მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა სამცხე-ჯავახეთში. (ადგილობრივი თემების მონაწილეობით შემუშავებული სტრატეგია) ანგარიში №4


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა: ანგარიში
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა: ანგარიში №4. 2011 წლის თებერვალი მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD წერეთლის პროსპექტი №72, II სართული 0154 თბილისი, საქარველო ტელ: +995 32 35 51 54 ფაქსი: +995 32 35 57 54 E-mail: info@cipdd.org Web: www.cipdd.org საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია / GYLA კახიძის (ყოფილი კრილოვის) N15 0102 თბილისი, საქართველო ტელ: +995 32 93 61 01 / 95 23 53 ფაქსი: +995 32 92 32 11 E-mail: gyla@gyla.ge Web: www.gyla.ge Saferworld The Grayston Centre, 28 Charles Square London, N1 6HT, UK Phone: +44 20 7324 4646 Fax: +44 20 7324 4647 Email: general@saferworld.org.uk Web: www.saferworld.org.uk Company no. 3015948 (England and Wales) Charity no. 143843 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ



1 * * *

▲back to top


ანგარიში მომზადებულია მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ 2011 წლის იანვარში. აღნიშნული ანგარიში არის საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობის მიმდინარე პროგრამის ნაწილი. პროგრამა და ანგარიში დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) და შერიგების რესურსების (Conciliation Resources) ერთობლივი პროექტის - 2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით - ფარგლებში.

წინამდებარე ანგარიშში გამოთქმული შეხედულებები არ ასახავს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ან უსაფრთხო მსოფლიოს თვალსაზრისს.

2 შესავალი

▲back to top


სამცხე-ჯავახეთში 2010 წელს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფმა მოსახლეობასთან ჩაატარა კონსულტაციები მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის პრობლემების გამოსავლენად. წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს ამ პროცესის შეჯამებას. ანგარიში გვაცნობს ჯგუფის მიერ გამოვლენილ პრობლემებს; გამოყოფს მათგან სამ უმთავრესს: აანალიზებს და იძლევა მათი მოგვარების რეკომენდაციებს. ეს სტრატეგია შემუშავებულია თემის წამომადგენლების მონაწილეობით. ანგარიში ეფუძნება ადგილობრივი თემების შეხედულებებსა და თვალსაზრისს. ამის მისაღწევად საზოგადოების წარმომადგენლობითი ჯგუფი პროექტის საქმიანობის ყოველ საფეხურზე ადგილობრივ ჯგუფებთან მართავდა კონსულტაციებს. ეს არ გახლავთ ე.წ. ექსპერტული ანალიზი. ეს არის ანალიზი, რომელიც ეფუძნება სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადამიანების აღქმასა და რეალობას. ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა დაეხმარება ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებებს, უკეთ მოაგვარონ ის სირთულეები, რომლებიც რეგიონის წინაშე დგას.

ეს ანგარიში შედეგია პროგრამისა საქართველოში კონფლიქტზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა, რომელიც ერთობლივად ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ. პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, გააანალიზოს ონფლიქტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და უფრო მეტი პოზიტიური როლი ითამაშოს ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. პროცესი მოიცავს ორმხრივ დიალოგს წარმომადგენლობით ჯგუფსა და ფართო საზოგადოებას შორის სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ის ასევე მოიცავს რეგულარულ შეხვედრებს ამ რეგიონების წარმომადგენლებს შორის ანალიზის შედეგების ურთიერთგაცნობის მიზნით. პროცესი მიზნად ისახავს:

  1. ინფორმაციის მიღებას საზოგადოების წევრებისგან კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე მათივე ხედვების შესახებ;

  1. დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას კონფლიქტთან დაკავშირებით;

  1. საზოგადოების ხელშეწყობას, ახალი თვალით და უფრო ფართო ჭრილში რომ მოხდეს საკითხების დანახვა;

  1. საზოგადოებისთვის სხვადასხვა რეგიონში არსებული ხედვის გაცნობას.

მთლიანი პროცესი ოთხი საფეხურისაგან შედგება (იხ. დიაგრამა). პირველი საფეხურის მიზანი იყო გაგვეგო 2008 წლის ომის შედეგებზე ოთხ სამიზნე რეგიონში თემების თვალსაზრისი და დაგვედგინა ამ რეგიონებს შორის თვალსაზრისთა სხვაობა. ამ საფეხურის შედეგები მოცემულია ანგარიშში „როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს”. მეორე საფეხური ფოკუსირებული იყო იმ გამოწვევების ღრმა ანალიზზე, რომელიც არსებობს თითოეულ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. მესამე საფეხური კი ფოკუსირებული იყო იმ სტრატეგიების შემუშავებაზე, რომლებიც საჭიროა რეგიონებში

შესაბამისი ძირითადი გამოწვევების დასაძლევად. ცალკეული სამიზნე რეგიონისათვის შეიქმნა თითო ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია მეორე და მესამე საფეხურების შედეგები (ეს ანგარიში ერთ-ერთი მათგანია). იმ მეთოდოლოგიების გასაცნობად, რომლებიც გამოყენებული იყო გამოწვევების ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტის სტრატეგიების შესაქმნელად, იხილეთ ამ ანგარიშის ბოლოში მოცემული დანართი. მეოთხე და საბოლოო საფეხური ამჟამად მზადდება და მოითხოვს ყველა რეგიონის წარმომადგენლის ერთობლივ მუშაობას, რათა ეროვნულ დონის გამოწვევების საპასუხოდ დაიგეგმოს გადაწყვეტის გზები.

