
![]() |
||
|
![]() |
წლიური ანგარიში 2010 (კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხიდაშელი თამარ |
თემატური კატალოგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წლიური ანგარიში |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ხიდაშელი, გიორგი ჩხეიძე, ხათუნა ყვირალაშვილი დიზაინი: ივა ხარაძე ©2010 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით და ტრადიციულად წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წლიურ ანგარიშს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, ობიექტურად შეაფასოთ ჩვენ მიერ 2010 წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობა.
ალბათ დამეთანხმებით, წლევანდელი საანგარიშო წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იგი წარმოადგენს საიას ოთხწლიანი სტრატეგიის დამამთავრებელ წელს. იმედი მაქვს, წლევანდელ საერთო კრებაზე ყველანი ერთად შევძლებთ, გავაანალიზოთ გასული წლების გამოცდილება, შევაფასოთ - სად გვქონდა ყველაზე დიდი წარმატებები და სად დავუშვით შეცდომები, გავაცნობიეროთ, ვრჩებით თუ არა იმ ღირებულებებისა და იდეალების ერთგული, საიას დამფუძნებლებმა რომ განგვისაზღვრეს.
სტატისტიკური თვალსაზრისით (ამაში თავადაც დარწმუნდებით), წლევანდელი წელი მართლაც შთამბეჭდავია. წელს საიას იურიდიული დახმარების ცენტრებმა რეკორდულად დიდი რაოდენობის სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სამსახურის არსებობის მიუხედავად, ჩვენს მომსახურებაზე კვლავ დიდი მოთხოვნა არსებობს. გაიზარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საიას მიერ გაგზავნილი საქმეების რაოდენობა. მიუხედავად უმაღლეს იურიდიულ სასწავლებლებში გატარებული რეფორმებისა, არ ნელდება ინტერესი საიას მიერ დაფუძნებული სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსების მიმართ - საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალი იყო სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც სწორედ საიაში სურდათ პროფესიული დახელოვნება.
გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, როგორც ყოველთვის, ვცდილობდით ვყოფილიყავით დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების სადარაჯოზე, რაც ქართულ რეალობაში ამ ღირებულებების დასაცავად ყოველდღიურ ბრძოლასაც გულისხმობს. ხოლო წელს ეს ბრძოლა, ისევე როგორც გასულ წლებში, მარტივი არ ყოფილა: ვაკვირდებოდით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, აქტიურად ვმონაწილეობდით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და ვიყავით ერთ-ერთი იმ გამონაკლისთა შორის, ვინც დაჩქარებული წესით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
თუმცა, ამ გადასახედიდან, როდესაც თავადაც ვცდილობ, ყველაზე კრიტიკულად შევაფასო საკუთარი, თანამშრომლების და მთლიანად ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა, ყველაზე მეტად ერთზე მწყდება გული: რომ ვერ შევძელით ყველაზე მნიშვნელოვანი - საიას თითოეულ წევრთან მუშაობა და მათი სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა. ამის განხორციელება ალბათ ადვილი არ იქნებოდა, ჩვენ ხომ უკვე 800-ზე მეტი ვართ, მაგრამ ცდად ღირდა!
იმედს ვიტოვებ, ამ დანაკლისს საიას მომავალი თაობები აანაზღაურებენ.
პატივისცემით,
თამარ ხიდაშელი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
„იმ პროცესში, როდესაც ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს პოზიტიურ ცვლილებებს, უფრო ახლო ურთიერთობას ევროპასთან, გაწევრიანებას ნატო-ში, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებას, ქართული პოლიციის გარდაქმნას, წამყვან ორგანიზაციებს, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას და მმართველობის ანგარიშვალდებულებას, მაშინ მე ვხედავ, რომ მთელ ამ პროცესში ქალები უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან ასპარეზზე და წამყვან როლს ასრულებენ.“
ჰილარი კლინტონი/აშშ-ს სახელმწიფო მდივანი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუხტის მომცემი ახალგაზრდა იურისტების საზოგადოებაა, რომლის წევრებიც ისწრაფვიან, დაამკვიდრონ „კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის“. საია ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების დინამიური პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი და აქტიური მონაწილეა. ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას სამოქალაქო თვითშეგნებისა და მონიტორინგის მეშვეობით ახორციელებს. ამასთან ერთად, აქტიურად იღწვის იურიდიული პროფესიის განვითარებაზე.
ევროკავშირი მოხარული იქნება, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ორგანიზაციასთან, რომლის კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის პრინციპებთან შეჯერებული ძლიერი მოტივაცია და ნათელი ხედვა ხელს უწყობს დემოკრატიულ პროცესებს. ეს კი საიას სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სამაგალითო ორგანიზაციად ხდის.“
პერ ეკლუნდი/საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
„ბრიტანეთის საელჩო წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. ჩვენ ყოველთვის ვინტერესდებით საიას მოსაზრებებით საკანონმდებლო ცვლილებებთან, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიული რეფორმების პროცესთან დაკავშირებით. 2010 წელს სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი საიას მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის განხორციელებას, რაც 2008 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას დაეფუძნა. საია მუდმივად მაღალი ხარისხის პროექტულ ანგარიშებს წარუდგენს საელჩოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.“
ჯუდით გოფი/ბრიტანეთის ელჩი საქართველოში
„NDI-ის მრავალწლიანი პროდუქტიული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენ ვთანამშრომლობდით ისეთ პროექტებზე, როგორიცაა არჩევნების მონიტორინგი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სასამართლოში შეტანილი საქმეების მონიტორინგი. NDI-სთვის მნიშვნელოვანია საიასთან პარტნიორობა, რადგან ეს ორგანიზაცია იცავს დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპებს: გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და კანონის უზენაესობას.“
ლუის ნავარო/NDI-ის ხელმძღვანელი საქართველოში
ბენეფიციარები საიას შესახებ
ამონარიდები IPM-ის კვლევის ანგარიშიდან (26 იანვარი, 2010)
„საიას ერთადერთი მიზნით მივმართე - მინდოდა, რომ ჩემი გლეხური საუბარი ვინმეს იურიდიულ ენაზე „ეთარგმნა“. ამ ადამიანებმა კი ძირფესვიანად შეისწავლეს ჩემი საკითხი. 1000-ჯერ იმაზე კმაყოფილი დავრჩი, ვიდრე მოველოდი. ადვოკატების მიმართ ნდობა გამიჩნდა და თუ ვინმეს უნდობლობა ექნება, აუცილებლად ვეტყვი - მივიდნენ საიაში და სამართალს იპოვიან.“
„წინასწარ არაფერი განსაკუთრებულის მოლოდინი არ მქონია. მეზობელმა მირჩია, საიაში მივსულიყავი და იქ დამაკვალიანებდნენ. მეც მივედი და განწყობა ნამდვილად კარგისკენ შემეცვალა. მთელი ორგანიზაციის მიმართ დღეს უკვე დიდი ნდობა მაქვს.“
„სულ სხვა ატმოსფერო დამხვდა. რომ მეგონა, სამართალი ყველგან წაშლილია მეთქი, ეს ხალხი რომ ვნახე, დავრწმუნდი, რომ ასე არ ყოფილა. იმდენად კმაყოფილი ვარ ამ ადამიანების მომსახურებით, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს, საქმეს მოვიგებ თუ წავაგებ. ყველაზე მთავარი - მე აქ იმედის ნაპერწკალი დავინახე.“
„საიას ადვოკატები პროცესში იდეალურები არიან. ასეთი თუ იქნება საქართველოში უმრავლესობა, ცხოვრება გაადვილდება.“
„არანაირი იმედი არ მქონია, მაგრამ ვიფიქრე, ცდა ბედის მონახევრეა მეთქი და წავედი. მანამდე საიასთან არავითარი შეხება არ მქონია. ფეხები უკან მრჩებოდა. ვფიქრობდი, ტყუილად მივდივარ მეთქი, მაგრამ პირველივე შეხვედრისას ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი, იმედი და სტიმული გამიჩნდა.“
„ჩემმა ადვოკატმა იმხელა სამუშაო გაწია, გასაოცარია. ამ პატარა გოგომ ისე იმუშავა... თქვენ რომ ჩემი საქმე ნახოთ, რამხელაა... ჩემს გარეშე გამოვიდა სასამართლოზე, სულ მალე იქნება საბოლოო პროცესიც და მგონი საქმე მოგებული მაქვს.“
„ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს არის თბილი დამოკიდებულება და მოსმენის კულტურა. სიუხეშე და ცხვირწინ კარის მოხურვა აქ გამორიცხულია.“
„ერთი რჩევა მექნება - შესვენებაზე მაინც გავიდნენ, რომ საჭმელი შეჭამონ. ერთხელ ვიღაცას ემსახურებოდა. მეც ხომ ადამიანი ვარ, ვხვდები, რომ ჯერ იმას უნდა მიხედოს, მაგრამ ამ დროს მომიბრუნდა და მეუბნება: ახლავე მოგისმენთ ბატონო არჩილ, რამდენიმე წუთით დამელოდეთ. წუთი კი არა, მაგათ მთელი დღე დაველოდები.“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მისიის განაცხადი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავაც განაგრძობს საქმიანობას საწესდებო მიზნებისა და საიას საერთო კრების მიერ 2007 წელს დამტკიცებული სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად. აღნიშნული საანგარიშო პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი წარმოადგენს 4 წლიანი სტრატეგიის დამასრულებელ წელს.
წესდების და დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 8 ოფისის მიერ განხორციელებული საქმიანობის 2010 წლის ანგარიშს (საანგარიშო პერიოდი 2009 წლის 1 ოქტომბერი - 2010 წლის 1 ოქტომბერი).
წინამდებარე ანგარიშის სტრუქტურა, გასული წლების მსგავსად, ეფუძნება 4 სტრატეგიულ ამოცანას:
ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე
საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება
ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა
კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება
![]() |
2 ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე |
▲back to top |
საანგარიშო პერიოდში საიას საქმიანობის საფუძველს კვლავ წარმოადგენდა მოქალაქეების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტების უფასო იურიდიული დახმარება: ოფისში თუ მის გარეთ, ზეპირად თუ დოკუმენტის შედგენის სახით, კონსულტაციის თუ სასამართლოში წარმომადგენლობის გზით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სტრატეგიის შესაბამისად, მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარებას. თუმცა, იმავდროულად, სანამ მოქალაქეებისგან ამის მოთხოვნა არსებობს, ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ.
საიას თბილისისა და 7 რეგიონული ოფისის მიერ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც რეკორდული რაოდენობის კონსულტაცია გაიცა.
კონსულტაციების საერთო ჯამი 133719
სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საიას უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის წარმატებული საქმიანობა და მისი არსებობის საჭიროება. ეს კი ორგანიზაციას აძლევს უფრო მეტ სტიმულს, რომ ამ კუთხით გააგრძელოს და გააძლიეროს თავისი მოღვაწეობა.
![]() |
2.1 იურიდიული კონსულტაციები და სამართლებრივი დოკუმენტები |
▲back to top |
საიას თბილისის ოფისმა საანგარიშო პერიოდში გასცა 30550 სამართლებრივი კონსულტაცია და მოამზადა 1579 სამართლებრივი დოკუმენტი. გაცემული კონსულტაციები შემდეგ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა:
საადვოკატო მომსახურება
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საიას თბილისის ოფისმა მოქალაქეთა წარმომადგენლობა განახორციელა 24 სამოქალაქო, 57 ადმინისტრაციულ და 85 სისხლის სამართლის საქმეზე.
2010 წლის 1 ოქტომბრისთვის იურიდიული დახმარების ცენტრის წარმოებაშია:
44 ადმინისტრაციული სამართლის საქმე
15 სამოქალაქო სამართლის საქმე
60 სისხლის სამართლის საქმე
იურიდიული დახმარების ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებდა ასევე საიას 7 რეგიონულ ოფისში, სადაც, გარდა პირადი და სატელეფონო კონსულტაციებისა, ხორციელდებოდა გასვლითი შეხვედრები მოსახლეობასთან ავტო-ტურების სახით.
საიას რეგიონული ოფისების მიერ საანგარიშო პერიოდში ბენეფიციარებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
რეგიონული |
სატელეფონო |
პირადი |
მედია- |
სულ |
ქუთაისი |
11230 |
25973 |
7064 |
44267 |
გორი |
1287 |
20977 |
3931 |
26195 |
რუსთავი |
1313 |
1827 |
533 |
3673 |
ოზურგეთი |
216 |
2882 |
1114 |
4166 |
თელავი |
449 |
2973 |
432 |
3854 |
აჭარა |
2132 |
9328 |
2024 |
13484 |
დუშეთი |
210 |
1985 |
460 |
2655 |
სამართლებრივი დოკუმენტები:
|
აჭარა |
ქუთა- |
გორი |
რუსთა- |
ოზურგე- |
თელა- |
დუშ- |
სულ |
დოკუმენტი |
518 |
667 |
1208 |
353 |
377 |
147 |
170 |
3440 |
წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე:
|
გორი |
ოზუ- |
თელ- |
ქუთა- |
რუსთ- |
აჭა- |
დუშ- |
სულ |
ადმინისტრ- |
4 |
1 |
4 |
10 |
4 |
37 |
2 |
62 |
სისხლის |
21 |
6 |
11 |
17 |
15 |
10 |
1 |
81 |
სამოქალაქო |
62 |
2 |
6 |
32 |
6 |
7 |
38 |
144 |
2010 წლის 13-17 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზება გაუკეთა და უმასპინძლა ფონდ Oxfam-Novib-ის მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებას, რომელზეც მოწვეულები იყვნენ ამიერკავკასიაში, შუა აზიასა და უკრაინაში მოქმედი ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში უფასო იურიდიულ დახმარებას ეწევიან. შეხვედრაში, რომლის მიზანს უფასო იურიდიული დახმარებისა და ადვოკატირების სფეროში თითოეული მათგანის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა, სულ 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. გაიცვალა ინფორმაციები და დასახულ იქნა გეგმები შემდგომი თანამშრომლობისთვის.
![]() |
2.2 წარმატებული საქმეები |
▲back to top |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი საადვოკატო დახმარებას სთავაზობს მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს მაშინ, როდესაც მათი უფლებები ილახება ამა თუ იმ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ანდა სახეზეა აშკარა უთანასწორობა მოდავე მხარეთა შესაძლებლობებს შორის. საიას განსაკუთრებული ყურადღება კვლავ მიმართული იყო საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ. ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ისტორია საიას ადვოკატების მიერ წარმოებული წარმატებული საქმეების შესახებ ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი ფენისათვის:
ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების საფუძველზე, რამდენიმე შემთხვევაში დანიშნულ იქნა ალიმენტი.
მთელ რიგ შემთხვევებში, მოხერხდა სახელმწიფოს მიერ უკანონოდ ჩამორთმეულ მიწაზე საკუთრების უფლების სასამართლოს გზით დაბრუნება (სრულ უფლებებში აღდგენა).
დავეხმარეთ მოქალაქეებს კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნაში ადმინისტრაციულ ორგანოებთან არსებული სამართლებრივი დავის დროს.
დავეხმარეთ მოქალაქეებს, მიეღოთ წამების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
დავეხმარეთ მოქალაქეებს კომპენსაციის მიღებაში, რომლებსაც საწარმოო ტრავმის შედეგად მიადგათ ზიანი.
დახმარება აღმოვუჩინეთ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს.
