![]() |
ცხელი შოკოლადი №46 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბექიშვილი ნინო, კიკალეიშვილი სალომე, მაისურაძე გიორგი, ვართანიანი ოლესია, ბუხრიკიძე დავით, ჯიშკარიანი თამარ, რობაქიძე ნინო, ანთაძე ია, ნავერიანი სანდრო, გეფენი შირა, კერეტი ეტგარ, კაჭკაჭიშვილი იაგო, ზაქარია ფარედ, მაკგრილი ქრის, სტივენსონი უენდელ, ალასანია ირაკლი, ისთვუდი ქლინთ, თოლორდავა კახა, ჯაფიაშვილი ნინო, მამარდაშვილი მერაბ, ღოღობერიძე ლანა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თებერვალი 2009 მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორები ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო სვანიძე კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ თამარ ბაბუაძე, გიორგი მაისურაძე, დათო ტურაშვილი, კახა თოლორდავა, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო ბექიშვილი, ნინო რობაქიძე, შორენა შავერდაშვილი, ლანა ღოღობერიძე, ნინო ლომაძე, სალომე კიკალეიშვილი, დავით ბუხრიკიძე, დათო გაბუნია, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნავერიანი, იაგო კაჭკაჭიშვილი, ია ანთაძე, თამარ ჯიშკარიანი, ლიკა ბერძენიშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, თომას დვორჟაკი ილუსტრაცია მაია სუმბაძე დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲back to top |
12 იანვარს გადავწყვიტე, რომ არ შეიძლებოდა ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინაუგურაციის უპრეცენდენტო ცერემონიალს ჩემს გარეშე ჩაევლო. 13 იანვარს თვითმფრინავის ბილეთი ავიღე და 14-ში უკვე ნიუ-იორკში ვიყავი. მაგრამ მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ეს ცერემონიალი მასობრივ ჰიპნოზს დაემსგავსებოდა და ისიც ამერიკის დიდი „სამომხმარებლო ზეიმი“ გახდებოდა, ინაუგურაციას ბოიკოტი გამოვუცხადე და სახლიდან, სადაც CNN-იც კი არ ჰქონდათ, ფეხი არ მომიცვლია. არათუ ვაშინგტონში, თაიმს სკვერზეც კი არ გავსულვარ, ან იქვე ჰარლემში, სადაც უამრავი საზეიმო ღონისძიება იყო დაგეგმილი. არადა, როგორ გულწრფელად მინდოდა პატივი მიმეგო ჩემივე იმედებისა და ოპტიმიზმისათვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია, რომ ქვეყანა ყოველთვის შეიძლება საკუთარ თავში განახლების იმპულსს პოულობდეს, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება მილიონობით ადამიანი დაარწმუნოს, რომ ის პროგრესირებად სამყაროში ცხოვრობს, სადაც თანასწორუფლებიანობის იდეა ჯერ კიდევ მიღწევადია, ამერიკული ოცნება ჯერ კიდევ ცოცხლობს და ის უოლ სტრიტის ნანგრევებში არ მოყოლილა. ნეტავ, წინა დღეს მაინც არ მენახა ღაზაში დახოცილი პალესტინელი ბავშვების კადრები, სადაც სამი კვირის განმავლობაში ვერ შეაჩერეს ისრაელის დაბომბვები ვერც ამერიკელმა მოდერატორებმა და ვერც უკვე ანაქრონისტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. არა, ზედმეტად ბევრი პარალელი ამომიტივდიდა თავში! რა ზეიმი, რის ზეიმი, როცა სამყაროში ჯერ კიდევ არ შეცვლილა ძალაუფლების დისკურსი და ორმაგი მორალი, ჯერ ისევ დიდის და ძლიერის სამართალი იმარჯვებს და მასების იდეალიზმითა და პატრიოტიზმით სწორედ ამ ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხდება. უღრუბლო ცაზე მოფრიალე დროშების და სიმღერების ფონზე თვალზეცრემლმომდგარი ამერიკელების შემხედვარეს, ჩვენი ხუთი წლის წინანდელი მასობრივი ეგზალტაცია და უამრავი ხელიდან გაშვებული შანსი გამახსენდა. მეც რომ ამემღვრა თვალები, ჯომ მკითხა, - „მიშა გახსენდება, ხო?“ მიშას „აღსაყდრება“, გორის დევნილთა ბანაკები და ებრაელი მწერლის, ეტგარ კერეტის წერილი: „ჩვენ გვყავს შვილი, 3 წლის ბიჭი, რომელიც დილას შემოძვრება ხოლმე ჩვენს საწოლში და, - ცხელი კაკაო დამალევინეთო, - ითხოვს. და როცა მასთან ერთად ვწევართ ლოგინში და ვხვდებით, თუ როგორი ცივი და ცარიელი იქნებოდა ჩვენი საბანი მის გარეშე, ზუსტად ვგრძნობთ, რომ არც ერთი იდეა და მიზანი არ ამართლებს შვილის მშობლის კალთიდან მოგლეჯას. როდესაც გადმოიღებთ სუფთა ფურცელს და დაიწყებთ თქვენს ხელთ არსებული პოლიტიკური და სამხედრო გეგმების ჩამოწერას, უარი თქვით გეგმაზე, რომელიც საბავშვო ბაღების განადგურების საფრთხეს შეიცავს. მეტს არაფერს ვითხოვთ“. ეტგარმავე მომწერა, - „მძიმე წელი იყო ჩვენი ქვეყნებისთვის, იქნებ 2009-ში მაინც იყოს მშვიდობა.“
ვნახოთ. ინაუგურაციის შემდეგ პირველივე დღეს, ბარაკ ობამამ გასცა განკარგულება გუანტანამოს ციხის ერთი წლის ვადაში დახურვის თაობაზე და ახლო აღმოსავლეთში, პირად წარმომადგენლად ჯორჯ მიტჩელი დაასახელა, რითაც ჩემი სკეპტიკოსი მეგობრებისგანაც კი ორი დიდი პლუსი დაიმსახურა. ჩვენს რეგიონს ვინ ჩაიბარებს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, რაც უკვე ვიცით ისაა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთი ახალი ფიგურა, ირაკლი ალასანია შეემატება, რომელთანაც ინტერვიუ ნიუ-იორკში ჩავწერე. შთაბეჭდილებების თავმოყრა ჯერ მიჭირს, ამიტომ ამ მასალას საკუთარი ინტერპრეტაციების გარეშე გთავაზობთ. ერთი, რაც ახლავე შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ალასანიას პოლიტიკური კარიერა ახლა იწყება და ჩვენ თუ ფხიზლად არ ვიყავით, ცოტა ხანში ისევ საკუთარ თავზე გაგვეცინება.
მაშინ, როცა მე ინაუგურაციის ცერემონიალს ვუცხადებდი ბოიკოტს, თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ სამოქალაქო აქცია მოეწყო ლოზუნგებით „დაიცავით სარედაქციო დამოუკიდებლობა“, „უარი საპატრიარქოს“ და „ჟურნალისტებმა ილოცონ სახლში!“ (იხილეთ კომენტარები ამავე ნომერში). ეს მას შემდეგ, რაც „პირველი არხის“ ეთერში გაიმართა დისკუსია თემაზე, რას ვერჩით საზოგადოებრივ მაუწყებელს. „პრივატული საუბრებით“, აბა, ვის რას უნდა ვერჩოდეთ, მაგრამ რა ვიცი, მაინც მედია გვგონია ჟურნალი და ვფიქრობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარეშე მუშაობას აზრი არა აქვს, საპატრიარქოს დიქტატი კი პოლიტიკურ დიქტატზე უარესია. ჟურნალისტებმაც და პოლიტიკოსებმაც, თუ შეიძლება, ილოცეთ სახლში. ქუჩაში მხოლოდ პირჯვრის გადაწერა და „ზასაობა“ შეიძლება. ისიც გვეყოფა, ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში 20 იანვარს თავჩაქინდრულები რომ იდგნენ და 15 წუთში ერთხელ 100,000-მდე აკრედიტირებული ჟურნალისტის წინაშე ლოცულობდნენ.
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲back to top |
ნინო ბექიშვილი
ორი დღეა, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ - ვერც იმ რეალურ საფრთხეზე, რომელიც მედიას არა მხოლოდ კლერიკალებისგან დაემუქრა; ვერც იმაზე, რომ სადღაც ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით შეიძლება ოცნებები ყველას აუხდეს.
ორი დღის წინ, 19 იანვარს მოსკოვში დღის 4 საათზე პრესკონფერენციიდან გამოსულ 34 წლის ადვოკატს სტანისლავ მარკელოვს ნიღბიანმა ქილერმა მიბჯენით ესროლა. ადვოკატი ამ დროს ჟურნალისტ ანასტასია ბაბუნოვას ესაუბრებოდა. ჟურნალისტი მკვლელს გაეკიდა. ანასტასია ბაბუნოვას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
„ეს სამსახური კი არა, გადარჩენისთვის ბრძოლაა, ჩვენ გვჭირდება დაცვა ნაცისტებისგან, მაფიოზი ხელისუფლებისგან, ძალოვანი სტრუქტურებისგან, რომლებიც ნაცისტებს თანაუგრძნობენ. უკვე კარგად გვესმის, რომ ვერავინ დაგვიცავს - ვერც ღმერთი, ვერც მეფე, ვერც კანონი. ვერავინ. თავად უნდა დავიცვათ საკუთარი თავი.“ ეს სიტყვები სტანისლავ მარკელოვმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში გამართულ ანტიფაშისტურ მიტინგზე წარმოთქვა, სადაც სულ რამდენიმე ათეული კაცი იყო შეკრებილი.
სტანისლავ მარკელოვი, როგორც უფლებათადამცველები წერენ, ერთადერთი იყო რუს ადვოკატთა შორის, ვისაც ადამიანის უფლებათა დამცველს უწოდებდნენ. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე მუშაობდა და დაზარალებულ ჩეჩნებს იცავდა. იცავდა „მემარცხენეებს“ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, იცავდა ბელარუს ოპოზიციონერებს, იცავდა ანტიფაშისტური მოძრაობების აქტივისტებს. მარკელოვს სიკვდილით სკინჰედებიც ემუქრებოდნენ და სამხედროებიც. რუსეთში სამხედროებსაც და ნაცისტებსაც პუტინის რეჟიმი მფარველობს და საეჭვოა, მკვლელობის დამკვეთები ვინმემ დასაჯოს. იქ ასე ხდება - შემსრულებლებს იჭერენ ხოლმე.
25 წლის ნასტია ბაბუნოვას „ნოვაია გაზეტაში“ მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა. ეკომოძრაობის და ანტიფაშისტური ორგანიზაციების აქტივისტი იყო. გაზეთში, ძირითადად, სკინჰედებზე წერდა.
20 იანვარს საპროტესტო აქციები მოსკოვშიც გაიმართა და სანკტ-პეტერბურგშიც. პეტერბურგში სულ 50-60 კაცი იდგა, მაგრამ მიტინგი მაინც დაარბიეს. ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა, ის იყო, რომ გროზნოში მარკელოვის მკვლელობის გასაპროტესტებლად დაახლოებით ათასი კაცი შეიკრიბა. ადვოკატი გროზნოში პირველად 2004 წელს ანა პოლიტკოვსკაიასთან ერთად ჩავიდა; მაშინ მათ მოახერხეს, დამნაშავე რუსი ოფიცერი ლაპინი დაეპატიმრებინათ. 2006 წლამდე პოლიტკოვსკაია და მარკელოვი ერთად მუშაობდნენ.
პუტინის რეჟიმმა უკვე 15 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა.
თავისუფალ და გაბედულ ადამიანებს რუსეთში ვერავინ იცავს - „ვერც კანონი, ვერც მეფე, ვერც ღმერთი“...
სალომე კიკალეიშვილი
მთელი ბავშვობა სიონში მაქვს გატარებული. როგორც კი ქალაქში ჩამოცხებოდა, მთელი ოჯახი კაკაოსფერ 07-ში ვეჭეჭყებოდით და სიონისკენ მიმავალ, ორმოებიან გზას დავადგებოდით ხოლმე. იქ ჩასვლა ყველაზე მეტად მიყვარდა. ჩვენი სახლი ცენტრისგან მოშორებით, ტყეში იდგა. ისე, მარტო ცენტრისგან კი არა, მგონი - მთელი ცივილიზაციისგან. ძველი შავ-თეთრი ტელევიზორი მარტო იმ შემთხვევაში უჩვენებდა, თუ ხელს გვერდზე მაგრად მიარტყამდი. ჰოდა, წამდაუწუმ რტყმის თავი რომ არავის ჰქონდა, ამიტომ მე და ლევანი, რომელიც ქვემოთ სახლში ცხოვრობდა, დილიდანვე ათას „საქმეს“ ვიგონებდით: „ვითომ ტყეში დავიკარგეთ“, „ეხლა ზღვაში ვიხრჩობი და შენ გადამარჩენ“ (სიონის წყალსაცავს, მგონი, დღემდე ზღვას ეძახიან), შტაბში მოპარულ კარტოფილებს ვწვავდით... მოკლედ, სიონში „საქმე“ ყოველთვის ბევრი იყო. როცა წამოვიზარდეთ და უკვე ის ასაკი დაგვიდგა, მოპარული კარტოფილების მაგივრად, სიგარეტის ბოლში რომ ვიხრჩობოდით, ახალი „საქმე“ გამოვძებნეთ - კინოში სიარული. ერთ-ერთ ბინაში მოპარული იაპონური ტელევიზორი იდგა და ვიდეოთი 10 წლის წინანდელ ფილმებს უჩვენებდნენ. იაფი ღირდა შესვლა და ამიტომ, ყოველ საღამოს იქ ვიყავით. ვუყურებდით ჯეკი ჩანს, კუნფუისტ ბავშვებს, „უჟასებს“ და თან სიგარეტს ვაბოლებდით. მართალია, კასეტა ზოგჯერ ჭედავდა ან ხმა იკარგებოდა, მაგრამ ეს არ გვადარდებდა - ჩვენ ხომ კინოში ვიყავით!
კინოზე და ქართულ გახმოვანებაზე წერისას სულ ის იაპონური ტელევიზორი და კუსტარული კინოოთახი მახსენდებოდა. არა, სიონური კინოჩვენებების ეფექტები აქ ნამდვილად არ არის, მაგრამ... აქაც ყველაფერს მოყვარულები აკეთებენ და, სიონის არ იყოს, იციან, რომ შეცდომებზე პასუხს არავინ მოსთხოვს. აბა, ვინ ამოიღებდა იქ ხმას, მთელ სოფელში ხომ ერთადერთი კინოოთახი იყო, მისი მფლობელები კი - პაატარა მონოპოლისტები.
გიორგი მაისურაძე
ის, რაც „საქართველოს დიდი ათეულის“ ტელეგანხილვაზე ვნახეთ, ნაკლებად ეხება გადაცემის ხარისხს თუ შინაარსს. ჩემი აზრით, ეს ტელე-შოუ ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვა იყო, რომელიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში, განსაკუთრებით, კულტურულ მეხსიერებაში მიმდინარე პროცესების სინდრომებს ავლენდა. ასეთი გადაცემები არც შემეცნებითია და არს საგანმანათლებლო, არამედ საზოგადოების გარკვეულ იდეოლოგიურ სიმბოლოებთან დამოკიდებულებას აჩვენებს.
მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმ დისკუსიასთან მიმართებაში, რომელიც 16 იანვარს საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა აჩვენა, რამდენადაც მთავარი პრობლემა, რომელიც ამ გადაცემაში გამოიკვეთა, იყო კონფლიქტი, ერთი მხრივ, სიტყვის და მედიის თავისუფლებას და, საზოგადოდ, დემოკრატიულ ინსტიტუციებსა და, მეორე მხრივ, სრულიად ანტიგანმანათლებლურ და ფუნდამენტალისტურ ცნობიერებას შორის, რომლის დამკვიდრებასაც, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს და, როგორც დავინახეთ, საკმაოდ წარმატებულადაც. ესაა კონფლიქტი მოდერნიზმსა და შუა საუკუნეების ობსკურანტიზმს შორის.
საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადება, რომ ეკლესია არავიზე ზეწოლას არ ახდენს, ის მხოლოდ წინადადებით გამოდის და საკუთარ აზრს გამოთქვამს, უბრალოდ ცინიზმი მგონია, რადგანაც ყოველ ასეთ „რეკომენდაციას“ თან ახლავს განმარტებები, რომ ეკლესია ღმერთის სახელით ლაპარაკობს, რომ მხოლოდ მისი პოზიციაა სწორი და ვინც ამას არ გაიზიარებს, ის მწვალებელი და ცოდვილი იქნება! ესაა საზოგადოების მანიპულაციის და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ტიპიური ნიმუში, რაც აშკარად ჩანდა „პირველი არხის“ სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებებიდანაც, რომ მათ საქმიანობაში კი ერევიან, მაგრამ ამაზე საუბარი აქ არ შეიძლება. გამოდის, რომ ეკლესიის რჩევა ის „წინადადებაა, რომელზედაც ვერავინ უარს ვერ იტყვის“.
როგორც 21-ე საუკუნის ადამიანმა, რომელიც განმანათლებლობის პრინციპებზეა აღზრდილი და ინტელექტუალურ შრომას ეწევა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, როდესაც საპატრიარქოს წარმომადგენელთა სრულიად არქაულ-მითოლოგიურ აზროვნებას, რომ ისინი პირადად ღმერთის აზრს მოგვახსენებენ, რომ ეკლესიას მეტი წმინდანი ჰყავს, ვიდრე ქართველ ერს სახელოვანი საერო მამულიშვილი, და თანაც, რომ ეკლესიის მისია განმანათლებლობაა(!), - სტუდიაში მიწვეულ აკადემიური ხარისხის მქონე პირთა არათუ პროტესტი, არამედ თანხმობა მოჰყვა. ამ ქართველი ინტელექტუალების საყურადღებოდ შეიძლებოდა თქმა, რომ „განმანათლებლობა“, რომელიც დღევანდელ საქართველოს ყველაზე მეტად აკლია, XVII საუკუნის ევროპაში სწორედ იმ სახის მითო-რიტუალური არგუმენტაციის წინააღმდეგ გაჩნდა, რომელიც სტუდიაში საპატრიარქოს წარმომადგენელთაგან მოისმოდა.
როგორც ქართველ ჰუმანიტარს, შემრცხვა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერიდან განათლებულობისგან საკმაოდ შორს მყოფი სამღვდელო პირები დამახინჯებულ და გაზღაპრებულ საქართველოს ისტორიას მიყვებოდნენ, მკარნახობდნენ და მმოძღვრავდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიაზროვნო და რა თემებზე მაქვს მსჯელობის უფლება. შემრცხვა ჩემი კოლეგების არათავისუფალი და ყოველგვარ რეფლექსიას მოკლებული, ლამის აქსიომად მიღებული ფრაზის - „არავინ აყენებს ეჭვქვეშ საპატრიარქოს უმაღლეს ავტორიტეტს“! - მრავალჯერ მოსმენა.
როგორც საქართველოს მოქალაქე, პროტესტს გამოვთქვამ სახელმწიფო მოხელეთა განცხადებაზე, რომ „პატრიარქის აზრი კანონზე მაღლა დგას!“ რაც, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ლაიციზმის, არამედ კანონის უზენაესობის პრინციპის უხეში დარღვევა და თეოკრატიის აღიარებაა, რომელიც რელიგიური ავტორიტეტების სახელმწიფოსა და კანონმდებლობაზე მაღლა დგომას ნიშნავს და რომლის მაგალითიც ირანის ისლამური რესპუბლიკაა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა ქვეყნის უმაღლეს სასულიერო ავტორიტეტს - აიათოლას ეკუთვნის.
ჩემს შეშფოთებას იწვევს საქართველოს „ირანიზაციის“ მოხშირებული სიმპტომები, რომლის მორიგი ნიშანიც სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და გადაცემის შეჩერება იყო, რასაც ავტორებისგან პროტესტიც კი არ მოჰყოლია. მათი დაბნეული და უსუსური სახის გამომეტყველებები არათუ საქართველოში თავისუფალი მედიის მითს აცამტვერებს, არამედ ჟურნალისტის პროფესიასაც კი საეჭვოს ხდის, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ იდეოლოგიური დიქტატების სუფლირებით შემოიფარგლება.
ასეთი პროცესები კი, ვშიშობ, საბოლოო ჯამში, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას კი არ უწყობს ხელს, არამედ უფრო მეტად საკუთარ საბჭოურ წარსულთან აახლოვებს, როდესაც კანონზე მაღლა მდგომი უმაღლესი ავტორიტეტების - პარტიისა და მისი ბელადების წინაშე უსიტყვო და უკრიტიკო მორჩილება საზოგადოებრივი ცნობიერების სრულ დეგენერაციას იწვევდა. შემოქმედებითი თუ სააზროვნო არათავისუფლება კი ტოტალიტარული რეჟიმების ნიადაგს ამზადებს.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო ბურდულს და ბატონ დათო პაიჭაძეს მოქალაქეობრივი ღირსებისა და ფუნდამენტალისტური ტენდენციების წინააღმდეგ საჯაროდ გამოხატული პროტესტისათვის.
![]() |
3 შემოსული წერილები |
▲back to top |
გამოხმაურება „ცხელი შოკოლადის“ 45-ე ნომერში დაბეჭდილ ნინო ლომაძის სტატიაზე „ჯავახეთი - სტეპებს მიღმა საქართველო“
„ცხელი შოკოლადის“ წინა ნომერში ჯავახეთის შესახებ წერილი დაიბეჭდა. ავტორმა რეგიონში რამდენიმე დღე გაატარა, თუმცა სტატიაში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის პრობლემებს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ადგილობრივი სომხების. სომხების ხმა, ვინც რეგიონის სპეციფიკას ქმნის, ნაკლებად ისმის.
კომენტარის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მოკლედ მაინც მეთქვა იმ უნდობლობის მიზეზების შესახებ, რომელიც ქართულ და სომხურ მოსახლეობას შორისაა. ასევე მინდოდა, მომეყოლა ჯავახეთის მთავარ პრობლემებზე, რადგან თბილისში ამაზე თითქმის არ საუბრობენ.
დეკემბრის ბოლოს, როგორც ყოველთვის, ახალი წლის შესახვედრად ჯავახეთში გავემგზავრე და იქ სულ რამდენიმე დღე დავყავი, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმ ცვლილებების დასანახად, რაც იქ ბოლო წელიწადს მოხდა.
იანვრის დასაწყისში ჯავახეთში პარლამენტის დეპუტატის ოფისში რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. დეპუტატის შუბლზე მიბჯენილ საბჭოთა პისტოლეტს რომ გაესროლა, დღეს ალბათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შუალედური არჩევნები ექნებოდა ჩასატარებელი.
საქმის გამოძიებას შსს-ს ყველაზე მაღალჩინოსანი მოხელეები შეუდგნენ, თუმცა ამასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში სიტყვაც კი არ თქმულა. თუკი ასეთ სკანდალურ ფაქტს ვერ იგებენ დედაქალაქში, ადვილი წარმოსადგენია, რა ცოტა რამ იციან ჯავახეთის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
ჯავახეთი, უკვე რამდენიმე ათწლეულია, ასეთ ჩეკეტილ რეჟიმში ცხოვრობს. აქაურების მთავარი მიზანია, უკეთ მოერგონ ახალ ყოფას; ისინი იძულებულები არიან, შეეგუონ მძიმე ზამთარს, რომელიც ნახევარი წელი გრძელდება; ეგუებიან, რომ თავის გატანა მხოლოდ რუსეთში გამგზავრებით და იქ სეზონური შრომითაა შესაძლებელი; ეგუებიან, რომ ენის უცოდინრობის გამო, არ შეუძლიათ რეგიონის მართვაში სრულყოფილი მონაწილეობის მიღება, რომ აღარაფერი ვთქვათ დედაქალაქსა და დიდ პოლიტიკაზე.
ხალხი მიეჩვია იმის მოსმენას, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხები მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ავტონომიას ითხოვენ და ქართული ენის წინააღმდეგ გამოდიან. იმის მაგივრად, რომ თბილისმა გაარკვიოს, რატომ არის ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო, ჟირინოვსკის მუქარას უსმენს, თუ რამდენად ადვილია სომხების აჯანყება.
საბჭოთა დროს ჯავახეთის ჩაკეტილობა იმით იყო გამოწვეული, რომ ის სასაზღვრო ზონა გახლდათ „მტრულად განწყობილ ნატო-ს“ წევრ თურქეთთან. ჩემს ოჯახის წევრებს ხშირად უწევდათ ახლობლებისთვის ცრუ შინაარსის დეპეშების გაგზავნა, რომ ვინმეს გარდაცვალების მიზეზით მაინც მიეღოთ ჯავახეთში ჩამოსვლის უფლება. სხვანაირად თითქმის წარმოუდგენელი იყო ჩვენთან მოხვედრა.
ახლა ძნელია გადაჭრით თქმა, უფრო მეტად დაუახლოვდებოდა თუ არა ჯავახეთი დანარჩენ საქართველოს, რომ არ ყოფილიყო ჯერ გამსახურდიას ნაციონალისტური პოლიტიკა, ხოლო შემდეგ შევარდნაძის მიერ რეგიონის სრული უგულებელყოფა.
80-იანი წლების ბოლოს საგანგებოდ ჩამოყვანილი ქართველი პრეფექტების დანიშვნით რეგიონში ადგილობრივ სომხებს ნაციონალიზმი გაუღვივეს. აქაურებს ანგარიში არ გაუწიეს. ისე ექცეოდნენ, როგორც უღირს ერს, რომელსაც როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდება, მაშინვე გაგყიდის. ამის შემდეგ დენის გამორთვაც კი ყველას ნაციონალური ნიშნით შევიწროებად ეჩვენებოდა. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებებს აქ ყოველთვის ეჭვითა და უნდობლობით ხვდებიან.
შევარდნაძის დროს რეგიონში ყვაოდა კორუფცია, რომელმაც მოკლა იმედი, რომ ქვეყანაში პატიოსანი შრომით შეიძლებოდა რაიმეს მიღწევა. ნინოწმინდას 13 წელი ქურდული კანონებით განაგებდა ყოფილი პატიმარი, რომელიც ლამის ყველას პენსიიდან წილს იღებდა. თბილისის მხარდაჭერით, სწორედ ასეთი ადამიანები განაგებდნენ რეგიონს.
რევოლუციის შემდგომი ცვლილებები იქ მხოლოდ ბოლო ხანს გახდა საგრძნობი და ისიც, სანაკოევის პროექტს მოგაგონებთ - მცდელობას, რომ ურწმუნო სომხებს ბედნიერ საქართველოში ცხოვრება მოანდომოს. ავტორები და პრინციპები იგივეა, მხოლოდ მასშტაბებია ჯერჯერობით ნაკლები.
სააკაშვილი რეგიონში თითქმის ყოველთვე ჩამოდის, ყველას კოცნის და გამუდმებით უკეთეს მომავალს გვპირდება. ლაპარაკობს ახალ გზებზე, გვარწმუნებს, რომ ყველა სახლში მალე იქნება გაზი, გაიზრდება ხელფასი, მოგვარდება განათლების პრობლემები.
ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთში, აქაც უნდა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ „ხალხი ხალისით იღებს მონაწილეობას უკეთესი მომავლის შენებაში“. გამაძღარი მოხელეების ნაწილი პენსიაზე გაუშვეს, ნაწილი - საერთოდ ქვეყნიდან, ნაწილი დაიტოვეს, ვიღაცასთან ხომ უნდა დაიჭირონ საქმე. მოიყვანეს თავიანთი ხალხი, რომელთაც მთავრობის ახალი პროექტი უნდა განახორციელონ.
უკანასკნელ წლებში ჯავახეთში დაბრუნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც კრიმინალურ წლებში რუსეთში კაპიტალი დააგროვეს. მათ ფულის რეგიონში დაბანდება და დატრიალება გადაწყვიტეს; მოგებაზე მეტად, ცენტრისგან პოლიტიკური გამორჩენის მიღება სურთ, ადგილობრივებისგან კი - პატივისცემის. ადვილად აუღეს ალღო თბილისის შეკვეთას.
რამდენიმე თვის წინ ერთმა ასეთმა ბიზნესმენმა გახსნა ჯინსის ფაბრიკა, რომელშიც ასეულობით ადამიანი დაასაქმეს. უმრავლესობამ კერვაც არ იცის. სად გაიყიდება პროდუქცია ან რამდენ ხანს იარსებებს ფაბრიკა, არავინ იცის. სამაგიეროდ, ჩამოვიდა პრეზიდენტი უამრავი სახელისუფლებო ტელეარხის თანხლებით და იტრაბახა რეგიონის ნათელი მომავლის მომტანი ქარხნის გახსნით.
შორიდან რომ აღარ ეფრინა, სააკაშვილი აქტიურად განიხილავდა რეგიონში რეზიდენციის მშენებლობის საკითხსაც, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, ან მიხვდა, რომ გადაამლაშა, შეიძლება ფინანსურმა კრიზისმაც შეუშალა ხელი. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის შემხედვარე ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულით ფეხზე ვეღარ დგას. უფროსი თაობა ამ ყველაფერს პრაგმატულად უდგება და ფიქრობენ, სათავისოდ როგორ გამოიყენონ იმის შედეგები, რაც ახლა კეთდება. უფრო ისინი წუხან, ვისაც რაიმე აქვს დასაკარგი, ძირითადად - ახალგაზრდები. ზოგიერთმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება და თქვა, რომ ხალხის თვალის ასახვევად რაიმეს კეთებას, ჯობს საქმე მართლა გაკეთდეს. ერთი-ორი ასეთი ახალგაზრდა ციხეში აღმოჩნდა საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით, დანარჩენები კი სეპარატიზმის ბრალდების მუქარით გააჩუმეს.
უკანა გზაზე ერთი გოგონა დამემგზავრა, რომელიც ამჟამად თბილისის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. 4 წლის წინ მას და მის მეგობრებს შეჰპირდნენ, რომ უპრობლემოდ ჩააბარებდნენ თბილისში. მანაც გადაწყვიტა, გაუკვალავი გზით ევლო და ერევანში არ წასულიყო სასწავლებლად. თბილისში მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო ჩაბარება. მთელი გზა მიყვებოდა, როგორ გადადიოდა ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე, კურსელებთან საერთო ენა რომ გამოენახა და ის ესწავლა, რაც უნდოდა. და მართალია, წუხდა, რომ ასეთი უპასუხისმგებლო, გაუაზრებელი დაპირებების გამო, მისი მომავალი გაურკვეველი იყო, ის მაინც თბილისში ბრუნდებოდა.
ოლესია ვართანიანი
![]() |
4 კულტ-მიმოხილვა |
▲back to top |
ბორის ფრუმინის მასტერკლასები
როგორ ვუშველოთ ქართულ კინოს - ამ ყბადაღებულ საკითხზე ბევრს უმსჯელია და ლამის ამდენივეს დაუჩივლია, - ვიდრე ამ საქმეში ძალიან დიდი ფული არ ჩაიდება, არაფერი გვეშველებაო. თუმცა, ნამდვილი პროფესიონალი ყოველთვის გეტყვით, რომ, პირველ რიგში, განათლებაა საჭირო და მხოლოდ შემდეგ - ფული. კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და კინოკომპანია „დამოუკიდებელმა კინოპროექტმა“ სხვა ბევრ საჭირო საქმესთან ერთად ამ მხრივაც გამოიჩინეს ინიციატივა: მათი მოწვევით თბილისში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პედაგოგი, პროფესორი ბორის ფრუმინი ჩამოვიდა და ახალგაზრდა ქართველ კინემატოგრაფისტებს მასტერკლასები ჩაუტარა.
ფრუმინმა ვგიკის დამთავრების შემდეგ ორი ფილმი გადაიღო საბჭოთა კავშირში („სკოლის დირექტორის დღიური“ და „ახალგაზრდობის შეცდომები“) და 1978 წელს ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც იგი კიდევ რამდენიმე სურათს იღებს და ძირითადად პედაგოგიური საქმიანობითაა დაკავებული. ფრუმინის თბილისური მასტერკლასები მოიცავდა როგორც ლექცია-სემინარებს ვიზუალური მასალის დემონსტრირებით, ასევე - ინტენსიურ პრაქტიკულ დავალებებს, რომლებსაც მონაწილეთა ჯგუფები ძალიან მოკლე დროში ასრულებდნენ. როგორც მასტერკლასების ორგანიზატორმა, ქალბატონმა ნინო ანჯაფარიძემ განაცხადა, ეს არ იქნება ერთჯერადი მოვლენა, გაზაფხულის ბოლოს დაგეგმილია მასტერკლასების მეორე ეტაპის ჩატარება, სადაც მონაწილეები თავიანთ ახალ ნამუშევრებს წარმოადგენენ.
სემინარების პირველი, ათდღიანი ნაწილი 18 იანვარს დასრულდა, და მართალია, სასწაულების, დიდი ხანია, აღარ გვჯერა, მაგრამ მონაწილეთა გაორმაგებული მონდომება იმედს ნამდვილად ბადებს.
ტაიმ-აუტი
EVITAPERONI-ის მაღაზია თბილისში
აბაშიძის 24-ში გაიხსნა ცნობილი მსოფლიო ბრენდის EVITAPERONI-ის ქალბატონების აქსესუარების მაღაზია. ბრენდი EVITAPERONI დანიურ კომპანია DEICHMANN + CO-ს ეკუთვნის, რომლის ქსელი მსოფლიოს 40 ქვეყანაში 150-ზე მეტ მაღაზიას ითვლის. საქართველოში და ამიერკავკასიაში EVITAPERONI-ის ბრენდს ქართული კომპანია Nexus House LLC წარმოადგენს, რომელიც ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. EVITAPERONI-ის თბილისის მაღაზიაში დანიური წარმოების სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარი გაიყიდება. „ბრენდი ქალბატონებისთვის წელიწადში ექვს ახალ კოლექციას წარმოადგენს. კოლექციები ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებს დააკმაყოფილებს. პროდუქციის ფასები კი მათ საშუალებას მისცემთ, ხშირად განაახლონ და გაამრავალფეროვნონ საკუთარი აქსესუარების კოლექცია,“ - განაცხადა ბრენდის წარმომადგენელმა ხოსე ვალინასმა. 2011 წლამდე საქართველოში EVITAPERONI-ის კიდევ 2 მაღაზია გაიხსნება. ამ დროისთვის ბრენდის მაღაზიები სომხეთსა და აზერბაიჯანშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.
