმა უნდა, შესაძლებლობებსაც. როგორც სტაჟიანი პროფესორი, საკმარისი თავისუფლებით ვსარგებლობ ჩემს სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემის, შესაბამისად, საზოგადოებრივ ჟურნალისტიკაში ჩემი ინტერესის განსაზღვრის თვალსაზრისით. მაგრამ წარმოიდგინეთ საშუალო სკოლის მასწავლებელი ამერიკის ნებისმიერ სასკოლო სისტემაში. მის სამოქმედო არეალს განსაზღვრავენ სკოლის საბჭოები, მშობლები და საზოგადოებრივი მოლოდინი. ეს ჩვენ ვართ, ვინც ვეუბნებით მასწავლებელს: ეს არის პრობლემა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოეკიდო.
პრესას საკმაო ძალა შესწევს საიმისოდ, რომ თავისი სამოქმედო არეალი განსაზღვროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაციისა და კომენტარების გავრცელებას ეხება. რა თქმა უნდა, არსებობს რეალური შეზღუდვები დროისა და სივრცის, მკითხველისა და მაყურებლის თვალსაზრისით, არსებობს ეკონომიკური აუცილებლობით განპირობებული შეზღუდვებიც, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება. მაგრამ ეს შეზღუდვები არ გამორიცხავს იმ ძალაუფლებას, რომელიც ჟურნალისტიკას, იგივე საშუალო სკოლის მასწავლებლებისგან განსხვავებით, შედარებით დამოუკიდებელ პროფესიად აქცევს. სწორედ ეს არის პრესის თავისუფლების ერთ-ერთი ნიშანი.
თუ ჟურნალისტებს შესწევთ უნარი, განსაზღვრონ საკუთარი სამოქმედო არეალი, როგორ უნდა მოახერხონ მათ ეს? რომელ პრობლემას უნდა მიანიჭონ უპირატესობა?საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა ცდილობს, პირდაპირ შეეხოს ამ საკითხს, ამისათვის კი ჟურნალისტებისგან საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას მოითხოვს.
როგორ უნდა განვსაზღვროთ საკუთარი უფლებამოსილება?ამ კითხვაზე პასუხად საზოგადოებრივი საქმეების გაშუქებით დაკავებული ნორფოლკელი რეპორტიორებისა და რედაქტორისაგან შედგა ე.წ. ,,საზოგადოებრივი გუნდი“, რომელსაც დაევალა მისიის განაცხადის გაკეთება. გუნდის წევრების დიდი ძალისხმევის შედეგად აი, რა მივიღეთ:
ჩვენ განვამტკიცებთ იმედგაცრუებებით დასუსტებულ დემოკრატიას. ჩვენ დავეხმარებით საზოგადოებას, აღმოაჩინოს საკუთარი თავი და ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე. ჩვენ ვუჩვენებთ მას, როგორ მოქმედებს და როგორ შეიძლება იმოქმედოს საზოგადოებამ იმისდა მიუხედავად, თუ რა იგულისხმება ამ მოქმედებაში: კორუფციის მხილება, მოქალაქეებისათვის იმის სწავლება, თუ როგორ აღიმაღლონ ხმა და მიაწვდინონ ხელისუფლებას, ახალი ინიციატივების მხარდაჭერა ან იმ ადამიანების წარმოჩენა, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს. ჩვენ წარმოვაჩენთ დემოკრატიას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვისაუბრებთ მასზე როგორც სხდომათა დარბაზებში, ისე ქუჩებში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოებისა და ჩვენი გაზეთების სიჯანსაღისთვის აქტიური, ინფორმირებული და, უპირველეს ყოვლისა, მოტივირებული საზოგადოება.
ყურადღება მიაქციეთ სიტყვას ,,სიჯანსაღე“ ბოლო წინადადებაში. ის განსაზღვრავს იმ პრობლემებს, რომელთაც ნორფოლკის გუნდი რეალურ პრობლემებად მიიჩნევს. ესენია: საზოგადოებრივი ცხოვრებით იმედგაცრუება; პასიური მოქალაქეები, დემოკრატიის ვიწრო გაგება - მართლაც რომ ჩვენი პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც შევეცდებით და ა.შ.
სწორედ აქ არის ის შესაძლებლობები, რომელთაც ჟურნალისტები ყოველთვის არ იყენებენ: ეს არის საკუთარი უფლებამოსილების გადააზრების შესაძლებლობა. ცხადია, არსებობს ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც. როდესაც პრესა ახდენს რაიმე სარეკლამო კამპანიის რევიზიას, ის ახლებურად განსაზღვრავს თავის უფლებამოსილებას, რაც ახალ პასუხისმგებლობაში გამოიხატება - გააკონტროლოს კამპანიის სარეკლამო კურსი. არავინ ფიქრობს, რომ ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა, ვინაიდან იგი საყოველთაო ღირებულების - ჭეშმარიტების - სახელით კეთდება. აქედან შესაძლოა, ერთი საყურადღებო დასკვნა გამოვიტანოთ: ჟურნალისტის უფლებამოსილება უნდა გადაისინჯოს არა პროფესიული უპირატესობების, არამედ საზოგადოებრივი ღირებულებების საფუძველზე. სწორედ ამიტომ ამახვილებს ყურადღებას საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის ფილოსოფია სამოქალაქო მონაწილეობაზე, საზოგადოებრივ დიალოგზე, პრობლემების ერთობლივ გადაწყვეტაზე. ეს არ არის პროფესიული ნორმები ან ჟურნალისტური ქცევის წესები. ეს არის ნაწილობრივ დემოკრატიის ხედვა, რომლის გაზიარება ჟურნალისტებს მოქალაქეების მონაწილეობით შეუძლიათ.
2. ამბის ფორმულირების ხელოვნება
წარმოიდგინეთ შემთხვევა, რომელიც დიდი ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ნარკოტიკებით ვაჭრობას შეეხება. ამ ამბის გადმოცემა სხვადასხვაგვარად შეიძლება. ყველაზე ტიპიური იქნებოდა, თუ ნარკოტიკებით ვაჭრობას პოლიციის ან დანაშაულის კუთხით განვიხილავდით. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გაამახვილოთ მეზობლების საჩივრებზე, პოლიციელების მიერ მოვაჭრეთა დაკავების მცდელობებზე, ნარკოტიკების ნიადაგზე მკვლელობებზე, დაპატიმრებებზე, ბრალდებებზე და ა.შ.სრულიად განსხვავებულ ფორმულირებასთან გვექნებოდა საქმე, თუ ნარკოტიკებით ვაჭრობას განვიხილავდით, როგორც ქალაქის ერთ-ერთი რაიონის ბიზნესს. ამ შემთხვევაში უნდა აღწეროთ, თუ როგორ ხდება ბიზნესის წარმოება, გადაწყვეტილებების მიღება, რა ინტერესები იკვეთება, როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა ამ ბიზნესსა და რაიონის დანარჩენ ნაწილს შორის.
რომელია გადმოცემის ,,მართებული“ ფორმა იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რას ნიშნავს ნარკოტიკებით ვაჭრობა?ცხადია, რომ ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა შესაძლოა, საწინააღმდეგო ამტკიცოს. ნარკოტიკებით ვაჭრობა პოლიციის პრობლემაა, მაგრამ ის ამავდროულად ბიზნესიც არის. ეს ამბავი შეიძლება, გაშუქდეს ორივე კუთხით, თანაც ერთნაირად კარგად, ზუსტად და უტყუარად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვადასხვა სახით მოთხრობილ ორ ამბავს სხვადასხვა სინამდვილემდე მივყავართ. სწორედ ეს არის ფორმულირების ძალა.
