ცხელი შოკოლადი №38


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბექიშვილი ნინო, ბაბუაძე თამარ, ტურაშვილი დათო, კორძაია-სამადაშვილი ანა, ცეცაძე მაია, ამაღლობელი ნატა, დანელია ნინო, გაბუნია დავით, საყევარიშვილი რევაზ, მალენი მარკ, ქორიძე ზვიად, ცხადაია მანანა, მინდიაშვილი ბექა, ნავერიანი სანდრო, მიშრა პანკაჯ, ღოღობერიძე ლანა, რამიშვილი ლევან, ხაინდრავა ივლიანე, სუბარი სოზარ, ლომაია კახა, ზურაბიშვილი დავით, თევზაძე გიგი, ხიდაშელი თინა, რონდელი ალექსანდრე, ბაქრაძე ლაშა, უგულავა გიგი, ბერძენიშვილი ლევან, თარხნიშვილი ლევან, გვახარია გიორგი, მორჩილაძე აკა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მაისი, 2008, გარეკანზე: ბექა მინდიაშვილი ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, ლანა ღოღობერიძე, მარკ მალენი, ნინო დანელია, რეზო საყევარიშვილი, სანდრო ნავერიანი, ზვიად ქორიძე, დავით გაბუნია, ნატა ამაღლობელი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, კახა თოლორდავა, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე, ლევან მინდიაშვილი დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲back to top


0x01 graphic

2008 წლის 5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტად, განმეორებითი ვადით, მიხეილ სააკაშვილი ავირჩიე. ამ არჩევანზე ფიქრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროცესი იყო ჩემთვის. ამ გადაწყვეტილების გამო, თავდაუზოგავად მკიცხავდნენ, შენ ამერიკაში კი არა, საუდის არაბეთში გაქვს განათლება მიღებული, როგორ შეგიძლია ისევ იმ ხელისუფლებას მისცე ხმა, ვინც დემოკრატია, მთელი თავისი ატრიბუტიკითა და ინსტიტუტებით, წიხლქვეშ გაიგდოო. ამაზე მქონდა გრძელი პასუხი, სადაც ფიგურირებდა სიტყვები - ლიბერალური ღირებულებები, სისტემური რეფორმები, ობიექტური სირთულეები, ძლიერი მტერი, სწორი ორიენტირები… თუმცა, ჩემი ოპონენტების არგუმენტებსაც ვიზიარებდი - ძალაუფლების კონცენტრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება, ტოტალიტარიზმის ნიშნები, ბიზნესის დაშინება, მილიტარისტული რიტორიკის გაძლიერება და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში გადაწონა ჩემმა იდეალიზმმა და ვთქვი - ვაძლევ შანსს ამ ხელისუფლებას შეასრულოს აღებული ვალდებულებები და გამოასწოროს თავისი შეცდომები. რაც ასევე მნიშვნელოვანია, 5 იანვარს შევეცადე საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი ილუზიებისაგან, რომ ხელისუფლების შეცვლით, ჩვენს გარშემო რეალობა რადიკალურად შეიცვლება, რომ საზოგადოება მყისიერად გახდება უფრო ლიბერალური, გახსნილი, განათლებული, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების მქონე, თვითრეგულირებადი და სხვა მსგავსი სიკეთეებით დახუნძლული, სადაც, მაგალითად, გიორგი თარგამაძე ან ლევან გაჩეჩილაძე აღარ იქნებიან მაღალრეიტინგული პოლიტიკოსები. 5 იანვარს საკუთარ თავსაც მივეცი შანსი, გავმხდარიყავი უკეთესი მოქალაქე და ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე, „ცხელი შოკოლადის“ მთავარი აქცენტიც პოლიტიკაა. თუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვთვლიდით, რომ სერიოზული საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა და კრიტიკული აზრიც „საგანგებო რეჟიმის“ პირობებში არსებობდა, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ დროა კრიტიკულად გავიაზროთ და შევაფასოთ ჩვენი რეალობა, მათ შორის ამ რეალობის პოლიტიკური კონტექსტი.

ჟურნალის ამ ნომრის გმირებიც იდეალისტები არიან და სწორედ ისინი გვევლინებიან რეალობის კრიტიკულ კომენტატორებად. ისინი თანმიმდევრულად, შეუნიღბავად და ხშირად ხისტად იბრძვიან თავიანთი იდეალების დასაცავად და არ აღელვებთ ძალაუფლებისათვის ბრძოლის კონიუნქტურა.

ბექა მინდიაშვილის მთელი ცხოვრება ეკლესიას უკავშირდება, ის ამ წიაღის ნაწილია და მიუხედავად ამისა თვლის, რომ ჩვენი ეკლესია, თავისი ქმედებით, მნიშვნელოვნად დაშორდა ქრისტიანულ ღირებულებებს და ჩამოყალიბდა ყველაზე მაღალრეიტინგულ ინსტიტუტად, რომელიც ავტორიტეტისა და ძალაუფლების მოსახვეჭად იბრძვის და ხშირად ადამიანებს კი არ ათავისუფლებს, პირიქით, მათ დამორჩილებას ცდილობს. როგორც სემინარიის სტუდენტი, როგორც მორჩილი მონასტერში, როგორც რელიგიური უმცირესობების უფლებების დამცველი, ბექა ყოველთვის ცდილობდა ქრისტიანობის კონტექსტში გაეაზრებინა გარემო და ეთქვა სიმართლე. სიმართლის თქმა კი, ხშირად რთულ განსაცდელად იქცევა ხოლმე. ჩვენი ეკლესიის კრიტიკა დღევანდელ საქართველოში ყველაზე არაპოპულარული და საშიში განზრახვაა, რადგან ეკლესიის ავტორიტეტიდან გამომდინარე, მას უფრთხის ყველა, როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე საზოგადოება.

24-საათიანი ომბუდსმენი, სოზარ სუბარი, მანამდეც ადამიანების უფლებებს იცავდა, ვიდრე ომბუდსმენი გახდებოდა და დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთებს მას შემდეგ, რაც ომბუდსმენი აღარ იქნება. მისთვის „უფლებათადამცველობა“ მოწოდებაა და არა სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, სუბარისთვის ხელისუფლების კრიტიკა თვითმიზნად იქცა და ამით ცდილობს საკუთარი ავტორიტეტის დამკვიდრებასო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ასე არ არის და იქნებ თქვენც დაგარწმუნოთ ამაში.

ნინო ზურიაშვილი ჟურნალისტია, ყოფილი „60 წუთელი“, რომლის გამოცდილების და შეფასებების დახმარებით, შეიძლება, დავფიქრდეთ სიტყვის თავისუფლებაზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებაზე, ქართული მედიის სიცოცხლესა და სიკვდილზე, მის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე.

ფილმის „კმარა, ანუ 10 ნაბიჯი თავისუფლებისაკენ“ გმირებიც 2003 წელს იდეალისტები იყვნენ. მათ მოახერხეს იმ ნაბიჯების ჩამოყალიბება, რომლის გარეშეც ვერ ხედავდნენ ქვეყნის განვითარებას. 5 წლის შემდეგ გთავაზობთ ამ დეკლარაციის „ცხელი შოკოლადისეულ“ ვერსიას. პროექტში მონაწილეობენ ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებად და ოპოზიციად დაიყვნენ. თავად გადაწყვიტეთ, უერთგულეს თუ არა მათ იმ პრინციპებსა და პოსტულატებს, რომლის გარეშეც თავისუფლება ვერ წარმოედგინათ.

სრულად გამოვიყენეთ ჩვენი ავტორების იდეალისტური შემართებაც და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ცხელი შოკოლადის“ ეს ნომერი თქვენთვისაც ინსპირაციის წყარო გახდება.

ველი თქვენს გამოხმაურებებს ახლა უკვე ამ მისამართზე
editor@shokoladi.ge

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲back to top


0x01 graphic

ნინო ბექიშვილი

ვარდების რევოლუციის დღეებში გერმანიიდან ერთი უცხოელი მეგობარი მირეკავდა ხოლმე, არა, რამდენიმე რეკავდა, მაგრამ იმ ერთს განსაკუთრებით დიდხანს და დაწვრილებით ვუყვებოდი არა მარტო იმაზე, რაც ხდებოდა, არამედ ჩემს იმედებზე ველაპარაკებოდი - მჯეროდა, მთავარი შევარდნაძისა და მისი გუნდის მოშორება იყო, თორემ ახალი ხელისუფლება ყველაფერს შეცვლიდა და მართლა დემოკრატიული იქნებოდა და მეც, ძალიან მალე ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქე გავხდებოდი. მეგობარი მთხოვდა, მთხოვდა კი არა მეხვეწებოდა, ერთი რვეული აიღე და ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვლაპარკობთ, დაწვრილებით ჩაიწერეო. მე ყოველ ჯერზე ვპირდებოდი, მაგრამ მაშინ საწერად, სამწუხაროდ, ვერ მოვიცალე; ჯერ ერთი, ძალიან აჟიტირებული ვიყავი, მეორეც, იმდენად მჯეროდა იმ ადამიანებისა, ვინც მაშინ იბრძოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად, რომ ოდნავი იმედგაცრუებაც კი ვერაფრით წარმომედგინა. მეგობარმა შარშან, ნოემბერშიც დამირეკა და მითხრა - აბა, ამოიღე ის რვეული და შენს ნაწერს გადახედე, ხედავ, არ შენდება დემოკრატია ეგრე ადვილად, შენ რომ გეგონაო. რაც არ მქონდა, აბა, რას ამოვიღებდი და გადავხედავდი, მაგრამ სახელმწიფოს შენება რომ ძალიან ძნელი საქმეა, 2007 წლის 7 ნოემბერი რად უნდოდა, განვლილი ოთხი წლის ყოველი დღე მარწმუნებდა ამაში.

„10 ნაბიჯიც“ და ის ფილმიც, რომელზედაც მე და თამარ ბაბუაძემ ჩვენი სტატია ავაგეთ, ბუნებრივია, მახსოვდა. და როცა ფილმის ერთერთმა თანაავტორმა, კახა თოლორდავამ რედაქციაში CD მოიტანა, რომელზედაც „კმარა ანუ 10 ნაბიჯი თავისუფლებისაკენ“ იყო ჩაწერილი, სიმართლე გითხრათ, სულ სხვა ინტერესით ვუყურე; არა იმედისა და მოლოდინის, არამედ, სწორედ შემფასებლის თვალით და ეს ძალიან საინტერესო გახლდათ, საინტერესო იყო პროექტზე მუშაობაც - იმ ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი, ვისაც, ჩემთვის მაშინ რომ გეკითხათ, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ უნდა შევეგრიალებინეთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში!

პროექტი გრძელი გამოგვივიდა, იქნებ დაგღალოთ კიდეც მისმა კითხვამ, მაგრამ დარწმუნებული ვარ - ძალიან საინტერესოა დღეს როგორ ფიქრობენ ვარდების რევოლუციის მთავარი შემოქმედები, რომლებიც ახლა ხელისუფლებად და ოპოზიციად დაიყვნენ, როგორ აფასებენ იმ ყველაფერს, რაც ამ ოთხწელიწად-ნახევარში მოხდა.

საბჭოთა ადამიანებს რაღაც სასაცილო გულობრყვილობა ისევ შემოგვრჩა, ამას, ალბათ, ვერც ვერაფერს მოვუხერხებთ, თუმცა, ამ წლებმა ერთი რამ ნამდვილად მასწავლა - როგორც ერთ ჩემ მეგობარს უყვარს ხოლმე თქმა - დემოკრატია ხომ პროცესია, პროცედურებია და მჯერა - დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად უკეთ იქნება ყველაფერი.

გაზაფხულია!

0x01 graphic

თამარ ბაბუაძე

პირველად, ჩემი მომავალი შვილის მომავალზე მაშინ ჩავფიქრდი, როცა ექიმმა წოლითი რეჟიმი გამომიწერა და მთელი დღეების განმავლობაში ლოგინიდან ვადევნებდი თვალს ნოემბრის მოვლენებს. „რა ემოციების ფონზე ვითარდება, რეებს ვასმენინებ!“ - ვშფოთავდი და ვფიქრობდი, რომ, ალბათ, ყველაზე პოლიტიზებული ჩანასახი იყო ამქვეყნად. თუმცა, პატარას, ყველაფერი წინ ჰქონდა - საგანგებო მდგომარეობაც, 5 იანვარიც, კარვების ქალაქის მუქარაც, შიმშილობებიც, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაც, ბუქარესტის სამიტიც და ბოლოს დედის მიერ სამსახურში მიღებული გადაწყვეტილება: გაიხსენონ ის იდეალიზმი, რითაც ოთხწელიწად-ნახევრის წინ, ვარდების რევოლუციას შეხვდნენ და ნახონ, ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად საჭირო ათი ნაბიჯიდან, რომლები გადადგა საქართველომ...

აი, როდის მიაღწია ჩემი მომავალი შვილის პოლიტიზების ხარისხმა პიკს - ერთად ვიარეთ ინტერვიუებზე, ერთად ვისმინეთ განვლილი ხუთი წლის პოლიტ-ეკონომიკური შეჯამებები - ხან არგუმენტირებული და ღრმა, ხან ემოციური მსჯელობებით, ვშიფრეთ და ვალაგეთ ტექსტები და, საბოლოოდ, ნინო ბექიშვილთან ერთად, უზარმაზარი პროექტი ავაწყვეთ. ამ პროექტის მთავარი პლუსი მიღწეულის შეფასების მცდელობა, შეცდომების გაშიფვრა და შემდეგი ათი ნაბიჯის გამოვლენა მგონია. ყოველი შემთხვევისთვის, ვეცადეთ მაინც, გაგვეთვალისწინებინა ჩვენივე ხელისუფლების წარმომადგენლების რჩევა - იზრუნეთ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და ეცადეთ, მაღალი სამოქალაქო სტანდარტები დანერგოთო. ჩვენც მოვინდომეთ კრიტიკულად და ანალიტიკურად გვეაზროვნა და გვენახა, მაინც რამდენი წახნაგი აქვს დღევანდელ ქართულ სინამდვილეს.

ვფიქრობ, ჩვენი, რიგითი მოქალაქეების პოლიტიზების ხარისხი ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება პიკზე. ამიტომ სჯობს, სანახაობად ქცეულ პოლიტრეალობას და პოლიტიკურ ემოციებს ფიქრი და შეფასება უფრო ხშირად დავაყოლოთ ხოლმე და იქნებ, ამასობაში, სამოქალაქო სტანდარტებიც უფრო აგვიმაღლდეს... აი, მეც ფიქრებით ისევ არჩევნებს და ჩვენი საზოგადოების მიერ გასავლელ გზებს ვუტრიალებ... ალბათ, ჩემი მომავალი შვილი, სულ ცოტა, პოლიტმიმომხილველი გამოვა.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

ამ სვეტში მინდოდა დამეწერა სოსო ჯაჭვლიანის ახალი ფილმის შესახებ, რომელსაც ჰქვია „სვანი“ და რომელიც კინოთეატრ „ამირანში“ ვნახე რამდენიმე დღის წინ. მერე მოვისმინე თვითონ სოსოს (მართლა კარგი ადამიანის) ინტერვიუ, სადაც მან აღნიშნა, რომ ეს ფილმი რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე უკვე მიწვეულია. ჰოდა იმის თქმა მინდოდა, რომ თუ ამ ფილმს, ქართველების გარდა, სხვებიც ნახავენ, არათუ მაპს არ მოგვცემენ და ნატოსა და ევროკავშირში არ მიგვიღებენ, არამედ მაკდონალდსში შესვლასაც აგვიკრძალავენ.

ასევე მინდოდა დამეწერა საუკეთესო ქართველების შესახებ, რომლებმაც რაგბში რუსეთის ნაკრები მაინც დაამარცხეს, მიუხედავად იმისა, რომ თამაში დაგვინიშნეს ჩრდილოეთ პოლუსთან ძალიან ახლოს და მატჩის მთავარი მსაჯი კი იყო თვითონ ვლადიმერ პუტინი.

დავიწყე კიდეც ამეებზე წერა და ამ დროს აღელვებულმა გიო მგელაძემ დამირეკა, რომელსაც ღმერთიც გაახარებს, რადგან მე რომ წინა სვეტში პავლე ინგოროყვას მცირერიცხოვანი გასვენება ვახსენე, თურმე ძალიან ვცდებოდი და სინამდვილეში ბატონი პავლე უკანასკნელ გზაზე, ათასობით ქართველმა გააცილა. თურმე თითქმის ასი ათასი ადამიანი მიუყვებოდა სამგლოვიარო პროცესიას და სულ ტყუილად მეგონა, რომ პავლე ინგოროყვაც ისეთივე დაუფასებელი დაკრძალეს, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი. ბატონი პავლეს საამაყო შვილიშვილისაგან ისიც შევიტყე, რომ თურმე დიდი მეცნიერის სასახლე ბოლოს ქალებმაც ასწიეს, რაც განსაკუთრებული პატივია ნებისმიერი კაცისათვის. იმ სატელეფონო ზარის მადლობელი კი იმის გამოც ვიქნები რომ მანამდე ქართველი ხალხის შესახებ ასეთი კარგი აზრი სულაც არ მქონდა (ყოველ შემთხვევაში პავლე ინგოროყვასთან მიმართებაში) და როცა ვინმეს შესახებ აზრი უკეთესობისკენ გეცვლება, თავისთავად სასიხარულოა.

თუმცა ტელეფონში ძალიან გაკვირვებული ხმა კი ჰქონდა (რამდენჯერმე მკითხა კიდეც) - პავლეს დაკრძალვა როგორ არ გახსოვსო, მაგრამ ოპერაციის შემდეგ საკუთარი დაკრძალვის დეტალებიც არ მახსოვს და რა გასაკვირია რომ პავლე ინგოროყვას გასვენება დამვიწყებოდა, რომელსაც საერთოდ არ დავსწრებივარ.

თვითონ კი შეიძლება ის საოცარი ამბავი აღარ ახსოვს, ახალგაზრდობაში რომ მომიყვა, როცა ის ოთახი მაჩვენა პირველად, სადაც პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა.

ღამით, როცა ბალზამირებას უკეთებდნენ, სწორედ მაშინ შევიდა ბაბუამისის ოთახში და თეთრი წვერით შემოსილი პავლე ინგოროყვა თურმე ისე იყო სანთელივით დამდნარი, რომ შესვლისთანავე, დანახვისთანავე ქრისტე გამახსენდაო..

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

როცა რამზეს დიდად წოდებული ჩემი მეგობარი ვინმეს შესახებ ყველაზე ცუდის თქმას ცდილობს ხოლმე, ამბობს, უადრესოაო. სწორედ ასე: „უჯიშო, უგვანი და უადრესო“. ამიერიდან, იმედია, ამ სიტყვას აღარ იტყვის, რადგან მე, მისი საყვარელი ანა, უადრესო აღმოვჩნდი. აქამდე ქუჩა რომ პეტრიაშვილისა მეგონა, ჭიაურელისა ყოფილა. ამიხსნეს, სოფიკო ჭიაურელი ამ ქუჩაზე მდებარე სკოლაში სწავლობდაო. ზღაპრული ლოგიკაა. ჩანს, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ვასილ პეტრიაშვილი უადრესო და ბოლშევიკი იყო. არ ყოფილა. გადახედეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიას და დარწმუნდებით, რომ არ ვიტყუები.

როცა ჩემი მეგობარი ალექსანდრე ვინმეს დალოცვას ცდილობს, ჯანმრთელობას, მატერიალურ კეთილდღეობას და ევროკავშირში გაერთიანებას უსურვებს ხოლმე. ღმერთმა კეთილად გისმინოს, ალექსანდრე! ამ სამის არქონა ხომ ყველაზე ცუდი რამაა, რაც კი შეიძლება შეგემთხვას. ევროკავშირის წევრი ქვეყნის შვილი რომ ვყოფილიყავი, 30 აპრილს ამსტერდამში ამოვყოფდი თავს, ბევრი ფული რომ მქონოდა, ახალი წლის შესახვედრად ქურთისტანში მეც წავიდოდი, და რომ არ მგონებოდა, ჯანი მღალატობსმეთქი - ვერ მოგართვით, ოჯოჯოებო! - არასოდეს გადავაწყდებოდი კლინიკის კედელზე ფაშისტურ გრაფიტის: „საქართველო მართლმადიდებლებისთვის“.

გულით გილოცავთ მართლმადიდებლებს - აღდგომას, კრიშნას ერთგულებს - რამას მოვლინებას, ქურთებს - ნავროზობას, ხოლო ჩემნაირ უადრესოებს - ყველაფერს ერთად, და ჯანმრთელობას, მატერიალურ კეთილდღეობას და ევროკავშირში გაერთიანებას გისურვებთ.

3 კულტ-მიმოხილვა

▲back to top


ნიამორი 5 წლისაა!

0x01 graphic

მოდით „ნიამორის“ ისტორიას ცოტა შორიდან დავიწყებ და რამდენიმე სიტყვას მის დაარსებაზეც გეტყვით. ფესტივალი, რომლის შექმნის ისტორიას მისი ორგანიზატორები დღეს ზღაპარივით ყვებიან, „მეორე არხიდან“ დაიწყო. მაშინ, როდესაც იმ დროისთვის ერთ-ერთი წარმატებული არხის შემადგენლობის ნაწილებად დაშლა დაიწყეს, არხის თანამშრომლები ალტერნატიული გზების ძებნას შეუდგნენ და არაერთი იდეაც განიხილეს. დასაწყისისთვის „ნიამორის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თამუნა ჯიშკარიანის მცდელობამ გაამართლა. მთით და კარვით „მოწამლულმა“, გადაწყვიტა კოლეგებთან მთების მისტიკა მხატვრული ხერხებითაც გაეთავისებინა და სწორედ ასე დაიბადა სამთო-სათავგადასავლო სატელევიზიო ფილმების ფესტივალი „ნიამორი“. ეს ფესტივალი ექსტრემალური სპორტის სახეობაში მორიგი აღმოჩენების გარდა, საფესტივალო დღეებში ძველი მეგობრების თავშეყრასაც ახერხებდა. მართალია, ფესტივალს მისი ორგანიზატორები პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ იდეების სრული რეალიზება „ნიამორის“ დამფუძნებლებმა 2003 წლის რევოლუციის შემდეგ შესძლეს. ჯერ ექსტრემალი ჟურნალისტები შემოიკრიბეს და ზურგჩანთებით „შეიარაღებულები“ მთისკენ სავალ გზებს გაუყვნენ. ჟურნალისტებს შორის ტრადიციული სათხილამურო ტურნირიც დაწესდა. ერთ-ერთ საფესტივალო წელს გამართული ფოტოგამოფენის შემდეგ კი ფოტოკონკურსის იდეაც გაჩნდა და „ნიამორიც“ სპორტულ საზღვრებს გასცდა.

მიუხედავად მრავალფეროვანი საკონკურსო სახეობებისა, „ნიამორი“ სათავგადასავლო თემების ძებნას განაგრძობდა და მეოთხე წელს ლიტერატურული „ნიამორიც“ დაიბადა. ფესტივალის ორგანიზატორებს არ გამოპარვიათ, რომ თავგადასავლების მაძიებლებს, განცდილი შთაბეჭდილებები, ფურცელზე გადაჰქონდათ და ამიტომაც, მოხეტიალე ჟურნალისტებს ბედი წერაშიც აცდევინეს. ჟურნალისტური ჩანაწერების კონკურსის სპონსორობა „ცხელმა შოკოლადმა“ ითავა და მას მერე ლიტერატურულ „ნიამორს“ გვერდში უდგას.

წელს, „ნიამორს“ მეხუთე, საიუბილეო წელი შეუსრულდა და სტარტი არატრადიციულ დროს, 18 მარტს, ქარვასლაში“ აიღო. იმის გამო, რომ იტალიელი ფოტოგრაფის - ვიტორიო რონკეტის აღმოჩენა (არამარტო საქართველოში, არამედ იტალიაშიც) „ნიამორს“ ეკუთვნის, მისი ფოტოების წარდგენის ექსკლუზიური უფლებაც მოიპოვა. ფესტივალის საკონკურსო თუ არასაკონკურსო ფოტოექსპოზიციამ „ქარვასლის“ სამი საგამოფენო დარბაზი აითვისა. ერთ-ერთ დარბაზში: ფოტოების, გაშლილი კარვების, ძველი ზურგჩანთებისა და სხვა სამთო აღჭურვილობის შედეგად, ქართული ალპინიზმის ისტორია „გააცოცხლეს“.

კინოფესტივალში 14 ქვეყანა მონაწილეობდა და წელს ფესტივალს მხატვრული ფილმებიც დაემატა. დასკვნითი ეტაპი - დაჯილდოების ცერემონია 2 აპრილს, კინოს სახლში გაიმართა. გამარჯვებული ფილმები 3 ძირითად ნომინაციაში (ალპინისტური, ექსტრემალური და სამოგზაურო პროექტებში) გამოვლინდნენ. საუკეთესო უცხოურ ფილმად სლოვაკური „კარანკოუსი“ აღიარეს. საუკეთესო ქართული ფილმის ნომინაციაში კი ნიკა ლებანიძის (სანგუკო) ფილმმა გაიმარჯვა.

ფოტოკონკურსში 4 ნომინაცია დასახელდა. საუკეთესო სერიაში მიშა თვარაძემ აიღო პრიზი, პორტრეტში - სერგო ბელოუსოვმა, პეიზაჟში - რომან ლომიძემ. საუკეთესო ალპინისტურ ფოტოს, კომპანია „ელიტელმა“ გაუკეთა რეკლამა. ლიტერატურულ კონკურსში, საკონკურსო ნაწერები „ცხელი შოკოლადის“ წარმომადგენლებთან ერთად, ნინო ქადაგიძემაც შეაფასა. „ცხელი შოკოლადის“ გადაწყვეტილებით კი ამ ნომინაციაში დაწესებული ფულადი პრიზი ორად გაიყო და ორი გამარჯვებულიც გამოვლინდა. ლიტერატურული ჯილდო შორენა ლებანიძეს და ვანო ჯაფარიძეს ერგოთ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს შორის გამართულ სათხილამურო ტურნირს, წელს პირველ ადგილზე გიგა ოთხმეზური (იურიდიული ჟურნალიდან) გავიდა. გოგონებში კი პირველი ადგილი ქეთი ებანოიძემ მოიპოვა. გუნდურ შეჯიბრში, დეპარტამენტის თასი რუსთავი 2-მა აიღო. დემოკრატიული წესებითვე გამოვლინდა „ჩაინიკების“ კატეგორიაც.

ასეთი დატვირთული გახლდათ მეხუთე „ნიამორის“ საფესტივალო პროგრამა. ვინაიდან ფესტივალი მშობლიურ საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო სტატუსის შეძენის გარდა, ჟანრობრივადაც გაიზარდა, ადვილი სავარაუდოა, რომ მომდევნო „ნიამორი“ კიდევ უფრო დატვირთული იქნება. იქამდე კი ფესტივალის მასპინძლები და სტუმრები მიღებულ შთაბეჭდილებებს ხალისით გაიხსენებენ.

ვტორი: მაია ცეცაძე,
ფოტო: ქეთო ცაავა

გურამ წიბახაშვილის პორტფოლიო

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მაშინ, როდესაც გურამ წიბახაშვილმა 80-იანელ მხატვრებთან ერთად სერიული ნამუშევრები გამოფინა, საქართველოში პირველად აღიარეს, რომ მხატვრობის მსგავსად, ფოტოგრაფიაც დამოუკიდებელი მხატვრული მიმდინარეობაა. მას შემდეგ გურამ წიბახაშვილმა შემოქმედებითი ასპარეზი ვიზუალურ ხელოვნებას დაუთმო. მისი ფოტოგრაფია არ ასახავს შემთხვევით დაფიქსირებულ წამებს. სერიები, რომლებსაც ფოტოგრაფი ინტენსიურად გვთავაზობს, მის მხატვრულ ხედვასა და შემოქმედებით პრინციპებს გამოხატავს.

ქართველი ფოტოგრაფის მრავალფეროვანი შემოქმედება, არტ გაერთიანება „არქიდრომის“ ინიციატივამ, უჩვეულოდ წარმოაჩინა. „არქიდრომი“ პროფესიონალ ხელოვანთა და ხელოვნების მკვლევართა ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც თანამედროვე ქართველ ხელოვანთა შესახებ არსებული ინფორმაციის დაგროვებასა და დოკუმენტირებას ემსახურება. ეს ჯგუფი, თანამედროვე ქართული ხელოვნების არქივისა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე მუშაობს. ინტენსიური პრეზენტაციების შედეგად კი საზოგადოებაში დისკუსიისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ცდილობს. 29 მარტს, „არსის“ გალერეაში წარმოდგენილი გურამ წიბახაშვილის პორტფოლიოს პრეზენტაცია, რიგით მეორე გახლდათ „არქიდრომის“ ჩვენებათა სერიაში. 90-იანი წლებიდან შექმნილი შავ-თეთრი ფოტოექსპოზიციით და სხვადასხვა ფოტოსერიებიდან სლაიდ-შოუზე წარმოდგენილი ფრაგმენტებით (რაც ავტორმა მონოლოგის სახით კიდევ უფრო განავრცო), ბევრმა „წიბახა“ განსხვავებული კუთხიდანაც დაინახა.

საინტერესო ავტორების წარდგენას „არქიდრომი“ ორ კვირაში ერთხელ გეგმავს. ავტორებს კი სტუმართა მიერ შევსებული კითხვარების გათვალისწინებითაც შეარჩევს. თანაც, პრეზენტაციებს გამოჩენილ არტისტებსაც მიუძღვნიან და დებიუტანტებსაც მოიწვევენ.

მხატვრების გაზაფხული ვერნისაჟში

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

თვალისმომჭრელი ბროწეულები, მრავალფეროვანი თაიგულები, ფერადოვანი პეიზაჟები... პატარა, მაგრამ მრავალფეროვან სივრცეში თითქოს, მართლაც, ტრიალებდა გაზაფხულის სურნელი. გალერისტებისა და გამოფენის ავტორების სურვილიც სწორედ ეს გახლდათ - კერძო კოლექციებში ისეთი ნამუშევრები მოეძიათ, რომელიც საგაზაფხულო თემას მიესადაგებოდა.

გალერეა „ვერნისაჟმა“ ამჯერად სხვადასხვა თაობის ისეთ ფერმწერებს მოუყარა თავი, რომლებთანაც მუდმივად თანამშრომლობს და რომელთა შემოქმედებაც დამთვალიერებლისთვისაც კარგად ნაცნობია. ლევან ხარანაული, ნიკოლოზ აბესაძე, ირაკლი გამრეკელი, ლევან ჭოღოშვილი, დიმიტრი ერისთავი, ზურაბ ნიჟარაძე, კოტე ამირეჯიბი, ოლეგ ტიმჩენკო, გია მირზაშვილი, დავით გაგოშიძე, თემურ შვანგირაძე... ასეთი მრავალრიცხოვანი გახლდათ მორიგი ვერნისაჟის შემადგენლობა. შესაძლოა ლევან ხარანაულის ან გია მირზაშვილის ნატურმორტის შემდეგ, ლევან ჭოღოშვილის ტილო - სერიიდან „განადგურებული არისტოკრატია“ სრულიად განსხვავებული თემატური სიუჟეტია, მაგრამ, ამის მიუხედავად ავტორებს საერთო მიზანი ნამდვილად აერთიანებდათ. დიმიტრი ერისთავის „იების გამყიდველს“, ზურაბ ნიჟარაძის „ნიუს“ ან გნებავთ დავით გაგოშიძის „მეომრებს“, განწყობა ჰქონდა ერთი - საგაზაფხულო.

ავტორი: მაია ცეცაძე

ცხენის ქურდი

0x01 graphic

გერმანიის მკიდრი და Art Club Caucasus Internationai-ის დამფუძნებელი, ჰანს ჰაინერ ბური, საიათნოვას ქუჩაზე, ძველი თბილისის ისტორიული ადგილების შესწავლის მიზნით დასახლდა. მას შემდეგ კი, რაც საქართველოს შორეულ რეგიონებში იმოგზაურა და უჩვეულო ტრადიციების მოწმე გახდა, ამ ქვეყნისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღრმავდა. ცნობისმოყვარეობამ განსაკუთრებით მაშინ სძლია, როდესაც ასლან წიტაიშვილის სახელოსნოში კავკასიელ ცხენის ქურდზე ლითოგრაფიას გაეცნო. თანაც, 6-7 წლის წინ, კახეთში კინაღამ სამი ცხენი მასაც მოპარეს. ისიც კარგად იცოდა, რომ ცხენის მოპარვის შემთხვევაში მის გამოსყიდვას, ყვარლის მახლობლად ერთ-ერთ საიდუმლო ბაზაზე თუ ვერ შეძლებდა, დაღესტანში გასაყიდად გადაყვანის შემდეგ, ცხენს ვეღარასოდეს ნახავდა... მსგავსი მოგონებების, უჩვეულო თავგადასავლებისა და ძველი თბილისის გავლენით, 2007 წლის მარტში დაიბადა სერია „ცხენის ქურდი - საიათნოვას ქუჩა.“ დროის განმავლობაში ავტორის წარმოსახვაში შექმნილი ცხენის ქურდი, გახდა მისი ალტერ ეგო, მისი ნაწილი. ფოტოგრაფ ლელა მეფარიშვილთან ერთად ამ თემაზე რუსთავის მახლობლად ფოტოსესიაც მოაწყო. წარმოსახვამ კი უამრავი მხატვრული ხერხის გამოყენება აიძულა. ციფრულ კოლაჟებში, ძველი თბილისის ქუჩების ფოტოებში, თუში და ხევსური მხედრები ჩასვა. სერიას კი (ამავე თემაზე შექმნილი) ფერწერული, გაფიკული ინსტალაციებიც შემატა. კი განმარტა ავტორმა, სერია ამ რომანტიკულ თემაზე, ჩემს მხატვრულ ხედვას წარმოაჩენსო, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად რომანტიკულია ეს თემა იმ ქვეყნისთვის, სადაც მსგავსი ფაქტები ჯერ კიდევ ხდება. გერმანელი მხატვრის უცნაური გატაცების შედეგი ქართველმა დამთვალიერებელმა „ბაია გალერეაში“ იხილა.

ავტორი: მაია ცეცაძე,
ფოტო: ქეთო ცაავა

გამოფენა ეძღვნება მედეა ჩიხლაძეს

0x01 graphic

0x01 graphic

12 აპრილს „ქარვასლას“ ფარშევანგებმა გადაუფრინეს. ყველამ ვიცით, რომ ფარშევანგები გაცილებით უკეთ ჩხავიან, ვიდრე ფრენენ, მაგრამ ისინი, ვინც „ქარვასლაში“ შეიკრიბნენ, სულ სხვანაირები იყვნენ. მათ კუდებზე მეტად ფრთები ჰქონდათ განვითარებული. სიმაღლეების დაპყრობის დროსაც - მეტი გაქანება. თავისუფლება ამ ფარშევანგებს მათმა ავტორებმა ასწავლეს, ავტორებს კი - მათმა პედაგოგმა. მედეა ჩიხლაძე - „ქარვასლაში“ ათი დღით შეკრებილ 32 ავტორსა და მათ ნამუშევარს სწორედ ეს სახელი აერთიანებდა. გამოფენა ტექსტილის მხატვრებმა მიუძღვნეს იმ ქალბატონს, რომელმაც არა მარტო მათ ასწავლა და შეაყვარა ქსოვილის ხელოვნება, არამედ ზოგადად, საქართველოში გახდა ამ დარგის პიონერი - 1980 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქსოვილის ხელით მოხატვის დარგს ჩაუდგა სათავეში, როცა მანამდე მსგავსი სისტემა ჩვენთან, თურმე, არ არსებობდა

ხელოვნებათმცოდნე ნანა კიკნაძემ მედეა ჩიხლაძის შესახებ მითხრა: - ისეთ ადამიანებს, როგორიც მედიკო იყო, გამტარებს ეძახიან. მუდამ იდეებით იყო სავსე, რომელთაც თავისთვის არასდროს ინახავდა, ყოველთვის უშურველად გასცემდა და შთაგონებით ყველას ერთნაირად ავსებდა - კოლეგებსაც და სტუდენტებსაცო.

პედაგოგის გახსენება ერთდროულად ამდენმა სხვადასხვა თაობის მხატვარმა, ეტყობა, იმიტომაც მოახერხა, რომ მედეა ჩიხლაძე მათთვის არა მხოლოდ ტექსტილის პედაგოგი იყო. გამოფენის იდეის ავტორი ნინო (ჩუკა) კუპრავა ამბობს: „მისთვის არ არსებობდა დრო, შეეძლო, ერთი თვის მერე ეთქვა, - „გუშინ იმ თქვენს ესკიზზე ვფიქრობდი...“ და მერე ისეთი საჭირო იდეა მოეწოდებინა, რომ სულ სხვა თვალით დაენახვებინა ყველაფერი. მედეა საზღვრებს სცდებოდა. ის გვასწავლიდა - რა შუაშია ტექსტილი, ეს ხელოვნებაა. ტექსტილით ჩემს სათქმელს ვამბობ ხელოვნებაში“

მედეა ჩიხლაძემ თავისი ფარშევანგი გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე შექმნა. მის ფარშევანგს დიდი კუდის ნაცვლად დიდი ფრთები აქვს და ესე იგი - გასაფრენად მზად არის. „ქარვასლაში“ შეკრებილი ფარშევანგების შთაგონების წყაროც ეს პირველი ფრინველი იყო. მისი იდეა კი - თავისუფლება და ინდივიდუალობა ხელოვნებაში.

ავტორი: თამარ ბაბუაძე,
ფოტო: ქეთო ცაავა

ტაიმ-აუტი

MARNI- კოლექცია ვიმეით ბიზნეს ჯგუფისგან

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ვიმეით ბიზნეს ჯგუფი New Trend-ის მაღაზიათა ქსელს აერთიანებს. ცნობილი პრემიუმ-კლასის ბრენდების ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი კომპანია, ამჯერად ცნობილი იტალიური ბრენდის, ქალის ტანსაცმლის მწარმოებლის Marni-ს ოფიციალური პარტნიორიც გახდა. ამ სიახლის მანიშნებელად კი 18 აპრილს, მაღაზია New Trend 46-ში (ჭავჭავაძის გამზ. 46) Marni-ს 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის უახლესი კოლექციების პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს დიზაინერები, ბიზნეს-სექტორის წამომადგენლები და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები სტუმრობდნენ.

რადგან კომპანიის დევიზი მომხმარებლის ჩაცმულობაზე, გარეგნულ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვაა, ვიმეით ბიზნეს ჯგუფი საკუთარ მომხმარებელს კიდევ უამრავ სიურპრიზს უმზადებს და 2008 წლისთვის კაფეს და სილამაზის სალონის გახსნასაც გეგმავს. 2009 წლის გაზაფხულისთვის კი New Trend-ის მაღაზიათა ქსელში Gucci-ს პირველი კოლექციებიც გამოჩნდება.

რენოს განახლებული ცენტრი

0x01 graphic

0x01 graphic

10 აპრილს, „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ ავტომოყვარულებს მორიგი სიახლე შესთავაზა. „რენოს“ განახლებული ცენტრი საპრეზენტაციო დღეს საზეიმოდ მორთეს და საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებს, სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს. განახლებულ საავტომობილო ცენტრში წითელი ლენტის გაჭრა რენოს ცენტრის უკრაინიდან მოწვეულ რეგიონალურ ხელმძღვანელს მიანდეს. სტუმრებმა კი მრავალფეროვანი ფურშეტის დაგემოვნების შემდეგ უკვე Renault-ის მრავალფეროვანი მოდელებიც დაათვალიერეს. განახლებული ცენტრის გახსნას „საქართველოს ბანკის“ და Renault ცენტრის ერთობლივი აქცია „ავტო + საჩუქარი“ ერთვოდა, ავტომობილის შეძენის (ახალი მოდელი Clio 3) შემთხვევაში მყიდველებს საჩუქრებით აჯილდოვებდნენ. „თიბისი ბანკისა“ და შპს. „ავტომობილის“ სპეციალური შემოთავაზება კი ავტოგანვადებით სარგებლობის შემთხვევაში, მყიდველებს რენოს ავტომობილებზე 5%25-იან ფასდაკლებას სთავაზობდა. აქცია ძალაში 30 ივნისამდეა.

მოსაწვევების მფლობელი სტუმრები კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლის მონაწილეებიც გახდნენ. სპონტანური და დემოკრატიული გათამაშების შედეგად, დამსწრეთა შორის გამარჯვებულიც გამოვლინდა, რომელმაც თურქეთში „ფორმულა1“-ის შეჯიბრზე დასწრების უფლება მოიპოვა.

ამიერიდან, „რენოს“ ცენტრი ახალ ავტომობილებს და კიდევ ბევრ სიახლეს საკუთარ მომხმარებელს ხშირად შესთავაზებს.

ავტორი: მაია ცეცაძე

4 დასტური იმისა, რომ ბავშვობის ტრავმა ზოგჯერ სასარგებლოა

▲back to top


აქცენტი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ის, ამერიკული პრესის შეფასებით, „ხვალინდელი ჯაზის ერთ-ერთი ვარსკვლავი“, პარიზში გაიზარდა. კოლეჯში ასტროფიზიკას სწავლობდა, შემდეგ ბოსტონში მაგისტრატურა ჯაზის ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. დენ ტეპფერი თავის ტრიოსთან ერთად კონცერტებს ხშირად საზღვარგარეთ მართავს. თუმცა, კონფლიქტის ზონაში პირველად აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, ალბათ, კარიერაში ყველაზე უცნაური ტურნე ჰქონდა. მარშრუტით ბათუმი - სოხუმი - ზუგდიდი - თბილისი. ჩვენს ინტერვიუს ამ უჩვეულო პროექტში ჩართული ორი ადამიანი ესწრებოდა: ამერიკის პიანისტთა ასოციაციის სამხატვრო დირექტორი ჯოელ ჰარისონი და აშშ-ს საელჩოს განათლების, კულტურის და ინფორმაციის განყოფილების უფროსი სინტია უიტლსი.

ნატა ამაღლობელი - როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება სოხუმისგან? ჩვენთვის ეს ჩაკეტილი სამყაროა, იზოლირებული ზონაა. ის, რასაც ჩვენ ტელევიზიით ვხედავთ, ან ომის ძველი კადრებია ან ობიექტურ რეალობასთან ნაკლებადაა კავშირში. ფიქრობდი თუ არა, რომ სხვა ქვეყანაში მოხვდი?

დენ ტეპფერი - პირველი, რაც შემიძლია ვთქვა - ეს ნამდვილად ძალიან განსხვავებული ადგილია. დაცვით დადიხარ და საათობით ძალიან ცუდ გზაზე მიყავხარ მანქანას. როგორც ვიცი, ამ გზით ნაკლებად სარგებლობენ. ძალიან მიტოვებულ გზას ჰგავს. კიდევ ერთი, რაც თვალში მომხვდა, ისაა, ჩემი რუსული ძალიან გამომადგა. თუ არ ვცდები, ძირითადად რუსულად ლაპარაკობენ. ჩამოსვლამდე ვცდილობდი რუსული გამეხსენებინა. ბათუმშიც და ზუგდიდშიც ჩემი უკეთესად ესმოდათ, როცა რუსულად ვლაპარაკობდი, მაგრამ აფხაზეთში ნამდვილად ბედნიერები იყვნენ, რომ ჩემთან საერთო ენა რუსული აღმოჩნდა.

რაც შეეხება ხალხს, დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო. ისეთი რთული იყო იქ მოხვედრა. კონსერვატორიაში მსმენელები ისეთივე თბილები და სტუმართმოყვარენი იყვნენ, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში. ყველგან ძალიან დიდი სიხარულითა და სითბოთი დამხვდნენ. ზოგადად, შთაბეჭდილებები საკმაოდ მწირი და ლიმიტირებული მაქვს. ჯერ სასტუმროში მიგვიყვანეს, მერე კონსერვატორიაში და მერე ისევ სასტუმროში. შემდეგ ამ საშინელი გზით ზუგდიდში დავბრუნდით. სოხუმზე მოკლედ შეიძლება ასე ვთქვა: ეტყობა, ოდესღაც ძალიან ლამაზი ადგილი იყო და ახლაც, თითქოს ცდილობენ პირვანდელი სახე დაუბრუნონ ქალაქს, თუმცა რესტავრაციისა მაინც არაფერი ეტყობა. ძალიან იგრძნობა სტაგნაცია. თავს გრძნობ, როგორც „აჩრდილთა ქალაქში“. ეს არის ჩემი შთაბეჭდილება. ამ უცნაურ ქალაქში არაჩვეულებრივი ადამიანები ვნახე.

.. - ქალაქი უცნაურად მოგეჩვენათ?

.. - უჩვეულო ქალაქია, ვერავინ იტყვის, რომ უცნაური ქალაქი არ არის.

საუბარში დიპლომატიურად ერთვება სინტია უიტლსი.

სინტია - ეს ხომ მუსიკოსია. მისი მისია იქ იყო ადამიანების მუსიკის ენის დაკავშირება გარესამყაროსთან. ჩემთვისაც, ამ მოგზაურობაში მთავარი იყო, რომ ადამიანებთან კავშირი მუსიკის უნივერსალური ენით დაგვემყარებინა.

.. - რატომ ჩაგეკითხეთ, ჩემთვის ეს სხვა პლანეტასავითაა. ჩემს ქვეყანაში არის საზღვარი, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ვერ ვკვეთავთ. ასე მოხდა. პარიზში შეგვიძლია წავიდეთ, პრაღაში, მადრიდში - იქ არ შეგვიძლია. XXI საუკუნეში ეს ძალიან უცნაურად მეჩვენება...

.. - იგრძნობა, რომ ეს ძალიან იზოლირებული ადგილია. მაგრამ იქ ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორც სხვაგან საქართველოში, პარადოქსია, კონცერტის შემდეგ ჩემთან ერთი ხანში შესული ადამიანი მოვიდა. ბევრი მედალი ეკიდა გულზე და მადლიერების ნიშნად ხელს დიდხანს მართმევდა. ეტყობოდა, ძალიან ისიამოვნა კონცერტით, ისიამოვნა ჩვენთან ურთიერთობით. რუსულად მკითხა, იცით სად ხართ, იცით, რა არის აფხაზეთიო. ამ დროს მივხვდი, ამ ადამიანთან კონტაქტი მუსიკით რომ არ დამემყარებინა, შეიძლებოდა, მისი რეაქცია უფრო ნეგატიური ყოფილიყო.

.. - ჯაზი, ალბათ, ყველაზე მეტად თავისუფალი მუსიკალური მიმდინარეობაა. აფხაზეთი დღემდე კონფლიქტის ზონად ითვლება. მუსიკალურად როგორ ააწყვეთ პროგრამა? განწყობის გამო ხომ არ შეიცვალა მუსიკალური თემები, ხომ არ შეიცვალა იმპროვიზაციის სტილი? რომელი მუსიკალური ასოციაცია მოგდის თავში, როდესაც სოხუმში მოგზაურობა გახსენდება?

დ.ტ. - ძალიან რთული კითხვაა. მე ყოველთვის იმპროვიზაციას ვუკრავ. ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს არა იმას, რას ვუკრავ, არამედ იმას, თუ როგორ ვასრულებ. ძალიან მნიშვნელოვანია ისე დავუკრა, როგორც იმ მომენტში ვგრძნობ. თან გააჩნია, როგორი აუდიტორია გისმენს. სიტყვებით ჩემი შეგრძნებების გამოხატვა გამიჭირდება. იქ კონსერვატორიაში ძალიან მჭიდრო კონტაქტი მქონდა აუდიტორიასთან. მგონი, რაც დავუკარი, იმ მომენტში მსმენელს სჭირდებოდა.

ნ.ა. - ალბათ, ყველა მუსიკოსს ინდივიდუალური განწყობა აქვს ყოველი კონცერტის წინ. როგორი კავშირი დამყარდა თქვენსა და მსმენელს შორის ზუგდიდში, ბათუმში და თბილისის კონსერვატორიაში? იყო თუ არა ის განსხვავებული სოხუმისგან?

დ.ტ. - საქართველოს კონცერტებმა ძალიან მასიამოვნა. ტიპური ამერიკელი არა ვარ. გავიზარდე საფრანგეთში, ვუკრავდი პროკოფიევს და შოსტაკოვიჩს. დედაჩემმა საოპერო ტრადიციებზე გამზარდა. ჩემი მუსიკალური გემოვნება ძალიან განსხვავებული და უფრო ევროპულია, ვიდრე ამერიკული. რას ვუკრავ, ყოველთვის დამოკიდებულია აუდიტორიაზე. როგორც წესი, კონცერტამდე მაქვს გადაწყვეტილი რას შევასრულებ, მაგრამ სცენაზე რომ გავდივარ, ვცდილობ, ყველაფერი დავივიწყო. აფხაზეთში უფრო გამიჭირდა დაკვრა, ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქებში. ისე, სცენაზე თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობდი. ყველგან გულწრფელად ვუკრავდი.

სინტია - ჩემი აზრით, ეს იყო მუსიკით დამყარებული, ძალიან გამოხატული კავშირი აუდიტორიასთან. სოხუმში აუდიტორია ნაკლები იყო, დარბაზიც უფრო პატარა. ბათუმში დარბაზი უფრო დიდი იყო. დისტანცია დარბაზთან ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა აუდიტორია ერთმანეთს ჰგავდა.

ჯოელ ჰარისონი - ჩემი შთაბეჭდილებით, აუდიტორია ამ სამ ქალაქში კონცერტზე სიხარულით, ძალიან დიდი მოლოდინით და ღია გულით მოვიდა. ხალხი ყველგან იმისთვის მოდიოდა, რომ მუსიკისთვის მოესმინა, და მოესმინა ამ კონკრეტული მუსიკოსის შესრულებით. გახსნილები იყვნენ ამ მუსიკალური ურთიერთობისთვის. სოხუმში დიდი განსხვავება არ მიგრძვნია.

ნ.ა. - თქვენთვის სოხუმი რაიმე კონკრეტულ მელოდიასთან ასოცირდება? რა მუსიკალურ განწყობაზე გაყენებდათ?

დ.ტ. - ჩემთვის მელოდია უმაღლესი ღირებულებაა. ჯაზის მთელი ხიბლი ის არის, რომ უკრავ მელოდიას და იმპროვიზაციის სრული თავისუფლება გაქვს. სამ კონცერტზე შემიძლია დავუკრა ერთი და იგივე თემები და სამივე კონცერტზე მათ სხვადასხვანაირად იგრძნობენ. სოხუმში რაც დამეუფლა, მომწარო სითბო იყო. თბილისი ჩემთვის სულ სხვანაირად ჟღერს. აქ ბევრი სიცოცხლე და ენერგიაა.

ნ.ა. - ზუგდიდზე რას იტყვით?

დ.ტ. - იქ საკმაოდ დეპრესიული განწყობა იგრძნობა. ზუგდიდში შევჩერდით, როცა აფხაზეთიდან ვბრუნდებოდით. სასაზღვრო ქალაქია. სიღარიბე იგრძნობა. სასტუმროს ნაცვლად ერთ-ერთი „ბაბუშკას“ სახლში გავჩერდით. დაახლოებით სამოცის იქნებოდა. საღამოობით რუსულად ველაპარაკებოდი. ჯოელსა და სინტიას ეძინათ, მე ქვემოთ ჩავედი ფეხბურთის საყურებლად. როდესაც მატჩი დასრულდა, კარგი დრო გავატარეთ. ორის ნახევრამდე ვისხედით მასპინძელთან ერთად. იმას უნდოდა მეტი ინგლისური ესწავლა, მე კიდევ რუსული. ძალიან გრძელი და გამაოგნებელი საუბარი გვქონდა.

კითხვა სინტიას - ძალიან კარგი პროგრამა იყო, ბრწყინვალე იდეით. მარშრუტი კიდევ უფრო ორიგინალური და საინტერესო. რატომ და როგორ დაგეგმეთ ეს მოგზაურობა?

სინტია - ჩვენ შევეცადეთ მრავალწახნაგოვანი პროექტი შეგვექმნა, არა მხოლოდ კონცერტები. რამდენიმე პროექტი გვაქვს, რომელიც სოხუმელი ბავშვების დახმარებას ითვალისწინებს. გალელი ბავშვები დენის ზუგდიდის კონცერტს დაესწრნენ. დენმა და ჯოელმა რამდენიმე მასტერკლასი ჩაატარეს. კიდევ გვქონდა ღონისძიება ქურთისა დ თამარაშენის მოსახლეობისთვის საელჩოში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რაც რეალურია და შედეგიც მივიღოთ.

ჯოელი - ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროექტს. ეს არ იყო უბრალოდ კონცერტები. ეს ყველაზე კარგი კომბინაცია იყო. ყველგან გვქონდა მასტერ კლასები, როგორც კლასიკურ, ასევე ჯაზურ მუსიკაში.

სოხუმში კონსერვატორია ძალიან კარგად ფუნქციონირებს. ჩვენ რამდენიმე მოსწავლის შესრულება მოვისმინეთ, ერთს განსაკუთრებით გამოვყოფდი, სამწუხაროდ, ამ გოგონას სახელი არ მახსოვს.

ნ.ა. - რა პერსპექტივა აქვს იმ პიანისტ გოგონას?

ჯოელი - ერთი პერსპექტივა ამ საოცრად ნიჭიერ გოგონას ნამდვილად აქვს. განაგრძოს სწავლა და მეცადინეობა. ალბათ, მისთვის შეუძლებელია თბილისის კონსერვატორიაში ჩაბარება, მაგრამ მოსკოვსაც კლასიკური მუსიკის ბრწყინვალე ტრადიციები და სკოლა აქვს. როგორც მესმის, აფხაზებს რუსეთში ჩასვლა უპრობლემოდ შეუძლიათ, ასე რომ, მას ნამდვილად აქვს შანსი სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში განაგრძოს. მიუხედვად პოლიტიკური ვითარებებისა, მან ეს ნიჭი არ უნდა გაფანტოს. არ ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლია თუ არა ჩამოსვლა.

ნ.ა. - რამდენად სტაბილურად გრძნობს თავს ეს თაობა ამ ვითარებაში? როგორია მათი განწყობა, მომავლის შიში ხომ არა აქვთ?

სინტია - სამწუხაროდ, სოხუმში ორივე ვიზიტისას, უბრალო ხალხთან დიდხანს ურთიერთობის საშუალება არ მქონია. ეს მოკლე შეხვედრები იყო. კონსერვატორიის ბავშვებზე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ გაოცებულები იყვნენ, როდესაც დაგვინახეს. მაგრამ ბათუმელებსაც ასევე გაუკვირდათ ამერიკელების ნახვა.

ჯოელი - ეს საზღვრების გადაკვეთა, გაეროს მანქანებით გადაადგილება საკმაოდ დამთრგუნველია. ჯერ ვიყავით ბათუმში, მერე გადავედით სოხუმში. მუსიკალურ სკოლებში ბავშვებს შორის დიდი განსხვავება არ მიგრძვნია.

.. - სოხუმში საკონცერტო „ესტონიაზე“ ვუკრავდი. საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო ინსტრუმენტი, მაგრამ არც ზუგდიდში იყო უკეთესი. დიდად ამას ჩემზე არ უმოქმედია. კონცერტებით და აუდიტორიით ძალიან ვისიამოვნე.

სინტია - ჩემი პირადი აზრი ასეთია - ეს ხალხია და მათ უნდათ, რომ ჰქონდეთ მომავალი.

5 საქართველო ნეონაციზმის საფრთხის წინაშე დადგა

▲back to top


ომენტარი

ავტორი: ნინო დანელია

0x01 graphic

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის დროშის შემხედვარეს, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ფაშისტური ჰერალდიკა. მათი საარჩევნო ლოზუნგების მოსმენისას კი - გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტია. ჰიტლერი ამბობდა, რომ წითელი ფერი მისი მოძრაობის სოციალურ იდეას გამოხატავდა, თეთრი - ნაციონალურ იდეას და სვასტიკა კი - არიული რასის გამარჯვებას...

გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე ინტენსიურად მაშინ გამოჩნდა, როცა ამერიკული საფონდო ბირჟის კოლაფსს გერმანიაში ფინანსური კრიზისი და ფასების ზრდა მოყვა. პოლიტიკური პარტიები დაყოფილნი იყვნენ ერთმანეთთან დიალოგის არამოსურნე უკომპრომისო ჯგუფებად. გერმანელი ხალხი კი პრობლემების გადაწყვეტას ითხოვდა. პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მიზნით, ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ჰიტლერის პოლიტიკური გააქტიურების დროც დადგა.

მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა ვერ მოახერხა ახალგაზრდა გერმანული დემოკრატიის ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა, მან ამის გაკეთება კანონიერი გზით სცადა. ჰიტლერმა გერმანელი ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაზე დაიწყო მუშაობა. მთავარი მისი კოზირი კი ორატორული ნიჭი და იმის თქმა იყო, რისი გაგონებაც გერმანელ ხალხს უნდოდა. იგი იძლეოდა ბუნდოვან დაპირებებს და არაფერს ამბობდა ამ დაპირებების შესრულების კონკრეტულ გზებზე. ის იყენებდა მარტივ, ადვილად დასამახსოვრებელ ფრაზებს და ძალიან ხშირად იმეორებდა მათ. იგი ყველა ფენას რაღაცას სთავაზობდა: სამუშაო ადგილებს უმუშევრებს, ფინანსურ კეთილდღეობას ბიზნესმენებს, გერმანელების დიდ გერმანიად გაერთიანებას, განათლების სისტემის გარდაქმნას ნაციონალური მოთხოვნების შესაბამისად, რელიგიურ თავისუფლებას მხოლოდ იმ რელიგიებისათვის, ვინც საფრთხეს არ უქმნიდა გერმანული რასის არსებობას ან არ შეურაცხყოფდა მის მორალურ და ეთიკურ ნორმებს.

ამ ისტორიულმა ფაქტებმა ალბათ ყველას საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება, ნოემბრის მოვლენებისას ბადრი პატარკაციშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები და თოქ-შოუ პრაიმ-თაიმში ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის პრეზენტაცია გაგახსენათ. როგორც ჩანს, ქართველი ელექტორატის მოსახიბლად მათ გერმანელი ნაცისტების პროპაგანდის დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენება გადაწყვიტეს.

„ეს საქართველოა! ჩვენ ქართველები ვართ!“

სკანდირებდა სატელევიზიო სტუდიის გარეთ მხარდამჭერთა გუნდი. მათ არავინ უთხრა, რომ ქართველობას ყიჟინით, თვალების ბრიალით და გულში მჯიღის ცემით არავინ ამტკიცებს. ასე, თვალების ბრიალით ყვირილი კი ნაცისტებმა იციან. ასე თვალებდაქაჩულები უყვიროდნენ ებრაელებს ეს გერმანიაა და ჩვენ გერმანელები ვართო. ახლა კი სცხვენიათ, რომ ასე იქცეოდნენ. ასე უყვიროდნენ ლე-პენი და მისი მომხრეები საფრანგეთში არაბებს და ამით დააფრთხეს ევროპის ქვეყნები, რომელთაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მათი ნეონაცისტური იდეოლოგია. ასე ყვირიან სკინჰედები რუსეთში და საბარგო თვითმფრინავებით ერეკებიან და კლავენ ქართველებს, სომხებს, უზბეკებს. არა, არ გვინდა ჩვენ ასეთი მყვირალა, თვალების მობრიალე და უსიყვარულო საქართველო! სირცხვილია ასე ღრიალი ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში. ჯერ კიდევ როდის წერდა არა მხოლოდ მოყვასის, არამედ, თავად მოსისხლე მტრის სიყვარულსა და პიროვნების ღირსების პატივისცემაზე. არ მოწონდა ფსევდო-ნაციონალურ-ორთოდოქსული ამპარტავნება და ამბობდა

ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მოელით ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღვთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა ვინაცა ჰფიციან?!

სამწუხაროდ, დღესაც იმავე მართლმადიდებლობით „ვწარამარაობთ“, როცა ეკლესიის დანახვაზე სამარშრუტო ტაქსში ინტენსიურად ვიწყებთ პირჯვრის წერას და მერე, თვალების ბრიალით ვღრიალებთ, რომ ეს საქართველოა და ჩვენ კი ქართველები ვართ. ძნელია იფიქრო, რომ პარტიის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს ესმის მართლმადიდებლობის არსი - სიყვარული, მით უფრო გასაჭირში მყოფი ადამიანის სიყვარული. ეს რომ ესმოდეს, ისეთი ზიზღით აღარ იტყოდა, რომ „მათხოვრების“ და „ხელმოცარული“ ადამიანების ადგილი არ არის მის პარტიაში და ამავე დროს, თვითონვე ტელეეკრანიდან ხელს არ გაიწვდიდა ბიზნესმენებისკენ, ფული მოგვეცითო. მას არ უყვარს ხელმოკლე საქართველოს მოქალაქეები. ისინი მისთვის მხოლოდ ხმების მისაღებ საჭირო რესურსს წარმოადგენენ.

ორი პატრონი - ორივე მდიდარი და ორივე კრიმინალური წარსულის მქონე

19 წელი ეს ის ასაკია, როცა ადამიანი იდეალისტია, მეოცნებეა, რომანტიკოსია, მეამბოხეა, თავისუფლების მოყვარულია, ღირსების დამცველია, მისი ქვეყნისთვის, მისი საზოგადოებისათვის უკეთესი მომავალი უნდა. 19 წლის გიორგი თარგამაძე კი ასლან აბაშიძის კარზე იწყებს მსახურს და ამას მოგვიანებით, წინასაარჩევნოდ, შევარდნაძესთან ბრძოლას არქმევს. ჩვენ კი კარგად გვახსოვს, რომ აბაშიძე შევარდნაძეს მხოლოდ იმიტომ უპირისპირდებოდა, რომ მისი ავტოკრატული ბატონობა არ შესუსტებულიყო აჭარაში, რომ პოლიციური ავტონომია შეენარჩუნებინა და მისი კლანის ფინანსურ წარმატებაზე ეზრუნა. სწორედ მაშინ, აჭარაში გიორგი თარგამაძე ასლან აბაშიძის სიტყვას ავრცელებდა, პატიმრობაში უმიზეზოდ მყოფი თამაზ ასანიძის ბედი საერთოდ არ ანაღვლებდა, არც კორუფცია და არც აბაშიძის ჯიბის სასამართლო ახსენდებოდა. რა მოხდა მერე, მოგვიანებით ხომ დადო ჯენტლმენური შეთანხმება ბადრი პატარკაციშვილთან სიმართლისმოყვარული ტელევიზიის შექმნის თაობაზე. შეთანხმდნენ და სიმართლის მოყვარულმა ბატონმა ბადრიმ საჭირო დროს „ერთი-ორი მეშოკი ყალბი ბიულეტენების აფრიალება“ მოითხოვა. ეგონა, რომ ქართული საზოგადოება მტყუან-მართალს ვეღარ გაარჩევდა და მშვენივრად გაცუცურაკდებოდა. როგორ ფიქრობთ, ეს სიმართლისმოყვარეობის დასტურად გამოდგება? მგონი, არა.

პროფესიონალი თუ არაეთიკური ჟურნალისტი?

პროფესიონალმა ჟურნალისტმა, მით უფრო სატელევიზიო პოლიტიკური პროგრამების უფროსმა უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი ძალაუფლების - პოლიტიკური და ფინანსური ძალაუფლების - მქონე ადამიანების მეთვალყურეობა, მათი კრიტიკაა და არა მათი მსახურება და მათ პოლიტიკურ იარაღად გადაქცევა. დამოუკიდებლობა კი მხოლოდ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს და გულისხმობს ყველა პოლიტიკური, ფინანსური თუ რაიმე სხვა ინტერეს-ჯგუფისაგან დამოუკიდებლობას.

პროფესიონალმა ჟურნალისტმა ასევე უნდა იცოდეს, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებზე საუბრისას სიტყვა „ინვალიდი“ არ უნდა იხიმაროს, რადგან ეს შეურაცხმყოფელ სიტყვად მიიჩნევა თანამედროვე მსოფლიოში და თარგმანში „არაღირებულს“ ნიშნავს.

პროფესიონალი ჟურნალისტი ასევე უნდა ერკვეოდეს, რომ რაც უნდა პათეტიკურად შემოსძახოს, რომ ქართველი ქალები მოწყვიტეს საკუთარ ოჯახებსა და სამზარეულოებს, ქართველ ქალებს უფრო ფართო ასპარეზი აქვთ და მათ უკან სამზარეულოში ვეღარ დააბრუნებენ და მხოლოდ ხაჭაპურის ცხობით დაკმაყოფილებას ვეღარ აიძულებენ.

პროფესიონალმა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ მადლიერი ბიზნესმენები არ უნდა ჰყავდეს, რომლებიც მათი ბიზნესის რეკლამისთვის ვალში არ დარჩებიან და საჭირო დროს მის პოლიტიკურ კამპანიას დააფინანსებენ.

პროფესიონალმა პოლიტიკოსმა ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ საუდის არაბეთში საქართველოდან გაყვანილი ღელეს იმედად ვერ იქნება, სოციალურ დახმარებებს და მომატებულ ხელფასებს ვერ დაარიგებს და ვერც უფასოდ უმკურნალებს ბავშვებს.

და ისევ მოძმე რუსეთი, აბა სხვა ვინ?

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკის ნაწილმა მშვენივრად დააგვირგვინა ამ პარტიის იდეოლოგიის პრეზენტაცია. თურმე, მაინცდამაინც საჭირო არ არის ევრო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, თუკი რუსეთი ამით ძალიან გვინაწყენდება. რა უჭირს, დავყვეთ გავლენიანი და დიდი რუსეთის ნებას და ჩავბარდეთ ეს პატარა საქართველო დიდ პატრონს. ასე ხედავენ გიორგი თარგამაძე და მისი მომხრეები საქართველოს მომავალს. ქართული საზოგადოება კი უკვე დიდი ხანია რუსეთის წნეხის ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვით შეცვლას ცდილობს. თავად არ იმეორებდა ყველა გამომსვლელი საარჩევნოდ შექმნილ მარტივ და ადვილად დასამახსოვრებელ სლოგანს - „ცვლილებების დროა“. ქვეყანაში მართლაც ცვლილებების დროა. საქართველო მონური და პატრონ-ყმული ფსიქოლოგიით ვეღარ იცხოვრებს, ვერც რუსეთისმოყვარული ფსევდოპატრიოტები, ფარისევლები და უშუშროების თანამშრომლები ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაციზმი ვერაფრით გახდება ჩვენი ქვეყნის იდეოლოგია.

სწორედ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ყველაზე მეტად საკუთარ ტრადიციებს აფასებს და საკუთარი კულტურა უყვარს, სულხან-საბა ორბელიანის იხვისა და მყვარის იგავს გაიხსენებს. გონიერმა ადამიანმა ყოველთვის იცის როგორ დაიცვას ტრადიცია და ამავე დროს, გადარჩეს, განვითარდეს და არ ამოვარდეს თანამედროვე მსოფლიოს კონტექსტიდან.

მაშ ასე, ქრისტიან-დემოკრატებმა ქართულ საზოგადოებას მუხანათური ანკესი გადაუგდეს და ზედ მოაბეს სატყუარა: ფსევდოქართველობა, ფსევდო-მართლმადიდებლობა, ფსევდო-ტრადიციები. ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა, გადაყლაპავს ამ ანკესს და ამით განაჩენს გამოუტანს საკუთარ მომავალს, თუ სწრაფად მიხვდება ამ იდეოლოგიის ფარისევლობას და არ მისცემს ნეონაციზმს საქართველოში აღორძინების საშუალებას.

6 ანალიტიკური ოხვრა

▲back to top


ომენტარი

ავტორი: დავით გაბუნია

0x01 graphic

ტელევიზორს 2003 წლის შემოდგომაზე გამოვეთხოვე, საზეიმოდ დავდე ფიცი, რომ აღარ ვუყურებ და დღემდე მეტ-ნაკლები წარმატებით ვასრულებ პირობას. თუმცა, გამონაკლისებიც ხდება, ნაცნობმეგობრებსაც ხომ ვერ მოსთხოვ, შენსავით დიოგენეობას მისდიონ. ხალხს აინტერესებს ტელევიზია, ართობს, ინფორმაციას აწვდის და თქვენ წარმოიდგინეთ, ანალიზსაც კი სთავაზობს. მაშ როგორ, თუ არხი საკუთარ თავს პატივს სცემს, ანალიტიკური გადაცემაც უნდა ჰქონდეს, „რუსთავის 2“-საც აქვს, N გადაცემა, სახელად „პოსტ სკრიპტუმი“, ხალხში სიყვარულით „პი ესს“ რომ ეძახიან. ხსენებული არხის ხსენებული გადაცემის ინტერნეტგვერდზე თუ შეიხედავთ, აი, ასეთი ტექსტი შემოგეგებებათ: ჩვენ ვპასუხობთ კითხვას - არა მარტო რა მოხდა, არამედ რატომ და რისთვის? კვირის ყველაზე აქტუალური და ცხელი ამბები, ახალი დეტალები და აქამდე უცნობი ფაქტები. ყველაფერი ეს P.S.-ია.

ვერაფერს იტყვი, ამბიცია დიდია და მისასალმებელი. ამას რა ჯობია, თუ კვირის ბოლოს ჟურნალისტებთან ერთად შევაჯამებთ, გავაანალიზებთ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. მაგრამ, დახეთ, რა უცნაური რამ ხდება - ინფორმაციას ნამდვილად ვიღებთ, ამბების ნაწილი მართლაც აქტუალურია, ნაწილი ცხელი თუ არა, ნელ-თბილი მაინცაა, დეტალებით მეტისმეტად მდიდარიც კია, უცნობი ფაქტების გამომზეურებაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, ეს თავისთავად იგულისხმება, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად ჩვეულებრივი საინფორმაციო გამოშვების ფორმატშიც თავისუფლად ჯდება, გადაცემას კი პრეტენზია აქვს, აგვიხსნას, „რატომ და რისთვის“ ხდება ესა თუ ის მოვლენა.

ასე იყო 5 აპრილსაც, როდესაც თბილისის ფორუმზე აღშფოთებულმა მომხმარებლებმა „პი ესის“ ერთ-ერთ სიუჟეტს სპეციალური თემა მიუძღვნეს. დავინტერესდი, არ დამეზარა და თავიდან ბოლომდე, გმირული მოთმინებით ვუყურე გადაცემის ინტერნეტვერსიას, გადახვევა არც მიცდია, მაინტერესებდა, როგორ ამიხსნიდნენ ჟურნალისტები, რატომ და რისთვის ხდება ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტ სააკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუც ბოლომდე მოვისმინე (ლამის 15 წუთს რომ გრძელდებოდა), თუმცა, უნდა ვაღიარო, კომენტარი და ანალიზი ან მე გამომრჩა, ან გადაცემაში სულ არ ყოფილა. არადა, პრეზიდენტი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ლაპარაკობდა, როგორიც საქართველოსთვის ე.წ. „მაპ“-ზე უარის თქმაა. ცოტაც დაველოდე და გადაცემის წამყვანმა, ბ-ნმა კიკალიშვილმა, მისთვის ჩვეული მრავალმნიშვნელოვანი ინტონაციით გვამცნო, ახლა კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ დანაშაულზე მოგითხრობთ, რედაქციაში ზარი შემოვიდა და ჩვენც გადასაღებად გავემგზავრეთო. თან, ისიც დასძინა, რა სამწუხაროა, რომ საქართველოში, სადაც ოდითგანვე ქალის განსაკუთრებული პატივისცემით ამაყობდნენ, ასეთი რამ ხდებაო. მოკლედ, ვიხილეთ ქ-ნ ასათიანის სიუჟეტი კახეთის „ერთ-ერთ“ სოფელში მომხდარ გაუპატიურებაზე.

ვისაც არ უნახავს, ალბათ, ოდნავ მაინც შერჩება იმედი, რომ წამყვანის მიერ შესავალში ნათქვამი „ერთ-ერთი სოფელი“ რესპონდენტების ანონიმურობის დაცვას მოასწავებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, სიუჟეტში დეტალურად განვიხილეთ კახეთის გეოგრაფია, რომელი სოფელი რომელს ესაზღვრება, სად ცხოვრობს მე-11 კლასელი გოგონა, სად ცხოვრობს ბიჭი, რომელსაც ამ გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. როგორ გამოიყურება ერთიც და მეორეც - მართალია, ჟურნალისტები „ეცადნენ“ გოგონასთვის სახე დაემალათ, მაგრამ სხვა ყველა და ყველაფერი კადრში კარგად ჩანს, სახელიც იცი, გვარიც, მშობლებიც გაჩვენეს ახლო ხედით და ა.შ.

მივყვეთ ისევ „ცხელ“ სიუჟეტს - თურმე, მეზობლის ცნობისმოყვარე ქალს გაუხმაურებია ეს ამბავი, დაუნახავს მიტოვებულ სახლში შესული წყვილი და „რაც დასანახი“ იყო, ისიც არ გამოჰპარვია. ახლა დავაკვირდეთ, როგორ გვაჩვენებენ ამ ყველაფერს სიუჟეტის ავტორები: კამერა თავდაუზოგავად მუშაობს, კვალში მივყვებით მთხრობელს, გადაცემა დაპირებულ დეტალებს უხვად გვაწვდის. მეზობლის ქალის და გოგონას შეპირისპირებით დაკითხვასაც ვუსმენთ. სოფლის ბირჟაზეც გავდივართ, იქაც ცდილობს ჟურნალისტი, გაიკითხ-გამოიკითხოს, როგორი „სახელი“ აქვს გოგონას (ამას, ალბათ, ჟურნალის-ტური გამოიძიება ან რაღაც მსგავსი მაღალფარდოვანი პროფესიული სახელი ჰქვია). გოგონას ნათესავი მამაკაცი გინებით მისდევს ბიჭს (სტანდარატებს აქაც ვიცავთ - ჩვენი სათუთი სმენა უხეშმა გინებამ რომ არ გააღიზიანოს, ავტორებს ზედ საგულდაგულოდ დაუდიათ სიგნალის ხმა); თავ-პირდასისხლიანებულ ბიჭს სულ არ უნდა კამერის წინ დგომა, მაგრამ ოპერატორი სასწაულებრივად ახერხებს, მაინც გამოაჩინოს კადრში. ბიჭის დედაც სახეზე იფარებს ხელს, ოპერატორი ისევ იმარჯვებს და ქალის სახეს მაინც ვხედავთ. ერთი სიტყვით, შესაშური პროფესიონალიზმია. და ამ ყველაფრის მერე, სიუჟეტს ჟურნალისტის გაუგებარი კომენტარი მოსდევს: „მე-11 კლასელ ლიდას სკოლაში მისვლა რცხვენია“. აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ აღარ შერცხვება?

უყურებ სიუჟეტს და ელოდები, რომ სადაცაა გაირკვევა, რატომ გვიჩვენებენ კვირის მთავარ გადაცემაში ამ ამბავს, იქნებ შესაბამისი ანალიზი მოაყოლონ, კომენტარი მაინც გაუკეთონ. ნურას უკაცრავად, სიუჟეტი მთავრდება და ბ-ნი კიკალიშვილი მხოლოდ მრავალმნიშვნელოვანი, „ა ლა ლეონიდ პარფიონოვ“ პაუზით კმაყოფილდება. მერე ერთს ასევე მრავალმნიშვნელოვნად ამოიოხრებს და უკვე სხვა სიუჟეტის შესავალზე გადადის. ალბათ, სწორედ ეს ოხვრაა ანალიტიკა და ასე უნდა გავიგოთ: აი, ხალხო, რაღა კომენტარი უნდა ამ ამბავს, ხომ ისედაც ნათელია ყველაფერი. ნახეთ, რა სიბნელეა საქართველოს სოფლებში; ჩვენ ჟურნალისტური მოვალეობა შევასრულეთ, მიუკერძოებლად გაჩვენეთ ფაქტები, დასკვნა კი თავად გამოიტანეთო.

თქვენი არ ვიცი და მე, პირადად, ერთი დასკვნა ნამდვილად გამოვიტანე: გამოდის, რომ გოგონას ბედი, მომავალი, რეპუტაცია არავის არ ადარდებს, ოღონდ კი „ცხელი“ სიუჟეტი მოამზადონ და ყველაფერზე ილაპარაკონ, იმის გარდა, რაც მთავარია. არსად, არცერთი სიტყვით არ განმარტავენ ავტორები, რას ნიშნავს გაუპატიურება, და ამით მეზობლის ჭორიკანა ქალის პოზიციას იზიარებენ, „წამხარეთ, აბა, როგორ წამხრითო“ ამაყად რომ მიმართავს ჟურნალისტს. ამ ლოგიკით, გამოდის, რომ თუ დაზარალებულს, მაინცდამაინც, ხელ-ფეხის მოტეხილობა, დალურჯებული თვალები და შემოხეული ტანსაცმელი არ აღმოაჩნდა, გაუპატიურება არ მომხდარა. სოფლის ქალის და ჟურნალისტების ერთსულოვნება პირდაპირ გაკვირვებას იწვევს, რა იოლად გამოუტანიათ დასკვნები, რას შეიძლება ეწოდოს გაუპატიურება და რას - არა. მაყურებელმა კი ისიც არ უნდა შეიმჩნიოს, რომ სიუჟეტის ავტორები თითქოს საგულდაგულოდ ეძებენ ხალხს, ვინც დაზარალებულს გალანძღავს, მის ტრაგედიას გააქარწყლებს, მოკლედ, ყველაფერი ამხანაგური სასამართლოს დიადი ტრადიციების დაცვით ხდება. რაოდენ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს სიუჟეტი თავისთავად ემსგავსება საჯარო გაუპატიურებას. ფალოსად კამერა აურჩევიათ, კუდში დასდევენ ბრალდების მოწმეებს და მთელი მონდომებით ცდილობენ, გოგონას გასაჭირი სახალხო სანახაობად აქციონ. ეს ყველაფერი რომ ანალიტიკურ გადაცემაში ხდება, სადაც ვრცელი თუ არა, სულ მცირედი კომენტარი მაინც რომ უნდა მოჰყვეს სიუჟეტს, ჩვენც გვავიწყდება და გადაცემის ავტორებსაც. როგორც ჩანს, გულამოსკვნილი ოხვრა და დრამატული პაუზა სრულებით საკმარისი კომენტარია.

კეთილი, აკვიატებულ ანალიტიკას რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტების სახელმძღვანელო პრინციპებს მაინც მივაქციოთ ყურადღება, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 თავი ხომ მთლიანად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეძღვნება და მასში შავით თეთრზე, სრულიად ცხადად წერია:

1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების გაუმართლებელი ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კანონიერ მოლოდინს შორის.

2. პროგრამის მომზადებისა და გადაცემისას ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა მხოლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესით შეიძლება იყოს გამართლებული.

4. ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი მონაცემების შესახებ შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

(ციტატა მე-18 მუხლიდან)

როგორც ჩანს, ამ გოგონას პირად ცხოვრებაში ჩარევა „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივმა ინტერესმა უკარნახა, მისი და სიუჟეტში გადაღებული სხვა ადამიანების პირადი საცხოვრებელი ადგილის აფიშირებაც სახელმწიფო მნიშვნელობისა იყო, ალბათ.…

სულ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში კი არა, სკანდინავიის რომელიმე ქვეყანაში ხდება, დავუშვათ, შვედეთში. იქაც აჩვენებენ ტელევიზიით სიუჟეტებს გაუპატიურებისა და სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი სხვა დანაშაულების შესახებ, სიმწვავე და ცხელ-ცხელი ამბები ყველგან უყვართ. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ვერც დაზარალებულის ან ბრალდებულის სახეებს ნახავთ, ვერც მათ სახელებსა და მისამართებს გაიგებთ. იქ კანონი ავალდებულებს მედიას, დაიცვას ეთიკის ელემენტარული ნორმები, ასე უხეშად არ ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში, საკუთარი სარგებლის გამო რესპონდენტებს ცხოვრება არ დაუნგრიოს. და სრულებით წარმოუდგენელია, დაახლოებით იმის მსგავსი სიუჟეტის შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში 5 აპრილს ვიხილეთ, ავტორები სამსახურიდან არ დაითხოვონ. მოკლედ, ჟურნალისტებს საქმისადმი პასუხისმგებლობით მოპყრობას ასწავლიან და სთხოვენ კიდეც. ჩვენს მედიას კი ტოტალური შემოდგომა დაებედა, ბულვარულ ჟურნალგაზეთებსა თუ პრესტიჟულ ტელე-გადაცემებში ერთნაირად ცვივა ყვითელი ფოთლები და ამ სტიქიურ უბედურებას ბოლო არ უჩანს. მართალია, ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, „გაშვედეთებამდე“ წინ ხანგრძლივი შემოდგომა გველის.

ახლა შვედეთიდან სოფელ ბაკურციხეში გადმოვინაცვლოთ. წარმოვიდგინოთ, როგორ სხედან „პოსტ სკრიპტუმის“ შემოქმედებითი კოლექტივის წევრები სოფლის ბირჟაზე და მთელი მონდომებით არჩევენ საჩოთირო ამბავს, დეტალებს უკირკიტებენ, ჯერ ერთ მხარეს უსმენენ, მერე - მეორეს და ასე გაუთავებლად.

ჩვენ კი იქვე ვდგავართ და სულ ტყუილად ველოდებით ქარს, რომელიც ფოთლებს თან წაიღებს, სადღაც შორს კი, უკვე 10 წელიწადზე მეტია, ქართული ანალიტიკური მედიის შუქურა ანათებს.

7 პუტინიზაცია

▲back to top


ომენტარი

ავტორი: რევაზ საყევარიშვილი

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი, პეტერბურგი, 10 ივნისი 2007
REUTERS

7 ნოემბერს თბილისში არ ვყოფილვარ. დღეს უკვე სულ უფრო ნაკლებად ან საერთოდაც აღარ ვფიქრობ, ეს კარგი იყო თუ ცუდი. გამიმართლა თუ, პირიქით. აღარც იმაზე ვფიქრობ, სად ვიქნებოდი, რას ვიზამდი, რას გავუძლებდი, რას ვერა, ვის დავკარგავდი, ვინ დამკარგავდა, რას იტყოდნენ ჩემზე, რას ვიტყოდი მე და რით დამთავრდებოდა ყველაფერი.

არ ვფიქრობ, რადგან აზრი არა აქვს - არარეალურ ჰიპოთეტურ ვერსიებზე, ვცდილობ, დრო აღარ დავხარჯო. თუმცა, ოქსფორდში ვფიქრობდი. ვფიქრობდი, რადგან სხვა გზა არ მქონდა. ვერც თავიდან ვიგდებდი და ვერც ინფორმაციას ვიღებდი, რადგან ყველა ქართული საიტი ვერ ან ძლივს იხსნებოდა. ჩემი ცოდვით სავსე მუშარაფიც მაინც და მაინც მაშინ გადელდა და, ცხადია, დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთის თანამეგობრობაში შემავალი პაკისტანის ამბები უფრო აინტერესებდათ, ვიდრე საქართველოსი.

სრულიად დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ჩემს მცირე ინტერნაციონალურ მეოქსფორდე პილიგრიმების ჯგუფში საქართველოს ამბები აინტერესებდათ. არგენტინელი აბელი, იდეაში, ცივილიზაციაზე ინტერნეტის გავლენას იკვლევდა და ფოკლენდის კუნძულების ამბავს განიცდიდა. თუმცა, ჩვენი სალაპარაკო თემა არც ერთი გამხდარა და არც მეორე. ყველაზე ხშირად იმაზე ვყაყანებდით, ქართველებმა და არგენტინელებმა სარაგბო ევროპას რომ გაუკეთეს. უფრო იშვიათად ვიკვლევდით, მესი ჯობია თუ ტევესი, ან არის თუ არა საქართველოში კაბერნე. ანუ, დიდად პრობლემატური საუბარი არასოდეს გვქონია. თუმცა, როცა დილით ჩვენი საცხოვრებლის სამზარეულოში შემოყრილს ვუთხარი, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აშკარად შევეცოდე. Take it easy, man, everything will be OK - ფრაზა, რომელიც იმ მომენტში აშკარად „იბერია მაინც გაბრწყინდებას“ შესატყვისად ჟღერდა, ათჯერ მაინც გამიმეორა.

ჰონგ-კონგელი ჯოისი იმ ტელეკომპანიის დარბევას, სადაც ოქსფორდში წასვლამდე ვმუშაობდი, ჩემზე არანაკლებ განიცდიდა და ყველა იმ პუბლიკაციითაც მამარაგებდა, რომელიც მის მშობლიურ International Herald Tribune-ში შემდეგ დაიბეჭდა. ჩინელი იაო, რომელმაც რატომღაც ისიც კი იცოდა, რომ ოდესღაც ავლაბარში არალეგალური სტამბა არსებობდა, აშკარად მხრებში გაიშალა, რადგან დადასტურდა, რომ ადამიანის უფლებებს მარტო ჩინეთში კი არა, დემოკრატიის შუქურებშიც არღვევენ. ინდოელი პალავი და შრილანკელი მირა სერიოზულად მთავაზობდნენ, როიტერის ინსტიტუტის საბჭოს დაელაპარაკე და როგორც უმუშევრად დარჩენილს, იქნებ აქ ყოფნის ვადა გაგიხანგრძლივონო (ჩემი უმუშევრობა ნელნელა სახალისო თემაც გახდა: ოქსფორდში აპლიკაციის გაგზავნისას ჯერ კიდევ „იმედის“ თანამშრომელი ვიყავი. ამიტომაც ყველგან, პირველ რიგში, ამ სამუშაო ადგილით მახსენებდნენ. თუმცა, 7 ნოემბრის მერე, ტექსტი შეიცვალა და წინადადებაში I work for TV Company IMEDI ზმნა გახდა I worked).

ანგლო-საქსები - ამერიკელი ჯონი და ინგლისელი რიჩარდი კი აშკარად დაიბნენ, რადგან ერთსაც და მეორესაც მშობლიურ მედიაში საქართველოზე სულ სხვა რამეები ჰქონდათ წაკითხული.

რეინკარნაცია

„ამერიკაში განათლებული, ოთხი ენის და თავისუფალი საბაზრო დემოკრატიების ღირებულებათა სრულყოფილად მცოდნე მიხეილ სააკაშვილი სრულიად განსხვავებულ ლიდერად მიიჩნევა. უსისხლო ვარდების რევოლუციის შემდეგ ის პოსტსაბჭოთა ლანდშაფტის მხსნელად ისახება“, - ეს ძირძველი ქართული პანეგირიკი არ გეგონოთ, პატივცემულ დასავლურ გამოცემაში გამოფენილი ოდის ფრაგმენტია. არც გამოცემის დასახელებას აქვს აზრი და არც მსგავსი ტექსტების გავრცობას. ეს არის ის კლიშე, რომელიც დასავლურმა მედიამ საქართველოს 2003 წლის ნოემბერში მოარგო და მთელი 4 წელიწადი დაუღალავად შტამპა.

მაგრამ მოხდა 7 ნოემბერი. მოხდა და მთელი ანგლო-საქსური მედია ისე ამოაყირავა, რუსული მედიის პწკენა-ღრენა ამასთან რა მოსატანია.

The New York Times-მა არ დაიზარა და სააკაშვილის მასწავლებელიც კი მოიძია: ვფიქრობ, მიშა ავტორიტარიზმისკენაა მიდრეკილი, - დაასკვნა სქოთ ჰორტონმა, რომელიც მიშას კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ასწავლიდა, - მიშას და პუტინს შორის გასაოცარი მსგავსებაა პრეზიდენტის უფლებებისა და ძალაუფლების ხედვასთან დაკავშირებით. პუტინის მსგავსად, სააკაშვილმაც მოახდინა პარლამენტის მარგინალიზაცია და დაამცრო ოპოზიცია.

ცხადია, ჰორტონს არ სჯერა, რომ საქართველო დიქტატურაში გადაეშვება და სააკაშვილიც ისეთივე სასტიკი გახდება, როგორც პუტინი. აი, სხვას კი, მაგალითად, The Slate Magazine-ს სჯერა:

საფრანგეთის რევოლუციას თავისი იაკობინელები ჰყავდა. რუსული რევოლუცია წითელ ტერორში გადაიზარდა. უკანასკნელი წლების ბევრ მშვიდობიან რევოლუციას არ ჰქონია მიზნად მოძალადე კონტრრევოლუციონერების შობა. თუმცა, ერთმა უკვე შვა. აშკარაა, რომ ერთკვირიან ინტერვალში საქართველოს პრეზიდენტმა გაცილებით მეტი რეალური საფრთხე შეუქმნა ამერიკულ დემოკრატიის მხარდაჭერას, ვიდრე მუშარაფების მთელი წყება მოახერხებდა. ბოლოს და ბოლოს, არავინ ელოდა განსაკუთრებულ დემოკრატიას პაკისტანისგან. მაგრამ გასაოცრად დიდი იყო მოლოდინი საქართველოსგან - რუსეთს და თურქეთს შორის ჩაჭეჭყილი პატარა, კლანური, მთაგორიანი ქვეყნისგან. მოლოდინი, რომელიც გავეშებული პოლიციელების მასასა და ცრემლსადენი გაზის ღრუბლებში ჩაიკარგა. გარდამავალი დემოკრატიების პროექტის პრეზიდენტმა, ბრიუს ჯექსონმა ყველაზე მოხდენილად შენიშნა: ჩვენთვისაც კი, ვინც პროფესიულად ვმუშაობთ თვითმკვლელ სახელმწიფოებთან, ეს უკიდურესად ცუდი დღე იყო.

სრული სურათისთვის კიდევ ერთ ნაგლეჯს მოვიხმობ The National Interest-იდან და ამით მოვრჩეთ: არც ერთი ბრიტანელი, ფრანგი ან გერმანელი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი არ მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტს დემოკრატად. პირიქით, გაცილებით მეტი აზრთა თანხვედრა იყო იმაზე, რომ სააკაშვილმა და მისმა მრჩევლებმა საგარეო ვოიაჟების დროს ისწავლეს დემოკრატიის საკვანძო მანტრების გამეორება, მაგრამ ასევე არ დავიწყნიათ მათი სრული იგნორირება ქვეყნის მართვისას. სააკაშვილმა მოხერხებულად გააუქმა სხვა პოლიტიკური ძალის ცენტრები და ალტერნატიული პერსპექტივების წყაროები პარლამენტსა და მედიაში, ისევე როგორც შექმნა დამოუკიდებელი სასამართლოს დიდი დეფიციტი.

ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები ღრმა სკეპტიციზმით ხვდებიან ბუშის ადმინისტრაციის მიზანს, მიიყვანოს საქართველო ნატოში. საქართველოს საშინაო კონდიციები ფუნდამენტურად განსხვავდება ალიანსის ბევრი სხვა ახალი წევრის მახასიათებლებისგან, რომელთაც აქვთ დემოკრატიული მმართველობის გაცილებით მეტი გამოცდილება, განსხვავებული პოლიტიკური კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰყავთ ლიდერები, რომლებიც უფლებებით აღჭურვავენ დემოკრატიულ მთავრობებს და არა მხოლოდ საკუთარ თავს.

ყველანი ადამიანები ვართ

ხშირად მესმის, რომ ყველაფერი იქიდანაც კარგად ჩანს. ყველაფერიც ძალიან კარგად იციან. შეიძლება, მართალიც არის. თუმცა, ხშირად ამაში ეჭვი მაინც საფუძვლიანად გეპარება. როცა Financial Times-ში კიდევ ერთ თანაჯგუფელთან - რუს მაშასთანერთად ვიყავი და საქმიანი სადილი დასრულდა, თანაჯგუფელმა გაოცება ვერ დამალა: Реваз, у них целая арава своих журналистов и корпунктов в России и все же как поверхностно все знают и обо всем говорят?

რა უნდა მეთქვა? მე იმითაც ვერ დავიკვეხნიდი, რომ ჩვენთან ბევრი ჟურნალისტი ჰყავთ და ბევრი კორპუნქტი აქვთ. თუმცა, როგორც ჩანს, არც ამ რაოდენობებშია საქმე. მთავარი უფრო მოცულობაა, ქვეყნის მასშტაბი. ან კიდევ უფრო საინტერესო - ბიზნესის კეთების შესაძლებლობა. თუნდაც მცირესი და თუნდაც ერთჯერადის.

სამი ერთმანეთზე მიწყობილი Invest In Georgia 29 და 31 ოქტომბერს და 5 ნოემბერს ვენაში, ლონდონსა და ნიუ-იორკში, მსოფლიოს სამი უცნობილესი საქმიანი წყაროს - The Economist-ის, Financial Times-ის და Dow Jones-ის ორგანიზებით გაიმართა. საქართველომ მთელ მსოფლიოს ამ სამი გამოცემის თანადგომით მოუწოდა, რომ საქართველოში ინვესტიციები დააბანდონ.