„ჯი პი აი ჰოლდინგის“ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი
„ჯი პი აი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ახალ წელს ახალი პროექტით ხვდება. კომპანია მომხმარებელს ახალ ფასდაკლების ბარათს - „ჯი პი აი ქარდს“ სთავაზობს. „ჯი პი აი ქარდის“ გამოყენება რამდენიმე ასეულ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტშია შესაძლებელი. ბარათის მფლობელს დახარჯული თანხის გარკვეული ნაწილი პერსონალურ სადაზღვევო ანგარიშზე „ჯი პი აი ჰოლდინგში“ უბრუნდება და სარგებელი ერიცხება. დაგროვილი თანხის გამოყენების რამდენიმე ალტერნატივა არსებობს - სამედიცინო დაზღვევის საოჯახო პაკეტების, ავტოდაზღვევის შეძენა, ან თანხის საპენსიო ანგარიშზე გადატანა, რომელსაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ბარათის მფლობელი სურვილისამებრ გამოიყენებს. ამ სიახლესთან ერთად „ჯი პი აი ქარდისგან“ წლის მანძილზე მომხმარებელს არაერთი სიურპრიზი და საჩუქარი ელოდება. „ჯიპიაი ქარდის“ გამოყენება 10 იანვრიდანაა შესაძლებელი. „ჯი პი აის“ მომხმარებლებს ბარათი საჩუქრად დაურიგდებათ, მისი შეძენა კი „ჯი პი აის“ მომსახურების ცენტრებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
![]() |
5 მკვდარი დროის მესაათეები |
▲back to top |
კულტ-მიმოხილვა
„ახალი ქართული პიესა“ - შესაძლებლობა და პერსპექტივა
ავტორი: დავით ბუხრიკიძე
იანვარი ქართული თეატრის თვეა. თუ პრინციპულად ანტითეატრალი არა ხართ, ან გარკვეული აკვიატებები არ გახასიათებთ, ისტორიული ასოციაციები - 14 იანვარი და გიორგი ერისთავის „გაყრა“, ახმეტელი და მარჯანიშვილი, ვერიკო და უშანგი, ხორავას ოტელო, თუმანიშვილის „ანტიგონე“, სტურუას „კავკასიური“ თუ გაბრიაძის მარიონეტები, თითქმის უნებლიედ აღგეძრებათ. მართალია, კლასიკოსისა არ იყოს, „ნაშთი ძველი დიდებისა არ გამქრალა ჯერაც ყველა“, მაგრამ უკვე გარდასული თეატრალური მითების დავიწყების საფრთხე რეალურად არსებობს. და ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა უკულტურო ინტერნეტის, ნახევრად კულტურული ფეშენტივისა და პრიმიტიული სანახაობების შემოტევის ეპოქაში.
ტრიუმფალური იარები
კარგი თეატრი პირველ რიგში ხარისხიან დრამატურგიას გულისხმობს. და თუ ეს აქსიომა თუნდაც ყველაზე ცნობილი რეჟისორებისათვის არის გამონაკლისი, ეს გამონაკლისი მხოლოდ ჭეშმარიტებას დაადასტურებს. აღარ ჩავეძიებით ტექსტის, კონტექსტისა და ზოგადად კულტურის დაკარგვა-გაუფასურების ამბავს, რომელმაც არაერთი ცნობილი ქართველი მწერალი თუ დრამატურგი მოინელა. დაკარგული „კულტურული დროის“ ძიება მოძალებული კრიზის ფონზე (განსაკუთრებით ტრიუმფალური თეატრალური წარსულის შემდეგ), უფრო საამაყო ისტორიული იარების გახსენებას ჰგავს. მაგრამ ეს განცდე ბი ტკივილიანიცაა და სასიამოვნოც. მთავარია, წარსულმა შემოქმედებითი წყურვილი გაამძაფროს, საბოლოოდ მითების ტყვეობაში რომ არ დავრჩეთ. სამწუხაროდ, განთავისუფლების მცდელობა ახალ თეატრალურ ტექსტებში არცთუ წარმატებულია.
მიხეილ თუმანიშვილი წიგნში „ფიქრები თეატრის ირგვლივ“, თითქოს ანბანურ ჭეშმარიტებას იმეორებს: „რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, პიესა, ლიტერატურა - თეატრალური წარმოდგენის ფუძეთა-ფუძეა. ჩვენ კარგი პიესის დაბადების მუდმივ მოლოდინში ვართ“. მაგრამ დრო გადის და მოლოდინი სკეპტიციზმს უფრო ემსგავსება, ვიდრე სიახლის აღმოჩენის სიხარულს. ყველაფერთან ერთად დრამატურგის მიზანი თუ ამოცანა დღეს სულ უფრო რთულდება; პიესის ფორმები ჭრელი და კალეიდოსკოპური ხდება. რაც მთავარია, თეატრალური გემოვნება და დროის მოთხოვნა წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით იცვლება. ისინი უპირისპირდებიან და თან ავსებენ ერთმანეთს.
ჩვენი დროის დრამატურგები (იგულისხმეთ ახალი ლექსიკა, პაროდიული მეტა-ტექსტი, აბსურდის ლამის ნარკოტიკული დოზა, შეულამაზებელი ნატურალიზმი და ა.შ.) თითქოს ბრეიგელის ბრმებივით ერთ, ყოვლისშემძლე თოკზე არიან გამობმულები, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით აპირებენ გადაჩეხვას... რასაკვირველია, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ახალი ქართული პიესები დიდხანს ვერ მკვიდრდება თეატრალურ რეპერტუარში. საბოლოოდ კი ისევ დავით კლდიაშვილის ან პოლიკარპე კაკაბაძის მორიგი რეჟისორული ვარიაციის იმედად ვრჩებით. ამავე დროს ვერ იტყვით, რომ ახალი პიესები იშვიათია. წერენ სტაჟიანი ძველები თუ სტაბილურად საშუალო თაობის წარმომადგენლები, თითქმის ნორჩები თუ ეპატაჟის მოყვარულები. წერენ ბევრს და ხშირად, ელეგანტურად და ცინიკურად... ბაძავენ ჟენეს, მროჟეკსა თუ იონესკოს. „შაყირობენ“ ჩეხოვსა და ბრეხტზე. ცდილობენ, გაქექონ ფსიქოანალიზიც, ისე, რომ მთლად ცუდი სურნელი არ დადგეს.
მოკლედ, არსებობს უკვე დამკვიდრებული თეატრალური რეალობის შეცვლის სურვილი. ახალგაზრდა დრამატურგები თითქოს არც დაჩაგრულები არიან. მათი პიესები კერძო გამომცემლობების მიერ მცირე ტირაჟით, მაგრამ მაინც გამოიცემა. რეჟისორებამდე გაცილებით მარტივად აღწევს, ვიდრე, ვთქვათ, ათი-თხუთმეტი წლის წინათ. და მაინც, მთავარ პრობლემად ისევ დროისა და ტექსტის მიმართება და თავად ტექსტის ავტონომიური ფასეულობა რჩება.
სწორედ ტექსტის (ანუ თუმანიშვილის ენით „თეატრალური წარმოდგენის ფუძეთა-ფუძის“) აღმოჩენა-მოთვინიერება-გავრცელებას ემსახურება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის დამაარსებლისა და მისი თავმჯდომარის, მანანა ანთაძის მიერ წამოწყებული ინიციატივა - მთარგმნელთა და დრამატურგთა კონკურსი, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს იმართება. მთარგმნელი, ლიტერატორი და წლების განმავლობაში თუმანიშვილის სახელობის თეატრის ლიტერატული ნაწილის გამგე - მანანა ანთაძე, მრავალი წარმატებული გასტროლის ორგანიზატორია. ამავე დროს შექსპირის, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის, უილიამსის, საიმონის, ო`ნილისა და სხვა ცნობილი დრამატურგებისა და მწერლების მთარგმნელი:
„რატომ გადავწყვიტეთ კონკურსის დაარსება: თეატრები გამუდმებით ეძებენ ახალ პიესებს. ტექსტი, სიტყვა, სპექტაკლის სასიცოცხლო ენერგიაა, ძალა და სულია. თეატრი და დრამატურგია ერთად ვითარდება და უერთმანეთოდ არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ფონდის ორივე კონკურსი - „საუკეთესო თარგმანი“ და „ახალი ქართული პიესა“, ავტორებს წერის სტიმულს აძლევს, რეჟისორებს კი პიესებით ამარაგებს. საერთოდ, რეჟისორებს დიდი არჩევანი უნდა ჰქონდეთ; ბევრი პიესა უნდა მოძებნონ, რათა აუცილებელი ან საჭირო იპოვონ.
რა დახმარებას უწევს ჩვენი (ფონდისა და ჟიურის წევრების) შრომა ჩვენს თეატრებს? ამ კითხვას უფრო გვიან, 5-6 წლის შემდეგ შეგვიძლია ვუპასუხოთ, თუმცა შედეგი უკვე გვაქვს. ყველა სირთულის მიუხედავად, ახლა მთავარია, კონკურსები არ შეწყდეს, სპონსორი ჰყავდეს. 2008 წელს თუმანიშვილის ფონდს და კონკურსს „მაგთიკომმა“ გაუწია დახმარება. ამისათვის მათ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა; მით უმეტეს, ომის შედეგებით განადგურებულ ბიუჯეტს თუ გავითვალისწინებთ. მიხეილ თუმანიშვილის ფონდს დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა და იუბილე სწორედ „ახალი ქართული პიესის“ კონკურსით აღვნიშნეთ“.
„ყველაფერი არაფერზე“ - რუსთაველის თეატრი
„ახალი ქართული პიესის“ დაჯილდოვებაზე
„პეიზაჟს აკლია სითბო“ - მარჯანიშვილის თეატრი
„მოხუცი ჯამბაზები“ - რუსთაველის თეატრი
პეიზაჟს დავურთოთ პრემიები და სითბო
შედარებით ლიბერალური ლიტერატურული კონკურსებისაგან განსხვავებით, „ახალი ქართული პიესა“ და „საუკეთესო თარგმანი“ მონაწილეებს მკაცრ პირობებს უყენებს:
ა) წარმოდგენილი პიესა აუცილებლად უნდა იყოს ახალი, გამოუქვეყნებელი და დაუდგმელი;
ბ) ავტორთა ვინაობა უცნობია ჟიურის წევრებისათვის;
გ) ჟიური 15-20 წევრისაგან შედგება, რომელთა ვინაობა ასევე არ მჟღავნდება და მისი შემადგენლობა მუდმივად იცვლება;
დ) გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრემია.
2006 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ტარდება კონკურსები ორიგინალურ თუ თარგმნილ დრამატურგიაში. შეიძლება ითქვას, რომ კონკურსის შედეგებმა უკვე გავლენა მოახდინეს დრამატურგების დაინტერესებაზე და, ზოგადად, თეატრების რეპერტუარზე. ამას მოწმობს კონკურსში მონაწილეთა რაოდენობაც. წელს, მაგალითად, „ახალი ქართული პიესის“ კონკურსში ოცდაათზე მეტი ავტორი მონაწილეობდა. ამაზე მეტყველებს ახალი პიესების მიმართ რეჟისორთა, მსახიობთა და კრიტიკოსთა დიდი ინტერესიც.
რეჟისორი და მსახიობი გოჩა კაპანაძე, რომელიც წლევანდელი კონკურსის („ახალი ქართული პიესა“) ჟიურის წევრი იყო, აცხადებს: „ფონდის მიერ დაარსებულმა კონკურსებმა გარკვეული პაუზის შემდეგ ბიძგი მისცა თეატრალურ პროცესს, რომელიც ქართულ დრამატურგიაში ახალი სახელების, მიმდინარეობის, ტენდენციის, ენის შექმნას ემსახურება. შესაძლოა, მაღალი დონის პიესები და შედევრები არ დაიწეროს, მაგრამ მრავალფეროვანი იდეები და ახალი ფორმები მომავალში აუცილებლად მოიტანს შედეგებს“.
იქცევა თუ არა „თარგმნილი“ და „ახალი ქართული პიესა“ ახალი თეატრალური რეალობის ამსახველ ბარომეტრად? ამას, ცხადია, უფრო ხანგრძლივი დრო, ანალიზი და შეფასება სჭირდება. მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა ახალმა და ძველმა დრამატურგებმა ფანტაზიას გასაქანი მისცეს (ხოლო საკმაოდ სოლიდური პრემია, მოგეხსენებათ, ნიჭსაც აღვიძებს და მადასაც აღძრავს) და კონკურსების შემდეგ მრავალი ახალი პიესა დაიდგა, მრავლისმეტყველია.
არანაკლებ შთამბეჭდავია გასული წლის კონკურსებში მონაწილე პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების სია: გოჩა კაპანაძემ ჰარვუდის „კვარტეტის“ მიხედვით რუსთაველის მცირე სცენაზე დადგმულ „მოხუც ჯამბაზებში“ ლამის თეატრის მთელი თანავარსკვლავედი დააკავა; ახალგაზრდა და თითქმის უცნობმა რეჟისორმა ვალერიან გორგოშაძემ შმიდტის „სტუმარი“ ექსპერიმენტულ სცენაზე განახორციელა; ხოლო ლალი კეკელიძის გასული წლის კონკურსზე წარმოდგენილმა პიესამ „ყველაფერი არაფერზე“ ექსპერიმენტულ სცენაზე საინტერესო განზომილება შეიძინა.
მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე (რომელიც სხვენში გაიხსნა და დაახლოებით ორასამდე მაყურებელს იტევს), რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა 2007 წლის კონკურსში მონაწილე თამარ ბართაიას პიესა „პეიზაჟს აკლია სითბო“, ლამის მსახიობ ეკა ჩხეიძის ბენეფისად აქცია. ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში, გაგა გოშაძემ ასევე საინტერესოდ მოახერხა თარგმანის კონკურსში მონაწილე პიესის „ზვავის“ განხორციელება. სხვათა შორის, თურქი დრამატურგის ჯუჯენ ოღლუს „ზვავის“ დადგმას მშობლიურ თეატრში რობერტ სტურუაც აპირებდა, თუმცა უკვე დაწყებული რეპეტიციები მოულოდნელად შეწყვიტა. გასული წლის კონკურსში მონაწილისა და მეორე პრემიის მფლობელის, ბასა ჯანიკაშვილის „მეტროს“ კი მალე თეატრალურ სარდაფშიც დადგამენ. ასე რომ, კონკურსმა უკვე მოახერხა თეატრების რეპერტუარში ცვლილების შეტანა.
რაც შეეხება 2008 წლის კონკურსს, ჟიურის გადაწყვეტილება ასეთია:
პირველი პრემია - არ გაიცა
მეორე პრემია - ლალი კეკელიძე, „მკვდარი საათი“
მესამე პრემია - ლიკა მოლარიშვილი, „ეთერი“
მესამე პრემია - დათა თავაძე, „ყვავები“
სპეციალური პრემიები - თამარ ბართაია („მთავარი როლი“), დათო გაბუნია („სხვისი შვილები“)
ქალები, კაცები, ყვავები და... გაფუჭებული საათები
ქალი - და ომი ჯერ არ დამთავრდა?
მეომარი - (ჭამს) არა, მაგრამ მალე დამთავრდება. ცოტაც და გავიმარჯვებთ!
ქალი - რას ლაპარაკობთ?.. რა კარგია!
მეომარი - (ჭამს) კი, ზაურისტები ალყაში გვყავს!
ქალი - უკვე?
მეომარი - კი, და მალე დედა ეტირებათ! ვა, რა გემრიელი ხაჭაპურია?!.. და მერე გვიყურონ!
ქალი - რა საინტერესოა?!
მეომარი - ჩვენი დრო მოდის, ჩვენი!..
ქალი - ხო.
(ნაწყვეტი პიესიდან „მკვდარი საათი“)
არცთუ ურიგოდ დაწერილი პიესა უკვე გამოცდილი დრამატურგის და წინა კონკურსების პრემიების მფლობელის, ლალი კეკელიძის ლიტერატურულ გემოვნებასა თუ აბსურდის ფლობის ხელოვნებას გვამცნობს. ანტილოგიკის მკაცრი ლოგიკა, ცარიელი ფრაზების დრამატული სისავსე და მოულოდნელი ფინალი (როდესაც სახლში გაქანებული ქეიფია და გარეთ ომი, რომელშიც რეალურად ყველა პერსონაჟი იღუპება) დამცინავად არის გადმოცემული. თუმცა სიტუაციის ხელოვნურობა და პერსონაჟების სიყალბე დროდადრო მაინც საგრძნობია. ამავე დროს კონცეფცია ცხადი, ირონიული და გასაგებია. კარგი რეჟისურისა და ზუსტი, მახვილგონივრულად მოძებნილი კონცეფციის შემთხვევაში, შეიძლება ნებისმიერ სცენაზე დაიდგას და პუბლიცისტური ჟღერადობაც შეიძინოს.
ეთერი - (ნახატს დასცქერის) „მართლა კარგი ნამუშევარი გამომივიდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ეს ზღაპარი. სევდიანია და თან ნათელი... წიქარა იმ ხარებს მივამსგავსე, სოფელში რომ მყავს ნანახი ოდესღაც. ისეთი დინჯები იყვნენ, თითქოს გამუდმებით ფიქრობდნენ... ჰოდა, ჩემი წიქარაც ფიქრიანია.
ბიჭს კი დიდი, მუქი, მავედრებელი თვალები დავუხატე და მისი მზერა გულის სიღრმემდე მწვდება. ბიჭი ცხრაკლიტულში ზის, სადაც არც ჯადოსნური სალამური აქვს და წიქარაც ვერ მიეშველება... მერე რა, ოდესმე ხომ მაინც დააღწევს თავს იქაურობას. იმედია, იქ პატარა სარკმელი მაინც არის, საიდანაც ცის ნაწილი მოჩანს - დღისით მზე, ღამით ვარსკვლავები... მართლა საოცარი ღამეებია და დიდხანს ვერ ვიძინებ, სულ ცას შევყურებ.
(ნაწყვეტი პიესიდან „ეთერი“)
კონკურსის დებიუტანტის, ლიკა მოლარიშვილის საკმაოდ კარგი გემოვნებითა და კლასიკური ლიტერატურით „დაღდასმული“ პიესა სწორედ რომ თხრობით-ლიტერატურულია, ვიდრე ქმედითი; თუმცა კარგი გემოვნებით და ფაქიზი დრამატიზმით სავსე, საინტერესო და, შეძლებისდაგვარად, გამოკვეთილი ხასიათებით. განსაკუთრებით საინტერესოა მთავარი პერსონაჟი, რომელიც მხატვარია და მკაცრი, დაუნდობელი რეალობის მსხვერპლი ხდება. ჟიურის წევრის - კრიტიკოსისა და დასავლეთ ევროპული თეატრის სპეციალისტის, ირინა ღოღობერიძის აზრით, „ამ პიესაში არის კარგად განცდილი, თუნდაც მარტივი, მაგრამ არა მოგონილი სამყარო - სიმპათიური და კარგად დანახული მთავარი გმირით, ნაცნობი პერსონაჟებით, უცნაური ფინალით. ის, რაზეც ავტორი წერს, იცის და განცდილი აქვს. ეს კი, საკმაოდ ბევრი უსუსური პიესის ფონზე, მნიშვნელოვანია“.
(ქარის ხმა, ყვავების ჩხავილი)
ზახაროვი - რამდენი ყვავია...
ეკატერინე - არ მიყვარს ყვავები... დედაჩემს მაგონებენ.
ზახაროვი - მე კი პეტერბურგს.
ეკატერინე - არც პეტერბურგი მიყვარს...
ზახაროვი - თქვენ ყოველთვის მოსკოვს ანიჭებდით უპირატესობას. მოსკოვი, მოსკოვი, მოსკოვი... (პაუზა) გუშინ ღამე...
ეკატერინე - ღამე?
ზახაროვი - ღამე, ან გამთენიისას...
ეკატერინე - ჰო, პაშკა გვიან მოვიდა...
ზახაროვი - მარტო არ იყო.
ეკატერინე - არა, პანიხიდინთან და ორ ქართველთან ერთად.
ზახაროვი - ქართველებს რაღა უნდოდათ?
ეკატერინე - რა უნდა ნდომოდათ ქართველებს? ჭამა და ჭიქების ჭახუნი.
(ნაწყვეტი პიესიდან „ყვავები“)
„სტუმარი“ - რუსთაველის თეატრი
„სტუმარი“ - რუსთაველის თეატრი
„ზვავი“ - ფოთის თეატრი
ახალგაზრდა დრამატურგის, დათა თავაძის პიესა ცხად და ნაცნობ ასოციაციებს აღძრავს ჩეხოვის დრამატურგიასთან. მაგრამ იგი ხაზგასმულად გროტესკულია. უფრო ზუსტად, „ყვავები“ - ეს არის იმ შეგრძნებებისა და სურნელის გამოძახილი, რომლებითაც სავსეა რუსი კლასიკოსის პიესები: ლამის არქეტიპული და მრავლისმეტყველი პაუზებით, უბედურ-უსიყვარულო ქალებით, უბადლო მეტაფორებით, მკრთალად სექსუალური ქვეტექსტებით... „ნეოჩეხოვი“ დასავლეთში, დიდი ხანია, მოდაშია. მისი გავლენით წერენ გუსტავ შვაბი, მარიუს ფონ მაიერბურგი. ამ ბოლო დროს თვით ნობელიანტი ელფრიდე იელინეკიც ჩეხოვის წერის მანერას და „სავსე პაუზებს“ უტრიალებს; ხოლო პოსტმოდერნისტმა ბორის აკუნინმა ახალი „თოლია“ დაწერა (სხვათა შორის, ეს პიესა მსახიობმა ნინო ბურდულმა ექსპერიმენტის სახით დადგა თუმანიშვილის თეატრში). ასე რომ, დათა თავაძის ნაწარმოები უფრო მახვილგონივრულ და ირონიულ გამოძახილს ჰგავს. თუმცა ამ „გაკეთებული“ პერსონაჟების თამაში საკმაოდ რთულია მსახიობებისათვის. ცხადია, თუ ტრადიციულ ფსიქოლოგიურ თეატრს გავითვალისწინებთ.
ჩვენი აზრით, გაცილებით უფრო საინტერესოა „სპეციალური პრემიით“ დაჯილდოებული მწერლის, კრიტიკოსისა და უკვე დრამატურგის, დათო გაბუნიას „სხვისი შვილები“, რომელიც ბრეხტისა და, ზოგადად, მიმეზისის გავლენითა და სხარტად არის დაწერილი. გარდა ამისა, ორიგინალურია პიესის იდეაც - როგორ შეიძლება იქცეს ადამიანისთვის აბსურდად არასექსუალური სექსუალური კონტაქტი და დაუბადებელი სიცოცხლე. პიესას პირველ ვარიანტში „სიმონ ჩაჩავა“ ერქვა და ეს უკვე გასაგებ და ირონიულ კონტექსტს ქმნის წასაკითხადაც და ალბათ სცენაზე აღსაქმელად. რაც შეეხება „ახალი ქართული პიესის“ უკვე კლასიკოს თამარ ბართაიას (რომელიც თითქმის ყველა კონკურსში მონაწილეობს), „მთავარი როლი“, შესაძლოა, არ არის ისეთი ღრმა და საინტერესო როგორც წინა პიესები, მაგრამ მასში გათამაშებული თემა თეატრი-თეატრში, მსუბუქად მოწოდებული ფორმით, რეჟისორებისათვის დიდ სივრცეს ტოვებს. მაგალითად:
ბუბუსია - ახლა რაღას იტყვით, ბატონი მამია?
მამია - განვაგრძობთ, პრემიერას მაინც არ გადავდებ!
ბუბუსია - როგორ, რაც იყო, ისიც განადგურებულია. ფული საიდან, ფული?
მამია - არა, ჩვენ ამას ვითამაშებთ, ჩვენ დავდგამთ „ოიდიპოსს“. მე ყველას დავუმტკიცებ, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენც შეგვიძლია რაღაც.
ბუბუსია - როგორ, როგორ?!
მამია - მუხლებში ჩავუვარდები ყველას, კულტურის მინისტრსაც, ყველაფერს ავუხსნი. რაც არ მიქნია, იმას ვიზამ!
ბუბუსია - ეჰ, მაინც რა გულუბრყვილო ხართ, ბატონო მამია. გენადის იმედი გაქვთ?
არ ვიტყვი, ვინაა გენადი, ან მისი იმედი რამდენად უნდა გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ კლასიკოს „გოდოს“ ამარა დარჩენაც სახიფათოა…და მგონი, უკვე სასაცილოც. „ახალი ქართული პიესის“ მიერ გაკვალული პატარა და რეალურად საჭირო ბილიკი კი მსოფლიო აბსურდის „უღრანში“ ძალიანაც საჭიროა. მით უმეტეს, გარეთ ომია, სხვისი შვილები სხვის მამებს მისტირიან, ყვავები ჩხავიან, საათები კი, დიდი ხანია, გაჩერებულია.
![]() |
6 - 7 გრადუსი უკვე კარგია! |
▲back to top |
აქცენტი
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
წინასაახალწლო დღეებში თბილისში სიარული სასტიკად მეზარება. საავტომობილო საცობებით გადაჭედილი ქუჩები, ყოველ ნაბიჯზე ჩინურ პიროტექნიკას აფეთქებენ, რომლის ხმაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ ისე აღარ მაღიზიანებს, როგორც ადრე. ეტყობა შევეჩვიე... თითქოს მთელი 2009 წლის მარაგი ახლა იყიდესო, გოჭებითა და ინდაურებით დახუნძლული დიასახლისები საქმიანად დააბიჯებენ ქუჩაში... დაახლოებით, ასეთივე სამზადისში არიან ჯიპებზე ამხედრებული თბილისელები, რომლებიც, წინამორბედებისგან განსხვავებით, გოჭების ნაცვლად შოპინგზე დარბიან...
ვფიქრობ, მთელ ამ აურზაურს თავი როგორ დავაღწიო და სადმე კაფეში განვმარტოვდე. მობილურზე მესიჯი მივიღე, - 40 ზომა პლასტიკი ხომ არ გაქვსო. გზავნილის ავტორია ხატია გოგიძე, მეტსახელად მათე ბიჭი. ისიც ახალი წლის შესახვედრად ემზადება, მხოლოდ ქართველი ქალისთვის არატრადიციულად. აგროვებს თბილ ხელთათმანებს, ქარგაუმტარ ქურთუკს, „პლასტიკს“ (ეს ალპინისტური ფეხსაცმელია), უამრავ რკინეულობას, რაც მთაში დასჭირდება და არ ავიწყდება შოკოლადი, შავი ლუდი და კიბორჩხალას ჩხირები, რომლის სალათიც 3700 მეტრზე, 31 იანვარს ღამის 12 საათზე სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს...
40 ზომა „პლასტიკი“ არ მაქვს, ხატიასი კი მშურს, რადგან ის ახალ წელს საქართველოში ყველაზე მაღლა, 3700 მეტრზე შეხვდება. საახალწლო ღამეს სურვილის ჩათქმა კი ალბათ, ყველა იმ გოგონას ოცნებაა, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ანდა, სულაც ახლა აქცენტი აპირებს ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე მეტეოსადგურში და ღრუბლების ზღვაში, ალაგ-ალაგ ამოშვერილ კუნძულებამდე გაცურვას...
მეტეოსადგურამდე ასვლას ოთხი დღე მოანდომეს. ჯერ ყაზბეგიდან საბერწემდე აზიდეს აღჭურვილობა და 10 დღის მარაგი სურსათ-სანოვაგე, შემდეგ საბერწედან მეტეომდე. ნეპალში ამას შერპები აკეთებენ და ბანაკამდე ერთი გზის გავლა უხდებათ. ჩვენთან ამ გზას თავად ალპინისტები გადიან და შინაურულად „ხოდკებს“ ეძახიან. 2008 წლის მიწურულს „ხოდკაზე“ ყაზბეგიდან მეტეომდე 11 მამაკაცთან ერთად ხატიამაც იარა.
- ზამთარში მთაში იმიტომ წავედი, რომ შემძულდეს და მეტჯერ აღარ წავიდე ზამთარში, ან საერთოდ მთაში. ჩემზე ძალიან ბევრი ადამიანი ნერვიულობს, ოჯახი, მეგობრები... ალბათ შარშანაც, ზამთარში ამ მიზეზით წავედი, მაგრამ ფანტასტიური ამინდები იყო. ახლა ძალიან ცუდი... არ მერიდება იმის თქმა, რომ მეტეომდე ძლივს ავედი. საბერწემდე, ზოგიერთ მონაკვეთში ისეთი ღრმა თოვლი იყო, რომ ეფლობოდი. წინ ბიჭები მიდიოდნენ და გზას კვალავდნენ. მე უკან მივყვებოდი, - ყვება ხატია.
ერთი ღამე კარვებში გაათიეს. საშინელი ქარი ქროდა. დილით ამინდი ოდნავ დაწყნარდა და მთამსვლელებიც მეტეოსკენ დაიძრნენ. ყინულის ენამდე ხატია ვაჟკაცურად მიდის წინ. მყინვარზე გადასულებს საშინელი თოვლის გაკვალვა უხდებათ, ამ თოვლის ქვევით შეიძლება 40-მეტრიანი ნაპრალი იყოს, ამიტომ თოკში ჩაბმულები მიდიან. დრო შეუმჩნევლად გადის, მზე ორწვერს ეფარება და უკვე ყინვაც იგრძნობა... მეტეოსადგურამდე ერთი ნაშალი ფერდია ასავლელი, სულ 100 მეტრი იქნება, მაგრამ ალპინისტები მას „ბოღმას“ ეძახიან. იმიტომ, რომ ხედავ თავშესაფარს და ფერდი აღარ მთავრდება. ხატიამ მოულოდნელად თავის გასამხნევებლად ღიღინი წამოიწყო: „I see ya baby shakin that ass, Shakin that ass, Shakin that ass…“ მაგრამ მალე მიხვდა, რომ სიმღერა ძალას აცლიდა, არადა თავიდან ბოლომდე გაყინული იყო და თითქმის ვეღარ მოძრაობდა... მერე, თითქოს დაუსრულებელ სერპანტინზე, რომლის ბოლოშიც „სახლია“, მოსახვევიდან მოსახვევამდე დათვლა დაიწყო - ერთიდან ათამდე... ზოგი ათ თვლაში აიარა, ზოგი - 20-ში... იმ ღამეს მკვდარივით დაეძინა.
ხატია გოგიძე
- 31 დეკემბერს მეტეოში მარტო დამტოვეს და საბერწეზე „ხოდკაზე“ წავიდნენ... დავრჩი და დავიწყე დიასახლისობა. ჯერ დავგავე და დავალაგე, შემდეგ ბიჭებს სადილად ორნაირი კერძი მოვუმზადე - წიწიბურა და მაკარონი. შემდეგ დიდი ქვაბი თოვლით გავავსე, გავადნე და თბილ წყალში „ზუკო“ გავაზავე. ცალ ყურში MP3 მქონდა გარჭობილი და ცალით ვფხიზლობდი. ბიჭებისთვის არ მითქვამს, მაგრამ მეტეოსადგურის შენობის მეშინია. ათასი ჭორი მაქვს მოსმენილი დაღუპული ალპინისტების საყვარელ თავშესაყარზე, თეთრი ქალის სტუმრიანობაზე, ჰალუცინაციებზე და მეგონა, ორივე ყურსასმენი რომ გამეკეთებინა, ჩემს ზურგს უკან აუცილებლად რაღაც მოხდებოდა... უკვე ბინდდებოდა. ვხედავდი ბიჭებს, როგორ მოძრაობდნენ ყინულზე და ერთი სული მქონდა, მალე ამოსულიყვნენ, რადგან უკვე კარის ჭრიალის ხმები მესმოდა... - იხსენებს ხატია.
მეტეოზე ამოსულმა ბიჭებმა ზურგჩანთებიდან ჩურჩხელები, გოზინაყი, ჩირი, შოკოლადი, კონიაკი, ვისკი, არაყი, ძეხვეულობა ამოალაგეს... ამას ხატიას კიბორჩხალას სალათი და ლუდიც დაემატა... საახალწლო სუფრასთან გირლანდებიც გადაჭიმეს, და მეტეოსადგურზე ყველაზე თბილი ადგილი. ე.წ. „შტაბი“, სადაც ცარიელ ოთახში - 17 გრადუსია, მერე კი ხალხთან ერთად - 7 გრადუსამდე თბება, საზეიმოდ მოაწყვეს... 3700-ზე, სადაც ოდესღაც ერთ-ერთი ძლიერი მეტეოსადგური იყო, ახლა ელექტროენერგიაც კი არაა. ალპინისტების თავშესაფარში ტელევიზორი ზედმეტი ფუფუნებაა. გარეთ მინუს 30-20 გრადუსია. ტრადიციული თბილისური საახალწლო სუფრისგან განსხვავებით, მეტეოში აბსოლუტური დემოკრატიაა, რომელსაც ანარქიაში გადაზრდა არ ემუქრება, რადგან მხოლოდ 12-ნი არიან და ყველა ერთმანეთს უსმენს. თუ არ მოუსმენ, თავს ვერ გაიტან - ეს მთის ფენომენია. ბიჭებმა ახლა იმაზე დაიწყეს ბჭობა, ახალ წელს თბილისის დროით საღამოს 8 საათზე შეხვედროდნენ, თუ 12-სთვის დაეცადათ. არც თამადა აურჩევიათ.
ახალი წლის დადგომამდე გვარიანადაც შეზარხოშდნენ და ალბათ, შტაბში შესული მეკვლე ხატიას სახით რომ არ გამოჩენილიყო, ახალი წელი გაეპარებოდათ.
