ადამიანის უფლებების მიმოხილვა №3


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებების მიმოხილვა
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ივლისი-სექტემბერი; თბილისი 2002



1 ადამიანის გატაცება

▲back to top


საანგარიშო პერიოდში (2002 წლის ივლისი-სექტემბერი) მოხდა ადამიანის გატაცების რამდენიმე ახალი ფაქტი. კერძოდ, 25 ივლისს გაიტაცეს არასრულწლოვანი, 15 წლის მარიამ გოგიშვილი, 16 აგვისტოს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ დურგლიშვილი. ვერც ერთი მათგანის გათავისუფლება და საქმის გახსნა საანგარიშო პერიოდში ვერ მოხერხდა.

აგვისტოში დაიწყო ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში, რომლის ერთერთი მიზანს წარმოადგენდა კრიმინალების მიერ გატაცებული ადამიანების გათავისუფლება. საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ვალერი ხაბუზანიამ და კობა ნარჩემაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პანკისის ხეობაში იმყოფება კრიმინალების მიერ გატაცებული მინიმუმ ორი მძევალი - თითქმის ერთი წლის წინ გატაცებული ბერი ბასილ მაჩიტაძე და 2002 წლის 18 ივნისს თბილისში გატაცებული ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ.

ოპერაციის დაწყებიდან სექტემბრის ბოლომდე სამართალდამცავმა უწყებებმა ვერც მძევლების ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს და, შესაბამისად, ვერც მათი გათავისუფლება. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში მოხდა ადამიანის გატაცების ახალი ფაქტი. 16 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ქართული სამშვიდობო ბატალიონის ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ დურგლიშვილი. გატაცების მოტივებად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ურთიერთგმომრიცხავი ვერსიები სახელდება. ზოგიერთი პოლიტიკოსი საუბრობს პოლიტიკურ მიზეზებზე, მეორე მხრივ კი გაჩნდა ვერსია, თითქოს დურგლიშვილი ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდა და მოტაცებაც სწორედ ამ ბიზნესში ჩართულ პირებს შორის ანგარიშსწორების საფუძველზე მოხდა.

კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ ქებაძის თქმით, სამშვიდობო ძალების შტაბის ოპერატიულ სამორიგეოში 16 აგვისტოს საღამოს დაფიქსირდა ანონიმური ზარი, რომელმაც აცნობა, რომ დურგლიშვილი ცოცხალია და, ალბათ, მისი გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენო.

მთლიანობაში, საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებამ ვერ შეძლო რაიმე ცვლილება შეეტანა გატაცებული მძევლების გათავისუფლების საქმეში. ადამიანის გატაცების გახმაურებული ფაქტებიდან საანგარიშო პერიოდში ერთადერთი საქმე დამთავრდა წარმატებით - 26 ივლისს გათავისუფლდნენ 2002 წლის 14 მაისს გორის რაიონიდან ცხინვალის რეგიონში გატაცებული ძმები, ალექსანდრე და გიორგი ხაჩიურები და მათი მეგობარი გოჩა დავითაშვილი. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა გამოსყიდვა 200 ათასი აშშ დოლარი დაჯდა.

2 წამება, უკანონო დაკავება

▲back to top


„თავისუფლების ინსტიტუტმა“ განსახილველ პერიოდშიც პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დააფიქსირა.

  • ფულის გამოძალვა გორის პოლიციაში

2002 წლის ივნისში ქ.გორში შმაგის ქუჩაზე მცხოვრები ამირან მჭედლიშვილი დააკავა გორის პოლიციამ. მას ბრალად მანქანის გატაცება წაუყენეს. მჭედლიშვილი აცხადებს, რომ პოლიციელებმა იგი სასტიკად სცემეს, თუმცა, პოლიციელთა ვინაობას არ ასახალებს. მისი თქმით, საგამოძიებო ნაწილის უფროსმა ლომიძემ მას 1200 დოლარი გამოსძალა და დაჰპირდა, რომ თავდებობით გაუშვებდა. ლომიძემ საქმე „ვერ გააკეთა“ და მჭედლიშვილს პატიმრობა შეუფარდეს. ლომიძე დაჰპირდა, რომ საოლქო სასამართლოში მაინც „გაუკეთებდა საქმე“, მაგრამ ვერც იქ გააკეთა. მჭედლიშვილის ოჯახის წევრებმა ფულის უკან დაბრუნება მოითხოვეს. ლომიძემ, საბოლოოდ, ფული დააბრუნა, მჭედლიშვილი კი ამჟამად მე-5 იზოლატორში იმყოფება.

  • უსაფუძვლო დაკავებები გორის რაიონში

28 ივლისს გორსა და გორის რაიონში თბილისის „სპეცნაზის“ მონაწილეობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი ოპერაცია. პოლიცია აცხადებს, რომ ოპერაციის დროს ამოღებული იქნა დიდძალი იარაღი და დაკავებული იქნა 11 ძებნილი. ამავე დროს, „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ოპერაციიის დროს მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, დაკავებული 11 პირიდან კი 8 უსაფუძვლო დაკავების გამო გათავისუფლდა. ოპერაციის დროს სასამართლოს სანქციის გარეშე გაიჩხრიკა უამრავი ოჯახი.

1. 28 ივლისს ღამის 4 საათზე პოლიცია თავს დაესხა ქ.გორში, მელიქიშვილის ქუჩა №13-ში მცხოვრებ ნანული ოდიშვილის სახლს, უკანონოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე მოახდინა სახლისა და თავად ნანული ოდიშვილის პირადი ჩხრეკა. ნანული ოდიშვილი პოლიციელთა ვინაობას ვერ ასახელებს, რადგან მათ სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.

ჩხრეკის მიზეზად პოლიციამ დაასახელა ნანული ოდიშვილის შვილი, გოჩა ოდიშვილი, რომელიც, პოლიციის უფროსის, დავით ბეხრაძის თქმით, იძებნება ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტებისთვის. პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნანული ოდიშვილს, რის შემდეგაც ექსპერტმა დაზარალებულს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება დაუდგინა. ოდიშვილი აცხადებს, რომ მისი სახლიდან პოლიციამ წაიღო 10.000 დოლარი და ოქროულობა. ნანული ოდიშვილი არის ხვიჩა ოდიშვილის დედა, რომელიც 1995 წელს შსს მე-6 სართულიდან იქნა გადმოგდებული.

ნანული ოდიშვილის ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან თვითონაც განიცდის ზეწოლას და მას ემუქრებიან, რომ თუ არ გაჩერდება, ერთ მშვენიერ დღეს მას მტკვარში დამხრჩვალს იპოვიან. მამუკა ნოზაძემ ამასთან დაკავშირებით წერილებით მიმართა სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და პროკურატურას.

1. 28 ივლისს პოლიციამ დააკავა ვოვა კოშკაძე, მცხოვრები ქ.გორში, მარაბდელის ქ. №7. კოშკაძის თქმით, მას მანქანაში ჩაუდეს იარაღი. დაკავების დროს წაართვეს მობილური ტელეფონი (სონი), რომელიც მას არ დაუბრუნეს. კოშკაძე წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც სასტიკად ცემეს. მისი თქმით, იგი ცემეს კრიმინალური პოლიციის უფროსმა რეზო კლდიაშვილმა, პოლიციელებმა მიშა ხუმარაძემ და რეზო ზერეკიძემ. იგი გაათავისუფლეს 28 ივლისს, საღამოს 8 საათზე.

  • კობა სეხნიაშვილის საქმე

9 აგვისტოს გორის პოლიციამ დააკავა ქ.გორში, სადგურის ქუჩაზე მცხოვრები კობა სეხნიაშვილი, რომელსაც ბრალად ედება იარაღის უკანონოდ ტარება. თავად სეხნიაშვილი იარაღის ტარებას უარყოფს და აცხადებს, რომ გადაჭრილი თოფი თავად პოლიციამ ჩაუდო ჯიბეში დაკავების დროს. მისი თქმით, ქ.გორის შს სამმართველოში მიყვანის დროს იგი სცემა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა რეზო კლდიაშვილმა, თან ცხვირწინ იარაღს უტრიალებდა, მოკვლით ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. სეხნიაშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და იგი მე-5 იზოლატორში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სეხნიაშვილს დაწესებულებაში გადაყვანის დროს სხეულის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

ქ.გორის შს სამმართველოს უფროსის, დავით ბეხრაძის თქმით, სეხნიაშვილი ფაქტზე იქნა დაკავებული (იგულისხმება იარაღის ქონა), ამასთან, მას ყაჩაღობაშიც ედება ბრალი. რეზო კლდიაშვილმა ცემის ფაქტი სასტიკად უარყო და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა, ცემის პრაქტიკა პოლიციაში დიდი ხნის წინ გადავარდაო.

  • პაატა ჭელიძის საქმე

6 ივლისს ქუთაისის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს პაატა ჭელიძე და მისი მეგობარი ჭიქაბერიძე. კაფედან გამომავალ პაატა ჭელიძეს მხარი გაჰკრა პოლიციელმა, ხოლო ამის გამო ამტყდარი კამათის შემდეგ პოლიციელებმა ახალგაზრდები შს განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მათ სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც, დაკავებულთა მშობლების თქმით, მათ პოლიციის თანამშრომელ ქარქაშაძეს 500-500 აშშ დოლარი მიუტანეს და დაკავებულები გამოაშვებინეს.

  • იგორ გულის, კობა და კახა კვერნაძეების საქმე

8 სექტემბერს ქუთაისის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს 3 არასრულწლოვანი - კობა და კახა კვერნაძეები და იგორ გული. პოლიცია დაკავებულებს ფერადი ლითონის მოპარვის მცდელობაში სდებდა ბრალს.

11 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე კვერნაძეებმა განაცხადეს, რომ სახაზინო ადვოკატი გიორგი დვალიშვილი, მოსამართლე ზურაბ ყვავაძე და პროკურორის თანაშემწე გელა გოგლიჩიძე მათზე ახდენდნენ ზეწოლას, რათა მათ ეღიარებინათ ფერადი ლითონის ქურდობა. ამ საქმეში არ არსებობს დაზარალებული მხარე, რომელიც, წესით, ქალაქის მერია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ჩივის.

სასამართლო პროცესს დაესწრნენ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები გოჩა ჩხეტია და ნინო ღაჭავა და პოლიციაზე მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი გიორგი ჯიბლაძე. თავისუფლების ინსტიტუტის დახმარებით დაკავებულებმა აიყვანეს კერძო ადვოკატი ირაკლი მახათაძე, რომლის მცდელობითაც მოსამართლე რეზო სულწაძემ ეჭვმიტანილებს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე კვერნაძეებმა „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეატყობინეს, რომ მათი აყვანის დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დაჭრა მათი მეგობარი იგორ გული, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. კობა კვერნაძემ სასამართლოს დერეფანში ამოიცნო პოლიციელი, რომელმაც იგორ გულს ესროლა.

იგორ გულის, კობა და კახა კვერნაძეებისა და თვითმხილველთა გამოკითხვით შემდეგი სურათი დაიხატა: სამივე არასრულწლოვანი საკუთარი სახლების მახლობლად, საქვაბის ეზოში ეწეოდა სიგარეტს, როცა ეზოში პოლიციელები შემოვარდნენ ავტომობილით და ყვირილით - არ გაინძრეთ, თორემ გესვრითო. შეშინებული ბავშვები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. კობა კვერნაძის თქმით, იგი საქვაბის ეზოში საპირისპირო მხრიდან შემოსულმა პოლიციელმა დააკავა და ამ დროს დაინახა, თუ როგორ უმიზნებდა ერთ-ერთი პოლიციელი იგორ გულის პისტოლეტს ავტომობილის ძარაზე ჩამომჯდარი. მან ამ დროს გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა იგორ გულის მიწაზე დაცემა. იგორ გული და კობა კვერნაძე პოლიციელებმა ჩასხეს ავტომობილში და წაიყვანეს ავტოქარხნის საავადმყოფოში. ბავშვების მონათხრობით, პოლიციელებმა სიმთვრალის გამო გზაში სამჯერ შექმნეს საავარიო სიტუაცია. ისინი ბავშვებს აფრთხილებდნენ, რომ არ ეთქვათ იგორ გულის იარაღით დაჭრის ფაქტი.

საავადმყოფოში მოსულმა ბავშვების ნათესავებმა და მეზობლებმა განაცხადეს, რომ პოლიციელები ხშირად ახორციელებენ რეიდებს საქვაბის ეზოში ფულის გამოძალვის მიზნით. აღნიშული ჩვენებები დაფიქსირდა „კურიერის“, „მე-9 არხის“, „პირველი არხის“ ტელეჟურნალისტების მიერ.

იგორ გულის დედის, ჟანა გულის თქმით, ოპერაცია გააკეთა ტრავმატოლოგმა მირიან მეფარიშვილმა. ოპერაციის მიმდინარეობის დროს პოლიციელები ხშირად შედიოდნენ საოპერაციოში, ოპერაციის შემდეგ კი მათ ექიმი წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. მეორე დღეს ექიმი მირიან მეფარიშვილი იგორ გულს ეუბნებოდა, რომ მას ხელზე ჭრილობა მიყენებული ჰქონდა არა ტყვიით, არამედ - შუშით.

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები იგორ გულის საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ იმერეთის სამხარეო პროკურორის მოადგილეს გურამ გვენცაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ პოლიციელები და ი.გულის მშობლები მორიგდებოდნენ, საქმეს მსვლელობა არ მიეცემოდა. 12 საქტემბერს იგორ გულის ქუთაისში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რასაც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, 13 სექტემბერს კი თავისუფლების ინსტიტუტის დახმარებით იგორ გული განმეორებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად ჩამოიყვანეს თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრში. ცენტრის დირექტორის, მაია ნიკოლაიშვილის თქმით, გაკერილი ჭრილობის ექსპერტიზა რაიმე შედეგს არ მისცემდა, ამიტომ განმეორებითი ექსპერტიზა აღარ ჩატარებულა. სამაგიეროდ, მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ავადმყოფობის ისტორიიდან ჩანს, რომ ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული. ნიკოლაიშვილის თქმით, თუ სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, იგი დაესწრება სასამართლოს ექიმის დაკითხვის მიზნით.

  • ვლადიმერ ფარულავას საქმე

2002 წლის 15 მაისს ვლადიმერ ფარულავა საკუთარი სახლის ეზოში დააკავეს შს ქუთაისის სამმართველოს ნიკეას პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ. ფარულავა ადგილზე გაჩხრიკეს, რაზედაც არ შედგა ოქმი. შემდეგ იგი მიიყვანეს ნიკეას პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიწერა ჩხრეკის ოქმი. მასში აღნიშნულია, რომ ფარულავას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, თუმცა დაკავების ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, ჩხრეკის დროს ფარულავას ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

მეორე დღეს, როცა ვლადიმერ ფარულავას დედამ შვილს პოლიციის განყოფილებაში მიაკითხა, დაინახა, რომ დაკითხვის ოთახიდან გამოსული ვლადიმერი, რომელსაც ორი პოლიციელი მოათრევდა, სასტიკად იყო ნაცემი. ცემის ფაქტს თვითონ ვლადიმერიც ადასტურებს თავის ჩვენებებში.

ქუთაისის იზოლატორის ექიმის დათვალიერების ოქმში აღწერილია შემდეგი სახის დაზიანებები: მარცხენა თვალის წარბის ქვეშ სისხლნაჟღენთი ფუფხით, ტუჩების მარცხენა არეში სისხლნაჟღენთი ფუფხით, ხელის მტევნებზე ნაკაწრი ჭრილობები. ვლადიმერ ფარულავას განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში იგი სცემა პოლიციის თანამშრომელმა გიზო გველესიანმა, მანვე ვლადიმერს მაგიდაზე დაუდო მარიხუანა და აიძულა, მოეწერა ხელი დაკითხვის ოქმისთვის, რომელშიც დაფიქსირებული იყო, თითქოსდა, „ფაქტი“ ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი.