დავეხმარეთ დევნილებს იურიდიული ფაქტის დადგენაში, რათა სახელმწიფოსგან დახმარება მიეღოთ.
დავეხმარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის მიღებაში.
სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს.
ვეცადეთ, მაქსიმალურად დავხმარებოდით მოქალაქეებს სისხლის სამართლის საქმეებში იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების არსებული სისტემა იძლევა.
კონკრეტული საქმის წარმატების ხარისხი და მნიშვნელობა ჩვენმა წევრებმა და აღნიშნული ანგარიშის სხვა მკითხველებმა უნდა შეაფასონ. საქმეთა ნაწილის შინაარსი კი შემდეგია:
სამოქალაქო სამართლის საქმეები
საიას დახმარებით, 7 თვის არამდგრადი ჯანმრთელობის მქონე ბავშვის მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სასამართლო გადაწყვეტილებით, დაეკისრა ერთჯერადად 1000 ლარის და ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა.
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, ხ.ს-მ, რომელსაც გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით 4-ჯერ გაუსხვისეს 1000კვ/მ მიწის ნაკვეთი, შეძლო საკუთრებაში დაებრუნებინა კუთვნილი უძრავი ქონება.
საიას ძალისხმევით, ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოქალაქე ი.ჩ-სა და ვ.ა-ს შორის შედგა მორიგების აქტი, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, გადაეხადა ფულადი თანხა 10000 ლარის ოდენობით. აღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდა სასამართლოს განჩინებით.
საიას დახმარებით მოხდა მორიგება შპს „მეტრომშენსა“ და მოპასუხის მიზეზით ჯანმრთელობადაზიანებულ მოქალაქე ზ.ღ-ს შორის. სასამართლო განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით, მოპასუხეს დაეკისრა ზ.ღ-სთვის, პენსიის სახით, ყოველთვიურად 127 ლარის და, ძველი დავალიანების სახით, 3810 ლარის გადახდა 2010 წლის ბოლომდე.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ ს.ე-ს მიენიჭა შვილიშვილების ნახვის უფლება.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, მოსარჩელეებს თ.ჭ-სა და ზ.ჭ-ს აუნაზღაურდათ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მიყენებული ზიანი 2400 ლარის ოდენობით.
საიამ სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინა საწარმოო ტრავმის მქონე მოქალაქე ვ.ზ-ს, რომელსაც 2007 წლის აპრილში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკანონოდ შეუწყვიტა 200 ლარის ოდენობის ყოველთვიური სარჩოს გადახდა. კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქე ვ.ზ-ს აღუდგა ყოველთვიური სარჩოს მიღება მოთხოვნილი ოდენობით.
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, დაკმაყოფილდა ნ.გ-ს მოთხოვნა და, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაეკისრა მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 13000 ლარის ოდენობით.
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, შპს გაზეთ „ბათუმელებს“ სრულად აუნაზღაურდა ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ქონებრივი ზიანი 10000 აშშ დოლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული სამართლის საქმეები
საია საადვოკატო დახმარებას უწევდა კ.ჭ-ს. აღნიშნული მოქალაქის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და წამებაში მსჯავრდებულ შსს-ს ყოფილ სამ თანამშრომელს კ.ჭ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 9000 ლარის გადახდა.
საიას გორის ოფისმა იურიდიული დახმარება აღმოუჩინა გორის რაიონის სოფელ აჩაბეთიდან დევნილ 81 წლის პენსიონერ ტ.ხ-ს. ამ უკანასკნელმა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა, რომ ასაკის საფუძველზე დანიშნული სახელმწიფო პენსიის გარდა, როგორც დევნილისთვის, დაენიშნათ საპენსიო დანამატიც. აღნიშნულ მოქალაქეს გორის რაიონის სოფელ აჩაბეთის კოლმეურნეობაში მუშაობის 30 წლიანი სტაჟი ჰქონდა, თუმცა, ვინაიდან ამჟამად აჩაბეთი განეკუთვნება ცხინვალის რაიონს და, შესაბამისად, მისი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ცხინვალის არქივში, შრომის სტაჟის დადგენა ვერ მოხერხდა. ტ.ხ-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ უარი ეთქვა შრომის სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის დანიშვნაზე, რაზეც საიას გორის ოფისის დახმარებით შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი სოციალური მომსახურების სააგენტოში. საჩივარი დაკმაყოფილდა და ტ.ხ-ს დაენიშნა პენსიაზე დანამატი.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმდა ა.გ-ს მიმართ გამოტანილი ქ.ქუთაისის მერის 2009 წლის 13 მარტის №343 ბრძანება 3000 ლარით დაჯარიმების და შენობის დემონტაჟის შესახებ.
საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შ.ღ-ს სააპელაციო საჩივარი საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.
საიას აჭარის ფილიალმა სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინა გ.ე-ს, რომელსაც ბათუმის მერიისა და სამხედრო საექსპლუატაციო უბნის მოქმედებების გამო ჯერ შეეზღუდა საერთო სარგებლობაში არსებული ფართის გამოყენების უფლება, შემდეგ კი გამოსახლებულ იქნა საცხოვრებელი ბინიდან. საიას ადვოკატების დახმარებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ე-ს აღუდგა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და მიეცა საერთო სარგებლობის ფართის გამოყენების შესაძლებლობა.
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, მ.ი-ს, რომელსაც ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე 38.6კვ.მ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლება ჩამოერთვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქე ვ.ც-ს, მტკიცებულებების უქონლობის საფუძვლით, საჩხერის ტერიტორიულმა სამსახურმა და შემდგომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უარი უთხრეს დაბადების ფაქტის დადგენაზე. საიას დახმარებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა - ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და მოპასუხეს დაევალა, გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საბოლოოდ საკითხი მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა.
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, ნ.თ. რომელიც უკანონო მშენებლობისათვის 4000 ლარით იქნა დაჯარიმებული ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისაგან.
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, ქ. ბათუმში ლ. ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებ ნ.ჩ-ს, ო.ჩ-ს, ნ.ჩ-ს, გ.ჩ-ს, რ.მ-ს, პ.რ-ს და გ.ჯ-ს გაეწიათ სამართლებრივი დახმარება, რის შედეგადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქ. ბათუმის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებები საცხოვრებელი სახლების იძულებით ნგრევისა და თითოეული მცხოვრების 2000 ლარით დაჯარიმების თაობაზე.
საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ნ.ჭ-ს განცხადება, მოძალადე მეუღლის ზ.ქ-ს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.
საიას თელავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ვ.ი-ს სარჩელი შსს-ს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, გ.ბ-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის უარი ამონაწერის გაცემაზე გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით ზემდგომ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჩივარი დაკმაყოფილდა და გ.ბ-მ მოახერხა უძრავი ქონების დარეგისტრირება მის სახელზე.
საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, გ.მ-ს მამა აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რის საფუძველზეც გ.მ-ს დაენიშნა პენსია.
საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, 10 ბენეფიციარს - მ.ბ-ს, გ.თ-ს, მ.გ-ს, ნ.თ-ს, მ.თ-ს, ვ.ჭ-ს, ნ.დ-ს, ზ.ჭ-ს, ვ.ჯ-ს, ი.ნ-ს - სასამართლო გადაწყვეტილებით დაუდგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - დოკუმენტის პირისადმი კუთვნილება. შედეგად, მათ შეძლეს კუთვნილი უძრავი ქონების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.
საიას აჭარის ფილიალს სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართა ჟ.მ-მ, რომელიც ითხოვდა მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სასამართლო გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილება.
საიას დახმარებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად თამარაშენიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქე თ.მ. ცნობილ იქნა დევნილად და მიენიჭა შესაბამისი სტატუსი.
საიას დახმარებით, პოლიციის თანამშრომელთან ხმამაღალი შელაპარაკების საფუძველზე 7 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობამისჯილი ა.კ. (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი), საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე, გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საიას დახმარებით, მარჩენალდაკარგულმა ს.რ-მ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მოუგო დავა საქმის საკასაციო წესით განხილვის ეტაპზე - სასამართლო გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაევალა შეწყვეტილი პენსიის აღდგენის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა და შეწყვეტის მომენტიდან აღდგენამდე მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებული წევრების ა.ბ-სა და დ.მ-ს სასარგებლოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 6886 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
სისხლის სამართლის საქმეები
საია იცავდა დაზარალებულის ინტერესებს ტრეფიკინგის საქმეზე. საქართველოს სამი მოქალაქის ნ.თ-ს, ჟ.ჩ-ს და თ.შ-ს დუბაიში გაყვანისთვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მათი ნების საწინააღმდეგოდ მამაკაცების სექსუალური მომსახურებისთვის, სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი ს.მ. და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 6 თვის ვადით.
საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით, დაზარალებულ ი.ჯ-ს აუნაზღაურდა 3000 ლარი მორალური ზიანისთვის.
მოქალაქე რ.პ-ს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. საიას ადვოკატის დახმარებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურდა, რომ პატიმარს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. სასჯელაღსრულების ერთობლივი კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვის შემდეგ ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რ.პ. გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საია იცავდა ძარცვაში ბრალდებული მოქალაქე ჯ.ბ-ს ინტერესებს, რომელმაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას მეზობელს სთხოვა მაჯის საათი და აღარ დაუბრუნა. საიას ადვოკატის დახმარებით, ბრალდებულს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზა და დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა - ბრალის შემამსუბუქებელი გარემოება. საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე პროკურატურასთან მიღწეულ იქნა საპროცესო შეთანხმება და, სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ჯ.ბ-ს შეეფარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
მოქალაქე ო.ს-ს ბრალად ედებოდა ცრუ დასმენა (დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით). გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, ო.ს-ს შეეფარდა პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით.
საიას თელავის ოფისის დახმარებით, მსჯავრდებული მ.თ. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
![]() |
2.3 სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში |
▲back to top |
სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში კვლავ პრიორიტეტს წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესების დაცვა. თუმცა, ამავე დროს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტები აქტიურად მუშაობდნენ საქმეებზე, რომლებიც ცალკეული განმცხადებლების უფლებების დაცვასთან ერთად, ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ხარვეზების, სისტემური პრობლემებისა თუ არსებული ცუდი პრაქტიკის აღმოფხვრას ევროპის სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით.
კონსულტაციები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურებსა და ევროპული კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევებთან დაკავშირებით, საიამ კონსულტაცია გაუწია 281 მოქალაქეს.
სამართალწარმოება
წინა წლებში საიას მიერ ევროპის სასამართლოში შეტანილ 76 საქმეს 16 ახალი საქმე დაემატა. აქედან 14 საქმე სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის სფეროს განეკუთვნება, 2 საქმე კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს უკავშირდება.
1. მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 44973/09)
საქმე შეეხება განმცხადებლის აწ გარდაცვლილი შვილის გ.ტოროშელიძის მიმართ კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-6 (სამართლიანი სასამართლო) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები) მუხლების დარღვევას. 24 წლის გ.ტოროშელიძე, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნების დარღვევით ჩატარებული წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის შედეგად, მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც იგი დაავადდა და დაავადების გამოვლენიდან ხუთ თვეში გარდაიცვალა. ევროპის სასამართლო საქმეს საკუთარი ინიციატივით დაჩქარებული წესით იხილავს გ.ტოროშელიძის მიმართ ჩატარებული მკურნალობის დროულობისა და ადეკვატურობის შესამოწმებლად, ასევე, მის გარდაცვალებაზე წარმოებული გამოძიების ეფექტურობის დასადგენად. განიხილება გ.ტოროშელიძის მსჯავრდებისას კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის საკითხიც. ამ ეტაპზე მხარეებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.
2. ოყროშიძე საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 60596/09)
საქმე შეეხება მამობის სასამართლო წესით დადგენის საკითხს. ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებელს უარი უთხრეს მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად საქმეში არსებული დნმ-ის საექსპერტო დასკვნისა, რომელიც 99%25-ით ადგენდა, რომ მოპასუხე, განმცხადებლის არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილი შვილის ბიოლოგიური მამა იყო. შიდა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ბიოლოგიური მამობა არ იყო საკმარისი მოპასუხის მამობის დასადგენად და მოსარჩელეს დაევალა მათი თანაცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ევროპის სასამართლოში შეტანილი განაცხადი შეეხება როგორც განმცხადებლის, ასევე, მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ კონვენციის მე-8 (პირადი ცხოვრების პატივისცემა), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევას.
3. ლომაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 63450/09)
საქმე ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვას. განმცხადებლები არიან ქ. ბათუმში შექმნილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრები, რომლებმაც ბინათმშენებლობის ხარჯები ჯერ კიდეც 1992-1993 წლებში დაფარეს, თუმცა, მათი საცხოვრებელი სახლი დღემდე არ აშენებულა. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის კანონის (48-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) მიხედვით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანება სახელმწიფო ვალად იქნა აღიარებული, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 11 ოქტომბრის №226 ბრძანებით, დამტკიცდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი. მიუხედავად აღნიშნულისა, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებით, განმცხადებლებს უარი ეთქვათ დავალიანების დაფარვაზე. სასამართლოებმა მიუთითეს, რომ ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 11 ოქტომბრის №226 ბრძანება იურიდიული ძალის არმქონეა, ხოლო კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი ჯერ არ შემუშავებულა. ევროპის სასამართლოში შეტანილი განაცხადი კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა (საკუთრების უფლება) და მე-13 მუხლების (სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალებები) დარღვევას შეეხება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ევროპის სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობის მქონე შეიძლება გახდეს, რადგან საქართველოში მსგავსი პრობლემის წინაშე ათასობით ადამიანი დგას.
4. გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 2228/10)
განაცხადი შეეხება შს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2008 წლის 8 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული გიორგი გამცემლიძის სისხლის სამართლის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლო) და მე-13 (დაცვის ეფექტური საშუალებების არსებობა) მუხლების დარღვევას. საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად ცხადი ხდება, რომ გ.გამცემლიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება, ისევე როგორც სასამართლო გამოძიება, ჩატარდა არაობიექტურად, მნიშვნელოვანი დარღვევებითა და ხარვეზებით.
5. ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 312/10)
6. მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 4731/10)
7. სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 22318/10)
ზემოთ აღნიშნული სამივე საქმე 2009 წლის 15 ივნისს შს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ მშვიდობიანი აქციის უკანონოდ, ძალისმიერი მეთოდებით დაშლას შეეხება. საქმეში ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ განმცხადებლებს წარმოადგენენ აქციის მონაწილეები, სხვადასხვა არასამთავრობო/წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერები და წევრები, რომელთაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ. საქმეში მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ განმცხადებელი სახალხო დამცველის თანამშრომელია, რომელიც მშვიდობიანი აქციის გეგმიურ მონიტორინგს ახორციელებდა. იგი ნაცემი და უკანონოდ დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ, თუმცა, მისი გათავისუფლება მალევე მოხდა. საქმეში სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ განმცხადებლები არიან ტელეკომპანია „მაესტრო“ და ჟურნალისტები, რომლებსაც ჩამოერთვათ მშვიდობიანი აქციის ამსახველი ვიდეო მასალა. განაცხადები ევროპის სასამართლოში შეტანილ იქნა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), მე-6 (სამართლიანი სასამართლო), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება), მე-13 (სამართლიანი დაცვის ეფექტური საშუალებები) და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევების გამო.