- ახალი წლის დადგომამდე მეგობრებს მისალოცი მესიჯები გავუგზავნე. ყველას ვეუბნებოდი, რომ მაგრად ყინავს, მაგრამ ყველაზე მაგარი ახალი წელი მაქვს, 3700 მეტრზე... ჩემს დასაც კი შევახარბე ისლანდიაში...“ - ამბობს ხატია.
2009 წელს მეტი მეკვლე მეტეოსადგურზე არ ასულა... აი, შარშან ოთხ ქართველ მთამსვლელს შუა ღამეს ოთხი უკრაინელი ალპინისტი დაადგა თავს. ჯერ, ხატიასი არ იყოს, ეგონათ, რომ ყინულებიდან მოსული ხმები ეჩვენებოდათ, თან - ქალების, მაგრამ გარეთ გასულებმა ოთხი მგზავრი დაინახეს, რომლებიც თოვლის ბაბუებისა და „სნეგუროჩკებისაგან“ მხოლოდ ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ.
1 იანვარი ნაბახუსევ დღედ გამოაცხადეს და 2-ში მწვერვალებზე - სპარტაკსა და ორწვერზე გავიდნენ... ცაზე ღრუბლის ნაფლეთი არაა. ის იყო შეუდგნენ მწვერვალზე ფოტოების გადაღებას, რომ ერთ-ერთი მთამსვლელის გამწარებული ყვირილი გაიგეს, - ვეშვებით! ვეშვებითო! მთამსვლელებმა თბილისის მიმართულებით საოცარი ზომის და ფერის ღრუბლები შენიშნეს. ნახევარ საათში მყინვარწვერის მიდამოებშიც ანალოგიური ფერის ღრუბელი შემოვიდა.
- „ამბავი ატყდა... ქარი ნამქერს გვაყრიდა და სახეს გვისერავდა. უცებ ისე აცივდა, რომ არც ქუდი გვშველოდა და არც ნიღაბი. თუ რაიმე ადგილი დაუფარავი დაგრჩა, ყინვისგან დაგაყრის... ცხვირიდან ათასი საოცრება მოგდის; ან როგორ ვსუნთქავდი, ახლაც მიკვირს. ხმაურასთან ქვების წვიმაში მოვდიოდით. ქარს მოჰქონდა. - ყვება ხატია.
ერთი ქვა ხატიასაც მოხვდა პლასტიკზე. ოდნავ მაღლა რომ მოხვედროდა, მუხლს დაუზიანებდა. „მაშინ გავიფიქრე, - მეტის ღირსი ხარ ხატია-მეთქი!!!“
იმ დღიდან მოყოლებული შობამდე 3700-ზე აღარ გამოუდარია. ეს ის დღეებია, როდესაც ზიხარ უზარმაზარ გემში (მეტეოსადგურს გემის ფორმა აქვს) და ელოდები მზეს. თუმცა, ახალგაზრდა მთამსვლელებმა, ზურა კუჭავას ხელმძღვანლობით, მზე მხოლოდ ყაზბეგში დაბრუნებულებმა დაინახეს.
ასეა თუ ისე, ხატიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ზამთარში მთაში აღარ წავა.
- და ამას ამბობ შენ, რომელიც დღიურებში წერდი, რომ ნამდვილი ალპინისტივით მთაში სიკვდილი გინდა? - ვეკითხები ხატიას.
- კი, და ბიჭებიც ამაზე მეკაიფებოდნენ. წამდაუწუმ მეძახდნენ, როგორია ზამთრის მყინვარი? კიდევ წამოხვალ?
- მერე?
- მყინვარზე სიკვდილი მივხვდი რომ არ ღირს. აი, უშბაზე... - ხატია დაფიქრდა - კიდევ შეიძლება. ოღონდ ჯერ ჭაუხებში უნდა ვიარო და უშბამდე გავიზარდო. 2008-ის აგვისტოში კი ვიარე სამხრეთ უშგულზე 2ბ მარშრუტი, მაგრამ ომი დაიწყო და ვინ დაგაცადა...
![]() |
7 გაგრძელება იქნება?! |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: ნინო რობაქიძე
16 იანვარს „დიდი ათეული“ ღია ეთერში გავიდა და, უნდა ვაღიაროთ, შოუ შედგა! ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ საღამოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ და მისმა თანამოაზრეებმა საპატრიარქოსთან საკმაოდ შთამბეჭდავი აქცია გამართეს და პროექტ „დიდი ათეულის“ ნომინანტთა სიიდან წმინდანების სახელების ამოღება მოითხოვეს.
„წმინდანების სახელის სარეიტინგოდ წარდგენა ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის მართლმადიდებელი ქვეყანა და არის ცოდვის ქვეყანა. და ისინი, ვინც ცოდვილნი არიან, წაბრძანდნენ იქ, ვინც ამ საშინელ გადაცემას აფინანსებს. ეს „ბიბისი“ იქნება თუ სოროსი, მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა მანანა არჩვაძემ საპროტესტო აქციაზე.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივისა და მისი მომხრეების აქცია სულ ბოლოს კინოთეატრ „ამირანთან“ მახსოვს. კინოფესტივალ „პრომეთეს“ ორგანიზატორებს მკვლელებს იმიტომ უძახდნენ, რომ საფესტივალო კინოჩვენებაში ზვიად გამსახურდიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი არ ჩასვეს.
თუ „დიდი ათეულის“ ნომინანტთა სიიდან წმინდანებს ამოიღებენ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დიდი ქართველის ტიტულისთვის ბრძოლაში უკონკურენტო ლიდერი გახდება. რამდენიმე კვირის განმავლობაში, პროექტის ვებ-გვერდის მონაცემებით, ზვიად გამსახურდია ლიდერობდა, მაგრამ ბოლო მომენტში პირველი ადგილი დავით აღმაშენებელმა დაიკავა.
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა „დიდი ათეულის“ ის გადაცემა, რომელშიც ნოე ჟორდანიაზე, სტალინსა და ზვიად გამსახურდიაზე იყო საუბარი. ნოე ჟორდანიასა და სტალინს ადვოკატებიც ჰყავდათ და ბრალმდებლებიც, ისე, როგორც ეს გადაცემის ფორმატით იყო გათვალისწინებული, მაგრამ ზვიად გამსახურდიას მხოლოდ იცავდნენ. თუ ყოფილი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე კრიტიკული აზრის დაფიქსირება გართულდა, წმინდანად შერაცხულ საზოგადო მოღვაწეებზე ხომ წარმოგიდგენიათ?
თუ ჩვენ მივხვდით იმას, რომ ძალიან ცოტა იქნებოდა ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ვოლუნტარისტულად ისაუბრებდა ტაბუდადებულ თემებზე და მზად იქნებოდა, ამისთვის თუნდაც საზოგადოების ნაწილის რისხვა დაემსახურებინა, რატომ ვერ გათვალეს ეს პროექტის ორგანიზატორებმა და არხის ხელმძღვანელობამ?
სანამ პროექტი ეთერში გავიდოდა, ჩატარდა სერიოზული კვლევითი სამუშაო კომპანია „ეისითისთან“ ერთად. ACT-ის საქმიანობის პირველი ეტაპი გულისხმობდა ე. წ. ფოკუსური ჯგუფების ჩამოყალიბებასა და მათთან მუშაობას. 10 ფოკუსური ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფები დაკომპლექტდა მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, შოუ-ბიზნესის, ესტრადის წამყვანი მოღვაწეებისგან, მწერლებისა და პოეტებისაგან, ასევე სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებისაგან.
ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ აქ ნახსენებ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას შორის მართლმადიდებლური ეკლესია და საპატრიარქო გამორჩათ? როგორც ჩანს, საპატრიარქომ თავიდანვე იცოდა, როგორი პროექტი მზადდებოდა, რა იქნებოდა ამ შოუს მთავარი პრინციპი და როგორ აირჩეოდა დიდი ქართველი.
მე ეს პროექტი იმიტომ არ მომწონს, რომ მხოლოდ წარსულიდან ვირჩევთ გმირებს და თან ბევრ მათგანზე სიმართლის ცოდნის მანიაკალურად გვეშინია; უფრო სწორად - სიმართლის თქმის და გამოაშკარავების, გვიყვარს ეს მრუდე სარკეები!
საპატრიარქოსთვის წმინდანების „შეჯიბრებითობის პრინციპია“ მიუღებელი. რატომ გამოხატა საპატრიარქომ თავისი პოზიცია „დიდი ათეულის“ ეთერში გასვლიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ? რატომ დათანხმდა საპატრიარქო პროექტთან თანამშრომლობას თავიდან და რატომ დაემთხვა ასე უხერხულად საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირება პირველი პრეზიდენტის ქვრივის მიტინგებს?
არ ვიცი, შეიძლება ახლა ჩემი კითხვებიც მკრეხელობაა, მაგრამ მე ეს კითხვები გამიჩნდა. შეიძლება ძალიან ცუდია, რომ კითხვები კიდევ გვიჩნდება, მაგრამ გვაპატიეთ, გვაინტერესებს რაღაც-რაღაცები.
„დიდი ათეული“ არის ერთი ხანგრძლივი არჩევნები: ჯერ პროფესიონალთა გუნდმა შეადგინა 400-კაციანი პირველადი სია, შემდეგ აქედან ხალხმა აირჩია ასეული, მერე 50 დიდი ქართველი, და ათეულსაც აირჩევენ ალბათ, თუ პროექტი ისე გაგრძელდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. მოკლედ, არჩევნები არის, მაგრამ შეჯიბრი სად არის, მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ. ოპონირება რომ ყოფილიყო, სხვა საქმეა - იქნებ ზოგს დაენახა, რომ მისი ფავორიტი მწერალი არც ისეთი დიდი მწერალია და დიდი მოაზროვნე, როგორც მას ეგონა, რომ თურმე მას აკრიტიკებენ კიდეც და მასზე ორი აზრი არსებობს. ამ გადაცემაში კი ორი აზრი ფაქტობრივად არ არსებობს - 16 იანვრის ეთერში დაჩი გრძელიშვილიც და ეკა ხოფერიაც ორ ხმაში ერთსა და იმავეს იმეორებდნენ, - არავის რეპუტაციის შელახვას და დამცირებას არ ვაპირებდით, ჩვენ მხოლოდ დამსახურებების წარმოჩენა გვინდოდა და პროექტი საგანმანათლებლო ხასიათისააო.
მაგრამ არ ვიცი, რატომ არ იქნება განათლება, თუ, მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის ან კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას ვინმე გაბედავს და გააკრიტიკებს. ან რატომ არ იქნება განათლება, თუ ამ გადაცემაში ვინმე იტყვის, რომ ილია ჭავჭავაძეზე კარგი პოეტი იყო ნიკო სამადაშვილი. რატომ ნიშნავს ეს ილიას დამცირებას?
მოკლედ, ამ გადაცემაში შეჯიბრი ნამდვილად არ არის. პროექტის შედეგი ერთადერთი იმას გვიჩვენებდა, თუ ვინ უყვართ ქართველებს, რა ღირებულებებზე არიან „ჩაბღაუჭებულნი“ და რა მიაქვთ წარსულიდან მომავალში. მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით - გაგრძელება იქნება?! და გამოგიტყდებით, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ამ პროექტს წერტილი, უკვე დიდი ხანია, დავუსვი, მაინც ვგულშემატკივრობ „დიდ ათეულს“.
16 იანვრის გადაცემის ეთერში გასვლამდე რამდენიმე შეხვედრაზე გადაცემის წამყვანები და ავტორები საპატრიარქოში დაუბარებიათ, მერე უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები - ასევე რამდენჯერმე. ბოლოს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ბორდმა პირველი არხის ხელმძღვანელობას საპატრიარქოს თხოვნის გათვალისწინება ურჩია. მორალური ზეწოლის კლასიკური მაგალითია და სულ არ არის რთული, შეხვიდე ბორდის თითოეული წევრის, როგორც ადამიანის, მდგომარეობაში. გვესმის, ბორდის წევრებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთვისაც არსებობენ ავტორიტეტები. მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი, ფორმალურად აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო, ჩვეულებრივი ადამიანების ერთობისგან განსხვავებით, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს მთელი საზოგადოების წინაშე. ამ ბორდის წევრებს გადაწყვეტილების მიღებისას არ გახსენებიათ მუსლიმი ქართველები, რომლებისთვისაც ილია ჭავჭავაძეც და დავით აღმაშენებელიც ისეთივე ძვირფასია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანისთვის.
ბოლოს და ბოლოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება“ (კანონი მაუწყებლის შესახებ, მუხლი 16). იმავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება - ბათილი.“
ძალიან ბევრისთვის თურმე ეკლესია უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონი. ეს ყველა ადამიანის პიროვნული და ძალიან ინტიმური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე ის მიკვირს, კანონის უზენაესობას ხმის ჩახლეჩით რომ ითხოვდა 100 ათასობით ადამიანი, ის რა იყო? ისიც მაინტერესებს, ვინმემ, არაქრისტიანმა საქართველოს მოქალაქემ რომ გამოაცხადოს, - ჩემთვის ჩემი რელიგია უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს კანონიო, - და მის რელიგიურ დღესასწაულზე საჯარო სამსახურში რომ არ გამოცხადდეს, რას იზამენ?
ფაქტია, რომ ბორდის წევრები საკუთარ გადაწყვეტილებაში კანონის დარღვევას ვერ ხედავენ, თორემ განზრახ კანონდამრღვევები იყვნენ, არ მგონია. არხის ხელმძღვანელობაც ცოტა დაბნეული ჩანდა 16 იანვრის ეთერში, - დრო გვჭირდება, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მივიღებთო. ნეტა რამდენ ხანს იფიქრებენ? უბრალოდ, საინტერესოა, რა მოხდება. მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა ტელეპროექტი „დიდი ათეული“, მიუხედავად იმისა, როგორი ფორმატით გაგრძელდება, ამ პროექტმა ერთი კარგი საქმე უკვე გააკეთა. ჩვენ უკვე ვდავობთ იმაზე, მიუხედავად ჩვენი ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული კუთვნილებისა, ვართ თუ არა თანაბარნი კანონის წინაშე. ვდავობთ ღია ეთერში, ქუჩაში, სახლში. ახალგაზრდული გადაცემა „ჩვენი ექსპრესის“ წამყვანი ნათია მეუბნება: „ჩვენ ყოველთვის გაჩვენებთ იმას, რასაც საჭიროდ ვთვლით და რაც კანონით არაა აკრძალული. სისულელე კი, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის - მღვდლისგან, ჩინოვნიკისგან თუ უბრალო ადამიანისგან, ჩვენთვის არ არის საინტერესო.“ ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაგრძელება იქნება!
![]() |
8 აურზაური სალხინეთში |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: ია ანთაძე
სტატია გამოქვეყნებულია „რადიო თავისუფლების“ ეთერით
ირველი არხი განწყობისთვის - რომლის მსოფლხედვით, ცხოვრება მშვენიერია, რომელშიც სამოთხის ვაშლები ხარობენ და რომლის კაბარეშიც ხუთი ვარსკვლავი ერთდროულად ბრწყინავს - დიდ ხათაბალაში გაეხვა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიაპროექტი - „საქართველოს დიდი ათეული“ - არხის ხელმძღვანელებმა ლამის პირდაპირ ეთერში დახურეს. ამ არაპოპულარული გადაწყვეტილების ინიციატორად აგრეთვე პირდაპირ ეთერში დასახელდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც სამეურვეო საბჭოს წევრებს ურჩია, პროექტიდან ქართველი წმინდანების სახელები ამოეღოთ. საბჭოს წევრებმა საზოგადოებას განუცხადეს, ჩვენ კი მოგვწონს პროექტი, მაგრამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ არჩევანი აღარ დაგვრჩა და „დიდი ათეული“ უნდა დავხუროთო.
საზოგადოების ერთ ნაწილში გადაწყვეტილებამ, რომ შესაძლოა, პროექტი დაიხუროს, გულწრფელი წყენა გამოიწვია, მეორე ნაწილში კი - რისხვა სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის გამო. ძალიან ცოტა ადამიანი მიიჩნევს, რომ პროექტის დახურვა სწორი გადაწყვეტილება იქნება.
თუმცა, სადავო არ არის, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, უფლება ჰქონდა, საკუთარი აზრი გამოეთქვა ამ გადაცემის შესახებ. ისიც ცხადია, რომ მისმა მოსაზრებამ განსაკუთრებული არჩევანის წინაშე დააყენა სამეურვეო საბჭო. საბჭომ კი არჩევანი სასწრაფოდ თავიდან მოიშორა, კაპიტულაცია გამოაცხადა და თან დაიჩივლა, - არჩევანის გარეშე დაგვტოვესო. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბჭოს არ გააჩნია უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ რეკომენდაციებზე და გაცნობიერებული პოზიციით წარდგეს საპატრიარქოს, მაუწყებლის ხელმძღვანელობის თუ საზოგადოების წინაშე.
ყველაზე მთავარი, რაც „დიდი ათეულის“ ბოლო გადაცემაში გამოჩნდა, ის არის, რომ პირველ არხზე თავისუფლების ღრმა დეფიციტია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტი ჯერ კიდევ არ გულისხმობს, რომ მისი თითოეული სიტყვა საზოგადოებამ საკუთარ თავზე ზეწოლად უნდა აღიქვას. მაშ, რატომ მიიღეს პოპულარული გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება ასე ერთბაშად? საქმე ისაა, რომ „დიდი ათეულის“ მსვლელობისას პირდაპირ ეთერში წარმოჩენილ კონფლიქტს, სინამდვილეში, გაცილებით ღრმა შინაარსი აქვს. საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, კარგა ხანია, ჩუმი ჭიდილია. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, აფრთხობს ეკლესიის მრევლი, რომელიც ერთადერთი ანგარიშგასაწევი ორგანიზებული ძალაა ქართულ საზოგადოებაში. საპატრიარქოს კი, როგორც ჩანს, აფრთხობს მოარული ხმები ხელისუფლების ჩუმი გეგმების შესახებ, რომლებიც ეკლესიის საქმეებში ჩარევას გულისხმობს.
ის ფაქტი, თუ როგორი „სიამტკბილობაა“ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, სრულიად მოულოდნელად გამჟღავნდა გასული წლის 25 დეკემბერს, პატრიარქის აღსაყდრების დღეს. სწორედ ამ დღეს, ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა მისასალმებელ სიტყვაში თავად კათოლიკოს-პატრიარქისა და პრეზიდენტის თანდასწრებით ბრძანა: „აგვისტოს შემაშფოთებელი თვის შემდეგ, როდესაც საქართველოს ჩამოაგლიჯეს ნაწილები... ჩვენში დაისადგურა ერთგვარმა უიმედობამ. მაგრამ სულმნათი აკაკი ბრძანებს: გმირს წინა უძღვის ყოველთვის უძლური წინამორბედი. თქვენი ლოცვით გვაქვს მოლოდინი საქართველოს მომავალი დიდებისა“. ეს სიტყვები 25 დეკემბერს „კურიერმა“ გადასცა ჯერ ექვს საათზე, შემდეგ კი - ცხრაზე.
დღეს რეალობა ამგვარია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირველი რჩევისთანავე ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ტელევიზიაში ყველაზე რეიტინგული გადაცემა იხურება. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ამით ხელისუფლების ზოგიერთ, განსაკუთრებით პატივმოყვარე წარმომადგენელს ღირსების გრძნობა ელახება. სავარაუდოდ, სწორედ მათი კარნახით შეჩერდა ფაქტობრივად მიღებული გადაწყვეტილება გადაცემის დახურვის შესახებ. გამოცხადდა, რომ „დიდი ათეულის“ ბედი ორ დღეში გაირკვევა.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ხმაურის შემდეგ გადაცემა მაინც დაიხურება, ხელისუფლება თავს დაზარალებულად იგრძნობს. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემას არ დახურავენ, ალბათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დარჩება წყენა. დღეს ორივე მხარე, სავარაუდოდ, სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრობს და საკუთარ ძალებს წონის. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, ის პირველ არხზე არ არის და არც არასოდეს ყოფილა. ამ არხის ცხოვრების წესია კომფორტი და ურისკო ყოფა სწორედ სიტყვის თავისუფლების დათმობის ხარჯზე. ამიტომ, „დიდი ათეული“ დაიხურება, თუ არსებობას რაიმე ფორმით გააგრძელებს, საპატრიარქოს პოზიცია გაიმარჯვებს თუ ხელისუფლების, ამ აურზაურის მიუხედავად, პირველი არხის სალხინეთში ცხოვრება ძველებურად მშვენიერი დარჩება.
![]() |
9 პრივატული საუბრები |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: სანდრო ნავერიანი
ერთხელ, როცა გაზეთ „24 საათში“ ვმუშაობდი, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, - სად მუშაობო. მეც ვუპასუხე სადაც ვმუშაობდი, - „24 საათში“-მეთქი. ეგ რა არის, აფთიაქიაო? - მკითხა.
აფთიაქი კი არა, უარესი ყოფილა (აფთიაქში ადამიანები დადიან მაინც) „24 საათიც“, „ცხელი შოკოლადიც“ და კიდევ ყველა მაგისთანა ჟურნალ-გაზეთი. არადა, როცა იმ ჩემს ნაცნობს ვეუბნებოდი ჩემი სამსახურის სახელს, მიკვირდა, - აქამდე რატომ არ იცის, ეს ხომ გაზეთია, რომელსაც ყველა კითხულობს და თუ კითხულობს, ესე იგი, ჩემი სახელი და გვარიც ამოკითხული ექნება და რატომ ვერ მიხსენებს-მეთქი.
ეგ მაშინ მიკვირდა - იქამდე, ვიდრე მკითხავდნენ, - „24 საათი“ აფთიაქიაო? იმ დღის მერე კი აღარ მიკვირს ის, რომ საქართველოში სარეკლამო ბანერებისა და ფლაერების მეტს არაფერს არ კითხულობენ და აღარც ის მიკვირს, დათო ტურაშვილი ყოველ მეორე სიტყვას სასოწარკვეთილი რომ ამატებს, - წიგნი იკითხეთო. ალბათ, გავა ოცდაათი წელი და დათო ტურაშვილი იგივე ამპლუაში იქნება, უბრალოდ, კიდევ უფრო სასოწარკვეთილი, საქართველოში კი კითხვა საერთოდ დაავიწყდებათ. თუმცა, ეს სხვა თემაა და სხვანაირად სათქმელი, ახლა კი რამდენიმე დღის წინ პირველ არხზე გასული თოქ-შოუ „აქცენტები“ მინდა გავიხსენო, რომელშიც მონაწილეობას ლაშა ბაქრაძე, შორენა შავერდაშვილი და ლევან ყუბანეიშვილი იღებდნენ. ამ ადამიანების თავშეყრის საბაბი შორს წაგვიყვანს და ისიც, თუ რაზე საუბრობდნენ, იმიტომ, რომ ის გადაცემა იყო დემაგოგიის და ბურჟუაზიის ერმანეთთან შეტაკება, ბრძოლა, რომელიც დემაგოგიამ მოიგო. ამ დუელში აღმოცენდა ახალი ტერმინი, რომლის ავტორიც ლევან ყუბანეიშვილია. მან საჯარო დისკუსიას, რომელიც შემდეგ ჟურნალში დაიბეჭდა, „პრივატული საუბარი“ უწოდა.
სამწუხაროდ, პირველი არხის გენერალური დირექტორი „მართალია“ - ქართული პრესა მართლაც „პრივატულ საუბრებს“ ჰგავს, სკაიპს ან რომელიმე conference call-ს, რომელსაც რამდენიმე ადამიანი უსმენს ან კითხულობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც ასეა - ქართულ პრესას დღეს, ფაქტობრივად, არანაირი ძალა არ გააჩნია და ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ქვეყანაში დემოკრატიის დაბალი ხარისხი, განვითარების ხარისხი, საშუალო ფენის არარსებობა... მაინც ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ქვეყნის ყველაზე მძლავრი (იდეაში) მედია საშუალების გენერალური დირექტორი, რომელიც, წესით, მედიის ლოკომოტივი უნდა იყოს, ასე აზროვნებს - ქართული პრესა „პრივატული საუბარია“. სწორედ ესაა პრობლემა აზროვნებასა და აღქმის უნარში და ეს არა მხოლოდ ლევან ყუბანეიშვილს, არამედ ყველას ეხება (დათო ტურაშვილის გარდა), საზოგადოების ყველა ფენას, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ანგარიშვალდებულია ამ ქვეყნის წინაშე (ისევე, როგორც ქვეყანაა ანგარიშვალდებული თავისი მოქალაქეების წინაშე).
არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში ლევან ყუბანეიშვილმა რა კონტექსტში თქვა ის, რაც თქვა. ამ სიტყვებზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამაზე რეაქცია არ ჰქონია არავის, მხოლოდ შორენა შავერდაშვილმა იკითხა, - საჯარო დისკუსია პრივატული საუბრებიაო?! ეკა კვესიტაძეს კი, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ ბეჭდურ მედიაში მოღვაწეობდა (და კიდევ წერს, თუ არ ვცდები), საერთოდ რეაქცია არ მოუხდენია.
სამწუხაროა.
სამწუხაროა, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის საპატრიარქო-„დიდი ათეულის“ ფსევდო-სკანდალი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს თითიდან გამოწოვილი, ხელოვნურად შექმნილი თავის ტკივილია, რომლის მთავარი მიზეზი პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოა.
სამწუხაროა, რომ ლელა კაკულია ვერ არის ისეთი წინასწარმეტყველი, როგორიც ამერიკელი წინასწარმეტყველი ედგარ კეისი იყო და რომელმაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თქვა, - 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემა აზროვნება და საკითხების არასწორად აღქმა იქნებაო. ედგარ კეისი ალბათ მთელ მსოფლიოს გულისხმობდა, და თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს ნაწილია, მისი სიტყვები ასრულდა და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.
ჩვენ ძალიან ბნელები ვართ, შეიძლება - ანგოლელ მონებით მოვაჭრეებსა და ჩრდილო კორეელ პატრიოტებზე მეტადაც კი. ამიტომაც, ჯერ ჩვენს აზროვნებას და ცნობიერებას უნდა მივხედოთ, უნდა ვისწავლოთ საკითხების სწორად აღქმა და ამას რომ ვისწავლით, მხოლოდ ამის შემდეგ ავტეხოთ ხმაური გია ჭანტუარიას „პიდარასტზე“ და კიდევ ვიღაც-ვიღაცების რაღაც-რაღაცებზე.
![]() |
10 ომი და მშვიდობა |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: ნინო ბექიშვილი
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის ქარტიის გაფორმების შემდეგ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვაშინგტონიდან ჩაერთო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და თქვა: გიორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველოს ასეთი მნიშვნელობის ხელშეკრულება არ გაუფორმებიაო. როგორც ჩანს, გვიჭირს იმ მემკვიდრეობისგან გათავისუფლება, რაც რუსეთის 200-წლიანმა მონობამ დაგვიტოვა და ამერიკასთან სტრატეგიულ შეთანხმებაზეც კი ავბედითი ტრაქტატი გვაგონდება. ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა ხელი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოსა და რუსეთის. ჩემს რუსეთის მოქალაქეობას შეხედეთ, როგორც დიპლომატიურ ინსტრუმენტსო, - განაცხადა ვაშაძემ, თან დაუმატა, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს და არა პუტინ-მედვედევის მოქალაქეა და არ აპირებს თავისი ცხოვრების 30 წელს ხაზი გადაუსვას; თანაც, მისი თქმით, ეს ხელისუფლება რუსეთში თურმე მალე შეიცვლება. გრიგოლ ვაშაძე შეიძლება კოზირიც კი იყოს ქართული ხელისუფლებისთვის, მაგრამ როგორ გამოვიყენოთ საქართველოს საგარეო მინისტრის რუსეთის მოქალაქეობა ქვეყნისთვის, რომელიც გამუდმებით მუშტებზე იყურება და ურჩევნია, პატარა საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს ეშინოდეს მისი?
ვიბნევით მაშინაც, როცა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს რუსული ან ყაზახურს ამოფარებული რუსული კომპანიები ყიდულობენ. ბოლო დრომდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფდნენ ენგურჰესის გასხვისებას ან რუსეთთან ერთობლივი მართვის შესაძლებლობას. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ განგაში ატეხა, ხელისუფლებამ განგვიმარტა, რომ ენგურჰესის აქციათა 100 პროცენტი კვლავ საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის და რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ მხოლოდ 10 წლის ვადით ერთობლივად გაკონტროლების უფლება გადაეცა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ აგვიხსნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები სხვაა, პოლიტიკური - სხვა, რომ ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ეომებიან, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობენ; თუმცა, ვინ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, როგორ მოხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება - დამალა. პირდაპირ თქვა, - არ ვიცი, ამ ხელშეკრულების შესახებ პირველად მეც ჟურნალისტებისგან გავიგე და შემდეგ დავინტერესდიო.
საუბრები იმაზე, რომ ქართველები და რუსები ერთმორწმუნეები ვართ, რუსებს ქართული კულტურა განსაკუთრებით უყვართ და რუსებისნაირად ქართველებს დედამიწის ზურგზე არავინ აფასებს, დღესაც არ წყდება. ამაზე ლაპარაკობენ ეკლესიაში, ინტერნეტ ფორუმებზე, ბეჭდვით მედიაში, მოკლედ - საზოგადოება საუბრობს. მაგრამ ინფორმაცია, რომელიც დეკემბერში საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, თითქმის დაუჯერებელი იყო: „საქართველო მზადაა, 2009 წელს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ქართული კულტურის დღეები ჩაატაროს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მეციტრუსეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს რუსეთში ქართული კულტურის დღეები 2003 წელს ჩატარდა, რუსული კულტურის დღეები კი საქართველოში - 2005 წელს. „რუსეთში ქართული კულტურის დღეების ჩატარება საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავაცნოთ რუსეთის საზოგადოებრიობა და რუსეთის მოქალაქეები ქართული კულტურის მიღწევებს და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობის გაღრმავებას ამ სფეროში,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.“
ცოტა ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ქვეყანასთან ერთსა და იმავე დროს საომარ მდგომარეობაში იყო და თან იქ „კულტურის დღეების“ გამართვაზე საჯაროდ საუბრობდე. კონკრეტული ადამიანების ინიციატივებზე არაფერს ვამბობ, ეს ყველას უფლებაა; მაგრამ სახელმწიფოს დონეზე „კულტურის დღეების“ გამართვა და მოსკოვში ქართველთა კოლექტიური ცეკვა-თამაში, თუნდაც გულაჩუყებული და თვალზეცრემლმომდგარი რუსების ფონზე, დღეს, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია. საქართველოს პრეზიდენტმა ამ საკითხზე ჯერ ბათუმელ მეციტრუსეებთან ილაპარაკა, ასე ვთქვათ, ფონი მოსინჯა და ალბათ ელოდება, როდის დაიწყებენ ჩვენი კულტურის მოღვაწენი იმაზე საუბარს და ვიშვიშს, რომ ის ხალხი, ვინც მოსკოვში მათ მოსასმენად და საყურებლად მივა, მართლაც არაფერ შუაშია და მათ გულწრფელად ენატრებათ და უყვართ ქართველები. კულტურული ურთიერთობები იქნებ მართლაც არ უნდა შეეწიროს პოლიტიკას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ქართული კულტურის დღეები მოსკოვში სწორედ რომ პოლიტიკური აქციაა.
უკვე ისიც ცნობილია, რომ „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც წელს მოსკოვში გაიმართება, საქართველო მონაწილეობას მიიღებს. ქართული მხარე აცხადებს, რომ „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები დიდი ხნის განმავლობაში ემუდარებოდნენ ქართველებს, პოლიტიკური ნიშნის გამო, უარი არ ეთქვათ კონკრუსში მონაწილეობაზე. მათაც რა ექნათ?! აგვისტოს შემდეგ ისეთ იაფფასიან კონკურსსაც კი, როგორიც „ევროვიზიაა“, ვერ ვთმობთ. 1980 წელს, ცივი ომის დროს ამერიკის დელეგაცია არ ჩავიდა მოსკოვის ოლიმპიადაზე. ეს ახალი თაობისათვის - ვინც არ იცით და არ გახსოვთ.
ქართული მხარე ოფიციალურად აცხადებს, - სანამ აფხაზეთსა და ოსეთში რუსული საელჩოებია, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგებაო. მაგრამ ეჭვი გვიჩნდება, რომ, რაც რუსეთმა ცეცხლითა და მახვილით ვერ შეძლო, ახლა იმის გაკეთებას „სიყვარულით“ აპირებს. დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პატრიარქს. ამ შეხვედრიდან დაბრუნებული პატრიარქი საკმაოდ დაიმედებელი გახლდათ: „საქართველოს სჭირდება ძლიერი რუსეთი, ისევე, როგორც რუსეთს სჭირდება ერთიანი და მეგობრული საქართველო. ვფიქრობ, რომ ღვთის შეწევნით ჩვენ ამას მივაღწევთ.“ საინტერესოა ისიც, რომ მოსკოვში ყოფნისას პატრიარქი ქართული სათვისტომოს წევრებს და მოსკოვში საქართველოს დიასპორის ხელმძღვანელს მიხეილ ხუბუტიასაც შეხვდა. პატრიარქმა მოსკოველ ქართველებს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა, უქადაგა და მათგან საჩუქრებიც მიიღო. პატრიარქის მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ილია II სწორედ მისი დავალებით იყო მოსკოვში ჩასული. მეორე დღესვე რუსები თითქოს გავიდნენ პერევიდან, იქ ქართული პოლიცია შევიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდნენ, თანაც - გაზრდილი სამხედრო კონტინგენტით და დღემდე იქ არიან.