ეს პროცესი ღირებულია იმიტომ, რომ ხელს უწყობს რეგიონის შიგნით და რეგიონებს შორის ამ პროცესში ჩართულ ჯგუფებს შორის ღრმა და მდგრადი დიალოგის პროცესის წარმართვას. მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სტრატეგიები, რომელიც შემუშავდა ოთხი რეგიონისა და მთლიანად ქვეყნისთვის, შემდგომში გამოყენებული იქნება როგორც საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე პოლიტიკის შემქმნელებს შორის დიალოგის საწარმოებლად.

დისკუსიის პროცესის საფეხურები

0x01 graphic

  1. 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზები და შედეგები

  1. რეგიონებისთვის დამახასიათებელი მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გამოწვევების ანალიზი

  1. რეგიონებისათვის დამახასიათებელი ძირითადი გამოწვევების დაძლევის სტრატეგიების შექმნა

  1. ძირითადი ეროვნული გამოწვევების დაძლევის სტრატეგიების შექმნა

შეჯამებული სტრატეგია

ადგილობრივი თემების მიერ გამოვლენილი ძირითადი პრობლემები:

  1. ეკონომიკური სტაგნაცია და დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოებზე, კერძოდ, რუსეთზე

  1. რეგიონის ეთნიკურ სომხებში ქართული ენის არასათანადო ცოდნა

  1. უცხო ქვეყნებში (რუსეთსა და სომხეთში) უმაღლესი განათლების მისაღებად ახალგაზრდების გაგზავნის ტენდენცია

ამ გამოწვევების საპასუხოდ წარმომადგენლობითი ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია შემდეგი რეკომენდაციები:

რეგიონში ეკონომიკისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად საჭიროა:

  • რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობა;

  • სოფლის მეურნეობის განვითარება - წარმოება და გადამუშავება;

  • რეგიონის ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია;

  • რეგიონში ტურიზმის ხელშემწყობი ეფექტური გარემოს შექმნა;

  • რეგიონიდან ეთნიკური სომხების მიგრაციის შემცირება და დაბრუნების ხელშეწყობა;

  • რეგიონისთვის სატრანზიტო ფუნქციის მინიჭება, რათა ამით ადგილობრივმა მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს.

უმცირესობების ჯგუფებს შორის ქართული ენის ცოდნის გაზრდა:

  • ეთნიკურ სომხებში დანარჩენი ქვეყნისგან (ინფორმაციული და ფსიქოლოგიური) იზოლაციის შემცირებული აღქმა;

  • სომხური თემის კულტურის დაცვის უზრუნველყოფა;

  • სკოლამდელ, საშუალო სკოლის და უმაღლესი განათლების დონეებზე, ასევე, ალტერნატიულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში (მაგალითად, ენის სახლებში) სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერება;

  • ეთნიკური სომხებისთვის მოტივაციის გაზრდა, ისწავლონ ქართული.

უცხო ქვეყნებში (რუსეთსა და სომხეთში) უმაღლესი განათლების მისაღებად ახალგაზრდების გაგზავნის ტენდენცია რომ შესუსტდეს, პირველი ორი საკითხის რეკომენდაციებია შემოთავაზებული.

3 სამცხე-ჯავახეთში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევები

▲back to top


სამცხე-ჯავახეთში 2010 წლის ივნისში ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფმა მოსახლეობასთან ჩაატარა კონსულტაციები მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის პრობლემების გამოსავლენად. გამოვლინდა თორმეტი სპეციფიკური პრობლემა. თემის შეხედულებებისა და უკუკავშირის საფუძველზე პირველი სამი პრობლემა გამოიკვეთა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

) ძირითადი პრობლემები

1. ეკონომიკური სტაგნაცია და დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოებზე, კერძოდ, რუსეთზე. მიუხედავად რეგიონის საქართველოს სხვა რეგიონებთან დასაკავშირებლად სახელმწიფოს მიერ გაკეთებული ინვესტიციებისა (მაგალითად, საგზაო მშენებლობის პროგრამა), ეკონომიკური სიტუაცია ჯერ არ გაუმჯობესებულა. სიტუაცია აგვისტოს ომის შემდეგ გაუარესდა კიდეც, რადგან რეგიონი კვლავაც დამოკიდებულია რუსეთში მცხოვრები ნათესავების მიერ გამოგზავნილ ფინანსურ დახმარებაზე. მზარდი უმუშევრობა და სიღარიბე იწვევს მუდმივ მიგრაციას რეგიონიდან და აძლიერებს ეთნიკურ სომხურ თემში დისკრიმინირებულობის განცდას.

2. რეგიონის ეთნიკურ სომხებში ქართული ენის არასათანადო ცოდნა. რეგიონში ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მცდელობების მიუხედავად, ქართული ენის დაბალ დონეზე ცოდნა ჯერ ისევ რჩება პრობლემად ეთნიკურ სომხებს შორის, განსაკუთრებით - უფროს თაობაში. ეს მათ დაბრკოლებას უქმნის, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენონ და აყოვნებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრაციას; ამასთან, აძლიერებს დანარჩენი საქართველოსგან მენტალური და ინფორმაციული იზოლირების შეგრძნებას; ასუსებს ადამიანთა სურვილს, მომავალი დაუკავშირონ საქართველოს.

