ცხელი შოკოლადი №26


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ტურაშვილი დათო, ბაბუაძე თამარ, კორძაია-სამადაშვილი ანა, ლომაძე ნინო, ნიჟარაძე გაგა, გვახარია გიორგი, კიკალეიშვილი სალომე, სფექთერი მაიკლ, სადღობელაშვილი ქეთი, ცხადაია მანანა, ონელი მელისა, მორჩილაძე აკა, ხარბედია მალხაზ, იათაშვილი შოთა, რატიანი ზვიად, მიქელაძე მაკა, ეკო უმბერტო, სუხიშვილი თამარ
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი გაგა ლომიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნინო ლომაძე, ქეთი სადღობელაშვილი, თამარ სუხიშვილი, მანანა ცხადაია, მალხაზ ხარბედია, შოთა იათაშვილი, ასმათ ლეკიაშვილი, ზვიად რატიანი, მაკა მიქელაძე, მაგდა კალანდაძე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, მელისა ონელ, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე რეკლამა გვანცა გუშარაშვილი, ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, ეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“ შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲back to top


0x01 graphic

„ნიუ იორკერს“ ვათვალიერებდი, უფრო სწორად ამ ჟურნალის ერთ-ერთი ავტორის, მაიკლ სფექთერის წერილებს, მიუჩა პრადას პროფაილს რომ გადავეყარე. მოდა რომ არანაირი დოზით არ მაღელვებს, ეს „ცხელი შოკოლადის“ მკითხველებისათვის უკვე გასაგები უნდა იყოს, მაგრამ პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი, ფემინისტი დიზაინერის ისტორია რაც წავიკითხე, მზად ვარ მოდასთან დაკავშირებულ ჩემს სტერეოტიპებს გადავხედო და შემოდგომაზე „პრადას“ საყიდლებზე ნიუ-იორკში გავემგზავრო!

საქმე ის გახლავთ, რომ მეც, პრადასავით, ერთი კომპლექსი მაწუხებს: როგორ შეიძლება

ჭკვიანმა ადამიანმა მოდა სერიოზულად აღიქვას?! ჭკვიანი ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით უნდა ინტერესდებოდეს და არა ტანსაცმლით. ჰოდა აბა, მე, ჭკვიანს, რა ხელი მაქვს მოდასთან? პრადასაც ქრონიკულად ეს კითხვა აწუხებს, მაგრამ მაინც ძალიან უყვარს თავის საქმე. ისევე როგორც მე - ჩემი. ის ყველა ახალ კოლექციას ახალ საფიქრალს არგებს და თანამედროვე ხელოვნებით ინსპირირებული, ყველაზე არასწორხაზოვან და ინდივიდუალისტურ სამოსს ამზადებს. ჩემთვისაც, „ცხელი შოკოლადის“ ყოველი ახალი ნომერი ახალ ამოცანას პასუხობს და ახლებურად ცდილობს თქვენ თავი მოგაწონოთ.

თურმე, არც მისი ცხოვრების წესი განსხვავდება (პრინციპულად) ჩემი ცხოვრების წესისაგან. მულტიმილიონ-დოლარიანი საერთაშორისო კორპორაციის მფლობელი და პრადას სახლის დიზაინერი თავის ყველა თავისუფალ წუთს ბავშვებთან ატარებს და გულიც არაფერზე წყდება. ფიქრითაც სულ იმაზე ფიქრობს, როგორ იყოს თან დამოუკიდებელი და საქმიანი და თან კარგი დედა და ცოლი, კომერციულად წარმატებული და ამავდროულად უკომპრომისო და ექსცენტრული. მოკლედ, ძალიან ვგავართ ადამიანები ერთმანეთს. ამ წერილით ისე მოვიხიბლე, უამრავჯერ გადავიკითხე. ასეც რომ არ იყოს, „ნიუ იორკერის“ ავტორებისაგან წერაც შეიძლება ისწავლო ადამიანმა!

პრადას ესტაფეტა ანა კორძაია-სამადაშვილის ქალებმა აიტაცეს. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ სპეც-პროექტს გადაავლებთ თვალს და იუმორის გრძნობაც არ გიღალატებთ.

როცა კლაუსტროფობიის განცდა დამრევს ხოლმე ხელს, ჩემი მეგობრის, ფოტოგრაფ მელისა ონელის ფოტოებს ვათვალიერებ და მომენტალურად ვმშვიდდები. სივრცე არ არის მხოლოდ ის, რაც ამ წუთას გაკრავს გარსს, ანუ შენი სამუშაო ოთახი, სახლი, ადამიანები, ქვეყანა... სივრცეა მანძილი შენს ტერფსა და მიწას შორის, შენს თვალსა და ცას შორის. ამ გაზაფხულის პირს, ძალიან მომინდა ამ ფოტოებისა და შეგრძნებების თქვენთვის გაზიარება.

დათო ხაბურზანია, იგივე გურიჩა, ადამიანი აღმოჩენაა! ისიც, პრადასი არ იყოს, თან ჭკვიანია, თან ექსცენტრული, თან სახალხო სიბრძნისა და დიპლომატიის ყველაზე ჰარმონიული კიტჩისს განსახიერება! იცნობდეთ თქვენც!

მე კი მომავალ ნომრამდე და ახალ აღმოჩენამდე გემშვიდობებით!

P.S. როგორც ყოველთვის, ველი თქვენს გამოხმაურებებს!

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲back to top


0x01 graphic

დათო ტურაშვილი

რამდენი ვწერე ესპანეთის შესახებ „ცხელ შოკოლადში“ და მაინც ყველაზე დიდი ინტერესი, ჩვენს მკითხველებს შორის, ეგვიპტურმა მოთხრობამ გამოიწვია და რა გასაკვირია, რომ ახლაც ისევ ეგვიპტეზე ვწერ.

ჩემს ელექტრონულ მისამართზე მიღებული წერილების მიხედვით, მკითხველები ყველაზე მეტად იმან დააინტერესა, რომ ეგვიპტის ძველ და ახალ ისტორიას, სხვებთან ერთად, ქართველებიც ქმნიდნენ.

ამიტომაც მამლუქების თავგადასავალს ახლაც ვერ ავცდებით და ეგვიპტელების გარდა, ერაყის ქართველ მმართველს - დაუდ-ფაშასაც გავიხსენებთ, რომელიც ქართლის ერთი პატარა სოფლიდან გაიტაცეს და თავისი გასაოცარი ნიჭიერებისა და განათლების წყალობით, ერაყის მეფე გახდა. ერაყელები ახლაც თვლიან, რომ სადამ ჰუსეინამდე დავით მანველაშვილზე სახელოვანი მმართველი მათ არ ჰყოლიათ და რა თქმა უნდა, ამ ადამიანის შესახებ თუნდაც ორიოდე სიტყვის თქმა აუცილებლად მივიჩნიეთ. გარდა ამისა, ერაყელებს ახლა ძალიან უჭირთ და ამ ხალხის თანაგრძნობის სურვილიც უკვე მეოთხე წელია არსებობს იმ მუზეუმის გამოც, სადაც ინახებოდა მესოპოტამიური ცივილიზაციის უნიკალური ნიმუშები და ამერიკელებმა ისინი, უბრალოდ, გააქრეს.

ვისაც თავისი წარსული არ გააჩნია, ყოველთვის უკვირს მათი, ვინც წარსულს უფრთხილდება, მაგრამ მხოლოდ წარსულით ცხოვრების შედეგი სწორედ ის არის, რაც ეგვიპტეში ხდება - მილიონობით ადამიანი ქუჩაში ცხოვრობს, სიამოვნებით უსაქმურობს და ძალიან კმაყოფილია იმით, რომ სამიათასწლოვანი პირამიდები აქვთ.

კიდევ კარგი, რომ საქართველოში პირამიდებს არ აშენებდნენ...

0x01 graphic

თამარ ბაბუაძე

ჩეთაობა Mirc-ის ჩეთში, 1997-ში თუ 98-ში დავიწყე. როჩესტერში, კოლეჯის ბიბლიოთეკის კომპიუტერში არალეგალურად დავაინსტალირე ჩეთი და გერმანიაში მყოფი სერგი გვარჯალაძე გავიცანი. ძალიან მინდოდა, ამით ვინმესთან მემარიაჟა, მაგრამ გვერდით მჯდომი პუერტო რიკოელი ხოსე (გვარი აღარ მახსოვს) სერგი გვარჯალაძეს არ იცნობდა და ვერაფრით ჩაწვდა ჩემი სიხარულის არსს. მერე წარმოშობით კორეელმა სისტემ ადმინისტრატორმა (როგორც წესი, ისინი ბოროტები არიან ხოლმე) ყველაფერი გაიგო და ბიბლიოთეკის კომპიუტერზე Mirc-ი ისე დაბლოკა, მერე თვითონაც რომ მოინდომა, ვეღარაფრით დააყენა. მე კი მაინც ვერ მიშველა. მას შემდეგ ვჩეთაობ. ბოლო დროს კი, მიუჩა პრადასი არ იყოს - უფრო მეტს ვფიქრობ ჩეთზე, ვიდრე ვჩეთაობ. სად გადის ზღვარი ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის, დარჩა კიდევ ეს ზღვარიო? - აინტერესებს პრადას და მერე ამ ფიქრებს ტანსაცმლის თარგებად ჭრის, კოლექციად კრავს და თავის კლიენტებს აცმევს.

აი, გურიჩა კი - ფოტოარტისტი და ფოტოხულიგანი გურიჩა - ჩეთში კომფორტულად გრძნობს თავს, ვირტუალური ცხოვრების გემო ძალიან უყვარს და სიხარულით მეთანხმება, როცა ვეუბნები: გურიჩ, რადგან ისედაც ბევრს ჩეთაობ, მოდი, ინტერვიუც ჩეთში გავაკეთოთ-მეთქი. კიო, ჩეთში და საერთოდ წერის დროს, რისი თქმაც მინდა, უკეთ ვამბობო, ჩეთს უფრო გულწრფელი და კონკრეტული სიტყვები მოაქვსო... და მერე 48 გვერდისას ვჩეთაობთ...

მოკლედ, ორივე პროცესი მომეწონა - პრადასთან ერთად ჩეთზე ფიქრიც და გურიჩასთვის კომფორტულ ვირტუალურობაში ინტერვიუს აღებაც. და ახლა, Word-ის ფაილების დახურვისა და ჟურნალის სტამბაში გაშვების შემდეგ, პრადას მინდა ვუპასუხო: მგონი, მართლა აღარ არსებობს ეგ ზღვარი ვირტუალობასა და რეალობას შორის, თქვენ რომ ჩაგაფიქრათ, ქალბატონო პრადა. ყოველ შემთხვევაში, დღეში რამდენჯერმე რამდენიმე წამით მაინც აუცილებლად ქრება. აბა, დაუკვირდით? და დაიჭირეთ - მაგარი შეგრძნებაა!

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

უცნაური გაზაფხული დამიდგა. სულ სხვანაირი. როგორ ავხსნა: მაღალფარდოვნად ამას ფასეულობათა გადაფასება ჰქვია, მდაბიურად კი ვიტყოდი, რომ ჩემთვის უცხო, უჩვეულო სურვილები გამიჩნდა, თან ისეთი, რომლებსაც ავისრულებ.

გახსოვთ, „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ როგორ იწყება? „მე ვეცდები არ…“ მე კი ვეცდები:

ბაღი მქონდეს, ზუსტად იმხელა, რამხელას მოვლაც ნერვებს არ ამიშლის;

ისეთი ლამაზი კაბა შევიკერო, რომ ქუჩაში ხალხი აღტაცებისა და შურისგან დაცვივდეს;

ამიერკავკასიაში სამოგზაუროდ წავიდე;

ნაკლები ვიმუშაო და მეტი ვიმხიარულო;

სულ მახსოვდეს, რომ დარდი დიზინტერიასავითაა: შეიძლება მომკლას, მე კი ხანგრძლივი და ლამაზი ცხოვრება მინდა.

ამ უკანასკნელ საქმეში ძალიან მეხმარებიან ჩემი მეგობრები - სესტრიჩკები და პადრუჟკები (მე ხომ საბჭოელი ვარ და ცოტა რუსულენოვანი). მათი წყალობაა, რომ დათო მესხმა ულამაზესი სურათები გადამიღო.

ფოტომოდელის როლი ძალიან მომეწონა. ასი კაცი მევლებოდა თავს, მვარცხნიდნენ, მხატავდნენ, ქათინაურებს მეუბნებოდნენ - შესანიშნავია! ძალიან მომეწონა მანქანა, რომელშიც ჩამსვეს, დიდად მეამა, როგორ ზრუნავდნენ ჩემზე: „ხომ არ დაიღალე?“

რას ბრძანებთ, ჩემო კარგებო?! სულ პირიქით.

3 კულტ-მიმოხილვა

▲back to top


0x01 graphic

0x01 graphic

Onto The Streets

საგამოფენო დარბაზი ქარვასლა
15 მარტი 17:00

„ქუჩის ფოტოგრაფიის კონკურსი. ბრიტანეთის საბჭო იწვევს 18 წლის და უფროსი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს. ყველა საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს საქართველოში.“ ამ შინაარსის განცხადება საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ელექტრონულ გვერდზე, შემოდგომაზე გაჩნდა. ქუჩის ფოტოგრაფიის კონკურსში სამასამდე ახალგაზრდა, სხვადასხვა ეროვნების ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა. მათ ქალაქების ქუჩის დინამიკა, განსხვავებული საზოგადოებების ცხოვრების წამები საკუთარი კამერის ობიექტივში მოაქციეს და ფირზე აღბეჭდეს.

მოწვეულმა ჟიურიმ გამოფენისთვის 50 საუკეთესო ფოტო შეარჩია. ქარვასლას საგამოფენო დარბაზში ყველანი ერთად იყვნენ: დაღლილ მეხანძრეებსაც ნახავდით და ფილარმონიის მუზის ქვეშ გამართულ ზეიმსაც - ფერადს და ხალასს, ქუჩის მტვერში უშფოთველად მიძინებულ პატარა გოგოსაც იპოვიდით, მოხუც პანკსაც გაიცნობდით ამსტერდამიდან და დასავლურ მეტროშიც გაისეირნებდით.

კონკურსის ჟიურიმ სამი გამარჯვებული დაასახელა. მესამე ადგილზე ლელ თუთისანის ფოტო გავიდა, მეორეზე - დარო სულაკაურის ნამუშევარი, პირველი ადგილის მფლობელი კი ტატო ბარჯაძის ფოტო გახდა. სამივე გამარჯვებულმა ბრიტანეთის საბჭოსაგან საჩუქრად ფოტოკამერები მიიღო.

ავტორი: ნინო ლომაძე

0x01 graphic

პოლიტიკური ტყუილის დღე

ანა პოლიტკოვსკაიასადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო მსოფლიო მასშტაბით
20.03.2007, 18 საათიდან
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი პეტერ ვაისის ფონდთან
და თბილისის ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან ერთად

ბერლინის პეტერ ვაისის ფონდმა უკვე მეორეჯერ მოუწოდა კულტურის ინსტიტუტებს, თეატრებს და უბრალოდ დაინტერესებულ პირებს ა.წ. 20 მარტს მსოფლიო მასშტაბით მხატვრული კითხვის მოწყობისკენ. მისი მიზანი იყო პოლიტიკური კომუნიკაციების შინაარსისა და ფორმების გაცნობიერება, რადგან ტყუილი 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ გარკვეული პოლიტიკური ფორმაციების იარაღს წარმოადგენს. მაგრამ არსებობს ამ ტყუილის წინააღმდეგ მიმართული ძალაც.

გასულ წელს ასეთი კითხვა 3 მარტს მოეწყო - ელიოტ ვაინბერგერის „ის, რაც ერაყის შესახებ გამიგია“ - მსოფლიოს 11 ქვეყანაში, 47 ადგილას იყო წაკითხული.

წელს ანა პოლიტკოვსკაიას ჯერი დადგა. თავისი უკანასკნელი წიგნის „პუტინის რუსეთში“ ბოლოს ის მატყუარა პოლიტიკოსების გვერდის ავლით პირდაპირ საზოგადოებას მიმართავს: „ძალიან მარტივია, ყოველი სისხლიანი ტრაგედიის პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალო. ძალიან იოლია, ამგვარად მიაძინო საზოგადოების ცნობიერება, რომელიც ისედაც ოცნებობს, რომ მიძინებული იყოს.“

შესავალი სიტყვა წაიკითხა ნინია კაკაბაძემ: „ტყუილი პოლიტიკაში“. გაიმართა მხატვრული კითხვა სამ ენაზე, ქართულად, რუსულად და გერმანულად - ანა პოლიტკოვსკაიას „საკონცენტრაციო ბანაკი კომერციული განხრით“ და „სპეცოპერაცია ზიაზიკოვი“. დასასრულს ნაჩვენები იყო ფილმები: „რუსეთის მკვლელობა“, „ჩეჩნური იავნანა“, „ტერორი მოსკოვში“, „ნებადართული მკვლელობა“.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

კინოჩვენებები და დისკუსია

8 - 9 მარტი 2007
ამირანი/გოეთეს ინსტიტუტი

„სხვების ცხოვრება“ პირველი გერმანული მხატვრული ფილმია, რომელიც ეძღვნება 1989 წელს გაუქმებული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარ ძალას - საკუთარი მოქალაქეების სისტემურ დევნას. მათ შევიწროვებას და ჩაგვრას „სახელმწიფო უშიშროების“ სახელით.

დოკუმენტური ფილმი „ის, რაც არ ითქმის“ სამ ეპიზოდად გადმოგვცემს ბედისწერას გდრ-ის იმ ყოფილი პოლიტპატიმრებისა, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ გამოისყიდა, რის შემდეგაც მათ დასავლეთში ცხოვრების საშუალება მიეცათ. თუმცა ნამდვილი თავისუფლება არც ერთ მათგანს დღემდე არ განუცდია: ჯერ კიდევ მოუშუშებელია ძველი ჭრილობები, ბევრია უთქმელი და გუმჟღავნებელი მათსა და მათ ახლობლებს შორის.

ეს ფილმები გახდა სადისკუსიო მასალა თემის „ლუსტრაცია“ განსახილველად, რაც გერმანულ და ქართულ წარსულში არსებული პოლიტიკური შეცდომებისა და დანაშაულებების გადამუშავებას გულისხმობს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბატონი იოაჰიმ გაუკი, მღვდელი. ახალი ფორუმის თანადამაარსებელი და ყოფილი გდრ-ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივების ფედერალური სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი. ასევე თინე და მატიას ტორკები, რომლებიც 1979 წელს 20 და 23 წლის ასაკში „სახელმწიფოს ღალატისათვის შპიონაჟის სახით“ და „გაქცევის მცდელობის“ ბრალდებით იყვნენ დაპატიმრებულები და გასამართლებულები 2 წლითა და 8 თვით.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

მერაბ აბრამიშვილის ხსოვნას

ჰაინერ ჰესეს, ჰერმან ჰესეს ვაჟის მეუღლე დავით კაკაბაძის ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ ქმარს იქედნურად ეკითხებოდა:

- რა, ნახე და დაჭკვიანდი?

- არა, ძვირფასო, - მიუგო ჰაინერმა. - უბრალოდ, გავმდიდრდი…

ა.წ. 8 მარტს „გალერეა TMS“-ში გაიხსნა გამოფენა, რომელსაც თამამად შეიძლება წლის მოვლენა ვუწოდოთ. ის ეძღვნება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ხსოვნას.

ხელოვნების მცოდნეთა და მოყვარულთათვის მისი წარდგენა საჭირო არაა - მას ყველა იცნობს და ის ყველასთვის ძვირფასი იყო. მათ კი, ვინც ამ მხატვრის ჯადოსნურ სამყაროს ჯერ არ შეხებია, მოვახსენებთ, რომ გამოფენა მარტის ბოლომდე გასტანს, და მისი დათვალიერების შემდეგ ნამდვილად გამდიდრდებით.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ლიტერატურული კონკურსი ნიამორი

მარტი, 15:00

„ნიამორის“ სამთო-სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი უკვე სამი წელია იმართება. ეს ფესტივალი მთის ექსტრემის მოყვარულთა დიდი ზეიმია.

ექსტრემალებს, ფოტოებთან და სატელევიზიო ფილმებთან ერთად, ჩანაწერებიც დაუგროვდათ და ამიტომაც, წელს პირველად, „ნიამორის“ ფარგლებში ლიტერატურული კონკურსიც ჩატარდა.

„ნიამორის“ ორგანიზატორებს 35 მონაწილე გამოეხმაურა. ნინო ქადაგიძესთან და პაატა ნაცვლიშვილთან ერთად, ლიტერატურული კონკურსის ჟიური „ცხელი შოკოლადიც“ იყო. ორგანიზატორებისა და ჟიურის წევრების აზრით, მხატვრული ღირებულებების თვალსაზრისით, ნამუშევრებმა მოლოდინი არ გაამართლა და გამარჯვებულის დასახელებაც ამ მიზეზით გაჭიანურდა. საბოლოო გადაწყვეტილება ასეთი გახლდათ; მხატვრული პროზის ნომინაციაში ნიკა იმედაშვილის „უფილტრო სიგარეტმა“ გაიმარჯვა. დოკუმენტური პროზის ნომინაციაში კი გამარჯვებულის ჯილდო ორ ნომინანტს შორის განაწილდა: სოფიო თვარაძის „ამა დაბლამი“ და თინიკო მოსიაშვილის „რა ლამაზია თუშეთი, ლაშარობა თუშური“. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი „კინოს სახლში“, 3 მარტს გაიმართა. გამარჯვებულებს ნინო ქადაგიძემ „წიგნის სახლის“ 100 ლარიანი ვაუჩერები გადასცა. „ცხელი შოკოლადისაგან“ კი მათ ფულადი პრემიები და სიგელები მიიღეს.

4 ფოტოგამოფენა

▲back to top


აქცენტი

კომპანია არსის საგამოფენო დარბაზი
30 მარტი 19:00

0x01 graphic

„ამ ქალაქში ყოველ მეორე დღეს ფოტოგამოფენა იხსნება“ - გასამართლებელი საბუთი არ იქნება, თუ 30 მარტიდან ათი დღის განმავლობაში ვერ მოახერხებთ „არსის“ საგამოფენო დარბაზში შევლას... უკომენტაროდ ვტოვებ!

ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი და დათო მესხი - ამ სახელების მიმართ ერთი გრამი ობიქტურობის გამოჩენაც კი მიჭირს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი სუბიექტური სიყვარული ამ სამი ადამიანის მიმართ ობიექტურობის უმაღლეს კატეგორიას აღწევს. მით უფრო, როცა საქმე მათ ფოტოგრაფიას ეხება.

ნამუშევრები, რომელთაც ჩვენი ფოტოგრაფები „არსის“ დარბაზში გამოფენენ, ჩემს თვალწინ კეთდებოდა - იქმნებოდა, მუშავდებოდა, ირჩეოდა და იბეჭდებოდა. ამიტომ სრული უფლება მაქვს, პირდაპირ მოგიწოდოთ მათი დათვალიერება.

თუ მაინცდამაინც გამოფენის გამაერთიანებელი ნიშანი გნებავთ, ასეთს რამდენიმეს მოგიძებნით: სამივე „ცხელი შოკოლადის“ ფოტოგრაფია, სამივე შავ-თეთრ ფოტოებს წარმოგიდგენთ და სამივე განსხვავებულ განწყობას შემოგთავაზებთ. დიახ, ზუსტად ასე - გამოფენის გამაერთიანებელი ნიშანი არჩეული ორი ფერი და ინდივიდუალიზმია.

ლევან ხერხეულიძის ათივე შავ-თეთრ კადრს, როგორც თვითონ ამბობს, სევდანარევი, მარტოსული განწყობა გასდევს ფონად; დათო მესხთან მეტი ცოცხალი ჰაერია, სიხალვათე და ახალგაზრდები; ნიკო ტარიელაშვილი კი ამბობს, რომ გამოფენისთვის უბრალოდ თავისი ათი საუკეთესო ფოტო შეარჩია, ეგ არის და ეგ. ამ შერჩევის პროცესზე დაკვირვებაც საინტერესო იყო. კომპიუტერთან ფოტოების სკრუპულოზური განხილვა დიდხანს გრძელდებოდა. ერთმანეთს რჩევებსაც აძლევდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, ავტორი იღებდა...

მოკლედ, ბევრი გაცხრილვის, ფიქრის და მოწონებადაწუნების შემდეგ, საგამოფენო ნამუშევრებიც შეირჩა. 30-მდე ფოტოში თქვენ დაინახავთ სამ განსხვავებულ ხედვას, განწყობას და ხასიათს. „ამ ყველაფერს შავ-თეთრი გამოსახულებით გადმოვცემთ. ეს ჩვენი არჩევანია“ - ამბობს ლევან ხერხეულიძე და ყველას გამოფენაზე გეპატიჟებათ.

ავტორი: თამარ ბაბუაძე

5 გერჰარდ რიხტერი „მიმოხილვა“

▲back to top


აქცენტი

0x01 graphic

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, 19 აპრილი, 18.00
ზანდუკელის ქუჩა 16

ზიგმარ პოლკესა და გეორგ ბაზელიცთან ერთად გერჰარდ რიხტერი საერთაშორისო სარბიელზე ყველაზე ცნობილი სამი გერმანელი ხელოვანის რიცხვში ირიცხება. ეს საგამოფენო პროექტი, რომელიც ხელოვანის მიერ შერჩეული ნამუშევრების ერთობლიობას წარმოადგენს, IFA-ს მიერ შედგენილი თანამედროვე მონოგრაფიული გამოფენების რიგს მიეკუთვნება.

გერჰარდ რიხტერისდარი მრავალმხრივი შემოქმედების საზღვარგარეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში ერთ გამოფენაზე ჩვენება თითქმის შეუძლებელია, რადგან პრეზენტაცია, რომელიც საზღვარგარეთ ტურნესთვისაა ჩაფიქრებული და მრავალი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში უნდა მოიაროს, ცხადია, მოცულობით და დატვირთვით შეზღუდული უნდა იყოს. ის გამოფენა კი, რომელსაც ოდნავ მაინც ექნებოდა იმის უფლება, რომ რიხტერის შემოქმედების რეტროსპექტივა რქმეოდა, ფორმატით დაწესებულ ჩარჩოებს დიდად სცილდება. ამ ამბიციურ ჩანაფიქრს ყველაზე მეტად, ცხადია, ის შეესაბამებოდა, რომ თავად გერჰარდ რიხტერისთვის ეთხოვათ, გაეკეთებინა გამოფენა, როგორც ერთგვარი ავტოპორტრეტი, რომლითაც ის თავის თავსა და თავის შემოქმედებას საზღვარგარეთ წარადგენდა.

1997 წელს, როცა გერჰარდ რიხტერს ჰკითხეს, ხომ არ ისურვებდა საზღვარგარეთთან ურთიერთობის ინსტიტუტისთვის გამოფენის გაკეთებას, მან საფუძვლიანი ფიქრის შემდეგ ამ თავგადასავლისთვის მზადყოფნა განაცხადა. თანხმობიდან გამოფენის შექმნამდე დრო გავიდა, და ამ დროის განმავლობაში გერჰარდ რიხტერი მუშაობდა თავის ტილოზე „შავი, წითელი, ოქრო“ ბერლინის ყოფილ რაიხსტაგის შენობისთვის. ამ შესანიშნავი ნამუშევრის ირგვლივ გაჩაღებულმა პოლიტიკური ხასიათის დებატებმა ხელოვანს „საჯარო“ საქმიანობის სურვილი შეურყია. მან მხოლოდ საკმაოდ დიდი დროის შემდეგ შეძლო ამ არცთუ იოლი ამოცანისთვის თავის გართმევა. გამოფენის გახსნას ბატონი დიტმარ ელგერი დაესწრება, გერჰარდ რიხტერის ბიოგრაფი და დრეზდენში მისი არქივის ხელმძღვანელი.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ეთერ ჭკადუა

ქართული ART-პროდუქტი
პირველად ვენეციის ბიენალეზე

„განიცადე შეგრძნებებით - გაიაზრე გონებით. ხელოვნება აწყმო დროში“. 2007 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, რიგით ორმოცდამეთორმეტე ვენეციის ბიენალე ამ კონცეფციით გაიხსნება. ბიენალეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ბებერი ღონისძიება საუკუნეზე მეტია არსებობს და საკმაოდ წარმატებულიცაა. ყოველ წელს, უზარმაზარი საერთაშორისო გამოფენა ასამდე თანამედროვე ხელოვანს მასპინძლობს და მათგან რჩეულებს აქტიურ პროპაგანდასაც უწევს. უახლესი ტენდენციების გასაცნობად, ვენეციას, ბიენალეს დროს, სამასი ათასზე მეტი ხელოვნების მოყვარული სტუმრობს.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს ეგიდით, წელს პირველად, სამი ქართველი თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრები საგანგებოდ მათთვის შერჩეულ პავილიონსა და საგამოფენო სივრცეში დაიდებენ დროებით ბინას. აქამდე ეს პატივი ქართველ არტისტებს არ ჰქონიათ და მხოლოდ ჯგუფური გამოფენებით შემოიფარგლებოდნენ.

საორგანიზაციო ჯგუფმა მრავალი კანდიდატი განიხილა და საბოლოოდ სამი მონაწილე დაასახელა. ეთერ ჭკადუას ფერწერულ ტილოებს, სოფიო ტაბატაძის ინსტალაციას და თამრიკო კვესიტაძის (თანაავტორები პაატა სანაია, ზურა გუგულაშვილი) სახელოსნოს ქანდაკებებს ბიენალეს სტუმრები ივნისში იხილავენ.

სოფო ტაბატაძე ბიენალეზე ქართული დღევანდელი ყოფის თემატიკის ინსტალაციას Humancon Undercon წარმოადგენს. სახელი ასე იშიფრება: Human Condition Under Construction (ადამიანის ყოფა შენების პროცესში). იდეა ქუჩაში, საკუთარი ან მეგობრის სახლის ფანჯრიდან „დაინახა“; მერე დახატა, ფოტოც გადაუღო და ერთ კონტექსტში, საერთო სივრცეში მოაქცია. „ეს დაქუცმაცებული რეალობები“ ყველას გვინახავს; უსახური, მონსტრი „ხრუშჩოვკების“ წინ გაშენებული პატარა ოაზისები პალმებით! ან „ხრუშჩოვკის“ ფასადზე არქაული, ხის რიკულებიანი აივანი და აივნებზე აყვანილი ვაზი - ესენი საერთო კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი, დისონანსური მიკროსამყაროებია, რომლებიც ყველას და ყველაფრისგან დამოუკიდებლად არსებობს.“

ინსტალაციის საბოლოო იერსახეზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან სოფოს „ქართული პროზა“ სწორედ ზემოთ ხსენებულ პავილიონში, მაისის ბოლოს, ბიენალეს გახსნამდე გაცოცხლდება. დაველოდოთ, როგორ შეაფასებს ეროვნულ არტ პროდუქტს „ბებერი“ ბიენალე.

ავტორი: ნინო ლომაძე

6 პრუსტის კითხვარი

▲back to top


გაგა ნიჟარაძე
ფილოსოფოსი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

1. როგორი წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?

კარგი ბიბლიო- და ფონოთეკით აღჭურვილი ბუნგალო ტროპიკულ კუნძულზე, არცთუ შორს კონტინენტისაგან.

2. თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან?

იო-იო (ალან მილნის „ვინი-პუჰი“)

3. თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი?

ჰენრი IV ბურბონი

4. ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?

ინგლისელი ზოოლოგი და მწერალი ჯერალდ დარელი იყო, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

5. თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ?

სიკეთე და იუმორის გრძნობა

6. თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება?

ყველაფერს აქვს თავისი ფასი.

7. ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია.

Homo homini lupus est.

8. თქვენი საყვარელი საქმიანობა.

უცხო ქალაქში ხეტიალი

9. არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?

კეთილი ჯადოქარი

10. თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?

ცნობისმოყვარეობა

11. რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?

უანგარობას

12. თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?

სიზარმაცე

13. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?

სიბრიყვე

14. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

ავსტრალიაში, იტალიაში

15. თქვენი საყვარელი ფერი?

მწვანე

16. თქვენი საყვარელი ყვავილი?

მზესუმზირა

17. თქვენი საყვარელი ჩიტი?

თუთიყუში

18. ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპათიურად ხართ განწყობილი?

სტალინი და ჰიტლერი

19. რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოვებული?

მუსიკალურით

20. როგორ სიკვდილს ისურვებდით?

ძილში

21. თქვენი დევიზი?

ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება

22. რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

ომის

23. საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ?

არ ვიცი

24. თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?

გულგრილობა პოლიტიკის მიმართ

25. რა შემთხვევაში ცრუობთ?

როცა არ ვთვლი საჭიროდ სიმართლის თქმას

26. ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ საუბარში რომელ ფრაზებს იყენებთ?

„ჩემი სიკვდილი და არგადარჩენა!“

27. რას ნანობთ ყველაზე მეტად?

რომ ოცი წლით გვიან არ დავიბადე

28. განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

დაბადების თარიღს (იხ. წინა შეკითხვა)

29. რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?

სისუფთავეს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში

30. რაზე ოცნებობთ?

დედამიწის გარშემო ხანგრძლივ მოგზაურობაზე

7 დაბალი და მაგარი

▲back to top


წერილი ჰამბურგიდან

გიორგი გვახარია

0x01 graphic

ტურისტული სააგენტოსგან შეკვეთა არ მიმიღია. ამიტომ არ ვწერ ჰამბურგზე.

თანაც, აბა, რომელ ტურისტულ ფირმაში შემოგთავაზებენ საგზურებს ჰამბურგში? შორსაა, თბილისიდან პირდაპირი რეისი არ არსებობს, და ალბათ, არც არასდროს იქნება, არც ციხეებისა და სასახლეების სიმრავლით გამოირჩევა (მგონი, საერთოდ არაა), ვერც იაფი მაღაზიებითა და ბაზრობებით მიიზიდავს ვინმეს.

მაშ, რა აზრი აქვს წერას ქალაქზე, სადაც ქართველები არ ჩადიან?

არა, ცხოვრებით კი ცხოვრობენ ჰამბურგში - ზოგი კონსერვატორიაში მუშაობს, ზოგს კომპიუტერული ფირმა აქვს. „ქართული წრეც“ არსებობს, რომელიც დროდადრო ჩვენი კულტურის დღეებს მართავს. უსაქმურებიც არიან, ალბათ. ჰამბურგში ცხოვრობს ჩემი მეგობარი, ნუცა მესხიშვილი, თავის - როგორც დღეს ამბობენ ხოლმე - „წარმატებულ“ ქმართან და სამ შვილთან ერთად... მაგრამ მაინც არ გამიგია რომელიმე ქართველს ეთქვას, ჰამბურგში მივდივარ, ქალაქი უნდა დავათვალიეროო.

არც ნუცაზე ვაპირებ წერას. არ გამომდის ასეთი წერილები.

თუმცა ჰამბურგის ამბავი მაინც ნუცას 4 წლის ბიჭით, გიორგით მინდა დავიწყო.

გიორგი ფრანგულ სკოლაში სწავლობს. ფრანგულის გარდა, გერმანულიც იცის. თუმცა სახლში ქართულად ლაპარაკობს. ძალიან ჩაფიქრებული ბავშვია, როგორც ამბობენ ხოლმე, უჟმური.

მაგრამ სწორედ ასეთ ხალხთან მიყვარს კონტაქტი.

ხან აქედან მოვუარე, ხან იქიდან. ჩხირკედელაობდა და არ ეცალა ჩემთვის. მარტო „ჰოს“ და „არას“ მეუბნებოდა. ბოლოს ვკითხე, გერმანული უკეთესი ენაა თუ ფრანგული-მეთქი.

ასწია თავი. თვალებში შემომხედა. ერთი წამით დაფიქრდა და მიპასუხა:

„ასეთი რაღაცეების ლაპარაკი არ შეიძლება!“

მას მერე სულ იმაზე ვფიქრობ, ნეტა ჩვენმა პარლამენტარებმა მაინც თუ იციან, რომ ასეთი რაღაცეების ლაპარაკი არ შეიძლება? ან ჩვენმა მწერლებმა, ჟურნალისტებმა? ნეტა ის მაინც თუ იციან, რომ ასეთი იდიოტობა არ უნდა იკითხო.

ჰამბურგში უნდა წახვიდე, ამას რომ მიხვდე. 4 წლის გიორგი გაიცნო და ერთი დღე მაინც გაიარო ქალაქში, რომელიც არც ერთ ქალაქს არ ჰგავს ევროპაში...

შედარებების მოყვარულები კი, ამბობენ ჰგავსო - ჩრდილოეთის ვენეციააო. ქალაქის რელიეფს გულისხმობენ - არხებზეა გაშენებული და 2400 ხიდია (სადღაც წავიკითხე, რომ ხიდების რაოდენობით ყველა ქალაქს უსწრებს დედამიწაზე). მაგრამ სად ჰამბურგი და სად ვენეცია? სად ეს წარმოუდგენელი დინამიკა, მრავალფეროვნება და სად სტატიკური და ნეკროფილური იტალიური დეკადანსი?

აი, ახლაც, ვწერ ჰამბურგზე და კინაღამ ისევ დავუშვი შეცდომა, რომლის გამოც ერთხელ სამართლიანად შემარცხვინეს. კინაღამ დავწერე - ჰამბურგი კინემატოგრაფიული ქალაქია, აი ისეთი, ფასბინდერმა როგორც გადაიღო „კერელში“... სულ რატომ მავიწყდება, რომ „კერელი“ ჟან ჟენეს ნაწარმოებია და გარკვევით ჰქვია „კერელი ბრესტიდან“ და რომ ეს არც ბელორუსიის ბრესტია და არც ჰამბურგი. მოქმედება საფრანგეთის საპორტო ქალაქში ხდება.

აბა, რატომ მგონია სულ, რომ ფასბინდერმა „კერელი“ სწორედ ჰამბურგში გადაიღო?

იმ ეროტიკული მუხტის გამო, რომელიც ყველა საპორტო ქალაქისთვისაა დამახასიათებელი?

ტურისტებსაც ხომ, როგორც წესი, ერთადერთი ღირსშესანიშნაობის გამო ეპატიჟებიან ჰამბურგში - ეპატიჟებიან „ცოდვის ბუდედ“ მონათლულ რეპერბანის ქუჩაზე, ვიტრინებში გამოფენილი ცოცხალი მეძავებით. ღამე აქ დღეა, დღე კი - ღამე. და, რაც მთავარია, რეპერბანი ერთადერთი ადგილია ევროპის კავშირში, სადაც კანონები არ მოქმედებს. აქ თავისი კანონები აქვთ. გამურული ჭიშკრით გადაკეტილ ქუჩაზე, სადაც მეძავები არიან გამოფენილი, ქალების შესვლა სასტიკად აკრძალულია. უფრო სწორად, შესვლით კი შეხვალთ, მაგრამ მერე რაც მოხდება, პოლიცია პასუხს არ აგებს. თუკი მეძავებმა „კანონის დამრღვევი“ ცნობისმოყვარე მანდილოსნები გალახეს (მოკვლით, როგორც გაირკვა, არავინ მოუკლავთ), პოლიცია იტყვის, თავის თავს დააბრალოს, უნდა სცოდნოდა, სად შედიოდაო.

0x01 graphic

რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის ეს ეროტიკაა (და ეგზოტიკაც) - წარმოიდგინო თავი იმ მეზღვაურად, რომელიც ხანგრძლივი კრუიზის შემდეგ ჩადის ჰამბურგში. სულ ერთი ღამე აქვს თავისუფალი. სად უნდა წავიდეს თუ არა საროსკიპოში? მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეროტიკულ მუხტს აქ არა ვიტრინაში გამოფენილი გოგო ქმნის (ბევრ ქალაქშია ასეთი ქუჩა და ასეთი გოგო), არამედ სწორედაც რომ ვიღაც „სხვად“ თავის წარმოდგენა, ადამიანურ კონტაქტს, ადამიანის სხეულს, გნებავთ, ადამიანის კანსა და სუნს მონატრებულ მეზღვაურთან იდენტიფიკაცია - მეზღვაურთან, რომელიც დადის, ათვალიერებს, ევაჭრება. თავად ეს პროცესია მისთვის ეროტიკისა და სიცოცხლის გამოხატულება.

დიახ, ჰამბურგში „სხვაში შესვლა“ წყალზე მოსიარულე მოგზაურთან იდენტიფიკაციას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის ზღვა საკმაოდ შორსაა, უზარმაზარი გემები ელბაზე, პორტი, რომელიც მალე რვა საუკუნის გახდება, საზღვაო საბაჟოს კვარტალი, რომელიც 87 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს (მთელი ქალაქია), თევზის სახელგანთქმული ბაზარი, თავისი სუნით, სრულ ილუზიას ქმნის იმისა, რომ თავადაც წყალში ხართ. ოღონდ კი არ ტივტივებთ, როგორც ვენეციაში (მხოლოდ მე-19 საუკუნეში ააშენეს აქ რენესანსის სტილის „არკადები“, რათა ქალაქი ვენეციას დამსგავსებოდა), არამედ დაცურავთ, უფრო სწორად, დადიხართ, დააბიჯებთ და ათვალიერებთ. დაახლოებით ისე, თეთრი მეზღვაურები რომ ათვალიერებენ წითელ ვიტრინაში გამოფენილ მეძავებს.

ვუაიერიზმი კინემატოგრაფისტის ვნებაა. და ქორეოგრაფისა.

ჯონ ნოიმაიერმა სწორედ ჰამბურგში დააფუძნა თავისი საბალეტო დასი. საუკეთესო თუ არა, ყველაზე კინემატოგრაფიული ბალეტი მსოფლიოში. თავისი „გედის ტბა“ ბავარიის „მთვარეულ მეფეს“, ლუდვიგ მეორეს მიუძღვნა. ჰამბურგში დადგა სპექტაკლი ბავარიის მეფეზე!

გერმანელები სამხრეთის ქალაქ მიუნხენს და ჩრდილოეთის ნავსადგურს, ჰამბურგს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. ორივე ქალაქში ხომ მდიდრები ცხოვრობენ (ზოგიერთი მონაცემით, ჰამბურგში ყველაზე მეტი მილიონერია გერმანიაში). მაგრამ არსებობენ მდიდრები და ახლადგამდიდრებულები. არსებობს ბურჟუაზია და წვრილი ბურჟუაზია.

მიუნხენი - იმათია. ახლადგამდიდრებულების. ძალიან უხარიათ, რაღაცას რომ გამოკრეს კბილი. ლამის ფანჯრებზე გამოფინონ დაგროვილი და მოპოვებული. შეაკოწიწონ და ზიზილ-პიპილებით მორთონ.

საწყალ ლუდვიგსაც ასე გაუკეთეს. სწორედ ასეთი სილამაზის მეფედ აქციეს.

ჯონ ნოიმაიერმა მოაშორა ეს საზიზღარი, წვრილბურჟუაზიული ნიღაბი და მეფე გედის ძიებაში მცურავ მეზღვაურად აქცია. მხოლოდ ჰამბურგში შეიძლებოდა კაცს დაბადებოდა ჩაიკოვსკის გადაღეჭილი ბალეტის ასეთი ინტერპრეტაციის იდეა. და არა მარტო იმიტომ, რომ ქალაქი გედებითაა სავსე, უზარმაზარი ტბა ალსტერი კი მთლად ქალაქის ცენტრშია... ეს არაა მთავარი! უბრალოდ, ჰამბურგში განუწყვეტლივ გრძნობ იმ ვაჭარი-მოგზაურების სულს, რომელთაც მთელი მსოფლიო შემოიარეს, გამდიდრდნენ და აქ, სიმწვანეში ჩაფლულ (მწვანე - ქალაქის ოფიციალურ ფერად ითვლება) დაბინავდნენ. ამ ხალხს არ სჭირდება ზიზილ-პიპილების გამოფენა ფანჯრებზე. ისინი არავის უმტკიცებენ რამეს. ისინი უკვე თავად არიან მეფეები!

0x01 graphic

0x01 graphic

რა თქმა უნდა, მოგვიანებით სხვებსაც გაუჩნდათ ამ სამყაროს ბატონ-პატრონად გამოცხადების ვნება - მოსწონდათ მსხვილი ბურჟუაზიის გვერდით რომ ცხოვრობდნენ. მაგალითად, დიმიტრი კოვტუნს, რომელიც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეშია გარეული. ხომ გახსოვთ, ლიტვინენკოს მოწამვლამდე რამდენიმე დღით ადრე კოვტუნი ღამეს ათენებს ჰამბურგში, ალტონას რაიონში, თავის ყოფილ მეუღლესთან, რომლის ბინაში, ერცერბერგერშტრასეზე, მოგვიანებით რადიაციის ნაკვალევი აღმოაჩინეს.

აქაც ვიყავით და „რადიაციულ სახლს“ სურათი გადავუღეთ.

რას არ ნახავს კაცი ჰამბურგში?! თუკი ნამდვილი „ჰამბურგერის“ გასინჯვა გინდათ, აქაურ „ბურგერკინგებს“ უნდა ეწვიოთ. ამბობენ, „ჰამბურგის ბიფშტექსის“ (ბიფშტექსის ბუტერბროდები ამერიკაში სწორედ ჰამბურგიდან მოხვდა) დანახვაზე, ყველაზე პრინციპულ ვეგეტარიანელსაც კი ნერწყვი მოადგებაო. თუკი თევზი გიყვართ, რამდენიც გინდათ, როგორიც გინდათ... და თუკი, უბრალოდ, ყავის სმა გიყვართ კაფეში, მოკალათდით ფანჯარასთან, დაიდგით ფინჯანი და უყურეთ, როგორ გადიან და შემოდიან უზარმაზარი გემები.

ასეთ სურათს სხვაგან სად ნახავთ? გემები დგანან ისე, ტროლეიბუსების პარკში რომ იდგნენ ოდესღაც თბილისში. თანაც აქვე, ძველ ნავსადგურთან, უზარმაზარი საბაჟოა, სადაც სულ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. მაგრამ ეს იმ ტურისტების ხმა არაა - თავიანთი ფოტოაპარატებით, ვამპირებივით რომ ყლაპავენ ჰაერს. სხვადასხვა ენაზე აქ საქმიანი ხალხი ლაპარაკობს - შორეული მოგზაურობიდან ბრამსისა და ბისმარკის ქალაქში დროებით შემოსულები, ან აქ დამკვიდრებულნი.

0x01 graphic

ჰამბურგში ტურისტი საერთოდ არ მინახავს. შეიძლება სეზონი არ იყო - გიჟები ხომ არ არიან, ჩრდილოეთის ვენეციას ზამთარში ეწვიონ? თანაც, ყველამ იცის, რომ 1943 წელს მოკავშირეთა ავიაციამ თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა ეს ქალაქი. მართალია, შენებისა და შრომის მოყვარულმა გერმანელებმა რაღაცეები აღადგინეს: ნეორენესანსის სტილის რატუშა, რომელიც აქაური პარლამენტისა და სენატის რეზიდენციად იქცა, წმინდა იაკობის ტაძარი (აქაა ორღანი, რომელზეც ბახი უკრავდა), წმინდა მიხაელის ულამაზესი ეკლესია, სახელგანთქმული „ჩილის სახლი“ - უზარმაზარი აგურის შენობა, რომელსაც ხომალდის ფორმა აქვს... ტურისტებისთვის განკუთვნილი სიძველეები მაინც არ ქმნიან ჰამბურგის სახეს.

მორთულ-მოკაზმულ არქიტექტურას, ლამაზი ტურისტული ფოტოებისთვის რომაა განკუთვნილი, გაშეშებული დამთვალიერებელი უყვარს. გაჩერდი და ატრიალე თვალები! მაგრამ ჰამბურგი რომ აღიქვა, ძალიან ბევრი უნდა იარო ფეხით ან მანქანით, რადგან მდიდარი ბიურგერების ვილების ქალაქი, რომელშიც მაღალ შენობას საერთოდ ვერ ნახავთ, უზარმაზარ სივრცეშია გაშლილი. წითელი აგურის მოდერნის სტილის ეს სახლები და მინის პასაჟები კონტრასტებზე აგებული სივრცის ჯაჭვში ერთიანდება, საოცრად ძუნწი დეკორით. ჰამბურგში მგონი პირველად გავიაზრე, რომ არქიტექტურული განტვირთულობა სიძლიერის ილუზიას ქმნის.

თუმცა რატომ ილუზიას? როცა არქიტექტურა ფონი არ არის, როცა ადამიანის ხასიათის ორგანული ნაწილია, სიძლიერე უკვე ორგანული და გადამდები ხდება. ჰამბურგში გეჩვენება, რომ ხალხიც ისეთია, როგორც არქიტექტურა - ძალიან სადად ჩაცმული (არადა, მსხვილი ბურჟუაზიაა!), სულ მუდამ გაღიმებული, კეთილგანწყობილი და ღია ხალხი. ჰამბურგელების ჩაცმულობით ვერაფრით მიხვდები, ვინ მდიდარია და ვინ ღარიბი, რომელ უბანში ცხოვრობს, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება.

საერთოდ, გერმანია სოციალური ქვეყანაა და, თუ არ ვცდები, მიუნხენისა და შტუტგარტის გარდა, სხვაგან ვერსად ნახავ ადამიანს, რომელსაც გამორჩეულობის ინსტინქტი ცხოვრების წესს კარნახობდეს. მაგრამ თანასწორობის განცდა, ამავე დროს, სრულიად ერთფეროვანსა და მოსაწყენს ხდის ცხოვრებას; ყველაფერი კატასტროფულად ემსგავსება ერთმანეთს - ხალხიც და ქალაქებიც.

ჰამბურგს ეს საშიშროება არ ემუქრება. მიწაზე, ელბის ქვეშ გაყვანილი გვირაბიდან და წყალზე, სადაც მდინარე, არხი, ჩრდილოეთის ზღვა ერთ თაიგულად მთლიანდება, მრავალფეროვნება და სიჭრელე შემოდის. ეს მრავალფეროვნება გაივლის საბაჟო ტერმინალს, ცოტა გაიფილტრება და გაიშლება ჰამბურგის ზედაპირზე. არ არის, ალბათ, შემთხვევითი, რომ the Beatles-ის პირველი უცხოური გასტროლები 1960 წელს სწორედ ჰამბურგის კლუბებში მოეწყო. სიახლეს აქ ადვილად ითვისებენ, რადგან იციან, მათ დაბალ, მაგრამ ძალიან მაგარ ქალაქს სიახლე საშიშროებას ვერ შეუქმნის. მხოლოდ გააძლიერებს და გაამყარებს.

ჰამბურგელებმა, ეტყობა, ბავშვობიდან ისწავლეს - არ არსებობს „უკეთესი“ და „უარესი“ კულტურა. ყველა ერთია და ყველა განსხვავებული. უცხოსი ეშინია მხოლოდ იმას, ვინც გუშინ თუ გუშინწინ დააგროვა „პატარა რაღაცეები“. იმას კი, ვინც დადის, დაცურავს, თუ, გნებავთ, ვინც ვაჭრობს, ანუ, ვინც მუდმივ კონტაქტშია, ჩვენი საუკუნის სახიფათო სენი, აუტიზმი არ ემუქრება.. ამიტომაც ვერ მივაგენი ჰამბურგში სუბკულტურის პატარა აჩრდილსაც კი; ვითომ, „ალტონაა“ თურქების რაიონი, მაგრამ ერთი შეხედვით, ამას ნამდვილად ვერ მიხვდებით, ვიღაცამ უნდა აგიხსნათ. არის კიდევ უბანი, რომელსაც „პორტუგალიური“ ქვია, მაგრამ ვის გაუგია პორტუგალიელი „სუბკულტურისტი“? ვის გაუგია სისხლით, ხორცით და ისტორიით მოგზაური აუტიზმის სენით დაავადდეს?

არსებობს სტატიკური და დინამიური ადაპტაციაო - წერდა ფრომი „თავისუფლებისგან გაქცევაში“. სტატიკური ადაპტაცია - იგივე შემგუებლობააო, დინამიური კი - სიახლის გათავისება და სულიერი გამდიდრებაო.

არ ყოფილა ცუდი სიტყვები „სიმდიდრე“ და „გამდიდრება“.

და თუ არ გჯერათ, წადით ჰამბურგში. დაუკავშირდით იქაურ ქართველებს, თქვენს ნაცნობ გერმანელებს, მოსთხოვეთ მოწვევები და წადით!

ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ გარწმუნებთ, ფულს დახარჯავთ და გამდიდრდებით.

8 ლიკა ქავჟარაძე ჩანაწერები პირველ პირში

▲back to top


ისტორია

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ფოტო: ლევან ხერხეულიძე, არქივი

0x01 graphic

ოთახში მარტოა. არ ცივა, მაგრამ ის მაინც პლედში გახვეული ზის ძველ სავარძელში. სიგარეტს სიგარეტზე უკიდებს და სადღაც შორს იყურება. მოწევა მისთვის ყველაზე დიდი კომფორტია. ჩართული ტელევიზორი რაღაცას გუგუნებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის. ფიქრობს, არ ვიცი რაზე, ეს არავინ იცის. აი, რაზეც არასდროს იფიქრებს - ეს სიგარეტისთვის თავის დანებებაა. ტელეფონის ზარი ისმის და - ალო, დიახ, ლიკა ვარ. რომელი ჟურნალიდან? აა... კარგი, დიახ. შევთანხმდით.

არ მინდოდა, მაგრამ ვერსად გავექეცი მარიტას სახეს; როლს, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი რამ განაპირობა. კინოში შესრულებული 30-მდე როლის მიუხედავად, ის ყველასთვის მაინც იმ 15 წლის მარიტად დარჩა, რომელიც პატარა ხელებში ძლიერად მოკუმულ ციცქნა, მკვდარ ჩიტს დასცქეროდა სევდიანი თვალებით. სახე, რომელმაც უეცარი პოპულარობა მოუტანა; რომელმაც მისი შემდგომი ცხოვრება გამოძერწა. ამაზე ხშირად ფიქრობს, მით უმეტეს ახლა, როცა თავისუფალია. მართლა თავისუფალი. თავისუფალი ყველასგან და ყველაფრისგან; სამუშაოსგანაც კი. უბრალოდ, როცა მოუსვენარ ჟურნალისტებს თავში ამოუტივტივდებათ ხოლმე მისი სახელი, ოთახში ტელეფონის ზარი ისმის და - ალო, დიახ, მე ვარ. რომელი ჟურნალიდან? აა... კარგი, დიახ. შევთანხმდით.

0x01 graphic

0x01 graphic

ნატვრის ხიდან დავიწყო?
იქნებ ცოტა უფრო ადრე...
ადრე? რა იყო ადრე...

„5 წლის ვიყავი. დედა მოვიდა და რატომღაც მეზობელთან გამიყვანა. თითქოს იქ დამმალა. საშინელი სიჩუმე იყო. სიწყნარე. უცბად სადარბაზოდან ყვირილი მომესმა, დავიბენი. ვერ გავიგე რა ხდებოდა. გამოვიპარე და კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე. ბებია იდგა, სულ შავებში. ტიროდა. დედაც იქ იყო. ბაბუაჩემის სახელს იმეორებდნენ. ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი. შემეშინდა. სიკვდილის შემეშინდა. ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ დღემდე მახსოვს და იცი... მეშინია. საკუთარის არა, მეშინია ვინმეს არ დაემართოს ჩემს გარშემო.

მაშინ საბურთალოზე ვცხოვრობდი. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ის ბინა გავყიდე, იქ ვეღარ ვიცხოვრებდი. მართალი გითხრა, არასდროს მომნატრებია ის სახლი. ბებია ავად იყო, დედაც იქ გარდაიცვალა... სამნი ვცხოვრობდით, წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი.

დედა ძალიან მკაცრი იყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა. არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას ყოველთვის ჩემს მაგივრად აკეთებდნენ, ხან ვინ და ხან ვინ - ყველა, ჩემს გარდა. ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა მოიქცე, ეს უნდა ჩაიცვა, სულ დაძაბული ვიყავი. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა..

მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი - უნდა! გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან - ისევ დედა ან ბებია... 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.

ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი...

მეე? მე ვცდილობ არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა.“

0x01 graphic

ლევან თაქთაქიშვილი

ძნელია დედაშენზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, ომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება - და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა.

დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე; რა ვიცი, თავის ცხოვრებაზე.

არა, ეგ არასდროს მიგრძვნია, ან შეიძლება არ ვაკვირდებოდი, პატარა ვიყავი; უბრალოდ, ძალიან მოსაბეზრებელი იყო - ეს ლიკას ბიჭიაა... შენ კი დებილივით დგეხარ და იღიმები. პირველად, ნატვრის ხე როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა.

არასდროს მივლია ლიკას მონაწილეობით გადაღებული ფილმების ჩვენებებზე, არც დეფილეებზე. ჰო, პოდიუმზე რამდენჯერმე გამოვიდა. არ ვიცი, რატომ. შეიძლება რაღაცნაირად მრცხვენოდა? შეიძლება. ისე, ერთხელ, 8 წლის როცა ვიყავი, მეც გამომიყვანა ჩვენებაზე. მარტო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რაღაც ქურთუკი ჩამაცვეს და მერე მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა.

რა ვიცი... გავხარო, მეუბნებიან. ლიკა უფრო ჩაკეტილი ადამიანია, მეც ასეთი ვარ. იცი, მახსოვს, რომ სულ მენატრებოდა. მამაჩემი ფიზიკოსია და სულ სადღაც იყო წასული, თვეობით მიდიოდა. ლიკას იმ პერიოდში გადაღებები ჰქონდა. ამიტომ, უფრო ბებიაბაბუასთან ვიზრდებოდი.

რა მახსენდება? მმმ, არაფერი ისეთი. სამუშაოს გამო, თითქმის სულ ცალ-ცალკე იყვნენ, მერე ურთიერთობაც არ ჰქონიათ მაინცდამაინც კარგი. კი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, დიდი ვიყავი, მაგრამ ჩემი განცდები მაინც მქონდა. ახლა ლიკა ლევანთან ერთად ცხოვრობს, ისინი მეორე სართულზე, მე - მეოთხეზე; მამაჩემი - სანდრო ახალ ცოლთან ერთადაა ამერიკაში. რა ვიცი, მგონი, ყველაფერი კარგად არის.

ლიკა? ჯიუტია. თან გააჩნია რა ხასიათზეა. აი, დილით რომ ადგები, უკვე ხედავ, რომ დღეს რაღაც სხვანაირადაა... რა ვიცი... სულ რაღაცეებს უშვრება თმებს, შეიჭრის, შეიღებავს რაღაცფრად. უხდება-არ უხდება, მაინც გააკეთებს. ხან სევდიანია, უცებ მხიარული, უცებ ჯიუტი და უცებ შეიძლება... რა ვიცი, კიდევ როგორი. ლიკა ბევრნაირია.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ნატვრის ხე

. . .

„დღეს ჩემს ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, კინოს თუ გულისხმობ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცაში ხარ გამოკიდული. რას იზამ... არ არის სამუშაო, მაგრამ ამისგან არ ვქმნი ტრაგე დიას, არც არაფერს ველოდები. კი, მენატრება, მაგრამ ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. სამწუხაროდ, ასეა თუ ისე, ხალხი ჩემს სხვა ფილმებს არ იცნობს, ან ნაკლებად იცნობს. მხოლოდ „ნატვრის ხე“ იციან; ალბათ იმიტომ, რომ გამორჩეულად კარგი ფილმი გამოვიდა.

მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, პატარაობიდანვე მუსიკაზე დავდიოდი და ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თეატრალურში პრინციპულად არ ჩავაბარე.“

დინი ვირსალაძე:

ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში ერთად ვსწავლობდით. ახლაც მახსოვს ლიკა შეკრული თმებით, ყოველთვის ძალიან სადად ჩაცმული და ნოტებით ხელში. ბევრი მინახავს კინოში, სცენაზე, როდესაც პატარა ასაკიდან ხდებიან პოპულარულები, რაღაც ემართებათ. ლიკას ეს არასდროს დამართნია - ძალიან თავმდაბალია. უბრალო და სადაა. ძალიან ღრმა და საინტერესო ადამიანია.

სადღაც ჩაკეტილი, ზოგჯერ პირიქით, სულ ხალხშია და ისეთ ენერგეტიკას იძლევა... ერთხელ ჯაზ-ფესტივალზე მოვიდა, სადაც მე ვუკრავდი. რას შვრებოდაა... სკამზე დადგა! ნამდვილი ფანივით იქცეოდა, ცეკვავდა...

მაკა ნაცვლიშვილის ჩვენებაზე ორჯერ გამოვედით. ერთხელ მაკას ვუთხარი, - რაღა დროს ჩემი გამოსვლაა, როცა 18 წლის გოგონები გყავს-მეთქი და - რაო, იყვირა ლიკამ, ჩვენ მაგათ ყველას ფორას მივცემთო!

. . .

„ჩოგბურთზე მინდოდა სიარული, მაგრამ არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ მაჯისთვის იყო ცუდი. თხილამურზე დადგომა არ შეიძლებოდა, ვაითუ რამე მომტყდომოდა... მერე მუსიკა?! სულ ფილტვების ანთება მემართებოდა და ამიტომ დედას ფიგურულ სრიალზე დავყავდი.

ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, მერე კონსერვატორია დავამთავრე, სხვათა შორის, წითელ დიპლომზე და მას მერე, დიდი ხანი, ალბათ 20 წელი, კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში ვასწავლიდი. ხომ იცი, მერე დაიწყო ომი, უბედურება... ბოლოს 60 ლარს მაძლევდნენ, რაც გზაშიც არ მყოფნიდა და ამიტომ პედაგოგობასაც დავანებე თავი.

რაზე ვოცნებობდი? ბავშვობაში საოცნებო დროც კი არ მქონია - ვინ გამოვალ, აი, რომ გავიზრდები ვიქნები... არა! ყველაფერი უცბად დაიწყო - მუსიკა და კინო.

შემთხვევით მიპოვა ვიღაცამ და სასინჯ გადაღებებზე მიმიწვია. „ნატვრის ხე“-მდე 4 ფილმი იყო: ლია ელიავას, ლანა ღოღობერიძის, რეზო გაბრიაძის... სწორედ რეზოსთან მნახეს ფილმში და „ნატვრის ხის“ სასინჯ გადაღებებზე მიმიწვიეს.“

ნანა ჯანელიძე:

თენგიზმა ლიკა და სოსო, რეზო გაბრიაძის ფილმში ნახა, ერთად თამაშობდნენ. მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი სჭირდებოდა. არადა, დიდი შესარჩევი კონკურსი იყო, ვინ არ ვცადეთ: ნინო ბურდული, ნინელი ჭანკვეტაძე... ლიკა განუმეორებელი იყო. სრულიად გამოუცდელი, მაგრამ ეტყოდი - აქ მინდა ეს, და ამას იქვე გიკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურში არ უსწავლია და სრულიად გამოუცდელი იყო, ძალიან ნიჭიერი და მგრძნობიარე მსახიობია. მე ლიკასთან მერეც ვიმუშავე, როცა ჩემს ფილმს ოჯახს ვიღებდი.

მაგრამ, იცი რას გეტყვი.... მთელი ქვეყანაა დამნაშავე იმაში, რომ ის ისე არ გამოიყენეს, როგორც საჭირო იყო. შეიძლება იმის ბრალიც არის, რომ საქართველოში დიდი ხანი კინო აღარ არსებობდა. ლიკა აქ არ უნდა დაბადებულიყო. რომი შნაიდერის გარეგნობის, უფრო კარგიც კი, ის ფრანგული კინოს ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. ის ბერგმანის, ვისკონტის ტიპის მსახიობია.

0x01 graphic

. . .

„თენგიზთან მუშაობა ადვილი იყო. თვითონ ადამიანი იყო ისეთი, რომ ბევრს არ ლაპარაკობდა. ერთს გეტყოდა და მორჩა. „ნატვრის ხეს“ დიდი პოპულარობა მოჰყვა, მაშინ 15 წლის ვიყავი. დასაწყისში სასიამოვნო იყო. მახსოვს სკოლაში, როცა სასადილოში ურიგოდ მიშვებდნენ, სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ბილეთებს უფასოდ მაძლევდნენ, ქუჩაში მცნობდნენ. სულ პატარა, უცებ თეირანში აღმოვჩნდი, ფესტივალზე. რაღაცეები შევიკერე, რაღაცეები ვითხოვე მეგობრებისგან... გამოვიპრანჭე და წავედი. არ ვიცი, საიდან გაიგო თენგიზმა, მაგრამ იქ ყოფნისას მითხრა, მგონი შაჰის შვილს უნდა შენი მოტაცებაო და შემეშინდა! მართლა შემეშინდა! მე ხომ შეყვარებული არც მყოლია! არ ვიცი რატომ, არასდროს მაინტერესებდა ეგ ამბები. ჩემი მეგობრები დღეს მეუბნებიან, ისე გეჭირა თავი, ვინ გაბედავდა მოკარებასო... ღამის 4 საათი იქნებოდა, ვიწექი და თომანს მანს ვკითხულობდი, ის ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ავტორია. უცებ კარზე ჩხაკუნი გავიგე, თითქოს ვიღაცა აპირებდა გაღებას, ღმერთო... როგორი კივილი მოვრთე, თენგიზს დავურეკე... საწყალი თენგიზი, როგორც კი რამე არ მომეწონებოდა, ვურეკავდი - მიშველე-თქო.

სახლში უამრავი წერილი მომდიოდა, წერილების მთელი ჯარი, ყუთებით... მეგობრებთან ერთად ვიჯექი და ყველას ვკითხულობდი. სხვადასხვა ადგილებიდან, ქვეყნებიდან, ჯარიდან, ციხეებიდანაც კი. - Жду ответа, как солдат обеда - ეწერა ერთს. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ავტოპორტრეტი იყო, თან ძალიან სევდიანი ტექსტით, რომ არასდროს უნახავს ზღვა, სიყვარული, რომ ზის ციხეში და ა.შ. და ა.შ. თითქმის ყველას ვპასუხობდი და ამასაც მივწერე, ვცადე დამემშვიდებინა, რაიმე კარგი მეთქვა. რამდენიმე თვეში პასუხი მომივიდა - გამოვდივარ. მოვდივარ საქართველოში. ვაი... აქ შემეშინდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ გავქრი. არა, არ ჩამოსულა, მაგრამ... უი, მედალიონზე უკვე მოვყევი?

12-13 წლის ვიყავი, ლამაზ გოგოდ ვითვლებოდი. ჩხირივით გამხდარს წეროს მეძახდნენ, მაგრამ სულ მაწუხებდა, რომ მუცელი მქონდა. ისე, რომ საცურაო კოსტიუმსაც არ ვიცმევდი. ბათუმში ვიყავი, „ინტურისტის“ წინ, სადაც მუდამ ბევრი ხალხი ირევა და შენც წინ და უკან სეირნობ. ვხედავ, მოდის ძალიან სიმპათიური რუსის ბიჭი, ჩემზე აშკარად დიდი. შეიძლება რაღაც გაჩუქოთო, მკითხა და უცბად კისერზე მედალიონი ჩამომკიდა. მედალიონიც არ იყო, სხვადასხვა ფერის ქვები იყო აცმული ტყავზე - ეს თქვენ ბედნიერებას მოგიტანთო, მითხრა და წავიდა. გაოგნებული დავრჩი. მისი სახე დამამახსოვრდა. იცი როგორი იყო?... გადაპარსული თავით, ლამაზი, ცისფერი თვალებით.

ერთ დღესაც, 3 წლის მერე, კარზე კაკუნი გაისმა. ვიღაცამ რუსულად იკითხა - ლიკას სთხოვეთო, მე დავიმალე. ასეთ დროს სულ ვიმალებოდი. კარი დედამ გაუღო. წერილი დატოვა და წავიდა. მერე გავიგე, რომ ის ბიჭი ჩემს მეგობარს, გოგიტა ჭყონიას მოუყვანია, რომელიც ქვემოთ უცდიდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა მერე, თითქოს საფრანგეთში ელჩის მოადგილე გახდა თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ... იცი, კი! ძალიან კარგად დამამახსოვრდა და ბევრჯერ მიფიქრია - რა იდიოტი ვარ... რატომ არ გავედი... რა ვიცი, რომ გავსულიყავი...

არადა, იცი როგორი ბავშვობა მქონდა?... ეზოში ჩასასვლელ დროს თუ გამოვნახავდი, ხომ კარგი, თუ არადა... როდესაც პირველად მოვიდა ჩემთან ჟურნალისტი, 16-ის ვიყავი, მკითხა - მომიყევით თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კურიოზიო. არ მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. რას ჰქვია არ გაქვთო? დილით 10-ზე ვდგები, 5 საათს ვუკრავ, მერე სკოლაში მივდივარ, 6-მდე იქ ვარ და როცა სახლში ვბრუნდები, ვმეცადინეობ-მეთქი. დაბნეულმა ჩემს მეგობარს გადახედა - რა ვიცი, ჩვენ მარტო კლავიშები და ნოტები ვიცითო - მიიღო პასუხად. არა, ლევანი კი ვატარე ცოტა ხანს, მაგრამ შეგვეცოდა, სულ ტიროდა. ლევანს რაც ეხება, სულ ჩემი თავი მახსენდება ხოლმე და... ცოდო იყო, გამოვიყვანეთ.“

0x01 graphic

ლიკა შვილთან, ლევან თაქთაქიშვილთან ერთად

0x01 graphic

მარიკა მანაგაძე

მე და ლიკა ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. სულ ვიღაცეები მოდიოდნენ მასთან სახლში, და ეს ხან კარადაში იმალებოდა, ხან კიდევ სადღაც. კომპლიმენტს რომ ეუბნებოდნენ, წითლდებოდა. არავის არ ქონდა არანაირი შანსი, როგორც ჩიტი, ისე ისხლეტდა ყველას. არ მინახავს ადამიანი, რომელიც ისეთი ბავშვური ყოფილიყო, როგორიც ლიკა, დღესაც კი. ყოველთვის ახასიათებდა ერთი რამ: თუკი რაიმე საქმეს დაიწყებდა, ხუთოსანი მოსწავლესავით ყველაფერი ბოლომდე მიჰყავდა. ლიკა იცი როგორია?... ორ წინადადებას იტყვის და ჩერდება, ყოფით პრობლემებზე არასდროს ლაპარაკობს, ეს თითქოს არც ეკარება. ჩემთვის უმსუბუქესია მასთან ურთიერთობა, ზოგჯერ მივალ და არც არაფერზე ვლაპარაკობთ, ერთად ვსხედვართ და ეს უკვე მყოფნის.

რაც მეორედ გათხოვდა, შეიცვალა - მივხვდი, რომ ვიღაცას ვჭირდებიო, მითხრა. რამდენჯერ უთხრეს, რომ გადაგიღებთ აქა და აქ, ემზადებოდა, თან როგოორ... მერე? მერე არაფერი. დასანანია, მაგრამ სულ ის დაყვებოდა, რომ ლამაზია, ლამაზია და მორჩა, მეტი არაფერი.

არ მომწონს მარიტას როლში, ჩემთვის ძალიან არაბუნებრივია, იმიტომ, რომ სხვამ გაახმოვანა. ჰო, ბევრჯერ უთქვამს, მარიტას ბედი გავიზიარეო.

ლიკას დედა? ძალიან კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ, ის ასე ცდილობდა დაეცვა თავისი შვილი. ეს იყო და ეს.

. . .

„პოპულარობამ საშინელება დამმართა. ბოლოს ისე ვიყავი, ქუდს ლამის თვალებამდე ვიხურავდი, რომ არავის ვეცნე. უკვე მაღიზიანებდა სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა. როგორ ხარ? რა გაცვია? როგორ გამოიყურები?... სათვალე მიყვარს, იმიტომ, რომ რაღაც ინტიმს მიქმნის. ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. უსათვალოდ, ასე მგონია, შიშველი ვარ. არადა, გავიკეთებ თუ არა, ჩემს სამყაროში ვარ. როდის იწყება ცხოვრება? ჩემთვის ახლა, მას მერე, რაც მეორედ გავთხოვდი.“

ლევან შანიძე

ლიკამ ერთხელ თავისი ჩანაწერები მაჩვენა. თავის ცხოვრებაზე წერდა. იმდენად მომეწონა, რომ სცენარის სახე მივეცი, რაღაცეებით გავამდიდრეთ, ჩავამატეთ და ვნახოთ... მუშა სათაურია სიცოცხლე საამურია, მაგრამ ალბათ ზამბარას დავარქმევთ. იცი რატომ?... ზამბარა ისეთი ნივთია, რომელიც იწელება, მაგრამ სად გაწყდება უცებ, არ იცი... ცხოვრებაც ხომ ასეთია.

როდის შევხვდი? ჯერ კიდევ, იცი, რა პერიოდია?... სკოლაში დავდივარ. მეტროში ვიდექი. რამდენჯერმე ლიკა დავინახე. მერე მე თვითონ მივხვდი, რომ მეტროთი სიარულს მოვუხშირე, რამდენჯერმე მატარებელიც კი გავუშვი, თვალებით ვეძებდი. მაშინ არც არაფერზე მიფიქრია. როგორ მივიდოდი, რა მეთქვა?! წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ვიდექი და ვუყურებდი რა.