ზემოთ ნახსენები მიხეილ ხუბუტია მოსკოველი ბიზნესმენი და „ედინაია როსიას“ წევრია. დეკემბერში ხუბუტია სრულიად გასაოცარ განცხადებებს აკეთებდა რუსული მედიით - თითქოს სააკაშვილს შეხვდა და ესაუბრა, თითქოს საქართველოს პრეზიდენტისაგან თბილისში ახალი რუსული სკოლის გახსნაზეც შეთანხმდნენ. ამ ბოლო დროს იმასაც ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია და დღევანდელ ოპოზიციას ამის უნარი არ შესწევს. მიხეილ ხუბუტია მოსკოვში 2 თებერვალს „ქართველთა კონგრესს“ გამართავს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი მედვედევიც დაესწრება მოწვეული სტუმრის სტატუსით. კონგრესზე საქართველოდან 1500 კაცია მიწვეული. საქართველოს მთავრობის წევრებმა უარი თქვეს ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე. ხუბუტიამ ქართველთა კონგრესი მეტი პომპეზურობისთვის კათალიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტს დაამთხვია, რომელიც საეჭვოა, რომ ამგვარ ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე მიდიოდეს. ისიც სავარაუდოა, რომ 1500-კაციან თუ არა, 1000-იან ამალას მაინც გაიყოლებს თან.
![]() |
11 მშობლის ჩანაწერი |
▲back to top |
კომენტარი
შირა გეფენისა და ეტგარ კერეტის ავტორობით
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
თავშესაფარი, ღაზა, იანვარი 2008
საბავშვო ბაღში, რომელშიც ჩვენი შვილი დადის, 22 ბავშვი სწავლობს, მაგრამ ზამთარში, როცა ყოველი მეორე გაციებულია, ბაღში დიდი-დიდი 17 ბავშვი თუ მოგროვდება ხოლმე. 17 - ზუსტად ამდენი ბავშვი მოკლეს ორი დღის წინ ღაზაში. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ორი დღის წინ ღაზაში მთელი საბავშვო ბაღი ამოჟლიტეს.
ომის დაწყების დღიდან გაჩნდა საბრძოლო მოქმედებების წარმოების უამრავი სამხედრო თუ პოლიტიკური სტრატეგია. ციდან დავბომბოთ თუ ფეხოსანი არმია შევუშვათ, „ჰამასი“ მოვარღვიოთ, თუ ისე მივიმწყვდიოთ კუთხეში, რომ მოლაპარაკებებზე თვითონ წამოვიდნენ. ამ წერილში ჩვენ მოვინდომეთ, ამ აუარება კომენტარებისა და სტრატეგიების ზღვა რაღაც ახლით შეგვევსო. ჩვენს შემოთავაზებას არაფერი აქვს საერთო კარგად ნაცად „სახურავის სტრატეგიასთან“ (როცა წინასწარ აფრთხილებენ საცხოვრებელ სახლებს, შესაძლოა, სამიზნე თქვენი კორპუსი აღმოჩნდესო და როცა ბავშვები და ქალები სახურავზე აჰყავთ, თვითმფრინავებიდან მათი გარჩევა რომ შეძლონ და სახლი არ დაბომბონ). არც ეგვიპტელი მედიატორების საქმეში ჩართვას ვითხოვთ, რათა მათ მაინც შეძლონ, დროებითი მშვიდობის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევა. ჩვენი წინადადება განკუთვნილია პრემიერ-მინისტრისთვის, ამ წინადადების ავტორები კი ვართ ორი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელთაც მას ხმა არც მისცეს. აი, ჩვენი იდეაც: როდესაც გადმოიღებთ სუფთა ფურცელს და დაიწყებთ თქვენს ხელთ არსებული პოლიტიკური და სამხედრო შესაძლებლობების ჩამოწერას, უარი თქვით გეგმაზე, რომელიც საბავშვო ბაღების განადგურების საფრთხეს შეიცავს. მეტს არაფერს ვითხოვთ. განიხილეთ დანარჩენი გეგმები სერიოზულად და აირჩიეთ, რასაც აირჩევთ. მაგრამ როდესაც მიხვდებით, რომ თქვენი გეგმის განხორციელებას შეიძლება ათეული ბავშვის სიკვდილი მოჰყვეს, გთხოვთ, ბატონო ოლმერტ, წითელი ფანქრით გადახაზეთ ეს გეგმები. წითელი ფანქრით გადახაზეთ თუნდაც იმ შემთხვევაში, ამ სტრატეგიით ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალსა და მთელი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობასაც რომ უზრუნველყოფდეთ.
შესაძლოა, ჩვენ მართლა ვცხოვრობთ პლანეტის ყველაზე სისხლიან მიწაზე, მაგრამ გვჯერა, რომ სირთულეების მიუხედავად, მაინც შემოგვრჩა არჩევანის ნება და შანსი. და როცა არჩევანზე მიდგება საქმე, ჩვენ ვირჩევთ მომავალს, რომელიც ბავშვების გვამებზე არ იქნება აგებული, თუნდაც ეს ბავშვები ჩვენი მტრების შვილები იყვნენ. გვესმის, რომ გულუბრყვილობაა ასე ფიქრი. გვესმის, რომ ისინი განზრახ გვესვრიან დასახლებული რაიონებიდან; გვესმის, რომ სამხრეთ ისრაელშიც აუარება ბავშვი დატანჯულა და დღემდე იტანჯება, ფიზიკურად და ემოციურად, და ისიც ვიცით, რომ „ჰამასის“ ყველა მაღალჩინოსანს მათი განცდები და ტრავმები ნერვს არ უტოკებს.
უბრალოდ, ჩვენ გვყავს შვილი, 3 წლის ბიჭი, რომელიც ყოველ დილას შემოძვრება ხოლმე ჩვენს საწოლში და, - ცხელი კაკაო დამალევინეთო, - ითხოვს. და როცა მასთან ერთად ვწევართ ლოგინში და ვხვდებით, თუ როგორი ცივი და ცარიელი იქნებოდა ჩვენი საბანი მის გარეშე, ზუსტად ვგრძნობთ, რომ არც ერთი იდეა და მიზანი არ ამართლებს შვილის მშობლის კალთიდან მოგლეჯას. დიახ, ჩვენი მტრები ალბათ არ ფიქრობენ ასე. მერე რა. ჩვენი მტრები ხომ გრძელ წვერსაც ატარებენ და ალაჰ ალ-აკბარს გაჰკივიან. და, როგორც დედაჩვენებმა გვასწავლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდად მოგვექცნენ, ბოროტად მაინც არ უნდა გავუსწორდეთ სხვებს. ომს არა მხოლოდ ჩვენი სიცოცხლისა და მიწისთვის ვაწარმოებთ, არამედ ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვისაც. დიახ, ჩვენი პრინციპულობა შეიძლება აღიქვან, როგორც ჩვენივე სისუსტე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სისუსტე იქნება, უფლება მივცეთ მტერს, თვითონ მოგვახვიოს თავს მორალი და ღირებულებები, რითაც ცხოვრებაში უნდა ვიხელმძღვანელოთ.
სულ რამდენიმე წლის წინათ ყოველი დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც უდანაშაულო გამვლელების მსხვერპლი მოჰყვებოდა, საჯარო განხილვების საგანი ხდებოდა. ამ ბოლო საჰაერო დაბომბვებს კი, რომელთაც ასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეჭვის ნაპერწკალიც კი არ წარმოუშვია. თითქოს, საზოგადოების ზნეობა თვალსა და ხელს შუა დაჩლუნგდა ისე, რომ დღეს უკვე საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ, იოლად მივიღოთ მოვლენები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ გაუსაძლისი იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაც ესაა - რატომ მოხდა ასე. ნუთუ ვიგრძენით, რომ ჩვენს არსებობას ექმნება წარმოუდგენლად დიდი საფრთხე? თუ უიმედობამ დაგვრია ხელი, გამოგვახმო და გაგვაქვავა?
ბატონმა ოლმერტმა კეთილი ნება რომც გამოიჩინოს და მოგვისმინოს, ალბათ გვიპასუხებს, რომ განზე მდგომი კაცისთვის კრიტიკა და დაკვირვება იოლია; და რომ უმჯობესია, ამის ნაცვლად, ახალი ალტერნატივები შევთავაზოთ. ნეტავ კი გვქონდეს სასწაულმოქმედი წამალი, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მთელი თავისი სნეულებებისგან განკურნავდა, მაგრამ ვინაიდან არ ვფლობთ დიდ სიბრძნეს, ერთ პატარა სიბრძნეს შემოგთავაზებთ. ძალიან პატარას - ის სულ სამიოდე წლის ბიჭია, ყოველ დილას მოძვრება ხოლმე ჩვენს ლოგინში და ცხელ კაკაოს ითხოვს. ეს არ არის შორსმჭვრეტელური სიბრძნე, რომელიც გეტყვით, თუ რა მოხდება ათ წელიწადში, ეს არის სიბრძნე, რომელიც საკუთარმა ადამიანობამ ამ წუთას გვიკარნახა.
![]() |
12 ომის რაციონალიზაცია |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: იაგო კაჭკაჭიშვილი
ღაზა, 1 იანვარი 2009
ნებისმიერი მოვლენის, მათ შორის ომის, შეფასების ორი სტრატეგია არსებობს: მორალური (ეთიკური) და სოციალური (ან სოციალურ-პოლიტიკური). მორალი, თავისი სუბსტანციური არსით, მეტაფიზიკურია, ანუ უცვლელი. მეტაფიზიკური მორალი აბსოლუტურ ღირებულებებთან არის წილნაყარი და ვერ ეგუება სიტუაციურობას, კონტექსტუალობას, რელატიურობას. აბსოლუტური (მეტაფიზიკური) მორალის წყარო არის ღმერთი. მეტაფიზიკური მორალის პრინციპებიდან გამომდინარე, ომი (კაცის კვლა) უპირობოდ წარმოადგენს ბოროტებას. შეუძლებელია, მეტაფიზიკურმა მორალმა დაუშვას ასეთი პირობა: კაცის კვლა, ზოგადად, მიუღებელია, თუმცა, ომის კონტექსტში - გამართლებული. ღირებულებათა რელატიურობა ანგრევს აბსოლუტურ მორალს.
თუმცა, სოციალური ცხოვრების (ან თანაცხოვრების) მოწყობის თავისებურებები გვკარნახობს, რომ მეტაფიზიკური მორალის პრინციპების მიხედვით საზოგადოების მშენებლობის განზრახვა წმინდა წყლის უტოპიაა, რომლის განხორციელების მცდელობამ ტოტალიტარიზმამდე შეიძლება მიგვიყვანოს (რელიგიურ-ფუნდამენტალისტური სახელმწიფოების არსებობა ამის საუკეთესო მაგალითია). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხშირად ის, რაც აბსოლუტური მორალის კუთხით მიუღებელი და გაუმართლებელია, სოციალური თვალსაზრისით, შეიძლება მისაღები და გამართლებული აღმოჩნდეს. ამის ყველაზე უტრირებული მაგალითია პროსტიტუციის ინსტიტუციონალიზაცია. პროსტიტუცია ამორალურია, თუმცა დემოკრატიული საზოგადოების ლოგიკისთვის - ადეკვატური, და დღეს ცივილიზებულ ქვეყნებში არავის მოუვა აზრად ბორდელების აკრძალვა.
მაშასადამე, სოციალური ცხოვრება, თავისი ხასიათით, იმდენად ჭრელი და მრავალფეროვანია, რომ მის მოქცევას ერთ - მორალის - განზომილებაში ადამიანთა მისწრაფებების იგნორირებამდე და უფლებების შელახვამდე მივყავართ. რასაკვირველია, აქედან ერთი ნაბიჯია დარჩენილი თვითნებობისა და ქაოსის ლეგიტიმაციამდე. თუმცა, თანამედროვე ლიბერალურმა დემოკრატიამ ამ მეორე უკიდურესობის თავიდან ასაცილებლად ასეთი პარადიგმა შემოიტანა - ყველაფერი ნებადართულია, რაც თავის თავში სოციალურ საშიშროებას არ ატარებს. შესაბამისად, აბსოლუტური მორალის პარალელურად, არსებობს სოციალური მორალი (ეთიკა), რომელიც ცდილობს, სოციალურ და პოლიტიკურ ქმედებებს მიზანშეწონილების გარკვეული ფარგლები დაუწესოს. ამას სხვანაირად რაციონალიზაციას უწოდებენ, რომელიც შეიძლება აღიწეროს როგორც მოქმედების მართვა გონების კარნახით, როდესაც წინასწარ გათვლილია მოქმედების შესაძლო შედეგები.
რაღა თქმა უნდა, სოციალური ეთიკის და რაციონალიზაციის პრინციპი ომთან მიმართებაშიც მოქმედებს. ამ შემთხვევაში, მსჯელობა იმას არ ეხება, შეიძლება თუ არა ომი, ზოგადად, ჩაითვალოს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტად. სოციალური ეთიკა, ამ პრინციპული დაშვების ფონზე, აყალიბებს მეტარეგულაციებს, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ საარტილერიო ან საავიაციო დაბომბვისას ბომბები მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ააცილო, ანდა ის, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უნდა მისცე ბრძოლის ველზე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ჟურნალისტებს არ უნდა ესროლო და ა.შ. სწორედ ომის რაციონალიზაციის პროდუქტია ისეთი პოლიტიკური ფორმულები, როგორიცაა: „ძალის პროპორციული/ არაპროპორციული გამოყენება“, „მისაღები/მიუღებელი იარაღი“, „მინიმალური მსხვერპლი“ (როგორც წარმატებული სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი ინდიკატორი) და სხვ. (ყველას გვახსოვს, აგვისტოს მოვლენების დროს ძალის „არაპროპორციული გამოყენების“ ფორმულამ ყველაზე კარგად „იმუშავა“ ჯერ რუსეთის აგრესიის აღსაწერად საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო მოგვიანებით ევროსაბჭოს დასკვნაში ეს ფორმულა საქართველოს ხელისუფლების მისამართითაც გამოიყენეს ცხინვალის წინააღმდეგ შეტევის შესაფასებლად).
ომის რაციონალიზაციის შედეგია ე.წ. „პრაგმატული პაციფიზმის“ კონცეფციაც, როგორც „ღირებულებითი პაციფიზმის“ ჩანაცვლება. ქართველი (და არა მხოლოდ) პოლიტიკოსებისაგან და „ჩვეულებრივი“ მოქალაქეებისაგან ხშირად გვესმის, რომ ისინი საქართველოს დაკარგული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების წინააღმდეგი იმიტომ კი არ არიან, რომ ეს მეთოდი მიუღებელია ღირებულებითი თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ამის რესურსები არა აქვს, მით უფრო, რუსული აგრესიის ფონზე.
სოციალური ეთიკა, თავისი არსით, კონვენციონალურია და სწორედ ეს ქმნის მისი პრინციპების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. კონვენციის წყარო შეიძლება იყოს ესა თუ ის სოციალური ჯგუფი, პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია ან, სულაც, სახელმწიფო (უკეთ, ხელისუფლება). ყველაზე ცუდი ისაა, როდესაც ხდება ამა თუ იმ ინტერპრეტაციის მონოპოლიზება და იდეოლოგიზირება, რის შედეგადაც საზოგადოებაში ბატონდება ერთი მიდგომა ან ხედვა. ასეთი მონოპოლიზება ყველაზე ეფექტურად ხორციელდება მაშინ, როდესაც მის სათავეში ხელისუფლება ან რომელიმე გლობალური სტრუქტურა (მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციები) დგას. ამ შემთხვევაში, არაჩვეულებრივად მობილიზებული საჯარო ურთიერთობის (PR) სამსახურები ახდენს საზოგადოებრივი ცნობიერების ზომბირებას და მის ერთ - დამკვეთისთვის სასურველ - განზომილებაში მოქცევას. საზოგადოებრივი ცნობიერების ზომბირების მაგალითები უამრავია: ამერიკელების მიერ ერაყის ინტერვენციის გამართლება ტერორიზმთან ბრძოლით; ისრაელის, როგორც მუსლიმური სამყაროს პერმანენტული „მსხვერპლის“, იმიჯი; რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის უალტერნატივობა („როგორც უნდა მოვქცეულიყავით, რუსეთი მაინც დაგვარტყამდა“), ნატო-ში გაწევრიანების დასახვა პანაცეად და ბევრი სხვა. საინტერესო ისაა, რომ თავისთავად ეს იდეოლოგიზირებული მესიჯები სრულიადაც არ არის ყალბი - ისინი განსაზღვრული მიდგომის გამოვლენაა და, ცხადია, არსებობის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც მათგან განსხვავებულ ან დაპირისპირებულ დისკურსებს. სიყალბის სამოსელში ისინი მაშინ ექცევიან, როდესაც საპირწონედ აღარ ხვდებათ არანაირი ალტერნატიული მოსაზრება და, ამდენად, ერთადერთი შესაძლო ინტერპრეტაციის პრეტენზიას იძენენ.
სამწუხაროდ, ჩვენ სწორედ ასეთ, ერთგანზომილებიან საზოგადოებაში ვცხოვრობთ: ყოველთვის ვცდილობთ, დავიჯეროთ „ერთადერთი სწორი“ რეალობის არსებობა, ყოველთვის გვინდა, რომ განსხვავებული შეფასებები ერთ ობიექტურ შეფასებად „გადავადნოთ“. როდესაც მოდერნულ საზოგადოებას წინამოდერნულისაგან განასხვავებენ, სოციოლოგები ყოველთვის მიუთითებენ ამ განსხვავების ერთ-ერთ ყველაზე ძირეულ ინდიკატორზე - მოდერნულობა ალტერნატივათა ლეგიტიმაციას ახდენს, ხოლო წინამოდერნულობა - ალტერნატივების არსებობას განიხილავს ნაკლოვანებად, რომელიც უნდა დაიძლიოს. ქართული საზოგადოება ამ ნიშნითაც აკმაყოფილებს წინამოდერნული საზოგადოების წევრად ყოფნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს თუნდაც ისრაელ-პალესტინის მიმდინარე კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულება. როლები განაწილებულია: ისრაელი - ტერორიზმთან ბრძოლის გმირი, პალესტინა - ტერორისტული ორგანიზაციების („ჰამაზი“ და სხვ.) თავშესაფარი და პროგრესული კაცობრიობის მტერი. არავითარი ეჭვი, არავითარი დისტანცირება ამ სტერეოტიპებისგან და სტიგმებისგან. კარგა ხანია, ცნობილი ამბავია სოციალურ ფსიქოლოგიაში: ინტერაქციის ყველაზე უფრო მომწიფებული ფორმა ისაა, როდესაც შეგწევს უნარი, რაც შეიძლება ბევრ როლში „განივთდე“, რომ სხვათა პოზიციიდან შეხედო ამა თუ იმ მოვლენას და ეს პოზიციები დააბალანსო. ასეთი კულტურულ-რელატივისტური დამოკიდებულება თავიდან აგვაცილებს პატერნალიზმს და ქსენოფობიას. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიტიკული რეფლექსიის უნარი და დაიბადება ჯანსაღი, ხშირად პასუხგაუცემელი შეკითხვები: რატომაა მუსულმანი ფანატიკოსის მიერ (რომელსაც თავისი რელიგია კარნახობს, რომ მხოლოდ მაშინ ცხონდება, თუ თავის მტერს იმქვეყნად გაიყოლებს) მაღაზიის ან მეტროს აფეთქება - ტერორიზმი, ხოლო ისრაელის მიერ უდანაშაულო პალესტინელების ამოხოცვა - „ტერორიზმთან ბრძოლა“? რატომ იყო ერაყის კუვეიტში შეჭრა ინტერვენცია, ხოლო ამერიკის ერაყში შეჭრა - ამ ქვეყნის გათავისუფლება? რატომ შეიძლება პოლიტიკოსს (ჯ. ბუშს ვგულისხმობ), რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ომს იწყებს გაერო-ს რეზოლუციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების იგნორირებას ახდენს, კანონის უზენაესობის პატივისცემა „დააბრალო“? იქნებ ის, რაც გუშინ ტერორიზმთან ბრძოლის სახელით ღაზას სექტორში (და ბევრ სხვა ადგილასაც) კეთდებოდა, სხვა არაფერია, თუ არა უცხო კულტურის ძალისმიერი ინტერვენცია ლოკალურ კულტურებზე, როგორც გლობალიზაციის ყველაზე ცუდი გამოვლინების მანიფესტაცია?
ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეკითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათზე პასუხის გაცემა.
![]() |
13 გახმოვანებაში დაკარგულები |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ვუძღვნი ჩემს 8 წლის შვილს ანას, რომელმაც ამ სტატიაზე მუშაობისას მთხოვა, - თუ კინოს დირექტორს დაურეკავ, აუცილებლად უთხარი, რომ მე შეწუხებული ვარ ქართული გახმოვანებით. და ისიც უთხარი, რომ „ვააფშე“ მთელი ქალაქი შეწუხებულიაო.
კარგად მახსოვს ეს დღე. ჯეიმს ბონდის ახალ სერიას ვუყურეთ და გარეთ ცოტა გაწბილებულები გამოვდიოდით. ვერ გეტყვით, რისი ან ვისი ბრალი იყო, ბონდის თუ ჩვენი ინგლისურის, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულად გახმოვანებულის სანახავად ვერ გავრისკეთ წასვლა. ვიღაცამ მითხრა, - ბონდის ქალს ქალი-ტაფა ახმოვანებსო, - და ამიტომ ფილმის ორიგინალში ნახვა ვარჩიეთ. სხაპასხუპით მოლაპარაკე ბონდიანას გმირებისგან ბევრი ვერაფერი გავიგეთ - არა მარტო ჩვენ, არამედ დარბაზის 90%25-მა, რომელმაც ფილმს, გაკმენდილ-გასუსულმა უყურა, და ყველამ ერთად დავასკვენით, რომ action-ის გარდა, ფილმში არც არაფერი ვარგოდა.
- ვაა, როგორ ხარ? შენა და, მოგეწონა ფილმი? - ძლივს ისმის ვიღაცის ხმა გამოსასვლელ კართან
- აჰა, უბრალოდ დავიტანჯე რა, რაღაცები არ მესმოდა, - პასუხობს მაღალი ტიპი, ბოლოდან
- ბიჭო, არც მე, მაგრამ შემეშინდა... შენ შონზო-ზვიოს გახმოვანებული გინახავს რამე?
- ნტ!…
- აუუუ... არ იცი, ეგ რა არის, ისევ ინგლისურს ვუყურე რა... ქართულგახმოვანებულზე როგორ წავიდოდი... ეგენი რომ ყოფილიყვნენ?!
პრობლემა №1
ეგენი რომ ყოფილიყვნენ
შორიდან დავიწყებ. სექტემბრის შუა რიცხვები იყო, 19 თუ არ ვცდები, როდესაც კინოთეატრ „რუსთაველის“ წარმომადგენლებმა ხმამაღლა განაცხადეს, - დღეიდან და სამუდამოდ კინოთეატრებში ფილმებს მხოლოდ ქართული გახმოვანებით გიჩვენებთო. ასეთი ნაუცბათევი ნაბიჯი ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით იყო განპირობებული, რადგან სანამ საქართველო დსთ-ს ქვეყნებში შედიოდა, ფილმების ერთადერთი მომწოდებელი დიდი რუსეთი იყო. ამიტომაც, იქიდან შემოსული, უკვე რუსულ ენაზე დუბლირებული ფილმები უცვლელად გადიოდა ჩვენთან - რუსულად. ომის შემდეგ კი, როდესაც საქართველომ დსთ-დან გამოსვლაზე გააკეთა განცხადება, კინოთეატრების წარმომადგენლებმა დისტრიბუტორი ქვეყანა ლონდონის სტუდიებით ჩაანაცვლეს. ლოგიკურია, რომ ლონდონიდან ჩამოსული ფილმები ინგლისურ ენაზეა და ამიტომაც, ფილმების დუბლირების აუცილებლობა შეიქმნა. კარგად მახსოვს, მაშინვე ითქვა, - ქართულად დუბლირების გარდა, ფილმები ზოგჯერ ორიგინალში და ზოგჯერ სუბტიტრებით გავა ეკრანზეო. შევშინდი, ძალიან შევშინდი. რადგან მე, როგორც ქართული გახმოვანების შედეგად ტრავმირებულ ადამიანს, თავში მაშინვე ამომიტივტივდა „გლდანელი ქალბატონის“ მიშა ანდღულაძის გაფუჭებული მამონტი („გამყინვარების პერიოდი“), სოროსის ფონდობანა „მადაგასკარში“, ჯეიმს ჯონდის (ბონდის) პური მშივა ქალьო და ზვიოს შეუდარებელი, ქართლული ნიღაბი; რასაც, სრულიად ლოგიკურად, ხასიათის დამძიმება და სრული უიმედობის განცდა მოჰყვა. ბავშვები რომ არ დაიშვებოდნენ „საძმოს“ დამუშავებულ ანიმაციებზე, ეს უკვე ვიცოდი, მაგრამ ნუთუ ახლა ფილმსაც ვეღარ ვნახავ-თქო?! ახალ ამბავს აქტიური ფორუმელებიც გამოეხმაურენ ვებ-გვერდით - „კინოში წასვლა აღარ ღირს“. სათაურიდან გამომდინარე, მიხვდებოდით, რომ მის გვერდებზე გამართული დისკუსია ცუდ გახმოვანებას და „შონზო, ზვიო და საძმოს“ თემას უტრიალებდა: „სანამ რუსულ გახმოვანებაზე ვიტყოდით უარს, ხომ არ აჯობებდა, ქართული გახმოვანების დონე აგვემაღლებინა, სულ ცოტათი მაინც, თუნდაც საშუალომდე“; „ესე იგი, კინოში ვეღარ წავსულვარ თუ ისევ შონზო და მისი საძმო გაახმოვანებს, - „ჩაიცუცქე ძმაო, ტერმინატორა ვარ“; „ერთადერთი დარჩა, დაჯდე სახლში, ინტერნეტიდან ქაჩო ფილმები and relax,“ - ეწერა ბოლოს.
მართალია, ჩვენდა საბედნიეროდ, „საძმო“, რამდენიმე თვეა, რაც დუმს, თვლემს - უფრო სწორად, მაგრამ ახალი სეზონის ფილმების ნახვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული კინოთეატრების პრობლემა არამარტო ეს დიდი „საძმოა“.
წლების მანძილზე ფილმები ქართულად ხმოვანდებოდა კინოსტუდიის ჩაბნელებულ პავილიონებში, იმ განსხვავებით, რომ ხმის ჩამწერ პულტთან მსახიობები იდგნენ! რაც მთავარია, სწორად შერჩეული მსახიობები, რადგან გახმოვანება ცალკე პროფესიაა და სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრება, თუნდაც ფრიადზე, სრულებით არ ნიშნავს კარგ გამხმოვანებელს. შეიძლება ძნელი წარმოსადგენი იყოს, მაგრამ მაყურებლისთვის საყვარელი ქართული კინოს არაერთი ცნობილი გმირი ხომ სულ სხვა მსახიობებმა „გააცოცხლეს“ და აალაპარაკეს ეკრანზე. მარტო ეროსი მანჯგალაძის პიპინია რად ღირს, ანდა მისივე ქრისტეფორე?! ეროსი ხომ ფილმიდან ფილმში „ალაპარაკებდა“ ვასილ ჩხაიძეს; ლეილა ძიგრაშვილის გახმოვანებული მთავარი როლები ფილმებში: „გარიგება“, „დიდი მწვანე ველი“, „ავარა“, „ჩვენი ეზო“, „შერეკილები“, „პირველი მერცხალი“, „ფატიმა“, „სოფლის აშიკი“ და სხვა... რეზო თავართქილაძე, გურამ საღარაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი...
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე დამამშვიდებელი წამლის ეფექტივით იმოქმედა ჩემზე „რუსთაველის“ მარკეტინგის მენეჯერის დევი გვახარიას განცხადებამ, - ფილმებს, ქართულად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები გაახმოვანებენო, - შედეგი მაინც არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. ხელში შეგვრჩა ტექნიკურად უხარისხოდ შესრულებული მასალა და ისევ ისე, ცუდად გახმოვანებული ფილმები. განცხადების - „ქართულ ენაზე გადავდივართ“ - შემდეგ სპეციალურად წავედი კინოში ჩემს ასევე ტრავმირებულ შვილთან ერთად, რომელმაც ერთი წაიკნავლა, - ისევ ქართულად უნდა ვუყუროთო? - და „კოსმონავტ მაიმუნებს“ ვუყურეთ. ხომ იცით, რას ნიშნავს ფილმის ქართულად დუბლირება? განსაკუთრებით კი - ანიმაციის? სასაცილო პერსონაჟები ეკრანზე მუნჯებივით დადიან, მუნჯებივით ხტუნავენ და როცა ხმის ამოღებაზე მიდგება ჯერი, გესმის ხმა! ვაშაა! ანუ, როგორც წესი, ლაპარაკის გარდა, ფილმის ნებისმიერი სხვა ხმაური, უეცრად, მისტიურად ორთქლდება ხოლმე. ამჯერად კი „კოსმონავტი მაიმუნების“ ყურებისას ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც... ვაა, ხმები ისმის-თქო, - ძლივს მოვასწარი გაფიქრება-აღფრთოვანება, რომ უცებ, „კარგად“ დაბალანსებული ხმის გამო, დედა-შვილმა კინაღამ ყურის ბარაბნები დავტოვეთ „რუსთაველის“ №2 დარბაზში. მართალია, დირექცია აცხადებს, - უუახლესი აპარატურა გვაქვსო, - მაგრამ მარტო აპარატურა თავისით ხომ ვერაფერს იზამს! ამაზე ისევ არის ერთადერთი და უნივერსალური პასუხი, - „ასეთ მოკლე პერიოდში გაგვიჭირდა რადიკალური ცვლილებების ჩატარება და ეს ტექნიკური წუნი ეტაპობრივად გამოსწორდება. ჩვენი კინოთეატრები ხომ პირველი კლასის კინოთეატრების რიცხვში შედის.“ კი, მაგრამ, უკვე რამდენიმე წელია, რაც ანიმაციები ქართულად დუბლირებული გადის და ქართული თარგმანის თავისებურებების თუ ტექნიკური გაუმართაობის პრობლემები არც მაშინ აკლდა კინოთეატრს. დარწმუნებული ვარ, აქ თქვენც გაგახსენდებათ „ვარდისფერი“ ტელევიზია, სადაც ხარისხზე კი არა, გადაცემების რაოდენობაზე გელაპარაკებიან და საერთოდ... ვაცადოთ, ბატონებო! ვაცადოთ!
პრობლემა №2
მაგალითად, ჯეიმს ჯონდი
კინოთეატრის წარმომადგენლებიდან ვერავინ გამცა კონკრეტული პასუხი იმაზე, არის თუ არა საავტორო უფლებების დარღვევა, როდესაც ფილმის გმირებს შეუცვლი სახელებს, და მთლიანად გადააკეთებ დიალოგს. ანუ, როგორც თავად ეძახიან - ადაპტაციის შემდეგ, სრულიად სახეცვლილ ფილმს მიჩვენებ ეკრანზე. რა თქმა უნდა, ამის უფლება არავის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ყველა მწარმოებელ კომპანიას თავისი კონტრაქტი აქვს დისტრიბუტორ კომპანიებთან, რამდენიმე პუნქტი ყველგან უცვლელია. მაგალითად ის, თუ რამდენჯერ აქვს „მყიდველს“ თუ „დამქირავებელს“ ფილმის ეკრანებზე გაშვების უფლება, და ის, რომ თარგმანის დროს არ უნდა დაირღვეს დედანის შინაარსი. როდესაც ფილმი ითარგმნება სხვა ენაზე, დუბლირებული მასალა იგზავნება ფილმის მწარმოებელ კომპანიაში, ამ უკანასკნელმა კი უნდა დაგიდასტუროს თარგმანის სიზუსტე. უცხოურ კინოკომპანიების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში ყველამ დამიდასტურა ის, რაც ისედაც ნათელი იყო - ეს კანონდარღვევაა. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ის, რაც აქ ხდება, ერთი დიდი პრიმიტიული თვითშემოქმედებაა. ამ ბრალდებაზე ლაკონური პასუხი გაისმა, - არსებულ პროდუქტს ბაზრის მოთხოვნებს ვარგებთო. აქვე ისიც დაამატეს, რომ „საძმოს“ შემოქმედება არ შეწყდება და დროდადრო თავიანთ არსებობას ახალ-ახალი პროექტებით შეგვახსენებენ. დევის თქმით, ეს არის ის, რაც დღეს სჭირდება ქართულ ბაზარს და რომ მე ვარ სუბიექტური, როდესაც არ მომწონს „პური მშივა ქალьო“ ან „სოკი დამისხი“; რომ ეს ჩემი პრობლემაა და რომ მათ შეუძლიათ მონაცემებით, ანუ მაყურებლის რაოდენობით მელაპარაკონ. ესეც შენ საბაზრო მოთხოვნა!
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიხსნეს კინოთეატრის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, თუ რა არის ადაპტაცია და რომ ასეთი პრეცედენტი მომხდარა, მაგალითად ისევ მოსკოვში, კონკრეტულ პასუხს უფლებების დარღვევაზე - კი ან არა, მაინც ვერ ვეღირსე.
როგორც ჩანს, ყველას თავისი აღქმა აქვს უფლებებზე და ადაპტაციაზე. აი, მაგალითად - ბანგლადეშელებს. იქ ხომ ჰოლივუდის ფილმებს არ უშვებენ კინოში, - ბევრი უზრდელობა არისო. მაგრამ, თუ მაინც გაუშვებენ, მაშინ თავად ჭრიან უზრდელურ სცენებს ფილმიდან და ხელახლა ამონტაჟებენ. ესეც შენ - ადაპტაციის ახალი ფორმა!
რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ბევრი თქვენგანი, მეც დიდი სიხარულით შევხვდებოდი ამ სიახლეს, რომ არა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, რომლების მოგვარება, დარწმუნებული ვარ, შეიძლება, ოღონდ თუ საქმეს პროფესიონალები მოკიდებენ ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დღეს კინოში წასვლისას უნდა გაითვალისწინო, რომ თუ:
1. მიდიხართ და ნახულობთ ფილმს ქართული გახმოვანებით, მაშინ, სანამ ფილმი დაიწყება, თვალები მაგრად უნდა დახუჭოთ და ჩაიფიქროთ, რომ არ გაიგოთ ის ნაცნობი ხმები, რომელიც მთელს თქვენს სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელის მომგვრელი იქნება. თუ ტანში არ დაგიარათ, ესე იგი გადარჩით. გილოცავთ. თუმცა ხმის აწევა-დაწევისგან გამოწვეულ შფოთვებს რომ ვერ გადარჩებით, მაგდენს უნდა ხვდებოდეთ.