ამბის ფორმულირება გულისხმობს შესაფერისი კონტექსტის შერჩევას - ყურადღების გამახვილებას გარკვეულ საკითხებზე. ამბის ფორმულირება ამა თუ იმ მოქმედების კონკრეტული სახით წარმოჩენასაც გულისხმობს: მაგალითად, ნარკოტიკებით ვაჭრობა, როგორც დანაშაული, ან ნარკოტიკებით ვაჭრობა, როგორც ბიზნესი. ამბის ფორმულირების უნარი ჟურნალისტის ყველაზე გავლენიანი და მძლავრი იარაღია. რომ გავიგოთ მიზეზები, უნდა გავერკვეთ იმ ღირებულებებში, რომლებიც ფორმულირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებას განსაზღვრავს. როდესაც ნარკოტიკებით ვაჭრობას განიხილავენ როგორც ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, მაშინ ამბავს კანონიერებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ღირებულებები განსაზღვრავენ. სოციალური ღირებულებების რღვევა ნარკოტიკებით ვაჭრობას ,,ახალ ამბად“ აქცევს. თუ ამ ამბავს ბიზნესის კუთხით განვიხილავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს ჰყიდიან, გარკვეულ სოციალურ ღირებულებებს იზიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვა ღირებულებებს არღვევენ. მაგალითად, ნარკოტიკებითმოვაჭრეები ნულიდან იწყებენ და მძიმე შრომით ბევრს აღწევენ. მათ ყველაფერი უნდა მოასწრონ, ისინი ორგანიზებულები უნდა იყვნენ. ისინი გუნდურად მოქმედებენ და პატივს სცემენ იერარქიას, იციან ფულის ფასი. ასე რომ, თუ დანაშაულის შესახებ ამბავი წარმოაჩენს გარკვეული სოციალური ღირებულებების რღვევას, ბიზნესის ჭრილში დანახული ამბავი ხაზს უსვამს სხვა სოციალური ღირებულებების გაზიარებას. აი, რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი ამბის ფორმულირება. ის აძლევს ფორმას მოვლენებს, რომლის საფუძველზეც ჩვენ აღვიქვამთ მათ. ნარკოტიკებით მოვაჭრე, რომელიც ერთ შემთხვევაში კრიმინალია, მეორე შემთხვევაში ბიზნესის მწარმოებელია, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს მის ,,კრიმინალობას“ - უბრალოდ, ,,კრიმინალი“ არ მოიცავს ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ მართალია, ამას ჟურნალისტურ სკოლებში არ ასწავლიან, მაგრამ ეს ასეა: ფაქტებს არ შეუძლიათ გვიკარნახონ, თუ რა ფორმა უნდა მივცეთ მათ. ამას ჟურნალისტები წყვეტენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ჟურნალისტები იღებენ გადაწყვეტილებას, რომელ ღირებულებებზე უნდა აიგოს ამბავი. ჩვენ არ გაგვაჩნია თანმიმდევრული ფილოსოფია, რომელიც გვიკარნახებს, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ამბის ფორმულირება ყოველდღიურ ჟურნალისტიკაში. ამის ნაცვლად გვაქვს ამბის გადმოცემის განსაზღვრული რიტუალები: ისევე, როგორც ამას ყველა აკეთებს. ამბავი აბორტის შესახებ, რომელშიც გამოყენებულია როგორც აბორტის მომხრეების, ასევე მისი მოწინააღმდეგეების ციტატები, ამბის ფორმულირების რიტუალის ნიმუშია. ეს მაგალითი ხაზს უსვამს კონფლიქტის ღირებულებას და ამბობს: კონფლიქტის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ჭეშმარიტების დადგენა. მოუსმინეთ ორივე მხარეს და თავად გააკეთეთ დასკვნა, - სწორედ ამგვარად იწარმოება პოლიტიკური დებატები. ამბის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი რიტუალია თავისთავად ორივე მხარის მოსმენა, ანუ იმის აღიარება, რომ ნებისმიერ ამბავში ორი მხარე არსებობს, და ჟურნალისტიკაში ,,ორმხრივობისთვის“ უპირატესობის მინიჭება.
პირველ ნარკვევში, რომელიც ,,American Journalism Review“-ში საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის შესახებ გამოქვეყნდა, რედაქციას უნდა გადაეწყვიტა, თუ როგორ გადმოეცა ეს ფენომენი. აი, რა მივიღეთ შედეგად:
თუ ახალი ამბების ორგანიზაციებს წარმატების მიღწევა სურთ, სწრაფად მზარდი მოძრაობის მიმდევრების აზრით, მათ უნდა მოუსმინონ თავიანთ აუდიტორიას და უფრო აქტიური როლი ითამაშონ საზოგადოებაში. თუმცა ისინი, ვისაც არ სწამს საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის, შიშობენ, რომ საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა ცუდად აისახება მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხზე, რადგანაც მედია მოვლენების ასახვის ნაცვლად თავად იქცევა ამ მოვლენების მონაწილედ“.
ეს საკმაოდ ზუსტი რეზიუმეა. ფაქტებიც მეტ-ნაკლებად სწორია. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ ყოფს სტატია ჟურნალისტურ სამყაროს ორ ნაწილად: ადამიანებად, ვისაც სჯერა საზოგადოებრივი ჟურნალისტიკისა, და ადამიანებად, ვისაც არ სჯერა და ფიქრობს, რომ საქმე ახალი ამბების ორგანიზაციების პერსპექტივას ეხება.
,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმე ეხება დემოკრატიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ,,აყვავებას“,
- მისწერა მოგვიანებით ბაზ მერიტმა ,,American Journalism Review“-ს რედაქტორს. ჩვენთვის სწორედ ეს არის საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა. რეპორტიორმა მეორადი ცნება - საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის ელემენტი: ამბის ფორმულირების ხელოვნება - აქცია გადამწყვეტი მნიშვნელობის ცნებად - ანუ საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის დეფინიციად.
ცხადია, ალისია შეფერდი, რეპორტიორი, რომელსაც ეკუთვნის ზემოხსენებული სტატია, სულაც არ არის ვალდებული, ყველაფერი ისე აღიქვას, როგორც ჩვენ ვხედავთ. მას აქვს დამოუკიდებელი ინტელექტი, იგი ქმნის დამოუკიდებელ ნაშრომს და იყენებს უფლებას, ჩამოაყალიბოს ამბები ისე, როგორც მათ აღიქვამს. ის აღიქვამს საზოგადოებრივ ჟურნალისტიკას როგორც რელიგიურ მრწამსს, რომლის მიმდევრები სახარებას კითხულობენ, ურწმუნონი კი აღსასრულის შესახებ გვაფრთხილებენ. ეს შეიძლება აღვიქვათ როგორც დიალოგი თავად ჟურნალისტიკის შიგნით, რომლის პროცესშიც მონაწილეთა ერთი ნაწილი სვამს კითხვებს, რითაც საპასუხოდ იწვევს მეორე ნაწილს. მოვლენის ფორმულირების ორივე მეთოდს - ერთის მხრივ, რელიგიასა და მეორეს მხრივ, დიალოგს - შესაძლოა, ფაქტები უმაგრებდნენ ზურგს. ამ ორ მეთოდს შორის არჩევანის გაკეთება კი არის ხელოვნება. და ეს ხელოვნებაც ზნეობრივი სავარჯიშოა. იგი ყოველთვის გარკვეული ღირებულებების მატარებელია, ღირებულებებისა, რომელთაც ჟურნალისტები თავიანთ მუშაობაში იყენებენ და რომელთა დამკვიდრებასაც უწყობს ხელს მათი საქმიანობა.
მიკერძოებისა და ნეგატიური ახალი ამბების შესახებ ტიპიური პრეტენზიების უმეტესი ნაწილი შეიძლება გავიგოთ როგორც კრიტიკა იმისა, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებებს ჟურნალისტი ამბის ფორმულირებისას. მაგრამ ვინაიდან საზოგადოებირივ ლექსიკონში პრესასთან მიმართებაში არ არსებობს სიტყვა ,,ფორმულირება“, პრეტენზია ვერ გამოითქმება იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლის გაცნობიერება იშვიათად ხდება. ამიტომაც ადამიანები ამბობენ: შენ ხარ მიკერძოებული, შენ ძალიან ნეგატიურად ხარ განწყობილი. შეიძლება ისინი გულისხმობენ, რომ ,,ამბავი ვიწრო გაგებით იყო ფორმულირებული“.
ჟურნალისტებს ურჩევნიათ, როდესაც ამბის ფორმულირებას სხვები ახდენენ. სწორედ ამიტომ გამოიგონეს ტერმინი ,,Spin“1. ,,Spin doctor“-ს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც მართალია, ჟურნალისტიკის მიღმა არიან, მაგრამ დაუფარავად იბრძვიან, რათა ამბების ფორმულირება ისე მოხდეს, როგორც თავად სურთ. რეპორტიორი ამბის შემლამაზებელი არ არის. პირიქით, ის არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა, გააცუროს ისეთმა ფიგურამ, როგორიც დევიდ გერგენია. იგი ისეთი ექსპერტია ,,ამბის შელამაზების ხელოვნებაში“, რომ, ვაშინგტონელი ჟურნალისტები ამბობენ, გერგენმა ტელეფონითაც კი შეიძლება ,,მოახდინოს ზეგავლენაო“. შელამაზება სახელის მიჩენის უნარის კარგი ნიმუშია. ამ მეთოდით მოვლენას შეიძლება ისეთი სახელი დაერქვას, რომ იგი ჟურნალისტური სამყაროს ნაცვლად სხვა ადამიანებს მიეწეროს. რეპორტიორები არ არიან გაწაფულები შელამაზების ხელოვნებაში, და თუ არიან, მაშინ ისინი არღვევენ პროფესიულ სტანდარტებს.
აუცილებელია, უფრო ღრმად ჩავწვდეთ ამბის ფორმულირების ხელოვნებას, რომელიც ყოველდღიურ ჟურნალისტიკაში ინტელექტუალური სამართლიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ისინი, ვისაც არ სურს, აღიაროს, რომ ამ მეთოდს იყენებს, ამბობს:
,,მე არ მინდა ამ დიალოგში მონაწილეობის მიღება“.
,,არ მსურს ვიფიქრო ჩემი სამუშაოს ამ ასპექტზე“.
საზოგადოებრივი ჟურნალისტიკისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს ამბის გააზრებულ გადმოცემას. რადგან ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ნაწილობრივ ამბის ფორმულირების უკეთესი ფილოსოფიაა. ჩვენ ვცდილობთ, ღიად ვისაუბროთ იმ ღირებულებებზე, რომლებიც ამბის ფორმულირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში დევს. ამით ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ, იფიქრონ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც მათ ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ რომლისთვისაც სახელი არ დაურქმევიათ და ამიტომაც ვერ იყენებდნენ მას.