რამდენიმე წლის წინ, მეგობართან შევხვდი, სრულიად შემთხვევით. მერე თვითონ დამირეკა, დამპატიჟა და...

ლიკა: არა, იცი რა იყო, მეგობართან შევხვდით ერთმანეთს. მითხრა, ფილმში უნდა გადაგიღოო. ერთი კვირა რომ გავიდა და არ დარეკა, მე თვითონ დავურეკე - ჰე, აბა ფილმზე რას შვრები-მეთქი...

ლევანი: ჰოო, ახლა სულ ფილმის გამო დამირეკე... დღესაც არ გადამიღია ის ფილმი...

. . .

„ცხოვრებაში ნელ-ნელა იღებ გამოცდილებას, ის რაღაცას სულ გასწავლის. ახლა უფრო სხვანაირი ვარ, თუ რაღაც გადავწყვიტე, აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რატომ უნდა დავუჯერო სხვას?

ერთი ბიჭი მომწონდა, 17-18-ის ვიყავი. ერთ დღესაც მომკიდა ხელი და ფოთში წამიყვანა. ერთ საათში ბიძაჩემი ჩამოვიდა. მე ეს ბიჭი მიყვარს-მეთქი ვუთხარი; სილა გამაწნა, რას ნიშნავს გიყვარსო და უკან წამომიყვანა. იმ პერიოდში ცოლს შორდებოდა და რომ დაიწყეს ნათესავებმა ამბების მიტან-მოტანა - ასეთია, ისეთია, ამას შვრება, იმას შვრება - შემეშინდა და გავჩერდი.

ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში გამოცდილი; ჩემი ცხოვრება დიდ ემოციებთან და განცდებთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის მშურდა იმ ხალხის, რომელთაც შეეძლოთ ყველაფრის ერთი ყურიდან მეორეში გაშვება. ერთი პერიოდი ძალიან ბევრს ვკითხულობდი და იცი, ერთ დღეს მოვისროლე - წადი, შენი, ვიფიქრე, მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოვცადო: სიყვარულიც, შთაბეჭდილებებიც. ცხოვრება ოკეანეა, ყველაფერი გინდა მიიღო; ეს იმხელა მორევია, რომ შეიძლება გარეკო კიდეც. 16 წლის ასაკში დოსტოევსკიზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ვეღარ წავიკითხავ; ის ისეთი ემოციურია, რომ ამის თავი აღარ მაქვს. ბავშვობაში მის გმირებთან იდენტიფიკაციაც კი მქონდა. ისინი ხომ შეურიგებლობის გრძნობით, ზოგჯერ ნიჰილისტურნი არიან. მათ პროტესტი აქვთ ყველაფრის მიმართ, ეს მეც მაქვს.

19 წლის გავთხოვდი. მე და სანდროს სულ ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება, ის სულ სადღაც იყო. ამიტომ, დიდხანს დედაჩემთან ვცხოვრობდი. არ მინდა ამ პერიოდზე ლაპარაკი, სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს 20 წელი ჩემს ცხოვრებაში ცოტა პესიმისტურ პერიოდად მახსენდება.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. როცა მეგობრები მსაყვედურობენ, რატომ არსად არ დადიხარო, იცი რაა... აღარ მაინტერესებს, მომბეზრდა. აღარ მინდა ის ქაოსი, აღარც „ტუსოვკები“, გამოპრანჭვები. სისულელეა ეს ყველაფერი. ძნელად გავდივარ ადაპტაციას და ამიტომ ყველაფერზე ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი... აღარ მინდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მყუდროდ, სახლში მირჩევნია ყოფნა.

ყველაფერი, რაც ადრე გამიკეთებია, კარგი თუ ცუდი, ყველაფერი რაღაცისგან გამოწვეული იყო - რაღაც დაუკმაყოფილებლობის გამო, რაღაცის ასანაზღაურებლად. ამიტომ, შეიძლება ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი. ახლა ეს აღარ მაწუხებს და მორჩა! საკმარისია!

სხვათა შორის, პირველად რომ გამოვიდა ასტროლოგიური წიგნები, დიდი ინტერესით ვკითხულობდი. იმდენად მოვექეცი შთაბეჭდილების თუ გავლენის ქვეშ, რომ სულ რაღაც პარალელებს ვავლებდი საკუთარ თავთან. ეს დამეხმარა. რაც არ მომწონდა, ვიცოდი, რომ ცუდია, ამოვიღე ჩემი ხასიათიდან, ამოვძირკვე. როცა ცუდად ვიყავი, ყურადღება გადამქონდა და ვხატავდი, სპორტს მივდევდი: დავრბოდი, ვვარჯიშობდი, აუზში კილომეტრებს ვცურავდი. არა, ახლა აღარ... მომბეზრდა. 27 წლიდან ამას ვაკეთებდი, ლამის ყოველდღე, ძალიან მომბეზრდა. ჰო, ძილი მიყვარს, მე თვითონ ვერ ვიძინებ, დიდი ხანია ტრანკვილიზატორს ვსვამ. როცა რაღაც მაწუხებს, ძილის დროს ყველაფრისგან ვითიშები; იმდენად, რომ დილით ყველაფერი მავიწყდება. ეს მეხმარება. არ ვიცი, თავიდან რომ დავიწყო, რამეს შევცვლიდი თუ არა. უბრალოდ... არ გავხდებოდი მუსიკოსი! მსახიობი? შეიძლება. არა, მე ვიცი, ფსიქოლოგი ვიქნებოდი...“

9 თქვენ გულისხმობთ გურიჩას? ანუ ვირტუალური სიგიჟე

▲back to top


ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, დავით მესხი
გამოყენებულია გურიჩას ფოტოარტები

0x01 graphic

ჩემი სარეგისტრაციო სახელია: თამარ ბაბუაძე

ჩემი პასვორდია:********

სავარაუდო ჩეთია: Skype, icq, yahoo და msn მესინჯერები.

კონტაქტი, რომელსაც არჩეულ ჩეთში ვეძებ არის: დავით ხაბურძანია.

ცოტაოდენი ძიების შემდეგ yahoo მესინჯერის კითხვა: თქვენ გულისხმობდით გურიჩას? ვეთანხმები და კონტაქტების ჩემს სიას ახალ ადამიანს ვამატებ.

მესინჯერის შეტყობინება: „თქვენს სიას არჩეული კონტაქტი წარმატებით დაემატა“.

განხორციელებული ოპერაციის შედეგი: მალე ინტერვიუს დავიწყებ.

0x01 graphic

გურიჩას მესინჯერამდეც ვიცნობ.

ჯერ ჟურნალებიდან: შავ-თეთრი ჟურნალების ფერად ბოლო გვერდებზე მისი ფოტოშოფში შექმნილი პოლიტიკური ფოტოხულიგნობები იბეჭდებოდა.

შემდეგ ტელევიზორიდან („რუსთავი-2“-ის „დილის“ პირდაპირ ეთერში იჯდა, იმ დილის პირდაპირი ეთერის სტუმრებს ხატავდა - სასაცილოდ, შარჟის განწყობით).

ბოლოს პირადად: სახლში მივადექით. დიღმის მასივში ძველ, ნაცრისფერ კორპუსში ცხოვრობს, მერვე სართულზე. ზევით მოსახვედრად ორი არჩევანი გვაქვს: ან ძველი ლიფტი ან ბნელი სადარბაზოს კიბეები.

გურიჩას სახლი ისეთივე სტანდარტული კორპუსის ბინაა, რომ წესით გურიჩაც სტანდარტული ბიჭი უნდა იყოს. დაბადების მოწმობაში უნდა ეწეროს დავითი, ნათესავები და მეგობრები უნდა ეძახდნენ დათოს და ცოლის მოყვანისა და გაფართოების შემდეგ, ზუსტად ამგვარ, ოღონდ ოდნავ უფრო დიდ სახლში უნდა გაფართოვდეს.

მაგრამ გურიჩა არასტანდარტულია იმიტომ, რომ არაერთგვაროვანი „შინაარსისაა“, თუმცა არა წინააღმდეგობებით სავსე. პირიქით, გურიჩაში ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში ჰარმონიულად ცხოვრობს რამდენიმე ტიპაჟი: ჩვეულებრივი ბიჭი დათო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის თარჯიმანი დეივიდი, კრიმინალისტიკით გატაცებული დავითი, მრავალი ინტერნეტ ფორუმისა და ჩეთის მონაწილე, მრავალი ნიქნეიმის მქონე X და ფოტოხულიგანი თუ ფოტოარტისტი გურიჩა - როგორსაც მას საზოგადოება იცნობს.

ამიტომ უნდა ვაღიარო: yahoo მესინჯერს მართალია დავეთანხმე, ნამდვილად გურიჩას ვგულისხმობ-მეთქი და ინტერვიუსთვისაც ჩეთი ავირჩიე, მაგრამ სინამდვილეში გურიჩას ყველა იმ კომპონენტს ვგულისხმობ, რაც მის არაერთგვაროვნებას განაპირობებს. ანუ, მაინტერესებს გურიჩა თავის ვირტუალურ სიგიჟეში, თავის არავირტუალურ ყოფიერებაში, ზღვარზე ამ ორს შუა და თავის იუმორში. ასე რომ (გაითვალისწინეთ, ბევრ ად წგილას იგულისხმება ღიმილის ნიშნები!):

0x01 graphic

მე: ჰალო, ჰალო.

გურიჩა: ჰეი, ჰეი.

0x01 graphic

მე: ახალი გაღვიძებული ბრძანდები?

გურიჩა: როგორ ბრძანდება თქვენი აღმატებულება? არაა, დილიდან ფეხზე ვარ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. შენ ახლა გაიღვიძე?

მე: არა, რა ახლა... მაგრამ...

გურიჩა: ზმორ, ზმორ... იუ არ ზმორინგ ლაიქ ე ზარმაც… The bag of Dzil - ძილისგუდა.

მე: საიდან მოგაქვს ეგეთები?

გურიჩა: უკვე ინტერვიუს კითხვაა?

მე: კარგი, ისე ჩამოვაყალიბებ, როგორც ინტერვიუს კითხვას: გურიჩ, შენ ძალიან სხარტად აზროვნებ, კარგი იუმორის გრძნობა გაქვს და ამიტომ ბევრი შენი ფრაზა ისეთი მაღალი ხარისხის იუმორით თუ ირონიით არის გაჟღენთილი, რომ უმალ იქცევა ნაკვესებად - როგორც ძველ ქართულში ამბობენ ხოლმე. ანუ სიტყვებით კარგად თამაშობ. როდის დაიწყე ეს თამაში?

გურიჩა: საქმე ისაა, რომ ძალიან „უწიგნური“ ვარ. ბავშვობაში იმდენი წიგნი წავიკითხე, რომ მერე წვერის გაპარსვა რომ დავიწყე, წიგნის კითხვას შევეშვი და კომპიუტერზე გადავედი. სიტყვებს რაც შეეხება, რავი, სხვებისგან ვიჭერ ჩვეულებრივ სიტყვებს, ხალხურებს და შემდეგ ვმიქსავ. წარმოიდგინე, ვაჟა-ფშაველა და ემინემი რომ დამეგობრდნენ. თან ყველაზე მეტად ვკაიფობ აზიატური და ფსევდოევროპული ჰაერის მასების შერწყმაზე მეტყველებასა და აზროვნებაში.

მე: მაინც რომელი აზიატური და ფსევდოევროპული?

გურიჩა: რომელი და აი, მაგალითად: ბოროტი ლენგვიჯები ამბობენ - უკვე ხოხმაა, გესმის? როდესაც ქართულ სიტყვებში ვურევთ მეტყველების დასავლურ სტილს, ძალიან სასაცილო რაღაც გამოდის. ახლა ხომ მეორე სავალდებულო ენა ინგლისურია, ჰოდა, ხშირად ვთარგმნი ხოლმე ქართულ აფორიზმებს ინგლისურად, მხოლოდ არაპირდაპირი გაგებით.

მე: იდიომატურად.

გურიჩა: იდიომატურად კი, მაგრამ ზოგჯერ იდიოტურად გამოდის. მაგალითად: A mouse tkhared, tkhared and tkhared out a cat.

მე: მაგარია!

გურიჩა: სიტყვების თამაში ბავშვობიდან მახასიათებს. 4 წლის ვიყავი და ქუთაისში უნივერსამი იყო, აი, ისეთი, დიდი სოვიეთ სუპერმარკეტი და მე უნივერტრი შევარქვი. ვიცოდი, რომ სამი რუსულად არის „ტრი“. კიდევ იმავე პერიოდში ვამბობდი, რომ სამოთხის ვაშლი არის „ტრიჩეტირიე იაბლოკო“ და მსგავსი დეგენერატიზმები.

მე: ქუთაისის უნივერსამმა ქუთაისში ჩასვლა მომანდომა. გურიჩას დაბადების ადგილი; ქალაქი, სადაც გურიჩამ სიყმაწვილის ხანა გაატარა.

გურიჩა: მატარებლით წავიდეთ, დროის მატარებლით. ვთქვათ, 1982 წელში უკვე ვიმოგზაურეთ, ჩემი დაბადება ვნახეთ. ახლა რომელ წელში ვიმოგზაუროთ?

მე: იმ წელში, საიდანაც გურიჩას თავისი თავი ახსოვს.

გურიჩა: ჩემი მახსოვრობა ძალიან ღრმა ბავშვობიდან იწყება. ჰა, ჰა, 1985-დან. ამ დროს სამი წლის ვარ. მახსოვს ის, რომ ვუყურებ ყველაფერს, ვსწავლობ და დასკვნებს ვაკეთებ. ჩემს გაშემო ძირითადად ქალები არიან, დედა, ბებია, დეიდაშვილები. მამა ადრე გარდამეცვალა და არ მახსოვს. სულ ქალების გარემოცვაა ჩემს გარშემო. ამაზე ყოველთვის ნერვები მეშლება და ამიტომ ბავშვობიდან „ვკაცობ“. „პატარა კაცი“ - ასე მეძახიან.

მე: რას ნიშნავს „კაცობ“?

გურიჩა: ვცდილობ, სერიოზულ თემებზე ვიმსჯელო.

მე: როგორი ხარ, რა გაცვია, როგორ გამოიყურები?

გურიჩა: ვარ ძალიან მსუქანი. პუტკუნა და ყველა, დიდიც და პატარაც, ლოყებზე მჩქმეტს. ამას ვერ ვიტან და პროტესტს გამოვხატავ, მაგრამ არაა საშველი, მე კი მაინც პროტესტს გამოვხატავ და მიუხედავად იმისა, რომ ვარ მსუქანი, სულ ხეებზე დავძვრები, სულ სახურავზე ვზივარ. ხანდახან კარლსონი გამოივლის ხოლმე და... ლოყაზე მიჩქმეტს, ვაა, პატარა კაციო... და მიდის…

მე: სად იგრძნობა შენს მონაყოლში ის, რასაც ჰქვია ქუთაისური ხოხმები? დამანახე ქუთაისი.

გურიჩა: მეტი რაღა გინდა, დავდიოდი ბაღში, რომელსაც ერქვა “ბუჭუს ბაღი”. დირექტორი იყო ბუჭუ დეიდა. და ამ ბაღში ვისწავლე კეთილის და ბოროტის განსხვავება.

მე: ბუჭუ იყო ბოროტი?

გურიჩა: არა, მყავდა მასწავლებელი, აღმზრდელს რომ ეძახიან, ქალბატონი კატუშა. ძალიან ლმობიერი ქალი იყო, თავზე რომ დამემხო მთელი ბაღი, არაფერს იტყოდა. კატუშა იყო კეთილი. მეორე მასწავლებელი, რომელიც მეორე ცვლაში მოდიოდა, ზაირა მასწავლებელი, რომელსაც მე ზაურას ვეძახდი, იყო ბოროტი. ძალიან მკაცრი იყო და თან სახე ჰქონდა რაღაცნაირი, ტანითაც დიდი და ჯმუხი.

მე: და ცოტა კაცური?

გურიჩა: კიიი, იყო მასში რაღაც ვაჟკაცური. შემდეგი ეტაპი იყო რუსული ბაღი. ერთი წელი იქ დავდიოდი და ცივილურ გარემოში ვიზრდებოდი.

მე: ამ დროს უკვე იცოდი, რომ სიკეთე ყოველთვის სძლევს ბოროტებას?

გურიჩა: არა, რომელი რომელს სძლევს, მაშინ ჯერ კიდევ არ მაინტერესებდა. უბრალოდ, მთავარი იყო ერთმანეთისგან განმესხვავებინა. ამას სახის ნაკვთებზე დაკვირვებით ვაკეთებდი. ყველას ვუყურებდი, ვსწავლობდი და ვაანალიზებდი.

მე: ანუ ამ განლაგებით: ადამიანი, გამომეტყველება და შენი დასკვნა?

გურიჩა: ანუ, 1. ადამიანი, 2. ნაკვთები, 3. გამომეტყველება, 4. ხმის ტემბრი, 5. დასკვნა. მეხუთე ეტაპზე უკვე ვიცოდი ამ ადამიანთან დაკავშირებული ყველა სიტუაცია, რა დისტანცია უნდა დამეჭირა, უნდა მოვრიდებოდი თუ არა.

მე: მერე დაიწყე ამ ყველაზე მეტყველი სახეების ხატვა? და იმ სახეების გადაკეთება, რომლებიც არ მოგწონდა?

გურიჩა: ხატვას, სხვათა შორის, თავიდან ვერ ვიტანდი. ბაღში კატუშა და ზაირა მასწავლებლები სულ მაძალებდნენ, მე არ ვხატავდი. მერე დედაჩემი მოვიდა ბაღში და ჩემს აღმზრდელს სთხოვა, არ დააძალოთო. ლმობიერმა კატუშა მასწავლებელმაც არ დამაძალა, ყველას სახატავი რვეულები დაურიგა და მე - არა. ამან ჩემს ღირსებაზე იმოქმედა და მაშინ ჩემით მოვითხოვე „კარანდაში“. სახლში რომ მივედი, ვთქვი, დღეს ჩვენ ბაღში დაგვირიგეს ივატახას იმობლას. ვერავინ ვერაფერი გაიგო. არადა, უბრალოდ, უკუღმა წავიკითხე წარწერა სახატავ რვეულზე.

მე: შენ მგონი გრაფიტისაც ხატავდი, არა?

გურიჩა: თავიდან, როგორც ყველა ქართველი ბიჭი, კედლებზე სამი ასოს ხატვით ვიფარგლებოდი. მერე, ჩემმა მეზობელმა პუსკუიამ ჩამოაყალიბა როკ ჯგუფი.

მე: ვაი...

გურიჩა: სარდაფში ჩამოაყალიბა, ქუთაისურად რომ ვთქვათ, პადვალში. ჩეიტანა უსილიტელები. გააკეთა რაცხა. მის გიტარას ჰქონდა სტრუნები და არა სიმები. თვითონ თმები ჰქონდა მოშვებული... ჰოდა, თავისი სტუდიის კედლები თეთრად რომ შეღება, მერე იქ მთელი დრაკონულ-ჯოჯოხეთური დეკორაცია მე გავუკეთე. ერთი დიდი კედელი მოვხატე. ეგ იყო ჩემი პირველი სერიოზული კედელი.

მე: პუსკუიას რა ბედი ეწია?

გურიჩა: საკმაოდ პოპულარული ჯგუფი გამოუვიდა, „ბუნკერი“. კედლის მოხატვის შემდეგ „ბარაბანშჩიკად“ გამაფორმა. ცოტა ხანი მართლა ვუკრავდი, რიტმები ვისწავლე. რაც შეეხება შემოქმედებით მხარეს, მთლიანად პუსკუიას ეკუთვნოდა. სიმღერები „ძუძუზე“, „ცეცხლიან უფსკრულზე“... ახლა აღარ ვიცი, „ბუნკერის“ კარიერა როგორ განვითარდა. დიდი ხანია, პუსკუია არ მინახავს. თან იმ დროს, სხვა კედელიც გამომიჩნდა, ჩემი სახლიდან ცოტა მოშორებით იყო. იქ მარტო გავდიოდი ხოლმე და ვხატავდი. ძირითადად, სახეებს ვხატავდი და ადამიანებს, მაგრამ არა ნაცნობებს, უფრო ისეთებს, მისტიურებს, მწვანე და ვარდისფერ ადამიანებს - არაქუთაისურ ფერებში.

მე: ქურდობა არ გინდოდა, ხო? შენ ხომ ინგლისურს და კომპიუტერს სწავლობდი.

გურიჩა: კი, მე „პატიოსანი ბიჭის“ სტატუსი მქონდა. მაგრამ ისე, ეგ თეორია კარგად შევისწავლე: უბანი. ქუჩა. კაიბიჭობა. არასპრავედლივი ხელი, დაუწერელი კანონები.

მე: დასკვნა?

გურიჩა: მაშინვე დავასკვენი, რომ ქურდებად ქუთაისშიც კი არ იბადებიან, ქურდები ხდებიან, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში ზიზღს არ იწვევს. ეს არის ცუდი, ბოროტი, მაგრამ მშიშარა ადამიანების მიერ აგებული პირამიდა, რომელთაც სჭირდებათ წესრიგი. წესრიგი, რომელიც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო და ეს ადამიანები თვითონ იგონებენ კანონებს, რომელთა მიხედვითაც მართავს ძლიერი და არა ჭკვიანი. ეს იყო მაშინდელი ჩემი ბავშვური ლოგიკა.

მე: მიღებულია.

გურიჩა: კიდევ ჟურნალებს ვწერდი. „ივატახას იმობლას“ ფურცლებზე. პრესას ვეცნობოდი აქტიურად, მერე სათაურებს ვიგონებდი, ფოტომასალას ვხატავდი და ვწერდი სტატიებს. მახსოვს, ექვსგვერდიანი იყო, ეს ის პერიოდია, საბჭოთა კავშირი რომ ინგრეოდა, მეც ბავშვურად აღვწერდი ამ ყველაფერს. ტირაჟი მქონდა - 1. მკითხველი - ოჯახი და ნათესავ-ახლობლები, მე თვითონ ვიყავი 6-7 წლის.

მე: ახლა მითხარი, რამდენი კილო ხარ მაშინ, როცა TOEFL-ის ტესტი ჩააბარე, კონკურსის ფინალისტი გახდი, სკოლის ბოლო ერთი წელი ამერიკულ სკოლაში უნდა ისწავლო და ეს გაიგე?

გურიჩა: მაშინ ვიყავი 100 კილოზე მეტი. ვლაპარაკობდი ქუთაისური ინგლისურით. ვიჯექი მანანა მასწავლებელთან ინგლისურის გაკვეთილზე. ვიცოდი, რომ ყველა ფინალისტს უკვე დაურეკეს და მიულოცეს. ჩემთან არ დაურეკავთ. გამოვედი გაკვეთილიდან, წავედი სახლისკენ ყურებჩამოყრილი და…

მე: ყურებჩამოყრილი და მსუქანი...

გურიჩა: კი, ძალიან მსუქანი... ჩემი ძალიან დიდი პაპკით ხელში, და რომ მივედი ერევნის ქუჩაზე (ერევნის ქუჩაზე გავიზარდე), ვხედავ, რომ მთელი სამეზობლო ქუჩაშია და... და უკვე ზეიმობენ ჩემს ამერიკაში გამგზაგამგზავრებას. მე კი აზრზე არ ვიყავი. ჰოდა, მაშინ განვიცადე პირველი სულიერი ორგაზმი.

მე: დამანახე, დამანახე, როგორ გამოხატე სიხარული.

გურიჩა: როგორ გამოვხატე და ასე მეგონა, გავსკდებოდი ემოციებისგან. გარეგნულად ვცდილობდი, არ გამომეხატა, მაგრამ დავიწყე სირბილი და მოკლედ, მერე წავიდა მილოცვების სერია. მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ქალაქი, რომელშიც მოვხვდი, თვითონ პროგრამის ამერიკელმა ხელმძღვანელმაც არ იცოდა. ძალიან პატარა ქალაქი ბროუქენ ბოუ, ოქლაჰომას შტატში. ჰოდა, პირდაპირ გამომიცხადეს, არ ვიცით სად გიშვებთ, პირველად გვესმის ეს სახელიო, მაგრამ დიდად არ განმიცდია, სულ არ მაინტერესებდა, სად იყო ჩემი ქალაქი, მთავარი იყო, ამერიკაში მივდიოდი. წასვლამდე ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. დედაჩემის მეგობარმა ცისანა კორკოტაძემ გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მთაწმინდაზე ამიყვანა, გადმომახედა და ტირილით მითხრა: „შვილო, შენ ამაზე ათასჯერ უფრო განათებულ, გაკაშკაშებულ ხედებს ნახავ (მაშინ თბილისი ბნელი იყო), მაგრამ იცოდე, რომ ამაზე ლამაზი ხედი შენთვის არ არსებობს, რადგან ეს შენი მშობლიური ხედიაო. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ცრემლები მომერია, ოოო, როგორ განვიმსჭვალე… მოკლედ, წავედი, ჩავედი და სად ჩავედი. აი, აქედან დაიწყო რევოლუცია ჩემში. ეს არის განცდა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. წარმოიდგინე, 16 წელიწადი ქუთაისში და უცებ სადღაც... ზღაპარში. ზღაპარში არა იმიტომ, რომ ძალიან მაგარი იყო, უბრალოდ სხვა სამყაროა, სხვა პლანეტა. თან მეშინოდა, თან მიხაროდა, რაღაც უცნაურობის და სიახლის განცდა მქონდა...

0x01 graphic

მე: ენის არ გეშინოდა?

გურიჩა: არა, ენის არა, მართალია, ქუთაისური ინგლისურით ვლაპარაკობდი, მაგრამ მაინც ყველას ესმოდა, რასაც ვამბობდი.

მე: რას გულისხმობ, ლექსიკას თუ აქცენტს?

გურიჩა: ორივეს, და ახლაც შემიძლია ქუთაისური ინგლისურით ლაპარაკი. ლეთ'ს კუნცხ, სიმონ… ვი ხევ თუ დისქას ზის ქვესჩენ ხია… ორ ვი ხევ თუ გოუ აპ თუ ზე ქურდ… აი ემ ნოთ ვეისინგ ჰის მორდა სიმონ და ეგეთები...

მოკლედ, პირველ დღეს ცოტა ვიტირე, მაგრამ მერე შიშის მიუხედავად, მაინც გავიხსენი და მაშინვე დავამუღამე იქაურაობა. და რაც ყველაზე მთავარია ამ დროს, არც შეცდომების დაშვების მეშინოდა.

მე: ჰოდა, აი, გურიჩ, შენი პირველი ამერიკული შეცდომა.

გურიჩა: ოოო, რამდენიც გინდა, იმდენი. თუნდაც ლაპარაკის დროს. სიტყვა cock-ზე დამემართა მაგარი ამბავი. მე ქუთაისში მასწავლეს, რომ cock ნიშნავს მამალს. ეს გათავისებული მქონდა ძალიან კარგად. ერთი კვირის ჩასული ვარ. მოგეხსენებათ, ოქლაჰომა ფერმერების სამშობლოა, აქედან გამომდინარე, შინაური ცხოველები და ფრინველები ბევრს ჰყავს და ამით ამაყობენ. მოკლედ, ჩემი კლასელის - ტოდის სახლში ვარ სტუმრად. საღამოა. მამამისმა გადაწყვიტა, სახლი და კარ-მიდამო დამათვალიერებინოს, უკანა ეზოში გამიყვანა, სადაც ფერმა ჰქონდა. მომატარა ყველაფერი და თან ტრაბახობდა, ეს ჩემი ხარებიაო, როდეო ხომ იციო - მიხსნიდა. ბოლოს, მაჩვენა თავისი მოჩხუბარი მამლები. ერთი მათგანი გამორჩეული იყო. მგონი, ლუკასი ერქვა იმ მამალს, უზარმაზარი იყო, წითელი...

მეორე დღეს ლიტერატურის მასწავლებელი გვეუბნება, დღეს ზეპირი გადმოცემის უნარზე გავამახვილებ აქცენტსო, ამიტომ გამოდით და რამე მოვლენის შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები დალაგებული ენით მოყევითო. აი, მაგალითად, დეივიდ, შენ გამოდი და მოუყევი კლასს, როგორია შენი ამერიკული შთაბეჭდილებებიო. და მეც დავიწყეე, მეთქი, ნუ, ამერიკა ასეთია, ისეთია, ვგიჟდები, კარგი ოჯახი მყავს, ყველაფერი თითქმის ახალია ჩემთვის, მაგრამ რამაც ყველაზე მეტად გამაოცა, იყო... და ვყვები წინა საღამოს ისტორიას. რომ ტოდის სახლში ვიყავი სტუმრად და რომ საღამოს მამამისმა უკანა ეზოში გამიყვანა და თავისი BIG RED COCK მაჩვენა, რომელმაც ისე მომხიბლა-მეთქი, რომ... ეგეთი რამ საქართველოში არ მინახავს-მეთქი. მე მამალი მაქვს მხედველობაში. კლასი კიდევ იხოცება სიცილით, თავიდან ვერ მიხვდი, რა ხდებოდა, მერე მითხრეს, რომ ამ სიტყვას კიდევ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ძალიან შემრცხვა, ორი დღე არ მინდოდა სკოლაში წასვლა…

მე: ახლა ვნახე, 3.491 ყოფილა შენი ბროუქენ ბოუს მოსახლეობის რაოდენობა. მართლა საიდან უნდა ცოდნოდა იმ შენ პროგრამის ხელმძღვანელს ამ ქალაქის მდებარეობა. დაკარგული ქალაქები რომ არის, ეგეთი იქნებოდა... ღვთისპირიდან გადავარდნილიო, რომ იტყვიან…

გურიჩა: შენ ქეინი ნახე, ბოლო ექვს თვეს ჩემს ოჯახთან ერთად ქეინიში გადავედი, იმ ქალაქში საერთოდ 2 ათასი კაცი ცხოვრობდა.

მე: რა მაგარია ამერიკული პროვინცია, არა? აი, სად იპოვი სიტყვის მასალას, თუ იპოვი.

გურიჩა: ყველა პროვინციას აქვს თავისი აუცილებელი ელემენტები. აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი პოლიციის დეპარტამენტი, რომელშიც ერთი პოლიციის შერიფი მუშაობს, ერთი ფოსტის შენობა, რომელშიც ასევე ერთი კაცი მუშაობს. ყველა გამვლელი ერთმანეთს იცნობს და ცხადია, პოლიციის შერიფმაც ყველას სახელი იცის. აცვია უნიფორმა და დადის, მეტი დანიშნულება მას არ გააჩნია, თუ რა თქმა უნდა რაიმე ისეთი არ მოხდა, რაც იშვიათად ხდება. ჰოო... და კიდევ ეკლესია. ბაპტისტური ეკლესია, სადაც ზოგი იძულებით, ზოგიც პონტის გამო, ზოგიც კი იმიტომ დადის, რომ მოდაა. და ყველაზე საინტერესოა ის კატეგორია, რომელიც ეკლესიაში დადის იმიტომ, რომ უნდა სამოთხეში მოხვდეს. უნდა და მორჩა! ასეთები ცდილობენ, რომ იყვნენ ძალიან „სმაილიკები“, ძალიან კეთილები, მთელი არტისტიზმია ჩადებული მათ ყოველდღიურ ქცევაში, თამაშობენ ძააააალიან ზეკეთილ ადამიანებს, არადა, რაში სჭირდებათ, ისედაც ყველა ერთნაირია. კარგად ვიცნობ ასეთებს იმიტომ, რომ ეკლესიაში ვუკრავდი ორღანზე, ქუთაისურ ქურდულებს.

მე: აააააააა…

გურიჩა: კი, ეგრე იყო. ოჯახი დადიოდა კვირაობით და ერთხელ მეც გავყევი, ნანახმა აღმაფრთოვანა: მოძღვარი იყო ელექტრო გიტარით, ჰქონდათ ეკლესიასთან არსებული საკალათბურთო გუნდი, რომელიც ეჯიბრებოდა მეორე ეკლესიასთან არსებულ საკალათბურთო გუნდს. იმარჯვებდა მეგობრობა. ჰქონდათ სამოთხის კარის სახელობის ორცხობილების ზეიმი - საკვირაო სკოლას ერქვა ასე.

მე: ამერიკული პროვინციული ცხოვრების აბსურდები...

გურიჩა: მაგრამ ძალიან მაგარი იყო ეს ყველაფერი. გააჩნია რა თვალით შეხედავ. თუ ისევე სერიოზულად მიუდგები, როგორც თვითონ უდგებიან, ძალიან მოსაწყენია, მაგრამ მე გარედან ვუყურებდი და მართლა ძალიან სახალისო იყო.

მე: ცოტა დრო რომ გავიდა, მერე, ალბათ, იოლი იყო გარედან შეხედვა და იუმორით მიღება, მაგრამ თავიდან?

გურიჩა: არა, მალევე ავუღე ალღო და მერე ჩემს იუმორისტულ დაკვირვებებს უკვე ყველას ვუზიარებდი. ერთხელაც ავდექი და მონოლოგი წავიკითხე ეკლესიაში, სათაურით - „გარეშე თვალით დანახული თქვენ“, ანუ რამდენად სასაცილო იყო ეს ყველაფერი.

მე: პირდაპირი და დაუნდობელი იყავი?

გურიჩა: პირდაპირი კი, მაგრამ დაუნდობელი არა, საწყენად არ მიუღიათ.

მე: ტაშიც დაგიკრეს?

გურიჩა: ბისზე გამოვედი სამჯერ.

მე: და ორღანზე დაკვრა? ეგეც ღადაობის ნაწილი იყო?

გურიჩა: არამარტო. კარგი ჟღერადობა ჰქონდა. ქუთაისში, ერევნის ქუჩაზე ნასწავლი დები იშხნელების სიმღერები კარგად ჟღერდა. ოვაციები არ წყდებოდა დიდხანს.

მე: ამერიკაში ხატავდი? თუ ნაკვთების და გამომეტყველებების მიხედვით გაკეთებულ დასკვნებს მხოლოდ სიტყვით გამოსვლითა და პროვინციულ ეკლესიაში დები იშხნელების სიმღერების დაკვრით გამოხატავდი?

გურიჩა: არა, იქაც ვხატავდი ცოტ-ცოტას, ოღონდ ფანქრით. ჩვენი სკოლის სიმბოლო იყო პანტერა, თუ ავაზა და დედალ-მამალი ავაზა დავხატე. დირექტორი ისე აღფრთოვანდა, რომ კაბინეტში დაიკიდა. შარშან ჩავედი და ვნახე, რომ კიდევ იქ უკიდია. ძალიან გამეხარდა. ფოტოშოფში მაიმუნობა 2001-ში დავიწყე. ჩემით დავიწყე. ძალიან მომეწონა და გავაგრძელე და გავაგრძელე.

მე: ახლა შენს კომპიუტერში შენი ფოტოხულიგნობების რამდენი ფაილია?

გურიჩა: ხულიგნობის 2139 ფაილია, მაგრამ გაფანტულია სხვადასხვა ადგილას, სულ 4 ათასამდე ფაილი იქნება. დანარჩენი არის „არტი“, სადღაც 200-მდე.

მე: რას ეძახი შენ არტს?

გურიჩა: რა ვიცი, სხვანაირად პოპ არტს ვეძახი, ანდა პოსტერ არტს. არტში ბევრი პორტრეტი მაქვს დახატული: გოგი გვახარია, რობერტ სტურუა, სალვადორ დალი, ჯოკონდა და ა.შ. ეს უფრო პოპ არტის სტილია.

მე: და როცა ხულიგნობის ხასიათზე ხარ?

გურიჩა: მაშინ ვიღებ ადამიანს, ვაჭრი თავს, ვამაგრებ მეორე ადამიანის ტანზე, ვარგებ კარგ სიტუაციას და ვაწებებ კარგ სლოგანს.

მე: ამ შემთხვევებში პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებ, ხო? იღებ აქტუალურ პოლიტიკურ ფიგურებს, და არა მარტო ფოტოშოფის ფუნჯებით ეთამაშები, არამედ სიტყვებითაც, ანუ აი, იმ კარგ სლოგანებს აწებებ. არტში კი - უფრო უორჰოლის ნაკვალევზე დგახარ, არა? (რეზიუმირება გაგიკეთე).

გურიჩა: ნამდვილად ეგრეა. ოღონდ არა მარტო უორჰოლის. თან საქმე ისაა, რომ თავიდან, როცა ფოტოარტის კეთება დავიწყე, არ ვიცოდი ვინ იყო უორჰოლი, რაც ერთი მხრივ, სირცხვილია.

მე: კარგი რა, მართლა? ორიგინალში არც ახლა არ გაქვს არც ერთი პოპარტისტის ნამუშევარი ნანახი? ამერიკის მუზეუმებში?

გურიჩა: არა, არც ორიგინალში არ მინახავს არაფერი... ამიტომ მართლა ვერ ვხვდები, ვისი გავლენა მაქვს. მეგობარმა მითხრა წელიწადნახევრის წინ, ვა, უორჰოლებს აკეთებო და ვის-მეთქი? მერე გავნათლდი და მეც შემიყვარდა ენდი. რაც შეეხება არტს, კიდევ იმას გეტყვი, რომ ჩემთვის არტი ის, არის, რაც ადამიანში ემოციის დიდ ტალღას იწვევს. თუ ამას მოახერხებ, ეგ არის არტი. შეიძლება არ იყოს სასიამოვნო სანახავი, მაგრამ იყოს უცნაური და განსხვავებული, მთავარია, გადმოსცე შენი ხედვა და ძალიანაც კარგია, თუ ცოტა სხვანაირად ხედავ.

მე: 200-მდე არტი უკვე ბევრია. წარმოიდგინე, რომ კიდევ მიამატე, მერე გადაარჩიე დიდ ფორმატზე, მაღალი ხარისხით დაბეჭდე და ახლა მითხარი, სად გამოფენ? სად იქნება ის იდეალური საგამოფენო ადგილი?

გურიჩა: ძალიან მინდა სადმე მიტოვებულ შენობაში გამოფენის გაკეთება. აი, იქ, შავ კარკასს რომ ეძახიან, სადაც მხოლოდ ბოძებია. ასეთი შენობები ბევრია. მთავარია, რომ ვიშოვო ფული და ეს ნახატები დიდ ფორმატზე გადავიტანო, ძალიან დიდ ტილოებზე.

მე: გურიჩ, ახლა, სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით, შენ ჯერ დათო იყავი - ქუთაისში, შემდეგ დეივიდ - ბროუქენ ბოუში და მერე გურიჩა - ენდის ბიჭი. ახლა შენი არაერთგვაროვანი ბუნების კიდევ ერთი არაერთგვაროვნება: თითის ანაბეჭდები, სისხლიანი დანა და შერლოკ ჰოლმსი…

გურიჩა: ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკიდან თბილისში ჩამოვედი და სამსახურის ძებნა დავიწყე. სანამ კრიმინალისტიკაში მივიდოდი, „შერატონ მეტეხი პალასი“ ავაშენე. სწორედ მაშინ მიდიოდა მშენებლობა. ჩვეულებრივ თარჯიმნად მივედი, მაგრამ ათას საქმეს ვაკეთებდი, რაც მთავარია, მშენებლობის ძირითადი პრინციპები ვისწავლე. სადაც შევდივარ, ყველგან ვიცი, რატომ გაჩნდა ბზარი, რა წუნი აქვს ოთახების დაგეგმარებას და ა.შ. შემდეგ დადგა 2002 წელი, დავიწყე მუშაობა SAIC-ში, სამეცნიერო ტექნოლოგიების საერთაშორისო კორპორაციაში. იქაც თარჯიმნად მივედი, და სამსახურის პირველ დღეს აზრზე არ ვიყავი, რას ნიშნავდა სიტყვა - ფორენსიც - ამ დარგში ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა, კრიმინალისტიკაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არადა, მევალება ტრეინინგების და დოკუმენტების თარგმნა იმ თემაზე, რომლის გაგებაშიც არ ვარ.

მე: ალბათ, იმან გიშველა, რომ საინტერესო იყო.

გურიჩა: კი, ძალიან საინტერესო. სანამ ტრეინინგებს ჩავატარებდით, მთელი მათი მასალა უნდა მესწავლა. მეც ვისწავლე. მერე საყვარელი სფეროებიც გამიჩნდა კრიმინალისტიკაში. ახლა დაქტილოსკოპიაზე ვგიჟდები.

მე: ეგ რაღაა?

გურიჩა: თითის ანაბეჭდების გამოკვლევა და მთელი ანალიზი, მოკლედ რომ გითხრა. მერე იყო ყალბი ფულის დადგენა, ყალბი დოკუმენტების ექსპერტიზა. მოკლედ, თავიდან თუ მეგონა, რომ ეს იყო სამსახური, რომელიც მხოლოდ ხელფასის გამო დავიწყე, მერე გახდა სამსახური, რომელმაც ძალიან ჩამითრია და დიდი ცოდნა მომცა. თან ბევრს ვმოგზაურობდი. ქართველ კრიმინალისტებს დავყვებოდი მივლინებებში. ერთხელ ლოს ანჯელესის მორგშიც ვიყავი, სადაც ასობით გვამი ინახება და ერთდროულად ათასობით გვამის გაკვეთა მიმდინარეობს. იცი როგორი ლაბორატორიები აქვთ? გაგიჟდები, ისეთი აღჭურვილია ყველა ოფისი და ისეთი წვრილმანების დადგენა შეუძლიათ.

მე: და, ალბათ, რა შეგრძნებაა, რომ ამ ჰაი-თექ შენობაში, შენს ირგვლივ სულ გვამებია!

გურიჩა: არ იყო ცუდი შეგრძნება. მახსოვს, რომ შევედით, ეგრევე ერთი ძალიან სქელი ზანგი შემოიტანეს. იქნებოდა 300 კილომდე, პატარა თავი ჰქონდა, ტყვიით იყო მოკლული და პირდაპირ თვალებს შორის ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. იმდენად დიდი გვამი იყო, რომ ერთი სასექციო მაგიდა არ ეყო და ორი შეაერთეს.

მე: ახლა მითხარი, ყალბი ფული როგორ ამოვიცნო?

გურიჩა: გააჩნია ფულს. ყველა ქვეყნის ფულს სხვადასხვა დამცავი ნიშანი აქვს და გაყალბების ბევრი მეთოდი არსებობს.

მე: აი, ეგ უფრო საინტერესოა, მაშინ როგორ გავაყალბო?

გურიჩა: ყველაზე საინტერესო იყო კოლუმბიელების გაყალბებული დოლარების სერია. ანუ, აკეთებენ რას: დოლარი დამზადებულია სპეციალური ქაღალდით, რომლის მიმსგავსებაც ძალიან ძნელია. ანუ ქაღალდის ხარისხს თუ გაარტყი, ჩათვალე, რომ სხვა დეტალები მხოლოდ ცოდნაზეა დამოკიდებული. მაგრამ, აი, ტრეინინგზე ჩამოგვიტანეს კოლუმბიელების გაყალბებული კუპიურების ნიმუშები, გავგიჟდი. ვერანაირად ვერ გავარჩიე ნამდვილისგან. ქაღალდიც ზუსტად ისეთი იყო და მასალაც ისეთი ჰქონდა, როგორც ნამდვილ დოლარს, ვიზუალიც და დამცავი ნიშნებიც უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. ასეთი ხელოვნების მიღწევა იმ კოლუმბიელებს ძალიან ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ღირდა, მგონი. ეტყობა, როგორღაც გაიგეს ქაღალდის დამზადების საიდუმლო, ანუ რეცეპტი, მაგრამ შენ არ მკითხო ახლა, რა მასალააო, თორემ მეც დამიჭერენ, შენც დაგიჭერენ და ტრიფონასაც დაიჭერენ.

მე: ამდენი ხანია, მანდ აღარ მუშაობ და დეტალები მაინც ასე კარგად გახსოვს?

გურიჩა: არა, კრიმინალისტიკა ისეთი სფეროა, რომ თუ არ ვარჯიშობ, ხავსი გეკიდება და გავიწყდება. ამიტომ საჭიროა პრაქტიკა. მეც თეორიებს ჩემთვის „ვიმეორებ“ ხოლმე, მაგრამ ვცდილობ პრაქტიკაშიც ვივარჯიშო, ანუ ვიღებ ანაბეჭდს, თუ საეჭვო კუპიურა ჩამივარდა ხელში, ეგრევე ვამოწმებ.

მე: ისევ მაგ სფეროში დაბრუნდები?

გურიჩა: არა, არ ვაპირებ.

მე: კარგი, ეს დეივიდ ხაბურძანია ცოტა საშიში ადამიანია, ისევ გურიჩასთან ურთიერთობა მირჩევნია. ასე რომ, იცვალე სახე და მითხარი, თვითირონიული თუ ხარ? ამდენ რამეს და ვინმეს რომ ატარებ შენს იუმორში, თვითონ შენ?

გურიჩა: რას ამბობ, თვითირონიული კი არა, ზოგჯერ მეშინია, ეს ყველაფერი უთავმოყვარეობაში არ გადამივიდეს. მაგრამ ხო იცი, ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ირონიის მათრახი საკუთარ თავზე გადაატყლაშუნოს, ასეთ ადამიანს აშკარად კომპლექსები აწუხებს.

მე: და რა გეჩვენება შენს შესახებ სასაცილო? აი, რაზე ვიღადავებდი შენზე მეგობრულად?

გურიჩა: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავიბადე საქართველოში, ქუთაისში, ვარ მეგრელი და გავიზარდე ერევნის ქუჩაზე, ჩემგან კარგი რამე გამოვა? ხო, და კიდევ ის, რომ 174 სანტიმეტრს ვერ გავცდი, არადა, რაც მე სტაფილო მაქვს ნაჭამი, ახლა NBA-ში უნდა ვიყო და კალათბურთს ვთამაშობდე, მაგრამ ბუნებამ ჰიტლერისა და ნაპოლეონის ცოდვა მე დამადო მხრებზე... ახლა არ გამომდის, ისე, ბუნებრივ სიტუაციებში უფრო სასაცილოდ გამომდის თვითირონია.

მე: და ეგ გოგოებსაც მოსწონთ?

გურიჩა: ჩემს პირველ სიყვარულს ინგა ერქვა. ამ თემის აგორება გინდოდა, ხო?

მე: !!!

გურიჩა: პირველად სიყვარული ბაგა-ბაღში მეწვია, 2 წლის ვიყავი და ინგა მიყვარდა და სიყვარულის ნიშნად, თმით ვათრევდი ხოლმე, ანუ თმებს ვქაჩავდი.

მე: იმედია, მეთოდიკა შეცვალე. და კიდევ იცი, რაა? ამერიკელი გოგო და ქართველი გოგო - აიღე და შეადარე.

გურიჩა: გაცვეთილი თემაა, ყველამ ვიცით, რომ ქართველ გოგოებს აქვთ გამახვილებული ღირსების შეგრძნება და უკადრისობის მომენტი, ეს ბუნებრივია და ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ. ამერიკელებს ეს არ აქვთ. უფრო თავისუფლები არიან, ნაკლებად შინაგანად ჩაკეტილები. მაგრამ საერთოდ, ქალს ჩემთვის ეროვნება არ გააჩნია. რაც შეეხება ვიზუალს, მაგრამ - არა, მოდი, შინაგანით დავიწყოთ. გოგო, როგორც ადამიანი. არა, არა, ისევ ვიზუალი, რადგან პირველი კონტაქტი მაინც ფიზიკურია. რაც თვალში მოსახვედრი აქვს გოგოს, მეც ის მხვდება, მაგრამ მე თვითონ ყურადღებას ვამახვილებ თვალებზე. მეტყველი, მრავლისმთქმელი თვალები მომწონს და არ არის აუცილებელი, იყოს ისეთი, ირმის თვალებს რომ ეძახიან. ხო, და ზოგადად, არ მომწონს ჩემზე მაღალი გოგოები, შეიძლება კომპლექსია, არ ვიცი. თან, არ გვინდა რა ქალებზე ლაპარაკი. ზოგადად, არ მიყვარს ეს თემა, არ მიყვარს, როცა მამაკაცი ქალზე საუბრობს, განსაკუთრებით მეზიზღება ის, სუფრებზე რომ იწყებენ მანდილოსნებზე ლაპარაკს, აბა, ფეხზე წამოვუდგეთ მანდილოსნებს. თვითონ ეს სიტყვა რაღაც „ნიტოა“ ჩემთვის. მოკლედ, ქალი ფიზიკურადაც და გონებრივადაც განვითარებული თუა - მომწონს. და თუ აქვს იმის უნარი, რომ არ დაკარგოს შარმი, იყოს მუდამ გამომწვევი, დამაინტრიგებელი. ანუ ქალი, რომელიც არ ბერდება. მინახავს 20 წლის გოგო, რომელიც ერთი შეხედვით მოგეწონება, მაგრამ ერთ ისეთ მიმიკას დაიჭერ, რომ მიხვდები - ბებერია. უბერებელი ქალბატონები მიზიდავენ.

მე: და როგორ ექცევი ამ უბერებელ ქალბატონებს, ცოლად მოიყვან რომელიმე მათგანს?

გურიჩა: ახლა მაქვს ურთიერთობა, რომელსაც იმედია წერტილს არ დავუსვამ, როგორც ერთხელ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. წერტილის ნაცვლად, ამჯერად მრავალწერტილს გამოვიყენებ, ანუ ეს ურთიერთობა ყოველთვის მექნება და არასდროს დავასრულებ. ცოლს, ალბათ, მოვიყვან, მაგრამ შეიძლება არ წავიდე მმაჩის ბიუროში და უბრალოდ, ჩემთვის ვიცოდე, რომ ეს არის ჩემი ოჯახი. ოჯახი - მაინც აუცილებელია.

მე: ჯვრისწერა? რაღაც შეგატყვე, რომ ცოტა ათეისტი ხარ...

გურიჩა: არა, მე უბრალოდ ჩემი ღმერთი მყავს. ანუ, დახატული და შექმნილი ღმერთის არ მჯერა. ჩემთვის ღმერთია ყველა ადამიანი, რომელიც პოზიტივს უბერავს.

მე: ბობ მარლის ფილოსოფია.

გურიჩა: ჩემიც.

მე: ანუ, როცა სადღაც ზევით იყურები, ბევრი ჰაერი რომ ჩაგდის ფილტვებში და მთელ კოსმოსს გრძნობ, მაშინ ღმერთი არ გახსენდება? არ გეჩვენება, რომ რაღაც სხვა განზომილებებიც არსებობს შენის გარდა?

გურიჩა: არააა, ღმერთი აქ არის. როდესაც ყურებჩამოყრილ ადამიანს სიცოცხლის სტიმულს დაუბრუნებ, მაშინ ხარ ღმერთი.

მე: და სინანულის გრძნობა? ცოდვის განცდა?

გურიჩა: სინანული არასდროს არ მაქვს. უბრალოდ ვხვდები, რომ რაღაც ცუდი გავაკეთე და ამით ვიღაცას, ან საკუთარ თავს ვავნე, მაგრამ იმის ილუზიას არასდროს არ ვიქმნი, რომ აღარ გავიმეორებ.

მე: და სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ?

გურიჩა: მამა რომ გარდაიცვალა, მეუბნებოდნენ, რომ მოსკოვში წავიდა და მალე ჩამოვა. მე კი ყოველთვის ვიცოდი, რაც იყო და როგორც იყო. ძალიან რეალისტურად ვიცოდი ყველაფერი. ეს ტყუილები იმას ჰგავდა, ანდაზაში რომ არის, ბრმას ცოლი მოუკვდა და უმალავდნენო. მე მშრალად ვუყურებ ყველაფერს, ანუ ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ.

მე: და სად პოულობ მერე ადგილს ფანტაზიისთვის?

გურიჩა: როცა ყველაფერს თავის სახელს არქმევ, უფრო მეტი საშუალება გეძლევა იფიქრო არაბუნებრივ მოვლენებზე. ისე, ძალიან რთული საკითხია...

მე: ძალიან და ამიტომ, მოდი, ზედაპირულობას დავჯერდეთ. გურიჩ, შენ - ქუთაისში დაბადებული, ერევნის ქუჩაზე გაზრდილი, ამერიკაში შინაგანი რევოლუციის გადამტანი, კრიმინალისტიკის ექსპერტი, პოპ არტისტი და მეშარჟე ბიჭი ხარ, ანუ რაღაც გაგებით - უნივერსალური. და ეროვნულობის გაგებით რა ხარ? ანუ, რატომ ხარ თბილისში? არ გიფიქრია, რომ აიყარო აქედან და წახვიდე?

გურიჩა: იცი, ბევრჯერ ვცადე წასვლა, ვფიქრობდი, აღარ ჩამოვალ-მეთქი, ეს ბოლო წერტილია-მეთქი, მაგრამ ყველანი ხომ ჩვენი დედა-სამშობლოს ჩილდრენები ვართ. და თან საქართველოზე მაგარი ქვეყანა მართლა არ არსებობს. არა იმიტომ, რომ ჩვენი მთებიიი… არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველას აქ გვაქვს ჩვენი ადგილი, ჩვენც ამ აბსურდულ-ანეკდოტური ცხოვრების ნაწილი ვართ… და თუ იმის უნარი გაქვს, რომ ხანდახან ოდნავი დისტანცირება მოახდინო აქაურობისგან და იღადაო ამ ყველაფერზე, მაშინ მართლა არასდროს მოგინდება აქედან წასვლა. ანუ, ერთნი წვალობენ, მეორენი ხალისობენ. მე მეორე ვარ. ძალიან მომწონს საქართველოს ფაქტურა.

მე: იუმორი გადაგვარჩენს.

გურიჩა: რას ამბობ, სად იკაიფებ სხვაგან ამდენ რამეზე? თუნდაც საბჭოთა გადმონაშთები მეტყველებასა და ცნობიერებაში: „მანეთი“, „კაპიკი“, „მადონას სერვიზი“, „სერვანტი“, „ვიტრინა“, „ნორკის შუბა“, „ერთი მე მეცვა და მეორე ბრეჟნევის ცოლს“, „ლუდოვიკო“ „სტენკა“, „სპალნა“...

მე: ამის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია?

გურიჩა: დიახ! ამის გარეშე არამც და არამც!

მე: გიჟი ხარ, და თან ვირტუალური.

გურიჩა: მაშინ ესეც ჩემი ვირტუალური სიგიჟე.

P.S. ჩეთს გარეთ, ტეტ--ტეტ, ერთხელ გურიჩას ვუთხარი, გურიჩ, ასე თავის ასაკზე მეტად განვითარებულ ბიჭს, როგორიც შენ ხარ, მთელ მსოფლიოში სულ ორ-სამს ვიცნობ-მეთქი. არაო, ასაკზე წინ კი არ უნდა იყო, უკან უნდა იყო და უფრო ბევრს მოასწრებო, უფრო წინ წახვალო. სასწრაფოდ დავიმახსოვრე და გურიჩას ნაკვესების ფაილში ჩავინიშნე. მგონი, ეს ნაკვესები ოდესმე წიგნადაც გამოიცემა

10 დიზაინერი

▲back to top


ავტორი: მაიკლ სფექთერი, ნიუ იორკერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

Reprinted by the permission of International Creative Management, Inc
© 2004 by Michael Specter
Originally published in The New Yorker

მიუჩა პრადა პოლიტიკური მეცნიერების დოქტორია.
საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებს.
მე ვამზადებ ტანსაცმელს. ეს სულელურია, მაგრამ ეს ჩემი საქმეა.

0x01 graphic

გასულ თვეში, მილანში დაგეგმილ შემოდგომის კოლექციის ჩვენებამდე ათი დღით ადრე, მიუჩა პრადა ნერვიულობამ აიტანა. ასე ამბობს თვითონ. არადა, წინა საღამოს თავს მშვენივრად გრძნობდა. კარგ ხასიათზე იყო და ეს ურთიერთობაზეც ეტყობოდა, ყველას ხალისით ესაუბრებოდა. თანაც ჩვეული ექსცენტრულობით ეცვა: მწვანე ლიმონისფერი ქვედაბოლო, მოოქროსფრო, ღილებიანი ქაშმირის ზედა, მოკლე, შავი წინდა და ისეთი მოუხერხებელი ყავისფერი „ინსპექტორები“, რომ, წესით, ასეთს მხოლოდ მონაზონი, ანდა გოლფის მოთამაშე თუ ჩაიცვამდა; ანდა რატომ... მიუჩა პრადაც.

მოკლედ, დიზაინერი ჩვენებისწინა ნერვიულობამ აიტანა. მაგრამ მალე ოდნავ გადაუარა. მეორე დილას, როცა ოფისში შეაბიჯა, თავს ოდნავ უკეთ გრძნობდა. ვალენტინობის დღე იყო და მისი ქორწინების დღის მეჩვიდმეტე წლისთავი, თუმცა, ოთახში არც ვარდები ჩანდა, არც ლამაზად შეფუთული შოკოლადი და არც შამპანური. მაგიდაზე მხოლოდ წყლის ბოთლი და თანაბრად დაჭრილი ფორთოხლით სავსე თეფში იდო. და ხო, ყველა კუთხეში ყავა და ყავის ფინჯანი. არც პრადას ქმარი, ჯიუტი და არტისტული ტოსკანელი - პატრიციო ბერტელი - ჩანდა სადმე. გაირკვა, რომ იმავე დილას ბერტელი, რომელიც პრადას იმპერიის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ, ადრიანად, თავისი თვითმფრინავით ფლორენციის მახლობლად, პრადას ფეხსაცმლის ერთ-ერთ ქარხანაში წარმოების პროცესის შესამოწმებლად გაფრინდა.

მიუჩას ვკითხე, გწყინთ, თქვენი ქორწინების დღე მეუღლის გარეშე რომ უნდა გაატაროთ-მეთქი, მან კი მიპასუხა: „რას ამბობთ, მეხუმრებით? მადლობა ღმერთს, ჩემი ქმარი დღეს რომ აქ არ არის. აუცილებლად თავის იდეებზე დამიწყებდა ლაპარაკს. და ახლა ისეთ გუნებაზე ვარ, რამე რომ ეთქვა, ალბათ, შემომაკვდებოდა კიდეც“.

მსგავს გუნებაზე პრადა მაშინ არის ხოლმე, როცა ტრადიციული დილემის წინაშე დგას. დიზაინერი ხომ თითქმის ყოველ წუთს იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეუხამოს ერთმანეთს „პრადას“ საერთაშორისო კორპორაციის კომერციული მოთხოვნები და პირადი ესთეტური სურვილები. „მინდა მსოფლიო ვმართო, მინდა სახელი „პრადა“ ყოვლისმომცველი გახდეს, - მითხრა მან არცთუ ხუმრობით, - მაგრამ ამავე დროს მინდა ის ვაკეთო, რისი კეთებაც და რისი ჩაცმაც მომწონს“. მართლაც, თითქმის შეუძლებელია ავანგარდულიც იყო და თან ძალიან წარმატებულიც. პრადამ ეს იცის, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ყრის. „დღეს ცუდი დღე გვაქვს“ - მითხრა პრადამ - „არაფერი გამოდის. არც საყელო, არც სილუეტი, არც ფერი და არც ქსოვილი. არაფერი! ეს ყველაფერი ტანსაცმელს არც ჰგავს. არადა, გონებაში ზუსტად ვიცი, რაც მინდა, მაგრამ ქსოვილში ვერაფრით გადმოვიტანე. არ ვიცი, რა ვქნა“.

ქალის ტანსაცმლის პირველი ხაზი მიუჩა პრადამ 1988 წელს წარმოადგინა. მას შემდეგ, ის განუწყვეტლივ აკანონებს ახალ ტენდენციებს. პირველი სენსაცია მოდის სამყაროში ინდუსტრიული ნეილონისგან შეკერილი და ტყავით დამუშავებული შავი ხელჩანთით მოახდინა. ის გამოჩენისთანავე საკულტო აქსესუარად იქცა და სწორედ ამ ხელჩანთით აიღო სტარტი პრადას რამდენიმემილიარდიანმა კონგლომერატმა.

ხელჩანთით დაწყებული ნოვაცია პრადამ სამხედრო ტანსაცმლის კოლექციით გააგრძელა, რამაც უტილიტარული გოგოს საყოველთაო იმიჯი დაამკვიდრა. შემდეგი სენსაცია გადაზნექილი, ე.წ. „საბრინას“ ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოიწვია, რასაც უზარმაზარი „ტანკეტკები“ მოჰყვა. „პრადას“ სახლის ირგვლივ მორიგი აჟიოტაჟი 2000 წელს ატყდა, როცა დიზაინერმა ბოულინგის ტიპის, მეტისმეტად სასურველი, ათასდოლარიანი ჩანთა წარმოადგინა. თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთზე მუშაობისას, პრადა ყოველთვის ახერხებდა საკუთარი გატაცება თუ ექსცენტრული აკვიატება - კიჩით, უნიფორმით თუ შპალერით - მოდურობის საერთაშორისო სიმბოლოდ ექცია.

0x01 graphic

წელს პრადას შთაგონების წყარო კომპიუტერი იყო. ის სერიოზულად იკვლევდა და ამუშავებდა იდეას: „სად გადის ზღვარი ვირტუალურსა და რეალურს შორის“. ამ კითხვამ დიზაინერი ისე შეიპყრო, რომ საათობით იჯდა მონიტორთან და ვიდეოთამაშებს აკვირდებოდა. თავისთვის ინიშნავდა, რა ეცვათ კომპიუტერულ გმირებს, როგორი ჟესტები ჰქონდათ, როგორი მოძრაობა. მომდევნო ეტაპზე საქმეში ფოტო და ნაბეჭდი გრაფიკა ჩართო და ვირტუალურსა და რეალურს შორის ზღვარის გაფერმკრთალებასაც შეეცადა. თუმცა მთავარი კიდევ წინ იყო: პრადას თავისი იდეები ტანსაცმლად უნდა ექცია. „სამოსი მოდური უნდა იყოს“ - ამბობს ის და მერე იმ საძულველ სიტყვასაც ახსენებს - „მოდური და კომერციულად მომგებიანი. აი, ჩემი ტანჯვის მთავარი მიზეზიც. არსებობს სამი მარტივი კითხვა, რომელთაც მოდელის შექმნის დროს პასუხი უნდა მოუძებნო: მე თვითონ მომწონს ტანსაცმელი, რომელსაც ვამზადებ? გაიყიდება? არის კი ამაში რამე ახალი? ალბათ მიხვდით, რომ სამივე კითხვა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და მათზე ჰარმონიული პასუხების მოძებნა ყოველთვის მიჭირს. აი, თუნდაც ეს „შოტლანდკისგან“ დამზადებული სპორტული ლაბადა აიღეთ, ახლა რომ ვაკეთებ: მწვანე, ფორთოხლისფერი და იისფერი შალისგან იკერება და ტყავით მუშავდება. გაყიდვის თვალსაზრისით, მშვენივრად ვიცი, რაც კლიენტს სურს. თუ ვეცდები და ამ ლაბადისგან რამე კარგ ჩასაცმელს გამოვიყვან, შედეგი აუცილებლად ბანალური იქნება. ასეა ხოლმე - ის, რაზეც ამბობენ, რომ „ლამაზია, კარგი სატარებელია“, ძირითადად ბანალურს ნიშნავს. ჩემი პრობლემაც ეგ არის: ისეთი ტანსაცმელი უნდა შევქმნა, რომლის ჩაცმაც ხალხს სურს, თუ ისეთი, როგორიც მიმაჩნია, რომ უნდა ეცვათ?

უკვე მთელი დღეა, პრადა თავისი მთავარი ოფისის ბოლო სართულზე ზის, ვია ბერგამოზე. მთლიანად შემინული კედლებიდან მზე უმოწყალოდ აჭერს. მიუჩა გრძნობს, რომ დაიღალა და შესასვენებლად ოთახიდან გადის. უკვე სამი საათი გასულა. ის გვერდით კარში შედის. იქაც, ისევე როგორც ამ შენობის ყოველ კუთხე-კუნჭულში, სკანდინავიური მოდერნიზმის სიცივე იგრძნობა. მიუჩას სამუშაო სივრცეში არც ფუმფულა სავარძლებია სადმე და არც აგიზგიზებული ბუხარი, ირგვლივ მხოლოდ შელესილი ცემენტის კედლებია და ალაგ-ალაგ განზრახ გაშიშვლებული წყალგაყვანილობის მილები. შავი ფერის მაგიდაზე უამრავი წიგნია დახვავებული, ფანჯრის რაფები კი სავსეა კერამიკის ფიგურებით. ინდუსტრიული ყავისფერით შეღებილი კედლები ცარიელია; მთელ ამ სართულზე ცემენტი დომინირებს და ცარიელი სანაგვე ყუთიც შავია, მაგიდაც და სკამებიც შავი ფერისაა. პრადას არც ოჯახური პორტრეტები უკიდია ოთახში (ის ორი თინეიჯერი ბიჭის დედაა). და საერთოდ, პირადი შტრიხები არსადაა. და ამ ცივი, მკაცრი და ერთფეროვანი ოთახის შუაგულში, მოულოდნელად, თანამედროვე არტისტის, კარსტენ ჰიოლერის ინსტალაციას ვაწყდები. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი საშინელ სამშენებლო შეცდომას ჰგავს. რეალურად კი სასრიალოა, რომელიც შენობის სამ სართულს უვლის გარს და ეზოში ბოლოვდება. იქვეა უსაფრთხოების ბალიშებიც მათთვის, ვისაც გამბედაობა ჰყოფნის.

0x01 graphic

REUTERS

პრადა გაუთავებლად ლაპარაკობს პლისეზე, ფაიზე და კომპიუტერში დამუშავებად დიზაინზე. დიზაინის განყოფილების უფროსი - ფაბიო ძამბერნარდი ისე, როგორც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყოველ სამუშაო წუთს, ახლაც მის გვერდითაა. პრადა ლაპარაკობს, ძამბერნარდი კი ხატავს: ფეხსაცმელებს, საყელოებს, კაბებს, წელის სიმაღლეს, კაბის სიგრძეს. ხშირად კამათობენ კიდეც. ახლაც, კაბაში ქაშმირისა და შალის ნაზავის ჩადგმაზე დავობენ. „მე მძიმე ქსოვილები მომწონს, ფაბიოს - არა“. პრადას მაღალი და სქელქუსლიანი ფეხსაცმლისათვის გრძელი და ღრმად ამოჭრილი ძირი უნდოდა, ფაბიო კი ქუსლის დაწვრილებას და ამაღლებას ითხოვდა. ეს კამათი მთელ დღეს გაგრძელდა.

0x01 graphic

მოულოდნელად დიზაინერს შეატყობინეს, რომ ფაბრიკიდან ტანსაცმლის გამოტანა კიდევ სამ დღეს ვერ მოხერხდება. „რატომ?“ - იკითხა მან დანანებით და ასისტენტს საკითხის გარკვევა სთხოვა. მათ ზარს ფაბრიკაში არავინ უპასუხა. „ღმერთო ჩემო, რა ხდება, სად არიან? შოუმდე სულ რაღაც ათი დღე დარჩა და ისინი კიდევ არ მუშაობენ?“ - ჩაილაპარა თავისთვის, მერე კი უკვე აშკარად განერვიულებულმა დააყოლა: „არა, იცი, ამჯერად, მგონი სრული ჩავარდნა მართლა არ აგვცდება!“

უცებ ჩემი სკეპტიკური მზერა დაიჭირა და მითხრა: „იცი, კომპლექსი მაქვს: სულ მგონია, რომ ის, რასაც ვაკეთებ, ზედაპირული და სულელურია. ეს ჩემი პირადი დრამაა და არა მთელი მსოფლიოსი. ყველა გონიერი ადამიანი ამბობს, რომ მოდა სძულს; რომ მოდა დროის ფუჭი კარგვაა. ხშირად მიკითხავს ბევრი სუპერსერიოზული ადამიანისთვის - „მაშინ რატომ არის მოდა ასე პოპულარული?“ პასუხი არავის აქვს. არადა, ვიღაცას მოდა აშკარად აინტერესებს. იმიტომ, რომ რამდენჯერაც მაღაზიაში შევდივარ, სავსეა. იქ ათასობით ადამიანი ირევა. ამიტომ, დავიღალე მობოდიშებით, რომ დიზაინერი ვარ. ვიცი, რომ ტანსაცმელი არ არის მნიშვნელოვანი, რომ მე არ ვცვლი საზოგადოებას. უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ ისე, როგორც შემიძლია. აი, ახლაც, მორიგ „სამუშაო“ კრიზისს განვიცდი. რატომ? იმიტომ, რომ კაბას ფეხსაცმელს ვერ ვუხამებ. მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვერ ვივიწყებ, რასაც ვაკეთებ. მე ვამზადებ ტანსაცმელს. ეს სულელურია, მაგრამ ჩემი საქმეა.“

0x01 graphic

REUTERS

. . .

მიუჩა პრადა არც კერავს, არც ქარგავს და არც ქსოვს. ის არც კაბის ან ფეხსაცმლის სკეჩის ხატვისას მინახავს. არც ის არის მოსალოდნელი, რომ მაკრატელი აიღოს და თარგი გამოჭრას. პრადას მსოფლიოში ყველაზე მეტად თავისი ძვირფასი და მეტად მოხდენილი ფეხსაცმლის გამო აფასებენ; ფეხსაცმლის, რომელიც ტოკიოშიც მოდაშია, მანჰეტენზეც და მოსკოვშიც. რამდენიმე წლის წინ, „პრადას“ კომპანიამ ფლორენციაში ფეხსაცმლის ახალი ფაბრიკა ააშენა, ისეთი თანამედროვე არქიტექტურის მქონე, რომ გარედან ფაბრიკა სათბურს ჰგავს. მაგრამ თვითონ მიუჩა, გახსნის შემდეგ, იმ ფაბრიკაში ერთხელაც არ გამოჩენილა. ის, უბრალოდ, სხვანაირი დიზაინერია. ნაცვლად ამისა, პრადა თავის გარშემო იკრებს ნიჭიერ ადამიანებს, რომელთა საქმეც მისი იდეების, კონცეფციებისა და გემოვნების იმ კოლექციებად ქცევაა, რომლებიც პრადას სახელს ატარებენ. მიუჩა ბევრს ფიქრობს ფერზე, ქსოვილის სტრუქტურაზე, მოგონებაზე. მაგალითად, 90-იანი წლების დასაწყისში ეს იყო ნაგავი. „მაშინ ვგიჟდებოდი ყველაფერ ნაგავზე, იმ „ხანიგურ“, 70-იანურ განწყობაზე. ცუდი გემოვნება - მე ვგიჟდებოდი მასზე“. როგორც კი თავის სეზონურ განწყობას აგნებს, მზადაა „კრეატიულ ჯგუფს“ უთხრას, რა და როგორ გააკეთონ.

ეს საქმისადმი ცოტა უცნაური მიდგომაა, მაგრამ სწორედ ამ მიდგომის წყალობით იქცა პრადა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერად და ევროპის ერთერთ ყველაზე ძლიერ ქალბატონადაც. თუ ჯორჯო არმანი მილანის „ფოლკსვაგენია“, მიუჩა პრადა მილანის „მერსედესია“. ის ტანსაცმელს მდიდარი ადამიანებისთვის ამზადებს, მაგრამ მან ალტერნატიული ესთეტიკა - ოდნავ ძველმოდური და ფემინისტური - საერთაშორისო ბიზნესად აქცია, რომელსაც ახლა წამყვანი ინტერესები აქვს ისეთი ძვირადღირებული და თანამედროვე დიზაინერების კომპანიებში, როგორებიცაა: აზედინ ალაია, ჯილ სანდერი, ჰელმუტ ლანგი და ბევრი სხვა. იოლი არაა, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის განწყობა 5 ათას დოლარიან გველის ტყავის საწვიმარში გადმოსცე. მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც პრადას 165 მაღაზიიდან რომელიმეს კარი შეუღია (იქ ყველგან ერთნაირი, პიტნისფერი ტონა ლობის კედლებია), აღიარებს, რომ პრადამ ძალიან ბევრს შეუცვალა აზრი ზოგადად სამოსზე. „სახელი „პრადა“ სტილის გამოხატვის ახალი საშუალება გახდა“ - მითხრა მილანელმა დიზაინერმა ლორენს სტილმა, რომელიც მიუჩას ერთ-ერთი პირველი ასისტენტი იყო: „პრადას ტანსაცმელი შეუხედავია? რეტროა? თუ ძალიან მოდურია? დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ სამაგიეროდ ყველას ეშინია, რომ არ შეცდეს. მიუჩას ტანსაცმელი, ცხადია, ყველასთვის არაა. მისი ტანსაცმელი უფრო რადიოტალღას ჰგავს. საჭირო სიხშირე უნდა დაიჭირო. მაგრამ თუ ხვდები რას აკეთებს ის, მაშინ „პრადას“ ტანსაცმლის შეძენა გინდება. იმიტომ, რომ არავინ სხვა მსგავსსაც კი არაფერს გთავაზობს“.

პრადას ქალის სხეული როდი აინტერესებს; მას ქალში გონება უფრო იზიდავს. ის არ ამზადებს ისეთივე აგრესიულად ვულგარულ ტანსაცმელს, როგორც დონატელა ვერსაჩე; და არც ისეთივე საზეიმო და ერთფეროვან კლასიკას, როგორც არმანი. პრადას კოლექციებში არც იმდენი სიშიშვლეა, რამდენიც ჯონ გალიანოსთან და ტომ ფორდთან. მისი ტანსაცმელი უცნაური უფროა - როგორც თვითონ აღიარებს - და ხანდახან განზრახ მახინჯიც.