და თუ ვენისა და ლონდონის ფორუმებზე პოლიტიკური რისკები ნაკლებად ჩანდა, ნიუ-იორკში უკვე ეჭვი და სკეპტიციზმი მეტი იყო - მესამე ფორუმი ხომ 2 ნოემბრის მერე გაიმართა. ესეც ყისმათის ამბავი იყო, თორემ სამივე ფორუმი ნოემბერში რომ ყოფილიყო, გამოხმაურება კიდევ უფრო ნაკლებად რიხიანი იქნებოდა.

31 ოქტომბერს ლონდონის ფორუმს Financial Times-მა საქართველოს მთავრობის დაფინანსებული საგანგებო ჩანართი მიუძღვნა. ამ ჩანართში ერთ-ერთ პოლიტოლოგს, რომელიც მოგვიანებით საქართველოს მთავრობის მინისტრიც გახდა, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე საკმაოდ შთამბეჭდავი სტატია ჰქონდა გამოქვეყნებული. ჩანართში ასევე ბევრი იყო თქმული რუსეთის ავ ზრახვებსა და საქართველოს გზის რუსული გზისგან ცალსახა გაყრაზე, რასაც უკვე თავად Financial Times-ის ჟურნალისტები იუწყებოდნენ. რამდენიმე დღეში კი იმავე Financial Times-ში ასეთი რამ დაიწერა: ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება ლიდერს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ამოსაქაჩად ქცევებით სხვა ლიდერს მიბაძა - ვლადიმერ პუტინს რუსეთიდან, რომელიც საქართველოს მეზობელი, ყოფილი ბატონი, დღეს კი ხშირად მოწინააღმდეგეა.

აი, ასე იცვლიან აზრებს. ისევე, როგორც ჩვენ. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ადამიანები ვართ და აზროვნებაც ძალიან ხშირად კონკრეტული მიზეზების გამო ტრანსფორმირდება ხოლმე. მიშას, ალბათ, აქვს ცდუნება, პუტინი გახდეს. მე მესმის მისი. მით უფრო, როცა ხედავს მეზობლად, ამხელა სახელმწიფოში ეს გეგმა როგორი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე განხორციელდა. საქართველოში მიმდინარე ბევრი პროცესიც ძალიან ჰგავს რუსულს. ხშირად მეჩვენება, რომ მიშაც არ არის წინააღმდეგი, ისეთი მართვადი დემოკრატია ან სუვერენული დემოკრატია ჰქონდეს, მოდელი, რომელიც პუტინს წარმოედგინა რეალური დემოკრატიის მოსათოკად და ვიწრო ჩარჩოებში მოსაქცევად, - მითხრა Financial Times-ის პოსტსაბჭოთა სივრცეზე სპეციალიზებულმა ასაკოვანმა ჟურნალისტმა

მრუდე სარკე

პარალელი, ალბათ, მართლაც ბევრია. „მართვადი დემოკრატიის“ დამყარება მეზობლებმაც მედიით დაიწყეს. ჯერ თოქ-შოუები და საავტორო გადაცემები გაქრა, მერე ცნობილი ჟურნალისტები „დაარქივდნენ“, ბოლოს თავად ტელეაქტივების გადანაწილების ჯერი დადგა. ბევრმა აქტივმა ბევრი ხელი გამოიარა და დღესაც იცვლის პატრონებს. მეთოდების დიაპაზონი ფართო იყო: ТВ-6-ს სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, უბრალოდ დაკეტეს, დანარჩენები ან სახელმწიფო მონოპოლიებს აყიდინეს (Газпром, РАО ЕЭС), ან გასართობი გახადეს. სულ ცოტა ხნის წინ უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხი РЕН ТВ პუტინის მეგობრების ბანკმა Россия-მ შეიძინა.

საქართველოშიც ეს ყველაფერი ასლის სიზუსტით მოხდა. ჯერ სადებატო სივრცე მოისპო, მერე ავტორიტეტული ჟურნალისტების „კამერისგან მორიდება“ დაიწყო, ბოლოს კი ტელეაქტივების გადაჯგუფება-გადანაწილების ჯერაც დაუსრულებელი პროცესები, რომლებშიც ასევე ზუსტად იმავე სტატუსის ადამიანები - პრეზიდენტის მეგობრები, მათი მეგობრები, მინისტრები და დეპუტატები მონაწილეობდნენ და კიდევ დიდხანს მიიღებენ მონაწილეობას. მოუხერხებელი არხი დაიხურა, დანარჩენები სახელისუფლოდ გაჰოლდინგდა და ოფშორებიდან იმართება.

ბიზნესშიც საინტერესო თანხვედრებია. მთელი 90-იანი წლები რუსეთში სისხლიანი პრივატიზების ნიშნით გავიდა. ყოფილი საბჭოთა დოვლათის გადანაწილებამ არაერთი ასეული ბიზნესმენი თუ მათი ლობისტი შეიწირა. და მთელი ამგვარი შესავლის შემდეგ, ჰოი, საოცრებავ, დღეს ბიზნესმენები დამწკრივდნენ და ნებაყოფლობით, უშურველად აბარებენ ამ მილიარდებიან ქონებას ხელახლა შეკოწიწებულ რუსულ სახელმწიფო ჰოლდინგებს, ცხადია, სრულიად უსასყიდლოდ.

ბიზნესმენთა ეს კეთილშობილი აღტყინება არც საქართველოს ასცდა. ხომ ყველას გვახსოვს, ერთ ცისმარე დილას რიყეზე მოფენილი რესტორნების მეპატრონეებს თავში ცხოვრების მანძილზე ყველაზე ნათელი აზრი რომ მოუვიდათ და ჯოგურად გადაწყვიტეს, რიყეზე მდებარე რესტორნები, რომელთაც თითოეული მათგანისთვის წლების განმავლობაში სოლიდური მოგება მოჰქონდა, სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ. ცხადია, ისევე სრულიად უსასყიდლოდ, როგორც რუსეთში. ჰოდა, აჩუქეს კიდეც. თან, ყველამ ერთ ნოტარიუსთან გადააფორმა, ზედმეტი რია-რიას გარეშე. გორში საკოლმეურნეო ბაზრის ერთ-ერთი მესაკუთრე ისე გაერთო, რომ მთელი ბაზარი 13 მესაკუთრის სახელით სახელმწიფოს ერთპიროვნულად აჩუქა. სახელმწიფომ მორცხვად, უჩუმრად მიიღო საჩუქარი. 12 განრისხებული მამაკაციც უჩუმრად სხვა ბიზნესში წავიდა.

და განა მარტო ბიზნესმენები? როცა საქმე საქვეყნო ამბავს ეხება, უბრალო, რიგითი ადამიანები განა ნაკლები პატრიოტიზმით და შეგნებით გამოირჩევიან? როგორც კი გაიგეს, რომ რუსეთი ოლიმპიადას მასპინძლობს, სოჭელებმა საკუთარი სამოსახლოების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ ჩუქება დაიწყეს. მართალია, ცრემლიც ბევრი ღვარეს, მაგრამ განა ვინმეს რამეს ემართლებიან? თუ არ გჯერათ, დოკუმენტები ნახეთ - ყველამ ნებაყოფლობით აირჩია უსახლკარობა და, თან, ყველანაირი კომპენსაციის გარეშე.

არც ჩვენი სიღნაღელები ჩამორჩნენ. როგორც კი გაიგეს, რომ მათი ქალაქი საქართველოს ტურისტული მექა უნდა გახდეს, მაშინვე სახელმწიფოსთვის თავიანთი სახლების გადაცემის სურვილმა შემოუტიათ. არა, რუსულისგან განსხვავებული როგორ არ იყო ეს შემთხვევა? კომპენსაცია აშკარად გაიცა. მართალია, 5 წლის წინანდელი ნიხრით და პროკურორების დაწესებული მაზანდით, მაგრამ მთავარი ხომ ფაქტია და არა ოდენობა? სამართლიანობა სადღაც იქვე ახლოს ტრიალებდა.

რუსეთში ყველაზე მსხვილი გასანაწილებელი ლუკმა ნავთობკომპანია ЮКОС-ის მომპოვებელი შვილობილის Юганскнефтегаз-ის ქონება იყო. რომელი მსოფლიო ნავთობგიგანტი აღარ ეჯაჯგურებოდა ამ მსუყე სიმდიდრეს. გაგიკვირდებათ და ამ უთანასწორო ბრძოლაში მოწყვეტილმა ვარსკვლავმა - БайкалФинансГрупп-მა იმარჯვა. მოწყდა, კუდი მოიქნია, 13 მილიარდ დოლარად ამხელა ქონება „შეიტყაპუნა“, მერე რუსულ სახელმწიფო Роснефть-ს მიჰყიდა და სულიც განუტევა. ბოროტი ხმები ამბობენ, იმ 13 მილიარდიდან 2 მილიარდი მაშინვე კრემლში მივიდაო.

ქართულ კრემლში კი ნამდვილად არაფერი მისულა. იმიტომ, რომ გასაყიდი საბოლოოდ არ გაიყიდა. საქართველოს ხელისუფლებამ მრავალწლიანი ყოყმანის შემდეგ რკინიგზის გასხვისება გადაწყვიტა. მსურველი ყოველთვის ბევრი იყო, მაგრამ სახელმწიფომ რკინიგზა 99-წლიანი მართვით იდუმალ ბრიტანულ კომპანია Parkfi eld Investment-ს გადასცა. Parkfi eld Investment-ს საქმეში 10 წელიწადში მილიარდი დოლარი უნდა ჩაედო. აი, ასეთი სერიოზული იყო ჩვენი რკინიგზის მყიდველი, რომელსაც ამ პროექტზე იმდენი დრო და ჯაფა მისდიოდა, რომ ინტერნეტში საიტის გახსნაც კი ვერ მოასწრო. ვერ მოასწრო და პატრონსაც ჩაბარდა.

პოლიტიკაში ტყუპიანობის ნიშნები ხომ არის და არის: მმართველი მონოლითური პარტია აქაც და იქაც - გვაქვს, დანიშნული გუბერნატორები აქაც და იქაც - გვყავს, სასამართლო (ორივეგან ესეც პოლიტიკაში გადის) - დამოუკიდებლად ფეხზე ვერ დგება და ციხე - აქაც და იქაც სავსეა. აბა, ბოლოს და ბოლოს, 200 წელი ტყუილად ხომ არ ვიყავით ერთად

ექსტრემალური კლასტერი

რაც მართალი, მართალია - ცოტა გართულებულია ამ ყველაფრის მიმზიდველად შეფუთვა. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ხომ ამხელა კონკურენციაა. ყველას უნდა, თავის ქვეყანას მზის ქვეშ ადგილი დაუბევოს. მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვინ გაცალა.

თქმა დამავიწყდა: ოქსფორდში აკადემიური კვლევისთვის ვიყავი. უნდა გამომეკვლია, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს საქართველოში ეკონომიკის ცალკეული სეგმენტების კლასტერული მოდელით აგება.

კლასტერი რა არის? გეოგრაფიულად ლოკალიზებული ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიათა ჯგუფი, რომლებიც ავსებენ, უზრუნველყოფენ ერთმანეთს, აძლიერებენ მთლიან კლასტერსაც და მთელ ეკონომიკასაც. და რა დარგი უნდა იყოს ქართული კლასტერის გული? ვფიქრობ, ტურიზმი. როგორი? ყველანაირი, ზღვის, მთის, კულტურული, რელიგიური, ღვინის, ველური, მოკლედ, ყველანაირი. ოღონდ თქვენ ჩამოდით: იქ ძეგლებით გაგაკვირვებთ, აქ ბუნებით დაგასვენებთ, მერე სასმელით გაგახალისებთ, თან სუფრით გასიამოვნებთ, ფონად სიმღერით დაგატკბობთ, ზედ ცეკვას დაგირთავთ, ზღვაში ჩაგაგდებთ, თხილამურზე შეგაყენებთ, „ბორჯომს“ დაგალევინებთ, ჩურჩხელას დაგაყოლებინებთ, მოკლედ, ზედ გადაგყვებით და, თან, სხვაზე იაფად.

მოკლედ, არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ ცდა არ დამიკლია. პირველი შედეგებიც მოვიმკე: ერთმა საქართველოზე ინტერნეტ-რესურსები მთხოვა, მეორემ „ქართული ლეგენდა“ ნახა, მესამემ, ერთი კვირა გუდაური რა დაჯდებაო...

ჰო, ასეთი სტარტის მერე დიდი ვერაფერი სიამოვნება იყო ინტერნაციონალურ ჯგუფში მომხსენებლად ჯდომა და საქართველოზე ლამის გასამხედროებული სიახლეების გადაცემა: მიტინგი დაარბიეს, ტელევიზია ზედ მიაყოლეს, სახალხო დამცველი ცემეს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს...

„აქ გვეპატიჟებოდი?“, - რა გინდა უპასუხო? „ასეთი ექსტრემალური ტურიზმისთვის ჯერ მზად არ ვარ“, - გულწრფელად მეუბნება მეორე ჩინელი თანაჯგუფელი. თან, თუ მაინცდამაინც საგანგებო მდგომარეობა იზიდავს, რაღა ამხელა გზაზე გამოეკრას, იქვე არა აქვს პაკისტანი?

კიდევ სად არის საგანგებო მდგომარეობა? ინებეთ ნუსხა: ეგვიპტე, სირია, ღაზას სექტორი, ბრუნეი, ბანგლადეში, ტონგო, ვანუატუ, ფიჯი...

ჰო, კიდევ კალიფორნია. ოღონდ დიდად ნუ აყვებით ფანტაზიას. რკინის არნოლდს საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ გამოუცხადებია, რომ შტატის სანაპირო ტანკერიდან ჩაღვრილი ნავთობისგან გაწმინდოს.

ეს ამბავი CNN-ს პირველ სიახლედ გამოაქვს. მერე პაკისტანში მუშარაფის დატრიალებულ უმსგავსობებზე გვიყვებიან. ბოლოს კენიელ აჯანყებულებზე ზღაპრობენ, რომლებიც ვერა და ვერ დაშოშმინდნენ. საქართველო თავისი საგანგებოთი აღარავის ახსოვს. ცხადია, რუსების გარდა. მათ ტელეეთერებში პირველობას ვერავინ გვეცილება.

8 მიშას შემდეგ

▲back to top


ომენტარი

ავტორი: მარკ მალენი
ინგლისურიდან თარგმნა რუსიკო ამირეჯიბმა

0x01 graphic

REUTERS

საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ უცხოელთა უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლების მტკიცება წარმატებით გატარებული რეფორმების შესახებ სინამდვილეს შეეფერება, თუმცა, მათთვის ჯერ კიდევ საკამათო საკითხია დემოკრატიულობის ხარისხი საქართველოში. დემოკრატიას მრავალი რამ განსაზღვრავს და მისი ხარისხი კომპონენტთა ხვედრით წონაზეა დამოკიდებული. ამავე დროს მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ, რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოს წინაშეც დგას ხელისუფლების ცვლის პრობლემა. დღევანდელი მთავრობა საქართველოს იმ ქვეყანათა ჯგუფში განიხილავს, რომელთაც უკვე აქვთ მშვიდობიანი, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლის გამოცდილება. საქართველოში კი ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. მოხდება კი ოდესმე?

პრობლემაა ისიც, რომ საქართველოს ლიდერები საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებენ. შევარდნაძე რომ სწორედ ასე იქცეოდა, მისი ცნობილი დაბალანსების პოლიტიკიდანაც ჩანს. ის ერთმანეთს უპირისპირებდა სხვადასხვა ინტერესებს და თვითონ შუალედურ პოზიციას იკავებდა. ამავე პრობლემის სხვაგვარი გამოვლინებაა ამჟამინდელი მთავრობის მიერ მისი პოლიტიკით და ქმედებებით უკმაყოფილოთა დადანაშაულება ქვეყნის დასუსტების მცდელობაში. კრიტიკისა და კრიტიკოსებისადმი ამგვარი მიდგომა მოსახერხებელი, მაგრამ არასწორია. როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლა, როცა პრეზიდენტი და სახელმწიფო მეტ-ნაკლებად გაიგივებულია? საქართველოსთვის ამ, იქნებ, ყველაზე მნიშვნელოვან საზრუნავს, რომლის მოუგვარებლობაც სხვა საკითხების მოგვარებასაც უშლის ხელს, ჯერ კიდევ არ ექცევა სათანადო ყურადღება.

საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაცემას ენიჭება, ვინაიდან ის ბევრად უფრო გავლენიანია აქ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელთან შედარების სურვილიც აქვს საქართველოს. როცა 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოს პრეზიდენტს ბევრად მეტი ძალაუფლება მიანიჭა, ვიდრე ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშია შესაძლებელი, მაშინ, ამის გამო მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გამოხატა შეშფოთება. ამის მიზეზი ხელისუფლების სამი შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო) გამიჯვნის და მათ შორის ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის გაუცნობიერებლობა უნდა იყოს, რაც, თავის მხრივ, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა გამოცდილებიდან მომდინარეობს.

ძველი დემოკრატიის ქვეყნებში ხელისუფლების გადაცემა მკაფიო წესებით და განსაზღვრული პროცედურებით მიმდინარეობს. ამას თან ახლავს სტაბილურობა და ნებისმიერი ქვეყნის სურვილის ხორცშესხმა: სტაბილურობას მოაქვს ინვესტიციები, ინვესტიციებს - სამუშაო ადგილები. ამ მთავრობას ხელისუფლების ცვლასთან დაკავშირებული წესები და პროცესები მკაფიოდ არ განუსაზღვრავს. ეს საკმაოდ რთული საქმეა და საჯარო განხილვას მოითხოვს. არ შეიძლება, მთავრობა ნაჩქარევად და მარტო იღებდეს გადაწყვეტილებებს და მხოლოდ ამის შემდეგ, ტელევიზიის საშუალებით აუწყებდეს მოსახლეობას ხელმოწერილი დოკუმენტების შესახებ და თანაც, მისგან მხარდაჭერას მოელოდეს. დისკუსიის დაწყებამდე ეს წესები მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, მათი გაცნობა უნდა ხდებოდეს ნელ-ნელა, საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევასთან პარალელურად. დღევანდელ საქართველოში კი კონსენსუსის მიღწევა ძალიან ჭირს. ძალაუფლების გადაცემისთვის აუცილებელი წესების და პროცედურების დადგენის გარეშე, სამ წელიწადში საქართველო დიდი პრობლემის წინაშე დადგება. დღევანდელ ადმინისტრაციას მოკლევადიანი ხედვა აქვს როგორც პოლიტიკაში, ისე რეფორმების თვალსაზრისით. არადა, ამ წესებზე კონსენსუსის მიღწევას გრძელვადიანი ხედვა, მკაცრად განსაზღვრული გეგმა და სამუშაოს დროზე დასრულების ძლიერი სურვილი სჭირდება.

უნდა აღმოიფხვრას მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო კანონში ნაჩქარევად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ან კვრით ადრე ცვლილებების შეტანის პრაქტიკა. თუ საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელია, ეს ფრთხილად უნდა მოხდეს, არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე. ასევე არ შეიძლება კონსტიტუციის სწრაფი შეცვლა. ასეთ ცვლილებებს, რომლებიც არ უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ ინტერესებს ან მავანთა მოსაზრებებს სახელმწიფოს მართვის დღევანდელი საჭიროებების შესახებ, წინ უნდა უძღოდეს ხანგრძლივი და ფორმალური საჯარო განხილვა.

ხელისუფლების ცვლის ოთხი შესაძლო სცენარი არსებობს. პირველია სამოქალაქო ომი, რომელიც ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: მიშას არ სურს პრეზიდენტის სავარძლის დათმობა, ხალხის უმრავლესობა მისი წასვლის მომხრეა და ამის გამო შეიარაღებული დაპირისპირება იწყება. ეს ნაცნობი სცენარია, არა? იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ, რომელიც კარგად იცნობს ასეთი რევოლუციების ტაქტიკას, მისი იმავე გზით გადაყენება დაუშვას.

მეორე სცენარით, ბოლო წუთამდე არავინ ფიქრობს ძალაუფლების გადაცემის პროცესსა და წესებზე. ამ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე იწყება. გადაწყვეტილების მიმღებთა შორის ბევრს თვითონ უჩნდება პრეზიდენტობის სურვილი ან შერჩეული ჰყავს სასურველი კანდიდატი. ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებების ძირითადი საგანი ქვეყნის ინტერესები კი არა, კერძო პირთა ინტერესები ხდება. დროში შეზღუდულობის გამო სიტუაცია ძალიან იძაბება. იმართება კონსულტაციები და შეხვედრები, მაგრამ განსაზღვრული სტრუქტურის გარეშე. ყველა ცდილობს მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას. როცა დაძაბულობა კულმინაციას აღწევს და დრო თითქმის ამოწურულია, მიშა აცხადებს, რომ „ჩიხიდან გამოსვლის მიზნით“, აუცილებელია დროებითი ზომების მიღება, ქვეყნის უსაფრთხოება მოითხოვს მის დარჩენას ხელისუფლებაში. შეიძლება ზუსტად ასე არა, მაგრამ რაიმე ამის მსგავსი მოხდეს. თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი ზომაა, ვინაიდან ისიც კი, ვინც თავიდან ეს მართლაც კარგ გამოსავლად ჩათვალა, მალევე აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ ხრიკი იყო ხელისუფლების მხრიდან.

მესამე შესაძლო ვარიანტია ხელისუფლების წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გადაცემა, მთლად ისე დაუფარავად არა, როგორც პუტინისა და მედვედევის შემთხვევაში, მაგრამ მაინც ამის მსგავსად. მემკვიდრის ვინაობას საიდუმლოდ ინახავენ, რათა პოლიტიკურ სამიზნედ ან საფრთხედ არ აქციონ. ამავდროულად ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატურას პრეზიდენტის თანამდებობაზე რეალური კონკურენცია ვერავინ გაუწიოს. აკვირდებიან საზოგადოების განწყობას ამ პიროვნებისადმი და ამის მიხედვით წყვეტენ, საჯაროდ დაუჭირონ მხარი მას თუ შეფარულად. ეს სცენარი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მთავრობას გარკვეული მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში. მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში განხეთქილების შეტანის და ნებისმიერი სხვა კანდიდატის დისკრედიტაციის მრავალგვარი ხერხი არსებობს. ამასთან, ხელისუფლებამ, შეიძლება, აშკარა მხარდაჭერა გამოხატოს რომელიმე არაპოპულარული კანდიდატის მიმართ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ნაკლები არჩევანი დაუტოვოს საზოგადოებას, როგორც ეს მოხდა შევარდნაძის დროს 1999 წელს, როცა მოსახლეობას უნდა აერჩია „მოქალაქეთა კავშირსა“ და „აღორძინებას“ შორის.

მეოთხე სცენარით, ხელისუფლება შეიმუშავებს ძალაუფლების გადაცემის წესებს და განსაზღვრავს პროცესს, რათა შესაძლებლობა მისცეს საზოგადოებას, აირჩიოს სასურველი კანდიდატი, იქნება ეს მთავრობის მომხრე თუ მოწინააღმდეგე. ამისთვის რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველ რიგში, ამჟამინდელი მთავრობა, დამარცხების შემთხვევაში, დარწმუნებული უნდა იყოს ხელშეუხებლობაში. როცა ოპოზიცია აგრესიულია ხელისუფლების მიმართ, მთავრობის წარმომადგენლები უფრო მეტად ღელავენ თავის მომავალზე. მათ ახსენდებათ შევარდნაძის მომხრეთა ბედი და აცნობიერებენ, რომ მათ ინტერესებშია ძალაუფლების წინასწარ შეთანხმებული გადაცემა (მესამე სცენარი). ასეთი დამოკიდებულება კი მათ ხელს შეუშლის ნამდვილი არჩევნების ჩატარებაში.

მეორე აუცილებელი პირობა ამ სცენარის განსახორციელებლად გახლავთ სერიოზული დაფიქრება მომავალი პრეზიდენტის ძალაუფლებაზე. მასაც ისეთი უპრეცედენტო აღმასრულებელი ძალაუფლება ექნება, როგორიც ახლანდელ პრეზიდენტს აქვს? და თუ ასე იქნა, რას უზამს ახალი პრეზიდენტი საჯარო სამსახურებს: ყველას გაათავისუფლებს და მათ მაგივრად თავის ხალხს დანიშნავს? თუ ასე არ იზამს, მაშინ როგორ მიუდგება საჯარო სამსახურებს? როდის შეიზღუდება პრეზიდენტის უფლებები? პოლიტიკურად სწორედ დროის ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან უსამართლობა იქნებოდა პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა უშუალოდ ამ მთავრობის ვადის ამოწურვის წინ, რათა მომავალმა პრეზიდენტმა ძველის მიერ დანიშნული ხალხი ვერ გაათავისუფლოს, როგორც, ვთქვათ, ამჟამინდელი მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდა. თუ მთავრობას გატარებული რეფორმების დაცვა სურს, ის უნდა დაფიქრდეს, როგორ აამაღლოს საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი და სტაბილურობა.

ვთქვათ, ძალაუფლების გადაცემის წესებზე და პროცედურებზე შეთანხმება მოხდა და ხალხს რეალურად მიეცა შანსი სასურველი პიროვნების არჩევისა. ვის აირჩევს მოსახლეობა? ხალხს დღეს უჭირს არჩევანის გაკეთება, ვინაიდან მხოლოდ მიშასთან დაახლოებულ პირებს აქვთ თავიანთი საქმიანობის წარმოჩენის შესაძლებლობა. როგორც წესი, პიროვნებას თუ პარტიას ერთი გზით შეუძლია უჩვენოს ხალხს, თუ რის გაკეთება ძალუძს. ეს გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობა. მერს ირჩევენ, ის კარგ საქმეს აკეთებს, ხალხი ამას ხედავს და შემდეგ მას უფრო მაღალ თანამდებობაზე ირჩევს. მაგრამ საქართველოში ასე არ ხდება, ვინაიდან აქ არ ტარდება პირდაპირი არჩევნები ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამასთანავე, ადგილობრივი ორგანოების დაფინანსების წესი ისეთია, რომ, პირდაპირი არჩევნების შემთხვევაშიც კი, ხელისუფლება იოლად უზრუნველყოფს გამარჯვებულის მორჩილებას და მიუღებელ განზრახვაზე ხელის აღებინებას. ერთი სიტყვით, ადგილობრივი მმართველობის დაფინანსების წესი, რომლისთვისაც ფორმულა არ არსებობს, ხელს უშლის ხელისუფლების დეცენტრალიზაციას. მთავრობა კი არ ჩქარობს ამ წესის შეცვლას და მოსახლეობისთვის ადგილობრივ დონეზე არჩევანის შესაძლებლობის მიცემას.

აქამდე, ძირითადად, მთავრობასა და პრეზიდენტზე მოგახსენებდით, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას პარლამენტზე, რომელიც საქართველოს შემთხვევაში იშვიათად თუ წყვეტს რამეს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, არადა, ზემოჩამოთვლილ საკითხებს სწორედ პარლამენტი უნდა წყვეტდეს. პარლამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩანაფიქრი განხორციელდეს, ხოლო მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეებს, რომელნიც მოკლებულნი არიან ყოველგვარ ძალაუფლებას, ისღა დარჩენიათ, რომ უკმაყოფილება გამოხატონ. მთავრობის წევრები და პარლამენტი გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებენ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის ზუსტად, ვინ ესწრებოდა შეხვედრას ან რა ითქვა ამ შეხვედრაზე. მართალია, ეს ხელს აძლევს მმართველ ძალას, მაგრამ მოსახლეობას ართმევს შესაძლებლობას გადაწყვიტოს, სამომავლოდ ვინ იქნებოდა კარგი პრეზიდენტი. რადგანაც მთავრობა, კრიტიკაზე პასუხისაგან თავის არიდების მიზნით, ან საუბრის თემას ცვლის ან კრემლის აგენტებად, კრიმინალებად, სუსტებად და ბრიყვებად ნათლავს კრიტიკოსებს, ოპოზიციას ყურადღების მიქცევის მეტი შესაძლებლობა ეძლევა. ისინი განსჯის ნაცვლად, ყვირიან და ასეთ ვითარებაში მოსახლეობას კიდევ უფრო უჭირს მომავალი ლიდერის იდენტიფიცირება.

სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხების გადაჭრა მომავალ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისკენ მიმავალ იოლ გზას გაართულებდა. წინა არჩევნებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინება, ხელისუფლებას უბიძგებს, რაც შეიძლება მეტად აუბნიოს თავგზა საზოგადოებას არჩევნების წესების შესახებ, დამალოს ინფორმაცია, მიაჩუმათოს საჩივრები და მოწინააღმდეგეებს არაკომპეტენტური, შეუსაბამო და სახიფათო პიროვნებების იმიჯი შეუქმნას.

მიშას მიერ ძალაუფლების გადაცემის შესახებ შემდგომი ორი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ შეფასდება მისი საქმიანობა შორეულ მომავალში, ვთქვათ, ოცი წლის შემდეგ, როცა იგი სამოცი წლის იქნება. შევარდნაძისა და აბაშიძის გადასაყენებლად ხალხის მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურებაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ხალხს მისცე უფლება, თავად აირჩიოს მომავალი პრეზიდენტი. ეს მთავარი გამოცდაა განვითარებულ სახელმწიფოთა ჯგუფის წევრი ქვეყნისთვის. რაზეც უნდა მეტყველებდეს ათასგვარი ინდექსები და პერცეფციები, თუ ძალაუფლების გადაცემა კონკურენტუნარიან პირობებში მშვიდობიანი გზით მოხდება, მიშა დაამტკიცებს, რომ დემოკრატია და არა დიქტატორი, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ.

9 პროექტი: „ფარული საზოგადოება - საქართველო“

▲back to top


ომენტარი

ავტორი: ზვიად ქორიძე

0x01 graphic

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაზღვეული ბარათი გამომიგზავნა:

- . ქორიძეს,

მადლობას მოგახსენებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის და თქვენი სურვილის შემთხვევაში, სამეურვეო საბჭო მზად არის გაგიწიოთ რეკომენდაცია ახალ გენერალურ დირექტორთან, თქვენი პროფესიული და საქმიანი თვისებების ეფექტურად გამოყენების მიზნით.

პატივისცემით, სამეურვეო საბჭო

ვერაფერს იტყვი.

27 მარტს, როდესაც სამეურვეო საბჭომ პირველი ტურის შედეგები გამოაქვეყნა, GIPA-ში ინტერვიუსთვის შემომიარა ლანა ბერიძემ, გაზეთ „რეზონანსის“ ახალგაზრდა ჟურნალისტმა, საკმაოდ ენერგიულმა და მიზანდასახულმა კოლეგამ. საუბრის ბოლოს ვუთხარი: „ჩემთვის ტრაგედია არ იქნება, თუ დირექტორი არ გავხდები, მაგრამ საზოგადოებისათვის გარკვეულწილად ტრაგიკული იქნება, თუ ეს ტელევიზია მორიგ კრიზისში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩავარდება, რომ ფარულად წარიმართა პროცესები“. იმ დღეს მე საწუწუნო ნაღდად არაფერი მქონდა, რადგან პირველი ტურის შედეგებით, ლიდერთა სამეულში შევდიოდი და საბჭოს 7 წევრმა დამიჭირა მხარი პირველ ტურში.

სამეურვეო საბჭო არ აღმოჩნდა მზად ღია და გამჭვირვალე საქმიანობისთვის. მან ვერ დაძლია კონსპირაციულობის თანდაყოლილი კომპლექსი. ვერავის აუხსნა საბჭომ, რატომ დაეწყვნენ და რატომ ეახლნენ პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო კაბინეტში. ვერც იმაზე ჰქონდათ ერთიანი პასუხი, თუ რატომ გადასწიეს გენერალური დირექტორის კანდიდატთა საბუთების მიღება 15 მარტიდან 23 მარტამდე: საბჭოს ერთმა წევრმა მოიმიზეზა, რომ ძალიან ცოტა დრო მივეცით კანდიდატებსო. მეორემ თქვა, რეგიონებიდან ვერ ასწრებენ ჩამოსვლას კანდიდატებიო. ყველაზე გულწრფელი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი აღმოჩნდა, საჯაროდ რომ წამოსცდა, ნინო ბურჯანაძემ გვთხოვა და ხათრი ვერ გავუტეხეთო; თუმცა, ის კი ვერ აუხსნა საზოგადოებას, თუ რატომ ვერ გაუტეხეს მან და მისმა კოლეგებმა ხათრი პარლამენტის თავმჯდომარეს.

განაცხადების ჩაბარების დასრულების მეორე დღეს ია ანთაძემ, დოდო შონავამ, ლაშა ბაქრაძემ, სულხან მელაძემ და მე მივმართეთ სამეურვეო საბჭოს, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარემართა გენერალური დირექტორის არჩევის პროცესი: პირდაპირ ეთერში გადაეცათ საბჭოს ის სხდომები, სადაც აირჩევდნენ მეორე ტურში გასულ კანდიდატებს და სადაც აირჩევდნენ გენერალურ დირექტორს; პირდაპირ ეთერში გადაეცათ სამეურვეო საბჭოს წევრებისა და მეორე ტურში გასული გენერალური დირექტორობის კანდიდატების გასაუბრება. მართლა გვჯეროდა, რომ გადაწყვეტილების ასეთი ფორმით მიღება გაზრდიდა ნდობას საზოგადოების დიდ ნაწილში. საბჭო დაფრთხა და საპასუხოდ მოიფიქრა საჯარო დებატები მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის. თან საბჭოს წევრები ამტკიცებდნენ, რომ კანდიდატებს რაღაც ეშლებათ, ჩვენ ხომ გადაწყვეტილებას ფარულად ვიღებთო.

ვერაფერს იზამ: საქართველოში ფარული კენჭისყრა გადაწყვეტილების ფარულად მიღება ჰგონიათ.

ჩემთვის დღემდე უპასუხოდ დარჩა კითხვა, თუ რატომ ვერ გავიდნენ კონკურსის მეორე ტურში ია ანთაძე, ლაშა ტუღუში, ლაშა ბაქრაძე. საბჭო ამ კითხვას მტკივნეულად განიცდის. ვეჭვობ, რომ მის წევრებს პასუხი არ აქვთ. მათ ხომ ფარულად გადაწყვიტეს და საზოგადოებას კითხვა ღიად დაუტოვეს.

სამეურვეო საბჭოსა და კანდიდატების გასაუბრება წარმოაჩენდა არა მხოლოდ გენერალური დირექტორობის მსურველთა სურვილებსა და შესაძლებლობებს, არამედ იმასაც, თუ რა კითხვები აწუხებს სამეურვეო საბჭოს წევრებს. მაგალითად, ირმა სოხაძეს აინტერესებდა, თუ როგორ ვითანამშრომლებდი გამარჯვების შემთხვევაში სამეურვეო საბჭოსთან, ზურაბ ხარატიშვილს (საბჭოს ერთადერთი წევრია, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი, აუდიტორი ყოფილა) - ჩემი ხასიათის დადებითი და უარყოფითი თვისებები, მარინა ვეკუას ერთი საათისა და25 წუთის განმავლობაში ერთი კითხვაც კი არ გაუჩნდა, ხოლო მიხეილ ჭიაურელი და ბაკურ სულაკაური საერთოდაც არ მოვიდნენ გასაუბრებაზე. ეტყობა, მათ გასაუბრების გარეშეც გააკეთეს არჩევანი.

ვერაფერს იფიქრებ: ფარული (ან, გნებავთ, ბრმა) გადაწყვეტილების მიღება დღევანდელ საქართველოში დამატებითი ინდულგენციების წყაროა.

ისე არ გაიგოთ, რომ საბჭოს წევრებს საქმიანი კითხვები არ ჰქონდათ. როგორ არ ჰქონდათ. აბა, მართლა რატომ დაიხარჯებოდა 85 წუთი ჩემთან გასაუბრებაზე. უბრალოდ, გასაუბრების პირდაპირი ტრანსლირება ახლა ჩემს სუბიექტურობასა და მიკერძოებულობას გამორიცხავდა. ყველა ისედაც ყველაფერს დაინახავდა საკუთარი თვალით და გაიგონებდა საკუთარი ყურით. სამეურვეო საბჭომ ფარულად დატოვა ის კრიტერიუმებიც, რომლის საფუძველზე 8 კანდიდატიდან აარჩია 2 ფინალისტი - ლევან ყუბანეიშვილი და პაატა ნაცვლიშვილი.

ლევან ყუბანეიშვილმა თავიდან დათქმულ ვადაში საბუთები არ შეიტანა. მას არც საბუთების შეგროვებაზე დააკლდა დრო და არც რეგიონიდან დაგვიანებია ჩამოსვლა. უბრალოდ, ერთი კვირით მეტი ფიქრი დასჭირდა საიმისოდ, ეყარა თუ არა კენჭი. ეტყობა, საგანგებო სამთავრობო გარანტიებსაც ელოდა. თუ post factum ვიმსჯელებთ და კონკურსის შედეგებსაც გავითვალისწინებთ, იქნებ სწორედ ამიტომ სთხოვა ნინო ბურჯანაძემ საბჭოს კონკურსის ვადის გაგრძელება ერთი კვირით: ცალკერძ, ლევან ყუბანეიშვილს გადაეწყვიტა და, ცალკერძ, მთავრობას აეწონ-დაეწონა მისი კანდიდატურა. ამის განსჯა დღეს ადვილია, რადგან ლევან ყუბანეიშვილი უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორია.

TBC-TV-სტუდიამ, რომლის ხელმძღვანელი იყო ლევან ყუბანეიშვილი, თავის შემოქმედებითსა და ბიზნესპიკს 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მიაღწია. 7 ნოემბერმა და ტელეკომპანია „იმედის“ დახურვამ სხვა აღმაფრენა შესძინა ამ სტუდიას. „იმედიდან“ წამოსულთა უმრავლესობა TBC-TV-სტუდიას თანამშრომელი გახდა. სტუდიამ იკისრა მათი პირგასამტეხლო „იმედის“ წინაშე, დაუფარა კრედიტები, შესთავაზა ახალი სამუშაო, მაღალი ხელფასები და დაიწყო ახალი პროექტები მათი მონაწილეობით. საამისოდ დიდძალი ფული დაიხარჯა და ამ ფულის გამტარი სწორედ TBC-TV-სტუდია იყო. სტუდიამ თავისი ფუნქცია იკისრა, ხელისუფლების არცთუ სუფთა საქმე წარმატებით შეასრულა და, ბუნებრივია, მადლიერებაც დაიმსახურა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი სერიოზული მომწოდებელი TBC-TV-სტუდია იქნება. პროდუქციას, რომლის წარმოებაში ერთხელ უკვე გადაიხადეს ფარული წარმომავლობის თანხა, ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძენს თავისი ბიუჯეტით. ქართულ საბჭოთა ენაზე ამას „ატკატი“ ჰქვია. ეს სიტყვა მაგიურია ქართული ბიზნესისთვის და მედიაბიზნესშიც უკვე კარგად ხარობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი გარემწარმოებელი სტუდიების წახალისებას იწყებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლამაზად შეფუთვას აპირებს.

ის, რაც მისაღებია ხელისუფალთათვის, მისაღებია სამეურვეო საბჭოსთვის. ლევან ყუბანეიშვილმა საბჭოს წევრთაგან 5 ხმა მიიღო. 4 ხმა დააგროვა პაატა ნაცვლიშვილმა, რომელმაც ყველაზე პროპაგანდისტული ტელევიზიის პროექტი წარმოადგინა. სატელევიზიო დისკუსიის დროს იგი ზუსტად იმაზე მეკამათა, რომ ტელევიზიის მთავარი ფუნქცია საზოგადოების აღზრდაა. მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ მედიის ფუნქცია საზოგადოების ინფორმირებაა, რადგან მხოლოდ კარგად ინფორმირებულ საზოგადოებას შეუძლია არჩევანის გაკეთება, თან არა მხოლოდ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე.

პროპაგანდაზე ინტუიტიურად ნუგზარ ფოფხაძე მახსენდება, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე პროპაგანდისტული მედიის შემქმნელი საქართველოში. სამეურვეო საბჭოში მის ხედვას მარინა ვეკუა უპირობოდ იზიარებს. ვეკუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო ფოფხაძის დეკანობისას, შემდეგ კი მისი მემკვიდრე გახდა. პროპაგანდისტული საზოგადოებრივი მედიის ტრფიალი სამეურვეო საბჭოში კიდევ 3 ადამიანი აღმოჩნდა. ისინი არ არიან პოლიტიკური კონსულტაციების დროს მხოლოდ ოპოზიციის კვოტით გასული წევრები. თავად მარინა ვეკუა ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერით მოხვდა საბჭოში. სხვათა შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ხმაურის ატეხვის ინიციატორი ნინო ბურჯანაძე იყო. თუ ფარულ აზრებს გასაქანს მივცემთ, ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამღვრეულ წყალში საკუთარი თევზის დაჭერას ნუგზარ ფოფხაძეც შეეცადა და საამისოდ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური აქტივობა გამოიყენა. ასე იცის ფარულმა ბჭობამ და ფარულმა აზროვნებამ. მოგწონთ? მე არა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ვერაფერს იზამ.

ზაზა შენგელია ნუგზარ ფოფხაძის წინააღმდეგ. კორუფცია პროპაგანდის წინააღმდეგ. ხუთით ოთხი. გადამწყვეტი ერთი ხმაა. იყიდი ამ ერთ ხმას და ბალანსი რადიკალურად იცვლება. ასე იცის კონსპირაციამ და ფარულმა გარიგებებმა. შეიძლება, ეს ერთგვარი ტაქტიკაც იყოს, რადგან პროპაგანდიდან კორუფციამდე ერთი ნაბიჯია. ფაქტია: სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ფასეულობების გათვალისწინებით ნამდვილად არ მიუღია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს კატეგორიულად არ მოსწონთ არხის სახელწოდება და იბრძვიან, რომ აღადგინონ სახელწოდება „პირველი არხი“. როგორც თავად ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. არ ვარგა ეს ანდაზა. სიბრძნედ არ გამოდგება. იგი უფრო მათი მოგონილია, ვისაც ყოველივე სიახლისადმი გამძაფრებული შიში აქვთ და თანახმანი არიან, რომ თავადაც და მათი გარშემომყოფნიც ძველ დროში დააბრუნონ, სადაც ცხოვრების წესი იყო ფარული გარიგებები და ფარული გადაწყვეტილებები.

მე მომწონს ტერმინი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ძალიან მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ღია.

10 ენა რა ბედენაა!

▲back to top


ომენტარი

0x01 graphic

ავტორი: მანანა ცხადაია

რა ვქნა, მიყვარს ეს ოხერი ჟურნალ-გაზეთები! ისე მიყვარს, ისე, მაგალითად, გულქანს რომ „სასისკი“ უყვარდა, ვაჟა-ფშაველას გულქანზე მოგახსენებთ, ეთერ თათარაიძეს რომ გაუმჟღავნა, „სასისკზე“ ვგიჟდები, მოუხარშავადაც ვჭამო; რომ შესჩივლა, ციცამ მომპარა გაზეთში გახვეული ორი „სასისკი“ და ვცემეო (ეთერ თათარაიძის წიგნიდან „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა პატივი“). მაშინ გულქანისა და ჩემი პრეზიდენტი არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი, თორემ, მთელ „ეშელონ“ „ნიკორას“ არ გაუგზავნიდა რომელიმე ახალგამოჩეკილი, ვთქვათ, სურსათის მინისტრის ხელით დიდი ვაჟას ქალიშვილს ჩარგალში?!

გაზეთი არც გულქანსა ჰყვარებია, თორემ რატომ გაიმეტებდა შესაფუთ მასალად? აკი, პრეზიდენტმაც გადაიყვარა და ახლა მედიაზე გულაყრილია. ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ „შეფი ყოველთვის მართალია“ და თუ ამას გავითვალისწინებთ, ისიც უეჭვოა, რომ არც მთავრობის წევრებს (ყველას არ ეხება) უნდა უყვარდეთ ჟურნალგაზეთების კითხვა. „სანქცირებულიც“ აქვთ ალბათ. ჩვენ მაინც, ჯიუტად ფურცლით ვეუბნებით სათქმელს, რადგან უფრო ეფექტურ და ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფორმას ვერ მივაგენით.

ვუსმენთ, ვუსმენთ საქართველოს მთავრობას და „ვკვირდებით“, უფრო იმერულად - „გვიკვირია“, მაგრამ კუთხურობაზე კი არ მოგახსენებთ - მათ „ჩაკვანჩხულ“ ფრაზებთან შედარებით ყოველგვარი კუთხურობა უწყინარი რამ არის - არამედ არაქართულ სტილისტიკაზე, მგონი, შეგნებულად დამახინჯებულ სინტაქსზე, რომელიც კარგად გამეცადინებული და ნასწავლი ყურებისთვისაც გაუგებარი რჩება და სათქმელს მისტიკურ ბურუსში გახვეულს ტოვებს. ახლა არ გვითხრათ, კაზუისტიკური, იურისპრუდენციული ენაო და მისთანანი. ქალბატონი ეკა, ქალბატონი ნინო, ბატონი ნიკა, ბატონი ვანო და სხვები რომ „მარგალიტების“ კორიანტელს დააყენებენ: იანვრის თვეშიო, პირველ რიგშიო, ხშირ შემთხვევაშიო, იქნა მიღებულიო... გვაგიჟებს, როგორ არ ურეკავენ პირდაპირ „ლაივში“ „ზემდგომები“ და ერთი გურული სიმღერის ტექსტს არ ახსენებენ ჩამოთვლილთაგან, თუნდაც, სიის პირველ ნომერს

ეკა, ეკა,
ეკა, ეკა,
მაგ სიტყვებით მოთამაშეს
გაგასწორებს ჩეკა.

ჩვენ კი, ჩვენდა თავად, აუცილებლად მივიჩნევთ ისეთი მარტივი „თრენინგის“ ჩატარებას, რომელიც შემდგომში მაინც დაეხმარებათ მშობლიური ენის გადაგვარების სირცხვილისგან იხსნან თავები და ვუხსნით: ქალბატონო ეკა, მოგახსენებთ, რომ „ში“ ქართულში თანდებულია და ისეთი ძლიერი, რომ თვის სახელწოდებას დამატებულს, სხვა „მეშველი“ სიტყვა აღარ სჭირდება, უნდა ითქვას „იანვარში“ და არა თქვენებრ; ქალბატონო ნინო, რიგი და „ოჩერედი“ რუსულ-საბჭოური გადმონაშთია და აბა, ნატოში შემსვლელებს როგორ გვეკადრება?! და რაგინდ არქაულადაც მოგეჩვენოთ, უნდა ითქვას - „თავდაპირველად“ და არა - „პირველ რიგში“ - თქვენებრ; ბატონო ნიკა, „ხშირ შემთხვევაში“-ც ვერ არის ქართული, ქართულია „ხშირად“ და მრავალი ასეთი, რომელიც, დაგვერწმუნეთ, თქვენს მეტყველებას არაქართულს ხდის და გაუგებარსაც. გეწყინებათ და ლუარსაბისა არ იყოს, იკითხავთ, რაღა ჩვენ ამოგვარჩიეთ, როცა მთელი ქვეყანა ასე ლაპარაკობსო?! მართალია, ისიც, რომ, როცა ენის დაკნინების პროცესი ქვეყანაში აშკარა და დინამიკურია, ამის თანამონაწილე უკლებლივ ყველა ვხდებით - ჟურნალისტიც, პედაგოგიც, მწერალიცა და მინისტრიც, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ენის დაკნინების პოლიტიკა, მთავრობის უგულისყურობით არის პროვოცირებული. ამის არგუმენტაცია გრძელია: სწორედ მთავრობამ არ დაიშურა ძალისხმევა და იმდენი ილაპარაკა „არაქართული ქართულით“, სანამ ჩემმა 6 წლის შვილმა არ გამიპროტესტა - რა საშინელი ენაა ქართული, მას ფასო აკლიაო, არადა, სწორედ იმითია ის გენიალური, რომ არც არაფერი აკლია და ვერც ავსტრიის კანცლერივით (მოცარტს რომ მიახალა) ვერავინ ეტყვის - слишком много нот-ო.

ენის დაცვა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად ხდება, რადგან ერს ცხოვრებაში ამ პრიორიტეტის გატარება არ ხელეწიფება, მაშინ, როცა, ხელისუფლებისთვის ეს არ არის საძნელო საქმე. რა თქმა უნდა, აქ სამაგალითო არ არის გამსახურდიას პერიოდი და იმის თქმა არ გვინდა, რომ ყველა ცუდი მექართულე კეტის რტყმით უნდა გავყაროთ ქვეყნიდან, იმას კი გაგახსენებთ, რომ როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა, ჩვენც მოვიკვნიტეთ რამდენჯერმე ენა, როცა გაუმართავი ქართული წამოგვცდა, თანაც ტელეეკრანების წინ კი არა, უბრალოდ, სახლში. ესე იგი, ჩვენშიც გაიღვიძა საკუთარი ლოგოსის პატივისცემამ, მაგრამ როცა ხელისუფლებამ მიუშვა ენა ასამღვრევ კალაპოტში, ყველანი ვთანამონაწილეობთ ამ პროცესში. დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი „ოქროპირების“ მომრავლებას სიმპტომატურ მოვლენად მივიჩნევთ, რაზეც, ალბათ, „თქმა სჯობს არათქმასა“. მართლაც, „ზევით“ „გაბევრდნენ“ ისინი, ვინც ლოგოსს უმნიშვნელოდ მიიჩნევენ და ავიწყდებათ, რომ გარდა ბევრი სხვისა, მეტყველება აზროვნების სტილის ერთგვარი სიგნალიც არის. ისიც უწყინარი, ხშირად სახალისო რეალობაა, ხოლმე, რომ ესა თუ ის მოაზროვნე გენიალობებს კი ამბობს, მაგრამ არც ისე გამართულად, მაგალითად, მერაბ მამარდაშვილი, რომელმაც, რაღა თქმა უნდა, იცოდა, რომ დიდი მოაზროვნე იყო, მაგრამ, იცოდა თავისი „ნაკლიც“ (თუ შეიძლება მამარდაშვილის ქართულს ასე დავარქვათ) და თავად არასოდეს წერდა. ტელევიზიას რომ არ ხარბდებოდა, საბჭოური პერიოდის დამსახურებაა, მაგრამ ირიბად, ზემოთთქმულისაც. სწორედ ენისადმი მამარდაშვილის ასეთი პატივისცემის გამო, მისი ზეპირი ლექციების დიდი ნაწილი, ვაგლახ, დაიკარგა, ხოლო რაც გამოიცა - სხვათა მიერ ჩაწერილი. მამარდაშვილსა და მისნაირ „სიდიდეებს“ გრამატიკა ვერაფერს აკლებს, დაახლოებით ისე, როგორც გალაკტიონს - ლოთობა, გოიას - სიგიჟე, მოსეს - ენაბრგეობა ან ფიროსმანს - უბირობა. თითით შეგვიძლია გიჩვენოთ ისეთი ქართველი კლასიკოსები, რომლებიც წერტილ-მძიმეს მაშინ ჩამოჰკრავენ, როცა გაახსენდებათ, და არა საჭიროებისამებრ, მაგრამ ეს მათ ლიტერატურას წკიპურტსაც ვერ არტყამს, პიროვნებებს კი წვრილმანებისგან თავისუფალთ და უფრო საყვარლებს ხდის, ვიდრე მართლა.

მაგრამ ამას ხომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრზე ვერ განვაზოგადებთ? მათი და სხვა ჩვეულებრივი ადამიანის მეტყველება აზროვნების შესაძლებლობებზეც გვაძლევს წარმოდგენას. ესე იგი, არგუმენტი, რომ ოღონდ საქმე აკეთონ კარგად და როგორმე ავიტანთ მათ ლაპარაკსო, აქ არ გამოგვადგება - რა გენიალურ ნააზრევს ამბობენ ასეთს „როგორმე რომ ავატანინოთ“ ჩვენს ყურებს მათი მოსმენა?! და თუ უაზროდ აზროვნებენ, როგორც მათი მეტყველებიდან ჩანს, საქმეს კარგად როგორღა გააკეთებენ? მათი ქართულის გამგონემ ჰკითხო უპრიანია: „თქვენ რას ჩამოყევით?“ და ამით პროვინციიდან ჩამოჩუქუჩუქებული მატარებელი კი არ იგულისხმო, არამედ დიდი მეგაპოლისების აეროპორტებიდან ჩამოფრენილი ბოინგები, რომლებმაც მამულს დაუბრუნეს განსწავლული შვილები, გამორჩეულად ერთი მიზნით - განათლების შემოსატანად. საზღვარგარეთ განათლების წინააღმდეგი ვინ შეიძლება იყოს?! აკი, დიდი ილია და სხვა თერგდალეულებიც წავიდნენ და იმ განზრახვით დაუბრუნდნენ სამშობლოს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, მაგრამ ისიც დავამატოთ, რომ სწორედ მათ წამოიწყეს ცნობილი „მამათა და შვილთა ბრძოლა“, რომელიც ენის სიწმინდეს მოემსახურა და არა პირიქით. აქვე თავს გვახსენებს დავით კლდიაშვილის მაგალითიც, რომელიც სამშობლოში სრულიად ენადავიწყებული დაბრუნდა, მაგრამ ის კი არ დაუყვედრებია თანამემამულეებისთვის, ნახეთ, უცხოური როგორ ვიციო, ანიდან ჰაემდე ჩაუჯდა დედა-ანბანს და როგორი ქართული შეისწავლა ხელმეორედ, იცით. ასეთს ჩვენს მინისტრებს ვინ სთხოვს, ბოლოს და ბოლოს, მწერლები ხომ არ არიან, მაგრამ გამართული ქართულით კი - ნება იბოძონ. მათ, ალბათ, გალაკტიონის სიტყვებით უნდა სთხოვდეს ერი - „ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ, ოღონდ ქართულად!“ თორემ, იმათი დახვეწილი ინგლისურისა რა გაეგება ერს?!

არ შეგვიძლია უფრო არ გავართულოთ და უთქმელი დაგვრჩეს, რომ ენისა და მეტყველების საკითხი ხელისუფლების ერისადმი დამოკიდებულებასაც მოიცავს. როგორც ილიამ გვითხრა, თუ ენა არ გიყვარს, არც მამული გეყვარება. მამული კი მარტო გეოგრაფია არ არის, არამედ, უპირველესად - ხალხი. მერე კი დაამატა, რომ ენისა და ხალხის სიყვარულის გარეშე ღმერთს რაღა შეგაყვარებსო. მიწიდან ენით დაწყებული ვერტიკალი ილიამ ზეცით დაამთავრა.

ჩვენი „ქვეყნის მამები“ პირიქით კი იქცევიან და ეს მხოლოდ თანამედროვე ხელისუფლების ცოდვა არ არის, თუმცა, ამ საქმეში რომ ისინიც ვირტუოზებია, ცხადია - რაკი მედიდურად ჩამოსცქერიან ხალხს, პრინციპით - ამათ უხსენი კიდევო! - საჭიროდ არ მიიჩნევენ წესიერად ლაპარაკს. ეს კი არა მარტო მათ კერძო მეტყველებაზე, ზოგადად, ენაზეც აისახება (ენა ხომ ცოცხალი ორგანიზმია). რა თქმა უნდა, ყველა „ლაივ“-ჩაწერისას საშუალება არა აქვთ, სიტყვები დაალაგონ და ისე გვითხრან, მაგრამ, ემჩნევათ, არც „ულაივოდ“ ზრუნავენ ამაზე და ისე გველაპარაკებიან, როგორც „ხოში“ აქვთ. ჰოდა, გამოდის, რომ უცხოურს ყურგაჩვეული და ქართულ წერა-კითხვა-ლაპარაკს გადაჩვეული მთავრობა კი ბევრს საუბრობს ხალხზე და ხალხთან, მაგრამ მარტო მაშინ და ისე, როგორც თავად უნდა. აქ ქართული კი არა, „გამგებმა გაიგოს!“ - პრინციპი გადასარევად ადგებათ.

საუბარი შემთხვევით არ დაგვიწყია ვაჟას გულქანით. გულქანი ჩარგალში ისე დაიბადა და ისე მოკვდა (80-იან წლებში), რომ სხვა სამზეო არ უნახავს. მამასავით მასაც შეეძლო ეთქვა - „რა ფერის არის ქვეყანა, ნეტავ, მაჩვენა თვალითა“. „არა“ მთავრობას (არადა, ბევრი გამოიცვალა) არ მოფიქრებია თბილისში მარტოხელას ჩამოყვანა და მამის საფლავის ჩვენება.

ჩვენს დროშიც, უაღრესად კოლორიტულმა მწერალმა გოდერძი ჩოხელმა ისე დაიცა გულში დანა (უკიდურეს სიღატაკეში ჩავარდნილს, თვითმკვლელობის მცდელობა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა), რომ მთავრობის არც ერთ წევრს ამაზე სიტყვის დასასველებლად არ მოუცლია, ალბათ, იმიტომ, რომ, ხალხოსნური პოზის მიუხედავად, მათ ოპტიკურ პრიზმაში ადამიანები „მასებად“ ჩანან. როგორ დავიჯეროთ, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, პრეზიდენტს, როგორც მეგობარმა მეგობარს, ისე მაინც არ უთხრა: ჩოხელმა ქართულ ლიტერატურას უკვე შეჰმატა გუდამაყრის გასაგიჟებლად კეთილი სამყარო და აწი რომც აღარაფერი შექმნას, მაინც ღირს მისი პატრონობაო! ლეიბორისტების დანიშნული პენსიის ამარა რომ დატოვეს ავადმყოფი და ერთ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც! ეს მაგალითები იმის დასტურადაც გვჭირდება, რომ ლიტერატურის და საერთოდ, კითხვის სიყვარულიც უკავშირდება ენასთან დამოკიდებულებას. თუ ეს სიყვარული არა გაქვს, განყენებულად, ენა რა ბედენაა! ყველაფერი ერთად კი „ბედენაა“ და ადამიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენელი ადამიანების ასეთი „აცდენები“ თუ „გაუცხოებები“, უცნაურადაც რომ მოგეჩვენოთ, მაინც ენით იწყება. სწორედ ეს არის ილიას ვერტიკალის ჩამოშლა - ენას არ ვუფრთხილდებით, ამით მამულიც გვიუცხოვდება, გაჭირვებულის სიბრალული და სათნოება კი ისე გვეკარგება, ღმერთთან მისასვლელი გზის საპოვნელად, „რავი“, რა კომპასი გვიშველის?!

11 ნავროზობა ანუ ახალწელიწადი ქურთულად

▲back to top


რეპორტაჟი

ავტორები: CANDY CACTUS, ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: CANDY CACTUS

მე მომხრე ვარ იმისა, რომ არაცივილიზირებული ერების
წინააღმდეგ გაზი იქნეს გამოყენებული.“
უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მდივანი იმ
დროს, როცა ბრიტანელი მფრინავები ერაყში ქურთულ სოფლებს
ლონდონისთვის სასურველი საზღვრების გასამტკიცებლად ბომბავდნენ.

რუკაზე თურქეთს, სირიას, ირანსა და ერაყს შორის დახრილი ასოებით წერია: ქურთისტანი. ასეთი შრიფტით მთები ან პლატოებია აღნიშნული. პოლიტიკურ რუკაზე ქურთისტანი არ არსებობს, მაგრამ დემოგრაფიული ფაქტი ფაქტად რჩება.

მაშინ, როცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ეგრეთ წოდებული ხალხების გაზაფხულის შედეგად მრავალმა ერმა, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სახელმწიფოებრიობა მოიპოვა, ქურთებს ამ ლატარეაში ასანთის მოკლე ღერი შეხვდათ. 30 მილიონიანი ერი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეროვნული უმცირესობა, საკუთარი სახელმწიფოს და დე ფაქტო საკუთარი ენის გარეშე დარჩა. არადა, თურქეთში 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს და ქვეყნის მთელი მოსახლეობის ოც პროცენტს შეადგენს. წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით, თურქეთის ყოველი მეხუთე მოქალაქე ქურთია.

. . .

სწავლის გაგრძელებას ვფიქრობდი და გადავწყვიტე, მანამდე კვლავ მემოგზაურა. სამყაროს რეალობის დიდი ნაწილი ხომ უნივერსიტეტის აუდიტორიაში ვერასოდეს შემოაღწევს. სხვადასხვა მიზეზების გამო მრავალი ფაქტი წერილობითი სახით ვერ გადმოიცემა.

შესაძლოა, ქურთებსაც დაეწერათ რამე, მაგრამ არ შეუძლიათ. დიარბაკირში, თურქეთის ტერიტორიაზე ქურთების არაოფიციალურ დედაქალაქში, ამაოდ ვეძებდი ქურთულ წიგნებს. კარგა ხანი მოვანდომე ქურთული ლექსიკონის პოვნას, ბოლოს ნავროზობის დღესასწაულზე მივაგენი, საჭმელთან ერთად იყიდებოდა. რამდენიმე სიტყვა ხალხისგან ვისწავლე. ეს იყო და ეს.

როცა ავტობუსის თურქ მძღოლს ავუხსენი, რომ ქურთისტანში მინდა მოხვედრა - თურქეთის ქურთისტანს ვგულისხმობდი - მან მომიგო, ეგრე თუ გინდა, ერაყში წადიო. თურქებს ქურთისტანის გაგონება არ უნდათ.

როცა ინგლისურად მომმართავენ და ქურთულად ვპასუხობ, ყველა იბნევა, თურქიც და ქურთიც. მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ქურთულად ლაპარაკი აკრძალული აღარაა, მაინც არ ღირს, და ქუჩაში ხალხი ძირითადად თურქულად ლაპარაკობს - ქურთების დისკრიმინაცია ახლაც ყოველდღიური ამბავია.

აჰმედ კაია, სტამბულელი ტაქსის მძღოლი, რომელიც თავის დროზე ძალიან პოპულარული მომღერალი გახდა, ქურთულად ვერ მღეროდა. ახლა ქურთული სიმღერების მოსმენა უკვე შეიძლება - ევროკავშირში შესვლის მსურველ თურქეთს უმცირესობების უფლებებისთვის ზრუნვა უწევს. ოფიციალურად დღეში ერთი საათით ქურთული ტელევიზიაც მაუწყებლობს, მაგრამ ამის შესახებ ვისაც კი ვკითხე, მსგავსი არაფერი სმენოდათ.

არცთუ დიდი ხნის წინათ, 1994 წელს, ლეილა ზანას, პირველ ქურთ პარლამენტარ ქალს, ქურთული გამონათქვამისთვის, რომ დემოკრატიის ფარგლებში ქურთებისა და თურქების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ყველაფერს გააკეთებს, 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ღონისძიებები არ მიყვარს, სასჯელმოხდილი ორმოცდაათი წლის ქალის სიტყვას სუნთქვაშეკრული ვუსმენდი...

ბერძენი ისტორიკოსის, ქსენოფონტეს თქმით, ქურთები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წლის წინათ ბერძნულ ჯარს თავს დაესხნენ, სახიფათონი არიან. ფრეია სტარკი, რომელიც XIX საუკუნეში ამ მიდამოში მოგზაურობდა, ჰყვება, რომ ქურთები სტუმართმოყვარე, მაგრამ არცთუ სანდო ხალხია: სახლიდან გასვლისთანავე სტუმართმოყვარეობის კანონები აღარ მოქმედებს და თამამად შეიძლება, მასპინძლის მსხვერპლი გახდეო.

ამბობენ, რომ ქურთები აბრაამის ჩამომავლები არიან. ბრიტანული ენციკლოპედიის თანახმად, ისინი, ისევე, როგორც სპარსები, არიელები ყოფილან. სახელი „ქურთი“, როგორც ჩანს, ქორთუას სამეფოს სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინათ სპარსეთსა და მესოპოტამიას შორის, ვანის ტბის მიდამოში არსებობდა. დღევანდელ პოლიტიკურ რუკაზე ეს თურქეთის, სირიის, ირანისა და ერაყის გზაჯვარედინია.

ქურთები დღესაც ამ მიწაზე ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური რუკა ყოველ ხუთას წელიწადში ერთხელ მაინც იცვლება. სხვადასხვა დროს ამ მიწა-წყალზე რომი, ბიზანტია, თურქ-სელჯუკები, სპარსები ბატონობდნენ, და ის კვლავ ძალაუფლების გადანაწილების მხარედ რჩება.

და ათასწლეულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქურთების ადგილი მათ კუთვნილ მიწაზე აღარაა. ითვლება, რომ ისინი თურქები გახდნენ.

. . .

ერზერუმში ღამით ველოდი დიარბაკირისკენ მიმავალ ავტობუსს. უამრავი თურქული ჩაი დავლიე. განთიადზე ვოცნებობდი. მინდოდა, ქალაქის ირგვლივ მთებიც მენახა - სომხური მითოლოგიის თანახმად, სამოთხე სადღაც აქ უნდა ყოფილიყო.

დღეს იქაურობას სამოთხემდე ბევრი უკლია. თურქეთის აღმოსავლეთი ღარიბი მხარეა. მიუხედავად ამისა, ისლამური ლოცვები მტვრიან ავტოსადგურზე დიდი პლაზმური ტელევიზორით გადმოიცემა. ერზერუმი 2000 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია. გზად თოვლსა და შავად შებურულ ქალებს ვხედავდი.

დიარბაკირამდე შვიდი საათის გზაა, მაგრამ ავტობუსში დაძინება არ გამომდის - ქურთული ახალწელიწადის წინა დღეებში აქ გამკაცრებული კონტროლია. შუაგზაზე, ბინგოელში, ქურთების მუშათა პარტიასთან ომია გაჩაღებული. მეხუთედ გვამოწმებენ. საკონტროლო პუნქტში ერთი ახალგაზრდა ქურთი ქალი დაიტოვეს.

0x01 graphic

მერე კი ცივი, დათოვლილი უდაბნო დაუჯერებლად მწვანე ველებმა შეცვალა. „დიარ“ ქურთულად „ღიას“ ან „პლატოს“ ნიშნავს. ამ მიწას დიარბაკირიდან ბაღდადამდე ალ ჯაზირა, „კუნძული“ ჰქვია. აბრეშუმის გზა უდაბნოს სამხრეთით მიუყვებოდა, და ალბათ მწვანე სივრცე იმდროინდელ დაქანცულ ვაჭრებს კუნძულად ესახებოდათ. სიო აყვავებულ ნუშის ხეებს ელამუნება, ცხენები ნორჩ ბალახს წიწკნიან. გაზაფხული აშკარად იგრძნობა და ვიფიქრე, ნეტა ჩვენ რად არ ვზეიმობთ-მეთქი ახალ წელს გაზაფხულის დადგომისას?

„ნავროზ პიროზ ბე!“ - „გილოცავთ ახალ წელს!“ - დიარბაკირში ყვითელ პლაკატებს ეს წარწერა ამშვენებს. თითქმის ყველა გზაჯვარედინზე ავტომატით შეიარაღებული პატრული დგას, ხანდახან ტანკი ჩაივლის. ყველაზე მეტი შეტაკება სწორედ ნავროზობის დროს ხდება.

0x01 graphic

. . .

ამბობენ, რომ ცხოვრობდა ერთი ბოროტი ხელმწიფე. მის მხრებზე გველები იკლაკნებოდნენ, რომლებიც ყოველდღე ორი ბავშვის ტვინს ითხოვდნენ საჭმელად.

იმ ქვეყანაში ერთი მჭედელი ცხოვრობდა, სახელად კავა, და მან, სანამ თავის ნაბოლარა ქალიშვილს შესწირავდა მსხვერპლად, ხელმწიფის გაცურება სცადა: ორი ცხვარი დაკლა და მეფეს გველებისთვის ცხვრების ტვინები მიართვა. ტყუილს ვერავინ მიუხვდა, და თანამემამულეებმა მის მაგალითს მიბაძეს.

გადარჩენილი ბავშვები ხალხმა მაღალ მთას შეაფარა. ბავშვები იქ ცხოვრობდნენ და კავა მათ მებრძოლებად ზრდიდა. და ერთ დღესაც, სწორედ 21 მარტს, ისინი მთიდან დაბლობში დაეშვნენ, აიღეს ციხე-სიმაგრე და ბოროტი ხელმწიფე დაამხეს.

ახალი ცხოვრების დაწყების აღსანიშნავად ხალხმა უთვალავი კოცონი დაანთო და ასე იზეიმა თავისუფლება.

. . .

ქმპ, ქურთების მუშათა პარტია, 1978 წელს სტუდენტმა აბდულა ოჯალანმა შექმნა. შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და თურქეთში ქმპ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. როგორც ჩანს, ის ენერგიას არამარტო მითებიდან, არამედ ქურთების მიმართ თვალშისაცემი უსამართლობიდანაც იღებს. ერთი ისაა, რომ ლეგენდისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში მაღალი მთები ქურთებს ვეღარაფრით ეხმარება. თურქეთი ამ მთებს უბრალოდ ანგრევს - ასე იყო გასული წლის დეკემბერში ერაყის საზღვარზე. საფუძველი ის ყოფილა, რომ მთა ქმპ-ს აქციების კონტროლირებაში უშლიდათ ხელს.

ვინ უნდა ჩაითვალოს ტერორისტად - ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მხოლოდ ნაომ ჩომსკის გამონათქვამი მახსოვს, რომ არსებობს ასეთი ფენომენი - ტერორისტი ქვეყნები. ასეთებია რუსეთი ჩეჩნეთთან, ისრაელი - პალესტინასთან და თურქეთი - ქურთებთან მიმართებაში. 1984-დან 1999 წლამდე თურქეთსა და ქმპ-ს შორის ომი იყო გამოცხადებული. შედეგი ამისა ათასობით მოკლული იყო. საერთაშორისო ორგანიზაცია Human Richt Watch იტყობინება, რომ ჯარი ხალხის იძულებით ევაკუაციას ახდენდა და შემდეგ სოფლებს მიწასთან ასწორებდა, რომ მათ უკან დასაბრუნებელი არ ჰქონოდათ. ასე განადგურდა 3000 სოფელი და 400 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა - displaced persons. 1999 წელს აბდულა ოჯალანი დაატყვევეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბრძოლა არ შეწყვეტილა. ახლაც, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ასობით პარტიზანი დაიღუპა.

0x01 graphic

მსოფლიოს ცინიზმს საზღვარი არა აქვს. რა გასაკვირია, რომ თურქეთი მორალს არ დაგიდევს - მთავარი სტრატეგიაა. თავის დროზე უინსტონ ჩერჩილსაც არანაირად არ მიაჩნდა ცუდ საქციელად ერაყში ქურთული სოფლების დაბომბვა და მოსახლეობის წინააღმდეგ გაზის გამოყენება. შემდგომ, 60-იანი წლების დასაწყისში, როცა შტატებმა ქურთების ყველანაირი დახმარება შეწყვიტეს, კისინჯერს კონგრესის მორალური ვალდებულებების შესახებ დაუსვეს კითხვა. ამაზე მან გალანტურად გასცა პასუხი, თქვა, რომ საგარეო პოლიტიკა და მისიონერული სამუშაო ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.

0x01 graphic

ქურთული ანდაზაა: „ქურთებს მეგობრები არა ჰყავთ“. ჩანს, არაა სიმართლეს მოკლებული. ერაყის ქურთები პირველ ამერიკულ ტანკს ჟრიამულით და ყვავილებით შეეგებნენ - ჰუსეინის რეჟიმის დროს ყველაზე მეტი განსაცდელი მათ ადგათ. ამერიკას კი ქურთები მანამდე ადარდებს, სანამ ისინი ნავთობის რესურსების კონტროლისთვის გამოადგებათ.

რა ელით ქურთებს? ჩომსკი ამბობს: „ამაზე ფიქრი მაშინებს. შეიძლება ერთგვარი გენოციდი მოხდეს. და ისინი მთავარი მოქმედი გმირები იქნებიან“.

0x01 graphic

. . .

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ 21 მარტს ცაში ბომბდამშენები ზუზუნებს, ქურთები არა გენოციდის, არამედ ნავროზობის დღესასწაულის გმირები არიან. ნავროზი „ახალ დღეს“ ნიშნავს და მას სპარსები და ქურთები მას შემდეგ ზეიმობენ, რაც ბაბილონელებმა რადიკალურად შეცვალეს დროსთან დამოკიდებულება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 539 წელს მათ აღმოაჩინეს, რომ 19 წელი 235 თვეა და გამოვიდა, რომ წელიწადი 360 დღისგან შედგება. ბაბილონელებმა, რომლებიც დღევანდელი დიარბაკირის სიახლოვეს, ერაყის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, შემოიღეს კალენდარი, რომლის თანახმადაც ყოველი თვე სავსემთვარობას იწყებოდა, წელიწადი კი - ნისანის თვის პირველ დღეს, ჩვენი კალენდრის თანახმად - სადღაც 21 მარტს.

1995 წლამდე ნავროზი აკრძალული იყო, მერე კი თურქეთის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ეს თურქული დღესასწაულია და მისი აღნიშვნა შეიძლება. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა, დილის ცხრა საათიდან ქალაქის განაპირას მდებარე დიდი ველისკენ ტრადიციულ ფერად სამოსში გამოწყობილი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების დიდი ტალღები დაიძრა. ათასობით ადამიანს ყვითელი, წითელი და მწვანე დროშები უჭირავს. ხალხი წრეში ცეკვავს, მოხუცები პატარებს ეხუმრებიან. ერთხელ სტამბულში ერთ სწავლულ თურქთან საუბრისას ვთქვი, რომ ცოტა ქურთული ვიცი, დაიმან, სერიოზულად თავზარდაცემულმა, მითხრა - ეს ხომ ტერორისტების ენაა! ახლა კი შევყურებ ან მხიარულ ხალხს, მწეველ ქალებს, ხელჯოხებით ხელში მოცეკვავე მოხუცებს და ვფიქრობ - სადაური ტერორისტები ესენი არიან?

აი, საახალწლო ცეცხლიც დაანთეს და ცა შავი ბოლით იფარება. ქურთისტანში ხეები დიდად არ ხარობს და ალბათ ამიტომ წვავენ საბურავებს? როგორც ჩანს, ეს ჩემს გარდა არავის ადარდებს..

0x01 graphic

. . .

დიარბაკირში, ჩემი მასპინძლების ოჯახში, უზარმაზარ ბეტონის შენობაში, ვახშამი იშლება. სუფთა იატაკზე თანამედროვე ხალიჩებია დაფენილი და ზედ ზეთისხილი, პომიდორი, მაწონი, პური აწყვია. თურქეთში ყველა ეროვნების ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, თუმცა იგრძნობა, რომ ტურისტების შემოსევამ ბევრი რამ წაახდინა. უცხოსგან ყველა ფულს ელის, მაგრამ თუ ტურისტობას გადააბიჯე და მიზაფირ, სტუმარი გახდი, მასპინძელი თან გადაგყვება. ღიმილით მაგონდება, ველოსიპედით მოგზაურობისას ერთმა ოჯახმა სუპერმარკეტში წამიყვანა და ტანსაცმელი მიყიდა. ჩანს, ძალიან საცოდავად გამოვიყურებოდი და სტუმართმოყვარეობის კანონი მათგან ამის გამოსწორებას ითხოვდა.

თუმცა ქურთი ქალები ეწევიან და მსმენია, ისლამს მაინცდამაინც სერიოზულად არ ეკიდებიანო, ტრადიცია მაინც ძლიერია. სონგიული ოცი წლისაა. ის სუფრას შლის და ყველაფერს გულითადად გვთავაზობს. ის სამი თვის წინათ შემოვიდა ამ ოჯახში, ქალ-ვაჟის ოჯახებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილები უნდა დაქორწინებულიყვნენ. ერთი თვის განმავლობაში გოგონა თავის მომავალ მეუღლეს ტელეფონით ესაუბრებოდა, ნახვით კი პირველად ქორწილის დღეს ნახა. ყველაფერი გეგმის თანახმად ხდება: ის უკვე ორსულადაა და ჩინებულად ცვლის თავის დედამთილს, რომელიც დიასახლისობით დაიღალა და ახლა ცოტას ისვენებს. სონგიული ძალიან ლამაზია. ვინ იცის, ეგებ ბედნიერიც. თუმცა მე, თავისუფალს, გული მტკივა იმის შემყურეს, რომ სხვა არჩევანი არასოდეს ექნება - შინ იქნება და შვილებს მიხედავს. ტრადიციასთან დაბრუნება ილუზორული ქვეცნობიერი სტრატეგიაა, რომელიც, განათლების გარეშე, ბოლოს და ბოლოს, არაფრისმომტანია. ტრადიციის თანახმად ცხოვრება ცუდი როდია, უბრალოდ, არჩევანი თუ არა გაქვს და ყველაფერი ნებაყოფლობით არ ხდება, ქალის ცხოვრება მონობაა. მონობაა, აბა, რაა, როცა საზღაურს არ იღებ და არჩევანი არ გაგაჩნია?

ტრადიციულ ქურთულ ოჯახში, სულ მცირე, რვა ბავშვი უნდა იყოს. ფინანსური თვალსაზრისით, ეს ძალიან რთულია, ბავშვები პატარაობიდანვე მუშაობენ ფეხსაცმლის მწმენდავებად, მტვირთავებად, ნოქრებად. თურქეთის ქურთისტანში ზღვა, რაც ტურისტებისთვის შეიძლება მიმზიდველი ყოფილიყო, არ არსებობს. სახელმწიფო გამიზნულად არ აშენებს ფაბრიკებს და აღმოსავლეთ თურქეთში ნავთობის მოპოვება არ ხდება - იმის შიშით, რომ ქურთები და მათი ბრძოლა გაძლიერდება.

სამაგიეროდ, ქვები ბევრია. და ბავშვები, რომლებისთვისაც ეს ჩინებული ვარჯიშია, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე ესვრიან მათ ველოსიპედით გამვლელს და მისძახიან: money money!

. . .

რა ელით წელს ქურთებს? თუმცა ერაყის პრეზიდენტი თალაბანი ქურთია, ჩრდილოეთ ერაყის ავტონომიური ოლქის მეთაური ბარზანიც ქურთია და 1998 წლის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ, დამოუკიდებელი ქურთისტანის არსებობის პერსპექტივა ფრიად საეჭვო გახლავთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქურთები მეტისმეტად დიდი რესურსების მქონე მიწაზე დგანან, ძნელი დასაჯერებელია, რომ თურქეთში ძალაუფლების ბალანსი და აქ მცხოვრები ქურთების ყოფა დიდად შეიცვლება.

ამიტომ ქურთები კავას ლეგენდით იმშვიდებენ თავს და სჯერათ, რომ ერთ დღეს მათაც ექნებათ თავისუფლება.

12 იმღერე ჰარე კრიშნა და იყავი ბედნიერი!

▲back to top


რეპორტაჟი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი

ბრაჰმანი ხომ მხოლოდ მოძღვრისაგან მიღებული ცოდნით
შეიცნობა, რომელსაც ერთი მოძღვარი მეორეს გადასცემს, და არა
ლოგიკის, მსჯელობის, გონების, ცოდნის სიმრავლის, ასკეზისა თუ
მსხვერპლშეწირვის წყალობით.
შანკარა, კენა უპანიშადის კომენტარები, 1.4.

საშამაც კი, აგერ ოცწლიანი მეგობრობის შემდეგ, ვერ გამიგო და მკითხა:

- რაო, არჩა, დაბერდი და მემუარების წერა დაიწყე?

არა, არა, რა დამაბერებს! მე ხომ სული ვარ და არა ეს სხეული, ეგ მაინც კარგად მაქვს ნასწავლი, პირველივე გაკვეთილი იყო. ვიცი, რომ არასოდეს დავბერდები, რადგან „არასოდეს ყოფილა, რომ მე, ან შენ, ან ყველა ამ მეფეს არ გვეარსება, და არასოდეს მოხდება, რომ რომელიმე ჩვენთაგანმა არსებობა შეწყვიტოს“ - მე ხომ ბრაჰმანის გამოცდისთვის დიდი გულისყურით ვემზადებოდი, საშა ჩემო. კიდევ კარგი, არ ჩამიბარებია, თორემ მაინც დავეცემოდი და რამხელა ცუდ კარმას წამოვიკიდებდი! თითქოს ახლა მაკლდეს კარმიული ვალები.

უბრალოდ, რომ გაზაფხულდა, კარგი რამეები მომინდა.

ვიცი, რომ მატერიალური სურვილები არ უნდა მქონდეს, მაგრამ მაქვს. არადა, ოდესღაც ყოველდღე ვიმეორებდი, თან სულით და გულით: „მე არ მსურს არც პატივი, არც დიდება, არც ქონება, არც ოჯახი, არც მიმდევრები. მე მხოლოდ შენი ერთგული მსახურება მინდა, ყოველ დაბადებაში“.

კრიშნამ არ მისმინა. მაგრამ ეგ არაფერი. შემდეგ დაბადებაში გამიგონებს, თუ შემდეგში არა - იმის შემდეგში, დაბადებებს რა დალევს, თან ჩემებს. მანამდე კი ძალიან ბევრი რამ მინდა.

ოდესღაც სოხუმთან, სოფელ ოქტომბერში, იდგა სახლი, რომელშიც მუდამ მიმესვლებოდა. იქ ერთი ძროხაც ჰყავდათ, რომელსაც კრიშნას მსახურმა ბიჭებმა მასტიტი დამართეს - არ იცოდნენ მოწველა და ჰა... ჰოდა, იმ სახლში, ნაიმიშარანიაში ასვლა და მწვანე მოლზე ერთი კარგი ბიჭის, ადიტია დუქჰის საარაკო სიმღერის მოსმენა მინდა.

კიდევ ცხოვრობდა ამქვეყნად ერთი არაჩვეულებრივი გოგო, პირველი ქართველი ბრაჰმანი, დევა მატა დევი დასი. ყველაზე მხიარული გოგო იყო, ვაიშნავური ლიტერატურის მთარგმნელი, არაჩვეულებრივი მზარეული და ყველგან და ყოველთვის - საუკეთესო თანამგზავრი. აი, მასთან ერთად მინდა ყოფნა, თუნდაც ის, რაც მაშინ ძალიან მამწარებდა საღამოს წირვის დროს, ტაძრის ოთახთან, იატაკზე, „შრიმად-ბჰაგავატამის“ ტომებში თავჩარგულს ძილი.

კიდევ მინდა, ინიციაციის ცეცხლთან ვიჯდე, თაკარა მზეში, ფეხმორთხმული ვქანაობდე ჩემს დებთან და ძმებთან ერთად და ყველასთან ერთად ვიმეორებდე: „გოვინდა, უზენაესო მბრძანებელო, გეთაყვანები!“ მახსოვს - რა დამავიწყებს? - მთავარ ქურუმს სათვალე მოეხსნა, რომ ერბოს ალის გამო მინები არ დასკდომოდა. რა გასახსენებელი ესაა...

ხომ ბევრი საშინელი ამბავი და სიტყვა მოგაყარე, მკითხველო? მაგრამ ნუ შეშინდები. სინამდვილეში, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი.

. . .

ალიონზე, როცა წყვიდიადის ძალები დედამიწას ტოვებენ, ყველგან - ჩრდილოეთით და სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით, - ორგზისშობილები თითზე ბრაჰმანის თასმას იხვევენ და ამომავალი მზის სადიდებლად გულში იმეორებენ მანტრა გაიატრის - ლოცვას, რომელიც უშუალოდ მათ, მხოლოდ მათ და სხვას არავის, მასწავლებელმა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით გადასცა.

ეს - ბრაჰმანები. სხვები კი, ვისაც მეორე ინიციაცია ჯერ არ მიუღიათ, ახალი დღის დაბადებას ეგებებიან იმ სალოცავით, რომელიც ყველამ თუ არ იცის, ყველას გაუგონია მაინც. ეს ჰარე კრიშნა მაჰამანტრაა, საგალობელთა საგალობელი

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე

კრიალოსანზე 108 ხის მძივია ასხმული, თითო მძივზე მაჰამანტრა სრულად იკითხება, და კრიალოსანმა კრიშნას ერთგული მსახურის ხელში თექვსმეტჯერ უნდა გაიაროს. ნეოფიტები მედიტაციისას თავს გულმოდგინედ იქნევენ - ფიქრი ეძალებათ, ფიქრი კი სულ არაა საჭირო, მხოლოდ სიტყვები უნდა ესმოდეთ, უდარდელი, ავდრის ღრუბლისფერი ბიჭის სახელები, რომელიც მთვარიან ღამეს იამუნას ნაპირას ფლეიტაზე უკრავს და მწყემს გოგოებს თავბრუს ახვევს, რომლის შესახებაც მეცნიერები სქელტანიან ტრაქტატებს წერენ და რომლის წყალობის მოსაპოვებლადაც ასკეტები საუკუნეებს ატარებენ ჰიმალაებში: „ყოვლისშემძლეო უფალო, იყავ მოწყალე, იყავ მოწყალე, მეჩვენე მე...“

არადა, კრიშნას წყალობის მოპოვება არც ისე რთულია. მას, ვისაც მისი ერთგული მსახურება აქვს გადაწყვეტილი, ოთხი პრინციპის დაცვა მოუწევს:

არ შეჭამს მოკლულს, ანუ ხორცს;

არ მოიწამლავს სხეულს გამაბრუებელი და აღმგზნები ნივთიერებებით;

უარს იტყვის აზარტულ თამაშებზე;

ექნება სექსი მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩასახულ ნაყოფს სიცოცხლეს არ წაართმევს.

ესაა და ეს. და კიდევ: კრიშნას ერთგული გალობს მაჰამანტრას - და ბედნიერია.

0x01 graphic

. . .

საუკუნეების განმავლობაში ვედური კულტურის ბედ-იღბალს აჩარიები წარმართავდნენ. აჩარია ვედური ცოდნის მასწავლებელია - გურუ. ის მოსწავლეებს წმინდა წერილების მოძღვრებას გადასცემს და პასუხს აგებს მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვზე, რომელიც ცოდნის მიღების ერთადერთ გზადაა მიჩნეული. გურუ პირადი მაგალითით ასწავლის: „ჯერ თავად გახდი სრულქმნილი და შემდეგ შეგიძლია სხვების დამოძღვრა“. თავის მხრივ, ის თავისი გურუს მოსწავლეა და მისი სიტყვები სავსებით უნდა ეთანხმებოდეს მისი გურუსა და წმინდა წერილების აზრს.

ასე გადადიოდა ეს ცოდნა, გადადიოდა, გადადიოდა და ერთხელაც მიადგა ძალიან დიდ ქვეყანას - საბჭოთა კავშირს. მისი მოქალაქეებისთვის ის არამარტო სრულქმნის, გასხივოსნებისა და გათავისუფლების გზა იყო - ამაზე ვინ იოცნებებდა! - არამედ ერთგვარი ალტერნატივა იმისა, რასაც ყოველდღიურობა სთავაზობდათ.

ყოფილ საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, საქართველოში, კრიშნას ცნობიერების გავრცელების ისტორია ფრიად რომანტიკული და მხიარული იყო. მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ იცოდნენ, რომ სადღაც, რკინის ფარდის მიღმა, არის გურუ, და არავის არანაირი წიგნი არ ჰქონდა წაკითხული - უბრალოდ, მღეროდნენ, კრიშნას გულის მოსაგებად გემრიელ კერძებს ამზადებდნენ და ასე...

მერე კი მთარგმნელობითი მუშაობა დაიწყო. საბჭოთა მთავრობა და ხელისუფლება ვაიშნავებს აქტიურად დევნიდა, ამიტომ, რა დასამალია და კაპიკად არ ვარგოდა ის წიგნები: იყო ცუდად თარგმნილი, საძაგლად დაბეჭდილი, მაგრამ მერე რა! სამაგიეროდ, ეს იყო „ბჰაგავად გიტა“, ნამდვილი „გიტა“: „მე ვარ წყლის გემო, მე ვარ მიწის სურნელი, მე ვარ ძლიერთა ძალა...“ და ამ წიგნების გამო კრიშნას ერთგულ მსახურებს აპატიმრებდნენ, ურალს მიღმა ასახლებდნენ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში აწამებდნენ. ბრალდებები გასაოცარი იყო, მაგალითად, „საბჭოთა მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება“. ცოტა სასაცილოა. როგორც ერთხელ ერთმა ქართველმა ბრაჰმანმა, მადირა დევი დასიმ ბრძანა, „ნეტა, რას ერჩიან საწყალ კრიშნას ერთგულებს? რით ვერ მიხვდნენ, რომ ჩვენ არ ვმრავლდებით?“ - ქართველი ვაიშნავები ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს ძალიან მკაცრად იცავდნენ.

. . .

ქართველ ვაიშნავებთან შემთხვევით მოვხვდი. კრიშნას ნებით. ქეთამ მითხრა, წამო, მაგარ ადგილას წაგიყვანო. კუკიაზეო. და ისევე, როგორც ყველა ნორმალური ცხრამეტი წლის ადამიანი (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, რომ ცნობისწადილი ბუნებრივი მოვლენაა), ქეთას უმალვე დავთანხმდი და მივედით სადღაც.

ეზოში რომ შევედით, ქეთამ უცებ იდარდა, წინდა ხომ არ გაქვს გახეულიო. მეთქი, არა, რა ვიცი, აქამდე თითქოს მთელი იყო-მეთქი. ფეხზე გავიხადეთ და შევედით დიდ ოთახში, სადაც საკმევლის სუნი იდგა - ვიცოდი ეს სუნი, დედამ ჩამომიტანა სურნელოვანი ჩხირები ინდოეთიდან - და მრავალი ქალი და მამაკაცი ირეოდა. ისინი მღეროდნენ. ერთი მამაკაცი ფისგარმონიასთან იჯდა, მეორე მრიდანგაზე უკრავდა - ამ დოლის სახელიც ვიცოდი, ოღონდ ასე თუ ჟღერდა, ვერ წარმომედგინა, - სხვები კი კარატალებს აწკრიალებდნენ ან ტაშს უკრავდნენ. ჩვენც დავსხედით და ვინაიდან კარატალები არ გვქონდა, ტაშით ავყევით. თან იოლი სამღერი იყო: ფისგარმონიასთან მჯდომი მღეროდა და ჩვენ მისას ვიმეორებდით, ძალიან მარტივ სიტყვებს: ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა, რამა რამა ჰარე ჰარე. ძალიან კარგი იყო. მერე კი გაგვიმასპინძლდნენ, ძალიან გემრიელად, ოღონდ რას ვჭამდი, ვერ მივხვდი, და მერე, როცა ყველაფერი დამთავრდა, ერთ კაცს მივადექი და ვკითხე, მეთქი, რა იყო ეს და როგორ კეთდება. კიდევ ვუთხარი, რომ კარატალები მინდა. ისიც ვკითხე, ვინა ხართ-მეთქი. კრიშნას ერთგულები - მე ეს არაფერს მეუბნებოდა. მომეწონა, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე-მეთქი.

ეს კაცი იყო საშა. საშამ მასწავლა ჰალავას კეთება, კარატალებზე დაკვრა და ჰარე კრიშნა მაჰამანტრას მარტივი საიდუმლო: უბრალოდ, უნდა იმღერო, და ბედნიერი იქნები.

მე ექვსი წელი ჰარე კრიშნა მაჰამანტრას ვმღეროდი და ბედნიერი ვიყავი.

მე ბედნიერი ვიყავი სოხუმის, სოჭის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, რიგის, ტალინის, ვილნიუსის, როსტოვის, ერევნის - რომელი ერთი ჩამოვთვალო, მთელი საბჭოთა კავშირის აშრამებში. მე სამი წელი გავატარე განდჰარვიკა-გირიდჰარის ტაძარში, სადაც ყველაზე მკაცრი სტანდარტი იყო - და მაინც ბედნიერი ვიყავი.

„კრიშნა ყოვლისმიმზიდველია,“ ისმოდა დილის რიბრაბში მასწავლებლის ხმა, „ერთადერთი, ვინც მას იზიდავს, მოცეკვავე რადჰაა, განდჰარვიკა...“

მთელი დიდება განდჰარვიკა-გირიდჰარის!

„თქვენ გგონიათ, რომ კრიშნა გიყვართ?“ სვამდა კითხვას გურუ. „აბა, რა გითხრათ. აი, რადჰას კი უყვარს. ის ღამით იპარება ხოლმე შინიდან, ვერცხლისფერ სამოსში გამოწყობილი, მხოლოდ მარგალიტით მორთული, რომ ვერავინ დაინახოს, მთვარის ნათება ეგონოთ. იცით, რადჰას ყველაზე მეტად გველებისა ეშინია, და მაინც, როცა რომელიმე თავს წამოწევს ხოლმე, რადჰა ხელს აფარებს პირზე: არ დაეშიშინოს და არავინ გაიგონოს, რომ რადჰას კრიშნასთან მიეჩქარება.“

მთელი დიდება განდჰარვიკა-გირიდჰარის!

