ცხელი შოკოლადი №15


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ასათიანი ლიზა, ტურაშვილი დათო, კიკალეიშვილი სალომე, კორძაია-სამადაშვილი ანა, ნავერიანი სანდრო, ბაბუაძე თამარ, კაკულია სანდრო, მარი გიორგი
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: აპრილი რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე რეკლამების მენეჯერი: ნატა ფედოსეევა დისტრიბუცია: ნიკა ანთიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია სანდრო კაკულია დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძე დავით გურგენიძე სანდრო ნავერიანი გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com



1 რედაქტორისგან

▲back to top


0x01 graphic

დღეს 20 მარტია, მაგრამ ჩვენს ქალაქს, სამწუხაროდ, გაზაფხულის მოსვლის ჯერ არაფერი ეტყობა. არც არის გასაკვირი, მარტი ხომ ყოველთვის ასე აჭიანურებს ხოლმე ზამთარს. ამიტომ, ამ ნომერში ჯერ კიდევ აქტუალურია გუდაურის დათოვლილი მთები, სიცივის გამო ვერშესრულებული ბახი და -17 გრადუსიანი ვენა - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დედაქალაქი. თუ თქვენც დაგღალათ ზამთრის სენტიმენტებმა, „ცხელი შოკოლადის“ ეს ნომერი მაინც გთავაზობთ გამოსავალს - ჩვენთან ერთად მოგზაურობას! გუდაურისა და ვენის გვერდის ავლით, შეგვიძლია ტიბეტს ვესტუმროთ; უფრო სწორად, ტიბეტური ნივთების სამყაროს; შეგვიძლია კიდევ ერთხელ შევიაროთ მანჰეტენზე და ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდული წყვილი გავიცნოთ; შეგვიძლია თავი ამოვყოთ თებერვლის ლონდონის კულტურულ ეპიცენტრში, მოდის კვირეულზე; იქამდე კი პაბი „ჩექმებიანი თხის“ პირდაპირ, თათა-ნაკას სტუდიაში და შოუსთვის გიჟურ სამზადისში.

ლონდონის მოდის კვირეულზე გამგზავრებამდე, ერთ ანეკდოტურ ამბავს დაგაწევთ. ლონდონში საქმიან მივლინებამდე 2 კვირით ადრე, ჩვენმა ფოტოგრაფმა, დავით მესხმა 1 კვირიანი კამპანია დაიწყო იმისთვის, რომ ჩვენ, რედაქტორგამომცემლები ახალი სპეც-ობიექტივის ყიდვის აუცილებლობაში დავერწმუნებინეთ. ეს ფოტო-ობიექტივი, არც მეტი, არც ნაკლები, 400 აშშ დოლარი ღირდა და ჩვენს “ძველ” ობიექტივთან შედარებით, უკეთესი შუქ-ძალა ჰქონდა, რაც, როგორც მესხი გვარწმუნებდა, ჩვენების კარგი ხარისხით გადასაღებად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენც დავთანხმდით, სხვა რა გზა იყო, მაგრამ არა მუქარის გარეშე: ერთი მაგარი ფოტოები არ ჩამოგიტანია, ნახავ შენს სეირსო. ახალი ობიექტივით, ორი კამერითა და „ლეპტოპით“ შეიარაღებულმა მესხმა თათა-ნაკას შოუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ამაყად მოძებნა დარბაზში ფოტოგრაფებისათვის განკუთვნილი ადგილი, ამოაყად ამოალაგა თავისი ავლა-დიდება, ამაყად მომართა ფოტოაპარატი და სრულ მზადყოფნაში, ამაყად მოავლო თვალი გარემოს... და რას ხედავს? მის გვერდით მდგომ ასამდე ფოტოგრაფს, ორმეტრიანი ობიექტივები მოემარჯვებინათ, რომ აღარაფერი ვთქვათ შტატივებზე, პორტაბელურ კომპაქტ-სტუდიებზე და ფოტოგრაფების ასისტენტებზე. ბევრი ინერვიულა მესხმა, ტყავისხელთათმანიანი ხელებიც აუკანკალდა, მაგრამ ... ლიზა ასათიანისგან გამხნევებული მიხვდა, რომ მთავარი იქ, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ფოტოგრაფებთან ერთად დგომა იყო და არა ობიექტივის ზომა. გვერდზე მდგომ იაპონელ ფოტოგრაფებთან ტექნიკურ დეტალებზე მინი „მასტერკლასის“ გავლამაც ცოტა დაამშვიდა და... აი! გთავაზობთ „ცხელი შოკოლადის“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპეცპროექტს - ლონდონის მოდის კვირეული და ექსკლუზივი თათა-ნაკას ჩვენებიდან და შოუს კულისებიდან!

ამ მოგზაურობიდან ვიდრე დაბრუნდებით... აპრილის თვეში მომზადებული მაისის „ცხელი შოკოლადიც“ გამოვა. ამიტომ, გზად აუცილებლად გამოიარეთ ბოსტონში... იქ უკვე გაგანია გაზაფხული იქნება და უნივერსიტეტების კამპუსების ბალახზე წამოგორებული შეყვარებული წყვილების ტრფიალით დატკბით - ან თქვენც შეიყვარეთ ვინმე!

წინ ხომ გაზაფხულია!

შორენა შავერდაშვილი

ჩვენი ავტორები

0x01 graphic

ლიზა ასათიანი

მიყვარს მოგზაურობა, მთელი თავისი ატრიბუტიკით. ბარგის ჩალაგებ-ამოლაგება, ჩემოდნები, უძილობა, პატარა ბოქლომის გამუდმებული ძებნა, თვითმფრინავის სუნი და ყვითლად განათებული აეროპორტის დერეფნები. განსაკუთრებით მაგარია აეროპორტის „ნეიტრალურ ზონა“-ში მოხვედრა. აქ ვერასდროს გამოიცნობ რომელი საათია, წელიწადის რა დროა ან რომელ კონტინენტზე იმყოფები. დანამდვილებით ერთადერთი ის იცი, რომ ეს უჩვეულო პარალელური მიკრო-სამყაროა, სადაც დროებით ამოყავი თავი და სადაც მილიონობით ადამიანი სულ რამდენიმე წუთით ვხვდებით ერთმანეთს და დაშორებისას ცაში ვუჩინარდებით.

ლონდონიდან მოვფრინავდი, „ცხელი შოკოლადი“-სთვის ლონდონის fashion week-ის ცხელ-ცხელი მასალა მომქონდა. მიხაროდა, რომ თათა-ნაკას შოუმ ასე წარმატებით ჩაიარა; რომ მეც მჯერა „ჯადოქრების და სასწაულების“; რომ სულ ცოტა ხანში, კიდევ ერთხელ ავფრინდები. Catch me if you can !

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

პირველად ვწერ სვეტს ჩემი ნებით და არა შორენას თხოვნით. თუ რატომ ვწერ ამ სვეტს, გასაგები იქნება, თუ თქვენც გეცოდინებათ იმის შესახებ, რაც მადრიდში ხდება, ტისენის მუზეუმში.

ტისენის სამეფო მუზეუმი ესპანელებისთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე პრადო ან რეინა სოფია, რადგან რაც პრადოშია, ყველა ესპანელს უკვე ნანახი აქვს და ტისენში კი ექსპოზიციები გამუდმებით იცვლება.

მოკლედ, ამ ტისენში გაიხსნა გამოფენა, რომელსაც ჰქვია „რუსი ავანგარდისტები“ და ვიცოდი, რომ იქნებოდა შაგალისა და კანდინსკის ნამუშევრები და მათ სანახავად წავედით. რას წარმოვიდგენდი, რომ რუს მხატვრებს შორის, ნიკო ფიროსმანს აღმოვაჩენდით და მეტიც - ეს გამოფენა შესასვლელიდანვე ფიროსმანის ორი ნახატით იწყება. კიდევ უფრო მეტიც - ამ გამოფენას თან ახლავს კატალოგი, სადაც წერია, რომ ნიკო ფიროსმანს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ავანგარდისტი მხატვარია, მაინც აშკარად ეტყობა რუსული იკონოგრაფიისა და, საერთოდ, რუსული მხატვრობის ტრადიციების გავლენა.

რასაკვირველია, გავაპროტესტე ყველანაირი ფორმით, რაც მოვიფიქრე, მაგრამ ჩემი, როგორც კერძო პირის მონდომება, იმისათვის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს, საკმარისი არ არის და ჩემი სახელმწიფოს დახმარება მჭირდება. შეცდომაში, ბუნებრივია, ესპანელებს ვგულისხმობ და არა რუსებს, რადგან რუსებმა გააკეთეს ის, რასაც ორასი წელია აკეთებენ. მათგან გასაკვირი არაფერია. არსებობდა (და ახლაც არსებობს) ძაღლის საოცარი, უნიკალური ჯიში - ქართული ნაგაზი, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში რუსებმა ათასობით გაიყვანეს საქართველოდან ციმბირში, ობიექტების დასაცავად. ამ ჯიშს ჯერ სახელი შეუცვალეს და კავკასიური უწოდეს და ბოლოს რუსული სახელი დაარქვეს. როცა ამ ძაღლების გამო ვბრაზობ ხოლმე, ყველას მანიაკი ვგონივარ და ჰგონიათ, რომ შარზე ვარ, რადგან დამპყრობლები არ მიყვარს და რუსეთზე საშინელი დამპყრობელი კი ჩვენ არ გვყოლია. მაგრამ როცა ძაღლს დათმობ, ქვეყანა და ხალხი, რომელიც ძაღლის წართმევას იკადრებს, მერე ფიროსმანსაც წაგართმევს.

ნიკო ფიროსმანი მხოლოდ გენიალური მხატვარი კი არ არის, არამედ (ჩემი ღრმა რწმენით) ადამიანია, რომელმაც ყველაზე ზუსტად შეძლო იმის ახსნა, თუ რა არის საქართველო, როგორც ფენომენი და თუ ამ ფენომენის დანარჩენი სამყაროსთვის გაცნობა გვინდა, შეგვიძლია მეტსაც მივაღწიოთ და ნიკო ფიროსმანის ჩვენებით მთელი მსოფლიოც კი დავიპყროთ.

როგორ შთაბეჭდილებას ახდენს ფიროსმანი მნახველებზე, ამას ყოველდღე ვხედავ მადრიდში, ტისენის მუზეუმში, სადაც ვდგავარ და ყველა პირდაღებულს ვუხსნი, რომ ამ შედევრების ავტორი ქართველი მხატვარია და არა რუსი. სკამი რომ ჩამოვდგა და აქვე, ფიროსმანთან ჩამოვჯდე, ამის უფლებას მუზეუმის ადმინისტრაცია არ მაძლევს და არ მეზარება და ფიროსმანის გამო ბოლომდე ვიდგები კიდეც, მაგრამ ლექციებიც ბევრი მაქვს, სამუშაოც და სახლშიც მონატრებული, საყვარელი ცოლ-შვილი მელოდება...

2 ART-ი

▲back to top


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

გზავნილი ძველ ცივილიზაციებს

N გალერეა
17 თებერვალი. 17:00

ეს გზავნილია - გზავნილი ძველ ცივილიზაციებს, კოსმოსს და იმ დამთვალიერებელს, რომელიც N გალერეის საგამოფენო დარბაზის ოთახებში, ბესო შონჰარდტის გზავნილ ფოტოპროექტს ათვალიერებდა.

სტუდიურ შავ-თეთრ თუ ფერად ფოტოებზე, სხვადასხვა მდგომარეობაში „გაყინული“ სხეულები და მისი ენით გაგზავნილი, „კოდირებული“ მესიჯებია გამოსახული... ეს ხან აბსოლუტური სტატიურობაა და ხან - სრული დინამიზმი... ხან ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული რომელიმე ფილმის კადრია და ხან - მედიტაციური ექსტაზი.

- „მიყვარს ისტორია, მიყვარს მითები... როცა რამეზე ვიწყებ მუშაობას, არასდროს ვარ დაკონკრეტებული... ეს ყველაფერი ძალიან ქაოსურად ხდება და მერე ნელ-ნელა ვყალიბდები. აქაც ასე იყო. ეს პროექტი ორი წლის წინ დავიწყე... შევეცადე, სხვადასხვა დრო და სივრცე გამეერთიანებინა, ეპოქები ერთმანეთთან დროით და სიყვარულით დამეკავშირებინა. თუ ჩვენს სამყაროში უცხოპლანეტელები მართლაც არიან, რაზეც მეცნიერები ამ ბოლო დროს ბევრს ალაპარაკდნენ... ეს იმათი გზავნილი იყო. ისე არ ჩამოვიდოდნენ... არა?! ჰოდა, ესეც ჩემი გზავნილია - გზავნილი ძველ ცივილიზაციებს.“

P.S. ძველი ცივილიზაციების და მათი აზრის არ ვიცი, მაგრამ... აი სამოდელო სააგენტო „ნატალის“ მოდელები კი, რომლებიც გზავნილის ძირითადი კომპონენტები იყვნენ, გამოფენის ბოლომდე ტრიალებდნენ გალერეის დარბაზში და ყოვლად ბედნიერი სახეებით, საკუთარ „გზავნილებთან“ იღებდნენ ფოტოებს.

0x01 graphic

T' ADORES J'ADORE?

რუსთაველის 46
23 თებერვალი. 18:00

თუ Voulez-Vous-ს პარფიუმერიის მაღაზიებში გიყვართ შესეირნება, მაშინ ასეთი გენიალური ფრაზისთვისაც შეიძლებოდა მოგეკრათ ყური - „აი, ქალი რომ იხდის, ის სუნამო თუ გაქვთ?“... ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელს თუ არა, ნახევარ თბილისს თავდავიწყებით შეუყვარდა Dior-ის სუნამო j'ador-ის რეკლამა და ჰოლივუდელი შარლიზ ტერონის ტანთშემოხეული სიშიშვლე.

თუმცა Dior-ის წარმომადგენლობამ, საგანგებოდ თქვენთვის, კავკასიაში პირველი Dior-ის ბუტიკი გახსნა, სადაც საყვარელ სუნამოებთან ერთად, სხეულის მოვლის სხვადასხვა საშუალება გაიყიდება.

პრეზენტაცია ლამაზი ზღაპრის ფრაგმენტს უფრო მოგაგონებდათ: შუა რუსთაველზე დაგებული ხალიჩით, ბრჭყვიალა ფეიერვერკით, უამრავი საჰაერო ბუშტით, სილამაზის სალონებიდან იმ წამს გამოსული ქალბატონებით და, რაღა თქმა უნდა, ზღაპრისთვის აუცილებელი დეტალით - საიდუმლოებით მოცული პიროვნებით. ეს პიროვნება, რომელიც Dior-ის რჩეული გახდა, პრეზენტაციაზე თეთრი ლიმუზინით უნდა მოებრძანებინათ; ახალ ბუტიკში საპატიოდ, პირველი შეეშვათ და საგანგებოდ მისთვის დამზადებული ექსკლუზიური საიუველირო ნაკეთობა გადაეცათ. ვიღაც ხმებსაც კი ყრიდა - მე ვიცი, კაცო... გალიანო ჩამოჰყავთ, სპეც-რეისითო...

გალიანოსი რა გითხრათ, მაგრამ Dior-ის რჩეული ქალბატონი ნანი ბრეგვაძე აღმოჩნდა, რომელსაც ბრილიანტისთ ვლიანი Dior-ის ექსკლუზიური ბროში გადასცეს და ყოველი სიახლისას, ახალი პროდუქტის მირთმევასაც დაპირდნენ. მერე? მერე სტუმრებმა მარკო პოლოში გადაინაცვლეს, სადაც ბევრი იმღერეს, იცეკვეს და Dior-ის ბუტიკის შესახებ, სამწუთიანი ფილმიც ნახეს.

0x01 graphic

ექსპრესიონიზმიდან აბსტრაქციონიზმამდე

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
15 მარტი - 10 აპრილი. 17:30

გოეთეს ინსტიტუტის შუამავლობით, ქარვასლაში, უცხოეთთან გერმანიის ურთიერთობის ინსტიტუტის, ifa-ს გამოფენა გაიმართა, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ახალი გერმანული მხატვრობის სამი წარმომადგენლის - ბერნჰარდ შულცეს, ემილ შუმახერის და ფრედ ტილერის გრაფიკა, გრავიურა, გუაში თუ ფერწერული ტილოები გამოიფინა; ტილოები, რომელთაც სხვადასხვა ხელწერის მიუხედავად, ქაოსი, ბუნტი და ძლიერი ექსპრესია აერთიანებდა - ერთი ნაბიჯი ექსპრესიონიზმიდან აბსტრაქციამდე. ფრედ ტილერის ტილოებზე ძალიან კონტრასტულად შექმნილი ლაქები თუ ჩრდილები იპყრობდა მზერას, რაც ხან ფუნჯის ძლიერი მოსმით და ხან თითქოს შემთხვევით, ქილიდან გადმოღვრილი და ერთმანეთში გადასული ფერებით მიიღწეოდა. ერთ-ერთ უსათაურო ტილოზე, ტრაფარეტის საღებავი გასაოცარ სილამაზეს ქმნიდა, სადაც ნახატი თითქოს ბასრი სამართებლითაა დასერილი...

თუ ემილ შუმახერის თბილ ფერებზე შექმნილ ტილოებზე დიდი ფორმის მონახაზები თუ უსაგნო მხატვრობაა წარმოდგენილი, ბერნჰარდ შულცე სრულიად საპირისპიროს გვთავაზობს. ის ხან ნახშირით და ხან კაწრული ტექნიკით, სრულ ქაოსს, სიურეალიზმს თუ მეხსიერებაში მომხდარ აფეთქებებს გვიჩვენებს... რომელიც ხან პატარა, უმწიკვლო ბავშვის ფანტაზიას ჰგავს და ხან - უსასრულო, კოშმარადქცეულ სიზმარს...

0x01 graphic

ქართული რეალობა და იტალიური კინოს ოქროს ხანა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
14 მარტი - 25 მარტი. 17:00

ეს იმ დიდი კულტურული პროგრამის დასაწყისია, რომელსაც იტალიის საელჩო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსთან ერთად გეგმავს.

ქარვასლაში მისულ დამთვალიერებელთა სამიზნე, ცნობილი იტალიელი ფოტო-კლასიკოსის, პიერლუიჯი პრატურლონის ფოტო-სამყარო გახდა. პიერლუიჯი, რომელსაც ზედმეტსახელად „ლუქსს“ (ვარსკვლავების ფოტოგრაფს) ეძახდნენ, ყველაზე დიდ ვარსკვლავებთან მუშაობდა და მსოფლიო პაპარაცთა სამყაროსაც არაერთი სკანდალური ფოტო დაუტოვა.

ულამაზესია. ფეხზე წინდები აცვია, მუხლს ოდნავ ჩამოშვებული კლოში ქვედაბოლო და ღილებიანი, მომდგარი პერანგი - ოდრი ჰეპბერნი, მორცხვად დახრილი თვალებით უმზერს ფოტოგრაფს, რომელიც სადაცაა უმშვენიერეს კადრს დაიჭერს და მის ჰეპბერნი სამუდამოდ აღიბეჭდება ცელულოიდის ფირზე... ეს კი „ჩოჩარას“ გადაღებებია... ტაძრის მიწაზე გართხმული სოფია ლორენი, რომელსაც მიხეულ-მოხეულ კაბას ვიტორიო დე სიკა უსწორებს... ფედერიკო ფელინის ხესთან აუყუდებია მარჩელო მასტროიანი და „ქალთა ქალაქიდან“ სცენას უხსნის... ლუკინო ვისკონტი მსახიობთა სინჯებს ატარებს... აქ კი ობიექტივში ბედნიერი სახით იყურებიან ვიტორიო გასმანი, სილვანა მანგანო და ალბერტო სორდი...

ნეორეალისტური და იტალიური კინოს ოქროს ხანის პერიოდის სცენები და ადამიანები ნელ-ნელა ცოცხლდებოდნენ პიერლუიჯის კადრებში - ტოტო, კლაუდია კარდინალე, სერჯო ლეონე, ჯინა ლოლობრიჯიდა... კადრებში, საიდანაც უსასრულო დინამიკა და გაცოცხლებული, ბედნიერი წარსული გიმზერდა.

0x01 graphic

მშენებელ-ეკონომისტი ფოტოგრაფი

კაფე სახლი
9 მარტი. 18:00

ნატო კალმახელიძის შესახებ დიდი ხნის წინ გავიგე. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ჩემს გარშემო მოსიარულე ბევრი ფოტოგრაფის ყოველდღიური თემა, ერთი კონკრეტული ფოტო-საიტი და ფოტომოყვარულთა თუ პროფესიონალთა მიერ ამ საიტზე ჩაგდებული ნამუშევრების განხილვა გახდა.

სწორედ იქ გამოჩნდა ნატო კალმახელიძე, რომლის შესახებ ვებ-გვერდზე დიდი არაფერი ეწერა; ზოდიაქოთი კირჩხიბი არისო და დანარჩენი... დანარჩენი თავად უნდა გამოგეცნო მისი ფოტოებით და მასზე აღბეჭდილი სამყაროთი.

პროფესიით მშენებელ-ეკონომისტი, თარჯიმნად მუშაობდა... მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ სულ სხვა რამე აინტერესებდა. იყიდა აპარატი, შეეცედა თავად გარკვეულიყო ტექნიკურ მხარეში და... და წელიწადნახევარია, რაც ფოტოებს იღებს.

კაფე „სახლის“ მყუდრო გარემოში სულ ჩვიდმეტნი არიან, შავ-თეთრები და ერთი თემატიკით გაერთიანებულები. სოფელი, გლეხების საქმიანობა, მოხუცები და ბავშვები - მისი ძირითადი თემა და პირველი პერსონალური გამოფენის გმირები არიან. ეს ხან თბილისის ძველი ქუჩების და ხან სოფლად, სკამზე ჩამომჯდარი მოხუცების სევდანარევი, შავ-თეთრი წამებია... ხან პატარების თამაში და ხან ფოტოგრაფი - ფოტოს გადაღების პროცესში... მოკლედ, ბევრი რამაა მის ობიექტივში... ოღონდ ყველაფერი სიყვარულის, სევდის და სითბოს მსუბუქი ნაზავით.

0x01 graphic

ქუთაისი - ფოტოგრაფების ქალაქი

გასართობი ცენტრი სულიკო
4 მარტი. 14:00

ქუთაისში ფოტოგრაფის ძეგლი დგას. - იცოდით? მე - არა. არც ის ვიცოდი, რომ ფოტოგრაფიას ქუთაისშიც დიდი წარსული ჰქონია, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოციან წლებში, აქ საღარაძისა და მხეიძის ფოტოსალონები არსებობდა და მთელი ქალაქი იცნობდა იცნობდა თავის ფოტოგრაფებს.

ახლა ქუთაისი გურამ წიბახაშვილსაც კარგად იცნობს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნატო გუბელაძემ, გაზეთ PS-ის მთავარმა რედაქტორმა, სამართლიანად გადაწყვიტა: ქალაქში ფოტოსახელოსნო უნდა არსებობდეს.

რამდენიმე თვის განმავლობაში, გურამ წიბახაშვილი, ირინა აბჟანდაძე, ნათელა გრიგალაშვილი, ლიზა ოსეფაიშვილინემცოვა, ირინა კურმაევა და გიგა წიბახაშვილი „მამაქალაქში“ თავიანთ მომავალ კოლეგებს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდნენ (დიდებულად ჟღერს. ძალიან მომეწონა ეს წინადადება).

და აი, გასართობ ცენტრ „სულიკოში“, რომელიც ქალაქის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, გუშინ დაბომბილის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, - სულ პირიქით, - მართლაც შესანიშნავი გამოფენა გაიმართა. პირველი კურსდამთავრებულების ნამუშევრები იყო ძალიან კეთილი, ოსტატურად შესრულებული - რომელი ერთი ვთქვა...

მარინა კუჭუხიძემ, ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა ლეშქაშელის ნამუშევარი შეიძინა - საბეჭდი მანქანა, მთლად ნიკო ნიკოლაძისეული. მეც სიამოვნებით ვიყიდდი ორი გაფხორილი ინდაურის პორტრეტს.

- რა მაგარია! - ვუთხარი გურამს. - ვისია?

- კი, მაგარია. - მიპასუხა გურამმა. - მე გადავიღე.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

3 გადანახული ოცნება

▲back to top


0x01 graphic

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი

აქამდე არ გიცნობდი. ახლა გაგიცანი. ამ დროს, სადღაც ტვინში, ერთი ახალი უჯრედი გავხსენი, სადაც ყველაფერია შენზე, შენს ხასიათზე, თვისებებზე... ანუ, ჩათვალე, რომ ახალი წიგნი წავიკითხე. ჯერ არ ვიცი, როგორია ეს წიგნი. მაგრამ ის მაინც დამეხმარება... ყოველი ასეთი ახალი წიგნით თუ უჯრედით ხომ გამოცდილება გემატება, ცხოვრებისეული გამოცდილება. ჰოდა, გამოდის, რომ ახლა... ინტერვიუს კი არ წერ... უბრალოდ, ეს გაცნობაა, გაცნობა.

რესპონდენტი რამაზი
ანუ, საინტერესო ისტორიის უცნაური დასაწყისი.

ავტოპორტრეტი

მსახიობი და კულინარი რამაზ გემიაშვილი. დაიბადა 19... ისე, არ ვიცი, როდის დაიბადა, და ამას არც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მუშაობს მარჯანიშვილის, თავისუფალ და, ამ ბოლო დროს, სამეფო უბნის თეატრში; აცხობს საოცრად ლამაზ და გემრიელ ნამცხვრებს ლიტერატურული კაფეს, პარნასის და წიგნის სახლისთვის; ცხოვრობს თავის დაპროექტებულ ბინაში და თუ მასთან ინტერვიუზე მიდიხართ, ყოველთვის აქვს საგანგებოდ თქვენთვის გამზადებული გემრიელი ეკლერი და საყვარელი ჩაი... ჰო, ისე უცნაურობებიც ახასიათებს: ინტერვიუს დროს დიქტოფონს გათიშინებს, ასე სჯობსო და ზემოთ მოყვანილი ციტირებული ტექსტით იწყებს საუბარს; ზოდიაქოს ნიშნით ტყუპებია და ამიტომ, რიგ საკითხებში გარკვეული გაორება ახასიათებს; შუა სპექტაკლის მსვლელობისას შეიძლება გაახსენდეს, რა მაგარი ტრიუფელი გამოიგონა შამპანურის გემოთი. ცოლს კი არასდროს უნახავს სცენაზე. ასე უთქვამს, არ მოხვიდეოოო...

* * * * *

გაცნობა. ლიტ. კაფეში

ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. იმ დღეს, თითქოს ჯიბრზე, ლიტერატურულ კაფეში საჭიროზე ბევრი ხალხი ირეოდა, რომ:

- გამარჯობა. სალომე?

- ჰო, გამარჯობა.

ერთწამიანი უხერხული პაუზა და:

- ჩაი? ნამცხვარი?

- მმმმ, კაი.

ცოტა ხანში.

- დავიწყოთ, არა?

- დავიწყოთ, ოღონდ... დიქტოფონი გამორთე რა...

- კარგი, რა გაეწყობა.

აღდგენილი კადრები

რამაზ გემიაშვილის ცხოვრების ისტორია, ქართლის რაიონის სოფელი

წვერით იწყება. ჩვეულებრივი, თუმცა ცოტა სევდიანი ნოტებით; დიდი ემოციით, ეზოში დატრიალებული ბებიის გამომცხვარი ზეფირის სუნით და ბავშვობით, რომლის გარეშე ერთი დღე არ უცხოვრია. მერე, იმ გარემოში არსებული „მიღებული ნორმებისთვის“ და ჩარჩოებისთვის წინააღმდეგობის გაწევით, ოჯახური კონფლიქტებით და თავისუფლების მიღწევის სურვილით გრძელდება. ერთი სიტყვით, დიდხანს არ უფიქრია: 15 წლის ასაკში საკუთარი გზა გამოძებნა, თავის დაღწევის გზა - გაქცევა.

- „ყველა კუთხე ხომ გავლენას ახდენს ადამიანზე. ჰოდა, ქართლში ძალიან ცივი ხალხი ცხოვრობს. ცივი ხალხი კი გაიძულებს, თუ მგრძნობიარე ხარ, საკუთარი თავი აშალაშინო. მე ძალიან მგრძნობიარე ვარ და როცა ადამიანს ეკითხები რაღაცას და არ გპასუხობს, ერთი მხრივ, უზრდელობაა და, მეორე მხრივ, გაიძულებს, კიდევ უფრო მომთმენი გახდე. ეს კარგად ვისწავლე ჩემს სოფელში, ქართლში. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია - იქ დარჩენილი ხალხიც და მოგონებებიც. ბავშვობაც იქ დამთავრდა, თუმცა... დღე არ გავა, რაიმე რომ არ გამახსენდეს....

უხეშად რომ ვთქვა, სოფლიდან გამოვიქეცი. ვგრძნობდი, რომ რაღაცით განსხვავებული ვიყავი. იმას არ ვამბობ, ორიგინალური ვარ-მეთქი. უბრალოდ, იქ სასურველი მასშტაბები არ იყო. ძნელია, როცა შენი არავის ესმის. შეიძლება ჩემი წამოსვლით რაღაცეები გამარტივდა, გაიოლდა, რაღაცეები უფრო ხილულიც კი გახდა. წამოსვლით იოლი გზა გამოვნახე... მაგრამ როცა რაღაცეები კიდევ გაწუხებს, ესე იგი იქ რაღაც დაგრჩა.

როცა ჩამოვედი, ძალიან დიდხანს იცი რა მჭირდა, სულ ვფიქრობდი, და რას იტყვის ამაზე დედა, მოეწონება თუ არა“....

ერთხელ, ისიც კი გაიფიქრა: აი ხე, ტროპიკული ხე. საკმარისია ის ჩვეულებრივი ჰავის პირობებში მოხვდეს, რომ ან გადარჩება, ან - არა. თუ გადარჩა, სხვანაირი გახდება, დამახინჯდება? ალბათ. ჰოდა, მაშინ იქნებ მეც...

„როგორც კი წარსულიდან რამე გახსენდება, მაშინვე შედარებას აკეთებ, რამდენად სუფთა იყავი მაშინ, როცა არაფერი იცოდი. ახლა კი, ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინე და... ჰო, სულ დამავიწყდა, ჩაი?“

* * * * *

სცენაზე

სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთი დარჩა. მართალია, სამეფო უბნის თეატრის დარბაზში ცოტა მაყურებელია, მაგრამ ჩვეული ხმაური, ჩოჩქოლი და გადაძახილ-გადმოძახილი მაინც იგრძნობა. თემურ ჩხეიძის სახელოსნო, გოგა თავაძის მიერ შიო არაგვისპირელის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ „გიულიჰჰ“-ს წარმოადგენს.

სცენაზე ერთი-ორი თუნუქის ძველი ჩაიდანი, თიხის ჭურჭელი და შემოდგომის ხილი დევს. „გიულიჰჰ“, ერთი შეხედვით, სიყვარულის ტრაგიკული ამბავია, სადაც მუსულმანური ადათწესების თანახმად, გიულიჰჰს მდიდარ, მაგრამ მასზე ბევრად უფროს ალის მიათხოვებენ. ცოტა ხანში კი, სოფელში ალის ოჯახის მეგობარი და გიულიჰჰის პირველი სიყვარული, ქრისტიანი მიტო ბრუნდება. მაგრამ ამ პატარა სცენაზე დატრიალებული ვნებების, ღალატის და შურისძიების ისტორია, არა შეყვარებულების თუ შერცხვენილი ალის, არამედ მისი უმცროსი ვაჟის, ბერბიჭა ქერბალაის ტრაგედიად იქცევა... გემიაშვილის ქერბალაი თითქოს ბოლომდე გაორებული, ამოუცნობია მაყურებლისთვის, რაც დეტალებში, სიარულის მანერში, ჟესტებში თუ მსახიობის სცენაზე პირველი გამოჩენისას ხდება ცხადი, როცა თითქოს მიწიდან, არსაიდან ამოდის სცენაზე... მორჩილი, დაჩაგრული, კეთილი და უუნარო ბუნება თუ... მამის წინაშე, საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად ჩადენილი ცოდვა?! შინაგან ბუნებას და მამა-პაპურ მოვალეობას შორის არსებული ჭიდილი, ამ უკანასკნელის გამარჯვებით მთავრდება... სპექტაკლიდან გამოსულს კი, ქერბალაის ტრაგედია მწარე ბურთივით გეჩხირება ყელში.

- „ყველაზე კარგად ამ პიესაში ვიგრძენი თავი. ალბათ, აქამდე ასეთი როლებისთვის არ ვიყავი მზად. ისე, აქამდე არც არაფერი ყოფილა სერიოზული, „პოდნოსებს“ დავატარებდი სცენაზე, ეგ იყო და ეგ. ზოგჯერ მარჯანიშვილიდან წასვლაზეც კი მიფიქრია, მაგრამ მერე შეიძლება არც არავინ დამიძახოს. არადა, არ მინდა ამ სისტემიდან წასვლა! მსახიობობა ცხოვრებაში გარკვეულ უპირატესობას მანიჭებს.

ცხოვრებაში აქტიურობით კი არა, პირიქით, პასიურობით ვცდილობ ვებრძოლო ყველაფერს. ბოლო სპექტაკლმა თავდაჯერებულობა შემმატა. როცა რაიმე ახალზე მუშაობ, ყველაფერს თავიდან, ნულიდან იწყებ; თუნდაც ნამცხვრის კეთებას. თუ არ შეცვალე არსი, გამოდის, რომ მეორდები. ასეა თეატრშიც. ამ საკითხში საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი ვარ.

იყო დრო, როცა თეატრში ნაკლებად ვიყავი დაკავებული. სწორედ მაშინ დავიწყე ნამცხვრების ცხობა. ვიცოდი, რომ გამომივიდოდა. აქ მუდმივად მიწევდა ხალხთან ურთიერთობა და თვითონაც შევიცვალე, უფრო გახსნილი გავხდი. წინათ სხვა რაღაცეები იყო მნიშვნელოვანი. როცა თეატრში ვიყავი, სულ ვნერვიულობდი, რატომ მაქვს ასეთი როლები... ვგრძნობდი, რომ შემიძლია და ამას ვერ ხედავენ! მაგრამ დღეს ამაზე უკვე აღარ ვფიქრობ. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა და მეგონა, რომ აუცილებლად, ძალიან პოპულარული უნდა ვყოფილიყავი. იცი რამდენჯერ შემომთავაზეს სერიალებში თამაში?! მაგრამ რაც არ მომწონს და სადაც არ ვგრძნობ თავს კარგად, იქ არ ვიქნები, ვერ ვიქნები.

როცა „ფავორიტის“ რეკლამა გავაკეთე, ქუჩაში მცნობდნენ... მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ არის მთავარი. თავის დროზე, ბევრ შემოთავაზებაზე უარი რომ არ მეთქვა, ახლა უფრო შთამბეჭდავი CV მექნებოდა... სამაგიეროდ, სადაც კი მითამაშია, არც ერთი სპექტაკლის არ მრცხვენია! პატარ-პატარა როლებით მივიწევ წინ, ჩემთვის ვცხოვრობ წყნარად და ეს საკმარისია.“

0x01 graphic

* * * * *

სახლში ...

- „მოკლედ, სულ სამ-სამი ბოძი იყო, ანუ ცხრა - ჩამოსხმული და კარკასით შეკრული. ეს ბოძები კი ერთმანეთთან სარტყელით არის დაკავშირებული. მაგრამ შიდა სამი ბოძი უფრო მაღალია. სწორედ მასზე დევს სახურავი. იმ არქიტექტორმა ქალმა ისიც კი მითხრა, არქიტექტურულზე რატომ არ ჩააბარეო, კარგი არქიტექტორი გამოხვიდოდიო. თავიდან თითქოს ვაპირებდი, მაგრამ ხომ იცი, ყოველთვის მსახიობობა მინდოდა...“

ზემოთ მოტანილი ტექსტი, გემიაშვილების გონიოს დასასვენებელი სახლის მაკეტმა მოიტანა, რომელიც მაცივრის თავზე შემოუსკუპებიათ და შოკოლადების და მაცდურად ლამაზი ტკბილეულობით გაფორმებულ წიგნებს ღირსეულ მეტოქეობას უწევს.

ისე, ყველაფერში ასე იყო. მთავარია, რაიმეთი დაინტერესებულიყო... არა აქვს მნიშვნელობა, რა იქნებოდა: ხატვა, ქსოვა, ნამცხვრების კეთება თუ სახლის დიზაინი... იყიდდა წიგნებს, გადაშლიდა და საათობით იწყებდა თვალიერება-შესწავლას: „ყველაფერში თვითონ ვერკვეოდი. მთავარია დავინტერესებულიყავი. ნამცხვრებიც ასე დაიწყო. თან, იმ დროს დიდი ფინანსური პრობლემები გვქონდა... ისა, გავიმეოროთ? ჩაი?

- ჰო.

- სახლს რაც შეეხება, საკმაოდ ძველი იყო. ყველაფერი მე გავაკეთე, დიზაინის თვალსაზრისით. ფანჯრები, კარები... აი, ხომ ხედავ, ის კარი უფრო განიერია, ეს კი - ვიწრო... ჰო, ეს ჭაღიც დიდი არაფერია, მაგრამ მე გავაკეთე... ფარდის სამაგრები პლასტილინისგან გავაკეთე; ელიავაზე წავიღე და იქ ჩამოვასხმევინე... ფარდები? ეგ მექანიზმიც მე მოვიფიქრე, და წიგნის სახლში და ლიტ. კაფეშიც ასეთი გავაკეთეთ, კიდევ...“ კიდევ, გონიოში აშენებული პატარა სახლი დააპროექტა და მერე, საახალწლოდ, ყველა მეგობარი თან წაიყვანა. ისე, სახლი კი არა, სახლი-კაფეა, რომლის პირველ სართულზე, გონიოს ხმაურიანი სანაპიროსგან მოშორებით, სასიამოვნო მუსიკასა და გრილი ალკოჰოლური სასმელის წრუპვაში გაატარებთ საღამოს. წელს პირველად ამუშავებული კაფეს სტუმრებს კი, ხან საჩუქრად მირთმეული ჭიქა ლიქიორი და ხან წვიმისგან გუბეებად დაყენებულ წყალში, მოციმციმე სანთლები ხვდებოდა.