ერთხელ სილამაზის შესახებ პრადამ თქვა: „როცა ტანსაცმელი სხეულს არ აშიშვლებს, მაშინ გონებას თავისუფლება ეძლევა.“ რამდენიმე ხნის წინ პრადამ მითხრა: „არ მინდა ჩემი ქალები კარიკატურას ჰგავდნენ. აი, ასე მარტივად. ამბობენ, რომ ჩემი ტანსაცმელი სექსუალური უნდა იყოს. შეიძლება უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ჩემი მიზანია ოდნავ განსხვავებულად სექსუალური ვიყო და ამის მიღწევა იოლი არაა. გულწრფელად რომ ვთქვა, რეალურის და არარეალურის ერთმანეთისგან გარჩევის იდეა სულ უფრო მეტად მაინტერესებს. რა არის სილამაზე და რა არის სიყალბე? ნუთუ ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ?“

თავად მიუჩა პრადა 53 წლის სიმპათიური და მიმზიდველი ქალბატონია. თვალისმომჭრელია, მაგრამ არა სტანდარტული გაგებით. მართალია ბევრს ჰგონია, რომ პრადას ტანსაცმელი მხოლოდ აბსურდულად გამხდარ ქალებს უხდებათ, მაგრამ თვითონ დიზაინერი ასეთი გამხდარი სულაც არ არის. ყოველ შემთხვევაში, ისეთი აღნაგობა არ აქვს, რომ თავისივე შეკერილი მოტკეცილი შიფონის ქვედაბოლო და მჭიდროდ გამოყვანილი სვიტერი ჩაიცვას. მოწითალომოყავისფრო ფერის თმა მხრებამდე წვდება და როცა იღიმის, მომწვანო-მოყავისფრო თვალები უციმციმებს. მასზე ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ არაელეგანტურია, მაგრამ ეს უფრო სექსუალური არაელეგანტურობაა - თვისება, რომელიც მიუჩამ კარგად შეფუთა და ბრენდად აქცია.

რაც არ უნდა ეკეთოს და ეცვას მას: სადა, ნაცრისფერი პიჯაკი და მხრებთან მოქანავე უზარმაზარი, ძველებური ბრილიანტის საყურეები, მოხარშული ბამბის კაბა, მამაკაცის სვიტერი, უამრავი სამკაული ყელზე თუ გასაოცრად ძვირფასი, იისფერი ნიანგის ტყავის ფეხსაცმელი - პრადას ყოველთვის აქვს საკუთარი სტილი და მას არ ესმის ქალების, რომელთაც ეს აკლიათ. „მსახიობებს „ოსკარის“ ცერემონიალზე, უბრალოდ, კაბები აცვიათ ხოლმე, - მითხრა პრადამ ერთ საღამოს, - მათ არ აქვთ ინდივიდუალობა და ამაზე იშვიათად ფიქრობენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბოლო დროს ქალებს ეშინიათ თავიანთი შინაგანი სამყარო შეიცნონ. აბა, მითხარით, როგორ შეიძლება საკუთარი თავისადმი ასეთი მიდგომით სექსუალური იყო? დააკვირდით მათ. შეხედეთ ნიკოლ კიდმანს. ის ძალიან ლამაზია, ძალიან მიმზიდველი, მაგრამ სექსუალური?“ - პრადა უარყოფის ნიშნად თავს სინანულით აქნევს - „არც ერთი წუთით“.

თვითონ პრადა ამ განსხვავებულ ქალურ შარმს გამუდმებით დაეძებს. ბოლოს ეს ადამიანების გაფეტიშების, იდეალად ქცევის კონცეფციაში იპოვა. სწორედ ამის შესახებ იყო თებერვალში გამართული შოუც. ამავე განწყობაზეა აგებული პრადას ბოლო სარეკლამო კამპანიაც, რომლის ფოტოგრაფიც სთივენ მეისელი იყო. მეისელის ფოტოსერიაში ცვილის გარეგნობის მოდელი გოგოები უმეტყველო მზერით ობიექტივს დაჟინებით უცქერენ: შესაძლებელია ისინი სულიერები იყვნენ, ანდა მათი ადგილი მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში იყოს. ვინმემ იცის?

. . .

პრადას კარგად ჩაცმა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს მისი პროფესია გახდებოდა. მამამისის მამამ, მარიო პრადამ ტყავეულის მაღაზია მილანში, ვიტორიო ემანუელე II-ის ცნობილ სავაჭრო გალერეაში 1913 წელს გახსნა. ხუთიოდე წლის შემდეგ კი იტალიის სამეფო ოჯახმა მას მიანდო საკვოიაჟების, ჩემოდნების და შარვლების კერვა სელაპის, ნიანგის და სხვა ეგზოტიკური ცხოველების ტყავისგან.

მარიოს ის პირველი მაღაზია ახლა პრადას მთავარი მაღაზიაა და მისი ოჯახური მემკვიდრეობის სიმბოლო. იქ გამოფენილი ყველაზე ლამაზი ექსპონატები: სპილოს ძვლით მოვარაყებული ხელჯოხები, კუს ბაკნის სავარცხლები, სპილოს ტყავისგან დამზადებული ძვირფასეულობის ჩასაწყობი ზარდახშები არც იყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბაბუის, როგორც წარმატებული კომერსანტის, ოქროს ხანა მეორე მსოფლიო ომის დროს დასრულდა, მიუჩასთვის ფუფუნებით სავსე გარემო დაბადებიდანვე ცხოვრების წესად იქცა. „დედაჩემმა დღემდე ვერ მოიშალა ეს თვისება: დასტაცებს ხელს ჩემს რომელიმე კაბას, ხელისგულში მოიქცევს ქსოვილს, კარგად მოსრესს და წამოიძახებს: „ეს აბრეშუმი ნამდვილი კოშმარია. ბაბუაშენი ასეთის გაყიდვას არც იკადრებდა. ამაზე უკეთ არ შეგიძლია?“

პრადა ამბობს, რომ მოსაწყენი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები, ხშირ შემთხვევაში, სასტიკად ეპყრობოდნენ და თვითონაც სასტიკად მოწყენილი იყო. როცა 15 წლის გახდა - როგორც საშუალო კლასის ოჯახში გაზრდილი ბევრი 60-იანელი ბავშვი - პრადაც აჯანყდა. „ყოველთვის გული მწყდებოდა იმაზე, რომ მუდამ სერიოზული ტანსაცმელი უნდა მცმოდა. წესიერად აღზრდილი გოგო ვიყავი, და ამ დროს ვოცნებობდი ვარდისფერ ან წითელ ფეხსაცმელზე, ვარდისფერ კაბაზე, ნებისმიერ ფერად აქსესუარზე, ჭრელ საცვლებზე. ყველას ერთნაირი საცვლები და მოსაწყენი, ზოლიანი კაბები ჰქონდა. ვერ ვიტანდი.“

პრადამ ექსცენტრულად და ცოტა უცნაურად ჩაცმა დაიწყო. „ჩავიცვამდი „სენ ლორანს“, „პიერ კარდენს“ და იქვე რამე უცნაურ ინგლისურ სამოსს მოვირგებდი - ყველაფერს გიჟურად. ყოველთვის პირველი უნდა ვყოფილიყავი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო. სხვათა შორის, უნიფორმებიც მიყვარდა. და ახლაც მიყვარს. შეგიძლია უნიფორმაში კარგად დამალო, სინამდვილეში ვინც ხარ. ხანდახან მომწონს, როცა ფორმალურობას ვაფარებ თავს. ვფიქრობ, ეს მიმზიდველია“.

პრადა მილანის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პოლიტიკურ მეცნიერებაში დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ ფაქტს, რომ პრადა კომუნისტურ პარტიაში შევიდა, მაგრამ 60-იან წლებში საშუალო კლასის ათასობით იტალიელისთვის ეს თითქმის ყველაზე მართალი გზა იყო. დემონსტრაციებზე პრადა დანარჩენი რევოლუციონერებისგან ოდნავ განსხვავებულად ჩაცმული მიდიოდა. მაგრამ უარს ამბობდა ჯინსზე. ჯინსს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ნაპოვნ ძველმოდურ კაბებს ამჯობინებდა, „ვერ ვიტანდი იმ ბურჟუებს, რომელთაც ჯინსი მაშინაც კი ეცვათ, როცა არ უნდოდათ“. ვკითხე, ჯინსი ოდესმე თუ ყოფილა მისი გარდერობის მთავარი აქსესუარი. „ერთხელ მქონდა ჯინსის შარვალი, 80-იან წლებში, „ფიორუჩის“ ჯინსი იყო“.

როცა მიუჩა პრადა დოქტორი გახდა, გეზი მოულოდნელი მიმართულებით აიღო: მილანის „პიკოლო ტეატრო“-ში მიმის ხელოვნების შესწავლა დაიწყო. „დრო იყო ასეთი. აუცილებლად რამე უცნაური და არასტანდარტული უნდა გეკეთებინა,“ - იხსენებს პრადა. ის მორცხვი, ახალგაზრდა ქალი იყო და მიმის პროფესია მისთვის ზედგამოჭრილი გახლდათ - მუდმივი სიჩუმის ახსნის საუკეთესო საშუალება. „ჩემი მეგობრის და იყო მიმი, ერთხელ მისი წარმოდგენა ვნახე და ძალიან მომეწონა. დაახლოებით ხუთ-ექვს წელიწადს ვცეკვავდი. მთელი სერიოზულობით ვეკიდებოდი საკითხს. და მართლა კარგი მიმი ვიყავი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თემა აბსტრაქტული იყო. ძალიან სასიამოვნოა საკუთარი სხეულის კონტროლი...“

მიუჩა პრადას კარიერა პანტომიმაში მოულოდნელად შეწყდა, როცა დედ-მამამ მიუჩას ასე გაგრძელება აუკრძალა. ის მეამბოხე იყო, მაგრამ ამავე დროს კარგად აღზრდილი კათოლიკე გოგონაც, რომელიც თეატრში დარჩენას მშობლების დაკარგვის ფასად არ აპირებდა.

ფემინიზმი მისი შემდეგი გატაცება გახდა. მისი ამბივალენტურობა საზოგადოებაში ქალის როლზე მსჯელობისას დღესაც კი შესამჩნევია. ის ყოველთვის გრძნობდა, რომ კარიერა მოდაში მისთვის დამამცირებელი იქნებოდა. მაგრამ 70-იანი წლების დასაწყისი ის დრო იყო, როცა პრადას საკუთარი ფული სჭირდებოდა და ამიტომ მუშაობა იქ დაიწყო, სადაც იცოდა, რომ სამსახურს იპოვიდა - ოჯახურ მაღაზიაში. „თეორიის დონეზე, ჩემი სამსახური არასდროს მომწონდა, მაგრამ ამაზე უკეთესი პრაქტიკული საქმე ვერ წარმომედგინა, - მითხრა მან, - 100 პროცენტით ბედნიერი დღემდე არ ვარ, და, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ ერთდროულად ამდენ რამეს ვაკეთებ, გახლავთ ის, რომ მინდა ჩემი საქმის ბანალურობას და სიმკაცრეს გავექცე. მაგრამ ვერც იმას უარვყოფ, რომ თან მომწონს კიდეც. ჩემი პროფესია მართლა ძალიან მიყვარს“.

1978 წელს, ერთ დღეს, მილანის სავაჭრო შოუზე, პრადამ პატრიციო ბერტელი გაიცნო. ბერტელი ტოსკანაში ტყავის ფაბრიკას ფლობდა და ტყავეულს ამზადებდა, პრადას აზრით კი - მისი ჩანთების იაფფასიან ასლებს. ბერტელი მოწოდებით ოპოზიციონერი იყო და მუდამ გაცხარებით კამათობდა. მიუჩას მანამდე არასდროს ენახა ასეთი თავდაჯერებული და უკმეხი კაცი. ურთიერთობა გაცნობისთანავე ააწყვეს. „ბერტელის უამრავი იდეა ჰქონდა, თუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა ჩემს ბიზნესში“ - ამბობს პრადა სიცილით (ეს ის დროა, როცა პრადა დედამ უკვე დაარწმუნა, რომ მაღაზიის მართვა საკუთარ თავზე აეღო). ბერტელი ეუბნებოდა, რომ საჭირო იყო მეტი ამბიციურობის გამოჩენა. მიუჩას ეჭვები მაინც რჩებოდა, მაგრამ „პრადას“ ტყავის აქსესუარებზე ექსკლუზიური ლიცენზია ბერტელის მაინც მისცა.

1987 წელს - რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ - პრადამ და ბერტელიმ იქორწინეს. „იმ დღიდან მოყოლებული, ბერტელი წინ მექაჩება“, - ამბობს პრადა, არცთუ ისე უკმაყოფილო ტონით. „თავიდან მხოლოდ ჩანთების დამზადება მინდოდა. მაგრამ კომპანია - და ამ სიტყვაში მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მეუღლეს ვგულისხმობ - მაძალებდა, რომ ფეხსაცმელების გამოშვებაც დამეწყო. როცა ვამბობდი „არა“-ს, ბერტელი მპასუხობდა: „კარგი, მაშინ უშენოდ გავაკეთებთ“ ეს კი არ მომწონს. ამიტომ, იძულებული ვიყავი, თვითონ გამეკეთებინა. ეს ჩვენს სისტემად იქცა. ის იტყვის: „დროა, მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი გავხსნათ“. მე ვიტყვი: „არა“. ის წავა, ვიღაცას იპოვის, რომ საქმე დაიწყოს, მე ამას ვერ ავიტან და იძულებული გავხდები, თვითონ ჩავერთო საქმეში“.

1993 წელს პრადამ მეორე ხაზი - „მიუ მიუ“ დააარსა (ასე ეძახიან თვითონ პრადას მოფერებით). „მიუ მიუ“-ს საშუალებით, პრადა თავს უფლებას აძლევს, უფრო ექსპერიმენტული იყოს, ხანდახან კი - სულაც კაპრიზული. იმავე წელს პრადამ მამაკაცის ხაზიც გამოუშვა. 1997 წელს „პრადას“ სპორტული ტანისამოსის ხაზი წარმოადგინა. „ცოტა ეგოცენტრული ვარ. ამიტომ, ბერტელიმ კარგად იცის, ბოლოს მაინც მე გავაკეთებ საქმეს. რომ შემეძლოს, თითოეულ დეტალს თვითონ შევკერავდი. ბერტელი მართალი იყო. მხოლოდ ჩანთების კერვა აშკარად მომბეზრდებოდა.“

0x01 graphic

. . .

პრადა და ბერტელი არაპროფესიონალის დონეზე არაფერს აკეთებენ. მათი არტკოლექცია - ბრაის მერდენის, დემიენ ჰირსტის, უოლტერ დე მარიას და სხვათა ექსპონატებით - იტალიაში არსებულ თანამედროვე კოლექციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ბერტელის უფრო თანამედროვე კლასიკა იზიდავს, მაგალითად, სტელა და როტკო, და მისი ოფისიც იტალიელი არტისტების უკანასკნელი ნამუშევრებით არის სავსე. პრადა იყო ის ქალი, ვინც ერთხელ ინსტალაციებით განთქმული ამერიკელი არტისტის, ანდრეა ციტელის უზარმაზარი ლითონის ავტო იყიდა. ახლა ეს ინსტალაცია პრადას სასტუმრო ოთახის შუაგულში დგას და სივრცეს ფუტურისტულ აურას ანიჭებს.

დაახლოებით ათი წლის წინ, ცოლ-ქმარმა თანამედროვე ხელოვნების შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. „ხელოვნება ჩემთვის იყო სასკოლო განათლება და მეტი არაფერი, - ამბობს პრადა, - მაგრამ დროთა განმავლობაში, ძალიან დავინტერესდით. ვხვდებოდით ხელოვანებს, ვკითხულობდით და ვსწავლობდით. ასე გაგრძელდა ოთხ-ხუთ წელიწადს, სანამ არ გავიაზრეთ, რომ რაღაც გვესმოდა“.

მალევე, 1995 წელს, ცოლ-ქმარმა „fondacione prada“ დააარსა - ანუ დიდი საგამოფენო დარბაზი მილანში, რომლის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექცია სულ უფრო იზრდება. „ესეც სრულიად შემთხვევით მოხდა. ჩვენ რამდენიმე მხატვარი მეგობარი გვყავდა. ერთხელ ერთ-ერთმა თქვა: „რა კარგი ადგილია ქანდაკების გამოსაფენად“. მე ვუპასუხე, რომ მშვენიერი იდეა იყო, ჩემმა ქმარმა კი საკითხი იმწუთასვე მოაგვარა: „ძალიანაც კარგი. მოდი, გავაკეთოთ დარბაზი“. ის გაცილებით უფრო კონკრეტულია ხოლმე, ვიდრე მე და საქმეც უცებ მოგვარდა“.

მას შემდეგ საგამოფენო დარბაზის დირექტორი, არტკრიტიკოსი ჯერმანო ჩელანტი, რომელიც ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების წამყვანი კურატორია, იქ უამრავ შოუს აწყობს, ბრიტანელ სკულპტორ მარკ ქუინიდან დაწყებული, დენ ფლავინითა და ანიშ კაპურით დამთავრებული.

პრადა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ხე ლოვნებით მისი გატაცება პირადულია და მის ყოველდღიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო. „მეცინება, როცა მოდას ისე განიხილავენ, როგორც ხელოვნებას. სისულელეა.“

0x01 graphic

თუმცა რთულია მიხვდე, სად მთავრდება პირადი გატაცებები და სად იწყება სურვილი, მსოფლიოს საკუთარი ნაწარმი რაც შეიძლება სარფიანად მიჰყიდო. რალფ ლორენის მსგავსად, პრადა გაცილებით მეტს ჰყიდის, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმელს. ის ცდილობს, რომ ადამიანებს თავიანთი პერსონის უფრო ჰიპური, ორიგინალური და გაუმჯობესებული ვერსია მიჰყიდოს. ის მარტივად, მხოლოდ ხუთასდოლარიან შარფს კი არ ყიდის, არამედ იმიჯსაც ყიდის, რაც ამ შარფს უკავშირდება.

ბერტელის და პრადას ხელოვნება უყვართ და ხელოვნების ნიმუშებს პირადი ესთეტური სიამოვნებისთვის აგროვებენ; მაგრამ, თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ისინი აწარმოებენ კულტივირებულ ფუფუნების საგნებს და შემდეგ ამ იდეის დონეზე აყვანილ მოდას 60-ზე მეტ ქვეყანაში ყიდიან.

ბერტელი დიდი მეზღვაურიც არის. 2000 წელს მან 50 მილიონი დოლარი დაახარჯა გემს „ლუნა როზა“ და ამერიკაში ამერიკული ფეხბურთის ფინალის დღეს ჩავიდა. მას შემდეგ, „ლუნა როზა“ მთელ იტალიაში პოპულარული გახდა, „პრადას“ სახელი და მისი ლოგო კი მსოფლიოს ისეთ ადგილებშიც ჩაიტანა, სადაც მანამდე ეს სახელი არავის გაეგო.

ცოლ-ქმრის ბოლო და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გატაცება არქიტექტურაა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ბერტელიმ 120 მილიონ დოლარზე მეტი დაახარჯა „პრადას“ ორ ახალ მაღაზიას ნიუ იორკსა და ტოკიოში. მათ ბერტელი და პრადა თავიანთი კომპანიის „ეპიცენტრებს“ უწოდებენ.

მაღაზია ნიუ იორკში, ქვედა მანჰეტენზე, სოჰოში, ცნობილმა და ოდნავ სკანდალისტმა ჰოლანდიელმა დიზაინერმა რემ კულჰააზმა ააშენა. ტოკიოს „ეპიცენტრის“ დიზაინერები კი შვეიცარიელი არქიტექტორები ჟაკ ჰერცოგი და პიერ დე მერონი იყვნენ. მშენებლობა 8 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს უდიდესი ერთჯერადი ინვესტიცია იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიამ იაპონიაში განახორციელა. მაღაზია ტოკიოს ყველაზე პროვოკაციულ ადგილადაც იქცა.

ამ ეპიცენტრებს პრადა და ბერტელი უბრალო მაღაზიებად როდი აღიქვამენ. ისინი ამჯობინებენ, თავიანთი მაღაზიები განიხილონ, როგორც შოფინგის თანამედროვე კულტურულ კონტექსტში მოქცევის მცდელობა. ბერტელი შოფინგს - თვითონ სიტყვა „კონსუმერიზმს“ ამჯობინებს - ერთგვარ რელიგიად განიხილავს, რომელსაც საზოგადოების ნაწილი გლობალიზმის ეპოქაში მისდევს. მისთვის შოფინგი დღევანდელი საზოგადოების განმსაზღვრელი კულტურული საქმიანობა და მახასიათებელია. „ეს ახალი ენა და საზოგადოების ახალი ფორმაა. ურთიერთობის ის ხერხია, რომელიც მსოფლიოს ძალიან ბევრ ადგილას ადამიანის ცხოვრების ცენტრალური ნაწილი გახდა“.

ამ აზრს არქიტექტორი კულჰააზიც ეთანხმება: „შოფინგი წინათ ავტონომიური ცნება იყო. მაგრამ აგერ უკვე ოცი წელია, რაც მან ადამიანის საქმიანობის და ცხოვრების ყოველ წვრილმანში შეაღწია. აეროპორტები, ეკლესიები, უნივერსიტეტები - ის ყველა ამ ინსტიტუტის ნაწილი გახდა. და ხანდახან შეუძლებელია გაარჩიო - სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე“.

ეს ნამდვილად ასეა პრადას ნიუ იორკულ მაღაზიაში. ძნელია ამ 22 ათას კვ. ფუტის ფართზე აშენებულ მაღაზიას პრადას იმპერიის მონუმენტის მსგავსი შეფასება არ მისცე. აქ ერთ დარბაზს „აურა“ ჰქვია, სადაც უამრავი მონიტორია დამონტაჟებული და ნიუ იორკის მაღაზიაში შესულებს აჩვენებს, თუ რა ხდება იმ წუთებში მსოფლიოს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში (ახლა, მაგალითად, მონიტორზე პეკინის სავაჭრო ცენტრი ჩანს).

0x01 graphic

რკინის გალიის ფორმის თაროებზე, რომელთაც მომსახურე პერსონალი „დაკიდულ ქალაქს“ უწოდებს, „პრადას“ პროდუქციაა განაწილებული. აქ სარკეებიც და გასახდელი კაბინების კარებიც ჯადოსნურია, სურვილისამებრ იბურება და გაუმჭვირვალი ხდება. იქვეა ჩამონტაჟებული რადიო-რეპროდუქტორებიც, საიდანაც ყველა წარმოდგენილი პროდუქტის ისტორიის შესახებ აუდიო-ფაილების მოსმენა შეიძლება. იგივეს გაკეთება - უკვე ვიდეოს თანხლებით - შეიძლება გასახდელებში დამონტაჟებულ მონიტორზე. პრადას ვკითხე კიდეც, თუ როგორ უნდა შეაფასოს მსგავსი დაწესებულება ადამიანმა; დაწესებულება, რომელიც რაც არ უნდა არტისტულ გარემოდ გარდავქმნათ, მაინც მხოლოდ იმიტომ არის მოგონილი, რომ იქ ტანსაცმელი გაიყიდოს.

პრადამ აღიარა, რომ სისულელე იქნებოდა თავის მოჩვენება და იმის უარყოფა, რომ ამ მასშტაბურ პროექტს დიდი ამბიცია სდევს. „მაგრამ იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი ფართი გვქონდა, რომ ვიფიქრეთ, აუცილებლად უნდა აგვეთვისებინა. თან, ჩვენი მაღაზიები ცოტათი უკვე მობეზრებული გვქონდა. მეც თავს მოწყენილად ვგრძნობდი. ერთ საღამოს დავსხედით და ფიქრი დავიწყეთ. და ბერტელიმ მითხრა (პრადა თავის მეუღლეს მხოლოდ სახელით თითქმის არასდროს მოიხსენიებს), - მოდი, გადავხედოთ წიგნებს და იქნებ რამე ახალი იდეა გაგვიჩნდეს. თაროდან კულჰააზის ალბომი გადმოვიღე. მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ყველა ვიღაცას მირჩევდა, მაგრამ არავინ მირჩია კულჰააზი. მეუბნებოდნენ, „დაივიწყე კულჰააზი, ის ძალიან რთულია“. მაგრამ ყოველთვის ასეა: ვიღაც თუ რთულად გვეჩვენება, ეს ჩვენთვის სასიამოვნო გამოწვევაა. მოკლედ, ბერტელიმ თქვა: „მოდი, მოვიწვიოთ“. მასთან მუშაობა მართლაც შესანიშნავი იყო.

წელს, ზაფხულში, კულჰააზის და „პრადას“ კიდევ ერთი ეპიცენტრი 22 ათას კვ. ფუტის ფართობზე, ლოს ანჯელესში გაიხსნება. მსჯელობა მიმდინარეობს მეოთხეზეც - პეკინში ან შანხაიში - რომლის იდეაც ძველი კულტურის დაცვაა. „შანხაიში ჩახვალ და დაგხვდება გრანდიოზული სასტუმროები, ცათამბჯენები, და ყველა კომპანიის შენობა ერთმანეთს ჰგავს, - ამბობს პრადა, - ეს შეურაცხმყოფელია და მტკივნეული. ამიტომ, ჩვენი მიზანია განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ადგილობრივი კულტურის მიმართ მეტ პატივისცემას გამოხატავს“. ბერტელიმ კი დააყოლა, რომ ჩინეთი ფუფუნების საგნების სწრაფად მზარდი ბაზარია და ამიტომ საუკეთესო ადგილია „პრადას“ ბიზნესის გასაფართოვებლად.

მთელი ეს პროექტები ხელოვნებაა, კომერციაა თუ რაღაც შუალედური? პასუხი „პრადას“ საგამოფენო დარბაზის დირექტორმა, ჯერმანო ჩელანტიმ მითხრა: „მიუჩა ცდილობს ფეხი აუწყოს დროს. საფრთხე, რომელიც მას მოდის ბიზნესში ემუქრება, ასეთია: თუ ზედმეტად ექსპერიმენტული იქნება, კლიენტებს დაკარგავს. ხელოვნებაში კი შეუძლია თავისუფლად სცადოს ახალი მიმართულებები. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც ერთ წერტილში იყრის თავს: ხელოვნება, მოდა, არქიტექტურა, დიზაინი, შოფინგიც კი. ეს ყველაფერი თეატრია. თანამედროვე მსოფლიოსთვის შექმნილი თანამედროვე სპექტაკლი“.

0x01 graphic

REUTERS

. . .

რამდენიმე კვირის წინ, ერთ ცივ საღამოს, პრადამ შინ ვახშმად დამპატიჟა. ის მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად, მილანის ცენტრში ცხოვრობს, ავტომანქანების სავაჭრო ცენტრის მოპირდაპირე მხარეს, იმ სახლის პირველ სართულზე, სადაც თვითონ დაიბადა და გაიზარდა. იმავე შენობაში, ოღონდ სხვა სართულზე, პრადას დედა ცხოვრობს - 85 წლის ქალბატონი. იქვე, თავ-თავიანთ ბინებში პრადას ძმა თავისი ოჯახით და პრადას ბიძაშვილები.

პრადა ცდილობს პირადი ცხოვრება სამსახურისგან განაცალკევოს და, ძირითადად, ამას ახერხებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იშვიათად ჩანს და თითქმის ყოველ საღამოს სახლში ატარებს. „მე ორი შვილი გავზარდე. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ყოველ საღამოს და ყოველ თავისუფალ წუთს, ამის გარდა სხვას არაფერს ვაკეთებდი. სამოგზაუროდ არ დავდიოდი. საღამოს გასართობად არ მივდიოდი. ცხადია, დამხმარეც მყავდა და ისიც შემეძლო, სამუშაო საათების დროს, თუ საჭირო იყო, შინ მოვსულიყავი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ბავშვების აღზრდის გამო, მთლიანად უარი ვთქვი გართობაზე. თუმცა, ამას ერთი წამითაც არ ვნანობ. რასაც ვაკეთებდი, გაცილებით უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე იმ წუთში ნებისმიერ სხვა ადგილას ყოფნა და ნებისმიერი სხვა რამის კეთება.“

პრადას და ბერტელის სახლი დიდია, მაგრამ ზომიერად. მთავარი ოთახი, სადაც ცოლ-ქმარი სტუმრებს იღებს - ასო A-ს ფორმის ვრცელი დარბაზი - ლოჯიას ფუნქციასაც ასრულებს, სასტუმრო ოთახიც არის, სასადილოც და არტ-გალერეაც.

როცა სასტუმრო ოთახში შევედი, შუახნის უცნობი ქალი დამხვდა. ის შინაურულად, დივანზე იჯდა და ჭიქიდან რაღაც სასმელს წრუპავდა. თავი ასე გამაცნო: „მანუელა პავესი, მიუჩას საუკეთესო მეგობარი“. მალე პრადაც შემოვიდა. ყოველდღიური ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ ეტყობოდა, რომ მაინც გულდასმით შერჩეული: მოხარშული ქსოვილის, ყავისფერი ჟაკეტი და „ნაოჭებიანი“ შავი კაბა. ყურებზე - ბრილიანტის საყურე, ფეხზე - იისფერი წინდა და მწვანე აბრეშუმით გაწყობილი ფეხსაცმელი, მაღალი და სქელი ქუსლით. „შინ მხოლოდ ჩვენ და ბავშვები ვართ, - მითხრა ღიმილით, - ბერტელი წავიდა. ცოტა ვიჩხუბეთ. მიყვირა, რადგან ვცდილობ დიეტა დავიცვა და ამ საღამოს გადავწყვიტე თევზით გაგიმასპინძლდეთ. ბერტელი კი მიმტკიცებდა, რომ თქვენ თევზი არ გიყვართ. იმეორებდა, რომ თქვენ ხორცი და შავი ღვინო მოგწონთ. მე კი ვახშ მად თევზი და თეთრი ღვინო მაქვს. ისიც მითხრა, რომ ჩემს მიერ შერჩეული ღვინო საშინელებაა, იჩხუბა, იჩხუბა და ბოლოს ფლორენციაში წავიდა“, - მხრების აჩეჩვით დაამთავრა პრადამ მონოლოგი და დივანზე მეგობარს მიუჯდა. ცოტა ხანში კი ისევ მომიბრუნდა, ცნობისმოყვარე მზერა მომაპყრო და მთხოვა: „მოდი, ჩემს ქმარზე მომიყევით. სიმართლე რომ გითხრათ, ამდენი წლის განმავლობაში ჯერაც ვერ მივხვდი, როგორი კაცია ის“.

0x01 graphic

EUTERS

პრადამ შეიძლება იხუმრა, მაგრამ მისი ხუმრობა, ალბათ, სიმართლის მარცვალსაც შეიცავდა, რადგან მას ბერტელისთან მართლაც ცოტა უცნაური ურთიერთობა აქვს. მათ თანაცხოვრებას ბობოქარიც შეიძლება უწოდო. ვულკანივით ფეთქდებიან და მალევე წყნარდებიან. ამას პრადაც ყოყმანისა და დარცხვენის გარეშე აღიარებს. ეს პრადას მეგობრებმაც და თანამშრომლებმაც იციან. ბერტელი ხშირად ადევნებს ხოლმე თვალყურს პრადას მუშაობის პროცესს. „ხანდახან ეს გამაღიზიანებელია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მისი ხელი პროდუქტს ყოველთვის ეტყობა. რაღაც ახალს და კარგს მატებს ხოლმე - უნდა ვაღიარო“.

როცა თავად ბერტელის ვკითხე, თუ როგორ მუშაობენ ერთად, როგორ ინაწილებენ პასუხისმგებლობას, ხელები გაშალა და იხუმრა: „აზრზე არ ვარ, მაგას ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვარ“.

ცნობილია, რომ პრადა და ბერტელი ისე გიჟებივით ჩხუბობენ ხოლმე, რომ თანამშრომლები - თუ მოასწრეს - ნივთებს უმალავენ. თუ არადა, ჰაერში ტრიალებს ყველაფერი, რაც ცოლ-ქმარს ხელში მოხვდება. ეს შეიძლება ყველგან მოხდეს - სახლშიც და სამსახურშიც. „ველურებივით ჩხუბობენ, მხეცებივით ეცემიან ხოლმე ერთმანეთს“, - მითხრა ერთხელ ჯერმანო ჩელანტიმ, - მაგრამ შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. მიუჩას უამრავი იდეა აქვს, დიდი ინტელექტის მქონე ქალია, ბერტელი კი უსმენს, უსმენს და შემდეგ მას ციდან ისევ მიწაზე აბრუნებს. თითოეულ იდეას აშალაშინებს და რეალურად განხორციელებადს ხდის“.

როცა მათ ერთად ხედავ, აშკარად გრძნობ, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთის კამპანია ძალიანაც სიამოვნებს. თუმცა, თუ მათ „ბრძოლებს“ შემთხვევით შეესწრები, აუღელვებლად ნამდვილად ვერ ადევნებ თვალს. ერთხელ, მრავალი წლის წინ, როცა კომპანიაში დიდი შეხვედრა ჩიხში მოექცა - ცოლ-ქმარი რაღაც პროდუქტის შესახებ ვერაფრით შეთანხმდა - ბერტელი წამოიჭრა და მთელ ხმაზე ღრიალებდა: „მიმიფურთხებია შენი ბინძური ხელჩანთებისთვის!“ „ბრძოლა“ რამდენიმე წუთს კიდევ გაგრძელდა. შემდეგ კი, ვითომც არაფერიო, სახლში ერთად წავიდნენ და ისადილეს.

0x01 graphic

პრადას ბერტელიზე მწარე რეპლიკა ხშირად წამოცდება ხოლმე, მაგრამ თითქმის არასდროს ავიწყდება, რომ იქვე რაღაც დადებითიც არ დააყოლოს ქმარზე. ცოტა ხნის წინ, მას ბერტელის ერთი რეპლიკა გავახსენე, როცა ბერტელიმ ჯილ სანდერთან მიმართებაში თქვა: „ბევრ მოდის სახლს დიზაინერზე მეტად კარგი გამყიდველები სჭირდება. ცხოვრება მოდის სახლებში შემოქმედებითი დიზაინერის გარეშეც მშვენივრად აეწყობა“. ეს მწარე ტირადა ბერტელიმ მაშინ წარმოთქვა, როცა „პრადამ“ 2000 წელს პერფექციონისტი სანდერის კომპანია იყიდა, სანდერმა კი ხარჯების შემცირების ანდა ბერტელის მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად - კომპანია დატოვა.

მაშინ ყველა ალაპარაკდა, რომ ბერტელის ციტატა სასტიკი და უაზრო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მისი ცოლიც ამით - ანუ დიზაინერობით ცხოვრობდა. პრადამ ამ ინციდენტსა და ქმრის კომენტარზე მითხრა: „ბერტელის სურს, რომ მთელი სამყარო ასე იყოს მოწყობილი. ვერ იტანს, როცა ისეთ შემოქმედებითად განწყობილ და რთულად მართვად ადამიანზეა დამოკიდებული, როგორიც დიზაინერია. ამიტომაც ხშირად გაიბრძოლებს ხოლმე ამ მწარე გამონათქვამებით. თუმცა სინამდვილეში რას ფიქრობს, ვერ გეტყვით. ასე მგონია, რომ იმაზე უფრო რთულად აზროვნებს, ვიდრე გარედან ჩანს“.

ოთახში პრადას თინეიჯერი ბიჭები შემოვიდნენ. ლამაზი და თავაზიანი ბავშვები არიან. თუმცა სახეზე აწერიათ, რომ უცნობ უფროსებთან ერთად ოფიციალურ გარემოში ისტორია ვახშმობა დიდად არ სურთ, ამიტომ დედის კითხვებს სკოლის შესახებ ერთმარცვლიანი სიტყვებით პასუხობენ, რომელთაც კბილებს შორის სწრაფად ცრიან და ერთმანეთს იტალიურ ენაზე გაცხარებით ელაპარაკებიან. საშინელი სისწრაფით აყრიან ერთმანეთს ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს. პრადა წუხს: „ღმერთო ჩემო, მე კიდევ მგონია, რომ ამ ბავშვებმა ინგლისური იციან. რომ ჰკითხო, ინგლისურს სწავლობენ“. მერე ბიჭებს ეკითხება: „ერთი სიტყვის ინგლისურად თქმა მაინც თუ შეგიძლიათ?“

სუფრაზე კიბორჩხალები, კამბალას გრილი, კარტოფილი და რადიჩიო დევს. დესერტად გემრიელი ტორტის ნაჭერი მოაქვთ. პავესი ამბობს: „ეს არის დიეტური ვახშამი? რას გულისხმობდი, როცა ბერტელის უმტკიცებდი დიეტური მენიუ მექნებაო?“

პავესი და პრადა ერთმანეთს 1973 წელს შეხვდნენ. იმ პერიოდში ის იტალიურ „ვოგს“ რედაქტორობდა, ახლა მიუჩასთან მუშაობს. მათ ორიგინალური ჩაცმის სტილის გარდა, იდეებიც აერთიანებთ. წამყვანი თემაა ფემინიზმი. მათეული კონცეფცია ასეთია: დაიცვან ფემინისტური პრინციპები და თან კარგი დედები და ცოლებიც იყვნენ. როგორც პრადა ამბობს, ეს ძალიან რთულია: „უამრავ ქალს ვიცნობ, რომელმაც ოჯახის გამო ბევრი რამ დათმო. ბევრი რამ კი არა, მთელი ცხოვრება დათმო. არადა, როგორც კი დათმობ, მაშინვე კვდები... ბერტელი ძალიან ხშირად არ არის სახლში. მაგრამ საკმარისია ვთქვა, სულ ერთი კვირით, მარტოს, მთებში გამგზავრება მინდა, რომ მაშინვე მომახლის ხოლმე, საშინელი დედა და ცუდი ცოლი ხარო. მას შეუძლია ამერიკის ფინალზე წავიდეს და თვეობით გადაიკარგოს და მერე რა მოხდა?! მე კი...“ - პრადამ აზრი აღარ დაამთავრა, ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ კი დასძინა: „რაც გინდა, ის რომ აკეთო, ამისთვის ბრძოლა თითქმის ყოველდღე გიწევს“.

პრადამ ესეც მითხრა: „პირად ცხოვრებაში, რამდენჯერმე შემქმნია ისეთი სიტუაცია, როცა გაჩუმება და დამორჩილება ვარჩიე. მას მივეცი უფლება, ბოლო სიტყვა ეთქვა. მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს, ბოლოს მაინც ვერ მომითმენია და ბერტელისთვის მითქვამს: „საინტერესოა, თუ იცი, როგორ მძულხარ იმ წუთებში, როცა გაჩუმებას მაიძულებ?“

საუბრის დროს, პრადა ხშირად უბრუნდება ხოლმე დედის, მეუღლის და საერთოდ ქალის როლის თემას. „მე გულწრფელად მჯერა ფემინიზმის პრინციპის, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ როცა ეს იდეა რაღაც საზღვრებს სცდება, შემდეგ ისეთ რაღაცეებზე გათქმევინებს უარს, რისი კეთებაც, როგორც ქალს, ძალიან გსიამოვნებს. ამიტომ ვცდილობ, ცოტა ფემინისტიც ვიყო და თან ის სასიამოვნო განცდაც შევინარჩუნო, რაც იმის გააზრებას მოაქვს, რომ ქალი ხარ. მე არ მინდა დავთმო ჩემი დამოუკიდებლობა, მაგრამ არც ის მინდა, რომ უარი ვთქვა ჩემი ცხოვრების ქალურ ნაწილზე“.

პრადა იმდენს ფიქრობს მსგავს საკითხებზე, რომ ძალიან განიცდის, როცა სხვა ქალებს ასეთს ვერაფერს ატყობს. „ხანდახან მგონია, რომ მოდურად ჩაცმის დაუოკებელი სურვილი იმ ქალებს ეუფლებათ, რომელთაც ისტერიულად სურთ სექსუალურად გამოიყურებოდნენ. თუნდაც ჩემი ახალგაზრდა ასისტენტები აიღეთ. ყოველდღე სამუშაოდ ისე გამოპრანჭულები მოდიან, ისეთი ლამაზი ტანსაცმელი აცვიათ, ისეთი გამომწვევები არიან, რომ თვალს ვერ მოწყვეტ. სწორედ ამ გადამეტებული მცდელობის გამო, თითქოს შუბლზე აწერიათ, რომ მართალია ლამაზები და სექსუალურები არიან, მაგრამ სინამდვილეში - ძალიან მარტოსულად გრძნობენ თავს. ამიტომ ვეუბნები ხოლმე, რაც უფრო ხშირად გამოიპრანჭებიან სექსისთვის, მით უფრო იშვიათად ექნებათ სექსი. ეს ასეა“.

...როცა სუფრაზე ყავა და დესერტი გამოჩნდა, მეგობრებმა ცოლ-ქმრობაზე წამოიწყეს დიალოგი. პრადამ თქვა: „ხშირად მიფიქრია, დავრჩებოდი თუ არა ბერტელისთან მხოლოდ ბავშვების გამო, სხვა მიზეზი რომ არაფერი მქონდეს. მიფიქრია იმიტომ, რომ ბევრს ვიცნობ, ვინც ამას აკეთებს... მაგრამ ჩემთვის იოლია თქმა, რადგან ჩვენს ურთიერთობაში გაცილებით უფრო მეტია კარგი, ვიდრე ცუდი. თავს მოწყენილად არასდროს ვგრძნობ. თან ბერტელის დიდ პატივს ვცემ“.

პავესიმ გაიცინა: „გაგიჟდი? შენ ხომ მისი ყველაზე დიდი სისუტე ხარ. მისი აქილევსის ქუსლი“.

პრადამ ამოიოხრა, და ღიმილით უთხრა: „ის ვერასდროს იპოვის ჩემზე მეტად მომთმენ ქალს“. „კარგი რა. შენ ხომ საშინლად ჯიუტი ხარ. ხანდახან შენი ატანა შეუძლებელია“, - გააპროტესტა პავესიმ.

პრადა კი ცოტა ხანს ჩუმად იჯდა და ღვინოს წრუპავდა. შემდეგ მიუგო: „ძალიან ხშირად ვამოწმებ ხოლმე საკუთარ განცდებს და შეხედულებებს ჩემი ქორწინების შესახებ. ყოველთვის ვეკითხები ხოლმე თავს, თუ რამდენად კარგია ჩვენი ურთიერთობა; ყველაფერი ისე მიდის თუ არა, როგორც მე მინდა... და ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მაქვს: რაც არ უნდა ხშირად მინდოდეს ბერტელის მოხრჩობა, თავისი ქცევით რაც არ უნდა ხშირად მაიძულებდეს, რომ ვერ ავიტანო, მაინც ასეა - ყოველღამე, როცა ის შინ ბრუნდება, მე ყოველთვის სულ ცოტათი მაინც ბედნიერი ვარ“.

. . .

პატრიციო ბერტელის მიზანი ყოველთვის ცხადზე ცხადია: მას სურს მართოს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მოდის სახლი, რომელიც ფუფუნების ნივთებს აწარმოებს. 1980-იან წლებში, როცა „პრადას“ ჩანთებმა და ფეხსაცმელებმა პოპულარობა პირველად მოიპოვეს, ბერტელიმ მაღაზიების მეპატრონეებს ერთი პირობა წაუყენა: თუ მათ სურდათ „პრადას“ აქსესუარების საკუთარ ვიტრინებში გამოფენა, მაშინ „პრადას“ ქალის ტანსაცმელიც უნდა ჩაეშვათ გაყიდვაში. მაღაზიების უმრავლესობა კი - შეზღუდული ფართის და ბიუჯეტის გამო - ვერ ახერხებდა კონკურენტი დიზაინერების პროდუქტი ერთმანეთის გვერდით მოეთავსებინა. ბერტელის სწორედ ეს სურდა: მაღაზიები ვერ თმობდნენ „პრადას“ ფეხსაცმელსა და ჩანთებს და ამიტომ იძულებული გახდნენ, ბერტელის წინადადება მიეღოთ - მაღაზიებში მხოლოდ „პრადას“ ტანსაცმელი შეეტანათ. ასე, ლამის იდაყვებით გაიკვლია გზა „პრადამ“ ევროპის და ამერიკის მაღაზიების თაროებისკენ.

უკვე 1990-იანი წლების ბოლოს კი, როცა გლობალური ეკონომიკა ყვაოდა, დოლარიც ძლიერი იყო და ფუფუნების პროდუქციის ბაზარიც სწრაფი ტემპით იფურჩქნებოდა, ბერტელიმ დანარჩენი დიზაინერები მორიგ „ომში“ გამოწვია. მან გაფართოება - ახალახალი კომპანიების ყიდვა გადაწყვიტა ამით კიდევ უფრო შეაშინა Gucci-ს და L.V.M.H.-ის საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდები, რომელთაც ბაზარი მიჰყავდათ.

შემდეგ ორ წელიწადში ბერტელიმ რამდენიმე კომპანიის წამყვანი აქციების პაკეტი იყიდა: ჰელმუტ ლანგი, ჯილ სანდერი, Church-ი და აზედინ ალაია. გარდა ამისა, ბერტელიმ წილი სათვალის მწარმოებელ კომპანიაშიც ჩადო და Fendi-ს 25 პროცენტიც იყიდა. „პრადას“ ჯგუფი კერძო კომპანიად ითვლება, ამიტომ ვალდებული არ არიან, ხარჯთაღრიცხვა ყველა დაინტერესებულ პირს გაანდონ, თუმცა კომპანიის ოფიციალურმა პირებმა კერძო საუბრებში მაინც მითხრეს, რომ ეს შესყიდვები ბერტელის დაახლოებით შვიდასი მილიონი ევრო დაუჯდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით ცხრაას მილიონ დოლარს უდრის.

ასეა თუ ისე, ეს ბევრი ფულია. ბერტელიმ გადაწყვიტა, რომ ხარჯები აქციების გაყიდვით გაესტუმრებინა. სახალხო გაყიდვა 2001 წლის სექტემბრისთვის იგეგმებოდა. ამაზე უარესი დროის შერჩევა წარმოუდგენელი იყო. 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ხომ შვიდას დოლარად შეფასებული სვიტერის შეძენის იდეა აღარავის ხიბლავდა, რაც არ უნდა „პრადა“ ყოფილიყო ის. ფუფუნების აქსესუარების ბაზარზე მყოფმა კომპანიებმა კრახი განიცადეს. აქციების გაყიდვების შესახებ განცხადება ბერტელიმ უკან წაიღო. წლის ბოლომდე კი ვალად 1.7 მილიარდ ევრომდე თანხა დაუგროვდა. ეს კი, უხეში გათვლებით, თითქმის საქონლის გაყიდვების მაჩვენებელს უტოლდებოდა.

თუმცა შავმა დღეებმა ასე თუ ისე ჩაიარეს. მას შემდეგ ევრომ, დოლართან მიმართებაში, ფასი შეიძინა. სიტუაცია დარეგულირდა. „პრადას“ გათვლებით, წელს კომპანიის სუფთა მოგება 30 პროცენტით მაინც გაიზრდება. ეს ბაზარზე კომპანიის ფინანსური მოგების საკმაოდ სწრაფ ზრდად ითვლება, მაგრამ ევროს მდგომარეობა წელს იმდენად სტაბილურია, რომ რეალურად „პრადა“ წელსაც თითქმის იმავე თანხას მოიგებს, რაც შარშან ჰქონდა. ვალები კომპანიას კვლავაც რჩება, თუმცა ბერტელი ამბობს, რომ წელს ვალებს თითქმის გაანახევრებს.

ბერტელი მეუბნება: „არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს ვალები ცუდი მენეჯმენტის ბრალი არ არის, ყველაფერი ზუსტად გვქონდა გათვლილი, უბრალოდ 11 სექტემბერს არავინ ელოდა“. შემდეგ ბერტელის ისიც ვკითხე, მისი აზრით, შეძლებს თუ არა „პრადა“ თავისი შემოქმედებითობის დიდი დოზა მომავალშიც შეინარჩუნოს. ბერტელიმ მიპასუხა, რომ აუცილებლად შეძლებს.

თუმცა თვითონ პრადა ამაში ბოლომდე დარწმუნებული არაა. „ცოტა სასაცილოა, როცა საფონდო ბირჟაზე ვსაუბრობთ, ბირჟაზე და ინვესტორებზე, ჩვენს ჰობიზე, დიდ და ლამაზ მაღაზიებზე - სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ მათ არ აინტერესებთ და სისულელედ მიაჩნიათ. ამიტომაც არ მინდა საფონდო ბირჟაზე გასვლა. არადა, ეს ბერტელის მორიგი ამოჩემებაა. იქ წესია ასეთი: რასაც არ უნდა აკეთებდე, მოგება ეგრევე უნდა მოგიტანოს. ჩვენ კი ჩვენს კომპანიას ამ მიმართულებით არასდროს ვავითარებდით. ხანდახან ჩემგან მოითხოვენ ხოლმე, რომ დავამზადო ჩანთა, რომელიც 10 ათასი ღირს. ეს საშინლად მაღიზიანებს. ამიტომ, ყოველთვის უარით ვისტუმრებ ასეთ ბიზნესმენებს: „გინდა ათი ათასიანი ჩანთა? ჰოდა, მიდი და თვითონ დაამზადე“. იმიტომ, რომ მე ასე არ ვმუშაობ. მე, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და საბოლოოდ თუ კარგი გამომდის, მაშინ ფულიც მომდის. თუ პროდუქტი კარგია, კლიენტიც იხიბლება. თუ - არა, მაშინ იმ ჩანთის ბედი და ფასი მაშინვე გადაწყვეტილია“.

. . .

შემდეგ პრადა უკვე შოუს წინა დღეს ვნახე. აღელვებას და შინაგან დაძაბულობას თითქოს გაევლო. დაღლილი ჩანდა, მაგრამ ბედნიერი. კულისები უზარმაზარი დარბაზის უკან - დიდი შენობის პირველ სართულზე, სადაც პრადა თავის კოლექციებს ტრადიციულად წარადგენს ხოლმე - სავსე იყო მკერავი ქალებით, ასისტენტი დიზაინერებით, მოდელებით და ტექნიკური პერსონალით. მიუჩა თავის მთავარ თანაშემწესთან ერთად, თითოეულ კაბაზე დეტალებსა და წვრილმანებს ამოწმებდა - ზოგს ქამარს უმაგრებდა, ზოგს შალით რთავდა, მერე შეხედავდა მოდელს და უცებ ეტყოდა, გაიხადე ეგ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და აი, ეს მამაკაცის ფეხსაცმელი ჩაიცვი. მერე კი გადმომიჩურჩულებდა: „აი, როგორ აქცევ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალებს რაღაც სულ სხვად, აბსოლუტურად საპირისპირო არსებებად“.

ზუსტად ექვს საათზე, კულისებში ორი ოფიციანტი შემოვიდა - შამპანურის ბოთლებით სავსე ლანგრებით. პრადა სუფრასთან პირველი მივიდა. შამპანური ორ ბოკალში ჩამოასხა და ერთი მე გამომიწოდა. ვკითხე, ეს ჩვენებისწინა კრიზისი როგორ გადალახე-მეთქი. „გინდოდა გეკითხა, ასე რაზე ვნერვიულობდი? - კითხვა შემომიბრუნა პრადამ - იმიტომ, რომ, ალბათ, თავადაც განგიცდია მსგავსი რამ. როცა ხვდები, რომ გაიჭედე, მაშინ ყველაფერი ტრაგედიად გეჩვენება. მაშინ ვეღარც სხვა - უკვე დასრულებულ და გამზადებულ მოდელებს ამჩნევ, მხოლოდ ამოჩემებული იდეის როგორმე ამოხსნა გინდა და მერე, როცა იჭედები და იღლები, უკვე იმაშიც აღარ ხარ დარწმუნებული, საერთოდ ღირდა თუ არა იდეა ამდენ წვალებად. ამ წუთებში საკუთარ ნიჭსა და უნარშიც გეპარება ეჭვი და ისტერიულად ასკვნი - იქნებ საერთოდ აღარ შემიძლია იმის კეთება, რაც ასე ძალიან მომწონდა.

თუმცა შემდეგ ნერვიულობით იღლები და როცა მოულოდნელად ოფისში ახალი ქსოვილების პარტიას შემოიტანენ, გონება გინათდება. წამებში ხვდები, რისი გაკეთება გინდოდა. მერე პროდუქტს დახედავ და ბედნიერებაში გადაზრდილ სიმშვიდეს იგრძნობ. მიხვდები, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც ჩაფიქრებული გქონდა“.

ზუსტად ერთი კვირის წინ, პრადას სამუშაო მაგიდები სკეჩებით, ქსოვილების ნაკუწებითა და ჩანახატებით იყო სავსე, ახლა კი ყველგან აბრეშუმის კაბები აწყვია, რომლებიც პრადას კომპიუტერში დახატული ორნამენტებით გაუწყვია, აქვეა ძვირფასი თვლებით მორთული შალის პიჯაკები და ქურქის ნაჭრებით შეკერილი ჟაკეტები.

პრადა თავს უკვე მშვიდად გრძნობს იმიტომ, რომ იცის - მიზანს მიაღწია: შეძლო ტანსაცმლით გადმოეცა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორი სხვადასხვა განცდა - რომანტიკული მოგონება წარსულის შესახებ და მომავლის რომანტიკული მოლოდინი. და რაც მთავარია, ეს უცნაური, მხოლოდ პრადასთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობით გაეკეთებინა.

კითხვა კიდევ გავუმეორე - ნერვიულობ-მეთქი? და მიპასუხა: „რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, როგორ არ ვინერვიულო? თუმცა, თუ ჩემი ნამუშევარი კარგია... არა, არა, არაფერს არ ვიტყვი, მოდი ხვალინდელ დილას დავუცადოთ“.

მეორე დილას პრადა მშვიდი გამომეტყველებით პოდიუმის უკან დამხვდა, სკამზე იჯდა. ლურჯი სვიტერი ეცვა, შავი ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ყელზე უზარმაზარი ხის ტოტის ფორმის და თითქმის იმავე ზომის ბრილიანტებით მოოჭვილი ბროში ეკეთა. „ეგ საიდან?“ - ვკითხე. თვალებგაბრწყინებულმა გამიღიმა და მითხრა: „ბერტელიმ მაჩუქა შობისთვის. ხომ ძალიან ლამაზია?“

შოუც დაიწყო. პრადა კუთხეში იდგა და სცენაზე გასვლამდე ამოწმებდა, თითოეული გოგო ზუსტად ისე გამოიყურებოდა თუ არა, როგორც თავად უნდოდა. შემდეგ კი შოუს დიდ მონიტორზე ადევნებდა თვალს. სანახაობის დასასრულს, პრადა უცერემონიოდ და მხოლოდ ერთი წუთით პოდიუმზე თვითონაც გავიდა - აშკარად ეტყობოდა, რომ ამას მხოლოდ ეტიკეტის გამო აკეთებდა. პრადამ პუბლიკას თავაზიანად გაუღიმა, ზუსტად იმავე წამებში ბერტელი შამპანურის ბოკალით ხელში მომიახლოვდა. პრადას შემხედვარე, ისიც იღიმებოდა, თან მითხრა: „კარგი იყო მიუჩა, არა?“ კრიტიკოსები ზუსტად ასე ფიქრობდნენ. გაზეთ „ჰერალდ თრიბიუნში“ მოდის ცნობილმა მიმომხილველმა, სიუზი მენკესმა აღნიშნა, რომ პრადა „ჰეროიკული ელეგანტურობით“ გამოირჩეოდა, და იქვე დასძინა, რომ მიუჩამ “მოდის ხარისხი ამ წარმოდგენის შემდეგ კიდევ ერთი რეგისტრით აამაღლა“. პრადას მიმართ ქება არც „თაიმსმა“ დაიშურა. „მას შემდეგ, რაც თომ ფორდმა ჰოლივუდისკენ აიღო გეზი, ამ სამყაროში ერთადერთი „ზესახელმწიფო“ დარჩა - მიუჩა პრადას იმპერია“ - აღნიშნული იყო სტატიაში.

სახეზე კმაყოფილება პრადასაც ეტყობოდა, მაგრამ კომპლიმენტებს იოლად არ იღებს და იზიარებს. „მოდის ბიზნესის არასდროს მესმოდა, - მითხრა მაშინ, როცა ვკითხე, რას ფიქრობდა ჩვენების შესახებ, - ფოტოგრაფები, ვარსკვლავის სტატუსის მოწებება - მართლა არ მესმის. უბრალოდ, სამოსის კეთება მომწონს. მართლა ძალიან მიყვარს სამოსი. მაგრამ მოდა და დიდება... არა, არ ვიცი, არ ვიცი“.

ისე გულწრფელად ფიქრობს და აზროვნებს, ისე ღიად და უშუალოდ, რომ თითქოს ხედავ კიდეც, როგორ ტრიალებს მისი ტვინის ხვეულებში ათასი აზრი და განცდა. „არა, ესეც კარგია და სასიამოვნო, - მითხრა მაშინ, როცა შოუს შემდეგ თაყვანისმცემლები შემოეხვივნენ გარს, - მაგრამ დიდებაზე არასდროს არ უნდა შეიშალო. შეიძლება წარმატება მხოლოდ დილას, გაღვიძებისას გაიხსენო, ისიც სულ ათი წუთით, დღე რომ სასიამოვნო ფიქრით დაიწყო და შემდეგ აუცილებლად საღი გონებით უნდა შეუდგე საქმეს. ჩემი საქმე ტანსაცმელია. მე ეს საქმე მომწონს“.

11 ისე, როგორც ცხოვრებაში

▲back to top


ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

რუსთაველის თეატრი

დავით კლდიაშვილი სამანიშვილის დედინაცვალი
(რობერტ სტურუასთან ერთად)
შალვა დადიანი გუშინდელნი
ანტონ ჩეხოვი თოლია
თამაზ ჭილაძე მოულოდნელი სტუმარი
ფედერიკო გარსია ლორკა ბერნარდა ალბას სახლი
მიხეილ ჯავახიშვილი ქალის ტვირთი
სოფოკლე ოიდიპოს მეფე
ილია ჭავჭავაძე ჩემი კალამი
იუჯინ ო' ნილი სიყვარული თელებქვეშ
ლევ ტოლსტოი მეუფება წყვდიადისა

მარჯანიშვილის თეატრი

ჰენრიკ იბსენი მოჩვენებანი
ლეო ქიაჩელი ჰაკი აძბა
ილია ჭავჭავაძე ასი წლის წინათ
უილიამ შექსპირი ოტელო
დავით კლდიაშვილი დარისპანის გასაჭირი, უბედურება
მიხეილ ლერმონტოვი თავადის ასული მერი
მიხეილ ჯავახიშვილი ჯაყოს ხიზნები
ალექსანდრე გელმანი პირისპირ
ფრიდრიხ შილერი ვერაგობა და სიყვარული
არტურ მილერი სეილემის პროცესი
თეოდორ დოსტოევსკი მარადი ქმარი
არტურ სტრინდბერგი მამა
ალენ გარნეი სასიყვარულო ბარათები
იასმინა რიზა არტ ხელოვნება
ჟან ანუი ანტიგონე
მიხეილ ბულგაკოვი პილატე

პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრი

ფრიდრიხ შილერი ვერაგობა და სიყვარული
არტურ მილერი სეილემის პროცესი
ედუარდო დე ფილიპო აჩრდილები
უილიამ შექსპირი მაკბეტი
ალექსანდრ პუშკინი ბორის გოდუნოვი
მიხეილ ლერმონტოვი მასკარადი
მაიკლ ფრეინი კოპენჰაგენი
ფრიდრიხ შილერი მარიამ სტიუარტი

მოსკოვის სამხატვრო თეატრი

მიხეილ ჯავახიშვილი ჯაყოს ხიზნები
ჟან ანუი ანტიგონე

მოსკოვის დიდი თეატრი

დიმიტრი შოსტაკოვიჩი ლედი მაკბეტი

პეტერბურგის მარინის თეატრი

სერგეი პროკოფიევი მოთამაშე
რიჰარდ ვაგნერი მფრინავი ჰოლანდიელი
ჯუზეპე ვერდი დონ კარლოსი
ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი მოცარტი და სალიერი
სერგეი რახმანინოვი ძუნწი რაინდი

მილანის ლა სკალა; ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა

სერგეი პროკოფიევი მოთამაშე

გენუის საოპერო თეატრი

ჯუზეპე ვერდი დონ კარლოსი

ვენეციის საოპერო თეატრი

ჯაკომო პუჩინი და ანჟელიკა
სერგეი რახმანინოვი ძუნწი რაინდი

ბორდოს საოპერო თეატრი

ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი მეფის საცოლე

ტელედადგმები

მიხეილ ჯავახიშვილი ჯაყოს ხიზნები; თეთრი კურდღელი
ნოდარ დუმბაძე მარადისობის კანონი; კუკარაჩა
მიხეილ ბულგაკოვი მოლიერი

0x01 graphic

„- მართლა აინტერესებს ვინმეს ის, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ?

- მე ხომ მაინტერესებს?! - ჩვენი საუბრიდან.

„ანტიგონეს“ ამბავი ასეთია: ოიდიპოსის შვილებს (იმ ოიდიპოსის, ბედისწერას რომ აუმხედრდა) ეთეოკლეს და პოლინიკეს რიგრიგობით უნდა ემეფათ თებეში, თითოეულს ერთი წლის ვადით, მაგრამ უფროსმა ძმამ - ეთეოკლემ ერთი წლის შემდეგაც არ მოისურვა ძმისთვის ტახტის დათმობა. შვიდივე უცხოელი მეფე, რომელთა გადმობირებაც პოლინიკემ მოახერხა, თებეს შვიდ კარიბჭესთან განადგურდა, მოსისხლე ძმებმა ერთმანეთი დახოცეს. კრეონმა, მათმა ბიძამ და თებეს ახალმა მეფემ, უფროსი ძმა ეთეოკლე პატივითა და დიდებით დააკრძალინა, ხოლო მეამბოხე და მოღალატე პოლინიკეს ცხედარი მხეცებს მიუგდო საჯიჯგნად. ქალაქის შუაგულში დაგდებული პოლინიკეს გვამი მზეზე იხრწნება, მეფის ბრძანება კი ქალაქის ყველა ბოძზეა გაკრული: ვინც მის დამარხვას გაბედავს, სიკვდილით დაისჯება. ანტიგონე, ოიდიპოსის ქალიშვილი, გულჩათხრობილი, გამხდარი გოგო ღამით სახლიდან იპარება და ჟანგიანი, საბავშვო ნიჩბით მოთხრილი მიწით ცდილობს დაფაროს ძმის ცხედარი. ანტიგონეს საქმრო ჰემონი მეფეს (მამას) ემუდარება შეიწყალოს ანტიგონე, მაგრამ... კანონი ყველაფერზე მაღლა დგას, თუნდაც მის აღსრულებას შენი ახლობლების სიცოცხლე ეწირებოდეს.

„ანტიგონე“ 2000 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში და მხოლოდ ერთი სეზონი იარსება. პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის (БДТ) მთავარი რეჟისორი თემურ ჩხეიძე ამჯერადაც დროებითაა თბილისში (საახალწლოდ „ჯამბაზები“ დადგა ოპერის თეატრში) და „ანტიგონეს“ აღდგენაზე მუშაობს. პრემიერამდე ოთხი დღეა დარჩენილი.

6 მარტი
12 საათიდან რეპეტიციაა მარჯანიშვილის თეატრში

გამნათებელი შუქის ინტენსივობას ამოწმებს, რეჟისორის ასისტენტი დაბნეული დადის, კოსტიუმები გაურეცხავთ და თითქმის ყველაფერი დამოკლდა, ჩაფრების ლაბადებს სახელოები იდაყვამდე აუვიდა.

ლია, ჩამოწერე ვის რა არა აქვს, თორემ ხალხი დარჩა ტრუსიკებში.

- ქიმწმენდაში რო აქვთ წაღებული?

- წავსულიყავით მაშინ, ქიმწმენდაში გაგვევლო რეპეტიცია, ყველაფერი იქ ჰქონიათ წაღებული და...

- დავიწყეთ, დავიწყეთ, გაიხსენეთ, ვინ სად იჯექით, საქმიანად შემოდით, აღარ გვინდა გამარჯობა, შენ როგორა ხარ.

- გადაფასებები ხდება, ხომ?

- აბა, რა?!

- თუმანიშვილის ანტიგონე დიდი ხნის წინ ტელევიზიით მაქვს ნანახი, მერე ის ვიდეოჩანაწერიც წაშალეს, უფრო სწორად ბრეჟნევის რომელიღაც ყრილობის ჩანაწერი გადააწერეს. მახსოვს სერგო ზაქარიაძისა და ზინა კვერენჩხილაძის ექსპრესიული სცენები. თქვენ შვიდი წლის წინ დადგით ეს სპექტაკლი, რამდენი რამ მოხდა მას შემდეგ, რევოლუციაც კი. ისე, რევოლუციური სული აქაც არის.

- როგორ არ არის, კრეონი რომ ამბობს, ვიღაცამ ხომ უნდა მართოს ეს ქვეყანა, ვიღაცამ უნდა დაიკაპიწოს ხელებიო - ეს განცდა შინაგანად ყოველთვის მქონდა, თუმცა ტელევიზიით და პრესით არ გამომიცხადებია. პრინციპული განსხვავება მიშას სპექტაკლთან ისაა, რომ იქ ანტიგონე იყო მთავარი გმირი, რომელიც ტირანიის წინააღმდეგ გამოდის, ჩემთან კრეონის ხაზი გამოვიდა უფრო მნიშვნელოვანი, კრეონი ტირანი კი არაა, არამედ კანონმორჩილი მეფეა, რომელიც ამბობს: ქვეყანა ხომ უნდა მართოს ვინმემ, აბა ყველამ ის აკეთოს, რაც უნდა?

0x01 graphic

„ნატო, ჩვენი ვალია ძმის დამარხვა კი არა, ჩვენი ვალი ძმის დამარხვაა, კრეონმა უნდა დაგვსაჯოს, აბა რა უნდა ქნას, ის მეფეა და სხვანაირად ვერ მოიქცევა, მაგრამ ჩვენ ძმა უნდა დავმარხოთ.

0x01 graphic

ნატო (ანტიგონე) - მაშინ რომ სხვანაირად ვაკეთებდით?

- ახლა სხვანაირად გააკეთე, მაშინ 57 წლის ვიყავი, ახლა 63-ის ვარ და გეუბნები, ეგრე არა. შენ ნუ მიდიხარ იმ აჩრდილებში.

ნიკუშ, შენ კიდევ, მოტივაციაზე იფიქრე რა. თუ ნატო გამომიცხადებს, ანტიგონეს არ ვითამაშებო, მე უნდა ვიფიქრო იმაზე, რა მოხდა დილიდან აქამდე, რამაც ეს ფრაზა ათქმევინა, არა მგონია, კრეონის თამაში უნდოდეს, . რაღაცა მოხდა, მაგრამ რა მოხდა, ამაზე ვფიქრობ. კი არ ვუყვირი: რას ჰქვია, არ ითამაშებ, მოტივს ვეძებ, მოტივს.

- ანტიკურ ტრაგედიებთან დაკავშირებით სულ ამბობენ ხოლმე, რაც უნდა თანამედროვედ იყოს ადაპტირებული, მაინც პათეტიკურია სცენაზე, როგორ უნდა გაექცე იმ პათეტიკურობას, რაც არქაულ ტექსტებს ახლავს?

- ჟან ანუისთან შედარებით გაადამიანურებულია ტექსტი. თორემ კლასიკური ანტიკური ტრაგედიები ლექსად იყო, იქ სიტყვაა მთავარი. სიუჟეტიც სიტყვით მოდის, რადგან სიტყვას აქვს აზრი. თანამედროვე რომ გახდეს პიესა, უნდა იპოვო მთავარი არსი. ტრაგედიის მთელი თეორია ისაა, რომ არ არსებობს დამნაშავე, ორივე მხარე მართალია. როგორ არაა ანტიგონე მართალი, როცა ძმის ლეში გდია და უნდა დამარხოს, ძმა არის მისი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დამნაშავეა თუ არა. კრეონიც მართალია, კი, უნდა დამარხო, მაგრამ მოღალატეა და თუ სახელმწიფო გვინდა, მოღალატე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, სხვებმა რომ ვეღარ გაბედონ ღალატი. გამოუვალი მდგომარეობა ქმნის ტრაგედიას, როდესაც ორივე მხარეს აქვს თავისი ლოგიკა და ვერცერთს ვერ შეედავები. როცა ჰემონი ეხვეწება მამამისს, არ დასაჯო ანტიგონე, შენ ხომ მბრძანებელი ხარ და ისე იქნება, როგორც იტყვიო, კრეონი პასუხობს: მე მბრძანებელი ვარ კანონის გამოცემამდე, მერე ამ კანონის მონა ვარო. ესაა ნამდვილი მეფე, რომელსაც შეუძლია კანონი არ გამოსცეს, მაგრამ თუ გამოსცა, ვეღარ დაარღვევს. მთელი სპექტაკლის არსი ისაა, რომ ერთმანეთს შეხვდნენ უაღრესად ზნეობრივი ადამიანი ანტიგონე და უაღრესად ზნეობრივი მეფე. მოდი, გავაპაროთ ანტიგონეო - სთავაზობენ, რას ლაპარაკობთო - პასუხობს კრეონი, ხალხი იტყვის: თავისი დისშვილია და იმიტომ გადაარჩინა, ამას ვერ ჩავიდენო. მერეც, სულ ამბობს: მეფეებს პირადი ტრაგედიებისთვის არ სცალიათო. ეგრეა, თუ მეფე ხარ, შენი პირადი გვერდზე უნდა გადადო. მეფობა არ ნიშნავს უდარდელ ცხოვრებას, პირიქით, როცა მეფე ხარ, ყველას დარდი შენზე მოდის და ყველაფერზე შენ აგებ პასუხს.

- ეგ ხომ იდეალური მეფის ტიპია.

- თითქმის იდეალური მეფეა კრეონი, აბა, რა. ჩვენ ასე ვაკეთებთ, ყოველ შემთხვევაში.

საღამოს ჩათვლით 4 რეპეტიცია დაგვრჩა, სპექტაკლს არავინ მოგიხსნით, თუ გინდათ ითამაშეთ, თუ არა და ითამაშეთ სხვა დროს, ოღონდ უჩემოდ. ტექსტი ისწავლეთ, რა, ტექსტი ტექნიკური მხარეა. გავიხსენოთ ისიც, შიგნით, არსებითზე რაზე გვქონდა ლაპარაკი.

ქეთი (ისმენე) - საგრიმიოროში ვიცი ტექსტი.

- წამოგყვები და იქ ვითამაშოთ მაშინ. გეოგრაფიის მასწავლებელი ხო არ ვარ, ორიანი დაგიწეროთ, თქვენ გეშლებათ ხელი, თორემ...

7 მარტი

საკუთარი თავის შეცოდებაზე იფიქრე, ნატო. ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია ქალებისათვის სცენაზე, რა კარგია, როცა ტირი. ტონალობას მიაქციე ყურადღება - როგორ ვიღუპებით, როდის გავაკეთე, რატომ მოხდა ეს? ნუ გეშინია უხეშობის.

ნატო (ანტიგონე) - არა, არ მეშინია.

- თუ არ გეშინია, ჩვევაში გაქვს მაშინ და ამოიგდე. შენი ჭირიმე, არის რაღაცა, ძალიან პრინციპული ადგილები ჩემთვის, ზოგი შენ გეხება, ზოგიც ბატონ ოთარს. პიესას რომ იღებ, რატომ იღებ, ხო?

დათო (ჩაფარი) - ნანის არაფერი ეხება?

- ნანის რაც ეხება, სახლში მოვუვლი მაგას.

0x01 graphic

0x01 graphic

- აღდგენის მომენტი უფრო რთული ჩანს, არა?

- ხომ ხედავ, იმას იხსენებენ, რას ვაკეთებდით, მაგრამ ავიწყდებათ, რისთვის ვაკეთებდით. ორგანიზმი რეფლექტორულად იმახსოვრებს იმას, რომ ამ ადგილას იჯდა, მაგრამ რატომ იჯდა, რატომ მოდიოდა ამ მხარეს და არა იქით, ეს აღარ ახსოვთ. აღდგენაში ეს არის ყველაზე სახიფათო, ფუყე არ გამოვიდეს იმ მხრივ, რომ თუ მუშტს ურტყამდი, მაგრამ არ გახსოვს, რისთვის ურტყამდი ამ ოხერ მუშტს, ნუღარ დაარტყამ, ხო? ფსიქოლოგიურადაც ასეა, რაღაცას რომ იხსენებ ხოლმე, ფაქტები გახსოვს, მაგრამ გავიწყდება მოტივაცია, იმიტომ, რომ ემოციები დროსთან ერთად გადის და რჩება შიშველი ფაქტი. ასეთია ადამიანის ბუნება.

- პიესას ირჩევთ და ერკვევით რა გინდათ ამ პიესისგან. როგორია ის მომენტი, როცა თქვენს შთაბეჭდილებებს გადასცემთ მსახიობებს, როგორია მიღების პროცესი?

