![]() |
პატარა საჭადრაკო დაფა (რა შეიცვალა 08/2008-ის შემდეგ) (გამოშვება 1) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი პატარა საჭადრაკო დაფა |
საავტორო უფლებები: ©ანდრო ბარნოვი „სტრატეგიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი“ |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
ძნელი სათქმელია, რამდენად „პატარა საჭადრაკო დაფაზე“ გვიწევს თამაში ქართველებს. პრინციპში, დაფა ერთია და ყველანი ამ დაფაზე ვთამაშობთ, მაგრამ ამ სტატიას მაინც ასე დავარქვი იმიტომ კი არა, რომ მაინცდამაინც ცნობილ პოლიტოლოგთან ასოცირება მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ერთის მხრივ, სწორედ „საჭადრაკო დაფის“ რემინისცენცია გამომეწვია, მეორეს მხრივ კი რეგიონულ პოლიტიკაზე გამეკეთებინა აქცენტი და, ასევე, ჩვენი შედარებით შეზღუდული შესაძლებლობებისათვის გამესვა ხაზი.
სამხრეთ კავკასიის პატარა საჭადრაკო დაფაზე უკანასკნელ დროს ისეთი მოვლენები განვითარდა, რაც სასწრაფო გააზრებას მოითხოვს და სწორედ ამ თემას მიეძღვნება „პატარა საჭადრაკო დაფის“ სერიით შემოთავაზებული მიმოხილვები.
მიმოხილვები უსასყიდლოდ სრულდება და არ გააჩნია რაიმე მკაცრი განრიგი. ჩვენ შევეცდებით, ყურადღება მივადევნოთ იმ მოვლენებს, რომლებსაც აქვთ პოტენცია, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე გავლენა მოახდინონ, და მკითხველს შევთავაზებთ ამ მოვლენების ანალიზსა და პროგნოზებს მოსალოდნელი შედეგების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ამით საქართველოსა და კავკასიის მშვიდობისა და განვითარებისათვის სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ.
მიმოხილვების სერიაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ ექსპერტს შეუძლია. ინტერესის შემთხვევაში დაუკავშირდით STanD-ს.
![]() |
2 ძირითადი შინაარსი |
▲back to top |
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, რაც პროცესების ახლებურ გააზრებასა და არსებულ რეალობაში მაქსიმალურად ეფექტური გამოსავლის ძიებისაკენ გვიბიძგებს. რუსეთის პოზიციების გაძლიერებისა და აშშ-ს პოზიციების დროებითი შესუსტების შედეგად ევროპასა თუ აზიაში ერთბაშად გაცოცხლდა ევრაზიული გეოსტრატეგიული აზროვნება, რაც როგორც ევროპას, ასევე სამხრეთ კავკასიის უშუალო მეზობლებს - რუსეთს, თურქეთსა და ირანს ახალი თამაშის წამოწყების საშუალებას აძლევს. მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის ქცევა. გამოიკვეთა მოსკოვის სტრატეგია ევროპის მიმართ და გამოიკვეთა რუსეთის ახალი დისკურსი. სამხრეთ კავკასიაში რუსეთი შემდგომი მოქმედებებისთვის ემზადება და საკუთარი უსაფრთხოებისთვის დამატებითი გარანტიების მიღებას ცდილობს. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ასევე შეიცვალეს ქცევა. რუსეთის მოქმედებებმა იმდენად შეაშინეს ილჰამ ალიევი, რომ მან აშშ-ს ზურგი შეაქცია. ამის მიუხედავად, თეთრი სახლი ინარჩუნებს ინტერესებს აზერბაიჯანში და მომავალი მოქმედებებისთვის ემზადება.
სომხეთი გარკვეულწილად გაუგებრობაში აღმოჩნდა და არ იცის კონკრეტულად როგორ იმოქმედოს, თუმცა ერევანი დიდი ცვლილებების მოლოდინშია, რაც განსაკუთრების თურქეთის გააქტიურებას უკავშირდება. ამიტომ, სომხეთი გახსნილობისა და მოქნილი პოლიტიკის დემონსტრირებას არჩევს და თურქეთთან და ბაქოსთან მოლაპარაკებებზე უარს აღარ ამბობს.
აშშ ქოლგის შესაძლო დასუსტების ფონზე ევროპის სახელმწიფოები ძველ გეოსტრატეგიას მიმართავენ. ევროპაში იკვეთება გერმანიის ცენტრალური როლი და გერმანია-საფრანგეთის კონკურენცია ამ თვალსაზრისით უკვე შეიმჩნევა. ამის მიუხედავად, ერთიანი ევროპული სახლის იდეა შენარჩუნდება. აგვისტოს ომის შემდეგ თურქეთი რთულ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან მის ევროპა-აზიის დერეფანის როლს საფრთხე დაემუქრა. სამხრეთ კავკასია თურქეთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მიუხედავად იმისა, რომ ანკარა მეზობლებთან მშვიდობიანი თანამშრომლობითაა დაინტერესებული, არსებულ სიტუაციაში თურქეთის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაც არ შეიძლება გამოირიცხოს.
სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელია ირიანის გააქტიურება. ირანს უკეთესი შანსები უჩნდება, რომ დაასრულოს აშშ-სთან კონფრონტაცია და სამხრეთ ევრაზიაში ცენტრალური მოთამაშე გახდეს. გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, თეირანს საქართველოსთან ახლო პარტნიორობა უნდა აწყობდეს.
![]() |
3 რა შეიცვალა აგვისტოს შემდეგ |
▲back to top |
საქართველო-რუსეთის ომმა გავლენა იქონია ისეთ გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, რომლებსაც მთელი მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ გასული მცირე დროის განმავლობაში ბევრი რამ კიდევ არ გამოჩენილა, უკვე ცხადია, რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების წინაშე დადგა. რა თქმა უნდა, დიდი და დრამატული ცვლილებებია საქართველოშიც: ესაა დაღუპული ადამიანები, დამარცხებული ჯარი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დევნილების ახალი ნაკადი, ნირწამხდარი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, დაზიანებული იმიჯი და ბუნდოვანი მომავალი.
ერთი, რასაც დღეს ყველა ეთანხმება, ისაა, რომ რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. მართალია, ჯერ კიდევ დრო გავა სანამ გაბედულ მოთამაშესა და ანგარიშგასაწევ ძალას შორის მკვეთრი ზღვარი გაივლება, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა, დიდი სურვილის მიუხედავად, რუსეთის უკანდახევას ვერ მიაღწიეს. მოსკოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას არც ევროპელების და არც ამერიკელების მუქარები ადარდებს და საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს. ამის სანაცვლოდ ერთადერთი მეტ-ნაკლებად რეალური გაფრთხილება, რაც რუსეთმა დღემდე მიიღო, ეს შავ ზღვაში ნატოს (ძირითადად აშშ-ს) გემების გახშირებული მოძრაობაა. სხვა რეალური მუქარა დასავლეთმა კრემლს დღემდე ვერ შეუქმნა. ამასობაში, აშშ-ს დაკავებულობა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთმა კარგად გამოიყენა და ეცადა, რომ მრავალი მიმართულებით გაიმყაროს პოზიციები.
სანამ დასკვნებზე გადავიდოდეთ, მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი, რაც აგვისტოს მოკლე ომის შემდეგ შეიცვალა.
![]() |
4 შეიცვალა რუსეთის ქცევა |
▲back to top |
რუსეთმა გარკვეულწილად აღიდგინა იმიჯი
შელახული იმიჯის აღდგენა ყველაზე თვალშისაცემი, მაგრამ ყველაზე ზედაპირული მონაგებია რუსეთისთვის. აგვისტოში გამოვლენილი შეუპოვრობით რუსეთმა ძველი პარტნიორების სიმპათია დაიბრუნა და ახალ რუსულ დიპლომატიას გაუხსნა გზა.
აგვისტოს კამპანიის გამო ლამის მთელი მსოფლიო რუსეთის შელახულ იმიჯზე ალაპარაკდა, მაგრამ მოსკოვს სულ სხვა იმიჯი აინტერესებს. რაც კრემლს რეალურად აწუხებს, ეს არის ისეთი სუსტი ქვეყნის იმიჯი, რომელსაც შეიძლება არც გაუწიო ანგარიში. ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილმა ეკონომიკამ რუსეთის ეს იმიჯი ვერ გამოასწორა. დასავლეთის სახელმწიფოები მოსკოვს ისევ გვერდს უქცევდნენ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც ბელგრადის დაბომბვით, კოსოვოს კონფლიქტში რუსეთის მედიატორობის რეალური დაუშვებლობით, ნატოს გაფართოებით და, უკანასკნელად, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით მრავალგზის დამტკიცდა. კრემლს თითქოს ხმა არ ყოფნიდა, რომ მისი გაფრთხილებებისა და პრეტენზიებისაკენ სათანადო ყურადღება მიეპყრო. ეს ძალიან საშიში სიტუაცია იყო რუსეთისთვის, რადგან დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღება დადგა, რაც მოსკოვისთვის არა მხოლოდ არასასურველი, არამედ დამღუპველი შედეგის მომტანი იქნებოდა. საქართველოში ჩატარებული კამპანიით მოსკოვმა დასახულ შეზღუდულ მიზანს მიაღწია და ახლა არათუ მის ხმას, თითის განძრევასაც კი დიდი ყურადღებით ეკიდებიან. ამას გარდა, რუსეთისკენ აქტიურად დაიწყეს ყურება ძველმა პარტნიორებმა და აგვისტოს ერთი შეხედვით მოკრძალებული კამპანიის შედეგად რუსეთი აღმავალ ტალღაზე შედგა. ცალკე საკითხია, თუ რამდენად მოახერხებს მოსკოვი ამ დინამიკის შენარჩუნებას, მაგრამ ცხადი ისაა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი სუსტ სახელმწიფოდ აღარ აღიქმება, რაც რუსულ დიპლომატიას ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
რუსეთმა მოიგო ზოგიერთი პოზიცია
აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა რამდენიმე დღეში მოიგო ისეთი პოზიციები, რასაც წლების განმავლობაში შეინარჩუნებს. მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი შეაჩერა.
