ცხელი შოკოლადი №16


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ასათიანი ლიზა, კორძაია-სამადაშვილი ანა, კიკალეიშვილი სალომე, გუშარაშვილი გვანცა, ბაბუაძე თამარ, ნავერიანი სანდრო, მორჩილაძე აკა, მარი გიორგი
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე ვიზაჟი აუკა მურვანიძე რეკლამების მენეჯერი: ნატა ფედოსეევა ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია სანდრო კაკულია დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძე კახა თოლორდავა სანდრო ნავერიანი გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია.



1 რედაქტორისგან

▲back to top


0x01 graphic

გასული თვის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა shokoladi.ge-ზე მოხდა. ერთ მშვნიერ დღეს, ჩვენი საიტი მოვინახულეთ და იქ თქვენი 100-მდე შევსებული ანკეტა დაგვხვდა. ნეტავ იცოდეთ, როგორ გავიხარეთ! ამოვბეჭდეთ, კითხვას შევუდექით, რედაქციის ერთი ოთახიდან მეორეში დავრბოდით, ერთმანეთს ოვაციებს ვუზიარებდით და დასკვნების გამოტანაც არ დავაყოვნეთ. თქვენი შეფასებები თითქმის ყოველთვის ემთხვევა ჩვენსას! თქვენი საყვარელი ავტორები ჩვენი შეფასებითაც „საუკეთესოები“ არიან (გახსოვთ ჩვენი სლოგანი? „საუკეთესო ავტორები, საუკეთესო ისტორიები“?) თქვენი დაწუნებული მასალებითა და პროექტებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ჩვენ ვამაყობთ. მოკლედ, დიდი მადლობა, რომ არ დაიზარეთ და საკმაოდ ვრცელი ანკეტა სკრუპულოზურად შეავსეთ. სამაგიეროდ, ძალიან დაგვეხმარეთ, კიდევ უფრო უკეთ გაგვეგო თქვენი გემოვნების, სურვილებისა და მოლოდინის შესახებ. ამიტომ, ჩვენც უკეთ შევძლებთ ვიყოთ თქვენი, და მხოლოდ თქვენი ჟურნალი.

მადლიერების ნიშნად, „ცხელმა შოკოლადმა“ თქვენი მისამართით უკვე გამოგზავნა საჩუქრები. თუ არ მიგიღიათ, აუცილებლად შეგვატყობინეთ. ფოსტალიონს გავკიცხავთ და თქვენს ადგილსამყოფელსაც აუცილებლად ვაპოვნინებთ.

და რაც მთავარია! ველით უფრო მეტ გამოხმაურებას!

შეხვედრის ადგილი უცვლელია: www.shokoladi.ge.

ჩვენ ერთნაირად ვაფასებთ „ცხელ შოკოლადს“ და ამიტომ, ამჯერად უფრო დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნომერი ძალიან მოგეწონებათ.

რატომ? იმიტომ, რომ ანა კორძაია-სამადაშვილი წერს ამბებს ორი ძალიან კარგი ადამიანის შესახებ, ვისითაც ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ. მსახიობი და რეჟისორი ნინო კირთაძე, თავის არცთუ ისე იოლი ცხოვრების მიუხედავად, წარმატებული, ირონიული, ოპტიმიზმით სავსე საინტერესო ადამიანია. ბატონმა გივი მარგველაშვილმა 22 მარტს მიიღო გერმანიის ერთი-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, გოეთეს მედალი გერმანული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. ასეთი კარგი ამბები ხომ ძალიან იშვიათად გვესმის. ამიტომ, შეგახსენებთ, რომ თუ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ გივი მარგველაშვილის „მუცალი“, ან „კაპიტანი ვაკუში“ და, რაც მთავარია, ქართული თარგმანი ახლახანს გამოსული წიგნისა „მე წიგნის გმირი ვარ“, რადგან ყოველი ახალი მკითხველი ბატონი გივისათვის ხელახლა დაბადების ტოლფასია.

ამ ნომრის გმირია პირველი ქართული მუსიკალური ჟურნალის რედაქტორი ნიკო ნერგაძეც. ნიკო ნერგაძე და ჟურნალი „ოზონი“ გთავაზობთ ჟანგბადითა და მუსიკით გამდიდრებული ჰაერის ნაკადს და ძალიან ბევრს მუსიკის შესახებ. სხვათა შორის, ვიდრე ნიკო ჩვენს საგამომცემლო ჯგუფს შემოუერთდებოდა, ის ერთადერთი ავტორი იყო, ვის არყოლაზეც „ცხელ შოკოლადს“ ნამდვილად სწყდებოდა გული. ამიტომ, ხვდებით ალბათ, რატომ ვამაყობთ ასე „ოზონითა“ და მისი მთავარი რედაქტორით.

მელომანებს, და არა მხოლოდ მათ, ამ ნომერში სხვა სიურპრიზიც ელით. კახა თოლორდავა გვიყვება მაილზ დევისის ყველაზე რთული პერიოდის შესახებ. „5 წელი მუსიკის გარეშე“ ის პერიოდია, როცა მაილზი დემონებსა და სიკვდილს ებრძოდა და მისი გადარჩენა აღარავის სჯეროდა. საბედნიეროდ, მაილზმა ამ 5 წელს თავი დააღწია და მას მერე კიდევ ბევრჯერ შეძლო ჯაზში რევოლუციების მოხდენა.

ნამდვილად არ გადავაჭარბებ, თუ გეტყვით, რომ ლიზა ასათიანი გადაყვა ლონდონის „კეთებას“. წარმოიდგინეთ, რა რთულია წერო ქალაქზე, სადაც 12 წელი ცხოვრობდი და იმდენად შენია, რომ მის შესახებ ჟურნალის რამდენიმე გვერდზე თხრობა საკმარისი არ არის. თან ლიზას ძალიან უნდოდა თქვენთვის ის ლონდონი ეჩვენებინა, სადაც შემთხვევით ვერასოდეს მოხვდებით. მის შესახებ უნდა იცოდეთ და მის მოსანახულებლად და განსაცდელად საგანგებოდ გაემგზავროთ. ასე რომ, Bon Voyage!

ლონდონში მეგზურობას აკა მორჩილაძეც გაგიწევთ. ის ამჟამადაც იქ არის და ახალ რომანს წერს. აკას წერილის წაკითხვის მერე, ლონდონის სოჰოში გულგრილად ვეღარასოდეს შეაბიჯებთ და იმ ადგილების ძებნასაც დაიწყებთ, სადაც აკა გეპატიჟებათ.

კიდევ ბევრ გემრიელ წასაკითხს გთავაზობთ „ცხელი შოკოლადის“ ეს ნომერი, მაგრამ, აბა, ცოტა სიურპრიზადაც ხომ უნდა დაგიტოვოთ. თან, მგონი, ადგილიც აღარ მრჩება. ბედნიერ გაზაფხულს გისურვებთ!

შორენა შავერდაშვილი

ჩვენი ავტორები

0x01 graphic

ლიზა ასათიანი

არ ვარ ანგლოფილი, არ მიყვარს ბრიტანული საჭმელი და ფეხბურთი. არ ვსვამ ლუდს და თებერვალში ფეხშიშველა არ დავდივარ. ვარ ლონდონოფილი და ლონდონის არმოწონებას პირად შეურაცხყოფად ვთვლი. ლონდონი არ არის მხოლოდ ბუკინგემის სასახლე, პიკადილი, ჰაიდ პარკი და ტიუსოს მუზეუმი. ეს ყველაფერი ტურისტებისთვის განკუთვნილი ძვირფასი დეკორაციაა.

ბრიტანელებს წესად აქვთ, კარგი ფასადი შემოგაგებონ, ძალიან თავაზიანები იყვნენ, ამინდზე დაგელაპარაკონ, ახლოს არ მიგიშვან და ზრდილობიანად სასწრაფოდ დაგემშვიდობონ.

ყოველივე ეს ლონდონზეც ვრცელდება.

...ეს იმ შემთხვევაში, თუ პაროლი არ იცი. თუ პაროლი იცი, სულ სხვა ქალაქში ხვდები. ნამდვილი ლონდონი დახურულ კარებს მიღმაა. კარებს წარწერა არ აქვს. უბრალოდ, უნდა დააკაკუნო და პაროლი უთხრა. პაროლი ჩემს სპეც-პროექტში მოძებნეთ.

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

იცით, არსებობს ასეთი მანტრა, უადვილესი: „ჰო“. ღამე, დაძინებამდე, ბევრჯერ გაიმეორეთ „ჰო, ჰო, ჰო“. რომ გაიღვიძებთ, ისევ თქვით: „ჰო“. მერე კი, დღის განმავლობაში, რამე თუ არ გეამათ ან რამემ გული დაგვწყვიტათ, იმას ნუკი იფიქრებთ, დავიღუპე და ამოვვარდიო, უბრალოდ, გაჩერდით და თქვით: „ჰო“. თუნდაც ხმამაღლა დაიღრიალეთ - ჩვენს დაზაფრულ ქალაქში იმდენი გიჟი დაიარება, რომ თქვენი გამოსვლა, გარწმუნებთ, აღარავის შეაშინებს.

საერთოდ, ვუთხრათ სამყაროს „ჰო“. თორემ ხომ ხედავთ, ამ ქალაქში არასოდეს არავის არაფერი არ უხარია, გაზაფხულიც კი.

ვთქვათ, ვინმეს, სულ შემთხვევით, წამოცდა:

- რა კარგია, რომ დათბა!

აუცილებლად გაახსენებენ:

- ჰო, ძალიან ცხელი ზაფხული იქნება, მოვიხარშებით.

- მერცხლები მოფრინდნენ!

- კი, ქათმის გრიპი იფეთქებს.

- ხეები ამწვანდა!

- მართალი ხარ, ახლა ნახე ალერგიულების უბედურება.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაფერი მედიის ბრალია. აბა, რაღა უნდა გაგვიხარდეს, როცა ახალი ამბების წამყვანს ფონად შებორკილი ხელები აქვს დადებული? ან ფილმების ანონსები ნახეთ: „სისხლი! გასხმული ტვინი! ვინაა ოთხი პატარა გოგოს მკვლელი და შემჭმელი?“ კარგს არასოდეს არავინ არაფერს არ გეტყვით, და შესაბამისად, არაფერი გაგიხარდებათ.

მაგრამ ის ხომ მაინც ჩვენი ნებაა, ნახევრად სავსე ჭიქები გვექნება თუ ნახევრად ცარიელი? მოდით, ამ ნომერში სულ კარგებს გიამბობთ!

. . .

ჩემი ძიო, ანუ ბიძაჩემი ბაადური, მევიოლინეა და მერე დირიჟორიც გახდა. მეზობელი ჰყავდა ერთი, სოლოლაკელი, „მატაკლეციტი“ და „აგერა დგა“, აი, ასეთი ქართული იცოდა, და იმან აუხსნა ერთხელ, - ეტყობა, ძალიან შეწუხდა, მთელი დღე რომ ვიოლიონოს აწრიპინებდა: „ბიჭო, ბადურა, რად გინდა ეგ სკრიპკა, დირიჟორი გახდი და სკრიპაჩების დირექტორი იქნები“.

მე და ძიო შეთანხმებულები ვართ: როცა ძალიან მომინდება ვინმეს გახარება, წავალთ ღამით მე და ძიო, და ძიო მისი სახლის სახურავზე დაუკრავს, რომ სულ ბედნიერი იყოს, სულ ჯანმრთელი და გახარებული.

„ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერში ყველა, ვის შესახებაც წერის პატივი მხვდა წილად, ისე ძალიან მომწონს, რომ ნამდვილად ავხოხდებოდი მის სახურავზე ბიძაჩემთან და მის ვიოლინოსთან ერთად. ერთი ისაა, რომ გივი მარგველაშვილი უკვე ბერლინშია, ნინო კირთაძე - პარიზში, ჯიპმენები კი ძალიან ბევრნი არიან და თან მაინცდამაინც კარგადაც არ გვიცნობენ, ვაიდა, ახალი ამბების ცქერით აღგზნებულებმა ჩიტებივით ჩამოგვყარონ სახურავებიდან მეც, ჩემი ძიოც და მისი სიხარულის მომტანი ვიოლინოც.

2 ART - ი

▲back to top


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

მრავალსახეობათა ათი სუსტი შემთხვევა

თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა.
28 მარტი. 17:00.

აპრილის არტ ქრონიკების მიმოხილვისას, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ასე დავიწყე - ეს იმ დიდი კულტურული პროგრამის დასაწყისია, რომელსაც იტალიის საელჩო, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსთან ერთად გეგმავს-მეთქი. მაშინ საქმე, პიერლუიჯი პრატურლონის მშვენიერ ფოტოებს ეხებოდა, რომლის დასათვალიერებლად, არ მოგატყუებთ და ორჯერ დიდი სიამოვნებით ვეწვიე მუზეუმს. ამჯერად კი, იგივე პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა შემოქმედის, ჯუზეპე დელ გრეკოს ნამუშევრები უნდა გამოფენილიყო. მართალი გითხრათ, იტალიელი „ლუქსის“ ნამუშევრებისგან მიღებული სიამოვნება იმდენად დიდი იყო, რომ 28 მარტს სიამოვნებით ვესტუმრე მუზეუმს, თუმცა...

მშვენიერ ფლორენციაში დაბადებული ჯუზეპე დელ გრეკო თანამედროვე გრაფიკოს-დიზაინერია. მისი შემოქმედება სივრცის ორგანიზების ხელოვნებას უკავშირდება და, ძირითადად, გრაფიკულ დიზაინზეა ორიენტირებული... თუმცა, შიგადაშიგ, არც წიგნების და ჟურნალების დიზაინზე ამბობს უარს.

„ქარვასლის“ კედლებზე, დელ გრეკოს „მრავალსახეობათა ათი მარტივი შემთხვევა“, ანუ სხვადასხვა თემაზე პლაკატის ფორმატის გრაფიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. „იტალიური სამზარეულოს გაკვეთილები“, „მეკობრეები“, „ნეტავ რა არის ეს სიყვარული“, თუ „მგონი ფსიქიატრიული დახმარება მჭირდება“ საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდნენ ჩემთვის ასე ძვირფასი პიერლუიჯის ფოტოების ადგილზე და გამოფენიდან გამოსულს, ისევ ის, ბავშვურად გულუბრყვილო ოდრი ჰეპბერნი თუ ძირს გართხმული ფედერიკო ფელინის კადრები მედგა თვალწინ.

0x01 graphic

ძველი-ახალი ფონდი

კინომსახიობთა თეატრი.
28 მარტი. 16:00.

ეს ფონდი დიდი ხანია, რაც არსებობს. ის 1998 წელს შეიქმნა, მაგრამ მიზეზთა გამო, რაც როგორც ყოველთვის, ფინანსებს უკავშირდება, დროებით არსებობაც და პროექტთა განხორციელებაც შეწყვიტილი ჰქონდა. ამჯერად კი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების

ფონდი ახალი სპონსორებით და გეგმებით დაბრუნდა. ფონდის პრეზენტაცია თეატრალების გარემოცვაში გაიმართა, სადაც საზოგადოება, ფონდის ძირითადი საქმიანობის და დაწყებული საინტერესო პროექტების შესახებ გახდა ინფორმირებული. ეს, პირველ რიგში, მიხეილ თუმანიშვილის მემკვიდრეობის დაცვას და მისი სპექტაკლების არქივის მოწესრიგებას ეხება; საქართველოში, თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის ახალგაზრდული სტუდიების შექმნას და მათ საერთაშორისო პროექტში ჩართვაზე ზრუნვას გულისხმობს. ამ და სხვა მრავალ საინტერესო პროექტებზე, თუმანიშვილის სახელობის ფონდში, ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილი ენთუზიასტები იზრუნებენ. ეს იქნება როგორც დამოუკიდებელი, ასევე ერთობლივი პროგრამები, როგორიცაა დალი მაცაბერიძესთან ერთად, რუსული კინოფესტივალის, Золотой витязь-ის თბილისში გამართვა; ამერიკულ-ქართული თეატრების გაცვლითი პროექტი, ქართულ-ფრანგული პროექტი, მოწვეული რეჟისორით და საქართველოში დადგმული სპექტაკლით; მასტერკლასი „მუშაობა თუმანიშვილის მეთოდით“...

გარდა ამისა, უკვე გამოცხადდა კონკურსი „თანამედროვე მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ნამუშევრების თარგმანი“, სადაც სამი საუკეთესო თარგმანის ავტორი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. გაიმართება აქცია - პირველი სიტყვა ხელოვნებაში, რომლის მიზანი 25 წლამდე ახალგაზრდა შემოქმედის აღმოჩენა და მხარდაჭერაა და... მეტი რაღა გითხრათ... დასაწყისისთვის ხომ საკმარისზე საკმარისია!!!

0x01 graphic

და რომელია თქვენი კვერცხი?

ნაციონალური ხელოვნების ცენტრი.
10 აპრილი. 18:00.

ამ კითხვას ყველაზე ხშირად მაშინ გაიგონებდით, როცა ნაციონალური ხელოვნების ცენტრის კარი ჭრიალით გაიღო და იქ შესულ თუ შესეულ ხალხს, ნახერხით მოყრილი მაგიდები დახვდა. მაგიდებიდან კი, წვიმის მერე გამოჩეკილი სოკოებივით, სხვადასხვა აღნაგობის, ფერის და შინაარსის ფერად-ფერადი კვერცხები იყურებოდნენ...

ეს სააღდგომო კვერცხების გამოფენა-გაყიდვაა, რომლის ორგანიზატორები ხელოვნების ნაციონალური ცენტრი და ხელნაკეთი ნივთების სალონი „დანოა“. შემსრულებლები კი... შემსრულებელი ნამდვილად ბევრია. პროფესიონალი მხატვრებით და კერამიკოსებით დაწყებული, „კარიტასის“ სოციალურად დაუცველი და ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად დაზარალებული ბავშვებით დამთავრებული, რომელთა საოცრად ცოცხალი ფერებით და ორნამენტებით მორთული კვერცხები, სხვა ნაკეთობებისგან განსხვავებით, შედარებით მოკრძალებული ფასი - ხუთი ლარი ღირდა.

აი, ნინო კუსრაშვილი, რომელიც დიდი ხანი უხსნიდა ერთ ცნობისმოყვარე ჟურნალისტს, თუ როგორ კეთდება თექის კვერცხი და როგორ ამუშავებენ მატყლს, სანამ შეიღებება და ერთ პატარა კვერცხად გადაიქცევა... ლალი ქუთათელაძის ცისფერი ანგელოზებით მორთული კვერცხები... გიგიშა პაჭკორიას კვერცხი-სიურპრიზი, რომელიც გაუთავებლად იხსნებოდა და შიგნით უფრო და უფრო მომცრო ზომის ფიგურებს ნახულობდი... გვერდზე კი, ხისგან გაკეთებული ზოდიაქოსნიშნებიანი კვერცხი-ასტროლოგია იდო და მაშინვე გავიფიქრე, მათი დანახვისას როგორ აენთებოდა თვალები ჩვენს ფოტო-ასტროლოგ ლევან ხერხეულიძეეეს...

0x01 graphic

ქალები ფოკუსში

N გალერეა.
1 აპრილი. 16:00.

ასეთი, ერთობ უცნაური სათაურის მქონე გამოფენა, ერთსა და იმავე დღეს, ერთმანეთისგან ძალიან, ძალიან შორს, უფრო კონკრეტულად კი, ორ ჯორჯიაში გაიხსნა. ამერიკულ-ქართული პროექტი „ჯორჯიაჯორჯია“, რომელიც ჯორჯიის შტატის ქალ ფოტოგრაფთა ორგანიზაციის, „ქალები ფოკუსში“ ინიციატივით და საქართველოს მხრიდან CAC-ის დახმარებით განხორციელდა.

პროექტის მთელი არსი ის არის, რომ მასში მხოლოდ ჯორჯიების ქალი ფოტოგრაფების ნამუშევრები არის წარმოდგენილი. საქართველოში გამართულ მოკრძალებულ გამოფენაზე, 32 ამერიკელი ფოტოგრაფის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. იმ შორეულ ჯორჯიაში კი, ნათელა გრიგალაშვილის, ირინა აბჟანდაძის, სოფო ჩერქეზიშვილის, ირინა კურმაევას და ლიზა ოსეფაშვილის ნამუშევრები გამოიფინა. თუმცა, ქართული პრეზენტაციისგან განსხვავებით, ამერიკული უფრო მასშტაბური (გაგზავნილი ნამუშევრები რამდენიმე საგამოფენო დარბაზში გამოიფინება) და უფრო ხანგრძლივი პერიოდი გაგრძელდება.

მართალია, უსახსრობის გამო, ქართველი ფოტოგრაფები თბილისის გალერეაში იდგნენ და კოლეგების ნამუშევრებს ათვალიერებდნენ, თუმცა როგორც გავიგე, მაინც იგეგმება მათი ამერიკაში გამგზავრება, სადაც ჩვენი თანამემამულეები მასპინძლებს მასტერკლასს ჩაუტარებენ.

სტუმრებთან დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ... გალერეაში ნანახი ფოტოების შემდეგ, მართლა რომ მადლი იქნება მათთვის გრიგალაშვილის თუ აბჟანდაძის მასტერკლასი. ესეც ასე.

0x01 graphic

IN VINO VERITAS -

ვინც ქართულ ღვინოს ვერ იტანს...
GWS-ის პრეზენტაცია გრაცში.
14 აპრილი

გაზაფხულის თბილისისთვის საკმაოდ ცხელი დღე იყო, სამაგიეროდ გრილი საღამო.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-მა რესტორან „გრაცში“, საქართველოში მყოფი საერთაშორისო საზოგადოებისათვის ქართული ღვინო „თამადას“ პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოაწყო.

GWS-ის მიზანი იყო ეჩვენებინა რუსეთში ქართული ღვინის მიმართ გატარებული სანქციის უსაფუძვლობა და უსამართლობა. შესაბამისად, მოიწვიეს ყველა საელჩოს წარმომადგენელი, ტელევიზია, პრესა და ქართული ღვინის დამმგემოვნებლები.

წარმოდგენილი იყო „თამადას“ პრემირებული ღვინოები, სულ 12 სახეობა; მათგან 3 კატეგორია: ნატურალური ნახევრადტკბილი, მშრალი და ე.წ. ჯიშური ღვინოები.

ღონისძიებას ფონს უქმნიდა ავსტრიელი მუსიკოსის, რაინერ კაუფმანისა და ირლანდიელი ტონი ომეილის მუსიკა. სტუმრების გახალისებაზე კარიკატურისტმა ზალიკო სულაკაურმა იზრუნა, რომელიც სტუმრების კარიკატურულ პორტრეტებს ნახევარ წუთში ასრულებდა.

პარალელურად, ასეთივე ღონისძიება იმართებოდა ფრონტის წინა ხაზზეც - მოსკოვში.

იმედია, ნამდვილი ღვინის დეგუსტატორები და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი თავისი პროდუქციის მაღალხარისხიანობით გააქარწყლებს რუსეთის უსაფუძვლო სანქციებს ქართული ღვინის წინააღმდეგ.

ავტორი: გვანცა გუშარაშვილი

0x01 graphic

ბრიტფესტი ანუ ბრიტანული კინემატოგრაფის ხუთდღიანი ფესტივალი თბილისში

თეატრალური უნივერსიტეტი, კინოდარბაზი ამარკორდი, სპორტ-კაფე.
12-16 აპრილი.

მოდი, ასე ვთქვათ: „ბრიტფესტით“ საფუძველი ჩაეყარა არა მარტო ბრიტანული კინოს ფესტივალს საქართველოში, არამედ იმ მნიშვნელოვან ურთიერთობასაც, რასაც ქართულბრიტანულ კულტურათა ხიდი, უფრო მაღალფარდოვნად კი - კულტურათა დიალოგი ჰქვია.

არაკომერციული ორგანიზაცია ქართულ-ბრიტანული კულტურის პლატფორმა 2005 წელს დაფუძნდა. არაერთი საინტერესო ღონისძიების ავტორებმა და პლატფორმის დამფუძნებელმა, კავშირის თავმჯდომარემ რობერტ სტურუამ, ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და ბანკ „რესპუბლიკის“ მხარდაჭერით, ბრიტანული კინოს ფესტივალი „ბრიტფესტი“ გამართა.

ხუთი დღის მანძილზე, თანამედროვე ბრიტანული კინოს გამოჩენილი წარმომადგენლების ფილმების ჩვენებები, საგანგებოდ სტუდენტებისთვის, თეატრალურ უნივერსიტეტში იმართებოდა; პროფესიონალთათვის და ბრიტანული კინოს მოყვარულთათვის - „ამარკორდის“ მყუდრო დარბაზში და გვიან ღამით, სასიამოვნო გარემოში, ჩილ-აუთზე - „სპორტკაფეში“, სადაც თბილისში არსებული ყველა ბრიტანული ინსტიტუტისათვის, ორიგინალში მეორდებოდა ფილმები.

„ბრიტფესტის“ წლევანდელი პროგრამის შემდეგი ნაწილი ბრიტანული თეატრის მოღვაწეთა და ცნობილი დრამატურგის, მარკ რევენჰილის თბილისში ჩამოსვლას უკავშირდება. საქართველო მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც ინგლისის ნაციონალური თეატრის პროგრამა „კავშირები“ განხორციელდება. „კავშირები“, ქვეყნის ნაციონალური თეატრის მიერ თანამედროვე დრამატურგებისათვის მოზარდთა შესახებ მცირე მოცულობის პიესების შეკვეთას და მათი მონაწილეობით შექმნილ წარმოდგენებს გულისხმობს.

თუმცა „კავშირებამდე“ ჯერ კიდევ დიდი დროა, და ამიტომაც, შეძლებისდაგვარად, ორიოდე სიტყვით მაინც გეტყვით ბრიტანული ფილმების შესახებ.

„ბრიტფესტზე“ სხვადასხვა თაობის, სრულიად განსხვავებული ბრიტანული კინორეალობა იყო წარმოდგენილი: მაიქლ უინტერბოთომის დოკუმენტური შტრიხებით გაკეთებული „24 საათი მოგრიალე ხალხი“, კენ ლოუჩის ფიპრესის პრიზით აღიარებული დრამა „როცა თექვსმეტი წლის ხარ“, მაიქ ლის ვენეციის „ოქროს დათვის“ მფლობელი, კონსერვატორული „ვერა დრეიკი“, სალი პოტერის პოლიტიკა + სექსი ანუ love story „დიახ“ და პიტერ გრინუეის „8 1/2 ქალი“.

- „მე ფრანგულმა „ახალმა ტალღამ“ მაიძულა კამერა ხელში ამეღო, მაგრამ მათ გავლენას სრულებითაც არ განვიცდი“ - თქვა ერთხელ კენ ლოუჩმა. მაგრამ მისი ლაიამი რატომღაც ძალიან ჰგავდა შორეულ სამოციანებში, „ახალი ტალღის“ მანიფესტად ქცეულ ფრანსუა ტრიუფოს ლეოს, რომელიც ლოუჩთან პატარა სკოლის მოსწავლედან ნარკოტიკებით მოვაჭრე მკვლელად იქცა. აქაც ისევე მწვავედ იგრძნობა მშობლების თუ „დიდების“ გულგრილობისა და ინდიფერენტულობის თემა... რეალობა და ბავშვის გულუბრყვილო იმედები... და ბოლოს, აქაც ხომ ისევ ის უკიდეგანო ზღვაა, რომელიც ტრიუფოს პატარა ლეოს თუ ლოუჩთან გაზრდილი ლაიამის ერთადერთ გზად თუ იმედად რჩება.

მაიკლ ლის „ვერა დრეიკი“ ოსკარზე იყო წარდგენილი. თუმცა სრულებით არაა გასაკვირი, რომ ჰოლივუდურ კინოსამყაროში, დრეიკისთვის ადგილი არ მოიძებნა, ხოლო ვენეციამ დიდი სიყვარულით მიიღო სუფთა ბრიტანული კინო და სათნო ქალბატონის, ვერა დრეიკის ისტორია; ქალის, რომელსაც სჯეროდა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ეხმარებოდა უბედურებაში ჩავარდნილ ახალგაზრდა გოგონებს და ხელოვნურ მინი-აბორტს თუ რაღაც ამდაგვარს, სახლში მისვლით, უფასოდ, დიდი მონდომებით და გულისყურით აკეთებდა; დაახლოებით ისეთივე მონდომებით, როგორც ხეხავდა ბუხარში ჩამჯდარ ჭუჭყს ან ოჯახურ იდილიაში ასხამდა გემრიელ, ინგლისურ ჩაის. მაგრამ ვერა დრეიკი არ არის კრიმინალი, მისი მხრიდან ეს ხომ ისეთივე დახმარება იყო, როგორც უცხო ადამიანის სახლში, ცხელ ჩაიზე მიპატიჟება ან ლოგინადჩავარდნილი დედის მოვლა.

„ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კინო არ გვინახავს. ეს მხოლოდ ილუსტრირებული ტექსტის 100 წელიწადი იყო.“ - თქვა ერთხელ პიტერ გრინუეიმ. გრინუეის „8 1/2 ქალის“ ისტორია

მაშინ დაიწყო, როცა ოჯახში დედა გარდაიცვალა და კინოში წასულმა მამა-შვილმა ფელინის „8 ½“ ნახა. მასტროიანის ჰარემის ეპიზოდით შთაგონებულები, 8 1/2 ქალს მოიყვანენ და ერთად იწყებენ ცხოვრებას. ბრიტანული კინოს ყველაზე „უცნაურ“ რეჟისორთან „ილუსტრირებული ხანის“ დასასრული ისევ ისეთი, რენესანსული სულით, აბსოლუტური სიშიშვლით და მტკივნეული სიკვდილით იყო გაჟღენთილი.

3 ნინო კირთაძე, ქალი ნეიტრალური ტერიტორიიდან

▲back to top


0x01 graphic

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

თუკი არ იცნობთ, გთხოვთ, იცნობდეთ: ნინო კირთაძე.

ის დაიბადა თბილისში. 23 წლისა, ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ - განათლებით ჩვენი გმირი ლიტერატურათმცოდნე გახლავთ, - ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი გახდა. იმავდროულად აკადემიურ და ლიტერატურულ ჟურნალებთან თანამშრომლობდა, გამოაქვეყნა სცენარი სრულმეტრაჟიანი ფილმისა „ორშაბათი“ და საქართველოს ეროვნული ბალეტის შესახებ წიგნის თანაავტორი იყო;

1992-1994 წლებში - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის კონსულტანტი;

1994-1995 წლებში - ჟურნალისტი, ჯერ AFP და შემდგომ AP-სთვის წერდა ჩეჩნეთის ომის და სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ.

ხომ გახსოვთ ნანა ჯორჯაძის „1001 რეცეპტი შეყვარებული მზარეულისთვის“? ეს ფილმი 1996 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს, 1997-ში „ოსკარის“ ნომინანტიც გახდა. ნინო კირთაძე იქ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

1997-დან ნინო საფრანგეთში დასახლდა და იქ პიტერ ბრუკთან, ჟან-პიერ ამერისთან, ფილიპ მონიესთან, ჟერარ პირესთან და კლოდ გორეტასთან თანამშრომლობდა.

0x01 graphic

1999 წელს ნინო ფრანგი სცენარისტებისა და რეჟისორების გაერთიანების La SCAM-ის წევრი გახდა, და მისი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტები Bourse Bouillon d'un Rкve-ით დაჯილდოვდა.

1999 წელს მან გადაიღო თავისი პირველი დოკუმენტური ფილმი „ედუარდ შევარდნაძის სამი ცხოვრება“, პოლიტიკური მოღვაწის ფსიქოლოგიური და პოლიტიკური პორტრეტი. ამ ფილმმა ნინოს პირველი აღიარება მოუტანა, ის ტორონტოს და კანის კინოფესტივალებზე, სატელევიზიო პროგრამების საერთაშორისო ფესტივალზე Biarritz Fipa იყო წარმოდგენილი.

2001 წელს „არტესთვის“ შეიქმნა „ჩეჩნური იავნანა“ - დოკუმენტური ფილმი ომის შესახებ. ამ დავიწყებული ომის აბსურდულობისა და საშინელების შესახებ, ნინო კირთაძის მიერ არჩეული ხუთი ჟურნალისტი მოგვითხრობს. ეს ფილმი დიდი გამარჯება იყო: 2002 წლის ევროპის ჯილდო მიიღო, გერმანიის ათ საუკეთესო სატელევიზიო ფილმთა რიცხვში დასახელდა, ადოლფ გრიმეს 2002 წლის ოქროს ჯილდო და ჩეხეთის რესპუბლიკის რუდოლფ ვირბას ჯილდო დაიმსახურა, ასევე la SCAM 2002 და Albert Londres prize 2002. ფილმი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე აჩვენეს, კინოპრემიერა 2003 წელს ნიუ იორკში, ლონდონსა და ვაშინგტონში, კინოფესტივალებზე გაიმართა.

- სხვათა შორის, - ჰყვება რეჟისორი, - რუსეთში ეს ფილმი აკრძალეს, მხოლოდ სახაროვის ცენტრმა შეძლო მოსკოვში ამ ფილმის ჩვენება. თუმცა, ნორმალური რუსები, რომლებიც ნამდვილად არსებობენ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რომ ეს ფილმი გაკეთდა. საბედნიეროდ, არის რუსეთში ხალხი, რომელიც არ იზიარებს ოფიციალური მოსკოვის შეხედულებას ჩეჩნეთის ომის შესახებ.

0x01 graphic

0x01 graphic

2003 წელი - კიდევ ერთი გამარჯვება, კვლავ „არტესთვის“ გადაღებული „უთხარით ჩემს მეგობრებს, რომ მკვ-დარი ვარ“. ის აჩვენეს იერუსალიმის კინოფესტივალზე, სან პაოლოს კინოფესტივალზე, კანში... ჯილდოები: France's top documentary award, Fipa d'OR in 2004 da Louis Marcorelles Prix at Cinéma du Réel პარიზში.

- Fipa არის საფრანგეთში სატელევიზიო პროგრამების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იანვარში ტარდება ხოლმე. ოქროს Fipa საფრანგეთისთვის ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანი ჯილდოა, განსაკუთრებით „მხატვრული დოკუმენტურების“ კატეგორიაში. Cinéma du Réel სიტყვასიტყვით ნიშნავს „სინამდვილის კინოს“ ან მხატვრულ სინამდვილეს. აქ წარმოდგენილი დოკუმენტურები, თავიანთი კინემატოგრაფიული გადაწყვეტით, მხატვრული ფილმების ტოლფასია, გამარჯვებულ ფილმს პარიზის კინოდარბაზებში აჩვენებენ.

იმავე წელს, ნინომ კიდევ ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღო: „სტალინი სტალინის შესახებ“ და „სტალინი - ღმერთის დასაფლავება“.

- სტალინის გარდაცვალების 50- ე წლისთავი იყო და არხმა „history“ სასწრაფოდ შემიკვეთა ეს ორი ფილმი.

2005 წელს, ფილმისთვის „ნავთობსადენის მეზობლები“, ნინო კირთაძე კვლავ დააჯილდოვეს:

- იყო მთავარი პრიზი შვეიცარიაში, ნიონის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, 2005 წელს, და ასევე მივიღე Teplton foundation-ის პრიზი, ამერიკული ჟიურის მიერ გაცემული. ის ცალკე მუშაობს ფესტივალის დროს. სანამ ფილმს ვიღებდი, „ნავთობსადენის მეზობლები“ დაჯილდოვდა Voyage-Deciuvert-ის პრიზით საუკეთესო სცენარისთვის. ასევე, მივიღე ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის European Film Academy ბერლინში - ესაა ევროპული „ოსკარი“, ასე ამბობენ ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზია ევროპაში. ამის მერე გავხდი ევროპული კონოაკადემიის წევრი, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ეს ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან, როდესაც წლის საუკეთესო ფილმები აირჩევა, მეც მივცემ ხმას ნომინირებულ მხატვრულ ფილმებს. მოკლედ რომ ვთქვა, ევროპულმა მხატვრულმა კინომ ამით რეჟისორად მაღიარა.

შთამბეჭდავია, ვერაფერს ვიტყვით.

ეს ყველაფერი კარგი, და საქართველო?

- საქართველოში პრიზები ფილმებისთვის მე არა მაქვს საერთოდ. ამ მხრივ სამშობლო არა მწყალობს. საქართველოში ჩემი ფილმი არასოდეს, არანაირ საპრიზო კონკურსში არ ყოფილა.

ესეც კარგი ამბავი.

. . .

ყველაფერ ამას კი ბანალური დასაწყისი ჰქონდა: ბინის რემონტი.

გახსოვთ „ინტერნაციონალი“? ხალხი რომ მღერის, მთელს ძალადობის სამყაროს დავანგრევთ, მიწასთან გავასწორებთ და შემდეგ ჩვენს, ახალ სამყაროს ავაშენებთო?

აი, სწორედ ასეთი დიდებული გეგმა ჰქონდა ერთ კაცს, როცა ბინაში რემონტის გაკეთება განიზრახა.

სიტყვა და საქმე ერთი იყო. რაც დასანგრევი იყო, დაინგრა, მაგრამ როცა ჯერი აშენებაზე მიდგა, „კაცი წავიდა სხვისასა“.

ამის შედეგად ჩვენი გმირი, ნინო კირთაძე, 90-იანი წლების საქართველოში, უსინათლო და გაყინულ, ნახევრადდანგრეულ ბინაში, ავად გამხდარ დედასთან და პატარა შვილთან ერთად აღმოჩნდა.

თუმცა, მთლად მარტო არ აღმოჩენილა. მასთან მისი მეგობრები იყვნენ, სწორედ ისინი, ვინც მის იმჟამინდელ მდგომარეობას „კამელიებიანი მანდილოსანი“ უწოდეს.

ერთ ჩვეულებრივზე უფრო ღრუბლიან დღეს, ნინო ექიმთან წავიდა. ექიმმა ხანგრძლივი და გაუთავებელი კონსულტაციის შემდგომ შესძახა: შე საწყალო, რა გითხრა, დღეები გაქვს დათვლილიო.

- შევფიქრიანდი. ბედს ვერ გაექცევიო, ნათქვამია, და ამიტომ საიმქვეყნიოდ თადარიგი მაშინვე დავიჭირე, ის საღამო სიცოცხლესთან და მეგობრებთან გამომშვიდობებას მივუძღვენი.

მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ექიმი ბრიყვი იყო, და ნინო ვინმე შტრაუსბერგთან, გოლდმანთან თუ როზენკროიცთან მიავლინეს (მას მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა და მკურნალის გვარიც დავიწყებას მიეცა), მისი სანდო წარმოშობის, ხანგრძლივი პრაქტიკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების იმედად. სახელმოხვეჭილმა ექიმმა ღრმად გამოიკვლია ჩვენი გმირი და ბრძანა, ვაგლახ, ჩემი წინამორბედი არ შემცდარა, აუცილებლად მოკვდები, თუმცა რამდენიმე თვე კი ნამდვილად დაგრჩენიაო.

დარჩენილი თვეების რაციონალურად გამოყენების მიზნით, ნინომ ექიმებთან მომავალი ვიზიტებისთვის აუცილებელი გარდერობი შეიძინა, მოაგონდა ისიც, რომ წესის თანახმად, სული უფალს უნდა ჩაბარდეს, თავზე დიდი შარფი დაიხვია და ტაძრისკენ მიმავალ გზას დაადგა. (იმხანად ჯერ არც იცოდა, რომ შავრაზმელთა ნაწილის ღრმა რწმენით, ჟღალთმიანი ქალი ძალიან ცუდი არსებაა, აუცილებლად რამე ეშმაკისეული სჭირს და მისთვისაც აჯობებს, თუ ჩაიქოლება). მოკლედ, საფუძვლიანად თავშებურულმა ნინო კირთაძემ, ამდენი ექიმის ავი წინასწარმეტყველებით ჩაკლული, ოდესღაც რევოლუციური სული საქართველოს საპატრიარქოს შენობამდე ძლივს მიიტანა, ყოფილი ოჯახის მეგობრის, იმხანად კი უკვე დიდ-დიდი სასულიერო პირის მოსანახულებლად და ნუგეშის სიტყვების მოსასმენად.

მოძღვარი დაკავებული იყო და ნინომ ბარათი დაუტოვა - როგორც ჩანს, ძალიან შთამბეჭდავი, რადგან სასულიერო პირი იმავე საღამოს ეწვია.

ბებიამ ასწავლა, თუ წასვლაა, ლამალამაზი უნდა იყოსო, და ამიტომ ლოგინში, ანუ, ექიმთა ერთობლივი დასკვნით, სიკვდილის სარეცელზე, ნინო საგულდაგულოდ გამოწყობილი ესვენა აღსასრულის მოლოდინში. და ასე, საღამოს ბინდში გალურსულმა, თავთან მდგომი მოპარპალე სანთლის შუქზე დაინახა, როგორ აღიმართა ზღურბლზე უზარმაზარი შავი ლანდი, კუთხეში მიყუდებულ სარკეში აირეკლა, მერე ოთახში რემონტის დროიდან შემორჩენილ გაჯის გორას გადმოაბიჯა და მის თავთან დადგა. შავით მოსილმა ფიგურამ შემოსვლისთანავე ამცნო:

- სიკვდილის ტვიფარი გადევს. ვხედავ.

ეს ეპოქალური სიტყვები ნინომ შემდეგ მეგობარს გადასცა, ტელეფონით:

- მანაც დაინახა.

- რა? - ჰკითხა დაზაფრულმა მეგობარმა.

- სიკვდილის ტვიფარი.

მოძღვარმა უთხრა, დამშვიდდი, ყველანი სიკვდილის შვილები ვართო. ახლა აღსარებას იტყვი, სულთანბრძოლის ლოცვას წაგიკითხავ და.. ისე, თუ მოკვდები, შენთვის უკეთესია, ხომ ხედავ, რა წვალებაში ხარ, ოჯახი დაგენგრა, ავად ხარ, მოკვდები და მოისვენებო.…

- ბავშვი?

ნუ დარდობ, ბავშვს ეკლესია გაზრდისო.

ნინომ წაილუღლუღა, ეგება და არ ვკვდებიო? მოძღვარმა მოწყალედ ჩაიღიმა და მიუგო, აბა, რას შვრები, ხომ გეუბნები, ვხედავო. აი, ვაიდა, მაინც ვიცოცხლოო? მამაომ ურწმუნოდ გააქნია თავი, მაგრამ მაინც თქვა:

- მაშინ მეცნიერი მონაზონი უნდა გახდე.

ნინოს არც მონაზვნობა უნდოდა, არც სიკვდილი.

- ის, რაც მაშინ ხდებოდა, თავისთავად ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, - ჰყვება დღეს ნინო. - სიკვდილსიცოცხლის მოსაცდელში იმყოფები, არც იქით ხარ, არც აქეთ. ყველაფერი სულ სხვაგვარი ხდება. ღირებულებები იცვლება, ხედვა იწმინდება და ეს შენში სულ სხვა და უცნაურ ძალას ბადებს. ბევრ რამეს მივხვდი მაშინ. რაც იყო, კარგი იყო - დღეს ასე ვფიქრობ. თუმცა მაშინ ასე სულ არ ვფიქრობდი. მეგონა, რომ მართლა ვკვდებოდი.

მღვდლის სტუმრობის მეორე დღეს ნინომ ინგლისურის გაძლიერებული სწავლა დაიწყო.

მერე ფრანგულისა.

მან თავისი შვილი თავად გაზარდა.

ის ჩეჩნეთში გაემგზავრა და ომის ოთხი წელიწადი იქ გაატარა.

მერე აღმოაჩინა, რომ არაფერიც არა სჭირს და არც სჭირვებია.

მერე გათხოვდა, და თავის არამართლმადიდებელ ქმართან ჯვრისწერაზეც ფიქრობს. მოძღვრის მადლიერების ნიშნად და სიკვდილის ტვიფარის ამბავში.

0x01 graphic

0x01 graphic

. . .

არამართლმადიდებელი მეუღლე გახლავთ რობერტ პარსონსი, რომელსაც თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი „ჩვენს რობერტად“ იხსენიებს. რობერტი და ნინო ერთმანეთს აბსოლუტურად არარომანტიკულ გარემოში, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში შეხვდნენ.

- მანამდე ორივენი ჩეჩნეთში ვმუშაობდით, მაგრამ ერთმანეთს მაინცდამაინც ვნუკოვოში გავეცით ხმა. მე სატელიტური ტელეფონი მომქონდა მოსკოვიდან AP თუ AFP-სთვის თბილისში, რობერტი კი საქართველოში მრავალრიცხოვანი მეგობრების სანახავად და თავისი მომავალი ვენახის შესათვალიერებლად მოდიოდა. მთელი გზა

ქართულად ვლაპარაკობდით ჩეჩნეთზე, იმიტომ რომ ბუდიონოვსკის ამბები ახალი მომხდარი იყო. ჩამოვედით და დავიშალეთ.

მერე ნინო პარიზში გადასახლდა. აღნიშნული შეხვედრიდან უკვე კარგა ხანი იყო გასული, როცა ნინომ გადაწყვიტა, „ჩეჩნური იავნანის“ გამო რობერტისთვის მიეწვდინა ხმა.

- ფილმი უნდა დაწყებულიყო იმ ჟურნალისტით, ვინც ასე თუ ისე შეძლო ამ ომში წონასწორობის შენარჩუნება, და მერე თანდათან გადადიოდა მათზე, ვისაც ამ ომმა გონება და სულის სიმშვიდე სამუდამოდ დააკარგვინა, - ჰყვება ნინო. ამას ჰქვია, ხელში ჩამაგიჟდა ან თვალსა და ხელს შუა გააფრინაო. ისე, ფილმი თუ გინახავთ, მოდი და ნუ გაგიჟდები. - ჰოდა, ფილმის დასაწყისისთვის რობერტის იმედი მქონდა.

ისინი დამეგობრდნენ.

- ჩვენს დაწყვილებას ხანდახან „დედაენამ რა ჰქმნა“-ს ვეძახი ხოლმე. რობერტი მართლა კარგი მოქართულეა და წარმოიდგინე, რა ეფექტი უნდა მოეხდინა ჩემზე ვნუკოვოს აეროპორტში BBC-ს შოტლანდიელი კორესპონდენტის უნაკლო ქართულს.

ერთი ისაა, რომ რობერტი ნინოს მარადიულ დაგვიანებებზე ცოტა ბრაზობდა. ნინოსი რა ბრალია, ცხოვრებაა ასეთი, მაგრამ რობერტი მაინც ბრაზობდა. და ერთხელაც, როცა მორიგი პრემიერის შემდეგ კვლავ რამდენიმე საათით დააგვიანა, კაცი ძალიან გაჯავრდა.

რობერტს მაღალი სიცხე ჰქონდა, ნინოს კბილი ტკიოდა. მაღალსიცხიანი მამაკაცი რომ ავია, ყველამ ვიცით, და არც კბილის ტკივილი უწყობს ხელს კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას.

- ეკატერინე მედიჩის კარზე მჩხიბავები მომავლის წინასწარმეტყველებას რომ ცდილობდნენ სხვადასხვა უცნაური ნიშნების გამოცნობით, ხომ გახსოვს? ჰოდა, შუა ჩხუბში რომ ვართ, ეს გამახსენდა თუ რა იყო, არ ვიცი - გადავწყვიტე, რომ სიცხე, კბილის ტკივილი და ქართულ-ინგლისური შერკინება ნაპოლეონ მესამის მიერ აშენებულ ძვირფას სასტუმროში სამომავლოდ კარგს არაფერს მოასწავებდა ჩვენთვის. ჰოდა, რობერტს ვუთხარი, რომ დროა ჩვენი გზები გაიყაროს-მეთქი. გაოცებისგან სიცხემ გაუარა, მაგრამ ისევ აუწია, როცა ჩემი აზრების „მეცნიერული“ დასაბუთება ვცადე: წარმოიდგინე, ღამის ოთხი საათია, გარეთ ატლანტიკის ოკეანე მძვინვარებს, ქარმა ლამის ფანჯრები შემოანგრიოს და მე კიდევ თმაგაჩეჩილი, ალქაჯივით დავქრივარ ოთახში და რაღაც სისულელეებს გავიძახი ჩვენი სიყვარულისთვის ავისმომასწავებელ სიცხეზე და კბილის ტკივილზე.

მოქმედება ბიარიტში ხდებოდა, კინოფესტივალის დროს. ამ დროს მეორე ცუდმა ნიშანმაც იჩინა თავი: ნინოს ფილმი, ასეთი შრომის შედეგად გაკეთებული, სადღაც ბოლოსკენ „მოიტყორცნეს“, - მოკლედ, ცუდი ნიშნები დღითიდღე მრავლდებოდნენ.

და მერე, დაჯილდოების ცერემონიის დროს, გამოაცხადეს, რომ ყველაზე მაგარი ფილმი ყველაზე მაგარმა გოგომ, ნინო კირთაძემ გადაიღო!

ნინოს არ ახსოვს, როგორ გამოძვრა ბოლო რიგიდან, სადაც რობერტთან ერთად იჯდა. ახსოვს, რომ ჯილდო ძალიან მძიმე იყო, და ცალ ხელში ჯილდო უკანკალებდა, მეორეში - მიკროფონი.

გამარჯვება!

მოვიგეთ!

ვაშა!

ეს ძალიან, ძალიან კარგი ნიშანი იყო, და რობერტი და ნინო პარიზში დაბრუნებისთანავე დაქორწინდნენ. ისინი დღესაც ერთად არიან და ჩინებულად გრძნობენ თავს.

. . .

ერთ დღეს რობერტმა განაცხადა, რომ შესანიშნავ სამსახურს სთავაზობენ. მან ნინოს უამბო, რომ მათი საცხოვრებელი სამოთხის კარი იქნება: დიდი ბაღი („რომელი მიჩურინი მე ვარ“ - მხრებს იჩეჩავს ნინო), მზარეული („ამან უფრო დამაინტერესა“), და ეს ყველაფერი ქალაქში, რომელსაც ულამაზესი სახელი ჰქვია: იოჰანესბურგი.

ოპა! სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ნინოს შვილი, ანა, საჩქაროდ კომპიუტერს მიუჯდა და ინფორმაცია მოიპოვა:

„სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - მზე, რომელიც არასოდეს ჩადის, სამკურნალო ჰაერი და თბილი ზღვა. აქ უამრავი ნაკრძალი და ეროვნული პარკია, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, დიდებული სანაპიროები. ქვეყანაში დაახლოებით 20 კლიმატური სარტყელია, ძირითადად მზიანი, ცხელი ზაფხული იცის. იოჰანესბურგის მიდამოში ზაფხულში, დღის მეორე ნახევარში, კოკისპირულად წვიმს ხოლმე...“

თურმე სამხრეთ აფრიკის კულინარია ფასდაუდებელი საგანძურია - უამრავი ეთნიკური რესტორანი! წითელი და შავი ხის სუვენირები იყიდება, ცხოველების ტყავები, და თუ ფული გაქვთ - ბრილიანტები, ბრილიანტები, ბრილიანტები!

ან რელიგიური მრავალფეროვნება ნახეთ: ქრისტიანები და ადგილობრივი ტრადიციული აღმსარებლობის მიმდევრები! თან რესპუბლიკა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმით!

რა მაგარია!