გურუ განაგრძობდა: „როცა რუპა გოსვამიმ რადჰას ნაწნავი გველს შეადარა, სანატანა გოსვამიმ შენიშვნა მისცა და ტაეპი გადააკეთებინა. და აი, ერთხელაც, გზად მიმავალ სანატანას მწყემსი გოგოები შეხვდნენ. ერთ-ერთ მათგანს - ჰოი, საშინელებავ! ზურგზე გველი ასცოცებოდა. „თავს უშველე, გველი, გველი!“ იყვირა სანატანამ, გოგონამ მოიხედა და სანატანა მიხვდა, რომ ასეთი ლამაზი ვერასოდეს ვერავინ იქნებოდა, მხოლოდ რადჰა.“

მთელი დიდება განდჰარვიკა-გირიდჰარის!

ერთხელ, გვიან ღამით, როცა იქ ნამდვილად არაფერი მესაქმებოდა, ტაძარში შევედი. საკურთხევლის წინ მსუქანი კაცი იდგა, ყოფილი კონტრაბანდისტი, უკანასკნელი თხუთმეტი წელი კი რადჰაკრიშნას მზარეული, და მრიდანგას აბურდღუნებდა. ღამის სიჩუმე რომ არა, ვერც გავიგონებდი, რომ ის ძალიან ჩუმად, ისე, რომ ყური არავის მოეკრა, წელიწადის მხოლოდ ერთ დღეს საგალობელ, სხვა დროს კი ტაბუირებულ მანტრას იმეორებდა: „რადჰე რადჰე გოვინდე...“

მთელი დიდება განდჰარვიკა-გირიდჰარის!

. . .

მას მერე უამრავი წელი გავიდა. ბევრი რამ მოხდა. ცოტა ცუდი, მაგრამ მაია, მატერიალური ენერგია ხომ ასეთია - ბოლომდე არ გაგახარებს. მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, რომ მაშინ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი.

მე აღარ ვიცავ პრინციპებს და დამცავი ნიშნების სახელები ამომივარდა თავიდან, „დიდება კეშავას“ გარდა. ძალიან მწყდება გული. მაგრამ ზოგჯერ, ცივ ღამეში, ნიჟარის ხმა ჩამესმის და მგონია, რომ სწრაფად, სწრაფად უნდა ავდგე, მოვწესრიგდე და მუხლამდე თოვლში გავიქცე ტაძრისკენ, სადაც დოლები ბურდღუნებს, ზანზალაკები წკრიალებს და ქურუმი განდჰარვიკა-გირიდჰარის ცეცხლს სწირავს. იქ ჩემს და-ძმებთან ერთად ღვთაებების წინაშე მუხლს მოვიყრი და ვიტყვი:

- დიდება ყველა შეკრებილ ერთგულს! ჰარე კრიშნა!

0x01 graphic

13 ბექა მინდიაშვილი: ეკლესია შებრუნებული პერსპექტივით

▲back to top


ისტორია

ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, ბესო გულაშვილი

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ბექა მინდიაშვილი თვლის, რომ მისთვის, როგორც ქრისტიანისთვის, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დაიცვას იმ ადამიანების ინტერესები, ვინც მისგან სარწმუნოებით, აღმსარებლობით განსხვავდება და საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე მუშაობს. ერთი შეხედვით, რთული საქმე არ უნდა ჰქონდეს, ქვის კოდვა ნამდვილად არ უწევს, ოღონდ ბექას, სამსახურის გამო, ყოველდღიურად უხდება იმ ადამიანებთან შეხვედრა და მუშაობა, ვისი რწმენის თავისუფლებაც ჩვენს ქვეყანაში, დღეს, სამწუხაროდ, ისევ ირღვევა. ისინი, თითქოს არც ისე ბევრნი არიან, მით უმეტეს, მედიაში იშვიათად ჩნდებიან ხოლმე და საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, რა მდგომარეობაა ამ მხრივ. მარტო იმიტომ კი არა, რომ ინფორმაცია შეზღუდულია, იმიტომ, რომ ეს საკითხი ნაკლებად გვაინტერესებს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მძვინვარე რელიგიური ექსტრემისტები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ და სიტუაცია ასე თუ ისე დაწყნარდა.

ბოლო 20 წელიწადში ჩვენ თვალწინ ბევრი მითი დაიმსხვრა. ოდესღაც, ყველას გვეგონა, რომ მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული და მართლმადიდებლური ეკლესიები ასე ახლოს და ერთად მხოლოდ ერთადერთ ქალაქში, თბილისში იდგა (იერუსალიმის არსებობა კი ვიცოდით, მაგრამ... ეჰ...) და რახან იდგა და ააშენეს, .. ჩვენ, ქართველები ყველაზე ტოლერანტი და შემწყნარებელი ხალხი ვიყავით მსოფლიოში. ასეთი იყო საბჭოთა საქართველოს პროპაგანდა, რომელიც ხალხთა მეგობრობას, ინტერნაციონალიზმს ქადაგებდა და რელიგიას მხოლოდ კულტურულ კონტექსტში განიხილავდა და თანაც, ებრძოდა. ეს ის დრო იყო, როცა ადამიანებს ეკლესიაში სიარულის გამო დევნიდნენ, ავიწროვებდნენ და საბჭოეთში ეს დევნა ყველა რელიგიასა და კონფესიას ერთნაირად ეხებოდა. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს ვხედავთ, რომ მართლმადიდებლობა სავალდებულო მოდად იქცა, ახლადგამოჩეკილ ოპოზიციურ პარტიებსა და მართლმადიდებლობით აშკარა სპეკულაციას თავი რომ გავანებოთ, მაგალითად, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ხარებას, სამების ეზოში, თავსაბურავით შემოსილი აძლევდა ინტერვიუს ტელევიზიას, ეკლესიაში კია წესი თავსაფრის დახურვა, მაგრამ ეზოში? ინტერვიუს დროს? აი, ასეთია დღევანდელი ქართული დიკსურსი, რომელშიც ყველა ჯდება - შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებით დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული, ბექა კი ერთი იმ მცირეთთაგანია, ვინც, რამდენიმე მეგობართან ერთად, 2004 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული მდგომარეობის კრიტიკა საჯაროდ გაბედა და გაზეთ 24 საათში ღია წერილი გამოაქვეყნა. ღია წერილს სატელევიზიო დებატებიც მოჰყვა. ეს ერთგვარი ამბოხი იმით დასრულდა, რომ ბექა და მისი მეგობრები სასულიერო აკადემიიდან გარიცხეს და სოროსის მოციქულებად და მასონებად შერაცხეს.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 13-14 წლის ბექა მინდიაშვილი, სერიოზულად დაინტერესდა რელიგიით, 13-14 წელი ადრეაო იტყვით, მაგრამ იშვიათად, ასეც ხდება ხოლმე, ბიჭებს ბურთის თამაშთან ერთად, ასეთი რაღაცებიც აინტერესებთ. ბექას ფეხბურთი დღესაც ისევე უყვარს, როგორც მაშინ, მაგრამ წიგნის კითხვაც პატარაობიდანვე ძალიან უყვარდა და სწორედ ამ გზით მივიდა სახარებასთან. რა არის ამაში გასაკვირი? ქრისტიანობა ხომ წიგნის რელიგიაა, ბიბლიის (ბიბილიოს - წიგნი) რელიგია.

- ვერ გეტყვით, საიდან გამიჩნდა ეს ინტერესი, სახლში გვქონდა იმ დროს რელიგიური ლიტერატურა. პირველად, ოთხთავი წავიკითხე, თანაც ძველ ქართულად. ოთხთავის გაცნობამ და შემდეგ, ეკლესიასტემ რელიგიით დამაინტერესა. იმ პერიოდში ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, მოკლედ, ჰუმანიტარული საგნები მაინტერესებდა. დავდიოდი ხელოვნების სტუდიაში, მხატვრის სახლში და ეს ყველაფერი ქრისტიანობის შესწავლასთანაც იყო დაკავშირებული. იმ გარემოში, სადაც ვიზრდებოდი, საბჭოთა წყობას სულ აკრიტიკებდნენ. თან იმ დროს, 1987-1988 წლებიდან, უკვე გათავისუფლდა სივრცე რელიგიისათვის. ამ ფონზე სრულიად განსაკუთრებულ სხვა, პარალელურ სინამდვილედ იქცა ის ადგილი, სადაც სახარებაში აღწერილი ამბები ვითარდებოდა. სკოლაში, ჰაგიოგრაფიის სწავლისას, ასეთი ინტერესი არ გამჩენია. მეგობრების წრეც ასეთი მყავდა, ამ საკითხებით დაინტერესებული და ერთად დავიწყეთ ეკლესიაში სიარული. ამ დროს ეკლესიას იდეოლოგიური ფუნქცია ჯერ არ ჰქონდა. ეკლესიაში ადამიანები, მოდის და საზოგადოებრივი აზრის კი არა, რეალური, როგორც თეოლოგები ამბობენ ზღვრული, ინტერესის გამო დადიოდნენ. ტიპური რელიგიური ძიების სივრცეში აღმოვჩნდი, დავინტერესდი მსოფლიო რელიგიების ისტორიით. მაშინვე გამიჩნდა შეკითხვა, რატომ აცხადებდა ჩვენთან ყველა მღვდელი, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი სწავლებაა. იმპერატიული დამოკიდებულება ჩემთვის თავიდანვე უცხო იყო, ბევრკითხვაზე მინდოდა პასუხის მიღება. მაშინ ასე მეგონა და დღესაც მგონია, რომ სახარება „მთავარ“ კითხვებზე მცემდა პასუხს, მიმაჩნდა და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ იქ ყველაფერი მარტივად, ყველასთვის გასაგებად არის ნათქვამი - ვინ არის ღმერთი, როგორია ერთი მხრივ ადამიანი და მეორე მხრივ მრავალი ადამიანი ერთად - ბრბო, რა არის სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტება და ხსნა, რა ხდება სიცოცხლის შემდეგ... ეს ტიპური შეკითხვებია, რომელიც ამ ასაკში ებადება ადამიანს. მაგრამ ეკლესიაში დამხვდა აზრი, რომ არ არის სასურველი სახარებისდამოუკიდებლად კითხვა და ეს პროცესი გაშუალებული უნდა იყოს წმ. მამების სწავლებით, საეკლესიო გარდამოცემით, კანონიკურ საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული და მოძღვარი უნდა ხელმძღვანელობდეს მას. მეორე მხრივ ამ „კანონიკურ“ ტერიტორიაზე აღარ რჩებოდა საერო ლიტერატურის ადგილი. შესაბამისად, მეუბნებოდნენ, რომ აღარ უნდა მეკითხა მხატვრული ლიტერატურა, ერთმა მღვდელმა ზუსტად ასე მითხრა: ამდენი თუ იკითხე, მორწმუნედ კი არა, მარქსად იქცევიო. ეკლესიის რიტუალურ ციკლში პროზელიტის, ახალმოქცეულის თავგამოდებით ვიღებდი მონაწილეობას, ეს ერთი მხრივ მეხმარებოდა, იმიტომ, რომ ფორმას და რიტმს იძენდა ცხოვრება, მაგრამ შეზღუდვებს, რომლებიც ქცევას კი არა, უფრო გონებას, აზროვნებას ეხებოდა, ვერ ვეგუებოდი და საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ავტორიტეტი იყო პირადი მოძღვარი, სხვა სასულიერო პირები, მაგრამ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მუდმივ „ჭიდილში“ ვიყავი მათთან. სასულიერო პირების მხრიდან არსებობოდა ინტენცია - აბსოლუტური მორჩილება მოძღვრის მიმართ, რადგან მხოლოდ მათი და არა საკუთარი გონებისა და გულის კარნახით შეიძლებოდა გადაგერჩინა თავი, ანუ საეკლესიო ენით თუ ვიტყვით, ცხონებულიყავი. ასეთი მიდგომა აშკარად განსხვავდებოდა სახარებისეული სიხალასისა და თავისუფლებისმოყვარეობისგან. ვხედავდი, რომ ქრისტესა და მისი მიმდევრების ურთიერთობა განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ეკლესია გვთავაზობდა...

0x01 graphic

ფოტო: ბესო გულაშვილი

იმ დროს ბექას ძალიან უნდოდა, დაეჯერებინა მოძღვრებისათვის როცა ეუბნებოდნენ, სულისთვის საზიანოა რუსთაველის კითხვა, პუშკინი, გოეთე და მოცარტი მასონები იყვნენ, ბახი პროტესტენტიო და .. მაგრამ შინაგანად ვერ უჯერებდა და ვერ იღებდა ამ აკრძალვებს. კითხვასაც აგრძელებდა და ძიებასაც. შემდეგ უკვე ეკლესიის ისტორიაშიც და ბევრ მართლმადიდებელ უცხოელ ავტორთან ამოიკითხა, რომ მართლმადიდებლობა ამას, სულაც არ კრძალავდა. სკოლის დასრულებისთანავე სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, მისი მიზანი, როგორც დღეს ამბობს, საკუთარი თავისა და სამყაროს გაგება იყო. მაშინ არსებობდა წარმოდგენა, რომ საერო უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პროტექციით და ქრთამით შეიძლებოდა ჩაბარება, სასულიერო სასწავლებელში კი ასეთი რამ არ ხდებოდა, იცოდა, რომ სემინარიის და აკადემიის დაარსებას საუკეთესო მეცნიერები ედგნენ სათავეში და ამ სასწავლებელს უკვე რაღაც ტრადიციაც ჰქონდა. თუმცა, ჯერ არ იცოდა, რომ მეცნიერი, ვინც არ ითვალისწინებდა და იზიარებდა იქ მყოფი კლერიკალების ყველა თვალსაზრისს ან საერო კულტურასთან ლიბერალური დამოკიდებულება ჰქონდა, იძულებული იყო წამოსულიყო აკადემიიდან, მაგალითად, ბიბლიის მთარგმნელსა და ცნობილ მეცნიერს ზურაბ კიკნაძეს აკადემიის დატოვება მოუწია.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ბესო გულაშვილი

- მანამდე, ორი თვე მარტყოფის მონასტერში გავატარე. ძალიან მრავალფეროვან და საინტერესო გარემოში. ეს იყო დრო, როცა სამონასტრო ცხოვრების ტრადიცია საქართველოში ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და მონასტრის წინამძღვარს, ბერებსა და მორჩილებს მეტისმეტად ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდათ, რა იყო მონასტერი. მაშინ ამბობდნენ ხოლმე, მონასტრის გარეშე ვერ გაიგებ მართლმადიდებლობასო, მონასტერში წასვლა მოძღვარმაც მირჩია, ყველაზე მეტად თავმდაბლობის შესწავლა გჭირდება, ამპარტავნობის ვნება გაწვალებსო. მეც წავედი. გავიცანი ადამიანები, რომლებიც მონასტერში სხვადასხვა მოტივაციით მიდიოდნენ, ზოგი ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის გამო, ზოგსაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ერთი ბერი, რომელიც ამჟამად სხვა მონასტრის წინამძღვარია, მიმტკიცებდა, რომ სვეტიცხოველი ანგელოზებმა ააშენეს, მეორე ბერს ლავრენტი ბერია მაგარ კაცად მიაჩნდა, ისიც, წინამძღვარია უკვე, კიდევ ერთი ბერი იყო ხორცის ნაჭრებს იპარავდა ხოლმე სატრაპეზოდან და თავის ოთახში ხატების უკან მალავდა, ისიც მონასტერს უძღვება ახლა. ასეთი უცნაური ადამიანები მანამდე ერთად არსად შემხვედრია. მათთან ურთიერთობა, მართლაც, საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. მონასტერმა, როგორც ფიზიკური, ისე ნებელობის შესაძლებლობების გამოცდის საშუალება მომცა, მაგალითად, დილის ხუთ საათზე მიწევდა ადგომა, ლოცვა, შრომა. წინამძღვარმა სატრაპეზოში დამადგინა, ტრაპეზარს ვეხმარებოდი, სადილის კეთება კი არც ერთმა არ ვიცოდით. ჩვენთვის ძალიან დამახასიათებელ ეპიზოდს გავიხსენებ: კარტოფილის პიურე უნდა გაგვეკეთებინა საძმოსთვის, საღამოს დიდი ქვაბით კარტოფილი მოვხარშეთ და პიურეს მომზადება დილისთვის გადავდეთ. გაცივებული კარტოფილი რომ ვერ დავჭყლიტეთ, მუშტებს ვურახუნებდით სამი კაცი. წიგნის კითხვისთვის დრო საერთოდ არ მქონდა, თანაც ამას არც იწონებდნენ. შეკითხვები უფრო გამიმრავლდა. ამას იქ „გონებრივი ბრძოლები“ ერქვა. მაგრამ რეალურად ძალიან ბუნებრივი რამ მაწუხებდა: რატომ იყო მაინცდამაინც მხოლოდ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი, რატომ ცხონდებიან მაინცდამაინც მართლმადიდებლები, სხვები კი მარადიულ ჯოჯოხეთში წავლენ, ნუთუ ჩემთვის უძვირფასესი არამართლმადიდებელი ადამიანები სამუდამოდ წარწყმდებიან, მეორედ მოსვლისას რატომ უნდა გაბრწყინდეს მაინცდამაინც საქართველო, უპირობოდ რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ მოძღვარს და ა.შ. ასეთ შეკითხვებზე მხოლოდ ერთი პასუხი იყო: ეს წმინდა მამებმა თქვეს, ამიტომ ეს ასეა და შენ ამაზე არ უნდა ფიქრობდე. ამაზე მე ახალი შეკითხვა მიჩნდებოდა: რატომ არ უნდა ვფიქრობდე მე?

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ჩამოვედი და სემინარიაში ჩავაბარე, სემინარიის, ისევე, როგორც მონასტრის მიმართ, თავიდან სრულიად უტოპიური დამოკიდებულება მქონდა, მეგონა, ეს იყო კუნძული, სადაც სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას შევძლებდი, და ამ შეკითხვებზე, იქ გავცემდი პასუხს. მალე მივხვდი, რომ სემინარიის სტუდენტების უმეტესობას მხოლოდ სასულიერო კარიერა აინტერესებდათ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, სულაც არ იყვნენ დაინტერესებული თეოლოგიით და პედაგოგებიც, განსაკუთრებით, სასულიერო პირები რელიგიური და ინტელექტუალური „მოშურნეობით“ არ გამოირჩეოდნენ. რეალურად ვისთვისაც შეიძლებოდა იქ მოგესმინა, უნივერსიტეტელები იყვნენ, ისინი სხვა, თავისუფალ სააზროვნო კულტურას გვთავაზობდნენ, ამას კი, როგორც წესი, აპროტესტებდნენ სემინარისტებიც და რექტორატიც. ძალიან საინტერესო პედაგოგები გვყავდა ლოგიკაში, სლავისტიკაში, ძველ ქართულ ლიტერატურაში, ძველ ბერძნულში. თუმცა, მათ უმრავლესობას სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დატოვება მალევე მოუწიათ... უშუალოდ თეოლოგიური საგნების სწავლება კი, თუ არ ჩავთვლით პატროლოგიას, რომელსაც პროფესორი ედიშერ ჭელიძე უძღვებოდა, უკიდურესად გავერანებულ მდგომარეობაში იყო.

ბექა სემინარიის მეორეკურსელი იყო, როცა აკადემიის რექტორი შეიცვალა. ახალ რექტორი მართვის და სტუდენტებთან ურთიერთობის ძალიან ხისტი და მკაცრი სტილით გამოირჩეოდა. ბექამ, პროტესტის ნიშნად სემინარია დატოვა და უფრო ხანგრძლივად დაუბრუნდა მონასტერს. ტაბაკინის მონასტერში წავიდა, იმერეთში. იმ დროს ბერობაზე უკვე აღარ ფიქრობდა, იმ დროს, უკვე მისი დამოკიდებულება ბერობის მიმართ ამგვარი იყო - ერთადერთი, რაც განდგომას ამართლებს ისაა, რომ ამით მეტი დრო გრჩება დაეხმარო სხვა ადამიანს, იზრუნო სხვაზე. ბერობა მაშინ უკვე ისე ესმოდა, როგორც სოციალური მსახურება. მიუხედავად ამისა, მაინც წავიდა მონასტერში. მთელი თავისი წიგნები - ფილოსოფიურიც, მხატვრულიც, რელიგიურიც მოხვეტა და წელიწად-ნახევარი კითხვასა და თვითგანვითარებას მიუძღვნა. ტაბაკინის მონასტერში თავისუფალი და ლაღი გარემო იყო. მონასტრის წინამძღვარს, მამა იაკობს არ ესმოდა რელიგიური მორჩილება, როგორც მონობა. ბექა ტაბაკინის მონასტერსაც და ხალისიან იმერელ ბერს, მამა იაკობსაც მადლიერებით და სიყვარულით იხსენებს - ოქროს ხანა იყოო. ვუსმენ ბექას და თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვკითხო:

- შენი მონაყოლიდან გამოდის, რომ წიგნების მეტი არაფერი გაინტერესებდა!

- ველოსიპედები 13-14 წლამდე მოვილიე, ის რაც მიყვარს, მიყვარდა და მეყვარება - ფეხბურთია, ყურებაც და თამაშიც. მონასტრიდან ერთობლივად მივდიოდით ზესტაფონის „მარგვეთის“ მატჩებზე. ვთამაშობდით კიდეც ფეხბურთს, ლაღად ვიყავით...

- გოგოებზე არ ფიქრობდი ამ დროს?

- ვფიქრობდი, როგორ არა...

ტაბაკინის მონასტერში სემინარია-აკადემიის პრორექტორი ჩავიდა და ბექას სემინარიაში დაბრუნება შესთავაზა, უთხრა, ბევრი რამ შეიცვალა და ახლა შეგიძლია დაბრუნდეო. ვინაიდან მონასტერში ცხოვრების გაგრძელებას არ აპირებდა, სემინარიას დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცოდა, რაც ხდებოდა იქ - სწავლის პროცესი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, სტუდენტები არ იყვნენ მოტივირებულები სწავლისთვის, ერთადერთი, რაც მოეთხოვებოდათ, ლოიალობა იყო რექტორატის მიმართ. ისეთი ფუნდამანტური საგნებიც კი, როგორიცაა ბიბლია, თითქმის არ ისწავლებოდა, ბევრი სტუდენტი სემინარიასა და აკადემიას ისე ამთავრებდა და მღვდელი ისე ხდებოდა, ეგზეგეტიკას და კომენტარებს რომ თავი დავანებოთ, სახარებები ბოლომდე ჩაკითხული არ ჰქონდა.

- ეს დაუჯერებელია, ამის დამტკიცება ძალიან ძნელია, მაგრამ ეს რეალობა იყო. ჩემი დაკვირვებით, სწორედ ისინი, ვინც არ სწავლობდა, იოლად ახერხებდა მღვდლის ხარისხის მიღებას, ხოლო ისინი, ვინც მართლა რელიგიურები იყვნენ და ცოდნითაც გამოირჩეოდნენ, ერიდებოდნენ ხელდასხმას, იმიტომ, რომ მღვდლობა ურთულესი რამაა, პროფესია კი არ არის, მოწოდებაა. როგორც პატრისტიკიდან ვიცით, ადამიანი ამ გზას მხოლოდ დიდი დაჟინებების შემდეგ თუ შეუდგებოდა ხოლმე, გავიხსენოთ, თუნდაც, გრიგოლ ხანძთელის შემთხვევა. ჩვენში ასეთი დამოკიდებულება ერთეულებს ჰქონდათ, როგორც წესი, მღვდლობა სოციალურ კიბეზე წინსვლის საშუალებად მიაჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველო ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობდა, მღვდლების უმეტესობას ეს პრობლემა ნამდვილად არ აწუხებდა. თანაც, სემინარია-აკადემიაში მისაღები გამოცდები ყველა გამოცდის შემდეგ ტარდებოდა და ვისაც სხვაგან ხელი მოეცარებოდა, იოლად შეეძლო აქ ჩაბარება. ამიტომაც, კონტინგენტის განათლების დონე საშუალოზე დაბალი გახლდათ.

ძალიან მინდოდა, აკადემიაში რაღაც შეცვლილიყო, მეგობრები სხვადასხვა კურსის სტუდენტებს ვხვდებოდით, ვთავაზობდით შეგვექმნა ჯგუფები, დაგვეწყო თეოლოგიის შესწავლა. პედაგოგები ამით არ დაინტერესდნენ. შეიძლებოდა მთელი სემესტრი ისე გასულიყო, რომ მაგალითად, ახალი აღთქმის ლექცია არ ჩაგვტარებოდა, ეს დაახლოვებით იგივეა, სამედიცინოს სტუდენტს რომ ანატომია არ ასწავლო. ამ დროს ეკლესიაში მძიმე მდგომარეობა იყო - საპატრიარქო თითქმის ბოლომდე იზოლირებული იყო არამარტო ქრისტიანული, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიებისგანაც. გარეთ „სექტანტებს“ ხატებსა და ხელკეტებად ქცეულ ჯვრებს ურტყავდნენ თავში, წვავდნენ მათ სალოცავებსა და წიგნებს, წმინდა სინოდში კი კამათობდნენ იმაზე, ცხონდებიან თუ არა მოუნათლავი ბავშვები, დასაშვებია თუ არა ეკლესიაში ქართული სამხმიანი გალობა, და ა.შ. ეს ამაზრზენი იყო.

ამგვარი „თეოლოგიური გარჩევებით“ ეკლესია ფაქტობრივად ამბობდა: ვინ არის იესო ქრისტე, ჩვენ მას არ ვიცნობთ, რადგან წარმოუდგენელია იცნობდე სახარებას, ეკლესიას, ქრისტიანად მიგაჩნდეს თავი და ასეთ საკითხებს სვამდე, სერიოზულად მსჯელობდე მათზე, განჩინებები გამოგქონდეს ბავშვების ჯოჯოხეთში მოხვედრაზე ან გულგრილად უცქერდე ადამიანების ჩაგვრასა და დევნას. არის ერთი მღვდელი რაფაელ კარელინი, ჩვენს ეკლესიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ინტელექტუალური ავტორიტეტი, და მისი „ფსევდოთეოლოგია“ მაშინ ბევრ რამეს განაპირობებდა. ის სრულიად უარყოფს საერო კულტურისა და მეცნიერების განვითარებას, კაცობრიობის დემონიზაციის პროცესად მიიჩნევს მას. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ, ალბათ, საკმაოდ ნაკითხი უნდა იყოს. მისთვის არსებობს მართლმადიდებლური ვიწრო წრე, რომლის მიღმა მხოლოდ უდაბნოა. ჩემი აზრით, მის მოსაზრებებს ადამიანის ფსიქოლოგიური ზიზღი უფრო უდევს საფუძვლად, ვიდრე მართლმადიდებლობის ერთგულება. მისნაირი ავტორები იყვნენ პოპულარულები ჩვენს ეკლესიაში და ეს დღესაც ასეა.

აკადემიაში პატრიარქის რექტორად მოსვლის შემდეგ თითქოს უფრო თავისუფალი გარემო შეიქმნა, მაგრამ რექტორატის წევრებს სწავლის ხარისხი არ აინტერესებდათ, პირიქით, ცოდნას საკუთარი პერსონის წინააღმდეგ დამიზნებულ იარაღად აღიქვამდნენ, იყო შემთხვევები, როცა განსაკუთრებით მოწადინებული ადამიანები გაურიცხავთ აკადემიიდან, მეტის გაგება იმას ნიშნავდა, რომ უფრო კრიტიკული იქნებოდი იმის მიმართ, რაც ეკლესიაში ხდებოდა. რამდენიმე სტუდენტი ვცდილობდით რაღაცები შეგვეცვალა, ვმონაწილეობდით სამეცნიერო კონფერენციებში, ვამუშავებდით თემებს შიშსა და სააზროვნო თავისუფლების მნიშვნელობაზე, უტოპიურ და ტრადიციონალისტურ ცნობიერებაზე, ბიბლიის ჰერმენევტიკაზე, მოვაწყვეთ გრიგოლ ფერაძის საღამო, გამოვეცით მისი ქადაგებები და ნაშრომები. მეოცე საუკუნის ამ ყველაზე გახსნილ, ინტელექტუალურ, ჰუმანისტ და გმირ წმინდანს ეკლესიაში სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან ის კათოლიკე, ევანგელურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს ერთი ხის შტოებად განიხილავდა და მათი გაერთიანების გარდუვალობაზე საუბრობდა. სამაგიეროდ პოპულარული იყო, მაგალითად, რუსეთის კანონიზებული იმპერატორი ნიკოლოზ მეორე. როცა თეოლოგიის შემსწავლელი ჯგუფის შექმნა დავიწყეთ, 300 სტუდენტიდან მხოლოდ 10 ადამიანი გამოგვეხმაურა.

- თქვენ გამოსცემდით ჟურნალ ზღვარს, რომელიც მაშინ საკმაოდ პოპულარული იყო...

- ეს იყო პირველი საეკლესიო გამოცემა კურთხევის გარეშე. აკადემიის სამი სტუდენტი ვმუშაობდით მის შექმნაზე, ჩემგან განსხვავებით ჩემი ეს ორი მეგობარი შესანიშნავად ფლობდა ძველ ბერძნულს, თარგმნიდნენ ლათინურიდანაც. ასევე ორ-ორი ევროპული ენაც იცოდნენ. გარდა ამისა, მართლაც საუკეთესო სტუდენტები იყვნენ. „ზღვარში“ ძირითადად მართლმადიდებლური ლიტერატურა იბეჭდებოდა, სასულიერო პირების მიერ შექმნილი ტექსტები, მხოლოდ სრულიად განსხვავებული მიმართებით საეკლესიო ცხოვრებისა და გარესამყაროსადმი. ამ ტიპის მართლმადიდებლური ლიტერატურა მანამდე არ აღწევდა სემინარია-აკადემიაში. მოძღვრების უმეტესობა წაუკითხავად კრძალავდა ამ ავტორების გაცნობას. ეკლესიაში არ აინტერესებდათ აკადემიური განათლების მქონე მართლმადიდებელი თეოლოგების აზრი, რადგან მგონი ეშინოდათ საკუთარი წარმოდგენების დანგრევისა. სულ ხუთი ნომრის გამოცემა შევძელით. ხუთივე ნომერში დავბეჭდეთ ხუთი უძველესი ავტოკეფალური ეკლესიის: კონსტანტინეპოლის, ანლექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და საქართველოს დღევანდელი პატრიარქების სიტყვები, ბოლო ნომერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის 1978 წელს ეკუმენურ საბჭოზე წარმოთქმული სიტყვა გამოვაქვეყნეთ, იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლებმა ხიდის ფუნქცია უნდა შევასრულოთ განსხვავებული სააზროვნო, რელიგიური და კულტურული ტრადიციისთვის. ამ პატრიარქებს ჩვენი ეკლესიისგან კარდინალურად განსხვავებული ხედვა ჰქონდათ უმნიშვნელოვანესი პრობლემებისა. მაგალითად მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საუბრობდა იმაზე, რომ რელიგიის თავისუფლების პრინციპის დაცვა თითოეული ქრისტიანის მოვალეობაა, განსხვავებულობა და მრავალფეროვნების მიღება კი სწორედ ისაა, რასაც სახარება გვასწავლის. მაგრამ რაც მთავარია, ყველა ნომერში ეკლესიის ყველაზე დიდი ღვთისმეტყველები ავალაპარაკეთ. იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, დიონისე არეოპაგელი საუკუნეების სიღრმიდან არაორაზროვნად გვიცხადებდნენ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოს ეკლესიაში უკიდურესად დავშორდით მართლმადიდებლობას, ქრისტიანობას.

იმ დროს რელიგიური ლიტერატურა მხოლოდ რუსეთიდან შემოდიოდა. საეკლესიო პერიოდიკაც ძირითადად მეცხრამეტე საუკუნის, შავრაზმელი ავტორების თხზულებებით იყო შევსებული. ახლა უფრო ნაციონალისტური ელფერი შეიძინა ქართულმა საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებმა. ჩვენი გამოცემა კი მართლმადიდებლობაში უნივერსალური ფასეულობების შესახებ გახლდათ. „ზღვარს“ დიდი ჩოჩქოლი მოჰყვა ეკლესიაში, უპირველესად იმიტომ, რომ კურთხევის გარეშე გამოიცემოდა. თავისთავად რას გულისხმობს „კურთხევა“ დღემდე აუხსნელია არამარტო ჩემთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ამ კურთხევის გაცემა ხელეწიფებოდა. პრინციპში, ჩვენს შემთხვევაში, კურთხევა მხოლოდ ცენზურას ნიშნავდა. ერთი სიტყვით, უბრალოდ, არ გვაძლევდნენ გამოცემის უფლებას, რადგან ვქადაგებდით სხვების მიმართ ღიაობას, ვამბობდით, რომ ეკლესიისათვის უმთავრესი რამ ევანგელიზაცია, კონკრეტული ადამიანის თანადგომა და სოციალური მსახურებაა, მეორეხარისხოვანია რიტუალები და ფორმა. გვაბრალებდნენ, ეს დასავლური მწვალებლური რელიგიურობის ტირაჟირებააო და სასწრაფოდ დაგვიბარეს საპატრიარქოში, სადაც ექვსმა სასულიერო პირმა გვამხილა იმაში, რომ თავისუფლად „კურთხევის“ გარეშე ვფიქრობდით და ვმოქმედებდით, თანაც მოგვთხოვეს - თუ გვსურდა აკადემიაში დარჩენა, ჟურნალის გამოცემა უნდა შეგვეწყვიტა. მიუხედავად ამისა, „ზღვარის“ გამოცემა გავაგრძელეთ და ამის შემდეგ, უკვე აკადემიის კორიდორში, რომელიც სავსე იყო სტუდენტებით, პედაგოგებით, ლამის 500 კაცის წინ „გაგვასამართლეს“. აკადემიის პრორექტორი ცალ ხელში სახარებით და მეორეში „დიდი სჯულისკანონით“ შეიარაღებული, ბრალს გვდებდა, რომ ეკუმენისტები ვიყავით, ვთვითნებობდით, ერესი შემოგვქონდა ეკლესიაში. ნამდვილ ინკვიზიტორს ჰგავდა ამ დროს. მეც მომცეს სიტყვის უფლება, და ვთქვი, რომ ჩვენ იმავეს ვცდილობდით, რასაც თავის დროზე მთაწმინდელების შრომა ემსახურებოდა, რასაც გრიგოლ ფერაძე აკეთებდა - ვთარგმნიდით და ვავრცელებდით ქრისტიანულ ლიტერატურას. სემინარია-აკადემიაში „ზღვარს“ ბევრი კითხულობდა, მართალია, სულ 500 ეგზემპლარი გამოდიოდა, მაგრამ აკრძალული ხილივით ეტანებოდნენ, მალე, დაახლოებით 30 სტუდენტი ღიად აცხადებდა, რომ ეკლესიაში ბევრი რამ უნდა გამოსწორებულიყო. ამ დროს უკვე რადიო „მწვანე ტალღაზე“ გამოვდიოდი, საინფორმაციო გამოშვებებიდან ხაშმის ეკლესიის დაგირავების ფაქტი გახმაურდა, საპატრიარქოს ბიზნესსაქმიანობის შესახებაც გახდა ცნობილი, უკვე თითქოს ტაბუ ეხსნებოდა რელიგიურ თემებს. საპატრიარქოში ძალიან შეშინდნენ.

- 2004 წლის ოქტომბერში თქვენ წერილი გამოაქვეყნეთ გაზეთ 24 საათში, როგორც ვიცი, ამ წერილში მხოლოდ აკადემია-სემინარიის პრობლემებით არ შემოფარგლულხართ...

- ეს იყო წერილი იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავდით ჩვენ საეკლესიო სინამდვილეს, ზოგისთვის ბევრი რამ მიუღებელიც კი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ გულწრფელები ვიყავით და გვინდოდა გვეთქვა, რომ შიშის გამო დუმილი დამღუპველია. ვსაუბრობდით სიბნელის და გაუნათლებლობის კულტზე, კორუფციაზე, საპატრიარქოს ბიზნესზე, იმაზე, თუ რეალურად ვინ მართავდა საპატრიარქოს, ძალიან გვაწუხებდა სასულიერო პირების ავტორიტარიზმი. დღემდე მართლმადიდებლები იმისთვის აკრიტიკებენ რომის პაპს, რომ ის ex kathedra აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე აცხადებს პრეტენზიას. თუმცა, ჩვენი მღვდლების საკმაო ნაწილი ცალ-ცალკე გაცილებით უფრო დიდი რომის პაპები არიან. არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების სახელით მრევლის მართვის მთელი სისტემა, რომელიც კურთხევებისა და აკრძალვების ნუსხით იწყება და მთავრდება ადამიანის ცნობიერების სრული კონტროლით. სასულიერო პირებისთვის კი ეს, ზოგჯერ მატერიალური სიკეთის მოპოვების წყაროც ხდება. ყველაზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვი, ბევრია ამ მხრივ მორალურად წელგამართული ღვთისმსახურიც. მაგრამ ზოგადი სურათი ასეთია. დამონებული ადამიანებით მანიპულირება იოლი ხდება. მრევლს ფსიქიკურად შენზე დამოკიდებულს რომ გახდი, მერე ფიზიკურადაც იმორჩილებ. როგორც წესი, მრევლის რაღაც ნაწილი მოძღვარს ემსახურება: სახლს ულაგებენ, საკვებს უმზადებენ, ბავშვებს უმეცადინებენ, არის შემთხვევები როცა სექსუალურ ურთიერთობებშიც შედიან „მოძღვრებთან“. მრევლის უფრო შეძლებული და ამგვარი ზეგავლენისგან უფრო თავისუფალი ნაწილი ძირითადად ფინანსურ სამსახურს უწევს მღვდელს ან ეპისკოპოსს. ასეთი სასულიერო პირებისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს შეძლებული ჯგუფი ხდება, მათთან უფრო მეგობრული „უჭირავთ“. იმ დროს საუკეთესო „მეგობრები“ კანონიერი ქურდები და კორუფციაში ჩაფლული მოხელეები იყვნენ. ახლა ბიზნესმენებთან მეგობრობა გახდა უფრო მომგებიანი. პერიოდულად უკურთხებენ მათ სახლებს, მანქანებს, ოფისებს, „ბიზნესებს“, რაც ცხადია ღვთისმსახურთა ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ გზით მოპოვებულ სიკეთეები სპეციალური ტერმინითაც კი გამოიხატება: „უფალში შევიძინე“. მთლიანობაში ეს ერთგვარი „წმინდა“ ტრეფიკინგი და ბიზნესია, სანთლებით, ხატებით, ათასგვარი „წმინდა“ ზეთებით, წყლებითა და ქვებით ვაჭრობის პარალელურად. დამოკიდებულება ასეთია: თუკი სასულიერო პირს ემსახურები, მისი გავლით უფალს მსახურებ და სამოთხის კარზე ქულები გეწერება... ავტორიტარული ტიპის მოძღვარი ცდილობს მრევლის მთელი ცხოვრების რეგლამენტაციას, დაწყებული სივრცეში გადაადგილებით, სიტყვაზე, წყალტუბოდან ქუთაისში წასასვლელად, კურთხევა უნდა მიიღო, ინტიმური ცხოვრებით დამთავრებული - ცოლ-ქმარს უსაზღვრავენ სექსუალურ ურთიერთობებს, ლამის გრაფიკს უდგენენ. როგორც ჩანს, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან საკუთარ არჩევანზე, მეობაზე პასუხისმგებლობის ტვირთს იშორებს. ეს ზოგადად კოლექტივისტური რელიგიური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. მხოლოდ მაშინ შეიძლება გათავისუფლდე ამ ტიპის ურთიერთობებისგან, როცა რელიგიურობა პერსონალური ძალისხმევისა და პასუხისმგებლობის სფეროში გადაინაცვლებს, როცა თავს აღარ ჩათვლი ცხვრის ფარის ნაწილად, მღვდელს კი საკრალურ მწყემსად და მედიუმად, რომელიც ღმერთისკენ მიგერეკება. სწორედ ასეთი კოლექტივიზმია გამოვლენილი საპატრიარქოს ცნობილი მოწოდებით: „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ“. სახარების თანახმად ყველა ადამიანი ღმერთთან თვითონ პირადად ურთიერთობს, და არა მოძღვრის გავლით, შუამავალი საჭირო არ არის, რადგან ნებისმიერ კონკრეტულ ადამიანშია ღმერთი, რომელსაც აუცილებლად უნდა შეხვდე შენშიც და სხვა ადამიანშიც. საკუთარ თავთან, ღმერთთან და ადამიანთან შეხვედრის ეს სივრცეა ეკლესია, მხოლოდ და მხოლოდ ამის გაცნობიერებაშია ლიტურგიის - სატაძრო მსახურებისა და სასულიერო იერარქიის ერთადერთი ფუნქცია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც წერილში ვეხებოდით: აკადემიაშიც და საეკლესიო ამბიონებიდანაც განსაკუთრებით გვიბეჭდავდნენ თავში ეთნომესიანიზმს. ხუთშაბათობით სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებს ერთობლივად საჯაროდ უნდა გვეკითხა რომელიღაც რუმინელი ბერის ვიზიონები, სადაც ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ საქართველოს ეკლესია გადაურჩებოდა ანტიქრისტეს ბატონობას, გაბრწყინდებოდა და მთელ მსოფლიოს ამხელდა. გვეუბნებოდნენ, რომ ავლაბარში სამების ტაძარი იქნება ადგილი, საიდანაც იესო ქრისტე ქართულ ენაზე მიმართავს მსოფლიოს, ხოლო ყოველივე ამას უნდა უძღოდეს საქართველოს სამეფოს, ანუ მონარქიის აღდგენა. სწორედ ეს მესიანისტური კონცეფციაა ქართული რელიგიური ნაციონალიზმის ერთ-ერთი საფუძველი.

აკადემიაში სიტუაცია თანდათან იძაბებოდა. პატრიარქიც მიხვდა ამას, მართალია, იმ დროს ის აკადემიის რექტორი უკვე აღარ იყო, გვხვდებოდა და ვსაუბრობდით ხოლმე. გვთხოვდა, რაღაც ჯგუფი შექმნილიყო, რომელიც ჩამოაყალიბებდა, რა პრობლემები იდგა ეკლესიის წინაშე, რა სქემით უნდა გვქონოდა ურთიერთობა მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და ა.შ. ეს ჯგუფი ორჯერ შევქმენით, შევიმუშავეთ აკადემიასემინარიაში და ეკლესიაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი. მაგრამ ჯგუფის საქმიანობა პატრიარქის მდივანმა ორივეჯერ ჩაშალა. ერთი სიტყვით, წერილის გამოქვეყნებამდე ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ეს ყველაფერი კათალიკოს-პატრიარქამდე მიგვეტანა. ძალიან ბევრ გაუაზრებელ და უგუნურ წინააღმდეგობას წავაწყდით, რაც აღარ გაძლევდა იმის საშუალებას, თანამდგომად მიგეჩნია ძალა, რომელიც ყოველივე ამას უძღვებოდა ეკლესიაში, ამ ძალას მედიის საშუალებით ვუთხარით სათქმელი. შიგნით დიდხანს ვამბობდით, მაგრამ ფაქტობრივად არავინ მოგვისმინა. წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა ის, რომ მისი ყველა ავტორი უნდა გავერიცხეთ, მაგრამ იფიქრეს, რომ სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომელიც მაშინ ძლიერი იყო, ამას რეაქცია მოჰყვებოდა, შეშინდნენ და გადაიფიქრეს. სამაგიეროდ გადაწყვიტეს, ექვსი თვით მონასტრებში „გავესახლებინეთ“, მეფის რუსეთში რომ აციმბირებდნენ, დაახლოებით ისე. პედსაბჭოზე, ღიად მხოლოდ ერთი პედაგოგი, ედიშერ ჭელიძე შეეწინააღმდეგა ამ აზრს და გაიტანა თავისი, რადგან შინაგანად უმრავლესობა ხვდებოდა, რომ ეს გარიცხვაზე უარესი იყო, მაგრამ ამის თქმას ვერ ბედავდნენ. ბოლოს იმით შემოიფარგლნენ, რომ ჩვენი მოძღვრები დაიბარეს, რათა ისინი დაეტუქსათ, ხოლო ჩვენ მათი თანდასწრებით უნდა მოგვენანიებინა ჩადენილი. მთელი ეს პროცესი მედიით გაშუქდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი აქტიურობა, უფრო სწორედ ის, რომ მედიაში ვჩანდით, პოლიტიკოსების განხილვის საგნად იქცა, ეს ჩვენ ვეღარ გავითვალისწინეთ. ჩვენს დასაგმობად მთელი პოლიტიკური სპექტრი გამოვიდა. ოპოზიცია ჩვენს აქტიურობას ხელისუფლებას აბრალებდა და ეკლესიის დაშლის სქემაზე საუბრობდა. ხელისუფლება ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობაში ჩვენ გვდებდა ბრალს, პარლამენტის თავჯდომარე, პრემიერი, პრეზიდენტი თითს გვიქნევდნენ. არადა, ეს მართლაც რომ რელიგიური საზოგადოება ყოფილიყო, ამ ტიპის კრიტიკას ჯანსაღად მიუდგებოდა, და რაღაცების გაგებას და გამოსწორებას ეცდებოდა. მოხდა ისე, რომ პატრიარქმა საჯაროდ არა მარტო ეკლესიის, არამედ ერის მოღალატეებად გამოგვაცხადა, ჩვენ მას ვუხსნიდით, რომ აკადემიაში სახარებასაც არ გვასწავლიდნენ, ვესაუბრეთ კორუფციაზე ეკლესიაში, სასულიერო პირების მორალისა და განათლების პრობლემაზე, მან კი ეს ყველაფერი საკუთარი ტახტის წინააღმდეგ ბრძოლად ჩათვალა. ბოლოს, და იმის გამო, რომ ეს სიტუაცია არ მშვიდდებოდა, პატრიარქმა გადაწყვიტა, წერილი მიეწერა და დახმარება ეთხოვა წმ. ნიკოლოზისთვის, ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამ გრაგნილით იტალიაში, ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე გააგზავნა. ეს ინფორმაცია „საპატრიარქოს უწყებანშია“ გამოქვეყნებული. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ამ სტუდენტების უმეტესობა გარიცხეს, ნაწილმა თვითონ დატოვა სასწავლებელი. ერთერთ სტუდენტს, რომელიც მაშინ არც გაურიცხავთ და არც თავად წამოსულა, წელს უნდა დაემთავრებინა აკადემია, მაგრამ მას განუცხადეს, რომ მონანიების გარეშე არ დაუშვებდნენ საბოლოო გამოცდებზე. ეს სულ რაღაც ერთი თვის წინ მოხდა. გარიცხეს.

სასულიერო პირების განათლების დონე ჩვენს ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, მაგრამ მარტო ინტელექტი და ცოდნა არ არის საკმარისი, გულწრფელი უნდა იყო საკუთარ თავთან და ღმერთთან, ამას კი განსაკუთრებული ნაკითხობა არ სჭირდება, ეს გულწრფელობა ჰქონდა იმ 24 სტუდენტს, ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა მართლები ვყოფილიყავით. ასე მგონია, რომ ადამიანები სიმართლეს კი აღარ ითხოვენ ეკლესიისგან, არამედ იმას, რომ მათი სიყალბე იყოს დაცული და დაფარული ეკლესიის მიერ, რათა თავს მყუდროდ გრძნობდნენ. ადამიანებს ეშინიათ უთხრან სიმართლე საკუთარ თავს, მღვდლებს ეშინიათ უთხრან სიმართლე მრევლს და პირიქით. რაღაც მოჯადოებული წრეა შეკრული. ყველას რაღაცის ეშინია და ამიტომაც, წააგავს ეს ვითარება იმ დროს, როცა უამრავი ადამიანი შინაგანად უპირისპირდებოდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ თან კომუნისტურ პარტიაში იყო გაწევრიანებული. ჩვენი წერილი არ ყოფილა მხილება, ამ წრის გარღვევის მცდელობა იყო. ადამიანები არ ლაპარაკობენ იმას, რასაც ფიქრობენ, არსებობს რაღაც სტერეოტიპები, კლიშეები, რომელშიც თუ არ მოთავსდი, იმავ წუთას უცხოვდები მრევლისგან, სასულიერო პირებისგან. არადა, გულში ისინიც იმავეს ფიქრობენ, მაგრამ თქმას ვერ ბედავენ.

ეკლესიაში ჩვენს გვერდით საბოლოოდ ორი გულწრფელი მღვდლის ბასილ კობახიძისა და ზაზა თევზაძის გარდა არავინ დადგა. აღმოჩნდა, რომ სასულიერო პირების ერთი ნაწილი, რომლებიც თავიდან თითქოს გვითანაგრძნობდა, მხოლოდ იმიტომ იქცეოდნენ ასე, რომ ეგონათ, ხელისუფლება გვიჭერდა მხარს. სინამდვილეში, სწორედ ხელისუფლებამ მოგვისპო საჯარო სივრცე, გადაკეტეს ყველა მედიასაშუალება, სადაც შეგვეძლო გვეთქვა ჩვენი სათქმელი. თუმცა რეალურად არსობობენ სასულიერო პირები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება ეკლესიაში, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ არანაირი პასუხი, გარდა დასჯისა, ამ გულისტკივილის გამოთქმას არ მოყვება და ჩუმად არიან. მე დღესაც ისევე „გავკადნიერდებოდი“ როგორც ოთხი წლის წინათ, რადგან არ შემიძლია მოვიტყუო თავი, მოვატყუო ადამიანები, მოვატყუო ეკლესია. ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ამ თემაზე განსაკუთრებული რევერანსებით ვერასდროს ვისაუბრებ. ეს ჩემი რელიგიური ტკივილია, და სწორედ მისი გამოხატვის უფლების გამო ვთვლი, რომ მართლმადიდებელი ვარ. დღეს კი იმდენად მომაბეზრებელი გახდა ამ სიტყვის გამუდმებული ხმარება, მის დასაცავად მუშტებმოღერებული პოლიტიკოსების ყურება, მისი სახელით ადამიანების მიმართ სიძულვილის გამოხატვა, რომ ჩემთვის მან რაღაც უსიამოვნო ჟღერადობა შეიძინა, დაახლოებით ისეთი, როგორიც სიტყვა „ფარისეველს“ აქვს ახალ აღთქმაში. ფარისეველთა ჯგუფი იუდაურ საზოგადოებაში ძველი აღთქმის წესებისა და კანონების უბადლო დამცველები იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მათ ღმერთის სახელით დევნეს და ჯვარზე გასაკრავად გაიმეტეს ღმერთი.

- როგორ გგონია, ჩანს ამ ტყუილის გარღვევის პერსპექტივა?

1965 წელს რუსეთის ეკლესიაში ორმა მღვდელმა ნიკოლაი ეშლიმანმა და გლებ იაკუნინმა ღია წერილი მისწერეს რუსეთის იმჟამინდელ პატრიარქს ალექსი I-ს და კგბ-ს თავმჯდომარეს. ამ წერილში წამოჭრილი იყო ეკლესიისა და კგბ-ს ურთიერთობის, კომუნისტური რეჟიმის მიერ ეკლესიის დევნისა და დამორჩილების საკითხები. წერილის გამო, იმის გამო, რომ ადამიანებმა თქვეს სიმართლე, ისინი პატრიარქმა დასაჯა, მღვდელმოქმედება შეუჩერა მათ. ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ემიგრანტ მართლმადიდებლებს შორის, დეკანოზმა ალექსანდრე შმემანმა სპეციალური სიტყვა მიუძღვნა ამ მოვლენას. მან ასე დასვა საკითხი: რა უფრო ფასეულია, ორი ეული თუნდაც გმირი ადამიანის ხმა თუ „სიმართლე“ მათი, ვინც მოწოდებულია ზიდოს მილიონობით ადამიანის ტვირთი. როცა ეკლესიაში თავისუფალი ხმა გაისმის, მეტისმეტად იოლია მისი უკვე კარგად აპრობირებული არგუმენტებით დაწიხლვა. ეს არგუმენტები ყოველთვის ასე ჟღერენ: ეკლესიის ინტერესების დასაცავად დადუმდით, რადგან ეკლესიის სასარგებლოდ სიმართლეც შეიძლება გაიწიროს. საბოლოოდ შმემანი ამბობს, რომ „ეკლესიის სასიკეთოდ“ გარკვეულწილად არასოდეს არაფერი უნდა აკეთო, სანაცვლოდ კი საკმარისია ვიცოდეთ, რომ თუკი ვცხოვრობთ ქრისტესთვის, ვცხოვრობთ მისი ჯვარცმის სიმართლით, მაშინ ვართ ეკლესიაში და მაშინ ვართ ეკლესია. ბიბლიური წინასწარმეტყველები ამბობდნენ, რომ ისრაელი ღმერთს ღალატობს და ამის გამო მათ თემიდან აძევებდნენ, თავს კვეთდნენ, ხერხავდნენ. ყველაფერი შებრუნებული პერსპექტივით უნდა დავინახოთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩემი ძალა ჩემს უძლურებაშია. მატერიალური ძალაუფლება და მითებით გაბრუებული ბრბო თრგუნავს სიმართლის მთქმელს, მაგრამ საბოლოოდ, ეს სიმართლე იმარჯვებს. ჩემთვის ერთად აღებულ ფაშისტურ და კომუნისტურ იმპერიებზე გაცილებით დიდი და დამანგრეველი ძალის მქონე იყო საკონცენტრაციო ბანაკში გაზის საკანში სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, თავისი ნებით გამოკეტილი, სრულიად უძლური გრიგოლ ფერაძე, რადგან ის იმ წუთას ჯვარცმული ქრისტეს ძალაუფლებით ანგრევდა ბოროტებასა და არაადამიანობას. სიმართლის თქმას ყოველთვის აქვს აზრი. შეიძლება ის დაჩაგრონ მატერიალური გაგებით, ისევე, როგორც დაჩაგრეს ბასილ კობახიძე და მამა ზაზა, მაგრამ ხვალ ამ მღვდლების და სტუდენტების სიმართლე, რომელთაც გაბედეს და თქვეს, ყოველთვის გაახსენდებათ, როცა ისაუბრებენ ეკლესიის ღირსებაზე.

- თქვენი წერილის გამოქვეყნებიდან 4 წელი გავიდა, რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ეკლესია დღეს?

- პრობლემა უამრავია, თეოლოგიურიც, ზნეობრივიც, სოციალურიც, მგონი მათი სათავე მაინც კონფორმიზმია, თუმცა, არა იმდენად გარე განმსაზღვრელ ძალასთან ადაპტირების უჩვეულოდ სწრაფი, თითქმის მეყსეული უნარი, რამდენადაც კონფორმიზმი საკუთარი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მიმართ. მაგალითად, როდესაც პოლიტიკური რეალობა კარნახობდა საპატრიარქოს, რომ ეკუმენურ მოძრაობაში ყოფილიყო ჩაბმული, მონაწილეობდა კიდეც ამ მოძრაობაში, მაგრამ როცა გარემო შეიცვალა და ანტიეკუმენურმა განწყობებმა თვითონ ეკლესიის შიგნით იმდენად იმატა, რომ უკვე მკაცრი მოთხოვნებით მიმართავდნენ, ულტიმატუმის ენით ესაუბრებოდნენ პატრიარქს, მაშინ პატრიარქმა, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, ეკუმენიზმი თავიდანვე ბუნებრივი პოზიცია არ იყო, იოლად თქვა უარი ეკუმენურ საბჭოზე. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა რუსეთის ფაქტორმაც იქონია. ეს ის პერიოდია, 1997 წელი, როცა საქართველოს პოლიტიკური კურსი მკვეთრად შემოტრიალდა დასავლეთისკენ, დეკლარირება მოხდა ევროპული ფასეულობებისა, მივუერთდით სხვადასხვა ევროპულ კონვენციას, გამოცხადდა, რომ ევროპულ სტრუქტურებში უნდა გავწევრიანებულიყავით. საინტერესო დინამიკა ჰქონდა გამოსვლის პროცესს. თავიდან განაცხადი საბჭოს დატოვების შესახებ გააკეთა რუსეთის ეკლესიამ, მას მხარი აუბეს სერბეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ. მაგრამ პირველმა საქართველოს ეკლესიამ დატოვა საბჭო, ერთი წლის შემდეგ კი ბულგარეთმაც, რომელიც ახლა უკვე ისევ ბრუნდება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. რუსეთისა და სერბეთის ეკლესიებს საბჭო არასდროს დაუტოვებია და ცხადია, რომ ეს მისი გეგმა იყო საქართველოს დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ, რომელიც დიდწილად გაუცნობიერებლად, სწორედ ქართულმა მონასტრებმა განახორციელეს.

კონფორმიზმთან არის დაკავშირებული ისიც, რომ ჩემი ღრმა რწმენით, არაერთი სასულიერო პირი, სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი, საპატრიარქოს თანამშრომელი თუ უბრალოდ, რიგითი მორწმუნე საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული აზრის საჯაროდ თქმას ვერ ბედავს. ჩვენს საეკლესიო ცხოვრებას ტოტალიტარული სინამდვილისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ყველაფერი თითქოს განმსჭვალულია ერთი ტოტალური იდეოლოგიით, საეკლესიო იერარქიაც ჩამოყალიბებულია როგორც ადამინისტრაციულ-რეპრესიული მართვის მექანიზმი. იერარქიული სუბორდინაცია საეკლესიო ურთიერთობების ხერხემალია. მაგრამ სინამდვილეში საეკლესიო იერარქიის არსებითი პრინციპი ისაა, რომ ყველაზე წინ მდგომი უკანასკნელის მსახურია, პატრიარქიც, ეპისკოპოსებიც, მღვდლებიც მსახურები არიან ხალხისა და არა პირიქით, რადგან განკაცებული ღმერთი ფეხს ბანს ადამიანს და გვეუბნება მოვედი, რათა ადამიანებს ვემსახურო. ჩვენ კი ჩვეულებრივი ავტორიტარული სახელისუფლებო ვერტიკალი გვაქვს. მეტ-ნაკლებად ყველა ეკლესიისთვის უნივერსალური პრობლემაა ძალაუფლებისა და ავტორიტეტის აღქმა. სახარების მიხედვით, ღმერთისა და ეკლესიის ძალა არ არის რაღაც საგნობრივი, ობიექტური, მატერიალური გავლენის მქონე რეალობა. ეს დაახლოებით ისეთივე ძალაუფლებაა, როგორიც ყველაზე სუსტ არსებას, ჩვილ ბავშვს აქვს, რომლის წინაშე ფეხაკრეფით დადიხარ და რაღაც მისტიკური რიდით ხარ განმსჭვალული მის მიმართ, ერთადერთი, რითაც ის გატყვევებს, მისი არსებობით გამოწვეული ბედნიერება და განსაკუთრებული სიყვარულია. მას არ შეუძლია ვინმეს რაიმე ავნოს, თვითონ კი ყველაზე უმწეოა, ამიტომ ზრუნავ და უფრთხილდები მას. ქრისტე, ალბათ, ამის სათქმელად მოევლინა ქვეყანას ჩვილი ბავშვის სახით, რომელსაც დევნიდნენ, როგორც მიწიერ მეფეს. ადამიანებს გვინდა, რომ აბსოლუტურად მატერიალური ძალაუფლების კერად და ობიექტური ჭეშმარიტების დამდგენ ინსტიტუციად ვაქციოთ ეკლესია, ფულით და ოქროთი გავამდიდროთ, მოოქროვილ მიწიერ კერპად აღვმართოთ ის, მას კი ეს არასოდეს გამოსდის, იმიტომ, რომ ადამიანების გარდა ის ქრისტეც არის. სწორედ ამის შემდეგ იწყება ხოლმე ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და დევნა, როგორც ეს მაგალითად რუსეთში და ბიზანტიაში მოხდა.

- მიგაჩნია, რომ ჩვენს ეკლესიაში არიან სასულიერო პირები, რომლებიც ჩუმად აკეთებენ თავის საქმეს?

- რა თქმა უნდა, არიან ღვთისმსახურები, რომლებიც თავისუფლები არიან ამ ავტორიტარიზმისგან. საქმეც ეგაა, რომ ისინი ჩუმად არიან, არ ჩანან საჯაროდ. მაგრამ რამდენად მართლები არიან საკუთარ თავთან, როდესაც მათ არ შეუძლიათ ღიად განაცხადონ სიმართლე იმ სინამდვილის შესახებ, რომელშიც დღეს ჩვენი ეკლესია მოექცა? ამიტომაც ვერ ვთავისუფლდებით, ამიტომაც ეს ავტორიტარული დისკურსი შენარჩუნებულია ეკლესიაში.

- დღეს პოლიტიკოსები ლოიალურად არიან განწყობილი ეკლესიის მიმართ. და სოციოლოგიური გამოკითხვებითაც, ეკლესიას ყველაზე მყარი ავტორიტეტი აქვს, როგორ ფიქრობ, რატომ?

- ეკლესიას მართლაც აქვს დიდი ავტორიტეტი და გავლენა, და წლების განმავლობაში ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომლისადმი ნდობა ყველაზე მაღალია, და თანაც იზრდება, ეკლესიებში მრევლი მატულობს. თუკი ხუთი წლის წინ მოსახლეობის 7 პროცენტი მიიჩნევდა თავს ეკლესიის აქტიურ მრევლად, დღეს ეს რიცხვი თითქმის 15 პროცენტამდე გაიზარდა. თავის დროზე, საბჭოთა ეპოქაში ეკლესია ის ინსტიტუცია იყო, რომელიც თან ღიად არსებობდა, თანაც ალტერნატიული და განსხვავებული იყო, არ იყო კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი. იმ დროს ნაკლები ხალხი დადიოდა ეკლესიაში, ძალაუფლებაც შეზღუდული ჰქონდა, თუმცა, მაშინ სპეცსამსახურებთან ურთიერთობა ჩვეულებრივი რამ იყო. ამის მიუხედავად, ქართული საზოგადოებისთვის ეკლესია იყო ტრადიციულობის და ეროვნულობის ერთ-ერთი ხატი, როგორც ივლიანე ხაინდრავა წერს ერთგან, კომუნისტების დროს ფეხბურთი, ეკლესია და ქართული ცეკვა ქართულ ეროვნულ იდეალებს განასახიერებდა. ეკლესიის დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფუნქციის დადგენაში დიდი წვლილი შეიტანა შევარდნაძის ხელისუფლებამ, მას სურდა, რომ ეკლესია ყოფილიყო მისი ხელისუფლების ლეგიტიმატორი. პირველი პრეზიდენტიც დალოცა კათალიკოს-პატრიარქმა და ეს რიტუალი, რომელიც მეფედ კურთხევას წააგავს, დღემდე სრულდება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონსტიტუციით ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, ეკლესია, როგორც საზოგადოებაზე გავლენის წყარო, საინტერესო იყო ხელისუფლებისთვის, ის ცდილობდა ეკვება და ეზარდა ეს, 93-95 წლებში საკმაოდ შელახული ავტორიტეტი, რომ ხელისუფლებას, რომელსაც ეს ავტორიტეტი არ ჰქონდა, უმტკივნეულოდ წარემართა ბევრი სხვა პროცესი. და მართლაც, საპატრიარქო ყოველთვის ლოიალურად იყო და არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლებას ეხმარება ეკლესია პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში. გავიხსენოთ, რომ პატრიარქი მონაწილეობდა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ქრესტომათიურად თეოკრატიული სიტყვები წარმოსთქვა ვიცე სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, მან განაცხადა - ჩვენ ყველანი პატრიარქის სულიერი შვილები ვართ და ვასრულებთ მისი უწმინდესობის კურთხევას, ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების თაობაზე, ხოლო ოპოზიცია არ ასრულებს პატრიარქის კურთხევას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებითო. ჩვენი რეალობა დღეს საკმარისზე მეტადაა განმსჭვალული ამ ფსევდორელიგიურობით, სიყალბით, ფარისევლობით, რელიგიას რომ თავი დავანებოთ, ძალიან დაბალი კულტურის მანიშნებელია, როცა გამუდმებით საუბრობენ თავიანთ მორწმუნეობაზე, ტრაბახობენ პატრიარქთან მეგობრობით, ჟურნალისტებს სთხოვენ, რომ ხატების ფონზე გადაუღონ, საპრეზიდენტო კანდიდატები ქადაგებებს გვიკითხავენ და ბრძოლას უცხადებენ ათეისტებს, ანუ საზოგადოების სულ რაღაც 0.1 პროცენტს.

მართლმადიდებლობა ნაციონალურ წმინდა იდეოლოგიად იქცა. თუ ამ იდეოლოგიას არ იღებ, გარიყული ხარ საზოგადოებისგან, მარგინალი ხდები, ამაში ლომის წილი მიუძღვის დღევანდელ ხელისუფლებასაც. ამ იდეოლოგიის კულტივირება ხელისუფლებათა ტრადიცია გახდა. მეორე მხრივ, თვითონ საპატრიარქო აცხადებს მართლმადიდებლობას ეროვნულ იდეოლოგიად და პოლიტიკური მოთხოვნებითაც გამოდის. მაგალითად, წმინდად პოლიტიკური გახლდათ პატრიარქის პოზიცია კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ. მედიაში არავინ საუბრობს ამ თემებზე, ბოლო დროს ლაშა ბუღაძემ გაბედა თქვენს ჟურნალში, და ეს ნამდვილად გამონაკლისია. ამ დროს, საკუთარ თავს საზოგადოებრივი დარტყმის ქვეშ აყენებ, განსაკუთრებით, თუკი „ცნობილი სახე“ ხარ. დღეს არ მეგულება არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ ფარისევლობის წინააღმდეგ იტყვის რამეს. ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელმაც სამი წლის წინ სცადა გაეკრიტიკებინა ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებობს და უმცირესობების სასარგებლოდ, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ესაუბრა, სოზარ სუბარი იყო. მას არც კი მოუსმინეს პარლამენტარებმა, როგორც კი წაიკითხეს მისი მოხსენების ეს თავი, თითქმის ყველა მათგანმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. 2005 წლიდან თითქმის მთელი ჩვენი მედია, ელექტრონულიც და ბეჭდვითიც, მთლიანად ბლოკავს ამ თემასთან არაპანეგირიკულ მიმართებას, საპატრიარქოდანაც ხშირად რეკავენ ტელევიზიებში. ასე რომ, უნდა ვისაუბროთ თვითცენზურაზეც და საპატრიარქოს მხრიდან ცენზურაზეც. ამ ვითარებიდან გამოსავალი ის კი არ არის, რომ ხელისუფლებამ შეიცვალოს პოზიცია, ამ პერსპექტივას ვერ ვხედავ, ხელისუფლების სეკულარულ ტენდენციებს ყოველთვის შეასუსტებს ოპოზიციის რელიგიური რიტორიკა და პირიქით, ამიტომაც ეს უახლოეს მომავალში შეუძლებელია. ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში თუნდაც რომ იმატოს სეკულარიზმის ხარისხმა, საჯარო სივრცე რელიგიური სიმბოლოებისგან მთლიანადაც რომ გათავისუფლდეს, პრობლემის არსი თვითონ ეკლესიაშია, თუკი ეკლესიამ არ შეაფასა თავისი რეალობა, თუ არ მოხდა ეკლესიის რეორიენტაცია სხვადასხვა მიმართულებებით, არაფერი შეიცვლება. საწუხარი ესაა და არა ის, როგორი იქნება პოლიტიკოსების რიტორიკა.

კომუნიზმის ნგრევისას აბსურდული რამ გათამაშდა, მანამდე პარტია წყვეტდა ყველა ფუნდამენტალურ საკითხს, და როცა ეს ნიშა გათავისუფლდა, მას მართლმადიდებლობა ჩაენაცვლა, ოღონდ არა რწმენის, არამედ, სწორედ იდეოლოგიის სახით. იდეოლოგია მთავარი მტერია სარწმუნოებისა, ქრისტეს დროსაც ასე იყო, ადამიანების მიერ კონსტრუირებულმა წარმოდგენებმა განდევნეს ღვთაებრივი. მახსენდება სახარებისეული ისტორია იმის შესახებ, ვინაა ნამდვილი მორწმუნე. იესო ქრისტე მიდის თავის მშობლიურ ქალაქში, ნაზარეთში, შედის ტაძარში, სადაც კითხულობენ წინასწარმეტყველებებს, ეს ყველაფრით შემკული საზოგადოებაა, მათ შორის განკაცდა ქრისტე, ღმერთმა მათთვის არაფერი დაიშურა. ქრისტე შედის სინაგოგაში და მას სდევნიან, ვერ ცნობენ იმას, ვის შესახებაც კითხულობენ, ამ დროს მაცხოვარი ამბობს - მსგავსი ურწმუნოება არ მინახვს მთელს ისრეალშიო. და მეორე ამბავი: კაპერნაუმში ქრისტესთან ქადაგების დროს მორბის რომაელი ასისთავი, ის წარმართია, არაფერი იცის ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, მიდის ქრისტესთან და ეუბნება, ჩემი მსახური სიკვდილის პირასაა მისული, შენი ერთი სიტყვაც კი საკმარისია, რომ ის განიკურნოსო; ეს ასისთავი სხვა ადამიანზე ზრუნავს და უყვარს მსახური, ისე უყვარს, რომ შეუძლია თავი დასდოს მისთვის და პოულობს კიდეც ჭეშმარიტ ღმერთს. მაცხოვარი ამბობს, რომ ამ ურჯულო რომაელ ოფიცერს აქვს ყველაზე ღრმა რწმენა. რწმენა შეხვედრის და გამოუთქმელი სულიერი გამოცდილების სფეროა და არა ინტელექტუალური აქტი და ცოდნა. წმინდა იდეოლოგიისა და ავტორიტარიზმის დასაძლევად ერთადერთი რამ უნდა მოიმოქმედოს ეკლესიამ, მან ადამიანი უნდა აქციოს უმთავრეს ღირებულებად. ძალიან საინტერესო დიალოგია II საუკუნის ერთ ქრისტიანთან, წარმართი ეუბნება მას, მიჩვენე შენი ღმერთი, აი, მე თავისუფლად შემიძლია გაჩვენო ჩემი კერპებიო, მოძღვარი პასუხობს, მაჩვენე შენი ადამიანი და მე გიჩვენებ ჩემ ღმერთსო, ანუ თავად ადამიანშია ღვთის ხატება და სწორედ ეს გამოარჩევს ქრისტიანულ რწმენას იდეოლოგიისგან, დღეს კი ჩვენთვის უმთავრესი რელიგიური ფასეულობებია ეთნომესიანიზმი, სამების ტაძარი, ოქროცურვილი გუმბათები, უზარმაზარი ხატები და სახარებები, პატრიარქის დიდი ტახტი და ა. შ. დღეს ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ორიენტირებულია გარეგნულ სიკაშკაშეზე, ოქროზე, სიმდიდრეზე, ეროვნული ტრადიციების აღორძინებაზე, ადამიანი კი დავიწყებულია. ამიტომაც, ეკლესიის სოციალური როლი და პასუხისმგებლობა თითქმის არ ჩანს. შეუძლებელია ჩვენნაირ საზოგადოებაში ეკლესია გვერდით არ დაუდგეს გაჭირვებულებს, გნებავთ ქალებს, რომლებიც გადიან საქართველოდან. შარშან თურქეთში კათოლიკე მღვდელი მოუკლავთ, ის ტრეფიკიორებს ებრძოდა და ტრეფიკინგის მსხვერპლებს იცავდა. ამ ქალებიდან რამდენიმე ქართველი ყოფილა, როდესაც ერთი ჩემი ნაცნობი კათოლიკე მივიდა საპატრიარქოში და სთხოვა, ავტეხოთ განგაში ამის გამო, ვისაუბროთ ამ თემაზეო, საპატრიარქოდან უარით გაისტუმრეს. მოუთხოვია ოდესმე ეკლესიას პასუხი კორუფციაზე, ან გაულაშქრებია ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ? ეკლესიას არ შეუფასებია ძალიან ბევრი საზოგადოებრივი მანკიერება, ის ძირითადად ორ რამეზე საუბრობს, ერთი, რომ ეკლესია უნდა იყოს უზენაესი ავტორიტეტი, და მეორე, რომ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი გენი, ტრადიციები, ქართველობა და ა.შ. პატრიარქის ერთ-ერთ ბოლო ეპისტოლეში ასეთი პოზიციაა გაშლილი: გლობალიზაცია გარდუვალია და შეიძლება, ამან ჩვენს ეროვნულ მეობას შეუქმნას საფრთხე, ამ ტალღამ რომ არ წაშალოს ჩვენი ტრადიციები და კულტურა, უნდა გავაღრმავოთ სუფრის კულტურა, აღვადგინოთ სადღეგრძელობის თანმიმდევრობა, ვიაროთ ჩოხით.

ჩვენ, მთელმა ეკლესიამ რეალურად ერთადერთი კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: რამდენად გვახსოვს 2000 წლის წინ გომურში დაბადებული, ხოლო დღეს უამრავი ღატაკის, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის, უდედმამოდ დარჩენილი ბავშვის, მიტოვებული მოხუცის, გარიყული ინვალიდის, ფსიქიატრიულში გამოკეტილი ადამიანის სახით მოსული ქრისტე. ვართ თუ არა ამ უძლურთა ღმერთის ერთგული მიმდევრები?

14 დემოკრატიის 27 წუთი

▲back to top


ისტორია

ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

0x01 graphic

11 აპრილს, 1 საათზე, „კინოს სახლში“ სტუდია „მონიტორის“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება გაიმართა. თემა - ფერმერი პროკურატურის წინააღმდეგ. ფილმის ხანგრძლივობა - 27 წუთი, დარბაზი - ნახევრად ცარიელი. მათ შორის, რამდენიმე უფლებათაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სტუდენტები და ტელეჟურნალისტები, რომლებიც სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ მოვლენილი და ვერ გაერკვიათ, რატომ შემოიფარგლა გადაცემის ავტორი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ამ გადაცემის „კინოს სახლში“ ჩვენებით და რატომ არ ეცადა შესაბამისი უწყებებისათვის მიემართა გადაცემის გმირის პრობლემის მოსაგვარებლად. ამაზე ნინოს პასუხი იყო: „მე ჟურნალისტი ვარ და ჩემი საქმე პრობლემების გაშუქებაა. ამ შემთხვევაში ჩემი ფუნქცია ამ გადაცემის გავრცელებაც არის“.

გადაცემა კი კასპელ ფერმერს, გაიოზ გორჯოლაძეს ეხებოდა, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ცრუ ჩვენება ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი ბოჭორიძის და სხვა ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ამისათვის, უსაფუძვლოდ დააკისრეს და გადაახდევინეს ჯარიმა, წაართვეს მიწები და ტექნიკა, თანასოფლელებმა დაუწვეს ფერმა, გაუნადგურეს საქონელი და გასტაცეს ავტომანქანა. ჩვენების მიცემაზე უარის თქმით, გორჯოლაძემ ხელი შეუშალა ადგილობრივი ჩინოვნიკების კორუფციული კამპანიის აღსრულებას და ამისათვის დაისაჯა კიდეც.

დარბაზში შესვლამდე, ვიდრე მზეს ვეფიცხებოდით, ნინოს ვკითხე, რადგან ეთერში ვერ უშვებ შენს გადაცემებს, „მეილ-ლისტი“ თუ გაქვს, რომლის მეშვეობითაც უფრო ეფექტურად გაავრცელებ ინფორმაციას შენი ფილმების ჩვენებების შესახებ-მეთქი. ჯერ ვერ გაიგო, რას ვეკითხებოდი, მერე მითხრა, არა მაქვს, მაგრამ მალე მექნებაო. ფილმის მერე, გამოცდილმა „უფლებათადამცველმა“ გაკიცხა, გოგო, რით ვერ გასწავლე, ფურშეტები უნდა მოაწყო, ფურშეტები, უნდა აჭამო ხალხსო. ნინოსთვის ორივე რეპლიკა უცხოა: „არ ვარ ეს „ენჯეოშნიკი“ და მომკალი, თუ გინდა! არ ვიცი ეს რაღაცები. ძალით უნდათ, რომ გამააქტივისტონ. ჟურნალისტი ვარ, რა!“

ნინო ზურიაშვილი გამომძიებელი ჟურნალისტია, ყოფილი „60 წუთელი“ და, შეიძლება ითქვას, ამ ჟანრის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი საქართველოში. საგამოძიებო ჟურნალისტიკა კი ის ჟანრია, რომლის არსებობაც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ლაკმუსის ტესტად შეიძლება განვიხილოთ. ალბათ, ამიტომაც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის პირველივე გვერდზე აღნიშნული „ჟურნალისტური გამოძიება“, იმის მიუხედავად, რომ ამ არხის ჟურნალისტური გამოძიება შაბათის „მოამბის“ 5-წუთიანი ჩანართებით და როგორც წესი, „სამომხმარებლო თემებით“ შემოიფარგლება. სხვა ტელეარხებზე კი ის, უბრალოდ, არ არსებობს.

საქართველოს უახლეს ისტორიაში, ამ ჟანრში „რუსთავი 2“-ზე „60 წუთი“ მუშაობდა. უმრავლესობა უყურებდა და ელოდებოდა აკაკი გოგიჩაიშვილის ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას და ფიქრობდა, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შევარდნაძის რეჟიმის სისტემური კორუფციის მხილებაში, რამაც საბოლოოდ მის დემონტაჟს შეუწყო ხელი. ამის მიუხედვად, „60 წუთს“ კრიტიკულად განწყობილი მაყურებელიც ჰყავდა, ვინც ეჭვის თვალით უყურებდა გადაცემას.

„60 წუთამდე“, ნინო გაზეთ „კავკასიონში“ მუშაობდა ვასილ მაღლაფერიძესთან, სოზარ სუბართან, ია ანთაძესთან, გიორგი ასანიშვილთან და ვახტანგ კომახიძესთან ერთად. გაზეთში მუშაობისას მიხვდა, რომ ყოველდღიური ახალი ამბები უფრო მეტ კითხვას უჩენდა, ვიდრე პასუხს, ამიტომ, გადაწყვიტა, პრესკონფერენციებზე სიარულის ნაცვლად, ჟურნალისტური გამოძიებები ეკეთებინა.

მას შემდეგ, რაც „60 წუთი“ კონტროლის პალატის მასალების გაშუქებით აღარ შემოიფარგლა და თემების მოძიება თავად დაიწყო, აკაკი გოგიჩაიშვილმა გადაცემაში, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ნინოც მიიპატიჟა. 3 წლის მანძილზე, ჟურნალისტებმა 150-მდე თემა გამოიძიეს. მათ შორის, რამდენიმე გადაცემა სასამართლო დავის და ჟურნალისტურ ეთიკაზე საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი გახდა. თუმცა, „60 წუთი“ მაღალი რეიტინგით, მაყურებელთა ნდობით და მყისიერი შედეგებით იყო ცნობილი - გადაცემაზე რეაგირებდნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები და სხვა საჯარო მოხელეები, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ნინოს ამერიკის „საგამოძიებო ჟურნალისტებისა და რედაქტორების ასოციაციის“ (IRE) პრიზი აქვს მიღებული საქართველოს რკინიგზაზე გაკეთებული გადაცემის გამო.

ვარდების რევოლუციის მერე, გადაცემა მხოლოდ რამდენჯერმე გავიდა ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები აგრძელებდნენ მუშაობას და გამოძიებული მასალების თაროზე შემოდებას. 2004 წელს კი, ის უკვე ოფიციალურად შეწყდა და „60-მა წუთელებმა“ სხვადასხვა სამსახურს მიაშურეს. ნინომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორი“ დააარსა და ამ ორგანიზაციის ფარგლებში განაგრძო საქმიანობა. თუმცა, ჟურნალისტობიდან არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორად იძულებითი ტრანსფორმირება ნინოს ძალიან გაუჭირდა და დღესაც იმას წუხს, ჩემი დროის მეტი წილი გრანტების წერას, ფინანსების მართვას და სხვა ადმინისტრაციულ საქმეებს მიაქვს და არა უშუალოდ გამოძიებებსო.

სტუდია „მონიტორს“ 2 წლის მანძილზე ოცამდე გადაცემა აქვს მომზადებული. თუმცა, ეს გადაცემები ნაციონალურმა მაუწყებლებმა ეთერში უფასოდაც არ გაუშვეს. „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიებები მხოლოდ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით გადის და მათი ნახვა მხოლოდ კინოს სახლის დარბაზში, სპეციალურ ჩვენებებზეა შესაძლებელი

0x01 graphic

ნინო, ჩემი მთავარი კითხვა შენთან ასეთია: ვარდების რევოლუციამდე, ქვეყანაში არსებობდა ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი არასამთავრობო სექტორი და ძლიერი მედია, რომლებიც ფაქტობრივად კონსოლიდირებულად მოქმედებდნენ და ახალი, ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობდნენ. ამ ძლიერი მედიის ნაწილი იყავი შენც და გადაცემა 60 წუთიც. ვარდების რევოლუციამდე უფრო მეტი ბერკეტი არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის თუ რევოლუციის შემდეგ? ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ამ თვალსაზრისით ნაბიჯი წინ გადავდგით თუ უკან?

სახელმწიფოს მშენებლობის მხრივ, ნაბიჯი წინ გადავდგით. აგერ, ჩემი მეგობარი საბა ამბობს, რომ გორიდან 40 წუთში თბილისში ვარო და მართლა არის, და ეს დიდი რაღაცაა. კიდევ, ნაბიჯი წინ გადაიდგა იმიტომ, რომ ამას წინათ ჩვენმა მეგობარმა ვასიკომ განაცხადი რომ მიიტანა პასპორტის აღებაზე, რამდენიმე წუთში, ტელეფონზე მესიჯი მიიღო, თქვენი პასპორტი დამზადებულია, მობრძანდით და ინებეთო. ჩვენი მძღოლი როცა არღვევს საგზაო წესს, სახლში მისდის ქვითარი და ინტერნეტით ამოწმებს, მართლა დაარღვია თუ არა მოძრაობის წესები. შეხვალ ნებისმიერ სასამართლოში, თუნდაც, უზნეო მოსამართლეების სასამართლოში, მაგრამ გრძნობ, რომ სახელმწიფო დაწესებულებაა. თავმოყვარეობა აღარ გელახება, გაუცხოება აღარ გემართება და ტუალეტის სუნი აღარ ასდის იქაურობას. შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირის სუნი, ტუალეტის სუნი წავიდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან და გულზე მალამოსავით მედება ეს ყველაფერი. მე შადრევნებიც მომწონს და არ ავიგდებ მასხრად, განათებული ქუჩებიც, შეღებილი, უსახური კორპუსებიც - შეღებილი, მართალია, უგემოვნოდ, მაგრამ არქიტექტორებიც, თურმე ცენზურის ქვეშ ცხოვრობენ, ახლა შევიტყვე ეს ამბავი. თბილისის დღევანდელი იერსახე უგულავას ესთეტიკაა, მაგრამ მირჩევნია ათეული წლების განმავლობაში გამურულს. ის რა, უმნიშვნელო მოვლენაა, უნივერსიტეტი რომ შენდება? ისიც მიხარია, რომ ვეღარ დაგვემუქრებიან. ამას წინათ, პრეზიდენტმაც იგივე თქვა და ვეთანხმები - ადრე იყო ხოლმე პანიკა, ვაიმე, პრობლემა შეგვექმნება ჯავახეთში, ნელი მოქმედების ბომბი ამუშავდა, ტერიტორიის ანექსირება მოხდება და ასე შემდეგ. ამ ჯარის პირობებში, ეს უკვე შეუძლებელია! ღირსეული ჯარის პირობებში, იმ ბიჭებს რომ აღარ შიათ, სცივათ და სწყურიათ, ტილები რომ აღარ ჭამენ ჯარისკაცებს, ესეც მიღწევაა. ჰო, კიდევ, ოცნების მინისტრია ნიკა ვაჩეიშვილი. ხარაჩოდან არ ჩამოსულა. გული მშვიდად მაქვს, იმიტომ, პროფესიონალია და სერიოზულ საქმეს აკეთებს. სტუდენტებს რომ ხელისუფლება უცხოეთში აგზავნის სასწავლებლად და ხევსურეთში რომ ინტერნეტია, ესეც მაგარია. სხვათა შორის, სიღნაღიც მომწონს და ყვარელიც. ეს ყველაფერი ჩემს ნაციონალურ თავმოყვარეობაზე მოქმედებს და კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში წარმატებები რატომღაც თავისუფლების სანაცვლოდ მოვიდა. მაგალითად ჩვენ, ჟურნალისტებს, შეგვექმნა სიტყვის თავისუფლების პრობლემა. ეს ორი სიტყვა ევროპელების ტრაფარეტული ლოზუნგი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რაღაც ჰაერივით საჭირო ყოფილა. ამის გარეშე, არ მერგება, არ მერგება და არ მერგება ეს ყველაფერი! იმიტომ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გახშობენ, სიმართლეს რომ ვეღარ ამბობ!

მე ვიყავი შერცხვენილი ჟურნალისტი. სირცხვილს ვატარებდი 2004 წლის მერე. როცა მირეკავდა გორჯოლაძე და მეუბნებოდა, ინტერვიუ მოგეცი, სად წაიღე, რატო ვერ მიიტანე ტელევიზიამდეო, რა მეპასუხა? ამ დროს, როგორც ჟურნალისტს, აღარ მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს მასალა ეთერში გამეშვა. მთრგუნავს ის, რომ კონფორმისტი უნდა იყო, ტელევიზიაში ჟურნალისტად რომ იმუშაო. წინ გხვდება ეს პროპაგანდისტული მანქანა. თუ მაგარი ხელისუფლება ხარ, ყურებში თითს რატომ იკეთებ? მოუსმინე რა იმ ადამიანებს, ვისაც წვრილ-წვრილი პრობლემა აქვს, ეს ხომ შენთვის წამალია! ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების ყველაზე ეფექტური გზა და თუ შენ ადამიანებს არ უსმენ, მაშინ რეჟიმის შენარჩუნებაზე მოგიწევს ზრუნვა.

ცოტა ხნის წინ ვნახე ფილმი „სხვების ცხოვრება“. მგონი, ასე ითარგმნება სათაური ფილმისა, სადაც მთავარი გმირი გერმანიის უშიშროების სამსახურის, შტაზის თანამშრომელია, რეჟიმის ტიპური წარმომადგენელია, გარეგნულადაც, იდეოლოგიურადაც, ცოდნითაც, თვისებებითაც, ცხოვრების წესითაც. შტაზის თანამშრომელია, მაგრამ უყვარს გერმანია და ყველაზე კრიტიკულ მომენტში აკეთებს არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ. ამ მოსმენა-მოსმენაში ნელ-ნელა ხვდება, რომ ამ დრამატურგების, ამ სცენარისტების ჩაწიხვლა არ არის კარგი ქვეყნისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მართლა საფრთხეს წარმოადგენენ რეჟიმისათვის, რომლის ღვიძლი შვილიც ეს კაცია. აქედან ჩანს, რომ ერთდროულად რეჟიმზეც და ქვეყანაზეც ვერ იზრუნებ.

ფილმში, როცა ქალი საკუთარ ქმარს ასმენდა, როცა მის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას შტაზის თანამშრომელს, ამ კაცის გაფართოებულ თვალებშიც იკითხებოდა, რომ მომხრე იყო, ქალს სიმტკიცე შეენარჩუნებინა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის გატყდა. ამ ბოლო დროს, რაღაცნაირად მაქვს ხოლმე განცდა, რომ ჩემი ქვეყანა შემზიზღდა. განსაკუთრებით იმის მერე, რაც ძალიან ბევრი ადამიანი გატყდა ჩემს თვალწინ. ორშაურა ხალხის აღლუმი იყო ბოლო ხანებში, განსაკუთრებით, მასმედიაში და ძალიან დავიწრიტე ემოციურად. ფრუსტრირებული და იმედგაცრუებული ვარ. ამდენი ადამიანი არ უნდა გატყდეს, არ უნდა დახურდავდეს, ვიღაცა ხომ უნდა გამოჩნდეს, ვინც გაუძლებს, პატარა გმირობას ჩაიდენს და ამით რაღაც შეიცვლება. არ ვიცი, რა არის ამდენი იმედგაცრუების მიზეზი, არ ვიცი, რით არის ეს გამოწვეული, სოციოლოგები და ფილოსოფოსები უკეთ იტყვიან. ამის შედეგად, მივიღეთ უზომოდ დამუხტული ქვეყანა. და ეს ყველაფერი, იცი, რატომ არის? იმიტომ, რომ ჩაიხშო თავისუფალი სიტყვა. ეს გამოიწვია იმან, რომ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, პრობლემები გაეხმაურებინათ. მივიღეთ პროპაგანდისტული ტელევიზიები, რომლებიც არ ასახავს რეალობას. კობა სუბელიანი არ მივა ლტოლვილთან და ხელს არ ჩამოართმევს, თუ არ არის სამი კამერა. ამ დროს, კობა სუბელიანი გულიანი ადამიანი და კარგი მოხელეა. პირადად მისი საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ მე ის მაინტერესებს, ამ ლტოლვილებს რა აწუხებთ. ამ დროს, მაგას არავინ გეტყვის.

ამას აკეთებდა 60 წუთი? მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ, როდის იწყება საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკა, სად დაიწყო პირველად, გაზეთებში, ტელევიზიაში?...

როგორც ერთმა ძველმა ჟურნალისტმა მითხრა, შენ კი ხარ „60 წუთელი“, მაგრამ ადრე ჩვენც ვაკეთებდით „ოქროპირსო“, სადაც ამათრახებდნენ ხალხს ცუდი საქციელისთვისო. ამ დროს, მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ის, ვისზეც ვაკეთებ გამოძიებას, გავამათრახო, მიწასთან გავასწორო. უკვე გამოცდილებამ მოიტანა ეს განცდაც. თავიდან არ მენაღვლებოდა, მაგრამ მერე გამოდიოდა ხმები, ადამიანები როგორ მძიმედ განიცდიდნენ, რომ მათზე „60 წუთში“ მასალა გაკეთდა და პასუხისმგებლობაც უფრო მძიმდებოდა და მძიმდებოდა. ამ დროს, ჩემი მიზანი ერთადერთია, ნათელი მოვფინო ბნელით მოცულ თემას და პრობლემის მოგვარებას შევუწყო ხელი. ხშირად ეს პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ადამიანების წყენა.

შენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, სოზარ სუბარი, ვახო კომახიძე და გივი თარგამაძე ერთდროულად იწყებენ ჟურნალისტურ გამოძიებას, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, 94 წელს. სამივე კარგად წერს, არც ერთს არ აკმაყოფილებს „ნიუსის“ ფორმა და წერენ ბევრად უფრო სერიოზულ სტატიებს, ვიდრე ყოველდღიური საგაზეთო წერილებია. პირველი, რაც მახსოვს, სოზარი იძიებდა თურქულ კრედიტს, ვახო - კავშირგაბმულობას და გივი იყო „თავისუფლების ინსტიტუტის“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კოორდინატორი და თავის გამოძიებებს სხვადასხვა გაზეთებში, ხშირად „რეზონანსში“ და „ახალ ვერსიაში“ აქვეყნებდა. კავშირგაბმულობაზე, ენერგეტიკაზე და შევარდნაძის ნათესავებზე ძალიან სერიოზული მასალები დადეს.

ცოტა მოგვიანებით, შემოდის ოთხი ადამიანი: ელისო ჩაფიძე, ლიკა ბასილაია, ბესო კურტანიძე და მე. ელისო და ლიკა - „რეზონანსში“, მე და ბესო - „კავკასიონში“. მე და ლიკა ვაკეთებდით მასალას აზოტზე, ეს იყო ჩვენი პირველი ჟურნალისტური გამოძიება, ქრთამის შემოთავაზებაც პირველად ამ დროს სცადეს.

1999-ში, „კავკასიის ინსტიტუტმა“ - გია ნოდია იყო დირექტორი, პროგრამის კოორდინატორი ზურა ჭიაბერაშვილი - გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტურ გამოძიებაზე. ამ პროექტის ფარგლებში ორი თემა გავაკეთე. მათ შორის, „ვის სასარგებლოდ ეპარება თბილგაზს გაზი“. რომელიღაცა ბროშურაში ნაზად ეწერა, რომ საქართველოში გაზის დანაკარგი 49 თუ 52%25-იაო. გავოცდი. დავიწყე გამოძიება და გაირკვა, რომ ახალი მონაცემებით, დანაკარგი 70%25 ყოფილა. ამიხსნეს, რომ არსებობს კომერციული და ტექნიკური დანაკარგები. ეს დანაკარგები გავშიფრე და აღმოვაჩინე, რომ არავის აწყობს ამ დანაკარგებთან ბრძოლა. პირიქით, „თბილგაზი“ სუბსიდიებს იღებდა და იღებდა მერიიდან და კარგადაც ხეირობდა. მოკლედ, მძვინვარებდა კორუფცია. რამხელა სტატიაც იყო - გაზეთის ორი დიდი გვერდი - იმხელავე პასუხი გამომიქვეყნა „თბილგაზმა“.

ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს იყო ჟურნალისტიკა. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ჩემთვის საინტერესო. როცა ახალ ამბავს კითხულობ, 80 კითხვა გიჩნდება თემის მიმართ და ხვდები, რომ რეალური პრობლემა სხვაგან დევს. ეს რეალური პრობლემა უნდა ამოწიო. საკეთებელიც ეს არის და რაღაცა ყოველთვის მეძახდა აქეთკენ.

შემდეგ დგება „60 წუთის“ ერა. თუმცა, აქაც იყო ეტაპები. თავიდან გამოძიებები კონტროლის პალატის მასალებზე იგებოდა. მერე უკვე გადაცემამ თავისი ინიციატივით დაიწყო თემების მოკვლევა: რკინიგზა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქონების მართვის სამინისტრო და პრივატიზაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უშიშროების სამინისტრო, პროკურატურა… როცა კვირაში ერთხელ გავდიოდით ეთერში, ფაქტობრივად, ღამეებს ვათენებდით, ფანჯრის რაფაზე გვეძინა ხოლმე, მაგრამ მაინც გვიჭირდა მოსწრება. თემის გამოძიებას ვასწრებდით, მაგრამ მერე მონტაჟისათვის არ გვყოფნიდა დრო და ამის გამო, ხშირად გადაცემა იმაზე ნაკლებად ეფექტური გამოდიოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. მოგვიანებით, ჩვენი მოთხოვნით, ორკვირიან ფორმატზე გადავედით და ცოტა ამოვისუნთქეთ.

0x01 graphic

0x01 graphic

სანფრანცისკო, 2003

ეთერში გასულ გადაცემებზე გამოხმაურებებიც მყისიერი იყო?

დიახ, მთავრობის მხრიდან მეორე დღესვე რაღაც შედეგი იყო ხოლმე. ძირითადად, პრესკონფერენციებს მართავდნენ და გვლანძღავდნენ. გენერალური პროკურორი, ჯამლეტ ბაბილაშვილი, ორშაბათობით მართავდა ხოლმე პრესკონფერენციებს. ერთხელ რომ მივედი, ჩხუბი დამიწყო, როგორ შეიძლება ეკრანიდან სასამართლოებს რომ გვიმართავთ, ეს რა წესია, ვინა ხართ, თქვენ რა იცით სიმართლეო! ვუპასუხე, თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ-თქო. ხელჩართული ომი იყო. მერე ბალუაშვილმა ხელკავით ცალკე გამომიყვანა და მითხრა, თქვენ რასაც აკეთებთ, ყურში გეტყვი, სისხლის სამართლის დანაშაულია და დაგიჭერთო! მე, რა თქმა უნდა, ბევრი ვიცინე.

0x01 graphic

ასევე მახსოვს საპარლამენტო სხდომები, სადაც იხილებოდა ხოლმე 60 წუთის მასალები...

კი, ყოფილა, რომ მოუწვევიათ კომიტეტის სხდომა და ჩვენ მიერ წამოწეული საკითხი განუხილავთ. ჩვენს გამოძიებებზე აღიძრებოდა ხოლმე სისხლის სამართლის საქმეები, ათობით კორუმპირებული პოლიციელი მოიხსნა, მოსამართლეებს ათავისუფლებდნენ. ერთხელ, ოღონდ ეს უკვე ვარდების რევოლუციის მერე, ჩვენი გადაცემის პასუხად გააუქმეს სასამართლო ფსიქიატრია და შეუერთეს სასამართლო ექსპერტიზას. ჩემი გამოძიება ეხებოდა იმას, თუ როგორ იღებდნენ კანონიერი ქურდები ერთი და იმავე ფსიქიატრებისაგან ცნობას, რომ იყვნენ შეურაცხადები. ამ ცნობას ისინი, როგორც განსასჯელები, წარუდგენდნენ მოსამართლეებს და თავს აღწევდნენ მართლმსაჯულებას. ამის შემდეგ ისინი წელიწად-ნახევარი მიდიოდნენ ფოთის ფსიქიატრიულში, ვითომ სამკურნალოდ, სადაც იგივე ფსიქიატრები გასცემდნენ დასკვნებს, რომ ესა და ეს კრიმინალი უკვე განიკურნა და შეგიძლიათ გაუშვათო. ჩემი გამოძიება ეხებოდა იმას, რომ ეს კრიმინალები ისევ ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს - ადამიანის გატაცებას, მკვლელობას, ქურდობას და ასე შემდეგ და ისევ, როგორც ვითომ შეურაცხადები, მიდიოდნენ ფოთში... მე კი ჩემს გამოძიებებზე ვყვები, მაგრამ ყველაზე ძალიან რაც მიყვარს და მიმაჩნია, რომ „60 წუთის“ ყველაზე მაგარი გამოძიებაა - ეს იყო ყურაშვილის საქმე, ბესო კურტანიძის მიერ მომზადებული, როცა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი, თითქმის მინისტრის მოადგილის რანგის ფიგურა, საკუთარ კაბინეტში ფარულად ჩავწერეთ, თუ როგორ ყიდდა ნარკოტიკს. შედეგიც მყისიერი იყო, ყურაშვილი მეორე დღესვე მოხსნეს და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს.

რეალურად, თქვენ გეძლეოდათ საშუალება, გამოგეძიებინათ ნებისმიერი თემა და მერე ეს ეთერში გაგეშვათ?

0x01 graphic

კი, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე, ამას ვამბობ სუფთა სინდისით. შეიძლება, იყო ერთი-ორი თემა ჩვენს ცხოვრებაში, რომელზეც არხის ერთ-ერთმა მფლობელმა, ეროსი კიწმარიშვილმა თქვა, ჩვენი დამკვეთია, 2 თვეში მორჩება კონტრაქტი და მერე რაც გინდათ, ის ქენითო. ზოგადად, მთელი ხიბლი „60 წუთის“ ის იყო, რომ სამი წელი ვაკეთეთ მართლა თავისუფალი ჟურნალისტიკა. თამამად შემიძლია ვთქვა და ეს ჩემს მეგობრებზეც ვრცელდება, - ჩვენ ვიცით ჟურნალისტიკის გემო. ჩვენთან იდგა ხალხის რიგი, მაღალი რეიტინგი გვქონდა და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა. საჩივრის წერილები, იცი, როგორ იწყებოდა? ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, ბატონ ზურაბ ჟვანიას, ქალბატონ ელენე თევდორაძეს და ბატონ აკაკი გოგიჩაიშვილს - ბოლო ინსტანცია ვიყავით, სადაც ადამიანები მოდიოდნენ და სიმართლეს ეძებდნენ. ერთხელ მოვიდა ერთი მოხუცი კაცი, მეუბნება, თქვენ ყველაფერს იძიებთ, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ხალხი სამართალს პოულობს, ერთი დარდი მაწუხებს და იქნებ მეც შემეწიოთო. 1943 წელს, დიდ სამამულო ომში ვიბრძოდი, შეტევაზე გადავდიოდით, მე ჩავიდინე გმირობა, მაგრამ ჩემმა ოცმეთაურმა მიითვისა, ისე არ მინდა მოვკვდე, ეს სიმართლე არ გამოაშკარავდეს, გეხვეწები გამოიძიეო. ვკითხე, ის ოცმეთაური ცოცხალია-მეთქი? არაო, მთელი ოცეული მკვდარიაო. ომი დამთავრდა, ყველა მოკვდა, ოცმეთაური მოკვდა, სტალინიც მოკვდა, როგორ ვიპოვო სიმართლე, ბაბუა, ბოდიში, მაგრამ უძლური ვარ ამ საქმეში-მეთქი.

მახსოვს, ეროსი რომ შეგვხვდებოდა ხოლმე ტელევიზიაში ან ლიფტში და გვკითხავდა, ვისზე გადის გადაცემაო და ვეტყოდით, მოიცა, ჯერ წავალ მთაში და მერე დაატრიალეთ გადაცემის ანონსი, რომ რეკვით არ ამიკლონო. რამდენჯერ უთქვამს, იცი?

რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის არხის მხარდაჭერა?

თავიდან გვეგონა, რომ მთელ ამ გამბედაობაში 80%25 ჩვენი იყო და მხოლოდ 20 %25 - არხის ხელმძღვანელობის. ცუდად რომ წავიდა საქმე, მერე მივხვდი, რომ პირიქით ყოფილა, ანუ, ჩვენი იყო ალბათ 20%25, დანარჩენი და შესაძლოა მეტიც - არხის მფლობელებისა და ხელმძღვანელების. როცა ბეჭებზე დაგვდეს, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია დამფუძნებლის ნება. თუ ეს ნება არ არის, ისეთ დღეში იქნება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, როგორ დღეშიც დღეს არის. შემეძლო, უფრო კომფორტული სამსახური მქონოდა, მაგრამ არ მეთმობა ჩემი პროფესია. ან რატომ უნდა დავთმო?

არანაირად არ შევეგუები იმას, რომ ჩვენმა ყოფილმა მეგობრებმა ბეჭებზე დაგვდეს და არ მსურს, რომ ბეჭებზე ვიყო გაკრული.

რას გულისხმობ?

ბეჭებზე დადება ნიშნავს იმას, რომ კერძო საკუთრების ხელყოფა ხელისუფლებამ ტელევიზიებით დაიწყო. რევოლუციის მერე, „რუსთავი 2“ გაიყიდა, „მზის“ ხელმძღვანელობა შეიცვალა, „მე-9 არხი“ და „იბერია“ დაიხურა. ყველას თავისებურად მიუდგნენ. პირველი „რუსთავი 2“ იყო. იქ ეროსი მოიქცა როგორც ხელისუფალი - ტელევიზია გაკოტრებულად გამოაცხადეს, რის შემდეგაც პარტნიორებს აღარ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამის შემდეგ, ის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ჩაიგდეს ხელში.

სხვა ტელევიზიებშიც შეიცვალნენ მფლობელები. ხელისუფლებას ჰქონდა მიზანმიმართული მცდელობა არ დარჩენილიყო ტელევიზია გაუკონტროლებელი. არ ყოფილიყო კრიტიკული აზრი. როგორც ია ანთაძე ამბობს, სამკუთხედი ამოყირავდა, ანუ თუ ადრე მფლობელი და ჟურნალისტი ერთად იდგნენ ხელისუფლების პირისპირ, ახლა მფლობელი და ხელისუფლება ერთად დგანან ჟურნალისტის პირისპირ.

ამ დროს, აქამდე, ჩვენი ყველაზე კარგი მეგობარი „თავისუფლების ინსტიტუტი“ იყო. მაგალითად, უნივერსიტეტზე ორჯერ გავაკეთე ჟურნალისტური გამოძიება და ორივეჯერ „თავისუფლების ინსტიტუტის“ შემოთავაზებით. ხშირად ხდებოდა მათ მიერ ძალიან აქტუალური თემების ინიცირება. გიგა ბოკერია იყო სიტყვის თავისუფლების და, საერთოდ, ადამიანის უფლებების დაცვის საყრდენი. სიმართლე გითხრა, ჟურნალისტურ გამოძიებებს კი ვაკეთებდით, მაგრამ ადამიანის უფლებები არ ვიცოდით. როცა ლადო ჭანტურიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მიმართა გენერალურ პროკურორს ღია წერილით და უთხრა, „60 წუთის“ საქმიანობაში არის დანაშაულის ნიშნები და რატომ არ იძიებთო, მაშინ აკაკიმ ყველაზე ცნობილ ორგანიზაციებს მიმართა დახმარებისათვის, Article 19-მა და CPJ-იმ დაგვიჭირა მხარი, მაგრამ საქართველოში, „თავისუფლების ინსტიტუტის“ იმედი გვქონდა. როდესაც ფარულ ჩანაწერებს მტკიცებულებად არ იღებდნენ სასამართლოში, „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და ზურა ადეიშვილმა ლობირება გაუწიეს პარლამენტში, რომ შესაბამისი ცვლილება შესულიყო კანონში. ასევე ზურა ადეიშვილის დამსახურებაა, რომ პარლამენტმა მიიღო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სადაც შედიოდა თავი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.

როცა გვემუქრებოდნენ, მივდიოდი და ჩემს რამდენიმე მეგობარს შევჩივლებდი ხოლმე - სოზარს, იას, გიგა ბოკერიას. მჯეროდა, ეს ადამიანები არ გაჩუმდებოდნენ, ჩვენ რომ რამე მოგვსვლოდა. მათი მხარდაჭერა რაღაცნაირი სულიერი თანადგომის ტოლფასი იყო.

აკაკი ჩხაიძემ რომ გვიჩივლა და სასამართლოში 1 მილიონი წავაგეთ, ბოკერია და ზურა ადეიშვილი დაგვეხმარნენ. სქემა იყო ასეთი: პროკურატურაში ჩვენს გამოძიებებზე საქმე აღიძრებოდა და ბრალის დაუდასტურებლობის გამო ისევ იხურებოდა. ამის შემდეგ ჩინოვნიკები მიდიოდნენ სასამართლოში და სამოქალაქო წესით გვიჩიოდნენ - შენ აფერისტი და ცილისმწამებელი ხარ, ამიტომ შენმა ტელეკომპანიამ მილიონი უნდა გადაიხადოსო. ჩხაიძის საქმეზე საოლქო სასამართლომ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება რომ გავასაჩივრეთ, უზენაესმა სასამართლომ მაქსიმალური ვადა აიღო და 2004 წლის 30 იანვარს დანიშნა სასამართლო პროცესი. ამ შუალედში მოხდა ვარდების რევოლუცია და პირველი მსხვერპლი ახალი ხელისუფლებისა აკაკი ჩხაიძე იყო. სანამ სასამართლოს დრო მოვიდა, ამ კაცს ბიუჯეტისთვის უკვე გადახდილი ჰქონდა 7 მილიონი. ამ დროს ოფიციალური ხელფასი 1000 ლარი ჰქონდა. ეს იყო ირიბი დადასტურება ჩემი სიმართლისა. მერე პროცესზე გამოცხადდა ადვოკატი და განაცხადა, გაგვაქვს სარჩელიო. მოვიგეთ.

მოკლედ, მხარდაჭერისათვის მივმართავდით პროგრესულ ადამიანებს. ისინი, როგორც ექსპერტები, ინფორმაციის წყაროები და დამცველები, მათ შორის, ვანო მერაბიშვილიც, აქტიურად გვეხმარებოდნენ, რომ არ შევეჭამეთ ხელისუფლებას. ერთხელ ვანომ დამირეკა და მითხრა, არ გინდა გააკეთო სერიალი პრეზიდენტის უკანონო ბრძანებულებებზეო და გადმომიღო დასტა, წაიღე, ნახე, რა მაგარი რამეები წერიაო. მართლა დავიწყე და მაგარი გადაცემების ციკლი გამოვიდა. ისე, კარგი იდეაა, ახლაც უნდა გავაკეთო პრეზიდენტის უკანონო ბრძანებულებებზე გადაცემა და გამოვაცხადო, ვანო მერაბიშვილის იდეაა-მეთქი.

თუმცა, თქვენ გქონდათ საკმაოდ სერიოზული შეცდომებიც, მაგალითად ვალერი ასათიანის თემა

გეთანხმები, თემა არ იყო სრულყოფილად გამოძიებული და თანაც, გარკვეული შეცდომებიც იყო სცენარში. აქვე ვიტყვი, რომ ეს თემა, ამავე სტილში, ჩვენამდე მთელმა ქართულმა მედიამ გააშუქა. მაგრამ 150-მდე სიუჟეტიდან ორზე მეტი შეცდომა ჩვენ არ გვქონია. იშვიათად, შეიძლება იყო სუსტი და ნაკლებად ეფექტური გადაცემები, მაგრამ არა შეცდომა.

თუმცა, მთლიანობაში, ყველამ იცოდა, რომ ვცდილობდით სერიოზული ჟურნალისტიკა გვეკეთებინა და არ ვყოფილიყავით ყვითელი ჟურნალისტები, ინტრიგანები. სერიოზულ საქმეს ვაკეთებდით და ზოგჯერ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც.

მუშაობის ტემპი და ის დიდი პასუხისმგებლობა, გადაცემაში გასული შეცდომის ფასი იმდენად მძიმე იყო, რომ ახლა მგონია, ფრონტზე ვიყავი. ვინც თანადგომას გვიცხადებდა, მათზე ვამბობთ, ეს ჩვენი ფრონტელი მეგობარია-თქო. ჩვენთვის, „60 წუთელებისთვის“ სხვა არაფერი არსებობდა, არც კინოში ვყოფილვარ იმ პერიოდში, არც თეატრში, არც ახლობლის გასვენებაში, არსად. ასე გავიდა 3 წელი. ეს იყო ეტაპი, ეს იყო ეტაპი ქართულ ჟურნალისტიკაში.

რომ შევაჯამოთ ის 3 წელი, რა იყო 60 წუთის რეალური შედეგი?

ჩვენ მოვახდინეთ ინფორმირება. ყველა სფეროში უშიშრად გამოვააშკარავეთ, რაც ხდებოდა ყველაზე ღრმა ჭაობის წლებში, კორუფციაში რომ იხრჩობოდა საქართველო, იმ პერიოდში. დანარჩენი, თუ გინდა, სხვებს ჰკითხეთ, რას აკეთებს ინფორმირებულობა. ადამიანი როცა ხდება ინფორმირებული, ის იცვლის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი და შემდეგ იცვლის საქციელს.

როდის შეწყდა გადაცემა?

ზუსტად ვარდების რევოლუციის პერიოდში უნდა გავსულიყავით ეთერში, მომზადებული გვქონდა გადაცემა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტელევიზიას, პირველი არხის მაქინაციებს. ოქტომბერში უნდა გავსულიყავით ეთერში განახლებული ფორმატით, სიუჟეტებს უნდა მოჰყოლოდა დისკუსია, „თოქშოუ“. მერე ეროსიმ გვითხრა, ბარემ 2 ნოემბრის არჩევნებმა ჩაიაროს და ისე გადით ეთერშიო. სტუდიაც მზადდებოდა, მაგრამ მერე მოხდა ვარდების რევოლუცია. ეთერში დავბრუნდით 2004 წლის გაზაფხულზე და ბოლო გადაცემა ამავე წლის 9 დეკემბერს გავიდა. მერე იწყება დაბლოკვები, დაიბლოკა „გორი“, „ცრუ მოწმეები“, ჩვენ მაინც წყალწაღებულებივით ხავსს ვეჭიდებოდით. ამას მოჰყვა ის, რომ სხვა პროექტის კეთება შემოგვთავაზეს და გავხდით სხვა გადაცემის - „იდეა, ფული და ერთი შანსის“ პროდიუსერები. ამ პერიოდში აკაკიმ ყველა ტელევიზიას მიაკითხა, ხომ არ გინდათ საგამოძიებო ჟურნალისტიკაო. გვეუბნებოდნენ, - არც თქვათ, რომ აქ იყავითო.

ვარდების რევოლუციის მერე, ბესო კურტანიძემ მითხრა, ესენი არ მოგვიტრიალდნენ და არ დაგვაწყონ ეს ვარდები გულზეო. მართლა მოგვიტრიალდნენ და პირველი, რაც გააკეთეს, ჩვენ დაგვაწყეს გულზე ვარდები და მერე თავისუფალ მედიას მთლიანად.

იმის გამო, რომ გადაცემა რევოლუციის მერე დაიხურა, შესაძლოა ასეც შევაფასოთ, რომ რუსთავი 2 არსებული პოლიტიკური კონიუნქტურით იმართებოდა. რამდენად აცნობიერებდით მაშინ, რომ იყავით ინსტრუმენტი ვიღაცის ხელში?

ჩვენ პოლიტიკურ კონიუნქტურასთან არანაირი შეხება არ გვქონია. შეიძლება, „60 წუთს“ ვიღაც იყენებდა სათავისოდ, მაგრამ მე ეს არ მადარდებს. ყველა ჩემი გამოძიება თვითონ დავგეგმე და გამოვიძიე. ჩვენ ვდებდით მასალებს და თუ ეს ვიღაცის წისქვილზე ასხამდა წყალს, არ გვაინტერესებდა. და საერთოდაც, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ზრუნვა არ არის ჟურნალისტის საქმე. ჟურნალისტი არ არის პოლიტიკური მოთამაშე და ის გადაწყვეტილებებს იმაზე ფიქრით და შიშით არ უნდა იღებდეს, მის მიერ პროფესიონალურად მომზადებულ მასალას ვინ როგორ გამოიყენებს.

რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტი გამოვიდა და მასწავლებლებს უთხრა, ეს ლოტოტრონი რა ცუდი რაღაც ყოფილა, მასწავლებლების ღირსების შემლახავი, ვინ მოიგონა მასწავლებლების სერტიფიცირება, თქვენი წერილების შედეგად მივხვდი ამასო. ჩვენ უნდა შევქმნათ რამე ისეთი, საიდანაც 24 საათში და არა 5 წელიწადში გავიგებთ, რას ფიქრობს ხალხი ჩვენს ნამოქმედარზეო. ამას რომ ვისმენდი, ვიყვირე, მაგ რაღაცას თავისუფალი მედია ჰქვია-მეთქი! პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ რომ დადიოდა, ხალხი წერილებს რომ აწვდიდა, ეს იყო მათი სათქმელი, რომელიც მისატანი იყო ხელისუფლებამდე.

ეტყობა, ამათ არ იციან, რომ ბუნებაში არაფერი იკარგება, ეს სათქმელი სადღაც მაინც ამოხეთქავს და შესაძლოა, ძალიან ცუდი ფორმითაც. ამ დროს მე, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტს, მინდოდა კონკრეტული ადამიანის ტკივილები გაეგოთ, არა მარტო პრეზიდენტს და ხელისუფლებას, ხალხსაც, იმიტომ, რომ ხალხმაც უნდა იცოდეს ერთმანეთის ტკივილი და ხელისუფლებამაც. მინდოდა გენერალურ პროკურორს გაეგო კონკრეტული ფაქტები, როგორც ადამიანის მონათხრობი, გაეგო ცრემლთან ერთად. მგონია, რომ კაბინეტში უფრო დაბალი ტემპერატურაა, კაბინეტში ემოციაც არ გაქვს, ზიხარ სადღაც, რაღაც გადაწყვეტილებებს იღებ, სახელმწიფოს აშენებ და გეკარგება იმის შეგრძნება, რა რეაქციაა, რა ემოცია, რა შედეგი აქვს ამას ადამიანებზე. რა მევალება მე, ვისი მუშა ვარ? მე ვარ დაჩაგრულის, უფლებაშელახულის, დამცირებულის მუშა. ვინ მოდის ჩვენთან? ის, ვინც სამართალი ვერ იპოვა, ვინც გაჭყლიტა სახელმწიფო მანქანამ, როგორც ჭიანჭველა. ეს ადამიანი ცდილობს რისკის ფასად გაახმაუროს თავისი ტრაგედია. არ უნდოდა ხელისუფლებას სცოდნოდა გორჯოლაძის ტრაგედია? არ უნდოდა სცოდნოდა, მხეიძე როგორ გაასამართლეს? იმით, რომ მან ეს ამბები ვერ გაიგო, ტკივილები მოშუშდა? ბოღმა აღარ არსებობს, არ დაგროვდა ამ ხალხში? განიკურნენ იმით, რომ ხელისუფლებამ ყურები დაიხშო და ჩვენც ჩაგვახშო?

მას მერე, რაც შენი გადაცემა აღარ გადიოდა ეთერში, რამე ღონე იხმარე? იბრძოლე იმისათვის, რომ გასულიყო?

როგორც კი გადაცემების დაბლოკვა დაიწყეს, წავედი პარლამენტში ბოკერიასთან. ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, სრული აღტკინება იყო, ამჩატებული და ეგზალტირებული ვფიქრობდი, იქნებ, საქმეც აღარ გვქონდეს გამომძიებელ ჟურნალისტებს-მეთქი. ერთი, რაც ყველაზე ძალიან მიხაროდა, - ბოკერია და ადეიშვილი რომ ხელისუფლებაში მოვლენ, ალბათ, აღარ იარსებებს დოკუმენტი, რომელზეც ხელი აღარ მიგვიწვდება-მეთქი. ვფიქრობდი, რომ დგებოდა გამჭვირვალობის ეპოქა საქართველოში. დეგენერატი აღმოვჩდი! სინამდვილეში რაც მოხდა, სრულიად გაოგნებული და იმედგაცრუებული დავრჩი: საჯარო ინფორმაციას ითხოვ, პასუხი არ არის. საჩივარს წერ, არავინ კითხულობს. შეხვედრას ითხოვ, ახლოს არ გიშვებენ. სასამართლოში მიდიხარ და, რა თქმა უნდა, აგებ. ახლა ვფიქრობ, კიდევ რა გზა არსებობს?!

თავიდან ბოკერია მამშვიდებდა, ეთერში არგასვლა დროებითიაო. მერე მითხრა, სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა გაქვსო. ვერც მივხვდი, ეს რას ნიშნავდა. მეორე გადაცემაც რომ დაიბლოკა, ისევ მივედი გიგასთან, დაფიქრდა და ისევ იგივე მითხრა, რა სისულელეა, არაფერი იბლოკება, სარედაქციო პრობლემებიაო. მესამედ უკვე ცხარედ ვიკამათეთ. ბევრ სამართლიან რაღაცასაც კი, უკანონოდ აკეთებდნენ. ჩქარობდნენ, ფორმას და პროცედურებს აღარ იცავდნენ. არადა, ამ ფორმების და პროცედურების დაცვაა მთელი დემოკრატია. როცა პირველად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წავიკითხე და გავიაზრე, მაშინ ვთქვი, როცა ჩვენი ქვეყანა ამ კოდექსს შეასრულებს, მაშინ ვიქნებით ევროპის ნაწილი-მეთქი. როცა ამას არ ასრულებ, მაშინ მოგდის ბევრი შეცდომა.

ბოლო-ბოლო გაარკვიე, რას ნიშნავდა სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა?

თითქოს, ეს იყო პრობლემა ჩემსა და მფლობელს შორის. ამ დროს ეროსის უკვე გაყიდული ჰქონდა ტელევიზია და ვიცოდით, რომ ახალი მფლობელი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო, ანუ ჩვენ დავიბლოკეთ ხელისუფლებასთან დაახლოებული მფლობელის მეშვეობით. ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფო ცენზურა ორ სვლაში და არა სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა.

კიდევ ერთი, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდოდა ხელისუფლებას, რომლის მიხედვითაც აძლიერებდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ერთ ღამეში დახურეს ყველა სატელევიზიო თოქშოუ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა პასუხი გაეცა მწვავე კითხვებზე. ამ დროს ეროსი ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის მფლობელი იყო და თოქშოუების დახურვაც მისი ხელით განხორციელდა.

რა ქენით მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადაგეწურათ გადაცემის ეთერში გასვლის იმედი?

დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, დავწერე გრანტი, ჯერ „60 წუთის“ სახელით, მერე სტუდია „მონიტორის“ სახელით. თავიდან ფონდების პოზიცია იყო, რომ ქვეყანაში რეფორმები უფრო პრიორიტეტულია და ხელისუფლება უნდა დავაფინანსოთო. მერე ჩემი გადაცემები ვათარგმნინე ინგლისურად და წავიღე საელჩოებში. პირველი დაფინანსება მივიღე ბრიტანეთის საელჩოსგან, მერე უკვე - ამერიკის საელჩოსგან, ევროკომისიისგან, სოროსის ფონდისგან. თუმცა, ახლა ისევ დავმარცხდით.

რთული იყო ასპარეზის შეცვლა?

„დიდი ავიაციიდან“ წავედი გაურკვევლობაში, როგორც ჩემი მეგობარი ხუმრობდა - კომფორტიდან ტურბულენციაში. დავიწყე ბრძოლა დაფინანსების მოსაპოვებლად. დავმარცხდი ერთხელ, მეორედ, მაგრამ მოვიგე მესამედ. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ, ზუსტად ვხვდებოდი იმის მნიშვნელობას, რასაც ვაკეთებდი და არ მინდოდა 3-4 წლიანი ინტენსიური გამოცდილება ნაგავზე გადამეგდო. თან ვხვდებოდი მნიშვნელობას ჩვენთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. გავაგებინებდი კონკრეტულ ისტორიებს, რომელზე რეაგირებითაც ეს ხელისუფლება აიწევდა რეიტინგს. შევარდნაძე და ბაბილაშვილი 2 კვირაში ერთხელ პრესკონფერენციას მართავდნენ. პუტინიც კი პასუხობს ჟურნალისტებს წელიწადში ერთხელ. არც გენერალურ პროკურორს, არც შსს მინისტრს, არც პრეზიდენტს პრესკონფერენცია არ ჩაუტარებიათ. ესენი მართავენ ბრიფინგს, სადაც გაწვდიან ინფორმაციას და კითხვის დასმის საშუალება არ გაქვს ისე გარბიან ოთახიდან. ანუ, რასაც პრესკონფერენცია ჰქვია, არ გაუკეთებიათ. მობილურ კათედრას დადგამენ ქალაქგარეთ და მონოლოგის რეჟიმში გველაპარაკებიან.

უფლებაშელახულად მარტო იმიტომ კი არ ვგრძნობ თავს, რომ გამოძიებითი ჟურნალისტიკა გამოდევნეს, იმიტომაც, რომ ვერ ვიღებ ინფორმაციას. შეიძლება, სადღაც, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე თვითმფრინავი ჩამოვარდეს, მაგრამ თუ პრეზიდენტს არ უნდა, ვერ გავიგებ. გამოხატვის თავისუფლება მარტო ის კი არ არის, შენ თქვა და სხვამ გაიგოს, ისიცაა, სხვამ თქვას და შენ გაიგო. უფლება მაქვს მივიღო ინფორმაცია და ვერ ვიღებ.

საპასუხოდ, არსებობს ასეთი არგუმენტი, რომ ამ ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა ძალიან მტკივნეული რეფორმები და შესაბამისად, იგი მაინც დაკარგავდა რეიტინგს. იქნებ სჭირდებოდათ დროის მოგება და ამიტომ არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება მედიის ლუპის ქვეშ გატარებულიყო?

ყველაზე კარგად ამაზე პასუხი სოზარ სუბარმა პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში გასცა. მან თქვა, რომ რეფორმებს ჰქონდა საზოგადოების სრული მხარდაჭერა. ქურდების ინსტიტუტის აღმოფხვრა მნიშვნელოვანი იყო. ან თუნდაც პოლიცია - რეფორმის შედეგად, კვლევებში ეკლესიის შემდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. როგორ, ეს არ არის ხალხის მხარდაჭერა? მათი არგუმენტი იცი რაზეა გათვლილი? - იცი რა, მე გავატარე რეფორმა, შენ ამას ვერ მიხვდი, ვერ შეაფასე, ვერ აღიქვი სათანადოდ. სინამდვილეში, შესაძლოა ის 16 ათასი პოლიციელი, ვინც სამსახურიდან გააგდე, დავუშვათ, ოჯახის 5 წევრით, დაგემდუროს, მაგრამ სამაგიეროდ, დანარჩენი 2 მილიონი?

როცა გიგა ბოკერიას ეკითხებიან, რევოლუციამდე ძალიან ბევრს აკეთებდით თავისუფალი მედიის დასაცავად და ახლა რას აკეთებთ მედიის გასაძლიერებლადო, ის ასე პასუხობს: ჩვენმა ხელისუფლებამ დადო ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონი მაუწყებლობის შესახებ. როგორც კანონმდებელმა, მეტი რა უნდა გავაკეთოო. შენთვის მისაღებია ეს პასუხი?

ეს პილატე პონტოელის პოზიციაა, რომელიც ხელებს იბანს! შენ კი დადე ლიბერალური კანონი, მაგრამ აღარ არის ადამიანი, ვისაც ეს სჭირდება. ტელევიზიები, „60 წუთი“, თოქშოუები რომ დაიხურა, ირაკლი იმნაიშვილი რომ სცემეს და გადაცემა შეუწყვიტეს, 10 ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად ერთად რომ წავიდა „რუსთავი 2“-დან, ის რაც „იმედს“ დაემართა? და ამ ყველაფერში შენი გუნდის წევრების ხელიც რომ ურევია და შენ ხმას არ იღებ, ან ვინც იღებს, იმას რომ თავს ესხმი და ამბობ, მე ხომ კანონი დავდეო, პილატე ხარ, სინამდვილეში, აბა, რა ხარ?!

პირადად ჩვენ, ასე თუ ისე, უკვე დავბრუნდით ეთერში, მაგრამ ამისთვის დაგვჭირდა 4 წელი.

რატომ დაგჭირდათ ამდენი დრო, რატომ ვერ იკრებს ძალას სამოქალაქო საზოგადოება?

მოდი, ასე ვთქვათ. ერთი მხრივ, არსებობს კარგად ორგანიზებული სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელსაც ერთი თავი მართავს და იდეის განხორციელების პრობლემა მათ არა აქვთ. მეორე მხრივ, არის დაქსაქსული, დასუსტებული სამოქალაქო საზოგადოება გოგია უიშვილის პოზაში (იხილეთ ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება). რევოლუციის მერე, ახალი ხელისუფლება მთლიანად სამოქალაქო სექტორის ლიდერებით დაკომპლექტდა. ამიტომ, აქ გაჩნდა სიცარიელე და მისი გაძლიერებაც გაჭიანურდა. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ დონორებმა ფული სახელმწიფოს მშენებლობისა და რეფორმებისკენ მიმართეს. ჩვენი სისუსტე იმაშია, რომ ერთ მაგიდასთან ვერ ვსხდებით, ერთი აზრი არა გვაქვს, ერთ საკითხს ვერ იპოვი, რაზეც ვთანხმდებით. ჩვენ რომ ორგანიზება შეგვეძლოს, მერწმუნე, რაღაც გამოვა, სადღაც რაღაცას გავიტანთ და მივაღწევთ საზოგადოებისათვის საჭირო ცვლილებებს. ახლა ამ საზოგადოების ყველაზე პროგრესული ნაწილი მარგინალიზებულია და არ შეგვიძლია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი აზრის ხელისუფლებამდე, ან თუნდაც ოპოზიციამდე მიტანა.

იქნებ რევოლუციამდელი თავისუფლების ინსტიტუტის ანალოგი გაქვთ გასაკეთებელი?

ვიცი რა მჭირდება, მაგრამ როგორ მივიღო ის, რაც მჭირდება, არ ვიცი. ყველაფერს გამოცდილება უნდა. აქტივისტი სხვა ადამიანია. მე მიყვარს ჩრდილში დგომა, გამოძიებას გავაკეთებ, მოვიპოვებ ინფორმაციას, აგიკინძავ მარგალიტივით და მოგცემ, მერე ადექი და შენ იყვირე. აქტივისტობა არ არის ჩემი ხელობა, ჯერ, მაგრამ თუ ძალიან გამიჭირდა, ბოლო-ბოლო აქტივისტიც გავხდები.

წარმოიდგინე, რომ მედია სრულიად განთავისუფლებულია ყველანაირი ზეწოლისაგან. როგორ გგონია, ის იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არის? მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლაა დღევანდელი მედიის პრობლემა? თუ პროფესიონალიზმის პრობლემაც არის?

არ იცი, რომ ვეფხვები თავისუფლებაში იბადებიან? რა დროს არაპროფესიონალიზმზე საუბარია?! ცენზურის ქვეშ როგორ გაიზრდება პროფესიონალი? საინფორმაციოში, ჩექმის ქვეშ, პროფესიონალს რა უნდა? ჩვენ გვქონდა თავისუფალი სივრცე, მიდიოდი, მოგქონდა თემა და აფეთქებდი ბომბივით. ახლა რომ იტყვი, აი, თემაო, იქვე ხელში ჩაგარტყამენ, მორჩი ახლა, წადი და გააკეთე პეტრემ როგორ გახსნა პამიდვრის ფაბრიკაო. რომ წახვიდე და გააკეთო, როგორ წაართვეს კერძო საკუთრება ფერმერს, ვიღაცა გითაქებს. ვიდრე თავისუფალი სივრცეები არ იქნება, ანუ ადგილები, სადაც თავისუფალი ჟურნალისტიკა გაკეთდება, აზრი არა აქვს პროფესიონალიზმზე საუბარს. თავისუფლებას მოაქვს პროფესიონალიზმი. თუ არჩევანის განმსაზღვრელი არის პროდიუსერი, რომელიც კანცელარიის დავალებით მოქმედებს, მაშინ რა უნდა გააკეთო პროფესიონალურად, რომ პეტრე შევიდა სუპერმარკეტში და პროდუქცია დაათვალიერა?

რა თქმა უნდა, მედიაში ისევე არსებობს პროფესიონალიზმის პრობლემები, როგორც ყველა სხვა სფეროში. მაგრამ ჩვენთან პროფესიონალიზმზე ამდენს იმიტომ საუბრობენ, რომ შენიღბონ მთავარი - სიტყვის თავისუფლების პრობლემა. ეს არის ის მთავარი, რისთვისაც ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.

15 24 - საათიანი მოქალაქე

▲back to top


ისტორია

ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, სოზარ სუბარის პირადი არქივი

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

თემქის მოხუცებულთა თავშესაფარში, 8 აპრილი 2008

მარტში საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის მოხსენება უნდა განეხილა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ საჭიროდ არ მიიჩნია არჩევნებამდე ორი თვით ადრე ადამიანის უფლებების საკითხზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ემსჯელა. მიზეზი - ორ თვეში ახალი პარლამენტი დაკომპლექტდება და ის განიხილავს - ერთი შეხედვით შეიძლება ტრაგედიად არავის მოეჩვენოს, მაგრამ განვლილ, პოსტრევოლუციურ წლებს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტი ყოველთვის ცდილობს, თავი აარიდოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების განხილვას. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2007 წლის ოქტომბრის მოხსენების განხილვა საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის თებერვლისთვის გადადო, თებერვალში კი გადაწყდა, რომ ორივე მოხსენებას (სახალხო დამცველის აპარატს კანონით ევალება წელიწადში ორჯერ - ოქტომბერსა და მარტში, - პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება ქვეყანაში ადამიანის უფლებების და თავისუფლების შესახებ - ს.ნ.) მარტში განიხილავდნენ. მარტში კი მოხდა ის, რაც ზევით ვთქვი - მოხსენების განხილვა ახალი მოწვევის პარლამენტს გადაულოცეს, ანუ შეიძლება ითქვას, თავიდან მოიშორეს.

თითქმის ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2006 წლის მოხსენებებთან დაკავშირებით - პირველი ნახევრის - ოქტომბრის - მოხსენება გადაიდო მარტში - გადაწყდა, რომ პარლამენტი ორივე მოხსენებას ერთად განიხილავდა, მაგრამ მარტში პარლამენტმა დრო ვერ გამონახა, ვერც აპრილში და შეიძლება ითქვას, ვერც მაისში იმიტომ, რომ ორივე მოხსენების განხილვა დაიწყო 25 მაისის საღამოს შვიდის ნახევარზე, როცა სხდომა რვა საათზე სრულდება - „ეს გაკეთდა მარტივი მიზეზის გამო, რათა არ ყოფილიყო გამოსვლები, მსჯელობა, კამათი, ანუ მოხსენების განხილვა.“ - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

დილით ადრე გავიღვიძე, არც მისაუზმია ისე წავედი „თბილისი მარიოტში“, სადაც სოზარ სუბარი დიპლომატიური კორპუსის და უცხოური ორგანიზაციების წინაშე მოხსენებით უნდა წარმდგარიყო, იმ მოხსენებით, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო. გზად, ცხელი ყავა ვიყიდე, ვიფიქრე, სანამ ზანდუკელიდან „მარიოტამდე“ ჩავალ, ცოტას გამოვფხიზლდები-მეთქი. თანაც თავი ცოტა არარეალურ სამყაროში მეგონა - დილით ადრე გაღვიძება და თან იმისთვის, რომ რაღაც სერიოზულ კონფერენციაზე მივდიოდე ჟურნალისტის რანგში, ჩემთვის უჩვეულო იყო და ამიტომაც თავი სადღაც მეგაპოლისში მეგონა, სადაც დრო ძვირად ფასობს, განსაკუთრებით ყავის დასალევად განკუთვნილი ხუთი წუთი და ამიტომაც მივდიოდი და თან ისე ვსვამდი ცხელ-ცხელ ყავას. რამდენიმე ყლუპი მოვსვი და უცებ დავბრუნდი რეალობაში - ყავა გადამესხა, რომელმაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ფორმის ლაქა დატოვა ჩემს ჯემპრზე. სხვა გზა არ მქონდა, უახლოეს სადარბაზოში შევედი, გავიძრე და მხარზე გადავიკიდე. ცუდი დასაწყისია-მეთქი, გავიფიქრე და გზა განვაგრძე.

0x01 graphic

სოზარი დმანისში, მოსწავლესთან ერთად

0x01 graphic

სოზარი მეუღლესთან, თამთასთან ერთად

0x01 graphic

პრაღა, 1996

„თბილისი მარიოტის“ საკონფერენციოში დროზე ადრე მივედი. დარბაზში ათამდე ადამიანი იყო - მათ შორის სოზარ სუბარი. ის წრეზე განთავსებული მაგიდების გარშემო მშვიდად დადიოდა და ძირითადად ტელეფონის ზარებს პასუხობდა. შიგადაშიგ ვიღაცებს ესაუბრებოდა. მაღალია და მძიმედ დადის. როცა დგას, მარჯვენა მხარე მოდუნებული აქვს - მარცხენასთან შედარებით ჩამოვარდნილი. ხელები შარვლის ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და როცა იცინის, ტანით უკან იხრება. ტელეფონი არ ასვენებს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამისგან წუხდება. შეიძლება ითქვას, მე უფრო შევწუხდი. როცა ტელეფონი ურეკავს, ადამიანებს რამდენიმე მეტრით სცილდება და ისე ლაპარაკობს, თუმცა, მაინც ხმადაბლა.

ამასობაში დრო გადიოდა, კონფერენციის დაწყება დათქმულ დროს გადასცდა - გაწელილ წუთებს სოზარი სხვებთან საუბარში ატარებს - ახალმოსულებს ხელს ართმევს, უღიმის და ისევ ხმადაბლა ესალმება. ეს მისალმება თითქმის არ ისმის, უბრალოდ, ხვდები, რომ გესალმება. მოცლილი სოზარის შემხედვარე ჟურნალისტები დროს არ კარგავენ და კონფერენციის დაწყებამდე „ერთი-ორი სიტყვის“ თქმას სთხოვენ. ჩემი დროც დადგა, ოღონდ ინტერვიუს ჩამორთმევას არ ვაპირებდი, უნდა გამეცნო. გამაცნეს, ხელი ჩამოვართვი და ისევ ისეთი გამარჯობა - ინტუიციით რომ ხვდები. როგორც იქნა, სტუმრების უმეტესი ნაწილი მოვიდა და კონფერენციაც დაიწყო. სოზარი ტრიბუნასთან დინჯად მივიდა და დარბაზი სმენად გადაიქცა.

გაზეთ „კავკასიონის“ 1998 წლის 13-19 აპრილის ნომერში მაშინ ჯერ კიდევ სოზარ სუბელიანი წერდა: „შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ თქვა: „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პოლიციამ თავისი საქმე არ გააკეთოს. ყველა დონეზე. კაცი დაკავებული არა ჰყავთ, რომ ამას მოჰყვება უამრავი ადამიანის უფლებების დამცველი. რამდენი ადამიანის უფლებების დამცველია საქართველოში, ვეღარ გავიგე. ვისაც არ ეზარება ყველამ რაღაცა შექმნა, ყველა პოლიციის წინააღმდეგ იბრძვის. ყველა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოს წინააღმდეგ იბრძვის.“ თარგამაძემ გაილაშქრა იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელთა დაცვაც მას კანონით ევალება... მინისტრმა ბრალი დასდო ჟურნალისტებს, კანონმდებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, თითქოს, ისინი მოუწოდებენ პოლიციას ხელი აიღოს დანაშაულთან ბრძოლაზე და გმირებად ხდიან ტერორისტებს... მინისტრის ბრალდებები გაუგებარია. მას გაუძნელდება ისეთი შემთხვევის დასახელება, როცა ჟურნალისტებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს. სხვა საქმეა, ჰქვია თუ არა მუშაობა იმ მეთოდებს, რითაც საქართველოს პოლიცია დამნაშავეობას ებრძვის - ეჭვმიტანილთა წამება, ცემა-ტყეპა და სხვა... „რაც საქართველოში ხდება, ის არ ხდება არსად მსოფლიოში“ - ამბობს მინისტრი. თუ მთელ მსოფლიოში ცივილიზებულ სამყაროს ვიგულისხმებთ, ცხადია, რომ არსად ხდება ის, რაც საქართველოში...“

ამ სტატიას მაშინ სხვა მიზანი ჰქონდა და ადრესატიც სხვა იყო, მაგრამ მიზეზი ზუსტად ის გახლდათ, რის გამოც წლევანდელი მოხსენება პარლამენტმა არ განიხილა. აღსანიშნავია ის, რომ მაშინ სოზარ სუბელიანს არავინ აძალებდა დაეწერა ამ თემაზე, მას შეეძლო ეწერა ძიუდოზე ან „ჩხობაძის მგლებზე“, იმ დროს ის არ იყო სახალხო დამცველი, თუმცა, როგორც მისი მეუღლე ამბობს, სოზარი ყოველთვის სახალხო დამცველი იყო, ოღონდ დიდი ხნის განმავლობაში არაოფიციალური. რაც შეეხება სტატიას, მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, რომ დღესაც სწორედ ის ხდება ჩვენს ქვეყანაში და სწორედ იმ თემას ეძღვნება სოზარის მოხსენება, რაც ზემოთ მოყვანილ სტატიაშია ხაზგასმული (ხაზგასმა ჩემია - ს.ნ.).

„ის ფაქტი, რომ ამ მოხსენებით დღეს აქ, თქვენს წინაშე გამოვდივარ და არა პარლამენტის წინაშე, თვალნათლივ მიუთითებს საქართველოში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებაზე ამ უფლებებისადმი,“ - თქვა სოზარმა კონფერენციაზე.

აქედან ნათლად ჩანს, რომ იმ წლების შემდეგ ადამიანების უფლებები კვლავ მძიმედ ირღვევა, დასჯით კი არავინ ისჯება. მეტიც, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს არც კი ისმენენ:

„ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ არგუმენტს, თითქოს, პარლამენტმა იმიტომ არ განიხილა ჩვენი მოხსენებები, რომ პარლამენტარებმა ვერ მოასწრეს მათი წაკითხვა. ცხადია, აქ დრო და მოუცლელობა არაფერ შუაშია. მართალია, მოხსენებები ვრცელია და მათში ადამიანის უფლებათა დარღვევის ასობით ფაქტია მოყვანილი, მაგრამ პარლამენტმა უარი თქვა მათ განხილვაზე არა იმიტომ, რომ ვერ მოასწრო მათი გაცნობა, არამედ სწორედ იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცნობს მათ შინაარსს. იცნობს იმიტომ, რომ მოხსენებაში მოყვანილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ხდებოდა საქართველოში, ღიად და საჯაროდ, პარლამენტის თვალწინ, მისი თანხმობით, ხელდასმით და ხშირად წაქეზებით...“ - აუხსნა სოზარმა კონფერენციაზე მისულ სტუმრებს მოწვევის მიზეზი.

რვა აპრილს სოზარ სუბარი თემქის მოხუცებულთა სახლში გაზაფხულის დღესასწაულზე დაპატიჟეს. რა თქმა უნდა, სოზარმა მიიღო მიპატიჟება და სიმბოლურად ორი ბოთლი საფერავიც აჩუქა მოხუცებულებს. მოხუცებულთა სახლის ეზოში საზეიმო განწყობა იყო, იქით მწვადებს წვავდნენ, აქეთ - ხინკლებს ახვევდნენ, ვიღაც ღვინოს ასხამდა, ვიღაც - სუფრას აწყობდა.

0x01 graphic

პირველ ლედის და ქალაქის მერს ელოდებოდნენ! მისვლისთანავე სოზარი მოხუცებთან მივიდა და საუბარი გაუბა. მათ შორის იჯდა და ძირითადად უსმენდა. შემდეგ ინვალიდის სავარძელში მჯდომ კაცთან მივიდა, ჩაიკუზა, მის დონეზე რომ ყოფილიყო და ისე უსმენდა. არ აცალეს - მოხუცებული კაცი მიადგა. სოზარმა ინვალიდს მხარზე ხელი დაადო - მოუბოდიშა და წამოდგა. ასე დადიოდა, ადამიანიდან ადამიანთან.

0x01 graphic

მოხუცებულთა სახლის დირექცია ზეიმს ოფიციალურად გახსნილად არა და არ აცხადებდა, ქალაქის მერის და პირველი ლედის მოსვლას ელოდნენ. როგორც იქნა, მოვიდნენ და დირექტორმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დღესასწაულობა დაიწყო. მიკროფონში მისასალმებელი სიტყვა თქვა და დიდი მადლობა გადაუხადა მიწვეულ სტუმრებს - ქალაქის მერს და პირველ ლედის - იმის გამო, რომ ესტუმრნენ. სოზარ სუბარი არ უხსენებიათ. ამ დროს, სოზარი მელაპარაკებოდა ხეების დამრგველ მანქანაზე, რომელიც იქვე იდგა საზეიმოდ გამზადებული ხით, რომელიც მოხუცებულთა სახლის ეზოში უნდა ჩაერგათ. მაგარი მანქანაა - თქვა სოზარმა და ვინც იქ ვიყავით, ყველანი დავეთანხმეთ, იმიტომ, რომ მართლა მაგარი მანქანაა. ამასობაში დირექციას სოზარიც გაახსენდა და მას უხმეს. გაღიმებული და მორიდებული მივიდა მათთან და ჩაიბარა სიგელი, რომლის თანახმადაც ის მოხუცებულთა სახლის საპატიო წევრად იყო არჩეული. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დაიწყო ხის ჩარგვის საზეიმო პროცედურა. მანქანა თავისას აკეთებდა, ხალხი კი გაკვირვებული უყურებდა იმიტომ, რომ მართლაც ძალიან გასაკვირი იყო, თუ როგორ რგავს მანქანა ხეს. ეს რა სტრატეგიული ადგილი აგირჩევია საყურებლად - მითხრა უკნიდან მოსულმა სოზარმა და დიდი ინტერესით აკვირდებოდა ხის ჩარგვის პროცესს. როგორც იქნა, დამთავრდა ხის ჩარგვა და სტუმრებმა სუფრასთან გადაინაცვლეს. ღვინო ჩამოასხეს და ფიალებით მოხუცებულთა სადღეგრძელოებს ამბობდნენ. სოზარი სადღაც დავკარგე, ბევრი ხალხი იყო და ვერ ვხედავდი, მაგრამ უცებ მისი ხმა მომესმა - ის ხმამაღლა და ომახიანად ეუბნებოდა სადღეგრძელოს მოხუცებულებს, რომლებიც მას უღიმოდნენ და თავს უქნევდნენ მადლობის ნიშნად. ეს არ იყო სოზარი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გავიცანი, ჩუმი და მორიდებული. მისი ხმამაღალი სადღეგრძელოთი ნათლად ჩანდა, რომ ის უცერემონიო ადამიანია, რომელსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ბედნიერი ადამიანები - იმ მოხუცებულთა გაღიმებული სახეები, რომლებსაც ძალიან ცოტა სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ.

კონფერენციის დასრულებიდან სამი დღის თავზე სახალხო დამცველის ოფისში მივედი. ეზოში კარავი იყო გაშლილი - ვიღაც ადვოკატი შიმშილობდა. გარშემო ხალხი ირეოდა - კარავში შედი-გამოდიოდნენ. იქვე, კარვის წინ მდგარ პატარა მაგიდასთან მიდიოდნენ და რაღაცაზე ხელს აწერდნენ. სახალხო დამცველის ოფისის ეზოში კარვის დანახვა ძალიან გამიკვირდა - ვინ რას სთხოვს ამ ადამიანს-მეთქი. ასე, გაკვირვებული ავედი მესამე სართულზე და სოზარის კაბინეტის მოსაცდელში სავარძელში ჩავჯექი. სოზართან სტუმრად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე შვედი იყო.

ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ შვედები წავიდნენ. სოზარი შემოვიდა და მომესალმა - უკვე კარგად მესმოდა მისი „გამარჯობა“. ნაკლებად კომუნიკაბელურია, უჭირს ახალგაცნობილ ადამიანებთან გახსნა, ამიტომაც იყო, რომ სამი დღის განმავლობაში მისი მოსალმება ძალიან შორიდან და ჩუმად მესმოდა. „ახლა კი შეიძლება ამის მოხსნა,“ - მითხრა და ჰალსტუხი მოუშვა. „და ამის გახდაც...“ - თითქოს საკუთარ თავს მიანიშნა პიჯაკზე. კაბინეტში შემიშვა, თვითონ კი პიჯაკის გამოსაცვლელად გავიდა.

სოზარის კაბინეტში თავის დროზე თურმე ბერია ცხოვრობდა. მანამდე, თუ მერე, ზუსტად არ ვიცი, ეს შენობა კომუნისტური პარტიის კანტორა იყო. ამავე კაბინეტში ისხდნენ დავით სალარიძე და ნანა დევდარიანი, საქართველოს პირველი და მეორე სახალხო დამცველები. თუმცა, ბატონმა გიგა ბოკერიამ ამას წინათ აღნიშნა, რომ სოზარამდე სახალხო დამცველი არ გვყოლიაო. სოზარის მაგიდის ზედაპირი სულ თეთრია, პატარპატარა შავი ასოებით - ასობით ფურცელი ყრია, დოკუმენტები, საჩივრები, მიმართვები, დადგენილებები... სამაგიდო არეულობას ვერაფრით მოუარა, თუმცა, ძალიან იოლად პოულობს ამ უამრავ ფურცელში იმას, რომელიც სჭირდება - თავისია და იცის.

საწერი მაგიდის მარცხნივ სარელაქსაციო „ტროიკა“ დგას თავისი დაბალი მაგიდით, რომელიც მისაღების ფუნქციას ასრულებს. სავარძლებს აშკარად ეტყობა, რომ მასში ძალიან ბევრი უფლებებდარღვეული ადამიანი მჯდარა. იქვე, კედელზე ჩამოკიდებულია მაისური, რომელსაც აწერია - „არ აწამო, იწამე ადამიანი“. სწორედ ამ მაისურს ავხედე, როცა მის გვერდით კარი გაიღო და სოზარი შემოვიდა ტანსაცმელგამოცვლილი. ისევ პიჯაკი ეცვა ოღონდ არაოფიციალური, უფრო მოქნილი. ჩემს პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა და ის იყო, უნდა დაგვეწყო, რომ კაბინეტში ვიღაც ქალი შემოვიდა - ძმა ჰყავს პატიმარი, რომლისთვისაც შეწყალებას ითხოვს და დასახმარებლად სოზარს მიმართა. სოზარმა გვარი ჰკითხა, მერე უამრავ ფურცლებში პატიმართა სია ორ წამში მოძებნა, ჩახედა და დამწუხრებულმა უთხრა - შონია არ წერია. რაღაცები ურჩია და უთხრა ამ ყველაფერს რომ გააკეთებთ, მერე მოდით ჩემთანო. ეს ამბავი ზუსტად ხუთ წუთს გაგრძელდა.

ქალის გასვლიდან ზუსტად ორ წუთში ვიღაც ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. პოლიციელი ყოფილა, მაგრამ სამსახურიდან ახსნაგანმარტების გარეშე დაუთხოვიათ. ყოფილ პოლიციელთან საუბარმა კიდევ უფრო ნაკლები, სამი წუთი გასტანა. უცებ, გაუგებრობაში მოვყევი, ვერ მივხვდი ასე, ხელის ერთი მოსმით როგორ შეიძლება, ადამიანის უფლებებს იცავდე, ხომ უნდა მოუსმინო ადამიანს, ჩაეკითხო, ღრმად ჩაეძიო ამა თუ იმ დეტალს, განიცადო... ვერ გავიგე - სამ წუთში და თან სულ უემოციოდ? მართლა ვერაფერს მივხვდი, ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, სხვაგან ხომ არ მოვხვდი-მეთქი.

იმდენად გაოგნებული ვიყავი, ალბათ, სახეზეც მეტყობოდა იმიტომ, რომ ყოფილი პოლიციელის გასვლის შემდეგ სოზარმა თვითონ დაიწყო ამ თემაზე საუბარი.

ადრე, როცა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო, უფლება დარღვეული ადამიანების მიღებას, მათ მოსმენას, რჩევების მიცემას და დაკვალიანებას საათებს უთმობდა. არასწორად რომ არ გამიგოთ, განვმარტავ - ერთ ადამიანს უთმობდა საათებს. მთელი სამუშაო დღე შეიძლება ისე გასულიყო, რომ სამი ადამიანის მეტს ვერ მიიღებდა. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ბევრი რამ მაშინ არ იცოდა - სად რა პროცედურა უნდა გაევლო დაზარალებულს, ვისთვის მიეკითხა, რა დოკუმენტი სჭირდებოდა და ასე შემდეგ. ამას ემატებოდა ის ენთუზიაზმი და ემოცია, რომელიც თან ახლდა ახალ სახალხო დამცველს. ენთუზიაზმი დღესაც ისეთივეა, როგორიც თავიდან, შეიძლება უფრო დიდიც, რაც შეეხება ემოციას, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ფაქტია, რომ ოთხი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ტრაგიკული ან კომიკური ამბავი სხვადასხვა ადამიანებისგან რომ ისმინო, ბოლოს ვერავინ შეგატყობს, გაქვს თუ არა რამე რეაქცია, ემოციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სოზარი დღეს უფრო ცივი გონებით მუშაობს, ბევრს შეიძლება ეს არ მოსწონდეს, მაგალითად იგივე ყოფილ პოლიციელს, რომელთან საუბარიც სამ წუთში დამთავრდა. მან შეიძლება იფიქროს, რომ მის საქმეს, სადღაც თაროზე შემოდებენ და რამდენჯერაც არ უნდა მივიდეს ახალი ამბის გასაგებად ომბუდსმენთან, სულ ეტყვიან, რომ ახალი არაფერია. თუმცა ეს ასე არ არის. დღეს სოზარისთვის აზრი არ აქვს, სამი საათის განმავლობაში გაუწელავ შენს ამბავს თუ სამ სიტყვაში ეტყვი, რჩევას ორივე შემთხვევაში ერთნაირს მოგცემს და გაკეთებითაც ორივე შემთხვევაში იმას გააკეთებს, რაც შეუძლია. ასე რომ, წლების წინ, როდესაც გულთან ახლოს მიჰქონდა თითოეული ადამიანის გასაჭირი და ამას საათებს ანდომებდა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ასე რომ გაეგრძელებინა, დღეს მისი მოხსენება 1500-გვერდიანი ვერ იქნებოდა. ერთი სიტყვით, თავიდან ადამიანები მუშაობდნენ, დღეს კი მთელი აპარატი, რომელსაც საათივით აწყობილი მექანიზმი აქვს.

ახლა ეზოში გაშლილი კარვის ამბავი მაინტერესებდა. აღმოჩნდა, რომ ადვოკატი, რომელიც შიმშილობს, კორტებთან ჩატარებული „სპეცოპერაციის“ დამნაშავეების დასჯას ითხოვს. აღნიშნული „სპეცოპერაცია“, თუ გახსოვთ, მსხვერპლით დასრულდა - ორი ადამიანი მოკლეს. წარმოდგენა არ მაქვს, ამ საქმეში ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ჩემთვის იმ წუთში მნიშვნელოვანი იყო, რომ გავიგე - სახალხო დამცველის გადადგომას არავინ ითხოვდა.

სოზარ სუბარმა შექმნა ომბუდსმენის ისეთი ქმედითუნარიანი სისტემა, როგორიც დამოუკიდებელ საქართველოს მანამდე არასდროს ჰქონია. სახალხო დამცველის აპარატს არ შეუძლია, განაჩენი გამოუტანოს კონკრეტულ პიროვნებას, მას შეუძლია, ამხილოს ის, რასაც ძალიან კარგად ასრულებს - წაიკითხეთ საანგარიშო მოხსენების თუნდაც ანოტაცია, ადაპტირებული ვარიანტი - 15-გვერდიან ტექსტში ბევრი ფაქტია მოყვანილი და წარმოიდგინეთ, რა იქნება 1500 გვერდში. ისე, ნებისმიერს შეგიძლიათ, მიმართოთ სახალხო დამცველის ოფისს და დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით მოგაწვდიან მოხსენების ელექტრონულ ვერსიას მაინც.

სოზარს ისეთი ადამიანების სიაც კი აქვს, რომლებზეც ფიქრობს, რომ უკეთ გაართმევენ თავს სახალხო დამცველის ფუნქციას, მაგრამ მათი დასახელება უბრალოდ არაკორექტული იქნება, არა სოზარის რჩეულებისთვის, არამედ მათთვის, ვინც ამ სიაში არ შედიან. ვიღაც რიგითი იურისტი შეიძლება, გარკვეულ ვითარებებში უკეთესი ომბუდსმენი იყოს, ვიდრე სოზარია, თუნდაც იმ ფრაზის გამო, რაც მან 7 ნოემბერს თქვა. იმ დღეს, რიყის და „იმედის“ დარბევამდე, სოზარმა პრესკონფერენცია გამართა და გამოაცხადა, რომ თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია. ახლა დარწმუნებულია, რომ ვინმე იურისტი იმავე სათქმელს უფრო არგუმენტირებულად და საქმიანად იტყოდა - იურისპრუდენციული ტერმინოლოგიით დახუნძლული აკადემიური ენით, თუმცა, იქ შეიძლება დაკარგულიყო ის, რაც სოზარ სუბარის მიმართ ნდობას აჩენს - გულწრფელობა. პრესკონფერენციაზე სოზარმა თქვა ის, რასაც გრძნობდა.

ვერ ვიტყვი როგორი აპარატი იყო ნანა დევდარიანის დროს, როგორ მუშაობდნენ, მაგრამ რახან სოზარი ამბობს, აი, ესა და ეს შევცვალეო, ესე იგი, ადრე ასე არ იყო. შეცვალა პრინციპი - ომბუდსმენის აპარატში არ ელოდებიან, როდის მიაკითხავს მათ დაზარალებული. როგორც კი გაიგებენ, რომ სადღაც ანგრევენ სახლს, რომ ვიღაც სცემეს, ჩამოართვეს ქონება, შეძლებისდაგვარად მალე იქ ჩნდებიან, ღამით თუ დღისით.

ომბუდსმენის აპარატის სოციალურეკონომიკური უფლებების სამმართველოს უფროსი სალომე ვარდიაშვილი რუსთავში ცხოვრობს. თავიდან ზედამხედველობის სამსახური „უკანონო“ და უკანონო ნაგებობებს ღამით ანგრევდა, რომ ნაკლები „ხმაური“ გამოეწვია, მაგრამ ვერც ერთი ნაგებობის ნგრევა ვერ დაიწყეს ისე, რომ სალომე იქ არ გაჩენილიყო. ბოლოს, ამან შედეგი გამოიღო და ზედამხედველობის სამსახურის დაღლილმა თანამშრომლებმა ნგრევები დღისით გააგრძელეს - მიხვდნენ, დაფარვას აზრი არ ჰქონდა. მართალია, საკუთრების უფლების ხელყოფა იმ ეტაპზე ვერ შეაჩერეს, მაგრამ სოზარი იმითაც კმაყოფილია, რომ თუნდაც მოგვიანებით შედეგი მიიღეს - საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებმა იკლო. თუმცა, საბოლოო შედეგი მაშინ იქნება, როცა ყველა უფლებადამრღვევი დაისჯება და ყველა დარღვეული უფლება აღდგება.

სოზარი მიიჩნევს, რომ თუკი ეს ადამიანები ომბუდსმენის აპარატში ხუთ წელს იმუშავებენ - ანუ იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც სახალხო დამცველია არჩეული - მომავალში მათგან კარგი მოსამართლეები გამოვა. მათ ექნებათ უდიდესი გამოცდილება, ცოდნა, უამრავი, პრაქტიკაში გავლილი ტრენინგი და, რაც ყველაზე მთავარია, მათზე ვერავინ მოახდენს ზეწოლას. ისინი მიჩვეულნი არიან დამოუკიდებლობას, სოზართან ყველა დამოუკიდებელია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებებს ზოგჯერ სოზარი იღებს, ის არ არის უფროსი, რომელიც ბრძანებებს გასცემს, რომ ყველაფერი გააკეთონ ისე, როგორც მას უნდა. „ჩემი აპარატის თანამშრომლები მართლა ძლიერ რესურსს შექმნიან სასამართლო სისტემისთვის, უპირველესად, იმიტომ, რომ მათზე ფაქტობრივად შეუძლებელია, ზეწოლა მოახდინო, ისინი შეჩვეული არიან დამოუკიდებლობას და მათ ისევე ვერ გადააჩვევ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც იმ მოსამართლეს მონობას, რომელიც ორმოცი წელი სხვის ბრძანებებს ასრულებს“.

თვითონ სოზარს ყველაზე მეტად ასეთი მოსამართლეები აღიზიანებს. ვერც იმ ფაქტს ეგუება, რომ რევოლუციის შემდეგ გაჩენილი იმედის მიუხედავად, ჯერჯერობით, დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში მაინც ვერ შედგა. სასამართლო რომ დამოუკიდებელი იყოს, დღეს სოზარის საქმეს გაცილებით მეტი ეფექტი მოჰყვებოდა - დაისჯებოდა ყველა დამნაშავე, ვისაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ომბუდსმენის აპარატი გამოავლენდა და არც სასამართლო დააფარებდა ვინმეს ხელს. მსგავსი ფიქრები სოზარს ხშირად აწუხებს, რადგან რეაგირების გარეშე დარჩენილ დარღვევებთან შეხება ყოველდღიურად უხდება. რადგან ფიქრის და გაანალიზების გარეშე დასკვნების გამოტანა არ უყვარს, სასამართლოს გაუმართაობის მიზეზებზეც ბევრი აქვს ნაფიქრი. თუმცა, აბა, დიდი თავისმტვრევა რაში სჭირდება იმას, რომ მიხვდე - ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ძალაუფლების გამიჯვნა არ ხდება - აღმასრულებელი ხელისუფლება ისე მანიპულირებს სასამართლო ხელისუფლებით, თითქოს, მისი საკუთრება იყოს. და მერე სწორედ აქედან მოდის ადამიანის უფლებების დარღვევა, საკუთრების ხელყოფა, მედიის კონტროლი, სიტყვის თავისუფლების ხარისხის მკვეთრი კლება და კიდევ ბევრი პრობლემა, მაგრამ ასევე არის კიდევ ერთი მიზეზი - ეს არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება.

სამოქალაქო საზოგადოება - ესეც სოზარის საყვარელი ნიშაა. თუმცა, ვიდრე უაქტიურეს მოქალაქედ ჩამოყალიბდებოდა, ჯერ ის საერთოდ განუდგა ყოველგვარ საერო საზოგადოებას.

88-ში სოზარი დავით გარეჯში წავიდა. მაშინ იქ არავინ იყო - „საცხოვრებელი საკანი როცა გაკეთდა, პირველი მაცხოვრებელი მე ვიყავი“, - მეუბნება სოზარი და იქვე სიცილით ამატებს - „ხო ხედავ, სენაკის მაგივრად, საკანი ვთქვი“. - ამპლუიდან ვერ გამოდის, ჰგონია, მეც იმისთვის ვარ მისული, რომ ჩემი უფლებები დაიცვას და ის სიტყვები ადგება ენაზე, რასაც ყველაზე ხშირად ხმარობს.

გარეჯში ერთი წელი გაატარა. იქ შემთხვევით მოხვდა - 88-ში შიმშილობდა, რის გამოც საავადმყოფოში წაიყვანეს. პალატაში მეგობარმა, არქიტექტორმა ირაკლი მახარაძემ მოინახულა, რომელიც დავით-გარეჯში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ აკურთხეს მღვდლად, სოზარს ნუსხურით დაწერილი ფსალმუნი მისცა და უთხრა, სანამ გამოგწერენ, კითხვა ისწავლე და რომ გამოხვალ, გარეჯში წამოდიო.

გარეჯმა მასზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ, როგორც უკვე ვთქვი, იქ ერთი წელი დარჩა. „პირველად რომ წასვლა გადავწყვიტე, შაბათი დღე იყო თუ კვირა, თბილისში რა გამაჩერებდა და გარეჯში წავედი. ძალიან გვიან ჩავედი და იქ რაც ვნახე, იყო სრული შოკი. დღემდე ამის დარი არაფერი მეგულება. ალბათ, კაბადოკიაა კიდევ ასეთი, მაგრამ - საქართველოში არაფერი“.

მონასტერში გატარებული ერთი წელი, შეიძლება ითქვას, უკვე მტკიცე გადაწყვეტილებაა - გახდე ბერი, მაგრამ სოზარს ბერობა გადაწყვეტილი არ ჰქონია. იმ ერთ წელიწადში ამაზე ძალიან ბევრჯერ კი უფიქრია, მაგრამ ასევე ფიქრობდა ოჯახის შექმნაზეც - მართალია, მერე მაინც გვიან დაქორწინდა, მაგრამ მას ყოველთვის უნდოდა, ჰყოლოდა მეუღლე, შვილები, რაც თავისთავად გამორიცხავდა ბერობას. მონასტერში უფრო იმის გამო დარჩა, რომ გაორებულად ცხოვრობდა და უნდოდა, საკუთარ თავში გარკვეულიყო.

გაორებაში სოზარი კომუნისტების მიერ საზოგადოებაში დათესილ ათეიზმს და იმ ქრისტიანულ ტრადიციებს გულისხმობს, რაც მეხსიერებაში ბავშვობიდან ჩარჩა. სვანეთში გაიზარდა. იქ კი, მშობლიურ სოფელში, ყოველდღიური ყოფა რელიგიისგან განუყოფელი იყო - დღესასწაულები, ამ დღესასწაულებთან დაკავშირებული რიტუალები და მათ მიმართ არსებული კრძალვა. ხატზე დაფიცება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვთქვათ და სოფელში რაღაც მოხდებოდა, ჩამოატარებდნენ ხატს, რომელსაც ყველა უნდა მთხვეოდა და მის წინაშე ყველას უნდა დაეფიცა, თუ იცოდა რამე ამ საქმის შესახებ. ამ დროს თავისთავად ჩნდება შიში, მოწიწება, მაგრამ თან ღმერთის არსებობის მაინც გეეჭვება, რადგან ასე გასწავლიან სკოლაში... არ გჯერა სულის ცხონების, ხატზე ავტომატურად კი იფიცებ, მის წინაშე რიდი და კრძალვაც გაქვს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გჯერა.

მაგრამ, რაც უფრო მეტს ფიქრობ ხალხში დათესილ ათეიზმსა და სვანეთში შემონახულ რელიგიურ ტრადიციებზე, ფიქრებს მით უფრო შორს მიჰყავხარ ათეიზმისგან და მით უფრო გაახლოებს რელიგიას - თუ დაიჯერე, რომ სიკვდილის შემდეგ აღარაფერი რჩება, თუ დაიჯერე, რომ ეს მოწესრიგებული სამყარო თავისით შეიქმნა, მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას“ - სოზარი ზუსტად ამ ფიქრით მივიდა რელიგიამდე.

თუმცა, შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას, მისმა შინაგანმა გაორებამ ახალი ფორმა მიიღო. დაიწყო მეორე ეტაპი - მორალური პრინციპების კონფლიქტი გარესამყაროსთან. ვინც სოზარივით ღრმად უფიქრდებოდა გარემოს, ყველა, თუნდაც საკუთარ თავთან, აღიარებდა, რომ ურთიერთობები საბჭოთა საზოგადოებაში ფარისევლობაზეა დამყარებული, რომ თავის გასატანად საჭიროა, იყო მლიქვნელი, მექრთამე, ხელმძღვანელობასთან მონური დამოკიდებულება გქონდეს. და თუ ასეთი არ ხარ, მაშინ სისტემა გრიყავს. ამიტომ, როცა მორწმუნე ხდები, შენი რწმენა ეწინააღმდეგება თამაშის იმ წესებს, რითაც შენს ირგვლივ საზოგადოება ცხოვრობს. „ფიქრობ, საით წახვიდე. იმიტომ, რომ საერო ცხოვრებაში ადგილს ვერ პოულობ - უფრო სწორად იქ არ არის შენი ადგილი, რადგან არ გინდა მათნაირად ცხოვრობდე. ამიტომ მიდიხარ ეკლესიაში და ცდილობ, მაქსიმალურად ჩამოშორდე საერო ცხოვრებას. შეიძლება, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა მხოლოდ წყობის ბრალი არ იყო და ასეთი გაორება ემართებოდა ყველას, ვინც ეკლესიას და გარესამყაროს შორის კონფლიქტს ხედავდა. ამიტომ მეც სულ ვფიქრობდი სასულიერო გზაზე, მინდოდა ჩამოშორება საერო ცხოვრებასთან და ეკლესიაში წასვლა“.

მონასტერში ძალიან ბევრს ფიქრობ და თან სიღრმისეულად. მით უმეტეს, 1988 წლის გარეჯში, სადაც პრაქტიკულად არავინ იყო, სულ ორნი ცხოვრობდნენ. დიდმარხვაში, როცა ლოცვებს სრული წესის დაცვით კითხულობდნენ, 10-11 საათი გრძელდებოდა ლოცვა. ორი ადამიანი იდგა გაყინულ ტაძარში, სადაც არ იყო კარი, ფანჯარა, გათბობა და თავიანთთვის ფიქრობდნენ: „რა გინდა ცხოვრებაში აკეთო, რა არის სარწმუნოება, რელიგია, რისთვის არის, საით მიდიხარ, არის მეორე მხარეც - ცოდნა, რაც ეკლესიამ საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზე შექმნა და რაც პატარა სტროფებში - ტროპარ-კონდაკებშია - ჩაბუდებული. ამ ცოდნასთან ყოველდღიური შეხება დიდი გამოცდილება და გარკვეული საკითხების სიღრმისეულად აღქმაა. სულ სხვანაირი აზროვნება გიყალიბდება“.

გარეჯის შემდეგ სოზარის საზოგადოებრივი გააქტიურება ნელ-ნელა მოხდა. იმ დროს თვითონ გარემო გიბიძგებდა აქტიურობისკენ. ყველგან რაღაც რეალობის ამოტრიალების მსგავსი ხდებოდა. მალე ქვემო ქართლში დაიძაბა სიტუაცია, გამოსვლები დაიწყო, დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დმანისში სოზარის დედა ცხოვრობდა და სოზარიც გარეჯიდან იქ ჩავიდა - სკოლის მასწავლებლობა უნდოდა. გაჩნდა ამბიცია, რომ ის ცოდნა, რაც შეიძინა სხვისთვის უნდა გაეზიარებინა. ისტორიკოსია და ისტორიის სწავლება უნდოდა, მაგრამ ერთ-ერთი სკოლის დირექტორობა შესთავაზეს. დათანხმდა. ორი წლის შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა და სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.

აკადემიის დასრულების შემდეგ ძველი ენების შესასწავლად გერმანიაში აპირებდა წასვლას, მაგრამ დროებით გაზეთ „კავკასიონში“ დაიწყო წერა. მანამდეც წერდა სხვადასხვა გაზეთებისთვის, მაგრამ ამჯერად უფრო აქტიურად ჩაება. აქტიურად იმიტომ, რომ უცნაური რამე მოხდა - გაუჩნდა მოთხოვნილება, საზოგადოებისთვის უფრო კარგად გაეგო, რადგან გრძნობდა, რომ სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდში თითქოს მას და საზოგადოებას შორის კედელი იყო აღმართული. ეკლესიიდან გაზეთში მისული სოზარი თავს ისე გრძნობდა, თითქოს, დანარჩენი ადამიანები და თვითონ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთსა და იმავე მოვლენაში სხვადასხვა შინაარს ხედავენ. და ეს ასეც იყო. ვთქვათ, ერაყში ომის დაწყება. მაშინ ბუში აცხადებდა, რომ ტერორიზმს ებრძოდა. ამ დროს საზოგადოების პრაგმატული ნაწილი ფიქრობდა, რომ ომი ბუშმა ნავთობის მოსაპოვებლად და მსოფლიო ბატონობის ამბიციით დაიწყო. პარალელურად კი, ეკლესიაში შეიძლებოდა მოგესმინა, რომ ერაყში ომის დაწყება მეორედ მოსვლისთვის მზადებაა... იმიტომ, რომ მეორედ მოსვლა მოხდება მაშინ, როცა მოვა ანტიქრისტე, ანტიქრისტე მოვა მაშინ, როცა იერუსალიმის ტაძარი თავიდან აშენდება. იერუსალიმის ტაძარი თავიდან ვერ აშენდება იმიტომ, რომ მის ადგილას მეჩეთი დგას, მეჩეთს ვერ დაანგრევ იმიტომ, რომ მთელი მუსულმანური სამყარო აფეთქდება, ამიტომ ჯერ უნდა დაანგრიო მუსულმანური სამყარო, ნაწილ-ნაწილ - ჯერ ერაყი, მერე ავღანეთი და იმის შემდეგ, რაც მუსულმანურ სამყაროს სრულად გააკონტროლებ, მეჩეთის დანგრევასაც შეძლებ და მის ადგილას ტაძრის აშენებას, ანტიქრისტეც მოვა. „არ ვიცი, ეს მოვლენების ღრმა ხედვა იყო თუ ზედაპირული, მაგრამ ძალიან განსხვავებული ხედვა კი იყო და ასეთივე განსხვავებულ ხედვას ვამჩნევდი მაშინ ყველაფერში. დღეს უფრო გახსნილია გარემო, ბევრი საინფორმაციო არხი არსებობს. ის კი, წარმოიდგინე, 1994-95 წლები იყო, სამოქალაქო ომი გამოვლილი გვაქვს, ფაქტობრივად კავშირი აღარ არის გარესამყაროსთან, საქართველო ერთი უდაბური კუნძულია“.

ამიტომ გადაწყვიტა სოზარმა, საზოგადოებას და მისი აზროვნების სტილს დაკვირვებოდა. გაზეთი კი საუკეთესო შანსი და საშუალება იყო, სხვა მხრიდან დაენახა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი.

ალბათ, ამიტომ გაზეთში „დროებით“ მუშაობა და საზოგადოებით „დროებით“ დაინტერესება არ გამოვიდა - სოზარი ღრმად ჩაერთო და შერჩა. წერდა კრიმინალზე, შემდეგ ადამიანის უფლებებზე და აქ გაჩერდა - დარჩა ამ სფეროში - მისი საქმე გახდა. თავიდან მხოლოდ შინაგანი პრინციპები ჰყოფნიდა თეთრის და შავის გასარჩევად - თუ ეტყოდნენ, რომ პოლიციაში ვიღაც აწამეს, აღშფოთებას ვერ მალავდა და ბრაზს საგაზეთო წერილში გამოხატავდა, მაგრამ არ იცოდა კანონები და კონვენციები, რომელთა კონკრეტული მუხლები ადამიანების ღირსების შელახვას და წამებას კრძალავს. თუმცა, თანდათან სისხლის სამართლის კოდექსი, კონსტიტუცია და კონვენციები მისი ყოველდღიური სამუშაო და სალაპარაკო ენა გახდა და საზოგადოებასთან გაუცხოებაც ნელ-ნელა გაქრა. მეტიც, სოზარი თავად გახდა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი.

აქტიური რომ იყო, ეს მანამდეც გითხარით - აფხაზეთთან დაკავშირებით 1988-ში რომ შიმშილობის აქციები იმართებოდა, შიმშილობდა სოზარიც. ცხრა აპრილს რუსთაველზე იდგა. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში... ალბათ, ფიქრიც იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რისი მიღწევა შეუძლია მას საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმით, მაშინ დაიწყო. ახლაც ხშირად ახსენდება 80-იანების ბოლო პერიოდის საზოგადოების გამბედაობა და პრინციპულობა. მაშინ, ასე თუ ისე, საზოგადოება ახერხებდა, მიეწვდინა ხმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო და - მენტალიტეტიც შესაბამისი. მაგრამ მაშინ საზოგადოება, თავისი აქტიურობის გამო, იმსახურებდა და მიიღო კიდეც ყველაზე მთავარი - დამოუკიდებლობა - საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა; საზოგადოება მაშინ მართლაც ძლიერი იყო, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დასუსტდა - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, სამეგრელოს და თბილისის ომებს შეუძლებელია, საზოგადოება არ დაესუსტებინა. იმ პერიოდში ერთადერთი მიზანი თვითგადარჩენა იყო, ყველა ადამიანი საკუთარი ოჯახისთვის იბრძოდა, რომ მათთვის სასმელ-საჭმელი არ მოეკლო. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენი პრობლემა მეორე და მესამე პლანზე გადავიდა, ამიტომაც აღარავის დარჩა ძალა სხვა პრობლემებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი იყო.

სურვილი რომ იყო, სოზარისთვის ამის ნათელი მაგალითია 2003 წლის მოვლენებიც. როგორც კი საზოგადოებამ იგრძნო საკუთარი ძალა, ის გამოიყენა კიდეც. სოზარი მაშინ მუშაობდა არასამთავრობო სექტორში, რომელმაც 2003 წლის რევოლუციის მოწყობაში დიდი როლი ითამაშა. მაგრამ სოზარი ხედავდა, რომ საზოგადოება ერთგვაროვანი არც არასამთავრობო სექტორში იყო. ზოგს მხოლოდ გრანტის მოპოვება აინტერესებდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც მართლა მნიშვნელოვანი იყო ცვლილებები.

2003 წლის ნოემბერში საზოგადოების ძლიერებამ პიკს მიაღწია და ამიტომ სოზარისთვის ლოგიკური იყო ის ფინალი, რითაც ნოემბრის მოვლენები დასრულდა - სისტემის შეცვლა. სხვა საკითხია, როგორ შემობრუნდა ყველაფერი ამ საზოგადოებისთვის, როგორ გადაუხვია რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ მანამდე გაცხადებულ პრინციპებს და როგორ მოხვდა იმ საზოგადოების ათეულობით წარმომადგენელი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოში.

სოზარი ფიქრობს, რომ მთავარი დარტყმა სამოქალაქო საზოგადოებამ სწორედ მაშინ მიიღო, როდესაც ამ საზოგადოების წამყვანმა ნაწილმა მათი რიგები დატოვა და ხელისუფლებაში გადავიდა. შედეგად დასუსტდა არასამთავრობო სექტორი, ცვლილებებით აღფრთოვანებულ საზოგადოებას კი ხელისუფლების შეცდომები გამოეპარა. ეს მოხდა თავიდანვე, როდესაც რევოლუციურმა მთავრობამ რევოულუციურ იდეალებს უღალატა: „ძველ პარლამენტს უბრძანეს, კონსტიტუციაში ცვლილებები შეეტანა, რითაც მთელი ძალაუფლების პრეზიდენტის ხელში კონცენტრირება მოხდა. პრაქტიკულად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საპარლამენტო ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ეს იყო მკვეთრი გადახვევა რევოლუციური იდეალებიდან.“

სოზარ სუბარი სახალხო დამცველად სწორედ რევოლუციის შემდეგ დაინიშნა. სოზარი ამ საქმეს უკვე მომზადებული შეხვდა - კოდექსი, კანონები, კონვენციები ზეპირად იცოდა. ამავე დროს, სოზარს არ დაუკარგავს ის გულწრფელობა, რაც იგრძნობოდა მისი სტატიებიდან. სოზარი დღესაც ისეთი მაქსიმალისტია ადამიანის უფლებების დაცვაში, როგორიც მაშინ იყო - ერთი პატიმრის წამების გამო რომ აღშფოთდა.

ის, რა ვითარებაც დღეს არის, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების სფეროში, ჩვენი ბრალია, სუსტი სამოქალაქო საზოგადოების. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საზოგადოება გამოცოცხლდა. თუნდაც ის კარავი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისშია გაშლილი და ის მოშიმშილე ადვოკატი, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ საზოგადოებას არ ეშინია. ტყუილად არ იყო ნოემბრის მოვლენების მთავარი სლოგანი „არ მეშინია“. საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ხელისუფლებას საშუალება მისცა, თავი დაეშინებინა, აღმოაჩინა, რომ ამ შიშის დაძლევა შესაძლებელია.

საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო ტელეკომპანია „იმედის“ დახურვა. შეიძლება ითქვას, იმაზე დიდი, ვიდრე რუსთაველზე და რიყეზე გავარდნილი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი იყო. თუმცა, საზოგადოება იმასაც ხვდება, ყველაფერი ეს იმიტომ მოხდა, რომ ხელისუფლებაში გაჩნდა შიში იმისა, რომ საზოგადოებას არ ეშინია.

„იმედი“ საქართველოში უდრიდა დემოკრატიას, მიიჩნევს სოზარი. არა იმიტომ, რომ აბსოლუტურად მიუკერძოებელი იყო და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, არამედ იმიტომ, რომ ის იყო შენაკადი სხვა მხრიდან, მაშინ, როცა ყველა ინფორმაციული ნაკადი მოდიოდა ერთი - სახელისუფლებო მხრიდან. „იმედის“ წყალობით მოსახლეობა ინფორმაციას იღებდა. „იმედის“ დახურვის შემდეგ დემოკრატიის „ზაპასკის“ ფუნქცია შეასრულა „კავკასიამ“, რომელსაც მწირი შესაძლებლობები აქვს, ვერ მაუწყებლობს მთელ ქვეყანაში, მაგრამ მან შეასრულა თავისი როლი - მოსახლეობა არ დარჩა ალტერნატიული აზრის გარეშე. სხვა საკითხია, არის თუ არა „კავკასიის“ გადმოცემული ყოველი ინფორმაცია ობიექტური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაყურებელს არჩევანის საშუალება ეძლევა, რის შედეგადაც შეუძლია მოვლენებში აქტიურად ჩაერთოს: „თუ საზოგადოება არ იქნება აქტიური და ისევ სირაქლემას პოზაში დარჩება, როგორც ეს იყო ნოემბრამდე, მის უფლებებს ვერავინ დაიცავს და ყველაზე ლიბერალური და საუკეთესო მთავრობაც კი გველეშაპად გადაექცევა.“

საზოგადოებას აქვს უმძლავრესი იარაღი, ეს არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც პირდაპირ საზოგადოების ჯიბიდან ფინანსდება, არა ბიუჯეტიდან, არამედ თითოეული მოქალაქის ჯიბიდან. ეს უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ. სოზარი ჯერ არაფერს ამბობს ახალ ხელმძღვანელობაზე. თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ მოკლე ხანში გამოჩნდება, ეს ტელევიზია რეალურად ასრულებს თუ არა თავის როლს. და თუკი აღმოჩნდება რომ ვერ ასრულებს, ხალხმა მართლა უნდა მოითხოვოს, რომ არანაირი სამეურვეო საბჭო და ახალი დირექტორი ხალხის ნების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს; რომ ახალ ხელმძღვანელობას ევალება ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა გაატაროს, რადგან ეს არის ტელევიზია, რომელზეც საზოგადოებას პირდაპირი უფლება აქვს.

მოქალაქეების დამცველი მთავარ ფსონს სამოქალაქო საზოგადოებაზე აკეთებს - სოზარ სუბარის სტრატეგიულ გეგმაში მთავარი აქცენტი გამახვილებულია სამოქალაქო სამსახურების გააქტიურებაზე. სახალხო დამცველი და მისი აპარატის წევრები დადიან რეგიონებში, ხვდებიან სტუდენტებს, ცდილობენ, რომ შეიტანონ იმპულსი, რათა ისინი უფრო აქტიურები გახდნენ. სოზარი ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ საკუთარი უფლებები პირველ რიგში თავად უნდა დაიცვას, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ხელისუფლებისგან სამართლიანობას. და ის, რომ დღეს საქართველოში აღარ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზია, არ ნიშნავს იმას, რომ ხმის მიწვდენა თანამოქალაქეებისთვის შეუძლებელია. ამის გარანტი ბევრი თვითმმართველი და დამოუკიდებელი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირების, ხელოვანთა ფორმალური თუ არაფორმალური გაერთიანებების, ადვოკატთა კორპუსის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მსგავსი ინსტიტუტების გააქტიურება - ეს არის ნიშანი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ცოცხალია და გავლენას ახდენს პროცესებზე: „დემოკრატია არის ხალხის არჩეული და ხალხის მიერვე გაკონტროლებული ხელისუფლება. აი, ახლა ადვოკატები შიმშილობენ ჩვენს ეზოში. თავი დავანებოთ იმას, შიმშილობით რამდენად შეიძლება განაჩენების გადახედვა, მაგრამ ადვოკატთა კორპუსის რაღაც ნაწილმა ხმა რომ ამოიღო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.“

რამდენიმე დღის წინ ექიმების პროფკავშირებმა მოაწყო გაფიცვა ეკონომიკის სამინისტროსთან. ის, რომ ადამიანები პროფესიული ნიშნით გამოდიან და იფიცებიან, ეს არის სამოქალქო საზოგადოება. რეგიონებში გაჩნდნენ ადამიანები, რომელთაც არ უნდათ პარტიებში ყოფნა, მაგრამ უნდათ, იყვნენ აქტიურები და უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ არასამთავრობო სექტორში, მიდიან სოზართან და რჩევას სთხოვენ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ჩვენთან დაიწყო. ეს არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.“

16 წმინდანი

▲back to top


ისტორია

სინამდვილეში რისი სიმბოლოა დალაი ლამა?

0x01 graphic

REUTERS

ავტორი: პანკაჯ მიშრა
თარგმნა: თამარ ბაბუაძემ
31 მარტი, 2008 .

© პანკაჯ მიშრა
Originally Published in The New Yorker

შარშარნ ნოემბერში, პრეზიდენტ ბუშისგან კონგრესის ოქროს მედლის მიღებიდან რამდენიმე კვირის თავზე, დალაი ლამას „ლენდ როვერი“ E-Bay-ს აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. აუქციონის ამბავი You Tube-ზე შერონ სტოუნმა გამოაცხადა. შერონ სტოუნმავე ერთხელ, ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ტიბეტის სულიერი ლიდერი ასე დაახასიათა: „ბატონი გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ, შემომიშვით უკან ჩინეთში!“ (თუმცა ტიბეტს გულისხმობდა). ახლა კი, You Tube-ზე, 1966 წლის გამოშვების საბარგულიანი მანქანის პოტენციურ მყიდველს მსახიობი შეჰპირდა, ამ მანქანაში ჩაჯდომა და ახარხარება ერთიაო! საბოლოო ჯამში, დალაი ლამას „ლენდ როვერის“ ფასმა 80 ათას დოლარს გადააჭარბა. აუქციონი ამ შედეგით დაიხურა.

დალაი ლამას, რომელსაც ლარი კინგმა CNN-ის ეთერით ერთხელ მუსლიმი უწოდა, ამერიკის სიონისტ ქალთა ორგანიზაციის „ჰადასას“ ჯილდოც აქვს მიღებული - დიდი ცხოვრებისეული დამსახურებებისთვის. გარდა ამისა, ის გახლავთ ერთადერთი ნობელიანტი, რომელმაც Apple-ს რეკლამაში ითამაშა და ფრანგული Vogue-ს მიწვევით ჟურნალის ერთ-ერთი ნომრის რედაქტორის სტატუსიც შეითავსა. მარტინ სკორსეზემ და ბრედ პიტმა მისი ლხასაში გატარებული ბავშვობა კინოეკრანზე გააცოცხლეს. მან 2005-ში, ნევროლოგიის საზოგადოების მიერ ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ლექცია წაიკითხა. წლევანდელ გაზაფხულზე კი გერმანიაში, ადამიანის უფლებებსა და გლობალიზაციაზე აპირებს საუბარს. თვითონ ამტკიცებს, ერთი უბრალო ბუდისტი ბერი ვარო, მაგრამ ფაქტია, დალაი ლამა უბრალო ბერისთვის უჩვეულოდ დიდ რეზონანსს იწვევს და ზოგჯერ მისი არსებობა ისევე უნივერსალური და ყველგან საგრძნობია, როგორც ბრიტნი სპირსისა.

0x01 graphic

0x01 graphic

REUTERS

როგორც პიკო ლეიერი წერს თავის ახალ წიგნში „თავისუფალი გზა: მეთოთხმეტე დალაი ლამას გლობალური მოგზაურობა“ (გამომცემლობა Knopf, ფასი $24), მარტივად შეიძლება დაასკვნა, რომ დალაი ლამა მართლაც „კინოვარსკვლავებისა და მილიონერების სათამაშოა“. არ არის გამორიცხული, ყველა იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც გამუდმებით სიყვარულის, შებრალების, მიტევების და კიდევ სხვა უამრავი უდავოდ კეთილშობილური გრძნობის მნიშვნელობაზე საუბრობს, დალაი ლამა ოდნავ მოსაწყენიც იყოს. მისი შეგონებები, როგორიცაა „ძალადობა შობს ძალადობას“, ანდა „საშუალებები განსაზღვრავს მიზანს“, ეთიკურად მართებულად კი ჟღერს, მაგრამ თან ინტელექტუალური სიღრმეც აკლია იმისთვის, რომ მსმენელზე შთაბეჭდილება მოახდინოს. მეტიც, რადგანაც დალაი ლამა დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობს და შიგადაშიგ, გაუთავებელი ხითხითის შეტევებიც ემართება ხოლმე, გარშემომყოფებზე ხშირად ტოვებს „არცთუ მთლად გონებაგახსნილი ადამიანის“ შთაბეჭდილებას - როგორც ამას ლეიერის წიგნში აღნიშნავს ერთი ჟურნალისტი.

დალაი ლამას უბრალო ბუდისტი ბერის პერსონა საზოგადოებაში ხშირად სკეპტიციზმს აღძრავს, ხანდახან კი ზიზღს ან დაცინვასაც იწვევს. „ხშირად მომისმენია, როგორ ამბობენ ცინიკოსები, დალაი ლამა ზედმეტად პოლიტიზებული ბებერი ბერია, რომელიც „გუჩის“ ფეხსაცმელებში გამოწყობილი დაიარებაო“ - ამბობს რუპერტ მერდოკი. კრისტოფერ ჰიჩენსი კი დალაი ლამას ადანაშაულებს, მეფობის ტიტული შთამომავლობით, პირდაპირ სამოთხიდან ერგოო. ჰიჩენსი იქვე დასძენს, რომ დალაი ლამამ ერთპიროვნული მმართველობა ჩამოაყალიბა დარამსალაში - ინდური ჰიმალაების ცნობილ ქალაქში, რომელიც 150 ათასზე მეტი დევნილი ტიბეტელის ცენტად არის ქცეული. ჩინეთის მთავრობა კი გამუდმებით ამტკიცებს, დალაი ლამას სურს, ტიბეტი ისევ კორუფციით სავსე ფეოდალურ და სამონასტრო წყობაში დააბრუნოს, რომლისგანაც ჩინელმა კომუნისტებმა ისინი 1951 წელს გაათავისუფლესო. უამრავი დევნილი ტიბეტელი უკმაყოფილოა იმით, რომ დალაი ლამა ზედმეტადაა მიჯაჭვული არაძალადობრივი პროტესტის იდეას და ვერც „ივენტმენეჯერების“ მარწუხებიდან გამოდის, რის გამოც ძალა არ შესწევს, ტიბეტის კოლონიზაციის მოსურნე ჩინელები შეაჩეროს.

თუმცა, ამბები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დატრიალდა, მაინც იმის დასტურია, რომ დალაი ლამა ექვსი მილიონი ეთნიკური ტიბეტელის გულში უძლიერეს ცეცხლს აღვივებს. ახლახან, სწორედ მისი განდევნიდან 49-ე წლისთავის დღეს გამოხატული პროტესტი გადაიზარდა ლხასას მორიგ სამოქალაქო ამბოხში - ჩანაფიქრში აბსოლუტურად მშვიდობიან დემონსტრაციას ჩინური სამართალდამცავი სისტემა მოსალოდნელი სისასტიკით გაუსწორდა და იმიტომ. როგორც სახელგანთქმული ჩინელი მოაზროვნე ვან ლისიუნი აცხადებს, „პრაქტიკულად ყველა ტიბეტელის გულში ცოცხლობს თითო დალაი ლამა“. და რაც უფრო მეტად ასუსტებს ჩინური იმიგრაცია მათ ეკონომიკურ პერსპექტივებსა და ტრადიციულ კულტურას, მით მეტად იზრდება ეს დისტანცირებული რევერანსები. ლეიერი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ „დალაი ლამას ცხოვრების სული და გული ადამიანის თვალისგან სრულიად დაფარულ დეტალებში მდგომარეობს“. მისი მძიმე რეჟიმით განსაზღვრული დღე გამთენიას, 3:30-ზე იწყება, როგორც თვითონ უამბობს ლეიერს, „მედიტაციით, თაყვანისცემითა და განსაზღვრული მანტრების კითხვით“. შემდეგ გრძელდება ისევ მედიტაციითა და თაყვანისცემით, რასაც მოჰყვება ტიბეტური ფილოსოფიური სახელმძღვანელოების ანდა სხვა ტექსტების კითხვა, მერე ისევ კითხვა და სწავლა, საღამო კი - „ისევ ცოტა მედიტაციით, მწუხრის დაახლოებით ერთსაათიანი რიტუალით სრულდება. და ბოლოს ცხრის ნახევარზე, ძილის დროც მოდის“.

0x01 graphic

REUTERS

ამდენი მედიტაცია და კითხვა 70 წელს გადაცილებულ ბერს მგონი, დიდ ჯაფად უნდა ადგეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის ექვსი წლის ასაკიდან გაიმეტეს უმოწყალოდ რთული განათლების მისაღებად ბუდისტურ მეტაფიზიკაში, ტიბეტურ ხელოვნებასა და კულტურაში, ლოგიკაში, სანსკრიტსა და ტრადიციულ მედიცინაში; თუ ის მთელი ოცი წლის განმავლობაში ჩაჰკირკიტებდა ამ დარგებს, ბოლოს კი გეშეს ხარისხიც მოიპოვა (უხეშად რომ შევადაროთ, ეს ტიტული ბუდისტურ ფილოსოფიაში დოქტორის ხარისხს უდრის).

თუმცა, ვერაფერს შევცვლით, ბუდისტური სულიერების გზა ადამიანისგან სწორედაც რომ უმოწყალო ჯაფის გაწევას მოითხოვს. „ესწრაფოდე ჯიუტად“ იყო ბუდას უკანასკნელი სიტყვები და თვით დალაი ლამაც ვერასდროს დაუშვებს იმ აზრს, რომ სიბრძნისა და სულიერი გაბრწყინების მწვერვალს მიაღწია. ერთადერთი, რაც დალაი ლამას უბრალო მოკვდავებზე მაღლა აყენებს, მისი ზღაპრული ბავშვობაა. ის 1935 წელს, ფერმერების ოჯახში, ტიბეტური კულტურული ცენტრისგან მოშორებით დაიბადა. ორი წლის იყო, როცა ლხასადან წარგზავნილმა მაძიებელი ბერების ჯგუფმა მასში ცოტახნის წინ გარდაცვლილი მეცამეტე დალაი ლამას პოტენციური რეინკარნაცია შეიცნო. ლხასას ჩრდილო-აღმოსავლეთ ცაზე გადაჭიმული ცისარტყელა გახდა იმ ფერადოვანი სასწაულის ნაწილი, რომელმაც ბერებს დალაი ლამას სიახლოვე შეაცნობინა. 1939 წელს ბავშვი მშობლების ტალახითა და ქვით ნაგებ კარ-მიდამოს მოაშორეს და დიდი ზარ-ზეიმით ლხასაში გადაიყვანეს - პოტალას სასახლის დიდებულ ლაბირინთებში აღსაზრდელად.

0x01 graphic

0x01 graphic

ტიბეტელი ბერები დალაი ლამას ჩინეთში დაბრუნებას ითხოვენ. განსუს პროვინცია, აპრილი, 2008

0x01 graphic

დალაი ლამა კალიგრაფიაში თავისი წინამორბედის ანდერძის გადაწერით გაიწაფა. მეცამეტე დალაი ლამას ანდერძი კი, მთელს ტიბეტურ ისტორიაში ყველაზე საზარელი დოკუმენტია, მასში გამოთქმული წინასწარმეტყველებების გამო. ტექსტი 1932 წელს დაიწერა, როცა ტიბეტი, თავის დიდ აღმოსავლელ მეზობელთან საუკუნოვანი დაძაბული თანაარსებობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მეტ-ნაკლები პოლიტიკური ავტონომიით ტკბებოდა. ჯერ კიდევ შორს იყო ის დრო, როცა მაო ძედუნი და კომუნისტები ჩან კაი-შის ნაციონალისტებს სამოქალაქო ომს მოუგებდნენ. მიუხედავად ამისა, მეცამეტე დალაი ლამამ მაინც იგრძნო, რომ ტიბეტს უზრუნველ ცხოვრებას და დამოუკიდებლობას მალე „ბარბაროსი წითელი კომუნისტები“ დაურღვევდნენ:

ჩვენს სულიერ და კულტურულ ტრადიციებს ძირფესვიანად აღმოფხვრიან. თვით დალაი და პანჩენ ლამების სახელებიც წაიშლება... მონასტრები გაიძარცვება და დაემხობა, ბერებსა და მონაზვნებს განდევნიან და დახოცავენ... დამპყრობლები მონებად დაგვიყენებენ... დღეები და ღამეები ნელი ტანჯვით, წამებითა და შიშით გაილევა.

მსგავსი ავისმომასწავებელი წინათგრძნობა მე-14 დალაი ლამასაც რომ ჰქონოდა, სულერთია, მოსალოდნელი ამბების შესახებ მაინც ვერაფერს გააწყობდა. პოტალას სასახლეში მისთვის სახიფათო სიახლოვეზე თამაშდებოდა შავ-ბნელი ინტრიგები და შეთქმულებები - ანუ, ყველაფერი ის, რამაც მისი წინარმობედები დაამარცხა, ტიბეტის სისუსტეები კი მის ძალაუფლებისმოყვარე მეზობლებს ნათლად დაანახა. მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე დალაი ლამები ახალგაზრდები გარდაიცვალნენ, ზოგიერთზე კი, იმასაც ამბობდნენ, რომ სიკვდილის მიზეზი მოწამვლა იყო. ამიტომ იყო, რომ მეცამეტე დალაი ლამა, რომელიც ერთხელ თვითონაც სასწაულით გადაურჩა საკუთარივე მეურვის მიერ დაგეგმილ მკვლელობას, მიხვდა - მისი კარჩაკეტილი სამშობლო კარგად ორგანიზებული იმპერიებისა და თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოების სამიზნე გახდებოდა. მაგრამ დალაი ლამამ ჩანაფიქრის განხორციელება - ტიბეტის ადმინისტრაციისა და ჯარის განახლება - ვერ შეძლო. მას ხელი სამონასტრო ელიტამ შეუშალა, რომელიც გლეხებისგან აკრეფილი ბეგარისა და მათი მუშახელის კმაყოფაზე ცხოვრობდა და არაფრით სურდა სტატუსკვოს დათმობა. 1934 წელს მეცამეტე დალაი ლამას გარდაცვალებიდან მალევე, რეფორმისტი პოლიტიკოსი ლუნგშარი უძველესი ტიბეტური მეთოდით დასაჯეს, მას თვალის ჩინი წაართვეს: იაკის კოჭის ძვლები საფეთქლებზე დააჭირეს და თვალის გუგები დააყრევინეს.

1947 წელს, 11 წლის დალაი ლამა პოტალას სასახლის ტელესკოპიდან უყურებდა, როგორ ესროდნენ ბერები ტიბეტურ ჯარს. ამ ბრძოლის მიზეზი, რომელიც რამდენიმე კვირას გაგრძელდა, მისი ყოფილი მეურვის დაპატიმრება იყო და მსხვერპლიც დიდი ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, 1950 წელს, მას, როგორც დალაი ლამას, სრული პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცა. თუმცა, მაინც არ დარჩა დრო, წინამორბედის გაფრთხილებები ეღო ყურად და მოსალოდნელ ტიბეტურ აპათიაზე დაფიქრებულიყო. ამ დროს ჩინელი კომუნისტების სახალხო გამათავისუფლებელი არმია აღმოსავლეთ ტიბეტში შეიჭრა და იქიდან დანარჩენ ქვეყანაზე გადავლასაც აპირებდა. უკვე დაახლოებით ათი წლის შემდეგ კი, დალაი ლამა და ათობით ათასი ტიბეტელი იძულებული გახდა, თავისთვის გაქცევით ეშველა.

თუმცა, ისტორია, რომელსაც თვითონ დალაი ლამა ყველაზე ხშირად წამოსწევს ხოლმე წინა პლანზე დასავლურ პუბლიკასთან ურთიერთობისას, თანამედროვე მსოფლიოს მანკიერ იდეოლოგიებთან, მეცნიერებებთან და დემოკრატიულ მმართველობასთან ზიარების ისტორია გახლავთ. პრინციპში, სწორედ ინტელექტუალური მოგზაურობაა ის, რაც ლეიერს ყველაზე მეტად აინტერესებს (ლეიერი გახლავთ რომანისტი, სამოგზაურო ჟანრის მწერალი და ჟურნალ „თაიმის“ ავტორი) და, ფაქტობრივად, წერს კიდეც იმ გადამწყვეტ მომენტზე, იმ ისტორიულ გარიჟრაჟზე, როცა „მსოფლიოს თითქმის ყოველ კულტურას შეუძლია შეერწყას მეორეს“. ავტორი დალაი ლამას აღწერს, როგორც ძველი და ახალი, აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეხვედრის ნაყოფიერ პროდუქტს; შეხვედრებისა, რომლებმაც ტრადიციებზე ორიენტირებული უამრავი ადამიანი მსოფლიოს გარშემო რეაქციული ფუნდამენტალიზმის შხამით დაკბინა.

ლეიერი წერს: „ტიბეტში დალაი ლამა გახლდათ იმ ძველი კულტურის განსხეულება, რომელიც, თანამედროვე მსოფლიოსგან სრული მოწყვეტით, უხსოვარ, თითქმის დავიწყებულ ტრადიციონალიზმზე გველაპარაკებოდა. ახლა კი, ხიზნობაში ყოფნისას, დალაი ლამა სიახლის ავატარი გახდა. თითქოს, მან ხუთიოდე ათწლეულში რვა საუკუნით დაწინაურება შეძლო. ახლა ის სულ უფრო მეტად გამოკვეთილი პირდაპირობით ხვალინდელი დღისკენ ისწრაფვის“. ლეიერი დალაი ლამას მომავალზე მიმართული პროგრამის წარმოსაჩენად უამრავ მწყობრ არგუმენტს აყალიბებს. ტიბეტის ლიდერმა ეჭვქვეშ დააყენა თავისი ღვთიური წარმომავლობა და იმის დასტურად, რომ „ცოცხალი ბუდა“ არ იყო, შეგვახსენა, თუ როგორ შეცდა იაპონური რელიგიური ორგანიზაცია აუმ შინრიკიოს დამფუძნებლის შეფასებისას. ორგანიზაციის ლიდერს, შოკო ასაჰარას ის სიმპათიით შეხვდა, მაშინ როცა რამდენიმე წლის შემდეგ ამ ჯგუფის წევრებმა ტოკიოს მეტროსადგურებში უსუნო ნერვული გაზი გაუშვეს და 200-ზე მეტი ადამიანი დააშავეს. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბუდისტი თავის დასავლელ მიმდევრებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ბუდიზმს. ის იმოწმებს ცნობილ მეცნიერებს და ამტკიცებს, რომ ზოგიერთი ბუდისტური წმინდა ტექსტი, რომლის სიმცდარესაც თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს, დავიწყებას უნდა მიეცეს.

ინგლისურენოვანი პუბლიკის წინაშე საჯარო გამოსვლების დროს დალაი ლამას ურჩევნია „გლობალურ ეთიკაზე“ ისაუბროს, ვიდრე ნირვანას საიდუმლო ბუდისტურ კონცეფციაზე. ეჭვგარეშეა, მას არ სურს, დაამძიმოს ძირითადად სეკულარული საშუალო კლასის ამერიკელები, რომელთაც, უქმეებისთვის განკუთვნილი უბრალო ტანსაცმელი ჩაუცვამთ და ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში შეკრებილან მის მოსასმენად. მაგრამ, როგორც ლეიერი აღნიშნავს, დალაი ლამას მსგავსი მიდგომაც ბუდისტური ფილოსოფიური გზის გამოხატულებაა - ამ გზის მიხედვით ხომ ყველა სულიერის არსებობა მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ალბათ, სწორედ საკითხისადმი ასეთი მიდგომის ბრალია ის, რომ დალაი ლამა ადრევე მიხვდა, რა ეგზისტენციალური და პოლიტიკური გამოწვევაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ადამიანის გლობალურ არსებობას, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოწვევები თავს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტიქიებით შეგვახსენებდა.

„ისტორიაში პირველად“, - წერდა 1957 წელს ჰანა არენდტი, - „დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხს საერთო აწმყო აქვს... თითოეული ქვეყანა ყოველი სხვა ქვეყნის ლამის კარის მეზობელი გახდა, და თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე განიცდის იმ უბედურებებით გამოწვეულ შოკს, რომლებიც დედამიწის მეორე ბოლოში ხდება“. არენდტი შიშობდა, რომ ეს ახლებური „მსოფლიო ერთობა“ ძირითადად ნეგატიურ ფენომენად იქცეოდა, თუ ამ პროცესთან ერთად არ მოხდებოდა „ნაციონალური წარსულის და ტრადიციების სრული დავიწყება კი არა, იმ ძლიერი გავლენისა და უნივერსალური ძალის შესუსტება, რომლითაც წარსული და ტრადიციები დღემდე სარგებლობდნენ“.

ექვსი მილიონი ადამიანის სულიერმა ლიდერმა, დალაი ლამამ მნიშვნელოვანწილად მართლა დაგმო ტრადიციის ავტორიტეტულობა - ვგულისხმობთ, როგორც ნაციონალური თვითინტერესების, ისე რელიგიის დამცველ სტანდარტულ პოლიტიკას. მისი გავლენა კი ადამიანებზე მართლაც უდიდესია. მაგალითად, სულ რამდენიმე ხნის წინ დალაი ლამას რომ დაერთო ნება, ტიბეტში მასობრივი და ალბათ, ძნელად გასაკონტროლებელი ამბოხი დაიწყებოდა. მიუხედავად ამისა, ტიბეტელების ლიდერმა კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა, როგორც უკუშედეგის მომტანი, არაეთიკური გზა და დაიმუქრა კიდეც, რომ თუ ტიბეტელების ძალადობა ჩინელების წინააღმდეგ მომავალშიც გაგრძელდებოდა, ის ტიბეტის დევნილი მთავრობის ლიდერის პოსტიდან გადადგებოდა. მალევე ის იძულებული გახდა, რიტორიკის რთულად გასავლელ ბეწვის ხიდზე გაევლო, როცა, ერთი მხრივ, ჩინეთი „კულტურულ გენოციდში“ დაადანაშაულა, მაგრამ, მეორე მხრივ, მაინც დაუჭირა მხარი ოლიმპიური თამაშების ჩინეთში ჩატარების გეგმას.

წინათაც და ახლაც, დალაი ლამა ყოველთვის ჯიუტად გმობდა სულ უბრალო და მოკრძალებულ მცდელობასაც კი, გავლენა მოეხდინა ჩინეთის მთავრობაზე - თუნდაც ეს ყოფილიყო შიმშილობის აქცია, ანდა ეკონომიკური ბოიკოტი. მისი აზრით, ტიბეტს ჩინეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სჭირდება: „ახლა ისეთი დრო დადგა, როცა ერთი ქვეყნის პრობლემები მხოლოდ ამ ქვეყნის შიგნით სათანადოდ ვერ გადაწყდება,“ - ამბობს ის. გარდა ამისა, დალაი ლამა გაბედულად აქეზებს „უნივერსალური პასუხისმგებლობის“ შეცნობისკენ იმ ხალხებს, რომელთაც სურთ, ჯერ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ვიდრე გარესამყაროზე დაიწყებდნენ ფიქრს.

დალაი ლამა დანანებით საუბრობს ტიბეტის რეტროგრადულ და მხოლოდ საკუთარი თავით მოცულ ელიტაზე, რომელიც ქვეყანას კომუნისტების მოსვლამდე მართავდა. და არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ მისი სამშობლო მეოცე საუკუნეს საბედისწეროდ მოუმზადებელი შეხვდა. ხიზნობაში მცხოვრებ ტიბეტურ სათვისტომოს დალაი ლამამ დემოკრატიული კონსტიტუცია და კანონიერი არჩევნები მისცა. ბოლო დროს კი, ყველაზე რადიკალური წინადადებით გამოვიდა; წინადადებით, რომელიც თითქმის ნახევარი ათასწლეულის წინ დამკვიდრებულ ტიბეტურ ტრადიციას თავდაყირა აყენებს: შემდეგი დალაი ლამა ხალხმა არჩევნების გზით თვითონ აირჩიოს.

0x01 graphic

0x01 graphic

დესმონდ ტუტუ და დალაი ლამა, ბრიუსელი ივნისი 2006
REUTERS

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად აცნობიერებს დალაი ლამა ტიბეტური იზოლაციონიზმის დამღუპველ ფასს და ამიტომაც არის, რომ ყველაფერს აკეთებს, დარამსალა სამაგალითოდ კოსმოპოლიტურ საზოგადოებად რომ აქციოს; ადგილად, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ისრაელელები ტიბეტიდან ახლად ჩამოსულ ლტოლვილებთან იმეგობრობენ. და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავადაც კი, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბიჭი, რომელიც ოდესღაც პოტალას ათასოთახიან სასახლეში ოქროს ტახტრევანზე ააბრძანეს, დღეს „გლობალიზმის“ სიმბოლოდაა ქცეული („გლობალიზმი“ - ამ სიტყვას ლეიერი ხანდახან უფრო ფართო გაგებით იყენებს იმისთვის, რომ სწრაფი კომუნიკაციებისა და გაიოლებული მოგზაურობის შერეული მადლი დაგვანახოს).

ბოლო-ბოლო, დალაი ლამას ერთადერთი უწყვეტი კავშირი მეგაპოლისებით სავსე დასავლეთთან ბავშვობაში ხომ ჟურნალი LIFE იყო (შემდეგ ის TIME-თა და BBC-ით შეცვალა). თუმცა, ჰენრი ლუისის პერიოდულ გამოცემასთან რეგულარულმა კავშირმა დალაი ლამას მაოიზმის წინააღმდეგ იმუნიტეტი მაინც ვერ გამოუმუშავა. როცა 1954 წელს - ოფიციალურ პეკინთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ხანაში - ის ჩინეთს ეწვია, დალაი ლამამ გამოაცხადა, რომ ჩინეთის რევოლუციამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, მაოს მოკრძალებული ქცევებით მოხიბლული, მალევე ძალიან შეშინდა, როცა დიდმა მთავარსარდალმა დალაი ლამასთან ბოლო შეხვედრისას აღნიშნა, რომ „რელიგია საწამლავია“ (შეხედულება, რომლითაც შემდგომი ორი ათწლეულის განმავლობაში ჩინელები ათასობით ტიბეტელი ბერის დახოცვასა და მათი მონასტრების დამხობას ამართლებდნენ).

0x01 graphic

ლეიერი წერს, რომ 1959 წელს, ინდოეთში ვიზიტის დროს, დალაი ლამა „თანამედროვე მსოფლიოს ჯერაც უმანკო ბავშვის თვალებით შეჰყურებდა“. ის შტატებს 1979 წლამდე არ სწვევია. იმ წელს კი ბუდისტურ ფილოსოფიაზე თავისი ფორმალური საუბრის მანერით ძალიან დააბნია მსმენელები და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ძენის - იმხანად მოდური ბუდისტური ტრადიციის - ცოცხალ გამოცხადებებს იყვნენ მიჩვეულნი. ამ პირველ ვიზიტებს შტატებში არც ვარსკვლავების გამოხმაურება და შარმი ახლდა თან. არადა, წლების შემდეგ, სწორედ ამერიკაში მოიპოვა მან უდიდესი პოპულარობა. დალაი ლამას დასავლური ფანკლუბის ჩამოყალიბება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც 1989 წელს ტიბეტელების ლიდერი ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს.

მის პოპულარობას, ნაწილობრივ მაინც, ხელი შეუწყო ტიბეტის შესახებ გავრცელებულმა რომანტიკულმა წარმოდგენამ, რაც პირველად 1930-იან წლებში გამოსული ჯეიმს ჰილტონის რომანში „დაკარგულ ჰორიზონტში“ გაჟღერდა. ეს გახლდათ დასავლეთიდან ტიბეტში ჩასული მოგზაურების ანგარიში, რომლებიც მოულოდნელად წააწყდებიან შანგრილას - ხეობას ჰიმალაებთან ახლოს, სადაც მშვიდობისმოყვარე და ჰარმონიული წესებით მცხოვრები ხალხი ბინადრობს. ამავე რომანის მიხედვით 1937 წელს გამოსული ფრენკ კაპრას ფილმი კი შემდეგი სიტყვებით იწყება (სხვათა შორის, ამავე ფილმმა შთააგონა ფრანკლინ დელანო რუზველტს მერილენდის საპრეზიდენტო რეზიდენციისთვის შანგრი-ლას სახელი დაერქმია, თუმცა კი, შემდეგ გაცილებით პროზაულმა დუაით ეიზენჰაუერმა რეზიდენციას შვილიშვილის პატივსაცემად ქემფ დევიდი უწოდა): „ომითა და ომის შესახებ ჭორებით გადავსებულ დღევანდელობაში, ნუთუ არასდროს გიოცნებიათ ადგილზე, სადაც დატკბებოდით მშვიდობითა და უსაფრთხოობით, სადაც სიცოცხლე ბრძოლა კი არა, სიამოვნების უშრეტი წყარო იქნებოდა?“ ომებითა და სისასტიკით მდიდარი ტიბეტური ისტორიის მიუხედავად, ამ ხალხს დასავლეთში, დღეს, ძირითადად, მაინც ასე იცნობენ - დალოცვილი პრეთანამედროვე ერი, რომელიც კი არ ეძებს ბედნიერებას, არამედ თანდაყოლილი ბედნიერებით ტკბება.

ლეიერი ასკვნის, რომ ტიბეტის ეს რომანტიზებული და ცრუ გაგება ქვეყანას პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის: „ტიბეტი ჰგავს - ანდა ჩვენ გვინდა რომ ჰგავდეს - შანგრილას, ვიდრე ქვეყანას, რომელსაც შეეძლო, გაეროს წევრი გამხდარიყო“. ხანდახან მსგავს შეხედულებას დალაი ლამაც ემორჩილება. გადაწყვეტილება - მოეხდინა ბუდისტური სწავლების გამარტივება და სეკულარიზება, მას გაცილებით უფრო დიდი პუბლიკის მიმხრობაში დაეხმარა, ვიდრე ეს იაპონელმა ძენის სწავლულებმა ანდა ტიბეტელმა ბრძენებმა მოახერხეს. დალაი ლამას მიმდევრები გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანნი არიან, ვიდრე, თუნდაც, ალენ გინსბერგის გურუს ჩოგიამ ტრუნგპას ჰყავდა - ბრძენს, რომელმაც დალაი ლამაის დასავლეთთან ზიარება დაასწრო. თუმცა, უძველესი და ხშირ შემთხვევაში ძალიან რთული ფილოსოფიის გაცხრილვა-გამარტივების პროცესს ყავლგასული ინტელექტუალური შეგონებებიც შეეწირა. დალაი ლამას ბესტსელერ წიგნებში ბუდიზმი დახატულია, როგორც რიტუალებისგან თავისუფალი გონებრივი სამუშაო, მაშინ, როცა გეშეს სტუდენტისთვის, რომელსაც ბუდისტური კანონების აღმნუსხველი 322 ტომის სწავლა ევალება, ამ რელიგიის ფორმა გაცილებით უფრო რთული და სასტიკია.

დალაი ლამას შესაძლოა ბუდას სასჯელი ელოდეს იმისთვის, რომ მრავალფეროვანი მიმდევრების მოსაზიდად მისი შეგონებები შეცვალა. მაგრამ რაც არ უნდა ხშირად ითვალისწინებდეს ის თანამედროვე ლიბერალურ სენტიმენტალიზმს, დალაი ლამას პრაგმატიზმსაც აქვს საზღვარი. მაგალითად: ის მომხრეა სრულყოფილი ლეგალური უფლებები მიენიჭოს ყველა სახის უმცირესობას და მათ შორის სქესობრივ უმცირესობებსაც, მაგრამ ამავე დროს, ძველ ტიბეტურ ტექსტებზე დაყრდნობით, გმობს ორალურ და ანალურ სექსს („დანარჩენი ხვრელები არ შობს სიცოცხლეს“). ზოგჯერ კი, ისე კიცხავს სექსუალურ უზნეობასა და განქორწინებას, როგორც ოჯახური ტრადიციების დამცველი კონსერვატორი გაკიცხავდა.

თუმცა, მის არც ერთ კომპრომისს არ შეხვედრიან ადამიანები ისეთი გამწარებით, როგორც დალაი ლამას 1988 წელს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას - შეჩერდნენ ჩინეთის საზღვრებში ტიბეტის „რეალური ავტონომიის“ იდეაზე, იმის ნაცვლად, რომ სრული დამოუკიდებლობისთვის განაგრძონ ბრძოლა. დალაი ლამას მიაჩნია, რომ ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები ისე, რომ არ ავნონ დანარჩენ ქვეყნებს, ტიბეტის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა კი - თავი რომ დავანებოთ იმას, რომ უტოპიური იდეა გახლავთ - სწორედ რომ უსაფუძვლოდ იმტერებს პეკინს. დალაი ლამას ამგვარი პოზიციის მიუხედავად, ჩინელებმა მაინც ვერ ირწმუნეს, რომ ის გახლეჩვის პოლიტიკის მომხრე არ არის. მეტიც, ისინი სწორედ დალაი ლამას ადანაშაულებენ ბოლო დროს განვითარებული არეულობების ფარულად დაგეგმვაში. დალაი ლამას ზემოთსენებული პოზიცია კი ტიბეტელებსაც ეჭვით აღავსებს. ისინი ასკვნიან, რომ თვისება, რითაც დალაი ლამა მოსწონთ დასავლეთში - ესაა მისი არაძალადობრივი ბრძოლის გზა, რომელიც ახლახან განვითარებული კრიზისის დროსაც ხელახლა გამომჟღავნდა - ასუსტებს მას ჩინელების თვალში.

ლეიერი წერს: „რაც უფრო მეტად გაეხსნა დალაი ლამა მსოფლიოს, მით მეტ ტიბეტელს აებნა თავგზა, ისე, როგორც „ნებისმიერ ზრუნვამოკლებულ ბავშვს დაემართებოდა, რომლის მამამაც ერთბაშად სამი ახალი პატარა იშვილა“. ტიბეტელი მწერალი ჯამიანგ ნორბუ უკმაყოფილოა იმით, რომ ტიბეტელების მხარდამჭერთა ჯგუფებმა და დევნილმა მთავრობამ ვერ შეძლო, აერჩია ახალი სახელმწიფოებრივი გეზი, „ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებით, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, მსოფლიო მშვიდობა, რელიგიური თავისუფლება, კულტურის დაცვა-შენარჩუნება და ადამიანის უფლებები. ანუ, გამოდის, რომ დევნილმა მთავრობამ დაკარგა გეზი აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ, ტიბეტის დამოუკიდებლობის გარდა, რაც მათი ისედაც კარგად ცნობილი, ძველი იდეალი იყო“.

დალაი ლამა კი ხარბად დაეწაფა სეკულარული მეგაპოლისების გამათავისუფლებელ იდეებს, რითაც დაემსგავსა ადამიანების ორ სიმბოლურ ტიპს, რომელთაც თანამედროვე ცხოვრება სიკეთისა და უარესობისკენ შეცვალეს - ერთი მხრივ, ის არის არქიეპისკოპოსი, რომელიც გაურბის ძველისძველ, ძვალივით გამაგრებულ კანონებს და, მეორე მხრივ, არის ლტოლვილი, რომელიც ტოტალიტარიზმს ემალება. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული მის კრიტიკოსებსაც ჰქონდეთ მყარი არგუმენტი და ის ასე შეიძლება ჟღერდეს: გლობალურ კოსმოპოლისში დალაი ლამას, როგორც მოქალაქის, გაწევრიანება მის გზააბნეულ ხალხს ძვირად დაუჯდა.

რაც უფრო რთული ხდება, ჩინეთს პასუხები მოსთხოვო, მით უფრო იოლია, ტიბეტის დამოუკიდებლობის მიმართ უიმედობამ შეგიპყროს, ტიბეტელების სულიერი ლიდერი კი ფატალიზმის მსხვერპლად დასახო. წინაპართა რელიგიისა და თავისი სახელმწიფონაციის ექსკლუზივისტური პრეტენზიების დათმობა დალაი ლამას მხრიდან შეიძლება იყოს რეაქცია ადამიანისა, რომელიც, წინაპრის წინასწარმეტყველების პირველად გადაწერის დღიდან მოყოლებული, სასოწარკვეთილი უყურებდა სამშობლოს თანდათან გამქრალ საზღვრებს და ვერაფრით შველიდა მას. თუმცა, ლეიერის ღრმად გააზრებული ესეს მთავარი ღირსება ისაა, რომ წიგნი გვეხმარება, დალაი ლამა წარმოვიდგინოთ, როგორც მენტალური და სულიერი მოგზაური, რომელიც გამუდმებით ეძებს და იკვლევს პიროვნული იდენტობის განმსაზღვრელ ახალ-ახალ წყაროებს და რომლის ჭეშმარიტი ადგილიც ახლად გაერთიანებულ მსოფლიოშია.

უდავოა, რომ არენდტის „კაცობრიობის სოლიდარობა“ - ნაკარნახევი კაპიტალიზმითა და ტექნოლოგიებით - მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, იქცა „გაუსაძლის ტვირთად“, რომელიც იწვევს „პოლიტიკურ აპათიას, იზოლაციონალიზმისკენ მიმართულ ნაციონალიზმს, ანდა, ყოველი მოქმედი ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართულ სასოწარკვეთილ ამბოხად გვევლინება“.

ასეა ტიბეტელების შემთხვევაშიც, რომლებიც დღემდე საკუთარ გულს ასკდებიან, როცა ლხასაში გაბატონებული ჩინელები ახსენდებათ. ცოტა რამ თუ აშინებთ მათ ისე ძალიან, როგორც ჩინეთის უმოწყალო ეკონომიკასა და კულტურაში გათქვეფა. ლეიერი კი თავის წიგნში საკმაოდ დამაჯერებლად წარმოაჩენს ერთ ფაქტს: არ არის გამორიცხული, ტიბეტის მიყრუებულ ტყეში გაზრდილი ბიჭი, თავისი ხშირად „ფორესტ გამფური“ სტილით, „გრანდიოზული მასშტაბით საჭირო ურთიერთგაგებისა და საფეხურობრივი თვითგანწმენდისკენ“ მოგვიწოდებდეს - ანუ პროცესისკენ, რომელიც, არენდტის აზრითაც, აუცილებელი გახლდათ „ურთიერთქიშპობის არანორმალური ზრდისა და თითქოს უკვე უნივერსალურად ქცეული მტრობის“ შესაჩერებლად, რომელსაც მსოფლიოში „აბსოლუტურად ყველა ავლენდა ყველას წინააღმდეგ“.

ცხადია, რთულია ირწმუნო, რომ დალაი ლამა მთელ მსოფლიოში ამყარებს ურთიერთგაგებას მაშინ, როცა ეს მან ჩინეთსა და ტიბეტს შორისაც ვერ მოახერხა. მაგრამ, ასეთია ერთი უბრალო ბუდისტი ბერის უპირატესობა პოლიტიკოსებთან შედარებით: პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ის ნაკლებად ეცდება და, საერთოდ, ნაკლებადაც ძალუძს - თავისი კეთილშობილური ზრახვებისთვის საეჭვო საშუალებები გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ივიწყებს ბუდას სასიკვდილო სარეცელზე წარმოთქმულ უკანასკნელ შეგონებას და მაინც, ჯიუტად ისწრაფვის მომავლისკენ.

17 ცოტა რამ ბედნიერების შესახებ (ფრანგული გაგებით)

▲back to top


პარიზული ჩანაწერები

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

0x01 graphic

კარლა ბრუნი და დიდი ბრიტანეთის პრინცი ფილიპი, პარიზი, მარტი 2008

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტს გაზეთ „ფიგაროს“ ჟურნალისტებთან ჰქონდა ინტერვიუ. ბოლო შეკითხვას: „შეიძლება თუ არა იყო ქვეყნის პრეზიდენტი და იყო ბედნიერი?“ სარკოზიმ ასე უპასუხა: „გამოდის, რომ მე ვარ, ერთიც და მეორეც.“ ჟურნალისტი არ მოეშვა: „საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტობა ნიშნავს ბედნიერებაზე უარის თქმას“. სარკოზიმ მისთვის ჩვეული სისხარტით დასვა წერტილი: „ესე იგი, მას მერე მოხდა რაღაც ახალი.“

„ლე მონდის“ ჟურნალისტი წერს: „რა თქმა უნდა, სარკოზი გამონაკლისია, გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს. რადგანაც, ჩვეულებრივ, პოლიტიკოსებს ძალიან უჭირთ ბედნიერების მოშინაურება. ისინი უწვდიან მას ხელს მოსაფერებლად, მაგრამ ის გარბის, მიიპარება და ქრება, როგორც მარად ეფემერული ჩრდილი.“

დე გოლს არ სჯეროდა ბედნიერების. ერთხელ, საფრანგეთის განთავისუფლების მომენტში, ერთი პერი გაკადნიერდა და ჰკითხა, იყო თუ არა ის ბედნიერი, დე გოლმა ასე შეუღრინა: „თქვენ ხომ არ გაგიჟდით, რა სისულელეებს ამბობთ! ბედნიერება არ არსებობს!“

ალბათ, დე გოლი იზიარებდა მადამ დე სტალის აზრს: „დიდება (სახელი) ეს არის ბედნიერებასთან ხმაურიანი და მწუხარე დამშვიდობება.“

და მაინც, რა არის ის, ეს რაღაც უცნაური მდგომარეობა ადამიანის სულისა, რომლის განსაზღვრა ფილოსოფოსებსაც კი უჭირთ? ზოგს სჯერა მისი, ზოგს არ სჯერა, სჯერა ცოტათი, ძალიან, სიგიჟემდე. ვინაიდან მას არა აქვს გარკვეული კონტურები.

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში შამფორი წერდა: „ბედნიერება არ არის იოლი რამ. ძნელია იპოვო ის შენში და შეუძლებელი - სხვაგან.“

ლუიზ მიშელი (მე-19 საუკუნე): „საბრალო გიჟებო, თქვენ ეძებთ ბედნიერებას? გირჩევთ გაიაროთ: ბედნიერება არსად არ არის“.

„ლე მონდის“ ჟურნალისტი (ლორან გრეილსამერი) წერს: „ბედნიერება ჩვენთვის მირაჟთან არის გაიგივებული. თქვა, რომ მიაღწიე მას, ნიშნავს ის მაშინვე დაკარგო. ის სულ ახალი და თანამედროვე ცნებაა, ამიტომ გვიჭირს მისი სრულად გათავისება. სიყვარული, როგორც ის გვესმის დღეს, დასავლეთში მე-12 საუკუნეში გაჩნდა. ბედნიერების განცდა კი ბევრად უფრო გვიან. ცნობილია ახალგაზრდა რევოლუციონერის - სენ ჟიუსტის სიტყვები: „ბედნიერება ეს არის ახალი იდეა ევროპაში“ (მე-18 საუკუნე). ის სულ ქორფაა, ჩვენ მას ჯერ ვერ მივეჩვიეთ. ის უნდა აირჩიო. მიირთმევთ ცოტა ბედნიერებას? ო! ჯერ უნდა გავსინჯო, ბევრი არ დამიდოთ!

0x01 graphic

ნიკოლას სარკოზი, ელიზაბეტ II, კარლა ბრუნი და პრინცი ფილიპი, პარიზი, მარტი 2008

ჩვენ ჯერ არ ვიცით, გვაქვს თუ არა უფლება მასზე. ჩვენი ტვინის ერთი - რაციონალური - ნაწილი გვახსენებს, რომ ისტორია ტრაგიკულია. მაგრამ იქნებ ერთ დღეს გაჩნდეს მოთხოვნა ბედნიერებისა ყველასათვის, გაჩნდეს ბედნიერების უფლება, და ჩვენ ვნახავთ, როგორ აღშფოთდებიან მოქალაქენი, თუ ის ავტომატურად არ მიიღეს. აიწყება საყოველთაო მანიფესტაციები ბედნიერების მოთხოვნით და დაგვიანებული იქნება გახსენება იმისა, რომ ბედნიერება სევდიანია, როგორც ამბობს პოეტი“.

სასაცილოა, არა? მომწონს ჟურნალისტის იუმორი. (საერთოდ, ფრანგებს ბადალი არა ჰყავთ საკუთარი თავის დაცინვაში!). მანიფესტაციები ბედნიერების მისაღებად! მე მგონი, სულით სოციალისტური საფრანგეთი ამისთვის მზად არის. მოვითხოვთ ბედნიერებას ყველასათვის თანაბრად! ხელისუფლება იძულებული იქნება წავიდეს დათმობებზე და ყველა, ყველა ერთნაირად იქნება ბედნიერი!

სარკოზის კი ერთი თავისი, პირადი, არა სხვისგან მიღებული, არამედ საკუთრივ მოპოვებული ბედნიერება არ შეარგეს!

და მისი რეიტინგი სულ ვარდება და ვარდება!

ბედნიერების განცდა... არ ვეთანხმები იმათ, ვინც თვლის, რომ სიხარული არის დაბალი ინტენსივობის მომენტი, ტკივილი და წვალება კი წერტილი, სადაც პოულობ საკუთარ თავს. ვფიქრობ, საინტერესოა დაინახო ისტორია ბედნიერების ძიების კუთხით, გაიგო, როგორ მოხდა, რომ უამრავი განსაცდელის მიუხედავად, კაცობრიობამ შეინარჩუნა ბედნიერების იდეა, როგორც არსებობის დომინანტური ხაზი.

როგორ განიცდის ბედნიერებას ქართველი? არის ის მისთვის მხოლოდ ინტიმური სფეროს ნაწილი, თუ საყოველთაო მდგომარეობის ანარეკლი? შეიძლება იყო ბედნიერი, თუ შენი ქვეყანა არ არის კარგად? ალბათ, პატარა და ტრაგიკული ბედის მქონე ქვეყნის შვილებს განსაკუთრებით ძლიერად აქვთ (თუ უნდა ჰქონდეთ) დაკავშირებული ერთმანეთთან პირადი და საერთო.

ჩემი დეიდა - ქეთო ასათიანი - საბჭოთა საქართველოდან 1927 წელს გაასახლეს. მას მერე საფრანგეთში ცხოვრობდა, როგორც „აპატრიდი“, ანუ უსამშობლო. ეს იმ თაობის მთელი ემიგრაციის არჩევანი იყო: ავინ არ შეიცვალა ნაციონალობა, ყველა დარჩა არარსებული დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე. რაც, თავისთავად, ფრანგული საზოგადოებიდან გარიყულობას ნიშნავდა. (საინტერესოა, რომ სულ სხვაგვარად, და, არსებითად, პრაგმატულად, მოიქცა სომხური ემიგრაცია. ამიტომ ბევრმა ძალიან მაღალ მდგომარეობასაც მიაღწია). დეიდაჩემმაც, სხვების მსგავსად, ვერ შეძლო სპეციალობით მუშაობა, - მას საფრანგეთში ჰქონდა ქიმიური ფაკულტეტი დამთავრებული, - და მთელი ცხოვრება კერვით და ქმართან ერთად მაწვნის კეთებით ირჩენდა თავს. ერთხელ დილით, ვიჯექით მის ერთი ბეწო სამზარეულოში, ლეკურბის ქუჩაზე. ვსვამდით ყავას და ვლაპარაკობდით აქაურზე და იქაურზე, დიდ და პატარა ამბებზე, და უცებ ქეთომ მითხრა: არ არსებობს არცერთი დღე ჩემ ცხოვრებაში, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ბედნიერი ვიყავიო. ამ სიტყვებმა გამაოგნა. არცერთი ბედნიერი დღე მთელი სიცოცხლის მანძილზე! რამხელა ტკივილი და სასოწარკვეთილება დგას ამ განცხადების უკან! მათ - ამ პირველი ტალღის ემიგრანტებმა - მართლაც ასე იცხოვრეს, ბედნიერების გარეშე და მუდმივი წვალებით. და მოლოდინით. მოლოდინით, რომ ეს ხელისუფლება დაემხობოდა და ისინი სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. და აღარ იქნებოდნენ აპატრიდები. უმრავლესობა ვერ მოესწრო ამ მოლოდინის აღსრულებას. ვერც დეიდაჩემი.

0x01 graphic

კარლა ბრუნი, 1993
REUTERS

0x01 graphic

კარლა ბრუნი, პარიზი, მარტი 2008
REUTERS

0x01 graphic

უკრაინელი მანიფესტანტები ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, კიევი, 4 აპრილი 2008
REUTERS

0x01 graphic

0x01 graphic

ჯონ მაკკეინი ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, კალიფორნია, მარტი 2008
REUTERS

და მეც ხშირად ვფიქრობ: არ შეიძლება იყო პირადად ბედნიერი, თუ შენი პატარა და ტრაგიკული ხვედრის ქვეყანა არ არის კარგად. თუ მისი მთლიანობა დარღვეულია. თუ საზოგადოებაში ურთიერთ უნდობლობა და სიძულვილია დასადგურებული. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერიო, გულისტკივილით და მარად ხმალშემართული მოპაექრის ირონიით ამბობდა ილია. მართალია, საერთო კონტექსტი სხვა იყო მაშინ, და მაინც, მაინც... ამ სიტყვებზე დაფიქრება გვმართებს დღესაც.

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ალენ რობ-გრიიე, მე-20 საუკუნის დიდი მწერალი, „ახალი რომანის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, (მასთან ერთად ამ ახალ რომანს წარმოადგენდნენ მარგერიტ იურსენარი და ნატალი საროტი), მწერალი, რომელიც ყველაზე მეტად იყო ცნობილი უცხოეთში და რომელიც ყველაზე ნაკლებად უყვარდათ საფრანგეთში. „მას ეთაყვანებოდნენ, ეკამათებოდნენ, მისი შურდათ, ქედს იდრეკდნენ კიდეც მისი ცხოველმყოფელი ინტელექტის წინაშე, მაგრამ სიყვარულით კი ნამდვილად არ უყვარდათ იმიტომ, რომ მისი გონი იყო დამცინავი და მეომარი“ (ლე მონდი). მისი პირველი რომანები „ლე გომ“ და „მეთვალყურე“ დიდი გატაცებით და გაოცებით წავიკითხე 50-იან წლებში, ეს უსიუჟეტო და თითქოს უსაგნო თხრობა, პატარ-პატარა ამბები თუ დაკვირვებები გმირის გარეშე, ნაწარმოებები, რომლებიც პოლემიკურად უპირისპირდებოდა ფრანგულ ტრადიციულ რომანს და, პირველ რიგში, ბალზაკს. თვითონ რობ-გრიიე დარწმუნებული იყო, რომ მან შეცვალა ბალზაკი და მისი ადეპტები, ანუ ის ტრადიციული მიდგომა, როცა ავტორი მარადიული მბრძანებელია თავისი თხზულებისა ისევე, როგორც ღმერთი სამყაროსი, მაშინ როდესაც „ხელოვნება - ეს არის ენისა და ფორმების თამაში, მარად ახალი და მუდმივად განახლებადი თამაში“. რობ-გრიიე ნამდვილი კინომანი იყო და ბევრი ფილმიც გადაიღო, რომლებსაც კრიტიკა ეროტიულ-ვიზუალურ სურათებს უწოდებს, მაგრამ კინოს ისტორიაში ის დარჩა, როგორც ალენ რენეს შედევრის - „წარსულ ზაფხულს, მარიენბადში“ - სცენარის ავტორი. თვითონ მწერალი უკანასკნელ წუთამდე თვლიდა, რომ ეს იყო „მისი“ ფილმი და ეწინააღმდეგებოდა ალენ რენეს ზოგიერთ არჩევანს, მაგალითად, დელფინ სეირიგს მთავარ როლში. „ის ზედმეტად რეალისტი იყო, ბალზაკისეული გაგებით, იმისათვის, რომ ამ პერსონაჟს ჩასწვდომოდა“. თუმცა, ვისაც უნახავს ფილმი, ალბათ, ახსოვს, რა განუმეორებელია დელფინ სეირიგი ამ ოქროს გალიაში გამომწყვდეული ნატიფი და მშვენიერი ტყვე-ქალის როლში. დღეს არავის ეპარება ეჭვი იმაში, რა ღვაწლი მიუძღვის ალენ რენეს „მარიენბადის“ შექმნაში, ვინაიდან სწორედ მან გახადა ასეთი მღელვარე და სიურრეალისტური ეს ამბავი, რომელიც მის გარეშე აბსტრაქტულ და ბუნდოვან სქემად დარჩებოდა; მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს არის ორი ავტორის ერთობლივი ნაწარმოები, ფილმი, რომელიც ეწინააღმდეგება ტრადიციული კინოს ლოგიკას და ქრონოლოგიას და „ა-ხალი რომანის“ დინებას უერთდება.

2004 წელს რობ-გრიიე ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს, თუმცა, მას არასოდეს დაუკავებია მისთვის განკუთვნილი სავარძელი და არც „უკვდავთა“ რიტუალებს დამორჩილებია, ანუ არ ჩაუცვამს მწვანე სამოსი და არც ამ დაწესებულების ქებათა ქება წარმოუთქვამს. ესეც მისი პროტესტანტული სულის ერთ-ერთი გამოვლინება იყო.

0x01 graphic

გაიოზ შარაშიძე

0x01 graphic

გაიოზ შარაშიძე პაატას როლში ფილმიდან გიორგი სააკაძე

ერთი მშვენიერი, სუფთად ქართული დღე პარიზში! ჯერ შატლეს თეატრის პრესტიჟულ და იარუსებიანად გადავსებულ დარ ბაზში უკრავდა ინტერნაციონალური ტრიო ინგლისელის (ფორტეპიანო), ავსტრიელის (ვიოლონჩელი) და ქართველის (ვიოლინო) შემადგენლობით. შეასრულეს ბეთჰოვენის ორი სონატა - №3 დო მინორი და №2 სოლ მაჟორი. ახალგაზრდა ქართველი ქალი - ლიზა ბათიაშვილი - ამჟამად მიუნხენში ცხოვრობს. შატლეს თეატრის ანონსი მას ასე წარმოგვიდგენს: „მისი ვიოლინო არ უნდა შეეჯიბროს მის სხეულს: ორივე ციურად მომხიბლავია. ლიზა ბათიაშვილი ფლობს ბგერას, რომელიც გათრთოლებს, ლირიზმს, რომელიც სუნთქვას გიკრავს, ჟღერადობას, რომლისაც უნდა შურდეთ მთელი სამყაროს მომღერალ ჩიტებს. ახალგაზრდა ქართველს ძალუძს მიანიჭოს ყველა ფრაზას განუმეორებელი პოეტურობა, უნარი ისუნთქოს და გაფრინდეს. ღოგორც ამბობს ალფრედ ბრენდელი, „მან იცის, როგორ ამღეროს და ალაპარაკოს ყველა ნოტი ერთდროულად“. 16 წლისა, ლიზა ბათიაშვილი გახდა სიბელიუსის კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი. დღეს მას იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე ცნობილი დირიჟორები, აშკენაზით დაწყებული და თემირკანოვით დამთავრებული. კონცერტი მართლაც შესანიშნავი იყო, ამას დარბაზის დაუსრულებელი აპლოდისმენტებიც ადასტურებდა. მერე, „ქართულ სახლში“, ჩვენი საელჩოს მიერ გამართულ სადილზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც ესწრებოდნენ, ლიზამ ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებიც დაუკრა, რითიც ყოველი ჩვენგანის გულში აჟღერებული ქართული სიმები კიდევ უფრო აათრთოლა.

დღის მეორე ნახევარში კი დავესწარით „პარი ექსპოს“ უზარმაზარ დარბაზებში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას, სადაც ერთი კუთხე საქართველოსაც ეკავა. თავისთავად ეს ფაქტიც სასიამოვნო იყო, მაგრამ მერე ერთი პატარა „მოვლენაც“ მოხდა. ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით და საელჩოს ხელშეწყობით გამოფენაზე მოწვეული იყო ქართული ორკესტრი „შინ“, ჯგუფი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს. იყო რაღაც ძალიან ახლობელი და ამაღელვებელი ამ ბიჭებში (თუ კაცებში), რომლებშიც მე ნამდვილი მუსიკოსები დავინახე და რომლებიც, განგების ძალით, გერმანიის რომელიღაც ქალაქში ცხოვრობენ და გულის სიღრმიდან წამოსული თავდავიწყებით უკრავენ და მღერიან ქართულ სიმღერებს თავისებური, თანამედროვე ინტერპრეტაციით. „ბიჭები“ უკრავდნენ და მღეროდნენ, ხალხი გროვდებოდა, ჩვენი მრავალხმიანობა ხომ ყველასათვის მიმზიდველია და მომხიბლავი. უცებ მაყურებელთაგან ვიღაც ბიჭი გადმოხტა წრეში და დაიწყო ცეკვა. მას გოგო შეუერთდა. გაჩაღდა ნამდვილი ქართული ცეკვა. მერე სხვა წყვილიც გაჩნდა. ხალხმა ტაში დასცხო. ბოლოს, მე მგონი, აღარავინ დარჩა იტალიისა და საბერძნეთის სტენდებთან, ყველამ კედელზე გაკრულ ქართულ მთებთან და ზღვასთან მოიყარა თავი! და მე ვფიქრობდი: აი ამ ნიჭით კი ნამდვილად ვართ დაჯილდოვებულნი! სიმღერის, ცეკვის, და უფრო ფართოდ, არტისტიზმისა და გულგახსნილობის იშვიათი ტალანტით! და ეს ის თვისებებია, რომლებმაც ჩვენს სტუმართმოყვარეობასთან, სვანეთის კოშკებთან და ხევსურეთისა თუ მთა-თუშეთის პეიზაჟებთან, კახეთის „ღვინის გზებთან“, ზღვის კლდოვან სანაპიროსთან, შუასაუკუნეების ტაძრებთან და ეკლესიებთან ერთად ნამდვილად უნდა გაუხსნას გზა ცივილიზებულ და კულტურულ ტურიზმს საქართველოში. და ამაში ნამდვილად შეგვიძლია მეტოქეობა გავუწიოთ საბერძნეთსა თუ იტალიას.

ტურიზმის გამოფენაზე შევხვდი ირენ გედევანიშვილს. ამ ავადმყოფობებით სახედაღარულ და მაინც მშვენიერ ქალბატონს. სულით და გულით ქართველს და თავისი ქვეყნის მოამაგეს. ჯერ იყო მისი და მისი ქმრის სირილის ინიციატივა თბილისში დიუმას ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. (სირილის გვარი რომ ვკითხე, ირენმა ასე მიპასუხა: ცხადია, გედევანიშვილი, სხვა გვარით მაინც არავინ არ იცნობსო. აი, რა შეუძლია ახლად აღმოჩენილი ქვეყნის სიყვარულს!). მერე იყიდეს სახლი ძველ თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის ფრანგულ კულტურასთან ზიარების კერად აქციეს. ახლა ახმეტის ახლოს, სოფელ მატანში უყიდიათ სახლი. და როგორ გგონიათ, რას საქმიანობენ? დაუკავშირდნენ მატანის მკვიდრს - ვინმე ელდარს, რომელიც ახმეტის მერიაში მუშაობს და რომელსაც კულტურის მივიწყებული ძეგლების გამოვლინება აქვს დავალებული, და მასთან ერთად დადიან მთელ კახეთში და ეძებენ... ეძებენ და პოულობენ. ეს ისეთი ამაღელვებელია, - ამბობს ირენი, - ვნახეთ რაღაც საოცრებები! თელავის ახლოს - მაყაშვილების სასახლე, შიგნით სამრეკლოთი, ახმეტაში მე-14 საუკუნის, მშრალი ქვით ნაგები კოშკი და მარანი, სადღაც გურჯაანთან - ულამაზესი ჭა და კიდევ ბევრი სხვა რამ! ირენს სულმთლად ახალგაზრდულად უბრწყინავს თვალები, მე კი შევცქერი და მისი აღფრთოვანებით ვარ აღფრთოვანებული.

ამდენიმე ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ნაწყვეტი ჯონ მაკკეინის წერილიდან, რომელიც 20 მარტს დაიბეჭდა „ლემონდში“:

„ამერიკელებს და ევროპელებს ერთი საერთო მიზანი აქვთ: თავისუფლებაზე დაფუძნებული მშვიდობის დამყარება. დღეს ჩვენი დემოკრატიები ძლიერები და დინამიურები არიან და ჩვენ შეგვიძლია ერთად შევებრძოლოთ ყველა გამოწვევას, რომელსაც ვაწყდებით, იქნება ეს რადიკალური რელიგიური ფანატიზმი, რომელიც იყენებს ტერორიზმს, როგორც უსაყვარლეს იარაღს, რუსეთის შემაშფოთებელი ვირაჟი ავტოკრატიისკენ, თუ ასევე ამაღელვებელი საფრთხეები, დაკავშირებული კლიმატურ ცვლილებებთან და ჩვენი პლანეტის დეგრადაციასთან...

მაგრამ მთავარი სიტყვა მაინც არის „ერთად“. ჩვენ უნდა განვაახლოთ და ცხოველმყოფელი გავხადოთ ჩვენი დემოკრატიული სოლიდარობა, რომელსაც შეუძლია აამოქმედოს ას ქვეყანაზე მეტი დემოკრატიული ქვეყნის ძალა იმისათვის, რომ დავამკვიდროთ ჩვენი ფასეულობები და დავიცვათ საერთო ინტერესები. ჩვენი დიდი სიძლიერე არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მოგვესურვება და როდესაც მოგვესურვება. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი ჭკუა და ცოდნა წარმატების მისაღწევად“.

შემდეგ მაკკეინი საუბრობს იმის შესახებ, რამდენად არიან დიდი ქვეყნები სხვა სახელმწიფოთა ენერგეტიკაზე დამოკიდებული და ასკვნის: „ევროპამ უნდა შეიმუშაოს დიდი ენერგეტიკული პოლიტიკა იმისათვის, რომ რუსულმა მონოპოლიებმა გაზისა და ნავთობის სფეროში ვერ შეძლონ კვლავაც იმოქმედონ, როგორც პოლიტიკური გავლენის აგენტებმა. არსებითად პრობლემა ის არის, რომ არცერთი ჩვენგანი არ უნდა იქცეოდეს ისე, თითქოს მისი მოქმედების არე მხოლოდ საკუთარი ტერიტორიაა. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ბედი მთელი კაცობრიობის ბედთან არის გადაჯაჭვული. არსებობს კარგი ინტერნაციონალური მოქალაქეობა. თუ გვინდა, რომ სხვებისთვის მაგალითი ვიყოთ, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ სამაგალითო მოქალაქეები“.

ჩვენთვის საბედნიეროდ, ამ იდეების მქონე მაკკეინს რეალური შანსი აქვს გახდეს ამერიკის პრეზიდენტი!

არლა ბრუნი-სარკოზი, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც „ავტორს, კომპოზიტორს, შემსრულებელს და რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს“, აქვეყნებს სტატიას სათაურით - „არა ცილისწამებას“, სადაც წერს: „ყალბი ესემესის საქმე დაიხურა, ვინაიდან ჩემმა მეუღლემ გამოიტანა სასამართლოდან საჩივარი „ნუველ ობსერვატორის“ მიმართ მას მერე, რაც ჟურნალისტმა ბოდიშის წერილით მომმართა.“ სტატია მთავრდება ბომარშეს სიტყვებით, სადაც აზრი დიდი მწერლისთვის დამახასიათებელი ხატოვანებით არის ფორმულირებული და, ვფიქრობ, ჩვენთვისაც საყურადღებოა: „ცილისწამება, ბატონო? თქვენ არ იცით, რის მიმართ გამოხატავთ უპატივისმცემლობას. მე მინახავს ყველაზე პატიოსანი ადამიანები, მოდრეკილნი მის მიერ. ის უეცრად გაიჭრება წინ, გაინავარდებს, ყველას და ყველაფერს ითრევს თავის ორომტრიალში, გარს ეხვევა, გლეჯს, თან მიაქანებს, ამსხვრევს და გრგვინავს, და, ციური მადლით, გარდაიქმნება საერთო კივილად, საზოგადოებრივ კრეშჩენდოდ, სიძულვილისა და დევნის საყოველთაო ქოროდ. რომელი ეშმაკი გაუძლებს მას?“

ბოლო ხანს კარლა ბრუნი-სარკოზიმ შეძლო ფრანგების გულის მოგება. პრესა განსაკუთრებით გააქტიურდა დიდ ბრიტანეთში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მერე. ინგლისურმა და ფრანგულმა ჟურნალებმა მას „ლონდონის დედოფალი“ დაარქვეს. „ბრიტანელი პრინცესების თვალწინ ჩვენმა პირველმა ლედიმ დაამტკიცა, რომ უბრალოებაც შეიძლება იყოს მეფური. მისმა ბუნებრივმა თავისუფლებამ ყველას ყურადღება მიიპყრო“. - წერს „პარი მატჩი“.

და საინტერესოა, რომ იმავე დღეებში სარკოზის პოპულარობამაც ოთხი პუნქტით მოიმატა.

მ რამდენიმე თვის წინ ცნობილმა ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ, სოციალისტმა ბერნარ ანრი ლევიმ დაწერა წიგნი სათაურით „ძირს გართხმული დიდი გვამი“. ამ „ძირს გართხმულ დიდ გვამში“ სოციალიზმი იგულისხმებოდა! წერილს დიდი აყალმაყალი მოყვა. წიგნი მაშინ გამოვიდა, როცა სარკოზის პოპულარობამ პიკს მიაღწია, როცა მან ბევრი ცნობილი სოციალისტი გადაიბირა და თვით მემარცხენეთა რიგებში არეულობა და დაქსაქსულობა იყო გამეფებული. დღეს სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა: სარკოზიმ დაკარგა „კეთილგანწყობის მდგომარეობა“, სოციალისტებმა მოიგეს მუნიციპალური არჩევნები (ისეთივე დაქსაქსულობის მიუხედავად). და აი, „ობსერვატორში“ იბეჭდება წერილი: „გვამი კარგად გრძნობს თავს“. აი ასე, მსუბუქად და მოხდენილად ლაპარაკობენ ფრანგები - მწერლები თუ ჟურნალისტები - მათთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებზე.

ალე დე კონგრეს“ უზარმაზარი, 4500 კაციანი გადაჭედილი დარბაზი. მღელვარე, დაძაბული მოლოდინი. უცებ, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე სცენაზე გამოქროლდება პატარა, სიფრიფანა გოგონა გიტარით ხელში. შავი ჩექმები და შავი რეიტუზები, ვიწრო, ბრჭყვიალა ნახატებით გაწყობილი ნაცრისფერი ტუნიკა, ბუნებრივად ჩამოშლილი ხუჭუჭა თმა, რომლის ვარცხნილობაზე ნამდვილად არ უზრუნია პარიზელ პარიკმახერს... გაგონებს ყველაფერს, ევროპელი ვარსკვლავის გარდა. მაგრამ პარიზული საზოგადოება ხვდება სწორედ ისე, როგორც საყვარელ და აღიარებულ ვარსკვლავს, ოვაციებით, ყვირილით და ფეხზე წამოხტომით. ის კი, თითქოს ყურადაც არ იღებს ტაშის გრიალს, აიქნევს ხელს მისალმების ნიშნად და პირდაპირ იწყებს დაკვრას და სიმღერას... და ასე გრძელდება საათ-ნახევრის მანძილზე, გოგონა მღერის, ხან მარტო და ხან თავისი ორკესტრის თანხლებით, მღერის ხან საკუთარ სიმღერებს, სადაც თვითონ არის ტექსტის და მუსიკის ავტორი (რაც მე განსაკუთრებით მხიბლავს), ხან საყოველთაოდ ცნობილ ჰიტებს. ის კომენტარებსაც აკეთებს, ინგლისურად, ახსენებს საქართველოს, უფრო სწორად, თავის ბავშვობას საქართველოში. დარბაზი გრიალებს, გოგონა თავდაუზოგავი ენერგიით და ტემპერამენტით მღერის. და არის მისი ხმის ტემბრში და მთლიანად სიმღერის მანერაში, რაღაც ძალიან ახლობელი და მშობლიური. ეს ქეთი მელუაა, რომელსაც მე, ევროპელი მაყურებლისგან განსხვავებით, პირველად ვუსმენ. ვუსმენ და ვიმსჭვალები მღელვარებით და სიამაყით.

„ქეთი მელუას დაუოკებელი აღმასვლა“ - ასეთი სათაურით ბეჭდავს წერილს „ლე ფიგარო“. სტატიაში წერია, რომ ქეთი დაიბადა საქართველოში, ქუთაისში, რომ ის ძლიერად არის მიჯაჭვული თავის ქართულ ძირებს. „ფოლკი და ბლიუზი ჩემი ქართული წარმომავლობის (ბეკგრაუნდის) ნაწილია. როდესაც მე ჩამოვედი დასავლეთში, აღმოვაჩინე ძალიან დიდი მსგავსება აქაურ და ჩემი ბავშვობის მუსიკას შორის“, ამბობს მომღერალი. დღეს ქეთი მელუას წარმატებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი ალბომის 3 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული, მათგან მილიონ-ნახევარი - ინგლისში, ხოლო მისი ბოლო ალბომი - „სურათები“ - რამდენიმე დღეში ევროპული ბესტსელერების სათავეში მოექცა და ამგვარად წაართვა გვირგვინი მთავარ „ბოსს“ - სპრინგსტინს.

ჟურნალები იმასაც წერენ, რომ „ქეთი მელუას მთავარი ფანი ინგლისის დედოფალია“! („პარი მატჩი“)

სცენიდან ჩამოსული, კულისებში, ქეთი კიდევ უფრო პატარა და თხელი გამოჩნდა, და მხოლოდ თვალები - დიდი, ნაცრისფერი და ამ საერთო აღფრთოვანების ატმოსფეროშიც - ტკივილიანი, გაფიქრებინებდნენ, რომ ამ სიფრიფანა სხეულის შიგნით ჭეშმარიტი ძალა და ტალანტი იმალება.

აპარლამენტო არხზე ვნახე საინტერესო კონფერენცია თემაზე: როგორ გავავრცელოთ მოქალაქეობრიობის შეგნება ?

კონფერენციის რეზიუმე დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ერთობის შეგრძნებას საერთო ბედისწერის აღქმა იწვევს. არსებობს ერთობა ეროვნული, ევროპული, საკაცობრიო. ეროვნული ერთობა ყველასათვის გასაგები განცდაა, ევროპული ერთობის შეგრძნება კი ჯერ არ არის გამჯდარი, რადგანაც ჯერ არ არის განცდილი ბედისწერის ერთობა. მოქალაქეობრიობის ყველაზე მარტივი გაგებაა - დაემორჩილო საერთო წესებს. შემდეგი ეტაპია - პიროვნულისა და საზოგადოებრივის ურთიერთობა თვითონ პიროვნებაში. დღეს აუცილებელია ახალი სოლიდარობის აღმოჩენა. დღეს ახალგაზრდობაში არ არის განცდა იმისა, რომ ერთად, ახალგაზრდებს შეუძლიათ რაღაცის შეცვლა. ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინათ არსებობდა რწმენა, რომ პროგრესი გარდუვალია. დღეს აღარაფერი ვიცით მომავლის შესახებ. ვცხოვრობთ გაურკვევლობის ატმოსფეროში. გაგვიცრუვდა კოლექტიური იმედები და სინანულით ვაცნობიერებთ ამ იმედების ილუზორულობას.

ედგარ მორენი, ცნობილი სოციოლოგი, ლაპარაკობდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ერთობის შესაქმნელად ისეთი უბრალო ჟესტი, როგორც მისალმება უცნობის მიმართ. მიესალმო უცხოს, სხვას, ეს გვქონდა წინათ, სოფელში, და დავკარგეთ. არადა, უცხოს ასეთი აღიარება - ერთობის შექმნის საწინდარია, - ამბობს მორენი.

ვფიქრობ, რომ მოქალაქეობრიობის გაღვივება ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა. რომელი ერთობის განცდა გვამოძრავებს ჩვენ, ქართველებს, წმინდად ეროვნულის გარდა? ჩვენს საერთო სივრცეში ყველაზე ბუნებრივი უნდა ყოფილიყო სამხრეთკავკასიური ერთობა, რაც, სამწუხაროდ, სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების გამო ვერ შეიქმნა.

ევროპული ერთობა? საკაცობრიო ერთობა? მგონია, რომ ქართულ სინამდვილეში ეს აბსტრაქტული ცნებებია. ჯერ კიდევ საკუთარ ნაჭუჭში ვართ ჩაკეტილი, ვერ ვხედავთ ჩვენს თავს საერთო კონტექსტში. არადა, დღეს მარტო ჩვენი პრობლემებით არსებობა კარჩაკეტილობის და იზოლაციის მომასწავებელია. აუცილებელია გავითავისოთ ისეთი ცნებები, როგორიც არის ევროპის საერთო ბედისწერა, კაცობრიობის საერთო ბედისწერა. ასე, და მხოლოდ ასე შევძლებთ დავიკავოთ ღირსეული ადგილი მსოფლიო ერთობაში, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად აღიარებს ამ პლანეტის შვილების საერთო ინტერესებს, როგორც კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთ შანსს, განსაკუთრებით, გლობალიზაციის, ტერორიზმის და კლიმატური დათბობის პირობებში.

არდაიცვალა გაიოზ შარაშიძე. ჩემი ცხოვრების და ჩემი სულის ნაწილი. იმედი. დასაყრდენი. ყველა განსაცდელის დროს, რომელსაც ბედი არ იშურებდა ჩვენთვის, ვიცოდი, რომ აქვე, ახლოს იყო გაიოზი. ის უსათუოდ გიშველიდა. სიტყვით, გვერდით დგომით, საქმით. გიშველიდა უსიტყვოდ და ხმაურის გარეშე. ისე, რომ ამას ვერავინ ვერ შეამჩნევდა. ის ბევრი ადამიანისთვის იყო ასეთი. მშველელი, გადამრჩენი. ეს მისი არსებობის წესი იყო. პანაშვიდებზე ხან ვინ ამბობდა და ხან ვინ: ყოველთვე მოდიოდა ჩვენთან და 100 ლარი მოჰქონდაო, ჩემი შვილისთვის წამლებს ყოველთვის ის ყიდულობდაო, ეგ რომ არ ყოფილიყო, აქამდე ცოცხალი არ ვიქნებოდიო... თვითონ ამაზე არასდროს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ გრძელ სიას დაატარებდა ჯიბით და თავის არცთუ დიდ შემოსავალს უნაწილებდა იმათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდა.

როდესაც, ჯერ კიდევ ბავშვობაში, გაიოზმა გადაწყვიტა ფსიქიატრი გამხდარიყო, მე აღშფოთებით ვეუბნებოდი, რაღა ისეთი პროფესია აირჩიე, რომელიც არასდროს არავის გამოგვადგება-მეთქი. მაშინ არ მესმოდა, რომ ფსიქიატრი ადამიანის სულის მკურნალია, და რომ ჩვენი ესოდენ ძნელი ცხოვრების გზაზე სწორედ სულის მკურნალი დაგვჭირდებოდა ყველაზე მეტად! ვერც იმას ვხვდებოდი, რომ გაიოზს ღვთის წყალობად ჰქონდა მომადლებული ადამიანის სულში ჩაღრმავების ნიჭი და სწორედ ამიტომ ის დაბადებით იყო ფსიქიატრი.

ჩვენი საერთო ცხოვრების ერთი ასეთი ეპიზოდი: ჩვენმა მეგობარმა მხედველობა დაკარგა და სამუდამო სიბნელეში ჩაიძირა, თუმცა, სრულიად შეუნელებელი დარჩა მისი ინტერესი ცხოვრების და ყველაფერი ახალის მიმართ. აქტიურმა და მოყვასისადმი სიყვარულით გამსჭვალულმა გაიოზმა ასეთი რამ მოიფიქრა: დაუკავშირდა კიდევ ერთ საერთო მეგობარს, რომელიც ბუნებით პედაგოგია და ლიტერატურის გამავრცელებელი და სთხოვა თ-სთვის ახალი და საინტერესო ნაწარმოებები წაეკითხა გარკვეული რეგულარულობით. ს. დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა. ყველაზე მეტი ძალისხმევა გაიოზს დასჭირდა იმაზე, რომ ს. ყოველთვიურ გასამრჯელოზე დაეთანხმებინა, რაც ჩვენს საერთო გაჭირვებულ ცხოვრებაში მას ჰაერივით სჭირდებოდა. ბოლოს ეს შეთანხმებაც შედგა. და უკვე მრავალი წელია, კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში ხდება ეს მშვენიერი აქტი: ერთი, ლიტერატურაზე შეყვარებული, ხნიერი ადამიანი უკითხავს მეორეს, უსინათლოს და ახალი ნაწარმოების გაგებას მოწყურებულს, ქართული თუ უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს და ეს ორივეს ბედნიერების შეგრძნებით ავსებს. უკვე დიდი ხანია, როცა გაიოზი ავად გახდა, ს.-მ კატეგორიული უარი თქვა გასამრჯელოს აღებაზე, მაგრამ კითხვა და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური ურთიერთობა ისეთივე ინტენსივობით გრძელდება.

ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრი საინტერესო, ნიჭიერი და მნიშვნელოვანი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ დღეს, თუ ვიფიქრებ იმაზე, ვის მენდომებოდა დამსგავსებოდნენ ჩემი შვილიშვილები, პირველ რიგში, გაიოზი დამიდგება თვალწინ. მისი ემოციურობა, მისი ხელგაშლილობა, მისი უნარი სხვის, და თუნდაც მოწინააღმდეგის სულში ჩაწვდომისა, მისი თავმდაბლობა, მოყვასის სიყვარული, მისი სიკეთე, ასეთი თითქოს უბრალო და ელემენტარული, და ასეთი ქმედითი, მისი ღიმილი, რაღაც საოცრად, საოცრად თბილი. ღიმილი, რომელიც მეგობრის დანახვაზე ანათებდა გაიოზის სახეს მაშინაც კი, როდესაც ავადმყოფობამ ის გარე სამყაროს მოსწყვიტა.

არ ვიცი, შევძელი თუ არა, მაგრამ გაიოზზე საუბრისას შეგნებულად შევეცადე დამეწერა ქებათა ქება თვისებებისა, რომლებიც ასე გვაკლია დღეს და რომლებიც ადამიანურობის უპირველეს ნიშნად მიმაჩნია: აქტიური სიკეთის და მასთან შერწყმული თავმდაბლობის ქებათა ქება.

18 „კმარა! ანუ 10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ“ ხუთი წლის შემდეგ

▲back to top


სპეც-პროექტი

დეის ავტორი: კახა თოლორდავა
ავტორები: თამარ ბაბუაძე, ნინო ბექიშვილი
ილუსტრაცია: ლევან მინდიაშვილი

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს სამოქალაქო საზოგადოება მომზადებული შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა, საფუძვლიანი განსჯისა და ანალიზის შედეგად, ძირითად პოსტულატებად ჩამოაყალიბეს ის აუცილებელი ცვლილებები, რაც საქართველოს წინსვლისთვის იყო საჭირო. ფუნდამენტური რეფორმები ათ ნაბიჯად დაიყო და მანიფესტის სახით ჩამოყალიბდა. მალევე იმავე პოსტულატების მიხედვით გადაიღეს ფილმი „კმარა! ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“, რომლის მიზანიც გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობაში საზოგადოების დარწმუნება იყო. ფილმი მაშინდელი არასამთავრობო სექტორის მთავარ ფიგურებთან ჩაწერილი ინტერვიუებით აიგო. ექსპერტები საუბრობდნენ უკუსვლაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და საბაზრო ეკონომიკის მხრივ შეინიშნებოდა; საუბრობდნენ გაუცხოებაზე, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებობდა; საუბრობდნენ პოსტკომუნისტური სისტემის ნარჩენებზე, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობდა, ხოლო საქართველოს უწოდებდნენ დემოკრატიული ქვეყნის ნახევრად ავტორიტარულ პაროდიას.

მაშინ საკითხი იდგა ასე: 2003-2005 წლებში საქართველო ან გადადგამს ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს, ან დარჩება კარიკატურულ, ბანანის რესპუბლიკად ბანანების გარეშე!

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ფილმ-მანიფესტში მონაწილე ადამიანები აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვნენ. მათი ნაწილი ხელისუფლებაში მოვიდა, ნაწილი, თანდათანობით, აქტიურ ოპოზიციად ჩამოყალიბდა. ფილმის გამოსვლიდან უკვე 5 წელი გავიდა. 21 მაისს მორიგი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. საერთო სიტუაცია და საზოგადოებრივი განწყობა კი თითქმის ისეთივე დაძაბული და მოლოდინით აღსავსეა, როგორიც 2003 წლის არჩევნებზე იყო.

ხუთი წლის წინ დაგეგმილი „ათი ნაბიჯის“ გახსენება და მისი ახალი საჟურნალე ვერსიის გაკეთება ამიტომაც გადავწყვიტეთ. დავუკავშირდით თითქმის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ფილმში მიიღო მონაწილეობა და ვთხოვეთ, შეეფასებინათ მოვლენები: დავიწყეთ თუ არა დასახული ათი ნაბიჯით სიარული; გამოიჩინა თუ არა ახალმა ხელისუფლებამ ნება ამ ნაბიჯების გადასადგმელად; რომელი რეფორმები შესრულდა, რომელი გადავადდა ან გადაფასდა; რით მოხდა მათი ჩანაცვლება...

თუ ჩვენი რესპონდენტების გვარებს გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ 2003-ში ერთი რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებული გუნდი ხუთი წლის შემდეგ აბსოლუტურად სხვადასხვა მხარეს დგას. მათ ქვეყნის მოწყობის და წინსვლის განსხვავებული ხედვა აქვთ და ამიტომ შესაძლოა, მათი შეხედულებებიც გადადგმულ, გადასადგმელ თუ დავიწყებულ ნაბიჯებზე რადიკალურად პოლარიზებული გეჩვენოთ. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ პოლარიზების კირკიტი არ ყოფილა. გვსურს, იმ ადამიანებისგან, რომელთაც არშემდგარი სახელმწიფოს განვითარება ევალებოდათ, მოვისმინოთ შეფასებები და პასუხები, ახსნა-განმარტებები და გეგმები. რეალობა არ არის სწორხაზოვანი და გვსურს, განსხვავებული მსჯელობის გვერდიგვერდ დადებით, საზოგადოებას ადეკვატურ, რეალურ და არა პოლარიზებულ შეფასებაში დავეხმაროთ.

ხუთი წლის წინ დასახული ათი ნაბიჯის გახსენება კიდევ ერთი მიზეზის გამო გადავწყვიტეთ - 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოებამ არათუ მსგავსი დეკლარაციის მიღება ვეღარ მოახერხა, არამედ საერთოდ გაქრა აქტიური ასპარეზიდან. მიზეზების ძიება ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, შეგახსენოთ, რომ გააქტიურების და მობილიზების დროა; რომ ადამიანების გონებისა და სამოქალაქო თვითშეგნების გასავარჯიშებლად, მთავრობის 50-დღიანი პროგრამის იმედად ყოფნაზე გაცილებით სასარგებლო სიტუაციის საფუძვლიანი ანალიზი და მორიგ ნაბიჯებზე ჩაფიქრება იქნებოდა.

ნაბიჯი პირველი
სიტყვის თავისუფლება
2003

ლევან ბერძენიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკა: საბერძნეთი წარმოუდგენელია სიტყვის თავისუფლების გარეშე. როგორი თავისუფლებაა ეს? ეს არის ნებისმიერი სიტყვის - მართალი და არა მართალი სიტყვის თავისუფლება.

თინა ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: ყველას ავიწყდება უმთავრესი და უმარტივესი არსი სიტყვის თავისუფლებისა. ეს არის უფლება, რომ ილაპარაკო ყველაფერზე, რაც გინდა და ამასთანავე, ეს არის უფლება იმისა, რომ ისმენდნენ შენს საუბარს და თანამდებობის პირები ანგარიშვალდებულნი იყვნენ საკუთარი მოქალაქეების წინაშე.

რატი ამაღლობელი, პოეტი: ადამიანს ღმერთისგან მონიჭებული უფლება აქვს, რომ დაარქვას გარკვეულ მოვლენებს სახელი და მას აქვს, აქედან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლება. მისი მთავარი ფუნქცია და ღირსება არის ის, რომ მას შეუძლია სახელდება მოვლენებისა.

2008

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს სიტყვის და გამოხატვის სფეროში. ძალიან ცოტა ქვეყანა თუ მოიძებნება, მსგავსი საკანონმდებლო გარანტიები რომ ჰქონდეს. ჩვენს კანონში ყველა საიმისო გარანტიაა ჩადებული, რაზედაც შეიძლება ნებისმიერმა ჟურნალისტმა იოცნებოს. კანონის მიხედვით, ჟურნალისტი გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან, რადგან სამართლებრივ ურთიერთობებში მხარედ ითვლება მისი დამქირავებელი ორგანიზაცია და არა პირადად ის. კანონში ყველანაირი გარანტიაა ჩადებული საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვისაც, არის ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის გარანტიები და ვერავინ აიძულებს ჟურნალისტს, წყარო გაამხილოს. ჩვენი კანონმდებლობა უფრო შორს მიდის, ვიდრე ამას ტრადიციულად ითვალისწინებს ხოლმე საერთაშორისო გარანტიები. ჟურნალისტი დაცულია არა მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ კერძო სუბიექტებთან მიმართებაშიც, მაგალითად დამქირავებელთან. მას სრული უფლება აქვს, იმოქმედოს საკუთარი სინდისის და პროფესიული ეთიკის შესაბამისად და არ შეასრულოს ისეთი დავალება, რომელიც მის წარმოდგენებს ეთიკასა და ჟურნალისტურ პროფესიონალიზმზე ეწინააღმდეგება.

ის, რაც შეიძლება, გააკეთოს სახელმწიფომ - მიიღოს კანონი და უზრუნველყოს ამ კანონის გამოყენება სასამართლოს მეშვეობით - უკვე ძირითადად გაკეთებულია. რევოლუციის შემდეგ, რამდენადაც ოფიციალური სტატისტიკის მოძიება შევძელით, 13 საქმის სასამართლო განხილვა მოხდა, რომლებშიც მედია მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა. ამ ცამეტიდან მედიამ მოიგო პრაქტიკულად ყველა საქმე ან პირველივე, ანდა მეორე ინსტანციის სასამართლოებში.

სამართლებრივი გარემო ჩვენთან საკმაოდ ლიბერალურია და ყველა წინაპირობაა იმისთვის შექმნილი, რომ მედია განვითარდეს. თუმცა, პრობლემაა ის, რომ სამართლებრივი ნორმები და რეალობა ყოველთვის ერთმანეთთან თანხმობაში არ არის და ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა იძლევა, სრულად არ არის გამოყენებული. მეეჭვება, რომ ამ მხრივ რაიმე ისეთი პრობლემა იყოს, რისი შეცვლა ან გამოსწორება სახელმწიფოს შეუძლია. ვთქვათ, რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, ეს არის, პირველ რიგში, იმ კულტურის ნაწილი, რაც ჩვენს მედიაშია დამკვიდრებული და აქ თვით ჟურნალისტებს შორის უნდა შეიცვალოს მიდგომა საკუთარი პროფესიული სტანდარტების მიმართ.

რაც შეეხება „იმედს“, ის რაც ამ ტელევიიზის მიმართ მოხდა, მაინც ვფიქრობ, ეს არ იყო ქართული მედიისთვის ტიპური მოვლენა. ამიტომაც, ამ ერთი შემთხვევის საფუძველზე საერთო მედია ტენდენციებსა და სიტყვის თავისუფლების ხარისხზე რომ ვისაუბროთ, არ იქნება სწორი. მიჭირს, „იმედი“ განვიხილო, როგორც დამოუკიდებელი მედიის ტიპური მაგალითი, თუ გავიხსენებთ, ვინ იდგა ამ ტელევიზიის სათავეში. ცხადია, მფლობელთან ერთად, ამ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანების ნაწილსაც, კონკრეტული პოლიტიკური ამოცანები ამოძრავებდათ. ერთ-ერთ პრობლემად ხშირად სახელდება ის, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ „იმედთან“. მაგრამ თუკი „იმედს“ განვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, მაშინ გამოვა, რომ „იმედსა“ და მმართველ პარტიას შორის დაახლოებით ისეთივე თანამშრომლობა იყო, როგორიც მმართველ პარტიას და რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის. ანუ პრობლემა არა მხოლოდ პოლიტიკოსებშია, არამედ მედიის შიგნითაც. ჩემი აზრით, მედიის დღევანდელი პრობლემა არის ის, რომ არ არის საკმარისი საკუთრების პლურალიზმი. პირველ რიგში, ვგულისხმობ საინფორმაციო საშუალებების ათვისებას. ჩვენთან ძალიან მცირედაა ათვისებული ინტერნეტი, რომელიც განსხვავებული აზრების წარმოჩენისთვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და ყველას აძლევს საშუალებას, თავისი თვალსაზრისი მიაწოდოს საზოგადოებას. პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენთან პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების შერწყმა ხდება და მედიას ცალკეული მფლობელები ინსტრუმენტად იყენებენ, აქედან გამომდინარეობს მედიის შიგნით არსებული გამჭვირვალობის პრობლე მა. საინტერესოა ასევე, მესაკუთრეების პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესები რა გავლენას ახდენს სარედაქციო პოლიტიკაზე, ეს კომპლექსურად ბევრგან იჩენს ხოლმე თავს, ვგულისხმობ, იგივე „იმედს“. თუმცა, „იმედის“ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს ტელევიზია მისი მფლობელის ბრმა იარაღად იქცა. „იმედი“ არცთუ ბრმა იარაღი იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ტელევიზიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ცნობილი პოლიტიკოსი და ასლან აბაშიძის თანამებრძოლი, რომელმაც მისი პოლიტიკური ძალის გაკოტრების შემდეგ გამოიცვალა ადგილი და მოგვევლინა ჟურნალისტიკაში, მის ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტებს გაუჭირდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა გაეგრძელებინათ, როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტთან.

ესაა ის, რაც „იმედის“ შემთხვევას ხდის უნიკალურს და მისი განზოგადება არ არის სასურველი მთელ ქართულ მედიაზე. თუმცა, ცხადია, „იმედის“ დახურვა და ის, თუ რა ფორმით დაიხურა „იმედი“, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო იყო. საერთოდ, ნებისმიერი ტელევიზიის დახურვა ყოველი დემოკრატიული ქვეყნისთვის ამ დემოკრატიის სერიოზული კრიზისის მანიშნებელია და სერიოზული გამოცდაა მისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მაგალითიდან ყველამ სათანადო დასკვნა უნდა გააკეთოს და ეს პრობლემაც რაღაცნაირად აღმოიფხვრას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება გაცილებით უფრო წარმატებულად ახერხებდა საქართველოში გატარებული რეფორმების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, ასევე იმ მიღწევების თუ იმ სირთულეების, დაბრკოლებების თუ წარუმატებლობების შესახებ უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას და დარწმუნებას, ვიდრე - საკუთარი ქვეყნის შიგნით. თუმცა, ბუნებრივია, ამომრჩეველს პრობლემის ახნა არ სჭირდება, მას გადაწყვეტა უფრო სჭირდება. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო - პირველ რიგში, პოლიტიკურ კულტურას ვგულისხმობ - როცა სერიოზული საკითხების შესახებ საფუძვლიანი დისკუსიები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და არის ძირითადად მხოლოდ ლანძღვა-გინების კორიანტელი, ძნელია, ელაპარაკო საზოგადოებას ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო სფეროს რეფორმის ნიუანსებსა და ავ-კარგზე.

რაც შეეხება გაუცხოებას ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ჩემი აზრით, ცოტა მარქსიზმის ელფერი დაჰკრავს ამ სიტყვას. მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი საჭიროებები და რამდენად ადეკვატურად პასუხობს ამ საჭიროებებს ხელისუფლება, დღეს უფრო თვალნათლივ ჩანს, ვიდრე გარკვეული პერიოდის წინ იყო. თუკი სოციოლოგიურ გამოკვლევებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა გამოკითხვით პირველ პრობლემად უმუშევრობა სახელდება, ასევეა ფასების ზრდა, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა და სიღარიბე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი მიღწევაც გვაქვს, მაგრამ საზოგადოებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნდამენტური პრობლემები ჯერჯერობით მოუგვარებელია.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

უპირატესად, ტელემედიაზე ვისაუბრებ - გაზეთებში ბევრი რამ არ შეცვლილა; თანაც, ნაბეჭდი მედიის გავლენა საზოგადოებაზე გაცილებით ნაკლებია. მედიასივრცე შეიზღუდა - უშუალოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ აორთქლდა მეცხრე არხი, „რუსთავი-2“ გადაიქცა „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“, ანუ - სააკაშვილის გუნდის არხად; „მზე“ ჩაჯდა „რუსთავთან“ ერთ პაკეტში. შედარებით ახალი ამბავია ის, რაც „იმედს“ დაატყდა თავს - არხი, არსებითად, გაანადგურეს ფიზიკურად და მორალურად და არ ვიცი, მოხერხდება თუ არა მისი სრულფასოვანი რეანიმაცია. მედიის ქმედითობა კითხვის ნიშნის ქვეშ შევარდნაძის დროსაც იდგა; გავიხსენოთ პოპულარული გადაცემა „60 წუთი“, რომელიც თავიდან რეზონანსული იყო, შემდეგ საერთოდ დაკარგა აზრი - რაც გინდოდა, ის გემტკიცებინა, არაფერი შედეგი მოჰქონდა. დღეისთვის, ხელისუფლებაზე მედიის ზემოქმედების თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა, ხოლო თავისუფალი სივრცე შეიკვეცა - ვუწერთ მინუსს.

ხელისუფლებამ განაცხადა, არც კი ვკითხულობთ, რაც იწერებაო. რა თქმა უნდა, კითხულობენ, საქმის კურსშიც არიან და სათანადო დასკვნებსაც აკეთებენ. ოღონდ - არა საზოგადოებისთვის სასიკეთო დასკვნებს, არამედ - საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ. გახსოვთ, ალბათ, ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც დებატებზე უარი თქვა - პირდაპირი პოლიტიკური დებატები გამქრალი იყო ტელესივრციდან; საუკეთესო შემთხვევაში ერთ არხზე იჯდა ხელისუფლება, მეორეზე - ოპოზიცია. ეს არანორმალური მდგომარეობაა; პოლიტიკური დებატები დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამის გარეშე არც უკუკავშირია პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის, არც იდეების, თვალსაზრისების, მიდგომების შეჯიბრი. ახლა ერთგვარი გამოცოცხლებაა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ არხების უმრავლესობა ხელისუფლების კონტროლქვეშაა და სახელისუფლო კანდიდატებს მოურიდებელ რეკლამირებას უწევენ. არ შემიძლია არ ვთქვა, აგრეთვე, რომ ხშირად ჟურნალისტების დონე არ უწყობს ხელს სერიოზულ დებატებს და დისკუსიებს. ჟურნალისტი არანაკლებ უნდა იყოს მომზადებული დისკუსიის თემისთვის, ვიდრე მონაწილე პოლიტიკოსები.

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი

თამამად შემიძლია, ვთქვა, ვარდების რევოლუციის შემდეგ სიტყვის თავისუფლების ხარისხმა მკვეთრად იკლო.

ადრე მთავარი პრობლემა ის იყო, რომ რაზეც პრესაში იწერებოდა და ტელევიზიით შუქდებოდა, შესაბამისი უწყებები რეაგირებას არ ახდენდნენ, დღეს კი, შეიძლება ითქვას, ხელისუფლება მედიას სრულად აკონტროლებს და არ აძლევს საშუალებას, სააშკარაოზე გამოიტანოს ის, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში.

მაგალითად, „რუსთავი 2“ რევოლუციამდე იყო ძლიერი და გავლენიანი არხი, მას ხალხი ძალიან ენდობოდა. თუ მაშინ რამე ინფორმაცია იბლოკებოდა, ეს იყო მფლობელის გადაწყვეტილება. მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო კარგი ურთიერთობა ჩინოვნიკთან ან თუნდაც ქრთამი, მაგრამ ხელისუფლების მიმართ შიშის გამო სიუჟეტი არ იბლოკებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ერთ არხზე არ გავიდოდა ინფორმაცია, სხვაზე მაინც გაშუქდებოდა.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დღეს რომელიმე არხზე „დარდუბალა“ გადიოდეს?! ავტორებს, ალბათ, დააპატიმრებენ, დახვდებიან, ცემენ, აწამებენ, დაემუქრებიან. დღეს მსგავსი გადაცემა ქართულ მედიაში ვერ გავა, ეს წარმოუდგენელია, ამის გაკეთებას ვერავინ გაბედავს.

სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც რევოლუციის შემდეგ მივიღეთ, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან კანონი არ სრულდება. სად წერია, რომ უნდა შეიჭრა ტელევიზიაში - „იმედში“ - დაამტვრიო აპარატურა, ტელევიზიას მილიონის ზარალი მიაყენო, ჟურნალისტები ერთი საათის განმავლობაში იატაკზე პირქვე დააწვინო და მერე რეზინის ტყვიებით და გაზის ყუმბარებით მათზე ინადირო?!

რომელ კანონში წერია, რომ ყოველგვარი ლეგალური საფუძვლის გარეშე უნდა დახურო „კავკასია“, რადიო „იმედი“, „ტვ-25“ ბათუმში?! „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის ცვლა ხომ საერთოდ ლეგენდებად არის ქცეული. ანუ, ფაქტობრივად, დღეს სახელმწიფო ტელევიზიებს ძალიან მკაცრად აკონტროლებს. გამონაკლისი იყო „იმედი“ და დღეს არის „კავკასია“.

მთავარი განსხვავება შევარდნაძისა და დღევანდელ სისტემას შორის ის არის, რომ მაშინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა სახელისუფლებო ვერტიკალი, ხელისუფლება ვერ მართავდა ვითარებას, მინისტრები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, როგორიც თავისთვის მიაჩნდათ უკეთესად.

დღევანდელი სისტემა კი ყველაზე ცენტრალიზებული სისტემაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. თვითმმართველობა, პარლამენტი, სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, ადვოკატთა კორპუსი, დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებები, ყველაფერი კონტროლდება რამდენიმე ადამიანის მიერ.

მაგალითად, ერთი ადამიანი წყვეტს, რაში დაიხარჯოს ჩხოროწყუს და დმანისის ბიუჯეტები, როგორი ფორმა უნდა ეცვას მებაჟეს და მესაზღვრეს და რა იარაღით უნდა იყვნენ ისინი შეიარაღებული, რა თანმიმდევრობით უნდა გავიდეს ტელევიზიაში ნიუსები და რა ფერად უნდა შეიღებოს ფასადები... ეს არის ცენტრალიზების წარმოუდგენელი დონე. ეს არის მთავარი განსხვავება და სწორედ ეს არის დემოკრატიის, მრავალფეროვნების და პლურალიზმის ნაკლებობა.

ამის მიზეზია გამარჯვებულთა პოზიცია, - ჩვენ გავიმარჯვეთ და აწი არ გვაინტერესებს არავინ და არაფერი, გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა, რადგან გამარჯვებული უკვეთავს მუსიკას.

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ძნელია, მოიძებნოს მეორე ისეთი სახელმწიფო, სადაც საკანონმდებლო საფუძველი სიტყვის თავისუფლებისთვის მსგავს ლიბერალურ გარემოს უზრუნველყოფს. სიტყვის თავისუფლება ჩვენთან პრაქტიკულად არაფრითაა შეზღუდული, ჟურნალისტის განათლების, მისი ეთიკის და სარედაქციო პოლიტიკის გარდა. უნდა ითქვას, რომ მასმედიის უდიდეს ნაწილში სარედაქციო პოლიტიკა, როგორც დოკუმენტისა და პრაქტიკის ერთიანობა, არ არსებობს. ეს კი ძალიან სამწუხაროა. ჯერჯერობით არ ამუშავებულა არც ჟურნალისტური ეთიკის თვითრეგულირების მექანიზმი - სამწუხაროდ, აქაც ვერ მოხდა შეთანხმება მედიას შორის. მოდით, ვთქვათ ისიც, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა საქართველოში სანთლით საძებნელია. იქნება ეს ტელე, რადიო თუ ბეჭდვითი სივრცე, პრაქტიკულად ტაბლოიდური პრესის მიერ არის დაკავებული. ეს კი, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული პრობლემაა. თითქმის ყველა ანგარიში, რომელიც პრესის შეფასებას ისახავდა მიზნად, ადასტურებს, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკის სტანდარტები ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენთან არ გაუმჯობესებულა. ისმის კითხვა - არის თუ არა სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში. პირადად მე, მომხრე ვარ სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევისა, რადგან მიმაჩნია, რომ თვითონ ჟურნალისტების მოვალეობაა, ხარისხიანი ჟურნალისტიკის სტანდარტებს მიაქციონ დიდი ყურადღება, შექმნან ქმედითი მექანიზმები, რომლებიც დაარეგულირებდა გარემოს და, საბოლოო ჯამში, მიზნად დაისახავდა მაღალი სამოქალაქო სტანდარტების დანერგვას. მე ამ სფეროს ექსპერტი არ ვარ, ვაფასებ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ეცნობა ჩვენს მედიას და უნდა ვთქვა, რომ, სწორედ ხარისხის და ეთიკის მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ჩამოვრჩებით საუკეთესო, თუნდაც, აღმოსავლურ ევროპულ მაგალითებს.

ასევე დგას პრობლემა - აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ევალება, ითვალისწინებს თუ არა მასმედიით გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრს. პირადად მე, ბევრჯერ მინახავს მაგალითი, როცა გარკვეული სიუჟეტის ან პუბლიკაციის შემდეგ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადაუდგამს. სულ ბოლოს, მაგალითად, ასეთი პრეცედენტი მოხდა დავიწყებულ სოფელთან დაკავშირებით, რომელიც სააგარაკო დასახლებად არსებობდა, მაგრამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად რეგისტრირებული არ იყო და მის მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ საშუალება, თავიანთი უფლებები განეხორციელებინათ. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი მათთვის უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა.

თუმცა, ცხადია, მესმის, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობისთვის საჭირო უფრო გამართულ მექანიზმზე. დაგეთანხმებით, რომ ეს მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ამ მიმართულებით ორივე მხარეს აქვს სამუშაო.

არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალისტურ შეკრებაზე გამოიკვეთა. ჩვენთან ერთი სამწუხარო წესი ჩამოყალიბდა, რომ, როგორც ჟურნალისტის ყურადღების ობიექტი, თითქოს, არსებობს მხოლოდ მთავრობა, რომელსაც ეკისრება ყველა პრობლემის მოგვარების ტვირთი. იმ შეკრებაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი თქვა, რომ არსებობს ბევრი ჟურნალისტი, რომელიც ყოველდღიურად მძაფრად აკრიტიკებს მთავრობას, მაგრამ ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, რომელიც აკრიტიკებს საზოგადოების ამა თუ იმ ჩვევას.

ქართულ ჟურნალისტიკას ძალიან აღარიბებს ეს ორგანზომილებიანი დამოკიდებულება - არსებობს მხოლოდ მთავრობა როგორც კრიტიკის ადრესატი. ცხადია, მთავრობა ყოველთვის პროჟექტორის სხივებს ქვეშ უნდა იყოს დაშუქებული, მაგრამ ცხოვრება გაცილებით რთული და საინტერესოა, ვიდრე დამოკიდებულება მთავრობასა და პრობლემას შორის, ხოლო ჟურნალისტის ამოცანა - უფრო მრავალწახნაგოვანი, ვიდრე მუდმივად იმის განხილვა, თუ რა თქვა ჩინოვნიკმა № ოპოზიციონერ №-ზე და როგორ უპასუხა მან პირველს. მსგავსი მიდგომით ხდება საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაპრიმიტიულება, და ამ დროს უკანა პლანზე გადადის საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც საჭიროა, იკვლიო თავის მრავალფეროვნებაში, სირთულესა და წინააღმდეგობებში. მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებ, კითხვის ნიშნები მაინც უნდა დაისვას პროფესიონალურად და კვალიფიციურად. ვფიქრობ, რომ ეს სამუშაო ჩვენს ჟურნალისტიკას ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია

კანონი „სიტყვის თავისუფლების“ შესახებ ნამდვილად კარგი მივიღეთ, მაგრამ ეს კანონი რეალურად არაფერს ცვლის, რადგან ჩვენთან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უფრო არაფორმალური მეთოდები გამოიყენება, ვიდრე - ლეგიტიმური. გასაჩივრებას კი, აზრი აქვს დაკარგული, რადგან სასამართლო ხელისუფლება ფაქტობრივად არ არსებობს. სიტყვის თავისუფლება, ერთი შეხედვით, არ იზღუდება განსაკუთრებით გაზეთებში - რაც გინდა ის წერე, არავინ მოგთხოვს პასუხს. რაც შეეხება ტელევიზიებს და ელექტრონულ მედიას, აქ ძალიან სერიოზული პრობლემებია. სახელმწიფოს სრული მონოპოლია აქვს ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიებზე და დიდ ენერგიას და რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ საკუთარ კონტროლქვეშ მოიქციოს მთელი ტელემედია. ასევე, ბოლო დროს შეიმჩნევა ხელისუფლების ინტერესი ინტერნეტ ფორუმების მიმართ. უშიშროების თანამშრომლები პირდაპირ არიან მიმაგრებულები ამ ფორუმებზე. მართალი გითხრათ, ამას მხოლოდ ჩვენი სახელისუფლო ელიტის თავისებური სნობიზმით ვხსნი - არ მგონია, რომ ეს ფორუმები მოსახლეობის დიდ წრეს მოიცავდეს. მაგრამ, იქაც კი მუშაობენ.

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი

სიტყვის თავისუფლებას ბევრი ასპექტი აქვს. დღეს საქართველოში ის კი არ არის პრობლემა, რომ ვინმე რამეს ვერ ამბობს, არამედ, ის, რომ ამ ნათქვამის (მოთხოვნის) განხორციელების, შესრულების შანსი ძალიან პატარაა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველა ყველაფერს ლაპარაკობს, თან ისე, რომ ძალიან ხშირად ელემენტარული ეთიკური ნორმების დაცვა არ ხდება. მაგალითად, ხშირად არა მარტო ჟურნალისტური სტანდარტის, არამედ, ეთიკური ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც მედიაში ხდება ბავშვების მონაწილეობით შემთხვევების გაშუქება. სიტყვის თავისუფლება ტოტალიტარული საზოგადოების კი არა, დემოკრატიული საზოგადოების პრობლემაა. ტოტალიტარულში ის უბრალოდ არ არსებობს და მისი არარსებობაა პრობლემა. ნებისმიერ სისტემაში, რაც არ უნდა ღია იყოს, თავისუფლება ქმნის ოპერაციულ პრობლემებს. ამიტომ, გარკვეული აზრით, დემოკრატიული საზოგადოება არის მცდელობა შეუთანხმებელი შეთანხმდეს - ერთი მხრივ სახელმწიფო სისტემა, რომელიც ყველაზე რაფინირებულ დემოკრატიულ ქვეყანაშიც ძალადობის აპარატია, ხოლო მეორე მხრივ - პიროვნული თავისუფლება. დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ სახელმწიფო სისტემას არ უპირისპირდება თავისუფლება - არამედ - ყოველგვარ ნორმას, რომელსაც საზოგადოება ადგენს იმისათვის, რომ არ განადგურდეს და განვითარება შესძლოს. სიტყვის თავისუფლებაც პიროვნული თავისუფლების ნაწილია: ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ჯერ ვიბრძოდით იმისათვის, რომ სიტყვის თქმის უფლება მიგვეღო, შემდეგ კი ნათქვამის განხორციელებისათვის. ეს უკანასკნელი - პრობლემაა საქართველოში, რადგანაც ჩვენ XIX საუკუნის პოლიტიკური კულტურით და სოციალური კოდირების სისტემით ვმუშაობთ. ეს არ არის ძალიან ცუდი, რადგან შევარდნაძის დროს შუასაუკუნეების საზოგადოებრივ კულტურაში ვცხოვრობდით. სიტყვის თავისუფლების მხრივაც XIX საუკუნის პოლიტიკურ კულტურაში ვართ. დღეს საქართველოში შეთანხმება ყველა პოლიტიკოსს ესმის, როგორც დათმობა და წაგება და არა როგორც მეტის მიღწევის საშუალება. პრობლემა სწორედ ეს ოპერაციული სისტემაა, რომელიც XIX საუკუნისაა და რომელსაც რა ეშველება, ზუსტად არ ვიცი. ალბათ, უშველის ბევრი განათლებული ხალხი, ლიბერალური ღირებულებები, რამდენიმე კარგი გაზეთი და სკოლა, სადაც მხოლოდ ლექსებს კი არ დააზეპირებინებენ ბავშვებს, არამედ კამათს და საკუთარი აზრის გამოთქმას ასწავლიან. თანამედროვე ცივილიზებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენთან სიტყვის თავისუფლების პრობლემა დგას, მაგრამ გამოთქმის თავისუფლების შეზღუდვის კი არა, არამედ, გამოთქმული სიტყვის ძალის და ღირებულების პრობლემა: ანუ, საქართველოში ჯერ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ ამბობს (უმრავლესობა, ოპოზიციური პარტია, აკადემიკოსი, სასულიერო პირი), და არა იმას, თუ რა არის ნათქვამი. შევარდნაძის დროს გარკვეულ თემებზე და პიროვნებებზეც კი არსებობდა ტაბუ - შევარდნაძეზე შეიძლებოდა რაღაცა გეთქვა, მაგრამ ვიღაცაზე ვერაფერს იტყოდი. თან ხიფათიც იყო, რა მოგივიდოდა ამ თქმის შემდეგ, არ იცოდი. დღეს ეს ხიფათი აღარ არსებობს. დღევანდელ ტაბუებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათი რიცხვი არცთუ ისე დიდია. დღეს ეკლესიის განხილვაზე არსებობს ტაბუ, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ უმეტესობამ არ იცის, როგორ უნდა ილაპარაკო ეკლესიის შესახებ: სულ ორი კაცია საქართველოში, ვისაც ეკლესიის პრობლემებზე კონფრონტაციიის გარეშე შეუძლია ლაპარაკი. XIX საუკუნეს ხშირად რომ ვახსენებ - ეს არ არის მეტაფორა: ჩვენ ჩავატარეთ პოლიტიკური პარტიების ღირებულებების კვლევა და აღმოჩნდა, რომ ის ოპერაციული სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია, არანაირად არ ეკუთვნის მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს და ნამდვილად XIX საუკუნისაა. ეს კვლევაც და ანალიზიც გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია

სიტყვის თავისუფლება დღევანდელი ხელისუფლების მიერ ბლოკირებულია. მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილმა შევარდნაძისგან განსხვავებით, იცის - როდესაც ავტორიტარიზმის გაქანება დიდი გაქვს, მაშინ სიტყვის თავისუფლება ძალიან სახიფათოა. ისიც კარგად იცის, რომ სწორედ იმ ტიპის სიტყვის თავისუფლების პირობებში, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში იყო, გახდა შესაძლებელი ვარდების რევოლუცია. ასევე, კარგად იცის, რომ სწორედ „რუსთავი2“ იყო მთავარი ინსტრუმენტი ხალხის აბობოქრებისა და აზვირთებისა, და ჩემთვის დღესაც ძვირფასი დღეებისა, რომლებიც 2003 წლის ნოემბერში გავიარეთ. ამ ხელისუფლებამ პირველი დარტყმები სწორედ საჯარო დისკუსიის ოაზისებზე (ჟურნალისტების პროფესიონალიზმს არ ვგულისხმობ) განახორციელა, როდესაც, მოსვლისთანავე ორი ტელეგადაცემა დახურეს, და დახურეს ძალიან კონკრეტული მიზეზით - ქვეყანაში იღებდნენ ნეობოლშევიკური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებელ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომლებიც ამ გადაცემებში გააკრიტიკეს, დილით კი - გადაცემები დახურეს. ამის შემდეგ ტელევიზიების ეთერიდან გაქრობის, ჟურნალისტებზე თავდასხმების მთელი სერიალი ვნახეთ. ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების 43 ფაქტოლოგიურად დადასტურებული შემთხვევა არსებობს - სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში, შიდა ქართლში. დაბოლოს, „იმედის“ დარბევაც, ჟურნალისტებზე ძალადობაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ამისთვის ჯერჯერობით არავინ დასჯილა. ის ხაზი, რომელიც დღეს ხელისუფლებას და „თავისუფლების ინსტიტუტს“ უჭირავთ, როცა ამბობენ, სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული კანონი გვაქვსო, რეალურად, არაფერს ნიშნავს. უმძიმესი ვითარებაა, 7 ნოემბერი არ იყო მშიერი ხალხის ამბოხი, ეს იყო სასოწარკვეთილი, გაბრაზებული ხალხის ამბოხი, რომლის ხმაც ოთხი წლის განმავლობაში არ ესმოდა ხელისუფლებას. მთელი ამ ხნის მანძილზე სიტყვა იკარგებოდა, ხელისუფლებამდე ვერ აღწევდა და ერთადერთ რამეს ახერხებდა - ხალხს კიდევ უფრო აბრაზებდა. თავისუფალი სიტყვის მიზანი არ არის ვინმეს გაბრაზება, მისი მიზანია მიგითითოს, დაგანახოს და თუ გონიერი ხარ, გამოგასწორებინოს შეცდომები.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არ დგას სიტყვის თავისუფლების პრობლემა. დღეს უფრო ლანძღვის თავისუფლების პრობლემა უნდა გვაწუხებდეს. დღევანდელი ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ უფრო უსმენს თავის ამომრჩეველს და, ამიტომაც, სხვადასხვა ინსტანციებამდე აღწევს კიდეც ხალხის მოთხოვნები.

ვფიქრობ, რომ ნოემბრის მოვლენები არ შეიძლება მხოლოდ უკმაყოფილო ხალხის გამოსვლად შეფასდეს. ჩემი აზრით, აქ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების ელემენტებიც იყო, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ განსვენებული ოლიგარქის საქმიანობას. სწორედ ამიტომაც ქუჩაში გამოსული ადამიანების რიცხვმა დღითი დღე იკლო.

ასე რომ, დღეს საქართველოში აზრის გამოხატვის თავისუფლება არსებობს. ჩემთვის ერთადერთი დიდი პრობლემა მხოლოდ მედიაა, რომელიც, წესით, სიტყვის თავისუფლების ხარისხზე უნდა მუშაობდეს, მაგრამ ამას არ აკეთებს. მედია ეძებს ინტრიგას და სენსაციებს, ქმნის სტერეოტიპებს, მაგალითად, ისევე, როგორც შექმნეს სტერეოტიპი, რომ გიგა ბოკერია არის მონსტრი, რაც, ჩემი აზრით, დანაშაულია. გიგა ბოკერიას რომ ქვეყნის მტრად დაასახელებენ, ეს უნამუსო თამაშია უფრო.

ეს ყოველთვის ასე იყო - მედია მანიპულირებდა პოლიტიკით და მანიპულატორის როლი იმდენად მოეწონა, რომ ძალიან ღრმად შეტოპა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბეჭდვით მედიასაც. ჩემი აზრით, ელექტრონულთან ერთად, ვერც ბეჭდვითმა მედიამ გამოიყენა სიტყვის თავისუფლება.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაზე ზეგავლენის მოხდენის ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც „რუსთავი-2“ ამის ნათელი მაგალითია, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს „კავკასიაც“ რომელიც, ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა არ არის, ის უფრო პოლიტიკური პროპაგანდაა.

ლაშა ბაქრაძე
ისტორიკოსი

სამწუხაროდ, სიტყვის ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ არანაირი სერიოზული ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. პირიქით, დღეს სიტყვის თავისუფლება უფრო შეზღუდული გვეჩვენება, ვიდრე იყო ე.წ. რევოლუციამდე. შესაძლებელია, საზოგადოება ამ ფაქტს სუბიექტურად აღიქვამს, მაგრამ აშკარად უკმაყოფილოა ინფორმაციის მიწოდების იმ ხარისხით, რომელიც დღეს ქართულ მედიაშია გაბატონებული. პირველ რიგში, რასაკვირველია, ეს ეხება ელექტრონულ მედიას და, უპირველეს ყოვლისა, ტელევიზიას. სახელისუფლებო მხარე მეუბნება, ხომ არის გაზეთები, რომლებიც წერენ იმას, რაც უნდათო. ხელისუფლებამ დაინახა, რომ დაბეჭდილი სიტყვის გავლენა საზოგადოებაზე ძალიან სუსტია და შესაბამისად, ამ საკითხს უფრო ლიბერალურად უყურებს, ვიდრე საზოგადოებრივ აზრზე დიდი ზეგავლენის მქონე ტელევიზიებს. ფაქტობრივად, მოხდა ყველა სერიოზული ტელევიზიის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში კონცენტრაცია. სამწუხაროდ, გვიჭირს ვილაპარაკოთ, თუ ვინ დგას დღევანდელი ტელევიზიების უკან, რადგან ამ მხრივადაც ინფორმაცია არ არსებობს.

იმის მაგალითი, რომ ხელისუფლება არ აპირებს ოდნავ მაინც გაუშვას სადავეები ხელიდან, საზოგადოებრივი არხის დღევანდელი მდგომარეობაა. თავის დროზე, რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებამ (შეიძლება, უფრო დავაკონკრეტოთ - გიგა ბოკერიამ) ტელევიზიაში დააბრუნა ზაზა შენგელია. დღეს კი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ზაზა შენგელიას მესამედ მოსვლა. დაკვეთების შემსრულებელნი საქართველოში ყოველთვის პატივში იყვნენ და არიან.

სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფალნი არ ისმენდნენ ხალხის ხმას, ხალხი იძულებული გახდა, ისევ ქუჩაში გასულიყო და მიტინგების საშუალებით მიეწვდინა ხმა ხელისუფლებისათვის. ხელისუფლება ხელს არ უწყობს საზოგადოების მხრიდან, რომელიც, თავისთავად, ძალიან სუსტია, ისეთი ბერკეტების ჩამოყალიბებას, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს მისცემდა საშუალებას, ზეგავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილების მიღებაზე და თავისი აზრი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებამდე მიეტანათ. ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია.

ხელისუფლება არ აძლევს ხალხს საშუალებას, გამოიჩინოს ინიციატივა. ინიციატივა უნდა მოდიოდეს ქვემოდან, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. როცა ყველა ინიციატივა მართვადია ზემოდან, მაშინ შეუძლებელია, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, პატრიოტული სიმღერების კონკურსებით საზოგადოებაში პატრიოტიზმის და მოქალაქეობის გრძნობა გაჩნდეს, ეს იგივე შეცდომაა, რასაც კომუნისტები უშვებდნენ.

ვაგლახ, საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ვერც ოპოზიცია, რომელიც სერიოზულ ალტერნატივას შესთავაზებდა საქართველოს მოქალაქეებს, მისცემდა მას ნამდვილი არჩევანის საშუალებას.

გიგი უგულავა
თბილისის მერი

სახელმწიფოს ვალია, შექმნას გარანტიები. გარანტიები კი, პირველ რიგში, კანონით და პრაქტიკით იქმნება. საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვას გულისხმობს, ჩვენ უკვე წინ ვართ, რაც შეეხება პრაქტიკას, ვიყოთ გულწრფელები, მას სჭირდება დრო და განვითარება. მედია კი, და განსაკუთრებით ბეჭდვური მედია, დღეს სიყვითლისკენაა მიდრეკილი. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა მწვავე იყოს ესა თუ ის საკითხი, კამპანიის წარმოება ჟურნალისტის და მედიასაშუალების საქმე არაა. კამპანია უნდა აწარმოონ პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ფირმებმა, მაგრამ არა მედიამ. ბოლო პერიოდში კი, „იმედის“ სახით, ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცა კონკრეტული პოლიტიკოსის კამპანიის იარაღად ტელევიზია. „იმედის“ მფლობელს გაუჩნდა მკაფიო და კონკრეტულად არტიკულირებული პოლიტიკური ინტერესები და ამას შესწირა კიდეც ტელევიზია.

აქედან გამომდინარეობს მეორე პრობლემაც და ესაა ვექტორის მხოლოდ ხელისუფლებისკენ მიმართვა. ბავშვობაში, როცა ეზოში კალათბურთის მხოლოდ ერთი ფარი იყო დამაგრებული, ცალკარას ვთამაშობდით, თითის მხოლოდ ხელისუფლებისკენ გაშვერა კი სწორედ ცალკარას თამაშს მაგონებს. მედიას ტყუილად არ ეძახიან მეოთხე ხელისუფლებას. მისი სარედაქციო ავტონომიურობა დაცული უნდა იყოს არა მარტო ხელისუფლებისა და, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, არამედ მეპატრონის პოლიტიკური ინტერესებისგანაც. მით უფრო, რომ ხელისუფლების გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე გაცილებით უფრო იოლი შესამჩნევია. ბევრად უფრო რთულდება საქმე, როცა სარედაქციო დამოუკიდებლობა მეპატრონის მხრიდან ილახება. მაშინ საკითხი ასე დგება - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყენებს მედიას საკუთარი მანიპულაციებისთვის, პრევენცია ორივე შემთხვევაში საჭიროა და დაუშვებელია ბურთის მხოლოდ ცალ ფარში სროლა.

რაც შეეხება „იმედის“ დახურვას და 7 ნოემბერს, არავინ დავობს, რომ ეს მძიმე ფაქტი იყო, მაგრამ მე მას მაინც განვიხილავდი, როგორც გლობალური სურათის ერთ-ერთ მტკივნეულ მომენტს. მას შემდეგ განვლილმა თვეებმა დაგვანახა, რომ სურათი არ იყო მხოლოდ თეთრი ან შავი. ხელისუფლების საბოლოო პასუხისმგებლობა კი იმ კონკრეტულ მომენტში იდგა ასე - თავიდან უნდა აგვეცილებინა გაცილებით უფრო დიდი უბედურება, ვიდრე ის იყო, რაც მოხდა. ამის რეალური საშიშროების წინაშე ქვეყანა იდგა. 7 ნოემბერი ყველასთვის, მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ საჭიროა მოხდეს პოლიტიკის დერადიკალიზაცია, ექსტრემისტული მუხტის პოლიტიკისგან მოშორება და მისი რაციონალიზაცია. თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ამით ისევ და ისევ მხოლოდ საზოგადოება იხეირებს, თუ ვერა, მაშინ ყოველთვის ასეთ ტურბულენტურ ზონაში დავრჩებით. ვიტყოდი, რომ ხელისუფლებამ მიმდინარე მოვლენებისგან გაცილებით უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე ოპოზიციამ. რადგან აშკარაა, რომ პოლიტიკის ექსტრემიზაცია სწორედ ოპოზიციას აწყობს.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია

სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსვლისთანავე არა მარტო დახურა და გააქრო 13 გადაცემა, არამედ, მეთოდურად წაიმუშავა საზოგადოებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. თანაც, მათ იცოდნენ სიტყვის თავისუფლების ფასი. დემოკრატები მოვიდნენ და სწორედ იმ ხალხმა იბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ვინც წესით, მისი დაცვის გარანტი უნდა ყოფილიყო. შეიძლება, ახლა ძალიან არაპოპულარული რამე ვთქვა, მაგრამ როდესაც რომელიმე ოპოზიციონერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს სიტყვის თავისუფლებაზე, უნდა დავფიქრდეთ - საფრთხე შეიძლება იყოს ის, რომ მან ამ თავისუფლების მოქმედების მექანიზმები იცის. ეს ხელისუფლება კანონებით და რეგულაციით კი არა, პირდაპირ, ადამიანის დონეზე დაუპირისპირდა სიტყვის თავისუფლებას. ყველამ ვნახეთ, როგორ ანგრევდნენ „იმედს“ - ჟურნალისტებს სთავაზობდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურს, უცხოეთში სწავლის გაგრძელებას და ა.შ. ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მძიმე, რაც მოხდა, ისაა, რომ მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას კი არა, ჟურნალისტის თავისუფლებასაც შეექმნა საფრთხე. სამაგიეროდ, სრულიად თავისუფალია ჟურნალისტიკა იმ სფეროებში, რომელიც შევარდნაძის დროს, უბრალოდ, არ არსებობდა. ვგულისხმობ სქელტანიან ჟურნალებს, რომელიც ხელისუფლებას ჯერ არ აღელვებს, იმიტომ, რომ მათი აზრით, ის არ ლაპარაკობს ძირითად ქულების მომტან თემებზე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ როგორც თავის დროზე ინტერნეტი გაეპარათ და შემდეგ, როგორც თავად ჰგონიათ, ამოსდეს ლაგამი, ალბათ, ასევე შეეცდებიან სქელტანიან და მაღალპოლიგრაფიული დონის ჟურნალებსაც მიხედონ. დღეს იქ თავისუფლებაა და ეს შემოქმედებითი, ნამდვილი თავისუფლებაა, მაგრამ ამ ჟურნალებს მასები არ ეცნობა. სააკაშვილის ხელისუფლებას აშენება არ შეუძლია, თორემ, დესტრუქციის დიდი ნიჭი აქვს - მეთოდურად დაანგიეს სიტყვის თავისუფლება, ზუსტად ვიცი, როგორ ხდება ინტერნეტ ფორუმებზე სიტყვის თავისუფლების დანგრევა - შსს განყოფილებებს ევალებათ ეს, შემოდიან სამ-სამი ნიკით და მიზანმიმართულად ანგრევენ თემებს. გვახსოვს „იმედი“, რომელიც მართალია, არ ყოფილა დამოუკიდებელი დამკვეთისგან და მეპატრონისგან, მაგრამ მისი არსებობის შემთხვევაში ქართულ მედიაში ორი მხარე იყო წარმოდგენილი - ხელისუფლების და ოპოზიციის და ეს ორივე მხარეს აიძულებდა, რაღაც ბალანსი დაეცვათ. დღეს ტელევიზიის მეპატრონეები მონები არიან ხელისუფლებისა. ამიტომ ვიბრძვით, რომ რამენაირად გავაცოცხლოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმის ილუზია, რომ BBC-დ ვაქცევეთ მას, არა მაქვს, მაგრამ დღეს უკვე ამ ტელევიზიის ყურება შეიძლება და ეს მიღწევაა.

შემაშფოთებელია ისიც, რომ საუკეთესო კადრები წავიდნენ ჟურნალისტიკიდან, წავიდა ნათია ზამბახიძე, რომელსაც ეკუთვნის მსოფლიო რეზონანსის ტერმინი - „ვარდების რევოლუცია“. იყო ტელევიზია, რომელსაც ვუყურებდით იმიტომ, რომ იქ იყო გადაცემა „არჩევანის ზღვარზე“, დღეს აღარც გადაცემაა და აღარც ჟურნალისტი ქართულ მედიაში. ჩვენ არა ვართ განებივრებული ტალანტებით, ამიტომაც, პოლიტიკურ ჟურნალისტებს გაფრთხილება სჭირდებოდათ. გვაქვს სხვა მაგალითიც - როცა ჟურნალისტმა მოიარა თითქმის ყველა ტელევიზია და დღეს მეორე წრეზეა წასული. ჩვენ მისგან კვალიფიკაციას კი ველით, მაგრამ პრინციპულობა, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ის, რომ ძალადობა, აგრესია და სისხლი შეიყვარა ჩვენმა მედიამ, არ მაკვირვებს, ტელევიზიებს ჰგონიათ, რომ ეს ხალხის მოთხოვნაა. სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ტელევიზიებში თავი მოიყარა ბევრმა გაუნათლებელმა ადამიანმა. ხალხის მოთხოვნაა კარგი გასართობი გადაცემები, იუმორი. რაც შეეხება გაზეთებს, იქ იმდენად ცოტაა რამაა წასაკითხი, ხანდახან მეშინია, ქართულად კითხვა არ დამავიწყდეს. და თუკი ტალანტი გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები მის პოლიტიკურ პოზიციას, ლამის გაფეტიშებული მყავს. კვალიფიკაციის პრობლემა ერთია, მეორეა შსს-ს ზედმეტი დიფუზია ამ სფეროებში. რეალურად, მდგომარეობა უარესია, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო, მაგრამ საკანონმდებლო თვალსაზრისით რაკი ყველაფერი რიგზეა, თუ გამოჩნდებიან კარგი ჟურნალისტები და თუ ხელისუფლება შეწყვეტს ხელის ფათურს, რაღაც აუცილებლად შეიცვლება.

ნაბიჯი მეორე
განათლების რეფორმა
2003

გიგი თევზაძე, სოციოლოგი: ყველაფერი, იქნება ეს დირექტორის არჩევა თუ ახალი პროგრამები, თვითმიზანი არ არის, თვითმიზანი არის ერთადერთი - ბავშვი ივლის ისეთ სკოლაში, სადაც ის გაიზრდება, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე და ექნება ლიბერალური ღირებულებები.

ლევან თარხნიშვილი, სოციოლოგი: უნდა შეიქმნას მშობელთა საბჭოები, მასწავლებელთა საბჭოები, რომლებიც შემდეგ შექმნიან გაერთიანებულ საბჭოს, დაიქირავებს დირექტორს, დირექტორი ამ შემთხვევაში იქნება არჩევითი თანამდებობა.

2008

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ახლა რასაც მოგახსენებთ, ჩემი აზრი არ გახლავთ. საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების საერთო აღიარებით, იმ სისტემურ რეფორმებს შორის, რომლებიც საქართველოში გატარდა, ერთ-ერთი თვალსაჩინო განათლების რეფორმაა. ამ რეფორმამ შეცვალა ოთხი ბურჯი, რომელზეც ნებისმიერ ქვეყანაში განათლების სისტემა დგას, ეს არის მართვის მოდელი, დაფინანსების მოდელი, სწავლისა და სწავლების შინაარსის მოდელი და რესურსები. სულ ბოლო შეფასება, რომელიც ამ წლის დასაწყისში გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა საერთაშორისო შემფასებელმა იაპონურმა კომპანია „პადეკომ“, ასეთი გახლავთ: ქართული რეფორმები უპრეცედენტო და წარმატებულია, როგორც მათი მასშტაბით, ისე სისწრაფით. ამავე აზრს იზიარებს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, რომელმაც 2007 წლის მაისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ ქართული განათლების რეფორმა სანიმუშოდ უნდა ჩაითვალოს, ხოლო იმ სახელმწიფოებმა, რომელთაც ჯერ ეს რეფორმა არ განუხორციელებიათ, მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღონ.

ვნახოთ ის, რისი გაკეთებაც მოხერხდა 2004 წლიდან დღემდე: სისტემაში სამართლიანი კონკურენცია გაჩნდა, შემოვიდა ობიექტური შეფასების მეთოდები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებმა შეიძინეს ავტონომიიის მაღალი ხარისხი, სკოლებში სამეურვეო საბჭოების სახით, უნივერსიტეტებში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოებისა და სამეცნიერო დაწესებულებებში სამეცნიერო საბჭოების სახით. არჩევითობის საფუძველზე ისინი თვითონ წყვეტენ ხელმძღვანელის ვინაობას და თვითონვე განაგებენ ადმინისტრაციულ და აკადემიურ საკითხებს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა კი უპრეცედენტოა მსოფლიოს ამ ნაწილში.

რაც შეეხება სწავლის შინაარსს, ჩვენ უკვე სრულიად თანამედროვე მეთოდიკაზე გადავედით, რომელიც უარს ამბობს მექანიკურ დამახსოვრებაზე და მოსწავლეში განავითარებს ანალიტიკურ, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ უნარებსა და ცოდნას. დაფინანსება მთლიანად მოსწავლეზე, სტუდენტსა და მეცნიერზეა ორიენტირებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა ძველი სისტემიდან.

გარდა ამისა, მოხდა მატერიალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განახლებაც. განათლების სისტემაში ჩაიდო ინვესტიცია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში სისტემას არ ენახა.

თუმცა, ცხადია, ყველა რეფორმა განწირულია წარუმატებლობისთვის, თუ მას არ ახლავს შეფასება, ანალიზი და კორექტივები. ამიტომ, ბოლო დროს პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები განათლების რეფორმის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. მან, ძირითადად, ორი მიმართულება დასახა. პირველი იყო სკოლებში მასწავლებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მეორე - მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი. სახელმწიფომ უნდა შექმნას ის გარემო და პირობები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს საჯარო სკოლების 70 ათასამდე მასწავლებელს, ჩაერთოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში. ჩვენი საუკეთესო პედაგოგები ყოველთვის ზრუნავდნენ თვითგანვითარებაზე, მაგრამ დღეს საჭიროა შეიქმნას საამისო სისტემა და მასწავლებლის კვალიფიკაციის ზრდა არ იყოს დამოკიდებული ცალკეული პიროვნებების ენთუზიაზმზე.

პრეზიდენტი აგრეთვე შეეხო სასწავლო გეგმებს. ვფიქრობ, რეფორმის ამ ნაწილში ძალიან კარგი საფუძველი გვაქვს ჩაყრილი, შეიქმნა ახალი პროგრამები, ახალი სახელმძღვანელოები და ეროვნული სასწავლო გეგმაც დამტკიცდა. სხვათა შორის, ეს გახლავთ 200-300 გვერდიანი უნიკალური დოკუმენტი, რომელიც მანამდე არ გვქონდა. ანუ გვქონდა ზოგადი განათლების სისტემა, მაგრამ არა ეროვნული სასწავლო გეგმა. დღეს ეს გეგმა გვაქვს, მაგრამ საჭიროა, ამ სასწავლო გეგმებში პედაგოგთა მონაწილეობის ხარისხის გაზრდა.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია

საქართველოში განათლების სისტემას ნამდვილად სჭირდებოდა გამოცვლა; არ გვქონია საკუთარი განათლების სისტემა, საბჭოთა განათლების სისტემა კი, მოგეხსენებათ, საბჭოთა ადამიანებს ზრდიდა; კორუფცია იყო შეჭრილი განათლების სისტემაში - უნივერსიტეტებში, სკოლებში. გამოცდები გამოვიდა უნივერსიტეტებიდან და სკოლიდან, გახდა დამოუკიდებელი და ეს მაღალ პროფესიულ დონეზე გაკეთდა, მაია მიმინოშვილმა ძალიან კარგად იმუშავა; მაგრამ, სანამ ერთი საქმე კეთდებოდა, მეორე ფუჭდებოდა. ვიღაცამ მოიფიქრა, რომ ამ კარგად ორგანიზებულ გამოცდებზე უნარ-ჩვევების ტესტის მიხედვით უნდა განგვესაზღვრა სახელმწიფო გრანტის გაცემა. ეს არაა ქართული იდეა, ეს არც ევროპული იდეაა. ამგვარი სისტემით ჩვენ ახლა ვეძებთ არა ტალანტებს, არამედ იმათ, ვისაც მიმეტეტიკური აზროვნება აქვთ, მიმეტიკით აღჭურვილნი კი, ძირითადად, საშუალო ნიჭის ადამიანები არიან, მათ შორის ე.წ. მზუთხველებიც. ამ გამოცდას ვერ ჩააბარებდა გალაკტიონ ტაბიძე. საშუალო ტალანტის ადამიანი ამას იოლად გაკვნეტს. ჩემთვის ეს თავიდანვე გაუგებარი იყო და ამას თავიდანვე ვამბობდი. რეალურად, მდგომარეობა ახლაც მძიმეა, სკოლაც ძალიან ცუდად მუშაობს. საქმე ისაა, რომ თურმე, საქართველოში მასწავლებელმა ბავშვებს უხელფასოდ უნდა მისცეს ისეთი განათლება, რომელიც მსოფლიოში იქნება კონკურენტუნარიანი. სკოლების აღჭურვა ხდება ასე - მთავარია, სკოლას ჰქონდეს მეტალოპლასტიკის კარ-ფანჯარა და ერთი-ორი კომპიუტერი. აქ მოხდა განსაკუთრებული კაზუსი, ბავშვებს სკოლაში დაახვედრეს ძალიან მძიმე პროგრამული პროდუქტი, ლინუქსი, გადაწყვიტეს, ეს ბარიერი აღემართათ ბავშვსა და კომპიუტერს შორის, რომელსაც ბავშვები სახლებსა და ინტერნეტ კაფეებში ანგრევენ. მასწავლებლების გადამზადება არ მომხდარა, გაკვეთილის სტრუქტურა არ შეცვლილა, არავითარი ინტერაქცია არ მიდის გაკვეთილზე, ხდება ცოდნის დემონსტრირება, თანაც, ეს ცოდნა შეიძლება 30 წლის წინანდელი იყოს. ძველი კადრები არ გარდაქმნილან. 135 ლარად ვერც ვერავინ გარდაიქმნება. ჩვენ, რესპუბლიკელებს, გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც განათლებას ეკუთვნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%25, ამჯამად ეს 2%25-იც არ არის, და რაცაა ისიც, ძირითადად, კარ-ფანჯრებზეა დახარჯული, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარი მაინც უნდა იყოს და ასეთ მასწავლებლებთან უკვე შეიძლება მუშაობა, თანაც, ნელ-ნელა, ეტაპობრივად და არა რევოლუციურად.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

არსებული განათლების სისტემა უნდა დანგრეულიყო, ეს ფაქტია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი სისტემაც გვქონდა და ამიტომ, ვფიქრობ, უადგილოა ტირილი და წუწუნი, რომ გუშინ ის პროფესორი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, დღეს - ეს, და რომ ახალი რეფორმის ავტორებმა დაანგრიეს უნივერსიტეტი. ეს არ იყო კარგის ნგრევა - მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში ვმუშაობდი და კარგად ვიცი, რომ დასანგრევი კი არა, დასაწვავი იყო ის სისტემა, რომელიც მაშინ გვქონდა. მაგრამ როცა ანგრევ, უკეთესი უნდა ააშენო, საამისო კადრები და გამოცდილება კი ჯერ არ გვაქვს. აშკარაა, რომ დღეს განათლების სისტემაში პრინციპი უკეთესია, რომ არსებობს რეფორმების შედეგად გამოჭრილი უკეთესი სქემა და თარგი, მაგრამ ამ პრინციპს ხორცშესხმა სჭირდება, ხორცშესხმას კი - სათანადოდ მომზადებული კადრები. სისტემა, რომელიც დასავლეთიდან გადმოვიღეთ, იქ საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ჩვენთან ორ დღეში როგორ უნდა დაიხვეწოს?! პრობლემას ქმნის დაფინანსებაც, რაც აისახება იმაზე, რომ კარგი კადრების მოზიდვა ჭირს.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ განათლების რეფორმა წარმატებულია, ჯერ მარტო მისაღები გამოცდებისთვის ღირდა ეს ცვლილებები. მაგრამ როგორც ნებისმიერ რეფორმას, მას თან მოჰყვა ბევრი გაუგებრობა, სირთულე, შეცდომა და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. წარმატებული რეფორმა არ ნიშნავს იმას, რომ ის სწრაფად ხდება, განათლების სისტემის შეცვლას ყველაზე მეტად სწორედ დრო სჭირდება.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია

რასაც ვამბობდით და ვგეგმავდით, იქიდან ბევრი რამ გაკეთებული არ არის. ერთიანი შიდა პროდუქტის 5%25 უნდა დახარჯულიყო განათლებაზე, რაც არ მოხდა. სტიპენდიური სისტემა არ მუშაობს, დაფინანსების ის ვაუჩერული სისტემა კი, რაც ჩვენთან დანერგეს, უნიკალურია - ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ყველგან უნივერსიტეტებს აფინანსებენ და არა სტუდენტებს. ეს ამათი ინოვაციაა. კი, ამუშავდა სამეურვეო საბჭოები და დირექტორების არჩევითობის პრინციპიც, მაგრამ ყველგან, ევროპაშიც და ამერიკაშიც, დირექტორებს ან მუნიციპალიტეტი ან ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავს. ერთიან ეროვნულ გამოცდებს რაც შეეხება, ეს ერთადერთი წარმატებული პროექტია და ისიც შევარდნაძის ეპოქაში მომზადდა. ბევრი რამ აქაც ხარვეზიანია, სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტების მიხედვით სტუდენტის დაფინანსება (ან სულაც, რა საჭიროა ასეთი ტესტი?), და რატომაა იგნორირებული სხვა საგნების შედეგები და ა.შ. გარდა ამისა, სკოლაში სწავლა საერთოდ ყოველგვარ მოტივაციას მოკლებულია - უმაღლესში ჩაბარებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კარგი ნიშნები გაქვს თუ ცუდი. ახალი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები უკიდურესად არაკვალიფიციურადაა შედგენილი, ცალკე საკითხია საჯარო სკოლების აკრედიტაცია - ეს არის სრული აბსურდი: გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთარ თავს უწესებს რაღაც მოთხოვნას და თუ ეს მოთხოვნა არ სრულდება, სკოლას ხურავს, ანუ საკუთარ თავს სჯის. ყველანაირი უმაღლესი სასწავლებლების მართვის სტრუქტურა კანონითაა განსაზღვრული, რაც პროკრუსტეს სარეცელს უფრო წააგავს და ავტონომიურობის პრინციპს ეწინააღმდეგება... შემიძლია დიდხანს გავაგრძელო, თუმცა, რაც ვთქვი, ალბათ, ისიც საკმარისია.

გიგი უგულავა
თბილისის მერი

განათლების რეფორმა საზოგადოების ტრანსფორმაციის ქვაკუთხეთად მიმაჩნია. თუმცა, ჩემი აზრით, მისი პრაქტიკაში გატარება ყველაზე უფრო უმადური და რთული საქმეა, რადგან ხელშესახები შედეგები გვიან მოსდევს.

საერთოდ, ჭკუას სწავლობს ის, ვისაც აქვს ჭკუა და შეცდომასაც ის უშვებს, ვინც რაღაცას აკეთებს. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ამ რეფორმის განხორციელებისას რაიმე ფუნდამენტური შეცდომა იყო დაშვებული და ეს არც პრეზიდენტს უგულისხმია პედაგოგებთან შეხვედრისას. პირიქით, ჩემი აზრით, განათლების რეფორმის ავტორებმა სისტემის ფუნდამენტური ცვლილება შეძლეს. ამის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დასტურია ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება. ყველას გვახსოვს, რომ ძველი რეჟიმის კორუმპირებულობის სიმბოლო საგზაო პოლიციასთან ერთად მისაღები გამოცდები იყო. უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ქრთამის აღება რეფორმის შედეგად მოისპო. დღეს უკვე ვერავინ იტყვის, რომ გამოცდებში ვიღაც ფულს აკეთებს. ამას მარტო იმიტომ ვერ იტყვიან, რომ ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებზე 10-15 პარლამენტარის და ძირითადად, უმრავლესობის დეპუტატების შვილები იჭრებოდნენ.

ფუნდამენტური ცვლილება იყო ასევე სკოლების თვითმმართველობის შემოღება. დღეს უკვე 400 ათასი ადამიანია არჩეული საქართველოს 3 ათასი სკოლის სამეურვეო საბჭოებში. მშობლებმაც აქტიური მეურვეობა დაიწყეს სკოლებზე, რომლებშიც მათი შვილები სწავლობენ. თუმცა, მასაც თავისი სირთულეები ახლდა - დირექტორთან შეუთავსებლობა, სამეურვეო საბჭოს შიგნით წამოჭრილი პრობლემები, მაგრამ ზუსტად ესაა დემოკრატია. დემოკრატია აქედან იწყება - სკოლის თვითმმართველობიდან და სოფლის თვითმმართველობიდან.

ვფიქრობ, რომ განათლების რეფორმა იმდენად სწორ ფუნდამენტზე აეწყო, რომ ახლა უკვე შეუქცევადი პროცესია. ახლა გადავდივართ მორიგ ეტაპზე, როცა მოხდება საუნივერსიტეტო რეფორმა, ფაკულტეტების გამსხვილება, ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე გადასვლის უფრო მოქნილი მექანიზმების დანერგვა, უმაღლესი განათლების იმ სტანდარტამდე მიყვანა, როცა აქ ცოდნამიღებული ადამიანი კონკურენტუნარიანი გახდება საერთაშორისო ბაზარზე. ჩემი აზრით, ინტელექტი უსაზღვროა, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, თუ პროფესიონალი ადამიანი სამუშაოდ უცხოეთში წავა ანდა პირიქით, უცხოელი ჩვენთან ჩამოვა. რადგან ინტელექტუალური ბაზარი ინტეგრირებული და ღიაა. ანუ ის რადიკალურად განსხვავდება მექანიკური სამუშაო ადგილებისგან, რომლის უცხოელი კადრებისგან მაქსიმალურად დაცვაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა სცადოს, რათა რაც შეიძლება მეტი საკუთარი მოქალაქე დაასაქმოს. ინტელექტუალური ბაზარი კი გახსნილია და რაც უფრო მეტი შემოდის და მეტი გადის, მით მეტი გამოცდილება გროვდება და მით მეტად ვითარდება ქვეყანა. განათლების რეფორმის მიზანიც ესაა - საზღვრებგახსნილი ინტელექტუალური ბაზრისთვის პროფესიონალი კადრების მომზადება. ამ მიზანს კი, ვფიქრობ, სწორი გზით ვადგავართ.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

ეს ის მიმართულებაა, სადაც ვერ ვიტყვით, რომ არაფერი გაკეთებულა. ეროვნული გამოცდების ცენტრმა ცაიტნოტის პირობებში იმუშავა და არდაფასება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ერთ წელიწადში გასაკეთებელი საქმე ორ თვეში გააკეთეს, უმადურობა იქნებოდა. კორუფციამ მისაღებ გამოცდებზე სერიოზულად დათმო პოზიციები. იყო ხარვეზებიც; მაგალითად - ეროვნული უმცირესობები რომელიღაც ეტაპზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ენობრივი პრობლემის გამო. ეს შეცდომა კი გამოასწორეს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე თემაა და შეიძლებოდა ამ გაუგებრობის თავიდან აცილება. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების სტილია ძალადობრივი ელემენტის შეტანა ყველგან და ყველაფერში და ბუნებრივია, ვერც განათლების სისტემა გადაურჩა ამას. ის, რაც მოხდა უნივერსიტეტში, არ იყო მისაღები. ფორმას გადავაყოლეთ ბევრი რამ, შინაარსი გვერდით დაგვრჩა - განათლების ხარისხი დაეცა. ხელისუფლების მოქმედების სტილი ასეთია: რაღაც სქემა ხდება დომინანტი, და რეალობა ეტევა თუ არა ამ სქემაში, ამაზე აღარავინ ფიქრობს. ადამიანი სრულიად უგულებელყოფილია. ეს მექანისტური მიდგომაა, რომელსაც ხშირად ეწირება არსი და ათასობით ადამიანი, თავისი უნარით, გამოცდილებით, და სურვილით, რაიმე აკეთოს.

ზოგადად კი - ქართველებს შრომის დაბალი კულტურა გვაქვს, პოლიტიკოსებს ეზარებათ კონსტიტუციის წაკითხვა, ჟურნალისტებს იმის გარკვევა, რას წარმოადგენს რესპონდენტი; ზოგი მასწავლებელი გაკვეთილზე დღესაც იმ ცოდნით შედის, რომელიც 30 წლის წინ ინსტიტუტში მიიღო.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია

განათლების რეფორმა კარგად დაწყებული და მერე ძალიან გაფუჭებული საქმის კიდევ ერთი მაგალითია. რასაც ვამბობდით 2003 წელს „10 ნაბიჯში“ თითქოს ყველაფრის განხორციელება დაიწყო. თუმცა, დაავიწყდათ მთავარი. ხარისხიანი განათლება მხოლოდ მძიმე ადამიანური შრომის შედეგია და სწორედ ეს ადამიანები, მასწავლებლები დაივიწყეს. დაივიწყეს, რომ შედეგიან რეფორმას ადეკვატური დაფინანსება სჭირდება. ესეც კლასიკური მაგალითია ამ დაკოჭლებული რეფორმებისა, რასაც ატარებს ჩვენი ხელისუფლება: მიიღო კარგი კანონი სიტყვის თავისუფლებაზე და აკრძალა თავისუფალი მედია. ასე მოხდა აქაც. დღესაც ვთვლი, რომ კანონები, განსაკუთრებით, ზოგადსაგანმამათლებლო ნაწილში, არ იყო ცუდი. ჩანასახი და მიმართულება განათლების რეფორმისა სწორი იყო, მაგრამ არ შეიძლება მასწავლებელი სკოლაში მოდიოდეს და იმაზე ფიქრობდეს, რომ მეორე სამსახურში, მაგალითად, ბაზრობაზე, როგორ წაუვა საქმე. ჩვენი ქვეყანა გახდა ძალიან ბევრი კლიშეს მსხვერპლი. ამბობდნენ, რომ ასე ხდება საფრანგეთში ან აშშ-ში და ამიტომაც ჩვენთანაც ასე უნდა იყოსო. ამგვარი განცხადებების შემდეგ კი სრულდებოდა განსჯა, დიალოგი, კამათი. დღეს განათლების სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემაა. თუ მოზარდებთან დაკავშირებით არ გავითვალისწინეთ ის უზარმაზრი სოციალური უთანასწორობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია, არაჯანსაღ და დაბოღმილ თაობას, რევანშისტული მოტივებით გაჟღენთილ თაობას მივიღებთ. სკოლაში, სრულიად გაუმართლებელია პოლიციელის ინსტიტუტის დამკვიდრება, ეს არ არის ჯანსაღი პრაქტიკა, ნონსენსია. ხელისუფლება დაუპირისპირდა სოციალურ გარემოს სკოლაში, თქვეს, რომ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები რაღაც „შავ სიაში“ უნდა შეიყვანონ, ეს კი მხოლოდ ამ ბავშვების მარგინალიზაციას უწყობს ხელს. არ შეიძლება სისტემა ხელს უწყობდეს იმას, რომ არსებობდნენ თითით საჩვენებელი ბავშვები, შავ დაფაზე, ან ინტერნეტის შავ გვერდებზე გამოკიდებული სახელები და გვარები იმ მოზარდებისა, რომლებმაც უნდა ააშენონ ჩვენი ქვეყენა, და ვისთვისაც გვინდა პროგრესი.

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი

ის, რაც დღეს გვაქვს - მხოლოდ რეფორმის დასაწყისია. არ ვთვლი, რომ ამ რეფორმის მთავარი მიღწევა ერთიანი ეროვნული გამოცდებია. ჩვენ, უბრალოდ, მოვსპეთ კორუფცია - მართალია, ეს ძალიან კარგად და პროფესიონალურად გაკეთდა. სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა ბევრი ასპექტით კვლავ ელიტისტურია. ელიტისტური არის სისტემა, როდესაც მასში არსებული ბარიერების გადასალახავად განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო და როდესაც ამ ზომათაგან უმეტესობა ან წარმოშობას, ან ქონებას უკავშირდება. მაგალითად, ჩვენი განათლების სიტემა ელიტისტურია ეროვნული უმცირესობების მიმართ. ამის გამოსწორება პოლიტიკურად რთულია - თავიდან ყველა უკმაყოფილო იქნება - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც და ეთნიკური ქართველებიც. საქმე შემდეგშია: იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა დაკარგოს ელიტისტურობა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, ქართულ ენაში გამოცდის ტიპი უნდა შევცვალოთ: გამოცდა უნდა იყოს არა ქულების შეჯიბრისათვის, არამედ ბარიერის გადალახვისთვის. ამის გაკეთება მარტივი არ არის: სირთულეები ბევრი იქნება. მაგალითად - ჩაუჭრელობისათვის უკვე აღარ იქნება საკმარისი 15 ქულა, ალბათ, 40-50 ქულა დასჭირდება ამ ბარიერის გადალახვას. ეს ეროვნული უმცირესობების უკმაყოფილებას გამოიწვევს - მათ უფრო მეტ ცოდნას მოსთხოვენ და გამოიწვევს ე.წ. ნაციონალისტების უკმაყოფილებასაც - იტყვიან, რომ ქართულ ენაში ქულები აღარ იწერება, ამით ქართული ენის როლის მცირდება და ა. შ. მოკლედ, როგორც მაკიაველიმ თქვა, როდესაც რეფორმას ატარებ, შენი უკმაყოფილო იქნება ყველა, ვინც რამეს კარგავს ამ რეფორმით, და ასევე - ძალიან ცოტა მხარდამჭერი გეყოლება იმათგან, ვინც ამ რეფორმით რამეს იგებს. ჩვენ ადამიანური რესურსები ცოტა გვაქვს, და ყველა, ვინც ცხოვრობს ამ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია. რაღაც მომენტში აუცილებლად დავინახავთ, რომ ეთნიკური ქართველების რესურსი აღარ იქნება საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წელს, როცა ეროვნულ უმცირესობებს მიეცათ საშუალება მშობლიურ ენაზე ჩააბარონ უნარების გამოცდა. მაგრამ ქართული ენის გამოცდის ტიპი იგივე დარჩა და ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემა მაქსიმალურად გაიწმინდა კორუფციისაგან, სისტემა მაინც ელიტისტური დარჩა: ნელ-ნელა გამოცდების წარმატებით ჩაბარება ხდება რეპეტიტორებთან მომზადებაზე დამოკიდებული. ეს კი ნიშნავს, რომ მდიდარს მეტი შანსი აქვს, ვიდრე ღარიბს. მომავალში აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ გამოცდების სისტემა უპირატესად აგებული იყოს ბარიერის გადალახვაზე და არა ქულების დაგროვებაზე. მაგრამ ესეც არ იქნება საბოლოო წარმატება: საერთაშორისო ტენდენციაა, რომ უმაღლეს სასწავლებელში ნებისმიერი მისაღები გამოცდების სისტემა ადრე თუ გვიან ელიტისტური ხდება. ამიტომ, დროდადრო საჭიროა მისი ცვლილება, რომ კვლავ ისეთი სისტემა მივიღოთ, რო გორც თავიდან გვქონდა ჩაფიქრებული. შორეულ მომავალში, უნივერისტეტებსაც კი უნდა მივცეთ სტუდენტების მიღებისას რაღაც როლი, ოღონდ ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა.

განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული პროდუქტის 7 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. თუ დაიწყო სკოლის დაფინანსების ზრდის პროცესი, მაშინ, ყველაფერი მეტ-ნაკლებად ჩადგება კალაპოტში - მასწავლებლებს მეტი მოტივაციაც გაუჩნდებათ, კონკურენციაც იქნება და სერტიფიცირების დროც დადგება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სასკოლო საბჭოების შექმნა. არც ველოდით, რომ არჩევიდან მეორე დღესვე ეს საბჭოები დაიწყებდა მუშაობას. თავიდან არც მასწავლებლებს და არც მშობლებს არ სჯეროდათ, რომ ეს სისტემა მათთვის კეთდება, ფორმალობა ეგონათ. მაგრამ ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ ბევრგან სასკოლო საბჭო ასრულებს თავის ფუნქციას. საქართველოში სასკოლო საბჭოები საზოგადოების დემოკრატიულობის საფუძველია - ცოტა ხანში შეგვეძლება საზოგადოების დემოკრატიულობა სასკოლო საბჭოების ფუნქციონირებით გავზომოთ. სასკოლო საბჭოები არჩევითობის და დემოკრატიის ძალიან კარგი სკოლაა და ის, რაც სკოლაში სასწავლო გეგმით ჯერ ვერ შედის, შეიძლება ამ გზით შევიდეს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გადასაჭრელია, და უკავშირდება განათლების დაფინანსების ზრდას, ჩვენში მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობის არარსებობაა: თუ მასწავლებლის პროფესია არ იქნება მიმზიდველი, ჩვენს განათლების სისტემას ძალიან გაუჭირდება. ბევრ ქვეყანაში ეს პროფესია პრესტიჟულია, და ამ ქვეყნებში კონკურსიც კი არის განათლების ფაკულტეტებზე მოსახვედრად. წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრიატის დონეზე სწავლების ლიბერალური სისტემაა და სტუდენტი თვითონ ირჩევს მიმართულებას, 1000 სტუდენტიდან მხოლოდ 60-მა აირჩია დაწყებითი სკოლის მასწავლებლობა. თუკი საერთაშორისო პრაქტიკას შევხედავთ, ყოველწლიურად დაახლოებით 200-250 ახალი მასწავლებელი გვჭირდება, იმისათვის, რომ მასწავლებლების ნორმალური როტაცია არსებობდეს. თუ სერიოზიული ცვლილება არ მოხდა, მასწავლებლების ახალი თაობა, უბრალოდ, აღარ გვეყოლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოფლებში მასწავლებელს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს შემორჩენილი და არსებული მცირე ხელფასიც მეტს ნიშნავს, ვიდრე თბილისში და დიდ ქალაქებში. ახლა ჩვენ ვიწყებთ მასწავლებლების მომზადების პროექტს გორის უნივერსიტეტთან, სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთანაც ვაპირებთ იმავე პროექტების გაკეთებას. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რამდენიმე წელიწადში სოფლებში უკეთესი სკოლები იყოს, ვიდრე ქალაქებში.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას და იმას, რომ დღეს არსებობს ელიტისტური (არა ელიტური) სასწავლებლები, სადაც ოთხ წელიწადში აძლევენ პროფესიას, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადია, ერთ მაგალითს მოგიყვანთ: წინა საუკუნის 80-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერმა ჩაატარებინა კვლევა, იმის განსასაზღვრად, სტუდენტები რა საგნებს ირჩევენ სწავლისას და მერე როგორ შოულობენ სამუშაოს. ის სტუდენტები, რომლებიც ფილოსოფიას, როგორც ერთ-ერთ საგანს (და არა პროფესიას) ირჩევდნენ, სწავლის დამთავრებისთანავე ვერ შოულობდა სამუშაოს, განსხვავებით მათგან, ვინც ეკონომიკას, ბიზნესს და კომპიუტერულ მეცნიერებებს ირჩევდა. ტეტჩერმა თქვა - რა საჭიროა ფილოსოფიის სწავლა, მოდით, ვასწავლოთ ეკონომიკა, ბიზნესი და ა.შ. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, და ასე არ მოხდა. 10 წლის შემდეგ კი, როცა გამოიკვლიეს იმავე ხალხის მდგომარეობა, აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, ვინც იოლად იშოვა სამსახური, როგორც წესი, იმავე თანამდებობებზე დარჩნენ, ისინი კი, ვინც ფილოსოფიას სწავლობდა, უკვე მათი მენეჯერები იყვნენ.

არ მგონია, რომ ვიწრო პროფესიული მომზადება ძალიან მომხიბვლელი იქნება საქართველოში. ადრე შესვლა ბაზარზე სულ არ არის იმის ნიშანი, რომ წარმატებული კარიერა გექნება. ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან მოქნილი და ღია სამუშაო ბაზარი იქნება, ადამიანებს მოუწევთ ხშირად შეიცვალონ პროფესია ან პროფესიის მიმართულება. ბაზარზე ადრე შესვლა სულ არ არის იმის გარანტია, რომ გექნება წარმატებული კარიერა, თუ, რა თქმა უნდა, არ გადაემზადე. დაახლოებით აქაც ისევეა, როგორც სპორტში. ბევრი ადამიანია სპორტით დაკავებული, მაგრამ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ერთეულები ხდებიან. ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, რომ ადამიანი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირებას ან საბანკო საქმეს ისწავლის, აუცილებლად კარგ კარიერას გაიკეთებს, აქაც ერთეულები ხვდებიან ძალიან სერიოზულ თანამდებობებზე. როგორც ამბობენ, უოლ სტრიტზე ფინანსური ანალიტიკოსები არიან ისინი, ვისაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ფიზიკაში Ph.D აქვს მიღებული. ხუმრობენ კიდეც, რომ თუ NYU-ში ფიზიკაში Ph.D გააკეთებ, უოლ სტრიტზე ადგილი გელოდება, და იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხდები, რომ აღარ ივლი მანქანით და მხოლოდ ვერტმფრენით იფრენ. თანამედროვე უმაღლესი განათლება იმდენად რთულია, იმდენი სხვადასხვა ფაქტორი მუშაობს შიგნით, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ ან ორ რამეზე. დღეს საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლებიდან უმეტესობა ელიტისტურია, მაგრამ ელიტარული არ არის. ელიტისტურია იმიტომ, რომ იქ სასწავლად ბევრი ფული გჭირდება. მაგრამ საბოლოოდ, ის არ იძლევა იმ განათლებას, რაც ელიტას სჭირდება. აქ, ჩვენს უნივერსიტეტში ვცდილობთ რომ ეს გავაკეთოთ, ვცდილობთ მოვახდინოთ ელიტის წარმოება და კვლავწარმოება, ელიტის არა იმ აზრით, რომ რაღაც ელიტარული კლუბის წევრებს ვუშვებთ, არამედ იმ აზრით, რომ როდესაც დაამთავრებენ, ის ცოდნა და უნარები ჰქონდეთ, არ გაუჭირდეთ არა მარტო მეცნიერებაში დარჩენა, არამედ - სერიოზულ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობაც. დღეს სულ უფრო და უფრო მეტი აღმასრულებელი თანამდებობა მოითხოვს Ph.D-ს: არა იმ აზრით, რომ რამე კონკრეტული მეცნიერებაა საჭირო, არამედ, იმიტომ, რომ როდესაც მეცნიერებით ხარ დაკავებული, ისეთი უნარები მუშავდება, მაგალითად კვლევის და დასკვნის გაკეთების უნარი, რომელიც აუცილებელია თანამედროვე მაღალი დონის მენეჯერისათვის. ჩვენ ახალი პროექტი გვაქვს - Ph.D-ის სტუდენტები გაივლიან ბიზნეს ადმინისტრირების მოკლე კურსს, რომ შემდეგ, თუ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობა მოუწევთ, არ დაიწყონ ველოსიპედების გამოგონება და მართვაზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. პრეზიდენტის შეფასება რეალურად არ იყო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული. პრობლემები, როგორც უკვე ვთქვი, გვქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი სისტემა მასწავლებლების მიმართ სანქციურად გამოიყურებოდა: ჩვენ ვეუბნებოდით - უნდა გააკეთო ამდენი რამ, მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემაში დარჩე. ჯილდო სისტემაში დარჩენა იყო, ხელფასების მომატებას ვერ ვპირდებოდით. ძალიან კარგია გარემონტებული სკოლა და კომპიუტერები, მაგრამ წარმატებული სკოლისათვის საკმარისი არ არის. ეს არ ყოფილა განათლების რეფორმის შეცდომა, ეს იყო მთავრობის პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეეძლო მასწავლებლებისთვის ხელფასი არ მოემატებინა, და ისე მოეთხოვა ამდენი რამ. ხელფასების პირდაპირ მომატებაც შეცდომაა, ახლა მოემატათ ხელფასები მასწავლებლებს, და მოხდა ისე, რომ ვაუჩერული დაფინანსება სკოლების მხოლოდ 37%25-ს ყოფნის. იმიტომ, რომ ვაუჩერში ხელფასების წილი გაიზარდა.

პრეზიდენტის ნათქვამი იყო რეაქცია არა რეფორმაზე, არამედ იმ შეცდომების აღიარება, რაც მთავრობამ დაუშვა. მე აქ უფრო საკუთარი შეცდომების აღიარება დავინახე.

ნაბიჯი მესამე
ძალოვანი
სტრუქტურების დეცენტრალიზაცია და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
2003

თინა ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემის დეცენტრალიზაცია. ქვეყანა უნდა გადავიდეს მოდელზე, როდესაც ყველა გადაწყვეტილების მისაღებად არ იქნება აუცილებელი მიმართვა თბილისიდან, როცა არ იქნება სისტემა, სადაც ნებისმიერ დაკავებაზე ბრძანებას მინისტრი გასცემს.

ლევან რამიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: სამართალდამცავი სისტემის და მთლიანად, სამართლებრივი სისტემის დემოკრატიზაცია, პირველ რიგში, თავად სამართალდამცავების ინტერესში უნდა შედიოდეს, რადგან თუ მათ არ ექნებათ საზოგადოების ნდობა, თუ საზოგადოება ვერ გაიგებს, კანონი და სამართალდამცავები რა მიზნებს ემსახურებიან, არ იქნება არანაირი თანამშრომლობა.

ამ სახელმწიფოში ვირჩევთ ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელებს, ვირჩევთ პარლამენტს, პრეზიდენტს, მე მგონი, არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს ამის შემდეგ, რომ მოსახლეობას მივცეთ იმის საშუალება, რომ მან აირჩიოს თავისი ქალაქის მერი, პოლიციის შერიფი, ადგილობრივი პროკურორი, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამათზე მეტად, ეს არის ნაფიცი მსაჯულების სახით მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელებაში. იმიტომ, რომ არავინ ისეთი პირუთვნელი მსაჯული არ იქნება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.

გიგა ბოკერია, თავისუფლების ინსტიტუტი: რაც შეეხება იმ აზრს, რომ ბნელია ხალხი, ეს თავისთავად ძალიან მცდარი არგუმენტია. არა მგონია, მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერია მაგალითი ყოფილიყო ძალიან განათლებული და წინწასული საზოგადოებისა, თუმცა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი მუშაობდა და როდესაც ებრაელებს არბევდნენ, იღებდა ებრაელების გამამართლებელ განაჩენებს. საინტერესოა, რომ ნაცისტების მოსვლამდე გერმანიაში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი გააუქმეს. ეს ითვლება, როგორც ნიშანი დემოკრატიის კრიზისისა.

სოზარ სუბარი, ჟურნალისტი: ბევრი მიიჩნევს, რომ ვთქვათ ქართული საზოგადოება არ არის მზად, რომ იყოს ნაფიცი მსაჯულები ჩვენთან, რომ ეს არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის ბუნებრივი. ჩემთვის ამგვარი მსჯელობა კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოება გაცილებით მეტად არის მზად, ვიდრე ის მოსამართლეები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე დახუჭონ თვალი და აიღონ ქრთამი ნებისმიერი დამნაშავის გაშვებაში.

2008

სოზარ სუბარი
სახალხო
დამცველი

სასამართლოები მთლიანად კონტროლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ამ მხრივ არაფერი იცვლება, ან თუ იცვლება, მხოლოდ გარეგნულად.

ერთ მაგალითს მოვიყვან: შარშან, სასამართლოების მიერ განხილული დაახლოებით 20 ათასი საქმიდან მხოლოდ 17 გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი - შეუძლებელია, ასე ცოტა გამამართლებელი განაჩენი ყოფილიყო რეალურად.

ახლა ოდნავ შეიცვალა სიტუაცია - იმატა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ. ეტყობა, მოსამართლეებმა ახალი ბრძანება მიიღეს - ცოტა მეტი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეთ, თორემ ძალიან გვაკრიტიკებენო. ანუ, არსი არ შეცვლილა, შეიცვალა ბრძანება - სასამართლო ისევ აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებს.

განსხვავებული თემაა პოლიცია. რევოლუციის შემდეგ პოლიციის მუშაობა აშკარად უფრო ეფექტური გახდა. ამის მანიშნებელი იყო პატრულის მიმართ ნდობის ძალიან მკვეთრი ზრდა. ნდობის გაზრდის მიზეზი კი შევარდნაძის დროინდელი აბსოლუტურად კორუმპირებული საგზაო პოლიციის პატრულით ჩანაცვლება იყო. მძღოლებს აღარ ხვდებოდათ ბუჩქებში ჩასაფრებული და მოწუწუნე საგზაო პოლიციელები, რომლებიც ორ ლარს ითხოვდნენ. სწორედ ამ ფონზე ავარდა პატრულის რეიტინგი ზევით და ერთი პერიოდი მის მიმართ ნდობამ 80 პროცენტსაც მიაღწია. თუმცა, შემდეგ სადღაც გაქრა პატრულის ზრდილობა და ისინი გადავიდნენ უხეშ ურთიერთობაზე.

მოხდა ტრაგედიაც - პატრულის თანამშრომელმა მოკლა ახალგაზრდა უდანაშაულო კაცი - ამირან რობაქიძე და იმის ნაცვლად, რომ დანაშაული ეღიარებინათ, ეთქვათ, რომ ასეთი ფაქტი ყველგან შეიძლება მოხდეს და დამნაშავე დაესაჯათ, ხელისუფლებამ დაიწყო საქმის გაყალბება. გამყალბებლები და დამნაშავე კი დღესაც არ არიან დასჯილნი. დღეს პოლიციაში მთელი კასტაა ადამიანებისა, რომლებიც დანაშაულს ჩადიან და არ ისჯებიან, რაც აისახება კიდეც პოლიციის მიმართ ნდობაზე. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით პატრულის მიმართ ნდობა დაახლოებით 30 პროცენტამდე დაეცა. არც ეს არის დაბალი ციფრი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა 15 პროცენტამდე მერყეობს.

2003 წელს საუბარი იყო საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების დეცენტრალიზებაზე, მაგრამ ეს არ მომხდარა. პირიქით, უშიშროების სამინისტრო შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ის ფაქტი, რომ შეიქმნა ფინანსური და სამხედრო პოლიცია, არ ნიშნავს დეცენტრალიზაციას. ნამდვილი დეცენტრალიზაცია გვექნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ შეიქმნებოდა ადგილობრივი პოლიციები, რომლებიც თვითმმართველობებთან იმუშავებდნენ, მათივე ბიუჯეტით დაფინანსდებოდნენ და შეხება არ ექნებოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; თუ მათი სამუშაო პროფილი იქნებოდა ოჯახური ძალადობა და მსუბუქი დანაშაულები, ვთქვათ, ბავშვებთან მუშაობის ან ოჯახური ძალადობის კუთხით.

რეალური დეცენტრალიზაცია იქნება ასევე, თუ მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს დაყოფა, მათი ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა. დეცენტრალიზაცია იქნება, თუ დაზვერვა გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რაც შეეხება პროკურატურას, დღეს ის ნამდვილ მონსტრად იქცა. პროკურატურა აკონტროლებს ყველაფერს, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაწყებული საგარეო პოლიტიკით დამთავრებული. ამის შესამჩნევად არ არის საჭირო სპეციალური გამოძიებები ჩაატარო, ეს ისედაც ნათლად ჩანს. გავიხსენოთ, 2004 წელს, როცა აეროპორტის გზატკეცილი იგებოდა, ვინ გასცემდა ბრძანებებს, ქალაქის მერი? არა, მაშინ ბრძანება გზის დროულად დამთავრებაზე პირდაპირ ეთერში მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა გასცა და დაამატა კიდეც, თუ იმ ვადებში ვერ შეასრულებთ, როგორც გიბრძანეთ, ყველას დაგიჭერთო;

როდესაც რთველის პრობლემა დადგა, ვის მიეცა დავალებები, რომ რთველი „წარმატებით“ ჩატარებულიყო? - თავდაცვის მინისტრს და გენერალურ პროკურორს; ვინ ააშენა სიღნაღი და ვის გადაუხადა პრეზიდენტმა მადლობა სიღნაღის კარგად აშენებისთვის? გენერალურ პროკურორს; ქუთაისის გალამაზების დავალება ვინ მიიღო? გენერალურმა და სამხარეო პროკურატურებმა. ეს არ არის დეცენტრალიზაცია, ეს არის ცენტრალიზების წარმოუდგენლად მაღალი ხარისხი, როგორიც შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეაში ან რუსეთში და არსად სხვაგან.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

ნუ დაგვავიწყდება, რომ რევოლუციის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად დაიწყო ჩამოყალიბება დამოუკიდებელი საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურამ. დღეს, სამწუხაროდ, ბევრს აღარ ახსოვს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ეს სტრუქტურა ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელზე სერიოზულად იყო მიბმული. ამ რეფორმის შედეგად კი მოხდა მისი რეორგანიზაცია, ახალი კადრები მოვიდნენ, რომელთაც განათლება უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ჰქონდათ მიღებული. შეიქმნა საპატრულო პოლიციაც, რომელიც აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. მანამდე არსებული პოლიცია ხომ შემზარავი სტრუქტურა იყო საბჭოთა საქართველოშიც და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც. დღეს კი ნდობა საპატრულო პოლიციის მიმართ გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დღევანდელ პატრულშიც საკმაოდ არიან ძველი მენტალობის ადამიანები და ეს გასაკვირი არცაა, აბა, კადრებს მარსიდან ხომ არ ჩამოიყვანდნენ... ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება, რომ ზოგიერთი პატრული ძალასაც იყენებს ზედმეტად.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სასამართლოს რეფორმა. ინგლისის სასამართლო მეფის გავლენის სფეროდან მეთორმეტე საუკუნეში გამოვიდა და ამან ქვეყნის განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი. დღეს ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ სამწუხაროდ მაინც სასამართლოზე ხელისუფლების გავლენის შესახებ გვიხდება საუბარი.

საბჭოთა კავშირის დროს სასამართლო ყოვლად დამპალი სისტემა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლოები სათანადო დონეზე არ დგანან. პრობლემა არის ის, რომ მოსამართლეებს მნიშვნელოვან საქმეებში ზემოდან ეუბნებიან, რა უნდა გააკეთონ, ესენიც სარგებლობენ და თავიანთ საქმეებსაც აკეთებენ. მაგრამ ის, რომ დღეს სამართალწარმოება ოდნავ უკეთესია, ესეც ფაქტია.

ჩემთვის კიდევ ერთი მომენტია არანაკლებ მნიშვნელოვანი. სასამართლომ ძალიან მაღალკვალიფიციურად უნდა შეასრულოს თავისი როლი ბიზნესთან დაკავშირებულ საქმეებში. ამის გარეშე წინსვლა ფაქტობრივად წარმოუდგენლად მეჩვენება. ჩვენს ხელისუფლებაში ვხედავ პოლიტიკურ ნებას სასამართლო სისტემის ეფექტური რეფორმირებისა და მისი გავლენებისგან გათავისუფლებისთვის, მაგრამ ასევე ვხედავ იმასაც, რომ საქართველო ჯერაც თვითგადარჩენისთვის იბრძვის. ბუქარესტში ხომ ფაქტობრივად საკითხი იდგა ასე - დატოვონ საქართველო რუსეთის სფეროში თუ არა. გარდა ამისა, ორი ტერიტორია გვაქვს წართმეული და იქ ჩვენი ტერიტორიების დე ფაქტო ანექსია მიმდინარეობს, განა, მალავს ვინმე რამეს? ამიტომ, რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმირების პოლიტიკური ნება არის, ძალაუფლების კონცენტრირების ცდუნებაც ძლიერია.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური
პარტია

თავიდან, პატრულის შექმნა მართლაც დადებითი იყო, თუმცა, მოსახლეობის დიდი ნდობა მაინც ვერ მოიპოვა; თუ პროკურატურაზე ვისაუბრებთ, ეს ნამდვილად სადამსჯელო აპარატია, და რა ნდობაზეა საუბარი? ბუნებრივია, 7 ნოემბრის შემდეგ, ჩვენი სამართალდამცავების მიმართ ნდობა კიდევ უფრო მეტად დაეცა. რევოლუციის შემდეგ, ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო ავტორიტარული გახდა. ისედაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიერთეს უშიშროებაც, და თანაც, ბევრი რამ პერსონალიზაციის ნიშნით გაკეთდა - მთელი ძალაუფლება ჩააბარეს პირადად მერაბიშვილს, შედეგად მივიღეთ ის, რომ პოლიციაც, უშიშროებაც და პროკურატურაც ერთი ორგანოა - შეიქმნა ნკვდ-ს ტიპის მონსტრი.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე დიდი ხანია, არის ლაპარაკი, მაგრამ რახან ჩვენთან სასამართლო, პრაქტიკულად მოკვდა და ახლა პროკურატურა განაგებს ყველაფერს, მაინცდამაინც, აღარ აწყობთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუმცა, ვალდებულება აქვთ აღებული და ახლა არის მცდელობა, რომ დანერგონ ეს ინსტიტუტი, მაგრამ ისე, რომ არ იმუშავოს. ბოლო პროექტის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემა საქმე, როცა ორივე მხარე, პროკურატურაც და ადვოკატიც, თანახმანი არიან. გასაგებია, რაც მოხდება, პროკურატურას არასდროს მოუნდება, საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეცეთ, თუ წინასწარ დარწმუნებულნი არ იქნებიან, როგორი იქნება ვერდიქტი.

გიგი თევზაძე
ილია
ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი

სასამართლო სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნაკლებად სისტემური. ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი განათლებული იურისტი. იქ, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არსებობს, ზოგადად, იურიდიული განათლების დონე ძალიან მაღალია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც წესი, ინიცირებული საქმეების მხოლოდ 10 და ნაკლები პროცენტი გადაეცემა ხოლმე. დანარჩენის გადაჭრა, დასრულება მანამდე ხდება. აქ ის არის გადამწყვეტი, იურიდიული განათლების როგორი სისტემა გაქვს. ვერაფრით ვერ გადახვალ ამ სისტემაზე, სანამ არ გეყოლება განათლებული იურისტების მთელი სპექტრი. სამწუხაროდ დღეს იურიდიული განათლება იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში იყო, არაფერი შეცვლილა, უნივერსიტეტებში ისევ ისე ასწავლიან, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ასწავლიდნენ. იმიტომაა, რომ ჩვენთან იურიდიულ განათლება მიღებულ ადამიანთა უმეტესობა ყველა სოციალურ ან პოლიტიკურ პროცესს შეთქმულების თეორიით ხსნის - ეს ყველაზე ადვილი და „საღაზროვანი“ თეორიაა. აქედანვე გამომდინარეობს კიდევ ერთი პრობლემა - ის, რომ მოსამართლეების უმეტესობას ეშინია პროკურორის მოთხოვნის წინააღმდეგ წასვლა. არა იმიტომ, რომ პროკურორისთვის წინააღმდეგობის გაწევას უფრთხის, არამედ იმიტომ, რომ არ არის დარწმუნებული, რომ მისი გადაწყვეტილება იურისპრუდენციის მხრივ გამართული იქნება და იცის, რომ არასწორი გადაწყვეტილების გამო დასჯიან. აქაც იურიდიული განათლების პრობლემა დგას. რაც შეეხება სამართლადამცავების მიერ ძალის გადამეტებას, შეიძლება, ცოტა ცინიკურაც ჟღერს, მაგრამ ძალოვანების ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი იწყება პრეცედენტების შემდეგ და მათი საშუალებით: როდესაც ხდება ტრაგიკული შემთხვევა, ამას საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვება და სწორედ ამის შემდეგ იწყება ამ სისტემის დარეგულირება. სამწუხაროა, მაგრამ ეს ყველგან ასე ხდებოდა და ხდება. პოლიციელიც ამ, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ერი-სახელმწიფოს ნაწილია, და სანამ არ ნახავს, რომ ნებისმიერ, თუნდაც, იმ მომენტში ძალიან საჭირო და თითქოსდა, გარდაუვალ გასროლას შეიძლება დიდი მღელვარება მოჰყვეს, მანამ ვერ ხვდება, რას ნიშნავს ფრთხილად ყოფნა. ამ მხრივ ჩვენც ვერ ავერიდეთ საერთო ლოგიკას. ჩვენში დანაშაულის დონემ რეალურად დაიწია, როგორც ზრდასრულების, ასევე არასრულწლოვანთა შორის. მძიმეა იმის თქმა, რომ ციხეებში ბევრი ხალხი უნდა იყოს, მაგრამ როგორც დამყარებული წესრიგი გვიჩვენებს - მსგავს ვითარებებში ციხეებში პატიმრების დიდი რაოდენობა განაპირობებს ციხის გარეთ საზოგადოებრივ წესრიგს. სხვა საქმეა და პრობლემა, თუ როგორ ექცევიან ამ ადამიანებს ციხეებში. ამის გამოსასწორებლად ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. ციხე, ისევე როგორც თეატრი, კინო, უნივერსიტეტი - ქვეყნის სახეა და ჩვენი ცივილიზებულობა ამით იზომება. გახსოვთ, რა თქმა უნდა, ალექს ტოკვილის მოგზაურობა ამერიკაში სწორედ პენიტენციალური სისტემის შესასწავლად დაიწყო, რასაც მოჰყვა წიგნი „დემოკრატია ამერიკაში“.

გიგი უგულავა
თბილისის მერი

ჩვენმა გუნდმა, ვფქრობ, სამი ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება შეძლო: განათლების, თავდაცვის სისტემისა და პოლიციის. იმ უამრავი ლანძღვის შემდეგ, რაც პოლიციამ გამოიარა, შევარდნაძის პერიოდში მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის შემდეგ, დღეს ამ სტრუქტურას 75-80%25 ენდობა. თუ შევარდნაძის პერიოდში, მოსახლეობის 85%25 იძახდა, რომ ქრთამი პოლიციაში ყოველდღიურობაა, დღეს შეკითხვაზე - მიგიციათ თუ არა პოლიციელისთვის ქრთამი, 98%25 ამბობს, რომ - არა. ეს პროცენტული მაჩვენებლები კი ნიშანია იმისა, რომ უკვე სახეზეა ფუნდამენტური ცვლილება არა მხოლოდ პოლიციაში, არამედ მთელ საზოგადოებაში. ასე რომ, რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუად წარმოადგინონ, დაცულობის გრძნობა მოსახლეობაში მაინც დაუძლეველია. ჩემი აზრით, წარმატებული იყო უშიშროებისა და პოლიციის გაერთიანებაც. უშიშროების მინისტრის მოადგილედ მიმუშავია და ვიცი, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ასე დაყოფილი ორგანოები არ სჭირდება, რადგან შევარდნაძეს ეს მხოლოდ მათი დაბალანსებისთვის სჭირდებოდა. მთავარ საკითხად რჩება სასამართლო და პენიტენციალური სისტემა. დღეს არსებობს დაუმსახურებელი კლიშე სასამართლოს მიმართ, რომ ის გავლენების ქვეშაა. თუმცა, ჩვენივე კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკას სასამართლო არ განსაზღვრავს, ამას განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლება, პროკურატურა და პარლამენტი. ეს იმიტომ, რომ ჩვენი პირველი ამოცანა იყო, ქვეყანას მიეღო რაღაც ფორმა და ჩვენც მთავარი აქცენტი გადატანილი გვქონდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებაზე. ეს კეთდებოდა საზღვრების დადგენის თვალსაზრისითაც და სახელმწიფოებრიობის განცდის გასაჩენადაც. ეს განცდა კი, პირველ რიგში, ცენტრალურ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული და შემდეგ დანარჩენებთან. შედეგსაც მივაღწიეთ - საკანონმდებლო კუთხით, ტრენინგებისა და მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, სასამართლოს მთელი ინფრასტრუქტურა აწყობილია. დღეს უკვე არავინ, თვით სასამართლო რეფორმის უკიდურესი მაწყევარიც კი, აღარ ამბობს, რომ მოსამართლეები იღებენ ქრთამს. ახლა ამბობენ, რომ პროკურატურას აქვს აქტიური როლი სისხლის სამართლის საქმეებში, რომ მოსამართლეს არ შეუძლია გამოიტანოს იმაზე მეტი, რასაც პროკურატურა მოითხოვს. თუმცა, ეს კანონითაა უზრუნველყოფილი. ანუ, დღეს უკვე მივაღწიეთ იმას, რომ სასამართლო კორუფციული მინარევებისგან გაიწმინდა. მეორე საკითხია, სასამართლოს მორალური ავტორიტეტი და კომპეტენცია. ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მორალური ავტორიტეტის მოპოვებას დრო სჭირდება და ამას შეიძლება ერთი ხელისუფლებაც არ ეყოს. მთავარია, რომ ჩვენი ძირითადი პოლიტიკური ამოცანა სასამართლოსთან მიმართებაში უკვე შევასრულეთ: აღმასრულებელი ხელისუფლება გამოვიდა დისციპლინალური წარმოებიდან, იუსტიციის საბჭო დაკომპლექტებულია მოსამართლეებით და საკანონმდებლო დონეზეც გაცილებით უფრო მეტად დაცულია. შემდეგი ნაბიჯი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მორალური ავტორიტეტის მოპოვებაა.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია

ძალოვანი სტრუქტურების ცენტრალიზაცია კი არა, პერსონალიზაციაც მოხდა, ჩვენ ახლა გვაქვს სისტემა, სადაც შეიძლება მუშაობდეს კაცი, რომელიც ოფიციალურად იქ არ მუშაობს. მაგალითად, დათა ახალაია არ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის ხელფასს საიდუმლო ფონდიდან იღებს და ძალიანაც რომ მოუნდეს საქართველოს პრეზიდენტს, დათა ახალაიას ორდენს ვერ მიანიჭებს, ან სადმე საიდუმლო კრებაზე უნდა მიანიჭოს ეს ორდენი და უთხრას - დათა, ხომ იცი, შენ აქ არ მუშაობ და ამას საჯაროდ ვერ გავამხელო. ეს იდიოტიზმი იმიტომაც ჩამოყალიბდა, რომ ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დასაყრდენია, მისი არსებობის გარანტია. მიშასთან ყველაზე ახლოს არის ვანო, რა შუაშია აქ საქართველო! ხვალ მიშას ადგილს სხვა დაიკავებს, ვანოსას სხვა და ეს ურთიერთობა ვეღარ შედგება. ეს იცით რას ჰგავს? კაცობრიობამ რომ დაივიწყოს ამხელა რელიგიური გამოცდილება და ანტიკური, წარმართული ღმერთების დროს დაუბრუნდეს. ვანო და ოქრუაშვილი, როგორც ანტიკური ღმერთები, ისე ებრძოდნენ ერთმანეთს. მაგალითად, ჰერმესი იყო ქურდი და მფარველობდა ქურდებს, აპოლონი - სინათლის ღმერთი ვერ ეგუებოდა ამას და ამათ შორის მიმდინარეობდა ბრძოლა და ომი. ხოლო ზევსი, იმის მიხედვით, როგორ ხასიათზეც იყო, ამ დაპირისპირებას არეგულირებდა. დღევანდელი ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების ურთიერთობა ძალიან ჰგავს ამ ანტიკურ ურთიერთობებს. არ ჩამოყალიბდა სტრუქტურები. დეცენტრალიზაცია კი არა, პირიქით - ორი უწყების შეერთება მოხდა, რაც დანაშაული იყო. ვანო და მისი თანმდებობა ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ წარმოუდგენელია დღეს ვანო მინისტრობის გარეშე. ვანო მიეწება თავის სამინისტროს. გაჩნდნენ მონსტრი მინისტრები, მინისტრები - ანტიკური ღმერთები. ვანოს შეუძლია თქვას - სამინისტრო ეს მე ვარო და მართალიც იქნება. ვანო რომ არ იქნება, ეს სამინისტრო იქნება სხვა რამ - მინიმუმ ორი სხვადასხვა უწყება. ხდება წარმოუდგენელი რამეები, ხალხი არ მუშაობს და მუშაობს, შეიქმნა არაფორმალური იერარქია და ა.შ. ვანოს მეუღლეს ვინ ახლავს რესტორანში, ამას აქვს მნიშვნელობა. ისევე, როგორც ანტიკურობაში, რომელი ღმერთი რომლის გვერდით დაჯდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს შეიძლება მაღალი თანამდებობის პირი და დაბალი თანამდებობის პირი იმით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ ერთი უფრო ახლოს იყოს ვინმე თაკოსთან, მეორე - ნაკლებად, ანუ დაბალი იყოს მაღალი და პირიქით. ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა ეს სიმახინჯე. თავისუფლების ინსტიტუტი აღმოჩნდა პოლიციური ტიპის სახელმწიფოს მშენებელი. მათი მთავარი შეცდომა, რომელიც შემდეგ გადაიზარდა დანაშაულში ისაა, რომ მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ნაციის აშენება. ბევრი შეცდომა ამ ხალხის ამბიციებიდან მოდიოდა, მათ ჩათვალეს, რომ, მაინცდამიანც, პოლიციასთან თანამშრომლობაში უნდა დაბადებულიყო ახალი ქართველი ადამიანი და ქართველი ნაცია ასე უნდა შეექმნათ.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

სამართალდამაცვი სისტემის დეცენტრალიზაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მაგრამ, ჯერ საჭიროა, ადგილობრივი თვითმართველობის ინსტიტუტები იყოს მზად ცენტრალური ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის გადასაბარებლად. ამ პროცესის გასაადვილებლად, აუცილებელი იყო პოლიციის გაწმენდა ტოტალური კორუფციისგან, ვგულისხმობ პოლიციას, რომელიც, ფაქტობრივად, შეზრდილი იყო ორგანიზებულ დანაშაულთან. ხშირად იმ ქვეყნებში, სადაც დეცენტრალიზებული სამართალდამცავი სისტემაა, ადგილობრივი პოლიციის დანაყოფები კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის გავლენისგან დაცულნი არ არიან. აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიუროს შექმნა ნაკარნახევი იყო ჩიკაგოს ყბადაღებული მაგალითის შემდეგ. ჩიკაგოს პოლიცია იმდენად იყო გახრწნილი, რომ საჭირო გახდა ინტერვენცია ცენტრიდან. საჭიროა, მნიშვნელოვანი ფუნქციები გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, მაგრამ ასევე საჭიროა ეფექტური ინსტრუმენტების დატოვება ცენტრალური ხელისუფლების ხელში.

ამისთვის გარკვეული პირობები ნაწილობრივ უკვე შექმნილია. პოლიციაშიც რეფორმები გატარებულია, მაგრამ საჭიროა კიდევ რამდენიმე რეფორმის გატარება. ვფიქრობ, სამართალდამცავ სტრუქტურაში არა მხოლოდ დეცენტრალიზება უნდა მოხდეს, არამედ კონსოლიდირებაც - შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო - ეს სამი დამოუკიდებელი უწყება ერთიანი ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს და უნდა გვყავდეს ერთი კონკრეტული მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამართლებრივი პოლიტიკის გატარებაზე. საჭიროდ მიმაჩნია, ამ მიმართულებით შემდეგი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად გაგრძელდეს მუშაობა და ეს საკითხი მთავრობისთვისაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად დარჩეს.

ვფიქრობ, აუცილებელია ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს დაჩქარება. ჩემი აზრით, ეს სისტემა არა მხოლოდ სისხლის სამართლის დავებისას უნდა გამოიყენებოდეს, არამედ ის საერთოდ მართლმსაჯულების ძირითად ფორმად უნდა იქცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მორიგებას ექნება მხარეებს შორის ადგილი. ეს გაზრდის ნდობას სასამართლოსადმი და შექმნის დამატებით გარანტიებს იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს დამოუკიდებელი სხვადასხვა გავლენებისგან.

გავიხსენოთ, რომ როცა, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების გამო, ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია მოხდა და ხელისუფლების ორი შტო შეიცვალა, ბუნებრივია, მესამე შტო ამ ცვლილებების მიღმა ვერ დარჩებოდა. თუ არ მეშლება, მაშინ პრაქტიკულად, ალბათ, 80 პროცენტი საზოგადოებისა თვლიდა, რომ სასამართლო კორუმპირებული იყო და ბუნებრივია, ხელისუფლება, რომელიც რევოლუციის შედეგად მოვიდა სათავეში, ამ სოციალურ დაკვეთას - წმენდა განეხორციელებინა სასამართლოში, ვერ გაექცეოდა. თუკი ლაპარაკი იყო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, სასამართლოს მხარდაჭერის გარეშე მათი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა. თავად განსაჯეთ, წარმოუდგენელი იქნებოდა ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან. ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა, თუ არ გაიწმინდებოდა სასამართლო სისტემა. თუმცა, საგულისხმოა ერთიც: როცა პოლიტიკური შტო ახდენს სასამართლოს რეფორმირებას, ეს უკვე მისი პოლიტიზების საფრთხეს შეიცავს, როცა ერთი ხელისუფლების შტო ერევა მეორეს საქმეებში, და ამ შემთხვევაში სასამართლოს საქმეებში, ეს მისი დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ბევრი თვლის, რომ სასამართლოს რეფორმა სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. სხვადასხვა მექანიზმებით სასამართლოების გადახალისება მაინც მოხერხდა. თუმცა ამ პროცესს ზოგჯერ აკლდა გამჭვირვალეობა. მოხდა მოსამართლეობის ასაკის დაწევაც, რაც ერთი მხრივ კარგია - ახალგაზრდებს არ აქვთ ის უარყოფითი გამოცდილება, რის გამოც სასამართლოს რეფორმა გახდა საჭირო, მაგრამ ახალგაზრდას დადებითი გამოცდილებაც აკლია და სანამ ის საჭირო გამოცდილებას დააგროვებს, დროა საჭირო. გარდა ამისა, დღემდე არსებობს მოსამართლის ასამდე ვაკანსია. სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის კი სამასი მოსამართლე მაინც არის საჭირო. ბუნებრივია, ეს დატვირთვას ზრდის მოქმედ მოსამართლეებზე, და ეს მართლმსაჯულების ხარისხზეც მოქმედებს. საქმეები სწრაფად არის განსახილველი და ესეც გარკვეულწილად მოიკოჭლებს ხოლმე.

ბუნებრივია, იმ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობის ტრადიციები უფრო მყარია, ვიდრე საქართველოში, ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა სასამართლოში ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის, მაგრამ ჩვენთან, ამ ტრადიციების არარსებობის გამო, როცა აქცენტირება ხდება დამოუკიდებლობის, სუსტდება ანგარიშვალდებულება და როცა ამ უკანასკნელის გაძლიერება ხდება, საფრთხე ექმნება დამოუკიდებლობას. ეს პრობლემა შეექმნა ჩვენს სასამართლო სისტემასაც. როცა რეფორმები ტარდებოდა, ნაკლები ყურადღება მიექცა იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო სასამართლოს მიმართ ნდობის გასაძლიერებლად და ამის უგულებელყოფის შედეგია ის, რაც გვაქვს.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია

2003 წელს ვსაუბრობდით, რომ საჭირო იყო ძალოვანი სტრუქტურების დეცენტრალიზაცია, მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო რამ, მოხდა მაქსიმალური ცენტრალიზაცია. ვანო მერაბიშვილი ხერხემალია, უზარმაზარი ძალაუფლება აქვს. შევქმენით საბჭოური ტიპის „ნკვედ“, პოლიციელებს მიუთითეს ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთო. ყველას დაავიწყდა, რომ მუნიციპალურ პოლიციას შეპირდნენ ხალხს.

რატომ არ გვაქვს დღემდე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ამაზე ბევრი პასუხი არსებობს. შეეშინდა ხელისუფლებას, სასამართლოში, სადაც პროკურორი წარმართავს შოუს, რთულია ბევრი უტყვი მონაწილის მოძებნა, ადვილია ერთი მოსამართლე დააშინო ან მოისყიდო, გაცილებით ძნელია 10 ან 12 მოქალაქე მოისყიდო და შეაშინო. ალბათ, ეს არის ყველაზე სტანდარტული პასუხი. თუმცა, ეს იყო ყველაზე დიდი დაპირება, რომელიც სასამართლოს გაჯანსაღების თვალსაზრისით, ხელისუფლების ქორებისაგან ისმოდა.

ოთხი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არაფერია გაკეთებული. „ნაციონალური“ პასუხი მარტივად ჟღერს - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საშიშია წარმატებული მანიპულირებისათვის.

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

სამართალდამცავ სისტემაში ჩატარდა ისეთი სისტემური ტიპის რეფორმა, რომელმაც მთლიანად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება სამართლდამცავი სტრუქტურების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცალკეული შემთხვევები, რომელთა დროსაც საზოგადოების მხრიდან სამართლიანი კრიტიკა გაისმის, და ზოგჯერ ძალიან მწვავეც, მთლიანობაში, და ამაზე მეტყველებს 80 პროცენტიანი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ძნელია, არ დაინახო ის სისტემური ცვლილება და გაუმჯობესება, რაც ამ სფეროში მოხდა.

ასეთივე თვალსაჩინო პროგრესი არ გვაქვს სასამართლო სისტემაში და ხშირად პრეტენზიები სასამართლო უწყების მიმართ ასევე დასაბუთებულია. მაგრამ თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ჩვენთან აღარ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიც კორუმპირებული მოსამართლე იყო, თუნდაც, ოთხი წლისწინანდელი რეალობა რომ გავიხსენოთ, ასეთ რამეს ძნელად წარმოვიდგენდით.

თუმცა ის, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის, ვგულისხმობ სასამართლოს დამოუკიდებლობას საზოგადოებრივი აზრისა და აღმასრულებელი სტრუქტურების ზეგავლენისგან, გზა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. მაგრამ ასევე საგულისხმოდ მეჩვენება გარკვეული სტატისტიკაც: 2007 წლის განმავლობაში სახელმწიფომ წააგო იმ საქმეების 60 პროცენტი, რომლებიც მასსა და კერძო პირს ან კერძო ორგანიზაციას შორის წარმოებდა. ეს იმედისმომცემი და მისასალმებელი ტენდენციაა: როცა მოსამართლეს შეუძლია გამოიტანოს განაჩენი ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურის საწინააღმდეგოდ და კერძო პირის სასარგებლოდ, სწორ მიმართულებაზე მიუთითებს. ეს, ცხადია, მხოლოდ ერთი წლის შედეგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა ძალიან რთული იყო, და ჩვენ ვხედავთ გაუმჯობესების ნიშნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესი ადგილიდან დაძრულია.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, ამ მხრივ საკანონმდებლო ინიციატივები უკვე დაიწყო. 2008-09 წლებში უკვე გვექნება პირველი პრეცედენტები იმისა, რომ ყველაზე მძიმე დანაშაულობების შემთხვევაში, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსით შეეფარდებათ სამუდამო პატიმრობის მუხლი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდება. ანუ ამ მიმართულებითაც პირველი ნაბიჯები გადადგმულია.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

ძალოვანი სტრუქტურების დეცენტრალიზაცია ნამდვილად არ მომხდარა. საპატრულო პოლიცია გაი-ს კი სჯობს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სახით ტიპური საბჭოთა მონსტრები გვყავს. უფრო მეტიც, მოხდა პოლიციის შერწყმა უშიშროებასთან, რაც კონსტიტუციის 1995 წლის რედაქციით აკრძალული იყო სწორედ იმიტომ, რომ საბჭოური ტიპის მონსტრი აღარ გვყოლოდა.

დღეს საქართველოში სასამართლო სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია. არ მგონია, ცალკე აღებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომლის შემოღება, სხვათა შორის, კვლავ გადაიდო, ვითარება კარდინალურად შეცვალოს; მით უფრო, რომ საექსპერტო წრეებში დიდი ეჭვებია იმის თაობაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს სქემა საქართვლოში. იმ ქვეყნებში, სადაც იგი მუშაობს, სხვა ტრადიციაა. ჩვენ საერთოდ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრული ვინეგრეტი მივიღეთ სხვადასხვა სისტემისთვის დამახასიათებელი ელემენტების მექანიკური შერწყმის მცდელობით. როგორც ჩანს, ხელისუფლება გამოდის იმ ალოგიკური (რომ არ ვთქვათ - აბსურდული) მოსაზრებიდან, რომ დემოკრატიისკენ გზაზე არ არის აუცილებელი დემოკრატიული პროცედურების დაცვა და შეიძლება, რომ რაღაც ეტაპზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებები ფაქტობრივად ერთ ოფისში იყოს თავმოყრილი, იქიდან იმართებოდეს ცენტრალიზებულად და ვოლუნტარისტულად. კატეგორიულად არ ვეთანხმები ხელისუფლებას ამ ფუნდამენტურ საკითხში და ამიტომაც ვარ ოპოზიციაში.

ნაბიჯი მეოთხე
გაფართოებული თვითმმართველობა
2003

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი: დემოკრატია ისევე, როგორც ნებისმიერი შენობა, ქვემოდან შენდება. ბაზისური დემოკრატია არის ადგილობრივი თვითმმართველობა. გერმანიაში, მაგალითად, როდესაც სახელმწიფო აღარ არსებობდა, 1945 წლის შემდეგ, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ის ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელმაც შეინარჩუნა წესრიგი და რომელმაც შეძლო შემდეგში ელემენტარული კეთილდღეობის შექმნა.

დავით ზურაბიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: ამაზე ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა თავის დროზე, როცა სახელმწიფოებრიობა არც გვქონდა, ციკლში „ცხოვრება და კანონი“, სადაც პირდაპირ მიდის მტკიცება, რამდენად მნიშვნელოვანია, ის, რომ ადამიანები სოფლებში, პატარა დაბებში თვითონ მართავენ თავიანთ ყოფას და მათ ეკითხებათ ეს ამბავი. ეს მთელი სახელმწიფოსთვის არის სარგებლობის მომტანი.

2008

გიგი უგულავა
თბილისის მერი

პირველი თვითმმართველობის არჩევნები 1998 წელს ჩატარდა. მაშინ ორი გამონაკლისი იყო, თბილისი და ფოთი. მაშინდელ ხელისუფლებას კი კონკრეტული პოლიტიკური არგუმენტები ჰქონდა: ცენტრი ვერ აკონტროლებდა აჭარას და ამიტომ ფოთი ითვლებოდა ბოლო კარიბჭედ. ხელისუფლებას დანაწევრებული ქვეყნის გამო სჭირდა ფობია, რომ თვითმმართველობა ასუსტებს ცენტრალურ ხელისუფლებას, ამიტომ, ფოთი ის ციხესიმაგრეა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. თავისი საფუძველი ჰქონდა თბილისის მიმართ ფობიასაც - მათი წარმოდგენით, ჩვენი ქვეყნის ზომისთვის ეს ქალაქი არათანაბრად დიდია და ამიტომ თვითმმართველობის აქ გაძლიერება სახიფათო იქნება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის რეალური არჩევნები სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაატარა. ანუ სრული სახით ის მხოლოდ 2006 წლის არჩევნების შედეგად განხორციელდა.

თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად ავტორიტეტულია თვითმმართველობა დღეს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენმა თვითმმართველობამ იცის თავისი ფუნქცია და საზღვრები. ნელ-ნელა ეს საზღვრები აუცილებლად გაიზრდება, მაგრამ ეს ვერ იქნება უხეში და მექანიკურად გადმოღებული პროცესი, იქედან გამომდინარე, რომ სულ რაღაც 5 წლის წინ ჩვენ გვყავდა ასლან აბაშიძე და გუბერნატორები, რომლებიც პრაქტიკულად ფეოდალებივით ცხოვრობდნენ. ანუ, გულწრფელად რომ ვთქვათ, წინა ხელისუფლების შიში არ იყო ყურით მოთრეული. დღეს ეს შიში, რომ თვითმმართველობამ შეიძლება შექმნას ქვეყნის ერთიანობის პრობლემა, მოხსნილია. ამას გარდა, მაშინ დავა თვითმმართველობის შესახებ დაყვანილი იყო თბილისის მერის არჩევაზე. დღეს საკითხი აღარც ასე დგას - თბილისის მერს საკრებულო ირჩევს. შეიძლება დადგეს დრო, როცა მერის პირდაპირი არჩევნების წესით არჩევაც მოხერხდება, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივადაა გასაკეთებელი. ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ იმ სისტემაზეც, როცა საკითხების გადაწყვეტა პირველივე დონეზე მოხდება, და არა მისი გადასროლა მეორე და მესამე დონეებზე. ვფიქრობ, ამისთვის საზოგადოების ფსიქოლოგიური მომზადებაცაა საჭირო. ჩვენთან ხომ დღეს ასეთი ტენდენცია მოქმედებს, რომ ყველაფერი ქვეყნის პირველ პირამდე მივიტანოთ. არადა, რაც უფრო მეტი დებატებია, ქვედა და თვითმმართველ რგოლებში, მით უფრო მეტად ეფექტურად და სწრაფად ხდება პრობლემის ლოკალიზაცია. მით უფრო აღარ ცხადდება ყოველი პრობლემა საერთო ნაციონალურ უბედურებად და მით უფრო აღარ მიდის ყველაფერი ერთ პიროვნებამდე.

ეს რომ ასე აღარ იყოს, საკანონმდებლო დონეზე გარანტიები უკვე შექმნილია. საზოგადოების ფსიქოლოგიურ გადაწყობას კი, შეიძლება, თაობაც დასჭირდეს. საჭიროა, გავიაზროთ, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა ქვეყნის სტაბილურობისთვისაცაა აუცილებელი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიქმნება ბევრი ბუფერული ზონა, რომელიც, საბოლოოდ, პასუხისმგებლობას გადაანაწილებს და აღარ გამოიწვევს კატაკლიზმებს, რომ ან ის ერთია ღმერთი და ან ის ერთია ეშმაკი. ამისკენაა მიმართული თვითმმართველი ინსტიტუტების შექმნაც.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია

ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს დღევანდელმა ხელისუფლებამ თვითმმართველობა წაართვა, არსად ირჩევენ გამგებლებსა და მერებს. თბილისის მერსაც კი არ ვირჩევთ. ხელისუფლების იდეოლოგიის, უფრო სწორად, იდეოლოგიის მაგვარი ბუნდოვანი წარმოდგენების ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატი არის ის, რომ „ხალხი ბნელია,“ ეს ძალიან მძიმე ამბავია. ხელისუფლებაში ბოლო დრომდე თვლიდნენ, რომ ქართველი ხალხი არის უაღრესად დაბალი ყოფითი და პოლიტიკური კულტურის მქონე, ულტრაკონსერვატორი და რელიგიურ-ეთნიკური ექსტრემიზმისკენ მიდრეკილი; არადა, ეს სრული სისულელეა - თუკი ვინმეს ჰგონია, რომ კანზასელი ფერმერი ან ბურგუნდიელი მევენახე კახელ გლეხზე ნაკლებად ტრადიციონალისტია, ძალიანაც ცდება. საერთოდ, „ხალხი,“ ანუ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყველგან ტრადიციონალისტია. უბრალოდ, ამა თუ იმ საზოგადოების დემოკრატიულობის დონე პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ხანი ცხოვრობს ეს საზოგადოება მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში. ასეთი გამოცდილება კი სახელმწიფო ინსტანციების მიერ მოქალაქის კულტურული მენტალიტეტის გადაკეთებით არ მიიღწევა. ეს შეუძლებელია და თანაც სახიფათო, რადგან, კულტურაზე ძალადობა მხოლოდ უკულტურობას და განუკითხაობას ამკვიდრებს. ეს იგივეა, ქალწულის გამოზრდა რომ დააპირო მისი სისტემატური გაუპატიურების გზით... დემოკრატიის გამოცდილება შესაძლოა დაგროვდეს მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედებით და არავითარ შემთხვევაში - ავტორიტარული მეთოდებით. რეალურად, დემოკრატია დგას თვითმმართველობასა და დამოუკიდებელ სასამართლოზე. თუ ეს ორი სისტემა მუშაობს, მერე ყველაფერი მოვა.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

ვერ ვიტყვი, რომ ამ საკითხში დადებითი შედეგები გვაქვს. ამის გამართლება, ბუნებრივია, არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება გაგება: როდესაც ქვეყანაში დაძაბულობა და პოლიტიკურად მძიმე ვითარებაა, მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ ყველა პრობლემა ძალიან სწრაფად უნდა გადაჭრას. ამას ემატება ძლიერი ზეწოლა გარედანაც და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში, ცენტრალურ ხელისუფლებას თვითმმართველი ინსტიტუტების განვითარების დიდი ინტერესები არ აქვს. პირიქით, ასეთ პირობებში, ცენტრს უფრო გამართლებულად ხელისუფლების ძლიერი კონცენტრირება ეჩვენება გამოსავლად. ეს მას საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები - რაც იმ მომენტისთვის უმთავრესად მიაჩნია. თუმცა, საკითხისადმი ასეთი მიდგომა სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს. თვითმმართველობა კი ის ინსტიტუტია, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.

ვფიქრობ, რომ განვითარების გარკვეულ ეტაპზე ხელისუფლების კონცენტრაცია მისაღები მეთოდია და უფრო ამართლებს ხოლმე, მაგრამ მთავარია, ეს ხელისუფლებისთვის თვითმიზნად არ იქცეს. როცა ხვდები, რომ აღარ ამართლებს, უნდა გამოასწორო. ფაქტია, რომ ახლა ის დრო დადგა, როცა თვითმმართველობის დონე ქვეყანაში უნდა ამაღლდეს. უკვე აუცილებელია რეალური თვითმმართველობის ამოქმედება თუნდაც იმიტომაც, რომ ცენტრისგან მოშორებით მცხოვრებმა მოსახლეობამ თავის ბედზე ზრუნვა და თვითდისციპლინა ისწავლოს, არ შეიძლება ყველა შეჰყურებდეს ცენტრს.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია

იმის მაგივრად, რომ გაგვეფართოვებინა თვითმმართველობა, 3500 ერთეულიდან დავედით 75-მდე. საქართველოში თვითმმართველობა დაინგრა, გაუქმდა, პატარა ქალაქის, სოფლის დონეზე თვითმმართველობა არ არსებობს, ადამიანები იძულებულები არიან, შორს იარონ პატარა ან დიდი პრობლემების გადასაჭრელად. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩემგან უფრო შორს წავიდა. თვითმმართველობა რითია ძვირფასი? პატარა პრობლემებს ჩვენ ვაგვარებთ და სახელმწიფოს ნაკლებად ვაწუხებთ. ჩვენთან თვითმმართველობა მოსპეს. მოსპეს იმის შიშით, რომ ეს დაანგრევდა ცენტრალიზებულ სახელმწიფოს. შეეშინდათ, რომ რომელიმე მმართველი შეიძლებოდა არ დათანხმებოდა პრეზიდენტის კურსს და მის პარტიას. წლების განმავლობაში ერთი კაცის ხელისუფლება შენდებოდა და ამის გამო ყველა ძვირფასი იდეა გადააგდეს, მათ შორის ისინიც, რომელიც, თვითონ რომ ჰკითხოთ, ოდესღაც, ესმოდათ. ლიტერატურა არ ესმის სააკაშვილს, თორემ, თვითმმართველობა გადასარევად იცოდა. მაგრამ ახლა დეცენტრალიზაციის და ფედერალიზმის ხსენებისა ძალიან ეშინია, ეჩვენება - ხალხს სჭირდება ეს ძლიერი ხელი...

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ალბათ, პოლიციის შერიფის და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსის არჩევნები ძნელი წარმოსადგენია, რაც შეეხება თბილისის მერს, ის არჩეული მერია, ის არავის დაუნიშნავს. მართალია, ის არ არის პირდაპირ არჩეული, მაგრამ ჩვენს მიერ ხუთი წლის წინ შედგენილ დოკუმენტში არც ეწერა, რომ მერი პირდაპირი არჩევნების გზით უნდა ყოფილიყო არჩეული. თბილისის მერი არჩეულია საკრებულოს მიერ და სოციოლოგიური კვლევების გავითვალისწინებით, გიგი უგულავას დღესაც დიდი მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება სრულ არჩევითობას, დღეს მეჩვენება, რომ ოდნავ რომანტიკული იყო მაშინ ჩვენი ეს სურვილი და, ალბათ, დიდი დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ შევძლოთ, თუნდაც, პოლიციის უფროსების არჩევა. ალბათ, გარკვეული მზაობის შექმნისთვის, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

ცხადია, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების საკითხიც. თუმცა, 5 იანვრის შემდეგ ჩვენ ამ ტენდენციასაც ვხედავთ. ბევრ პროექტს, რომელსაც მანამდე ცენტრალური უწყებები ახორციელებდა, დღეს უკვე ეს უფლებამოსილებები მხარეებსა და რაიონებს გადაეცათ. ეს მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია. მაგალითად დავასახელებ სკოლების რეაბილიტაციის პროექტს - „იაკობ გოგებაშვილი“.

ლაშა ბაქრაძე
ისტორიკოსი

ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა არის ის, რომ ძალაუფლების სრული კონცენტრაცია მოხდა გადაწყვეტილების მიმღებთა უაღრესად ვიწრო წრეზე. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ცდილობს, მინისტრიდან დაწყებული ტუალეტის ჩამრეცხავამდე ყველა ადამიანი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს და ისინი ამა თუ იმ თანამდებობაზე პარტიის ერთგულების ნიშნით დანიშნოს, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების არამდგრადობას იწვევს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს პათოლოგიური სწრაფვა სრული კონტროლისკენ გახდა დამახასიათებელი მთელი ხელისუფლებისთვის, და რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, სასამართლო ხელისუფლებისთვისაც.

მთავრობის და პარტიის ისერიგად შერწყმა, როგორიც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს, ტოტალიტარული სახელმწიფოთათვის არის დამახასიათებელი. სამწუხაროდ, ეს კარგად ჩანს თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. თვითმმართველობის არჩევნები ჩვენთან ხელისუფლების არანორმალური ზეწოლის პირობებში ჩატარდა და ამ ორგანოებში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები მოხვდნენ. ანუ რეალურად თვითმმართველობა, რომელიც დამყარებულია ბაზისზე, ჩვენთან არ შედგა, აქ თვითმმართველობა განხორციელდა ზემოდან დანიშვნების სახით, რამაც, რასაკვირველია, ხალხში ხელისუფლებისადმი და საერთოდ, სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობა არ გაზარდა. ხალხმა ვერ დაინახა მმართველობის ორგანოებში ჩართვის (პარტიციფაციის) პერსპექტივა.

როდესაც ძალაუფლება ქვემოდან კი არ იქმნება, არამედ იქმნება ზემოდან, სახელმწიფოსთვის ეს ყოველთვის დამღუპველია. არაფერი დაშავდებოდა, დუშეთის ან სენაკის თვითმმართველობის ორგანოებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაცვლად, სხვა პარტიის წარმომადგენლები რომ გასულიყვნენ, რადგან ეს გამოიწვევდა ამ პარტიების პასუხისმგებლობის გაზრდას და გაათავისუფლებდა დიდი პასუხისმგებლობისგან ქვეყნის მმართველ პარტიასაც. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში გაიზრდებოდა საზოგადოების ნდობა, პასუხისმგებლობა თვითმმართველობის ორგანოებისა და, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

დღევანდელმა ხელისუფლებამ კი ვერ მოახერხა სახელისუფლებო ორგანოებისადმი ხალხის გაუცხოების პრობლემის გადაჭრა, რაც, ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე, ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა.

არაფერს ვამბობ დეცენტრალიზაციასა და ფედერალიზმისკენ გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

როცა ვლაპარაკობთ თვითმმართველობაზე, ცხადია, რეალობა ძალიან შორსაა მოლოდინისგან, მაგრამ ყველა საკანონმდებლო წინაპირობა ეფექტური თვითმმართველობისთვის უკვე შექმნილია და საფუძველიც ჩაყრილია. ვგულისხმობ თვითმმართველობის ძალიან კარგ კანონმდებლობას, რომელიც ბოლო დროს შევქმენით. მასში ჩადებულია, არა მხოლოდ თვითმმართველობის პოლიტიკური გარანტიები, არამედ ეკონომიკური საფუძვლებიც. ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ კანონი ქმნის საამისო წინაპირობებს, ვინაიდან დაფინანსება თვითმმართველობისა დამოკიდებულია არა, ვთქვათ, სუბიექტურ ფაქტორებზე - აქვთ თუ არა ერთი და იგივე პოლიტიკური შეხედულება ამა თუ იმ თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ მოცემულია კონკრეტული ფორმულა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ამ თანხის გაანგარიშება, რომელიც თვითმმართველობამ ცენტრალური ბიუჯეტისგან უნდა მიიღოს.

მთლიანობაში, ის, რაც გაკეთდა სკოლების დეცენტრალიზაციის და უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველი ინსტიტუტების განსავითარებლად. ადრე ხომ სკოლები და ინსტიტუტები ფინანსდებოდა იმის გათვალისწინებით, თუ ვის რა პოლიტიკური გავლენა ჰქონდა, ახლა კი ეს დაფინანსება არის ვაუჩერული, ანუ ის, თუ რა თანხას მიიღებს ესა თუ ის სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი, განპირობებულია იმით, თუ რამდენ სტუდენტს და მოსწავლეს მოიზიდავს.

აღსანიშნავია იგივე ქველმოქმედების შესახებ საკანონმდებლო ნორმებიც, რომელიც საგადასახადო კოდექსშია ჩადებული, ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის წინაპირობებს იმისა, რომ საზოგადოებაში არსებობდეს ბევრი თვითმმართველი ინსტიტუტი. მათ შორის არის ადგილობრივი თვითმმართველობაც.

როცა ვლაპარკობთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, მოლოდინი გვაქვს, ალბათ, იმისა, რომ თვითმმართველი ინსტიტუტები მოქმედებდნენ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს დამოუკიდებლობა არანაირ კავშირში არაა თვითმმართველობის კანონმდებლობასთან; არამედ ეს ურთიერთობა ცენტრსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს შორის, განპირობებულია არჩევნების შედეგებით. როცა ადგილობრივი თვითმმართველობაც და ცენტრალური ხელისუფლებაც ერთი და იმავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული; როცა ეს პოლიტიკური პარტია საკმაოდ ცენტრალიზებულია და გადაწყვეტილებების მიღებაც ცნობილია, როგორც ხდება, კოორდინაციის ხარისხი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის ძალიან მაღალია. დროთა განმავლობაში, როცა პოლიტიკური სიმპათიების ასეთი კონცენტრაცია ერთი პარტიისკენ აღარ იქნება მიმართული და უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სპექტრი გვექნება - ხელისუფლების სხვადასხვა ცენტრალურ თუ ადგილობრივ ორგანოებში ფართოდ წარმოდგენილი, მათ შორის წინააღმდეგობის ხარისხიც გაიზრდება და მხოლოდ მას შემდეგ დავინახავთ, თუ რეალურად როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობა.

ასე რომ, გვაქვს საკანონმდებლო გარანტიები, სურათი კი სხვაა. ფაქტია, რომ თანხების ძალიან მცირე პროცენტს ხარჯავს ადგილობრივი თვითმმართველობა და მთელი ფული იხარჯება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით. ალბათ, ეს პროპორცია ადგილობრივი თვითმართველობის სასარგებლოდ გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს.

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი

ვფიქრობ, თვითმმართველობის პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას, რადგან რეალურად წინსვლა არც ამ დარგში ყოფილა. თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც, სუსტი სამოქალაქო საზოგადოების არსებობაა. საერთოდ, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. რევოლუციამდე ძლიერი არასამთავრობო სექტორი რევოლუციის შემდეგ ამავე სექტორის წევრების ხელისუფლებაში გადასვლამ ძალიან დაასუსტა. ამას დაემატა ისიც, რომ დონორებმა, რომლებიც აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გადაწყვიტეს, რომ ის იდეალები, რისთვისაც არასამთავრობოები არსებობდნენ, ამიერიდან ხელისუფლებას უნდა განეხორციელებინა და დაიწყეს ხელისუფლების დაფინანსება - მაგ. პროკურატურის რეფორმის და ა.შ., რაც, ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომა იყო.

სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სამოქალაქო სექტორიდან ხელისუფლებაში გადასულმა ადამიანებმა კარგად იცოდნენ დასავლეთთან საურთიერთობო ენა და დიდხანს ატყუებდნენ მათ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო წინა მმართველობასთან შედარებით - შევარდნაძის დროს ხომ ერთ მხარეს იდგა არასამთავრობო სექტორი, მეორე მხარეს კი ჩინოვნიკები, რომლებმაც არ იცოდნენ თანამედროვე პოლიტიკური ენა და ამიტომაც ადვილი იყო მათი მხილება, რომ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. დღეს ეს მხილება ძნელი გახდა იმიტომ, რომ ხელისუფლება დასავლეთისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ლაპარაკობს.

ამას გარდა გამოვლინდა სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი ნაკლი - აღმოჩნდა, რომ რევოლუციამდე ძლიერ არასამთავრობო სექტორს როგორც კი რამდენიმე ათეული ადამიანი გამოაკლდა, იგი დასუსტდა და გაქრა. ანუ გაირკვა, რომ სინამდვილეში მთელი სექტორის ძლიერებას განსაზღვრავდა ერთი ელიტური ჯგუფი; რომ ეს არ იყო ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება, ეს იყო კარგად დაფინანსებული ორგანიზაციების გუნდი, რომლებიც დასავლეთთან თანამშრომლობდნენ.

ნამდვილი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად იბრძოლებს სიტყვის თავისუფლებისთვის, შექმნის სრულყოფილ თვითმმართველ ინსტიტუტებს, ჯერ კიდევ ასაშენებელი გვაქვს, ესაა: არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელი, პროფკავშირები, სტუდენტური გაერთიანებები, რომელთაც შეუძლიათ, გარკვეული როლი ითამაშონ სახელმწიფოს ფორმირებაში.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

ვიტყვი მოკლედ - ადგილობრივი თვითმმართველობა ქვეყანაში გაუქმებულია. ხელისუფლება არ ენდობა საკუთარ მოსახლეობას; ახლა კი უკვე საზოგადოებაც არ ენდობა ხელისუფლებას. ეს - ჩიხია; და რადგანაც მოსახლეობა ნამდვილად ვერ შეიცვლება, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.

ნაბიჯი მეხუთე
ლუსტრაცია
2003

გიგი თევზაძე, სოციოლოგი: ლუსტრაცია არის გამჭვირვალება, გაცხადება, განათება. აქ იგულისხმება, რომ საზოგადოებას, ანუ სახელმწიფოს უფლება უნდა ჰქონდეს, იცოდეს, ვინ რა თანამდებობაზე იყო საბჭოთა კავშირში.

ლევან ბერძენიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკა: შური კი არ გვინდა მათზე ვიძიოთ, ეს ხალხი იმიტომ გვაშინებს, რომ არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებია წარმოდგენილი. მაგალითად, პარლამენტარს რომ ვირჩევ, მაინტერესებს, ავირჩიო პარლამენტარი, რომელმაც მთელი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს და უცებ რომ გაირკვეს, უშიშროებაში ვიღაც კაპიტანი ან ლეიტენანტი მას პაიკად ხმარობს, ეს ყველამ უნდა იცოდეს.

რატი ამაღლობელი, პოეტი: როგორ შეიძლება, ლუსტრაცია მოხდეს, როცა წლების მანძილზე ხელისუფლების სათავეში არის ადამიანი, რომლის ლუსტრაციაც შეუძლებელია, რადგან თვითონ მართავს ამ სახელმწიფოს და ამ დროს პირველი გამოსამჟღავნებელი ადამიანია, ლუსტრაცია უნდა მოხდეს ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ აზრი ამასთან მიმართებაში, რომ ეს არის დაუშვებელი.

2008

ლაშა ბაქრაძე
ისტორიკოსი

ქართულ საზოგადოებას საერთოდ ურჩევნია მტკივნეულ თემებს გვერდი აუაროს და მათზე არ ილაპარაკოს. ეს ასეა, არა მარტო ლუსტრაციის, არამედ საბჭოთა კავშირის ისტორიის სერიოზულად შესწავლის შემთხვევაშიც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა, ის ბოროტმოქმედება, რაც მაშინ ხდებოდა, რატომ იყო შესაძლებელი. აუცილებელია, საქართველოშიც მოხდეს ლუსტრაცია, მაგრამ იმ სახით, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩატარდა (სადაც ყველაზე კარგად ჩატარდა), ჩვენში აღარ არის საჭირო, რადგან აქ უკვე სახელმწიფო მოხელეების ასაკი გაახალგაზრდავდა, ისინი ფიზიკურად ვეღარ მოასწრებდნენ საბჭოთა კავშირის დროს დანაშაულებრივ საქმიანობას.

მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებდა საბჭოთა კავშირის დროს. მაგრამ კითხვა - ვინ რას აკეთებდა, არ ნიშნავს ვინმეს დასჯას, რადგან დასჯის ვადა უკვე გავიდა. ლუსტრაცია საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და იმ ადამიანებმა, რომელთაც თავის დროზე დანაშაული აქვთ ჩადენილი, არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ, მორალური დანაშაული, დღეს მორალის წაკითხვა აღარ სცადონ.

მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების კომიტეტის საქმეების დიდი ნაწილი განადგურებულია (უაღრესად საეჭვო ვითარებაში), ლუსტრაცია დღეს მაინც შესაძლებელია გადარჩენილი საქმეების და სხვა არქივებში დაცული დოკუმენტების საშუალებით (მაგალითად, პარტიის არქივში დარჩენილი საქმეები). ეს მასალა მოგვცემს საშუალებას, გარკვეული სურათი აღვადგინოთ, თუ როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს საზოგადოების და სისტემის თანამშრომლობა.

გარდა ამისა, ლუსტრაციისთვის მონაცემები არსებობს 80-იანი წლების ბოლოდან და შეგვიძლია ვიცოდეთ, თუ ვინ თანამშრომლობდა უშიშროების ორგანოებთან. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. აქ ხელისუფლებას მონოპოლია გააჩნია და არ უნდა, ხელიდან გაუშვას. ყოველგვარი მონოპოლიზაცია ცოდნისა, ბოროტმოქმედების წყაროა, ამით ხელისუფლებას საზოგადოების იმ წევრების შანტაჟის საშუალება აქვს, რომლებიც, თავის დროზე საბჭოური სისტემის სტაბილურობას დანაშაულებრივად უწყობდნენ ხელს.

მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, რომ ეს თემა რამენაირად აქტუალური გახდეს, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხდება მისი იგნორირება.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

არ ვისაუბრებ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე - ჩვენ ხომ აგერ უკვე სამი წელია შევიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ და უმრავლესობამ ისე დაბლოკა, რომ პლენარულ სხდომაზე მისი განხილვაც კი არ მომხდარა. ვიტყვი, რომ არის სიღრმისეული პლასტიც - საზოგადოებაში არის გარკვეული შიში იმისა, ყველაფრის ამოქექვა რომ დავიწყოთ, გაუთხვრელი ცოტა ვინმე თუ დარჩება. ბევრს არ უნდა, რომ გაიხსნას არქივები; ლუსტრაციის კანონის ამოქმედება არქივების გახსნას გულისხმობს, იქიდან კი ბევრი არასასიამოვნო ინფორმაცია გახდება საჯარო და ამის ერთგვარი შიში, ბევრში, ალბათ, არის. ჩვენში, სადაც ოჯახური კავშირები ძალიან ძლიერია, გარკვეული სიფრთხილე მართლაც საჭიროა. არის ფორმალური საკითხებიც: არქივების ნაწილი დაიწვა, ნაწილი რუსეთშია გატანილი, დაკარგულია. მაგრამ პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველგან იყო. მაგალითად, რუმინეთში, სადაც მათი პოლიტიკური პოლიცია - სეკურიტატე - განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. რუმინელებმა, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანამ, რაღაც ნაბიჯები მაინც გადადგეს; ბევრი უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ საკუთარი მძიმე წარსული არ მიჩქმალეს. უფრო ღრმად ვერ წავალ, არ ვიცი, რატომაა ლუსტრაციის პროცესი დაბლოკილი ჩვენში, რა ამოძრავებს სააკაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას; არ მინდა, რომ აქ პირადი ინტერესი აღმოჩნდეს. ვფიქრობ, მანამდე, ვიდრე ლუსტრაციის კანონს არ მივიღებთ, ჩვენ საბჭოთა პერიოდის მსხვერპლიც დავრჩებით და ჯალათებიც; ლუსტრაციის შესახებ კანონის ამუშავების შემდეგ, ამ ჯალათობისგან გავთავისუფლდებით. თვალთმაქცობაა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმით ლუსტრაციის კანონის ჩანაცვლება; ოკუპაციას არავინ აყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ ლუსტრაციის შეცვლა ამ ფუქსავატური ექსპოზიციით ნამდვილად არ შეიძლება.

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი

ამ ჩანაწერს „10 ნაბიჯში“ სიმბოლური მნიშნვნელობა ჰქონდა და მიმართული იყო იმ ხალხის „შესაშინებლად“, რომლებიც მაშინ, შევარდნაძის დროს იყვნენ მმართველობაში. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება, ამ ტიპის კანონები გაიძულებს აღიარებას, თუ გქონდა შეხება ტოტალიტარული ქვეყნის სპეცსამსახურებთან, და ასევე, როგორც წესი, შეიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს ტოტალიტარულ სისტემებში მომუშავე საჯარო და პარტიულ მოხელეთა მიმართ. საქართველოში ლუსტრაციის კანონს სერიოზული მნიშვნელობა ექნებოდა, თუ ამ კანონს 90-იან წლებში მივიღებდით. ლუსტრაციის კანონი ყოველთვის არის მიმართული წარსულზე და არასდროს - აწმყოზე. 90-იან წლებში საბჭოთა ნომენკლატურა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ქვეყნის მართვაში აქტიურად მონაწილეობდა. დღეს ამ კანონის მიღება უფრო მეტად სიმბოლური აქტია, ამ კანონის სუბიექტები უკვე აღარ არსებობენ. საბჭოთა ნომენკლატურა უკვე ნამდვილად აღარ არის მთავრობაში, ერთი-ორი შეიძლება იყოს პარლამენტში, მაგრამ მათზე ყველამ ყველაფერი იცის. არა მგონია, რომ ახლა რაიმე აზრი ექნება ლუსტრაციის კანონის მიღებას.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია

ლუსტრაციის კანონის ვერმიღებას, ბევრი რადიკალურად განსხვავებული მიზეზი აქვს. მაგალითად ასეთი: სიბრალულის განცდა - ამბობდნენ, საბჭოთა სისტემაში ამ ადამიანებს არჩევანი არ ჰქონდათო. თუმცა, რეალური მიზეზი ამ კანონის არმიღებისა, ის იყო, რომ ლუსტრაციისა, საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ ყველა ძალას, მათ შორის, დღევანდელ ხელისუფლებასაც, ეშინოდა. რა თქმა უნდა, ლუსტრაცია, კლასიკური ფორმით, დღეს უკვე დაგვიანებულია. ისე ვეღარ მოხდება, როგორც პოლონეთში, ჩეხეთში, ლიტვაში განხორციელდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სლოვაკური ან უნგრული ვარიანტისთვის გვიანი არასდროს არ არის. ეს ყველაზე უფრო შემწყნარებლური ვარიანტია - ამ დროს ინფორმაცია არ ქვეყნდება, არავის არაფერი ეკრძალება. ლუსტრაციაში ორი ძირითადი მიმართულებაა: პირველი, როდესაც შენს შესახებ ცნობილია ინფორმაცია და კანონით აკრძალული გაქვს მაღალი, საჯარო თანამდებობის დაკავება; მეორე, როდესაც ინფორმაცია არ არის ცნობილი და მხოლოდ იმის შემდეგ გახდება, თუ მაღალი საჯარო თანამდებობის დაკავებას გადაწყვეტ. თავისთავად არაფერი აკრძალული არა გაქვს და ხალხი თუ გადაწყვეტს, რომ კგბ-ს ყოფილი გენერალი, ან ჯალათი ჰყავდეს დეპუტატად, ეს მისი გადასაწყვეტია. ლუსტრაციის ამ, მეორე ვარიანტისთვის გვიანი არასდროს არ არის. ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვის ირჩევს, ვის აბარებს თავისი ქვეყნის მართვას შემდეგი წლების მანძილზე.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია

ლუსტრაციის კანონ-პროექტი ორჯერ მოამზადა სააკაშვილმა, როცა ოპოზიციაში იყო და არ გავიდა, ერთხელ მოვამზადეთ ჩვენ, რაც ოპოზიციაში ვართ და არ გავიდა, სამი მცდელობის შემდეგ არ გავიდა და ახლა პრეზიდენტს, როცა უნდა, ვისაც უნდა, დაუძახებს აგენტს და მერე ეტყვის - გეხუმრეო. ზოგიერთის აზრით, ლუსტრაციის კანონის მიღება დაგვიანებულია; ლუსტრაციის მექანიზმი თუ არ გესმის, მაშინ შეიძლება ილაპარაკო ამ ტერმინებით - ადრე ან გვიან. აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანამ მიიღო ეს კანონი, ზოგიერთი ახლა აპირებს მიღებას. თუ ადამიანი ემსახურებოდა რომელიმე საიდუმლო ორგანიზაციას და არ არის გამოვლენილი, რომ ეს კავშირი არსებობდა, ხვალ ეს ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სადაც ის ორგანიზაცია, ფაქტობრივად, ამ თანამდებობას იგდებს ხელში - ამ საფრთხისგან გვიცავს ლუსტრაციის კანონი. უნდა გვქონდეს გარანტია, რომ მინისტრი მინისტრია და არა რომელიმე ლეიტენანტის დანამატი. მასზე გავლენა აქვთ კანონებს, პარლამენტს და არა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს. ლუსტრაციის კანონი ორი სიისგან შედგება: პირველი - ვის ეხება, მეორე - რა აკრძალვებია. კარგად ვიცნობ ამ საკითხს, ივლიანე ხაინდრავამ და მე ევროპის ქვეყნებში ვიარეთ და ვისწავლეთ არა მხოლოდ კანონის ტექსტები და ქვემდებარე აქტები, არამედ, მისი მუშაობის მექანიზმებიც - როგორ ინერგებოდა და რა შედეგები მოჰყვა ამას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ძალიან გვჭირდება ლუსტრაციის კანონის მიღება. ადრე იქნება თუ გვიან, მივიღებთ ამ კანონს, ეს არ ნიშნავს ვინმეს დაჩაგვრას. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები გათავისუფლდებიან და შეწყდება უსაფუძვლო ბრალდებები.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

ერთ-ერთი ფუნქცია, რაც ლუსტრაციის კანონს უნდა შეესრულებინა და რაც შეასრულა კიდეც რიგ ქვეყნებში, არის ხელისუფლების პერსონალური შემადგენლობის რადიკალური გადახალისება. ჩვენ ლუსტრაციის კანონი არ მიგვიღია, მაგრამ პრაქტიკულად სახელისუფლებო აპარატის ეს წმენდა ისედაც სერიოზულად მოხდა. თუმცა, ჩემი აზრით, ლუსტრაციის კანონის მიღება მაინც სასურველი იყო. როცა სხვადასხვა საბჭოური ორგანიზაციებისთვის ქონების ჩამორთმევა ხორციელდებოდა, ბევრისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ და რა სამართლებრივ საფუძველზე ხდებოდა ეს ყველაფერი. თუ გვექნებოდა ლუსტრაციის კანონი, გარკვეულ ორგანოებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემოდა - გამოცხადდებოდა დანაშაულებრივი რეჟიმის მსახურ ორგანიზაციად და მოხდებოდა მისი ქონების კონფისკაცია, ისე, როგორც დენაციფიკაციის დროს მოხდა გერმანიაში.

ნაბიჯი მეექვსე
რუსეთის ბაზების გაყვანა
2003

ივლიანე ხაინდრავა, რესპუბლიკური პარტია: რუსეთის ბაზების ყოფნასთან დაკავშირებით კითხვა მარტივად ისმის, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, რომელიც საკმარისიია იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას საქართველოს.

ნიკა ჯანჯღავა, სამხედრო ექსპერტი: საკითხი უნდა დაისვას პრინციპულად და უპირობოდ - რუსეთის ბაზები უნდა გაიყვანონ აქედან.

2008

გიგი უგულავა
თბილისის მერი

რუსეთის ბაზების გაყვანა არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მახსოვს, როცა ამაზე იყო საუბარი, შიშობდნენ, რომ რუსის ჯარს ანტიტერორისტული ძალებით ვანაცვლებთ. ჩვენ კი მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორია რუსმა ჯარისკაცებმა საბოლოოდ დატოვეს. ამას უამრავი დადებითი შედეგი მოჰყვა, მაგალითად, გავიდა თუ არა ბაზები, მაშინვე იმ რეგიონების მოსახლეობის სწრაფი ინტეგრაცია დაიწყო დანარჩენ საქართველოსთან. და დღეს, სახელმწიფო თვალსაზრისით, ახალქალაქი და ნინოწმინდა ბევრად უფრო ქართულია, ვიდრე ეს იყო რუსეთის ბაზების დროს.

ჩვენ ამ რეგიონს ის ჰერპესი და ფურუნკული მოვაშორეთ, რაც ამ ძირძველი რეგიონის საქართველოსთან ინტეგრაციას აფერხებდა. ახლა კი ეს უკვე შეუქცევადი პროცესი გახდა.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

ეს სერიოზული წარმატებაა, რომელსაც ჯერ კიდევ 1999 წელს, შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი. ოთხიდან სამი რუსული ბაზა საბოლოოდ გასულია, თუმცა, დარჩა ბაზა გუდაუთაში; ე.წ. „სამშვიდობო“ ჯარებიც დგანან ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ მოვთხოვ იმას, რის გაკეთებასაც, შესაძლოა, ვერ მოვასწრებდი, ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი.

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

რუსეთის ბაზები უკვე გაყვანილია იმ ტერიტორიებიდან, რომელთაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ისინი რჩება მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე. რაც შეეხება ამ ტერიტორიებს, მათ მიმართაც სამშვიდობო გეგმები არსებობს, რომლებიც მოწონებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ მომზადებულ დოკუმენტში საკითხი ასე დავსვით - საჭირო იყო ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომის ჩამოყალიბება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. დღეს ეს გეგმა ჩამოყალიბებულია. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა თათბირი პრეზიდენტთან, როცა უკვე კონკრეტულ სამინისტროებს დაევალათ ამ გეგმის განხორციელება. ანუ, ეს ნაბიჯი შედგა და ახლა საჭიროა, დასახული გეგმის სისრულეში მოყვანა.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

თუ არ ჩავთვლით გუდაუთის ბაზას, საქართველოს ტერიტორია პრაქტიკულად უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა ოფიციალურად დატოვა. რაც გასათავისუფლებელი გვაქვს, არის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორია. ვფიქრობ, ამისთვის აუცილებელია დაწყებული პოლიტიკის გაგრძელება, ესაა ინტეგრაცია ნატოში და ჯარის გაძლიერება. ვფიქრობ, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის და ყოვლად არასასურველი სცენარის განვითარებისთვის. და, რაც მთავარია, მზად უნდა იყოს არა მხოლოდ ჯარი, არამედ ეკონომიკაც, რადგანაც კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაცია, დიდ დარტყმას გამოიწვევს ეკონომიკაზეც, იგივე ნოემბრის მოვლენების დროს ხომ საინვესტიციო პაუზის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სწრაფად მოხერხდა ამ პრობლემის დაძლევა. თუმცა, თუკი, ვთქვათ, სერიოზულ ექსცესებს ექნება ადგილი, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები იმისთვის, რომ კონფლიქტის თანმდევი მოვლენების დაძლევა მოხდეს.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

ეს საკითხი თითქმის ბოლომდე მოგვარებულია. თუმცა, ცხადია, გუდაუთაში დარჩენილი ბაზის მოსაშორებლადაც სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, ვგულისხმობ დიპლომატიურ გზებს. ამის რეალური რესურსი კი ქართულ დიპლომატიას ნამდვილად გააჩნია. ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ. გავიხსენოთ თუნდაც ბუქარესტის სამიტი და იქ მიღწეული წარმატება. ანდა, ის ფაქტი, როცა ბაზების გასაყვანად შექმნილი ვითარება და დასავლეთის დამოკიდებულება საჩვენოდ გამოვიყენეთ და ქვეყანა რუსი სამხედროებისგან გავწმინდეთ.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია

საქართვლოდან რუსეთის ბაზების გაყვანა ის იშვიათი პლუსია, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს და განსაკუთრებით, რუსეთის სასახელოდ. მართლა არ გაიყვანა ეს ბაზები? რჩება ერთი კითხვის ნიშანი - გუდაუთა, იქ, უბრალოდ, ვერ ვამოწმებთ, არ ვიცით, რა დონეზეა გაყვანილი. ეს რამდენიმე თაობის მიღწევაა, ეს არის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის დასასრული. ხელშეკრულება დაიდო 1999 წელს, შევარდნაძისა და კლინტონის პრეზიდენტობის დროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რაც მოულოდნელიც კი იყო - რუსეთმა მართლა შეასრულა სტამბულის ხელშეკრულების ეს პუნქტი. აქ ძალიან დიდი იყო სალომე ზურაბიშვილის როლიც, როგორც ცნობილია, სწორედ მან გატეხა ლავროვის წინააღმდეგობა და კარგი მომენტი შეურჩია. მადლობა ღმერთს, რომ ამ 10 ნაბიჯიდან ეს ერთი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ ჩვენ კი არა, რუსეთსაც უნდა გადაედგა, გადადგმულია.

ნაბიჯი მეშვიდე
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
2003

გიგი თევზაძე, სოციოლოგი: ხელისუფლებას არ უნდა, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. არ უნდა იმიტომ, რომ ვიღაცებს შემოსავალი აქვთ იმ გზებიდან, მაგალითად, ნარკოტიკების გზიდან. ეს არის მათი გამართლებაც. სანამ ჩვენ ჩუმად ვიყავით, ხელისუფლება მუშაობდა იმაზე, რომ დაემტკიცებინა, დამოკრატია პრობლემებს ვერ აგვარებს.

გიგი უგულავა, ფილოსოფოსი; არ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც იტყვის, თუ რა არის სახელმწიფოს გეზი, პროგრამა ამ პრობლემის გადასაჭრელად. უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისათვის და ავუხსნათ ამ ხალხს, რას ვთავაზობთ. უნდა ავუხსნათ იმ ხალხს, რომ ვთქვათ აფხაზეთს ეყოლება საკუთარი საფეხბურთო გუნდი, როგორც შოტლანდიაშია, და საქართველოსგან დამოუკიდებლად გამოვა ევროპულ ტურნირებზე. თუ ვთავაზობთ საპირისპიროს, რომ უნდა დავიპყროთ აფხაზეთი და შემოვიერთოთ ის როგორც უნიტარული ერთეული და ვთქვათ, აფხაზეთსა და კახეთს შორის არანიარი სხვაობა არ უნდა იყოს. დღეს საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ საქართველო და რატომ დასჭირდება იმ მხარეს, ვინც ომი მოგვიგო და რომლის უკან დიდი ქვეყანა, რუსეთი დგას.

2008

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი

დღევანდელ ხელისუფლებას გეგმა ნამდვილად აქვს: ორი წლის წინათ იყო ოქრუაშვილის რადიკალური გეგმა. ახლა მთავრობის დამოკიდებულება შეიცვალა. არა მგონია, დღეს ვინმე ფიქრობდეს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად წარმოებული ომი წარმატებული იქნება. ეს იქნება ბოლო და გარდაუვალი, შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთილი ნაბიჯი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ, თუ ეს გარდაუვალი იქნება, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ თავი დაიცვას. ახლანდელი გეგმაა ის შეთავაზება, რომელიც ნატოს სამიტის წინ თქვა სააკაშვილმა. ამ პრობლემის გარედან მოგვარება ძნელია და ალბათ, შეუძლებელიც. ასევე, საკმაოდ პრობლემურია აფხაზების განწყობა ქართველების მიმართ. თუმცა, ისტორიული მაგალითები გვეუბნება, რომ უარესი ომებიც მომხდარა ხალხებს შორის, მაგრამ მერე მათი ურთიერთობა დარეგულირებულა. დარეგულირება და მოლაპარაკების ფორმატში გადასვლა ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. არსებობს პესიმისტური პროგნოზებიც. მაგალითად, ასეთი - არც ერთი ქვეყანა არ გამოსულა რუსეთის გავლენიდან ტერიტორიის დაკარგვის გარეშე, არც ფინეთი, არც იაპონია. ყველაზე პესიმისტური პროგნოზია, რომ შესაძლოა, ომი და ტერიტორიის რაღაც ნაწილის დათმობა მოგვიწიოს.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარება გარედან ვერ მოხერხდება; ეს არის ქართული და აფხაზური საზოგადოებების პრობლემა და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, გამოვდივართ იმ მოსაზრებიდან, რომ საჭიროა არა მხოლოდ აფხაზეთის ან ოსეთის დაბრუნება, არამედ აფხაზების და ოსების შემობრუნება; უნდა მოხდეს ამ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში აფხაზების და ოსების რეინტეგრაცია. აქ უნდა გავმიჯნო ცხინვალის მიმართულება და სოხუმის მიმართულება. ცხინვალის მიმართულებით გადაიდგა სრულიად ავანტიურისტული ნაბიჯი 2004 წლის ზაფხულში და ამ ავანტიურამ 10 წლით უკან გადაისროლა ქართულ-ოსური ურთიერთობები. საბედნიეროდ, უკანასკნელ ზღვარზე გაჩერდა ხელისუფლება და მოვლენათა კატასტროფულ განვითარებას გადავრჩით. ერთგვარი პაუზის შემდეგ სხვა გზას დაადგნენ - ჩემი აზრით, სანაკოევის პროექტი საინტერესოა, მაგრამ რამდენად წარმატებული იქნება საბოლოო ანგარიშით - ვერ გეტყვით. ახლა კვლავ ერთგვარი პაუზაა, არ გამოვრიცხავ, რომ - შეგნებული; ალბათ თვლიან, რომ დრო კოკოითის წისქვილზე არ ასხამს წყალს.

აფხაზეთის მიმართულებით ბოლო დროს არაფერი ხდება სასიკეთო. საქართველოს ხელისუფლებას ძირითადად სწორი პოზიცია ეკავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს; მერე იყო დიალოგის რეჟიმი. შეიძლება ამას თვალშისაცემი შედეგი არ ჰქონია, მაგრამ ეს რეჟიმი უფრო უსაფრთხოს ხდიდა ქართველების მდგომარეობას გალის რაიონში და ზოგადად ნდობის აღდგენისკენ იყო მიმართული. იყო კარგი გზავნილები თბილისიდან, როდესაც აფხაზეთის დეპუტაციას უფლებამოსილება არ გავუგრძელეთ; ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს ადგილები აფხაზეთს ეკუთვნოდა. უნდა გავიხსენო ირაკლი ალასანიას 2005 წლის 14 აგვისტოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართველების მხრიდან მძიმე შეცდომა იყო დაშვებული და ეს შეცდომა უნდა გავიაზროთ. მერე დაიწყო მინისტრების ცვლა, დიალოგიც შეწყდა. კოდორი, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ მოწოდებულია, როგორც დიდი წარმატება, წინააღმდეგობრივი მოვლენაა: რა თქმა უნდა, მისასალმებელია, კვიციანის ბანდა რომ მოშორდა იქაურობას, მაგრამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები უფრო დამძიმდა. ჩემი შეფასებით, ჩვენ ახლა ისე შორს ვართ აფხაზეთის დაბრუნებისგან, როგორც არასდროს ომის დასრულებიდან. მთელი პოლიტიკის აგება იმაზე, რომ MAP-ს მივიღებთ და მაშინ ჩვენი, როგორც ნატოს წევრობის კანდიდატის, ტერიტორიული მთლიანობა იქნება უზრუნველყოფილი, გულუბრყვილობაა; შეიძლება, ტერიტორიული მთლიანობა ფორმალურად აღიარებული იყოს, მაგრამ ქართველების და აფხაზების რეალური თანაცხოვრების გარეშე ქვეყნის ერთიანობა ვერ აღდგეს.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

ვფიქრობ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ჩვენი სახელმწიფო კონკრეტული სტრატეგიით მოქმედებს. ეს გულისხმობს არმიის გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკის განვითარებას და ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის შიდა კონფლიქტი, ეს არის პრაქტიკულად საქართველოს დეკოლონიზაციის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, გვყავს მეზობელი ქვეყანა, რომელსაც კვლავაც ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორიები და რომ დავასრულოთ პროცესი ჩვენთვის სასარგებლოდ, საჭიროა გვქონდეს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც, ასე რომ, ინტეგრაციას ნატოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია

უკვე მეხუთე წელი დაიწყო და ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის გასაერთიანებლად შემუშავებული, მწყობრად დალაგებული გეგმა და სტრატეგია ჯერ არ გვინახავს. უფრო მეტიც, არ მოგვისმენია საგულისხმო არაფერი, გარდა იმისა, რომ ხან ერთი მინისტრი დათქვამდა ვადას - 1 იანვარს აქა ვარო, ხანაც პრეზიდენტი აკეთებდა არასერიოზულ განცხადებებს. მახსოვს, ერთი დევნილის ოჯახში მივიდა, ოჯახის უფროსს საათი აჩუქა და უთხრა, ამ საათზე ბატარიები რომ გაჩერდება, შენს სახლში იქნებიო. ეს ერთგვარი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლებამ არ იცის, არ ფიქრობს ამაზე და რეალურად არ ვარაუდობს, რომ რაღაც გეგმაზომიერი ქმედებებით შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, ამიტომ, ასე, პიარ-აქციების ფონზე მიდის პროცესი. სააკაშვილის მოქმედების გენერალური ხაზი ასეთია: ისეთ დროს შეთავაზება უნდა გააკეთოს, როცა ზუსტად, გარანტირებულად იცის, რომ აფხაზები უარს იტყვიან და მუდმივად იყოს ამ მდგომარეობაში - მეტი რაღა ვქნა?.. ბოლო გამოსვლა გავიხსენოთ. იყო კოსოვო, შემდეგ დუმის ამბები, შემდეგ ბაღაბშისა და კოკოითის თხოვნა რუსეთისადმი, ლავროვის განცხადება და ამის შემდეგ, გამოდის სააკაშვილი, კეთილი მეფე, რომელსაც, ოთხი წელია აფხაზებისთვის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს წინადადების ფორმატში, გამოდის და ჩამონათვალს აკეთებს ფართო ფედერალიზმზე, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, კონკრეტულ წინადადებებს იძლევა იმ დროს, როცა ზუსტად იცის, შეუძლებელია აფხაზებმა საჯაროდ, არჩევნების წინ გაკეთებულ შეთავაზებაზე დღეს თანხმობა თქვან. სააკაშვილი კი დიალოგს სთავაზობს. დიალოგი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ფაქტის წინაშე კი არ უნდა დამაყენო, უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაღაფში მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყველაფერზე ხელს მოაწერდა, მაგრამ სახელწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა სწორედ იმას გულისხმობს, რომ შენი პოლიტიკა წინასაარჩევნო პიარს კი არ ეფუძნებოდეს, არამედ, შედეგებზე იყოს ორიენტირებული. ბუნებრივია, როცა წინასაარჩევნოდ, ტელევიზორიდან ეუბნები ამას აფხაზებს, არ არის სერიოზული, ეს წარუმატებლობისთვის განწირული შეთავაზებაა. სააკაშვილს უნდა ესაუბრა ფორმატებზე, ის ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს, უვარგისია, არაფრის მომტანია, როდესაც რუსი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, და ორი-ერთზე ხარ, არაფერი გამოვა. მოსაძებნია ალტერნატიული ფორმატები. ამ დროს სააკაშვილი ამბობს, რომ მას ჰყავს ხუთასი ათასი ლტოლვილი და სხვა ციფრს არ მიიღებს, ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთში სულ ცხოვრობდა ხუთას ორმოცი ათასი კაცი. ამის შემდეგ, სააკაშვილზე საუბარი, როგორც სერიოზულ პოლიტიკოსზე, ნამდვილად არ შეიძლება. დევნილები უნდა დაბრუნდნენ, ამას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ რაც უფრო გავბერავთ ამ ციფრებს, მით უფრო დავაშინებთ აფხაზებს.

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიული გეგმა, მართალი გითხრათ, არსად მინახავს და არც რეალურად ჩანს სადმე. არსებობს ზოგადი მონახაზები, რომლებსაც, როგორც წესი, უცხოელებს წარვუდგენთ ხოლმე და არა მათ, ვისთან ერთადაც გვინდა თანაცხოვრება - აფხაზებს და ოსებს ვგულისხმობ. ჩემი აზრით, პრაქტიკულად არც დიალოგი არსებობს ორ მხარეს შორის, მართალია, ამ დიალოგმა შესაძლოა, ბევრი ვერაფერი მოგვიტანოს, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც უნდა ვცადოთ, ურთიერთობები გვქონდეს ხალხთან, ვისთან ცხოვრებასაც მომავალში ვაპირებთ. ამის მცდელობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

ნებისმიერ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მსგავსი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად, იდება ხოლმე რეალიები, ანუ ის ნიუანსები, რასაც რეალური კონტექსტი გვკარნახობს. ჩვენთან კი ამ რეალიებს უმთავრესად რუსეთის ფაქტორი განსაზღვრავს. როცა ხედავ, რომ რუსეთი დღემდე გეუბნება, ჩემთან უნდა დარჩე და სანაცვლოდ სიკეთეს კი არ გაგიკეთებ, უბრალოდ, უარესს არაფერს გიზამო, წარმატების მიღწევა, ცხადია, რთულდება. ცხადია, არსებობდა სამოქმედო გეგმის სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ ყველა ეს გეგმა, შეხედულება და კონცეფცია რუსეთის ინტერესების გამო დაიმსხვრა. ამიტომ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ხელისუფლებას ვერაფერში დავადანაშაულებ. მართალია, ხანდახან გაუმართლებელ ნაბიჯებსაც დგამდნენ და განცხადებებს დაგვიანებით აკეთებდნენ, მაგრამ აქ, ისევ და ისევ, რუსეთთან ურთიერთობაა გასათვალისწინებელი.

რაც შეეხება ნატოს ფაქტორს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და ნატოში გაწევრიანება იმიტომ კი არაა ჩვენი მიზანი, რომ ნატოს ჯარების გამოყენებას შევძლებთ კონფლიქტების მოსაგვარებლად, არამედ, აქ სამხედრო და პოლიტიკურ გარანტიებზეა საუბარი.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია

არც ძველ ხელისუფლებას ჰქონდა ჩამოყალიბებული გეგმა და სტრატეგია ქვეყნის გასაერთიანებლად და არც დღევანდელს აქვს. შევარდნაძის დროს მიტოვებული და დაკონსერვებული იყო ეს საკითხი. დღეს ჩხიკინი ხდება: შეუჩხიკინებენ, დაანებებენ თავს, ისევ შეუჩხიკინებენ, და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ხან იმუქრებიან, ხან მშვიდობის მტრედს თამაშობენ. საქმე კი წინ არ იძვრის, უფრო პირიქით... გარედან ეს პრობლემა ნამდვილად არ გადაიჭრება. თვით ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ნორმალური და მიმზიდველი ოსებისა და აფხაზებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ უპირველესად, ესაა გასაკეთებელი. იქაურ მოსახლეობასთანაც არის პრობლემა, რა უნდა ვუყოთ ამ ხალხს? შეხვიდე სადღაც და მუდმივად ბომბზე იჯდე, ასე არ გამოვა. წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ, ორივემ ერთნაირი წარმატებით მოახერხა ის, რომ აფხაზურ მოსახლეობაში არანაირი დასაყრდენი არ გვყავს.

გიგი უგულავა
თბილისის მერი

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხედავს - რუსეთი ამ კონფლიქტებში დაინტერესებული მხარეა; ხედავს, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ხელისუფლების რიტორიკა, ამ აზრს უკვე ნატო, აშშ და ევროკავშირიც იზიარებს.

ეს ოთხი წელი კი ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისთვის იყო საჭირო. ამ თვალსაზრისით, პირველი, რაც გაკეთდა იყო ის, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსა - საქართველო უკვე ოფიციალურად აღარ შედის ღატაკი ქვეყნების რიგში. პირიქით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ჩართული ქვეყანაა. ჩვენი ამოცანა ახლა რუსეთის სამშვიდობო ფუნქციის და მანდატის ჩანაცვლება იქნება, ვინაიდან ის რეალურად არაა მშვიდობის დამცველი. ის უფრო მცოცავ ანექსიას და დაკანონებას აწარმოებს იმისა, რაც 1993 წელს მოხდა. რაც მთავარია, საქართველო ამ პროცესში მარტო არაა. ხოლო თუ საერთაშორისო რეაქცია მაინც არ იქნება ადეკვატური, ჩვენ უკვე შეგვწევს ძალა, ჩვენივე ზომები მივიღოთ და ეს ზომები იქნება რადიკალური. პარალელურად, საჭიროა, რომ გავაგრძელოთ კონკრეტული შეთავაზებები კონკრეტული ადამიანების მიმართ. საჭიროა დავანახოთ, თუ რა პერსპექტივას ვთავაზობთ მას - ფართო ავტონომიას, ვიცეპრეზიდენტის პოსტს, აბსოლუტურ თვითმმართველობას, რაც გამოიხატება საერთო ვალუტასა და საერთო უსაფრთხოების სისტემაში, დანარჩენი კი - ენა, კულტურა, ავტონომიის ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში დამოუკიდებლად ექნებათ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ - დაწყებული მათი ნაციონალური საფეხბურთო გუნდიდან, დამთავრებული ვალუტით. დიდ ბრიტანეთშიც სწორედ ასეა - ფუნტს შოტლანდიის ბანკიც გამოსცემს და ინგლისისაც, მაგრამ ორივე ფუნტია, უბრალოდ, ერთზე ინგლისელი გმირებია გამოსახული, მეორეზე - შოტლანდიელი. ერთი სიტყვით, ესაა საკითხები, რაზეც მზად ვართ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები დავიწყოთ.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია

აქ ერთი მილიმეტრით არ წავწეულვართ წინ. აჭარის რევოლუციის შემდეგ ჩვენს ხელისუფლებას შეექმნა ილუზია, რომ საკითხები მარტივად წყდება. მაშინვე დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ოლქში პრობლემის ანალოგიურად მოგვარება, რასაც სრულიად გაუმართლებელი მსხვერპლი მოჰყვა. უფრო დავშორდით იმ დღეს, როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. არის მინიშნებები სავარაუდო ომზე, რომელიც არ იქნება და ვერ იქნება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი.

ნაბიჯი მერვე
სამხედრო რეფორმა
2003

ნიკა ჯანჯღავა, სამხედრო ექსპერტი: ქართული ჯარი უნდა შემცირდეს. ბალტიისპირეთში სულ ხუთი გენერალია, ერთი ესტონეთში და ორ-ორი ლატვიასა და ლიტვაში. ლიტველებმა ჯარის შექმნა დაიწყეს ათეულებით, ოცეულებით და მერე შექმნეს ძლიერი ქვედანაყოფები და დღეს, ეს ქვედანაყოფები ნატოს ეგიდით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სამხედრო ამოცანებს ასრულებს. ჩვენ ჯერ გენერალიტეტი შევქმენით. ჩვენ არ ვიფიქრეთ იმაზე, თუ რა სჭირდება რიგით ჯარისკაცს. სად უნდა იცხოვროს. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენში ჯარი არაპოპულარულია, ის ასოცირდება არა მხოლოდ ომში დამარცხებასთან, არამედ, იმ ძალიან ცუდ პირობებთან, რომელშიც ჩვენი ჯარისკაცები ცხოვრობენ დღესდღეობით. ჯარი ჩვენს საზოგადოებაში გაიგივებულია დედოვშჩინასთან, კუთხურობასთან, ყველა იმ უარყოფით მოვლენასთან, რაც საზოგადოებაშია, მაგრამ ჯარში ათჯერ უარესი მდგომარეობაა, სადაც კვება არის მინიმალური, სადაც ფორმა არის ორ ჯარისკაცზე ერთი. ჩვენ ქართველების ახალ თაობას არ ვასწავლით ბრძოლას, არამედ ვაჩვევთ რაღაც კრიმინალურ-ძველბიჭურ კანონებს, რაც ჯარში არის ნონსენსი.

2008

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

ვფიქრობ, ეს რეფორმა იმდენად წარმატებულად ჩატარდა, რომ დღეს საქართველო მზად არის არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის მისაღებად, არამედ, სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით, მთლიანად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის არსებობს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ არა პოლიტიკური პრობლემები, ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ ნატოს სრული წევრობისთვის

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

შევარდნაძის დროს ჯარი ქვეყანას არ ჰყავდა; დღეს ქვეყანას ჯარი ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატება ქართული ჯარის შექმნაა. თუმცა, აქაც სერიოზული ხარვეზებია დემოკრატიული კონტროლის თვალსაზრისით. პრობლემები, მათ შორის, ობიექტური ხასიათისაცაა: იქ, სადაც არ არის ტრადიცია, არ არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ძალიან სუსტია პარლამენტი, რომლის უპირველესი მისიაც უნდა იყოს სამოქალაქო კონტროლის დაწესება ძალოვნებზე და მათ შორის ჯარზეც, გვაქვს ის, რაც გვაქვს. ექსპერტების აზრით, საქართველოს სჭირდება დაახლოებით 16 000 კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარისკაცი, ჩვენ კი დღეს ორჯერ მეტი გვყავს და არ ახსნილა, რისთვისაა ეს საჭირო. თუ გავითვალისწინებთ რეზერვისტების საკმაოდ ძვირიან პროგრამას, კითხვები კიდევ ჩნდება. პრობლემებია მართვაშიც და კადრებშიც. სამხედრო ხარჯებმა გონივრულობის ზღვარს გადააჭარბა: ნატოს სტანდარტის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%25 ეკუთვნის თავდაცვას, ჩვენთან კი სამხედრო ხარჯებმა 2007 წელს 8%25 მიაღწია, რაც გაუმჭვირვალობის ფონზე, საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ საერთო მილიტარისტული სულისკვეთებაც, რომელიც მკვიდრდება ამ ქვეყანაში. არ მომწონს, როცა თავდაცვის სამინისტროს აქვს საკუთარი სატელევიზიო არხი, რომელიც, კაცმა არ იცის, საიდან ფინანსდება და ვის მიერ იმართება; არ მომწონს პატრიოტთა ბანაკების მილიტარისტულ-ნაციონალისტური სულისკვეთება. მაქვს განცდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბავშვობაში ომობანა არ უთამაშია და ახლა ახდენს ამის კომპენსირებას. პრეზიდენტის რანგში სამხედრო თამაშობებით გადაჭარბებული გატაცება ცოტა სარისკო მგონია. ეს კლიპები, პროგრამები ყურადღების მიღმა არ რჩება არც სოხუმში და არც სხვაგან და ვფიქრობ, რომ ეს ვერაფერი კაპიტალია ურთიერთნდობის აღდგენის გზაზე.

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი

ყველა აღიარებს, რომ საქართველოს ძლიერი ჯარი ჰყავს. შეიძლება უფრო განვითარებულიც კი, ვიდრე ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას შეესაბამება. არსებობს თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა, მაგრამ ეს ე.წ. „ბუნებრივი“ პრობლემაა და რაც უფრო წავალთ ნატოსკენ, მით უფრო მოგვარდება. მაგრამ როგორც ვიცი, ჩვენი ჯარი სისტემური დალაგებისაგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა. თითქოს მივდივართ ამერიკული ჯარის მოწყობისკენ, რომელიც მსოფლიოში დღესდღეობით ყველაზე წარმატებულია. როგორც ყველა ექსპერტი ამბობს, ჩვენი ჯარის საბრძოლო უნარი ძალიან მაღალია. მაგრამ საზოგადოებისათვის ბევრ კითხვაზე ცხადი პასუხები ჯერ კიდევ არ არსებობს: არ ვიცით, ინსტიტუციურად რას წარმოადგენენ საველე მეთაური, შტაბის ოფიცერი, რას ნიშნავს სამხედრო კარიერა. ის, რაც, მაგალითად, ყველა ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ იცის საკუთარი ქვეყნის სამხედრო სისტემის შესახებ. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ესაა საველე სამსახურის, საბრძოლო პროფესიების პრომოუშენი, ჯერჯერობით ჯარზე ისეთივე წარმოდგენა გვაქვს, რაც საბჭოთა ეპოქაში იყო - ჯარი არის ომი. არავინ საუბრობს ჯარზე, როგორც სისტემაზე, როგორც სოციალური სისტემის ნაწილზე. ამაზე წარმოდგენა ნაკლებადაა, ან საერთოდ არ არის. თუმცა, მიმართულება, როგორც ვიცი, აღებულია კარგად სტრუქტურირებული და ფუნქციური ჯარისაკენ, და ეს ძალიან კარგია.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია

სამხედრო რეფორმა შედგა. ამ მიმართულებით მოხდა კოლოსალური გარღვევა, საქართველომ არაფრისგან შექმნა ბრძოლისუნარიანი არმია, მაგრამ ამავე დროს, არმიაში ჩამოყალიბდა სპეციფიკური დამოკიდებულება, ძალიან ბევრმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა ვერ იპოვა იქ ადგილი; დაბოლოს, სამხედროებმა დაიწყეს თავისი საკუთარი სიმღერის თქმა, რაც შემაშფოთებელი იყო. როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება სამხედრო მინისტრის მიერ, ეს საშიშია, ქვეყანას ჰყავს მთავარსარდალი და პოლიტიკური განცხადებები იმან უნდა გააკეთოს. ამიტომაც გვინდოდა, რომ თავდაცვის მინისტრი არ ყოფილიყო სამხედრო პირი. ჯარში, ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, მეორე მხრივ, დემოკრატიის, ღიაობის, ინფორმაციის თვალსაზრისით, ვერ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს.

გიგი უგულავა
თბილისის მერი

როცა ვსაუბრობთ ჯარზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შინაგანი ჯარი თავდაცვის სისტემის ნამდვილი დუბლირება იყო. რეფორმის შედეგად კი, თავდაცვის სისტემა უკვე მთლიანად კონსოლიდირდა და ის ნაბიჯ-ნაბიჯ მთლიანად უახლოვდება ნატოს სტანდარტებს. სწორედ ამის გამოა, რომ ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში იქნება თუ ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში, ჩვენი ჯარი ასე აქტიურად მონაწილეობს.

ხშირადაა დებატები, უნდა გავუშვათ თუ არა ასეთ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი საჯარისო ნაწილები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ეკონომიკაა გლობალური და ჩვენ უცხოურ ინვესტიციებს სამუშაო ადგილების შესაქმნელად ვიზიდავთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაც, ჩვენგან რაღაცების გაღებას მოითხოვს იმისთვის, რომ ჩვენც ვიყოთ დაცულნი. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ უკვე ამ სისტემის ნაწილი გავხდით. დღეს, ზუსტად ამ წუთებში, საქართველოს უფლებების დასაცავად საქართველოსთან ერთად უამრავი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა იბრძვის. ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის თავს არავინ გამოიდებდა, მაგრამ ახლა ის უკვე არის ქვეყანა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს პრაგმატულად სჭირდება - როგორც წარმატებული, დემოკრატიზაციის გზაზე მდგარი და საერთო უსაფრთხოების სისტემაში მონაწილე ქვეყანა. შესაბამისად, სხვა სახელმწიფოებიც უფრო აქტიურად გვეხმარებიან, ვიდრე, შეიძლება, ამის მოტივაცია ხუთი-ექვსი წლის წინ ჰქონოდათ.

აბიჯი მეცხრე
თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობა
2003

ვაჟა სალამაძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი: ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს, საკამათო არ არის. ამაზე მიუთითებს ყველა ინდიკატორი: მოსახლეობის ტოტალური სიღარიბე, ბიუჯეტის ქრონიკული დეფიციტი, ერთობლივი პროდუქტის ზრდის ძალიან დაბალი ტემპები.

რეცეპტები უამრავია და ცნობილია: ეს არის საგადასახადო ტვირთის შემცირება, ადმინისტრაციული დონის გაუმჯობესება, აქ უკვე გადავდივართ ზოგადად სახელმწიფო მართვის რეფორმის საკითხზე, ბიუროკრატიის დონის შემცირებაზე. მართვის სფეროში პროფესიონალები უნდა მოვიდნენ, უნდა მოვიდეს ხალხი, ვინც იცის, რა უნდა აკეთოს და ვისაც უნდა, რომ ეს აკეთოს.

დავით ზურაბიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: მთელი ეკონომიკური პროცესი განისაზღვრება ან უშუალოდ სახელისუფლებო წრეებიდან, ან მათთან დაახლოებული პირებისგან, ბიზნესმენებისგან.

2008

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი

საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი უფლებაა საქართველოში. ხელისუფლების ოთხწლიანი პოლიტიკა შეიძლება სამ სიტყვაში ჩავტიოთ - „რაც შენია ჩემია“!

თბილისი უნდა გახდეს ლამაზი ქალაქი, სიღნაღი ტურისტებს უნდა მოეწონოთ... და ინგრევა ყველაფერი, რაც არ მოსდის თვალში კონკრეტულ ჩინოვნიკს. გასაგებია, რომ თბილისი ლამაზი უნდა იყოს და სიღნაღი - ტურისტებისთვის მიმზიდველი, ეს ყველას უნდა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში და არა კერძო საკუთრების შელახვის ხარჯზე.

ანდა გავიხსენოთ, თუნდაც ინვესტორ ჰუსეინ ალის საკითხი. მან 20 მილიონი ჩადო წარმოებაში - შევარდნაძის დროს იყიდა ქარხანა - და დაიწყო სიგარეტის წარმოება. მან თავიდანვე წარმოების ათი პროცენტი ქართველ მოწილეს - ავთო წერეთელს - აჩუქა იმის სანაცვლოდ, რომ მას ბიზნესი „დაეკრიშა“. წავიდა შემდეგ ჰუსეინ ალი უცხოეთში და მოდის ვიღაც ერაყელი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს თბილისში არარსებულ მისამართზე. და იგი ამბობს, რომ ჰუსეინ ალის აქვს მისი ვალი 8 მილიონი დოლარი. 8 მილიონი - ეს არის საწესდებო კაპიტალში ჰუსეინ ალის წილი. ქარხნის იურისტი ადასტურებს - დიახ, ჰუსეინ ალის ნამდვილად აქვს ამ მოქალაქის ვალი და თანახმა ვარ, ვალში ეს ქარხანა გადავცეო. რაღაც გაყალბებული ნოტარიალური ხელმოწერის საფუძველზე გადასცემენ კიდეც.

იმავე დღეს მიდის ათი პროცენტის მფლობელი მეწილე ავთო წერეთელი და ჩივის, რომ იმ ვიღაც ერაყელს, რომელიც არ არსებულ მისამართზე ცხოვრობს, წერეთლის ვალი აქვს 8 მილიონი და სასწრაფოდ ითხოვს დაბრუნებას. სასამართლო კი იმ ვიღაც ერაყელის აღიარების საფუძველზე აძლევს ვალს ავთო წერეთელს. ამ დროს ჩამოდის ჰუსეინ ალი და მისი ქონება უკვე მთლიანად სხვის ხელშია. დღემდე ვერ დაადგინა, რა მოხდა, უკვე ოთხი წელია, გრძელდება დავა. ასეთი ამბის შემდეგ, როგორ შეიძლება, საკუთრების უფლება დაცული იყოს?!

და კიდევ ერთი, ბოლო დროის ხელისუფლების ახალი პოლიტიკური სლოგანი - რაც შენია შენია - იმას ნიშნავს, რომ მანამდე ეს ასე არ იყო. როცა ყველას ყველაფერს წაართმევ, მერე ცხადია, ეს მომგებიან დევიზად იქცევა, რომ ახლა შენც არ წაგართვან.

ერთ-ერთი საერთაშორისო გამოკითხვით, საქართველო მე-18 ადგილზე გავიდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის წარმოება ადვილია. თუმცა, აქ ლაპარაკია მარტო კანონებზე და არა პრაქტიკაზე. მაგრამ კანონებიც შეიძლება სხვადასხვანაირად წავიკითხოთ. მაგალითად: როცა გაუქმებულია ავტომანქანების ტექდათვალიერება, შეიძლება ბიზნეს-გარემოს კვლევის თვალსაზრისით წინ წავიწიოთ ერთი პუნქტით იმიტომ, რომ ფაქტია, ადვილია ბიზნესის წარმოება - არავინ შემეკითხება ძველთაძველი „კრაზით“ ვაკეთებ საქმეს, თუ ულტრათანამედროვე „მერსედესით“, ანუ, ეს ბიზნესისთვის კარგია, მაგრამ რამდენად კარგია ეს უსაფრთხო გარემოსთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის? შეიძლება ჩემი „კრაზი“ გამონაბოლქვის ნორმაზე მეტ რაოდენობას უშვებდეს და მე გარემოს ვაბინძურებ. გამოდის, რომ მსგავსი ლიბერალიზმი არ არის ყოველთვის დადებითი მოვლენა. დადებითია იმ ნაწილში, რომ ადვილია ახალი ფირმის დარეგისტრირება, რომ გადასახადები არ არის მაღალი, მაგრამ რამდენად იცავენ მომხმარებლის უფლებებს - ესეც ხომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ის მომხმარებელი ჩვენ ვართ.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უფრო ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური გარემო, რომელიც მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობისთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის რეფორმები, რომლებიც დაწყებულია, მხოლოდ პირველ ნაბიჯებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ რეფორმების გაღრმავებაა საჭირო.

სიმპტომატურია ისიც, რომ თუკი აქამდე ამ რეფორმების ავტორები ძირითადად ისეთი წრეებიდან მოდიოდნენ, რომელთაც ბიზნესთან ნაკლები შეხება ჰქონდათ, დღეს ბიზნესიც მოდის პოლიტიკაში იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები იქნას გადადგმული ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს ჩამოსაყალიბებლად. ბუნებრივია, რომ ბიზნესმენების დიდი ნაწილი ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს; იმიტომ, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით განხორციელებულმა რეფორმებმა ბიზნესს მეტი თავისუფლება და განვითარებისთვის საჭირო მეტი შესაძლებლობები მოუტანა. თუმცა რიგითი მოქალაქეები წარმატებების შედეგებს ჯერ ვერ ხედავენ, მაგრამ ფაქტია, რომ რადიკალური ბრძოლა კორუფციასთან, ულტრალიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარება გახდა იმის საწინდარი, რომ საქართველოში უზარმაზარი ინვესტიციები შემოსულიყო. სტატისტიკას თუ ვნახავთ, 2003 წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა მინიმუმ ოთხჯერ გაიზარდა. დოლარების შემოდინების რეზულტატი კი ეროვნული ვალუტის გამყარებაა, რაც ჩვენი ექსპორტის კონკურენტუნარიანობას ურტყამს და, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით ინფლაციასაც იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა. ამიტომ არის, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, ვერ ხერხდება უმუშევრობისა და სიღარიბის პროპორციული შემცირება.

ამ პრობლემაზე პასუხია, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს რეფორმები და შემსუბუქდეს ტვირთი, რომელიც სახელმწიფოს სახით ეკონომიკას აწვება, მაგრამ სწორედ აქ არის ბევრი სიძნელე. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების განაკვეთები შემცირდა, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის შედეგად მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო სექტორის მოცულობა. თუ ვარდების რევოლუციამდე სახელმწიფო სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 12-13 პროცენტს წარმოადგენდა, ახლა თითქმის 35 პროცენტს აღწევს, ანუ თითქმის იმდენივეა, რამდენიც აშშ-ში (მართალია, ბევრად ნაკლებია უმრავლეს ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, მაგრამ მაინც დიდი ტვირთია ჩვენი ეკონომიკისთვის).

თუმცა, რომც მოვინდომოთ, სახელმწიფო სექტორის მოცულობისა და საბიუჯეტო ხარჯვის შემცირება, უამრავ სირთულეს წავაწყდებით. მაგალითად, ჩვენ გვიწევს, ერთობლივი შიდა პროდუქტის ლამის 7 პროცენტი თავდაცვაზე დავხარჯოთ და ეს იმიტომ, რომ 15 წელია, თავდაცვის სფერო აბსოლუტურად უგულებელყოფილი იყო. თან გვყავს მეზობელი, რომელსაც არა მარტო მიტაცებული აქვს ჩვენი ორი მნიშვნელოვანი რეგიონი, არამედ ვერ ეგუება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობას. ასე რომ, თავდაცვაზე ამხელა ფულის ხარჯვა ჩვენი არჩევანი კი არაა, ნაკარნახევია იმ გარემოებებით, რომელშიც ვიმყოფებით.

ბიუჯეტის დიდ ნაწილს ვხარჯავთ ასევე სოციალურ სფეროზე და ბუნებრივიცაა, სოციალურ სფეროს ამხელა ყურადღება რომ ექცევა. იმ პირობებში, როცა მოსახლეობის 23 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 პროცენტი, თბილისში კი 30 პროცენტი უმუშევარია, ცხადია, ასეც უნდა იყოს. თუმცა, სოციალური მიზნებისთვის თანხის ხარჯვის სისტემა უკიდურესად არაეფექტურია. ალბათ, ეს თანხები რომ ავიღოთ და მოსახლეობას თვითმფრინავიდან გადმოვაყაროთ, უფრო სამართლიანად განაწილდებოდა, ვიდრე იმ სისტემის მიხედვით, როგორითაც ახლა ხდება მისი განკარგვა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სოციალური სფეროს რეალური რეფორმა არ დაწყებულა ან ამ მიმართულებით მხოლოდ პირველი ნაბიჯებია გადადგმული. ისედაც, როცა ვლაპარაკობთ სიღარიბესა და უმუშევრობაზე, ფილოსოფიური არჩევანია გასაკეთებელი - რა გზით ვაპირებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას, ვინ უნდა დაძლიოს სიღარიბე - კერძო სექტორმა თუ სახელმწიფომ, და თუკი კერძო სექტორმა, მაშინ კერძო სექტორს სჭირდება უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა და იმ ტვირთის შემცირება, რომელიც სახელმწიფოს მეშვეობით აწვება მხრებზე. ანუ, აუცილებელია გადასახადების კიდევ უფრო მეტი შემცირება და, პირველ რიგში, იმ გადასახადებისა, რომლებიც დასაქმებასთან არის დაკავშირებული - პირველ რიგში, საშემოსავლო გადასახადის. ზოგადადაც, თუ ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას ვაშენებთ და მეორე მხრივ, თუკი სოციალურ სფეროში, ჯანდაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა, განათლება ანუ უფრო მეტი ტვირთი გადადის მოქალაქის მხრებზე და სახელმწიფო მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულებს უნდა დაეხმაროს, ასეთ ვითარებაში ლოგიკური არ უნდა იყოს, რომ დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც უფრო მეტ ინიციატივას იჩენს, უფრო მეტ შემოსავალს ნახულობს. ანუ საშემოსავლო და პირდაპირი გადასახადების ნაცვლად უფრო უპრიანი იქნება ირიბი გადასახადების სისტემაზე მეტი აქცენტის გაკეთება - საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაუქმება და რაღაც სხვა, ირიბი გადასახადების გზით იმ თანხების მობილიზება ბიუჯეტში, რაც სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად სჭირდება.

ასე რომ, დასაქმების პრობლემა, რომელიც მთავარ პრობლემად იდგა ვარდების რევოლუციამდე, მთავარ პრობლემად დგას დღესაც. ჯერჯერობით ამ მიმართულებით ძალიან ცოტა რამ არის გაკეთებული. მთავრობამ შეადგინა ახალი 50-დღიანი პროგრამა, და ახლა ამ არჩევნებზე გამოჩნდება, თუ რამდენად ირწმუნა ამომრჩეველმა, როგორც მისი 50-დღიანი პროგრამის, ისე მთავრობის განცხადების, რომ ის ამ პრობლემის გადაჭრას სერიოზულად ეკიდება.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

აქაც წინააღმდეგობრივი სურათია. მახსოვს ბენდუქიძის სლოგანი - „ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა“, რაც, ჩვენთვის, ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, საკმაოდ მიმზიდველი იყო. მაგრამ ძალიან მალე გაიყიდა სინდისიც და ამიტომაც ჩვენ მივიღეთ უსინდისო საბაზრო ეკონომიკა, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ფავორიტიზმი, ელიტარული კორუფცია; გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, მიზანმიმართულად დაანგრიეს სტატისტიკის სამსახური, მიიღეს ბარბაროსული კანონები შრომის შესახებ. მემარცხენეობას მე ვერავინ დამწამებს, მაგრამ დაქირავებული მუშაკი დღეს სრულიად უუფლებოა. გამოდის, რომ შევარდნაძის დროს უფრო მკაფიოდ იყო დასანახი ის ავადმყოფობა, რომელიც გვჭირს: დღეს ზედაპირული შრიდან კორუფცია თითქოს აორთქლდა, მაგრამ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოხდა მისი კონდენსირება. დღის წესრიგში კვლავ დადგა პოლიტიკური ელიტის გამოცვლის საკითხი მაშინ, როცა პოლიტელიტა ხეირიანად ჩამოყალიბებული არ არის და ახლა მმართველმა პარტიამ მისი დეპოლიტიზაციაც განიზრახა (გადახედეთ ნაცმოძრაობის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში). ეს მოვლენა ძალიან სახიფათოა არა მხოლოდ ეკონომიკური (პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სრული შერწყმა), არამედ პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც. სახელმწიფოს მართვა და კომპანიის მართვა სულაც არ გახლავთ ერთი რიგის ამოცანები. მძიმეა ისიც, რომ გაიხრწნა ახალი თაობა, რომელიც სახელისუფლებო კაბინეტებში აღმოჩნდა; გაიხრწნა იმ მექანიზმებით, რომელიც რუსეთიდან ჩამოიტანა და დაამკვიდრა ბენდუქიძემ. მაგალითად, ხელოვნურად გაკოტრება რომელიმე საწარმოსი და მერე იაფად დაუფლება, ბინძური ტენდერები, როცა საზოგადოებას ვერ უხსნიდნენ, თუ რატომ ამჯობინებდნენ ამ კონკრეტულ ინვესტორს, როცა მეორის წინადადებები აშკარად უფრო მისაღებია; როდესაც ერთი და იგივე ობიექტი რამდენჯერმე იყიდებოდა, მაგალითად ჭიათურმანგანუმის ეპოპეაც გამოდგება; არანორმალური აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით და სხვ. ისეთი გარემო შეიქმნა, რომ შვედი თუ ავსტრიელი, ფრანგი და უნგრელიც კი ასჯერ იფიქრებს, ვიდრე აქ შემოვა. პოსტსაბჭოთა სივრციდან კი, სადაც ელიტარული კორუფცია ასევეა ფეხმოკიდებული - ყაზახეთიდან, რუსეთიდან და ა.შ., შემოდიან ჩვენს ბაზარზე და არ მგონია, ეს პერსპექტიული იყოს ქვეყნისთვის.

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

საქართველო ყველა საერთაშორისო რეიტინგით, მსოფლიო ბანკის, კატოს ინსტიტუტისა და ბევრი სხვა სოლიდური ორგანიზაციის რეიტინგით ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ ეკონომიკებს განეკუთვნება მსოფლიოში. ჩვენთან ადვილია ბიზნესის დაწყება და წარმოება, ადვილია ამ მხრივ ურთიერთობა სახელმწიფოებრივ სტრუქტურებთან. გარდა ამისა, კეთდება დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონებიც, სადაც ბიზნესის წარმოების თავისუფლების ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საკუთრების დაცვასაც. უნდა ვთქვათ ღიად, რომ რამდენიმე ცნობილმა მაგალითმა შექმნა განცდა და განსაკუთრებით კი დედაქალაქში, რომ პირადი საკუთრება ჩვენთან დაუცველია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ინიციატივა და კანონპროექტი, რომლის მეშვეობითაც კატეგორიულად აიკრძალება ყოველგვარი თვითნებური მოქმედება პირადი საკუთრების მიმართ. ყველა ოპერაციას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს ინიციატივით უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლასთან, სპეციალური კომისია განიხილავს და მას ომბუდსმენი ჩაუდგება სათავეში, როგორც საზოგადოების ერთგვარი წარმომადგენელი და, გნებავთ, არბიტრი. ამ მხრივ, პრობლემები ნამდვილად გვქონდა, მაგრამ მთავარია, რომ ეს პრობლემები დანახულია და უკვე არსებობს ნათელი გეგმები, თუ როგორ დავძლიოთ ისინი.

ვაჟა სალამაძე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

რომ შევადაროთ სამეწარმეო გარემოს მაშინდელი და ახლანდელი მდგომარეობა, მივხვდებით, რომ პრობლემატიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. იმ პერიოდის ძირითადი პრობლემა იყო მძიმე საგადასახადო ტვირთი, ძალიან მაღალი დონის კორუფცია და შესაბამისად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ძალიან მაღალი ხარისხი. თუმცა, იყო ერთი არაპირდაპირი პრობლემა, რომელიც დღესაც გვაქვს - ესაა დაკონსერვებული კონფლიქტის ზონები. ეს არაუშუალო ფაქტორი დღესაც აფერხებს მეწარმეობის განვითარებას და ქვეყანაში ინვესტირებას რისკიანს ხდის.

რაც შეეხება საგადასახადო ტვირთს, აქ შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, პოზიტიური ცვლილებები გვაქვს. ძალიან ბევრი გადასახადი შემცირდა და შესაბამისად, ტვირთი ბიზნესისთვის ასატანი გახდა. თუმცა, მე ოდნავ სხვანაირი მიდგომა მაქვს ამ საკითხთან. ვგულისხმობ 25-პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც სოციალური და საშემოსავლო გადასახადების შეერთების შემდეგ ერთიან 25-პროცენტიან გადასახადად დადგინდა. ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯით გარკვეულწილად საგადასახადო ტვირთი დაქირავებულზე იქნა გადატანილი. რაც, ჩემი აზრით, ბოლომდე მიზანშეწონილი არ არის.

ანალოგიური რამ მოხდა შრომის კოდექსთან დაკავშირებითაც, რომელიც ასევე ძალიან ლიბერალური გამოვიდა. ამ კოდექსმაც დაქირავებულთან მიმართებაში მეწარმეს ფაქტიურად ხელ-ფეხი გაუხსნა. ეს კარგია მეწარმესთვის, მაგრამ მეორე მხრივ, სერიოზულად ზარალდება დაქირავებულის ინტერესები. ანუ ამ მიმართულებით პროგრესი გვაქვს, თუმცა, ეს პროგრესი სხვა რაღაცების ხარჯზე მოხდა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დღეს პოლიტიკური აქცენტები გადავიდა სოციალურ დაცვაზე და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ, ალბათ, შრომის კოდექსი არსებითად გადასახედი გვექნება. ასე რომ, გადასახადების თვალსაზრისით არსებითი გაუმჯობესებაა. არსებითად გამარტივდა ბაზარზე შესვლის პროცედურაც, ფირმების რეგისტრაცია, სამეწარმეო საქმიანობის დაწყება - ესეც პოზიტიური ცვლილებებია.

თუმცა, რჩება კიდევ ერთი საკითხი - ესაა ძვირი ფულის პრობლემა, ანუ კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი. წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესება ამ კუთხითაც გვაქვს - თუ მაშინ, თუ არ ვცდები, წლიური 24 პროცენტი იყო, ახლა სამეწარმეო საქმიანობისთვის ეს პროცენტი საგრძნობლად შემცირებულია და სადღაც 16-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც მაინც ძალიან მძიმეა ბიზნესისთვის. ასეთი კრედიტები რომ აიღო და მერე მისი დაფარვა შეძლო, ძალიან მაღალი მოგება უნდა გქონდეს. ბუნებრივია, რომ ამ პროცენტებს ბაზარი აყალიბებს, თუმცა, სახელმწიფოს ყოველთვის აქვს გარკვეული ბერკეტები, რომ ინტერვენცია მოახდინოს. უბრალოდ, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ ბიზნესს ფული გაუიაფდეს, რაც არსებითად გაზრდის ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს.

ნაბიჯი მეათე
დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა
2003

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი: ის, რომ სახელმწიფო მოხელეებს ქონება უნდა ჩამოერთვათ, იმდენად ცხადია, რომ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ყველა მოქალაქე თანასწორია სამართლის წინაშე, როგორც ჯიბის ქურდს, ისევე სახელმწიფო ხაზინის დამტაცებელს, რომელმაც ეს ქონება ქურდობით იშოვა, ქონება უნდა ჩამოერთვას.

გიგი უგულავა, ფილოსოფოსი: აქ არ არის ლაპარაკი ნაციონალიზაციაზე ან გაკულაკებაზე ან რაღაც მსგავს მოვლენებზე, რომელიც ძირშივე ნეგატიურია. ჩვენი ამოსავალი წერტილი და „10 ნაბიჯის“ სულისკვეთება ქვეყნის მშენებლობაში არის ლიბერალური ღირებულებები და კერძო საკუთრება. მაგრამ კერძო საკუთრება არ ნიშნავს უკანონოდ მოპოვებულს. სწორედ ეს კანონპროექტი და მისი ამუშავება არის საფუძველი, რამაც შეიძლება საზოგადოება და ხალხი მოაბრუნოს სახელმწიფოსკენ.

დავით ზურაბიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: მთელი ეკონომიკური პროცესი განისაზღვრება ან უშუალოდ სახელისუფლებო წრეებიდან, ან მათთან დაახლოებული პირებისგან, ბიზნესმენებისგან.

2008

გიგი უგულავა
თბილისის მერი

საკუთრების უფლებაზე როცა ვსაუბრობთ, საჭიროა, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი არალეგალური საკუთრება არსებობდა. მაგალითად, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ აშენდა შუშის სახლი რუსთაველის მეტროსთან, როგორ აშენდა „პოსეიდონი“, ან თუნდაც თაბუკაშვილის ქუჩის სახლი. ყველას გვახსოვს, როგორ შენდებოდა სკვერებსა და სტადიონებზე ავტოფარეხები და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები - 99 პროცენტ შემთხვევაში ყოველგვარი საბუთის გარეშე.

როგორ უნდა მოვქცეულიყავით ჩვენ - უნდა დაგვეტოვებინა ეს ყველაფერი ხელუხლებლად? ფაქტია, რომ ქალაქი ქალაქს რომ დამსგავსებოდა, გარკვეული გადაწყვეტილება საკუთარ თავზე უნდა აგვეღო. და ჩვენ ეს გავაკეთეთ. სხვათა შორის, თაბუკაშვილის ქუჩის სახლის მცხოვრებლებს პირველი სკოლის უკან ბევრად უფრო კარგი სახლები უშენდებათ და კომპენსაციასაც იღებენ.

ვფიქრობ, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო უკანონო ქონების ჩამორთმევის პროცესი, ჩვენვე უნდა დაგვეწყო და ჩვენვე უნდა დაგვემთავრებინა. დაგვემთავრებინა იმიტომ, რომ სადღაც უნდა დასვა წერტილი - უნდა დასახო პრიორიტეტები, რადგან ყველაფერს ვერ გამოასწორებ. აი, ახლა 21-ე სართულიდან ვუყურებთ თბილისს და აშკარაა, რომ უკანონო მიშენებების თვალსაზრისით დღესაც უამრავი პრობლემა რჩება, მაგრამ ამის მოგვარების ილუზიას არც ვიქმნით. ეს ყველაფერი ეპოქის მოტანილია, რომელსაც წლების შემდეგ ისევ ეპოქა შეცვლის. მთავარია, გამოსწორდა სიტუაცია პრიორიტეტულ უბნებში - რუსთაველის გამზირი, ძველი თბილისი, გზატკეცილები. ეს მოხდა იმისთვის, რომ ქალაქმა კვლავ ისუნთქოს, რომ ის იერსახე დაიბრუნოს, რისთვისაც ის უყვართ.

თუმცა, ისევ გავიმეორებ, ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, რის გამოც შეიძლება დიდი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ, მაგრამ მოდით, საზოგადოებამ არჩევნებზე გადაწყვიტოს, სწორი იყო თუ არა ჩვენი ურბანული პოლიტიკა.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

მასობრივად მოხდა დასაბუთებული ქონების ჩამორთმევა, რაც ყოვლად შეუთავსებელია თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან. რომელ ჯანსაღ გარემოზეა საუბარი, როცა პრაქტიკულად დაუცველია კერძო მესაკუთრე? როცა იგი სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის, შანტაჟის, თვითნებობის მსხვერპლია? კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოში კერძო საკუთრება დაცულია, მაგრამ კონსტიტუციას დაცვა სჭირდება და არა მასხრად აგდება.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია

თავისთავად ის, რომ ჩანაწერში გაჩნდა სახელმწიფო თანამდებობის პირები, და არა საჯარო მოხელეები, და არა ზოგადად, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, მიგვანიშნებს იმაზე, რასაც ვგულისხმობდით, როცა ამას ვწერდით. აქ საუბარი იყო მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისი დასჯაც ამ ფორმით, ერთი მხრივ, დამსახურებულიც იქნებოდა და მეორე მხრივ, სიმბოლური მნიშვნელობისაც ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვის - აღარ გაბედოთ, ამისთვის ისჯებიან. მაშინ ვფიქრობდით, რომ დაბალანსებული ვერსიის გამოყვანაც შეიძლებოდა იმ პირველი ვარიანტიდან, რომელიც პარლამენტში ზურაბ ადეიშვილმა, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, შეიტანა. მაგრამ შემდეგ იმდენი ცვლილება შევიდა ამ კანონში, რომ ჩანასახიც კი აღარ დარჩა თავდაპირველი ვარიანტისა. გაკულაკება შეეხო თანამდებობის პირებს, ბიზნესმენებს, რიგით მოქალაქეებს, ბოლოს ლოჯიების ნგრევამდეც მივიდა საქმე. თუმცა, ამ თითქოს საყოველთაო სამართლიანობის აღდგენის მოძრაობის დროს კანონი ბრმა იყო იმათ მიმართ, ვინც სააკაშვილს მორჩილება გამოუცხადა და ჩაბარდა. ჩვენი მთავარი ამოსავალი ის იყო, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და საკუთრების უფლება არ უნდა შელახულიყო.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მოდით, ასე ვთქვათ - მედია ამაზე აღარ ლაპარაკობს, დაშინებულია ან მოსყიდული. თანაც, საქართველოს ხელისუფლებამ გააჩინა მითი ჩინოვნიკების მაღალი ხელფასების შესახებ, რაც გამოყენებულია როგორც არგუმენტი. რეალურად, ჩინოვნიკებს არა აქვთ იმის შესაბამისი ხელფასი, როგორც ცხოვრობენ. მთავარი და ყველაზე საინტერესო, რამაც გაფანტა საზოგადოების წყრომა კორუფციასთან მიმართებაში, ისაა, რომ სააკაშვილმა საქართველო კორუფციის თვალსაზრისით, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო. მაშინ ბიუროკრატიის ყველაზე დაბალი რგოლი თავად იყო ფულის ამკრეფი, დღეს კი სახეზე გვაქვს ელიტარული კორუფცია კლასიკური ფორმით, როდესაც კორუფცია ძირითადად და მასშტაბურად პრივატიზაციის დროს, პროტექციონიზმის ფორმით ხდება, ხდება პირადად სააკაშვილის ხელდასხმით, როდესაც ქვეყნის პრეზიდნტის მიერ ამ მიმართულებით გამოცემული აქტების 90%25 პირდაპირი შესყიდვის წესს ეფუძნება - ეს უკვე კორუფციაა. რატომ უნდა გადავცეთ სახელმწიფო ქონება კონკურსის გარეშე, ეგებ მეტს იხდის ვინმე? პასუხი მარტივია - მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის ფავორიტია. და მორჩა, ეს არის მთავარი ამოსავალი.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

როდესაც, რევოლუციის შემდეგ, ძველი რეჟიმის ჩინოვნიკებს დაუსაბუთებელი ქონება ჩამოართვეს, დიდი დისკუსია ატყდა. ქონებაწართმეულები ფიქრობდნენ, რომ პროცესი ცუდი ფორმით წარიმართა. მეორე მხარე კი მიიჩნევდა, რომ ჩამორთმევა სრულიად კანონიერი იყო. დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ ცხადია, კანონმა უნდა იკანონოს - ის, რაც დაუსაბუთებელი და კორუფციის გზით აქვს ნაშოვნი, ყველა ჩინოვნიკს უნდა ჩამოართვა - ჩინისა და რეგალიის მიუხედავად. თუმცა, ისიცაა, რომ თვითონ პროცედურა უნდა იყოს იურიდიულად ისე გამართული და დასაბუთებული, რომ ეჭვის საფუძველს არ იძლეოდეს. ამ პრობლემას ისევ სასამართლომდე მივყავართ - უნდა დაამტკიცო, რომ ის ქონება, რომელიც მფლობელს ჩამოართვი, უკანონო იყო.

დღეს დაუსაბუთებელ ქონებასა და ჩინოვნიკების კორუმპირებულობაზე, გეთანხმებით, რომ ნაკლებად მსჯელობენ. არადა, ბევრი გარემოებაა დასაფიქრებელი, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წრეებში. ასე რომ, ეს კითხვა მეც მაწუხებს.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური
პარტია

მაშინ, 2003 წელს არასამთავრებო სექტორიდან მარტო მე ვეწინააღმდეგებოდი ამ კანონპროექტს. ვხედავდი საფრთხეს - როგორც კი ასეთ საქმეს იწყებ, არ გაქვს მკაცრად გაწერილი პროცედურები, და საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ვერც გექნება, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ყველაფერი პირად ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს. თავის დროზე, ნაციონალური მოძრაობა მოითხოვდა, ნებისმიერ მოქალაქეს შეძლებოდა, შეეტანა სარჩელი, და შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა მსგავსი ინსტიტუტი განიხილავდა საკითხს. ვანო ჩხარტიშვილი კი ამბობდა, რომ ეს საქმეები პროკურატურას უნდა გაერჩია. ჩვენმა ხელისუფლებამ ვანო ჩხარტიშვილის მოდელი აირჩია და რაც მოხდა, ყველას გვახსოვს. გახსოვთ, გოგიჩაიშვილის გადაცემა „60 წუთი“? გოგიჩაიშვილის დღევანდელ გადაცემას რომ უსმინო, თავი შვეიცარიის თუ არა, უნგრეთის მოქალაქე ნამდვილად გეგონება. ძალიან საინტერესოა, ვინმემ რომ გამოიკვლიოს, რა ხდება ამ მხრივ, მაგრამ დღევანდელ ტელევიზიებს დაბლოკილი აქვთ ჟურნალისტური გამოძიებები.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური
პარტია

მაშინ ვგულშემატკივრობდი მაგ ამბავს, მაგრამ ეს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა აღმოჩნდა ძალიან რევოლუციური რამ, რასაც მოჰყვა ბევრი უსამართლობა. როგორც ჩანს, ქაღალდზე რომ წერ, ადვილია და ვერ წარმოიდგენ, რაში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი. ახლა გაცილებით ფრთხილად შევხედავდი ამ საკითხს და არ შევიტანდი აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯების ათეულში.

ვაჟა სალამაძე
სამოქალაქო
საზოგადოების ინსტიტუტი

არსებითი გაუმჯობესებაა კორუფციის თვალსაზრისითაც. თუმცა, სამწუხაროდ, არ ვფლობ კონკრეტულ მონაცემებს, თუ რა დონეზე შემცირდა კორუფცია. იგივე შემიძლია გითხრათ ჩრდილოვან ეკონომიკაზეც. შევარდნაძის პერიოდში სხვადასხვა წყაროები ასახელებდნენ, რომ ეკონომიკის 50-75 პროცენტი ჩრდილში იყო. დღეს კი, ემპირიული დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს პარამეტრები არსებითად გაუმჯობესებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან კორუფციასთან ბრძოლაა დამთავრებული ანდა ჩრდილოვანი ეკონომიკა აღარ არსებობს. ამ მიმართულებით სამუშაოც ისევ ძალიან ბევრია. თუნდაც განვითარებულ ქვეყნებშიც კი ბოლომდე ეს პრობლემები არასდროს გვარდება, უბრალოდ, განსხვავებულია მოცულობები და ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ეს მოცულობა მინიმუმამდე დაიყვანოს; შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის გამოვლენას და მის ადეკვატურ დასჯას.

რაც შეეხება დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას, დასაბუთებული იქნება თუ დაუსაბუთებელი, ეს ზოგადად ძალიან საფრთხილო თემაა საინვესტიციო გარემოსთვის. თუნდაც დასაბუთებული იყოს ჩამორთმევა, როცა ამის გაპიარება ნეგატიურად ხდება, ეს ყოველთვის ცუდად ურტყამს საინვესტიციო გარემოს, იმიტომ, რომ მეწარმისთვის რთულია ხოლმე განსაზღვროს, რამდენად დასაბუთებული იყო ქონება. მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ასეთი რაღაცები ქვეყანაში ხდება. ჩვენთან კი ეს პროცესები ერთი პერიოდი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. ვიტყოდი, რომ ეს იყო პოსტრევოლუციური გადანაწილების პროცესი, რაც ზოგადად დამახასიათებელია რევოლუციებისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, როცა ლაპარაკია ქონების ჩამორთმევაზე. მიდგომები უნდა იყოს ძალიან ფრთხილი, ძალიან გამჭვირვალე და დასაბუთებული, საზოგადოებამდე არგუმენტირებულად მიტანილი. ეს ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად ღია იმისთვის, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ ასეთ გარემოში ინტეგრირების შიში.

ვფიქრობ, საკუთრების უფლების დაცვა მეწარმეობის განვითარების საფუძველთა საფუძველია. ბიზნესმა უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში საკუთრებას არ ეხებიან და ეს მოგვცემს შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ყველა რევოლუციას ახასიათებს პოსტრევოლუციური ეტაპი, როცა თითქმის ყველა სფეროში არსებითი გადაცდომები ხდება - არა მხოლოდ საკუთრების, არამედ ყველანაირი უფლების დარღვევის თვალსაზრისით. რევოლუციას თავისი კანონზომიერებები და თავისი ვალები აქვს და ეს ვალები უნდა გადაიხადოს. რევოლუცია, ეს არის მკვეთრი ცვლილებები სისტემებში, რასაც მოჰყვება სისტემების დანგრევა, მისი ჩანაცვლება კი მეორე სისტემით მყისიერად არ ხდება. და ვიდრე ახალს ავაშენებთ, იქნება პერიოდი, რომელსაც შეიძლება არსებითი გადაცდომების პერიოდი დავარქვათ. უბრალოდ, ამოცანაა ის, რომ ეს პერიოდი დავიყვანოთ მინიმუმზე. ანუ, საქართველოში რევოლუცია უნდა დამთავრდეს - ეს არის ამოცანა. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვდგავართ, როცა საქართველოში რევოლუცია დასასრულს უახლოვდება და იწყება არა პოსტ, არამედ პოსტ პოსტრევოლუციური პერიოდი - ახალი ეტაპი, როცა ჩამოყალიბებული იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემები. გარკვეული სისტემები უკვე შექმნილია, მაგალითად, სამოქალაქო რეესტრი, ასევე სხვა მიკროსისტემა - მართვის მოწმობებისა და სანომრე ნიშნების გაცემის მექანიზმი. თუმცა, ეს მხოლოდ მიკროსისტემებია, ჩვენ კი შესაქმნელი გვაქვს გაცილებით უფრო ფუნდამენტური სისტემები, როგორიცაა პოლიტიკური სისტემა თავისი პოზიცია-ოპოზიციით და მათ შორის ერთიანობის და ბრძოლის მექანიზმით; ასევე ეკონომიკური სისტემები, სოციალური სისტემები - რის აუცილებლობაშიც ბოლო პერიოდის გამოსვლებმა დაგვარწმუნა. ფაქტია, რომ სოციალური სისტემა ჩვენთან ფუნდამენტიდანაა დასაწყები და შესაქმნელი, ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჰქონდეს სოციალური დაცულობის გარანტია და არ ჰქონდეს პერმანენტული შიში, თუნდაც, მოხუცებულობის ანდა ავად გახდომის.

ეს არის ჩვენი პრიორიტეტული ამოცანები საშინაო პოლიტიკაში.

19 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲back to top


უახლესი ისტორია

ავტორი: დათო ტურაშვილი

(გაგრძელება)

0x01 graphic

ფოტო: იურა მეჩითოვი

გია ჭანტურია მგონი უფრო ადრე გავიცანით, ვიდრე დანარჩენები და გია გავიცანით სიონის ეზოში, ჯერ კიდევ ჩვენს პირველ მიტინგებამდე, სადაც ისიც მოვიდა სხვა, ძველ დისიდენტებთან ერთად და იქვე, შორიახლოს დადგა. როგორც შეთანხმებულები ვიყავით, სიტყვა არ მოუთხოვია მაგრამ შემატყო, რომ ვღელავდი, მოვიდა, ხელი გადამხვია და უბრალოდ გამამხნევა.

არ შეგეშინდესო და არ შემშინებია არც მაშინ და არც მერე და ახლაც მგონია, რომ ეს მისი დამსახურებაც იყო, რადგან გია ჭანტურია გადამდებად უშიშარი იყო. თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს და ბევრჯერ გვისაუბრია, უფრო ხშირად გვიკამათია რადგან ხშირად არ ვეთანხმებოდი ხოლმე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ის იყო ისეთი ლიდერი, რომელიც ნებისმიერ ეროვნულ მოძრაობას ჰაერივით სჭირდება. ჰაერი და თავისუფლება კი, ალბათ მას ჩვენზე მეტად სჭირდებოდა, როცა ის პატიმარი იყო და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შეუძლია სხვისი თავისუფლების გამო, საკუთარი თავისუფლება დათმოს და რამდენიმე წელი ციხეში გაატაროს, აუცილებლად იმსახურებს ადგილს საკუთარი ქვეყნის ისტორიაში.

თუმცა გია ჭანტურიას, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებისაგან, ერთი ისეთი თვისებაც გამოარჩევდა, რაც პირადად ჩემთვის მაშინაც მნიშვნელოვანი იყო და ახლა კი განსაკუთრებით ფასეულია. მას ძალიან უყვარდა როკი და ჩემსავით სჯეროდა, რომ ის ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს როკი არ აინტერესებთ, არ ვითარდება, რადგან იმ ქვეყანაში არც პროტესტანტები ჩნდებიან და ადამიანებიც ნებისმიერ რეჟიმებს ეგუებიან. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ როკი ახლაც არ გვაქვს საქართველოში და მხოლოდ როკის გვირაბი გვაქვს, რომელსაც ვერც ვაკონტროლებთ და ასეც რომ არ იყოს, მხოლოდ გვირაბებით შორს ვერ წავალთ...

1993 წელს, როცა გია ჭანტურია მოკლეს, იგი იყო სრულიად სხვა, საკმაოდ განსხვავებული იმ გია ჭანტურიასაგან, ერთხელ სტუდენტობისას, ყველაზე იაფფასიან ლუდხანაში რომ დამპატიჟა და რამდენი ჭიქაც დავლიეთ, იმდენი ქვეყანა გავათავისუფლეთ სრულიად უპრობლემოდ.

მერე, მოგვიანებით, მართლა პოლიტიკოსად რომ იქცა და როგორ გაიზარდაო - აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მისი თანაპარტიელები, იგი ჩემთვის ისევე გაუცხოვდა, როგორც სხვა პოლიტიკოსები და გია ჭანტურია რომ არ მოეკლათ, ალბათ საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა.

შეიძლება ამიტომაც მოკლეს.

შეიძლება მოკლეს მერაბ კოსტავაც და ის მოარული აზრი, რომ ავტოკატასტროფა მოწყობილი იყო, ყოველთვის იარსებებს, თუმცა შემიძლია გავიხსენო ისიც, რომ ერთ საღამოს გარეჯიდან თბილისისკენ მომავალ იმ მანქანას გამოვყევით, რომელსაც თამრიკო ჩხეიძე ძალიან ცუდად მართავდა. წინ მერაბ კოსტავა იჯდა, უკან ირაკლი წერეთელი და მე ვისხედით და მაშინ უბრალოდ გადავრჩით. მაგრამ მანქანისაგან განსხვავებით, თამრიკო ჩხეიძე 1978 წელს მშვენივრად მართავდა სტუდენტურ მოძრაობას და მერე, როცა ჩვენ გავხდით პირველკურსელები, ის უკვე ყოფილი სტუდენტი იყო, მაგრამ უნივერსიტეტში მაინც არსებობდა ლეგენდა თამრიკო ჩხეიძის შესახებ.

თუმცა მაშინდელ უნივერსიტეტსა და მთელს საქართველოშიც ყველაზე დიდი ლეგენდა მაინც მერაბ კოსტავა იყო და ციხიდან კი ბევრნი გამოსულან, მაგრამ ის მაინც ყველასაგან განსხვავებულად მოიქცა, როცა პირველად გაათავისუფლეს. მაშინ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო, როცა მეგობრებთან ერთად პირველად დააპატიმრეს და მართალია, ის პირველი პატიმრობა ხანმოკლე იყო, მაგრამ ძვირსრულიად საკმარისი იმისათვის, რომ ჩვიდმეტი წლის მერაბ კოსტავას მუსიკა მონატრებოდა. მას ძალიან უყვარდა მუსიკა და ციხიდან გამოსული შინ კი არ წავიდა, არამედ ახლობელ სხირტლაძეებთან, სადაც როიალი ეგულებოდა. მერე იჯდა სტუმრად თავისუფალი და ბედნიერი მერაბ კოსტავა და უკრავდა მოცარტს. სხვათა შორის 1921 წელს, როცა რუსეთის საოკუპაციო არმია ქუთაისში შევიდა, ქუთაისელები პროტესტის ნიშნად მოცარტს უკრავდნენ და სიცივის მიუხედავად თურმე ამიტომაც სახლების კარები და ფანჯრები ბოლომდე და ფართოდ ჰქონდათ გამოღებული. მაშინდელ ქუთაისში როიალის გარეშე სახლი და ოჯახი არ არსებობდა რასაკვირველია და მეთერთმეტე არმიის გაოგნებულმა ჯარისკაცებმაც პირდაღებულებმა ჩაიარეს ქუთაისის ქუჩებში.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: იურა მეჩითოვი

მოცარტისა და საქართველოს ეროვნული მოძრაობის გზები კიდევ ერთხელ 1988 წლის 29 ნოემბერს გადაიკვეთა, როცა ორასიათასი ადამიანის გასაგონად, გია ჭანტურიამ განწირული ხმით იყვირა, კრემლს უკან დავახევინეთო, მაგრამ ისე იყვირა, რომ დარწმუნებული ვიყავი რომ კრემლის კედელთან ვიდექით და შიშველი ხელებით ვაწვებოდით ჩვენს მიერვე შეტორტმანებულ ბოროტების იმპერიას.

ხალხი ცოტა რომ დაწყნარდა, სწორედ მაშინ მითხრა გვერდით მდგომმა ბიძინა გიორგობიანმა - საქართველო რომ საბოლოოდ გათავისუფლდება, მთელს რუსთაველზე ხმის გამაძლიერებლები დავაყენოთ და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია ჩავრთოთო. მე მაშინვე ქუთაისის ამბავი გამახსენდა რასაკვირველია და ტრადიციას ნუ დავარღვევთ-მეთქი და ისევ მოცარტი მოვითხოვე, მაგრამ ბიძინა მაინც გაჯიუტდა - ისე გაჯიუტდა თითქოს დამოუკიდებლობის პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ ეს ერთადერთი საკითხი რჩებოდა ღიად.

ზემოთქმულში „დამნაშავე“ კი უპირველესად გია ჭანტურია იყო, რომელსაც გასაოცარი ენერგია ჰქონდა მასების ამბოხებისა და თავადაც ჰგავდა ორტეგა ი გასეტის იმ დაუვიწყარ წიგნს.

არც დამავიწყდება 1988 წლის 26 მაისი, როცა პირველად ვნახე ტრანსპარანტი, რომელიც გია ჭანტურიას ჰქონდა აღმართული ერეკლეს მოედანზე და ზედ დიდი ასოებით ეწერა სრულიად ჯადოსნური ფრაზა - გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!..

მაშინ, 1988 წლის 26 მაისს, პირველად უნდა აღგვენიშნა დამოუკიდებლობის დღე საჯაროდ, სამოცდაათწლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ და მზადებაც დემონსტრაციისათვის, სერიოზული მონდომებით დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვფრთხილობდით, ინფორმაცია ხელისუფლებას მაინც ჰქონდა და ჩვენი დაგეგმილი მიტინგის ჩასაშლელად ისინიც არანაკლები სერიოზულობით ემზადებოდნენ. ალბათ, სრულიად არაშემთხვევით, ჩათვლები და გამოცდები ძვირფასმა ლექტორებმა ერთ დღეს, მაინცდამაინც 26 მაისს დაგვინიშნეს და აუდიტორიაში მოსაფიქრებლად მჯდარს, ის იყო საგამოცდო ფურცლის ღეჭვა უნდა დამეწყო, რომ კარი გაიღო და ისეთი ჰაბიტუსისა და ჩაცმულობის ადამიანები შემოვიდნენ, რომ სულ ადვილად მივხვდი საიდანაც იყვნენ და ინსტინქტურად წამოვიწიე.

ბოდიში მომითხოვია (გვარს არ დავასახელებ) და ჩვენი კოლმეურნეობის ერთ-ერთ მაშინდელ თავმჯდომარესთან მიმიყვანეს კაბინეტში და ისიც პირდაპირ საქმეზე გადავიდა. იმ ცეკას იმ მდივანმა ძალიან კმაყოფილმა მითხრა, - დანამდვილებით ვიცი რომ მიტინგის მოწყობას აპირებთო და ჩემი პასუხის მოლოდინში ძალიან გამარჯვებული სახით გადახედა დანარჩენებს. (ჯერ ეს რა იყო და ის დანარჩენები რა იქნებოდნენ იმ დაბალი და პრიალა შუბლებით). რომ გამეღიმა, ფეხზე წამოდგა, გაიარ-გამოიარა და ისე მკითხა: დიდი დარბაზი რომ დაგითმოთ, მიკროფონით და სცენით, რას იტყვითო?

0x01 graphic

რა უნდა მეთქვა - მაშინ საქართველოში მხოლოდ ერთადერთი მეგაფონი იყო კერძო მფლობელობაში და ისიც ვაჟა მთავრიშვილს ჰქონდა, რომელიც ცხოვრობდა რუსთავში და ამიტომაც მიტინგებზე ყოველთვის აგვიანებდა. ხუმრობდნენ კიდეც, ალბათ ფეხით მოდის თბილისამდეო და რასაკვირველია სცენიან-მიკროფონიანი დარბაზი აშკარად უკეთესი იყო ჩვენთვის. თუმცა იმის დაჯერება, რომ საბჭოთა ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღნიშვნის უფლებას მართლა მოგვცემდა, ცოტა რთული იყო, მაგრამ იმ კაბინეტის გვამებს მაინც ზრდილობიანად დავემშვიდობე. კიდევ უფრო ძნელი დასაჯერებელი ის გახლდათ, რომ იმ კაბინეტიდან გამოსული, იქვე დამაპატიმრეს და დიღომში, მილიციის სამმართველოში მიმარბენინეს. გაოგნებისაგან შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვახერხე და კარი რომ შეაღეს, გრძელი მაგიდის თავში რომან გვენცაძე ვიცანი. გვენცაძის გვერდით კი ვარლამ შადური იჯდა ისეთი ბედნიერი სახით, თითქოს ჩემი სახით ყველაზე საშიში რეციდივისტი ჰყავდათ დაპატიმრებული და ჩემი შეყვანისთანავე ტელეფონმა დარეკა. შადურმა ყურმილი აიღო და შენ გეძახიანო - ღიმილით გადმომცა. ის ცეკას მდივანი (გვარს კიდევ ერთხელ არ დავასახელებ), ვისი კაბინეტის მისადგომებთანაც ათი წუთის წინ ასე მუხანათურად დამაპატიმრეს, მანდ როგორ მოხვდიო, - „გაოცებული“ მეკითხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე გაოცებული და დაბნეული ადამიანი იმ წამს, დედამიწის ზურგზეც ძნელი მოსაძებნი იყო, მაინც (ჩემი ჭკუით რასაკვირველია) ყველაზე ლოგიკური კითხვა დავუსვი იმ ცეკას მდივანს - თქვენ საიდან იცით, მე რომ აქ ვარ-მეთქი...

ყურმილი დავკიდე და ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა მთელი სხეული და ცრემლებიც მომადგა არა დაკავების, არამედ სწორედ მუხანათობის გამო. რომან გვენცაძემ (რომელსაც მიტინგებიდან უკვე ვიცნობდი) შინაურულად ჩამიკრა თვალი და სიგარეტი მომაწევინა. იმავე მიტინგებიდან ვარლამ შადურსაც ვიცნობდი, მაგრამ გვენცაძისაგან განსხვავებით ჩვენს მიმართ აგრესიასაც ამჟღავნებდა ხოლმე. რამდენჯერაც უნივერსიტეტში მოვიდოდა, რამდენიც არ უნდა ვყოფილიყავით, (ვმდგარიყავით ან ვმსხდარიყავით), მაინცდამაინც მე ამომარჩევდა ხოლმე და შენა ხარ დასახვრეტიო, - თითის ქნევით მეუბნებოდა. მოგვიანებით, როცა იგი ცოცხალი აღარ იყო, მათი სიძე გავხდი (შადურები ჩემი ცოლის ნათესავები არიან) და როგორც ჩანს, წინასწარ გრძნობდა სანათესაოს მომავალ დარდსა და უბედურებას.

თუმცა, მაშინ 1988 წლის 26 მაისს, დიღომში, მილიციის სამმართველოში ბატონ ვარლამს არანაირი აგრესია აღარ გამოუმჟღავნებია ჩემს მიმართ და ალბათ იმის გამო, რომ უკვე იქ ვიყავი და რაღა აზრი ჰქონდა. სამაგიეროდ რომან გვენცაძე ძალიან აქტიურობდა - მელაპარაკებოდა პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, ქალებზე და ბოლოს, ხუმრობა რომ დაიწყო, ჭაბუა ამირეჯიბს „დათა თუთაშხია“ არათუ დაწერილი, წაკითხულიც არა აქვსო, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო. მივხვდი, რომ დასაპატიმრებლად კი არ დამაკავეს, არამედ დროის გაყვანის მიზნით და ეს ყველაზე მეტად არ მაწყობდა, რადგან ოთხ საათზე მეტროში უნდა შევხვედროდი სხვა ლიდერებს და სტუდენტები იქ უნდა წამეყვანა, სადაც მიტინგი დაინიშნებოდა. მიტინგის ჩატარების ადგილი, წინასწარ და საბოლოოდ, შეგნებულად არ იყო გადაწყვეტილი და როგორც ჩანს, ყველაზე მეტად სწორედ ის არ უნდოდათ, რომ დისიდენტებს იმ დღეს სტუდენტებიც შეერთებოდნენ. ამას მერე მივხვდი, რომან გვენცაძემ მეორე ღერიც რომ მომაწევინა და ისევ თვალი ჩამიკრა, - დილით შენსავით ყველანი დავიჭირეთ და მერე გავუშვითო. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა თუ უკვე გაუშვით, მე აქ რაღა მინდა-მეთქი, - რომ გავიკვირვე, რომან გვენცაძემ მესამე ღერი შემომთავაზა - შენ ის თუ იცი, ბოლო, მეშვიდე სერიაში დათა რომ მეწისქვილეს ელაპარაკება, გარეთ ძაღლი ვის უყეფსო.

სხეული ისევ (და თან ისე) დამეჭიმა, რომ პასუხის თავიც აღარ მქონდა და ბატონ რომანს ბავშვივით გაუხარდა - ჭაბუასაც დავუსვი ეგ კითხვა და პასუხი იმანაც არ იცისო...

ხუთი საათისათვის, ანუ მაშინ, როცა მეტროს კონსპირაციას აზრი აღარ ჰქონდა, მათი ვარაუდით კი სტუდენტები ვეღარ მიიღებდნენ მიტინგში მონაწილეობას, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ერეკლე მეფის მოედანზე მიმიყვანეს და მომიტინგეებს იქ შევუერთდი. სწორედ იქ ვნახე პირველად ლოზუნგი, რომელსაც მონდომებით ართმევდნენ გია ჭანტურიას და რომელზეც ნაჩქარევად, მაგრამ გარკვევით ეწერა: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!..“

20 შენიღბული იმუნოდეფიციტი 2002

▲back to top


ცრემლიანი სათვალე

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

გიორგი გვახარია

ნაწილი ოცდამეათე

ევრო - ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა. ფიზიკური
ბანკნოტები და მონეტები შემოღებულ იქნა 2002 წელს
ვიკიპედია

იქნებ აუზზე დაგეწყო სიარული, ან რაიმე დიეტა გეცადა-მეთქი, ვუთხარი მარილინს, როცა მორიგი ვახშმის მერე ტახტზე წამოწვა და თავის დიდ მუცელზე დაირტყა ხელი.

ისე გაბრაზდა, კინაღამ სახლიდან გამაგდო. ეგ თქვენ არ მოგწონთ, ქართველებს მსუქანი ქალები, თორემ ბაქოში, მაგალითად, ხალხი თვალს ვერ მწყვეტდაო. „ხალხის“ სქესი არ დაუკონკრეტებია. „კაცების“ ხსენება მეტისმეტად ვულგარული იქნებოდა მისთვის.

ეს დიდი მუცელი მშობიარობის შემდეგ დარჩა. ბავშვი ვიღაც ლენინგრადელი ავანგარდისტისგან გააჩინა ( 93 წელს, როცა პარიზში, მარილინის სახლში მომიხდა ცხოვრება, იმ ქალაქს ჯერ კიდევ „ლენინგრადი“ ერქვა). ფეხმძიმედ რომ იყო, იფიცებოდა, მაგ კაცს ცოლი ჰყავს, ამიტომ ბავშვის ამბავს ვერასდროს გაიგებსო, მაგრამ როგორც კი ილია ამ ქვეყანას მოავლინა, ლენინგრადში დარეკა და ახარა: „Ты знаешь, у тебя красавец-сын“. ბავშვის მამას მაინცდამაინც არ ჰქონია რეაქცია. უფრო მეტიც, მარილინმა ტირილი რომ დაიწყო, ერთი ორი შეუკურთხა და ყურმილი დაუკიდა.

ცუდ ხასიათზე მადა ემატებოდა ხოლმე. იმ საღამოს ყველაფერი გადაჭამა, რაც სახლში მოეპოვებოდა. წამოწვა ტახტზე თავისი დიდი მუცლითა და ძუძუებით. დაისვა მკერდზე ბავშვი და იმის ახსნა დამიწყო, რომ სიმსუქნე - მხოლოდ გემოვნების საკითხია და რომ რუბენსი სწორედაც რომ ფუმფულა ქალებს ანიჭებდა უპირატესობას.

მარილინი მონმარტრზე ცხოვრობდა - ნესტიან ბინაში, რომელსაც მზის სხივი არასდროს აღწევდა. ეს სახლი მშობლებმა - მორწმუნე ებრაელებმა უყიდეს, როცა 18 წლის გახდა. ფეხმძიმობის პერიოდში მშობლებთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. ფულიც არ ჰქონდა. ამიტომ თავისი სამოთახიანი ბინის ერთი ნაწილი მე მომაქირავა - პარიზში, ერთი წლით გაქცეულ „სტაჟიორს“, მეორე კი ერთ კორსიკელ გოგოს, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო და არ ესალმებოდა.

ტახტზე წამოწოლილი მარილინი მართლაც ჰგავდა რუბენსის გოლიათ ქალს „ვაკხანალიიდან“, ბავშვებს რომ ძუძუს აწოვებს და ფეხის ნაცვლად ჩლიქები რომ აქვს. ჩემისთანა გერონტოფილისთვის ეს სურათი უმაღლესი ეროტიკულობის ნიმუშია. მით უმეტეს, რომ ამ სურათის ანალიზისას, ჯერ კიდევ აკადემიაში მასწავლეს - ვაკხანალიაში (უფრო სწორად, ბაკქანალიაში) თავდაპირველად მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ. ამ რელიგიურმა რიტუალმა ორგიის სახე მაშინ მიიღო, როცა მამაკაცებმაც მოინდომეს საიდუმლო მისტერიაში ჩართვა. ჰოდა, რა არის უმამაკაცოდ დარჩენილ ქალთა სამყაროზე უფრო იდუმალი და თუ გნებავთ, უფრო ეროტიკულიც?

სხვათა შორის, თავიდან ამ ლენინგრადელისგან ბავშვის გაჩენა სულაც არ უნდოდა. მეზობლები ჰყავდა - კანადელი გეი-წყვილი - ორმოცდაათს გადაცილებული მუსიკოსები, რომლებმაც ხელოვნური განაყოფიერებით დაორსულება შესთავაზეს. მგონი, დათანხმდა კიდეც. მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ის ლენინგრადელი ავანგარდისტი მხატვარი და მარილინმაც გადაიფიქრა, არაფერია, მარტო გავზრდიო.

0x01 graphic

ცოტა კი გაუჭირდა. ბავშვი ატირდებოდა თუ არა, ხან მე მირეკავდა და ხან თავის სხვა მეგობრებს. პანიკა ეწყებოდა. ტიროდა. დროდადრო, როცა რუსები რაღაც თარგმანს უკვეთავდნენ, მეც მიტოვებდა ხოლმე თავის ილიას.

ნამდვილად ლამაზი ბავშვი იყო. ამიტომ მოსწონდა მისი „ჩვენება“. დილაობით მაღაზიაში მიჰყავდა და კმაყოფილი ისმენდა კომპლიმენტებს. იმ საღამოსაც, ტახტზე წამოწოლილმა, ზედმეტი კალორიებითა და მარტოობით დათრგუნულმა, თვალებში შემომხედა და გამომიტყდა, მამამისმა რომ ნახოს, როგორი ანგელოზი ჰყავს, შეიძლება ტვინი გადაუბრუნდესო. მერე ბავშვი გვერდზე გადასვა, რაღაც სათამაშო მიაჩეჩა და მკითხა, პარიზში ეხლა ტიმურ ნოვიკოვია ჩამოსული, მამამისის მეგობარი. გამოფენა აქვს. როგორ ფიქრობ, ხომ არ დავპატიჟო და ილია „გავაცნოო“?

ჩემს პასუხს აღარ დაელოდა. აიღო ტელეფონი და ვახშამზე დაპატიჟა.

ამ ნოვიკოვის შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგონილი. საერთო მეგობარი გვყავდა უნგრელი ხელოვნებათმცოდნე აგნეშ ხორვატი, რომელმაც ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში მოუწყო გამოფენა ბუდაპეშტში. 93 წელს იგი უკვე რუსული ნეოაკადემიზმის გურუდ ითვლებოდა. ვიცოდი, რომ 80-იან წლებში ტექსტილმა გაიტაცა და საბჭოთა „სახლის კიტჩის“ (კედელზე დაკიდებული გობელენებით, ლომებითა და ვეფხვებით) რეაბილიტაცია დაიწყო. დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა ეპოქაში სახლის ინტერიერის გაფორმებაზე სწორედ დიასახლისები ზრუნავდნენ, ამიტომ „სახლის კიტჩი“, ქალური კრეატიულობის ეს უჩვეულო გამოვლინება, მასკულინიზაციისგან, მამაკაცური შოვინიზმის სიღორისგან (მალე პიგ ცჰაუვინისმ) გაათავისუფლებდა ხელოვნებას.

აი, მარილინიც - 1987 წელს, როცა პომპიდუს ცენტრის გამოცემისთვის ქართველების ტექსტებს თარგმნიდა, ჯერ კიდევ საფრანგეთის კომპარტიის წევრი იყო. მაგრამ ერთი წლის შემდეგ დემონსტრაციულად დატოვა კომუნისტები. არა იმიტომ, რომ ჩვენში „პერესტროიკა“ დაიწყო და საფრანგეთის კომპარტიასაც დაუვარდა რეიტინგი. მარილინი დემონსტრაციულად წამოვიდა პარტიიდან, როცა მიხვდა, რომ თანასწორობის იდეალზე აგებული ეს ორგანიზაცია ისევეა „დაგეგმილი“, როგორც საერთოდ, ისტორია - თეთრკანიანი მამაკაცის ისტორია.

იმასაც ვერ ხვდებიან, რომ წამდაუწუმ „ფრატერნიტე“, ე.ი. „ძმობა“ არ უნდა იძახონო... „აბა, რა უნდა თქვან, „დობა“ თუ „და-ძმობა?“ ვკითხე მე, გულუბრყვილომ... ქართულში, მაგალითად, ასეთი სიტყვა არ არსებობს და კორექტორი აუცილებლად გაგისწორებს, მდედრიც რომ იყოს-მეთქი. მერე დიდხანს მიხსნა, როგორ „შემოუგდო“ ქალებს ისტორიამ „გასაპრანჭი საშუალებები“ - პომადა, ნელსაცხებლები, რათა საკუთარი თავის გალამაზებაზე დაეხარჯათ დრო და ყველაფერს, რასაც „ძალაუფლების ინსტრუმენტი“ ჰქვია, არ მიკარებოდნენ. მოკლედ, საშინელი ეჭვიანი იყო ჩემი ფემინისტი მარილინი. ამიტომაც ცოტა ხანში, როცა ილიას ერთი წელი შეუსრულდა, ვიჩხუბეთ და სამუდამოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

არ მიყვარს ეჭვიანი ხალხი. იმდენად არ მიყვარს, რომ ზოგჯერ მეჩვენება კიდეც, რომ ეჭვიანობენ. „ეჭვიანობის ეჭვიანობა“ კი, მგონი, გერონტოფილიაზე უარესია.

2002 წლის ზამთარშიც არ გამხსენებია მარილინი, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის ფესტივალიდან სწორედ პარიზში გავუხვიე. ერთხელ ვახსენე მხოლოდ, ისიც არა პარიზში, არამედ ბერლინში - „შერბურის ქოლგების“ დამთავრების შემდეგ. გამახსენდა, როგორ ვერ იტანდა გერმანელებს, როგორ იმეორებდა, მაგათ, „შლიოპონცებით“ და ნიფხვებით რომ უყვართ მოგზაურობა, კიდევ ასი თაობა უნდა გამოიცვალონ, სანამ აუშვიცის ცოდვას არ გამოისყიდიანო (ბებია და ბაბუა სწორედ აუშვიცში დაუხოცეს)... მიკვირს, შენ ხომ ატანა არა გაქვს ადამიანის, ვისაც იუმორის გრძნობა არა აქვსო - დაამატებდა ხოლმე, როცა გერმანელების ადვოკატობას ვიწყებდი.

ჰოდა, ბერლინში, „შერბურის ქოლგების“ აღდგენილი ვერსიის პრემიერაზე დავრწმუნდი, რომ მარილინი იმიტომ არ ცდებოდა მხოლოდ, რომ საშინლად აზოგადებდა. „შერბურის ქოლგებმა“, ჩემს ბავშვობაში არაერთი ქართველი გოგო რომ ატირა კინოთეატრ „ყაზბეგში“ (ვაკელებს უყვარდათ, რატომღაც, ჟაკ დემის ეს სურათი), სიცილით დაწყვიტა 2002 წლის ბერლინელები. ათასჯერ მინახავს ეს სურათი, მეც მომრევია ცრემლი სცენაზე, როცა ალჟირიდან დაბრუნებული, დაკოჭლებული და ჟენევიევასგან მიტოვებული გი, დათვრება და დებოშს ატეხს ბარში. „ქოლგების“ ბოლო სცენა ხომ, საერთოდ, გენიალურია - იდეალური ფინალი - „ჰეპი ენდი“, გადაწყვეტილი მინორში!

მაგრამ სწორედ ბერლინში გავიაზრე პირველად, რომ ჟაკ დემიმ გადაიღო არა მელოდრამა უიღბლო სიყვარულზე, და არც ფილმი-ოპერა, თუ ფილმი-ოპერეტა, არამედ კომედია - იდეალური კომედია - როცა მაყურებელს, წესით და რიგით, საკუთარ ცრემლებზე უნდა გაეცინოს. გერმანელებმა ხორხოცი პირველივე სცენაზე ატეხეს, როცა გი, პროფილაქტიკაში მეგობარს სთხოვს, ამ საღამოს ოპერაში მივდივარ და იქნებ შემცვალოო. „არ მიყვარს ოპერა, მე კინო მიყვარს!“ - ეუბნება „ატვიორტკებით“ მომარჯვებული ხელოსანი. მერე უკვე ცხადი ხდება, რომ სწორედ ესაა ჟაკ დემის სიტყვები. მისი გმირები კი მღერიან („პლეიბეკსისტემით“ გადაღებული სურათი თავიდან ბოლომდე ისეა გახმოვანებული, რომ ერთ კადრშიც არ ისმის მსახიობის ხმა), ლეგრანის მუსიკაც თითქოს ყველაზე მეტად გამახსოვრდება „ქოლგებში“, მაგრამ დიდ ეკრანზე არა მუსიკა, არამედ კინო ახდენს მთავარ შთაბეჭდილებას - კატრინ დენევის კოსტიუმები, განსაკუთრებით ძალიან თხელი, ხან ყვითელი, ხანაც ვარდისფერი ჟაკეტი, მთლიანად შეღებილი საპორტო ქალაქი შერბური და, რაღა თქმა უნდა, „მზერების გაცვლა“ - ის, რისი გამოხატვაც მხოლოდ და მხოლოდ კინოშია შესაძლებელი.

ბერლინელები ამას უყურებდნენ და იცინოდნენ. აი, ისე - სილამაზეს რომ ხედავ და გიხარია ცხოვრება! ემოციურად ყველაზე უფრო დამუხტულ ფინალში, როცა „ნორკის“ ქურქში გამოწყობილი ჟენევიევი ოფისში შედის გისთან და ბავშვის შესახებ უამბობს, („არ შეხედავ ჩვენს გოგოს?“), შემორბის „მოსამსახურე“, ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭი და კითხულობს - „სუპერი ჩაგისხათ, თუ „ნორმალი?“... მაყურებელს აქ უკვე ნამდვილად გაეცინება თავის ცრემლებზე.

საკუთარ თავზე გაეცინება, საკუთარ ბიოგრაფიაზე.

0x01 graphic

განა დაიჯერებენ ოდესმე 18-20 წლის გოგო-ბიჭები, რომ მათი ბუნტი „ნორკის“ ქურქებით, მერსედესებითა და მყუდროდ მოწყობილი ოფისებით დასრულდება? განა დაიჯერებენ უსაზღვრო სივრცეზე, თანასწორობასა და „ფრატერნიტეზე“ მეოცნებე რევოლუციონერები, რომ ისტორია ნელ-ნელა შეავიწროვებს მათ სამყოფელს - კომფორტის განუყოფელი ატრიბუტებით - ოჯახი, ნაძვის ხე, ფერად ქაღალდებში გახვეული საჩუქრები, მოსამსახურეები...

1964 წელს, როცა ჟაკ დემი „შერბურის ქოლგებს“ იღებდა, ევროპელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები პარიზსა და რომში, ლონდონსა და ბერლინში... არ იცოდნენ, რომ მეამბოხე ყმაწვილები - „მერსედესებს“ რომ უმტვრევდნენ გაბღენძილ მამებს, ბოლოს და ბოლოს თავად მოკალათდებიან ამ „მერსედესებში“. რევოლუციური ინფანტილიზმის მასობრივი ეპიდემია დასრულდება ჰეპი-ენდით მინორში... ანუ „პოსტმოდერნისტული ინტეგრაციით“, ევროპული სოციალ-დემოკრატიის გადაქცევით კაპიტალისტური ისტემბლიშმენტის შემადგენელ ნაწილად.

აბა, როგორ არ უნდა გაგეცინოს ჟაკ დემის ამ წინასწარმეტყველებაზე?

2002 წელს, როცა „შერბურის ქოლგების“ დასრულების შემდეგ, თოვლიან ბერლინში, სიმღერ-სიმღერით გავუყევით შუაღამის დაცარიელებულ კუდამს, ქართველებს გვჯეროდა, რომ ისტორიას გამონაკლისებიც ახასიათებს და რომ ჩვენი რევოლუცია, რომლის გარდაუვლობაში აღარავის ეპარებოდა ეჭვი, მაინც განსაკუთრებული იქნება - რევოლუციონერი გოგო-ბიჭები კიდევ დიდხანს არ მოინდომებენ დაბერებას. საქართველოში არასდროს მოხდება თუნდაც ის, რაც გერმანელებმა გადაიტანეს; სიტყვები „სტაბილურობა“, „დისციპლინა“, „სახელმწიფოებრივობა“ არასდროს გახდება იარაღი ლიბერალური ჟანდარმერიის ხელში (განა მემარცხენეებისთვის დამახასიათებელი სუიციდური კომპლექსისა და თანატოსის ვნების არ ეშინოდათ გერმანელებს, როცა ჰიტლერს დაუჭირეს მხარი?). აგერ, ბერლინში ვიყავით, მერე პარიზშიც გადავუხვიეთ, მაგრამ საქართველოდან ისევ მოდიოდა „ჰორორი ამბები“ - უშიშროების საბჭოს შეფი, ნუგზარ საჯაია, ფაქტობრივად მთელ ქართულ მედიას რომ აკონტროლებდა, მკვდარი ნახეს საკუთარ კაბინეტში. შევარდნაძემ საჯაიას სიკვდილი ისევ მედიას დააბრალა - ვერ გაუძლო ამდენ შეურაცხყოფასო...

სხვები უძლებდნენ. უძლებდა ზურაბ ჟვანია, მაგალითად. 2002 წელს იგი აღარ იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მაგრამ ჟვანიას განცხადება „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“ მაინც არ უკარგავდა მოსვენებას „უძველეს ევროპელებად“ ქცეულ ქართველებს.

თებერვალში ჟვანიასთან ყველაზე მეტად დაპირისპირებულმა სოციალისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მოწოდებაზე „საქართველო ჩემი სამშობლოა, რუსეთი - ჩემი მეზობელი“. გაგაჩერებდნენ ქუჩაში და მოგაჩეჩებდნენ წერილს. აბა, როგორ არ უნდა მოგეწერა ხელი? იმას ხომ არ ჩაამატებდი, რომ „მეზობელმა რუსეთმა“ თავად არ იცის, სადაა მისი ადგილი ამ პლანეტაზე - ჩაადაევს ხომ არ გაახსენებდი წითელ მაისურებში გამოწყობილ ახალგაზრდა სოციალისტებს. იმ ჩაადაევს, რომელმაც პირველმა იკითხა, სად არის რუსეთის ადგილი, დასავლეთში, თუ აღმოსავლეთშიო? მერე კი თავად გასცა პასუხი, ჩვენ მარტოსულები ვართ მთელი დედამიწის ზურგზეო.

ხო, სწორედ ჩაადაევით დაიწყო ნოვიკოვმა ის დაუვიწყარი ვახშამი მარილინთან, 93 წლის დეკემბერში. პატარა ილიას მოუტანა ჩაადაევის წიგნი შობის აღსანიშნავად. მარილინმა მისთვის ჩვეული პირდაპირობით განუცხადა, მე მეგონა შენს კოლაჟს გვაჩუქებდიო.

აღარაფერი დამრჩა. ყველა ჩემი ნამუშევარი შარშან „რუსკი მუზეის“ გადავეციო.

კაპიშონიან პალტოში გამოწყობილი ნოვიკოვი ეგრევე ვიცანი - სოლოვიოვის ფილმში, „ასაში“ მყავდა ნანახი. მარილინმა ჯერ ილია „დაათვალიერებინებინა“, მერე ჩემზე უთხრა, „ფარაჯანოვის სპეციალისტიაო“ და რატომღაც პომპიდუს ცენტრში გამოცემული „ქართული კინო“ შეაჩეჩა ხელში. შევამჩნიე, როგორ გაღიზიანდა, ნოვიკოვმა ილიაზე რომ არ უთხრა კომპლიმენტები.

მარილინს უკვე კარგად ვიცნობდი. რუსებთან ჩხუბი, განსაკუთრებით საკუთარ ტერიტორიაზე, რაღაც წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა. ერთხელ ვუთხარი, რუსული კულტურის დასავლელ სპეციალისტებს, ერთნაირი კომპლექსი გაქვთ - საბჭოთა კავშირში ჩამოდიხართ და ევროპელებს თამაშობთ, მოგწონთ, როგორ დაგდევენ რუსები კუდში და როგორ ფლობთ აქ ძალაუფლებას-მეთქი.

ამაზე მეც მიფიქრიაო, მითხრა. ეტყობა მართლა ვერ მიშველა ჩემმა ფსიქოანალიტიკოსმაო.

ნოვიკოვის სტუმრობიდან სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ცხადი გახდა, რომ წონაში კარგა მაგრად მომატებული მარტოხელა დედა აუცილებლად გამოიყენებდა თავის ჩლიქებს.

სტუმარმა არა პატარა ილიას, არამედ პარიზის სილამაზეზე დაიწყო საუბარი; თქვა, რომ ნოტრ-დამის ტაძარმა ყველაზე მეტად განაცვიფრა და რომ ნაკლებად მოეწონა ტურისტული მონმარტრი. რაღაც ჰორიზონტალურ ხაზებზე ილაპარაკა ლენინგრადის დაგეგმარებაში და შეადარა პარიზის „არაპარალელურ ხაზებს“. მერე იკითხა, მოწევა თუ შეიძლებაო... არაო, რომ უთხრა და სადარბაზოში გაისტუმრა, მივხვდი, რომ მასპინძელი ნახტომისთვის ემზადებოდა.

ამასობაში ის კანადური „გეი-წყვილიც“ მოვიდა. მარილინის საყვარელი შამპანური დადგეს მაგიდაზე და ილიას წაეთამაშნენ. რუსული არ იცოდნენ, ამიტომ კარგად ვერ გაიგეს, რაზე ვჩხუბობდით.

დასავლელ მემარცხენეებს „წამოცდენები“ არ უყვართ. აი, მაგალითად, ნოვიკოვმა ბრძანა, ვერ წარმოვიდგენდი, მონმარტრზე ამდენი ზანგი („ნეგრი“) თუ ცხოვრობდაო და ეგრევე აინთო ჩემი მარილინი.

„- დაააა?“ - იკითხა თავისებურად.

რა ვთქვი ასეთიო, ეთიოპელი პუშკინიც კი წერდა თავის თავზე „ზანგების მახინჯი შთამომავალი ვარო“, აყვირდა რუსული კონცეპტუალიზმის მეტრი. მაგრამ მარილინისთვის პუშკინი სულაც არ იყო ავტორიტეტი. ერთხელ, როცა ისევ გერმანელების დაცვა მომიხდა, ვთხოვე, წაეკითხა ჰაინრიჰ ბიოლის „ბილიარდი ათის ნახევარზე“ - ვიცოდი, რომ მოეწონებოდა.

არ შევცდი. ბიოლის გმირის სურვილმა, დაანგრიოს ბებერი ევროპის მშვენიერი არქიტექტურული ნაგებობები, ყველაფერი, რაც ევროპულმა ცივილიზაციამ შექმნა, ჩემს ფუმფულა, მარტოხელა დედას ლამის ისევ მოანდომებინა კომპარტიაში გაწევრიანება. ჩემი არ იყოს, მარილინიც ღიზიანდებოდა იაპონელ ტურისტებზე, ფოტოს გადასაღებად რომ ჩადიან პარიზში და ორ დღეში უკან რომ ბრუნდებიან „არქიტექტურული ბარათებით“ ხელში. მარილინს მშვენივრად ესმოდა, რომ ევროპულმა ცივილიზაციამ წარმატებით გადაატანინა ყურადღება კაცობრიობას ადამიანიდან - ტაძრებისკენ, შენობებისკენ, სურათებისკენ (ვისკონტის პროფესორის მსგავსად ფილმში „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“). მარილინი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამ მოვლენამ - „ევროპულმა ცივილიზაციამ“ დაბადა თავის წიაღში ნაციზმი, ცივილიზაციამ, რომელიც კულტურის ძეგლებს კონკრეტულ ადამიანზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

0x01 graphic

აგერ ჟაკ დემის მეუღლემ, ანიეს ვარდამ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ „შერბურის ქოლგები“ რომ აღადგინა, ხომ დასცინა ამ „ცივილიზებულ ურთიერთობას“ თავის ფილმში „ბედნიერება“. იქ ახალგაზრდა კაცი, „ოჯახურ პიკნიკზე“, ტყეში, ბოლოს და ბოლოს გამოუტყდება ცოლს ღალატში. „რა ვქნა, შენც მიყვარხარ და ისიც. რატომ არ შეიძლება ორი ქალი ერთად მიყვარდესო?“. ქალი მშვიდად მოუსმენს, მოცარტის მუსიკის ფონზე. უფრო მეტიც, მადლობასაც გადაუხდის გულწრფელობისთვის. მერე ჩაეძინებათ. კაცსაც, ბავშვებსაც... ქალი დგება და ტბაში იხრჩობს თავს.

მაგრამ ნოვიკოვს კინოზე ლაპარაკი არ უნდოდა. ერთი მკითხა, შენ ხომ სამხატვრო აკადემიაში სწავლობდი, რატომ დაანებე თავი სახვით ხელოვნებას, კინოში რა გინდოდაო.

„იმიტომ, რომ გოგის არ უყვარს ძეგლები. ჩვენ ადამიანები გვიყვარს!“ - უპასუხა მარილინმა ჩემს მაგივრად.

ეს „უყვარს“ საიდან მოიტანა ნეტა? რომ ეთქვა „ადამიანები უფრო აინტერესებსო“, კიდევ აიტანდა კაცი. მაგრამ „უყვარს“ სრულიად ზედმეტი იყო. ამ სიტყვის გაგონებაზე უკვე კარგა მაგრად შემთვრალი ნოვიკოვი ადგა და მოსაწევად გაემართა. ის კანადური „გეი წყვილიც“ გაჰყვა. თუმცა ვიცოდი, რომ არ ეწეოდნენ.

ოთახში შემოვიდა თუ არა, იკითხა, დესერტი არ იქნებაო? მარილინის დუმილზე რაღაც საოცრად არაბუნებრივად გადაიხარხარა, მე შემომხედა და დაბალ ხმაზე მითხრა, თქვენი პოლიტკორექტულობაა სწორედ ადამიანის სიძულვილი. თქვენ გინდათ რომ ყველა ერთნაირი იყოს და დალტონიკებით გაივსოს სამყაროო.

„დაააა?“ - კიდევ ერთხელ იკითხა მარილინმა.

Пока уважаемые Левые! Я пошел - меня ребята пригласили в постель - გამოგვიცხადა ნოვიკოვმა და მარილინის მეგობრებთან ერთად დაგვტოვა - მე, მთელ სამყაროზე გაბრაზებული ჩლიქებიანი დედა და პატარა ილია, რომელსაც დიდი ხანია ტკბილად ეძინა.

ბევრი დავლიეთ იმ ღამეს. იმდენად გაიხსნა, რომ მკითხა, ბავშვი რატომ არ გინდაო. „კვალის“ დატოვების მეშინია-მეთქი, ვუთხარი და სხვა თემაზე გადავუტანე საუბარი - თუ მეხსიერება არ მღალატობს, სწორედ ანიეს ვარდას ფილმზე „ბედნიერება“.

ეს სიტყვა - „კვალი“, 2002 წლის მაისში ამოვიკითხე რომელიღაც რუსულ ინტერნეტსაიტზე - 43 წლის ასაკში გარდაცვლილი ტიმურ ნოვიკოვის ნეკროლოგში. ნოვიკოვმა თანამედროვე ხელოვნების „დესაკრალიზაციას“ მიაღწია“, მას ფეხზე ეკიდა შემოქმედებითი პროცესის შედეგები, მისთვის შემოქმედება არა „პროდუქტის შექმნა“, არა „კვალი“, არამედ ცხოვრების სტილი იყოო.

ნოვიკოვი რომ ავად იყო, აგნეშ ხორვატისგან ვიცოდი. ჯერ კიდევ 1997 წელს მითხრა ბუდაპეშტში, შიდსი აქვსო. სიცოცხლის ბოლოს წვერი მოუშვა, შავი სათვალე გაიკეთა. საერთოდ ვეღარაფერს ხედავდა და მოირგო კიდეც ტირესიას როლი. „ტუსოვკებზე“ დადიოდა ჯოხით ხელში, ლექციებს კითხულობდა თავის კერპებზე - ლარიონოვზე, მაიაკოვსკიზე, უორჰოლზე - მასობრივი იდეოლოგიის მანიპულატორებზე, რომლებიც ნოვიკოვისა არ იყოს, მთელი ცხოვრება სოციალური სივრცის სტრუქტურირებას მიმართავდნენ.

რუსეთში ახსოვდათ, რომ ნოვიკოვი თავის თავს „სიმულაციონიზმის“ მიმდევრად აცხადებდა - ყველანაირი სკანდალი სააზროვნო სივრცის გაფართოების საშუალებად მიაჩნდა. ასეთი ხალხისთვის „ძეგლად“, „წიგნად“, თუ „კვალად“ ქცეული ხელოვნება მართლაც არაა ფასეული. ასეთი ხალხისთვის მნიშვნელოვანი თავად ხელოვანის ცხოვრებაა - ადამიანის გადაქცევა ისტორიის ნაწილად... როცა შეიძლება „კვალი“ არ დატოვო, ან, გააქრო, სანაგვეში მოისროლო, მაგრამ მაინც მოხვდე „გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების“ მრავალტომეულში.

ამიტომაც, რუსეთში ბევრს არ სჯეროდა, რომ ნოვიკოვი ავად იყო. მით უმეტეს, რომ თავადაც არ აკონკრეტებდა რა სჭირდა.

მისი ბიოგრაფები, მეგობრები და, რაც მთავარია, თავად ნოვიკოვი, შიდსის დიაგნოზს კატეგორიულად გამორიცხავდნენ. „როკ-მომღერალი გარდაიცვალა გულის შეტევით. ვიღაცეებისთვის ეს ნიშნავს, რომ როკ-მომღერალი ნარკომანი იყო... მაგრამ ეს ხომ საშინელი სტერეოტიპია!“ - აღნიშნულია ნოვიკოვის ინტერნეტნეკროლოგში.

ნუთუ ნოვიკოვი, რომლის სექსუალურ თავგადასავლებზე ლეგენდები დადიოდა, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა სექსუალური რეპრესიების წინააღმდეგ, მალავდა, რომ შიდსი აქვს? რატომ? ნუთუ არ უნდოდა შესულიყო ისტორიაში როგორც პირველი რუსი ავანგარდისტი, რომელიც შიდსით გარდაიცვალა?

კი, ბოლოს და ბოლოს, მისი ბიოგრაფია - მისი საკუთრება იყო და როგორც სურდა, ისეთ ფინალს მოუგონებდა თავის ისტორიას. მაგრამ რატომ ასეთი ფინალი? რატომ შეინიღბა ასე სასიკვდილოდ განწირული მხატვრის იმუნოდეფიციტი?

„რევოლუცია უნდა გაგრძელდეს, მაშინაც კი, როცა კონტრრევოლუციას ჰგავს“ - წერს სადღაც ნეოაკადემიზმის მიმდევარი - ტიმურ ნოვიკოვი... ანუ სიცოცხლე, ზრდა, მოძრაობა უნდა გაგრძელდეს, მაშინაც კი, როცა არა გწამს უკვდავების. ყოველთვის უნდა დაიტოვო, თუნდაც წარმოსახული იდეალი საყოველთაო სამოთხისა, მაშინაც კი, როცა იცი, წარმოუდგენელი სიყალბეა ეს სამოთხე.

ეტყობა, მაინც იმედი ჰქონდა, რომ გადარჩებოდა... მერე რა ექნა? როგორღა ეცხოვრა „შიდსიანის“ სტატუსით?

ჩვენ, ყველას, გვაქვს იმედი, რომ არასდროს მოვკვდებით. ამიტომაც არ გვჭირდება „კვალი“... ცოცხალი რომ ხარ და აღარ კვდები, პასუხის გაცემა გიწევს იმაზე, რასაც „შენი კვალი“ ჰქვია. რა არის ამაზე უფრო აუტანელი?

P.S.

წლის ბოლოს თბილისში ერთი ფრანგი ჟურნალისტი გოგო ჩამოვიდა. სტატიას წერდა „ფსიქოს“ როლზე, როგორც თავად მითხრა, „დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაში“. საერთო ნაცნობები გავიხსენეთ - მარილინიც, რა თქმა უნდა. ვუამბე, როგორ ვიჩხუბეთ, როგორ მითხრა უკანასკნელი შეხვედრის დროს: „იმდენად ვგავართ ერთმანეთს, რომ ჩვენი მეგობრობა არასდროს გამოვაო“.

რამე ხომ არ გადავცეო, მკითხა ამ გოგომ და წასვლის წინ სახეზე მომაშტერდა: „ვაიმე, იცით, როგორ გგავთ მარილინის ილია? უკაცრავად, მაგრამ შემთხვევით თქვენი შვილი ხომ არ არის?“

0x01 graphic

21 ატრია

▲back to top


ერთხელ ინ ჯორჯია

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

აგე, ლექსიკონი გადავშალე და ვეძებ, იმიტომ, რომ ბევრი სიტყვა არ მოიძებნება ქვეყნად ისეთი, უცხო ენებზე რომ იცოდე და საკუთარ ენაზე კი არა.

ასეთი ჩვენს სინამდვილეში, მგონი, მანქანის ნაწილებია: პორშინები, კალოტკები, თუ კალოდკები, რასპრედვალი, კრესტავინა, კარობკა და ასე შემდეგ, რომელთა ქართული შესატყვისებიც არსებობს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცის და მგონი, მთლად ევროკავშირის ევროკავშირში რომც შევიდეთ, ამ სიტყვებს ქართულით ვეღარაფრით შევცვლით, ვინაიდან ისინი ცოცხალ ენაშია გამჯდარი და მარად იცოცხლებს პროფილაქტიკებსა და მანქანების ბაზრობებზე.

კიდევ რამდენი სიტყვაა ისეთი, რომელსაც კაცი საერთოდ ვერ მოკრავს ყურს. აი, დაიბადება, გაიზრდება, დავაჟკაცდება, შეჭარმაგდება, დაბერდება და გარდაიცვლება, სიტყვა კი ერთხელაც არ შეეყრება. ანდა შეეყრება სულ ერთხელ, ან ორჯერ, ვიღაცის ნათქვამად და მის მნიშვნელობას კი ვერ გაიგებს.

უცნაური ბედი აქვს სიტყვა ატრიას, რომელიც, ალბათ, ცოტამ თუ იცის ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო ცოტა თუ მოიხმარს. გუშინდლამდე მეც არ ვიცოდი, მაგრამ ლექსიკონებს ჩავხედე და მალევე ვიპოვნე.

რა დიდი რამე უნდოდა ამ სიტყვის გაგებას, მაგრამ საკვები, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში ბოლო დრომდე დიდად არ ჩანდა, ახლა კი არის ჩინურ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში.

ეს სიტყვა ხმამაღლა არასდროს გამიგონია. თავად სიტყვად კი, არა უშავს, მეტიც, შეიძლება უფრო დიდ და მნიშვნელოვან რამესაც აღნიშნავდეს.

გამიგონია, საქართველოში ბევრი სიტყვა ოციან წლებში მოიგონესო და ვიფიქრე, შეიძლება ესეც იმ დროს იყოს მოგონილი, როცა ვაგონს რონოდა დაერქვა, სოსისს მოწოწნიკი, ასანთს წუმწუმა, ონკანს კროჭი და ასე შემდეგ-თქო, მაგრამ ასე არ გამოდგა.

ატრია.

მშვენიერი სიტყვაა.

სულხან საბას ლექსიკონში ხმელი პურის შეჭამადს ჰქვია, რუსულ-ქართულ ლექსიკონში კი იმ განთქმული ბურღულეულისთვის მიუსადაგებიათ, რომელსაც ჩინური ძირი, აღმოსავლეთის ჰანის დინასტია, ყვითელი მდინარე და ათასი რამე ახლავს თან. ჩვენებურ ენაზე ჩინური წარმოშობის მაკარონი შეიძლება ვუწოდოთ, რუსები კი, რა გასაკვირია და, ლაპშას ეძახიან, ხოლო ინგლისურად მოლაპარაკენი - ნუდლსს. ნუდლს. ნუდლს. ნუდლს.

რუსებს გამოთქმაც კი აქვთ, ყურებზე ლაპშას ნუ ჩამომკიდებო, ანუ ნუ მადებილებო, ხოლო ინგლისურენოვანების გამოთქმების არაფერი ვიცი.

მართლა სასაცილო იქნება კაცი, ყურებზე რომ კარგად მოხარშული ატრია აქვს ჩამოკიდებული.

მგონი, ამ კაგდატა ვ ამერიკემ ეგრე დაგვმართა ბევრს.

ჰო, იმას მოგახსენებდით, ჩვენთან ეს სიტყვა, მგონი, თვითონ ჩინურ სუპ-ლაპშაზე ბევრად ადრე შეიქნა პოპულარული, ვინაიდან სერჯიო ლეონეს ფილმის მთავარი გმირის მეტსახელი იყო: დევიდ არონსონი, იგივე ნუდლს.

ნუდლს.

არსებობდა ამ კინოს რამდენიმე არაფორმალურ-არაოფიციალური გახმოვანება, იმ განთქმული ხმებით, 80-იან წლებში რომ თარგმნიდნენ ვიდეოსთვის განკუთვნილ ფილმებს. ერთი წვრილხმიანი იყო, მეორე ბოხხმიანი. მგონი, ბოლოს ორივე ერთი კაცი გამოდგა.

ჰოდა, ზოგ კასეტაზე ერთხელ ამერიკის მთავარ გმირს ლაპშას უწოდებდნენ, ზოგ კასეტაზე ნუდლსს. ორივე სიტყვა დასწავლილ იქნა.

საკუთრივ ატრიის სუპი არასდროს მენახა, თვით მოსკოვშიაც კი, მაგრამ სიტყვის მნიშვნელობა კი ორ ენაზე ვიცოდი. შეიძლება ინგლისურად ბევრი არაფერი სიტყვები სცოდნოდა იმ დროში ყმაწვილს, ვინაიდან ფაკ იუს ფორკ იუდ გამოთქვამდა, მაგრამ ნუდლს კი იცოდა.

ამ ნუდლსს, უკვე ციხიდან გამოსულს, დე ნირო თამაშობდა.

ატრია, ესე იგი. დევიდ არონსონ.

მთავარი კაცია, გმირია ამ ერთხელ ამერიკაში. მთავარი ამბავი მისი ამბავია.

სიმართლე რომ ვთქვა, არც ეს ნუდლსი მომწონდა და არც მისი ამბავი.

დიდი ვერაფერიშვილი ამბავი იყო. პატარა ძმაკაცის მკვლელის და ზედაც მივარდნილი პოლიციელის აფექტური ბიჭური მკვლელობის შემდეგ მრავალწლიანი ციხიდან გამოსული, ეს ჩვენი ნუდლსი, ჩვეულებრივი კაცი იყო. ჩვეულებრივი განგსტერი, რომლის სახელიც თავის ძმაკაცებს შორის, ალბათ, ამ მკვლელობას უნდა დამყარებოდა. ეგრეც გამოდიოდა.

მაგრამ არაფერი კაცი არ იყო. ბავშვობისას ბევრად ჭკვიანი ჩანდა. გაზრდილი კი ისე იქცეოდა, თითქოს ვიღაცას მისი ვალი ჰქონდა. სიბერეშიც მთლად ისე გამოუვიდა, როცა ძმაკაცისგან მოტყუებული სიმართლის გარკვევას ცდილობდა, რომ თითქოს ნელსონ მანდელა ყოფილიყო და თან რაღაც მორალური საზომი გამომდგარიყო. მორალური საზომი ალბათ ის ჰქონდა, რომ ძმაკაცების ერთგული იყო და მეორე მასავით გადარჩენილი ძმაკაცი, ჩათლახი მაქსი კი ასეთი ვერ გამოდგა და მისი მარადიული შეყვარებულიც კი შეირთო.

ეგ არის და ეგ.

ჰოდა, ძმაკაცობის მორალი, ჩვენთან ისედაც ძლიერი იყო.

ნუდლსისგან, მგონი, მეტი არაფერი უნდოდათ. დანარჩენი, მისგან ნაკეთები და ნაფიქრი, უკეთეს შემთხვევაში, მკრთალი იყო, უარეს შემთხვევაში, მეტად მდარე გემოვნებისა.

ეხლა, ძალიან რომ არ გავაჭრელო, ეს ნუდლსი ვერ განვითარდა.

ბავშვობაში აზროვნებდა, ერთხელ, უნიტაზზე მჯდომმა, მარტინ იდენიც კი გადაშალა, მაგრამ აშკარაა, რომ წიგნების კითხვას სხვა რამე არჩია. ძნელია ასეთ უბანში მარტინ იდენზე ფიქრი. რაღა მარტინ იდენი მიაჩეჩა. ოჰ, გემოვნება, გემოვნება.

ამ წიგნის გადაფურცვლას, მრავალსაათიან ფილმში არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. გადაფურცლა და მორჩა. მერე, სიბერეში მსუქანა მომ ჰკითხა ნუდლსს, იგივე ატრიას, მთელი ეს წლები რას აკეთებდიო. მგონი, მსუქანა მომ ჰკითხა, ისე კი თავს ვერ დავდებ და ატრიამ მიუგო, ადრე ვწვებოდიო. რახან ადრე წვებოდა, ეგებ წიგნიც გადაეფურცლა, რომ უკეთ დასძინებოდა, მაგრამ მობერებულ ატრიას საერთოდ არ ეტყობა, რომ რაიმე გადაეფურცლა, ან რამე ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება შეეძინა ნიუ-იორკში არყოფნის წლებში, რომ ამაზე დავფიქრდეთ.

სათვალე კი ანიჭებს პროფესორის იერს, მისი მეგობარი მაქსისგან განსხვავებით, რომელიც, სანამ ნუდლსი ადრე იძინებდა, მინისტრ ბეილიდ გარდაისახა, მაგრამ ეგ არის და ეგ. სათვალე და შევერცხლილი თმა. როგორც რობინზონ კრუზოს მიწურულში სწერია, სიკვდილი ცოცხალ ნაძირალას მკვდარ ნაძირალად აქცევს და მეტი არაფერი.

ნუდლსის ხელობის კაცი რომ მოგეწონოს, ის ჟან ვალჟანს უნდა ჰგავდეს. მართალია, ატრიამ ორი კაცი გამოწელა, ხოლო ჟან ვალჟანმა მხოლოდ ბულკი და შანდლები მოიპარა ცხოვრებაში, მაგრამ ორივეს ციხის გამოცდილება აქვს.

ციხეების მგონი საუკეთესო მცოდნე, ვარლამ შალამოვი ამბობს, რომ ჟან ვალჟანი არ არსებობს და ასეთი ტიპი ყოველთვის შემოქმედის მოგონილი და გაკეთილშობილებულია, მაგრამ სერჯიო ლეონეს, მგონი, ასეთი ტიპი არც ჭირდებოდა. მგონი, მან მთლიანად ამბავი გადაიღო და, სიმართლე რომ ითქვას, ჩვენთანაც, ამ ტიპებით აღტაცება და გადარევა, შესანიშნავი შვიდეულის გმირებისგან განსხვავებით, არ შეიმჩნეოდა.

არავინ იტყოდა, აი, ნუდლსი რა მაგარი ტიპია, ანდა პეტსი რა მაგარი ტიპია, ანდა ბრუციანიო... მაქსზე აღარაფერს ვამბობ. საერთოდ მიკვირს, ასეთი რა მაფიოზო იყო, ანდა მაფიას მეოცე საუკუნის რომელ ათწლეულში გაჰყავდა მინისტრებად თავისი ხალხი ამერიკის ადმინისტრაციაში. გეხვეწებით, ნუ დაიჯერებთ, რომ სერიოზულად ვლაპარაკობ. მგონი, ტონიც კი დამეკარგა.

რომანტიკული სამოციანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც ყმაწვილებსა და ჭაბუკებს კრისი, ვინი, გარი, ლი, ბერნარდო, ბრიტი და ჩიკო აღაფრთოვანებდნენ, ბიჭები სიარულში იულ ბრინერს ბაძავდნენ, ხოლო ბრიტის დანა ლამის ლეგენდად იქცა, ისევე, როგორც ტარზანის ნახტომი ორმოცდაათიანი წლების თბილისის ცაცხვებზე, ერთხელ ამერიკის გმირები სულაც არ იყვნენ მნიშვნელოვანნი.

როგორც ახლო ქართლის სოფლებში იტყვიან, ჩემი იწრო გაგებით, საჭირო ახალგაზრდობა სქემებმა და ურთიერთობის ფორმებმა, ამასთანავე, ამ ფილმში არსებულმა სტრუქტურებმა აღაფრთოვანა. რაღაცნაირი, ირიბი სახელმძღვანელო იყო.

შესაძლოა, ვიღაცას ტონი მონტანა უფრო მოსწონდა, როგორც მთლად თავზეხელაღებული ვინმე, მაგრამ ლიცო სა შრამამში არანაირი სტრუქტურა და საგა არ იყო.

აქ კი, ბიჭებმა დაიწყეს და ერთად წამოვიდნენ. საქმეებს ასე აკეთებდნენ, ასეთი ერთობა ჰქონდათ, ასეთი პატიოსნება, საერთო ფული და ერთმანეთისგან დამალულიც არაფერი. იმას, მგონი, აღარავინ აქცევდა ყურადღებას, ეს მაქსი რომ სრულიად მატყუარა და ძმაკაცობის მოღალატე გამოდგა.

არც იმას, ასეთი მაგარი ნუდლსი რომ უღონოდ დაჩანჩალებს ქუჩებში და ადრე წვება.

ეს ფილმი ისეთ იერს ქმნიდა, რომ ამერიკა ბანდიტების ქვეყანაა. 70-იანი და 80-იანი წლების საბჭოთა ეკრანებზე გამოსული ამერიკული ფილმებიდან ასეთ დასკვნას ნამდვილად ვერ გამოიტანდი, თუნდაც ორასჯერ გენახა კოტნ კლაბი, მაგრამ მაშინ ვიდეოს ეკრანზე ბევრად მეტი ძალა ჰქონდა, ისე მიენდობოდა ყმაწვილობა, რომ მეტი არ შეიძლება.

ბონი და კლაიდი კი არ მოსწონდა ვინმეს, სწორედ ეს: ბიჭები ერთად და განგსტერული საქმეების კეთება.

საერთოდ, მგონი, ამ ფილმს არავინ უყურებდა როგორც მხატვრულ ფილმს. ეს იყო ამბავი, რომელიც მოხდა და მთავარი დასკვნა კი, მგონი, ის იყო, რომ ცხოვრება ასეთია და ამერიკა ასეთია.

მაგალითად, ერთი ბიჭი მეუბნებოდა, რომ ამერიკაში განგსტერები პატივით იკრძალებიან დიდ აკლდამებში და სწორედ იმ ამბავს იხსენებდა, მოხუცი ატრია რომ თავისი მეგობრების აკლდამაში მიდის, რომელიც თითქოს თვითონ აუშენებია.

ერთხელ, მძიმე სროულობათა ჟამს, ქალაქგარეთა აგარაკზე კაი ნაცნობები მეწვიენ, ღმერთმა იმათი სული გაანათლოს, ჩვენთანაო უფროსები არიან სახლშიო და ცოტა ხნით თქვენს სამზარეულოს გამოვიყენებთ, ბალახეული რამე უნდა გავაშროთ გაზქურაშიო. იმდენი თოფ-იარაღი ესხათ და იმაზე არაფერს ეტყოდნენ სახლში და ერთი მუჭა ბალახეულის ტაფაზე დაყრას კი მორიდებოდნენ. სროულობდნენ ეს ბიჭები მაშინ და ყველამაც იცოდა, რომ სროულობდნენ, მაგრამ აი, ჩვენებური ამბავი ასე იყო, რომ სროულობა კი და ბალახეულის გაშრობას ვერ იზამ.

ქვემოთ ჩავედით სამზარეულოში და თურმე ის ბალახეული მალე შრება, თან კი ლაპარაკიც მოჰყვა, ძირითადად ხალისიანი: იმათი მხრიდან მიმტევებლურ-მეგობრული, ჩემი მხრიდან ფრთხილი, მაგრამ რაღაცნაირად ჯიუტი.

არსებულ ვითარებას აქებდნენ, ეხლაო, სულ კარგმა ხალხმა აიღო ხელში საქმე-ბიზნესებიო, ნახე როგორ განვვითარდებითო. ამერიკაშიც ეგრე არ არიო, ამერიკა ვინ გააკეთაო, მაგარმა ბიჭებმაო. არა, მეთქი, არ გაუკეთებიათ მაგარ ბიჭებს, მაგარმა კაცებმა გააკეთეს და ამაზე ვკამათობდით.

ეტყობა, ისე ვუმტკიცებდი, რომ კვდებოდნენ სიცილით, წრფელი, კეთილი სიცილით. შენ კი იცი, ეგეთი პონტებიო, მაგრამ მაინც ეგრე არ არიო. მე რომ ჯორჯ ვაშინგტონს ვიტყოდი, ისინი ლაკი ლუჩანოს დასცხებდნენ, მე რომ ბენჯამენ ფრანკლინს ჩამოვიდოდი, ისინი მეიერ ლანსკის ახსენებდნენ. ჰოდა, მერე ერთმა მითხრა, კაგდატა ვ ამერიკე ხო გაქ ნანახიო. ეგ არი ამერიკაო და ჩვენთანაც მაგ პონტში თუ გავაკეთებთ, კაიაო.

ჩემი რეიგანის სურათი იმ დროს სრულიად ძალადაკარგული იყო.

რაღაცნაირი ამერიკა მქონდა ჩადებული თავში, ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ეგ იყო ამერიკა და ეგ არი ამერიკა. ვითომ ამერიკა ერთი რაღაც სამყარო იყოს, ნუდლსისნაირი ტიპებით სავსე და ნუდლსისნაირი ტიპებისგან მართული. იმ საწყალ ატრიას აბა რისი მართვა შეეძლო, მაგრამ მაინც.

იყო დრო, აბა რა: კრივს ფრენკი კარბო და ბლინკი პალერმო მართავდნენ. იყო ის ჩიკაგო, როგორ არა, მაგრამ მარტო ის ჩიკაგო ხომ არ იყო. აბა, ჩადი ახლა და ნახე ჩიკაგო.

ჩემი ამხანაგი იყო იქა და ერთ ოფისში შევედიო და აქ ოდესღაც ალ კაპონეს ოფისი იყოო, მითხრესო. ეგ არი და ეგ. ისხდნენ ვიღაც გოგოები კომპიუტერებთან და უკაკუნებდნენო. ამათ კიდევ, აკლდამები აქვთ დიად განგსტერებსო.

დაჯერებაა საქმე, ხელოვანის ნამოქმედარის აღქმა ასე და ამგვარად, თორემ, ეგებ სადმე ვინმეს აკლდამაც კი ჰქონდეს.

ერთ ჩემს ამხანაგ გოგოს ფულიანი კავალერი გადაეკიდა. მაშინაც მძიმე წლები იყო, ჰოდა, ერთხელაც, დავაი, ვახშამიო. დიდი ქალაქელოვსკი ვინმე კი არ იყო ეს კავალერი, უფრო ახლადწამოქაჩული გახლდათ, ჰოდა, წაიყვანა ვახშამზე და შევიდნენ რესტორანში და სულ ცარიელია რესტორანი და იქით კიდევ ვიტრინა, და დასხდნენ და რაღაცნაირი სიჩუმე იყო და ამან უთხრა, კავალერმა, ხო მოგიწყვე კაგდატა ვ ამერიკეო.

იქ რომ სცენაა, ნუდლსი და მისი მარადი შეყვარებული რესტორანში.

აი, ჰო, მივადექი კიდევ ერთ ამბავს.

სტრუქტურ-მუქტურები იქით იყოს და მეორე საკითხი იყო გემოვნების საკითხი.

ატრიას და მისი მეგობრების თავგადასავალში თუკი რამეა სახუმარო, ყოველივე დაკავშირებულია მამაკაცური სიამაყის საკითხებთან. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ფილმის ხალისი გენიტალიებზეა აგებული. სულ ბიჭობიდან რომ წამოვყვეთ, ეგრეა. აქ რამე მორალისტურ ამბავში კი არ ვქადაგებ, უბრალოდ, ეგეთი ხუმრობები მდარეა, იმიტომ, რომ იოლი მოსაფიქრებელია.

ნუდლსი უცნაური კაცია. ბრილიანტების მოსაპარად რომ შეცვივდებიან, პირდაპირ ქალს ეტაკება. მერე ეს ქალი ნუდლსის ამოცნობას ლამობს ჩამწკრივებულ მეგობრებში. ფილმის მთავარი ხალისი არის ზონზროხა მეძავი პეგი, რომელსაც ესენი ბავშვობიდან დასდევენ... ეს ყველაფერი გასაგებია. დაახლოებით ვხვდები, რატომაც ირჩევს ლეონე ასეთ ხალისს და ჩვენი კეთილი ატრიას უხეშ სექსს რატომ შეგვადარებინებს მის რთულ და წრფელ სიყვარულთან, მაგრამ გემო ამ ამბების ძალიან მდარეა.

ჩემი ლამის საყვარელი მსახიობი, ბარტ იანგი, რომელიც ამ ფილმში იტალიელ მაფიოზოს ასახიერებს ჯო პეშისთან ერთად, როგორც ღორი, ისე ჭამს, ეს ჩვენი დახვეწილი ბიჭები კი, ნუდლსისა და მაქსის თამადობით, უყურებენ და უსმენენ. ის ყვება ვითომ სასაცილო უხამსობებს და ესენიც ძალისძალათ იცინიან.

მე თუ მკითხავთ, ეს სადილის სცენა არის ყველაზე მაგარი სცენა ამ ფილმში, ვინაიდან, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც აქცენტირებულად შეიძლება იგრძნოს კაცმა, რა დონის, გაქანების, გემოვნების და მისწრაფებების ხალხთან აქვს საქმე.

მაგრამ მაშინ ეს დიდად შესამჩნევი ამბავი არ იყო.

ამ ფილმის გემოვნება, გემოვნებაში გაჯდა. გაჯდა თუ დაემთხვა, არ ვიცი. მერე ეს განგსტერული დახავსებული გემოვნება, მგონი, ცოტათი შეცვალა ჯონ ტრავოლტამ ფალფ ფიქშენიდან, მაგრამ ამ ორ რამეს შუა ჩვენი ქვეყანა დაიქცა.

ყველაზე დასანანი ეს იყო, რომ ამ ფილმის ოხუნჯობებს, როგორც მართლა სასაცილო რამეებს, ისე ყვებოდნენ. ანუ, გემოვნება მიღებული იყო.

საერთოდ, მგონია, რომ ლეონე, როგორღაც ნეიტრალურად იღებდა ამ ამბავს. ამბად იღებდა და არა გმირებად. გმირები არც იყვნენ. უცნაურია. გმირი არ იყო, მაგრამ მიმბაძველობა კი, და შინაგანი ნდობა, განუსაზღვრელი.

რატომ, ეს ოხერი, რატომ.

არის მიზეზები.

უმიზეზოდ, აბა, რა იქნება?

მაგრამ ახლა, იმათ მოთხრობას ვერ დავიწყებ.

ნაცნობი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფრაზა უნდა გავიმეორო: იმისთვის, რომ ეს ამბავი გაიგო, ამისწინა ამბავი უნდა იცოდე, ხოლო, იმ ამბავს ვერაფრით გაიგებ, თუ ის ამბავი არ იცი, მანამდე რომ მოხდა...…

დაახლოებით ისე, როგორც ვოლანდი ამბობს, იმ გოგომ უკვე დააქცია მზესუმზირის ზეთიო და ამიტომ დედა გეტირება, შენ, ბერლიოზოო.

ჰოდა, ეგრე მგონია.

ატრია კიდევ, თავიდანვე მკვდარია. არ არსებობს. მგონი, ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ვიღაცებმა იფიქრეს, რომ ეს მათი ნამდვილი ცხოვრებაა. ანდა, ცხოვრება სწორედ ეს არის.

(გაგრძელება იქნება)