კავკასიაში რუსეთს აქვს ძალიან ბევრი ლეგიტიმური ინტერესი, კერძოდ კი ის ინტერესები, რაც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უკავშირდება. ასეთთა შორის უპირველესია საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივის მიუღებლობა რუსეთის მიერ. ეს იმდენად არასასურველი მოვლენაა მოსკოვისთვის, რომ, თუ შესაბამისი ძალა იგრძნო, კრემლი არაფერზე დაიხევს უკან. ამას გარდა, ალბათ იმასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ 16 წლის წინანდელი დათმობების მიუხედავად რუსეთი ისევ წინ მოიწევს. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ცნობილი გეოპოლიტიკური თეორიები მხოლოდ თეორიები არ არის და კავკასია რუსეთის მუდმივი ინტერესების არეალში შედის.
რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები განუყოფლად უკავშირდება ნატოს გაფართოებას და ამ ჭრილში, უკრაინის ზომებისა და ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობის მიუხედავად, მოკლევადიან სტრატეგიაში კავკასია მაინც უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. საქმე ისაა, რომ კავკასიის კონტროლი პირდაპირ უკავშირდება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევრაზიაში რუსეთის გავლენის საკითხს, ამ კონტროლის დაკარგვა კი რუსეთის გარდაუვალ გაღატაკებას და დაშლას მოასწავებს. ამიტომ , რუსეთი მანამ იბრძოლებს კავკასიისათვის, ვიდრე პირში სული უდგას. კავკასია რუსეთის ინტერესებში დარჩება იმის მიუხედავად, თუ როგორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება რუსეთი, უკრაინის კონტროლი კი უფრო მეტად იმპერიული რუსეთის ინტერესია. კავკასიის კონტროლი რუსეთისთვის ნიშნავს როგორც შავ ზღვაზე გასასვლელს, ასევე - კასპიისა და ტრანსკასპიური რესურსების კონტროლს. ამასთან, სამხრეთ კავკასიის კონტროლი რუსეთისთვის ჩრდილო კავკასიის გასაღებიცაა. კავკასიაში ნატოს შემოსვლა რუსეთისთვის სწორედ იმიტომაა ასეთი მტკივნეული, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პერსპექტივას ემშვიდობება, რაც ავტომატურად ნიშნავს ევროპის ალტერნატიული ენერგო-მომარაგების შესაძლებლობებს, რუსეთის ენერგორესურსების მიმართ ევროპელთა ინტერესის შესაბამის გაციებას, რუსეთის გარდაუვალ ეკონომიკურ კრიზისს, რუსეთის ავტონომიური ერთეულების გაზრდილ უკმაყოფილებას და, საბოლოოდ, რუსეთის დაშლას, მით უმეტეს, რომ რუსეთის უკიდეგანო საზღვრების გასწვრივ გაჩნდება არაერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომლებიც ფედერაციის დღევანდელ ტერიტორიებს ერთი ამოსუნთქვით გადაყლაპავს.
სურათი 1: ევროპის დამოკიდებულება ბუნებრივ აირზე
აგვისტოს მოვლენების შედეგად რუსეთმა კავკასია გადმოლახა და თბილისიდან 20 კილომეტრში დააყენა მნიშვნელოვანი მოცულობის ჯარი, მძიმე ტექნიკა და საზენიტო ქვემეხები. ეს გარემოება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი პრაქტიკულად მოხსნა დღის წესრიგიდან. ამას გარდა, რუსეთმა ნავთობსადენიდან 15 მეტრში ჩამოყარა კასეტური ბომბები და ღიად დაემუქრა პროექტს, რომელშიც უზარმაზარი დასავლური კაპიტალია დაბანდებული. ამას გარდა, რუსეთმა მსოფლიოს დაანახა, რომ მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია და ამაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. რუსეთმა აიძულა აზერბაიჯანიც, თურქმენეთიც და ყაზახეთიც, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ დასავლეთთან პარტნიორობის პერსპექტივები და ამით პირდაპირი საფრთხე შეუქმნა „ნაბუკოს“ პროექტს, რომელმაც თეორიულად ევროპის რუსეთზე ენერგო- დამოკიდებლობა უნდა დაასრულოს. რუსეთმა დაანახა ევროპას, რომ მას მზად აქვს გეგმები უკრაინისა და მოლდოვას საბოლოოდ დასამორჩილებლადაც და თუ ამას ჯერ არ აკეთებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპასთან კონსტრუქციული ურთიერთობების გაგრძელების მომხრეა.
გამოიკვეთა რუსეთის სტრატეგია ევროპის მიმართ
ევროპის მიმართ რუსეთს ორი ძირითადი მიზანი ამოძრავებს - (1) მოსპოს ევროპის ენერგომომარაგების ყოველგვარი ალტერნატივა რუსული მარშრუტების გარდა, და (2) შეასუსტოს აშშ -ს გავლენა ევროპაში.
ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს მართლაც ძალიან სჭირდება ევროპა. სჭირდება მისი მდიდარი ბაზარი საკუთარი ნავთობისა და ბუნებრივი აირისათვის, სჭირდება ინვესტიციები, განათლება და ა.შ. რუსეთი იმედოვნებს, რომ მას შეუძლია ევროპას უალტერნატივო ენერგია შესთავაზოს და ისეთი პარტნიორობა ჩამოაყალიბოს, რომელიც რუსეთის ევრაზიულ ჰეგემონიას უეჭველს გახდის.
ამის მიუხედავად, რუსეთს ისიც ესმის, რომ ევროპა ასეთ არჩევანს არ და ვერ დათანხმდება მრავალი ფაქტორის გამო, რომელთა შორისაა ევროპაზე აშშ-ს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა, „ძველი ევროპის” უნდობლობა რუსეთის მიმართ, ევროკავშირის რთული კონფიგურაცია და აქ რუსეთის მიმართ „მტრულად” განწყობილი ქვეყნების ყოფნა (პოლონეთი, ბალტიისპირა სახელმწიფოები, ჩეხეთი, ფინეთი და ა.შ.). ამიტომ, მოსკოვი ცდილობს, რომ „შერჩევით“ იმოქმედოს და ევროკავშირი ერთიან სივრცედ არ აღიქვას. ამ „შერჩევითი“ სტრატეგიის მიზანი კი ევროპის დაყოლიებაა ისეთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ევრაზიაში აშშ-ს როლის მნიშვნელოვან დაკნინებას გულისხმობს. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი რამდენიმე ხერხს იყენებს: ერთის მხრივ, ენერგო-ბერკეტების გამოყენებით მუქარას უქმნის ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას; მეორეს მხრივ, სამხედრო ძალის დემონსტრირებით ცდილობს ამ ქვეყნებს შეუქმნას დაუყოვნებლივი გადაუდებლობის განცდა და გადაწყვეტილებები ზეწოლის რეჟიმში მიაღებინოს; ასევე, ცდილობს ჩამოაყალიბოს ისეთი დისკურსი, რომელიც პოტენციურ პარტნიორებს ნათელ წარმოდგენას შეუქმნიდა რუსეთის მოსალოდნელ ქცევაზე და მათ გარკვეული სტაბილურობის განცდას ჩამოუყალიბებდა.
ამის გარდა, რუსეთი გეოსტრატეგიასაც მიმართავს და ძველი გეოპოლიტიკური თამაშის წამოწყებას ცდილობს. მოსკოვს სურს, რომ მჭიდრო პარტნიორობა გააფორმოს ამერიკის ყველაზე სასურველ მოკავშირესთან ევროპაში, გერმანიასთან, ამ გზით აღკვეთოს აშშ-ს გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება ევროპაში, დაუპირისპირდეს საფრანგეთის მნიშვნელობის ზრდას ევროპაში, გაყოს ევროპა ორ ნაწილად გერმანია-იტალიის ღერძზე და დაიბრუნოს სასურველი გავლენა როგორც აღმოსავლეთ, ისე ცენტრალურ ევროპაზე.
გამოიკვეთა მოსკოვის ახალი დისკურსი
პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი საერთაშორისო წესრიგზე და საკუთარ ხედვებზე ალაპარაკდა .
რუსეთი, რომელზეც სულ ამბობდნენ, რომ თავად არ იცის რა უნდა, უცბად შეიცვალა და ახალ მსოფლიო წესრიგზე ალაპარაკდა. დიმიტრი მედვედევმა ომიდან რამდენიმე დღეში 5 ძირითად პრინციპად ჩამოაყალიბა რუსეთის ახალი დისკურსი1:
საერთაშორისო სამართალი - რუსეთი აღიარებს საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების პრიმატს.
მრავალ-პოლუსიანი მსოფლო - ერთპოლუსიანი მოდელი რუსეთისთვის მიუღებელია.
უარი იზოლაციონალიზმზე - რუსეთს არ სურს დაპირისპირება რომელიმე ქვეყანასთან და პარტნიორობის მომხრეა.
რუსეთის მოქალაქეების დაცვა - „ნებისმიერ ადგილას” - ეს აქ ცენტრალური ფრაზაა.
გავლენის სფეროები - რუსეთს აქვს განსაკუთრებული ინტერესის სფეროები, რაც ძირითადად მის მოსაზღვრე სახელმწიფოებზე ვრცელდება, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთი მსოფლიოს სთავაზობს, რომ ცნობად მიიღონ მისი დაბრუნება, უარი თქვან კონფრონტაციაზე და ითანამშრომლონ მასთან. ანუ, რუსეთი აცხადებს, რომ მისი ძველი გავლენის სფეროები ისევ ძალაშია და მოუწოდებს მსოფლიოს, რომ სწორედ ასეთ რუსეთთან დაამყარონ პარტნიორობა. რაც ამ დისკურსს ცივი ომის დროინდელისაგან განასხვავებს, ეს ორპოლუსიანის ნაცვლად მრავალპოლუსიანი მსოფლიო მოდელის აღიარებაა.
დაზიანდა აშშ იმიჯი
რუსეთ-საქართველოს ომში სუსტი პოზიციის გამო აშშ-ს იმიჯი მნიშვნელოვნად შეირყა, მაგრამ ვაშინგტონს ბევრი შესაძლებლობა აქვს, რომ თამაშში ისევ ძლიერად ჩაერთოს. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-ს პოზიციების შესუსტება დროებითია.