8. შავლოხოვა საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 4800/10)
განმცხადებელი არის 2006 წლის 27 მარტს ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოკლული ა.ცხოვრებოვის დედა. მიუხედავად საიას ადვოკატების არაერთი მიმართვისა, განმცხადებელი არ იქნა ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში (№74068237). შესაბამისად, როგორც განმცხადებლის, ასევე მისი წარმომადგენლებისათვის დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. ევროპის სასამართლოში განაცხადი გაიგზავნა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები) მუხლების დარღვევის გამო.
9. შაფათავა საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 47649/09)
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა სამი წლის ხელფასის გადახდა 23815 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ემყარებოდა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის 2004 წლის 11 მაისის დასკვნას, რომლის თანახმად, განმცხადებლის მიერ ინფარქტის მიღება მიჩნეულ იქნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს წარმოშობილ გარემოებად. სააპელაციო გასაჩივრების ვადაში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გააუქმა 2004 წლის 11 მაისის დასკვნა და გამოსცა ახალი ადმინისტრაციული აქტი, რომლის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი განმცხადებლის დაავადებასა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შორის არ დადგინდა. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, განმცხადებელს საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა. საიას დახმარებით, განმცხადებელმა ევროპულ სასამართლოს მიმართა კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევის თაობაზე.
10. მირზოიანი საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 2249/10)
ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განმცხადებელს დაევალა მოპასუხისთვის საკუთრების უფლების გადაცემა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე. საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, განმცხადებელმა წარადგინა იმ დროისათვის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოპასუხის მფლობელობა სადავო ბინაზე აღიარებულ იქნა შეწყვეტილად. შესაბამისად, განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხე არ წარმოადგენდა მოსარგებლეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. საკასაციო სასამართლომ, მის წინაშე წარდგენილი მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეფასების გარეშე, დაუშვებლად ცნო განმცხადებლის საკასაციო საჩივარი. საიას დახმარებით, განმცხადებელმა ევროპულ სასამართლოს მიმართა კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევის თაობაზე.
11. შალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
განმცხადებელს, ნ.შალიკაშვილს ბრალად ედება ყაჩაღობის ჩადენა მის ძმასთან და გამოძიების მიერ დაუდგენელ სამ პიროვნებასთან ერთად. ეროვნულ დონეზე განმცხადებლის ინტერესებს საიას ბათუმის ოფისის სისხლის სამართლის ადვოკატები იცავდნენ. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება არასაკმარის და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს. სასამართლოს განხილვის დროს დარღვეულ იქნა მხარეთა თანასწორობის პრინციპი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გამოკვლევის დროს. ამასთანავე, საქმის მასალების სრული ანალიზის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ განმცხადებლის მიმართ საქმის განხილვა მთლიანობაში იყო არასამართლიანი. ევროპის სასამართლოში განაცხადი კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლო) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები) მუხლების დარღვევის გამო იქნა წარდგენილი.
12. ქერდიყოშვილი საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 35868/10)
საქმე შეეხება განმცხადებლის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლო), 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება) დარღვევას. განმცხადებელი გახლავთ ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც, მიუხედავად სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, გორის საგადასახადო ინსპექციამ არ დაუბრუნა ჩამორთმეული 77161 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები. უარის თქმის საფუძველს კი ფორმალურად ის გარემოება წარმოადგენდა, რომ საწყობი, რომელშიც განმცხადებლის ტვირთი ინახებოდა, დარბეულ იქნა, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცებისა და ოსი სეპარატისტების მიერ 2008 წლის აგვისტოში გორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს. განმცხადებელმა სარჩელით მიმართა შიდა სასამართლოებს და მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ ზიანის ანაზღაურება, თუმცა, საქმის წარმოება შეჩერდა საწყობის დარბევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულებამდე, რაც, ფაქტობრივად, განმცხადებლის მიმართ დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას ნიშნავს.
13. ჯაყელი საქართველოს წინააღმდეგ
განმცხადებელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 2381 (ცივი იარაღის ტარება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. განმცხადებელს გააჩნია ფსიქიკური ნაკლი. მას დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი - ემოციურად არასტაბილური, პერსონოლოგიური აშლილობა და პარანოიდული სინდრომი. დანაშაულის ჩადენის პერიოდში განმცხადებელი იღებდა ნევროლოგიური დისპანსერის ექიმის მიერ დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებს. წინასწარი გამოძიების განმავლობაში განმცხადებელი არ იყო უზრუნველყოფილი ადვოკატის დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული, როგორც ფსიქიკური ნაკლის მქონე პირი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის I-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სავალდებულო წესით დაცვას ექვემდებარებოდა. ევროპულ სასამართლოში განაცხადი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3(გ) და მე-3(დ) ქვეპუნქტების დარღვევის საფუძვლით გაიგზავნა, რადგან სახეზეა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირისათვის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევა.
14. მაჩაიძე საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 44706/10)
განმცხადებელი, ბ.მაჩაიძე, რომელიც სასჯელს 2007 წლის 27 აპრილიდან იხდის, პატიმრობის პერიოდში განუკურნებელი და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებით დაინფიცირდა. სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მისთვის ჩატარებული სამედიცინო მკურნალობა ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული და არაადეკვატური იყო, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და შეუქცევადი გახდა. 2010 წლის აპრილიდან განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. იგი მუდმივად ითხოვდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას სათანადო სამედიცინო გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით, თუმცა, მისი მოთხოვნები არ კმაყოფილდებოდა. 2010 წლის 6 აგვისტოს საიამ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე, ევროპის სასამართლოს მიმართა და მოითხოვა საქართველოს მთავრობისთვის დროებითი ღონისძიების დაკისრება - განმცხადებლის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება. საიას აღნიშნული მოთხოვნა ევროპის სასამართლომ 2010 წლის 10 აგვისტოს დააკმაყოფილა და საქართველოს მთავრობას დაავალა განმცხადებლის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი იქნება მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის ჩატარება. განმცხადებელი ამჟამად მოთავსებულია მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. ევროპის სასამართლოში განაცხადი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ უკვე გაიგზავნა.
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებული საქმეები
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 55 საქმეზე შეტანილ პირველად განაცხადებზე მომზადდა და 2010 წლის თებერვლის თვეში ევროპის სასამართლოში გაიგზავნა სრული განაცხადები თანდართული მასალებითა და მტკიცებულებებით (საქმეებზე, რომლებიც შეეხება 2008 წლის ომის შედეგად დარღვეულ ფუნდამენტურ უფლებებს).
ასევე, მომზადდა და გაიგზავნა ორი ახალი საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ პირთა ინტერესებს შეეხება.
1. შტორიმანსი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 26302/10)
საქმე შეეხება 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ავიაციის მიერ გორის ცენტრის კასეტური იარაღით დაბომბვის დროს ჰოლანდიელი ოპერატორის დაღუპვისა და სხვა ორი უცხოელი ჟურნალისტის დაჭრის ფაქტს.
განაცხადი ევროპის სასამართლოში დაზარალებულ პირთა სახელით კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-13 (სამართლიანი დაცვის ეფექტური საშუალებები) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის გამო იქნა გაგზავნილი.
2. ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 2258/10)
საქმე შეეხება ქართველი სამხედროს გ.ანწუხელიძის დაკავების, არაადამიანური მოპყრობისა და შემდგომში მკვლელობის ფაქტს 2008 წლის 8 აგვისტოს ოსი და რუსი სამხედროების მიერ. ევროპის სასამართლოში შეტანილ განაცხადში საუბარია კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), მე-13 (სამართლიანი დაცვის ეფექტური საშუალებები) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ეთნიკურად ქართველი და ოსი ეროვნების პირების უკანონო დაკავებისა და ტყვეთა გაცვლის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ მიზნით, საია აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან.
ამ ეტაპზე მზადდება განაცხადები უკანონო პატიმრობაში მყოფი თუ უკვე გათავისუფლებული ეთნიკურად ოსი და ქართველი პირების სახელით, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეთა წარმოებით, საია მიზნად ისახავს, ტყვეთა გაცვლის მიზნით უდანაშაულო პირების უკანონო დაკავების პრაქტიკის აღმოფხვრას.
წარმატებული საქმეები
ევროპის სასამართლომ 2010 წლის 2 თებერვალს პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა საიას მიერ წარმოებულ საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ (7975/06).
სასამართლოს გადაწყვეტილებით განმცხადებლების მიმართ დადგენილ იქნა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევა, რადგან მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დღემდე არ იქნა შემუშავებული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა 1997 წლის 11 დეკემბრის „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლომ, ინდივიდუალური ზომების მიღების გარდა, მოპასუხე სახელმწიფოს დაავალა, რაც შეიძლება დროულად გაატაროს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო რეფორმები, რათა განმცხადებელთა მსგავს მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ეფექტურად ისარგებლონ კანონით გარანტირებული უფლებით. თუმცა, აღნიშნული ზოგადი ხასიათის ზომები სახელმწიფოს მიერ ამ ეტაპზე შემუშავებული არ არის.
თანამშრომლობა საერთაშორისო სისხლის სასამართლოსთან
საანგარიშო წლის განმავლობაში საია აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო სისხლის სასამართლოსთან რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით.
საიას აქტიური მონაწილეობით, შედგენილი და გამოცემული იქნა ანგარიში „აგვისტოს ნანგრევებში“, რომელიც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას.
ამასთანავე, საიას წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წარმომადგენლებს (მათ შორის, სასამართლოს პროკურორს ჰააგაში, სპეციალური ვიზიტის ფარგლებში)
ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ეროვნულ დონეზე, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მიმდინარე გამოძიების ეფექტურობის განხილვის მიზნით.
![]() |
2.4 საკონსტიტუციო სამართალწარმოება |
▲back to top |
2010 წელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო საკონსტიტუციო სამართალწარმოების თვალსაზრისით. საანგარიშო პერიოდში საიამ წარადგინა კონსტიტუციური სარჩელები ყველაზე აქტუალურ საკანონმდებლო ხარვეზებთან დაკავშირებით. საია ასევე პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ისარგებლა კანონმდებლობაში დანერგილი სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) ინსტიტუტით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწოდა თავისი დასაბუთებული მოსაზრებები ყველაზე მნიშვნელოვან საკონსტიტუციო დავებზე.
2009 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა ოთხი კონსტიტუციური სარჩელი და სამი სასამართლოს მეგობრის წარდგინება, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია საკონსტიტუციო სამართალწარმოების სფეროში საიას გასული წლების შედეგებთან შედარებით.
წინა წლებში შეტანილი სამი სარჩელიდან ამ დრომდე არ განხილულა 2 მათგანი. ერთ სარჩელზე შეწყდა წარმოება კანონში შეტანილი ცვლილების გამო.
კონსტიტუციური სარჩელები
თამარ ხიდაშელი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2009 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“ შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის დასადგენად. სადავო ნორმა, ისევე როგორც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონი, მთლიანობაში არ ითვალისწინებს ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ექვს თვემდე გაგრძელების საკითხის გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობას. ეს გარემოება კი, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლითაც საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით ხელშეუხებელია და აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანდა მის გარეშე კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ეტაპზე არ მიუღია გადაწყვეტილება საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე.
დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2010 წლის 10 დეკემბერს საიამ საკუთარი და მოძრაობა „7 ნოემბრის“ აქტივისტების დაჩი ცაგურიასა და ჯაბა ჯიშკარიანის სახელით სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. დავა შეეხება საქართველოს პარლამენტის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის 17 ივლისს შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, სხვაგვარად შეუძლებელია. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ შეტანილი ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს (შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება). გარდა ამისა, იმავე სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვა, დადგინდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების „სხვა ამგვარი ქმედება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტებთან (გამოხატვის თავისუფლება) მიმართებით.
2009 წლის 22 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გამწესრიგებელი სხდომა ჩაატარა, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ უცნობებია.
მერაბ ჭიქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2010 წლის 4 თებერვალს, მოძრაობა „რატომის“ აქტივისტის მერაბ ჭიქაშვილის სახელით, საიამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი შეეხება ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის პირობების არარსებობას საქართველოს კანონმდებლობაში. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფართობის ოდენობა, პირადი ჰიგიენის დაცვის უფლება და პირობები, გასეირნების უფლება, ოჯახთან შეხვედრის უფლება. განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ ამ გარემოებების კანონმდებლობით დაურეგულირებლობა, 90 დღემდე ხანგრძლივობის ადმინისტრაციულ პატიმრობასთან ერთად, წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას (კონსტიტუციის მე-17 მუხლი) და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას (კონსტიტუციის მე-20 მუხლი).
2010 წლის 28 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში სასამართლომ მიუთითა შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაზე და განაცხადა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის საკანონმდებლო პირობები დადგენილია. თუმცა, სასამართლომ გვერდი აუარა სარჩელში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები საკანონმდებლო ნორმატიული აქტით უნდა იყოს განსაზღვრული. ეს გამომდინარეობს არა მარტო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლიდან, არამედ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპიდან. აღნიშნულ არგუმენტზე სასამართლომ განჩინებაში არ იმსჯელა.
კონსერვატიული პარტია და ახალი მემარჯვენეები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2010 წლის 18 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონსერვატიული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების სახელით კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოსარჩელეები ითხოვენ საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც საარჩევნო სუბიექტს შესაძლებლობას აძლევს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოიყენონ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციის შენობა, საკომუნიკაციო საშუალებები, საინფორმაციო მომსახურების და სხვა სახის ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები. ასევე, გასაჩივრდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს უფლებას აძლევს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოიყენოს სამსახურებრივი ავტომანქანა. საია მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ვინაიდან იგი მხოლოდ მმართველ პარტიას ან იმ მცირე პოლიტიკურ ჯგუფს უტოვებს საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობას, რომელსაც მასზე ხელი სამსახურებრივად მიუწვდება, რითიც დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემო იქმნება. გარდა ამისა, ხდება საჯარო სამსახურის პოლიტიზაცია. 2010 წლის 28 ივნისის საოქმო ჩანაწერით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.
„სასამართლოს მეგობრის“ წარდგინებები (Amicus Curie):
2009 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა დამატებები შეიტანა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში შემოღებული იქნა „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი. აღნიშნული ცვლილება ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, წერილობითი მოსაზრება გაუგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
საია იყო პირველი, რომელმაც 2009 წლის 26 ნოემბერს „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით წერილობითი მოსაზრება წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არათუ განიხილა საიას მოსაზრებები, არამედ გაიზიარა და დააკმაყოფილა „სასამართლოს მეგობრის“ მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საანგარიშო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში სულ წარდგენილ იქნა 3 წერილობითი მოსაზრება „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით:
საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის საკითხი (სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ალტერნატიული სამხედრო სამსახური (სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზირება (სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
![]() |
2.5 სტრატეგიული სამართალწარმოება ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით |
▲back to top |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ტრადიციისამებრ, განაგრძობს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე, საერთო სასამართლოებში. ამ საქმიანობით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და კანონით დადგენილი სტანდარტების რეალიზაციას აღნიშნულ სფეროში.