ფონი კარგია, მხოლოდ ერთ ადგილას ახრჩობს: მოსახლეობის 76 პროცენტს აფრიკელები შეადგენენ, ზულუს, კოსასა და სხვა ტომების წარმომადგენლები, საცოდავი 9 პროცენტი მეტისები არიან, 13 კი - ევროპელები, ძირითადად, ბურები და ინგლისელები, და იმ 76 პროცენტ აფრიკელებს ისინი დიდი, ღრმა, სერიოზული სიძულვილით სძულთ, და თვლიან, რომ კარგი თეთრკანიანი მკვდარი თეთრკანიანია.

0x01 graphic

- ჩემი ანა მაშინ 13 წლისა იყო, ჰოდა, დიდად შეაფიქრიანა აფრიკაში გადასახლების პერსპექტივამ. ერთხელაც სკოლიდან მოვიდა და გამოაცხადა: „ხალხო, აფრიკიდან ყველა საფრანგეთში მორბის, ლეგალურად თუ არალეგალურად, აგერ, ჩემს კლასშიც არიან აფრიკიდან გამოქცეულები. მე ჩემი ნებით პარიზიდან იოჰანესბურგში რატომ უნდა წავიდე, გამაგებინეთ, ყველაფერი უკუღმა რატომაა ჩვენს ოჯახშიო,“ კითხულობდა გაოცებული.

- საშიში არაფერია, - დაამშვიდა ნინო ერთმა ბატონმა (BBC-ს კორესპონდენტი იყო და რობერტის დიდი ხნის მეგობარი), რომელსაც იოჰანესბურგში დიდხანს უცხოვრია.

თურმე სახლსა და ბაღს უზარმაზარი რკინის გალავანი აქვს შემორტყმული, ვერავინ გადმოძვრება, ყველგან საგანგაშო დანადგარები დგას, მგონი მანქანებიც დაჯავშნულია. ერთადერთი ადგილი, სადაც საფრთხე ემუქრება, შესასვლელებია - აი, რკინის ჭიშკარი რომ ღრჭიალით გაიღება და მანქანა ეზოდან გავა, შეიძლება იქ დაესხნენ თავს და ან ააფეთქონ, ან შეჭამონ.

ბატონი მოჰყვა ამბავს ერთი ოჯახისა, რომელსაც ასეთი მარცხი მოუვიდა: ჭიშკარი გამოაღეს და ოჯახის მამას მანქანაში მაჩეტეიანი აფრიკელები შეუხტნენ. კაცმა იყოჩაღა და სანამ გაკოჭავდნენ, მობილურით თავის ცოლს დაურეკა სახლში. ოჯახის დიასახლისი ამ დროს საშხაპეში იყო, თავისი მობილურით - მობილურით აბაზანაში! რა ნევროზია! - და უმალვე დარეკა, გვიშველეთ და გადაგვარჩინეთო. ჰოდა, პოლიციამ მიუსწრო, ქალი, მისი ქმარი და ბავშვი, მგონი, სამი თვისა, ჯერ მხოლოდ დაბმული ჰყავდათ. აი, რა მაგრობაა!

მაშ, ასე: რკინის გალავანშემორტყმული ბაღი, კარგი მზარეული და ალბათ ერთი „სოკოს კაცი“, რომელიც მის გაკეთებულ საჭმელს პირველი შეჭამს ხოლმე - ხომ შეიძლება, მზარეულიც რასისტი აღმოჩნდეს?

ნინო იოჰანესბურგში არასოდეს წასულა.

. . .

ისევე, როგორც არასოდეს გადაუღია ფილმი ყვავილების ქუჩის შესახებ - არადა, რა აფსუსია, რა კარგი იქნებოდა!

თურმე ქაბულში დღესაც არსებობს ქუჩა, რომლის სახელწოდებაც იმ ქალაქს არანაირად აღარ შეესაბამება: ყვავილებისა. ამ ქუჩაზე ავღანეთის უკანასკნელი სინაგოგა დგას, და მას ავღანეთის ორი უკანასკნელი იუდეველი უვლიდა: ისააკი და ზებულონი.

ისინი ერთად ცხოვრობდნენ სინაგოგის შენობაში, მათ საძინებლებს ერთი თხელი კედელი ჰყოფდა, რომელშიც სათვალთვალო ნახვრეტები იყო, რადგან ეს ორი პატიოსანი კაცი ერთმანეთს უთვალთვალებდა. საერთოდ, მათ არ ადარდებდათ არც თალიბების არსებობა და არც ქვეყანაში დატრიალებული მოვლენები - ზებულონს და ისააკს მხოლოდ ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ რაღაც გრძნობა. მათ ერთმანეთი სძულდათ.

დიდი შარიანი კაცები იყვნენ. ისააკი მაღალი, ასკეტური გარეგნობის კაცი იყო, იმდენად ბევრი წლისა, რომ თავადაც აღარ ახსოვდა თავისი ასაკი. ზებულონი პატარა იყო, მრგვალი. ის ხალიჩებით ვაჭრობდა და შესაბამისად, რაღაც შემოსავალი მაინც ჰქონდა. ისააკმაც თავს უშველა - ათასი ჯურის გაჭირვებულ ქალს „ეხმარებოდა“, მდაბიურად - მჩხიბაობდა და სასწაულმოქმედ წვეთებს ყიდდა. ამის შემყურე ზებულონმა სიხარულით დაგზავნა ყველა ინსტანციაში საჩივრები: აი, რა ხდება, ხალხო, სინაგოგის წმინდა კედლებში! მერე ისააკის ცოლსაც მისწერა: აი, შენი ქმარი რითაა დაკავებული, სანამ შენ ისრაელში ბავშვებს ზრდიო, ხედავ, სინაგოგა საროსკიპოდ აქციაო. გამწარებულმა ქალმა სასწრაფოდ გაყრა მოითხოვა.

ზებულონის ცოლს განქორწინება არ ეღირსა: წესის თანახმად, განქორწინების დამადასტურებელ ქაღალდზე ქმარს აუცილებლად უნდა მოეწერა ხელი, და მიუხედავად იმისა, რომ ქალი მრავალი წლის წინათ იყო წასული ქვეყნიდან და მრავალგზის ეცადა ხან წითელი ჯვრის წარმომადგენლების, ხან სხვა უცხოელების მეშვეობით, ჯიუტი კაცისთვის ხელის მოწერა ეკისრებინა, საშველი არა და არ დაადგა. არ აწერდა და მორჩა! პრინციპის ამბავია.

ზებულონიც და ისააკიც იჩემებდნენ, ივრითი ვიცითო, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუე იყო. ამბობდნენ, თორას თითს რომ ვაყოლებთ, ყველაფერი გვესმისო. ესეც ტყუილი. ყოველი მათგანი თვლიდა, რომ უძველესი, მართლაც უძვირფასესი თორა მისი საკუთრება იყო, და „კონკურენტს“ გაათმაგებული ზიზღით შესცქეროდნენ. რა სიმწარე ნახეს, როცა მრავალ მუსულმანთან ერთად საპყრობილეში ამოაყოფინეს თავი! ეს იმდენად არ აღელვებდათ, რამდენადაც ის ფაქტი, რომ მათი გათავისუფლების შემდეგ თორა გამქრალიყო. ცხადია, სულ ერთმანეთს აბრალებდნენ. დიდებული ხალხი: ორივეს უნდოდა, ავღანეთის ბოლო იუდეველი ყოფილიყო, ერთადერთი და განუმეორებელი, და ერთმანეთის არსებობა ამ დიადი მიზნის მიღწევაში აშკარად უშლიდათ ხელს.

ეს ნამდვილი ამბავია. დანარჩენი დეტალები ნინომ გამოიგონა, რომლებიც ძალიან დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ არ მოვყვები - ეგებ ფილმი ოდესმე მაინც შედგეს. ნინოს ხომ ძალიან უნდოდა, ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე მცხოვრები ორი კაცის შესახებ გადაეღო ფილმი, იმდენად უნდოდა, რომ ერთერთ გმირს ტელეფონითაც კი დაუკავშირდა, მაგრამ რა გააგებინა, არავინ იცის: ის მხოლოდ Yes, yes-ო პასუხობდა...

მაგრამ მერე ისააკი გარდაიცვალა და ყველაფერი დამთავრდა. ზებულონის არსებობამ აზრი დაკარგა: „შესანიშნავი შვიდეულის“ გმირისა არ იყოს, ცოცხალი მტერი აღარ ჰყავდა.

ძალიან მოიწყინა ზებულონმა, მაგრამ მერე გამოსავალი იპოვა: სინაგოგაში დაასახლა მუსლიმი მესაფლავე, ვთქვათ, ალი. ახლა ის სძულს, მაგრამ ისე ძალიან მაინც ვერა.

. . .

მე არც კინომცოდნე გახლავართ და არც ნინო კირთაძის ბიოგრაფი, და ამიტომ მხოლოდ ის გადმოგეცით, რაც თავად ნინომ მიამბო ან მის შესახებ მიამბეს. ეს ამბები ნინოს ტრიუმფალური სვლის განუყოფელი, უფრო ადამიანური და ყველასთვის გასაგები ნაწილია.

ნინო ზაფხულში კვლავ ჩამოსვლას აპირებს. რამდენ კარგ ამბავს მოჰყვება, სულ სხვადასხვა, შორეული მხარეებისა! ამ ქალისთვის მსოფლიო ძალიან დიდია და მრავალფეროვანი, და ხელი ყველაფერზე მიუწვდება - აზრით მაინც.

ეტყობა, ეს ცოტა იმის დამსახურებაცაა, რომ დიდი დრო გაატარა ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

4 ოზონის ზონაში

▲back to top


ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ეს ხმამაღალი ფრაზა - „პირველი ქართული მუსიკალური ჟურნალი“ - სინამდვილეში ვეტერანი და მოქმედი თინეიჯერების ოცნების ახდენაა.

ვეტერანი მელომანები, O3-ის სახით, მიიღებენ იმას, რასაც თინეიჯერობის ხანაში, თბილისში შემთხვევით მოხვედრილი თითო-ოროლა უცხოური ჟურნალით ივსებდნენ;

მელომანების ახალი თაობა კი დროულად მიიღებს იმას, რასაც საზღვარგარეთ უცნობილესი მუსიკალური მედია-ბრენდები - Q, MOJO, ROLLING STONE MAGAZINE, SPIN და დანარჩენები, უკვე წლებია, სთავაზობენ მკითხველს.

ახლა კი, დაფიქრდი და გულწრფელად მიპასუხე - ხომ ყოველთვის, სულ ყოველთვის გინდოდა წაგეკითხა მშობლიურ ენაზე, კარგი ფოტოებით და კარგი ტექსტებით, კარგ მუსიკაზე დაწერილი რეცენზიები, ინტერვიუები, ახალი ამბები? ხომ ყოველთვის გშურდა და ოცნებობდი, შენთვის, უშუალოდ შენთვის გაკეთებულიყო იგივე ROLLING STONE MAGAZINE და შენც მიგეღო მონაწილეობა ჟურნალის გათამაშებებში, გამოწერისას ფასდაკლებებით გესარგებლა და თანმოყოლილ საჩუქრებსაც გაეხარებინე? ყოფილიყავი ჟურნალის კონტექსტის ორგანული ნაწილი?

ნიკო ნერგაძე ამაზეც ოცნებობდა და კიდევ იმაზეც, რომ თვითონ ყოფილიყო ასეთი ჟურნალის ინიციატორი...

დღეს ის O3-ის რედაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე, ნიკოს აზრი მუსიკაზე - მისი სტატუსის გათვალისწინებით - ყველაზე კომპეტენტური გახდება; ხუმრობით ნათქვამი და ატაცებული ფრაზა კი - „ნიკო გასტარდებაააა!“, სინამდვილეში, მისი ყველაზე გარდაუვალი ახლო სამომავლო პერსპექტივა იქნება.

„რას ამბობ, ადამიანი-ჩრდილი ვარ!“ - არც ნიკოს ამ ხუმრობას უჩანს დიდი დღე. ნიკოს ყველა გაიცნობს. თუ მას აქამდე მელომანებისა და მუსიკოსების წრეებში იცნობდნენ და როკ-მიმომხილველის, ბიძინა მაყაშვილის შეგირდად თვლიდნენ, ახლა ნიკო ნერგაძის მუსიკალური გემოვნება O3-ის ყველა მკითხველს დააინტერესებს.

თუ აქამდე ნიკო ნერგაძეს GIPA-ს სტუდენტები და პროფესორები, როგორც მარკეტინგის სალექციო კურსის კარგ ლექტორს და ნიჭიერ თეორეტიკოსს იცნობდნენ, ახლა, ნიკოს ხათრით, ალბათ GIPA-ს საკლასო ოთახებშიც დაიწყებენ O3-ის კითხვას, „გორილებზე“ და „ლოლიტებზე“ მსჯელობას და კიდევ უშუალოდ „ნიკოს მუსიკის“ მოსმენას.

შენ კი, ჩემო (სასურველია) მელომანო მკითხველო, ამ ზეაწეულ ტონს, ალბათ, აუცილებლად მაპატიებ, თუ კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ ახლა ვაპირებ, პირველი ქართული მუსიკალური ჟურნალის რედაქტორი ნიკო ნერგაძე გაგაცნო. პათეტიკას და ლირიკას კი, თვითონ ნიკო დაგავიწყებს უმალ, რადგან პათეტიკა - ეს ის არის, რასაც მის ჟურნალში ვერასდროს ნახავ.

სამაგიეროდ, მის ჟურნალში ბევრ მუსიკას შეხვდები - ზოგს სერიოზული და საქმიანი ტონით განხილულს, ზოგსაც - იუმორით. ამიტომ, ახლა ნიკოც მოგვიყვება მუსიკაზე, ისევ მუსიკაზე და მუსიკის გარდა, ცოტასაც თავის თავზე. ის იქნება ხან სერიოზული, ხან ქაოტური, ხან სასაცილო, მაგრამ ყოველთვის ლოგიკური და საინტერესო. მე, უბრალოდ, გული დამწყდება, რომ შენ ვერ მოისმენ ნიკოს ხმას - საუბრისას ანდა სიმღერისას, რადგან ნიკო მუსიკაზე საუბრის დროს, ხშირად მღერის კიდეც. მღეროდა - ღიღინებდა, რეპავდა, სხვებს ბაძავდა და ა.შ. ამ ინტერვიუს დროსაც, რადგან როცა უნდა, რომ რომელიმე კონკრეტული სიმღერა უკეთ დაგიხასიათოს ან გაგახსენოს, ასე იქცევა ხოლმე.

მაგრამ არა უშავს, დღეს უხმობას ავიტანთ. და ნახავთ, მაინც როგორ მხიარულ და მუსიკალურ ჭრილში გაიცნობთ ქართული მუსიკალური ჟურნალის რედაქტორს!

ნიკოს სტარტი:

„სიმღერა არასდროს მიცდია. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ არ გამომივიდოდა. ერთხელ სკოლაში, სიმღერის მასწავლებელი მთელ კლასს „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“-ს გვამღერებდა და მაინცდამაინც მე გამაჩუმა. თან მახსოვს, მინდოდა სიმღერა და არაო, ჩუმადო... ძალიან მწარედ ჩამრჩა. ამიტომ, მერე მარტო აბაზანაში ვმღეროდი და შუქი რომ ჩაქრებოდა ხოლმე, მაშინ; ტახტზე წამოვწვებოდი, ფლეერში ჩავდებდი კასეტას, „ნაუშნიკი“ - ყურებში და ვყვებოდი, თუ ამას აყოლა ჰქვია. პირველად დედაჩემმა და მე სერიოზულად ამაზე ვიჩხუბეთ, ნუ მღერიო, უფრო სწორად, ნუ ღნავიო. ძირითადად, იმ სიმღერებს ვყვებოდი, რისი ტექსტებიც ზეპირად ვიცოდი. და ვიცოდი „სუპერსტარის“ ტექსტი; განსაკუთრებით პილატეს არია მიყვარდა, ბოლოში რომ არის. კიდევ WALL-ის და SEPULTURA-ს ტექსტები ვიცოდი. ვიწექი ჩემთვის და გაუთავებლად ვბღაოდი. დედაჩემი იქვე, სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა და მეჩხუბებოდა. მერე თინეიჯერული სასოწარკვეთა მეწყებოდა ხოლმე: „ამის დედა ვატირე, ისედაც დენი არ არის, არაფერი არ არის და სიმღერასაც მიშლიან!!!“ თან, მაშინ ხომ დღეობით არ მოდიოდა ხოლმე შუქი. ღამის 4 საათზე მოვიდოდა, ვიღვიძებდი და ეგრევე ფლეერს ვრთავდი, ხან LED ZEPPELIN-ს ვუსმენდი, ხან კიდევ - რას.

კიდევ კარგი, თავიდანვე გავარკვიე, რისი მოსმენა მომწონდა. ბიძაჩემი მეზღვაური იყო და ერთხელაც, როცა დაბრუნდა, WALL-ის კასეტა ჩამოიტანა. PINK FLOYD პირველად მაშინ მოვისმინე. მერე მამაჩემი ჩამოვიდა საიდანღაც და მან უკვე ფლეერი მაჩუქა, თავისი WALL-ის კასეტით. შევჯექი. პირველ გვერდს ვერ გავცდი. მთავრდებოდა, ვახვევდი და თავიდან ვუსმენდი. ფლეერი ბანძი გამოდგა, მალე გაფუჭდა. სამაგიეროდ, კასეტას ვინახავდი, მაგრამ ერთხელაც სახლში მოვედი და ვნახე, რომ ჩემი WALL-ის კასეტაზე დედაჩემს პატრიცია კაასი გადაუწერია... აღარც გავაგრძელო, ხო?

მაშინ ორნაირი კასეტები იყო: MAXWELL-ის და MAXELL-ის. პირველი უხარისხო იყო, მეორე - ძალიან ხარისხიანი. ახლა, მგონი, კასეტებს ეგეთი სუნი აღარ აქვთ. MAXELL-ს კი მაშინ რაღაც სპეციფიური სუნი ჰქონდა, ვგიჟდებოდი. ერთხელ მეგობარმა ცარიელი MAXELL მაჩუქა. ისე მიყვარდა, კასეტასთან ერთად მეძინა. დიდხანს ვიფიქრე, რა ჩამეწერა და ბოლოს GUNS'N'ROSES-ის USE YOUR ILLUSION II ჩავწერე.

ერთი ვოვა იყო, ხმის ჩამწერ მაღაზიაში, 55-ე სკოლასთან. იქ ვიწერდი ხოლმე კასეტებს. სულ მინდოდა, რომ გავიზრდებოდი, ვოვა გამოვსულიყავი იმიტომ, რომ ბევრი კასეტა ჰქონდა, ბევრი ჯგუფი და შემსრულებელი იცოდა და სულ რაღაცეებს ყვებოდა ხოლმე.

კედლებზე თვითონ არაფერს ვჯღაბნიდი, მაგრამ სხვების დაჯღაბნილებს ვკითხულობდი და ახალ სახელებს ასე ვიგებდი. თუმცა, არა, ერთხელ მეც დავწერე რაღაც: XIII სართულზე ვცხოვრობდი და ლიფტის გამოსასვლელთან METALLICA წავაწერე - ლამაზი დასაწერი იყო და იმიტომ.

ისე, მდიდარი ინფორმაციის წყარო მუსიკაში არ მქონია - როგორც დღეს არის; ჟურნალ „ბრავოს“ ერთიორი ნომერი მქონდა. ახლაც მახსოვს, მარკი-მარკთან იყო დიდი ინტერვიუ და მერე ვრცელი სტატია, სათაურით: Новая волна тяжелого металла - მაშინ ჯერ ალტერნატიული მუსიკის ცნება არ არსებობდა და ამ გრძელი სათაურის ქვეშ, გაერთიანებული იყო PEARL JAM, SOUNDGARDEN და FAITH NO MORE. აი, ეგ ჟურნალი მქონდა და კიდევ „შვიდ დღეში“ ვკითხულობდი ბიძინა მაყაშვილის წერილებს. სულ ეგ იყო.

მერე კონკურსში გავიმარჯვე და სკოლის ბოლო წელი ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი - პატარა ქალაქ ვირჯინია ბიჩში. ამერიკული ოცნების მსგავსი ქალაქი იყო - პროვინციული და მოსაწყენი. პრინციპში, ბიჩიც ტყუილად ერქვა - პლაჟამდე სინამდვილეში ერთი საათის სავალი იყო. აი, იქ გავიხარე - იმას ვუსმენდი, რაც მინდოდა - ათასი რადიოსადგური მქონდა ასარჩევად და უამრავი ჟურნალი. მაშინ შევჯექი ROLLING STONE MAGAZINE-ზე და საქართველოში ჩამოვზიდე.

თბილისში რომ ჩამოვედი, ერთხელაც ჩემი მეგობარი შემხვდა, „მწვანე ტალღაზე“ დავიწყე მუშაობა და მოდი, ალტერნატიულ მუსიკაზე გადაცემაში გიწვევო. რამდენიმე მივედით და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტს მე ვლაპარაკობდი. თანდათანობით, დანარჩენები შემოიფანტნენ და გადაცემას მარტო შევრჩი - მარტო ვაკეთებდი.

ნიკო მუსიკალურ ჟურნალისტიკაში

14 წლიდან სხვა არაფერი მიკეთებია - სულ ალბომების რეცენზიებს ვკითხულობ. მერე კი ბიძინა მაყაშვილი გავიცანი, რაღაც კონცერტზე წამიყვანა, მელაპარაკა და წერაც დამაწყებინა. მახსოვს, ლადო ბურდულთან წავედი და ინტერვიუ ჩავწერე.

ამდენს რომ ვკითხულობდი, გამორჩეული ავტორებიც გამიჩნდა. მუსიკალური მიმომხილველები მაგარი ტიპები არიან. ერთი იან მაკდონალდი იყო. ჯერ უკრავდა, მერე თავი დაანება და წერა დაიწყო. მერე აღარაფერს აღარ აკეთებდა, ჩუმად იყო და 1994 წელს The Beatles-ზე დიდი წიგნი დაწერა, სადაც ყველა სიმღერის ანალიზია. ძალიან საინტერესო და კარგად დაწერილი წიგნია. კარგადაც გაიყიდა. ყველაფერში მაკდონალდს შეიძლება არც დაეთანხმო, მაგრამ სასიამოვნოდ კი ეკამათებოდი კაცი. მოკლედ, ამ მაკდონალდმა თავი მოიკლა. ითვლება, რომ სიცოცხლის ბოლოს, მუსიკის გამო დეპრესიაში იყო - ყველაფერს კომერციალიზაცია შეეხო, ვეღარაფერს უსმენდა, აღარაფერი აინტერესებდა...

0x01 graphic

ნიკო - MTV GENERATION

MTV-ს სულ ვუყურებდი ხოლმე. ერთი პერიოდი Super Channel იყო, Super Channel-ს დიდად არ ვუყურებდი ხოლმე, მაგრამ მერე MTV რომ ჩაირთო, შევჯექი. ერთი პერიოდი, კვირა ღამეს გადიოდა ხოლმე მეტალისტების გადაცემა. გვიან იწყებოდა, ღამის ორ საათზე, მაგრამ, ძირითადად, ვრჩებოდი და ვუყურებდი. კვირა ჩემი დღე იყო - ჯერ ალტერნატიულ მუსიკაზე იყო გადაცემა, მერე „ბივიზ ენდ ბათჰედ“ და მერე მეტალისტები. ტახტზე ვიწექი, MTV-ს ვუყურებდი, ჩემს მეტალისტებს. მაგრამ ისე, მეტალისტები უმცირესობაში იყვნენ. სულ Boyz II Men იყო, მადონას SECRET, რაღაც სიმღერა I SWEAR, MEAT LOAF-ის კლიპი ტრიალებდა კიდევ გაუთავებლად, ბონ ჯოვი და ბრაიან ადამსი. მოკლედ, მაგარი არეული სიტუაცია იყო, გარდამავალი პერიოდი, სანამ 1993 წელს სნუპ დოგის DOGGY STYLE გამოვიდოდა და მერე სულ ეგეთი განგსტერ-რეპი წამოვიდოდა.

ნიკოს ყველა დროის საუკეთესო ოთხეული:

შენიშვნა: საუკეთესო სიის შემადგენლობა და სიდიდე სწრაფად იცვლება. ხანდახან კვირაში რამდენჯერმეც. მუსიკის მოსმენის სიხშირეს და ახალად აღმოჩენილი სახელების სიმრავლეს გააჩნია. თუმცა, არსებობს ჯგუფები, რომელთაც ყოველდღე უსმენს, მაგრამ ყველა დროში საუკეთესოებად რჩებიან:

1. TALKING HEADS
2. REM
3. NEW ORDER
4. GUNS'N'ROSES*

* GUNS'N'ROSES იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა ვუსმენდი. ისე მიყვარდა, რომ აქსელის ხმას რომ ვიგებ, ახლაც გული მიჩქროლდება“.

ნიკოს საუკეთესოები ინტერვიუს მომენტში:

1. იენს ლეკმანი
2. KNIFE

შენიშვნა: „ორივე შვედია. პრინციპში, აღარც ახლები არიან. ლეკმანის ტექსტებიც ძალიან მომწონს. კარგად არის გაკეთებული. KNIFE და-ძმანი არიან, სტოკჰოლმში ცხოვრობენ. გოგოს რაღაც მანიაკური ხმა აქვს, ცოტა ბიორკს გავს.

რაღაცეებს სრულიად შემთხვევით ვაწყდები ხოლმე; ძირითადად, ინტერნეტში. ზოგჯერ იმდენს ვიწერ, მოსმენასაც ვერ ვასწრებ. სათაურებსაც ვაქცევ ყურადღებას. იენს ლეკმანის When I Said I Wanted To Be Your Dog იმიტომ გადმოვიწერე, რომ სათაური მომეწონა.

ნიკოს აღიარება:

„მგონი დავბერდი. ბოლო დროს, კლასიკას დავუბრუნდი. დილანს ვუსმენ ხშირად. „ბითლზი“ თავიდან აღმოვაჩინე. დეივ მეთიუსმა თქვა, ბობ მარლი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, ვიდრე „ბითლზიო“. აფრიკაში ხალხს რომ მარლი მოასმენინო, ყველა გამოგეხმაურება, „ბითლზზე“ - არაო. მაგრამ ჩვენ ხომ, ძირითადად, დასავლურ სამყაროზე ვსაუბრობთ. მართალია „ბითლზი“ გამითებულია, იმდენად დამკვიდრებულია მითი მათი პირველობის შესახებ, რომ შეიძლება დამოუკიდებლად ამ ყველაფრის გააზრება გიჭირდეს კიდეც, მაგრამ მართლა ლეგენდების ღირსები არიან. ხანდახან ვფიქრობდი, „როლინგ სთოუნზიც“ ასეთი ჯგუფია-მეთქი, მაგრამ არა, ახლოსაც არასდროს მისულან „ბითლზთან“.

ნიკოს ქართული ჩარტი:

სულ ამბობენ ხოლმე, რომ საქართველოში არაფერი ხდება. არადა, ბევრი კარგი ჯგუფი ვიცი. Outsider ერთ-ერთი მთავარია. ტექსტებიც მაგარი აქვთ და რობიც მაგრად ასრულებს, თუ ძალიან მთვრალი არ არის. ისედაც, თვითმყოფადი მუსიკა აქვთ და კარგი მოსასმენია. ირაკლი ჩარკვიანსაც ვუსმენ, 33-საც, ნიკაკოისაც. შეიძლება ქართულ მუსიკას არ ჰყავს ბევრი კარგი სახელი, მაგრამ ვინც კარგები არიან, ისინი მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?

კონცერტებზეც ხშირად მიტარებია კარგი დრო. ერთხელ მაგრად გავერთე გიგა მიქაბერიძის კონცერტზე და რატომ უნდა დავივიწყო? Soft EJect აწყობდა კარგ კონცერტებს. ბესელასაც მაგარი ჯგუფი ჰყავდა. სტეფანეს კონცერტზეც კარგი იყო ერთხელ.

ჩემი აზრით, იმ მუსიკას, „202“ და „მაესტრო“ რომ ატრიალებს, ბევრად ჯობია „არ დაიდარდო“-ს მუსიკა. მუსიკალურად არც ერთი არ უქნია ღმერთს, მაგრამ თუ გემოვნებას ცოტა ხნით დაივიწყებ, ძალიან მაგრად გაერთობი. ქუჩაში რომ დავდივარ, სულ მინი-დისკი მაქვს ჩართული და რაღაცას ვუსმენ. ამ ბოლო დროს ცალკე ფოლდერი ჩავაგდე: „მარშრუტკის სიმღერები“ და მშვენივრად ისმინება, შენ წარმოიდგინე.

ამ სიმღერების ტექსტები ცალკე სიამოვნებაა. „სამი დალიე“ ძალიან დამაინტრიგებლად იწყება: „ნეტა, ვინ არის ის ახალგაზრდა, ქვაზე რომ სძინავს?“ - ხო გაინტერესებს, ვინ არის ის ახალგაზრდა? „ღვინის ბოთლები გულში ჩაუკრავს და ისე სძინავს“ - და არ გაინტერესებს, ვინ არის? უსმენ და ირკვევა, რომ „ლოთი ბიჭია ის საბრალო, ცოდვილი ძალზე“ და „ცხოვრების ფასი მას დაუკარგავს ამ ქვეყანაზე“.

და „ტაშ-ტაშ-ტაშ ტარამ-ტარამ მრავალჟამიერ“? - სრულიად გასაოცარი ტექსტი აქვს. ასეთი აბსურუდული და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაზები იშვიათად მომისმენია. იწყება კაი ტიპზე სიმღერით, რომელიც ნამუსიანად ცხოვრობს და ცუდ ბაითს არ გაიტანს, მერე დიდხანს მიდის „ტაშ-ტაშ-ტაშ ტარამ-ტარამ“ და მერე ტექსტი: მე ებრაელი ვარ, ისრაელი ჩემი სამშობლოა, მერე ისევ „ტაშ-ტაშ-ტაშ ტარამ-ტარამ“. ბოლოს ხვდები, რომ ამ სიმღერას დაახლოებით ისეთი ეფექტი აქვს, როგორც ელექტრონულ მუსიკას - სიტყვებს რომ თანდათან აზრი ეკარგება და ცოტა ხნის მერე, აღარც გესმის, ვეღარც არჩევ ფრაზებს. თითქოს Daft Punk-ს უსმენ და არა...

და ლეილა, რა, ცუდი პერსონაჟია? ძალიანაც გმირი ქალია, ცოცხალი და გულწრფელი პერსონაჟი - იმუქრება ქალი, თუ ამაღამ არ მოხვალ, არც იცი, როგორ დავთვრებიო. ვუსმენ „აფრებს“ და აშკარად ვხედავ ამ ქალს - ეეეე, აფრებიო - რომ ყვირის... რაღაც აშკარად მოაქვს ამ სიმღერას.

და სხვები რას მღერიან ქართულ ესტრადაზე? ლამაზი სიზმარი, ღამე, წვიმა და ამ სიტყვების სხვადასხვაგვარი კომბინაცია. სევდააო გულშიო - აი, მერე რა? ვგრძნობ მე ამას? კარგად გაკეთებული მაინც იყოს. „ქუჩის ბიჭების“ „მიყვარხარ“ - მაგალითად, კარგად იყო გაკეთებული, ტექსტი ამ სიმღერასაც სუსტი აქვს (პოპსას ტექსტს ვერ მოთხოვ), მაგრამ ეტყობა, რომ დამუშავებულია. და ლექს-სენი? ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო, მართლა ყველაზე მეტ ჩანაწერს ყიდდა. სხვები კი მაინც ლაპარაკობდნენ რაღაცეებს. რატომ? დამსახურებულად იყო ვარსკვლავი. აბა, ანა ჯაკმა გაყიდოს მაგდენი ჩანაწერი.

ერთი პერიოდი, სულ სახლში ვიყავი და დღე და ღამე „202“-ს ვუყურებდი. ახლა გული მწყდება, რაღაც კლიპები ვიდეოზე რატომ არ ჩავწერე, რომ მერე შვილიშვილებისთვის მეჩვენებინა. უცხო შემსრულებლები? რას ამბობ, ჩემთვის ყველა მაგარი ნაცნობია. ერთი ტიპი მაოცებდა ხოლმე, რეპს მღეროდა და რა შუაში იყო ჰანტერ ტომპსონი და მისი გონზო ჟურნალისტიკა, არ ვიცი, მაგრამ ამ სიმღერას გონზო-რეპი ერქვა. მერე ტექსტს ჩავუღრმავდი და რაღაც ეგეთი გამოდიოდა: „ტამ-ტა-რა-რა, ტამ-ტა-რა-რა, it's a liar“ - ტიპი მღეროდა ვითომ ინგლისურად, მაგრამ თავისი გამოგონილი სიტყვებით, it's a liar ხომ არც ერთი გრამატიკული ფორმით არ არის სწორი. საოცრება იყო.

ნიკო ცოცხალ კონცერტზე

დიდად არ მიყვარს მეგა-ვარსკვლავების დიდ, ცოცხალ კონცერტებზე სიარული. სტადიონებზე და არენებზე ყოფნა არ მსიამოვნებს ხოლმე - უამრავი ხალხია, მომღერალი შორს, წერტილივით ჩანს, დიდი მონიტორები კი ყველგან არის დამონტაჟებული, მაგრამ მაინც. ბოლოს რომ ვიყავი ამერიკაში, ნიუ ორლეანში დავესწარი რაღაც ფესტივალს, მერილინ მენსონი, იგი პოპი, ROOTS გამოდიოდნენ, მაგრამ რომ წამოვედი, მერე უფრო კარგად მახსენდებოდა ეს სიტუაცია, ვიდრე იქ ყოფნისას.

კლუბები მიყვარს და პატარა ბარებში გამართული კონცერტები. ნიუ ორლეანშივე დავესწარი ერთ კონცერტს, ჯგუფის სახელი არც მახსოვს, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე. ძველი კლუბი იყო, 150 წლის წინ აშენებული და ისტორიული - მგონი, არმსტრონგიც გამოდიოდა ადრე. ბლუზს მანამდე საერთოდ არ ვუსმენდი, მაგრამ ის ოთხი, ტაქსისტის გარეგნობის ჰალსტუხიანი ტიპი ისე მღეროდა, რომ...

ისე, არის რამდენიმე ცოცხალი კონცერტი, რომელსაც სიამოვნებით დავესწრებოდი. TALKING HEADS-ის კონცერტზე წავიდოდი. სანახაობის მხრივ, მგონი, ORBITAL-ის შოუც მაგარი იქნებოდა, ეფექტური ვიზუალური დადგმებითაა ცნობილი. კიდევ, REM-ის კონცერტზე წავიდოდი, ოღონდ იმ პერიოდის REM-ის, სანამ არენებზე გამოსვლას დაიწყებდნენ. თომ უეითსს მოვუსმენდი სადმე ბარში - ამ ასაკის უეითსს და ახალგაზრდასაც - ყოველთვის მოვუსმენდი. NIRVANA-ს კონცერტზე წავიდოდი აუცილებლად. წარმომიდგენია, რა მაგარი იქნებოდა! არა, NIRVANA-საც სადმე კლუბში მოვუსმენდი, მყუდრო გარემოში, ჩემთან ახლოს რომ იქნებოდნენ.

გაცნობით ბევრ ვინმეს გავიცნობდი. დიდ წვეულებაზე რომ მოვხვდე? Puff Daddy აწყობს ხოლმე გრანდიოზულ წვეულებებს, მაგრამ მანდ არ წავიდოდი, Gucci-ებიანი შავკანიანები დარბიან და ეგენი არ შემიძლია. ისე, თუ შემხვდებოდა, თომ უეითსს გავესაუბრებოდი, მაქვს სათქმელი, მიფიქრია მის მუსიკაზე.

ნიკო კინოში

ჩემთვის პირველია TALKING HEADS-ზე გადაღებული ფილმი STOP MAKING SENSE, ჯონათან დემმა გააკეთა - „კრავთა დუმილის“ ჯონათან დემმა და ითვლება, რომ როკზე გადაღებული ყველაზე მაგარი ფილმია. ნარატივი თითქმის არ არის, სულ მუსიკაა და დოკუმენტური კადრები. ძალიან მაგარია. კიდევ მუსიკოსებზე არ არის, მაგრამ მუსიკის ჟურნალისტებზეა ALMOST FAMOUS - ეგეც მომწონს; 15 წლის ბიჭს მისცემენ შანსს, რომ „როლინგ სტოუნ მეგეზინისთვის“ სტატია დაწეროს, როკ-ჯგუფს ტურნეში გაჰყვეს და მაგარი რაღაცეები გადახდეს თავს. და კიდევ, HIGH FIDELITY - ჯონ ქიუზექი თამაშობს, მუსიკის დიდი მაღაზია აქვთ და სულ მუსიკაზე ლაპარაკობენ. მაგარია.

საუნდთრექებზე არ ვგიჟდები. ტარანტინოს ფილმების მუსიკას ვუსმენდი ხოლმე. ის იყო ძალიან მაგარი კიდევ - „მკვლელებად დაბადებულნი“, ტრენტ რეზნორის გაკეთებული საუნდთრექით. „ოცნებების რექვიემის“ საუნდთრექიც მახსოვს.

ნიკო კომპიუტერში

თვეში 200-300 სიმღერას ვიწერ. რაც ახალი გამოდის, თითქმის ყველაფერი მაქვს, მაგრამ ბოლომდე მოსმენას ვერ ვასწრებ. ისეთი პერიოდებიც მაქვს, როცა არ ვიცი, რას მოვუსმინო - ყველაფერი ნაცნობი და გასინჯულია და ამდენი ახალი სიმღერის მიუხედავად, მაინც ვერ ვპოულობ სასურველ მუსიკას. რამდენიმე საიტია, სადაც რეცენზიები ქვეყნდება. იქ ვეძებ ხოლმე, რაც მომეწონება, ვტვირთავ. ახლა კომპიუტერში 30 გიგაბაიტამდე მუსიკა მაქვს. ფოლდერებადაა დალაგებული: როკ და პოპ სიმღერები, ქართული (ქართულში ყველაფერი მაქვს - ნიკაკოიდან დაწყებული, ბაზრის მუსიკით დამთავრებული) და ჰიპ ჰოპი. პროგრამა მეუბნება, რომ ეს დაახლოებით იმდენი მუსიკაა, 12 დღის განმავლობაში შეუსვენებლად რომ მოუსმინო, არც ერთი სიმღერა არ გამეორდება. სხვებს უფრო მეტიც აქვთ, მაგრამ ნეტავი ამის მოსმენას ვასწრებდე. სულ მინდოდა დამეთვალა, რამდენჯერ რას ვუსმენ, როდის და რა რაოდენობით. ახლა ერთი ძალიან კარგი საიტი ვიპოვე - last. fm. იქ დავრეგისტრირდი, პატარა პროგრამაც ჩამოვტვირთე, რომელიც ავტომატურად მიება winamp-ს და ყოველი კვირის ბოლოს, ახალ-ახალ პირად ჩარტებს მიდგენს. მოკლედ, კარგია.

ნიკო დღეს

დღეს კი, ისეთი პოპულარული მუსიკოსი, MTV-ზეც რომ იყოს და თან ძალიან კარგიც, მაინცდამაინც არ ჩანს. მნიშვნელოვანი ტიპები კვლავაც RADIOHEAD და ბიორკი არიან, მაგრამ ფართო მასებისთვის სულ უფრო ნაკლებად გასაგებ მუსიკას წერენ. RADIOHEAD-ის ბოლო ალბომი არ მიყვარს, მაგრამ ძალიან კარგია. ბიორკის „მედულა“ კი მიყვარს, მაგრამ ძალიან რთული მოსასმენია. სხვები ძალიან ცნობილები და კარგები ვინ არიან, აბა? COLDPLAY, MAROON 5 - თითქოს კარგად შეკრული, დამუშავებული და აწყობილი მუსიკა აქვთ, მაგრამ აბსოლუტურად უმარილო. რაღაც ემოცია ხო უნდა მოჰქონდეს სიმღერას, ყვერები ხო უნდა ჰქონდეს მუსიკას?

ნიკო ოზონში

არც „როლინგ სტოუნი“ და არც Q, „ოზონი“ ორივეს ნაზავი უნდა იყოს და, საბოლოო ჯამში, „ოზონი“ გამოვიდეს. რეცენზიებით კი, ვიცი, რომ აუცილებლად უნდა დაემსგავსოს Q-ს.

„ოზონის“ რედაქტორი? საერთოდ, მუსიკალური ჟურნალების რედაქტორები ახალგაზრდა ტიპები არიან, სათვალიანი ბიჭები, ბევრ და სხვადასხვაგვარ მუსიკას უსმენენ. თუმცა, „როლინგ სტოუნის“ რედაქტორი დიდხანს იყო კურტ ლოუდერი, დიდი და დარბაისელი კაცი - ისეთი, პარლამენტში რომ დასვა, იქაურ სიტუაციას მშვენივრად მოერგება.

მაგრამ აი, SPIN-ის ერთ-ერთი რედაქტორი ჩემხელა, ბუთხუზა სათვალიანი ბიჭია.

რაც შეეხება შინაარსს, ვეცდებით, რომ „ოზონი“ ძირითადად ქართულ მუსიკაზე იყოს. რაც მთავარია, მკითხველისთვის სანდო გახდეს შეფასებებში, რომლებიც კონკრეტული და საქმიანი იქნება.

ცხადია, რაღაც მიმართულება გვექნება, მაგრამ ვეცდებით, ყველანაირ მუსიკაზე დავწეროთ. ხაზს ერთიანად არაფერს გადავუსვამთ. მაგალითად, სტეფანეს „ხელები“ - პოპსაა, მაგრამ კარგი სიმღერაა, რატომ უნდა დაუკარგო? განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვების სიმღერები ქართულ ესტრადაზე - ტანჯვაა და უიღბლო სიყვარულს ეხება მხოლოდ - ეგეც ხომ უნდა აღნიშნო? ნიაზი მაგარი მუსიკოსია, ზუმბა რასაც ახალს აკეთებს, კაიაო, ამბობენ. „მწვანე ოთახის“ ახალი ალბომიც კარგი გამოდისო - ეს ყველაფერი „ოზონს“ ცოტა ხანს მაინც ეყოფა. მერე კი ახლები უნდა გამოჩნდნენ, წესით.

ნიკო ოფისში

ჩემი ოფისი დახაზული და ზუსტად წარმოდგენილი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სულ მუსიკა იქნება ჩართული, კედლებზე - დიდი პლაკატები.

ბავშვობაში ოთახი სულ არ მქონია, ლოჯიაში მეძინა და ჩემს პლაკატებს ორი კედელი ეთმობოდა. საწოლის თავზე, ჩვეულებრივი პლაკატები მქონდა გაკრული. პირველი იყო METALLICA. მეორე კედელზე კი, ამერიკიდან ჩამოტანილი ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოების კოლაჟი მქონდა, ნაკლებად მეტალისტური შემადგენლობით: RED HOT CHILI PEPPERS, RADIOHEAD, SUBLIME და სხვები. მათგან ვიღაცეები არც ვიცოდი. მაგალითად, SUBLIME ამოვჭერი, გავაკარი და მხოლოდ მერე გავიგე, ვინ იყვნენ. წლების შემდეგ, ცალკე გადავედი და დედაჩემი ძალიან გახარებული იყო, ოთახის კედლებიდან იმ მახინჯებს ჩამოხსნის და კარგიაო.

მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს „მახინჯები“ „ოზონის“ ოფისში მაინც იქნებიან. დავკიდებდი ერთი-ორ ძალიან კარგ და დიდ პლაკატს, ისეთი ხალხისას რა - ბობ დილანის, თომ უეითსის და სადმე კუთხეში პატარა კობეინიც მეყოლებოდა, ვთქვათ, კომპიუტერთან. მერე, მასალა რომ დაგვიგროვდება, „ოზონისთვის“ გადაღებულ ფოტოებსაც გამოვაკრავდი.

ნიკო ოცნებაში

რამე ისეთი განსაკუთრებული და სანუკვარი ოცნება არ მაქვს. ისე, ფარელ უილიამსივით ტიპი ვიქნებოდი - ჰიპ ჰოპის მომღერლების პროდიუსერი. მათთან ერთად მუსიკას დავამუშავებდი, ვიღაცისგან რაღაცას გამოვიყვანდი. იგივე, DR. DRE - ახლა ხომ თვითონ აღარაფერს აკეთებს და სხვების დაკვეთებზე მუშაობს.

აი, მეც ეგრე ვიქნებოდი, ღმერთს რომ ნიჭი მოეცა.

ამ უნიჭობის ფონზე, „ოზონი“ მისწრებაა. კარგი ჟურნალი უნდა გავაკეთო. მართლა კარგი ჟურნალი!

და კიდევ, თუ გინდათ, last.fm-ზე მნახეთ, ვინა ვარ!...

5 ვილის ოვერლენდის რაინდები

▲back to top


და ისტორია ამერიკის არმიის ყველაზე პატარა მანქანისა, რომელსაც სახელად ჰქვია ჯიპი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე/არქივი

0x01 graphic

ძარა - ფურცლოვანი ფოლადი
სიგრძე - 3335 მმ
სიგანე - 1585 მმ
სიმაღლე დაჭიმული ტენტით - 1830 მმ
კლირენსი ხიდებქვეშ - 220 მმ
მოხვევის რადიუსი - 5,9 მ
ტვირთამწეობა - 1250 კგ
ძრავა - 60 ცხენის ძალა
ოთხტაქტიანი კარბურატორი
ქვედა კლაპანები

მეორე მსოფლიო ომმა წარმოშვა იმ დროისათვის მილიტარისტული სასწაული, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დღევანდელი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო საავტომობილო მრეწველობა, და რომლის გარეშეც მეოცე საუკუნე ცოტა სხვანაირი იქნებოდა: სამხედრო ჯიპი. ვილისი.

მანქანა კი არა, ჯიპი

1939 წლის სექტემბერში, როდესაც გერმანიის მოტორიზებული არმიის ქვედანაყოფებმა პოლონეთის საზღვარი გადალახეს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ უნდა შექმნილიყო სრულიად ახალი ტიპის - მაღალი გამავლობის, მცირეგაბარიტიანი, მსუბუქი სამხედრო ავტომობილი, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სამეთაურო შემადგენლობისთვის, ასევე სადაზვერვო დანიშნულებისთვისაც და მრავალი სხვა ფუნქციის შესასრულებლადაც. ავტომობილი უნდა ყოფილიყო ეტლიან მოტოციკლეტზე დიდი და მცირეგაბარიტიან სატვირთო ავტომობილზე პატარა.

პენტაგონმა გამოაცხადა კონკურსი, რომლის პირობებიც სრულიად დრაკონული იყო: მონაწილე ფირმებს (მსურველი კი 135 აღმოჩნდა) ხუთ დღეში უნდა წარედგინათ სრულიად ახალი ავტომობილის კონტურები, სასიგნალო ეგზემპლარები 49 დღეში უნდა დაემზადებინათ, 75 დღეში კი - გამოსაცდელად ვარგისი სამოცდაათი მანქანა. სამხედროების მოთხოვნით, ეს ავტომობილი უნდა ყოფილიყო ოთხადგილიანი, იაფი თვითღირებულების, მაღალი გამავლობის, მცირებაზიანი, მაღალი კლირენსის მქონე, მინიმალური სიჩქარით 3 მილი/სთ, მსუბუქი - ხუთას კილოგრამამდე წონის, და ძარაზე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ტყვიამფრქვევის დამაგრება.

მხოლოდ სამმა ფირმამ შეძლო კონკურსის პირობების და ვადების დაკმაყოფილება: „ამერიკენ ბანტამმა“, „ვილის ოვერლენდმა“ და „ფორდმა“. მაგრამ ექვსას კილოგრამზე მსუბუქი ავტომობილის შექმნა ვერცერთმა ფირმამ ვერ მოახერხა, ამიტომ სამხედროებმა თავიანთი მოთხოვნა შეცვალეს და მანქანის წონა ტონამდე გაზარდეს, და ვინაიდან ფორდის ბრტყელ „კაპოტს“ აშკარა უპირატესობა ჰქონდა, დანარჩენ ორ ფირმას ეს მოთხოვნაც უნდა გაეთვალისწინებინა. კონკურსის შემდგომ ეტაპზე „ვილისმა“ გაიმარჯვა: მისი ძრავა Go-Devil („გასწი, ეშმაკო“), ოთხცილინდრიანი, სამოც ცხენისძალიანი, მაქსიმალური სიჩქარით 104 კმ/სთ, საუკეთესო აღმოჩნდა.

ბევრს აღარ გავაგრძელებ: საბოლოო ტესტებმაც „ვილისის“ მოდელის უპირატესობა გამოავლინა, და 1941 წლის ნოემბერში ქვეყანას მოევლინა უკვე საბოლოოდ დახვეწილი მოდელი Willys MB.

მიუხედავად ფართოდ გავრცელებული ვერსიისა, რომ სახელწოდება „ჯიპი“ აბრევიატურაა (General Purpose - უნივერსალური დანიშნულების), ეს ასე როდია: „ვილისამდეც“ არსებობდა უნივერსალური დანიშნულების ავტომობილი, მაგრამ ჯიპი მისთვის არავის უწოდებია.

„ნათლია“ იყო ამერიკელი სერჟანტი, ვინმე ირვინგ ჰაუსმანი, მეტსახელად „წითელი“, მძღოლი-გამომცდელი კემ-ჰოლაბერდის ბაზაზე. სწორედ მან შეადარა ეს პატარა, მაგრამ უღალატო ავტომობილი, რომლისთვისაც გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს, იმ დროისათვის მეტად პოპულარული მულტსერიალის, „პაპაი მეზღვაურის“ ზღაპრულ პერსონაჟს - იუჯინ ჯიპს. იუჯინ ჯიპი თანაბარი წარმატებით მოძრაობს მიწაზე, წყალში და ჰაერში, მეტად მოქნილია, ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია და რაც მთავარია, ძალიან, ძალიან ერთგულია.

პატარა ჯიპსაც ყველაფერი შეუძლია. არ არსებობს ტალახი, რომელსაც ის ვერ გაივლის, და თუ ძალიან გაუჭირდა, ოთხ ჯანიან მამაკაცს შეუძლია ხელი საგანგებო სახელურებში ჩაჰკიდოს და ამოიყვანოს. თუ მთლად ზედ არ გადაუარა, ჯიპს წყლისა არ ეშინია. თუ ძრავაზე კონსერვის ქილას დადგამთ და კაპოტს დაახურავთ, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ერთგული მანქანა ცხელ სადილს მოგართმევთ. თუ ჯარისკაცი მეტისმეტად ცუდად გამოიყურება, ჯიპი პირის გასაპარსად ცხელ წყალსაც მიაწვდის. საქარე მინის ჩატეხა ჯიპისთვის პრობლემა არაა, ნებისმიერი მინა უდგება. ჯიპს კაპიტოლიუმის კიბე აქვს ავლილი, აბა, რომელ აღმართს შეუშინდება! ხოლო თუ ბორბლებს მოხსნიდნენ, ლიანდაგებსაც მშვიდად მიუყვებოდა. მოკლედ, მანქანა კი არა, ჯიპია.

ამბობდნენ, ამერიკის არმიას მეტი ჯიპი ჰყავს, ვიდრე მაკდონალდსს - ჰამბურგერიო. ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ თავიანთი რკინის რაშები: „ომის შემდეგ აუცილებლად ვიყიდი ჩემს თუნდაც მონჯღრეულ ჯიპს. რა თქმა უნდა, თუ ორთავენი ცოცხლები გადავრჩით“...