აგვისტოს მოვლენებზე საკადრისი პასუხის გაუცემლობის გამო აშშ-ს პოზიციები შეერყა არა მარტო კავკასიაში, არამედ - ევროპასა და აზიაშიც. ბევრი ქვეყანა, რომელიც აქამდე აშშ-ს პარტიორად მიჩნეოდა, ახლა იძულებული გახდა, რომ უფრო რეალურად შეეფასებინა მოვლენები და შესაბამისი სასწრაფო დასკვნებიც გამოეტანა. დასავლეთმა იმდენად მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ხელფეხ შეკრული იყო, რომ პირველ დღეებში სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, რუსეთის მოქალაქეების უნივერსიტეტებიდან გამოყრას იმუქრებოდნენ, რაც ქართველებისთვის შემძრწუნებლად, რუსებისთვის კი სასაცილოდ გამოიყურებოდა. მაგრამ როგორც კი პირველივე რუსული გაზსადენი 3-4 დღით რემონტზე დადგა, ევროპასაც და თურქეთსაც გაახსენდათ, რომ მათი ენერგეტიკის ნახევარზე მეტი რუსეთზეა მიბმული, რომ საფრთხის ქვეშ დგება წლების განმავლობაში გაწეული მილიარდიანი ინვესტიციები, რომ ნატოს ბალტიისპირელ წევრებს ვერაფრით იცავენ და მთელი ახალი ევროპული არქიტექტურა საფრთხის წინაშე დგება, აშშ კი ამას ვერაფერს უპირისპირებს. ამიტომაც, ვნებათაღელვები მალევე მიცხრა და იმის იმედით, რომ დროთა განმავლობაში რაიმე გასაღებს მოუძებნიდნენ შექმნილ სიტუაციას, ყველამ რუსეთთან მოლაპარაკება არჩია. აშშ-ს ერთპიროვნული ლიდერობა ეჭვქვეშ დააყენა პრაქტიკულად ყველა პარტნიორმა და ეს განწყობა კიდევ უფრო გამძაფრდა აშშ-ში დაწყებული ფინანსური კრიზისის გამო, რომელმაც ევროპისა და აზიის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ჩაითრია. გერმანიის ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ აშშ-ს ფინანსური ჰეგემონია დასრულდა და ამის შემდეგ მსოფლიოს ფინანსური ბაზრები მრავალპოლუსიანი გახდება, რუსეთისა და ირანის ლიდერების განცხადებების გაგრძელებასავით გაისმა, რომლებიც გმობენ მსოფლიოს ერთპოლუსიან მოდელს და მრავალპოლუსიანი წესრიგისაკენ მოუწოდებენ.
მიუხედვად ასეთი განწყობებისა, მსოფლიოში ძალთა ბალანსის თვალსაზრისით სინამდვილეში ბევრი არაფერი შეცვლილა და რაც შეერთებული შტატების იმიჯზე ვთქვით, სავარაუდოდ, რუსეთის მოულოდნელი ქცევით გამოწვეული შოკით განპირობებული დროებითი მოვლენაა. ეს დაახლოებით ფინანსურ ბაზრებზე წარმოქმნილი პანიკის მსგავსი მდგომარეობაა და აშშ-ს გარკვეული ღონისძიებების გატარება მოუწევს, რომ მსოფლიოს მისი ძლიერების ურყევობის რწმენა დაუბრუნოს და პანიკა დააცხროს. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ მოკლევადიან პერიოდში რუსეთმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, მან აჩვენა „მერყევ“ ქვეყნებს, რომ ამერიკას არ შეუძლია რაიმე დაუპირისპიროს რუსეთს და ბუნებრივია, რომ სანამ აშშ რამეს მოახერხებს, რუსეთი შეეცდება კიდევ უფრო გაიმყაროს ეს პოზიციები.
კავკასიის მომავალის რუსული ხედვა
რუსეთს ასეთი ხედვა არ გაუმჟღავნებია, მაგრამ კრემლის მოქმედებებიდან დასკვნების გამოტანა მაინც შეიძლება.
პირველი, რაც აქ თვალში გვხვდება, კავკასიაში რუსული სამხედრო ძალების გაზრდილი კონტინგენტია. ეს შეეხება აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს და იჯევანში (სომხეთი) აზერბაიჯანის საზღვრებთან სიახლოვეს დაგეგმილ ახალ ბაზას.
მეორე, რაც აშკარაა, ეს არის კავკასიაში ნატოს გავლენის არდაშვება.
მესამე, ეს არის საქართველოზე სრული გავლენის დამყარების მცდელობა,
მეოთხე, ეს არის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულება,
და მეხუთე, ეს არის კავკასიაში თურქეთის როლის შემცირება და ირანის როლის გაძლიერება.
ამ საკითხებზე დაწვრილებით შემდეგ გამოშვებაში გვექნება მსჯელობა და ამიტომ აქ მეტად არ შევჩერდებით. რეზუმირების სახით მხოლოდ ის ვთქვათ, რომ სამხრეთ კავკასიის მომავლის რუსული ხედვა კავკასიის დაქვემდებარებულ როლს ნიშნავს და ამიტომ მას დიდი პერსპექტივა არა აქვს.
![]() |
5 შეიცვალა აზერბაიჯანის ქცევა |
▲back to top |
აშშ-ს გავლენის შესაძლო შესუსტების შიშით აზერბაიჯანი ფრთხილ პოლიტიკას აძლევს უპირატესობას, მაგრამ ის მაინც თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ დარჩება კავკასიაში.
აშშ, რომლის გავლენა და მეგობრობა საქართველოსა და აზერბაიჯანთან მანამდე არავის დაუყენებია ეჭვ-ქვეშ, უცბად იმდენად საშიში პარტნიორი გახდა ალიევისთვის, რომ კონფლიქტიდან რამდენიმე დღეში ბაქოში ჩასულ დიკ ჩეინის აეროპორტშიც არ დახვდა და საღამომდე უშინაარსო შეხვედრებზე ატარა, შემდეგ კი მცირე ხნით შეხვდა და ნაბუკოს პროექტში მონაწილეობაზე ცივად ესაუბრა, ხოლო შეხვედრის დამთავრებისთანავე სასწრაფოდ დაურეკა დიმიტრი მედვედევს და საუბრის დეტალები გააცნო. ჩეინი იმდენად განაწყენებული დარჩა ამ შეხვედრით, რომ მის პატივსაცემად გამართულ სადილს არ დაესწრო და სასწრაფოდ დასტოვა აზერბაჯანი.
საინტერესოა, რომ ამ ინციდენტის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევის 89%25-იან შედეგს ოფიციალურმა აშშ-მ „გაუმჯობესებული არჩევნები“ უწოდა და სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთმა თანაშემწემ ალიევს მიულოცა კიდეც ეს გამარჯვება. შესაძლოა, ბევრმა ეს სიტუაცია აშშ-ს დაკნინების საბუთად მიიღოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ აშშ კავკასიაში ინტერესს ინარჩუნებს და მზადაა პარტნიორობის გასაგრძელებლად.
ევროპის მსგავსად, აზერბაიჯანი გრძნობს, რომ აშშ-ს გავლენის შესუსტების შემთხვევაში რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობა მას ძვირად დაუჯდება. მაგრამ აზერბაიჯანის საქმე გაცილებით უფრო რთულადაა, რადგან თუ რუსეთი საქართველოს კონტროლს მოახერხებს, მაშინ აზერბაიჯანი სრულიად იზოლირებული რჩება გარესამყაროსაგან და ნავთობის გაყიდვა ძირითადად რუსეთის გავლით მოუწევს, ეს კი მინიმუმ რუსეთის მიერ ფასის კონტროლს და გადაყიდვაში წართმეულ პროცენტებს ნიშნავს, რომ აღარაფერი ვთვათ აზერბაიჯანის სტრატეგიული რესურსის უცხო სახელმწიფოსთვის ხელში ჩაგდებაზე. ამიტომ გასაგებია, რომ ალიევი მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს და რუსეთის გაღიზიანებას ერიდება.
სურათი 2 აზერბაიჯანის მილსადენები
![]() |
6 შეიცვალა სომხეთის ქცევა |
▲back to top |
იმის გამო, რომ სომხეთი აშშ-ს სტრატეგიულ მოკავშირედ არასდროს ითვლებოდა, მას ქცევა დიდად არ შეუცვლია, თუმცა თვალშისაცემი განსხვავებები აქაც სახეზეა, რაც, პირველ რიგში, თურქეთის დამოუკიდებელი პოლიტიკის შესაძლო გაძლიერების მოლოდინითაა განპირობებული.
რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში თურქეთის პრეზიდენტი მისმა სომეხმა კოლეგამ ერევანში მიიწვია სომხეთისა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშზე დასასწრებად. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში, აგვისტოს შუა რიცხვებში ანკარამ გაახმოვანა „კავკასიის სტაბილურობისა და განვითარების პლატფორმა“ და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე ალაპარაკდა. ერევანი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, მაგრამ საკითხის გადაწყვეტაში რაიმე წინსვლაც არ შეინიშნება. თავად სომეხი ექსპერტები პლატფორმას უპერსპექტივოს უწოდებენ. ერევნის პოლიტიკის მეორე თვალშისაცემი ნიშანი იყო მისი პრინციპული უარი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ასევე, რუსეთის ჯარის მიერ გიუმრის სამხედრო ბაზის გამოყენების რამდენიმეგზის დემონსტრაციული უარყოფა. ეს ნაბიჯები მოასწავებს, რომ ერთის მხრივ, მოსკოვი სათანადო ზეწოლას ვერ ახდენს ერევანზე, მეორეს მხრივ კი - რომ სომხეთი კავკასიურ პოლიტიკაში დიდი ცვლილებების მოლოდინშია, თუმცა გრძელვადიან სტაბილურობას მხარს უჭერს და გარკვეულ დათმობებზეც იქნება თანახმა.
![]() |
7 შეიცვალა ევროპის ქცევა |
▲back to top |
ევროპაში ორი ერთდროული ტენდენცია შეინიშნება: (1) აშშ ქოლგის შესაძლო დასუსტების ფონზე ევროპის სახელმწიფოები ძველ გეოსტრატეგიას მიმართავენ. აშშ -ს გარეშე ევროპას არ შესწევს ძალა, რომ კონტინენტზე მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩეს. ევროპაში იკვეთება გერმანიის ცენტრალური როლი, რომელიც უპირატესობას რუსეთთან მშვიდობიან თანამშრომლობას და ამ გზით ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბებას ცდილობს. გერმანიის ლიდერობას მხოლოდ მაშინ ექნება პერსპექტივა, თუ ის საერთო ევროპული სახლის ჩამოყალიბებისაკენ იქნება მიმართული. (2) საფრანგეთი ცდილობს, რომ თამაშგარე არ დარჩეს და თან გერმანიის პოლიტიკისათვის მიმართულების მიცემას ცდილობს პან-ევროპული პოლიტიკის სასარგებლოდ, ამიტომ საფრანგეთი ჩქარობს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას. ეს ორი ტენდენცია ურთიერ-დაკავშირებულია და იმას მოასწავებს, რომ ერთიანი ევროპული სახლი შენარჩუნდება.