2. მიდიხართ და ფილმს უყურებთ ორიგინალში, რომელმაც, შესაძლოა, სრულ სიჩუმეში ჩაიაროს და დარბაზში მსხდომი 400 კაციდან არც არავის კომენტარი არ გაიგოთ, რაც, დამეთანხმებით, უჩვეულოა, მაგრამ ძალიან რეალური. ეს ყველაფერი, იმ მარტივი მიზეზის გამო ხდება, რომ ორიგინალში ტექსტით დატვირთული ფილმის ყურება ძალიან ძნელია ქვეყნისთვის, სადაც ბავშვებს, სულ ცოტა ხნის წინ, მამები ყურებით აწევისას მოსკოვს დაანახებდნენ ხოლმე.
3. შეიძლება წახვიდეთ და ფილმი ნახოთ ინგლისური ან ქართული სუბტიტრებით. თუმცა, მეეჭვება შეძლოთ, რადგან სუბტიტრები - ეს მხოლოდ ახლო მომავლის გეგმებია.
დაბოლოს, განწყობის შესაქმნელად:
არა, იმაზე არავინ დავობს, რომ ქართულ გახმოვანებაში „go away“ ზოგჯერ „ნახვამდის, მაგრად“ ნიშნავს და სექსის დროს, კაცის წამოძახილი „I'm coming“, თურმე ნუ იტყვი და, „მოვდივარ, მოვდივარ“ ყოფილა - ეს ხომ ვიცოდით, ასეთები ხშირად ხდება ხოლმე. მაგრამ, გამიხარდა, როდესაც ჩრდილოელი მეზობლებიც „გამოვიჭირე“ - მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ ასეთ დღეში-თქო. რაღაც ფილმს ვუყურებდი. მგონი, რუსულ ტელეარხზე გადიოდა. მართალი გითხრათ, არც სათაური მახსოვს და არც რეჟისორი, მაგრამ... მოკლედ, ერთი ასეთი კადრი იყო: ჩაბნელებული ქუჩა. კოკისპირულად წვიმს. მანქანა ტროტუართან ჩერდება და იქიდან ქალი და მამაკაცი გადმოდიან. ქალი სასწრაფოდ იღებს ჩანთიდან სახლის გასაღებს, გალანტური მამაკაცი კი თავის პიჯაკს გადააფარებს ქალს, - არ დასველდეო, - და ჟივილ-ხივილით გარბიან სახლისაკენ. ამ დროს კი რუსი გამხმოვანებელი ხმამაღლა გაიძახის, - ой ой, кошки-собаки, кошки-собаки, ну и кошки-собаки... ანუ რუსულ ვარიანტში არავის გაახსენდა, რომ - it rains cats and dogs - კოკისპირულ წვიმას ნიშნავს, და ჰოლივუდელმა ვარსკვლავებმა სულ „ძაღლი-კატა, ძაღლი-კატა“ შეძახილის ფონზე ირბინეს. ეტყობა, ესეც ადაპტაციის ახალი ფორმაა - ულტრა „ნიუ“.
![]() |
14 ძალაუფლების დისკურსი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში |
▲back to top |
დისკუსია
ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
საუბარი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, უკვე ჩაწერილი გვქონდა, როცა პარასკევ საღამოს, 16 იანვარს საქართველოს პირველი არხის ეთერით მოულოდნელი რამ ვნახეთ: საქართველოს კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლით, შეიძლება პროექტი „დიდი ათეული“ დაიხუროს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს არ მოსწონდა წმინდანებზე საჯაროდ მსჯელობა და წმინდანების შეჯიბრი, მათ ოფიციალურ საიტზეც დაიდო. მაშინ ჩავთვალე, რომ განცხადება არა გადაცემის დახურვის მცდელობა, არამედ, ეკლესიის აზრი გახლდათ, რისი გამოთქმის უფლებაც საქართველოში, არა მარტო ეკლესიას, არამედ ჩვენ ყველას გვაქვს. სამწუხაროდ, თურმე, ვცდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სულ საუბრობდნენ რაღაც მითიურ ზარებზე და ვიცოდი, საპატრიარქო ზეწოლას ახორციელებდა ტელევიზიებსა და კულტურის მოღვაწეებზე, ამგვარი რამ საქართველოში, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოა, მაინც წარმოუდგენელი მეგონა.
კითხვა, რა უფრო მნიშვნელოვანია, კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, თუ ეკლესიის მორჩილება და პატრიარქის სიყვარული, ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ დასვა, რომელიც მთელი გადაცემის მანძილზე ამაოდ ცდილობდა პროექტისა და ჟურნალისტის ღირსების გადარჩენას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ცოდვის ჩადენა არ უნდათ, და ერთხმად აღიარეს - პატრიარქს უფრო ემორჩილებიან და კანონს კიდევ, თუ საპატრიარქოდან „სთხოვენ“ და „აკურთხებენ“, რა ქნან და, ვერ იცავენ.
ფაქტია, რომ საბჭომ ვერ მოახერხა ტელევიზია და ის მოსახლეობა დაეცვა, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაფინანსებთ. რისი მაქნისია „მკაცრი განცხადებები“ პოსტ ფაქტუმ?
ორი წლის წინ „ჯეობარიდან“ ერთ-ერთი მონაწილე, პაკო ტაბატაძე საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ღიად გამოხატვის გამო გააგდეს. მაშინ საჯაროდ არ უთქვამთ, მაგრამ პრესაში მაინც დაიწერა, რომ პაკო ტაბატაძეს სწორედ საპატრიარქოდან განხორციელებული ზარის შემდეგ დაატოვებინეს პროექტი. არც მე და არც ჩემ კოლეგა ჟურნალისტებს მის დასაცავად არაფერი გაგვიკეთებია; დარწმუნებული ვარ, ვერც ვერაფერს გავხდებოდით - უბრალო მოქალაქეს კი არა, საპატრიარქომ თუ გადაწყვიტა, წმინდანსაც ვერავინ დაიცავს ჩვენში.
შარშან პანტომიმის თეატრს საპატრიარქომ სპექტაკლის დადგმა აუკრძალა, რადგან წმინდა გიორგის ეხებოდა - „კალგოტკიანი“ წმინდანი წარმოუდგენელიაო. მაშინ ამირან შალიკაშვილმა ბევრი ეხვეწა და ემუდარა საპატრიარქოს, - არ აცვია წმინდა გიორგის ჩემ სპექტაკლში „კალგოტკა“, ქიტონი მოსავსო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - დახურულ ჩვენებაზე, რომელიც სპეციალურად მოეწყო, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მოსვლა არ ისურვეს. 16 იანვარს საზოგადოებრივის ეთერში საპატრიარქოს პოზიციებს რეჟისორი ქეთი დოლიძე იცავდა, რომელიც, როგორც ამ გადაცემიდან გაირკვა, საპატრიარქოს ხშირად სტუმრობს. ქალბატონმა ქეთიმ თქვა, რომ მის თეატრში, წმინდანების კი არა, მთლად მოციქულების შესახებ მიდის სპექტაკლი. ანუ ის, რაც ეკრძალება პეტრეს, დასაშვებია პავლესთვის. აქაც ორმაგი (თუ ათმაგი) სტანდარტებია, ისევე, როგორც ყველგან.
ორიოდ სიტყვით იმასაც მოვყვები, რაც ამ დისკუსიის ჩაწერამდე გადამხდა. როცა დისკუსიას ვამზადებდი, რადგან ეკლესიას შეეეხებოდა, თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარს დავუკავშირდი და მისგან თანხმობაც მივიღე. მაგრამ სწორედ ჩაწერის დილას დამირეკა და მითხრა, რომ თურმე გაარკვია, ამგვარ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას საპატრიარქოს ნებართვა (მათ ენაზე - კურთხევა) სჭირდებოდა, და რატომღაც მე მთხოვა, მომეპოვებინა ეს ნებართვა-კურთხევა. ბევრი რეკვისა და ლამის მუქარის შემდეგ კურთხევა მივიღე, მაგრამ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ დისკუსიაში საპატრიარქოს მხრიდან მონაწილეობას არა სამღვდელო პირი, არამედ ჟურნალისტი ზურაბ აბაშიძე და იურისტი მაია ცაცანაშვილი მიიღებდნენ, რომლებიც დისკუსიაზე ისე მოხვდნენ, კარგად არც იცოდნენ, სად და რატომ მოდიოდნენ, რისთვისაც მათ საჯაროდ მინდა მოვუბოდიშო. ასე შედგა ჩვენი დისკუსია, რომელიც დღეს რომ გამართულიყო, ჩემი კითხვები ბევრად უფრო კრიტიკული იქნებოდა (ალბათ, დისკუსიაც სხვანაირად წარიმართებოდა), რადგან თვალნათლივ დავინახე ის, რისი დაჯერებაც აქამდე არ მინდოდა - ეკლესია ტოტალიტარულ იდეოლოგიურ მანქანად იქცა, რომელიც თუ არ შევაჩერეთ და მოვთოკეთ, ჩვენს მყიფე და შეუმდგარ დემოკრატიას ისე გადაუვლის და გადათელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს - ერთ მშვენიერ დილასაც გავიღვიძებთ და პირდაპირ მართლმადიდებლურ ირანში ამოვყოფთ თავს.
დისკუსიაში მონაწილეობენ: საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ჟურნალისტი ზურაბ აბაშიძე, მამა ზაზა თევზაძე, პროფესორი ზურაბ კიკნაძე, რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ პაპუაშვილი, იურისტი მაია ცაცანაშვილი და პოლიტიკოსი ფიქრია ჩიხრაძე.
სანამ აქ მოვიდოდი, საეკლესიო პრესას გადავხედე და საინტერესო ტენდენციას გადავაწყდი: საპატრიარქოს ჟურნალებში ხშირია რუსეთის მართლმადიდებლობაზე აპელირება, ხშირია ფრაზები, - ამერიკელები მასონები არიანო; საუბარია რაღაც მითიურ ჩიპებზე და ა. შ. გასაგებია, რომ ეკლესიაშიც არსებობს ე.წ. ყვითელი, ძალიან დაბალი ხარისხის პრესა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია საკმაოდ ძლიერია. შეიძლება თუ არა, ეკლესია განვიხილოთ, როგორც რუსეთის გარკვეული, თუნდაც იდეოლოგიური დასაყრდენი საქართველოში? რამდენადაა რეალობასთან ახლოს ჩემი ვარაუდი?
მამა ზაზა - დღეს საქართველოს პოლიტიკური ვექტორი მკვეთრადაა გადახრილი დასავლეთისკენ. ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს საეკლესიო მართული - ერთმორწმუნეობის თემა; რა მოჰყვა ამ ერთმორწმუნეობას და რამდენად იყო ერთმორწმუნეობა ის პოლიტიკური მართლმადიდებლობა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა და რა შედეგებით დამთავრდა საქართველოსთვისაც და მართლმადიდებლობისთვისაც, ეს ყველასთვის ცხადია. მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რწმენაა და არა პოლიტიკური ძალაუფლება.
მაგრამ მართლმადიდებლობა უფრო და უფრო ემსგავსება პოლიტიკურ ძალაუფლებას. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ტელევიზიითაც გვაჩვენეს, როგორ ირჩევენ პატრიარქს რუსეთში.
მამა ზაზა - რუსეთის იერარქები თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან. ეს აღიარებული ფაქტია. შეიძლება ითქვას, რომ რუსული პოლიტიკური ინტერესები ეკლესიასთან მიბმულია, რაც ძალიან დიდი შეცდომაა იერარქების და პოლიტიკოსების მხრიდან. ეს არავისთვის არ არის კარგი. ამის საფრთხე ჩვენთანაც არსებობს და რაც უფრო კარგად დავინახავთ და შევაფასებთ, მით უკეთესი.
ბექა მინდიაშვილი - ალბათ შეიძლება რუსულ გავლენებზე საუბარი, და არა მხოლოდ იმის მიხედვით, რაც საეკლესიო ჟურნალგაზეთებში იბეჭდება. შეიძლება სტრუქტურულ გავლენებზეც ვისაუბროთ - არსებობს გარკვეული კანონზომიერებები იმ ეკლესიებში, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ რუსული ეკლესიის გავლენას განიცდიან.
მიგაჩნიათ, რომ ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის გავლენას განიცდის?
ბექა მინდიაშვილი - საქართველოს ეკლესია არ მონაწილეობს ეკუმენურ დიალოგში. მან 1997 წელს დატოვა ევროპის ეკლესიათა კონფერენცია და მსოფლიო საეკლესიო საბჭო და ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად, იმიტომ გადადგა, რომ პირველად რუსეთის ეკლესიამ დააყენა ამ ორგანიზაციებიდან გამოსვლის საკითხი, შემდეგ მას სერბეთის ეკლესია აჰყვა. იმავე წელს ბულგარეთის და საქართველოს ეკლესიებმა დატოვეს მსოფლიო საეკლესიო საბჭო; თან ეს სწორედ ის წელი იყო, როცა საქართველომ ღიად განაცხადა თავისი დასავლური ორიენტაციის შესახებ. მეორე - ყველა მართლმადიდებლური ეკლესია, რუსეთის, სერბეთის, იერუსალიმისა და საქართველოს გარდა, შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
აღსანიშნავია მამა ზაზას მიერ ნახსენები სპეცსამსახურებიც. ჩვენთან საჯაროდ არასდროს უთქვამთ, რამდენად იყო დაკავშირებული საქართველოს ეკლესია კომუნისტურ ხელისუფლებასთან, რა ანგარიშ-ვალდებულებები არსებობდა იმ დროს ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. რუსეთში სტალინის პიროვნებისადმი რელიგიური სიმპათია არსებობს, ბოლო დროს მისი ხატებიც კი იხატება. ამგვარი განწყობა საქართველოს ეკლესიის მაღალ იერარქებსაც კი აქვთ, განსაკუთრებით მათ, ვინც საბჭოთა პერიოდიდან მოღვაწეობს ეკლესიაში, და ეს ქადაგებებშიც მომისმენია. ეს სამწუხარო რეალობაა. და კიდევ ერთი - როცა ვსაუბრობთ ორიენტაციის არჩევანზე, დასავლეთი, ლიბერალური დემოკრატია რელიგიათა თავისუფლებას და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, რუსეთს კი პირიქით - სწორედ მართლმადიდებლობის დომინანტური როლი მიაჩნია აუცილებლად საკუთარ სახელმწიფოშიც და სხვა მართლმადიდებლურ სახელმწიფოებშიც.
ის, რომ რუსეთთან სამშვიდობო მისია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იკისრა, ერთი მხრივ, დადებითი მოვლენაა, მაგრამ რა კონტექსტი განაპირობებს ქართული მართლმადიდებლობის მიმართ იმდენად დიდ ნდობას, რომ რუსეთის ეკლესია უარს ამბობს აფხაზეთისა და ოსეთის საეკლესიო დამოუკიდებლობის აღიარებაზე?
ფიქრია ჩიხრაძე - რუსეთი, ამ შემთხვევაში, თავისი პოლიტიკური შეცდომების ტირაჟირებას აღარ ფიქრობს. რუსული ეკლესიისთვის მომგებიანია, თქვას, - ეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციააო. მეორე მხრივ კი, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ამ აღიარებით თავად შეექმნებოდა დიდი პრობლემები.
რაც შეეხება ზოგად კონტექსტს, ბექას კატეგორიულად გავემიჯნებოდი ახსნის თვალსაზრით, და ვიტყოდი, რომ ეკლესიას აქვს დიდი ავტორიტეტი და დიდი ნდობა საქართველოს მოსახლეობაში; ეს სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევებით დასტურდება, მაგრამ ამავე დროს გავიხსენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 76%25-მა მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭირა. აგვისტოს ომის შემდგომ ეს პროცენტი ოდნავაა დაწეული და არა რუსეთის ფაქტორის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ხალხს უჩენდა ილუზიას, თითქოს ჩვენს კონფლიქტში ვინმე ფიზიკურად ჩაერეოდა. ეკლესიას რომ ჰქონოდა მცდელობა, თავისი გავლენა და ავტორიტეტი ანტიდასავლური განწყობის გაღვივებისათვის გამოეყენებინა, მერწმუნეთ, ამას ნამდვილად მოახერხებდა. დღევანდელ ხელისუფლებაშიც კი, რომელიც პროდასავლურად აცხადებს თავს, არიან ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომელთა იქ ყოფნა, სწორედ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად გაუგებარია. საქართველოს სახელმწიფომ არ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პროცესების ლუსტრაცია მოეხდინა, და როცა პოლიტიკური ლუსტრაცია არ მომხდარა, ნამდვილად შეცდომა იქნება, საფრთხეების ძიება ერთმორწმუნე ეკლესიებს შორის ურთიერთობაში დავიწყოთ. ჩვენი პატრიარქი მხოლოდ რუსეთში არ არის პოპულარული, მას უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს მთელ ქრისტიანულ სამყაროში და ძალიან მძიმე იქნებოდა რუსეთის ეკლესიისათვის, საქართველოს პატრიარქის რიდი და პატივისცემა რომ არ ჰქონდეთ.
იქნებ ლუსტრაცია სწორედ იმიტომ არ მოხდა საქართველოში, რომ შეიძლებოდა ეკლესიას შეხებოდა? ვარდების რევოლუციის წინ ჩვენ ხელისუფლებას აუცილებლად მიაჩნდა ლუსტრაციის პროცესი, მაგრამ შემდეგ რატომღაც ეს პროცესი ადგილიდან არ დაძრულა.
ბექა მინდიაშვილი - რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 90-იან წლებში განაცხადა, რომ თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან, ბოდიში მოიხადა ერის წინაშე და თქვა, რომ ბევრი ადამიანის დაცვა ვერ შეძლო, რადგან კომუნისტური ხელისუფლებისგან ძალიან დიდი წნეხი იყო, და მან უარი თქვა პატრიარქობაზე. შემდეგ რუმინელმა მორწმუნეებმა სთხოვეს, რომ თავის პოსტზე დარჩენილიყო. პოლონეთშიც უნდა აერჩიათ კარდინალი, და როცა კანდიდატი სპეცსამსახურებთან დაკავშირებული აღმოჩნდა, ამას იმდენად დიდი რეზონანსი ჰქონდა, რომ კანდიდატურა უმალვე მოიხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ საქართველოში შეკითხვის დონეზეც კი არ დასმულა. არავის არ შეუსწავლია, არქივები აღარ არსებობს ან დახურულია. არადა, ლუსტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
ნუგზარ პაპუაშვილი - 1995 წელს, საეკლესიო კრების დროს დაისვა ეს საკითხი. ამ საუბრის ჩანაწერი მოსმენილი მაქვს. გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და აღიარა, რომ თანამშრომლობდა უშიშროების სამსახურთან და ასე დაასაბუთა: დიახ, ვთანამშრომლობდით, როდესაც თქვენ სახლებში თბილად ისხედით, ჩვენ ეკლესიაში დავდიოდით და ამ დროს ეკლესია გადავარჩინეთო. პატრიარქმაც აღიარა, - უშიშროებასთან ბევრი სასულიერო პირი თანამშრომლობდა, თუმცა ეს თანამშრომლობა ოფიციალურ მხარეს არ გასცილებიაო; როდესაც საზღვარგარეთ გავდიოდით, იქ გასვლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო, დაგვეფიქსირებინა ჩვენი თავი ოფიციალურ თანამშრომლადო.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც ნინომ დასვა, ვიტყვი, რომ ერთია ქვეყნის პროდასავლური კურსი და მეორეა ქვეყნის მოსახლეობის და, თუნდაც, პოლიტიკური ელიტის ცნობიერება. კარგად ვიცნობ ვითარებას რუსეთშიც და საქართველოშიც და ამ ორ ქვეყანაში მდგომარეობა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, რუსეთში მეტად გაისმის ხმა იმის შესახებ, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, ჩვენთან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა რომ შეიმუშავოს დადგენილება და დაგმოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა. შარშანწინ რუსეთში ასე მოხდა. ჩვენთან, პირიქით, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დემოკრატიულობაზე დებს თავს, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. არ მეგულება საქართველოში პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ სფეროში დემოკრატიულ პოზიციას გამოამჟღავნებდა.
ფიქრია ჩიხრაძე - ვერ დაგეთანხმებით...
ნუგზარ პაპუაშვილი - არ მიგაჩნიათ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატი საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე დამაბრკოლებელ ფაქტორად? როგორ ფიქრობთ, როცა ანალოგიური ხელშეკრულება სხვა კონფესიებთან არ იდება, ნიშნავს თუ არა ეს დანარჩენი ეკლესიების წევრთა დისკრიმინაციას და მოქალაქეთა დახარისხებას?
ფიქრია ჩიხრაძე - მე თავად ვმონაწილეობდი ამ შეთანხმების ტექსტის შექმნაში, და მერწმუნეთ, მაშინაც იყვნენ ჯგუფები, რომლებიც მოითხოვდნენ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება. სამწუხაროდ, ჩვენმა კონსტიტუციამ იმდენი ცვლილება განიცადა, რომ უკვე ძნელი სათქმელია, რომელი კონსტიტუციის ფარგლებში დაიდო ეს ხელშეკრულება. ის, რომ გარკვეული სამართლებრივი სფერო იყო შესაქმნელი და მოსამზადებელი საბჭოთა პერიოდის შემდგომ, როდესაც საქართველოს ეკლესიამ დიდი რბევა განიცადა, ცხადია. მაშინ, ზოგადად, ქართულმა სახელმწიფომ და ხალხმა განიცადა რბევა, მაგრამ ეკლესია ამ რეჟიმის განსაკუთრებული მსხვერპლი იყო. ჩვენ რეაბილიტირებულთა შესახებაც შევიმუშავეთ კანონი და ისინი კომპენსაციასაც იღებდნენ. თუმცა, ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი, და სახელმწიფოს ამ ადამიანების წინაშე ბევრად მეტი მართებდა.
ნუგზარ პაპუაშვილი - რეჟიმის მსხვერპლი იყო კათოლიკური ეკლესიაც, ისლამიც, მუსლიმთა თემიც, და ყველა...
ფიქრია ჩიხრაძე - დიახ, შეიძლება მათ მიმართაც უნდა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგებ იმ ადამიანებისას, ვინც აცხადებს, რომ ეს შეთანხმება სხვების დისკრიმინაციას გულისხმობს. მაგალითად, როდესაც საქართველოში სახელმწიფო ენად გამოცხადებულია ქართული ენა, ვიღაც შეიძლება შეზღუდული და დისკრიმინირებული იყოს, ან როცა საქართველოს სკოლებში უნდა ისწავლებოდეს საქართველოს ისტორია და მშობლიური ლიტერატურა, შეიძლება ეს ვინმეს არ მოსწონდეს.
ნუგზარ პაპუაშვილი - ენა სახელმწიფოებრივი საკითხია, რწმენა კი - პიროვნული.
ზურაბ აბაშიძე - სრულიად ვიზიარებ ფიქრიას პათოსს. რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად ემსახურებოდა ხელისუფლებას. საქართველოში ეს ასე არ ყოფილა. ჩემი გამოცდილება მოსკოვში მუშაობისას ასეთი იყო - საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მივიდოდი და მერე საღამოს შევხვდებოდი რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წარმომადგენელს, რასაც სამინისტროში მეტყოდნენ, პუნქტ-პუნქტად ჩამოთვლიდნენ საპატრიარქოშიც. საქართველოში პირიქითაა - სახელმწიფო სტრუქტურებსა და საპატრიარქოს შორის ნაკლები კომუნიკაციაა. მაგალითად, დელეგაციების გაცვლა იყო, პატრიარქი წავიდა რუსეთში, საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქოში მისი ვიზიტის შემდეგ მივიდა. ეკლესიას და სახელმწიფოს შორის რაიმე შეთანხმებულად რომ ხდებოდეს, ამას ნამდვილად ვერ ვხედავ.
მაგრამ ეკლესიის გავლენაზე მიუთითებს, თუნდაც, ჰელოუინის დღესასწაულის დარბევა, მამა ტარიელის მიერ თამამშევების საფლავის ქვების ხელყოფა და ა. შ. ამ ფაქტებზე ტელემედიაში სიუჟეტები მომზადდა, მაგრამ მედიამფლობელებმა დაბლოკეს. როგორც ვიცით, არც ისინი დასჯილან, ვინც ჰელოუინის დღესასწაულზე სრულიად უდანაშაულო ადამიანებს სცემეს და დაარბიეს. არ ვიცი რა მექანიზმებით, მაგრამ ეკლესია გარკვეულ ცენზურას ახორციელებს.
ზურაბ აბაშიძე - ცენზურის რა მექანიზმი აქვს ეკლესიას, ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ რაღაც უმსგავსობა ხდება ნორაშენის ეკლესიასთან დაკავშირებით. ვხედავ, რომ თვითონაც შეწუხებულები არიან, რაღაც ფუსფუსია, მაგრამ რატომ არ გაშუქდა ეს ფაქტი პრესით, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.
ბექა მინდიაშვილი - დისკრიმინაციის თაობაზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა. დისკრიმინაციულ გარემოზე ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ, ვინაიდან ის პრივილეგიები და უპირატესობები, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს, არ აქვთ სხვა დენომინაციებს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს ქონება, ქონება ასევე უნდა დაუბრუნდეს სომეხთა ეკლესიას, კათოლიკურ ეკლესიას, მუსლიმებს. მათ კი დიდი პრობლემები ექმნებათ.
არსებობს ფაქტები, რომ ისინი ვერ იბრუნებენ ქონებას?
ბექა მინდიაშვილი - რა თქმა უნდა. ამ ტერმინს არ ვხმარობ ხოლმე, მაგრამ ეგრეთ წოდებული ტრადიციული რელიგიები, კათოლიკური ეკლესია, იუდაური თემი, მუსლიმები, სომეხთა ეკლესია, ბაბტისტური და ლუთერული ეკლესია სამართლებრივ სივრცეში არ არსებობენ და ვერ ურთიერთობენ სახელმწიფოსთან. მათ სტატუსის პრობლემა აქვთ.
ეს ალბათ უფრო სახელმწიფოს პრობლემაა და არა ეკლესიის...
ბექა მინდიაშვილი - პრობლემა იმის გამოა, რომ სახელმწიფოს ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხვდება მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ბათუმში კათოლიკური ეკლესია დღეს მართლმადიდებლების საკუთრებაა, ასევე სომხურ ეკლესიას აქვს სურვილი, საკუთარი 5 ეკლესია დაიბრუნოს. ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მხრივ. აქ საპატრიარქოს პოზიცია თამაშობს დიდ როლს და ამ კუთხით შეიძლება საუბარი დისკრიმინაციაზე. ეს სამწუხარო რეალობაა. ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის, არ აძლევს სახელმწიფოს თავისუფლად მოქმედების საშუალებას. ვინც უნდა იყოს დღეს ხელისუფლებაში, ეკლესიისგან დამოუკიდებლად ასეთ საკითხებში ვერ იმოქმედებს.
ერთი მექანიზმის შესახებ გეტყვით: ისეთი უწყინარი გადაცემაც კი, როგორიცაა „დიდი ათეული“, თურმე მიუღებელია საპატრიარქოსთვის, რადგან იქ წმინდანებზე უნდა იმსჯელონ. ჩვენი ისტორია, ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, წმინდანების ისტორიაა. რა უნდა ვქნათ? ამ შემთხვევაში, რას ქადაგებს საპატრიარქო - საჯაროდ აღარც ისტორიაზე შეიძლება საუბარი? როგორც ჩანს, როდესაც ამგვარ განცხადებებს კითხულობენ, რაღაც შინაგანი ცენზორი უმუშავდებათ ადამიანებს.
ბექა მინდიაშვილი - როდესაც 2006 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საშობაო წირვა ნახევარი საათის დაგვიანებით გაუშვა, როგორც ვიცი, ძალიან დიდი განგაში ატყდა საპატრიარქოდან ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლება მაუწყებლის საქმიანობაში ჩაერია. ასეთი ფაქტი ბევრია. არაფერი ვიცით ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, რაც ასევე ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკლესია დიდი მიწათმფლობელი გახდა. ეს რეალობა აღუწერელია, საზოგადოებისთვის უცნობია ბევრი რამ. ის, რომ ამაზე არავინ საუბრობს, სწორედ ცენზურის ბრალია. შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც ხელისუფლების, ისე ეკლესიის ავტორიტარიზმზეც. ცენზურა ეხება კულტურის სფეროსაც. შეიძლება გავიხსენოთ, რომ საპატრიარქოს პოზიციის შემდეგ აკრძალულა სპექტაკლები, ჩამოუხსნიათ აბრები და ა. შ.
ფიქრია ჩიხრაძე - საპირისპირო მაგალითებიც არსებობს. ეკლესია შეიძლება ვალდებულად თვლიდეს თავს, გამოხატოს პოზიცია. გავიხენოთ „და ვინჩის კოდი“, როცა ფილმის ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ზურაბ კიკნაძე - ეკლესიამ ბევრი რამ განსაზღვრა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და ჩამოყალიბებაში. ახლა დრო შეიცვალა და დღეს ეკლესიას უნდა, ის უფლებები აღიდგინოს, რაც ფეოდალურ ხანაში ჰქონდა, სურს, ფეოდალი გახდეს. ეს ხომ აბსურდია. კონკორდატის პრეამბულაში ეწერა, რომ ეკლესია დაზარალდა 200 წლის და, განსაკუთრებით, ბოლო 70 წლის მანძილზე. მაგრამ მაშინ ხომ მთელი ქართველი ხალხი დაზარალდა. დღეს ეკლესია ხალხისგან განზე გადგა. ვინ უნდა აუნაზღაუროს ქონება, იმავე ხალხმა, ვინც თვითონაც დაზარალდა? გაიხსენეთ, ეროვნული მოძრაობა რელიგიური მოძრაობა იყო. სწორედ მაშინ იყო, კათოლიკური ეკლესიები რომ მიიტაცეს. მაშინ საქართველოში კათოლიკური მრევლი ცოტა იყო, მაგრამ რაც უნდა ცოტა იყოს მრევლი, ეს მაინც კათოლიკური ეკლესიის მყოფობაა საქართველოში და მათ ჰქონდათ უფლება, შესულიყვნენ საკუთარ ტაძრებში. რატომ არ დაიდო ასეთივე შეთანხმებები კათოლიკურ ეკლესიასთან? კათოლიკები გუშინ არ მოსულან საქართველოში. რატომ ხდება ასე? ამას არავინ არ ეხმაურება. ვფიქრობდი, რომ ებრაელებს მაინც არ შეექმნებოდათ პრობლემა, რადგან სინაგოგები ვერ გადაკეთდებოდა ეკლესიებად. რამდენიმე წელიწადი იყო დავა სინაგოგაზე, ყველამ ვიცოდით, რომ ეს შენობა სინაგოგა იყო. მაშინ აკადემიკოსი ბერიძე მოვიდა სასამართლოზე და თქვა, - ეს ტიპიური ქარვასლააო. პატრიარქმაც ასე თქვა, - ქარვასლაოო. როცა არ გვინდა, ვერ გავარჩევთ ქარვასლას სინაგოგისგან. მერე ებრაელებმა მოიგეს ეს პროცესი.
ზურაბ აბაშიძე - თუ გვინდა, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, არ უნდა არსებობდეს ტაბუ არსად, არც ერთ სფეროში, მაგრამ მაინც სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. თუ რაღაც ორგანიზებულობაა ამ ქვეყანაში და ერთმანეთს ქვებს არ ვესვრით, ეს ეკლესიის დამსახურებაცაა. აქ საჭიროა ფორმის მონახვა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ არგუმენტებში. ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტის გამო, მის ირგვლივ უამრავი ხალხი ტრიალებს. ალბათ ამ ხალხიდან ვიღაც დამოუკიდებლადაც მოქმედებს. სიფრთხილეა საჭირო, რომ მთავარი ძარღვი არ დავაზიანოთ. მე ბოლო 6 თვის მანძილზე ჩემი მცირე კონტაქტით ვერ დავინახე, რომ საპატრიარქოს ხელისუფლებაზე გავლენის რაიმე მექანიზმი აქვს. პირიქით, მომეჩვენა, რომ კონტაქტი მინიმალურია.
ბექა მინდიაშვილი - დღეს თეოკრატიის არა, მაგრამ იეროკრატიის ნიშნებზე საუბარი ნამდვილად შეიძლება. 2004-2005 წლებში დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა პრეტენზია, რომ თვითონ ყოფილიყო უზენაესი მმართველი. მახსოვს შემთხვევა, როცა სპეცნაზი შევიდა ერთ-ერთ მონასტერში, რადგან ეგონათ, რომ იქ დამნაშავე იმალებოდა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა მეუფე ზენონთან და ბოდიში მოუხადა, რადგან ეს იყო ზღვარს გადასვლა. ის ადამიანი, ვინც ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეკლესიამ აჩვენა, - ჩემთან შემოსვლის უფლება არ გაქვთო; ასევე ფერიის მთის ამბავი - მაშინ მეუფე დიმიტრი აცხადებდა, - ეს საქართველოს მიწაა და ადრე ეკლესია ყოველთვის იქ აშენებდა ტაძარს, სადაც მოესურვებოდაო. როგორც ჩანს, ეს არის ორ ძალაუფლებას შორის ჭიდილი. დღეს ხელისუფლებას ასეთი ამბიცია აღარ აქვს, უკვე კარგად იცის, ვინცაა ამ ქვეყანაში უზენაესი.
მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი თავი დაიცვას, რელიგიურ უმცირესობებს კი ეს რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენი ვალია, რომ მართლმადიდებლობის დაცვა არ მოხდეს უმცირესობების დაკნინების ხარჯზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკლესიისთვისაც. არა აქვს მნიშვნელობა, ეკლესიასთან ურთიერთობის რა პოლიტიკური რეჟიმი იქნება. ინგლისში ნაციონალური ეკლესიის ცნება არსებობს და ეპისკოპოსები ლორდთა პალატის წევრები არიან, მაგრამ ინგლისის ანგლიკანური ეკლესია ე.წ. სექტანტური ჯგუფების პირველი დამცველია.