  • ალექსი გვალიას საქმე

ალექსი გვალია 2002 წლის 23 ივნისს დააკავეს ხონის პოლიციის თანამშრომლებმა ლადო ჩარგეიშვილმა, გია აკობაძემ, ალეკო ხაჭაპურიძის და გია ბუაძემ იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით. დაკავებულის თქმით, დაკავების ადგილზე ჩხრეკა არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. სამაგიეროდ, გვალიას განმარტებით, მანქანაში ჩასმის დროს მას შარვლის ქამარში ჩაუდეს რაღაც ცივი საგანი, ერთ-ერთი პოლიციელი კი შარვლის უკანა ჯიბეში უფათურებდა ხელებს. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ის გაჩხრიკეს დაკავების ადგილიდან წამოყვანილი 3 მოწმის თანდასწრებით. ჩხრეკისას ქამრიდან ამოუღეს გადაჭრილი თოფი, უკანა ჯიბიდან კი ნარკოტიკი „მარიხუანა“...

ალექსი გვალიამ, რომელიც ამ ფაქტამდე ორჯერ არის ნასამართლევი, ადვოკატის აყვანაზე უარი თქვა.

ქუთაისის იზოლატორში ბრალდებულმა ალექსი გვალიამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როცა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოინახულეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. გვალიამ განაცხადა, რომ იგი უკანონოდ დააკავეს და მანამ იშიმშილებდა, სანამ აღმკვეთ ღონისძიებას არ შეუცვლიდნენ. გვალიამ 70 დღე იშიმშილა, საიდანაც 10 დღის განმავლობაში პირი ჰქონდა ამოკერილი. 1 აგვისტოს ალექსი გვალია ინახულეს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მათი თხოვნის მიუხედავად, გვალია არ დათანხმდა შიმშილობის შეწყვეტას, სამაგიეროდ დათანხმდა ადვოკატის აყვანას, რაშიც მას თავისუფლების ინსტიტუტი დაეხმარა.

16 სექტემბერს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული კოორდინატორი გოჩა ჩხეტია შევიდა ქუთაისის იზოლატორში და სთხოვა ექიმს, გაეცა ცნობა ალექსი გვალიას ჯანმრთელობის შესახებ. ცნობა იმავე დღესვე გაეგზავნა ხონის სასამართლოს, სადაც შედგა პროცესი ა.გვალიას აღმკვეთი ღონისძიების პოლიციის ზედამხედველობით შეცვლის თაობაზე. ხონის სასამართლომ ა.გვალიას აღმკვეთი ღონისძიება პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალა.

  • გაგა ჟორჟოლიანის საქმე

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის მაცხოვრებელი გაგა ჟორჟოლიანი ქუთაისის პოლიციამ დააკავა ხბოს ქურდობისთვის. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ წარმომადგენლებთან საუბრის დროს მან განაცხადა, რომ დაკავების დროს იგი სცემა პოლიციელმა, მეტსახელად „ყბამ“. გაგა ჟორჟოლიანი დაავადებულია ნევროზით. სხვა პატიმრების თქმით, იგი მთელი ღამეები ყვირის და კანკალებს, საავადმყოფოს კი არა აქვს მედიკამენტები, რის გამოც მას მკურნალობა არ უტარდება.

  • გიორგი იობიძის საქმე

გიორგი იობიძე 4 სექტემბერს იპოვეს ქუჩაში, ცემისგან გონებამიხდილი მთელი ღამით ქუჩაში ეგდო. გიორგი იობიძის მონათხრობის თანახმად, ის ავტოქარხნის პოლიციელმა სცემა. პოლიციელი მას, როგორც დედამისი ამბობს, კაფედან გამოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით 5 სექტემბერს თავისუფლების ინსტიტუტმა ჩაატარა მრგვალი მაგიდა, რის შემდეგაც პოლიციამ შეძლო დაზარალებულთან საერთო ენის მონახვა და შერიგება.

  • მონიტორინგი წინასწარი დაკავების საკნებში

1 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა კოორდინატორებმა, გოჩა ჩხეტიამ და ნინო ღაჭავამ, იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან, ზაზა ძნელაძესთან შეთანხმებით დაათვალიერეს იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაში განთავსებული წინასწარი დაკავების საკნები. საკნებში სისუფთავის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. სარკმელზე გაკრულია ლითონის წვრილად დახვრეტილი ფირფიტა, რომელიც საკანში ჰაერის და შუქის შემოდინებას აფერხებს.

  • ჯუმბერ ქირიას საქმე

2002 წლის 9 აპრილს ხობის რაიონის პოლიციის შენობაში სასტიკად სცემეს სოფელ ხამისკურში მცხოვრები ჯუმბერ ქირია, რომელიც ცემის შემდეგ უგონო მდგომარეობაში დააგდეს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე (იხ. „ადამიანის უფლებების მიმოხილვა“ №2). დაზარალებული აღმოაჩინეს შემთხვევითმა გამვლელებმა, რომლებმაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ 9 აპრილს, დილის 6 საათზე, საავადმყოფოში მიყვანილ ქირიას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის ჰემატომა, მრავლობითი ესკორაციები სახეზე და მუხლის სახსარზე, სისხლნაჟღენთი შუბლის მარჯვენა ზედაპირზე, თავის ქალის დახურული დაზიანება და ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნის მეშვეობით.

თავისუფლების ინსტიტუტის მიმართვის საფუძველზე საქმე შეისწავლა შსს გენერალურმა ინსპექციამ, რომლის უფროსმა დავით ჯინჯოლავამ 14 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტს ასეთი პასუხი გასცა: „შს სამინისტრომ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 2002 წლის 9 აპრილს ჯუმბერ ქირია ნამდვილად მიიყვანეს ხობის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და მისივე თხოვნით გადაიყვანეს საკუთარ სახლში. აქ მან თავის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს განუმარტა, რომ იგი სცემეს ხობის შს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა - კობა შუშანიამ, რუსლან ჭითავამ და რისმაგ კემულარიამ.

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, დაზარალებულმა ჯ. ქირიამ კატეგორიული უარი განაცხადა მისი ჯანმრთელობის ფაქტთან დაკავშირებით ახსნაგანმარტებაზე, უარის თქმის მოტივად კი აცხადებს იმ გარემოებას, რომ მას განცხადებით არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის.“ პასუხში, ამასთანვე, ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი პოლიციელები კატეგორიულად უარყოფენ ხსენებულ ფაქტს.

თავისუფლების ინსტიტუტი დაუკავშირდა ჯუმბერ ქირიას, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას ადგილობრივი შავი სამყაროს წარმომადგენლები მიუგზავნეს და მუქარით აიძულეს, არ მიეცა ჩვენება და არ გაეგრძელებინა ჩივილი მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

  • ნაცემი პატიმრები ცემის ფაქტს არ აღიარებენ

ძალიან ხშირად პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში ნაცემი პატიმრები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გადაყვანის შემდეგაც არ აღიარებენ ცემის ფაქტს. მაგალითად, ივლისის დასაწყისში თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მეხუთე საპყრობილეში სხეულის დაზიანებით შეიყვანეს ორი პატიმარი. ორივე მათგანს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე, რაც იარაღის უკანონო შენახვას, ტარებას და გადაზიდვას მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრე თაბაგარი 29 წლისაა. მას აღენიშნებოდა ცხვირის არეში, მარცხენა მხარეს ექსკორაცია, დაფარული შინდისფერი ფუფხით, ზურგის არეში მრავლობითი ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები, მარჯვენა მტევნის მეორე და მეხუთე თითზე ექსკორაციული წერტილები, მარჯვენა წვივზე დაახლოებით 3-4 სანტიმეტრის სიგრძის ექსკორაცია, დაფარული შინდისფერი ფუფხით. მარჯვენა მუხლზე სისხლნაჟღენთი. თავად თაბაგარმა განმარტა, თითქოს დაზიანებები დაკავებამდე მიიღო.

ქალაქის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდანვე მოხდა ტარიელ მახარობლიძის გადაყვანა. იგი 28 წლისაა, აღენიშნებოდა მარცხენა მაჯის სახსართან მედიალურად დაახლოებით 4-3 სანტიმეტრის სიგრძის ექსკორაცია, დაფარული შინდისფერი ფუფხით. მარჯვენა მხარზე სისხლნაჟღენთი, წვივზე ექსკორაციული წერტილი, მარცხენა თვალბუდის არეში მოწითალო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მახარობლიძეც, ჩვეულებისამებრ, განმარტავს, რომ დაზიანებები დაკავებამდე მიიღო.

  • მურთაზ ლანჩავას საქმე

ქუთაისის პოლიციამ 2002 წლის ივნისში დააკავა 40 წლის მურთაზ ლანჩავა, როგორც ბინის ქურდობაში ეჭვმიტანილი. 28 ივლისს ლანჩავამ ქუთაისის იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა, 1 აგვისტოს კი პირი ამოიკერა. 5 აგვისტოს ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტს დახმარებისთვის მიმართა მურთაზ ლანჩავას დედამ, დოდო ლანჩავამ. მისი თქმით, მურთაზ ლანჩავა ადრე ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო ნასამართლევი. პოლიცია მურთაზ ლანჩავას ყოველთვიურად „წერდა“ ფულს, ხოლო როცა მან ფული აღარ მიუტანა პოლიციელ არწივაძეს, რომელიც ქუთაისის შს სამმართველოს ავანგარდის განყოფილებაში მუშაობს, ამ უკანასკნელმა ლანჩავას ქურდობა დააბრალა და იგი ამ ბრალდებით დააკავა.

  • სარინგულ ბაშირ ყზის საქმე

2002 წლის 25 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის თელავის რეგიონულ ოფისში შევიდა თელავის რაიონის სოფ. ყარაჯალაში მცხოვრების, სარინგულ ბაშირ ყზის განცხადება (იხ. „დამიანის უფლებების მიმოხილვა“№2). განცხადების თანახმად, 2001 წლის დეკემბერში ყარაჯლის გამგეობის თავმჯდომარემ - საფარ სულეიმანოვმა - თამამ ბაშირ ყზის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლი თვითნებურად, კანონის უხეში დარღვევით გადააფორმა თამამ ბაშირ ყზის უგზო-უკვლოდ დაკარგული მეუღლის - ალიხან ალიევის სახელზე, ხოლო თამამ ბაშირ ყზის ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე (ორი შვილი და მშობლები) დატოვა მემკვიდრეობის გარეშე.

თავისუფლების ინსტიტუტის დახმარებით სარინგულ ბაშირ ყზიმ სასამართლოში საქმე მოიგო, ხოლო თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შეკრებილი მასალების საფუძველზე თელავის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საფარ სულეიმანოვის წინააღმდეგ.

3 მდგომარეობა სასჯელაღსრულების სისტემაში

▲back to top


  • მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

2002 წლის 20-22 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს დამოუკიდებელი კონტროლის საბჭომ ჩაატარა მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ქსნის ტუბდაწესებულებაში. მონიტორინგი ორ ძირითად მიზანს ისახავდა: შეესწავლათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან შექმნილი ადგილობრივი კომისიების მუშაობა და თავად დაწესებულებებში არსებული ვითარება.

მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი კომისიები, ძირითადად, მხოლოდ ფორმალურად არსებობენ, მათი წევრების უმრავლესობა არ იყენებს მათთვის კანონითა და დებულებით მინიჭებულ უფლებებს და არ ახორციელებს საჭირო მონიტორინგს. საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს კომისიის წევრები ლაპარაკობდნენ, რომ სასჯალაღსრულების დაწესებულებებში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რომ ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ., მაგრამ ამგვარი განცხადებები იშვიათად სცდებოდა ზოგადი მსჯელობის ფარგლებს და მოკლებული იყო კონკრეტულ მაგალითებსა და სტატისტიკას. საბჭომ რეკომენდაცია მისცა იუსტიციის მინისტრს, განახლდეს ადგილობრივი კომისიების შემადგენლობა და კომისიების ფორმალური წევრები აქტიური მოქალაქეებით შეიცვალონ.

მონიტორინგის შედეგად გამოჩნდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ზოგადი სურათი. ერთ-ერთი რეალური პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც, საბჭოს წევრების აზრით, მარტივად შეიძლება და რაც გააუმჯობესებს მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ბიუჯეტისა და მომარაგების დეცენტრალიზაციაა. ეს შეეხება როგორც სურსათით მომარაგებას, ისე სხვა პროდუქციასაც. მაგალითად, აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების საწვავით უზრუნველყოფისთვის 400 ლიტრი ბენზინი იყო გამოყოფილი, საიდანაც 200 ლიტრი ამ საწვავის დაწესებულებამდე მიტანაში დაიხარჯა. მომარაგების დეცენტრალიზაცია მსგავს პრობლემებს მთლიანად მოხსნის, ამასთან, გაადვილებს მონიტორინგს, რადგან, თუ, ვთქვათ, დაწესებულების ხელმძღვანელი საკვებად უვარგის პროდუქტს შეიძენს, ადვილი დასადგენია, ვის უნდა მოეთხოვოს ამის გამო პასუხი, რაც უფრო ძნელია მაშინ, როცა მომარაგება ცენტრალიზებული წესით ხდება და საქმეში ბევრი რგოლია ჩართული. თავად იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ 2003 წლის იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებები თანდათან გადავლენ მომარაგების დეცენტრალიზებულ სისტემაზე.

  • მონიტორინგი ქუთიასის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

2002 წლის აგვისტოში პრესაში გამოქვეყნდა მასალები, რომელთა თანახმადაც ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ანტისანიტარიაა გამეფებული, არიან მორიელები, რომლებსაც პატიმრები საჭმელშიც კი პოულობენ. 1 სექტემბერს, ამ მასალების საფუძველზე, თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა, ნინო ღაჭავამ და გოჩა ჩხეტიამ, დაწესებულების დირექტორთან, გურამ ტუღუშთან შეთანხმებით, ჩაატარეს მონიტორინგი იზოლატორში. თავად ტუღუშმაც დაადასტურა, რომ დაწესებულებაში ნამდვილად არიან მორიელები, თუმცა, უარყო მათი საჭმელში მოხვედრის შესაძლებლობა. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საკნები და გაესაუბრნენ პატიმრებს.

გოჩა ჩხეტიამ და ნინო ღაჭავამ ციხის ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერეს იზოლატორის ეზო და კანალიზაციის სისტემა. გაზეთ „ალიაში“ დაფიქსირებული ფაქტი კანალიზაციის წყლის ეზოში დაღვრის შესახებ გურამ ტუღუშს არ უარყვია, მაგრამ, მისი თქმით, ამგვარ შემთხვევებს თავად პატიმრები იწვევენ, რომლებიც კანალიზაციის მილებში პოლიეთილენის პარკებს და ბოთლებს აგდებენ. ეზოში დგას წყლის ავზები, რომლებიც შემოტანილი წყლით ივსება და წყალი იქედან მიეწოდება პოლიეთილენის ბოთლებით პატიმრებს საკნებში. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ის საკნები, რომლებიც რემონტდება და რომლებშიც სანიტარული პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, აგრეთვე ქალთა საკანი. ამ საკანს მხოლოდ ერთი სარკმელი აქვს, რაც არ არის საკმარისი შუქის შემოსვლისა და განიავებისთვის საკნის საკმაოდ დიდი მოცულობის გამო.