- სხვადასხვანაირი. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, როგორ ხდება. მე ვიცი, რა მინდა როგორც მთლიანი ნაწარმოებისგან, ასევე ყოველი კონკრეტული ეპიზოდისაგან. თუ ეპიზოდი მთავარისთვის საფეხური არ არის, ე.ი. ეპიზოდში რაღაც სწორად არაა მოძებნილი.

- შეიძლება ამ დროს სრულიად ალოგიკური ეპიზოდიც ჩართოთ, თუნდაც ექსპერიმენტისთვის?

- კი, მაგრამ ის ალოგიკურიც დიდ ლოგიკაში უნდა იჯდეს, ხანდახან ალოგიკური უფრო ხაზს უსვამს ლოგიკას, ვიდრე ლოგიკური. თუნდაც კრეონის რეაქცია, როცა ეუბნებიან, რომ ცოლმა და შვილმა თავი მოიკლა, გარეგნულად ის სრულიად გულგრილი ჩანს, იმიტომ, რომ ყველაფერი დამთავრდა და ატროფირებულია ამდენი უბედურებისაგან, ჩვენ მიჩვეულები ვართ იმას, რომ ამ დროს ტირიან, ყვირიან, თმებს იგლეჯენ. კრეონისთვის კი ყველაფერი ხდება სულერთი, ასე ივლის სიკვდილამდე და იკითხავს: კი მაგრამ, როცა საქმეა გასაკეთებელი, ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს ეს საქმე. ერთი შეხედვით ალოგიკური რეაქციაა, არა?

- როცა პიესაზე მუშაობთ, სულ ჩართული ხართ, ფიქრობთ მასზე იქ, სადაც წესით არ უნდა ფიქრობდეთ, დაკავებულია მთელი გონება ამით?

- სიზმარშიც კი. აუცილებელი არ არის, სულ იჯდე და ფიქრობდე, ის ისედაც არ გტოვებს, ნაცნობებივით არიან. ისეთი შეგრძნებაა, რომ მონაწილე ხარ, თითქოს შენს მეზობლებს, ახლობლებს შეემთხვათ ეს ამბავი და შენც იქ იყავი.

- ჩემთვის რეპეტიციებია ეგეთი. რეპეტიციები იმიტომ მიყვარს, თანამონაწილეობის განცდა მიჩნდება ხოლმე, სპექტაკლზე, როგორი კარგიც უნდა იყოს, ეს განცდა იმდენად საგრძნობი არაა.

- რეპეტიციები კიდევ რატომ არის, იცი, კარგი? ამ დროს მსახიობებს არა აქვთ იმის ქვეცნობიერი განცდა, რომ როგორც მაყურებელს თავი მოგაწონონ. ჩემთან ისედაც არ ცდილობენ თავის მოწონებას, პირიქით, ცდილობენ ზუსტად შეასრულონ ის, რასაც ვთხოვ. ამიტომ რეპეტიციაზე კვლევა და ბუნებრიობის მომენტი მეტია.

9 მარტი
გენერალური რეპეტიცია, . პრაგონი

გენერალურ რეპეტიციაზე შენიშვნები ნაკლებია, მსახიობები ფაქტობრივად სპექტაკლს თამაშობენ, რეჟისორი შედარებით პასიური დამკვირვებელია. მსახიობები გაუფრთხილებლად იწყებენ „პრაგონს“.

დაიწყეს ამათ და იძახე შენ! კი მაგრამ, არ უნდა გამაფრთხილოთ, მე არაფერ შუაში ვარ?

- მსახიობების მიმართ ზედმეტად ლმობიერი ხართ თუ ურთიერთობის ფორმა გაქვთ საერთოდ ასეთი?

- რას ნიშნავს ლმობიერი, თუ არაა საყვირალი, რატომ უნდა ვიყვირო?

- მახსოვს, ერთხელ სტურუამ თქვა: მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობა ძალიან ჰგავს სასიყვარულო აქტს, რომლისგანაც ორივე მხარე თანაბარ სიამოვნებას უნდა იღებდესო.

- ვიზიარებ რობიკოს სექსუალურ თეორიებს. ეგრეა, აბა, რა. ძალიან იშვიათად, რომ ხმას ავუწიო, მშვიდი სულაც არა ვარ, მაგრამ ეტყობა ისეთ მსახიობებთან მიწევს ურთიერთობა, ყვირილის საბაბს არ მაძლევენ, როგორც სახლში, რა. ისე, რომ ვთქვათ, ჩემი ვალია მსახიობს მარტო კი არ გავაგებინო, არამედ შევაძლებინო იმის გაკეთება, რასაც საჭიროდ ვთვლი. ფსიქოზში არ შეიძლება ამის მიღწევა, არ გამოდის რა ჩხუბი და ჯაჯღანი.

- მახსოვს, ერთხელ მითხარით, რუსთაველის თეატრიდან იმიტომ წამოვედი, ჩემი სივრცე არ იყოო. მარჯანიშვილის თეატრის ეს პატარა სივრცე მართლა გაკმაყოფილებთ?

- ხედავთ, ცხოვრება როგორ შეტრიალდა? 17 წელია ვმუშაობ БДТ-ში, სადაც სანტიმეტრამდე რუსთაველის თეატრისხელა სცენაა, მაგრამ რა ვუყო... (საუბარი უცებ გადააქვს და ისევ რეპეტიციაში ერთვება).

გურანდა, შუქი დღეს შეიძლება არ იყოს მთლად ზუსტად, მაგრამ არ მიაქციო ყურადღება და ისევ შენს ტემპორიტმში გააკეთე ყველაფერი.

- იცი, რა, ლა-სკალას სცენაზე რომ დავდექი (დაახლოებით დინამოს სტადიონისხელა სცენაა), ვიფიქრე - დავიღუპე, მე თუ აქ სპექტაკლს დავდგამ?! არაფერი, გადავრჩი. ოპერა სხვაა, დიდი სივრცე იქ უბრალოდ აუცილებელია. პიესას რომ იღებ, ფიქრობ, რომელ სივრცეში დადგამ, რადგან სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ „რუსთაველმა“ ან БДТ-მ ჩემზე, როგორც რეჟისორზე ცუდად იმოქმედა.

ახლა თითო სიტყვას ნუ წონით, ნატო, როცა კრეონს ეუბნები: შენ მე მიბრძანებ, მზარეულო?, ბრძანებაზე გააკეთე აქცენტი, შენ გგონია, უფლება გაქვს მე მიბრძანო? .. რაკი შენ მზარეული ხარ და მე მთავარი ბუღალტერი - ეს დამოკიდებულება არ გინდა, არ გვინდა მსჯელობა. კაი, აბა, ჰე. ხვალ ხომ მოხვალ პრემიერაზე?

ასისტენტს აინტერესებს, როგორი თეფში და კოვზი იყიდოს დედოფალ ევრიდიკესთვის.

0x01 graphic

0x01 graphic

ნახატი არ უნდა ჰქონდეს, თეთრი ჯობია, ფაიფურის, კოვზი ვერცხლის იყოს, შენი ჭირიმე, ისეთი არ იყიდოთ, სასადილოებში რომ არის ხოლმე.

- მუსიკა ყველაზე მეტად მომწონს ამ სპექტაკლშიო, თქვით. მუსიკით აქცენტს აკეთებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე?

- მუსიკა არის შეგრძნება.

- და არა მინიშნება?

- მინიშნებაც არის, მაგრამ ამ სპექტაკლში ირიბი მინიშნებაა, სადღაც, სხვაგვარი პრინციპით აკეთებ მუსიკას.

- დრამატული და მუსიკალური თეატრი, როგორც რეჟისორის სამუშაო სივრცე, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან?

- დრამატულ თეატრში ყველაფერი ჩემზეა, მუსიკაც და ინტონაციაც, საოპეროში კი მუსიკალური პარტიტურა უნდა ამოხსნა, მუსიკა და ინტონაცია მუსიკალურ თეატრში უკვე დაწერილია, არტისტი უნდა მიიყვანო იქამდე, რომ ამ ინტონაციას მიაღწიოს. დრამატულში ინტონაციას როგორც მინდა, ისე მოვატრიალებ, მუსიკალურში ვერა - როგორც ნოტში წერია, ისე უნდა თქვა.

მერეც, ძალიან მიყვარს საოპერო თეატრში ორკესტრის პარტიტურის ამოხსნა, მარტო იმას კი არ აკეთებ, აქ რას მღერიან, გაინტერესებს, ორკესტრში რა დინებები მიდის. ხანდახან არის, ვოკალი აქეთ მიდის და ორკესტრში კიდევ სხვა განგაშია, ჩუმი განგაში. მოკლედ, ოპერაში სხვა ინტერესებია, მაგრამ პირველ რიგში იმის ამოცნობაა საჭირო, რა უწერია ავტორს. დრამატულშიც, თუ აზრობრივად არ ვიზიარებ ნაწარმოებს, იმას არც ვდგამ ხოლმე, რადგან რადიკალურად შეცვლა პიესის დედააზრისა არ შეიძლება, თუ არ ეთანხმები, მოძებნე მაშინ სხვა ნაწარმოები, სადაც საწინააღმდეგო დედააზრია. რატომ გინდა გადაწერო დრამატურგის პიესა სხვანაირად, რაც მინდა და რაც მგონია, რომ აუცილებლად უნდა მოვყვე, იმ პიესას ვიღებ.

- აქტუალური თუ არ არის, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე?

- უნდა გაგაწბილო და გითხრა ასეთი რამე - თუ ჩემზე ემოციურად მოქმედებს ნაწარმოები, მინდა თქვენც გადმოგდოთ ეს ემოცია, მორჩა, ეს არის დადგმა, მეტი არაფერი. რაღაცა რომ მოხდება სადღაც, ქუჩაში ან ჩემს ცხოვრებაში, მინდა მოვიდე და გიამბო: კაცო, გამოვედი სახლიდან და უცებ... ამის გაზიარება თუ მინდა პიესით, იმ პიესას ვდგამ. ასეთი პრიმიტიული კაცი ვარ, რა ვქნა.

- თემურ ჩხეიძის ფსიქოლოგიური თეატრის მაყურებელი ნელ-ნელა ხომ არ მიდის?

- თუ ხელს შევუწყობთ, წავა. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი მოკლე ხანში მობრუნდება, ოღონდ ისე არ გამოვიდეს, რომ ასეთი თეატრის გამკეთებელი აღარ იყოს. არ ვთვლი, რომ ყველაფერი ჩემს ხელწერას უნდა ექვემდებარებოდეს და ახალგაზრდები მე უნდა დამემსგავსონ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ყველანაირი თეატრი უნდა არსებობდეს.

დიდი ხანია მესმის, რომ ფსიქოლოგიური თეატრი მოკვდა. მარხავენ, მარხავენ და ვეღარ დამარხეს. ვინ დაგვნიშნა ჩვენ სასაფლაოს დირექტორებად? თუ რამე მოკვდება, ის თავისთავად დაიმარხება, წინასწარ რატომ ვოცნებობთ ამაზე? მერეც, თუ მოკვდება, მეც მოვკვდები მასთან ერთად, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს სხვანაირი თეატრის კეთება.

- ფსიქოლოგიური თეატრის ერთგვარი პრივილეგია ისიც ხომ არაა, რომ პათეტურობას და მანერულობას გამორიცხავს.

- ასეცაა, მაგრამ პირველ ყოვლისა, ასეთ თეატრში ყველაფერი ფსიქოლოგიურად გამართლებული უნდა იყოს, ყველაფერი უნდა დალაგდეს ცხოვრების მიხედვით, შესაძლოა სრულიად მოულოდნელი რაღაცეებიც მოხდეს, ისე, როგორც ცხოვრებაში. პასტერნაკთან წავიკითხე და მართალია იქ ლიტერატურაზეა ნათქვამი, მაგრამ ზუსტად მიესადაგება თეატრსაც: ყველაზე რთული რეალისტობააო - ამბობს, იმიტომ, რომ როცა რეალისტურად წერ, მკითხველი ყოველთვის ადარებს ცხოვრებას და თუ ტყუილია, გამოგიჭერსო, აბსოლუტურად სწორია. მე ვდგამ ნამდვილ, რეალობაზე აგებულ ამბავს და თუ ვტყუით, იმწუთშივე ჩანს.

- ბოლო დროს თქვენს თაობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ნახევარსიმართლეს ამბობდნენო.

- ალბათ გულისხმობენ იმას, რომ ჩვენ შეფარულად კი არ უნდა გვეთქვა სიმართლე, უნდა გვეძახა - ძირს საბჭოთა იმპერიაო. ეს რომ გვეთქვა, სპექტაკლის ბოლოს ყველას დაგვიჭერდნენ და აღარც ლიტერატურა იქნებოდა და აღარც თეატრი. თეატრში მაგათ არ უვლიათ და რა იციან, რა არის სიმართლე ან ნახევარსიმართლე, მაგრამ ახლა მოვიდა ჩვენი თაობის განადგურების დრო. ფსიქოლოგიური თეატრისა არ იყოს, ეგეც არ ესმით, მივდივართ ისედაც და რად გვინდა განადგურება. რამდენი ხანია პეტერბურგში ვარ წასული, სხვაგან სად წავიდე? აქ ყველაფერი გავათავისუფლე, ესეც თქვენი იყოს. როგორ გეკადრებათ, ოდნავ რომ ვიგრძნო, ჩემი ყოფნა არ სიამოვნებთ, იქ როგორ გავჩერდები.

ნანი, მოდი რა, სახლში წავიდეთ!

10 მარტი
პრემიერის შემდეგ

„პაკლონი“, ოვაციები, მილოცვები, მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.

- პრემიერის შემდეგ მოდიან და გეუბნებიან, რა კარგი იყო სპექტაკლი. თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმეს უთქვამს - რა არის, ეს რა გაგიკეთებია, არ მომეწონა?

- ბედნიერი ვარ, რომ მყავს ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ეგ მითხრან და იციან, რომ ამის გამო ჩემთან ურთიერთობა არ შეეცვლებათ.

- თქვენ რა, კრიტიკა არ გწყინთ?

- კრიტიკა არა, თუ კრიტიკოსი პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებს, მწყინს. როცა კრიტიკოსი ტაქტიანად წერს, რომ ჩხეიძეს ეს არ გამოუვიდა ამიტომ და ამიტომ, ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე ეს მეწყინა, მაგრამ როცა წერენ, რომ ჩხეიძეს შემოქმედებითი და პიროვნული კრიზისი ჰქონდა, როცა ამ სპექტაკლს დგამდაო, რა თქმა უნდა, საწყენია. შენ თქვი, რატომ არ მოგეწონა სპექტაკლი, თორემ ჩემს კრიზისზე ლაპარაკის უფლება ვინ მოგცა, ანდა, მიცნობ ისე კარგად, რომ ეს თქვა? პიროვნული შეურაცხყოფა ყველას წყინს და მეც რომ მწყინდეს, რა გასაკვირია. ისე, მყავს მეგობრები, რომლებიც მაკრიტიკებენ. „ჯამბაზები“ რომ დავდგი, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა არც დამირეკა და არც პრემიერის მერე დამხვდა. გასაგებია, მეტი როგორ უნდა გაჩვენოს კაცმა, რომ არ მოეწონა, მაგას ჯობდა, გაველანძღე.

14 მარტი
შედარებით თავისუფალი დღე

- ყველაზე მაგარი ქალაქი, სადაც კარგად გიგრძვნიათ თავი და გიფიქრიათ, რომ იქ იცხოვრებდით?

- თბილისი. ასე მშობლიურად არსად მიგრძვნია თავი. თბილისის გარდა თუკი სადმე შევძლებდი ცხოვრებას, ალბათ ბათუმში და პეტერბურგში, არადა ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. პეტერბურგის პომპეზურობის მიუხედავად, ამ ქალაქში არ ვითრგუნები, ზოგიერთ კათოლიკურ ტაძარში მემართება ხოლმე ასეთი რამ, ვგრძნობ, რომ არაფერი არა ვარ. ეტყობა, ყველაფერი მაინც სუბიექტურია, რადგან პეტერბურგთან ბავშვობაც მაკავშირებს. 12-13 წლის რომ ვიყავი, რვა თვე ვცხოვრობდით ამ ქალაქში ბებია, ბაბუა და მე. ოპერაცია გამიკეთეს ხელზე და სამ თვეზე მეტი ვიწექი კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად თაბაშირში ვიყავი ჩასმული, ფეხები თავისუფალი მქონდა და ბაბუას დავყავდი ერმიტაჟში, მუზეუმებში, თეატრებში დავდიოდით დილის სპექტაკლებზე, საღამოს არ მიშვებდნენ. რა ვიცოდი მაშინ, რომელ თეატრშიც დილის სპექტაკლებს ვესწრებოდი, დიდი ხნის მერე იმის მთავარი რეჟისორი რომ გავხდებოდი.

- რატომ წახვედით პეტერბურგში?

- სანამ ცოცხალი იყო, გიორგი ტოვსტონოგოვმა რამდენჯერმე შემომთავაზა სპექტაკლის დადგმა БДТ-ში, ვერცერთხელ მოვახერხე ჩასვლა, მისი გარდაცვალების მერე ლავროვმა მთხოვა, იქნებ ერთი სპექტაკლი მაინც დაგვიდგაო. ერთი სპექტაკლის დასადგმელად ჩავედი 1998-ში, და ასე დავრჩი. პირველი სპექტაკლი შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ იყო, რომელიც, მაპატიე თავხედობა და, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ შარშანდლამდე გადიოდა, ანშლაგების მიუხედავად, მე თვითონ მოვხსენი. მკითხეს - როგორ ხსნი, ხომ ხედავ, ანშლაგებიაო. ანშლაგი სანამ არის, მანამდე უნდა მოხსნა, თორემ კაციშვილი რომ არ დადის, მერე რაღა დროს მოხსნაა.

- ანუ სანამ პიკში ხარ, მანამ უნდა წახვიდე.

- აუცილებლად. გავიგე თქვენი მინიშნება, ეგრეც ვიზამ. სწორი ხარ, სანამ პიკში ხარ, მანამ უნდა წახვიდე.

- რომ წახვალთ, რას გააკეთებთ?

- სახლში წავალთ-თქო, ხომ არ მითქვამს. სანამ მომცემენ, დადგმებს გავაკეთებ.

- ერთ მშვენიერ დღეს დადგმებიც რომ აღარ მოგცენ?

- ვერ გავძლებ, რომ არ დავდგა. ვერაფრით ვერ გავძლებ.

- პეტერბურგში როგორ ცხოვრობთ?

- როგორ ვცხოვრობ? მთელი დღე თეატრში ვარ. დილას რომ გავდივარ, ღამე შემოვდივარ. სანამ მარჯანიშვილის თეატრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, ნანიც პეტერბურგში იყო, ახლა რეპერტუარშია დაკავებული და უკვე ძალიან მიჭირს. თანაც, რამდენ ხანს შეიძლება იყო ერთსა და იმავე თეატრში. აქ მინდა რა, სახლში.

- შვილებთან გახსნილი ხართ?

- ყოველთვის გახსნილი ვიყავი, მით უფრო მაშინ, როცა გაიზარდნენ, ძალიან პატარას ყველაფერი რატომ უნდა უთხრა, არ ვიცი, მაგრამ ჭკუა არასოდეს დამირიგებია, გინდა თუ არა, ისე მოიქეცით, როგორც მე მინდათქო.

- ქალებთან ურთიერთობა ძნელი არ არის?

- რატომ? მე ქალები მიყვარს. შვილებიც ქალები მყავს და რაც უნდა ძველმოდურობა დამწამონ, ცოლადაც ქალი მყავს.

- ის ისტორია გამახსენდა, რეპეტიციაზე დაგვიანების გამო მედეა ჩახავა სპექტაკლიდან რომ მოხსენით.

- მედიკოსთან ურთიერთობა ადვილია, ხანდახან რაღაცეები წყინს და ესეც ალბათ ჩემი ბრალია. ამასწინათ დამირეკა და ძალიან ხაზგასმით მითხრა - გილოცავ დედის დღესო, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა დამერეკა და მიმელოცა, მაგრამ ეს ოხერი, არ ვიცოდი, დედის დღე თუ იყო. რაღაც სისულელეები ვუთხარი - ჩემთვის ყველა დღე დედის დღეა და არ მჭირდება თქვენი კალენდარი-მეთქი. კარგი, კარგიო, ისე მითხრა, რომ ქვეტექსტი იყო - მიდი, მიდი, მაგით იმართლე თავიო. დიდხანს იყოს, მეტი არაფერი მინდა.

- წეღან შთაბეჭდილებებზე რომ ვსაუბრობდით, გამახსენდა პრუსტის ერთი ესსე, სადაც დაკარგულ შთაბეჭდილებებზე ამბობს: რაც უნდა ძალა დავატანო გონებას რაიმე შთაბეჭდილების აღსადგენად, არაფერი გამოდის, საკმარისია შეგრძნება დავიბრუნო, ყველაფერი განათდებაო. ერთხელ, მსახურმა ჩაი და ორცხობილა შემომიტანა, როგორც კი ჩაიში ჩამბალი ორცხობილის გემო ვიგრძენი სასაზე, უცებ ბავშვობის ის შთაბეჭდილება აღდგა, რომლის გამოხმობასაც დიდი ხანი გონების დაძაბვით ამაოდ ვცდილობდიო. ასაკთან ერთად, უფრო მძაფრი ხომ არ ხდება ბავშვობის შეგრძნებები?

- ასაკი არაფერ შუაშია, ყოველთვის მქონდა ასეთი გამძაფრებები. უბრალოდ, ასაკთან ერთად მონატრება მძაფრდება. 25 წელია, რაც მამაჩემი აღარ არის და როგორც არასდროს, ისე მენატრება. მინდა დაველაპარაკო, მინდა ვიცოდე, რას იტყოდა, რას მიპასუხებდა იმაზე, რაც მაინტერესებს - მოკლედ, იმპროვიზაციას იწყებ თემაზე. წასული ადამიანების მიმართ ტკივილის გრძნობა თითქოს ფერმკრთალდება, მონატრების გრძნობა კი ძალიან აქტიურდება.

- ასაკი რეჟისორის შეფასებასა და აღქმაში თუ ცვლის რაიმეს?

- პრინციპული და გლობალური აღქმა არ იცვლება. ახალგაზრდობისას დამოკიდებულება ალბათ სხვანაირია, ცოტათი უფრო ზერელე, ცოტათი უფრო ერთნიშნა, ეს ასეა და მორჩა. ახალგაზრდულ რადიკალიზმში არის კარგიც, მაგრამ ტოლსტოის ტყუილად ხომ არ აქვს ნათქვამი - ყველაზე დაუნდობლები ბავშვები არიანო. ადამიანს ხშირად უწევს უამრავი რამის გათვალისწინება, რაც ახალგაზრდობას კომპრომისად მიაჩნია. ახლა რომ ვფიქრობ, უაღრესად უკიდურესი, მჭახე და ერთმნიშვნელოვანი არც ახალგაზრდობაში ვყოფილვარ.

- ვიცი, რომ არც სკანდალური ხართ, მაგრამ თქვენი ყველაზე სკანდალური სპექტაკლი, უფრო სწორად ტელესპექტაკლი ჯაყოს ხიზნები აღმოჩნდა.

- მიუხედავად იმისა, რომ სკანდალებს ვერ ვიტან, გინდა არ გინდა სკანდალი მოხდა. შენი ჭირიმე, არ გამახსენო, რაც მაშინ გადავიტანე...

- პილატეც ერთგვარად სკანდალური აღმოჩნდა ამ საზოგადოებისთვის. რელიგიური თემა, ეკლესიის ჩარევა...

- ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა „პილატეს“ მიმართ, უბრალოდ ტელევიზიამ ააგორა - არიქა, ეკლესია კრძალავსო, არადა, მსგავსი არაფერი ყოფილა.

- თქვენთვის რატომ აღმოჩნდა პილატეს თემა საინტერესო?

- ახალგაზრდობაში რომ წავიკითხე ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, იქიდან მოყოლებული მინდოდა იმ ოთხი თავის (და არა ოთხთავის) გაკეთება, რომელიც ეხება პილატესა და იეშუას. ეტყობა ჩემში იდო ის, რომ ერთმნიშვნელოვნად არაფრის აღქმა შეიძლება. ვიცით, რომ პილატემ დასაჯა ქრისტე, მერე და მერე, რა ემართება პილატეს, ეს მეტამორფოზა მაინტერესებდა... რელიგიური ნიშნით არ დამიდგამს სპექტაკლი. რამდენად რთულია ადამიანი - ეს მაინტერესებს ყველგან, ყველა ნაწარმოებში ამას ვეძებ.

- თანამედროვე ქართული დრამატურგია თუ გიზიდავთ იმისათვის, რომ დადგათ?

- არის რამდენიმე ნიჭიერი კაცი, მაგრამ ეტყობა მე სხვა დრამატურგიაზე გავიზარდე. ერთია, როცა ჭკუით ხვდები, რა არის კარგი ან ცუდი ნაწარმოები, მეორეა ემოცია. დასადგმელად რომ ავიღო, ნაწარმოებმა ემოციურად უნდა შემძრას. მაგალითისთვის, რამდენი ლამაზი ქალი დადის, მაგრამ მარტო სილამაზის გამო ვერ ვაკოცებ, ამ ქალისადმი უნდა გამიჩნდეს ემოცია, ის რაღაცა უნდა ჰქონდეს, რასაც სახელი არ ჰქვია, ობიქტურად შეიძლება ვიცოდე, რომ ესა თუ ის ქალი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ჩემი ცოლი, მაგრამ რა ვქნა ახლა? იგივეა პიესასთან მიმართებაში, ვიცი, რომ უფრო უკეთესი პიესები არსებობს, მაგრამ მე ემოციურად ამან შემძრა, ეს არის ჩემი სათქმელის იდენტური, ჩემი ტკივილი. სახარებაში რომ წერია: პირველად იყო სიტყვაო, ჩემთვის პირველადი არის გრძნობა, მერე ემოციური ბიძგი, მერე უკვე, რა თქმა უნდა, გონებით ალაგებ - როგორ, სად, რა, სჯობია. აბა, გონება თუ არ ჩართე, კომპოზიციურად ხომ უნდა მოიფიქრო, როლები ხომ უნდა გაანაწილო.

- ფილოსოფია გიყვართ?

- ტვინის ჭყლეტა არ მიყვარს. ფილოსოფია მიყვარს, მაგრამ სცენაზე ფილოსოფოსობა არ მიყვარს. თეატრი თეატრია და არა ფილოსოფიის კათედრა, ყოველგვარი ჭკვიანური სადად და თამაშ-თამაშით უნდა გადასცე. ფსიქოლოგიური თეატრი და ფილოსოფიის ელემენტი თეატრში სრულებით არ არის დამოკიდებული ჭკვიანურ ფრაზათა რაოდენობაზე, ძალიან ბევრი ცდება ამაში. დახუნძლული ჭკვიანური ტექსტები არ ნიშნავს იმას, რომ ის თეატრის ენით უნდა მიაწოდო, წინააღმდეგ შემთხვევაში ლექცია გამოვა, თანაც მოსაწყენი.

- მაინც რომელია თქვენი საუკეთესო სპექტაკლი?

- ეგეთი ავოეე, არ ვიცი, მაგრამ ოპერაში იყო პროკოფიევის „მოთამაშე,“ მეტროპოლიტენოპერის საბოლოო ვარიანტი. ის მართლაც კარგი სპექტაკლია. საერთო ჯამში კი ისეთი, როგორიც მინდოდა, ერთი-ორჯერ თუ გამომივიდა.

- თავმდაბლობა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავის ფასი არ იცოდეთ?

- ვინ გითხრა, რომ არ ვიცი. მე ვარ გამართული პროფესიონალი რეჟისორი. ჩემისთანა ხალხი საჭიროა თეატრში, მაგრამ მე არა ვარ გენიალური რეჟისორი. შესაძლებლობების ზღვარი? არ ვიცი. ის ვიცი, რომ ასაკთან ერთად ალბათ იზღუდება ჩემი შესაძლებლობებიც, თუმცა მგონია, რომ ბოლო წლებში საუკეთესო ფორმაში ვიყავი, შეიძლება ახალგაზრდობაზე მეტადაც. მეუბნებიან, რომ БДТ-ში დადგმული ინგლისელი დრამატურგის - მაიკლ ფრეინის „კოპენჰაგენი“ შენი საუკეთესო სპექტაკლია, ოღონდ არ მიქარო, თბილისში არ ჩამოიტანო, თორემ ანტრაქტში წავაო. მეც მგონია, რომ „კოპენჰაგენი“ მთლიანად მე ვარ - თემატიკით, სტილისტიკით, მანერით.

БДТ-ში 1200 კაცი ეტევა, „კოპენჰაგენი“ ერთადერთი სპექტაკლია, რომლზეც სრულიად შეგნებულად ვყიდით 350 ბილეთს, დარბაზის დანარჩენი ნაწილი გადაკეტილია, სხვაგვარად ვერ მოახდენ ყურადღების კონცენტრირებას, მცირე სცენაზე იმიტომ არ დავდგი, რომ სივრცე მჭირდება, არადა, სამი კაცი თამაშობს, მეტი არა. ვერ აგიხსნით, ისეთი რამეა. ეჰ, იმდენი რამეა ცხოვრებაში აუხსნელი...

- თეატრის ინტრიგებში თუ გარეულხართ?

- ძალაუნებურად, ალბათ კი. როცა აღწევ იმ ასაკსა და მდგომარეობას (ცუდი სიტყვაა), როდესაც შენი გაჩუმება და გარიდებაც კი უკვე პოზიციად აღიქმება, იძახე ახლა, არ გავრეულვარო. არ ვერევი, წავედი სახლში, უკვე გარეული ხარ, იმიტომ, რომ არ გაერიე. მაშინ იბნევი, უკვე აღარ იცი, სად წახვიდე ამ სამყაროში, ვის უთხრა, რომ არ გინდა ამაში მონაწილეობა. არ გინდა? უკვე გარეული ხარ, უკვე პოზიციაა. ვიცი, ვიღაცეებს კითხვები აწუხებთ, ახლობლებსაც უთქვამთ, რატომ არა ვარ აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იცი, ჩემზე ემოციურად რამ იმოქმედა ყველაზე მეტად? თავის დროზე ისე თავისუფალ და იოლ ტერმინად შემოვიდა „ერის მოღალატე“, რომ ყველაფრისადმი დამემართა არმინდა ! ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ ქვეყანა დავახარისხოთ ერის შვილებად და ერის მოღალატეებად? ამაზე მაქვს საშინელი რეაქცია.

- ჩანაწერებს თუ აკეთებთ, თუნდაც რეპეტიციების ტექნოლოგიური პროცესისას, მსახიობებთან ურთიერთობისას, ეს ხომ მართლაც მთელი სკოლაა, რომელიც ღმერთმა იცის, განმეორდება თუ არა.

- გული მწყდება, რომ რეპეტიციების ჩანაწერები, ის, თუ რას მივაღწიე და რას ვერა, არა მაქვს გაკეთებული. რაც შეეხება მემუარებს, ჩემს თავს შევატყვე, რომ ბოლომდე სიმართლეს მაინც ვერ ვიტყვი, იმიტომ კი არა, რომ ვმალავ, უბრალოდ, ყოველთვის მიადგები ზღუდეს, როცა შენი თავისუფლება იქ თავდება, სადაც იწყება სხვისი და არა მგონია, სხვისი განსჯის უფლება მქონდეს. მემუარებზე ვგიჟდები, მაგრამ თუ ბოლომდე გულწრფელი არ ხარ, რა აზრი აქვს? კარგია, როცა საუკეთესოს შეამჩნევ ადამიანში და იმას აღწერ, ფიქრობ, იქნებ ამაზე დაწერო, მაგრამ ყოველთვის არ გცალია, მერე გადის დრო და მარაზმში რომ იქნები, შენი მემუარები რა თავში უნდა იხალო? იმისაც მეშინია, სიბერეში შელამაზება არ დავიწყო. არ ვიცი, არა, რაღაცა მეჩოთირება.

- ერთი სიტყვა, თვისება, ნიშანი, რომელიც მთლიანად გამოხატავს თქვენს პიროვნებას?

- ყველანაირი ვარ. განა ის, რაც სხვაში არ მომწონს, მე თვითონ არასოდეს მომსვლია, განა ისეთი რამ, რაც ნებით თუ უნებლიეთ ჩამიდენია, მერე არ მაწუხებს? ბოროტება არავისთვის გამიკეთებია - ეს ნამდვილად ვიცი. როცა ჩემს საქციელს ადამიანების გულისტკენა გამოუწვევია, ამასაც საშინლად განვიცდი. არის რაღაცეები, რასაც სამწუხაროდ, რაც უნდა ვიცოდე, რომ შედეგად ჩემი და სხვისი გულისტკენა მოჰყვება, მაინც გავაკეთებდი. თუკი „ყველანაირი“ თავისთავში მოიცავს ყოველგვარ ადამიანურს, ე.ი ეგ სიტყვაა.

16 მარტი
გამგზავრება პეტერბურგში.

12 ელისო ბოლქვაძე

▲back to top


ავტორი: მანანა ცხადაია

0x01 graphic

ტიპიური ფრანგები - ჟაკ კოლი და იუბერ კოსტელი პროფესიონალურად მუშაობენ. უფრო სწორად, კოსტელი მუშაობს: ტელეკამერა ისე აქვს მორგებული მხარზე, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილი, ოთახში უჩუმრად ტრიალებს და 13 წლის გოგონას იღებს. ჟაკ კოლი კი სავარძელში ზის, ტიპიური ფრანგული ველვეტის პიჯაკით (რატომღაც მგონია, რომ ველვეტი ფრანგებზეა ზედგამოჭრილი) და გამოცდილ ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება დამწყები პიანისტის ჟოლოსფრად აპრიალებული ლოყები. გოგონა ნერვიულობს - ცნობილი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის როიალზე უკრავს ფრანგული ტელევიზიისთვის და არა მარტო მისთვის. იქვე, სავარძელში პარიზიდან ახალფეხჩამოდგმული ელისო ზის. კალთაში ფისოსავით ჩაცუცქვია 6 წლის ნათლული - ლიზი. ეს ყველაფერი ელისოს სახლში ხდება: ბროლის ეიფელი - როიალზე, გადაბარდღნილი იასამნები - ოქროსფერ ჩარჩოში. ბინას ჯერ ისევ ატყვია ახალი წლის ნაკვალევი, შებაფთული ზარებით და მინიატურული, ოქროსფერი ნაძვის ხით, რომელიც ბამბის ვარსკვლავებით არის მორთული.

ახლა ვარდისკოკრებიან კედლის სარკეში ვხედავ ელისოს, მხიარული ციყვები კაკლების შესაკრებად რომ დაუხტიან თვალებში და ყველაფერ ამას, პატარა თეატრის სცენასავით უხდება ტელეკამერის ზომიერი შუქი.

გვანცა ჩიხლაძე (ასე ჰქვია 13 წლის პიანისტს) დაკვრას ამთავრებს. მერე როიალს თედო დიაკონიძე უჯდება, ისიც 13 წლის, ისიც ქუთაისელი. თუ არ ვცდები, ლისტს ასრულებს (ჰოი, სირცხვილო, დაიწვას ჩემი მუსიკალური შვიდწლედის დიპლომი). ლისტია თუ ვინ, ღვთაებრივი მუსიკა კი ატკბობს ყურებს და მგონია, ჩვენი დიდი პაპა-ბებია - ადამი და ევა ისევ სამოთხეში ცხოვრობენ - ასე იცის კლასიკამ.

როცა „ბინის კონცერტი“ მთავრდება, ჟაკ კოლი ჟურნალისტობას იწყებს და, წამდაუწუმ, „მეღსი ბოკუ“-თი ეკითხება დამწყებ მუსიკოსებს: როდის შეგნიშნათ მიშელ ლონგის საქველმოქმედო ფონდმაო. ფონდიდან ყოველთვიურ სტიპენდიას - 100 დოლარს თუ იღებთო? ქუთაისში ფორტეპიანოზე დაკვრის დიდი ხნის ტრადიცია არსებობს თუ თქვენ გამონაკლისები ხართო? აქ კი ელისო თარჯიმნის ფუნქციას აშკარად აჭარბებს და ბავშვებს არიგებს, უთხარით, რომ მთელს საქართველოში არსებობს დიდი მუსიკალური კულტურა და ტრადიციებიო. მერე ისევ ფრანგულად უთარგმნის სტუმრებს. მისი ფრანგული და ჩარბილებული „ღ“ - ფრანგულია. აკი ამბობს: წინა ცხოვრებაში, ალბათ, ფრანგი ვიყავიო.

საფრანგეთის ტელევიზიის ერთ-ერთი პრესტიჟული არხი „ელსეი“ ელისო ბოლქვაძეზე, მის სამშობლოზე და საქართველოში მიშელ ლონგის საქველმოქმედო ფონდის მოღვაწეობაზე ფილმს იღებს. ქუთაისელი მუსიკოსები ამ ფილმის ნაწილი უკვე გახდნენ, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და კათალიკოსპატრიარქი ხვალ გახდებიან - მათთან შეხვედრა დილით არის დაგეგმილი.

ფსიქოლოგმა მეგობარმა მასწავლა, მეხსიერების გავარჯიშება თუ გინდა, თავიდან დაიწყე დღის მოვლენების გახსენებაო. ზემოთ მოთხრობილამდე ერთი საათით ადრე... მე, დათო (ფოტოვირტუოზი) და ქუთაისელი მუსიკოსები ელისოს ბინაში ველოდებით ელისოს, ფრანგ ჟურნალისტებთან ერთად. იღება კარი, შემოდის 38 წლის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიანისტი (გერმანული პრესის შეფასებით), თავისი დაზღვეული ხელებით და ბეწვმოყოლებული მანტოთი და... ქართული ფილმისა არ იყოს: თვალები, ოდესღაც მინახავს ეს თვალები, ოღონდ არა ტელევიზორში, ინტერნეტში ან აფიშაზე. თუმცა, სად არის ახლა სკლეროზთან ბრძოლის დრო! ელისოს წარმატებების გრძელი სია მაქვს ჩამოსათვლელი, თანაც უშეცდომოდ.

სადღაც ბავშვობაში გატყორცნილა ბეთჰოვენის პირველი კონცერტი, 7 წლისამ რომ დაუკრა ჯემალ გოკიელთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ბავშვობაა 1984 წლის ბახის საერთაშორისო კონკურსი ლაიფციგში, ფინალისტობა, ელისოს ქებით აჭრელებული გერმანული პრესა და წარმატების პირველი სიხარული. მაშინ ელისო 16 წლის, ჯერ ისევ „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლე იყო.

1987 წელს - პორტუგალია, ლისაბონი, „ვიანა და მოტას“ სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მეორე პრემია.

ამას მოჰყვა ვან კლაიბერნის „ბიჭების კონკურსად“ მონათლული საერთაშორისო კონკურსი 1989 წელს, ფორტუორტში - დიდი მუსიკოსის მშობლიურ ქალაქში. იქ ელისომ მეექვსე პრემია აიღო. ო, იმ კონკურსის გახსენებაზე ელისოს დედას - ქალბატონ ნანა დარჩია-ბოლქვაძეს აბაბანებს. კონკურსი 5 ტურად ტარდებოდა. მეხუთეზე ელისოს უნდა შეესრულებინა დვორჟაკი იაპონიის სახელმწიფო კვარტეტთან ერთად, თანაც, ურეპეტიციოდ. უმკაცრეს ჟიურის კონკურსანტებთან დალაპარაკების უფლებაც კი არ ჰქონდა. ეს არად დაგიდოთ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ინგლისელმა ჯონ ლილიმ - მან რუსი თარჯიმნის ხელით, 22 თეთრი ვარდი - 22 წლის იყო ელისო და იმიტომ - გაუგზავნა ტალანტს და შეუთვალა, შენი მუსიკალური ბგერისგან შიგნეული მიტრიალებსო. კონკურსს მოჰყვა მათი დაკავშირება ინტერნეტით და 15 კონცერტი შტატებში, პრაღის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

0x01 graphic

ელისო ბოლქვაძე თავის მენეჯერ, მიშელ სონთან ერთად

1997 წელს ელისომ ირლანდიაში, დუბლინში, ჯოისისა არ იყოს, დუბლინელებს საერთაშორისო კონკურსზე აღებული მესამე პრემიით მოაწონა თავი.

...მაგრამ, მანამდე, 1995 წელს, პარიზში მარგარიტა ლონგის საერთაშორისო კონკურსი ბედისწერა იყო თუ შემთხვევითობა, თავად განსაჯეთ. მართალია, ელისო პირველივე ტურიდან აღიარა პრესამ კონკურსის ფინალისტად, მაგრამ ცნობილ მუსიკოსს - მიშელ ლონგს ამის შესახებ არაფერი სმენოდა. ის კონკურსზე შვეიცარიიდან ჩამოვიდა, თანაც ძალიან მოუცლელი გახლდათ. ისის იყო დარბაზის დატოვებას აპირებდა, რომ როიალს ერთ-ერთი კონკურსანტი - ელისო ბოლქვაძე მიუჯდა. თქვენ რა გგონიათ, მოცარტის ნაწარმოების პირველი ბგერები გაისმა და ლონგი ისევ ჩაჯდა სავარძელში. მერე კულისებში უთხრა ელისოს: „არ მაინტერესებს, გახდებით თუ არა ამ კონკურსის ლაურეატი, თუკი ჩემს მენეჯერობას ისურვებთ, მომწერეთ და კონვერტს დააწერეთ: მე ვარ ის გოგონა, რომელმაც მოცარტი შეასრულა“. ღმერთო ჩემო, კაცობრიობის ისტორიაში ნეტავ კიდევ რამდენჯერ „გასტეხს“ წერილი (ეპისტოლური ჟანრის ეს შესანიშნავი ნიმუში) „ქვასაცა მაგარსა“?!

პირველი პიანისტი იყო ელისო, ვინც მიშელმა ავსტრიაში, თავის დაარსებულ „მუსიკალურ კონსტიტუციაში“ მიიპატიჟა. ვილა შინდლერში გატარებულ 5 წელიწადს ელისო ძალიან ნაყოფიერს უწოდებს, ახალდაბანილ თმებს (უსრიალებს) ვერაფერს უხერხებს, მაგრამ პარიზზე სალაპარაკოდ მილიმეტრებად გათვლილი დროც არ ენანება:

0x01 graphic

- ყველას თავისი პარიზი აქვს. ეს გენიალური ქალაქია, გენიალური სულით. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ ამ სულის სუნთქვას. ბავშვობის მეგობრები - ჰიუგოს, დიუმას, ბალზაკის გმირები იქ მართლა ცოცხლდებიან. ეს ქალაქი ამოუწურავი ბედნიერებაა. ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები, როცა პარიზს ვუყურებ და ვფიქრობ: ღმერთო, რამ შექმნა ამდენი, ერთად!

პარიზი ძალიან უყვარს. მგონი, პარიზსაც უყვარს სამი წლის წინათ კლებერნზე, მუსიკალურ ატელიეში დასახლებული ქართველი ქალბატონი.

- იქ სონიმ 30 წლის წინათ დაიწყო მოღვაწეობა. ახლა თავად შვეიცარიაში ცხოვრობს, ატელიე კი მისი მუსიკალური აკადემიის ერთ-ერთი ნაწილია, უამრავი ოთახით, ყველა ოთახში - როიალით და ერთ-ერთში - დიდი ლისტის ფორტეპიანოთი. თავად მიშელი წარმოშობით უნგრელია, ეზეშენის უძველესი გვარის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, გენიალური ლისტის შვილიშვილის მეგობარი და ისტორიულმა ფორტეპიანომ ამ მიზეზითაც დაიდო ბინა ატელიეში. ცალკე თემაა საქველმოქმედო მუსიკალური ფონდი. ის 2001 წელს დააარსა მიშელ სონიმ.

- ფონდს „სოს-ტალანტები“ ჰქვია და ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობას ემსახურება. იქ აქტიურად ვმუშაობ. მაინტერესებს საქართველოს ხაზი. პარიზში უკვე წავიყვანეთ ორი ნიჭიერი შემსრულებელი - თამარ და ნათია ბერაიები. წეღან მოსმენილ ქუთაისელ ბავშვებს სტიპენდიით ვეხმარებით. ფონდის ხელშეწყობით, 18-19 წლის გამორჩეული ახალგაზრდები „ფრომოუშენის პროგრამაში“ გადადიან, რომელიც საშუალებას აძლევთ, პროფესიონალურად მოემზადონ კონკურსებისთვის, მონაწილეობა მიიღონ ფესტივალებში და საერთაშორისო მუსიკალურ ასპარეზზე ადგილი დაიმკვიდრონ.

საუბრის დროს, ბალერინებივით აცეკვებს თითებს. ნაბოლარა, ნეკა მოკრივეს ცხვირივით დაბრეცილა, გაბერილა და ისე გამოირჩევა ოთხი ბალერინა დისგან, როგორც აბეზარი და შეუხედავი, მაგრამ ყველაზე საყვარელი შვილი ნაკვთებდაწყობილი და გაპიწკინებული პირმშოებისგან.

0x01 graphic

მუსიკალური ათწლედი, კონცერტის შემდეგ

0x01 graphic

მამასთან,ზაურ ბოლქვაძესთან ერთად, 1971 წელი

- მაგას დავეძებ, - ამბობს თითების პატრონი, - როგორიც უნდა, ისეთი იყოს, მთავარია, დაუკრას. პირველად ბავშვობაში ათწლედის კიბეებიდან გადმოვვარდი და მაშინ დავიზიანე მარჯვენა ხელი...

(დედის მოგონებიდან: „გამწარებული დარბოდა, დედიკო, დამამშვიდე, მითხარი, რომ მოტეხილი არა მაქვს და ისევ დავუკრავო“).

- ...მეორედ - შარშან, 25 აგვისტოს. 24-ში კონცერტი მქონდა. მეორე დღეს ნაცნობი პიანისტის სანახავად წავედით. მანქანიდან გადმოსვლის დროს ვიფიქრე, მოზრდილ გუბეს ავცდები-მეთქი. მარჯვენა ძალიან ძლიერი მაქვს. მივაჯახუნე კარი და მივხვდი, რომ ნეკა შიგ „დამრჩა“. წამში თითი თავკომბალად გადაიქცა, აუტანელი ტკივილი, პულსაცია, ჩემს გონებაში გაუქმებული სექტემბრის კონცერტები... სასწრაფოდ წამიყვანეს საავადმყოფოში. გადამიღეს სურათები. საშინელი დაბეჟილობა აღმომაჩნდა. აქტიური ტკივილები და გამაყუჩებლების სმა სამი დღე გაგრძელდა. რამ გადამარჩინა მოტეხილობას, არ ვიცი. ალბათ, მანქანის კარში დატანებულმა კაუჩუკმა. ამის მერე გადაწყდა ჩემი ხელების დაზღვევა ერთ-ერთ ფრანგულ სადაზღვევო კომპანიაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია - ხელები პიანისტის პროფესიული ინსტრუმენტია. თუ დაიზიანებ, სადაზღვევო კომპანია გაძლევს თანხას, რომლითაც პროფესიადაკარგული შეძლებ არსებობას. ქართულ ტელეგადაცემაში ჩემი ხელების 70-ათასიანი დაზღვევა უხერხულად ახსენეს. სინამდვილეში, ეს არის თანხა, რომელსაც ფურცელზე ვხედავ და რომელიც ცხოვრების დრამატულად შემობრუნებისას (ღმერთმა დამიფაროს) დამჭირდება.

(ჩვენი რეაქცია: არამც და არამც! საერთოდაც, არადრამატული ბლიც-კითხვების და მათზე გაცემული „არა-ბლიც“ პასუხების დროა).

ყველაზე საყვარელი კომპოზიტორი...

- რაველი, მგონია, მისი დაკვრა კარგად გამომდის, ახლოა ჩემთან. ყველაზე ბედნიერი წუთები...

- ბევრი მქონია, მაგრამ ბედნიერების განცდას იმ წუთში ვერ აღიქვამ. ახლა ამომიტივტივდა: საშინლად ბედნიერი ვიყავი, რახმანინოვის მეორე კონცერტი რომ დავუკარი ინსბრუკის სიმფონიურთან ერთად. ისე სწრაფად - 20 დღეში - მოვამზადე ეს კონცერტი, რომ დარბაზიდან გამოსულს არც მჯეროდა, თუ დავუკარი. თანაც, დირიჟორი ძალიან არაკომუნიკაბელური იყო და გავწვალდი. კონცერტის ბოლოს, სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა.

სამშობლოს მონატრება პარიზში...

- ხშირად ვფიქრობ, რომ მისგან შორს ვარ, მენატრება. მაქვს განცდა, რომ ოდესმე დადგება დრო და ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებთ, იქნება ეკონომიკური თავისუფლება, ყველა შეძლებს რიგიანად დასვენებას, შრომა დაფასდება, ხალხი დაწყნარდება და, რა ვიცი, მგონი, ამისკენ მივდივართ.

სტრიქონები, რომელიც მამის პოეზიიდან აიკვიატა...

- „მე პოეტი ვარ, მიწა ვარ, ცა ვარ,
მე პოეტი ვარ, სივრცე ვარ, დრო ვარ,
მომენატრება სიკვდილი, წავალ,
მომენატრება სიცოცხლე, მოვალ“, - მამას სული იმდენად თავისუფალი ჰქონდა, რომ შეეძლო ამის თქმა.

დედის მოგონებიდან: „ზაური (ზაურ ბოლქვაძე - პოეტი, ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი, მე-20 საუკუნის 60-იანელების ერთ-ერთი კოლორიტი...) განუმეორებელი იყო, ელისო - მამის გიჟი. ვეჭვიანობდი, ვეუბნებოდი, თქვენ ორივე მატყუებთ, ერთმანეთის მეტი არავინ არ გიყვართ-მეთქი. იმ საბედისწერო ღამეს რა მოხდა? როგორ? რატომ? - ჩემთვის დღემდე უპასუხო კითხვებია.

0x01 graphic

ცხოვრება რომ ბადესავით გაიფხრიწება, თავს ზარი დაგეცემა, არტერიებში სისხლის მაგივრად ცრემლი ჩაგიდგება, იქნებ ის ცრემლი ფარისებრ ჯირკვალში ბურთად დამალო, მაგრამ მერე, როცა ფანჯარაში „უყოყმანოდ აყვავდება“ ფრანგული ნუში, შესაძლოა ისე აგიწკაპუნდეს ლამბაქზე ყავიანი ფინჯანი და ცრემლდიდობამ დაგახრჩოს, რომ გვერდზე აღმოჩენილმა უცნობმა გაოგნებით გკითხოს - „მადმუაზელ, რა დაგემართათ?“ როგორ გინდა მოუყვე - რაც:

ღამის სამ საათზე ბოლქვაძეების ოჯახს არ სძინავს. ელისო იმდენს ახარხარებს დედ-მამას, რომ მეზობლები რეკავენ - ჩამოვალთ, ჩვენც გაგვაცინეთო. ზაური ამბობს: „დღეს თქვენ დამძინებლები არა ხართ, მე წავედი“. დამშვიდობების ნიშნად, ხელს აწევს, გაიქნევს და საძინებელში შედის. დილით ელისო პირველი აღმოაჩენს გაყინულ მამას და უკანასკნელად დაუყვირებს. დედას არ სჯერა, ორი საათის მანძილზე რეკავს სასწრაფოში, მაგრამ სიკვდილი უკვე შინაურია. მერე, რომ გადარჩე, მამის ჩანაწერებში უნდა მოიჩხრიკო წინასწარმეტყველება-ნუგეში: „მკვდარსაც მიმასიკვდილებ, მამიკო, შენ რომ იყვირებ“.

სამძიმარზე თბილისში ჩამოდის მაესტრო მიშელი და დედას ეუბნება: „ელისო თქვენს გარდა ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს. თუ გინდათ, რომ ამდენი შრომა წყალში არ ჩაყაროთ და მისი კარიერა არ დაანგრიოთ, გამაგრდით“. მაესტროს სიტყვები დამოძღვრას ჰგავს - დედა თავს იმაგრებს.

ჰო, ფრანგები... მათ ელისოს ბიოგრაფიის ეს ნაწილი არ იციან, არც არის საჭირო. თავად ძალიან მოწესრიგებული რესპონდენტები აღმოჩნდნენ - ყველა კითხვას არსებით და ამომწურავ პასუხს სცემენ: ამბობენ, რომ „ელსეი“ ფრანგული ტელევიზიის პირველ არხს, „ტეფანს“ 1994 წელს გამოეყო და ჟაკ კოლი აშკარად ამაყია (ის არის „ელსეის“ გენერალური დირექტორი). ამაყობს იმითაც, რომ საკუთარ პოლიტიკურ არხზე კლასიკური მუსიკის კორიფეებისა და ახალბედებისთვის შეძლო დროის გამოყოფა, რომ რამდენიმე თვის წინათ მოუსმინა ელისო ბოლქვაძეს და მაშინვე გადაწყვიტა მასზე ფილმის გადაღება. მადლიერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - ნინო ბურჯანაძის, რომელმაც დიდი რეზონანსი მისცა და პირდაპირ პარლამენტის პროტოკოლში შეიტანა მათი ვიზიტი. სიამოვნებით ელოდება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და პრეზიდენტთან შეხვედრას. ფრანგ ჟურნალისტს ელისოს სამშობლოს შესახებ რამდენიმე აქტუალური კითხვა აქვს - „მტკივნეული აფხაზეთი“ (ეს მისი ფორმულირებაა) და საქართველოს ურთიერთობა რუსეთ-ამერიკასთან.

ელისოსაც ამ ოფიციალურ შეხვედრაზე საუკეთესო ფორმაში ყოფნა უნდოდა, მაგრამ ჰგონია, რომ არ გამოსდის - აღმოაჩინა, რომ პარიზიდან საგანგებოდ ჩამოტანილი კოსტიუმი ჰკიდია (გამხდარა), აქეთ მე და დათო ვპარავთ დროს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს - ბუნებითაც არ არის პრანჭია.

- სნობური ცხოვრების ყველანაირი საშუალება მაქვს, მაგრამ ამაზე დროს არ ვკარგავ, მგონია, რომ ბევრად უფრო საინტერესო რამეებიც არსებობს საკეთებელი. კონცერტებზეც ვერ გადავეჩვიე შავი კაბის ჩაცმას, ნერვებს მიშლის სხვა ფერი. ის კი მინდა, რომ სცენაზე შარვლით (შავით) გამოვიდე. მიღებული არ არის, მაგრამ გამოვალ. წარმოიდგინეთ, პარიზში ცხოვრობდე და იქაურ სალონებს არ ესტუმრო, კვირაში რამდენჯერმე არ ჩაუშხუილო „ბუტიკებს“... ჭეშმარიტად, დიდი ნებისყოფა გმართებს.

0x01 graphic

საკონცერტო დარბაზი ნიცაში, 2006 წელი

0x01 graphic

ბოლოს და ბოლოს, ელისო სამშობლოს პირველ პირებთან შესახვედრად გარბის. რა თქმა უნდა, სასტუმრო „მერიოტის“ კარებამდე მივდევთ და არცთუ უშედეგოდ - სწორედ ამ მარათონის დროს შევნიშნეთ ბანანი, ჩვეულებრივი ბანანი, რომელიც მის კოპწია ხელჩანთაში ტროპიკულ სუნს აყენებდა და ამიტომ მანქანაში დატოვა. აბა, ის როგორ იყო, ფრანგებმა პარიზში ჩასვლისთანავე რომ დაუწუნეს ლოყები, რომ ივარჯიშა და დატანადდა... ახლა ისევ ჭამს?

- ვჭამ, აბა რას ვშვრები! მთავარია, სწორად დავწვა ენერგია, თორემ უჭმელობა სად შემიძლია, - მით უმეტეს, როცა ცხოვრების კალენდარი ნოტებივით ნოტებად აქვს გაწერილი: 10-11 იანვარი - კონცერტი ნორმანდიაში „მუსიკის საერთაშორისო დღესასწაულზე“; თებერვალი - კონცერტები შვეიცარიაში; გაზაფხულზე - „ძალიან მაღალი დონის კონცერტი“ ლონდონში; მერე - ტურნე: საფრანგეთი-ავსტრია; მერე - გამოსვლა ბელგრადში, მერე - ახლობლების მოსაკლისება, მერე - გაუთავებელი რეკვა თბილისში - „დედა, რაღაც შენი ხმა არ მომწონს“ და მერე, როგორღაც - თბილისი, მონატრებული და ერთ კვირაში ისევ მოსანატრებელი.

(დედის მონათხრობიდან: „ფეთიანია. მერე კიდევ, მას ყველა სიგიჟემდე უნდა უყვარდეს (ზაურ ბოლქვაძის გამეორებაა), მე კი ჩემი სიყვარული არავის არ უნდა გავუყო).

ამ სიტყვების მერე აღმოვაჩინე, რომ სიყვარულის გარეშე, ელისოს სიყვარულის გარეშე, წერტილს ვერ დავსვამდი.

- არ მცალია ამისთვის. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო მუსიკა, განუმეორებელი, მარადიული. „ლავ სთორები“ კი მიდიან.

- ჰო, მაგრამ მოდიან კიდეც...

- ოჯახი? ქმარ-შვილი? - ჩემთვის მართლა რთული ამბავია. იდეაში არსებობს ეს პერსპექტივა, მაგრამ გეგმების დაწყობა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში, არ ღირს - მაინც აირევა. პროფესიამ საკმაოდ პრეტენზიული გამხადა. პიანისტი სოლისტი ხარ, შენ გემორჩილებიან, მერე ეჩვევი, კაცისგანაც მორჩილებას ითხოვ და ძლიერი უნდა იყოს, რომ ამას გაუძლოს. გა-მო-რი-ცხუ-ლი-ა! ქართველს არ გავყვები, ქართველი კაცები ძალიან რთულები არიან. მამაჩემი ერთი იყო და გენიალური, იქნებ, მეორე-მესამეც არის სადღაც, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. ფრანგი? - შეიძლება, ისინი უფრო რბილები და გამგებებია.

დავეთანხმე და თვალები ვიცანი, ისევ ის თვალები, შიგ მხიარული ციყვები, ოცი წლის წინათაც რომ დაუხტოდნენ კაკლების შესაკრებად. ლისაბონის კონკურსიდან დაბრუნებული რომ „ზუოდა“: რა საშინელებაა პატარა ხელები! ცოტა დიდი თითები რომ მქონოდა, ქვეყანას ავალაპარაკებდიო. „ო, მუნდიე“! ნუ საყვედურობს, ახლა მაინც მოასვენოს ისინი.

13 მიღმა

▲back to top


ფოტო-პროექტი

ავტორი: მელისა ონელ

0x01 graphic

პარალელური ყოფა.
დანებების ერთგვარი ფორმა.
აცდენა დროში.
მეტი გამჭვირვალობისთვის, ერთმანეთზე დადებული ორი სხვადასხვა ფენა.

მინდოდა გამებრტყელებინა გამოსახულება. მეჩვენებინა ადამიანის მიწასთან დაახლოების სურვილი, რომ მას არ სურს მიწა იგრძნოს მხოლოდ ტერფებით. არამედ ცდილობს სხვანაირად შეიგრძნოს ის. სხვანაირად შეიგრძნოს სივრცე, სხვანაირად განიცადოს მანძილი ცასა და საკუთარ თვალებს შორის. მინდოდა ერთ სიბრტყეში მომექცია სივრცე და ადამიანი, თითქმის არაყოფიერში გადამეყვანა ის იმისათვის, რომ მიწის ნაწილი გამხდარიყო, მისი ზედაპირის ქერქი.

ჩემი სურვილი იყო წავსულიყავი უფრო ღრმად, გავმცდარიყავი ფესვებს, იმისთვის მაინც, რომ მეთქვა, რომ მეტის დანახვა მინდა შევძლო.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

14 ქალები, რომლებიც მაოგნებენ

▲back to top


სპეც-პროექტი

0x01 graphic

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი, დავით მესხი, ქეთო ცაავა
მხატვარი: ნინო ლორთქიფანიძე
ვიზაჟი: ანუკა მურვანიძე

დიდი მადლობა სილამაზის სალონ Rouge-ს, ავტო სალონ Volkswagen-სა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს.

რამდენიმე წლის წინათ, როცა ჩინური კალენდრის თანახმად, ცხენის წელიწადი დადგა, ცისფერთვალება ქალბატონმა სოფიო მ.-მ, რომელიც მანამდე სავსებით ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მიწისქვეშა გადასასვლელში ორ ლარად პატარა პლასტმასის ცხენი შეიძინა. მან ცხენი მაგიდაზე დადგა, გვიმრის ქვეშ, „სილამაზეებში“, წინ სამარილეები ჩამოუწყო და ერთში წყალს უსხამდა ხოლმე, მეორეში კი შვრიას უყრიდა. ის ცხენს თავზე თითს უსვამდა და ათასგვარ საალერსო სიტყვას ებუტბუტებოდა.

როცა გაოგნებულებმა ვკითხეთ, ეს რა დაგმართნია, დაოო, მოგვიგო, რომ ის ცხენია - კი, არის, როცა ბრაზობს, ფეხებს უხამსად აბაკუნებს ხოლმე - და, შესაბამისად, ცხენის წელს ცხენი ბედნიერებას მოუტანს, ცხადია, გარკვეული საზღაურის ფასად.

ამის შემყურე ქალბატონმა მაია კ.-მ გამომიცხადა, რომ თუკი სოფიოს ცხენი გაამართლებდა, ის მომავალ წელს სახლში ცოცხალ თხას მოათრევდა.

უნდა ითქვას, რომ სოფიოცა და მაიაც ბალზაკის ასაკს მიტანებული ქალები არიან, უმაღლესი განათლებით, ორ-ორი ხელით და ორ-ორი ფეხით, და მანამდე არაჯანსაღი გამოსვლები არცერთს არ ახასიათებდა.

გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა. განვითარების ამ ეტაპზე ქალბატონი სოფიო შორს, თბილი ზღვის პირას ცხოვრობს და ვაჟიც გაუჩნდა. ცხენმა გაამართლა. მიუხედავად ამისა, ქალბატონ მაიას სახლში არანაირი თხა არ მიუყვანია, და თავისი არათანმიმდევრული ქცევა ასე ახსნა: „И так жизнь тяжелая, еще козлами заниматься“...

გამაგიჟებენ ეს ქალები.

მე ისინი მიყვარან, მომწონან, მათ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს, ბევრი რამ მასწავლეს და მისაბაძი მაგალითი არიან - და ამავე დროს ვუყურებ, ვუყურებ და ვერაფრით მივმხვდარვარ, თვითონ უგიჟიანებენ თუ მე მაგიჟებენ. ალბათ მეც ასე ვიქცევი - არ ვიცი.

გადავწყვიტე, ეს შესანიშნავი საზოგადოება თქვენთვისაც გამეცნო. აქ ცოტანი არიან, სინამდვილეში, მათი სახელი ლეგიონია. მე იმედი მაქვს, რომ მერე, ძალიან ბევრი წელი როცა გავა, სადმე, ზღვის პირას, ნათელ სახლში გავატარებ ბედნიერ სიბერეს და იქ კი ნამდვილად მექნება იმის დრო და საშუალება, რომ მათ შესახებ მრავალტომეული დავწერო, სახელწოდებით: „თქვენი გამკვირვებია, ქალბატონო“.

. . .

სცენა ღამის კლუბის კართან. უზარმზარი დაცვის თანამშრომელი პაწაწინა, შავპალტოიან გოგოს ეუბნება:

- სამწუხაროდ, ქალბატონო, თქვენ ვერ შეგიშვებთ.

ვაი?! რატომ?

- იმიტომ, რომ შავ სიაში ხართ. წინა მოსვლაზე თქვენ ერთ პიროვნებასთან ერთად საპირფარეშოში იყავით ჩაკეტილი.

გამიკვირდა. გოგოს საამისო არაფერი ეტყობოდა.

- რას ბრძანებთ?! - შესცინა გოგომ. - ის X იყო! X გეია! ხალხო, უთხარით, ის ხომ გეია!

- კი, კი, გეია! - დასძახა ხალხმა.

ასე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში პატარა გოგო, მთვარისა, და რაც გამოჩნდა, მას მერე სულ მიკვირს.

მე ვიცოდი, რომ მოკლე თმა აქვს. უბრალოდ მოკლე კი არა, ლამის აპარსული. არაფერიც! ერთ დღეს კეფაზე რაღაცა იწვალა და წელამდე დალალები ჩამოშალა. გავოგნდი.

სულ ეჭვი მიჩნდება, რომ მთვარისა ცოტათი კუდიანია და მისი დღე-ღამე 36-საათიანი მაინცაა - აბა, როდის ასწრებს ამდენ რამეს და მერე კიდევ მთელი ღამე კლუბში ხტუნაობას? მე ყოველ ჯერზე მაკვირვებს მისი სახლი - დიდი, ნათელი, არნახულად მოვლილი ყვავილებით სავსე. თან კლასიკური დიასახლისია: კომბოსტოს მწნილი - ლაგოდეხური კომბოსტო სულ სხვა სიყვარული ყოფილა; ერთი ზომის თევზები - აბა, რა წესია, ვიღაცას დიდი შეხვდეს და ვიღაცას - პატარა? მაკვირვებს მისი მხატვრობა, ზრდილი და მხიარული ქალიშვილი ჯოანას „სასაცილო ზღაპრები“. ამ პატარა კნეინას აღზრდის ხერხები ძალიან მომწონს - და თან მაკვირვებს. მე ამხელა აქციების ჩატარება ძალიან დამეზარებოდა.

...სამარშრუტო ტაქსი თბილისიდან ბათუმში მიემგზავრება. კაცი მთელი გზა ლაპარაკობს, ტვინს ბურღავს. ხომ იცით ასეთი კაცები - მარად უკმაყოფილო, საკუთარი სიბრძნით აღტაცებული. კაცი ბრაზობდა, რომ ქვეყანაში წესრიგი არაა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი - ქალს, რომ ჰავა არ ვარგა, მთავრობა არ ვარგა, გზა არ ვარგა, მოკლედ, არაფერი არ ვარგა - და ფანჯრიდან კოკა-კოლას ცარიელი ქილა მოისროლა.

- გააჩერე მანქანა! - გაისმა ქალის ხმა. - დახიე უკან.

მძღოლი დაემორჩილა, როგორც ჩანს, მოულოდნელობის გამო.

- ბატონო ჩემო, - მიმართა კაცს მთვარისამ. - გადაბრძანდით ახლა და ქილა აიღეთ. მე სულ არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა თქვენგან აიღოს მაგალითი.

კაცი თვინიერად გადავიდა და მანქანაში ქილით დაბრუნდა. გარწმუნებთ, ყველა ასე მოიქცეოდა - აბა, რა იცი, რისი ჩამდენი იქნებოდა ეს გრძელ, მაგრამ მოკლეთმიანი, პატარა, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი ქალი.

0x01 graphic

. . .

თამარ სუხიშვილი მეცნიერს არ ჰგავს. თუ მაინც დაიჯერებთ, რომ სადოქტორო ნაშრომს წერს, იფიქრებთ, რომ მოკრძალებულად ჟღურტულებს რაღაცას.

ნურას უკაცრავად! ქალბატონი თამარი ოქსფორდის უნივერსიტეტის სომერვილის კოლეჯში (იქ სწავლობდნენ, მაგალითად, მარგარეტ ტეთჩერი და ინდირა განდი) მუშაობდა თემაზე „სომატური სახელები ძველ ბერძნულში“. აი, ასე.

ქალბატონმა სუხიმ იცის ბევრი ენა, თან ისე კი არა, „ვფლობ ინგლისურს და კომპიუტერს“, არამედ მართლა. „რა ადვილი ყოფილა იტალიური,“ გამომიცხადა მილანიდან დაბრუნებულმა. „ლათინური რომ დაამახინჯო...“ ის ჩემთვის სრულიად არალოგიკურ ენებზეც ლაპარაკობს, მაგალითად, ახლაბერძნულად. მაშინ, იანინაში სწავლისას, ენა არ იკმარა და ფოტოსკოლაშიც ჩააბარა, და ცოტა უფრო ამბიციური რომ იყოს, CV-ში ამასაც ჩაწერდა ხოლმე. ისე, ყველაფერი რომ წეროს, რაც ისწავლა, უნივერსიტეტებიან-ბრეიკდანსის კურსებიანად, სამუშაოდ არავინ არსად არ მიიღებდა - რა წაიკითხავდა ამხელა დავთარს! განაჩენი: overqualifi cated.

ამჟამად სუხი, სუხეთი, სუხისიმო დაკავებულია იმით, რომ წერს „ცხელი შოკოლადისთვის“, არის გაზეთ „მარანის“ რედაქტორის მოადგილე და მუშაობს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდ „ნაკრესში“ - საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინაციას ეწევა და წავებს და დათვებს იცავს. არ ვხუმრობ. ვეჭვობ, რომ თავის ჭრელ ჩანთაში - თავის აგდება! - სამკარიანი გარდერობისხელა ლექსიკონებთან ერთად პატარა პულვერიზატორიც უდევს და ვაი, თქვენი ბრალი, თუ წავის ან დათვის ქურქი გაცვიათ. და, რაც მთავარია - გავუხეთქოთ საიდუმლო! ან დავაბრალოთ, ჩვენი ნებაა, - ის მუშაობს დიდ საშინელებათა რომანზე, რომელიც უსაშინლესი იქნება, რადგან ქალბატონი თამარ სუხიშვილი ყოველგვარი უჟასის, ჰიჩკოკობის და ჰექსენის დიდი ტრფიალია და ისეთებს იგონებს - მტერს და ავს!

მე კი, როცა „ჩემი შესანიშნავი ცხოვრების“ წერას შევუდგები, სრულად გამოვიყენებ მის წერილებს, რომლებსაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან მწერს ხოლმე. ეს იდეა თავად სუხიმ მომაწოდა: „ისე, კორძიკ, ჩვენი წერილები რომ შევაგროვოთ, ერთი კარგად დავატრიალოთ და რედაქტირება გავუკეთოთ, იქნება მაგარი ბესტსელერი, მიმიქარავს „ბრიჯიტ ჯონსი“, რას იტყვი?“

0x01 graphic

. . .

ბატუტზე ხტუნაობისას:

- არ გამომდის. ფეხებს ვუყურებ. მე ხომ კურო ვარ და ჰაერში ყოფნა სულ არ მეპიტნავება.

თეორია ქალურ მშვენებებთან დაკავშირებით:

- სისულელეა. მარტო კაცების გასართობად არსებობს. იმათ რა ენაღვლებათ. შენ კი გამძიმებს, გცხელა, ნერვებს გიშლის, ვერც კი გაიქცევი ადამიანურად.

- ლამაზია… - წავილუღლუღე მე.

- სისულელეა. შენ რა, ხედავ? ვერა. სხვებს ახარებ. კურო ქალები კატეგორიული ხალხია, ვერ შეეწინააღმდეგები.

როცა ეს გოგო პირველად ვნახე, ვიფიქრე, როგორ წახდა ახალგაზრდობა, ეს რა ჭირს ყელზე, რა მანიაკთან ჰქონია-მეთქი საქმე. მერეღა გავიგე, რომ უზრდელური ჩალურჯება ვიოლინოს ბრალი ყოფილა.

ეკა მევიოლინეა და ძალიან მაგრად უკრავს. ერთმა კაცმა თქვა, რა ეკა და რა ვანესა მეიო - კიდევ კარგი, ეკას არ გაუგონია! არ აპატიებდა. ამ ორ შემსრულებელს მხოლოდ სქესი და ვიოლინო აქვთ საერთო, და კიდევ ის, რომ როცა უკრავენ, შენთვის უკრავენ, მხოლოდ შენთვის, თან ზუსტად იმას, რაც გაგიხარდება.

საერთოდ, კატერინა საფარიშვილის ცხოვრების ძირითადი მიზანი სიხარულია - სხვისიც და საკუთარი თავის და ორგანიზმისაც („ორგანიზმის გამხიარულება“ ციტატაა, მე ასეთი სიტყვათშეთანხმებები ლექსიკონში არა მაქვს). წელს, ჩემნაირების საამებლად, საძულველი მობილური ტელეფონიც კი შეიძინა და ასე ახსნა თავისი საქციელი: „ცივილიზაცია მაუგლიმაც ცნო“. მართალია, დიდად ვერ ხვდება, რისთვის იყიდა - მაინც არ იღებს ყურმილს…

როცა მთელი დღე ვიოლინო გაქვს ჩაბღუჯული, წესით, ადამიანურად უნდა ისვენებდე. ეკა არაადამიანურად ისვენებს - სამკაულს აკეთებს. მაგარი დასვენებაა, ღმერთმანი, უციცქნესი მძივების აცმა. და კიდევ - ეკა საფარიშვილი უბადლოდ ისვრის. ქილებს და ბოთლებს კი არა, იარაღს - პიფ-პაფ.

ოღონდ მარტო ქილებს და ბოთლებს ესვრის. ჩემი კატერინა აბსოლუტურად არააგრესიული ადამიანია.

0x01 graphic

. . .

ძალიან ცოდო იყო ჩვენი მიხო, ძალიან ცოდო, მაგრამ ამ საქმეს არაფერი ეშველებოდა. მართალია, მიხო თავის მძიმე ხვედრს მედგრად უძლებდა - რკინის გული ჰქონდა და ფოლადის ნერვები.