სურათი 3: მილსადენი „დრუჟბა”
ასევე დიდი ცვლილებებია ძველ ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ კანცლერი მერკელი აგვისტოს ომის პირველ დღეებში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ლამის პრინციპულ საკითხს უწოდებდა, პოზიცია მალევე შეცვალა და დღეს სამოქმედო გეგმის მონიჭებაზეც აღარ არის თანახმა. მიზეზი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ანუ, ეს მხოლოდ რუსეთზე ენერგო- დამოკიდებულებით ვერ აიხსნება. ბერილინის გადაწყვეტილებებს ზოგიერთი ანალიტიკოსი გერმანიაში ტრადიციულად ძლიერი ბიზნეს-ლობის გავლენით ხსნის, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში გერმანიის სტრატეგიული გათვლები მაინც ჩანს.
ბერლინი შიშობს, რომ აშშ-ს გავლენის შესაძლო შესუსტებისა და, ამავდროულად, ნატოს გაფართოების პროცესის გაგრძელებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გარდაუვალი გახდება და ნატოს მათი დაცვა მოუწევს1. ამ სიტუაციაში გერმანია რუსეთის შემაკავებელი პირველი ბასტიონი იქნება და მთელი ტვირთიც სწორედ მას დააწვება. ეს კი, გარდა იმისა, რომ ბერლინისთვის ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე გადასატანი იქნება, აშშ-ს შესუსტებული გავლენის პირობებში გერმანიისთვის დიდ რისკებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ნატოს გაფართოება, ისევე როგორც ერთიანი ევროპა, მეტწილად სწორედ აშშ-ს პროექტებია და ამ იდეების ხორცშესხმისათვის აშშ-ს ძლიერება სრულიად გადამწყვეტი წინაპირობაა. როდესაც ეს წინაპირობა ეჭვქვეშ დგება, ევროპის სახელმწიფოები იძულებულნი ხდებიან, რომ ძველ ევრაზიულ გეოპოლიტიკას დაუბრუნდნენ და მის ლოგიკას დაექვემდებარონ.
სურათი 4: ევროპა 1914 წელს
ტრადიციულად, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთის დაბალანსებას ცდილობდნენ და ამ თამაშში ითრევდნენ აშშ-სა და რუსეთს. მაგალითად, როგორც 1998 წლის ცნობილ ნაშრომში ზბიგნევ ბჟეზინსკი აღნიშნავდა, საფრანგეთის სტრატეგია ტრადიციულად მდგომარეობდა ერთის მხრივ რუსეთისა და ამერიკის, მეორეს მხრივ კი გერმანიის და ბრიტანეთის ერთმანეთზე წაკიდებაში, თვითონ კი ხან გერმანიის, ხანაც ბრიტანეთის მხარს დაიჭერდა ხოლმე. ასეთი სტრატეგია დაბალანსების კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. იმავე ლოგიკით, გერმანიის ინტერესი უნდა იყოს, რომ საფრანგეთი-ბრიტანეთი რუსეთს წაკიდოს, თავად კი აშშ-ს შეეკრას. ალტერნატიულად, გერმანიის ინტერესი უნდა იყოს ბრიტანეთის საფრანგეთზე წაკიდება და ტრადიციული მოქიშპის ამგვარად დაბალანსება. მეორეს მხრივ, გერმანია-საფრანგეთის უთანხმოება ბრიტანეთის ინტერესებში შედის. ანალოგიურად, როგორც პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა აჩვენა, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის ალიანსი გერმანიისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.
მარტივი გეოსტრატეგიული ანალიზი დღევანდელი სიტუაციის ფესვების გამოცნობაში დაგვეხმარება. მაგალითად, დღეს გერმანია ევროპაში რუსეთთან სიახლოვით გამოირჩევა. საფრანგეთი და ბრიტანეთი კი მოსკოვს შედარებით რადიკალურად უპირისპირდებიან, თუმცა საფრანგეთი გერმანიის კონკურენტადაც გამოდის რუსეთთან ურთიერთობების შესაძო დათბობის იმედით. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ევროპული უთანხმოება ისტორიამდელ ბრძოლებში არ გადაიზრდება, ის ძალიან საინტერესო სტრატეგიულ სურათს გვიჩვენებს. ევროპული სახელმწიფოების დღევანდელი პოზიციების გათვალისწინება და რუკაზე თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ: თუ აშშ-ს ევროპაში გავლენის შენარჩუნება სურს, მაშინ იგი უპირველეს ყოვლისა სწორედ გერმანიას უნდა შეეკრას. ამ ნაბიჯს შედარებით ნეიტრალურად შეხვდება ბრიტანეთი, მაგრამ საფრანგეთისთვის სტატისტის როლი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდება. რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დემონსტრირებით გერმანია თითქოს წაუგებელ თამაშს თამაშობს: ერთის მხრივ, აღმოსავლეთ საზღვრებიდან მშვიდ გარემოს იქმნის, მეორეს მხრივ, რუსეთთან სიახლოვით გერმანია ცდილობს, რომ არ დაუშვას რუსეთ-საფრანგეთის კავშირი და ამავდროულად, მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს, აშშ-ს, უჩენს მოტივაციას, რომ ევრაზიული გეოსტრატეგიის გასაღები სწორედ გერმანიაში ეძებოს. ორივე შემთხვევაში გერმანია ევროპული პოლიტიკის ავანგარდში აღმოჩნდება.
მაგრამ გერმანიის სპეციფიკა მხოლოდ ამით არ ამოიწურება. რეალურად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად ხდება, რომ გერმანია მისი ნატოელი პარტნიორებისაგან განსხვავებულ პოზიციას იკავებს და ლამის ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელად იქცეს. თითქმის იგივე პოზიცია აქვს იტალიასაც, რომელსაც, გერმანიის მსგავსად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ გააჩნდა. აქ საინტერესო ისაა, რომ გერმანიასა და იტალიასთან მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევით რუსეთი მთელ აღმოსავლეთ ევროპასთან წყალგამყოფს გაავლებს და ამით ბრიტანულ-ფრანგულ (და ამერიკულ) პოლიტიკას გზას გადაუკეტავს, ამით საკუთრივ ევროპული პოლიტიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს და ევრაზიულ თამაშს ევრაზიაში დააბრუნებს, სადაც თავად გადამწყვეტი უპირატესობა აქვს.
თუ დავუკვირდებით, ბრიტანელი, ფრანგი და ესპანელი პოლიტიკოსები ბევრად უფრო მონდომებულები არიან, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში იხილონ, ვიდრე გერმანელები, იტალიელები ან თურქები. ეს გარემოება მხოლოდ ბიზნეს- კავშირებით არ აიხსნება და გადამწყვეტ როლს აქ სწორედ „მკვდრეთით აღმდგარი“ გეოსტრატეგიული აზროვნება თამაშობს. ევროპას, რომელსაც აშშ ქოლგის ქვეშ თითქმის დაავიწყდა რა არის გეოპოლიტიკა, მისი ახლიდან გახსენება უწევს, რაც ევროპული პოლიტიკის რეალიებს უწინდელისგან განსხვავებულად ხატავს.
ნათქვამს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ წარსულიდან გამომდინარე, გერმანიის ევროპულ ლიდერობას მხოლოდ მაშინ აქვს პერსპექტივა, თუ მისი პოლიტიკა მიმართული იქნება არა ვიწრო ეროვნული ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ, არამედ - საერთო ევროპული სახლის მშენებლობისაკენ. ეს შტრიხი გერმანიის მოსალოდნელ ლიდერობას ახალი კუთხით წარმოაჩენს და, სავარაუდოდ, უფრო სასურველ პარტნიორს ხდის ამერიკის შეერთებული შტატებისათვის.
რაც შეეხება საფრანგეთის პერსპექტივებს ევროპის ლიდერობის თვალსაზრისით, შექმნილ სიტუაციაში მას ალბათ მხოლოდ მაშინ მიეცემა შანსი, თუ აშშ პოლონეთში მყარად შეძლებს ფეხის მოკიდებას და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. პროამერიკული ძლიერი პოლონეთისა და საფრანგეთის კავშირი გერმანიის როლის უცილო შესუსტებას გამოიწვევს და გერმანიას მოუწევს, კიდევ ერთხელ შეეგუოს ევროპულ პოლიტიკაში სტატისტის როლს და მოკავშირეებს თამაშში ჩაჰყვეს. სამაგიეროდ, გერმანია კვლავ დარჩება ევროპის ეკონომიკურ ცენტრად. თუმცა აქვე ვთქვათ, რომ პოლონეთის გაძლიერება ადვილი საქმე არ არის და ამიტომ ეს სცენარიც ნაკლებ რეალისტურად გამოიყურება. მაგრამ ვინც უნდა იყოს ევროპის ლიდერი სახელმწიფო, ევროპა მზად იქნება აშშ-სთან პარტნიორობა გააგრძელოს, თუ ამის საშუალებას თავად აშშ მისცემს.
______________
1. George Friedman, The German Question, 06/10/2008, in: STRATFOR, retreieved from: www.stratfor.com/weekly/20081006-german_question, on 06/10/2008
![]() |
8 შეიცვალა თურქეთის ქცევა |
▲back to top |
თურქეთის ინტერესებზე და ქცევაზე დაკვირვება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა და უახლოესი ორი წლის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებს ამ ახალ სტატუსს. ესეც არ იყოს, სხვა ბევრი მოვლენაც მკაფიოდ მიუნიშნებს თურქეთის როლის აქტივაციაზე, მათ შორის კავკასიაში და მათ შორის საქართველოში.
აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან საყურადღებო იყო თურქეთის ქცევაც. ყველასათვის მოულოდნელად, პრემიერ-მინისტრი ერდოგანი მოსკოვს ეწვია და მედვედევს სულ ცინცხალი „კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ შესთავაზა. მოულოდნელი აქ ის იყო, რომ ერდოგანს ეს გეგმა აშშ-სთან არ შეუთანხმებია და მეთიუ ბრაიზა გაკვირვებული აკეთებდა კომენტარს, როდესაც ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო. სხვა შემთხვევაში ეს ინციდენტად ჩაითვლებოდა, აქ კი, რესპუბლიკური კონგრესის მსვლელობისას კონდოლიზა რაისმა თურქეთის აქტიურობა მოიწონა და ანკარას აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა1.