პატიმრებმა, როგორც ქალებმა, ისე მამაკაცებმა, დაადასტურეს საკანში მორიელების არსებობა, თუმცა, ამავე დროს, საკვებით კმაყოფილება გამოთქვეს. რამდენიმე საკანში პატიმრებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ისინი რამდენიმე თვეა დასაბანად არ გაუყვანიათ, რაც გურამ ტუღუშმა უარყო. რამდენიმე საკნის პატიმრებმა ასევე გამოთქვეს პრეტენზია, რომ საკნის სარკმელზე მჭიდროდ მიფარებული ლითონის ჟალუზები არ იძლევა ჰაერით საკმარისად განიავების საშუალებას. გურამ ტუღუში დაეთანხმა ამ პრეტენზიას, მაგრამ, მისი თქმით, არასაკმარისი დაფინანსება სიტუაციის გამოსწორების საშუალებას არ იძლევა.

სამზარეულოში სანიტარული-ჰიგიენური ნორმები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. გამოკითხვისას გაირკვა, რომ პატიმრებს არ მიეწოდებათ პრესა და წერილების დასაწერად საჭირო ფურცლები, რაც ადმინისტაციამ უსახსრობით ახსნა. სამედიცინო პუნქტში ოთახების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ პუნქტი ვერ მარაგდება საკმარისად მედიკამენტებით.

  • პატიმრების შიმშილობის აქციამ კანონიერი ქურდის გათავისუფლება გამოიწვია

ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ზაალ მახარობლიძე, მეტსახელად „გლეხოვიჩი“, 11 აგვისტოს დააკავა ქუთაისის პოლიციამ. მას პოლიცია ბრალს სდებს პოლიციის თანამშრომლის, გიორგი ჯიქიას, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მახარობლიძემ ერთ თვეზე მეტი დაჰყო იზოლატორში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც მახარობლიძემ, რომელიც თავს უკანონო პატიმრად თვლიდა, გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქცია მოაწყო იზოლატორში. მას სოლიდარობა გამოუცხადეს პატიმრებმაც, რომლებმაც მახარობლიძის გათავისუფლების მოთხოვნით ორი დღე იშიმშილეს. ზაალ მახარობლიძის შიმშილობის აქცია საოლქო სასამართლოში სასამართლო პროცესს დაემთხვა, რომელმაც 20 სექტემბერს აღმკვეთი ღონისძიება პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალა.

საოლქო სასამართლოს მოსამართლემ რეზო სულწაძემ გაიზიარა მახარობლიძის ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის ახალ აღმოჩენილი გარემოებები, რომელთა მიხედვით, პოლიციას მტკიცებულებები პროცესუალური ნორმების დარღვევით აქვს მოპოვებული. საქმეში ცრუმოწმეები ფიგურირებენ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სისხლის სამართლის საქმე მახარობლიძის მიმართ ძიების პროცესში შეწყდება, რადგან არ არსებობს დანაშაულის ნიშნები. ადვოკატის თქმით, ის მოითხოვს პოლიციელების - ზაზა მაჩიტაძის, გიორგი როხვაძის, გიორგი ჯიქიას (მათ დააკავეს გლეხოვიჩი) და ექიმ დანელიას დასჯა, რომელმაც თითქოს ნაცემ პოლიციელს ცნობა მისცა. ცრუ მოწმეები, გოგიბერიძე და ვარდოსანიძე, ადვოკატის თქმით, პოლიციის სტაჟიორები არიან. ადვოკატის თქმით, უნდა დაისაჯონ ის მოსამართლეებიც, რომლებმაც აღმკვეთი ღონისძიება განიხილეს. ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, მოსამართლეები იმას აკეთებდნენ, რასაც პოლიცია უბრძანებდა.

ადვოკატმა ორჯერ მიმართა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თხოვნით საოლქო სასამართლოს. ზურაბ როსტიაშვილის თქმით, მოსამართლე სულწაძეს აღმკვეთი ღონისძიება პირველ განხილვაზე უნდა შეეცვალა, როცა მოწმე გოგიბერიძემ აღიარა, რომ პოლიციის სტაჟიორი იყო. როსტიაშვილი და საქართველოს პატიმართა თანამეგობრობის პრეზიდენტი ლალი აფციაური ირწმუნებიან, რომ ზემოთ დასახელებული პირების დასჯას მიაღწევენ.

  • კანონიერი ქურდის უკანონო დაკავება რევაზ გვიშიანი საოლქო სასამართლომ გაათავისუფლა

წყალტუბოში მცხოვრები ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ გვიშიანი ანუ „პეტროვიჩი“ 21 აგვისტოს დააკავა წყალტუბოს პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-შეძენისთვის. 3 სექტემბერს საოლქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალა. გვიშიანის გათავისუფლების საფუძველი გახდა შემდეგი გარემოებები: ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარდა. საქმის მომკვლევმა დაკითხა მოწმეები, რომლებიც ჩხრეკას ესწრებოდნენ, მაშინ, როცა მას ამის უფლება არ გააჩნდა, რადგან საქმე წარმოებაში არ ჰქონდა მიღებული.

4 ჯარისკაცთა და წვევამდელთა უფლებები

▲back to top


2002 წლის 5 აგვისტოს შს და თავდაცვის მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი ბრძანება - „2002 წლის საგაზაფხულო გაწვევის გეგმა-დავალების შესრულებისა და სამხედრო ძალების დაკომპლექტებისთვის გასატარებელ ერთობლივ ღონისძიებათა გეგმა.“ დოკუმენტში ნათქვამია: „დაევალოთ რაიონების შსს ორგანოებს სამხედრო კომისარიატების თანამშრომლებთან ერთად აწარმოონ ძებნა და იძულების წესით წარმოადგინონ გამწვევ კომისიაზე ის წვევამდელები, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო ძალების რიგებში გაწვევას.“

თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის რეგიონული ოფისის მიერ დაფიქსირებული იქნა რამდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, პოლიციამ ძალით წარადგინა წვევამდელები სამხედრო კომისარიატებში, სადაც მათ გადაახდევინეს 200-200 ლარი და გაათავისუფლეს ერთი წლით. პოლიციას წვევამდელები იძულების წესით აჰყავს სახლებიდან, ქუჩიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ. მაგალითად, მხოლოდ ერთ დღეს, 2002 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის შს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 12 წვევამდელი მიიყვანეს კომისარიატში, სადაც მათ 200-200 ლარი მოსაკრებელი გადაახდევინეს და გაწვევა ერთი წლით გადაუვადეს.

წვევამდელებმა, რომელთა უფლებებიც დაირღვა, უარი თქვეს, ადმინისტრაციული წესით გაესაჩივრებინათ მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რადგან, მათი თქმით, ჩივილი არ შეესაბამება „კარგი ბიჭების“ ტრადიციებს.

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები ამ ფაქტებთან დაკავშირებით შეხვდნენ ქუთაისისა და იმერეთის მხარის სამხედრო კომისარს, ტრისტან გორდაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციის ამგვარი ქმედება კანონიერ საფუძველზე ხდება და თავდაცვისა და შს მინისტრების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ეფუძნება. ამავე დროს, პოლიციის ძალით წარდგენილი წვევამდელები აცხადებდნენ, რომ მათ წინასწარ უწყებები არ მიუღიათ, რაც თავისუფლების ინსტიტუტის შემოწმებითაც დადგინდა. გორდაძის თქმით, მან პოლიციას 349 წვევამდელის გვარი გადასცა, რომლებიც იძულების წესით უნდა მიიყვანონ კომისარიატში, თუმცა, მისივე თქმით, მათ შორის შეიძლება ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც ძნელად თუ დაუმტკიცებ, რომ სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ, რადგან ისინი უწყებას არ იბარებენ და და ხელს არ აწერენ. კომისარი აცხადებს, რომ კომისარიატის თანამშრომლებს წვევამდელები და მათი ოჯახის წევრები ემალებიან ან უხეშად ხვდებიან და უწყებას არ იტოვებენ. ეს მით უფრო აძნელებს მუშაობას, რომ პოლიციისთვის მიმართვის უფლება სამხედრო კომისარიატს მხოლოდ მას შემდეგ აქვს, როცა წვევამდელი ოთხჯერ მიიღებს უწყებას და მაინც არ გამოცხადდება გამწვევ კომისიაზე.

  • დარღვევები გამწვევი კომისიის მუშაობაში

თავისუფლების ინსტიტუტმა მონიტორინგი ჩაუტარა გამწვევი კომისიების მუშაობას, სადაც გაირკვა, რომ კომისიების სხდომებს არ ესწრებოდა წევრთა ნახევარზე მეტი და წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კანონის თანახმად, კომისიაში უნდა იყვნენ ქირურგი, თერაპევტი, ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი, ოკულისტი, ოტოლარინგოლოგი და სტომატოლოგი. მონიტორინგის დროს კომისიის შემადგენლობაში მხოლოდ სამი ექიმი იყო - ქირურგი, ოკულისტი და ფსიქიატრი, თუმცა, დოკუმენტებში კომისიის შემადგენლობა სრულად იყო შევსებული. ფსიქიატრ მარგარიტა ობოლაძის თქმით, ექიმებს 4 წლის ხელფასი არა აქვთ მიღებული და ამიტომ არ ესწრებიან კომისიის სხდომებს.

  • მრგვალი მაგიდა სამხედრო კომისარიატების მუშაობასთან დაკავშირებით

გაწვევის სფეროში არსებულ პრობლემებთან და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტმა ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციების სახლში ჩაატარა მრგვალი მაგიდა, სადაც ესწრებოდნენ: ქუთაისის სამხედრო კომისრის მოადგილე თეიმურაზ ზვიადაძე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი არჩილ დევიძე, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების უფროსი თამაზ ხუნდაძე, ქუთაისის ინსტიტუტების სტუდენტური კავშირების თავჯდომარეები, უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, წვევამდელები და ჟურნალისტები.

მრგვალ მაგიდაზე დამსწრე სამხედრო კომისარიატისა და პოლიციის წარმომადგენლები დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ ზემოთ ხსენებული ბრძანების შესრულების დროს ნამდვილად ირღვევა კანონი, მაგრამ, მათი თქმით, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლება არა აქვთ, არ დაემორჩილონ მინისტრების ბრძანებას. ამასთან, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ საჭიროა გამარტივდეს გაწვევის წესი. კერძოდ, უწყების ოთხჯერ გაგზავნის აუცილებლობა ძალიან ართულებს წვევამდელების გაწვევის პროცედურას. გარდა ამისა, კომისარიატის წარმომადგენელთა თქმით, კანონმა უნდა დაარეგულიროს ისეთი შემთხვევები, როცა კომისარიატის წარმომადგენლებს კარებს არ უღებენ, ან უწყებაზე ხელს არ უწერენ.

ამასთან, სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელთა თქმით, კომისარიატში თავისუფლების ინსტიტუტის სტუმრობის შემდეგ, კომისრისა და ქალაქის მერიის ძალისხმევით, უკვე შექმნილია შრომითი ალტერნატიული სამსახურისთვის 50 ადგილი და წვევამდელთა მიმართვის შემთხვევაში ისინი ჩარიცხებიან ამ სამსახურში.

კომისარიატის წარმომადგენლებმა პასუხი ვერ გასცეს კითხვას, რატომ არ ესწრებიან ექიმი-სპეციალისტები გამწვევი კომისიის სხდომებს, თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ რამდენიმე წელია, რაც კომისარიატების მუშაობა არ დაფინანსებულა.

  • გიორგი ჯიბლაძის უკანონო გაწვევა

10 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ კოორდინატორს გოჩა ჩხეტიას ტელეფონით დაუკავშირდა მოქ. გიორგი ჯიბლაძე. მისი თქმით, იმ დროს მასთან სახლში იმყოფებოდნენ ქუთაისის კომისარიატის და პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ, იძულების წესით წაეყვანათ კომისარიატში მისი ძმა მიხეილ ჯიბლაძე. ჩხეტიამ განუმარტა, რომ აღნიშნული ქმედება პოლიციელების მხრიდან იყო უკანონო და მას შეეძლო უარი ეთქვა კომისარიატში წასვლაზე, ხოლო თუ განმარტება საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ დამატებით დაკავშირებოდა და იგი პირადად მივიდოდა მასთან სახლში.

რამდენიმე წუთში გ.ჯიბლაძე კვლავ დაუკავშირდა გოჩა ჩხეტიას და აცნობა, რომ მისი კანონიერი მოთხოვნა დააკმაყოფილეს პოლიციის და კომისარიატის წარმომადგენლებმა.

  • ჯარისკაცი დადაში წერეთელი სამხედრო ნაწილიდან გაიქცა

2002 წლის აგვისტოს თვეში ქუთაისის 21-ე მოტომსროლელი ბრიგადიდან გაიქცა ჯარისკაცი დადაში წერეთელი. გაქცევის მიზეზად ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები იქცა. კერძოდ, დადაში წერეთლის თქმით, საწოლში დაწოლა, სიბინძურის გამო, შეუძლებელი იყო, ამავე მიზეზით დაესია ტილები, პური არ იჭმეოდა, რადგან მას გული არ ჰქონდა გამომცხვარი და ა.შ. გაქცეული ჯარისკაცი ნათესავებთან დაიმალა, რომლებიც შემდეგ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ თუ გაქცეული ჯარისკაცი ნაწილში დაბრუნდებოდა, მის საქმეს აღარ გადასცემდნენ პროკურატურას, თავად მას კი შაბათკვირას სახლში გაუშვებდნენ.

  • ალექსანდრე ეტიაშვილის უკანონო გაწვევა

თავისუფლების ინსტიტუტს განცხადებით მიმართა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მცხოვრებმა ალექსანდრე ეტიაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ არის ჯარში გაწვეული. მის მიმართ საექიმო კომისიას გაცემული აქვს ორი საექიმო დასკვნა, რომელთაგან პირველი დასკვნით (02.02.2002) იგი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად არის ცნობილი, მეორე დასკვნით კი (15.02.04) - ვარგისად. ამასთან, ალექსანდრე ეტიაშვილი სწავლობს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსზე, დაუსწრებელ განყოფილებაზე, რის გამოც მას გადავადება ეკუთვნის სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით.

ეტიაშვილმა სასწავლებლიდან ცნობა არ წარადგინა კომისარიატში, რის გამოც იგი გაწვეულ იქნა ჯარში და ამჟამად თბილისში მსახურობს, სადაც იგი ავად გახდა და სამხედრო ნაწილში მკურნალობს. სამხედრო კომისარი პაატა ჭელიძე აცხადებს, რომ ეტიაშვილი კანონიერად იქნა გაწვეული, ხოლო თუ იგი სამხედრო ნაწილს თვითნებურად დატოვებს, ჭელიძე იმუქრება, რომ მას დეზერტირად გამოაცხადებს და მის საქმეს პროკურატურას გადასცემს.

5 სამოქალაქო თავისუფლებები

▲back to top


სიტყვისა და აზრის თავისუფლება

  • თავდასხმა თავისუფლების ინსტიტუტზე

10 ივლისს, დაახლოებით 13.30 საათზე თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში შეიჭრა 15-მდე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა და ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე დაიწყო ოფისის დარბევა და ინსტიტუტის წევრების, მათ შორის გოგონების, ცემა. „კომპიუტერთან ვიჯექი, როცა მოულოდნელად ოთახის კარი წიხლით შემოინგრა. „არ გაინძრეთ, თქვენი დედა“ - ამ სიტყვებით ოთახში 5 ახალგაზრდა შემოიჭრა და ოთახში მყოფ გიგა ფრანგიშვილს და გიორგი მელაძეს, სანამ ისინი ადგომას მოასწრებდნენ, წიხლები და ხელკეტები დაარტყეს და ორივენი წააქციეს. მე შეშინებული წამოვხტი ფეხზე. „არ გაინძრე, შენი დედა“ - ამ სიტყვებით მეც სკამი დამარტყეს მუცელში და კედელს მივეჯახე“ - იხსენებს დაზარალებული გოგონა, დალი ცქიტიშვილი.