ჩვენთან ეკლესიის გავლენა ერთნაირად ძლიერია ოპოზიციაზეც და ხელისუფლებაზეც. ეკლესიას უნდა, პოლიტიკური პროცესების წარმმართველი იყოს. სწორედ ამას უკავშირდება განცხადებები იმის შესახებ, რომ მომავალი პოლიტიკური ინსტიტუცია ეკლესიის წიაღში დაიბადება და მონარქი ეკლესიის კარზე უნდა აღიზარდოს.
მაია ცაცანაშვილი - აქ ითქვა, რომ თეოკრატიზმის საფრთხე არსებობს, ტერმინი „კონკორდატი“ ახსენეთ, რაც სწორედ თეოკრატიის მაჩვენებელია. სწორედ კონკორდატის დადების შემდეგ შეიქმნა ვატიკანი. ხელშეკრულებას ჰქვია „საკონსტიტუციო შეთანხმება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის“. ამერიკაში რელიგიის მხრივ ასეთი მდგომარეობაა: კონსტიტუციაში ეს არანაირად არაა დაფიქსირებული, იქ დაახლოებით 3000 რელიგიური ორგანიზაციაა და მათ შორის ფინანსდება 1200. ევროპაში ორი ტიპის მოდელია - ერთია სახელმწიფო რელიგიის მოდელი, მაგალითად, ბრიტანეთსა და საბერძნეთში, და მეორე - სახელშეკრულებო, როცა სახელმწიფო სუბიექტებსა და ეკლესიებს შორის იდება ხელშეკრულებები. რაც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო მოდელს, რადგან კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ისტორიაში, ამ როლის დასადგენად შეიქმნა ეს საკონსტიტუციო შეთანხმება. ევროპაში თავისუფლება ტრადიციული რელიგიების ფონზე განვითარდა, ამერიკაში კი ცარიელ ნიადაგზე წარმოიშვა და, თავისთავად, განსხვავებულია. ჩვენი მოდელი ევროპულთან რაღაცნაირად მიახლოვებულია, მაგრამ არა იმ სტატუსით, როგორც ევროპაშია ცალკეული ეკლესიების მიმართ. რომელმა კონფესიამაც უნდა იჩივლოს ევროსასამართლოში, მათ არავინ სთხოვს საბუთს, რეგისტრირებულია თუ არა. დაცვის მექანიზმები რელიგიური ორგანიზაციებისთვის სტატუს კვოდ არსებობს. როცა ეკლესიის მიერ ცენზურაზე საუბრობთ, და თან ტერმინ „კონკორდატს“ ხმარობთ, ინფორმაციულ ომს აწარმოებთ ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულება საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუ მას კონკორდატის შინაარსი ექნებოდა.
ნუგზარ პაპუაშვილი - მაგრამ ამ ხელშეკრულებაში იკითხება სრულიად ანტიკულტურული ცნობიერება. როდესაც კულტურის ძეგლი ცხადდება რომელიმე ეკლესიის საკუთრებად, ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ნებისმიერმა კონფესიამ მოითხოვოს ისტორიულად თავისი ძეგლი. მაგალითად, ჩვენში არსებობს უძველესი ხელნაწერი, ლაილაშის ბიბლია. ესაა უძველესი ებრაული ხელნაწერი. ამაზე ცნობილი ძეგლი ქართულ ხელნაწერებში არ არსებობს. მისი გატაცებაც კი უნდოდათ, მაგრამ ეს ამბავი არ გახმაურებულა. შარშან საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის უნდა დადებულიყო ხელშეკრულება ისტორიული ძეგლების რესტავრაციის თაობაზე. თურქეთის მხარე თანახმა იყო, აღედგინა ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლები, რომლებიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია, სამაგიეროდ ითხოვდა სამი მეჩეთის რესტავრაციას - თბილისში, ახალციხესა და ბათუმში. ბუნებრივია, აღდგენილ მეჩეთებს მხოლოდ კულტურული დანიშნულება ექნებოდათ, ისევე, როგორც ქართულ ეკლესიებს თურქეთში. ამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ეკლესიის ზეწოლის შემდეგ ვეღარ მოეწერა ხელი. ეკლესია ასეთ შემთხვევებშიც ფარად იყენებს საკონსტიტუციო ხელშეკრულებას.
ზურაბ კიკნაძე - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეკლესიას სახელმწიფოს რესურსები სექტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდებოდა. ხშირად მსმენია მაღალი რანგის მღვდელმთავრებისგან, რომ თუ სახელმწიფო არ დაეხმარებათ, სექტების წინაშე ეკლესია უმწეოა. არადა, ძალიან სახიფათოა ეკლესიისა და სახელმწიფოს „ჩახუტება“.
რამდენად შესაძლებელია მართლმადიდებლობის თანამდეროვე ლიბერალურ ღირებულებებთან შეთავსება?
ზურაბ კიკნაძე - საბერძნეთში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, და იქ კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ეკლესია სახელმწიფოსთან გადაჯაჭვულია. ეს ბიზანტიური მოდელია. დღევანდელ საბერძნეთში ეს იმიტაციაა, და მიუხედავად სამართლებრივი მხარისა, ეკლესიას არ აქვს დიდი უფლებები, იმიტომ, რომ იქ ლიბერალური სულისკვეთება გამჯდარი აქვს საზოგადოებას. აბა, გამოვიდეს რომელიმე პარტია და თქვას, რომ არ აღიარებს ლიბერალურ ღირებულებებს. რუსეთშიც კი, როგორც ნუგზარმა თქვა, ეკლესიაში გაცილებით მეტი თავისუფლებაა. რუსეთის ეკლესიას დიდი გავლენა აქვს რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. ნუ დაგვავიწყდება, ყველაზე დიდი თეოლოგები რუსები არიან - ბერდიაევი, ლოსკი, მამა სერგი ბულგაკოვი. ჩვენი პატრიარქი ხშირად იმოწმებს მათ. რუსეთთან კულტურული კავშირების გაწყვეტა არც ეკლესიას უნდა მოუნდეს და არც სხვებს.
ბექა მინდიაშვილი - თქვენ დაასახელეთ ძალიან დიდი ავტორიტეტები, რომელთაც თვითონ რუსეთის ეკლესია დევნიდა. ისინი არც საქართველოს ეკლესიაში არიან პოპულარულები. სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესიის თანამედროვე რეალობა აცდენილია სახარებისეულ ღირებულებებს. ის, რა ღირებულებებითაც ცხოვრობს ეკლესია, წინააღმდეგობაშია დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებთან, ასევე - სახარებისეულ მოძღვრებასთან, რომელსაც ადამიანის თავისუფლების პატივისცემა უდევს საფუძვლად.
ის, რაც კათოლიკურ ეკლესიაში გასული საუკუნის 60-იან წლებში მოხდა - აჯორნამენტო, განახლება, ჩვენთან არ მომხდარა. იქ მაშინ განხეთქილებაც იყო, რომლის ძირითადი მიზეზი სხვისი თავისუფლების აღიარება იყო. ამ კრებამ გადაწყვიტა, რომ თუ კათოლიკე არ ხარ, მაინც რჩები ღვთის ხატად. ასეთი მარტივი რამ განხეთქილების მიზეზი გახდა. მართლმადიდებლობა ჩვენთან აცდენილია რწმენას და გაგებულია იდეოლოგიად, პოლიტიკურ ინსტრუმენტად. სწორედ ესაა ბიზანტიზმი. არადა, ეკლესიის ერთადერთი ამოცანა და მისიაა, დაუკავშიროს ადამიანი ქრისტეს მოძღვრებას, დაუკავშიროს მეორე ადამიანს სიყვარულით.
ნუგზარ პაპუაშვილი - ერთ საინტერესო მაგალითს გავიხსენებ - იყო ასეთი ეპისკოპოსი ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც თეოდოსი იმპერატორი არ შეუშვა ეკლესიაში იმის გამო, რომ მან არიანელებს სცემა. თვითონ მართლმადიდებელი იყო, მაგრამ არიანელები დაიცვა. რა თქმა უნდა, ეკლესიის ფესვებში დემოკრატიული ღირებულებები დევს.
მაია ცაცანაშვილი - გეტყვით, რომ სადაც უნდა წახვიდეთ, ყველგან შეგხვდებათ ასეთი შეხედულებები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება თქვენი თავისუფლება. უფლებები ვალდებულებების გარეშე არ არსებობს. მესმის, რომ თქვენ, როგორც მორწმუნეს, გული გტკივათ რაღაცაზე, მაგრამ ეკლესია საზოგადოებრივი ერთობაა, სადაც რაღაც წესები მოქმედებს, ისევე - როგორც სახელმწიფოში. თქვენ ბრძანეთ, რომ რაღაც ცვლილებებია საჭირო. კანონი არასდროს არაა დასრულებული, ის უნდა განვითარდეს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს. დღეს ასეთი სურათია - რაც ერი, ის ბერი. შესაძლოა, რაღაც პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, მაინც უფრო ემოციის დონეზე ვსაუბრობთ, ვიდრე გააზრებულად. სამართლებრივი საკითხები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ზურაბ კიკნაძე - საქმეც ისაა, რომ სასამართლოს არ გამოაქვს ეკლესიის საწინააღმდეგო განაჩენი, სწორედ ესაა პრობლემა. და ეს გამოთქმა, „რაც ერი, ის ბერი“, საშინელია. იმიტომ, რომ ბერი ბევრად უფრო მაღლა უნდა იდგეს.
ფიქრია, დღეს თუკი რაიმეზე შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, ეს სწორედ ეკლესიასთან დამოკიდებულებაა. შეიძლება, მოსახლეობის ნდობა ეკლესიას იმანაც მოუტანა, რომ ინსტიტუტები, რომელიც ქვეყანაში უნდა მუშაობდეს, ცუდად მუშაობს. თვითონ ეკლესიისთვის რამდენად მომგებიანია პოლიტიკოსების და ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება?
ფიქრია ჩიხრაძე - არ არის მომგებიანი და ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსათვისაც ბევრად უკეთესი იქნება, რომ სფეროები რეალურად იყოს გამიჯნული. ნამდვილად ჯობს, მიქცევა-მოქცევები ამ სფეროში არ არსებობდეს. ბევრი ადამიანის წინაშე დგას ეს პრობლემა - წინააღმდეგობაშია თუ არა დემოკრატია და ქრისტიანული ღირებულებები. მეც ბევრი მიფიქრია ამაზე, იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ვარ. ბექა ამბობდა, რომ თავისუფალი ნება არის რწმენის საფუძველი და ასეა დემოკრატიისაც. ეს ჩემს რელიგიურ მრწამსში და პოლიტიკურ მოღვაწეობაში დიდ კომფორტს მიქმნის. თუმცაღა, არის თემები, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში, შეიძლება ერთმანეთს შეეჯახოს. შეიძლება, რაღაც შეცდომებია დაშვებული ჩვენს თანამოქალაქეებთან, კონფესიებთან მიმართებაში, მაგრამ შეცდომები ბევრ სხვა სფეროშიც დაიშვა. აფხაზეთსა და ოსებთან მიმართებაში ხომ დავუშვით შეცდომები, რომლებიც გამოუსწორებელ ზღვარს მიუახლოვდა? მაგრამ ვფიქრობთ, რომ გამოსწორდება. ეს პოსტსაბჭოთა პერიოდის პრობლემები უფროა, ვიდრე ეროვნული ხასიათის თვისება. გუშინ ვუყურებდი ლატვიისა და რუმინეთის მოვლენებს. ერთგან 1000 კაცი გამოვიდა ქუჩაში, მეორეგან 2000. ის ადგილები დაინგრა და დაილეწა. ჩვენთან 100 000 კაცი გამოსულა ქუჩაში, მადლობა ღმერთს, მსგავსი არაფერი მომხდარა. როგორც აფხაზებთან და ოსებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ისევე უნდა დავალაგოთ კონფესიებთანაც. მე ვცდილობ, ეს პოლიტიკურად გავაკეთო. თუ მეუბნებით, რომ ხმალი უნდა ამოვიღო და ეკლესიას ვეკვეთო, არ გავაკეთებ ამას, იმიტომ, რომ მიმაჩნია, გულშემატკივრის პოზიციიდან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება; არ ვთვლი, რომ ეკლესიას უნდა წავუყენო პრეტენზია დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, როცა ყველა სფეროში უკიდურესად მძიმე პრობლემებია. მიმაჩნია, რომ საზოგადოების დემოკრატიზაცია ბევრი სფეროს დემოკრატიზაციას მოიტანს. პოლიტიკური კონიუნქტურა ეკლესიის მიმართ ძალიან ცუდია, და სულ ვცდილობ, ჩემი თავი გავაკონტროლო. ძალიან არ მიყვარს კამერის თანხლებით ეკლესიაში მისვლა, მაგრამ ხანდახან მაინც მიწევს. პოლიტიკოსები კრიზისის დროს საპატრიარქოს და პატრიარქს მიმართავენ, რადგან საზოგადოებაში გამოკვეთილი ინსტიტუტები არ არსებობს, მედია და სამოქალაქო საზოგადოება ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ვისაც ავტორიტეტი აქვს, სწორედ იმას მიმართავენ. ამაში ცუდი არაფერია...
ზურაბ აბაშიძე - ზუსტად ასეთივე პროცესები მოხდა რუსეთშიც, პოსტსაბჭოთა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც - ელცინმა, კუჩმამ, ლუკაშენკომ იგივე გააკეთეს. ეს გააკეთეს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. რელიგიის გამოყენება ძალაუფლებისთვის პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის დამახასიათებელია.
ნუგზარ პაპუაშვილი - ვერ დაგეთანხმებით. თუ დღეს რუსეთში სახელმწიფოს აქვს გავლენა ეკლესიაზე, ჩვენთან პირიქით - ეკლესიის გავლენაა სახელმწიფოზე, ეკლესია ახდენს დიქტატს სახელმწიფოზე. ბექამ სწორად აღნიშნა, ჩვენთან თეოკრატიის კი არა, იეროკრატიის, სასულიერო პირების დიქტატია.
ეკლესიისთვის რამდენად მომგებიანია ეკლესიის გავლენა სახელმწიფოზე და პირიქით?
მამა ზაზა - ძალაუფლებისკენ ლტოლვა, მთავრობისმოყვარეობა ადამიანის ერთ-ერთი სისუსტეა. მაგრამ ეკლესიას, უპირველეს ყოველისა, ზემიწიერი დანიშნულება აქვს, ესაა გზა ზეციური იერუსალიმისკენ. როდესაც ეკლესიის და სახელმწიფოს ასეთი მკვეთრი ბმაა, ეს მთელი საზოგადოებისთვისაა საზიანო. მაინც ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო პრობლემებს ვერ აგვარებს. თუ ყველა შეასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ გვექნება ლიბერალური დემოკრატია, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება საკუთარი რესურსების გამოვლენა.
ბექა მინდიაშვილი - მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ჩვენს საეკლესიო ცნობიერებაშია. ვერ ვპოულობთ ორიენტირს იქითკენ, რომ დავუბრუნდეთ ცოცხალ რწმენას. ეკლესიაში დღეს, სამწუხაროდ, ლიბერალური ფლანგი აღარ არსებობს. გარკვეული თვალსაზრით, მამა ზაზაც დევნილია. სამწუხაროდ, ძირითადი დისკურსი დღევანდელ ეკლესიაში ძალაუფლების დისკურსია.
![]() |
15 ახალი წესები ახალი მსოფლიოსთვის |
▲back to top |
ანალიზი
ავტორი: ფარედ ზაქარია
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ორიგინალი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნიუსვიკში“
დიდი ოცეულის სამიტი ვაშინგტონში, 2008
REUTERS
დღევანდელობის პრობლემები სცდება ნაციონალურ საზღვრებს.
მსოფლიოს გონივრული მართვა სჭირდება, რომელიც ასევე არ ცნობს ბარიერებს.
თუ გსურთ, იცოდეთ, როგორ გამოიყურება პოსტ-ამერიკული მსოფლიო, უბრალოდ გაიხსენეთ ნოემბრის დიდი ოცეულის სამიტი, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. პირველ რიგში, ყურადსაღები იყო თვით ღონისძიება. აქამდე ყველა ფინანსურ კრიზისს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ანდა დიდი შვიდიანი (უფრო მოგვიანებით დიდი რვიანი) მართავდა. მაგრამ ამჯერად მაგარი ბიჭები მიხვდნენ, რომ პრობლემებს მარტო ვერ დაუხვდებოდნენ და საჭირო იყო საქმეში მსოფლიოს ყველაზე მზარდი ბაზრების ჩართვა. ეფექტური საპასუხო დარტყმისთვის, ურთიერთგადაჯაჭვულ გლობალურ სისტემაში, აუცილებელი იყო მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეების ჩარევა. ნაღდი ფული რომ არ გამოლეოდათ, ჩინეთიცა და საუდის არაბეთიც მიიპატიჟეს. რაც შეეხება ლეგიტიმურობას, ძველი დასავლური კლუბები, რომლებიც წარსულის არქაულ რელიკვიებს ჰგვანან, ლეგიტიმურობას მარტონი ვეღარ უზრუნველყოფენ.
თუმცა, ცხადია, ყველაფერი არ შეცვლილა. დიდი ოცეულის სამიტი ძველებურად კვლავაც ვაშინგტონში გაიმართა, ხოლო პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უდიდესი როლი შეასრულა განრიგის შემუშავებაში. ამერიკას მჭიდრო კავშირები აქვს მნიშვნელოვან ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი, იაპონია, საუდის არაბეთი; ასევე ინარჩუნებს ძველ მეკავშირეებს - ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას. ამ აწყობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე კი, ნოემბრის სამიტზე გაჩნდა პოტენცია - ამ ახალ, გაცილებით უფრო დიდ და წარმომადგენლობით სახელმწიფოთა დაჯგუფებას რეალურად მოეხდინა სტრატეგიათა კოორდინირება, რაც კრიზისის მოგვარების დასაწყებად იყო საჭირო.
ასე რომ, ჩვენს წინაშეა მართლაც ახალი მსოფლიო, მაგრამ არა აუცილებლად ისეთი, რომელშიც ამერიკას თავისი როლი და მისია დაკარგული აქვს, და არც ისეთი, რომელშიც ერთობლივი ძალისხმევა და ქმედება შეუძლებელია.
როცა ისტორიკოსები კრიზისის შეფასებას დაიწყებენ, ალბათ დაასკვნიან, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი წარმატება იყო. ცოტა უცნაურია, ასეთი რამის თქმა იმ მოვლენებზე, რასაც პანიკა, კრედიტის შეზღუდვა, პროგრესის შენელება და საფონდო ბირჟის მორღვევა მოჰყვა. მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის წინაპირობა, რომელიც ამგვარ რეალობას წინ უძღოდა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკური სტაბილურობით ტკბებოდა, იყო დაბალი ინფლაცია და გლობალური ეკონომიკის მასობრივი ზრდა, რომელშიც დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი მონაწილეობდა. პლანეტის სხვადასხვა კუთხეში სახელმწიფოები გაუგონარი სისწრაფით ვითარდებოდნენ - 124 სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკა 2006-07 წლებში 4 ან კიდევ უფრო მეტი პროცენტით განვითარდა. ომებმა, სამოქალაქო კონფლიქტებმა და ტერორიზმა ისე საფუძვლიანად ვერ არია სიტუაცია, როგორც ამას ათწლეულების, ანდა, სხვა საზომი რომ გამოვიყენოთ, საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა.
ამ ყველაფერმა კი პრობლემათა ახალი სერია წარმოშვა. რაც უფრო მეტად ძლიერდებოდა და ვითარდებოდა ზოგიერთი ქვეყანა, მით უფრო ნაციონალისტური და აგრესიული ხდებოდა ის სხვების მიმართ. ის, რაც მოვიმკეთ, რაღაც დოზით სწორედ ნავთობში გადახდილი საფასურია: მოღონიერებული ირანი, ვენესუელა და ხელახლა ფეხზე დამდგარი რუსეთი, ასევე - ისლამური ჯიჰადი. უზარმაზარი ფულით ფრთაშესხმულმა ვაჰაბისტურმა იდეამ უკვე ყველა მუსლიმური ქვეყნის რწმენაში შეაღწია და ამ რელიგიას ყველგან მკვახე ჟღერადობა შესძინა, რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდები კი ახალი იდეებით გამოკვება.
წინსვლამ და ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა ეკონომიკაში ორი ანგარიშგასაწევი ძალა შვა: პირველი გახლდათ იაფი კრედიტი, მეორე კი კაპიტალის ახალი უზარმაზარი საბადოების გაჩენა. მოგების ზედნადები განვითარებადი ეკონომიკის მქონე აზიურ ქვეყნებში (შემდეგ კი შუა აღმოსავლეთის ნავთობმწარმოებელ ქვეყნებში) დღემდე არნახული ოდენობით დაბანდდა. დაუმატეთ იაფი კრედიტისა და უზღვავი კაპიტალის ამ ორ ძალას ორი ძველი და კარგად ნაცნობი თვისების - სიხარბისა და სიბრიყვის ძალა და მალე მიხვდებით, როგორ და რატომ მოიშალა შემდეგ ყველაფერი.
გარკვეულწილად პრობლემაა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენიმე სხვა დასავლური სახელმწიფო ზედმეტ პროდუქტს მოიხმარდნენ - გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე თავად აწარმოებდნენ, დანაკლისს კი სესხით ივსებდნენ. მაგრამ თუ ამერიკამ ყველაფერი გადახარჯა, აზიამ პირიქით - შემოინახა და დაზოგა. შემდეგ ეს დაზოგილი თანხა - დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარი - ხომ უნდა წასულიყო სადღაც და, ამიტომაც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ამ თანხის ძირითადი ნაწილი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა, რადგან, რაღაც გაგებით, მართებულად ითვლებოდა, რომ შტატები გახლავთ ყველაზე უსაფრთხო და, აქედან გამომდინარე, საუკეთესო ადგილი ინვესტიციებისთვის. ფულის დინების ამ ტენდენციამ წარმოშვა იოლი კრედიტი და სხვა უამრავი საპნის ბუშტი ტექნოლოგიურ პროდუქტში, ობლიგაციებსა და უძრავი ქონების ბაზარზე.
რაც უნდა უიმედოდ გამოიყურებოდეს რეალობა, მიმდინარე ფინანსური კრიზისი მაინც დასრულდება. არ ვიცი - როდის და როგორ, მაგრამ მთავრობის სტრატეგიების კომბინაცია ბოლოს და ბოლოს გაამართლებს. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ მთავრობები გაცილებით უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე ბაზრები. მთავრობას შეუძლია, დახუროს ბაზარი, სახელმწიფო ქონებად აქციოს ფირმა, დაწეროს ახალი კანონი. ვაშინგტონი კი, ჩამოთვლილ უფლებამოსილებათა გარდა, კიდევ ერთ უნიკალურ ძალას ფლობს: მას შეუძლია ფულის მოჭრა.
სამთავრობო ჩარევების საშუალებით კრიზისი კაპიტალისტურ სისტემაში წინათაც დაძლეულა. ალბათ თითოეული თანამედროვე საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნებოდა ისეთი უკუსვლა, რაც მე-19 საუკუნეში ლამის რუტინად იქცა - ეპოქაში, როცა მთავრობა ნაკლებად ერეოდა ბაზრის საქმეებში. რეცესიის საშუალო ხანგრძლივობა 1854-1919 წლებში 22 თვე იყო. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კი რეცესია საშუალოდ რვა თვეს გრძელდებოდა. 1854-1999 წლებში ამერიკაში ეკონომიკური და ინდუსტრიული აქტივობა შემცირებას განიცდიდა ყოველ 49 თვეში ერთხელ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კი შემცირება ყოველ 100 თვეში ერთხელ ხდებოდა. მსგავს ცვლილებებს უამრავმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ვაშინგტონის ფისკალური და ფულადი პოლიტიკაა. ფინანსური ინდუსტრია, რომელიც მიმდინარე კრიზისის შუაგულში დგას, მნიშვნელოვანი ორგანიზმია, თუ მთლად უნიკალური არა, რადგან ის გახლავთ ეკონომიკის მამოძრავებელი სასიცოცხლო არტერია. ამიტომაც ის განსაკუთრებული სიფრთხილით კონტროლს საჭიროებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარ ყველა ფინანსურ კრიზისში (და ასეთი ათი მაინც იყო) მთავრობას ნდობისა და რწმენის აღსადგენად პროცესებში ჩარევა მოუხდა. და უნდა ითქვას, რომ ჩარევა თითოეული ინციდენტის დროს წარმატებული აღმოჩნდა.
მთავრობის ახლანდელი ჩარევა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვუბრუნდებით სოციალიზმს ანდა ძველ, შერეული ტიპის ეკონომიკას? დაახლოებით 35 წლის წინათ უმეტეს ქვეყანაში მთავრობები თავიანთი ეროვნული ვალუტის ფასს აკონტროლებდნენ. ისინი ფლობდნენ ფოლადის საწარმოებს, ავტოსამშენებლო ქარხნებს, სატელეფონო კომპანიებსა და ბანკებს. ისინი საზღვრავდნენ ავიამგზავრობის ფასს, ადგენდნენ სატელეფონო ზარის, აქციების საკომისიოებისა და ცემენტის ღირებულებას. ინდუსტრიულ მსოფლიოში ტარიფები გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. ნეტა მართლა თუ ფიქრობს ვინმე, რომ ჩვენ სწორედ ამ ეპოქას ვუბრუნდებით? ნეტა მართლა თუ სჯერა ვინმეს, რომ მთავრობა გაცილებით უკეთ განკარგავს ეკონომიკას, ვიდრე ამას რამდენიმე ათწლეულის წინ ახერხებდა? ალბათ კვლავაც აღდგება ძველი რეგულაცია. მაგრამ რეგულაცია არ უდრის სოციალიზმს.
კაპიტალიზმი ახლა უკვე გლობალური ფენომენია. მას აძლიერებს და აფართოებს კომპანიები, მთავრობები და ინდივიდები მთელს მსოფლიოში. და ვიდრე ქვეყნები კვლავაც ესწრაფვიან ცხოვრების მაღალ დონეს მიაღწიონ და მეტად განვითარდნენ, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ თავისუფალი ბაზრებისა და თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობას ახალ საფეხურებზე ასასვლელად. მთავრობებმა იმიტომ კი არ გადაწყვიტეს თავიანთი ბაზრების ლიბერალიზება, რომ სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ჰენრი პოლსონმა, ანდა მისმა წინამორბედმა რობერტ რუბინმა ბრძანეს ასე; ისინი ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ დაინახეს ის სიკეთეები, რაც ამ მიმართულებით სვლას მოჰყვებოდა (და შესაბამისად, გააანალიზეს ის საფასურიც, რაც ამ არჩევანზე უარის თქმა დაუჯდებოდათ). ეს პროცესი კვლავაც იქნება ეპიზოდური და არასრულყოფილი, გააჩნია პოლიტიკური ზეწოლის ხარისხს. მაგრამ ვვარაუდობ, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში განვითარების ტემპის გასაზრდელად ქვეყნების უმრავლესობა საკუთარი ბაზრების გათავისუფლებას შეეცდება (ცხადია, ეს იქნება კარგად გაკონტროლებული პროცესი), იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო მფლობელობაში გადაიტანოს ქვეყნის ეკონომიკის ნაწილი. წარსულის ეკონომკური კრიზისების ისტორია ცხადყოფს, რომ პრობლემების პასუხად, სახელმწიფოებმა გაცილებით უფრო აგრესიული ეკონომიკური რეფორმები გაატარეს, მეტი ნდობა რომ მოეპოვებინათ თავიანთი სისტემების მიმართ, მეტი ახალი კაპიტალი რომ მოეზიდათ და განვითარების გზას ხელახლა დადგომოდნენ.
წარსულის მსგავსი მაგალითები კი იმაზე მიანიშნებს, რომ მთავრობისა და ბაზრის შესახებ მიმდინარე დებატები თითიდან გამოწოვილია. ყველა სერიოზული მოაზროვნე ხვდება, რომ ჩვენ ორივე მათგანი გვჭირდება. უფრო მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ მათი დაბალანსების გზა, რათა საბოლოო ჯამში მივაღწიოთ განვითარებას, ინოვაციას, სტაბილურობასა და სოციალურ თანასწორობას. როგორ უნდა იმუშაოს მთავრობამ ისე, რომ მისი მმართველობა ეფექტური იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მომავალი თაობისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის?
დღევანდელობის ყველაზე დიდი პრობლემა კაპიტალიზმის კრიზისი არაა. ეს გახლავთ გლობალიზაციის კრიზისი. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ნელ-ნელა იკვალავს გზას, არსადაც არ წავა. აღარასდროს დავუბრუნდებით სისტემას, რომელსაც ჩრდილოეთ ატლანტიკის რამდენიმე ქვეყანა განსაზღვრავდა. ფაქტორები, რომლებიც გლობალური ეკონომიკის განვითარებას განსაზღვრავს, ფართო სტრუქტურული ცვლილებებია, რომლებიც, უკვე რამდენიმე ათწლეულია, ეფექტურად მიმდინარეობს. ცვლილებათა ეს ტენდენციები მდგრადია, ფესვგადგმულია და ამიტომაც ერთი ფინანსური კრიზისი, ანდა რეცესია ვერაფერს დააკლებს. ის გაუძლებს სირთულეებს და თან ბიძგს მისცემს ძალთა ახალ გადაჯგუფებას დასავლეთში დამკვიდრებული ცენტრებისგან საკმაოდ შორს.
ახლა საკითხავია - მსგავსი ცვლილებები მოუტანს თუ არა მეტ სტაბილურობას მსოფლიოს?
არსებობს კაცობრიობისთვის ერთი კარგად ნაცნობი საწუხარი: გარდამავალი პერიოდები სიტუაციას მსოფლიოში ყოველთვის ურევს. დაწყებული თუკიდიდედან, რომელმაც დაასკვნა, რომ სპარტადან ათენში ძალაუფლების ცენტრის გადატანამ გამოიწვია პელოპონესის ომი, სწავლულები მსგავს გარდამავალ ფაზებს დიდი შიშითა და სიფრთხილით ელოდებიან. თუმცა, თუ სწორად წარვმართავთ მოვლენებს, სხვების აღზევება საჭიროა კიდეც იყოს დესტაბილიზაციის მომტანი. ამერიკა ისეთ მდგომარეობაში არაა, რომ სწრაფად იძირებოდეს და მის ჩანაცვლებას ერთი კონკრეტუ ლი ქვეყანა ესწრაფვოდეს. ჩინეთის ეკონომიკა კვლავაც ამერიკული ეკონომიკის მხოლოდ ერთ მეხუთედს შეადგენს, მისი სამხედრო სტრუქტურა კი კიდევ უფრო მცირეა; თანაც, ყველა ძლიერ და მნიშვნელოვან სახელმწიფოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთო იდეალები და ფუნდამენტური ინტერესები აკავშირებს. მთავარ საფრთხედ კვლავაც ის რჩება, რომ ვაშინგტონი თავის ძალაუფლებას გადააჭარბებს, რაც სხვა ქვეყნებს აიძულებს, მდგომარეობის დაბალანსება თვითონ დაიწყონ. გლობალური სტაბილურობისთვის ამერიკული პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების სწორი მენეჯმენტი კვლავაც უმთავრეს მისიას წარმოადგენს. შტატებმა უნდა შემოგვთავაზოს წესები, ინსტიტუციები და სამსახურები, რომლებიც გლობალური პრობლემების მოგვარებაში წამყვან როლს შეასრულებენ.
თუმცა, ისიც ცხადია, რომ ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება მსოფლიოში დღეს გაცილებით უფრო რთულად მისაღწევია. ეკონომიკური და სოციალური აქტივისტობა გლობალური მოვლენა კია, მაგრამ პოლიტიკური ძალაუფლებაა ლოკალური ცნება. ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემები ხშირად სცდება სახელმწიფოთა საზღვრებს მაშინ, როცა პრობლემების გასაღები ეროვნულ მთავრობებს უპყრიათ ხელთ. ისინი კი, თავის მხრივ, ეჭვიანად ყარაულობენ თავიანთი ქვეყნების დამოუკიდებლობას. ვიდრე ამ ძირითად პრობლემას არ გადავჭრით, კიდევ უამრავი სხვადასხვა სახის კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით. პასუხი კი გამოწვევებზე სპონტანური, უშედეგო და არაფრის მომტანი იქნება. შესაბამისად, მოვა დრო, როცა მსგავსი პასუხების გამო, სახელმწიფოები მოვლენებს ვიწრო ნაციონალისტური ხედვით მიუდგებიან, რითაც კიდევ უფრო გააღვივებენ არასტაბილურობას მსოფლიოში, საფრთხეს შეუქმნიან მშვიდობასა და კეთილდღეობას.
მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოვიდგინოთ რომელიმე სერიოზული პრობლემა, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ქვეყანას ჩაითრევს და მოედება; თუნდაც - ტერორიზმი, ფინანსური ვირუსი, ინფექციური დაავადებები, ენერგია, უსაფრთხოება. თითოეული ეს გამოწვევა სახელმწიფოთა მხრიდან გაცილებით უფრო კოორდინირებულ შეტევას საჭიროებს, ხოლო რიგ შემთხვევებში არა მხოლოდ შეტევას, არამედ მთელი რიგი ინსტიტუციების შექმნას, რომლებიც დასახული საპასუხო შეტევის განხორციელებას ითავებენ. მაგალითად, რაიმე სახის ინფექცია. ცხადია, ეპიდემია საზღვრებს უმალ გადაკვეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს გვექნება მიზეზიცა და სტიმულიც, შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოვიკვლიოთ ვირუსის ხასიათი, იზოლაციაში მოვაქციოთ ვირუსით დასნეულებულები და საერთო ძალისხმევა არ დავიშუროთ მათ განსაკურნად. ასეთ შემთხვევაში, იდეალური ვარიანტი იქნებოდა ის, რომ პირველი საქმეში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩართულიყო. ის განიხილავდა ვირუსის მაგალითებს, მიიღებდა გადამწყვეტ ზომებს და დააწესებდა ქმედებათა პროტოკოლს, რომელსაც ყველა დაიცავდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციას მწირი დაფინანსება აქვს, არ ჰყოფნის პერსონალი და არ ფლობს ავტორიტეტს, რომელიც დასაცავი წესების შემოღებისთვის უდავოდ აუცილებელია.