თურქეთის პოლიტიკური იდენტობა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. ჯერ კიდევ ქემალ ფაშას დროიდან დამკვიდრებული ლოზუნგი „მშვიდობა შინ, მშვიდობა გარეთ“ მეორე მსოფლიო ომამდე განაპირობებდა თურქეთის ჩაურევლობას საერთაშორისო საქმეებში და თავისი მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს. ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება თურქეთმა მხოლოდ მაშინ მიიღო, როდესაც სტალინი თუქრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებსა და სრუტეებს დაემუქრა. ამის შემდეგ, როგორც საბჭოთა კავშირის უშუალო მოსაზღვრე სახელმწიფო, თურქეთი ბიპოლარული დაპირისპირების რეგიონულ ცენტრად იქცა, რამაც საბოლოოდ განამტკიცა ამ ქვეყნის დასავლური ორიენტაცია. ცივი ომის შემდეგ ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება.
ევრაზიული დერეფანი
ბიპოლარული დაპირისპირების დასრულების შემდეგ თურქეთს ჩამოუყალიბდა ახალი პოლიტიკური იდენტობა, რომელიც ევროპა-აზიის დერეფნის ფუნქციას გულისხმობს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთს გზა გაეხსნა თურქული ტომების ისტორიული სამშობლოსაკენ, რაც დღევანდელ კასპიისგადაღმა სახელმწიფოების უმეტესობას მოიცავს. პან-თურქისტული იდეა ისედაც ყოველთვის ძლიერი იყო თურქეთში და ახალმა რეალობამ ეს ტალღა კიდევ უფრო გააძლიერა, თუმცა სამხედროების „დემოკრატიული“ დიქტატის ქვეშ მოქცეულ ქვეყანაში ამ იდეამ ძირითადად ეკონომიკური კონფიგურაცია მიიღო. ენერგორესურსებით მდიდარ კასპიისპირა ერებთან სიახლოვისა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თურქეთმა ევრაზიული ენერგო-დერეფნის როლის პერსპექტიულობა დაინახა და ამ გზას მყარად დაადგა.
სურათი 5: ევრაზიის ვერტიკალური ღერძი
თურქეთის ეს ინტერესი პირდაპირ შეესაბამებოდა ნატოს წევრების ინტერესებს, რადგან საბჭოთა რუსეთი მთლიანად აკონტროლებდა კასპიის ზღვისა და ტრანსკასპიურ ენერგო-რესურსებს, თურქეთის როლის გაძლიერების შემთხვევაში კი რუსეთის დომინანტობა წარსულს ჩაბარდებოდა.
ეკონომიკური ინტერესის გარდა, ენერგო-ხიდის როლი სხვა მხრივაც იყო საინტერესო თურქეთისთვის. საბჭოეთის დაშლის შემდეგ დასავლეთისთვის თურქეთის სტრატეგიულმა მნიშვნელობა დაკნინდა. ამიტომ, დასავლეთზე ორიენტირებულ სახელმწიფოს ახალი როლი სჭირდებოდა, დერეფნის კონცეფცია კი მართალია არასრულად, მაგრამ მაინც ანაცვლებდა ამ ნიშას. რეალურად, ახალი როლის ათვისებით თურქეთმა უზრუნველყო, რომ დასავლეთის პოლიტიკური ინტერესი მის მიმართ შენარჩუნებულიყო და ევროინტეგრაციის იდეაც ახალი ძალით ამუშავებულიყო.
თურქეთის ახალი იდენტობა, ნატო და ევროკავშირი
თურქეთი ნატოს უმნიშვნელოვანესი წევრია, მაგრამ დამოუკდებელ მოთამაშედ რჩება. ნატოში აშშ გავლენის შესაძლო შემცირება თურქეთის პოლიტიკის დამოუკიდებლობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. თურქეთის სასიცოცხლო ინტერესია, რომ ევროპასა და აზიას შორის დერეფნის ფუნქციის რეალიზება მოახდინოს. ევროკავშირთან ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა და რეფორმებმა ის შედეგი გამოიღო, რომ თურქეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ანკარას საშუალება მიეცა, რომ დამოუკიდებელი თამაში აწარმოოს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაცია არც თუ წარმატებული იდეა აღმოჩნდა, ევროპასთან მუდმივმა მოლაპარაკებებმა და რეფორმებმა ის შედეგი გამოიღო, რომ თურქეთის ეკონომიკამ სწრაფი ზრდა დაიწყო, ამაღლდა სოციალური და განათლების დონე, ახალი ძალით ამუშავდა ეკონომიკა და ქვეყანამ იგრძნო, რომ დამოუკიდებელი მოქმედებისათვის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა. ამას გარდა, ევროკავშრის მხრიდან მიღებული არაერთი უარი თურქეთის საზოგადოების მიერ ცივილიზაციურ უარად აღიქმებოდა, რაც ერთი შეხედვით ევროპისაკენ მავალ ქვეყანას პირიქით, უქარწყლებდა ასეთი ინტეგრაციის სურვილს. ამიტომაც, თურქეთმა გადაწყვიტა, რომ აზიასა და ევროპას შორის ხიდის როლი მისთვის გრძელვადიანი სტრატეგია იქნებოდა და, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ევროკავშირის წევრობა.
თურქეთს სიდიდით მეორე არმია ჰყავს ალიანსის სახელმწიფოთა შორის და აშშ-სა და ნატოს უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს წარმოადგენს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან გაიწელა და დიდი პერსპექტივა დღესაც არ უჩანს, თურქეთი უკვე დიდი ხანია სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და საბაჟო პრეფერენციების რეჟიმით, რაც ევროკავშირის წევრობის ეკონომიკურ ინტერესს თითქმის სრულად უკმაყოფილებს. ამას გარდა, 2001 წლიდან მოყოლებული, თურქეთმა თავი დააღწია ეკონომიკური განუვითარებლობის დინამიკას და ბოლო 7 წლის განმავლობაში მშპ-ს საშუალოდ 8%25-იანი ზრდა აქვს (მიმდინარე წლის გამოკლებით, როცა ეს მაჩვენებელი 4%25-ს ოდნავ ასცილდება).
თავდაცვის საკუთარი შესაძლებლობების გარდა, რაც ნახევარმილიონიან არმიას, შავ ზღვაზე სრულ სამხედრო უპირატესობას და რეგიონის უძლიერეს საჰაერო ძალებს მოიცავს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულია ნატოს უზარმაზარი ბაზა, სადაც ძირითადად აშშ საჰაერო ძალები ბაზირდება. ეს გარემოებები, ნატოს წევრობასთან ერთად, თურქეთს კარგად დაცულს ხდის პირდაპირი სამხედრო აგრესიის მიმართ. მაგრამ თურქეთი ნატოს მექანიკურ დანამატად ვერ ჩაითვლება და მას საკუთარი საგარეო პოლიტიკა ჩამოუყალიბდა ცივი ომის დასრულების შემდეგ.
თურქეთი და რუსეთი
თურქეთი რუსეთზე დამოკიდებულია ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობებითა და ენერგეტიკული სექტორით. თურქეთის ინტერესია , რომ მშვიდობიანი და სტაბილური ურთიერთობები შეინარჩუნოს რუსეთთან , მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავლენის შენარჩუნება კავკასიაში.
რუსეთთან ურთიერთობების რთული ისტორიის მიუხედავად, ერთის მხრივ ენერგო-რესურსების მწვავე ნაკლებობამ, მეორეს მხრივ კი ხსენებულმა „ახალმა იდენტობამ“, რომელიც ანკარას ყველა შესაძლო პარტნიორთან მშვიდობიან სავაჭრო ურთიერთობებს კარნახობს, თურქეთს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისაკენ უბიძგა. ამის შედეგად, სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში თურქეთის ნავთობის მოხმარება 40%25-ით დამოკიდებული გახადა რუსეთზე, ბუნებრივი აირისა კი - 65%25-ით. პარალელურად, თურქულმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს რუსეთის მზარდი სამომხმარებლო ბაზრების ათვისება. 2007 წელს რუსეთ- თურქეთის ვაჭრობის საერთო მოცულობა 28 მილიარდს აჭარბებდა, 2008 წლის საპროგნოზო მონაცემებით კი ეს ციფრი 38 მილიარდს გადააჭარბებს. ამას გარდა, რუსეთი თურქული პროდუქციის სიდიდით მეოთხე იმპორტიორია 4,7 მილიარდი აშშ დოლარის ყოველწლიური მოცულობით, თურქულ კომპანიებს კი 6 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციები აქვთ განხორციელებული რუსეთში და არანაკლები შემოსავლების გენერირებას ახდენენ თურქული სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც ბოლო 20 წლის გამმავლობაში 20 მილიარდზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ შესრულებული. ასევე, აქ არ არის დასავიწყებელი რუსული ტურიზმიც, რომელიც სიდიდით მეორეა თურქეთში და ყოველწლიურად 2,5 მილიონ ტურისტს შეადგენს2
სურათი 6:, თურქეთი, კავკასია,რუსეთი
ეს ციფრები მეტყველებს, რომ აზია-ევროპის დერეფნის გარდა, თურქეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთთან კავშირი და, შესაბამისად, კავკასიის სტაბილურობა. პრაქტიკულად, ბოლო წლების განმავლობაში თურქეთი იქცა ერთგვარ სავაჭრო პოლიგონად, რამაც განაპირობა, რომ დღეს ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი მშვიდობიანი თანამშრომლობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა ყველა პარტნიორთან, და ეს განსაკუთრებით შეეხება კავკასიას, რადგან კავკასია ის სრულიად გადამწყვეტი რეგიონია, რომელიც თურქეთს მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პარტნიორებთან აკავშირებს.
თურქეთი და ირანი
თურქეთსა და ირანს შორის არსებული ნორმალური ურთიერთობების მიუხედავად, მათი ინტერესები მნიშვნელოვან საკითხებში განსხვავდება . აშშ -სთან გართულებული ურთიერთობების გამო ირანს არ შეუძლია საკუთარი ინტერესების რეალიზება , რითიც აქტიურად სარგებლობს თურქეთი.