ამ დროს თავისუფლების ინსტიტუტში სტუმრად იყვნენ ევროსაბჭოს ექსპერტები, დევიდ გლედვილი და დენის შემლა, რომლებიც ამ დარბევის მოწმენი გახდნენ. „როცა დარბევა დაიწყო, შემეშინდა და ვცდილობდი, კარებზე ავეჯი ამეყუდებინა, რათა თავდამსხმელები შიგნით არ შემომეშვა,“ - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში დენის შემლამ მას შემდეგ, როცა ყველაფერი დამთავრდა. თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს იმ ოთახში შესვლა, სადაც გოგონების უმრავლესობა და ევროსაბჭოს ექსპერტები იყვნენ. ეს უკანასკნელნი არ დაიბნენ და კარების კარადებით გამაგრება მოასწრეს, სამაგიეროდ თავდამსხმელებმა სხვა ოთახები საფუძვლიანად დაარბიეს: ისინი მაგიდებიდან ყრიდნენ და კედელზე ახეთქებდნენ კომპიუტერებს და ტელეფონის აპარატებს, დაგლიჯეს ტელეფონის ხაზები, კასტეტებითა და ხელკეტებით სცემეს ინსტიტუტის 6 წევრი.

„ეს ადამიანის უფლებათა დამცველებზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი შემთხვევაა, რასაც კი ყოფილ საბჭოთა კავშირში შევსწრებივართ - განაცხადა ამ ფაქტთან დაკავშირებით „ჰიუმან რაითს უოჩის“ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეთ ანდერსონმა - თავად ფაქტი კი ცხადად წარმოაჩენს, თუ რა ხიფათის წინაშე დგანან ადამიანთა უფლებების დამცველები საქართველოში“.

18 ივლისს შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა საზეიმოდ განაცხადა, რომ საქმე გახსნილია და დარბევაში ქალაქ რუსთავში მოქმედი ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაცია «ჯვარი» დაადანაშაულა. იმავე დღეს, მინისტრის საჯარო განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისის პოლიციის სამმართველოში პარადოქსული ამოცნობა ჩატარდა: დაზარალებულებმა - თამარ კინწურაშვილმა და სოზარ სუბელიანმა - ამოსაცნობად წარმოდგენილ ოთხ პიროვნებას შორის თავდამსხმელი ვერ ამოიცნეს. სამაგიეროდ, ამოსაცნობად წარმოდგენილმა ერთ-ერთმა პიროვნებამ, გიორგი დოინჯაშვილმა, სრულიად მოულოდნელად აღიარა, რომ 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტზე თავდასხმაში მონაწილეობდა და ხელი სოზარ სუბელიანისკენ გაიშვირა - სწორედ ეს იყო, ვინც მე სკამი მომიქნიაო.

გამოძიების თანახმად, დოინჯაშვილის ეჭვმიტანილად ცნობის საფუძველს, ერთი მხრივ, მისივე აღიარებითი ჩვენება წარმოადგენს, მეორე მხრივ კი მისი თითის ანაბეჭდი, რაც თავისუფლების ინსტიტუტის მონიტორზე იქნა ნაპოვნი. თავისუფლების ინსტიტუტის წევრები საქმის გახსნას ერთგვარი ეჭვით უყურებენ, მით უმეტეს, რომ დოინჯაშვილთან დაკავშირებით დარღვეული იქნა ეჭვმიტანილის პროცესუალური უფლებები - გამოძიებამ მის ადვოკატს, სერგო შეროზიას, ამოცნობაზე დასწრების უფლება არ მისცა. 19 ივლისს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ გიორგი დოიჯაშვილს 3 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საოლქო სასამართლომ იგი დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად საოლქო სასამართლოს ეზოში ბასილ მკალავიშვილისა და მისი მომხრეების რამდენიმე ასეულკაციანი მიტინგი მიმდინარეობდა, რომლებიც საოლქო სასამართლოს დარბევით იმუქრებოდნენ, თუ სასამართლო დოინჯაშვილს არ გაათავისუფლებდა.

თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის ფაქტს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. „მათ ჩვენი დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ. არ მოეწონათ, რომ ნაძირალას ნაძირალა ვუწოდეთ...“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდია. დარბევა დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საქართველოში მოქმედი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა. „თავისუფლების ინსტიტუტის დარბევით ექსტრემისტებმა მთლიანად საზოგადოებაზე მიიტანეს იერიში“ - განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძემ.

მეორე მხრივ, არსებობდა აბსოლუტურად განსხვავებული შეფასებებიც. მაგალითად, ექსტრემისტული მოწოდებებით ცნობილი პარლამენტარის, გურამ შარაძე აცხადებდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სიხარულით შეხვდა თავისუფლების ინსტიტუტის დარბევას. უნდა ითქვას, რომ გურამ შარაძე და თანამოაზრეები დარბევის წინა პერიოდშიც აქტიურად ამზადებდნენ საზოგადოებრივ აზრს თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ. 4 ივლისს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია 21-ე საუკუნის წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს საქართველოს მტრები უწოდა და საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ამ ორგანიზაციის საქმიანობას შეისწავლის.

  • თავდასხმა ტელეკომპანია ოდიშზე

27 სექტემბერს, დილის 7:30 სთ-ზე ტელეკომპანია „ოდიშის“ წინ მოგროვდა 15-მდე ჭირისუფალი და 30-მდე პოლიციელი. ისინი შეცვივდნენ ტელეკომპანიაში, შეამტვრიეს კარები. ბრბოს წინ მიუძღოდა და განსაკუთრებით აქტიურობდა პოლიციელი რობერტ ჩიქობავა. ისინი დაერივნენ ტელეკომპანიის ოპერეტორებს და ჟურნალისტებს. გაანადგურეს თითქმის ყველაფერი, დაამტვრიეს აპარატურა, კომპიუტერები, კამერები და ა.შ. იგინებოდნენ და უწმაწური სიტყვებით ამკობდნენ ყველას, განსაკუთრებით ჟურნალისტებს ემა გოგოხიას და მაია ღურწკაიას. პოლიციელებიდან განსაკუთრებით აქტიურობდნენ რობერტ ჩიქობავა, მურმან კაკულია, ბეგლარ ფონია და სერგო ჩაჩიბაია (ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, ელგუჯა ჯამბურიას მოადგილეები).

ტელეკომპანიის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილი პოლიციელები ემა გოგოხიას სახლში მივარდნენ (გოგოხია ამ დარბევების დროს ბათუმში იმყოფებოდა), იგინებოდნენ და ეძებდნენ მას. სახლში დაუხვდათ გოგოხიას დედა და შვილი, რომელთაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, კერძოდ, პოლიციის თანამშრომელმა ბეგლარ ფონიამ პირადად 5-ჯერ დაურეკა ემა გოგოხიას და ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

  • ვალერი ასათიანის და რუსთავი 2-ის საქმე

3 ივლისს საოლქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვალერის ასათიანის სარჩელზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის, ამ კომპანიის გადაცემა „60 წუთის“ ხელმძღვანელის აკაკი გოგიჩაიშვილისა და მსჯავრდებული ირაკლი კერესელიძის მიმართ (იხ. „ადამიანის უფლებების მიმოხილვა“, №2) პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო. საქმე ეხებოდა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელის თანახმადაც ვალერი ასათიანმა, თითქოს, რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა. მოსარჩელე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 მილიონ დოლარს ითხოვდა. საპასუხო სარჩელით, ასევე პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ამდენივეს ითხოვდა მოპასუხე აკაკი გოგიჩაიშვილიც.

საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვალერი ასათიანის სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.

  • ზვიად ხუჯაძის საქმე

ადგილობრივი არჩევნების წინ, 2002 წლის 30 მაისს, ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძეს იარაღით ემუქრებოდა საკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი, ტელეკომპანია „ქუთაისის“ წილის მფლობელი და ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი ბონდო შალიკიანი (იხ. „ადამიანის უფლებების მიმოხილვა“, №2). ქუთაისის პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება გამოიტანა.

ცენზურა ქუთაისის ტელეკომპანიებში

საანგარიშო პერიოდში ადგილობრივმა ტელევიზიამ „ქუთაისი“, რომელიც ახდენს „რუსთავი 2-ის¨ საინფორმაცი გადაცემა „ღამის კურიერის“ რეტრანსლაციას, ორჯერ გაწყვიტა ეს გადაცემა და მოჭრა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელთა გამოსვლები. ეს მოხდა 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის შემდეგ დღეებში. ღამის კურიერის ნაცვლად ეთერში ფილმი ჩასვეს.

ამავე პერიოდში ტელეკომპანია „რიონში“ ჩატარდა კრება, სადაც ჟურნალისტ დავით ლიკლიკაძეს წაუყენეს ბრალდება, თითქოს ის არის იეჰოვას მოწმე, რადგან თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ქუთაისში ორგანიზებულ შეხვედრებს ესწრება. ლიკლიკაძე სამსახურიდან არ დაუთხოვიათ, მაგრამ გაფრთხილება მისცეს, რომ მსგავს შეხვედრებს არ დასწრებოდა. საუბარია მრგვალ მაგიდაზე, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა მოაწყო ქუთაისში 10 ივლისს და რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეძღვნებოდა.

  • დავა ქუთაისის პრესის სახლის გამო

ქუთაისის პრესის სახლი 2000 წელს დარეგისტრირდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის საწესდებო კაპიტალის 100%-ის მფლობელი არის სახელმწიფო. მეორე მხრივ, პრესის სახლის მეპატრონეობაზე პრეტენზიას აცხადებს 80 წლის გაზეთი „ქუთაისი“, რომელიც შენობაში მისი აშენების დღიდან არის განთავსებული. „ქუთაისი“ ადრე აღმასკომის გაზეთი იყო, ახლა დამოუკიდებელია. კონფლიქტისა თუ გაურკვეველი სიტუაციის გამო პრესის სახლის ხუთსართულიანი შენობა ბევრი გაზეთისთვის მიუწვდომელია, რამდენიმე ორგანიზაცია, მაგალითად, ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი და გაზეთი P.S. გამომცემლობის ერთ ოთახში არიან შეხიზნული. სამაგიეროდ, ამავე შენობაშია განათვსებული ნამცხვრების საცხობი, რიტუალების ბიურო, ტუალეტის ქაღალდის საამქრო და სხვა.

ამჟამად შენობაში განთავსებულ ყველა ორგანიზაციას იჯარის ვადა გაუვიდა და ისინი არაკანონიერად იკავებენ მას. ქონების მართვის ქუთაისის განყოფილება კონკურსის გამოცხადებას და ფართის ჟურნალისტებსა და რედაქციებზე იჯარით გაცემას გეგმავს, შენობაში არსებულ მეწარმეები კი ფართობს არ თმობენ. ჟურნალისტები, თავის მხრივ, ითხოვენ, სახელმწიფომ საკუთარ ქონებას მოუაროს და კანონის დაცვით გასცეს ის პირველ რიგში ჟურნალისტებზე. ქუთაისის მერიამ პრესის სახლის დირექტორად დანიშნა მწერალი რეზო ნაჭყებია, მაგრამ მან ვერ შეძლო პრესის სახლში არსებული დაპირისპირების დარეგულირება.

6 ინფორმაციის თავისუფლების დარღვევა

▲back to top


  • ამირან მესხელი მარინა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ

17 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა ამირან მესხელმა სარჩელი შეიტანა ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარინა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. სარჩელის შეტანა განაპირობა იმან, რომ მიუხედავად არაერთი თხოვნისა და წერილობით მიმართვისა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, მოეწოდებინა 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები და მონაცემები (ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა და სხვა) ყველა მოთხოვნა უარყოფილ იქნა იმ მოტივით, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იყო ვალდებული აღნიშნული ინფორმაცია მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. არადა, აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზუნველყოფს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არამარტო ორგანიზაციებისათვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის. ამიტომ ამირან მესხელმა, როგორც მოქალაქემ, მიმართა საარჩევნო კომისიას საარჩევნო მონაცემების მიღების მოთხოვნით, რაზედაც კვლავ უარყოფითი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც სარჩელი შეიტანა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 16 ივლისს განიხილა აღნიშნული საქმე და სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

„დაკმაყოფილდეს სარჩელი. ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ/თავმჯდომარე მ. გაჩეჩილაძე/მოსარჩლე ამირან მესხელს გადასცეს 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებული საოლქო კომისიის ქსეროასლები. ამავე დროს, დაეკისროს მოპასუხე მხარეს 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მოსარჩლე ამირან მესხელის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯები 10 /ათი/ ლარი და ადვოკატის დახმარების გამო გადახდილი ხარჯი 150 /ას ორმოცდაათი/ ლარი.“

  • თავისუფლების ინსტიტუტი სამხედრო კომისარიატის წინააღმდეგ (გაგრძელება)

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ახალციხეში ახალციხის სამხედრო კომისარიატიდან მოითხოვეს ინფორმაცია წვევამდელთა სრული რაოდენობის შესახებ. კომისარიატმა ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, თითქოს აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა, არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც კომისარიატები ვალდებული არიან, შესაბამისი სიები ყოველი გაწვევის წინ საჯაროდ გამოიკრას კომისარიატის შენობაში. თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ახალციხის რაიონის სამხედრო კომისარიატის წინააღმდეგ შეიტანა ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო ინფორმაციის მოწოდების შესახებ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 30 აგვისტოს სარჩელი დააკმაყოფილა. განაჩენში ვკითხულობთ:

„დაევალოს სამცხე-ჯავახეთის მხარისა და ახალციხის რაიონის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატს მოპასუხე მხარეს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარეს ამირან მესხელს მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია ასლების სახით ახალციხის რაიონში იმ წვევამდელთა შესახებ (გვარი, სახელი, მამის სახელი, ასაკი, მისამართი) რომლებიც ექვემდებარებიან გაწვევას, ანუ არა აქვთ გადავადება სწავლის გამო.

სახელმწიფო ბაჟი 10 ლარი გადახდეს მოპასუხე მხარეს და სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის რაიონის სამხედრო კომისარიატს.

გადაწყვეტილება სააპელაციოა და ექვემდებარება გასაჩივრებას ქალაქ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში /ქ. თბილისი რობაქიძის ქ. №7ა/ ერთი თვის განმავლობაში მხარეებზე გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.“

სასამართლო სხდომაზე კომისარიატის წარმომადგენელი დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და იგი აღარ გასაჩივრებულა.

  • ადმინისტრაციული სარჩელი გორის პოლიციის წინააღმდეგ

24 ივლისს გორის სასამართლოში სასარჩელო განცხადება შეიტანა თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა მიხეილ ქარელმა შსს საგამოძიებო დეპარტამენტისა და შიდა ქართლის შს მთავარი სამმართველოს წინააღმდეგ შემდეგი მიზეზის გამო: საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გელა ტალახაძემ არ დააკმაყოფილა თავისუფლების ინსტიტუტის მოთხოვნა - გადაეცა მისთვის ინფორმაცია მაის-ივნისის თვეში დაკავებულთა რაოდენობის, ვინაობისა და სტატისტიკის შესახებ. პოლიციამ თავისუფლების ინსტიტუტს მხოლოდ სტატისტიკა მიაწოდა, დაკავებულთა ვინაობისა ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, თითქოს, „დაკავებულთა ვინაობა და დემოგრაფიული მონაცემები კანონმდებლობით დახურულია“.