0x01 graphic

* * * * *

სამზარეულო ოთახში

სახლში ყველა ხუჭუჭაა - რესპონდენტი რამაზი, ცოლი მაია და შვილი ელო. ალბათ პატარა ალექსანდრეც ხუჭუჭა იქნება, აი მაშინ, როცა დაიბადება. ჯერ-ჯერობით კი, სამზარეულოში სულ სამნი ვართ: ჟურნალისტი სალომე, რესპონდენტი რამაზი და დამხმარე ქალი. ისტორიულ მომენტს ვესწრები:

ყურადღება, ყურადღება...

სპეციალურად გემიაშვილის ნამცხვრების ფანებისთვის და არამარტო მათთვის!!!

სულ მალე, დახლებზე ახალი პროდუქტი გამოჩნდება!!! ნოსტალგიური ელფერის სპეც-ყუთში, გაბანტულ-შეფუთული, შოკოლადში ამოვლებული ტრიუფელები!!!

მაგიდაზე რამდენიმე კონსისტენციის მასა დევს. გაზქურაზე შოკოლადი დნება და აქტიური მუშაობა მიდის თემაზე: ნუშის შიგთავსიან ტრიუფელს, რისი შემოვლება მოუხდება გასაფორმებლად - ლეღვის ჩირის თუ ფორთოხლის ქერქის? - „არა, ასე რომ დავადო თავზე, მამალს ჰგავს და ვინ იყიდის?! ქათმის გრიპიო და რამე...“ რამდენიმესაათიან ექსპერიმენტს არამარტო დასწრება, არამედ გასინჯვაც სჭირდება. აბა, ისე არაფერი გამოვა. ეტაპები ასეთია: პირველი საათი - სიამოვნებით აცმაცუნებ სხვადასხვა ტრიუფელს, გემრიელად ტიტყნი თითებს შოკოლადში და საერთოდ... ასე გგონია, ბავშვობის ოცნებებში ნავარდობ... მეორე ნახევარი საათი - ოცნებები სადღაც ქრება და რჩება ცარიელი რეალობა: უნდა გასინჯო. აი, მესამე საათზე კი... ყუთზე უცნაური შინაარსის წარწერას ვკითხულობ - Попробуйте себя шоколадом“. უფრო დაჟინებული დაკვირვების შემდეგ კი ვხვდები, რომ უკვე ასოები მერევა და სულ სხვა რამე წერია - Порадуйте себя шоколадом“... ვაა, ესე იგი, რა კარგად ვაარ... - „მგონი, მწვანე ჩაი ყველას გვჭირდება, არა?“ გვჭირდება, გვჭირდება. მე და დამხმარე ქალი ერთხმად ვაქნევთ თავებს.

ნამცხვრების კეთება მაშინ დაიწყო, როდესაც ცოლთან და 6 თვის ელოსთან ერთად, ისრაელში წავიდა. მეუღლე დედით ებრაელია და ამიტომაც, ოჯახს შედარებით გაუმარტივდა ჩასვლისთვის საჭირო ფორმალობების მოწესრიგება, მაგრამ... არ იცი ენა, არ იცი ამ ქვეყნის წეს-ჩვეულებები... თავიდან რომელიღაც იტალიურ რესტორანში დაიწყო მუშაობა, სადაც ძირითადად სალათების და პიცას მომზადება ევალებოდა. შემდეგ ნელ-ნელა დააწინაურეს, რაც რესტორნის ენაზე, ცხელი კერძების მომზადებას ნიშნავდა.

ისრაელში კარგად აკვირდებოდა ერთ ბიძიას, რომელსაც საკუთარი საკონდიტრო ჰქონდა და ვიტრინაში მუდამ ლამაზ-ლამაზი ტკბილეული ეწყო. როცა ერთ წელიწადში თბილისში დაბრუნდა, მაცივარზე შემოდებული ვეებერთელა ავსტრიული კულინარიული წიგნი გადაშალა და დიიიდი ხნით ჩაუჯდა - ასე, სამი-ოთხი წლით:

- „იცი რა არის მთავარი? ისეთი უნდა გააკეთო, როგორსაც შენთვის გაიკეთებდი, სახლში. ზომაც ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ გული არ გაგისკდეს... თან გაალამაზო... ზოგჯერ ნამცხვრის კეთებისგან უფრო დიდ სიმოვნებას ვიღებ, ვიდრე ზოგიერთი როლის თამაშისგან.“

ცოლი? თქვენ გგონიათ ერთად შემოუსხდებიან ხოლმე საღამოობით სამზარეულოს მაგიდას და ტრიუფელების და ნამცხვრების კეთებას იწყებენ? არა, არა. ამ საქმით 11 წლის ელო უფრო ინტერესდება, რომელსაც მამის ნაჩუქარი ინდივიდუალური ბლენდერი აქვს და სხვადასხვა ხილის კოქტეილს ამზადებს. თაროზე საკუთარი ხელით, თიხისგან გაკეთებული სახელსახოცე და ფერადი მძივით შემკობილი მშვენიერი ებრაელი გოგონას ფიგურა უდევს. ისე, გოგოს, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი ეტყობა ებრაელობის, მაგრამ... ელოს ასე უთქვამს, ეს გოგო ებრაელიაო და მორჩა. ასე უნდა და!

- „ხშირად ვატარებ ექსპერიმენტებს და ამ დროს ძალიან მოუთმენელი ვარ. ლამის ცხელ-ცხელს გავასინჯებ ხოლმე ყველას და მერე კაფეში გამომაქვს. დღეს ცოტა აკეთებს სახლში ნამცხვარს და სწორედ შენ უნდა შესთავაზო ისეთი, თითქოს... ერთი წუთით, ტელეფონია!...

ჰო, რომელი ხარ? აა... ვინ გააკეთა ეს ეკლერი? არა, კაფედან ამომიტანეს ამწუთას და... იცი რა, ერთი ოდნავ დიდია, მეორე - მომცრო... თან, შოკოლადიც არასწორად ასხია... არა, არა... უბრალოდ, დღის ცვლაში გადაიყვანე და ყურადღება მიაქციე... კარგი, კარგი... ჰო, მაია მოვა და ტრიუფელის ქაღალდები გამოატანე... დავიწყე გაკეთება... კარგი.“

ტელეფონზე საუბრისას მოპოვებულ დროში:

მე: ხშირად ატარებს ასეთ ექსპერიმენტებს?

დამხმარე ქალი: ყოველდღე ამ დღეში არ ვარ?!

მე: და სულ ამდენს გასინჯებთ?

დამხმარე ქალი: იმ დღეს იმდენი ნაღები მაჭამა, კინაღამ მომკლა.

პროლოგისთვის

გადანახული პატარა ოცნება

პატარა რესტორანია. სულ სამი-ოთხი მაგიდა თუ დგას. მაგიდასთან მსხდომი კლიენტურა - ძველი ნაცნობები. იქვეა მაია, ელო... თვითონ სამზარეულოში დგას და რაღაც ექსპერიმენტს ატარებს. მაგიდა ფქვილითაა დასვრილი... იქვე თხილის ნაჭუჭები და გატყავებული ფორთოხალი დევს... შაქარს ნელა ყრის საზომი ციფრებით დახაზულ ჭიქაში და... ეე, კარიც იღება... „ელო? უკვე მოხვედი, ელო?“

0x01 graphic

0x01 graphic

4 Esse femina…

▲back to top


ნატო გაგნიძე

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

მინდა მქონდეს საკუთარი თეატრი. რეჟისორები, ძირითადად, თავის ნებას ახვევენ მსახიობს, და ეს ძალიან მტანჯველი სურათია. არიან კიდევ დიდირეჟისორები, რომლებიც იმდენად ჭკვიანურად თუ ეშმაკურად ახერხებენ ამას, რომ გვიან ხვდები, როცა საქმეს აღარ ეშველება.

ადრე რომ მეგონა, მელანშეუშრობელს დავურიგებ აქტიორებს ჩემს ნაწერს, სურათ-სურათ, როგორც ბრეხტი! და დავდგამ! ახლა ვხედავ, რომ არასოდეს მეღირსება დავდგა ჩემი პიესა, ან ჯანდაბას - ვიხილო სხვისი დადგმული.

ჩემი საყვარელი ბახის პარტიტების ფონზე მიღებთ! ბახი... ბახი ლუთერია მუსიკაში, მუდმივი პოლემიკა ღმერთთან! ასე რომ არ ციოდეს, ახლავე დაგიკრავდით.

ბრძენები, რომლებიც წელთაღრიცხვების განმავლობაში ვარსკვლავებს და ადამიანებს აკვირდებოდნენ, ჰყვებოდნენ - და დღესაც ჰყვებიან, რომ „ღრიანკალის ზოდიაქალური ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ღრმა, იდუმალი მშვენებით არიან დაჯილდოებული. ისინი ძალიან მიმზიდველები არიან, ამაყები და ჭეშმარიტად ქალურები. მიუხედავად ამისა, ისინი ქვეცნობიერად მამაკაცობას ამჯობინებდნენ: ჰგონიათ, რომ მეტის გაკეთების შესაძლებლობა ექნებოდათ“.

მაგრამ ქალი ღრიანკალი ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდება, და ამიტომ, სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელ ამბავს ნატო გაგნიძეს ნუ დავაბრალებთ - რაც არ ვიცით, არ ვიცით.

ქალი - ღრიანკალი

როგორი უნდა იყოს ქალი? ამ სტატიის წერისას ოთახში ოთხი სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მამაკაცი იჯდა. მათი ერთობლივი აზრის თანახმად - კარგახანს იყაყანეს, - ქალი უნდა იყოს: თვინიერი, ჭკვიანი, სიმშვიდის მომტანი, მეგობარი. კიდევ? მეტი არაფერიო. Y ქრომოსომა, როგორც გენიალობის საწინდარი.

კარგი. მაშინ, მე გიამბობთ, რომ:

ნატო გაგნიძე, გარდა იმისა, რასაც ფოტოსურათზე ხედავთ, არის დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი. სანამ წერას დაიწყებდა, ცამეტი წელიწადი მსახიობი იყო, უამრავ რეჟისორთან მუშაობდა, მაგრამ მერე კინოს ზურგი შეაქცია:

„კინო ჯადოქრობაა, თეატრი - სასწაული,“ ასე განმარტა მან თავისი არჩევანი. „როგორც ლიტერატურა და წიგნის კითხვის ჟინი ვერ ჩაკლეს კომიქსებმა, ისე ვერ დააკლებენ თეატრს ვერაფერს ვერც კინო და ვერც ტელევიზია, იმიტომ, რომ აქ არის კულისები!..“

...ვისხედით სახლში, რომელიც ჯერ მთლად ქალბატონ ნატოს სახლი არაა - ახლახანს გადმობარგდა. თავის ძველ სახლს ძალიან სევდიანად იხსენებს, მაგრამ, მისი შემართების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, სულ მალე ამ ახალ ბინაშიც კეთილი სული დატრიალდება. ბინას საოცნებო აივანი აქვს, იქიდან საუკეთესო ხედი იშლება, ლამის მთელი თბილისი და წყნეთის მთები მოჩანს. ასეთ აივანზე მოსახვედრად კი ღირდა კიბეზე ფეხით ამოსკდომა...

0x01 graphic

ჰო, ღრიანკალი ქალების „მამაკაცური მიზანსწრაფულობის“ შესახებ მოგახსენებდით:

„მინდა მქონდეს საკუთარი თეატრი,“ ჰყვება ჩვენი მასპინძელი. „რეჟისორები, ძირითადად, იმით არიან დაკავებულნი, რომ თავის ნებას ახვევენ მსახიობს, და ეს ძალიან მტანჯველი სურათია. არიან კიდევ „დიდი“ რეჟისორები, რომლებიც იმდენად ჭკვიანურად თუ ეშმაკურად ახერხებენ ამას, რომ გვიან ხვდები, მაშინ, როცა საქმეს აღარ ეშველება - თურმე, სულ არ ფიქრობდი ასე! ყველაფერ ამას ბევრად სჯობია, გქონდეს საკუთარი თეატრი და შენ თვითონვე იყო შენი ნების განმხორციელებელი.“

ნატო ხსნის, რომ დრამატურგის მიერ პიესის დასრულების „ფარდა - წერტილი“ ჯერ არაფერს ნიშნავს; რომ ნამდვილი წერტილის დასმა სცენაზე, პრემიერის დასრულების შემდეგ ხდება. მაგრამ „ადრე რომ მეგონა, მელანშეუშრობელს დავურიგებ აქტიორებს ჩემს ნაწერს, სურათ-სურათ, როგორც ბრეხტი! და დავდგამ! ახლა ვხედავ, რომ არასოდეს მეღირსება დავდგა ჩემი პიესა, ან ჯანდაბას - ვიხილო სხვისი დადგმული…“

ამ ღრიანკალ ქალებს ხელის ჩაქნევაც როგორი სცოდნიათ!

დღეს ნატოს თეატრი არა აქვს, მაგრამ მერე რა!? აქვს წერის სურვილი და საშუალება, რაც, დამეთანხმებით, ცოტა არაა: „როდესაც პიესას წერ, თან კიდევაც დგამ და კიდევაც თამაშობ ყველა როლს...“

ამ საქმისთვის მამაკაცობა სულაც არ არის საჭირო, და აქედან მარტივი დასკვნა: ასტროლოგებსაც ეშლებათ ხოლმე რაღაც-რაღაცეები. მაგრამ ქალი-ღრიანკალის დახასიათების ერთმა პუნქტმა ნატო გაგნიძესთან ხანმოკლე ურთიერთობის ფონზეც გაამართლა: „უჭირთ ადამიანის პოვნა, რომელიც მათ მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს, და ასეთს განყენებულ პირებში ეძებენ ხოლმე“.

ამ შემთხვევაში - ისტორიულ პერსონაჟებში. ნატო გაგნიძე რომანტიკოსია. ის წერს დიდ ქართველ ქალებსა და მამაკაცებზე, იმპერატორ იულიანეზე, რეფორმაციის ისტორიაზე, მედეაზე, გერმანელი მონაზვნის, ჰილდეგარდ ფონ ბინგენის და ფრიდრიხ ბარბაროსას ურთიერთობაზე... ისევე, როგორც ზაალ სამადაშვილს და იმედია, მრავალ ჩვენგანს, მასაც „ცაში აგდებული მახვილი ურჩევნია სააბაზანოს ნახვრეტში ხრიალით ჩამავალ საპნიან წყალს.“

ის, რაც ძვირფასია

არა, არა, თუმცა ამბობენ, ასტროლოგებს არაფერი ესმითო, მაგრამ ესმით და აჰა! მათ ბრძანეს, რომ ღრიანკალი ქალები ყველაფერს ვნებით ეკიდებიან, და ნატო გაგნიძეც სწორედ ვნებით უდგება ყველაფერს, რასაც ეხება. მხოლოდ მის კრებულებსაც რომ გადახედოთ, ამას უმალვე მიხვდებით - მრავალი, მრავალი ძახილის ნიშანი! დიდი ვნებები! დიდი სიყვარული, დიდი ერთგულება და დიდი ღალატი! როგორც ჩანს, უბრალოდ „დაინტერესება“ მისთვის არარსებული ცნებაა, უბრალოდ „მომწონს“ ან „არ მომწონს“ ასეთი ქალისგან ძნელი წარმოსადგენია.

მაგალითად, ნატო გაგნიძე და ბახი. სანამ ფოტოსურათებს უღებდნენ, ჩვენი მასპინძელი „ჯადოსნური ფლეიტიდან“ ამღერებდა არიას და მერე აღტაცებით შესძახა:

- ჩემი საყვარელი ბახის პარტიტების ფონზე მიღებთ! ბახი... ბახი ლუთერია მუსიკაში, მუდმივი პოლემიკა ღმერთთან! ასე რომ არ ციოდეს, ახლავე დაგიკრავდით. სხვა დროს იყოს.

მას უყვარს ლუთერი, მაგრამ თავად კათოლიკეა, როგორც ბრძანა, შუა საუკუნეებისა, და ძალიან ვეცადე, წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ის ლუთერამდე: სადმე, ბნელ ქალაქში, ვთქვათ, თორგაუში, ოდნავ ფანატიკოსი, თვალებანთებული მონაზონი - მითუმეტეს, რომ გერმანიის და გერმანული კულტურის მოყვარულია და არ გამიჯავრდება, თუ ფანტაზიაში მაინც იქ ამოვაყოფინებ თავს. და რადგან ჩემი ფანტაზიაა, იმასაც დავაბრალებ, რომ ვიღაც-ვიღაცეები ჩუმ-ჩუმად გააყოლებდნენ სრულიად არაქრისტიანული სიყვარულით სავსე მზერას.

...ის ნაზი და მოსიყვარულე დედაა, უყვარს თავისი სახლი, მაგრამ არანაკლები გზნებით ეკიდება თავის საქმესაც - მოკლედ, კლასიკური ქალი ღრიანკალია. „დილით სადილი უკვე ქურაზე იდგა ხოლმე, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ჩემს შვილს მაინც სულ რაღაცა უნდოდა, - დე, კარტოფილი შემიწვი, რა! და მე ვუხსნიდი: მე შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ესეც მიყვარს,“ - ხელს თავის წიგნებს უსვამს.

...ნატო გაგნიძის პიესა „რამდენიმე ეპიზოდი რუსთაველის ცხოვრებიდან“ იწყება მესაფლავის მონოლოგით:

„ეჰ, საცოდავო ჩემო სამშობლოვ!

ჰოი, უმადურო და უკეთურო დედაო, ბოროტო, ავო!

ჰოი, შე „ღვთისმშობლის წილხვედრო“!... „წილხვედრო“!...

შე მართლაც წილხვედრო ამაოების! ჰოი, ანგარების და შურის მონავ, უბადრუკო! ვაჭრუკანავ და ვერცხლისმოყვარევ, ჩემო ქვეყანავ, უბედურო, მითხარი, ვინ და როდის დაგიბნელა ეგ გონება - ჭეშმარიტი შვილი შენი ვერ გიცნია და ზურგი შეგიქცევია! ბრმაო, ყრუო და უგულოვ! ჰმ, „წილხვედრო“ - რა კალთა გადაგაფარა ამისთანა და დაგიბრმავა ეგ თვალები?! ერთხელ მაინც ამოიჭყიტე!”

და ეს მისთვის მთავარია: რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ნატო გაგნიძეს თავისი სამშობლო უყვარს, და ოცნებობს, რომ ძლიერი, გამართული ქვეყნის ამაყი მოქალაქე იყოს, „რომ ოდესმე მსოფლიოში ისევე ისწავლიან ქართულ ენას, როგორც ახლა ინგლისურს სწავლობენ“. გულდაწყვეტილი მოჰყვა, ვიტენბერგში როცა ვიყავი, ლუთერის ფესტივალზე, ასჯერ გაიმეორეს, ყაზახი დრამატურგიო, - ვერაფრით დაიმახსოვრეს ნატოს სამშობლოს სახელი. და მერე ძალიან გაუკვირდათ, როცა ბახზე ილაპარაკა. “ამას მერე მეგობარს ვუყვებოდი თბილისში, თან ნავთქურისთვის მქონდა ხელები მიშვერილი, ვითბობდი. იმათ ეგონათ, რომ სადღაც ხეზე ვიყავი კუდით ჩამოკიდებული-მეთქი, და ჩემმა მეგობარმა გაიცინა, შეხედე, რა გჭირს, კუდით ჰკიდიხარ, აბა, ეს რააო...“

დაე, ეგონოთ! მერე რა? „მე გეფიცები, ჩემო ბატონო, ჩემო მხსნელო, ჩემო სამშობლოვ, ჩემო სიყვარულო, შენს სიკეთეს, სიბრძნეს და შენს სილამაზეს ვფიცავ, ვფიცავ შენს სიცოცხლეს და შენს სიკვდილს, შენს მზეს დ შენს ვარსკვლავებს, ყმა ვარ უერთგულესი შენი, კუბოს კარამდის და მას იქითაც...“ - და თუ გაიხსენებთ, როგორი სიყვარული იციან ღრიანკალმა ქალებმა...

და ბოლოს

ვარსკვლავთმრიცხველების მიერ დახასიათებული ქალის რამდენიმე თვისება ნატო გაგნიძეს ნამდვილად ვერ შევამჩნიე, მაგრამ რადგან ის ხალხი ჩემზე უფრო მცოდნეა, დავუჯერებ და მოგახსენებთ: თურმე, „ღრიანკალი ქალები დანარჩენ მდედრებს ოდნავი სიბრალულით ეკიდებიან. მათ ეცინებათ ხოლმე, როცა ხედავენ, როგორ ბრიყვულად ცდილობენ მავანნი მამაკაცის მოხიბვლას ან მეუღლის შენარჩუნებას - მათ საამისოდ არანაირი ძალისხმევის გაწევა არ უხდებათ“ (აი, ეს კი მჯერა!). ღრიანკალი ქალი არასოდეს არავის დაედევნება და კისერზე არ დაეკიდება, თუ მაინცდამაინც მოუნდა, ნელა, საქმის ცოდნით დაიძვრება თავისი მიზნისკენ, და ისიც მონუსხულ-გაშტერებული მიადევნებს თვალს.

როგორც ჩანს, ღრიანკალი ქალები ათასწლეულების განმავლობაში აშტერებდნენ ასტროლოგებს - ასეთი გულიდან ამოხეთქილი სიმწარით არცერთი სხვა ნიშანი არ ჰყავთ დახასიათებული.

„ის შეიძლება სასტიკი იყოს და სარკასტული, გაზაფხულის სიოსავით ნაზიც და ფოლადივით გავარვარებულიც, შეიძლება, სასტიკად შეგიძულოთ, მაგრამ მისი სიყვარულიც ასეთივე ძლიერია. ამ ქალის შემყურეს, შეიძლება ჟრუანტელმა დაგიაროთ. მას უჩვეულო ხიბლი აქვს და ზოგჯერ ნამდვილ კუდიანადაც შეიძლება მოგეჩვენოთ. თავისი მისტიკური მეექვსე გრძნობით ის უმალვე ხვდება, ვისთან აქვს საქმე, და თქვენც უმალვე იგრძნობთ მის გავლენას. და მაშინ ორიდან ერთი გზა გექნებათ ასარჩევი: ან უკანმოუხედავად უნდა დანებდეთ, ან უკანმოუხედავად უნდა გაიქცეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, იამაყეთ, რომ მან ყურადღება მოგაქციათ“.

ესეც ბრძენმა ვარსკვლავთმრიცხველებმა თქვეს. ხოლო თუ მათი არ გჯერათ, ეწვიეთ სანდრო ახმეტელის თეატრს და ნახეთ Ecce Femina! პიესა ერთი აქტიორისათვის. “… სიკვდილზე მწარეა დიაცი, რომელმაც მოგინადირა შენ! მახეა გული მისი და ბორკილი - მისი ხელები. ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი დატყვევდება მისით… ჩემს თვალებს ძილი არ უნახავთ არც დღე, არც ღამე. და კვლავ და კვლავ ეძიებდა გუნება და გული ჩემი, მაგრამ ვერ ვპოვე. ათასში ერთი ვპოვე მამაკაცი და არც ერთი - ქალი…“

იქ ნატო გაგნიძე თამაშობს, და შეგიძლიათ თავად გახდეთ იმის მოწმე, თუ როგორ სვამს ის წერტილს სცენაზე.

მორჩა.

ფარდა.

P.S. იცით, რა ცუდი და უმადური საქმეა ქალის შესახებ წერა? ზოგი აუტანელი არსებაა, მისალმებისას არ იღიმება, კრიჭაშეკრული ლაპარაკობს, ინტელექტუალობაზე დებს თავს ან, ელოჩკა შჩუკინას პრინციპით, ორიოდე სიტყვას თუ ამოიზმუვლებს ხოლმე. თუ ღმერთი გაგიწყრა და ეს ფაქტი აღნიშნე, გამოდის, რომ მთელს საქალეთს ერჩი, გშურს თუ რა ვიცი, ათასგვარი ჯანდაბა. თუ შესანიშნავ ქალთან მოგიწია შეხვედრა და მოგწონს და ამას წერ, მკითხველები უცნაურად გიღიმიან:

„ჰიჰიჰი...“

„რა?“

„არა, არაფერი, ჰიჰიჰი...“

არსებობს ერთი გამოსავალი: სტატია პირობითი სათაურით ТАСС уполномочен заявить, მაგრამ ამას ვერ დავწერდი.

განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, როცა საქმე ნატო გაგნიძეს ეხება.

5 ტიბეტური ნივთები

▲back to top


სპეც-პროექტი:

0x01 graphic

ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

სვანი ვარ. მესტიაში სახლი მაქვს. ეზოში რომ გავდივარ, პირველი, რასაც ვხედავ, თეთნულდია - სვანეთის კავკასიონის და, ალბათ, მთელი კავკასიონის ერთ-ერთი ულამაზესი მწვერვალი. ეს მთა ბავშვობიდან შემიყვარდა. მთა რომ ვირუსივითაა, ამის მტკიცებას არ დავიწყებ. უბრალოდ გეტყვით, რომ სხვა მთაც შემიყვარდა. ჯერ კავკასიონს გავხედე, მერე თვალები უფრო ფართოდ გავახილე და იქით, აზიისკენაც გავიხედე - კუნლუნი, ტიანშანი, ჰიმალაი...

არ არის გასაკვირი, რომ ჰიმალაიმ ყველაზე მაგრად მიმიზიდა. ძალაუნებურად, მის გარშემოც მიმოვიხედე - კატმანდუ, თხიმფხუ, ლხასა...

არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ყველაზე მეტად ლხასამ მომხიბლა, თავისი პოტალას სასახლით და 1959-ში ინდოეთში გადახვეწილი 14-ე დალაი-ლამათი. მას შემდეგ ყველაფერი, რაც ტიბეტს ეხება, ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა.

ენციკლოპედია გადავშალე და ჩავუღრმავდი.

1959 წლის 9 მარტს ლხასაში ჩინეთის არმიამ მარშით ჩაიარა.

1959 წლის 10 მარტს ტიბეტის ნაციონალურმა მოძრაობამ ლხასაში საპროტესტო აქცია მოაწყო, რის გამოც ჩინელებმა ათასობით ტიბეტელი დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

1959 წლის 17 მარტს 14-ე დალაი-ლამა და ათასობით ტიბეტელი ტოვებს ქვეყნის ტერიტორიას - ინდოეთში მიდიან, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს იღებენ. 14-ე დალაი-ლამა დღემდე იქ მოღვაწეობს.

1965 წელს ტიბეტის მიწები გაფორმებული იყო, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავტონომიური ოლქი - ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკა - Tibet Autonomous Region (TAR).

ეს სპეც-პროექტი ტიბეტში მოგზაურობის შედეგი არ არის. ეს ჯერ კიდევ ჩემს ოცნებად რჩება. თუმცა ჩემი რესპონდენტების საშუალებით, უფრო დავუახლოვდი მას.

მაშ ასე, ეგეთი ამბავია: ტიბეტიდან და ნეპალიდან ჩამოტანილი ტიბეტური ნივთები.

0x01 graphic

ნათია აბრამია

პროფესია: ჟურნალისტი
სიმბოლო: მანტრა
ლექსიკონი: მანტრა - ტიბეტური სიწმინდე
რა ღირდა: 10$
რეალური ფასი: არ ვიცი, მე ხომ არ შემიძენია?!
სიმაღლე: 3700 მ.
ადგილი: ლხასა

რატომ: „არ მიყიდია, მეგობარმა მაჩუქა - „ყველაფერი კარგად იქნება“-ს პრინციპით. დალაი-ლამასთან ინტერვიუს აღებაზე განაცხადი რომ გავაკეთე, - უფრო სწორად, გავაგზავნე და პასუხს ველოდებოდი, მიმიღებდა თუ არა, - აი, მაშინ მაჩუქა. მეორე დღესვე დადებითი პასუხი მომივიდა. იმის მერე, ეს ნივთი ჩემთვის წარმატების მომტანია.“

0x01 graphic

ანა კონტრიძე

პროფესია: აღმოსავლეთმცოდნე - სინოლოგი
სიმბოლო: Om mani Pad-me Hum - ტიბეტური სიწმინდე
ლექსიკონი: Om mani Pad-me Hum - ტიბეტური ლოცვა
რა ღირდა: 30-50 ცენტი.
რეალური ფასი: „გასაყიდად არ მზადდება, თავისთვის აკეთებენ“.
სიმაღლე: 3200 მ.
ადგილი: სინინი

რატომ: „ჩემთვის ეს ნივთი სუვენირზე მეტია... ალბათ, უფრო რაღაც სიწმინდეა... ჩემი სამყაროა“.

ირაკლი ყანდარელი

პროფესია: არქიტექტორი
სიმბოლო: დანა
რა ღირდა: 10$
რეალური ფასი: „ეს დანა მაღაზიაში არ მიყიდია, არ ვიცი“.
სიმაღლე: 3200 მ.
ადგილი: სინინი

რატომ: „გავრცელებული აზრია, რომ ლხასა ლამაიზმის ცენტრია, მაგრამ ასე არ არის. ის, უბრალოდ, უფრო მასიურია, თორემ სინინი ყველა ტიბეტელის ყველაზე წმინდა ადგილია. თან, რა არის იცი? სინინში რომ მოხვდე, იქამდე გზა მუხლებით უნდა გაიარო. ყველა ტიბეტელისთვის ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანია. წარმოიდგინე, ნეპალიდან მოდიან, სულ მუხლებით, და როდესაც სინინის მონასტერში ადიან, უკვე დაბერებულები არიან - ამასობაში ათწლეულები გადის. ეს დანაც მათგან ვიყიდე. თან, მე იმ პერიოდში ვიყავი, როცა ტურიზმი ისე განვითარებული არ იყო, როგორც დღეს. დღეს უკვე სპეციალურად ამზადებენ ისეთ ნივთებს, რომლებიც ტურისტებს მოსწონთ. ეს დანა კი კომერციული მიზნით გაკეთებული არ არის“.

0x01 graphic

მაია კუპრავა-შარვაშიძე

პროფესია: ისტორიკოსი
სიმბოლო: მძივი
რა ღირდა: 1,5$
რეალური ფასი: „იქ ეგეთი ცნება არ არსებობს.“
სიმაღლე: 3700 მ.
ადგილი: ლხასა

რატომ: „ლხასაში შემთხვევით მოვხვდი: კურსელებთან ერთად, ჩინეთში ვიყავი სამოგზაუროდ, მაგრამ ტიბეტზე არაფერი ვიცოდი. გეგმაშიც არ გვქონია იქ წასვლა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ვიყავით, როდესაც ქუჩაში ვიღაც ტიბეტელი პოტალას სასახლის ფოტოებს და ნახატებს ყიდდა. პოტალა ისეთი ლამაზია, არ შეიძლება არ მიგიზიდოს. გადავწყვიტეთ და წავედით, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა - ფული ცოტაღა გვქონდა. და ეს მძივი ბოლო დოლარნახევრით ვიყიდე. რატომ მძივი? არ ვიცი. რამე აუცილებლად უნდა წამომეღო, რაც იქაურობას გამახსენებდა და ხანჯალს ხო არ ვიყიდდი? ბოლოს და ბოლოს, ქალი ვარ.“

0x01 graphic

რეზო თაბუკაშვილი

პროფესია: მწერალი
სიმბოლო: ტიბეტური მჭიდი; ტიბეტური მუნდშტუკი
რა ღირდა: „მჭიდი გაცვლილია „ვოქმენში“; მუნდშტუკი - 20$
რეალური ფასი: არ ვიცი.
სიმაღლე: 3700 მ.
ადგილი: ლხასა

რატომ: „რა ვიცი, ალბათ, მაინც იმიტომ, რომ წარსულთან გაკავშირებს, რომელიც კინოში გაქვს ნანახი, ან წიგნში წაკითხული. ეს მჭიდი იცი როდინდელია? ჩინელები რომ შევიდნენ ლხასაში, აი, მაშინდელი. ტიბეტის დაპყრობას რა უნდოდა - ერთ კვირაში აიღეს. ამათ კი ინგლისური „ვინტოვკების“ მეტი არაფერი ჰქონდათ. ჰოდა, როგორც შეეძლოთ, გაუმკლავდნენ.

მუნდშტუკი კიდევ ვიღაც ტიბეტელი ბაბუსგან ვიყიდე. მაგარი რამეა, არა? რო ჩამოვიტანე და გავწმინდე, ჰაშიშის ნაფხვენები ეყარა. უეჭველად, ის ბაბუც ქაჩავდა“.

სოფიო თვარაძე

პროფესია: მთამსვლელი
სიმბოლო: ხის ნიღაბი; პორტერი
ლექსიკონი: პორტერი - იაფფასიანი (ორდოლარიანი) მუშა - ტვირთის მზიდავი საბაზო ბანაკამდე;
რა ღირდა: ნიღაბი - 2$, პორტერი - 1$
რეალური ფასი: (მხრებს იჩეჩავს)
სიმაღლე: 3700 მ.
ადგილი: ნამჩებაზარი - გზად ჯომოლუნგმას საბაზო ბანაკამდე

რატომ: „ნიღაბი რატომ? რა ვიცი, უბრალოდ, დეკორაციის მიზნით.“ და პორტერი: „სიმბოლურად. რო ნახო, რამდენ ტვირთს ათრევენ ორი დოლარის გულისთვის... და ისე მშვიდად აკეთებენ ამ ყველაფერს... ცოდოები არიან.“

0x01 graphic

0x01 graphic

გია თორთლაძე

პროფესია: მთამსვლელი
სიმბოლო: ტიბეტური დანა
რა ღირდა: 11$
რეალური ფასი: 300-400$
სიმაღლე: 3500 მ.
ადგილი: მაიმუნების მთა

რატომ: ვარჯიშობდა. „მაიმუნების მთაზე... მაიმუნების მთა ხომ იცი, ძალიან ბევრი, ცხრაას საფეხურიანი კიბე რომ არის? იმ კიბეზე ავრბოდი. სადღაც, შუამდე არ ვიყავი მისული, როცა ვიღაც ტიბეტელი გამყიდველი შემხვდა. დახლი - „ბაზრობა“ ჰქონდა გამართული. დავიწყეთ ვაჭრობა. 11 დოლარის მეტი არ მქონდა. ჰოდა, 11 დოლარამდე ჩამოვიყვანე. მაგრად ვივაჭრე“.

განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ხმლების, დანების, ხანჯლების კოლექციონერი ვარ. ეს ტიბეტური დანა ერთ-ერთი უძვირფასესია ჩემს კოლექციაში და ძალიან მიყვარს... კოლექცია გავამდიდრე“.

გუგა კოტეტიშვილი

პროფესია: დიზაინერი
სიმბოლო: ურდული; საცერი
რა ღირდა: ორივე ერთად 10-11$
რეალური ფასი: „აბა, მე რა ვიცი?!“
სიმაღლე: 3500 მ.
ადგილი: მაიმუნების მთა

რატომ: „მიყვარს „რკინეულობა“, მერე რაღაც-რაღაცეებს ვამატებ... და საერთოდ, რკინაზე ვმუშაობ. ურდული რატომ? ჩემი კარი არასოდეს იკეტება - სწორედ ურდული აკლია. ხოდა, ვიფიქრე დავაყენებ-მეთქი. თან, რაღაც უცნაურია, არა?! რო შეხედავ, რაღაც „არბალეტი“ ან ეგეთი რამე გეგონება. რა თქმა უნდა, ურდული არ დამიყენებია. ისე, შინაგანად კეტავს ჩემს კარს.

საცერი? ესეც რაღაც საკაიფო ტიპია. ქუდს ჰგავს, ტიბეტელი ჯარისკაცის ქუდს. ისე კი ვიფიქრე, რამეს გავცრი ან მოვამზადებმეთქი ამაში...“

0x01 graphic

6 ვიდრე გუდაური იქნებოდა!

▲back to top


ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ლევან ლორთქიფანიძე.

დაიბადა: 1939-ში, თბილისში.

პროფესია: არქიტექტორი.

მოწოდება: თხილამურების მასწავლებელი

დააპროექტა: სამთო კურორტი გუდაური

მუშაობს პროექტებზე: ბაკურიანის რიტუალების სასახლე; დიდველის და ცხრაწყაროს (ბაკურიანი) სამთო კურორტები;

ოჯახი: მეუღლე - თათე ხარებავა, რომელიც მისი საყრდენია. სამი შვილი - ნატო, ბეჟო და რუსო. შვილიშვილი - ნინო.

უყვარს: მუსიკა - კლასიკა და კლასიკური ჯაზი. (რეპს ვერ შეეგუა). სრიალებს თხილამურებზე და სხვებსაც აძლევს ამის საშუალებას.

აქვს: მწვანე „ნივა“ და კოტეჯი გუდაურში.

დახასიათება: იშვიათად იცინის - სულ ისეთი სერიოზულია, გეგონებათ მუდამ რაღაც აწუხებს, ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტია, რა ქნასო. ყოველთვის, როცა რამეზე საუბრობს, დაწვრილებით ასაბუთებს და ხსნის ყველაფერს. ალბათ, ყველა ახალგაცნობილს ჰგონია, რომ ლევან ლორთქიფანიძე სუპერმელანქოლიკია. თუმცა, პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის არ ამართლებს. ის ხშირად არ იცინის იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. კარგი იუმორის მქონე ადამიანები კი, როგორც წესი, ნაკლებად იციანიან და ჭკუამხიარულის შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. ბრწყინვალე თვითირონიის უნარი აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს ყველასთვის უბრალო, საინტერესო ადამიანად დარჩეს.