1997 წელს ირანის ხელისუფლებაში ხატამის მოსვლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბევრად გამოსწორდა. ხატამის პრეზიდენტობის დროს ირანმა თავი დაანება ისლამისტური ექსპანსიის პროპაგანდას და საგარეო პოლიტიკაში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესები წამოსწია წინ, რამაც მეორეს მხრივ საშუალება მისცა თურქეთს, რომ ირანთან პარტნიორობისაკენ გარკვეული ნაბიჯები გადაედგა.
სურათი 7: თურქეთი, ირანი და მეზობელი ქვეყნები
ირანთან პარტნიორობის შემთხვევაში თურქეთის როლი, როგორც ევროპა-აზიის დერეფნის, ბევრად უფრო გამოკვეთილი და სტაბილური იქნება. ამიტომ თურქეთი ყველანაირად ცდილობს, რომ იმ სიტუაციაშიც კი, როდესაც ირანს ძალიან გართულებული საგარეო ურთიერთობები აქვს, მასთან პარტნიორობის გზები ეძებოს. მეორეს მხრივ, ირანისთვის თურქეთი ევროპის კარიბჭეა და თეირანი დაინტერესებულია მისი გამოყენებით. ამის მიუხედავად, ირანისთვის თურქეთი კარიბჭესთან ერთად წინაღობაცაა და ამიტომ თეირანი შედარებით ცივია სტამბულის მიმართ. ასევე, ირანში თურქეთის მიმართ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებებია ერთის მხრივ ისლამისტურ ჯგუფებში, რომლებიც ანკარას ისრაელთან მეგობრობას ვერ პატიობენ, მეორეს მხრივ კი - ნაციონალისტურად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თურქეთმა დრო იხელთა ირანის აშშ-სთან დაპირისპირების გამო და ირანს კასპიის რესურსების სამხრეთული დერეფნის როლი წაართვა.
ასეა თუ ისე, თურქეთსა და ირანს შორის დღეს მეტწილად უპრობლემო ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და 2008 წელს 8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ორივე ქვეყნის ხელისუფალნი ირწმუნებიან, რომ ვაჭრობის მოცულობა მალე 20 მილიარდს მიაღწევს3
ამას გარდა, ირანი თურქეთის ბუნებრივი აირის იმპორტის 20%25-ს აკმაყოფილებს და გარდა საკუთრივ ირანის რესურსებისა, თურქეთს თურქმენული გაზიც ირანის გავლით მიეწოდება. ასევე, ტურისტების ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა თურქეთში სწორედ ირანიდან ჩადის.
ირანთან თანამშრომლობის შენარჩუნებით თურქეთი დასავლეთისაგან განსხვავებული პოზიციის დემონსტრირებას ახდენს, რაც ირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, ამ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა ძირითადად ეკონომიკური პროექტებითა და ტერორისტული ორგანიზაციების კონტროლით შემოიფარგლება, რეგიონული პარტნიორობის საკითხებს კი გამორიცხავს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის მიერ ინიცირებული „კავკასიის სტაბილურობის პლატფორმის“ გარშემო ატეხილი დისკუსიისას, სადაც ირანმა მონაწილეობის .სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა, მაგრამ ანკარას საპასუხო რეაქცია მის ინიციატივებს არ მოყოლია.
თურქეთის „კავკასიის სტაბილურობის პლატფორმა“
თურქეთის მიერ ინიცირებული „კავკასიის სტაბულურობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ უპერსპექტივო წამოწყებაა და არ შესდგება ყველა კავკასიური მოთამაშის მონაწილეობის გარეშე. დღევანდელი მოლაპარაკებების მიმართ მცირე ინტერესი გამოიჩინა საქართველომ, ირანი კი მასში საერთოდ არ მონაწილეობს .
საქართველოში საომარი მოქმედებები ჯერ დამთავრებულიც არ იყო, რომ თურქეთის პრემიერი მოსკოვს ეწვია და კავკასიის სტაბილურობის პლატფორმაზე ალაპარაკდა. ერდოგანი ამის შემდეგ თბილისსაც ეწვია, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული კი ერევანში და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ეს იდეა მოგვიანებით ევროკავშირის ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც მოიწონა და, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, თურქეთის ინიციატივას კონდოლიზა რაისიც მიესალმა. ამის მიუხედავად, აღნიშნული პლატფორმის შინაარსის შესახებ ძალიან მცირე რამეა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ეს თემა რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამოსწია, ერთადერთი თემა, რაც დღემდე ასე თუ ისე განიხილება, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებია. აღნიშნული „პლატფორმის“ შესახებ ასევე ცნობილია ის, რომ ანკარა-მოსკოვის შეთანხმებით, პლატფორმა 3+2 ფორმატს დაეყრდნობა და მოიცავს სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს, რუსეთს და თურქეთს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი სწორედ იმდენადვეა კავკასიური სახელმწიფო რამდენადაც თურქეთი, თეირანის მონაწილეობა არ განიხილება. ამას გარდა, მიმდინარე მოლაპარაკებებში საქართველო ფაქტობრივად არ მონაწილეობს. მაგრამ ვინც უნდა მონაწილეობდეს აღნიშნულ პლატფორმაში, მისი პერსპექტიულობა ძალიან საეჭვოა, რადგან ამ პლატფორმის კონცეფცია ბუნდოვანია, მხარეთა ინტერესები კი - დაუბალანსებელი.
ბოლო თვის განმავლობაში ანკარასა და ერევანს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. სომეხი ექსპერტები კავკასიურ პლატფორმას დიდი ეჭვით უყურებენ და დიდი იმედებით არც ოფიციალური ერევანია განწყობილი, თუმცა თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მშვიდად გაგრძელდება და ოდესმე თავის შედეგსაც გამოიღებს. ანკარასა და ერევანს შორის ორი საკითხი განიხილება - ესაა საზღვრების.გახსნა და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ორივე თემით დაინტერესებული უნდა იყოს, ერევანი სათანადო ნაბიჯის გადადგმას მაინც არ ჩქარობს. საქმე ისაა, რომ რამდენადაც მედია საშუალებებით შეიძლება გაირკვეს, თურქეთი კონფლიქტის მოგვარებას „ტერიტორიული მთლიანობის დაცვის“ პრინციპით ცდილობს, სანაცვლოდ კი ერევანს გახსნილ საზღვრებსა და იზოლაციის დასრულებას პირდება.
სამაგიეროდ მოსკოვი, რომლის თავდაპირველ შემხვედრ პოზიციას ექსპერტები ტაქტიკურ ნაბიჯად აღიქვამენ, დამოუკიდებელ მოლაპარაკებებს იწყებს აზერბაიჯანსა და სომხეთთან. თემა აქაც ყარაბაღის კონფლიქტია. კონფლიქტის მოგვარების რუსული მოდელი, როგორც ჩანს, ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას და აზერბაიჯანის მოსაზღვრე 7 რაიონის განთავისუფლებას გულისხმობს, ოღონდ მოსკოვი იმ შემთხვევაში დათანხმება არ მოდელს, თუ ბაქოს დაიყოლიებს, რომ ნავთობი რუსული მილსადენების გავლით გაყიდოს.4
ერთი სიტყვით, ამ მოლაპარაკებებში ახალი არაფერი ჩანს. თავიდანვე გასაგებია, რომ ერთის მხრივ, ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთისთვის აზერბაიჯანის „ვოლუნტარიზმის“ ასალაგმად იყო დადგმული, მეორეს მხრივ კი ანკარასა და ბაქოს მეგობრობა მხოლოდ ეთნიკური სიახლოვით არ აიხსნება და მას საფუძვლად აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უდევს. რუსეთის ინიციატივას, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდეს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი მოტივაცია უდევს საფუძვლად, რაზეც ცალკე ვისაუბრებთ.5
საქართველოში თურქეთის ინიციატივამ ნაკლები ყურადღება დაიმსახურა. როგორც სომხური და თურქული მედია იტყობინება, საქართველომ უარი განაცხადა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუჯდებოდა სანამ რუსეთის ჯარი ჩვენს მიწებზე დათარეშობდა. ანუ, შეიძლება დღესვე ითქვას, რომ თურქეთის ინიციატივა ჩიხში შევიდა: თუ ანკარა სომხეთთან მოლაპარაკებას ვერ მოახერხებს, მაშინ მის კავკასიურ პოლიტიკას აზერბაიჯანის გარდა მხარდამჭერი არ ეყოლება, რაც ინიციატივის ჩავარდნას მოასწავებს.
საქართველოში თურქეთის ინიციატივამ ნაკლები ყურადღება დაიმსახურა. როგორც სომხური და თურქული მედია იტყობინება, საქართველომ უარი განაცხადა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუჯდებოდა სანამ რუსეთის ჯარი ჩვენს მიწებზე დათარეშობდა. ანუ, შეიძლება დღესვე ითქვას, რომ თურქეთის ინიციატივა ჩიხში შევიდა: თუ ანკარა სომხეთთან მოლაპარაკებას ვერ მოახერხებს, მაშინ მის კავკასიურ პოლიტიკას აზერბაიჯანის გარდა მხარდამჭერი არ ეყოლება, რაც ინიციატივის ჩავარდნას მოასწავებს.
________________
1 Cyprus PIO: Turkish Press and Other Media, 08-09-23: Details on Babacan-Rices meeting in New York, Rice: Turkey is an excellent ally, retrieved from http://news.pseka.net/index.php?module=article&id=9100#15, see also: Turkish news for week ending 30 August 2008, at: http://groups.google.com/group/alt.culture.turkish.politics/browse_thread/thread/91cfb064367a5a60?pli=1
2. Gereth Jenkins, Ongoing Trade Crisis Demonstrates Turkey's Lack Of Leverage Against Russia, 09/09/2008, Jamestown Foundation, Eurasia Daily Monitor, Retrieved from: http://www.jamestown.org/edm/article.php?article_id=2373353, last viewed on: 02/10/2008
3. Gul: Iran, Turkey soon to mull USD20bn trade volume target, Payvand's Iran News, 08/15/2008, http://www.payvand.com/news/08/aug/1149.html, last viewed on: 02/10/2008
4 BARÇIN YİNANÇ, Excluding the US from the Caucasus, Turkish Daily News, 22/09/2008. http://www.turkishdailynews.com.tr/article.php?enewsid=115949
5. იხ. „პატარა საჭადრაკო დაფის“ მომდევნო გამოშვება
![]() |
9 შეიცვალა ირანის პერსპექტივები |
▲back to top |
ირანს უჩნდება შანსი, რომ დაარეგულიროს ურთიერთობები აშშ-სთან და ევრაზიის სამხრეთში ცენტრალური მოთამაშე გახდეს. ირანს უჩნდება ძალიან სერიოზული ინტერესები კავკასიასთან მიმართებაში, სადაც ყველაზე პერსპექტიული ირანი- საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობაა.