საქმე ისაა, რომ მიხოს დედამ, ორსულად როცა იყო, სიზმარში მიქელ-გაბრიელი ნახა, შეშინდა და სთხოვა: თან არ წამიყვანო და შვილი რომ გამიჩნდება, მიქაელს დავარქმევო. ერთი რამ ვერ გათვალა ჭკვიანმა დედიკომ - რომ ახალშობილები ზოგჯერ გოგოებიც არიან ხოლმე.

ეს ამბავი ანა ტაბატაძისგან ვიცი. მისი ერთი მოთხრობა ასე იწყება. სულ ასეთ სასწაულებს მიამბობს ხოლმე.

- რაღაცა გავაკეთე და რომ მნახავ, მომკლავ ალბათ, - და გამომეცხადა. კინაღამ წავიქეცი: ქუსლებზე შემდგარი, მწვანე ფუშფუშა კაბაში, წარბში - პირსინგი. მერე იწვალა, იტკინა და მოიხსნა. ახლა მეორე წარბის, ენის და ჭიპის გახვრეტას აპირებს. ვუთხარი, პირდაპირ შრამირებაზე გადადი-მეთქი. არაო. ხომ უნდა იწვალოს.

ანა უახალგაზრდავესია, პაწაწინა, ჩვილის პირით. ისეთი ნორჩია, რომ ვბრაზდები კიდეც. ჩემთვის ანა რეინკარნაციის თეორიის ყველაზე თვალსაჩინო დასტური გახლავთ. დოქტორ მარტინსის ბათინკები, შავად შეღებილი ფრჩხილები, პირსინგი - და უცებ სპეციალობა: მოწყალების და. ანასტასია რაღაც ისეთებს სწავლობს, რომ ალბათ მერე სომალიში წავა მოშიმშილეთა დასახმარებლად. მანამდე ითვლებოდა, რომ ან მხატვარი იქნებოდა, ან იაპონურის სპეციალისტი. რა ლოგიკაა…

რა სამწუხაროა, რომ „ცხელი შოკოლადი“ ჟურნალია და არა მუსიკალური ბარათი! თორემ გადაშლიდით ანას გვერდს და Red Hot Chili Peppers მოისმენდით, და მერე, განმარტების სახით, დავურთავდი კომენტარს: ეს პატიოსანი კაცი აუცილებლად ჩამოვა და ანიჩკას თან წაიყვანს - დარწმუნებული ვარ, საუკეთესოდ გაუგებენ ერთმანეთს. ვინ ვის გააგიჟებს, მაგასაც ვნახავთ.

0x01 graphic

. . .

ჩემმა საყვარელმა მეგობარმა ბიჭებმა შესანიშნავ ადგილას წამიყვანეს, სადაც იყო გემრიელი საჭმელი, კარგი სასმელი და, რაც მთავარია, მუსიკა! თან ისეთი, მე რომ მიხარია - როკი, კარგი სახტუნაო, გულის და სხეულის მაამებელი.

უკვე რამდენიმე კვირაა, საღამოები დღესასწაულად მექცა, და სულ მეგონა, რომ ბიჭები ჩემს გასახარად დადიოდნენ „აგორაში“. თურმე სად ვარ! მიზეზი კატო ყოფილა, ეკატერინე გოგინავა, ერთი ციდა, თხელი, მორცხვი გოგო. იქ მიმტანად მუშაობს, და პირველად როცა ვნახე, ბავშვთა შრომის ექსპლუატაცია და მსგავსები გამახსენდა, - ვერ დავიჯერე, რომ სრულწლოვანთან მაქვს საქმე. ის ისე იღიმება, რომ ჩემს მოხუცებს თავი ყველაზე მაგარი ბიჭები ჰგონიათ და ხარობენ, იციან, რომ სულ ტყუილად, მაგრამ მე მაინც მესმის მათი.

ალბათ ყველა გოგოს უნდა, ასეთი იყოს და ყველა მამაკაცი ასეთ გოგოზე ოცნებობს. გარდა იმისა, რომ ლამაზია - ხომ ხედავთ? - სულ კარგ გუნებაზეა, და არცერთხელ არ მინახავს, რომ ვინმესთვის თავში ლუდის კათხა ჩაეცხოს - მე ამდენი ბრიყვის შემყურე ნამდვილად გადავირეოდი და აუცილებლად ჩავცხებდი.

ყველა სიკეთესთან ერთად, კატო მღერის, ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენს აკეთებს - არაჩვეულებრივად. მართალია, მისი სიმღერა ჯერ ვერ მოვისმინე, მაგრამ სულ მალე აუცილებლად მივისმენ, იმედია, Mezzo-ზე.

აბა, შენ იცი! და ჩვენზე ნაკლებად არავის ჰყვარებოდე, კატო!

0x01 graphic

. . .

ეს კი მე ვარ, დოქტორი ანა კორძაია-სამადაშვილი, ერის იმედი და ივერიის გაბრწყინების საწინდარი, ფსევდოინტელექტუალური წიაღსვლებით და უმიზეზო ოპტიმიზმით აღჭურვილი. შესანიშნავი არსება ვარ, თუ გინდათ - ვარსებობ, თუ არა - არა, მხოლოდ, ერთი პირობით: ნუ შემაწუხებთ. არასოდეს მკითხოთ, სად ვიყავი, რატომ, ვისთან ერთად, როდის მოვალ, რას ვაკეთებ - და თქვენი თავდადებული მეგობარი ვიქნები.

ჩემი გოგოების გადამკიდე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაჩვეულებრივი გოგო ვარ - სხვაგვარად ასეთი მეგობრები არ მეყოლებოდნენ. და ისევე, როგორც ყველა სხვა გმირი, საკუთარი თავიც მაკვირვებს: ნეტა, რატომ მგონია, რომ ალფრედ ჰიჩკოკი ან გაბრიელ გარსია მარკესი ვარ და ჩემი საამაყო გოგოების ამბებიც მათი საყვარელი ამბების ან საყვარლების დარად საინტერესო და მნიშვნელოვანია?

მიკვირს, მაგრამ მაინც ვწერ. თუ ჩემი ნაწერის გამო ჟურნალის ტირაჟი არ ჩაწვა, შემდეგ „შოკოლადში“ არაჩვეულებრივი კაცების შესახებაც გიამბობთ.

ცხოვრებამ მასწავლა: მთავარი ამბიცია ყოფილა.

0x01 graphic

15 საზოგადოებრივი აზრი

▲back to top


დისკუსია

ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ეკა ცაგარელი, სიმონ მასხარაშვილი, ქეთი სადღობელაშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი

თანახმა ხართ თუ არა, რომ...

  1. დიახ

  2. არა

  3. არ ვიცი

ჩვენში ძირითადად ასეთი პასუხები აინტერესებთ საზოგადოებისაგან და არა ის, თუ რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს და რატომ ფიქრობს ასე, თუ ფიქრობს საერთოდ ჩვენი საზოგადოება. დიახ, არა, არ ვიცი - ასეთი დამოკიდებულებით სტატისტიკის ობიექტად აღიქვამენ საზოგადოებას, რომლის სახელითაც შემდგომში მოქმედებენ, სჯიან, გადაწყვეტილებებს იღებენ და თავიანთ მიზნებს აღწევენ... დამკვეთები. საზოგადოება ასეთ დამოკიდებულებას არათუ აპროტესტებს, თავისი ინერტულობით ხელს უწყობს და ამკვიდრებს კიდეც.

რა არის საზოგადოება, გარკვეულია თუ არა მისი ფუნქციები სახელმწიფოში, როგორ თანაარსებობს საზოგადოება და ხელისუფლება. როგორ იქმნება საზოგადოებრივი აზრი, როგორია სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია, ობიექტურია თუ არა საზოგადოებრივი აზრი იმ შემთხვევაში, როცა დამკვეთზეა დამოკიდებული სოციოლოგიური კვლევის სამსახური. რა გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე მედია და გაყალბებისაგან დაცვის რა მექანიზმები არსებობს. რამდენად სამართლიანია თავად საზოგადოება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, გაცნობიერებული აქვს თუ არა ღირებულებები და გააჩნია თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე? დისკუსიაში მონაწილეობენ: ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი ეკა ცაგარელი, ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროდიუსერი ნინო ჯაფიაშვილი.

ქეთი - როგორია ჩვენი საზოგადოება, ესაა მითიური სისტემა, რომელიც ჰომოგენურია თუ გარკვეულია მისი შემადგენლობა და ფუნქციები.

ლელა - საზოგადოება არის ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი, ინტერესების, ხასიათების, შეხედულებების, რწმენა-წარმოდგენების და სხვა ფაქტორების მიხედვით. განვითარებულ ქვეყნებში ლაპარაკი საზოგადოებაზე, როგორც მთელზე, ჰომოგენურზე, უნივერსალურზე, სამარცხვინოც კია. ადამიანი, რომელიც მთელი საზოგადოების სახელით ლაპარაკობს, რბილად რომ ვთქვა, ითვლება გაუნათლებლად, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს არც საზოგადოებაზე და არც საკუთარ თავზე ამ საზოგადოებაში.

ქეთი - რატომღაც მგონია, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებას განყენებულად აღიქვამენ, ვთქვათ ასე: მე და დანარჩენი საზოგადოება. გაურკვეველია საზოგადოების მიმართ იმ ხელისუფლების დამოკიდებულებაც, რომელიც ხშირად მანიპულირებს საზოგადოების სახელით.

ლელა - ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს გრძნობს საზოგადოების საჭიროებას, არადა, ხელისუფლება იმისათვის არსებობს, რომ მოემსახუროს საზოგადოებას, რომელიც თავის მხრივ უკვეთავს და აიძულებს ხელისუფლებას, რომ მოემსახუროს საზოგადოებას. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა ღია დისკუსიის დროს, სადაც უმრავლესობის წევრმა - ნიკა გვარამიამ ხმამაღლა განაცხადა: „ჩვენ ვმოქმედებთ ხალხის სახელით, ხალხის გარეშე“. არსებობს ასეთი ცნობილი გამოთქმა: „შეიძლება მოატყუო ყველა ხანდახან, ზოგიერთები ყოველთვის, მაგრამ ყველას, ყოველთვის ვერ მოატყუებ.“ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ამბიცია იმისა, რომ ატყუებს ყველას, ყოველთვის და მოატყუებს მომავალშიც.

ქეთი - რამდენად სამოქალაქოა ჩვენი საზოგადოება და რამდენად შეიძლება მიუახლოვდეს ისეთი განვითარებული და ძლიერი საზოგადოების მოდელს, რომელიც არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში.

ლელა - საზომი ამ შემთხვევაში ისაა, თუ რაზეა რეზისტენტული ჩვენი საზოგადოება ანუ რას უწევს წინააღმდეგობას. თუ ავიღებთ „ვარდების რევოლუციას“, როგორც მოდელს, მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ აზრს, რომ ეს იყო იდეებით მომზადებული საზოგადოების რევოლუცია, ჩემი აზრით, ქართველებს ძალიან გვიყვარს მსახიობობა და ესეც იყო არტისტიზმის საუკეთესო გამოვლინება. იმის გაცნობიერება - რა იქნება შემდეგ - არ ყოფილა. ეს იყო რევოლუცია არა რაღაცისთვის, არამედ რაღაცის წინააღმდეგ. რაღაცის წინააღმდეგ წასვლა კი ყოველთვის არ ნიშნავს ცოდნას რაღაცისთვის.

სიმონი - ისტორიულად საზოგადოება არასოდეს ყოფილა ერთსახოვანი, იყო ელიტა და იყო ბრბო. მთავარია, როგორ იყო ორგანიზებული თავად საზოგადოება. არსებობდა საზოგადოების მოწყობის რამდენიმე მოდელი, მათგან მრავალსაფეხურიანი გულისხმობდა გვაროვნულ მოწყობას, როდესაც ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის არა მასობრივი გადაცემა, არამედ დელეგირება. მეორე მოდელით ის აზრი გადიოდა, რომელსაც ხმამაღალი ღრიალით ამტკიცებდნენ ანუ აზრი კი არა, ძალა და ენერგია იმარჯვებდა. სამწუხაროდ, ჩვენთან, საბჭოთა სივრცის ნაწილში ასეთი ძალა გადიოდა. მესამე მოდელი, რომელსაც დახვეწილი ფორმით დღესაც იყენებს შეერთებული შტატები, იყო ცენტურიების, ანუ ქონებრივი ცენზის მიხედვით აგებული. ომის გამოცხადება, ზავის დადება, სერიოზული პოლიტიკური ღონისძიებების დაგეგმვა, თანამდებობაზე არჩევა, სწორედ ქონებრივი ცენზის მიხედვით წყდებოდა, ანუ მისი ხმა იყო განმსაზღვრელი, ვინც მეტ ქონებას ფლობდა. აშშ-ში იმის მიხედვით, თუ რა დონის ცხოვრებაა და რამდენად ძლიერია ესა თუ ის შტატი, განისაზღვრება შტატის ხმათა რაოდენობა, ამავდროულად, ერთი ხმითაც რომ გაიმარჯვო, მთელი იმ შტატის ხმები გეწერება. ძალიან ხშირად ამერიკის პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით კი არა, ხმათა უმცირესობით არის არჩეული, ოღონდ რჩეული, ხარისხიანი უმცირესობით.

ქეთი - სოციოლოგს ვკითხოთ, როგორია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ტექნოლოგია, როგორია ცდომილების ხარისხი და ჩვენ, ვინც ეჭვით ვუყურებთ რეიტინგებს და ეჭვის საბაბი ნამდვილად არსებობს, რამდენად უნდა ვენდოთ იმ კვლევებს, რომლებიც უმეტესად დაკვეთილია.

ეკა - სანდოობის ხარისხით დავიწყებ, რადგან ეს არის განმსაზღვრელი იმისა, საბოლოო ჯამში რა შედეგს ვიღებთ. უნდობლობა ნებისმიერი პროდუქტის მიმართ შეიძლება გაგვიჩნდეს, მაგრამ იმის თქმა, რომ ამა თუ იმ კვლევას, ჯგუფს თუ ორგანიზაციას არ ვენდობი, არ შემიძლია მანამ, სანამ არ გავიგებ, რა ტექნოლოგიით და ინსტრუმენტებით ჩატარდა კვლევა, შეიქმნა კითხვარი, შეირჩა მიზნობრივი ჯგუფები და ა.შ. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, უამრავი არსებობს სოციოლოგიაში: რაოდენობრივი კვლევები, ფოკუსური ანუ ხარისხობრივი ჯგუფები თავისი ჩაღრმავებული ინტერვიუებით, ასაკობრივი თუ ქვოტური კვლევა. არსებობს მარკეტინგული კვლევები, რომელიც იკვლევს პროდუქციის რაობას, იმიჯს, ბრენდს, აქედან გამომდინარე მიდგომები და მეთოდოლოგია ირჩევა იმის მიხედვით, თუ რას ვიკვლევთ.

ქეთი - როცა საზოგადოებრივ აზრზე ვსაუბრობთ, ვთქვათ არჩევნებისა და რეფერენდუმების დროს, თქვენი მეთოდოლოგია მთლიანად გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას თუ „ვეთანხმები - არ ვეთანხმების“ დონეზე ხდება გამოკითხვა?

ეკა - ასეც ხდება, მაგრამ არსებობს მრავალსაფეხურიანი შერჩევა, როცა უშუალოდ ხდება რესპონდენტის გამოკითხვა. უნდა გამოირიცხოს ისიც, რომ არ გამოიკითხოს ერთი ტიპის რესპონდენტები ან ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სახლში სხედან. სოციოლოგიური კვლევა არ არის ისეთი მარტივი, როგორიც გვგონია. ვინც ამაში ჩახედული არაა, ფიქრობს, რა საჭიროა საერთოდ, ეს ყველაფერი? მთელი მსოფლიო იყენებს სოციოლოგიურ კვლევებს იმისათვის, რომ თავისივე განვითარებისათვის ნორმალური, მისაღები და ხარისხიანი პროდუქტი შექმნას და არა იმისათვის, რომ შიდა რეიტინგები გაყალბებული სახით გამოაქვეყნოს და თავი მოიწონოს. უნდობლობის მომენტს რომ დავუბრუნდეთ, ეს უნდობლობა დიდი ხანია, რაც ჩვენში დევს, იმიტომ, რომ ცუდი გამოცდილება გვაქვს, ერთი პოლიტიკოსი, ორი, ოთხი, მეხუთე მთავრობა, რომელმაც არ გაამართლა, ამიტომაც ნდობის ხარისხი ზოგადად პოლიტიკისა და იმ ინსტრუმენტების მიმართ, რომელიც პოლიტიკას ემსახურება, არის უდაბლესი. ასევე შეიძლება ითქვას ჟურნალისტიკაზე, ტელევიზიებზე, ადვოკატურაზე, სასამართლოებზე და ა.შ. ეჭვისა და უნდობლობის შეტანა ყველაფერში შეგვიძლია, რადგან ეს საზოგადოება ჩამოყალიბდა ისეთად, ყველაფერს ეჭვის თვალით რომ უყურებს.

ქეთი - მასმედია მართლაც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში. რა მოსდის ამ ინსტრუმენტს მაშინ, როცა დამკვეთზე, რეკლამის შემომტანსა და სპონსორზე ხდება დამოკიდებული ესა თუ ის ტელეკომპანია.

ნინო - თუკი შემკვეთს აინტერესებს თავისი სისუსტეები ან ძლიერი მხარეები, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვლევა ობიექტური იქნება, მაგრამ თუ შემკვეთს აინტერესებს საკუთარი თავის რეკლამირება და ამაში ფულს იხდის, უფრო დიდია არაობიექტურობის ალბათობა. აქ უკვე მნიშვნელოვანია, თვითონ შემსრულებელი რამდენად პატიოსანია და რამდენად აფასებს იმ ნდობას, რომელსაც იმსახურებს თავისი მუშაობით. რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, ჩემთვის ის საინტერესოა, როგორც ძალადობრივი ინსტრუმენტი. ამით იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის არ არის სწორი და სამართლიანი. თუნდაც ლინჩის წესით გასამართლება, რომელიც ისევ ხდება ჩვენთან, ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ საზოგადოება სასტიკ დამნაშავეს კიდევ უფრო სასტიკად ექცევა და ამას თვლის სამართლიანად.

ლელა - ის ფაქტი, რომ ლინჩის წესი დღესაც მოქმედებს, საზოგადოებრივი აზრი არ არის, ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება სამართალთან და კანონთან, როგორც ღირებულებასთან. 1987 წელს ჩართული ვიყავი კვლევაში, რომელიც ეხებოდა ღირებულებათა სისტემას: ოჯახს, სამსახურს, ნათესავებს, მეგობრებს და კანონს. უნდა გითხრათ, რომ 3000 გამოკითხულიდან, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, რეგიონის, პროფესიის, ოჯახური სტატუსის მიუხედავად, კანონმა, როგორც ღირებულებამ, მხოლოდ 2 ხმა მიიღო, ყველაზე მეტი ხმა მიიღო ოჯახმა, მეგობრებმა და ნათესავებმა, ანუ კლანის მთავარმა მახასიათებელმა ღირებულებებმა. აი, ამიტომ ხდება ლინჩის წესით გასამართლება დღესაც.

ნინო - საზოგადოებას უმეტეს შემთხვევაში სურს სამაგიეროს გადახდა და არა დამნაშავის დასჯა.

ლელა - დამნაშავის დასჯა სხვაა, დამნაშავის მოკვლა სხვა. ჩვენი ხელისუფლება არ იძლევა საუკეთესო მაგალითს იმისას, რომ ამ ორ ცნებას ერთმანეთისაგან ასხვავებდეს. მასმედიამაც უნდა გაუკეთოს პოპულარიზაცია კანონის უზენაესობას, თორემ საიდან გაიგებს, ვთქვათ, ადამიანი სვანეთში იმას, რომ გარდა ადათ-წესობრივი სამართლისა, არსებობს ცივილური სამართალიც?

0x01 graphic

მასმედია, რომელიც ხელისუფლებაზე უფრო მძლავრად მოქმედებს საზოგადოებაზე, რატომ არ ცდილობს თავისი გავლენა საზოგადოების გასარკვევად გამოიყენოს და არა საზოგადოების გამოსათაყვანებლად?

ნინო - მედიაც ამ საზოგადოების ნაწილია, რამდენადაც საზოგადოებაა უმწიფარი, იმდენად არაპროფესიონალურია მედია, რომელმაც ზუსტად არ იცის თავისი მიზნები, არა აქვს უნარი, როგორ გამოიყენოს ძალაუფლება და ა.შ.

ქეთი - უპასუხისმგებლობის, თავის მართლებისა და პრობლემიდან გაქცევის ხერხი მგონია იმის დაუსრულებელი განცხადება, რომ საზოგადოება ისეთივეა, როგორიც ხელისუფლება, მედია ისეთივეა, როგორიც საზოგადოება.

ნინო - მე გამოვთქვი აზრი, რატომაა მედია სუსტი და რეალურად რატომ ვერ ცვლის საზოგადოებრივ აზრს საქართველოში. როდესაც მედიამ არ იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება და შესაძლებლობები, ყოველთვის ვიღაცის მანიპულაციის საგანი ხდება.

ქეთი - მართლა ფიქრობთ, რომ იმას, რასაც დღეს მედია აკეთებს, გაუცნობიერებლად აკეთებს და, მაპატიეთ ჟარგონისათვის, არ იცის, რაზე მიდის?

ლელა - მგონი, აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვთ, რასაც და როგორც აკეთებენ, უფრო მეტიც, დღეს საქართველოში მოქმედი მედია მიცემულია თვითტკბობას.

ეკა - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კომერციიდან მოდის და მედიაც მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობრივი და არა ხარისხობრივი განვითარებისთვის იღვწის. ყოველთვის ირჩევს ისეთ გადაცემებს, რომელიც საზოგადოების დიდი რაოდენობისთვისაა მისაღები და მოსაწონი. აქედან გამომდინარე, იკარგება ის მთავარი ძარღვი, რომელიც ხელს შეუწყობდა ურთიერთგანვითარებას, ანუ მედიის განვითარებას საზოგადოების მხრიდან და პირიქით. დღეს საზოგადოებას მიეწოდება მდარე მასალა და შესაბამისად ვეღარც ვითარდება, თუმცა ჩვენ ვერანაირად ავუკრძალავთ მედიის კერძო მესვეურებს კომერცია გვერდზე გადადონ, ალბათ სხვა მომენტებია გასათვალისწინებელი, ალტერნატივაა მოსაძებნი.

ნინო - კომერციული ორგანიზაციები, მათ შორის ტელევიზიაც, რა თქმა უნდა, დაკვეთას ასრულებს. რაც უფრო წარმატებული და შემოსავლიანია ესა თუ ის კომპანია, მით უფრო უკეთ ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას.

ქეთი - საზოგადოების დაკვეთას ასრულებს თუ დამფუძნებლის, სპონსორის, რეკლამის შემომტანის? მოდი, დიფერენციაცია მოვახდინოთ და ვთქვათ, ვიცით რა არის საზოგადოებრივი დაკვეთა?

ნინო - რომელი გადაცემა იქნება კომერციულად მომგებიანი, რაზეა მოთხოვნილება, რას ეყოლება უფრო მეტი მაყურებელი - ფილმს, შოუს თუ ახალ ამბავს, ამას კვლევების საშუალებით ადგენენ, თუ მეკითხებით იმას, რამდენად ობიექტური შეიძლება იყო ასეთი დამკვეთის მიმართ, გეტყვით, რომ ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ შეიძლება უარის შემთხვევაში დიდი თანხა დაკარგო. როგორც ვიცი, თქვენს ჟურნალშიც ასეა. რაც უფრო სწორად განსაზღვრავ საზოგადოებრივ დაკვეთას, მით მეტი მაყურებელი გეყოლება, მით მეტი რეკლამა და ძლიერი გადაცემა გექნება. ყველგან ასეა.

ლელა - ის, რომ ყველგან ასეა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველგან კარგია. ის, რომ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია გიყურებთ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს აინტერესებთ ან მოსწონთ, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ თქვენ იწვევთ მათ ინტერესს სკანდალით, სისხლით, მკვლელობებით. ერთი სცადეთ და დააკმაყოფილეთ მათი ჭეშმარიტი ინტერესები, დარწმუნებული ვარ, სხვა სურათს მიიღებთ. კარგი გადაცემა სენსაციურისგან იმით განსხვავდება, რომ აზროვნების რეჟიმში გტოვებს, შენ ფიქრობ იმ საკითხზე, რაზეც იყო საუბარი. სამწუხაროდ, იმის კულტურას, რომ ადამიანი კი არ აღრიალო, არამედ დააფიქრო და ააზროვნო, დღეს ჩვენი ტელევიზიები ვერ ქმნიან. შედეგად ვიღებთ ისეთ მედიას, რომელიც უგრძნობელია საზოგადოებრივი პოლიფონიისა და ინტერესების მიმართ.

ეკა - ნინოს საპასუხოდ ვიტყვი, რომ სოციოლოგები კი ეხმარებიან ტელევიზიებს მიზნობრივი ჯგუფების კვლევაში, მაგრამ სხვა მონაცემებსაც უნდა დაეყრდნოთ, რომელსაც ასევე ჩვენ, სოციოლოგები გაწვდით; იმას, რომ მოთხოვნილება კი არის ასეთი, მაგრამ ამავე დროს საზოგადოება გეუბნებათ, რომ საქართველოში ყველა ტელევიზია ერთმანეთს ჰგავს, ყველა შოუ, ყველა სპორტული თუ გასართობი გადაცემა და თქვენ წარმოიდგინეთ, საინფორმაციოებიც კი.

0x01 graphic

ნინო - ე.ი ბაზარია ასეთი, აქ მოქმედებს ჩვეულებრივი ბაზრის პრინციპი: აუდიტორიას იკვლევ იმისათვის, რომ გაინტერესებს, როგორ გააკეთო პროდუქტი ისე, რომ კარგად გაგეყიდოს.

ეკა - თქვენ გგონიათ, უკეთესს თუ შესთავაზებთ, იმაზე ბაზარი აღარ აიგება?

ქეთი - რამდენად შეიძლება საზოგადოებრივ აზრად ჩავთვალოთ ტელევიზიების მიერ გაკეთებული რეიტინგები, ინტერაქტივები და SMS გზავნილები, რომლებიც გადაცემის მსვლელობაშია ჩართული. ქართული ჟურნალ-გაზეთებიც ყოველ კვირას, სრულიად ინფანტილურ თემატიკაზე აკეთებენ ფსევდორეიტინგებს. საზოგადოება ისეთი დამოკიდებული გახდა მედიაზე, როგორც ნარკომანი წამალზე. ჰგონიათ, რასაც მედია აწოდებს, ყველაფერი მართალია. ხომ არ უკარგავს აზრს სოციოლოგიურ კვლევებს, უფრო სწორად აკნინებს მათ მნიშვნელობას ასეთი მასობრივი სოკო-რეიტინგები?

ეკა - SMS გზავნილებს სერიოზულად ვერ მივიღებ, რადგან არ ვიცით, რომელმა ასაკობრივმა თუ ინტერეს-ჯგუფების წარმომადგენლებმა გაგზავნეს SMS-ები. მოსალოდნელია, რომ SMS-ები გარკვეული ასაკობრივი ჯგუფით, ნაცნობ-მეგობრების წრით ან ერთი და იმავე ადამიანის მიერ მრავალჯერ გაგზავნილი SMS-ებით შემოიფარგლოს.

ნინო - ინტერაქტივებიც არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივ აზრად, უბრალოდ, ეს არის დიალოგი შენს მაყურებელთან, ხერხი იმისათვის, რომ მაყურებელი შეინარჩუნო გადაცემის ბოლომდე. შესაძლებელია ინტერაქტივი დაემთხვეს საზოგადოებრივ აზრს და პირიქითაც მოხდეს, მაგრამ ჟურნალისტებს უმცირესობის აზრიც აინტერესებთ.

ეკა - რაც შეეხება სოციოლოგიის გაუფასურებას, ეს დისციპლინა შედარებით ახალია და მისი მნიშვნელობა ნელ-ნელა ხდება ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. ამიტომ სოკოებივით მომრავლებული რეიტინგები სერიოზულ სახეს მაშინ მიიღებენ, როცა დაინტერესებული ჯგუფები თვითონ კი არ ეცდებიან დილეტანტური კვლევების ჩატარებას, არამედ პროფესიონალებს დაუკვეთენ.

სიმონი - ჩემი აზრით, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ის დაკვეთა, რომელსაც იძლევა ელიტა, როცა მას ბრბოს ყურადღება სჭირდება და ზოგადი მასობრივი დაკვეთა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ძირითადი დამკვეთი არის ბრბო, იმიტომ, რომ არც ფეოდალიზმში ვართ, როდესაც არისტოკრატია იყო დამკვეთი და არც ლიბერალური საზოგადოება ვართ, სადაც ძლიერნი, თუნდაც მატერიალურად ძლიერნი არიან დამკვეთნი. ჩვენთან არის ერთი მთავარი პრობლემაც - ვინც ინტელექტუალურად ძლიერია, ის აღიარებული არ არის.

ლელა - ერთი მითხარით, ეს ელიტა ვინ არის?

სიმონი - ელიტა არის ის, ვინც ქმნის ღირებულებებს და ამკვიდრებს. ჩვენ ელიტა არ გვყავს, რადგან ღირებულებათა შემქმნელი ვერ ახერხებს მის დამკვიდრებას, იმიტომ, რომ ფული აქვს ერთს, რომელსაც ჭკუა, გემოვნება და აზრი არ მოეკითხება, რადგან დაიძინა ღატაკმა და გაიღვიძა მილიარდერმა, თუმცა მენტალურად იგივე დარჩა, და მეორე ნაწილს, რომელსაც ჭკუა აქვს, მაგრამ ფული არ გააჩნია, ჩვენი საზოგადოება აგდებით უყურებს სწორედ უფულობის გამო. ამიტომაც ხდება მთავარი დამკვეთი ბრბო, სხვათა შორის, მთავარი გადამხდელიც ბრბოა. სადაც არ ხდება საზოგადოების დიფერენცირება, სადაც არ არის მკაფიო ორიენტირები, იქ ყოველთვის ბრბო მოქმედებს და გარკვეულწილად, ჩვენც ყველანი ბრბოს ნაწილი ვხდებით.

ქეთი - საზოგადოების დიფერენცირება ბრბოდ და ელიტად ისეთივე შეცდომა მგონია, როგორც ის, რომ ერთიან, ჰომოგენურ საზოგადოებად აღვიქმებოდეთ. რეიტინგებს რომ მივუბრუნდეთ, ისევ ყველასთვის ნაცნობი ტელევიზიების მაგალითს მოვიხმობ. ვითომ დაბალი რეიტინგის გამო ტელეეთერიდან გაქრა ჯერ აკა მორჩილაძის გადაცემა „უცნობი საქართველო“, შემდეგ გოგი გვახარიას „თავისუფლების თეორემა“. არავის უკითხავს აზრი თითოეული ჩვენგანისთვის, იმ 100%25-იანი ტელეაუდიტორიის, დავუშვათ და, 0,5 %25-ისთვის, ვინც ასეთი ტიპის გადაცემების მაყურებელი და ხშირ შემთხვევაში პროფესიონალია.

ეკა - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაა შემკვეთი დაინტერესებული იმით, რომ ტელევიზიის ხარისხი გაუმჯობესდეს. თუკი ჩემთან მოვიდოდნენ იმ მიზნით, რომ გადაცემების ხარისხობრივი შეფასება მომეხდინა, აუცილებლად გავაკეთებდი ფოკუს-ჯგუფებს და პირველ რიგში, მოვიწვევდი ექსპერტებს. მეორე საკითხი, რასაც მივხედავდი, ისაა, რომ გავითვალისწინებდი იმ 0,5 %25-ს, ანუ მოვახდენდი ამა თუ იმ გადაცემის ადაპტირებას ტელევიზიის საერთო ფორმატთან.

ნინო - საკმარისია საზოგადოების მოთხოვნილება იყოს, ვთქვათ, გორდონის ტიპის გადაცემაზე, რომ ეს გადაცემა გადმოიწევს „პრაიმ ტაიმში“, ანუ, როგორც კი მაღალინტელექტუალური გადაცემა გახდება გასაყიდი პროდუქტი, დარწმუნებული ვარ, ასეთი გადაცემა გაკეთდება. რაც შეეხება გოგი გვახარიას გადაცემას, ის ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივ აზრს კი არ იწონებს, არამედ აკრიტიკებს, ეჭვქვეშ აყენებს და უპირისპირდება. ყველაზე ძნელი კი დღეს საზოგადოების კრიტიკაა.

ლელა - რა თქმა უნდა, გვახარიასთვის ეს არ იყო ძნელი, ამჟამინდელი „რუსთავი 2“-ისთვის კი ნამდვილად ძნელია. სწორედაც დომინანტურ აზრებსა და სტერეოტიპებთან წინააღმდეგობაში იბადება ახალი აზრი და არა იმაში, როცა ვიღაცა ყვირის და მას ასევე ყვირილით ეპასუხებიან, როცა ვიღაცა იხდის და მის საპასუხოდ სხვა იხდის, როცა საზოგადოებას გამზადებულ აზრებს უჭედავენ თავში და არ ფიქრობენ იმაზე, როგორ წარმოქმნან განსხვავებული აზრი.

ქეთი - თუ საზოგადოებაში არსებული დოგმების მსხვრევასა და აზროვნების კულტურის დამკვიდრებას მხოლოდ ერთეულები შეეცდებიან, როგორც ამბობთ, საზოგადოება ყოველთვის იქნება ისეთი, როგორიც ხელისუფლებაა და მედიაც იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც საზოგადოებაა. როდესაც კომერციალიზაციაზე ვსაუბრობთ, კომერციულმა ტელევიზიებმა პირდაპირ უნდა უთხრან საზოგადოებას, რომ ბაზარსა და მომხმარებელზე არიან ორიენტირებული და მაყურებელს ნუ შეუქმნიან იმის ილუზიას, რომ ღირებულებებითა და ფასეულობებით არიან დაკავებული, ან სამართლიანობისა და ობიექტურობის სურათს აწვდიან საზოგადოებას.

ნინო - სატელევიზიო გადაცემა ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა პროდუქტი, თუნდაც კბილის პასტა. ძალიან კომერციულ სამყაროში ვცხოვრობთ, ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, არ გვაქვს შესწავლილი საზოგადოებრივი აზრი, არ ვიცით ბაზარი, მარკეტინგი, ამიტომ ხანდახან კარგი გადაცემაც გამოხტება ხოლმე.

ქეთი - იმას კი არავინ გიკრძალავთ, კომერციულ პროდუქტს რატომ აკეთებთ, უბრალოდ, როცა კბილის პასტის ანალოგიურ პროდუქციას ქმნიან, ტონის მიმცემისა და ერის მოძღვრის როლს (ღმერთს ებარებოდეთ!) ნუ მოირგებენ ქართული ტელეარხები. თუმცა, მარტო ტელევიზიებზე რომ არ გადავტეხოთ ჯოხი, იქნებ ვისაუბროთ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც, როცა „მითიური“ ხალხის სახელით ხვრეტდნენ, იჭერდნენ და ასამართლებდნენ მათთვის მიუღებელ პიროვნებებს. სახეცვლილი ფორმით, დღემდეა თუ არა შენარჩუნებული მსგავსი დამოკიდებულება?

ნინო - ბარემ აქვე ვიკითხავ, როდესაც ხალხის სახელს იყენებს ხელისუფლება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მას მართლაც აქვს ხალხის მხარდაჭერა?

სიმონი - ნინომ ამ კითხვით, ფაქტობრივად, უპასუხა ძირითად კითხვას. მთავარი დამკვეთი დღეს ის 99%25-ია, რომელსაც ორასი წელი წვრთნიდნენ დიდი სტეპის ღირებულებებით. ეს იყო რუსეთის იმპერიის ტიპიური აბსოლუტიზმი, მოგვიანებით სტალინიზმი. ამის მოთხოვნილება დღესაც არის ხალხში. ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა ჯერ გამსახურდიას, მერე შევარდნაძეს და სააკაშვილს, იმიტომ, რომ მათში დაინახეს არა კონკრეტული ლიდერები, არამედ სტალინის სუბლიმირებული ვარიანტები, ამიტომაც ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით არის ბრბოს ნაყოფი და არა ელიტის. თუ სიტყვა ბრბო არ მოგწონთ, დავარქვათ, ბატონო, მასობრივი კულტურის მომხმარებელი. ჩვენ გვინდა გვყავდეს სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ მასკულტურის უკონტროლო მომხმარებელი პოსტსაბჭოთა სივრციდანაა გამოსული და წვრთნა არ გაუვლია, პოლიტიკა და საზოგადოებრივი ურთიერთობები კი ისეთი სფეროა, რომელიც მეცნიერულ შესწავლას, გაანგარიშებას და დაგეგმარებას მოითხოვს. ეს სისტემა ყველაზე კარგად აქვს ათვისებული რომის კანონიერ მემკვიდრეს აშშ-ს, რომში პურსა და სანახაობას კი აძლევდნენ ხალხს, მაგრამ როგორ უნდა გადანაწილებულიყო მიწები, ვისთან ეომათ, როგორი არქიტექტურა ქონოდათ, როგორ ემართათ ქვეყანა, ამას ბრბოს არ ეკითხებოდნენ. ჩვენთან ეს ბერკეტები დახვეწილი არ არის, ამიტომაც იმარჯვებს ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ანგარიშს უწევს ქვედა ფენას ანუ პლებსს.

ქეთი - საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაყალბებისაგან თავდასაცავი მექანიზმები თუ არსებობს ჩვენთან?

ეკა - არსებობენ ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ საერთაშორისო ლიცენზიები, შიდა მენეჯმენტის მართვის სისტემები, ტექნოლოგიები, მაგრამ გაყალბებისაგან 100%25-ით დაზღვეული არავინ არის. ალბათ უნდა არსებობდეს რაღაც ტიპის კანონმდებლობა, რომელიც ამას დაარეგულირებდა, ასეთი რამ კი ჩვენთან ჯერ-ჯერობით არ არის და ამიტომაცაა მომრავლებული უამრავი, წვრილ-წვრილი რეიტინგები და გამოკითხვები. გაყალბებისაგან თავდასაცავად, პირველ რიგში, საჭიროა კეთილსინდისიერება და გამართული ტექნოლოგია. ეს ორი ასპექტი უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რომ კვლევა შესრულდეს სწორად და მივიღოთ ისეთი რეალური შედეგი, რომელსაც დაეყრდნობა საზოგადოება.

ქეთი - ტარდება ჩვენთან ისეთი თვისობრივი და ხარისხობრივი კვლევები, რეალური სურათი რომ მოგვცეს?

ეკა - რა თქმა უნდა ტარდება. თვისობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევა რაოდენობრივშია განსაზღვრული, ამის ერთ-ერთი მეთოდია გუტმანის შკალა, რომელიც წინასწარგანწყობებს და ფსიქოლოგიურ მომენტებსაც იკვლევს. არსებობს მაკონტროლებელი, ე.წ. დეტექტორი კითხვებიც, რომლებიც გამოკითხულთა პასუხების სიმყარესა და სანდოობას ამოწმებს.

0x01 graphic

სიმონი - მე მაინც უხეში აზროვნების კაცი ვარ და მიმაჩნია, რომ ბიზნესსა და პოლიტიკაში (ისე, პოლიტიკაც ბიზნესია) ყველა კვლევაზე უკეთესი შედეგის მომცემი არის ბაზრის მოთხოვნილება. ვინ რა მექანიზმებით გაიმარჯვა და რაზეა მოთხოვნილება, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვინ მოიგო და ვისი გაიყიდა - ესაა მთავარი. ჩემი აზრით, გაყალბების მარეგულირებელი სამართლიანი მექანიზმი არის ძლიერთა მიერ სუსტებზე ზემოქმედება, მართვა და მიმართულების მიცემა.

ლელა - ხალხო, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომელი ძლიერი მართავს სუსტს, უკვე ძლიერთა შორისაც და სუსტებს შორისაც იმდენი რანჟირებაა, რაზე ვლაპარაკობთ?

სიმონი - რაზე და პრინციპებზე, რომელიც ჩვენთან აღრეულია. მაგალითისთვის, შევხედოთ, რით განსხვავდება ლიბერალიზმი სოციალისტური მიდგომისგან. სოციალისტური პრინციპით, როცა ჩვენს შორის საწყისი თანხიდან თქვენ გაგიხდებათ 2 მილიონი, მე გამიხდება 3 მილიონი ანუ თითო მილიონით გავმდიდრდებით. ლიბერალიზმის პრინციპით, როცა თქვენ გაგიხდებათ 2 მილიონი, მე გამიხდება 4 მილიონი (ვსარგებლობ იმ მონაცემით, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ტრანსნაციონალური კომპანიის დინამიკაში), როცა თქვენ გაგიხდებათ 4 და მე 8 მილიონი, სხვაობა ერთი ან ორი კი არა, 4 მილიონი იქნება, აქედან დასკვნა: თუ ერთ მილიონად მე ვიყიდდი სამ ჯუმბერას, ოთხად ვიყიდი თორმეტ ჯუმბერას, ამ შემთხვევაში თქვენზე ოთხჯერ მეტი ძალა მაქვს. ლიბერალიზმის პრინციპი და რეალობა ესაა.

ქეთი - გამოდის, რომ მარტო ჩვენ კი არა, მთელი სამყარო, ფაქტობრივად, საფონდო ბირჟაზე ცხოვრობს.

სიმონი - კი ბატონო, ეგრეა. უდიდესი ფილოსოფოსები და მოაზროვნეები ფიქრობდნენ, რომ დემოკრატია იმ გაგებით, როცა უმრავლესობა მართავს სიტუაციას, არის წინა დღე ტირანიისა. უმრავლესობის მმართველობა გვაძლევს ბელადს და, შესაბამისად, ტირანიას, ამიტომ უნდა მართოს რჩეულმა უმცირესობამ. იოანეს სახარებაშიცაა ნათქვამი: თუკი შეხედავთ, რომ რაღაც აზრი უმრავლესობისაგან მოდის, ჩათვალეთ, რომ ეშმაკისგან არის. ხშირად საზოგადოებრივი აზრი, რომელიც გაჯერებულია ბრბოს ვნებებით, ძალადობის მოტივი ხდება.

0x01 graphic

ლელა - მგონი ჩვენ გაცნობიერებულ აზროვნებაზე ვსაუბრობთ და არა ვნებებსა და ინსტინქტებზე. რატომ გინდათ, რომ ადამიანები მარადიულად იყვნენ არაცნობიერში?

სიმონი - მე კი არ მინდა, ეს რეალობაა. ადამიანების გაცნობიერების პრობლემა ვერ გადაჭრა იესო ქრისტემ, პლატონმა, არისტოტელემ და ჩვენ გვინდა გადავჭრათ?

ქეთი - ლათინურში არის ასეთი გამოთქმა Gui Prodest, რაც ნიშნავს „ვისთვის არის სასარგებლო?“ ვისთვის არის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის კვლევები, საზოგადოებისთვის?

ლელა - ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ამას მხოლოდ კომერციული დანიშნულება ჰქონია. არადა, წესით, საზოგადოების გაჯანსაღებაზე, სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაზე, კანონის, როგორც უზენაესობის დამკვიდრებაზე უნდა იყოს მიმართული საზოგადოებრივი აზრის კვლევები. არის მეორე მხარეც, როცა საზოგადოება ღიზიანდება, რომ ეს არ არის მისი აზრი. თავის თავად, სკეფსისიც ასეთი კვლევების მიმართ უკვე შედეგი მგონია. კომერციულად სასარგებლოდ ასეთი „აზრები“ იმ დამკვეთისთვის მუშაობს, ვინც დაუსრულებლად მანიპულირებს იმით, რომ ასეთია საზოგადოების აზრი და მან რა ქნას?! ჩემთვის კი, პირადად, იმ აზრით არის საჭირო და სასარგებლო, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილს მიჩენს საზოგადოებრივი აზრის დამკვეთთა და შემსრულებელთა მიმართ.

ნინო - საზოგადოებრივი აზრი უნდა იცოდეს საზოგადოებამ იმისათვის, რომ განვითარდეს. მოაზროვნე ადამიანებმა კი კრიტიკულად უნდა შეაფასონ ის, თუ რას ფიქრობს საზოგადოება და ეჭვქვეშ დააყენონ მათი აზრები. გაღიზიანების მომენტი პირადად მე არ მაქვს, რადგან ვცდილობ, საკუთარი თავი არ გავაიგივო საზოგადოებასთან, მინდა ინდივიდუალისტი ვიყო, მინდა ჩემი აზრი მქონდეს და არ მივიღო საზოგადოების აზრი, როგორც მოცემულობა და ჭეშმარიტება. მნიშვნელოვანია ისიც, საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა ხდება, დააპროგრამეს ის თუ მართლა მისი აზრია, რასაც მის აზრად ასაღებენ.

ეკა - საზოგადოებამ მართლაც იმაზე მეტი უნდა იცოდეს საკუთარი თავის შესახებ, ვიდრე რეალურად იცის. რატომღაც არასოდეს ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ თვითონ წარმოვადგენდეთ იმ 0,5 %25-ს. ამიტომაც არ ვცდილობთ უფრო ქმედითუნარიანები და აქტიურები გავხდეთ იმისათვის, რომ ჩვენი გავლენა გაიზარდოს, არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავხდეთ 5%25, 10%25, 20%25...

სიმონი - ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრის კვლევები საჭიროა წარმატების მისაღწევად ბიზნესში, პოლიტიკაში და ა.შ. როცა ვამბობთ, რომ უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი აზრი, რატომ უნდა შეიცვალოს? როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ძალიანაც მსიამოვნებს, როდესაც რაიმე საკითხთან მიმართებაში (პათოლოგიური თემატიკის გარდა) უმცირესობაში აღმოვჩნდები ხოლმე. უბრალოდ, გული მწყდება, როცა ვხედავ იმას, რომ 0,5%25-ს არა აქვს უნარი და საშუალება თავისი აზრი გაიტანოს. ვისურვებდი 0,5%25-ს თავისი მოსაზრებები, პოზიცია, მეტიც, ძალაუფლება დაემკვიდრებინოს. ვთქვათ, პრეზიდენტის არჩევნებზე, როცა 99,5%25-ს მოსწონს ჯონდო და 0,5%25-ს მოსწონს ბონდო (მოდელებზე ვსაუბრობ და არა პიროვნებებზე), მირჩევნია, ქვეყანაში იმ მოდელმა გაიმარჯვოს, რომელიც მოსწონს 0,5%25-ს. ჩემი სურვილია, ქვეყანაში 0,5%25-ის ღირებულებები მკვიდრდებოდეს.

ქეთი - ?!

დისკუსია გაიმართა
ლიტერატურულ კაფე ქარავანში

16 რუსუდან ბოლქვაძე

▲back to top


თავისუფლების დღიურები

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

დღიურები

საღამოს ბაკულას ღორები ვითამაშეთ. რა საოცარი სპექტაკლია! 29 წლის წინ დაიდგა და როგორი აქტუალურია! დღეს ამის დასტურად კიდევ ერთხელ გაიჭედა დარბაზი და, ალბათ, სულ გაიჭედება, სანამ არ შევიცვლებით; ჩვენ კი რა შეგვცვლის! ასე რომ, სპექტაკლს დიდი ხნის სიცოცხლე გარანტირებული აქვს!

25 თებერვალი, კვირა

დღეს საქართველოს გასაბჭოების დღეა. ბავშვობაში ტვინი გვქონდა წაღებული ამ თარიღით. უქმე იყო. ბებიაჩემი სულ ბურდღუნებდა: „პოშლი ონი კ ჩორტუ!“ ხალხი ქეიფობდა - ქართველს საბაბი მიეცი და... ერთი ძალიან ქართული სიმღერა არსებობს ამ დღესთან დაკავშირებული. შინაარსი ასეთია: „ეგ ოხრები შემოვიდნენ“ (როგორც ბებიაჩემი იტყოდა), დაიქცა ქვეყანა, დაემხო მთავრობა, ხალხი გარბის, გემზე ადიან და საით მიდიან, კაცმა არ იცის, ემშვიდობებიან სამშობლოს... მისამღერი კი ასეთია:

„მაშ, ხუხე, ძმობილო,

მსწრაფლ გამოსცალეეეე...“

რაც მთავარია, მელოდიაა ძალიან ხალისიანი, დარდიმანდული და ჩაგვირისტებული!.. რობაქიძის ნათქვამი მახსენდება: „ქარ თველთა გასაძლისი თვისებაა - ესთეტური უდარდელობა.“

დღისით კინოს სახლში რამდენიმე ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა იყო. მათ შორის, თემო ბუტიკაშვილის ფილმის - „ჩამოფასებულები“. რა ზუსტი და საშინელი სათაურია! გარეთ გამოვედი. ქუჩა ისეთივე ჩამოფასებული, დაუფასებელი, გადაფასებული, თვალებდავსილი და თავლაფდასხმული ადამიანებით იყო სავსე. ციოდა. აბუზულები მიმოდიოდნენ. დავიზაფრე. ვიფიქრე, ფეხით ჩავალ თეატრში, ცოტას გავნიავდები-მეთქი, მაგრამ გაციების შემეშინდა: მთელი ქალაქი ვირუსის ბურუსშია გახვეული. მესამე დღეა, საშინელი ქარია, ძაღლს რომ არ გააგდებენ... გუშინდელმა ქარმა კი ჩვენს საამაყო, ახლახან ფურთხით აშენებულ აეროპორტს „ნამუსი ახადა!“

„თეატრი საკიდიდან იწყება“, ქვეყანა - სადგურიდან და აეროპორტიდან! ჰოდა, ასეთი სახურავახდილი და „ქარწაღებული“ ქვეყანა გვაქვს, გამოდის.

ძალიან არ მინდოდა ცუდ ხასიათზე დადგომა. ბედად ქეთო შემხვდა, დედამისთან მიდიოდა. ავედით. ცოტა გავმხიარულდით.

საღამოს „ბაკულას ღორები“ ვითამაშეთ. რა საოცარი სპექტაკლია! 29 წლის წინ დაიდგა და როგორი აქტუალურია! რამდენმა წყალმა, თაობამ და მთავრობამ ჩაიარა ჩვენს თვალწინ, „ბაკულა“ კი ყველა მოვლენას პასუხობს, თითქოს დღეს დაწერა იმ დალოცვილმა კლდიაშვილმა და დღეს დადგა ამ დალოცვილმა თუმანიშვილმა. ეს იმიტომ, რომ ქართული ხასიათის, ქართული პრობლემის ზუსტი მოდელია შექმნილი და ხელოვნება ხომ მოვლენის ზუსტი მოდელის შექმნაა და არა ზუსტი ასახვა. დღეს ამის დასტურად კიდევ ერთხელ გაიჭედა დარბაზი და, ალბათ, სულ გაიჭედება, სანამ არ შევიცვლებით; ჩვენ კი რა შეგვცვლის! ასე რომ, სპექტაკლს დიდი ხნის სიცოცხლე გარანტირებული აქვს!

სპექტაკლის მერე მზია არაბულის ჩანაწერი მოვისმინე. „მზეო, ამოდი, ამოდი...“ რაღაც უცნაურად მღერის, არქაულად. თანაც სრული იმპროვიზაციაა - უცებ მომაწვა და ამოვიმღერეო. მომეწონა.

გვიან ღამით ქეთინოსთან და ლევანთან ავედი. უახლოესი მეგობარი დაკრძალეს გუშინ და ძალიან დარდობენ. აბა, მე რას ვუშველიდი, მაგრამ მინდოდა, გვერდით ვყოფილიყავი. არ დამავიწყდება, თაზო რომ გარდაიცვალა, როგორ მეფერებოდა ორივე.

ძალიან გვიან დავბრუნდი სახლში და გამახსენდა, რომ დღიურის წერა უნდა დამეწყო. ვეცი რვეულს და დავიწყე, თუმცა დღე უკვე დიდი ხანია, დამთავრდა!

ძალიან გვიანია! არა უშავს, ხვალ ორშაბათია და გამოვიძინებ! როგორც ჭეშმარიტი ქართველი, ორშაბათიდან გამოსწორებას ვაპირებ.

ფრიად ემოციური დღე მქონდა...

დედაჩემს სკოლის მეგობარი გარდაეცვალა. ძალიან დარდობს. ბავშვობის მეგობრობა ხო ეგეთია - გაბავშვებს! მეც ასე ვარ კახას, ნინიჩკას, მაიას, მაიას, ტაბიხეს, ბუთიკოს, ნატალიას, ჭიას რომ ვხვდები - თითქოს ისევ მეშვიდე კლასში ვართ, ვსულელდებით, გვიხარია ერთად ყოფნა. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და იმიტომ.

26 თებერვალი, ორშაბათი

გამოძინება არ გამომივიდა! ათის ნახევარზე სანდრიკამ დამირეკა. სანდრო შენგელაია ჩემი ძალიან დიდი ხნის და ძალიან ძვირფასი მეგობარია, განსაკუთრებული! დილით გასაუბრება ჩვენი 20 წლის რიტუალია. ბევრჯერ გადავურჩენივარ რეპეტიციაზე დაგვიანებას. ოღონდ დღეს - არა!

ანი სამშობიაროში წააცუნცულეს! არის დიდი ღელვა-ფუსფუსი! მე ისევ ვერ ვიღებ მონაწილეობას ოჯახურ მოვლენაში, რადგან „ტელეიმედში“ მივდივარ ჩაწერაზე. მომღერლების და მსახიობების დუეტების კონკურსია. ვარსკვლავებს ქულები უნდა მივცე. მოკლედ - ვარსკვლავთმრიცხველი ვარ! არ მიყვარს კონკურსები, როცა რაღაცის მოსაპოვებლად იბრძვი. რაღაცის დასაცავად ბრძოლა, კიდევ ჰო; მაგრამ ეს კონკურსი ნახევრად თამაშია. ძალიან სახალისო იყო, თუმცა გავიტანჯე: ყველა კარგია, ზოგი - ძალიან კარგი. მიდი და აირჩიე!

ოხ, ოხ! რა ძნელი პროფესიაა მსახიობობა! ინსტიტუტში, სწავლის უმძიმეს წლებში ქალბატონმა ლილიმ იცოდა ხოლმე: გაიღიმებდა, თვალებს მოჭუტავდა და ოდნავი ნიშნისმოგებით, კეთილგანწყობისა და შეუბრალებლობის ვირტუოზულად გაზავებული ინტონაციით იტყოდა: „არტისტობა არაა ადვილი, ბავშვებო!“

9 საათზე დამთავრდა ჩაწერა. მარიამმა დამირეკა გზაში - ბიჭი გვყავსო, ნიკოლოზი! გახარებულია - დეიდა გახდა, გიოს კი მთელი დღე „გიორგი ბიძიას“ ეძახიანო. მარიამი 7 წლისაა, გიორგი - რვის. მართალია, სერიოზული სტატუსი აქვთ დღეიდან, მაგრამ ასაკმა თავისი ქნა და მთხოვეს, დაგვაძინეო. უარს როგორ ვეტყოდი, მეც ხომ გადმომკრა ბებიობის ნიავმა, ჰოდა „პროგრამულ ზღაპრებს“ იავნანაც მივაყოლე.

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო,

ქალ-ვაჟი დაგვბადებია, მზევ, შინ შემოდიო...“

რა დიდებული სიმღერაა, სადა, უბრალო, ნამდვილი. ერთადერთი მუსიკალური ფრაზაა უზარმაზარ ტექსტზე და არ გბეზრდება. პირიქით, ზევით და ზევით აჰყავხარ - მზევ, შინ შემოდიო!

ჩემი მეცხრე ნათლულის, მარიამ გაბუნიას დაბადების დღეა. ვერ მოვახერხე „ახლოდან მილოცვა“ და დავურეკე. „გმადლობთ, გმადლობთო“ - ჩქარჩქარა მპასუხობდა. სტუმრები ჰყავდა და ვგრძნობდი, დროზე უნდოდა ჩემგან გათავისუფლება, ოღონდ ცდილობდა, არ შეტყობოდა, მე რომ არ მწყენოდა! კარგი ბავშვია, ჩემი უსაყვარლესი მეგობრების შვილი. მე მას საჩუქრად ყურმილი დავუკიდე, ანუ ვაჩუქე ჩაი და თავისუფლება!

27 თებერვალი, სამშაბათი

მთელი კვირა თავისუფალი ვარ თეატრიდან. დილას არ მეჩქარება. ღამით გვიან ვიძინებ და გვიან ვიღვიძებ.

დღეს მთელი დღე ბავშვებთან გავატარე. ნუცა ანის საქმეებზე დარბის, თანაც გუშინდელი ნანერვიულები და გადაღლილია. ტელევიზორში ვნახეთ ჩვენი პატარა: ნიკა მივარდნილა სამშობიაროში კამერით, როგორც უკანასკნელი პაპარაცო, და გადაუღია. რა საყვარელია, ლოყები „პაგონებივით“ აქვს მხრებზე გადმოფენილი....

ცხოვრების პროზა თავისას ითხოვს. კომუნალური გადასახადების რიგში, მეგონა,1 საათს მაინც გავატარებდი, მაგრამ - ჰოი, საოცრებავ! - დაკეტილი სარკმელი გაიღო და ქალმა დამიძახა. ეტყობა, თვითონაც ჩქარობდა და სამ წუთში გამისწორა ანგარიში „თელასთან“! მივედი, გადავიხადე, წამოვედი - ვენი, ვიდი, ვიცი! დანარჩენი 57 წუთი „შატალოზე“ წავედი.

მაღაზიის გარეთ ხილი და ბოსტნეულია გამოტანილი. გამყიდველი არ ჩანს. სამი ლიმონი ავიღე (კარგია ჩ ვიტამინი!) და მაღაზიაში შევიხედე.

- აი, გარეთ სამი ლიმონი ავიღე და რამდენი გადავიხადო?

- ვაი, გენაცვა, ეხლავე, ეხლავე... არ ვიცი... (გასძახა) იზო, იზო!

- ჰოო!

- ლიმონი რა ღირს!

- რაა?

- ლიმონი რა ღირს? რა ღირს ლიმონიი!

- ოც-და-ხუ-თიი!

- (მე მომიბრუნდა) ოცდახუთი, გენაცვა. ტუალეტშია და...

- ჰოოო? მაშინ ოთხს ავიღებ, აი, ლარიანი. კარგად!

- კარგად!.. ტუალეტშია და!..

ინგლისში ჩაის ჭიქით და მაისურით დაწყებული, ანკესით დამთავრებული, ყველაფერს შექსპირი აწერია. ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს? რამხელა განძის პატრონები ვართ და სულ სხვას ვბაძავთ, სხვის ჰანგებს ვმღერით, სხვის დღესასწაულებს აღვნიშნავთ... ღორის წელი ჩინელებზე ადრე ვიზეიმეთ... შოტლანდიელს კილტი რომ აცვია, ვამბობთ, ჯიგარიაო, ჩოხით სიარული კი ან გოიმობად ითვლება ან პოზიორობად!

28 თებერვალი, ოთხშაბათი

ტელევიზიით აჩვენეს ტანგოს ფესტივალი ბუენოს-აირესის ქუჩებში. მთელი ქალაქი გარეთაა. ცეკვავენ, მსურველებს უფასოდ ასწავლიან, კასეტებს ყიდიან... ქვეყანა დიდ ფულს ხარჯავს თავისი კულტურის პროპაგანდაზე. და არა მარტო არგენტინელები. ინგლისში ჩაის ჭიქით და მაისურით დაწყებული, ანკესით დამთავრებული, ყველაფერს „შექსპირი“ აწერია. ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს? რამხელა განძის პატრონები ვართ და სულ სხვას ვბაძავთ, სხვის ჰანგებს ვმღერით, სხვის ცეკვებს ვცეკვავთ, სხვის დღესასწაულებს აღვნიშნავთ... „ღორის წელი“ ჩინელებზე ადრე ვიზეიმეთ... შოტლანდიელს კილტი რომ აცვია, ვამბობთ, ჯიგარიაო, ჩოხით სიარული კი ან „გოიმობად“ ითვლება ან „პოზიორობად“!

შობა-ახალ წელს „ჯინგლ ბელსს“ ვმღერით, დაბადების დღეებზე - „ჰეფი ბერსდეის“, თანაც, ხმებში და ქართული ტექსტით! პოზიორობა კი სწორედ ეს არის! ამ დროს, საშობაო ალილოების მილიონი ვარიანტიც გვაქვს და „დღეს ვიღაცის დღეობააც“! „ჩაკრულო“ კი კოსმოსში ტრიალებს, როგორც კაცობრიობის მონაპოვარი.

დღეს ხიტას (გურამ) ქუთათელაძის - სახელოსნოში ვიყავი. ნანამ თავისი სტუდენტები მიიყვანა და მეც ვისარგებლე შემთხვევით. რა საოცარი პეიზაჟებია, რა ფერები - ყვითელი, ცისფერი, წითელი... ერთ-ერთ პეიზაჟს მზე მოადგა და გამახსენდა, ერთხელ, რკონიდან მოვდიოდით, მზე ჩადიოდა და გაყვითლებულ ნათესებს უცნაურად ანათებდა. ზუსტად ასე მოიქცა მზე ახლაც და ის ნამუშევარი კედელზე ზუსტად ისევე გაანათა. ერთაწმინდიდან რკონისკენ რომ გადაუხვევ, იმ პეიზაჟს მაგონებს-მეთქი. ეს არისო, მიპასუხა წუპამ ანუ თეამ, რომელ საც ზუსტად ისეთი ცისფერი თვალები აქვს, მამამისი რომ ხატავდა. სულ ქართლის პეიზაჟებიაო. აი, ნამდვილი მხატვარი! ყვითელი ლაქებით მინდორს ხატავს და შენ ხვდები, რომ ეს სწორედ „ქართლის მინდვრებია“.

ძალიან კარგი სერია აქვს ფიროსმანზე - მისი ბოლო ნამუშევრები. პერსონალურ გამოფენას სიცოცხლეში ვერ ეღირსა, მხოლოდ გარდაცვალების მერე გამოფინეს თბილისში და ისიც ერთხელ. აი, კიდევ ერთი მაგალითი ქართველების დაუდევრობისა საკუთარი განძის მიმართ. თუმცა, რა: ესეც, ფიროსმანისა არ იყოს, ნამდვილ ხელოვანთა ბედია...

მახსოვს, ფარჯიანის გარდაცვალების ამბავი თეატრში მოიტანა ვიღაცამ. თუმანიშვილმა იკითხა, რისგან გარდაიცვალაო - უყვარდა ირაკლი. - ჭლექითო. - ასეა, ნამდვილი მხატვრები ჭლექით კვდებიანო, - თქვა და პაწაწინა სავარცხლით ულვაშები ჩამოივარცხნა...

თეამ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა მამამისზე: თუ როგორ გაგიჟდა ტონინო გუერა და 1 საათით მისული 7 საათს დარჩა სახელოსნოში; როგორ დაანება თავი ხიტამ სამედიცინო ფაკულტეტს და მოსკოვში, სურიკოვის ინსტიტუტში ჩააბარა, იქ კი რექტორს, რომელმაც უხეშად მოიხსენია საქართველო, სახეში გაარტყა და დიპლომის ნაცვლად, „მგლის ბილეთით“ დაუბრუნდა სამშობლოს... ნეტა, დღეს რომელიმე ახალგაზრდა თუ მოიქცეოდა ასე?!

ახლა, ამას რომ ვწერ, ტელევიზიით მიდის ძველი ჩანაწერი: ერთიმეორეზე უკეთესი კაცები - გოგი დოლიძე, გია ჭირაქაძე, თემიკო ჩირგაძე, გურამ ლორთქიფანიძე, თემო ნაცვლიშვილი - მღერიან: „მინდვრები, ქართლის მინდვრები... სხვა საქართველო სად არი...“

1 მარტი, ხუთშაბათი

ნუცა „ბებიურ“ რეჟიმში მუშაობს ბოლო ოთხი დღეა. ანუ, როგორც ტელემუშაკები იტყვიან, „სტატუსშეცვლილი ფორმატით გადის ეთერში“. მეც ხომ გავხდი ცოტათი ბებია! ქეთის გავყევი რაღაც საქმეზე და მერე კაფეში შევიარეთ ჩაის დასალევად და გასათბობად. ცოტა ხანში მაგიდასთან თმაგაბურძგნული გამხდარი ბიჭი მოვიდა, გაჩერდა და გაიღიმა. ვერ ვიცანი, რა თქმა უნდა (ჩემი ბოლოდროინდელი გაჭირვებაა), ვიფიქრე, რომელიმე ნაცნობის გაზრდილი შვილია-მეთქი და გულითადი ღიმილით შევეგებე, რომ არ „დავიწვა“, რომ ვერ ვიცანი.

- როგორ ხარ, ჩემო კარგო?

- გმადლობთ, თქვენ როგორ? (ძალიან ზრდილობიანად)

- ვარ რა, არა მიშავს... თქვენები რას შვრებიან, რა ხდება ახალი და საინტერესო?

შეიშმუშნა, გაიღიმა. მე გავაქტიურდი, რომ უკეთ შევინიღბო.

- კინაღამ ვერ გიცანი, რა შეცვლილი ხარ, გაზრდილი.

- არა უშავს... (იღიმება, დგას)

- ეს ქეთია, ეს კი ჩემი... აუუუჰ (მრავალმნიშვნელოვანი ჟესტი, ბევრის და არაფრის მთქმელი).

- ხომ არაფერს ინებებთ?

- არა, გენაცვალე, დიდი მადლობა, ცოტა ხნით შემოვედით, უკვე წასვლას ვაპირებთ...

- ანგარიში მოგართვათ?..

რა კარგი იყო, ადრე მომსახურე პერსონალს განსხვავებულად რომ ეცვა. აფსუს ძველი დრო! არც სკლეროზი გვაწუხებდა და არც ამხანაგებს ჰყავდათ ამხელა შვილები... „აფსუს კომუნისტების დრო!!!...“

...ჩვენი საამაყო „სამკუთხედის“ ვაკის ნაწილში „საცობი“ იყო. ვიფიქრე, იუშჩენკომ ხომ არ უნდა ჩამოიაროს-მეთქი, მაგრამ არსად ჩანდა ჩამოვლილი იუშჩენკო. სამაგიეროდ, ჩაის სახლთან, სკვერში იჯდა ტარას შევჩენკო! როდის დასვეს, ვერ შევამჩნიე, თითქმის ყოველდღე მიწევს აქ გავლა. რა უიღბლოა ეს სკვერი! ვერა და ვერ მოუძებნეს ფუნქცია. ადრე ჩვეულებრივი სკვერი იყო, მერე, მთელი ვაკის მანქანები იქით რომ მიუშვეს, იქ ჯდომა შეუძლებელი შეიქნა. მერე ვითომ ყვავილები დარგეს. იქნებ ტარასმა ივაჟკაცოს და ცოტა მეტ ხანს გაძლოს ქართულ-უკრაინული მეგობრობის ნიშნად...

თუმცა, მე პირადად - და, დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვასაც - უძეგლოდაც მიყვარს უკრაინელები. ჩემი სტუდენტობის საუკეთესო მოგონება კიევის თეატრალურ ინსტიტუტში სტუმრობაა. მაშინ შეძენილ მეგობრებს 93 წელს ედინბურგის ფესტივალზე შევხვდით და ისეთი ყიჟინა დავცხეთ, გადაირია შოტლანდია. მსგავს სიყვარულს და მეგობრობას სულაც არ სჭირდება მტკიცება, თანაც ამ საეჭვო მხატვრული ღირებულების ძეგლის დადგმით. მით უმეტეს, უნივერსიტეტის წინ, სადაც მელიქიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩები ხვდება ერთმანეთს. აკი გვაქვს თბილისში შევჩენკოს ქუჩა, ლესია უკრაინკასი, გოგოლის და კიევისაც, მაგრამ, ქართველები აი, ასეთი „ჯიგრები“ ვართ. მაშ, ხუხე, ძმობილო!

თეატრიდან დამირეკეს. 8-ში „ჰარალეთი“ დაუნიშნავთ. ძალიან გამეხარდა. ახალი სპექტაკლია და მინდა, ხშირად ვითამაშოთ. ჩვენზეა, ქართველებზე, ანუ ჰარალეთელებზე. ახლა ვიწყებ „ჩემი ქალის“ შეყვარებას. ძალაუნებურად, სულ მასზე ვფიქრობ, „შეხვედრის“ საშუალება კი იშვიათად მაქვს. მთელი კვირა გიჟივით ვარ. როგორი დაკავებულიც უნდა ვიყო, თუ თეატრში არ დავდივარ, სულ მგონია, რომ ვუსაქმურობ. არადა, ტყუილად მისვლაც არ მინდა: არ ვარგა თეატრში უსაქმოდ ბოდიალი... მოკლედ, „ლუიზა“, გენაცვალე, 8-ში 7 საათზე გელოდები აღმაშენებლის 164-ში.

ქეთის დედამ, ნანამ რამდენიმე დღის წინ თავისი დაწერილი პატარა პიესა მათხოვა წასაკითხად. დღეს საღამოს მოვახერხე მხოლოდ წაკითხვა. თავისი ბავშვობის ისტორია აქვს აღწერილი ემოციურად და ლაკონურად. კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდოდა... მერე ქეთის დავურეკე შთაბეჭდილების გასაზიარებლად და შევრჩი ტელეფონს, სანამ ბოლო წუთამდე არ ამოვწურე გაზაფხულის პირველი დღე.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

2 მარტი, პარასკევი

დღეს ჩვენი პაწაწინა გამოყავთ სამშობიაროდან. მთელი ოჯახი გაიკრიფა. მე სახლში დავრჩი და ბრწყინვალედ შევასრულე დამლაგებლის როლი. მრეცხავიც კარგად გამომივიდა. ცოტა მზარეულობაში „გავახალტურე“. მოვიკოჭლებ - ვაღიარებ. არ მაძლევენ გასაქანს, ბატონო! ჯერ ბებია მართმევდა ამ როლს, მერე - დედა, ახლა - რძალი. მე კი როლის გულისთვის ბრძოლა არ შემიძლია და დავრჩი ასე.

წავედი გიოს მოსაყვანად. ძიძა მართლაც შეუდარებელი ვარ! ყოჩივარდები ვიყიდეთ მოხუცი რუსი ქალისგან რიგის ქუჩის კუთხეში. ახალი მიწის სუნი ჰქონდა. თბილი ქარი უბერავდა. ნამდვილი გაზაფხულის ამინდია. ადრე არ მიყვარდა გაზაფხული, ახლა - ვგიჟდები. 90-იანი წლების აუტანელი ზამთრების მერე განსაკუთრებულად დავაფასე. თანაც - ასაკი, ჩემო ბატონო!

დედაჩემს სკოლის მეგობარი გარდაეცვალა. ვერ წავიდა პანაშვიდზე - ჯერ კიდევ ახველებს. ძალიან დარდობს. შეფუთული ზის სახლში და სლუკუნებს, კარგი ბიჭი იყო შოთაო. თვითონ კი პატარა გოგოსავითაა. ბავშვობის მეგობრობა ხო ეგეთია - გაბავშვებს! მეც ასე ვარ კახას, ნინიჩკას, მაიას, მაიას, ტაბიხეს, ბუთიკოს, ნატალიას, ჭიას რომ ვხვდები - თითქოს ისევ მეშვიდე კლასში ვართ, ვსულელდებით, გვიხარია ერთად ყოფნა. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და იმიტომ.

რადიო „უცნობში“ წავედი ლექსების ჩასაწერად. ქართველი პოეტები და პუშკინი, ვერლენი, რემბო... ვერლენი ქეთინოს თარგმანია. ძალიან მომწონს. ღირსეულად გამოიყურება პაოლოს, ანას და სხვა მთარგმნელთა გვერდით.

მახსოვს, ფარჯიანის გარდაცვალების ამბავი თეატრში მოიტანა ვიღაცამ. თუმანიშვილმა იკითხა, რისგან გარდაიცვალაო - უყვარდა ირაკლი. - ჭლექითო. - ასეა, ნამდვილი მხატვრები ჭლექით კვდებიანო, - თქვა და პაწაწინა სავარცხლით ულვაშები ჩამოივარცხნა...

გვერდითა სტუდიიდან, პაუზებს შორის ჭიჭიკოს და ბიჭიკოს მხიარული სიცილი ისმოდა. მათ რომ ვუსმენ, მგონია, ჩემი თაობის ბიჭები უნდა იყვნენ. თურმე, ყველა ამას ამბობს. ყველას თავისი ჰგონია!

საღამოს ქალბატონ ლილისთან ავედი. რახანია, აღარ მინახავს. მოტეხილი ხელი დაუზიანებია. მგონი, პატარა შერყევაც მაქვსო, ყურებში კი ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს მთელი სიმძლავრითო. რამდენს უძლებს ეს სიფრიფანა ქალბატონი და რა ვაჟკაცურად! ცოტა კი წაიწუწუნა - აღარ შემიძლია, დავიღალეო, მაგრამ მერე თავისუფლების დღიურები საუბარში გაერთო და იმისთანა ენერგია გამოაჩინა, რომ ვიფიქრე, სამ თეატრს ეყოფამეთქი.