თუმცა, სამწუხარო ტენდენცია ინფორმაციის დაუსაბუთებლად გასაიდუმლოების თაობაზე, რასაც გასულ წლებშიც ჰქონდა ადგილი, დღემდე გრძელდება. მონიტორინგის პროცესში ამ კუთხით არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. კვლავ ძნელად ხელმისაწვდომი ანდა საერთოდ მიუწვდომელია ინფორმაცია თანამდებობის პირებზე არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით. მაგალითად, იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა თანამდებობის პირთა პრემიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას. უფრო მეტიც, სამინისტროს დაუსაბუთებელ არგუმენტებზე დაყრდნობით, სასამართლომაც მიიჩნია, რომ თანამდებობის პირთა პრემიებთან დაკავშირებული ინფორმაცია მესამე პირებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ვინაიდან იგი პერსონალური სახის მონაცემებს წარმოადგენს.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, ძალიან დაბალია საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხი და, ამასთან, არასახარბიელოა სასამართლო პრაქტიკა, რომელიც კარგ საყრდენს უქმნის ამ მავნე ტენდენციას.
განცხადებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე
საანგარიშო პერიოდში, ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში გაიგზავნა 168 განცხადება, აქედან:
სრულად დაკმაყოფილდა - 130
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 11
არ დაკმაყოფილდა - 27
ადმინისტრაციული საჩივრები
სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში წლის განმავლობაში წარდგენილ იქნა 23 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგან:
სრულად დაკმაყოფილდა - 5
არ დაკმაყოფილდა - 12
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 1
შეწყდა წარმოება - 1
განუხილველი დარჩა - 4
სარჩელები
ზემოაღნიშნული განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა 63 სარჩელი. მათგან:
სრულად დაკმაყოფილდა - 1
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 2
რ დაკმაყოფილდა - 21
შეწყდა წარმოება - 3
წარმოებაშია - 37
აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ კვლავ მაღალია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, ვადების დარღვევით გაცემის ან მასობრივად გასაიდუმლოების ტენდენციები. შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად, საია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.
![]() |
2.6 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პატიმრებისათვის გაწეული დახმარება |
▲back to top |
საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი კვლავ აგრძელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ თავისუფლებააღკვეთილ პატიმართათვის კონსულტაციის გაწევასა და დახმარებას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თბილისის ოფისში აღირიცხა 257 პატიმრის წერილი. მათგან თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს და კონსულტაცია გაუწიეს 121 პატიმარს. 39 პატიმარს საიამ წერილობით მიაწოდა პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, 41 პატიმარს კი შეუდგინა სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი - განცხადება, საკასაციო საჩივარი და ა.შ.
![]() |
2.7 ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი (GMLDC) |
▲back to top |
2009 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რვავე ოფისში ფუნქციონირებს ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი. ცენტრის იურისტები სამართლებრივ დახმარებას (კონსულტაცია და წარმომადგენლობა) უწევენ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს თბილისსა და რეგიონებში. ცენტრი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან პარტნიორობით.
საანგარიშო პერიოდში ცენტრის იურისტებმა გასცეს 900-ზე მეტი კონსულტაცია და აწარმოვეს 32-ზე მეტი საქმე. ჩატარდა ორი ტრენინგი იურისტებისა და ჟურნალისტებისთვის მედია სამართლისა და ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.
ფუნქციონირებს სპეციალურად ცენტრისთვის შექმნილი ვებგვერდი:
http://www.gmldc.ge
![]() |
2.8 იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი დაცვა |
▲back to top |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ აქტიურად განაგრძობს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას მათთვის საჭირბოროტო არაერთ საკითხზე. საიას იურისტები ცდილობენ, კონსულტირებისა და ადვოკატირების გზით, ხელი შეუწყონ დევნილებს სამართლებრივი პრობლემების გადაჭრაში.
საანგარიშო პერიოდში, გარდა ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებისა, ეწყობოდა საინფორმაციო შეხვედრები კერძო სექტორში განსახლებულ დევნილთათვის. ბოლო ერთი წლის მანძილზე გაიცა 2950-ზე მეტი ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია, განხორციელდა 229 მობილური ვიზიტი, მომზადდა 157 სამართლებრივი დოკუმენტი. ადვოკატის მომსახურება უზრუნველყოფილი იყო 9 სასამართლო საქმეზე.
განსხვავებული პრობლემები გამოიკვეთა ე.წ. ძველი და ახალი ტალღის დევნილებში. 90-იანი წლების დევნილთათვის განსაკუთრებით აქტუალურია განსახლებისა და გადამისამართების პრობლემები. ამ საკითხებისადმი დაინტერესებამ იმატა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დევნილთა მიერ კოლექტიურ ცენტრებში დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დევნილთა უფლებების დაცვას კერძო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებისას. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების პრობლემები, ძირითადად განსახლების საკითხთან მიმართებით. 2010 წლის ზაფხული სხვადასხვა შენობიდან, მათ შორის კოლექტიური ცენტრებიდან, დევნილთა მასობრივი გამოსახლებით გამოირჩეოდა. გამოსახლება შეეხო როგორც ე.წ. ძველ, ასევე ახალ დევნილებს. საიამ 7 გამოსახლების პროცესზე განახორციელა მონიტორინგი.
![]() |
2.9 სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფლებების დაცვა |
▲back to top |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დაიწყო სპეციალური კამპანია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფლებების დაცვის კუთხით.
საიას იურისტები საანგარიშო პერიოდში თბილისსა და რეგიონულ ოფისებში იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ ევროპისა თუ სხვა ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს, მათი სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით. ანგარიშის მომზადების დროისათვის იურიდიული დახმარება გაეწია 26-ზე მეტ ოჯახს.
კონსულტაციების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:
მოქალაქეობის მიღება - ორმაგი მოქალაქეობა, აღდგენა, შეწყვეტა, მოქალაქეობიდან გასვლა.
დევნილის სტატუსის მინიჭება/აღდგენა.
სახელმწიფოს მხრიდან პირის ქონებრივი უფლების ხელყოფა.
ვალდებულებით სამართალთან დაკავშირებული საკითხები (სესხის ხელშეკრულება).
საკუთრების უფლების აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემები.
საოჯახო სამართალი.
უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება.
პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, დამზადდა ორი სოციალური კლიპი, რომლებიც მედია საშუალებებით გადაიცემოდა. აგრეთვე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დამონტაჟდა სპეციალური სარეკლამო სტენდი, რომელზეც განთავსდა საინფორმაციო ბროშურები. გარდა ამისა, შემუშავდა საიას თავმჯდომარის მიმართვა, რომელიც გაეგზავნა ევროპაში მომუშავე საქართველოს კონსულებს და, საქართველოში მიგრანტების გამომგზავრების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ეთხოვათ.
![]() |
2.10 სამართლიანი სასამართლოს უფლება - მართლმსაჯულების სისტემის მონიტორინგი |
▲back to top |
სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად ახდენს მართლმსაჯულების სისტემის ანალიზს და გამოსცემს ანალიტიკურ ანგარიშებს. საანგარიშო პერიოდში საიას მიერ გამოიცა 2010 წლის ანგარიში - მართლმსაჯულება საქართველოში.
ჩვენი ღრმა რწმენით, შეუძლებელია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის, ძირითადი ტენდენციების, მიღწევებისა თუ პრობლემების დანახვა მხოლოდ საიას მიერ ნაწარმოები უფასო იურიდიული დახმარების საქმეებით და, თუნდაც, ხსენებული კვლევის გამოცემით, რომელიც ძირითადად ემპირიულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საანგარიშო პერიოდში დაიწყო მართლმსაჯულების მონიტორინგის პროგრამა, რომელიც მოიცავს კონკრეტული კატეგორიის სისხლის (რიგ შემთხვევებში, ადმინისტრაციულიც) სამართლის საქმეების (გახმაურებული) ექსპერტულ ანალიზს, ასევე, სასამართლო პროცესების მონიტორინგს. ამ მიზნით, შემუშავდა საქმეების შერჩევისა და შეფასების კრიტერიუმები, რომლის მიხედვით შეირჩა 24 საქმე. აქედან:
6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომლებიც უკვე დასრულებული იყო შესწავლის განხორციელების პროცესში.
18 სისხლის სამართლის საქმე. მათგან 4 - მიმდინარე, ხოლო დანარჩენი 14 - დასრულებული ანდა საკასაციო ეტაპზე მყოფი.
საქმეების შერჩევისას, გათვალისწინებული იყო საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი. პროცესში ჩართული იყვნენ საიას თბილისის და 7 რეგიონული ოფისის იურისტები. გარდა ზემოაღნიშნული საქმეების ანალიზისა, საიას იურისტები აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესებსაც.
პირველადი ანგარიში მომზადდა სწორედ ზემოთ ნახსენები საქმეების ანალიზის საფუძველზე, მოხდა ინდივიდუალური საქმეების შეფასება, თუ რამდენად კანონიერად და სამართლიანად წარიმართა მართლმსაჯულება კონკრეტულ საქმეზე. გარდა ამისა, განზოგადებულ იქნა გამოვლენილი ნაკლოვანებები და გამოაშკარავდა როგორც კანონმდებლობაში არსებული პრობლემური საკითხები, ასევე პრაქტიკაში დამკვიდრებული ხარვეზები.
![]() |
3 საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება |
▲back to top |
საიას იურიდიული დახმარების მიმართულების პრინცი პად აღიარებულია - „იბრძოლე შენი უფლებებისათვის და ჩვენ დაგიცავთ შენ“. თუმცა, ჩვენი ღრმა რწმენით, მოქალაქის ბრძოლა ვერ იქნება ეფექტური, თუ მისთვის უცნობია აღნიშნული უფლებების არსი და განხორციელების გზები. ვერც მონაწილეობაზე დაფუძნებული დემოკრატიული და ეფექტური მმართველობა იქნება მიღწეული მოქალაქეთა შესაბამისი ინფორმირების გარეშე. სწორედ ამ პრინცი პების გათვალისწინებით, წესდებისა და სტრატეგიის მიმართულებების საფუძველზე, საიას თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლები ეწეოდნენ შესაბამის საქმიანობას საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრების მიზნით.
![]() |
3.1 საინფორმაციო სემინარები, შეხვედრები რეგიონებში |
▲back to top |
საანგარიშო პერიოდში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული კამპანია მოიცავდა სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას საჯარო მოხელეების, ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებისთვის.
|
ქუთა |
აჭარა |
გორი |
რუსთა- |
ოზურგ- |
თელავი |
დუშეთი |
სულ |
სემინარები, |
208 |
79 |
414 |
10 |
21 |
19 |
9 |
760 |
მონაწილეთა |
1824 |
2528 |
8280 |
250 |
413 |
247 |
210 |
13752 |
სემინარებსა და მრგვალ მაგიდებზე განხილული იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2010 წლის განმავლობაში საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელდა, აგრეთვე, საზოგადოებისთვის აქტუალური შემდეგი თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში. საიამ 2010 წლის აგვისტოში სპეციალური შეხვედრები მოაწყო საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზნით. შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდში, ახალქალაქში, თბილისსა და საიას 7 რეგიონულ ოფისში.
სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა და მისი იმპლემენტაციის პრობლემები.
2010 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები.
ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებანი და საქმიანობის განხორციელების წესი.
საგადასახადო დავების განხილვის წესი და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ახალი საპროცესო კოდექსის სხვა სიახლეები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური გარანტიები.
სამუშაო სტაჟის დადგენის პრობლემები და პროცედურები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი და არსებული პრობლემები.
სიახლეები შვილად აყვანისა და შვილობილობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია.
ტელე-რადიო გადაცემები
რეგიონებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივ რადიო მაუწყებლებთან თანამშრომლობას, რათა მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის დაფარვა მომხდარიყო.
რადიო „ჰერეთი“ - თემები:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გარანტიები
- ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებანი
რადიო „თრიალეთი“ - თემები:
- საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში
- როგორ მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის
მუშაობაში
- ადამიანის უფლებები საქართველოში
- როგორ დავიცვათ თავი ოჯახური ძალადობისაგან
- დევნილთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მონიტორინგი
- დევნილთა უფლებები
ტელეკომპანია „თრიალეთი“ - თემა:
- კონფლიქტის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთა პრობლემები და მათი
გადაჭრის გზები
რადიო „ძველი ქალაქი“ - თემები:
- საგადასახადო დავები
- ადგილობრივი თვითმმართველობა და საკანონმდებლო სიახლეები
- სამკვიდროს მიღების წესი და პირობები
- საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობები
რადიო „იმედი“ - თემა:
- როგორ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის გადასახადი ინდივიდუალური
გამრიცხველიანების გარეშე დარჩენილმა მომხმარებელმა
ტელეკომპანია „TV 25“ - თემა:
- მიწაზე საკუთრების ხელყოფის ფაქტები ხელვაჩაურის მუნიცი პალიტეტის
ზღვისპირა ზოლში
საიასა და რადიო „უცნობის“ ერთობლივი პროექტი - „უცნობი სამართალი“
საანგარიშო პერიოდში საიამ რადიო „უცნობთან“ ერთად დაიწყო ახალი ერთობლივი პროექტი, რომელიც თბილისის მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების მიზნებს ემსახურება. გადაცემა „უცნობი სამართალი“ ყოველ ორშაბათს 13:00 სთ-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა და საიას იურისტები მსმენელებს მიმდინარე სამართლებრივ პრობლემებზე ესაუბრებიან.
საგაზეთო ჩანართები
საიას ოფისები და ფილიალები, გასული წლების მსგავსად, კვლავ აქტიურად თანამშრომლობენ რეგიონულ ჟურნალ-გაზეთებთან. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაიბეჭდა არაერთი სტატია მოსახლეობისთვის საინტერესო პრობლემურ საკითხებზე:
გაზეთი „ხალხის გაზეთი“ - თემები:
- როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები ადმინისტრაციული საჩივრით
- დევნილთა უფლებები
- როგორ ხდება არასამეწარმეო იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის
არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის)
რეგისტრაცია
გაზეთი „ახალი გაზეთი“ - თემები:
- შვილად აყვანა
- საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, როგორც სასჯელის სახე
- გადასინჯვის არაორდინარული საშუალება თუ აპელაციის ჩვეულებრივი
პროცედურა
- სამკვიდროს მიღების წესი და პირობები
გაზეთი „იმერეთის მოამბე“ - თემა:
- როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები შრომით ურთიერთობებში
გაზეთი „კახეთის ხმა“ - თემა:
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ საარსებო შემწეობის მიღებისა და
ჯანმრთელობის დაზღვევის წესი და პირობები
გაზეთი „დუშეთის მაცნე“ - თემები:
- რა უნდა იცოდნენ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა საგადასახადო
ვალდებულებების შესახებ
- მარჩენალდაკარგულის პენსია
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება
გაზეთი „გურიის მოამბე“ - თემა:
- უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაცვის უფლება
გაზეთი „ბოლნისი“ - თემები:
- დაბადების ფაქტის რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში
- როგორ დავიცვათ თავი ოჯახში ძალადობისაგან
გაზეთი „აჭარა“ - თემები:
- შვილად აყვანის პროცედურები
- რა უნდა ვიცოდეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში რეგისტრაციის წესის შესახებ
ავტო-ტურები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ აგრძელებს წლების წინ დაწყებულ და უკვე ტრადიციად ქცეულ საქმიანობას გასვლითი შეხვედრების - ავტო-ტურების სახით. ასოციაციის რეგიონული ოფისების ადვოკატები პერიოდულად აწყობენ ე.წ. გასვლით ტურებს სხვადასხვა რაიონის ყველაზე მიუვალ სოფლებშიც კი, სადაც ხვდებიან მოსახლეობას, ადგილზევე ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას და იქვე უწევენ მათ უფასო იურიდიულ დახმარებას მათთვის მტკივნეულ საკითხებზე. გარდა ამისა, ავტოტურები საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს მოქალაქეების სამართლებრივი ცნობიერების მაჩვენებელი.
საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა და განხორციელდა:
გორის ოფისის ავტო-ტური სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიცი პალიტეტების შემდეგ სოფლებში: იდუმალა, ოშოლი, ოთა, რუსთავი, ასპინძა, არალი, უდე, ბენერი, ბოლაჯური, ადიგენი, შოლავერი, ქვემო ენთელი, სარო, ხიზაბავრა, გელსუნდა, ფია, ზანავი, ჩამდურა, ზრესკი, კუმურდო, პტენა, ჩუნჩხა, აზმანა, კოთელია, ბარალეთი, აწკვიტა, ტოლოში, ნიჯგორი, ხერთვისი, ნაქალაქევი, ხოსპიო, ჯიგრაშენი, მურჯახეთი, ვაჩიანი, სათხე, განძა, ფოკა, ნინოწმინდა. მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, ორმაგი მოქალაქეობის მიღების, მაღალმთიანი რეგიონებისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების, მასწავლებელთა სერტიფიცირების, მარჩენალ-დაკარგულის პენსიის დანიშვნის, სოციალური დახმარების, უძრავი ნივთების რეგისტრაციის, ოჯახური ძალადობის, ჯანმრთელობის დაზღვევის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, სკოლის თვითმმართველობის, სამეურვეო საბჭოს ფუნქციების, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის, ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების, ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის შესწავლის, მემკვიდრეობის მიღების, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, შეწყალებისა და ამნისტიის, საგადასახადო შეღავათების და სხვა სამართლებრივმა საკითხებმა. შეხვედრებზე მოსახლეობას დაურიგდა საიას მიერ გამოცემული¨საინფორმაციო ბროშურები.
გორის ოფისის ავტო-ტური ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიცი პალიტეტების შემდეგ სოფლებში: რველი, წაღვერი, ცემი, დიდი სადგერი, ტბა, დიდი ცემი, ჭობისხევი, ჩითახევი, დვირი, საკირე, ტაძრისი, ქვაბისხევი, ყვიბისი, ციხისჯვარი, ანდეზიტი, კორტანეთი. შეხვედრები ჩატარდა სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან და მოსახლეობასთან. შეხვედრების დროს განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია შემდეგმა საკითხებმა: სკოლის მანდატურების უფლებამოსილება, ნასამართლობის მოხსნა, შეწყალება, ოჯახური ძალადობა, მიწის პრივატიზაცია, მემკვიდრეობა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ტერიტორიული ორგანოს მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება და ცნობების გაცემა, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ლიცენზიის მიღება, სოციალური დახმარების დანიშვნა. გამოიკვეთა ასევე მიწაზე საკუთრების აღიარების პრობლემები და ის სირთულეები, რასაც აწყდებიან ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიებთან ურთიერთობისას.
თელავის ოფისის ავტო-ტური სიღნაღის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის მუნიცი პალიტეტების სოფლებში: ნუკრიანი, ქვემო ბოდბე, ქვემო მაღარო, ჯუგაანი, წნორი, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, პატარა ჩაილური, ბადიაური, სანავარდო, ბაკურციხე, შილდა, ენისელი, მაჩხაანი, არბოშიკი, ოზაანი, ლეჩური, იყალთო, რუისპირი, კარდენახი. მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკანონების, სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ხარჯვის, საპენსიო უზრუნველყოფის, შრომითი ხელშეკრულების მოშლის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, კომლში მემკვიდრეობის გახსნის, უძრავი ქონების რეგისტრაციის, იჯარით აღებული მიწების შესყიდვის, საკომლო წიგნების, ტერიტორიული ორგანოების მიერ ცნობების გაცემის და მათ მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების პრობლემებმა.
აჭარის ფილიალის ავტო-ტური ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიცი პალიტეტების შემდეგ სოფლებში: დოლოგანი, მახუნცეთი, დოხაძეები, ჭინკაძეები, ჩიკვაიძეები, ზუნდაგა, ზურდაგი, კოლოტაური, ზედა მახუცეთი, კუჭულა, მერისი, სილიბაური, ნამონასტრევი, გუნდაური, ჭალათი, ინასარიძეები, გარეტყე, ვაშლოვანი, შურმული, დეკანაშვილები, ქედლები, დუაძეები, დიაკონიძეები, ირემაძეები, ბუღაური, პანტნარი, ოქტომბერი, სტეფანაშვილები, ლაბაძეები, ღორჯომი, გორგაძეები, ჭახაუტი, მერჩხეთი, ცინცქალაშვილები, კვირიაული, უჩამბა, ლაკლაკეთი, ჯაბნიძეები, ხიჭაური, ცივაძეები, ტაკიძეები, ჭვანა, ვარჯენაული, სხეფი, ბესელაშვილები, ნიგაზეული, ნენია, დაბაძველი, ურეხი, მნათობი, ფერია, სალიბაური, ადლია, ორთაბათუმი, ჩაისუბანი, შარაბიძეები, ჯოჭო, ახალშენი, წყავროკა, საჩინო, შუაღელე, დივათი, ქაქუთი, კოხი, ჯიხანჯური, ცეცხლაური, ოჩხამური, გოგმეჩაური, ნაცხავატები, აჭი, ბობოყვათი, ციხისძირი, ლეღვა. მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების, სოციალური დახმარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ეკომიგრანტების განსახლების საკითხებმა. თითქმის ყველა სოფელში ადგილი ჰქონდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს. მოქალაქეებს განემარტათ ინდივიდუალური გამრიცხველიანების გარეშე დარჩენილი მომხმარებლის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობის განსაზღვრის წესი. საიას აჭარის ფილიალის იურისტებმა ადგილზევე შეუდგინეს მოქალაქეებს სარჩელი სასამართლოში წარსადგენად უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის ჩამოსაწერად. აგრეთვე, განუმარტეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, საარსებო შემწეობის მიღებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის წესი და პირობები.
დუშეთის ოფისის ავტო-ტური დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიცი პალიტეტებში. მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა 40 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის, შემდეგ სოფლებში: ნადოკრა, გორანა, ბალებისხევი, სიმონიანთხევი, ცალღველაანთსოფელი, მელისხევი, თოლენჯი, სიონთგორი, კვერნაულა, კვირიისხევი, ღულელები, თრანი,საყდრიანი, ველთაურები, ჩუბინიანთკარი, დოლასქედი, ტუშურები, ჯავახიანთკარი, ჩიტაურები, არაბულები, ჯუღისი, ხარხეთი, ყვავილი, წილკანი, ჩანადირები, მეზვრიანთკარი, ნაოზა, არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, მისაქციელი, სეფე, ებნისი, ცივწყარო, მაღარო, ქერანა, დუდაურები, დგნალი, ტონჩა, არღუნი ციხისძირი. მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მიწების დაკანონების, მემკვიდრეობის მიღების, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, პენსიაზე დანამატის მიღების, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების, დაზღვევის, სოციალური დახმარებების დანიშვნის, კომლის გაყოფის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მარჩენალდაკარგულის პენსიის დანიშვნის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის პრობლემებმა.
ოზურგეთის ოფისის ავტო-ტური ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიცი პალიტეტების შემდეგ სოფლებში: ნაბეღლავი, წითელმთა, სილაური, ჩოჩხათი, ბოხვაური, ბასილეთი, კოხნარი, ვაკიჯვარი, ნარუჯა, მაჩხვარეთი, გოგოლესუბანი, მთისპირი, ვანზომლეთი, ნიგოითი, აკეთი, ერკეთი, საჭამიასერი, ერკეთი, აცანა, ფამფალეთი, შედრეკილი, ქვიანი, შრომისუბანი, მერია, ასკანა, გორაბერეჟოული, შემოქმედი, ბუკნარი, ზოტიყელი, ფაფარა, ბახმარო, ჩხაკაურა. მოსახლეობის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, უძრავი ქონების რეგისტრაციის, მიწის პრივატიზაციის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დაწესებული შეღავათების, კომლის გაყოფის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ტყითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, საგადასახადო შეღავათებისა და სოციალური საკითხები.
რუსთავის ოფისის ავტო-ტური დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, გარდაბნის და წალკის მუნიცი პალიტეტების სოფლებში: ბეგლარი, იმირი, აბელიანი, ქსოვრეთი, ირაგა, ასურეთი, ჭივჭავი, გამარჯვება, ფოლადაანთკარი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, დიდი დმანისი, შავსაყდარი, ჯორჯიაშვილი, ჯიგრაშენი, იმერთა, ხადიკი, გუნიაკალა, ახალიკი, ედიკილისა, თიაქქილისა, კუში, ბერთა. ავტო-ტურზე მოსახლეობას დაურიგდა საიას მიერ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გამოცემული ცნობიერების ასამაღლებელი ბროშურები. ყურადღება გამახვილდა შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე: საქართველოს მოქალაქეობის მიღება, მიწების დაკანონება, სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადებულ ბავშვთა დაბადების ფაქტების დადგენა, სააქტო ჩანაწერებში არასწორი მონაცემების შესწორება, პენსიის და სოციალური დახმარების დანიშვნა. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის მოსახლეობისათვის მთავარი პრობლემა სოციალური დახმარების მიუღებლობაა. საიას რუსთავის ოფისის იურისტებმა ადგილზევე დაუწერეს მოქალაქეებს განცხადებები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში წარსადგენად და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დასარეგისტრირებლად. ასევე გამოიკვეთა მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტების განსახლების პრობლემებიც. მათ საიას იურისტებს დახმარება სთხოვეს იმ უძრავი ქონების დაკანონებაში, სადაც ამჟამად არიან განსახლებულნი.
ქუთაისის ფილიალის ავტო-ტური რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: ოფიტარა, ზუბი, ოყურეში, მახურა, წიფერჩი, ხოფური, მაზაში, ლამანაშური, ნანური, წიფლაკაკი, რცხმელური, ორბელი, სორი, გადამში, ნიგვზნარა, უწერა, შოვი, გლოლა, ღარი, სადმელი, ხვანჭკარა, პირველი ტოლა, მეორე ტოლა, ჭრებალო, ჩორჯო, წესი, გენდუში, ნიკორწმინდა, ქვედა და ზედა ჟოშხა, ასევე, ცაგერის, ლენტეხის, ონის, ამბროლაურის საკრებულოებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში. მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება გამოიწვია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, უძრავი ქონების რეგისტრაციის, მიწის პრივატიზაციის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დაწესებული შეღავათების, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების სოციალური დახმარების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების გადაცემის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ტყითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, საგადასახადო შეღავათების, სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ეკომიგრანტების განსახლების, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების და სხვა სოციალურმა საკითხებმა. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც შრომის წიგნაკებსა და სხვა დოკუმენტებში დაშვებული შეცდომების გამო ბევრ მოქალაქეს შეექმნა პრობლემა შრომის სტაჟის დაანგარიშებასა და პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით. მათ გაეწიათ დახმარება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დასადგენად.
ქუთაისის ფილიალის ავტო-ტური სამეგრელოს რეგიონში. შეხვედრები გაიმართა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ზუგდიდის გამგეობებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში და ფოთის, აბაშის, სენაკის მუნიცი პალიტეტების შემდეგ სოფლებში: დიდი ჭყონი, ჯგალი, ჭკადუაში, ჭალადიდი, შამგონა, კოკი, ორსანტია, დარჩელი, ანაკლია, თეკლათი, ნოსირი, მარანი.
![]() |
3.2 იძულებით გადაადგილებულ პირთა მობილიზაცია და ტრენინგები |
▲back to top |
საია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობდა აქტიურ მონაწილეობას დევნილთა კოლექტიური ცენტრების მობილიზაციისა და ტრენინგების პროცესში. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, იმ დევნილებისათვის, რომლებსაც დაკავებული ფართები საკუთრებაში გადაეცათ, მნიშვნელოვანი გახდა საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მეშვეობით. ამ მიზნით, პროექტის - „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება“ - ფარგლებში ჩატარდა 9 ტრენინგი, რომლებსაც სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან მოწვეული 15 კაციანი ჯგუფები ესწრებოდნენ.
საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა მობილური ვიზიტები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებსა და ახალ ჩასახლებებში, რომლებიც 2009 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა. გარდა ამისა, 2010 წლის ივლისში დამატებით იქნა შერჩეული 30 კოლექტიური ცენტრი და 20 ახალი ჩასახლება მობილური ვიზიტების განსახორციელებლად. ვიზიტები მიზნად ისახავდა დევნილთა ინფორმირებას პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ასევე, სხვა სამართლებრივი საკითხებისა და სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულ პერიოდში სულ 229 მობილური ვიზიტი განხორციელდა.
2010 წლის ივნისში გამოიცა ბროშურა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“. გამოვიდა ასევე საინფორმაციო ბიულეტენ „შენი მაცნეს“ ექვსი ნომერი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას დევნილთა სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, საპენსიო საკითხებზე, სოციალურ დახმარებებზე, დევნილთა სამართლებრივ პრობლემებსა და ადვოკატირების წარმატების მექანიზმებზე. საინფორმაციო ბიულეტენების მიღება დევნილებს შეეძლოთ მობილური ვიზიტებისას, ასევე, საიას ოფისებში.
შეხვედრა პატრიარქთან
2010 წლის მარტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისა და თანამშრომლების ნაწილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა. საუბარი შეეხო ასევე საიას საქმიანობას და მის როლს აღნიშნულ პროცესში.
შეხვედრის ბოლოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საიას იურისტებს ქვეყანაში არსებული რამდენიმე პრობლემატური სამართლებრივი საკითხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათზე რეაგირება სთხოვეს.
ადამიანის უფლებათა კვირეული
2009 წლის დეკემბერში საიამ ტრადიციულად აღნიშნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე - 10 დეკემბერი და მას სპეციალური კვირეული მიუძღვნა.
კვირეული 8 დეკემბერს, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, საარჩევნო თემატიკაზე გამართული მრგვალი მაგიდის შეხვედრით გაიხსნა, რომელსაც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს წარმომადგენლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
9 დეკემბერი დაეთმო საიას ანტიკორუფციული საქმიანობის ანალიზს. ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად წარმოადგინა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის შედეგები.
უშუალოდ 10 დეკემბერს (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით.
კვირეული დაიხურა 11 დეკემბერს. საიამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პარლამენტში გააგზავნა რეკომენდაციები საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
26 ივნისი - წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე
გასული საანგარიშო წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრადიციულად აქტიურად იყო ჩართული წამების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგის პროცესში.
2010 წლის 26 ივნისს საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ - ერთად გამართა აქცია სახელწოდებით „არ აწამო“. აქციის მონაწილეებმა ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს წინ განათავსეს ბანერი წარწერით: „არ აწამო!“ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ხელმოწერით დაედასტურებინა სოლიდარობა წამების მსხვერპლთა მიმართ.