მეც და კიდევ რამდენიმე სხვა ადამიანი, უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ პრობლემასა და მისი გადაჭრის ერთ-ერთ გზას შორის არსებულ შეუსაბამობაზე. მართალია, ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მგონი, ცვლილება მალე ამ მიმართულებითაც მოხდება.
ზოგჯერ შანსი კრიზისშივე ჩნდება ხოლმე. გასულ შემოდგომაზე რამდენიმე დასავლურმა მთავრობამ ფინანსურ კრიზისს თავიდან იმით უპასუხა, რომ გადაწყვიტეს, მას დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ. როგორც ჩანს, მათ არად ჩააგდეს გლობალიზაციის ფაქტორი მაშინ, როცა არაფერია უფრო გლობალური, ვიდრე კაპიტალი. ფული საზღვრებს უპრობლემოდ კვეთს და არ ცნობს შლაგბაუმებს, ამიტომაც საჭიროებს საერთაშორისო სტრატეგიის კოორდინირებას. როგორც ჩანს, ეს ფაქტორი სახელმწიფოთა ლიდერებმა დაგვიანებით გაითვალისწინეს და შედეგად, ვაშინგტონში გამართეს დიდი ოცეულის სამიტი, რაც პირველი გონივრული ნაბიჯი იყო პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუმცა, იმისთვის, რომ კრიზისს სერიოზულად შევუტიოთ, ეს ერთი ღონისძიება უფრო სისტემური მიდგომით უნდა შევცვალოთ. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საჭიროებს გარდაქმნას და უფრო გულუხვ დაფინანსებას იმისთვის, რომ მსგავს გლობალურ პანიკას მომავალში უფრო ეფექტურად გაუსწორდეს.
უკვე კარგად დაზუთხულ სიბრძნედ და, შეიძლება ითქვას, სპორტის ერთგვარ სახეობადაც კი იქცა ტენდენცია, რომ მსგავსი პრობლემების დროს ამერიკა არაეფექტურ ლიდერობაში დავადანაშაულოთ. სიმართლის მარცვალი მსგავს სენტენციაში მართლაც დევს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ობამა გაცილებით უფრო ჩართული იქნება პრობლემების მოგვარებაში, ვიდრე მისი წინამორბედი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობას არამხოლოდ ვაშინგტონი უნდა გრძნობდეს. პრობლემა ასევე ეხება პარიზსა და მოსკოვს, პეკინსა და დელის. ევროპული მთავრობები ყოველთვის ცდილობდნენ, ძალაუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის და სხვა ინსტიტუციებისთვის დაეთმოთ. გაერო სულ უფრო არაეფექტური, არაადეკვატური და უუნარო ხდება და ვერ ახერხებს, სტრუქტურულად მოერგოს და გასწვდეს ახლად გაძლიერებულ სახელმწიფოებს. ზოგიერთი განვითარებადი ბაზრის მქონე სახელმწიფო საკუთარ დამოუკიდებლობას ისეთივე რუდუნებით იცავს, როგორც თვით ამერიკის შეერთებული შტატები და ზოგჯერ კიდევ უფრო მეტადაც. თუმცა, საკითხავია, არსებობს კი სხვა ალტერნატივა?
ვფიქრობ, ვიდრე არ ვიპოვით გლობალური თანამშრომლობისთვის საჭირო გზებს, საამისოდ კი წესებსა და ინსტიტუციებს სათანადოდ არ შევცვლით და არ გავავრცელებთ, მსოფლიო უფრო სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, მთავრობების პასუხი კი სულ უფრო მეტად სპონტანური, ნაჩქარევი, შეზღუდული და დაგვიანებული იქნება. მეორე მხრივ კი, თუკი მოვახერხებთ, დავდგეთ ერთად და ვიშრომოთ საერთო-საკაცობრიო პრობლემების გადასაჭრელად, წარმოიდგინეთ, რომ შევძლებთ კიდეც, ყველასთვის შევქმნათ არნახული შესაძლებლობები. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, რომ შეგვექმნა ახალი წესები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა გლობალიზაციისა და განვითარების ეს შეუქცევადი პროცესი საზოგადოების თითოეულ ფენამდე მიგვეტანა, აგვემაღლებინა ცხოვრებისა და ჯანმრთელობის სტანდარტები ღარიბთა და უღარიბესთა შორისაც კი; მიგვეცა საშუალება სულ უფრო მეტი ადამიანისთვის, განევითარებინათ საკუთარი ნიჭი და უნარ-ჩვევები...
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრმა მთავრობამ და ბევრმა ადამიანმა ინდივიდუალურად მოახდინა სასწაულები. ახლა დროა, თითოეულმა მათგანმა საკუთარი შემოქმედებითობა და პოტენციალი თანამშრომლობის ახალი ფორმების დაგეგმვას მოახმაროს. 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული პროექტი უნდა იყოს ახალი არქიტექტურა - სისტემა, რომელიც დედამიწაზე განვითარებისა და მშვიდობის გარანტი გახდება.
![]() |
16 რატომ წამოიწყო ისრაელმა ღაზაში ომი |
▲back to top |
ანალიზი
ავტორი: ქრის მაკგრილი
ინგლისურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ
ორიგინალი დაიბეჭდა გაზეთ „ობზერვერში“, 4 იანვარი, 2009
REUTERS
ისრაელის ჭურვებმა ოთხი 8-დან 14-წლამდე ბიჭის სიცოცხლე შეიწირა, ისინი ქუჩაში ფეხბურთს თამაშობდნენ. მეიასარ აბუ-მეთიქი და მისი ოთხი შვილი - ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, დაიღუპნენ საკუთარ სახლში საუზმისას, როდესაც მათ სახლს ჭურვი დაეცა.
ეს არის ომი ორ ფრონტზე. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ისრაელში ღაზას მიმართ უკმაყოფილების ახალი ტალღა გორდებოდა, მათ აღიარეს, რომ ჰამასისა და „ტერორის ინფრასტრუქტურის“ განადგურება, რაც პოლიციის განყოფილებებს, კერძო სახლებსა და მეჩეთებსაც გულისხმობს, მათი პირდაპირი მოვალეობა იყო.
ისრაელს ისიც კარგად ესმოდა, რომ, პარალელურად, დანარჩენი მსოფლიო იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ მისი ქმედებები სამართლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მორგები პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გვამებით გაივსო; ასევე უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს ქმედებები არა ოკუპაციად, არამედ დასავლური სამყაროს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლად და ირანთან კონფრონტაციად აღქმულიყო.
2006 წელს, ლიბანში კრახით დასრულებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რაც ისრაელისთვის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კატასტროფად იქცა, ოფიციალური იერუსალიმი თვეების მანძილზე ცდილობდა, საფუძველი მოემზადებინა ღაზაზე თავდასხმისთვის - უცხოურ ადმინისტრაციებსა თუ დიპლომატებთან უხმაურო, მაგრამ ენერგიული ურთიერთობით, განსაკუთრებით კი ევროპასა და არაბული სამყაროს ნაწილში.
გარკვეულწილად, წარმატებით იმუშავა სპეციალურად შექმნილმა საინფორმაციო დირექტორატმა, რომელსაც მედიაზე ზეგავლენა უნდა მოეხდინა. ხოლო როდესაც შეტევა დაიწყო, დიპლომატების, ლობისტთა ჯგუფების, ბლოგერების და ისრაელის სხვა მხარდამჭერების არმიამ დიდი ხმაური ატეხა სხვადასხვა ქვეყანაში; აქტიურად ავრცელებდნენ წინასწარ შემუშავებულ რამდენიმე ძირითად გზავნილს, რომლებიც ისრაელის მსხვერპლად წარმოდგენას ისახავდა მიზნად, მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვების შედეგად 430-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და ამათგან, სულ მცირე, ერთი მესამედი სამოქალაქო პირი ან პოლიციელი იყო.
ისრაელმა ღაზას სასტიკი სიმძლავრით შეუტია - საშუალოდ, 20 წუთში ერთხელ ხორციელდებოდა საჰაერო დარტყმები. თუმცა, ამის მიუხედავად, ჰამასი კვლავაც განაგრძობს საპასუხო ქმედებებს, რასაც შეტევის დაწყებიდან დღემდე 4 ისრაელელის დაღუპვა მოჰყვა, ჰამასის ჭურვები კი ებრაული სახელმწიფოს ისეთ სიღრმეში იჭრება, როგორც არასოდეს; ათიათასობით ადამიანი გარბის სახლებიდან. გასულ ღამეს ისრაელმა კიდევ უფრო გააძლიერა შეტევა, მისი ჯარები ნიაღვარივით მიასკდნენ ღაზას საზღვარს, პარალელურად კი მიმდინარეობდა დიპლომატიური ოპერაცია, რომ იმ უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვა გაემართლებინათ, რაც უთუოდ მოჰყვებოდა შეტევას.
დენ გილერმანი (რამდენიმე თვის წინ გაეროში ისრაელის ელჩი) საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიხმო, რომ მას დიპლომატიური და PR-კამპანიებისათვის ეხელმძღვანელა. მისი თქმით, დიპლომატიური და პოლიტიკური საფუძველი უკვე თვეების მანძილზე მზადდებოდა.
„ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა. მე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომიწვია სამუშაოდ, რომ ისრაელის მცდელობების კოორდინირება მომეხდინა. თუმცა, ამ ურთულესი მექანიზმის ყველა ნაწილი თავადაც არასოდეს მინახავს - იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, პოლიცია თუ არმია - ყველანი ძალიან კოორდინირებულად მუშაობენ, რომ ეფექტურად გაავრცელონ მთავარი გზავნილი.“
იერუსალიმში, ლონდონში, ბრიუსელსა და ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგებზე ძირითადი გზავნილები რამდენჯერმე გაიმეორეს: ისრაელს სხვა გზა არ ჰქონდა, ის იძულებული გახდა, პასუხი გაეცა ჰამასის სარაკეტო შეტევებისთვის; მისი შეტევა ღაზაზე მხოლოდ „ტერორის ინფრასტრუქტურისკენაა“ მიმართული და სამიზნეებს ძირითადად წარმოადგენენ ჰამასის მებრძოლები; სამოქალაქო პირები დაიღუპებიან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჰამასი თავის მებრძოლებსა და შეიარაღებას ქარხნებში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის მალავს.
ღაზა, 2008
ამ ყველაფერს ფეხდაფეხ მოსდევს სტრატეგია, რომელიც დისკუსიებიდან სიტყვა „ოკუპაციის“ ამოღებას ემსახურება. „ღაზა 2005 წელს გათავისუფლდა, როდესაც ებრაელმა მოსახლეობამ და არმიამ დატოვეს მისი ტერიტორია,“ - აცხადებენ ისრაელის წარმომადგენლები. ამასობაში მას შეეძლო აყვავებულიყო და გამხდარიყო მომავალი პალესტინური სახელმწიფოს საფუძველი, მაგრამ მოსახლეობამ კონფლიქტი არჩია.
ისრაელმა ჰამასი, ირანთან და ჰეზბოლასთან ერთად, ისლამისტურ-ფუნდამენტალისტური ბოროტების ღერძის ნაწილად წარმოაჩინა. ჰამასის ქმედებებს, ისრაელის თქმით, არაფერი აქვს საერთო დასავლეთ სანაპიროს გაგრძელებულ ოკუპაციასთან, ღაზას ბლოკადასთან ან იმ ფაქტთან, რომ ისრაელელი ჯარისკაცები, ღაზადან ჯარების გამოყვანის შემდეგაც მრავალ პალესტინელს ხოცავენ. „ისრაელი თავისუფალი სამყაროს ნაწილია და ებრძვის ექსტრემიზმსა და ტერორიზმს. ჰამასი კი - არა,“ - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა და კადიმას პარტიის ლიდერმა, ციპი ლივნიმ საფრანგეთში ვიზიტისას; მისი ვიზიტი დიპლომატიური შეტევის ნაწილი იყო.
ლივნიმ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისეული ტერორიზმთან ომის რიტორიკაც კი გამოიყენა, - „ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის მომენტი, როდესაც თითოეულმა ადამიანმა, რეგიონსა თუ მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი მხარე უნდა აირჩიოს, - განაცხადა მინისტრმა, - ისრაელმა თავისი მხარე დაარსების დღიდანვე აირჩია; ებრაელმა ხალხმა თავისი მხარე მრავალ ათასწლოვანი არსებობის მანძილზე აირჩია; და მშვიდობისათვის ლოცვა არის ის ხმა, რომელიც სინაგოგებში ისმის.“
ეს გზავნილი მისაღები აღმოჩნდა შედარებით დამთმობი არაბული სახელმწიფოების მთავრობებისთვის, მაგალითად, ეგვიპტისა და იორდანიისათვის, რომელნიც ჰამასისადმი მტრულად არიან განწყობილნი.
„მუსულმანური და არაბული სამყაროს დიდი ნაწილი ხვდება, რომ ჰამასი მათთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ისრაელისთვის, - განაცხადა გილერმანმა, - ჩვენ ამის დადასტურება მრავალგზის გვინახავს, მაგალითად, ეგვიპტის პრეზიდენტის მუბარაქის საჯარო განცხადებებში და თავად პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის თუ არაბული სამყაროს სხვა წარმომადგენლების განცხადებებში. ეს სრულიად უპრეცედენტო რამაა.“
მართლაც, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ გეითმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ზუსტად იცოდა, რაც მოხდებოდა: „ბოლო სამი თვის განმავლობაში სრულიად ცხადად ჩანდა იმის ნიშნები, რომ ისრაელი ჰამასზე თავდასხმას აპირებდა ღაზაში. მათ ლამის ცას და დედამიწას მოსდეს ეს ამბავი. სამწუხაროდ, ჰამასმა თავისივე ხელით, ოქროს ლანგრით მიართვა ისრაელს ამის შესაძლებლობა.“
ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც არ თქმულა. სულ რამდენიმე თვის წინ ლივნი ჰამასის განადგურების შესახებ ლაპარაკობდა, თუმცა დანარჩენი მსოფლიოსათვის ეს ღაზაზე თავდასხმის გასამართლებლად მიუღებელი მიზეზი იქნებოდა. ამჟამად კი საუბარია ღაზას მთავრობის იძულებაზე, დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას. შიგადაშიგ თუ წამოსცდება ვინმეს „მივიწყებული“ მესიჯი. ღაზაზე შეტევის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაერო-ში ისრაელის ელჩმა გაბრიელა შალევმა განაცხადა, - იქამდე გავაგრძელებთ შეტევას, სანამ ჰამასი მთლიანად არ განადგურდებაო. ამის პასუხად აღშფოთებულმა ჩინოვნიკებმა იერუსალიმიდან გააფრთხილეს შალევი, - მსგავსი განცხადებებით დიპლომატიურ შეტევას ძირს უთხრიო.
შეტევის დაწყებიდან პირველი რამდენიმე საათის მანძილზე ისრაელი მთელ მსოფლიოს ერთსა და იმავე სათქმელს უმეორებდა. საერთაშორისო ტელემედია ხშირად ციტირებდა ლივნისა და შრომის დაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის სიტყვებს. მთავრობის მიერ შექმნილი საინფორმაციო დირექტორატი ცდილობდა, უცხოური მედიის ყურადღება მთლიანად გადაეტანა გასული 8 წლის მანძილზე ღაზადან ისრაელის მიმართულებით ნასროლ 8 500 ჭურვზე და ამის შედეგად დაღუპულ 20 სამოქალაქო პირზე და ნაკლებად გაემახვილებინა ღაზას სადამსჯელო ბლოკადაზე ან თუნდაც 1700 პალესტინელზე, რომლებიც ისრაელის სამხედრო შეტევების დროს დაიხოცნენ, მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ისრაელელმა მოსახლეებმა ღაზა დატოვეს.
მოხდა ისეთი ლობისტი ჯგუფების მობილიზება, როგორებიცაა, მაგალითად „ისრაელთან კომუნიკაციისა და კვლევის ბრიტანული ცენტრი“ (ბიკომი) ლონდონში და „ისრაელის პროექტი“ ამერიკაში. ისინი აწყობდნენ ბრიფინგებს, საკონფერენციო ზარებსა და ინტერვიუებს. ისრაელის სამხედროები ვიდეო მასალებს ათავსებდნენ ინტერნეტში, იუთუბზე. ისრაელელმა დიპლომატებმა ორსაათიანი „სახალხო“ პრესკონფერენციაც კი გამართეს ნიუ-იორკში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. ამავდროულად, ისრაელმა უცხოელ ჟურნალისტებს აუკრძალა, მისი სტრატეგიის მოწმენი გამხდარიყვნენ.
ლივნიმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა პალესტინელებისთვის სასარგებლო იქნება, რადგან მათ ჰამასის მარწუხებისგან გაათავისუფლებს. „მას სურს, დამარწმუნოს, რომ ამ ყველაფერს ჩემს სასიკეთოდ აკეთებენ, - ეხმაურება ლივნის განცხადებას დიანა ბუტუ, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის იურიდიული კონსულტანტი, და 2005 წელს ისრაელის ღაზადან გასვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, - რამდენიმე ისრაელელი მეგობარი იმავეს მიმეორებს: უნდა გიხაროდეთ, ჰამასს რომ ვანადგურებთ, ისინი თქვენთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენენო. მე კი არ მჭირდება, ლივნიმ მიკარნახოს, ვინ არის ჩემთვის კარგი და ვინ - ცუდი, და არა მგონია, სისხლისღვრა ვინმესთვის კარგი იყოს.“
როდესაც სისხლისღვრა დაიწყო, ისრაელი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ 400-ზე მეტი დაღუპულიდან სრული უმრავლესობა ჰამასის მებრძოლი იყო და განადგურებული შენობები - ტერორის ინფრასტრუქტურა. თუმცა, დაღუპულთა დაახლოებით ერთი მესამედი პოლიციელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ღაზაში ჰამასი უდგას სათავეში, ბუტუს თქმით, ისრაელი ტყუილად წარმოაჩენს მას ტერორისტულ ორგანიზაციად.
„პოლიციის ძალები ძირითადად გამოიყენება შიდა წესრიგისა და კანონიერების დასაცავად, ტრეფიკისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ისინი არ არიან მეომრები. ისრაელს სურს, გაანადგუროს ყველა, ვინც ჰამასთან ასოცირდება, მაგრამ სად გადის ზღვარი? არის თუ არა ლეგიტიმური სამიზნე ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სამსახურში მუშაობს? არის თუ არა ლეგიტიმური სამიზნე ის, ვინც ჰამასს მისცა ხმა არჩევნებში?“ - კითხულობს დიანა ბუტუ.
ამასობაში, სანამ ისრაელი ჰამასს აბრალებს მოსახლეობის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას, ვინაიდან, მათი თქმით, ჰამასი ტერორისტულ ინფრასტრუქტურას საცხოვრებელ რაიონებში მალავს, ისრაელის ჭურვების სამიზნედ პოლიციის განყოფილებები და სხვა საჯარო დაწესებულებების შენობები იქცევა, რომელთა სხვაგან განლაგება წარმოუდგენელია.
ისრაელის მტკიცებით, ჰამასმა დაარღვია ივნისის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის გაგრძელებისთვისაც იერუსალიმი მზად იყო. „ისრაელს თავად სურს, ძალადობას პირველმა მოუღოს ბოლო. ჩვენ არ გვინდოდა ძალადობა. უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გვქონდა. ჰამასმა ზავი დაარღვია,“ - განაცხადა ლივნიმ.
თუმცა, სხვები ამტკიცებენ, რომ ზავი საფრთხის ქვეშ ჯერ კიდევ ნოემბერში დადგა, როდესაც ღაზაში რეიდის დროს ისრაელელმა სამხედროებმა ჰამასის ექვსი შეიარაღებული წარმომადგენელი მოკლეს. პალესტინელები აღნიშნავენ, რომ ეს მოხდა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს და დანარჩენმა მსოფლიომ უბრალოდ ვერ მიაქცია ყურადღება ამ ფაქტს. ჰამასმა ისრაელს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა პასუხად. შემდეგ კვირაში ისრაელის ორი შეტევისას კიდევ ექვსი პალესტინელი დაიღუპა.
„ისინი ღაზას სამხედრო ძალებით გამუდმებით უტევდნენ, ზღვიდან და საჰაერო სივრციდან, და ეს ხდებოდა სამშვიდობო შეთანხმების არსებობის მანძილზე,“ - განაცხადა ბუტუმ. შეტევებთან ერთად პალესტინელების ხოცვაც არ შეჩერებულა. თითქმის სამი წლის მანძილზე, იმ დროიდან მოყოლებული, რაც ხელისუფლებაში ჰამასი მოვიდა, ღაზაზე უკანასკნელ თავდასხმამდე, ისრაელის სამხედრო ძალებმა დაახლოებით 1300 ადამიანი დახოცეს ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე. ამათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ჰამასის აქტივისტი იყო; ამას გარდა, ასობით პალესტინელი თავად პალესტინელებმა დახოცეს ჰამასსა და ფატას შორი გაჩაღებული ბრძოლების დროს. ყველა ამ პროცესის შედეგად პალესტინაში დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობა შემაშფოთებლად მაღალი იყო.
ადამიანის უფლებათა პალესტინური ცენტრის განცხადებით, ყოველი მეოთხე მსხვერპლი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა. 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის ივნისამდე ისრაელის შეტევების შედეგად დაიღუპა 68 პალესტინელი ბავშვი და მოზარდი, კიდევ ორ ათეულამდე - დასავლეთ სანაპიროზე.
თებერვალში ისრაელის ჭურვებმა ოთხი 8-დან 14-წლამდე ბიჭის სიცოცხლე შეიწირა, ისინი ქალაქ ჯაბალიაში, ქუჩაში ფეხბურთს თამაშობდნენ. აპრილში მეიასარ აბუ-მეთიქი და მისი ოთხი შვილი - ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, დაიღუპნენ საკუთარ სახლში საუზმისას, როდესაც მათ სახლს ჭურვი დაეცა. ზავის დროსაც კი ისრაელმა ღაზაში 22 ადამიანი მოკლა, მათ შორის - ორი ბავშვი და ერთი ქალი.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების კოლაფსის მთავარი მიზეზი ალბათ იყო განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რისთვის უნდა მიეღწიათ. ისრაელი ზავს აღიქვამდა ორმხრივი სიმშვიდის გარანტად; ჰამასი კი ისრაელისგან ღაზისთვის ბლოკადის მოხსნას ელოდა. ისრაელის მტკიცებით კი, ბლოკადა იყო თავდაცვითი პასუხი ჰამასის სარაკეტო შეტევებზე.
თუმცა, ისრაელს არ მოუხსნია ალყა, რომელიც ღაზას ეკონომიკას ანადგურებდა, იწვევდა საკვების, საწვავისა და მედიკამენტების უმწვავეს დეფიციტს. ღაზას მაცხოვრებლები მიხვდნენ, რომ ბლოკადა არა იმდენად სარაკეტო შეტევების პასუხი იყო, არამედ ამით ისრაელი მათ ჰამასისთვის არჩევნებში გამოცხადებული მხარდაჭერის გამო სჯიდა. ისრაელის განცხადებებში უმთავრესი გზავნილი იყო ის, რომ მათ სამი წლის წინ გამოიყვანეს ღაზადან სამხედრო ძალები და ებრაელი მოსახლეობა, რითაც ღაზას საშუალება მიეცა, აყვავებულიყო. „მათ იმედი ჩავუსახეთ, ჩვენი ჯარები და მოსახლეობა გამოვიყვანეთ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ღაზა პალესტინელთა სახელმწიფოს საწყისი გამხდარიყო, ჰამასმა ექსტრემისტული ისლამური მმართველობა დაამყარა,“- განაცხადა ლივნიმ. ისრაელის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ჰამასსაც და მათაც, ვინც ჰამასი აირჩია, ებრაელთა სიძულვილი და განადგურების სურვილი უფრო ამოძრავებდათ, ვიდრე ქვეყნის აღმშენებლობა.
ღაზა, 2008
REUTERS
პალესტინელებს სრულიად განსხვავებული ხედვა აქვთ. ბუტუ აცხადებს, რომ, რაც ისრაელი ღაზიდან გავიდა, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეკონომიკა არ განვითარებულიყო. „როდესაც ისრაელელები გავიდნენ, იმედი მოგვეცა, რომ ღაზელ პალესტინელებს ოდნავ მაინც მიეცემოდათ თავისუფლად ცხოვრების საშუალება. იმედი გვქონდა, რომ სასაზღვრო პუნქტები გაიხსნებოდა. ნამდვილად არ ველოდით, თუ მათხოვრობა მოგვიწევდა ჩვენთან საჭმლის შემოტანის უფლების მისაღებად,“ - განმარტავს ბუტუ.
მისივე თქმით, სამი წლის წინ, ჯერ კიდევ ჰამასის არჩევამდე ისრაელს უკვე ბლოკადაში ჰყავდა მოქცეული ღაზა. პალესტინელები იძულებულნი იყვნენ, მიემართათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისთვის და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯეიმს ვოლფენსონისთვის, რათა მათი ზეწოლით, ისრაელს ნება დაერთო, თუნდაც რამდენიმე სატვირთო მანქანა ყოველდღიურად შესულიყო ღაზას ტერიტორიაზე. ისრაელი დათანხმდა ამ მოთხოვნას, თუმცა მოგვიანებით პირობა არ შეასრულა. „ეს ყველაფერი ჰამასის არჩევნებში გამარჯვებამდე ხდებოდა. ასე რომ, ყველაფერი, რასაც ისრაელი იჩემებს, ერთი დიდი მითია. თუ უკვე არ არსებობდა ჩვენი იზოლირებისკენ მიმართული პოლიტიკა, რატომ დაგვჭირდებოდა რაისის და ვოლფენსონის შუამავლობა შეთანხმებისთვის?“ - კითხულობს ბუტუ.
იოსი ალფერმა, მოსადის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ჩინოვნიკმა და სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხში მაშინდელი პრემიერმინისტრის, ეჰუდ ბარაკის ყოფილმა მრჩეველმა, განაცხადა, რომ, მისი აზრით, ღაზას ბლოკადა მცდარი სტრატეგიაა, რომელმაც, შესაძლოა, გააძლიერა კიდეც ჰამასი: „არ მგონია, ვინმეს შეეძლოს იმის დამადასტურებელი არგუმენტების მოტანა, რომ ბლოკადა კონტრპროდუქტიული იყო, თუმცა, ცხადია, მის პროდუქტიულობასაც ვერავინ დაამტკიცებს. ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ კონტრპროდუქტიული ყოფილიყო. ეს არის კოლექტიური სასჯელი, უმძიმესი ჰუმანიტარული განსაცდელი. ბლოკადამ ვერ აიძულა პალესტინელები, ისე მოქცეულიყვნენ, როგორც ჩვენ გვსურდა. მაშ, რატომ მივმართავთ ამ მეთოდს? ჩემი აზრით, ხალხმა ნამდვილად დაიჯერა, რომ თუ ღაზას მოსახლეობას ვაშიმშილებთ, ისინი ჰამასს აიძულებენ, შეტევები შეწყვიტოს. ეს მცდარი პოლიტიკაა, რომელსაც სრულიად დაუფიქრებლად კვლავ და კვლავ ვიმეორებთ.“
![]() |
17 საკუთარ ნაჭუჭში |
▲back to top |
რეპორტაჟი
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
არჩევანი იყო ასეთი - ან 10 ათასი დოლარი ოჯახზე ან ახლად აშენებული კოტეჯი. ზოგიერთი დევნილი დღესაც თბილისში იზამთრებს დაპირებული თანხის მოლოდინში, ზოგმა კი უკვე გააკეთა არჩევანი და ახალი თუ დროებითი ცხოვრების დასაწყებად წეროვანის, შავშვების თუ სხვაგან მდებარე კოტეჯებში მოხვდა.
მომცრო ზომის კოტეჯი ორი საძინებლისგან, საერთო ოთახისგან, პატარა სამზარეულოსა და საპირფარეშოსგან შედგება. თუმცა ეს უკანასკნელი ყველა კოტეჯის ფუფუნება ნამდვილად არ არის. შესახლებულ ოჯახებს დახვდათ: 2 საწოლი, კარადა, სამზარეულოსთვის აუცილებელი ნივთები, სკამები, მაცივარი, ტელევიზორი, გაზის გამათბობელი. მართალია, წეროვანში, შავშვებსა და კარალეთთან გაშენებულ დასახლებებში გარეგნულად ერთნაირი საცხოვრებელი სახლებია, მაგრამ პირობები ყველგან სხვადასხვაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო შორს, მით უარესი.
წეროვანი
ძალიან ციოდა. სუსხიანი ქარი უბერავდა და თოვლის ნამქერს ისე ატრიალებდა ჰაერში, რომ თვალდახუჭული თუ გაივლიდი სიმეტრიულად ჩაწიკწიკებულ პატარა კოტეჯებთან. ასევე სიმეტრიულად აღმართულ დენის ბოძებს შორის გაბმული გრძელი თოკების დანახვაც მხოლოდ ზედ გაფენილი, ისტერიულად მოქანავე ფერად-ფერადი ტანსაცმლის გამო მოვახერხე. ერთ „ნივას“ თუ არ ჩავთვლით, რომელმაც მოყინულ გზაზე სულ „უკანალის ქიცინ-ქიცინით“ ჩამიარა, ასე მეგონა, ჩემს გარდა, აქ არც ერთი ცოცხალი არსება არ იყო. ზოგი კოტეჯი ჯერ კიდევ ცარიელი იყო, ზოგს ფანჯრებზე ნაჭრები ეკიდა, საიდანღაც ვიღაც მიყურებდა, მაგრამ მისი მიმართულებით წავედი თუ არა, ფარდა გადაწია და გაუჩინარდა. მივხვდი, რომ ეს ის დრო აღარ იყო, როდესაც ჟურნალისტის დანახვაზე თავად გამორბოდნენ, წრეს შემოგარტყამდნენ და ათას გასაჭირზე გიყვებოდნენ. არა, სიცივე აქ არაფერ შუაშია. თითქოს ყველა შეიყუჟა, თავის პატარა ნაჭუჭები იპოვეს, შიგნით მოკალათდნენ და ჩაიკეტნენ.
6 წლის მარიამი ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა. პატარა ტუჩები წითლად ჰქონდა შეღებილი და თავზე უამრავი წვრილი და ჯოხებივით გაფშეკილი ნაწნავი ეკეთა. ჩემს დანახვაზე ღუნღულა ჯემპრის სახელოთი ტუჩები მოიწმინდა, თმები შუბლიდან გადაიწია და წინ ჩამომიჯდა. მარიამის და მისი 15 წლის დის - ხატიას მშობლები თბილისში იყვნენ წასულები, კოტეჯის გვერდით ჩადგმული, მოცუცქნული ჯიხურისთვის სავაჭრო პროდუქტის საყიდლად: კანფეტების, სიგარეტის, ორცხობილების, წვენების, ბანქოსი... ამ ყველაფერის შეძენა საახალწლოდ, სულზე დარიგებული 200 ლარით გადაწყვიტეს... -„მეც მივეცი ჩემი ფული დედას,“ - მეუბნება მარიამი და მაგიდაზე, ნათესავების ნაჩუქარ სათამაშოებს მილაგებს. ამ კოტეჯში 30 დეკემბერს გადმოვიდნენ. როგორც მითხრეს, - ახალ წელს ცოტა მოწყენილები შევხვდით და მეკვლეს არ ველოდებოდით, რომ უცებ მეზობელი გვესტუმრაო. ეს ოჯახიც და წეროვანის ძირითადი დასახლებაც ახალგორიდან არიან. როგორც ხატიამ მითხრა, - უმეტესობა ახალგორში, თავის სახლებში ადის ხოლმე და ამიტომ, არც ფოტოს გადაგაღებინებენ და დიდად არც ლაპარაკს მოინდომებენ, რომ მერე იქ რაიმე პრობლემა არ შეექმნათო. „თქვენი ჟურნალი ხომ არაპოლიტიკურია? მაშინ კი, მკითხეთ რაც გინდათ.“ როგორც ხატიამ ამიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ „გიფსოკარდონის“ კედლები ზოგან გაიბზარა, ხოლო აბაზანაში ბანაობის შემდეგ უცნაურად „იბერება“ ხოლმე, დიდი „პატივისცემაა“ ის, რომ მათ ურიგდებათ „მალაკო“, „პესოკი“, ფქვილი, ბურღულეული და ათასი რამ, რაც საჭიროა საოჯახო ინვენტარისთვის. ხატია სკოლაში ჯერჯერობით ვერ დადის, რადგან არ არის გარკვეული, იქნება თუ არა მცხეთის სკოლაში ბავშვების სატარებლად გამოყოფილი ტრანსპორტი. ამიტომ მთელ დღეებს თავის პატარა დასთან ერთად ატარებს - უყურებენ ტელევიზორს, ტუჩებს იღებავენ და, როგორც ყველა აქაური ქალი, საშუალო ზომის კოტეჯის დალაგებითაა მთელი დღე დაკავებული.
ამბობენ, წეროვანში დასახლებულ დევნილებს იქვე სკოლას, ბაგა-ბაღს და მედპუნქტს უშენებენო. რაც მთავარია, თუ მზე კარგად ანათებს, მაშინ დასახლების შესასვლელში აუცილებლად მოგჭრის თვალს შუშის შენობა, რომლის მშენებლობა, ჰა და ჰა, დამთავრდება. ამ შენობაში პოლიცია განთავსდება. ცოტა ქვევით შხამიანი მწვანე ფერის კოტეჯებია - „ეგენი? მანდ გორის ხალხია,“ - მითხრა ხატიამ გამომშვიდობებისას.