ურთიერთობებში ყველანაირი სტანდარტებიდან ამოდის. იმ დონის თავისუფლებას აღწევს, მასთან საუბრის დროს გეგონებათ, სარკესთან ზის და თავის თავს ელაპარაკებაო.

დანარჩენი ქვემოთ!

0x01 graphic

დედამიწაზე ყველაფერი იწყება და მთავრდება რაღაცით და რაღაცნაირად. ზღაპარი, მაგალითად, „იყო და არა იყო რა“-თი იწყება და „ჭირი იქა, ლხინი - აქა“-თი მთავრდება. მე სხვანაირად, ჩემი მოგონებებით დავიწყებ, სადღაც შუაში - ობიექტურად გავაგრძელებ და ისევ მოგონებებით დავასრულებ.

თხილამურებზე მამაჩემმა ექვსი წლის ასაკში მიმიყვანა. ალბათ, იფიქრა, მომავალი ცურბრიგენი ან სტენმარკი მეზრდებაო (მოუნდა, რა!).

ძალიან ბევრნი ვიყავით - ასამდე ბავშვი. მწვრთნელები კი სულ ოთხნი იყვნენ, მამაჩემის ჩათვლით. ჩვენ ოთხ ჯგუფად უნდა გავეყავით. ატყდა ერთი ამბავი: შენ იმასთან გადადი, შენ - ამასთან, შენ კი - ისევ იმასთან.

ამ ოთხი მწვრთნელიდან ეგრევე გამოვარჩიე ერთი. ის ყველაზე მშვიდად აკვირდებოდა და ეგუებოდა იმ ბავშვებს, რომლებიც „ბედმა არგუნა“.

ამ კაცს, ზუსტად არ მახსოვს, შავი თუ ყავისფერი ellesse-ს კომბინეზონი ეცვა. თმა მაშინაც თეთრი ჰქონდა. გამოხედვაც ისეთივე მშვიდი, როგორიც ახლა. ერთი შეხედვით, შეიძლება მკაცრიც კი მოჩვენებოდა ადამიანს, მით უფრო ექვსი წლის ბავშვს, მაგრამ ამ სიმკაცრის მიღმა, კარგად ვერ იმალებოდა ის სიმშვიდე, ის სიწყნარე, ის სითბო და კეთილგანწყობა, რომელმაც სურვილი გამიჩინა, მის ჯგუფში მოვხვედრილიყავი და რაზეც ჩემს გვერდზე მდგომ ცოტნე ებრალიძეს ვუთხარი: ნეტა ამ „მასწ“-თან მოვხვდე-მეთქი. ცოტნე სწორედ იმ „მასწ“-თან მოხვდა, მე - სხვასთან.

იმ მასწ-ზე!

ერთ ამბავს მოგიყვებით: ლევან ლორთქიფანიძემ გუდაურისთვის საჭირო კაბელი იშოვა - იყიდა თუ აჩუქეს, არ ვიცი. დახვეული კაბელი მხარზე აქვს ჩამოცმული და სახლისკენ მიდის. ალბათ, ცოტა გახარებულიცაა. გზაში, მრგვალ ბაღთან, მეგობარი, ელიკო მხეიძე შეხვდა. იქვე, ახლო-მახლო უამრავი ხალხი ირეოდა. სიტუაციას ეტყობოდა, რომ რაღაც მოხდა. აღმოჩნდა, რომ მათი ნაცნობი გარდაცვლილიყო. ლევან ლორთქიფანიძემ მოიხსნა კაბელი და ელიკოს გაუწოდა - ორი წუთით დამიჭირე, ავალ და წიმი-წუმებში აქ ვარო.

ეგეთი ამბები, მოგეხსენებათ, რაც არის - უამრავ ნაცნობს გადაეყრები, თან ისე, მოუკითხავად ხომ არ გაუშვებ. ჰოდა, ათასი ნაცნობი ნახა და მოიკითხა. ისინიც არ ეშვებოდნენ. როგორც იქნა, სადარბაზოდან გამოვიდა და პირველ რიგში, შვებით ამოისუნთქა. მერე... გაუყვა გზას სახლისაკენ.

მივიდა. მოშინაურდა. ამასობაში ტელეფონმაც დარეკა:

„ალო, ალო, გისმენთ!“ - აიღო ყურმილი ბატონმა ლევანმა.

„კაბელი არ გინდა?“ - გაისმა ხაზის მეორე ბოლოდან.

„რა კაბელი?“

„რა კაბელი და... ელიკო ვარ!“

ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ლევანს და მის მეუღლეს, თათეს, ერთნაირი ბოტასები ჰქონდათ. ჰოდა, გაირკვა, რომ ლევან ლორთქიფანიძეს ხან ორივე ფეხზე თავისი ბოტასი ეცვა, ხან ერთი თავისი, მეორე - მეუღლის, ხანაც კი, ორივე ფეხი მეუღლის „კროსოვკებში“ ჰქონდა გაყრილი და ასე დადიოდა.

პროფესია: არქიტექტორი

მშობლები არქიტექტორები იყვნენ და, ალბათ, ამან განაპირობა, რომ ლევან ლორთქიფანიძეც არქიტექტორი გახდა. არადა, ბატონი ლევანის მშობლებს არ უნდოდათ, რომ მათი შვილი იგივე გზას დადგომოდა.

შეიძლება ითქვას, ცოტა გაუმართლათ კიდეც - თავიდან ლევან ლორთქიფანიძემ ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ამის მიზეზი ის იყო, რომ არქიტექტურულისთვის სრულფასოვნად ვერ მოემზადა - ბაკურიანში თხილამურზე სრიალის დროს გაწყვეტილმა მყესებმა შეუშალა ხელი.

მეორე კურსზე იყო, როდესაც მიხვდა, გზას ავცდიო და არქიტექტურულზე გადავიდა. თურმე, ვინც კი გაიგო, არქიტექტურულზე ფიზიკის ფაკულტეტიდან გადმოვიდაო, სიცილს ვერ იკავებდა - ამისგან რა არქიტექტორი უნდა დადგესო. ისე, გასაკვირი არც არაფერია - სასაცილოა, აბა რა! მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც თეატრალურში ვაბარებდი, ტელე-კინო სარეჟისოროზე. გასაუბრებაზე ერთი გოგო მოვიდა, მარიამი. რატომ მოგინდა სარეჟისოროზე ჩაბარებაო, ჰკითხეს. სტომატოლოგიურზე ვაბარებდი, ქულები არ მეყო და გადავწყვიტე აქ ჩამებარებინაო. ვიცინე, აბა რა! მაგრამ ეგეთებს უფრო გამოსდით - ალბათ იმიტომ, რომ უფრო მონდომებით სწავლობენ და უფრო გამტანები ხდებიან. როგორც არ უნდა იყოს, მარიამის და ლევან ლორთქიფანიძის შემთხვევაში ასე მოხდა - პირველმა კინო გადაიღო, მეორემ - გუდაური დააპროექტა. ეგეც თქვენი კინაღამ ფიზიკოსი.

0x01 graphic

გუდაური

თხილამურზე შვიდი წლიდან დგას. მაშინ ბაკურიანის გარდა, სხვაგან ვერსად ისრიალებდი. ბაკურიანიც, რაღაც ვერ იყო ტურისტებისთვის კომფორტული - უფრო სპორტსმენებისთვის იყო გამიზნული. ამას ხედავდა და ახალი ადგილის ძებნა და შემდეგ მისი კურორტად ქცევა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ხედავთ, მიზანს მიაღწია.

გუდაურის შექმნას ძალიან დიდი და იმედგაცრუებების ისტორია აქვს.

ამიტომაც, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს გეტყვით: დღეს რომ გუდაურში ვსრიალებთ და ათასი სასტურმო არსებობს, სოლიკო ხაბეიშვილის, ლევან ლორთქიფანიძის და ვლადიკა მალოვიჩკოს დიდი დამსახურებაა. ხოდა, კიდევ ედუარდ შევარდნაძემაც მიიღო ამაში მონაწილეობა.

გუდაური ოფიციალურად 1988 წელს გაიხსნა. ლევან ლორთქიფანიძისთვის გუდაური შვილივითაა და ძალიან უყვარს, თუმცა სულ ამბობს, სანამ გუდაური იქნებოდა, ბაკურიანი იყოო.

გუდაურის გარდა, ბატონი ლევანის პროექტებიდან „გამორჩეულია“ „გეპეის“ კორპუსი, რომლის მშენებლობაც დაიწყეს და ვერ ან არ დაასრულეს. ახლა ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელიც ბაკურიანის მსოფლიო სტანდარტების დონის სამთო კურორტად ქცევას ისახავს მიზნად. ძალიან გამიკვირდა და თან გამიხარდა, როდესაც ბატონმა ლევანმა მითხრა, ბაკურიანში რიტუალების სასახლე აშენდება, რომელიც ჩემი დაპროექტებულიაო. წარმოვიდგინე, როგორ ჩავალ ბაკურიანში და საქართველოში ერთადერთ რიტუალების სასახლეში ხელს მოვაწერ (ოცნებას არავინ მოუკლავს). ასევე ცდას არ აკლებს და განიცდის ბაკურიანის მომავალს, რომელიც, წესით და რიგით, ბრწყინვალე უნდა იყოს, მაგრამ ეშინია, რამე არ გაფუჭდეს, ისევ არ დაბლოკონ, როგორც ადრე.

მოწოდება:
თხილამურების მასწავლებელი

თავიდან, სპორტსკოლა რომ შეიქმნა, მის დამაარსებლებს „ენთუზიასტებს“ უწოდებდნენ. ლევან მასწ-ი კი ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი იყო. საშინელი პირობები ჰქონდათ. ზოგი იმასაც კი ამბობდა, რატომ, რისთვის წვალობენ, რას ელოდებიან ამისგანო. არ ვიცი სხვა რას ელოდებოდა, მაგრამ ლევან მასწ-მა ის მიიღო, რასაც ელოდა - ურთიერთობები. იმდენი არ მიცხოვრია, რომ განვსაჯო, რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მაგრამ ვხვდები, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საწინდარია იმისათვის, რომ იცხოვრო და არა იარსებო.

ლევან მასწ-ი სიხარულით იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც „ენთუზიასტობდა“ და თაობებს არაფრის (არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს „არაფერი“ - ყველაფერია) ფასად ზრდიდა. მაშინ სწორედ ურთიერთობების ხარჯზე გადიოდნენ ფონს. დღეს თუ რაიმე გამაჩნია და რამეს მივაღწიე, იმ ურთიერთობების დამსახურებაა, რომელიც სუფთა და ჩვილივით უმანკო იყოო.

ამბავი, რომელიც მამაჩემმა მიამბო

იანვრის ბოლოს, გუდაურში საძაგელი ამინდები იცის. ასე იყო იმ წელსაც - გარეთ ვერ გახვიდოდი: თოვდა და საშინელი ბურუსი იყო. საერთოდ, როდესაც გუდაურში ხარ და გარეთ ასეთი ამინდია, სიკვდილი გინდება. ყველანი მოწყენილები იყვნენ. პრეფერანსის თამაშიც აღარ შეეძლოთ - ყელში ჰქონდათ ამოსული. მოკლედ, არ იცოდნენ, რა ექნათ. ლევან მასწ-იც იქვე იყო, მაგრამ მას ვერაფერს შეატყობდით, რადგან ის სულ ასე იყო - მოაზროვნესავით ჩაფიქრებული. დანარჩენებიც რაღაც უაზრობით იყვნენ დაკავებული. არავინ იცის, რატომ ადგა ლევან მასწ-ი, რატომ მივიდა სარკესთან და რატომ მიაქცია მას ყველამ ყურადღება. ძალიან დინჯად ამოიღო სათვალე და ასევე ძალიან დინჯად გაიკეთა. სარკეში დიდი ხნის ყურების შემდეგ, დაინტერესებული აუდიტორიისკენ შეტრიალდა და... „მგონია, რომ თავადი ვარ, თანაც სიმპათიური და ვერ ვხდები, ეს სათვალე ყურებამდე რატომ არ მწვდება“-ო.

იმ დღის გარდატეხა სწორად ამ ეპიზოდის შემდეგ მოხდა: ღამე, თოვლში და შედარებით გაფანტულ ბურუსში, პროჟექტორები აუნთიათ და სრიალებდნენ. თან მარტო კი არ იყვნენ, ბავშვებიც გაიყვანეს სასრიალოდ.

თუმცა... როგორი მშვიდი და მხიარულიც არ უნდა იყო ადამიანი, ყოველთვის დგება წუთი, როცა ბრაზდები, ყვირი და ხელებს უაზროდ შლი. პირადად არასოდეს მინახავს გაბრაზებული ლევან ლორთქიფანიძე, მაგრამ ვიცი ადამიანი, რომელმაც ნახა და...

ამბავი, რომელიც იმ ადამიანმა მიამბო

„ის ადამიანი“ ათი-თერთმეტი წლის იყო, როდესაც ზაფხულში თეთრწყაროში წაიყვანეს. ლევან მასწ-იც იქ გახლდათ. ბავშვებიც ბევრნი იყვნენ. თეთრიწყაროს გარშემო, უამრავი ისტორიული ძეგლია - ზოგი მოქმედი და ადვილად მისადგომი, ზოგიც - შიგ უღრან ტყეში, ან კლდის წვერზე და, რა თქმა უნდა, არამოქმედი. ამ ძეგლების სანახავად გასვლებს, ან თუ გნებავთ, ლაშქრობებს აწყობდნენ ხოლმე. უფროსები, მათ შორის ლევან მასწ-იც, ხშირად წინ მიდიოდნენ, რათა გზა დაეზვერათ, შეემოწმებინათ, რა და როგორ. ერთხელაც დასაზვერად წასულ ლევან მასწ-ს არ დაელოდა „ის ადამიანი“ და რაღაც ფერდობზე დაეშვა. ხუთ წუთში უკან ტირილ-ტირილით ამობრუნდა და დანარჩენ უფროსებს უთხრა - იქ ვიღაც კაცია, ხელებს გვიქნევს და გვიყვირისო. ის „ვიღაც კაცი“ ლევან ლორთქიფანიძე იყო, რომელსაც არც ტანსაცმელი გამოუცვლია, არც წვერი გაუპარსავს და არაფერი შეუცვლია - ისევ ისეთი იყო, როგორიც დასაზვერად წასვლამდე ხუთი წუთით ადრე. უბრალოდ, ლევან მასწ-ი შეშინდა, ბავშვები არ დაგორდნენ, რამე არ მოუვიდეთო და ხელით ანიშნებდა და ხმამაღლა ეძახდა, უკან აბრუნდითო. „იმ ადამიანისთვის“ ისეთი უჩვეულო იყო ლევან მასწ-ის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, ვერ დაიჯერა, რომ ეს შეიძლება ლევან მასწ-ი ყოფილიყო და სხვა, გაბრაზებულ კაცად მიიღო.

ლევან მასწ- და აღსაზრდელი - მთიული ქირიკაშვილი

ნიშანდობლივია ლევან მასწ-ის და მისი აღსაზრდელის, მოხევე თუ მთიული ქირიკაშვილის ურთიერთობა. ლევან მასწ-მა ქირიკაშვილს თხილამურებით მოხვევა ვერაფრით ასწავლა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ქირიკაშვილს, უბრალოდ, არ უნდოდა მოეხვია - აწვებოდა, რა. როცა ლევან მასწ-ი მიხვდა, არ უნდა ამ კაცს მოხვევა და ძალას ხო არ დავატანო - თავი დაანება. წლების შემდეგ, ლევან მასწ-ი და ქირიკაშვილი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ლევან მასწ-მა ჰკითხა, მოუხვიე თუ არაო. ქირიკაშვილი ალბათ იმდენჯერ აილეწა, ბოლოს თვითონ მიხვდა, რომ უნდა მოეხვია.

ეს ის ქირიკაშვილი იყო, რომელიც ერთხელ ლევან მასწ-თან მივიდა და უთხრა: „ლევან მასწ, ქალამან დავკარგე“. ლევან მასწ-ი გვიან მიხვდა, რომ ქალამანი თხილამური ყოფილა, თუმცა მას მერე, როდესაც ქირიკაშვილი ახლო-მახლო ჩნდებოდა, ლევან მასწ-ი თხილამურს განგებ ეძახდა ქალამანს. ასე „აწვებოდა“ აღსაზრდელი ქირიკაშვილი და ასე „უსწორებდა“ მას ლევან მასწავლებელი.

დასასრული

თავიდან დაგპირდით და აგისრულებთ - მოგონებით დავამთავრებ.

სპორტსკოლაში რომ ვიყავი, მწვრთნელები შიდა შეჯიბრებებს გვიტარებდნენ. გამარჯვებული ყოველთვის ცოტნე ებრალიძე იყო. ყველას გვჯობდა, რა. მე ათეულში ვხვდებოდი, მაგრამ ხუთეულამდე არცერთხელ არ მიმიღწევია. ერთხელ ჯგუფები შეცვალეს და მე ლევან მასწ-თან მოვხვდი. იმ შეკრების ბოლოს ჩატარებულ შიდა შეჯიბრში პირველი ადგილი ავიღე. შეიძლება ლევან მასწ-ს არც ახსოვს და არც მიუქცევია ამ ფაქტისთვის ყურადღება, მაგრამ მე ზუსტად მახსოვს და ვიცი, რომ ეს მისი დამსახურება იყო.

7 ყველაზე ავანგარდული წყვილი

▲back to top


ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ნიკ მანჰეტენის არქივი

0x01 graphic

ნიკი, გები და ქურდების თეატრის დასის წევრი Say Uncle-ის პრემიერაზე

0x01 graphic

კითხვა ყოველთვის ერთია:

რატომ ვარ აქ?

რა მინდა?

ნიკი FridgeFest-ის პლაკატზე

მოდი, ვიქურდოთ. მოდი, მოვტაცოთ ყურადღება ნორმას.

გთხოვთ, იცნობდეთ - ნიკი და გები

„ერთმანეთს 1980 წელს შევხვდით“ - ასე იწყებს თხრობას ყველა წყვილი, რომელიც ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა. გაგრძელება კი ყველა ისტორიას სხვადასხვაგვარი აქვს. თუმცა, ამ სხვაობებსაც თავისი ხარისხი გააჩნია. მაგალითად, ნიკ ფრაკაროსა და გებრიელ შაფერის ისტორია ათასი პროცენტით განსხვავდება ყველა იმ რომანისგან, რომელიც 1980 წელს დაიწყო.

მარტივი სტატისტიკა რომ ჩავატაროთ, გამოვა, რომ ნიკი და გები ამ წელს შემდგარი წყვილების მეოთხედსაც არ გვანან. ისინი ქურდები არიან. ოღონდ სტერეოტიპული ქურდი წყვილებისგანაც განსხვავდებიან. არავითარი ბონი და კლაიდი. ნიკი და გები ძარცვავენ სტანდარტებს, აყაჩაღებენ სტერეოტიპებს და ზედსართავ სახელებს, ღრმად შედიან მათ შუაგულში და გამოაქვთ ის, რაც ნორმებსა და ზედაპირულ შეფასებებს მიღმა იმალება.

ეს ყველაზე კეთილშობილური ქურდობაა, რომელიც ქართულ და ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანებისთვის ცეცხლის მოტაცებით დაიწყო და ახლა 21-ე საუკუნის ნიუ იორკშიც გრძელდება. ასეთ ქურდობას ერთი სიტყვა უდევს ხოლმე საფუძვლად - „შეცნობა“. ნიკმა და გებმა გაცნობისთანავე ამოირჩიეს ეს სიტყვა, მისი ხათრით ჩამოაყალიბეს თეატრალური დასი, სახელად „ქურდები“ და მას შემდეგ სხვადასხვა ფორმით, პროექტით და სპექტაკლით, სულ ერთსა და იმავეს აკეთებენ - იკვლევენ იმას, რაც ზედაპირის ქვეშ დევს. მათ რეზიუმეში გრაფა „პროექტების“ ქვეშ ერთი ასეთიც წერია:

1990 წელი - მანჰეტენის ხიდის ქვეშ, ნიუ იორკის ერთ-ერთ უდიდეს უსახლკაროთა უბანში, „ჰილზში“ საფოსტო ტომრებისგან ქოხის აგება, იქ საცხოვრებლად გადასვლა და თეატრალური წარმოდგენების გამართვა.

პროექტის მიზანი - ვიცხოვროთ მათთან ერთად, ვისაც სხვები მხოლოდ შორიდან აკვირდებიან. შევცვალოთ, თუ რამე შეგვიძლია.

ამავე რეზიუმეში სხვა არანაკლებ საინტერესო გრაფაცაა:

1981 წელი - ილინოისის შტატის ციხეში ფრანგი დრამატურგის, ჟან ჟენეს Deathwatch-ის დადგმა, ციხის პატიმრების დასის დახმარებით.

პროექტის მიზანი - მივუჩინოთ ტექსტს (პიესას) ნამდვილი კონტექსტი, რადგან, როგორც წესი, თეატრი თვითონ თეატრის კონტექსტში იდგმება და, შედეგად, ის, რაც სპექტაკლის შემდეგ უნდა დარჩეს, სინამდვილეში არასდროს სცდება თეატრის კედლებს. Deathwatch-ის რეალური კონტექსტი კი სხვაა - ის ჟენემ ზუსტად ციხეში ჯდომისას დაწერა და წერდა მუყაოს ტომრების უკანა მხარეს - იმაზე, რაც ხელში მოხვდა. ანუ, სპექტაკლის ციხეში დადგმა, აბსოლუტურად ლოგიკურია.

ნიკის და გების რეზიუმეში კიდევ უამრავი საინტერესო გრაფაა. ამიტომაც ვითხოვ თქვენგან, რომ იცნობდეთ ერთერთ ყველაზე გაბედულ, სასიამოვნო და კლიშეებისგან ყველაზე თავისუფალ ნიუ იორკულ წყვილს - რეჟისორსა და სცენარისტს, ნიკ ფრაკაროს და მის მეუღლეს, მსახიობ გებრიელ შაფერს.

პირველი გმირი

ასეთ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ გმირები, იგივე თანამოაზრეები. ერთ-ერთი პირველი გმირი მათთვის იყო ჟან ჟენე. ჩიკაგოს თეატრალური სკოლის კურსდამთავრებული ნიკი და სტუდენტი გებრიელი ერთმანეთს ჟენეს პიესაზე მუშაობისას შეხვდნენ. ჟენე უცებ იქცა იდეალად. მარტივი მიზეზით: ჟენეც ქურდი იყო და საერთოდ, მთელი ეს ქურდობის იდეა ამ კაცმა მოიგონა და განავრცო.

ფრანგი მწერალი - ავანგარდული თეატრის წამყვანი ფიგურა მართლაც ხშირად იხდიდა ციხეში სასჯელს ქურდობისთვის. პირველად ათი წლის ასაკში დაიჭირეს. შემდეგ კოლონიაში უკრეს თავი. 19 წლის ასაკში ჟენე იქედან გამოიქცა, ჯერ საფრანგეთის არმიის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანდა, შემდეგ სამხედრო სამსახურზეც უარი თქვა და ევროპის ქვეყნებში ხეტიალს მოჰყვა. მას ხან ყაჩაღობაში სდებდნენ ბრალს, ხან წვრილმან ქურდობაში, ხან - ჰომოსექსუალიზმში. 1948 წელს ის ერთ-ერთ ლიტერატურულ მიღებაზე, დიასახლისისთვის ბრილიანტის სამკაულის მოპარვის ბრალდებით, ციხეში მეათედ ჩასვეს. მაგრამ ამ დროისთვის მის ტექსტებს (ბევრი მათგანი საკნებში იყო დაწერილი) უკვე თანამედროვეთა ყურადღება მიეპყრო. ჟან პოლ სარტრმა და ჟან კოქტომ ვერ გაიმეტეს ჟენე საციხოდ, ჯარიმა გადაიხადეს და მწერალი ციხიდან გამოუშვეს. მისი პიესების გმირები ის ადამიანები იყვნენ, რომლებზეც, როგორც წესი, არავინ წერდა: პატიმრები, მეძავები, უსახლკაროები, სუტენიორები. თავის ავტობიოგრაფიაში Thief's Journal-ში კი ჟენე წერდა: „ვივლი ნელაც და ვივლი ჩქარაც, მაგრამ იმას კი მაინც გავბედავ, რისი გაბედვაც საჭიროა. მოვსპობ ჩარჩოებს, შევაღწევ გარეგნობაში და ერთ მშვიდ საღამოს აუცილებლად გავჩნდები მანდ, შენი ხელის გულზე, წყნარი, პრიალა და გამჭვირვალე, როგორც შუშის სტატუეტი“. ჟენესთვის ქურდობა წმინდა მოგზაურობაა, რომელშიც რელიგიური აღგზნებით ერთვება. ამ უცნაური კაცის რომანის, Querelle of Brest-ის მიხედვით, 1980-იან წლებში რაინერ ვერნერ ფასბინდერმა ფილმი გადაიღო.

ეს ყველაფერი - ფილმიც, ფასბინდერის სიყვარულიც, ჟენეს ორიგინალური მოძღვრების აღმოჩენაც ცხოვრებისეული სტანდარტების გაქურდვის შესახებ, ერთმანეთს დაემთხვა და ნიკ ფრაკაროს ჯერ ის ადამიანები შეუყვარდა, ვინც ჟენეს სცემდა პატივს, შემდეგ თავად ჟენეც. გების კი - ორივე ერთად - აწგარდაცვლილი ფრანგი ავანგარდისტიც და თანაკურსელი ექსპერიმენტატორი ნიკიც.

გები: „რაღაცეებს მივედ-მოვედეთ და როცა გამოვფხიზლდით, უკვე ერთად ვიყავით და თეატრს ვაყალიბებდით“.

ნიკი: „მივხვდით, რომ ჟენეს ხაზს თუ გავყვებოდით, უამრავი რამის გაკეთებას შევძლებდით. ასეთი ცხოვრებისეული მიდგომა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას და მაქსიმალურ შინაგან თავისუფლებას გულისხმობდა. ჟენეს მსგავსად გადავწყვიტეთ, რეალობა ისე მიგვეღო, როგორც ციხე და მისი შეცვლა მხატვრული ელემენტების შეტანით გვეცადა. ყველაზე მაგარი გრძნობა იყო ის, რომ ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.

ქურდობა? ეს გამოწვევა იყო. ქურდობა არის რეალობაზე ზემოქმედების საუკეთესო საშუალება. ეს თამაშია, რითაც რევოლუცია იწყება. შემოდის არლეკინი და სიტუაციაც ნორმიდან იხრება. ქურდობაც ასეა. რეალობას პარავ თეატრალურ სივრცეს, თუნდაც მცირედს და ამით ძირფესვიანად ცვლი მას“.

გები: ჟენე ამბობდა, რომ როგორც კი რევოლუცია ძველდება და ისტებლიშმენტად იქცევა, ახალი რევოლუციის დრო დგება. ბუნებაში ყოველთვის არსებობს ეს ციკლი, რომელიც რეალობას გულწრფელ და მართალ სახეს უნარჩუნებს.

ამ ციკლის განხორციელება გებიმ და ნიკმა 1980 წელს დაიწყეს ხან სპექტაკლით, ხან ქუჩის აქციით, ხან სცენარების მარათონის მოწყობით, ხან - გამოფენებით. მცირე ზომის პიესებს, 1984 წელს ტორონტოში, პიტერ ვაისის Marat/Sade-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლი მოჰყვა, რომელშიც მთავარ როლებს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები, ტორონტოს პანკური ჯგუფის წევრები და რამდენიმე პროფესიონალი მსახიობი ასრულებდა. დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. პრესა აღშფოთებული იყო. ტრადიციული თეატრალური საზოგადოება - განრისხებული. მრავლად გავრცელდა ჭორებიც, რომ, თითქოს, სპექტაკლების მიმდინარეობისას სცენაზე ნარკოტიკს იკეთებდნენ, ვიღაცეებს დანით ჭრიდნენ. გაზეთებში ასეთი შინაარსის წერილებს აგზავნიდნენ: „ეს წარმოდგენა კი არ იყო, უფრო პერვერსიული შოუ გახლდათ, რომელშიც მსახიობებს საშინლად შეურაცხყოფენ... ისეთი ადამიანები, როგორიც ნიკ ფრაკაროა, სასწრაფოდ უნდა მოაშორონ თეატრის სცენას“.

0x01 graphic

გები მაკბეტში

თუმცა, მსგავსმა კრიტიკამ კიდევ უფრო გაააქტიურა ფრაკაროს დამცველების ფრთა. ტორონტოს ყოველკვირეულ გაზეთში ასეთი შინაარსის წერილიც დაიბეჭდა: „აქამდე ნანახი ყველა სპექტაკლისგან განსხვავებით, Marat/Sade-მა გამიჩინა კითხვები, მომანდომა ფიქრი, მაგრძნობინა რაღაც სრულიად ახალი... ფრაკაროც და მთელი დასიც ქების ღირსნი არიან იმ გაბედულებისთვის, რითაც მათ სრულიად ახლებური თეატრი აღმოგვაჩენინეს“.

გები: „ეს მართლაც საოცარი საღამოები იყო. ჩვენ გვქონდა რეალური სცენარი, მაგრამ ყოველ საღამოს, სცენაზე მაინც ყველაფერი იცვლებოდა. თითქოს, სცენარი ჩვენი ასაფრენი ბილიკი იყო - ფეხს მიწას ვკრავდით და ყოველ ჯერზე სხვანაირად დავფრინავდით. სცენაზე იყო სრული იმპროვიზაცია და საოცარი შეგრძნება იმის, რომ ჩვენს, „ნორმალურთა“ საზოგადოებაში გარიყული ადამიანები შემოვუშვით“.

გარიყული ადამიანები, ანუ პანკები - რომელთაც მანამდე არასდროს ენახათ თეატრი, ახლა სათქმელს მაყურებლის წინაშე ამბობდნენ; ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებიც მათ გვერდით იყვნენ. ახლა ეს ადამიანები არა მარტო ებრალებოდათ დანარჩენებს - დარბაზში მსხდომ ნორმალურებს, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, პატივსაც სცემდნენ მათ.

შემდეგ დამთავრდა სპექტაკლები და ნიკისა და გების კანადური ექსპერიმენტიც დასრულდა. ახლა, როცა გაინტერესებს და ეკითხები მათ, თუ რამდენად ხანგრძლივი იყო ამ სპექტაკლების გავლენა საზოგადოებაზე, ნიკი და გები გპასუხობენ, რომ ხანგრძლივობა არც არის მნიშვნელოვანი. როცა ერთ ხერხს ცდი, ის გაამართლებს და თავის თავს ამოწურავს, შემდეგ სხვა ხერხი უნდა სცადო, იმ კონკრეტულ მომენტში გაკეთებული საქმე სხვანაირად უნდა გააგრძელო.

ასეც მოხდა. ტორონტოში ატეხილი სენსაციის შემდეგ, ნიკი და გები ფასბინდერს მიადგნენ.

ნიკი: „ჟენეს მსგავსად, აღმოვაჩინეთ არტო, ფასბინდერი და სხვები. ასეთ შემოქმედებს მუდამ ვეძებთ და შემდეგ მათ შთაგონების წყაროდ ვიყენებთ“.

ანტისემიტიზმი? - მერე რა!

Trash, the City and Death, იგივე „ნაგავი, ქალაქი და სიკვდილი“ - 1974 წელს ფასბინდერის მიერ დაწერილი პიესის სათაური გახლავთ. მის შესახებ მასკულტურაში ბევრი არაფერი იციან, ერთი მარტივი მიზეზის გამო: პიესა დაიწერა, მაგრამ არ დადგმულა. ანტისემიტური განწყობის და არაპოლიტკორექტულობის გამო, საზოგადოებამ ტექსტის მიღებაზე უარი თქვა. მთავარი პრობლემა ერთ-ერთი პერსონაჟი, „მდიდარი ებრაელი“ იყო. მიუღებელი გახლდათ თვითონ სიუჟეტიც - ამბავი იმის შესახებ, თუ რა სიბინძურეები ხდება ფრანკფურტის უძრავი ქონების ბიზნესში.

ფასბინდერმა კი ანდერძივით დაიბარა, რომ სპექტაკლის პრემიერა ორად ორ ქალაქში უნდა გამართულიყო: ან ფრანკფურტში - სადაც მოქმედება ხდება, ანდა ნიუ იორკში. ფრანკფურტში სპექტაკლის დადგმის ოთხი მცდელობა იყო და ოთხივე მარცხით დასრულდა. ნიუ იორკი კი საკუთარ თავზე (თუმცა წლების შემდეგ) ნიკმა და გებიმ აიღეს. გები თვითონაც ფრანკფურტელია, ამიტომ მოლაპარაკებებს ფასბინდერის ლიტერატურის აგენტებთან პირადად აწარმოებდა. გერმანიაში ვიზიტის და მრავალჯერადი მიმოწერის შემდეგ, როგორც იქნა, გერმანული მხარისგან თანხმობა მოიპოვა. პიესა გებიმ თვითონ თარგმნა, სპექტაკლზე მუშაობა კი ნიუ იორკში, ქვედა მანჰეტენზე, ებრაული მოსახლეობით სავსე უბანში, ხელოვანთა კლუბ ABC No Rio-ში დაიწყო.

ეს ადგილი ნიუ იორკში ყველამ იცის. ABC No Rio არის ადგილი, რომელიც მანჰეტენს ჰიპებმა მოსტაცეს და საკუთარ სამფლობელოდ აქციეს. ამიტომ ფასბინდერის ლამის აკრძალული პიესის ამ თავისუფალ სივრცეში დადგმა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო. მერე რა, რომ ქვედა მანჰეტენზე უამრავი ებრაელი ცხოვრობდა. ნიკ ფრაკარო ხომ ფიქრობდა, რომ თუ საზოგადოებას რაღაც თემა აწუხებს, ჯერ უნდა გაარკვიოს, რა არის ეს თემა და შემდეგ დაიწყოს მკურნალობა. ნიუ იორკი და ებრაელები კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი თემა გახლდათ.

0x01 graphic

გების და ნიკის ქოხი უსახლკაროთა უბანში

ესეც რომ არა, ბროდვეი და ცენტრალური თეატრები ფასბინდერის ამ პიესის განხორციელებას არასდროს დათანხმდებოდნენ. ეს ცენტრები ხომ ზედმეტად არიან დამოკიდებული სპონსორებზე, საბჭოს წევრებზე, მსხვილ დონორებზე. ისინი კი ნიუ იორკის პოლიტიკური და ბიზნეს კონიუნქტურის დარღვევას ფასბინდერის პიესის გამო არაფრით დაუშვებდნენ. ამიტომ, ABC No Rio ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერი უბერავდა და ფასბინდერიც მანჰეტენს სწორედ ამ თავისუფალ სივრცეში ესტუმრა.

სპექტაკლმა სრული ფურორი მოახდინა. თანაც ამერიკის და ევროპის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ შტატებში ფასბინდერის ამ პიესის შესახებ არაფერი იცოდნენ, ევროპიდან წამოსულმა ინტერესმა და პიესის მტკივნეულმა თემამ მაინც თავისი ქნა და ABC No Rio-ს ეს წარმოდგენები დღემდე განსჯის საგნად დარჩა.

ნიკი: „პრესა რეპეტიციების დროსაც არ გვასვენებდა. გაიგეს თუ არა, რომ პიესა იდგმებოდა, ჟურნალისტები არა მარტო შტატებიდან, გერმანიიდანაც გვიკავშირდებოდნენ. თუმცა ერთი საგულისხმო შემთხვევა მოხდა. სპექტაკლზე მუშაობის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, „ნიუ იორკ თაიმსის“ ერთი ჟურნალისტი გამოირჩეოდა აქტიურობით. გამუდმებით რეკავდა, უნდოდა გაეგო, რა ეტაპზე იყო მუშაობა; მსახიობების ვინაობით ინტერესდებოდა; ცხადია, სპექტაკლიც ნახა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი რეცენზია გაზეთმა არ გამოაქვეყნა. მიზეზი არავის უთქვამს, თუმცა, ჩვენ ყველაფერს მივხვდით“.

ცხოვრებისეული სპექტაკლი ხიდის ქვეშ

ქურდების გარდა, ჟენეს კიდევ ერთი ტიპის პერსონაჟები ჰყავს - უსახლკაროები. ამ პერსონაჟებით კი დღესაც სავსეა ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის ნიკის და გების ქალაქი - ნიუ იორკი. და რადგან ქურდობის მიზანი შეცნობა და კვლევაა, ქურდობა კი სტანდარტული რეალობის მიჩქმალული მხარეების გაძარცვას ნიშნავს, ნიკი და გებიც უსახლკაროების ცხოვრების „გაქურდვას“ იწყებენ.

1990 წელია - პერიოდი, როცა ნიუ იორკში უსახლკაროთა თემა მწვავე პოლიტიკურ საკითხად არის ქცეული და ნიკ ფრაკარო და მისი მეუღლე ამერიკული საფოსტო ტომრების შეგროვებას იწყებენ. გები სახლში ჯდება და ტომრებისგან საქოხე მასალას კერავს. დიახ, მასალას ინდიელთა ძველებური ქოხისთვის. პარალელურად, პოლიტიკოსები კარიერის გაკეთებას უსახლკაროთა თანაგრძნობით ცდილობენ, მაგრამ ვერც არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას ივიწყებენ: ნიუ იორკში დემოკრატთა ერთიანი კონვენცია უნდა შედგეს, ქალაქი ამ გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება. არადა, მანჰეტენზე უსახლკაროების უამრავი უბანი არსებობს, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

ასეთია დამკვიდრებული სტერეოტიპი - უსახლკაროები მანჰეტენს ამახინჯებენ. მათი ხარა-ხურა ქალაქს უნდა მოშორდეს, ქუჩაში გამოდგმული საწოლები, სანაგვეებთან მოწყობილი კარვები... არადა, ისინიც ხომ ადამიანები არიან? როგორ ცხოვრობენ? რით ცხოვრობენ?