0x01 graphic

ჩვენი ჯიპები

მე მანქანებში საერთოდ ვერ ვერკვევი. ჩემი ღრმა რწმენით, მთავარია, დადიოდეს და დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანოს, სხვა დანარჩენი არ მესმის და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, „დოჯია“ თუ „მოსკვიჩი“ - დამიდგა დარდი. მაგრამ რამდენიმე წლის წინათ აღმოვაჩინე, რომ არსებობს პატარა, თითქოს სათამაშო ავტომობილი, რომელზეც, მდაბიურად რომ ვთქვათ, ვაფრენ, და გავიცანი კაცი, რომელსაც ზურგსუკან „ჯიპების არმიის გენერალს“ ვუწოდებ ხოლმე - მერაბ გუჯაბიძე, და ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ტალღა, რომლის მოწმენიც მიხსნიან, რომ ფეტიშიზმი სულ სხვადასხვანაირი არსებობს და ჩემი ამ მანქანის მიმართ დამოკიდებულება, ცოტა არ იყოს, არაჯანსაღია. რა გაეწყობა!

პირველად ჯიპში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს აღმოვჩნდი, სრულიად შემთხვევით, ვიღაც პატიოსანმა კაცმა - ათ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ გაირკვა, რომ ნიკა ჩიგოგიძემ - ბეთანიის მონასტრიდან გზამდე აგვიყვანა, და მერე კარგა ხანს ვყვებოდი, როგორი ვაჟკაცური ბურდღუნით ავიდა საძაგელ აღმართზე ერთი თხასავით მანქანა. საჭეზე წარწერაც მახსოვდა: Иван Смирнов 1943 Сталинград.

მერე კი, მრავალი წლის მერე, მერაბ გუჯაბიძე გავიცანი: არქიტექტორი, თან კარგი (მინდა მოგახსენოთ, რომ ბედოვლათი - ასე თარგმნეს დიდ-დიდმა ქართულის მცოდნეებმა „ნეუდაჩნიკი“ - ჯიპის მფლობელი საერთოდ არ შემხვდერია). ის ცხოვრობს ფალიაშვილის

ქუჩაზე, აქვს სახელოსნო, რომელშიც წარმოუდგენელი ნივთები აწყვია, მაგალითად, ბუნდესვერის ჯარისკაცის ჩაფხუტი, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი; ამჟამად ის საფერფლის ფუნქციასაც ასრულებს, მერაბმა მას ვოლგოგრადში მიაგნო, ვიღაც ბებოს ქათმები სვამდნენ წყალს. მერაბ გუჯაბიძეს უყვარს თავისი საქმე, მეგობრები, მეორე მსოფლიო ომის ისტორია, ჩრდილოამერიკელი ინდიელების ამბები, მუსიკა და სხვა და სხვა. მოკლედ, მერაბს სიცოცხლე უყვარს, და კიდევ: უყვარს თავისი ჯიპი, 1942 წლის 10-დან 17 დეკემბრამდე, დასაწყისში გამოშვებული. ეს ზუსტად იცის - რესტავრაციის დროს ჩარჩოზე სერიული ნომერი იპოვა, რომელიც სპეციალურ კატალოგში იყო აღნიშნული.

„მერწყულია,“ დაასკვნა ამ ამბის მსმენელმა ფოტოგრაფმა ლევან ხერხეულიძემ, რომელსაც კიდევ ერთი პროფესია აქვს, მაგრამ არ გავუბაზრებ. „გახლავთ,“ უპასუხა მერაბმა.

მერაბის ჯიპი საქართველოში იმის წყალობით მოხვდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენდლიზის ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირს დახმარება გამოუგზავნა, ხორცის კონსერვებით დაწყებული და თვითმფრინავებით დამთავრებული. ამ ხელშეკრულების გამო მოხვდა საქართველოში „ვილისებიც“.

როგორც ჩანს, ამერიკელები საბჭოთა ჯარს, უფრო სწორად, მისი შემადგენლობის გონებრივ შესაძლებლობებს დიდად არ ენდობოდნენ: მანქანის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს ზედ მსხვილი შრიფტით ეწერა: „მძღოლო! ნუ ჩაასხამ საწვავის ავზში ნავთს ბენზინის ნაცვლად!“ ისე, მე თუ მკითხავთ - კიდევ კარგი, არავინ მეკითხება, - ყველამ თავისი ქვეყნის მოქალაქეების ინტელექტს უნდა მიხედოს, ახალი ჩამოსხმული ყავა რომ ცხელია და ზედ არ უნდა გადაივლო, ამას რა ინსტრუქცია და ტრენინგი სჭირდება?!

0x01 graphic

0x01 graphic

ივანი

ჰო, კიდევ ერთი მანქანა, ცოტათი ჯიპი, მაგრამ მთლად ჯიპიც არაა. მას ჰქვია ХБВ, Хочу Быть Виллисом, ან „კოზლიკი“, ოფიციალურად კი ГАЗ-67. ეს ავტომობილი გარეგნულად ძალიან ჰგავს „ვილისს“, და ამიტომ ჯარისკაცებმა „ივან-ვილისი“ დაარქვეს.

მისი მასიური წარმოება დაიწყო 1942 წელს, და მეორე მსოფლიო ომის დროს ეს მანქანებიც იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ჯიპები მრავლად არსებობდა, ეს ავტომობილიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ევროპაში მსგავსი არაფერი ენახათ: ХБВ, მისი შემქმნელი ხალხისა არ იყოს, ძალიან მყარად იდგა თავის ფართოდ გაშლილ ბორბლებზე. საქმე ისაა, რომ ГАЗ-67-ის წინამორბედს, ГАЗ-64-ს, ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა: მოსახვევებში და არასწორ რელიეფზე იოლად ყირავდებოდა. ამიტომ ხიდების სიგანე 1446 მილიმეტრამდე გაზარდეს, და ახალი „კოზლიკი“ უკვე დიდი წარმატებით მიუყვებოდა ტალახში სატვირთო ავტომობილების მიერ გაჭრილ კვალს.

ეს მანქანა მარტივი მოსავლელი იყო, ძალიან დაბალი ხარისხის ბენზინიც აკმაყოფილებდა, ოქტანობის რიცხვით 60, მაშინ როცა „ვილისები“ საბჭოთა საწვავის მიმართ პრეტენზიულები იყვნენ, სჭირდებოდათ საწვავი ოქტანობის რიცხვით 80 (სწორედ ამას გვაუწყებს მერაბ გუჯაბიძის ჯიპის „კანისტრაზე“ დამაგრებული წითელი მედალიონივით რაღაცა, წარწერით „80“).

„კოზლიკებს“ ომის მერეც აწარმოებდნენ, არა მარტო არმიისთვის, არამედ სოფლის მეურნეობისთვისაც. ლამის ყველა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ჰყავდა, ის იმდროინდელი საბჭოთა ფილმების უცვლელი გმირია, რამე რომ ყოფილიყო, ხარების ნაცვლად გუთანშიც აბამდნენ (ისევე, როგორც „ვილისებს“), და ამბობენ, მხოლოდ საბჭოთა კავშირში კი არა, ავსტრალიაშიც ხელიდან სტაცებდნენო ერთმანეთს.

ეს უკანასკნელი ამბავი დანამდვილებით არ ვიცი, ავსტრალიაში არ ვყოფილვარ. სამაგიეროდ, ვიცი, რომ ГАЗ-67 „ვილის ოვერლენდის“ რაინდ შალვა ზამთარაძეს ჰყავს. ის და მისი მეგობრები ამ მანქანას რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ ეძებდნენ, მერე აკეთებდნენ.

ძირითად ნაწილს მერაბ გუჯაბიძემ სოლოლაკში მიაგნო. ის ეზოში იდგა, უფრო სწორად, ეზოში ჰქონდა ფესვები გადგმული. იმდენ ხანს იდგა, რომ გამოტანის შემდეგ, მის ადგილას ღრმულები დარჩა. გამოტანაც ნაწილ-ნაწილ მოახერხეს - ХБВ-ს დაყენების დღიდან, მრავალი ფენა ასფალტი დაუგიათ და ეზოშიც უამრავი რამ აუშენებიათ, ვეღარაფრით გამოეტეოდა.

დღეს ГАЗ-67, ძალიან ლამაზი, მოვლილი და ნაპატიევი, კლუბის ღირსეული წევრია და თავისი მფლობელის სავსებით სამართლიანი სიამაყის საგანი.

„და შენ რისი თქმა გინდა,“ მიმართა ბატონმა მარლენ სარიშვილმა შაკოს, „რომ შენი ივანი ჩემს ბიჭს სჯობია?“

შაკოს თავისი ბიჭის სადიდებლად უამრავი არგუმენტი აქვს, მაგრამ მე მაინც ჩემი პირველი სიყვარულის, ჯიპების ერთგულად ვრჩები. ვფიქრობ, ბატონი მარლენიც ჩემს აზრს იზიარებს. გზად მიამბო, ერთხელ ფული დამჭირდა და ავიღე და თოფების უნიკალური კოლექცია გავყიდე, ჩემს ჯიპს ნამდვილად ვერ გავყიდდიო.

ჯიპები და ოჯახის წევრები ხომ არ იყიდებიან.

. . .

„ამერიკელებს“ დავუბრუნდეთ. ლენდლიზის ხელშეკრულების თანახმად, მანქანები, ხის ყუთებში ჩაწყობილი, - ბორბლები მოხსნილი ჰქონდა და ძარაში იყო ჩალაგებული, საქარე მინაც გადაეწვინათ - საბჭოეთისკენ დაიძრა. ამბობენ, რომ ყოველ მანქანას მაღალი ხარისხის ტყავის ქურთუკი მოჰყვებოდა, რადგან ჯიპი, მოგეხსენებათ, ღია მანქანაა, და მძღოლს თავი შეძლებისდაგვარად კომფორტულად უნდა ეგრძნო. დღეს იმ ქურთუკში სამშობლოს გავცვლიდი, მაგრამ სადაა...

ყუთი, რომელშიც ოდესღაც ვილისი იდგა, ბუნებაში აღარ არსებობს. უფრო სწორად, არსებობს, მაგრამ ყველაზე თავდადებული ჯიპმენისთვისაც მიუწვდომელია, და თუმცა მავანნი ასეთ ყუთში ჩადგმულ მანქანაში ოქროს მთების გადამხდელი არიან, არაფერი გამოუვათ: ისინი ოკეანის ფსკერზე განისვენებენ. გერმანიის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლაში მურმანსკისკენ, არხანგელსკისა და სვერდლოვსკისკენ მიმავალი უამრავი გემი ჩაიძირა. მერაბ გუჯაბიძის ციტატა: „გმირულად დაიღუპა უთვალავი მეზღვაური და ათეულ ათასობით ჯიპი“.

ნუ გეცინებათ! ჯიპი ნამდვილი გმირია, და არავინ იცის, რა ჩაუდენიათ დღეს უკვე სამოცს გადაცილებულ „მოხუცებს“. იცით, ჯიპმა აფრიკაში როგორ გაითქვა სახელი? იქნებ იმ ჯიპთაგან რომელიმე ახლა მშვიდობიანად დასეირნობს ჩვენი ქალაქის ქუჩებში, რა ვიცით ჯიპების და ეშმაკებისა...

ერთი გმირობის ამბავი

1942 წლის 26 ივლისს თვრამეტი ჯიპის საშუალებით გაანადგურეს აუღებელი ციხე-სიმაგრე, ზიდი ეშინის სამხედრო აეროდრომი, სადაც რომელის არმიის თვითმფრინავების ნახევარზე მეტი იყო ბაზირებული. ეს ნამდვილი ციხე-სიმაგრე იყო: სამი მხრიდან უდაბნო ეკრა გარს, მეოთხე მხარე საუკეთესოდ გამაგრებული სანაპირო იყო, და მოკავშირეთა ავიაცია ამაოდ ცდილობდა მის აღებას.

სანამ არ გამოჩნდა კაცი, რომელიც მე, ხმალამოწვდილ პაციფისტს, თავდადებით მიყვარს - მოგეხსენებათ, ქალები თანმიმდევრულობით არ გამოირჩევიან. ეს იყო ახალგაზრდა ბრიტანელი ოფიცერი, დევიდ სტირლინგი. ის ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც ჯიპებთან ერთად, უდაბნოს სიღრმეში გადასხეს.

„ბიჭი სტირლინგი სრულიად გიჟია,“ ბრძანა მის შესახებ ფელდმარშალმა მონტგომერიმ, „სრულიად, სრულიად გიჟი. თუმცა რა! ომი ხომ ხშირად გიჟების ასპარეზია.“

რა ვიცი, ალბათ, მართლა გიჟი იყო. ძალიან მამაცი და ამტანი კაცი კი ყოფილა. ჯიპივით. „უდაბნოს მელად“ წოდებული რომელი მას და მის ბიჭებს „უდაბნოს ვირთხებს“ უწოდებდა. მაგრამ მხოლოდ მამაცი მეომრები ნამდვილად ვერაფერს გააწყობდნენ, რომ არა ყოვლისშემძლე და ყოვლისამტანი ჯიპები. „ბიჭმა სტირლინგმა“ ჯიპებს რაღაცრაღაცეები უქნა, ისე, რომ წყალი აღარ ორთქლდებოდა, მინის ნაწილები არ ბრჭყვიალებდა, ზედ ტყვიამფრქვევები იდგა და სხვა და სხვა - ამდენადაც ვერ ვერკვევი. ერთი კია: დღის განმავლობაში გავარვარებულ ქვიშაში ჩამარხული მანქანები ღამ-ღამობით მამაცურად აგრძელებდნენ მიზნისკენ, გამარჯვებისკენ მიმავალ გზას.

0x01 graphic

USA 942

აი, ასეთი მანქანები ჩამოაბრძანეს ომის დროს საბჭოთა კავშირში. გემების გადარჩენილი ნაწილი პორტებს მიადგა, მეტწილად ეს ის გემები იყო, რომელთაც სპარსეთის ყურისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. ნაპირზე, სახელდახელოდ აშენებულ ქარხნებში მანქანებს სახელდახელოდ აწყობდნენ და მძიმედ დატვირთული „ვილისები“ ირანისა და ნახიჩევანის საზღვრის გავლით შემოვიდა. ქარავანი საქართველოს სამხედრო გზით მიიწევდა ფრონტისკენ.

უშუალოდ რუსეთში ჩასული მანქანებისგან განსხვავებით, ამ გზის გავლის შემდეგ ჯიპებს ერთი რამ აკლდათ: ნიჩაბი. კარგი ფოლადისა იყო და მოსახლეობა მისგან ბებუთებს ამზადებდა.

მაგრამ მერაბ გუჯაბიძის ჯიპს ნიჩაბიც აქვს!

პირველად ჩვენმა გმირმა ჯიპი 1972 წელს ნახა, როცა მეშვიდეკლასელი იყო და წყნეთში ისვენებდა - ბატონ გენო რევიშვილს ჰყოლია. 1978 წელს „ვილისი“ ნიკა ჩიგოგიძემ იყიდა - მაშინ ერთმანეთს არ იცნობდნენ, ამჟამად კი ის და მერაბი მეგობრები არიან. ნიკამ მანქანას რესტავრაცია ჩაუტარა, და მისი მაგალითით ფრთაშესხმული მერაბი, თავისი პირველი ჰონორარით ხელში, მანქანის ძებნას შეუდგა.

ძნელი საქმე იყო. კარგ მდგომარეობაში მანქანა ძალიან ძვირი ღირდა, მხოლოდ ისეთები იყიდებოდა, ვეღარაფერს რომ უშველიდი. სამაგიეროდ, მერაბი „ვილისის“ ყველა ორიგინალურ ნაწილს აგროვებდა, - და ამ საქმეში ოცი წელი გავიდა.

ყველა გულშემატკივრობდა, და სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, მერაბი ყველგან ეძებდა „ვილისის“ ნაწილებს. ზოგი იყი-და, ზოგი „ნაგავში“ იპოვა, ზოგი აჩუქეს... მერე კი მანქანა გამოჩნდა.

და დღეს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, „ჯიპ-ეზოში“ ნამდვილი ამერიკული ჯიპი დგას, ზუსტად ის, როგორიც 1942 წლის დეკემბერში ააწყვეს, - ის, და არა ისეთი. მისი არსებობის ამბავი ყველამ იცის, ვისაც „ვილის ოვერლანდი“ უყვარს და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ „ჯიპმენებთან“ ერთად, „ვილის ოვერლენდის რაინდთა კლუბის“ წევრები არიან.

რაინდობისა რა მოგახსენოთ და იმ ეზოში მეც კი მიმესვლება. მეტსაც მოგახსენებთ: ჯიპითაც მიმოგზაურია, თან არაერთგზის. დიდგორის მემორიალის კიბეზეც კი ვარ ნიკა ჩიგოგიძის მანქანით დაშვებული - რით ჩამოუვარდება კაპიტოლიუმის კიბეს! და კიდევ ბევრს, ბევრს ვიმოგზაურებთ ოდესღაც მებრძოლი, დღეს კი ყველაზე მშვიდობიანი, ერთგული მანქანებით. აი, ნახავთ, თუ არა.

0x01 graphic

P.S. დიდხანს ვიორჭოფე, დავწერომეთქი ეს ცუდი ამბავი, თუ არა. მაინც დავწერ, თუნდაც იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ ადამიანების სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს: თურმე ომის დამთავრების შემდეგ, ჯარისკაცებს თავიანთი ჯიპები უნდა ჩაებარებინათ, თან, ცხადია, საუკეთესო მდგომარეობაში. ჩააბარეს კიდეც, თავადაც გაპრანჭულმა გამარჯვებულმა ჯარისკაცებმა თავიანთი საგულდაგულოდ მოვლილი „ვილისები“, და მათ თვალწინ მათი ერთგული თანამებრძოლები, ჯიპები, პრესებზე შედგეს და გაანადგურეს - ამერიკას ისინი აღარ სჭირდებოდა. ჩვენ რომ ვხვდებით, შემთხვევით გადარჩენილი მანქანებია.

P.P. S. როდესაც ამ ამბავს ვწერდი, სტუმარი მეწვია, გიორგი ბანძელაძე. კარგა ხანს მელაპარაკა და მერე მითხრა, ის ჯიპი მამაჩემისა იყოო. მართალია: ის მერაბ გუჯაბიძეს 1995 წელს სოსო ბანძელაძემ დაუთმო და უამრავი ნაწილიც მიაყოლა. ჰოდა, მერე გიორგიმ მითხრა, რომ როცა საქმე საქმეზე მივა, აუცილებლად იყიდის ჯიპს.

მეამა. მაშ, მარტო არ ვარ და მხოლოდ მე არ „მოვიწამლე“, მხოლოდ მე როდი მინდა, რომ როცა ჩემს თავს ომი დამთავრდება, აუცილებლად ვიყიდო ერთი, თუნდაც მონჯღრეული ჯიპი.

რა თქმა უნდა, თუ მანამდე მივაღწიეთ მე და ჩემმა ოცნების ჯიპმა, რომელიც სადღაც აუცილებლად მელის.

0x01 graphic

6 დღე-სასწაული!

▲back to top


სპეც-პროექტი:

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ხდება ასეც: დილას საკუთარ თავს უსვამ კითხვას, პასუხს ვერ პოულობ, მერე კი საერთოდ გავიწყდება. მაგრამ გადის რამდენიმე საათი და პასუხი თვითონ მოდის შენთან. ჩუმად გაფიქრებულ კითხვას გასაღები სრულიად წარმოუდგენელი ჭუჭრუტანიდან ერგება: საინფორმაციო გადაცემასა და ავტობუსში ყურმოკრული დიალოგიდან, ანდა შემთხვევით გადაშლილი წიგნიდან.

ხდება სხვანაირადაც: შენი ბავშვობის ყველაზე სანუკვარი ოცნებაა გყავდეს წითელთმიანი შვილი. მაგრამ ხდები იმ ბიჭის ცოლი, რომელსაც სილურჯეში გადასული შავი თმა აქვს და ოცნებაც წითურ შვილზე ოცნებად რჩება. მაგრამ მერე გადის დრო და გაოცებისგან რა იფიქრო, აღარ იცი: აკვირდები შენს ახალშობილ გოგონას თეთრ საფენებში და ამჩნევ - მას ალისფერი თმა აქვს. და ირკვევა რა? თურმე, იმ შავგვრემან ბიჭს ჰყოლია ბებია, ცეცხლისფერი თმით და შენი პატარაც მას დაემსგავსა.

და, რაც მთავარია: ასეთები ხდება ყოველთვის, უწყვეტ რეჟიმში. ზოგი ამ ისტორიებს დამთხვევებს უწოდებს, ზოგი შემთხვევებს, ზოგიც ამტკიცებს, რომ შემთხვევითობები არ არსებობს, რომ ყველაფერი ლოგიკურად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, მაგრამ ეს ზელოგიკაა, ჩვეულებრივი მოკვდავების ენაზე აუხსნელი და ამიტომ დამთხვევებიც სასწაულებად ინათლება; დღეები კი, როცა სასწაულები ხდება - დღე-სასწაულებად.

პროექტზე მუშაობის პროცესში შთაგონებისთვის, ხან კუსტურიცა მივიღეთ დიდი რაოდენობით, ხან რობერტო ბენინი, ხანაც ბრიუს სპრინგსტინი, მაგრამ ყველაზე მეტი შთაგონება დავით ჯავახიშვილის პატარა წიგნმა მოგვცა: „დამთხვევები და შემთხვევები“.

დღე-სასწაულების ეს მცირე სერიაც მისი ერთი ნაამბობით დავიწყეთ. მაგრამ იქვე მოუსმინეთ სხვებსაც, რათა დღეში ერთხელ მაინც გაგახსენდეთ, რომ ასეც ხდება, სხვანაირადაც ხდება და, რაც მთავარია - ხდება სულ, უწყვეტ რეჟიმში...

0x01 graphic

0x01 graphic

დავით ჯავახიშვილი
მწერალი

0x01 graphic

სასწაული გომბორის გზაზე

ცივი ზამთარი იდგა იმ წელს მთელს საქართველოში, თოვლიანი და ყინვებიანი, რის გამოც, გათბობის საკითხი ყველა „საშუალო“ თბილისელისათვის უპირველესი საზრუნავი გახდა, ხოლო მე, ისევე, როგორც დღეს, იმ დროსაც სწორედ ამ კატეგორიას ვეკუთვნოდი. ერთი ქეციანი კაფელის ღუმელი მქონდა, იმით ვთბებოდი. „საბჭოთა“ ნავთლუღში შეშის უზარმაზარი საწყობები იყო, მაგრამ ჩემისთანა ადამიანი შეშას იქ ვერ შეიძენდა. ამიტომ, ვისაც შეგვეძლო, სამსახურებრივი მდგომარეობით ვსარგებლობდით და „ბოროტად“ ვიყენებდით მას. ერთ-ერთ დაწესებულებაში რიგით გეოლოგად ვმუშაობდი.

ერთხელაც ხმა გავრცელდა, ყველაზე იაფად შეშა გომბორის მხარეს, თეთრწყლებში იყიდებაო. ავიყოლიე ჯუნა ოქრომჭედლიძე - ჩემივე გეოლოგიური პარტიის უფროსი, საჭესთან პავლე დავსვით, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მძღოლი, და დილაადრიან გომბორის გზას დავადექით.

თავიდან არა გვიშავდა რა: სამხიდიანი მანქანა კარგი ბედაურივით იოლად ძლევდა ერთიმეორეზე ძნელ დაბრკოლებებს - თოვლით დაფარულ მკვეთრ მოსახვევებს, სარკესავით მოლაპლაპე მოლიპულ აღმართებს და ა.შ. მერე და მერე კი გაუჭირდა და უღელტეხილის მისადგომებთან უკვე ძლივსღა მიღოღავდა ნამქერებისგან თითქმის მთლიანად წაშლილ გზაზე.

ის იყო, თავში ცუდმა აზრმა გამიელვა, - აქ რომ რამე მოგვივიდეს, ვინ გვიშველის-მეთქი, - რომ მანქანაც გაჩერდა: რადიატორში წყალი ადუღდა, ორთქლმა მორყეული ხუფი ამოაგდო და გეიზერივით ამოვარდნილი ჭავლის სითეთრემ, ისედაც თოვლით გადათეთრებული მიდამო, მთლად უხილავი გახადა.

სამივენი კაბინიდან გადმოვედით და ძრავის გაგრილების მოლოდინში, ჭირისუფლებივით დაღვრემილნი დავადექით თავზე მანქანას. არ ვიყავით თუ რა, ჭირისუფლები?!

პავლეს ხომ სახეზე სულ ტყემალი ჩამოსდიოდა.

- ცუდადაა საქმე! - „დაგვაიმედა“ და კაპოტის ახდა სცადა, მაგრამ ხელი დაეწვა, - ნაღდად რემენია გაწყვეტილი...

ჩვენდა სავალალოდ, პავლეს დიაგნოზი მალე დადასტურდა, მართლაც ვენტილატორის ღვედი გაწყვეტილიყო და წყალიც იმიტომ ადუღებულიყო. სათადარიგო ღვედი პავლეს, რა თქმა უნდა, თან არ აღმოაჩნდა.

სასწაული იმავწამს და ისე უცბად მოხდა, რომ ჯუნამ აფეთქება ვერ მოასწრო. მოხდა კი ის, რომ უცაბედად ფეხი თოვლით ამოვსებულ ღრმა კიუვეტში გადამიცდა და შიგ ჩავცურდი, მაგრამ არ წავქცეულვარ და როცა იქიდან ამოსვლა ვცადე, სითეთრეში ფეხქვეშ რაღაც შავ ზოლს მოვკარი თვალი; დაუფიქრებლად დავწვდი უცნობ საგანს, აღება დავაპირე, მაგრამ არ ამყვა, თოვლში აღმოჩნდა ჩაყინული და ვიდრე ძალით ამოვგლეჯდი, იქამდე მივხვდი, რაც იყო, მაგრამ ვერ დავიჯერე; ალბათ თქვენც მიხვდით: დიახ, ვენტილატორის ღვედი იყო, სრულიად საღი! გადავრჩით-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მაშინვე შევყოყმანდი: მოერგებოდა კი ჩვენს მანქანას?

ღვედს სასწრაფოდ გავაცალე მიყინული თოვლი და კიუვეტიდან იმედიანად ამოვედი.

ჯუნა უკვე აფოფრილიყო და პავლეს მიმართულებით, თვალებიდან პირველ ნაპერწკლებს ყრიდა.

ნადავლიანი ხელი თეატრალურად ზეაღვმართე და პათეტიკურად შევძახე:

- „ჯერ შეიცადეთ, ვიდრემდის წახვალთ!..“

- ამ იდიოტის ხელში, სად ვირის ტრაკში წავალთ?! - ღრენით გამაწყვეტინა ჯუნამ ასე კარგად დაწყებული ოტელოს მონოლოგი.

- ვაა, რემენი, ტოო?! - თვალები დააჭყიტა პავლემ, ღვედი გამომართვა, შეათვალიერა და საკოცნელად ჩემსკენ გამოიწია, - ვაჰ, შენ გენაცვალე! ტოჩნად ჩვენია! გულთმისანი ყოფილხარ! არა, რა იცოდი, რო დაგვჭირდებოდა?

ძნელი მისახვედრი არ იყო, ეს ბოთე რასაც გულისხმობდა: ეგონა, ღვედი თან მქონდა წამოღებული. მიდი და ელაპარაკე!

ჯუნა დუმდა, მაგრამ ცალთვალმოჭუტული, ისიც ეჭვით მიყურებდა და ბოლოს აგდებულად ჩაიქირქილა:

- არ მითხრა ახლა, აქ ვიპოვეო!

- აქ ვიპოვე, მა რა! - აღვშფოთდი მე, - არა, ბიჭო, სახლიდან წამოვიღე!

- კარგი რა, დათოჯან, ვის ატყუებ? მართლა ეგეთი ბრიყვებიც არა ვართ! - იწყინა პავლემაც, მერე შუათითი ენით დაისველა და რადიატორი მოსინჯა, ცხელ უთოს რომ სინჯავენ, ისე...

ბოლო კეთილია, ყველაფერი ზღაპრულად დამთავრდა: ზღაპრულად ნაპოვნი ღვედიც მიუდგა მანქანას, შეშაც ზღაპრულად იაფად ვიშოვეთ და უკან გზაც ზღაპრულად უფათერაკოდ გამოვიარეთ.

0x01 graphic

ილუსტრაცია: გიორგი მარი

ნინელი ჭანკვეტაძე
მსახიობი

0x01 graphic

გამოცდა:

სკოლას ვამთავრებდი, როცა მეგობრის დეიდამ მირჩია, თეატრალურში სცადე ბედი, ცეკვას გასწავლიან, მეტყველებას, ფარიკაობას, თეატრის ისტორიასო. მივხვდი, რომ თეატრალური ინსტიტუტი მართლაც მომცემდა იმას, რაც ყველაზე მეტად მინდოდა, რომ მქონოდა - მრავალფეროვნებას.

მთელი ოჯახი ჩემი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. დედაჩემი ბოლოს მამაჩემს ასე ამშვიდებდა, იქ ნაცნობი არავინ გვყავს, პირველივე ტურზე ჩაიჭრება, წელს დაკარგავს და მერე სადმე სხვაგან ჩააბარებსო.

მე კი ისე ძალიან მინდოდა თეატრალურში ჩაბარება, რომ მიუხედავად იმისა, შეჩვეული არ ვიყავი, სრულიად მარტომ დავიწყე საბუთების შეგროვება. განცხადების შესატანადაც მარტო მივედი. კანცელარიაში ისეთი აჭარხლებული და დაძაბული შევედი, რომ არც შემიმჩნევია იქვე კუთხეში მჯდომი უცხო კაცი. ბატონი მიშა თუმანიშვილის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობდი. ეტყობა ისეთი აურა შევიტანე, რომ ყურადღება მაშინვე მივიქციე. კაცმა მკითხა, დარწმუნებული ხართ, რომ ჩააბარებთო? ოჯახის წევრების კრიტიკისგან დაღლილმა, ამ კითხვას ამ უცხო კაცისგან უზარმაზარი მნიშვნელობა მივანიჭე და მას მაქსიმალური კატეგორიულობით ვუპასუხე, ძალიან ხმამაღლა, თითქმის ყვირილით - მე აუცილებლად ჩავაბარებ-მეთქი. უცხო კაცს რაღაცნაირად ულვაშებში ჩაეღიმა. მერე გავარკვიე, რომ ის მიშა თუმანიშვილი იყო. იმ დღეს კი, გამოვსულვარ თუ არა კანცელარიიდან, ბატონ მიშას იქ მყოფთათვის უთქვამს, ეს გოგო მართლა ჩააბარებს გამოცდებსო...

ტურები გავიარე და მივხვდი, რომ თეატრალურში მოხვედრის შანსი აშკარად გამიჩნდა. დაინიშნა გამოცდის დღე. მაშინ ასეთი დაუწერელი წესი იყო - ერთი და იგივე ტანსაცმელი უნდა გვცმოდა ყველა ტურსა და გამოცდაზე, მაქსიმალურად სადა კაბა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.

გამოცდის დღე კი დაინიშნა, მაგრამ მე, ჩემი გაფანტულობის გამო, თარიღი ზუსტად ვერ გავიგე. ერთ საღამოსაც, მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი. ვიფიქრე, გზად გავივლი, თეატრალურში შევივლი და გავიგებ, როდის უნდა მივიდე გამოცდაზე-მეთქი. წვეულებისთვის საგანგებოდ გამოვიპრანჭე. დიდყვავილებიანი, ჭრელი და გრძელი კაბა მეცვა და ფეხსაცმელი ძალიან მაღალ პლატფორმაზე. რუსთაველზე ნელა მივსეირნობდი, ჯერ თეატრის აფიშები წავიკითხე და მერე შევნიშნე, რომ შორიდან საგამოცდო კომისიის ასისტენტი, მამუკა ლორია მიყვირის და ხელებს მიქნევს, მივუახლოვდი და მეუბნება - სად ხარ აქამდე, შენი ჯგუფი გამოცდაზეა შესულიო. ჩავიკეცე, აზროვნების უნარი წამერთვა. მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გავაფუჭე. მაინც შევაღე კარი და ვიგრძენი, როგორი შოკი გამოვიწვიე ჩემი ჩაცმულობით. მომცეს ეტიუდი და მოსაფიქრებლად - დრო. ბატონმა შალვა გაწერელიამ გვერდზე ჩამიარა და „იდიოტკაო“ - თუ რაღაც მსგავსი გადმომძახა. უარესად გავხდი, ვიფიქრე, ოღონდ ახლა მოვკვდებოდე, მეტი არაფერი მინდა-მეთქი. ვერაფერი მოვიფიქრე. არადა, ჩემი დროც დადგა. ეტიუდს ასეთი შინაარსი ჰქონდა: უნდა განმესახიერებინა გოგონა ზღვის ნაპირას, რომლის შეყვარებულიც ზღვაში ღრმად შევა და დაიკარგება. როცა გოგონას ყველანაირი იმედი გადაეწურება, ბიჭი სწორედ მაშინ გამოცურავს ტალღებიდან. უღონოდ წამოვდექი და კომისიისკენ გავემართე. გზად ჩემი პლატფორმები გავიძრე და ვითომ ქვიშაში მივდიოდი, ისე წავედი წინ... ხერხმა გაჭრა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტაშიც დავიმსახურე, რაც იშვიათობა იყო და ხუთიანიც მივიღე.

არადა, იმ საღამოს, დაბადების დღის წინ თეატრალურთან რომ არ გამევლო, ალბათ, მართლა ყველაფერს გავაფუჭებდი და, რაც მთავარია, არასდროს აღარ ვცდიდი ბედს თეატრალურ ინსტიტუტში.

0x01 graphic

ილუსტრაცია: ჩიკო გიგაური

აჩი არველაძე
ფეხბურთელი

0x01 graphic

სიზმარი:

დამთხვევები სულ ხდება და სულ ვაკვირდები. როცა მე და შოთის გვემართება რამე, იმდენად აღარ გვიკვირს - შეჩვეულები ვართ, მაგრამ როცა ჩვენს ცოლებსაც იგივე ემართებათ - მაშინ უკვე ვხვდებით, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

მე და შოთი სულ ასე ვართ - ერთდროულად გვეხლიჩება ხმა, ერთნაირ სიზმრებსაც კი ვხედავთ. რამდენიმე წლის წინ, ახლობელი დაგვეღუპა. მისი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე თენდებოდა, როცა მესიზმრა, რომ ქუჩაში შემხვდა, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და რაღაც უცნაური იყო მასთან შეხება. მეორე დღეს სიზმარი მოვყევი და თურმე, შოთისაც იგივე დასიზმრებია, ზუსტად იგივე.

ვთქვათ, რაღაც ფილმზე გავიგე, რომ კარგია და კასეტა ვიქირავე, შოთის ვუყვები, აი, რაღაც ახალი ფილმი მაქვს და მოდი, ვნახოთ-მეთქი და თვითონ მიყვება, რომ გუშინ ნახა რაღაც ფილმი და ირკვევა, რომ ერთსა და იმავე ფილმს ვგულისხმობთ.

ასეთი ისტორიები ჩვენს ცოლებსაც ემართებათ ხოლმე. ვთქვათ, ჩემმა ცოლმა კიოლნში რაღაც კოსტიუმი მიყიდა. თურმე, შოთის ცოლსაც ამსტერდამში ზუსტად ისეთივე კოსტიუმი უყიდია შოთისთვის.

0x01 graphic

ილუსტრაცია: ვაჟიკო ჩაჩხიანი

შონზო
მსახიობი

0x01 graphic

აქსანა:

12-13 წლის ვიყავი. ყირიმში ვისვენებდი, არის ასეთი ქალაქი - ევპატორია. ჩემს მშობლებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები რამდენიმესადარბაზოიან სახლში. ყველა ქართველ ბიჭს ხო ყავს ხოლმე აქსანები და მეც ვიპოვე იქ გოგო, სახელად აქსანა. ჩემზე ორი წლით პატარა იქნებოდა, 10-11 წლის. ერთად დავდიოდით. ზღვის წინ „დამბა“ იყო, ერთად ვსეირნობდით, ქართულ სიტყვებს ვასწავლიდი, მათ შორის, უწმაწურებს და ვეუბნებოდი, რომ მაგალითად, კატლეტს ნიშნავს.

ჩვენი სახლის წინ, მეთევზეები იკრიბებოდნენ ხოლმე. ცოცხალ კიბორჩხალებს სატყუარად იყენებდნენ. აქსანამ მასწავლა, რომ ეს კიბორჩხალები ძალიან გემრიელი იყო. როცა მეთევზეები ვერ გვხედავდნენ, აქსანა მიიპარებოდა, იპარავდა და მერე ერთად ვჭამდით.

ჩემი აივნიდან წვიმიან ამინდში ტალღები ლამაზად მოჩანდა და აქსანას წვიმის საყურებლად ხშირად ვეპატიჟებოდი ჩემთან.

აქსანას მშობლებთან მოლაპარაკებებზე ჩემს მშობლებს ვაგზავნიდი ხოლმე. ერთ დღესაც, ნიკიტინის ნაკრძალში უნდა წავსულიყავით და დედაჩემმა მისი მშობლები „შეაბა“. ერთად წავედით. იქ გიდი დაგვყვებოდა, გვაჩვენებდა ათასწლოვან ხეებს, უნიკალურ ჯიშებს, სამკურნალო მცენარეებს. მოკლედ, ბევრი ვიარეთ და ძალიან დავიღალეთ. ბოლოს ფოტოებიც გადავიღეთ.

მერე თბილისში დავბრუნდით. მას შემდეგ, ყოველთვის, როცა ალბომს ვათვალიერებდი ხოლმე და ამ ფოტოს მივადგებოდი, აქსანა მახსენდებოდა.

დაახლოებით 12 წლის მერე, როცა კვნ-ში დავიწყე თამაში, სოჭში წავედით კვნ-ზე. გალა-კონცერტამდე გუნდებს რაღაც კონკურსი უნდა გაევლო, რათა კონცერტზე გამოსვლის უფლება მოეპოვებინათ. აი, მაშინ დავინახე გოგონების ერთ გუნდში ნაცნობი სახე - აქსანას მივამსგავსე, მაგრამ არ მივსულვარ, სხვა გოგოებიც ბევრნი იყვნენ, თვითონ რომ მოდიოდნენ ჩემთან და... მოკლედ, თსუ-ც გავიდა ფინალში და ეს გუნდიც. გაირკვა, რომ მათ ერთი სკეჩისთვის ჭირდებოდათ ზორბა, დიდი ბიჭი, რომელსაც თავზე ტომარას ჩამოაცვამდნენ, თავს დააცხრებოდნენ და აუყვირდებოდნენ - თქვენ, მამაკაცები, ასეთები ხართ, ცუდები ხართ. ამისთვის უნდა დაისაჯოთ. სცენარის მიხედვით, ბოლოს ერთერთს ამ ბიჭისთვის თავიდან ტომარა უნდა ჩამოეგლიჯა.

როლისთვის მე ამარჩიეს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველა გოგომ თავისი ტექსტი მიყვირა და ბოლოს ერთმა ტომარაც ჩამომაგლიჯა, გავიხედე და აქსანა იყო.

იმ საღამოს ბანკეტი გვქონდა. ჩვენმა მაგიდამ სადღეგრძელოებით გაითქვა სახელი და მერე გოგოებმაც გადაგვიპატიჟეს. აი, იქ კი პირდაპირ მივედი აქსანასთან და ვკითხე, კიბორჩხალები როდის მოვიპაროთ და ვჭამოთ-მეთქი. გამიხსენა და ის საღამო ძალიან კარგად გავატარეთ.

მერე იმ ნაკრებს კიდევ შევხვდით ერთ-ერთ კვნ-ზე და აქსანა აღარ იყო, ვიკითხე და მითხრეს, წავიდა, ბიზნესი დაიწყოო.

0x01 graphic

ილუსტრაცია: გიორგი მარი

რუსუდან ბოლქვაძე
მსახიობი

0x01 graphic

ბაბუა:

რევოლუციის შემდეგ, ბებიაჩემის ძმა პოლონეთში დარჩენილა. დიდხანს დაკარგული ეგონათ, მაგრამ წლების შემდეგ გამოჩნდა და საქართველოში დარჩენილ ნათესავებთანაც აღადგინა ურთიერთობა. 50 წლის შემდეგ, როცა თვითონ 90 წლის იქნებოდა, საქართველოში პირველად ჩამოვიდა და მაშინ გადაწყვიტა, პოლონეთში წავალ, ყველაფერს გავყიდი, უკან, საქართველოში დავბრუნდები, აქ რომ დავიმარხოო.

ჩავიდა პოლონეთში, თავისი ორსართულიანი და ლამაზი სახლი გაყიდა და საქართველოში წამოსვლამდე, სანამ საბუთებს მოაწესრიგებდა, საცხოვრებლად მოხუცებულთა პანსიონში გადავიდა. მაგრამ საბუთების შეგროვებას რამდენიმე წელი დასჭირდა და როცა მოენატრა ძლივს აღმოჩენილი ნათესავები, თავისთან მიგვიწვია. მე და დედა წავედით.

პოლონეთი-გერმანიის საზღვართან, პატარა ქალაქ ზელიონა გურაში მატარებლით გავემგზავრეთ. წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ადგილობრივებს რუსულად მოლაპარაკეები არ უყვარდათ და ჩვენც რუსულად ლაპარაკისგან მაქსიმალურად უნდა შეგვეკავებინა თავი. ბაბუა სადგურზე უნდა დაგვხვედროდა. ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ მისი ორი მეგობრის მისამართი გვქონდა.

გვიან საღამოს ჩავედით, საღამოს 11 საათი იქნებოდა. მე და დედაჩემი მარტო აღმოვჩნდით ამ უცხო ქალაქის ჩაბნელებულ სადგურზე, ორი მძიმე ჩემოდნით. ბაბუა არ დაგვხვდა. გავაჩერეთ ტაქსი და პანსიონში წავედით. მაგრამ იქაც ვერ შევაღწიეთ - დიდ ტყეში ჩაფლული შენობის ალაყაფი მჭიდროდ იყო ჩარაზული. ტაქსის მძღოლს მეორე მისამართი ვუთხარით. ის სახლი ქალაქის მეორე ბოლოში აღმოჩნდა, მაგრამ არც იქ დაგვხვდა ვინმე. ბოლო შანსი გვქონდა - მეორე მისამართი. იქ რომ მივაღწიეთ, უკვე ღამის ორი საათი იყო დაწყებული, ქუჩა გადათხრილი დაგვხვდა და ტაქსის მძღოლმა ბოლომდე ვერ მიგვიყვანა. შესახვევში ჩამოგვსვა და წავიდა. ჩემოდნებით ძლივს გადავიარეთ გადათხრილი, უცხო ქუჩა და იქაც რომ ჩაბნელებული ფანჯრები დავინახეთ, უკვე სერიოზულად შეგვეშინდა. დედა, რომელიც საბჭოთა ეპოქის შიშში იყო გამოწრთობილი, უკვე ძალიან ღელავდა. უცებ, სრულიად უკაცრიელ ქუჩაზე, მანქანა გაჩერდა და გოგონა გადმოვიდა. დედა მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა, მივიდა, შეგნებულად დამტვრეული რუსულით ყველაფერი აუხსნა და ღამის გათევა სთხოვა. გოგონამ შინ შეგვიპატიჟა. სახლის უფროსებმაც გაიღვიძეს, ჩაით გაგვიმასპინძლდნენ. ბუნებრივია, ჩვენი ამბითაც დაინტერესდნენ. ვუთხარით, რომ საბჭოთა კავშირიდან ვიყავით, ქართველები. დედაჩემს მაშინვე თხრობა შეაწყვეტინეს:

- ქართველები ხართ? ეს სახლი ჩვენც ქართველისგან ვიყიდეთ.

მე და დედა მოულოდნელობისგან გავირინდეთ, სახლის უფროსმა კი განაგრძო:

- აქ ადრე გიორგი ასათიანი ცხოვრობდა, ძალიან უცნაური კაცი. გაგიგიათ ასეთი რამე? 96 წლის ასაკში სამშობლოში დაბრუნება აიხირა. რა ხართ ეს ქართველები...

იმ ღამეს რა დაგვაძინებდა, დავიარეთ მთელი სახლი, დიდხანს ვისაუბრეთ. მეორე დღეს, ოჯახის უფროსმა თვითონ წაგვიყვანა ბაბუასთან...

ის ორი კვირა ჩვენთვის უბედნიერესი აღმოჩნდა. ერთად ვცხოვრობდით იმ არაჩვეულებრივ პანსიონში. თვითონ ბაბუაც ძალიან ამაყობდა ჩვენით, უბედნიერესი ჩანდა...

წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში, შუაღამისას თითქმის მთელი ქალაქი მოვიარეთ, ყველა კარი დაკეტილი დაგვიხვდა და, მაინცდამაინც, იმ სახლს მივადექით, რომელიც, წესით, ჩვენი მასპინძელი უნდა ყოფილიყო.

0x01 graphic

ილუსტრაცია: ელენე ნავერიანი

ნინო გურიელი
მოჭადრაკე

0x01 graphic

ჩიტი:

1990 წელს მალაიზიაში ვიყავით ტურნირზე. 17-ტურიანი დისტანციით ვლიდერობდი. შვიდი მოგება მქონდა და არც ერთი წაგება. წესით, ბოლომდე უნდა გავსულიყავი... საშინელი სიცხე იყო, მალაიზიაში უკვე 40 დღე მქონდა გატარებული და მეტი აღარ შემეძლო. ბოლო შეხვედრა დიდ საკალათბურთო დარბაზში შედგა. თამაშს ცნობილი ლეონგი მსაჯობდა. თამაში უკვე დაწყებული იყო, როცა დარბაზში ჩიტი შემოფრინდა. მე კი საშინლად მეშინია ჩიტების. არ ვმეტიჩრობ, მართლა ძალიან მეშინია. ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ მსაჯმა ჩიტის დაჭერა გადაწყვიტა, მთელ დარბაზში დასდევდა, მაგრამ შეშინებული ფრინველი დაფრთხიალებდა და ხან რას აწყდებოდა, ხან - რას. ჩემი სვლა იყო, საათი ჩართული იყო, დრო მიდიოდა, მე კი ვერ ვთამაშობდი. თუ არ დავჯდებოდი ჩემს ადგილზე, საერთოდ წაგებაში ჩამეთვლებოდა. ნანა ალექსანდრიამ გადამარჩინა, ჩანთიდან შარფი და ქოლგა ამოიღო. შარფი მუსლიმი ქალივით შემოვიხვიე თავზე და ქოლგაც დავიფარე - ჩიტისგან მაქსიმალურად დავიცავი თავი. მხოლოდ ერთი ხელი მქონდა თავისუფალი. იმ ერთი ხელით ვწერდი კიდეც, საათსაც ვწევდი და ვთამაშობდი. მაგრამ ამდენი სტრესის ფონზე - წავაგე. ვიცი, ეს ჩიტის გამო მოხდა. ცუდი აურა მოიტანა.

რა ვქნა, ფრინველებისაც მეშინია და ცხოველებისაც და როცა ფედერაციაში იყო პრობლემები, ვხუმრობდი ხოლმე - შეეყვანათ შენობაში ერთი ფისო და ჩემს ფეხს იქ ვეღარავინ ნახავდა-მეთქი.

0x01 graphic

ილუსტრაცია: ვაჟიკო ჩაჩხიანი

აჩიკო ნიჟარაძე
მომღერალი

0x01 graphic

შვიდიანი:

ერთი უფროსი მეგობარი მყავს, რომელმაც ასე იცის ხოლმე - რაღაცაზე ვლაპარაკობთ, აბსოლუტურად ჩვეულებრივ, ყოველდღიურ თემაზე, უცებ გაჩუმდება და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ, დამაინტრიგებლად გიწინასწარმეტყველებს რაღაცას. ვთქვათ: საზღვარგარეთ გინდა წასვლა? გაზაფხულზე წახვალ. მართლაც იმ წელს გავიმარჯვე „ჯეოსტარში“ და მაისში ანტალიაში წავედი.

მაგრამ ბოლო ყველაზე დამაინტრიგებელი შემთხვევა თუ დამთხვევა, ორიოდე კვირის წინ მოხდა. იურმალას ფესტივალის მეორე შესარჩევ ტურზე უნდა წავსულიყავი. სანამ წავიდოდი, ეს ჩემი მეგობარი მოვინახულე. ვეუბნები, ამა და ამ დღეს მივფრინავ და მიხარია, რომ პირველ ნაკადში ვარმეთქი. პირველ ნაკადში ყოფნას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ სულ 128 ვიყავით და რაც უფრო წინ ხარ სიაში, მით უფრო კარგია შენთვის - ჟიურიც ნაკლებად დაღლილია და შენც ზედმეტი ლოდინი და ნერვიულობა არ გჭირდება - სანამ შენი რიგი მოვა. მოკლედ, მიხარია. ეს ჩემი უფროსი მეგობარი კი მეუბნება, შენ კიდევ არ იცი, რომ ან მეშვიდე ანდა მეთექვსმეტე ნომერი იქნებიო. გავიცინე და დავივიწყე. მაგრამ ჩავედი იურმალაში და რეგისტრატორი გოგონა ჩემს გვარს ეძებს სიაში. რატომღაც ბოლოდან დაიწყო და ვერაფრით მიპოვა. უკვე დაღლა დაეტყო. ვთხოვე, აბა, სიის დასაწყისში მოძებნე-მეთქი და რა გამოვიდა? მეშვიდე ნომერი ვყოფილვარ. ვეღარაფერი ვთქვი. იმ გოგოს ვუთხარი, ერთი წუთით დამელოდე, უნდა დავრეკო-მეთქი და ეგრევე თბილისში გადმოვრეკე - ლევანი მომიძებნეეეეეთ - ვყვიროდი...

მერე, რომ ჩამოვედი, გამარკვია - შვიდი, ნუმეროლოგიის მიხედვით, ჩემი ციფრი ყოფილა. ამიტომ იყო ეს დამთხვევა ჩემი მეგობრისთვის მნიშვნელოვანი.

0x01 graphic

ილუსტრაცია: ელენე ნავერიანი

7 მზე ამოვიდა...

▲back to top


ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

0x01 graphic

ნიკუშას CV-ის მაგივრად (აბა, რა დროის მაგის CV-ია)
არაო?!
(კიო, კიო...)
ანათებდნენ პატარა, საყვარელი
სანთლები...
ისმოდა მუსიკა, სასიამოვნო...
კაფეში ვისხედით...
პასუხი უნდა ეთქვა...
ხან თვალებში ვუყურებდით
ერთმანეთს, ხან - ისე...
მეშინოდა პასუხის...
სამასოიანის...
ორასოიანისაც...
ის იყო რაღაცის თქმა დააპირა,
შევაჩერე...
- მოდი, მე თვალებს დავხუჭავ
და შენ მაკოცე... თუ კი, მაშინ
ლოყაზე... თუ არა, მაშინ -
ტუჩებში...
- დახუჭე...
დავხუჭე...
მაკოცა...
ჯერ ლოყაზე...
ერთხელ...
7 წამის მერე ტუჩებში...
ბევრჯერ...
კიო... კიო... კიო...
მიხაროდა...
თვალების გახელას არ
ვჩქარობდი...
ანათებდნენ პატარა, საყვარელი
სანთლები...
ისმოდა მუსიკა, სასიამოვნო...