ჩვენი ფილოსოფია ამბობს, რომ ამბის ფორმულირება უბრალოდ ხელოვნება კი არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ხელოვნებაც არის. კარგად ფორმულირებული ამბავი კონკრეტული ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს და მხარს უნდა უჭერდეს საზოგადოებრივ, დემოკრატიულ ღირებულებებს: გულახდილ დიალოგს, ფართო მონაწილეობას, დიალოგს კონსულტაციის მიზნით, საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრას, სამოქალაქო პასუხისმგებლობას, პარტნიორულ ქმედებებს, საზოგადოებაზე ზრუნვას, მომავალზე პასუხისმგებლობის აღებას, ინერციული მდგომარეობის დაძლევას; და ბოლოს, იმედის, როგორც განახლებადი რესურსის, ღირებულებას. სწორედ ეს არის ყოველივე ის, რასაც საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა გულისხმობს და რისთვისაც მას ბოდიშის მოხდა არ სჭირდება.
ამბის ფორმულირების ხელოვნება ნიშნავს ჩვენი კოლექტიური ამბის გადმოსაცემად ისეთი მეთოდის პოვნას, რომელიც ხსენებულ დემოკრატიულ ღირებულებებს თავ-თავიანთ ადგილს მიუჩენს - ანუ არ მოხდება მათი ხელოვნურად ჩართვა უადგილო ადგილას და არც იმ ფაქტების უგულებელყოფა, რომლებიც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ამ ხელოვნების პრაქტიკული რეალიზაცია. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენად მართებულად აღვიქვით ეს ღირებულებები. ამას გზადაგზა, ექსპერიმენტის მოთხოვნილებისდა მიხედვით ვიგებთ. საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა ნიშნავს პასუხი გაეცეს შეკითხვას: როგორ ვაყალიბებთ ამბავს და როგორ უნდა მოვახდინოთ ამ ამბის ფორმულირება, თუკი გვინდა, განვამტკიცოთ საზოგადოებრივი ცხოვრება, სამოქალაქო მონაწილეობა, საზოგადოებრივი დიალოგი?მე ვაცხადებ, რომ სწორედ ეს კითხვა - ანუ როგორ ვაყალიბებთ მოვლენებს?- არის არსებითი მნიშვნელობის. მას პრაგმატული ღირებულება აქვს, რადგანაც გვეხმარება ჩვენი საქმის კეთებაში.
3. საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანის უნარი
ამ ტერმინს კომუნიკაციის სფეროს მკვლევარს, მაიკლ შუდსონს დავესესხე. სწორედ ის წერს ჟურნალისტების უნარზე - ,,საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანონ“ მოვლენები. შუდსონი გულისხმობს იმ ძალას, რომელსაც პრესა ფლობს, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ (ან რა) უნდა იყოს ხილული. საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ რაიმე ამბის ფორმულირებისას, ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა და ვინ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი?ეს ამბის ფორმულირების ერთ-ერთი ასპექტია, მაგრამ მე მას სხვა სახელწოდება მოვუძებნე, რადგან საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის უნარი უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რასაც ჩვენ დემოკრატიაში ვგულისხმობთ.
სპარსეთის ყურის ომის დროს, ომის შესახებ სატელევიზიო დისკუსიების ყურებისას, ერთი კანონზომიერება შევნიშნე: ისინი, ვისაც ჟურნალისტები კომენტარისათვის მიმართავდნენ, ვირტუალურად ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ - გადამდგარი სამხედროები და სპეციალისტები, რომელთა კომპეტენცია ტექნიკურ ექსპერტიზას არ სცილდებოდა. საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანის უნარის გამოყენება გარკვეული მეთოდით ხდებოდა. შედეგი, შესაძლოა, წინასწარგანზრახული არა, მაგრამ ეფექტური იყო: ვღებულობდით ომის განსაზღვრებას ექსპერტების კომპეტენციის სფეროდ და გამოცდილების კონკრეტული ტიპის - სამხედრო დოქტრინის, სტრატეგიისა და აღჭურვის ტექნიკური ცოდნის - მნიშვნელობის აღიარებას.
ამ მაგალითის ხილვისას საკუთარ თავს ვკითხე - ომის ჩვენების სხვა რა გზა არსებობს და რისი გამოტანაა შესაძლებელი საზოგადოებრივ არენაზე?გადავწყვიტე, ჩამეტარებინა პატარა ექსპერიმენტი. შევარჩიე ომის ტექნიკური კუთხით ჩვენების ალტერნატიული ვარიანტი და შევეცადე, ყველა ტელეჟურნალისტს, რომელიც ყურს დამიგდებდა და გაიზიარებდა ჩემს თვალსაზრისს, გამოეყენებინა ეს ვარიანტი ომის შესახებ დისკუსიების დროს. ჩემი არჩევანი მოვლენის ზნეობრივ ჭრილში დანახვა იყო. ვიცოდი, რომ ისტორიკოსებს, ფილოსოფოსებს, თეოლოგებსა და სასულიერო პირებს შორის გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა ,,სამართლიანი ომის“ ცნების შესახებ. მხარეებს ჰქონდათ საინტერესო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განესხვავებინათ სამართლიანი ფორმა უსამართლო ქმედებისაგან. ეს არგუმენტები სხვადასხვა ეთიკური და რელიგიური ტრადიციებიდან მომდინარეობდა. სამართლიანი ომის ცნება აშკარად უკავშირდებოდა სპარსეთის ყურის ომს და მას აუცილებლად უნდა გამოეწვია დიალოგი - განსაკუთრებით იმ მაყურებელთა შორის, რომლებიც საკუთარ სახლში ტელევიზორთან იყვნენ მოკალათებული და რომლებიც გაცილებით ადვილად ჩაერთვებოდნენ მორალურ დისკუსიებში, ვიდრე ლექციაში სამხედრო აღჭურვილობის შესახებ.
ეს აზრი რამდენიმე სატელევიზიო პროდიუსერს გავუზიარე. ორმა მათგანმა დამირეკა და მთხოვა, მედიაში ომის გაშუქებასთან დაკავშირებით კომენტარი გამეკეთებინა. მე ფაქსით გადავუგზავნე იმ ექსპერტთა ჩამონათვალი, ვინც მათ ამ საკითხზე სასაუბროდ გამოადგებოდათ. ჩემმა თანაშემწემ ჩაატარა კვლევა და ამოქექა რამოდენიმე სტატია ამ თემაზე. მაგრამ არაფერი გამომივიდა. ჩემი ექსპერიმენტი ჩავარდა. საფუძვლიანი დისკუსია სამართლიანი ომის შესახებ ტელევიზიით არასოდეს გადაუციათ. არსებული ჩარჩოები ძალზე მკაცრი იყო, ალტერნატიული ჩარჩო კი ძალზე ახლებური და არასტანდარტული. ტელევიზიები კვლავ ტექნიკური ექსპერტებით ,,გვიტევდნენ“, რადგან ეს გამოცდილების ის ფორმა იყო, რომელიც მათ ესმოდათ და რომელსაც აფასებდნენ. ამ გზით ისინი ახდენდნენ საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანის მათი უნარის რეალიზაციას.
რასაკვირველია, ასეთი არჩევანის გაკეთება მათი უფლებაა, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, როგორია ეს არჩევანი. დისკუსიაში მონაწილე ადამიანების შერჩევით, შენ აკეთებ გარკვეულ განაცხდს, თუ რა სახის დისკუსიაზე აქვს მოთხოვნილება საზოგადოებას და რა ინფორმაციაა მისთვის ღირებული. გაიხსენეთ, თუ როგორ ხდებოდა საპრეზიდენტო დებატების შემდეგ სხვადასხვა ,,Spin doctor“-ების ციტირება. ეს იყო მზა გადაწყვეტილებები, თუ ვისი წარმოჩენა უნდა მომხდარიყო. ეს იყო განაცხადი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი ცოდნაც საჭიროა პოლიტიკური დებატების შესახებ, არის ის, თუ ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა. ადამიანები, ვინც ამას გვატყობინებს, პროფესიონალები არიან, რომლებსაც ფულს უხდიან იმისათვის, რომ გვამცნონ თავიანთი მხარის გამარჯვება. დროთა განმავლობაში მაყურებელი, რომელსაც უწევს ახალი ამბების მედიის მიერ გამოგონილი ამ აბსურდული რიტუალის ყურება, მიდის დასკვნამდე, რომ ჟურნალისტებს ძალზედ ცოტა თუ გაეგებათ მათი ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ.
ამდენად, საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის უნარს გადამწყვეტი ძალა აქვს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წყალობით ზოგიერთი ადამიანის წარმოჩენა სხვებზე მეტად ხდება, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების წარმოჩენა განსაკუთრებული მეთოდით ხდება. იმ ადამიანების შერჩევისას, ვისი საზოგადოებრივ სამსჯავროზე წარმოჩენაც უნდა მოხდეს, პრესა მიგვითითებს საზოგადოებრივ სამყაროზე, ვინ მოქმედებს ამ სამყაროში, ვისი ხმაა ანგარიშგასაწევი, ვისი ცხოვრება და საქმიანობაა მნიშვნელოვანი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჟურნალისტები ანაწილებენ როლებს საზოგადოებრივ არენაზე. საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა ცდილობს, ღირსეულად იმოქმედოს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ ვისი წარმოჩენა უნდა მოხდეს, არის გადაწყვეტილებები ღირებულებათა შესახებ. ჩვენ კი ვცდილობთ, ვიპოვოთ შესაფერისი ღირებულებები. და აი, რა დასკვნამდე მივედით: საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანის უნარის გამოყენებისას, ჟურნალისტებმა მეტი ადგილი უნდა დაუთმონ მოქალაქეებს. ნება მომეცით, აგიხსნათ, რისი თქმა მსურს.