იმავე დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააკეთა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია სახელწოდებით: „წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში - არსებული პრობლემები და გამოწვევები“. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე:
არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ არსებული საკანონმდებლო ბაზა.
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ეფექტურობა.
წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
არასათანადო მოპყრობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ეფექტურობა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰაუპტვახტებში დაკავებულთა მოთავსების აღრიცხვის სისტემის დახვეწა და ელექტრონული ბაზის შექმნა.
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შეფასება.
აქცია დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად
2010 წლის 23 სექტემბერს საიამ, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გამართა აქცია სახელწოდებით „გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი“. იდეის ავტორი და ინიციატორი გახლდათ მხატვარი ანა გაბრიაძე. პროექტი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
აქციის მიზანი იყო დიღმის ტყის, როგორც თბილისში დღემდე შემორჩენილი ერთადერთი რეკრეაციული ზონის გადარჩენა გაჩეხვისაგან და ამ მიმართულებით საზოგადოების ყურადღების გამახვილება. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე გასხვისებულია. მყიდველს კი, უფლება აქვს ზედ შენობა-ნაგებობები აღმართოს.
აქციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, დი პლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაიმართა სტუდია „მონიტორის“ მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება, რომელშიც ასახული იყო ტყე-პარკის ისტორია და მოსალოდნელი პრობლემები.
28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე - 28 სექტემბერი ტრადიციულად აღნიშნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა აქცია სახელწოდებით: „რამდენი გაქვს პრემია?“ საიას წარმომადგენლებმა დაარიგეს საინფორმაციო პლაკატები და ფლაერები, რომლითაც საჯარო მოხელეებს მოუწოდეს, გამჭვირვალე გახადონ თავიანთი საბიუჯეტო შემოსავლები, ხოლო მოქალაქეებს - მოითხოვონ აღნიშნული ინფორმაცია. ამ გზით, საზოგადოებას შევახსენეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ცოდნის უფლება. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს თბილისის მერიასთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
იმავდროულად, ხელფასებისა და პრემიების გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით საიას მიერ დაბეჭდილი პოსტერები გაეგზავნათ საჯარო დაწესებულებებს.
იმავე დღეს გაიმართა მეორე ღონისძიება - კვლევების პრეზენტაცია სახელწოდებით: „ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 3 კვლევა:
ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა.
საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალობა საქართველოში (საჯარო დაწესებულების თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და მივლინების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა).
საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის საკითხზე მომზადებული 10 დეკემბრის ანგარიშების ანალიზი.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია ინფორმაციის თავისუფლების აქტუალურ საკითხებზე.
მომავალი სიღარიბის გარეშე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს არაერთ წარმატებულ პროექტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად კოალიციების ფარგლებში. ერთ-ერთი ასეთი კოალიცია „მომავალი სიღარიბის გარეშე“ 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასა და 300-მდე ფიზიკურ პირს აერთიანებს. კოალიცია 2005 წელს შეიქმნა. მისი მიზანია, საქართველოს მთავრობას პერიოდულად შეახსენოს ის ვალდებულებები, რომლებიც 2000 წლის სექტემბერში გაეროს დეკლარაციაზე ხელმოწერით აიღო 2015 წლამდე სიღარიბის დაძლევისა და ათასწლეულის 8 მიზნის შესრულების სახით. გარდა ამისა, კოალიცია მუდმივად მუშაობს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ზემოაღნიშნულ მიზნებსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებთან მიმართებით. ამ მიზნით, ჩატარდა არაერთი აქცია, ღონისძიება, მრგვალი მაგიდის შეხვედრა თუ სემინარი.
გასული საანგარიშო პერიოდი კოალიციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან 2015 წლამდე მხოლოდ 5 წელი დარჩა, შესაბამისად, მოხდა შედეგების შეჯამება, თუ 2000 წლიდან დღემდე რით უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ათასწლეულის მიზნების გამოწვევებს.
კოალიციის ორგანიზებით ჩატარდა 2 დიდი ღონისძიება:
7 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში მოეწყო მარათონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა.
სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღე 17 ოქტომბერი კოალიციამ აღნიშნა აქცია-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ქართველი მომღერლები.
ღონისძიებების ძირითადი მესიჯები საქართველოს მთავრობისკენ იყო მიმართული.
![]() |
3.3 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ახალგაზრდა ლიდერები ამომრჩევლის ინფორმირებისათვის |
▲back to top |
გასულ წლებში საიას რეგიონული ოფისების ბაზაზე ჩამოყალიბებული ლიდერთა კლუბის წევრები მიმდინარე საანგარიშო პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიაში 5 რეგიონის მასშტაბით. მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდებოდა წანასაარჩევნო და არჩევნების პროცესებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, როგორ და რა ვადაში შეუძლიათ ამომრჩევლებს, გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო სიებში და ა.შ. წინასაარჩევნოდ ლიდერების მიერ მომზადდა და დარიგდა 5 ტი პის ბუკლეტი. აპრილ-მაისის თვეში ლიდერებმა დაფარეს 38 მუნიცი პალიტეტის 400-მდე სოფელი, შეხვდნენ დაახლოებით 18 000 ამომრჩეველს.
![]() |
4 ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა |
▲back to top |
ეფექტიანი მმართველობა კვლავ რჩება საიას პრიორიტეტულ მიმართულებად. მიუხედავად იმისა, რა ფარგლებში მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და კონკრეტულ დარღვეულ უფლებაზე სამართლებრივი რეაგირება, თუ არა ეფექტური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობა, შეუძლებელი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
საიას ანტიკორუფციული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას კვლავ საერთაშორისო დახმარებების მონიტორინგი წარმოადგენს. 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში დონორთა კონფერენციის შედეგად, დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოიყო 4.55 მლრდ დოლარის დახმარება, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფას საკვებით, თავშესაფრითა და საარსებო მინიმუმით.
საიამ, ღია საზოგადოების ინსტიტუტის და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, განახორციელა დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის და, ასევე, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგები. აღნიშნული საქმიანობა განხორციელდა კოალიცია „გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს“ ფარგლებში. კოალიცია უშუალოდ ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შემდგომ ჩამოყალიბდა საქართველოსთვის გამოყოფილი საგრანტო თანხების გამჭვირვალედ ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით და კვლავაც წარმატებით საქმიანობს. ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხარისხის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შესწავლა. ამ მიზნით, განხორციელდა საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და გამოქვეყნდა შესაბამისი ანგარიში.
![]() |
4.1 დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში |
▲back to top |
ასოციაციის მიერ შესწავლილ იქნა დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობა, კერძოდ, იმ მშენებლობებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომელსაც ახორციელებდა უშუალოდ სახელმწიფო - ადგილობრივი თვითმმართველობების, სსი პ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახით.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაო იქნა გაწეული, თუმცა აღნიშნულ პროცესში ადგილი ჰქონდა მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევასა და სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. არსებული ხარვეზები და, შედეგად, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განხორციელებული საქმიანობის ეფექტურობას და გაწეული ხარჯების მიზნობრიობას.
![]() |
4.2 ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი |
▲back to top |
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2008 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა, თუმცა, პროექტის ძირითადი ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერ სესხის სახით გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა.
საიას მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი სამართლებრივი დარღვევები:
სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა.
ტენდერების წარმართვა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევითა და გვერდის ავლით.
დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება არასაკმარისი ფინანსური რესურსის პირობებში.
საბიუჯეტო ფინანსების არაეფექტური ხარჯვა.
მშენებლობის განხორციელება შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად.
ასოციაციის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის საჭიროებას. საანგარიშო პერიოდისთვის, გზის მშენებლობის პროექტი კვლავ განხორციელების სტადიაზეა. შესაბამისად, ორგანიზაცია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების შეფასებას მომდევნო წლისათვის გეგმავს.
![]() |
4.3 საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა საქართველოში |
▲back to top |
აღნიშნული კვლევა განხორციელდა რეგიონული პროექტის - „საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი“ - ფარგლებში. ანალოგიური კვლევები ჩატარდა დამატებით სამ ქვეყანაში: უკრაინა, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი.
საიას მიერ საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების დაცვის, კანონით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფისა და ძირითადი ტენდენციების შესახებ გარკვეული სურათი შექმნა. შედეგები ცხადყოფს, რომ გამოვლენილი დარღვევები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ბარიერები არაერთგვაროვანი და მრავალფეროვანია. ცალკეულ შემთხვევებში, დაბრკოლებებს სამართლებრივი ნორმების ბუნდოვანება ან არარსებობა განაპირობებს. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ არცთუ იშვიათად ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან უკანონო ქმედებებსა და უკანონო პრაქტიკის დამკვიდრებას აქვს ადგილი.
მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 10 წლიანი მოქმედების განმავლობაში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აქტუალური რჩება. კერძოდ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არა მის შინაარსზე, არამედ ცალკეული საჯარო დაწესებულების ნებასა და სურვილზე, გახადოს კონკრეტული ინფორმაცია საჯარო, თუ მიიჩნიოს იგი საიდუმლოდ.
![]() |
4.4 მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე |
▲back to top |
საიას ოფისები (განსაკუთრებით რეგიონული) საანგარიშო პერიოდში აქტიურად საქმიანობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართვის მიმართულებით. განხორციელებული საქმიანობებიდან აღსანიშნავია პროექტ „ხალხის მანიფესტის“ ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერების მიერ განხორციელებული საქმიანობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციასთან - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) - ერთად საქართველოს 62 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ახორციელებდა აქტიური მოქალაქეებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლების კამპანიას. აღნიშნული საქმიანობა მიზნად ისახავდა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგის გზით, მოქალაქეებისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას საკუთარი პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში პოლიტიკური პარტიების/სუბიექტების როლის ზრდას.
მოქალაქეთა ტრენინგები და თვითმმართველობის მონიტორინგი. თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩნენ მოსახლეობის აქტიური წარმომადგენლები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგები აქტიური მოქალაქეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონიტორინგის შესახებ. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 62 მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 904-მა მოქალაქემ. იქვე შეირჩნენ საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებდნენ. მონიტორინგის ძირითადი მიმართულებები: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობა, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და მათი ინტერესების ლობირება.
ფოკუს ჯგუფები. მოსახლეობის პრობლემების გამოსავლენად საქართველოს 62 მუნიციპალიტეტში ორგანიზება გაუკეთდა ფოკუს ჯგუფების 83 შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 960-მა რესპოდენტმა. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ინფორმირება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. პრეზენტაციები მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა, რა დროსაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ მათი პრობლემების გადაჭრის გზები. კვლევის შედეგები საიამ, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს წარუდგინა.
თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა ტრენინგები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ტრენინგები თემაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი. ტრენინგების თემატიკა შერჩეულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების საჭიროებებიდან გამომდინარე. აღნიშნული ტრენინგი დაეხმარება მათ მომავალი საქმიანობის განხორციელებაში.
გარდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში საიას ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის წევრებმა:
დაფარეს საქართველოს 5 რეგიონის 38 მუნიცი პალიტეტი.
მონაწილეობა მიიღეს 300 საჯარო სხდომაში.
გამართეს შეხვედრები 450 სოფლის 25 000 მოსახლესთან ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით.
გამოკითხეს 9000 ადგილობრივი მოსახლე.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, წარადგინეს 135 განცხადება.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე, მოამზადეს 5 მიზნობრივი სოციალური პროგრამის პროექტი და წარუდგინეს ადგილობრივ თვითმმართველობებს.
მოქალაქეებს დაეხმარნენ 50-მდე განცხადების მომზადებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში წარდგენაში.
მოამზადეს 30 რეკომენდაცია თვითმმართველობებისათვის.
ორგანიზება გაუკეთეს 5 შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 38 მუნიციპალიტეტის 150-მა წარმომადგენელმა.
მონაწილეობა მიიღეს 8 რადიო და 12 სატელევიზიო გადაცემაში, 2 სატელევიზიო თოქ-შოუში და 9 საგაზეთო სტატიის მომზადებაში.
ახალგაზრდა ლიდერებმა თავიანთი საქმიანობის შედეგად არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მაგალითად:
რუსთავის ახალგაზრდა ლიდერებს მარნეულის გამგებელმა წერილობით აცნობა, რომ მათი განცხადების შესაბამისად, სოფელ წერეთელში სასმელი წყლისა და სოფელ ახალ დიოკნისში საფეხბურთო მოედნის პრობლემის მოსაგვარებლად თანხები გათვალისწინებული იქნება 2010 წლის ბიუჯეტში.
კასპის მუნიციპალიტეტმა სოფელ თელიანში აღმოფხვრა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა საბავშვო ბაღში და დაიწყო გაზიფიკაციის პროცესი რამდენიმე სოფელში.
ლიდერების მიერ ხაშურის გამგებლის სახელზე დაწერილი განცხადების საფუძველზე, რომელიც გაზიფიცირების პრობლემას შეეხებოდა, ხაშურის ზოგიერთ უბანსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა სურამში გაზიფიკაციის სამუშაოები დაიწყეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ჭერმისხევზე დაიწყო სამუშაოები - გატარდა დასუფთავების ღონისძიებები, გამოიყო ტერიტორია, სადაც მოეწყობა ნაგავსაყრელი და, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში სოფელს ნაგავსაყრელი ექნება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ულიანოვკაში გაკეთდა ახალი ჭაბურღილი. წყალი მიეწოდა სკოლის და საბავშვო ბაღის უბნებს. გაკეთდა ასევე დაახლოებით 20 საუბნო წყალი.
![]() |
4.5 საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე ფართო და |
▲back to top |
პროგრამა ერთობლივად ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და Saferworld-ის მიერ. პროექტის მიზანია, დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, გააანალიზოს კონფლიქტსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და ითამაშოს პოზიტიური როლი აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. პროცესი მოიცავს ორმხრივ დიალოგს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შექმნილი ძირითადი ჯგუფის წევრებსა და ფართო საზოგადოებას შორის საქართველოს ოთხ რეგიონში და გააჩნია შემდეგი მიზნები:
კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების წევრებისაგან ინფორმაციის მიღება მათი ხედვის შესახებ.
დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება კონფლიქტთან დაკავშირებით.
საზოგადოების ხელშეწყობა, რათა მათ უფრო ფართო ჭრილში შეხედონ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს.
საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა რეგიონში არსებულ შეხედულებებთან დაკავშირებით.