3. უცხო ქვეყნებში (რუსეთსა და სომხეთში) უმაღლესი განათლების მისაღებად ახალგაზრდობის გაგზავნის ტენდენცია. ეთნიკურ სომხურ თემებში არსებობს ახალგაზრდების საზღვარგარეთ (უმეტესად, რუსეთსა და სომხეთში) გაგზავნის ტენდენცია უმაღლესი განათლების მისაღებად. ტრადიციული კავშირების გამო (ამ ქვეყნებში მცხოვრები ახლო მეგობრები, ოჯახის წევრები), ასევე, იმის გამო, რომ ენობრივი ბარიერის პრობლემა არ აქვთ, ხოლო ამ ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორუფციას აქვს ადგილი (როგორც ამას ადგილობრივები აღნიშნავენ), ახალგაზრდებს უფრო უადვილდებთ იქ მოწყობა. ამ ტენდენციას მივყავართ რეგიონიდან „ინტელექტის გადინებამდე” და ეთნიკურ ქართველებსა და სომხებს შორის გაუცხოებამდე. ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყნებში იღებენ განათლებას და ბრუნდებიან უკან, საქართველოსგან უფრო დისტანცირებულად გრძნობენ თავს.

) სხვა პრობლემები

4. რეგიონის ფსიქოლოგიური/მენტალური და საინფორმაციო იზოლაცია დანარჩენი საქართველოსგან. მენტალური და საინფორმაციო იზოლაცია კიდევ უფრო ართულებს ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით, ეთნიკური სომხური მოსახლეობის სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

5. ხელისუფლების მხრიდან რეგიონის დემოგრაფიის და ეთნიკური შემადაგენლობის შეცვლის შიში. ეს შიში გამოიხატება უარყოფით საზოგადოებრივ დამოკიდებულებაში „ახალმოსულების” მიმართ. სამცხე-ჯავახეთში განხორციელებულ განვითარებისა და რეკონსტრუქციის პროექტებში სხვა რეგიონების მცხოვრებთა დასაქმება აღიქმება ნეგატიურად. შიშმა ნაწილობრივ განაპირობა მუსულმან მესხთა რეპატრიაციის საკითხის საზოგადოების ნაწილის მიერ უარყოფითად შეფასება (სამცხე).

6. ინვესტიციების ნაკლებობა ფერმერულ სექტორში. სავარგულების დიდი ფართობი გამოუყენებელია, რადგან არაა მათ დასამუშავებლად საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ზოგადად, არსებობს შეხედულება, რომ ადგილობრივი ფერმერების საჭიროებებს ნაკლები ყურადღება ექცევა.

7. ცენტრალური ხელისუფლების სუსტი კონტროლი ადგილობრივ თვითმმართველობაზე. ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი გავლენა აქვს რეგიონში. უმეტესწილად, ეს გამოწვეულია იმით, რომ ცენტრალური ხელისუფლებისთვის რეგიონზე ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროს ადგილობრივი ხელისუფლება წარმოადგენს. ამ უკანასკნელის ასეთი ძალაუფლების გამო მოსახლეობა თავს უძლურად გრძნობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

8. ადგილობრივ დონეზე საზოგადოების ჩართულობის დაბალი დონე. ეს ძირითადად გამოწვეულია მოქალაქეების გაუცნობიერებლობით საკუთარ უფლებებში (მაგალითად, ბევრ მოქალაქეს გამგებელი მიაჩნია რაიონის „უფროსად”და არა საჯარო მოხელედ, რომელსაც შეიძლება საჯარო ინფორმაცია მოსთხოვოს). ამის შედეგია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის/მონაწილეობის ხარისხი დაბალია; განსაკუთრებით, ეს ითქმის ეთნიკურ უმცირესობათა თემების წარმომადგენლებზე. აღნიშნული გარემოება სახელმწიფოსაგან მათ გაუცხოებას უწყობს ხელს. ამგვარი ვითარება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც ვერ ასხვავებს ხელისუფლების სხვადასხვა დონეს.

9. ეთნიკური და რელიგიური განსხვავებები რეგიონში. რეგიონში ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებული. ეს ზღუდავს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის ურთიერთობას; უთანხმოებას და გაუგებრობა იწვევს მათ შორის, მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიცაა სომხური ენისათვის რეგიონული ენის ან სომხეთის ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების მოთხოვნა. აზრთა ასეთი განსხვავებულობა „კონკრეტულმა” ინდივიდებმა შეიძლება სიტუაციის ესკალაციისა და რეგიონში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ.

10. 2008 წლის ომის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა ფინანსური გადმორიცხვები რუსეთში მცხოვრები ნათესავებისგან. ამან შემოსავლების კლებას და სიღარიბის ზრდას შეუწყო ხელი. სომხურმა თემმა ჯავახეთში განსაკუთრებული დარტყმა განიცადა, რადგან ადგილობრივი ოჯახების შემოსავლების 60%25-ს უცხოეთში (უმეტესად, რუსეთში) მუდმივად ან სეზონურად მომუშავე ოჯახის წევრების მიერ ფულადი გადმორიცხვები შეადგენდა.

11. ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დარღვევის აღქმა. იმის გამო, რომ არ იციან საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობა და არ გააჩნიათ სათანადო სამართლებრივი განათლება, ეთნიკურად არაქართველები ადგილობრივი ხელისუფლების/საჯარო დაწესებულებების მხრიდან ნებისმიერი საკითხის მათთვის უარყოფითად გადაწყვეტას, როგორც უმცირესობის უფლების დარღვევას აღიქვამენ.

12. წუხილი სხვა ქვეყნებში (ძირითადად, რუსეთში) წასული ნათესავების ბედზე. რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობის გამო ადგილობრივებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ოჯახების გაყოფა და რუსეთში მცხოვრებ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის გართულება.