მოქალაქე არ არის მსხვერპლი, ის არც მაყურებელია, არც ორთქლის გამომშვები მანქანაა ან ახალი ამბების დამამშვენებელი დეტალი. როდესაც მოქალაქეებს წარმოვაჩენთ, როგორც ,,მოქალაქეებს“, მათ არა მარტო საკუთარი შეხედულებების გამოთქმას, არამედ სხვა მოქალაქეებთან მოთათბირებასაც ვთხოვთ. მთავარია მოვლენების მათი თვალთახედვით დანახვა, და არა მარტო სურათის გადაღების მიზნით ფოტოკამერის დაჩხაკუნება. მომხმარებელთა მსგავსად, ისინი უნდა აღვიქვათ მოქმედ პირებად და პროცესების მონაწილეებად. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოქალაქეობის გარკვეულ სტანდარტამდე უნდა ავიყვანოთ, რაც გულისხმობს თავაზიანობას, ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, ინფორმირებულ მონაწილეობას, მოსმენისა და პასუხის გაცემის მზადყოფნას.
იმისათვის, რომ ადამიანები მოქალაქეებად აღვიქვათ, შესაძლოა, ისინი იმ დონემდე წავწიოთ წინ, რომ თავიანთი მისია მათ ყოველთვის სწორად ვერც კი შეასრულონ. ეს ერთგვარი ხერხია იმის სათქმელად, რომ დემოკრატიას ხშირად იმედგაცრუებებიც ახლავს თან. ასევეა ჟურნალისტიკაც. ჩვენ ხშირად იმედგაცრუებულნი ვართ ერთმანეთით, მაგრამ ვსწავლობთ თანაარსებობას, ერთმანეთის მოქალაქეებად აღქმის გზით. ეს კი ,,განსხვავებების მიუხედავად, გარკვეულ თანასწორობას“ ნიშნავს. ადამიანების მოქალაქეებად აღქმა ნიშნავს თანასწორობის უზრუნველყოფას, რისკენაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ ყველანი მივისწრაფვით და ახალ ამბებში იმ ხალხის წარმოჩენას, რომელიც ამ თანასწორი მდგომარეობით სარგებლობს.
,,თანასწორი მდგომარეობის უზრუნველყოფა“ ნიშნავს ისეთი პირობების შექმნას, სადაც მოქალაქეები კარგი მსაჯულები იქნებიან, სადაც მათ შესწევთ უნარი, წარმართონ დისკუსია. როდესაც ვიკი პორტერი, ,,Olympian“-ის რედაქტორი ოლიმპიაში (ვაშინგტონი) იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოქალაქეებმა თავიანთი სიტყვა უნდა თქვან საკუთარი ქალაქის ეკონომიკურ მომავალზე, როდესაც იგი ხელს უწყობს ფორუმების ორგანიზებას, სადაც შესაძლებელია ამ თემატიკაზე საუბარი, ამით ის აკეთებს ერთგვარ განაცხადს, რომ მოქალაქეები კარგი მსაჯულები არიან იმ ძირითადი მიმართულებისა, საითკენაც უნდა იაროს საზოგადოებამ. ამისათვის ის იყენებს საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანის უნარს. საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა გვკარნახობს: წარმოაჩინეთ ადამიანები, როგორც მოქალაქეები, რაც ნიშნავს - მიეცით მათ კუთვნილი, რადგანაც ამბავი საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ მათი ამბავია. ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ ამბის ამ მეთოდით ფორმულირება.
ამრიგად, ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა, საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანონ მოვლენები და ჰკითხონ საკუთარ თავს: როგორ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ისე, რომ მოქალაქეებსა და თვით მოქალაქეობას უფრო მყარად დავუმკვიდროთ ადგილი საზოგადოებრივ სამყაროში?
4. პოზიციური ეფექტი
მრავალ შესაძლებლობათა შორის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, შეგვახვედრონ საზოგადოებრივ სამყაროს და ამბები ჩვენამდე გარკვეული სახით მოიტანონ. სწორედ ეს არის, რასაც მე ,,პოზიციურ ეფექტს“ ვუწოდებ. ნება მომეცით, საილუსტრაციოდ სხვა მაგალითი მოვიხმო სპარსეთის ყურის ომიდან.
დავუბრუნდეთ სიუჟეტებს ომის შესახებ, რომელთაც ზოგჯერ ვიდეო-თამაშებსაც კი უწოდებენ. ამ სიუჟეტების მიზანი იყო, დაბომბვის დამთავრებისთანავე მოვეთავსებინეთ ამერიკულ რეაქტიულ თვითმფრინავებში. ახლა შეადარეთ ეს პოზიცია იმ სრულიად განსხვავებულ პოზიციას, რომელიც ჩვენ CNN-ის ჟურნალისტებთან პიტერ არნეტთან და ბერნარდ შოუსთან ერთად დავიკავეთ, როდესაც ისინი უყურებდნენ, როგორ წვიმასავით ცვიოდა ამერიკული ბომბები ბაღდადში მათ თავზე. აშკარაა, რომ ახალ ამბავს შეუძლია სხვადასხვაგვარად დაგვანახოს მოვლენები, სხვადასხვა რამ განგვაცდევინოს, იმისდა მიხედვით, თუ რა რაკურსიდან შუქდება ის. მფრინავებთან ერთად ჩვენ ამერიკული ჭურვების გაშვების მომსწრენიც ვართ და იმავე ძალის მოზღვავებაც გვიგრძვნია, რაც მათ ყუმბარებს მიზანში მოხვედრისას. არნეტთან და შოუსთან ერთად ვუყურებთ დაბომბვას და ვიზიარებთ იმ შიშსა და დაბნეულობას, რასაც მიზანში ამოღებული ხალხი განიცდის. ვფიქრობ, დამეთანხმებით, დამიზნებასა და სამიზნეობას შორის დიდი განსხვავებაა. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ჟურნალისტები საზოგადოებრივ სამყაროს გვაცნობენ. ახალი ამბები გვაყენებს სხვადასხვა პოზიციაში - მაყურებლის ან მონაწილის, შინაურის თუ აუტსაიდერის, ამომრჩევლის, მომხმარებლის, მხიარულის, მსხვერპლის, მოზეიმეს ან სენტიმენტალური ადამიანის.
მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების სხვადასხვა რაკურსით წარმოჩენა ჟურნალისტიკაში ჩვეულებრივი რუტინაა, პოზიციური ეფექტი გაურბის იმ დისკუსიებს, რომლებიც, როგორც წესი, რედაქციებში ჟურნალისტებს შორის მიმდინარეობს. გაგიგონიათ ოდესმე, რომ ერთი რედაქტორი ეუბნებოდეს მეორეს: ,,მოიცა, რა პოზიციაში ვაყენებთ მკითხველებს, როგორი რაკურსით გვინდა ვაჩვენოთ მათ მოვლენა?“ დაბალანსების რიტუალი ცდილობს, თავი აარიდოს პოზიციურ ეფექტს. ზედმიწევნით დაბალანსებული ამბავი გვკარნახობს: დაიკავეთ თქვენი საკუთარი პოზიცია, ჩვენ მას თქვენს ნაცვლად არ განვსაზღვრავთ. ცხადია, ეს ასე მარტივი არ არის.
,,დაბალანსებული“ ამბავი ხშირად ადამიანებს მწვავე და გადაუჭრელი დისპუტის უსუსურ მაყურებლებად აქცევს და არ აძლევს საშუალებას, მონახონ ნეიტრალური ადგილი ამბივალენტურობისათვის, სადაც შესაძლოა, ბევრ ჩვენგანს უნდოდეს დგომა.
ამრიგად, პოზიციის ქონა გარდაუვალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტის აღიარება და მის შედეგებთან შეჭიდება ინტელექტუალური ღირსების საქმეა. სხვათა შორის, მე არ ვამტკიცებ - და მინდა სიცხადე შევიტანო ამ საკითხში - რომ ახალ ამბებზე უცილობლად ახდენს გავლენას ჟურნალისტთა შეხედულებები და განცდები. მე არ ვამტკიცებ, რომ რადგანაც მიკერძოება გარდაუვალია, ჩვენ დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ ის. მე ნამდვილად არ ვამტკიცებ, რომ რაიმენაირად უნდა დაკნინდეს სამართლიანობის, დაბალანსებისა და ნეიტრალიტეტის ტრადიციული გაგება. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჟურნალისტიკისათვის.
ითვალისწინებს რა ამა თუ იმ მოვლენის გარკვეულ სახით ფორმულირების უნარს და მზადყოფნას, დასვას შეკითხვა: ,,მოიცათ, რა პოზიციაში ვაყენებთ ადამიანებს?რა მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ ისინი?“, საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა ისწრაფვის მეტი სამართლიანობისაკენ. ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ პასუხი შესაძლოა, ასეთი იყოს: როდესაც ჟურნალისტები რაიმე პოზიციაში აყენებენ ადამიანებს (რასაც ისინი ყოველთვის გააკეთებენ), უნდა შეეცადნონ, რაც შეიძლება ხშირად ჩააყენონ ისინი მოქალაქის პოზიციაში. კარგად კი ჟღერს, მაგრამ რას ნიშნავს ყოველივე ეს?
ხალხის ჩაყენება მოქალაქის პოზიციაში ნიშნავს, მიიჩნიო ისინი ადამიანებად:
- რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
- რომლებიც პოტენციურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში;
- რომლებიც წარმოადგენენ დაინტერესებულ წრეებს და გააჩნიათ პირადი ინტერესები საზოგადოებრივ საქმიანობაში;
- რომლებიც ერთი მთლიანის ნაწილს წარმოადგენენ და საერთო ინტერესები აკავშირებთ;
- რომლებიც წარმოადგენენ სათათბირო ორგანოს - საზოგადოებას, რომელიც მსჯელობს;
- რომლებიც აკეთებენ არჩევანს, იღებენ გადაწყვეტილებებს;
- რომლებიც სწავლობენ და განვითარების უნარი გააჩნიათ;
- რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ადგილსამყოფელზე.
საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა არის ადამიანების მოქალაქეების პოზიციაში ჩაყენების ხელოვნება. ჩვენ ჯერაც არ შეგვისწავლია ბოლომდე ამ ხელოვნების შესაძლებლობები. ალბერტ აინშტაინმა ერთხელ თავის თავს დაუსვა კითხვა: როგორი იქნებოდა სამყარო, რომელიც ელვას გახედნიდა? შედეგად მივიღეთ ფარდობითობის თეორია. ჩვენ ვსვამთ კითხვას: როგორი იქნებოდა საზოგადოებრივი სამყარო, რომელშიც ჩვენ მოქალაქეებად აღგვიქვამდნენ? როდესაც, მაგალითად, კანდიდატურებს რომელიმე თანამდებობისთვის მიიჩნევენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორებად, რომლებიც შეიმუშავებენ გონივრულ სტრატეგიას ჩვენზე გავლენის მოსახდენად, ეს ჩვენში იწვევს უნდობლობას მათი რიტორიკისა და ყალბი მოწოდებებისადმი. ეს ჩვენზე ზეგავლენის მოხდენის ერთი ხერხია. როდესაც საჟარო სამსახურში მისაღებ კანდიდატურებს განიხილავენ, როგორც კადრებს, რომელთაც აქვთ სამსახურებრივი ბიოგრაფია, განცხადება კვალიფიკაციის აღწერით და სამუშაოს აღწერილობით, მაშინ სახეზეა ზეგავლენის სხვაგვარი ფორმა. შესაძლოა, ორთავე აუცილებელია, მაგრამ ისინი ჩვენ სხვადასხვა პოზიციაში გვაყენებს.
დროთა განმავლობაში პოზიციაში ჩაყენების ეფექტი გვკარნახობს, თუ როგორები უნდა ვიყოთ, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვდგამთ ნაბიჟებს. Jურნალისტები მოქალაქის პოზიციაში რეგულარულად რომ გვაყენებდნენ (ამისათვის კი ასობით ხერხი არსებობს), ახალი ამბები შეიძლება, გაცილებით მიმზიდველი გამხდარიყო, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. ახალ ამბებს შესაძლოა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო ხალხი, ნაცვლად მათი იქედან გამოდევნისა.
5. ძირითადი თემის ჩამოყალიბება
ჟურნალისტები ამბის მთხრობელები არიან და მათი მოვალეობაა, უზრუნველყონ საზოგადოება ზუსტი და უტყუარი ინფორმაციით. თუმცა ჩვენ ხშირად სათანადოდ ვერ ვაფასებთ ამბის ფორმულირების ერთ ასპექტს - ძირითადი თემის ჩამოყალიბების უნარს. ძირითად თემაში ვგულისხმობ ამბავს, რომელიც სხვა ახალ ამბებს ედება საფუძვლად, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,დიდ ამბავს“, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტების მოთხრობილი ყველა პატარა ამბის წყობასა და ფორმას. ბიბლიაში ძირითადი თემა (ამბავი, რომელიც სხვა ახალ ამბებს წარმოშობს) არის თემა შობისა და ხსნისა, ანდა ღვთის წყალობის დაკარგვის და ხსნის ძიებისა. ძირითადი თემა არ არის ჟურნალისტების მიერ დაწერილი ერთი კონკრეტული ამბავი. ეს არის ამბავი, რომელსაც ჟურნალისტები ყოველთვის წერენ, როდესაც ისინი გადმოსცემენ ამბავს, რომელსაც ჩვეულებისამებრ გვიამბობენ.
არჩევნების გაშუქებისას, როგორც წესი, ძირითადი თემა გამარჯვებაა, მიუხედავად იმ უსასრულო კრიტიკისა, რომელიც არჩევნების ნაჩქარევად გაშუქებას ახლავს თან. ბრძოლაში გამარჯვება არის ის, რასაც უნდა ეხებოდეს კამპანია, ამიტომ სიუჟეტების უმეტესობა მოგვითხრობს, თუ ვინ იმარჯვებს, როგორ იმარჯვებს, რატომ იმარჯვებს და ა.შ. ჩვენი ქვეყნის თითოეული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე სტუდენტები იმისდა მიხედვით იგებენ, თუ რა არის დემოკრატიული პოლიტიკა, თუ რა არის მათი პროფესორებისთვის ძირითადი თემა. ამ შემთხვევაში პოლიტიკა მთავრობაა და მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ რა უნდა მიიღოს. ამიტომ პოლიტიკის შესწავლა იმ ფაქტორების გაანალიზებაა, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ ვინ რას ღებულობს დემოკრატიის ბაზარზე, რომელიც გადატვირთულია საბოლოო გამარჯვებისთვის მებრძოლ ჯგუფთა ინტერესებით.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: თეთრი სახლის საქმიანობის გაშუქებისას, ძირითადი თემა ყალიბდება იმ ტენდენციის საფუძველზე, რომელიც პირველად პოლიტიკურმა მიმომხილველმა სიდნი ბლუმენტალმა შენიშნა. ეს არის ,,პერმანენტული კამპანიის“ ცნება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკა არის მუდმივი არჩევნები. პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობს, გაიმარჯვოს არჩევნებში, მისი ოპონენტები კი მუდამ ცდილობენ, დაამარცხონ ის. პრეზიდენტების რეიტინგი გვიჩვენებს, თუ ვინ იმარჯვებს გრძელვადიან არჩევნებში. ამბის მრავალჯერადი გადმოცემისას რეიტინგს მაგიური მნიშვნელობა ენიჭება - ზოგჯერ გაცილებით მეტი, ვიდრე პრეზიდენტის სიტყვებს ან ქმედებებს, ანდა თვით ქვეყნის მდგომარეობას. მარტივად რომ ვთქვათ, მნიშვნელობა ძირითად თემას აქვს. აშკარაა, რომ გამუდმებული კამპანია არის პოლიტიკის ხედვის განსაკუთრებული ხერხი, ანუ ეს არის ამბის ფორმულირების სახეობა. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ძირითადი თემის პროდუქტიულობას, მეთოდს, რომლითაც ის საფუძვლად ედება უამრავ ახალ ამბავს. ეს ამბები ქმნიან ერთ ,,დიდ ამბავს“ - ამბავს პრეზიდენტის შესახებ, რომელიც იბრძვის პოპულარობის შესანარჩუნებლად. რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ ძირითადი თემის საშუალებით?რა ღირებულებას მიანიჭებდა მას უილიამ ჯეიმსი? თქვენ შეგიძლით ჰკითხოთ საკუთარ თავს: რა არის ის ძირითადი თემები, რომელთაც საზოგადოებას ვთავაზობთ?რომელია ის ამბები, რომლებიც სხვა ახალ ამბებს წარმოშობენ?წარმოიდგინეთ, რომ შაბათკვირას დასასვენებელ ადგილას ახალი ამბების ორგანიზაცია შეეცადა, დაედგინა ის ძირითადი თემები, რომლებსაც ეყრდნობოდა ოლიმპიაში (ვაშინგტონი) მიმდინარე ამბების გადმოცემისას. ასეთი მაგალითების მოძიება კარგი ვარჯიში იქნებოდა თქვენი შესაძლებლობების გონივრულად გამოსაყენებლად. შემდეგი კითხვა, რომელზეც პასუხის გასაცემად მზად უნდა იყოთ, არის ის, თუ ,,როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ძირითადი თემები?“
სწორედ ეს გააკეთა ,,Charlotte Observer“-მა 1992 წლის კამპანიის გაშუქებისას. მან წარმატებას ძირითადი თემის შეცვლით მიაღწია: კამპანიის გამარჯვების ამბავი შეცვალა ახალი თემით - მოქალაქეები გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს და ისმენდნენ, თუ რას პასუხობდნენ კანდიდატები მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე. ეს ცვლილება ჟურნალისტიკაში ყველამ შეამჩნია, რადგან კამპანიის ნაჩქარევი გაშუქებით ყველა დაიღალა. ,,Charlotte“-ის რედაქტორებმა,რომლებიც ამ მიმართულებით ბაზ მერიტის შეხედულებებს იზიარებდნენ, უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ძირითადი თემა უნდა შეცვლილიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებას ბევრი სხვა რამ მოჰყვა. ,,ძირითადი თემის. საფუძველზე ასობით სიუჟეტი შეიქმნა.