კითხვებზე პასუხის პოვნა მანჰეტენზე ბევრგან შეიძლება, მაგრამ საუკეთესო მისამართი მაინც „ჰილზია“ - ადგილი მანჰეტენის ხიდის დასაწყისში, „ტყუპი“ ცათამბჯენებიდან 10 წუთის სავალზე, ნიუ იორკის ფინანსური ცენტრის მისადგომებთან, ორი დიდი ქუჩის - კანალისა და კრისტის კუთხეში. „ჰილზი“ უსახლკაროთა დასახლებაა - ჭუჭყიანები, გაბოროტებულები, მშივრები, განარკომანებულები - ასეთები პირდაპირ ქუჩაში ცხოვრობენ. მათ ზევით კი, მანჰეტენის ხიდზე ყოველდღიურად ათასობით გაპრიალებული „სედანი“, „მერსედესი“ დადის და ამ მანქანების მძღოლებმა არაფერი იციან ერთი, მათი აზრით, გიჟური პროექტის შესახებ, რომელიც სულ მალე მთელ ქალაქს აალაპარაკებს.

ნიკი: „სანამ ქოხს „ჰილზში“ ჩავდგამდით და მე და გები საცხოვრებლად იქ გადავიდოდით, ჯერ ამ უბნის მცხოვრებლების გაცნობა მომიხდა. დიდხანს დავდიოდი, ვესაუბრებოდი, თანდათან დავუმეგობრდი და იმის უფლებაც მოვიპოვე, რომ მათი მეზობელი გავმხდარიყავი. 1990 წლის მადლიერების დღეს, უფრო სწორად, გარიჟრაჟზე, როცა გარეთ ჯერ კიდევ ბინდ-ბუნდი იყო, „ჰილზში“ მივედით და დავსახლდით“.

ინდიელების, კერძოდ კი, სიუს ტომის ამერიკელების სტანდარტული ზომებით აგებული ქოხი უმალ ყურადღების ცენტრში მოექცა. ნიკი და გები ზოგს CIA-ს აგენტები ეგონათ, ზოგს მარტივად - მიგზავნილები. ქოხი „ჰილზში“ სამი წლის განმავლობაში იდგა, 1993 წლის მაისამდე და ცნობისმოყვარეობა იქ მცხოვრები წყვილის მიმართ ბოლომდე ისეთივე მძაფრი იყო, როგორც დასაწყისში.

ნიკი: „მიზეზი ალბათ ისიც გახლდათ, რომ პრესას ჩვენი ვინაობა არ გავუმხილეთ. თავიდანვე რომ გვეთქვა, ვინც ვიყავით და რაც გვინდოდა, მალე დაგვივიწყებდნენ და ყურადღებას „ჰილზის“ მიმართ ვეღარ მივიქცევდით.

0x01 graphic

ქურდები ქუჩის აქციებზე

წინასწარ ჩაფიქრებულმა დუმილმა კი - გაჭრა. ჩვენმა თემამ აქტუალობა სამივე წლის განმავლობაში შეინარჩუნა. პირველ წელს ყოველ ღამეს ქოხში ვათევდით, მეორე წელს უფრო იშვიათად ვრჩებოდით იქ, მესამე წელს ქოხი მივატოვეთ და ბოლოს დავშალეთ კიდეც“.

ნიკ ფრაკარო ქოხის პერიოდს საკუთარ ბიოგრაფიაში ყველაზე რთული დრამატურგიის სპექტაკლს უწოდებს. წარმოდგენას, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელიც ჰყავდა: საშუალოდ, მანჰეტენის ხიდზე ხომ ყოველდღიურად 78 ათასი მანქანა და 350 ათასი ადამიანი გადადიოდა. სანამ ხიდს გადაივლიდნენ და შუქნიშანზე მწვანე შუქს ელოდნენ, ისინი ხიდის ქვეშ გათამაშებული ყოველდღიური დრამის მოწმენი ხდებოდნენ. მოკლედ, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც გერტრუდ სტაინის ფრაზაშია: „ლანდშაფტი ბუნებრივად წარმოადგენს სცენას და ისეთ ბუნებრივ სცენას, რომ მასზე აუცილებლად უნდა გაათამაშო პიესები“.

ცხოვრებისეული პიესები კი ამ ჩავარდნილ უბანში უხვად იწერებოდა.

გები: „ეს ადამიანები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ზოოპარკის ცხოველები. მათ სანახავად, მასწავლებლებს სკოლებიდან ბავშვები ავტობუსებით მოჰყავდათ. აყენებდნენ შორიახლოს და უსიტყვო მორალს უკითხავდნენ - ისე უნდა იცხოვროთ, რომ ამ დღეში არ ჩავარდეთ. არადა, არავინ ცდილობდა გაეგო, რატომ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები ქუჩაში. გაბოროტებული უსახლკაროები კი დაუპატიჟებელ სტუმრებს ქვებს უშენდნენ. აქედან წამოვიდა ერთი არტ-აქციის იდეა. მე და ნიკმა ვიყიდეთ ბევრი ერთჯერადი მოხმარების ფოტოკამერა, დავურიგეთ ჩვენს მეზობლებს და ვუთხარით, როცა ვინმე მოვა და თქვენი ფოტოს გადაღებას შეეცდება, საპასუხოდ ქვა კი არ ესროლოთ, თქვენც გადაუღეთ სურათი. ასე რომ, მართლა უცნაური წარმოდგენა გამოვიდა: ერთ მხარეს იდგნენ სუფთად ჩაცმული ნიუ იორკელები და ფოტოებს უღებდნენ უსახლკაროებს, რომელთაც, თავის მხრივ, ასევე კამერები ეჭირათ ხელში. შემდეგ შევკრიბეთ ფოტოები და ჩვენს ქოხში გამოფენა მოვაწყვეთ“.

„ჰილზში“ სპექტაკლებიც იმართებოდა. და იყო შთაგონების კიდევ ერთი წყარო - გერმანელი დრამატურგი ჰაინერ მიულერი. ნიკმა და გებიმ უსახლკაროთა აუდიტორიისთვის მისი მედეას და არგონავტების თემაზე შექმნილი პიესა დადგეს. გებისთან ერთად, სპექტაკლში სხვა პროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობდნენ. ამ საღამოებს კი ყველაზე მეტად უხდებოდა მიულერისვე ციტატა:

„მსურდა, მიწასა და მტვერში ჩამარხული ამბები, ისტორია და ტყუილ-მართალი ამომეთხარა. ამომეთხარა მიცვალებულები და ყველასთვის მეჩვენებინა. გვამები, ალბათ, უკვე გახრწნილებიც დამხვდებოდნენ, მაგრამ მათი ოცნებები, წუხილი, აზრები და საზრუნავი ხომ - არა“...

თუმცა, ნიკი და გები პროფესიონალები არიან და კარგად იციან ცხოვრებისეული თეატრის განვითარების ყოველი ეტაპი - დასაწყისი, კვანძისკენ აღმასვლა, კვანძის გახსნა და ფინალი. ეს ფინალი „ჰილზის“ ქოხს 1993 წელს დაუდგა. ამ დროისთვის ხიდის ქვეშ ნარკო-გადამყიდველებმაც შეაღწიეს და დაავადებები გავრცელდა. „ჰილზს“ კი ექიმები ახლოსაც არ ეკარებოდნენ. სნეულები უსაფრთხო ქუჩაზე უნდა გაეყვანათ და სასწრაფო დახმარება მათ იქ აკითხავდა. მდგომარეობამ პიკს აგვისტოში მიაღწია. მალე უსახლკაროთა უბანს ბულდოზერები მიადგნენ და მიწა ლამაზად მოასწორეს.

ნიკმა და გებიმ კი ახალი პროექტი წამოიწყეს.

დღეს

„ჰილზის“ ქოხის დრამატურგიიდან თითქმის 16 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე უცნაურმა ნიუ იორკულმა წყვილმა, მცირე თეატრალური დასების ფესტივალი FridgeFest-ი ჩამოაყალიბა, საფუძვლიანად შეისწავლა იაპონური ავანგარდული ცეკვა - ბუთო (რომელიც ცეკვის, თეატრის და აბსოლუტური იმპროვიზაციის საინტერესო ნაზავია; ხოლო გები ნიუ იორკის ბუთოს წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის თანაპროდიუსერადაც აირჩიეს: www.caveartspace.org).

მათ რამდენიმე სასცენარო მარათონი მოაწყვეს. FridgeFest-ის ფარგლებში, შტატების მთავარ ქალაქებში იმოგზაურეს, რამდენჯერმე კონსუმერიზმის პრობლემა წამოჭრეს, არც თეატრალური აქცია-წარმოდგენების გამართვას მოერიდნენ ქუჩებში და არც დაუსრულებელი იმპროვიზაციებისა და სპონტანურობისგან შეიკავეს თავი სცენაზე.

თავად ნიკი და გები ამ პროექტებიდან ყველაზე დიდი მონდომებით რამდენიმე პროექტზე საუბრობენ. ერთ-ერთია Say Uncle - პერფორმანსი ამერიკული დროშის მონაწილეობით, ამერიკული კაპიტალიზმის და კონსუმერიზმის შესახებ, რომელიც პირველად 2000 წლის ნოემბერში, ლოს ანჯელესში დაიდგა. სწორედ იმ პერიოდში, ამერიკა პრეზიდენტს ირჩევდა და თან ვერ ირჩევდა (ბრძოლა ელ გორსა და ჯორჯ ბუშს შორის სასაცილოდ დიდხანს გაიწელა) და ნიკ ფრაკაროს დადგმამაც მიზანში დროულად მოარტყა. გების პერსონაჟი - კლუბების მოცეკვავე სტრიპტიზიორი ქალი კაპიტალიზმის, ანუ იმის სიმბოლო იყო, თუ როგორ კეთდება მდიდარ ქვეყნებში და, მათ შორის შტატებში, კაპიტალური ფული/სექსი.

ნიკი: Say Uncle არ არის პირდაპირი გაგებით „ანტიამერიკული“ დადგმა. ამით, უბრალოდ, ჩვენი ცინიკური და პესიმისტური დამოკიდებულება გამოვხატეთ კაპიტალიზმისა და მომხმარებლობის მიმართ. თუმცა, შემდეგ მოხდა 11 სექტემბერი და ამერიკაში ისეთი სენტიმენტები წარმოიშვა და თან ისეთი ძლიერი, რომ Say Uncle უბრალოდ უნდა შეგვეჩერებინა. განწყობას აღარავინ იზიარებდა. „ტყუპების“ აფეთქების ფონზე, უცბად ყველა თავგადაკლული პატრიოტი გახდა“.

ნიკ ფრაკარო დასძენს: „თუ ჟენეს ხაზს ბოლომდე გაყვები და დამცირებულის, დაჩაგრულის და დავიწყებულის გაგებას შეეცდები, მაშინ ჩათვალე, რომ დაუსრულებელ ციკლში ხარ ჩართული. ისედაც, როცა სამოთხე ჩვევაში გადაგდის, მაშინ ხომ ისევ ჯოჯოხეთის გამოხმობაა საჭირო“.

ასე რომ, ციკლი არ წყდება. ლანდშაფტი ისევ ისე მიმზიდველად გამოიყურება ბუნებაში ბუნებრივად გაშლილი დრამატურგიის მოყვარულთათვის. და ნიკი და გებიც, იმედია, ნიუ იორკს ჩაძინების საშუალებას არ მისცემენ. იმის იმედიც მაქვს, რომ მათ მიერ იქ ატეხილ ხმაურს აქაც გავიგებთ. მით უფრო, რომ ჩვენ უკვე დავმეგობრდით.

8 ლონდონის მოდის კვირეული

▲back to top


სპეც-პროექტი:

ავტორი: ლიზა ასათიანი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

მოდის სამყაროში ამბობენ, ლონდონის მოდის კვირეული კონკიას ჰგავს, პარიზისა და მილანის კი - მის კონკურენტ დებსო. რა თქმა უნდა, ფრანგებს და იტალიელებს ამაზე მრავალმნიშვნელოვნად ეღიმებათ და თავის ურყევ უპირატესობაში ეჭვიც არ ეპარებათ.

პარიზს „შიკის“ დედაქალაქად მოაქვს თავი და მოდას „ფილოსოფიურად“ უყურებს. თავიდან ტანსაცმელს ალბათ პარიზშიც ყოველდღიურობისთვის ქმნიდნენ, მაგრამ წლების განმავლობაში ეს ფუნქცია თანდათან დაიკარგა და პარიზის დიზაინერთა ასტრონომიული ფასის მქონე შედევრები მაღალესთეტურ ღირებულებათა კატეგორიაში გადავიდა, რაც მატერიალურ ღირებულებასაც გულისხმობს. პარიზელებს ისღა დარჩენიათ, მოდის თემაზე დისერტაციები წერონ და კაფე „ფლორში“ იამამოტოს ერთ შტრიხზე ღრმა ფილოსოფიურ დისკუსიებში ჩაერთონ.

კაფე „ფლორში“ ყავა 10 ევრო ღირს, ამას საშუალო შეძლების ევროპელის ჯიბე სწვდება, იამამოტოს - ვერა.

მილანის ამბავი სულ სხვაა. თვითმფრინავი ლინატეს აეროპორტს უახლოვდება და დასაჯდომი ბილიკის მთელ სიგანეზე, ქალაქის სახელის ნაცვლად, „ჯორჯიო არმანი“ წერია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქრონიკულად სტაფილოსფრად გარუჯულ, დიზაინერული კლანების სამოთხეში. მილანი შენს „გასაწეწად“ საათივით აწყობილი უზარმაზარი მოდის ქარხანაა. პირადად მე, არ მესმის, რა შეიძლება მოგწონდეს შავ მაისურზე ბრჭყვიალა თვლებით დაწერილ „კავალი“-ში, მაგრამ ბრენდს ბულდოზერზე დიდი ძალა აქვს.

ლონდონში სიახლე და ექსცენტრულობა ფასდება. ყველა ახალი სახელი და ტენდენცია ლონდონიდან იწყება. უფრო მეტიც, ლონდონის ერთი კოლეჯიდან - „სეინტ მარტინიდან“. ყველა ახალგაზრდა დიზაინერი, რომელმაც მოდის სამყაროში უკვე თავისი სიტყვა თქვა, ან ცოტაც და იტყვის, სწორედ იქ სწავლობდა. სტელა მაქქარტნი, მაქქვინი, გალიანო და ა.შ....

0x01 graphic

ლონდონი,
ათარბეგოვის უჩა

თბილისის მეექვსე სკოლელმა ტყუპმა დებმა - თათა-ნაკამაც (თათა და ნატაშა სურგულაძეებმა) „სეინტ მარტინი“ დაამთავრეს, ლონდონში საკუთარი პატარა სტუდია გახსნეს, და პირველივე ჩვენების შემდეგ, „ვოგის“ ფურცლებზე აღმოჩნდნენ. „ვოგის“ ფურცლებზე მოხვდა ბავშვობის თბილისური შთაბეჭდილებებიც, და მათი შთაგონების უწყვეტი წყაროც - ძველი სახლი ათარბეგოვის ქუჩაზე.

მსოფლიოს ყველა დიდსა და ცნობილ მაღაზიაში ამაყად კიდია ტანსაცმელი „თათა-ნაკა“-ს ბრენდით, ყველასთვის ძალიან უჩვეულო „ორნამენტებით“, ჩვენთვის კი ნაცნობი სიმბოლოებით: მაგალითად, ქართული სიტყვით „სიყვარული“, ანდა ფრაზით „ნუ პაგადი“....

ჩემთვის ყველაზე დასაფასებელი ალბათ ის არის, რომ თათა-ნაკა კონცეპტუალისტები არიან. მათ კოლექციებში ყოველთვის უამრავი დეტალი და ისტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ თემა და კონცეფცია სეზონიდან სეზონამდე იცვლება, ყველაზე მთავარი რჩება. რჩება სამყარო, რომელსაც თათა-ნაკა ტანსაცმელთან ერთად გთავაზობენ.

0x01 graphic

მილანს, პარიზსა და ლონდონს შორის შეჯიბრი ყოველ წელს ურთიერთქილიკისა და ბიუჯეტების ახალ საფეხურს აღწევს. ამ მარათონში ხან ერთია წინ და ხან - მეორე. ბოლო დროს, ლონდონი ცოტა ჩამორჩა, მაგრამ წელს იღბლიანი დამთხვევების სერია მოხდა:

მილანში ორსეზონიანი გადაბარგების შემდეგ, თათა-ნაკამ უკან, ლონდონში დაბრუნება არჩიეს; ორი უმნიშვნელოვანესი ჟურნალის, ამერიკული „ვოგის“ რედაქტორმა და „ცხელი შოკოლადის“ არტ რედაქტორმაც სწორედ ამ სეზონის მოდის კვირეულზე გადაწყვიტეს ჩასვლა. ლონდონის პრესა აჭრელებული იყო აღფრთოვანებული სტატიებით, მოდის იმპერიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონი - ანა ვინტური, 3 წლიანი პაუზის შემდეგ, ლონდონის კვირეულს კვლავ ესტუმრაო. მიუხედავად იმისა, რომ „ცხელი შოკოლადის“ ჩასვლას ლონდონის პრესა მედიდური დუმილით შეხვდა, „შოკოლადის“ რედაქციის 40%25 - ანუ, ფოტოგრაფი (დავითმესხი) და არტ რედაქტორი (ლიზა ასათიანი), მოდის კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩაფრინდნენ ლონდონში. ორი ფოტოაპარატით, საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის შეძენილი ობიექტივით და ერთი დესკტოპის სიმძიმის ლეპტოპით შეიარაღებულნი, აეროპორტიდან პირდაპირ ლონდონის შტაბ-ბინისკენ - თათა-ნაკას სტუდიისკენ გაეშურნენ.

0x01 graphic

სტუდიის მისამართი, რომელსაც თათა-ნაკას ასისტენტი - ჯასტინი მთელი ორი დღის განმავლობაში, 2 წუთის ინტერვალით, ტელეფონზე განუწყვეტლივ უმეორებდა ყველას, ასე ჟღერდა: ფულემ როუდზე, პაბი „ჩექმებიანი თხის“ პირდაპირ, ყავის სახლ starbucks-თან მარცხნივ შემოუხვიეთ და მეორე სართულზე, სტუდიაში ამობრძანდით.

იქ მისულებს, 5 სართულიანი ოფისის შენობაზე ნაჩქარევად, ხელით მიჯღაბნილი ბევრი წარწერა დაგვხვდა: „თათანაკას კასტინგი მეორე სართულზეა“, „ლიფტით ამოდით“, „შესასვლელი მარცხნივ“, „კარის სახელური თქვენსკენ მოქაჩეთ“. ნაჩქარევად გაკრული წარწერები იმაზე მიანიშნებდა, რომ მოდის კვირეულის პანიკა უკვე დაიწყო. მოდელებს კი, თუ ზუსტად არ აუხსენი როგორ მოიქცნენ, ნამდვილად დაიკარგებიან - იჯექი მერე და ელოდე ღამის სამ საათამდე, გზააბნეულ „სამოთხის ქმნილებებს“.

თათა-ნაკას სტუდია, საღამოს 7
საათი, შოუმდე 2 დღით ადრე:

სტუდიაში შემოქმედებითი არეულობა, საქმიანი და სერიოზული თათა-ნაკა, სახეწაშლილი თანამშრომლები, საშინელი სიცხე და ბევრი ნახევრად თუ მთლად შიშველი მოდელი დაგვხვდა; ყველანი starbucks-ის ყავის ჭიქით ხელში, რაღა თქმა უნდა. კასტინგის ბოლო დღე იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოდელები საბოლოოდ უნდა შეირჩნენ, ტანსაცმელი მოერგოთ და ფეხსაცმელიც შეეხამოს. მარტივად ჟღერს, მაგრამ ამას ცნობილი ბრიტანული მოდის ჟურნალის Harpers Bazaar“-ის fashion editor-ის - იგივე თათა-ნაკას სტილისტის, ნიკ კოქსის 2-დღიანი შეუჩერებელი მუშაობა დასჭირდა.

0x01 graphic

0x01 graphic

თათა-ნაკას სტუდია. შოუმდე ორი დღით ადრე. ღამის 10 საათი. ნიკ კოქსი და ნაკა საბოოლოდ ათანხმებენ მოდელების სიას

თათა-ნაკას სტუდია. შოუმდე ორი დღით ადრე >>>

0x01 graphic

საღამოს 7:00 სთ.
მზადებაში თათა-ნაკას PR სამსახურიც ჩაერთო

0x01 graphic

საღამოს 7:40 სთ.
ნიკ კოქსი და უჩვეულოდ არაშიშველი მოდელი

0x01 graphic

თათა-ნაკას სტუდია. შოუმდე ერთი დღით ადრე >>>

0x01 graphic

0x01 graphic

შოუს დღე >>>

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

17 თებერვალი - ჩვენების დღე, დილის 10 საათი
(ჩვენებამდე 6 საათით ადრე).

პოდიუმის კულისები - ერთი უფანჯრო, უზარმაზარი შავი კარავია, სადაც ვერ შეატყობ, დღის რა მონაკვეთია. აქ დროც ყველაზე სწრაფად გადის. 10 წუთიანი შოუს მომზადებაში ასამდე კაცი მონაწილეობს. ყველა ღელავს, ჩქარობს და ერთმანეთს ფეხებში ედება. შოუს პროდიუსერი, მოდელების ჩამცმელ-გამხდელები, გამნათებლები, პიარის ჯგუფი, სტილისტები, ტანსაცმლის დამაუთოვებელ-მომწესრიგებლები, მილიონი დამხმარე, თავად დიზაინერები, მოდელები, ვიზაჟისტების და თმის არტისტების მთელი ბატალიონი. რაც მთავარია, ყველას თავისი ასისტენტი ჰყავს - ამ ეგოცენტრულ ინდუსტრიაში ეს კარგ ტონად ითვლება.

ნებისმიერი „ბექსთეიჯი“ წარმოუდგენელია 4 კომპონენტის გარეშე:

1) უზარმაზარი შავი, გორგოლაჭებიანი ჩემოდნების გროვა, რომელიც ვისაჟისტებსა და ვარცხნილობის ოსტატებს გაძეძგილი აქვთ კანის, თმის და ფრჩხილების მოვლის ყველა არსებული პროდუქტით.

2) შემოპარული ცნობილი სახეები, რომლებიც თვლიან, რომ ყველგან ყოფნის უფლება აქვთ და დაცვა უბატონოდ ხმასაც ვერ გასცემს.

3) სინქრონულად მოხრიალე თმის ოცდაათი საშრობი.

4) „რედ ბულის“ დახლი, თავისი უფასო კოქტეილებით. ხომ გინახავთ რეკლამა, - „რედ ბული“ ენერგიას და ფრთებს გაძლევსო? ჰოდა, „რედ ბულის“ კოქტეილებით 6-საათიანი გაჭყიპვის შემდეგ, მოდელები კი არა, მესხიც და მეც ენერგიის ისეთ მოზღვავებას ვგრძნობდით, რომ მზად ვიყავით პოდიუმზე გამოვარდნილიყავით.

0x01 graphic

შოუს დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

თავად დარბაზში, ალიაქოთი შოუს დაწყებამდე ერთი საათით ადრე იგრძნობა. საბოლოოდ, უნდა გამართონ ხმა და განათება. ღებავენ პოდიუმის იატაკს და იწყება უმნიშვნელოვანესი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ფოტოგრაფის საუკეთესო ადგილისთვის. ფოტო-გადაღების უფლება რომ მოიპოვო, პრეს-ატაშემ საშვი უნდა მოგცეს, მაგრამ როცა ჩვენი შეპირებული ადგილი მოვიკითხეთ, ანა-მარიმ გვითხრა - „ადგილები დასწრებაზეა და აბა, თქვენ იცითო“. მესხიც საბრძოლველად გაეშურა, „რედ ბულის“ კოქტეილებით შეგულიანებული, თამამად შეუერთდა მსოფლიოს სახელგანთქმული ჟურნალების ფოტოგრაფთა რიგს. მართალია, რამდენიმე იდაყვი მტკივნეულად მოხვედა გვერდში, მაგრამ მეორე რიგში საპატიო ადგილი მაინც დაიმკვიდრა. ფოტოაპარატს ახალი ობიექტივი ამაყად მოარგო, გაიხედ-გამოიხედა და სრულ პანიკაში ჩავარდა. სხვებთან შედარებით, მესხიც და მისი ფოტოაპარატიც მიკროსკოპული ზომის აღმოჩნდნენ. ყველა დანარჩენს მესხისხელა

მარტო ობიექტივი ჰქონდა.

სხვა დროს ჩაცმაში ყველაზე ლიბერალური ქალაქის, ლონდონის სრული ყურადღება, მოდის კვირეულის განმავლობაში, კონცენტრირებულია იმაზე, თუ ვის რა აცვია და როგორ გამოიყურება. მხოლოდ ჩვენებებზე „მოსულა“ უღალატო შენს დახეულ ჯინსებსა და მაისურს და რაც შეიძლება არანორმალურად გამოეწყო. ასე რომ, ჩვენების დაწყებამდე, მაყურებლის შემოსვლასთან ერთად, დარბაზში კიდევ ერთი, გრანდიოზული ჩვენება იმართება. ეს დღის პირველი კულმინაციაა - ვის რა აცვია. ყველა იქ მყოფი ერთმანეთს მონდომებით სწავლობს.

შოუს დაწყებამდე 5 წუთით ადრე.

მთელი პიარის ჯგუფი მზადყოფნაშია. ყველას ყურში რაცია აქვს გარჭობილი და როგორც კი დარბაზში სასურველი ჟურნალის და ნანატრი მაღაზიის წარმომადგენლებს მონიშნავენ, შოუ იწყება...

უცებ სიჩუმე ისადგურებს, ყველანაირი ფუსფუსი წყდება, წარმოდგენა იწყება - ლამაზი და მშვიდი. ძნელი წარმოსადგენია, რომ ბოლო კაბა, თავის მკერავიანად, სულ რაღაც 2 საათის წინ მოვიდა; რომ სულ 20-ოდე წუთის წინ, კულისებში 100 კაცი სრულ პანიკაში დარბოდა და ყველა მოდელი კვლავ ნახევრად თუ მთლად შიშველი იყო.

ისმოდა ყანჩელის, წვიმის, ბავშვების სიცილის, საყვარელი მულტფილმების და მეგობრების (ნათია სართანიას) მუსიკა. პოდიუმიდან ლონდონისთვის უჩვეულო თბილისური სითბო მოდიოდა და საიდანღაც ათარბეგოვზე მდებარე ძველი სახლის სურნელიც შემოიპარა. თათა-ნაკას ულამაზესი, უზარმაზარკოპლებიანი კაბები ამაყად მოაბიჯებდნენ ლონდონის მაღალი მოდის პოდიუმზე.

0x01 graphic

0x01 graphic

შემოდგომა-ზამთარი 2006

TATA - NAKA

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

2006 წელს, თათა-ნაკამ მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი გააფართოვეს, რასაც მამაკაცის აქსესუარებიც დაამატეს. აქსესუარების შექმნის ინსპირაცია რუსული კრიმინალური სვირინგები იყო. მომავალ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, კანონიერი ქურდის და Шестёрка-ს კულონები მოდის ტენდენციების დამამკვიდრებელ ყველა ევროპელ მამაკაცს დაამშვენებს. თათა-ნაკამ აქაც იშაყირეს - „კანონიერი ქურდის“ ვარსკვლავში Ну, погоди! -ა ამოტვიფრული.

0x01 graphic

„მოსკოვში ვიყავით, ზღაპრებისა და მულტფილმების გამოფენაზე“, ამბობს თათა, „და ვიფიქრეთ - რა მაგარი ბავშვობა გვქონდა, რამხელა სიბრძნე და სიყვარული იდო იმ მულტფილმებში და ზღაპრებში, თანაც როგორ მარტივად გადმოცემული. ამ შოუს კონცეფციაც იქ დაიბადა.

მოგვინდა ყველაფერი გაგვემარტივებინა, ავდექით და ყველაფერი კაბებზე დავხატეთ - მძივი, ქამარი, სათვალეც კი“. 22 წლის შემდეგ, 6 წლის ასაკში დახატული მოდელები თათა-ნაკამ ნაჭრად აქციეს და ამ ნაჭრისგან კაბები შეკერეს. „როგორც ბავშვობაში, ყველა სტილის ტანსაცმელი ერთმანეთში ავურიეთ, რომ გამოხატვის სრული თავისუფლება გვქონოდა.“

ნაკა: „მოდას ყველა ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს. ჩვენ ამას გავურბივართ. მოდას იუმორით უნდა შეხედო და ჩაცმის ინდივიდუალურობა არ დაკარგო. ყველა ქალს, უპირველეს ყოვლისა, იუმორი უნდა ჰქონდეს. მთავარია მოგწონდეს, როგორც გამოიყურები.

ახალი ტენდენციების გათვალისწინება ლამის აუცილებლობად ითვლება. ახლა ხომ მოდაშია ძალიან ელეგანტურად, ჰიჩკოკის ფილმის ქალივით ჩაცმა. გვინდოდა ეს ტენდენცია გაგვეშაყირებინა, პროპორციები დაგვერღვია და ბავშვის თვალით დანახული „ელეგანტური ქალები“ გვეჩვენებინა.“

თათა-ნაკას მოდელებს შავ „ელასტიკებზე“, დაპატარავებული პიჯაკები და უზარმაზარსაყელოიანი კოპლებიანი კაბები ეცვათ. „გადავწყვიტეთ, ეს კოლექცია მარტივი, არასერიოზული, ცოტაც მოზღაპრო გაგვეკეთებინა. შეზღუდვები თუ არ გაქვს, ყველაფერი შესაძლებელია. ეს ბავშვობაში გადავარდნას კი არა, უფრო ბავშვური იდეალიზმის აღიარებას ნიშნავს. ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთ ზღაპარში ამბობენ: „ჯადოქრები და სასწაულები არსებობენ მხოლოდ მათთვის, ვისაც მათი სჯერა“.

9 დონ ჯოვანიდან ფლექსამდე

▲back to top


ავტორი და ფოტო: სანდრო კაკულია

0x01 graphic

12

-ჩვენ დეჰუმანიზაციის ხანაში ვცხოვრობთ! - გამცილებელი ქალის ხმაზე (რომელმაც ვენის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენა გვამცნო) გამოფხიზლებულმა შუახნის მამაკაცმა უჟმურად გადმომხედა. ფრენისაგან გათანგულმა, ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა სულელური ღიმილისა. თითქოს დავეთანხმე, თუმცა იმწუთას ვერაფრით მივხვდი, უცნობმა ქართველმა ეს მე მითხრა, თუ საჰაერო ძილის დარღვევისთვის სტიუარდესას კონცეპტუალურად შეაგინა?.. მისი ნათქვამისთვის დიდი ყურადღება იქამდე არ მიმიქცევია, ვიდრე ქართული საზღვარი არ გადმოვკვეთე და ავსტრიული კიბეებით, ავსტრიული მიწის შესახვედრად არ გავეშურე. ხელში თბილისიდან გამოტანებული ნაციონალური კერძებით გადაჭედილი ორი საკმაოდ დიდი ყუთი მეჭირა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უცნობი კონცეპტუალისტის სიტყვების სიმართლეში დარწმუნება ვენის აეროპორტიდანვე დავიწყე და მერე მთელი ერთი თვის განმავლობაში, თავში მხოლოდ ზემოთქმულ ფრაზას ვიმეორებდი: „ჩვენ დეჰუმანიზაციის ხანაში ვცხოვრობთ!“

მიწაზე ფეხი არ მქონდა დადგმული, რომ იქვე კიბესთან მდგარ პოლიციის თანამშრომელს მოვკარი თვალი, რომელიც შორეული თბილისიდან ჩამოსულებს, იქაურად აკვირდებოდა... არ ვცდები, მათი დაკვირვება ყველგან ერთნაირია, პოლიციელის ბუნება ინტერნაციონალურია. რატომღაც მეგონა და დღესაც მგონია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარეგნულად მაინც არ ვგავარ კრიმინალს, მაგრამ შევცდი. ჯერ კიდევ კიბის შუაგულში ვიყავი, როცა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა, და თითის ერთი მოძრაობით მანიშნა:

- რომ ჩამოხვალ, არსად წახვიდე, უნდა შეგამოწმოო.

რაღა მე, ამდენ ხალხში? რა უნდა? სანამ ჩავედი, დრო უსაშველოდ გაიწელა და უამრავი რამის გაფიქრება მოვასწარი. მომთხოვა პასპორტი, რომლის ამოღებასაც იმდენი დრო მოვანდომე, რომ იქვე მდგარი სამგზავრო ავტობუსი აღარ დამელოდა და წავიდა. დიდხანს უყურა ჩემს სიყრმისეულ, ცუდად ლამინირებულ ფოტოს; მერე მე, მერე - ყუთებს. სახე ახლოს მოიტანა. დაკვირვების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ყუთები ოდნავ ქვემოთ დავწიე - ისე, რომ თვალის მაგივრად, ყუთთან მისი ყინვისგან გაწითლებული ცხვირი მოხვედრილიყო და... და მანაც უმალ იყნოსა ჩვენი საამაყო კულინარიული შედევრების სუნი.

- Georgien?

თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე. იმანაც. პასპორტი დამიბრუნა და გზა დამილოცა. ავიბარგე, გავბრუნდი, მაგრამ... რითი უნდა დავბრუნდე? ჯერ კიდევ შეკმაზული ნიგვზიანითა და სუნელებით გაბრუებულმა, რაციაში რამდენიმე გაუგებარი სიტყვა თქვა, მერე კი დანგრეული ინგლისურით მითხრა:

ორი წუთიც მოიცადე და მეორე ავტობუსი მოვაო. დარწმუნებული ვარ, მართლაც ორი წუთი გავიდა და სრულიად ცარიელი ავტობუსიც გამოჩნდა ჩემს წასაყვანად. ჩავჯექი და პოლიციელიც ამოვიდა. მე და ის იქედან ყველაზე ბოლოს წამოვედით. თავს დამცირებულად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, მაშინ როცა სხვა ჩემი თანამემამულეები უკვე ევროპულ თავისუფლებას ეზიარებოდნენ, მე ისევ ავტობუსში ვიჯექი, თან ცარიელში, ავსტრიელ პოლიციელთან ერთად.

დეჰუმანიზაცია!

0x01 graphic

თუ ზამთარში ევროპაში ნამყოფი ხართ, კარგად გეცოდინებათ გაუსაძლისი ყინვებისა და მუდამდღე მოღუშული ცის ამბავი. განაცრისფრებული შენობების ფონზე მოძრავი ასეთივე ადამიანებით გადაჭედილი ქუჩებიც, დარწმუნებული ვარ, დიდხანს დაგამახსოვრდებოდათ; ხოლო თუ ნამყოფი არ ხართ და ევროპაში გამგზავრებას სამომავლოდ გეგმავთ, უნდა გითხრათ, რომ სამოგზაუროდ ეს დრო სრულიად გამოუსადეგარია. კავკასიელის სხეული ვერ უძლებს -17 გრადუსიან ყინვას... ამას სულ მალე მივხვდი, როცა ჩემმა კანმა უეცარი დაბერება დაიწყო.

მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის პირობებში, ვენის არქიტექტურული სილამაზე ძალიან ადვილად ინაცვლებს საღი გონების მეათე ან მეასე ადგილზე. ესეც იმ შემთხვევაში, თუ შეძლებ და საღ გონებაზე დარჩები.

უმზეობა ჩუმ და „ვითომ“ მუდმივად გაწონასწორებულ ქალაქში... ამ „ვითომ“-ის ვითომში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ახალ წელს ვენაში შევხვდი. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, „შტეფანს დომის“ წინ, მშვიდი ავსტრიელები წრეზე რომ იდგნენ და მაგარი მთვრალები, საზარელი ხმის მქონე პეტარდებს ერთმანეთს ფეხებში რომ უგდებდნენ - აი, აქ მივხვდი, რომ მათი სიდინჯე მოჩვენებითია. თუმცა, მეორე დილით ყველაფერი ძველებურად იყო.

უნიკალურია ვენის მეტრო, რომლის გაჩერებებიც ერთმანეთისგან დაახლოებით 100 მეტრით არის დაშორებული. მატარებელში მჯდომი, რიგიანად ხალხის შეთვალიერებასაც ვერ ასწრებ... მგზავრები ძალიან სწრაფად იცვლებიან. ამ ტრანსპორტის სიმარტივეში ძალიან მალე რწმუნდები. ცენტრის გარშემო განლაგებული 6 ხაზი თითქმის მთელს ვენას კვეთს; დუნაისაც მათ შორის.

მას შემდეგ, რაც ავსტრია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, გასულ წლებთან შედარებით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. გამკაცრებული კანონმდებლობის ფონზე, ციხეები მოპარული ფენისა და ტოსტერის მოყვარული „ჩვენიანებით“ გაივსო. პოლიციელების დამოკიდებულებაც შეიცვალა და ის ევროპული „თავისუფლებაც“ სადღაც მიიკარგა.

თითქმის ყველგან ვიდეო კამერები დააყენეს. მობილურ ტელეფონებს ისე ისმენენ, როგორც ჩვენთან, სატელეფონო საუბარში შემთხვევით ჩართული მეზობელი, რომელიც მუდმივად გიმტკიცებს, რომ არაფერი გაუგია; მეორე დღეს კი, მთელი ეზო წინა ღამით შენივე ნათქვამის ინტერპრეტაციით არის გართული. თუმცა ამ ქალაქში სხვაგვარადაა - ინტერპრეტაციის საშუალება მხოლოდ პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მოგეცემა. და ნუ გეგონებათ, რომ მანქანით მიმავალს, polizei-ს მანქანა წინ არ გადაგიდგებათ და ფანჯარაში მარცხენა მხარეს თავმიბრუნებული, იქაური ოფიცრის ხელს ვერ დაინახავთ, რომელიც „გადაყენებას“ მოგთხოვთ და როგორც ქართველს და პოტენციურ დამნაშავეს, კარგა ხანს დაგაკვირდებათ.