მიშას კაბინეტში სხედან ორივე. მიშა და ნიკუშა. მათ წინ, სკამზე დავბრძანდი. მიშამ დაიწყო. მე - არა, მიშამ. არადა, ჟურნალისტი მგონია თავი. ჰოდა, მიშა ლაპარაკობს, ნიკუშა - არა. გულში ვფიქრობ: ხმა ამაიღე ნიკუშო, შენზე ვაკეთებ მასალას. მაინც არა. მიშა, ალბათ, ქამელეონივითაა, - ვფიქრობ ჩემთვის, - ჩემთან ჩემხელაა და, ალბათ, ოთხმოცდაათი წლის კაცთან იმისხელა. მოკლედ, ვისაუბრეთ, წამოვედით. ნიკუშას ხმა არ ამოუღია.

პირველი შეხვედრა

მეორე შეხვედრა

ნახე, რა მაგარია! - ეუბნება დიდი ანთაძე მესხს და პრინტერზე ამობეჭდილ ფოტოს აწვდის. გამოვართვი. მიშა და მისი მეგობარი კედლის ფონზე. მიშა ფეხებგადაჯვარედინებული. ახლა ამოატრიალე, - უკვე მე მეუბნება. ამოვატრიალე და - მესხი და ნონო (მიშას უფროსი ვაჟი) კედლის ფონზე. ნონო ფეხებგადაჯვარედინებული. მესხს სიურპრიზი გაუკეთა. უყვარს ეგეთები. ალბათ მეც მელის სიურპრიზი, როცა ამას წაიკითხავთ.

ჩანაწერები ახალგაზრდა მწერალზე

ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი... არა, ასე დაწყება ბანალურია.

ის იმ მამის შვილია, რომელიც... არა, არც ასე იქნება საინტერესო.

ის ნიკუშა ანთაძეა, რომელმაც 16 წლის ასაკში მცირე რომანი დაწერა და წიგნად გამოუცეს. ამით ამაყობს (მოდი და ნუ იამაყებ!). ლიტერატურული კონკურსი „საბა“-ს ნომინაციის - საუკეთესო დებიუტი - ერთ-ერთი პრეტენდენტია. ამბობენ, რომ სერიოზულ მწერლად ჩამოყალიბება „ემუქრება“.

აი, ეს სულ სხვა დაწყებაა.

ნიკუშა სკოლას წელს ამთავრებს. მეთერთმეტეშია. სწავლა არ უყვარს - მერვე კლასის მერე არ უსწავლია, მაგრამ მეთერთმეტეში მაინც გადავიდა. არავინ იცის, როგორ. სკოლის დამთავრების გამო, გული წყდება. მეათე კლასში ძაან მაგარი ყოფილა, მაგრა ერთობოდნენ. ეგონა, მეთერთმეტე უფრო მაგარი იქნებოდა, მარა... ტეხავს, იმედები როცა არ ამართლებს: გოგოები სხვაგან გადავიდნენ, ზოგმა თავაუღებელი სწავლა დაიწყო და ნიკუშაც დარჩა ასე - კარგი დროების გაუტარებლად. მოკლედ, სკოლამ აწყენინა. ჰოდა, არც ის ცდილობს დილას გაიღვიძოს, ჩაიცვას, სკოლაში წავიდეს... დრო ტყუილუბრალოდ ფლანგოს. აღარ დადის, რა, სკოლაში. თავისუფალია და დროს ისე ანაწილებს, როგორც მოუნდება. მაგრამ...

რეჟისორობა უნდა. ტარანტინო, როდრიგესი და რამე. თეატრალურში აბარებს. რაღაც, სპეციალური, შიდა გამოცდებია და მაინც უწევს ცოტა სწავლა. სწავლობს თეატრის და კინოს ისტორიას, კითხულობს სპეციალურ ლიტერატურას და ეგეთები - სპეციალურები. დანარჩენი დრო გართობაში მიდის.

გართობა ცალკე თემაა: party all night long და დისკოთეკა დაცემამდე - ნებისმიერი ახალგაზრდის განტვირთვის საშუალებაა და არც ნიკუშა იკლებს გართობის ამ საშუალებას. მაგრამ ყველაზე მაგრა მაშინ ერთობა, როცა წერს...

ძალაუნებურად, უნდა თუ არა, ყოველთვის წერაზე ფიქრობს. ყველა შემთხვევა თუ სიტუაცია მასში ფიქრებს აღძრავს - ნეტა როგორ დაიწერება ეს ამბავი, გამომადგება თუ არა რომელიმე ახალ მოთხრობაში. მერე იწყებს წერას...

ოთახში თუ შეიხედავ, იფიქრებ, აქ ვიღაც მწერალი ან ეგეთი ცხოვრობსო. საწერ მაგიდაზე იმდენი ნივთი ყრია, შანსი არაა იქ რამე დაწერო. დაწერო კი არა, კითხვაც შეუძლებელია იმ მაგიდაზე. შესაბამისად, გიჩნდება კითხვა - სად წერს ნიკუშა? სად წერს და საწოლზე, სავარძელში, იატაკზე... მოკლედ, მოკალათებული, ოღონდ არა სკამზე და საწერ მაგიდასთან. ასეთი მდგომარეობა მუზას იზიდავს და ისიც - მუზა - მოდის და მოდის. ახლახანს გაუგია ტრუმენ კეპოტეც ეგრე წერსო. ხო, კეპოტიზე ეგ ამბავი ცნობილია - „ბალახის სიმღერა“ ჰამაკში მონებივრეს დაუწერია.

იქვე წიგნების კარადა დგას, რომელიც საყვარელი წიგნებითაა გაძეძგილი. კითხულობს ყველაფერ ახალს, განსაკუთრებით თანამედროვე ქართველებს. აინტერესებს, როგორ და რაზე წერენ. კითხვით მაშინ კითხულობს, როცა იღვიძებს. საწოლშივე. წინა ღამით შერჩეულ წიგნს გადაშლის და უზის ერთი-ორი საათი. თუ ნაწარმოებმა შთაბეჭდილება მოახდინა, მთელი დღე კარგ გუნებაზეა.

რეჟისორობა რო უნდა, უკვე ვთქვი, მაგრამ ის არ მითქვამს, რომ ნიკუშას ოთახი ძველი კინოთეატრის სალაროს გავს: კედლები გადაჭედილია პოსტერებით, პლაკატებით, ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი ფოტოებით და, უბრალოდ, ფოტოებით, რომლებზეც რომელიმე ფილმის კადრია აღბეჭდილი, ან კინოს აფიშაა, ან რომელიმე რეჟისორი.

კომპიუტერით ერთობა: ICQ, MSN, YAHOO messenger და რამე. უყვარს ჩეთაობა. ხო, წერით აუცილებლად ფურცელზე უნდა დაწეროს და მერე ვორდში გააშალაშინებს. კომპიუტერში ვერ წერს. ალბათ იმიტომ, რომ იატაკზე ვერ წამოწვები და კომპიუტერს ისეთ მდგომარეობას ვერ მისცემ, როგორიც გინდა. მოკლედ, თუ სახლშია - ან წერს ან კომპიუტერთან ზის. კომპიუტერის გამო, მიშასთან ხშირად კამათობს - ვერ იყოფენ. მოგეხსენებათ, მამამისიც მწერალია და ისე მოხდა, რომ მიშა სულ კომპიუტერში წერს - უკვე რა ხანია გადააგდო თაბახი და მელანში ნაწობი ბატის ბუმბული. კამათს აზრი არ აქვს, - ასე ფიქრობს ნიკუშა. - იმიტომ, რომ კომპიუტერი მაინც პატარასია!

ნაწერს პირველი მიშა კითხულობს და თუ რამე გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა, ასწორებს. ამის შემდეგ, ნიკუშას მოთხრობები ამსტერდამში მიდის, ძმასთან, რომელიც ორი წელია იქ ცხოვრობს. კიდე...

საიტია ეგეთი, literatura.ge, სადაც თავის მოთხრობებს აქვეყნებს (ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია). მაგარი რამეა ძაან: წერ, იმ დღესვე აქვეყნებ, იმ დღესვე კითხულობს ვიღაც და შენს ნაწარმოებთან დაკავშირებით, საიტის ფორუმზე იმ დღესვე ჩნდება აზრები. თან, უბრალო მოყვარულების გარდა, პროფესიონალებიც აქვეყნებენ თავიანთ აზრებს. ნიკუშასთვის ეს ცნობილი სახელები ერთგვარი სტიმულია. მაგრამ ყველაზე დიდი სტიმული მაინც „Penმარათონი 2005“ იყო. ორასი

კაციდან ოცეულში მოხვდა, რის შემდეგაც, უფლისციხის გამოქვაბულების და ლოდების კომფორტში, ოცდაათი საათის განმავლობაში უნდა დაეწერა მოთხრობა. დაწერა. თან ძაან მაგარი. უბრალოდ, ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ეგ არაფერიაო, ამბობს. ისიც გამარჯვება იყო, ასეთ მწერლებთან ერთად რომ ვწერდიო.

0x01 graphic

„ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები“ თუ ეს წიგნი წაკითხული არ გაქვთ, გირჩევთ წაიკითხოთ. ამისთვის ორი საფუძვლიანი მიზეზი მაქვს:

პირველი: მაისში გაიმართება ლიტერატურული კონკურსი „საბა“, რომლის ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“, დიდი ალბათობაა, პირველი პრემია ნიკუშა ანთაძის მცირე რომანს - „ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები“ - ერგოს. ეს, რა თქმა უნდა, ბანალური მიზეზია იმისთვის, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. ხო იცით, თბილისია რა - ერთი აფეთქება და თუ იმ აფეთქების მონაწილე არ ხარ, გოიმად ითვლები.

მეორე: ნიკუშას ეს რომანი მახო ხარბედიამ მომცა - წაიკითხე, ნახე, რა მაგარიაო. ისე წავიკითხე, რომ არ ვიცოდი ავტორი ვინ იყო. მით უფრო, ასაკი საიდან მეცოდინებოდა. მართლა მაგარი იყო. მაგარია-მეთქი, ვუთხარი მახოს. 16 წლის არისო. მერე ჩემს ახლობლებსაც წავაკითხე და მათაც იგივე თქვეს. ისეთი აზრიც გაჩნდა, რომ ნიკუშა ანთაძე ამორალური ტიპია, მკვლელი, ბილწი აზრებით და სურვილებით... მოკლედ, ისეთი, როგორი გმირიც ჰყავს - სოდომ-გომორელი.

ვთვლი, რომ ნიკუშას ნაწარმოებები აგრესიულია, მაგრამ ეს აგრესია ჩვეულებრივი, დღევანდელი რეალობიდან მოდის და ამ აგრესიას ვერ გაიგებს ის, ვინც დროის ადეკვატური არ არის. ყოველთვის გამოჩნდება ილიაზე და კარამაზოვებზე გაზრდილი მკითხველი და იტყვის - „რო“ კი არა, „რომ“ უნდა დაწეროო და ამის გამო, არასერიოზული მწერლის იარლიყს მოგაკრავს, მაგრამ ნიკუშას ეს ამბავი, ბოდიში მოგვითხოვია და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. ის, უბრალოდ, ხვდება, რომ მისი

ნაწარმოები მართლა ღირებულია და სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ამ საკითხს სერიოზულად უყურებს. ძალიან ცოტა მწერალია ქვეყანაზე, რომელიც 16 წლის ასაკში რომანს წერს და შემდეგ ეს რომანი წიგნად გამოდის.

ბოროტი ხმები ამბობენ, მამის გავლენა იგრძნობაო, მამა ეხმარებაო, მამამ იჩალიჩა, წიგნად რომ გამოსულიყო ნიკუშას რომანიო და საერთოდ, მამამ დაუწერაო... რა მამამ, რის მამამ! მამას თავისი წიგნები ვერ გამოუცია, თავისი ფულით დარბის გამომცემლობებში და თუ ძმა ხარ, ფულიც ჩემი და ყველაფერი ჩემი, შენ პროსტა დასტამბე და აკინძეო, „იხვეწება“. სად შეუძლია მიშას მაგდენი, მაგრამ ქართველი ხალხი, ხომ იცით, სულ სხვაა. ბალის არ იყოს.

რაც შეეხება მიშას გავლენას, ეგეთი რამე არ არსებობს ერთი უმარტივესი მიზეზის გამო: ნიკუშას არასოდეს არ წაუკითხავს მიშას არცერთი რომანი. უბრალოდ, ერთი-ორი მოთხრობისთვის თუ ექნება თვალი გადავლებული.

დიდი მიშას CV

მიხეილ ანთაძე დაიბადა 1956 წლის 10 ივლისს . თბილისში.

1973 წელს დაამთავრა 62- სკოლა.

1978 წელს დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1987 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

1990 წელს დააარსა დამოუკიდებელი კინოკომპანია შემოქმედი.

1995 წელს დააარსა თბილისის ზღაპრის თეატრი.

2005 წელს ესთეტიკური აღზრდის ცენტრისდირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.

პედაგოგიური მოღვაწეობა: უცხო ენათა ინსტიტუტში (1982-85), ხელოვნების ბიზნესის ინსტიტუტში (1991-96), თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (1996-დღემდე).

გამოცემული აქვს 7 წიგნი: პურის მარცვალი (1984), უსიამოვნებები (1988), კომენდანტის საათი (1991), ცოფი და სხვა მოთხრობები(1994), ცოფი (სერია ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი, ტომი მე-16. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2005),დუეტი (2006), მთვარე ფინჯანში (პროზაული კრებული, 2006.)

გადაღებული აქვს 15 ფილმი. როგორც ზღაპრის თეატრის რეჟისორს, ბავშვთა აუდიტორიისთვის დადგმული აქვს 40 სპექტაკლიზღაპარი. იმავე პერიოდში უშვებდა ზღაპრის ჟურნალს (2001) და ზღაპრის გაზეთს (2002-2004).

არის სასწავლო მეთოდის თეატრალიზებული სწავლა/სწავლების ავტორი. ამ მეთოდით, სასწავლო პროგრამები განხორციელდა განათლების სამინისტროს, UNICEF-ისა და სოროსის ფონდის მხარდაჭერით (1998-2004).

ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი: ნონო, ანდრო და ნიკუშა.

მიშა უფრო საინტერესო ადამიანია თუ ნიკუშა? ანთაძეებისგან დაბრუნებულს, მკითხა მეგობარმა, რომელსაც რეჟისორობა და მწერლობა - ორივე ერთად უნდა და, ალბათ, ამიტომაც დაინტერესდა ამ საკითხით. ანთაძეებისგან რომ წამოვედი, ამაზე არ მიფიქრია და ამიტომაც... რავი აბა, ორივე. - ვუპასუხე მეგობარს. მერე დავფიქრდი და მივხვდი (თუმცა, ამის მიხვედრა რთული არ ყოფილა) - მიშასთან ურთიერთობა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ნიკუშასთან, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: ნიკუშა ბევრად უფრო საინტერესო ადამიანი იქნება, როდესაც მიშას ასაკის იქნება. იმედია, არც მამას და არც შვილს ეს ამბავი (ანუ ჩემი დასკვნა) არ ეწყინება. ბოლოს და ბოლოს, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“-ო, ნათქვამია.

მე და მიშას გულახდილი და თავისუფალი საუბრის საშუალება მაშინ მოგვეცა, როცა მესხი ნიკუშას აქეთ-იქით დაატარებდა და ფოტოებს უღებდა.

ჩემი წერილის მთავარი გმირი მაინც ნიკუშა ანთაძეა და ამიტომ, გადავწყვიტე მიშასთვის მეთხოვა, რომ ნიკუშაზე ელაპარაკა. რა თქმა უნდა, ნიკუშათი დაიწყო, მაგრამ მერე ჰაიდააააა... ფიდელ კასტროთი დავამთავრეთ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კარგი წერილი მაშინ გამომდის, როცა რესპონდენტი იმაზე საუბრობს, რაც იმ წუთას აწუხებს და როგორც იტყვიან - საღერღელს უშლის. ჰოდა, საღერღელი საქართველოს მთავრობამ აუშალა, რომელსაც სვანეთის მთებიდან მიადგა:

სამოცდაათიანებში მეგობრებთან ერთად ბევრს დახეტიალობდა საქართველოს კუთხეებში. მაგრად უყვარდა ეგეთი ამბები. დროც ხელს უწყობდა - არც აფრასიძეები იყვნენ მაშინ სვანეთში და არც აბაშიძეები - აჭარაში. ჰოდა, სვანეთს ხშირად სტუმრობდა. მას მერე დიდი ხანი გავიდა და მიშა სვანეთში აღარ ყოფილა. მთავრობაც სწორედ აქ ახსენა: - მაგათი ასე და ისეცო, შეუძლებელი იყო ბოლო პერიოდში მანდ ჩასვლაო. ამ მხრივ, ახლა კი გამოსწორდა ყველაფერი, მაგრამ მაინცო. წლებთან ერთად, ურთიერთობებიც გაიცრიცა და მეხსიერებაც. თუმცა, მეხსიერება არაჩვეულებრივი აქვს, ისეთი რაღაცეები გაიხსენა, ყბა ჩამომივარდა: მესტიაში ერთი ქალი ცხოვრობდა, არაჩვეულებრივი ადამიანი, ყველასთვის საყვარელი და სტუმართმოყვარე - ლიუბა დაშკოვა. პოლონური წარმოშობის უკრაინელი ქალი. ეს ქალი ადგილობრივებს, დღევანდელ მესტიელებსაც კი არ ახსოვთ, მიშას კი - ახსოვს. მიშას ლიუბა დეიდას გაკეთებული კანაფის მხალიც ახსოვს, რომელსაც მისი მეგობარი ტონობით იმ იმედით ჭამდა, იქნებ დამაბოლოსო. ისიც ახსოვს, რომ ლიუბა დეიდა მესტიის ცენტრში, სეტის პირდაპირ ცხოვრობდა. ლიუბა დეიდას ჭერქვეშ გათენებული ღამეებიც ახსოვს და კიდევ ბევრი რამ, რომელიც ნელ-ნელა გაიცრიცა, გაქრა და ამას ვერავის ვერ აბრალებს, მთავრობის გარდა. სვანეთში გაცნობილი ორი ესტონელი ბიჭიც ახსოვს, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობენ და რომლებთანაც დღესაც აქვს ელფოსტით მიმოწერა. მაგრამ კარგი რა, როგორ შეიძლება მესტიელის და ტალინელის ერთმანეთთან შედარება - ჩვენთან კომპიუტერი რო გაიგეს რა იყო, იქ უკვე ურანზე მუშაობდნენ. ერთი სიტყვით, სად ერეკლე...

ხოდა, განიცდის, ძალიან განიცდის იმ ამბავს, რომ საქართველოს არცერთი მთავრობა თავისი ნებით არ წასულა. დარწმუნებულია, რომ არც ეს მთავრობა არ წავა, ხალხმა თუ არ მოითხოვა და ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე რთული წარმატების მიღწევაა. ნიკუშას წარმატებაც ამიტომ ახარებს ყველაზე მეტად.

მიშას თაობას ოთხმოციანელებს ვეძახით. თვითონაც ეგრე მოიხსენიებს საკუთარ თავს. ამბობს, რომ ოთხმოციანელებმა ყველაფერი ნახეს. ყველაფერი ადვილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ჩაკეტილ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ეს ის თაობაა, რომელიც 37 მანეთს იხდიდა, მოსკოვში გადაფრინდებოდა, რიაზანოვის რომელიმე ფილმის პრემიერას დაესწრებოდა, შემდეგ მოსკოვის რესტორნებს თავზე დაიმხობდა და უკან, თბილისში მოფრინავდა; ეს თაობა pink fl oyd-ზე, led zeppelin-ზე, beatles-ზე გაიზარდა; საბჭოელების მიერ ტაბუდადებულ ლიტერატურას მაინც შოულობდა და კითხულობდა და... და მიშას მაინც უკვირს, საიდან არის ჩვენი, ნინტენდოზე და ტარანტინოს ძალადობაზე (ჩემი აზრია) გაზრდილი თაობა ასეთი ნიჭიერი და შრომისუნარიანი. ეს მეც მიკვირს, მაგრამ რა ვქნა!

ისევ მიშას არეულ წარსულზე. მართალია, ყველაფერს ახერხებდა, რაც სურდა - წერას, კინოს გადაღებას... მაგრამ მაინც არეული იყო... ან „ზმე ჩამოვიდა“, ან „მზე აჩმოვიდა“.

პროლოგი მიშას რომანიდან ცოფი

„ზმე ჩამოვიდა.

მიდი და გაიგე, რას ნიშნავს „ზმე ჩამოვიდა“.

„ზმე“, ალბათ, „მზეა“, მაგრამ „ჩამოვიდა“ რაღა უბედურებაა?! ან „ამოვიდა“ იქნება, ან „ჩავიდა“ (ეგებ „გამოვიდაც“ იყოს). დედანში ჩახედვაა საჭირო. დებილები არიან ეს ოხრები, გაგონილა ორსიტყვიან ფრაზაში ორი შეცდომის დაშვება?!“

აეგეთი არეული იყო მიშას ცხოვრება, რომელიც თვითონ უნდა დაელაგებინა - მზე უნდა ამოეყვანა, ან ჩაეყვანა, ან გამოეყვანა.

„კორექტორმა ზაზა თაფლიძემ „ზმე“ „მზედ“ გადააკეთა, შემდეგ მიმოფანტულ ქაღალდებს შორის, საჭირო ხელნაწერი იპოვა და ჩახედა.

„მზე აჩმოვიდა“, - ეწერა ტექსტში. ზაზამ თვალი ჩაავლო დიალოგს, ბუნების სურათის ამ მოკლე აღწერას რომ მოსდევდა: „მზე აჩმოვიდა. - შენ მხოლოდ სიმართლე უნდა მითხრა, - თქვა კაცმა. - არ ვიცი, რა არის ეს სიმართლე, - მიუგო ქალმა.“ და ა.შ. ამ კონტექსტით ვერაკაცი ვერ დაადგენდა, დილით საუბრობდნენ პერსონაჟები თუ საღამო ხანს.“

ეგრე ვერ დაადგინა მიშამ, „ზმე აჩმოვიდა“, „მზე ჩამოვიდა“ თუ, საერთოდ, რა მოხდა.

თუმცა, ამ „ზმეების“ და „აჩმოვიდების“ დრო, კაი ხანია წარსულს ჩაბარდა - ოთხმოციანებს. ახლა სხვა დროა - ორიათასიანები. ახლა მზე ამოსულია. ყოველ შემთხვევაში, მიშასთვის ნაღდად. და ნიკუშასთვისაც.

ალბათ, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ მიშას ნაწერებს ნიკუშას გავლენა ეტყობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება! რატომ? პასუხი მარტივია! მიშა არის დროის ადეკვატური; უბრალოდ, ცოტათი ჩამორჩენილი, სულ რაღაც ერთი-ორი წლით.

ესენიო, - ნიკუშაზე მიმითითებს. - იცი, როგორ წერენ? როგორც ლაპარაკობენო. აი, ისე, როგორი მეტყველებაც ამის თაობის მკითხველს ყველაზე კარგად ესმისო. თან, რა არი იცი, ძალაუნებურად იმათი ადეკვატური ხდები, ვინც სტილს, ეპოქას ქმნისო. ახლა რო დაიწყო ჭავჭავაძის, ან ყაზბეგის ენით წერა, ალბათ, მკითხველის ოთხმოცდაათი პროცენტი ვერ გაიგებს, რას წერო, ან თუ გაიგებს, არ მოეწონება და ეს ყველაფერი თავისთავად - გინდა-არ გინდას პრინციპით ხდებაო. ვიცი, მალე მეც ნიკუშასავით და ამ თაობის მწერლებივით წერა მომიწევსო. ფინალში იმით გავდივარ, რითაც მიშამ სტარტი აიღო:

ნიკუშას ასაკის რო იყო, წერა არ იცოდა. არ იცოდა რა, სტილი არ ჰქონდა, თორემ წერტილ-მძიმის დასმა თუ იცი, ეგ წერის ცოდნას არ ნიშნავს. ნიკუშას ასაკის რომ იყო, იმაზეც კი არ უფიქრია, რომ თავისი ფულით მოუხდებოდა წიგნების გამოცემა, არამცთუ იმაზე, რომ რომელიმე გამომცემლობა მის რომანებს, ან მოთხრობებს გამოსცემდა. ხოდა, ახლა ამაყობს. შეიძლება არ იმჩნევს, განგებ არ ლაპარაკობს ნიკუშაზე და მის წარმატებებზე, მაგრამ ამაყობს. თან ეტყობა, რომ ამაყობს: როცა ნიკუშაზე საუბრობს, ხმის ტემბრიც ხმამაღალია, ხო იცით, თვალებში რო ეტყობა და მოძრაობებზე. კონკურსებზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, ერთი ვკითხე, პენ-მარათონზე რატომ არ გახვედი-მეთქი, და აბა, მე იქ რა მინდაო, იქ კალამმომარჯვებული ახალგაზრდები უნდა იყვნენო.

P.S. გახსოვთ, ზევით ფიდელ კასტრო და ეგეთები ვახსენე. ეგ იმიტომ, რომ კუბაზეც ვისაუბრეთ, მათ თავისუფლებაზე და იქაურ რევოლუციებზე, კასტროს მილიონერ მამაზე და შედარებებზე: საქართველოს და კუბას ვადარებდით ერთმანეთს. ბოლოს კი მეუბნება: იცი, რატო ვილაპარაკეთ ამდენი ხანი კუბაზეო? არა-მეთქი. იმიტომ, რომ ხელში აი, ეს სიგარა მიჭირავს... კუბურიო. სიგარა მესხმა დაითრია, უფრო მაფიოზური იქნებაო, თან ფოტოებსაც ისეთს ვუღებო. არადა, სად მიშა და სად მაფიოზი - კუბაზე უნდა, პლაჟები, მზე... კასტროს ამბები და რამე.

8 „მე წიგნის გმირი ვარ“

▲back to top


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით გოეთეს ინსტიტუტს

მე წიგნის გმირი ვარ.
ჩემს წიგნში -
მე მას ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ -
ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა.
იქ მატარებელივით მივიწევ წინ.
ჩემი ცხოვრების ხაზი
ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება.
დღე, როდესაც მავანი მკითხველი
ამ მარშრუტს აირჩევს,
ჩემი დაბადების დღეა.

გივი მარგველაშვილი

0x01 graphic

წელიწადში ერთხელ, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს გარდაცვალების დღეს, 22 მარტს, გოეთეს ინსტიტუტი გასცემს გოეთეს მედალს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალურ ჯილდოს. მას ანიჭებენ უცხოელ მოღვაწეებს, რომელთაც, ქვეყნის გადაწყვეტილებით, გერმანული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

დაარსების დღიდან, 1955 წლის შემდეგ, ამ პატივის ღირსი 57 ქვეყნის 312 მოქალაქე გახდა. წელს შეგვიძლია ჩვენც ვიამაყოთ: ქართველ მწერალს და ფილოსოფოსს, გივი მარგველაშვილს კიდევ ერთი დიდი ჯილდო, გოეთეს მედალი გადასცეს.

გივი მარგველაშვილის შესახებ წერა რთული საქმეა, განსაკუთრებით, თუ იცნობთ. ვგონებ, ჩემი სანტიმენტების ნაცვლად, მის გასაცნობად სჯობს მისი „კაპიტან ვაკუში“ ან „მუცალი. ქართული რომანი“ წაიკითხოთ, რადგან ავტორი თვითონაც ამბობს:

მე წიგნის გმირი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტოოდენ წიგნში მაქვს ბინა, მხოლოდ ორ ყდას შორის ვარსებობ ნამდვილად და ტელეფონის ნომრის მაგივრად გვერდის ნომერი გამაჩნია. დროდადრო - ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ წელიწადში ორი-სამი ვიზიტის იმედი მაქვს - რომელიმე რეალური პირი ჩამოხრის ხოლმე ჩემსკენ თავს. ჩვენსკენმეთქი, მინდოდა მეთქვა, რადგან მე ხომ მარტო არა ვარ ჩემს წიგნში...

ასე იწყება გივი მარგველაშვილის წიგნი „მუცალი“. მაგრამ თუ ამ წიგნებზე ხელი არ მიგიწვდებათ ან სქელტანიანი ტომები გაფრთხობთ, მის შესახებ ერთი-ორი სიტყვით მე მოგახსენებთ, თუმცა ჩემი ნაამბობი ძალიან მშრალია - „კაპიტან ვაკუშის“ მოკლე შინაარსს ხომ არ მოგიყვებით!

გერმანელი და ქართველი, მწერალი და ფილოსოფოსი, გივი მარგველაშვილი დაიბადა 1927 წლის 14 დეკემბერს ბერლინში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში.

დედა ოთხი წლისას გარდაეცვალა. მამამისი, ტიტე მარგველაშვილი, სწავლული და ფილოსოფოსი, ლაიფციგში სწავლობდა და სამეცნიერო ხარისხი ვიტენბერგში მიიღო. შემდგომ ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციამდე მოღვაწეობდა. 1921 წელს ტიტე მარგველაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში გადასახლდა, ბერლინის კაიზერ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და აღმოსავლეთმცოდნეობას ასწავლიდა, 1941 წლიდან კი ბერლინში ქართველთა სათვისტომოს ედგა სათავეში.

მისი ვაჟი ბერლინის გიმნაზიებში სწავლობდა, და, ცხადია, იმ წრეს მიეკუთვნებოდა, ვინც ჰიტლერის დიქტატურას უაღრესად კრიტიკულად შეხვდა. ისიც უნდა ითქვას, რომ უკუღმართად იდეალისტურად განწყობილი თანამედროვეებისგან განსხვავებით, ის საბჭოთა ხელისუფლების მიმართაც უნდობლად იყო განწყობილი - სხვა თუ არაფერი, მამამისის შვილი იყო.

0x01 graphic

ომის დასრულების შემდეგ მარგველაშვილები დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდნენ და ნათელი მომავლის იმედი ჰქონდათ. მაგრამ არა: 1945 წლის დეკემბერში, ტიტე მარგველაშვილის სკოლის მეგობრის „დახმარებით“, მამა-შვილი აღმოსავლეთ სექტორში შეიტყუეს - იმ დროისთვის სრულიად ჩვეულებრივი, უბინძურესი ამბავი იყო. მამა, რომელიც თავის მრწამსს არ ღალატობდა, აწამეს და რვა თვის შემდეგ დახვრიტეს, 18 წლის გივი კი ექვსკვირიანი პატიმრობის შემდეგ „ზაქსენჰაუზენში“ გაამწესეს.

წაიკითხეთ, წაიკითხეთ „კაპიტან აკუში“ და ყველაფერს მიხვდებით.

მანამდე კი ოდნავ გადავუხვევ და ჩვენს ძალიან ახალგაზრდა ან ნაკლებად გათვითცნობიერებულ მკითხველს ვუამბობ ამბავს იმისა, თუ როგორ ააშენეს პატიმარ მამაკაცთათვის ახალი საკონცენტრაციო ბანაკი 1936 წლის აგვისტოში ბერლინის სიახლოვეს, სულ რაღაც 35 კილომეტრის მოშორებით, ორანიენბურგთან - ძალიან ლამაზი ადგილია. ის არქიტექტურულად „იდეალური გეგმის“ მიხედვით იყო აგებული: სამკუთხედი მიწის ნაკვეთი, სიმეტრიულად განლაგებული შენობები, პლაცის ირგვლივ წრეზე გაშენებული ბარაკები სრული კონტროლის საშუალებას იძლეოდა და შთამბეჭდავი სანახაობაც იყო. დედაქალაქის უშუალო სიახლოვეს განლაგებულ საკონცენტრაციო ბანაკს ნაციონალ-სოციალისტური ბანაკების სისტემაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, სამაგალითოდ ითვლებოდა.

ამ ბანაკში ჯერ ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეებს უკრეს თავი: კომუნისტებს, სოციალდემოკრატებს, ლიბერალებს და კონსერვატორ პოლიტიკოსებს. მოგვიანებით მათ ჰომოსექსუალისტები, ბოშები, „მეტისმეტად ქრისტიანები“, იეღოვას მოწმეები და ათასგვარი კრიმინალური ელემენტი შეუერთდნენ. 1938 წელს აქ უკვე ექვსი ათასი „ასოციალური“ ადამიანი იმყოფებოდა.

პოგრომის ღამის შემდეგ, „ზაქსენჰაუსში“ 6000 ებრაელი ჩაიყვანეს - ხომ ყველაფერი ნათელია?! მერე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და „ზაქსენჰაუზს“ ახალ-ახალი მკვიდრები არ ელეოდა.

მასობრივი დახვრეტების გარდა, დიდებული დევიზიც ჰქონდა ზაქსენჰაუზენს: „განადგურება შრომით“. აქ არსებობდა შპს „გერმანიის მიწისა და ქვის სამუშაოები“, „გერმანული აღჭურვილობა“, ამ დევიზის მეშვეობით დიდი მოგება ნახეს „საყოველთაო ელექტროობის საზოგადოებამ“, simens&halske-მ, „დაიმლერ ბენცმა“ - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. თავისი არსებობის განმავლობაში „ზაქსენჰაუზენმა“ 200 ათასი ადამიანი „გაატარა“.

1945 წლის 20 აპრილს, როცა ბანაკს წითელი არმია მიუახლოვდა, 33 ათასზე მეტი პატიმარი შეუდგა „სიკვდილის მარშს“ - დაახლოებით ექვსმა ათასმა გზას ვერ გაუძლო. ბანაკში დარჩენილი სამი ათასი პატიმარი 1945 წლის 22 აპრილს საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა.

მაგრამ „ზაქსენჰაუზენმა“ არსებობა განაგრძო. ის გახდა შინსახკომის „სპეციალური ბანაკი №7“, და პროფილი დიდად არ შეუცვლია: 1950 წლამდე აქ 12 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

გავიდა წელიწადნახევარი, და ჯანმრთელობაშერყეულმა გივი მარგველაშვილმა ბანაკიდან გამოაღწია.

ის თბილისში ჩამოვიდა, ნათესავებთან, აქ ისწავლა ქართული და რუსული, და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფაკულტეტი დაამთავრა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ შედარებით „დამთბარი“ ვითარება იყო, და მას უცხო ენათა ინსტიტუტში პედაგოგობის საშუალება ჰქონდა.

50-იან წლებში გივი მარგველაშვილმა „კაპიტან ვაკუშის“ წერა დაიწყო. მას თბილისში ჰაინრიხ ბიოლი ეწვია და „კაპიტან ვაკუშის“ პირველი ტომით აღტაცებულმა დახმარება აღუთქვა, მაგრამ სუკ-ის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა ვერაფერი გააწყო.

შემდეგ ბატონი გივი დაქორწინდა. მისი მეუღლის, ნაირა გელაშვილის მიერაა თარგმნილი ჩვენს ჟურნალში წარმოდგენილი ტექსტებიც, რომლებიც ახლახანს გამოქვეყნებულ წიგნშია შესული.

გივი მარგველაშვილმა კვლავ გერმანიის მოქალაქეობის მიღება მხოლოდ 1994 წელს შეძლო. გამოქვეყნდა მისი წიგნები, ავტორს მრავალი ჯილდო გადასცეს, დღეს ის გერმანული PEN-ის წევრია (აბრევიატურა გახლავთ: პოეტები, ესეისტები, ნოველისტები).

ეს გაერთიანება საერთაშორისო PEN-ის ნაწილია, და მის შესახებ საუკეთესოდ მისი ქარტია მოგვითხრობს:

ლიტერატურა არ აღიარებს ქვეყნებს შორის საზღვრებს და საგარეოპოლიტიკური თუ საერთაშორისო კატაკლიზმების შემთხვევაშიც, ყოველი ადამიანისთვის მისაღებ ფასეულობად უნდა დარჩეს.

ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით, ომის დროს,

ხელოვნების ნიმუშები, კაცობრიობის მემკვიდრეობა, ეროვნული და პოლიტიკური განსაცდელისგან დაცული უნდა იყოს.

0x01 graphic

0x01 graphic

PEN-ის წევრებმა მთელი თავიანთი გავლენა უნდა მოახმარონ ერთა ურთიერთპატივისცემას. ისინი იღებენ ვალდებულებას, ძალ-ღონის დაუშურებლად იბრძოლონ რასობრივი, კლასობრივი და ეროვნული შუღლის წინააღმდეგ ერთიან მსოფლიოსა და მშვიდობაში მცხოვრები კაცობრიობის იდეალის მისაღწევად.

PEN-ს საფუძვლად უდევს შეუფერხებელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა ერსა და ერებს შორის. მისი წევრები იღებენ ვალდებულებას, რომ იმ ქვეყანაში და იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ, აზრის თავისუფლებისთვის იღვაწებენ. PEN პრესის თავისუფლების მომხრეა და ყოველგვარ ცენზურას უარყოფს, რადგან „მთავრობების, მმართველობისა და ინსტიტუციების მიმართ კრიტიკული მიდგომაა საჭირო“. გარდა ამისა, PEN-ის წევრები ვალდებულებას იღებენ, რომ წინ აღუდგებიან თავისუფალ პრესაში პოლიტიკური თუ პირადი გამორჩენისთვის გამიზნული და დაუსაბუთებელი მასალების გამოქვეყნებას.

ამჟამად ბატონი გივი ბერლინში ცხოვრობს, და ერთხელ მეც ბერლინში ვცხოვრობდი. გამგზავრებამდე, ლაშა ბაქრაძემ მითხრა, გივი მარგველაშვილთან აუცილებლად დარეკე და ჩემი მოკითხვა და დიდი პატივისცემა გადაეციო. დავრეკე და ჩემი მარადიული სავიზიტო ბარათიც გამოვიყენე: „ბატონო გივი, მე ბუბა ყარალაშვილის მოსწავლე ვარ“.

ეს იყო და ეს. ამის შემდეგ ბერლინში მფარველი ანგელოზი მყავდა, ბატონი გივი მარგველაშვილი. ის იყო ჩემი გულშემატკივარი, მესაიდუმლე, და მარცხებიც ედარდებოდა და პატარა წარმატებებიც უხაროდა. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ფერისცვალება ბაუმშულენვეგზე, ჩვენსავით ქართულად მოლაპარაკე დოქტორ თომას ნოლის მიერ მომზადებული ქართული კერძებითა და ჩემი ძალიან საეჭვო ხაჭაპურით, და შესანიშნავი მომღერალი, გრიტ დიას დე არსე, ცდილობდა, ბატონი გივისთვის თავი მოეწონებინა. საგალობლები კი არ გამოგვივიდა, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან კარგი იყო.

ვიცი, რომ 22 მარტს თომასს, გრიტს და ყველა ჩვენს ბერლინელ მეგობარს დიდი სიხარული ჰქონდა: ჩვენმა ბატონმა გივიმ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა!

P.S. ცხელი შოკოლადი სიხარულით ულოცავს ამ შესანიშნავ ჯილდოს ბატონ გივი მარგველაშვილს.

9 მაილზ დევისი 5 წელი მუსიკის გარეშე

▲back to top


ავტორი: კახა თოლორდავა

მე ვერ ვუკრავ სხვებივით, ვერ ვჩხუბობ სხვებივით, ვერაფერს ვერ ვაკეთებ სხვებივით. მე მე ვარ.

მაილზ დევისი

0x01 graphic

დადის ჭორები, რომ მაილზ დევისის ჯანმრთელობა სერიოზულადაა შერყეული. შესაძლებელია, 49 წლის მუსიკოსი სიკვდილის პირასაც კი იყოს.

ჟურნალი Rolling Stone, 1976 წლის მარტი.

მთელი სხეული იარებით მაქვს დასერილი. ეს იარები ჩემთვის ღირსების მედლებივითაა. ისინი ჩემი გადარჩენის ისტორიას ყვებიან - მაილზ დევისი.

Present day composer refuses to die - ედგარ ვარეზი

1976 წლის იანვარს, გასული წლის დეკემბერში მენჯზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, მაილზ დიუეი დევის ჯუნიორი, ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე, თავის აპარტამენტებში ჩაიკეტა - ოფიციალური ვერსიით, ოპერაციის შემდგომი ჭრილობების მოსაშუშებლად. ამ დროისათვის, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, არათუ შეწყვეტდა საკონცერტო გამოსვლებს და სტუდიაში მუშაობას, არამედ საერთოდ არ გაეკარებოდა ინსტრუმენტს. დროდადრო, როგორც მაილზი მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში წერდა, იმ ოთახში შედიოდა, სადაც G. Leblanc Corp-ის მიერ საგანგებოდ მისთვის გაკეთებული Martin Committee-ის მოდელის ორი საყვირი ინახებოდა; ერთი წითელი, მეორე - შავი, და მდუმარედ მიაჩერდებოდა ხოლმე მათ. შემდეგ კი, კარს გამოხურავდა და კვლავ სასტუმრო ოთახში ბრუნდებოდა, დღე და ღამე ჩართული ტელევიზორის წინ, დროის მოსაკლავად. მთელი ხუთი წლის განმავლობაში, ერთხელაც ვერ გაბედა საყვირის ხელში აღება. ამ ხუთი უნაყოფო წლის მანძილზე, მხოლოდ ნიუ იორკის სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის ბარში და ღამის კლუბში თუ ხედავდნენ ხოლმე, სუტენიორების და სპეკულანტების კომპანიაში, სიგარეტით და სასმელით ხელში; როგორც წესი, შავ სათვალეებში; როგორც წესი, შავებში ჩაცმულს; როგორც წესი, უცნობ ქალთან ერთად. ეს იყო მაილზის ხუთწლიანი „ბნელი პერიოდი,“ როდესაც არც თვითონ და არც მისი ახლობლები დარწმუნებული არ იყვნენ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოძრომას მოახერხებდა. უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ვერა. „ბნელეთის პრინცს“, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ ხოლმე, და მუსიკოსს, რომელმაც ამ დროისათვის უკვე სამჯერ მოახერხა იმპროვიზებული მუსიკის თავდაყირა დაყენება, ამავე წლის მაისში 50 წელი უსრულდებოდა.

გაუარესებული ჯანმრთელობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც დაკვრა შევწყვიტე. თუმცა, ამავე დროს, სულიერადაც და შემოქმედებითადაც გადაღლილი და გამოფიტული ვიყავი. თითქოს ჩემი მუსიკით აღარაფერი დამრჩა სათქმელი. ვგრძნობდი, რომ დასვენება მჭირდებოდა და ავიღე კიდეც კუთვნილი შვებულება; ჩემი პირველი შვებულება, მას შემდეგ, რაც პროფესიონალი მუსიკოსი გავხდი. ვფიქრობდი, რომ თუ ფიზიკურად ოდნავ მოვმაგრდებოდი, სულიერადაც უკეთ ვიგრძნობდი თავს. დამღალა საავადმყოფოებში წამდაუწუმ შესვლაგამოსვლამ და კონცერტების დროს ტკივილის გასაყუჩებლად, სცენაზე გაუთავებელმა სიარულმა. სხვების თვალებში სიბრალულს ვხედავდი. ეს დაახლოებით ის გამოხედვა იყო, რასაც ადამიანებს ორმოციან წლებში ვამჩნევდი, როდესაც ჰეროინზე ვიჯექი. ეს აღარ მსურდა და ამიტომაც, გვერდზე გადავდე ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარდა - მუსიკა.

დაუკარი ის, რაც აქ არაა. ინსტრუმენტზე ნუ გადაგაქვს ის იდეა, რაც თავში მოგდის, დაუკარი მომდევნო იდეა. თუ რომელიმეს დაგინახავთ, რომ რეპეტიციობთ, გაგაგდებთ. იმიტომ გიხდით, რომ დაუკრათ და არა რეპეტიციებზე ხარჯოთ დრო.

მაილზ დევისი

კოკაინი, პერკოდანი, სეკონალი, კონიაკი, „ჰეინეკენი,“ და პერიოდული „სფიდბოლი“ - კოკაინის და ჰეროინის ინექცია ფეხში, - მაილზის ხუთწლიანი „შვებულების“ განუყრელი თანამგზავრი იყო. თუმცა, ამ დროისათვის, მაილზი უკვე აღარ იყო ჰეროინის სერიოზული მომხმარებელი. და კიდევ სექსი, - ყოველდღიური, განურჩეველი, არაკონტროლირებადი... გაუგებარია, საიდან ჩნდებოდნენ მაილზის ბინაში და სად უჩინარდებოდნენ სხვადასხვა კანის ფერის და ჯურის ქალები, მარტო თუ ჯგუფებად. როგორც წესი, ოთახებში ფარდები ჩამოფარებული იყო, რის გამოც ბინაში დღე და ღამე ბნელოდა. სამზარეულოში გაურეცხავი ჭურჭლის გროვა იდგა; იატაკზე და კედლებზე ტარაკნები დაცოცავდნენ. პერიოდულად, მაილზთან მოხვედრილი რომელიმე ქალბატონი უზარმაზარ ბინაში წესრიგის დამყარებას ცდილობდა, მაგრამ მსგავსი ერთჯერადი აქციები საბოლოოდ იგივე სცენით სრულდებოდა. თვეების განმავლობაში, ტელევიზორს თუ არ ჩავთვლით, გარე სამყაროსთან ურთიერთობას ვინმე ერიქ ენგლზის, ახალგაზრდა შავკანიანი კაცის მეშვეობით ამყარებდა. ის, ძირითადად, მაილზის დავალებებს ასრულებდა. მაილზი თითქოს ცდილობდა, ჩქარა ეცხოვრა და მასში შემოპარული სიბნელის რესურსი საბოლოოდ ამოეწურა, იმისთვის, რომ თუ ცოცხალი გადარჩებოდა, ყველაფერი ისევ თავიდან, ცარიელი ფურცლიდან დაეწყო. ეს ერთხელ უკვე მოახერხა - ოცდაორი წლის წინ, ორმოცდაათიანების დასაწყისში, როდესაც რკინის ნების წყალობით, საკუთარი თავი ჰეროინული ჯოჯოხეთიდან ბარონ მიუნჰაუზენივით ამოათრია. ამ ორ კრიზისს შორის განსხვავება კი ის გახლდათ, რომ წინა შემთხვევაში, კრიზისის მიზეზი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება იყო, ახლა კი - სულიერი გამოფიტვა და წონასწორობის სრული დაკარგვა. გასული ათი წლის განმავლობაში, 1966 წლიდან, მაილზმა ძალიან ბევრის გაკეთება მოახერხა - მესამედ შეცვალა იმპროვიზებული მუსიკის დისკურსი, საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა მუსიკოსების ახალი თაობა და კიდევ ერთხელ, თავიდან შექმნა საკუთარი თავი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. როგორც ჩანს, ერთი კაცისთვის ეს ზედმეტად მძიმე ტვირთი იყო.

„მაილზ, შენი ტანჯვის მიზეზი ქალი რომ ყოფილიყო, გირჩევდი მიგეტოვებინა და სხვა ქალი გაგეცნო. მაგრამ, როდესაც ამის მიზეზი ჰეროინია, მე აქ უძლური ვარ. ერთადერთი ჩემი მხარდაჭერა ჩემი შენდამი სიყვარულია. დანარჩენი შენი გასაკეთებელია.“ - ეს სიტყვები მამამ მაშინ უთხრა შვილს, როდესაც 1954 წელს, ოთხწლიანი „ჯანქად“ ყოფნის შემდეგ, სულიერად და ფიზიკურად განადგურებული 28 წლის მაილზ დევისი, „ჰებითის“ გადასაგდებად, ნიუ იორკიდან თავის მშობლიურ სახლში, სენტ ლუისში დაბრუნდა. შემდეგ კი, შებრუნდა და სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლზე მიშენებულ პატარა ოთახში შვილი მარტო დატოვა. იმ მომენტში, მაილზმა უკვე დანამდვილებით იცოდა - ან ჰეროინი, ან სიცოცხლე და ტალანტის რეალიზაცია; მესამე გზა არ არსებობდა. მაილზმა გადაწყვეტილება მიიღო. ოთახში ჩაიკეტა და შვიდი დღე-ღამის განმავლობაში ებრძოდა იმ სიგიჟეს, რაც cold turkey-ს, ანუ ჰეროინის უცბად, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე გადაგდების მცდელობას მოყვება. ის ერთადერთი მუსიკოსია ჯაზის ისტორიაში, ვინც ეს საკუთარი ნების მეშვეობით მოახერხა. „შემდეგ კი, ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფერი დასრულდა. ერთი ხელის მოსმით. როგორც იქნა! თავი უკეთესად ვიგრძენი. ეზოში, სუფთა ჰაერზე გავედი და მამაჩემის სახლისკენ გავემართე. როდესაც დამინახა, სახეზე შვების და სიხარულის ღიმილმა გადაურბინა. ერთმანეთს მოვეხვიეთ და ავტირდით. მიხვდა, რომ ჰეროინის დამარცხება მოვახერხე... ერთხელ და სამუდამოდ.“ ამ დროს, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ ოცი წლის შემდეგ, ისევ საკუთარი დემონების პირისპირ დგომა მოუწევდა და მათ დამარცხებას მთელი ხუთი წელი დასჭირდებოდა.

მაქს როუჩი, ჯექ დე ჯონეტი და მისი მეუღლე ლიდია, ალ ფოსტერი, ბილ ევანსი, დიზი გილესპი, ჰერბი ჰენქოქი, რონ ქართერი, თონი უილიამსი, ფილი ჯო ჯოუნზი, რიჩარდ ფრაიორი, ჯონ მაქლაგლინი და სხვები, მისი ახლო მეგობრები თუ კოლეგები, ყველანაირად ცდილობდნენ დახმარებოდნენ მაილზს, იმ ხუთი წლის განმავლობაში. დროგამოშვებით, მაილზი მართლაც აძლევდა მათ ამის საშუალებას; თითქოს აინტერესებდა, მზად იყო თუ არა „უკან მოსაბრუნებლად“.

0x01 graphic

ყველაფერი რომ ისე გესმოდეთ, როგორც მე, მაშინ მაილზ დევისი თქვენ იქნებოდით და არა მე.

მაილზ დევისი

0x01 graphic

ერთადერთი ქვეყანა, სადაც საკადრის პატივს არ მცემენ, შეერთებული შტატებია; ეს იმიტომ, რომ შავკანიანი ვარ და არ ვიცი, რა არის კომპრომისი. თეთრკანიანებს, განსაკუთრებით კი თეთრკანიან კაცებს, შავკანიანებში ეს არ მოსწონთ, განსაკუთრებით შავკანიან კაცებში.

მაილზ დევისი

0x01 graphic

სხვა გზა არა მაქვს, უნდა შევიცვალო; ეს აუცილებლობა წყევლასავით დამყვება თან. არტისტს ერთადერთი პასუხისმგებლობა მხოლოდ თავისი თავის წინაშე აქვს

მაილზ დევისი

პერიოდულად, თვითონ ეპატიჟებოდა მათ ან კარს უღებდა დაუპატიჟებლად მოსულ მეგობრებს, რომლებსაც, უბრალოდ, უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ მაილზი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უმრავლესობისათვის მძიმე იყო მაილზის, ამაყი და ამპარტავანი ადამიანის, ამ მდგომარეობაში ნახვა და ამიტომაც, ბევრმა ნელ-ნელა შეწყვიტა მასთან სტუმრობა. მხოლოდ მაქს როუჩი და დიზი გილესპი არ წყვეტდნენ ძველ მეგობართან კავშირს. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ კომპანიას მონატრებულმა, თავისი გარდაცვლილი მეგობრების - მუსიკოსების და არამუსიკოსების - ფოტოებით მორთო ოთახები. დიდი ნაწილი სწორედ ნარკოტიკების მსხვერპლი იყო. როდესაც კოკაინი მითავდებოდა, ყველაფერი ნერვებზე მოქმედებდა და მაღიზიანებდა. ამის გაკონტროლება, უბრალოდ, არ შემეძლო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არაფერი წამიკითხავს ან მომისმენია. ვიღებდი კოკაინს, რომელიც არაქათს მაცლიდა, მაგრამ არ მაძინებდა და ამის გამო, დასაძინებელ ტაბლეტებს ვაყოლებდი. არც ეს მშველოდა. ამიტომაც, ღამის ოთხ საათზე სახლიდან გავდიოდი და დრაკულასავით დავდიოდი ქუჩებში. ესეც რომ მბეზრდებოდა, რომელიმე ღამის კლუბში შევდიოდი, ისევ კოკაინით ვიტუმბებოდი,და რომელიმე ქალთან ერთად ვბრუნდებოდი სახლში, სადაც მიღებულს, კოკაინს და დასაძინებლებს კიდევ ვუმატებდი.