ანალოგიურ მოთხოვნაზე ანალოგიური პასუხი გასცა შიდა ქართლის შს სამმართველომ, რაც თავისუფლების ინსტიტუტმა ასევე სასამართლოში გაასაჩივრა.

  • დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ

დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა 2002 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს შალვა ხაჭაპურიძეს, რათა მიეღო საჯარო ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განხილული საქმეების შესახებ.

სასამართლომ დაარღვია საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული ვადები, რის შემდეგაც დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა ა\\წ 15 ივლისს განმეორებით მიმართა სასამართლოს კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესასრულებლად. მას შემდეგ, რაც სასამართლომ განმეორებითი განცხადებაც უპასუხოდ დატოვა, დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად 13 აგვისტოს სარჩელი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

7 აღმსარებლობის თავისუფლება

▲back to top


  • 50-იანელების დარბევა თბილისში

2002 წლის ივლისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირმა და მათი მრევლის წევრებმა დაიწყეს 50-იანელთა ეკლესიის წევრების შევიწროება და დევნა. თბილისში 50-იანელთა სამი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ-ერთი, რუსულენოვანი 50-იანელების ეკლესიის წევრები ბოლო 3 თვის განმავლობაში მათი მოძღვრის, ნიკოლაი კალუცკის სახლში იკრიბებიან ნაძალადევის რაიონში, დავით გარეჯელის ქუჩაზე.

50-იანელებმა კერძო ბინაში მას შემდეგ დაიწყეს შეკრება, რაც ძველი შეკრების ადგილი - ე.წ. „კიროვის კლუბი“ - გაიყიდა. ნიკოლაი კალუცკის თქმით, მათ სცადეს, სადმე დაექირავებინათ ადგილი, მაგრამ ვერ შეძლეს, სადაც კი მივიდნენ, ძველი, გაპარტახებული შენობების მიქირავებაზეც კი უარი მიიღეს. ამის შემდეგ, 2002 წლის დასაწყისში, მათ ნიკოლაი კალუცკის სახლში მოაწყვეს სამლოცველო და იქ იკრიბებოდნენ.

ნიკოლაი კალუცკის თქმით, 2002 წლის ივნისის ბოლოს დავით გარეჯელის ქუჩაზე დასახლდა ახალგაზრდა მართლმადიდებელი მღვდელი, რომელმაც ქუჩის მაცხოვრებლებს შორის დაიწყო აგიტაცია - როგორ ითმენთ, რომ თქვენს ქუჩაზე სექტანტები იკრიბებიანო. 5-7 ივლისს რამდენიმე მართლმადიდებელმა მღვდელმა და მათი მრევლის წევრებმა, დაახლოებით 50-მა კაცმა, ლოცვის ჩაშლის მიზნით, პიკეტი მოუწყო ნიკოლაი კალუცკის სახლს. პიკეტი 5 ივნისს, საღამოს დაიწყო, როცა 50-იანელები უნდა შეკრებილიყვნენ. მოპიკეტეები არც შიგნით უშვებდნენ ვინმეს და არც გარეთ. ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ, 50-იანელებს შეკრება დაეშალათ და მომავალში სადმე სხვაგან შეკრებილიყვნენ. ზოგიერთი მოპიკეტე 50-იანელების ეთნიკურ წარმომავლობასაც შეეხო, თუმცა, კალუცკის თქმით, ამას მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა: „ნაციონალურს საკითხს ცალკეული პიროვნებები შეეხნენ, რომლებიც ამბობდნენ - დატოვეთ აქაურობაო - თუმცა, შემდეგ, თითქოს ახსენდებოდათო, მოდიოდნენ და ამბობდნენ - არ იფიქროთ, რომ ჩვენ ნაციონალურ საკითხს ვეხებით, თქვენ, რუსებს, შეგიძლიათ აქ თავისუფლად იცხოვროთ, ოღონდ შეკრებას აქ ვერ მოაწყობთო“.

სიტუაცია მეორე დღეს, 6 ივლისს შეიცვალა, როდესაც საქმეში ერთ-ერთი პოლიციელი ჩაერთო. ნიკოლაი კალუცკის თქმით, პოლიციელმა მას პირდაპირ უთხრა, წაეთრიე შენს რუსეთში და იქ რაც გინდა ის აკეთეო, რის შემდეგაც იგი ქართულად უყვიროდა მოპიკეტეებს - მიდით, გადაუარეთ, სცემეთ, რაც გინდათ ის უყავითო. კალუცკის აზრით, ხსენებულმა პოლიციელმა, პრაქტიკულად, დარბევის პროვოცირება მოახდინა და წავიდა. ის პოლიციელი რომ არ ყოფილიყო, მოპიკეტეები, ალბათ, კალუცკის სახლშიც არ შეიჭრებოდნენ.

6 ივლისის საღამოს მოპიკეტეები 50-იანელთა წინამძღვრის სახლში შეიჭრნენ, იქ გამართული შეკრება ჩაშალეს, შეკრებილები გარეთ გამოყარეს და რამდენიმე ბიბლია დახიეს, ნიკოლაი კალუცკის მეუღლეს, 53 წლის ვერა კალუცკაიას კი ხელი ჰკრეს და კედელს მიახეთქეს. ვერა კალუცკაია, რომელიც 12 შვილის დედაა, მეორე დღეს ნერვიულობისგან ცუდად გახდა და საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. ნიკოლაი კალუცკიმ ასე აღწერა მოპიკეტეების მოქმედება: „კარის დახურვა ვერ მოვასწარი, როცა ისინი შემოიჭრნენ სახლში, შევარდნენ ყველა ოთახში, დააშინეს პატარა ბავშვები, რამდენიმე ადამიანს სახარებები გამოსტაცეს ხელიდან და დახიეს, დაიწყეს შეკრებილების გამოყრა გარეთ. მღვდელი, რომელიც მოპიკეტეებს მეთაურობდა, ყვიროდა, ხალხს არ დაარტყათ, მხოლოდ გარეთ გამოყარეთო... ამ დროს პოლიციაც მოვიდა.“

პოლიციამ რბევა შეაჩერა, მაგრამ მოპიკეტეები 7 ივნისს, დილას ისევ შეიკრიბნენ და 50-იანელებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცეს. თავად პოლიციელებმა, თავის მხრივ, ინციდენტის გამოძიების ნაცვლად, მოსახლეობაში განცხადებების შეგროვება დაიწყეს, რომლითაც ითხოვენ, რომ აიკრძალოს 50-იანელების შეკრება კალუცკების ბინაში.

თავისუფლების ინსტიტუტმა დარბევის საშიშროებასთან დაკავშირებით ტელეფონით წინასწარ აცნობა პოლიციას, მაგრამ პოლიციამ დარბევის თავიდან ასაცილებლად არაფერი გააკეთა. 7 ივლისს, როცა პოლიციის უბნის ინსპექტორი ლევან არჩვაძე მოსახლეობის განცხადებებს აგროვებდა, მან შემთხვევის ადგილზე მისულ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რაიმე სერიოზულ ინციდენტსა და ვინმეს შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. არჩვაძემ თავისუფლების ინსტიტუტთან საუბარში თქვა: „დაახლოებით ერთი თვეა, რაც დავით გარეჯელის 7 ნომერში თავს იყრიან ე.წ. ორმოცდაათიანელების სექტის მიმდევრები. ამის წინააღმდეგი წავიდნენ როგორც ამ ქუჩის, ისე სხვა ქუჩების მაცხოვრებლები. შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ მოვედით ამ ქუჩაზე, აღელვებული იყო ხალხი და ჩატარდა ყველაფერი, რომ იტყვიან, ყოველგვარი გართულების გარეშე - ადგილი არ ჰქონია არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას. აი ახლა, ჩვენ, პირადად, ვაკეთებთ საქმის მოკვლევას, თვითონ მაცხოვრებლების კოლექტიური განცხადების საფუძველზე, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან, რომ 50-იანელებმა შეკრება ჩაატარონ აღნიშნულ მისამართზე. ვიმეორებ - არავითარ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ ხალხი, ის 50-იანელთა მიმდევრები, არ შეუშვეს აღნიშნულ შენობაში და მოუწოდეს - თხოვნით, რა თქმა უნდა - რომ აღარ ყოფილიყო აქ შეკრებები.“

ლევან არჩვაძის სიტყვები გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს უფროსმა, თემურ ანჯაფარიძემაც დაადასტურა.

ლევან არჩვაძის თქმით, მოსახლეობის პროტესტი არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ 50-იანელთა მისვლა-მოსვლა გარკვეულ ხმაურს იწვევს, არამედ, მისი თქმით, მოსახლეობას „სარწმუნოებრივ იდეოლოგიაზე აგებული პრეტენზიები“ აქვს. თავად კალუცკი ამბობს, რომ მის მიმართ მოსახლეობას არასდროს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა მანამ, სანამ სპეციალურად მოხდებოდა ვითარების დაძაბვა.

  • იეჰოვას მოწმეების დარბევა შიდა ქართლში

2002 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობდა შიდა ქართლში იეჰოვას მოწმეების დარბევის საინფორმაციო მომზადება. პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება მასმედიის საშუალებით იმის თაობაზე, თითქოს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში იეჰოვას მოწმეებმა წაბილწეს და შეურაცხყვეს მართლმადიდებლური ტაძარი და მართლმადიდებლური სიწმინდეები, ხოლო მთლიანად გორის რაიონი, თითქოს, იეჰოვას მოწმეებმა „წალეკეს“.

14 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები მიხეილ ქარელი და ია მეფარიშვილი ჩავიდნენ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, რათა შეესწავლათ, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიისა და მართლმადიდებლური სიწმინდეების შეურაცხყოფის შესახებ. ისინი შეხვდნენ სოფლის გამგებელს მიხეილ ახალკაცს, ეკლესიის მეზობლად მაცხოვრებელ მართლმადიდებლებს, სკოლის ისტორიის მასწავლებელს ბადრი რაზმაძეს და სოფელში მაცხოვრებელ იეჰოვას მოწმე მიხეილ გოგილაშვილს. ყოველმა მათგანმა განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს სოფელ მეჯვრისხევში ადგილი არ ჰქონია. მთლიანად მეჯვრისხევში 2500-მდე ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც იეჰოვას მოწმე 15-მდე ოჯახია. იმავე დღეს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები ჩავიდნენ გორის რაიონის სოფელ ორთაშენში და შეხვდნენ სოფელში მაცხოვრებელ როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე მართლმადიდებლებს. ამ სოფელთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იეჰოვას მოწმე გახდა და ისინი ავიწროებდნენ მართლმადიდებლებს. ორთაშენში იეჰოვას მოწმეებს ნაყიდი აქვთ სახლი, სადაც ისინი პერიოდულად იკრიბებიან და ატარებენ თავიანთ სწავლებებს. სახლი ეკუთვნის იეჰოვას მოწმე დავით სამხარაძეს. სახლის ეზოში მოწყობილია სპეციალური სცენა, საიდანაც ხდება ბიბლიის განმარტება, არის მიკროფონი და ხმის გამაძლიერებლები. იქვე მოწყობილია სანათლავი. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ორთაშენელმა მართლმადიდებლებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ სოფელში იეჰოვას მოწმეების რიცხვი ძალიან გაიზარდა, რომ მათ ხელს უშლის იეჰოვას მოწმეების კონგრესები, მუდმივი ხალხმრავლობა და ის ხმაური, რაც ამ კონგრესებს მოსდევს.

ამავე დროს, გამოითქვა რელიგიური ხასიათის პრეტენზიებიც. მაგალითად, დათო სამხარაძის მეზობელმა, ყოფილმა იეჰოვას მოწმე თინათინ ბალიაშვილმა განაცხადა: „არც დღე და არც ღამე მოსვენება არა მაქვს. ვისაც რა უნდა ის ირწმუნოს, მაგრამ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ახლა, როცა ორი დიდი დღესასწაული - „ფერისცვალება“ და „მარიამობა“ - მოახლოვდა, მით უმეტეს, რომ ზოგიერთები მარხვასაც ვინახავთ, ჩემს მეზობლად კონგრესის ჩატარება და ბიბლიის არასწორი კითხვა, რაღაც მუსიკების მოსმენა ჩემზე ცუდად მოქმედებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი უფლებების დარღვევა და ჩვენზე ზეწოლაა.“

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან საუბრის დროს იეჰოვას მოწმეებმა განაცხადეს, რომ აგვისტოში ისინი აპირებდნენ კონგრესის ჩატარებას ორთაშენში. მათ ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ განზრახული იყო კონგრესის დარბევა. დარბევის თავიდან ასაცილებლად იეჰოვას მოწმეებმა დახმარებისთვის მიმართეს გორის რაიონის გამგეობას და რაიონის პოლიციას, მაგრამ გამგებლის მოადგილემ ზაზა მებადურმა და რაიონული პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა გელა ცალქალამანიძემ უარი თქვეს მათ დაცვაზე, იმ მოტივით, რომ გორში გართულებულია კრიმინოგენული მდგომარეობა და პოლიციას დრო არა აქვს, დაიცვას იეჰოვას მოწმეების სამდღიანი კონგრესი.

16 აგვისტოს 30-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრებსაც შავი ტანსაცმელი ეცვათ და გულზე თეთრი ჯვრები ეკეთათ, შეიჭრნენ ორთაშენში იეჰოვას მოწმეების სახლში. თავდამსხმელებს შორის იეჰოვას მოწმეებმა 5 ადგილობრივი მართლმადიდებელი ამოიცნეს, რომელთა ვინაობაც იეჰოვას მოწმეებმა არ გაამხილეს. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ იეჰოვას მოწმეები მანუჩარ გიორგაშვილი, სოსო ხარშილაძე და შალვა მამფორია. თავდამსხმელებმა სახლის ორივე სართულზე დალეწეს ყველაფერი, რისი დალეწვაც შეიძლებოდა, ეზოში გამოიტანეს დიდი რაოდენობით ლიტერატურა და დაწვეს, სცემეს შალვა მამფორია, სხვებმა კი მიმალვა მოასწრეს. შემდეგ მიადგნენ მეზობელ სახლში მცხოვრებ იეჰოვას მოწმე ომარ კაველაძეს, გაიყვანეს ეზოდან და ცემა დაუწყეს. ომარის მეუღლემ, ნუნუ კაველაძემ სცადა მიშველება, რის გამოც ისიც სცემეს. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ნუნუ კაველაძეს ცემისგან დალურჯებული ჰქონდა ხელები. თავდამსხმელები მოვიდნენ იკარუსის ტიპის ავტობუსით (სახელმწიფო ნომერი “GEO OAA 049”), რომელიც იქვე ელოდებოდა დარბევის დამთავრებამდე. სოფლის შესასვლელში იდგა საგზაო პოლიცია, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა დასახმარებლად გამოიძახეს, მაგრამ პოლიცია მათ არ მიეხმარა.

დარბევის შემდეგ ორთაშენში ვითარება ძალიან დაიძაბა. ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა აცხადებდა, რომ ისინი კარგად არიან ორგანიზებული და არ დაუშვებენ, რომ სოფელში მომავალში კიდევ ჩატარდეს იეჰოვას მოწმეების კონგრესები. მათი თქმით, მათ აქვთ საკმარისი რაოდენობის ტექნიკა, რათა გადაკეტონ სოფლის ყველა შესასვლელი.