აგვისტოს ომმა საქართველოს, როგორც საიმედო ენერგო-დერეფნის როლი, ეჭვქვეშ დააყენა. ამის მიუხედავად, საქართველო იმდენად მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური რესურსების დასავლეთისკენ ტრანსპორტირების თვალსაზრისით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სრულად დაკავების სცენარი თითქმის შეუძლებელ ვარიანტად უნდა განვიხილოთ. საქმე ისაა, რომ თუ რუსეთი სრულად გააკონტროლებს საქართველოს, სომხეთთან მისი ურთიერთობებისა და სამხედრო ბაზების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი სრულ იზოლაციაში ექცევა და იძულებული გახდება, რომ მოსკოვის ბრძანებებს დაემორჩილოს. ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი, რომელიც ბაქოს რჩება, ესაა ირანთან საზღვარი, მაგრამ ირანისა და აშშ-ს გართულებული ურთიერთობების გაგრძელების შემთხვევაში ამ მარშრუტის საიმედოობაც საეჭვო ხდება. ესეც არ იყოს, თურქეთიც მთლიანად რუსეთზე და ირანზე ხდება დამოკიდებული, რადგან საქართველოს გაკონტროლების შემთხვევაში რუსეთი საქართველო-თურქეთისა და სომხეთი-თურქეთის მარშრუტებს არ დაუშვებს, ხოლო თეირანთან სტაბილური პარტნიორობის გარეშე თურქეთის, როგორც ევრაზიული დერეფნის, ფუნქცია ვერ იმუშავებს, რადგან ირანს შეეძლება, სპარსთის ყურისაკენ გადაამისამართოს ცენტრალური აზიისა და საკუთარი რესურსები, რომ არაფერი ვთქვათ მომავალში ერაყთან და სირიასთან შესაძლო პარტნიორობაზე.
ამიტომ, კავკასია თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება და რუსეთის მიერ საქართვლოზე სრულმასშტბიანი შეტევის შემთხვევაში არსებობს საკმაოდ სერიოზული ალბათობა იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებული კონფლიქტი ვიხილოთ ანკარას აქტიური წაქეზებითა და მონაწილეობით. ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, რომ საეჭვოა, სომხეთის ჩრდილოეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, მინიმუმ ნახიჭევანის მიმდებარე სომხური ტერიტორიები მთლიანად აზერბაიჯან-თურქეთის კონტროლს დაექვემდებარება.
აგვისტო-სექტემბერში ევროპისა და აშშ-ს ავტორიტეტული კვლევითი ცენტრების მიერ გამოქვეყნდა ათობით სტატია და გამოკვლევა, სადაც ირანთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზეა საუბარი და როგორც უკანასკნელი ანგარიშებიდან ჩანს1, აშშ ადმინისტრაცია ამ რჩევებს, სავარაუდოდ, მალე გაითვალისწინებს. ბოლო დღეებში მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომ პრეზიდენტი ბუში ნოემბრის არჩევნების შემდეგ ირანთან ურთიერთობების შემობრუნების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს. ამ სვლას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიესალმა და განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ყურადღებით მოეკიდება აშშ-ს შემოთავაზებას.2
აშშ-ს გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობს ის ფაქტიც, რომ ვაშინგტონის ჩაურევლადაც, თეირანის რეგიონული დიპლომატია ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. ამაზე მეტყველებს ირანის პრეზიდენტის აგვისტოს ვიზიტი სტამბულში, რომლის დროსაც ირანული გაზის იმპორტის გაზრდა გადაწყდა,3 ოქტომბრის ვიზიტი ინდოეთში, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და პაკისტანის გავლით ცენტრალური აზიის ნავთობის ინდოეთისთვის მიწოდებაზე იმსჯელეს4, ასევე აჰმადინეჯადის ინტენსიური კონტაქტები რუსეთთან, ჩინეთთან, და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, თეირანის მიერ ერაყის პარლამენტის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივი კონტროლი5 და თეირანის მზარდი სურვილი, რომ კავკასიურ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ირანი არ შეეგუება თურქეთის „წაყრუებას“ მისი პოზიციის მიმართ და კავკასიისაკენ ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს.
მთავარი, რაც თეირანის წარმატებაზე მეტყველებს, ისაა, რომ დღეს სამხედრო ზეწოლის ნაცვლად, აშშ მასთან პარტნიორობაზე ლაპარაკობს. აშშ-სთან კონფრონტაცია ირანს რუსეთსა და ჩინეთთან მჭირდო კავშირებისკენ უბიძგებს, რაც თეთრი სახლის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. სამაგიეროდ, ურთიერთობების დათბობის სანაცვლოდ ვაშინგტონს შეუძლია, რომ ირანისაგან ავღანეთისა და ერაყის საკითხში თანამშრომლობა მოითხოვოს და მიიღოს კიდეც.
თეირანის მიერ წარმოებული საკმაოდ რაციონალური დიპლომატიის შუქზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ირანი აშშ-სთან დაძაბულობის მოხსნაზე უარს არ იტყვის და ეს ავტომატურად ნიშნავს რუსეთის მიერ ცენტრალური აზიის ენერგო-რესურსებზე კონტროლის შესუსტებას. მაგრამ ამავდროულად, ეს ნიშნავს დასავლეთისთვის კავკასიის მნიშვნელობის დაკნინებას, რუსეთისთვის კი - შანსს, რომ კავკასიაში დამკვიდრებით კასპიის რეგიონზე კონტროლი გააძლიეროს. გადამწყვეტი აქ თურქეთის ფაქტორი რჩება.
როგორც უკვე ვთქვით, თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის კორიდორი შეინარჩუნოს. თუ კავკასიის დერეფანი იმუშავებს, თურქეთის მარშრუტი ყველაზე მოკლე აღმოჩნდება და ანკარას ყველა არგუმენტი ექნება იმისათვის, რომ თურქულ მარშრუტზე გამავალი ენერგოპროექტების უპირატესობაზე ისაუბროს. ამიტომ, ირანის ინტერესია, რომ კავკასიაში ისეთ საყრდენს ფლობდეს, რომელიც თურქეთის ინტერესების დაბალანსების საშუალებას მისცემდა.
მეორეს მხრივ, ირანი, რომელსაც არაბეთის ნახევარკუნძულსა და ჩინეთს შორის ცენტრალური მდებარეობა უჭირავს, სავარაუდოდ, შეეცდება, რომ საბერძნეთი- სირია-ირანი-თურქმენეთი-ჩინეთის ღერძზე უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. აშშ-ირანის დაპირისპირების მოხსნის შემთხვევაში კი მივიღებთ სიტუაციას, სადაც ამ ღერძის მოთამაშეებთან ხარისხით ერთი საფეხურით დაწეული, მაგრამ მაინც სტრატეგიული პარტნიორობა ექნებათ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ერაყი, საქართველო და ყაზახეთი. თეირანი ეცდება, რომ საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიის ყველაზე ჩრდილოეთი სახელმწიფოა, რეგიონში ირანის დასაყრდენი გახდეს.
_______________
1 Yossi Melman, Report: Bush to Declare Renewal of Ties with Iran, 25/10/2008, in:HAARETZ.COM, retrieved from: http://www.haaretz.com/hasen/objects/pages/PrintArticleEn.jhtml?itemNo=1031246, 27/10/2008; also: ნYossi Melman, ANALYSIS / Are U.S.-Iran ties undergoing significant change?, 20/10/2008, retrieved from: http://www.haaretz.com/hasen/objects/pages/PrintArticleEn.jhtml?itemNo=1003473
2.Yossi Melman, Report: Bush to Declare Renewal of Ties with Iran, 25/10/2008, in: HAARETZ.COM, retrieved from: http://www.haaretz.com/hasen/objects/pages/PrintArticleEn.jhtml?itemNo=1031246, 27/10/2008
3 Press TV: Iran's Ahmadinejad meets Turkey's Gul in Istanbul, retrieved from: www.payvand.com/news/08/aug/1141.html
4. KHABREIN.INFO: Iran, India review expansion of mutual cooperation, 26/10/2008, retrieved from: http://www.khabrein.info/index.php?option=com_content&task=view&id=18073&Itemid=88
5. KHABREIN.INFO: Iran, India review expansion of mutual cooperation, 26/10/2008, retrieved from: http://www.khabrein.info/index.php?option=com_content&task=view&id=18073&Itemid=88
![]() |
10 ევრაზიული გეოპოლიტიკის მოსალოდნელი ტენდენციები |
▲back to top |
ცივი ომის დროს ევრაზიის სახელმწიფოებიდან კომუნისტურ ბლოკში არ შედიოდა მხოლოდ დასავლეთ ევროპა, ირანი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.
სურათი 8: ნატო და ვარშავის პაქტი, ცივი ომის პერიოდი
სურათი 9: ნატო 2008 წელს
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის მეყსიერი შედეგი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოსაკენ სწრაფვა, ჩინეთის დამოუკიდებელ ცენტრად ჩამოყალიბების დაწყება და, 2001 წლის შემდეგ, აშშ-ს სამხედრო ყოფნის გაფართოება მთელს ევრაზიაში.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ გავლენა ევრაზიის კონტინენტზე იმდენად ძლიერი იყო, რომ დღემდე ახალი ევრაზიული ბალანსი არ ჩამოყალიბებულა.
აშშ გავლენის შესაძლო შემცირება კონტინენტზე სრულიად ახალ რეალობას შექმნის, სადაც მრავალი რეგიონული ცენტრი გავლენის სფეროების გადანაწილებით იქნება დაკავებული. სავარაუდოდ, გეოპოლიტიკური ტენდენციები ორ მთავარ ეტაპად წარიმართება.