გენიალური ქალია, დიდებული. მენანება ყველა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება არ ჰქონია. განსაკუთრებით ახალგაზრდები. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს დეფიციტად ქცეული ზნეობის, ღირსების, პროფესიონალიზმის, ადამიანის სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი! თურმე, ტონინო გუერას უთქვამს ანტონიონიზე, უაღრესად დახვეწილი გემოვნების ადამიანმა ისეთი ჩაცმა იცოდა, ვერ შეამჩნევდი და თუ შეამჩნევდი - თვალს ვერ მოწყვეტდიო. ყველაფერი დახვეწილი და ნამდვილიც ხომ ასეა. მშვიდად არსებობს, თავის საქმეს ჩუმად აკეთებს და ყურადღებას არ იქცევს. თუ ღმერთმა მოგცა თვალი და ყური, დაინახავ და შენვე ივსები. ასეთია ქალბატონი ლილი. ლილი იოსელიანი.

0x01 graphic

3 მარტი, შაბათი

გიორგისთანაც მობრძანდნენ „ბატონები“. იმდენი კოცნა ჩუტყვავილიანი მარიამი, რომ გადაედო კიდეც. ახლა წევს დაწინწკლული და ბედნიერია, რომ სკოლაში არ დადის.

გია აბესალას დაბადების დღეა. მივულოცე, გაეხარდა. მიყვარს აბესალა, ჩემი მეთოთხმეტე ნათლიმამაა.

თეატრების დირექტორები დაუნიშნავთ - სამსაათიან საინფორმაციოში გამოაცხადეს. დიდი ვნებათაღელვა ახლდა ამ საკითხს. ჩემი აზრით, თეატრს საკუთარი შემოქმედებითი ინტერესებისგან თავისუფალი ადამიანი უნდა მართავდეს. ოღონდ, უნდა იყოს თეატრისთვის თავდადებული, საქმის მცოდნე და პატიოსანი ადამიანი... ცოტა ბევრია ერთი კაცისთვის, მაგრამ, რას იზამ, სხვანაირად არაფერი გამოვა.

დღიური გადავიკითხე. მთელი კვირის განმავლობაში დღის ბოლოს ჩაწერილი შთაბეჭდილებები. რამდენჯერ დამიწერია დღიური, განსაკუთრებით გასტროლებზე, უცხო ქვეყნებში, უზარმაზარი და ათასნაირი შთაბეჭდილებებით რომ ივსები და იწერ ყველაფერს - ამბებს, ფრაზებს, ემოციებს, ფიქრებს... იხატავ კიდეც შენთვის. აქ კი ცოტა სხვანაირადაა საქმე. სხვა თვალიც იგულისხმება. თუმცა, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. პირიქით, მომწონს ეს იდეა, როცა ერთ წიგნად იკვრება ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები და ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიური თავგადასავლები.

...ტაქსში ვზივარ. უზარმაზარ ხმაზე აქვს მუსიკა. ვთხოვ, ჩაუწიოს. უწევს. ოღონდ ოდნავ - თითქმის არა. ვიღაც ნაწყენი კაცი მღერის: „გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!“ არც მეტი, არც ნაკლები - „გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!“ აშკარად გულგატეხილია ცხოვრებაზე და რომ არ უჩერებენ, ხვეწნას უმატებს, მერე კი რეჩიტატივზე გადადის: ეი, ძმაკაც, გამიჩერე, რა?! აღარ მინდა, კაცი არა ხარ? გამიჩერე ეგ დედამიწა, უნდა ჩავიდეო. ამასობაში ჩემი ჩასვლის დროც მოდის, მაგრამ როგორ გინდა მძღოლს უთხრა - „აქ გამიჩერეთ, ჩავდივარ“???? ვაცდი, სანამ სიმღერა დამთავრდება და მერე ფრთხილად ვეუბნები: „აი, შუქნიშანთან, თუ შეიძლება...“ რადგან იმ ჩემი ცოდვით სავსემ ხვეწნა დიდხანს არ დაამთავრა, ტაქსმა ორი კვარტლით შორს გამაქანა და ცოტა ძვირიც კი დამიჯდა ეს მგზავრობა, მაგრამ, სამაგიეროდ, მისგან განსხვავებით, მე გამიჩერეს!

ასეა, ძვირია თავისუფლება...

17 ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე

▲back to top


ფოტომოთხრობა

ავტორი: დათო ტურაშვილი

წუთისოფელი რა არის,
დაგორებული ქვა არის...

მიკ ჯეგერი, Rolling Stones

0x01 graphic

ერაყელები ბაბილონს, არა მხოლოდ უძველეს ქალაქს, არამედ მთელს შუამდინარეთსაც უწოდებდნენ ხოლმე და ალბათ ახლაც ასევე მოიხსენებენ თავიანთ ქვეყანას, ოღონდ ბედნიერების გარეშე.

ბედნიერი ქვეყანა კი ერაყსა და ბაბილონს ოფიციალურადაც ერქვა დაუდფაშას დროს, რომელიც ერაყის მმართველი იყო მეცხრამეტე საუკუნეში და ოფიციალურ ქაღალდებზეც კი, ზუსტად ასე აწერდა ხელს - ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე...

სინამდვილეში არათუ წინასწარმეტყველი მიკ ჯეგერი, ქვემოქართლელი დათუნა მანველაშვილის… მშობელი დედაც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სოფლის წყაროზე მოტაცებული, მისი ცელქი და გონებამახვილი ბიჭი, ოცდაათი წლის შემდეგ დიდი ერაყის სახელოვანი მმართველი გახდებოდა.

სადაურსა სად წაიყვანო, - რამდენ ქართველს დასცდებოდა მაშინ ეს ფიქრი, როგორც წუთისოფლის სამდურავი, როცა მანველაანთ დათუნას დიდკაცობის ამბავს შეიტყობდნენ ქვემო ქართლში და წუთისოფელსაც კიდევ ერთხელ შეადარებდნენ აგორებულ ქვას.

ამბავი კი პეტერბურგიდან მოვიდა (საიდუმლო ფოშტით) და არა ბაღდადიდან, რადგან დაუდ-ფაშამ თავისი დარდი რუსეთის იმპერატორს გაანდო, როგორც ქართლის მაშინდელს პატრონს და თხოვნითაც მას მიმართა მისი მშობლები და ძმები ყმობიდან გაეთავისუფლებინა.

აბა თუ უხერხული არ არის, თქვენ თვითონ დაფიქრდითო, - წერდა დაუდ-ფაშა რუსეთის მეფეს - მე ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე ვიყო და ჩემი მშობლები და ძმები კი ყმობაში რჩებოდნენო და რუსეთის იმპერატორმა დაუდ-ფაშას თხოვნა დაუყონებლივ შეასრულა კიდეც სპეციალური განკარგულებით. რუსები სპარსეთისაკენ მიიწევდნენ მაშინ და რა თქმა უნდა ისიც იფიქრეს, რომ იქნებ სპარსეთის წინააღმდეგ ერაყის მმართველიც გამოვიყენოთო და ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფემ ყმობიდან უკვე გათავისუფლებული მშობლები და ძმები ბაღდადში დაპატიჟა. დაუდ-ფაშას მამა უკვე გარდაცვლილი იყო, დედამ უარი თქვა ბაღდადის სასახლეში ცხოვრებაზე (ჩემი ქრისტიანული ქოხი მირჩევნიაო) და ძმები კი ერაყისაკენ სიხარულით გაემგზავრნენ.

ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა ზეიმითა და პატივით მიიღებდა ერაყის ქართველი მეფე თავის ძმებს, რომლებიც ბავშვობის მერე ნანახიც არ ჰყავდა, მაგრამ უმცროსი ძმა ბაღდადში დიდხანს არ დარჩენილა - ერთი თვე იხალისა და უკან, საქართველოში დაბრუნდა.

რაც შეეხება დაუდ-ფაშას უფროს ძმას, მან საერთოდ უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე და ხელმწიფე-ძმაც დიდად გაახარა ამ გადაწყვეტილებით. თუმცა მაშინ აბა რას წარმოიდგენდა დაუდ-ფაშა, რომ ყველაზე დიდ პრობლემებს სწორედ ღვიძლი ძმა შეუქმნიდა ერაყის ქართველ მმართველს.

უფროსი ძმა ბახუსის, ქალებისა და ფუფუნების ისეთი მოყვარული აღმოჩნდა, რომ სადაც დანიშნეს, ყველგან კორუფციის საშინელი ბუდე შექმნა და ერაყშიც ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები გაჩნდნენ. ოსმალეთის სულთანმაც ეს უკმაყოფილება მშვენივრად გამოიყენა და ბაღდადისკენ თავისი ჯარები სწორედ იმ უკმაყოფილო ერაყელების იმედად დაძრა. თუმცა მრავალი მიზეზის გამო ერაყელებს თავისი ქართველი ხელმწიფე მაინც ისე უყვარდათ, რომ ალყაშემორტყმულ ბაღდადს რამდენიმე თვის მანძილზე საოცარი თავგანწირვით იცავდნენ. ბაღდადის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა ერაყში ოღუზი მმართველი დანიშნა, მაგრამ დამარცხებულმა ერაყელებმა მალე თურქი მმართველი მოკლეს და ბრძოლაც ბაღდადის გათავისუფლებისათვის ისევ განახლდა. ერაყის თავისუფლებისათვის ბოლომდე იბრძოდა ერაყის ქართველი მეფე დავით მანველაშვილი, მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა და ალბათ ამ ღვაწლის გამო ერგო კიდეც მას პატივი ხალიფა ომარის გვერდით დაკრძალვისა - იქვე, თვითონ მუჰამედის საფლავთან ძალიან ახლოს...

სხვის ომში ყოველთვის ბრძენი იყო ქართველი და ქართველმა მამლუქებმაც სხვა ქვეყნების დიდებასა და თავისუფლებას, ზღვა ენერგია შეალიეს, მაგრამ რადგანაც მაინც ქართველები იყვნენ, თავის წარმომავლობასაც არ ივიწყებდნენ და ქართული საქმეებისთვის შესაწირიც არ ენანებოდათ. ამიტომაც საქართველოში მამლუქების ფულით აგებული მრავალი ეკლესია და ციხეა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მუსულმანები იყვნენ და არა ქრისტეანები. საქართველოსთვის რაღაცის გაკეთებას არამხოლოდ ქართველი მამლუქები ცდილობდნენ, არამედ უცხოეთში მოხვედრილი ქართველი ქალებიც და ცნობილი ფაქტია, რომ ოსმალეთის სულთნის ჰარამხანის ქართველი ქალები საიდუმლოდ აწვდიდნენ სოლომონ პირველსა და ერეკლე მეორეს ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს...

თუმცა ქართველი მამლუქები (ძირითადად) მაინც იმ ქვეყნების სამსახურში იდგნენ, სადაც მათი ხმალი ჭრიდა, სადაც მამლუქებად იქცნენ და ოსმალეთსაც თავისუფლებისათვის იმავე ქვეყნებში ებრძოდნენ.

სხვისი თავისუფლებისათვის ბრძოლაში დახელოვნებულმა ქართველებმა ყველაზე მეტი პრობლემები ოსმალებს მაინც ეგვიპტეში შეუქმნეს და თურქებიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ქართველი მამლუქების განადგურების გარეშე, ეგვიპტის დაპყრობას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ. თუმცა თურქებს თავდაპირველად მათი ევროპაში გადასახლების გეგმაც ჰქონდათ, მაგრამ ეგვიპტელმა ქართველებმა სულთანს წერილი მისწერეს და საქართველოში გადასახლება სთხოვეს ევროპის ნაცვლად. ახლა ეს ამბავი უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ მაშინ ოსმალეთის სამეფო კარმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან თურქები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ცოცხალი მამლუქი (ევროპაში იქნებოდა თუ კავკასიაში), მათთვის მაინც საშიში იყო. ოსმალებმა მამლუქების განადგურება კი გადაწყვიტეს, მაგრამ ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ეგვიპტელი ქართველების ბრძოლაში განადგურება შეუძლებელი იყო და მათი მოსყიდვის მცდელობებიც ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან ჯიუტი და ამპარტავანი ქართველები ჯიუტად ირჩევდნენ ხოლმე მაინც დაუმორჩილებლობას და ამიტომაც 1811 წლის დასაწყისში კაიროს მმართველმა მუჰამედ ალიმ საშინელი მზაკვრობა ჩაიფიქრა.

მუჰამედ ალიმ (ვისი სახელიც მეოცე საუკუნეში ამერიკელმა მოკრივემ კასიუს კლეიმ დაირქვა), გადაწყვიტა მოტყუეებით მოეწვია ქართველი ბეგები თავის სასახლეში და ისინი ერთიანად გაეჟლიტა. მართალია ფორმალურად მუჰამედ ალი კაიროს მმართველი იყო, მაგრამ სინამდვილეში კაიროსა და მთელ ეგვიპტეს ქართველი მამლუქები განაგებდნენ და ამის მოთმენა კი მუჰამედ ალის აღარ სურდა.

ამიტომაც, ხუთასმა ქართველმა ბეგმა მიიღო ოფიციალური მიწვევა მუჰამედ ალისაგან საზეიმო აღლუმზე, რომელიც 1811 წლის პირველ მარტს კაიროში უნდა გამართულიყო და ქართველები დედაქალაქში სააღლუმო სამოსითა და დროშებით შეიკრიბნენ. (სხვათა შორის, ქართველი მამლუქების დროშებზე ყველაზე ხშირად გრაალის თასი იყო გამოსახული ბორჯღალთან ერთად).

მუჰამედ ალის სასახლე მუკატამის ბორცვზე იდგა - იმ ციტადელის ტერიტორიაზე, რომელიც ჩემმა ქურთმა ძმამ, სალაჰ ად-დინმა მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს კაიროში ააგო და 1811 წლის პირველი მარტის დილა კი თურმე იყო უჩვეულოდ თბილი და მზიანი. აღლუმის დაწყებამდე, მუჰამედ ალიმ ქართველები ყავაზე მიიწვია სასახლეში და ერთ-ერთ მათგანს (ამინ-ბეგს) მამლუქურ სამოსზე ყავა გადაესხა და ეს ამბავი ისე ცუდად ენიშნა, რომ მუკატამის სასახლე მაშინვე დატოვა. დანარჩენმა ქართველებმა კი ყავაც მიირთვეს და ტკბილეულიც და ციხესიმაგრიდან ქალაქისკენ დაეშვნენ, მაგრამ სწორედ იქ, სადაც გზა ვიწროვდებოდა, მუჰამედ ალის ჩასაფრებული ერთგულები თავს დაესხნენ ქართველებს და მოულოდნელად მათი ხოცვა დაიწყეს. ქართველებმა სივიწროვის გამო, ვერც ბრძოლა მოახერხეს და ვერც გაქცევა, რადგან ქვემოთ ჭიშკარი ჩარაზული იყო და ერთადერთი გამოსავალი ისევ ცხენებიანად აღმა ასვლა იყო, რასაც ელოდა კიდეც მუჰამედ ალის ხალხი. მათ ზემოდანაც გახსნეს ცეცხლი და ვინც ტყვიას გადაურჩა, თურქული ისარი მაინც მოხვდა, ვინაიდან ციხესიმაგრის ძალიან ვიწრო ქუჩაზე თავდაცვა შეუძლებელი იყო.

0x01 graphic

ქართველებს კი ასეთი სიკვდილი, ყველაზე მეტად არ უნდოდათ (მით უმეტეს მოჰამედ ალის ხელით) და ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ და ხმლებიც იშიშვლეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რჩეული ქართველი ბეგები უკვე დახოცილები იყვნენ და თურქები ახლა დანარჩენებს კლავდნენ მთელი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც კი მათ მიაგნებდნენ ან წააწყდებოდნენ. საიდუმლო ბრძანების მიხედვით, არცერთი მამლუქი ცოცხლად არ უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ ერთი ქართველი, სახელად ჰასანი, მაინც გადაურჩა იმ დღეს ციტადელში სიკვდილს და ამ მამლუქის თავგანწირვის შესახებ, ნებისმიერმა ეგვიპტელმა იცის. ნებისმიერი ეგვიპტელი ახლაც გაჩვენებთ კაიროს ციხესიმაგრის გალავანზე იმ ადგილს, საიდანაც ის ჰასანი იმ დღეს ცხენიანად გადახტა ხევში ოცი მეტრის სიმაღლიდან, მაგრამ გადარჩა და ნუბიაში გაიქცა. (იგი მაშინვე გახდა არაბული და აღმოსავლური პროზისა და პოეზიის პერსონაჟი).

დანარჩენები კი, ყველანი დახოცეს, მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედ ალის შვილმა რამდენიმე ქართველი მამლუქი თავისთან გადამალა, მაგრამ ღამით მათაც მიაგნეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

0x01 graphic

დილით მთელი ციხესიმაგრის ეზო გვამებით იყო მოფენილი და ქართული სისხლი კი მუკატამის მთიდან ვიწრო ქუჩებით მიიკვლევდა გზას ქალაქისკენ, სადაც მთავარ მოედანზე სისხლი გროვდებოდა მთელი დღის განმავლობაში და მერე ერთი კვირის განმავლობაში, აქვე აგროვებდნენ ქართველი მამლუქების მოჭრილ თავებს. ეს უკვე იმ ქართველი ბეგების თავები იყო, ვინც იმ დღეს აღლუმზე არ ჩავიდა ან ჯერ არ იცოდა რა მოხდა კაიროში და ამიტომაც მშვიდად მიიღეს სიკვდილი მოღალატეების ხელით. თუმცა იყვნენ მამლუქები, ვინც არაბეთში ან სუდანში გაქცევა მოასწრო, მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ მოახერხეს კაიროში დაბრუნება, როგორც იბრაჰიმბეგ სინჯიკაშვილმა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გადაასვენა ცოლმა კაიროს ლეგენდარულ სასაფლაოზე.

ამიტომაც, სინამდვილეში ქართული მმართველობა 1811 წლის პირველ მარტს დამთავრდა ეგვიპტეში და ამის შემდეგ ეგვიპტე ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, სანამ ოსმალეთის იმპერია თურქეთის რესპუბლიკად არ იქცა, ხოლო ეგვიპტე კი ისევ დამოუკიდებელი, თანამედროვე მონარქიული ქვეყანა გახდა.

მეოცე საუკუნეში ეგვიპტელებს იმაზე უფრო თანამედროვე მეფე ჰყავდათ, ვიდრე სიტყვა თანამედროვე შეიძლება ამას გულისხმობდეს, მაგრამ რუსებმა მაინც იმდენი ქნეს, რომ ეგვიპტელებმა ის ოქრო-მეფე ფარუკი ტახტიდან ჩამოაგდეს და ორმოცდაათიანი წლებიდან ეგვიპტელმა ხალხმა საკუთარ თავზე სრულიად გაუგებარი ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყო. ამ უცნაური ექსპერიმენტის უცნაურ შედეგებს (ყველას) რა ჩამოთვლის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმდენად თვალშისაცემია, რომ დღევანდელი კაიროსა და ეგვიპტის ნებისმიერი სტუმარი შეამჩნევს. ნებისმიერ დაწესებულებაში (ნებისმიერ საქმეზე) მისული ადამიანი შეხვდება (მაგალითად) ნერწყვის კაცს, რომელიც სწორედ ხსენებული ექსპერიმენტის პირმშოა და რომელსაც ენის გამოყოფა და თქვენი მარკის დასველება ევალება. ამ აუცილებელი ნერწყვის გამოყოფაში ამ კაცს სახელმწიფო ხელფასს უხდის და აუცილებელი კი იმიტომ არის, რომ ამ სპეციალური მარკის გარეშე არცერთ დაწესებულებაში არცერთ საბუთს არ მიიღებენ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მარკისთვის თქვენი ნერწყვიც ივარგებს, ძალიან ცდებით, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ნერწყვის კაცის მოვალეობაა და ასეთი სახის პირადი ინიციატივები ამ შემთხვევაში, უბრალოდ, არ გამოგადგებათ. კაიროში არც იმის ცოდნა გამოგადგებათ, რომ შუქნიშნის მწვანე ფერი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია წახვიდე, ხოლო წითელი კი პირიქით - უნდა გაჩერდე, რადგან კაიროში შუქნიშანს მხოლოდ ერთი, ყვითელი ფერი აქვს და მისი მნიშვნელობაც დანამდვილებით არავინ იცის. ამიტომაც იმის წარმოდგენაც კი ძნელია, რაც უზარმაზარი, ოცმილიონიანი კაიროს გზაჯვარედინებზე ხდება, მაგრამ რომც წარმოიდგინოთ, როცა ნახავთ, მაინც არ დაიჯერებთ და ამიტომაც (ნერწყვის არ იყოს), წინასწარ ნუ შეწუხდებით. როცა ეგვიპტეში ჩახვალთ, ისედაც მოგიწევთ შეწუხება ყოველი ფეხის ნაბიჯზე, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ყოველი ეგვიპტელი შეგეკითხებათ რომელი ქვეყნიდან ხართ და თუ გამოიცნობთ რაში აინტერესებს ამ ხალხს თქვენი ვინაობა, თქვენ ამოხსნით კიდეც ეგვიპტური ექსპერიმენტის მთავარ საიდუმლოს. მანამდე კი დანარჩენი სტუმრებივით შეიძლება გეგონოთ, რომ შენი სადაურობა გადაწყვეტილების მისაღებად აინტერესებთ და სჭირდებათ: აგაფეთქონ თუ დაგინდონ.

ამფეთქებლები კი, იცოცხლე, მრავლად არიან და მით უმეტეს პოტენციურები, რომელთაგან ყველაზე მერყევ ადამიანებს, სულ ოცი წუთის აგიტაცია სჭირდე ბათ იმაში დასარწმუნებლად, რომ სამოთხეში მოხვედრის ყველაზე მოკლე და ნაღდი გზა ტროტილზე გადის.

კაიროს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზეც საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ იცავდნენ ეგვიპტის შეიარაღებული ძალები ამერიკის პავილიონს, რომლის აფეთქების მსურველებიც იქვე ირეოდნენ, თუმცა მრავალი ამერიკელისაგან განსხვავებით (პირადად), სულაც არ მგონია, რომ ტერორიზმის წყარო ისლამია. პირიქით - ეგვიპტეში, როგორც ისლამურ ქვეყანაში, ძალიან გამაკვირვა ტყუილის არსებობამ მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობა, უბრალოდ არ არის. რატომღაც მეგონა, რომ მუსულმანები საერთოდ არ ამბობდნენ ტყუილს (როგორც, მაგალითად, იორდანიაში), მაგრამ ეგვიპტელები სიამოვნებით მოგატყუებენ თუ უცხოელი ტურისტი ხარ და ტურისტები კი, მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ უცხოელები არიან. ეგვიპტეში უცხოელი თუ ვერ მოატყუეს, მაშინ უბრალოდ რამეს მაინც მოთხოვენ და ეს რამე, როგორც წესი, ფულია.

უმდიდრეს ქვეყანაში უღარიბესი ხალხი ცხოვრობს (თუ მათხოვრობას ცხოვრება ჰქვია) და თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს, რომ სამი ათასი წლის წინათ, ამავე ქვეყანაში ადამიანებმა უნიკალური ცივილიზაცია შექმნეს.

მხოლოდ წარსულით ცხოვრება მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია, რომელსაც აწმყო არა აქვს და მომავალი ექნება თუ არა, არავინ იცის...

0x01 graphic

P.S. დღევანდელ ეგვიპტელებს რამდენიმე მიზეზის (უპირველესად ეკონომიკური ჩამორჩენილობის გამო), მეზობელი არაბული (უფრო განვითარებული) ქვეყნების მუსულმანები, ცოტა არ იყოს, ქედმაღლურად უყურებენ და საუდელების მაგალითზე ეს განსაკუთრებით საგრძნობია. საუდის არაბეთის მოქალაქეები ძირითადად ეგვიპტის კურორტებზე ისვენებენ, მაგრამ საუდელებს კაიროშიც შეხვდებით და მათ სადაურობას ჩაცმულობითაც ადვილად გამოიცნობთ. თუმცა ყველაზე თვალშისაცემი მათი სილაღეა, რადგან საუდის არაბეთში რამდენიმე ძალიან მკაცრი კანონი მოქმედებს და ამ კანონებს (დროებით მაინც) საუდელები ეგვიპტეში ემალებიან. მაგალითად, საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვა ეკრძალებათ და საჭეს დანატრებული საუდელი ქალები ეგვიპტის გზებზე დააქროლებენ ავტოებს ძალიან ბედნიერი სახეებით. კაიროში გაცნობილმა კაცმა საუდის არაბეთიდან (როცა გაკვირვებულებმა ვკითხეთ ამ აკრძალვის მიზეზი), ჩვენზე მეტად გაკვირვებულმა გვიპასუხა, რომ ამ კანონის მიზანი სწორედ ქალთა უსაფრთხოებაა და მართლა ძალიან უცნაურად ახსნა ქალთა ავტოდისკრიმინაცია საუდის არაბეთში: აი, ვთქვათ, მიდის არაბი ქალი ერთი ქალაქიდან მეორეში ავტომობილით და შუა გზაზე საბურავმა უმუხთლა და მანქანა გაუჩერდა, ხომ შეიძლება ამ დროს ვიღაც ბოროტმა კაცმა გამოიაროს და ის ქალი მოტყნასო (ზუსტად ასე გვითხრა, ოღონდ ინგლისურად)...

აშკარად ჩვენი აზრი აინტერესებდა, მაგრამ გაოგნებულებმა ხმა რომ ვერ ამოვიღეთ საპასუხოდ, ისევ თვითონ გააკეთა დასკვნა - აი, ამიტომაც ეკრძალებათ ქალებს საუდის არაბეთში მანქანების მართვაო...

მეზობელი და არამეზობელი, სხვა მუსულმანური და არაბული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ეგვიპტეში ქალები სამოცი წლის წინ უკვე ისხდნენ ავტომობილების საჭესთან და კინოში მიყავდათ ქმრები თუ შეყვარებულები. კინოში იმიტომ, რომ ცხონებულ ოქროს მეფე ფარუკს ძალიან უყვარდა კინო და მის სამეფოში იმდენი კინოთეატრი იხსნებოდა, რომ შინიდან გამოსული რომელიმე კინოსეანსს უბრალოდ ვერ აცდებოდი. ეგვიპტის მეფეს კინო კი ისე უყვარდა, რომ მისი დაჟინებული მონდომებით მაშინ ეგვიპტური კინოს ფენომენიც კი გაჩნდა, რომლის მიმართაც მთელს მსოფლიოში უზარმაზარი ინტერესი იყო. ეგვიპტელი რეჟისორები მაშინ ისეთ ფილმებს იღებდნენ, რომელიც არამხოლოდ უჩვეულო პოეტურობით ხიბლავდნენ მაყურებელს და მაყურებელს ყველგან აოცებდა ეგვიპტური კინოს ლიბერალიზმიც. დასავლეთისთვის მართლაც დაუჯერებელი იყო ასეთი აღმოსავლური სითამამე, მაგრამ ეგვიპტელი ომარ შარიფი ისეთი დამაჯერებელი იყო არაეროტიულ სცენებშიც კი, რომ მას ჰოლივუდი არ ასცდებოდა (ადრე თუ გვიან) და ასეც მოხდა. მერე ისიც მოხდა, რომ უკვე ოთხმოცი წლის ომარ შარიფი ნელ-ნელა ყველამ დაივიწყა, მაგრამ არა გიორგი ჯანჯღავამ, რომელმაც ეგვიპტეში ჩასვლისთანავე (პირველ რიგში), ომარ შარიფი მოინახულა და ხეშკეს ამბავიც მოიკითხა. ეს ამბავიც ადრე უკვე მოვყევი, მაგრამ ომარ შარიფი განა იმის ღირსი არ არის, რომ კიდევ ერთხელ ვახსენოთ და რაც მთავარია, განა ომარ შარიფი იმის ღირსი არ იყო, რომ მისი ერთი ფოტო (თუნდაც ძალიან პატარა) „ცხელ შოკოლადშიც“ დაგვებეჭდა?

თუნდაც ჩვენი მრავალტანჯული ბავშვობის გამო...

18 „არ მოაჭრა!“ - 1990

▲back to top


ცრემლიანი სათვალე

ავტორი: გიორგი გვახარია
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

0x01 graphic

ნაწილი მეთვრამეტე

მოდით, ყველამ ერთად, ვინც ხელოვნებას ვემსახურებით, ან, უბრალოდ, გვიყვარს ხელოვნება, ერთხელ და სამუდამოდ ვაღიაროთ, რომ ტყუილად ვკარგავთ დროს. კულტურის უტოპია, რომლისაც გვწამს ესთეტებსა და სნობებს, სამყაროდან ნელ-ნელა ქრება. ფორმის გრძნობა დაკარგულია. კულტურა კი, სხვა არაფერია თუ არა ფორმა.

ნელ-ნელა ქრებაო, ვწერ? არა. ფორმა გამქრალია. ყოველ შემთხვევაში ის ფორმა, რომელსაც უტოპიის მსახურები არაერთხელ გავუხარებივართ და გავუბრაზებივართ. დღეს, მაგალითად, კინოს მოყვარულთა ახალ თაობას სიცილად არ ჰყოფნის ფორმის სიყვარულისთვის წამებული გუსტავ ფონ აშენბახის მანჭვა-გრეხა ლუკინო ვისკონტის ფილმში „სიკვდილი ვენეციაში“.

გაიხარეთ, ყმაწვილებო! თქვენი რეაქცია ბუნებრივია. აბა, რა უნდა ქნათ, უნდა იბღავლოთ ამ დეკადენტურ მარაზმზე? რა უნდა ამ ფილმს სუპერთანამედროვე კინოთეატრში, თავისი „დოლბი-სტერეოთი“? იქ, სადაც ბევრი დარბაზია, ყოველი დარბაზის ეკრანიდან კი „ფაქ...“ ისმის? როგორ შეიძლება აშენბახის ტანჯვის ყურება პოპკორნის თანხლებით, და, აბა სხვა რა არის თანამედროვე კინოდარბაზი თუ არა პოპკორნი, რბილი სავარძელი და „დისნეილენდი“ ეკრანზე?

ვენეციის სილამაზისგან განადგურებული და გაშარჟებული აშენბახის ადგილი კინომუზეუმების ეკრანზეა. იარონ სინემატეკაში ბებიებმა და ბაბუებმა და იქ დაიკმაყოფილონ ნეკროფილური ვნებები.

მაგრამ 1990 წელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის დასაწყისია. ფორმა არსებობს. უბრალოდ, ნელ-ნელა ქრება. ფორმაზე მიჯაჭვული უტოპისტები კი კინოს მუზეუმს ვაარსებთ. საკუთარი კინოდარბაზი, ცხადია, არ გაგვაჩნია. მაგრამ მაინც გვაქვს იმედი - მოსკოვში ხომ გაიხსნა? აი, ხომ ამბობენ „მაკდონალდსი“ გაიხსნა მოსკოვში და მალე ჩვენც გვექნებაო, ტელევიზორში „პოლე ჩუდეს“ დაიწყო და მალე ჩვენი, ქართული ტელეშოუც გვექნებაო. კინომუზეუმმა რა დააშავა?

„მაკდონალდსი“ - არა. ამ საოცრების მოყვარულთ ისევ მოსკოვში უწევდათ ჩაფრენა, მერე კი, მთელი დღე რიგში დგომა, რათა სწრაფი კვების ობიექტად შერაცხულ „სამოთხეში“ მოხვედრილიყვნენ. საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში „მაკდონალდსის“ გახსნა მნიშვნელოვან მოვლენას დაემთხვა - მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი გახდა.

არც „პოლე ჩუდეს“ გამოვიდა. საქართველოს ტელევიზია ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნებით იყო დაკავებული. ეროვნული მოძრაობის ერთმა ნაწილმა კომუნისტებთან შერკინებაზე უარი თქვა. მეორე ნაწილი კი გაერთიანდა ბლოკში „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა. ტელევიზია, ცხადია, კულტურის სიახლეებსაც აშუქებდა - მაგალითად, დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ რობერტ სტურუას წარმოდგენას „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“, რომლის მოქმედება, რა თქმა უნდა, 1921 წლის თებერვალში მიმდინარეობს. „რა თქმა უნდა“ იმიტომ, რომ არა მარტო ცხოვრებაა თეატრი, არამედ თეატრიც ცხოვრებაა... ჰოდა, სტურუა იმას ხომ ვერ აუვლიდა გვერდს, რაც აქტუალური იყო?

„ინტელექტუალური კამათის მაგივრად, სცენიდან თანამედროვე დიასახლისებისა და საგაზეთო რიტორიკის ზვავი დაიძრა. თითქოს ავტორი ყველაფერს, რაც ჩვენს ფორმალურ და არაფორმალურ კრებებზე გაისმის, დაწვრილებით იწერდა თავის უბის წიგნაკში“ - ანა ჭავჭავაძე. რეცენზია სპექტაკლზე „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“ („საბჭოთა ხელოვნება. 1990/12)

ეჰ, ანუკა. როგორი ესთეტი იყავი! აბა, რას ელოდი მაშინდელი თეატრისგან, როცა „დიასახლისებისა და საგაზეთო რიტორიკამ“ ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა - მათ შორის „ფორმალური და არაფორმალური კრებები“, მათ შორის პოლიტიკა და ტელევიზია! 25 ნოემბერს ამ რიტორიკამ, რომელიც მძლავრად შემოიჭრა ქართულ სივრცეში, მერაბ მამარდაშვილი მოკლა. ვნუკოვოს აეროპორტში გული გაუსკდა. საქართველოში მოფრინავდა - იქ, სადაც არჩევნებზე „მრგვალმა მაგიდამ“ ხმების აბსოლუტური მაქსიმუმი მიიღო.

დარჩენილიყო თავის რუსეთშიო, უფრო სწორად, თავის საბჭოთა კავშირშიო, ამბობდნენ ჩვენი ეს დიასახლისები (ყველაზე აქტიური ელექტორატი)... და პოლიტიკოსი „მამასახლისებიც“, რომლებმაც დიასახლისების რიტორიკა გაითავისეს. დიასახლისები „დედის“ როლით დაკმაყოფილდნენ. უმანკოების ნიღბით უფრო ადვილად შეძლებდნენ „მამასახლისების“ მანიპულაციას. „მამასახლისებმა“ მორჩილი შვილის როლი არჩიეს. ასე უფრო ადვილი იყო მოქმედება - ხიფათის შემთხვევაში უყოყმანოდ შეაფარებდნენ თავს სალივლივო წიაღს.

თუმცა ეს რიტორიკა არც რუსეთისთვის იყო უცხო. იქ მტრად გამოცხადდა ყველა, ვინც ხალხს დამოუკიდებელი აზროვნებისკენ მოუწოდებდა. განა იქ, რუსეთში, ამავე წელს არ მოკლეს (თანაც როგორ - ცულით!) მამა ალექსანდრე მენი, თითქმის ყველა ქადაგებაში რომ იმეორებდა ქრისტე - სიყვარულია, ანტიქრისტე კი - სიძულვილიო, კულტურა და შემოქმედება - ღმერთისაა, ქაოსი და უნიჭობა კი - სატანისაო? ღმერთისა და თქვენი სინდისის გარდა, ნურავის დამორჩილდებითო.

1990 წლის იანვარში, მოსკოვში, ახლადგახსნილი კინოს მუზეუმის დიდ დარბაზში, სეანსი ჩაიშალა. ნაგისა ოსიმას ფილმის, „გრძნობათა იმპერიის“ ჩვენების დროს, რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაიწყო ყვირილი - „ჟიდომასონები რუსულ კულტურას უტევენ!“. ამ წამოძახილს ვიღაცამ უპასუხა და კინოს მუზეუმში ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. დარბაზის ადმინისტრაცია იძულებული იყო ფილმის ჩვენება შეეწყვიტა. ანატოლ დომანმა, ფრანგმა პროდიუსერმა, რომელიც ამ სკანდალის უშუალო მოწმე გახდა, საკმაოდ მშვიდად შეაფასა ეს არეულობა, აქ კი არა, ლამის კანში მოხდა იგივე, როცა ფესტივალზე „გრძნობათა იმპერია“ უჩვენესო.

დომანმა, რა თქმა უნდა, იცრუა. უბრალოდ, 1976 წლის კანის კინოფორუმის დირექციამ ვერ გაბედა სპეციალური კომისიის მიერ „პორნოგრაფიად“ შეფასებული ფილმის კონკურსში ჩართვა. ორი წლის შემდეგ, საფრანგეთის კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ჟაკ ლანგმა წერილით მიმართა ხელისუფლებას, მოეხსნათ სურათისთვის „პორნოგრაფიული ფილმის“ გრიფი და ჩვეულებრივ კინოთეატრებში ეჩვენებინათ. მინისტრის თხოვნამ გაჭრა. 1979 წელს, მსოფლიოს ასი კინოკრიტიკოსის გამოკითხვით, „გრძნობათა იმპერია“ ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ეროტიკულ ფილმად აღიარეს. უფრო მეტიც, კინოს უამრავი სპეციალისტი იაპონელი რეჟისორის ამ სურათს ყველა დროის საუკეთესო ფილმადაც მიიჩნევს.

მოსკოვში ჩაშლილი სეანსის შემდეგ, კინოს სპეციალისტები ცდილობდნენ აეხსნათ რუსული პუბლიკის ასეთი აგრესია. „პერესტროიკის“ ეპოქაში, მოსკოვში ხომ თავისუფლად შეიძლებოდა უკვე ყველაზე უხამსი ეროტიკული ფილმის ნახვა. კინოკრიტიკოსების აზრით, საქმეც ისაა, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, მათ შორის სექსუალური აქტი, „გრძნობათა იმპერიაში“ იმდენად პირობითად არის ნაჩვენები და იმდენად ორგანულად ეწერება ფილმის მთლიანობაში, რომ „ქვენა გრძნობების“ გამძაფრებას არ იწვევს. ასეთი კინო კი არავის უყვარს - არც მორალის დამცველებს და არც იმათ, ვინც ეროტიკის სანახავად დადის კინოში.

დომანს შეეშინდა და თბილისში აღარ ჩამოვიდა. მხოლოდ თავისი ფილმები გამოაგზავნა ახლადდაარსებული, მაგრამ უდარბაზო და უსახლკარო თბილისის კინომუზეუმისთვის, რომლის დამაარსებლებს გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ „დიასახლის-მამასახლისების რიტორიკას“ ჯერ კიდევ შეიძლება რაღაც სხვა დაუპირისპირო - უფრო სტრესული, უფრო ცოცხალი, დაუპირისპირო კულტურა და შემოქმედება, დაუპირისპირო ფორმა, რომელსაც იმხანად ვერავინ გრძნობდა ისე, როგორც იაპონელები და როგორც ნაგისა ოსიმა.

ანატოლ დომანის პროდუქცია: შლენდორფის „თუნუქის დოლი“, ვენდერსის „ცა ბერლინის თავზე“, გოდარის „მდედრი-მამრი“, ბოროვჩიკის „ამორალური ზღაპრები“, ნაგისა ოსიმას „გრძნობათა იმპერია“... თებერვალში ფილმები უკვე თბილისში იყო. ფილარმონიამ, სადაც ქართველი არტისტები ჯერ არ მღეროდნენ და არ ხუმრობდნენ, სადაც მხოლოდ პოლიტიკოსებისა და დიასახლისების „ფორმალურ-არაფორმალური კრებები“ იმართებოდა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაგვითმო დარბაზი. საქართველოში, დიდ ეკრანზე პირველად გავიდა ქართულად გახმოვანებული ფილმები.

და ეგ იყო სწორედ პრობლემა.

„ეამბორე ჩემს ასოს!“, „მომიშვირე ანუსი!“, „მასთან დაეძინა“... ვაი, ვაი, რამდენ სისულელეს გაიგებ, როცა ენას „მკვდრის სუდარა“ აქვს გადაფარებული!

„ენა მდიდარი,
თქვენს ხელში მკვდარი,
ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად,
და ამასაც თქვენ
ცოდვად გვითვლით ჩვენ,
რაღა პირითა დახვალთ ამ ქვეყნად!“

ჰო. ვიშვიში ატეხეს. განსაკუთრებით „ამორალურ ზღაპრებზე“. მექანიკოსის ჯიხურში, მერაბ ფიფია ფილმის მსვლელობის პროცესში შეეცადა ტექსტის გადაკეთებას. თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ გაცოცხლებულის მოკვლას აზრი აღარ ჰქონდა. რაც არის, არისო, თქვა და გააგრძელა თარგმნა.

ვიშვიში წივილ-კივილში არ გადაზრდილა. უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ.

ბოროვჩიკზეც და ნაგისა ოსიმაზეც.

მოსკოვის კინოს მუზეუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ანატოლ დომანმა გაიხსენა, როგორ წაიყვანა ერთი მეძავი ქალი ლუვრში, რათა მის რეაქციებს დაკვირვებოდა. „მე გაოცებული ვუყურებდი სირცხვილისგან გაწითლებულ ქალს, რომელიც მიმითითებდა რა აქ გამოფენილ ენგრის „მობანავე ქალზე“, სახელოზე მექაჩებოდა და მეკითხებოდა, როგორ შეიძლება საჯაროდ ამგვარი უმსგავსობის გამოფენა?“

საინტერესოა, რამ აღაშფოთა ლუვრში ეს პარიზელი გოგო?

აქ ორი პასუხი შეიძლება იყოს. პირველი იმ კულტურის შიგნით იბადება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ კაცები: „ქუჩის ქალი“ შეურაცხყოფილი დარჩა, როცა დომანმა (საკმაოდ სიმპათიური კაცი იყო ახალგაზრდობაში) მისი პროფესიული ღირსება შელახა და იმის მაგივრად, რომ „მასთან დაეძინა“, მუზეუმში გააქანა ჭეშმარიტი პროფესიონალი.

საოცარი უნარი გვაქვს კაცებს, ჩვენი ვნებები და წარმოდგენები ქალებს მივაწეროთ!

მეორე პასუხიც აქედანაა - „მამასახლისების კულტურიდან“. ოღონდ უფრო დახვეწილი და ესთეტიკური ფორმის საბურველში გახვეული.

პარიზელ მეძავს ენგრის გოგომ მოუშალა ნერვები - დასრულებული ფორმის ამ განსახიერებამ, რომელიც არაფრით გიშვებს ახლოს.

დასრულებულმა ფორმამ ზოგჯერ ასე იცის - შურით გაგხეთქავს, გაგაცოფებს და გაგაწითლებს. მით უმეტეს, როცა მეტისმეტად ლამაზია იმისათვის, რომ მის სივრცეში შეაღწიო. მით უმეტეს, როცა შენზე ლამაზი მკერდი აქვს, მაგალითად.

შეგშურდება, აბა რა, მისი. შეგშურდება და გაწითლდები.

მაგრამ რატომ მარტო ქალები და მკერდი? კაცებსაც ხომ გვშურს რაღაცეების?

„როცა იმის შეგრცხვება, რაც სამარცხვინო არ არის, აღარ შეგრცხვება იმის, რაც სამარცხვინოა.“

ჭკვიანი კაცი იყო კატონი. ძველ რომში კი ცხოვრობდა, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ სოციოფობია, უფრო კონკრეტულად კი კასტრაციის, ე.ი. იდენტურობის დაკარგვის, განადგურების შიში, მალე ძველი რომიდან ახალ სამყაროს მოედებოდა - მოაღწევდა 70-იანი წლების საფრანგეთამდე (სადაც კულტურის მინისტრი, საბედნიეროდ, ჟაკ ლანგი იყო), მოაღწევდა 1990 წლის საქართველომდე და იმათ რიტორიკას განსაზღვრავდა, ვინც „ფორმალურ და არაფორმალურ კრებებზე“ გაჰყვიროდა, „სამშობლო-დედის ძუძუი“ საფრთხეშიაო, „უცხო თესლს“ მისი განადგურება, მისი წართმევა უნდაო.

იმდენი იყვირა, რომ თავისას მიაღწია.

არ დაიზაროთ, გადახედეთ იმდროინდელ გაზეთებს, მოიმარჯვეთ კალკულატორი და დაიანგარიშეთ; ეს ორი პოეტური „მარგალიტი“ - „სამშობლო, დედის ძუძუი“ და „უცხო თესლი“ ასჯერ უფრო ხშირად გვხვდება პრესაში, ვიდრე ალექსანდრე მენის საყვარელი სიტყვა - „სიყვარული“, რუსეთშიც და საქართველოშიც.

მაგრამ თუკი მოსკოვში, „გრძნობათა იმპერიის“ სეანსზე ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის ინიციატორები მანდილოსნები იყვნენ, აქ, თბილისში შერცხვენილმა ქალბატონებმა სეანსის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ დატოვეს დარბაზი. კომენტარების გარეშე. უხმაუროდ. როგორც უმანკო არსებებს შეშვენით.

ფილარმონიის 2000 ადგილიან სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები დარჩნენ.

ამასობაში „გრძნობათა იმპერიის“ გმირებმა, ქალმა და მამაკაცმა, „მსხვერპლმა და ჯალათმა“ როლები შეცვალეს. ასიმეტრია, დამახასიათებელი კლასიკურ-დასავლური ჰეტეროსექსუალური აქტისთვის, რაც, თავის მხრივ, ათასი ქალთმოძულე თეორიის საბაბი ხდება ხოლმე („ქალში უნდა შეაღწიო“), დაირღვა, მერე კი სრულიად საწინააღმდეგო ფორმა მიიღო; ორმა სხეულმა, ორმა პოლუსმა, ამ მუდმივად დაპირისპირებულმა მხარეებმა, ქალმა და მამაკაცმა მაინც ვერ შეძლეს ერთმანეთში სრულად შეღწევა. ეს კი ტრაგედიაა იაპონელისთვის, რომელიც, როგორც ესთეტი, როგორც მთლიანი ფორმის უკანასკნელი მეხოტბე, გულწრფელად განიცდის, როცა მთლიანობა მიუღწეველი რჩება. ტრაგედიის განცდას სისხლი უნდა მოყვეს. მოახლე ქალი სადა, მორიგი სასიყვარულო პაემანის აპოგეაში ახრჩობს თავის ბატონს, კასტრაციას უკეთებს და მის სხეულზე სისხლიანი იეროგლიფები ამოჰყავს „კიიტი და სადა - მარადიული სიყვარული“.

აი, აქ კი გამოცოცხლდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი. „გამამრებული ფილარმონია“ დანამომარჯვებულ სადას სრული სერიოზულობით მიმართავდა, მოუწოდებდა, უყვიროდა, ემუდარებოდა, აგინებდა: „არ მოაჭრა!“, „აუ, არ მოაჭრა, რა!“, „არ მოაჭრა, შენი ნაბოზარი დედაც!“

იქ, მექანიკოსის ჯიხურიდან, სადაც მერაბ ფიფიას გვერდით ვეჯექი, ეს ფრაზები ექოსავით ისმოდა. სხვა სიტყვებიც გავიგონეთ, რომელთაც მე, როგორც „მკვდრის სუდარაგადაფარებულ ენაზე“ მოაზროვნე, ვერ გავიმეორებ. მოულოდნელად ოსიმამ ძლიერი, წითელი შუქით გაანათა ეკრანი და ახლო ხედი ჩადგა კასტრაციის სცენისა.

ზევიდან გადმოვხედეთ დარბაზს. კაცებმა, ჩვენმა ჯიგიტმა ბიჭებმა, სულ ცოტა ხანში იარაღს რომ დაატრიალებენ ქვეყანაში, ჯერ „უცხო თესლს“ რომ დაერევიან (10 დეკემბერს ცხინვალში უკვე სისხლი დაიღვრება), მერე კი ერთმანეთს დაუმიზნებენ... იცით რა ქნეს?

კაცებმა თვალებზე აიფარეს ხელი.

ისე, როგორც „პირველყოფილმა კინომაყურებელმა“, ლუმიერების მატარებლის შემოსვლაზე რომ გაუსკდა გული.

ოქტომბერში, ვენეციაში, ეიზენშტეინის კონფერენციაზე, ეს ამბავი ერთ იაპონელ კინომცოდნეს ვუამბე. მოხსენება ჰქონდა „ბრეხტი და ეიზენშტეინი“, რომელშიც დაჟინებით ამტკიცებდა, პირობითობას არ ძალუძს თანაარსებობის ეფექტის შექმნაო.

არ დამიჯერა. „გრძნობათა იმპერიის“ სეანსს მრავალ ქვეყანაში დავსწრებივარ, მაგრამ ამ სურათზე აღგზნებული მაყურებელი არ მინახავს, პირიქითო - ვიღაც წერდა, რომ ეს სურათი ყველა სექსუალურ იმპულსს თრგუნავსო.

რატომ გადაწყვიტა, რომ აღგზნება მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურ იმპულსებს გულისხმობს? თანაც, როგორ უნდა დაეთრგუნა ეს იმპულსები „გრძნობათა იმპერიას“, როცა ისინი ისედაც დათრგუნული იყო? ჯერ კომუნისტებით, მერე კი „ფორმალური და არაფორმალური კრებების“ ორგანიზატორებით, ვისთვისაც მართლაც ერთი და იგივეა „სამშობლო“ და „დედის ძუძუი“.

ჩვენს კამათში დიდებული კაცი ჩაერია - რუსული საბჭოთა კინომცოდნეობის ისტორიაში დაწერილი ყველაზე კარგი წიგნის, Изображение и образ-ის ავტორი, ლეონიდ კოზლოვი. ამ ლამაზ ბერიკაცს, ჯულიან ბეკს რომ ჰგავდა პაზოლინის „ოიდიპოსიდან“, ვენეციის დანახვაზე თითქმის ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორც მე - რაღაც არ მესმის აქ მალერის მუსიკის ხმა, არაა ეს ვისკონტის ქალაქიო.

მოდი, პადუაში წაგვიყვანეო, სთხოვა თავის მეგობარს და ჩემს მასწავლებელს, ნაუმ კლეიმანს - მოსკოვის კინოს მუზეუმის დირექტორს, რომელიც კინაღამ ჩაქოლეს „გრძნობათა იმპერიის“ ჩვენებისთვის. წაგვიყვანეს მეც და იაპონელიც.

პადუა, მოგეხსენებათ, ჯოტოს ქალაქია. პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა, კაპელა დელ არენა მთლიანად ჯოტოს მოხატულია. ფრესკები, რომლებზეც ქრისტეს ცხოვრების სცენებია გამოხატული, სამ რიგს ქმნიან სამხრეთისა და დასავლეთის კედლებზე. ყოველ რიგში მოქმედება თანმიმდევრულად ვითარდება, თითქოს ჯოტო მაცხოვრის ცხოვრების ეკრანიზაციას გვთავაზობდეს - დროში განვითარებულ მოქმედებას სწორკუთხა კადრებად აწყობდეს. თუმცა მთავარი აქ ჯოტოს „მონტაჟური აზროვნებაა“ - სცენები ხომ არამარტო ერთმანეთის გვერდით, არამედ ერთმანეთის თავზეა დაწყობილი. უყურებ ამ რიგს, თვალს ატრიალებენ ქვევიდან ზევით და გრძნობ, როგორ ერითმება ერთმანეთს განსხვავებულ დროში მომხდარი ფაქტები.

ვერტიკალურ მწკრივში თხრობა პოეზიად იქცევა.

იაპონელმა სასწრაფოდ მოიმარჯვა ფოტოაპარატი და ამ ვერტიკალური რიგის გადაღება დაიწყო. რაღაცით ჰგავდა ეს სიმულტანური „ზეასვლა“ იაპონურ გრავიურებს!

ყველაფერი დავათვალიერეთ და გადავიღეთ. კაპელა დელ არენადან გამოსვლას ვაპირებდით. მაგრამ ნაუმ კლეიმანმა გაგვაჩერა. დადექით, ბაზილიკის ცენტრში და აქეთ-იქით გაიხედეთ, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენთ, რომ ძალიან ზედაპირული იყო თქვენი კამათი „გრძნობათა იმპერიაზეო“.

იაპონელმა ისევ მოიმარჯვა თავისი აპარატი, მაგრამ ცოტა ხანში მიხვდა - ის, რაც ჩვენ დავინახეთ, ფოტოზე ვერ აღიბეჭდება! ვერც ეკრანზე, ვერც ფრესკაზე. საერთოდ ვერ აღიბეჭდება ფორმაში! ის, რაც ჩვენ დავინახეთ, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ცნობიერში შეიძლება დაიბადოს.

აღმოჩნდა, რომ ჯოტომ არა მარტო სიბრტყეზე, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად დაამწკრივა თავისი კადრები, არამედ სივრცეშიც განალაგა. ჩერდები პადუის ტაძრის ცენტრში, აქეთ-იქით იხედები - ხან ჩრდილოეთის, და ხანაც სამხრეთის კედლისკენ, და ხვდები, რომ ეს ფრესკები უყურებენ კიდეც ერთმანეთს - „ჯვარცმა“ უყურებს „შობას“, სიკვდილი - სიცოცხლეს... და მხოლოდ შენ, ადამიანს შეგიძლია დასძლიო ეს საზღვარი, ეს მარადიული ანტინომია, მხოლოდ შენ, ადამიანს შეგიძლია გაიაზრო, რომ ყველაფერი ეს ერთი მთლიანობაა - სიკვდილი ნაწილია სიცოცხლისა და პირიქით - სიცოცხლე, სისხლი, სიყვარული - სიკვდილის ნაწილი. სწორედ ისე, როგორც „გრძნობათა იმპერიაშია“.

„ჩემი წინაპარია ყველა, ვისაც სურდა და სურს შეცვალოს საზოგადოება და ისინიც, ვისაც სურდა და სურს საკუთარი თავის შეცვლა“ - წერდა ნაგისა ოსიმა „გრძნობათა იმპერიის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ.

ამას გულისხმობდა? თუკი სიყვარული ახალი ფორმის მიგნებაა, თვითუარყოფაა, გამოდის, რომ სიკვდილისკენ ლტოლვასაც გამოხატავს... რაღაც ზესექსუალურ ლტოლვას? ამიტომ დაარქვეს ფილმს მეორე სახელი, „სიყვარულის კორიდა“?

წარმოვიდგინოთ, რომ ფილარმონიის დარბაზი 1990 წლის საქართველოში, „გრძნობათა იმპერიის“ სეანსზე, პადუის ბაზილიკის ერთი კედელია, რომელიც მოპირდაპირე კედელზე აღბეჭდილ იაპონურ „კორიდას“ უყურებს. ნუღარ დავინახავთ ამ ორ „კედელს“ ცალ-ცალკე. ვატრიალოთ თვალები. მით უმეტეს, რომ ზევიდან, კინომექანიკოსის ჯიხურიდან ვუყურებთ ამ სანახაობას.

რას დავინახავთ?

ოსიმას „წითელი შუქი“ მთლიანად ეფინება მასკულინურ დარბაზს. დაბრმავების შიშით, პუბლიკა თვალებზე იფარებს ხელს... იაპონელ, ყოვლისმცოდნე კრიტიკოსს თუ დავუჯერებთ, ასეთი რამ არსად მომხდარა.

1990 წლის საქართველოში მოხდა. იქ, სადაც მოზრდილი, ახმახი ქართველი ვაჟკაცები ბავშვებივით უყურებდნენ კინოს. იქ, სადაც განცდის, ტკივილის გრძნობა ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული, სადაც სჯეროდათ, რომ დიდი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ მხოლოდ იწყებოდა.

მერე რა, რომ შეეშინდათ, მერე რა, რომ გინებით და სტვენით გააყრუეს დარბაზი? ცოცხალი ლეშებივით რომ ეყურებინათ ამ სანახაობისთვის, უკეთესი იქნებოდა?

ნაგისა ოსიმა უთუოდ აღფრთოვანდებოდა ამ დარბაზით, დაიჯერებდა, რომ კულტურას მართლაც შეუძლია რაღაცეები.

ჩვენც აღვფრთოვანდით, უდარბაზო კინოს მუზეუმის დამაარსებლები, ვისაც კულტურის უტოპიის გვწამდა.

მკვდარ, წვიმიან, ერთფეროვან და აყროლებულ ვენეციაში, სადაც მალერის მუსიკის ხმა არ ისმოდა, სადაც შეიძლებოდა მხოლოდ ფელინის „კაზანოვას“ ბუტაფორიული კარნავალი გაგხსენებოდა, 1990 წლის ოქტომბერში რაღაც საოცრად მომენატრა სახლი, ჩემი შეშინებული, მიამიტი ხალხი, რომელიც ბავშვივით ემორჩილებოდა მანიპულაციებს. როგორც კულტურის, ასევე „მკვდრის სუდარით“ შემკული პოლიტიკოსების მანიპულაციებს.

მილანი-მოსკოვის თვითმფრინავში გაზეთები დაგვირიგეს.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები შედგა. გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - საქართველო“.

ლამაზი ბერიკაცის, ლეონიდ კოზლოვის გარდაცვალების ამბავი კი წელს გავიგე, ბერლინის კინოფესტივალზე. ნაუმ კლეიმანმა, რომელსაც მოსკოვში კინოს მუზეუმი დაუხურეს, Киноведческие Записки-ს ახალი ნომერი ჩამომიტანა. კოზლოვის ნეკროლოგი, რომელიც ნიუ იორკში გადახვეწილ მიხეილ იამპოლსკის დაუწერია, ასე მთავრდება: „ჩემს ხსოვნაში იგი დარჩება უტოპიურ წარმომადგენლად კულტურის იმ მიუღწეველი სამყაროსი, რომელშიც ყოველ ჩვენგანს ძალიან გვინდოდა ცხოვრება.“

0x01 graphic

19 საოცარი რეცეპტი

▲back to top


პირადი ენციკლოპედია

ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

ძველ ჟურნალებში ქექვისას, ერთ საინტერესო და განუმეორებელ რეცეპტს მივაგენი. ქალთა კრემებსა და პარფიუმერიაში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ ახლა კი დავინტერესდი, რისგან მზადდება ეს კრემები და რამე რუმეები?

რეცეპტს, რომელიც შემიძლია 1959 წლით დავათარიღო, ჰქვია „სახეზე ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგო მალამო ნომერი ერთი“.

ჩემი აზრით, ეს კრემი, რომელიც იმდროინდელი საბჭოთა გულუბრყვილობით, ანდა ასკეტურობით მალამოდ იწოდება, რათა ადამიანმა იფიქროს, ვმკურნალობ და არა ვლამაზდებიო, ხნოვანებით საუკუნეებს გადასწვდება.

ის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქალთათვის, რომელნიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ისე იოლადაა, როგორც კინოში, ანდა უფრო მეტიც, რეკლამაში. ამოიკვნესე, თვალი ჩაგვიკარი, კბილი გაგვიბრჭყვიალე, ფეხი გაგვიწელე ისე, როგორც ანი ჟირარდო წელავს „როკო და მის ძმებში“ და დავიჯერეთ. ჰო, მერე ის ლამაზი ყუთიც უნდა გამოაჩინო.

ნურას უკაცრავად, როგორც იტყოდნენ ცნობილი ადამიანები ბევრგან.

მალამო ნომერი ერთი: (რეცეპტის კითხვის დროს სავალდებულოა ყოველი წინადადების შემდეგ თვალების დახუჭვა და ყოველივეს თვალნათლივ წარმოდგენა, რაშიც მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები ყოველ მსურველს ქვემორე ავტორისეული რემარკებით).

ჰო, მალამო ნომერი ერთი:

სიბერის და ნაოჭების საწინააღმდეგო.

„100გრ. ღორის მუცლის ქონი და 200 გრ ხბოს შიდა ქონი გადაადნეთ ცალ-ცალკე, ემალირებულ ან შუშის ქვაბში მდუღარე წყლის ორთქლზე და გააცივეთ ცალ-ცალკე.“

(სანამ ამას იზამდეთ, ჯერ დეზერტირის ბაზარში წადით, საყასბო განყოფილებაში და იქ დიდდანიან, გასისხლიანებულ კუნძთან ჩამომდგარ ყასაბს უთხარით, რომ ასი გრამი ღორის მუცლის ქონი გჭირდებათ, რათა სახეზე ნაოჭები გაიქროთ.

თუკი ის არ გიპასუხებთ, რომ დილით უნდა მისულიყავით, რადგან ღორის მუცლის ქონი გაუთავდა და დარჩა მხოლოდ თხის ქონი ანგინიანი ბავშვებისთვის გულზე წასასმელად და თქვენ არ უპასუხებთ, რომ დილით სამსახურში იყავით და ვერ მოახერხეთ და ამიტომ, შაბათამდე ვერ იყიდით ღორის მუცლის ქონს ნაოჭების გასაქრობად, მაშინ გათამამდით და უთხარით: ჰეი, ყასაბო, მაგ ას გრამ ღორის მუცლისას ორასი გრამი ხბოის შიდა მუცლის ქონიც დაუმატე-თქო. ყასაბს გაუკვირდება, რადგან ეს ჯადო-პრეპარატი მუჭშიაც ჩაეტევა და იგი იფიქრებს: ამან როგორ უნდა გაუქროს ნაოჭები მოწინავე ფეიქარს? აქ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ 1959 წელია და შუშის ცეცხლგამძლე ქვაბი ცეკას მდივნების საყვარლებს ან ზაკვოს გენერლების ცოლებს თუ ექნებათ სახლში (მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისინი ერთი და იგივე ადამიანები გამოდგნენ), ემალირებული კი, თავისი მნიშვნელობით, დღევანდელ აიპოდს უტოლდება).

ჰო, განვაგრძეთ:

გავაცივეთ ცალ-ცალკე, მაგრამ შემდეგ შევაერთეთ და ვურიეთ ეს ქონები.

და მერე:

„1კგ. დახეხილ კიტრს გამოსწურეთ მთელი მისი წვენი და დაასხით ხბოსა და ღორის ქონს და...“

(ესე იგი დეზერტირებში კიტრიც უნდა გეყიდათ. თუმცა, რადგან საჭმელად არ იყო, კოოპვაჭრობისაც შეიძლებოდა. სილამაზე, ნაოჭი და კოოპვაჭრობა. სწორედ ისეა, როგორც ერთ იმავდროინდელ ტკბილ ლექსში:

ობოლი ვარ, მაგრამ მუდამ,
სხივჩაუმქრალ ბედით ვხარობ,
სათუთ სურვილს მარად მიკლავს
თამარ მეფის ცივი წყარო...

თუ კაცს სიხარული და კოოპვაჭრობა გინდა, მაშინ კიტრიც უნდა დააწურო ღორის ქონსა).

ჰოდა, ეს დანაწური კიტრი და აზელილი ქონები „ლესეთ ხის ან რქის კოვზით 15-20 წუთის განმავლობაში და ასე დატოვეთ მეორე დღემდე.“

(ნამდვილად უნდა დატოვო მეორე დღემდე. აბა, სამსახურიდან მოსულმა, ბაზარში გამოვლილმა, ტრამვაიში ნაჭეჭყმა, უკვე ასაკშეპარულმა, საფეიქრო დაზგასთან ტანჯულმა, მერე ქმრისთვის სადილით თავმომვლებმა და შვილების დამბუდებელმა საბრალო ქალმა კიდევ ხის კოვზით (ნეტავ რქისას რომელი აფრიკიდან ჩამოუტანდნენ? კუს ბაკნისას, თუ ანტილოპის საჩხვლეტისას?) 15-20 წუთს ზილოს ნახეხი კიტრის წვენი ღორ-ხბოს ქონებში და იმავ ღამეს რაღაც დამართოს? ამერიკაში იმ დროს მიქსერი არსებობდა. თუ მაინცდამაინც, ტოსტერიც. თუმცა, ამ შემთხვევაში ტოსტერი არ გვჭირდება. კონდიციონერიც (ეს გამოგვადგებოდა, როს დაცხებოდა საწყალ კოვზიან ქალს). შეიძლება საბჭოეთშიაც არსებობდა მიქსერი, მაგრამ ნაბრძანებია ხის კოვზითო და რას გადაუხვალ. არსებობდა არა ის, კიდე...).

„მეორე დღეს (ყურადღებით), მეორე დღეს, ცალკე გამოყოფილი წვენი გადმოასხით, ქონს კიდევ იმ რაოდენობის კიტრის წვენი დაასხით და...“ (ბაზარში ორი კილო კიტრი უნდა გეყიდათ. თუ კოოპვაჭრობის მაღაზია სახლთან ახლოსაა, ბედს გაუღიმნია და ეს არის. სწურეთ და ხეხეთ კიტრი სამ საღამოს. დიახ, დიახ, სამ საღამოს, იმიტომ, რომ...).

„იგივე გაიმეორეთ მეორე და მესამე დღესაც, მანამ, სანამ ქონი კარგად არ გაიჟღინთება კიტრის სუნით.

(ჩემის იწრო გაგებით, მთავარი რამ ნაოჭთა დამარცხების საქმეში ორი უნაზესი ქონის ერთმანეთში არევაა, ხოლო იმისათვის, რომ ამ სასარგებლო კრემს სურნელიც მიენიჭოს, საჭიროა მისი სამდღიანი ჯემსეიშენი სამი კილო კიტრის წვენთან. კიტრის ყიდვა ნამდვილად არ დაგეზარებათ, როცა წარმოიდგენთ, რომ ქონთა ეს ნაზავი სახეზე უნდა წაისვათ. ამიტომ ეცდებით, თუნდ ყოველდღე იყიდოთ თითო კილო კიტრი და ქონეულობას აწუროთ, ოღონდ კი მალამოს წასმის პროცედურა როგორმე გადასწიოთ. მაგრამ წინ გელოდებათ კიდევ ერთი ნაბიჯი: ამჯერად სრულიად დემოკრატიული, არჩევანის თვალსაზრისით და სრულიად ვირული - შესრულების მხრივ).

ბოლოს შელესეთ ერთი სუფრის კოვზი წმინდად დაფქვილი ბრინჯის ან კარტოფილის ფქვილი და ალესეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

(აი, სამუშაო ეს არის. საინტერესოა, ბრინჯი ყავის საფქვავში უნდა დაფქვა თუ წისქვილში წაიღო? მგონი, მაინც უფრო წისქვილში. თუ ბათუმელი ხარ, ალბათ ყავის საფქვავშიც შეიძლება, მაგრამ მეეჭვება, რომ 1959 წელს თბილელ ფეიქარ ქალს შინ ყავის საფქვავები რიგად დგომოდა. თუმცა, ჩვენი მოსახლეობის უტეხობა და სირთულეების განივქრება რომ ვიცი, ბრინჯის დაბეგვა ეზოდან ამოტანილი ქვითაც მოხერხდებოდა ჩაის ტილოში გამოხვევით. ეს არის, რომ კარტოფილის ფქვილი ბევრ ოჯახში აღმოჩნდებოდა და ბრინჯზე ხელს არ გაისვრიდნენ. მით უმეტეს, თუ ჯერ ბრინჯი უნდა ფქვა ყავის საფქვავში და მერე კიდევ ნახევარ საათს ეს ნაფქვავი იმ ქონებში უნდა ლესო. შელესე და შელესეო, რომ სწერს ეს კეთილი მერეცეპტე, ამდენი შელესეს ძახილი სურამის ციხის ასოციაციას იწვევს და კაცს (განსაკუთრებით ქალს) პესიმიზმი იპყრობს.

თუმცა, ეს უკანასკნელი უადგილოა, რადგან:

„ეს მალამო შესანიშნავ შედეგს იძლევა სახეზე და ხელებზე გაჩენილი ნაოჭების გასაჭიმად.“

(თუ გადაგცდა, ეგებ ფეხების გასაჭიმადაც).

(მე, რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება ამ სრულიად ბუნებრივი კრემის არაჩვეულებრივ ეფექტურობაში და კაპიტალიზმი იმიტომაც მძულს, რომ ის უბრალო რაღაცეებს მიუწვდომელ გენიალობებად დასახავს ხოლმე, მაგრამ გინდ თავი მომჭერით და გინდ მარცხენა, ეს მალამო დონ კიხოტის ბალზამს მაგონებს. საწყალი, როგორ აწყდებოდა აქეთ-იქით, მაგრამ უშველა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ღორიქონობის დროებაში თბილისში ცხელი წყალი მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოდიოდა, ხოლო ზოგადად წყალი ძირითადად ეზოს ონკანების სტუმარი იყო, მაშინ მივხვდებით, რომ ის კიტრის ნაწური, სუნ-სურნელების საკითხში განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ.

მპოვნელი დასაჩუქრდებაო, სწორედ ასეა ამ რეცეპტის საქმე. თქვენ გგონიათ, იმ სამ დღეს რომ იწვალეთ, კიტრი წურეთ, ხეხეთ და გლისეთ, მეორე დილით კი უკან გადმოღვარეთ ქონის ჯამიდან, ის ნაწური უკვალოდ გაქრა? ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება და თქვენ ვინ მოგცემთ რაიმეს არგამოყენების უფლებას?) „კიტრის წვენი, რომელიც ქონში შეზელვის შემდეგ კვლავ გამოიყოფა, შეინახეთ შუშაში და იხმარეთ პირის გასაწმენდად და ამავე დროს საკვებ სითხედ.“

(რო გეგონა დამთავრდაო, სწორედ იქ დაიწყო.

ის შუშა თუ გამჭვირვალეა და იფ რა ვიდზე იქნება, შიგ ნაქონარი სამი კილო კიტრის სითხით გამშვენებული? თან, რომელიც სახის გასაწმენდად უნდა გამოიყენო... თავად წარმოიდგინეთ. ალბათ, შუშა გამოსაჩენ ადგილას არ უნდა იდოს. კიტრი რომ სახისთვის სასარგებლოა, გამიგია. ჰოდა, ლ'ორეალ, პაღი, წევიდა წმენდა... ვინ ოხერი, სსრკ... ოღონდაც, მაბნევს გამოთქმა: საკვებ სითხედო... ვ სმისლე, საჭმლისთვის, თუ კანის მკვებავ სითხედ, ანუ პიტაწელნი კრემად? თუ ეს გავარკვიე, ახალი სალაპარაკოც იქნება. მანამდე კიდევ, ერთი ლექსიც ბედნიერებაზე, იმავე ჟურნალიდან:

ფოთლით ავსებენ კალათებს,
მაყვლისთვალება ქალები,
ლოყა თუ ვარდი ანათებს,
დამწვარან მზის ბრწყინვალებით.

ასე რომ, რის ნაოჭი, რა ნაოჭი, აგე, ლოყები, იქაც თამარის წყარო ანუგეშებს... მიაწვა, მიაწვა, მიაწვა... გადაყარა, გადაყარა, გადაყარა, როგორც იტყვიან ქართველი მორაგბეები).

20 ცხელი შოკოლადი - ლიტერატურა

▲back to top


20.1 კრიტიკის დაბადება

▲back to top


ლიტერატურა-კრიტიკა

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

მცირე ექსკურსით დავიწყებ და ჟან სტარობინსკის 1967 წელს დაწერილ და 2001 წელს გადამუშავებულ ერთ სტატიას გავიხსენებ, სადაც ავტორი კრიტიკის ძალზე საინტერესო ეტიმოლოგიას გვთავაზობს. სტატიას „კრიტიკის მიმართება“ ჰქვია და ავტორი ამ სიტყვის ძირის მოსახელთებლად ჟორჟ ბლენის წიგნსაც იმოწმებს: ცნობილია, რომ სიტყვა „კრიტიკა“ ძველბერძნული ზმნა krinein-დან მოდის (ლათ. cerno), რომლის თავდაპირველი მნიშვნელობაც გაყოფას, გარჩევას უკავშირდება, აქვეა გაფანტვისა და განიავების სახეებიც და რაც მთავარია, სტარობინსკი გამოჰყოფს ე.წ. „კრიტიკულ დღეებსაც“, კრიზისის პერიოდს, როცა, ჰიპოკრატეს მედიცინის თანახმად, ავადმყოფის ბედი წყდება.

თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის მდგომარეობა და ზოგადად კულტურული ვითარება სწორედ ამ ერთი ძალზე მოქნილი და თითქოსდა შიშისმომგვრელი სიტყვით, კრიზისით შეიძლება დახასიათდეს. ანუ, ავადმყოფი ცნობილია, მასზე უკვე ბევრი დაწერილა, ზოგს ასეთივე ავადმყოფური პათოსით აღსავსე წერილები შეუთხზავს მის გამო, სხვებს კი ჭკვიანური, მაგრამ არაფრისმთქმელი განსჯებით დაუმძიმებია მკითხველის გონება. იყო მახვილგონივრული შენიშვნებიც. დიდი შანსები არც ამ წერილს აქვს, არც ამ ერთი სტატიით გაირკვევა რამე, მაგრამ იმედია ფიქრს მაინც მივაყოლებთ იმას, რაც დღევანდელ ჩვენს ლიტერატურაში ხდება.

არ მინდა მოწუწუნე ნიჰილისტად ჩამთვალოს ვინმემ, მაგრამ კრიზისი დღეს ყველგან იგრძნობა, და ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, ვინ უფრო მეტნი არიან დღეს საქართველოში, პროფესიონალი, მონდომებული და მუყაითი ავტორები თუ გულგრილი ან ხელგაუტეხავი მწერლები. დღეს რომ ლიტერატურული პროცესი ცოტა ვინმეს აინტერესებს, ცხადია, ცხადია ისიც, რომ არც კრიტიკა აღელვებს ბევრს. ხშირად დაიჩივლებენ ხოლმე ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ერთეულები თუ აღიარებენ, რა არის აუცილებელი სისხლსავსე ლიტერატურული ცხოვრებისთვის.