* * *
საარჩევნო პროექტი ,,Charlotte“-ში მოიცავდა ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებზეც აქამდე ვისაუბრეთ. ამ პროექტის წყალობით მოხდა ჟურნალისტის სამოქმედო არეალის გადააზრება, რაც გამოიხატა კამპანიის ფარგლებში დიალოგზე პასუხისმგებლობის აღებაში. მან განსაზღვრა მოქალაქეების დღის წესრიგი და დაუშვა, რომ კამპანია ამ დღის წესრიგის ირგვლივ დისკუსიის სახით შეიძლება წარმართულიყო. იგი იყენებდა ,,საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის უნარს“, რათა მოქალაქეები კამპანიაში ჩართულიყვნენ როგორც ,,მოთამაშეები“, რომლებიც კანდიდატების წინაშე მნიშვნელოვან საკითხებს აყენებდნენ. არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე პროექტის წყალობით ხალხი წარმოჩინდა არა როგორც მომჩივანი, არამედ დისკუსიის მონაწილე. გარდა ამისა, პროექტმა არჩევნების გაშუქებისთვის შეარჩია ახალი ძირითადი თემა, რომლის მიხედვითაც, თავად მოქალაქეები განსაზღვრავენ საჭირბოროტო საკითხებს, კანდიდატები და ჟურნალისტები კი მათზე პასუხს სცემენ.
საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა ნიშნავს ჰკითხო საკუთარ თავს: როგორ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი სამოქმედო არეალი, რა პრობლემების გაშუქება გვინდა?როგორ ვაყალიბებთ ამბავს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და რა ღირებულებები განსაზღვრავს ამ დროს ჩვენს გადაწყვეტილებას?ეს ნიშნავს დაფიქრებას საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის უნარზე, ასევე პასუხის გაცემას პრინციპულ შეკითხვებზე არა მარტო იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა გამოთქვას თავისი აზრი ახალი ამბების გამოშვებებში, არამედ იმის შესახებაც, თუ რა მისია აკისრიათ მოწვეულ ადამიანებს - მოქალაქეების თუ უბრალოდ ,,მოსაუბრე მანქანებისა“. რა პოზიციაში ვაყენებთ ადამიანებს, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მოქალაქეებად წარმოვაჩინოთ?“
საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა ეხება ძირითადი თემის გაუმჯობესებას, რათა მის საფუძველზე შეიქმნას სიუჟეტები, რომლებიც ერთდროულად საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ სიმართლესაც გადმოსცემენ და მეტ ადგილსაც დაუთმობენ მოქალაქეებს. როგორ უნდა მოვახდინოთ საზოგადოებრივი ამბის ფორმულირება ისე, რომ მოქალაქეებმა დაინახონ ამ საზოგადოებაში თავიანთი ადგილი და ინტერესი და როგორც ინფორმირებულმა მონაწილეებმა გაიზიარონ ეს ამბავი?სწორედ ძირითადი თემების ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა საზოგადოებრივი ჟურნალისტიკისათვის.
ამიტომაც შევეცადე, ყურადღება გამემახვილებინა იმაზე, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის შესახებ. მე ვცადე ამეხსნა, ,,სად ვიმყოფებით“ და ,,საით უნდა წავიდეთ“. შევეცადე, ვყოფილიყავი პრაგმატისტი და ყურადღება გამემახვილებინა ამ იდეების პრაგმატულ ღირებულებაზე, ანუ იმაზე, რით შეიძლება დაგვეხმაროს ეს იდეები. შევეცადე, რამდენიმე სხვადასხვა ხერხით მეჩვენებინა თქვენთვის, რას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა: თუ ერთი მეთოდი არ გამოგადგებათ, იქნებ სხვას ევარგა. და ბოლოს, შევეცადე, ვყოფილიყავი რაც შეიძლება ოპტიმისტი, თუმცა ისიც გითხარით, რომ ჯერ კიდევ ძალზე ბევრი და რთული საქმე გვიდევს წინ.
ვერ ვიტყვი, მივაღწიე თუ არა წარმატებას. ეს მკითხველმა უნდა განსაჯოს.
და ბოლოს, ნება მომეცით, დავუბრუნდე“ მიდგომას ,,თითქოსდა“. ჩვენმა შესანიშნავმა პოეტმა უოლტ უიტმენმა ერთხელ თქვა, შეერთებული შტატები თავად უდიდესი პოემააო. სწორედ ამ სულისკვეთებით გამსჭვალული შეგახსენებთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ,,თითქოსდა“ შეერთებული შტატების კონსტიტუციაა. თეორიულად კონსტიტუცია შექმნილია ამერიკელი ხალხის მიერ. ეს ხალხი პრეამბულაში ამბობს: ,,ჩვენ, ხალხი“. მაგრამ თავად კონსტიტუციაც არის ამერიკელი ხალხის ავტორი. სწორედ კონსტიტუცია ქმნის ცნებას ,,ჩვენ“ და, ამავე დროს, ეს არის ის, რაც ,,ხალხმა“ შექმნა. კონსტიტუცია გვესაუბრება ისე, თითქოს ამერიკელი ერი უკვე არსებობს და აყალიბებს ერს.
ეს ორაზროვნება ბევრჯერ აღნიშნეს სპეციალისტებმა, თუმცა პირადად მე ამ საკითხზე საკუთარი შეხედულება მაქვს. ნორფოლკის საზოგადოებრივი ცხოვრების გუნდმა ჩამოაყალიბა თავისი გუნდის დანიშნულების განმსაზღვრელი განცხადება, მაგრამ ეს განცხადება ასევე ქმნის საზოგადოებრივი ცხოვრების გუნდს. ეს არის ე. წ. ,,თითქოს“ გაცხადება - ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, მისწრაფებები შეიძლება გუნდის ჩვეულებრივ საქმიანობად გადაიქცეს. შემდეგ ჰიპოთეზა გუნდის ექსპერიმენტს ედება საფუძვლად. ამერიკულ პრესას მეტი ესაჭიროება - ეს არის ისეთი ჟურნალისტიკისკენ სწრაფვა, რომელიც აღემატება უბრალოდ ხელობის დაუფლებას, თუმცა, ცხადია, ამასაც გულისხმობს. მოქალაქეებს, საჯარო მოხელეებსა და სხვა სამოქალაქო პირებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ამ პროცესს, თუ შეეცდებიან, წარმოიდგინონ უკეთესი საზოგადოებრივი კლიმატი, რასაც პრესა უკვე ცდილობს. გახსოვდეთ, რომ ადამიანებისთვის შესაძლებლობის მიცემის ხელოვნება არის ის, რაც აზრს სძენს ადამიანთა ინფორმირების ამოცანას.
უიტმენის თანახმად, თავად ამერიკის შეერთებული შტატები არის უდიდესი ჰიპოთეზა. ჩვენ არ ვადარებთ ჩვენს პატარა ,,მოძრაობას“ არც კონსტიტუციის პოეზიას და არც ჩვენი დიდი პოეტის კონსტიტუციას. უბრალოდ გვინდა ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა ძალიან ამერიკული საქმეა.
____________________________
1. შემობრუნება, გადასხვაფერება, შელამაზება
![]() |
6 არა გეშინოდეს შიშისაგან... |
▲back to top |
ნატო ამონაშვილი-თევზაძე
,,აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან ჩემი ძალა და სიმღერა უფალი ღმერთია“ (ესაია 12, 2)
შიშს დიდი თვალები აქვსო, - ამბობს ხალხური სიბრძნე და ეს ჩვენი დღევანდელი რეალობის მეტად საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს. შიში კი რისი შიშია, თუ უნდობლობას, გაუცხოებას, უსიყვარულობას არ დასთესს, დანახვისა და გაგების უნარს არ დაგვაკარგვინებს. ეს კი ნიშნავს რეალობის აღქმის დისტროფიას, გარკვეულწილად ცნობიერების დაკარგვას. ,,გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია“, - რუსთველის ეს შეგონება ბევრის მთქმელი უნდა იყოს.
შიში - საწამლავია, ადამიანის გულისა და გონების მომსრავი. მოწამლული კაცის წინაშე კი თავდაყირა დგება სამყარო და სუბიექტური, შიშით წარმოშობილი განცდების გარეშე ის ვეღარაფერს აღიქვამს. ეს საზოგადოების საწამლავია და რაოდენ საშიშია მოწამლული სოციუმი, რომელსაც რაადეკვატური აღქმა გამოგონილი საფრთხეებით და კოშმარებით სავსე სიურეალისტურ სამყაროში აცხოვრებს.
ერთბაშად მიცემული საწამლავი საღსალამათ ადამიანზე დამღუპველად მოქმედებს, ის აღიქვამს თავის მდგომარეობას და მთელი ძალისხმევით ცდილობს მისგან გათავისუფლებას. გაცილებით ეფექტურია საწამლავის ჩაწვეთება - ცნობიერება ეჩვევა, გონი და ცნობა ირღვევა, გადაგვარდება და ვერც ვერაფერს ხვდება ამის შესახებ. ის კი არა, მოყვასს, რომელიც ეცდება, ის თავის მდგომარეობაში გაარკვიოს, ჯვარზეც კი აცვამს, თანაც იმის შეგრძნებით, რომ ამით უდიდეს მისიას ასრულებს...
ხომ არ გვეცნო ბიბლიური წინაპერიოდი მესიის მოსვლისა, სუბიექტური წარმოდგენებით, ეროვნული რჩეულობის და განსაკუთრებულობის გაფეტიშებით, შეუმცდარობის სინდრომით?!
ასე, წვეთ-წვეთობით ჩააგონებ ადამიანს, რომ ზღაპრები საშიშია, ასევე მთელი კაცობრიული მემკვიდრეობა, თანამედროვე ხელოვნებიდან კლასიკის ჩათვლით, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, დაკვრა - სახიფათო, სიცილი - მიუღებელი (რადგან ქრისტე მხოლოდ იღიმებოდა?!), ზღვაში ტანსაცმლით უნდა იცურაო, სპორტული მიღწევები - ცნობიერების გაბოროტებაა, მარკირების უნდა გეშინოდეს, საკუთარი აზრი არ უნდა გქონდეს, საერთოდ აზროვნება, ინტელექტი საშიშია, ინტელიგენტი ვერ ილოცებს და ვერც ღმერთთან ერთიანობას მიაღწევს - ამაში განათლება უშლის ხელს...
ასეთია მცირე ნაწილი ცნობიერების ნაკადისა, რის შექმნასაც შიშის მამები ცდილობენ და რეალიზებას აიძულებენ. თუმცა ამას, ზოგ შემთხვევაში იძულებაც აღარ უნდა, ყოვლისმომცველი ხდება საფრთხის შეგრძნება, რომელიც ადამიანის მარადიულ ცხოვრებას ემუქრება.
მოწამლული ცნობიერებისთვის სახარების სიტყვები - გიხაროდენ, გაისმის როგორც - გეშინოდენ... საფრთხით, შიშით შეხედო ყველას და ყველაფერს, ღვთის შემოქმედების ნაყოფი კი არა, ბოროტის ნამოქმედარია. და თუ ამას მიაღწიე, მერე ყველაფერი ადვილი ხდება,- სხვა კონფესიის თუ სარწმუნოების ადამიანთან შეხვედრისაც შეგეშინდება, შეშფოთებული სული და გული ყოველწამიერად მტრისა და მავნებლის ხატის აღმოჩენას დაეხარბება. სხვა, შენგან განსხვავებული უკვე საშიშია, სხვაგვარად მოაზროვნესთან შეხება კი შენთვის საფრთხე და დაღუპვაც კია. გეჩვენება, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა შეთქმული, ყველაფერს აკეთებენ, რათა შენი რჩეულობა იმსხვერპლონ, ყოველი ქმედება ეჭვის საფუძველია და კოშმარებს წარმოშობს. ხილვა გეხსნება, როგორ უნდა დაგესხან თავზე, როგორ ამზადებენ ამისთვის ნიადაგს, როგორ უნდა წაგართვან ენა, მამული, სარწმუნოება და გადაგიგვარონ ეკლესია, დაგავიწყონ ეროვნული კლასიკოსები, უცხო კულტურის ზომბად გაქციონ და ასე შემდეგ...
ასეთი რეალიების შეცნობის შემდეგ - შენ, შეშინებული, აგრესიული ხდები (შინაგანი და გარეგნული გამოვლინებებით), ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდით იბრძვი, რა დროს ესაა - რა დროს ეთიკა, ადამიანობა, მორალი და ზნეობაა, როცა ამხელა საფრთხე და საშიშროება მოდის... იგივე შიშის მამები ასწავლიან, რომ ავადმყოფობა, განსაცდელი და ცხოვრებისეული წინააღმდეგობები სხვა არაფერია, თუ არა სასჯელი ღვთისაგან, რომელსაც ასეთი ცნობიერება მამინაცვლად (ყველა შესაძლო უარყოფითი თვისებით) მოიაზრებს, და არა მამად... ხალისით გაცნობებენ იმის შესახებ (თუ შენი შეხედულებები ან პოზიცია არ მოეწონებათ), რომ შეიძლება ავტოკატასტროფა შეგემთხვეს ან სხვა რაიმე ხიფათი გეწიოს... ამგვარი ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც ძებნილი ბასილ მკალავიშვილი დააპატიმრეს, მთელი რიგი ,,ჟურნალისტები“ არკვევდნენ, ,,პოლიტიკოსები“ კი აცხადებდნენ - რა უბედურება შეემთხვათ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ?! ერთგვარი სინანულიც კი გაისმოდა, როცა ეს ცნობები არ დადასტურდა... ასეთი დამოკიდებულება თავისთავად გულისხმობს ობივატელის ცნობიერების როგორც პიროვნების, ასევე საზოგადოების ყოფაში დამკვიდრებას. სიქველის რანგში აიყვანება პიროვნების უმოქმედობა, ინერტულობა, გულგრილობა, საკუთარი დამოკიდებულებისა თუ აღქმის უქონლობა, გაურკვეველი ავტორიტეტებისადმი მორჩილება და მათი დირექტივების შესაბამისად ქმედება (ყოველგვარი ფიქრისა და აზროვნების გარეშე!). ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ შემდეგი ცნობილი სენტენცია - გეშინოდეთ გულგრილი ადამიანებისა, ისინი არ კლავენ და არ იპარავენ, მაგრამ ყოველი მკვლელობა და ყაჩაღობა მათი უხმო ხელშეწყობით ხდება... ყოველივე ზემოხსენებული აშფოთებს რუსულ სინამდვილესაც - ,,ეკლესიის წმინდა მამების და ბოლო დროის ,,სტარცების“ აზრთა გათვალისწინება სანახაობათა მავნებლობაზე... ისეთი გავრცელებული გართობების, როგორიცაა რადიო, ტელევიზორი და კინო. ის, რომ მართლმადიდებლობა ცვლის პარტიულობას და იბადება კითხვა - ეს ხომ არაა ახალი გამოცდა ეკლესიისა, ამჯერად ბოლშევიკური სიყვარულით... ოფიციალურ ეკლესიას ინტელიგენტის რელიგიური გრძნობების გულწრფელობაში მუდამ ეჭვი ეპარება. ის საერთოდ ეჭვობს, აქვს კი მას სული თუ მხოლოდ ჰიპერტროფირებული თავი ან კუდი... გადაშალეთ ნებისმიერი გამოცემა ანონიმური გამომცემლობისა ,,ბლაგო“ და დარწმუნდებით, რომ ერთადერთი გზა მართლმადიდებლის სულისათვის არის - თავიდან წვეთწვეთობით გამოწუროს ინტელიგენტობა - ,,ეგრეთ წოდებული კულტურული ფასეულობები“. დარწმუნდებით, რომ ყველაფერი სატანისგანაა - ცეერუ-ს დივერსია ჩვენი სახალხო საეკლესიო კალენდრის მიმართ, ცბიერი გველის მიერ შტრიხკოდებით - ანტიქრისტეს რიცხვით აღნიშნული თითოეული ვაშლი, ყოველ დედაკაცს ლურჯი თავსაფრის ქვეშ ბიოჩიპს - ინდივიდუალურ ნომერს ჩაუდგამენ, ძალით დასვამენ ტელევიზორთან და აიძულებენ, დღე და ღამე უყუროს ძალადობას. და ჩაეშვება ეს კეთილზნეობრივი ბებია სიბერის წლებში, ყველა მძიმე ცოდვაში და დადგება სამყაროს აღსასრული, იმიტომ, რომ ბოლო ჟამია - აი, ის უკვე დაიწყო... ,,ჟურნალი - ,,ნეპრიკოსნოვენნი ზაპას“. დაიჭირო კატა ბნელ ოთახში მაშინ, როდესაც ის იქ არ არის -ასეთია ავადმყოფი ცნობიერების ამოცანა. ნიშანდობლივია ის, რომ ეს უნდა მოხდეს ბნელ ოთახში, რამეთუ ნათელში ეს სენტენცია ძალას კარგავს...
,,მიდის ჯაჭვური რეაქცია - გარდამეტებული შიშები გვიშლიან ჩვენი რწმენისა და იმედის არსის გაგებას, ცუდი ცოდნა ჩვენი სარწმუნოებისა თავისთავად ბადებს პანიკის ახალი ტალღებით გატაცებას“,
- წერს დიაკონი ანდრეი კურაევი.
,,და თქვა ადამმა: ,,შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე“. (დაბადება 3,10 )
დამნაშავე სინდისის შედეგი, დაცემული ცნობიერების ნაყოფი - შიში, ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან შემოგვყურებს.
,,იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში“.
(ფსალმუნი 52,6 )
,,გარბიან უკეთურნი, დევნით კი არავინ დევნის“.
(იგავები 28,1 )
,,შიშის ზარია მის ყურებში, მშვიდობიანობის დროსაც მას ესმის დამღუპველი“.
(იობი 15,21-22)
საპირისპიროდ ამგვარი ხედვისა სუფთა და ჯანსაღი აღქმა მორწმუნე ადამიანისა შემდეგნაირია:
,,უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე?
,,უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის: ვისგან შევძრწუნდე?“
(ფსალმ. 26,1)
- ასეთია ქვაკუთხედი ქრისტიანული მსოფლხედვისა -
,,სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი.“
(1იოანე 4,5)
ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ღვთისმეტყველი ამბობს:
,,მეორე ათასწლეულის დასასრულს, როგორც არასდროს, გვჭირდება გამხნევება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სიტყვებით ,,ნუ გეშინიათ!.“
იგი ესაჭიროება ადამიანს, რომელსაც კომუნიზმის დაცემის შემდეგაც არ გაჰქრობია შიში და რომელსაც მართლაც მრავალი მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ თავის თავში ასეთი გრძნობა აღმოაჩინოს. ეს სჭირდებათ ხალხებს, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ კომუნიზმის დაცემის შემდეგ, მაგრამ ასევე იმათაც, ვინც ამ გამოცდილებას შორიდან ადევნებს თვალს. იგი სჭირდებათ მთელი მსოფლიოს ხალხებსა და ერებს.
საჭიროა, რომ მათ ცნობიერებაში განმტკიცდეს იმისი სიცხადე, რომ არსებობს ვიღაც, რომელსაც ხელში უჭირავს ამ წარმავალი სამყაროს ბედის აღვირი; ვიღაც, ვისაც აქვს ,,კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი“ (გამოცხ. 1,18); ვიღაც, ვინც არის ადამიანთა ისტორიის ,,ანი და ჰოე“ (შდრ. გამოცხ. 22,13),
როგორც ინდივიდუალურის, ასევე - კოლექტიურისა. და ეს ვიღაც ,,სიყვარულია“ (შდრ. 1 იოანე 4,8-16): განკაცებული სიყვარული, ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი სიყვარული, ადამიანთა შორის მარადიულად მყოფი სიყვარული. ეს ევქარისტიული სიყვარულია, უშრეტი წყარო ერთობისა, მხოლოდ ისაა, ვინც სრული გარანტიაა სიტყვებისა: ,,ნუ გეშინიათ!“
![]() |
7 უმცირესობათა კონსტიტუციურ უფლებათა დასაცავად |
▲back to top |
გიორგი მელაძე
რელიგიური უმცირესობის უფლებების დაცვის მიზნით თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თავისუფლების ინსტიტუტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იმ არაკონსტიტუციური მუხლების გაუქმებას ითხოვს, რომელთა საფუძველზეც საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებები ირღვევა.
უფრო კონკრეტულად, თუ რაში გამოიხატება სადაო მუხლების ანტიკონსტიტუციურობა, კომენტარი თავისუფლების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორს გიორგი მელაძეს ვთხოვეთ:
დღეს საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის მხრივ არამარტო ექსტრემისტული, არამედ საკანონმდებლო ხასიათის პრობლემებიც არსებობს, - აღნიშნა მან, - ამ საკანონმდებლო პრობლემებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის არქონაა. რელიგიურ უმცირესობებს არ შეუძლიათ, დაარეგისტრირონ ორგანიზაციები ან თავიანთი ეკლესიები, რათა შემდგომ აწარმოონ საქმიანობა, როგორც იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებმა. არადა, რეგისტრაციის უფლება რელიგიური თავისუფლების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
თუ კონკორდატის საფუძველზე მართლმადიდებლურ ეკლესიას იურიდიული სტატუსი დაუკანონდა, უმცირესობათა რეგისტრაციის პრობლემა ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელია. სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლი რელიგიური ორგანიზაციების საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, კანონის თანახმად, საჯარო სამართლის ორგანიზაციები პრეზიდენტის ბრძანებულების, კანონის ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე იქმნება. რელიგიური ორგანიზაციების საჯარო სამართლის პირის სტატუსით დარეგისტრირების მოთხოვნა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან იგი ავალდებულებს რელიგიურ ორგანიზაციებს, კონკრეტული ფორმით დარეგისტრირდნენ, რაც ზღუდავს გაერთიანების თავისუფლებას. საჯარო იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციები, როგორც წესი, კანონის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე იქმნება, მაშინ, როცა გაერთიანების უფლება ან ასეთი ორგანიზაციის რეგისტრაციის უფლება არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმე საჯარო პირის, მაგალითად, პრეზიდენტის, მინისტრის თუ საჯარო ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის ნებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ორგანიზაციები კანონით შეიქმნებიან, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, საჯარო ინტერესის ორგანიზაციები აუცილებლად უნდა იყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები. რელიგიური ორგანიზაცია კი სულაც არ არის სავალდებულო, საჯარო ინტერესს ატარებდეს, რადგან რელიგია შესაძლებელია, იყოს მიმართული როგორც საჯარო ინტერესისკენ, ასევე ძალიან ვიწრო ინტერესებს გამოხატავდეს - იყოს ჩაკეტილი, კონკრეტული მრევლით შემოფარგლული და მიზნად არ ისახავდეს რაიმე საზოგადოებრივ აქტივობას, ანუ საჯარო ინტერესების ქონა არ არის რელიგიური ორგანიზაციის დამახასიათებელი თვისება და კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება მისი შეფასება და მისთვის საჯარო სტატუსის მინიჭება. ჩვენი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამ მუხლის ამოღება და რელიგიური ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით არსებული სტანდარტის შეცვლა. კანონის ეს მუხლი ამასთანავე არღვევს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებსაც, რადგან რელიგიურ ორგანიზაციებს, დღევანდელი სამართლებრივი მდგომარეობით, სახელმწიფო ორგანოებთა ათანაბრებს. სარჩელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199-ე მუხლის გაუქმებასაც გულისხმობს. ამ მუხლის თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციას რეგისტრაციის არქონის, ან საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების შემთხვევაში, ჯარიმა ეკისრება. ეს სრულიად აბსურდული ნორმაა, რადგან იგი რელიგიურ ორგანიზაციებს ერთგვარ საკანონმდებლო ჩიხში აქცევს - ერთის მხრივ, მათ არა აქვთ დარეგისტრირების საშუალება, მეორეს მხრივ კი, რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, ჯარიმდებიან. ეს ნორმა აბსურდულია იმიტომაც, რომ გაერთიანების თავისუფლება გულისხმობს უფლებას - როგორც იყო რეგისტრირებული, ასევე არ დარეგისტრირდე. სამოქალაქო კოდექსით გვაქვს არარეგისტრირებული კავშირის შექმნის უფლება, რომელიც პირდაპირ ეუბნება ადამიანებს, რომ თქვენ შეგიძლიათ არ დარეგისტრირდეთ და ისე აწარმოოთ თქვენი საქმიანობა, როცა სამართალდარღვევათა კოდექსი ამას კრძალავს. სამოქალაქო კოდექსში არსებული მუხლი, რომლის გაუქმებასაც თავისუფლების ინსტიტუტი მოითხოვს, საქართველოში არაერთხელ გახდა რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის მიზეზი. სწორედ ამ მუხლმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ,,იეჰოვას მოწმეებისათვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რეგისტრაციის გაუქმებაში. ასევე ამ მუხლის საფუძველზე თქვა უარი პოლიციამ ორმოცდაათიანელების დაცვაზე 2000-2001 წელს, როცა ისინი სასტიკად დაარბიეს. საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული სარჩელი სწორედ ორმოცდაათიანელთა წინამძღოლის ვიტალი კალუცკის სახელით შევიდა, რომელიც დარბევის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო. როცა ამ დარბევის შემდეგ მან დახმარებისათვის პოლიციას მიმართა, ამ უკანასკნელმა რეგისტრაციის არქონის გამო კალუცკის დაცვაზე უარი განუცხადა, უფრო მეტიც, მას 199-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმებით დაემუქრა.
რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია უნდა იყოს მარტივი და ფორმალური. უნდა შეიქმნას ნორმალური კანონი, რომელიც შესაბამისობაში მოვა გაერთიანების თავისუფლების პრინციპებთან. რეგისტრაცია მათ კონკრეტული ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის, ასევე ეკლესიების ასაშენებლად სჭირდებათ. რელიგიური ორგანიზაცია შესაძლოა დარეგისტრირდეს როგორც, მაგალითად, არამომგებიანი კავშირი ან ფონდი. ბრიტანეთში ასეთი ორგანიზაციები რეგისტრირებულია როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები. რეგისტრაციის არქონა პრაქტიკულ პრობლემებს უქმნის რელიგიურ ორგანიზაციებს ისეთი საქმიანობისას, როგორიცაა ბეჭდვითი და საქველმოქმედო საქმიანობა. ასეთი ღონისძიებების განხორციელება რეგისტრაციის გარეში ძალიან ძნელია. ასევე, საქველმოქმედო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ შეღავათები გადასახადებზე, ხოლო რეგისტრაციის გარეშე, ასეთი შეღავათები რელიგიურ ორგანიზაციებს ვერ შეეხებათ.
ჩაიწერა თამარ ტაბატაძემ