დიალოგის პროცესის მეთოდოლოგია ფოკუსირებულია სათემო, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. თითოეულ რეგიონში საზოგადოების წარმომადგენლებიდან შეირჩნენ ძირითადი ჯგუფის წევრები, რომელთა შორის, საანგარიშო პერიოდში, რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები. ძირითადი ჯგუფის წევრები საკუთარ თემებში აწარმოებდნენ კონსულტაციებს იმ სახელმძღვანელო დოკუმენტების დახმარებით, რომლებიც მათ გადაეცემოდათ ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედეგებს წარმოადგენდნენ რეგიონულ შეხვედრებზე. შედეგები გროვდებოდა და წარედგინებოდა სხვა რეგიონების წარმომადგენლებსაც პერიოდულ ეროვნულ შეხვედრებზე. უკვე ჩატარდა 4 რეგიონული და 2 ეროვნული შეხვედრა. პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი შეხედულებები კონფლიქტისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომავალში გამოყენებული იქნება, როგორც დიალოგის საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ოთხი რეგიონული ფორუმი შიდა ქართლში, სამეგრელოში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. პროცესში ჩართული არიან სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი ორგანიზაციები, რომლებიც, როგორ წესი, არ მუშაობენ კონფლიქტებზე, მაგრამ აქვთ შესაძლებლობა და უნარი, ჩამოაყალიბონ კონფლიქტის საერთო ანალიზი, განსაზღვრონ უმთავრესი პრიორიტეტები მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მიაწოდონ კონკრეტული რეკომენდაციები ეროვნულ და საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. პროცესის შედეგად შეიქმნება ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ხედვები და რეკომენდაციები ცვლილებებისათვის.
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ოთხი რეგიონიდან მიღებული შედეგების შეჯერება თბილისში დაგეგმილ პირველ ეროვნულ შეხვედრაზე, რის შედეგადაც გამოიცა პირველი ანგარიში: „როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს“.
ზემოაღნიშნულმა სამუშაომ ცხადყო, რომ რეგიონებში საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. მოსახლეობა მცდარად ან საერთოდ არ არის ინფორმირებული როგორც სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ უცხო ქვეყნების როლზე მიმდინარე პროცესებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაიგეგმა და მომზადების პროცესშია შეხვედრები რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. ეს იქნება ორმხრივი დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, იგეგმება საინფორმაციო ბროშურის გამოცემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მისიისა და მანდატის შესახებ.
![]() |
4.6 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ანგარიში |
▲back to top |
2010 წლის 29 იანვარს საიას გამგეობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვება განხორციელდებოდა დედაქალაქსა და საქართველოს შვიდ რეგიონში - აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში, ხოლო არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამების პროცედურებს ორგანიზაცია ქვეყნის 3 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დააკვირდებოდა.
აღნიშნულ ქალაქებში არჩევნების დღის დაკვირვების გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოებაზე იყო დაფუძნებული: საია არჩევნებს აკვირდებოდა ორგანიზაციის წევრების, თანამშრომლებისა და გამოცდილი დამკვირვებლების მეშვეობით (სულ 250 დამკვირვებელი), შესაბამისად, მონიტორინგის მასშტაბები რამდენიმე რეგიონით უნდა შემოფარგლულიყო. თბილისში დაკვირვების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ასევე იმ გარემოებას, რომ 30 მაისს დედაქალაქის მოსახლეობა პირველად აირჩევდა ქალაქის მერს პირდაპირი წესით. ამასთან, აღნიშნულ ქალაქებში, ამომრჩეველთა მაღალი რაოდენობიდან გამომდინარე, კონკურენცია საარჩევნო სუბიექტებს შორის ყველაზე მაღალი იყო.
საარჩევნო პერიოდში საიას საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დარღვევების გამოვლენით, არამედ, საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში საჩივრების წარდგენის გზით, ორგანიზაცია ცდილობდა, ხელი შეეწყო საარჩევნო კანონმდებლობის პროგრესული განმარტების დანერგვის, დამრღვევთა წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების გატარებისა და საარჩევნო დარღვევათა შემდგომი პრევენციისთვის.
წინასაარჩევნო პერიოდი
წინასაარჩევნო პერიოდში საიას დამკვირვებლები ინფორმაციას სხვადასხვა გზით მოიპოვებდნენ. ხორციელდებოდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა, ასევე, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი. გარდა ამისა, საიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო შეხვედრებს ამომრჩევლებთან. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები თავად გვაწვდიდნენ ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში მათ მიერ იდენტიფიცირებული სამართალდარღვევების შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ საიას მონიტორები თითოეულ ფაქტს უშუალოდ განმცხადებლებთან ამოწმებდნენ.
სათანადო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საია დარღვევის ფაქტებს ცესკოში, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებში ასაჩივრებდა. მონიტორინგის ფარგლებში საიამ შესაბამის უწყებებში გაასაჩივრა:
ძალადობისა და იძულების ფაქტები საარჩევნო სუბიექტების მიმართ.
კანონით აკრძალული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
კანონით აკრძალული საჩუქრებისა და მატერიალური ფასეულობების გადაცემა ამომრჩევლებისათვის.
საჯარო მოხელეების უკანონო მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში.
ძალადობის პროპაგანდა.
არჩევნების დღე
არჩევნების დღეს საიას დამკვირვებლები დაკვირვებას მუდმივი წესით თბილისის 100, ბათუმის 50 და ქუთაისის 50 საარჩევნო უბანზე ახორციელებდნენ. მათ დახმარებას უწევდნენ თბილისში 20 და ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი 10 მობილური ჯგუფის წევრები.
საოლქო საარჩევნო კომისიებსა (თბილისის 10 საარჩევნო ოლქი, ბათუმისა და ქუთაისის საარჩევნო ოლქები) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღიდან შედეგების შეჯამებამდე მუდმივი წესით იმყოფებოდნენ საიას იურისტ-დამკვირვებლები. ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებზე დაიწერა 41 საჩივარი, ჩანაწერთა წიგნში შეტანილ იქნა 30 შენიშვნა, ხოლო 13 საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას.
საჩივრების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ისეთ ფაქტებს, როგორიცაა კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებს.
არჩევნების დღის შემდგომი პერიოდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების დაკვირვებას ახორციელებდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 12 საოლქო საარჩევნო კომისიაში. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საია შესაბამისი საჩივრებით მიმართავდა საოლქო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა თუ სასამართლოს. საჩივრების წარდგენის დროს საიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამართალდარღვევის ჩამდენი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხებზე, როგორც დარღვევათა შემდგომი პრევენციის ერთ-ერთ საშუალებაზე. სულ კენჭისყრის დღის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ იქნა 41 საჩივარი, ცესკოში - 7 საჩივარი, ხოლო სასამართლოში - 8 სარჩელი.
![]() |
4.7 მონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში |
▲back to top |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღესდღეობით ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც ჰყავს მუდმივი თანამშრომელი საპარლამენტო მდივნის სახით. ეს უკანასკნელი აქტიურად მონაწილეობს საპარლამენტო განხილვებში და პერიოდულად პარლამენტს წარუდგენს სამართლებრივ დასკვნებს კანონპროექტებზე. მნიშვნელოვანია, რომ საია არ შემოიფარგლება მხოლოდ ინიცირებული კანონპროექტების ანალიზითა და კრიტიკით, არამედ თავად სთავაზობს პარლამენტს იმ კონკრეტულ წინადადებებსა და ფორმულირებებს, რომლებსაც პოზიტიური წვლილის შეტანა შეუძლია კანონმდებლობის განვითარებაში.
სამართლებრივი დასკვნები კანონპროექტებზე
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს წარუდგინა 20-ზე მეტი დასკვნა და 10-მდე საკანონმდებლო წინადადება. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად უნდა გამოვყოთ მონაწილეობა საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის განკარგულებით, საია შერჩეულ იქნა საკონსტიტუციო კომისიის წევრად. აღნიშნული კომისიის მიერ მომზადებულ პროექტთან მიმართებით საიამ შემდეგი ძირითადი შენიშვნები გამოთქვა:
კომისიამ პროექტის 2 თვის ვადაში მიღებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.
ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვის პერიოდი ზაფხულის სეზონს დაემთხვა, რაც გამორიცხავდა საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ კონსულტაციებს.
წარმოდგენილი პროექტით შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, თუმცა, იგი მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ.
მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში.
მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე.
დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი.
პარლამენტი უუნაროა, დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით.
გამოსაცდელი ვადის შემოღებით, ეჭვქვეშ დგება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები.
უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს.
საანგარიშო პერიოდში საიას მიერ მომზადებულ დასკვნებს შორის შეიძლება გამოიყოს რამდენიმე:
დასკვნა „საქართველოს პატიმრობის კოდექსზე“
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით
სასჯელის შეკრების წესთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების შესახებ
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებზე სამაუწყებლო საშუალებათა ამნისტიის შესახებ
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
„ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პროექტში სკოლის მანდატურებთან დაკავშირებით ინიცირებულ ცვლილებებზე
„საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე
რიგ კანონპროექტებზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ნაწილობრივ ან მთლიანად გაითვალისწინა საიას რეკომენდაციები. მაგალითად:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის პროექტი - ნორმატიული აქტების შესახებ ახალი კანონის პროექტი ბევრად უფრო დახვეწილი იყო მოქმედ კანონთან შედარებით, თუმცა, მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს: ნორმატიული აქტების მიღების დროს ძირითადად აღარ გამოიყენებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეები; საკანონმდებლო მაცნეს საქმიანობა მთლიანად გადადიოდა ელექტრონულ რეჟიმში; პრინციპულად იცვლებოდა კანონის უკუძალის საკითხი. საიამ ყველა ზემოთ მითითებული შენიშვნით მიმართა პარლამენტს, რომელმაც გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.
ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონში - აღნიშნული ცვლილებები ინსპირირებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საიას მიერ წარმოებულ საქმეზე „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“. პროექტი, რეპრესირებულ პირთათვის ზიანის ანაზღაურების წესის განსაზღვრის ნაცვლად, საერთოდ უსპობდა მათ მორალური ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებას. საია კატეგორიულად შეეწინააღმდეგა აღნიშნულ ინიციატივას. საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა ცვლილების განხილვასა და მიღებაზე.
გარდა ჩამოთვლილისა, საიამ ასევე შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადებები შემდეგ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე:
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
ადმინისტრაციული პატიმრობა.
„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს საკანონმდებლო წინადადების მოცულობით პაკეტს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხება და რომელსაც უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ პარლამენტს. აღნიშნული წინადადებები მუშავდება სპეციალურ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც საიამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა.
პერიოდულ კვლევაში „მართლმსაჯულება საქართველოში“1 საიამ მოახდინა იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც საერთო სასამართლოების სისტემაში არსებობს და რომლებიც მოსამართლეებს სხვადასხვა პირსა თუ გარემოებაზე დამოკიდებულს ხდის. ანგარიშის მომზადების პროცესში, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების კვლევის პარალელურად, გაიმართა შეხვედრები მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, უფრო ახლოს და რეალისტურად შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა. შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემური საკითხი:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი.
საბჭოს წევრების დამოუკიდებლობის გარანტიები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი.
იუსტიციის მინისტრის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს პლენუმში.
საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესი.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სახელფასო უზრუნველყოფა.
მოსამართლეთათვის დადგენილი შინაგანაწესი.
სახელმძღვანელო პრინციპები და წინადადებები ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისჩამოყალიბებისათვის.
სასამართლოს თავმჯდომარის როლი საერთო სასამართლოებში.
მოსამართლეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ამ და სხვა პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, რომლებიც კვლევის პროცესში გამოიკვეთა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა ცვლილებების პროექტები შემდეგ კანონებთან დაკავშირებით: 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი; 2. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ კანონი; 3. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონი; 4. „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ კანონი; 5. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი.
საიას მიერ მომზადებულ დასკვნებსა და საკანონმდებლო წინადადებებზე დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.gyla.ge/legislature
ეს არის სპეციალური მონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნული ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შექმნა. ვებ-გვერდი მუშაობს მუდმივად განახლებად რეჟიმში და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოიძიოს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული პროექტები, რომლებზეც საიამ წერილობითი დასკვნები მოამზადა, ასევე, თავად დასკვნების ტექსტები და მრავალი სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი მონაცემი, მათ შორის: ინიცირების თარიღი, ინიციატორისა და ავტორის ვინაობა, განხილვის სტადია და ა.შ. ბაზას განსაკუთრებულად მიმზიდველს და ორიგინალურს ხდის თანდართული ვიდეო მასალები.
__________________
1. აღნიშნული ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.gyla.ge/index.php?option=com-content&view=article&id=386%253A2009-03-09-19-40-01&catid=1%253Alatestnews&Itemid=177&lang=ka
![]() |
5 კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება |
▲back to top |
ახალი თაობის იურისტების აღზრდა, პროფესიული სწავლების განვითარება და თვითმყოფადობის შენარჩუნება იყო და რჩება საიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებად. წესდების, სტრატეგიისა და დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საია გასულ საანგარიშო პერიოდშიც აქტიურად განაგრძობდა საგანმანათლებლო საქმიანობას ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე. ახალგაზრდობისათვის ალტერნატიული, განგრძობადი იურიდიული განათლება, სპეციფიკური უნარ-ჩვევების (დებატები, იმიტირებული პროცესები) განვითარების ხელშეწყობა, მიზნობრივი ტრენინგების ორგანიზება და მუდმივი სიახლეები საინფორმაციო, საგამომცემლო კუთხით - ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც იურიდიული პროფესიით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
სამწუხაროდ, ის მეთოდები, რომლებიც უკვე მრავალი წელია გამოიყენება ევროპისა და დასავლეთის სკოლებში, ჯერ კიდევ სიახლედ რჩება ან საერთოდ არ არის ცნობილი ქართული სამართლებრივი განათლების ინსტიტუტებისათვის. შესაბამისად, ჩნდება ხარისხობრივად უფრო მაღალი დონის განათლების მიღების მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ რჩება ალტერნატიული იურიდიული განათლების მიღებისა და დაოსტატების კერად და მის ერთერთ სტრატეგიულ მიზანსაც სწორედ კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება წარმოადგენს.
ფონდი და სასწავლო ცენტრი საანგარიშო პერიოდში შემდეგი მიმართულებით საქმიანობდნენ:
თბილისში ყოველწლიური 6 თვიანი სასწავლო კურსები სამართლის 5 მიმართულებით.
სიახლე! - სასწავლო კურსები ბათუმში, გორსა და ქუთაისში.
დებატების შიდა და ეროვნული ტურნირების უზრუნველყოფა ბათუმის, გორის, ქუთაისის, თელავის, რუსთავისა და თბილისის მასშტაბით.
ოლიმპიადის - „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ - ორგანიზება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სემინარების ორგანიზება საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე.
საჯარო დისკუსიები.
იურიდიული ბიბლიოთეკის ფონდის გაზრდა უახლესი ლიტერატურით.
სახელმძღვანელოების გამოცემა.
ფონდის სასწავლო კურსები
2009-2010 სასწავლო წელს, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდს სულ 300-მა სტუდენტმა მიმართა, აქედან მხოლოდ 130-ს მიეცა საშუალება, გაევლო სასწავლო კურსები. სტუდენტები 6 თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ ცოდნას შემდეგი მიმართულებით:
შესავალი სამართალში
სამოქალაქო სამართალი
სისხლის სამართალი
საერთაშორისო სამართალი
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ საბოლოო გამოცდაზე დაშვებულ იქნა 77 სტუდენტი. აქედან მხოლოდ 30-მა სტუდენტმა დაიმსახურა საიასა და ფონდის ერთობლივი დიპლომი, ხოლო დანარჩენებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სასწავლო პროცესის მიწურულს, ფონდმა თავისი სტუდენტებისათვის ტრადიციისამებრ კვალავ გაუკეთა ორგანიზება იმიტირებულ სასამართლო პროცესებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. პროცესებს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსამართლეები, ადვოკატები, საჯარო სამსახურების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
გასული წლებისაგან განსხვავებით, სასწავლო კურსები, თბილისის გარდა, ასევე მიმდინარეობდა ბათუმში, გორსა და ქუთაისში, სადაც სტუდენტების საერთო რაოდენობამ 65 შეადგინა. რეგიონებში კურსებზე მოწვეულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან წარგზავნილი მაღალკვალიფიციური ექსპერტები.
დებატების ხელოვნება
ფონდის პრიორიტეტად კვალავ რჩება იურისტ-სტუდენტების დახელოვნება დებატებში. საანგარიშო პერიოდში ფონდი როგორც თბილისის, ასევე საქართველოს 5 რეგიონის მასშტაბით ორგანიზებას უწევდა დებატების კურსებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები ეუფლებოდნენ კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას, დებატის კულტურას, სწრაფი აზროვნებისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებას, აგრეთვე, იურიდიულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებას. 2010 წლის აპრილში ფონდმა ორგანიზება გაუკეთა დებატების შიდა ტურნირებს და გამოავლინა როგორც გამარჯვებული გუნდები, ასევე საუკეთესო მოდებატეები. მაისში კი თბილისში ჩატარდა დებატების ეროვნული ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს გამარჯვებულმა გუნდებმა როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. წელს ეროვნულ ტურნირში გამარჯვებულად გამოვლინდა ქუთაისის გუნდი.
ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“
საიას იურიდიული სწავლების ცენტრმა წელსაც არ უღალატა ტრადიციას და, სახალხო დამცველის აპარატთან პარტნიორობით, GTZ-ის ფინანსური მხარდაჭერითა და საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ოლიმპიადას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“.
ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 77-მა გუნდმა საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ ნაკლები დაინტერესება იყო რეგიონებიდან, შესაბამისად, განმცხადებელთა 90%25-ს თბილისის სასწავლებლების გუნდები შეადგენდნენ. წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა 8 გუნდი. მათ შორის, 7 - თბილისიდან და 1 - თელავიდან. 2009 წლის 11-13 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა როგორც შესარჩევი რაუნდები, ასევე ნახევარფინალი და ფინალი. იმიტირებულ პროცესებს თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ბესიკ ლოლაძე, ხოლო სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდნენ დარგის სპეციალისტები.
ოლიმპიადა 13 ნოემბერს საზეიმო ვითარებაში დაიხურა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, რომელმაც საკონსტიტუციო სამართლის საუკეთესო მცოდნეს საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციალური პრიზი გადასცა. აღნიშნული ტიტული დაიმსახურა კავკასიის სამართლის სკოლის გუნდის მონაწილემ. სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური პრიზი - „ადამიანის უფლებათა საუკეთესო ინტერპრეტატორი” - გადასცა თსუ-ს გუნდის წარმომადგენელს. მონაწილეებს გადაეცათ GTZ-ისა და საიას ერთობლივი სერტიფიკატები. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელსაც გადაეცა გარდამავალი თასი წარწერით „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“.
საჯარო დისკუსიები
საანგარიშო პერიოდში იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა დაამკვიდრა ახალი ტრადიცია - პერიოდული საჯარო დისკუსიები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხსა და სიახლეზე, რომელზეც დასწრება შეუძლიათ როგორც საიას წევრებსა და სტუდენტებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს.
ფონდმა სამოქალაქო სამართლის ჯგუფის მონაწილეობით 2009 წლის 5 დეკემბერს ორგანიზება გაუკეთა საჯარო დისკუსიას თემაზე „სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია?“ საჯარო დისკუსიის საპატიო სტუმრებად მოწვეულები იყვნენ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტი დავით უსუფაშვილი. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 50-მა პირმა.
2010 წლის 26 თებერვალს ფონდის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით. საჯარო დისკუსიის სტუმრები იყვნენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე და დამოუკიდებელი ექსპერტი გიგლა აგულაშვილი. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა სისხლის სამართლის პროცესის განვითარების ტენდენციები, სსს კოდექსის ახალი რედაქცია - ნოვაციები, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და მისი განვითარების ისტორია. ასევე, გაკეთდა შედარებითი ანალიზი ძველ და ახალ სსს კოდექსებს შორის. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 30-მა პირმა.
სემინარები ადვოკატებისათვის
საია კვლავ აგრძელებს თანამშრომლებისა და ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ტრადიციას პრობლემატურ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.
2009 წლის ნოემბერში სწავლების ცენტრის ორგანიზებით, საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები“. სემინარში მონაწილეობა მიიღო სულ 30-მა ადამიანმა.
2010 წლის 22-23 მარტს, ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, იურიდიული სწავლების ცენტრმა ორგანიზება გაუკეთა სემინარს თემაზე: „არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან“. სემინარი განკუთვნილი იყო სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტებისათვის. სემინარში მონაწილეობა მიიღო 35-მა ადვოკატმა და უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მათ შორის 12 მონაწილე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ტრენინგები ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფისათვის
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სასჯელაღსრულების დაწესებულების პირველადი ჯანდაცვისა და საავადმყოფოების ექიმებზე, რომლებსაც ტრენინგი ჩაუტარდათ 2 ეტაპად (2009 წლის 11-13 დეკემბერს და 2010 წლის 6-7 მარტს), სახელწოდებით: „ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“. ტრენინგი შეეხებოდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებს ჯანმრთელობის უფლებასთან მიმართებით. საუბარი იყო როგორც საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, ასევე სხვა ქვეყნების მაგალითებზეც. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა წამებისა და ეროვნული პრევენციის მექანიზმებზე, განხილულ იქნა წამების სამედიცინო და ფსიქოსოციალური ასპექტები. მონაწილეებს განემარტათ OPCAT-ისა და ეროვნული პრევენციული მექანიზმის ძირითადი პრინციპები.
საინფორმაციო ცენტრი
(იურიდიული ბიბლიოთეკა)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული ბიბლიოთეკა კვლავ არის ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ბირთვი და მიმზიდველი ადგილი სტუდენტებისა და იურიდიული ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველებისათვის. ბიბლიოთეკა ყოველდღიურად საშუალოდ 20-25 მკითხველს ემსახურება, რომელთა შორის არიან როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ბენეფიციარები და სხვა დაინტერესებული პირები. ყოველწლიურად ხორციელდება ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება უახლესი იურიდიული ლიტერატურით. გასულ საანგარიშო პერიოდში საიას ბიბლიოთეკის ფონდი 230 ერთეული სხვადასხვა სახის წიგნით შეივსო.
გარდა ამისა, ადგილზე ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტ-სერვისი. სამკითხველოში დაიდგა კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილია პროგრამა codex-ით. ამდენად, იურიდიული ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველებს ჩვენთან შეუძლიათ გაეცნონ იშვიათ იურიდიულ გამოცემებს, მოახდინონ მათი შესაბამისობის დადგენა უახლეს ცვლილებებთან როგორც ახალი წიგნების, ისე ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ვებ-გვერდი: www.legaleducation.ge, სადაც ხელმისაწვდომია საიას მიერ გამოცემული წიგნები ელექტრონულ ფორმატში.
ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო
ფონდმა, მეორე წელია, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაისახა ქართულ ენაზე მაღალრეიტინგული იურიდიული ლიტერატურის თარგმნა და, ასევე, ქართველი ავტორების ხელშეწყობა მათ მიერ ახალი სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის პროცესში.
2010 წლის აპრილში ფონდმა გამოსცა „ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო“, რომლის ავტორებიც არიან უზენაესი სასამართლოს წევრი ნათია წკეპლაძე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა ტურავა. სახელმძღვანელოში განხილულია ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი ინსტიტუტები. თეორიული საკითხების გააზრების გაადვილების მიზნით, წიგნში მოყვანილია საკონტროლო კითხვები და სავარჯიშოები. სახელმძღვანელოში ასევე მრავლადაა კაზუსები საქართველოს სასამართლოს პრაქტიკიდან.
![]() |
5.1 სტაჟირება იურიდიული დახმარების ცენტრებში |
▲back to top |
იურიდიული პროფესიის განვითარების, ახალგაზრდა იურისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს თბილისისა და 7 რეგიონული ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრებს, სადაც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკები სტუდენტებისთვის.
ცენტრებში მოქმედებს სტაჟირების პროგრამა, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის საშუალებას აძლევს. სტაჟირების პროგრამა 6 თვეს გრძელდება და მასზე მოხვედრა კონკურსის გზით არის შესაძლებელი. სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები მონაწილეობენ კონსულტაციების გაცემის პროცესში, გამოცდილი იურისტების დავალებითა და მეთვალყურეობით ადგენენ სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტს, ეძლევათ საშუალება, ადვოკატთან ერთად მოახდინონ მოქალაქეთა ინტერესების დაცვა სასამართლოში, მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგში და ა.შ.
გასული საანგარიშო წლის განმავლობაში საიას იურიდიული დახმარების ცენტრში, თბილისისა და 7 რეგიონული ოფისის მასშტაბით, სულ 119 დამწყებ იურისტს მიეცა სტაჟირების გავლის საშუალება. ჩვენი სტაჟიორები შემდგომში წარმატებით იკვლევენ გზას მომავალი საქმიანობისთვის ჩვენს ოფისებში, ასევე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ კერძო სექტორში.
![]() |
5.2 ფინანსური ანგარიში |
▲back to top |
საანგარიშო პერიოდი: 2009 წლის 1 ოქტომბერი - 2010 წლის 30 სექტემბერი
საიას ფინანსური ანგარიში მოიცავს ორგანიზაციის მე-16 და მე-17 საერთო კრებებს შორის განვლილ პერიოდს. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროდან გრანტის, შემოწირულობისა და საწევროს სახით მიღებულია 3,830,820.38 ლარი. აღნიშნული თანხა, მიღების წყაროების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება:
British Embassy |
13,329.00 ლარი |
Council of Europe |
22,688.78 ლარი |
Caritas |
3,325.94 ლარი |
DRC |
213,798.56 ლარი |
EHRAC |
17,663.97 ლარი |
Embassy of the Netherlands |
176,215.43 ლარი |
EURASIA |
250,752.81 ლარი |
Europe Commission |
1,683,886.22 ლარი |
International Foundation for |
97,678.88 ლარი |
International Organization for |
2,077.00 ლარი |
NDI |
27,122.50 ლარი |
OSGF |
93,029.36 ლარი |
OSI |
227,865.60 ლარი |
Oxfam NOVIB |
94,028.75 ლარი |
RJI |
128,929.41 ლარი |
SaferWorld |
160,918.74 ლარი |
Sida |
521,641.49 ლარი |
US Embassy |
50,344.25 ლარი |
Westminster Foundation for |
32,217.75 ლარი |
საწევრო შენატანი |
1,185.00 ლარი |
სხვადასხვა კერძო და |
|
სხვადასხვა შემოსავალი |
10,166.94 ლარი |
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ასოციაციაში არაერთჯერად სამუშაოზე დასაქმებული იყო 239 თანამშრომელი, მათ შორის 129 - რეგიონებში, რომელთა ანაზღაურების საერთო ფონდმა შეადგინა 1,598,365.48 ლარი. ერთჯერადი ჰონორარი გაიცა 369 პიროვნებაზე - საერთო თანხით 218,413.39 ლარი.
კერძო პირებზე გაცემულ ანაზღაურებებზე, ხელფასებსა და ჰონორარებზე დაკავებულ იქნა საშემოსავლო გადასახადი - 242,767.61 ლარი.
საანგარიშო პერიოდში ასოციაციის მიერ შეძენილია 112,488.48 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები, მათ შორის, რეგიონებისთვის - 45,239.36 ლარის ღირებულების.
ამავე პერიოდში შეძენილია საოფისე დანიშნულების სხვადასხვა მცირეფასიანი ნივთი 45,325.87 ლარის ღირებულების, მათ შორის, რეგიონებისთვის - 21,117.40 ლარის ღირებულების.
აღნიშნულ პერიოდში ასოციაციის, როგორც ცენტრალური ოფისის, ასევე რეგიონული ოფისების ბიბლიოთეკებისთვის შეძენილ იქნა 5,085.67 ლარის ღირებულების წიგნები და სხვადასხვა პერიოდული გამოცემა.
ასოციაციის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სემინარისა და შეხვედრის მოწყობისათვის, რომლებიც იმართებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დაიხარჯა 134,603.27 ლარი.
ასოციაციის თანამშრომლებისა და წევრების სამივლინებო ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 345,495.68 ლარი.
ასოციაციის ოფისების ქირამ შეადგინა 146,484.06 ლარი.
ამავე პერიოდში ორგანიზაციაში გაწეულმა კავშირგაბმულობის ხარჯმა შეადგინა 69,137.03 ლარი, მათ შორის, რეგიონებში - 26,078.26 ლარი.
საანგარიშო პერიოდში ასოციაციის სახსრებიდან მთლიანად დახარჯულია 2,997,534.68 ლარი. აღნიშნული ხარჯი, წყაროების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:
Black Sea Trust |
40,054.69 ლარი |
British Embassy |
12,563.56 ლარი |
Council of Europe |
18,251.97 ლარი |
Caritas |
3,054.26 ლარი |
DRC |
207,877.82 ლარი |
EHRAC |
18,083.69 ლარი |
Embassy of the Netherlands |
41,434.47 ლარი |
EURASIA |
106,794.36 ლარი |
Europe Commission |
831,188.06 ლარი |
GTZ |
107,069.25 ლარი |
International Foundation for |
92,003.54 ლარი |
International Organization for |
2,098.89 ლარი |
NDI |
23,991.97 ლარი |
NED |
54,252.75 ლარი |
OSGF |
65,285.10 ლარი |
OSI |
190,256.08 ლარი |
Oxfam NOVIB |
669,394.98 ლარი |
R J I |
100,467.76 ლარი |
SaferWorld |
123,517.90 ლარი |
UNICEF |
36,626.17 ლარი |
UNDP |
92,311.68 ლარი |
US Embassy |
30.00 ლარი |
USAID |
132,104.38 ლარი |
Westminster Foundation for |
25,726.73 ლარი |
ასოციაციის სახსრები |
3,094.62 ლარი |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მმართველობის ორგანოები
2010 წლის ოქტომბრის მდგომარეობით
გამგეობის წევრები
ხიდაშელი თამარ - თავმჯდომარე
ბებიაშვილი ქეთევან - თავმჯდომარის მოადგილე
ბოხაშვილი ბესარიონ
ბურდული ზურაბ
თომაშვილი თამარ
კახიძე ოთარ
კორძაია თამარ
კოჟორიძე კახა
ლეჟავა ნინო
ლომჯარია ნინო
მეტრეველი თამარ
მოსიაშვილი გაგი
უსუფაშვილი დავით
ფავლენიშვილი ეკატერინე
ფოფხაძე ეკატერინე
ქალდანი თამარ
ჩხეტია ლალი
ცნობილაძე ირაკლი
ჭითანავა ხათუნა
ხიდაშელი თინათინ
ჯაფარიძე სოფიო
რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები
აჭარის ფილიალი - ნინო ტავლალაშვილი
ქუთაისის ფილიალი - ნინო თვალთვაძე
რუსთავის ოფისი - ეკატერინე ფავლენიშვილი
გორის ოფისი - ქეთევან ბებიაშვილი
თელავის ოფისი - მარეხ მგალობლიშვილი
ოზურგეთის ოფისი - თამაზ ტრაპაიძე
დუშეთის ოფისი - სერგო ისაშვილი