ამ მომჩივანთაგან უმრავლესობას, სამწუხაროდ, არაფრის უფლება აქვს და ვერც კათედრაზე შედგება საქადაგოდ, იმიტომ რომ ეს კათედრებიც (ლიტერატურული გამოცემები) აღარ არსებობს და თავადაც ყოველთვის უკან იხევენ, როცა რაიმე საჯარო შეხვედრაზე იწვევენ. სამაგიეროდ ქადაგებენ ამა თუ იმ ლიტერატურული კავშირის პირმშონი, რომლებსაც ჯგუფები პირობითად ჰქვიათ, თორემ სინამდვილეში არც შემოქმედებითი კავშირებია ესენი და არც რაიმე ღირებულის აღმსარებელნი, არამედ გარკვეული მენტალური თუ ფინანსური ერთობა, ადამიანები, რომელთაც ან ფული აერთიანებთ, ან შენობა, ანდა სულაც ხათრი. ქადაგებს ამ ჯგუფების მიერ (თუ პირიქით) „გაწამებული“ კულტურის მინისტრი, ერთი ხელის მოსმით რომ შეუწყვიტა თავის დროზე დაფინანსება უკლებლივ ყველა გამოცემას, და მრავალი სხვა… საქმეზე კი არავინ დარდობს, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ორი პროფესიონალი პროზაიკოსი და ორიც პოპულარული პოეტი ვერ შექმნის თანამედროვე ლიტერატურას. არც კაფეების თავყრილობები ეყოფა ამას და არც მით უმეტეს პრესაში მიმოფანტული აბზაცები, ამ თავყრილობებს რომ აღწერს.

ამასწინათ, ყურძნის შარშანდელ მოსავალზე ჩავეკითხე მეღვინეებს, კომპანიის წარმომადგენლებსა და გლეხებს და ვერც ერთისგან ვერ მივიღე პასუხი ყურძნის ხარისხის შესახებ, იმაზე, თუ როგორ ღვინოს უნდა ელოდოს მომხმარებელი 2006 წლის მოსავლიდან. ერთნი მხოლოდ რუსულ ემბარგოზე მოთქვამდნენ, მეორენი კი სოციალურ პრობლემებზე, იმაზე, რომ კომპანიები ძალიან იაფად იბარებდნენ ყურძენს და ა.შ. ხარისხზე ფიქრით კი არავინ იწუხებდა თავს. ლიტერატურაც ასეთ დღეშია ჩვენთან, მხატვრულ ღირებულებებზე ვინღა დარდობს, როცა ჰონორარის მაძიებელი ავტორი, ღმერთმა უწყის რომელი რედაქციის კარს არ მიადგა, როცა მწერალი მინიმალურსაც კია მოკლებული, მათ შორის დაბეჭდვას, თუნდაც უჰონორაროდ. როცა მწერლის ბედით არავინ ინტერესდება, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა.

ბოლო წლის მანძილზე ძალზე იკლო მხატვრული ლიტერატურის წილმა საგამომცემლო საქმეშიც. სულ ორიოდ რომანი გამოვიდა, სამი-ოთხი პოეტური კრებული და რამდენიმე თარგმანი. ხშირი გახდა კლასიკის გადამღერებული გამოცემები, რომელიც არსებული ხარვეზის დაძლევის ილუზიას ქმნის მხოლოდ. შეჩერებული ლიტერატურული პერიოდული გამოცემების გამო „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ წელს პირველად დაარღვევს ტრადიციას და ვერ შეადგენს თავის „15 საუკეთესოს“, წლის რჩეული მოთხრობების კრებულს, რადგან მოთხრობები თითქმის აღარსად იბეჭდება (ლექსებზე რომ არაფერი ვთქვათ).

კიდევ ერთი პრობლემა ავტორების ცნობადობაა. ნახეთ ბოლო ათწლეულის მანძილზე გამოქვეყნებული ინტერვიუები კლასიკო სებთან, ცნობილ ან თუნდაც ახალგაზრდა მწერლებთან, და თავად დარწმუნდებით, რომ მათ ყოველთვის ძალიან უჭირთ გვარების დასახელება, ჯერ ერთი არ იცნობენ კოლეგების ნაწერს და თუკი იცნობენ, სიტყვა არ ემეტებათ მათთვის. ანდა პირიქით, ასახელებენ მხოლოდ თავიანთ მეგობრებს, მათ „ქაჩავენ“.

მახსოვს რამდენიმე წლის წინ გამომავალ ერთ ლიტერატურულ გაზეთში, სადაც ყოველ ნომერში იბეჭდებოდა ინტერვიუები, კითხვაზე, ვის გამოყოფდით თანამედროვე მწერლებიდან, სულ ერთსა და იმავე ავტორებს ასახელებდნენ და ასე გრძელდებოდა გამუდმებით. განსაკუთრებული პრობლემა ექმნებათ თანამედროვე კლასიკოსებს. თავის დროზე ერთი კორესპონდენტი სამჯერ, სამი სხვადასხვა კითხვით შეეცადა დაეცდენინებინა სახელოვანი მწერლისთვის თუნდაც ერთი სახელი უმცროსი თაობიდან, და მაინც ვერაფერს გახდა. იცოდა, მაგრამ არ თქვა, წაკითხულიც ჰქონდა ზოგიერთი მათგანი, მაგრამ ვერ ათქმევინეს.

უკვე რამდენიმე წელია ვცდილობ, ხანდახან ძალიან აგრესიულადაც, რომ საქართველოში რეცენზირების, მიმოხილვისა თუ კრიტიკის სხვა, უფრო თანამედროვე წესები დამკვიდრდეს. ბევრჯერ მითხოვია მწერლებისთვის, თავისი კოლეგის წიგნის შესახებ აზრი გამოეთქვა, უბრალოდ მიმოეხილა მაინც, მაგრამ არ მახსოვს ვინმე გამოხმაურებოდეს ამ ჩემს თხოვნას. არადა დასავლეთში, კრიტიკოსი სულ სხვა რამეს გულისხმობს, პირველ რიგში კი ესაა მწერალი, რომელიც თავისნაირზე წერს, მნიშვნელობა არა აქვს ეს თავისნაირი უფრო ნიჭიერი იქნება თუ უნიჭო. იქ ყველას კარგადა აქვს გაცნობიერებული, რომ უსაფუძვლო ღრენას ან უთავბოლო სადღეგრძელოებს არავინ დაბეჭდავს.

მაგალითისთვის, გადახედეთ The New Yorker-ის, Guardian-ის, The London Review of Books-ის, The New York Review of Books-ის ან ნებისმიერ სხვა სახელოვანი ამერიკული თუ ევროპული ლიტერატურული გამოცემის ბოლო ნომრებს და თავად დარწმუნდებით, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი და ორგზის ბუკერის გამარჯვებული, ჯ.მ. კუტზეე ნორმან მეილერის ბოლო რომანზე წერს, მილან კუნდერა კი სალმან რუშდიზე, ჯონ აპდაიკი ორჰან ფამუქის ბოლო ნაწარმოებს მიმოიხილავს, ჯულიან ბარნსი კი მიშელ უელბეკისას. არადა ასეთი კარგი საკბილო მათ იშვიათად აქვთ ხოლმე, ძირითადად დებიუტანტების ან ყველასთვის უცნობი ავტორების რეცენზირება უწევთ ხოლმე გასაგები მიზეზების გამო.

საქართველოში არ არსებობს კარგი ლიტერატურული გადაცემაც, არც ერთი არხი არ ზრუნავს ამაზე, არადა ყველამ კარგად იცის რამხელა ძალა აქვს ტელევიზიას, განსაკუთრებით კი ზარმაცი, მონებივრე ქართველი მკითხველისთვის.

საქართველოში ლიტერატურული ჟურნალისტიკისა და კრიტიკის მწვავე კრიზისია, აღარავინ წერს პორტრეტებს, მიმოხილვებს, წიგნის პრეზენტაციებიდან კი ზოგიერთ ჟურნალისტს ავტორის სახელი და გვარიც კი არ ამახსოვრდება.

სხვა საქმეა კრიტიკა, რომელიც ძალზე უკუღმართად ესმით საქართველოში, რომელიც საერთოდ მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და ჩასაფრებულის პოზიციებიდან დანახულ პროცესს უფრო აღწერს, ვიდრე რეალურ სურათს, სადაც ერთმანეთს უნდა შეერწყას გარკვეული მეთოდოლოგიური სიმკაცრე და რეფლექსიური მიუკერძოებლობა. არადა კრიტიკას ნამდვილად შეუძლია გარკვეული პერიოდი მხატვრული ტექსტების გარეშე გაძლოს, პირიქით პროვოცირებაც კი მოახდინოს მათი შექმნისა, ლიტერატურულ პროცესს კი კრიტიკის გარეშე უმალ უცნაური წარმოშობის სნობები ან პროვინციალები დაეპატრონებიან.

თანამედროვე მსოფლიოში კრიტიკას სულ სხვა პრობლემები უდგას. ლიტერატურის თეორიის მრავალწლიანი ბატონობის შემდეგ, იქ სხვა სახე მიიღო ამ სახის მწერლობამ. ფორმალური ანალიზიდან ბევრი ღირებულების საკითხებზე და ლიტერატურის საზრისის ძიებაზე გადავიდა, სტრუქტურალიზმის, პოსტსტრუქტურალიზმისა და დეკონსტრუქციის კლასიკოსებმა კი ლიტერატურული ეთიკის პრობლემებზეც კი დაიწყეს წერა (ტოდოროვმა, კრისტევამ და მრავალმა სხვამ). საქართველოში სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ, აქ არც ძლიერი ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლა ყოფილა და არც რეალურ თეორეტიკულ კრიტიკას უარსებია როდისმე. საქართველოში თავის დროზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ლიტერატურული ნაწარმოების, ვთქვათ „ვეფხისტყაოსნის“, დავით გურამიშვილის ან ბარათაშვილის ტექსტების ანალიზისისას შტაინერის, შიურესა და სხვა სინთეზური სიბრიყვის ციტირება. საქმეს ვერ შველის გერონტი ქიქოძის, ან გურამ ასათიანის სახელებს ამოფარებაც. ჩვენთან, როგორც ჩანს, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, თუმცა დაინტერესებული, ყურადღებიანი მწერლებისა და მკითხველების გარეშე არაფერი გამოვა და ვინ იცის, იქნებ საქართველოშიც დადგა დრო, როცა შეუძლებელია კრიტიკა მხოლოდ ტექსტის ანალიზით შემოიფარგლოს. იქნებ პირველადაა ქვეყანაში ვითარება, როცა ლიტერატურამ და კრიტიკამ უნდა იკისროს ის როლი, რომელსაც სამწუხაროდ ვერც პოლიტიკით დაბრმავებული მას-მედია ართმევს თავს და ვერც ე.წ. ინტელექტუალები.

ბოლოდროინდელი ქართული კულტურა ხომ რიტუალს დაემსგავსა, არანაირ კრიტიკას რომ არ უშვებს (ვერ უძლებს და იმიტომაც არ უშვებს), თანამედროვე კრიტიკა ხომ არსებითად კაფიობაა, სადაც მხოლოდ ორი მხარე ჩანს. კრიტიკა ჩვენში ხომ მხოლოდ სახელდახელოა, კრიტიკა წაკითხვის გარეშე, ე.წ. ჭორ-კრიტიკა.

მორის ბლანშო ერთგან აღნიშნავდა, „კულტურა რაციონალური დისკურსის უნივერსალიზაციისკენ მიისწრაფის, ლიტერატურა კი პირიქით, ყოველთვის უარს ამბობს ამგვარ გაწონასწორებულობაზე“-ო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურის სფეროში ხშირად რაციონალობაზე ორიენტირებული ამგვარი „კულტურული გმირის“ ფუნქციას კრიტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა კისრულობენ ხოლმე, თუმცა მათ კიდევ ერთი მთავარი ნიშანი გამოარჩევთ, ესაა თავისუფლება და მხოლოდ ამ ორ, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავ მხარეთა შერწყმით ხდება ტექსტის თუ ზოგადად ლიტერატურის საზრისის დაზუსტება.

იმით დავამთავრებ, რათაც დავიწყე, ანუ კრიტიკის ეტიმოლოგიით და ამ სიტყვის ყველაზე ღრმა მნიშვნელობით, კრიზისის პერიოდს რომ ეხება. დღეს ქართული კულტურა (ლიტერატურა და სხვ.) მართლა ავადაა და მართლა წყდება მისი ბედი, მაგრამ ამ სიტყვებში ნეგატიურზე მეტად, ჩემი აზრით, უფრო საქმიანი მოწოდება გაისმის, რომელიც გვთხოვს კარგად დავიმახსოვროთ ეს დრო, მწარე დღეები, საიდანაც რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. იგი არც მოვლა-პატრონობას გვთხოვს და არც ქადაგებას, არამედ მხოლოდ ყურადღებას, დაკვირვებას და აღწერას. კრიტიკაც აქედან იბადება და ერთი მხრივ წინააღმდეგობის, მეორე მხრივ კი გაწონასწორებულობის ამ უსასრულო დავაში ვინძლო გულგრილობისა და განურჩევლობის მონსტრიც გაქრეს.

20.2 ღარიბთა გვერდით

▲back to top


ლიტერატურა - რეცენზია

ავტორი: შოთა იათაშვილი

0x01 graphic

კარლო კაჭარავა.
ორტომეული. I ტომი:
პოეზია. II ტომი: სტატიები.

გაფორმებულია ავტორის ნახატებით.

რედაქტორები: თინანო თევზაძე, სამსონ ლეჟავა

თბ. ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა. 2006.

ცხოვრობდა ასეთი ადამიანი XX საუკუნის ბოლოს საქართველოში: მსოფლიო კულტურის გენეზისი და აწმყოს ძირითადი ტენდენციები ათვისებული ჰქონდა და არცთუ იშვიათად მისი მომავლის განჭვრეტასაც კი ცდილობდა საახლობლო წრეებში მის მიერვე გაჩაღებულ იმ მგზნებარე საუბრებში, ხშირად მონოლოგებშიც რომ გადაიზრდებოდა ხოლმე და ნაცნობ-მეგობრებიც, ბოლომდე მინდობილნი მისი მჭევრმეტყველების წამლეკავ ენერგიას, მონუსხულნი ორატორის სათქმელთა უკიდეგანობით, წვდომის სტილით, მახვილგონივრულობით, საჭიროების შემთხვევაში მწარე ირონიითაც კი, მისი ტალანტის თაყვანისმცემელთა რიგებში ეწერებოდნენ სასწრაფოდ, თუმც ხდებოდა ისეც, რომ მავანში, ყოველივე ამის შემხედვარე, ბოღმა და შური იძალებდა ხოლმე და აღარ ეპიტნავებოდა ეს სიმართლის პირში მთქმელი ადამიანი.

გარდა მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი დაუღალავი საუბრებისა, ეს ადამიანი უსაშველოდ ბევრს ხატავდა და ძალიან ბევრს წერდა. წერდა როგორც თანამედროვე ხელოვნებასა თუ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე, ასევე საკუთარ, გამორჩეულ, ძნელად მოსახელთებელ პოეზიას... ეს ადამიანი, ამდენის მქმნელი და ცხოვრებისაგან უკვე შემელოტებული - და ამ შემელოტებული სურათ-ხატის თავადვე უთვალავჯერ გადამყვანი საკუთარ ფერწერულ და გრაფიკულ წამუშევრებსა თუ პოეტურ სტრიქონებში (მაგ: ქალაქში მელოტი თავით დავეშვი მისი ბავშვური სხეულისაკენ.) - იყო არა ვინმე 50-60-70 წლის ბრძენკაცი, არამედ 27- 28-29 წლის ბიჭი, სახელად კარლო კაჭარავა, რომელიც 30 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. დაიღუპა უაზრო და სასტიკი სიკვდილით, სწორედ ისეთით, როგორიც ეს წლები, ეს ეპოქა იყო და რომელიც სისასტიკის გამოვლინებებში სამწუხაროდ კვლავაც გრძელდება:

ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -
მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -
(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.
არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და
სამი მილიციონერი.
მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,
რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.
აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.
აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.
და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს
სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.

ასე აქვს მას თავად აღწერილი ის სცენა, რის შემდეგადაც თბილისში ჩამოსულს თავის ტვინის ორი ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მაინც არაფერმა უშველა...

მაშინ, 1994 წელს, მისი ეს ასაკი ტრაგიკულად კი ჟღერდა, მაგრამ არცთუ დაუჯერებლად. მერე და მერე, მისი შემოქმედების რაც უფრო მეტი ნაწილი ნახულობდა მზის შუქს, ავტორსა და მის ასაკს შორის ადეკვატურობის პოვნა სულ უფრო ძნელი ხდებოდა. შარშან გამოცემულმა ორტომეულმა კი ეს ზრდადი ნაპრალი პირდაბჩენილ უფსკრულად აქცია. კარლო კაჭარავას შემოქმედების ლიტერატურული ნაწილი (განსაკუთრებით პოეზია) მხატვრობასთან შედარებით საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი... მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ იყო ცალკეული მნიშვნელოვანი პუბლიკაციები („მესამე გზის“ სპეციალური გამოშვება 1994 წელს, საარქივო მასალების ბეჭდვა 2002-2004 წლებში „ალტერნატივაში“), ამ ორტომეულში უკვე რელიეფურად გამოიკვეთა კარლო კაჭარავას, როგორც პოეტის, მოაზროვნისა და კულტურტრეგერის ფენომენი. მისი პიროვნების ის მასშტაბი, რაციონალური გონებით ვერანაირად რომ ვერ მოდის თანხვედრაში მის ასაკთან. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორტომეულში შესული ტესტები მცირე ნაწილია იმ საარქივო მასალისა, რომელიც ჯერაც ელის გამოქვეყნებას.

კარლო კაჭარავას პოეზიის გაშიფრვა, მისი ესთეტიკურ-ეთიკური ვექტორების ზუსტად ფიქსირება იოლი და მოკლევადიანი სამუშაო არაა. ამჯერადაც მე მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლები, რაც წლების განმავლობაში მის პოეზიაზე ფიქრისას თან მდევს. ჩემი აზრით ის პირველი ქართველი ჭეშმარიტი დოკუმენტალისტი პოეტია, ეს დოკუმენტალიზმი კი მასთან უკვე არაა აღწერის სწორხაზოვანი მეთოდი და იყენებს მომხდარის მოყოლის სრულიად პოლარულ საშუალებებს, ახდენს რეალურისა და ირეალურის, მიწიერისა და ზეციურის დამაჯერებელ სინთეზს, რის შედეგადაც მოვლენის (თუ მოვლენათა) სურათ-ხატი თავისი სისათუთითა თუ შემზარაობით წლის, დღისა თუ წამის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ეპოქის დოკუმენტად ფორმდება. თავად ავტორი საკუთარ დოკუმენტალისტობას, ვფიქრობ, მშვენივრად აცნობიერებდა, ამის ნიმუშია თუნდაც მისი პოემა სახელწოდებით დოკუმენტური ფილმი. მსგავსად ძიგა ვერტოვის „კინოთვალისა“, კაჭარავასეული უნიკალური „პოეტური თვალით“ დანახული ყოველდღიურობა, შეიძლება ითქვას, რომ, რაც დრო გავა, სულ უფრო და უფრო იქცევა პოეტური დოკუმენტალისტიკის კლასიკად.

მისი ლექსები გადავსებულია მისი მეგობრებით, შემთხვევითი ნაცნობებით, იმ წიგნებით, რომლებიც მის მიერ ლექსის წერის ჟამს იკითხებოდა, იმ თანამედროვე ხელოვანებით, ვისთანაც მას მუდმივი სულიერი დიალოგი ჰქონდა გაბმული. ანუ, ჭეშმარიტი დოკუმენტალიზმისათვის თითქოსდა მისი ლექსები მეტისმეტად სუბიექტურია, ავტობიოგრაფიულია, მაგრამ არა, სწორედაც რომ პირიქით: ლექსი სიყვარული კომენდანტის საათის დროს კომენდანტის საათების თბილისური პერიოდის ამაღელვებელ დოკუმენტად ვერ დარჩებოდა გრძელლაბადიანი, ღიპიანი შალვას გარეშე, რომელიც მღეროდა ორ ბოთლ არაყზე, და ვერც პურის ქარხანასთან საათობით მომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი აღიწერებოდა ასე გულშიჩამწვდომად ეგნატე ნინოშვილის აჩრდილის გარეშე, რომელიც ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს.

თუმცა კი ეგნატე ნინოშვილი, რომელიც ლექსიდან ლექსში მოძრაობს XX საუკუნის დასასრულის გასაცოდავებული მშობლიური პროლეტარიატის დასახმარებლად, საუბრის სულ სხვა თემაა და კაჭარავას შემოქმედების განმსაზღვრელ ორიენტირთაგან ერთერთის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ. ეს ორიენტირი კი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ენდი უორჰოლით, იოზეფ ბოისით, ანსელმ კიფერით, ალენ გინზბერგით, პაულ ცელანით, სიუზან სონტაგითა და მსგავსი კონტემპორარული არტ-სახელებით დაძეძგილი ტექტების ავტორისაგან, არის წარსული და ის ეროვნული სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც მისთვის თანამედროვეობის განუყრელი ნაწილია და რომლის გარეშეც ვერანაირად ვერ შედგება იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც დაიბადა ფოთის ელევატორთან.

კარლო კაჭარავას იმ წარსულიდან „თავისიანები“ ჰყავს დაგულებული და ვინაიდან მასში სოციალური ნერვი უკიდურესად მძაფრია, არაა გასაკვირი, რომ ისინი უმეტესწილად „ხალხოსნები“, პროლეტმწერლები, ბეჩავი ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლები იყონ. ფორმაციათა ცვლილებების, ომისა და გაპარტახების წლებში ეგნატე ნინოშვილისა თუ ჭოლა ლომთათიძის აჩრდილების გამოხმობა მისი, როგორც დოკუმენტალისტის მაგიური რიტუალია, მათი შემწეობით იგი თავადაც „ხალხოსანი“ ხდება, ხდება პროლეტმწერალი, თუმც საკმაოდ უცნაური, არცთუ ყველასათვის გასაგები ენით მოლაპარაკე, თითქოსდა ელიტარული ცნობიერებიდან გამოსული, მუშებზე, ჯარისკაცებზე და ონკოლოგიურის ავადმყოფებზე რომ წერს, რომ წერს ბოლოს და ბოლოს, არც მეტი არც ნაკლები, „ღარიბი სიზმრების“ მთელ ციკლს. კარლო კაჭარავა წინაპარ პროლეტმწერლებზე უფრო შორს მიდის: თუ ისინი ღარიბი რეალობის აღწერას ცდილობდნენ, ის საკუთარი პოეზიისათვის სიზმრებსაც კი ღარიბს არჩევს!.. ის წერს პროლეტარ ფერიაზე ლენინგრადიდან, წერს მშვენიერ ქართველ ქალზე, რომელიც ჰგავდა პურს ღარიბ სამზარეულოში, წერს იმაზე, რომ სამხრეთ აფრიკის მაღაროებში თეთრი და შავი მემაღაროები ერთი ფერისანი არიან, ან სულაც იმას, რომ ჩემი სატრფოა მაღაროს ჯორი მღეროდნენ ამერიკელი მემაღაროები.“ ციტირება აქ თითქმის დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ამ ფენომენის ბუნებას ყველაზე იოლად ისევ მისივე ციტატით შევაჯამებთ და ამოვხსნით: მუშათა არმია უყვართ თავისებურ იდეალისტებს - ამბობს ერთგან კარლო კაჭარავა და ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი. სწორედაც რომ მას უყვარს ეს არმია და მათ ბედის ანაბარა არ ტოვებს: ხან მათი გასაჭირის ანაბანასავით მცოდნე ეგნატე ნინოშვილს მოუვლენს მხსნელად, ხანაც კიდევ ციურ არსებებს, ნიმფებს, ანგელოზებს:

მაშ ასე, ღამდებოდა და ისინი მიდიოდნენ
ჭუჭყიანი პარკისაკენ,
საიდანაც მათ შესახვედრად გამოვიდა ვიღაც
შადრევანში დასველებული ფრთებით.

0x01 graphic

0x01 graphic

შენ დაიბადე პალიასტომთან, ღარიბი ექიმის გვამთან,
რომანტიკულ მეძავთან,
ბულვარის ფოტოგრაფთან, იაფ სასადილოში, რომელიც დღეს სამოთხედ ჩანს.

დედა, როდესაც მე მეძახიან მორიგი შეურაცხყოფის მოსაყენებლად,
მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის არაფერი გვაქვს.
რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ -
და რომ იმან, ვის მანქანაშიც ის ახალგაზრდა ქალი იჯდა,
მოიპარა ჩემი ბედნიერება.

როგორც ზემოთ მოტანილი ციტატებიდან ჩანს, კარლო კაჭარავა არაა რეალისტი პოეტი, მაგრამ დოკუმენტალისტი კი არის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა დოკუმენტალიზმი რეალიზმის მეტი კონკრეტიზაციაა და ასეთი რამ შეუძლებელი უნდა იყოს. ისე, რაკი არსებობს მიმდინარეობა ჰიპერრეალიზმი, იქნებ ჯობდეს, კაჭარავას პოეზიაც ამის მსგავსად მოვნათლოთ - ჰიპერდოკუმენტალიზმად, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დოკუმენტალიზმი თავისებური იდეალისტის მიერაა შექმნილი. ამ ყველაფერში მთავარი კი მაინც ისაა, რომ ეს გარეგნული ფორმალური მახასიათებლებით ერთგვარი პოსტმოდერნისტული „პროლეტმწერლობა“ მისთვის არანაირად არ იყო სტილური თამაში, მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალური ხელწერის მოძებნის მცდელობა, ეს იყო მისი გაუნელებელი ტკივილი, რომელსაც ისტორიის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სულიერი ყოფის ხედვის გამორჩეული უნარი და მათდამი წრფელი თანაგრძნობა ბადებდა.

საერთოდ, კარლო კაჭარავას პოეზიაში საოცრად ბუნებრივად თანაარსებობს ძველი, ახალი და იმდენად ახალი, რომ ქართულ რეალობას ფაქტობრივად მის შესახებ ჯერ წარმოდგენაც კი არა აქვს, თანაარსებობს ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული კულტურული სივრცეები: ქართული (მემკვიდრეობითი მეხსიერებით), რუსული (თავისი საბჭოური ესთეტიკით და მასთან დაპირისპირებული ანდერგრაუნდით) და დასავლური (ხშირად გერმანული, რასთანაც მას ხშირად ჰქონდა შეხება და დიდი გავლენა იქონია მასზე, როგორც მხატვრისა და მოაზროვნის ჩამოყალიბებაში). ისინი „ატრაქციონის მონტაჟის“ სისხარტით ენაცვლებიან ხშირად ერთმანეთს და ურთიერთზონდირებას ახდენენ, უფრო ნათლად კვეთენ თითოეული ამ კულტურის ეგზისტენციალურ ნიშნებს. ეს ჯერ არაა ის პოსტმოდერნული „დიდი სოფელი“, რომელიც მარშალ მაკლუენმა იწინასწარმეტყველა, ეს უბრალოდ ის „დიდი სოფელია“, რომელიც 27-28-29 წლის დაბრძენებული ბიჭის, კარლო კაჭარავას ცნობიერებაში არსებობდა იმდენად შთამბეჭდავი სახით, რომ მომავალი თაობებისთვის იგი ეპოქის დოკუმენტად დაიდო.

20.3 დაგვიანებული წერილი მეგობარს

▲back to top


ლიტერატურა - პოეზია

ზვიად რატიანი

I

რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს
და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.
სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.
საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.

ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს -
ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით
უსარგებლოებს - ხელნაწერებს, რითიც სავსეა
ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.
ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.
ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.
ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს.
ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.

ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო.
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ.
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.

II

ზამთარია. სასაცილო სპორტული ქუდით,
მამისეული ბათინკებით შენ მოირთვები
და წახვალ ქარში, ან წვიმაში, ჯიბეში ხურდით,
გულში სიმღერის არცთუ ისე მსუბუქ ზვირთებით.
წახვალ და, თუმცა დღეს არავის ნახვა არ გინდა,
მაინც, გზადაგზა კაფეებთან აყოვნებ წამით
და იხედები ვიტრინებში: ერთერთ მაგიდას
იქნებ უსხედან ნაცნობები, რომლებიც სვამენ.

მთელი დღე ძვირფას, მობეზრებულ ქუჩებში ივლი.
ღამით აბოლებ აივანზე. მერე შეწვები
ნაჩვევ ლოგინში. ვერც ვიტრინებს, რომლებიც დილით
გირეკლავდნენ, ვერც აივანს, სადაც ეწევი,
და ვერც იმ ლოგინს, სადაც წევხარ, ვერ ხედავს ღმერთი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს მაგიდას, რომელიც კვლავაც
არეულია. ვერც ხელნაწერს, რომელსაც ხევდი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს თითებში მომწყვდეულ კალამს.

ვერ ხედავს არყის ბოლო წვეთებს, რომელსაც ვიყოფთ.
და ვერც ნასუფრალს ბნელ ოთახში, როცა ვიშლებით.
მისთვის ისევე შიშვლები ვართ, როგორიც იყო
ყველა, ვინც იყო. ვინც იქნება. ისე შიშვლები,
როგორც ადამი. და რაც გინდა სხეულს ფარავდეს -
ლაბადა, ჯინსი, ანაფორა, ნიღაბი, ჩექმა,
ღმერთისთვის მაინც შიშვლები ვართ აწ და მარადის
და სამყაროც ისეთია, როგორიც შექმნა.

III

მისთვის სამყარო ისეთია, როგორიც თავად
ოდესღაც შექმნა და მოხატა ლურჯი ლაქებით.
მხოლოდ მიწაა და მდინარე, რომელშიც გავალთ
და ყველაფერი დასრულდება. ეს ქალაქები
და ეს სახლები, სადაც ვცხოვრობთ, რ არსებობენ.
არ არსებობენ არც ის გზები, ჩვენ რომ მივყვებით.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ვერაფერს, რადგან ზემოდან
არაფერი ჩანს გარდა ერთის - გარდა სიტყვების.

ის ხედავს სიტყვებს. ოღონდ შიშვლებს. ჯერარშემოსილს
მნიშვნელობებით, ჟღერადობით, ასო-ნიშნებით.
ის ხედავს სიტყვებს, ეს-ესაა ჩვენში შემოსულს,
ვიდრე წარმოვთქვამთ, ვიდრე დავწერთ, ვიდრე შიშვლები
დგანან ჩვენს გულში და იცდიან. წიგნი ჩანიშნე,
ლამპა ჩააქრე, წაიფარე თბილი საბანი.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს საწოლებს, საბან-ბალიშებს:
შიშვლები ვყრივართ ცივ მიწაზე, წვიმით ნაბანნი.

და ვერც ამ სიტყვებს, სამწუხაროდ. მათგან არცერთი,
უკვე ნათქვამი, დაწერილი, ღმერთისგან არ ჩანს.
თუმცა ხედავდა თითოეულს, ვიდრე დავწერდი.
და ჯერაც ხედავს რამდენიმეს, რომელიც დამრჩა
მოსახელთები, დასაწერი. არ ქონდა აზრი,
თორემ ამ ლექსის დასრულებას ალბათ შევძლებდი
გულში მომხვედრი, ეფექტური, ლამაზი ფრაზით,
რომელსაც ერთხანს, ვაღიარებ, კიდეც ვეძებდი.

20.4 წეროს ჯვარი

▲back to top


ლიტერატურა - პროზა

მაკა მიქელაძე

0x01 graphic

წერო გათხოვდა რა, ცხოვრება მოათავა.

ბოლოს როცა იცინა, კარგად ახსოვდა. მეგობარი ესტუმრა ბალტიის ზღვისპირეთიდან და იმ ზღვისპირული თავდაჭერილობით მოუთხრო, როგორ გაანიავა მამა.

გამანიავეთო, მამას თვითონ მოუთხოვია. ოღონდ კრემაციის შემდეგ და აუცილებლად ვალესის კანტონში, მატერჰორნის მწვერვალის მიდამოებში, მე რომ ტბა მიყვარდა, მის ზედაპირზე მიმომაბნიეთო. მამამ ეს საეჭვო ღონისძიება დააფინანსა რა, წინასაკრემაციო მდგომარეობაში გადავიდა.

წეროს მწვავე შეტევასავით მოუვლიდა სიცილი, რამდენჯერაც იმას წარმოიდგენდა, რა გულმოდგინედ დამწუხრებულ ტრაუროსნებს შორის გაიმართა გაწევ-გამოწევა ცნობილი მხატვრის ნეშტის გამო. განსაკუთრებით ნეშტის უკანასკნელი ევროპელი საყვარელი - ანდერძით რომ მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერგო - იქცეოდა თავაშვებულად. გახედვას ვერ მოასწრებდი თურმე და გულში ჩახუტებული ურნით სადღაც გარბოდა.

- ინგრიდ, ახლავე დააბრუნეთ მამა თავის ადგილზე! - ხმადაბლა ჩასჩურჩულებდა ყურში თავშეკავებული სირბილით ლოყებშეფაკლული და გულამოვარდნილი წეროს მეგობარი. უკმაყოფილო დედინაცვალი მორჩილად აბრუნებდა ურნას და გაფაციცებული ელოდა მომდევნო ხელსაყრელ მომენტს.

ბოლოს ინგრიდს მაინც უმარჯვია და არასამგლოვიარო სიჩქარით მოძრავი ექსპრესიდან გასანიავებლიანად სადღაც გამქრალა. ცოტა ხანში კვლავ ურნა ჩახუტებული და შვებამოგვრილი დაბრუნებულა.

- ინგრრრიდ! ახლავე დადგით მამა მაგიდაზე, კუპეში თქვენს გარდა უამრავი ჭირისუფალია.

შავპირბადეამოფარებულ გამტაცებელს ურნის სახურავი მორცხვად მოუხდია და როგორც წეროს მეგობარი სევდანარევი იუმორით ყვებოდა...

- სადღაა მამა...

ექსპრესის ფანჯრებში თვალისმომჭრელად ელავდა ღიათეთრი ცა, მუქთეთრი მწვერვალი და გამჭვირვალედთეთრი ტბა.

ასე დახატა ოდესღაც, ჯერ კიდევ გასანიავებელმა ცნობილმა მხატვარმა ეს არემარე.

წეროს მეგობარს ერქვა ასტა.

თბილისში ჩამოფრენისას არ გაუმართლდა. იმ ხანობას ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობა მიტინგები, კარვები და ქუჩის ლეიბებზე მიყრილ-მოყრილი ხალხი იყო მხოლოდ. ფიროსმანის სახლ-მუზეუმი სტუმარს ვერ აჩვენა. დაკეტილი დაუხვდათ. წასასვლელი არ ჩანდა. წერომ მახვილგონივრული გამოსავალი გამონახა. „შეხვედრაზე“ წაიყვანა სტუმარი. ინტელიგენციისა და არაფორმალების ხელჩართული „დებატებიდან“ მობრუნებულმა მხრებაჩეჩილმა ასტამ მეგობარს მარტო ერთი შეკითხვა დაუსვა:

- სულ რატომ ყვირიხართ?

სამზარეულოში ცენტრალური გათბობის უკანასკნელი სითბო იდგა. გოგონები „კოსმოსის“ კვამლში გახვეულიყვნენ და ისე აგემოვნებდნენ დახლებზე ახლადმოძალებულ „ამარეტოს.“ მალე ასტა ჯერაც ცხელი წყლით გალიცლიცებულ აბაზანაში ჩაწვა, ცოტა ხანში ხომ ჯერაც „აეროფლოტის“ თვითმფრინავის რეისი მიფრინავდა ჯერაც შორეულ საზღვარაქეთში და მალე ახლო საზღვარიქეთში.

- ბოლო ბანაობაა! - აალაგა მაგიდა წერომ. გული წყდებოდა მუზეუმში რომ ვერ მოხვდნენ.

თბილისი მალე ჩაბნელდა.

წერო გათხოვდა. შეიძლება ითქვას, იარაღის ძალით.

შეეშინდა უარი ეთქვა კბილებამდე შეიარაღებული თაყვანისმცემლისთვის და გაჰყვა იმ დროისთვის ყველაზე პრესტიჟულ „საქორწინო მოგზაურობაში“ ჩაჟამებული ქალაქის ეულად გამთბარგანათებული სასტუმროს ლუქსში.

ბარები სავსე იყო შავთავსაკრავიანი შავად მომზირალი შავლულებშემართული შარებით.

ასტას მისალოცი ექვსთვიანი დაგვიანებით მოვიდა და ზედ მიდევნებულმა წერილმა წეროს შესჩივლა: „ბებიაჩემი კომპიუტერის კურსებზე დადის და კვალიფიკაციას იმაღლებს იმ საქმეში, რომელშიც თმა დაევერცხლა. თავისუფლება მძიმე ხვედრი აღმოჩნდა.“ წერომ წერილი ჩინურივით წაიკითხა და ხელზე შერჩენილ ნავთის რიგის ნომერს ჩაუკვირდა. მერე შეეცადა აგზნებული ქმარი დაერწმუნებინა, რომ შენივე ქვეყნის მეორე ნახევარში, შენივე ხალხთან საომრად წასვლა წამგებიანია.

დალურჯებული თვალის დამალვა არც უცდია.

სახლში დაბრუნდა.

- დაეცი? - ჰკითხა მამამ და მარილწყალში დამბალი პურის „აჩმა“ და თავისი ხელით შეგროვილ ბალახებზე - არავინ უწყის მერამდენედ - დაყენებული ჩაი შესთავაზა.

- ჩამოვიდა შენი ქმარი, - მალევე მოადგა კარზე მამამთილი, - წადი სახლი ნახე. ახალი გიყიდა. - რა უბედურებაა ამდენი მცენარე ერთ ოთახში? ჯუნგლია?

- ჯუნგლის კანონებით სადაც ცხოვრობენ, ჯუნგლი იქაა. - მამისთვის რო გეკითხა, მიწასთან გაასწორა მძახალი.

წერო მორჩილად წაყიალდა, ისე რომ უკან არ მოუხედია. არ უნდოდა მამის შვებამოგვრილი ღიმილი დაენახა.

- მამაშენი არი სირი! - აუხსნა მამამთილმა მანქანაში. მის გონებამდე მიაღწია, რომ შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით უპასუხეს.

- მამაჩემს თავის სფეროში მთელ მსოფლიოში იცნობენ. - თავზე გადაიდო იდაყვი წერომ.

- მაგას გეუბნები, მსოფლიო მასშტაბის სირია. - ფანჯრიდან გააპურჭყა მამამთილმა და კაი სახლიაო, შვილით მოიწონა თავი.

წეროს ქმარმა ბოდიში მოიხადა. „ძალიან ცუდი ვარ, ყველაზე ცუდი“-ს ძახილით მომარადიორებული სავარძლის წინ მუხლებზე დაეცა და თავი მანამდე არ აუწევია, სანამ წეროს მიტევების მაუწყებელი კვნესა არ აღმოხდა.

ასე დამთავრდა ომობანა საყოველთაო დამარცხებით.

მთავარ ქუჩაზე მდგარი გაუგებარი ფორმის სახლის მეორე სართულზე განთავსებული ბინის ფანჯრებიდან მხოლოდ სარეკლამო აბრები და ფარები ჩანდა. ქუჩაში ისე ვერ გახვიდოდი თუ ყველა მეზობლის აივანს არ გაივლიდი. ბინა იყო ცივი, დიდი და მოუხერხებელი. შუა, სასტუმრო ოთახს თითო კარი ჰქონდა ყოველ კედელზე. კედელი იყო რვა და თითოეულ კარს სხვა ოთახში ან წერტილში გაჰყავდი. წეროს თავგზა ებნეოდა. ვერაფრით ვერ ხვდებოდა, რომელ ოთახში, რომელი კარი გადიოდა და გაუგებარ ტრაექტორიებზე ფრთხილად მოძრაობდა.

- მე მივფრინავ ფორთოხლის საკრეფად, - შეეჭრა ერთ დღეს აგზნებული ქმარი.

წერომ თვალი მოისინჯა და იკითხა.

- საპირფარეშო საითაა?

- ვა! - გაუხარდა ქმარს - მოგეშვა?!

წერომ საპირფარეშოს ვერ მიაგნო, სამაგიეროდ მიაგნო ასტას გამოგზავნილი წერილების და სურათების დასტას. „მე და პატარა ნიკალასი კლაიპედაში“, „მე, ნიკალასი და მარიუსი ნაციონალური სიმღერების ფესტივალზე“, „მე თეატრში.“

წეროს ისევ ეიეროგლიფა გზავნილი და კერამიკულ კედლის ბუხარში შეუძახა.

ნაგვით სავსე ცივი ბუხრიდან ერთი სურათი გადმოვარდა: ასტა და წერო იურმალას პლაჟზე, საქვეყნოდ ცნობილი საპარფიუმერიო ფირმის სარეკლამო გადაღებებზე.

- შენ ამასთან რამე გქონდა? - გამოგლიჯა ხელიდან სურათი ქმარმა.

- ორჯერ თუ სამჯერ - ალალად გაუსწორა თვალი თვალში წერომ და ხელები ისე აიქნია, თითქოს უკან გადავარდნას აპირებსო.

- წადი მოფსი და ჩამალაგე. - სურათისთვის თვალი არ მოუშორებია ქმარს და როცა წერო საპირფარეშოს მაგივრად სამზარეულოს მიმართულებით წაკონწიალდა, დაამატა. -კაი სანახავი კი იქნებოდა, ბოიშშშ.

გაცილების ცერემონიის ღამეს წერო მედგრად დაუხვდა. თავის ტკივილი მოიმიზეზა.

- დავბრუნდები და მოგი...გონებ! - დაჰპირდა ქმარი.

არ დაბრუნებულა.

წეროსთვის რომ გეკითხა, არც წასულა, ჩრდილად იქცა.

მარტოსულის ოთახებს არაფერი არ ათბობდა. ცისფრად და მწვანედ შეჭიქულ კერამიკულ ბუხარში ჯერ ჟურნალ-გაზეთები ჩაიფერფლა, შემდეგ ეული წიგნები, ბოლოს ტომეულები. ისე ჩანაცრდა წეროს საამაყო და კითხვით ფურცლებგალეული მზითვი, ბოლიც კი არ ასვლია, სუნიც კი არ გამოუცია. მხოლოდ სიცარიელე დატოვა - წეროს საყვარელი ადგილსამყოფელი. სიცარიელეში ქმრის აჩრდილი ვეღარ აგნებდა, ვეღარ ასწავლიდა რომელი ოთახიდან რომელში უნდა გაეხვია. სიცარიელეში მიმართულებას ვერავინ აძლევდა, თავისუფლად მოძრაობდა და სუნთქავდა.

ასეთ დროს უნდოდა დაეჯერებინა, რომ მისი სახლი მუზეუმს ჰგავდა. პატარა, მყუდრო მუზეუმს, სადაც თითქმის არაფერი იცვლება.

- დაეზღვიეთ ქონების გატაცებისგან - მოადგნენ ერთ დილით კარზე.

სადაზღვეო კომპანია მისი სახლის პირველ სართულზე გაეხსნათ.

მესამე სართულზე კი, ზედ წეროს ბინის თავზე ღამის ბარი ემზადებოდა პრეზენტაციისთვის.

- მარჯვენა ფლიგელში მცხოვრები მეზობლები ხელს ვაწერთ განცხადებას ამ სახლის დანგრევის შესახებ - იმედიანად დაუკაკუნა მეზობელმა.

- მარცხენა ფლიგელის მეზობლები ვითხოვთ ბარის და სადაზღვეო კომპანიის ფართების კოოპერატივის მაცხოვრებელთათვის გადმოცემას. - საომრად შემართულები მიადგნენ მეორე დღეს.

- მე თქვენს ზემო ბარის მფლობელი ვარ - მაცდურის ღიმილი გაუბრჭყვიალა სახესთან ვულგარულად შეღებილმა დედაკაცმა - რამდენად ყიდით თქვენს ფართს?

- თქვენ ხომ ძალმომრეობისგან არ დაზღვეულხართ?... ტერაქტები გახშირდა... და ტრეფიკინგისგან დაეზღვიეთ?... - არ ეზარებოდა თავის შეხსენება სადაზღვეო აგენტს.

წერო ყველაფრისგან დაეზღვია,ყველა განცხადებას მოაწერა ხელი, ბარის პატრონსაც დაჰპირდა სახლის უანგაროდ გადაფორმებას და ბარში საცხოვრებლად გადასვლას. კარი მტკიცედ გამოიხურა და თავის მუზეუმს დაუბრუნდა.

ჭაღის კავზე ყულფი ჩამოაკონწიალა.

ჩამოხრჩობანას თამაში არც უფიქრია, მხოლოდ თავს შეახსენა, რომ სიკვდილი აქვეა. ცისფერი, მსხვილი ყულფი ჭაღებგაყიდული სახლის ჭეშმარიტ სამშვენისად იქცა.

- გაგიჟებულხარ სახლში ჯდომისგან. - დაასკვნა მამამთილმა. - დედაჩემს გადმოგიყვან და მოუვლი! - ქმრის გადმოგზავნილი ფული საწოლში ჩაუყარა საფერფლეებშემოჯარულ რძალს ზიზღით.

მეორე დღესვე კარზე მოაყენა დავრდომილი.

ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი მუზეუმის მყუდროებას არ არღვევდა.

ბებია ლოგინში უმწეოდ აფათურებდა ხელებს, თითქოს რაღაცა დაკარგულს ეძებდა და სუსტი ხმით ხაოდა:

- წეროო, ბებოო, სადაა ფართობიი?! სად გააქრეს, ბებოო, ამდენი ფაართობიი?!

წერო ჭკუიდან გადაჰყავდა ამ ფრაზას.

- მე მგონი არ იქნება ურიგო ფართის კვადრატურის მიხედვით შევთანხმდეთ ბინის ფასზე. - გაუბრჭყვიალეს მომხვეჭელის ღიმილი განმეორებით. - არ გაწყენინებთ, კომერციული ფართის ფასში ავიღებთ.

- ქალბატონო! - ემჭახა საკუთარი ხმა წეროს - არ ვყიდი ბინას.

- გაყიდი, ჭუკლი, სად წახვალ?! - ჩაიქირქილა და გაქრა ღამის სტუმარი.

- დაეზღვიეთ შანტაჟისგან! - დაუკაკუნებლად შემოაღო კარი გაშიანურებულმა აგენტმა.

- სიცოცხლის დაზღვევას არ აკეთებთ? - ჰკითხა წერომ.

აგენტმა ყულფს ახედა.

- არა.

ღამის ბარი იმ საღამოს იხსნებოდა.

- ე! ველურკა! არ გინდა ახალგაზრდობა გაგახსენო? - მოულოდნელმა ზარმა უხეშად შეაჯანჯღარა წერო. - შენი სახლის თავზე ბარი გაიხსნა, გპატიჟებ, კუროჩკა. - და ჩაბჟირდა დიდი ხნის დავიწყებული თანაკურსელი.

თანაკურსელს უფროსი მამაკაცი ახლდა.

- ეგ არის! - აათვალიერ-ჩაათვალიერეს წერო.

ბარი გნიასებდა, ხორხოცებდა, ღრიანცელი გაუდიოდა. მუსიკის ყვირილში ძლივს აგებინებდნენ ერთმანეთს საქმიან ყვირილს. გაირკვა, რომ წეროს ქათმის რეკლამაში უპირებდნენ გადაღებას.

- არაპოეტურია! - გააპროტესტა უნიათოდ.

- სარფიანია! თან სახე იქნები მაგარი კრუპნი ფირმის. ყველა კუროჩკას დაგიძახებს. - ისევ ჩაბჟირდა.

- კარგი... რადგან ეროვნული პროდუქტია.

- შენ, შენ... ალაოდ... რა ეროვნული... გამოდი სახლიდან! - ენა დაება თანაკურსელს.

ის ღამე სახლში არ გაუტარებია, ბარის გახსნის აღსანიშნავი ფეიერვერკების და დილისთვის შეპირებული ექსკლუზიური ყავის ხათრით. მეორე დღე რეკლამის გადაღებებში დააღამა, გადახალისებული და აგზნებული მიუბრუნდა თავის მუზეუმს და თან გადასაღები მოედნიდან უპასუხისმგებლოდ აღებული საჩუქარი, შვიდი ახალგამოჩეკილი წიწილაც შემოიყოლა.

ქუნქულა წიწილები ციმციმ ჩასვა ფერადი წნელით მოწნულ ბალიშჩაფენილ კალათში. წყალი ჩაუდგა და საკენკი ჩაუყარა.

დაღლილს და გაღიმებულს ჩაეძინა.

იმავე ღამის ხუთი საათისთვის დღიურში ჩაინიშნა:

„...თუ ბარში ხარ და სახლზე არ ფიქრობ რა კარგად ინიღბება მშუქი მუსიკით მოძმის იგნორყოფა, მოყვასის არსიყვარული. ბარში არც კი გახსოვს, ერთხელაც არ გახსენდება რომ ეს ბარი შენს სახლს ადგას თავზე...“

ასე იმიტომ მოიქცა, საღამოს ათიდან რომ ჩართეს და გაუბერეს... ძილი გაქრა.

ხმის მძლავრი გამაძლიერებლების ღრიალს, ფეხების ბრაგაბრუგს, ჭურჭლის მსხვრევის ხმას და კივილ-წივილს ორივე ფლიგელიდან გამოვარდნილი საბანშემოხვეული მეზობლების აღშფოთებული შეძახილებიც დაერთო. წიწილებმა ტვინის წამღები გნიასი ატეხეს.

- სულ რატომ ყვირიხართ! - ყვირილით გამოვარდა აივანზე პიჟამოიანი წერო და შეცბა - სულ რატომ ვყვირივართ? - ნირწამხდარი შეიყუჟა სახლში. ოთახებში მიმოფანტული წიწილები ძლივს შეკრიბა, დასამშვიდებლად კალათში „გრელკა“ ჩაუდგა და კალათა თეთრეულის კარადაში ღრმად შემალა. წიწილები მაინც წიოდნენ უნიათოდ.

აღარ იცოდა რა ექნა და ლაგებას მიჰყო ხელი. მივიწყებულ ფუნჯებს და საღებავებს მოჰკრა თვალი და იატაკზე გადმოაწყო. მთელი ღამე უჯრები ალაგა... თვითონ არეული დარჩა.

ბებოს არაფერი გაუგია. ბებომ კარგ გამოსავალს მიაგნო. ბებო წინა ღამით დაყრუვდა.

წეროს მოხუცის შეშურდა

ლამაზ ბაღში მდგარი ერთსართულიანი თეთრი შენობა, სადაც ასტა პირველად ნახა, მუზეუმი იყო. ასტა აქ გიდად მუშაობდა, მამამ მოაწყო სტაჟისთვის, უმაღლესში ჩასაბარებლად.

საუკუნის დასაწყისში ამ პატარ-პატარა სარკმელებად დანაწილებულ დიდფანჯრებიან სახლში ერთი მუსიკოსი მხატვარი ცხოვრობდა, ჩურჩულივით გვარი ჰქონდა - ჩურლიონისი. სევდიანი ბავშვობა... ტრაგიკული ხვედრი... არაფერი მღვრიე დროებისთვის შეუფერებელი.

მხატვარი ხატავდა გასვენებებს, პანაშვიდებს, ზოდიაქებს, ყულფებს, ადამიანთა სილუეტებს, ცაზე ამაღლებულ მთებს, იმქვეყნიურ ეკლიან ყვავილებს, ერთ ცაზე ბევრ მზეებს, მინდვრებს, მინდვრებს, მინდვრებს და ისევ ყულფებს, ყულფებს, ყულფებს, ჯვრებს და ჯვარცმებს, ჯვრებს და ჯვარცმებს. იგი ხატავდა მუსიკას და წერდა მუსიკას თითოეული ნახატისთვის. მისი ყვითელი იყო სასულე ინსტრუმენტების ლითონებისფრად ცივი. მისი შავი იყო ორკესტრის უორკესტრო ხარო, მისი არპეჯიო - ერთცაზებევრმზისფერი. მისი ჯვარცმები რეჩიტატივივით მეორდებოდა.

მხატვარი ორღანზე უკრავდა, მამა ეკლესიის მსახური ჰყავდა, ფოლკლორს იკვლევდა... არაფერი მღვრიე დროების შესაფერი.

ორღანი უკრავდა ტურისტებისთვის.

წერო არასდროს ყოფილა ამდენად მისტიურ, ასეთ ნათელ, ასეთ საშიშ და ასეთ შინაურ მუზეუმში.

მთავარ ოთახში რომ შეაბიჯა, იქ საიდანაც მუსიკა მოედინებოდა, თვალები მოხუჭა, რადგან უამრავ სინათლეში აღმოჩნდა. სინათლე ფანჯრებიდან, ფარნებიდან და მომეტებულად ნახატებიდან გადმოდიოდა. ოთახი - სინათლით სავსე ჭურჭელი. სინათლეში ალაგ-ალაგ ამოჩრილი გამხმარი ყვავილები, ბზობა-აღდგომისთვის თაიგულად შეკრული ხორბლის თავთუხები, უკვდავები, ნარშავები... ეკლიანი სინათლე. ასტა ამ სინათლის სუსხში ჯერ გაკრთა, მერე გამოკრთა, მერე გამოიკვეთა, ბოლოს გამკვეთრდა.

წერო თვალებგაფართოებული უყურებდა შემოსულს, ირგვლივმყოფნი პირდაღებული შესცქეროდნენ ორივეს.

ერთი სიმაღლისანი იყვნენ, ჯიშიანი ცხენებივით უზადოდ აწყობილები, გადამტვრევას რომ არაფერი უკლდა, გრძელი კისრებით. ასტას მუხლებამდე სცემდა სქელი, ლარივით სწორი ჩალის ძნა-თმა, წეროს მკლავის სიმსხო, წელს გვარიანად ჩაცდენილი კუპრივით შავი ნაწნავი გველივით ეტმასნებოდა ხერხემალზე.

ორივეს ციური სხივი ედგა, ერთს ბალტიის ზღვისფერ, მეორეს შავიზღვისფერ თვალებში. ერთის ტუჩები ასტრებს ჰგავდა, მეორის ტუჩები ბროწეულის ყვავილს.

ცივი და მხურვალე სილამაზე ერთმანეთისკენ გაემართა.

წეროს მოეჩვენა, რომ ძალიან დიდი, დიდი დრო გავიდა მათ შეხვედრამდე:

- გამარჯობა! - ოდნავშესამჩნევად გაუღიმა ასტამ. ...და პირველად მაშინ მოხდა: წერომ იგრძნო, რომ სადღაც თავს ზემოთ, სრულიად ცარიელი სხეულის მიღმა ვიღაცას შეხვდა. არასდროს ყოფილა ამდენად სავსე, გაწონასწორებული, მშვიდი და ბედნიერი.

- შვენტეს! - ერთადერთი სიტყვა იცოდა წერომ ლიტვურად. სიტყვა დღესასწაულს ნიშნავდა და წეროს ხმამაღლა გაეცინა.

მეორედ როცა მოხდა, თეთრ ქვიშაზე იწვნენ, გადაღებებით დაღლილები და ჩრდილოული მზის ასთენიურ გზავნილში ცდილობდნენ გარუჯვას. ფოტოგრაფები, სტილისტები და აგენტები უკვე შემოეფანტნენ. წასვლისას ოქროს მთებს დაპირდნენ ორივეს, მაგრამ წეროს ეს მოყვითალოდ თეთრი, უკაცრიელი დიუნები ყველა მწვერვალს ერჩივნა იმ წუთში.

- რა სიჩუმეა, - სიჩუმის დარღვევის შიშით არ თქვა წერომ.

შეხვედრა ისევ მათ თავზე ლივლივებდა. „იქ“ სხეულსმიღმა სიმშვიდეში კარგი იყო.

მესამედ ეს მოულოდნელი ერთიანობის გრძნობა თბილისის აეროპორტში ბოლო შეხვედრისას გაუმეორდა.

- დიდი ცვლილებები გველის, - უთქმელად თქვა ორივემ ერთად, ერთად გაისმა ორივეს ფიქრში. ერთი და იგივე სხვადასხვა ენაზე გაიგეს და ერთმანეთს ხელი დაუქნიეს.

ბარი დღითიდღე იკრებდა ძალებს.

ბარი დღითი დღე უფრო და უფრო ბევრ მნახველს იზიდავდა.

ბარი ფართოვდებოდა და სამუშაო საათების რაოდენობას ზრდიდა.

ღამით ძილი შეუძლებელი გახდა.

ჭერს უხეში ზანზარი გაუდიოდა, ვიბრაცია და ჩექმების დრაგუნი ბზარს ბზარზე მატებდა წინა საუკუნეში შებათქაშებულ კედლებს. ნაფშხვენები ანტიკვარულ ავეჯს ეყრებოდა. ძველებური ბუფეტების და კომოდების მოტეხილი ჩუქურთმები იატაკს. კერამიკულ ბუხარს შავ კვადრატებად აჩნდა ჩამოცვენილი, ოდესღაც მოცისფრო- მომწვანოდ მოჭიქული კაფელი. ცარიელი წიგნის თაროები ბრახა-ბრუხით ცვიოდა ძირს. მუსიკა დილამდე ხმაურობდა, ჩხაოდა, ხაოდა, გრგვინავდა, ბზუოდა, წუოდა, წიოდა, წვალობდა, აწვალებდა მსმენელს. კიოდნენ მოცეკვავეებიც, ხანგრძლივი ღამისთევით შეშლილი მეზობლები უკიოდნენ ბარის პატრონს, ბარის პატრონი უკიოდა მეზობლებს და კივილით მოვარდნილ პატრულს. კიოდნენ მთვრალი ქალები იქვე, ეზოში, ან, უკეთეს შემთხვევაში, ავტოსადგომზე ჩაწკაპულ ავტომობილებში განცდილი სიამოვნებისგან. კიოდა სასწრაფოს სირენა და ჭკუიდან გადამდგარი მარცხენა ფლიგელელი მეზობლები საავადმყოფოებში გადაჰყავდა. კიოდა სახანძროს სირენა, რომელსაც მომიტინგე მარჯვენა ფლიგელელი მეზობლების წყლის ჭავლით დაშლა ევალებოდა.კიოდნენ სარეკლამო ფირნიშებიც კი. ხმაურში მათი რეკლამები ჩაიკარგა და გიგანტური ტელევიზორები მოწადინებულად ცდილობდნენ ხმაურის გადაფარვას.

სახლს შემოალყული აივნების მოაჯირებს და ხვეულ კიბეებს ხრიგინით მიუყვებოდნენ როლერები და სკეიტბორდისტები. ხანგამოშვებით ბარის სახურავზე მოზუზუნე ვერტმფრენები ეშვებოდა და მოფრიალებული კარებებიდან მადააშლილთა ახალ-ახალ მოხმაურე ნაკადებს ათავისუფლებდა.

იარაღიც ქუხდა კანტი-კუნტად, ვინმე გულმოწყალე სამორინელი თუ მოიკლავდა თავს ათასში ერთხელ.

ხანგამოშვებით ბარიდან დრომოჭმული „დინამიკები“ და „უდარნიკები“ ცვიოდა. დღისით ეზოს ბავშვები ამ „უდარნიკებზე“ ცდიდნენ ღამით დაგროვილ ძალღონეს.

ჟამდაჟამ ფეხზე დამცველი ზონრით პარაპეტებზე მიბმული მძაფრ შეგრძნებათა მოყვარულები თავით მოექანებოდნენ ასფალტისკენ და კიდევ დიდხანს მიქრი-მოქროდნენ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის აღტყინებული კიჟინით.

შენობა კარკასში იხსნებოდა, იშლებოდა და ყმუილივით ხმებს გამოსცემდა.

სადაზღვეო კომპანიამ ხმაურით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი პოლისები საერთოდ გააუქმა. ხმაური ძვირი ჯდებოდა.

ამ აურზაურში წიწილები ქათმებად გადაიქცნენ, კალათში ვეღარ დაეტიენ, გაექცნენ დასკლინტულ ბალიშს, სუფთებზე მისასკლინტად გადაინაცვლეს და ოთახებს შესეულებმა წეროს ბინა საქათმედ აქციეს. ზრდასთან ერთად ხასიათი შეეცვალათ. ავ, ნევროტიზებულ მტაცებელ ფრინველებად იქცნენ ადრე უწყინარი ფრთოსნები. ჩაწითლებული თვალებით მრისხანედ ეძებდნენ მსხვერპლს და საკორტნად აფხორილები მედგრად იცავდნენ ტერიტორიებს.

დღისით ბებია ითხოვდა სუდნოს და ფართობს. ღამით ვარიები ნადირობდნენ თაგვებზე და ლამინირებულ იატაკს პორჭყნიდნენ, კორტნიდნენ, თხვრიდნენ.

დღისით მეზობლები არემონტებდნენ ბინებს და ხმისგაუმტარ კარკასში სვამდნენ, ღამით ბარის პატრონი იმ მეზობელთა ბინებს არემონტებდა, ვინც ვერ გაუძლო წამებას, დანებდა და ბინა გაყიდა.

წერო ჩამოხმა, ნერვების გორგლად იქცა, გადმოყრამდე დაბერილი ძარღვებით, დაქაჩული თვალებით და გაბუებული თმით მედუზა გორგონას დაემსგავსა.

ამ დროს ასტას წერილი მიიღო.

„ინგრიდი გარდაიცვალა. მივემგზავრები ევროპაში მემკვიდრეობის მისაღებად და საცხოვრებლად.“

- აბა რა! - გაეცინა წეროს. - მამას თუ ანიავებ, სარფიანად უნდა გაანიავო! - და ხატვა დაიწყო. ხატავდა თითქოს ჯუნგლებში გზას კვალავდა, მაჩეტესავით იქნევდა ფუნჯებს და გამოჰყავდა და გამოჰყავდა უხეშ ტილოებზე შაოსანი წეროების მგლოვიარე პროცესიები, მამების კრემაციის ცეცხლოვანი პროცესიები, მუქშავი ცები, კუპრშავი მწვერვალები, გამჭვირვალეშავი ტბები და ბევრი შავი მზე. ყულფები, ყულფები, ყულფები. ფერადად გაზეთილი პიჟამო ფუნჯების შესაწმენდად ეცვა, თორემ ქათმებს შიშველიც მშვენივრად მოიგერიებდა მრისხანედ მოქნეული ფუნჯიდან გაფანტული საღებავის შხეფებით.

- შენ ხარ ღორი. - უთხრა მამამთილმა და დედამისს არც კი დახედა, ისე მიუყარა დავრდომილის წამლები რძალს.

- ეგ, თქვენი ღორი შვილი რომ ჩამოვა, იმას უთხარით! - პირდაპირ ტანსაცმლის კარადას შეახოცა წერომ ფუნჯი.

- უმადური და დაუნახავი რო ხარ... არ ჩამოვა. ქალს მისთხოვდა! ყველამ გაიგო, შე ყუმო! - მამამთილმა ამაყად გაიხურა კარი.

- აქ საპირფერეშო საითაა? - წყნარად იკითხა წერომ.

მამა უფრო და უფრო მშიერი მოდიოდა. უფრო და უფრო გაცრეცილი ტანსაცმლით, და უფრო და უფრო საიმედო ცნობებით.

- უნივერსიტეტიდან გამომიშვეს.

- სახლის მუშტარი არ ჩანს, ავარიულიაო.

- ნაკვეთი გავყიდე ჩალის ფასად.

- დედაშენის საფლავის ფულს ვეღარ ვიხდი.

მამა საცოდავად ცდილობდა წეროს ბინის მილაგებას, გულსგარეთ სვამდა ხარისხიან ჩაის, განურჩევლად ღეჭავდა ყველანაირ საკვებს, აგენტებისგან და ქათმებისგან იცავდა თავს, ყრუ მოხუცს საათობით ესაუბრებოდა და სულმობრუნებული იკეტებოდა საკუთარ მარტოობაში.

წერო ხატავდა ხატავდა ხატავდა. ათეულობით ახალი, ფერადი ყულფი დაკიდა ჭერზე.

იმ ჯერზეც მამა იყო სტუმრად. წერო ისეთ ჯვარცმაზე მუშაობდა, სადაც ჯვარი აეროპლანივით მიფრინავდა დიდი ცაცხლოვანი ხრამის თავზე. ქათმები მოხერხებულად მოკალათებულიყვნენ „რენესანსის“ რიკულებზე. ბებომ ის-ის იყო რაღაცა ფართობს მიაგნო და გაირინდა. სწორედ ამ დროს, ჯოჯოხეთურ ხმაურში მკაფიოდ გაისმა, ზედ წეროს სახლის კარებზე როგორ იხმარეს გადამთვრალი ბარმოლეული ქალი.

- ღრმააად, უფრო ღრმააად! - დაბეჯითებით მოითხოვდა ვნებით ჩახრეწილი ხმა.

უხერხულ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად წერომ ფანჯარაში გაიხედა. რამდენიმე სართულის ოდენა ეკრანზე მის რეკლამას უშვებდნენ:

- ბარკლები თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის! - გაუღიმა ორეულმა. ხარისხი - სათუთია!!! - დაამატა დიქტორმა.

როცა რახარუხმა გადაიარა, გაალისფერებული მამა მძიმედ წამოდგა და ხავერდგადაცლილი შლაპა ხელებში მოჭმუჭნა.

- მამა... სახლში მინდა... - ძალიან ჩუმად თქვა წერომ.

წეროს გასაკვირად მამამ ყინულისფერი გაბოროტებით გამოიხედა თვალებიდან და არადამახასიათებლად მტკიცედ თქვა:

- ეგრე სადაა?! - ჯერ ღორებს აჭამე.

ასტა და წერო თოლიებს აჭმევდნენ ხელისგულებიდან.

თითქოს ზღვა ქვიშას ეფერებაო, ისე მიელამუნა წეროს ბეჭებზე ასტას მშვიდი ხელი.

- ფრთებივით წამოგეწია... - თითქოს ხელისგული დაეწვა, უცებ გასწია, ტუჩებთან მიიტანა და სული შეუბერა.

- იწვი. - გაუცინა მშვიდობიანად.

წერო მაშინაც სხვაგან იყო... თითქოს ერთ-ერთ თოლიაში სახლობდა, ან შეიძლება უფრო ზემოდანაც აკვირდებოდა მომხდარს. იქიდან, ზემოდან ჩანდა თვითონ, ასტა, ზღვა, თოლიები, შორეული, მშობლიური ზღვაც და შორეული მშობლიური ზღვის ბინადარი თოლიებიც. მშობლიურ თოლიებს მშფოთვარე ყაშყაში გაუდიოდათ. ასტა ამ დროს მასთან არ იყო. წერომ კისერი მძლავრად აიქნია. შეეშინდა იმის, რაც დაინახა:

- მე არ ვიწვი, მიწა მეწვის.

მეორე დღეს მამამ შვიდი დაჭმუჭნული თვალაუხელელი გაწეპილი გოჭი ჩაუსახლა შვილს.

- აჭამე.

- ეს რაღას ნიშნავს? - შემოვარდა მამამთილი - ღორები გაკლდათ! ჩემით და ჩემი შვილით გიდგათ სული შენც და მამაშენსაც, არ მეყოფით ღორებად. დედა! ახლავე წავედით სახლში!

- ფაართოობი არაა?! სადაა ფართობი? ცუდი შვილები! წეერო, ბეებო უთხარი დამიბრუნონ ფართობი. - ჩაიჩიფჩიფა დედამ.

- მე გაჭმევთ, მე გასმევთ! ახლა თქვენი ღორები მაკლდა! - მამამთილმა წეროს ფუნჯი გამოტაცა და შუა ოთახში დიდი წითელი ხაზი გაავლო. ზღვარს არ გადმოვიდნენ თორეეე…

- ქათმის გრიპისგან არ დაეზღვევით? - თანაგრძნობით იკითხა სადაზღვეო აგენტის კარებში ძალით შემოკვეხებულმა თავმა და წერომ ვეღარ მოასწრო მამამთილისთვის ეთქვა ცნობილი ფრაზა: მამაჩემთან ათასჯერ უკეთ ვჭამდი და ვსვამდიო.

წითელი ზღვარი მალე „ფრონტის“ წინა ხაზად იქცა.

გოჭები და უკვე ბურვაკის ხელა ქათმები ერთმანეთს დაერივნენ. თავდაპირველად ქათმებმა დაჩაგრეს და გოჭები საწოლების ქვეშ გააძევეს.

წეროს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ჭამდა მისი ცხოველ-ფრინველი. ერთი იყო, რომ ისინი თვალსა და ხელს შუა მატულობდნენ. სხვები თუ დღეებით იზრდებოდნენ, მისი მდგმურები საათობით იყრიდნენ ტანს და ტერიტორიებს იყოფდნენ. ხანდახან მამა მოდიოდა და ცხოველებს აშველებდა.

როგორც კი გოჭები გაღორდნენ, ქათმები ერთიანად შეთქვლიფეს. ამ ამბის მერე წერო თუ ჩათვლემდა, ესიზმრებოდა, რომ ის და ბებო ქათმების ტრაგიკულ ხვედრს იზიარებდნენ. უარესიც, ესიზმრებოდა რომ დინგი ეზრდებოდა და ღრუტუნით ახვანცალებდა ჩაკვარახჭინებულ კუდს, ბებო კი დიდი ქათამი იყო, რომლის შესაჭმელადაც დაბეჯითებით იწევდა. აკრიახებული ბებო-ქათამი საცოდავად ფართხალებდა და ცდილობდა თვალები ამოეკორტნა გაღორებული თავდამსხმელისთვის.

- ერთი დედალიც არ მერგებოდა საახალწლოდ?! - უსაყვედურა მამამთილმა.

- მოდი დავკლათ ერთი ღორი და შევჭამოთ - საცოდავად ამოღერღა ძლივს მოლასლასებულმა მამამ. - მშია.

- ღორი? - გამოცოცხლდა მამამთილი, - ჰო, მართლა, ღორი მაინც შემახვედრეთ, თან ღორის წელიწადი მოდის, ხალადეცი, მუჟუჟი, შებოლვასაც მოვასწრებთ, ცალკე მწვადი... მე ჩავაბასტურმებ! წაშალეთ ეს წითელი ხაზი. რაღას გვიკეთებს.

- ჰაერის ფართობი მაინც დამიბრუნეთ! - დაიჩივლა ბებომ.

- წერომ ის ის იყო ახალი ტილო მოამთავრა. კრიტიკული თვალით შეხედა და მოეწონა. ეს იყო მისი პირველი ნამუშევარი, რომლიდანაც სინათლე იღვრებოდა. მტკიცე, შეუვალი, სარკასტული სინათლე. ტილოზე თავზე ყურსაცვამებ მორგებულ იესოს გადამრჩენელები აქეთ-იქით ექაჩებოდნენ. ჯვარი არსად ჩანდა. სისხლმდინარე ფეხზე მიმაგრებულ აბრაზე წარწერა ჩანდა, „დაეზღვიე და არ იქნები ჯვარცმული!“

ფუნჯები დააწყო, ბებოს ბალიში გაუსწორა და დახშულ ყურში წასჩურჩულა.

- ფართობი კი არა ბებო, სივრცე.

- დაუბრუნეთ ეს ბინა ნამდვილ პატრონს! - მიაძახა მამამთილს.

მამას როცა გადმოხედა, გული თითქოს ნეკნებში მოეწეწკა, მაგრამ მაინც თვალი თვალში გაუსწორა და თამამად უთხრა:

- არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დაიჯერო, რომ ღორები გაჭმევენ. - ხელები დაიქნია, ჯერ ყულფებს შორის გაინავარდა, მერე ფანჯარაში გასრიალდა და კამარა შეჰკრა.

ეზოში ბარის ნაგავს წვავდნენ. შავი კვამლი იდგა და ფერფლი მაღალ სართულებამდე აბორიალებულიყო.

ღორებმა დინგები წამოსწიეს და უმალვე საჭმელში ჩარგეს. კვამლის სუნი ემწარათ.

- ფრთხილად! - ერთდროულად შეჰყვირეს მამებმა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. შიშით ვეღარც ზემოთ აიხედეს, ვეღარც ქვევით ჩაიხედეს და მოპირდაპირე შენობას გაუშტერეს მზერა. სარეკლამოდ გამოდგმული გიგანტური ტელეეკრანი საინფორმაციო მაუწყებლობას დაეკავებინა:

- ნოუ-ხაუ მილიონერთა სამყაროში! - ფარული ზეიმით აუწყა თანამემამულეებს თმებდაწყობილმა, ტკბილადმომღიმარე დიქტორმა. - შეძლებულმა ადამიანმა გარდაცვლილი მამის ფერფლი ერთკარატიან ბრილიანტად გადააქცია!

20.5 ხეობა

▲back to top


ლიტერატურა - თარგმანი

0x01 graphic

© UMBERTO ECO
Originally Published in The New Yorker

უმბერტო ეკო

დასაწყისი იხ. N 25

როდის წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ის „დიდი თამაში?“ სამყაროში, სადაც ყველა ერთმანეთს ესროდა, ჩვენც გვჭირდებოდა მტერი და ასეთად სან-მარტინოში, მთის მწვერვალზე გაშენებულ სოფელში მცხოვრები ბიჭები დავისახეთ.