ღამით, თუ არაცენტრალურ ქუჩაზე მოხვდით და მშვიდობიანად მიმავალმა, ტელეფონში ქართულად დაილაპარაკეთ, როცა წინ იქაური ქალბატონი მიდის, ის აუცილებლად ჩაებღაუჭება საკუთარ ჩანთას და ნაბიჯს საგრძნობლად უმატებს.

დეჰუმანიზაცია!

წლევანდელ ცვლილებასთან ერთად, ამ ქვეყანაში ნარკოტიკის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა, რასაც ვერ იტყვი სექს-ინდუსტრიაზე. ავსტრიაში, როგორც ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში, პროსტიტუცია ისეთივე ხელობაა, როგორც... ვთქვათ, მედურგლეობა.

წლების წინათ, ვენაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი „მწვანეთა“ პარტია, აქციებსაც კი აწყობდა მოსაწევის ლეგალიზაციის მოთხოვნით.

ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, ხელოვნების ისტორიის მუზეუმის წინ, მწვანე ბალახზე წამოგორებული ასობით ადამიანი იქაურებს დღესაც კარგად ახსოვთ. ისინი დემონსტრაციულად, დაუფარავად ეწეოდნენ. არ მგონია, რომ დღეს ასეთი რამ მოხდეს. სახელმწიფომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ნარკომანიას. მოისპო თითქმის ყველა ცნობილი ადგილი, სადაც შავკანიანი გადამყიდველები ჯერ აფრიკული გერმანულით გთავაზობდნენ კოკაინს, ჰეროინს, ჰაშიშს. მერე თუ გაიგებდნენ, რომ იქაური არ ხარ, იდიოტური ინგლისურით, დაბალი ხარისხის პროდუქტის „შემოტენას“ ცდილობდნენ. თან, საკმაოდ იაფადაც. თუმცა, ასეთ რამეს ახლა იშვიათად წააწყდებით - დღეს თითქმის ყველა შავკანიანი დაჭერილია. არის მეტროს გაჩერება Karls Platz, სადაც გათიშულები პირდაპირ მიწაზე ყრიან. ეს დაკარგული თაობაა. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ავსტრიული; იქ ქართველებსაც ნახავთ...

0x01 graphic

FLEX

ვენაში ბევრი კლუბია. თუმცა ამ მხრივ, ის ლონდონს, ბერლინს, ბუდაპეშტს, პრაღასა თუ სხვა ქალაქებს ბევრად ჩამოუვარდება. ამ კლუბებში პოპკულტურა ყვავის. ჩვენთან „გოიმობად“ რომ ითვლება, ისეთი მუსიკა უკრავს, და ეს ლუდით დამთვრალი ხალხი, მთლად გემრიელადაც ვერ ერთობა. არ ვიცი, შეიძლება ვცდები და პირიქითაა. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ამ ქალაქის კლუბური ცხოვრების სავიზიტო ბარათად მაინც კლუბი FLEX-ი რჩება.

ეს არის ფენომენი. ზოგადად, მოვლენა. ეს არის კულტურა! ეს არის თაობა! ადგილი, სადაც საოცრებები ხდება. აქ მთავრდება ვიქტორიანული ხანა...

აკრძალვები აკრძალვების წინააღმდეგ.

ვენის I რაიონის ხიდზე თუ დაინახავთ წარწერას - BRUECKE, ე.ი. იქ ხართ! U2-ის ხაზით, გაჩერება schottenring-ზე ამოხვალთ, ქვის კიბეებით, დუნაის ნაპირას დაეშვებით და 30 წლის წინანდელ მეტროს გაჩერებას მიადგებით. აქ არის Flex-იც.

მსოფლიოს საუკეთესო dj-ეები, ავსტრიაში ყოფნისას სწორედ აქ იყრინ თავს. აქ პირველად ამზეურებენ სიახლეებს. electro, tech, deep… თაობაც ასეთია, სრულიად უწყინარი, ბევრად მხიარული და უდარდელი.

Flex-ი მართლაც ის ადგილია, სადაც საღამოს 11 საათზე შესული, დილის 6 საათამდე გათიშული ხარ. გათიშული - კარგი გაგებით... გააზრებულ მხიარულებას და ენერგიის რაღაც უცნაურ მოზღვავებას განიცდი. ასეთ რამეს სხვაგან ვერ იგრძნობ. ამის მიზეზი არც ნარკოტიკი, არც სექს-დამოუკიდებლობა და არც განათების ეფექტია. არა, ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება სოცცხოვრებაში მარტივი პარადოქსია და სწორედ ამიტომ, ის მრავალ წინააღმდეგობას ბადებს. აქ კი წინააღმდეგობები არ არსებობს. ოღონდ, უცებ 12 საათის განმავლობაში ჩაბნელებული დარბაზი ერთიანად ნათდება. თურქი და ალბანელი დაცვის წევრები სცენაზე ადიან. ქალაქში თენდება.

მუსიკა ირთვება... დაღლილი Flex-ელები წელში იხრებიან და დაღონებული სახით, გასასვლელისკენ მიემართებიან. ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა, კარის გაღებამდე თითქოს დღევანდელი დღე იყო. გადიხარ გარეთ და უკვე... გუშინდელი დღე აღმოჩნდება. კარგი party-ს მერე, after party მაგრად გეზარება. უცნობ Flex-ელებს დაღლილი სახით უღიმი და ემშვიდობები. ხიდის ქვეშ, ვიღაც ჯერ კიდევ ეწევა მოსაწევს...

ქალაქი აქ ძალიან ადრე ცოცხლდება. ხედავ სამსახურებისკენ მიმავალ ადამიანებს, ბავშვებს ჯანმრთელი სახეებით... მეტროს ვაგონში ფანჯარას თავს მიაყრდნობ და... ვერაფერზე ფიქრობ. იმწუთას მგზავრებიც არ გადარდებს. ვაგონი ჩერდება და ჩადიან, ახლები ამოდიან... მუდმივობაც გაღიზიანებს და საერთოდ, თუ იქ ბოლომდე იცლები, მაშინ გარეთ გამოსულს ბევრი რამე გაღიზიანებს.

0x01 graphic

მეორე დილით კი ყველაფერი სხვაგვარადაა და სულ მალე ხვდები, რომ მშვიდდები და იმედს იტოვებ, რომ მომდევნო სამშაბათს ისევ Flex-ს მიაკითხავ და ამ სიმძიმისგან ისევ დაიცლები...

გაყინულ ქალაქში გამთბარი ადგილებიც არის, თბილი ხალხითა და შედარებით ადამიანური ურთიერთობებით. თუნდაც კაფე „რიტერი“, გასული საუკუნის 20-იანი წლების ინტერიერით და ლაღიძისნაირი მარმარილოთი. კაფე „კაფკა“, 70-იანი წლების მიწურულს, იქაური alternative art Gen-ის (ალტერნატიული ხელოვნების თაობა) შეკრების ადგილი გახლდათ, სადაც წაკითხული ლექსები თურმე მხოლოდ სიტყვა „ანტით“ იწყებოდა. დღეს კი აქ მხოლოდ მუდამ გაღიმებულ მიმტან ანას ნახავთ, რომელიც ბარმენიცაა, დამლაგებელიც და ხანდახან მრეცხავიც. კედლებზე ძველი წერილები, კაფკას ფოტოები და ლიტერატურული საღამოების იმდროინდელი აფიშებია შემორჩენილი.

არის ადამიანთა ცალკე, ხშირ შემთხვევაში უხილავი (ანუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადგილებში რომ იშვიათად ჩნდებიან) წრე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. ისინი ცალკე არიან და თუ ვინმემ არ გაგაცნო, შემთხვევით ვერსად წააწყდები. ისინი საგანგებოდ არჩევენ ბარებს, კლუბებს, ქალაქის პარკებს და ამ პარკებში განსაკუთრებულ სკამებსაც კი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან. უმეტესად არიან მწერლები, მხატვრები, მემონტაჟეები, რეჟისორები, მუსიკოსები და... და, უბრალოდ, ტიპები. არიან მათ შორის ნარკომანები და ლოთები, მელოტები და გრძელთმიანები, შავები და ქერები... თუმცა მათ განსხვავებული აზრი აქვთ შენზე, როგორც უცხოზე; ავსტრიაზე, როგორც თავისაზე; და ევროპაზე, როგორც ძველსა და, იმავდროულად, ახალზე.

საუბრისას ხშირად ცდილობენ უსაზღვროდ ობიექტურნი იყვნენ. ამ დროს შეიძლება საოცარი დამთხვევები აღმოაჩინო - „მეც ამას არ ვფიქრობდი?“ თუმცა მათი ნათქვამი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და შენც უმალ მათი მეგობარი ხდები.

მათ ჩვენზე უკეთ იციან გა-კრიტიკება, გა-კიცხვა და გა-ლამაზება. თუმცა ჩვენნაირად გა-ბუქება მაინც არ შეუძლიათ.

ნუ აგერევათ და ამ ადამიანებს მდიდრებს, მაღალი წრის, ელიტის წარმომადგენლებს ნუ შეადარებთ. ისინი იქაც, ისევე როგორც ყველგან, საკმაოდ ბევრნი არიან. თუმცა ეს კასტა სხვა არაფერია, თუ არა უბრალო, გათანამედროვებული ბურჟუაზია - ძვირფასი

მანქანებით, ცნობილი დიზაინერული მარკებით და დაყენებული, მუდამ მომღიმარი სახით. თუ „გაგიმართლათ“ და მათ თვალებში ჩახედვა მოახერხეთ, უმალ სიყალბის განცდა შეგაწუხებთ და კიდევ ერთხელ შეუკურთხებთ იმ უსამართლო და უთანასწორო სინამდვილეს, რომელსაც ეს „კასტა“ ქმნის.

ისინი, ერთად შეკრებილნი, ვენის სახელმწიფო ოპერაში, „დონ ჯოვანიზე“ ვნახე. იმ დღეს საკმაოდ ცუდ გუნებაზე ვიყავი. ფოიეში ჩემს პრობლემებზე ვფიქრობდი. ამ ფიქრს ამ ხალხზე ფიქრი დაემატა. მერე სპექტაკლის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ლოჟის რბილ, წითელ სავარძელში მოკალათებულს, წინ პატარა ეკრანი ცისფრად რომ ამენთო, ენის ამორჩევა რომ მომთხოვა და დონ ჯოვანის კითხვას ინგლისურად რომ შევუდექი... ეკრანს თვალს მხოლოდ ხმამაღალ ნოტებზე ვწყვეტდი.

- დონ ჯოვანიიი...!

- დეჰუმანიზაციაააააა!... - მინდოდა ლოჟიდან მეპასუხა. სულ ავირიე. სანამ გადავირეოდი, კარი ჩუმად გამოვიხურე და გამოვედი. ისევ ჩუმ ქალაქში, ისევ -17 გრადუს ყინვაში...

0x01 graphic

მეორე დილას თბილისისკენ მოვდივარ. ერთ-ერთმა ქართველმა საშუალო ზომის ამანათი გამომატანა. ჩემოდნებს ვაბარებ და მოსაცდელი დარბაზისკენ მივდივარ. შორს პოლიციელებს და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვხედავ. წინ კიდევ ერთი შემოწმება უნდა გავიარო. ჯიბიდან ევროპულ ცენტებს და გასაღებს ვიღებ. ქამრის მოხსნას მთხოვენ, ვემორჩილები... შარვალი ხელით მიჭირავს... კარგა ხანია, პოლიციელები არ შემხვედრიან, თუმცა ვიცი, რომ საბუთები და სინდისი წესრიგში მაქვს. თავდაჯერებული გავდივარ შემოწმებას. უცნობი ქართველის ნათქვამი აღარ მახსოვს...

- bitte. - ბლანჟეიანი დაცვის თანამშრომელი ხელს მკიდებს და უკან მაბრუნებს.

- ბასრი საგნები ხომ არ გაქვთ? მაგალითად დანა...

- არა.

- დარწმუნებული ხართ?

- დიახ. მე ჯერ ვერ ვხვდები, რატომ მიწყობენ დაკითხვას. ცოტა ხანში ციკლის უფროსი მოდის და პასპორტს მთხოვს. ჩვეული კითხვა:

- Georgien? თავს ძველებურად ვუქნევ.

- რატომ იტყუებით? თქვენ იმ პაკეტში დანები გიდევთ.

0x01 graphic

თავში ხელებს შემოვირტყამდი, შარვალზე ქამარი რომ მკეთებოდა. ახლა გამახსენდა - ქართველების გამოტანებულ პარკში საოჯახო დანების კომპლექტი იდო. პოლიციელთან ვიცრუე - ესე იგი, სახელმწიფო მოვატყუე. თუმცა 10 წუთიანი ახსნა-განმარტების შემდეგ დავარწმუნე, რომ ეს სხვისი გამოტანებული ამანათი იყო და მე მისი შიგთავსის შესახებ არაფერი ვიცოდი. გამიშვეს. ვიფიქრე, რა კარგია, ყველაფერი რომ მოგვარდა და ამ წამოსვლის ჟამს მაინც არ მიწევს იმ ფრაზის გამეორება-მეთქი, მაგრამ თურმე შევცდი. ძლივს დაბრუნებულ ქამარს წელზე ვირგებდი, როცა პოლიციელის ხმა მომესმა:

- თქვენ ყოველთვის იტყუებით!

თავი აღარც ამიწევია.

10 ესპანური ფოტომოთხრობები

▲back to top


დათო ტურაშვილი

როცა მეფე კვდება

რამდენიმე წლის წინ, უკვე საცივებჩავლილი იანვრის ერთ საშინელ საღამოს (როცა ცივი და ბნელი ზამთრის გადაგორება სიმღერითა და ცეკვით ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო), ლელაკო ცისკარიშვილმა მითხრა, ირაკლი ჩარკვიანს მგონი შავი დეპრესია აქვს, ერთი წელია სახლიდან გარეთ არ გასულა და იქნებ რა უჭირს - წავიდეთ, მოვინახულოთო. წავედით.

მაშინ, მითუმეტეს, რა ფული გვექნებოდა, მაგრამ მაინც ვიყიდეთ რაღაც ჩაისთვის და ჩარკვიანებს ვესტუმრეთ ვერაზე, სადაც მათ სახლს კარი არ ჰქონდა. მეზობლებს კი თავიანთი რკინის, ტყვიაგაუმტარი და ორმაგი კარები საგულდაგულოდ ჩაერაზათ დროისა და ერთმანეთის შიშით და სადარბაზოში სინათლე ენთო. მაშინ სინათლე ისეთი იშვიათობა იყო, რომ შეგვეშინდა - ვიფიქრეთ, აი ახლა ჩაქრება სინათლე და მეფის კარს ვეღარ მივაგნებთ-მეთქი, მაგრამ მაშინ ირაკლი ჩარკვიანს მეფე არ ერქვა და ჩვენც არ ვიცოდით, რომ თურმე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაშიც შეიძლება იცხოვრო ბოქლომის გარეშე და კარიც, ტვინიც და გულიც ყოველთვის ღია გქონდეს.

თუმცა ირაკლის ერთოთახიან ბინას, სადაც დისკებისა და წიგნების გარდა, არაფერი იყო, კარი საერთოდ არ ჰქონდა. თვითონ კი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახე ჰქონდა იმის გამო, რომ კითხულობდა წიგნებს, წერდა რომანს და ჰგავდა ბრძენს, რომელმაც შინიდან გაუსვლელად, ისედაც ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, დანარჩენ სამყაროში გამავალი კარი ღიად ჰქონდა დატოვებული.

ირაკლის ცოლმა ისეთი გემრიელი ჩაი დაგვალევინა, შავი დეპრესია საბოლოოდ გამოვრიცხეთ, მაგრამ ირაკლის მაინც შევაპარეთ მისი თაყვანისმცემლების საყვედური და სინანული მისი გრძელი პაუზის გამო და ირაკლი ჩარკვიანმა იმ საღამოს თქვა ის, რაც მაიძულებს მაშინაც ვწერო, როცა წერა ფიზიკურად არ შემიძლია და მაშინ მივხვდი, რატომ უნდოდათ ვლადიმერ ვისოცკის ან ჯეიმს მორისონს პოეტები ან მწერლები რქმეოდათ და არა მომღერლები ან მუსიკოსები. ლელაკო ცისკარიშვილი და იმ ზამთრის ცივი საღამო რომ არა, იქნებ ვერასოდეს მომეხერხებინა ირაკლი ჩარკვიანისთვის მეთქვა ის, რასაც მისი შემოქმედების შესახებ ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობისა და ჩვენი უახლესი ისტორიისთვის იგი თითქმის იგივე მოვლენა იყო (თუნდაც სოციალურად), როგორც შორეულ სამოციან წლებში ამერიკელი ბიტნიკები - ამერიკული ლიბერალიზაციისათვის. მართალია, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ამ შედარებაში სრულიად სხვადასხვა მასშტაბის პროცესები იგულისხმება, მაგრამ ფაქტია, რომ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა თბილისსა და საქართველოში ავტომატის გარდა (ურთიერთობისათვის) სხვა ენა არ არსებობდა, ირაკლი ჩარკვიანმა და კოტე ყუბანეიშვილმა რეაქტიული კრებულები გამოსცეს და ავტომატის ნაცვლად, წიგნებით ხელში დადიოდნენ თბილისის ქუჩებში. ისინი ლექსებსა და მოთხრობებს პირდაპირ ქუჩაში კითხულობდნენ და მაშინ არავის სჯეროდა, რომ სიტყვა უფრო ძლიერი იარაღი იყო, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ულტრათანამედროვე ავტომატი. როცა ავტომატებიანი ადამიანები ქუჩებიდან გაქრნენ, ჩვენმა საზოგადოებამ (პოლიტიკოსების დახმარებით) გადაწყვიტა, რომ ეს წარმატება პოლიტიკოსების დამსახურება იყო და ჩვენს ქვეყანაში ახლაც სჯერათ, რომ კარგ პოლიტიკოსებს კარგი ცვლილებების მოტანა შეუძლიათ. კაცობრიობის უახლესი ისტორია კი სრულიად სხვა გამოცდილებაა და თანამედროვე ინგლისური დემოკრატია და ლიბერალიზმი, მიკ ჯეგერის დამსახურება უფროა, ვიდრე რომელიმე ინგლისელი პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის. მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული აზროვნებისა და თავისუფლების ხანმოკლე, მაგრამ საოცარი ხარისხი, უპირველესად გაპირობებული იყო ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის, დავით კაკაბაძისა და ელენე ახვლედიანის (და სხვათა) მიერ დაწყებული შემოქმედებითი პროცესებით, რამაც რუსეთის იმპერიის ყოფილი პროვინცია (ძალიან სწრაფად) ევროპული ფასეულობებისა და ენერგიის ქვეყნად აქცია. მართალია, ეს ახალი ქართული რენესანსული ეპოქა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა სახელმწიფოს შესაქმნელად და პატარა საქართველო ისევ (ამჯერად) საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას კულტურული და სოციალური მოძრაობები ქმნის და არა პოლიტიკური პარტიები, როგორც ამას გვასწავლიდნენ და დღემდე გვასწავლიან...

არც ვიცი, სად სწავლობდა ირაკლი ჩარკვიანი, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქართველი იყო მათ შორის, ვინც შემხვედრია, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ ერთმანეთს და ლელა ცისკარიშვილის დამსახურებაა რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მაშინ გავიცანი, როცა მას ძალიან უჭირდა; როცა მას ალბათ იმის მოსმენაც სჭირდებოდა, რაც მაშინ ვუთხარით და ახლა, როცა ირაკლი ჩარკვიანი ცოცხალი აღარ არის, თავს იმ ცივი საღამოს გახსენებით ვიმშვიდებ და მიუხედავად იმისა, რომ ეს დამშვიდება საკმაოდ ეგოისტურია, მაინც მიხარია, რომ ერთ ადამიანს მაინც ვკითხე სიცოცხლეში, რამე ხომ არ უჭირდა.

0x01 graphic

ერთხელ კოტე ყუბანეიშვილმა იხუმრა, - ქართველებს ცოცხალი მხოლოდ თევზი უყვართო და ამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი კი არა, მთელი ქართული სიმართლის ისტორიაა და ალბათ, ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, რამდენი ქება ითქვა მასზე და რამდენი დაიწერა, მაგრამ მეეჭვება, რომ ითქვა ის, რის გამოც საერთოდ ვწერ ამ ფოტომოთხრობას მოძმე ესპანეთიდან. ირაკლი ჩარკვიანი იყო უნიჭიერესი ადამიანი, მაგრამ ის არ იყო ჯიმი ჰენდრიქსი და ჩვენ არ ვართ ორასმილიონიანი ამერიკა, სადაც ნარკოტიკების მომხმარებელი მუსიკოსისთვის ეს დეტალი მხოლოდ ბიოგრაფიული შტრიხია. ჩვენ ვართ პატარა, დაპყრობილი ქვეყანა და ჯერარშემდგარი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ნიჭი არა მხოლოდ პიროვნული საკუთრებაა და როგორ პათეტიურად, ბანალურად ან დიდაქტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც დღევანდელი საქართველოა, ეს ნებისმიერი ქართული ნიჭი - მთელი ქვეყნის საკუთრებაა და არა მხოლოდ ერთი ადამიანის და მითუმეტეს ისეთი ნიჭიერი ადამიანის, როგორიც ირაკლი ჩარკვიანი იყო. არასოდეს მინდოდა კოტე ყუბანეიშვილის მიერ ნათქვამი, უკვე ნახსენები მწარე სიმართლის ნაწილი ვყოფილიყავი და ახლაც ვცდილობ, რომ ცოცხალი ქართველებიც ისევე მიყვარდეს, როგორც მკვდარი ქართველები და როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე, ის მაინც უნდა ვთქვათ, თუ გვიყვარს...

მე კი მიყვარდა ცოცხალი ირაკლი ჩარკვიანი არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ მისი სიმართლის გამოც და არ მინდა, რომ მისი სიკვდილი ტყუილთან იყოს დაკავშირებული და პირადად მას (დარწმუნებული ვარ), არც იმ სიმართლის შეეშინდებოდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. პირადად მინახავს ირაკლი ჩარკვიანი მოსკოვში, კონცერტზე, როცა მარტომ, გიტარით ხელში, მთელი მოსკოვი ნებისმიერი ოქრუაშვილის გარეშე დაიპყრო და ასეთი ენერგია ალბათ მხოლოდ თომ უეითსის კონცერტზე თუ არსებობს და ქართველი მუსიკოსი, რომელიც ასეთ კონცერტსა და მუსიკას ქმნის, მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნის და არც ასეთი სიკვდილის უფლება აქვს. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად ძალიან აღიზიანებდა მისი გამომწვევი და არაორდინარული ქცევა ცხოვრებასა და სცენაზე, მაგრამ არასოდეს მინახავს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისადმი გულგრილი ადამიანები და ეს შეიძლება თავად კარგი მუსიკის ბრალია და კარგი მუსიკის თვისებაა - ეს ენა ესმის ყველას, ვისაც კარგი გემოვნება აქვს და თავისუფლება უყვარს. ირაკლი ჩარკვიანს კი თავისუფლების იმდენად მძაფრი და მოჭარბებული მოთხოვნილება ჰქონდა, რომ ალბათ გადაწყვიტა კიდეც, - სიკვდილი, როგორც თავისუფლება, ისეთივე არჩევანია, როგორც სიცოცხლე.

რა თქმა უნდა, მეფესაც აქვს სიკვდილის უფლება, მაგრამ არა ასეთი სიკვდილის უფლება, რადგან როცა ქვეყანაში მეფე კვდება, ამ ქვეყანაში ვიღაცამ მაინც უნდა თქვას ხმამაღლა, დანარჩენების გასაგონად - გაუმარჯოს მეფეს!..

გაუმარჯოს
მეფეს!

0x01 graphic

ესპანეთის მმართველი ფრანცისკო ფრანკო სასტიკი, მაგრამ უცნაური კაცი იყო. ის ორმოცი წლის მანძილზე მართავდა ესპანეთს და ორმოცი წლის მანძილზე ხოცავდა ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავებულად ფიქრობდნენ. 1975 წელს, უკვე მომაკვდავმა ფრანკომ, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ოთხი ბასკის დახვრეტას მოაწერა ხელი მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ბასკები იყვნენ, მაგრამ ეს სასტიკი ადამიანი ზოგჯერ უცნაურად ლმობიერი ხდებოდა ხოლმე და მისი ბიოგრაფები (მაგალითად) დღემდე ვერ ხსნიან კატალუნიის 1972 წლის მოვლენებისადმი ფრანკოს გულგრილობას. 1972 წელს, როცა საფრანგეთის კინოთეატრების ეკრანებზე ბერნარდო ბერტოლუჩის „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ გამოვიდა, ათასობით კატალუნიელმა ამ ფილმის სანახავად, ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარი უკანონოდ გადალახა, რადგან ფრანკოს დროს ესპანეთი, საბჭოთა კავშირივით იზოლირებული ქვეყანა იყო, მაგრამ ესპანეთში (საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით), ლოცვისა და ეკლესიაში სიარულის გარდა, ყველაფერი იკრძალებოდა. ყველაფერი უცხოური აკრძალული იყო, მაგრამ ხმებმა ახალი და საოცარი ფილმის შესახებ, საგულდაგულოდ ჩარაზულ ესპანეთშიც შეაღწიეს და კატალუნიელებს ამ ფილმის ნახვა იმდენად მოუნდათ, რომ საზღვარი შტურმით გადაკვეთეს და საფრანგეთის კინოთეატრებს ეკვეთნენ. ესპანეთში ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკან დაბრუნებულ კინომანებს ფრანცისკო ფრანკო სასტიკად დასჯიდა; მითუმეტეს, ესპანელ დიქტატორს კატალუნიელები ბასკებზე მეტად სძულდა, მაგრამ ფრანკომ სულ სხვაგვარი დასკვნა გააკეთა და აღმოაჩინა, რომ კინოსა და საერთოდ კულტურას, უფრო მეტი ზემოქმედების ძალა აქვს, ვიდრე შიშს და ესპანური კინოს აღორძინებაზე ზრუნვაც ფრანკომ სწორედ მაშინ დაიწყო. მართალია, ესპანური კინოსადმი მსოფლიო ინტერესს თვითონ ვეღარ მოესწრო, მაგრამ იმ დარჩენილ სამ წელიწადში, ალბათ ესპანეთის უახლესი ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - მადრიდში დააბრუნა რესპუბლიკის დროს საბერძნეთში გახიზნული ესპანეთის სამეფო ოჯახი და მაშინდელი პრინცი ხუან-კარლოსი, ფრანკოს გარდაცვალებისთანავე, ესპანეთის მეფე გახდა. ფრანკოს იმდენად ვერ წარმოედგინა მისი შემცვლელის თეორიული არსებობაც კი, რომ ჩათვალა, დემოკრატიასა და თავისუფლებას გადაჩვეული ესპანელებისათვის, ნომინალური მეფის არსებობა და ძალაუფლების სამხედრო ხუნტისთვის გადაცემა იდეალური მომავალი იქნებოდა. მაგრამ ფრანკო შეცდა - ხუან-კარლოსი უფრო მაგარი ბიჭი გამოდგა, ვიდრე ამას ფრანკო ან რომელიმე ესპანელი მაშინ წარმოიდგენდა, როცა იგი მეფედ აკურთხეს და 1981 წელს, როცა ესპანეთის ახალბედა დემოკრატიასა და თავისუფლებას, ისევ ძველი რეჟიმის საფრთხე დაემუქრა, ხუან-კარლოსი ისე მოიქცა, როგორც მხოლოდ თავის ხალხსა და ქვეყანაზე შეყვარებული მეფეები იქცევიან.

1981 წლის 23 თებერვალს, ესპანეთის არმიის ფრანკოსდროინდელმა გენერლებმა, თავის ერთგულ ჯარის ნაწილებთან ერთად, შტურმით აიღეს ესპანეთის პარლამენტის შენობა და სახელმწიფო დაწესებულებები. ორმოცწლიანი დიქტატურის შემდეგ, პირველად არჩეულ დემოკრატიულ პარლამენტში, პოლკოვნიკი ენრიკე ტეხერო შეიჭრა თავის შეიარაღებულ რაზმებთან ერთად და ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება და სამხედრო რეჟიმის დამყარება გამოაცხადა. მათ ყველაფერი ზუსტად ჰქონდათ გათვლილი და ზუსტად იცოდნენ, რომ ორმოცი წლის მანძილზე დაშინებულ ესპანელებს შორის, ვერავინ გაბედავდა პროტესტის გამოთქმასა და გამოხატვას და გაოგნებული და ისევ დამცირებული ესპანელები, შეშინებულები ისხდნენ სახლებში, ტელეეკრანების წინ. მადრიდისა და ესპანეთის სხვა ქალაქების ქუჩებში კი მხოლოდ გამარჯვებაში დარწმუნებული შეიარაღებული ოფიცრები იდგნენ. მათ სწამდათ, რომ ყველაფერი ზუსტად გათვალეს, მაგრამ სინამდვილეში შეცდნენ, რადგან იმ დღეს გმირი გახდა ის, ვისგანაც გმირობას საერთოდ არ ელოდნენ და გადატრიალებიდან რამდენიმე წუთში, ტელეეკრანზე ხუან-კარლოსი გამოჩნდა. ესპანეთის მეფე იჯდა ესპანეთის დროშის ფონზე და მან აუღელვებლად, ძალიან მშვიდად თქვა ფრაზა, რომელმაც იმ დღეს ესპანეთი გადაარჩინა: - მე ვარ თავისუფალი ესპანეთის მეფე და ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის პირველი მოვკვდები...

ის ადგა პირდაპირ ეთერში, ესპანეთის დროშას აკოცა და ქუჩაში გავიდა, სადაც მისი დახვრეტის ბრძანება უკვე გაცემული იყო, მაგრამ რამდენიმე წამში, მადრიდისა და ესპანეთის სხვა ქალაქების ქუჩებში რამდენიმე მილიონი ესპანელი გავიდა, ესპანეთის დროშებით ხელში და მადრიდის უნივერსიტეტის მაშინდელმა სტუდენტმა მარიანო დე ანდრესმა, ვისაც მონარქიის აღდგენა ესპანეთში სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, პირველმა და ხმამაღლა, განწირული ხმით იყვირა ფრაზა, რომელიც მაშინ, მილიონობით ადამიანმა მთელს ესპანეთში გაიმეორა: გაუმარჯოს მეფეს!...

და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იმ ზღაპრებში ხდება, სადაც კეთილი მეფეები ბოროტ ურჩხულებს ამარცხებენ და ვერცერთმა შეიარაღებულმა ოფიცერმა სროლა ვერ გაბედა, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ ეს ხალხი, თუნდაც უიარაღოდ, თავისუფლებას აღარ დათმობდა...

ბერნანდო ბერტოლუჩი კი იმიტომ გაგვახსენდა, რომ ევროპის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი უცნაური ფურცელია, რითაც კიდევ ერთი, სხვა ხალხის თავისუფლება დაიწყო. გერმანიის გაერთიანებას 1989 წელს ყოველთვის პოლიტიკოსებს აბრალებენ და არა ადამიანს, რომელმაც სინამდვილეში, ორად გაყოფილი გერმანია გააერთიანა. არადა, ზემოთქმული, ლეგენდარული მუსიკოსისა და შემსრულებლის, დევიდ ბოუის დამსახურებაა და პოლიტიკოსები და ისტორიკოსებიც მის ღვაწლს ბერლინის კედლის დანგრევაში უსამართლოდ ივიწყებენ. 1988 წელს, ჯერ კიდევ მაშინდელ დასავლეთ ბერლინში, ქალაქის გამყოფ კედელთან ძალიან ახლოს, სწორედ მისი კონცერტის დროს, პირველად დაიწყო აღმოსავლეთ ბერლინის მოსახლეობამ გამყოფი კედლის მასიური ნგრევა და მათ ისე სურდათ თავისუფალი მუსიკის მოსმენა, რომ შეიარაღებული მესაზღვრეების აღარ შეეშინდათ. მათ აღარ შეეშინდათ თავისუფლების, რომლის ხმებიც საბჭოთა ბერლინში კედლის მეორე მხრიდან ისმოდა და ერთი წლის შემდეგ, ამ კედელმა თავისუფლების ზღვას ვეღარ გაუძლო, კედელი დაინგრა და გერმანია გაერთიანდა.

ამ ზღვას ვერავინ გადაცურავს...

11 ნოველა: აფრიკული ამბავი

▲back to top


ავტორი: როალდ დალი
ინგლისურიდან თარგმნა: კახა თოლორდავამ
ილუსტრატორი: გიორგი მარი

0x01 graphic

ინგლისისათვის ომი 1939 წლის სექტემბერში დაიწყო. კუნძულის მკვიდრთ უმალ შეიტყვეს ამის შესახებ და ომისთვის მზადება დაიწყეს. პერიფერიებში ადამიანებმა ეს ამბავი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიგეს და ომისათვის თადარიგის დაჭერას სასწრაფოდ შეუდგენ.

ამ დროს, აღმოსავლეთ აფრიკაში, კენიის კოლონიაში, ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა თეთრკანიანი მონადირე, რომელსაც უყვარდა იქაური ველები, ხრიოკები და კილიმანჯაროს ფერდობებზე ჩამოწოლილი სუსხიანი ღამეები. მანაც შეიტყო, ომი რომ დაიწყო და მოემზადა. კაცმა მთელი ქვეყანა გადასერა, ნაირობიში ჩავიდა, სამეფო საჰაერო ძალებში გამოცხადდა და მოითხოვა, მისთვის თვითმფრინავის მართვა ესწავლებინათ. მიიღეს და მან ნაირობის აეროპორტში, „თაიგერ მოთის“ ტიპის პატარა თვითმფრინავზე საკმაოდ წარმატებული წვრთნა დაიწყო.

ორი კვირის შემდეგ, კინაღამ სამხედრო-საველე ტრიბუნალის წინაშე წარდგა. საწვრთნელი გაფრენის დროს, ნაბრძანები ჰქონდა, ხრახნებზე და თავისუფალ ვარდნაზე ევარჯიშა. ის კი ამის ნაცვლად, ველური ცხოველებისთვის თვალის შესავლებად ნაკურუს მიმართულებით გაფრინდა. გზაში მოეჩვენა, რომ ხმალრქოსან ანტილოპას მოკრა თვალი და ვინაიდან ეს ძალიან იშვიათი სახეობაა, აღელვებულმა, ცხოველისთვის თვალის უკეთ შესავლებად, თვითმფრინავი დაბლა დაუშვა. ის მარცხენა მხრიდან დაყურებდა ანტილოპას და ამიტომაც ვერ შენიშნა მარჯვნივ მყოფი ჟირაფი. თვითმფრინავის ფრთის კიდე ჟირაფის კისერს გამოედო და ცხოველს პირწმინდად მოკვეთა თავი. აი, ასე დაბლა დაფრინავდა. ფრთა დაზიანდა, მაგრამ ნაირობიში დაბრუნება მაინც მოახერხა. როგორც მოგახსენეთ, კინაღამ სამხედროსაველე ტრიბუნალს გადასცეს, რადგანაც ვერ მოიტყუები და იტყვი, რომ დიდ ჩიტს დაეჯახე, მაშინ, როდესაც შენი თვითმფრინავის ფრთაზე ჟირაფის ტყავის ნაგლეჯები და ბეწვია მიკრული.

ექვსი კვირის შემდეგ კი, მას პირველი დამოუკიდებელი გაფრენის უფლება მისცეს და ისიც ნაირობიდან ელდორეთში გაფრინდა. პატარა ქალაქში რვა ათასი მეტრის სიმაღლეზე, მთებში იფრინა. თუმცა აქაც არ გაუმართლა. ამჯერად ძრავამ უმტყუნა, საწვავში მოხვედრილი წყლის გამო. აუღელვებლად და თვითმფრინავის დაუზიანებლად, ლამაზად მოახერხა ავარიული დაშვება პატარა ქოხის მახლობლად, სრულიად განმარტოებით რომ იდგა მაღალმთიან დაბლობზე. სიმარტოვეა იქ, მაღლა.

ქოხთან მივიდა და ნახა, რომ იქ ერთი მარტოხელა და უქონელი მოხუცი კაცი ცხოვრობდა. მას ერთი კვალი ტკბილი კარტოფილის, რამდენიმე ყავისფერი ქათმის და შავი ძროხის გარდა, არაფერი ებადა.

მოხუცმა კარგად მიიღო ის. მისცა საჭმელი, რძე, საძინებელი და მფრინავი ორი დღით და ორი ღამით დარჩა, სანამ მისი თვითმფრინავი ნაირობიდან გამოგზავნილმა მაშველმა არ შენიშნა. დაეშვა მის გვერდით, გაიგო რა უჭირდა, გაფრინდა და სუფთა საწვავით დაბრუნდა, რამაც ახალგაზრდა კაცს უკან დაბრუნების საშუალება მისცა.

მაგრამ მისი იქ ყოფნის დროს, მოხუცს, რომელსაც რამდენიმე თვის მანძილზე სულიერი არ ენახა, უხაროდა მისი იქ ყოფნა და ის, რომ ვიღაცასთან საუბრის საშუალება მიეცა. მოხუცი ბევრს ლაპარაკობდა, მფრინავი კი უსმენდა. მარტოსულ ცხოვრებაზე, ღამღამობით მასთან შემოხერილ ლომებზე და ჯოგს მოწყვეტილ სპილოზე უყვებოდა, რომელიც ფერდობს მიღმა, დასავლეთში ბინადრობდა; დღეების სიმხურვალისა და სიჩუმის შესახებ უამბობდა, რომელიც შუაღამის სიცივეს მოყვებოდა.