23 აგვისტოს ორთაშენის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ სოფლის ცენტრში მოაწყო აქცია, რასაც დაესწრნენ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები მიხეილ ქარელი და ია მეფარიშვილი. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და აცხადებდნენ, რომ 16 აგვისტოს იეჰოვას მოწმეების დარბევის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან სოფლის ზოგიერთ მაცხოვრებელზე დაიწყო ზეწოლა იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობდნენ დარბევაში. შეკრებილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ საგამოძიებო დეპარტამენტის გორის განყოფილებისა და მისი უფროსის, ვანო სამხარაძის მიმართ, რომლებიც იძიებენ ამ საქმეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ პოლიციის მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება, სოფელში სიტუაცია უმართავი გახდება და ხელახლა დაარბევენ იეჰოვას მოწმეებს.

23 აგვისტოს შეხვედრაზე უნდა მისულიყვნენ რაიონის გამგებელი ზაზა კოშაძე და გამგეობის სხვა წევრები, მაგრამ დილიდანვე შეკრებილი მოსახლეობა საღამოს 5 საათამდე ამაოდ ელოდა მათ მისვლას. ზაზა კოშაძე იმ დღეს მსაჯის ფუნქციებს ასრულებდა გორის სპორტკომიტეტის დარბაზში, სადაც რაიონის გამგებლებს შორის მკლავჭიდში შეჯიბრი გაიმართა.

  • იეჰოვას მოწმე წვევამდელთა პრობლემები ქუთაისში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებამ, რომლითაც იეჰოვას მოწმეთა ორ ორგანიზაციას რეგისტრაცია გაუუქმდა, პრობლემები შეუქმნა იეჰოვას მოწმე წვევამდელებს. იეჰოვას მოწმე წვევმდელს რომეო რობაქიძეს, რომელიც ალტერნატიულ სამსახურს ითხოვდა, ქუთაისის სამხედრო კომისარიატში ბეჭდიანი ცნობის მიტანა სთხოვეს იმის დასტურად, რომ ის ნამდვილად იეჰოვას მოწმეა. რობაქიძემ იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეების რეგისტრაცია გაუქმებულია, ამგვარი ცნობა ვერ წარადგინა, რის გამოც იგი ჯარში გაიწვიეს. რომეო რობაქიძის ახლობლები ამ ფაქტის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში აწყობდნენ აქციებს ქუთაისის სამხადრო კომისარიატის წინ, რის შემდეგაც სამხედრო კომისარი ტრისტან გორდაძე იძულებული გახდა, რომეო რობაქიძე სამხედრო ნაწილიდან გამოეწვია.

წყალტუბოში გედეონის საძმოს დარბაზი არ მიაქირავეს

სექტემბრის დასაწყისში ბიბლიის გამავრცელებელთა საზოგადოების „გედეონის საძმოს“ წევრები შეუთანხმდნენ წყალტუბოს საკონცერტო დარბაზის დირექტორს რომან დგებუაძეს, რომ 6 სექტემბერს მისგან იჯარით აიღებდნენ დარბაზს. „გედეონის საძმოს“ მიზანი იყო, გადაეცათ ინვალიდებისთვის ეტლები და ეჩვენებინათ ფილმი „ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა“. 6 სექტემბერს, დილას, „გედეონის საძმოს“ წარმომადგენელს, ომარ საცერაძეს რომან დგებუაძემ უარი უთხრა დარბაზის მიქირავებაზე, რადგან, მისი თქმით, მართლმადიდებელი ეპარქიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე დარბაზს ვერ მიაქირავებდა.

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები ამ ფაქტთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ წყალტუბოს საკრებულოს მდივანს გურამ სოფრომაძეს, რომელმაც პირად საუბარში „გედეონის საძმოს“ მიმართ კეთილგანწყობა დაადასტურა, მაგრამ საკითხის დარეგულირებაზე უარი თქვა, რადგან, მისი თქმით, ეს მის ძალებს აღემატება. რაიონის გამგებელმა მირზა ქორქაშვილმა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედას ან სატელეფონო საუბარს თავი აარიდა.

საბოლოოდ, ფილმის ჩვენება და ინვალიდის ეტლების გადაცემა მოხდა ერთ-ერთი სანატორიუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ.

  • იეჰოვას მოწმეების დარბევა თელავში

2002 წლის 16 სექტემბერს, დღის პირველ საათზე თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში დაარბიეს იეჰოვას მოწმეების შეკრება. შეკრება იეჰოვას მოწმე ლილი წიფლაშვილის ბინაში ტარდებოდა, როცა ბინაში შეიჭრა 5 ნიღბიანი პიროვნება, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთ-ერთ მათგანს კი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომელიც რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში. თავდამსხმელებმა დაარბიეს წიფლაშვილის სახლი, ჩაამსხვრიეს მინები, უშვერი სიტყვებით აგინეს შეკრებილებს, გაიტაცეს იეჰოვას მოწმეების ჩანთები და სასტიკად სცემეს იეჰოვას მოწმე კახა ბებისაშვილი, რომელმაც გონება დაკარგა. ბებისაშვილი მიიყვანეს სოფლის გამგეობაში, სადაც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ, მაგრამ მათ სასაცილოდ აიგდეს დაზარალებულები და განუცხადეს, ეს ფაქტი ჩვენ არ გვეხება და თელავის პოლიციას მიმართეთო.

საავადმყოფოში მიყვანილ ბებისაშვილს გარეგნული დათვალიერების შედეგად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ზედა ყბის, ლოყის არეში. გარდა ამისა, იგი უჩიოდა თავის ტკივილს და კისრის დაჭიმვითი ხასიათის ტკივილს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ დარბევა მოხდა სოფელ ნაფარეულის გამგებლის, ნოდარ ფარადაშვილის ინიციატივითა და მონაწილეობით. მათი თქმით, ადრე ხშირად ყოფილა შემთვევები, როდესაც ფარადაშვილი და მისი თანამშრომელი, ზურაბ ხოლუაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იეჰოვას მოწმეებს და მათ საჯაროდ გაშიშვლებით ემუქრებოდნენ. დარბევამდე მცირე ხნით ადრე ნოდარ ფარადაშვილი მივიდა იეჰოვას მოწმეების შეკრებაზე და დაემუქრა, თუ კიდევ შეიკრიბებით, ნახავთ რაც მოგივათო. დარბევის შემდეგ ლილი წიფლაშვილმა სთხოვა ფარადაშვილს, დახმარებოდა ჩანთის დაბრუნებაში, რადგან ჩანთაში მას წამლები ჰქონდა. ფარადაშვილმა უარი უთხრა, თან შეახსენა - აი, ამიტომ გაფრთხილებდითო, ხოლო როცა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეები ჩივილს აპირებენ, განუცხადა, სადაც გინდათ, იქ იჩივლეთ, მე არავისი მეშინიაო.

ამჟამად დარბევის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილობრივი პოლიცია აიძულებს დაზარალებულებს, გამოიტანონ საჩივარი და სცადონ თავდამსხმელებთან შერიგება.

8 დისკრიმინაცია ეთნიკურ ნიადაგზე

▲back to top


  • რეპატრირებული მესხები პირადობის მოწმობებს ვერ იღებენ

ახალციხეში ცხოვრობს რეპატრირებული მესხების - იბრაგიმოვების - ოჯახი, რომლებიც, მათივე თქმით, წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ ჩორჩანიდან არიან. ოჯახი ახალციხეში საცხოვრებლად 1998 წელს ჩამოვიდა ჩეჩნეთიდან, სნაურის რაიონის სოფელ იშორსკიდან, სადაც ისინი ყაზახეთიდან წამოსვლის შემდეგ ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი საქართველოში უკვე ოთხი წელია ცხოვრობს, მათ ვერ მოახერხეს რაიმე დოკუმენტის მიღება, რითაც ისინი თავიანთი პირადობის დადასტურებას შესძლებენ.

ნურხან იბრაგიმოვას თქმით, მან დიდი ხნის წვალების შემდეგ მოახერხა მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების მოგროვება (ყველაზე ძალიან ჩეჩნეთიდან ამოწერა გაჭირდა) და უკვე მეორე წელია საბუთები იუსტიციის სამინისტროში დევს. ყოველი ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ხელახლა მთხოვენ მოქალაქეობის მისაღებად განცხადების დაწერას. საბუთები კი ყველაფერი ჩავაბარე, სამაგიეროდ არავითარი მოწმობა არ მოუციათ. ამის გამო ახალციხიდან გასვლაც კი მეშინია, უსაბუთოდ სად წავიდე - ამბობს ნურხან იბრაგიმოვა.

9 ხელისუფლების პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში

▲back to top


(რეაგირება საერთაშორისო კრიტიკაზე და თანამშრომლობა უფლება დაცვით ორგანიზაციებთან)

  • პრეზიდენტის პრესსამსახურის რეაგირება ევროკავშირის კრიტიკაზე

საქართველოს ხელისუფლებამ საანგარიშო პერიოდში არ შეასრულა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აღებული ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2002 წლის 17 მაისის №240 ბრძანებულებაშია ჩამოთვლილი (იხ. „ადამიანის უფლებების მიმოხილვა“, №2). მეტიც, თუკი ადრე ხელისუფლება ფორმალურად მაინც ახდენდა რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკაზე, საანგერიშო პერიოდში შეიმჩნევა ამ ტენდენციის უგულვებელყოფის ტენდენცია.

2002 წლის ივლისის ბოლოს ევროკავშირის წევრმა, ევროკავშირთან ასოცირებულმა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი ქვეყნებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც გმობდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის ფაქტს. განცხადებაში ნათქვამია: „ეს თავდასხმა, ისევე, როგორც საქართველოს სხვა არასამთავრობო თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტები, ძირს უთხრის სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებას საქართველოში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, როგორც ევროპის საბჭოსა და ეუთოს წევრმა ქვეყანამ, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს კანონიერი უფლება, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ მშვიდობიან საქმიანობაში კრიმინალური თუ ძალადობრივი აქტების შიშის გარეშე. მარცხი, რომელიც ხელისუფლებამ განიცადა ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე.“

განცხადების პასუხად საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ ბონდო მძინარაშვილმა გააკეთა კომენტარი, რომელიც 25 ივლისს გამოქვეყნდა სამთავრობო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. კომენტარში კარგად ჩანს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში მაქსიმალურად არის დაცული ადამიანის უფლებები, მათ შორის რელიგიური უმცირესობების და არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებიც: „არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებს რომ თავისუფლება აქვთ საქართველოში, მსგავსი არ შეიძლება არსებობდეს არსად, არც ერთ ქვეყანაში. არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების ზრუნვის საგანია და თუკი ცალკეული დაჯგუფებანი ერთმანეთთან ანგარიშსწორებისას ძალადობის ფორმებს მიმართავენ, ეს უკვე კრიმინალის სფეროა და არა პოლიტიკისა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ იეღოველთა სექტის მიერ მართლმადიდებლური ხატებისა და სიწმინდეების ხელყოფა, თავიანთი რელიგიის ძალადობრივი ფორმებით გავრცელება და ადამიანებისათვის თავს მოხვევა შობს ადეკვატურ რეაქციას. კარგი იქნებოდა, ამაზეც თუ გაამახვილებდნენ ყურადღებას ჩვენთვის კეთილისმსურველები... კრიმინალურ და ძალადობის აქტებს თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ნებისმიერ მშვიდობიან საქმიანობაშიც არაერთხელ შეუტანია დისონანსი და, არა მგონია, თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებათა მარცხად გამოეცხადებინოთ ასეთი ფაქტი თუ ფაქტები… საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე ეს ერთი ფაქტი დიდ გავლენას ვერ მოახდენს, თვით „თავისუფლების ინსტიტუტის“ „ავტორიტეტისა და სახელის“ გათვალისწინებითაც კი.“

  • ფინანსთა მინისტრის ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლის შესახებ

2002 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა გამოცა ბრძანება ¹301, რომლის თანახმადაც საქართველოში დახმარების სახით შემოსული ფასეულობების (საქონლისა და ფულადი სახსრების) კანონიერებისა და გამოყენების მიზნობრიობის დადგენის მიზნით უნდა შეიქმნას სამინისტროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი. ჯგუფმა მონიტორინგი უნდა ჩაუტაროს იმ ორგანიზაციებს, რომელთა მიერ მიღებულ საქონელსა თუ ფულად სახსრებს სამინისტრომ მიანიჭა გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი. ჯგუფმა უნდა დაადგინოს დახმარების სახით მიღებული სახსრების ათვისებისა და გამოყენების კანონიერება, აგრეთვე დაცულია თუ არა ხელშეკრულებით დაცული ვადები და სხვა.

ამ ბრძანებით ხელისუფლებამ შემოვლითი გზით ცადა პოლიტიკური კონტროლის დაწესება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რაც მანამდე რამდენჯერმე ცადა ჯერ გრანტების შესახებ კანონპროექტით, შემდეგ კი კანონპროექტით ქველმოქმედების შესახებ (იხ. „ადამიანის უფლებების მიმოხილვა“, №2). რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, კერძოდ ახალგაზრდა ეკონომისტთა საზოგადოებამ, ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოებამ, თავისუფლების ინსტიტუტმა და ბიზნეს-სამართლის ცენტრმა გააპროტესტეს მინისტრის ბრძანება, რის შემდეგაც სამინისტრომ უკან დაიხია და განაცხადა, რომ შეცვლიდა ბრძანებას, თუმცა, საანგარიშო პერიოდში ეს არ მომხდარა.

  • პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო ქუთაისში

ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დადებითი პრეცედენტი გაჩნდა ქუთაისში, სადაც თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლების ინიციატივით ქუთაისის შს სამმართველოსთან შეიქმნა „პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო“. 16 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის კოორდინატორი გოჩა ჩხეტია შეხვდა შს ქუთაისის სამმართველოს უფროსს თემურ ნოზაძეს და შესთავაზა წინასწარი დაკავების საკნებში საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება. ამასთან, წარუდგინა „წინასწარი დაკავების საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს“ დებულება. თემურ ნოზაძემ მოიწონა როგორც იდეა, ისე საბჭოს დებულებაც, რის შემდეგაც, 28 აგვისტოს გაიმართა საბჭოს პირველის სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა საბჭოს სამუშაო დებულება. საბჭოს დებულების თანახმად, საბჭოს 9 წევრიდან ორს ნიშნავს ქუთაისის შს სამმართველოს უფროსი, 7 წევრს კი არასამთავრობო ორგანიზაციები ნიშნავენ. საბჭოს საქმიანობის ფორმატი განსაზღვრულია საბჭოს ზოგადი დებულებით:

1. ზოგადი დებულება

1.1. პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო (შემდგომში „პ.ს.მ.ს.“) არის მუდმივმომქმედი, საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ორგანო.

.... მიზანია:

- პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის დონის ამაღლება;

- პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლება;

- პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევების ფაქტების შემცირება;

- პოლიციის ეფექტური საქმიანობისათვის გარემოს შექმნა.

პ.ს.მ.ს. ამოცანებია:

- პოლიციის საქმიანობის მონიტორინგი;

- სამოქალაქო განათლება;

- საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება.

პოლიციის საქმიანობის მონიტორინგი შეიძლება მიმართულ იქნეს შემდეგი პრობლემების გამოსავლენად და გამოსასწორებლად:

- წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა;

- უკანონო დაკავება, არასანქცირებული ჩხრეკა;

- ცეცხლსაროლი იარიღის გამოყენება, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს;

- ფიზიკური ძალის გამოყენება, როცა აუცილებლობა არ არსებობს;

- კონსტიტუციით გარანტირებული 72-საათიანი ვადის დარღვევა;

- „ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ“: გადამეტებული ჩხრეკა, ნარკოტიკის ჩადება;

- პოლიციელის მიერ კანონის დარღვევის იგნორირება;

- მშვიდობიანი თავყრილობების ძალის გამოყენებით დარბევა;

- დაკავებაზე და ჩხრეკაზე დამსწრე „პროფესიონალი მოწმეების“ გამოვლენა;

- უსახლკაროების, ახალგაზრდების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა;

- პოლიტიკოსების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათ წინააღმდეგ გამოყენება.

სამოქალაქო განათლება გულისხმობს მოსახლეობისათვის გაცნობას, შეხვედრების ორგანიზებას, სამახსოვროების და ბროშურების დარიგებას.

საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება გულისხმობს პოლიციის მუშაკებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების და დამატებების პროექტების შემუშავებას პოლიციის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

1.2. „პ.ს.მ.ს.“ -ს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია:

ა) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

ბ) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

გ) კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ;

დ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენცია;

ე) პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები;

ვ) საქართველოს კონსტიტუცია;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ;

ი) საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ;

კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები.

2. ....- შემადგენლობა

2.1. პ.ს.მ.ს.-ს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის და პოლიციის წარმომადგენლები.

2.2. პ.ს.მ.ს.-ს წევრთა შემადგენლობა განისაზღვრულია 9 კაცით.

2.3. პ.ს.მ.ს.-ს წევრთა შემადგენლობას ამტკიცებს შ.ს. ქუთაისის სამმართველოს უფროსი.

3. ....- მუშაობის წესი

3.1. პ.ს.მ.ს.-ს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.

3.2. პ.ს.მ.ს.-ს სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.

3.2. პ.ს.მ.ს.-ს სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

3.4 პ.ს.მ.ს.-ს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება განსკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს თავმჯდომარის, წევრთა მესამედის ან შს სამმართველოს უფროსის თხოვნით.

3.5 პ.ს.მ.ს.-სათვის სამუშაო პირობების შექმნას უზრუნველყოფს შ.ს. ქუთაისის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული პოლიციის ქვეგანყოფილებების ადმინისტრაცია.

3.6 პ.ს.მ.ს.-ს წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ:

- ჩაატარონ წინასწარი დაკავების ადგილების მონიტორინგი ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში წინასწარი გაფრთხილებისა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე;

- მოითხოვონ და მიიღონ ყველა საჯარო ინფორმაცია პოლიციის ორგანოებიდან;

- მოახდინონ რეაგირება პოლიციის წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრებზე;

- მოქალაქეთა საჩივრებთან დაკავშირებით აწარმოონ ფაქტების მოკვლევა;

- დაესწრონ დაკავებულების სამედიცინო ექსპერტიზას;

- წარუდგინონ პოლიციის ხელმძღვანელობას რეკომენდაციები;

- თავის მუშაობაში მოითხოვონ პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების ჩართვა.

3.6 პ.ს.მ.ს.-ს წევრები აღნიშნულ საქმიანობებს აწარმოებენ ანაზღაურების გარეშე.

  • თანამშრომლობა პროკურატურასა და შს სამინისტროსთან

თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით, აგვისტოს თვეში მოეწყო უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან, შს მინისტრთან კობა ნარჩემაშვილთან და გენერალურ პროკურორთან ნუგზარ გაბრიჩიძესთან. შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ შეიქმნება პოლიციასა და პროკურატურაზე ზედამხედველობის საზოგადოებრივი საბჭოები. ეს ინიციატივა უფრო აქტიურად აიტაცა გენერალურმა პროკურორმა, ხოლო შს მინისტრმა თავი შეიკავა.

  • სიტვისა და პრესის თავისუფლების კანონის მიღების პერსპექტივა

სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრის დროს სახელმწიფო მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ თვითონაც და პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციებიც მხარს დაუჭერდნენ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „პრესისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. ამავე საკითხთან დაკავშირებით, 16 სექტემბერს, თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივითა და IRIS-საქართველოს ეგიდით სასტუმრო „მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია სიტყვის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში, რომელიც „სიტყვისა და პრესის თავისუფლების“ კანონპროექტის განხილვას მიეძღვნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თედო ისაკაძე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ფრაქციების თითქმის მთელი სპექტრი: დავით გამყრელიძე და დავით კოღუაშვილი (ახალი მემარჯვენეები), გიორგი ბარამიძე, ელენე თევდორაძე და ვასილ მაღლაფერიძე (გაერთიანებული დემოკრატები), ზურაბ ტყემალაძე და ვახტანგ ხმალაძე (მრეწველები), ზურაბ ადეიშვილი, კოტე კემულარია და ნოდარ გრიგალაშვილი (მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის), გიორგი თარგამაძე (ერთიანი საქართველო), ვაჟა ლორთქიფანიძე (ქრისტიან-დემოკრატები), გოჩა პაიჭაძე (აღორძინება) და სხვები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ იმ პრინციპებს, რომლებიც თავისუფლების ინსტიტუტის კანონპროექტშია ჩამოყალიბებული და თავიანთი პოლიტიკური ნება ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერითაც დააფიქსირეს.

10 დეკლარაცია

▲back to top


„პრესის თავისუფლება, დამოუკიდებელი მედიის არსებობა ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. თავისუფალი მედიის განვითარების ნიშნული, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებთან შედარებით აშკარად უფრო მაღალია. მიუხედავად ამისა, მედიის, ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობათა დარეგულირება ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება. კერძოდ, არსებობს აშკარა წინააღმდეგობა, ერთის მხრივ, მედიის შედარებით თავისუფლებასა და ასევე შედარებით ლიბერალურ კანონმდებლობასა და, მეორეს მხრივ, ყოველდღიურ პრაქტიკას შორის, რასაც კონკრეტული სასამართლო პრეცენდენტების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა არაერთი გამონათქვამი და ინიციატივაც ცხადყოფს. აქედან გამომდინარე, სიტყვისა და პრესის თავისუფლება საქართველოში უფრო მტკიცე სამართლებრივ გარანტიებს საჭიროებს.

ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აგრეთვე მასმედიაში მყარი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების არარსებობა, რის გარეშეც არა მარტო წარმოუდგენელია მაღალპროფესიონალური ჟურნალისტიკა, არამედ პროფესიული ეთიკის დეფიციტი დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაციის საფრთხესაც შეიცავს.

ამავე დროს, ჩვენ ცხადლივ ვაცნობიერებთ, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლების სრულფასოვანი დამკვიდრების გარეშე, პრინციპულად შეუძლებელია მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ამოქმედება და მდგრადი პროფესიულ-ეთიკური ნორმების ფორმირება.

ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უკვე გააკეთა. არჩევანი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების სასარგებლოდ. ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრული ვიქნებით ყოველი ჩვენგანი ამ პრინციპების დაცვისას. ეს არის ჩვენი ნებაყოფლობითი არჩევანი, რომელიც განმტკიცებულია იმ ვალდებულებებით, რაც საქართველომ იკისრა ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ვადასტურებთ რა ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებისადმი, ვაცხადებთ, რომ უნდა გაფორმდეს ერთგვარი სოციალური კონტრაქტი მედიას, საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის, რაც კონკრეტულად გამოიხატება შემდეგი აქტივობებით:

  • პოლიტიკოსები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ სიტყვის თავისუფლების მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნისკენ, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე „სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონის“ მიღება.

  • სამოქალაქო სექტორი, მედიისა და უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, თავიანთ ძალისხმევას მიმართავს თვითრეგულირების მექანიზმების ფორმირებისა და ჟურნალისტური ეთიკის მყარი პრინციპების შემუშავებისკენ, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება მედიის „პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კოდექსი“.

11 ქალთა და ბავშვთა უფლებები

▲back to top


  • სკოლის დირექტორმა მოსწავლე სასტიკად სცემა

ქუთაისის მუსიკალური ინტერნატის დირექტორმა ამირან ხუჯაძემ სკოლა-ინტერნატის მოსწავლე ბექა ბიბილეიშვილი სცემა. როგორც ბავშვი ჰყვება, დირექტორმა მას ჯერ სახეში გაარტყა, შემდეგ იღლიაში ამოიჩარა და თავში ურტყა. ბიბილეიშვილს ცხვირიდან და ყურიდან სისხლი წასკდა. ცემის შემდეგ დირექტორმა იგი ოთახში დაამწყვდია. ბავშვმა მეორე დღეს თავისი კლასელის და ძმის დახმარებით, რომელიც ასევე ინტერნატში სწავლობს, მოახერხა დაკეტილი ოთახიდან გასვლა და ნათესავებთან მისვლა.

ბექა ბიბილეიშვილის ნათესავების თქმით, ბავშვს სახე ჩალურჯებული და დასიებული ჰქონდა. იგი რამდენიმე დღე ბებიის სახლში იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში დირექტორს არც მოუკითხავს. როცა ბავშვის ნათესავები მივიდნენ დირექტორთან, მან იქით მიაყენა შეურაცხყოფა და, საბოლოოდ, ნათესავებსა და დირექტორს შორის საუბარი ჩხუბით დასრულდა. ამის შემდეგ, როგორც ბავშვის ნათესავები ამბობენ, დირექტორმა თავისი ნათესავი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართო საქმეში. თავიდან ბავშვის ნათესავები თანახმა იყვნენ, ფაქტის შესახებ პოლიციასა და პრესაში გაეცხადებინათ, მაგრამ კანონიერი ქურდების ჩარევის შემდეგ თავი შეიკავეს. როგორც თქვეს, ეშინიათ, რადგან ქურდული სამყაროს ჩარევის შემდეგ პოლიციაში წასვლა აღარ შეიძლება. თან იმის შიშიც ჰქონდათ, რომ ბევრი ხმაურის გამო დირექტორი ბავშვებს ინტერნატში აღარ გააჩერებს.

ბავშვების დედა ორი წლის წინ გარდაიცვალა, მამა რუსეთში არის სამუშაოდ წასული. ბავშვები ინტერნატში მოხუცმა ბებიამ მიიყვანა. ნათესავებმა ტელევიზიებს, რომლებიც თავისუფლების ინსტიტუტეს წარმომადგენლებმა მიიყვანეს, ჩაწერაზე უარი უთხრეს, თუმცა, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაზეთ „პოსტსკრიპტუმში“ მაინც დაიწერა ამ ფაქტის შესახებ, თანაც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეატყობინეს პოლიციას და განათლების განყოფილებას.

ამჟამად დირექტორი ბავშვს მკურნალობს. იგი იმუქრება, რომ უჩივლებს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს ამ ფაქტის გახმაურების გამო.

  • ლია ერგემლიძის საქმე

2002 წლის 20 ივნისს ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით დააკავა გორის რაიონის სოფელ გორიჯვრის მოსახლეობამ დააკავა ტყიბულელი ბუხუტი გოტიაშვილი, სცემა იგი და პოლიციას გადასცა (იხ. ადამიანის უფლებების მიმოხილვა, ¹2). 21 ივნისს გორის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში ბუხუტი გოტიაშვილი ცუდად გახდა, რასაც ესწრებოდნენ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები. სასწრაფო დახმარების მანქანა, რამდენჯერმე გამოძახების მიუხედავად, გამოძახებაზე არ მოვიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით 16 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტი ადგილობრივი პრესის თანდასწრებით შეხვდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პერსონალს. სასწრაფოს მთავარი ექიმი ლია ერგემლიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კრების ჩატარებას, მაგრამ, საბოლოოდ, იძულებული გახდა, კრება ჩაეტარებინა.

კრებაზე გაირკვა, რომ არსებობს საწვავისა და წამლების სარეზერვო მარაგი, ხოლო 21 ივნისის მორიგემ, სამკურნალო დარგში მთავარი ექიმის მოადგილემ მარინე ბეროზაშვილმა აღნიშნა, რომ მას ამის შესახებ არაფერი გაუგია და, ამიტომ, არც მოუთხოვია რეზერვიდან რაიმეს მიცემა, საწვავისა და მედიკამენტების გარეშე კი, მისი თქმით, იგი გამოძახებაზე ვერ გავიდოდა. ბეროზაშვილის თქმით, საავადმყოფოს მთავარი ექიმი ლია ერგემლიძე ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტს და მას არაფერში ახედებს. უნდა ითქვას, რომ მარინე ბეროზაშვილი არის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში.

კრებაზე თავისუფლების ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ფაქტების საფუძველზე მთავარმა ექიმმა ლია ერგემლიძემ 29 ივლისს საყვედური გამოუცხადა მარინე ბეროზაშვილს, რომელმაც საყვედური სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან, მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავარ ექიმს უნდა დაკისრებოდა, რომელიც მალავდა მედიკამენტებს და საწვავს. 19 აგვისტოს გაიმართა პროცესი. მოწმეებად გამოძახებულმა მედდებმა დალი ივანიშვილმა და ლალი თინიკაშვილმა განაცხადეს, რომ მთავარმა ექიმმა მათ პროცესზე წამოსვლის წინ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კატეგორიულად აუკრძალა სასამართლოზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ 1 სექტემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

მუქარა განმეორდა სასამართლო პროცესზეც, სადაც მთავარმა ექიმმა მედდებს აუკრძალა აზრის გამოხატვა, რაც დაფიქსირდა სასამართლო სხდომის ოქმში. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა კოორდინატორმა ია მეფარიშვილმა შეადგინა ოქმი, რომელზეც ხელი მოაწერეს მედდებმა დალი ივანიშვილმა და ლალი თინიკაშვილმა, ექიმმა მარინა ბეროზაშვილმა, ადვოკატმა ბესო კაიშაურმა, ჯანდაცვის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ჟუჟუნა წერეთელმა. ლია ერგემლიძემ და მისმა ადვოკატმა თამარ თედიაშვილმა ოქმზე ხელი არ მოაწერეს.

სასამართლო პროცესი გაგრძელდა 21 და 26 აგვისტოს. 26 აგვისტოს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ბეროზაშვილის სასარგებლოდ, მას მოეხსნა საყვედური და იგი აღდგა მთავარი ექიმის მოადგილის თანამდებობაზე. ამავე დღეს მთავარმა ექიმმა ლია ერგემლიძემ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში განაცხადა, თითქოს ია მეფარიშვილმა სასამართლოზე მოახდინა ზეწოლა და სასამართლოს არასწორი ჩვენება მისცა. 27 აგვისტოს ია მეფარიშვილმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება. ამასთან, 19 სექტემბერს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს ქონების მართვის გორის სამმართველოს უფროსს გ. თოფჩიშვილს, რათა მას შეესწავლა შპს „არგოს“ დირექტორის ლია ერგემლიძის მოღვაწეობა, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ბრალს სდებენ ფინანსურ მაფიქაციებში და ფინანსების უკანონო ხარჯვაში.

  • კიკვიძის ქუჩა ქუთგაზის წინააღმდეგ

ქუთაისში, კიკვიძის ქუჩის მაცხოვრებლების აცხადებენ, რომ ამ ქუჩაზე „ქუთგაზის“ წარმომადგენლებმა მოსახლეობიდან აკრიფეს თანხა საერთო მრიცხველის შესაძენად და დასამონტაჟებლად. თანხის აკრების და გადახდის შემდეგ ქუჩაზე დამონტაჟდა საერთო მრიცხველი და დაიწყო გაზის მოწოდება. ერთი თვის შემდეგ გაზის მოწოდება შეწყდა „ქუთგაზის“ მხრიდან იმ მოტივით, რომ თითქოს ქუჩაში არსებობდა ფარულად გადაყვანილი გაზის მილები.

  • მოსახლეობა გაზის გასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ექვსი მაღალსართულიანი ბინის მაცხოვრებლები აპროტესტებენ მათი ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის გასამართი სადგურის აშენებას. ტერიტორია, სადაც პუნქტის მშენებლობის ნებართვა გასცა ქუთაისის არქიტექტურამ, ბინებიდან დაშორებულია 60-70 მეტრით. მშენებლობას შპს „კონტრაქტი“ აწარმოებს, გაზის გასამართი სადგურის მესაკუთრე კი პაატა მელქაძეა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, სოლიკო გაგუას თქმით, მან მშენებლობის ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც შესაბამისი სამსახურების დასკვნები მიიღო, რომელთა მიხედვით გაზის ჩამოსასხმელი პუნქტი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საჩინოს“ განცხადებით, ყველა სამსახურს, მაგალითად, გაზის ზედამხედველობის სამსახურს, დასკვნა არ გაუცია. არსებული დასკვნების სიზუსტესაც მოსახლეობა ეჭვის ქვეშ აყენებს. გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოყო კომისია იმის დასადგენად, არის თუ არა საშიში მოსახლეობისთვის პუნქტის აშენება. მოქალაქეთა თქმით, კომისია ჩამოვიდა, მაგრამ მათთან არ მისულა, კომისიას მასპინძლობა შპს „კონტრაქტმა“ გაუწია, ამდენად სამინისტროს დასკვნის ობიექტურობაშიც, რომელიც ჯერ ცნობილი არ არის, მოსახლეობას ეჭვი ეპარება. ამ საკითხთან დაკავშირებით 2 აგვისტოს ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციათა სახლში თავისუფლების ინსტიტუტისა და ანტიკორუფციული ასოციაციის „საჩინოს“ ინიციატივით მოეწყო მრგვალი მაგიდა.

წინასწარი მოკვლევით დადგინდა, რომ ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსს სულიკო გაგუას მშენებლობის პროექტი დამტკიცებული აქვს კანონით გათვალისწინებული რამდენიმე სამსახურის დასკვნის გარეშე. ნიკეას ქუჩის მცხოვრებთა წელიწადნახევრიანი პროტესტის მიუხედავად შპს „კონტრაქტი“ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ღამის საათებშიც ეწეოდა თხევადი გაზით გასამართი სადგურის მშენებლობას.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები, მასმედია, არასამთავრობო მორგანიზაციები, ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი და ქალაქის სხვა სამსახურების ხელმძღვანელები. ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი სულიკო გაგუა ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოს მშენებლობის პროექტის დამტკიცება მოხდა კანონიერად, მაგრამ იგი პასუხს ვერ სცემდა კოკრეტულ კითხვებს. საბოლოოდ, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ისინი შ.პ.ს. „კონტრაქტს“ მშენებლობის უფლებას არ მისცემენ და დაანგრევენ უკვე აშენებულს. თავისუფლების ინსტიტუტის წინადადებით, ისინი დათანხმდნენ, დავა სასამართლოს გზით გადაეწყვიტათ.

  • სამუსიკო სკოლის პედაგოგები დირექტორის წინააღმდეგ

ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ მათი უფლებები ილახება. ისინი ზეწოლას განიცდიან დირექტორის მხრიდან, რომელსაც მხარს უჭერენ იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი და მერიის იურიდიული სამსახური. მასწავლებლების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლით ჭიანურდება გამოძიება სამუსიკო სკოლაში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ. დირექტორი ზანდა კიკვაძე ორი წლის წინ მერიამ დანიშნა კონკურსის წესით. კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ორი წელი დასჭირდა სასამართლოს, სანამ ამ საქმის განსჯადობას გადაწყვეტდა. მასწავლებლების აზრით, კონკურსი კანონდარღვევით ჩატარდა. მოსარჩელე არის თინათინ კანდელაკი, რომელიც ასევე მონაწილეობდა კონკურსში, ხოლო კონკურსამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. თინათინ კანდელაკი და სკოლის რამდენიმე პედაგოგი მიიჩნევს, რომ სკოლაში მათი მუშაობა შეუძლებელი გახდა. მათი აზრით, სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემთხვევაში შეიძლება. ისინი დაცვას ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებისგანაც ითხოვენ.

თავისუფლების ინსტიტუტი დაეხმარა სკოლის პედაგოგებს, მათი მოთხოვნები პრესაში გაშუქებულიყო, რასაც მოჰყვა მუქარა და შეურაცხმყოფელი თავდასხმები ინსტიტუტის წევრების მიმართ. მიუხედავად ამისა, პრესაში გაშუქებამ დააჩქარა სარჩელის განხილვა და საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თინათინ კანდელაკის სარჩელი - მან მერიის მიერ ჩატარებული კონკურსი კანონიერად ცნო, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა კანდელაკის მოთხოვნა დირექტორის გათავისუფლების საკითხში, რადგან მის შრომის წიგნაკში ყალბი ჩანაწერების არსებობა დადასტურდა. სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლეს მერიის იურისტი მიუვარდა, რომელიც უკმაყოფილო იყო გადაწყვეტილებით და პრეტენზიას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კანდელაკის სარჩელი.

  • ნუგზარ ერაგია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ

ნუგზარ ერაგია ელექტრომექანიკურ ქარხანაში მუშაობდა, საიდანაც გაათავისუფლეს შრომის დასციპლინის დარღვევის გამო. ერაგია მიიჩნევს, რომ ის უკანონოდ გაათავისუფლეს, ამიტომ მან 40-მდე სარჩელი დაწერა ქუთაისის სასამართლოში, მაგრამ მისი სარჩელების განხილვა ჭიანურდება. საბოლოოდ, ნუგზარ ერაგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით ილახება მისი პატივი და ღირსება და ასეთი მოსამართლეების დანიშვნის გამო საქართველოს პრეზიდენტს უჩივლა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, მოითხოვა მისგან ბოდიშის მოხდა და 1001 ლარის გადახდა. სარჩელის დაწერისკენ ერაგიას მოსამართლე ზურაბ ყვავაძის საქციელმა უბიძგა, რომელიც, მისი აზრით, პატიოსანი მოსამართლეა, მაგრამ არის გულმავიწყი, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ერაგია პრეზიდენტისგან მოითხოვს, უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოების კანონის შესაბამისად მუშაობა.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო, რადგან მოსამართლე საჯაიამ ჩათვალა, რომ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო განხილვას.

  • ბაგა-ბაღის თანამშრომლები მერიის განკარგულების წინააღმდეგ

ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმელების კომბინატთან არსებული ბაგა-ბაღის დირექტორი და თანამშრომლები აპროტესტებენ მერიის განკარგულებას, რომლითაც ბაგა-ბაღის შენობა გადაეცა ნატო გენძეხაძეს უდედმამო ბავშვთა სახლის გასახსნელად, შენობაში კი არც ეს სახლი გაიხსნა და აღარც ბაღი ფუნქციონირებს. მასწავლებლები მერიისგან შენობის დაბრუნებას და გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. თავისუფლების ინსტიტუტი მათ სარჩელის მომზადებასა და პრობლემის პრესაში გაშუქებაში ეხმარება.

  • მისაღები გამოცდების მონიტორინგი გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტებში

19 ივლისს შიდა ქართლში თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა მიხეილ ქარელმა განცხადებით მიმართა გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს და, ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მოითხოვა უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების უფლება, რაზეც უნივერსიტეტების ხელმძღვანელობისგან მიიღო უარი. ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორატის პასუხის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ წესებში არსად არაა მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან დამოკიდებულების საკითხი, ხოლო გამოცდებზე გარეშე პირთა დასწრება „არა მარტო აბნევს და აღიზიანებს აბიტურიენტებს, არამედ შეურაცხმყოფელია თვით გამომცდელებისთვის“, რომ „სასწავლო დაწესებულება არაა საარჩევნო უბანი“ და ა.შ. ყოველივე აქედან გამომდინარე, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ გამოცდებზე დასწრების უფლებაზე.

გორის უნივერსიტეტის რექტორატის პასუხში ნათქვამია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული „მისაღები გამოცდების მიმღები საგამოცდო კომისიების შესახებ დებულება“ კრძალავს გამოცდებზე გარეშე პირების დასწრებას, გარდა საგამოცდო კომისიის წევრებისა.

25 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტმა რექტორატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა გორის რაიონულ სასამართლოში, ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა განცხადებით, მიეღო სპეციალური განჩინება, რათა გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს დაეშვათ თავისუფლების ინსტიტუტის წევრები მისაღებ გამოცდებზე დამკვირვებლებად.

სასამართლომ დააკმაყოფილა თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება და დაავალა ხსენებული უნივერსიტეტების რექტორებს, მისაღებ გამოცდებზე მეთვალყურედ დაუშვან თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ვიდეო და აუდიო აპარატურის გამოყენების უფლების გარეშე.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. 11 სექტემბერს, გამოცდების დამთავრების შემდეგ, გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი 26 ივლისს გამოცემული განჩინების თაობაზე, დააკმაყოფილა იგი და განჩინება გააუქმა.

  • სულხან ქობულაძე ქუთაისის ვიცე-მერის ონისე უგრეხელიძის წინააღმდეგ

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები შეხვდნენ მოქალაქე ს.ქობულაძეს. მისი თქმით, უკვე ერთ წელზე მეტია, ქუთაისის „ჭომის“ დასახლების მცხოვრებლები დახმარებისათვის მიმართავენ ქუთაისის ვიცე-მერს ონისე უგრეხელიძეს. ჭომის ტერიტორიაზე დაზიანებულია წყალსადენის მილი. დაზიანებული მილის ადგილას იღვრება ფეკალური მასები, რომლებიც ერევა სასმელ წყალს. ჭომის ტერიტორიაზე ონკანებიდან ხშირად გამოდიან ჭიები, იყო წყლით მოწამვლის ფაქტებიც.

ო. უგრეხელიძისადმი სულხან ქობულაძის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრობლემა დღემდე მაინც მოუგვარებელია. ქობულაძის თქმით, წყლის ბაქტეროლოგიური ანალიზის შედეგი მას სანეპიდსადგურის წარმომადგენლებმა არ უჩვენეს. აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ დაწერილა ადგილობრივ პრესაში.

თავისუფლების ინსტიტუტის კოორდინატორებმა ს.ქობულაძეს შესთავაზეს მრგვალი მაგიდის ორგანიზება ამ საკითხთან დაკავშირებით და პრობლემის შემდგომშიც მოუგვარებლობის შემთხვევაში სარჩელის შეტანა სასამართლოში, რაზეც ქობულაძე დათანხმდა.

  • დავა ავტოფარეხის მშენებლობის გამო

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის №35-ში მცხოვრებმა 20-მდე ოჯახმა ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსარჩელეები ითხოვენ მერიის ნებართვის გაუქმებას საერთო სარგებლობის ეზოში ავტოფარეხის მშენებლობის შესახებ. ნებართვა 1998 წელს გაიცა და დავაც ამ პერიოდიდან მომდინარეობს.

  • მარინა დახუნდარიძე იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულისა და ქუთაისის ვიცე-მერის წინააღმდეგ

თავისუფლების ინსტიტუტს დახმარება სთხოვა 9 შვილის დედამ მარინა დახუნდარიძემ. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 1992 წელს ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მერიასთან დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით დახუნდარიძეს საკუთრებაში გადაეცა ქუთაისში, ჩეხოვის ქ. №19-ში არსებული ამორტიზებული ბინა.

1993 წელს ქუთაისის ვიცემერის ონისე უგრეხელიძის, საბინაო სამმართველოს მმართველის ელდარ ქარქაშაძის და მერიის იურისკონსულტის მაია სვინტრაძის ხელმოწერილი საჩივრით გენერალურ პროკურატურაში შევიდა საჩივარი აღნიშნული ბინიდან მ. დახუნდარიძის გასახლების მოთხოვნით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი 1994 წელს. მ.დახუნდარიძის განმარტებით გასაჩივრება მოხდა ქუთაისის იმჟამინდელი მერის, თემურ შაშიაშვილის დავალებით.

უკვე 10 წელია, მ.დახუნდარიძე სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით დადის სხვადასხვა ინსტანციებში. 1994 წლიდან დღემდე საკითხი შეისწავლა:

ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ;

იურისტებისაგან შემდგარმა ორმა ჯგუფმა;

უზენაესმა სასამართლომ;

საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ;

მერიის პროგნოზირების ცენტრმა;

ქუთაისის საკრებულოს რელიგიის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ;

სახალხო დამცველმა;
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი კონტროლის საბჭომ.

აღნიშნული ორგანიზაციები და ჯგუფები ადასტურებდნენ მ.დახუნდარიძის მოთხოვნის კანონიერებას, მაგრამ თემურ შაშიაშვილის ზეწოლით საკითხი ვერ გადაწყდა. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა კოორდინატორმა გოჩა ჩხეტიამ შეისწავლა ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მაგრამ, რადგან საკითხის მოგვარების სამართლებრივი გზები ამოწურულად მოეჩვენა, დახუნდარიძეს ურჩია, შიმშილობა მოეწყო ქუთაისის ახალი მერის, ნუგზარ ფალიანის მისაღებში. აქციის დაწყების თარიღად შეარჩია 11 სექტემბერი - ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მერის შეხვედრის თარიღი.

დღის 14 საათზე დანიშნული შეხვედრის წინ მ.დახუნდარიძე გამოცხადდა ნუგზარ ფალიანის მისაღებში და დაიწყო შიმშილობის აქცია. გოჩა ჩხეტიამ მერთან შეხვედრის დაწყებისთანავე დასვა მ.დახუნდარიძის საკითხი. ფალიანმა მოისმინა და დახუნდარიძეს დახმარება აღუთქვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, საკითხის მოგვარებამდე შიმშილობის აქცია არ შეეწყვიტა.

19 სექტემბერს ქუთაისის მერიამ მ.დახუნდარიძე ოროთახიანი კაპიტალური ბინით დააკმაყოფილა. დახუნდარიძე მაინც უკმაყოფილოა, რადგან მიაჩნია, რომ მას უფრო დიდი ბინა ეკუთვნოდა.

  • მევლუდ ბობოხიძის საქმე

მევლუდ ბობოხიძე მუშაობდა წყალტუბოში, სანატორიუმ „მეტალურგში“. სანატორიუმის დირექტორმა ბობოხიძე სამსახურიდან გაათავისუფლა, რაც ამ უკანასკნელმა სასამართლოში გაასაჩივრა. ბობოხიძემ სასამართლო პროცესი მოიგო და თავი აღიდგინა სამსახურში. მოგვიანებით ბობოხიძეს დირექტორთან ურთიერთობა უფრო გაუფუჭდა, რადგან სამსახურში აღდგენის შემდეგ სანატორიუმში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ სტრუქტურებს. ამ გართულებული ურთიერთობების გამო ბობოხიძე სამსახურიდან წამოვიდა. მან დარღვევების შესახებ მასალები გამოძიებას გადასცა, მაგრამ, მისი აზრით, გამოძიება შეგნებულად აჭიანურებს საქმის გამოძიებას.

თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოგვმართეთ:

თბილისი
გრიბოედოვის 23
ტელ: 8 22 93 66 15
93 25 16
ფაქსი: 93 67 84
ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge

ახალციხე
რუსთაველის 26
ტელ: მობ. 8 99 57 26 69
მობ. 899 54 02 91
ოფისი (8 265) 2 12 23;
ელ-ფოსტა: Meskheli@iberiapac.ge

გორი
9 აპრილის ქ. 2
ტელ: მობ. 8 77 75 09 33
ოფისი (8 270) 2 22 46

ქუთაისი
ნინოშვილის ქ.2ა
ტელ: (8 231) 4 28 52
4 12 77
2 65 11
2 65 12
8 77 76 45 97
ელ-ფოსტა: dsc@posta.ge

თელავი
ქეთევან წამებულის 3