სურათი 10: მსოფლიო 1959 წელს
სურათი 11: აშშ სამხედრო ყოფნა მსოფლიოში, 2007
იმის გამო, რომ აშშ-ს, სავარაუდოდ, ირანთან დათმობაზე მოუწევს წასვლა, ეს გარემოება ერთის მხრივ ირანის როლის მნიშვნელოვან გაძლიერებას, მეორეს მხრივ კი ავღანეთსა და ერაყში ვითარების ნორმალიზებას გამოიწვევს. ირანის ინტერესები, რაც ცენტრალური აზიის რესურსების ტრანსპორტირებას მოიცავს, კონფლიქტში მოდის რუსეთის ინტერესებთან, რომელსაც იგივე ამბიცია აქვს, მაგრამ ეთანხმება ჩინეთის ინტერესებს, რომლის ენერგო-მოხმარება ძალიან სწრაფად იზრდება და ჩინეთს მრავალრიცხოვანი და დივერსიფიცირებული მომწოდებლები სჭირდება. ამას გარდა, ირანი და რუსეთი ბუნებრივ კონკურენტებად გამოდიან ცენტრალურ აზიაში გავლენის თვალსაზრისით და ამიტომ სავარაუდოა, რომ ჩინეთ-ირანის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც, მეორეს მხრივ, ჩინეთის დღემდე არნახულ, თუმცა მაინც გამოზომილ გააქტიურებას გამოიწვევს ევრაზიულ პოლიტიკაში. სავარაუდოდ, ჩინეთი კარგად გამოიყენებს ირანს კავკასიასა და ცენტრალური აზიაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად.
შესაბამისად, პირველი ეტაპის ტენდენცია, რომელსაც ევრაზიულ გეოპოლიტიკაში უნდა მოველოდეთ, კავკასია1-ირანი-ინდოეთი-ჩინეთის ღერძზე სტრატეგიული თანამშრომლობაა.
მეორე ტენდენცია, ალბათ, იქნება ცენტრალური აზიისა და ინდოეთის ალიანსის გაძლიერება, რაც ჩინეთ-ირანის ღერძის დასაბალანსებლად იქნება მიმართული. ამ სცენარში, დიდი ალბათობით, რუსეთ-ინდოეთის სტრატეგიულ პარტნიორობასაც ვიხილავთ.
სავარაუდოა, რომ ეს ტენდენციები გამოიკვეთება და იარსებებს იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება აშშ-ს გავლენა კონტინენტზე. ამიტომ, აშშ-ს ახალი რეალობის გათვალისწინება და შესაბამისად მოქმედება მოუწევს. ირანის ნავთობისა და გაზის განუვითარებელ ინფრასტრუქტურაში დასავლური კომპანიების მიერ ძალიან აქტიური ინვესტირებით აშშ შეეცდება, რომ თეირანის მაქსიმალური კეთილგანწყობა მოიპოვოს და ირანი ევრაზიის ცენტრალურ მოკავშირედ აქციოს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ თურქული დერეფნის ალტერნატივის წყალობით კვლავ თამაშგარე დარჩენის შიში თეირანის აშშ-სადმი კეთილგანწყობას საბოლოოდ უზრუნველყოფს.
რაც შეეხება თურქეთს, ანკარა დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩება და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკაზე. თურქეთი შეეცდება, რომ საქართველოსა და თურქეთთან კავშირები კიდევ უფრო გაიმყაროს და სომხეთთანაც დაათბოს ურთიერთობები, მაგრამ საეჭვოა, რომ თუნდაც იმავე აზერბაიჯანთან თურქეთის კავშირი ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდოს. ანკარას დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მიუხედავად, სავადაუდოდ, თურქეთი კვლავ აშშ-ს გავლენის ქვეშ იქნება და მისი დამოუკიდებელი მოქმედებებიც შესაბამისად შეზღუდული იქნება.
ასევე, მოსალოდნელია, რომ ენერგო პროექტები, რომლებიც დღემდე ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე იყო ორიენტირებული, უფრო დივერსიფიცირებული იქნება და მომავალში სომხეთისა და ირანის ტერიტორიებსაც მოიცავს. ასე რომ, თუ გარემოებები საშუალებას მისცემს, ანკარა უფრო ეკონომიკური საკითხებით იქნება დაკავებული. ერთადერთი შესაძლო სცენარი, სადაც თურქეთს კბილების გამოჩენა შეიძლება მოუხდეს, ალბათ ის იქნება, თუ რუსეთი კავკასიის სრულად გაკონტროლებას შეეცდება.
მეორე შედეგი, რაც აშშ-ირანის შესაძლო თანამშრომლობამ შეიძლება მოიტანოს, პეკინისა და თეთრი სახლის ინტერესების დაახლოება უნდა იყოს. ირანი, რომელიც ჩინეთთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის, ამ ურთიერთობის კატალიზატორი აღმოჩნდება, რაც მთლიანად შეესაბამება აშშ-ს ინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანთან ურთიერთობებს დაარეგულირებს, სამხრეთ ევრაზიაში დამკვიდრების ძალიან კარგი შანსები ექნება.
რაც შეეხება ირანსა და ჩინეთს, მათ სტრატეგიული პარტნიორობის ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვთ, რაც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, პართიის ხანიდან იწყება და გრძელდება პრაქტიკულად მთელი ისტორიის განმავლობაში - სასანიდური ირანში, ისლამურ ეპოქაში და გრძელდება დღესაც. გარდა იმისა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ირანის ბირთვულ პროგრამას, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობაც ძალიან სწრაფად იზრდება და, გარდა ამისა, ჩინეთი აქტიურად მონაწილეობს ირანის გაზისა და ნავთობის საბადოების განვითარების საქმეში. ასევე, არის ისეთი ტრივიალური საკითხებიც, როგორიცაა ირანის ინტერესი, რომ გაზარდოს ბუნებრივი.აირისა და ნავთობის ექსპორტი და ჩინეთის ინტერესი, რომ დივერსიფიცირებული მიმწოდებელები ყავდეს.
ჩინეთის მიერ ენერგიის მოხმარება 1,86 მილიარდი ტონა ნავთობის ექვივალენტს უტოლდება, სადაც ბუნებრივ აირს მხოლოდ 3,2%25 უჭირავს2 ეს გარემოება ჩინეთის პარტნიორობას ირანთან, რომელიც ბუნებრივი აირის რეზერვების მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა რუსეთისა და თურქმენეთის შემდეგ, ძალიან მიმზიდველს ხდის.
მოხმარებული ენერგიის 69%25-ს ჩინეთი ქვანახშირით ივსებს, რომელსაც თავად აწარმოებს. მოხმარებული 353,8 მილიონი ტონა ნავთობიდან კი 53%25-ს თავად მოიპოვებს, დანარჩენს კი თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან ივსებს.
მოსალოდნელია, რომ თურქმენეთში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის ახალი საბადოები ჩინეთის ინტერესს ამ ქვეყნის მიმართ გააათმაგებს, რაც ყირგიზეთსა და ტაჯიკეთზე პეკინის გავლენის ზრდას შეიძლება მოასწავებდეს.
რუსეთი, რომელიც საკუთარ ენერგო-რესურსებს პოლიტიკის ეფექტურ იარაღად იყენებს, 2005 წლიდან გეგმავს ჩინეთისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას და 2006 წელს დაიწყო გაზსადენის მშენებლობა, რომელიც 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და რუსული ნავთობი ჩინეთის საზღვართან, ქალაქ სკოვოროდინომდე მიეყვანა. თუმცა, როგორც ჩანს, მშენებლობა შეფერხებულია და დათქმულ ვადაში მისი გაშვება ვერ მოესწრება3 ამიტომ, მოსკოვის გეგმები, რომ ევრაზიის აღმოსავლეთი ისევე „შესვას“ რუსულ მილებზე, როგორც ეს დასავლეთში გააკეთა, ჯერ არდეულ ფაზაშია და ჩინეთი, ჯერ-ჯერობით ძალიან მცირედაა დამოკიდებული რუსეთზე. ამიტომ, ჩინეთს მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა აქვს, რომ რუსულ ჰეგემონობას წინ აღუდგეს და საკუთარი ინტერესების რეალიზება სცადოს.
______________
1. See more on კავკასია in the next publication of the Small Chessboard series
2. BP Statistical Review of World Energy, June 2008
3. Energy Daily, Russian minister says no oil pipeline to China in 2009: report, Oct. 23, 2008, retrieved from: http://www.energydaily.com/reports/Russian_minister_says_no_oil_pipeline_to_China_in_2009_report_999.html
![]() |
11 გლობალური ტენდენციების გავლენა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე |
▲back to top |
შეიძლება თამამად ითქვას, რომ მოსკოვის მიერ გაჟღერებული მოწოდებები მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგისაკენ მხოლოდ მოსკოვის სურვილს კი არა, აშშ-ს გართულებული ომებისა და შესუსტებული გავლენის წყალობით წარმოქმნილ რეალობას ასახავს. ამასთან, ისიც კარგად ჩანს, ეს „პოლუსები“ არ იქნება ისეთივე ურთიერთ-შეუღწევადი, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო. უფრო მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საერთაშორისო ურთიერთობები მრავალპოლუსიანი მხოლოდ პოლუსების სიმრავლის თვალსაზრისით კი არ გახდება, არამედ - ამ პოლუსებთან ურთიერთობების დივერსიფიცირების თვალსაზრისითაც.
ეს იქნება მრავალ-პლასტიანი და კონკრეტულ სფეროებზე ორიენტირებული ურთიერთობები, სადაც ერთი და იგივე სახელმწიფო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ პოლუსებთან დაამყარებს პარტნიორობას. შესაბამისად, ორი სახელმწიფოს ურთიერთობის სტრატეგიულობის ხარისხის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი სწორედ საკითხისა და კონტექსტის მნიშვნელობა იქნება.
ეს ნიშნავს, რომ რეალური გავლენის სფეროები ასეთ მსოფლიოში არ იარსებებს, რაც პოლუსთა არასაკმარისი ძალით იქნება განპირობებული. ამიტომ, მსოფლიო პოლიტიკის უახლოესი მომავალი, სავარაუდოდ, რთული პოლიტიური თამაშებითა და ინტერესთა დაბალანსების მცდელობებით იქნება აღბეჭდილი.
მოსალოდნელია, რომ ეს გარემოება განსაკუთრებით მძაფრად აისახება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე, სადაც ძალთა ბალანსი საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც ამ რეგიონში შეიძლება უახლოეს მომავალში დავინახოთ, ალბათ იქნება ენერგო-მარშრუტების დივერსიფიცირება, ხოლო თავდაცვის სტრუქტურის ფოკუსირება ერთ რომელიმე პოლუსზე, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტით.