![]() |
თავისუფლება № 12 (24), დეკემბერი, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ადეიშვილი ზურაბ, აბაშიძე ლევან, დატო ლო ენცო, ლამპედუზა ტომას დე ჯუზეპე , პაპუაშვილი ნუგზარ |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო ყველა უფლება დაცულია WWW.LIBERTY.GE თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 ,,კორმლენიე” საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბ ადეიშვილი
რაც უფრო კორუმპირებულია სახელმწიფო, მით უფრო მრავალრიცხოვანია კანონები.
კორნელიუს ტაციტუსი
შანსი იმისა, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყანა გამხდარიყო, მაშინ დავკარგეთ, როდესაც 1995 წელს კონსტიტუციის მიღებისა და უკანონო სამხედრო დაჯგუფებების ალაგმვის შემდეგ, საქართველომ ვერ შეინარჩუნა ამ პოლიტიკური პროცესების თანმდევი სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
დღეს საქართველო ღრმა ეკონომიკურ სტაგნაციაში იმყოფება, სადაც მოსახლეობა თვეობით და ზოგჯერ წლობით ელოდება გაუცემელ ხელფასებსა და პენსიებს, სადაც კატასტროფულად მწირი ბიუჯეტის პირობებში სახელმწიფოს არ ჰყოფნის რესურსები, დააფინანსოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროები. ყოველივე ეს კი განაპირობა სახელმწიფოში კორუფციის მასშტაბების ზრდამ. ამ სიტუაციის შენარჩუნების პირობებში, თითქმის არ არსებობს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა.
კორუფციამ იმდენად დიდი მასშტაბები მიიღო, რომ შეიძლება თამამად ითქვას, ის უკვე იქცა ქართული პოლიტიკური და მმართველობითი სისტემის საფუძვლად, თანაც იმდენად, რომ ჩნდება ეჭვი, შეინარჩუნებს თუ არა არსებული სახელმწიფო მანქანა თავის სიცოცხლისუნარიანობას კორუფციის არარსებობის შემთხვევაში. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ სახელმწიფოში არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ადეკვატურად არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყველასათვის ცნობილია, რომ ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საშუალოდ 400-600 ლარი ჯდება, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ ფარავს ამ ხარჯის მეათედსაც კი. პრაქტიკაში ამ ხარჯებს ფარავენ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები. თავად თანამშრომელთა ხელფასი, თავის მხრივ, იმდენად მიზერულია, რომ აღნიშნული თანხით არათუ გამოძიების დაფინანსება, არამედ ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაც კი შეუძლებელია. ყველასათვის კარგად ცნობილია, თუ საიდან იღებენ შესაბამისი სახელმწიფო მოხელეები ამ თანხებს. საზოგადოება და ხელისუფლება შეგუებულია იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მოხელემ ერთ საქმეში აიღოს ქრთამი, ოღონდ მისი ნაწილი მოახმაროს თავისი სახელმწიფოებრიფი ფუნქციების შესრულებას.
სახელმწიფოს საქმიანობის ეს პრინციპი სათავეს იღებს მონღოლურ სახელმწიფოში, მოგვიანებით ის მოსკოვის რუსეთშიც გავრცელდა ე.წ. ,,კორმლენიეს” სახელით. ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებს ხელფასი კი არ ენიშნებათ, არამედ ეძლევათ განსაზღვრულ ტერიტორიაზე გარკვეული სახელმწიფო უფლებამოსილებების განხორციელების უფლება. თავის მხრივ, პირი იღებს ვალდებულებას, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი სახელმწიფოს სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებას მოახმაროს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის მმართველ სისტემას(უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით) საფუძვლად კორუფცია ედო. ,,ვარდების რევოლუციის” დროს ხალხი მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად სწორედ ქვეყანაში ფესვგადგმულ ამ მავნე სენს აპროტესტებდა. ანუ წინა ხელისუფლებას შეუძლია ,,თამამად განაცხადოს”, რომ ხალხის მიერ მისი გაძევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახელმწიფო აპარატში ჩამოყალიბებული მასშტაბური ხასიათის აღებ-მიცემობა იყო. სწორედ ამ წყობამ მიიყვანა ხელისუფლება სრულ კოლაფსამდე.
დღეს მთელი სახელმწიფო მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ სახელმწიფო მოხელისათვის არარაციონალურია იყოს არაკორუმპირებული. მიუხედავად კორუფციის მასშტაბებისა, წინა ხელისუფლებას უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე თითქმის არც ერთი ჩინოვნიკი არ მიუცია პასუხისგებაში. სახელმწიფო მოხელეები, როგორც წესი, ძალზე მცირე ხნით ინიშნებოდნენ საპასუხისმგებლო ,,შემოსავლიან” თანამდებობებზე. ყოფილი თანამდებობის პირების სოციალური დაცვის მექანიზმი იმდენად მოშლილია, რომ საერთოდ ყოველგვარი აზრი ეკარგება პატიოსანი მუშაკის იმიჯის შექმნას, კარიერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, თანამდებობის პირთა უმეტესობა ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს თანამდებობით მინიჭებული უპირატესობები საკუთარი საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, რადგან უამრავი მაგალითი არსებობს, თუ როგორ ტოვებდნენ თანამდებობას ადამიანები, რომელთაც პატიოსნება არ დაუფასდათ. ფაქტობრივად, სახელმწიფო არაფერს სთავაზობს მოხელეს იმისათვის, რომ იყოს პატიოსანი, პირიქით ყველა პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ თანამდებობა ბოროტად გამოიყენონ. კორუმპირებულობა სახელმწიფო მოხელეს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ძლიერად იგრძნოს თავი სახელმწიფო სისტემაში, ჰქონდეს მეტი ფინანსური შესაძლებლობები სახელმწიფოს სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად და ამით პირნათლად იგრძნოს თავი საკუთარი უფროსების წინაშე. ყველაფერი ეს კი ნიშნავს იმას, რომ კორუმპირებულობა აძლევს სახელმწიფო მოხელეს შესაძლებლობას, უფრო დიდხანს შეინარჩუნოს საკუთარი თანამდებობა.
მეორეს მხრივ, ჩვენი კანონმდებლობა არ შეიცავს რეალურ სამართლებრივ ალტერნატივას უბრალო მოქალაქისათვის, რათა ეს უკანასკნელი იძულებული არ გახდეს, მოისყიდოს სახელმწიფო მოხელე. უბრალო მოქალაქეს უმეტეს შემთხვევაში არ რჩება პრობლემის გადაწყვეტის სხვა რაიმე გზა, ქრთამის მიცემის გარდა.
თუ მოქალაქეს სჭირდება პასპორტი 10 დღის შემდეგ უცხოეთში დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის მისაღებად, დღევანდელი საკანონმდებლო ბაზის პირობებში, ერთადერთი რეალური გზა არის დაახლოებით 100 აშშ დოლარის ექვივალენტის ქრთამის გადახდა. ძალზე ძნელია ამ დროს მოქალაქე აიძულო, დაიცვას მორალური კატეგორიები. მიუხედავად მრავალი კონსტიტუციური თუ საკანონმდებლო გარანტიისა, ქვეყანაში არ არსებობს სივრცე თავისუფალი მეწარმეობისათვის. რეალურად, წარმატებული ბიზნესის წარმოება საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ სახელისუფლებო წარმომადგენელთათვის და იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ კარგი კავშირები მთავრობასთან. საწარმო, რომელიც პატიოსნად იხდის ყველა გადასახადს, ძალზე ძნელად თუ იქნება კონკურენტუნარიანი იმ სიტუაციაში, როდესაც მისი კონკურენტები თითქმის არავითარ გადასახადს არ იხდიან და აქედან გამომდინარე, თავის საქონელს ან მომსახურებას გაცილებით ნაკლებ ფასში სთავაზობენ მყიდველს. ამას ემატება ის გარემოება, რომ თითოეული კანონმორჩილი საწარმო ვალდებულია, იქონიოს უამრავი დასახელების და სახის ლიცენზიები, ნებართვები, სერთიფიკატები, რომელთა მისაღებად არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული პროცედურა და მოთხოვნები, და ითმინოს სხვადასხვა ზედამხედველი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან ყოველდღიური კონტროლი. ამ სიტუაციაში ძალზე ძნელი წარმოსადგენია თავისუფალი ბიზნესის არსებობა და ბიზნესმენიც იძულებული ხდება, თავისი საქმის გადასარჩენად ეძებოს თანამდებობა, ,,კრიშა” ან იხადოს თითქმის დაკანონებული ,,გადასახადები” ჩინოვნიკების კერძო ჯიბეში.
ანტიკორუფციული კანონმდებლობის შემუშავებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა 2001 წელს იუსტიციის იმჟამინდელმა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი ინიციატივით შემუშავდა კანონპროექტი ,,თანამდებობის პირთა უკნონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ.” იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა ნდობა კორუფციასთან საბრძოლველად მოწოდებული სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო მანკიერებასთან ბრძოლის ახალი სისტემის ჩამოყალიბება. რა ძირითდ პრინციპებს ეყრდნობოდა ეს კანონპროექტი?
1) ნებისმიერ მოქალაქეს ენიჭებოდა უფლებამოსილება, სასამართლოში შეეტანა სარჩელი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირთა მიმართ და მოეთხოვა მათი ქონების კანონიერების შემოწმება;
2) ქონების კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, ანუ თანამდებობის პირს;
3) ჩვეულებრივი სასამართლოს ნაცვლად, ამ ტიპის დავებს განიხილავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც შედგებოდა რიგითი მოქალაქეებისაგან;
4) თუ თანამდებობის პირი ვერ შეძლებდა მისი ქონების წარმომავლობის კანონიერების დამტკიცებას, ამ ქონებას მას ჩამოართმევდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
როგორც ვხედავთ, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებდა ეფექტურ და რეალისტურ სქემას, თუ როგორ უნდა დაბრუნებოდა სახელმწიფოს ჩინოვნიკის მიერ კორუფციული გზით საზოგადოებისთვის მოპარული ქონება. სწორედ ამ რეალისტური სქემისა და ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არსებობის გამო, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი დაბლოკეს, რაც ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
საქართველოში დემოკრატიული რეჟიმის დამკვიდრების ყველაზე დიდი დაბრკოლებაა კანონის წინაშე არათანასწორობა და ჩინოვნიკების პრივილეგირებული მდგომარეობა, რაც მათ, რეალურად, აძლევს შესაძლებლობას, დაარღვიონ კანონი და ამის გამო არ დაისაჯონ. სამთავრობო ნომრების მქონე ავტომობილების მიერ ქუჩაში ყველას თვალწინ ავტოსაგზაო წესების დაუსჯელი დარღვევა ამის ყველაზე კარგი, თუმცა ყველაზე უწყინარი მაგალითი იყო. ამასთან ამ ფაქტების გვერდით ასევე ყველას თვალწინ სერიოზული პრობლემები ექმნებათ ,,უჩინო” მძღოლებს, რომლებსაც საგზაო მოძრაობის არავითარი წესი არ დაურღვევიათ. მართალია, ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, პრივილეგირებული ნომრები გაუქმდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შეცვლილა თავად პოლიციელთა დამოკიდებულება არარიგითი, ანუ თანამდებობის პირი მძღოლების მიმართ. ფაქტიურად, თანამდებობა საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დაკავების ერთადერთი აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ამიტომაც ყველა მიისწრაფვის სახელმწიფო თანამდებობისაკენ და ყველა უკანასკნელ გაბრძოლებამდე წევს წინააღმდეგობას თანამდებობის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ გამოსავალი არსებობს. და ვიდრე გამოსავალზე ვისაუბრებდეთ, ალბათ, პასუხი უნდა გავცეთ შეკითხვას - რა საკანონმდებლო აქტები შეადგენენ საქართველოში ანტიკორუფციულ სამართლებრივ ბაზას?
ძირითადად ეს არის სისხლის სამართლის კოდექსისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები, ასევე საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არ არსებობს რაიმე გამოკვეთილი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მიმართული იქნება კორუფციის წინააღმდეგ. მეორეს მხრივ კი, ნებისმიერი კანონი, რომელიც ეხება საჯარო მოხელეებს, წარმოადგენს კორუფციის პოტენციურ წყაროს. ამიტომაც ანტიკორუფციული ბრძოლა უნდა დაიწყოს ამგვარი კანონების შეცვლიდან. უნდა შემცირდეს საჯარო მოხელეთა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, ანუ თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებით საკითხთა ფართო წრის გადაწყვეტის უფლებამოსილება.
პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტული ფუნქციები, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის, მოახდინოს ამ ფუნქციათა მაქსიმალური დაფინანსება, ხოლო მთელი რიგი სხვა ფუნქციების განხორციელებაზე უარი თქვას. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ბევრ ფუნქციას სახელმწიფო არაეფექტურად ასრულებს, განსაკუთრებით სამეწარმეო ზედამხედველობის სფეროში. ყველასათვის ნათელია, რომ გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოში, რომელსაც ძალზე სუსტი ინსტიტუციონალური ბაზა გააჩნია, ნებისმიერი ახალი ფუნქცია კორუფციის ახალ შესაძლებლობას ნიშნავს და ნებისმიერი ახალი უფლებამოსილება შეიცავს მისი ბოროტად გამოყენების საფრთხეს. ამიტომაც უმჯობესია, სახელმწიფომ უარი თქვას იმ ფუნქციებზე, რომლებიც არაეფექტურად ხორციელდება, ვიდრე გამოკვებოს კორუმპირებული ბიუროკრატია, რომელიც უკვე ფინანსურად და შესაბამისად, პოლიტიკურად მომძლავრებულია და შესაძლოა, დემოკრატიული რეჟიმის ყველაზე დიდ საფრთხედ გადაიქცეს. უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ კორუფციის აღკვეთას ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომლებიც მნიშვნელოვან სახელმწიფო ფუნქციებს ახორციელებენ და სადაც ყველაზე მეტია კორუფციის შესაძლებლობა. აქ საუბარია საბაჟო, საგადასახადო და სამართალდამცავი სისტემების რეფორმირებაზე. საბაჟო და საგადასახადო ორგანოთა რეფორმა უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების თანასწორად გავრცელებას ყველა სამეწარმეო სუბიექტზე და კონტრაბანდული ტვირთების აღკვეთას. ამ ღონისძიებათა შედეგად, უნდა დაფინანსდეს რეფორმები სამართალდამცავ ორგანოებში, რათა სამართალდარღვევისათვის სასჯელი გარდაუვალი იყოს.
სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასი და სოციალური გარანტიები უნდა იყოს მაღალი, რათა თანამშრომელს ჰქონდეს დასაკარგავი და მეორე მხრივ, ყველა დარღვევას მოჰყვეს უკომპრომისო რეაგირება. ამასთან უნდა არსებობდეს თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობის დატოვების ობიექტური კრიტერიუმები და გამჭვირვალე პროცედურა, რათა ამა თუ იმ ჩინოვნიკის კარიერა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის პირად შეხედულებაზე არ იყოს დამოკიდებული.