მეორე ღამით, მან თავის შესახებ უამბო. მისი ამბავი გრძელი იყო და უცნაური. სანამ ის ლაპარაკობდა, მფრინავს ეჩვენებოდა, რომ ლაპარაკისას მოხუცი მხრებიდან უმძიმეს ტვირთს იცილებდა. თხრობა რომ დაასრულა, თქვა, ეს ამბავი აქამდე არავისთვის მომიყოლია და არც აღარავის მოვუყვებიო. მაგრამ მისი მონათხრობი იმდენად უცნაური იყო, რომ პილოტმა ნაირობიში დაბრუნებისთანავე, ფურცელზე ჩაიწერა ის. ეს ამბავი მან მოხუცის სიტყვებით კი არ აღწერა, არამედ თავისი სიტყვებით, სადაც მოხუცი მთავარი პერსონაჟი იყო. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მას სხვანაირად არ შეეძლო. მფრინავს არასდროს დაეწერა მოთრობა და, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დაუშვა. არაფერი სმენოდა იმ ხრიკების შესახებ, რომელსაც მწერლები საჭირო სიტყვების შერჩევისას მიმართავენ, მხატვრების მსგავსად, როცა ისინი საღებავებსა და ფერებს არჩევენ. მაგრამ როდესაც წერა დაასრულა, ფანქარი დადო და ლუდის დასალევად მფრინავთა სასადილოს მიაშურა. მაგიდაზე იშვიათი სიძლიერის, ლამაზი მოთხრობა დარჩა.

ორიოდე კვირის შემდეგ, ეს მოთხრობა მის ჩემოდანში ვიპოვეთ, როდესაც მის ნივთებში ვიქექებოდით, მას მერე, რაცის საწვრთნელი გაფრენისას დაიღუპა. მას ნათესავები არ ყავდა. თან, ჩემი მეგობარი იყო და ამიტომაც, ხელნაწერი მე ავიღე და მივხედე.

აი, რას წერდა.

მოხუცი ქოხიდან კაშკაშა მზის შუქზე გამოვიდა, რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა ჯოხზე დაყრდნობილი და თვალისმომჭრელი სინათლით დაბრმავებული, თვალებმოჭუტული იყურებოდა გარშემო. თავი უკან გადაეგდო, მაღლა იხედებოდა და უსმენდა იმას, რაც თითქოს მოესმა.

დაბალი, ჯმუხი და სამოცდაათს გადაცილებული კაცი იყო, თუმცა ოთხმოცდახუთსაც მისცემდით, რადგანაც რევმატიზმს სულ დაეგრაგნა მისი სხეული. სახე ნაცრისფერ თმას დაეფარა და ლაპარაკის დროს, ტუჩის მხოლოდ ერთი მხარე უმოძრავებდა. თავზე, დღისით და მზისით, შინ თუ გარეთ, ჭუჭყიანი თეთრი ქუდი ეხურა.

გაუნძრევლად იდგა კაშკაშა მზის შუქზე და თვალებმოჭუტული უსმენდა რაღაცას.

ჰო, აი ისევ განმეორდა. მოხუცმა თავი მიაბრუნა და ხის პატარა ხუხულას გახედა, რომელიც ასიოდე იარდის მოშორებით იდგა საძოვარზე. ამჯერად ეს უკვე უეჭველი ჩანდა: ძაღლის წკავწკავის ხმა იყო, ტკივილისგან წამოყეფებას ჰგავდა - ისეთს, როდესაც ძაღლს საშიშროება ელის ხოლმე. ხმა კიდევ ორჯერ გაისმა და ეს უკვე კივილს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე წკავწკავს. ამჯერად ბგერა უფრო მაღალი და მკაფიო იყო, თითქოს მოწყვეტით ამოგლიჯეს სხეულიდან.

მოხუცი შებრუნდა, ნაჩქარევი ფამფალით გადაჭრა მინდორი ხის ხუხულამდე, სადაც ჯუდსონი ცხოვრობდა. ხელის კვრით შეაღო კარი და შევიდა.

პატარა, თეთრი ძაღლი იატაკზე იწვა. ფეხებგაჩაჩხული ჯუდსონი კი თავზე წამოდგომოდა მას. შავი თმა ჩამოგრძელებულ, აწითლებულ სახეზე ეყარა. მაღალი და გამხდარი, თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცას; თეთრი, ჭუჭყიანი პერანგი ოფლით ქონდა გაჟღენთილი. პირი სასაცილოდ დაეღო, რაღაც უსიცოცხლოდ, თითქოს ქვედა ყბის ზიდვა უჭირსო. ნიკაპზე დორბლი ეკიდა. იდგა და იატაკზე მწოლიარე პატარა, თეთრ ძაღლს დაყურებდა; ცალი ხელით ყურის ბიბილოს ისრესდა, მეორეში კი ბამბუკის მძიმე ჯოხი ეჭირა. მოხუცს ჯუდსონისთვის არც კი შეუხედავს, ისე დაეშვა მუხლებზე ძაღლის გვერდით და ნაზად გადაუსვა პატარა ხელი ზურგზე. ძაღლი გაუნძრევლად იწვა და წყლიანი თვალებით შეყურებდა. ჯუდსონი არ განძრეულა. ძაღლს და მოხუცს აკვირდებოდა.

მოხუცი ნელა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, თან ორივე ხელით ეყრდნობოდა ჯოხს. მან ოთახს მოავლო თვალი. ოთახის კუთხეში ჭუჭყიანი და დაჭმუჭნული ძველი ლეიბი ეგდო; ხის ყუთებისგან სახელდახელოდ შეკოწიწებულ მაგიდაზე პრიმუსის ქურა და საღებავაქერცლილი ცისფერი ქვაბი იდგა. ატალახებული იატაკი ქათმის ბუმბულით იყო მოფენილი.

მოხუცმა დაინახა ის, რასაც ეძებდა. ეს ლეიბთან კედელზე მიყუდებული რკინის მძიმე სარი იყო და ის ფუტურო ფიცრის იატაკზე ჯოხის კაკუნ-კაკუნით, იქითკენ გაფამფალდა. ძაღლმა მოხუცს თვალი გააყოლა. მოხუცმა ხელჯოხი მარცხენა ხელში გადაიტანა, მარჯვენათი რკინის სარს დაწვდა, კვლავ ცხოველისკენ წალასლასდა და შეუჩერებლივ, რაც ძალა და ღონე ქონდა, დაუშვა ძაღლს თავზე. შემდეგ სარი მიწაზე დააგდო და ჯუდსონს ახედა, რომელიც ისევ ისე, ფეხებგაჩაჩხული იდგა, ნიკაპზე დაკიდებული დორბლით. თვალი ნერვიულად უტოკავდა. მოხუცი მიუახლოვდა მას და ლაპარაკი დაიწყო. ჩუმად, აუჩქარებლად ლაპარაკობდა. მის ხმაში საშინელი ფარული რისხვა იგრძნობოდა; ლაპარაკისას ტუჩის მხოლოდ ერთი კუთხე უმოძრავებდა.

- შენ მოკალი ის, - თქვა მან. - ხერხემალი გადაუმტვრიე.

შემდეგ, როცა სიბრაზის ტალღამ მხნეობა შემატა, საჭირო სიტყვებმაც არ დააყოვნა. სათქმელს ფურთხივით აყრიდა სახეში ტანმაღალ ჯუდსონს, რომელსაც ნერვიულად უტოკავდა თვალი და თან უკან-უკან, კედლისკენ მიიწევდა.

- შე უღირსო, გათახსირებულო ძაღლის მკვლელო ნაბიჭვარო. ეს ჩემი ძაღლი იყო. მიპასუხე, ვინ ოხერმა მოგცა მისი მოკვლის უფლება. მიპასუხე, შე დორბლიანო გადარეულო. მიპასუხე-მეთქი!

ჯუდსონმა ნელა აისვ-ჩამოისვა ხელისგული პერანგზე და ნერვიული კონვულსიისგან ახლა მთელი სახე დაემანჭა.

- არა და არ შეწყვიტა თათის ლოკვა. - ისე თქვა, რომ მოხუცისთვის არც კი შეუხედავს. - ვერ ვიტან ასეთ ხმებს რომ გამოსცემენ ხოლმე. ხომ იცი, რომ ვერ ვიტან ლოკვის ხმას. მორჩი-მეთქი, ვუთხარი. ამომხედა და კუდი გამიქიცინა, მაგრამ შემდეგ ისევ გააგრძელა ლოკვა. ვეღარ ავიტანე და დავარტყი.

მოხუცს აღარაფერი უთქვამს. ერთი წამით ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ამ არსებისთვის გარტყმა უნდოდა. ხელიც კი აწია, მაგრამ ისევ ჩამოუშვა, იატაკზე დააფურთხა, შემოტრიალდა და გარეთ, მზის შუქზე გაფამფალდა. მდელო გადაჭრა და შავი ძროხისკენ გაემართა, რომელიც დაბალი აკაციის ჩრდილში იდგა და იცოხნებოდა; ძროხა თვალს არ აცილებდა მისკენ ფამფალით მიმავალ მოხუცს, თან ცოხნას აგრძელებდა, მექანიკურად, როგორც ნელ ტემპზე დაყენებული მეტრონომი. მოხუცი ძროხას მიუახლოვდა, მის გვერდით გაჩერდა და კისერზე გადაუსვა ხელი. შემდეგ კი მთელი ტანით მიეყრდნო ცხოველს და ხელჯოხის ტარით დაუწყო ზურგის ფხანა. ასე იდგა დიდხანს, ძროხას მიყრდნობილი, თან ზურგს ფხანდა ხელჯოხით; შიგადაშიგ, ერთი-ორ სიტყვას ეტყოდა, ჩუმად, მოკლედ, თითქმის ჩურჩულით - ისე, როგორც ერთი ადამიანი ანდობს ხოლმე საიდუმლოს მეორეს.

აკაციის ხის ქვეშ გრილოდა და ხანგრძლივი წვიმების შემდეგ აბიბინებული ბალახი, მართლაც რომ განსაკუთრებულ ელფერს აძლევდა იქაურობას; ბალახი ხომ უმწვანესია კენიის მაღალმთიანეთში; ასეთ მწვანე ბალახს, იქ რომ იცის წვიმების შემდეგ, წელიწადის ამ დროს მთელ მსოფლიოში ვერ შეხვდება კაცი. შორს, ჩრდილოეთით, თოვლით დაფარული კენიის მთა მოჩანდა, რომლის მწვერვალსაც ყინულოვანი ქარბუქები თეთრი მტვრის ხაზებად აცილებდნენ თოვლს. დაბლა კი, იმავე მთის ფერდობებზე ლომები და სპილოები ბინადრობდნენ. დროდადრო, ღამღამობით, შეგეძლოთ ლომების ღრიალისთვის მოგეკრათ ყური, როდესაც ისინი მთვარეს უყურებდნენ.

0x01 graphic

გადიოდა დღეები და ჯუდსონი, ჩვეულებისამებრ, უსიტყვოდ და მექანიკურად მუშაობდა ფერმაში, - მარცვლეულს იმკიდა, ტკბილ კარტოფილს თხრიდა და შავ ძროხას წველიდა; ამასობაში კი, მოხუცი მწველ აფრიკულ მზეს ქოხში ემალებოდა. მხოლოდ დღის ბოლოს, აგრილებისას გამოდიოდა გარეთ. როგორც წესი, აკაციის ძირას, თავის შავ ძროხასთან მიდიოდა და ერთ საათს მაინც ატარებდა მასთან ერთად. ერთხელ, როდესაც გარეთ გამოვიდა, თვალი მოკრა ჯუდსონს, რომელიც რაღაც უცნაურ პოზაში იდგა, ძროხის მახლობლად. თავისებურად გაჩაჩხული, თვალს არ აშორებდა მას და თან, მარჯვენა ხელით რბილად ისრესდა ყურის ბიბილოს.

- რა დაგემართა? - შეეკითხა მოხუცი და ფამფალით მიუახლოვდა მას.

- სულ ღეჭავს და ღეჭავს. - თქვა ჯუდსონმა.

- იცოხნება, - თქვა მოხუცმა. - შეეშვი.

ჯუდსონმა თქვა: - ნუთუ არ გესმის ეს ხმა? ეს ხრაშუნის ხმა, თითქოს კენჭებს ღეჭავსო. არადა, ეს მხოლოდ ნერწყვში დამბალი ბალახია. შეხედე, ახრაშუნებს და ახრაშუნებს, ახრაშუნებს და ახრაშუნებს, თუმცა ვიცი, რომ ეს მხოლოდ ბალახი და ნერწყვია. ეს ხმა ტვინს მიბურღავს.

- მომწყდი, - თქვა მოხუცმა. - მომწყდი თავიდან.

გამთენიისას, როგორც ყოველთვის, მოხუცი ფანჯარასთან იჯდა და თვალყურს ჯუდსონს ადევნებდა, რომელიც ძროხის მოსაწველად თავისი ხუხულიდან გამოვიდა. დაინახა, თუ როგორ გადაჭრა ნამძინარევმა ჯუდსონმა მდელო ნელი ნაბიჯებით. ნამიან ბალახზე მუქ მწვანე კვალს ტოვებდა; თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას. ხელში ოთხგალონიანი თუნუქის ჭურჭელი ეჭირა, რომელსაც ძროხის წველისას იყენებდა ხოლმე. მზე მაღლა მიცოცავდა და ჯუდსონის, ძროხის და აკაციის დაბალი ხის უკან, წაგრძელებულ ჩრდილებს აფენდა. მოხუცმა დაინახა, თუ როგორ დადგა ჯუდსონმა ჭურჭელი მიწაზე, აკაციის ხის ძირში მდგარი ყუთი გამოაჩოჩა, ჩამოჯდა და საწველად გაემზადა. შემდეგ დაინახა, თუ როგორ უეცრად ჩაიმუხლა მან და ხელით მოსინჯა ძროხის ჯიქანი; იმავე წამს, იქედან, სადაც იჯდა, მოხუცმა შეამჩნია, რომ ძროხას რძე არ ქონდა. დაინახა, თუ როგორ წამოდგა ჯუდსონი და ჩქარი ნაბიჯით გამოეშურა ქოხისკენ. ის იმ ფანჯრის ქვეშ შეჩერდა, სადაც მოხუცი იჯდა და მაღლა აიხედა.

- ძროხას რძე არა აქვს. - თქვა მან.

მოხუცმა გამოღებული ფანჯრიდან გადმოიხედა და რაფას ორივე ხელით დაეყრდნო.

- შენ მოიპარე, შე ნაძირალა ნაბიჭვარო.

- მე არ მომიპარავს. - თქვა ჯუდსონმა. - მეძინა.

- შენ მოიპარე. - მოხუცი კიდევ უფრო გადმოეკიდა ფანჯრიდან. ხმადაბლა ლაპარაკობდა ტუჩის ერთი კუთხით. - ტყავს გაგაძრობ ამისთვის. - თქვა მან.

ჯუდსონმა თქვა, - ვიღაც სხვამ მოიპარა ღამით, ადგილობრივმა, ალბათ კიკუიუს ტომიდან იყო. ან შეიძლება ძროხაა ავად.

მოხუცს მოეჩვენა, რომ ჯუდსონი სიმართლეს ამბობდა.

- ვნახოთ, - თქვა მან, - ვნახოთ, საღამოს თუ მოიწველება; ახლა კი, ღვთის გულისთვის, თავიდან მომწყდი.

საღამოს ძროხას სავსე ჯიქანი ქონდა და მოხუცმა დაინახა, თუ როგორ გამოაცურა ჯუდსონმა ორი კვარტი კარგი, სქელი რძით სავსე ჭურჭელი ძროხის ქვემოდან.

მეორე დილას ძროხა კვლავ ცარიელი იყო. საღამოს კი სავსე. მესამე დილას კი ისევ ცარიელი იყო.

მესამე ღამეს მოხუცი ქურდს ჩაუსაფრდა. როგორც კი მოსაღამოვდა, ღია ფანჯარასთან მოკალათდა, მუხლებზე ძველი, თორმეტკალიბრიანი თოფით. უნდოდა გაერკვია, ვინ წველიდა მის ძროხას ღამ-ღამობით. თავიდან ისეთი უკუნეთი სიბნელე იდგა, რომ ძროხასაც კი ვერ ხედავდა, მაგრამ როგორც კი მთის მიღმა მიმალულმა მთვარემ გამოანათა, ყველაფერი ისე განათდა, როგორც დღისით, თუმცა კი ძალიან ციოდა, ვინაიდან მაღალმთიანეთი შვიდი ათასი მეტრის სიმაღლეზეა. მოხუცს სიცივისგან აკანკალებდა და რომ არ გაყინულიყო, თავის ყავისფერ საბანში გაეხვია. ახლა კარგად ხედავდა ძროხას, ისევე კარგად, როგორც დღის სინათლეზე, ხოლო აკაციის დაბალი ხის ჩრდილი მუქად აჩნდა ბალახს, ვინაიდან მთვარე უკნიდან ანათებდა მას.

მთელი ღამის განმავლობაში, მოხუცი იჯდა და ძროხისთვის თვალი არ მოუშორებია, თუ არ ჩავთვლით იმ მონაკვეთს, როდესაც კიდევ ერთი საბნის ასაღებად, ის ოთახში შეფამფალდა. ძროხა მშვიდად იდგა ხის ქვეშ, იცოხნებოდა და მთვარეს შეყურებდა.

გათენებამდე ერთი საათით ადრე, ძროხის ჯიქანი სავსე იყო. მოხუცი ამას ხედავდა; მთელი ამ ხნის განმავლობაში, უყურებდა მას. მართალია, ვერ ხედავდა, თუ როგორ ევსებოდა ძროხას ჯიქანი, როგორც ვერავინ ხედავს, თუ როგორ მოძრაობს საათის ისრები, მაინც ხვდებოდა, რომ ჯიქანი რძით ივსება. ეს გათენებამდე ერთი საათით ადრე იყო. მთვარე დაბლა ეკიდა, მაგრამ სინათლე არ შესუსტებულა. ის ხედავდა ძროხას, დაბალ ხეს და ბალახის სიმწვანეს ძროხის გარშემო. უეცრად მოხუცმა თავი მოიღერა და სმენა დაძაბა. რაღაც შემოესმა. უდავოდ შემოესმა. ჰო, აი ისევ გამეორდა - შრიალი ბალახში, ზუსტად იმ ფანჯრის ქვეშ, სადაც ის იჯდა. მოხუცი სასწრაფოდ წამოიწია და ფანჯრიდან გადაიხედა.

0x01 graphic

და მან ის დაინახა. უზარმაზარი შავი გველი, მამბა, რვა მეტრის სიგრძისა და კაცის მაჯასავით მსხვილი, სველ ბალახზე, ძროხის მიმართულებით საკმაოდ სწრაფად მისრიალებდა. პატარა, მსხლის ფორმის თავი მიწიდან ოდნავ მაღლა ეჭირა და სველ ბალახზე მოძრაობისას, მისი ტანი მკაფიო სისინის ხმას გამოცემდა, ისეთს, როგორსაც გაზქურიდან გაპარული გაზი გამოცემს ხოლმე. მოხუცი სასროლად მოემზადა და თითქმის იმწამსვე ჩამოუშვა თოფი, თვითონაც არ იცოდა, რატომ. ისევ ჩამოჯდა და გაუნძრევლად უთვალთვალებდა მამბას, რომელიც ძროხას უახლოვდებოდა. მოხუცი მონუსხულივით უსმენდა ამ უცნაურ ხმას; უყურებდა, თუ როგორ მიუახლოვდა ძროხას და ელოდებოდა, როდის დაესხმოდა თავს.

მაგრამ გველი ძროხას თავს არ დასხმია. უბრალოდ, თავი ჰაერში დაიჭირა და რამდენიმე წამის განმავლობაში, ნაზად არწევდა აქეთ-იქით. შემდეგ კი ნელა აზიდა თავისი შავი ტანის წინა ნაწილი, ძროხის ჯიქნის ქვეშ დაეკიდა, ერთ-ერთი სქელი ცური პირში ნაზად ჩაიდო და რძეს დაეწაფა.

ძროხა არ განძრეულა. სრულ სიჩუმეში, ძროხის ჯიქნის ქვეშ, მოხდენილად დაკიდებული მამბა იგრაგნებოდა. შავი გველი და შავი ძროხა მკაფიოდ მოჩანდნენ მთვარის შუქზე.

მოხუცი ნახევარი საათის განმავლობაში ადევნებდა თვალს მამბას, რომელიც ძროხის რძეს წოვდა. ხედავდა, თუ როგორ ნაზად ირხეოდა მისი შავი ტანი, როდესაც სითხე ცურიდან მასში ინაცვლებდა. მან ისიც კი დაინახა, თუ როგორ შეცვალა მამბამ ერთი ცური მეორეთი და ასე გააგრძელა მანამ, სანამ ძროხას ჯიქანი არ დაუცარიელდა. შემდეგ, მამბა ნაზად დაეშვა მიწაზე და ისევ იმ მიმართულებით გაცურდა ბალახზე, საიდანაც მოცურდა. ისეთივე სისინით მისრიალებდა. მან კვლავ ჩაისრიალა ფანჯრის ქვეშ, სადაც მოხუცი იჯდა, თან სველ ბალახზე შესამჩნევი კვალი დატოვა. შემდეგ კი ქოხს მიღმა გაუჩინარდა.

მთვარე კენიის მთის მწვერვალს მიღმა ნელა ჩაეშვა. თითქმის იმავდროულად, აღმოსავლეთით მზე ამოვიდა და ნამძინარევი ჯუდსონი თავისი ხუხულიდან ოთხგალონიანი თუნუქის ჭურჭლით ხელში გამოვიდა. ის ნელა გაემართა ძროხისკენ. სიარულისას, ცვრიან ბალახზე კვალს ტოვებდა. მოხუცი მას უყურებდა და ელოდა. ჯუდსონი დაიხარა, ცურს ხელი შეავლო და სწორედ ამ დროს, მოხუცმა დაუყვირა. მისი ხმის გაგონებაზე, ჯუდსონი წელში გაიმართა.

- ისევ ცარიელია, - თქვა მოხუცმა.

ჯუდსონმა თქვა, - ჰო, ცარიელია.

- მე მგონია, - თქვა მოხუცმა დინჯად, - მე მგონია, რომ ეს პატარა ბიჭის ნახელავია კიკუიუს ტომიდან. ჩამყვინთა და მხოლოდ მაშინ გამეღვიძა, როდესაც საქმე მოთავებული ქონდა. ვერ ვესროლე იმიტომ, რომ ჩვენს შორის ძროხა იდგა. ის ძროხას ამოეფარა. დღეს ღამით ჩავუსაფრდები. დღეს ღამით ჩავავლებ, - დაუმატა მან.

ჯუდსონმა არაფერი უპასუხა. ის თავის ოთხგალონიან ჭურჭელს დაწვდა და ხუხულისკენ გაეშურა.

იმ ღამით მოხუცი კვლავ ფანჯარასთან იჯდა და ძროხას უყურებდა. ამჯერად მას თითქოს სიამოვნებდა კიდეც იმაზე ფიქრი, რისი მომსწრეც უნდა გამხდარიყო. იცოდა, რომ ისევ ნახავდა მამბას, მაგრამ მაინც უნდოდა, კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო ამაში. და მართლაც, როდესაც უზარმაზარი შავი გველი ბალახში ძროხის მიმართულებით გასრიალდა, გამთენიამდე ერთი საათით ადრე, მოხუცი ფანჯრიდან გადმოიხარა და თვალს არ აშორებდა მას, რომელიც ძროხას უახლოვდებოდა. მან დაინახა, თუ როგორ შეყოვნდა გველი ძროხის ჯიქნის ქვეშ, სულ რამდენიმე წამით, თავის აქეთიქით რწევით და როგორ აიზიდა მიწიდან ჰაერში, ძროხის ცურის პირში ჩასადებად. მოხუცმა დაინახა, თუ როგორ წოვდა რძეს ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ არ დაცარიელდა და დაინახა, თუ როგორ დაეშვა კვლავ მიწაზე და რბილად გაცურდა ქოხის უკან - იქეთკენ, საიდანაც მოცურდა. ამის შემხედვარე მოხუცს ტუჩის კუთხით ჩაეცინა.

მერე კი მზე ამოვიდა და ჯუდსონი ხუხულიდან გამოვიდა, თავისი ოთხგალონიანი თუნუქის ჭურჭლით ხელში, მაგრამ ამჯერად ის პირდაპირ ფანჯრის მიმართულებით გაემართა, სადაც საბანში გახვეული მოხუცი იჯდა.

- რა მოხდა? - იკითხა ჯუდსონმა.

მოხუცმა ფანჯრიდან გადმოხედა მას.

- არაფერი, - თქვა მან, - არაფერი მომხდარა. ისევ ჩამეძინა და სანამ მეძინა, იმ ნაბიჭვარმა ისევ მოიპარა რძე. - მომისმინე, ჯუდსონ, - დაუმატა მან, - ის ბიჭი უნდა დავიჭიროთ, თორემ შენ რძე დაგაკლდება; ისე კი, არც არაფერი მოხდება ამით, მაგრამ მაინც უნდა დავიჭიროთ. მე ვერ ვესროლე იმიტომ, რომ საკმაოდ ჭკვიანია; თან ძროხაც მეფარებოდა. შენ უნდა დაიჭირო ის.

- მე? როგორ?

მოხუცი ნელა ლაპარაკობდა.

- ვფიქრობ, - თქვა მან, - ვფიქრობ, სადმე ძროხის მახლობლად უნდა დაიმალო. მხოლოდ ასე თუ დავიჭერთ მას.

ჯუდსონი მარცხენა ხელით იჩეჩავდა თმას.

- დღეს, - გააგრძელა მოხუცმა, - ძროხის მახლობლად, არცთუ ისე ღრმა თხრილს ამოთხრი. თუ იმ თხრილში ჩაწვები და ზემოდან თივას და ბალახს დაგაფარებ, ქურდი ვერ შეგნიშნავს, სანამ არ მოგიახლოვდება.

- მას შეიძლება დანა ქონდეს თან. - თქვა ჯუდსონმა

- არა, დანა არ ექნება. შენ კი შენი ჯოხი აიღე. ეს საკმარისი უნდა იყოს.

ჯუდსონმა თქვა: - ჰო, ჩემი ჯოხი მექნება. როცა მოვა, წამოვხტები და ჯოხს ჩავცხებ. მერე კი უეცრად, თითქოს რაღაც გაახსენდაო: - იმ ცოხნას რაღა მოვუხერხო? - თქვა მან. - ვერ ავიტან მთელი ღამის განმავლობაში ცოხნის ხმას, ხრაშუნს, ხრაშუნს, ხრაშუნს, ნერწყვის და ბალახის კენჭებივით ხრაშახრუშს. ამას ვერ გავუძლებ. - და ყურის ბიბილოს კვლავ მარცხენა ხელით დაუწყო წვალება.

- იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან. - თქვა მოხუცმა.

იმავე დღეს, ძროხის მახლობლად, ჯუდსონმა ორმო ამოთხარა. ცხოველს რომ ღამე აქეთ-იქეთ ბორიალი არ დაეწყო, გადაწყვიტეს აკაციაზე მიებათ. მერე კი, როდესაც მოსაღამოვდა და ჯუდსონი თხრილში ჩასაწოლად ემზადებოდა. მოხუცი ქოხიდან გამოვიდა და უთხრა:

- დილამდე მანდ გდებას აზრი არ აქვს. ისინი მანამ არ მოვლენ, სანამ ძროხას ჯიქანი არ გაევსება; შემოდი და დაელოდე; აქ უფრო თბილა, ვიდრე შენს პატარა, ჭუჭყიან ხუხულაში.

ჯუდსონი მოხუცს თავისთან არასდროს დაუპატიჟებია. ის მოხუცს ქოხში შეყვა. ბედნიერი იყო იმით, რომ მთელი ღამე თხრილში წოლა არ მოუწევდა. ოთახში ლუდის ბოთლზე დამაგრებული სანთელი იწვოდა. ბოთლი მაგიდაზე იდგა.

- ჩაი დააყენე, - თქვა მოხუცმა და მიწაზე მდგარ ქურაზე მიუთითა. ჯუდსონმა ქურა აანთო და ჩაი მოამზადა. ისინი ხის ყუთებზე ჩამოსხდნენ და ჩაის სმა დაიწყეს. მოხუცი ცხელ ჩაის ხმაურით ხვრეპდა. ჯუდსონი კი ჯერ სულს უბერავდა, ფრთხილად წრუპავდა და ჭიქის ზემოდან უყურებდა მოხუცს. ის კი ასე ხვრეპა-ხვრეპით აგრძელებდა ჩაის სმას, სანამ ჯუდსონმა არ თქვა:

- მორჩი.

ეს სიტყვები ჩუმად წარმოთქვა, თითქმის ნაღვლიანად და იმავე წამს სახე კონვულსიამ მოუქცია.

- რას? - იკითხა მოხუცმა.

ჯუდსონმა უპასუხა: - ხვრეპას.

მოხუცმა ჭიქა დადგა და რამდენიმე წამს უსიტყვოდ უყურებდა მოსაუბრეს. მერე კი თქვა: - სულ რამდენი ძაღლი გყავს მოკლული, ჯუდსონ?

შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

- გეკითხები, რამდენი ძაღლი გყავს მოკლული-მეთქი? რამდენი?

ჯუდსონმა ჩაის დამბალი ფოთლების ჭიქიდან ამოღება და მარცხენა ხელის მტევანზე მათი დაკვრა დაიწყო; ოდნავ წინ გადმოხრილი მოხუცი პასუხს ელოდებოდა:

- რამდენი ძაღლი, ჯუდსონ?

ჯუდსონმა ჭიქიდან ჩაის ფოთლების ამოღებას მოუჩქარა; თითებს ცარიელ ჭიქაში ტენიდა, იქიდან ჩაის ფოთლებს იღებდა, სასწრაფოდ იკრავდა მტევანზე და მომდევნო ფოთლისთვის ჭიქაში ძვრებოდა. როდესაც ჭიქაში ფოთლების რაოდენობა შემცირდა და ისე სწრაფად ვეღარ პოულობდა მათ, დარჩენილების დასაძებნად ჭიქაში ჩაიხედა. მტევანი, რომელშიც ჭიქა ეჭირა, ჩაის შავი ფოთლებით ქონდა დაფარული.

- ჯუდსონ! - დაუყვირა მოხუცმა და ტუჩის კუთხე მაშასავით გაეხსნა და დაეხურა. სანთლის ალმა შეითამაშა და მერე ისევ დაწყნარდა.

შემდეგ კი ჩუმად და ძალიან ნელა, შეპარვით, თითქოს ბავშვს ელაპარაკებაო: - სულ რამდენი ძაღლი გყავს მოკლული?

ჯუდსონმა თქვა: - რატომ უნდა გითხრა?

მოხუცისთვის არ შეუხედავს. მტევნიდან ჩაის ფოთლებს იძრობდა და უკან, ჭიქაში აბრუნებდა.

- მინდა ვიცოდე, ჯუდსონ.

მოხუცი ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა.

- მე თვითონ დავინტერესდი. მოდი, ამაზე ვილაპარაკოთ და მომავალი გართობისთვის გეგმები დავსახოთ.

ჯუდსონმა მოხუცს ახედა. ნიკაპზე დორბლის ძაფი ჩამოეკიდა, სულ ერთი წამით დაეკიდა ჰაერში, მოწყდა და მიწაზე დაეცა.

- მე მხოლოდ ხმის გამო ვკლავდი მათ.

- ხშირად აკეთებდი ამას? მაინტერესებს რამდენჯერ.

- ხშირად, ოღონდ დიდი ხნის წინ.

- როგორ? მომიყევი, როგორ აკეთებდი ამას. ყველაზე უფრო როგორ მოგწონდა?

სიჩუმე.

- მითხარი, ჯუდსონ. მინდა ვიცოდე.

- რატომ უნდა მოგიყვე? ეს საიდუმლოა.

- არავის ვეტყვი. გპირდები, არავის ვეტყვი.

- კარგი, რადგან მპირდები. - ჯუდსონმა ყუთი უფრო ახლოს მიაჩოჩა და ჩურჩულით დაიწყო.

- ერთხელ დაველოდე, სანამ ჩაიძინებდა, მერე კი დიდი ქვა ავიღე და თავი გავუჭყლიტე.

მოხუცი წამოდგა და ჩაი დაისხა.

- ჩემი ასე არ მოგიკლავს, არა?

- ამის დრო არ მქონდა. ის ხმა ისეთი აუტანელი იყო, ლოკვის ხმა, და ამიტომაც ჩქარა უნდა გამეკეთებინა ეს.

- შენ ის არც კი მოგიკლავს.

- უბრალოდ, ხმა შევაჩერე.

მოხუცი კართან მივიდა და გარეთ გაიხედა. ბნელოდა. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო, მაგრამ ვარსკვლავებით მოჭედილი სუფთა და გრილი ღამე იყო. აღმოსავლეთით ცა ოდნავ ფერმკრთალი ჩანდა და სანამ მოხუცი გარეთ იყურებოდა, სინათლე მატულობდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ეს სიკაშკაშე მთელ ცას ისე ეფინებოდა, რომ ნამიანი ბალახი სინათლეს ირეკლავდა. მთების მიღმა, მთვარე ნელა ამოვიდა. მოხუცი შეტრიალდა და თქვა: - მოემზადე. რა იცი, შეიძლება დღეს უფრო ადრე მოვიდნენ.

ჯუდსონი ფეხზე წამოდგა და ორივენი გარეთ გავიდნენ. ჯუდსონი, ძროხის შორიახლოს, თხრილში ჩაწვა და მოხუცმა ბალახ-ბულახი ისე დააფარა, რომ მხოლოდ თავიღა უჩანდა. - მეც ყურადღებით ვიქნები, - თქვა მოხუცმა, - ფანჯრიდან რომ დაგიყვირებ, წამოხტი და დაიჭირე.

ის ქოხისკენ წაფამფალდა, შევიდა, საბანში გაეხვია და ფანჯარასთან მოკალათდა. ჯერ ადრე იყო. მთვარე თითქმის შეივსო და თან მაღლა იწევდა. მისი შუქი კენიის მთის მწვერვალზე შეფენილ თოვლს ანათებდა.

ერთი საათის შემდეგ, მოხუცმა ფანჯრიდან დაიყვირა.

- ხომ არ ჩაგეძინა, ჯუდსონ?

- არა, - უპასუხა მან, - ფხიზლად ვარ.

- არ ჩაგეძინოს, - დაუყვირა მოხუცმა, - ოღონდ არ ჩაგეძინოს.

- ძროხა სულ იცოხნება და იცოხნება. - თქვა ჯუდსონმა.

- ჰოდა, იცოხნოს და იყოს თავისთვის. შენ კი, იცოდე, გესვრი, თუ წამოდგები, - თქვა მოხუცმა.

- მესვრი?

- ჰო, თუ წამოდგები, გესვრი.

იმ ადგილიდან, სადაც ჯუდსონი იწვა, ჩუმი კრუსუნის ხმა გაისმა - თითქოს ბავშვი ცდილობს, რომ არ იტიროსო. ამას ჯუდსონის ხმა მოყვა, - უნდა გავინძრე მაინც. გთხოვ, ამ ხრაშა-ხრუშს ვერ ავიტან.

- თუ წამოდგები, - თქვა მოხუცმა - პირდაპირ მუცელში გესვრი.

კრუსუნი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. შემდეგ უეცრად შეწყდა.

ღამის ოთხი საათისთვის ძლიერ აცივდა. მოხუცი უფრო თბილად გაეხვია თავის საბანში და დაიყვირა: - გცივა მანდ, ჯუდსონ? გცივა?

- ჰო, - იყო პასუხი. - ძალიან, მაგრამ ეგ არაფერია, იმიტომ, რომ ძროხას ჩაეძინა და აღარ იცოხნება.

მოხუცმა თქვა: - იმ ქურდბაცაცას რომ დაიჭერ, რას უზამ?

- არ ვიცი.

- მოკლავ?

პაუზა.

- არ ვიცი. ჯერ ალბათ დავიჭერ და მერე ვნახოთ.

- ვნახოთ, - თქვა მოხუცმა. - კაი სეირი კი იქნება.

ის ფანჯრიდან გადმოხრილიყო და ორივე ხელით რაფას ეყრდნობოდა.

შემდეგ ფანჯრის ქვემოდან სისინის ხმა მოესმა. გადაიხედა და შავი მამბა დაინახა, რომელიც ბალახში, ძროხის მიმართულებით სწრაფად მიცურავდა, თავი მიწიდან ოდნავ მაღლა ეჭირა.

როდესაც მამბა ძროხას ხუთი იარდით მიუახლოვდა, მოხუცმა დაიყვირა. ხელები პირზე მიიდო და დაიყვირა: - მოდის, ჯუდსონ, მოდის, მიდი, დაიჭირე.

ჯუდსონმა თავი წამოყო და აიხედა. და სწორედ ამ დროს დაინახა მამბა. მამბამაც დაინახა ის. ერთი თუ ორი წამით გველი შეჩერდა, უკან გადაიხარა და ტანის წინა ნაწილი ჰაერში აზიდა. შემდეგ კი თავს დაესხა. სწრაფად, ელვისებურად უკბინა მკერდში. ჯუდსონმა წამოიყვირა, გრძლად, თითქმის შეკივლებით. ეს იყო ჰაერში გაყინული ერთი ნოტი, რომელიც არც მაღლა და არც დაბლა არ დაშვებულა, უბრალოდ, ნელა ჩაკვდა სიცარიელეში და შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ჯუდსონი ახლა უკვე ფეხზე იდგა და ტანზე პერანგს იგლეჯდა, ცდილობდა ნაკბენი მოესინჯა მკერდზე, თან ჩუმად ყმუოდა და პირდაღებული მძიმედ სუნთქავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოხუცი ჩუმად იჯდა გამოღებულ ფანჯარასთან, ოდნავ წინ გადახრილი და ყურადღებით ადევნებდა თვალყურს.