მაილზისადმი მიძღვნილი სხვადასხვა დროს გამოსული ბიოგრაფიები ამ პერიოდის კოკაინურ პარანოიასთან დაკავშირებული კომიკური და ზოგჯერ ბრუტალური ისტორიებითაა სავსე. როგორც ნარკოტიკების მომხმარებელს და, რაც მთავარია, შავკანიან მომხმარებელს, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნარკოტიკების შავკანიან და მილიონერ მომხმარებელს, მაილზს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პოლიციასთან. 1969 წელს, როდესაც მაილზმა ჰარლემელ ფრომოუთერებს თავის ბენდში შავკანიანი მუსიკოსების აყვანაზე უარი უთხრა და მათ მაგივრად თეთრკანიანები აიყვანა, - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი უკეთესი მუსიკოსები იყვნენ, - მაილზს ესროლეს. ამ დროს, ცოლთან, მარგარეტ ესქრიჯთან ერთად იჯდა თავის „ფერარიში.“ მაილზი დაიჭრა, მარგარეტს არაფერი დაშავებია. შემთხვევის ადგილას მოსულმა პოლიციელებმა კი, იმის მაგივრად, რომ საქმის ვითარებაში გარკვეულიყვნენ, მაილზის მანქანა გაჩხრიკეს, სადაც ცოტაოდენი მარიხუანა იპოვეს და დაჭრილი მაილზი მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს. მას შემდეგ, მაილზი ქუჩაში ნარკოტიკებით ჯიბეში არასოდეს გასულა, მაგრამ ამ შემთხვევამ ღრმა კვალი დატოვა მასზე. ერთხელ, ამჯერად უკვე ათი წლის შემდეგ, თავის „ფერარიში“ იჯდა და უესთ ენდ ავენიუზე სეირნობდა. ნიუ იორკში თოვდა. შუქნიშანზე შეჩერებულს, გვერდზე პოლიციის საპატრულო მანქანა ამოუდგა. პოლიციელებმა იცნეს მაილზი და გამოესაუბრნენ. შემდეგ კი, მწვანე შუქი აინთო და თავის გზას გაუყვნენ. ეს მაილზისათვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა ეფიქრა, რომ დაჭერას უპირებდნენ. მან გამალებით დაიწყო მანქანის სალონში კოკაინის ძებნა და იპოვა კიდეც. ოღონდ ეს კოკაინი კი არა, ჩამოწეული ფანჯრიდან წინა სავარძელზე დაფენილი თოვლი იყო. პანიკით მოცულმა მაილზმა მანქანა სასწრაფოდ შუა ქუჩაში მიაგდო და რომელიღაც სახლში შევარდა, სადაც რამდენიმე საათი ნაგვის ბუნკერში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი რამდენიმე ათეულ ათას დოლარად ღირებული გასაღებჩატოვებული ყვითელი „ფერარი“ კი უპატრონოდ იდგა უესთ ენდ ავენიუზე.

ძალიან ხშირად, წარმატებული მუსიკოსების უმრავლესობა, ადრე თუ გვიან, ბოლომდე ითვისებს იმ მუსიკალურ ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც ისინი ქმნიან. ამის შემდეგ, უმეტესობა თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავის მიერ შექმნილ პარამეტრებში; მით უმეტეს, თუ ეს ყველაფერი მსმენელს მოსწონს და კარგადაც იყიდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკოსს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა და პოპულარობა გარანტირებული აქვს. რა თქმა უნდა, ზედმეტია იმის თქმა, რომ ახალი ტერიტორიების აღმოჩენაზე უმრავლესობა არც კი ფიქრობს. მათთვის ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს. კომფორტით ცდუნება, იქნება ეს სულიერი თუ მატერიალური, ბევრს აჩერებს. მაილზი სხვანაირად ფიქრობდა და, შესაბამისად იქცეოდა კიდეც. „იცი, რატომ აღარ ვუკრავ ბალადებს?“ - ჰკითხა ერთხელ ქით ჯარეთს და თვითონვე უპასუხა: „იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ბალადების დაკვრა.“ 1947 წლიდან, მაილზი ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა - დროულად ანებებდა თავს იმას, რაც ძალიან მოწონდა ან უყვარდა და ახალ ტერიტორიებზე შეღწევას ცდილობდა. ის ყოველთვის მოგზაური იყო და არა ტურისტი. ამის გამო, ჯაზში შიდა დინებებისთვის მიმართულების შეცვლა ოთხჯერ მოახერხა და ოთხივე შემთხვევაში, მუსიკამ ახლებურად დაიწყო სუნთქვა. პირველად ეს ორმოციანებში მოახერხა, ბილ ევანსთან, ჯერი მალიგანთან და ლი ქონიცთან ერთად; შემდეგ თავის პირველ კვინტეტთან ერთად, რომელშიც ჯონ ქოლთრეინი, ქენონბოლ ედერლი, ბილ ევანსი, ფოლ ჩემბერსი და ფილი ჯო ჯოუნზი უკრავდნენ. მოგვიანებით, 60-იანი წლების დასაწყისში, მაილზი თავის მეორე ცნობილ კვინტეტთან გამოდის, სადაც ჰერბი ჰენქოქი, უეინ შორთერი, რონ ქარტერი და თექვსმეტი წლის თონი უილიამზი უკრავენ და 60-იანების ბოლოს, კიდევ ერთხელ ანგრევს მისი და ჯაზის პურისტების მიერ მონიშნულ ნორმებს და აბსოლუტურად შიზოფრენიულ, თუმცა სრულიად გამაოგნებელ მუსიკალურ ტერიტორიაზე აბიჯებს. საგულისხმოა, რომ მაილზის მუსიკალური რენესანსი, როგორც წესი, მაშინ დგება, როდესაც ნარკოტიკებისაგან სრულიად სუფთაა. ამავე დროს, ყოველი მისი ციკლური შემობრუნება რომელიმე ქალის სახელთანაა დაკავშირებული. სამოციანებში ეს მისი მეუღლე ბეთი მეიბრი იყო, სამოცდაათიანების ბოლოს კი - სისილი თაისონი.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი და გასროლა დალასში, რობერტ კენედი და გასროლა ნიუ იორკში, მალკოლმ ექსი და გასროლა მანჰეტენის აუდუბონ ბოლრუმში, მართინ ლუთერ კინგი და გასროლა მემფისის ლორეინ მოტელში, სტუდენტური გამოსვლები ამერიკის უნივერსიტეტებში, ახალგაზრდობის „გრძელთმიანი“ პროტესტი ისტებლიშმენტის წინააღმდეგ, ვიეტნამი, სი-ენ-სი-სი და შავი პანტერები, მარქსისტი ინტელექტუალები, ანჯელა დევისი, მარიხუანა და LSD, ყვავილები ავტომატების ლულებში, ბრიტანული იმპორტი - the Beatles და Rolling Stones, ბობ დილანი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯეიმზ ბრაუნი, სლაი სთოუნი, ჯონ ქეიჯი, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, ჯონ ქოლთრეინი და love supreme, ორნეთ ქოულმენი და free jazz... ტურბულენტური და კრეატიული ათწლეული, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა შეერთებული შტატების პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პეიზაჟი. კარგი მუსიკა, ყველაფერ დანარჩენთან ერთად, როგორც წესი, არა მარტო თავის დროს ასახავს, არამედ ოდნავ წინ უსწრებს დროს. მაილზს ეს ძალიან კარგად ესმოდა და ამიტომაც, სამოციანების მეორე ნახევრიდან, რამდენადაც წარმატებული არ უნდა ყოფილიყო, უკვე აღარ შეეძლო იგივე მუსიკალური კურსით სიარული. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თვით ის გარემო, რომელშიც ცხოვრობდა, უკვე სხვანაირად ჟღერდა, სხვა საუნდი ჰქონდა. კონტექსტი შეიცვალა. მაილზმა იცოდა, რომ ზედაპირზე დასარჩენად, კიდევ ერთხელ მოუწევდა მომავალში სხვებზე ადრე „შერბენა“. იცოდა, რომ დროში კი არ უკრავდა, არამედ ის და, შესაბამისად, მისი მუსიკა იყო დრო. მზად არ იყო იმისთვის, რომ წარსულის გმირი გამხდარიყო და მას შემდეგ, რაც მთელი 1965 წელი დუმილში გაატარა, კიდევ ერთხელ ემზადებოდა იმპროვიზებული მუსიკის ყირაზე დასაყენებლად.

1965-1967 წლების ჩათვლით, მაილზი თავისი მეორე კვინტეტის ფარგლებში ატარებდა ექსპერიმენტებს, მაგრამ ამ დროისათვის უკვე იცოდა, რომ საყვირი - კონტრაბასი - საქსოფონი - პიანინო - დრამის კომბინაცია უკვე ამოწურა. ამას ისიც დაემატა, რომ მის მიერ გაზრდილი ოთხი შესანიშნავი მუსიკოსი თავისი გზით აპირებდა წასვლას. მართალია, შემდგომ წლებში, თითოეული მათგანი კვლავ ჩნდებოდა მის ალბომებში და მასთან ერთად სცენაზე, მაგრამ ამჯერად უკვე სრულიად განსხვავებულ მუსიკალურ კონტექსტში. სამოციანების მეორე ნახევრიდან, მისი ალბომებიდან და სცენიდან ნელა-ნელა გაქრა როიალი და სხვა აკუსტიკური ინსტრუმენტები, მისი გარდერობიდან - შავი კოსტიუმები და ჰალსტუხები, მისი საგასტროლო განრიგიდან - პატარა ჯაზ-კლუბები. ის ახლა დიდ არენებზე გამოდიოდა, როკ მუსიკოსებთან ერთად. მისი მსმენელი მუსიკის დახვეწილი კონოისორი კი არა, დაბოლილი ახალგაზრდობა გახდა. მისი ახალი მეუღლე ბეთი მეიბრი, აგრეთვე მუსიკოსი, რომელიც მასზე ბევრად ახალგაზრდა იყო, პირადად იცნობდა ჯიმი ჰენდრიქსს და სხვა როკ მუსიკოსებს. სწორედ მისი მეშვეობით გაიცნო მაილზმა ჰენდრიქსი და ამ უკანასკნელის უდროო გარდაცვალება რომ არა, ისინი სერიოზულად გეგმავდნენ სტუდიაში ერთად მუშაობას. მაილზის მუსიკა ამ პერიოდში საუნდზე ორიენტირებული გახდა. ის იმ ათწლეულივით „ახმაურდა,“ რომელშიც იქმნებოდა და რომელსაც მხოლოდ მისი საყვირის სევდიანი საუნდი და ამ საუნდს შორის დატოვებული მრავლისმთქმელი პაუზები აბალანსებდა. ამ პერიოდში, მაილზი დაუფიქრებლად რისკავდა. ამ რისკს მისი წინა პერიოდის მუსიკის თაყვანისმცემელთა დიდი ნაწილი გადაყვა. „ფულის მოსახვეჭად ტრაკის მიცემის ყველაზე მნიშვნელოვანი მცდელობა ამ საუკუნეში“ - ასე უწოდა ცნობილმა კრიტიკოსმა სთენლი ქრუჩმა იმ მუსიკას, რომელსაც მაილზი სამოციანების ბოლოს უკრავდა. ქრაუჩი ცდებოდა. ამისთვის საკმარისია მოუსმინო თუნდაც ამ ალბომებს: In a Silent Way, Bitches Brew, Jack Johnoson, On the Corner, Live-Evil. უცნაურია, მაგრამ საუკუნის ყველაზე „დაბოლილ“, „ნემსზე შემჯდარ“ და „ჰალუცინაციურ“ პერიოდში, მაილზი სრულიად ფხიზელი იყო. დროებით ვეგეტარიანელი გახდა და სისტემატიურად ვარჯიშობდა კრივის დარბაზებში. მისი კერპები მოკრივეები ჯექ ჯონსონი და შუგარ რეი რობინსონი იყვნენ. მოგვიანებით ამბობდა, რომ საყვირში ჩაბერვისას, მუხლებში კრივის გავლენით იხრებოდა ხოლმე. ჯექ ჯონსონის ცნობილი სიტყვები - „ისინი წამდაუწუმ მახსენებენ, რომ შავკანიანი ვარ; ძალიან კარგი, მეც წამდაუწუმ შევახსენებ მათ, რომ შავკანიანი ვარ“ - მაილზის იმდროინდელი მანტრა იყო. მისი პოპულარობა იმ დროს ისე გაიზარდა, რომ როდესაც სამოცდაათიანების დასაწყისში, ფრაზერ-კლეის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შევიდა დარბაზში, მისთვის თვალის შესავლებად მთელი მედისონ სქუერ გარდენი ფეხზე წამოდგა; თვით კლეი და ფრაზერი მოტრიალდნენ, რომ გაეგოთ, ვის გამო მოაცილა მათ თვალი მაყურებელმა.

1995 წელს პიანისტმა ქენი ბარონმა თქვა: „ჩვენ ყველა ველოდებოდით მაილზის ახა ლი დისკის გამოსვლას, რომ გაგვერკვია, რა გვეკეთებინა მომავალში.“ 1967-1975 წლებში მაილზმა კიდევ ერთხელ გაამართლა ეს სიტყვები. კიდევ ერთხელ გახდა ბარომეტრი დანარჩენებისათვის. მისმა მაგალითმა ბევრ არა როკ-მუსიკოსს გააბედინა ელექტრონულ ინსტრუმენტებზე დაკვრა. ტერმინები „ემბიენსი“ და „ფიუჟენი“ სწორედ იმ პერიოდიდან გავრცელდა. სწორედ მან მოახერხა იმპროვიზებული მუსიკისაკენ ახალგაზრდა აუდიტორიის შემობრუნება; სწორედ მან მოახერხა ამ მუსიკის ახალი აზრით დატვირთვა და თუნდაც 1970 წლის 29 აგვისტოს, Aisle of Wight-ის როკ ფესტივალზე შეკრებილ თითოეულ მსმენელს თამამად შეეძლო ეთქვა, რომ ჯიმი ჰენდრიქსის და სხვა როკმუსიკოსების იქ ყოფნის მიუხედავად, მანამდე მსგავსი არაფერი მოუსმენიათ. მაილზი ერთადერთი ჯაზმენი იყო იმ ფესტივალზე და 35 წუთიანი მუსიკალური მასტერ კლასის შემდეგ, ათასობით მსმენელმა მაილზის ბენდს ნამდვილი ოვაცია მოუწყო. როდესაც ჰკითხეს, თუ რა ერქვა იმას, რაც იმ დღეს დაუკრა, მაილზმა მოკლედ უპასუხა: „რაც გინდათ, ის დაარქვით!“ ასე გრძელდებოდა მთელი ათი წლის განმავლობაში. ტურნეს ტურნეზე მართავდა და მისი მუსიკაც სულ უფრო შიზოფრენიულად ექსპერიმენტული ხდებოდა. რაღაც მომენტში, მაილზი გადაიწვა. 1975 წლისათვის სათქმელი აღარაფერი დარჩა.

„რკინის ნება მაქვს. სწორედ ამან გადამარჩინა. ეს მშობლებისგან გამომყვა.“ ამავე დროს, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მუსიკაში დაბრუნებას და, საერთოდ, ცოცხლად გადარჩენას, მაილზი ახლობლებს და ნათესავებსაც უნდა უმადლოდეს. 1978 წელს, მას შემდეგ, რაც მაილზის ყოფილმა ცოლმა, ფრენსისმა ალიმენტების გადაუხდელობისათვის ლამის ციხეში ამოაყოფინა თავი, მას უკვე სერიოზული დახმარება სჭირდებოდა. ამას თვითონაც ხვდებოდა და ამიტომაც დათანხმდა გიტარისტ ლარი ქორიელს და მის ცოლს, ჯულის ნორფოლკში, კონექტიკუტის შტატში გაყოლაზე. ამის მიზეზი მუსიკაც იყო. მაილზს იმედი ჰქონდა, რომ ქორიელის მეშვეობით, მუსიკასთან დაბრუნებას მოახერხებდა და იმედმოცემულმა, მეგობარს ერთი პატარა თემაც კი მოასმენინა. ქორიელს თემა მოეწონა და მაილზს სტუდიაში მუშაობა შესთავაზა. ასე დაუბრუნდა მუსიკის კეთების განწყობა, თუმცა ის ჩანაწერი ოფიციალურ რელიზად არ გამოსულა და, რაც მთავარია, იმ კომპოზიციაში მაილზი კლავიშებზე უკრავდა და არა საყვირზე. საყვირზე დაკვრა ჯერ კიდევ ვერ გაბედა. მოგვიანებით, კიდევ ერთხელ შეეცადა სტუდიაში ემუშავა, ამჯერად ბრიტანელ კომპოზიტორ ფოლ ბუქმასთერთან ერთად. ამ დროისათვის, ის უკვე მეტ-ნაკლებად აზრზე იყო, თუ რა ხდებოდა მუსიკალურ სამყაროში და მის გარშემო. ეს მისი მეგობრის, დრამერ ალ ფოსთერის და მისი დისშვილის, უინსენთ უილბერის დამსახურება იყო. უინსენთი ჩიკაგოდან ნიუ იორკში ხშირად ჩადიოდა მაილზის მოსანახულებლად და როგორც მაილზი ამბობდა, „სულ მეჩიჩინებოდა, - ძია მაილზ, იქნებ ცოტა დაუკრა, რაო.“ თუ უინსენთი ჩიკაგოში იყო, იქედან ურეკავდა ბიძას და ახალ მუსიკას ტელეფონით ასმენინებდა. სწორედ უინსენთმა გააბედინა საყვირის ხელში აღება. ეს ოდნავ მოგვიანებით მოხდა. მანამდე კი, მაილზი თავისი ყოფილი საყვარლის, მსახიობ სისილი თაისონის ხელში ჩავარდა. სისილი თაისონი მაილზს პირველად სამოციანებში შეხვდა და მათი სასიყვარულო ურთიერთობაც ამ დროს დაიწყო, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმეთვიანი რომანის შემდეგ, კარგ მეგობრებად დარჩნენ, მაგრამ თაისონს ერთი უცნაური თვისება აღმოაჩნდა - მაილზის ცხოვრებაში ყოველთვის იმ დროს ჩნდებოდა, როდესაც ყველაზე უფრო ესაჭიროებოდა. ახლაც ასე მოხდა. თაისონმა სულ უფრო მოუხშირა მის სახლში სიარულს და მაილზმაც ავტომატურად შეწყვიტა სხვა ქალებთან ურთიერთობა. სისილის მეშვეობით, მკვეთრად შეამცირა კოკაინის ყოველდღიური დოზა, ჯანმრთელი საკვების მიღება დაიწყო, თავი დაანება კონიაკის სმას და რაღაც მომენტში, სიგარეტის მოწევასაც კი. „სისილი დამემუქრა, რომ თუ მოწევას თავს არ დავანებებდი, ჩემთან ზასაობას შეწყვეტდა“ - ხუმრობდა ხოლმე. გამოჯანმრთელებისაკენ გადადგმული საბოლოო ნაბიჯი კი 1979 წლის აგვისტოში მომხდარი შემთხვევა იყო. სისილი თაისონი გადაღებებზე იყო. მაილზთან ან უინსენთი, ან რომელიმე მისი მეგობარი რჩებოდა. იმ დღეს მაილზთან ფოლ ბუქმასთერი დარჩა. ნიუ იორკში საშინლად ცხელოდა და ბუქმას-თერმა მაილზს ქალაქგარეთ გასვლა შესთავაზა. მაილზმა უარი უთხრა და ბუქმასთერს მარტოს მოუწია წასვლა. როდესაც საღამოს შინ დაბრუნდა, გადაუხდელობის გამო, ბინაში სინათლე გამორთული დაუხვდა, ხოლო მაილზი კოკაინის დიდი დოზისაგან გათიშული იყო. კოკაინი კუჭის ტკივილის გასაყუჩებლად მიიღო. ბუქმასთერი იმავე წამს მიხვდა, რომ მაილზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სასწრაფოს გამოძახებისთანავე, მაილზის დას, დოროთის ჩიკაგოში დაურეკა და სასწრაფოდ თხოვა ჩამოსვლა. დოროთი მეორე დილას ჩამოვიდა და სასწრაფოდ გადაურეკა ჯერ მომღერალ ჩაკა ხანს, რომელიც მაილზის მეზობლად ცხოვრობდა, შემდეგ კი სისილი თაისონს. თაისონის ჩამოსვლამდე, ქალები საქმეს შეუდგნენ. მაილზის სახლში ისევ გაიხსნა ფარდები, ახმაურდნენ დამლაგებლები და მტვერსასრუტები, სადღაც გაქრნენ ტარაკნები. რამდენიმე დღეში, თაისონი ნიუ იორკში დაბრუნდა. ამის შემდეგ, მთელი ერთი წლის განმავლობაში, არ მოშორებია მაილზს. ერთი წლის შემდეგ კი, მაილზმა უკვე იცოდა, რომ გამოჯანმრთელების გზაზე იდგა. ისიც იცოდა, რომ სულ ცოტაც და მუსიკას დაუბრუნდებოდა. უბრალოდ, ყველაფერ ამას გარკვეული დრო სჭირდებოდა.

შემდგომი 11 წლის განმავლობაში, მაილზი ცხრა ალბომს გამოუშვებს; მუსიკოსთა კიდევ ერთ თაობას გაზრდის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; კიდევ რამდენჯერმე მოივლის მთელ მსოფლიოს, თავის ბენდებთან ერთად; სისილი თაისონზე იქორწინებს და გაეყრება მას; ეყოლება ახალი მეგობარი ქალები; რამდენიმე Grammy-ს მიიღებს; საერთო ჯამში, 93-ჯერ გახდება ჟურნალ Down Beat-ის კრიტიკოსთა და მკითხველთა პოლების საუკეთესო მესაყვირე; ვარშავაში, საკუთარ კონცერტზე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის, იური ანდროპოვის მიერ გამოგზავნილი ლიმუზინით მივა; ლეონარდ ბერნსტაინის და აარონ ქოუფლენდის შემდეგ, დანიური მუსიკალური პრიზის, „ზონიგის“ მფლობელი გახდება; ითამაშებს ფილმებში; ფილმებისთვის მუსიკას დაწერს; შეხვდება პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და მისი მეუღლე, ბარბარა ბუში პრეზიდენტის დედა ეგონება; ვანკუვერში, კონცერტის დროს, სცენიდან გააგდებს სცენაზე დაუკითხავად შემოსულ უინთონ მარსალისს; კომპოზიციებს Prince-თან ერთად ჩაწერს; ქუინსი თრუფთან ერთად, ავტობიოგრაფიას დაწერს; დაიწყებს ხატვას; მრავალი წლის მანძილზე, თავის ძველ კომპოზიციებს პირველად შეასრულებს, ქუინსი ჯოუნზთან და ბიგ ბენდთან ერთად; მონაწილეობას მიიღებს მუსიკოსთა პროტესტში აპარტეიდის წინააღმდეგ... 1991 წლის სექტემბრის დასაწყისში, სანტა მონიკას სეინთ ჯონის საავადმყოფოში მოხვდება, სულ რამდენიმე დღით - როგორც თვითონ იტყვის, „აზრზე მოსასვლელად“; თუმცა, ოფიციალური ვერსიით, ბრონქიალური პნევმონიით; ბრაზდება ექიმებზე, რომლებიც სასულეში მილების ჩადგმას აძალებენ, რის გამოც ინსულტი ემართება; რამდენიმე დღის შემდეგ კი, კომაში აღმოჩნდება. ექიმები იძულებული გახდებიან, აპარატზე შეაერთონ. 28 სექტემბერს, ახლობლები ექიმებს აპარატის გამორთვის უფლებას მისცემენ. ამ დროს ის 65 წლის იქნება.

10 ლონდ-ON გაწურვის რეჟიმში

▲back to top


როცა 7 დღე გრჩება

ავტორი: ლიზა ასათიანი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

აბსურდული ამოცანა

- მოჰყვე ლონდონის შესახებ. ყველას თავისი ლონდონი აქვს. ლონდონი იმდენნაირია, რამდენი ადამიანიც დადის დედამიწის ზურგზე. თუ თეატრალი ხარ, ზედ სცენაზე ხვდები; თუ პანკი, პანკების დედაქალაქში; თუ ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ეპიცენტრში; თუ ფლეიბოი ხარ, შიგ ჟურნალ „ფლეიბოიში“ და თუ წიგნის ჭია - ერთ დიდ წიგნის საცავში. თუმცა, არსებობს ერთი უცვლელი ჭეშმარიტება: ლონდონი ყველაზე ლიბერალური ქალაქია, რომელიც შენს ინდივიდუალობას აღვიძებს. აქ ხარ ის, ვინც მართლა ხარ და შეგიძლია აკეთო ის, რისი გაკეთებაც გინდა. ლონდონში ნამდვილად ცხოვრობ.

0x01 graphic

ლონდონის მიკრო-დახასიათება:

სქესი: მამრობითი (არის ასეთი ცნობილი გამოთქმა, თუ პარიზი ქალია, ნიუ იორკი ტრანსვესტიტი, მაშინ ლონდონი კაციაო).

ასაკი: გაურკვეველი - ძალიან მოხუცი და, იმავდროულად, სრულიად ახალგაზრდა.

სუნი: ახლად მოთიბული ბალახის, წვიმის და ყავის - ერთმანეთში არეული.

სექსუალური ორიენტაცია: ასექსუალური.

ტემპი: სარეცხი მანქანა გაწურვის რეჟიმზე რომ გადადის, ზუსტად ისეთი.

მუსიკა: ყველანაირი თანამედროვე მუსიკა ლონდონში იბადება. ლონდონის საუნდთრეკი ყოველთვე იცვლება. თებერვლის მუსიკალური სია კი ასეთი იყო: ტიგა, კოკო როზის, ფაბრიკ ლაივი 26, ქოლდფლეი, მადონა და სექს პისტოლზი.

განათება: ბუნებრივად ბნელი, სულ შუქი ანთია (აქ მზე იშვიათი ფენომენია). შესაბამისად, უმზეობის გამო, მოსახლეობას მუდმივად მომწვანო ფერი დაჰკრავს.

ოფიციალური ენა: ლონდონური ინგლისური. მაგრამ ქალაქის მოსახლეობის ალბათ 70%25 ჩამოსულია და დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობს. ამიტომ არანაირად არ მოგერიდოს, შენს ინგლისურს საშუალო ლონდონელი უფრო კარგად გაიგებს, ვიდრე ოქსფორდდამთავრებული ლინგვისტისას, რომელიც, სხვათა შორის, ნამდვილად არ გადაგეყრება ქუჩაში.

განათლება: უუუმაღლესი - ლონდონში ცხოვრება უკვე უნივერსიტეტია.

ფიზიკური მონაცემები: ცაცია. მოძრაობა მარცხენაა. ძალიან გთხოვ, ქუჩაზე გადასვლისას, მუდამ საპირისპირო მხარეს გაიხედე, რომ პირველსავე დღეს ავტობუსის კაპოტზე არ აღმოჩნდე. (აქ ავტობუსები ორსართულიანია).

ფსიქოლოგიური დახასიათება: ინტროვერტი საღამოს 7 საათამდე, ექსტროვერტი - ნებისმიერ დანარჩენ დროს. მართალია, ინგლისელები ძალიან კოსერვატორები არიან, მაგრამ მხოლოდ სამუშაო საათებში. პირველივე კათხა ლუდის დაცლის შემდეგ, მთელი ლონდონი ყირაზე გადადის.

0x01 graphic

უჩვეულო ფაქტები:

1. ლონდონელ გოგოებს არასდროს ცივათ და მუდამ ფეხშიშველები დადიან. ეს ანომალია, განსაკუთრებით თებერვალში, ნებისმიერ შაბათ შუაღამეს მოგხვდება თვალში, როდესაც ლონდონის ქუჩები ფეხშიშველა ან სანდლებში გამოწყობილი გოგონებითაა მოფენილი. თუ გინდა, რომ ტურისტს არ ჰგავდე, უკვე იცი, რა უნდა ქნა. მაგრამ, ჩემი რჩევა იქნება, არ აჰყვე ტენდენციას - ნამდვილად გაცივდები. თებერვალში ტემპერატურა მხოლოდ 2-3 გრადუსია.

2. ლონდონურ ონკანს ორი ხორთუმი აქვს, ცხელი წყალი ცალკე, ერთ მილში მოდის, ცივი - მეორეში. ლოგიკური ახსნა იმისა, თუ „რატომ“ - არ არსებობს. ეს ბრიტანელების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების არდარღვევის ამაყი გამოხატვა და დეკლარაციაა.

3. თუ ვინმემ სახლში დაგპატიჟა და მისამართიც მოგცა - მაგალითად, ვორიქ როუდის 53, - იმედი ნუ გექნება, რომ 53 ნომერი აუცილებლად 52-ის შემდეგ იქნება. სახლებს ნომრებს სხვადასხვა საუკუნეში ანიჭებდნენ. ასე რომ, ნუმერაცია შეიძლება ასეთიც იყოს - 1, 2, 5, 21, 43, სახლი სახელად „ორქიდეა“ და შემდეგ 53.

4. ლონდონში სულ რამდენიმე აღმართია. ასე რომ, თუ ცოტა ხნით ხარ ჩამოსული, არ მგონია, აღმართს გადააწყდე.

5. ლონდონურ პაბებში და მაღაზიებში ალკოჰოლი ღამის 11 საათის შემდეგ აღარ იყიდება. ამიტომ, ქართული 12-ის მერე - „რავი, სადმე შევიაროთ და ცოტა მოვწრუპოთ“ - ლონდონში არ გამოვა. ზუსტად უნდა იცოდე, სად მიდიხარ.

6. ხანშიშესული მანდილოსნისთვის მეტროში ადგილის დათმობა უტაქტობაში შეიძლება ჩაგეთვალოს. არ გაგიკვირდეს, თუ ასეთი გმირული საქციელის შემდეგ, ქალბატონმა საყრდენი ჯოხი ზურგში გდურთა და ყველას გასაგონად შემოგძახა, მე შენზე ნაკლები და უსუსური ხომ არ გგონივარო.

ყველაზე უჩვეულო კი ის არის, რომ ლონდონური ცხოვრების არანაირი წესი არ არსებობს. აქ ყოველი დღე ახალი სამყაროა, თავისი ახალი კანონებითა და წესებით. ყოველი დღე ახალი თავგადასავალია.

აუცილებლად:

დაკარგავ რამდენიმე ქოლგას. ამიტომ, საყვარელი ან ძვირფასი ქოლგა თან არ წაიღო.

მოგიწევს ფეხით ბევრი სიარული. ქუსლებზე ლონდონის დათვალიერებაზე არც იოცნებო. (თუ, რა თქმა უნდა, ფარულად მაზოხისტური მისწრაფებები არ გაქვს).

სასტიკად დააგვიანებ, თუ არ გათვალე, რომ ნებისმიერ დანიშნულებამდე მისასვლელად, სულ ცოტა, 40 წუთი გჭირდება.

კლიშეა, მაგრამ მაინც:

„თუ ლონდონისგან დაიღალე, ესე იგი ცხოვრებამ დაგღალა“.

არ ვაპირებ დავწერო ლონდონის „ღირსშესანიშნაობების“ შესახებ. თუ ბუკინგემის სასახლე, სიტი, ბიგ ბენი და დედოფალი გაინტერესებს, ამის მიგნებას უჩემოდაც მოახერხებ - იარე პირდაპირ და თან იქონიე ნებისმიერი ტურისტული წიგნი, სახელწოდებით - „ლონდონი - წარსული და აწმყო“, ან რაიმე მსგავსი.

გთავაზობ, მე და ჩემს ლონდონელ მეგობრებს, ლონდონის უცნობ და, ჩემი აზრით, საუკეთესო ადგილებში აჩქარებულ მოგზაურობაში წამოგვყვე; იქ, სადაც შემთხვევით ვერანაირად ვერ მოხვდები. არადა, ნამდვილი ლონდონი დახურული კარების მიღმაა.

ჩემი ლონდონელი მეგობრები:

0x01 graphic

კარენი

თანამედროვე ლონდონელი გოგოს ფორმულა, პროფესიით მოდის მომავლის განმსაზღვრელი (fashion buyer). ზედმეტად დახვეწილი ესთეტი.

0x01 graphic

დევი და ნასტია

- ლონდონზე შეყვარებული არქიტექტორი და მისი მუსიკოსი სუპერ მეორე ნახევარი. ჩემი ქართული ოჯახი ლონდონში.

0x01 graphic

ფერნანდო

- ჩელსის ცნობილი რესტორნებისა და ბარების მფლობელი, მუსიკოსი. ავანტიურისტი (კარგი გაგებით). მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - ბარჟა თემზაზე.

0x01 graphic

მარტა

- ვიდეოარტისტი და ტელეპროდიუსერი, სასტიკი ანტიგლობალისტი. ჰიპების ოჯახში დაბადებული კონცეპტუალისტი.

0x01 graphic

ანრიკი

- ტელეპროდიუსერი, რეჟისორი. უცნაური ადგილების დაუოკებელი მაძიებელი, რომელსაც თავში მუდმივად ახალი პროექტი აქვს.

თუ სარეცხი მანქანის გაწურვის რეჟიმის ტემპი გიზიდავს და გინდა, რომ 14-მა მილიონმა ადამიანმა ფეხზე დაგაბიჯოს:

მაშინ სოჰო, და ქოვენთ გარდენი შენი სტიქიაა. სოჰოში ყველა რჯულის, ასაკის და სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ჩქარი ნაბიჯით, მიზანდასახულად აქეთ-იქით მოძრაობს. აქაურობა აურაცხელი რაოდენობის რესტორნების, ყველანაირი დანიშნულების მაღაზიების, სტრიპტიზ-კლუბების, კაფე-ბარების, სარეკლამო სააგენტოების, თეატრების, კინოთეატრების, სილამაზის სალონების, სექს-შოფების, გეი-ბარების, პატარა პარკების, ხმის ჩამწერი სტუდიების, ღამის კლუბებისა და ტელევიზიების ერთი დიდი აჯაფსანდალია. აქ მოსულს რა ჯანდაბა გინდოდა, გავიწყდება; დანარჩენ სოჰოში მოსიარულეებს რა უნდათ, ხომ საერთოდ გაურკვეველია. სამაგიეროდ, რაც არ უნდა დაღლილი იყო, ისეთ ენერგიაზე მოდიხარ, რომ სარეცხი მანქანასავით მზად ხარ, სულ წრეზე იტრიალო, და კონსუმერიზმის სენით შეპყრობილმა, აღარასოდეს დაისვენო და დაიძინო.

0x01 graphic

0x01 graphic

ბლუ რუმი: (ლურჯი ოთახი)

პატარა ყავახანა, რომელიც შუაგულ სოჰოშია, უფრო მეგობრის სასტუმრო ოთახს მოგაგონებთ, ვიდრე კაფეს. პატარა ლურჯ ოთახში (იხ. სახელწოდება) სულ რამდენიმე მაგიდა და სავარძელი დგას. აქ ცალკე მაგიდა არასდროს გექნება, ვიღაც აუცილებლად მოგიჯდება, და ის ვიღაც აუცილებლად არტისტი იქნება. ბევრი აქ, უბრალოდ, წიგნის წასაკითხად, ლეპტოპზე სამუშაოდ, ანდა თავისი ახალი შედევრის ჩასახატად მოდის.

მუდამ კარგი, წყნარი მუსიკა უკრავს და ყოველთვის საინტერესო გამოფენაა. მათი მარწყვის Cheese cake-ი დაუვიწყარია, თანაც იაფი. მეპატრონე აუცილებლად გამოგელაპარაკება, გადაამოწმებს, შევარდნაძის შემდეგ რომ სააკაშვილი მოვიდა და აუცილებლად მოკითხვას დაგაბარებს ერთთანაც და მეორესთანაც.

0x01 graphic

აი.სი.ეი. - თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი

მყუდრო და კომფორტული ადგილია, სადაც კინოთეატრი, საგამოფენო დარბაზი, წიგნის მაღაზია და რესტორან-ბარია. თავისუფლად შეგიძლია, მთელი დღე იქ გაატარო. იქ ისეთ კინოს ნახავ, სხვაგან რომ არსად გადის - აქაურობას კომერციულ კინოსთან არაფერი აქვს საერთო. შემთხვევით ოთარ იოსელიანს ან აბას კიეროსტამს შეიძლება შეხვდე და მათ ლექციასაც დაესწრო. ყველაფერი კი ისე ელვის სისწრაფით იცვლება, რომ მეტის დაწერას აზრი არ აქვს, სჯობს დამატებითი ინფორმაციისთვის თავად შეხვიდეთ აი.სი.ეი.-ს ოფიციალურ საიტზე: www.ica.org.uk

0x01 graphic

საუკეთესო მაღაზიები სოჰო -კოვენტ გარდენზე:

წიგნები: magma bookstore (არტ წიგნებისთვის და ალტერნატიული ჟურნალებისთვის)

მუსიკა:
fopp (იაფი),
carbon (ალტერნატიული ლეიბლებისთვის)

ტანსაცმელი:
Top Shop (იაფი)
Urban Outfi tters (საშუალო)
Dover street market (უძვირესი)

სკეჩი:

ეს ლონდონის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე უჩვეულო და ყველაზე ფეშენებელური ადგილია. ეს შედევრი სულ რაღაც 16 მილიონი დოლარი დაჯდა. სკეჩში მხოლოდ საღამოს 5 საათამდე მოხვდები, თუ, რა თქმა უნდა, ლონდონის რომელიმე სუპერვარსკვლავის მეგობარი არ ხარ. საღამოს სკეჩი წევრების კლუბად იქცევა, დღისით კი თანამედროვე ვიდეო გალერეა, ბარი და ყავახანაა.

მიუხედავად იმისა, რომ ყავა 5 ფუნტი ღირს, აუცილებლად წადი. შეგიძლია ფული დაზოგო და „ვოგი“ აღარ იყიდო, რადგანაც მთელი „ვოგის“ ფურცლები შენს წინ ცოცხლად ივლიან. გალერეაში ვიდეო ინსტალაციების ნახვას აუცილებლად გირჩევ. შემდეგ, კაფეში არ დაიბნე. მენიუს ნაცვლად, მიმტანი ძველ წიგნს მოგიტანს, მენიუ წიგნშია ჩადებული. აუცილებლად შეუკვეთე კაპუჩინო, რომელსაც რეზინის რბილ ჭიქაში მოგართმევენ. თუ ალკოჰოლი უფრო გიზიდავს, მაშინ ბარში შეჩერდი და ვაშლის მარტინი გასინჯე (მათი სპეციალობაა). არავითარ შემთხვევაში არ დაგოიმდე, როდესაც უაღრესად მომხიბვლელი ბარმენი ჭიქის ქვეშ ხელსაწმენდს შეგიცურებს, მასზე კი მობილური ტელეფონი იქნება კალმით მიწერილი. ეს მისი კი არა, რესტორნის რეზერვაციის ცხელი ხაზია. სადილი რესტორანში (გალერეა საღამოს რესტორნად გარდაიქმნება) ერთ კაცზე დაახლოებით 250 ფუნტი დაგიჯდება, და თუ კლუბის წევრი არ ხარ, იქ მაინც ვერ მოხვდები.

ურცხვად დავამატებ, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტუალეტებიც აქ არის. აუცილებლად ორივე ტუალეტში შედი (პირდაპირ ფუნქციას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). ერთი, უცხო პლანეტაზე ჯერ არგამოჩეკილ უზარმაზარ კვერცხს ჰგავს, ხოლო მეორე - ბნელი ლაბირინთია, სვაროვსკის კრისტალებისაგან გაკეთებული ობობას ქსელებით განათებული.

0x01 graphic

თეით მოდერნი

ყავისფერი აგურით ნაშენები ძველი ელექტროსადგური, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოშიგნეს და სრულიად ახალი ფუნქცია მიანიჭეს - ახლა ეს სუპერთანამედროვე შინაგანი სტრუქტურა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს მასპინძლობს.

დევის და ნასტიას საყვარელი ადგილი:

დევი: „შენობის ისტორიაც კი მიყვარს. ელექტროსადგური Sir Giles Gilbert Scott-მა ააშენა. ეს არქიტექტორი Buttersea Power Station-ის (ჩემი საყვარელი შენობის) და განთქმული ბრიტანული წითელი სატელეფონო ჯიხურების ავტორიც არის. შენობა რომ აგურის და რკინის კონსტრუქციისგან არის აგებული, ეს ალბათ ნაკლებად დაგაინტერესებთ; აი, ის კი, რომ შენობა დამგეგმარებლების გათვლით, 42 000 000 ცალი აგურით აშენდა და სიმაღლე ზუსტად 99 მეტრი აქვს, რათა მის წინ მდგარ ლონდონის მთავარ, წმინდა პავლეს ტაძარზე მაღალი არ გამოსულიყო, უკვე საინტერესოა.“

როცა ლონდონელებმა მითვალ-მოთვალეს და გადაწყვიტეს, რომ „ბენქსაიდ ფაუერ სთეიშენის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ძალიან ძვირი უჯდებოდათ, ელექტროსადგური კარგა ხანს იდგა უქმად. მოგვიანებით, შენობით „თეითი“ დაინტერესდა და მის რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში შვეიცარიელებმა - ჰერცოგმა და მეურენმა გაიმარჯვეს (ერთ-ერთმა მათგანმა გამარჯვების შესახებ რადიოთი შემთხვევით შეიტყო), შედეგი - თეით მოდერნი გახლავთ.

დევი: „რატომ მიყვარს? მიყვარს თავად ატმოსფერო, რომელიც შენობაშია, ყველა გამოფენის, ყველა აქ გამოფენილი ხელოვანის სული თითქოს შენობაში რჩება. თანაც ყოველი ახალი გამოფენის მერე, ეს შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრდება. არანორმალური ენერგიაა, რომელიც არ შეიძლება არ იგრძნო.“

0x01 graphic

0x01 graphic

Tate Modern:
Bankside Power Station, 25 Sumner Street

ნასტია: „თეით მოდერნი მეც მისი სივრცის და ატმოსფეროს გამო მიყვარს, და კიდევ მიყვარს მისი უზარმაზარი ვერანდა, საიდანაც გადაიხედავ და სასაწაულს ხედავ. აუცილებლად გადაიხედეთ - ეს მართლაც ლონდონის საუკეთესო ხედია. აქ რომ მოვდივარ, ვისვენებ. განსაკუთრებით როტკოს ოთახი მიყვარს. ექსპოზიციებზე იმდენის მოყოლა შემიძლია, რომ სჯობს არც დავიწყო.“

დევი: „ჰო, ახლა მალე იქნება Josef Albers-ის და Laszlo Moholy-Nagy-ს გამოფენა. ისინი ლეგენდარული „ბაუჰაუსის“ მამები არიან. თუ ვინმე ლონდონში 9 მარტიდან 4 ივნისამდე მოხვდება, ამ გამოფენის გამოტოვება სამშობლოსა და „მოდერნიზმის“ ღალატია. და კიდევ, ვასილი კანდინსკის გამოფენა - 22 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე. თვალები მექავება, ისე ველოდები ამ ორს.“

0x01 graphic

DOVER STREET MARKET:

მოდის ინდუსტრიის გურუს, იაპონურ-ფრანგული ბრენდის Comme des Garcons-ის ახალი კონცეპტ-მაღაზია. ამაზე თანამედროვე მოდა არსად არსებობს. დოუერ სტრიტ მარკეტი 4-სართულიანი, არცთუ ძალიან დიდი ბუტიკია, სადაც თავი უფრო კერძო გალერეაში გეგონება, ვიდრე მაღაზიაში.

ეს კარენის საყვარელი ადგილია.

კარენი: „თუ მეგობრების ნახვა და წყნარად საუბარი მინდა, აუცილებლად აქ მოვდივარ. მოსასვლელად ყველაზე კარგი დრო შუადღის მერეა. მომწონს აქაური ალტერნატიული გარემო. ასე გგონია, მაგარ საგალერეო სივრცეში, გამოფენაზე, მაღაზიაში და საყვარელ ყავახანაში ხარ ერთდროულად. აქაურობა ესთეტური თვალსაზრისით საინტერესო და მუდამ ცვალებადია. მაღაზიის დეკორი - მუდამ იცვლება და შემდეგში აქაურობა როგორი დაგხვდება, ყოველთვის ამოუცნობი, უჩვეულო სიურპრიზია. Comme des Garcons-ს ყოველთვის სხვადასხვა დიზაინერთან თანამშრომლობს და აქ ჯერ უცნობი, მომავლის დიზაინერის ნამუშევრებს ეცნობი. ამიტომ, ჩემთვის აქაურობა შემეცნებითიც არის. ყველაზე ძალიან სულ ქვედა სართული მომწონს, სადაც ახალგაზრდა, რადიკალური მოდის დიზაინერების ახალი კოლექციებია წარმოდგენილი.

ჩემი რჩევაა, არ იმოქმედო ტურისტული ბუკლეტების მიხედვით. ლონდონის მთელი ხიბლი ისაა, თუ რას აღმოაჩენ ამ ქალაქში. თუ მოდა გაინტერესებს, აუცილებლად წადი ისტ-ენდში, რომელიც მოდის თვალსაზრისით, ყველაზე შემოქმედებითი ადგილია.“

Dover Street Market

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

თუ სვეტსკად და წყნარად გინდა გაატარო დრო და ნამდვილ ლონდონელ ინგლისელებს გადაეყარო

ჩელსი - ყველაზე ინგლისური და „სვეტსკი“ საცხოვრებელი უბანია. დანარჩენი ლონდონური უბნების საგიჟეთის შემდეგ, აქაურობა კურორტს მოგაგონებს. აქ მუდამ განუმეორებელი სიმწვანე, სისუფთავე, სიმდიდრე და უდარდელი სიმშვიდეა. ჩელსელების გარეგნობა და ჩაცმულობაც თვალშისაცემად ერთნაირად დახვეწილი და არისტოკრატულია. ყველა ერთნაირად ხმელი, მაღალი, და ქერაა; დიზაინერული ჩანთა და ყველაზე ძვირიანი მანქანის გასაღები აქაურობის აუცილებელი აქსესუარია. თავმოყვარე და თანაც ჩელსელ ინგლისელს, ან ითონი უნდა ჰქონდეს დამთავრებული, ან ჰაროუ, და მერე კიდევ ოქსფორდი. სკოლა მთლიანად განსაზღვრავს აქცენტს. ჩელსიში „ძველი ითონური“ აქცენტი დომინირებს.

ზაფხულობით, ქინგს როუდი (ჩელსის მთავარი ქუჩა) ყველაზე ძვირფასი მანქანების პოდიუმად იქცევა ხოლმე. თუ რომელიმე ყავახანაში დიდხანს შეყოვნდები, აუცილებლად დაინახავ „ჯემიროქუაის“ სოლისტს, ჯეი ქეის და მის განუმეორებელ ლამბორჯინების კოლექციას. თუ 60-იანი წლები გხიბლავს, მაშინ კაფე „პიკასოსკენ“ გაეშურე, სადაც კაფეს წინ გამოდგმული ორი პატარა მაგიდიდან ერთ-ერთთან ბობ გელდოფი აუცილებლად იჯდება. მგონი, ეს მაგიდები ჯონ ლენონის მერე არ გამოუცვლიათ. ისინიც ამ მაგიდებს უსხდნენ - რინგო და ჯონი. გზად ჰიუ გრანტი შეგეფეთება და დაბნეული აქეთ მოგიხდის ბოდიშს. თუ გაინტერესებს, ბრაიან ადამსი რამსიმაღლეა (სიურპრიზი გელით) და გაელ გარსია ბერნალი სინამდვილეშიც ისეთივე სიმპათიურია თუ არა, როგორც „მოტოციკლეტისტის დღიურებში“, მაშინ აუცილებლად „აცტეკაში“ შეიარეთ.

0x01 graphic

აცტეკა

ფერნანდოს საყვარელი ადგილი:

ფერნანდო: „აუცილებლად მოდით ჩელსიში, რომელიც ლონდონის ნებისმიერი სხვა უბნისგან განსხვავდება; მით უმეტეს, თუ გინდათ, აქაური ხალხი და არა ტურისტები გაიცნოთ.

ჩემი ბარი - „აცტეკა“, ალბათ ყველაზე მხიარული და აუთენტური ლათინო-ამერიკული ბარია ლონდონში. ასეთი ბარები ლათინურ ამერიკაში და, მით უმეტეს, მექსიკაში ბევრია. მე კი შევეცადე, ლათინური ატმოსფერო და ტემპერამენტი ლონდონში გადმომეტანა. მუსიკასაც ზუსტად ისეთსავეს ვუკრავთ. ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას ცოცხალი მუსიკაა. კუბელი მუსიკოსები აფრო-რიტმების (afro-cuban) და კუბურ-ლათინური ჯაზის კომბინაციას უკრავენ. სასმელს რაც შეეხება, ცნობილი ვართ ჩვენი მოჰიტოებით და კაიპირინიებით. ორივე ლათინო-ამერიკული კოქტეილია, მსუბუქი და გამაგრილებელი.“

აუცილებლად დალიეთ მოჰიტო - საუკეთესოა მთელს ლონდონში. და კიდევ, „აცტეკაში“ ყოველთვის კარგი ამინდია.

თუ სვეტსკურ-ბოჰემური გამოცდილება გიზიდავს:

ნოტინგ ჰილი შეძლებული და ბოჰემური ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდობის, ცნობილი ტელეწამყვანების და იამაიკელი რასტაფარიანელების საცხოვრებელი კუთხეა. აქვე ცხოვრობს ყველა ინგლისელი „ჯერ არშემდგარი არტისტიც“, რომელსაც ოჯახის ნაჩუქარი 3 მილიონი ფუნტი საბანკო ანგარიშზე უდევს, ყველა სახატავი ატრიბუტიკა კი - სახლში, ხოლო თვითონ, აი, უკვე 3 წელია, მუზას ელოდება. ნოტინგ ჰილი ულამაზესია, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც ნუშის ხეებით მოფენილი პორტობელო როუდი და ვესტბორნ გროუვი (ნოტინგ ჰილის ორი ცენტრალური ქუჩა) ყვავილობას იწყებს. ქუჩებში საბოდიალოდ დღისით უნდა მიხვიდე. მზიანი კვირა დღის აქ გატარებას არაფერი სჯობს. ხაზგასმით ექსცენტრულად გამოწყობილი ბოჰემა ვესტბორნ გროუვზე და მისი პერპენდიკულარული პატარა ქუჩების კაფეებშია გამოფენილი. უზარმაზარი შავი მზის სათვალეებით და გაზეთ-ჟურნალებით შეიარაღებულნი, ისინი საათობით უსხედან ერთ ჭიქა ყავას და ყველა გამვლელის მრისხანებას იწვევენ, რომელიც თავისუფალ ადგილს ვერც ერთ კაფეში ვერ პოულობს. პორტობელო როუდის ბოლოს კი (საჭმლის ბაზრობას უნდა გასცდე), რასტაფარიანელები რეგეი-მუსიკის ძველ ფირფიტებს უკრავენ, მზეს ზანტად ეფიცხებიან და ვინთიჯ (მეორად, ოღონდ ძალიან მოდურ) ტანისამოსს და სახლის ნივთებს ყიდიან.