უნდა გაუქმდეს ყოვლად დაუსაბუთებელი და მკაცრი ინტერესთა კონფლიქტის წესები სახელმწიფო სამსახურში. დღესდღეობით არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ აქვს უფლება, სახელმწიფო სამსახურის გარეთ ჰქონდეს სხვა სამსახური ან შემოსავალი. იმ პირობებში, როდესაც საშუალო ხელფასი შეადგენს 40 ლარს, ხოლო საარსებო მინიმუმი ას ლარზე მეტს, სახელმწიფო მოხელეს ორი ალტერნატივა აქვს: ან შიმშილით მოკვდეს ან დაარღვიოს კანონი. რა თქმა უნდა, ყველა ჩინოვნიკი არჩევანს მეორე ალტერნატივის სასარგებლოდ აკეთებს. ეს კი არა მარტო იმით არის ცუდი, რომ მოხელე ეჩვევა კანონის დარღვევას, არამედ იმითაც, რომ იგი უკვე კონტროლირდება ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ და ვერასოდეს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ზემდგომის უკანონო ქმედებებს.
სახელმწიფო ორგანოებში კორუფციის აღკვეთის კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმია სახელმწიფო შესყიდვების ისეთი მექანიზმის ამუშავება, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის გამართვას ობიექტური კრიტერიუმების მეშვეობით და კორუფციის შესაძლებლობებს გამორიცხვას. სახელმწიფო ორგანოებს არ უნდა ჰქონდეთ ფართო უფლებამოსილება, თავისი შეხედულებით დაადგინონ შესყიდვის კრიტერიუმები და წესი, ეს კრიტერიუმები თვით კანონში უნდა იყოს ზუსტად მითითებული.
კორუფციასთან ბრძოლის და ეკონომიკის განვითარების მიზნით უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება დამოუკიდებელ, კომპეტენტურ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემასაც. სახელმწიფომ უნდა შექმნას ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი მოქალაქეებისათვის, რათა საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად მათ სამართლებრივი საშუალებების გამოყენება შეძლონ. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ სასამართლოში ან შესაბამისს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოსთან წარმოქმნილი პრობლემა სწრაფად და მიუკერძოებლად მოგვარდება. ყველა ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მოქალაქის სამართლებრივ მდგომარეობას აუარესებს, არ უნდა შევიდეს ძალაში მანამ, ვიდრე სასამართლოს მეშვეობით საბოლოოდ არ დადგინდება ამ აქტის კანონიერება. ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების ამოქმედება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც აწესრიგებს საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმს, არის საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი. ამ კანონმა თავის დროზე მეტად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ თვალსაზრისით, რომ დაამკვიდრა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი დეკლარაციის შევსების სისტემა. დეკლარაცია ივსება თანამდებობაზე დანიშვნისას და ასევე ყოველი წლის ბოლოს. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების მთავარი მიზანი არის შემდეგი:
1) საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, თუ რა ქონებით მიდის თანამდებობაზე ესა თუ ის პირი;
2) საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში რამდენად შეიცვალა აღნიშნული პირის ქონებრივი მდგომარეობა.
ამგვარი დემოკრატიული და ანტიკორუფციული ნოვაციის მიუხედავად, კანონმა ვერ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, რადგან ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსებისას, თანამდებობის პირს არ მოეთხოვება, დოკუმენტურად დაასაბუთოს მის საკუთრებაში არსებული ქონების კანონიერება. სწორედ ამიტომ, საშური საქმეა, რომ კანონში ამ მიმართულებით შევიდეს ცვლილება და ამით თანამდებობის პირებს ერთგვარად ,,გაურთულდეთ ცხოვრება”.
კორუფციისგან დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის საჯაროობა. სახელმწიფოში არ უნდა მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა წინაპირობები და პროცედურები ცნობილი არ იქნება საზოგადოებისთვის. სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს. საზოგადოებას რეალურად უნდა მიუწვდებოდეს ხელი სახელმწიფო ორგანოებში დაცულ ყველა ინფორმაციაზე, რათა ინფორმირებულმა საზოგადოებამ შეძლოს ხელისუფლების გაკონტროლება. კორუფციის გამორიცხვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ყველასათვის ღიაა.
![]() |
2 რელიგიური კანონმდებლობის პერსპექტივები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ლევან აბაშიძე
1. რელიგიურ-სოციოლოგიური მონაცემები
სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული 2002 წლის აღწერის მონაცემებით, კითხვაზე ,,რომელ სარწმუნოებას ეკუთვნით”, 99%25-ზე მეტმა დაასახელა ესა თუ ის სარწმუნოება და მხოლოდ 0,6%25-მა აღიარა, რომ არცერთს არ ეკუთვნის.
რასაკვირველია, ეს მონაცემები ასახავს მოსახლეობის რელიგიურ კუთვნილებას უპირატესად კულტურული და ეთნიკური ნიშნით და არა რეალურად არსებულ რელიგიურობას. კრიტერიუმად რომ აგვეღო რეგულარულად ღვთისმსახურებაზე დასწრება (თუნდაც თვეში ერთხელ), მორწმუნეთა რიცხვი ბევრად ნაკლები იქნებოდა.
აღწერა არ ჩატარდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, თუმცა, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეცვლიდა მოსახლეობის რელიგიური კუთვნილების პროცენტულ მაჩვენებლებს.
აღწერის შედეგები ასე გამოიყურება:
გამოკითხვისას არ ხდებოდა დაზუსტება, თუ მუსულმანობის რომელ მიმდინარეობას ეკუთვნის რესპოდენტი, ამიტომ როგორც შიიტური, ისევე სუნიტური მუსულმანობის მიმდევრების რაოდენობა ერთად დაჯამდა.
კონფესიური და ეთნიკური საზღვრები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეთნიკურ ქართველთა ნაწილი ისლამს, ხოლო ნაწილი კათოლიკური ქრისტიანობის მიმდევარია. მეორეს მხრივ, მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნებიან როგორც ქართველები, ასევე რუსები, ბერძნები, ოსები, და აფხაზთა ნაწილი.1
2. რელიგიური კანონმდებლობის წყაროები
2. 1. კონსტიტუცია და საერთაშორისო კონვენციები.
რელიგიური კანონმდებლობის უმთავრესი წყარო საქართველოს კონსტიტუციაა.
ადამიანის რელიგიური უფლებები და თავისუფლებები განსაზღვრულია კონსტიტუციის შემდეგ მუხლებში:
მუხლი 7: სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაესს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
მუხლი 14: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მე-9 მუხლში სახელმწიფო აღიარებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას...
გარდა ამისა, მე-9 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ურთიერთობას მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.
საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (მათ შორის, რწმენის თავისუფლების) დაცვას:
1993 წელს - გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს;
1999 წელს - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
ეს უკანასკნელი გულისხმობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობას, მათ შორის სარწმუნოებრივი უფლებების და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში.
2. 2. სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადია:
- ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მუხლი 142).
- რელიგიური წესის აღსრულების ხელის შეშლა (მუხლი 155).
- დევნა რწმენის, ან რელიგიური მოღვაწეობის გამო (მუხლი 156).
- რელიგიური გაერთიანების შექმნისა და საქმიანობისთვის ხელის შეშლა (მუხლი 166).
- ისეთი რელიგიური ორგანიზაციის შექმნა, ანდა ხელმძღვანელობა, რომლის საქმიანობასაც თან ახლავს ძალადობა ადამიანის მიმართ (მუხლი 252).
სასჯელი ყველა ამ დარღვევისთვის იდენტურია: ჯარიმა, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
2. 3. სპეციალური კანონის შესახებ
სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებდა ურთიერთობას სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არ არის მიღებული, თუმცა იყო რამდენიმე პროექტი, რომლებიც საპარლამენტო მოსმენამდე უკაუგდეს. პარლამენტის წევრთა და პოლიტიკოსთა ნაწილი მომხრეა რელიგიური უმცირესობების უფლებების გარკვეული შეკვეცისა, რასაც ტრადიციული სარწმუნოების (მართლმადიდებელი ეკლესიის) მხარდა- ჭერად მიიჩნევენ. მათი შეხედულებით, კანონს სწორედ ასეთი შემზღუდველი ფუნქციები უნდა ჰქონდეს. ზოგიერთ ვარიანტში ვხვდებით საქართველოსათვის ტრადიციული და არატრადიციული რელიგიების მკვეთრ გამიჯვნას და ამ უკანასკნელთა უფლებების მკვეთრ შეზღუდვას.
მიუხედავად ამგვარი მისწრაფებებისა, კანონი თანხმობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო კონვენციებთან. კომპრომისული ვარიანტის გამონახვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ წინააღმდეგობების გამო პარლამენტი წლობის მანძილზე რეალურად თავს არიდებს კანონის მიღებას. ადამიანის უფლებათა დამცველებს და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის უმჯობესია, არ მოხდეს კანონის მიღება, ვინაიდან დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მისწრაფებების გათვალისწინებით (იმის მიუხედავად, გულწრფელია ეს მისწრაფება თუ პოპულიზმით ნაკარნახევი), კანონის მიღება დისკრიმინაციული იქნება რელიგიურ უმცირესობათა მიმართ და მათ მდგომარეობას დაამძიმებს. ამიტომ უმჯობესია, რელიგიური კანონმდებლობის სფეროში შემოვიფარგლოთ კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთაც უშუალო სამართლებრივი მოქმედების ძალა აქვთ და კარგ საფუძველს იძლევიან ადამიანის სარწმუნოებრივი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
სამწუხაროდ, რეალური მდგომარეობა არ შეესაბამება საკანონმდებლო ბაზას და კონსტიტუციისა და კონვენციების შესაბამისი პუნქტები უხეშად ირღვევა,რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ამგვარ დარღვევებს ხშირად ამართლებენ იმით, რომ ქვეყანას არა აქვს კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, რაც სრულიად უმართებულო არგუმენტია, ვინაიდან როგორც აღვნიშნეთ, კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებს არათუ უშუალო მოქმედების ძალა აქვთ, არამედ ნებისმიერ კანონთან წინააღმდეგობაში მოსვლის შემთხვევაში, უპირატესი ძალა ენიჭებათ.
2.4. ურთიერთობა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. კონსტიტუციური ხელშეკრულება.
კონსტიტუციის მიხედვით:
,,სახელმწიფო აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ამასთან ერთად აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.“
საქართველოს ისტორიაში ქართული მართლმადიდებლური (ტრადიციულად ითქმის საქართველოს მართლმადიდებელი) ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება წმინდა დეკლარაციული ხასიათისაა და სამართლებრივ შედეგებს არ ითვალისწინებს. მსგავსი განცხადებები პრეამბულისთვის არის დამახასიათებელი.
90-იან წლებში გაჩნდა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის განსაკუთრებული შეთანხმების იდეა. ეს იდეა აშკარად ინსპირირებულია კონკორდატით, - ხელშეკრულებით, რომელიც წმიდა საყდარმა (ვატიკანმა) დადო სხვადასხვა სახელმწიფოსთან.
კონკორდატი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის იდება. აქედან ერთი არის წმიდა საყდარი, სახელმწიფო, რომელსაც სათავეში უდგას რომის ეპისკოპოსი (პაპი). ამ ხელშეკრულების საგანია სახელმწიფოს ურთიერთობა კათოლიკურ ეკლესიასთან, უპირველეს ყოვლისა კათოლიკურ ეკლესიასთან (კათოლიკეებთან) იმ ქვეყანაში, რომელთანაც იდება ხელშეკრულება.
საქართველოს შემთხვევაში ამგვარი კონკორდატის დადება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეუძლებელი იყო. არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც წმიდა საყდარი წარმოადგენს რომის კათოლიკურ ეკლესიას.
შესაძლებელი იყო ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინებით (იტალია, ესპანეთი), შემუშავებულიყო შეთანხმება სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოში არსებულ ეკლესიას შორის. ამგვარ შეთანხმებას (პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ) კანონის ძალა ენიჭება. ამ ტიპის ხელშეკრულება არ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, და იგი ყველა იმ რელიგიურ ორგანიზაციასთან ფორმდება, რომელიც სურვილს გამოთქვამს და რომელთანაც მოხერხდება შესაბამისი შეთანხმების მომზადება.
ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ვინაიდან შეთანხმების ავტორებს სურდათ სრულიად გამორჩეული, საერთაშორისო ხელშეკრულების (კონკორდატის) რანგის შეთანხმების დადება, რომელიც მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაიდებოდა. შედეგად შეიქმნა ე. წ. კონსტიტუციური შეთანხმების პროექტი, რომელიც წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ორი ვარიანტის შეჯვარებას. ერთის მხრივ, ის წარმოადგენს შეთანხმებას სახელმწიფოსა და ამავე სახელმწიფოში არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შორის. მეორეს მხრივ კი, ის ატარებს საერთაშორისო ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს: მას ხელს აწერს ქვეყნის პრეზიდენტი, კანონთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, მას უპირატესი ძალა ენიჭება და სხვ.
ეს უცნაური შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, სამწუხაროდ, ბევრ გაურკვევლობებს შეიცავდა, რაც აღნიშნულია ევროსაბჭოს ექპერტების მოხსენებაში2. საბოლოო ვარიანტში ზოგიერთი შენიშვნა გათვალისწინებულია, მაგრამ გაურკვევლობები მაინც რჩება. ისეთი სამართლებრივი ნოვაციის განსახორციელებლად, როგორსაც კონსტიტუციური შეთანხმება წარმოადგენს, ბევრად უფრო საფუძვლიანი მომზადება იყო საჭირო.
კონსტიტუციური შეთანხმება უნდა განვიხილოთ კონსტიტუციის ცვლილების პაკეტთან ერთად, რომელმაც გზა გაუხსნა კონსტიტუციურ შეთანხმებას. კონსტიტუციის ეს ცვლილებები 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა მიიღო 2001 წლის მარტში:
საქართველოს კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „კონსტიტუციას”, შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსტიტუციურ შეთანხმებას”.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.”
3. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი”.
4. 73-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან“.
5. 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „კონსტიტუციასთან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსტიტუციური შეთანხმების“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.
როგორც ამ ცვლილებებიდან ჩანს, კონსტიტუციური შეთანხმება სრულიად გამორჩეულ სამართლებრივ სტატუსს იძენს და საქმე გვაქვს კონსტიტუციის სერიოზულ ცვლილებებთან.
მაგალითად, კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ცვლილების შემდეგ ამგვარად იკითხება:
,,საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.“
ანუ თუ რომელიმე საერთაშორისო შეთანხმება, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ შეთანხმებას, მაშინ პირველის იურიდიული ძალა, მე-6 მუხლის მიხედვით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ამგვარად, კონსტიტუციურ შეთანხმებას, იურიდიული ძალით არათუ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ ენიჭება უპირატესობა, არამედ თვით საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების მიმართაც. იურიდიული ძალით კონსტიტუციური შეთანხმება მხოლოდ კონსტიტუციას ჩამოუვარდება. კონსტიტუციის 89-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
,,იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების... შესაბამისობის საკითხებზე.“
სამწუხაროდ, არც კონსტიტუციურ ცვლილებებს და არც თვით კონსტიტუციური შეთანხმების რატიფიკაციას წინ არ უსწრებდა სერიოზული სამართლებრივი შეფასებები და საპარლამენტო დებატები. ცვლილებები ერთხმად მიიღეს, ხოლო კონსტიტუციური შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, მიხეილ ნანეიშვილმა მისცა ხმა.
კონსტიტუციის ამ ძირეულ ცვლილებას და თვით კონსტიტუციურ შეთანხმებას სპეციალური კვლევა სჭირდება და მათ ანალიზს მომავლში მივაწვდით მკითხველს.
3. რელიგიური უფლებები და თავისუფლებები
საქართველოში რელიგიური თავისუფლებების საკითხს მრავალი პუბლიკაცია მიეძღვნა. აქ მხოლოდ მოკლედ შევაჯამებთ არსებულ პრობლემათა არსს.
საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო შეთანხმებები კარგ საფუძველს იძლევა რელიგიური უფლებების დასაცავად. პრობლემა მდგომარეობს არა კანონთა არასრულყოფილებაში (ან არარსებობაში), არამედ იმაში, რომ კანონი ხშირად არ სრულდება: რელიგიურ უმცირესობათა დარბევა, შეურაცხყოფა და მტრულ ძალად გამოცხადება, რელიგიურ საფუძველზე დისკრიმინაცია (მაგალითად, მასწავლებლების) ბოლო წლებში ჩვეულ მოვლენად იქცა. სახელმწიფო არ იცავს (ან ვერ იცავს) თავის მოქალაქეებს ამგვარი დევნისა და დისკრიმინაციისაგან. ამ მხრივ რელიგიური უფლებების დაცვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში.
არის კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც რელიგიური უმცირესობების უფლებებს არღვევს და რომელსაც სათანადო ყურადღებას არ აქცევს სამოქალაქო სექტორი. ეს არის რელიგიურ ორგანიზაციათა სამართლებრივი სტატუსი, ან უფრო სწორად, სტატუსის მოპოვების შეუძლებლობა, რომელსაც მომდევნო თავში განვიხილავთ.
4. რელიგიურ გაერთიანებათა სამართლებრივი სტატუსი
დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის მიხედვით, რელიგიური გაერთიანებებისთვის შესაძლებელია, არსებობდეს ორი ან მეტი დონის იურიდიული სტატუსი. პირველი, ეგრეთ წოდებული საბაზისო დონის სტატუსი რელიგიურ ორგანიზაციას ნორმალური არსებობის საშუალებას აძლევს, თუმცა მნიშვნელოვან პრივილეგიებს არ ითვალისწინებს. შემდგომი დონის სტატუსი კი გულისხმობს მეტ პრივილიგიებს და ამავე დროს მეტ ვალდებულებებს სახელმწიფოს მიმართ. საქართველოს შემთხვევაში საბაზისო სტატუსად შეიძლება ჩაითვალოს ,,კერძო სამართლის იურიდიული პირი”, ხოლო შემდგომი დონის სტატუსად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი”.
მაღალი დონის სტატუსის მიღების კრიტერიუმები შეიძლება სხვადასხვა იყოს და ამ კრიტერიუმებს აქ არ განვიხილავთ. მაგრამ საბაზისო დონის სტატუსის მიღება (სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციის ცნობა) მაქსიმალურად უნდა გაადვილდეს. ეს ემყარება პიროვნების თავისუფლების პრინციპს: ადამიანის უფლება, აღიაროს თავისი რელიგია ,,სხვებთან ერთად”, არ არის სახელმწიფოს მიერ გაღებული საჩუქარი. ეს უმთავრესი უფლებაა და ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ფორმალურ მოთხოვნებზე. რელიგიური ორგანიზაციის აღიარებისათვის სახელმწიფომ არ უნდა შექმნას ხელოვნური ბარიერები, როგორიცაა მორწმუნეთა რაოდენობის სიმცირე, ქვეყანაში მათი ყოფნის მცირე ხანგრძლივობა, კანონის არარსებობა და სხვ.
სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. ვერც ერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ვერ მოახერხა სახელმწიფოს მხრიდან აღიარების (სამართლებრივი სტატუსი) მოპოვება, მაშინ როდესაც ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ პარტიას შეუძლია, ეს პროცედურა ორ კვირაში გაიაროს.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაცია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (მუხლი 1509). ეს სრულიად გაუგებარი ნორმაა. იგი უარყოფს რელიგიური ორგანიზაციისთვის საბაზისო სტატუსის მიღების შესაძლებლობას. ხოლო უფრო მაღალი სტატუსის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია იმ მიზეზის (ან საბაბის) გამო, რომ პროცედურული საკითხები გარკვეული არ არის.
ეს სრულიად არანორმალური ვითარებაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს და პირველივე ეტაპზე მიეცეს რელიგიურ ორგანიზაციებს საბაზისო დონის სამართლებრივი სტატუსი.
5. დასკვნა
საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება გარდამავალ პერიოდში იმყოფება. 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის” შედეგად გაჩნდა იმედი, რომ მოხერხდება ლიბერალურ-დემოკრატიულ საფუძველზე დამყარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
უწინდელი რეჟიმის პირობებში რელიგიური თავისუფლება, სხვა უფლებებთან შედარებით, გარკვეულწილად სამწუხარო გამონაკლისს წარმოადგენდა. ყველაზე ხშირად სწორედ რელიგიურ უმცირესობებზე ხდებოდა დაუსჯელი თავდასხმები. სწორედ რელიგიურმა ერთობებმა, ერთის გამოკლებით, ვერ მიიღეს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი სტატუსი.
ამის მიზეზი შესაძლოა, იყო პოლიტიკოსთა მცდელობა, ერთგულება (ლოიალურობა) გამოეჩინათ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ხშირად ეს ერთგულება ესმოდათ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა სხვა რელიგიური გაერთიანებებისგან. ახალ პირობებში საზოგადოების, და კერძოდ, სამოქალაქო სექტორის ამოცანაა, მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ უმოკლეს პერიოდში აღმოიფხვრას დისკრიმინაცია, შევიწროება და დევნა რელიგიური მოტივით; მიეცეს საშუალება ყველა რელიგიურ გაერთიანებას, გაიაროს რეგისტრაცია და გახდეს იურიდიული პირი.
თუ საზოგადოებას სურს, რომ საქართველო რეალურად ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, საჭიროა, რეალურად განხორციელდეს რელიგიური თავისუფლების და თანასწორობის პრინციპი. ამის ალტერნატივა საკმაოდ გამჭვირვალედ ჩანდა უკანასკნელ წლებში - ავტორიტარული, კორუფციულკლანური სისტემა, რომელშიც ხელისუფლება და მმართველი ფენა მაქსიმალურად იყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად. ვფიქრობ, ცხადია, რომ ეს უკანასკნელი ალტერნატივა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ისეთივე დამანგრეველი იქნებოდა, როგორც მთლიანად საზოგადოებისთვის.
________________________
1. საქართველოში არის რუსულენოვანი (საეკლესიო სლავური) ეკლესიები. მაგრამ არ არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, ვინაიდან კანონიკურად მართლმადიდებელი ეკლესია ერთია და იგი არა ეთნიკურ-ლინგვისტური, არამედ ტერიტორიალური პრინციპით იყოფა ეკლესიებად. ამიტომ ტრადიციულად მართლმადიდებელ ქვეყნებში, როგორც წესი, მართლმადიდებელი ეკლესიები ერთმანეთის ტერიტორიაზე არ აარსებენ ეპარქიებს.
2. Legal expertise of the Draft Constitutional Agreement between State of Georgia and the Apostolic, Autocephalous Orthodox Church of Georgia. Council of Europe. HRCAD (2001). ქართული თარგმანი იხ. ,,თავისუფლება” №1-2, 3, 4
![]() |
3 პალერმოს ,,კულტურული რევოლუცია” და ქალაქის ადმინისტრაციის განახლების პროექტები |
▲ზევით დაბრუნება |
ენცო ლო დატო
სიცილიის აღორძინების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
აქამდე ისტორიას ყოველი რევოლუცია მისი საწყისი ან დამაგვირგვინებელი თარიღით ჰქონდა შემონახული. თუმცა, რევოლუციური გარდატეხა ყოველთვის გარკვეული პროცესის შედეგია, იმ პროცესისა, რომელიც დროში გამოცდას უძლებს.
ამ თვალსაზრისით, კულტურული რევოლუციის საწყისად, რომელმაც სათავე დაუდო მოვლენათა შემდგომ განვითარებას და რომელსაც ,,პალერმოს აღორძინებას” უწოდებენ, მიჩნეულია ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო თარიღი - 1992 წელი.
1992 წლის ზაფხულში, მაფიის ისტორიაში ორი ყველაზე სისხლიანი მკვლელობა მოხდა: სულ რაღაც ორი თვის ინტერვალით, სიცოცხლეს გამოასალმეს მაგისტრატები ჯოვანი ფალკონე (მოკლეს მეუღლე ფრანჩესკა მორვილოსთან ერთად, რომელიც ასევე მაგისტრატი იყო) და პაოლო ბორსელინო, პოლიციის ოფიცრების ესკორტთან ერთად. ფალკონე და ბორსელინო სათავეში ედგნენ 1980-იანი წლების გახმაურებულ სასამართლო გამოძიებებს. რამოდენიმე კოლეგასთან და მამაც პოლიციის ოფიცერთან ერთად, მათ პირველად აღმოაჩინეს და იერიში მიიტანეს მაფიის მთავარ სტრუქტურაზე, რომელიც მანამდე მითოლოგიური ბურუსით იყო მოცული და უძლეველად მიიჩნეოდა.
სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად, სამართალში მისცეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე ასეულ გავლენიან მაფიოზს, მათ შორის ე.წ. ,,კომისიის” წევრებს (რომელიც წარმოადგენდა ,,კოზა ნოსტრას” ანუ ,,ჩვენი საქმის” მმართველ ორგანოს).
80-იანი წლების ბოლოსათვის, ფალკონე და ბორსელინო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ და იტალიის ფარგლებს გარეთაც გაითქვეს სახელი. ამავე დროს, ფალკონე და ბორსელინო სასურველი ცხოვრების წესის განსახიერებას წარმოადგენდნენ საკუთარი თანაქალაქელებისათვის, რომლებიც იძულებული იყვნენ შეგუებოდნენ მაფიის მიერ დადგენილ ნორმებს. სიცილიურ საზოგადოებაში დანაშაულის მხუთავი უღელი წარმოადგენდა კუნძულზე კულტურული, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს. მიუხედავად ამისა, მაგისტრატებისაგან განსხვავებით, პალერმოელები უძლურნი იყვნენ, ეპოვათ საკუთარ თავში საკმარისი მოტივაცია, სიმამაცე და გამბედაობა, ღიად ამხედრებულიყვნენ მაფიის წინააღმდეგ და გამხდარიყვნენ მაფიის ბორკილებისგან გათავისუფლებისა და განახლების პროცესის მთავარი მოქმედი პირები.
საუკუნოვანმა ისტორიამ, რომელიც წლების მანძილზე სიცილიის მმართველთა მხრიდან მუდმივი ექსპლუატაციითა და ხალხის მიმართ გულგრილობით აღინიშნებოდა, სკეპტიციზმითა და მორჩილებით გამსჭვალა კუნძულელთა სული. ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმული ამ დამოკიდებულების გააზრების კარგ შესაძლებლობას გვაძლევს სიცილიელი მწერალი, ჯუზეპე ტომას დე ლამპედუზა თავის წიგნში ,,ლეოპარდი”, სადაც ნათქვამია:
ჯუზეპე ტომას დე ლამპედუზა
,,თუ ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი ისევე დარჩეს როგორც არის, მაშინ ყველაფერი უნდა შეიცვალოს.“
ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ სიცილიაში სიტუაციის შეცვლის ყოველი მცდელობა მოჩვენებითობა იყო - ყოველი არსებითი ცვლილებების მცდელობა სრულდებოდა იმით, რომ ყველაფერი უცვლელი რჩებოდა.
საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მაფიის წარმატების მიზეზი სწორედ იმ კულტურულ მემკვიდრეობაში იყო, რომელიც საზოგადოების უნდობლობასა და მომავლის რწმენის არქონაში გამოიხატებოდა. ამგვარი დამოკიდებულება დასაბამს იღებს კუნძულის სოფლებიდან, რომელმაც ჩამოყალიბება ვიწრო საზღვრებში 1860 წელს, იტალიური სახელმწიფოს შექმისთანავე დაიწყო. მაფიამ თავიდანვე კარგად მოახერხა საკუთარი მთავარი მიზნის, სახელდობრ - არალეგალური გზით ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოპოვების, ,,ღირსების საზოგადოების” საფარქვეშ შენიღბვა. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ,,საზოგადოება” წარმოადგენდა სამართლიანი და ბრძენი ადამიანების კავშირს, რომელსაც უნდა უზრუნველეყო წესრიგი, უსაფრთხოება და სამართლიანობა, რისი გაკეთებაც არ შეეძლო დაშორებულ, ინდიფერენტულ და შესაძლოა, მტრულ სახელმწიფოს. მაფია თანდათანობით გაიზარდა და მოიცვა შემოსავლის ყველა შესაძლო წყარო - მშენებლობა, სურსათის ბაზარი, საჯარო კონტრაქტები, სიგარეტის კონტრაბანდა, ნარკოტრეფიკინგი, რისთვისაც ყველა შესაძლო ხერხს - ნეპოტიზმს1, კორუფციას, მუქარას, სასტიკ ძალადობას - მიმართავდა. ამ გზით მაფიამ მოახერხა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის უფსკრულის გაღრმავება და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების შეფერხება. სწორედ ადამიანის ცნობიერებასა და სულზე დომინირებით მიაღწია მაფიამ აბსოლუტურ კონტროლს კუნძულზე.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან, არაკანონიერი შემოსავლების სწრაფი ზრდის გზით მაფიამ შექმნა ერთგვარი მოჯადოებული წრე, საიდანაც თითქოს გამოსავალიც არ ჩანდა. მეორეს მხრივ, დამთმობი და კორუმპირებული ადგილობრივი პოლიტიკოსების მეშვეობით მაფიამ შეაღწია ადგილობრივ ძალაუფლების ყველა ცენტრში და უზრუნველყო გარიგება, მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ხელისუფლებასა და იტალიის საერთო-ეროვნულ პოლიტიკურ პარტიებთან. ამ გზით მაფიამ მოახერხა არა მარტო სიცილიის ეკონომიკურ და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ასპარეზზე დაწინაურება, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ძალაუფლების საგრძნობლად შესუსტებაც. ამან, ბუნებრივია, ხელი შეუწყო უძლეველობის იმიჯის დამკვიდრებას, რომელიც სულ უფრო მეტად უნერგავდა ადგილობრივ მკვიდრებს რწმენას იმის შესახებ, რომ მაფიის წინააღმდეგ ყოველგვარი მცდელობა უაზრობაა. აქედან გამომდინარე, რომელიმე გახმაურებული დანაშაულის კვალობაზე სახელმწიფოს მიერ მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული დიდი ოპერაციები, იმთავითვე განწირული იყო ხალხის აპათიისა და მათი მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო. ამის გამო ბევრი გახმაურებული სასამართლო პროცესი ,,არასაკმარისი სამხილის” გამო დამნაშავეთა გამამართლებელი განაჩენით სრულდებოდა. ეს, თავის მხრივ, აძლიერებდა კუნძულის მკვიდრთა ფრუსტრაციას ე.წ. ,,სიცილიის საკითხზე.” ეს საკითხი ხშირად განიხილებოდა, როგორც გადაუჭრელი პრობლემა, რომელსაც მივყავდით ერთ საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ აზრამდე, რომელიც ყოველთვის პირდაპირ არ გამოითქმებოდა, რომ იტალიისთვის უკეთესიც კი იქნებოდა, თუკი სიცილიას ბედის ანაბარა მიატოვებდა. ყოველივე ამან წარმოშვა არნახული გაუცხოება კუნძულსა და დანარჩენ ქვეყანას შორის.
ეს იყო 80-იანი წლების დასაწყისის სცენარი, როდესაც მაფიამ ძალაუფლების ზენიტს მიაღწია, უსაზღვროდ მდიდარი გახდა და ისეთი სტატუსი დაიმკვიდრა, რომ დაუსჯელად მოქმედებდა. ამ უიმედო სიტუაციაში გაჩნდა თავად მაფიის დაშლის პერსპექტივა, რასაც საკუთარ შესაძლებლობებში მეტისმეტმა თავდაჯერებულობამ, განუზომელმა სიძუნწემ და უმაგალითო სისასტიკემ დაუდო სათავე. ამ დროს, ერთ-ერთმა ახლადწარმოქმნილმა მაფიოზურმა ოჯახმა ,,კორლეონეზიმ” (სახელწოდება მშობლიური ქალაქის სახელიდან მომდინარეობს) წამოიწყო სასტიკი ბრძოლა მაფიაში ძალაუფლების მოსაპოვებლად. მათ მიმართეს გაუგონარ ძალადობას, მკვლელობებსა და ყაჩაღობებს, რაც უკვე ნამდვილად გასცდა ყოველგვარ დაუწერელ, მთავრობის მიერ დადგენილ ,,ლიმიტსაც”. 80-იანი წლების პირველ ნახევარში კორლეონოზის ოჯახმა სიცოცხლეს გამოასალმა მრავალი მაფიოზი და მათი ნათესავი, მათ შორის ბავშვები და ქალები. მათ არც ცნობილი მოსამართლეები, პოლიციელები, კარაბინერები, პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები დაინდეს იმის გამო, რომ ისინი მათ ორგანიზაციას, უფრო სწორედ მათ ბიზნესს საფრთხეს უქმნიდნენ.
პაოლო ბორსელინო
ჯოვანი ფალკონე
,,კორლეონეზის“ ოჯახმა ვერ გააცნობიერა, რომ მათმა გაუგონარმა სისასტიკემ სწრაფად გააჩინა ბზარები მაფიის მიერ წლობით ნაშენებ პატრონაჟის სისტემაში. ბუნებრივია, შემთხვევითი არ იყო, რომ ამ პერიოდში სიცილიაში თავი იჩინა უპრეცედენტო მოვლენებმა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მაფიის ორი ,,დამარცხებული” ოჯახის წარმომადგენლებმა ღიად დაგმეს ,,კორლეონეზის” ოჯახის მიერ განხორციელებული მასიური მკვლელობები. მათი თქმით, ეს იყო ,,ლაჩრებისა და ბანდიტების ჯგრო”, რომლებმაც დაარღვიეს ,,ომერტის” (სიჩუმის) ფუნდამენტური წესი, რაც მაფიის ძირითად დოქტრინას წარმოადგენდა. ამ ადამიანებმა აღიარეს თავიანთი დანაშაული მაგისტრებთან, უშუალოდ კი ფალკონესთან, რომელთაც ისინი ენდობოდნენ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში თავგანწირვისა და სიმტკიცის გამო (რაც, თავისთავად სიახლე იყო). სწორედ ამ ჩვენებებს ეყრდნობოდა ფალკონესა და ბორსელინოს ბრალდებები მაფიის წინააღმდეგ. როგორც იქნა საჯაროდ მოხერხდა მაფიის მხილება და მისი ჭეშმარიტი დანაშაულებრივი სახის წარმოჩინება: 1986-1987 წლებში გამართულმა ,,დიდმა სასამართლომ” პირველად სიცილიის ისტორიაში აჩვენა, რომ მაფია დანაშაულებრივი ორგანიზაცია იყო.
ამავე პერიოდში გაჩნდა სხვა სიგნალები სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა წრიდან. მაფიის მიერ მრავალი მამაცი და პატიოსანი ადამიანის დაუნდობლად მკვლელობამ ბიძგი მისცა მაფიის საწინააღმდეგო არაერთი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ ორგანიზაციებს სათავეში ედგნენ პედაგოგები, სასულიერო პირები და სხვა მოხალისეები, რომლებმაც, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, გარკვეული პროზელიტური საქმიანობაც კი წამოიწყეს. ამ ადამიანების თავდადება ნათლად მიანიშნებდა, რომ საზოგადოება აღარ შეეგუებოდა ძალადობას. ამავე დროს, მაგალითი, რომელიც ამ ადამიანებმა საზოგადოებას მისცეს, იყო იყო ერთგვარი ნერგი, რომელმაც მასიური ცნობიერების დონეზე, მართალია არა მყისიერად, მაგრამ მაინც გამოიღო ნაყოფი.
დიდი ხნის დუმილის შემდეგ, კათოლიკურმა ეკლესიამ გადაწყვიტა, დაერღვია დუმილი, გამოეხატა მკაფიო საზოგადოებრივი პოზიცია და ცალსახად დაეგმო მაფიის დანაშაულებები. ასევე, პალერმოს სკოლების სამმართველომ შექმნა მასწავლებლებისა და დირექტორების სპეციალური ჯგუფი (ე.წ. ,,კანონიერების ჯგუფი”), რომელმაც დაიწყო მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე მიმართული აქტივობების შემუშავება, დაგეგმვა და სტიმულირება. 80-იანი წლების ბოლოს, როცა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ სკოლებში საუბარი ჯერ კიდევ უაზრობად ითვლებოდა, ,,კანონიერების ჯგუფმა” დაიწყო მაფიის საწინააღმდეგო პირველი პროექტების შემუშავება, რომლებიც შემდგომ წლებში პალერმოს სკოლების ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივობებად გადაიქცა. თუმცა, ამ საგანმანათლებლო პროექტების ხარისხი და ეფექტურობა დიდწილად იყო დამოკიდებული ცალკეული სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების ენთუზიაზმსა და თავგანწირვაზე, განსაკუთრებით საწყისს ეტაპზე, როცა მათ სრული საზოგადოებრივი აპათიის ფონზე უხდებოდათ მოქმედება.
და ბოლოს, პოლიტიკურ სამყაროში, თვით ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაშიც კი (რომელსაც ყველაზე ხშირად სდებდნენ ბრალს ორგანიზებული დანაშაულის ინტერესების ლობირებაში) იგრძნობოდა მზარდი ზეწოლა იმათი მხრიდან, ვინც ქალაქის ახალგაზრდა დეპუტატის ლეოლუკა ორლანდოს მსგავსად, ღიად გმობდა მაფიას, პოლიტიკასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის კლიმატს. ასეთი ახალი სახეები იბრძოდნენ ძველი კორუმპირებული სისტემის სრული დემონტაჟის, პოლიტიკისა და ხელისუფლების სამოქალაქო, დემოკრატიული განახლებისთვის.
ცხადია, ეს მნიშვნელოვანი განხეთქილების ნიშანი იყო, თუმცა არასაკმარისი აუკუნოვანი მორჩილებისა და სკეპტიციზმის დასაძლევად, რომელიც ხალხს სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განზე დგომისკენ უბიძგებდა. გარდა ამისა, ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ არალეგალური და ავტორიტარული მეთოდებით განხორციელებული სასტიკი რეპრესიების შემთხვევაშიც კი (მაგალითად ფაშისტური რეჟიმის მიერ 1920-იან წლებში განხორციელებული აქტივობები) მაფიის ძირეული ამოძირკვა ვერასოდეს მოხერხდა. მაფია რეპრესიების ტალღის დასრულებამდე ქმნიდა ილუზიას, თითქოს ის საერთოდ აღარ არსებობდა და დროებით ჩრდილში დგომის შემდეგ კვლავ აჩაღებდა დანაშაულებრივ საქმიანობას.
,,ლერწამი ყოველთვის დახრილია, ვიდრე წყალდიდობა ჩაივლის,“
ამბობს სიცილიური ანდაზა, რომელიც გვასწავლის, რომ საუკეთესო მეთოდი, გაუძლო სირთულეებს, არის მოთმინება და ქედის მოხრა. ამ კულტურში აღზრდილ ხალხს, რასაკვირველია, გაუჭირდებოდა ერწმუნა მაფიის გასამართლების შესაძლებლობა. მართალია, სამოქალაქო ღირებულებების თემაზე სკოლის მოსწავლეებს არა ერთი კონკურსი ჩაუტარდათ, ხოლო 1985 წელს პალერმოს მერმა, ორლანდომ მუნიციპალური საბჭოს განახლების ანტიმაფიური შინაარსის ექსპერიმენტი განახორციელა, მაგრამ საკმარისი იყო კი ეს იმისათვის, რომ ,,კოზა ნოსტრასთან” ბრძოლა გამართლებულად მიეჩნიათ? თავად ფალკონეს, გულით და სულით პალერმოელ კაცს, შესანიშნავად ესმოდა ყოველივე. იმ ფაქტის კომენტირებისას, რომელიც მაფიის წინააღმდეგ პირველ სერიოზულ სასამართლო პროცესზე მოსარჩლედ მუნიციპალიტეტის გამოსვლას შეეხებოდა, ნაკლებად პესიმისტმა ბორსელინომ, თქვა:
,,ხალხი ჩვენ მხარს გვიჭერს.“
რაზეც ფალკონემ უპასუხა:
,,ჩემი აზრით, ხალხი ფანჯარასთან დგას და ელოდება, თუ ვინ მოიგებს ხარების ბრძოლას.“
და მართლაც, ხალხმა რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა ასეთი მომლოდინეს პოზა, ვიდრე არა ერთი ხმაურიანი პროცესის შემდეგ, ფალკონე და ბორსელინო არ წააწყდნენ წინააღმდეგობათა იმ ჯაჭვს, რომელიც მათი საქმიანობის გაგრძელებას საფრთხეს უქმნიდა, ორლანდოს ,,პალერმოს გაზაფხული” (ასე უწოდებდნენ მის მიერ განხორციელებულ ადმინისტრაციის რეფორმას) კი ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერებმა ფაქტიურად ჩაშალეს. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ძველი პოლიტიკური სისტემის პირობებში განახლების პროცესი განწირული იყო მარცხისათვის. ორლანდომ ჩამოაყალიბა ახალი, რეფორმისტული იდეების საჯაროდ მქადაგებელი პოლიტიკური მოძრაობა ,,ლა რეტე” (ქსელი), რომელმაც 1991 წლის სიცილიის ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებში შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფარული ხმის მიცემისას მოქალაქეთა უმრავლესობამ ახალ მოძრაობას გამოუცხადა ნდობა, მომლოდინეს პოზიცია ბევრს არ შეუცვლია და მაფიის საწინააღმდეგო მოძრაობაში გაწევრიანებით საკუთარი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ დაუყენებია.
ხარების ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ხარი დაჭრილი იყო, მაგრამ ადამიანების წარმოსახვაში ის საკმაო ძალას ინარჩუნებდა. მის საბოლოო გამოჯამრთელებისთვის ალბათ ბევრიც არ იყო საჭირო. რა ღირდა თუნდაც ის, რომ იტალიის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ერთ-ერთი ხმაურიანი პროცესის განსასჯელ მაფიოზს. ასეთი პრაქტიკა წარსულშიც საკმაოდ ხშირი იყო, უმაღლესი სასამართლო ძალზედ მკაცრი კრიტერიუმებით უდგებოდა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებებს. მაფიის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოების გადაწყვეტილებები,მართებულად თუ უმართებულოდ, ამკვიდრებდა აზრს, რომ სასამართლო კანონზე მეტად მაფიას სცემდა პატივს. თუ ეს კიდევ განმეორდებოდა, არსებობდა საშიშროება, ხალხი საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილიყო და კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო გამონათქვამის სისწორეში, რომ
,,ყველაფერი შეიცვლება ისე, რომ ზუსტად იგივე შენარჩუნდეს, რაც ადრე იყო“
თუმცა, 1992 წლის 31 იანვარს, იტალიის საკასაციო სასამართლომ ხელახლა განიხილა ეს საქმე და ძალაში დატოვა პალერმოს სასამართლოს განაჩენი: ყველა დიდ მაფიოზს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, გასაჩივრების უფლების გარეშე. დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა. ამ პრეცედენტმა საზოგადოების თვალში ფალკონეს პრესტიჟი განუზომლად აამაღლა. მისმა ადრეულმა გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა პალერმო და დაეკავებინა იუსტიციის სამინისტროს სასჯელების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა, დიდი კრიტიკა და შეშფოთება გამოიწვია, რადგან ეს ნაბიჯი ბევრმა გაქცევად აღიქვა. თუმცა, ფალკონე ამჟამადაც მართალი აღმოჩნდა. ახალი თანამდებობა მისთვის იყო ქმედითი სამთავრობო ბერკეტი მაფიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა ფალკონეს, სათავეში ჩადგომოდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ამ მომენტიდან მოვლენები უკვე ძალიან დიდი სისწრაფით განვითარდა. 1992 წელს მილანელმა გამომძიებლებმა გახსნეს საქმე, რომელიც საჯარო სექტორში კორუფციას ეხებოდა. ეს იყო დასაწყისი ოპერაციისა ,,სუფთა ხელები”, რომლის დროსაც მილანის მაგისტრატებმა გამოაშკარავეს კორუფციის ღრმად ფესვგადგმული და კომპლექსური ქსელი, რომელშიც თითქმის ყველა იტალიური პარტია მონაწილეობდა. ეს ოპერაცია იყო ძველი პოლიტიკური პარტიების სისტემის დასამარების დასაწყისი.
სულ მალე, 12 მარტს, პალერმოში მოკლეს სალვო ლიმა, ევროპარლამენტისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი სიცილიიდან. ხანგრძლივი დროის მანძილზე საზოგადოებრივი აზრი, მათ შორის ლეოლუკა ორლანდოც, სწორედ ლიმას მიიჩნევდა რომში მაფიასა და პოლიტიკურ ძალებს შორის მთავარ მოკავშირედ. პალერმოში ეს მკვლელობა აღიქვეს, როგორც მაფიის შურისძიება ადამიანზე, რომელმაც წლების მანძილზე მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ დაიცვა მაფიის ინტერესები საკასაციო სასამართლოში. 5 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, პარტიებმა, რომელთაც მძიმე კორუფციულ დანაშაულებში ედებოდათ ბრალი, პირველ რიგში კი ქრისტიანდემოკრატიულმა პარტიამ, სერიოზული მარცხი იწვნიეს. ამავე დროს, დიდი წარმატება მოიპოვა ორლანდოს მიერ სულ ერთი წლის წინ შექმნილმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ,,ლა რეტემ”, რომლის პროგრამა დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლას უფუძნებოდა. მოძრაობამ, რომელიც ძირითადად მოხალისეებისგან შედგებოდა, ქვედა პალატაში - 12, ხოლო სენატში 6 ადგილი მოიპოვა. ამდენი წლის შემდეგ ბოლოსდაბოლოს მთელ ქვეყანაში განახლების სიომ დაჰბერა.
დაახლოებით ორი თვის შემდეგ, 1992 წლის 23 მაისს პალერმო პუნტას გზაზე დადებულმა 500 კილოგრამიანმა ბომბმა ჯოვანი ფალკონე, მისი მეუღლე და თანხმლები სამი პოლიციის ესკორტი იმსხვერპლა.
მწერალმა ალექსანდრე შტილმა მის წიგნში ,,ბრწყინვალე გვამები” აღნიშნა, რომ იტალიელებმა ფალკონეს მკვლელობა ისე აღიქვეს, თითქოს ,,ესროლეს სახელმწიფოს მეთაურს.” მთელი ქვეყანა მწუხარებამ მოიცვა, ცხადია იყო რიტორიკაც, ფალკონეს მკვლელობამ პალერმოში ისეთი ზემოქმედება მოახდინა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. პალერმოელებისთვის ფალკონე არ იყო მხოლოდ გონიერი, ძლიერი და ნოვატორი მაგისტრატი, რომელიც ყველას უნდა დაეფასებინა. ყველაფერთან ერთად ის იყო ადამიანი, რომელიც შეძლებდა მათთვის კანონიერებისა და სამართლიანობის გრძნობის დაბრუნებას. ხალხისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ეს მამაცი კაცი პალერმოელი გახლდათ.
ფალკონესა და მის თანაქალაქელებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ეს ასპექტი არასოდეს გაანალიზებულა სიღრმისეულად, არც ვინმეს მიუღია როდესმე სერიოზულად მხედველობაში. ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ ქალაქს შოკი მოგვარა. აქამდე მომლოდინე პოზიციის მქონე ხალხმა ერთბაშად დატოვა სახლები და ქალაქს მოეფინა. დღე და ღამის განმავლობაში ხალხი ათასგვარ აქციას აწყობდა, ეს იყო: მარში ქუჩებში, ცოცხალი ჯაჭვი, ღამის გათენება დამჯდომარე აქციები, აივნებსა და კედლებზე მაფიის საწინააღმდეგო პლაკატებისა და ბანერების გამოკიდება. ხალხი გლოვობდა არა მარტო გამოჩენილი თანაქალაქელის გარდაცვალებას, არამედ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა, რომ სწორედ მათი უმოქმედობის შედეგი იყო მაგისტრატის სიკვდილი. ინდიფერენტულობის დასაგმობად, წარსულისგან გასამიჯნად, დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანების სურვილით შეკავშირებული ყველა სოციალური წარმომავლობის, პროფესიის, ასაკის უამრავი ადამიანი გამოვიდა პალერმოს ქუჩებში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ დღეებში სიცილიაში ნამდვილი სინდისის რევოლუცია მოხდა. ქალაქი მოიცვა ახალმა სამოქალაქო მოძრაობამ და იდეამ, რომ პალერმოელ ხალხს შეეძლო განსხვავებული მომავლის აშენება. წლების წინ, 1982 წელს იმ ადგილას, სადაც მაფიამ ტყვიით დაცხრილა პალერმოს პრეფექტი გენერალი კარლო ალბერტო დელა კიეზა და მისი ახალგაზრდა მეუღლე, უცნობმა გააკეთა წარწერა:
,,აქ კვდება ღირსეული პალერმოელების იმედი.“
ფალკონეს სიკვდილის შემდეგ კი უცნობმა სრულიად განსხვავებული წარწერა გააკეთა:
,,დღეს იწყება განთიადი, რომელიც მაუწყებელია იმისა, რომ ჩვენ არ ვიხილავთ მზის ჩასვლას.“
გლოვის დღეებში შესაძლოა, თვით პალერმოელებმაც კი ვერ გააცნობიერეს იმ კულტურული რევოლუციის ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც მათ თავად წამოიწყეს. უეჭველია, ვერც შურისძიების გრძნობით სრულიად დაბრმავებულმა ,,კორლეონეზიმ” გააცნობიერა, რა მოხდა.
სულ მალე, 19 ივლისს პაოლო ბორსელინოს დედის სახლთან ბომბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა მეორე მაგისტრატი პაოლო ბორსელინო და ხუთი თანმხლები პოლიციელი, მათ შორის ქალი, რომელიც გასასვლელისკენ მიემართებოდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა მთელ ქალაქში გაისმა. დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც.
ბორსელინოს, რომელმაც პალერმოელთა გულებში ფალკონე ჩაანაცვლა, მკვლელობას მოჰყვა ინტენსიური დემონსტრაციები მაფიის ძალადობისა და მაფიოზური მენტალიტეტის წინააღმდეგ. დემონსტრანტები ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებას თხოვდნენ. საზოგადოების ზეწოლას კარგა ხანს ძლიერი ეფექტი ჰქონდა, რადგან ეს აქტივობა არ იყო მოტივირებული ,,ჩვეულებრივი” ტრაგიკული მოვლენით. საბოლოოდ, იტალიის მთავრობამ მიმართა მთელ რიგ ღონისძიებებს, რითაც სულ უფრო მძიმე დარტყმა მიიტანა მაფიაზე. მალე დააპატიმრეს ტოტო რიინა, ,,კორლეონეზის” ოჯახის თავკაცი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას; იმატა იმ მაფიოზების რიცხვმა, ვინც მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდა; დაიწყო არაერთი ახალი გამოძიება, ახალი სასამართლო პროცესი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითა და დემოკრატიული ნორმები დან გადაუხვევლად, სასამართლოებს გამოჰქონდათ უმკაცრესი განაჩენები. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის წინააღმდეგ რეპრესიების თვალსაზრისით, 1992 წლიდან დაიწყო პალერმოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პერიოდი. სამართალდამცავებს უკვე ეკისრებოდათ პირდაპირი პასუხისმგებლობა. თუმცა, იყო გაფრთხილებებიც:
,,მაფია სერიოზულადაა დაჭრილი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ იგი სამუდამოდ დამარცხდა. მას ყოველთვის შეუძლია უკან დაბრუნება.“
სწორედ ამ საფრთხის რეალურობის გათვალისწინებით მიმართა ,,პალერმოს აღორძინებამ” მოძრაობის ძალისხმევა მრავალმხრივი პროექტების, აქციებისა და ქმედებების ინიცირებაზე.
სამართალდამცავ სტრუქტურებს შეეძლოთ და უნდა ემოქმედათ კიდეც დაგეგმილი ან უკვე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ. მაგრამ მათ არ შეეძლოთ, გავლენა მოეხდენათ ამ დანაშაულებების განმაპირობებელ და ხელისშემწყობ ფაქტორებზე. დემოკრატიული საზოგადოების მიერ განხორციელებული ყველა სხვა პრევენციული ღონისძიება, სოციალური იქნებოდა ეს, ეკონომიკური თუ კულტურული, პოლიტიკური წრეების პასუხისმგებლობაზე იყო დამოკიდებული, რამდენადაც ისინი ხალხის ნებას წარმოადგენენ. პოლიტიკაში კი პალერმოელებმა ქალაქის ცხოვრებაში კოლექტიური მონაწილეობის გზა აირჩიეს, როცა 1993 წლის ნოემბერში, 75%25-ით (არც ერთ სხვა მერს ქვეყნის მასშტაბით ასეთი შედეგით არ გაუმარჯვია) ქალაქის მერად აირჩიეს ლეოლუკა ორლანდო. ეს იყო იტალიაში მერის პირველი პირდაპირი არჩევნები. კულტურული რევოლუციით შექმნილ გარემოში ხალხმა ნდობის მანდატით აღჭურვა პოლიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ძველი პოლიტიკური კლასის კორუმპირებულობას, დეგრადაციასა და პარალიზებას, ისევე როგორც დანაშაულებრივ მაფიასთან თანამშრომლობისა და გარიგების ყველა ფორმას.
ახალი ადმინისტრაცია ცხადლივ აცნობიერებდა, თუ რამდენად რთული და წინააღმდეგობით სავსე იყო ამ ნდობის გამართლება. იტალიის პოლიტიკურ სისტემაში მერის, ქალაქის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური საბჭოს ძალაუფლება საკმაოდ შეზღუდული იყო. მაგალითად, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენდა. არანაკლებ შეზღუდული იყო ქალაქის ადმინისტრაციის უფლებამოსილება დიდი მასშტაბის ეკონომიკური პროგრამების წამოწყებაში, რომელთა მიზანი უმუშევრობის შემცირებაა. გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, ახალმა მერმა, სახელმწიფოსთან ერთად, ქალაქის ადმინისტრაციას განუსაზღვრა ახალი მოქმედების გეგმა, რათა საფუძველი ჩაყროდა განახლების არსებით და ეფექტურ პროცესს.
ლეოლუკა ორლანდო მოსახლეობასთან შეხვედრისას
1993 წლის კამპანიის დაწყებისას, ორლანდომ პალერმოს მაცხოვრებლებს ღია წერილით მიმართა:
,,დღევანდელი პალერმო აღარ ჰგავს გუშინდელს. სულ უფრო მეტი მოქალაქე ამბობს უარს ცხოვრების ძველ წესზე, მაფიასა და ცოდვილ პოლიტიკასთან კავშირებზე. სახელმწიფომ თავისი მოვალეობა შეასრულა: მან დასაჯა მკვლელები და უღირსი ხალხი, ისინი, ვინც დამნაშავეებთან ფარულ გარიგებაში იმყოფებოდნენ. ახლა ჩვენს წინაშე გათავისუფლებისა და განახლების ამოცანა დგას: ჩვენ თვითონ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქი, დავუბრუნოთ ის ხალხსა და ისტორიას. ჩვენს წინაშეა კოლექტიური და ძალზედ ამაღელვებელი ვალდებულება. ეს არ არის მხოლოდ ერთი ცალკეული ადამიანის, მცირე ან დიდი ჯგუფის ამოცანა. ეს არის მთელი ქალაქის საქმე და ,,პალერმოს აღორძინება” წარმატებით გაართმევს თავს ხალხის პროექტის განხორციელებას.“
მთავარი ამოცანა და მიზნის მისაღწევი სამოქმედო გეგმა ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ქალაქის ახალმა ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო. უმნიშვნელოვანესი იყო კულტურული რევოლუციის შედეგად წარმოშობილი სამოქალაქო ბიძგის გამოყენება, ამ მონაპოვრის დაცვა და კიდევ უფრო გაძლიერება. ეს იყო საქმის ერთობლივი ძალისხმევით გაკეთების შესაძლებლობა. პროექტს პალერმოელებისათვის უნდა დაებრუნებინა ის, რაც მაფიამ წაართვა: სამოქალაქო ერთობისადმი კუთვნილებისა და ფასდაუდებელი ღირებულების კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გაზიარების გრძნობა; კანონიერების ატმოსფეროში ერთობლივად მოქმედების ღირებულება, როგორც ჯანსაღი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. ერთი სიტყვით, მიზანი იყო იმ საფუძვლის ამოძირკვა, რომელშიც მაფიას ჰქონდა გადგმული ფესვები: ეს იყო ის უიმედობა და პასიურობა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თავად ხალხი უშვებდა.
არსებული პრობლემა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებდა და ქალაქის ადმინისტრაციამ სხვადასხვა მეთოდს მიმართა. პირველ რიგში, საჭირო იყო თავად მუნიციპალიტეტის მიმართ მოქალაქეთა ნდობის გაზრდა, რადგანაც წარსულში მმართველობის ეს ინსტიტუტი სწორედ მაფიის მეშვეობით იყო ჩართული პოლიტიკურ კორუფციაში, რეკეტსა და უკანონო შემოსავლების მოპოვებაში. ახალმა ადმინისტრაციამ სწორედ ამ მიმართულებით გადადგა პირველი ნაბიჯები და გააგრძელა 1985-1990 წლებში ორლანდოს მიერ წამოწყებული საკადრო წმენდა. ეს ღონისძიებები შეეხებოდა ძველ პოლიტიკურმაფიოზურ აპარატს, რომელიც ჯერ კიდევ დომინირებდა სიცილიაში და რომელიც თავის დროზე დაწინაურდა ,,პალერმოს გაზაფხულის” დაბლოკვისა და შეფერხების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ 1993 წელს სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ გარემოში ახალმა ადმინისტრაციამ სწრაფი და კარგად გააზრებული მოქმედებებით მოახერხა მმართველობის ამ რგოლიდან უკანონობის ფესვგამდგარი სისტემის ამოძირკვა და სამართლიანობისა და გამჭვირვალეობის ინიციატივით გამოვიდა. პოლიტიკური პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციას ეხებოდა და რომლის განხორციელებას ორლანდო წლების განმავლობაში ითხოვდა, ასეთი სლოგანით შეჯამდა:
,,ჯერ უნდა დაანგრიო [ცუდი] და შემდეგ ააშენო [კარგი].“
ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო მოქმედება სამი ძირითადი მიმართულებით - ეს იყო სკოლები, ქალაქდაგეგმარება და კულტურა. მართალია ეს მიმართულებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ყველა მათგანი ერთ მიზანს ისახავდა: სამოქალაქო შეგნების გაზრდას, რომელიც კანონიერების პატივისცემას უკავშირდებოდა.
უდაოა, რომ გრძელვადიანი საგანმანათლებლო კამპანიებისგანხორციელებისათვის სკოლა საუკეთესო ადგილს წარმოადგენს, რადგანაც სწორედ სკოლაში ხდება მომავალი მოქალაქეების ფორმირება. თუმცა, იტალიის განათლების სისტემაში, სადაც სკოლების სასწავლო პროგრამების შედგენა მთლიანად განათლების სამინისტროს კომპეტენ კომპეტენციაა, ქალაქის ხელისუფლება კანონით იყო შეზღუდული და მას მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების და დაწყებითი სკოლების ფუნქციონირების მოგვარება ეხებოდა.
მიუხედავად ამისა, კანონმდებლობის გვერდის ავლით, უპირატესობა მიეცა კანონიერების სწავლებას. პალერმოს განათლების დეპარტამენტმა, ალექსანდრა სირაკუზას ხელმძღვანელობით, წამოიწყო არაერთი აქტივობა, რომელმაც დროის მცირე მონაკვეთში იმედისმომცემი შედეგები გამოიღო. მაგალითად, დეპარტამენტი აწყობს
1. ყოველწლიურ გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მიზანია ასწავლოს მოსწავლეებს ახალი მეთოდები, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის რესურსების მავნე შედეგების გარეშე გამოყენება.
2. მულტიკულტურულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მიზანია ქალაქში ინტეგრაციის პროცესში მყოფი ემიგრანტებთან ურთიერთგაგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების მიღწევა.
3. თანამშრომლობის დამყარება პალერმოსა და იტალიის სხვა ქალაქების სკოლებს შორის, რაც ხშირად ამ ქალაქების დაძმობილებით მთავრდება.
და როცა ასეთი პარტნიორობის ფარგლებში აქცენტი კეთდება კანონიერების სწავლებაზე, პალერმოელ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გააქარწყლონ კუნძულის მიღმა ჯერ კიდევ მყარად ფეხმოკიდებული მითი იმის შესახებ, რომ ყველა სიცილიელი მაფიოზი, მაფიის მოკავშირე ან მისი მორჩილია. ამავე დროს, ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს იმის გაცნობიერებას, რომ ორგანიზებული დანაშაული მხოლოდ სიცილიის პრობლემა კი არ არის, არამედ საერთო ეროვნული და საერთაშორისო მოვლენაა და მასთან გამკლავება შეუძლებელია მთელი ერის გაერთიანებული ძალისხმევის გარეშე.
ქალაქის განათლების დეპარტამენტმა, განათლების სამინისტროსთან ერთად,ასევე წამოიწყო ინფორმაციული სახის გამოფენების, სემინარებისა და ტრეინინგების მოწყობა ქალაქის პროექტებში ჩაბმული მასწავლებლებისთვის. სათავე დაედო სამინისტრო- თაშორის თანამშრომლობის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ისეთ ფენომენთან ბრძოლას, როგორიც ,,სქოლასტიკური განვრცობა” (ტერმინი გულისხმობს იმ სტუდენტებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო სკოლას თავს ანებებენ ან კლასში რჩებიან. ასეთი სტატისტიკა გარკვეული ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად წარმოადგენს განათლება საზოგადოების ცხოველ ინტერესს).
80-იან წლებში, პალერმოს ზოგიერთ მხარეში ,,სქოლასტიკური განვრცობა”, 40%25-ზე მაღალიც კი იყო.
ეს კი იმის ნიშანი იყო, თუ რამოდენა უფსკრული არსებობდა ქალაქის გარკვეულ წრესა და სამოქალაქო ცხოვრების კონცეფციას შორის, რომელშიც უარყოფილი იყო ყველაზე მთავარი კომპონენტი - განათლება. 1991-92 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი დაწყებით სკოლებში 3.5%25-მდე დავიდა, ხოლო არასრულ საშუალო სკოლებში - 16.8%25-მდე. 1996-97 წლებში კი შემცირება გაგრძელდა, შესაბამისად 1.9 და 13.9%25-მდე და მოსალოდნელია, ამ ტენდენციამ გამოიწვიოს სქოლასტიკური განვრცობის მაჩვენებლის ნულამდე დაყვანა.
განათლების დეპარტამენტმა ასევე მოახერხა სკოლების მშენებლობაზე კონტროლის ფუნქციის დაბრუნება, რაც წლების განმავლობაში მაფიის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. პოლიტიკური კავშირების წყალობით, მაფია ახერხებდა, რომ სკოლების მშენებლობაზე გამოყოფილი თანხები მოხმარებოდა ძვირადღირებული კერძო აპარტამენტების გადასახადს, რომელთაც სკოლებად იყენებდნენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ აპარტამენტების მფლობელები, როგორც წესი, იყვნენ მაფიოზები ან მათი ნათესავები. ამგვარი სიტუაცია არალეგალური ოპერაციების ჩატარების გარდა, იმ მხრივ იყო საგანგაშო, რომ თავის დაღს ასვამდა განათლების სისტემის ფუნქციონირებას, რაც, ცხადია, მაფიას ნაკლებ აღელვებდა. საკლასო ოთახების სიმცირის გამო, ბევრი სკოლა იძულებული იყო, შემოეღო ორცვლიანი (დილის და საღამოს) სწავლა, რაც დისკომფორტს უქმნიდა როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს. ეს კი საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახებოდა. 1992-93 წლებში 284 კლასზე ნაკლები არ სწავლობდა ღამის ცვლაში, ხოლო სკოლათა 58%25 განთავსებული იყო დაქირავებულ კერძო შენობებში (მხოლოდ 42 პროცენტი მოდიოდა ქალაქის ადმინისტრაციის თუ სხვა საჯარო ინსტიტუტების საკუთრებაში არსებულ შენობებზე). 1998-2000 წლებში კი მხოლოდ 28 ჯგუფი სწავლობდა მეორე ცვლაში; სკოლების 28 პროცენტი განთავსებული იყო კერძო შენობებში, 72 პროცენტი კი - საჯაროში. მაშინ როცა 1994 წელს ახალი სკოლა არათუ არ აშენებულა, არც კი დაგეგმილა მშენებლობა, 1995-2000 წლებში დასრულდა 33 პროექტი, რომელიც მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებს ითვალისწინებდა. სხვა პროექტები კი განხორციელების ფაზაშია. ამ პროცეს თან სდევდა იმ 40 შენობის დაყადაღება და გამოძიების ჩატარება, რომელთაც წარსულში მაფიოზები სკოლებისთვის იყენებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სფეროს მიღმა ბევრმა არ იცოდა იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც ორლანდოს ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტი ნერგავდა. როგორც ხშირად ხდება, სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა - მომავალი მოქალაქეების ფორმირება - საზოგადოების სათანადო ყურადღების გარეშე რჩება.
ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, პალერმოს განათლების დეპარტამენტმა წამოიწყო ახალი პროექტი, რომელმაც დიდი რეზონანსი ჰპოვა მთელს მსოფიოში. ევროკავშირისა და CIVITAS-ის პროგრამების ფარგლებში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა და აქტივობა განხორციელდა.
პროექტს, რომლის განხორციელება პირველად ნეაპოლში დაიწო, ეწოდებოდა ,,პალერმო აღებს კარს. სკოლა აგებს მონუმენტს”. ანალოგიური პროგრამები სხვა ქალაქებშიც განხორციელდა. საერთო ეროვნულ დონეზე პროგრამას ეწოდებოდა ,,ვანდოთ მუზეუმები და მონუმენტები სტუდენტებს” და მისი მიზანი იყო საგანმანათლებლო აქტივობების რეგიონებში განხორციელება, კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობის ფართოდ გავრცელება და მისი ეფექტური გამოყენების ხელშეწყობა, რაშიც გადამწყვეტი იყო სკოლების, როგორც ახალგაზრდა თაობის აღზრდის მთავარი ინსტურმენტის, როლი.
ქალაქმა მალევე გააცნობიერა, რომ ,,სკოლა აგებს მონუმენტს” იყო ყველაზე არსებითი გამოძახილი წლების მანძილზე მაფიის ძალადობასა და მის მცდელობაზე, წაეშალა პალერმოელთა ისტორიული მეხსიერება, ურბანული თავისებურებანი და საზოგადოების ერთიანობის გრძნობა. პირველი, ვისი ხმაც ამ გამოძახილს უნდა შეერთებოდა, ახალგაზრდობა იყო, რომელთაც ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მართავდა მაფია. ეს განწყობა ახალგაზრდების მეშვეობით გავრცელდებოდა მათ მეგობრებში, მშობლებში, ნათესავებში, ნაცნობებში და საერთოდ, მთელ ქალაქში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
_______________________
1. ნეპოტიზმი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შვილიშვილს, შთამომავალს. ნეპოტიზმი განმარტებულია, როგორც რომის პაპის მიერ შემოსავლიანი და გავლენიანი თანამდებობის დარიგება საკუთარი ნათესავებისთვის; ასევე თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა; ,,ნათლიმამობა”, ,,მამიდაშვილობა”
![]() |
4 ეპისკოპოსი გაბრიელი ,,ფარული ქურდების” შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ნუგზარ პაპუაშვილი
ათი მცნებიდან მერვე - ,,რა იპარო!” - ზნეობრივ მცნებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არა სპეციფიკურად რელიგიური, არამედ ზოგადადამიანური შინაარსი და დატვირთვა აქვთ. ეს მცნებებია: პატივი ეცი მშობლებს, კაცი არ მოკლა, არ იმრუშო, ცილი არავის დასწამო, სხვისი არაფერი შეგშურდეს (გამ. 20,12-17). ამ და სხვა მსგავსი მცნებების ერთობლიობას მორალურ კოდექსს უწოდებენ. ისინი თანაბრად ნიშანდობლივი და დამახასიათებელია როგორც ბუნებითი (ე.ი. არაგამოცხადებისეული, არარელიგიური) რჯულისათვის (კანონისათვის), ისე საღვთო (გამოცხადებისეული) რჯულისათვის. ეს ნიშნავს შემდეგს: მორალური კრიტერიუმები და, კერძოდ, მოწოდება, - არ მოიპარო! როგორც მორწმუნეთა, ისე არამორწმუნეთა, ე.ი. როგორც საკრალური, ისე პროფანული საზოგადოებების ზნეობრივსა თუ იურიდიულ ნორმებს და საფუძველს წარმოადგენს. ადამიანთა ურთიერთობას პირველ რიგში სწორედ ზნეობრივი პრინციპები არეგულირებს. ისინი ამ ურთიერთობის რეგლამენტს აწესებენ და მასას კოლექტივად, საზოგადოებად გარდაქმნიან. აღნიშნული და მსგავსი მცნებების გარეშე ორ ფეხზე მავალ არსებათა გარემოში წესრიგი ვერ დამყარდება და პროგრესსაც არ ექნება ადგილი. ადამიანი, რომელიც სამოთხეში პირველცოდვის გამო დაეცა, დაბადებითვე ცოდვისკენაა მიდრეკილი და გზადაგზა სცოდავს კიდეც, რაც ხშირად დანაშაულში (სხვისთვის ზარალისა და ზიანის მიყენებაში) გადაიზრდება. დანაშაულია ქურდობა, რომელსაც კაცთა მოდგმისცოდვით გაუკუღმართებულ სამყაროში ჩაფესვილი ქურდობისადმი მიდრეკილება წარმოშობს. ამის გამო ეს სენი და დანაშაული ყოველ დროში და ყოველ საზოგადოებაში იჩენს თავს. იგი ნებისმიერი წრის, ნებისმიერი კოლექტივის პრობლემაა. შესაბამისად, მის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი მიმართულების თეისტურსა თუ ათეისტურ საზოგადოებაში იღვწიან.
დაისმის კითხვა: აქვს თუ არა ადგილი ქურდობას მორწმუნეთა წრეშიც? ქრისტიანები და, კერძოდ, მართლმადიდებლებიც იპარავენ?
პასუხი წმ. ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძის) ქვემოწარმოდგენილ ქადაგებაშიც მოიპოვება.
ესაა საკვირაო ქადაგება (ეკლესიაში ზეპირად წარმოთქმული სიტყვა, ჰომილია), რომლის მიზანი, ქრისტიანული ჰომილეტიკის ტრადიციათა თანახმად, საღვთო წერილის კონკრეტული ადგილის განმარტება-კომენტირებაა. როგორც წესი, მოძღვრები მრევლს ღვთისმსახურებაზე ბიბლიის იმ მონაკვეთის ირგვლივ ესაუბრებოდნენ, რომელსაც განსაზღვრულ დღეს საკლესიო ტიბიკონისამებრ (განაწესისამებრ) საღვთო ლიტურგიაზე (წირვაზე) წაიკითხავდნენ. ჩანს, ლიტურგიკული წელიწადის იმ პერიოდში (ციკლში), როდესაც ქუთაისის საკათედრო ტაძარში დასახელებული სიტყვა წარმოითქვა, მღვდელმთავარი დროდადრო და პუნქტპუნქტად სამოციქულოს ტექსტს განმარტავდა. სამოციქულო არის საეკლესიოლიტურგიკული კრებული, რომელშიც წარმოდგენილია საეკლესიო საკითხავები მოციქულთა საქმეებიდან და ეპისტოლეებიდან. ეს საკითხავები კი ნებისმიერი მსახურების დროს, წირვალოცვებსა და სხვადასხვა სახის წესთა შესრულებაზე, იკითხება ეკლესიებშიც და მისი კედლების გარეთაც.
ამჯერად მღვდელმთავრ გაბრიელის ქადაგების საგანი არის ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილის ის დეტალი, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, თუ როგორი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ ქრისტიანები; რაგვარად უნდა გამოიცვალონ მათ ცხოვრების წესი და მოქალაქეობრივი პიზიცია, რათა იმაზე უკეთესები გახდნენ, ვიდრე ნათლისღებამდე იყვნენ. წერილის (ეპისტოლის) ადრესატები ბერძენი პირველქრისტიანები არიან, - ქალაქ ეფესოსა და მისი შემოგარენის მკვიდრნი, რომლებიც საჭიროებენ დიდაქტიკურ-პედაგოგიური სიტყვისა და შეგონებების მოსმენას. ამავე საჭიროების წინაშე მეტნაკლებად ყოველი ეპოქის, ყოველი ქვეყნის და ყოველი მოდგმის, გნებავთ - რჯულის, საზოგადოება დგას. ამის გამო ეკლესიის დიდი მამისა და მოციქულის დასახელებულ წერილს უაღრესად საზოგადო მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს.
წმ. გაბრიელის ქადაგება აგებულია მე-4 თავის 28-ე მუხლზე, რომელიც ახალ ქართულ (სტოკჰოლმისეულ) თარგმანში ასე იკითხება:
,,ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად.”
პიროვნების მორალური გარდაქმნა ანუ, რაც იგივეა, ზნეობრივი ფერიცვალება ურთულესი საქმეა. ეფესელი პროზელიტები (ახლადმოქცეული წარმართები), რომელთაც მოციქულმა ეპისტოლე მიუწერა, იმავე ვნებათა გავლენას ექვემდებარებოდნენ, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები, პროზელიტები თუ მეათე, მეასე თაობის ქრისტიანები, საზოგადოდ ექვემდებარებიან. მათ შორისაა მიდრეკილება ქურდობისაკენ და, მაშასადამე, ქურდობის პოტენცია. ქურდობის ვნებას, ცხადია, მართლმორწმუნე ქართველებიც განიცდიან. იმისათვის, რომ ისინი ამ ვნებას მოერიონ და მისი რეალიზაცია არ მოახდინონ, ბუნებრივია, ჟამითიუჟამო დამოძღვრა მათაც სჭირდებათ.
გაბედულად და მკაფიოდ უნდა ითქვას: შესაძლებელია, კაცს სავსებით მართალი სარწმუნოება ეპყრას ანუ მის პირად მსოფლმხედველობრივ სივრცეში დოგმატურ (თეორიულ) ცდომილებებს ადგილი არ ჰქონდეს, მაგრამ ამა თუ იმ ვნების მომძლავრებას არამც თუ განიცდიდეს, არამედ მის წინაშე მარცხდებოდეს კიდეც. ამას თუ გავითვალისწინებთ, აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ნაირგვარ დანაშაულობებს ეკლესიის წევრთა პირად ცხოვრებაშიც გზადაგზა შევხვდებით. დამნაშავე მართლმორწმუნეთა რწმენას, საღ და სრულყოფილ რწმენას ვერ დავარქმევთ, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ისინი მორწმუნეები არ არიან, რომ მათ გონებასა და წარმოდგენაში აღბეჭდილი საღვთისმეტყველო სისტემა უცილობლად მცდარია, მახინჯია. აქ გასაკვირი არაფერია. ღვთისა და მისეული შესაქმის თაობაზე ყველაზე მეტი და ყველაზე სწორად ხომ ანგელოზებმა, მათ შორის დაცემულმა ანგელოზებმა, - ეშმაკებმა, იციან?
გავიხსენოთ, რას ამბობს ათორმეტთაგანი მოციქული, როდესაც გვეუბნება და გვეკითხება:
,,შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია. კარგს შვრები. ეშმაკებსაც სწამთ იგი და კანკალებენ. შენ კი, ამაო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია?” (იაკობი 2,19-20).
ამის მიუხედავად მორწმუნები ძნელად ეგუებიან აზრს, რომ შესაძლებელია, მოქმედი დამნაშავეები, მით უმეტეს ქურდები, მათ თანამორწმუნეთა რიგებშიც აღმოჩნდნენ. ასეა დღეს და ასე იქნებოდა მაშინაც, როდესაც წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი ქვემოწარმოდგენილ სტრიქონებს წარმოთქვამდა. ამ გარემოებას უნდა აეძულებინა მღვდელმთავარი, რომელიც ცდისეული ფსიქოლოგიისა და სამოძღვრო-ზნეობრივიღვთისმეტყველების შესანიშნავი მცოდნე გახლდათ, რომ მსმენელთა ფართო წრისათვის ცნება ,,ქურდობის” მნიშვნელობა და შინაარსი პოპულარულ ენაზე განემარტა.
მღვდელმთავარი შეახსენებს მსმენელებს და, ცხადია, შეგვახსენებს ჩვენც, რომ ღვთის ყოველ სიტყვას და მცნებას პირდაპირი და ვიწრო მნიშვნელობის გარდა ,,ფართო, მაღალი, ღრმა, ვრცელი აზრი და მნიშვნელობა” აქვს. ამ პრინციპს თუ გავითვალისწინებთ, ადვილად მივალთ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ მცნება ,,არ მოიპარო!” მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საგნის (ფულისა თუ ნივთის) მალვით წაღებას და მითვისებას არ გულისხმობს. მაღალი აზრით და ფართო გაგებით ცნებები ,,ქურდობა”, ,,მპარაობა”, ,,წაწკაპნვა” სხვა პირისათვის, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციისათვის, ქვეყნისათვის ნებისმიერი ფორმით ზარალისა და ზიანის მიყენებასაც გულისხმობს. ლაპარაკია ისეთ საქციელზე ანუ ისეთი პიროვნული თვისების გამოვლენაზეც, რასაც ჩვეულებრივ ,,პირის გატეხას”, ,,პირის (პირობის) შეცვლას”, ,,გზიდან გადაგდებას” უწოდებენ. მოძღვრის კვალიფიკაციით, მპარავია ის კაციც, ,,რომელმან არ აღასრულა სიტყვა და პირობა, რომლითა იგი შეიკრა მოყვასისა თვისისა”. სიტყვა ,,შეეკრა” აქ პირობის მიცემას (ხელშეკრულების დადებას), სიტყვიერსა თუ წერილობით შეთანხმებას ნიშნავს. ასეთი შეთანხმება ერთმა სუბიექტმა შესაძლებელია ნებისმიერ მეორე სუბიექტთან დადოს, - ინდივიდთანაც, საზოგადოებასთანაც და სახელმწიფოსთანაც. ამ შემთხვევაში მოვალეობის გამრუდებისა თუ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგები, როგორც წესი, გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე პირდაპირი ქურდობის დროს. ასე რომ, ქურდია ის სახელმწიფო მოხელეც, რომელიც ,,დაუდევნელად და არა ერთგულად აღასრულებს თანამდებობასა თვისსა”; ქურდია ის ვაჭარიც, რომელიც ეშმაკობს და ცუღლუტობს; ქურდია ის თანამშრომელი და თანამდებობის პირი, რომელიც დაუმსახურებლად, უწესოდ და ურცხვად იღებს გასამრჯელოს, პრემიას, გრანტს, ჯილდოს და ა.შ. ასეთი ადამიანები, იმერეთის ეპისკოპოსის შეფასებით, მპარაობის ,,ფარულად და მზაკვარებით აღმასრულებელნი” არიან. იგი მათ ,,ფარულ ქურდებს” ეძახის. ისინი არა მარტო პირად ცოდვაში არიან ჩაძირულნი, არამედ გარემომცველ სამყაროს ეკონომიურად აძაბუნებენ და სულიერად აჭუჭყიანებენ. ცხადია, წმ. ეპისკოპოსი ,,რომლთამე მიფარილი ქურდობის” ქვეშ იმ მოვლენას გულისხმობს, რომელსაც დღეს კორუფციას ვუწოდებთ.
კორუფცია ლათინური სიტყვაა (corrumpo) და პირდაპირი აზრით წახდენას, გაფუჭებას, მოსპობას, განადგურებას, დანგრევას, დარღვევას, ცდუნებას, გარყვნას, გახრწნას, მოსყიდვას, დამახინჯებას, ფალსიფიცირებას ნიშნავს. კორუფცია არ არის მარტოოდენ პარვა და მექრთამეობა; მისი სპექტრი და მოქმედების ველი ერთობ ფართოა. ეს ცნება, ზოგადად სახელმწიფო მასშტაბის უკანონობასაც გულისხმობს და დამნაშავეთა დაუსჯელობასაც. კორუფცია კრიმინალური ცნობიერების ნაყოფია და იქ ჰპოვებს ნოყიერ ნიადაგს, სადაც კანონი არ კანონობს და საზოგადოების ზნეობრივი დონე დაბალია; სადაც საღი სარწმუნოება და ურთიერთობის კულტურა მშრალი, ცივი და უსახური მერჯულეობითაა შეცვლილი; სადაც პიროვნების ღირსებისა და პატივის ხელშეუხებლობის პრინციპი აბუჩადაა აგდებული და დაცინვის საგანია; სადაც საზოგადო და კერძო ღვთისმსახურების შინაგანი ცეცხლი მოწესეობამდე და ლიტონ რიტუალებამდე არის დამდაბლებული.
წმ. გაბრიელი სწამებს, რომ ქურდობის იმ მექანიზმს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა კორუფცია, ეკლესიაში, მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორისაც აქვს ადგგილი. მეტიც, იგი მათ საზოგადოებაშიც აქტუალური და მწვავე პრობლემაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ ესოდენი ყურადღების გამოჩენას და საკათედრო ტაძარში მის შეასხებ საგანგებო სიტყვის წარმოთქმა უადგილო და, შეაძლებელია, უტაქტოც იქნებოდა. განხილულ ქადაგებას თუკი ჩვენს დღევანდელობას მივუსადაგებთ, ასეთი სურათი წარმოგვიდგება: მართალია, კორუფცია საკაცობრიო სენია და მას ქრისტიანთა შორისაც ჩვეულებრივად აქვს ფესვები გამდგარი, მაგრამ ახალ ქართულ სინამდვილეში იგი ბევრად უფრო გაცხოველებული და გალაღებულია, ვიდრე წმ. გაბრიელის დროს, - XIX ს-ის 70-იან წლებში. არასამართლებრივ და კრიმინალურ საქმიანობას, რაზეც არა ერთი და ორი ოფიციალური თუ არაოფიციალური მონაცემი მეტყველებს, დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ფართოდ აქვს ფრთები გაშლილი. კორუფცია არა მარტო ცეხების, ყანა-ვენახებისა თუ დუქნების ქსელში არსებული დარღვევები და მიმთვისებლობაა, არამედ სხვა აღმსარებლობის ეკლესიათა შევიწროებაც. ასეთი ფაქტები ბევრია, მაგრამ გასაკვირი არაა. ეკლესიის წევრები სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და მათ ზნეობრივ შუბლზეც იგივე ლაქებია აღბეჭდილი, რაც მოსახლეობის უმრავლესობას ახასიათებს. დამაღონებელი არის ის, რომ თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის არც ამბიონებიდან და არც სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან მამხილებელი სიტყვები ნაკლებად ისმის, რაც კორუფციისათვის მწვანე შუქის ანთების ტოლფასია.
ქადაგება, რომელსაც ავტორი მოძღვრებას უწოდებს, შესულია წიგნში: ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისა, თქმულნი 1870-1884 წლებში, ტომი მეორე, გამოცემა მეორე, ქუთაისი, 1913, გვ. 367-370.
![]() |
5 მოძღვრება თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა შინა ქურდობისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა
განმარტება სამოციქულოისა (ეფეს. 4:28)
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! ერთს წარსულს კვირიაკეს ვიწყეთ ჩვენ განმარტება ერთის ფრიად საჭიროისა და სასარგებლოისა სამოციქულოისა, რომელი იპყრობს თვის შორის სწავლასა და დარიგებასა, ყოველ დღეს და ყოველ წამს სახმარსა ჩვენთვის. გავაგრძელოთ ახლა განმარტება დანარჩენთა მუხლთა.
ჩვენ გავჩერდით მაშინ ოცდამერვესა მუხლსა ზედა, რომელი არის შემდგომი:
,,მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშვრებოდენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის იგი უხმდეს.“ (ეფეს. 4:28).
იქნება ვინმემ თქვენგანმა იფიქროს, ძმანო ჩემნო, რომ ამ მუხლის განმარტება არც არის საჭირო, არც შესაფერი, რადგანაც აქ მოციქული იტყვის მპარაობასა ანუ ქურდობასა ზედა, რომელიც არის ერთი სასირცხო და სათაკილო ცოდვა და, მაშასადამე, ლაპარაკიც მას ზედა იქმნება სათაკილო და შემარცხვენელი. ეგ მართალია, ძმანო ჩემნო! პირდაპირ მპარაობასა ზედა არც საჭირო არის აქ ლაპარაკი და უადგილოც იქნება, ვინაიდგან დარწმუნებული ვარ - არც ერთსა ჩემთა მსმენელთაგანსა, აქა მდგომარეთა, ეს ლაპარაკი არ შეეხება. გარნა სიტყვა და მცნება ღვთისა ჩვენ არ უნდა გვესმოდეს მოკლედ, ვიწროდ. ყოველსა ღვთის სიტყვასა და მცნებასა აქვს ფართო, მაღალი, ღრმა და ვრცელი აზრი და მნიშვნელობა. ფართო არს მცნება შენი ფრიად უფალო! იტყვის მეფე და წინასწარმეტყველი დავით. ამისთვის ნუ გაგიკვირდება, ძმაო ჩემო, რომელ, თუმცა არცა ერთი ჩვენ, აქა მდგომარეთაგანი, არ არის, - და ღმერთმან ნუ ჰქმნას, რომ იყოს, - პირდაპირ ქვემდებარე ცოდვისა ამის, გარნა, როდესაც კარგად, ფართოდ ავხსნით რაი არს მპარაობა, მაშინ ვაი თუ ერთიცა ჩვენგანი რომელითამე სახითა არ დარჩეს უბრალო ამ ცოდვაში.
რაი არს მპარაობა ანუ ქურდობა?
მპარაობა ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გგონია, ძმაო ჩემო, როდესაც კაცი ანუ მალვით, ანუ ძალადობით, პირდაპირ წაართმევს მოყვასსა თვისსა რომელსამე ნივთსა. მპარაობა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით ან საქმით რომელიმე ზარალი ანუ დაბრკოლება მიეცი მოყვასსა შენსა; თუმცა პირდაპირ ზარალი არ მიგიცია, მაგრამ არც გიჩვენებია სიყვარული და შემწეობა.
მოვიყვანოთ რომელიმე კერძოობითნი მაგალითნი ამის ასახსნელად. ვგონებ, მპარავი იქმნება ის კაციც, რომელმან არ აღასრულა სიტყვა და პირობა, რომლითა იგი შეიკრა წინაშე მოყვასისა თვისისა, და მით ზარალი მისცა მას. გარნა რავდენგზის, რაოდენნაირად მოუხდეს თითქმის ყოველ კაცს ესრეთი შემთხვევა. უეჭველია, რომ პირობის დარღვევითა უდიდესი და უმთავრესი ზარალი ემართება კაცთა, საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ვიდრე პირდაპირ ქურდობითა. პირდაპირ ქურდობისაგან კაცი თავსდაიფარავს როგორმე, პირობის დამრღვეველისა და ცრუ კაცისაგან - ვერასოდეს. მაშასადამე, პირობის დარღვევა არა უმცირესი ცოდვა არს, ვიდრეღა მპარაობა. მაშასადამე, თუ გსურს, ძმაო ჩემო, არ იყო მოზიარე მპარაობისა, ეცადე, რომ ანუ არ მიიღო ის პირობა, რომელიც შენ არ შეგიძლია აღასრულო, და რომელიც პირობა მიიღო შენ თავზე, ეცადე, რომ კიდეც აღასრულო. უეჭველია, რომ მპარავის მსგავსი შეიქმნება ის ხელმწიფის მოსამსახურე ანუ ჩინოვნიკი, რომელიც დაუდევნელად და არა ერთგულად აღასრულებს თანამდებობასა თვისსა. ჯამაგირი და ჯილდო, რომელსაც იგი იღებს ხელმწიფისაგან, მოპარული აქვს ესრეთსა ჩინოვნიკსა. ვაჭარი, რომელი იღებს უზომო ფასს თავის საქონელში ანუ, ნაცვლად კარგის საქონლისა, აძლევს ცუდს საქონელს და ფასს სრულს იღებს, ვგონებ, პირდაპირ უნდა შეირაცხოს მპარავთა შორის. მპარავი არის შინაური მოსამსახურეც, რომელიც მიიღებს სასყიდელსა და არა ერთგულად ემსახურება უფალსა თვისსა. ერთი სიტყვით, როგორათაც უწინ ვსთქვით, ათასნაირად და ათას შემთხვევაში იქნება კაცი მოზიარე ამის ცოდვისა. ისიც უნდა დაუმატოთ, რომ, ვინ იცის, იქნება წინაშე თვალთა მართლმსაჯულისა ღვთისა პირდაპირი ქურდი არ არის იმ ზომად ცოდვილი, ვითარცა ესრეთნი - ფარულად და მზაკვარებით აღმასრულებელნი მპარაობისა. განიზრახე, ძმაო და მიიღე ყურადღებაში, რომელ პირდაპირთა ქურდთა რა სახელი აქვსთ და რა სახით მოძაგებული არიან, რა შიში აქვსთ და სირცხვილში არიან. ეს ყოველი, ვგონებ, კიდეც ეკმარება მათ სასჯელად. ხოლო ფარულნი ქურდნი უარეს ზარალსა მისცემენ მოყვასთა, რადგან არავის არ მიაჩნია იგინი ქურდად, კიდეც ხშირად არიან პატივცემულნი და ამპარტავანნი ამ ქვეყანაზე მოყვასთა შორის. გარნა, ძმაო ჩემო, ღმერთი ისე არ უყურებს ჩვენს მოქმედებას, ვითარცა კაცის მოკლე ჭკუა. ამისთვის გეშინოდეს და ეცადე, რომ ყოველი მოქმედება შენი იყოს პატიოსანი, უზაკველი და უვნებელი მოყვასთა შენთათვის. ბოლოს, ერთი კიდევ დაუმატოთ. ვნება და ზარალი, რომელსა ერთი მეორეს მისცემენ კაცნი, იქნება ხორციელი და სულიერიც. უკანასკნელი უფრო დიდი და საძაგელი ცოდვა არის, ვიდრე პირველი. თუ შენ, ძმაო, სიტყვით ანუ მაგალითით აცთუნე ვინმე მოყვასთაგანი, ესე იგი ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე, გარყვნილებას მიაჩვიე, ეს ასწილ უმწარესი ცოდვა არის, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი მისცემს კაცს. ამისთანა მოქმედება საუკუნოდ წარსწყმედს კაცის სულს, საუკუნოდ ზარალში ჩააგდებს. ამისთვისაც საღმრთო წერილი იტყვის: უმჯობესი არის კაცმა მოიკიდოს კისერზე ლოდი და ჩააგდოს ზღვაში თავი თვისი, ვიდრეღა აცთუნოს ერთი ამათ მცირეთაგანი. ესრედ ვრცლად, ფართოდ უნდა გვესმოდეს ჩვენ, ძმანო ჩემნო, მცნებანი ღვთისანი. ვისაც ბრუნდე სინიდისი აქვს, დაბნელებული ჭკუა, არ ესმის ძალი ღვთის სიტყვისა, იგი ხშირად იტყვის: მადლობა ღმერთს, მე ხომ ქურდი არა ვარო! მე ხომ კაცის მკვლელი არა ვარო! - მაშინ, როდესაც მრავალგზის შეიქმნება მოზიარე ორთავე ამათ ცოდვათა. არა ესრეთ იქცევა გონიერი ქრისტიანე! იგი არის ფრთხილი და ცდილობს, რომ არცა პირდაპირ, არცა რომლითამე მიფარულითა სახითა არ დაარღვიოს მცნება ღვთისა, არამედ ყოვლის კერძოდ იყოს ღვთის წინაშე უბრალო.
მოციქული პავლე, ვითარცა კეთილსა წამალსა, მპარაობისა ანუ ქურდობისაგან მკურნებელსა, უჩვენებს შრომასა:
,,მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშვრებოდენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის იგი უხმდეს.“
მართლა, დაუცხრომელი შრომა არის უმჯობესი საშუალება მისი, რომ კაცს მოეძაგოს ყოველნაირი მპარაობა, - პირველად მისთვის, რომ მშრომელსა კაცსა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ აღასრულოს ცოდვა მპარაობისა, მეორედ მისთვის, რომ მშრომელსა კაცსა ის უხარის და იამება, რასაც შეიძენს შრომითა თვისითა. გარნა უმჯობესი ყოვლისა ის არის, რომ შრომა მიაჩვევს მოყვარესა მისსა რიგსა, წესიერებასა, კრძალვასა, ბეჯითობასა. შრომისმოყვარე კაცს ჭკუა და გონება აქვს შეკრებილი თავის შრომაზე. მას, ვითარცა მაგარსა ციხესა, ყოვლის მხრით შეზღუდულსა და დაიარაღებულსა, განსაცდელი ვერ სძლევს, მაცთური ვერ წარიტაცებს, - რომელიც-და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ქრისტე ღმერთმან, ამინ.
![]() |
6 რეგიონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუსთავი
კორუფცია და ძალადობა ბავშვთა სახლში
რუსთავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის დირექტორის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც თავისუფლების ინსტიტუტის რუსთავის წარმომადგენლობამ 14 დეკემბერს ეს უკანასკნელი კორუფციასა და აღსაზრდელთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორში ამხილა.
თავისუფლების ინსტიტუტის რუსთავის ოფისში ამ თემაზე გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ბავშვთა სახლში მისვლისას ჟურნალისტები თავად დარწმუნდნენ აღნიშნული ფაქტების უტყუარობაში. ბავშვებმა აღიარეს, რომ დირექტორი ირინა იმერლიშვილი, მისი ვაჟი (პოლიციის ყოფილი თანამშრომელი), სხვა პედაგოგები და პოლიციელები მათ სცემდნენ. ერთ-ერთმა მოწაფემ გაიხსენა, რომ დირექტორის კაბინეტში მას პოლიციელმა, ვინმე ნუგზარმა, ხელებზე კონდახი ურტყა. მსგავსი მაგალითები სხვა აღსაზრდელებმა და თანამშრომლებმაც დაადასტურეს. სტუმრებმა ნახეს რეზინის შლანგი, რომელსაც ქ-ნი ირინა და პოლიციელები დასჯის იარაღად იყენებდნენ.
გაირკვა ისიც, რომ თანხები, რომლებიც ამ დაწესებულებას სახელმწიფოსაგან გადაეცემა და კერძო პირებიც სწირავენ, დანიშნულებისამებრ არ იხარჯება. მაშინ, როდესაც საწყობში ახალი ტანსაცმლით სავსე ყუთები აღმოჩნდა, ბავშვებს ძონძები ეცვათ და ანტისანიტარულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამასთანავე, აღსაზრდელთა სიები გაბერილი იყო და ბავშვთა რეალურ რაოდენობას არ შეესაბამებოდა. ამ ვითარების ამსახველმა სიუჟეტმა, რომელიც 15 დეკემბერს ეთერში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-მა გადასცა, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. საქმეში პროკურატურა ჩაერთო, რის შემდეგაც განათლების სამინისტრომ ი. იმერლიშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. 18 დეკემბერს იგი გაჟონვის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.
თავისუფლების ინსტიტუტის რუსთავის ოფისი ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებით არ შემოფარგლულა. 19 დეკემბერს გამართულ მრგვალ მაგიდაზე გამოითქვა ბავშვთა სახლში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის ინიციატივა.
ქუთაისი
გაათავისუფლეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ელიზავეტა ბუაძე ქუთაისის 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნული არ იყო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ის ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების საფუძველი ცესკოს თავმჯდომარის სახელზე გაკეთებული მიმართვა იყო, რომელიც 11 დეკემბერს თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს.
ელიზავეტა ბუაძის მიმართ სამოქალაქო სექტორის უნდობლობის მიზეზი იყო ის დარღვევები, რის გამოც 2002 წლის 2 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაათავისუფლეს. ამ საკითხს თავის დროზე სპეციალური საპარლამენტო კომისიაც სწავლობდა.
ცესკოს თავმჯდომარე გამოეხმაურა არასამთავრობოთა მიმართვას და ელიზავეტა ბუაძე მალევე გაათავისუფლა ახლად (თუ ხელახლა) დაკავებული თანამდებობიდან.
ქობულეთი
2 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქობულეთში მივლენილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი გიორგი მშვენიერაძე აჭარის წინასწარი დაკავების იზოლატორში არჩევნების დღესვე, 2 ნოემბერს მოხვდა. ქობულეთის 23-ე საარჩევნო უბანზე დარღვევის ფაქტების დაფიქსირების გამო, აჭარელმა სამართალდამცველებმა იგი ჯერ სცემეს, შემდეგ კი არჩევნებისთვის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს. მშვენიერაძემ აჭარის იზოლატორში ერთი თვე გაატარა, იგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს უკვე საკუთარ ორგანიზაციაში, კოლეგებთან ერთად შეხვდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მშვენიერაძის უკანონო დაკავებისა და დაპატიმრების გამო საქართველოს უზენაესს სასამართლოს მიმართა და ბათუმში აღძრული ამ საქმის თბილისში გაუქმება მოითხოვა.
ბათუმი
აბაშიძის სტიპენდიანტი აბაშიძის წინააღმდეგ
22 დეკემბერს ბათუმში მემედ აბაშიძის სახელობის სტიპენდიანტი, საზოგადოებრივი კომიტეტის თავმჯდომარე ლევან კაჭარავა გაიტაცეს. ეუთოს მისიაში შეხვედრაზე მიმავალ კაჭარავას რამდენიმე ადამიანი დახვდა, იგი ძალით ჩასვეს მანქანაში. რამდენიმე საათით გაუჩინარების შემდეგ, კაჭარავა კვარიათში სასტიკად ნაცემი იპოვეს. მან ოჯახთან ერთად(მუქარები კაჭარავას ოჯახის მიმართაც იყო) დატოვა ბათუმი და სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდა.
ლევან კაჭარავა აჭარის ხელისუფლებისთვის მას შემდეგ გახდა მიუღებელი, რაც საჯაროდ განაცხადა აჭარის ლიდერის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებები და მოუწოდა ასლან აბაშიძეს, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ წაერთმია ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებლებისთვის.
მესამე კურსის სტუდენტი უკვე მეორედ გახდა მოძალადეთა მსხვერპლი. მისი პირველი ცემის ფაქტი ბათუმში ზურაბ ჟვანიას ვიზიტს დაემთხვა.
კომენტარი
აჭარაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს გიგა ბოკერიას:
აბაშიძის რეჟიმის მხრიდან მშვენიერაძის დაკავება იყო ერთგვარი დაშინების მცდელობა, რათა მომავალშიც ვერავის გაებედა აჭარაში ჩასვლა, არჩევნებზე დარღვევების დაფიქსირება და გაყალბების პროცესისათვის ხელის შეშლა. შესაძლოა, ნაწილობრივ მათ ამოცანას მიაღწიეს იმით, რომ ერთი თვე ყველა სამართლებრივი ნორმის დარღვევით დაკავებული ჰყავდათ 21 წლის ბიჭი და რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხელის შეწყობა, ამ ფაქტს შეიძლება რაღაც კატეგორია ხალხისთვის მართლაც ჰქონოდა დაშინების ეფექტი. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში მიმდინარე ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ასეთ რეპრესიულ ზომებს უკუ ეფექტი აქვთ. მსხვერპლის მაგივრად მშვენიერაძისგან აბაშიძემ სამოქალაქო გმირობის მაგალითი მიიღო. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს და პრაქტიკულად დარწმუნებულიც ვარ, რომ მსგავსი მეთოდები ვერ გამოიღებს ბატონი აბაშიძისთვის სასურველ შედეგებს.
ამის დასტურია აჭარაში ბოლო დროს ფორსირებული პროცესები, რასაც აშკარა ბიძგი მისცა ვარდების რევოლუციამ. ხალხმა გარკვევით დააფიქსირა, რომ იმის ატანას, რაც აჭარაში აქამდე ხდებოდა, ისინი აღარ აპირებენ. ეს მოძრაობა გაგრძელდება, შეუქცევად ხასიათს მიიღებს. აბაშიძის რეჟიმის დღეებიც დათვლილია. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული რეპრესიებისა და რეაქციის მოკლე პერიოდი და სწორედ ამის მანიშნებელია ლევან კაჭარავაზე თავდასხმა. ასეთი ქმედებებით აბაშიძის რეჟიმმა შესაძლოა, დროებით მოიტყუოს თავი, თითქოს შეუძლია სიტუაციის გაკონტროლება. თუმცა, შედეგი საპირისპიროზე მიანიშნებს: რაც უფრო მეტ რეპრესიულ ზომებს მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლება, მით უფრო სწრაფად განვითარდება მოვლენები.
აბაშიძის რეჟიმი ემყარებოდა ორ ფაქტორს: ეს იყო რუსული ხიშტები, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მეორე, გაცილებით მნიშვნელოვანი, სუსტი ცენტრალური ხელისუფლება ყოველმხრივ უწყობდა ხელს ამ რეჟიმს. ცენტრს აწყობდა აბაშიძის რეჟიმი, როგორც გარკვეული ,,ანტიფონი”, პარტნიორი კორუფციულ გარიგებებსა და ცენტრალურ ხელისუფლებაში მიმდინარე ინტრიგებში. ცენტრალური ხელისუფლების ფაქტორი მოიხსნა, ასე რომ, მხოლოდ რუსულ ხიშტებზე დაყრდნობით აბაშიძე ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.
ბათუმის ქუჩებში ახალგაზრდები დღეს ღიად და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ წერტილი უნდა დაესვას აჭარაში არსებულ სიტუაციას; იმას, რომ მათ არ აქვთ უფლება, ხმამაღლა ილაპარაკონ; რომ არ არსებობს არავითარი პოლიტიკური პროცესი და შესაბამისად, ზედმეტია ლაპარაკი რადიკალურ ოპოზიციაზე; რომ არ არსებობს სიტყვის თავისუფლების ჩანასახიც კი; ის, რომ არის პიროვნების კულტის ყველა ნიშანი; არის წმინდა წყლის კლანური მმართველობა, რომელიც ეყრდნობა ერთი პირის დიქტატურას; იმ მითების მიუხედავად, თითქოს აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან შედარებით სოციალური უფსკრული ნაკლებია, იქ მხოლოდ ძალიან ვიწრო ჯგუფი ცხოვრობს კარგად და ძირითადი მოსახლეობის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა. ამის მოთმენას ალხი აღარ აპირებს. სიმპტომატურია, რომ ხელმოწერების შეგროვებას სწორედ მემედ აბაშიძის სტიპენდიანტთა კავშირის პრეზიდენტი ედგა სათავეში. კაჭარავას მაგალითი საკმარისია იმის სათქმელად, რომ დიდი ინტეგრაცია დაწყებულია. აქ არ არის ლაპარაკი იმ ხალხზე, ძველ ოპოზიციაზე (რესპუბლიკური პარტია, რომელსაც აჭარაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს), რომელიც წლების მანძილზე უპირისპირდებოდა ამ რეჟიმს და რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ეს მუხტი იქ დღეისთვის არსებობს.
თუ ირღვევა თქვენი უფლება, თუ საქმე თანამდებობის პირთა კორუფციულ ქმედებებს უკავშირდება დაგვიკავშირდით