ყველაფერი ძალიან ჩქარა სრულდება, როდესაც ვინმეს შავი მამბა კბენს. შხამი წამში იწყებს მოქმედებას. ჯუდსონი მიწაზე დაეცა და ბალახზე გაგორდა. ამჯერად უხმოდ. გარშემო სიჩუმე იყო. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ვიღაც საოცრად ღონიერი კაცი უხილავ გოლიათს ეჭიდავება და თითქოს გოლიათმა კაცი თავის მარწუხებში მოიქცია და წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა.…

შემდეგ ბალახის პუტვა დაიწყო და სულ რამდენიმე წამში, გულაღმა გაშოტილს, მხოლოდ ფეხებიღა უცახცახებდა. თუმცა დიდხანს არც ეს გაგრძელებულა. ის ერთხელ კიდევ დაიგრიხა, წელში მოირკალა, გადატრიალდა და ბალახზე პირდაღმა გაწვა. მარჯვენა ფეხი სხეულის ქვეშ უშნოდ მოქცეოდა, ხელები კი წინ გაეშვირა.

მოხუცი ფანჯარასთან იჯდა და მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი დასრულდა, ის გაუნძრევლად იჯდა. აკაციის ხის ძირში რაღაც შეირხა და მამბა ძროხისკენ გასრიალდა. მიუახლოვდა, შეჩერდა, თავი აწია. დაელოდა, თავი ისევ დაუშვა და პირდაპირ ძროხის ჯიქნის ქვეშ შეცურდა. შემდეგ ჰაერში აიწია, ერთ-ერთი ყავისფერი ცური პირში ჩაიდო და რძეს დაეწაფა. მოხუცი იჯდა და უყურებდა, თუ როგორ სვამდა მამბა მის რძეს და კიდევ ერთხელ შეამჩნია მამბას ტანის ნაზი პულსაცია, როდესაც რძე მასში იღვრებოდა.

სანამ გველი რძეს სვამდა, მოხუცი წამოდგა და ფანჯარას მოცილდა.

- შენი იყოს მისი წილი. - ჩუმად თქვა. - ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. - ამას რომ ამბობდა, უკან მიიხედა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მიწიდან ოდნავ წამოწეულ მამბას შავ ტანს, რომელიც ძროხის ტანს ერწყმოდა.

- ჰო, - კვლავ გაიმეორა, - ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მისი წილი რომ შენ დაგრჩეს.

12 ცრემლიანი სათვალე

▲back to top


გიორგი გვახარია
ნაწილი მეშვიდე 1979

სახადი

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ 79 წლის ოქტომბერში „ცრემლიანი სათვალის“ ავტორს მოსკოვში გაუგებარი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საშიში ოპერაცია ელოდა, მაინც ვერ გამოტოვებდა იზაბელ აჯანის რეტროსპექტივას იქაურ კინოთეატრ „ვარშავაში“. ბოლოს და ბოლოს, ერთი გოგო მოსწონდა, რომელსაც თბილისელები აჯანის ამსგავსებდნენ (ერთი წლით ადრე, კინოს სახლში უჩვენეს „ალიყური“, რომელ- შიც იზაბელ აჯანი თავის პირველ დიდ როლს ასრულებს). ჰოდა, თბილისში რომ დაბრუნდებოდა (ცოცხალი ან მკვდარი), გადარჩენის შემთხვევაში იმ გოგოს თაყვანისმცემლებს დააფრთხობდა; ეტყოდა, თქვენ რა იცით ვინაა იზაბელ აჯანი, ამ მსახიობს ყველაზე კარგად მე ვიცნობო... ხოლო თუკი მისი მკერდუკანა ჯირკვალი ძალაუფლებისმოყვარული, ან, უბრალოდ, ექსცენტრული აღმოჩნდა, თუკი სხვა ორგანოების დაპყრობაც მოინდომა, მოკლედ, თუკი თქვენი მონა-მორჩილი ჩააძაღლა, ტკბილად მაინც წავიდოდა ამ ქვეყნიდან - ამ, უფრო სწორად, „იმ“, დღეს უკვე არარსებული ქვეყნის დედაქალაქიდან იზაბელ აჯანის სხივს გაიყოლებდა.

„ვარშავა“ ტიპიური საბჭოთა კინო-თეატრი იყო, ბროლის დიდი ჭაღებით, ათასკაციანი დარბაზით, ჟურნალ-გაზეთების კიოსკებითა და თითქმის სრულიად ცარიელი სუვენირების მაღაზიებით. მოსკოვის ცენტრიდან „ვარშავამდე“ მისაღწევად, მეტროთი დაახლოებით ერთი საათი უნდა გემგზავრათ. ასეთი გრანდიოზული კინოდარბაზები ქალაქგარეთ სწორედ საზღვარგარეთული ფილმების რეტროსპექტივებისთვის ააშენეს; დასავლური სამოთხის ნახვის მსურველებს, კინოთეატრის წინ „დავკა“ რომ შეექმნათ, ცენტრში ამას ვერავინ შეიტყობდა (ამავე სამოთხიდან საბჭოეთში მივლინებულ ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტებს კი უფრო მეტად მოსკოვის ცენტრში უყვარდათ „მუშაობა“).

ეს სიშორე და გადაკარგულობა თავისთავად ქმნიდა „დავკისგან“ გადარჩენის გარანტიას. უბრალო მოსკოველს, რომლისთვისაც სულ ერთი იყო იზაბელ აჯანის ნახავდა ეკრანზე თუ ლიუდმილა გურჩენკოს, ქალაქგარეთ აშენებულ კინოდარბაზებში „ექსკურსია“ ნამდვილად დაეზარებოდა. ცენტრი კი, უფრო სწორად „საბჭოთა კინოცენტრი“, ქულებს ჩაიწერდა, მოგვიანებით იტყოდა - „1979 წლის ოქტომბერში მოსკოვში ფრანგული ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო“.

7 ფილმიდან, რომელიც 79 წლის თბილ შემოდგომაზე „ვარშავაში“ უჩვენეს, სამ სურათში იზაბელ აჯანი თამაშობდა. „ალიყური“, „ბაროკო“, „ადელ ჰ-ს ისტორია“... ეს ფილმები 5 წელიწადს მოიცავს, მაგრამ “პატარა იზაბელი” თითქოს არ იზრდება. მისი ადელ ჰიუგო (იგივე ადელ ჰ.) იმ ბავშვს ჰგავს, ვერაფრით რომ ვერ თმობს თავის სათამაშოს. მერე რა, რომ „სათამაშო” აქ ინგლისელი ოფიცერია, რომელიც დიდი მწერლის ქალიშვილს გაგიჟებით შეუყვარდა!

„პატარა იზაბელს“ გაგიჟებით უყვარს. მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ ასეთი, დაჟინებული სიყვარული. მხოლოდ ფრანსუა ტრიუფოს ფილმებში შეიძლება სიყვარული იმ თამაშს დაემსგავსოს, რომელსაც გოგონები მთელ მსოფლიოში „სახლობანას“ ეძახიან.

მთელ მსოფლიოში, მაგრამ არა რუსეთში.

იზაბელმა „ვარშავის“ პუბლიკა მაინცდამაინც არ აღაფრთოვანა. საბჭოთა კავშირში არასდროს ყვარებიათ ის სტილი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო „ადელ ჰ-ს ისტორიაში“ ამკვიდრებდა; სტილი, რომელიც თავად ტრიუფომ ახსნა, როცა თავის მასწავლებელზე, ჟან რენუარზე წერდა: „რენუარის შემოქმედება ყველა დავთარს ურევს და გვასწავლის, არასდროს არაფერს გამოვუტანოთ მსჯავრი, გვესმოდეს, რომ ბოლომდე ყველაფრის გაგება შეუძლებელია“.

70-იანი წლების მიწურულს, საბჭოთა კავშირში უფრო მეტად „ბოლომდე გაგებისთვის“ იღვწოდნენ. ყველას სურდა აეხსნა, რას ნიშნავდა მარგარეტ ტეტჩერის გამარჯვება 1979 წლის არჩევნებში; როგორ აისახებოდა მსოფლიო რუკაზე ისლამური რევოლუცია ირანში და ბოლოს, უბრალო საბჭოელის ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენდა ბრეჟნევის ჯარების შესვლა ავღანეთში.

რაში ენაღვლებოდათ ფრანსუა ტრიუფოს კოსტიუმირებული დრამა და ლამაზი, მაგრამ უმრავლესობის აზრით, რაღაცნაირად განუვითარებელი იზაბელ აჯანის გმირის დაჟინებული, გააფთრებული, გაგიჟებული სიყვარული?

არადა, როგორი ლამაზია ამ ფილმში! მისი „განუვითარებლობა“, „დაუსრულებლობა“ თანაშემოქმედების ვნებას აღძრავს. ნამდვილ მამას (თანაც როგორ მამას, საფრანგეთის საამაყო შვილს - ვიქტორ ჰიუგოს!) გაექცა და ისევ მამას ეძებს (ინგლისელ ოფიცერს). მაგრამ ამას არ უნდა, თვალში ეპატარავება! აქ სწორედ მაყურებელი აქტიურობს და გულში ფიქრობს - „მე მინდა, მე მინდა! მე მოვუვლი პატარა იზაბელს, ცივ ნიავს არ მივაკარებ. ჯანდაბას, მე ვიქნები მამა!“

ბავშვობაში, მშობლებისგან მიტოვებულმა ფრანსუა ტრიუფომ პედოფილია პოეზიად აქცია - იმის მტკიცება დაიწყო, რომ გადასაღებ მოედანზე კინორეჟისორი არა იმდენად მსახიობებს, რამდენადაც ბავშვებს მწყემსავს. თუკი არტისტი ბავშვივით გულუბრყვილო და ინფანტილური არ არის, იგი არასდროს დაემორჩილება რეჟისორის მანიპულაციას. ასეთ ბავშვებს უნდა მოეფერო, თუ საჭიროა, ხელიც მოუცაცუნო, ან, კუთხეში დააყენო. მთავარია, რომ მისგან რაღაც შექმნა.

„ხელის ცაცუნი“ ყოველთვის იმას როდი ნიშნავს, რაც ახლა იფიქრე, ჩემო სპეტაკო მკითხველო.

სწორედ „ხელის ცაცუნმა“ გახადა სახელგანთქმული თბილისელი ოფიციანტი ქალი, ჯუნა დავითაშვილი. ერთხელ, ჩემმა მეგობარმა, კაკი ბოკუჩავამ შენიშნა, როგორ „უსინჯავდა“ ჯუნა წყალ-წყალა ყავის დასალევად „მეტროში“ მიბრძანებულ კლიენტებს ეგრეთ წოდებულ „აურას“; როგორ აგიჟებდა უსაქმურ თბილისელებს თავისი გრძელი და თბილი ხელებით და მთელი „მეტროს“ გასაგონად გაჰკიოდა, ჩემში ისეთ ენერგიას ვგრძნობ, რომ კიბოს დამარცხებაც შემიძლიაო. ჯუნას შესახებ კაკიმ ბიძამისს, მოსკოვში მცხოვრებ აკადემიკოს მიხეილ ბოკუჩავას (ქართული ჩაის სახელგანთქმულ ტექნოლოგს) უამბო. ოფიციანტი ჯუნა, რომელიც ამტკიცებდა ასირიელი ვარ, ეს ნიჭი თავად უფალმა მომცაო, მოსკოვში წაიყვანეს, „ენერგია“ გაუსინჯეს და დაასკვნეს, რომ ამ შავ-შავ ქალს ხელების ცაცუნით მართლაც შეუძლია რაღაცეები.

ჩემით დაიწყო და ბოლოს კრემლში მოხვდა - ბრეჟნევს მოუცაცუნა ხელები და ისეთი ენერგიით დატვირთა, რომ ლეონიდ ილიჩმა ავღანეთში ომის დაწყებაც კი გაბედა.

მე ვერ მიშველა. სრულიად არადამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვები, გაიხსენე გოგი, როგორ გაიარა ქრისტემ ზღვაზე და შენც გაივლიო; ექიმების ნუ გჯერა, თავი არ გააჭრევინო, სისხლი არ გამოაშვებინოო. არადა, სისხლის გამოშვება ხომ დიდი ხნის განმავლობაში, უნივერსალურ სამედიცინო ხერხად ითვლებოდა. ფრანსუა ტრიუფოსა და იზაბელ აჯანის სიყვარული არ მალაპარაკებს ახლა; უბრალოდ ფაქტია - სისხლის გამოშვებით ავადმყოფის მკურნალობა სწორედ საფრანგეთში იყო გავრცელებული. როცა დეკარტი შვედეთში გაცივდა, ადგილობრივმა ექიმმა მისი მკურნალობა სისხლის გამოშვებით გადაწყვიტა - „არ გაბედოთ ფრანგული სისხლის დაღვრა!“ - პატრიოტულად შესძახა ფილოსოფოსმა.

მოკლედ, ეს დალოცვილი ფრანგული „ვიტალურობის განცდა“ ყოველთვის სისხლის სიმბოლოში გამოიხატებოდა. ამიტომაცაა ასეთი „სისხლიანი“ საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი - „მარსელიოზა“; სიტყვა „სისხლს“ ამდენჯერ ხომ ვერცერთ ჰიმნში ვერ შეხვდებით.

მაგრამ რას გვაგონებს სისხლი თუ არა ღვინოს, და რა არის ღვინო თუ არა თრობა და დროსტარება? თუ არა ისეთი თავდავიწყება, როცა ფეხებზე გკიდია ყველაფერი?

დეკადენტური ლივლივი სისხლსა და ღვინოში მაშინ იწყება, როცა ადამიანები უსაქმურობით ტკბებიან. უსაქმური კაცი ყოველთვის ჯანმრთელად გრძნობს თავს. უსაქმურობაც მკურნალობის ფორმაა. სწორედ ისეთი, თომას მანმა რომ აღწერა „ჯადოსნურ მთაში“.

თომას მანი ფრანგებს ყოველთვის შურით უყურებდა. ერთ თავის წერილში ბალზაკი გაიხსენა, გერმანელებზე რომ წერდა, გერმანელებს არ შეუძლიათ თავისუფლების ინსტრუმენტებზე დაკვრა, მათ მხოლოდ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ეხერხებათო. მიუხედავად ამისა, იმავე „ჯადოსნურ მთაში“, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე აღზრდილი გერმანელი ჰანს კასტორპი ბედნიერების ჟამს, როცა უსაქმოდ ყოფნა და შვეიცარული სუფთა ჰაერი ისე დაათრობს, რომ ჭლექიანსა და დავრდომილს ფრენის სურვილი გაუჩნდება, არა ბეთჰოვენსა და ვაგნერს, არამედ ჟორჟ ბიზეს დაამღერებს, კარმენის სიტყვებს გაიმეორებს: „მხოლოდ მთაშია თავისუფლება!“

0x01 graphic

მთები თუ არა გაქვს, უნდა შექმნა, ააშენო რაღაც, მთის მსგავსი (როგორც ამსტერდამში); ან ბორცვები, უფრო სწორად, „ბორცვუკები“ იპოვო სადმე და ლამაზი სახელი დაარქვა. როგორც მოსკოვში - Воробьевы горы. მერე რა, რომ ბორცვუკებია? მთავარი ხომ სიმაღლე არ არის? ლენინიც არ იყო მაღალი, მაგრამ რევოლუცია მოახდინა. ამიტომაც „ბეღურების მთებს“ სახელი შეუცვალეს და Ленинские горы დაარქვეს.

70-იანი წლების დასაწყისში, ამ ბორცვუკებზე მაღალი მინის სახლი აშენდა - სამედიცინო ინსტიტუტთან არსებული ქირურგიის ცენტრი. ადამიანებს აქ იმდენად წარმატებით ჭრიდნენ და კერავდნენ, რომ რამდენიმე ხანში, კლინიკამ საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, „ლენინის მთაზე“ გასაჭრელად უცხოელებიც კი ჩამოდიოდნენ. კარმენის სიტყვებს - „მხოლოდ მთაშია თავისუფლება“ აქ არავინ იმეორებდა, მაგრამ ქირურგიის ინსტიტუტის პალატები და სასადილო რაღაცით მართლაც ჰგავდა ბერგოფის სანატორიუმს. ჩემს პალატაში, მაგალითად, აბაზანაც იყო და ტუალეტიც. პატარა მაცივარიც იდგა, რომელშიც მთელი თარო დაიკავა უზარმაზარმა ქილამ შავი ხიზილალით.

ხიზილალა, ცხადია, მე მეკუთვნოდა - იმხანად ჯერ კიდევ ყველაზე მდიდარი საბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს მკვიდრს. იმდენი იყო ეს ხიზილალა, მთელ კლინიკას ეყოფოდა! ყველას ვაჭმევდი! იმიტომ კი არა, რომ სკოლაში გვასწავლეს, „რასაცა გასცემ შენია“; არც იმიტომ, რომ განსაცდელის წინ, განსაკუთრებით კეთილშობილი და სულგრძელი უნდა გახდე (იქნებ ამან მაინც გადაგარჩინოს!)... უბრალოდ, სასიამოვნო იყო იმის ყურება, თუ როგორ მიირთმევს საბჭოთა პროლეტარიატი ქართველის შეძენილ ხიზილალას და კმაყოფილი ამბობს, როგორი გემრიელი ყოფილაო.

„რასაცა გასცემზე“ გამახსენდა. „ცხელნი ცრემლნი მოიწურნა“ - წერდა რუსთაველი. ამ ფრაზის მნიშვნელობა პირველად „ლენინის მთებზე“ გავიაზრე. პირველად ვიგრძენი, რომ ცრემლი ისეთი ცხელია, რომ შეიძლება გაგათბოს კიდეც და ბევრად უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე, თუნდაც, შავი ხიზილალა.

ცრემლი როცა მოგადგებათ, შეეცადეთ გაიხსენოთ, რაოდენ მდიდარია ეს „ნივთიერება“, რამდენი რაღაც შედის მასში: ვიტამინები, მიკროელემენტები, ანტისხეულები, ფერმენტები. ანდა თუკი ხედავთ, რომ „ცხელნი ცრემლნი“ თქვენს ახლობლებს, თქვენს მშობლებს „მოეწურნათ“, ხედავთ, მაგალითად, მამას, რომელიც საოპერაციოში გაცილებთ და არ იცის, ცოცხალი დაბრუნდებით იქიდან თუ მკვდარი, ვიტამინებზე დაელაპარაკეთ, უყვირეთ, „გადაყლაპე, გადაყლაპე, მამიკო, სასარგებლოა ეგ სითხე და, ძალიან გთხოვ, ნუ მიმალავ ამ ცრემლებს!“

მაგრამ როგორ უნდა მოწმინდო ცრემლი ახალგაზრდა ქალს, როცა ექიმი გვერდზე გაიყვანს და დიდ-დიდი პაუზებით ეტყვის: „თქვენს მეუღლეს სარკომა აქვს. სამწუხაროდ, ოპერაციამ არ გაამართლა, ახლა დასხივება უნდა ვცადოთ!“

ასე უთხრეს სწორედ, დიდ-დიდი პაუზებით, უდმურტეთიდან ჩამოსულ მარინას, რომლის მეუღლე, რაშიდი, პალატაში გვერდს რომ მიმშვენებდა და 1979 წლის ოქტომბერში ძალიან რომ დამიმეგობრდა, იქ გაჭრეს სწორედ, სადაც „ლენინის მთის“ ყველა პაციენტი უნდა გაეჭრათ - ზედ მკერდში! თანაც ჩემამდე ერთი კვირით ადრე.

მერე იტყვიან, სოციალისტი და მემარცხენე რატომ ხარო! ამ ახალგაზრდა კაცმა, საშუალო განათლებით, არასდროს რომ არ დაუტოვებია უსახური და ნაცრისფერი ქალაქი იჟევსკი, სადღაც, მშენებლობაზე მტვირთავად რომ მუშაობდა, მერე დაავადდა და თავისი ლამაზი ცოლის, მარინას სათრევი გახდა, ამ წვრილთვალება უდმურტმა მარტო ხიზილალის გემო როდი დააფასა; იზაბელ აჯანის სურათი ვუჩვენე და მითხრა, ვოტ ეტა დაო; ფრანსუა ტრიუფოზე ვუამბე და მთხოვა, სად შეიძლება ვნახო ამ კარგი კაცის ფილმებიო. ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე კი, „ჯადოსნური მთა“ მივეცი. წაკითხვა ვერ მოასწრო, მაგრამ დასაწყისით აღფრთოვანდა! სასაცილოაო, მითხრა! გესმით? სასაცილოაო!

რაზე გაეცინა? თუნდაც იმაზე, რომ ამ „სამედიცინო რომანის“ გმირები ბედნიერად გრძნობენ თავს არა ამ დამპალ სამყაროში, არა ჯანმრთელი ადამიანების გარემოცვაში, არამედ ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის აშენებულ სანატორიუმში. აქ ხომ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მიხვდე, რამდენად უაზრო ხდება კულტურა და ცივილიზაცია, როცა სხეულს საშიშროება ემუქრება... თუმცა, ჰანს კასტორპისა არ იყოს, „ლენინის მთის“ პაციენტებსაც გვენატრებოდა ხოლმე სამოთხის ბაღები. უძლურებსა და დავრდომილებს გვესიზმრებოდა, როგორ ავრბოდით კიბეზე, როგორ ვცეკვავდით, ვცურავდით, თხილამურზე ვიდექით... ძალიან ტკბილი იყო ეს სიზმარი. მაგრამ როგორც კი გვეღვიძებოდა, ვხვდებოდით, რომ ეს კლინიკაც ცოტათი სამოთხის ბაღს ჰგავდა. აქ აღარავის აინტერესებდა, რას უპირებდა მსოფლიოს მარგარეტ ტეტჩერი. არც იმ ირანელი ქალების ბედი ანაღვლებდათ, რომელთაც რევოლუციის შემდეგ, ჩადრებში სიარული უბრძანეს. აქ ფეხებზე ეკიდათ სამყაროს ბედი!

„ჯადოსნურ მთაში“ სილამაზე და კულტურა უმოძრაოა, რადგან ყველაფერს სიკვდილის ბეჭედი ადევს, სიკვდილის მოლოდინი. ასეთ უმოძრაობაში ლივლივი კი მართლაც ძალიან სასაცილოს ხდის ადამიანს.

უმოძრაობის ეს სიტკბო ერთხელ თუ მაინც იგემეთ, ჯერ ყველაფერი ამაოებად მოგეჩვენებათ... მერე კი, თუკი გადარჩით, აუცილებლად გაგეცინებათ „ჯადოსნური მთის“ გმირების დეკადენტურ ვნებებზე, მათ თვითკმაყოფილებაზე, მათ სურვილზე, როგორმე გაამართლონ თავიანთი ავადმყოფობა, ჭლექიც კი ღვთაებრივ მადლად მონათლონ და დაჟინებით ამტკიცონ, რაში მენაღვლება მარგარეტ ტეტჩერი და ირანი, როცა ღვთაებრივი სილამაზით შემიძლია დავტკბე, ეშმაკსაც წაუღია ბრეჟნევი და მოსკოვის ოლიმპიური თამაშები, როცა არსებობს ვაგნერის მუსიკა!

ძალიან სასაცილოები ვართ წყალწაღებული ესთეტები, ხავსმოდებულ კულტურას რომ ვეჭიდებით ხოლმე. ამიტომაც დაგვცინის ეგრეთ წოდებული ხალხი. გერმანისტები თავს იკლავდნენ და მაინც ვერაფრით ადგენდნენ „სამედიცინო რომანის“ ჟანრის თავისებურებებს. იჟევსკელმა მშრომელმა კაცმა კი იმდენი იცინა, თითქოს ჟურნალ „კროკოდილში“, საბჭოთა ბიუროკრატებისადმი მიძღვნილ კარიკატურას ეცნობოდა. რაშიდი განსაკუთრებით თერმომეტრმა გაართო, რომელიც თომას მანის კალამმა ძვირფას ქვად აქცია - „ჯადოსნურ მთაში“ თერმომეტრი ხომ ალმასივით ბრწყინავს.

ეს წიგნი ყველა პაციენტს უნდა დაურიგო კლინიკებში. სიცილის ხასიათზე მოვლენ. რაშიდს, მაგალითად, ეგრევე სიცილი აუვარდებოდა ხოლმე, როცა პაციენტებს ერთსა და იმავე დროს გვთხოვდნენ სიცხის გაზომვას; ან კიდევ, კროსვორდის ამოხსნას რომ ვიწყებდით მთელი საავადმყოფო. „ჯადოსნური მთის“ პირველივე გვერდებმა მიახვედრა, რომ „ლენინის მთაზე“ რაღაც რიტუალს ვასრულებდით, თავად გადავიქეცით ლიტერატურულ პერსონაჟებად. ამას მიხვდა და სიცილი აუვარდა. ამის მერე, მაშინაც კი ეცინებოდა, როცა ჭამის დროს პირის კუნთები ეღლებოდა და ვეღარ ღეჭავდა. „ჩვენებურები“ ასე იცინიან, ჯოკონდასავით! ხალხს ჰგონია, რომ ბოროტად ვიღიმებით. მაგრამ სხვანაირად სიცილი არ შეგვიძლია! ჩვენ თქვენნაირები არ ვართ და ეს ძალიან სასაცილოა. სასაცილოები ვართ ჩვენ, ასე ძალიან რომ გვინდა დაგემსგავსოთ და თქვენც სასაცილოები ხართ, რადგან ეჭვის თვალით გვიყურებთ, გვათვალიერებთ, ჩვენზე ჭორაობთ; გგონიათ, რომ ყველაფერი იცით. არა, ბატონო. აზრზე არა ხართ. და სასაცილოები დარჩებით, სანამ რენუარივით არ აღიარებთ, რომ ეს სამყარო - დიდი, დიდი საიდუმლოა.

როცა ოპერაციის მერე შემოიყვანეს, ვეღარც იცინოდა და ვეღარც ლაპარაკობდა. ყელი გაუჭრეს და ნერწვის ამოსაღებად უზარმაზარი რკინის კათეტერი ჩაუდგეს. ცოლი გვერდზე ეჯდა და თავს იკატუნებდა, თითქოს ყველაფერი წარმატებით დასრულდა. კროსვორდებს ხსნიდა მასთან ერთად, დროდადრო მე გამომხედავდა ხოლმე თავისი საწყალი, წვრილი თვალებით, თითქოს უნდოდა ეთქვა, „შე საბრალო, შენც რომ აღმოგაჩნდეს ძალაუფლების მოყვარული, იმპერიალისტური ვნებებით მოცული სარკომა, ამას ვინ გეტყვის... ერთი კვირის შემდეგ, შენც მოგატყუებენ“.

ეს ერთი კვირაც მალე გავიდა. ლაპარაკი ჯერ კიდევ საოპერაციო მაგიდაზე დავიწყე. მე რა გამაჩერებდა! საკუთარი ხმა რომ გავიგონე, გავიღიმე კიდეც და ასე, სიცილ-სიცილით გამომიყვანეს საოპერაციოდან. მხოლოდ დერეფნის ჭერს ვხედავდი; ვიცოდი, რომ ჩემი ახლობლები სადღაც დერეფანში იდგნენ. ტყუილად რომ არ ეყლაპათ ვიტამინიანი და მარილიანი ცხელი ცრემლები, სრულიად უაზროდ დავიწყე ლაპარაკი. ხომ უნდა სცოდნოდათ, რომ რკინის კათეტერს გადავურჩი!

მაგრამ საბოლოო და დამაგვირგვინებელი „ჰეფი ენდისთვის“ კიდევ ერთი რამ იყო საჭირო - უნდა დაგვედგინა, ჩვენც ხომ არ გვატყუებდნენ მშობლები და ექიმები, როცა გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგადააო (სიტყვა OK იმხანად ჯერ არ იყო დამკვიდრებული). „ჩვენო“, რომ ვამბობ, იმ ერთი კვირის მანძილზე გაჭრილ და გაკერილ პაციენტებს ვგულისხმობ - 12 წლის გოგონას, წამლების გადაჭარბებული დოზისგან ერთხელ გული რომ აერია; უზბეკ ბიჭს, ჯარში რომ გახდა ავად და ოფიცრებმა რომ სცემეს, სიმულაციას თავი დაანებე, მიდი, ირბინეო; ძალიან ქერად შეღებილ მურმანსკელ ქალბატონს, ფეხმძიმობის შემდეგ რომ დაავადდა.

იდეის ავტორი მე ვიყავი. მთავარი ექიმის გასაღები უნდა მოგვეპარა და მის კაბინეტში ღამით როგორმე უნდა შეგვეღწია. მერე, ფარნის შუქზე (ფარანი იმ ბავშვს ჰქონდა), ჩვენი „ავადმყოფობის ისტორია“ დაგვეთვალიერებინა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ახლობლები სიმართლეს გვეუბნებოდნენ.

„ძმობა, ერთობა, თავისუფლება!“ და კიდევ ბევრჯერ ნათქვამი სიტყვა „სისხლი“.

ფრანგებმა იცოდნენ, რომ სიკვდილი ყველას ათანაბრებს. სოციალური თანასწორობის იდეაც აქედან გაჩნდა.

„ლენინის მთების ბასტილია“ ძალიან ადვილად ავიღეთ. ღამის დარაჯს, გასაღებებს რომ ყარაულობდა, რა თქმა უნდა, ღრმად ეძინა. არ გაუგია, როგორ ავაცალეთ გასაღები, როგორ შევედით მთავარი ექიმის კაბინეტში, როგორ გადავქექეთ ჩვენი სხეულის „ისტორიები“. სამედიცინო ტერმინების ბევრი არაფერი გაგვეგებოდა. ამიტომ, იმ მურმანსკელი ქალის რჩევა გავითვალისწინეთ - რაშიდის დოსიეს შევადარეთ! სიტყვა „სარკომა“ მხოლოდ მის „ისტორიაში“ აღმოვაჩინეთ.

„ჰეფი-ენდი“! გადავრჩით!

ერთ რამეში კი თომას მანი ნამდვილად შეცდა, როცა დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ავადმყოფობას და სიკვდილს იკვლევს, მისი მიზანი ყოველთვის ჯანმრთელობა და სიკეთე იქნებაო. არ არის ასე! რა სიკეთე? ვისღა ახსოვს ადამიანურობა და სიკეთე, როცა საკუთარი ტყავის გადარჩენის საკითხი დგება? ხო, გადაგვარჩინეს, გაგვჭრეს, რაღაც ქონიანი და ხალადეცივით ლიპლიპა ამოგვიღეს და რა, მერე? უკეთესები გავხდით? ხო, ვღვარეთ ცხელ-ცხელი ცრემლები, როცა გაირკვა, რომ ამ საწყალმა იჟევსკელმა პროლეტარმა, დიდი-დიდი, ერთი წელი შეიძლება იცოცხლოს. ვის რაში სჭირდება ჩვენი ცრემლები? ვინ იდარდებს გულწრფელად ახალგაზრდა კაცის სიკვდილს, მისი ახლობლების გარდა?

ალბათ ის წვრილთვალება მარინაც გათხოვილია უკვე და შესაძლოა, აღარც მას ახსოვს, როგორ ხსნიდა კროსვორდებს თავის მოტყუებულ ქმართან ერთად.

არ ვიცი, ამ ოჯახს აღარ გამოვხმაურებივარ. არ მინდოდა გამეგო ამ კარგი ბიჭის სიკვდილი. გამომშვიდობებისას ერთი კი ვიფიქრე, „ჯადოსნურ მთას“ ვაჩუქებ-მეთქი, მაგრამ საყვარელი წიგნი ვერ გავიმეტე (თომას მანის ათტომეული მაშინ ორას მანეთად იყიდებოდა გადამყიდველებთან).

მე, რა თქმა უნდა, მასზე ადრე გამწერეს. მისამართები და სურათები გავცვალეთ. ის-ის იყო პალატა უნდა დამეტოვებინა, როცა თავისი ხრინწიანი ხმით დამიძახა: Оставь мне на память эту французскую девушку!. რომელიღაც პოლონური ჟურნალიდან ამოჭრილი იზაბელ აჯანის ფოტო მომთხოვა. საწოლთან, იქ, სადაც ნახევრადშევსებული კროსვორდების გაზეთები ელაგა, ჩემს სურათთან ერთად დადო და ხელი ოდნავ მოუცაცუნა. იცოდა, ის გოგო მომწონდა, თბილისში იზაბელ აჯანის რომ ამსგავსებდნენ და ამიტომ მითხრა: Вот видишь, я вас соединил. შევხედეთ სურათებს და გაგვეღიმა. ჯოკონდასავით.

ასე გავცვალეთ ჩვენებური ღიმილი, რომელსაც ჯანმრთელი და სპეტაკი ხალხი „ბოროტ ღიმილს“ ეძახის ხოლმე.

13 ჩინელი ანუ ინატრე რამე

▲back to top


ავტორი: ანა-კორძაია სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

VII სერია

მონაწილეობდნენ: ლიზა - ნესტან ნიჟარაძე, ედიკა - გურამ წიბახაშვილი,
მაქსი - გიორგი ლიფონავა, მარიშკა - ნატალია მანჯგალაძე

© M Publishing საავტორო უფლებები დაცულია.
ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება
აკრძალულია.

0x01 graphic

დათბა. ეს უკვე კარგია. სითბო რომ არა, ლიზა ასჯერ გამოვიდოდა მწყობრიდან - სადაა ედიკა ბრიყვი! მაგრამ თბილოდა და ლიზა მშვიდად იჯდა ბაღში, ეწეოდა, გაჩანაგებულ შადრევანს შესცქეროდა და ათასგვარ სისულელეზე ფიქრობდა:

„აი, რას ერჩოდნენ, ჰა? მშვენიერი იყო ეს უფლისწული. უპრეტენზიო...“

ფრანგული ბულდოგი მიადგა. უშნუკა, მოხუცი ქალის თვალებით. დადგა, გაბრეცილი ფეხები კიდევ უფრო გაბრიცა...

- ვინა ხარ შენა? - ჰკითხა ლიზამ.

ძაღლმა უთხრა, აბა, როგორ გითხრაო.

- კარგი ცუგა ხარ?

ცუგამ, მე მგონი, კიო, და ლიზას თავისი საგანძურიც შესთავაზა, გვარიანად დაფლეთილი ჩოგბურთის ბურთი. ლიზა, რასაკვირველია, აღფრთოვანდა. ბულდოგმა, შენ კარგი გოგო ხარო, მაგრამ მერე ბავშვები მისცვივდნენ და იფიქრა, მინდა მე ახლა ბავშვებიო? და ლიზა კვლავ მარტო დარჩა.

„არ მიყვარს ეს სხვისი ბავშვები,“ ფიქრობდა ლიზა. „რა უბედურებაა ამდენი ბავშვი...“

კარგა ხნის წინათ, ჯერ კიდევ რომანის გარიჟრაჟზე, მამიკომ თავი გამოიდო და ლიზა თავის მეგობართან წაიყვანა სტუმრად. მეგობარი რანაირად იყო მეგობარი, ლიზამ ვერაფრით ვერ გაიგო. რაღაც, შუა საუკუნეების ბნელი რომანის გმირს ჰგავდა. კარი რომ გააღო, ლიზამ უცებ წარმოიდგინა, როგორ წვავდნენ მას, საბრალო ლიზას, მოედანზე, და იმას როგორ დასთამაშებდა სახეზე ცეცხლის ათინათი და კმაყოფილი ღიმილი, კუნკულიანს, სახელოში შემალული ხელებით. ოოო...

ის კაცი სვანეთის უბანში ცხოვრობდა, ჭასავით ეზოში. კაცს ჰქონდა ორი ოთახი, ერთმანეთში გამავალი; სამზარეულო, რომელშიც მისი ფერმიხდილი ცოლის გარდა ორი მსუქანი ქალი ამზადებდა ხოლმე სადილს, და ტუალეტი დერეფნის ბოლოს, რომლის გასაღებიც საძინებელ ოთახში ეკიდა, ოთხი წლის წინათ ლოგინად ჩავარდნილი დედის თავთით. კაცს ჰყავდა ზემოხსენებული ცოლი, დედა და რვა შვილი.

რვა!

რატომ?

მამიკომ ბრძანა, იმიტომ, რომ მორწმუნეები არიანო.

მეგობრისთვის მამიკომ იმდენი ხორაგი მიზიდა, ლიზა გზაში ფიქრობდა, ერთი თვის სარჩო მიაქვსო, მაგრამ სად ხარ! მასპინძელმა საზოგადოებამ იმავე საღამოს გაავლო ყველაფერს მუსრი და ლიზას გულის გასახეთქად, დედამ ორი წიწილა მთლიანად შეჭამა. მელაკუდასავით. არადა, მარხვა იყო, ლიზამ ზუსტად იცოდა.

ლიზამ არ დაიზარა და რვავე თავგადაპარსულ და ცინგლიან ბავშვს - რაღაც, სულ ერთი, დაუდგენელი ასაკისანი იყვნენ, - სათითაოდ გამოჰკითხა დაბადების დღეები, და ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, გამოთვალა, რომ ხუთნი დიდ მარხვაზე იყვნენ ჩასახული. სხვებზე ვერაფერს დაიფიცავდა - სად შეეძლო, აბა, ოთხშაბათ-პარასკევების თვლა! ეს ამბავი ლიზამ მამიკოს მოახსენა და იმან უთხრა, გირჩევნია, თავს მიჰხედოო. ლიზა გაჯავრდა და ავად იკითხა, როგორ ფიქრობ, ამ ბავშვებს სად სახავენ, ყველა ოთახში ასი კაცი რომ წევსო? მამიკო მთლად გამხეცდა და ლიზას მიუგო... უჰ, ძალიან მწარე რამეები უთხრა.

ბაღში მოთამაშე ბავშვები ბოლო ხმაზე გაჰყვიროდნენ:

- დაგინახე, დაგინახე! სტუკ, სტუკ! აგერ ხარ, მუსორებთან! Yes! Yes!

0x01 graphic

იქვე მჯდომ ამათ პატრონ ქალს, დედას თუ ძიძას თუ ვი ღაც უბედურს, სასიყვარულო რომანის სქელ ტომში ჰქონდა ცხვირი ჩარგული. მხოლოდ ზოგჯერ წამოწევდა ხოლმე თავს და საოცარი, გაბზარული ხმით დასძახებდა:

- თოკა, გამოდი მაქედან! წყალი სველია, სველი! რამდენჯერ უნდა გითხრა! შაკო! ნუ დადიხარ!

- Yes! Yes! - ღრიალებდნენ ბავშვები.

