ახალი აზრი № 4 (10), აგვისტო, 2003


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბახტაძე რევაზ, აფრასიძე დავით, კეკელიძე თემურ, მანჯგალაძე გიორგი, ღირსიაშვილი ლევან , გოგოლაძე ნინო, ჯერვალიძე ლიანა, ხმალაძე ნათია, ნადაშვილი ივანე
თემატური კატალოგი ახალი აზრი
წყარო: ISSN 1512-1844
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი ( დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი



1 არშემდგარი სახელმწიფო

▲back to top


პოლიტიკა

 

რევაზ ბახტაძე
დამოუკიდებელი ექსპერტი

,,სახელმწიფოს ძირითადი საფუძველი კარგი კანონები და კარგი არმიებია“.

მაკიაველი ,,მთავარი

1990-იანი წლებიდან საერთაშორისო ურთიერთობათა ლექსიკონში მკვიდრდება ტერმინი ,,არშემდგარი სახელმწიფო“ იმ პოლიტიკური ერთეულების აღსანიშნავად, რომლებიც, ფაქტობრივად, თანამედროვე ერი-სახელმწიფოს ტრადიციული გაგების პირუკუ ვერსიას წარმოადგენენ.

ერთი შეხედვით სუსტი, განუვითარებელი და დეზინტეგრირებული პოლიტიკური ერთეულები 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი გახდა. სწორედ არშემდგარი სახელმწიფოების ტერიტორიები წარმოადგენს დღეს ტერორიზმის, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის ცენტრებს. ხშირად ამგვარი სახელმწიფოები რეგიონული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობენ ხელს და მეზობელი ქვეყნებისათვის უზარმაზარი ეკონომიკური და ფიზიკური ზიანი მოაქვთ.

მართალია, არშემდგარი სახელმწიფოები მესამე სამყაროში მდებარეობს, მაგრამ ისინი განვითარებულ ქვეყნებს უკვე უშუალო საფრთხეს უქმნიან. ტერორიზმისა და უკანონო ვაჭრობის გარდა, არშემდგარი სახელმწიფოები განვითარებული სახელმწიფოებისათვის ლტოლვილთა ნაკადების, სამშვიდობო და ჰუმანიტარულ აქციებზე გაწეული უზარმაზარი დანახარჯებისა და ვაჭრობისა და ინვესტიციების დაკარგული შესაძლებლობების წყაროა.

2002 წლის 20 სექტემბერს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ,,ამერიკის ეროვნული უშიშროების სტრატეგიის“ პირველივე გვერდზე აქცენტი არშემდგარი სახელმწიფოებიდან მომავალ საფრთხეზეა გაკეთებული: ,,ახლა, ამერიკას საფრთხე უფრო არშემდგარი სახელმწიფოებიდან ემუქრება, ვიდრე - დამპყრობელი ქვეყნებიდან“1

ეროვნული უშიშროების სტრატეგიის წინ წამძღვარებულ პრეზიდენტ ბუშის წერილში კი ვკითხულობთ: ,,2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა გვასწავლა, რომ სუსტ სახელმწიფოებს ისეთივე დიდი საფრთხის შექმნა შეუძლია, როგორიც ძლიერებს. სიღარიბე გაჭირვებულ ხალხს ტერორისტებად და მკვლელებად არ აქცევს. თუმცა, სიღარიბე, სუსტი ინსტიტუტები და კორუფცია ტერორისტული ქსელებისა და ნარკოკარტელებისათვის სუსტ სახელმწიფოებს ადვილად დასამკვიდრებელ ტერიტორიებად აქცევს“2

ნატოს გენერალურმა მდივანმა ლორდმა ჯორჯ რობერტსონმა თავის ბოლოდროინდელ გამოსვლებში ახალი უსაფრთხოების გარემოს ერთ-ერთ მახასიათებლად არშემდგარი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდა დაასახელა.3

წინამდებარე სტატიაში შევეცდებით არშემდგარი სახელმწიფოს ცნება განვსაზღვროთ და მისი მთავარი მახასიათებლები გამოვყოთ, ავხსნათ, რატომ არ იმოქმედა მესამე სამყაროს სუსტი სახელმწიფოების შემთხვევაში სახელმწიფოების ჩამოყალიბების ევროპულმა მოდელმა (ჩარლზ ტილის თეორიის მაგალითზე), რომელთა ნაწილი არშემდგარ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, ნაწილს კი ამ ტიპის სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება და ბოლოს, მიმოვიხილოთ არშემდგარი სახელმწიფოების პრობლემასთან გამკლავების სხვადასხვა ვარიანტები.

ახალი ტიპის პოლიტიკური ერთეული

ტერმინი არშემდგარი სახელმწიფოები, როგორც აღვნიშნეთ, 1990-იანი წლებიდან დამკვიდრდა, თუმცა, ამ ფენომენის შესახებ არსებული ლიტერატურა ძალზე მწირია. არსებული ნაშრომების უმრავლესობა ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის შესახებ არის დაწერილი4 არშემდგარი სახელწმიფოების შესახებ მსჯელობა, ძირითადად, საგაზეთო და აკადემიური სტატიების მეშვეობით მიმდინარეობს. თუმცა, პრობლემის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად აკადემიური წრეების ყურადღება ამ საკითხის მიმართ მატულობს.

ლიტერატურაში არსებული მცირე რაოდენობის განმარტებები და/ან დახასიათებები ერთმანეთს, პარაქტიკულად, არ გამორიცხავს. ასე მაგალითად, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის სიუზან რაისის აზრით, ,,არშემდგარი სახელმწიფოები ისეთი ქვეყნებია, სადაც კონფლიქტის, არაეფექტური მართვისა, ან სახელმწიფოს დაცემის (კოლაფსის) გამო, ცენტრალური მთავრობა საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ვერც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და ვერც სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ახერხებს“5

ჯერალდ ჰელმანი და სტივენ რატნერი არშედმგარ სახელმწიფოს ახასიათებენ, როგორც ,,სრულიად უუნარო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობის შენარჩუნება თავად არ შეუძლია“6 მათ ამგვარ სახელმწიფოებად ჰაიტი, სომალი, სუდანი, ლიბერია, ავღანეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა მიაჩნიათ. უილიამ ოლსონის განმარტების მიხედვით კი, ამ სიის მნიშვნელოვნად განვრცობა შეიძლება, თუ არშემდგარი სახელმწიფოების რიცხვს მივათვლით იმ ქვეყნებს, სადაც ,,შიდა პრობლემები დროში მათ უწყვეტ ერთიანობას ემუქრება“, ან ,,პოლიტიკური წესრიგისათვის მნიშვნელოვანი შიდა გამოწვევები არსებობს“7

არშემდგარი სახელმწიფოს განსაზღვრა უფრო უპრიანია, რომ ჯერ თანამედროვე ერი-სახელმწიფოს აღწერით დავიწყოთ, ვინაიდან არშემდგარი სახელმწიფოები სწორედ სახელმწიფოს თანამედროვე გაგების პირუკუ ვერსიას წარმოადგენენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ერი-სახელმწიფოები პოლიტიკური საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად არსებობენ. ამ პოლიტიკურმა ერთეულებმა თავიანთი მოქალაქეები უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოებით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყების შესაძლებლობით, განათლებით, საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომლის ფარგლებში ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სამართლის აღსრულება მოხდება, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით (მაგალითად, გზები). სახელმწიფოს განვითარების კვალობაზე ეს სია, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, მაგრამ ეს ის მინიმუმია, რომელსაც თანამედროვე ერი-სახელმწიფო მეტ-ნაკლებად უნდა აკმაყოფილებდეს.

ცნობილი ამერიკელი მკვლევარის რობერტ როთბერგის აზრით, ქვეყანას არშემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებს, როდესაც ძირითადი პოლიტიკური ფუნქციების (მაგალითად, უსაფრთხოება, განათლება და ჯანდაცვის სისტემა) განხორციელებას წყვეტს, როდესაც მათი ერთობლივი შიდა პროდუქტი და გაერო-ს ჰუმანური განვითარების ინდექსი მკვეთრად ეცემა, როდესაც კორუფცია მძვინვარებს და ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობა მცირდება და, განსაკუთრებით, თუ მცირე მასშტაბის ძალადობა შინაომად გადაიქცევა.8

ბრიტანელი დიპლომატი და მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის საკითხებში რობერტ კუპერიც ხაზს უსვამს წესრიგისა და ინფრასტრუქტურის მოშლას და, განსაკუთრებით, უსაფრთხოების არარსებობას.

,,როდესაც სახელმწიფო სუსტდება ან იშლება, ამის მთავარი მიზეზი კანონშემოქმედებასა და ძალაზე მონოპოლიის დაკარგვაა. წარსულში ამგვარი რამ, როგორც წესი, დაპყრობის შედეგად ხდებოდა. უცხო სახელმწიფოს არმია მეორის არმიას გაანადგურებდა და იქ საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, საკუთარ კანონებსა და ზოგჯერ საკუთარ ენას ამკვიდრებდა. დღეს, როდესაც იმპერიების შექმნის შემძლე სახელმწიფოებმა დაპყრობის მადა დაკარგეს, სახელმწიფოთა დაცემა დეზინტეგრაციის პროცესისა და სამოქალაქო ომების შედეგად ხდება”, - აღნიშნავს კუპერი.9

თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა გასული ოთხასი-ხუთასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში სამეფოებმა მეფის კერძო საკუთრების ფორმა დაკარგეს, მეფე აღარ იყო მხოლოდ კერძო პირი - იგი იმ ჯგუფს განასახიერებდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა (რეს პუბლიცა). სწორედ ამ პერიოდში დაიწერა მაკიაველის შრომები, სადაც სახელმწიფოს მართვის წესები და კანონები განისაზღვრა, ხოლო უფრო მოგვიანებით განმანათლებლებმა სახალხო სუვერენიტეტის კონცეფცია დაამუშავეს და სოციალური კონტრაქტის იდეა წამოწიეს წინ.

არშემდგარ სახელმწიფოებში კი პირუკუ პროცესი მიმდინარებს. იქ ,,ყველაფრის პრივატიზება ხდება. პირველად, კორუფციის მეშვეობით სახელწმიფოს შემოსავლების პრივატიზება მიმდინარეობს. შემდეგ, მმართველის პირადი მოთხოვნების შესაბამისად კანონების ადაპტაცია, ან უბრალოდ მათი იგნორირება ხდება. „სახელმწიფო რაც უფრო მეტად ემსგავსება მმართველის კერძო საკუთრებას, მით უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს კანონმორჩილებაზე...აზრი აღარ აქვს გადასახადების გადახდას, თუ ის მხოლოდ სახელისუფლო კლასის ჯიბეში ჩაედინება...საბოლოოდ, არმიაც ვერ ხედავს აზრს მმართველების მორჩილებაში...ხდება სამხედრო გადატრიალებები და ძალადობის საშუალებების პრივატიზება. როდესაც სახელმწიფო წყვეტს საზოგადიოებრივი საქონლის წარმოებას, ის სახელმწიფოდ არსებობასაც ასრულებს”, - ასკვნის რობერტ კუპერი.10

თუკი განვაზოგადებთ არშემდგარი სახელმწიფოების კატეგორიაში მოხვედრილი აზიური და აფრიკული სახელმწიფოების თავისებურებებს, შეიძლება რამდენიმე მახასიათებელი11 გამოვყოთ:

არშემდგარი სახელმწიფოები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ, რაც სახელმწიფოს უპირველესი ფუნქციაა. სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი საშუალებებით საზღვრების დაცვა და ქვეყნის შიგნით ვებერისეული მონოპოლია ძალაზე, ძალადობის საშუალებებზე დაკარგული აქვს. როგორც წესი, ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს არ ცდება.

არშემდგარ სახელმწიფოებში ინსტიტუტები ძალზე სუსტია და, ძირითადად, აღმასრულებელი ხელისუფლება ფუნქციონირებს. ბიუროკრატიას დაკარგული აქვს პროფესიული მოვალეობის შეგრძნება და უმაღლეს ხელისუფალთა ჟინის, საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მოქალაქეების ჩაგვრით არის დაკავებული.

არშემდგარი სახელმწიფოების კიდევ ერთი მახასიათებელი არის კრიმინალური დანაშაულობების მკვეთრი ზრდა. სახელმწიფოს დასუსტების პარალელურად, დანაშაულთა რიცხვი იზრდება. ხშირად ქალაქებზე კონტროლს დამნაშავეთა ჯგუფები აწესებენ.

არშემდგარი სახელმწიფოების ტიპიური ნიშანი არის განადგურებული და/ან ნგრევის პროცესში მყოფი ინფრასტრუქტურა. ,,თუკი მეტაფორას მოვიხმობთ, რაც უფრო ოღროჩოღროა გზა (ან მთავარ გზებს მანქანის ნაკვალევი ემჩნევა), მით უფრო დიდია შანსი, რომ ქვეყანა არშემდგარ სახელმწიფოდ გადაიქცევა“12, - აღნიშნავს როთბერგი.13 ,,მმართველები სახელმწიფო ფონდებს ანიავებენ, გზების შესაკეთებლად სულ უფრო მცირე თანხები რჩება და ცენტრიდან დაშორებულ პროვინციებთან კავშირის შენარჩუნებას სულ უფრო მცირე პრიორიტეტი ენიჭება”, - დასძენს ამერიკელი მკვლევარი.

აღსანიშნავია, რომ არშემდგარ სახელმწიფოებში შემოსავლები უკიდურესად არათანაბრად ნაწილდება. ქვეყნის სათავეში მყოფი ადამიანთა მცირე ჯგუფი სახელმწიფოს რესურსებისა და ქონების უდიდეს ნაწილს განკარგავს.

კორუფციის დიდი მასშტაბები არშემდგარი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. კორუმპირებული ელიტები თავიანთ მოგებას საზღვარგარეთ აბანდებენ და არა - სამშობლოში. მთელი მოსახლეობის ერთი მუჭა ნაწილი უამრავ სასახლეს იშენებს და ცხოვრების ყაიდით დასავლურ ელიტებს ბაძავს.

არშემდგარი სახელმწიფოების კატეგორიაში შეიძლება შევიყვანოთ ე.წ. სახელმწიფო-კლანები. ამერიკელი ანთროპოლოგი ჯ. უედელი საკუთარი დაკვირვებებისა და თ. გრეჰემის შრომებზე დაყრდნობით პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ქვეყნებს სახელმწიფო-კლანებს უწოდებს. მისი თქმით, სახელმწიფო-კლანში ცალკეული კლანები, რომელთაგან თითოეული საკუთრებასა და რესურსებს აკონტროლებს, იმდენად მჭიდროდ იდენტიფიცირდება კონკრეტულ სამინისტროებსა თუ ინსტიტუციურ სეგმენტებთან, რომ მათი მიზნები და მოღვაწეობა ზოგჯერ იდენტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.14

სახელმწიფო-კლანში კლანი და სახელმწიფო ერთმანეთისგან სუსტად არის გამიჯნული: ერთი და იგივე პირები შეადგენენ კლანსაც და შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლებასაც. კლანის წევრები ერთდროულად არიან მოსამართლეებიც, ნაფიცი მსაჯულებიცა და კანონმდებლებიც. სახელმწიფო-კლანს ძალზე შეზღუდული პასუხისმგებლობა აქვს მათ მიმართ, ვინც მის შემადგენლობაში არ შედის. ასევე ლიმიტირებულია სახელმწიფო-კლანში მათი წარმომადგენლობის შესაძლებლობაც. როგორც წესი, ერთი კლანის გავლენა მხოლოდ კონკურენტმა კლანმა შეიძლება შეაკავოს, ან შეზღუდოს, რადგან სასამართლო ორგანოები ხშირად პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობენ.

კლანი თავის წარმომადგენლებს სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ თანამდებობებზე განალაგებს, სადაც მათთვის მისაწვდომი ხდება ის რესურსები, რომლებიც კლანის მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი. ის ცვლის თავისი წევრების პოზიციას ისე, როგორც ეს კლანისთვის არის მისაღები.15

სახელმწიფოზე დაკისრებული ძირითადი ფუნქციების შეუსრულებლობის გამო, არშედმგარი სახელმწიფო ლეგიტიმურობას კარგავს. რამდენადაც ამგვარ სახელმწიფოებში აკუმულირებული რესურსები, ან გაბატონებულ კლასს, ან პრივილეგირებულ ეთნკურ ჯგუფს ხმარდება, სახელმწიფოს მიმართ ლოიალურობა მკვეთრად მცირდება. სახელმწიფო სულ უფრო და უფრო აღიქმება ერთი კონკრეტული ჯგუფის საკუთრებად.

ამ ვითარებაში მოქალაქეებს თემური, ან კლანური ცნობიერება უვითარდებათ, ვინაიდან სწორედ ამგვარი დაჯგუფებები ხდება მათი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შემოსავლის წყარო. ასე რომ, მოქალაქეთა სხვდასხვა ჯგუფები ერთგულებას ამა თუ იმ პიროვნების მიმართ ამჟღავნებენ და არა - სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების. საქართველოში არსებული აქცენტები საძმოზე, სანათესაოზე ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ამგვარ პირებს კი ხშირად საზღვარგარეთაც დიდი კავშირები გააჩნიათ და მნიშვნელოვანი მხარდაჭერითაც სარგებლობენ.16

რობერტ კუპერი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობა კორუფციის გარკვეულ დონეს უძლებს, ისევე როგორც სამართალდამცველი სისტემები ხშირად დანაშაულის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს იტანენ, მაგრამ ამ სისტემების სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია ხალხის შეხედულებაზე, რომ, მართალია, სისტემა მთლად გამართულად ვერ მუშაობს, მაგრამ მას გარკვეული სარგებელი მაინც მოაქვს და ამდენად, მის შენარჩუნებას აზრი აქვს. როდესაც სისტემის უმთავრესი მიზანი კერძო პირის/ების კეთილდღეობა ხდება, მაშინ სახელმწიფო არსებობას წყვეტს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და დაშლისთვის არის განწირული.17

და ბოლოს, არშემდგარი სახელმწიფოების დამახასიათებელი ნიშანია უცხო სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მის ტერიტორიაზე, პრაქტიკულად, უკონტროლო ყოფნა. არშემდგარი სახელმწიფოების სისუსტე და დაუცველობა მეზობელ ქვეყნებსა და სხვა დიდ მოთამაშეებს ამა თუ იმ მიზნით ინტერვენციისაკენ, ან მისი ერთგული შეიარაღებული დაჯგუფებებით მანიპულირებისაკენ უბიძგებს.

ამის კარგი მაგალითი იყო ავღანეთი, როდესაც ზესახელმწიფოები, თუ მეზობელი ქვეყნები გავლენის მოსაპოვებლად თავიანთ მოკავშირე ეთნიკურ დაჯგუფებებს ერთმანეთს უპირისპირებდნენ და სამოქალაქო ომის დაუსრულებლად გაგრძელებას ხელს უწყობდნენ.

ზოგიერთების აზრით, იმისათვის რომ სახელმწიფოს არშემდგარი ეწოდოს, აუცილებელია სამოქალაქო ომის არსებობა და ცენტრალური ხელისუფლების მთლიანი მოშლა, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზეც კი ვერავინ წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფოში არავინ არის, ვისთანაც ამა თუ იმ პირობაზე შესათანხმებლად მოლაპარაკება შეიძლება.18

ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ესა თუ ის ქვეყანა არშემდგარ სახელმწიფოს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ყველა ტირანული სახელმწიფო არშემდგარია.

თუმცა, მიგვაჩნია, რომ ყველაზე აშკარა და ზემოჩამოთვლილი მახასიათებლების უმრავლესობის გამომწვევი მხოლოდ რამდენიმე ნიშანია: ძალადობაზე მონოპოლიის დაკარგვა, კორუფციის ძალიან მაღალი მაჩვენებლები, სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის ლეგიტიმურობის უკიდურესი შემცირება და ქვეყნის შიგნით შეიარაღებული დაპირისპირების არსებობა. ჩამოთვლილი ნიშნების ამა თუ იმ კომბინაციის, ან ინტენსივობის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანას არშემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება.

ზემოჩამოთვლილი თვისებები არშემდგარ სახელმწიფოებად შერაცხულ ყველა სახელმწიფოს მეტ-ნაკლებად ახასიათებს. საკმარისია ლიბერიის, სიერა-ლეონეს, სუდანის, სომალის, ავღანეთისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება და იქ არსებული ვითარების ერთმანეთთან შედარება. თუმცა, ამა თუ იმ ქვეყნისათვის არშემდგარი სახელმწიფოს ან არშემდგარ სახელმწიფოდ ქცევის გზაზე მდგომ ქვეყნად გამოცხადებას ამ ტიპის ქვეყნებისთვისაც და გარეშე სახელმწიფოებისთვისაც, შესაძლოა, ძალზე სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ომი და სახელმწიფოს (ვერ) შექმნა

,,ომი სახელმწიფოებს ქმნის“19 - ეს ჩარლზ ტილის გახმაურებული ნაშრომის დედააზრია, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოების ფორმირებას შეეხება.20 სახელმწიფოების შექმნის ტილისეული თეორია ძალზე მარტივი და ამავდროულად ყოვლისმომცველია: ომის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობა სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს21 ეს იმიტომ ხდება, რომ ომისათვის მომზადება და შემდეგ მისი წარმატებით მოგება ძალაუფლების მპყრობელთაგან იმგვარი ქმედებების განხორციელებას საჭიროებს, რაც ძალიან ხშირად სახელმწიფოს შექმნას განაპირობებს. აქ, პირველყოვლისა, ომის საწარმოებლად აუცილებელი რესურსების ამოღება იგულისხმება. რესურსების ეფექტური ამოღება კონტროლს გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, ეფექტიან ბიუროკრატიულ მანქანას მოითხოვს. გრძელვადიან პერიოდში კონტროლი კი მხოლოდ გარკვეული წესრიგის პირობებშია შესაძლებელი. წესრიგი, კონტროლი და რესურსების ამოღება, თავის მხრივ, ლეგიტიმურობის გარკვეულ დონეს საჭიროებს. ამის გარეშე, რესურსების ამოღება ძალადობის გზით უნდა განხორციელდეს. ეს კი ომის წარმოების შესაძლებლობაზე უარყოფითად აისახება.

ამას გარდა, ბევრგან რესურსების ეფექტური შეგროვება საკმარისი არ იყო, რადგან რესურსების სათანადო რაოდენობა არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ომის წარმოება კაპიტალის აკუმულირებისათვის ხელშეწყობასაც მოითხოვდა, რაც საკმარისი რესურსების ამოსაღებად სათანადო ბაზას შექმნიდა.

მაშ, რატომ არ იმუშავა ომის წარმოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების ურთიერთდაკავშირებულმა მოდელმა მესამე სამყაროს დიდ ნაწილში? თუ კი დეკოლონიზაციის შემდეგ გაჩაღებული ომების გეოგრაფიას გადავხედავთ, ტრადიციული ომების უმრავლესობა სწორედ მესამე სამყაროში მიმდინარეობდა. როგორ მოხდა, რომ ომმა მსოფლიოს ერთ ნაწილში სახელმწიფოების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ხოლო მეორე ნაწილში მათი დასუსტება, დანაწევრება და ზოგიერთ შემთხვევაში არშემდგარ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება განაპირობა?

ამ შეკითხვაზე რამდენიმე ტრადიციული პასუხი მომისმენია ან წამიკითხავს, რომლებიც, ჩემი აზრით, არც თუ ისე დამაჯერებელია. პირველი, ხშირად ამტკიცებენ, რომ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისა და მესამე სამყაროს სუსტი, არშემდგარი სახელმწიფოების მმართველთა თვისებები და მოტივაცია ერთმანეთისგან განსხვავებული იყო: თითქოს, ევროპელები უფრო ცივილიზებულები, საზოგადოებრივ საქმიანობაზე მეტად ორიენტირებული, რომაული სამართლისა და ქრისტიანული ტრადიციის მატარებლები იყვნენ და არიან. ამის საპირისპიროდ, არაევროპელები ,,ჩამორჩენილები“ და უსაზღვროდ ხარბები არიან.

ამ მოსაზრებას თავად ტილის სიტყვები აბათილებს. მისი მტკიცებით, ომის წარმოება და სახელმწიფოს შექმნა იმგვარი ქმედებაა, რომელიც თავისი ბუნებით ყველაზე ახლოს ორგანიზებულ დამნაშავეობასთან დგას. ეს უკანასკნელი, პირველის ნაკლებ წარმატებული და მცირემასშტაბიანი ვერსიაა. შესაბამისად, ომის წარმოება და სახელმწიფოს შექმნა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ,,ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე დიდი მაგალითები... უკანასკნელი საუკუნეების ევროპული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ომის მწარმოებლისა და სახელმწიფოს შემქმნელის პორტრეტი, როგორც მოძალადისა და საკუთარი მოგების მაძიებლისა, ძალზე წააგავს მის მთავარ ალტერნატივას [დამნაშავეს]“22

ასე რომ, მოსაზრება, თითქოს, ევროპელები ,,კეთილშობილი ტიპები“ იყვნენ, ხოლო არაევროპელები - ,,ზნედაცემულები“, დამაჯერებლი არ არის. თუმცა, იმის თქმა შეუძლებელია, რომ ამ ,,დიდ დამნაშავეებს“ შორის ზოგიერთი თავისი პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა, ზოგიერთი კი უღიმღამო პიროვნება იყო.

მეორე შესაძლო პასუხი, რაც ასევე გავრცელებულია, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის ის, რომ ევროპელებს სახელმწიფოების ჩამოსაყალიბებლად დიდი დრო ჰქონდათ და, შესაბამისად, ომების წარმოების (სახელმწიფოს შექმნის) გამოცდილებაც მიიღეს.

არშემდგარი და სუსტი სახელმწიფოების გასამართლებლად არც ეს არგუმენტი გამოდგება. ნამდვილად ძნელია იმის თქმა, რომ მესამე სამყაროში არსებული სახელმწიფოები ომების ნაკლებობას განიცდიან. ჩრდილოეთ და ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე ომი მძვინვარებდა და ბევრგან კვლავინდებურად მიდინარეობს. იმავე საქართველომ ორი სრულმასშტაბაინი ომი აწარმოა გასული ათწლეულის განმავლობაში და ახლაც ხშირად მიმდინარეობს მცირე მასშტაბის ბრძოლები სასაზღვრო რაიონებში.

რაც შეეხება დროს, მართალია, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების ჩამოყალიბება საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა, მაგრამ იმავე სამხრეთ კორეის, მალაიზიის, ტაივანისა და სხვა აზიური ,,ვეფხვების“ მაგალითი ადასტურებს, რომ სამ-ოთხ ათეულ წელიწადში განვითარებული და წარმატებული სახელმწიფოს შექმნა შეიძლება იმის მიუხედავად, რომ დასახელებული სახელმწიფოები იმპერიების მიერ დაპყრობილები იყვნენ. ამას გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის პირობებში ველოსიპედის ხელახალი გამოგონება აუცილებელი აღარ არის.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც მკვლევარები მოიხმობენ ხოლმე, არის მოდერნიზაცია. მოდერნიზაცია დაკავშირებულია განათლების გავრცელებასთან, ურბანიზაციასთან, ინდუსტრიალიზა-ციასთან და ა.შ. ხშირად ამტკიცებენ, რომ ეს პროცესები დაძაბულობის ზრდას, პრიმორდიალური ჩვეულებების გაუქმებას იწვევს და ამიტომ საზიანოა. არადა, ომის წარმოებით განპირობებული კაპიტალის აკუმულირება (მოდერნიზაციასთან უშუალო კავშირის მქონე ფენომენი) საზოგადოების რესურსებს ზრდის. დაძაბულობა, შესაძლოა, ამ რესურსების განაწილებაზე წარმოიქმნას, მაგრამ სწორედ მოდერნიზაცია იძლევა ,,ეკონომიკური ნამცხვრის“ გაზრდის შესაძლებლობას, რომლიდანაც ყველას უფრო დიდი წილი ერგება, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ასე რომ, მოდერნიზების ხელისშემშლელ ფაქტორად დასახელება სახელმწიფოს შექმნისათვის ნაკლებ სარწმუნოა. მოდერნიზაცია სახელმწიფოს შექმნის თანმდევი, ან წინმსწრები პროცესია, მაგრამ მისგან (სახელმწიფოსგან) განუყოფელი.

მეოთხე, ასევე ძალზე გავრცელებული არგუმენტის თანახმად, მესამე სამყაროს კოლონიზაცია, ხელოვნურად გავლებული საზღვრები, იმპერიების მმართველობის მემკვიდრეობა ამ სუსტ ქვეყნებს მძიმე ტვირთად დააწვა.

ეს არგუმენტი ერთდროულად სწორიცაა და მცდარიც. უდავოა, რომ იმპერიების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჩაგვრა, უცხო წეს-ჩვეულებების დანერგვა და რესურსების მეტროპოლიაში ჩალის ფასად გატანა, უარყოფითი მოვლენა იყო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმპერიებმა თავიანთ კოლონიებში თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მრავალი წინაპირობა შექმნეს. კოლონიზაციის შედეგად, ბევრგან ცენრტალიზებული ინსტიტუტები, ძალადობის საშუალებებზე მონოპოლია, ბიუროკრატია და სხვ. პირველად შეიქმნა.

ასე რომ, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კოლონიზაციამ მესამე სამყაროს ბევრი უარყოფითი შედეგი მოუტანა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ პროცესმა მესამე სამყაროს სუსტ ქვეყნებს თანამედროვე სახელმწიფოს მრავალი ნიშანი და მახასიათებელი შესძინა.23

მესამე სამყაროში სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ომების უარყოფით ზეგავლენას ოთხი სავარაუდო მიზეზი აქვს, თუმცა, შესაძლოა, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ამ მიზეზების რაოდენობა უფრო მეტიც იყოს და არსებითად განსხვავებულიც.

ევროპული ომები და მესამე სამყაროში მიმდინარე ომები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად გასხვავდებოდა. ევროპაში არსებული პოლიტიკური ერთეულები, ძირითადად, საგარეო საფრთხის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ,,ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ომის საწარმოებლად სათანადო ძალისხმევას ვერ გაიღებდა, ქრებოდა“, - წერს ტილი.24 სწორედ ამ ვითარების გამო უამრავმა სამეფომ და დამოუკიდებელმა ქალაქმა დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა. ევროპული სახელმწიფოების ჩამოყალიბებაში საგარეო ასპარეზზე მიმდინარე დაუნდობელმა კონკურენციამ მთავარი როლი შეასრულა. არმიები მუდმივად მტერთან საბრძოლველად ემზადებოდნენ. ეს მზადების პროცესი კი ძალაუფლების მფლობელს თავის ქვეშევრდომებთან დათმობებზე წასვლას აიძულებდა. ეს კი მმართველის ძალაუფლებას ზღუდავდა და სამოქალაქო უფლებებს ამკვიდრებდა. ასე რომ, სამოქალაქო უფლებების თანდათანობით დამკვიდრება და კაპიტალის დაგროვება ხელისუფლის ლეგიტიმურობასა და სახელმწიფოს მიმართ მოსახლეობის ლოიალურობას ზრდიდა.

რაც შეეხება მესამე სამყაროს სუსტ, არშემდგარ სახელმწიფოებს, მათ, როგორც წესი, საგარეო საფრთხე არ ემუქრებათ. პოსტკოლონიური სახელმწიფოები და ცივი ომის დასრულების შედეგად წარმოქმნილი ქვეყნები ძლიერი საერთაშორისო ნორმებით არიან დაცულები. ანექსია, იმპერიების შექმნა ახლა სასტიკად აკრძალულია და თავად ძლიერ ქვეყნებსაც ამის დიდი სურვილი არა აქვთ. სუსტი ქვეყნების მიმართ წაყენებული პირობები და ცალკეული ჰუმანიტარული ინტერვენციები მდგომარეობას არ ცვლის. ამდენად, სუსტი სახელმწიფოების არმიები შიდა პრობლემებზე არიან ორიენტირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე სამყაროს არმიებსა და მოსახლეობას შორის ისეთი კავშირი არ არსებობს, როგორც ევროპაში. დეკოლონიზაციის შემდეგ წარმოქმნილმა ქვეყნებმა ,,თავიანთი სამხედრო ორგანიზაცია გარედან მიიღეს, მმართველსა და მართულებს შორის ორმხრივი შემაკავებელი მექანიზმების ჩამოყალიბების გარეშე“25 აღნიშნავს ტილი.

რასაკვირველია, ევროპელ მმართველებსაც უწევდათ ბრძოლა ქვეყნისშიდა მეტოქეებთან და, ფაქტობრივად, მმართველი შიდა და საგარეო ფრონტზე ომობდა, რაც ისევდაისევ ომისთვის მზადებას და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას განაპირობებდა.

ასე რომ, ,,უკვდავებაზე ლიცენზიის“26 მქონე მესამე სამყაროს მმართველებს გრძელვადიანი გათვლებისთვის (სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მტრებთან გამკლავებას შეძლებს) სტიმული აღარა აქვთ. ამის ნაცვლად, მათი ყურადღება მოკლევადიან პერსპექტივაზეა გადატანილი (მაგალითად, რაც შეიძლება მალე გამდიდრება).

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი მესამე სამყაროს ქვეყნების არშემდგარ სახელმწიფოებად გადაქცევაში არის მათი ეკონომიკების პოსტ-კოლონიური სტრუქტურა. როგორც წესი, მეტროპოლია კოლონიებში ერთ ან ორ დარგს ავითარებდა, რომელიც მეტროპოლიის მოთხოვნას და რიგ შემთხვევებში საერთაშორისო ბაზარსაც აკმაყოფილებდა. ეს დარგები კი, ძირითადად, სასოფლო სამეურნეო და მოპოვებითი მრეწველობა იყო. იმპერიების დაშლის შემდეგ, ახალ სახელმწიფოებს ცალმხრივად განვითარებული და ყოფილ მეტროპოლიაზე ძალზედ დამოკიდებული მეურნეობა დარჩათ.27

შემოსავლის ამ ერთ წყაროზე დაუფლება კი მესამე სამყაროს ქვეყნებში შინაომების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება, სადაც სხვა სახელმწიფოებიც ხშირად არიან ჩაბმულები. ამ ტიპის მეურნეობა და ამ ტიპის ომები სახელმწიფოს ჩამოყალიბებას აშკარად არ უწყობს ხელს. თუმცაღა, რამდენიმე დეკოლონიზებულმა ქვეყანამ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა მოახერხა და განვითარებული სახელმწიფოები შექმნა, ძირითადად, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

როდესაც ,,უკვდავების ლიცენზია“ და არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობა არსებობს, დიდ მნიშვნელობას სუსტი ქვეყნების შიდა სტრუქტურული პირობები იძენს.

სუსტი სახელმწიფოების28 განვითარება/ჩამორჩენილობაზე უზარმაზარ გავლენას ყოფილი მეტროპოლიების მიერ შექმნილი სტრუქტურები ახდენს. ასე მაგალითად, დანიელი მკვლევარი გეორგ სორენსენი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოების შექმნა გაცილებით გაუადვილდათ იაპონიის ყოფილ კოლონიებს. მისი თქმით, გაცილებით უარეს დღეში ბრიტანული კოლონიები აღმოჩნდნენ, ხოლო ფრანგებისა და პორტუგალიელების ყოფილი სამფლობელოების ტერიტორიაზე შექმნილი სახელმწიფოების უმრავლესობა ჭაობშია ჩაფლული.29

სორენსენის თქმით, იაპონელებმა ტაივანში ბიუროკრატია შექმნეს, მიწის რეფორმა განახორციელეს, შემოიღეს და განამტკიცეს კერძო საკუთრების უფლება. აღსანიშნავია, რომ ტაივანის სოფლის მეურნეობა არა მარტო იაპონიის მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა, არამედ ბაზარზე იყო ორიენტირებული.

რასაკვირველია, იაპონიას ტაივანის აყვავება არ ჰქონია მიზნად დასახული. უბრალოდ, მმართველები მიიჩნევდნენ, რომ კოლონიების მართვა ასე უფრო ეფექტიანი იყო. შედეგი კი ის გახლდათ, რომ, მართალია, გასული საუკუნის 50-იან წლებში ტაივანი და აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფოებს ერთნაირი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდათ, მაგრამ სტრუქტურულმა საფუძვლებმა, მოსახლეობის განათლების შედარებით მაღალმა დონემ (ესეც დიდწილად იაპონელების დამსახურება იყო) ამ პატარა და სუსტ ქვეყანას ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობა მისცა. რასაკვირველია, ტაივანისა და სხვა აზიური ,,ვეფხვების“ წარმატება მხოლოდ იაპონიის კოლონიზატორულ პოლიტიკას არ შეიძლება მიეწეროს, მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფაც, რომ იაპონიის მმართველობის შემდეგ, აზიაში გაცილებით უკეთესი სტრუქტურები დარჩა, ვიდრე ეს საფრანგეთისა და პორტუგალიის იმპერიების შემთხვევაში.30

და ბოლოს, ქვეყნების არშემდგარ სახელმწიფოებად გადაქცევას დაბალი პოლიტიკური კულტურა და ცუდი ლიდერები განაპირობებენ. გამოცდილება ცხადყოფს, რომ იქ სადაც მოსახლეობა უფრო მეტად განათლებულია და/ან უნარიანი და მოტივირებული ლიდერები ჰყავს, სახელმწიფოების შექმნა შესაძლებელი გახდა. დეკოლონიზაციის და ცივი ომის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოების უმრავლესობა კი ამ ფაქტორების დიდ დეფიციტს განიცდიან.

ამდენად, გარანტირებული არსებობის, ეკონომიკების სპეციფიკურობისა და პოლიტიკური კულტურა/ლიდერების გამო, ომი მესამე სამყაროში არშემდგარი სახელმწიფოების შექმნას, სახელმწიფოების დეზინტეგრირებასა და მოსახლეობისათვის მხოლოდ ტანჯვას იწვევს, ევროპისაგან განსხვავებით, სადაც ,,ომმა სახელმწიფოები შექმნა“

იმპერიის დაბრუნება?

ერთი შეხედვით, სუსტი, უუნარო და დაშლის პირას მდგომი სახელმწიფოების წყებამ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს საფრთხე შეუქმნა და საზრუნავი გაუჩინა. ,,სუსტი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ძლიერი სახელმწიფოები პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს. არშემდგარი სახელმწიფოები საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში არასტაბილურობის მთავარ წყაროდ გადაიქცნენ“, - აღნიშნავს ჯეფრი რეკორდი.31 ამავეს იმეორებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კონდოლიზა რაისი. ,,11 სექტემბერმა...ნათლად გამოკვეთა ის საფრთხეები, რომელიც გვემუქრება. დღევანდელი საფრთხეები უფრო მცირე არმიებიდან მოდის, ვიდრე - დიდისაგან, ტერორისტთა უხილავი ბანდებისაგან, რომლებიც... სუსტი ან არშემდგარი სახელმწიფოებიდან მოქმედებენ“32

ახლა, დასავლეთის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში გაცხოველებული მსჯელობა მიმდინარეობს არშემდგარი სახელმწიფოების პრობლემის დაძლევის გზებზე. დასავლელი მკვლევარების, დიპლომატებისა და პრაქტიკოსი პოლიტიკოსების უმრავლესობა მხარს ინტერვენციას უჭერს. ძირითადი დავა იმის შესახებ მიმდინარეობს, თუ როდის უნდა განხორციელდეს ეს ინტერვენცია, ვის ან რისი ეგიდით, რა ხნის მანძილზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მიზნები უნდა ჰქონდეს ამ ინტერვენციას.

დღეს დასავლეთში, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი მიიჩნევს, რომ არშემდგარი სახელმწიფოებისათვის საგარეო დახმარებამ შედეგი არ მოიტანა და ხშირად უარყოფითი ეფექტიც კი გამოიღო - კორუმპირებული და ტირანული რეჟიმებისათვის სიცოცხლის გახანგრძლივება, სამოქალაქო ომების გაჭიანურება. ამიტომ, ამბობენ ამ მოსაზრების მხარდამჭერები, საჭიროა განვითარებულმა ქვეყნებმა პრობლემის მოსაგვარებლად თავიანთი შეიარაღებული ძალები გამოიყენონ მით უმეტეს, როდესაც კონკრეტული არშემდგარი სახელმწიფოდან ქვეყანას უშუალო საფრთხე ემუქრება.

,,არასოდეს არ ყოფილა იმის მორალური ან სამართლებრივი მოთხოვნა, რომ ქვეყანა თავდასხმას დაელოდოს მანამ, სანამ მის წინაშე მდგარ ეგზისტენციური ტიპის საფრთხეებს პასუხს გასცემს“, - როგორც ჯორჯ შულცმა ამას წინათ დაწერა, - ,,თუ ეზოში შხამიანი გველია, მის კბენას არ დაელოდები და თავდაცვით ზომას მიიღებ“33, - აღნიშნავს კონდოლიზა რაისი.

რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატები არშემდგარი სახელმწიფოების პრობლემას იქედანაც ჩანს, რომ ამერიკის მთავრობამ არშემდგარი სახელმწიფოების შემსწავლელი ჯგუფიც კი დაარსა სახელმწიფოების უკიდურესად დასუსტების გამომწვევი ფაქტორების გასაანალიზებლადა და, ამავდროულად, ამ პრობლემების მოგვარების საშუალებების შესამუშავებლად.34

არშემდგარი სახელმწიფოების მთავარი პრობლემა განუვითარებელი და სუსტი ინსტიტუტებია. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი არშემდგარი სახელმწიფოების მოსახლეობის უნდობლობა და ცალკეულ პიროვნებებზე ორიენტაცია.

მკვლევარებისა და პრაქტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს, რომ არშემდგარი სახელმწიფოების პრობლემის გადაჭრა იქ ინსტიტუტების წარმატებით შექმნაზეა დამოკიდებული, რასაც საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება. ეს კი დიდ დროს მოითხოვს და ერთჯერადი ინტერვენცია, შესაძლოა, ეფექტური არ აღმოჩნდეს, ყოველ შემთხევვაში, გრძელვადიან პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, ბევრი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა კვლავ იმპერიები უნდა შექმნას.

,,წარსულში, როდესაც ძალის ამგვარი ვაკუუმი დიდ სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნიდა, მათ მზა გამოსავალი ჰქონდათ: იმპერიალიზმი“35, - წერს სებასტიან მალაბი.

რობერტ კუპერი თავის გახმაურებულ სტატიაში ,,კვლავ რად გვჭირდება იმპერიები“ წერს, რომ მსოფლიოში სამი ტიპის სახელმწიფოები არსებობს: პრემოდერნული - ყოფილი კოლონიები, სადაც ჰობსისეული ,,ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ ძალაშია, მაგალითად, სომალი; მეორე, არსებობენ პოსტიმპერიული, პოსტმოდერნული სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთ უსაფრთხოებაზე დაპყრობის მეშვეობით აღარ ზრუნავენ; და მესამე, ჩვეულებრივი, მოდერნული სახელმწიფოები, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი.36

ბრიტანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მართალია, პოსტმოდერნული სახელმწიფოები ერთმანეთის დაპყრობაზე არ ფიქრობენ, მაგრამ პრემოდერნულიცა და მოდერნული სახელმწიფოებიც განვითარებული სამყაროს უსაფრთხოებას ემუქრებიან. ამიტომ ,,პოსტმოდერნული სამყარო ორმაგ სტანდარტებს უნდა შეეგუოს...ევროპის პოსტმოდერნული კონტინენტის მიღმა, ჩვენ ძველი დროის ძალისმიერ მეთოდებს უნდა მივმართოთ - შეიარაღებული ძალები, პრევენტიული დარტყმები, მოტყუება, ყველაფერი რაც აუცილებელია იმათთან ურთიერთობისას, ვინც მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიოში ცხოვრობს“37

კუპერი მიუთითებს, რომ დასავლეთმა არშემდგარ სახელმწიფოებში დასადგურებულ ქაოსთან გასამკლავებლად კოლონიზაციას უნდა მიმართოს. ამას ავტორი ,,თავდაცვით იმპერიალიზმს“ უწოდებს. მისი აზრით, ავღანეთის შემთხვევა შეიძლება სწორედ ასე შეფასდეს.

რობერტ კუპერის თქმით, იმპერიალიზმი დღესაც არსებობს. მსოფლიო ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ნებაყოფლობით იმპერიად არის ქცეული. თუ გსურს მსოფლიო ეკონომიკაში მონაწილეობა, მაშინ ნება იბოძე სტანდარტები დააკმაყოფილე და წესებს დაემორჩილე. ევროკავშირის გაფართოების პროცესი კი იმპერიალიზმის საუკეთესო მაგალითია. ევროგაერთიანებაში შესასვლელად, წევრობის მოსურნე სახელმწიფოები თავიანთი კანონმდებლობის უდიდეს ნაწილს, ვალუტას, სასაზღვრო რეჟიმს, პოლიტიკურ სუვერენიტეტს თმობენ.

რობერტ კუპერი მიიჩნევს, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერებას, ტერორიზმის ბუდეების აღმოფხვრას, ინვესტიციებისა და ვაჭრობის დაკარგული შესაძლებლობების დაბრუნებას მხოლოდ იმპერიის/ების შექმნა უშველის.

მეცნიერთა ერთი ნაწილი გაეროს ეგიდით სამეურვეო სისტემის შემოღებას უჭერს მხარს. ეს ძალზე წააგავს ერთა ლიგის სამანდატო სისტემას. ვინსენტის აზრით, არშემდგარმა სახელმწიფოებმა უნდა დათმონ (ან სხვამ უნდა დაათმობინონ) სუვერენული უფლებები და ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის (დროებითი) მეურვეობის ქვეშ უნდა გადავიდნენ“38

არიან ისეთებიც ვინც სამეურვეო საბჭოების და, მით უმეტეს, იმპერიების შექმნის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. რობერტ ჯეკსონს კანტის სიტყვები მოჰყავს, რომ მზრუნველი (პატერნალური) მთავრობა ,,ყველაზე დიდი დესპოტიზმია“, რადგან ის თავის მოსახლეობას მოუმწიფებელი ბავშვებივით ეპყრობა და მათ თავიანთ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების ნებას არ აძლევს. შესაბამისად, ის მათ თავისუფლებას ზღუდავს და მათ პასიურ მოქმედებას აჩვევს. იგივე შეიძლება ითქვას იმათ წინააღმდეგ, ვინც არშემდგარი სახელმწიფოებისათვის საერთაშორისო მეურვეობის დაწესებას მოითხოვს.39

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ არშემდგარი სახელმწიფოების კონცეფციის დამკვიდრება გლობალურ ანარქიას გამოიწვევს, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოსათვის ამ იარლიყის მიწებება საკმარისი იქნება სამხედრო იერიშის მისატანად.40

თუმცა, აკადემიური სჯა-ბაასის მიღმა, რა მართებულია და რა არა, რეალურ ცხოვრებაში, არშემდგარ სახელმწიფოებში ინტერვენცია და მათი განვითარებული სახელმწიფოების შეხედულებისამებრ უშუალო მართვა უკვე დაიწყო. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ინტერვენციას არაერთგზის მიმართა, ხოლო ამჟამად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ წმინდა თავდაცვითი პოზიციებიდან გამომდინარე ვაშინგტონი რიგ სახელმწიფოებზე უშუალო კონტროლს ამყარებს.

თუმცა, მხოლოდ შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთთან ერთად ამ ვარიანტს არ მიმართავს. 25 ივნისს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰოუვარდმა განაცხადა, რომ კანბერა სოლომონის კუნძულებზე შეიარაღებულ ძალებს გააგზავნის. ,,ავსტრალიის ინტერესებში არ შედის, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში არშემდგარი სახელმწიფოების წყება შეიქმნას“, - აღნიშნა მან პარლამენტში გამოსვლისას. ,,მომავალში ეს სახელმწიფოები ნარკოტიკებით მოვაჭრეების, ფულის გათეთრებისა და საერთაშორისო ტერორიზმის ბუდედ იქცევა... მომავალში ამ პრობლემასთან გამკლავება მაინც მოგვიხდება, ოღონდ მაშინ ყველაფერი გაცილებით ძვირი დაგვიჯდება“41, - დასძინა ჰოუარდმა.

საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების უამრავი ნორმა კი სწორედ პრეცენდენტების წყალობით არის დამკვიდრებული.

ყველაზე დიდ პრობლემას კრიტერიუმების შერჩევა წარმოდგენს, რაზეც საერთო აზრი დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მმართველ წრეებშიც არ არსებობს. ჯერ კიდევ 1992 წელს გაეროს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა ბუტროს ბუტროს გალიმ ამ საკითხის შესახებ გააკეთა განცხადება. ,,ინტერვენცია გამართლებული იქნება, თუ ქვეყანას ხელისუფლება აღარ ეყოლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში ან ადამიანის უფლებების მძიმე და მასობრივი დარღვევის დროს, ან როდესაც არშემდგარი სახელმწიფოს შიგნით განვითარებული მოვლენები საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას შეუქმნს საფრთხეს“42

თუმცა, პასუხგაუცემელი რჩება უამრავი შეკითხვა: როდის შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ, რომ ესა თუ ის სახელმწიფო არშემდგარია? ვინ უნდა განსაზღვროს ეს - ცალკეულმა სახელმწიფომ./ებმა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ? როდის უნდა მოხდეს ინტერვენცია, მას შემდეგ, რაც ქვეყანა არშემდგარ სახელმწიფოდ გადაიქცევა, თუ მანამდე, როცა ამის ყველა სიმპტომი სახეზე იქნება? ვინ უნდა განახორციელოს ინტერვენცია: უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა, თუ უმსხვილესმა დონორებმა? ძლიერი და მდიდარი სახელმწიფოებისათვის ინტერვენცია ნებაყოფლობითი იქნება, თუ სავალდებულო? იქნებ, დასავლეთმა მართლაც ,,გაიხსენოს“ იმპერიალიზმი და მეცხრამეტე საუკუნის მსგავსად ამა თუ იმ ქვეყნის მარიფათის მიხედვით მსოფლიო გადანაწილდეს?

ამ შეკითხვებს პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, სავარუდოდ, უახლოესი ათწლეულის განმავლობაში გაეცემა პასუხი.

_______________________

1. The National Security Strategy of the United States of America; www.whitehouse.gov/nsc

2. ციტირებულია Susan Rice, The National Security Strategy: Focus on Failed States, Policy Brief #116, February 2003, The Brookings Institution, www.brookings.edu

3. ნატო-ს გენერალური მდივნის სიტყვა უსაფრთხოების ახალი გარემოს შესახებ იხილეთ: http: //www.nato.int/docu/speech/2003/s030124b.htm

4. კეისების შესახებ იხილეთ: Herbst Jeffrey, States and Power in Africa, Princeton: Princeton University Press, 2000; Chazaan Naomi, Robert Mortimer, John Ravenhill and Donald Rotchild, Politics and Society in Contemporary Africa, London: Macmillan, 1988; Clapham Cristopher, Africa and the Internarional System, Cambridge: Cambridge University Press, 1996.

5. ბრუკინგსის ინსტიტუტის დასახელებული ნაშრომი.

6. Gerald B.Helman and Steven R. Ratner, ,,Saving Failed States”, Foreign Policy, 89 (Winter 1992-1993), 3.

7. ციტირებულია რობერტ დორფის სტატიიდან: Robert H. Dorff, Democratization and Failed States: The Challenge of Ungovernability, Parameters, Summer 1996, pp.17-31.

8. ინტერვიუ რობერტ როთბერგთან, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბელფერის ცენტრის შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტის, კონფლიქტის თავიდან აცილებისა და კონფლიქტების მოგვარების პროგრამის დირექტორთან. ინტერვიუს ჩანაწერი შეიძლება წაიკითხოთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http: //www.ksg.harvard.edu/news/experts/2000/rotberg-failed-states-qa.htm

9. Robert Cooper, Failed States, Aspenia 16, Aspen Institute Italia.

10. იქვე

11. არშემდგარი სახელმწიფოების მახასითებლების დეტალური ანალიზისთვის იხილეთ: Robert I. Rotberg, The New Nature of Nation-State Failure, The Washington Quarterly, Summer 2002, pp. 85-96.

12. იქვე

13. ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო არშემდგარი სახელმწიფოს ერთ-ერთ ნიშან-თვისებად ცუდი გზების დასახელება, მით უმეტეს, ზემოთმოყვანილი ციტატა. თუმცა, აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას (ავტორის შენიშვნა).

14. ციტირებულია მალხაზ მაცაბერიძის სტატიიდან ,,საქართველოს დემოკრატიზაციის პრობლემები და პერსპექტივები“, ახალი აზრი #2, სექტემბერი-ოქტომბერი, 2001.

15. იქვე

16. იხილეთ როთბრეგის დასახელებული სტატია.

17. იხილეთ რობერტ კუპერის დასახელებული სტატია.

18. Daniel Thurer, The ,,Failed State” and international Law, International Review of the Red Cross No. 836, p. 731-761. ამავე სტატიაში განხილულია არშემდგარი სახელმწიფოების საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები და საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლო როლი ამ პრობლემის დასაძლევად.

19. Charles Tilly, War Making and State Making as Organized Crime, in Petr Evans, Dietrich Reuschemeyer and Theda Skopol (eds), Bringing the State Back In, Cambridge: Cambridge University Press, pp.169-92

20. სახელმწიფოების ფორმირებისა და ამ საკითხის შესახებ შექმნილი თეორიების თაობაზე იხილეთ: Torborn L. Knutsen, A History of International Relations Theory, Second Edition, Manchester University Press, 1997.

21. ორიგინალში ჩარლზ ტილი ომის წარმოებისა და სახელმწიფოს შექმნის აღსანიშნავად ერთი და იმავე სიტყვას მაკე-ს ხმარობს, რაც ქართულ თარგმანში კეთებას ნიშნავს. ტილი ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ომისა და სახელმწიფოს განუყოფლობას. თუმცა, ქართული ენის სპეციფიკურობის გამო, ომის წარმოებასა და სახელმწიფოს შექმნას, ჩამოყალიბებას, ორიგინალისაგან განსხვავებით, საერთო შემასმენელი ვერ მოვუძებნეთ.

22. ჩარლზ ტილის დასახელებული ნაშრომი, გვ.169.

23. ეს არგუმენტები ჩამოთვლილია თიურერისა და დორფის დასახელებულ სტატიებში, აგრეთვე მესამე სამყაროს პრობლემებისადმი მიძღვნილ წიგნებში.

24. ჩარლზ ტილის დასახელებული ნაშრომი, გვ.185

25. ჩარლზ ტილის დასახელებული ნაშრომი, გვ.185-6

26. მესამე სამყაროს ქვეყნების გარანტირებულ არსებობაზე და აქედან გამომდინარე შედეგებს მიმოიხილავს რობერტ ჯეკსონი თავის სტატიაში Surrogate Sovereignity? Great Power Responsibility and ,,Failed States”. რობერტ ჯეკსონმა ეს სტატია 1998 წელს არშემდგარი სახელმწიფოების შესახებ ფლორენციაში გამართულ კონფერენციაზე წარმოადგინა.

27. საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისა და დაქვემდებარების თეორიების მოკლე მიმოხილვა იხილეთ ალექსანდრე რონდელის წიგნში ,,საერთაშორისო ურთიერთობები“.

28. პატარა და სუსტი ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათი როლისა და თავისებურებების შესახებ იხილეთ ალექსანდრე რონდელის წიგნი ,,პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“, მეცნიერება, 2003.

29. Georg Sorensen, Development in Fragile/Failed States, Failed States Conference, Purdue University, April 7-11, 1999.

30. იქვე

31. Jeffrey Record, Failed States and Casualty Phobia - Implications for Force Structure and Technology Choice, Occasional Paper No.18, September 2000, Center for Strategyand Technology, Air War College, Air University.

32. Condolezza Rice, A Balance of Power That Favors Freedom, US Foreign Policy Agenda, US State Department, http: //164.109.48.86/journals/itps/1202/ijpe/pj7-4rice.htm

33. იქვე

34. აღნიშნული ინფორმაცია ამოვიკითხე რაშელ სტოლის სტატიაში. Rachel Stohl, Protecting the Failed State (Part I), 20 April, 2000, Center for Defense Information, www.cdi.org amave vebgverdze ixileT arSemdgari saxelmwifoebis Sesaxeb aRniSnuli avtoris mier dawerili statiebis seria.

35. Sebastian Mallaby, The Reluctant Imperialist: Terrorism, Failed States and the Case for American Empire, Foreign Affairs, March/April, 2002.

36. Robert Cooper, Why we still need empires, The Observer, April 7, 2002.

37. იქვე

38. ციტირებულია რობერტ ჯეკსონის სტატიიდან Surrogate Sovereignity? Great Power Responsibility and ,,Failed States”, 1998.

39. იქვე

40. Martin Khor, ,,Failed States” Theory can Cause Global Anarchy, March 2002, http: //www.twnside.org.sg/title/et0125.htm

41. საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერის,, აღნიშნული ინფორმაცია დაიბეჭდა გაზეთ ,,24 საათში“. ,,ავსტრალია მეორე ამერიკა ხდება“, ,,24 საათი“, გვ.5, 26 ივნისი, 2003 წელი, #173.

42. ციტირებულია რობერტ დორფის დასახელებული სტატიიდან.

2 ელიტები ლათინური ამერიკის ქვეყნებში: პარალელები საქართველოსთან

▲back to top


პოლიტიკა

დავით აფრასიძე
ფილოსოფიის დოქტორი (პოლიტიკური მეცნიერებები, ჰამბურგის უნივერსირტეტი); ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის თანამშრომელი

ხშირია, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს ადარებენ ერთმანეთს და კითხულობენ, თუ მსგავსი სასტარტო პოზიციებიდან ეს ქვეყნები სულ რაღაც 12-13 წელიწადში ამგვარად განსხვავებულ მდგომარეობაში როგორ აღმოჩდნენ. მაშინ, როცა ბალტიისპირეთი სულ მალე ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდება, საქართველო განვითარებად ქვეყნადაა მიჩნეული, რომელსაც სხვებთან ერთად იგივე ევროკავშირი ეხმარება. ეს შედარება ლოგიკურ პარალელს იწვევს პოლიტიკურ მცნიერებებში უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ ჩრდილოეთი და ლათინური ამერიკის ქვეყნების ურთიერთშედარებასთან. მე-18-19 საუკუნეებში, თითქმის ერთდროულად წარმოქნილმა ამერიკულმა ქვეყნებმა ისტორიული განვითარების დიამეტრალურად განსხვავებული გზა განვლეს. ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ისა და კანადის სახით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მდებარეობს. სამხრეთ და ცენტრალურ, ანუ ლათინურ ამერიკაში კი ქვეყნების მთელი დიაპაზონია წარმოდგენილი, რომელთა შორის გვხვდება დღეისთვის აღზევების ხანაში მყოფი მექსიკაც და ფაქტობრივად დაშლილი კოლუმბიაც. იყო დრო, როცა ბრაზილიასა და არგენტინას ახალ ეკონომიკურ გიგანტებს უწოდებდნენ, ზოგიერთი კი მათ მსოფლიო ლიდერობასაც უწინასწარმეტყველებდა. შემდეგ კი განვითარებას ისევ სტაგნაცია, დემოკრატიას ისევ ავტოკრატია ჩაენაცვლა. მე-20 საუკუნეს ლათინურ ამერიკაში ხშირად დაკარგულ საუკუნეს უწოდებენ.

პარალელები კიდევ უფრო გამაოგნებელია, თუ მათ არა ბალტიისპირეთ-საქართველოსა და ჩრდილოეთ-სამხრეთ ამერიკის ,,ტანდემებს“ შორის გავავლებთ, არამედ, ჩვენს შემთხვევაში, საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შევადარებთ ერთმანეთს. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ამგვარი კვლევები (პოსტსაბჭოური გარდაქმნების შედარება სხვა რეგიონებში მიმდინარე მსგავს პროცესებთან) ფაქტობრივად არ წარმოებს და ეს ნაკლი აუცილებლად უნდა იქნეს დაძლეული. თუმცა, ეს მოცემული სტატიის მიზანი ვერ იქნება. წინამდებარე სტატიაში მხოლოდ ლათინური ამერიკის ქვეყნების ელიტების ქცევის ზოგად დახასიათებას შემოგთავაზებთ, რომელიც საქართველოსთან გამაოგნებელი მსგავსებით გამოირჩევა. ეს მიმოხილვა ლათინური ამერიკის სხვადასხვა ექსპერტის, მათ შორის ცნობილი ესპანურენოვანი კოლუმნისტის კარლოს ალბერტო მონტანერის ნაშრომებს ეყრდნობა.

უპირველეს ყოვლისა, მოკლედ თუ რა მნიშვნელობა აქვს ელიტებს ქვეყნის განვითარებაში. ლათინური ამერიკის ექსპერტებისა და ინტელექტუალების უმრავლესობა დღემდე ხელს იმპერიალისტური ამერიკისაკენ იშვერს და რეგიონის განვითარების შეფერხებაში უსამართლო მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგს ადანაშაულებს. თუმცა, უკანასკნელ ხანებში, განსაკუთრებით კი მას მერე, რაც სამხრეთი აზიის ქვეყნებმა ,,უსამართლო“ ეკონომიკური წესრიგის პირობებშიც კი მოახერხეს განვითარება, ნათელი გახდა მსოფლიო წესრიგზე დამოკიდებულების იდეის სიმცდარე. დღეს ლათინურ ამერიკაში სულ უფრო აქტუალური ხდება პრობლემების მიზეზებისა და გასაღების საკუთარ სახლში ძიება. იზრდება რწმენა, რომ არასტაბილურ განვითარებაში ლომის წვლილი ადგილობრივ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ ელიტას მიუძღვის, რომელმაც ვერ შეძლო მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა. ცხადია, ეს ელიტა საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, ანუ როგორც ქართული ანდაზა ამბობს, რაც ,,ერი ის ბერიო“, მაგრამ ერის განვითარება სწორედ ელიტამ უნდა იტვირთოს, რადგან სწორედ იგია ორგანიზებული, შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე ძალა, საზოგადოების ლოკომოტივი.

პოლიტიკური ელიტა

პოლიტიკოსობა ლათინურ ამერიკაში ყველაზე არასასურველი პროფესიაა. პოლიტიკა, საზოგადო რწმენით, ბინძური საქმეა. ამდენად, პოლიტიკოსები, რომელთაც არჩევნებში წარმატება სურთ, ირწმუნებიან, რომ ისინი სულაც არ არიან პოლიტიკოსები, არამედ (წარმატებული) ბიზნესმენები, სამხედროები, მეცნიერები და ა.შ. პოლიტიკოსის პროფესიის ამგავრი დისკრედიტაცია სახელმწიფო სისტემაში გამეფებული კორუფციითაა გამოწვეული. აქვე გაოცებას იწვევს, თუ რატომ უნდა სურდეს წარმატებულ ბიზნესმენს პოლიტიკაში წასვლა? ნუთუ მხოლოდ ,,სამშობლოს სიყვარულით“ ამბობს იგი უარს შემოსავლიან ბიზნესზე და პოლიტიკოსის არცთუ მიმზიდველ ხელფასს თანხმდება. ლათინურ ამერიკაში ანალოგიურად არალოგიკურია სამხედროების პოლიტიკაში წასვლა, რადგან მათ ამ ქვეყნებში ტრადიციულად მაღალი შემოსავალი და პრივილეგიები აქვთ. ლოგიკა კი მარტივია, პოლიტიკაში ბიზნესმენიცა და სამხედროც ,,ბიზნესისათვის“ მიდის. სწორედ კორუფცია, რომლის გამოც ისინი პოლიტიკოსის სახელს თაკილობენ, იზიდავს მათ. მათი ბიზნესი და კარიერული წარმატება კორუფციაზეა აგებული და პოლიტიკაში მოსვლით მათ მხოლოდ ამ წარმატების გამყარება სურთ. შესაბამისად შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. არჩევნები ტარდება ფორმალურად, კანონები სრულდება ფორმალურად. სახელმწიფოს მართვა არა სახელმწიფო ინსტიტუტებით, არამედ პირადი კავშირებით, ე.წ. კლიენტელური ქსელებით ხდება. პოლიტიკოსები ლოიალურნი არიან არა კანონის, არამედ ,,პატრონების“ და ერთმანეთის (გამოსადეგობისადამიხედვით) მიმართ. აღარ არსებობს კერძოსა და საჯაროს განსხვავება. სამინისტრო მინისტრის საკუთრებაა, როცა მინისტრი ტოვებს პოსტს, შეუძლია სამსახურებრივი მანქანა სახლში წაიღოს. ოპოზიციაც ფორმალურია. იგი ხელისუფლებას აკრიტიკებს მანამ, ვიდრე ,,სახრავ ძვალს“ თავადაც არ მიიღებს. ხშირად ოპოზიცია ნათესავურ კავშირებშია ხელისუფლებასთან და კრიზისულ ვითარებაში საკუთარი ფუნქციის შესრულებას ნათესაურ ლოიალობას ამჯობინებს. არ არსებობს პოლიტიკური პარტიების მყარი ლანდშაფტი. პარტიები პიროვნული სიმპათიებით იქმნება და ხშირია ერთი პარტიიდან მეორეში გადანაცვლება ისევ და ისევ კერძო გამორჩენის მიზნით. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ელიტა თავად უთხრის ძირს სახელმწიფო ინსტიტუტებს. საზოგადოების თვალში სახელმწიფო არაეფექტური, ხოლო პოლიტიკა ბინძური თამაშია. უბრალო მოქალაქე საკუთარი ინტერესების დაცვას არა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობით არამედ იქ მოკალათებულ ჩინოვნიკებთან არაფორმალური კავშირით ცდილობს.

სამხედრო ელიტა

ლათინურ ამერიკაში სამხედროებს პოლიტიკაზე ტრადიციულად დიდი გავლენა აქვთ. ისინი ხშირად ერეოდნენ და ერევიან პოლიტიკაში, რათა, როგორც თავად ამბობდნენ, საკუთარი ქვეყანა უზნეო პოლიტიკოსებისაგან ეხსნათ, სოციალური თანასწორობა და განვითარება უზრუნველეყოთ. ხშირად ხდება პარალელების გავლება ლათინური ამერიკის სამხედროებსა და საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს შორის. თუმცა, უფრო სამართლიანია ის მოსაზრება, რომ ქართულ ნახევრადსამხედრო, სალაშქრო ტიპის სამხედროებს ნაკლები ჰქონდათ საერთო უფრო დიდი ტრადიციების მქონე ლათინური ამერიკის სამხედრო კასტასთან. ასევე განსხვავებულია ფინანსური პირობები, რომელშიც ქართველ და ლათინური ამერიკის ქვეყნების სამხედროებს უწევთ მოღვაწეობა. თუმცა, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება კორუფციისა და კლიენტელიზმის ფორმებზე, რომლებიც როგორც იქ, ასევე ჩვენთანაა გაბატონებული. მთავარი გაკვეთილი კი, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა უნდა ამ ქვეყნებიდან მიიღონ, არის სამხედრო გზით ქვეყნის განვითარების იდეის სრული უსუსურობა. ლათინური ამერიკის ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სამხედროებმა ვერ უზრუნველყვეს ქვეყნის მოდერნიზაცია. ისინი ისევე კორუმპირებულნი აღმოჩდნენ, როგორც სამოქალაქო ხელისუფალნი და საბოლოო ჯამში ისევ ყაზარმებში დაბრუნება უწევდათ.

ბიზნესელიტა

ლათინურ ამერიკაში ხშირად გაიგონებთ, რომ ამ რეგიონის ქვეყნების განვითარების მთავარი შემაფერხებელი კაპიტალის ნაკლებობაა, ხოლო სოციალური უთანასწორობის მიზეზი - ,,ველური კაპიტალიზმი“ რეალურად კი ეკონომიკური სტაგნაციის გამომწვევი მიზეზი ,,ფეოდალური კაპიტალიზმია“ ეს ცნება თავისთავად ნონსენსია, თუმცა იგი ზედმიწევნით ასახავს ბიზნესის წარმოების ლათინურ წესს. მეწარმე (ალბათ სამეწარმეო გარემოს გამო) არ მიდის რისკზე, არ ახდენს ახალ ინვესტიციებს, არამედ მისი ბიზნესი მხოლოდ ექსტენსიურად ვითარდება. გავრცელებულია კაპიტალის დაბანდება უძრავ-მოძრავ ქონებაში (მიწებში, შენობა-ნაგებობებში, ძვირფას მანქანებში) და განლაგება უცხოეთის საბანკო ანგარიშებზე. ეს კაპიტალი, ფაქტობრივად, ქვეყნის მეურნეობისათვის დაკარგულია, რადგან არ ხდება მისი ბრუნვა.

ამას ემატება, როგორც ზემოთ ვნახეთ, პოლიტიკასა და ბიზნესს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის განსხვავების არარსებობა. ბიზნესმენი წარმატებას აღწევს არა კონკურენციის, არამედ პოლიტიკური მფრაველობის გზით. ჩვეულებრივი წესია კონკურენტების ჩასაძირად ათასგვარი კანონების ლობირება, სხვადასხვა გადასახადების შემოღება, რომლისგანაც თავად, ცხადია, გათავისუფლებულია. შედეგად, ყველა ბიზნესმენი ცდილობს მონახოს მფარველი მთავრობაში, ხოლო ხშირად თავად წავიდეს პოლიტიკაში და თავადვე მოახდინოს საკუთარი ბიზნესის უკანონო ხელშეწყობა.

ანალოგიური ვითარებაა უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში. ე.წ. ,,დიდი ბიზნესი“ (ცნობილი მსოფლიო გიგანტების შემოყვანა ქვეყანაში), როგორც წესი, არ ხდება ხელისუფლების, მთავრობის მაღალი ჩინოვნიკების პირადი დაინტერესების გარეშე. თავად ამგვარი ინვესტიციების განხორციელება მხოლოდ მისასალმებელია, რადგან იგი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება, თუმცა ასეთი კორუფციული პრაქტიკის პირობებში, ბევრ ინვესტორს საერთოდ ეკარგება ქვეყანაში შემოსვლის სურვილი.

კულტურული ელიტა

პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ელიტა საზოგადოების მატერიალური ლოკომოტივია, ხოლო კულტურული ელიტა მის სულიერ განვითარებას ემსახურება, რომელიც, როგორც დასტურდება, ხშირად მატერიალურ სტრუქტურებზე არანაკლებ ძლიერია. კულტურული ელიტა - სასულიერო წრეები, ინტელიგენცია, ხელოვნების მუშაკები, სამწუხაროდ, ხშირად არა განვითარების, არამედ სტაგნაციის მიზეზადაც შეიძლება იქცეს.

თანამედროვე ლათინურ ამერიკაში, კულტურული ელიტა, ხშირად იგივე კლიენტელური ძაფებითაა დაკავშირებული პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ კლანებთან. წამყვან პოზიციებზე გასვლა აქაც, ხშირად, არა დამსახურების, არამედ კავშირებისა და კორუფციის გზით ხდება. შედეგად, საზოგადოების ის ფენა, რომელმაც საკუთარ თავზე ნოვატორული იდეების ქადაგება უნდა აიღოს, სტაგნაციის იდეოლოგიურ რუპორად იქცევა.

კათოლიკური სასულიერო წრეების წარმომადგენლები ხშირად პროგრესის წინააღმდეგ გამოდიან და მათ ქვეყნებში არსებული სოციალური უთანასწორობისა და ჩამორჩენილობის მიზეზს არა საკუთარ თავში, საკუთარ ქვეყანაში ეძებენ, არამედ ამაში ისეთ აბსტრაქტულ ცნებებს ადანაშაულებენ, როგორიცაა ,,გლობალიზაცია“, ,,ლიბერალიზმი“ აშშ იქცევა მტრის ხატად, საიდანაც ,,მორალურ“ კათოლიციზმს ,,ამორალური“ სექტანტობის საფრთხე ემუქრება. შედეგად, ეკლესია, ფაქტობრივად პარადოქსულ იდეას ემსახურება. ერთი მხრივ, ისინი საყოველთაო სიღარიბეზე დარდობენ, ხოლო მეორე მხრივ, განვითარების ყველა ფორმას აკრიტიკებენ, რადგან ეს, მათი აზრით, ტრადიციების რღვევასა და სულიერების დაკარგვას გამოიწვევს. პარადოქსია ისიც, რომ ეკლესია მჭიდროდ თანამშრომლობს, ,,ერთ სულ და ერთ ხორც არს“ იმ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ელიტასთან, რომელიც ყველა პრობლემაში ნომერ პირველი დამნაშავეა.

ინტელიგენციას ლათინურ ამერიკაში დიდი გავლენა აქვს. თუ, მაგალითად, რომელიმე მწერალი, მეცნიერი ან საზოგადო მოღვაწე ცნობილი გახდა, უკვე იგი ყველა დარგისათვის ექსპერტად მიიჩნევა და იგი ამას არც კი თაკილობს. მისი საექსპერტო კომენტარები შეიძლება მოისმინოთ კონფლიქტების, ეკონომიკის, გნებავთ სექსუალური რევოლუციის შესახებ. აქ ბევრია მომღერალ-კომპოზიტორ-მწერალ-მხატვარ-პოლიტოლოგ-ფსიქოლოგი. ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ამგვარ ინტელექტუალთა იდეები საზოგადოებაში სწრაფად ვრცელდება. ახლაგაზრდა, ახლებური იდეების მქადაგებელ ხელოვანსა თუ მეცნიერს კი უმალ ,,ძირძველი ტრადიციების“ მოღალატედ მონათლავენ.

არავისთვის უცხო არაა, რომ სახელგანთქმული ლათინურამერიკული მწერლობა თავისი ანტიიმპერიალისტური, ხშირად მარქსისტული შეხედულებებით გამოირჩევა. სამწუხარო კი ისაა, რომ ლიტერატურული ღირებულების მიუხედავად, ამგვარი იდეების პროპაგანდა საზოგადოების განვითარებას არათუ ემსახურება, არამედ ამუხრუჭებს კიდეც. ინტელიგენციის დიდი ნაწილი, უნივერსიტეტები ეწევიან იმ დოგმის პროპაგანდას, რომ ქვეყნის შიდა პრობლემების მიზეზები არსებობს გლობალიზაციაში, ამერიკულ იმპერიალიზმში და არა საკუთარ ქვეყანაში. ანუ, ფაქტობრივად, ინტელიგენციაც მოჯადოებული ტრადიციული წრის შემადგენელ ნაწილადაა ქცეული.

არის თუ არა გამოსავალი?

ალბათ, საოცარია მსგავსება, რაც ლათინური ამერიკის ქვეყნებსა და საქართველოს შორის დაიხატა. ლათინური ამერიკა ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას უკვე 2 საუკუნეა ცდილობს.Lლოგიკურად ისმის კითხვა, რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს და შევძლებთ კი ოდესმე ამ პრობლემების კვანძის გახსნას. მოჯადოებული წრე არც მხოლოდ ლათინურ-ამერიკული და მით უფრო ქართული გამოგონებაა. საზოგადოების თანაცხოვრების ამგვარ ფორმებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, თუნდაც განვითარებულ ევროპაში შეიძლება წავაწყდეთ (მაგალითისათვის სამხრეთი იტალია გავიხსენოთ). ფაქტია ისიც, რომ ტრადიციები და ფასეულობები იცვლება და შესაბამისად იცვლება საზოგადოებაში გაბატონებული ქცევის წესები. ზოგჯერ ეს პროცესი ნელა, ზოგჯერ სწრაფად ვითარდება. აუცილებელია მხოლოდ, რომ სწორად იქნეს გააზრებული სიტყვა ,,განვითარების“ მნიშვნელობა, რომელიც წინსვლას, ზოგიერთი ძველი ფასეულობის უარყოფასა და ახლის ათვისებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ განვითარება, პროგრესი უწყვეტი პროცესია, და ის, რაც დღეს ტრადიციად მიგვაჩნია, ოდესღაც ახალი, ნოვატურული იყო. ამდენად, უნდა გვესმოდეს, რომ ,,განვითარება“ არ ნიშნავს ,,გადაგვარებას“, რომ საწინააღმდეგო გზა, ანუ ,,ჩაკეტვა“, ,,ჩამორჩენილობა“ კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს. ამ კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის რაციონალურ და ინტელექტუალურ მზადყოფნას, თავის თავზე იტვირთოს ქვეყნის მოდერნიზაცია, კულტურული ელიტის (ეკლესიის, განათლების სისტემის, ინტელიგენციის) მზადყოფნას, იდეოლოგიური საფუძველი მოუმზადოს ამგვარ განვითარებას.

3 აშშ-ის როლი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით

▲back to top


უსაფრთხოება

თემურ კეკელიძე
გიორგი მანჯგალაძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს წინაშე მთელი სიმწვავით დადგა საკითხი დაემკვიდრებინა თავისი თავი ახალ რეალობაში და გაერკვია თავისი როლი საერთაშორისო ურთიერთოებათა ახალ სისტემაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველოს მიეცა შანსი ჩაერთოს ევროპაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია საქართველოს საშუალებას მისცემს ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის, სტაბილურ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოდ.

მიუხედავად პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში გადატანილი შიდა კონფლიქტებისა, რამაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორი ჩრდილოეთისაკენ მიმართა, საქართველომ მოახერხა ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო სამართლის სუვერენულ სუბიექტად და გამხდარიყო ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი როგორიცაა: გაერო, ეუთო ევროსაბჭო, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია.

და მაინც, საერთაშორისო არენაზე დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შუერთდეს ევროკავშირს და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას. ჩვენ შევეცდებით გამოვყოთ ძირითადი მომენტები, რომელიც ასე მნიშვნელოვანს ხდის ზემოხსენებულ ორგანიზაციებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის.

ევროკავშირი წარმოადგენს საერთო ეკონომიკური და საფინანსო სივრცის მქონე გაერთიანებას. თუმცა ეკონომიკური საკითხები გახლდათ ძირითადი, რამაც ევროკავშირი დღევანდელი სახით ჩამოაყალიბა, იგი სუპრა-ნაციონალური პოლიტიკური ორგანიზაციაა საკუთარი საკანომდებლო სტრუქტურებით, რომელთა გადაწყვეტილებაც სავალდებულოა წევრი ქვეყნებისათვის, ხოლო ერთიანი ევროპული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებით ევროკავშირი სამხედრო გაერთიანების განზომილებასაც შეიძენს. რეალურად ევროკავშირმა ინსტიტუციონალურად გააფორმა ევროპის კულტურული და ეკონომიკური ერთიანობა.

რაც შეეხება ნატოს, ამ ორგანიზაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც ევროპის ინტეგრაციის გაძლიერებაში, ასევე ევროპასა და ატლანტიკას შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ჩამოყალიბებაში. და რაც მთავარია, ამჟამად ნატო წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონის ხელშეკრულების (ნატოს ფუძემდებლური დოკუმენტი) ძირითად მუხლს წარმოადგენს #5 პუნქტი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, რომლის მიხედვითაც თავდასხმა ალიანსის ნებისმიერ წევრზე განიხილება როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე და შესაბამისად თავდამსხმელი ღებულობს ალიანსის კოლექტიურ საპასუხო დარტყმას.

საქართველოსათვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობა ნიშნავს არამარტო ეკონომიკურ განვითარებას და ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ ეს იქნება ოფიციალური, ინსტიტუციონალური აღიარება საქართველოს, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური (ეს ცნება ცივი ომის დასრულების შემდეგ უფრო და უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს) სახელმწიფოსი (საქართველო გახდება ,,კლუბის“ წევრი.).

ნატო-საქართველოს ურთიერთობათა მოკლე ისტორია ასეთია:

● 1994 წელს საქართველო შეუერთდა ნატო-ს პროგრამას, ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“

● 1998 წელს ჩაერთო ნატოს დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში,

● 2002 წლის ბოლოს საქართველომ შეიმუშავა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა;

● 2002 წლის ნატოს პრაღის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს.

დღეს მიმდინარეობს მუშაობა ნატოსთან ,,ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმაზე,” რომელიც ალიანსის ახალი ინიციატივა გახლავთ და მიმართულია ნატოსა და კონკრეტულ პარტნიორ ქვეყნას შორის ურთიერთოებების მაქსიმალურად გაღრმავებისაკენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისმის კითხვა, რამდენად არის აშშ დაინტერესებული საქართველოს ნატოში გაწევრიანებით და რა როლი შეუძლია შეასრულოს მას ამ თვალსაზრისით.

ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ ნატოს გაფართოება პოსტ-სოციალისტური და პოსტ-საბჭოური ქვეყნების ხარჯზე მიმდინარეობს. თუ გაფართოების პირველ ტალღაში პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი მოჰყვნენ, მეორე ტალღამ სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) მოიცვა.

რუმინეთისა და ბულგარეთის ალიანსში მიწვევამ კიდევ უფრო გაზარდა ნატოს როლი, როგორც შავი ზღვის, ასევე მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. შავი ზღვის კიდევ ორმა სახელმწიფომ, უკრაინამ და საქართველომ, რომელიც უკვე აღიქმება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად, გამოთქვეს ალიანსში გაწევრიანების სურვილი.

ამგვარად, თუ გავითვალისწინებთ ევრო-ატლანტიკურ რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საკუთრივ ნატოს გაფართოების ტენდენციას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპის კონტინენტზე ალიანსის გაფართოება ადრე თუ გვიან სამხრეთ კავკასიასაც მოიცავს.

ცალკე განხილვის თემაა ის საკითხი, შემოიფარგლება თუ არა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ევროპის კონტინენტით, თუ იგი აზიასაც გადასწვდება, თუმცა საგულისხმოა პოსტ-საბჭოთა პერიოდში ნატოს პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი: ,,არასტაბილურობა ევრო-ატლანტიკური სივრცის ნებისმიერ ადგილში საფრთხეს უქმნის მთელ ევრო-ატლანტიკურ რეგიონს“ საკუთრივ ევრო-ატლანტიკური სივრცე კი გეოგრაფიული თვალსაზრისით მოიცავს ჩრდილო ამერიკას, ევროპასა და აზიის ყოფილ საბჭოთა ნაწილს.

ჩვენ შევეცდებით მიმოვიხილოთ ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს აშშ-ის დაინტერესებას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით.

1. საქართველოს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის, ნატოში გაწევრიანებით ალიანსი ზრდის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არეალს, სადაც დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება მიმდინარეობს. შესაბამისად იზრდება უსაფრთხოების გარანტიები ალიანსის დანარჩენი წევრებისათვის.

2. როგორც აღინიშნა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა არის ან გარდაიქმნება დასავლური ტიპის, სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც რეალურად ხორციელდება კანონის უზენაესობა. ამავე დროს, დემოკრატიული წყობის დამკვიდრება სხვა ქვეყნებში გახლავთ ამერიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ეროვნული ინტერესი.

ამ ფაქტს გარდა კულტურულ-ღირებულებითი დატვირთვისა, (მოგეხსენებათ აშშ ამაყობს იმით, რომ წარმოადგენს დემოკრატიის მთავარ ფორპოსტს და დამცველს საერთაშორისო არენაზე) წმინდა პრაგმატული მნიშვნელობაც აქვს.

დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტს, შიდა და საგარეო პოლიტიკის გატარებისას მოქმედებს იმ პრინციპების თანახმად (ანუ თამაშობს თამაშის იმავე წესებით), რასაც ითვალისწინებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთოებები. იგი პროგნოზირებადი და სტაბილურია, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკის პირობებში. გლობალიზაციამ კი მოგეხსენებათ, ეკონომიკური თვალსაზრით ყველაზე დიდი მოგება აშშ-ს მოუტანა.

3) განსხვავებით ევროპისაგან აშშ-ს გააჩნია ინტერესები მსოფლიოს ფაქტიურად ყველა კუთხეში და მათ შორის საქართველოში, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობით და პირდაპირ კავშირშია ამერიკის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებთან კასპიისა და შუა აზიის რეგიონში. მოგეხსენებათ ნავთობისა და გაზის რესურსები მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში სტრატეგიულ ნედლეულს წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ნედლეულის კონტროლი ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის.

კასპიის ნავთობის დასავლურ ბაზარზე მისატანად სამი მარშრუტი არსებობს, რუსეთის, ირანის და საქართველოს გავლით. პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით დასავლეთის, და განსაკუთრებით ამერიკისათვის პირველი ორი გზა მიუღებელია, შესაბამისად პრიორიტეტი მიენიჭა საქართველოს. შედეგად შემუშავდა ცნობილი TRACECA-ს და ,,დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს პროექტები არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთრივ საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის და წარმოადგენს მეტად ეფექტურ საშუალებას რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში და თავისი წილი მოგება მიიღოს.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ ამერიკისათვის კიდევ ერთი, წმინდა სამხედრო დატვირთვა შეიძინა. ავღანეთში ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებისთანავე საქართველომ დაუთმო თავისი საჰაერო დერეფანი კოალიციის ძალებს, რადგან სამხრეთ კავკასია წარმოადგენს უმოკლეს საჰაერო გზას ავღანეთში განლაგებული კოალიციის ჯარების ევროპის სამხედრო ბაზებიდან მოსამარაგებლად.

4) ამერიკა იმთავითვე აქტიურად უჭერდა და უჭერს მხარს ნატოს გაფართოებას, მაშინ როდესაც ,,ბებერი“ ევროპა ალიანსში ახალი წევრების მიღებას გარკვეული ეჭვითა და ყოყმანით უყურებს. ევროპელები თვლიან რომ დაუსრულებელმა გაზრდამ შეიძლება ნატო ისეთივე მოუქნელ ორგანიზაციად აქციოს, როგორიც გაეროა.

აშშ-ს ფაქტიურად ერთპიროვნულმა მოქმედებამ ერაყში უკიდურესად დაძაბა მისი ურთიერთობა ევროპის ისეთ წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია. მეორეს მხრივ, ნატოს ახალმა წევრებმა, ისევე როგორც პრაღის სამიტის შემდეგ ალიანსში მიწვეულმა სახელმწიფოებმა, მხარი დაუჭირეს ერაყის კამპანიას. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მინიშნება იმაზე, რომ ამერიკის ევროპულ პოლიტიკაში ძირითადი აქცენტი ნატოს ახალ წევრებზე უნდა გაკეთდეს.

ერაყის კამპანიას საქართველომაც ღიად დაუჭირა მხარი, რომელიც შეიძლება ითქვას, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირეს წარმოადგენს. ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია აშშ-ს მაქსიმალურად აწყობს მისი მოკავშირის ნატოში გაწევრიანება, მითუმეტეს, რომ ალიანსის წესების მიხედვით თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს ვეტოს უფლება და შეუძლია სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება დაბლოკოს.

რაც შეეხება საკუთრივ პარტნიორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ვაშინგტონის 1999 წლის სამიტის შემდეგ ალიანსმა შეიმუშავა რიგი კრიტერიუმებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ,,ასპირანტი“ სახელმწიფო, თუკი მას ალიანსის წევრობა სურს. ერთ-ერთ ასეთ მოთხოვნას ქვეყნის სამხედრო სისტემის ნატოს სტანდარტების მიხედვით რეფორმირება წარმოადგენს.

სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი გაწეული დახმარება ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში. აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“

აღნიშნული პროგრამა დაიწყო 2002 წელს, რომელსაც წინ უძღოდა 1999 და 2001 წლებში აშშ-ის ევროპული სარდლობის ექსპერტების მიერ საქართველოს საბრძოლო შესაძლებლობების ანალიზი.

პროგრამა წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტების მიხედვით გაწვრთნისა და აღჭურვისათვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ეფექტურ მექანიზმს და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში თანამედროვე ტიპის შეირაღებული ძალების ჩამოყალიბებისათვის. ანუ ამერიკა პირდაპირ დახმარებას გვიწევს რათა საქართველომ სამხედრო თვალსაზრისით შეძლოს ნატოში წევრობისათვის აუცილებელი სტანდარტების მიღწევა.

* * *

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ ინსიტუტებში და მისი გარდაქმნა დემოკრატიულ, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოდ ნამდვილად შედის აშშ-ის ინტერესებში, რასაც მოწმობს ამერიკის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარება, როგორც სამხედრო, ისე სხვა სფრეოებში. აგრეთვე შეუფასებელია ის პოლიტიკური მხარდაჭერა რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდა და ახორციელებს აშშ-ს ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნის მიმართ, და რაც ხშირ შემთხვევაში გახლდათ ძირითადი შემაკავებელი ფაქტორი, რათა საქართველოში არ განხორციელებულიყო რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამერიკის დიდი ზეგავლენისა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, საქართველოს გაწევრიანება ნატოში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი საკუთრივ ქვეყანა და საზოგადოება გააცნობიერებს ამ ნაბიჯის აუცილებელობას და რეალურად განახორციელებს დემოკრატიულ ცვლილებებს სახელმწიფოს მმართველობის ყველა სფეროში

4 სიკვდილის ქარავნები

▲back to top


უსაფრთხოება

ლევან ღირსიაშვილი
პოლიტიკური კვლევების ცენტრი

ერაყში ომის დაწყების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთ არგუმენტს, ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციისათვის შესაძლო პრობლემები წარმოადგენდა. მართალია, თეთრი სახლი ამას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ავღანეთში რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის, აგვისტოს თვემაც დაადასტურა, როდესაც დამხობილი რეჟიმის ,,თალიბანის” მებრძოლებსა და აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის მასშტაბური ბრძოლები გაიმართა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თეთრი სახლის და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ძირითადად ერაყზეა გადატანილი. ეს კი ავღანეთში ორი ურთიერთდაკავშირებული მოვლენის განვითარებას უწყობს ხელს: პირველი, ,,თალიბანის” და ,,ალ-ქაიდას” რაზმებს ეძლევათ გადაჯგუფებისა და ძალების მოკრების საშუალება და მეორე, ავღანეთში ნარკოტიკების წარმოება და მისი ტრანსპორტირება კვლავ ძველებურ მასშტაბებს უტოლდება. ეს კი ტერორიზმზე არანაკლებ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს. წელს ავღანეთიდან დაძრული ოპიუმით დატვირთული სიკვდილის ქარავნები ევრაზიის დასავლეთ ნაწილს წალეკვით ემუქრებიან.

,,დამარცხებულიტერორისტები ანუ ანტიტერორისტული კამპანიის დღევანდელი შედეგი

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ,,თალიბანმა” და ,,ალ-ქაიდამ” არა მარტო შეინარჩუნეს თავიანთი ორგანიზაციის ბირთვი, არამედ ძალთა გადაჯგუფებაც და გადახალისებაც კი მოახერხეს. ავღანეთ-პაკისტანის მთიანი და მიუვალი რაიონები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. როგორც ჰამიდ კარზაის ადმინისტრაცია, ასევე კოალიციის სარდლობაც ღიად აღიარებს, რომ ტერორისტთა ძალები კი არ განადგურდნენ, არამედ მხოლოდ გაიფანტნენ. სხვანაირად, ამას შესაძლოა გადაჯგუფებაც დავარქვათ, რადგან ,,ალ-ქაიდას” და ,,თალიბანის” მებრძოლები მთიან რაიონებში არიან განლაგებულები და ამერიკელებზე და კოალიციის სხვა ჯარისკაცებზე თავდასხმებს იქიდან ახორციელებენ. ავღანეთში რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას თეთრი სახლი ირწმუნება, ისიც მოწმობს, რომ ნომერ პირველ ტერორისტად აღაირებული ოსამა ბინ ლადენი და მისი უახლოესი თანამებრძოლი და ,,თალიბანის” ლიდერი მოლა ომარი კვლავ ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და უპრობლემოდ გადაადგილდებიან. ამას თავად, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იუნუს კანუნი ადასტურებს. მოლა ომარი და ოსამა ბინ ლადენი პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მუდმივად გადაადგილდებიან და ადგილსამყოფელს პერმანენტულად იცვლიან. ეს რეგიონი კი, არცთუ პატარა მონაკვეთია. მისი სიგრძე 2,5 ათასი კილომეტრს აღემატება და სულ მთიან და კლდოვან რაიონებზე გადის. ამ პერიმეტრზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა კი დაახლეობით ორ მილიონ ადამიანს შეადგენს. მათ შორის და თანაც ასეთ პირობებში, ორი თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანის მოძებნა კი ძალიან რთულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ორი პიროვნება არც თუ მთლად ჩვეულებრივები არიან, შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით მათი პოვნა შეუძლებელია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უფრო შორსაც მიდის. მისი თქმით ,,ალ-ქაიდას” მებრძოლთა რაოდენობა ავღანეთის ტერიტორიაზე 12 ათასს აღწევდა. მათგან სამი ათასამდე მებრძოლი ანტიტერორსტული ოპერაციის დროს განადგურდა. დანარჩენთა მობილიზება და გადაჯგუფება ,,ალ-ქაიდას” ხელმძღვანელობამ წარმატებით მოახერხა. ამას ბოლო ორ წელიწადში არც თუ მცირე რაოდენობით მნიშვნელოვანი ტერაქტების ორგანიზება მოწმობს. რაც შეეხება თალიბებს, მათი რიცხვი 2001 წლის ანტიტერორისტულ კამპანიამდე 50 ათასი მებრძოლით განისაზღვრებოდა. მათი უმრავლესობა დღემდე ცოცხალი და ბრძოლისუნარიანია. ექსპერტთა მტკიცებით, თალიბებმა უბრალოდ წვერი სუფთად გაიპარსეს და პუშტუნების ტომებს შეერივნენ, რომლებიც დირანდის მთაგრეხილის ორივე მხარეს - ავღანეთის და პაკისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ,,ჩვენ არ დავმარცხებულვართ. ჩვენ ვარჩიეთ, რომ დაგვეთმო ხელისუფლება, ვიდრე გვებრძოლა და დაგვეღვარა სისხლი. ჩვენი ხალხის ნაწილი თავიანთ ტომებს დაუბრუნდნენ, ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა. ამჟამად, ჩვენ უბრალოდ ვიცდით...საჭირო მომენტში ჩვენ დავბრუნდებით”, ეს სიტყვები ”თალიბანის” ლიდერს მოლა ომარს ეკუთვნის.

საფრანგეთის სპეცსამსახურებიც ადასტურებენ, რომ ,,ალ-ქაიდა” და ,,თალიბანი” კვლავ ძლიერნი არიან. მათი მონაცემებით, ,,ალ-ქაიდას” ტერორისტებმა არა მარტო შეინარჩუნეს ბრძოლისუნარიანობა, არამედ პაკისტანის და საუდის არაბეთის სპეცსამსახურთა დახმარებით ახლო აღმოსავლეთში დიდი ძალების გადასროლაც კი შეძლეს.

სულ რამდენიმე დღის წინ კი, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა ავღანეთის სამხრეთში პაკისტანის საზღვართან ახლოს ჩატარებული ერთი შეხვედრის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. კერძოდ, საუბარია ოსამა ბინ ლადენის ხელმძღვანელობით, ,,ალ-ქაიდას” ლიდერების შეკრებაზე, რომელზედაც მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა ბინ ლადენმა ერაყში ,,ალ-ქაიდას” რაზმების გადასროლის ბრძანება გასცა.

აი, ასეთია 2001 წელს ავღანეთში დაწყებული საერთაშორისო ანტიტერორისტული კამპანიის რეალური სურათის ერთი მხარე.

ავღანეთი - საერთაშორისო ნარკომაფიის სამშობლო

საერთაშორისო ნარკომაფია კვლავ ცდილობს დსთ-ის სამხრეთი საზღვრების ნარკოტიკების კონტრაბადის ძირითად და მუდმივ მოქმედ არხად გადაქცევას.

ავღანეთში, წვიმის შემდეგ სოკოების მსგავსად მრავლდებიან ჰეროინის მოსამზადებელი მობილური მინი-ლაბორატორიები. მათი დაყენება შესაძლებელია სახლებშიც, რის შედეგადაც დღე-ღამეში ავღანელები 40 კგ-მდე ჰეროინს ამუშავებენ. თუ შემდეგშიც შენარჩუნდება ნარკოტიკული ნივთიერების დამზადების დინამიკა, მაშინ ჰეროინის ფასი საერთაშორისო ბაზარზე შეუჩერებლად დაეცემა. ნარკოტიკების თვითღირებულების დაცემა მოსახლეობის ბევრად ფართო და ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობის ფენებსაც მოიცავს. ამგვარად, რადიკალური ისლამური ექსტრემისტები მთელ ცივილიზებულ სამყაროს სასიკვდილოს თუ არა, არანაკლებ ძლიერ დარტყმას მიაყენებენ. დღესდღეობით ავღანეთი უკვე მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ჰეროინის წარმოებაში და მსოფლიო წარმოების 70%-ზე მეტს იძლევა

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შეყვანის პარალელურად, ეს ქვეყანა რუსეთის ინტერესების სფეროში კვლევ რჩება, რაც ავღანეთში სტაბილურობის დამყარებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. ნებით თუ უნებლიეთ, მაგრამ უფრო მეტი რუსი პოლიტიკოსი და სამხედრო მოხელე იზიარებს იმ აზრს, რომ ავღანეთიდან სსრკ-ის გამოსვლა უფრო დიდი შეცდომა იყო, ვიდრე იქ შეზღუდული სამხედრო კონტიგენტის შეყვანა. მათი აზრით, ქვეყანა ბედის ანაბარა იქნა მიტოვებული, მაგრამ მიუხედავად ამისა პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ ბრძოლა არ შეწყვეტილა, მან სხვა ფორმები და მეთოდები მიიღო. ასეა თუ ისე, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ნარკოტიკების გაყიდვით მიღებული თანხებით ფინანსდება. ,,მშვიდობიან“ ადამიანთა მსხვერპლმა უკვე გადააჭარბა ოფიციალურ საბრძოლო მსხვერპლს. ყოველწლიურად მხოლოდ დსთ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკული მოწამვლით 20 ათასამდე ადამიანი იღუპება, ძირითადად ახალგაზრდობა. უფრო მეტი ინვალიდი ხდება. იზრდება დანაშაული, რომლის პირველი მიზეზიც ნარკოტიკებია. დასავლეთის ქვეყნებში ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული დანაშაული, საერთო მაჩვენებლის 2/3 შეადგენს. ამ დონეს თანდათან უახლოვდება რუსეთიც. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის, რადგან ავღანური წარმოების ნარკოტიკები რუსეთის ნარკოტიკების შავი ბაზრის 60%-ზე მეტს უტოლდება. ამ სახის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ლომის წილი ნარკოსინდიკატებს ეკუთვნის, რომლებიც მოძრაობა ,,თალიბანის” რადიკალური ისლამური ექსტრემისტების მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან. თალიბანთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უზარმაზარი ოპიუმის ყაყაჩოს ველებია. ნარკომაფიის ემისრები ღიად და ორგანიზებული წესრიგით ყიდულობენ ოპიუმ-ნედლეულს, პუშტუნური ტომებისგან, რომლებიც ,,თალიბანის“ მოძრაობის ეთნიკურ ბაზას წარმოადგენენ. შემდეგში ნედლეულს ამუშავებენ უზარმაზარ ლაბორატორიებში და ქარხნებშიც კი, რომელთა ძირითადი რაოდენობა ქალაქების პეშევარის და ჯალალაბადის რაიონებშია. ავღანეთში წარმოებული ჰეროინი ცივილიზებულ სამყაროს ექვსი ძირითადი არხით მიეწოდება.

1. პეშავარი - ყარაჩის პაკისტანური პორტი და შემდეგ საზღვაო გზით აზიურ - წყნარი ოკეანის რეგიონი და დასავლეთი.

2. ჯალალაბადი - ყანდაჰარი - გილმენდი - ირანი - თურქეთი - ევროპა.

3. ყანდაჰარი - გერათი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - ევროპა

4. ყანდაჰარი - ბალხი - ჯუაზანი - უზბეკეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - ევროპა.

5. ყუნდუზი - ტაჯიკეთის ხატლონის ოლქი - რუსეთი - ევროპა.

6. პეშავარი - ჩიტრალი - (ჩრდილო-დასავლეთი პაკისტანი) - ავღანური ბადახშანი - მთიანი-ბადახშანური ავტონომური ოლქი (ტაჯიკეთი) - ყირგიზეთი - რუსეთი - ევროპა.

ზემოთხსენებული არხებით ნარკოტიკული ნედლეულის გადაზიდვა დიდი ხანია დამუშავებულია და ნარკომაფიისთვის უმცირესი დანაკარგებით ხორციელდება. თუ რეალურად შევაფასებთ სიტუაციას, ნამდვილ ბრძოლას ამ უსაზღვროდ საშიშ მოვლენას ავღანეთის საზღვრებთან მხოლოდ ირანის სპეცსამსახურები და სასაზღვრო დაცვა უწევს. რაც შეეხებათ ტაჯიკეთში დაბინავებული რუსეთის მესაზღვრეებს, მათი მოსყიდვა და ამ რაიონებზე სასიკვდილო ქარავნების გატარება ნარკომაფიისათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ამის გარეშეც ტაჯიკეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეები სასიკვდილო ქარავნებთან ბრძოლის ყოველგვარ უნარს არიან მოკლებულნი. აღსანიშნავია, რომ ირანულმა სპეცსამსახურებმა, ირანული მასმედიის მტკიცებით, 40 ტონამდე ნარკოტიკები დააკავეს. რუსი მესაზღვრეების რეზულტატი მათთან შედარებით გაცილებით მოკრძალებულია, და შეიძლება ითქვას, რომ სათქმელადაც არ ღირს.

ნარკომაფია დროს უქმად არ კარგავს, სულ უფროდაუფრო ხვეწს მოქმედებათა ტაქტიკას. ის ფართოდ იყენებს თანამედროვე დახურული ტიპის მობილურ კავშირს, რომელიც არ აქვთ მესაზღვრეეებს. აქტიურად გამოიყენება ღამის ხედვის ხელსაწყოები. უშუალოდ ნარკოტიკთა გადაზიდვის წინ მრავალი დღის განმავლობაში მიდის ადგილის ინტენსიური დაზვერვა. ცრუ მიმართულებებით საბრძოლო დაჯგუფებების თანხლებით დემონსტაციული და ყურადღების გადამტანი გასვლები წარმოებს როგორც ავღანეთის, ასევე ტაჯიკეთის ტერიტორიიდან. ხშირად ნარკოკონტრაბანდისტთა მსგავსი მოქმედებებიხ გამოცნობა ძნელია. საძრძოლო შეტაკებები უკვე სასაზღვრო ჯგუფის სამსახურის ელემენტად იქცა.

ირანელი სპეცსამსახურებისგან განსხვავებით, რომელთაც თამამად შეუძლიათ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება, რუსი მესაზღვრეები, უკიდურესად შეზღუდულნი მატერიალულ-ტექნიკური თვალსაზრისით, მთლიანობაში კარგ რეზულტატებს აჩვენებენ. შესაძლებელია სრული დარწმუნებით განცხადება, რომ ნარკოსინდიკატები ამჯობინებენ გვერდი აუარონ რუსი მესაზღვრეების ჯგუფებს და გამოიყენონ თავიანთი სასიკვდილო ტვირთის უფრო ,,საიმედო” და ,,არასახიფათო” მარშუტები.

ნარკობიზნესი - ტერორიზმის დაფინანსების წყარო

საერთაშორისო ტერორიზმის დაფინანსების ძირითად წყაროს რომ ნარკობიზნესი წარმოადგენს, ამაზე დღეს უკვე აღარ დავობენ. ,,თალიბების” ავღანეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერ სამართლიანად იყო შერაცხული მსოფლიოს ტერორიზმის ბუდედ, სადაც 21-ე საუკუნის ,,რაინდები” ოპიუმის პლანტაციებიდან მიღებული დოლარებით არსებობდნენ. 2000 წელს, ავღანეთში ნარკოტიკების წარმოებამ არნახულ დონეს მიაღწია. ევროპისაკენ, შუა აზიის, რუსეთისა და კავკასიის გავლით კოლოსალური რაოდენობის ნარკოპარტიებით დატვირთული ,,სიკვდილის ქარავნების“ სვლა არ წყდებოდა. ,,თალიბების“ და ,,ალ-ქაიდას” მოგებაც შესაბამისი იყო. სხვადასხვა შეფასებებით, ამ შემოსავალმა 1999-2000 წლებში 27 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

მართალია, 2000 წლის ბოლოს ,,თალიბებმა” ოპიუმის და ჰეროინის წარმოებას ქვეყანაში ,,დაუნდობელი” ბრძოლა გამოუცხადეს, მაგრამ მათ ფანდს დასავლელი ექსპერტები მალევე მიხვდნენ. ,,თალიბებმა” ავღანეთში ოპიუმის და ჰეროინის წარმოების ხელოვნური შემცირებით, საერთაშორისო ბაზარზე ამ ნივთიერების ფასი მკვეთრად გაზარდეს. მაგრამ ,,თალიბებმა” ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნების შესაბამისად აწეული ფასებით ნარკოტიკების დიდი პარტიების გაყიდვა ვეღარ მოასწრეს. აშშ-ის მიერ დაწყებულმა ანტიტერორისტულმა კამპანიამ ავღანეთში ,,თალიბთა” მმართველობა დაამხო.

თუმცა, ბევრის მოლოდინი, რომ ოკუპაცია ავღანეთში ოპიუმის და ჰეროინის წარმოებას თუ არ აღმოფხვრიდა, მკვეთრად მაინც შეამცირებდა, არ გამართლდა. პირიქით, ყაყაჩოს წარმოებამ ამ ქვეყანაში კვლავ დიდი ტემპებით დაიწყო ზრდა. დღევანდელი მონაცემების თანახმად, რაც სხვადასხვა ექსპერტულ შეფასებებს ეფუძნება, ავღანურ ჰეროინს და ოპიუმს მსოფლიო წარმოების ორი მესამედი უკავიათ. ასევე სხვადასხვა დონის ექსპერტული შეფასებებით, ავღანეთში ყაყაჩოს მოსავალი წელს 4 ათას ტონას მიაღწევს. ეს შარშანდელ მაჩვენებელს თითქმის ხუთასი ტონით აღემატება. გაეროს ნარკოვაჭრობასთან და დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს შეფასებით, შარშან ყაყაჩოს მოსავალმა ავღანეთში 3422 ტონა შეადგინა. ამდენად, ავღანეთი ჰეროინით ასი პროცენტით აკმაყოფილებს რუსეთის ბაზარს და უზრუნველყოფს ევროპის ბაზრის ორ მესამედს.

ევროპაში ჰეროინი, რომ ავღანეთიდან რუსეთის და კავკასიის, კერძოდ საქართველოს გავლით ხვდება, ესეც არავისთვის არის საიდუმლო. სიკვდილის ქარავნების უსაფრთხოებას კი, რასაკვირველია ადგილობრივი ხელისუფალნი და მაღალი თანამდებობის პირები უზრუნველყოფენ. მათ კი ამისათვის, არც თუ მცირე მოგება რჩებათ. ამ ქარავნების უსაფრთხოების და სარფიანი რეალიზაციის შედეგად გაკეთებული მილიარდები კი, სხვადასხვა ბანკებში ანგარიშებზე უკვე გათეთრებული სახით ჯდება, საიდანაც დიდი ნაწილი საერთაშორისო ტერორიზმის გაძლიერებას ხმარდება, ნაწილი კი გზების და მარშრუტების ,,უსაფრთხოებას” ანუ იმ ჩინოვნიკთა შენახვაზე მიდის, რომელთაც სიკვდილის ქარავნების გაცილება ევალებათ.

ჩაკეტილი წრე

დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების წარმოების და მიმოქცევის პრობლემა ავღანეთში უხლოეს მომავალში ვერ მოგვარდება. ეს ტელეკომპანია ,,CNN”-ისათვის მიცემულ ინტერვიუში თავად ავღანეთის ადმინისტრაციის ლიდერმა ჰამიდ კარზაიმაც აღიარა.

ცხადია, ავღანეთში ნარკოწარმოების შემცირებით პირველ რიგში ევროპის ქვეყნები არიან დაინტერესებულნი, რადგან სიკვდილის ქარავნების საბოლოო დანიშნულების პუნქტებს სწორედ მათი ქალაქები წარმოადგენს, რაც ევროპაში ხელს უწყობს როგორც ნარკობიზნესის გაძლიერებას, ასევე მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში ნარკომანიის ზრდას. ამ პრობლემით განსაკუთრებით საფრანგეთია შეწუხებული, რომელმაც წელს უკვე ორჯერ მოიწვია საერთაშორისო დონის კონფერენცია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ავღანელების დასაქმების პრობლემებზე იმსჯელეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

პრობლემის მთავარი არსი კი შემდეგში მდგომარეობს: ავღანელი გლეხები ყაყაჩოს მოყვანით გაცილებით დიდ მოგებას ნახულობენ, ვიდრე სხვა ალტერნატიული კულტურების მოყვანით. თანაც, ყაყაჩოს პლანტაციების მოვლა, არც თუ ოფლისმღვრელ შრომას საჭიროებს.

,,ოჯახში 28 სული ვართ და მიწის დამუშავებით მიღებული ჩემი შემოსავალი გროშებს უდრის. როგორ შევძლებ მე ჩემი ოჯახის შენახვას, თუკი ხორბალს დავთესავ?” შეეკითხა 40 წლის მოჰამედ დასტაგირი გაზეთ ,,ლიბერასიონის” ჟურნალისტს. ამასთანავე, მან კარგად იცის, რომ ოპიუმის ყაყაჩოს დათესვით ის კარგ მოგებას ნახავს, რადგან მოსავლის აღების დროს მასთან თავად მივლენ ნარკოკონტრაბანდისტები და მის მოსავალს მთლიანად შეისყიდიან. მოჰამედი კი, იმ წელს უზრუნველყოფილი იქნება. მოჰამედისავით კი, ავღანეთის მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს.

ავღანეთში ნარკოტიკების წარმოების შემცირების მიზნით, ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციამ სპეციალური ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ავღანელ გლეხებს ყაყაჩოს პლანტაციის ერთი ჰექტარის განადგურებისათვის 300 ამერიკულ დოლარს გადაუხდიდნენ. რასაკვირველია, ამ ნაბიჯმაც ვერ გაამართლა. უფრო მეტიც, ამ ღონისძიებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და მოსახლეობამ პლანტაციების მოშენება გაორმაგებული ძალით განაგრძო. მოსავლის აღების და ,,დაბინავების” შემდეგ, ისინი ამ პლანტაციებს ანადგურებდნენ და გაზრდილ მოგებასაც ნახულობდნენ. ცოტა ხანში, ჰამიდ კარზაი იძულებული გახდა ეს დადგენილება გაეუქმებინა.

ამდენად, ავღანეთში ჩაკეტილი წრე განვითარდა. გაუნათლებელ და დაუსაქმებელ მოსახლეობას შემოსავლის მიღების იოლი გზა აქვს არჩეული. სასიკვდილო ქარავნების მარშრუტი დასავლეთის მდიდარი ბაზრისაკენ კი სწორედ ამ გზიდან იღებს სათავეს. რაში მდგომარეობს გამოსავალი? ამ კითხვაზე ვერავინ პასუხობს. წლის ბოლოს კი, ავღანეთში 4 ათას ტონა ოპიუმის მოსავალს ელოდებიან, რის შემდეგაც სასიკვდილო ქარავნები გარანტირებული კოლოსალური მოგების იმედით კვლავ დასავლეთისაკენ აიღებენ გეზს.

5 ევროკავშირის გაფართოვება

▲back to top


საერთაშორისო ურთიერთობები

ნინო გოგოლაძე
საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრი

გაერთიანებული ევროპის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, როცა ცნობილი მოღვაწეები აყენებენ ევროპის გაერთიანების მოსაზრებებს. მაძინი, ვიქტორ ჰიუგო, სენ-სიმონი, პრუდონი ემხრობოდნენ ევროპის ფედერაციული მოწყობის პრინციპს. პრუდონი თვლიდა, რომ ევროპა უნდა ყოფილიყო “ფედერაციათა ფედერაცია”, ხოლო ვიქტორ ჰიუგო მომავალ ევროპას “ევროპის შეერთებულ შტატებს” უწოდებდა.

1990 წელს საახალწლო მიმართვაში ფრანსუა მიტერანმა განაცხადა: ,,ევროპა უბრუნდება თავის ისტორიასა და გეოგრაფიას.” ეს პროცესი რობერტ შუმანის წინადადებით დაიწყო, რომელმაც წამოაყენა იდეა გერმანული და ფრანგული ქვანახშირისა და რკინის მადნის ერთობლივი ზედამხედველობის ქვეშ მოპოვების შესახებ. ამას მოჰყვა რიგი ხელშეკრულებებისა, რომლებიც ჯერ ევროპის ეკონომიკური კავშირის დაფუძნებით დასრულდა, ხოლო 1991 წელს დაიდო მაასტრიხტის ხელშეკრულება, რომელმაც ევროპის თანამეგობრობას პოლიტიკური კავშირის სტატუსიც მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ექვსმა ლიდერმა ეკონომიკური ინტეგრაცია საბოლოო მიზნად არ დაისახა და ის მხოლოდ პოლიტიკური ინტეგრაციისათვის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნია.

ევროპული ინტეგრაცია სათავეს წარსულიდან იღებს და ლეგიტიმურობასაც სწორედ იმ ჰუმანისტურ ძვრებში პოულობს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი იყო დასავლური სამყაროსათვის. ევროპულ ინტეგრაციას თავისი საფუძველი უძლიერეს ინსტიტუციონალურ გამოვლინებებში აქვს, კერძოდ მთელ დასავლეთ ევროპაში წარმატებით დამყარებულ დემოკრატიული მართვის სისტემაში, თუმცა ის ასევე პასუხობს ამ სისტემის ნაკლოვანებებსაც. ევროპული ინტეგრაცია გვპირდება ასევე დემოკრატიული მმართველობის საერთაშორისო დონეზე გავრცელებას სახელმწიფოს მიღმა ინსტიტუტების დაარსებით. დემოკრატიის საერთაშორისო დონეზე გავრცელებას ალტერნატივა არ აქვს. დღეს, გლობალიზაცია გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო მეტად პატარაა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს თანამედროვეობის მრავალ პრობლემას. აშკარაა, რომ ბევრ პრობლემას გადაწყვეტა საერთაშორისო დონეზე უნდა მოეძებნოს.

ევროკავშირის განვითარების თანამედროვე ეტაპზე დღის წესრიგში დადგა ,,ევროპაში დემოკრატიულობის დეფიციტის” პრობლემის გადაჭრის საკითხი, რომელიც ევროპული ინტეგრაციის საწყის ეტაპზე ასე მწვავედ არ იდგა.

ლეგიტიმაციის მხარდამჭერი არგუმენტები, რომლებიც გულისხმობენ ლეგიტიმურობის საერთო რწმენის ჩამოყალიბებას, შეიცავენ სოციალურად სანქცირებულ ვალდებულებებს, დაემორჩილონ სახელმწიფოს პოლიტიკას იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის ლახავს აქტორის პირად ინტერესებს და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ოფიციალური სანქციები შეიძლება ადვილად იქნან თავიდან აცილებული. ასეთი რწმენის არარსებობისას მთავრობა იქნება ან არაეფექტური, ან მოუწევს ლიბერალური საზოგადოების პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევა. თუ ასეთი ფუნქციური განმარტება მოწონებულ იქნება, მაშინ გამოდის, რომ ლეგიტიმაციის აუცილებლობა განსხვავდება იმ ინტერესების მიხედვით, რომელთა შელახვაც ხდება. ისეთი პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვნად ლახავს ცხოვრების, თავისუფლებისა და საკუთრების ინტერესებს ან რომელიც ლახავს მართულებში ჩანერგილ ნორმატიულ პრინციპებს, მყარი არგუმენტებით უნდა იქნეს გამართლებული.

თანამედროვე პირობებში ლეგიტიმაცია ინსტიტუციონალური მოწყობის პრინციპისადმი ნდობას ეყრდნობა, რამაც უნდა უზრუნველყოს მართვის პროცედურებისა და მართულთა ძირითადი პრინციპების შესაბამისობა (input legitimacy - ,,government by the people”) ან მიღებული პოლიტიკური კურსის მართულთა ძირითად პრობლემებთან დაკავშირება (output legitimacy - ,,government for the people”).

ეს ორივე პრინციპი მომდინარეობს იმ ნორმატიული წინაპირობებიდან, რომ ლეგიტიმური მთავრობა უნდა ემსახუროს „საყოველთაო კეთილდღეობას” და ეს პრინციპი დაცულ უნდა იქნას, როგორც მმართველთა პირადი ინტერესებისაგან, ასევე ბიზნეს ინტერესებისაგანაც.

ლეგიტიმურობა დამოკიდებულია მმართველ ინსტიტუტებზე, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ პოლიტიკას როგორც „უმრავლესობის ტერორისაგან”, ისე თვითდაინტერესებული მმართველებისაგან. ამის განხორციელება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი: ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი პოლიტიკური აქტორებისთვის ძალაუფლების მინიჭებით; პოლიტიკური უმრავლესობის მხრიდან ჩარევისაგან დაცული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, ცენტრალური ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების დაარსებით; ვეტოს უფლებისა და პოლიტიკურ აქტორებს შორის რთული ურთიერთდამოკიდებულების დადგენით.

მაშინ როცა შედეგზე ორიენტირებული (output oriented) ლეგიტიმურობა ხაზს უსვამს იმ საშიშროებას, რომელიც მომდინარეობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებიდან, ის ასევე გულისხმობს ეფექტური მთავრობის არსებობის აუცილებლობას, რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ძირითად მიზნებს და გაუმკლავდეს ძირითად პრობლემებს, რომლებიც არ შედიან ცალკეული ოჯახებისა და პირების კომპეტენციაში, როცა ისინი მარტო, საბაზრო გაცვლების ან დაბალი დონის თანამშრომლობის პირობებში მოქმედებენ. შედეგზე ორიენტირებული (output oriented) ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, არსებობს აშკარა დაძაბულობა მთავრობის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სპეციალური ინტერესთა ჯგუფების მიერ ექსპლოატაციის თავიდან ასაცილებლად ინსტიტუციონალურ მოწყობასა და საერთო ინტერესების მიღწევისა და პრობლემათა გადაჭრის რთული პროცესის გასაადვილებლად გამიზნულ ინსტიტუციონალურ მოწყობას შორის.

მაშინ როცა სხვადასხვა კონსტიტუციურ დემოკრატიებში შეიძლება ინსტიტუციური ფორმები განსხვავდებოდეს, აღიარებულია, რომ მთავრობის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა ვეტოს უფლების მქონე აქტორთა დიდი რაოდენობის არსებობა. ასეთი აქტორების დიდი რაოდენობა კი ეფექტური მოქმედების ნაკლებ შესაძლებლობას გულისხმობს.

ყოველ შემთხვევაში, ყველა ასეთი ნორმატიული განზომილება სახელმწიფოში მიჩნეულია დემოკრატიული ლეგიტიმურობისათვის შესაბამისად. თუმცა ყველა დემოკრატიული საზოგადოება იზიარებს საარჩევნო პასუხისმგებლობის პრინციპს, როგორც აუცილებელი ინფორმაციაზე ორიენტირებული (input oriented) ლეგიტიმაციის მექანიზმის, რომელიც მმართველებს აიძულებს კონცენტრირება მოახდინონ საერთო ინტერესების მიღწევაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ასიმეტრიას ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელ აქტორებსა და დამოუკიდებელ მმრთველობით სააგენტოებს შორის.

როგორც წესი მართვის საერთაშორისო სააგენტოები არადემოკრატიული ინსტიტუტებია. მაგრამ ევროკავშირი არ არის ტრადიციული საერთაშორისო ორგანიზაცია, ის არც სახელმწიფოა. ის არის ერთობის უნიკალური მაგალითი. ის უნიკალურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნა ინსტიტუტთა განსაკუთრებული სისტემა, არამედ იმიტომაც, რომ აქ მწვავედ დადგა მისი დემოკრატიულობის პრობლემაც. ევროკავშირის დემოკრატიულობა ფასდება არა მხოლოდ მისი პოლიტიკის შედეგებით, ან ინსტიტუციონალური, ან გადაწყვეტილების მიღების სისტემით, არამედ მისი დემოკრატიული პაუხისმგებლობის დონით. დემოკრატიული პასუხისმგებლობა პირდაპირ უკავშირდება სახალხო ლეგიტიმურობას. აღიარებულია, რომ ევროკავშირი განიცდის დემოკრატიის დეფიციტს, რაც ხშირად მიჩნეულია სუსტი სახალხო ლეგიტიმურობის შედეგად.

რაც შეეხება ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს გაკონტროლება არ ხდება სხვა ინსტიტუტების მიერ, როგორიც შეიძლება იყოს საყოველთაოდ არჩეული ევროპარლამენტი, მათი გაკონტროლება ასევე არ ხდება კონტროლის კონსტიტუციური სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მოსახლეობას შეუძლია აირჩიოს 626 პარლამენტარი, პარლამენტს არ შეუძლია რეალურად მოსთხოვოს პასუხი აღმასრულებლებს. რაც შეეხება კომისიას, ოცი კომისარი ინიშნება წევრი სახელმწიფოს მიერ, მაგრამ მოქმედებენ არა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები.

მოქალაქეებს არ შეუძლიათ, სრულად გააკონტროლონ მათ მიერ არჩეული პირები. პასუხისმგებლობის ინსტიტუტთაშორისი ხაზები ევროკავშირში ბუნდოვანია, რაც გამოწვეულია მრავალი პატარა ნაწილისაგან შემდგარი სამართლებრივი სტრუქტურით და პოლიტიკური შინაარსით განსხვავებული ხმის მიცემის პროცედურების არსებობით. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებმა მოიპოვეს სამოქალაქო უფლებები, მათი გარანტირების მექანიზმები ევროპის დონეზე უფრო ნაკლებადაა გამყარებული, ვიდრე სახელმწიფოს შიგნით.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ევროპული თანამეგობრობისათვის ძირითადი მმართველი ფუნქციებისათვის არ არის აუცილებელი დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ნეოლიბერალური ,,ეკონომიკური კონსტიტუციონლიზმის” ტრადიციის მიმდევარი ავტორები ამტკიცებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია არის და უნდა იყოს მიმართული ეროვნული ბარიერების მოხსნისაკენ საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისათვის ხელშესაწყობად.

მიუხედავად ამისა, ნეგატიური ინტეგრაციის ბაზრის შემქმნელი პოლიტიკა და ლებერალიზაცია, ისევე როგორც კონკურენციის მარეგულირებელი და პროდუქციის ხარისხის ევროპული რეგულაციები დიდ მხარდაჭერას პოულობენ წევრი სახელმწიფოებისაგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რასაც ევროპული პოლიტიკა აკეთებს, პოლიტიკურად სადაო არაა და აქედან გამომდინარე ნაკლებად მოითხოვს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.

საბოლოო ჯამში, ევროკავშირის პოლიტიკის ლეგიტიმურობის საკითხმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ამის მაგალითი აშკარადაა წარმოდგენილი ევროპის კომისიის ე.წ. ,,ევროპული მმართველობის თეთრ ქაღალდში” და ასევე ნიცის ხელშეკრულების შემდეგდროინდელ დებატებში.

დღეს ევროკავშირში შესაძლებელია მართვის სამი მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ტიპი გამოვყოთ, ესენია: ,,სამთავრობოთაშორისო შეთანხმება”, ,,სახელმწიფოს მიღმა ცენტრალიზაცია” და ,,გადაწყვეტილების ერთად მიღება”.

ამჟამად ევროკავშირში მართვის ძირითადი ტიპია სამთავრობოთაშორისი შეთანხმება. თავდაპირველად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ თავიანთი კომპეტენციის ნაწილი კავშირს გადასცენ. ასევე სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი ინსტიტუციონალური პრინციპით უნდა იქნას განხორციელებული აღნიშნული კომპეტენციები. მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ ძალაუფლება თუ მოითხოვენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ერთსულოვანი სამთავრობოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე; მათ შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ კომისიასთან, საბჭოსა და ევროპარლამენტთან ერთად ან უფლებამოსილება მიანიჭონ კომისიას, ევროსასამართლოს ან ევროპის ცენტრალურ ბანკს, მიიღონ წევრი ქვეყნებისათვის სავალდებულო გადაწყვეტილებები, როგორც ზესახელმწიფოებრივმა ორგანოებმა და ამ პროცესში უკვე აღარ ჩაებან წევრი სახელმწიფოები.

სახელმწიფოს მიღმა არსებული ინსტიტუტებისადმი სახელმწიფოს მიერ თავისი კომპეტენციის ყველაზე ფართო გადაცემა ორსაფეხურიანი პროცესია. პირველ ეტაპზე უნდა არსებობდეს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება პოლიტიკური სფეროს ,,ევროპიზაციის” შესახებ. ასეთი შეთანხმება შეიძლება განსაზღვრავდეს პოლიტიკის ძირითად კურსს და მისი დაზუსტებისა და განხორციელების უფლებას აძლევდეს ზესახელმწიფოებრივ ორგანოს. ასეთი ორსაფეხურიანი პროცესი გამოიყენება ყველა სფეროში, სადაც ხელშეკრულება აწესებს პირდაპირ შეზღუდვებსა და ვალდებულებებს წევრი სახელმწიფოების მიმართ ან კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ანიჭებს გარკვეულ უფლებებს. ასეთ შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს, დაიწყოს საქმის წარმოება წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ხოლო ევროპის სასამართლოს შეუძლია მიიღოს სავალდებულო გადაწყვეტილება და მოახდინოს ხელშეკრულების ვალდებულებათა ინტერპრეტაცია. ასეთი გადაწყვეტილებების პოლიტიკურად შეცვლა შეიძლება მოხდეს ხელშეკრულებათა ტექსტში ცვლილებების შეტანით, რაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა და მათ მიერ აღნიშნული ცვლილებების რატიფიცირების საფუძველზე. ამის შედეგად არსებობს შესაძლებლობა პოლიტიკურად არაკონტროლირებადი სამართლებრივი ინტერპრეტაციების წარმოშობისა, რაც შეიძლება სახელმწიფოთა მიერ ხელშეკრულების დადების საწყის სურვილსაც კი გასცდეს.

ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის საფუძველი სახელმწიფოთა შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულებაა. ამიტომ მისი ასეთი ლეგიტიმურობა სახელმწიფოს დონეზე წყდება, რადგან შესაბამის ხელშეკრულებასთან მიერთება ხდება მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობისა და პარლამენტის მიერ. როგორც წესი საერთაშორისო ხელშეკრულებათა ლეგიტიმურობა დამოკიდებული იქნებოდა იმ შედეგებზე, რომლებიც თავიდან აგვაცილებდა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინტერესების დარღვევას ან ის დაფარულ უნდა ყოფილიყო პარლამენტისა და მთავრობის უმრავლესობის ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით.

თუ უფრო დავაზუსტებთ, ლეგიტიმაციის ასეთი არაპირდაპირი ფორმა ვრცელდება მხოლოდ თავდაპირველ ხელშეკრულებებზე და არა მისგან გამომდინარე სასამართლოსა და კომისიის ინტერპრეტაციებზე. თეორიულად გამართლებულია მთავრობათა წინააღმდეგობებისათვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება იმ მოტივით, რომ მათ მიმართ გამოიყენება ისეთი კანონი, რომელზეც თანხმობა თვითონვე განაცხადეს, მაგრამ ეს ასევე არ გულისხმობს, რომ სამართლის ინტერპრეტაცია, რომელიც ხელშეკრულების მიზნებს თავდაპირველი მიზნების მიღმა ავრცელებს, შეიძლება იმავე ლოგიკით იქნას ლეგიტიმირებული.

თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ მმართველობის სახელმწიფოს მიღმა ცენტრალიზებული ფორმა გადაწყვეტილების მიღების არჩევანში საკმაოდ შეზღუდულია.

ნეგატიური ინტეგრაციისა და კონკურენციის კანონის გარდა კომისიასა და სასამართლოს მცირე რამის გაკეთება შეუძლიათ დამოუკიდებლად. გადაწყვეტილების ერთად მიღების პრინციპის გამოყენებისას კომისიას აქვს დღის წესრიგის დადგენის მონოპოლია, მასვე შეუძლია შეარჩიოს ის პირები, ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც მოისმენენ და დაადგენენ იმ საკითხებს, რომლებზეც კომისიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს. გადაწყვეტილების ერთად მიღების პრინციპის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურობისა და ლეგიტიმურობის დასადგენად რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი: პირველი, ევროპული პოლიტიკური პროცესები ასეთ შემთხვევებში ფართოდ სპეციალიზებულია. ყველა დონეზე მთავრობების ან პოლიტიკის სხვა საკითხებით დაინტერესებული აქტორების პასიურობა შეიმჩნევა თუ ამას შევადარებთ კონკრეტული სახელმწიფოს მთავრობასა თუ პარლამენტს, რომელსაც აქვს პოლიტიკური ინტეგრაციისა და სექტორთაშორისი პოლიტიკის კოორდინაციის უფრო ძლიერი მექანიზმები. ამის გამო შეიძლება ხშირად ევროპულ პოლიტიკას ჰქონდეს უფრო შორსმიმავალი მიზნები რომელიმე სფეროში, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს მოცემული სახელმწიფოს იმ სფეროს დეტალური ანალიზისას, რომელზეც ასეთი გადაწყვეტილება ახდენს გავლენას.

მეორე, ასეთ სექტორულ საზღვრებში მრავალსაფეხურიანი პოლიტიკური პროცესები შეიცავს კომისიის, ეროვნული მთავრობების სამინისტროებისა და ევროპარლამენტის კომიტეტების მიერ შექმნილი შესაძლებლობების განსხვავებულ ხელმისაწვდომობას, რომ საშუალება მისცეს ინფორმაციის გავრცელებას ევროპისა და სახელმწიფოს დონეზე ორგანიზებული ინტერესების ფართო სპექტრისა და განსხვავებული ეროვნული და დისციპლინარული წარსულის მქონე ექსპერტებისაგან.

მესამე, სტრუქტურული თვალსაზრისით, გადაწყვეტილების ერთად მიღების პრინციპი უნდა აღწერილ იქნას როგორც მოლაპარაკებები ვეტოს მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობის პირობებში. ამიტომ, თუ ურთიერთობების სტილი იქნებოდა „გამანაწილებელი გარიგება”, მაშინ მოსალოდნელი იქნებოდა გადაწყვეტილებების მიღების ხშირი ბლოკირება და ეფექტური მოქმედების დაბალი მაჩვენებელი. ემპირიული გამოკვლევებისას ჩნდება, რომ ურთიერთქმედება ხორციელდება მოლაპარაკებების მონაწილეთა მხრიდან ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების ძიებისათვის ხელშეწყობის პირობებში. მიუხედავად ამისა, თანამშრომლობისაკენ ორიენტაცია და მსჯელობითი სუპრანაციონალიზმი (deliberative supranationalism) გავლენას ახდენს მხოლოდ იმათზე, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობს და არა მათ უკან მდგომ ოფიციალურ პირებზე.

სახელმწიფოთა მთავრობების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებების ერთად მიღებასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. არაფორმალური კონსენსუსის კანონი საბჭოში მოქმედებს უმრავლესობის ხმების ჩრდილში და კომისიისა და ევროპარლამენტის მნიშვნელოვანმა როლმა შეიძლება მთავრობები აიძულოს, წავიდნენ კომპრომისზე, რომლებიც შეიძლება მთავრობებისათვის საერთოდ არ იყოს მისაღები და არც status quo-ზე უმჯობესი. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ამომრჩევლები არ არიან ვალდებულნი სამართლიანები იყვნენ, წევრი სახელმწიფოების მთავრობებს არ შეუძლიათ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას ევროკავშირის პოლიტიკის გამო, რომელთა განხორციელებაც მათ უწევთ, მიუხედავად იმისა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის წარმომადგენელმა ხმა მისცა თუ-არა. ასევე მთავრობამ უნდა გათვალოს ,,ევროპიზაციის” მოგება და შეადაროს იმ რისკს, რომლის გაწევაც მას მოუწევს ევროპული პოლიტიკის განხორციელებისას, რამაც შეიძლება შელახოს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინტერესი.

სამთავრობოთაშორისი მართვის პრინციპის აშკარა სისუსტე არა მხოლოდ ისაა, რომ ევროპული გადაწყვეტილებები შეიძლება შეაფასოს ერთმა სახელმწიფომ, რომელიც სპეციალური პირობების შექმნას ითხოვს, არამედ ასევე ისიც, რომ ევროპული პოლიტიკა პარალიზებულია წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინტერესების კონფლიქტთა გამო. როგორც წესი, ასე ხდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს პოლიტიკურად მნიშვნელოვან პრობლემას ეკონომიკური ინტეგრაციისა და ტრანსნაციონალური მობილობის გამო.

როცა საერთოევროპული გადაწყვეტილებები ნაკლებმნიშვნელოვნადაა მიჩნეული, უპირატესობა სამთავრობოთაშორისო პრინციპის ნაცვლად ენიჭება ,,კოორდინაციის ღია მეთოდს,” რომელიც ფორმალურად დადგენილ იქნა ლისაბონის სამიტის მიერ სოციალური პოლიტიკის სფეროში, მაგრამ რომელიც უკვე გამოყენებული იქნა avant le lettre მაასტრიხტისა და ამსტერდამის ხელშეკრულებებით. იმის გამო, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ მიიღება, მათ მაინც უხდებათ ანგარიში გაუწიონ კონსტიტუციურ ასიმეტრიას, რაც გამოწვეულია ევროპული სამართლის ეროვნულ სამართალზე ,,უზენაესობით”.

ზემოთგანხილული მართვის პრინციპები, როგორც ჩანს, არ გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ისინი ხელს უწყობენ ლეგიტიმაციის პრობლემის გაღრმავებას. ნეგატიური ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს მიღმა ცენტრალიზებული მართვის პრინციპით იქნას გამოყენებული, მხარს უჭერს ან ფართო კონსესუსს, ან დაფარულია ეროვნული სამართლებრივი სისტემის ლეგიტიმურობით, ან კანონის უზენაესობის ზოგადი რწმენით. პოზიტიური ინტეგრაციის პოლიტიკის შემთხვევაში გადაწყვეტილების ერთად მიღების პრინციპი ამცირებს ლეგიტიმაციის საჭიროებას იმით, რომ თავს არიდებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მნიშვნელოვნად ლახავს წევრი სახელმწიფოს პოლიტიკურად მნიშვნელოვან ინტერესს. სამთავრობათაშორისო პრინციპის გამოყენებისას პოლიტიკის შემუშავება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მთავრობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს. კოორდინაციის ღია მეთოდი ევროპის დონეზე საერთოდ თავიდან იცილებს ლეგიტიმაციის პრობლემას, რისთვისაც ყველა ეფექტური პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალებას წევრი სახელმწიფოს მთავრობას აძლევს. აშკარაა, ასევე ისიც, რომ ევროკავშირის პრობლემის გადაჭრის უნარი მკვეთრადაა შეზღუდული ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების თავიდან აცილების აუცილებლობით, რომლებიც ხელს უწყობენ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კონფლიქტების წარმოშობის თავიდან აცილებას. მთავრობებს, რომლებსაც მრავალმხრივი კომპეტენცია აქვთ პოლიტიკურად პასუხისმგებელნი არიან ყველა შედეგსა თუ მდგომარეობაზე, რაც ამომრჩეველს არ მოსწონს, იმის მიუხედავად, ეს გამოიწვია მთავრობის მოქმედებამ თუ უმოქმედობამ. ევროკავშირი კი, მხოლოდ პასუხისმგებელია საკითხთა ვიწრო სპექტრზე და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას არ ჰყავს „მთავრობა”, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა არასასურველ შედეგებზე. ამიტომაც ევროპის დონეზე ლეგიტიმურობის პრობლემა მხოლოდ ზოგიერთ მიმართებაში ჩნდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე არის სამართლებრივი შეზღუდვებით გამოწვეული კონსტიტუციური ასიმეტრია. სახელმწიფოს დონეზე ბაზრის შემქმნელ და ბაზრის მაკორექტირებელ პოლიტიკას ჰქონდა მსგავსი კონსტიტუციური სტატუსი, ასე, რომ პოტენციური კონფლიქტები გადაჭრილ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური უმრავლესობით ან კონსენსუსით. პირდაპირი ეფექტისა და უზენაესობის დოქტრინის მიხედვით, ნებიმიერ ევროპულ კანონს უპირატესობა ენიჭება სახელმწიფოს კანონთან შედარებით. იმის გამო, რომ ევროპული პოლიტიკა ათწლეულების მანძილზე კონცენტრირებული იყო ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, ხოლო ბაზრის მაკორექტირებელი პოლიტიკა სახელმწიფოს დონეზე ხორციელდება, შეიქმნა სამართლებრივი სისტემა, რომელშიც ევროპული ლიბერალიზაციისა და კონკურენციის კანონებმა მოიპოვეს უპირობო უპირატესობა შიდასახელმწიფოებრივ სოციალური დაცვის კანონებზე. ასეთი ასიმეტრია შიდა ბაზრის პროგრამის მიერ კომისიისა და სასამართლოსათვის მომსახურების სფეროს ლიბერალიზაციისათვის საქმიანობის დაწყების უფლების მიცემის შემდეგ დიდ პრობლემად იქცა.

ასეთი ფორმით ევროპული სამართლის გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს ევროპული სამართლის გამაწონასწორებელი კანონებით და არსებული ევროპული სამართალი შეიძლება რეფორმირებულ იქნას მხოლოდ იმავე კანონებით, რომლებითაც ხდებოდა ხელმძღვანელობა მათი მიღებისას. იდეალურ მაჟორიტარულ დემოკრატიაში გადაწყვეტილების მიღებისას არ ხდება გამორჩევა იმ აქტორებს შორის, რომლებიც ცდილობენ არსებული პოლიტიკის შეცვლას და მათ შორის, რომლებიც მას იცავენ. თუმცა როცა კონსტიტუციური შემოწმებისა და დაბალანსების, ასევე ვეტოს უფლების მქონე მოთამაშეთა რიცხვი იზრდება, სიმეტრია status quo-ს დამცველთა სასარგებლოდ იცვლება. ევროკავშირში ეს ასიმეტრია უფრო თვალშისაცემია, ვიდრე კონკრეტულ სახელმწიფოში. გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია სახელმწიფოს მიღმა ცენტრალიზაციის პრინციპით შეიძლება შეიცვალოს ხელშეკრულების ერთსულოვანი შესწორებითა და ყველა წევრ სახელმწიფოში საპარლამენტო რატიფიკაციის შედეგად, მაგრამ ასევე რთულია სამთავრობათაშორისო და გადაწყვეტილების ერთად მიღების პრინციპით შემუშავებული გადაწყვეტილებების შეცვლაც. ამის გამო, არსებული პოლიტიკა შენარჩუნებულ იქნება და განხორციელდება იმის მიუხედავად, რომ არ იარსებებს არსებული წესებით ან უბრალო პლურალისტული კენჭისყრით მათი ახლად მიღების შანსი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერი სახელმწიფოები დამოკიდებულნი არიან ევროპულ გადაწყვეტილებებზე, რათა გაუმკლავდნენ წარმატებული ევროპული ინტეგრაციით გამოწვეული პრობლემებს. მაგრამ კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება, რაც საჭიროა ლეგიტიმაციისა და ევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღაირებისათვის სამთავრობათაშორისო და გადაწყვეტილების ერთად მიღების პრინციპის გამოყენებისას, არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ინიციატივები, არამედ status quo-ს რეფორმაც კი ადვილად დაიბლოკება წევრ სახელმწიფოთა შორის ინტერესთა კონფლიქტის გამო. ამის შესაძლო შედეგი კი არის პოლიტიკურ სფეროში პრობლემათა გადაწყვეტის სულ უფრო მზარდი უუნარობა, სადაც ევროკავშირი ქმნის პრობლემებს და ზღუდავს გადაწყვეტილების პოვნას სახელმწიფოს დონეზე, მაშინ როცა ეფექტური გადაწყვეტილებები ევროპის დონეზე იბლოკება წევრ სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური კონფლიქტების გამო.

თუ არაფერი შეიცვალა, მოსალოდნელმა პრობლემათა გადაწყვეტის მზარდმა უუნარობამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ეროვნული პოლიტიკური სისტემის შედეგზე ორიენტირებულ (output) ლეგიტიმურობას, ისევე როგორც ევროპული ინტეგრაციის მზარდ პროცესს.

საერთაშორისო ინტეგრაციის გავრცელებული ანალიზი ჯერ კიდევ მიმდინარეობს პოლიტიკური ურთიერთქმედების ნეოფუნქციური და რეალისტური კონცეფციების საფუძველზე. სინამდვილეში, რეალისტები არ წუხან თანამედროვე ევროპაში დემოკრატიული მართვის პერსპექტივაზე, ხოლო ნეოფუნქციონალისტები ევროკავშირის ინსტიტუტთა დემოკრატიულობას უკვე დამკვიდრებულად მიიჩნევენ. მსჯელობის მეთოდი გვაფრთხილებს მიღწევებისა და პრობლემების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს კრიტიკულად შევაფასოთ ევროკავშირის დემოკრატიულობის ხარისხი ერი-სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ხშირად მცდარ სტანდარტებზე დაყრდნობის გარეშე.

ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება აიხსნას ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ინტეგრაცია შეიძლება განხორციელდეს, როგორც ,,სტრატეგიული გარიგებით”, ასევე ფუნქციური ადაპტაციით. ის ასევე შეიძლება განხორციელდეს მსჯელობის შედეგადაც. ინტეგრაციის ეს ტიპი მნიშვნელოვანია, რადგანაც სტაბილურობა დამოკიდებულია ცოდნაზე და ჩვევათა შეცვლაზე. მსჯელობა ხელს უწყობს, რომ კომუნიკაციის პროცესში უკეთესი არგუმენტების წარმოდგენით მონაწილეებმა მოახდინონ საკუთარ ქმედებათა ჰარმონიზაცია.

ევროკავშირი კომპლექსური ერთიანობაა, რომელსაც, სახელმწიფოსთან შედარებით, არ აქვს მკვეთრად განსაზღვრული ცენტრი და ახასიათებს ნაკლებად იერარქიული მართვის სისტემა. ის არის სახელმწიფოს მიღმა, ტრანსნაციონალური, ტრანსსამთავრობო, სამთავრობოთაშორისი სტრუქტურების ნაერთი. ევროპის კომისია, ევროპარლამენტი და ევროსასამართლო წარმოადგენენ სახელმწიფოს მიღმა არსებულ ინსტიტუტებს. ევროკავშირში სახელმწიფოების მიღმა არსებული ინსტიტუტების კონკრეტული თვისებები მიგვითითებს მსჯელობითი დემოკრატიის თეორიული პერსპექტივისაკენ, იმიტომ, რომ ამ პროცესში ჩართული აქტორები იძულებულნი არიან არგუმენტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ მათი უთანხმოებანი და მსგავსებანი.

ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ევროპული საბჭო და ევროკავშირის საბჭო განიხილებიან როგორც სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციები, რადგან ისინი შედგებიან წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი პირებისაგან. Eვროპული საბჭო მუშაობს ორგანიზებულ ინტერესებთან მჭიდრო კავშირში, რაც ნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ტრანსნაციონალური ურთიერთობების განვითარებას, სადაც ტრანსნაციონალური ნიშნავს ,,ტრანსსასაზღვრო ურთიერთობებს, რომლებიც მოიცავენ მინიმუმ ერთ არასამთავრობო აქტორს.” ამიტომ ევროკავშირს ხშირად მიიჩნევენ მართვის მრავალდონიან სტრუქტურად. რეგიონების კომიტეტი ხელს უწყობს ტრანსსამთავრობო ურთიერთობებს, სადაც ტრანსსამთავრობო ნიშნავს ,,ტრანსსასაზღვრო ურთიერთობებს წევრ სახელმწიფოთა შემადგენელ ერთეულებს შორის სახელმწიფოს აღმასრულებელთა ცენტრალიზებული გადაწყვეტილებების არარსებობის პირობებში”.

ანალიტიკოსებსა და პოლიტიკოსებს შორის ფართოდ არის აღიარებული, რომ ევროკავშირი განიცდის ,,დემოკრატიის დეფიციტს”. ანალიტიკოსებმა ეს მრავალმხრივ პრობლემად მიიჩნიეს, რომელიც მოიცავს ნაკლოვანებებს წარმომადგენლობასა და წარმომადგენლობითობას, პასუხისმგებლობას, გამჭვირვალებასა და ლეგიტიმაციის სფეროებში. აღიარებულია, რომ ევროკავშირი წარმოადგენს მართვის დამატებით შრეს, რამაც გამოავლინა დამატებითი დავალებების შესრულების საინტერესო უნარი. კავშირი ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს შორის ძალაუფლებისა და კომპეტენციის თვალსაზრისით ცუდადაა განსაზღვრული და ბუნდოვანია.

კრიტიკოსები თვლიან, რომ ევროკავშირის გაზრდამ გამოიწვია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მოქალაქეებისაგან კიდევ უფრო დაშორება, რაც მისი გაზრდილი ზომის გარდა, გამოწვეულია მართვის ახალი დონის დამატებით, წარმომადგენლობის დაგრძელებული ჯაჭვით და ა.შ. ანუ ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს ძალაუფლებისა და აღმასრულებელთა პრეპოგატივების კიდევ უფრო ღრმად გავრცელებას.

ევროკავშირის მართვის სტრუქტურა შეიცავს პროცესებს, რომელთა ახსნა არც რეალიზმისა და არც მისგან გამომდინარე პერსპექტივებით შეიძლება. ეს გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ევროკავშირი თავდაპირველად დაეფუძნა ნებაყოფლობით თანამშრომლობას. ამიტომ ევროკავშირი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც აქტორების ერთობა, რომლებიც ილტვიან პრობლემების გადაჭრისაკენ და საერთო მიზნების განხორციელებისაკენ და რომელთა ქცევა შეზღუდულია დადგენილი პროგრამებითა და წესებით. თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულებები ემყარება კანონის უზენაესობის პრინციპს. ყველაზე ბოლო ამსტერდამის ხელშეკრულება ნერგავს სანქციების სისტემას იმ შემთხვევებისათვის, როცა კავშირის ძირითადი პრინციპები ირღვევა.

ინტეგრაცია, ტერმინის ნამდვილი მნიშვნელობით, დამოკიდებულია სურვილთა ცვლილებაზე და არა მათ დაგროვებაზე. ინტეგრაციის წინაპირობა არის სწავლა და ჩვევების შეცვლა, როგორც მინიმუმ ერთმა მხარემ მაინც უნდა შეიცვალოს აზრი შეთანხმების მისაღწევად. ამას შეიძლება ,,ნორმატიული სწავლაც“ ვუწოდოთ, რადგან ის არ არის დაფუძნებული მხოლოდ გამოცდილებაზე, არამედ ეთიკური და მორალური არგუმენტების ხარისხზე. ეს არის ის, რაც გვაფიქრებინებს, რომ ინტეგრაცია ხორციელდება მსჯელობის გზით.

ჩვენთვის ასევე საჭიროა გავარკვიოთ, თუ რა იგულისხმება მსჯელობით დემოკრატიაში და რა წვლილი შეაქვს მას საერთაშორისო დემოკრატიულ სისტემაში. ლიბერალური და პლურალისტული ტრადიციით, დემოკრატიული ლეგიტიმურობა განიხილება როგორც ფარული კენჭისყრით დაგროვილი ხმებისაგან გამომდინარე. ხმის მიცემის პროცედურა სამართლიანია, როცა ის ყველას ერთნაირად ეპყრობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მასში მონაწილე ადამიანების სურვილებს თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როგორც წესი, კენჭისყრის პროცესი საერთაშორისო არენაზე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სახელმწიფოს დონეზე. საერთაშორისო დონეზე კენჭისყრის პროცედურების დაწესება დემოკრატიისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ კენჭისყრის პროცედურას არ შეუძლია ევროკავშირის დემოკრატიულობის გაუმჯობესება. იმის გამო, რომ ევროკავშირში ცხოვრობს 350 მლნ. ადამიანი, შეუძლებელია, ყველა მათგანი იმ კანონს ემორჩილებოდეს, რომელსაც თვითონ დაუჭირეს მხარი.

უმრავლესობის ხმების ძირითადი ნაკლი ის არის, რომ ის უშვებს სხვათა უფლებების შელახვას. ის წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტული უმრავლესობის ინტერესს მოცემულ დროს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ კენჭისყრის შედეგს უნდა ჰქონდეს მყარი არგუმენტები, რათა დროის მოთხოვნებს გაუძლოს. კენჭისყრის შედეგი არ შეიძლება გამოხატავდეს საერთო ნებას. საკითხი თეორეტიკოსებს შორის დღეს შემდეგნაირად დგას: რომელია შედეგების ლეგიტიმურობის მახასიათებელი თვისება, კენჭისყრის აქტი, თუ წინასწარი დებატები. საზოგადოებრივი დებატები არის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი გასაღები დემოკრატიულობის დონის შესაფასებლად, იმიტომ, რომ ხელისუფალთა ლეგიტიმურობის შემოწმება მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგებით შეიძლება.

მსჯელობით დემოკრატია ხელს არ უშლის ხმის მიცემას ან „გარიგებას“, მაგრამ ხაზს უსვამს საერთო ნებისა და მნიშვნელობის ერთიანი შეგრძნების შექმნას, ორივე მათგანი კომუნიკაციის პროცესის შედეგია. ის განიხილება როგორც ნორმატიული მოთხოვნა და როგორც ემპირიული ფაქტი. კენჭისყრის მექანიზმის ამოქმედებას ხანგრძლივი დებატები სჭირდება, ასევე აუციელებელია კონსენსუსის მიღწევაც, რათა მოხდეს ალიანსისა და კენჭისყრის სასურველი პროცედურის ჩამოყალიბება. შეთანხმებისა და ორმხრივი გაგების მიღწევის გარეშე ისეთი წარმომადგენლობითი სისტემების, როგორიცაა საპარლამენტო სისიტემა, გადაწყვეტილების მიღების უნარი დაქვეითდებოდა და უკვე მიღწეულ გადაწყვეტილებებს შეექმნებოდათ ლეგიტიმურობის პრობლემა. ღია საზოგადოებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებები დაცულ უნდა იქნას მოქალაქეთა პირისპირ დებატებში.

ერი სახელმწიფო წინააღმგედობას აწყდება არა მხოლოდ ინტერნაციონალიზაციის მხრდან, არამედ რეგიონალიზაციის მხრიდანაც, ისევე როგორც სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების დინამიკის შეცვლითაც, რაც გამოწვეულია გლობალური ურთიერთდამოკიდებულების ზრდით. ევროპაში მართვის დამატებითი შრეების შექმნა ემსახურება მოქალაქეთა კონკრეტულ სფეროებში მონაწილეობისა და წარმომადგენლობის დანაწილებას. ეს კი ემსახურება წარმომადგენლობის, კონტროლისა და ლეგიტიმაციის ჯაჭვის დაგრძელებას. ამის გამო დემოკრატიის დეფიციტი მწვავე და დაუძლეველი ჩანს.

ხშირად ასევე იმასაც ამბობენ, რომ ევროკავშირის დემოკრატიულობის დეფიციტი გამოწვევულია ევროპული პოლიტიკური პარტიების, წარმომადგენლობითი პასუხისმგებლობისა და შესაბამისად მოქმედი საზოგადოებრივი სფეროს არარსებობით. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ისინი თანამედროვე დემოკრატიული წინააღმდეგობების გადალახვის ადექვატურ ძალას არ წარმოადგენენ, რაც დაკავშირებულია ცვალებად ლოიალობასა და ინდივიდუალობასთან, ასევე უფრო დაჟინებულ მოქალაქეებთან.

ევროპული ინტეგრაცია იმპულსს გლობალიზაციის პროცესიდან იღებს, განსაკუთრებით ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესიდან. გლობალიზაციის პროცესი კი წინააღმდეგობას უქმნის ერი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებულ მართვის სისტემას. ევროპაში პოლიტიკური ინტეგრაცია კი გავლენას ახდენს ერ სახელმწიფოებზე.

დღევანდელი ევროკავშირი ნაკლებად წარმოადგენს მართვის კონკრეტული ტიპის მანიფესტაციას, უფრო მეტად ის წარმოადგენს გარემოს დემოკრატიისა და სამართლიანობის სხვადასხვა კონცეფციების განსახილველად და შესაფასებლად.

ცხადია დემოკრატიულობის დეფიციტის ცნება მხოლოდ მისი განსაზღვრების ფორმაზე უფრო მეტია, ანუ ის შეიცავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ჩამონათვალს იმ ასპექტებისა, რომლებიც არ შეესაბამებიან, დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებულ კონცეფციას. დემოკრატიულობის დეფიციტის საკითხი პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ საზოგადოების რა სახეა ევროკავშირი, რას უნდა რომ მიაღწიოს, რა იდეალებისაკენ მიისწრაფვის. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის სახელმწიფოს დონეზე დემოკრატიის ლეგიტიმურობას არ უნდა გავუთანაბროთ.

ევროკავშირი არც ბაზარია და არც სახელმწიფო. ამიტომ, როცა დემოკრატიულობის საკითხებზე ვსაუბრობთ, უნდა გავარკვიოთ, რა ტიპის გაერთიანებაა იგი. ასევე უნდა წინასწარ განვსაზღვროთ როგორ უნდა გომოიყურებოდეს დემოკრატიული წყობა ტრანსნაციონალურ დონეზე. ეს პროცესი ერთი მიმართულებით არ ვითარდება და არც ისაა გარკვეული, რა იქნება მისი საბოლოო შედეგი.

6 საერთაშორისო პოლიტიკა და ნავთობი

▲back to top


რეგიონი

ლიანა ჯერვალიძე
ანალიტიკოსი, კასპიისპირეთის რეგიონის საკითხთა მკვლევარი, კენანის რუსულ კვლევათა ინსტიტუტი, ვაშინგტონი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ისა და მისი ყოფილი მოკავშირის საბჭოთა კავშირის მთავარი ყურადღება მიმართული იქნა ახლო აღმოსავლეთისკენ, სადაც ენერგორესურსების დიდი მარაგები იყო. თუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები, ვინც ნავთობის როლს ჯეროვნად ვერ აფასებდნენ (ვინაიდან ეკონომიკაში ჯერ კიდევ გადამწყვეტ როლს ქვანახშირი ასრულებდა), მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი დამთავრებისათვის უკვე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ როგორც ომის წარმოება, ისე ქვეყნის შემდგომი მშვიდობიანი მშენებლობა ნავთობრესურსების უწყვეტი მიწოდების გარეშე წარმოუდგენელი იყო.

ნანგრევებში იყო მთელი ევროპა, საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ჩათვლით. ომის მიწურულს მოკავშირეებს შორის ბევრი სადავო საკითხი წარმოიშვა ომისშემდგომი ევროპის მოწყობის თაობაზე, რასაც თან დაერთო ბრძოლა ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსებისათვის. მართლაცდა ენერგიის რომელ წყაროებს უნდა უზრუნველეყოთ დასავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის აღდგენა? ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებდა.

ცხადია ომის მთავარ კრედიტორს, აშშ-ს, იდეოლოგიური მოწინააღმდეგე, საბჭოთა კავშირი ნაკლებად ანაღვლებდა, სამაგიეროდ სერიოზულად აფიქრებდა დასავლეთ ევროპის ბედი. აშშ-ის ხელისუფლებას მშვენივრად ესმოდა, რომ თუ ევროპული ქვეყნების ეკონომიკა სასწრაფოდ არ აღდგებოდა, ომისშემდგომი უმუშევრობა და სოციალური დაძაბულობა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი პროცესების რადიკალიზაციას, რაც ამ ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში საბჭოური ორიენტაციის მთავრობებს მოიყვანდა.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს მოკავშირეებმა მოიხმარეს 7 მილიარდი ბარელი (დაახლოებით 1 მილიარდი ტონა) ნავთი და ნავთობპროდუქტები, საიდანაც 6 მილიარდი აშშ-ის მიერ იყო წარმოებული. აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ყველა იზიარებდა შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ენერგომარაგები ომის დროს დაუზოგავი ექსპლუატაციის შედეგად მთლიანად თუ არა მნიშვნელოვანწილად იყო ამოწურული. საჭირო იყო დამატებითი ენერგოწყაროების მოძებნა ქვეყნის ტერიტორიის მიღმა, როგორც საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ისე ევროპის უზრუნველსაყოფად.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ ნავთობის დიდი მარაგები ცნობილი იყო ირანსა და ერაყში, რომელთა კონცესიებსაც ბრიტანული კომპანია Anglo-Iranian (დღევანდელი Briitish Petroleum) და ბრიტანულ - ჰოლანდიური კომპანია Royal Dutch/Shell ფლობდა. ამიტომ აშშ-ის ხელისუფლებამ მთელი ყურადღება საუდის არაბეთისაკენ გადაიტანა, სადაც ნავთობის დიდი მარაგების არსებობის შესახებ 1938 წლიდან იცოდნენ.

ამგვარად, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს აშშ-მა დიპლომატიური საქმიანობა ახლო აღმოსავლეთში დიდი ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიებზე გააქტიურა, რომელიც მთელს ახლო აღმოსავლეთს მოიცავდა. დიდი ბრიტანეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალყურს თავისი მოკავშირის დიპლომატიურ მოქმედებას და თავისი ელჩის, ლორდ ჰალიფაქსის პირით აშშ-ის პოლიტიკური ესტაბლიშმენტისაგან განმარტებას ითხოვდა. როგორც ლორდი ჰალიფაქსი აღნიშნავს, 1944 წლის 18 თებერვალს პრეზიდენტ რუზველტთან პირისპირ შეხვედრის დროს, ამ უკანასკნელს უთქვამს: ,,ირანის ნავთობი თქვენია, ერაყისა და კუვეიტის ნავთობს გავიყოფთ, საუდის არაბეთის ნავთობი კი მთლიანად ჩვენ უნდა გვეკუთვნოდესო.” ეს ძალიან ჰგავდა მოკავშირეთა შორის ომისშემდგომ გავლენის სფეროთა გადანაწილებას ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში.

იმპერიული რუსეთისა და შემდგომ საბჭოთა კავშირის გავლენა აღნიშნულ რეგიონზე (გარდა თურქეთისა და ირანისა), მინიმალური იყო. შესაბამისად, ამ გადანაწილებაში საბჭოთა კავშირს მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა მას სრულიად გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა სწორედ ირანიასა და თურქეთის მიმართ, რასაც მოკავშირეებთან მოლაპარაკებების დროს სტალინი მუდმივად აყენებდა. ამ საკითხს ქვემოთ უფრო დეტალურად შევეხებით.

მართლაც, 1945 წლის თებერვალში იალტის შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი რუზველტი სუეცის არხის წყლებში, აშშ-ის სამხედრო გემ ,,ქუინსიზე” შეხვდა საუდის არაბეთის მეფე იბნ-საუდს. რუზველტი და იბნ საუდი ომისშემდგომი თანამშრომლობის ძირითადად პრინციპებზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის სანაცვლოდ იბნ-საუდის დიანსიტიის საუდის არაბეთის ტახტზე აშშ-ის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას პირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთის ტახტს ჰაშიმიდების სახით სხვა პრეტენდენტიც ჰყავდა, რომლის წარმომადგენლებიც წარმოშობით მექიდან იყვნენ და სირიას, ერაყს, იორდანიას მართავდნენ. ამიტომ საუდის არაბეთის მეფე იბნ-საუდისათვის აშშ-ს ხელისუფლების მხარდაჭერას ტახტის შესანარჩუნებლად კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.

რუზველტისა და იბნ-საუდის შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა აშშ-ის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მთელი XX საუკუნის განმავლობაში გაგარძელდა და რომლის გადასინჯვის მცირე მცდელობაც კი ძალზე მტკივნეულია და დღესაც სერიოზულ გათვლებს საჭიროებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ენერგოპოლიტიკა

ომისშემდგომმა მოვლენებმა მთლიანად დაადასტურა აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის ლორდ ჰალიფაქსის მიერ მოყვანილი პრეზიდენტ რუზველტის სიტყვები ახლო აღმოსავლეთის ნავთობთან დაკავშირებით.

აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ენერგომატარებლებით უზრუნველსაყოფად ამერიკული და ბრიტანული ნავთობკომპანიების მონაწილეობით რამდენიმე სერიოზული გარიგება დაიდო.

1. ARAMCO-ს კონსორციუმი (საუდის არაბეთის ნავთობის გარიგება) - ხელი მოეწერა 1948 წელს და წილები შემდეგანირად განაწილდა: Standard Oil of New Jersey (ამჟამინდელი EXXON) - 30%, TEXACO - 30%, Socony-Vacoom (ამჟამინდელი MOBIL) - 30% და Standard Oil of California (ამჟმინდელი Chevron) - 10%. საუდის არაბეთის მეფე იბნ-საუდის დაჟინებული მოთხოვნით ინგლისის ინტერესები არც ამ გარიგებაში იქნა გათვალისწინებული;

2. კუვეიტის კონსორციუმი - ხელი მოეწერა 1947 წელს და შემდეგნაირად განაწილდა: ULF (აშშ) - 50%, Royal Dutch/Shell (ინგლისურ-ჰოლანდიური კომპანია) - 50%.

ომის დამთავრებისთანავე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით ტეპლაინის ნავთობსადენის (საუდის არაბეთიდან ლიბანის პორტ სიდონამდე) მშენებლობის დაწყების შესახებ, აგრეთვე ცალკე ერაყის ნავთობსადენების მშენებლობის შესახებ (სირიისა და ლიბანის პორტებამდე). ამ ნავთობსადენების მშენებლობა 1950 წელს დასრულდა და მათ სერიოზული სტრატეგიული დატვირთვა მიეცათ, საწვავით უზრუნველეყოთ ევროპის ომისშემდგომი აღდგენა.

ასე, რომ არსებობდა რესურსები, დაიდო გაირგებები, აშენდა ნავთობსადენები და პორტები. საჭირო იყო ამ გარიგებებისა და მათი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების პოლიტიკური და სამხედრო უზრუნველყოფა ისეთ ვითარებაში, როდესაც ომში საბჭოთა კავშირის წარმატებამ მისი იდეოლოგიური და სამხედრო ექსპანსიის სერიოზული საფრთხე წარმოშვა.

ომის შემდგომ საბჭოთა იდეოლოგიის გავლენის ზრდამ, რასაც უდავოდ ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის თავგანწირულმა ბრძოლამ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ, ევროპის მთავარი ქვეყნების ინგლისისა და საფრანგეთის სათავეში მემარცხენე ძალები მოიყვანა. ამას თან დაერთო ენერგოკრიზისი (ქვანახშირის ნაკლებობა), რომელმაც 1946 წელს მთელი ევროპა მოიცვა.

საჭირო იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდოდნენ. ჯორჯ მარშალმა, აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, 1947 წელს ჰარვარდში გამოსვლის დროს გამოაცხადა ევროპისათვის დახმარების პროგრამა, რომელიც ისტორიაში ,,მარშალის გეგმის“ სახელით არის ცნობილი. 1948 წლის შემდგომ ოთხი წლის განმავლობაში ,,მარშალის გეგმის“ ფარგლებში ევროპისათვის დახმარების სახით გამოყოფილი სახსრების 20% ენერგომატარებლების შეძენას მოხმარდა. ,,მარშალის გეგმით გათვალისწინებული დახმარება კარგად გამოიყენა აშშ-მა ინგლისისა და საფრანგეთის მემარცხენე ორიენტაციის მთავრობებზე ზეწოლისათვის, საფრანგეთის შემთხვევაში ამას ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა.

ომისშემდგომ პერიოდში ყოფილ მოკავშირეთა აშშ-ის, ინგლისისა და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკური აქტივობის ძირითად მიმართულებას ენერგორესურსების თვალსაზრისით წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის შესაძლო ექსპანსიის შეზღუდვა ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანისა და თურქეთის სრუტეების მიმართულებით.

საბჭოთა კავშირის ექსპანსია ირანში

1939 წლის გახმაურებული რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის თანახმად, კასპიის სამხრეთით სპარსეთის ყურემდე რეგიონი საბჭოთა კავშირის გავლენის არედ ცხადდებოდა. სამხრეთის საზღვაო გზებზე მოკლე გასასვლელის ქონა ხომ რუსეთის იმპერიული და შემდგომ საბჭოთა ხელისუფლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა. საბჭოთა ხელისუფლებას მალე მიეცა ამ დიდი ხნის ნალოლიავები ოცნების ასრულების შესაძლებლობა, მაგრამ არა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ფარგლებში.

ფაშისტური გერნმანიის საბჭოთა საზღვრებში შეჭრიდან ორი თვის შემდეგ, 1941 წლის აგვისტოში საბჭოთა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს სამხედრო ნაწილებმა შესაბამისად ჩრდილოეთი და სამხრეთი ირანი დაიკავეს. მოკავშირეებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და ქვეყნიდან გააძევეს შაჰი რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის მამა, რომელიც გერმანელებს აშკარად თანაუგრძნობდა. ამ აქციის მიზანი იყო სათავეშივე აღეკვეთათ ირანის შესაძლო მოქცევა ფაშისტური გერმანიის გავლენის ორბიტაში და საბჭოთა სამხედრო მანქანის Anglo-Iranian-ის ირანული ნავთით გარანტირებული უზრუნველყოფა ირანის კასპიისპირა ნავსადგურის ნეკას (Neka) გავლით.

ეს იყო აღნიშნული პაქტით გაცხადებული გეგმის განხორციელებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. მართლაც, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებმა ირანის ჩრდილოეთი დანარჩენი ტერიტორიისაგან სრულ იზოლაციაში მოაქციეს და იქ აზერბაიჯანის ავტონომიური წარმონაქმნის შექმნას შეუწყვეს ხელი. ეს ავტონომიური წარმონაქმნი ირანის ხელისუფლებას არ ცნობდა და სრული დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდა. ომის დამთავრების შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ნაწილებმა დაუყოვნებლივ დატოვეს ირანი, საბჭოთა შენაერთები გასვლას არ ჩქარობდა.

მოკავშირეთა შორის არსებული შეთანხმების მიუხედავად საბჭოთა შენაერთები 1946 წლის 2 მარტს ირანიდან არ გასულა. ირანის ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირს ახლად შექმნილ გაერო-ში უჩივლა. გაერო-ს ტრიბუნიდან ირანის ინტერესების დასაცავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბაირნსი (James Byrnes) გამოვიდა. საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა თავისი სამხედრო შენაერთები ირანიდან გაეყვანა ერთი ნავთობკონცესიის სანაცვლოდ. Gგარიგება დაიდო კიდეც, თუმცა, მოგვიანებით ირანის მხარემ უარი განაცხადა ამ კონცესიის რატიფიცირებაზე. ირანიდან ჯარების გაყვანის შემდეგაც დიდხანს იგრძნობოდა რუსეთის ძლიერი გავლენა ირანის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. საბჭოთა კავშირიდან იმართებოდა ტიუდეჰის (Tudeh) ულტრა მემარცხენე პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა 1951 წელს ირანის შაჰ მოჰამედ რეზა ფეხლევის ჩამოგდებასა და მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოჰამედ მოსადეყის აღზევებაში.

მოსადეყის ხელისუფლებამ ინგლისურ-ირანული კომპანიის სრული ნაციონალიზაცია მოახდინა და მისი აშკარად ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე საბჭოთა კავშირის ირანის შიდა პოლიტიკურ ავანსცენაზე დაბრუნების ძალზე სერიოზული საფრთხე შეიქმნა. ამას ისიც დაერთო, რომ Anglo-Iranian-ის ნაციონალიზაციის შემდეგ ირანის ნავთობმა საერთაშორისო ბაზარზე გადინება შეწყვიტა, რამაც ენერგოდეფიციტის საფრთხე წარმოშვა.

ამ დროს აშშ კორეის ომში იყო ჩაბმული სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ზღვებისაკენ საბჭოთა კავშირ-ჩინეთის ერთობლივი ექსპანსიის წინააღმდეგ. ადვილი წარმოსადგენია რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ენერგომატარებლებზე არსებული ფასების შენარჩუნება. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ნავთობკომპანიებისა და სახელმწიფო რეზერვების სრული მობილიზაცია გამოაცხადა, რათა ფასების ზრდა და ენერგოკრიზისი არ დაეშვათ. მართლაც, ნავთობ-კომპანიების თანამშრომლობით ეს საფრთხე თავიდან იქნა აცილებული.

მიუხედავად ამისა საბჭოთა ექსპანსიის საფრთხე ირანში სულ უფრო რეალური ხდებოდა. მეტი დახანება აღარ შეიძლებოდა. ცსს-ს (Central Intelligence Agency) ხელმძღვანელის ალენ დალესის ზედამხედველობითა და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამმართველოს MI-6 აქტიური თანამშრომლობით ირანში სამხედრო გადატრიალების ერთობლივი ოპერაცია დაიგეგმა, რომელსაც ადგილზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის (1908-1912) შვილიშვილი კერმიტ რუზველტი ხელმძღვანელობდა.

ეს ოპერაცია სრული კრახით დამთავრდა. შაჰი ჩამოაგდეს, მოსადეყისა და რეზა ფეჰლევის ორხელისუფლებიანობა დასრულდა და შაჰი იძულებული გახდა ჯერ ერაყში და შემდგომ რომში გაქცეულიყო. თუმცა სულ რამდენიმე დღეში ვითარება სრულიად მოულოდნელად შაჰის სასარგებლოდ შემობრუნდა და აგვისტოს ბოლოს იგი ირანში დაბრუნდა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ რა დაუჯდებოდა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურს შაჰის სასარგებლოდ სიტუაციის შემობრუნება.

ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის საფრთხე დროებით, მაგრამ მაინც აცილებული იქნა. ახლა საჭირო იყო ირანის უზარმაზარი ენერგორესურსების დამუშავება, რათა ქვეყანას შემოსავალი გასჩენოდა. არსებობდა საფრთხე იმისა, რომ სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობაში საბჭოთა კავშირი იოლად მოძებნიდა დასაყრდენს თავის ყოფილ პარტნიორთან თურქეთის წინააღმდეგ.

ომისდროინდელი გარიგების თანახმად აშშ-ს საუდის არაბეთის ნავთობი უნდა დარჩენოდა, ერაყისა და კუვეიტის ნავთობი მასა და დიდ ბრიტანეთს უნდა გაეყოთ, ირანის რესურსები კი დიდი ბრიტანეთის ხელში უნდა დარჩენილიყო. გავიხსენოთ, რომ ინგლისურ-ირანული კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იყო.

ომის შემდგომ დიდი ბრიტანეთი ძალიან დასუსტებული იყო. საყოველთაო ანტიკოლონიური მოძრაობის ფონზე, მას, როგორც იმპერიას, რეპუტაცია ჰქონდა შელახული და რომ მოენდომებინა კიდეც, მასტაბილიზირებელ გავლენას ვეღარ მოახდენდა, ვერც სხვაგან და მითუმეტეს ვერც ირანში, სადაც ინგლისურ-ირანული კომპანია სრულიად დისკრედიტირებული იყო. და ეს შემთხვევითი არ ყოფილა.

ომისშემდგომ წლებში ირანის ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვდა კომპანიის მოგებაში საკუთარი წილის გაზრდას, კომპანია კი არანაირ დათმობებზე არ მიდიოდა (1945-50 წლებში ინგლისურ-ირანული კომპაიიის მოგებამ 250 მილიონი ფუნტი სტერლინგი შედგინა, ირანის ხელისუფლებას კი მხოლოდ 90 მილიონი ფუნტი სტერლინგი ერგო.) დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება კომპანიისაგან გადასახადების სახით უფრო მეტ მოგებას იღებდა ვიდრე ირანის ხელისუფლება როიალიტის შემოსავლების სახით. აქედან გამომდინარე, ირანის არც შაჰს და არცერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ საზოგადო მოღვაწეს ინგლისური კომპანიის სახელის გაგონებაც კი არ უნდოდა.

ვის უნდა აეთვისებინა ირანის ენერგორესურსები? ამ დროს ყველა ამერიკული კომპანია საუდის არაბეთის, კუვეიტის, ერაყისა თუ ვენესუელის ნავთობის გარიგებებში მონაწილეობდა. არც ბაზარზე არ იგრძნობოდა მიწოდების ნაკლებობა. Pპირიქით, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ რუსეთის ნავთობიც იწყებდა საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლას. ასე რომ, არცერთი ამერიკული კომპანია არ იჩენდა დაინტერესებას ირანის მიმართ.

იმისათვის, რომ ეს რესურსები უკონტროლოდ არ დარჩენილიყო, აშშ-ის ხელისუფლებამ ფაქტიურად აიძულა თავისი კომპანიები კონცესიების თაობაზე შაჰთან მოლაპარაკებები დაეწყოთ. ეს მოლაპარაკებები ძალზე მძიმედ მიმდინარეობდა და 1954 წლის 29 ოქტომბრის გარიგებით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ინგლისურ-ირანული კომპანია - Ango-Iranian, 40%; Royal Dutch/Shell - 14%, Standard Oil of New Jersey - დღევანდელი EXXON, Socony, Texaco da Standard Oil of California დღევანდელი Chevron (ყველა აშშ) - თითოეული - 8% და Societe Francaise du Petrole (საფრანგეთი) - 6%. ეს გარიგება ,,შვიდი დის“ გარიგებით არის ცნობილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ გარიგებაში მონაწილე ამერიკული კომპანიები დიდ წილებს ფლობდნენ საუდის არაბეთის, კუვეიტისა და ერაყის გარიგებებში და ამ ახალი გარიგებით ფაქტობრივად საკუთარი წარმოებისავე ნავთობს გაუწევედნენ კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომ იყო, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ორ ფრონტზე უწევდა მოქმედება, მოლაპარაკება შაჰთან და მოლაპარაკება საკუთარ კომპანიებთან. ზოგადოდ ნავთობკომპანიები თავისი ქვეყნების ხელისუფლებასთან მუდმივად თანამშრომლობენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და აშშ-ის ნავთობკომპანიები უხალისოდ, მაგრამ მაინც შევიდნენ ირანში.

საბჭოთა ექსპანსიის მცდელობა ბალკანეთსა და თურქეთის სრუტეებისაკენ

თურქეთის სრუტეებზე კონტროლის მოპოვება წარმოდგენდა რუსეთის მთავარ მიზანს დასუსტებულ ოსმალთა იმპერიასთან წარმოებული ომების დროს მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული პირველი და მეორე მსოფლიო ომების ჩათვლით. სრუტეებზე კონტროლის მოპოვებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირისთვის. აქედან გაედინებოდა საბჭოთა კავშირიდან მიმავალი ტვირთების უდიდესი ნაკადი, ამ გზით გაედინებოდა ბაქოსა და გროზნოს, მოგვიანებით ვოლგა-ურალის ნავთობიც.

საბჭოთა კავშირის მიერ სრუტეებზე კონტროლი არა მხოლოდ სავაჭრო გზებზე კონტროლის მოპოვებას, არამედ ხმელთაშუა ზღვაზე სამხედრო გავლენის ზრდასაც ნიშნავდა. ხმელთაშუა ზღვა კი სირიისა და ლიბანის პორტებისაკენ ტეპლაინისა და ერაყის ნავთობსადენების სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აგრეთვე სუეცის არხით მოძრავი ტანკერების გამო ნავთობის ტრანზიტის უმსხვილეს კვანძად გადაიქცა. აქ საბჭოთა კავშირის გაძლიერებული სამხედრო დასწრება, რასაც სტალინი ჯერ კიდევ ომის მიწურულს მოლაპარაკებების დროს დაბეჯითებით მოითხოვდა მოკავშირეებისაგან, დაუშვებელი იყო. ამიტომ აუცილებელი იყო სრუტეები მონტრეს 1936 წლის საერთაშორისო კონვენციის კონტროლის ქვეშ დარჩენილიყო.

1947 წლის ტრუმენის დოქტრინა შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ სრუტეებზე საბჭოთა ექსპანიის შეჩერებისაკენ მიმართული აქტი იყო. საბჭოთა ექსპანსიის შეჩერება მთელს სამხრეთ პერიმეტრზე მიმდინარეობდა. სრუტეების გამო თურქეთი ირანის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო მიმართულებად რჩებოდა. დიდი ბრიტანეთის დასუსტების შემდეგ არ არსებობდა სხვა ძალა გარდა აშშ-ისა ვინც შეძლებდა საბჭოთა კავშირის მზარდი იდეოლოგიური გავლენის შეკავებას ბალკანეთის ღარიბ, სოციალური აფეთქების საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყნებში. არ მოხერხდა საბერძნეთსა და თურქეთში სტაბილიზაციის აღდგენა სანამ არ განეიტრალდა საბჭოთა კავშირის გავლენა იუგოსლავიაზე. საჭირო იყო ამ ქვეყნების სასწრაფოდ ფეხზე დაყენება.

აშშ-ის ფინანსური დახმარებით თურქეთის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის აღდგენა 1948 წელს დაიწყო და ინტენსიურად მინმდინარეობდა ოთხი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 1952 წლისათვის თურქეთი უკვე საკმაოდ იყო მომზადებული იმისათვის, რათა ნატო-ში გაწევრიანებისათვის საჭირო პირობები დაეკმაყოფილებინა. 1952 წელს ნატო-ს ლისაბონის კონფერენციაზე თურქეთი ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი და ამ ორგანიზაციის სამხრეთი ფრთის მთავარი დასაყრდენი გახდა. ამავე დროს მიიღეს ნატო-ში საბერძნეთიც. საბერძნეთსა და თურქეთში შიდაპოლიტიკური სტაბილიზაციისათვის აშშ-ს ერთჯერადი ომისშემდგომი ინექცია 400 მილიონ აშშ დოლლარს შეადგენდა. რაშიც არ შედის შეღავათიანი კრედიტებისა და გრანტების სახით გაწეული დახმარება.

საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სამხედრო ექსპანსიის საფრთხე ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთისა და სტრატეგიული მნიშვნელობის სავაჭრო არტერიებისაკენ შეჩერებული იქნა 1955 წლის 25 თებერვალს თურქეთს, პაკისტნსა და ერაყს შორის ე.წ. ბაღდადის პაქტის დადებით, რომელსაც ,,აღმოსავლეთის ფარი” უწოდეს. მიუხედავად საბჭოთა კავშირის ელჩის დიდი მცდელობისა 1955 წლის ოქტომბერში ბაღდადის პაქტს ირანიც შეუერთდა.

ეს იყო აშშ-ის ახლო აღმოსავლური პოლიტიკის უდიდესი გამარჯვება. ძალთა ამგვარი თანაფართობა ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში შენარჩუნებული იქნა მთელი XX საუკუნის განმავლობაში.

7 ფუნდამენტალისტური ფენომენი ახლო აღმოსავლეთში

▲back to top


ახლო აღმოსავლეთი

ნათია ხმალაძე
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ არაბულ ლიბერალიზმს1 ბოლო მოუღო და რადიკალური არაბული ნაციონალიზმის აღზევებას მისცა ბიძგი. ახალგაზრდა და პოლიტიკურად გამოუცდელმა სამხედრო ოფიცრებმა ძირითადი არაბული სახელმწიფოების (ეგვიპტე, სირია და ერაყი) პოლიტიკური სისტემის მოწყობა საკუთარ თავზე აიღეს. საუდის არაბეთისა და იორდანიის კონსერვატიული მონარქიები სამხედრო მმართველებისათვის შეუღწევადი აღმოჩნდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეზობელი ქვეყნების რეპრესიული რეჟიმების უსაფრთხოების სასტიკი ზომები მათ მაინც გაითავისეს. ე.წ. ,,რევოლუციური სახელმწიფოების“ ახალი პოლიტიკური ელიტა ცივი ომის ორომტრიალში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ლავირებდა. მათ სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღების იმედით საბჭოთა ბლოკის მხარდაჭერა არჩიეს.

ფაქტიურად, სეკულარული, ისევე როგორც მუსლიმური, ელიტა მოსახლეობას არწმუნებდა, რომ მათ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს ისრაელის სახელმწიფოს დამხობა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენდა. ხალხმა ლიდერებს ნდობა გამოუცხადა და საბოლოო ჯამში იმედგაცრუების გარდა არაფერი მიიღო. არაბებმა ისრაელის წინააღმდეგ წარმოებულ ყველა მნიშვნელოვან სამხედრო დაპირისპირებაში მარცხი განიცადეს, რაც, როგორც არაბი ლიდერების ინერტულობამ, ასევე ისრაელის პოლიტიკისათვის აშშ-ის უპირობო მხარდაჭერამ განაპირობა. ისრაელი რეგიონის სამხედრო სუპერძალად იქცა. იგი ასევე ახლო აღმოსავლეთის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ლიდერს წარმოადგენდა. კონფლიქტის მოგვარებაში არაბთა მარცხმა ფართო მასების წყრომა გამოიწვია. ხალხი პალესტინის აღსადგენად გადამწყვეტ, სწორხაზოვან სამხედრო მიდგომას მოელოდა. არაბული ელიტა კი ისრაელზე კონცენტრირების ნაცვლად, აქცენტს სხვა საკითხებზე აკეთებდა. ისეთებზე, როგორიც არის საშინაო ოპოზიციის დაძლევა და შიდაარაბულ კონფლიქტებში ჩაბმა. ქვეყნის რესურსები შეიარაღებასა და გრანდიოზულ პროექტებზე იფლანგებოდა, რასაც მცირე ეკონომიკური სარგებელი მოჰქონდა. ქვეყანაში კორუმპირებული კლანები ბატონობდნენ, ხოლო სახელმწიფოს კონცეფციამ (თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში იგი საფუძვლიანად არასოდეს მოიაზრებოდა ინდივიდისა და საზოგადოების მცველად და წარმომადგენელად) მალე მნიშვნელობა დაკარგა. სწორედ ასეთ იდეოლოგიური და ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში წარმოიქმნა რადიკალური ისლამური დაჯგუფებები. ახლო აღმოსავლეთზე ამ ძალთა გავლენა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე მისი მონოპოლია მოწმობს, რომ რეგიონში დამკვიდრებული სახელმწიფო სისტემა არაეფექტურია და სასურველ შედეგს არ იძლევა.

ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამური დაჯგუფებები ძირითადად შიდასახელმწიფოებრივი მოძრაობებია, რომლებიც (დასავლური კოლონიური ძალების მიერ დაწესებულ საზღვრებში) არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან, იმას როდი ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული სახელმწიფოებრივი წესრიგი მათთვის მისაღებია. ისლამისტები აცნობიერებენ, რომ ისინი უნივერსალური ისლამური სახელწმიფოს შექმნის ერთადერთ იმედს წარმოადგენენ. ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეისადმი მხარდაჭერას მშვიდობიანი მუსლიმური საძმოც კი გამოხატავს, მიუხედავად იმისა, რომ იგი თანამედროვე ორიენტაციით გამოირჩევა. მოძრაობის უპირველესი მიზანი მუსლიმური საზოგადოების გამოღვიძებაა რელიგიური ღირებულებების გამოცოცხლების და დასავლეთის კულტურული გავლენის აღმოფხვრის მეშვეობით, რასაც ისინი არაბულ-ისლამური კულტურისათვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.

სხვა ფუნდამენტალისტური დაჯგუფებები მშვიდობიანი ტაქტიკისათვის თავს არ დებენ. ისინი ძალადობას მიმართავენ როგორც ,,ჭეშმარიტი გზისკენ“ შემობრუნების საშუალებას. უფრო მეტიც, მათი ხედვის თანახმად, ბრძოლა ყველა მუსლიმის მოვალეობაა, რომლის გარეშეც მუსლიმური სახელმწიფოს შექმნა განუხორციელებელ ოცნებად დარჩება. რადიკალისტ მუსლიმთათვის ძალადობის გამოყენება კორუმპირებული და არაკანონიერი მთავრობისაგან (რომელიც მათ დასავლეთის ლაქიად მიაჩნიათ) ქვეყნის გათავისუფლების საშუალებას წარმოადგენს. ისინი ირწმუნებიან, რომ ჯიჰადი, საღვთო ომი ,,ურწმუნოთა“ წინააღმდეგ, უფლის მიერ არის ნებადართული და მას ისლამური სახელმწიფოს აღსადგენად ერთადერთ საშუალებად მიიჩნევენ. კონფრონტაცია ისლამური ფუნდამენტალისტური მსოფლმხედველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.2 მუჰამად აბდ-ალ-სალამ ფარაჯი მიიჩნევს, რომ ჯიჰადი ყველა მუსლიმის აბსოლუტური მოვალეობაა, რათა შარიათის მმართველობა აღდგეს. ფარაჯისათვის ჯიჰადი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი მას ისლამის მეექვსე ბურჯს უწოდებს.3

ფუნდამენტალისტებმა ისარგებლეს არაბული პოლიტიკური სისტემებისათვის დამახასიათებელი თვითშეგნების კრიზისის არსებობით, ისევე, როგორც მმართველი ელიტების მარცხით დაერწმუნებინათ მოსახლეობა, რომ ისინი დასახულ მიზნებს გულწრფელად ემსახურებოდნენ. ერაყი, იორდანია, სირია და ლიბანი ახლოაღმოსავლური სახელმწიფოს სისუსტის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენს. ამავდროულად, ისლამი მუსლიმებს მორწმუნეთა უმმისადმი (მუსლიმური საზოგადოება) მიკუთვნების გრძნობას უნერგავს. ამ ეტაპზე, მუსლიმ ფუნდამენტალისტთა გეგმა 3 ძირითად საკითხს მოიცავს: არსებული მმართველი ელიტის დამხობა, დასავლეთის კულტურული და პოლიტიკური გავლენის აღმოფხვრა და შარიათზე დაფუძნებული ისლამური სახელწმიფოს შექმნა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, არ არსებობს გარანტი, რომ ისლამისტები, ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში, დასახული მიზნების განხორციელებას შეძლებენ. ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფოთა გაერთიანება არც ისე ადვილად მისაღწევია. დასავლეთი, რომელიც არსებული რეგიონული სახელმწიფოთა სისტემის შემოქმედია, ძირითად სახელმწიფოთა გაერთიანებას არ დაუშვებს. ეს თვალნათლივ აისახა ერაყის მიერ ქუვეითის ანექსიის მცდელობასა და შედეგად განვითარებულ მოვლენების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ისლამური დაჯგუფებები რელიგიის საფუძვლებზე თანხმდებიან, მუსლიმთა შორის რელიგიური სამართლის მნიშვნელობის შესახებ ერთსულოვნება არ არსებობს. მუსლიმთა შორის ქვეჯგუფები არსებობენ, თითოეული მათგანი ისლამის განსხვავებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. აქ საქმე არა მსოლოდ რელიგიურ, არამედ სამართლებრივ პლურალიზმთან გვაქვს. რელიგიურ ინტერპრეტაციათა შორის არსებული განსხვავებანი მრავალეროვნული ფუნდამენტალისტური დაჯგუფებების ერთამანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას აბრკოლებს. სისხლიანი დაპირისპირებანი ავღანეთის ფუნდამენტალისტურ დაჯგუფებათა შორის ამის კარგი მაგალითია. ჯონ ესპოზიტო ეგრეთწოდებულ პან-ისლამიზმს, პრაქტიკულად, მითს უწოდებს. პოლიტიკური ისლამი საკმაოდ დანაწევრებულია. ამ შემთხვევაში, ისლამიზმი არ წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს დასავლეთის სასიცოცხლო რეგიონული ინტერესებისათვის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასამხედროებულ ისლამთან ბრძოლა უშედეგო იქნება, თუ არ მოხდა იმ ფაქტორების შესწავლა, რამაც ამ უკანასკნელის აღზევება გამოიწვია.

ახლო აღმოსავლეთში ისლამის გაძლიერება სამხედრო დაჯგუფებათა გაძლიერებასაც გულისხმობს. ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ისლამური დაჯგუფებები საშინაო ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ და რეგიონის ზოგიერთ პოლიტიკურ ელიტას დამხობით ემუქრებიან. მათ ბიძგი ავღანეთში წარმატებით წარმოებულმა ანტისაბჭოთა ომმა და ირანის ისლამურმა რევოლუციამ მისცა. შედეგად, მშვიდობიანმა ისლამურმა დაჯგუფებებმა სამხედრო შეფერილობა მიიღეს. მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს. თუმცა, ვერც იმაზე დავხუჭავთ თვალს, რომ ისინი დიდად არიან დამოკიდებულნი იმ შიდა პოლიტიკურ გარემოზე, სადაც მოღვაწეობენ.

თუმცაღა, ამ სამხედრო დაჯგუფებებს საზღვრების შეცვლა არ ძალუძთ, ისინი არასტაბილურობის წყაროს წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოში. ამას ხელს ისრაელთან და არაბულ სამყაროსთან მიმართებაში აშშ-ის მიერ ორმაგი სტანდარტის გამოყენება უწყობს, ისევე, როგორც ევროპის აშკარა პასიურობა ახლო აღმოსავლეთში აქტიური, დამაბალანსებელი როლი შეასრულოს.

უნდა აღინიშნოს, რომ არაბულ-ებრაული კონფლიქტის განახლებამ ფუნდამენტალისტების განცხადებას, რომლის თანახმადაც ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა არაბთა ერთადერთი საუკეთესო სტრატეგიაა, გარკვეული საფუძველი შესძინა.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მმართველმა ელიტებმა სამხედრო დაჯგუფებათა განადგურება და აღმოფხვრა სცადეს, რათა საკუთარ პოლიტიკაში შესწორებებიც კი არ შეეტანათ. ამ უმძიმესი ვითარების განსამუხტავად აუცილებელია ეკონომიკურ სიძნელეთა დაძლევა და ოპოზიციური ბლოკებისათვის თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემა, რა თქმა უნდა, მისაღები პოლიტიკური კანონების ფარგლებში. თურქეთი ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც რელიგიური დაჯგუფებები პოლიტიკურ სისტემაში მიიღო და ჩართო. სამწუხაროდ, მმართველი ელიტების უუნარობა, მათი პოლიტიკური სისტემის საფუძვლები საკანონმდებოლო ორგანოებში მეტი მონაწილეების ჩართვით განევრცოთ, სოციალურ ძალებს უკანონო, ზოგჯერ კი სამხედრო ოპოზიციის ჩამოყალიბების გარდა სხვა ალტერნატივას აღარ უტოვებს. ერთობლივი მთავრობის განვითარება არაბულ სახელმწიფოებში არ მოხერხდა. პირიქით, 1980-იან წლებში დემოკრატიისაკენ გადადგმულ მცირე ნაბიჯებს (განსაკუთრებით აღსანიშნავია ეგვიპტე, იორდანია და ალჟირი), 1990-იან წლებში სწრაფი უკუსვლა მოჰყვა. პოლიტიკური რეპრესიები რეგიონის თითქმის ყველა ნაწილში გახშირდა, რაც საზოგადოებას აიძულებდა თავშესაფარი რელიგიურ დაჯგუფებებში ეძებნა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტალისტურნი იყვნენ.

აშშ მეტად აღშფოთდა, როდესაც სამხედრო ისლამი მის კარსაც მიადგა. მან უარი განაცხადა ისლამიზმთან მორიგებასა და შეგუებაზე. იგი აგრესიული პოლიტიკის საშუალებით ცდილობდა გავლენა შეენარჩუნებინა ისეთ ისლამურ რესპუბლიკებზე, როგორიც არის ირანი და სუდანი, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელთ, სირიასა და ლიბიასთან ერთად, ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. საეჭვოა, რომ ამგვარი მიდგომით სასურველი შედეგების მიღწევა იყოს შესაძლებელი, რამდენადაც იგი ფუნდამენტალიზმის საფრთხეს ზედაპირულად მოიაზრებს.

ამჟამად ისლამური სამყარო ტრანსფორმაციის პროცესშია. მუსლიმებმა ისლამურ აღორძინებას მიმართეს, რათა საკუთარი ხალხისათვის ამ ტრანსფორმაციის იდეოლოგია განესაზღვრათ. მათ ამაყად მიიღეს ისლამი, როგორც მათი მოძრაობის იდეოლოგია და ამ არჩევანის ხმამაღლა გამოხატვას არ მორიდებიან. ამ შეუქცევად პროცესთან ნებისმიერი დაპირისპირება აშშ-ისა და მუსლიმურ სამყაროს შორის კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. სანამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, ისლამური აღორძინების ფენომენის უგულებელყოფას განაგრძობენ, ვითარება უფრო და უფრო გამძაფრდება. აუცილებელია იმის დანახვა და აღიარება, რომ ამ აღორძინების კულტურული და ეკონომიკური ასპექტები უფრო მკვეთრად გამოხატულია, ვიდრე ისლამის სამხედრო ფორმა.

ისლამურ დაჯგუფებათა უმრავლესობა აქცენტს მშვიდობიან სოციოეტალურ ტრანსფორმაციაზე აკეთებს და საზოგადოებაზე ორიენტირებულ უამრავ საქმიანობაში ერთვება. ეს საქმიანობა ისლამური კრედოს მხარდაჭერაში, ძვირადღირებული კერძო სკოლების დაარსებასა და მართვაში და ბიზნესპროექტების წარმოებაში გამოიხატება, რაც შარიათთან შესაბამისობაში მოდის. თავად ფუნდამენტალისტურ დაჯგუფებებსაც შეგნებული აქვთ სოციალური პროგრამების მნიშვნელობა ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისლამური საფრთხის საბაბით, დასავლეთის ქვეყნებმა არ დაუშვან სახელმწიფო რეპრესიები ახლო აღმოსავლეთში, რადგან დასავლეთი თავად არის პასუხისმგებელი ისლამის გასამხედროების ფაქტზე. შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთის რეჟიმები სამხედრო ისლამს კვლავაც უბრალოდ უსაფრთხოების საკითხად განიხილავენ, რომელიც შიდასახელმწიფო პოლიტიკისაგან იზოლირებულია.

___________________

1. მიმდინარეობა, რომელიც არაბულ კულტურასა და პოლიტიკაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დომინირებდა

2. R. Hrair Dekmejian, Fundamentalism in the Arab World, 2nd ed (New York: Syracuse University Press, 1995).

3. Ibid.

8 ,,მაჰმადიანი მესხების“ დილემა ქართული სახელმწიფოს მშენებლობისას

▲back to top


კონფლიქტები

ივანე ნადაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთის სამმართველოს უფროსი

,,ქართველებმა ჩვენი კულტურა მიითვისეს და მათ აუცილებლად მოვთხოვთ საკადრის პასუხს ამის გამო, როდესაც დედა-სამშობლოში დავბრუნდებით და ახისყას რესპუბლიკას აღვადგენთ1

შესავალი

XXI საუკუნეში, რომელშიც გასულ საუკუნეებთან შედარებით აშკარად დომინირებს ინფორმაციული ჰეგემონიის ელემენტები, საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ საყოველთაოდ გაჟღერებული საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის თანახმად ე.წ. ,,საუკუნის პროექტებად“ შერაცხული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ტრანსკასპიური გაზსადენისა და ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, შესაძლებელია ქვეყანა თვალსაჩინო მომავალში გადაიქცეს კვაზისახელმწიფოებრივი ფორმაციიდან ევრაზიის - კონტინენტური მასშტაბის უმსხვილეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ დერეფნად. რაც თავის მხრივ სავსებით პროგნოზირებად წინააღმდეგობაში მოდის ,,ველიკოდერჟავული“ რუსეთის ინტერესებთან.

მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ბატალიებით დაუძლურებულ რუსეთს დღეისათვის არ შესწევს უნარი შეაფერხოს ზემოთ წარმოდგენილი გლობალური პროექტების რეალიზაცია პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. მას არ გააჩნია საკმარისი ადმინისტრაციული რესურსი, რათა წინ აღუდგეს უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციების (BP, Shell, Chevron და სხვა) მიერ ბაქო-სუფსის ტერმინალის მშენებლობაში, საუკუნის მილსადენის რეალიზაციისა და შაჰდენიზის რესურსების ათვისებასთან დაკავშირებულ პროექტებში დაბანდებულ საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციებს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩრდილოეთ-მეზობელი აშკარად არ არის დაინტერესებული ადრეული ნავთობის დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობაში. რაც შეიძლება აიხსნას მარტივი ეკონომიკური გათვლებით, ვინაიდან რუსეთის უმსხვილესი კორპორაცია ,,ლუკოილი“-ს მონაწილეობა აზერბაიჯანულ პროექტებში წელიწადში მხოლოდ 12 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს მოუტანს მას. მარტივად, რომ ითქვას რუსეთისათვის აღნიშნული პროექტები არ არის რენტაბელური. სამაგიეროდ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, თეთრი სახლის ადმინისტრაცია და საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობა ამყარებენ მათზე დიდ იმედებს.

ამდენად, გეოპოლიტიკური დივერსიისა და ზემოხსენებული პროექტების რეალიზაციის პროცესის სერიოზული სტაგნაციის ერთადერთ საშუალებად არც ისე მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან უნდა მივიჩნიოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეულწილად დაკონსერვებული ეთნო-კონფესიური ან მსგავსი ხასიათის სხვა რეგიონული მასშტაბის პოლიტიკური კონფლიქტების ესკალაცია. ყოველივე ეს კი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეულმა რევანშისტულმა ძალებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ახალი და ძველი (ისტორიული) დაპირისპირების რეანიმაცია.

* * *

ერთი შეხედვით, სამცხე-ჯავახეთი თითქოს არ მდებარეობს უშუალოდ ,,საუკუნის პროექტების“ გზაზე, მაგრამ თუნდაც ამ პროექტების განხორციელების არეალის მახლობლად აღმოცენებული შეიარაღებული დაპირისპირება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს, როგორც ხსენებული ნავთობპროექტების იმპლემენტაციის შესაძლებლობას, ისე ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მესამე სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტის გახსნას, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია ჩილდირ-აქთაშის (კარწახის) სახელწოდებით. ამასთანავე, შეაფერხებს ტრანს-აზია-ევროპის მაგისტრალის (TAE) შემადგენელი ნაწილის, ფოთი-რიზეს წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემის რეალიზაციას. გარდა ამისა, ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის შიგნით არაპროგნოზირებადი პროცესების განვითარებას.

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ მეზობელ ქვეყნებზე - რუსეთის, თურქეთის, ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების ჩათვლით. სწორედ ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უმთავრესწილად ფოკუსირებულ უნდა იქნას საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნატოსა და ზოგადად ევრო-ატლანტიკური გეოპოლიტიკური სივრცისათვის უსაფრთხო და სტაბილური ზურგის ფორმირებაზე.

1999 წელს სტამბოლში ჩატარებული ეუთო-ს ისტორიული სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ახალქალაქში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის გაუქმებას, და ჯავახეთის ადგილობრივი სომხური წარმომავლობის მოსახლეობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მიმდინარე დაძაბული დიალოგის მეტნაკლებად კონსტრუქციულ ფორმატში მოქცევას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ,,მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა“ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს სამცხე-ჯავახეთში არსებული პრობლემებისადმი, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკური ხასიათის თავსატეხს.

საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების დღის წესრიგში საკმაოდ აქტუალურად დგას აღნიშნული საკითხი, რომელიც თავის მხრივ მჭიდროდ უკავშირდება 1944 წლის ნოემბერში დეპორტირებული მესხების რეპატრიაციას.

უკანასკნელ პერიოდში უცხოურ პრესაში საკმაოდ გახშირდა პუბლიკაციები ე.წ. ჯავახეთის პრობლემისა და მესხეთიდან 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის გადმოსახლების შესახებ. ამ თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებენ რუსეთის ფედერაცია და თურქეთი. ზემოხსენებულ ქვეყნებში გამომავალი მეცნიერული თუ ანალიტიკური ხასიათის ბეჭდვითი პრესის ორგანოები, უმთავრესწილად ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ბეჭდავენ გადასახლებული მესხების, ლაზებისა და აჭარლების ისტორიული წარმომავლობის ამსახველ მასალებს, რომლებიც თავის მხრივ აშკარა წინააღმდეგობაში მოდიან კაციობრიობის ისტორიოგრაფიაში დღემდე აღიარებულ ობიექტურ ჭეშმარიტებასთან.

იმავე მესხების ეთნოგენეზის პროცესთან დაკავშირებული პირველი ცნობები ჯერ კიდევ საბჭოთა პრესის ფურცლებზე გამოჩნდა 1989 წელს, როდესაც უზბეკეთში მდებარე ფერღანის ველზე ე.წ. ,,სპეცგადასახლებულებსა“ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ეთნო-კონფესიურ ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტის გამო დატრიალდა საშინელი ტრაგედია.

ვინც 1989 წლის გაზაფხულზე თვალს ადევნებდა სსრკ-ის სახალხო დელეგატთა ყრილობას, ემახსოვრება რაფიკ ნიშანოვის ხატოვანი გამონათქვამი ,,ფერღანის ბაზრის მარწყვის“ შესახებ, რომელმაც პრაქტიკულად შეასრულა დეპორტირებული მესხების დარბევის ძირითადი კატალიზატორის როლი. იმ პერიოდში კომუნისტური ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ იქნა ზემოხსენებული ტრაგედიის რამოდენიმე ვერსია, მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურად განიხილებოდა ცენტრის მიერ მომზადებული პროვოკაციის საკითხი, რომელიც მიზნად ისახავდა სახალხო დელეგატთა ყრილობის დეზორგანიზებას. მეორე არანაკლებ რეალისტური თეორიის თანახმად, ფერღანის მოვლენების ესკალაცია პროვოცირებულ იქნა იმ პირების მიერ, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ უზბეკეთის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე. აღნიშნული მოვლენების შედეგად პოლიტიკურ ასპარეზიდან ჩამოშორებულ იქნა შოვკათ იულდაშევი, ხოლო მისი ადგილი უზბეკეთის უმაღლესი ხელისუფლების იურარქიაში დაიკავა უზბეკეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა.

უზბეკეთში დატრიალებული ეთნიკური წმენდის შედეგად 1944 წელს ერთხელ უკვე რეპრესირებულ მოსახლეობას - მესხებს, რასაკვირველია მოუწიათ საცხოვრებელი ადგილების დატოვება და უმთავრესწილად აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, კრასნოდარის მხარესა და რუსეთის სხვა რეგიონებში გადასახლება. დღეისათვის, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, ახალციხელი მესხების დიდი ნაწილი განსახლებულია პოსტსაბჭოური სივრცის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აზერბაიჯანში 100-110 ათასი ადამიანი, 65-70 ათასამდე რუსეთის ფედერაციაში (უმთავრესწილად კრასნოდარის მხარეში), 180-230 ათასი ყირგიზეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკებში, 10-15 ათასი ადამიანი უკრაინაში და 25 ათასამდე თურქეთის რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ შიდაპოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გამო, უარს აცხადებდნენ უზბეკეთის რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ესოდენ შთამბეჭდავი კონტიგენტის მიღებაზე. სწორედ ამიტომ დაუპატიჟებელ სტუმრებს ადგილობრივი სპეცსამსახურების წაქეზებითა და მეცადინეობით მიუთითეს ,,ისტორიული სამშობლოსაკენ“ უპრეცედენტო ,,წვლილი“ ამ თვალსაზრისით მიუძღვის საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს.

დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხმა ამ დროიდან მოყოლებული, მეტად აქტუალური დატვირთვა შეიძინა ჩვენი ქვეყნისათვის. რუსეთის რევანშისტული ძალების წაქეზებით დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მიმდინარე ეროვნული მოძრაობის ჩახშობას. ამგვარად, იქცნენ ახალციხელი მესხები ,,ბოროტების იმპერიის“ დამსჯელი ორგანოს, სუკ-ის უმთავრეს კოზირად, რომელიც თავის მხრივ საკმაოდ წარმატებულად ამოქმედდა თავდაპირველად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანში, შემდგომში კი საქართველოს წინააღმდეგ.

განსაკუთრებული რეზონანსითა და ანგაჟირებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთისა და პოტენციური რეპატრიანების თემატიკის დამუშავება საქართველოში 1999 წლიდან, როდესაც ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო უახლოესი 10 წლის განმავლობაში პრაქტიკულად განუხორციელებელი ისტორიული ვალდებულება 1944 წლის ნოემბრის რეპრესიების დროს სამცხე-ჯავახეთიდან (იგულ.: ახალციხე, ნინოწმინდა, ასპინძა, ადიგენი) დეპორტირებული მოსახლეობის 12 წელიწადში ეტაპობრივი გადმოსახლება-რეპატრიაციის შესახებ.

აღნიშნული ვალდებულება საწყის ეტაპზე ითვალისწინებდა 2001 წლის აპრილამდე რეპატრიანტთა ეტაპირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ნიადაგის მომზადებას საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ამ დროიდან მოყოლებული ,,მესხებისა“ და ,,ჯავახეთის“ პრობლემატიკა დროდადრო დგება უმაღლეს სახელმწიფო დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ოფიციალური შეხვედრების დროს, თანაც, მისი რეანიმირება საოცარ თანხვედრაში მოდის რეგიონის -მეზობელი ქვეყნების მიერ წარმოებული პოლიტიკური კურსის პრიორიტეტებთან.

დღეისათვის, ხსენებულ საკითხის ირგვლივ საკმაოდ სერიოზულად მუშაობენ საქართველოში: 1. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტი; 2. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია; 3. კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებათა სტრატეგიის საერთაშორისო ცენტრი; 4. ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია; 5. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი; 6. ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტები.

დეპორტირებული მესხების გადმოსახლებისა და ე.წ. ,,ისტორიულ სამშობლოში“ კომპაქტურად განსახლების საკითხი არ შეიძლება არ აწუხებდეს სამცხე-ჯავახეთის სომხური წარმომავლობის მოსახლეობასაც, ვინაიდან რეგიონში მოქმედი მილიტარიზებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ,,ჯავახკისა“2 და ,,ფარვანცის“3 წარმომადგენელთა განცხადებით - ,,სავსებით მოსალოდნელია, რომ თვალსაჩინო მომავალში გამოჩნდეს ახალი თალაათ-ფაშა, რომელიც ერთმორწმუნეთა დაცვის მიზნით, მოუწოდებს მაჰმადიან მესხებს ამოწყვიტონ ადგილობრივი სომხური მოსახლეობა“

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დე-ცენტრალიზაციისა და ჩვენი ქვეყნის მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, სუვერენული საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ დაიკავა საკმაოდ კატეგორიული პოზიცია ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და თეორიულ დონეზეც კი არ უშვებდა აზრს 1944 წელს დეპორტირებული მესხების შესაძლებელი გადმოსახლების შესახებ ე.წ. ,,ისტორიულ სამშობლოში“ 1990 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის მხარდამჭერთა მიერ გაჩაღებულ იქნა საკმაოდ ფართომასშტაბიანი კამპანია აღნიშნული მიმართულებით, რომლის თანახმადაც, უკანასკნელნი მოუწოდებდნენ ქართული და სომხური წარმომავლობის მოსახლეობას საყოველთაო კონსოლიდაციისაკენ, რათა თავიდან აეცილებინათ ,,საქართველოს წინააღმდეგ კრემლში დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია“ ამ მიზნით, ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მოახერხეს მრავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანება ერთიან ფრონტში.

ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, აცილებული იქნა თავიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შესაძლებელი ეთნო-კონფესიური კონფლიქტის ესკალაცია ადგილობრივ სომხებსა და პოტენციურ რეპატრიანტებს შორის, რამაც თავის მხრივ დადებითი ზეგავლენა იქონია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობათა დინამიკაზე რეგიონთან, გარდა ამისა, მყარი ფუნდამენტი ჩაეყარა პოსტსაბჭოურ სივრცეში წარმოქმნილი ორი დამოუკიდებელი ქვეყნის (ამ შემთხვევაში იგულისხმება საქართველო და სომხეთი) კეთილმეზობლობასა და მჭიდრო თანამშრომლობას.

მიუხედავად ამისა, დღეისათვის საქართველოში არსებობს მრავალი მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გ. შარაძემ თავის დროზე განაცხადა, რომ არ შეიძლება თვალის დახუჭვა მოსალოდნელ ეროვნულ კატასტროფაზე, რომელიც შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის თავის დროზე ხელმოწერილმა შეთანხმებამ, რომელიც უმთავრესწილად ითვალისწინებს დეპორტირებული მესხების გადმოსახლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელებას, და ე.წ. მაჰმადიანი მესხების (სავარაუდოდ 300.000 კაცი) ყოფილ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას. გ. შარაძის განმარტებით, ზემოხსენებულ ეთნიკურ ელემენტებს დღეისათვის არსებული მდგომარეობის თანახმად, არაფერი აღარ აკავშირებთ საქართველოსთან და საკუთრივ ქართველ მოსახლეობასთან, ვინაიდან მრავალწლიანი სეგრეგაცია-ასიმილირებისა და გარდასახვის პოლიტიკის შედეგად, მათ დაკარგეს, როგორც თავისი ისტორიული აღმსარებლობა, ისე წარმომავლობის ამსახველი და დამახასიათებელი მთელი რიგი ელემენტები. ,,თუ მაინც, დემოკრატიული ევროპის წინაშე აღებული ვალდებულების შესაბამისად, განხორციელდება ზემოთ წარმოდგენილი რეპატრიაციის პროცესი, მაშინ ე.წ. თურქი-მესხები თვალსაჩინო მომავალში გამოაცხადებენ ,,ყარსის რესპუბლიკასა“, რომელიც თავის მხრივ იქნება თურქეთის რესპუბლიკის არაოფიციალურ იურისდიქციისა და კონტროლის ქვეშ“ 

არაოფიციალური წყაროების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან წარმოებული მოლაპარაკების დროს საქართველოს პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ ცალსახად აღიარა დეპორტირებული მესხების გადმოსახლების აუცილებლობა საქართველოს სამხრეთ რაიონებში, მაგრამ ითხოვა გარკვეული დრო საზოგადოებრივი აზრის სათანადო დონეზე მომზადებისათვის. მცირე ხნით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა ს. დემირელმა მისცა პირობა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეპატრიაციის შემთხვევაში თურქული კომპანიები ააშენებდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სამხრეთ კავკასიაში განსახლებული მესხებისათის 5.000-მდე საცხოვრებელ სახლს.

ზოგიერთი ქართველი ორიენტალისტისა და ანალიტიკოსის მოსაზრებით, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტი, სპეცსამსახურები, კერძო სექტორის წარმომადგენელი ფირმები და ფინანსური ორგანიზაციები ეწევიან ინტენსიურ მუშაობას ქართველი პოლიტიკოსებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობიერების დეგრადირების მიზნით, რაც მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერაში.

* * *

ზემოწარმოდგენილი ფაქტების გათვალისწინებით აშკარაა, რომ ვიდრე 1999 წელს ევროპის ეგზომ გავლენიანი ინსტიტუტის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, დაიწყება სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მესხების ფართომასშტაბიანი რეპატრიაცია, აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოში ფართო საზოგადოებრიობისათვის გამჭირვალე კონფერენციის მოწვევა - რუსეთის, ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ქვეყნების (უპირველესად უზბეკეთი, ყაზახეთი), აზერბაიჯანის, საკუთრივ თურქეთისა და ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისაგან დაკომპლექტებული პირების მონაწილეობით, რათა არსებული ისტორიული წყაროების თანახმად, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ იქნას ობიექტური ჭეშმარიტება ზემოხსენებული ეთნოსის წარმომავლობის შესახებ.

ამასთანავე, აუცილებლობას წარმოადგენს აღნიშნული რეგიონის სომხური წარმომავლობის მოსახლეობასთან გადმოსახლების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ დაუყოვნებლივი კონსულტაციების დაწყება, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და მოქალაქეობრივი უფლებების იგნორირება საფუძველს ჩაუყრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საყოველთაო განუკითხაობას დაწყებას.

(გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში)

__________________

1. ,,მესხეთელი თურქები რუსთაველსაც გვეცილებიან”, შ. ნარაკიძე, ჟურნალი ,,იმიჯი”, აპრილი 2003 წ.;

2. ჯავახკი გახლავთ ჯავახეთის სომხური დასახელება. ვ. გურევსკი ,,ჯავახეთის საკითხი”, კავკასიის რეგიონალური გამოკვლევები, ტომი III, ნომერი I, 1997 წ.;

3. ფარვანცი არის ჯავახეთში მდებარე ,,ფარავნის ტბის” სომხური სახელწოდება. ვ. გურევსკი ,,ჯავახეთის საკითხი”, კავკასიის რეგიონალური გამოკვლევები, ტომი III, ნომერი I, 1997 წ.;