იქაურები მართლაც იდეალური მტრები იქნებოდნენ, ვინაიდან უკლებლივ ყველა ფაშისტად მიგვაჩნდა. სინამდვილეში კი აი, როგორ იყო საქმე: ერთი ოჯახიდან ორმა ძმამ „შავხალათიანებს“ მიაშურა, დანარჩენი ორი კი სოფელში დარჩა; ამბობდნენ, იქაური დაჯგუფების მეთაურები არიანო. სოლარელებს უყვარდათ ომში წასული ბიჭები და ამიტომაც ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, სან-მარტინოელებს ვერ ენდობა კაციო.

არ ვიცი, ფაშისტები იყვნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ იქაური ბიჭები ნამდვილ ცხოველებად მიგვაჩნდა. როცა ისეთ წყეულ ადგილას ცხოვრობ, როგორიც სან-მარტინოა, ძალაუნებურად ყოველდღე რაღაც უბედურება უნდა ჩაიდინო, მხოლოდ იმიტომ, თავი რომ დაირწმუნო, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარო. იქაური ბიჭები სოლარას სკოლაში სწავლობდნენ და ჩვენ, ქალაქელები, ისე ვუყურებდით, როგორც ბოშებს. ჩვენ ათასი „ნუგბარი“ დაგვქონდა სკოლაში - პური, ფორთოხლის ჯემი - მათ კი ისიც ახარებდათ, ვინმე თუ ჭიან ვაშლს გადაუგდებდა. მოკლედ, რაღაც უნდა ჩაედინათ და ისინიც ზოგჯერ ქვებს გვიშენდნენ, როცა ჩვენ ორატორიოს ჭიშკარს ვუახლოვდებოდით. ცხადია, ამაზე პასუხი უნდა ეგოთ. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, სან-მარტინოში ავსულიყავით და სწორედ მაშინ დავსხმოდით თავს, ეკლესიის მოედანზე ბურთს როცა დასდევდნენ.

მაგრამ სან-მარტინოსკენ მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა, არც მოსახვევი იყო და არც არაფერი და ეკლესიის მოედნიდან მშვენივრად ჩანდა ყველა მიმსვლელი. ასე რომ, მოულოდნელად ვერ დავატყდებოდით თავს. მერე კი დურანტემ, ჩვენებური ფერმერის შვილმა, რომელიც ისეთი შავტუხა და დიდთავა იყო, ნებისმიერ აბისინიელს შეარცხვენდა, განაცხადა, დიახაც რომ დავატყდებით, თუკი მთის ხეობით ავალთო.

მაშინ არავის მოუვიდოდა თავში იმ ციცაბოზე აბობღება (და, შესაბამისად, ჩამობობღება); იქ ხომ ბუჩქებიც არ იყო, რომ მოსჭიდებოდი, მიწა კი, შეიძლება, ყოველ წუთას გამოგცლოდა ფეხქვეშ. კი შენიშნავდი მოშორებით აკაციისა და მაყვლის ბუჩქების კორომს, შუაგულში ბილიკისმაგვარი გასასვლელით, მაგრამ სინამდვილეში იქ გზა არ იყო, მხოლოდ ერთი უსწორმასწორო ქვიანი მონაკვეთი. ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ფეხი დაგისხლტებოდა, დავარდებოდი და ერთი ოცი მეტრი მაინც სულ კოტრიალით წახვიდოდი თავქვე. გინდაც დამტვრევას გადარჩენოდი, ეკალი უთუოდ ამოგთხრიდა თვალს. ყველა სიკეთესთან ერთად, იქ თურმე გველხოკერებიც ოხრად ბუდობდნენ.

ამიტომ ასე ჰაიჰარად ვერ ავიდოდით, წინასწარ უნდა გვევარჯიშა. მთელი სეზონი მოვუნდით ამას: პირველ დღეს ათი მეტრი ავიარეთ, თითოეულ ნაბიჯსა და ნაპრალს ვიმახსოვრებდით, ვცდილობდით, ზუსტად ისევე დაგვედგა ფეხი ჩამოსვლისას, როგორც ამას ზემოთ ასვლის დროს ვაკეთებდით. მეორე დღეს კიდევ ათი მეტრით წავიწიეთ წინ. დრო საკმარისი გვქონდა, რადგან სან-მარტინოდან ვერავინ დაგვინახავდა. სხვათა შორის, სასტიკად გვეკრძალებოდა იმპროვიზაცია: ზუსტად იმ ქვეწარმავლებისთვის უნდა მიგვებაძა, იქაურ ფერდობზე რომ იწყობდნენ თავშესაფარს - ბალახის გველებს, ხვლიკებს.

ამასობაში ჩვენმა ორმა მეგობარმა ხელ-ფეხი იღრძო, ერთი კი კინაღამ დაიღუპა და წაქცევისას იმ ხელის გული, რომელსაც დაეყრდნო, მთლიანად გადაიქლიშა, მაგრამ მალე ჩვენ ვიყავით ერთადერთი „რაზმი“ მთელ დედამიწაზე, იქ აბობღების ხელოვნებას რომ დაეუფლა. ერთ დღესაც გავბედეთ და საათზე მეტ ხანს მივიწევდით წინ, არაქათგამოცლილებმა გამოვაღწიეთ დაბურული კორომიდან და სან-მარტინოს სახლებსა და უფსკრულს შორის გამავალ გზას მივადექით. ამ გზას გალავანი მიუყვებოდა, რათა იქაურები ღამით უფსკრულში არ გადაჩეხილიყვნენ. ბილიკმა გალავანთან მიგვიყვანა და იქ საკმაოდ განიერი ღიობი დაგვხვდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მშვენივრად გავეტიეთ. მერე პატარა ორღობეში გავედით და მღვდლის სახლს ჩავუარეთ. მალე ეკლესიის მოედანზე აღმოვჩნდით.

სან-მარტინოს ბიჭები იქ დაჭერობანას გაუმჯობესებულ, აშკარად გონივრეულ სახესხვაობას თამაშობდნენ: ერთ მათგანს თვალები ჰქონდა ახვეული და ვერაფერს ხედავდა, დანარჩენები კი წინ და უკან დახტოდნენ, „ბრმას“ ხელში რომ არ ჩავარდნოდნენ. ჩვენ სასწრაფოდ დავუშინეთ ქვები, ერთ ბიჭს შიგ შუბლში მოვახვედრეთ, სხვები კი ეკლესიაში შეცვივდნენ, რათა მღვდლისთვის ეთხოვათ დახმარება. ჩვენც დრო ვიხელთეთ, ორღობე ჩავირბინეთ, ღიობში გავძვერით და ფერდობზე დავეშვით. მღვდელი რომ გამოვიდა, მხოლოდ ჩვენს თავებსღა მოჰკრა თვალი და ჩვენც ბუჩქებში გავუჩინარდით. მან საშინელი მუქარა შემოგვითვალა, დურანტემ კი ერთი შესძახა, „ეგეც თქვენო“ და გამარჯვების ნიშნად მარცხენა ხელი მარჯვენა მკლავზე დაიტყაპუნა.

ამის შემდეგ სან-მარტინოს ბიჭებმა ჭკუა ისწავლეს: რადგან ნახეს, რომ ჩვენ იქ მთის ხეობით ავედით, გალავნის ღიობთან გუშაგები დააყენეს. კი შეგვეძლო იმ გალავნამდე დროზე მივსულიყავით, მაგრამ ეს მაინც სათუო იყო; ბოლო რამდენიმე მეტრი ეკალ-ბარდს დაეფარა და ვიდრე იქიდან გავაღწევდით, ისინი განგაშის ატეხას ასწრებდნენ. ორღობის ბოლოს ჩასაფრებული ბიჭები მზეზე გამომშრალი ტალახის გუნდებით გვიმასპინძლდებოდნენ და გზაზე გასვლის ყოველგვარ შესაძლებლობას გვისპობდნენ.

სამარცხვინო დღეში ჩავცვივდით; განა იმიტომ ვისწავლეთ ზემოთ ასვლა, რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა? ბოლოს ისევ დურანტემ გვიხსნა. „ახლა ნისლიან ამინდშიც უნდა ვცადოთ აბობღება.“

ადრიანი შემოდგომა იყო და ზოგჯერ ისეთი ნისლი ჩამოწვებოდა ხოლმე, ცხვირს იქით ვერაფერს დაინახავდი. ნისლიან დღეს ქალაქი საერთოდ არ ჩანდა და ერთადერთი რამ, რაც ნაცრისფერი საფარველიდან ამოზიდულიყო, სან-მარტინოს სამრეკლო გახლდათ. იმ სამრეკლოში მოხვედრილს ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს დირიჟაბლში იჯექი და ზემოდან დაჰყურებდი ღრუბლებს.

ცხადია, ნისლში უფრო ძნელი იყო ასვლა, ვიდრე მზიან დღეს. მთელი გზა ხელისგულივით უნდა შეგესწავლა, ისიც უნდა გცოდნოდა, სად რომელი ქვა ეგდო; ფხიზლად უნდა ყოფილიყავი, რათა დროზე შეგენიშნა ხშირი ეკალნარი. იქიდან ხუთ ნაბიჯში (დიახ, ზუსტად ხუთში და არა ოთხში ან ექვსში) ხომ გზა აღარ იყო: იქვე, დიდ კაჭართან, შენგან მარცხნივ ბილიკი მოგეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში იქ არავითარი გზა არ იყო და თუ იქითკენ წახვიდოდი, კლდიდან გადაჩეხას ვერ ასცდებოდი. და კიდევ, რომელი ერთი უბედურება ჩამოგითვალოთ.

ჯერ ნათელ დღეებში ვვარჯიშობდით, მერე მთელი კვირის მანძილზე გონებაში ვიმეორებდით თითოეულ ნაბიჯს. რუკის შედგენაც კი ვცადე, ზუსტად ისე, როგორც სათავგადასავლო წიგნებშია აღწერილი, მაგრამ, რად გინდა? ჩემი მეგობრების ნახევარს მაინც არაფერი გაეგებოდა რუკებისა. მით უარესი მათთვის. მე რუკა გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი, თვალდახუჭულსაც შემეძლო ასვლა და განა ეს იგივე არ იყო, ნისლიან ღამეში რომ დავდგომოდი გზას?

მთელი რიგი საცდელი ექსპედიციების შემდეგ სან-მარტინოსკენ ავიღეთ გეზი. არც კი ვიცი, როგორ მივადექით მწვერვალს, მაგრამ, ფაქტია, რომ ავედით. მტრებიც იქ დაგვხვდნენ, მოედანზე, სადაც ჯერ კიდევ არ მიეღწია ნისლს. ერთად შეყრილიყვნენ და ყბედობდნენ. არც იყო გასაკვირი: სან-მარტინოს მსგავს ადგილას ან მოედანზე უნდა იყურყუტო, ანდა რძეში ჩამბალი გამხმარი პურის ჩახეთქვის შემდეგ საწოლს მიაშურო.

ჰოდა, ჩვენც მივეჭერით, ერთი გემოზე დავბომბეთ, სიცილიც დავაყარეთ, სახლებისკენ რომ მოკურცხლეს და გამარჯვების ყიჟინით დავეშვით ქვემოთ.

მერე კიდევ რამდენჯერმე დავესხით თავს. ისინი სიბნელეში გუშაგებს ვეღარ აყენებდნენ, რადგან მათ უმეტესობას სიბნელის ეშინოდა, უფრო სწორად, სიბნელეში მობორიალე ჯადოქრების. ჩვენც, ორატორიოს ბიჭებსაც, გვაფიქრებდა ეგ ამბავი და ასვლისას „ავე მარიას“ ვმღეროდით ავი სულების დასაფრთხობად. რამდენიმე თვეს კიდევ ვლაშქრავდით სან-მარტინოს, მერე კი მოგვბეზრდა: ნისლიან ამინდში თუ მზიან დღეს, იქ აბობღება ვაჟკაცობაში აღარ ჩაგვეთვლებოდა.

კვირადღის თორმეტი საათი იყო. რაღაც ხდებოდა. სოლარაში გერმანელი ჯარისკაცებით გადაჭედილი ორი საბარგო მანქანა გამოჩნდა. გერმანელებმა ქალაქი გადაჩხრიკეს და სან-მარტინოს გზას დაადგნენ.

დილას ისეთი სქელი ნისლი ჩამოწვა, რომ ბეღურების ჟღურტულიც კი თითქოს ცხრა მთის იქიდან ჩაგვესმოდა. იმ დღეს მიცვალებული უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ხალხმა ვეღარ გაბედა სასაფლაოზე ასვლა და მესაფლავესაც შემოეთვალა, ახლა ვერავის დავასაფლავებ, ერთიც ვნახოთ და კუბოს მიწაში ჩაშვებისას, ვინმემ მე თვითონ ჩამიძახოს სამარეშიო.

ქალაქიდან ორი კაცი ჩაუდგა კვალში გერმანელებს, იქნებ შევიტყოთ, რას აპირებენო. მანქანები თურმე ძალიან ნელა მიიწევდა წინ, შუქფარები ჩართული იყო, მაგრამ მათი სინათლე ერთ მეტრსაც ძლივს სწვდებოდა. მერე სან-მარტინოსკენ ამავალ აღმართთან შეჩერებულან. ვერც მანქანით ბედავდნენ გზის გაგრძელებას და ვერც ფეხით. მანქანები, შესაძლო იყო, ქვემოთ, უფსკრულში ჩაგორებულიყო და ფეხით თუ წავიდოდნენ, მაინც გაუჭირდებოდათ გზის გაგნება. ალბათ უთხრეს, რომ ის სან-მარტინოსკენ მიმავალი ერთადერთი შედარებით უსაფრთხო გზა იყო, და მათაც იფიქრეს, იქიდან წამოსულს მაინც დავინახავთ, ასეთ ამინდში ვერავინ გაბედავს სხვა გზით ჩამოსვლასო. ამიტომ იქვე გაჩერდნენ, მაგრამ შუქფარები არ გამოურთავთ და ყოველი შემთხვევისთვის იარაღიც მომარჯვებული ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი თურმე რაღაცას ჩაჰყვიროდა საველე ტელეფონს, ალბათ დამხმარე ძალას ითხოვდა. იმ ჩვენმა კაცებმა გვითხრეს, სულ „ვოლსუნდე, ვოლსუნდეს“ გაიძახოდაო. გრანიოლა მაშინვე მიხვდა, რომ ლაპარაკი „ვოლფსჰუნდებზე“, ანუ ნაგაზებზე იყო.

გერმანელები იქ იცდიდნენ და ასე დაახლოებით ოთხი საათისთვის, ჯერ კიდევ დღის სინათლეზე, ნისლის ფარდიდან დაინახეს, რომ ვიღაც ველოსიპედით ეშვებოდა ქვემოთ. ის იქაური მღვდელი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ცხოვრება ამ გზას ადგა და თვალდახუჭულსაც შეეძლო ჩამოსვლა. მის დანახვაზე გერმანელებმა იარაღი დაუშვეს, რადგან სასულიერო პირს კი არა, კაზაკებს ეძებდნენ. მღვდელმა აუხსნა (უფრო ჟესტ-მიმიკით, ვიდრე სიტყვიერად), რომ სოლარას მახლობელ ფერმაში კაცი კვდებოდა და მის საზიარებლად მიიჩქაროდა. მან გერმაელებს ზიარებისთვის საჭირო ატრიბუტებიც აჩვენა, ველოსიპედის საჭეზე მიმაგრებულ აბგაში რომ ჩაელაგებინა. ისინიც სიტყვაზე ენდნენ და გაუშვეს. მღვდელი ორატორიოში მივიდა და დონ კონიასოს ჩურჩულით აუწყა რაღაც.

მართალია, დონ კონიასო პოლიტიკაში არ ერეოდა, მაგრამ ამქვეყნისა მასაც გაეგებოდა რაღაც და ერთი-ორი სიტყვით აუხსნა მღვდელს, თუ რა უნდა ეთქვა გრანიოლასა და მისი მეგობრებისთვის. თავად კი არ სურდა და არც შეეძლო ასეთ საქმეში გარევა.

ახალგაზრდა კაცები მაშინვე მაგიდას შემოუსხდნენ. მეც მათთან მივედი, მაგრამ ვცდილობდი, თვალში არავის მოვხვედროდი.

მღვდელმა უთხრა, რომ ზემოთ კაზაკების პატარა რაზმი იმალებოდა. ისინი რუსეთის ფრონტზე დაეტყვევებინათ გერმანელებს. კაზაკებს ნამდვილად ჰქონდათ საიმისო მიზეზი, სტალინი რომ არ ჰყვარებოდათ. ბევრი მათგანი იოლად დაიყოლიეს გერმანელებმა, ისინიც მათ მხარეზე გადავიდნენ და სათადარიგო რაზმში ჩაეწერნენ (ეს ფულის გამოც გააკეთეს და საბჭოთა კავშირის სიძულვილითაც; თანაც არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, დარჩენილი სიცოცხლე საბჭოთა ბანაკებში გაეტარებინათ. ახლა მათ საშუალება ეძლეოდათ, დაეტოვებინათ საბჭოთა სამოთხე და თავიანთი ოჯახებითა და ავლა-დიდებიანად იქიდან აბარგებულიყვნენ). მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ რეგიონებში იბრძოდა და იქ (მაგალითად კარნიაში) სისასტიკითა და შეუპოვრობით გამოირჩეოდა. პავიაში თურქული დივიზიაც იბრძოდა. ხალხი მათ მონღოლებს ეძახდა. ყოფილი რუსი პატიმრებიც დაძრწოდნენ პიემონტში.

იმ დროისთვის უკვე ყველამ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ომი, გარდა ამისა, ის რვა კაზაკი მორწმუნეც ყოფილა. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ გადაწვეს რამდენიმე ქალაქი და რა უმოწყალოდ ჩამოახრჩეს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მას შემდეგ, რაც მათი ორი ამხანაგი სიკვდილით დაისაჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცებისა და ბავშვების დახვრეტაზე თქვა უარი, ამ კაზაკებს ესესელებთან დარჩენა აღარ შეეძლოთ. „მარტო ამიტომ არა,“ აგვიხსნა გრანიოლამ, „თუ გერმანელები ომში დამარცხდებიან (და ფაქტიურად, უკვე დამარცხდნენ კიდეც), როგორ მოიქცევა ინგლისი და ამერიკა? ცხადია, კაზაკებს შეიპყრობს და თავის მოკავშირე რუსეთს გადასცემს, რუსეთში კი ეს ჯეელები - კაპუტ! ახლა ისინი ცდილობენ, ომის დამთავრების შემდეგ ისეთ ადგილას ჰპოვონ თავშესაფარი, სადაც იმ ფაშისტი სტალინის კლანჭები ვეღარ მისწვდება.

„მართალია,“ ჩაურთო მღვდელმა, „ამ რვა კაზაკს შეუტყვია პარტიზანებზე, რომლებიც ინგლისელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ იბრძვიან და ახლა მათთან მიღწევას ცდილობენ. მათ საკუთარი მრწამსი აქვთ: არ უნდათ გარიბალდისტების მხარეზე ბრძოლა, ბადოგლისტებთან კავშირს ამჯობინებენ.“

ისინი გამოქცეულან და სოლარასკენ წამოსულან, რადგან ვიღაცას მიესწავლებინა, რომ ბადოგლისტები იმ არე-მარეში იმყოფობოდნენ. მათ მრავალი კილომეტრი გაეარათ, ისე რომ გზებს გვერდს უქცევდნენ და მხოლოდ ღამით მიდიოდნენ, ამიტომ ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. ესესელები კვალში ედგნენ და მართლაც სასწაულია, ჩვენამდე რომ მოაღწიეს. ფერმებთან ჩერდებოდნენ და საჭმელს ითხოვდნენ (ყველა მათგანი გერმანულს ამტვრევდა, მხოლოდ ერთმა იცოდა იტალიური). იმ საბრალოებს დიდი საფრთხე ემუქრებოდა: შესაძლო იყო ამასობაში ჯაშუშებსაც გადაყროდნენ.

იმის შიშით, რომ ესესელები წამოეწეოდნენ, სან-მარტინოში ავიდნენ; იფიქრეს, რამდენიმე დღეში იქიდან ბატალიონს განვდევნით და სხვა თუ არაფერი, ვაჟკაცურად მაინც დავიხოცებითო. თანაც ვიღაცას ეთქვა, რომ იქ ვინმე ტალინო ცხოვრობდა, ის კი ისეთ ადამიანთან დააკავშირებდა, რომელსაც მათთვის დახმარების გაწევა შეეძლო. იმ დროისთვის კაზაკების რაზმი უკვე თავაწყვეტილ ხროვად ქცეულიყო. ღამით მართლაც მიაღწიეს სან-მარტინოს და ტალინოსაც მიაგნეს. მან გააფრთხილა, რომ იქ ფაშისტების ოჯახი ცხოვრობდა და რადგან ისეთ პატარა სოფელში არაფერი დაიმალებოდა, გადაწყვიტა ლტოლვილები იქაური მღვდლის სახლში დაებინავებინა. მღვდელმა მიიღო ისინი საკუთარ ჭერქვეშ, ცხადია, არა პოლიტიკური სოლიდარობისა თუ დიდი გულკეთილობის გამო, არამედ იმიტომ, რომ კარგად უწყოდა, თუ რას მოუტანდა სოფელს მათი წინ და უკან ბორიალი; ამას მათი დამალვა სჯობდა, მაგრამ რვა კაცის სამყოფ საჭმელს ვერსად იშოვიდა, თანაც შიშისგან გული ეპარებოდა, რადგან, შესაძლო იყო, გერმანელებს ყველა სახლი გაეჩხრიკათ, მათ შორის - მისიც.

„მისმინეთ, ბიჭებო. ხომ წაიკითხეთ ფელდმარშალ კესელრინგის მანიფესტი - აკი ყველგან გამოაკრეს. თუ იმ კაზაკებს ჩვენთან მიაგნეს, მთელ ქალაქს ნაცარტუტად აქცევენ, და კიდევ უარესი, ვინმემ ცეცხლი რომ გაუხსნას... მაშინ ხომ დედაბუდიანად ამოგვწყვეტენ.“

საუბედუროდ, ის მანიფესტი ყველას წაკითხული გვქონდა და ისედაც მშვენივრად ვიცოდით, რომ ესესელები გულჩვილობით არ გამოირჩეოდნენ და კიდეც გადაეწვათ უკვე რამდენიმე ქალაქი.

„მაშ როგორ მოვიქცეთ?“ ჰკითხა გრანიოლამ.

„რადგან მოწყალე ღმერთმა ნისლი გამოგვიგზავნა და გერმანელებიც არ იცნობენ ამ მხარეს, სოლარადან ვინმე უნდა ამოვიდეს სოფელში და ის დალოცვილი კაზაკები ქვემოთ ჩაიყვანოს, ბადოგლისტებთან.“

„რატომ მაინცდამაინც სოლარადან?“

„ჯერ ერთი იმიტომ, რომ სან-მარტინოში არ ღირს ამ ამბის გახმაურება და მერე კიდევ, გერმანელებმა გზა გადაკეტეს და ერთადერთ იმედად მთის ხეობაღა გვრჩება.“

სიტყვა „ხეობის“ გაგონებაზე კაცები ერთხმად აყაყანდნენ: „ჯერ კი არ გავგიჟებულვართ! ასეთ ნისლში? ის ტალინო რაღას გვიკეთებს, თვითონ ვერ მიხედავს საქმეს?“ და ა. შ. მაგრამ მღვდელმა სასწრაფოდ შეახსენა მათ, რომ ტალინო ოთხმოცი წლის იყო, სან-მარტინოდან მზით გაჩახჩახებულ დღესაც ვერ ჩამოვიდოდა და დასძინა (დარწმუნებული ვარ, ამით ჩვენზე, ორატორიოს ბიჭებზე, იძია შური): „მხოლოდ თქვენს ბიჭებს შეუძლიათ იმ გზით ასვლა, ნისლშიაც კი. ადრე თუ თავიანთ სიმარჯვეს ბოროტი ზრახვებისთვის იყენებდნენ, ახლა, კეთილი ინებონ, და ცხოვრებაში ერთხელ კარგი საქმეც გააკეთონ. რომელიმე ბიჭი დაიხმარეთ და ისე ჩამოიყვანეთ ის კაზაკები.“

„უფალო იესო,“ წამოიყვირა გრანიოლამ, „ასეც რომ მოვიქცეთ, მერე რაღა ვქნათ? ორშაბათ დილას მათ, უბრალოდ, სან-მარტინოს ნაცვლად სოლარაში იპოვიან და თქვენ კი არა, ჩვენ გადაგვბუგავენ!“

ორ ყმაწვილს - სტივულუსა და ჯიჯიოს - პარტიზანებთან ჰქონდა კავშირი. „დაწყნარდით,“ თქვა სტივულუმ, ამ ორიდან შედარებით გამჭრიახმა, „ახლა ბადოგლისტები ორბენიოში იმყოფებიან და აქამდე არც ესესელებს ჩავარდნიან ხელში და არც „შავხალათიანებს.“ ისინი ძალიან მაღლა, მთებში არიან დაბანაკებული და მთელ დაბლობს აკონტროლებენ, თანაც შესანიშნავი ინგლისური ავტომატები აქვთ. აქედან ორბენიომდე, ასეთ ნისლშიც კი, იმას, ვინც გზა კარგად იცის, მაგალითად ჯიჯიოს, მხოლოდ ორი საათი დასჭირდება ასავლელად, თუკი ბილიკს დაადგება... იქ ხომ შუქნიშნებია დაყენებული. კარგი, სამი საათი იყოს, რადგან უკვე ბნელდება. ახლა ხუთია. ჯიჯიო იქ რვა საათისთვის ააღწევს, გააფრთხილებს იმ კაზაკებს, ისინიც ჩამოვლენ და ვინიოლეტას გზაჯვარედინთან დაიცდიან. ჩვენ იქ ათი საათისთვის, კარგი, თერთმეტისთვის, საბარგო მანქანას მივიყვანთ და კორომში დავმალავთ, ხეობის ბოლოს, მადონას პატარა სამლოცველოსთან. ერთ-ერთი ჩვენგანი თერთმეტის შემდეგ ავა სოფელში, კაზაკებს წამოიყვანს, მანქანაში შეტენის და ის ჯიგრები გათენებამდე ბადოგლისტებთან იქნებიან.“

„ხალხო, ამაზე ვყბედობთ ამდენ ხანს? ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ უნდა შევაგდოთ სასწორზე, რომ ვიღაც რვა მამელუქი თუ ყალმუხი თუ მონღოლი და რა ვიცი, ათასი ჯანდაბა და დოზანა გადავარჩინოთ? ისინი, ვინც გუშინდელ დღემდე ესესელებს ეტმასნებოდნენ?“ იკითხა წითურმა ჯეელმა, რომელსაც, თუ არ ვცდები, მიგლიავაჩა ერქვა.

„მოიცა, ძმაო,“ შეაწყვეტინა გრანიოლამ, „იმ ბიჭებს ტვინი გადმოუბრუნდათ და ეს უკვე კარგი რამეა. თანაც რვა მამაცი მებრძოლი, ტყვიას ტყვიაში რომ სვამს ისეთი, ბევრ რამეში გამოგვადგება. დანარჩენის დედაც...“

„ისინი ბადოგლისტებს გამოადგებიან,“ აღშფოთდა მიგლიავაჩა.

„ბადოგლისტებიც და გარიბალდისტებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და როგორც უკვე ითქვა, ანგარიშს მერე გავასწორებთ. ახლა ის კაზაკები უნდა გადავარჩინოთ.“

„ჰო, მასეა, გრანიოლა. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ საბჭოთა მოქალაქეები არიან და სოციალზმის დიადი სამშობლოს შვილები,“ დაეთანხმა მარტინენგო, კაცი, რომელსაც დეზერტირ-მოღალატეები მაინცდამაინც არ უყვარდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, იმ დომხალში ვერ გაარჩევდი, ვინ რას აკეთებდა. აი, თუნდაც ჯინო ავიღოთ. ჯერ „შავხალათიანებთან“ იყო, თანაც ძალიან ერთგულებდა, მერე გაიქცა, პარტიზანებს მიეკედლა და სოლარაში წითელი ყელსახვევით გამოგვეცხადა. მაგრამ ერთობ იმპულსური ყმაწვილი გახლდათ და სწორედ მაშინ დაბრუნდა თავისი გოგოს სანახავად, როცა არ უნდა გამოჩენილიყო. „შავხალათიანებმა“ შეიპყრეს და ერთ დილას წირვაც გამოუყვანეს ასტიში.

„მოკლედ, ასე უნდა ვქნათ,“ თქვა გრანიოლამ.

„მოიცა, მოიცა,“ კვლავ აღელდა მიგლიავაჩა, „აკი მღვდელმაც გვითხრა, რომ იქ აბობღება მარტო ბავშვებს შეუძლიათ, მაგრამ ბავშვს ასეთ საქმეში ხომ ვერ გავრევთ? გინდაც გავგიჟდეთ და გავრიოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ენას კბილს დააჭერს?“

„რატომ?“ შეეპასუხა სტივულუ, „აგერ ჩვენი იამბო. თქვენ არ შეგინიშნავთ, ის კი აქ არის და გვისმენს. ხეობა მას თავისი ხუთი თითივით აქვს შესწავლილი, ჭკვიანი ბიჭუნაა და რაც მთავარია, ენა წინ არ უსწრებს. ამაზე, ძმებო, თავს დავდებ. თანაც მთელი მისი ოჯახი ჩვენს მხარეზეა და მგონი, კარგი ვარიანტი უნდა იყოს...“

ცივმა ოფლმა დამასხა და ჩავიბურდღუნე, უკვე გვიანია და სახლში მელოდებიან-მეთქი.

გრანიოლამ განზე გამიყვანა და შებმა დამიწყო: „ეს ხომ თავისუფლებისთვის ხდება... იმ საბრალო რვა ჯეელის გადასარჩენად. განა შენი ხნის ბიჭს არ შეუძლია გმირობის ჩადენა? სხვა თუ არაფერი, რამდენჯერ აბობღებულხარ იქ და ახლა რაღა ღმერთი გაგიწყრება? ერთი ეგ არის, სიფრთხილე გმართებს, რადგან რვა კაზაკს უნდა წაუძღვე. ის გერმანელები ნუ გადარდებს, გზის ბოლოს დგანან გაქირ ვირებივით და აზრზეც არ არიან, სად არის მთის ხეობა. ავად კი ვარ, მაგრამ მაინც წამოგყვები, მოვალეობას ვერ ვუღალატებ. თერთმეტი საათისთვის კი არა, თუ გინდა უფრო გვიან, შუაღამით წავიდეთ, როცა შენებს ეძინებათ და შეუმჩნევლად გამოიპარები. დილას კი საწოლში გნახავენ... ვითომც არაფერი.“

ასე ამირია ტვინი და მეც დავთანხმდი. სხვა თუ არაფერი, ეს ხომ ნამდვილი სატრაბახო, პარტიზანული თავგადასავალი იქნებოდა, მართლაც ნამდვილი, ისეთი კი არა, ფლეშ გორდონს არბორიას ტყეში და თრემალ-ნაიქს შავ ჯუნგლებში რომ გადახდათ თავს. ახლა მე იდუმალ გამოქვაბულში მობორიალე ტომ სოიერსაც ვაჯობებდი.

მაგრამ რადგან მეც მება მხრებზე თავი, გრანიოლას გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევატანინე. ის ამბობდა, ემანდ გზაში რომ არ დაგვეკარგონ ჩვენი კაზაკები, ერთი კარგი თოკი უნდა ვიშოვოთ და მთასვლელებივით ერთმანეთს გადავებათო, მაგრამ მე შევედავე: „ასე რომ ვქნათ და წინ მიმავალი გადავარდეს, ჩვენც თან გაგვიყოლებს, ამიტომ გვიჯობს თოკის ათი ნაჭერი გამოვიყენოთ, თითოეული ჩვენგანი როგორც წინ, ისე უკან მიმავალის თოკს მოეჭიდება. თუ ვინმე გადავარდა, მაშინვე გავუშვებთ ხელს თოკის ბოლოს. ყველას დაღუპვას ერთის სიკვდილი სჯობია.“

გრანიოლამ შემაქო, მაგარი ხარო.

მე ვკითხე, იარაღი ხომ არ მოგაქვს თან-მეთქი და მან მიპასუხა, არავითარ შემთხვევაში, რადგან ბუზის მომკვლელიც არა ვარ, გარდა ამისა, ღმერთმა დაგვიფაროს და შეტაკება რომ მოხდეს, კაზაკები ისედაც შეიარაღებული არიან, თანაც, გავიხედე და ესესელებს ჩავუვარდი ხელში... რომ ნახავენ უირაღო ვარ, შეიძლება კედელთან აღარ მიმაყენონო.

მერე გრანიოლამ მღვდელს უთხრა, კარგი, თანახმა ვართ და კაზაკებს პირველი საათისთვის მოვაკითხავთო.

დასასრული შემდეგ ნომერში

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

20.6 საბა-5

▲back to top


რეტროსპექტივა

ავტორი: თამარ სუხიშვილი

0x01 graphic

0x01 graphic

ანა კალანდაძე და მამუკა ხაზარაძე

0x01 graphic

აკა მორჩილაძე

ამბავი ასე დაიწყო.

დღე - 23 აპრილი (23 ნოემბერი ჯერ წინ იყო), წიგნის, უფრო სწორად, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე.

წელი - 2003 (გადავამოწმე. მთელი ოთხი წელი. და მერე როგორი ოთხი წელი!..). 2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება. 2003 წელს საქართველოში ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ დაარსდა, რომლის დამფუძნებლები იყვნენ: თიბისი ბანკი, გაზეთი „24 საათი“ და ქართული პენ კლუბი. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი ლიტერატურული კონკურსი და განსაკუთრებული მოვლენა ქართული კულტურის ისტორიაში.

ამინდი იყო მოღრუბლული, ალაგ-ალაგ და ხანგამოშვებით - წვიმიანი (ეს კი კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ამინდის პროგნოზი ყველას აღელვებდა, „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალი ხომ ღია ცის ქვეშ უნდა გამართულიყო).

მოქმედების ადგილი: თბილისი, წიგნის მაღაზია „პარნასი“ - გუდიაშვილის ქუჩა - ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი - მთაწმინდა, ლიტერატურული კონკურსის - „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალი.

მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ. დილას მე და ჩემი მეგობები დიდხანს ვაგემოვნებდით ყავას ანუ გაგვყავდა დრო ყავის სახლში, მერე - კიდევ უფრო დიდხანს მაღაზია „პარნასში“, სადაც ჩვენი მწერლები, მათ შორის „საბას“ ნომინანტები, დიდი ხალისით მოგვევლინნენ გამყიდველთა ამპლუაში. გაგახსენდათ?

მოკლედ, როგორც პოეტი იტყოდა: „ატმოსფერო იყო ატმისფერი...“

მერე იყო წიგნის მხატვრობის გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და აქცია ბიბლიოთეკის გარეთ. ამ აქციაზე ფასდაკლებით რამდენიმე წიგნი ვიყიდე, რამდენიმეც მაჩუქეს და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი. წიგნები ბავშვთა სახლების ბიბლიოთეკებისთვისაც შეგროვდა. მერე ასევე ძალიან დიდხანს ვიდექით ქუჩაში, ძველ და ახალ ნაცნობებს ვეძებდით, ახლად შეძენილ ინტელექტუალურ ქონებას ვასინჯებდით ერთმანეთს; თქვენ წარმოიდგინეთ, სერიოზულ თემებზეც კი ვმსჯელობდით, მაგალითად, მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე, დღევანდელი კრიტიკის სტატუსზე (თუ კრიტიკის დღევანდელ სტატუსზე), ხან უბრალოდ ვლაზღანდარობდით, საუბრის თემა ამინდივით სწრაფად იცვლებოდა, არ იცვლებოდა განწყობა - ხალისიანი და ოდნავ მღელვარეც, მღელვარე, რადგან 90-იანი მძიმე წლების მერე წიგნი ისევ უბრუნდებოდა საქართველოს, ე.ი. უბრუნდებოდა მკითხველი და, შესაბამისად, გადამკითხველიც…

მერე სადღაც იქვე საგანგებოდ ამ ცერემონიალისთვის დაქირავებული ავტობუსები ჩამოდგნენ და ყველანი მთაწმინდისკენ დავიძარით. მგონი, ჯერჯერობით არაფერი გამომრჩენია.

ახლა კი „შპარგალკას“ მოვიშველიებ და მაშინდელ პრესას გადავხედავ, საკუთარ ნაწერებს, რაღა თქმა უნდა, მაშინდელი განწყობა რომ აღვიდგინო.

ამ დღეს დიდი ხანია ველოდით; ველოდით მოუთმენლად, განსაკუთრებული მღელვარებით, თანაც არა 4 თვეს (კონკურსის გამოცხადებიდან შედეგების გამოცხადებამდე), არამედ - დიდხანს, და ამ ლოდინში შურით შევყურებდით სხვა ქვეყნებს, არა მარტო იმიტომ, რომ იქ კარგი ცხოვრებაა და ცხელი წყალი მოდის, არამედ იმიტომაც რომ იქ წიგნიც და სხვა კულტურული ფასეულობებიც უფრო სხვაგვარად ფასდება; იქ მწერალი რომ წერს, მკითხველს იმ წიგნის საყიდელი ფული აქვს, ვიღაცას კი იმდენი აქვს, ეს მწერალი რომ კარგად წერს, შეუძლია დაასაჩუქროს კიდეც. ასე იბადება ლიტერატურული პრემიები. ჩვენში, მიუხედავად იმისა, რომ მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ლიტერატურა უყვართ, ასეთი პრემიები სანატრელია. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა ვახუშტი კოტეტიშვილმა გუშინ პირველად მიიღო ლიტერატურული პრემია (საქართველოში პირველად, თორემ საქართველოს გარეთ მას პრემია მიღებული აქვს) - პირველი დამოუკიდებელი ლიტერატურული კონკურსი საბა. გუშინ საბას დაჯილდოების ცერემონიალმა წარმატებით ჩაიარა. გუშინ მთაწმინდის პარკში ამოსული ხალხის სიმრავლემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი მკითხველი წიგნის კითხვას არ გადაჩვეულა, რომ მკითხველებს შორის, საბედნიეროდ, ახალგაზრდები მრავლად არიან, რომ საქართველოში ლიტერატურული პროცესები საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება და რომ (რაც მთავარია) ამიერიდან ქართულ ლიტერატურას საბას სახით დიდი ქომაგი გამოუჩნდა.

(24 საათი, 24 აპრილი, 2003)

ისიც გამახსენდა, რომ ლიტერატურული კონკურსი ჯერ დაარსებული არ იყო და უკვე რაღაცეები დააბრალეს - კონიუნქტურაო, პოლიტიკაო, თანდათან გამოიკვეთნენ განაწყენებულები, გასანაწყენებლები და გამნაწყენებლებიც. მერე და მერე განაწყენებულთა-გასანაწყენებელთა-გამნაწყენებელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა (მაშინ კონკურსის ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ ლიტერატურული კონკურსების რიცხვიც გაიზრდებოდა, მაგრამ...) და ალბათ ეს ბუნებრივიც იყო. ასეთი უსიამოვნებები და გაუგებრობები ნებისმიერ კონკურსს (არა მხოლოდ ლიტერატურულს, რაღა თქმა უნდა) ახლავს ხოლმე თან.

პრინციპში „საბას“ კონკურსის საფუძველშივე ჩაიდო ობიექტურობისათვის საჭირო მექანიზმები: კონკურსის მხარდამჭერები არ ერევიან ჟიურის მუშაობაში; ჟიურის წევრები ყოველწლიურად იცვლებიან და ა.შ.

როდესაც უკვე მოგვიანებით ჟიურის მუშაობას აფასებდნენ, დათო მაღრაძემ კნუტ ჰამსუნის სიტყვები მოიშველია: ობიექტურობა არის კეთილსინდისიერი სუბიექტურობა და „საბას“ ჟიურის წევრები კონკურსს სწორედ ასეთნაირად მოეკიდნენო. ისე, თუ ჩამოვთვლით ამ გამარჯვებულებს, არა მგონია, მათ მიმართ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდეს. აი, ისინიც, პირველი გამარჯვებულები: ვახუშტი კოტეტიშვილი, ვახტანგ ჭელიძე, ლევან ბრეგაძე, აკა მორჩილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, დათო ტურაშვილი, ბესო ხვედელიძე...

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ბასა ჯანიკაშვილი

0x01 graphic

რატი ამაღლობელი

0x01 graphic

ვახუშტი კოტეტიშვილი

ისევ 2003 წლის მთაწმინდას დავუბრუნდეთ. დაჯილდოების ცერემონიალი იყო უბრალო, ყოველგვარ აბეზარ პომპეზურობას მოკლებული, ჩვენი რეალობის შესაფერისი. უკრავდა „თბილისის კონცერტინო“ შავლეგ შილაკაძის დირიჟორობით, ვივალდის და კიდევ სხვასაც. შებინდებისას გამარჯვებულთა გამოცხადებაც დაიწყეს... პირველი ნომინაცია წლის საუკეთესო დებიუტი იყო. ანა კორძაია-სამადაშვილი გახლდათ პირველი „საბას“ მფლობელი და „საბა-2003“-ის ერთადერთი ნომინანტი, რომელმაც ჟიურის შვიდივე წევრის ხმა ერთხმად მიიღო... ახლა უკვე ნელ-ნელა ფრაგმენტულად წამომიტივტივდა რაღაცეები: თუნდაც ის საყოველთაო სიხარული და მადლიერება, რაც ვახტანგ ჭელიძის განსაკუთრებული პრემიის ლაურეატად გამოცხადებას მოჰყვა; აღტაცება იმით, რომ ბიზნეს-სექტორმა, როგორც იქნა, კულტურას გამოხედა; ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ქება სცენაზე თუ სცენის მიღმა და ჟიურის განცხადება, რომ ყველაზე მეტად თარგმანებს შორის გაუჭირდა არჩევანის გაკეთება... ჰო მართლა, იმ წელს რომანების ბუმიც იყო - კონკურსზე 18 რომანი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულად აკა მორჩილაძის „შენი თავგადასავალი“ დაასახელეს. მერე ისიც გამახსენდა, ავტორმა თავისი პრემია საქველმოქმედოდ რომ გასცა, მინდა ჩემი პრემია დავით კლდიაშვილს ვაჩუქოო და თან ისიც დასძინა: ამას ქველმოქმედებად ნუ ჩამითვლით, ეს ჩემი ვალია მასწავლებლისადმიო. მაშინ აკა მორჩილაძე „საბას“ ცენტრში იდგა. მას შემდეგ კიდევ ორჯერ მიიღო „საბას“ პრემია და გაასამა... ისე, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ „საბას“ პრემიის სახელმდებელი (გნებავთ, ნათლია) ჟურნალისტი ბიძინა მაყაშვილია...

მეტს აღარ გავაგრძელებ.

ასე დაიწყო ეს ამბავი და, რაც მთავარია, კვლავაც გრძელდება. დაველოდოთ, ვინ იქნებიან გამარჯვებულები, ვის მოიწონებს ჟიური?…

მოწონება - კეთილად აღუჩნდეს (საბა).

20.7 ახალი ამბები

▲back to top


ლიტერატურა - ახალი ამბები

იმსჯელეთ წიგნებზე, რომლებიც არ წაგიკითხავთ

ფრანგი პროფესორის, პიერ ბეინარდის წიგნი ბესტსელერი გახდა - ესაა სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმსჯელოთ საინტერესოდ და კომპენტენტურად იმ წიგნებზე, რომლებიც არასოდეს წაგიკითხავთ. 52 წლის ფსიქოანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ თავისუფლად შეიძლება ისაუბროთ წიგნზე, რომლის წაკითხვაზეც დრო არ დაგიკარგავთ და არც უხერხულად იგრძნობთ თავს გადამეტებული ინტელექტუალიზმით შეპყრობილ საზოგადოებაში. მისი თქმით, უსაქმურ ინტელექტუალთა წრეში აშკარად იჩაგრებიან ის საშუალოსტატისტიკური ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, დრო არ აქვთ, რომ დღე და ღამე სქელტანიან წიგნებს უკირკიტონ.

0x01 graphic

კოლუმბიელის იუბილე ესპანურად

2007 წელი გაბრიელ გარსია მარკესისთვის განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა - 80 წელი მწერლის დაბადებიდან; 40 წელი მას შემდეგ, რაც „მარტოობის 100 წლის“ პირველმა გამოცემამ დღის შუქი იხილა; ნობელის პრემიით დაჯილდოების 25 წლისთავი - ყველა ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 6 მარტს, მწერლის დაბადების დღეს, კოლუმბიელი ნობელიანტის ესპანელმა თაყვანისმცემლებმა „მარტოობის 100 წელი“-ს კითხვის მარათონი მოაწყვეს. რომანის პირველი აბზაცი ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, მარია ტერეზა დე ლა ვეგამ წაიკითხა. მარათონში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებმა. ყოველ მკითხველს 15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, რომანის თავიდან ბოლომდე წაკითხვას კი 16 საათი დასჭირდა. მარკესის დაბადების დღე ესპანეთის გარდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით აქცია მოეწყო თბილისშიც - გამომცემლობა „სიესტა“ კოლუმბიელი მწერლის თაყვანისმცემლებს „მარტოობის ას წელს“ ერთი კვირის განმავლობაში სულ რაღაც 5 ლარად სთავაზობდა.

0x01 graphic

ჟან ბოდრიარი ავადმყოფობამ იმსხვერპლა

ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი 7 მარტს პარიზში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ საზოგადოებას მისმა რედაქტორმა, მაიკლ დელორმმა აუწყა. დელორმის თქმით, 77 წლის კრიტიკოსისა და ფილოსოფოსის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა აღმოჩნდა.

ბოდრიარი პირველი იყო თავის ოჯახში, რომელმაც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. იგი მალევე გახდა ცნობილი თავისი პროვოკაციული, პარადოქსული თეორიებით და მალე გავლენიანი ფრანგი ინტელექტუალების ჯგუფს შეუერთდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბოდრიარი თავადვე ამბობდა საკუთარი შემოქმედების შესახებ: „ყოველ ჩემს ახალ ნაშრომს სულ უფრო და უფრო ნაკლები შანსი ექნება, გაიგონ და აღიქვან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩემი პრობლემაა“

0x01 graphic

ექიმი ჟივაგო - ტროას ცხენი რუსეთს

რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფაქტს - ბორის პასტერნაკის დევნას, რუსმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა, ივან ტოლსტოიმ, კიდევ ერთი ინტრიგა შემატა: გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსულენოვანი რომანის წარმატება ამერიკის კონტრდაზვერვის სამსახურმა უზრუნველყო ფინანსურად. მალე დღის შუქს იხილავს წიგნი, სადაც „რადიო თავისუფლებისა“ და „თავისუფალი ევროპის“ ჟურნალისტი წერს, რომ სწორედ ამერიკამ დააფინანსა „ექიმი ჟივაგოს“ განსაზღვრული ტირაჟით გამოცემა და 1958 წელს

პასტერნაკისთვის ნობელის პრემიის გადაცემა. „პასტერნაკის წიგნმა იარაღის როლი ითამაშა ამერიკის ხელში - ამით შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ჭკუა ასწავლა“, - განაცხადა ტოლსტიომ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჟურნალისტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, პასტერნაკის ოჯახის წევრებმა და თავად მწერალმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

0x01 graphic

სონტაგის უკანასკნელი სიტყვა

გარდაცვალებამდე სიუზან სონტაგმა თავისი ესეების კრებულის გამოცემა დაგეგმა. მისთვის ეს ბოლო წიგნი იქნებოდა, თუმცა კი თავად მწერალი არ მოიაზრებდა მას, როგორც უკანასკნელს თავის შემოქმედებაში და სურდა, ესეების მერე ისევ მხატვრულ ლიტერატურას დაბრუნებოდა. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების გამო არაერთი წინასწარგამზადებული ტექსტი და სათაური დაიკარგა, მაგრამ რედაქტორმა მაინც მოახერხა, ერთად შეეკრა 16 ესე და სონტაგის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერილი სხვადასხვა ტექსტები.

„ერთსა და იმავე დროს“ (At the Same Time) ასე ერქმევა წიგნს. სონტაგის ესეებსა და წერილებში ერთმანეთს ჰარმონიულად ენაცვლება ლიტერატურა, პოლიტიკა, ფოტოგრაფია, ესთეტიკა; ხშირად ეს ცნებები ფარავენ კიდეც ერთმანეთს. წიგნში გახმოვანებულია ასევე მისი ადრეული დაკვირვებები და შეხედულებები - 1976 წელს დაწერილი „ფოტოგრაფიის“ პირდაპირი გაგრძელებაა 2003 წლის ერთ-ერთი სერიოზული კვლევა - „ფოტოგრაფია - მცირე რეზიუმე“ (Photography: A Little Summa).

არ ვართ ქალთა მწერლები!

ირლანდიელი მწერალი ქალების ნაწილმა უკმაყოფილება და აღშფოთება გამოხატა იმ კრიტიკოსების მიმართ, რომლებმაც გაბედეს და მათ ნაწარმოებებს „ქალთა საკითხავი ლიტერატურა“ უწოდეს. სესილია აერნი (Cecilia Ahern) და მარიან კეიესი (Marian Keyes) იმ მწერლებს შორის არიან, რომლებიც საკმაოდ წარმატებული ნოველისტის, მაივ ბინჩის (Maeve Binchy) წინააღმდეგ გამოვიდნენ და გააპროტესტეს მისი მტკიცებულება, რომ მათი ტექსტები „მოსაწყენი“ და ზედმეტად „ქალურია“. მარტივად გაიშიფრნენ ირლანდიელი ქალი მწერლების პირით მოლაპარაკენი ტელევიზია RTE-ს სპეციალურ არტგადაცემაში - ლიტერატორი ქალბატონები საკმაოდ უხეშნი და მაღალ ტონალობაში მოსაუბრენი აღმოჩნდენ. „აღსაშფოთებელი ფაქტია - ჩვენ მიერ შექმნილი ლიტერატურის ღირებულებები კრიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს“, - ამბობს ბესტსელერი რომანების ავტორი მარიან კეიესი. თავად კრიტიკოსები კი დიდად არ განიცდიან ქალი მწერლების უნდობლობას და ტელედებატებსაც თავს არიდებენ.

ვატიკანი ოსკარ უაილდს ცოდვებს შეუნდობს

ოსკარ უაილდს კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებული პატივი მიაგო. იმის მიუხედავად, რომ ინგლისელმა მწერალმა და ჰომოსექსუალთა კერპმა კათოლიციზმი მხოლოდ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა აღიარა, ვატიკანმა მისი გამონათქვამები ქრისტიანული აფორიზმებისა და ნაკვესების კრებულში შეიტანა. კრებულს რომის პაპის თანაშემწე, მამა ლეონარდო საპიენცა გამოსცემს.

დიდი ხნის მანძილზე უაილდის მიმართ ვატიკანი ანთიპათიით იყო განწყობილი, კათოლიკური ეკლესია მას გარყვნილ და უსირცხვილო ჰომოსექსუალად შერაცხავდა. ახლა კი რომის პაპის მეთვალყურეობის ქვეშ შედგენილ წიგნს ოსკარ უაილდის ფრთიანი გამოთქმები ამკობს, მათ შორის: „მე შემიძლია გავუძლო ამქვეყნად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა,“ „ცდუნებისგან თავის დახსნის ერთადერთი გზა - მისი მორჩილებაა“.

0x01 graphic

ორჰან ფამუქი გერმანიაში

ნობელიანტი მწერალი ორჰან ფამუქი გერმანიას მაისში ესტუმრება. გამგზავრება თებერვალში იყო დაგეგმილი, მაგრამ მწერალი საუკეთესო მეგობრის ტრაგიკულად დაღუპვამ შეაფერხა. შეფერხების მიზეზი ისიც იყო, რომ ფამუქს ანტიეროვნულობაში ადანაშაულებდნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ ნაციონალისტი თურქები. მწერალმა პროტესტი გამოთქვა 1915 წელს სომხების მასობრივ ჟლეტასთან დაკავშირებით, რაც ნაციონალისტებმა „ღალატად“ მონათლეს.

მეგობრის დაღუპვის შემდეგ ფამუქმა უარი თქვა ქვეყნიდან გასვლაზე, ისე, რომ მოგზაურობის ორგანიზატორებისთვის მიზეზიც არ აუხსნია. თუმცა, მწერალი მალე გამოვიდა მდგომარეობიდან და ახალი გეგმის მიხედვით, 2 მაისს ის უკვე ჰამბურგში იქნება. ღონისძიებები დაგეგმილია ბერლინში, კიოლნში, შტუტგარტსა და მიუნხენში - ფამუქი პუბლიკას თავის ბოლო წიგნს - „სტამბოლს“ - წაუკითხავს. 4 მაისს კი ნობელიანტ მწერალს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდებას მიანიჭებენ.

20.8 ახალი წიგნები

▲back to top


ლიტერატურა - ახალი წიგნები

0x01 graphic

ჯეი მაკინერნი
კარგი ცხოვრება

The Good Life
By Jay McInerney
353 გვ., Alfred A. Knopf

ამ რომანის გარშემო თავიდანვე ეჭვები გაჩნდა, მაგრამ ჯეი მაკინერნი მკითხველის სკეპტიკურ განწყობას მედგრად შეეგება, თითქოს შეგუებულიც კი იყო: „როცა ნორმან მეილერს ვუთხარი, ჩემს ახალ რომანში მოქმედება 2001 წლის შემოდგომაზე ხდება-მეთქი, მწერალმა უნდობლად გადააქნია თავი - 10 წელი მაინც მოიცადეო. 10 წელი მაინც უნდა გავიდეს, მოვლენათა არსს რომ ჩასწვდეო. ამდენ ხანს ვერ მოვიცდიდი...“

„კარგი ცხოვრების“ რამდენიმე მთავარ გმირს უკვე იცნობს ერთგული მკითხველი მაკინერნის ძველი რომანიდან („ბრწყინვალება ეცემა“, 1992). ძველი ნაცნობების - რასელისა და მისი ცოლის - კორინის ამბის პარალელურად რომანში ბანკის ინვესტორის, ლუკ მაკგავოკის ისტორია ვითარდება. 7-ციფრიანი წლიური ანგარიშის მფლობელმა სრულიად მოულოდნელად ყველაფერს ზურგი აქცია და წიგნის დაწერა გადაწყვიტა. ლუკის ახსნა მარტივია: ადამიანს უფრო კეთილშობილური მოწოდება აქვს და წარმავალი საკითხები არ უნდა აღელვებდეს. მის ცოლს, როგორც ქალების უმეტესობას, რასაკვირველია, ასეთი ახსნა არ ესმის და ოჯახში კონფლიქტი იწყება. რასელსა და კორინსაც შეემთხვევათ პატარა უსიამოვნება - გვარიანად შეზარხოშებული სტუმარი რაღაც ავისმომასწავებელს უქადის მათ ოჯახს...

ეს ავისმომასწავებელი წინათგრძნობა ტრაგიკულად გაცხადდება. 11 სექტემბრის ტრაგედიას კორინისა და ლუკის მეუღლენიც ემსხვერპლებიან.

კორინი და ლუკი პირველად სწორედ ტრაგედიის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ისინი ნანგრევებში მომუშავე მაშველებს ეხმარებიან. გაცნობიდან ძალიან მალე კორინი მოხერხებული სიკეკლუცით ცვლის ზოგადი საუბრის თემას: ნუთუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ამ საქმეში სხვებზე უფრო მაგრები არიან? ამ კითხვას დასტურად მოსდევს ლუკის ნაამბობი ჰონგკონგელი მეძავის შესახებ, და კორინის მიერ შებრუნებული კითხვა: მოკლედ, თქვენ ფიქრობთ, რომ სექსი ჩოგბურთის ან ჭადრაკის თამაშს ჰგავს და სრულყოფილება პრაქტიკაში მოდის? უკანა პლანზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევები და ტრაგედიის მსხვერპლთა ცხედრები ილანდება...

ლუკისა და კორინის საუბრის ტექსტსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა, ეთიკური, მორალური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით. კრიტიკოსთა აზრით, მაკინერნი ერთ რამეში ცდება: როგორც ჩანს, მწერალს არ სურს იმის აღიარება, რომ ადამიანები ხშირად არაადეკვატურად იქცევიან, განსაკუთრებით უბედურების დროს, და რომ ლუკი და კორინი სწორედ ასეთი ადამიანები არიან. კრიტიკოსებისთვის ეს ერთი ეგოისტი და ქარაფშუტა წყვილია, მწერლისთვის კი - ძალიან საინტერესო და, ამასთან, უცოდველი პერსონაჟები. მაკინერნი ცდილობს, თავისი განწყობა მკითხველსაც მოახვიოს თავს. იქნებ მართალიცაა, განა გვაქვს კი განკითხვის უფლება?

0x01 graphic

სტივენ კინგი
საკანი

Cell
By Stephen King
355 გვ., Scribner

პატარა ლუციფერები, რომელთაც ღვთის მიერ ბოძებული წესრიგი სრულ ქაოსად გადააქციეს - ასე მოიხსენია ერთ-ერთმა კრიტიკოსმა სტივენ კინგის ბოლო რომანის გმირები. ეს „პატარა ლუციფერები“ მობილურ სატელეფონო კავშირს დამონებული თანამედროვე ადამიანები არიან, ტელეფონზე გაუთავებლად რომ საუბრობენ და ბოლოს საკუთარ თავსაც კარგავენ მობილური სიგნალებისა და სიხშირეების განუწყვეტელ ხმაურში. ამ ხმაურში იკარგება მთავარი: ადამიანური ღირებულებები, სილამაზე, სიკეთე... ალბათ ამიტომაც უწოდებს ზიზღით რომანის ერთ-ერთი გმირი მობილურ ტელეფონს „ეშმაკის კავშირს“.

კინგის ახალ ნაწარმოებში მოვლენები მობილური ტელეფონის სიგნალივით უსწრაფესად ვითარდება. ქალაქს იდუმალი ელექტრონული მუხტი დაუვლის. ეს მუხტი მობილური ტელეფონების მეშვეობით ვრცელდება. შედეგი საბედისწეროა: ადამიანები ზომბებად იქცევიან. და მთავარი გმირის განსაცდელიც სწორედ მაშინ იწყება...

თუ არისტოტელეს „პოეტიკაში“ წარმოდგენილ ფორმის შესახებ მსჯელობას დავეყრდნობით, ზომბების აპოკალიფსის ისტორიას ჭეშმარიტი ლიტერატურული ღირებულება მაშინ ექნება, როცა ის ორ პირობას დააკმაყოფილებს. პირველი პირობა ცივილიზაციის ნგრევით გამოწვეული სავალალო შედეგებისა და სამყაროში გამეფებული ძალადობის ასახვაა. ამ მხრივ „საკანი“ მკითხველს ნამდვილად არ გაუცრუებს იმედს. მოგეხსენებათ, სტივენ კინგი საზარელი სცენების ოსტატი გახლავთ. მაგრამ, როგორც კრიტიკოსები ამტკიცებენ, მეორე აუცილებელი პირობა სტივენ კინგის ახალმა რომანმა ვერ დააკმაყოფილა, კინგი სუსტი ფსიქოლოგი გამოდგა. თუმცა, ეს შეფასებაც ალბათ პირობითია, სინამდვილეში არმაგედონი ხომ არავის გამოუვლია.

0x01 graphic

რობერტ გრინფილდი
ტიმოთი ლირი
(ბიოგრაფია)

A Biography
By Robert Greenfi eld
689 გვ., A James H. Silberman Book/Harcourt

უცნაურია, ტიმოთი ლირის სიკვდილიდან ჯერ სულ რაღაც ათი წელი გავიდა, მაგრამ მისი ცხოვრება თითქოს უკვე ლეგენდასავით გვეჩვენება. ყოფილი ფსიქოლოგი, რომლის ახირებული თეორიის მიხედვითაც, ფსიქოდელური წამლები ადამიანის განვითარებას უწყობდა ხელს, 60-იან წლებში პოპ-ვარსკვლავისა და რელიგიური ლიდერის როლში მოევლინა საზოგადოებას.

რობერტ გრინფილდი ობიექტური ბიოგრაფია, მისთვის მთავარია, არაფერი გამორჩეს. ამის საშიშროება კი ნამდვილად არის, ლირის ცხოვრებაში ხომ იმდენი დიდი თუ მცირე დეტალია, რომ შეიძლება თავგზა აგებნეს კაცს: მამის წასვლა, ცოლის თვითმკვლელობა, გზა ბერკლიდან ჰარვარდისაკენ, სამეცნიერო საქმიანობის დასაწყისი, მექსიკაში გატარებული დრო - ტრანსფორმაციის ხანა... სწორედ აქ, მექსიკაში, მოხდა დიდი გარდატეხა ლირის ცხოვრებაში, ფსიქოდელური ზემოქმედება მისი სწავლების, კვლევისა და მთლიანად ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდა...

1964 წელს დაიწერა „ფსიქოდელური გამოცდილება“ - ნაშრომი, რომლის ავტორებიც იყვნენ ლირი, ალპერტი და რალფ მეტცნერი. სწორედ ამ ნაშრომში გაჩნდა ცნობილი ფრაზა: „გათიშეთ ტვინი, მოდუნდით, მიჰყევით დინებას“. ორი წლის მერე ეს ფრაზა გამოიყენა ჯონ ლენონმა სიმღერაში Tomorrow Never Knows (ბოლო სიმღერა ალბომიდან ღევოლვერ)...

60-იანი წლების ბოლოს ტიმოთი ლირის შესახებ საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი მას აღმერთებდა, ჰიპები აღტაცებით შეჰხაროდნენ, სხვებს კი ბოროტ დემონად მიაჩნდათ. ყველაზე დაუძინებელი მტერი მაინც კანონი იყო, კანონი, რომელსაც ლირი არ ემორჩილებოდა. დიდი ხანი გაატარა ციხეში, რომ გეკითხათ, ისევე ეწამებოდა ხალხისთვის, როგორც იესო და სოკრატე...

შოუ-ბიზნესით დაინტერესებულ მკითხველს, რომელიც უკვე იცნობს გრინფილდისეულ „როლინგ სტოუნზისა“ და ჯერი გარსიას ბიოგრაფიებს, წინ დიდი სიამოვნება ელის. გარდა ამისა, წიგნი 60-იანი წლების კულტურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

0x01 graphic

რონ პაუერსი
მარკ ტვენი
(ცხოვრება)

Mark Twain: A Life
By Ron Powers
723 გვ., Scribner

იყო დრო, როცა მისი ნაწერები პატარა ხერხის მომაბეზრებელ ბზუილს შეადარეს (დღეს ეს სასაცილოდ გვეჩვენება), თუმცა ერთგული მკითხველი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ამ მწერლის ხმას მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობა ჰქონდა, დახვეწილი და წრფელი. რონ პაუერსის ახალი 723-გვერდიანი წიგნი ყველასათვის მშობლიური ამერიკელი მწერლის - მარკ ტვენის, იგივე სემუელ კლემენსის, ცხოვრებაზე მოგვითხრობს; პაუერსის მონათხრობს მარკ ტვენის ცხოვრების შესახებ ისეთივე ჯადოსნური ძალა აქვს, როგორც ტვენის პროზას.

მწერალი მარკ ტვენის სახეს უაღრესად ცოცხალი შტრიხებით ხატავს. მკითხველის წინაშე წარმოდგება მახვილგონიერებით გამორჩეული, პატივმოყვარე, ხშირად აგრესიული ჩხუბისთავი და ამავდროულად უფაქიზესი ბუნების ადამიანი - კაცი, რომელიც არაერთხელ მჯდარა ციხეში ქუჩაში ატეხილი აურზაურისათვის და კაცი, რომელსაც განუწყვეტლივ ქენჯნიდა სინდისი ამქვეყნად გამეფებული უსამართლობის გამო... დაკვირვებული მკითხველის მახვილი თვალი მარკ ტვენის ცხოვრების ძალიან ნაცნობ დეტალებში ბევრ უცნობ დეტალსაც აღმოაჩენს.

ამ წიგნის ავტორი რონ პაუერსი პულიტცერის პრემიის ლაურეატია. მკითხველი კარგად იცნობს მის 2002 წელს გამოცემულ რომანს, რომელიც ამერიკელ თინეიჯერ მკვლელებზე მოგვითხრობს: „ტომი და ჰეკი აქ აღარ ცხოვრობენ: ბავშვობა და მკვლელობა ამერიკის შუაგულში.“ ახალი რომანის სიუჟეტი დროში გადანაცვლების პოპულარულ სქემას მიჰყვება, თუმცა მაინც ორიგინალური ჩანს. მარკ ტვენი ჩვენს სინამდვილეში ცხოვრობს, ის პაუერსის რომანს კითხულობს და ხვდება, თუ რამდენი რამ შეცვლილა ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის დროის შემდეგ. და ტვენი წარსულში ქექვას იწყებს, იმ წარსულში, რომელიც დღეს უკვე გამქრალია.

სხვათა შორის, პაუერსის რომანს სამართლიანი პრეტენზია აქვს, რომ ის ამერიკის ისტორიის საზომად ჩაითვალოს. მარკ ტვენის შემოქმედების ლიტერატურული ღირებულების შეფასებისას პაუერსი იმ მოსაზრებას ემხრობა, რომლის თანახმადაც ტვენმა ახალი რეგისტრი შემოიტანა ამერიკულ ლიტერატურაში: „მარკ ტვენის სადირიჟორო ჯოხი ახშობდა ანგლიკანურ სიმფონიას და ამერიკული ჯაზის რიტმებს უკრავდა.“

ხოლო როცა ჯერი ჰეკლბერი ფინის თავგადასავალზე მიდგება, პაუერსის ბიოგრაფია აღარ გვჭირდება მისი შეფასებისთვის. ამ ნაწარმოებმა, რომელსაც თავის დროზე ელიოტმა შედევრი უწოდა, ყველა დროს გაუძლო.

0x01 graphic

ეკა ქევანიშვილი, ჭორია, ამელი (ნინო თარხნიშვილი),
ქალთარაფერა (ლექსები); რედაქტორი ანა ჭაბაშვილი,
თბ. დიოგენე 2006.

ორი გოგოს ჭორ-მართალი, უჩვეულო ქალური სითამამით მოყოლილი ჩვეულებრივი ამბები. გოგოები ცხოვრობენ, უხარიათ, ტირიან, იცინიან, დარდობენ, ალაგებენ სახლებს, ფუსფუსებენ სამზარეულოში, ელოდებიან, ენატრებათ, ხან ღმერთებს ელაპარაკებიან და ხანაც ოთახის კუთხეებში გაბმულ აბლაბუდებს წმენდენ... მაგრამ ორი ავტორი ამას ერთმანეთისგან აბსოლუტურად განხვავებული ფორმით და შინაარსით აკეთებს - ეკა არ სპეკულირებს ემოციურობით, მკითხველი სიამოვნებას იღებს ტექსტებიდან და ავტორის პიროვნებაც სტროფებს მიღმა რჩება. ამელის მინიატურული პროზა კი ემოციების პატარა ხურჯინია, სადაც ტექსტებზე მეტად ხშირად ავტორი იკითხება.

0x01 graphic

ირაკლი კაკაბაძე, კანდიდატი ჯოყოლა (პიესა);
თბ. სიესტა, 2007 (მეორე გამოცემა).

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდანტის, ჯოყოლა ქისტაურის წინასაარჩევნო კამპანია წარმატებით მიდის. ელექტორატში მისი რეიტინგი მატულობს და პარტიაც კმაყოფილია პროცენტული მაჩვენებლებით. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ამის შესახებ საინფორმაციო გადაცემის ტელეწამყვანები ჰყვებიან. პოლიტიკური რეალობა და გარემოცვა ჯოყოლას პიროვნული განითარებისა და ბედნიერებისთვის გასაქანს არ აძლევს. ისიც იმავე პრობლემას აწყდება, რასაც - ვაჟას პერსონაჟი: პიროვნებასა და საზოგადოებას შორის გაუცხოება, „თემობის წესის“ მკაცრი კანონები და მათზე მორჩილება, როგორც ჩანს, არც 21-ე საუკუნის საქართველოსთვის ყოფილა უცხო. წიგნი დაჯილდოებულია ჰელმან-ჰამეტის ლიტერატურული პრემიით.

პრემია ენიჭებათ მწერლებს, რომელთაც მოღვაწეობა უხდებათ ავტორიტარული და ტოტალიტარული მმართველობის პირობებში და მათ ნაწერებში ჰუმანიზმია გამოვლენილი.

0x01 graphic

პიერ ბურდიე, განსხვავება,
მსჯელობის სოციალური კრიტიკა,
მთარგმნელი გიორგი ბარამიძე, რედაქტორი ლალი ქადაგიძე.
თბ.დიოგენე, 2006.

ფრანგი ფილოსოფოსის კლასიკად ქცეული პოსტსტრუქტურული დაკვირვებები სოციალურ ჯგუფებზე, მათ ესთეტიკაზე, გამოვნებასა და აღქმის კოეფიციენტებზე. წიგნი საფრანგეთში 1979 წელს გამოიცა და არაერთი სოციოლოგის კვლევის საგანი გახდა. ნაშრომს თან ერთვის სტატისტიკური მონაცემები, გრაფიკები და ცხრილები, რომლებიც მსჯელობის სოციალური კრიტიკის თემას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის.

0x01 graphic

ჯორჯ ორუელი, ცხოველთა ფერმა;
მთარგმნელი დავით აკრიანი; თბ. სიესტა, 2006.

ცხოველებმა აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები; მათი გადაწყვეტილება შემდეგნაირია - შექმნან საკუთარი მმართველობის სისტემა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. აკრძალულია ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ფაქტორები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დროთა განმავლობაში ფერმა მაინც „ეცემა ადამიანის დონემდე“ - კეთილშობილი ცხოველები ადამიანურდებიან. „ცხოველთა ფერმა“ პოლიტიკური იგავ-არაკია, რომელიც აკრიტიკებს ადამიანურ ბუნებას და შესაბამისად, ყველა იმ ფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი - უფრო.“

0x01 graphic

კატარინა მასეტი, ტიპი მეზობელი საფლავიდან (რომანი),
მთარგმნელი დავით გაბუნია, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი,
თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2006.

ქვრივი დეზირეს ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა წიგნებით გადავსებული პატარა ოთახი, ამავე ნივთებით გარემოცული სამსახური - ბიბლიოთეკა, და გარდაცვლილი ქმრის საფლავი ქალაქგარეთ. არც ფერმერი ბენის სამუშაო დღე გამოირჩევა განსაკუთრებულობით, უბრალოდ, ხანდახან მშობლების საფლავზე უწევს გასვლა... სწორედ აქ შეხვდებიან ერთმანეთს დახვეწილი, ინტელექტუალი ქვრივი და ტლანქი, ვულგარული ფერმერი. მართალია, ერთმანეთისგან მათ სოციალური მდგომარეობა და მისწრაფებები აშორებთ, მაგრამ აერთიანებთ რაღაც, რის გამოც მათი ურთიერთობა ჯერ რომანტიულ, ხოლო შემდგომ კი დრამატულ ხასიათს იღებს. არსებობს თუ არა პრიორიტეტები ქალისა და კაცის ურთიერთობაში, და თუ არსებობს, რა არის ეს - რაციონალიზმი თუ შიშველი ვნება? კატარინა მასეტს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს.

0x01 graphic

ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია.
ავტორთა ჯგუფი.მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი,
რედაქტორები რუსუდან გორგაძე, მარინე სოხაძე.
თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2006.

ამომწურავი ინფორმაცია ძველი მსოფლიოს ისტორიული განვითარების შესახებ მკითხველთა ფართო ასაკობრივი და ინტელექუალური სპექტრისათვის. მესოპოტამიის სამყარო, ძველი ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი, რომი, მაკედონია - ადრეული ცივილიზაციების შესახებ აქ ლეგენდების, ფაქტებისა და თარიღების მთელი რიგია წარმოდგენილი. წიგნს თან ერთვის რთული სიტყვების ლექსიკონი. გარდა ამისა, ხშირად შეგხვდებათ რჩევა, ესტუმროთ საინტერესო ვებ-გვერდებს და მეტი გაიგოთ ძველი სამყაროს შესახებ.

21 რადიო „უცნობის“ ამბები

▲back to top


0x01 graphic

რადიო უცნობში მუსიკალური სიახლეა

ყოველდღე, 02:00 - 04:00 საათამდე „მოიწიე რადიოსთან“, განსხვავებული ეთნომუსიკა ქართულ რადიო-სივრცეში.

ასევე, დღის განმავლობაში, ყოველი საათის ნახევარზე „კინოდან რადიოში“, ეს არის მუსიკა ცნობილი კინოფილმებიდან;

არც 60, 70, 80-იანი წლების სიმღერები მივივიწყეთ და გავაერთიანეთ რუბრიკით, რომელსაც „სიმღერა ვინილის ფირფიტიდან“ ვუწოდეთ, უსმინეთ ყოველი საათის 5 წუთზე;

ასე რომ, რადიო „უცნობი“ კვლავ განაგრძობს მსმენელთა განებივრებას სიახლეებით. „მოიწიე რადიოსთან“, „სიმღერა ვინილის ფირფიტიდან“ და მუსიკა „კინოდან რადიოში“ ყოველდღე გელოდებათ FM 98-ზე.

www.ucnobifm.ge