„სულ ნევროტიკები არიან,“ ფიქრობდა ლიზა. „ნუ დადიხარ, ნუ სუნთქავ... ეს ედიკა სადღაა?“

ესეც ედიკა. „რა გახარებული მოაბიჯებს. ნეტავი შენ, ედიკ...“

- რა გახარებული მოაბიჯებ, ედუარდ ჩემო?

- კარგი ამინდია, არა?

ედიკა გვერდით ჩამოჯდა.

- ჰა, როგორ ხარ? - ჰკითხა ლიზას. - გინდა, მივირბენ იქ და ნაყინს გიყიდი?

ვაი? ისე, რატომაც არა...

ლიზა და ედიკა ნაყინს შეექცეოდნენ. ბავშვი, შაკო, მაკო, ლეკო თუ თეკო - რა ვიცი, რომელიღაცა - შორიახლოს ჩამოდგა და პირი დააღო.

- თავი დამანებე! - დაუტატანა ლიზამ. - ნაყინი ცივია, ცივი!

ბავშვმა ღნავილი ამოუშვა და გაიქცა. ცხადია, დაენარცხა. ლიზამ თვალი აარიდა, ძიძა თუ ვიღაც ოხერი კი აყვირდა:

- ნუ დადიხარ! ნუ ეცემი! გცემ, იცოდე!

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვი გაჩუმდა და ადგა.

- ვისი ბავშვია? - დაიბნა ედიკა.

- მე რა ვიცი, - მიუგო ლიზამ. - ჰა, შენ როგორ ხარ?

- მე მაგრად.

ედიკა ალაპარაკდა და ლიზას ენა ჩაუვარდა. თურმე, თათუთა ორსულადაა და შვილის კი არა, შვილების გაჩენას აპირებს! ტყუპების! დღეს ყოფილან ექიმთან და ედიკას იმიტომ დააგვიანდა, თორემ ეგ ხომ ძალიან პუნქტუალური კაცია, თან ხომ მიხვდა, რომ ლიზას რაღაცა გაუჭირდა, ისეთი ხმით ელაპარაკა, მაგრამ ვაჰ, აღარ აღირსა იმ ექოს კაცმა თუ რაც ჰქვია. მაგრამ ამისთვის ნაღდად ღირდა დაცდა, ლიზ! წარმოიდგინე - ტყუპი გოგოები! იმედია, თათუთასნაირები, ქერები და ლამაზები! რა არი, არა? ჰოდა, ახლა ედიკამ, ცხადია, საქმეს უნდა მიხედოს და ალბათ ისევ უძრავ ქონებას დაუბრუნდება, და ის და ლიზა ერთად მაგარ სდელკებს გააკეთებენ, და ედიკას გოგოები მაგარი გოგოები გაიზრდებიან, ლამაზები, ჭკვიანები და ბედნიერები. ხომ მაგარია?

- ძალიან, - უთხრა ლიზამ. - მართლა მაგარია.

- ეგ კაი, - დასერიოზულდა ედიკა. - და შენ რა მოგივიდა? დავაი, გისმენ.

აბა, ასეთ ბედნიერ ედიკას ხომ არ ეტყოდა ლიზა, რომ სულ ყველაფერი დამთავრდა? რომ სახლში დედიკო ჰყავს გამეფებული და გაგა... რაღა გაგა...

0x01 graphic

. . .

თათუთა სარკის წინ იჯდა, სერებრიაკოვას ქალივით, თმას ივარცხნიდა და რაღაცას ღიღინებდა. ძალიან კმაყოფილი იყო. რა კარგია, ო, რა კარგია!

მზე ანათებდა. მალე ნამდვილი გაზაფხული მოვა!

რაღაც ბრიყვი ჩიტი ზედ ფანჯრის თავზე ბუდის აშენებას ლამობდა. ჯერ კი დაფრთხა ედიკა, ქათმის გრიპი და ათასგვარი ვაება გაიხსენა, მაგრამ აბა, ამ ჩიტს რანაირად უნდა ჰქონოდა გრიპი? ძალიან ჯანმრთელი გამომეტყველება ჰქონდა, ძალიან ცქვიტად ირჯებოდა, და გადაწყდა, რომ აღარ გააგდებდნენ. იყოს ჩიორა, რას აშავებს, რა...

მაქსი მზეს ეფიცხებოდა და თვალებმოჭუტული უყურებდა თათუთას. ედიკამ დაიბარა, გოგო მარტო არ დატოვოო. თავიდან კი ერიდებოდა მაქსს, თათუთას აშკარად ნუდისტური მიდრეკილებები ჰქონდა და მაქსი, სხეულიანი თუ უსხეულო, მაინც კაცი იყო. მაგრამ მერე მაქსიმამ იფიქრა, თუ ედიკას არ ედარდება, მე რაო...

იჯდა მაქსი, ეწეოდა, მზეზე თვალებს ჭუტავდა და ბედნიერი იხსენებდა იმ შორეულ დილას, როცა მზე არ ანათებდა და მას, პლეხანოვის ძველი სადარბაზოს ქვის კიბეზე მჯდომ მაქსს, ძალიან, ძალიან ციოდა, მერე კი აღარ ციოდა და აღარაფერი უნდოდა - მიდიოდა...

არაფერი უნდოდა, ყველაზე ნაკლებად - ვიღაც თმაგაწეწილი თინეიჯერი.

თინეიჯერი ჯერ შეცბა, კიბეზე კაცის დანახვა სულ არ გაუხარდა, მაგრამ მერე მისი ასაკისთვის დამახასიათებელმა ცნობისმოყვარეობამ სძლია: მივიდა და დაეჯაჯგურა.

- რა გჭირს?

- არაფერი, - უთხრა მაქსმა რუსულად.

- რუსი ხარ?

- არა.

- აბა?

მაქსმა თავს ძალა დაატანა და გაიმართა.

- რა გინდა, გოგონი?

გოგომ გაიცინა - კი არ დასცინა, არა, გაიცინა, და უთხრა:

- მე კი ვიცი, რაც მინდა. შენ რა გინდა?

- თავი დამანებე, კარგი?

- არა, მოიცა, მითხარი, რა გინდა, ან, თუ გინდა, მე კი არ მითხრა, აი, ამას უთხარი და თან მუცელზე მოუსვი ხელი. მე დავითვლი, შენ უთხარი, რა გინდა, და მე რომ გეტყვი, მორჩა-მეთქი, მორჩი და აგიხდება.

- დათვერი წუხელ, პატარა გოგო?

- ჰა, დროზე, - გოგომ ჩანთიდან დიდ ცხვირსახოცში გახვეული პატარა ქანდაკება ამოიღო და ხელისგულზე დაიდო. - დროზე, ჰა, თორემ უნდა წავიღო, ბებოები მომისწრებენ.

„რა ბებოები, რა უნდა ამ გოგოს,“ ფიქრობდა მაქსი და ირწეოდა. აღარ სციოდა, აღარ ტკიოდა, აღარაფერი უნდოდა.

- ჰეი, - გოგო ისევ დაეჯაჯგურა. - ჯერ არ მოკვდე. ჯერ ინატრე რამე.

- ვინ ხარ? - ჰკითხა მაქსმა.

- მე? მე - მარიშკა. დროზე. - მაქსს ხელი მუხლებზე დაუდო, მეორე ხელს კი თავზე უსვამდა. - მიდი, უთხარი, რა გინდა.

და მაქსმა ხოტეის უთხრა, რომ მიწაზე დარჩენა უნდოდა, ვინმე ძალიან კარგ ადამიანთან ერთად. გოგო თავზე ეფერებოდა, მაქსი ხოტეის ხელს უსვამდა და „მორჩა“ აღარ გაუგონია. მორჩა.

მორჩა, მაგრამ დარჩა, და ახლა, ედიკას ბინაში, მზის სხივებში მონებივრე, ფიქრობდა, რომ ცხოვრება მშვენიერია, და ყველა სურვილი, ხოტეის წყალობით თუ მის გარეშე, აუცილებლად სრულდება.

- ...И если никто не простудится, то все все непременно сбудется, - მღეროდა თათუთა ყოვლად წყალწაღებულ სიმღერას და თმას ხან ისე დაიმაგრებდა, ხან - ასე.

0x01 graphic

. . .

- დიდი არაფერი, - დაიწყო ლიზამ. - დედაჩემი რომ გადმოვიდა, იცი.

- ეგ ვიცი, - გაეცინა ედიკას.

- ჰოდა, მორჩა ყველაფერი.

- აზრზე ვარ.

- არა, შენ აზრზე არა ხარ. - ლიზამ ახალ ღერს სიგარეტიდან გადაუკიდა. - მე ვეღარც ვმუშაობ და ვეღარც ფულს ვაკეთებ, და ვეღარც მძინავს და ვეღარც ვჭამ, და საერთოდ, ვარ უსახლკარო და მონა...

დედიკომ სადღაც წაიკითხა - ცხადია, ჰაიდეგერთან არა, - რომ ყველა ტოპ-მოდელს ბევრი ძინავს და იმიტომ აქვს კარგი სახის კანი. დედიკოს ძალიან კარგი სახის კანი აქვს, იმიტომ, რომ სულ ძინავს.

თუ არ ძინავს, დედიკო დადის „ნაუტილუსში“ - ტაქსით! ავტობუსში ვერ დადის, არ შეუძლია. და არც ფეხით სიარული შეუძლია, იმიტომ, რომ ქალაქი დაბინძურებულია და ცუდი ჰაერი სახის კანს აფუჭებს. და მერე დედიკო სახლში ბრუნდება, სველ პისახოცს და საცურაო ავლა-დიდებას სამზარეულოს მაგიდაზე ყრის და სულ წყლის აერობიკის მიღწევებზე ლაპარაკობს.

დედიკომ იცის, რომ სახის კანის მტერი და დაბერების საწინდარი სიგარეტის ბოლია და ამიტომ ლიზას სახლში მოწევა სასტიკად აუკრძალა, და რადგან აივანი არ გააჩნია, ლიზას სადარბაზოში „ნესკაფეს“ კოლოფი აქვს გატანილი - ჩასაფერფლებლად. იქ ეწევა, ძაღლივით!

დედიკომ იცის, რომ იმისთვის, რომ საკმარისი ენერგია მიიღოს, უნდა ჭამოს ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად, მაგრამ საჭმლის კეთება არ შეუძლია და ვინაიდან ლიზას მისი წუწუნის მოსმენა არ შეუძლია, ის უმზადებს “სალაწიკებს”, და აღარ შეუძლია და გული ერევა!

დედიკოზეც და ცხოვრებაზეც!

- გაგა? - იკითხა ედიკამ.

- გაგა წავიდა, - თქვა ლიზამ. - სახლში. ოჯახში.

0x01 graphic

. . .

იმ საღამოს ბებოებთან იყვნენ. რა კარგი იყო! ზიზიკო თავისი პირველი სიყვარულის ამბავს ჰყვებოდა, და ლიზა დაძაბული ცდილობდა იმის გამოთვლას, რამდენი წლისა იქნებოდა.

ეცადა, მაგრამ მაინც ვერ გამოთვალა, კითხვა კი მოერიდა.

- ...იმ წელს დეიდა ჟანამ - დეიდაჩემი იყო, ნათელი დაადგეს... წასულებისა დავლიეთ?

მიაჭახუნეს ბებოების ჯადოსნური, წკრიალა ჭიქები, და ლიზას კიდევ ერთხელ გაუკვირდა, რომ სვამდნენ. კარგს, ლამაზად, მაგრამ ბევრს.

- კაპლივით არაყია, - თქვა გაგამ.

- ჰა, ჰა, ჰა, - გადაიკისკისა ლოყებაწითლებულმა ლილიკომ.

- დედაჩემის უფროსი და იყო, - განაგრძო ზიზიკომ. - მოკლედ, დეიდა ჟანამ წამიყვანა პარიზში, ხალხში გამიყვანა. ჩვენ ბევრი ფული კი არ გვქონდა, ძალიან პატარა სასტუმროში ვცხოვრობდით, იაფიანში, меблированные комнаты, როგორ ვთქვა?

- გასაგებია, - თავი დაიქნია გაგამ.

„ვითომ?“ - იფიქრა ლიზამ, მაგრამ არ უთქვამს.

- ეგ როდის იყო, რევოლუციამდე? - იკითხა ლიზამ.

- ჰო, აბა, მერე პარიზში ვინ წამიყვანდა! ეგ მშვიდობიან დროს იყო, გირვანქა კარაქი ნახევარი კაპიკი ღირდა... აი, ლილიკოსაც ახსოვს...

- აბა, რა!

- ჰო. ჰოდა, საღამოს, რა თქმა უნდა, წავედით ოპერაში. ისეთი ლამაზი კაბა მეცვა! გასაგიჟებელი. ჰოდა... აუჰ! - უცებ ზიზიკომ დაიმორცხვა და ლილის მიუბრუნდა. - ვთქვა?

- რახან დაიწყე, თქვი, - უპასუხა ლილიმ. - ჩვენები არიან, არ ეწყინებათ. არა, გაგა?

გაგა. ლიზიკომ წაიეჭვიანა. სულ გაგიჟდნენ ბებოები გაგაზე. არც ის უკლებდა, ბოლო ფულით ყვავილები უყიდა, ისევ ფეხით მოუწევთ ჩანჩალი...

გაგამ, ცხადია, როგორ მეწყინებაო, და ზიზიმ განაგრძო:

- შუა სპექტაკლის დროს დეიდას ვუთხარი, თქვენთან ბოდიში და ფეხსალაგში მინდა-მეთქი, და დეიდამ მითხრა, ეგ არ გამოვა, ვერ გავალთო. ჩვენს გვერდით იჯდა ერთი ლამაზ-ლამაზი, მაღალი კაცი, და ცილინდრი ჰქონდა გვერდით ჩამოდებული. და მე დეიდას ვუთხარი, მიშველე რამე, თორემ ახლა ამ კაცის ქუდში-მეთქი...

- ზიზი! - შესძახა ლილიკომ.

- შენ არ მითხარი, მოჰყევიო?

- რა მოხდა, - დაამშვიდა ლიზამ, - მაგას ხომ ყველანი ვშვრებით ხოლმე.

- ქუდში? - ჩაერია გაგა.

ბებოები აკისკისდნენ, ისევ ჩამოასხეს. გაგა პატარა კიტრს დასწვდა - ხრამ-ხრუმ. მოხარშულ კარტოფილს ოხშივარი ასდიოდა. All You Need is Love, მღეროდნენ მსოფლიოს ყველაზე მაგარი ბიჭები, და ზიზი განაგრძობდა:

- მობრუნდა ეს კაცი - წარმოიდგინეთ! და გვითხრა: ინებეთ, ქალბატონებოო!

- ქართულად? - გაოცდა ლიზა.

- ჰო! ისე შეგვრცხვა!

მერე აღმოჩნდა, რომ ის კაციც იმ ბეჩავ სასტუმროში ცხოვრობდა, ერთი კედელი ჰყოფდა მას და ზიზიკოს, და, რასაკვირველია, მათ ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი...

ჭიქები წკრიალებდა, ბებოები სიყვარულის სადღეგრძელოს სვამდნენ, ლიზა ფიქრობდა, რომ როცა შინ დაბრუნდებიან, წაწყმედილი დედიკო უკვე მიძინებული იქნება, რომ ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ მერე...

ედიკას ბოლო დროს აშკარად ატირებული ქალები დაებედა, რაც აქამდე ქალის ცრემლს გადარჩა, სულ ერთად დაატყდა თავს. ო, როგორ ეჯავრებოდა ედიკას ქალების ტირილი! ამ ლიზამ კიდე ერთი „ვეო!“ - და ისეთი ამოუშვა!

- ჰა, გოგო! ვაჰ, ეს რა დღეში ვარ!

- ედიკ, მე ვარ ღორი!

- რატომ, ვითომ? ჰა?

- ხოტეი გამახსენდა! რა მინდოდა, ვეგდე ჩემთვის! მილიონები მომინდა, ღორს!

- მაიცა, წესიერად მოჰყევი. რა მილიონები? ნუ ბღავი! შენ ვინა ყოფილხარ!

- ვეე... - ტიროდა ლიზა.

პატარა ფრანგული ბულდოგი შორი-ახლოს ჩამოდგა და სათნო, მშვიდი თვალებით უყურებდა სკამზე ჩამომსხდარ ორ გაუგებარ ადამიანს. უშნო პირიდან ორი კიჭი მოუჩანდა.

„მოსცლიათ ერთი,“ - ფიქრობდა ბულდოგი.

ბაღში ბავშვები დარბოდნენ და გასძახოდნენ: Yes! Yes! ედიკას სახლში უნდოდა, თათუთასთან და მაქსთან.

- რაღა ვქნა, - ტიროდა ლიზა.

„რაღა ვქნა,“ - ფიქრობდა ედიკა.

0x01 graphic

14 მუსიკა

▲back to top


ავტორი: გიორგი მარი

0x01 graphic

ARCTIC MONKEYS - WHATEVER PEOPLE SAY I AM THAT'S I'M NOT

Arctic monkeys: indie rock ოთხეული ინგლისიდან. ეს ჯგუფი საკმაოდ ახალია. იგი ოფიციალურად 2003 წელს დაარსდა და დიდი წარმატებაც ხვდა წილად. მათი პირველი ორი სინგლი - „i bet you look good on the dancefl oor“ და „when the sun goes down“ დღემდე ბრიტანული ჩარტების პირველ-მეორე ადგილასაა.

ასევე, მათი ალბომი whatever people say i am that's i'm not მთელს ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სადებიუტო ალბომად დაასახელეს.

2006 წელს, brit-awards-ზე arctic monkeys-მა, როგორც საუკეთესო ახალმა ჯგუფმა, ჯილდო დაიმსახურა. 2006 წლის nme awards-ზე კი, მათ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვეს: საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი და საკეთესო ახალი ჯგუფი.

თვითონ ალბომი whatever people say i am that's what i'm not 2006 წელს, იანვარში გამოვიდა და ჯერ-ჯერობით ჯგუფის ერთადერთი ალბომია. ჟღერადობით, ალბომი ცოტათი the strokes-ს მოგაგონებთ (ეს ჩემი აზრია), თუმცა საკმაოდ ახალი და ინდივიდუალურია. განსაკუთრებით კარგი სიმღერებია: „i bet you look good on the dance fl oor“ და „a certain romance“. საერთოდ, ალბომი მთლიანობაში ძალიან კარგია და ყველას ვურჩევდი მოსმენას.

0x01 graphic

KAISER CHIEFS - EMPLOYMENT

Kaiser Chiefs - ეს არის english indie pop ჯგუფი ლიდსიდან, რომელიც 1997 წელს დაარსდა, სახელწოდებით Parva. ისინი ეგრეთ წოდებულ garage rock-ს უკრავდნენ, რასაც დიდი წარმატება არ მოუტანია და ამის გამო, label-იდან წამოსვლა მალევე მოუწიათ. ამის შემდეგ, ჯგუფმა ჟღერადობაზე დაიწყო მუშაობა და რამდენიმე წელიწადში, მათი ჟღერადობა დაიხვეწა და უფრო ბრიტ-პოპისკენ წავიდა, რამაც ხელი შეუწყო მათ პოპულარობას ბრიტანეთში. 2003 წელს ჯგუფი იცვლის სახელს და kaiser chiefs-ს ირქმევს. ისინი ახალ ალბომზე იწყებენ მუშაობას. 2005 წელს გამოდის მათი პირველი სინგლი oh my god, რომელიც ბრიტანული ჩარტების მეექვსე ადგილს იკავებს. ამავე წლის ბოლოს კი, გამოდის მათი სადებიუტო ალბომი Employment, რომელიც წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად დაასახელეს. 2006 წელს, brit-awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე, kaiser chiefs-მა სამი მნიშვნელოვანი ჯილდო აიღო: საუკეთესო ჯგუფი, წლის საუკეთესო ბრიტანული აღმოჩენა და საუკეთესო live ჯგუფი.

ალბომი Employment 12 track-ისგან შედგება. თითქმის ყველა სიმღერა კარგია, მაგრამ მაინც გამოვარჩევდი სიმღერებს: oh my god, modern Way და team mate.

0x01 graphic

WHITE STRIPES - GET BEHIND ME SATAN

ჯგუფი white stripes 1997 წელს, დეტროიტში ჩამოყალიბდა. ჯგუფი ორი წევრისაგან შედგება: jack white (გიტარა, ვოკალი) და meg white (დასარტყამი ინსტრუმენტები). რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯგუფი მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას ეწეოდა. 1999 წელს კი გამოდის მათი სადებიუტო ალბომი, ჯგუფისავე სახელწოდებით, რომელიც ვოკალისტ jack white-ს მათ საუკეთესო ალბომად მიაჩნია. 2000 წელს გამოდის მათი მეორე ალბომი, სახელწოდებით De Stijl, რომლის გარეყდაც წითელ, შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ამ სამი ფერის კომბინაცია, white-ების აზრით, ყველაზე საინტერესოა.

2001 წელს ჯგუფი უშვებს მესამე სტუდიურ ალბომს white blood cells, რომელიც მათთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ალბომი მალევე ამერიკული ჩარტების მეოთხე ადგილს იკავებს. 2003 წლის აპრილში გამოდის white stripes-ის მეოთხე ალბომი elephant, რომელიც ბრიტანული ჩარტების პირველ ადგილას აღმოჩნდა. 2004 წელს კი, grammy awards-ზე white stripes იმარჯვებს ნომინაციებში საუკეთესო სიმღერა და საუკეთესო ალტერნატიული ჯგუფი.

2005 წელს გამოდის მათი ახალი, მეხუთე სტუდიური ალბომი get behind me satan, რომელმაც ორივე - ბრიტანული და ამერიკული ჩარტების მესამე ადგილი დაიკავა. წინა ნამუშევრებთან შედარებით, ალბომი ჟღერადობით უფრო მსუბუქია, ინსტრუმენტებით უფრო მდიდარია და ხშირად არის გამოყენებული პიანინო და აკუსტიკური გიტარა. რაც შეეხება სიმღერებს, განსაკუთრებით საინტერესოა: blue orchid, red Rain და my doorbell.

ფილმები

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

ძირითადი ინსტინქტი 2 - რისკის წყურვილი

სად: კინოთეატრი ამირანი.
როდის: მარტი.
რეჟისორი: მაიკლ ქეიტონ-ჯოუნსი.

ფაქტები:

14 წლიანი პაუზის შემდეგ, თქვენს წინაშეა შეუდარებელი მწერალი ქალი-ქილერი - შერონ სთოუნი, ცნობილი ბრენდის, Fendi-ს სამოსში; Fendi casa-ს დიზაინი; 230 ათას ევროდ შეფასებული, ნაკლებად ცნობილი ჰოლანდიური მარკის კუპე C8 Laviolette; დაძაბული სიტუაციები, ლესბოსური თავგადასავლებით და სისხლიანი ამბები.

ნაწილი I. პრემიერა 1992 წლის 20 მარტი.

სან-ფრანცისკო. შოკისმომგვრელი, სასტიკი რომანების ავტორი ქალი ქეთრინ თრეიმლი, დანაშაულებრივ ქმედებებშია ეჭვმიტანილი. მის გამოსააშკარავებლად მიგზავნილი აგენტი ნიკ ქერანი (მაიკლ დუგლასი), სიმართლის დადგენის მაგივრად, ლამაზმანის ტყვობაში ექცევა და...

ნაწილი II. პრემიერა 2006 წლის 29 მარტი.

ლონდონი. მიმზიდველ ინტელექტუალ მწერალს, ქეთრინ თრეიმლს ისევ პრობლემები აქვს კანონთან. ამჯერად, სკოტლანდ იარდის პოლიცია მომხიბლავ ქალს ფსიქიატრიის დოქტორ ენდრიუ გლასს (დევიდ მორისი) მიუჩენს, თუმცა... აბა, ვინ გადაურჩება 90-იანი წლების სექს-სიმბოლოს, შერონ სთოუნს? - ვერავინ!

0x01 graphic

ძალიან საშიში კინო 4

სად: კინოთეატრი რუსთაველი.
როდის: აპრილი.
რეჟისორი: დევიდ ცუკერი.

უკვე გადაიტანეთ „წყევლა“?

დაწვით „საიდუმლო ტყე?“

დაიწყეთ „სამყაროთა ომი“?

რაიმე დახერხეთ „ხერხით“?

რინგზე ნახეთ „გოგონა მილიონ დოლარად“?

ან პირადად შეხვდით „კინგ-კონგს“?

კიი? არა უშავს, კიდევ შეხვდებით.

თინეიჯერთა საყვარელი რეჟისორი დევიდ ცუკერი ხომ კიდევ ერთხელ გთავაზობთ ძალიან, ძალიან საშიშ კინოს - ოთხჯერ უფრო საშიშს, რომელიც, ტრადიციულად, ამერიკულ ბლოქბასტერებზე თუ საშინელებათა ჟანრის ფილმებზე გაკეთებული პაროდია გახლავთ.

ამ სერიაში, ფილმის ყველა სერიის გმირი ანა ფერისი, ისევ აბსოლუტური დებილის გამომეტყველებით ირბენს წინ და უკან. მას თეთრთმიანი, მოუქნელი ლესლი ნილსონი გაუწევს პარტნიორობას და... ჰო, ასე თქვეს, ფილმის მეოთხე ნაწილში, პირველ სერიაში გარდაცვლილი კარმენ ელექტრაც დაბრუნდებაო...

ამბობენ:

ეს ფილმი, 2004 წელს უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ... მაგრამ, ჰოლივუდში რაღაცეები მომხდარა, ვიღაცეებს უჩხუბიათ, ვიღაცეებს დედა უგინებიათ და... მოკლედ, დიდი ბოდიში, ჩვენს ფანებს ამდენი წელი რომ ვალოდინეთო...

კიდევ იმასაც ამბობენ, მეტს არც ელოდოთ, ეს ბოლო სერია იქნებაო...

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში უზარმაზარი კინგ-კონგი დარბის და იაპონური საშინელებათა საყვარელი გმირი - თვალებამოშავებული, თეთრებში გამოწყობილი ბავშვი - „უჟასი“ დაფრინავს, ამბობენ, რომ ეს სერია ისეთი სასაცილოა, ტანში ჟრუანტელი დაგივლითო...

0x01 graphic

16 კვარტალი

სად: კინოთეატრი რუსთაველი.
როდის: აპრილი.
რეჟისორი: რიჩარდ დონერი.

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი.

მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა, ჰოლივუდი.

მსახიობები: ბრიუს უილისი, მოს დეფი და დევიდ მორსი.

პერსონაჟების მოკლე დახასიათება:

1. თეთრკანიანი პოლიციელი, უყვარს სმა და, საერთოდ, მიაჩნია, რომ ცხოვრება ზედმეტად გრძელია. სახლშიც ალბათ არავინ ელოდება...

2. შავკანიანი, თავგადაპარსული, სიმპათიური ყმაწვილი, მაგრამ დამნაშავე. უფრო სწორად, დამნაშავე თუ მოწმე, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთი ამბავია, რა. თუმცა დადებითი ტიპია და სახლშიც ელოდებიან.

3. ამ ორ გმირს გარსშემოხვეული ბევრი, ბევრი კორუმპირებული პოლიციელი. რა თქმა უნდა, სულ თეთრკანიანები.

როცა ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი, დაღლილი ჯეკ მოსლი ღამის მორიგეობის ცვლას დაამთავრებს, - და ეს ამბავი დილის 8 საათზე ხდება, - ერთ პატარა დავალებას მისცემენ: - აი, იმ შავ ბიჭს ხედავ? ედი ჰქვია, მოწმეა და 16 კვარტალს მოშორებით მდებარე სასამართლოს შენობაში, პროცესზე უნდა მიიყვანოო.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებიან ერთი, ცხოვრებისგან და სამუშაოსგან გადაღლილი თეთრკანიანი პოლიციელი და მეორე, სიცოცხლის მოყვარული, შავ-შავი მოწმე, რომლებმაც 16 კვარტალი უნდა გაიარონ, რომლის თითოეულ მოსახვევში ჩასაფრებული თოფიანი კაცები და კორუმპირებული cop-ები ელოდებიან?!

ისე, ედი და ჯეკი ბოლოს დამეგობრდებიან... აბა, ნიუ იორკის ცათამბჯენის სახურავებზე ხელიხელჩაკიდებული რომ იხტუნავებ, იმ კაცს დაუმეგობრდები და დაუძმაკაცდები კიდეც, არა?!

წიგნები

ავტორი: თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

ელგუჯა ბერიშვილი

სპორტის ენციკლოპედია
გამომცემელი: საქართველოს სპორტულ
ჟურნალისტთა ასოციაცია
2006 .

ამ 700-გვერდიანმა წიგნმა ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. გადავფურცლე და მაშინვე გავიაზრე, თუ რამხელა შრომა, ინფორმაცია და სპორტის სიყვარულია ჩადებული წიგნში - ტექსტებშიც და ფოტოებშიც.

გული ყოველთვის მიგრძნობდა, რომ ქართველთა არასპორტულობის შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპი მოძველებულია. ამ ენცკილოპედიამ საბოლოოდ დამარწმუნა ამაში. თურმე, სპორტული ტერმინოლოგია საუკუნეების წინ არსებობდა ქართულ ლექსიკაში და ამის ყველაზე კარგი დასტური სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“ ყოფილა.

თუმცა, ისტორიას და მსოფლიო სპორტის ქრონიკას წიგნში თავადაც გაეცნობით. ახლა უბრალოდ გეტყვით, რომ გამოცემაში ყველაფერი ანბანის მიხედვითაა დალაგებული - სპორტის სახეობები, სპორტსმენები... მაგალითად, ცალკეა ოლიმპიური სახეობის ბლოკი, სადაც წარმოდგენილია შეჯიბრების წესები, ინფორმაცია ფედერაციების შესახებ, მსოფლიოს ჩემპიონატების ჯამური ცხრილები.

ენციკლოპედიისთვის საგანგებოდ გადამუშავდა, გადამოწმდა და დაზუსტდა ისტორიული, ბიოგრაფიული და სტატისტიკური მასალა; ანუ, წიგნში შესული ცნობები ზუსტად აღრიცხავს 2005 წლის 1 ივლისამდე მომხდარ ამბებს.

ასე რომ, რეზიუმესავით გეტყვით: ეს ენციკლოპედია სპორტის ყველა მოყვარულის სამაგიდო წიგნის უკონკურენტო კანდიდატი გახლავთ.

0x01 graphic

ირაკლი მეფე-ჩარკვიანი

სიტყვა მეფისა ერთისა
მშვიდი ცურვა
გამომცემლობა ლოგოს პრესი
2006 .

ამ წიგნს რეკლამირება აღარ სჭირდება. ის ყველაზე კარგად გაყიდვად წიგნებს შორის, გამოსვლის დღიდან ლიდერობს და წიგნის მაღაზიაში გამიზნულად თუ შემთხვევით მოხვედრილთაგანაც ერთი და იგივე კითხვა ისმის: „ირალი ჩარკვიანის რომანი გაქვთ?“

ასე რომ, გამოდის, ამ წიგნზე ვწერ იმიტომ, რომ გვერდის ავლა შეუძლებელია. ჩარკვიანის ავტორომანს, შეიძლება ითქვას, არ აქვს ფორმა. აშკარად მხატვრული ტექსტიდან, შეუმჩნევლად გადადიხარ დღიურში, დღიურიდან ისევ მხატვრულ ტექსტში, მერე ისევ უკან, მერე მოგონებებში, მემუარებში და მერე ისევ სადღაც. მკითხველს, პირველ რიგში, სიმშვიდის შენარჩუნება მოეთხოვება, რათა შემდეგნაირი აზრები წაიკითხოს:

„ჩემი წარსული დაულაგებელი, მტვრიანი ლაბირინთივით მიდგას უკან და მე კუს ტემპით ვცდილობ სისუფთავე დავამყარო იმ ოთახებში, რომელიც არ ლაგდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ თუ წარსულს დავალაგებ, აწმყოს მაგიდა აღარ იყანყალებს და ყავა მუხლებზე აღარ დამექცევა. იქნებ აღარც არის საჭირო წინსვლა და უკვე დროა იმ გრადაცვლილი ნაცნობების არმიას შევუერთდე, რომლებმაც თავი ვერ მოაბეს საკუთარი ბინის დალაგებას და ემოციების ქარბუქს სხვადასხვა განზომილებებში გაყვნენ...“

აუცილებლად იცურეთ მშვიდად იმ ადამიანის ფიქრებში, რომელიც, სულ ცოტა ხნის წინ, თავიდან და ერთიანად აღმოაჩინა ყველამ. აქვე კიდევ ერთი ციტატა წიგნიდან: „რა უცნაური სიტყვაა ცხოვრება! იმდენად ხშირად ვხმარობთ, რომ გვავიწყდება, რატომ ვცხოვრობთ ისე, როგორც ვცხოვრობთ...“

0x01 graphic

დავით-დეფი გოგიბედაშვილი

და
ლექსების კრებული
გამომცემლობა სიესტა
2006 .

„არტისტული“ თბილისი ბუმის ატეხვის დიდოსტატია. ისეთი დიდოსტატი, რომ ბუმი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო და მცირეტანიან, 55-გვერდიან წიგნებზეც ტყდება. ოღონდ, არის ერთი პირობა - წიგნის ავტორი დავით-დეფი გოგიბედაშვილი უნდა იყოს.

გვერდების რაოდენობის აღნიშნვა, ცხადია, უადგილო იყო. უბრალოდ, „და“ მართლაც მცირეტანიანი წიგნია, მაგრამ მათთვის, ვინც დეფის ნაწარმოებებს კითხულობს, ზომას მნიშვნელობა არასდროს აქვს. სამი რომანის და ერთი პოეტური კრებულის შემდეგ, დეფის თაყვანისმცემელი ახლა „დას“ მიაწყდა.

ავტორისვე ფოტოთი გაფორმებული ყდა პოეტურ კარს უღებს მკითხველს და ზღურბლს მიღმაც ასეთივე სამყაროს ახვედრებს - ძალიან პოეტურს, ბევრი სიყვარულით, გაზაფხულით, უჩინარი პერსონაჟებით და სხვადასხვაგვარი რითმებით.

მოკლედ, დროც პოეზიის დგას. ამიტომ თქვენც გირჩევთ, მოისმინოთ რიჟრაჟზე ზმნების გალობა და...

15 რადიო უცნობის ამბები

▲back to top


0x01 graphic

0x01 graphic

ავისუფალი სიტყვა

დავაკვირდი და მივხვდი, რადიო „უცნობი“ გიჟდება ორ სიტყვასა და ორ ფენომენზე - „უცნობსა“ და „თავისუფალზე“. ვისაც ეს ტალღა აქვს ჩემსავით ამოჩემებული, აუცილებლად ერთხელ მაინც გაუელვებდა თავში, - ვაა, ეს რადიო აღარ ხუმრობს! ქართულ რადიოეთერში, რომელიც პოპსა მუსიკითა და საინფორმაციო სააგენტოებში ამოკითხული ამბებითაა გადაჭედილი, „უცნობი“ გვთავაზობს დებატებს - მწვავეს და აქტუალურს, ანალიტიკას - შეიძლება სპონტანურს და სწრაფს, მაგრამ მაინც ჰაერივით საჭირო ანალიტიკას და იუმორს - აღარ შეგახსენებთ, როგორს და როდის.

ოღონდ, არ თქვათ, რომ მოგბეზრდათ. ვისაც არ მოგბეზრდათ და პირიქით - მეტი გინდათ, უნდა გაგახაროთ: 3 აპრილიდან, „უცნობის“ საყვარელ სიტყვაზე დაფუძნებული ხაზი სიახლით გრძელდება. „თავისუფალი სიტყვა“ - „უცნობის“ ახალი პროექტია, რომელიც კვირის ყოველ სამუშაო დღეს, დათქმულ დროს - 13 საათზე დაელოდება მსმენელს.

ყოველ ახალ დღეს, „თავისუფალ სიტყვას“ რადიოეთერში ცნობილი ჟურნალისტები წარმოთქვამენ. ჩანაფიქრი ასეთია - ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანდეს ყველა ჯურის რეიტინგული ჟურნალისტი - პრესიდანაც და ტელევიზიიდანაც.

დავით კიკალიშვილი, ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი იმნაიშვილი, გიორგი თარგამაძე, აკაკი გოგიჩაიშვილი, მაია ჭალაგანიძე, თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე - თითო დღე თითო ჟურნალისტს დაეთმობა. გადაცემას „თავისუფალი სიტყვა“ ჰქვია და ამიტომაც, ჟურნალისტებს თემებისა და სტუმრების არჩევაში არავინ შეზღუდავს - თავიანთი წილი თავისუფალი სიტყვის ავტორები თავად იქნებიან.

ათივე ჟურნალისტისთვის ეს უპრეცედენტო რადიო-ექსპერიმენტი აზარტული და საინტერესოა. ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ ყველაზე სპონტანურად გავლენიანი მედიუმის - ტელევიზიის და ყველაზე ხანგრძლივად გავლენიანი მედიუმის - პრესის წარმომადგენლები ყველაზე მყუდრო და ინტიმურ მედიუმს - რადიოს, თავისუფალი სიტყვის სათქმელად.

გეგმები და თემები ახალი რადიოპროექტისთვის თანდათან იკვეთება. ჟურნალისტების აშკარა პოლიტიკური მიმართულების მიუხედავად, არც სიურპრიზებია გამორიცხული. ვინ იცის, იქნებ რომელიმე პოლიტიკურ მიმომხილველს თავისი თავისუფალი სიტყვის კიდევ უფრო თავისუფლად გამოყენება მოუნდეს და ფავორიტ სფეროსაც გასცდეს - პოლიტიკიდან, მაგალითად კულტურაზე გადაერთოს, ანდა სპორტზე მოუნდეს მსჯელობა. თუმცა, ამას 3 აპრილიდან ვნახავთ - ისევ იქ, საყვარელ რადიომიმღებთან და ისევ იმავე რადიოტალღაზე - 98.0FM.

ავტორი: თამარ ბაბუაძე