ვესტბორნ სტუდიოები:

ამ უჩვეულო ადგილს კიდევ უფრო უჩვეულო ადგილმდებარეობა აქვს. ხიდთან მარჯვნივ შეუხვევ თუ არა, უკაცრიელ ადგილას მოხვდები. გასცდები სკეიტბორდისტების სასრიალო მოედანს და მაღალი შენობის უზარმაზარ ხის კარს მიადგები, რომელიც ფინური აბანოს კარს მოგაგონებს. ზარი დარეკე და მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო, უზარმაზარ ვესტიბიულში აღმოჩნდები.

შენობა, თავისთავად, ოფისებისათვის არის განკუთვნილი. ამიტომაც, ვესტიბიულში შესვლისას, უამრავ გრაფიკული დიზაინის, ტელე-პროდუქციის და ფეშენ დიზაინის სტუდიებს ხედავ, რომლებიც სხვადასხვა სართულზე, დიდი შუშის ვიტრინებს მიღმაა განლაგებული. ვესტიბიულს, რომელიც თავიდან თანამშრომლების კაფე იყო, ბევრმა დაუწყო სტუმრობა, რადგანაც მოსასვენებლად ჩამოსულ შემოქმედებით პერსონალს, ვესტიბიულში დასვენებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო უჩვეულო და შემოქმედებითი იდეები უჩნდებოდა. აქ მისულს რა არ დაგხვდება - მაგალითად, უცნაური ვიდეო გამოფენა, სივრცის შუაგულში დაყენებული, დამტვრეული სარკეებით მოპირკეთებული ძველი კადილაკი, კუთხეში მჯდომი ვიზაჟისტი, რომელიც უფასოდ თმებსაც შეგჭრის. ეს ყველაფერი კი, ჯერ კიდევ უცნობი ჯგუფის კონცერტის, ხმაურიანი ბარის, საბილიარდოს და ნოტინგ ჰილის ყველაზე ბოჰემური თავყრილობის ფონზე ხდება.

0x01 graphic

Westbourne Studios: 242 Acklam Road W10

0x01 graphic

თუ ალტერნატიული ღამის ლონდონი გაინტერესებს და მზად ხარ, დილის ექვს საათამდე ბარიდან ბარში იარო, მაშინ

ბრიკ ლეინი და შორდიჩი

5-6 წლის წინ, აქაურობა პაკისტანელების, ინდუსტრიული საწყობების და ქარხნების უმახინჯესი უბანი იყო. ნელ-ნელა, ქალაქის მერიამ მიტოვებული საწყობები და საამქროები არტისტებს სახელოსნოებად დაურიგა. მსოფლიოს ყველა დამშეული არტისტი, ნონკონფორმისტი და ანტიგლობალისტი სასწრაფოდ ერთმანეთს გაეცნო და აქეთ ერთად გადმობარგდა. შეიქმნა ყველაზე თავისუფალი, ახალგაზრდული, მახინჯურად ლამაზი და ცოცხალი უბანი, რომელიც თავისი მენტალიტეტით, სტუდენტურ ქალაქს უფრო გავს, ვიდრე უბანს. „დახეული“, აქაური გაგებით, „პეწიანს“ ნიშნავს, და GDR-ის ფეხბურთელის თმის ვარცხნილობა - მოდურობის აპოთეოზია. ყველა ძალიან მეგობრული, საინტერესო მოსაუბრე, კარგი მუსიკოსი და ინდივიდია. 35 წელს გადაცილებული აქ იშვიათად თუ შეგხვდება, და თუ შეგხვდა, ამ გაუგებრობაში უფრო შემთხვევით მოხვედრილი იქნება, ვიდრე თავისი ნებით მოსული; სახეზე ცოტა დაბნეული გამომეტყველებაც აუცილებლად ექნება.

0x01 graphic

0x01 graphic

Vibe Bar93 Feet East

0x01 graphic

Cafe 1001: 1 Dray Walk, Brick lane

ბრიკ ლეინზე ნამდვილი პაკისტანის გავლით ხვდები. ტრადიციულ პაკისტანურ სამოსში გამოწყობილი იქაური მოსახლეობა, თავისი ახალი, ხმაურიანი მეზობლებით სულაც არ არის უკმაყოფილო. პირიქით, ძალიან უხარიათ, რომ მათ ცარიელ რესტორნებში ვინმე მაინც შეუკვეთს ზე-სურნელოვან ინდურ კარის, თუნდაც ის ვინმე, მათი აზრით, საეჭვო გარეგნობისა იყოს.

ბრიკ ლეინი (აგურის ხეივანი) აქაურობის მთავარი ქუჩის სახელწოდებაც არის. ხეივანი - ერთი დიდი, შედარებით იაფი, უცნაური, ძალიან თანამედროვე და უძველესი ნივთების, უჩვეულო და ძნელად საშოვნი მუსიკალური დისკების, რეტროტანსაცმლის და ახალი შეგრძნებების სკივრია. აქაური ბარებისა და კაფეების მთელი რიგი, ერთიმეორეზე უკეთესი და რადიკალურად განსხვავებულია. ჩემი რჩევა იქნება, ყველგან შედით. განსაკუთრებით გირჩევდით კაფე „1001“-ს, რომელიც აქ გახსნილი პირველი ყავახანაა. მეგობრებთან შესახვედრი ადგილის, საუკეთესო მუსიკის, იაფიანი სენდვიჩების ყველაზე თბილი, რბილი, ყვითელი და პოპულარული არჩევანია. ასევე მაგარია: Vibe bar-ი და 93 Feet East-ი.

0x01 graphic

დასავლეთით, ბრიკ ლეინი შორედიჩში გადადის, რომელიც ღამის კლუბური ცხოვრების ყველაზე მაგარი ადგილია. ჰოქსტონ სქვერი კი, ყველა დაუვიწყარი ღამის ათვლის წერტილია.

საუკეთესო ღამის კლუბები:
Cargo
Fabric
T-Bar
Th e End
Egg
Notting Hill Arts Club

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ჩასვლისთანავე შეიძინეთ ყოველკვირეული ჟურნალი Time Out London.

კარგო

თუ შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა მუსიკაზე ცეკვავ, ანდა რა მუსიკის თანხლებით მიირთმევ ალკოჰოლურ სასმელს, მაშინ აუცილებლად მიდი „კარგოში“. კარგი (საცეკვაო, ელექტრონული) მუსიკა გარანტირებულია.

0x01 graphic

Cargo: 83 Rivington Street EC2A

0x01 graphic

T Bar

The Tea Building, 56 Shoredich High Street E1 6JJ

-ბარი

ენრიკი: „შორდიჩი, ერთი შეხედვით, ანგრეული, ჭუჭყიანი ადგილია, მაგრამ უცებ ნათელ წერტილს გადაეყრები. აქ ძალიან თბილი და მეგობრული გარემოა და ყველა კარგ ხასიათზეა. „ტ“ ბარიც ერთ-ერთი ასეთი ადგილია. აქაური საზოგადოების ხასიათს კარგად ასახავს. ჩემი რჩევა იქნება, დაელაპარაკე ხალხს. ლონდონი ცნობილია, როგორც ქალაქი, სადაც ხალხი არც გელაპარაკება და ზედაც არ გიყურებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ხელში ჭიქა კი, განსაკუთრებით აადვილებს კომუნიკაციას. ხალხს უნდა ელაპარაკო, აქ იმდენ საინტერესო ადამიანს გადაეყრები... უბრალოდ, პირველი ნაბიჯი, ჯობია, თვითონ გადადგა.

„ტ“-ბარი შორდიჩ ჰაი სტრიტზეა. გიჟი თინეიჯერებიდან დაწყებული, ბიზნესმენებით, სტრიპტიზის მოცეკვავეებით და მოდური ახალგაზრდობით დამთავრებული, ყველა აქ იყრის თავს. მუსიკა ელექტრო-ფანკია, უფრო მოგვიანებით კი მძიმე ჰაუსს და ბრეიკბითსაც უკრავენ. უცნაური წარმოდგენებიც იმართება ხოლმე. წინა მოსვლაზე, შუა ცეკვის დროს, უცებ მუსიკა გაჩერდა და წელს ზემოთ შიშველმა წყვილმა ლექსების კითხვა დაიწყო. ქალი ერთ სიტყვას იტყოდა, მეორეს კაცი გააგრძელებდა, ასე ჩაათავეს მთელი ლექსი. მთელი ბარი პირდაღებული უსმენდა.

ლონდონში ყველანაირი გიჟობა მოსულა. როგორც მოგეპრიანოს, ისე ჩაიცვი და რანაირადაც გინდა, ისე გაერთე - აქაურობა ამისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია.“

ჯაზ-ბარი

მარტას საყვარელი ადგილი:

მარტა: „ჯაზ-ბარს, სახელის მიუხედავად, არანაირი კავშირი არ აქვს ჯაზთან. აქაურობა პატარა და მყუდროა. გგონია, რომ ბარში კი არა, ვიღაცის სამზარეულოში ხარ. ძალიან მაგარ მუსიკას უკრავენ, Duran Duran-ით დაწყებული, ჰიჩკოკის ფილმის საუნდთრეკით და ძველი, კლასიკური სიმღერებით დამთავრებული. ღამის 2 საათის მერე, აქაურობა ხალხით ივსება და მიუხედავად იმისა, რომ პატარა სივრცეა, დილის 5 საათამდე ცეკვას და კარგ დროსტარებას მაინც ყველა ახერხებს. ბარი ძალიან პოპულარულ უბანშია, მაგრამ კოქტეილები მაინც იაფი ღირს და პერსონალიც ყურადღებიანი და მეგობრულია. ჩემი რჩევაა, ცენტრალურ ლონდონს მოშორდით და ეცადეთ, დიდ ლონდონში ჩაიკარგოთ“.

ჩემი რჩევა:
ლონდონში იქნებ შენი თავიც იპოვო.
London is constantly ON!

0x01 graphic

Jazz Bar

4 Bradbury Street N16 8JN

0x01 graphic

11 სოოო - ჰოოო

▲back to top


ავტორი აკა მორჩილაძე

მე დავინახე მაქცია,
ხელში ჩინური რესტორნის
მენიუ ეჭირა,
სოჰოს ქუჩებში მოაბიჯებდა
წვიმაში,
ლი ჰუ ფუკის რესტორანს
ეძებდა,
იქ დიდი თეფშით მოუტანდნენ
ჩოუ მინს...
...მე დავინახე მაქცია,
პინია კოლადას სვამდა
თრეიდერ ვიკის დუქანში,
და ძააან მაგარი პრიჩოსკა
ჰქონდა...

0x01 graphic

ეს სიმღერაა და თანაც კაი ძველი. თავის დროზე, Grateful Dead-საც კი უმღერია. ეს ბიჭები კი, ელესდესა და მარიხუანას ბიჭები, კენ კიზის „მერი პანკსტერთა“ ავტობუსის ჯიგრები რომ ყოფილან ადრე, სულ სხვა ამბიდან არიან, ჩვენ სხვა ამბავში ვართ. ამიტომაც, ხავერდის ჭუჭყის დროის ჯეელების შესახებ ლაპარაკს დროზე დავანებებ თავს. უბრალოდ, სიმღერაა ასეთი, Grateful Dead-მა რომ თავისად მიიღო და ამით საქვეყნოდ რომ გაუთქვა სახელი ლონდონში, ჯერარდ სტრიტზე მდებარე ჩინურ რესტორანს „ლი ჰუ ფუკს“, და იქაურ კერძს - ჩოუ მენს, რაიც ჩინურად შემწვარი ატრიის და სხვა რამეების ნაზავი გახლავთ. ამავე სიმღერამ ისიც გაგვახსენა, რომ იყო ოდესღაც ვიქტორ ჟიულ ბერჟერონი - კაცი, რომელმაც მსოფლიოს პოლინეზია გააცნო და იქაური ეგზოტიკა რესტორნებად და გარემოდ აქცია. პინია კოლადა კი განთქმული პუერტორიკული კოქტეილია, რომელსაც ალბათ თრეიდერ ვიკად, მოვაჭრე ვიკად წოდებული ამ კაცის რესტორნებში გასინჯავდით.

თრეიდერ ვიკის დაწესებულებები, ამ ნახევარი საუკუნის წინათ, ველურად პოპულარული იყო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ისინი ახლაც შემორჩენილა; ოღონდ ამბავი არც მას ეხება, ვინაიდან ამ სიმღერაში (რომელიც ბარე ოცდაათი წლის წინათ, უორენ ზევონმა იმღერა და თავის ალბომშიც შეიტანა და Grateful Dead-ის ბიჭებსაც იქედან მოეწონათ) მთავარი სოჰოა და იქ ოდესღაც მდებარე თრეიდერ ვიკის რესტორანი.

ჰოდა, სოჰოზე ვილაპარაკოთ.

სოჰო ლონდონის უბანია. მეტიც, დასავლეთ ლონდონის უბანია, ოთხი განთქმული ქუჩით მტკიცედ შემოღობილი და აწ სრულიად უკვდავი.

ეს არ არის უბანი, სადაც ბურჟუებს უყვართ სიარული.

ეს არ არის უბანი, სადაც კარგი კოსტიუმით გააკვირვებ კაცს.

ეს არ არის უბანი, სადაც რესპექტაბელურ, ან თუნდაც, მოშვებულებე ტურისტს რაიმე ესაქმება, ვინაიდან სოჰოში ყოფნისთვის, იაპონურ გუნდად ტურისტული გავლა და აპარატების ჩხაკუნი არაფერს ნიშნავს. ქუჩა ქუჩაა, დუქანი - დუქანი და კაცისთვის, ვინც აქ უბრალოდ ჩამოიარა, ის უბრალო ნალექად დარჩება, რომ ჰა, იყო ლონდონში და გაიარა ისეთ უბანში, რომელიც ყველა ქალაქშია:

შეღამებულზე, ქუჩის კუთხეებში მეძავები დგანან, არცთუ ძვირი დუქნებიდან ხალხის ხორხოცი ისმის, მთვრალები რაღაცეებს ყვირიან ქუჩებზე, მოფარებულში დანების ტრიალია, მარიხუნას სურნელიც შორიახლოს ტრიალებს. იქვე, საეჭვო ღირსების თეატრია, ტროტუარებზე უამრავი ნაგავი ყრია და ასე დაუსრულებლად...

ვის არ გაუვლია ასეთ უბნებში?

და ეს ყველაფერი მართალია.

მაგრამ სხვა არის, როცა სოჰოს შიგნიდან იცნობ და იცნობ დილიდან დილამდე. იცნობ ლანჩის დროსა და მაშინ, როცა სასმელის გაყიდვა წყდება, მაშინაც, როცა პაბს და კაფეს ვეღარ ასხვავებ და მაშინაც, როცა აქ უბრალოდ, დროის მოსაკლავად დაბოდიალობ, ანდა მთლად უარესი, ჯიბეგახვრეტილი ხარ.

სოჰო, როგორც ყველა ადგილი დედამიწის ზურგზე, იწყება და მთავრდება, ოღონდ როგორც თავად დედამიწა, სოჰოც არსად იწყება და არსად მთავრდება, რადგან აქვს საზღვრები და არა აქვს დასაწყისი და ბოლო.

საზღვრები კი ისეთი აქვს, მოყვარეს რომ შეშურდება: სოჰოს გარს აკრავს ლონდონში ოთხი უგანთქმულესი ქუჩა და სულ დარჩეული ადგილები: ჩრდილოეთიდან ოქსფორდ სტრიტზე, სავაჭროებითა და მილიონების ზუზუნით განთქმული; აღმოსავლეთიდან - ჩარინგ კროსი, თავისი წიგნის მაღაზიებითა და საბუკინისტო რიგებით; სამხრეთიდან, შეფთსბერი სტრიტი, თეატრების მთელი წყებით და დასავლეთიდან ის სახელოვანი რიჯენტ სტრიტი; ხოლო ამ უკანასკნელისა და შეფთსბერის გადაკვეთაზე კი, პიკადილი სირქუსი ამოზრდილა, თავისი ქანდაკებით.

მოკლედ, ადგილია, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. ჰოდა, ამიტომაც, მეფე ჰენრი მერვეს ეს ადგილი, სადაც ხშირი ტყე-ველი ბლომად ყოფილა, თავის სანადირო ადგილად გაუმწესებია. ძველად კი, სადაც ნადირობა ყოფილა, ლაღობასაც შორიახლოს უტრიალია და ამ მიწას, თითქოს თავიდანვე დაბედებია გართობის და ერთი ამბის ადგილად ყოფნა.

მაშინ აქ მინდვრები იყო და ტყისპირებიდან მელიებსაც გამოირეკავდნენ ხოლმე. მეფე ჰენრი მერვე ცოლების ხოცვაში დაოსტატებული კაცი იყო და ნადირს რაღას უზამდა. ჰოდა, შეძახილი „სოჰო! სოჰო!“ იმ დროის სანადირო შეძახილი ყოფილა.

ასე ამბობენ და ძველი დროებიდან რაღას დაუდგენ.

კი იყო ეს ამბავი მეთექვსმეტე საუკუნეში, ადგილად კი სოჰო ასი წლის თავზე თუ მოიხსენიება. ჯილდოდ მიცემისა, თუ ყიდვა-გაყიდვის შემდეგ, სოჰოს მიწები ხელთ მოუგდია ლესტერის გრაფს და ამიტომაც ჩარჩენილა უბნის კიდეზე განთქმული ლესტერის მოედანი, სადაც ტურისტები ირევიან: ის ადგილი, სადაც კინო „ოდეონი“, მსოფლიო პრემიერების ეპიცენტრია... მოდიხარ ლესტერ სკვერზე და აგერ არ მოფრინავს ჯულია რობერტსი? - როგორც ბორია ბრეგვაძე იტყოდა. ზუსტად ისე, როგორც იმ ფილმში, მგონი, „ნოთინგ ჰილი“ რომ ჰქვია. ლესტერ სკვერი ასეთი ადგილია: ქუჩის მხატვრებით, ვარსკვლავებით და ტურისტებით.

0x01 graphic

ეს გრაფი ლესტერი და კიდევ ერთიორი სხვა დიდგვაროვანიც, ვისაც აქ მიწები ჰქონდა, ყველანაირად ცდილობდა, რომ ახლო-მახლო არცთუ მდიდარი გარეუბნებიდან სოჰოში არავინ შემოჭრილიყო და ეს ადგილი არისტოკრატულად შეენახათ, ოღონდ მაინც ვერ მიხედეს და სოჰოზე ემიგრანტები გამოჩნდნენ, რომლებიც მაშინ ჩვეულებრივი, ახლა კი განთქმული მეიფეადან და ბლუმსბერიდან მინდვრებისკენ ჩამოცოცდნენ და აქ დასახლება დაიწყეს. ესენი იყვნენ ფრანგი ჰუგენოტები, იმათი შთამომავლები, ვინც კათოლიკეთა ბართლომეს ღამეს რისხვას გამოასწრო.

ამიტომ, ადგილმა ყოველგვარი არისტოკრატულობისა და სიმდიდრის საშუალება იმთავითვე დაკარგა. სამასი წლის წინათ, სოჰოში დიდგვაროვანი აღარავინ დარჩა. ჯერარდ სტრიტიდან უკანასკნელი გრაფი აიხვეტა და იაფად დარჩენილ დიდებულ სახლთა ოთახებში იმ დროის შემოქმედმა ხალხმა დაიწყო დასახლება; ხოლო სადაც ბევრი ხელოვანია, იქ ბოჰემაა, ხოლო სადაც ბევრი ფრანგია, იქ ჭამა-სმა და გართობაა; ხოლო როცა სოჰოს გზას იტალიელიც ისწავლის და კონტინენტზე ხმა გავარდება, არი ეგეთი ადგილი, სადაც უდარდელი, ლოთბაზარა და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს და სადილი იაფია, ხოლო სასმელი კიდევ უფრო იაფიო, მოგეცეს ლხენა.

იმ ჯერარდ სტრიტზე კი, რომელსაც ასე ელოლიავებოდა გრაფი ლესტერი, ახლა ლონდონის ჩაინათაუნია, გაჭედილი ჩინური რესტორნებით, ჩინურად ალისფერი და ჩინურად ოქროსფერი: ვიტრინებში ზანტად მოტრიალე ასიათასი შემწვარი იხვით.

სოჰოს ისტორია, მისი დუქნებისა და მისი გულების ისტორიაა. სოჰო მთვრალი პოეტების, შეშლილი მედუქნეების, ვერაგი მეძავების, იმედით სავსე მევიოლინე ახალგაზრდების, განთქმული, ოღონდ არა გაზულუქებული შემოქმედებისა და სრულიად უიმედო ადამიანების ადგილია. სოჰოს დუქანთა ისტორია, საოცრებათა ისტორიაა. საოცრებანი ტკბილი არ არის, მაგრამ რახან ამ უბანს ფსკერი და ქუდი არა აქვს, ამიტომ, იქ ყველა ნახავს თავის ადგილს, ყველა ნახავს ისეთ თავისუფლებას, როგორსაც სხვაგან ვერ გადააწყდება, თუ, რა თქმა უნდა, ეს თავისუფლება სჭირდება.

სოჰოს ყოველი მხრიდან საინტერესო შესასვლელი აქვს, ყოველი ქუჩა სადღაც შეგიყვანს და რაღაც მოულოდნელსა და ბოჰემურს დაგაჯახებს.

ვთქვათ, თუ ჩარინგ კროსს ჩამოუყვები და ბოლოსკენ, შეფთსბერიმდე არმისული ჩაუხვევ, უკვე სოჰოში ხარ. რა თქმა უნდა, არ იცი, რომ ამ ქუჩით, სოჰოს გეითა სოფელში შეაბიჯე. თუმცა, შეიძლება აქ მთელი ცხოვრება ისე იარო, რომ ამას დიდად ვერც მიხვდე, რადგან აქ არავინ გთხრის თვალებს, შემომხედეო.

ეს ოულდ ქომფთონ სტრიტია: მავან ჰენრი ქომფთონის შორიახლოს, წმინდა ანას ეკლესია აუშენებია, ჯერ კიდევ, ჰეეე, როდის... თუმცა, იმავ დროიდან, აქ ფრანგებიც სახლდებოდნენ. ჩარლზ მეორეს უყვარდა ფრანგები. მათ შეიფარეს, როცა ინგლისელებმა მამამისს, ჩარლზ პირველს თავი მოჰკვეთეს.

ოულდ ქომფთონზე ბევრი გეი ბარი და კაფე კია, თუმცა აქ ყველასი ყველაფერია. ახლა აღარ მახსოვს, როგორაა, მაგრამ ერთი ხანობა, ვესტმინსტერის მუნიციპალიტეტმა გეი დაწესებულებებს წინ, გეების ცისარტყელა დროშების გადმოფენა აკრძალა. თუმცა, სხვა უბნებში, მაგალითად, ჩიზკში, ზედ გზის პირზე მდებარე „ჩიტების გამოქვაბულად“ წოდებული გეიადგილის რაობას სწორედ ამ დროშით ამოიცნობ. მიმქროლავი მანქანიდანც კი ჩანს.

ჩიზკი სულ სხვა მუნიციპალიტეტია და ლონდონის მართვის ხლართებში გარკვევას რომ შევეშვათ, აქაური განთქმული გეი პაბი „ადმირალი დუნკანი“ გახლავთ.

როცა გეებმა ეს პაბი შეიძინეს, სახელი არ გადაურქმევიათ, მხოლოდ უფრო ნაზ ფერად გადაღებეს ალაყაფი. რას იტყოდა დიდი შოტლანდიელი მეომარი, ზღვის ნამდვილი ლომი თავისი სახელის ასეთ ლიბერალურ მოხმარებაზე, ახლა არავინ იცის, მაგრამ „ადმირალი დუნკანი“ გეიადგილია და თან, ალბათ ყველაზე სახელგავარდნილი იმ უბედურებათა გამო, თავს რომ დასტეხია.

0x01 graphic

0x01 graphic

ბარე შვიდი-რვა წლის წინათ, ერთმა ოციოდ წლის ნეონაცისტმა, რომელსაც მერე შიზოფრენია დაუდგინეს, ათასხუთასი დიდ ლურსმნისგან ყუმბარები დაამზადა და თავისი გეგმის განხორციელება ისტ ლონდონის უბნებიდან დაიწყო: მტრებად დასახულ შავებს, აზიელებს და გეებს დაუარა და ეს საშინელი ყუმბარები, რომელთა აფეთქებისასაც ადამიანებს ლურსმნებით ხოცავდა, ნაირგვარ ადგილას ააფეთქა. 12 დღიანი ტერორის ბოლო პუნქტად „ადმირალ დუნკანი“ გამოდგა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი სხვაგანაც იყო. ამ ტერორს ერთი ფეხმძიმე ქალიც შეეწირა.

ამ გეი პაბის განთქმული მენეჯერი დევიდ მორლი, აფეთქებას დამწვრობებით გადაურჩა, თუმცა სხვა გიჟური დანაშაულის მსხვერპლი შეიქნა. თავიდან ეგონათ, რომ ის თავის ჰომოსექსუალიზმს გადაყვა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ იმჟამად უკვე ნახსენები „ჩიტების გამოქვაბულის“ მენეჯერად მომუშავე მორლი ჰეფი სლეფის გიჟებმა მოკლეს ვატერლოოს სადგურთან.

ჰეფი სლეფი შლეგიანი დანაშაულია და საფუძვლად ადამიანთა სიძულვილი უდევს. ის სწორედ რომ ლონდონის სამხრეთში შეიქნა პოპულარული, თინეიჯერთა შორის და ახლა მთელს მსოფლიოსაა მოდებული. დანაშაულს საფუძვლად სიძულვილი და თავგამოჩენის სურვილი უდევს. მიდიხარ კაცი ქუჩაზე და უცებ ბრბო შემოგეხვევა, დაგიწყებენ თავში წამორტყმას და სანამ აზრზე მოხვალ, ეგებ გვარიანადაც გაგლახონ. არსი კი ის არის, რომ რომელიღაც ამათგანი ნამოქმედარს მობილურით იღებს. მერე კიდევ ერთობიან, აი რა ვქენითო. მთელი ფობიების ამბავია. საზიზღარი იდიოტობაა. მაგრამ კარგია, თუ მსუბუქ წარტყმით გადაურჩი, სიბნელეში მიმწყვდეულები მოუკლავთ კიდეც. ეს მორლი კი პირველი იყო, ვისაც სახალხოდ გაუკეთეს ჰეფი სლეფი და რამდენიმე წუთში, ცემით მოკლეს. საქმის წამომწყები თხუთმეტი წლის გოგო იყო, რომელიც განთქმულ გეისთან მივიდა და უთხრა, კინოს ვიღებო, მერე კი უფროსი ბიჭები მიუქსია.

ოულდ ქომფთონზევეა უფლისწულ ედვარდის თეატრი, რომელშიც მეოთხე წელიწადია, მიუზიკლი „მერი პოპინსი“ იდგმება. ოღონდაც ეს მთლად ის მერი პოპინსი არ უნდა გეგონოთ, ადრე რომ გადაგიფურცლავთ.

გვარიანად კიჩური რამეაო, ამბობენ. მანამდე ამ დარბაზში წლობით მიდიოდა წარმოდგენა, რომელიც აქაურ გეებს ძალიან უყვარდათ. ეს იყო „აბბას“ სიმღერებზე დაფუძნებული მიუზიკლი „მამა მია“, რომელმაც იწვალა, იწვალა და მსოფლიო სახელიც დაიგდო, რამაც უფრო დიდ დარბაზებში

მიიყვანა.

და მაინც, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ოულდ ქომფთონ სტრიტი მხოლოდ გეების საუფლოა. ის, რომ აქაურობა გეებს უყვართ, მხოლოდ გამოცდილი თვალისთვის, ანდა სრულიად უცოდინარი კაცისთვისაა იოლად მისახვედრი. გამოუცდელი ხომ ბრმად შეაბიჯებს სადღაც და აღმოაჩენს, რომ გეებში მოხვედრილა. საერთოდ, სოჰოს ადგილებში ბრმად შებიჯება სასურველი არ არის, რის გამოც მალევე მოგახსენებთ.

ოულდ ქომფთონზე კი ისეთი ადგილებიცაა, სადაც პარიზის კომუნის მარცხის შემდეგ, ლონდონს გადმოხვეწილი არტურ რემბო და პოლ ვერლენი თითო შუშას ურტყამდნენ.

ქუჩა ძველ დროში ემიგრანტების პაემნების ადგილი იყო და ფრანგული კვალი აქ ახლაც შეიგრძნობა რესტორნებსა და კაფეებში, საჭმელსა და სასმელში. აქვეა სანამცხვრეების ცნობილი ქსელი „ვალერის“ ერთ-ერთი კაფეც.

ოულდ ქომფთონ სტრიტს ორასი წლის წინათ დაუვარდა გასართობი ადგილის სახელი. ამ ქუჩაზე ფეხსაცმლის მაღაზია ჰქონდა მავან ჯორჯ ვომბველს, ერთ ჯუჯის იერის, მარად გალეშილ მხიარულ კაცს, რომელმაც იმ დროისთვის მაგარი ბიზნესი, მოძრავი ზოოლოგიური გამოფენა მოაწყო. საქმე კი იმით დაიწყო, რომ ჯორჯმა ლამის ნისიად იყიდა ორი გველი, მერე კი ამ ხელობით მილიონერი შეიქნა და თავისი ცხოველ-რეპტილიები მთელს ინგლისს აჩვენა.

და მაინც, სოჰო არ არის მხოლოდ ოულდ ქომფთონ სტრიტი. მეტიც, ეს მხოლოდ ერთი ნაკუწია.

მაშინ ჩამოვთვალოთ: შენიღბული ბორდელები, სტრიპ-კლუბები, მსოფლიოს ყველაზე ლოთბაზარა, ხშირად კლიენტზე უხეში და უარესი მედუქნეები, გალეშილი და ბალახნაწევი შემოქმედნი, ანდა, უბრალოდ, მათ გვერდით ყოფნის მოყვარული ადამიანები, ჯაზ კლუბები, სრულიად ლეგენდარული როკ კლუბები, კინო და თეატრალური სააგენტოები, აგენტები, მერეკლამეები, ჩამკვდარ-ჩამბალი ბოჰემა და თან საქმე, რომელიც აუცილებლად კეთდება.

რესპექტაბელური ადამიანები თავს არიდებენ ამ ადგილს, თუმცა სოჰოს თავიანთ სიყვარულად სცნობენ გასაოცრად რესპექტაბელური ადამიანები, რომლებსაც ლაღი ცხოვრება ურჩევნიათ ბურჟუულ იერს.

სოჰოში ცხოვრობენ ძალიან მდიდარი, ოღონდაც ახირებული ადამიანებიც და ეს, მგონი, ერთადერთი ადგილია ლონდონში, სადაც მდიდარის და ღარიბის სახლებს, შესაძლოა, ერთი თხელი კედელი ჰყოფდეს.

აქ ვიღას არ უცხოვრია. თვით კარლ მარქსი ცხოვრობდა აქედან არცთუ შორს და აქავე იყო სოციალისტური კლუბიც, სადაც სამყაროს მომავალზე მსჯელობდნენ, და აქავე ლითლ ნიუპორტ სტრიტზე იყო „კონტინენტალ კაფე“, სადაც მემარცხენენი იკრიბებოდნენ; სადაც მარცხენობა, ბოჰემაცა და შემოქმედებაც ხომ იქვეა. უფრო სწორად, პირიქით.

ჰოდა, ამ „კონტინენტალ კაფეში“ 1910 წელს ხშირად დადიოდა ერთი ტანმორჩილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავის თავს ჯოზეფ ჯორჯის, ჩვენებურად იოსებ გიორგის უწოდებდა. ეს კაცი, რა თქმა უნდა, ჩვენი სოსელო იყო.

მოკლედ, სოჰოს იმდენი და ისეთი ვიღაცეებიც ჩაუტევია, რომ ძნელად დაგესიზმრება.

„ბაკარდის“ ერთი აქაური ტელერეკლამის ბოლოს, კაცი ხრინწიანი, და ღვინოში ჩამბალი ხმით ამბობს: „ველქამ თუ ლათინ ქვორთერს“, მობრძანდით ლათინურ უბანშიო. ეს სოჰოა, ლონდონის ლათინური კვარტალი, ოღონდაც არ უნდა გვეგონოს, რომ აქ რაღაც გადამეტებულად ლათინურია. აქ არის ათასი ერის სული ინგლისური და ფრანგული ნაზავით, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილას მოხერხებულა, ოღონდ სხვა მინარევებიც ჰქონია.

აქაურობის მთავარი რამეები, მაინც პაბებია, ინგლისური სახლები, სადაც საჭმელ-სასმელი დიდად განსხვავდება ფრანგულისგან. პაბი საერთოდაც დიადი კუნძულური კულტურაა, მაგრამ სოჰოს პაბი განსაკუთრებულია იმით, რომ იქ ბოჰემის დიადი ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით ცხოვრობენ და ლევენ სულს.

აი, გრიკ სტრიტი. ბერძნული ქუჩაო.

არ გინდათ „გეი ჰუსარი“ და არც პაბი „სრი პაუნდის“ შავ-ოქროსფერი ქსელი. აი, აქ არის „ქოუჩ ენდ ჰორსიზ“, მწვრთნელი და ცხენებიო, და ეს არის ადგილი, რომელიც თეატრის სცენაზე მოხვდა.

საერთოდ, ასეთი ადგილები ლონდონში ბევრია.

ეს პაბი მეორე სახლად ქცეულიყო დიდი ინგლისელი საგაზეთო მესვეტის, ჯეფრი ბერნარდისთვის, რომელიც აქაურ მაგიდებთან, ხშირად გალეშილი წერდა თავის სვეტებს. ის მთელი ინგლისის გულს შეძრავდა ხოლმე.

ჯეფრი ბერნარდი ლოთი იყო და ამ ადგილის სიმბოლოდ იქცა. მან ჯანმრთელობაც გაინადგურა, მაგრამ ამ პაბს არ გამოშორებია და არც კალამი დაბლაგვებია. ის თავიდან დოღის შესახებ წერდა, მერე და მერე კი, მისი საკვირაო გვერდების მკითხველები ამბობდნენ, რომ ყოველკვირეული თვითმკვლელობის შიშველ, მგრძნობიარე და ბრაზიან სტრიქონებს თვალს ადევნებენ.

ბერნარდი, სულაც, სკოლის მოწაფე იყო, როდესაც მან და მისმა ძმამ სოჰოსა და ფიცროვიაში ხეტიალი დაიწყეს და მერე და მერე, აქაურ პაბებში გადააწყდნენ პოეტ დილან ტომასს, მხატვარ ფრენსის ბეკონს და სხვა ასეთ ადამიანებს. ბერნარდის ცხოვრების შესახებ დადგმულ სპექტაკლში, რომელიც მალევე მოჰყვა მის სიკვდილს, სწორედ „ქოჩ ენდ ჰორსიზის“ ინტერიერია აღდგენილი. პაბმა და მისმა გმირმა ერთად შეაბიჯეს სცენაზე.

ამბების მოყოლა, რა თქმა უნდა, კარგია, ოღონდაც გრიკ სტრიტს შეგრძნობა უნდა და ჯეფრი ბერნარდის ამბავი გვეუბნება, რომ შესაძლოა ადამიანი სოჰოში თავს ინადგურებდეს, მაგრამ ის არ ფერმკრთალდება, რადგან სოჰოში კვალს მხოლოდ ნამდვილი ცხოვრება ტოვებს.

ბერნარდი ათი წლის წინათ გარდაიცვალა სამოცდახუთი წლისა, აღარ ჰქონდა ფეხი, დიაბეტი სჭირდა, რომელმაც ეს ფეხი წაართვა... ამბობდა, რომ სასმელი მისი ქალია, თუმცა ცოლი არაერთი ჰყოლოდა...

წეღან რომ მოგახსენებდით, სოჰოში მობოდიალე გამოუცდელმა კაცმა ყველგან არ უნდა შეაბოტოს-მეთქი, იმას ვგულისხმობდი, რომ ოულდ ქომფთონ სტრიტს აღმა და იმ ცნობილ ჯერარდ სტრიტიდან ერთ გადახტომაზე, სოჰოს სექსი იწყება. ვარდურ სტრიტი ხომ საერთოდაც.

აქ კანონიერ ადგილს ცოტას ნახავთ, ვინაიდან ინგლისში ბორდელები დაშვებული არ არის. მათ სოჰოში ათასგვარი იერი აქვთ, ხოლო სექს-შოფები, შენიღბული ბარები და იერნაცვალი ბორდელები აქ იმდენია, რომ თვლის წამოწყებას აზრი არა აქვს.

აქ ბითურისთვის განსაკუთრებით საფრთხილო ადგილებს „ნიარ ბიას“ ეძახიან. ლუდის ახლოო, ასე გამოდის და ამბავი მართლაც ლუდის ახლოა.

ვითარება ასეთია: კაი ბრჭყვიალა ვიტრინასთან, სარდაფში ჩამავალი კიბის თავში, კოხტა ხაზეიკა დგას და ტურისტ კაცს იწვევს. ძნელი სათქმელია, ასიდან რამდენი ჩაჰყვება ქალს კიბეზე, მაგრამ ასიდან ერთი რომ ჩაჰყვეს, მგონი ცუდი შედეგი არ არის.

ქალი ბითურს ქვემოთ ჩაიყვანს, სადაც ბითური სიტკბოებათა კარის გახსნას ელის, იქ კი სხვა ხაზეიკა გამოუვა და გვერდით მოუჯდება. ბითური ფიქრობს, ქალი ჩემთვის უკვე შეურჩევიათო და რახან ქალი სასმელსა სთხოვს, ძაანაც რომ არ დაიხარჯოს, ლუდს უკვეთს.

შორიახლო, სცენაზე ზედაპირული და უვარგისი სტრიპტიზი მიმდინარეობს. კაცი სულ მალე დაატყობს, ანდა შეიტყობს, რომ აქ მეტი არაფერი მოხდება და იტყვის, ჯანდაბას, ამ ლუდის ფული და ჩემი გაცურება, რაღაცა ხო მაინც იყოო. ჰოდა, ანგარიშს მოითხოვს. ანგარიშს რომ მოითხოვს, მოუტანენ. იქ კათხა ლუდი სამასი ფუნტი უზის. გადაირევა, რა სამასი ფუნტიო, და მენიუსაც მოუტანენ, თავიდან მოგეთხოვა, ძმობილოო. ის კიდევ, უკვე ხვდება, რომ საშინლად გააბითურეს და თუ გამჩმახებელია, პოლიციელს ითხოვს, თუ არა და იხდის და ნირწამხდარი მოდის. ამბობენ, უმრავლესობა პირდაპირ იხდის, თუმცა, პოლიციაც რომ მოვიდეს, უმრავლეს შემთხვევაში, გადახდა მოუწევსო. ესეც არ დაივიწყო, რომ გარშემო გარდერობივით მეპანღურეები იყრიან თავს და ასე გგონია, რომ სამუდამოდ ამ ბრჭყვიალა საფლავში დაგტოვებენ.

აქ ქუჩის მეძავთა ძებნას კორნერებზე მისვლას ეძახიან, ანუ კუთხეებზე მისვლას და ეს სამყარო ისეთივე მძიმე და ჩაფხრეწილია, როგორც სხვაგან.

ხშირად, სოჰოს სექს-შოფთა სპეციფიკა კი უფრო გეი-მოთხოვნილებებისკენ იხრება. აქაური გეები ამბობენ, სოჰოს ოთხი ჩვენებური კორნერი კრავსო და თავიანთ ოთხ კაფესაც ჩამოგითვლიან.

თუმცა, როგორც გითხარით, გეი სულაც არ არის წამყვანი სოჰოში, ვინაიდან აქ იმდენი საინტერესო ადგილია, იმდენი რამ ხდება, თუნდაც ერთი შეხედვით უბრალო ტავერნის კარს მიღმა, ისეთი გულები ძგერს და ისეთ ბიოგრაფიებს იპოვით, რომ სხვაგან ძალიან ძნელი მოსანახია.

სოჰოში წიგნით ხელში მომავალი კაცი, ჩვეულებრივი ამბავია. აბა რა, აღმოსავლეთით ხომ ჩარინგ კორსი ჩამოდის, ასევე უსაზღვრო წიგნის სამყარო.

ქვემოთ კიდევ თეატრებია. საერთოდ, თეატრები ისეა ჩაბნეული სოჰოში, როგორც ქინძისთავები, ანდა შეფთსბერის დარბაზები: გილგუდი, ქვინსი, აპოლო. რა ვიცი, კიდევაა...

დაბლა კიდევ პიკადილი...

იცით, რას ნიშნავს პიკადილი?

აქ ადრე ერთი მკერავი ცხოვრობდა, რომელმაც პიკადილების კერვა დაიწყო. პიკადილი კი, შინაურულად რომ ვთქვათ, საყელოა. აი, შექსპირის სურათზე რომ საყელოა, ოღონდ თეთრი კი არა, მის ქვეშ. ვთქვათ, დღევანდელ პალტოს რომ ხავერდის საყელო აქვს მოყოლებული, ესეც შეიძლება პიკადილად ჩაითვალოს. ანდა ბროდ (ვიკ) სტრიტი, სადაც ძეგლი უდგას კაცს და ეს არის კაცის ერთადერთი ძეგლი მსოფლიოში, რომელიც ქუჩის ონკანს წარმოადგენს. ამ ონკანიდან არცთუ ისე შორს, დოქტორმა ჯონ სნოუმ, საუკუნენახევარზე მეტი ხნის წინათ, ქუჩის ასეთივე ონკანი დაკეტა და ამით მთელი სოჰო გადაარჩინა. მისტერ სნოუ მიხვდა, რომ ქოლერას წყალი ავრცელებდა. ჰოდა, „ჯონ სნოუს“ პაბიც იქვეა. სნოუ გამაყუჩებელთა ერთ-ერთი მესაძირკვლე იყო და მის პაბშიც ცოტა სხვანაირი გამაყუჩებელი ბლომადაა. ოღონდაც, საერთოდ, პაბებზე რომ მოგახსენოთ, თუ იქ მეგობართან ერთად შედიხართ და ორი კათხიდან ერთი მაინც „გინესი“ უნდა აიღოთ, დახლიდარს ჯერ „გინესი“ უთხარით. ის თავიდანვე მიხვდება, რომ პაბისა გაგეგებათ, იმიტომ, რომ „გინესი“ ბლანტია და ნელა მოედინება, რის გამოც ჩამომსხმელმა ჯერ ის უნდა შეუდგას ონკანს, რათა დრო დაზოგოს. ეგრეც კი არ არი, რო სოჰოში არავის ედგომება და იქ მხოლოდ ბოჰემური ჩავარდნილობაა. სოჰოში კინოს ცნობილი საწარმოებიც კია. ანდა მაგალითად, პატარა და მყუდრო სოჰო სკვერზე იმდენი სერიოზული დაწესებულებაა, რომ თქვენი მოწონებული. თვით ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაც იქაა. მაგრამ მოდით, ისევ გრიკ სტრიტზე ჩავიდეთ, მით უმეტეს, რომ სოჰო სკვერიდან იქამდე ერთი ამოსუნთქვაც არ არის.

აქ გახლავს საოცარი და განუმეორებელი ტავერნა „პილლარს ოფ ჰერკულესი“, ანუ ჰერკულესის თაღები.

ამ ადგილას ბარე სამასი წელი პაბები ყოფილა, ეს ბოლო კი ხუთ წელიწადში ასი წლისა შეიქნება. რახან ადგილს და სახლს პაბობა დაბედებია, იქ სხვა ვეღარაფერი იქნება. აქ, ოდესღაც, თვით დიკენსი დადიოდა. რაღა ჯანდაბა ვთქვა და ჯაკომო კაზანოვა სწორედ ამ ჩარდახქვეშ სვამდა პორტერს. აქავე იჯდა ტომას დე ქვინსი, ნარკომანის ცხოვრების პირველი აღმწერი, იმ უბედურებით, რომ ეს თავად მისი ცხოვრება იყო.

და აქვე დადიოდა კიდევ ერთი ოპიუმით შეპყრობილი კაცი, პოეტი ფრენსის ტომპსონი, რომელიც სოჰოშივე ცხოვრობდა. მან ლექსები ფოსტით გაუგზავნა გამომცემელს, და ეს უკანასკნელი, შეშლილივით, რვეულით ხელში დარბოდა მთელს სოჰოში, რათა მათი ავტორი ეპოვა. და იპოვა, სწორედ ჰერკულესის თაღებქვეშ, ოპიუმით განგრეული.

ეჰ, იმდენი უნდა ილაპარაკო... სად შეეხეტა უილიამ ბეროუზი და როგორ გაიცნო ფრენსის ბეკონი და მერე რა მოხდა და კიდევ, როგორი კაცი იყო ლონდონის ყველაზე ვირი ლენდლორდი... მთელი ეს დინ სტრიტები, მთელი კარნაბი სტრიტის სამატრაკვეცო ტანსაცმელი, რაღაცა სიგიჟეები...

რა თქმა უნდა, აქ დანა-ჩანგალი არ ბრწყინავს, მაგრამ გულებიც არ თვლემენ.

და საერთოდ, რა არის... ლონდონის მაგარ რესტორანში რომ ივახშმო, ერთი კვირით ადრე უნდა ჩაეწერო და ორ საათს მოგცემენ. საქმე ისეა, რომ მეზობელ მაგიდასთან შეიძლება პრემიერ-მინისტრიც კი იჯდეს, ანდა ვთქვათ, სერ რიჩარდ ატენბორო, ანდა ლაიზა მინელი, რომელიც, გამოტყდები, რომ ძალიან მოხუცი ყოფილა.

საჭმელი ძალიან დახვეწილი იქნება, მაგრამ იმას იქეთ რა? იქ არავინ გადმოაფრქვევს იმას, რაც სოჰოში იფრქვევა. იქ არავინ გადმოგიდგამს საფერფლეს თავისი მაგიდიდან, როცა მიმტანი შეიგვიანებს.

ლონდონის ორ უმაგრეს იაპონურ რესტორანთაგან ერთ-ერთი „ნობუ“, რობერტ დე ნიროს საკუთრებაა. „ნობუ“ მსოფლიოს მოდებული ქსელია. საჭმელსასმელი ზეხარისხებს სცდება და ნამდვილი ნუგბარია. მიმტანთა გუნდური სალამი, „შამასეე“ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახლავთ, გოგოები და ბიჭები ისე მუშაობენ, რომ შეგშურდება. ოღონდაც რესტორნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ისაა, რომ მის ტუალეტებს ახლო, მეკუჭნავის ოთახში, ბორის ბეკერს რუსის ქალთან ნახევარწუთიანი შეხვედრა ჰქონდა, რამაც ქალის ეშმაკობით, მისი უკანონო შვილი მოუვლინა ქვეყანას, ბეკერს ოჯახი დაუნგრია და მოკლედ, როგორც ხუმრობენ, ოც წამში ათი მილიონი წააგებინა.

ჰოდა, სოჰოში ასეთები დაავიწყდათ. მგონი, არც ფიქრობენ, იმიტომ, რომ იქ ამდენი საუკუნეა ტრიალებს არცთუ სურნელოვანი, მაგრამ მიმზიდველი, ტკბილი, მათრობელა, ეკლიანი სიტყვა ბოჰემა და იქ გრძნობათა უჩინარი თავგადასავლები იბადება.

მეცა მაქვს სოჰოში ისეთი პაბი, რომელშიაც ყოველთვის შევალ, თუ იქეთ მოვხვდი და ჯიბეშიც მხოლოდ მზესუმზირა არ მიყრია.

პიკადილიდან ახლოა: შიგნით ერთი საოცარი, თვალის დამწყნარებელი კედელია. იმ პაბს „სენტ ჯეიმს ტავერნი“ ჰქვია და შეფთსბერისა და გრეით ვინდმილ სტრიტის გასაყარზე დგას. ქარის წისქვილების ქუჩაო. მეტი რაღა გინდა. დაჯექი და იფიქრე. გარშემოც ისეთი ხალხია, შენ რომ მოგწონს. ტკივილები, განცდები, ქალაქის მორევი, ნაცვეთი პიჯაკი, გრძელი, მთლად თეთრი თმა და რაღაც ნამდვილი და ხელჩასაჭიდი. იმ დეიდას კი სიბერეში გადაუწყვეტია წარბის პირსინგი. ზის და რაღაც აბურდულ ქაღალდებს ათვალიერებს. ალბათ პიესაა.

ახლა გული გადაღმა, ფიცროვიისკენ მექაჩება, სადაც ის მრავალჭირგამოვლილი „ფიცროი ტავერნი“ დგას, რომელმაც გენიალურ მემთვრალეთა თავშესაყრის სახელი ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაიგდო. „ფიცროი ტავერნი“ ოქსფორდ სტრიტს გადაღმა გადავარდნილი სოჰოს ნაგლეჯია. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა.

ეჰ და ეჰ... თავიდანვე ვიცოდი, რომ რამდენიც არ უნდა მეწერა, სოჰოს ამბავს სანახევროდაც ვერ მოვყვებოდი. სანახევროდ კი არა, რა მოვყევი?

უბრალოდ, ზოგჯერ ჭუჭყიან ქუჩაზე სიარული უკეთესია, რადგან იქ მართლა დადიხარ.

მაქციები კი, მგონი, უფრო სხვაგან არიან: დღისით ადამიანები, ღამით - ცხოველები.

მაქცია მაგას არ ნიშნავს?

12 ნოველები

▲back to top


ავტორი: გივი მარგველაშვილი
გერმანულიდან თარგმნა ნაირა გელაშვილმა
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

თავისიანებს ჩამორჩენილი ანგელოზი

უკანასკნელი ჟამის სუსხიან ამინდში ერთ გაყინულ ტბორთან ნახევრადგათოშილი ანგელოზი ვიპოვნეთ. ის თავისიანებს ჩამორჩენოდა და ღონემიხდილი ძირს დაცემულიყო. ფრთები დავუზილეთ და გავუთბეთ, ცხელი გროგი დავალევინეთ და თბილად ჩავაცვით. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავიტოვებდით ცოტა უფრო მეტ ხანს. მაგრამ ძალიან ჩქარობდა, ჩემიანებს უნდა დავეწიოო.

- რომ შევგვიანდე, - თქვა შეწუხებულმა, - აქედან მშვიდობიანად ვეღარ გავაღწევ. ყოველგვარი გაცილებაც, თუმცა თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ აგვიკრძალა. დუმილით უპასუხა ჩვენს შიშნარევ შეკითხვას, „აღარასოდეს დაგვიბრუნდები?“ როდესაც გარედან მისი აჩქარებული ნაბიჯების ხმა შემოგვესმა, ცუდად ვიგრძენით თავი. მადლობის ნიშნად პატარა, უღონო დალოცვა დაგვიტოვა, რომელიც სულ ორი მოკლე დღე ციალებდა ჩვენს ოთახში და ნათებით ძველ ნავთის ლამპასაც ვერ სჯობნიდა.

პერსონაჟები თუ რეალური ადამიანები?

კარგა ხანია ჩვენი სახლის მანსარდაში ერთი პოეტი დაბინავდა. ყოველ დილით კარის წინ დაუკაკუნებლად ერთ ბოთლ რძესა და ახალ-ახალ ფუნთუშებს ვუწყობ, რადგან ის ლექსებს წერს და არ სურს, მოაცდინონ.

ჩვენ, ორ მოხუცს, გვიხაროდა მისი ჩვენთან ყოფნა, რადგანაც ადრე მეტისმეტად ხშირად გვსტუმრობდნენ ჩვენი მკვდრები, ლამის იყო ყოველ საათში ერთხელ შემოიხედავდნენ და თავს გვიქნევდნენ. საშინელება იყო.

დიახ. და აი, მას შემდეგ, რაც ჩვენს სახლში პოეტი გამოჩნდა, - ისინი გაქრნენ.

დიდება უფალს.

მაგრამ მოჩვენებები როდი დაგვეხსნენ. ზოგჯერ გვესმის ნაზი ნაბიჯების ხმა კიბეზე - ზემოთ, პოეტის კარისკენ და იქიდან - ქვემოთ. ვხედავთ კიდეც მათ. როგორც პოეტი გვარწმუნებს, ესენი მისი მდედრობითი პერსონაჟები არიან. წარმტაცი ფიგურები და ყოველთვის სხვადასხვანი.

„მაგრამ ვაითუ ეს ქალბატონები რეალური პირები არიან? - შეშფოთებით მეკითხება ჩემი ცოლი. - რას იტყვიან მეზობლები? ეს ხომ უწესობაა?!“ „გრეტელ! - ვეუბნები (ასე ჰქვია ჩემს ცოლს), - ნუ ღელავ! ესენი მხოლოდ და მხოლოდ მისი წიგნის გმირები გახლავან, მისი გამოგონილი არსებები და ისე სტუმრობენ მასთან, როგორც ცოტა ხნის წინ შენი გარდაცვლილი მამა გვესტუმრებოდა ხოლმე. სულ ეს არის.“ და გრეტელი მშვიდდება.

მაგრამ ღამ-ღამობით, როდესაც პოეტი თავის წიგნს წერს და წიგნის გმირის ნაზი ჩურჩული ისმის, ეჭვი შემეპარება ხოლმე: ეგების, მართლაც, რეალურ ადამიანებთან გვაქვს საქმე?

0x01 graphic

რაინდის შეხვეული გული

ერთი ქალბატონი თავის მაღალ ციხე-კოშკში თავის მამაც რაინდს ელოდება.

რაინდი ომშია, მაგრამ მისი გული ქალს უპყრია და მაშასადამე, არაფერი მოეწევა ცუდი. ომი ჩაივლის და რაინდი ქალს დაუბრუნდება.

„მომეცი ჩემი გული! - სთხოვა რაინდმა ქალს, - ომი დამთავრდება და ისევ დაგიბრუნებ. ახლა კი იგი ჩვენს მეფეს სჭირდება.“

„არა! არასოდეს! არ მოგცემ! - ატირდა ქალი და რაინდის გული უფრო ძლიერ ჩაიკრა გულში. - ჩემთან დარჩება!“ ასე კამათობდნენ ერთხანს. ციხე-კოშკს ქვემოთ კი ჯარი სულ უფრო კარგავდა მოთმინებას და სულ უფრო გაოგნებული იცქირებოდა ზემოთ.

„კარგი, - თქვა ბოლოს რაინდმა, - სულ ცოტა ხნით მათხოვე ჩემი გული. ლამაზად გაგიხვევ, რათა მუდამ შეგეძლოს მისი ტარება და შენიანებისთვის ჩვენება ისე, რომ აღარავინ შეშინდეს. მომეცი, აი, ნახავ, ახლავე დაგიბრუნებ“.

გულდამძიმებულმა დაუბრუნა ქალმა გული რაინდს. ერთი საათიც არ იყო გასული, რაინდმა ისევ შეაბიჯა მის ოთახებში და გადასცა ლექსი, იმ წუთებში რომ დაეწერა მისთვის. სამი სტრიქონი მძიმე რაინდულ ენაზე სასახლის მსახურთუხუცესის პერგამენტის ნაგლეჯზე წაეწერა. „აი, აქ არის, ამაშია ჩემი გული და მშვიდობით იყავ!“

როცა გასცილდა, ქალმა ახედ-დახედა გულის კონვერტს და დაადგინა, რომ გული ძალიან კარგად გაეხვიათ: ასეთი ლამაზი სიტყვები და წინადადებები თავის დღეში არ წაეკითხა. დიახ, ფურცელი, მართლაცდა, გულს განემსჭვალა და ქალს ეჩვენებოდა, თუკი თავს ძალიან დახრიდა მისკენ, გულის ძგერასაც გაიგონებდა.

ერთ მაღალ ციხე-კოშკში ელის ქალბატონი თავის მამაც რაინდს. ამბობენ, იგი ომში დაიკარგაო. მაგრამ მისი გული ხომ ქალს უპყრია ხელთ. მაშასადამე, რაინდს ცუდი არაფერი დაემართება და, როცა იქნება, დაუბრუნდება თავის ქალბატონს.

0x01 graphic

დრო-მიწის რეფორმა

ამას წინათ ჩვენში ყველაზე უფრო მშვენიერი და გონივრული რეფორმა ჩატარდა, როგორიც კი შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს: დრო-მიწის რეფორმა.

სიცოცხლის სივრცეც დაანაწილეს და ახლა თითოეულ ჩვენთაგანს ისე შეუძლია დაამუშაოს თავისი დრო-მიწის ნაკვეთი, როგორც მოეპრიანება.

მე კმაყოფილი მივუყვები თეთრ ფურცელს კალმით (ეს ჩემი გუთანია). რომლებსაც ვწერ, მიწის ხნულებია ჩემს დროში გავლებული.

მოვა ზაფხული, მოსავალი მოიწევა და გავწევ ჩემი ურიკით ქალაქისკენ, ჩემს მკითხველებთან.

მერე კი იქ, წიგნის ბაზრობაზე გამოჩნდება, რა ღირს ჩემი პირადი სიტყვები, შემიძლია თუ არა ჩემი მკითხველებით ვიცხოვრო.

13 ესპანური ფოტომოთხრობები

▲back to top


დათო ტურაშვილი

0x01 graphic

დიდი პაბლო

პაბლო მართლა დიდია, იმდენად დიდი, რომ ზოგიერთები მას პაბლიტოსაც ეძახიან, რაც ქართულად პატარას ნიშნავს, მაგრამ პაბლო მატამოროსს, როგორც დიდი ადამიანების უმრავლესობას, არაფერი სწყინს და ყველაფერზე ბავშვივით, ხმამაღლა და გულწრფელად ეცინება. მისი სიცილის ხმა მთელ სტუდენტურ საცხოვრებელს თუ არა, მთელ სართულს მაინც ესმის ხოლმე და როცა გრან პაბლო დუმს, უნივერსიტეტის სახლშიც სიწყნარე და სიმშვიდეა. თუ არ დუმს (როგორც ესპანური წარმოშობის მამრთა უმრავლესობა), ლაპარაკობს ქალებზე, ფეხბურთსა და პოლიტიკაზე. ის ცხოვრობს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში - ქალაქში, სადაც „ვეფხისტყაოსანი“ პირველად ითარგმნა ესპანურად და პაბლომ იცის ყველაფერი, რაც შეიძლება ახალგაზრდა ფილოსოფოსმა ამ ასაკში იცოდეს. ერთადერთი, რაც არ იცის, ლუის კორვალანის ვინაობაა, რომელსაც საბჭოთა ბავშვები გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში წერილებს უგზავნიდნენ გასამხნევებლად, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის თურმე (სინამდვილეში) არც არსებობდა ან არსებობდა, მაგრამ ეგ არ იყო ლუის კორვალანი...

დიდი პაბლო ფილოსოფიას სწავლობს მადრიდში, მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფია, მგონი, მისი მოგონილია და ბავშვობაში ლექსებს წერდა. მისი გვარი (მატამოროს) ქართულადაც აგრესიულად ჟღერს: „მოკალი მავრები!“, მაგრამ ასეთი არააგრესიული ადამიანი, არათუ ესპანეთში, მთელს დღევანდელ სამყაროშიც იშვიათობაა. იმ მთელს სამყაროს კი, დიდი პაბლო ახლაც ისე უყურებს, როგორც ბავშვობაში და გასულ ზამთარს, მადრიდში რომ იშვიათი თოვლი წამოვიდა, შუაღამისას მთელი კორპუსი გააღვიძა აღტაცებულმა და ეზოში გაიქცა. თოვლის ფიფქების სიდიდისაგან გაკვირვებული დიდი პაბლო იმან უფრო გააკვირვა, რომ მის მოწოდებას ოთხსართულიანი შენობიდან არცერთი მეზობელი არ გამოეხმაურა და პაბლოც დილამდე, აღტაცებული ბავშვის თვალებით, მარტოდმარტო დასდევდა მოფარფატე ფიფქებს...

რა თქმა უნდა, გაცივდა, მაგრამ წამლების მიღებაზე უარი თქვა და ზამთრის მზე თუ მიშველისო, - გოგოებს უთხრა. გოგოებმა ზამთრის მზის ქვეშ სამკურნალოდ ვალენსიაში წაიყვანეს და საყვარელ ფილოსოფოსს ეს ფოტოც ვალენსიის პლაჟზე გადაუღეს. ვალენსიიდან რომ დაბრუნდა, აღარ აცემინებდა, მაგრამ ახველებდა (როგორც თვითონ ამბობს, ფილოსოფიურად) და ღვინით მკურნალობა გადაწყვიტა. ესპანელებს მშვენიერი ღვინო აქვთ, თუმცა დიდი პაბლო მაინც ჩილეს ვენახებს უფრო აქებს და ჯიუტად ამტკიცებს, რომ ჩილეში მიწასაც კი ღვინის გემო აქვს. გლეხებმა მასწავლეს და ღვინოში ჩაყრილი მიწა ღვინოს უფრო გემრიელს ხდისო და პაბლომ არ იცის, რომ კახელი გლეხებიც (შორეულ საქართველოში) იმავე აზრის არიან, როგორც ფილოსოფოსები.

შორს კი არის კახეთიდან ეს ჩილე, მაგრამ თან რა ახლოს ყოფილა...

0x01 graphic

ბელორუსი

ასეთი ქვეყანა თუ მართლა არსებობდა, ნამდვილად არ ვიცოდი. მეგონა, რომ ბელორუსები იგივე რუსები იყვნენ და მათი ქვეყანაც მხოლოდ რუსეთის დანამატი იყო და მეტი არაფერი. მხოლოდ ესპანეთში აღმოვაჩინე, რომ ბელორუს ხალხს საკუთარი, რუსებისგან განსხვავებული ენა, კულტურა და ისტორია გააჩნია და ბელორუსიც ისეთივე დაპყრობილი ქვეყანაა, როგორიც საქართველო. მეტიც, მადრიდში ჩემი მეზობელი იულია პროტასენია ისეთ ამბებს ჰყვება თავის ხალხსა და ქვეყანაზე, ჩემი უცოდინარობის მრცხვენია კიდეც და ბოდიშის მოხდის სურვილიც მიჩნდება. თუმცა იულია, რომელსაც ესპანელები ხულიას ეძახიან, საუკუნეების მანძილზე ჩაგვრისა და ასიმილაციისთვის ბოდიშის მოხდას რუსეთისაგან ითხოვს და იმედი აქვს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის დამხობით, რუსული ოკუპაციის ხანაც დამთავრდება მის სამშობლოში. ქართველებს გვგონია, რომ მხოლოდ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და დანარჩენებს კი, თავისი სამშობლო ფეხებზე ჰკიდიათ და ამიტომაც მაკვირვებს ხოლმე ხულიას ცრემლები, როცა ის ბელორუსის ისტორიას ტკივილითა და სიყვარულით ჰყვება და ჩვენი საერთო ესპანელი მეზობლები კი, ჩემზე გაოგნებული სახეებით უსმენენ მას. მას ჩვენსავით ჰგონია, რომ რევოლუციის შემდეგ, თავისუფალ, ევროპულ ქვეყანაში იცხოვრებს და როგორც კი მინსკში ოპოზიციის მიტინგები დაიწყო, დიდხანს აღარ უყოყმანია, დეკანატში განცხადება შეიტანა და სამშობლოში გაემგზავრა. იულია პროტასენია წასვლის წინ გამეხუმრა კიდეც - ქართული რევოლუციის გამოცდილება ძალიან გამოგვადგება და იქნებ მინსკში წამომყვეო, მაგრამ რევოლუციებზე აღარ მეხუმრება და სერიოზულად, მაგრამ ბოდიშის მოხდით, უარი ვუთხარი. თუმცა გამარჯვება და წარმატება მაინც ვუსურვე და ჩვენი უნივერსიტეტის სახლის სხვა მეზობლებთან ერთად, როგორც ფრონტზე მიმავალი, ისე გავაცილე. დამშვიდობებისას, ყველას გვაკოცა და მომავალი გამარჯვების ნიშნად, მარჯვენა ხელის ორი თითიც ასწია. ძალიან, ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა - ალბათ ისეთი, როგორიც ჩვენ, ჩვენი რევოლუციის დროს, როცა მართლა გვჯეროდა, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრებდით...

P.S. თბილისის უნივერსიტეტში ერთი ლექტორი გვყავდა, გვარად რუსია, რომელმაც ერთხელ ლექციაზე გვითხრა - გოგონა რომ შემეძინა, მისთვის ბელას დარქმევა მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ როცა გაიზრდებოდა, ბელა რუსია გახდებოდა და გადავიფიქრეო.

ესპანეთში ისიც აღმოვაჩინე, რომ იმ ქვეყანას, რომლის სახელმაც ჩემი ყოფილი ლექტორი შეაშინა, სინამდვილეში ბელორუსი ჰქვია და არა ბელარუსია...

0x01 graphic

გაბო, მარია და გრეისი

გაბრიელ გარსია მარკესს მშობლიურ კოლუმბიაში, მოფერებით, შემოკლებითა და სიყვარულით, გაბო ჰქვია.

მარია და გრეისი კი მადრიდის უნივერსიტეტის კოლუმბიელი სტუდენტები არიან.

რამდენიმე წლის წინ, ესპანელებმა კოლუმბიელებს ესპანეთში შესვლა აუკრძალეს, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც ნარკომაფიის ძალაუფლება უსაზღვროა და ესპანეთის ხელისუფლებამ ამ აკრძალვით თავისი მოქალაქეების დაცვა სცადა კოკაინისა და ჰეროინისაგან. თუმცა ესპანეთის მთავრობამ, ამ გადაწყვეტილებით კოლუმბიის პატიოსან მოქალაქეებს (უნებლიე) შეურაცხყოფა მიაყენა და კოლუმბიელმა მწერალმა ესპანელები საჯაროდ გააკრიტიკა. მეტიც - გაბრიელ გარსია მარკესმა საჯაროდ დაიფიცა, რომ პროტესტის ნიშნად, აღარასოდეს ჩავიდოდა ესპანეთში და სიტყვაც შეასრულა. (როგორც ჩანს, ყველა დროისა და ქვეყნის მთავრობაში, ყოველთვის ჭკვიანი ადამიანების დეფიციტია და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გურიის ტყეებში ფირალები ძალიან მომრავლდნენ, კავკასიის მაშინდელმა მმართველმა ალიხანოვმა რუსეთის იმპერატორს მოხსენებითი ბარათი მიწერა: გურული ფირალების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება მოვიგონე - გურიაში მთლიანად გადავწვავ ტყეებს და ფირალებიც გაქრებიანო...

სახელოვანმა კოლუმბიელმა მწერალმა სიტყვა შეასრულა, სანამ ესპანეთის ძველი, ის უტვინო მთავრობა ახალმა არ შეცვალა და კოლუმბიის მოქალაქეებსაც ესპანეთში შესვლის უფლება აღუდგინეს. გაბრიელ გარსია მარკესი მონატრებულ ბარსელონაში ჩავიდა, პრეს-კონფერენციაზე კიდეც იხუმრა - ჯოკონდას გაურკვეველი ღიმილი ახლოსაც ვერ მივა რონალდინიოს გაბადრულ კბილებთანო, მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც გაახსენეს რამდენიმე წლის წინანდელი საჯარო ფიცი, ესპანეთში აღარასოდეს ჩავალო და პასუხიც იქვე მოსთხოვეს გაბრიელ მარკესს. ბრძენი მწერალი არ დაბნეულა და ისევ ღიმილით თქვა ფრაზა, რომელიც მეორე დილით ყველა ესპანურენოვან გაზეთში პირველ გვერდზე, დიდი ასოებით დაიბეჭდა: „მე ჩამოვედი ბარსელონაში, რომელიც კატალუნიის დედაქალაქია, კატალუნია კი ესპანეთი არ არის“. ამ წინადადების წარმოთქმიდან რამდენიმე დღეში, პირველივე საფეხბურთო მატჩის დროს (რომელიც ბარსელონას „ნოუ კამპზე“ გაიმართა), მარკესის ეს სიტყვები მთავარი ტრიბუნის მთავარ, უზარმაზარ ტრანსპარანტზე გაჩნდა და თანაც ინგლისურად - მთელი მსოფლიოს დასანახად...

როცა რომელიმე ქვეყნის მთავრობა უგუნურ გადაწყვეტილებას იღებს, ყოველთვის ზარალდება ქვეყანა და მაშინაც, როცა კოლუმბიელებს ესპანეთში შესვლა აუკრძალეს, კოლუმბიის წესიერი და პატიოსანი მოქალაქეები დაიჩაგრნენ, თორემ კოლუმბიიდან ესპანეთამდე კოკაინი ისეთივე წარმატებით აღწევდა, როგორც მანამდე.

ზემოთქმულიც რომ არა, ამ მშვენიერი ადამიანების ესპანეთში არშეშვება იქნებოდა?...

0x01 graphic

მდინარის შვილები

ვისენტე ბენიმელი წარმოშობით იბერიელია და მისი მშობლიური ქალაქი ვალენსიაში ძალიან ახლოს არის იმ მდინარის სათავეებთან, რომელსაც ტურია ჰქვია. ამ სიტყვისაგან ნაწარმოები გვარები (მათ შორის ჩვენიც) ტოტემური წარმოშობისაა და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მდინარის შვილები ვართ. უფრო გასაგები რომ იყოს მადრიდის უნივერსიტეტის ამ სტუდენტით ჩვენი დაინტერესების მიზეზი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ვისენტე ბენიმელი ჩემი ნათესავია - ჩვენი შორეული, იბერიელი ნათესავი.

მართალია, ასობგერა „ვ“ ესპანურად არ წარმოითქმის და ვისენტეს ესპანურად ბისენტე ჰქვია და ვალენსიას კი (მაგალითად) ბალენსია, მაგრამ მთავარია, რომ თავად ბისენტე (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უცნაურ თეორიას ცოტა ეჭვითა და ღიმილით უყურებს), ტისენის მუზეუმში ფიროსმანისა და ქართული ინტერესების დასაცავად, მაინც ქართველივით იდგა. ისიც ჩვენსავით, მონდომებით უხსნიდა ესპანელ დამთვალიერებლებს, რომ ფიროსმანი ქართველი მხატვარია და არა რუსი. მეტიც, თუ ლექციების გამო, ტისენის მუზეუმში მისვლას ვერ ვახერხებდი, ბისენტე ბენიმელი ჩემს ნაცვლად იდგა ხოლმე ფიროსმანის შედევრების წინ და პირდაღებულ ესპანელებს ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიას უყვებოდა, რომელიც ახლა უკვე ჩემზე უკეთ იცის.

როცა ესპანეთის მთავარ, ნაციონალურ ბიბლიოთეკას საზეიმო ვითარებაში გადავეცით ბაჩანა ბრეგვაძის მიერ ქართულად ნათარგმნი „დონ კიხოტე“. რასაკვირველია, ბისენტეს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ეს მისი (ოდესღაც) მშობლიური ენა იყო, მაგრამ ქართული „დონ კიხოტეს“ ორივე ტომი მასაც ისევე ჰქონდა ჩახუტებული, როგორც ჩვენ, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ქართული „დონ კიხოტე“ ესპანეთის მთავარი ბიბლიოთეკის საკუთრება გახდებოდა.

ბისენტეს მშობლიური ალიკანტე მთელს ესპანეთში იმითაც არის ცნობილი, რომ ალიკანტური ტურონი ყველაზე გემრიელია და ალიკანტეს ტურონი (რომელსაც ხიხონა) ჰქვია, მხოლოდ საახალწლოდ შეგიძლიათ ადვილად მოიძიოთ მაღაზიებში და სხვა დროს კი - უბრალოდ ძნელია. ეს ხიხონა ერთადერთი ტკბილეულია მსოფლიოში, რომელმაც, პირადად, ჩურჩხელა გამახსენა, თუმცა ჩურჩხელა მაინც სულ სხვაა (სხვათა შორის, ბალი სინამდვილეში არ არის სულ სხვა, რადგან კატალონიური ბალი აშკარად სჯაბნის ქართულ ბალს, მაგრამ კახურ ჩურჩხელას, უბრალოდ, ანალოგი არა აქვს დედამიწაზე).

მადრიდშიც, პირველად რომ ჩავიტანე ჩურჩხელები, მეზობელმა ესპანელმა გოგონებმა იკივლეს (ზოგმა სიხარულისაგან), რადგან თავიდან ვიბრატორი ეგონათ, მაგრამ როცა ავუხსენი (თუ სად და) როგორ უნდა მოეხმარათ ჩურჩხელები და მისი გემო გაიგეს, მას შემდეგ მოსვენება აღარ მაქვს - დღე არ გავა, რომელიმე მათგანმა არ მომიკაკუნოს და არ მკითხოს, ვინმე ხომ არ ჩამოსულა საქართველოდან ჩურჩხელებით ხელდამშვენებული. ხან რას ვპასუხობ და ხან რას ვთავაზობ, მაგრამ ჩურჩხელის გემო უკვე იციან და ჩურჩხელას კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ვერაფერი შეცვლის...

14 ცრემლიანი სათვალე

▲back to top


ნაწილი მერვე 1980

გიორგი გვახარია
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

რა გაცინებთ, ჰიჩი მოკვდა!

უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ცოდვააო, ამტკიცებდა მისი უდიდებულესობა იოჰან ვოლფგანგ გოეთე.

გერმანელებისთვის ბუნებრივ, ქართველებისთვის კი ძალზე საეჭვო ამ განცხადებაში, ქვემდებარე „სამუშაოა“... თუმცა აქ გაცილებით უფრო საგულისხმოა სიტყვა „უხარისხოდ“! საგულისხმო ისევ ჩვენთვის, ქართველებისთვის.

ხომ გახსოვთ ანდაზა - „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია“... ილიას რომ გაახსენდა „კაცია ადამიანში?!“, ლუარსაბზე როცა წერდა, თუ ეჯავრებოდა სტუმარი, იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვაო.

„ამ დალოცვილს ანდაზას რამდენიმე უხეირო კაცი ხეირიანად გამოჰყავს და გამოუყვანია, მეც იმათში...“ - წერს ილია და ეგრევე ლუარსაბზე გადადის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საკუთარ თავზე იწყებს მსჯელობას.

„მეც იმათში“... „შენც იმათში“, პატივცემულო მკითხველო... რამდენიც არ უნდა ამტკიცო ახლა, სამუშაოს ყოველთვის ხარისხიანად ვასრულებ, არასდროს „ვხალტურობო“, არავინ დაგიჯერებს. ვის არ „გვიხალტურია“ ცხოვრებაში!

ანდა ეს „ცუდად ჯდომა“ რაღაა? იმას ხომ არ ნიშნავს, რომ „კარგად ჯდომაც“ არსებობს ამ ქვეყანაზე... და თუკი არსებობს, იქნებ ცუდად შრომას „კარგად ჯდომა“ მაინც ჯობია?

კარგად ჯდომის ნეტარებაც ყველას გამოგვიცდია. კარგად ჯდომა ხომ მარტო ბუზების თვლას არ ნიშნავს. „კარგად ჯდომაა“ - მზეს რომ ეფიცხები პლაჟზე, ან თუნდაც თბილისში, „ლაგუნა ვერეზე“. „კარგად ჯდომაა“, დაქალებში რომ ჩაჯდები, ყავას რომ დალევ და მერე ჭიქას გადმოაბრუნებ. მაშინაც კი, როცა მკითხაობას არ აპირებ; უბრალოდ, სხვანაირად ვერ წარმოგიდგენია ყავის სმის მიზანსცენა.„კარგად ჯდომაა“, სუფრაზე სადღეგრძელოს რომ შესვამ („ვინც დგას, ვინც ზის და ვინც წევს!“... ამ სტილში), მერე კაი ღვინოს რამე მწარეს ან ნიგვზიანს რომ დააყოლებ და ძმაკაცს ეამბორები, რადგანაც იგი (ძმაკაცი) კაი ქართველი ვაჟკაცია.

ცხადია, „კარგად ჯდომას“ თავისი მინუსებიც აქვს. გასუქება იცის! თუ გინდა რომ ყავაში, დაქალებთან ჭუკჭუკის დროს, ბედი ამოგივიდეს, ხანდახან ამ საამოზე საამო კარგად ჯდომაზეც უნდა თქვა უარი. თუ გინდა, რომ თავად არ იქცე პერსონაჟად სადღეგრძელოსი, სახელად „ვინც წევს“, ხანდახან მაინც უნდა გაიარ-გამოიარო.

მაგრამ სხვა გამოსავალიც არსებობს - კარგად ჯდომა და კარგად შრომა, ერთად!

მე, მაგალითად, 1980 წლის ზამთარში, ხარისხიანი ჯდომისა და შრომის ერთობლიობამ ისე გამაძვალტყავა, რომ ზრდილობით გამორჩეულ ნაცნობ-მეგობრებსაც კი გაეღვიძათ ვნება, ერთი წამით მაინც ყოფილიყვნენ გულწრფელი და პირდაპირ ეთქვათ: „როგორ გამხდარხარ!“ (როგორ გასუქებულხარო, ქართველები არასდროს არ იტყვიან. ამის თქმა, რატომღაც, განსაკუთრებულ უზრდელობად ითვლება).

ვინაიდან ჩემს გაძვალტყავებულ ფიგურას დროებით ასეთი დიაგნოზი დაუსვეს: „შრომისუნარდაკარგული“; მომეცა არაჩვეულებრივი შანსი, მთელი დღე ფანჯარასთან გამეტარებინა და მეტ-ნაკლებად მაინც ჩავწვდომოდი „ზასტოის ეპოქის“ ქართველთა ცხოვრების სტილს.

ნაჩქარევ დასკვნებს არ გთავაზობთ. მით უმეტეს, რომ განზოგადებას ყოველთვის გავურბივარ და კარგად მესმის; ის, რაც ჩანდა პავლოვის 29-ე ნომრის პირველი კორპუსის მერვე სართულის ფანჯრიდან, სულაც არ არის ბრეჟნევის ეპოქის ყველაზე კრიტიკული წლის საბჭოთა საქართველო. არც ის საქართველოა - 1980 წლის „საბჭოთა საქართველო“, რომელსაც მაშინდელი ტელევიზია გადმოსცემდა „ცისფერ ფანჯარაში“. მით უმეტეს, რომ ყველაფერს მაინც არ გადმოსცემდა... მაგალითად, საქართველოში დაგვიანებით შეიტყვეს ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შესახებ. არადა, ჯო დასენი, მაგალითად, ბარაქიანად გამოიტირეს - ჩვენი, ისევე როგორც ცენტრალური ტელევიზია და რადიო, ყოველდღე გვასმენინებდა დასენის სიმღერას „შენ რომ არ იყო, მითხარი, როგორ უნდა ვიყო, აბა?“... ჯო დასენის მუსიკაზე, გოგოები ყავის ჭიქებს ატრიალებდნენ. ბიჭები გოგოებს სიყვარულს ამ სიმღერით უხსნიდნენ.

ჩვენში ვისოცკი, როგორც მუსიკოსი, არასდროს ყოფილა პოპულარული, (ქართველებს არ უყვართ, სიმღერაში „ლექსი“ რომაა მთავარი). მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს კაცი სხვანაირად ცხოვრობდა - ხულიგანი იყო, ლოთი, (მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარკოტიკებითაც ცელქობდა), ცუდი მეოჯახე... მოკლედ, სხვანაირი კაცი იყო!

დამემოწმება ყველა, ვისაც „ზასტოის ეპოქაში“, თუნდაც რამდენიმე წლით მაინც მოუხდა ცხოვრება; საქართველოში მაშინ ძალიან, ძალიან უყვარდათ „სხვანაირი ხალხი“...

0x01 graphic

ვიცი, რომ არ გჯერათ, ძვირფასო ქართველო თინეიჯერებო. მაგრამ აბა, თქვენს მშობლებს კითხეთ! აბა გაიხსენონ, როგორ ღადაობდა მთელი საქართველო მოსკოვის ოლიმპიადის დახურვისა და გახსნის ცერემონიალზე... „მიშკა“ რომ გაბერეს და ცაში ააფრინეს (პატარა დედაკაცის, ალექსანდრა პახმუტოვას სიმღერის თანხლებით), ცენტრალური ტელევიზიის წამყვანმა სულ სლუკ-სლუკი დაიწყო, ძლივს მოსთქვამდა, შეხედეთ, როგორ ლამაზად, როგორ შეწყობილად აქნევენ ხელ-ფეხს ტრიბუნებზე მსხდომი კომკავშირლებიო. ქართველებს კი გულიანად ეცინებოდათ ამ სიყალბეზე.

ეჰ, კარგი დრო იყო - სიყალბე გვაღიზიანებდა ქართველებს!

სტოპ... ისევ ვაზოგადებ? რატომ მარტო ქართველებს?

ვისოცკის სიკვდილი სწორედ ოლიმპიადის გახსნას დაემთხვა. ვისოცკიმ 18 ივლისს, ოლიმპიადის სტუმრებისთვის, ტაგანკაზე „ჰამლეტი“ ითამაშა. 25-ში კი გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღე მოსკოვში საყოველთაო გლოვის რიტუალად იქცა. ხელისუფლება იძულებული გახდა, ქუჩაში ცხენზე ამხედრებული მილიციონერები გამოეყვანა. მაგრამ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ჰამლეტის კოსტიუმში გამოწყობილი მარტოხელა მეამბოხე, ხალხმა ჩუმად გამოიტირა.

აბა, ხმამაღლა ვის უნდა ეტირა, როცა ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვიდან კინწისკვრით გააძევეს „სხვანაირები“ - ბომჟები, ბოზები და დისიდენტები. მერე კი, ეგრეთ წოდებული Колбасные электрички გააუქმეს, რათა გარეუბნებში მცხოვრებლებს პროდუქტების მაღაზიები არ დაეცარიელებინათ და საბჭოთა იმპერიას, ოლიმპიადის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, მთლად ავღანეთის ხელში ჩაგდება რომ მოინდომა, მსოფლიოში თავი არ მოეჭრა; „იქაურებს“ არ ეთქვათ, მოსკოვში ხალხი შიმშილობს, ამათ კი ავღანეთში ჯარები შეყავთო.

პრინციპში, „იქაურებმა“ არც ინებეს მოსკოვის ოლიმპიადაზე ჩამოსვლა. ჯიმი კარტერის ინიციატივას 57 ქვეყანამ დაუჭირა მხარი - თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რაც ლეონიდ ბრეჟნევს ძალიან ძვირად დაუჯდა - მოსკოვის ოლიმპიადა „მოძმე ხალხების“ სპარტაკიადად იქცა. ვიღაცეებს კი, 1936 წელს, ბერლინში ჩატარებული ოლიმპიადა გაახსენდათ - ჰიტლერს „მიშკა“ არ გაუფრენია ცაში, მაგრამ „ჰიტლერიუგენდის“ გოგო-ბიჭებმა მაშინაც შეწყობილად აქნიეს ხელ-ფეხი ბერლინის სტადიონზე.

არა, არასდროს არ უყვარდათ ასეთი გოგო-ბიჭები საქართველოში!

1980 წელს თბილისში ტაშს სულ სხვანაირ გოგო-ბიჭებს უკრავდნენ. თბილისში ჩატარებულ როკ-ფესტივალზე, ბორის გრებენშჩიკოვმა გიტარაზე დაკვრა მიკროფონის ძირით დაიწყო. მას მერე კი, რაც ჟიური წამოდგა და პროტესტის ნიშნად ფილარმონიის დარბაზი დატოვა, გრებენშჩიკოვი სულ შეიშალა ჭკუიდან - ზედ სცენაზე გაწვა. „საბჭოთა ვუდსტოკის“ დასრულების შემდეგ (ასე შეაფასეს რუსებმა თბილისის როკ-ფესტივალი), „აკვარიუმის“ ლიდერი კომკავშირიდან გარიცხეს, თბილისის როკ-ფესტივალის ორგანიზატორებმა კი გრებენშჩიკოვის ტრიუკი „ჰომოსექსუალიზმის გამოვლინებად“ მონათლეს.

ასე შეაფასეს და მერე, თავიანთ სახლებში „აკვარიუმის“ უხარისხო ჩანაწერების მოსმენა დაიწყეს „ბაბინებიან“ მაგნიტოფონებზე, რომელსაც თავისუფლად შეიძენდით ჩემს სახლთან ახლოს, პავლოვზე, „ჩეკების“ მაღაზია „ციცინათელაში“.

ასეთი მაგნიტოფონის ჟღერადობა დღევანდელ მუსიკალურ ცენტრებს ხარისხით დიდად არ ჩამოუვარდებოდა. ფირის გადახვევისა და „გაყრის“ პროცედურა დიდ დროს დაგაკარგვინებდათ, მაგრამ მთავარი ხომ შედეგი იყო! ყველამ იცოდა, რომ ამ ფირებზე „სხვანაირი ხალხის“ ხმები იყო აღბეჭდილი; ყველამ იცოდა, რომ ამ ფირების მოსმენა დროებით მაინც შექმნიდა „სხვანაირ სამყაროსთან“ ერთობის ილუზიას... ამიტომაც იყო, რომ „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონების ჟღერადობა ყველას ახსოვს, როგორც სუპერხარისხიანი, როგორც სუპერჟღერადობა!

და თუ ახლა თქვენს თავს წარმოიდგენთ „შრომისუნარდაკარგულად“, რომელიც დღესა და ღამეს ფანჯარასთან ატარებს, ხმოვანი კინოს ეფექტის მისაღწევად კი „ბაბინებიან“ მაგნიტოფონზე გრებენშჩიკოვის მსგავს „სხვანაირს“ უსმენს, მაშინვე ჩაწვდებით „კარგად ჯდომის“ ნეტარებას.

რა მნიშვნელობა აქვს, რას დაინახავთ ფანჯარაში - ხალხით გადაჭედილ ტროლეიბუსებს, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიიდან გამოსულ მოხუცებს, დახეული ჩანთით ხელში (ახლადგახსნილ მაღაზიაში, როგორც წესი, მხოლოდ დამპალი ვაშლი და ჭარხალი იყიდებოდა), თუ მოპირდაპირე სახლის ფანჯარასთან მოკალათებულ შინაბერა ქალს, დღეში რამდენჯერმე რომ რწყავს ყვავილებს... ეს პეიზაჟი არასდროს მოგბეზრდებათ, თუკი განუწყვეტლივ შეცვლით მუსიკალურ გაფორმებას. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ვაგნერის „ლოენგრინის“ შესავლის ფონზე, ის ქალი სხვანაირად რწყავს ყვავილებს, ვიდრე ცხონებული ვისოცკის მონოლოგზე. ამ გასაოცარ ცვლილებას როცა შეამჩნევთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, გახსნათ ფანჯარა და რაც შეიძლება ხმამაღლა ააჟღეროთ თქვენი „ბაბინები“... ისე ხმამაღლა, რომ ხილბოსტნეულის მაღაზიიდან გამოსულმა ქართველმა პენსიონერმა, დამპალი ვაშლით ხელში, ზემოთ ამოიხედოს და გაიღიმოს... ისე ხმამაღლა, რომ მოძრავსა და უძრავს შორის მოხდეს კონტაქტი!

„უძრაობის ხანა“! არ ვიცი, ვინ შეარქვა ბრეჟნევის ეპოქას ეს სახელი. ისიც აღარ მახსოვს, როდის შეარქვეს - გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, თუ მანამდე... არადა, იცით, როგორი მნიშვნელოვანია ნათლობის თარიღი? უძრაობას ხომ თავის სახელს მაშინ არქმევენ, როცა მოძრაობა იწყება; როცა „კარგად ჯდომით“ განცხრომა მთავრდება და დაგროვილი ენერგია მოულოდნელად ამოიფრქვევა ხოლმე. თუკი მოძრაობა არ დაიწყე, უძრაობის საიდუმლოს ვერასდროს ჩაწვდები.

მუსიკის ხმაზე აუცილებლად გაგიღიმებდნენ. შენც გაუღიმებდი და მხოლოდ მერე, როცა „შრომისუნარდაკარგულს“ მოულოდნელად მოგაწვება ენერგია, როცა მოძრაობა ცხოვრების სტილი გახდება, აუცილებლად იკითხავ, რა გვაცინებდა? როგორ შეიძლება უმოძრაოდ ეგდო და ბედნიერად იგრძნო თავი?

1980 წლის 29 აპრილს ჰოლივუდში ალფრედ ჰიჩკოკი გარდაიცვალა.

0x01 graphic

საბჭოთა კავშირში იგი ჯერ კიდევ 1966 წელს შეიძულეს, როცა ჰიჩმა „დახეულ ფარდაზე“ მუშაობა დაასრულა (აბა, როგორ აპატიებდნენ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ქილიკს). თუმცა გულზე არც მანამდე ეხატებოდათ - რაღაც „სხვანაირს“ გრძნობდნენ მის ფილმებში. „ბურჟუაზიულ კულტურაზე“ როცა წერდნენ, ჰიჩკოკს აუცილებლად ახსენებდნენ - პერვერსია, ფროიდიზმი, ქვენა გრძნობებზე თამაში... რას აღარ სწამებდნენ პუტკუნა ჰიჩს, რომელიც 25 წლის იყო, როცა ქალთან პირველად იცხოვრა (რა კარგი სიტყვაა მაინც), მერე ცოლად შეირთო და არც ერთხელ არ უღალატია!

რა თქმა უნდა, პერვერსიაა ეს... და არა მარტო იმისთვის, ვინც ფეხზე მდგომი სვამს სადღეგრძელოს - „ვინც წევს, ვინც დგას და ვინც ზის“... ჰიჩკოკის უმანკოება პერვერსიაა ნებისმიერი იდეოლოგიისთვის. სხვათა შორის, ფროიდიზმისთვისაც. ეგენი არ ამბობდნენ, „სუბლიმირებსო“? მაყურებელს აშინებს, იმიტომ, რომ თვითონ არის ძალიან მშიშარაო; ბავშვობის ტრავმას ვერ უმკლავდება, მას მერე რომ მიიღო, რაც მამამ სასტიკად დასაჯაო?

არადა, ფროიდის მიმდევრებს, წესით და რიგით, ძეგლი უნდა დაედგათ ჰიჩკოკისთვის. ვინ გადააქცია ფსიქოანალიზი სახალისო სანახაობად, თუ არა ჰიჩმა; ვინ უწოდა თავის საუკეთესო ფილმს „ფსიქო“, თუ არა ჰოჩკოკმა.

მაგრამ არა... ზოგმა „ვენელი ბაბუს“ თეორიის გაშარჟება ვერ აიტანა, ზოგმა კი იგრძნო, როგორ ართმევდა პურის ფულს ვიღაც გაამერიკელებული ბრიტანელი კათოლიკე, რომელმაც „ვენელი ბაბუსგან“ განსხვავებით, ყველაფერი მაღალის ყველაფერ მდაბლამდე დაყვანაზე უარი თქვა; რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს „ნიფხვის ქვეშ“... რომ ჭეშმარიტება სულ სხვაგანაა!

იდეოლოგიების თაყვანისმცემლებს, ცოტა არ იყოს, შურდათ კიდეც ჰიჩის, რადგან ხედავდნენ, როგორ ადვილად ახერხებდა პუბლიკის მანიპულაციას. მოგვიანებით, ფრანსუა ტრიუფო სწორედ ასე დაახასიათებს ჰიჩკოკის ფილმებს:

„პუბლიკის ყურადღება იმდენადაა კონცენტრირებული ეკრანზე, რომ არაბი მაყურებელი თავს ანებებს კაკლის მტვრევას, იტალიელებს ავიწყდებათ სიგარეტის მოქაჩვა, ფრანგები მეზობლად მჯდარ გოგოს ვეღარ ეკეკლუცებიან, შვედებს ეკარგებათ უნარი, კინოდარბაზის რიგებს შორის მიეცენ სიყვარულს“.

თავადაც ხომ ამბობდა, - პუბლიკაზე, როგორც ორღანზე, ისე ვუკრავდიო.

რომელი იდეოლოგია არ ოცნებობს ამაზე? ვის არ უგრძვნია პუბლიკაზე „დაკვრის“ ნეტარება? ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ხომ გითამადიათ ქართულ სუფრაზე და იცით, რაოდენ სასიამოვნოა, როცა იმორჩილებთ სუფრას... მაშინაც კი, როცა იძულებული ხართ, იდიოტური სადღეგრძელო შესვათ... სუფრამ შეიძლება არ დაგაკმაყოფილოთ და პოლიტიკოსობა მოინდომოთ - მრავალათასიანი აუდიტორიის თვალწინ, მიტინგზე გამოსვლა. თუკი პუბლიკის ორღანზე დაკვრას ისწავლით, ამ ხალხს, სადაც გნებავთ, იქ გაიყოლებთ. მთავარია მოლოდინის ილუზია შექმნათ. მთავარია იცოდეთ, ზუსტად როდის უნდა ამოაფრქვევინოთ მათ დაგროვილი ენერგია. არ უნდა იჩქაროთ და არც უნდა დააგვიანოთ, რადგან „სასპენსი“ დროის გაწელვას, შეკუმშვას, ერთგვარ „გაყინულ მდგომარეობას“ მოითხოვს, რომელმაც აფეთქების განცდა უნდა შექმნას. გახსოვდეთ, ადამიანების დამორჩილებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა ყველაზე მთავარს - დროს დაიმორჩილებთ!

ჰიჩკოკივით.

მას შეეძლო თავისუფლად დაემორჩილებინა ულამაზესი ქალები - გრეის კელი, მაგალითად, რომელიც სანამ პრინცესა გახდებოდა, პუტკუნა ჰიჩზე ჭკუას კარგავდა... ანდა მარლენ დიტრიხი, ინგრიდ ბერგმანი... მაგრამ არა, ჰიჩი იმ ქალის ერთგული დარჩა, ვისთანაც პირველად „იცხოვრა“.

მას შეეძლო გამხდარიყო ყველაზე სახელგანთქმული ფსიქოანალიტიკოსი, რადგან ადამიანური სისუსტეებისგან პუბლიკის „განკურნების“ უნარი ჰქონდა.

შეეძლო ამერიკის პრეზიდენტი გამხდარიყო და აქეთ-იქით თავისუფლად ეტარებინა ხალხი. მაგრამ არ ისურვა.

იმიტომ, რომ ჰიჩს თავდავიწყებით უყვარდა ის ჭეშმარიტება, რომელიც არც მიტინგებზეა, არც პარტიულ ყრილობებზე და არც „ნიფხვის ქვეშ“ იმალება.

ჭეშმარიტება, რომელსაც სხვა სახელიც აქვს - „კანონზომიერება“.

მას შემდეგ, რაც დაძაბულობა გაივლის; მას შემდეგ, რაც დასრულდება რიგი რეაქტიული კადრებისა, იმ ადამიანების ახლო ხედებისა, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავენ რაღაც მოვლენის მიმართ; მას შემდეგ, რაც მაყურებელი იგრძნობს, რომ სასიამოვნოცაა რბილ სავარძელში, სრულიად უსაფრთხოდ ჯდომა და სხვისი ხიფათის „თვალიერება“; იმ შოკის შემდეგ, რომელსაც ხელოვნურად ქმნის ჰიჩკოკი, რათა როგორმე დაძლიოს გულგრილობა (ჩვენი ცივილიზაციის სენი); როცა აღმოჩნდება, რომ ჰიჩის სამყაროში არაფერი იყო შემთხვევითი, იმარჯვებს კანონზომიერება.

და იცით, რას აკეთებს ამ დროს მაყურებელი?

ეღიმება.

მაშინაც კი ეღიმება, როცა საზიზღარი ჩიტები დედაბუდიანად შემუსრავენ ქალაქს. ეღიმება, რადგან ხვდება, რომ იქ, ზევით ყურადღებით გვაკვირდებიან და ჩვენს ეგოიზმს, ნარცისიზმს, ჩვენს დაუოკებელ სურვილს, „ვუხელმძღვანელოთ“, „აღვზარდოთ“, აქეთიქით ვატაროთ, „იქიდან“ აუცილებლად ცხვირში ამოგვადენენ.

ამის შემდეგ, მაყურებელი იჯერებს, რომ ამ პლანეტაზე მარტო არაა; რომ სიკვდილით არაფერი დასრულდება და ეღიმება!

უკვე ერთხელ ხომ მოკვდა ჰიჩკოკის ფილმის ყურებისას? ხომ წაართვა ჰიჩმა დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარი - ინდივიდუალურობა; პერსონაჟის ადგილას მოათავსა მაყურებელი, რადგან იცოდა - უბედურების მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავი, საკუთარი „ჯილაგი“ უყვარს; რომ ადამიანს არ აინტერესებს, თუნდაც მისი ფანჯრის მიღმა რა ხდება.

ფილმში „ფანჯარა ეზოს მხრეს“ ჯეიმს სტიუარტის გმირს თა ბაშირში აქვს ფეხი, ვერ მოძრაობს. რა უნდა გააკეთოს ამ დროს აქტიურმა ჟურნალისტმა, რომელმაც მთელი ცხოვრება აქეთ-იქით სირბილში გაატარა? რა თქმა უნდა, ფანჯრიდან უნდა უთვალთვალოს მეზობლებს... ასე გახდება საზარელი მკვლელობის მოწმე. არადა, იგი მხოლოდ და მხოლოდ მაყურებელია. ჩვენსავით. მას ჩვენსავით არ შეუძლია ადგეს და გავიდეს. არ შეუძლია იმოქმედოს. იგი „უძრაობაშია“. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაინც გაიმარჯვებს, რადგან, ვიმეორებ, ჰოჩკოკთან ადამიანი არასდროს არ არის მარტო. მას დრო, ისტორია ეხმარება. მას „იქიდან“ ეხმარებიან.

0x01 graphic

1980 წელს, ჩემო საყვარელო თინეიჯერებო, ჩვენ - მე, თქვენი მშობლები, თქვენი ბებია-ბაბუები - „უძრაობის“ გამოცდას გავდიოდით. დრო შეიკუმშა ისე, როგორც ჰიჩკოკის ფილმებში. „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონი ჩვენი ფანჯარა იყო იმ სამყაროსთვის ყურის დასაგდებად, რომელიც კარგი ქართველი თამადის მსგავსად, ფეხზე აგვაყენებდა და გარდასული დროის სადღეგრძელოს ყანწებით დაგვალევინებდა.

იმ სამყაროს ჩვენ მხოლოდ კინოში ვხედავდით და „ბაბინებზე“ ვუსმენდით.

წლის ბოლოს, სწორედ იმ სამყაროდან მოვიდა ხმა - 8 დეკემბერს ნიუ იორკში ჯონ ლენონი მოკლეს. ცენტრალური ტელევიზიის გადაცემაში „იხ ნრავი“ აგვიხსნეს, რომ მარკ ჩეპმენს ჰეროსტრატეს კომპლექსი ტანჯავდა - ძალიან უნდოდა ისტორიაში ჩაწერილიყო. ლენონის მკვლელობა ადასტურებს, თუ როგორ ცდილობს დამკვიდრებას ადამიანი დასავლურ საზოგადოებაში. ვიღაცეებმა ილაპარაკეს დაკვეთილ მკვლელობაზეც; იმაზე, რომ ლენონი მშვიდობისთვის იბრძოდა. ასეთი ხალხი კი ამერიკის სპეცსამსახურებს გულზე არ ეხატებათ...

ხშირად ხდება ასე - ძალადობის მსხვერპლი ხდება სწორედ ის, ვინც ძალადობას და სისასტიკეს მთელი ცხოვრება ებრძვის.

მაგრამ „იხ ნრავის“ ავტორებს ასეთი განზოგადებისთვის არ მიუმართავთ.

არც „თამაში ჭვავის ყანაში“ უხსენებიათ - ის წიგნი, რომელიც ჩეპმენმა 1974 წელს წაიკითხა.

ლენონის მკვლელმა სასამართლოზე სელინჯერი გაიხსენა. ჩემი ბიბლიააო, - ბრძანა და უკანასკნელი, თავის გასამართლებელი სიტყვის ნაცვლად, „თამაშის“ კითხვა დაიწყო.

„თამაში ჭვავის ყანაში“ უძრაობის ხანის ქართველი მკითხველის ბიბლიაც იყო. თუმცა ჩეპმენის ამბავმა ძალიან ბევრს შეაზიზღა ეს წიგნიც და მისი პერსონაჟიც - კოულფილდი. მკვდარი ლენონი კი, იცოცხლე... მისი სურათი „ზასტოის ეპოქის“ დეფიციტი გახდა. ჟურნალი „როვესნიკი“, რომლის უკანა ყდაზე ლენონის ფოტო დაბეჭდეს, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულანტებთან იყიდებოდა.

რა ვქნათ, ასეთები ვართ „ზასტოის ეპოქის“ შვილები. უძრაობაში გავიზარდეთ და ამიტომ უძრავი, მკვდარი კერპები გვირჩევნია ცოცხალს, რომელსაც მკვდრისგან განსხვავებით, ერთი თვისება აქვს - მზადაა, რომ გვიღალატოს.

ჩეპმენმა ხომ თავის კერპს „ღალატი“ არ აპატია... და აბა, როგორ აპატიებდა, როცა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ჯონ ლენონს მიუძღვნა - ყოველი მისი გადაადგილება იცოდა, ყოველი მისი „დაცემინების“ ვირტუალური მოწმე იყო. ასეთმა სიყვარულმა ჩეპმენი მკვლელი გახადა.

არა, რა თქმა უნდა, ჯობია მკვდრისგან, უძრავისგან შევქმნათ კერპი. უძრავის სიყვარული სახიფათო არ არის. უძრავი არასდროს გიღალატებს და არასდროს გადაგაქცევს მკვლელად.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, სიკვდილის შემდეგ რამდენი თაყვანისმცემელი შეიძინა ლენონმა, ან, თუნდაც ვისოცკიმ, უნდა შევთანხმდეთ... საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ნეკროფილია ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ჩვენი არსებობის სტილი.

აბა, დედამიწაზე ერთი ადამიანი თუ გამოჩნდა, რომელმაც არა მოკლულ ლენონზე, არამედ ცოცხალ ჩეპმენზე ღვარა ცრემლები, თუნდაც გულში გაიფიქრა, კი, ეს ჩეპმენი პათოლოგია, მაგრამ მაინც ცოცხალია (ამბობენ, 8 დეკემბერს, ბრბო მზად იყო თავისი კერპის მკვლელი ჩაექოლა)... ნეტავი ოდესმე ლენონს თუ უთქვამს თავისი თაყვანისმცემლებისთვის, არა, ჩემო ძმებო და დებო, ხატი არა ვარ, ნუ მეამბორებით, ნუ ლოცულობთ ჩემზე, ნუ წივით და ნუ კივით. მე ერთი თქვენგანი ვარ. შეიძლება თქვენზე უკეთ ვიცი სიმღერა, მაგრამ იმას ვერ ვაკეთებ, რაც თქვენ კარგად გამოგდითო.

კერპს ნუ შეიქმნითო, გვასწავლიან. კერპებს კი არავინ ეუბნება, კერპი შენგან არავის შეაქმნევინო, თორემ ერთ მშვენიერ დღეს ადგება და მოგკლავსო... იმას არ გვასწავლიან, როგორ არ უნდა შეაქმნევინო შენგან კერპი!

იქნებ მართლა ჯობს, მთელი ცხოვრება ფანჯარასთან იჯდე და ყველასთან, აბსოლუტურად ყველასთან გაწყვიტო კონტაქტი? იყო ასე, „უძრაობაში“... არაფერი აკეთო, ცვალო „ბაბინები“ და დააკვირდე, როგორ იცვლება პეიზაჟი სხვადასხვა მუსიკის ფონზე.

დიდი-დიდი, ერთი წელი გაძლოთ ასე.

ჩემსავით.

დიდი-დიდი, ერთი წელი გაწელოთ დრო, შეკუმშოთ ისტორია. ისე, როგორც ჰიჩკოკთან ხდება, რომლის გმირები ხვდებიან, რომ სიცოცხლის შიში სიკვდილზე უფრო სახიფათოა და რომ ადამიანებს სწორედ უძრაობის გამო აქვთ უსიამოვნებები.

თაობიდან თაობაში გადადის ეს უსიამოვნება.

მერე სრულდება „უძრაობის ხანა“, ინგრევა დაჭაობებული სისტემა, აფეთქებები ისმის, მაგრამ ხალხს ისევ უნდა „კარგად ჯდომა“, ისევ სიამოვნებს გადმობრუნებულ ყავის ჭიქასთან ჭუკჭუკი, ისევ სვამს იმ სასაცილო სადღეგრძელოს.

ასე არ არის, ჩემო საყვარელო თინეიჯერებო? შეხედეთ თქვენს მშობლებს, თქვენს ბებია-ბაბუებს, შეგვხედეთ ჩვენ და მიხვდებით, რომ მართალი კაცი იყო პუტკუნა ჰიჩი.

15 ჩინელი ანუ ინატრე რამე

▲back to top


VIII სერია

ავტორი: ანა-კორძაია სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მონაწილეობდნენ: ლიზა - ნესტან ნიჟარაძე, გაგა - გიორგი ბაბალაშვილი, ედიკა - გურამ წიბახაშვილი, მაქსი - გიორგი ლიფონავა, ლილიკო და ზიზიკო - მარიკა და ჯოკონდა სვანიძეები

© M Publishing საავტორო უფლებები დაცულია.

ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.

0x01 graphic

„სად ჯანდაბაში წავიდე?“ - ფიქრობდა ლიზა.

სახლში არ უნდოდა. მეგობრები - ჰეი, ლიზო, რომ არა გყოლია? და ლიზამ სუპერმარკეტში შეუხვია, ლიკასთან, ის ტკბილ სიტყვას არ დაამადლიდა, გულიანი გოგო იყო, ბოლობოლო, იმას მაინც მოუყვებოდა, რა ამოიკითხა რომელიმე ძალიან სქელტანიან წიგნში.

მაგრამ ლიკა არ დახვდა. ვა, რა იქნა?

საოცრებათა სამყარო, ლიზო! ლიკა ოქსფორდშია! და არა ბავშვის მომვლელად ან კეტჩუპის მპარავად, არც ვიღაც ყუმის ცოლად და არც თავშესაფრის მაძიებლად, არამედ დოქტორანტად!

- რას წერს? - ჰკითხა გალენჩებულმა ლიზამ ლიკას ადგილას მდგომ უხასიათო ბიჭს.

- დისერტაციას.

- ეგ გავიგე, მარა რას?

- ჭირს და ოხრობას.

ლიზა გაჯავრდა.

- დაწყევლე ბებიაშენი, ვირიშვილო მაიმუნო!

- აუ, დედიჯან, დავაი, რა, აქედან!

ერიჰა!

იღბალზე, ნაცნობი სახე გამოჩნდა, თორემ უფალმა უწყის, როგორ დაიცლებოდა ლიზა ნაგროვები ბოღმებისგან.

ნაცნობი სახის ვინაობა უცნობია, როგორც გაირკვა, ლიკას თანამშრომელი და პადრუგა ყოფილა. უხასიათო ბიჭი მისი ბოიფრენდი აღმოჩნდა - გასადებილებლად ჟღერს! რაც შეეხება ლიკას, ის მართლა ოქსფორდში წასულა დოქტორანტად და - არ გარეკო, ლიზა, გაუძელი! - ჩვეულებით სამართალში წყევლის ინსტიტუტის შესახებ წერდა დისერტაციას.

ნაცნობმა სახემ კონფლიქტის საბოლოოდ ჩაფარცხვა სცადა, არ დაიზარა, ლიკამ წერილი გამოგზავნაო, და დიდ ჩანთაში დაიწყო ფოთიალი, საიდანაც ყოველი ნივთის ამოთევზავებას უხასიათო ყმაწვილი ფრუტუნით ხვდებოდა. სხვა დროს ლიზა აუცილებლად ჰკითხავდა, რა დედიშენისა გაფრუტუნებსო, და ჩანთიდან ამოწყობილი ნივთების დანახვაზეც თვალები გადმოსცვივდებოდა, მაგრამ ახლა რაღა გააკვირვებდა. ნივთები კი მართლაც ერთ რამედ ღირდა - მერი პოპინსის ჩანთა იყო, რაღა: კოსმეტიჩკა, კი ვეებერთელა, მაგრამ კაი; ფოტოალბომი - ესეც მოსულა; გამადიდებელი შუშა და საანგარიშო „ჩოთქი“ - ვაი? ჭრელზე ჭრელი შარფი; ელექტრობურღი; გასაღებები, ასიოდე ცალი; ბანანების აცმა; ორი ცალი მობილური ტელეფონი. აღარ მორჩა. ამისთანას რას დაათრევდა თან ეს თითისტოლა გოგო!

„მე გავგიჟდი და ეს ყველაფერი მეჩვენება,“ დაიმშვიდა თავი ლიზამ.

- აი, წერილი. ნახე, - თქვა გოგომ და ოთხად გაკეცილი, ნაბეჭედი ფურცელი გაუწოდა.

- წავიკითხო?

- კი, ოღონდ სახლში წაიღე, აქ სად დაგსვა.

- დაგიბრუნებ, - დაპირდა ლიზა.

- არა, შენი იყოს, მეილია, ბლომად ამოვბეჭდე.

„მეილი ლიკასგან, ოქსფორდიდან, ბლომად ამობეჭდილი,“ გაიფიქრა ლიზამ. „ტაში!“

მარკეტთან კედელს მიეყუდა და კითხვა დაიწყო. გოგო უხასიათოდ უტატანებდა: „ორი წუთი დაგტოვე და რაა ესა?“, ლიზა კი კითხულობდა და ფიქრობდა, რომ ის უცხოა ცხოვრების დღესასწაულზე.

„როგორა ხარ, გოგო, როგორ?

გაწყდი წელში მუშაობით? რა ხდება კაი და ახალი?

0x01 graphic

ძაან მომენატრე, მე დავრჩი მარტოსული კოლეჯში გამოკეტილი, და ახლა ერთი სული მაქვს, შოტლანდიაში როდის წავალ, იმიტომ რომ აქ აღარავინ დარჩა, სამუშაოდ კი კარგია, მაგრამ ცოტა მოვიწყინე, თან მუშაობასაც ხო გააჩნია, ვკითხულობ წიგნებს: ერთი - მაგია ძველ საბერძნეთში, და მეორე - წყევლის და ჯადოს ფირფიტები. და თან მარტო ვარ ხუთსართულიან შენობაში, ხო კაია?

რაც ჩემი იტალიელი კაცი წავიდა, პუბებში აღარ ვყოფილვარ, ერთხელ ვიყავი ლათინოსების დისკოტეკაზე. აქ დიდი თავგადასავალი მქონდა, მაგრამ ფინალის გარეშე (ჯერ-ჯერობით); ვისწავლე, რომ ქუჩაში უცნობებს არ უნდა დაველაპარაკო და ქუჩაში აკიდებები აქაც თუ ხდებოდა, რას ვიფიქრებდი. მოკლედ, როგორც ა.კ.ს. იტყვის, ამბავი შემდეგი…“

ლიზა კითხულობდა და ერთი სიტყვა უტრიალებდა: Дочиталась!

„… არ იფიქრო, რომ დაბოლილი ვარ, რატომღაც ძალიან უცნაურად მეჩვენა ეს ყველაფერი, თუმცა ეს კაცი მართლა ძაან სასიამოვნო მოსაუბრეა და ცანცარა და ხალისიანი ტიპია, მაგრამ თავისი ჩაცმულობით და სტილით ალბანელ ნარკოდილერს უფრო ჰგავს, ვიდრე ფრანგ პროფესორს. იმდენად კარგად აცვია, რომ პროფესორები ეგრე არ დადიან. ოღონდ მე ხომ ამაყი ვარ და თვითონ უნდა დამირეკოს, მე ხომ არ დავურეკავ, რას მიქვია? მოკლედ ვაფრენ, ხო იცი. მაგრამ ეს ამბავი მგონი ცოტა მართლა უცნაურია. ესეც ჩემი ეგზიუპერის ისტორია, ოქსფორდის ახალგაზრდა პროფესორებზე რომ მოგახსენო.

რამდენი ვიყბედე! წავედი ახლა. ველი შენს წერილს. გკოცნი ბევრს.

ლიკა“.

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ლიკა!

0x01 graphic

. . .

- ჰა, ბედნიერი ხარ? - ჰკითხა მაქსმა ედიკას.

ისინი აივანზე ისხდნენ, ფეხები მოაჯირზე აეწყოთ. ედიკას დიდი პლედი ჰქონდა მოხვეული, მაქსს კი რა, საღამოს სუსხი სულ არ ედარდებოდა.

ედიკას და გოგოს სიხარულის აღსანიშნავად მაქსიმას აივანიც მოერთო, მანამდე უბანძესი კარადა - გოგოს იმის გამოღებაც კი ეშინოდა ხოლმე, მგელი გამომიხტება, თან უკბილო და ბებერიო, - სამოთხის ჩიტებით მოეხატა. მაგიდაზე, კამეჩის მაწვნის ქილაში კი ნარგიზები ჰქონდა ჩაწყობილი.

- დედას გაფიცებ, მაქსიმუმ, ეს ყვავილები საიდან, ჰა? იასნია, არ გიყიდია, და დავიჯერო, მოიპარე?

- დედის დაფიცება რამ მოგაფიქრა?! - ახითხითდა მაქსი.

- ოჰ, ჩემი დედა...

მერე უცებ დასერიოზულდა:

- ადრე, სულ ადრე, ამ ქვეყანაში პირველად როცა ჩამოვედი, შავი ზღვის პირას ვიყავი ადრეულ გაზაფხულზე, და იქ იყო ეს ყვავილები. ყველა ეზოში იზრდებოდა. მაგრად მომწონდა. ის ყვავილებიც და იქაურობაც. მთელი ის წელი იქ ვიყავი. მერე, ზაფხულში, ერთი გოგო მიყვარდა სანაპიროზე.

იცოდა ასე მაქსიმამ, წარსულში გადავარდნები ახასიათებდა.

- არაფერს არ ჰგავდა, მაგრამ ძალიან კარგი გოგო იყო. შავი, გაჩხიკინებული. სასაცილოდ იყო გარუჯული, ცხვირი სულ ატყავებული ჰქონდა და ზურგი ხალებიან ირემს მიუგავდა. აი, ის ამბობდა ხოლმე ჩემზე, კაცი-ნარცისიო. მე ვუთხარი, სულაც არ ვაფრენ-მეთქი ასე ძალიან საკუთარ თავზე-მეთქი, და ის მეუბნებოდა, არა, მაქსიმო, ეგ რა შუაშია, ვიდით გავხარო.

- უყვარდი ეტყობა, თორემ რა ადგილას გავხარ შენ ყვავილს?

- ჰო, ვუყვარდი ალბათ, - მაქსი მოგონებებს მიეცა და თვალდახუჭულმა განაგრძო საუბარი. - მე მაგრად მიყვარდა. საღამოობით მანანას ფაფას ხარშავდა ხოლმე და მერე აი, ასე მიძახდა: - ედიკას ჩაის ჭიქიდან კოვზი ამოიღო და ქოთანზე მიაკაკუნა: ტამ, ტატა ტამ, ტატა ტამ!

- და შენც მიდიოდი და მთელს ფაფას ჭამდი.

- არა, მთელს რა მაჭმევდა, ვერ ვიტანდი იმ ფაფას, მაგრამ ის გოგო მიხარშავდა და ცოტას მაინც ვჭამდი. მე ვეუბნებოდი, რომ კლეოპატრა იმიტომ იყო მუდამ ლამაზი და მაგარი გოგო, რომ მარგალიტებს ყლაპავდა, და ვაძლევდი და ისიც ყლაპავდა.

- ეე, მაქს, რა მარგალიტები? შენ საიდან ეგეთები?

- შავი ზღვის. მე თვითონ ამომქონდა ხოლმე, თორემ მართლა, საიდან. უშნოებია, შავი, პატარა და დაგრეხილი, მაგრამ სხვა არ მქონდა.

- გადარჩა?

- ვინ, გოგო? კი, იმ ზაფხულს ნამდვილად. მერე აღარ შემხვედრია.

სულმა სიგარეტს მოუკიდა. მისი მწეველობის ამბავი ედიკასთვის მარადიულ ამოცანად დარჩა, მაგრამ ეწეოდა, ფაქტია, და ედიკამაც ხელი ჩაიქნია.

- სამაგიეროდ, ხომ ნამდვილად ვემახსოვრები? - მაგრად უშვებდა მაქსი რგოლებს. - დავიჯერო, ბევრმა კაცმა აჭამა მარგალიტები? იმ სანაპიროზე კი მეტი აღარ მინახავს, არადა, სულ დავდიოდი. ვგიჟდებოდი იქაურობაზე.

- ისე, შენ ახლაც შეგიძლია წასვლა, - უთხრა ედიკამ. - მერე ჩამოხვიდოდი და მომიყვებოდი, როგორია იქაურობა.

მაქსს ჩაეცინა.

- ეგ მერე ერთად ვქნათ, ასი წლის მერე, შენც ჩემს პონტში როცა იქნები...

- ჯიგარი ხარ, მაქსიმუმ. შენისთანა სოლიდარული სული ჯერ არ შემხვედრია.

მაქსი კი იყო ჯიგარი, მაგრამ ედიკამ ვერ ივარგა, და ეს ამბავი თავად ყველაზე კარგად მოეხსენებოდა, და ახლა საკმაოდ ცუდად გრძნობდა თავს. კი, დაბინდებამდე იჯდა ლიზასთან ერთად ბაღში, მაგრამ მერე ძალიან შესცივდათ, და თუმცა ედიკა ზუსტად ხვდებოდა, რომ ლიზას სახლში მისვლა არ უნდოდა, თავისთან არ დაპატიჟა. რატომ, ჰა? მერე მანქანიდან დაინახა, ისეთი მხრებჩამოყრილი მიდიოდა სახლისკენ, და ახლა ედიკას საშინლად რცხვენოდა და გულწრფელად იტანჯებოდა.

მაქსი ყურადღებით უსმენდა.

- კაცმა მიატოვა და სახლში მონსტრი ჰყავს და ფული არა აქვს და საერთოდ... - ძალიან წუხდა ედუარდი.

- ვა, მაინც წავიდა ის ბიჭი? სად წავიდა?

- ცოლთან.

- რამ გაამწარა?

- ხოტეიმ.

0x01 graphic

. . .

კი, კი, ეგრე იყო! გაგა ხოტეიმ გააგიჟა, უფრო სწორედ, გაგა გაგიჟდა და ბებოებთან სტუმრად მყოფმა ხოტეის, ლილი-ზიზის სარკის წინ მჯდომს, იმისთანა სთხოვა!

აიჩემა ლიზამ, დათვრა ეტყობა, - ბებიებო, იცით, ეს გასიებული ბერი სურვილებს ასრულებსო.

ლილიმ და ზიზიმ ფრიად საეჭვო სახით გადახედეს ერთმანეთს.

- იტყვი, ლილიკო?

- Лучше уж ты.

- ნუ, კაი, - თქვა ზიზიმ, სავარძელში უკეთ მოკალათდა, და დაიწყო, რომ - ეეე! რა პატარაა ეს მიწა! მან დაიწყო მოყოლა იმისა, როგორ მეცადინეობდა მასთან ერთი პატარა, ლამაზი გოგო, მარიამი, რომელსაც მუსიკისა არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ძალიან მხიარული და გულიანი გოგო იყო. ძალიან უყვარდათ ბებოებს, ლამის ოჯახის წევრად გაიხადეს. მაგრამ მერე გოგოს ღმერთმა უშველა და ქალაქიდან წავიდა, და წასვლის წინ ლილი-ზიზის საჩუქარი დაუტოვა - ეს მხიარული, ტომრიანი ბერი.

- მარიამმა გვითხრა, რომ ბერს სამასჯერ თუ მოვუსვამთ მუცელზე ხელს, ყველა სურვილი აგვისრულდება. და ჩვენც სამას-სამასჯერ მოვუსვით, ანუ, ერთად ექვსასი გამოვიდა, იმიტომ, რომ ორივემ ერთი და იგივე ვინატრეთ.

გაგა და ლიზა გატრუნულები უსმენდნენ.

- და აგისრულდათ?

ქალბატონებმა ერთმანეთს გადახედეს.

- კი.

- და თუ საიდუმლო არაა, რა ინატრეთ? - დაინტერესდა ლიზა.

- თქვენი თავი. - თქვა ზიზიმ. ძალიან უბრალოდ. - ჩვენ ვთხოვეთ, ჩვენთვის ახალგაზრდა, ცოცხალი და შეყვარებული მეგობრები გამოეგზავნა, რომ საღამოობით ასე, ერთად დავმსხდარიყავით და გველაპარაკა და გვეცეკვა.

საუბარში ლილი ჩაერთო:

- ჩვენ, ლიზიკო, არაფერი გვაკლია: ფული გვაქვს, საჭმელ-სასმელიც, ქონებაც, მოსაგონარიც იმდენი გვაქვს, ათას ქალს ათასი ცხოვრება ეყოფა - არა, ზიზი? სალაპარაკო არ გველევა. მაგრამ ადრე ბევრი სიყვარული გვქონდა, ახლა კი აღარავის სჯერა, რომ ჩვენი სიყვარული შეიძლება, და არც ის სჯერა ვინმეს, რომ ჩვენთან მეგობრობა ღირს. არადა, ძალიან გვინდოდა, და ჩვენც ავიღეთ და ციცის ვთხოვეთ, და სულ, სულ გელოდებოდით, და რომ მოხვედით, მაშინათვე გიცანით. ყველაფერი მზად გვქონდა თქვენს დასახვედრად და ზუსტად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხვიდოდით.

- და მოვედით... - თქვა გამშრალმა ლიზამ.

- კი. ეს ბერი ყველა სურვილს ასრულებს. მარიამიკო, ჩვენ მარიშკას ვეძახდით, მართალი იყო. მერე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ისიც ციციმ გაუშვა ამ ქალაქიდან. ჩვენ სულ ვფიქრობთ, რომ ახლა ძალიან კარგადაა.

და მაშინ გაგამ აიტეხა, მეც მინდა სურვილის ჩაფიქრებაო! მინდა, მინდაო! ბებიები დაფაცურდნენ, გაგა გაბრჭყვიალებული შაურიანივით ანათებდა, და ლიზიკოს გულმა რატომღაც რეჩხი უყო. ედიკას უყვებოდა, შენი თარსი სიტყვები მაგონდებოდა, ფრთხილად იყავიო, მაგრამ რა, ეთქვა, არა, გაგა, ხელი არ ახლოო?

და გაგამ დაიწყო, და იმისთანა!

- ციცი, მე მინდა ცოლი, შვილები, ოჯახი და სახლი. მინდა, სახლში როცა მივალ, ფანჯარაში სინათლე ენთოს და რომ შევალ, ახალგაუთოებული თეთრეულის სუნი იდგეს, ისეთი, ჩემს ბავშვობაში რომ იდგა ჩემს სახლში.

სამასი ხელის მოსმა თქვენ იოლი საქმე გგონიათ? ათას რამეს ინატრებდა კაცი, მაგრამ გაგამ გაჭედა, ფანჯარაში შუქიო, გახამებული თეთრეულიო, ცოლი და შვილიო.

აუჰ! ედიკას რომ ახსენდებოდა, რა სახით ამბობდა ამას ლიზა, საკუთარი ბედნიერი თავი ეზიზღებოდა, ძალიან უნდოდა, მაქსი მანიაკი გამომდგარიყო, ფეხებში ხელი ეტაცა და თავით გადაეშვა ბოლო სართულიდან. ედიკას გული ეწურებოდა, რადგან იქ, ბაღში, ლიზა გიჟივით უმეორებდა:

- გარეთ რომ გამოვედით, აი, გარეთ რომ გამოვედით, ედიკ, და გარეთ, გარეთ რომ გამოვედით, გაგამ, გაგამ რა, გაგამ მითხრა, პირდაპირ მითხრა, ეგრევე მაჯახა გაგამ, გარეთ რომ გამოვედით: მე სახლში წავედიო. ლიზა, ყველას უნდა ჰყავდეს ოჯახიო და როცა ჰყავსო, უნდა ჰყავდესო, და მე არ მინდა მილიონებიო, - ეს გაგამ, გაგამ თქვა ასე, - და სახლი მაქვსო და ცოლი მყავსო და მე წავალ, წავალო, და ლიზო, აბა, ჭკუით, და არ იფიქრო მილიონებზე და ჩემზე, ლიზა, ოჯახზე იფიქრეო.

0x01 graphic

. . .

გაგა სახლში წავიდა და სახლთან რომ მივიდა, ფანჯარაში შუქი დაინახა, და როცა ცოლმა ბინის კარი გაუღო, ახალგაუთოებული თეთრეულის სუნი ეცა, დიდი ხნის წინათ დავიწყებული და საშინლად მონატრებული.

ასეა, ხოტეი ყველა სურვილს ასრულებს.

. . .

- გამაგებინე, - შეუჩნდა ედიკას მაქსი. ახლა უკვე მოაჯირზე იჯდა და ედიკას გული უსკდებოდა, არ გადავარდესო, მაგრამ თქმა შერცხვა: რა სისულელეა... - რა, იჩხუბეს?

- არა, ბიჭო, ეს გაგა მართლა მაგარი კაი ბიჭია, რაზე უნდა ეჩხუბათ? უბრალოდ, ამ ბიჭს უნდოდა ცოლი, შვილები, ოჯახი და სახლი. უნდოდა, სახლში როცა მივიდოდა, ფანჯარაში სინათლე ყოფილიყო და რომ შევიდოდა, ახალგაუთოებული თეთრეულის სუნი დახვედროდა, ისეთი, ბავშვობაში რომ იდგა მაგის სახლში. რაა ასეთი გაუგებარი?

- მერე რა, ლიზა ამეებს ვერ გაუკეთებდა?

- ჩემს ფეხებს გაუკეთებდა ლიზა! - გაწიწმატდა ედიკა. - და დედამისი კიდე!

მაქსი დაფიქრებული უსმენდა.

- ესე იგი, მაგ ბიჭს სიყვარული კი არა, ცოლი, შვილები, ოჯახი და სახლი უნდოდა. სულ არ უყვარდა ლიზა? იცი, ეგ რა კარგი გოგოა? მე ხომ ვეამხანაგებოდი, ზუსტად ვიცი, მართლა კარგი გოგოა.

- კარგი, რა, მაქსიმუმ! სადა ბანაობ? რა ლიზა? Перепихнулись - разошлись! ლიზა იცი, რამდენი წლისაა? ქალი მთლად იდიოტი ხომ არ უნდა იყო?

ახლა მაქსი გაჯავრდა:

- მერე?

- მერე რა, შენ არ გყავდა, გაგასხელა როცა იყავი, ვინმე კეთილი დეიდა?

მაქსი მოაჯირიდან ჩამოძვრა.

- საით, მაქსიმუმ?

- ლიზასთან.

- გაწყენინე? - ჰკითხა ედიკამ.

- არა, არც ისე, - გაუღიმა მაქსმა. - პრინციპში, მართალი ხარ, მაგრამ მე ეგრე არ მომწონს.

- არ შეაშინო, თუ ძმა ხარ, - შეწუხდა ედიკა. - მაგას კიდე მოჩვენებები უნდა?

- არ შევაშინებ. - დაამშვიდა მაქსმა და გაქრა.

0x01 graphic

. . .

ლიზას ტახტზე ეძინა, უფრო სწორად, ტახტზე იწვა და დაძინებას ლამობდა. ჭერზე მანქანების ფარების შუქი გადაივლიდა ხოლმე, და უკვე ღია ფანჯრიდან ქალის უკმაყოფილო ჯაჯღანი ისმოდა და ვინმე გურამის აღშფოთებული ხმა: „რა, ოცი ლარი ფული არ არი?“

მაგარი საღამო კი ჰქონდა: დედიკომ ბრძანა, რომ ჭაღის ირგვლის მაქსის მერცხლები რომ დაფრინავენ, ეგ კიჩია და ლიზამ აუცილებლად უნდა შეათეთროს, რადგან მას, დედალეს, ასეთი გოიმობის ატანა არ შეუძლია.

დედიკო, თეთრი პერანგი და ბირკენშტოკის სანდლები. სხვანაირად არ შეუძლია. მან ლიზას აუხსნა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეუძლია, და რადგან იმთავითვე არ ჩაიკლა, გულმოცემული გაგასაც მიწვდა. მან ლიზას უთხრა, - ყოველ შემთხვევაში, მოსიყვარულე ასულმა ასე გაუგო, - რომ მას არ შეუძლია იმის ყურება, რომ ლიზა ვერაფერს ხვდება, რომ ახლა კი დაღლილია, მაგრამ დედაა და თავს ძალას დაატანს და მაინც აუხსნის: გაგა ერთი რამისთვის არსებობდა - ლიზას აზრზე მოსასვლელად. ანუ, ლიზას ზოგჯერ მაინც უნდა ჩაეხედა სარკეში და დაბადების მოწმობაში, ასომთავრულით რომ აქვს შევსებული, და ფული ეშოვნა, რომ აუზზე ევლო, ვთქვათ, ლაგუნაზე და არა იქ, სადაც დე დადიოდა, რადგან - თავი გაიქნია, - მაზალო იქნება, თუ ერთად ივლიან.

და ლიზამ პასუხად მიუგო, რომ ის ნაბოზარია. სხვა დროს ამით არ შემოიფარგლებოდა, მაგრამ ახლა ჯანი აღარ იყო.

დედიკოს მაინც წნევამ აუწია, უმალვე, წამში! ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ბრძანა და დემონსტრატიულად გავიდა საძინებელ ოთახში. ერთი ხანი იქ ტელევიზორს უყურა, რუსულ დეტექტიურ სერიალს - „ბახ, ბახ, ბახ!“ მაგრამ ახლა უკვე ეძინა, ჯანმრთელი ძილი მშვენიერების საწინდარია! და ლიზაც იწვა თავის მრავალჭირნახულ ტახტზე და დაძინებას ლამობდა.

„ყველა თავისთვის და ღმერთი ყველას წინააღმდეგ“. ლიზას ახსოვდა - როგორც უწინ მოგახსენეთ, ოდესღაც რაღაც-რაღაცეები მანაც იცოდა, - რომ რომელიღაცა საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელს სწორედ ეს წარწერა ამშვენებდა. ბევრი ვერაფერი ნუგეშია. მაგრამ მერე ოპტიმისტ ლიზავეტას სხვაც გაახსენდა: “შრომა ათავისუფლებს”, და გადაწყვიტა, რომ ხვალ დილითვე შეუდგებოდა საქმეს, ფულსაც იშოვნიდა და სამუშაოსაც და ყველაფერსაც, და საერთოდ, ბღავილი იდიოტობაა და გაგას ბაბოც გავათხოვე, და საერთოდ, ეგეთები მოგვინელებია? რა მოხდა რო?

„არც არაფერი,“ ფიქრობდა ლიზა. „საერთოდ, არაფერი. მე ვარ მაგარი, ჭკვიანი და ყოჩაღი გოგო. აი, ხვალ ავდგები და მოწევასაც გადავაგდებ, და საერთოდ, მარხვა როდის იწყება? ხვალ თათუთას ვკითხავ და აღსარებაზეც წავალ და საერთოდ...“

...ლიზას ესიზმრა, რომ რაღაც უბადრუკ დერეფანში მიდიოდა და უამრავი ადამიანი ეხლებოდა. ალბათ, ბრმები არიანო, იფიქრა ლიზამ. ყველას ხელი ჰქონდა გაწვდილი, ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, ეჯახებოდნენ, და ლიზას მათი ლუღლუღი ესმოდა; „გეხვეწებით, შემიყვარეთ! შემიყვარეთ, გეხვეწებით!“ და მერე ლიზა მიხვდა, რომ თვითონაც ხელგაწვდილი დადიოდა და იგივეს იხვეწებოდა, მაგრამ იმ ხალხის სახეებს ვერ არჩევდა, მხოლოდ ღიზიანდებოდა, რომ ეჯახებოდნენ. „გეხვეწებით, გეხვეწებით...“

- არ მოკლა, თენგო! - აკივლდა ქალი. - გურამი, გურამი, მოკლეს, მოკლეს!

ლიზა ტახტზე წამოხტა.

გააღვიძეს!

ბლინ!

მოკალი, თენგო, მაგის ბოზი დედაც!

და უცებ...

ჰე! ნახე, ლიზ, ჭაღის გარშემო ნამდვილი მერცხლები დაფრინავენ! აქამდე ვერ ამჩნევდი, რომ ის ვარდები ცოცხალი იყო? აუ, ლიზა, რამდენი ნარგიზია შენს ატყავებულ ოთახში! მზესავით! ე, ლიზო, მიუსერა - ბოლოს როდის გაგახსენდა? ვიღაც გაჩხიკული, უღმერთოდ დამწვარი გოგო არ აკაკუნებდა ხოლმე მზის ჩასვლისას გამურულ ჩაიდანზე ამ რითმს? კი, ლიზო, ეგაა, გოვინდას, გრძნობების მაამებელი და მწყემსი გოგოების გამხარებელი ღმერთის საგალობელი! და მაქსიმუმი გეუბნებოდა, ნახე, ცხოვრება როგორ ასწორებს, შენი არ ვიცი და მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ არასოდეს მოვკვდებიო. არც მე მოვკვდები, მაქს!

- ეგაა, ეგ, ელიზავეტა!

- მაქს!

ჰო, მაქსია, ლიზა, რატომ გაგიკვირდა? რახან გითხრეს, მკვდარიაო? მერე, რა? რაც მთავარია, მაქსი მოვიდა და ახლა მოგიყვება, რომ ძალიან ლამაზი გოგო ხარ, ლიზო, რომ ყველაზე ლამაზი თმა გაქვს ამქვეყნად და ყველაზე ლამაზი თვალები, და მერე რა, რომ ცოცხალი აღარაა? იცი, როგორ ძალიან უყვარხარ მაქსიმუმს? ნახე, რას მღერის ევორა? Besame Mucho

მოდი, ჩვენ გავიდეთ ოთახიდან. სხვა თუ არაფერი, მაქსი ხომ მხოლოდ ლიზასთვის ეცადა, ამ სიხარულში მაინც ნურავინ შევეცილებით. მაგრამ სანამ კარს მივხურავთ, ერთხელაც მოვკრათ თვალი, რომ მერცხლები დაფრინავენ, კედელზე მიუსერას ღამის კოცონის ათინათი თამაშობს, მაქსი და ლიზა ცეკვავენ და ლიზა ძალიან, ძალიან ლამაზი გოგოა.

0x01 graphic

16 მუსიკა

▲back to top


ავტორი: გიორგი მარი

0x01 graphic

THE ZUTONS - TIRED OF HANGING AROUND

ჯგუფი the Zutons 2001 წელს, მანჩესტერში დაარსდა. სახელი the Zutons კი ჯგუფ მაგიც band-ის გიტარისტ zoot horn rollo-ს პატივსაცემად დაარქვეს. ჯგუფი ხუთი წევრისაგან შედგება. ესენია: David McCalee - ლეად-ვოკალი, გიტარა, Bogan Chowdhury - გიტარა, ვოკალი, Sean Payne - დრამერი, ვოკალი, Russel Pritchard - ბასი და Abi Harding - საქსოფონი, ვოკალი, რომელიც თავიდან მხოლოდ რამდენიმე სიმღერაში ასრულებდა საქსოფონის პარტიებს, ხოლო 2002 წელს ჯგუფის ოფიციალური წევრი გახდა.

The Zutons-ის პირველი ჩანაწერი სამ-სიმღერიანი სინგლი დევილს დეალ იყო. 2004 წელს მას მათი პირველი ალბომი who killed the zutons? მოჰყვა, რომელმაც ბრიტანულ ჩარტში მეცხრე ადგილი დაიკავა და 2005 წელს NME awards-ზე პრიზი აიღო.

2006 წელს გამოდის მათი რიგით მეორე ალბომი Tired of hanging around. ალბომი საკმაოდ უცნაურია და, ალბათ, ინდიე rock ალბომს უფრო ვუწოდებდი. რაც შეეხება სიმღერებს, გამოვარჩევდი: valerie, secrets, it's just little things we do და hello conscience.

0x01 graphic

MAXIMO PARK - MISSING SONGS

maximo park (alternative) post punk-ჯგუფი Newcastle-ში, 2003 წლის აპრილში დაარსდა. მათი შემადგენლობაა: Paul smith (ვოკალი), Duncan lloyd (გიტარა), Archis Tiku (ბასი), Lukas Wooler (კლავიში) და Tom English-ი (დრამი). Maximo park-ს ხშირად Pulp-ს და Franz Ferdinand-ს ადარებენ, თუმცა Maximo Park იმ ჯგუფებს მიეკუთვნება, რომლებმაც 2000-იანებში პოსტ პუნკ მუსიკის განვითარების შემდეგი ნაბიჯი გადადგეს. 2005 წელს გამოვიდა მათი სადებიუტო ალბომი a certain tigger, რომელიც mercury prize-ზე წარადგინეს და წლის ერთერთ საუკეთესო ალბომად აღიარეს.

2006 წელს კი, გამოდის მათი მეორე ალბომი missing songs. ეს ალბომი მათი საუკეთესო b-side სიმღერებისგან შედგება, რომლებიც მხოლოდ limited edition სინგლებზე თუ მოიპოვება. A 19, fear of falling, trail and error და stray talk. ამ სიმღერებისგან შედგება ეს ალბომი, რომელიც ბოლო დროს გამოსულ b-side ალბომთაგან ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა.

0x01 graphic

THE SUBWAYS - YOUNG FOR ETERNITY

ინგლისური indie rock ჯგუფი the subways სამი წევრისაგან შედგება. ესენია: billy Lunn - გიტარა, ვოკალი, charlotte Cooper - ბასი, ვოკალი, რომელიც ასევე, ვოკალისტ billy Lunn-ის boyfriend-ია და Josh Morgan - დრამი (Billy Lunn-ის ნახევარძმა).

ჯგუფმა თავიდან nirvana-ს და სხვა ცნობილი ჯგუფების cover-ების დაკვრით დაიწყო მოღვაწეობა. მათ platypus დაირქვეს და კონცერტებს ძირითადად თავიანთ ქალაქ hertfordshire-ში მართავდნენ. ჯგუფის პირველი ლივე CD მხოლოდ მათსავე კონცერტებზე იყიდებოდა.

2003 წელს ჯგუფს the subways ეწოდა და პირველი დემო-ჩანაწერი სახლის პირობებში შეიქმნა. 2004 წელს the subways glastonbury-ს ფესტივალზე გამოდიან და დიდ ინტერესს იმსახურებენ. იმავე წელს, კონტრაქტს infection records-თან აფორმებენ და უკვე 2005 წლის ბოლოს, პირველ და ჯერ-ჯერობით ბოლო ალბომს უშვებენ, სახელწოდებით - young for eternity.

12 track-იან ალბომს ხსნის სიმღერა „i want to hear what you have got to say“, რომელიც ალბომში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე კარგი track-ია „oh yeah“, რომელიც ენერგეტიკულად nirvanas და the white stripes-ს მოგვაგონებს. ყველაზე აღსანიშნავი კი „rock' n' roll Queen“ არის რომელიც (ჩემი აზრით) მთელს ალბომში ყველაზე კარგი სიმღერაა. ასევე კარგი მოსასმენია „lines of light“ და oasis-ური Mary“.

ფილმები

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

13

სად: კინოთეატრი ამირანი
როდის: მაისი.
რეჟისორი: გელა ბაბლუანი.

„ცამეტი“ - ეს არის ფილმი, რომლის 90 წუთიან მსვლელობას მონუსხული ადევნებ თვალს. შავ-თეთრი ფილმი ადამიანების, ცხოვრების, შემთხვევითობის და ბედისწერის შესახებ, რომლის ახალგაზრდა გმირი, ფულის შოვნის მიზნით, გაურკვეველ თამაშში ებმება. თამაშში, რომელსაც ვერასდროს დააღწევ თავს; თამაშში, რომელიც ცხოვრების უსამართლო წესებს ჰგავს! ჩვენებიდან გამოსულს, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს შავი ზოლებით დახაზული თეთრი ნათურა, რევოლვერის ბარაბნების ტრიალის გულისწამღები ხმა, მთავარი როლის შემსრულებლის, გიორგი ბაბლუანის აკანკალებული ნაკვთები და ჩახუთული, მძიმ, კლაუსტროფობიური სივრცე... საოცარი მუხტი, ენერგია, დინამიკა, რიტმი, რომელიც ელვასავით მოჰქონდა ფილმს” - ეს მაშინ დავწერე, როცა საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ მეექვსედ დაიხურა და თავის ფავორიტს, ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელ გელა ბაბლუანის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს „13“ „ვერცხლის პრომეთე“ გადასცა. მას მერე, ნახევარი წელი გავიდა... „13“ არაერთი კინოფესტივალის ფავორიტი გახდა... და ფილმის ხელმეორედ ნახვა ლამის ნატვრად ქცეულიყო...

ყურადღება: დაიმახსოვრეთ ერთი რამ. თუკი ოდესმე ფილმის ანონსები დამიწერია, იცოდეთ, რომ ეს ჩემი ყველაზე, ყველაზე უფრო გულწრფელი ანონსია. და კიდევ ერთი... როგორც კი „ამირანის“ სარეკლამო ბილბორდზე ფილმ „13“-ის პოსტერს დაინახავთ, წადიიით, წადიიით დაუფიქრებლად...

0x01 graphic

და ვინჩის კოდი

სად: კინოთეატრი რუსთაველი.
როდის: მაისი.
რეჟისორი: რონ ჰოვარდი.

წიგნის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნზე საკმაოდ ბევრი გსმენიათ. დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი“ 40 ენაზე ითარგმნა, 5,5 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და საერთოდ, კრიტიკოსებმა ის ათწლეულის ყველაზე წარმატებულ წიგნად დაასახელეს. მას ერთნაირი სიამოვნებით კითხულობენ პარიზში, ლონდონში, ამერიკასა თუ დედამიწის საკმაოდ მიყრუებულ ადგილებში. მას მერე, ამ სკანდალურ წიგნზე ბევრი აზრი გამოითქვა, ბევრიც დაწერა და ერთი წლის წინ ერთ-ერთი საიტი დიდი სიხარულით წერდა: Columbia Pictures წიგნის ეკრანიზაციას აპირებს!!! ვაშაააა, რა ბედნიერები ვართოოოოო!!!!

ფილმის შესახებ.

2006 წლის 19 მაისს რონ ჰოვარდის ფილმის, „და ვინჩის კოდის“ მსოფლიო პრემიერა იმართება. რეჟისორმა, რომელიც ძირითადად ტელევიზიისთვის მუშაობს, სულ რამდენიმე კინოპროექტი განახორციელა. მათ შორის, მგონი, „ბრწყინვალე გონების“ დასახელებაც კმარა, რომელმაც დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიო ეკრანები.

რუსთაველის პრემიერის შესახებ.

ამ კინოთეატრში, სულ მალე, სწორედ ამ ფილმს ნახავთ, სადაც ფრანგული კინოს ახალგაზრდა ვარსკვლავი ოდრი ტატუ, ოდნავ მობერებული, მაგრამ კარგ ფორმაში მყოფი ვარსკვლავი ჟან რენო (რომელსაც ამ ბოლო დროს, დებილი ფრანგი პოლიციელების თამაში დასჩემდა) და „გარიყული“ ტომ ჰენქსი თამაშობენ.

გამოძიება, ლუვრის დამტვერილ დარბაზებში ჩადენილი მკვლელობა, საიდუმლო ნიშნები... ოოო, რა გელოდებააათ...

0x01 graphic

შეუსრულებელი მისია 3

სად: კინოთეატრი ამირანი.
როდის: მაისი.
რეჟისორი: ჯეფრი აბრამსი.

1996. შეუსრულებელი მისია.

სპეც.სამსახურების აგენტ ეტან ჰანტს მთელს მსოფლიოში დაეძებენ. ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი დაუდევრობით ჩაიშალა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეც-ოპერაცია, რასაც მთელი ჯგუფის სიკვდილი მოჰყვა. თუმცა მხოლოდ ეულად დარჩენილმა ამერიკელმა იცის, რომ ის მეგობრებმა გააცურეს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, თვითონ მოუწევს ბრძოლა.

2000. შეუსრულებელი მისია 2.

თუ სამყაროს საშინელება ემუქრება, მაშინ მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც ამ ყველაფერს გაუმკლავდება. ეს ისევ ყოვლისშემძლე, სექსუალური ბიჭი ეტან ჰანტია, ყველაზე რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევის „მამა“, რომელიც ამჯერად სისხლისმსმელ ტერორისტებს უმკლავდება და სამყაროს საშინელი, მომაკვდინებელი ვირუსისგან იხსნის.

2006. შეუსრულებელი მისია 3.

ძალიან მოკლედ: ამჯერად, ოქროს ბიჭ ეტან ჰანტს, ისეთი სიტუაციებიდან მოუწევს თავის დაღწევა და ისეთ ხალხთან ბრძოლა, რომ... ეგეთი არაფერი გინახავთ.

- „იცით რააა... ჩემი ბრალი არ არის. უბრალოდ, არ ვიცი, რა როლში შეიძლება დავაკავო და ტყუილად ხომ არ მეყოლებიან“ - უპასუხა ფილმის რეჟისორმა განაწყენებულ ჟურნალისტს, რომელსაც იმის გარკვევა სურდა, თუ რატომ დაითხოვეს კასტინგიდან მისი უსაყვარლესი ორი მსახიობი ქალი - სკარლეტ იოჰანსონი და ქერი-ენნ მოსი. საბოლოოდ, საპროდიუსერო სკამი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ტომ კრუზმა დაისაკუთრა, რომელსაც პარტნიორის მოძებნა სულაც არ გაჭირვებია.

ასე რომ, ჯაშუშურ ბლოქბასტერში ტომ კრუზი და აილინ ატკინსი ირბენენ, იქროლებენ, იფრენენ და ა.შ.

წიგნები

ავტორი: თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

გივი მარგველაშვილი

მე წიგნის გმირი ვარ
გამომცემლობა კავკასიური სახლი
2006 .

გივი მარგველაშვილი თორმეტიოდე რომანის ავტორია. თითოეული ეს რომანი სამი, ოთხი ან ხუთი დამოუკიდებელი ტომისგან შედგება. გივი მარგველაშვილს დაწერილი აქვს პიესები, მოთხრობები, ლექსები და მინიატურები. 1992 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში და წერს გერმანულად.

მისი წიგნი, რომელიც ნაირა გელაშვილმა თარგმნა გერმანულიდან და წინათქმაც დაურთო, პირველ რიგში, გერმანისტი მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს, რადგან მინიატურების ქართული თარგმანის პარალელურად, ორიგინალი ნაწარმოებებიცაა წარმოდგენილი. თუმცა, გერმანული ენის არცოდნა - შესანიშნავი ქართული თარგმანის წყალობით - არაფერს დაგაკლებთ. ეს მინიატურები ლექსის მეორე ყლუპის, თავისიანებს ჩამორჩენილი ანგელოზის, სასიყვარულო რომანის, ლამაზი ქალის თუ ონტოკონტექსტოლოგიური საყვედურის შესახებ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რათა იგრძნოთ ზედაპირული განმარტებების სიღრმე, ჩაწვდეთ ტექსტის ფსკერს და, რუტინიდან ამოვარდნილებმა, სანეტარო ერთი წამით მაინც გაიაზროთ, რომ: ადამიანები, რომლებიც წიგნებში გხვდებიან, თურმე, ცოცხლები არიან. არ გჯერათ? მათაც ხომ, თქვენს მსგავსად, აქვთ ნომერი - ტელეფონის ნაცვლად, გვერდის ნომერი და აქვთ თავიანთი საწუხარი.

ამ პატარა წიგნში შეკრებილი მინიატურები სწორედ მათ ნააზრევს ჰგავს. თქვენც, ეცადეთ, მოუსმინოთ წიგნის გვერდებში ჩასახლებულ ადამიანებს, რადგან ლექსად მოსული წარმოსახვა ყველგან შეიძლება შეგეფეთოთ, თვით ძველი სარკის ფსკერიდანაც კი შეიძლება ამოგძახოთ ერთ მშვენიერ დღეს. ზუსტად მაშინ, როცა თქვენ სარკისკენ გადაიწევით და ცივ შუშას შუბლს გასაგრილებლად მიადებთ; აი, სწორედ მაშინ, ერთ სანეტარო წამს...

გივი მარგველაშვილის მინიატურები - მცირე და შედარებით ვრცელი, ქართულად თარგმნილი თუ ორგინალში წაკითხული, ზუსტად ამ წამს გაჩუქებთ.

0x01 graphic

იენ მაკიუენი

ამსტერდამი
გამომცემლობა არეტე
2006 .

შტამპი - The Man BOOKER PRIZE - პირდაპირპროპორციულად უდრის ბევრ მკითხველს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ავტორი იენ მაკიუენია, წიგნი - „ამსტერდამი“, თემა - სიკვდილის შიში, პოლიტიკური კომპრომატები, ჭორები და ბრიტანულ იუმორში გატარებული მარტოსული ადამიანები, დასაწყისი კი ასეთი - „მოლი ლეინის ორი ყოფილი საყვარელი თებერვლის სუსხიან ქარში კრემატორიუმის სამლოცველოს წინ იდგა“.

უკვე კარგია, უკვე მოქმედებაა, უკვე გარანტიაა იმის, რომ წინ გველის ძალიან მაღალ დონეზე დაწერილი რომანი, რომლის ფინალსაც - როგორც კარგი მწერლების შემთხვევაში ხდება ხოლმე - წინასწარ ვერაფრით გავთვლით.

იენ მაკიუენი ოცამდე წიგნის ავტორი გახლავთ, „ამსტერდამი“ მისი ქართულად ნათარგმნი პირველი რომანია. ინგლისურ და რუსულ ენებზე კი შეგიძლიათ „ცემენტის ბაღი“ და „შაბათი“ მოიძიოთ - ორივე კრიტიკოსების საყვარელი ტექსტია; ისევე, როგორც თქვენს ხელთ არსებული „ამსტერდამი“, რომელსაც ბევრი მკითხველის გარანტი პრიზი - The Man BOOKER PRIZE - 1998 წელს გადაეცა.

0x01 graphic

...ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა

მოგონებები მღვდელ-მონაზონ ანდრიაზე
2006 .

წიგნს ერთი კონკრეტული ავტორი არ ჰყავს, არსად წერია გამომცემელი. დიდი თავმდაბლობით, მხოლოდ უკანასკნელი, 220-ე გვერდის სარდაფში წვრილი ფონტით აღნიშნულია, რომ: წიგნის შექმნაზე იზრუნეს: სამონაზვნე მაკრინემ (ნათია ყურაშვილი), მზია ჩხაიძემ, ბექა ბალარჯიშვილმა, რეზო თაბუკაშვილმა, გიოგრგი გიგაშვილმა.

ეს არის და ეს. დანარჩენი თვითონ უნდა აღმოაჩინოთ. აღმოსაჩენი კი, თუ წიგნს ერთხელ გადაშლით, არ დაგელევათ. სხვადასხვა ადამიანები იხსენებენ 27 წლის ბერ-მონაზონ მამა ანდრიას, რომელიც აფხაზეთში, სოფელ კამანში, წმიდა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ და რომელიც 5 ივლისს, კამანის აღების დღეს, აფხაზებმა დახვრიტეს.

მამა ანდრიას იგონებენ სასულიერო პირებიც და ბავშვობისა და ყმაწვილკაცობის მეგობრები. თითოეული ამბავი - თითქოს უბრალო, მაგრამ ამ დროს, ძალიან სევდიანი და ტრაგიკული, მთლიანობაში ადგენს ერთი ბერის ბიოგრაფიას, რომელიც დასტურია იმისა, რომ მოწამეობრივად, სარწმუნოებისთვის, ჩვენს დროშიც კვდებიან.

წიგნი მამა ანდრიას შესახებ, შეიძლება ბევრი წიგნის თაროს საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი გეჩვენოთ, მაგრამ მის წაკითხვას აუცილებლად გირჩევდით; თუნდაც იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს სიტყვები - ქვეყანასა ზედა: „მათხოვარიც რომ ზის, ისიც ქვეყანასა ზედა ზისო... ანუ რაღაცით მაინც აამაღლა უფალმაო“, - ამბობდა მამა ანდრია და ასე ხედავდა სიმდაბლეში სიმაღლეს.

17 რადიო უცნობის ამბები

▲back to top


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

პოეზია FM 98.0-ზე

იმედია, იმ გაჭირვებულთა რიცხვს არ მიეკუთვნები, ვინც თვლის, რომ ლიტერატურა ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალებაა მხოლოდ; რომ წიგნი ინტერნეტმა შეცვალა და რაღად გვინდა, და რომ ყველა პოეტი ნევროტიკია, თორემ ლექსებს რა აწერინებს?!

ჰოდა, სწორედ შენთვის, ძვირფასო რადიო „უცნობის“ მსმენელო და „ცხელი შოკოლადის“ მკითხველო, „უცნობმა“, ნინო თოფურიამ და რატი ამაღლობელმა ცხოვრების დღესასწაულად გადაქცევა გადაწყვიტეს.

კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, 12, 15, 17, 22 და 24 საათზე, ანუ შინ და გარეთ, მანქანაში თუ სამსახურში, სადილობის ჟამს თუ ძილის წინ, შეგიძლია ნაცნობი და უცნობი ლექსები მოისმინო. პოეტები, ფეხბურთელები, მსახიობები, ჟურნალისტები - მოკლედ, ყველანი, ვინც შენსავით თვლის, რომ ცხოვრება მშვენიერია, თავიანთ საყვარელ ლექსებს კითხულობენ.

იცი, რა კარგია? ჯერაც არ მოგისმენია? როგორ მოახერხე?

უსმინე „უცნობს“! თუ პოეზია გძულს - ამბობენ, ასეთებიც არსებობენო - იმისთვის მაინც უსმინე, რომ მიხვდე, როგორ ძალიან ცდები.

ტალღას შეხსენებაც არ უნდა: FM 98.0, რა თქმა უნდა.