4 ძირითადი პრობლემა 1: ეკონომიკური სტაგნაცია და დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოებზე, განსაკუთრებით, რუსეთზე

▲back to top


) საკითხის მნიშვნელობა ადგილობრივი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურიბისათვის

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აკეთებს ინვესტიციებს მოცემული რეგიონის საქართველოს სხვა რეგიონებთან დასაკავშირებლად (მაგალითად, საგზაო მშენებლობის პროგრამა), ეკონომიკური სიტუაცია ჯერ არ გაუმჯობესებულა. სიტუაცია აგვისტოს ომის შემდეგ გაუარესდა კიდეც, რადგან რეგიონი კვლავაც დამოკიდებულია რუსეთში მცხოვრები ნათესავების მიერ გამოგზავნილ ფინანსურ დახმარებაზე. მზარდი უმუშევრობა და სიღარიბე იწვევს მუდმივ მიგრაციას რეგიონიდან და სომხურ თემში აძლიერებს დისკრიმინირებულობის განცდას.

) ადგილობრივი გავლენა (ვის ეხება ეს პრობლემა და როგორ)

  • მზარდი უმუშევრობა და სიღარიბე რეგიონის ყველა ეთნიკურ თემში ეთნიკური სომხების მიერ მოიაზრება როგორც ეთნიკური დისკრიმინაცია.

  • იმიტომ, რომ ადამიანებს დასაქმების პრობლემის და უახლოეს მომავალში, მთლიანობაში, სიტუაციის გამოსწორების იმედი არ აქვთ, რეგიონიდან ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიგრაციის შესაძლებლობას ეძებს. ამის შედეგად ადამიანური რესურსების ბაზა რეგიონში მცირდება; ეს კი შემდგომში კიდევ უფრო გაამძაფრებს ეკონომიკურ პრობლემებს.

  • იმიტომ, რომ მოსახლეობას ადგილზე დასაქმების დაბალი შანსი აქვს, ხოლო რუსეთში სისტემატური მიმოსვლა გართულებულია, ოჯახის მთლიანობის შესანარჩუნებლად ბევრი არჩევს სამუდამო და არა სეზონურ მიგრაციას.

) მამოძრავებელი ფაქტორები (მიზეზები და აქტორები)

  • რეგიონის ეკონომიკა ძლიერ იყო დამოკიდებული რუსული სამხედრო ბაზის არსებობაზე. ბიზნეს-სექტორმა ვერ მოახერხა ახალ რეალობასთან ადაპტირება რუსული ბაზების დახურვის შემდეგ.

  • ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულმა სახელმწიფო პოლიტიკამ სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ვერ მოიტანა საჭირო შედეგი, რადგან პროგრამები შედარებით ახალია, ხოლო სახელმწიფო რესურსები - შეზღუდული (სხვა რეგიონებსაც ესაჭიროებათ მხარდაჭერა). დაბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომმა მძიმე შედეგი იქონია ეკონომიკურ სიტუაციაზე მთლიანად ქვეყანაში.

  • არასწორადაა წარმოებული ან არაადეკვატურია განვითარების სხვადასხვა სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგიები რეგიონისთვის. ამაში იგულისხმება: ა) არაეფექტური სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც უფრო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო მეწარმეების ინვესტიციებს ეყრდნობა, ვიდრე სახელმწიფო დახმარებასა და ინიციატივებს; ბ) რეგიონის ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის სტრატეგიის არარსებობა; გ) შეზღუდული ინვესტიციები ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტუქტურაში.

  • მართალია, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას, მაგრამ უფრო მეტი რესურსებია საჭირო, რათა ამ დახმარების რეალური ეფექტიანობა გახდეს საგრძნობი.

  • ფართოდაა გავრცელებული სეზონური შრომითი მიგრაცია რუსეთში მთელი საქართველოდან, მაგრამ ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონის ეთნიკურ სომხებს. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო გართულდა რუსეთში გამგზავრება, რამაც შედეგად სეზონური მუშაობიდან მიღებული შემოსავლის (ფულადი გადმორიცხვები) შემცირება გამოიწვია.

  • იმის გამო, რომ გაედინება კვალიფიცირებული ადამიანური რესურსი, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში სამუშაოდ იყვანენ ადამიანებს მეზობელი ქვეყნებიდან ან საქართველოს სხვა რეგიონებიდან. დასაქმება რეგიონში უაღრესადაა დამოკიდებული ნეპოტიზმზე, რაც კლანურ, ნათესაურ ურთიერთობებს ეყრდნობა და არა დაქირავებულთა შესაძლებლობებს.

  • ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ ცოტას აკეთებს საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ისინი სიფრთხილით ეკიდებიან ახალ ტექნოლოგიებს და საკუთარ ფერმასა და ბიზნესში რეინვესტირებას ამჯობინებენ, ნებისმიერი „თავისუფალი“ თანხა ფუფუნების საგნებზე დახარჯონ.

) რეკომენდაციები

კარგად განვითარებული ეკონომიკის შესაქმნელად რეგიონში და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, წარმომადგენლობითი ჯგუფის მიერ შემოთავა ზებულია შემდეგი რეკომენდაციები:

1. რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობა:

ა) ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, რეგიონის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის და რეგიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის დაარსების გავლენის ღრმა კვლევას ატარებს და საჯაროს ხდის კვლევის შედეგებს.

ბ) დამოუკიდებელი ექსპერტები დონორთა დახმარებით იკვლევენ რეგიონისთვის ეფექტური საკრედიტო სქემის განვითარებას; სწავლობენ არსებულ გამოცდილებას და აანალიზებენ წინა სქემების არაეფექტურობის მიზეზებს.

გ) ხელისუფლება და ფინანსური ორგანიზაციები კვლევის შედეგების საფუძველზე ქმნიან მექანიზმს მცირე ბიზნე სების წამოწყების დასაფინასებლად.

დ) ხელისუფლება და ადგილობრივი/საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების მხარდაჭერით და ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით (ექსპერტების, ანალიტიკური ცენტრებისა და ტრენინგ-პროვაიდერების), აძლიერებენ ბიზნესის და ფერმერების ასოციაციების დახმარებას.

ე) არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს-ასოციაციები მონიტორინგს უწევენ იმ საკანონმდებლო აქტების და პოლიტიკის განხორციელებას, რაც გავლენას ახდენს რეგიონში მეწარმეობაზე. ამით უზრუნველყოფენ მათ სათანადო შესრულებას.

2. სოფლის მეურნეობის განვითარება - წარმოება და გადამუშავება:

ა) ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარების რეგიონულ სტრატეგიას. გეგმის ძირითადი მიზანია ახალი სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების შემოტანა, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ტექნიკის მოდერნიზირებას და ინვესტირებას მცირე ზომის გადამამუშავებელ საწარმოებში ადგილობრივი პროდუქტების დასამუშავებლად.

ბ) სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად და რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის სამინისტრო იჩენენ ინიციატივას, ჩატარდეს რეგიონის მიწის რესურსის საფუძვლიანი/სიღრმისეული კვლევა, რათა დასრულდეს მიწის რეფორმა.

3. რეგიონის ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია:

ა) გარემოს დაცვის სამინისტრო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ატარებს რეგიონის რესურსების შესწავლას.

ბ) გარემოს დაცვის სამინისტრო და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ატარებენ მარკეტინგულ კვლევას და ქმნიან სტრატეგიას, თუ როგორ შეუძლია რეგიონს მიიღოს მაქსიმალური მოგება თავისი ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციის გზით.

4. რეგიონში ტურიზმის ხელშემწყობი ეფექტური გარემოს შექმნა:

ა) ტურიზმის სააგენტო, კულტურის სამინისტრო და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქმნიან რეალისტურ გეგმას ტურიზმის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად (სასტუმროები, რესტორნები).

ბ) ტურიზმის სააგენტო, ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ბიზნესი ატარებენ სარეკლამო კამპანიას სამცხე-ჯავახეთზე, როგორც ტურიზმის დანიშნულების რეგიონზე.

5. რეგიონიდან ეთნიკური სომხების მიგრაციის შემცირება და დაბრუნების ხელშეწყობა:

ა) განათლების და მეცნიერების, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები ამუშავებენ ადამიანური რესურსების პროგრამებს რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორებისათვის. ასეთებია: ბიზნესის განვითარება და მენეჯმენტი; მარკეტინგი; ტურიზმის მენეჯმენტი; ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტი და მოპოვება; სოფლის მეურნეობის მენეჯმენტი.

ბ) იგივე აქტორები ინვესტირებას ახორციელებენ რეგიონის პროფესიულ სკოლებში, რათა მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზები შესაბამისობაში მოიყვანონ რეგიონის ადამიანური რესურსების პროგრამის საჭიროებებთან.

გ) რეინტეგრაციის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები ავითარებენ ადგილობრივ კანონმდებლობაზე და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მიგრანტების რეპატრიაციის ხელშეწყობას (განათლების პროგრამების ჩათვლით).

6. ადგილობრივი მოსახლეობა სარგებელს იღებს რეგიონისთვის სატრანზიტო ფუნქციის მინიჭებით:

ა) ხელისუფლების ან სხვა ინვესტორების მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხელი ეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვასა და დასაქმებას.

5 ძირითადი პრობლემა 2: რეგიონის ეთნიკური სომხების მიერ ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნა

▲back to top


) საკითხის მნიშვნელობა ადგილობრივი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის

რეგიონში სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მცდელობების მიუხედავად, ქართული ენის ცოდნის დონე ჯერ ისევ რჩება პრობლემად ეთნიკურ სომხებს შორის, განსაკუთრებით, უფროს თაობაში. ენის უცოდინრობა ან მისი ცოდნის დაბალი დონე მათ დაბრკოლებას უქმნის საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებაში და აფერხებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას, ამასთან, აძლიერებს დანარჩენი საქართველოსგან მოცემული რეგიონის მენტალური და ინფორმაციული იზოლირების შეგრძნებას და ასუსტებს ადამიანების სურვილს, მომავალი დაუკავშირონ ამ რეგიონს.

) ადგილობრივი გავლენა (ვის ეხება პრობლემა და როგორ)

  • ეთნიკური სომხები სუსტი ენობრივი ცოდნით აწყდებიან სიძნელეებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების და სამუშაოს ძიების დროს; ამასთან, სხვა, რეგიონების მოსახლეობასთანაც ნაკლებად ურთიერთობენ.

  • ამის გამო მათ, უმეტესწილად, არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობის ძლიერი განცდა. ისინი თავს გრძნობენ „მეორეხარისხოვან“ მოქალაქეებად.

  • სახელმწიფო ენის არცოდნა უარყოფით გავლენას ახდენს სამცხე-ჯავახეთის ისედაც მყიფე ეკონომიკაზე. აღნიშნულის ნიადაგზე კადრების/გამოცდილი სპეციალისტების ნაკლებობაა რეგიონისთვის მნიშვნელოვან დარგებში.

  • ყველაფერი ეს რეგიონში აძლიერებს დანარჩენი საქართველოსგან ფსიქოლოგიური და ინფორმაციული იზოლაციის შეგრძნებას.

  • იზოლაცია, თავის მხრივ, ამცირებს ადამიანთა სურვილს, მომავლი რეგიონს დაუკავშირონ. შედეგად, მრავალი ახალგაზრდა ადამიანი მიგრირებს სომხეთში ან რუსეთში უმაღლესი განათლებისა და სამუშაოს შოვნის უფრო მეტი შესაძლებლობის გამო.

) მამოძრავებელი ფაქტორები (მიზეზები და აქტორები)

  • სამცხე-ჯავახეთი, ტრადიციულად, იზოლირებული იყო დანარჩენი საქართველოსგან გაუმართავი კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის გამო. ადრე არსებულმა გეოგრაფიულმა იზოლირებამ გამოიწვია ამჟამინდელი მენტალური დისტანცირება საქართველოს სხვა რეგიონებისგან. რეგიონში საზღვრისპირა დასახლებების მცხოვრებთ უფრო მჭიდრო ნათესაური და საქმიანი კავშირები აქვთ სომხეთში, რომელიც ესაზღვრება რეგიონს, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში.

  • ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებაზე მიმართული სახელმწიფოს ინიციატივები სკეპტიკურად აღიქმება ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ (ისევე, როგორც დიასპორის მიერ). არსებობს შიში, რომ ეს ინიციატივები არის სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების „ასიმილაციისა“ და „გაქართველების“ მცდელობა.

  • სომხური და ქართული მედია-საშუალებები აძლიერებენ ამ მოსაზრებებს ისეთი სტატიების გამოქვეყნებით, რომლებიც ან პროსომხურია ან პროქართული. რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ მიუკერძოებელი/ობიექტური ხასიათის სტატიების რიცხვი მეტად მცირეა. აღსანიშნავია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ინტეგრაციის დახმარებაში. მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენის პროგრამები ასეთი აგრესიით აღარ აღიქმება.

  • იმ სომეხ მშობლებს შორის, რომელთაც სურთ ასწავლონ შვილებს ქართული, არსებობს მოსაზრება, რომ ქართულს, ზოგადად, უხარისხოდ ასწავლიან დაბალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და კვალიფიცირებული ენის მასწავლებლების დეფიციტის გამო.

) რეკომენდაციები

იმისათვის, რომ უმცირესობების ჯგუფებს შორის გაიზარდოს ქართული ენის ცოდნა, წარმომადგენლობითმა ჯგუფმა წარმოადგინა შემდეგი რეკომენდაციები:

1. ეთნიკური სომხებში დანარჩენი ქვეყნისგან (ინფორმაციული და ფსიქოლოგიური) იზოლაციის შემცირებული აღქმა:

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები ქმნიან მოსწავლე-სტუდენტთა გაცვლის პროგრამას ქვეყნის შიგნით (საშუალო და უმაღლესი განათლების დონეები).

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დონორები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება ორგანიზებას უწევენ ზაფხულის ბანაკებს სახელმწიფო ენის სწავლისა და ინტეგრაციის მიზნით.

გ) რეგიონული მედია-საშუალებები (ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით) აშუქებენ, ქვეყნის მასშტაბით, ახალ ამბებს, ასევე, ინფორმაციას ვაკანსიებზე, კონკურსებზე და ბიზნეს-შესაძლებლობებზე.

2. სომხური თემის კულტურის დაცვის უზრუნველყოფა:

ა) შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, იწყებენ პროგრამას უმცირესობების ენების და კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის შემდეგი საშუალებებით: ფესტივალები და სხვა კულტურული ღონისძიებები, ისტორიის სახელმძღვანელოების შეჯერება სომეხი და ქართველი ისტორიკოსების მიერ და შემდეგ რეგიონულ სკოლებში სწავლება.

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემოაქვს სავალდებულო სამოქალაქო განათლება ყველა სკოლაში, რათა ამაღლდეს ცნობიერება საქართველოს სახელ-მწიფოს, კონსტიტუციის, ადამიანების ძირეული და სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების შესახებ. ეს დაეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს, თავი იგრძნონ უფრო დაცულად როგორც მოქალაქეებმა თანაბარი უფლებებით.

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას მასწავლებლებისთვის სამოქალაქო განათლების სწავლებაზე ისე, რომ ამის შედეგად ხელი შეეწყოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.

3. სკოლამდელ, საშუალო სკოლის და უმაღლესი განათლების დონეებზე, ასევე, ალტერნატიულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში (მაგალითად, ენის სახლები) სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერება:

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამატებითი ტრენინგებით ზრდის მასწავლებელების ცოდნას, თუ როგორ ასწავლონ ქართული, როგორც მეორე ენა.

ბ) ადგილობრივი ხელისუფლება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფენ გაკვეთილების ჩატარებას ქართულში, როგორც მეორე ენაში, როგორც სკოლამდელ და ისე საშუალო სკოლის დონეებზე; ორგანიზებას უკეთებენ ენის კურსებს მოზრდილთათვის; განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სოფლის მოსახლეობას.

გ) ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ მოზარდების პროფესიული განათლების კურსებს ქართულად და უზრუნველყოფენ მათ შესაბამისი მასალით (მაგალითად, ლექსიკონებით).

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი ქართულის მასწავლებლებთან ერთად იმუშავებენ ახალ პროგრამას ქართულის, როგორც მეორე ენის, სასწავლებლად (მეთოდოლოგიის სასწავლო სახელმძღვანელოების და სხვა სასწავლო მასალით), რათა არსებული ჩავარდნები შეივსოს (შუალედური დონის სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო მასალები; ინოვაციური და პრაქტიკული სასწავლო მეთოდოლოგიები; რეგიონის კონტექსტისთვის სპეციფიკური მიდგომის აუცილებლობა).

ე) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის სისტემას დამოუკიდებელი კონსულტანტებისა და მშობლების მიერ სწავლების სტანდარტების მონიტორინგინსათვის.

4. ეთნიკური სომხებისთვის გაზრდილი მოტივაცია, ისწავლონ ქართული:

ა) ადგილობრივი ხელისუფლება სრულად ასრულებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნებს, რათა სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობებზე დანიშვნა მოხდეს ცოდნის/უნარების საფუძველზე და არა ნათესაობისა და პოლიტიკური კავშირების გამო.

ბ) ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საჯარო სამსახურზე კანონის დაცვას.

გ) დონორი ორგანიზაციები და ეროვნული/საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს, გამოიკვლიონ და ადვოკატირება გაუწიონ დასქმების ხელმისაწვდომობას.

დ) ადგილობრივი მედია-საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონში მხარს უჭერენ, ხელს უწყობენ და პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ენას ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებს შორის იმით, რომ წარმოაჩენენ ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის კარგი ურთიერთობის პოზიტიურ მაგალითებს (მეგობრობა, შერეული ოჯახები და სხვა). ამით საერთო მოქალაქეობის აღქმასაც უწყობენ ხელს.

ე) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ სახელმწიფო პროგრამის (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენ ლებისთვის უმაღლესში ჩაბარების გამარტივებული სისტემა) პირველი წლის პროგრესის მონიტორინგს. ეს უკანასკნელი ქართულ უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობებიდან მეტი ახალგაზრდის მოზიდვას გულისიხმობს. ინფორმაცია პროგრამის განხორციელების შესახებ საჯაროა.

6 ძირითადი პრობლემა 3: უცხოეთში (სომხეთსა ან რუსეთში) ახალგაზრდების გაგზავნის ტენდენცია უმაღლესი განათლების მისაღებად

▲back to top


) საკითხის მნიშვნელობა ადგილობრივი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის

ეთნიკურ სომხურ თემებში არსებობს ახალგაზრდების საზღვარგარეთ, უმეტესად, რუსეთსა და სომხეთში გაგზავნის ტენდენცია უმაღლესი განათლების მისაღებად. ტრადიციული კავშირების გამო (ამ ქვეყნებში მცხოვრები ახლო მეგობრები, ოჯახის წევრები), ასევე, იმის გამო, რომ ენობრივი ბარიერის პრობლემა არ აქვთ, ხოლო ამ ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორუფციას აქვს ადგილი, ახალგაზრდებს უფრო უადვილდებათ იქ მოწყობა. ამ ტენდენციას მივყავართ რეგიონიდან „ინტელექტის გადინებამდე“ და ეთნიკურ ქართველებსა და სომხებს შორის გაუცხოებამდე. ის ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ განათლებას და ბრუნდებიან უკან, საქართველოსგან უფრო დისტანცირებულად აღიქვამენ თავს.

) ადგილობრივი გავლენა (ვის ეხება ეს პრობლემა და როგორ)

  • იზრდება ახალგაზრდების მიგრაცია რეგიონიდან; ისინი მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში უმაღლესი განათლებისა და დასაქმების უფრო მაღალი შესაძლებლობების გამო. ამის შედეგად ოჯახების გაყოფის გარდა სამცხე-ჯავახეთიდან ხდება ინტელექტის გადინება. რეგიონში იგრძნობა კვალიფიციური ადამიანური რესურსების ნაკლებობა, რაც ასე სჭირდება რეგიონის განვითარებას.

  • რეგიონიდან ახალგაზრდა ადამიანების მიგრაცია ხელს უწყობს რეგიონის მოსახლეობის დაბერების პროცესის გაღრმავებას.

  • ის ახალგაზრდები, რომლებიც ბრუნდებიან რეგიონში, ხშირად პროსომხურად ან პრორუსულად არიან განწყობილნი და უარყოფითი შეხედულება აქვთ ქართულ სახელმწიფოზე.

) მამოძრავებელი ფაქტორები (მიზეზები და აქტორები)

  • მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა სომხური სკოლების სასწავლო პროგრამის ნაწილია, ის ხშირად უხარისხოდ ისწავლება დაბალი ხარისხის სასწავლო მასალისა და კვალიფიცირებულ მასწავლებელთა ნაკლებობის გამო. ამ მიზეზით ეთნიკური სომხები, რომლებიც განათლებას იღებენ სამცხე-ჯავახეთში, კარგად ვერ ფლობენ ქართულ ენას.

  • ადგილობრივების აზრით, სამცხე-ჯავახეთში მცირე დასაქმების შესაძლებლობაა. რეგიონში ბიზნეს-სექტორი არ არის კარგად განვითარებული. არსებობს აზრი, რომ დასაქმება სახელმწიფო სექტორში ნეპოტიზმს ეფუძნება და არა პროფესიონალიზმს.

  • ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა, უზრუნველყონ პროფესიული ტრენინგებით და მეწარმეთა კურსებით, დადებითად ფასდება. მაგრამ მათი გავლენა, ზოგადად, ეკონომიკაზე სუსტია რეგიონში.

) რეკომენდაციები

იმისათვის, რომ შევამციროთ რუსეთსა და სომხეთში ახალგაზრდების უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნის ტენდენცია, წარმომადგენლობითი ჯგუფი იმავე რეკომენდაციებს გვთავაზობს, რომლებიც შემოთავა ზებული იყო უმცირესობათა ჯგუფებში ქართული ენის ცოდნის დონის (ძირითადი საკითხი 1) და რეგიონში ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესლად (ძირითადი საკითხი 2).

ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უმაღლესში ჩაბარების გამარტივებული სისტემის შემოღება). რეკომენდებულია ამ პროგრამის მონიტორინგი მისი დახვეწის მიზნით. სამუშაო ჯგუფის აზრით, არსებობს პროგრამის დისკრედიტაციის საფრთხე, თუ ის არაეფექტიანად განხორციელდა.

7 დანართი: პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავების მეთოდოლოგია

▲back to top


თითოეული გამოვლენილი ძირითადი პრობლემისათვის წარმომადგენლობითმა ჯგუფმა რამდენიმე საფეხურიანი სამუშაო პროცესი გაიარა. ჯერ მოხდა „პრობლემების ფორმულირება” თითოეული გამოწვევის ასახსნელად. შემდეგ თითოეული პრობლემის საფუძველზე შეიქმნა „გადაწყვეტის სტრატეგია”, ანუ როგორ უნდა გადაჭრილიყო ესა თუ ის პრობლემა, რაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო კონკრეტულ რეკომენდაციებს. პროცესის ყოველ ეტაპზე წარმომადგენლობითი ჯგუფის წევრები კონსულტაციებს ატარებდნენ როგორც თემთა ფართო სპექტრთან თავ-თავის რეგიონებში, ისე სხვა რეგიონების წარმომადგენლებთან.

პრობლემის განაცხადის შემუშავება

გამოვლენილი კონკრეტული პრობლემისათვის პრობლემის განაცხადის მოსამზადებლად, წარმომადგენლობით ჯგუფს ჩაუტარდა ფასილიტაცია, რათა გაანალიზებულიყო: (1) პრობლემების გამომწვევი და მამოძრავებელი ფაქტორები, ანუ რა იწვევს პრობლემას და ვინ არის პასუხისმგებელი; (2) პრობლემის გავლენა, ანუ ვინ და რა სახის გავლენას განიცდიდა. იდენტიფიცირებულ გავლენებზე მუშაობისას ჯგუფს თხოვეს, ნათლად ჩამოეყალიბებინათ, (3) რატომ არის საკითხი მნიშვნელოვანი რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის.

პრობლემის განაცხადის ტრანსფორმირება გადაწყვეტის სტრატეგიად

როცა სახეზე იყო უკვე პრობლემის განაცხადი, ჯგუფს ეთხოვა შესაბამისი „გადაწყვეტის სტრატეგიის” შემუშავება. ამის გაკეთებისას ჯერ თხოვეს: (1) იმ საბოლოო ცვლილების იდენტიფიცირება, რომელიც მათ სურთ მიიღონ პრობლემაზე მუშაობის შედეგად; (2) იმ წინაპირობების იდენტიფიცირება, რომელთა დაკმაყოფილება იქნება საჭირო: იქნება ეს პოლიტიკის, პრაქტიკის, დამოკიდებულების თუ ქცევების შეცვლა. პროცესის ყველაზე რთულ ნაწილს წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა, რომ სია არ ქცეულიყო გრძელ „საყიდლების ჩამონაწერად”. შესაბამისად, ჯგუფს მიეთითა გამოეყოთ მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც აბსოლუტურ საჭიროებას წარმოადგენდა და რომელთა გარეშე შეუძლებელი გახდებოდა საბოლოო ცვლილებების განხორციელება; დაბოლოს, (3) იმ ნაბიჯებზე თუ ცვლილებებზე „ბრეინსტორმინგის“ ჩატარება, რომლებიც აუცილებელია თითოეული ამ წინაპირობათაგანის შესაქმნელად.

გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ ჯგუფისათვის მაგალითად მიცემული გადაწყვეტის სტრატეგია

0x01 graphic

რეკომენდაციების შემუშავება გადაწყვეტის სტრატეგიიდან

შემდეგ ეტაპზე ჯგუფს დაევალა მოემზადებინათ რეკომენდაციები გადაწყვეტის სტრატეგიებიდან: (1) თითოეული წინაპირობის იმ ძირითადი საკითხის ხელახალი ფორმულირებით, რომელსაც გადაწყვეტა ესაჭიროება; (2) თითოეული ნაბიჯის კონკრეტულ რეკომენდაციად ხელახალი გარდაქმნით - თუ რა არის გასაკეთებელი და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ცვლილებაზე.

გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მაგალითად გამოტანილ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯგუფს მიეწოდა სამუშაო სავარჯიშოდ.

0x01 graphic

8 * * *

▲back to top


კონსულტაციების, ანალიზისა და სტრატეგიების შემუშავებაში და ანგარიშის მომზადების პროცესში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის ჯგუფის წევრები:

ედგარ არუთუნიანი
ნარინე გინოსიანი
არმენ დარბინიანი
არარატ თთთიანი
შორენა თეთვაძე
ქრისტინა მარაბიანი
მახარე მაცუკატოვი
სედა მელქუმიანი
ცირა მესხიშვილი

დასრულებული სახით ანგარიში მოამზადეს გია ანდღულაძემ და თიკო ტყეშელაშვილმა.

ანგარიშს საბოლოო რედაქტირება გაუკეთეს დავით ლოსაბერიძემ და დავიდ ვუდმა. მადლობას ვუცხადებთ ფლორ ჯასტს და აივენ ქემპბელს მეთოდოლოგიაზე მუშაობაში დახმარებისათვის და წარმომადგენლობითი ჯგუფის შეხვედრების ფასილიტაციისთვის.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

0x01 graphic

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

0x01 graphic

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ის საქმიანობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი.

ასოციაციის მიზნებია:

  • იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება

  • იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება

  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა

  • საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება

  • სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა

უსაფრთხო მსოფლიო/Saferworld

0x01 graphic

უსაფრთხო მსოფლიო-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კონფლიქტის პრევენცია და შემცირება; ასევე, უსაფრთხოების ერთობლივი მიდგომების შემუშავება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტური პოლიტიკის დამკვიდრებას ადვოკატირების, კვლევის და პოლიტიკის განვითარებით.