როდესაც მე-5 რიგის მე-12 სახლს - ანუ ჩემს პატარა მასპინძლებს გამოვცდი, შორიდან მომესმა ვიღაცის ხმა, გოგოებს გასძახა, - რა უნდოდა, საიდან იყოო... მართალია, ახალგორის დევნილები თავისუფლად ახერხებენ სახლებში ასვლას, მაგრამ თუ რაიმე ნივთის გამოტანა გინდა, მაშინ წამოსაღები ნივთების ჩამონათვალით გამგეობაში სპეციალურ წერილს წერ. „რომც მინდოდეს, იქ ვერ დავბრუნდები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან შენი გვარი, თუ ვინმე შეგხვდა და გკითხა, - ოსი ხარ? უნდა უპასუხო - ჰო. თუ გკითხა, - რუსი ხარ? - ისევ უნდა უპასუხო - ჰო. თუ გკითხავენ, - სად მიდიხარ, ახალგორს ვერ ეტყვი, უნდა უპასუხო - ლენინგორში.“ მარინა წეროვანში ხეტიალისას ჩემი მეორე მასპინძელი იყო, რომელმაც დიდი პაუზის შემდეგ, მაგრამ მაინც შემიპატიჟა ბინაში. „იქ დაბრუნება არ არის უსაფრთხო, ერთი თვის წინ სკოლის დარაჯი აფეთქდა ნაღმზე. შიშია ქალაქში, პანიკა. რუსებით და ოსებით არის სავსე. აქ კი... საახალწლოდ კი დაგვირიგეს ფული, მაგრამ მეტი რა იქნება, არ ვიცით. ამბობენ, - ყველას დაგასაქმებთო; აქვე აშენებენ რაღაც დაწესებულებებს და... მჯერა თუ არა? თუ ასეთ მოკლე ხანში ამხელა დასახლების გაშენება შეძლეს, მართალია, მხოლოდ გარეგნულად გამართულის, მაგრამ მაინც, მაშინ შეიძლება... თუმცა გვააქვს სხვა გზა? დღევანდელი დღით ვცხოვრობთ. არ ვიცით, რა იქნება ხვალ და ამიტომ, ყველაფერს ვიჯერებთ.“ მიუხედავად იმისა, რომ გაზის და დენის მრიცხველები ელვის სისწრაფით ტრიალებს, მათ ეს პრობლემა ჯერჯერობით არ აწუხებთ, რადგან მთავრობა 6 თვის ხარჯების ანაზღაურებას დაჰპირდა. კი, მაგრამ - მერე? - ვკითხე მარინას, რომელსაც ისევე, როგორც ყველა დევნილს, არანაირი საკუთარი შემოსავალი არ გააჩნია; „რა ვიცი, გვიპასუხეს - მერე ხომ სახლებში დაბრუნდებითო“. კი, მაგრამ, მაშინ სველი ბლოკით, ნაუცბათევად ვისთვისღა შენდება სკოლა, ბაგა-ბაღი?!
შავშვები
იმის გამო, რომ დასახლებების გაშენების არც ერთ ადგილზე ერთი ხეც კი არ ჭაჭანებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ყველგან საშინლად ქრის ქარი. მართალია, წეროვანში დასახლებული დევნილები ჰიგიენის პრობლემას გაზზე გაცხელებული წყლით აგვარებენ, მაგრამ, შავშველ დევნილებთან შედარებით, არაფერი აქვთ სათქმელი. იმის გამო, რომ აქ კანალიზაციის და წყლის მილების გაყვანა ვერ მოხერხდა, ხის საპირფარეშოები გარეთ არის მწყობრად ჩამწკრივებული, ხოლო წყალზე წასვლა დღეში რამდენჯერმე უხდებათ. გარეთ გამოსულს აქა-იქ აუცილებლად შეგხვდება დიდი ონკანები. ერთ-ერთ კოტეჯთან ათიოდე ადამიანი რიგში იდგა და ფანჯრიდან მიწოდებულ მძიმე ჩანთებს საკუთარი სახლებისკენ მიარბენინებდა. ახალგაზრდა ქალი 3 წლის ბავშვთან ერთად კარტოფილით დატვირთულ ყუთს მიათრევდა. გამოლაპარაკება ვცადე, მაგრამ უარით გამომისტუმრა, - არ მაქვს ჟურნალისტის თავიო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - აშკარად არასასურველი სტუმარი ვარ.
- შეიძლება მოგეხმაროთ? - გავძახე შუა ხნის ქალბატონს და თან დავაყოლე, - ჟურნალისტივარ-თქო“. კოტეჯში შესვლისთანავე მეცა ნესტის სუსტი სუნი. ისევე, როგორც ამ კოტეჯების უმეტესობაში, ჭერიდან და კედლებიდან აქაც წვეთავს, მაგრამ „აი, კატიას სახლი უნდა ნახო, სულ ჩამონგრეულია, კედელს ხელს რომ მოკიდებ, წყალი გამოდის“. კატიას სახლის სანახავად ვერ წავედი, ქალი აქ არ არის და კაცი არ შეგიშვებს, დაიღალა ამდენი „სტუმარითო“. ნინო, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აქ ცხოვრობს. დიდი დაკვირვება არ სჭირდება, წეროვანთან შედარებით, ეს კოტეჯები გაცილებით უხარისხოდაა აშენებული. თუმცა ნინოსთვის, რომელიც თავის ორ ქალიშვილთან ერთად თბილისში, 85-ე ბაგა-ბაღის შენობაში ცხოვრობდა და გამგის „გულთბილ“ სიტყვებს ისმენდა, - „ნეტავ როდის წაეთრევით აქედან თქვე სოფლელო ქაჯებოო“, - ამ კოტეჯში ყოფნა დიდი ბედნიერებაა. ტელევიზორი მუყაოს ყუთისგან გაკეთებულ მაგიდაზე უდევს და მთავრობისგან დარიგებულ 4 ჭიქას და 4 თეფშს წამდაუწუმ რეცხავს. მისი ქალიშვილები გაზის გამათბობელთან ატუზულები დგანან - დაბალი ძაბვის გამო, ოთახები კარგად ვერ თბება. დენიც ხშირად ითიშება, - ხალხი ბევრ რამეს აერთებს და ელექტროგაყვანილობა ვერ უძლებსო. სანამ ნინო ჰუმანიტარული დახმარებისას მიღებულ პროდუქტს ახარისხებდა, მიყვებოდა, რომ დარიგებული 200 ლარით გოგონებს უყიდა ჩექმები, რადგან მართალია, ერთი-ორჯერ მეორადი ტანსაცმელი მოიტანეს, მაგრამ ჩექმა მათ შორის, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა. მიყვებოდა, რომ ფულის აღებისთანავე იყიდა ღორის ფარში და ხორცის წვნიანი მოამზადა; რომ ადრე სახლში ბევრი წიგნი ჰქონდათ, უმეტესობა - რომანები, და გოგონებს მათ კითხვაში გაჰყავდათ დრო. ახლა კი ან კოტეჯი უნდა ალაგონ ან ტელევიზორს მიაჩერდნენ, რადგან სხვა საქმეს, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ იპოვი. აწუხებს ის, რომ წნევიანს მედიკამენტები სჭირდება. მართალია, იმ დღეს რაღაც წამლები მოუტანიათ, მაგრამ მისთვის საჭირო ვერაფერი უნახავს. ნინომ მეორედ გამოიარა დევნილობა და, როგორც მითხრა, - თუ ძალით არ გამაგდეს, იმ რეგიონში (ცხინვალთან ახლოს, სოფელ ფრისიდან იყო) აღარასდროს დავბრუნდებიო. „რა მენატრება? რა ვიცი... ჩემი თბილი ლოგინი.“
კარალეთი
მანქანიდან გადმოვედი და მოყინულ გზაზე ხელის ცეცებით გავიარე. ერთი კოტეჯის კართან მოხუცი ქალი იდგა და რაღაცას მიშტერებოდა. კოტეჯებს შორის დიდი სატვირთო მანქანა იყო ჩამომდგარი, რომლის საბარგულში უამრავი ნიჩაბი ეყარა. მანქანის გარშემო კაცები ირეოდნენ და რაღაცას ხმამაღლა გაიძახოდნენ. ზოგი უკვე სახლისკენ მიდიოდა და ინტერესით ათვალიერებდა ახალ ნივთს, ზოგი გამოცვლას ითხოვდა, მოკლედ, დიდი ამბავი იყო ატეხილი. კოტეჯში შევედი. ჟურნალისტის გაგონებაზე ხნიერმა ქალმა სასწრაფოდ შემიყვანა საპირფარეშოში, დამანახა ლამის ძირამდე ჩამოვარდნილი დაკიდული ჭერის ნარჩენები, მერე კი სამზარეულოში - ცალ საკიდზე მოქანავე, კარადის მოფანფალებული კარებები და უჯრები. საგრძნობლად ციოდა. გამოსვლისას მკითხა, - „ახლა, რომ წახვალ და ამას დაწერ, მერე ხომ მოვლენ და გამიკეთებენ?“
სექტემბრიდან მოყოლებული აღარც მახსოვს უკვე მერამდენედ ჩავუარე რესტორან „ვენეციას“ - იქვეა, გორის გასასვლელში, სანამ კარალეთში შეხვალ. ამ სოფლიდან დაწყებული ერგნეთის ჩათვლით, ყველგან, სადაც კი ოსებმა სახლები გადაწვეს, პატარა, 24 კვადრატული მეტრის სიდიდის ერთოთახიანი კოტეჯებია ჩადგმული. პირველ რიგში ქეთინოსთან მივედი. მას შემდეგ, რაც ქეთინოს ოსებმა სახლი გადაუწვეს, ყოველ დღე ალაგებდა ეზოს, რომ დასახმარებლად ჩამოსულ კომისიას განსაკუთრებით მოხვედროდა თვალში მისი მონდომება და, ვინ იცის, იქნებ სახლიც აეშენებინათ. ყოველ შემთხვევაში, ამის სჯეროდა. ჭიშკარი არავინ გამიღო. „სახლში არ ვარო,“ - მითხრა ტელეფონით. თუმცა ღობეებიდან მაინც მოვახერხე ისევ იმ დამწვარი სახლის და მის ეზოში ჩადგმული პატარა კოტეჯის დანახვა. ეს კოტეჯები არასამთავრობო ორგანიზაციამ ააშენა, ოჯახები სამუდამოდ რომ არ გადახვეწილიყვნენ სოფლებიდან და ღამის გასათევი ადგილი მაინც ჰქონოდათ. როგორც ვიცი, თითოეულის მშენებლობა 5 ათასი დოლარი დაჯდა. მაგრამ მათი უმრავლესობა ცარიელია, რადგან სწრაფ ტემპში აშენებულს იგივე პრობლემა აქვს, რაც კოტეჯების 90%25-ს - ჭერიდან და კედლებიდან ჩამოსული წყალი. სანამ შიგნიდან არ გაშრება კედლები, იქ შესვლა და ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ ხალხი ისევ მეზობელ-ახლობლებთან ან გორის ბაგა-ბაღის შენობებში ცხოვრობს, სადაც ჯერ კიდევ შეხვდები საწოლებზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამომსხდარ დევნილებს. გარდა ამ დახმარებისა, მთავრობამ თითოეულ დაზარალებულ ოჯახს (აქ ისევ ამ რეგიონზე მაქვს საუბარი), სახლის აღსადგენად 15 ათასი დოლარი გამოუყო. ამიტომ, გზაზე გავლისას აუცილებლად შეამჩნევ, რომ გადამწვარი სახლების პირველი სართულები ნელ-ნელა კეთდება, ილესება, რაღაცას ემსგავსება. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი ერგნეთზე, რომელიც ამ მხარეში ყველაზე მეტად დაზარალდა. დასახლება ახლა თითქმის ცარიელია. გადაბუგული სახლების ნარჩენებს თოვლის სქელი ფენა ადევს, სამარისებური სიჩუმე კი კიდევ უფრო გამძიმებს. ერთი ოჯახი ვნახე, რომლის დიასახლისი შეწუხებული მიამბობდა, - სახლის აღსადგენად გამოყოფილი თანხა ჩვენ არ მოგვცეს - აღარ გეკუთვნითო; რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, თავად დაუწყიათ აღდგენითი სამუშაოები. მართალია, ამას მთლად აღდგენითსაც ვერ დაარქმევ, ფანჯრის ჩარჩოებია ჩასმული, ისიც შუშების გარეშე, მაგრამ თანხის მიცემაზე უარის სათქმელად ეს საკმარისი აღმოჩნდა.
კასრაძეებთან მივედი. ეს ოჯახი არასდროს დამავიწყდება. გერონტი და ნიკოლოზი პირველად რამდენიმე თვის წინ ვნახე. მათთან სტუმრობა ეზოში ლამაზად გაკრეჭილი ბუჩქებით, მამა-შვილის ოსებზე ხუმრობებით და ჩამონგრეული ჭერიდან გამოვარდნილი მტვრიანი კატით დამამახსოვრდა. გერონტი ჩადგმულ კოტეჯში ცოლთან ერთად დამხვდა. ცისფერი გაბერილი ქურთუკით „ლეჟანკაზე“ იყო ჩამომჯდარი. შეშის ღუმელზე საჭმელი თუხთუხებდა. კუთხეში კარტოფილის და ფქვილის ტომარა იდო. რამდენიმე ვერცხლისფერი ვედრო, ორი ცალი სკამი და კართან, კედელთან აყუდებული მე ვიდექი. სხვაგან ვერც დავდგებოდი, ადგილი აღარ იყო. სოფლებში დახმარება ოქტომბრის მერე აღარ ამოუტანიათ. დაპირებული სამი კუბომეტრი შეშის ნაცვლად, ერთი დაურიგეს და ზუსტად იმ ერთის ნარჩენები იწვოდა ახლა შეშის ღუმელში. აღებული თანხით სახლის გაკეთება ჯერ არ დაუწყია, რადგან ეშინია, სულ არანაირი დახმარება რომ აღარ იყოს, მაშინ რა ეშველება? რითი უნდა კვებოს დიდი ოჯახი? რაღაცას მაინც მივახლაფორთებ, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ შეყუჟულიო, - მიპასუხა და ჩვეულებისამებრ გემრიელად გამიღიმა. გერონტი ახალ წელს ცოლთან ერთად კოტეჯში შეხვდა. იმ ღამით გაგებული სროლის ხმა, რომელიც ახალ წელს დაუკავშირა, მეორე და მესამე დღესაც გაგრძელებულა. საერთოდ, ამ ბოლო დროს რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალიან ხშირად ისმის სროლის ხმებიო. „რა ვიცი აბა, ჩემი ცოლი კი მეუბნება, - ადამიანს თუ ჭკუა აქვს, აქ არ უნდა დარჩეს და ამ ფულით სადმე უნდა წავიდესო, - მაგრამ... ახლა რაღა დროს ჩემი სხვაგან წასვლაა. ცოტა საშიში მაინც არის, ჰოდა იმ დღეს მანქანა ეზოში დაქოქილი მყავდა, სროლის ხმები ხშირად ისმის და ვიფიქრე, რა იცი, რა მოხდება... გაიგებ წინასწარ რამეს თუ...“
ვუსმენდი გერონტის ცოლს, რომელიც რუსული აქცენტით მიყვებოდა გორის ბაგა-ბაღებში ჩარჩენილ თავის სამ შვილზე, შვილიშვილებზე, დროდადრო კი ტაფაზე მოსათუშად დაყრილ ხახვს ურევდა. ცოტა ხანს კიდევ ვიდექი და სულ მთლად რომ არ დაგვღამებოდა, - ჩვენი წასვლის დროა-თქო, - ამოვილუღლუღე. ოჯახის უფროსმა მანქანამდე გაგვაცილა. გერონტის, ჩვენს გარდა, რომელიღაც ტელევიიზიდან ჩამოსული ჟურნალისტების ამალაც დაჰყვებოდა უკან. როგორც ეტყობა, ცნობილი კაცია ერგნეთში; ცნობილი და მგონი ერთადერთი, რომელიც ნესტის სუნით გაჟღენთილ კოტეჯში ცხოვრობს. უცებ ის სქელი კატა გამახსენდა, აგვისტოს მერე სულ დამტვერილი რომ დარბოდა. მოვიკითხე, - სად არის ის... სქელი... მტვრიანი-თქო და... დაკარგულაო, - მხრები აიჩეჩა გერონტიმ.
![]() |
18 მარში საქართველოზე |
▲back to top |
ისტორია
ზედმეტი ხომ არ მოინდომა მიხეილ სააკაშვილმა?
ავტორი: უენდელ სტივენსონი
ფოტო: თომას დვორჟაკი
პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ნიუ იორკერში“. 15 დეკემბერი, 2008
ქართული თარგმანი პირველად გამოქვეყნდა foreignpressge.blogspot.com-ზე
ტექსტის რედაქცია: თამარ ბაბუაძე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამემდე მუშაობს. აგვისტოში სამხრეთ ოსეთში რუსეთთან წარმოებული ხუთდღიანი ომის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც ის მთელ დღეებს დასავლელი მაღალჩინოსნების - კონდოლიზა რაისის, დიკ ჩეინის, ჯო ბაიდენის, ნიკოლა სარკოზის, ანგელა მერკელის მიღებაში ატარებდა, ღამეებს კი - უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრებში. ხშირად გარიჟრაჟამდე გაწელილი საუბრების დროს სააკაშვილი მონდომებით ცდილობდა, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს მხარეს გადაებირებინა.
როდესაც მასთან შესახვედრად ახალ, ჯერ კიდევ მშენებარე კანცელარიის შენობაში მივედი, მითხრეს, რომ „დაახლოებით შუაღამის შემდეგ“ მიმიღებდნენ. მანამდე სააკაშვილის მრჩეველი დენიელ კუნინი მელოდა. კუნინი 35 წელს გადაცილებული ამერიკელია, რომლის ხელფასსაც ბოლო დრომდე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო იხდიდა. ის ქერაა, ბიჭური იერით, მხიარული, მაგრამ ახლა თვალები აქვს ჩასისხლიანებული. „ვშიშობ, ცოტა ხანს მოცდა მოგიწევთ,“ - მეუბნება კუნინი.
სააკაშვილის კაბინეტი ქართული მართლმადიდებლური ხატებითაა დახუნძლული. წიგნის თაროებზე სტალინისა და კენედის ოჯახის ბიოგრაფიები აწყვია. გვერდით მაგიდაზე 1939-40 წლის ზამთრის ომის ისტორია დევს, რომლის დროსაც საოცრად მცირერიცხოვანმა ფინურმა არმიამ საბჭოთა კავშირს ფინეთის ანექსიის გეგმა ჩაუშალა. სააკაშვილი ოთახში ღამის 2 საათის შემდეგ ბრუნდება, მუქი კოსტუმი აცვია, ჰალსტუხი მოშვებული აქვს. ის 40 წლისაა. 36 წლის იყო, როდესაც პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას ვარდების რევოლუციის ახალგაზრდა ქარიზმატულ და დემოკრატ გმირად მოევლინა; გმირად, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ლიდერს ყვავილით ხელში დაუპირისპირდა. მას ყველა მიშას ეძახის. თითქმის ექვსი ფუტის სიმაღლის იქნება, მოუქნელად მოძრაობს, სულ ცქმუტავს და მოუსვენრობს, რაც მის მოძრაობებს კიდევ უფრო უხერხულ იერს ანიჭებს. „წყნარად დიდხანს ვერ ჩერდება, - მითხრა ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, - ჩვენთან ეს ბევრს ართობს და ზოგი ხუმრობით ნიძლავსაც დებს, რამდენ ხანს გაძლებს მიშა გაუნძრევლად - 10 წუთს, თუ 12 წუთს.“
„AFP-ს სტატია გამოუქვეყნებია, რომ კონდი რაისი ხუთშაბათს საგანგებო ზომებზე განცხადებას გააკეთებს“, - ეუბნება სააკაშვილი კუნინს. სააკაშვილმა თავისი ქვეყნის უსაფრთხოება შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობებს დააფუძნა და იმედოვნებდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა.
„კი, ვიცი, - პასუხობს კუნინი, - თუმცა, არ ვიცი, რა ზომებს გულისხმობენ.“
„დაბომბვას აპირებენ! ალიასკიდან!“ - პასუხობს სააკაშვილი ღიმილით (ორი კვირით ადრე გუბერნატორი სარა პეილინი ჯონ მაკეინმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა). „ან ხარირმებს დაუშენენ!“ მერე ერთ ბოთლ ქართულ ღვინოს, საფერავს ითხოვს და მეუბნება, რომ იმედი აქვს, სტატიას ნეკროლოგად არ გადავაქცევ. როგორც ამბობენ, აგვისტოში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის უთხრა, - დიდი სიამოვნებით ვნახავდი ყვერებით დაკიდებულ სააკაშვილსო (რაზეც სააკაშვილმა ასე უპასუხა: „მაგ სიგრძე თოკს ვერ იშოვისო“).
სააკაშვილისა და პუტინის მტრობამ ზაფხულის ომს ზედმეტად პირადული ელფერი შესძინა. „ვისაც სააკაშვილი და პუტინი ერთად უნახავს, ყველა ამბობს, რომ გარემო სიძულვილით იმუხტება, - მითხრა რიჩარდ ჰოლბრუკმა, ყოფილმა ელჩმა გაეროში, - პატარა კაცი დიდი ქვეყნიდან, პატარა ქვეყნის დიდი კაცის პირისპირ“ (პუტინი დაახლოებით ხუთი ფუტის სიმაღლისაა და ამბობენ, რომ განსაკუთრებით გაღიზიანდა, როდესაც თბილისში შერქმეული მეტსახელი ლილი-პუტინი გაიგო). „როდესაც პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, - ჰყვება სააკაშვილი, - პუტინი საკმაოდ თავაზიანი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო ცინიკური და აგრესიული გახდა. 2006 წელს კი, როცა ვნახე, უკვე იმპერატორივით იქცეოდა.“ სააკაშვილის თქმით, პუტინი არასდროს სცემდა პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. „და არა მარტო საქართველოსას, - დასძინა სააკაშვილმა, - ის ყოველთვის ამბობდა, რომ უკრაინა რეალურად ქვეყანა არც არის.“
რუსების „ქედმაღლობა ნავთობის ფასების ზრდასა და ამერიკის ერაყული პრობლემების კვალდაკვალ მატულობდა,“ - მეუბნება სააკაშვილი. მაგრამ რაც უფრო მეტს ლაპარაკობს სააკაშვილი რუსების თავკერძა ზნეზე, ორმხრივი წყენა მით უფრო ცხადი ხდება. „რუსეთში ისეთი განცდა აქვთ, - ამბობს მაშა ლიპმანი, მოსკოვის კარნეგი ცენტრიდან, რომ - საქართველო, ეს პატარა ქვეყანა, ოთხ ნახევარი მილიონი მოსახლეობით და სუსტი ეკონომიკით, რუსეთის პროვოცირებას ქედმაღლურად ბედავს, რადგან ზურგს „დიდი ბიჭი“ - ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრებს. ამით შეგულიანებული საქართველოს ლიდერი უტიფრად ლაპარაკს ამიტომაც ბედავს“. ლიპმანის თქმით, ზაფხულის ომი აღიქვეს, როგორც „დაპირისპირება ამერიკასთან, რომელიც რუსეთის გამარჯვებით დასრულდა, რადგან ამერიკამ თავისი კლიენტისა და მეგობრის დასახმარებლად ვერაფერი მოიმოქმედა“.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მუდმივად ემუქრებოდა, ბევრი უცხოელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ზედმეტად პროვოკაციულად იქცეოდა. 7 აგვისტოს, საქართველოს პოლიციასა და ოს სეპარატისტთა შორის კვირების მანძილზე მიმდინარე შეტაკებების შემდეგ მან ცხინვალზე მიიტანა შეტევა. ოსი სეპარატისტები რეგიონის დიდ ნაწილს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აკონტროლებენ (სამხრეთ ოსეთი, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთით მდებარეობს და რუსეთს ესაზღვრება, საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ნაწილი იყო, მაგრამ ოსები სხვა ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან და საკუთარი ენა აქვთ). სააკაშვილი ამბობს, რომ სიტუაცია აუტანელი გახდა, ხოლო სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთის შემოსვლა რეგიონში უკვე დაიწყო ან მალე დაიწყებოდა. ის აცხადებს, რომ არჩევანი აღარ დარჩა და ცხინვალისთვის უნდა შეეტია - ან უნდა ებრძოლა, ან დანებებოდა. რუსები ამ ვერსიას სერიოზულად არ მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ საქართველო აგრესორივით მოქმედებდა, საფრთხეს უქმნიდა რუსეთის მოქალაქეებს ცხინვალში და იქ დისლოცირებულ რუს სამშვიდობო ძალებს. ასეა თუ ისე, რუსებმა მყისიერი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინეს, საჰაერო შეტევა დაიწყეს და საქართველოში ტანკების კოლონები გაგზავნეს. ტანკები თბილისიდან მხოლოდ ოცი მილის დაშორებით შეჩერდნენ.
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სააკაშვილმა აგვისტოსა და სექტემბერში პროპაგანდისტული ომი მოიგო - დასავლურმა მედიამ და პოლიტიკოსებმა რუსეთის აგრესია და ძალის არაპროპორციული გამოყენება დაგმეს. მაგრამ ბოლო კვირებში დასავლელი დამკვირვებლები (და ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც) სააკაშვილის მონათხრობს უფრო სკეპტიკურად ეკიდებიან. ნოემბრის ბოლოს მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა მეგობარმა, ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ხანმოკლე დროით მოსკოვში საქართველოს ელჩად მსახურობდა, საპარლამენტო მოსმენებზე განაცხადა, რომ, მისი აზრით, სააკაშვილი აფხაზეთში შესაჭრელად კარგა ხნით ადრე ემზადებოდა. საპარლამენტო მოსმენამდე კიწმარიშვილმა ჩემთან საუბრისას დაიჩივლა, რომ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ცხოვრობს ტყვეობაში, რომელშიც საქართველო სააკაშვილმა მოაქცია: „კავკასიის ისრაელში ცხოვრება არ მინდა, - ამბობდა კიწმარიშვილი, - ამას მირჩევნია, კავკასიის ირალანდიაში ვცხოვრობდე. მათ ჯერ კიდევ აქვთ პრობლემები ჩრდილოეთში, მაგრამ არავის ეშინია“.
სააკაშვილი ეროსის კრიტიკას არ იზიარებს. („ეროსისთვის ყოველთვის ფული იყო მნიშვნელოვანი,“ - მითხრა სააკაშვილმა), ხოლო მისმა მთავრობამ კიწმარიშვილის ბრალდებები საერთოდ უარყო. ამის მიუხედავად, ისინიც კი, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთმა უბრალოდ მდგომარეობა გამოიყენა შეტევის განსახორციელებლად, სააკაშვილის მიერ ცხინვალზე შეტევის გადაწყვეტილებას განიხილავენ, როგორც პროვოკაციულ ნაბიჯს იმ ფონზე, რომ არავითარი სარეზერვო გეგმა არ არსებობდა. ისინი ახლა სვამენ კითხვას: კი, მაგრამ რაზე ფიქრობდა?
სააკაშვილი მასშტაბურად აზროვნებს, მაგრამ თან დაფანტულიც ჩანს. როდესაც ზაფხულის ომზე ლაპარაკობს, ერთი თემიდან სხვაზე ხტება. უმცირესობების მიმართ გატარებულ საბჭოთა პერიოდის პოლიტიკაზე ჰყვება და უცებ გენერლებსა და პრეზიდენტებზე შეთხზულ ანეკდოტებს მიაყოლებს, სატელეფონო მოსმენებს იხსენებს და უცებ „ვაშინგტონ პოსტის“ ციტატა მოჰყავს. ჩვენი ერთ-ერთი საუბრის დროსაც ასე იყო: მან ჯერ თუში ქალების სილამაზე აღმიწერა („ყველა ქერაა“), მერე ცხინვალის გეგმარებაში გამარკვია („სულ სამი ქუჩა აქვთ: მოსკოვის, ლენინის და სტალინის ქუჩები“), ბოლოს კი ქართველურ ტომებსაც გადასწვდა („ჩემი წინაპრები წარმოშობით ორი კუთხიდან არიან - სამხრეთ ოსეთიდან, სადაც ნახევრად ველური და ზოგჯერ ალბათ იმპულსური ხალხიც ცხოვრობს, მაგრამ მე ასევე მეგრული სისხლიც მაქვს, მეგრელებს კი კომპრომისი უყვართ“).
„ტყვიამფრქვევივით ლაპარაკობს,“ - ამბობს მისი ერთი თანაშემწე. ერთმა დასავლელმა კი, რომელიც სააკაშვილთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, მითხრა: „სააკაშვილთან საუბარს რომ მორჩები, უნდა წამოწვე, დაისვენო, ან დალიო“.
დილის სამი საათია, კუნინი ამთქნარებს, სააკაშვილი გადახედავს და ეკითხება, - დღეს ერთი კარგი ამბავი მაინც რატომ არ მომიტანეო. კუნინი პასუხობს, რომ მაკეინისა და ობამას მაჩვენებლები ერთმანეთს დაუახლოვდა. მაკეინი სააკაშვილს პირველად 1990-იანებში, ვაშინგტონში შეხვდა და მას შემდეგ მხურვალედ უჭერს მხარს. საქართველოშიც რამდენჯერმეა სტუმრად ნამყოფი.
„დაგვპირდა, რომ თუ არჩევნებს მოიგებს, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ექნება,“ - მითხრა სააკაშვილმა. მე კი შევთავაზე, მაშინ ალბათ აეროპორტისკენ მიმავალი ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მოგიწევთ-მეთქი. სააკაშვილმა პასუხად გაიცინა და მითხრა: „არა, ცხინვალს შევუცვლით სახელს და „ახალ მაკეინს“ ან რამე მაგდაგვარს დავარქმევთ“.
დიდი ენთუზიაზმის, ენაწყლიანობისა და ხიბლის წყალობით, სააკაშვილმა ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის მხარდამჭერები და მეგობრები მალე გაიჩინა. ეს ასე ბუნებრივად და იოლად არც ერთ პოსტსაბჭოთა ლიდერს არ გამოსვლია (კუნინი, რომლის დედა ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორია, ამბობს: „ის ტიპური დასავლელი პოლიტიკოსია“). ახალი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტიც, ჯო ბაიდენიც მისი მხარდამჭერია და აგვისტოში საქართველოშიც იყო ჩამოსული. სააკაშვილმა თავისი შინაგანი ძალით მართლა მოახერხა, საქართველოს სტატუსი იმ დონეზე აეყვანა, რომელიც ამ პატარა ქვეყანას არც კი შეესატყვისებოდა. ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ საქართველოში მუშაობდა, მითხრა, რომ მას აფიქრებს სააკაშვილის ბობოქარი ხასიათი, მაგრამ ამავე დროს ხვდება მისი ხიბლის მიზეზსაც: „ის იმედის ნაპერწკალია, რომელიც კავკასიაში დავინახეთ; ლიდერი, რომელიც დასავლური დემოკრატიისა და საბაზრო რეფორმების გზას ადგას და უზადო ინგლისურით ლაპარაკობს“. საქართველო გახდა პატარა კუნძული, საიდანაც კარგი ამბები მოდიოდა, განსაკუთრებით კი იმ ჭაობის ფონზე, რაც ავღანეთსა და ერაყში სუფევდა. დიპლომატმა ესეც დასძინა: „ჩვენ სააკაშვილში სწორედ იმას ვხედავდით, რისი დანახვაც გვინდოდა“.
საქართველო კავკასიის სამხრეთ ფერდობზე, კასპიისა და შავ ზღვას შორის მდებარეობს, უძველეს აბრეშუმის გზაზე, რომლის მნიშვნელობაც ახლა, ნაწილობრივ, ნავთობსადენების წყალობით აღდგა. საუკუნეების განმავლობაში ეს ქვეყანა წარმოადგენდა მტრულად განწყობილი იმპერიების ბრძოლის ველს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში კი საქართველო რუსეთის იმპერიას იმ იმედით მიუერთდა, რომ ის სპარსელთა თავდასხმებისგან დაცვას ჰპირდებოდა. მაგრამ ქართველები რუსეთის იმპერიის ფარგლებშიც კი ბეჯითად იცავდნენ თავიანთ ეროვნულ იდენტობას: მართლმადიდებლობასა და ენას, რომელიც არც თურქულია, არც სლავური, და არც ინდოევროპული და რომელიც განსხვავებული და დახვეწილი მოხაზულობის მქონე ანბანით იწერება.
1991 წელს, კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ მყისიერად ჩაეფლო სამოქალაქო და სეპარატისტულ ომებში - შავი ზღვის სანაპირო ზოლში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 1992 წელს არაფორმალური სამხედრო შენაერთების ტრიუმვირატმა ძალაუფლება და ლიდერობა შესთავაზა ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ყოფილ პირველ მდივანსა და მიხეილ გორბაჩოვის დროს საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს. ქართული ჯარები აფხაზეთში დამარცხდნენ, შედეგად მეოთხედი მილიონი ეთნიკური ქართველი დევნილად იქცა. სამხრეთ ოსეთიდანაც ათობით ათასი გამოიქცა. ეს ანკლავი გაყინული კონფლიქტების ზონებად ჩამოყალიბდა, საკუთარი არაღიარებული სეპარატისტული მთავრობებითა და რუსებით, ქართველებითა და ოსებით დაკომპლექტებული სამშვიდობო ძალებით, რომელთაც მონიტორინგს რამდენიმე ევროპელი სამხედრო მეთვალყურე უწევდა.
შევარდნაძე პრეზიდენტად 1995 წელს აირჩიეს, რამაც ქვეყანას სტაბილურობა მოუტანა, მაგრამ 2000 წლისთვის, როდესაც შევარდნაძე მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი გახდა, საქართველო უკვე ჩაფლული იყო ეკონომიკური სტაგნაციისა და ენდემური კორუფციის ხანაში. ზამთარში თბილისს ელექტროენერგია ხშირად ოთხი საათითაც კი არ მიეწოდებოდა, სახელმწიფო მოხელეების ხელფასი თვეში 35 დოლარის ეკვივალენტს უდრიდა. პოლიცია ავტომანქანებს აჩერებდა და ხშირად მობოდიშებით, მაგრამ მაინც ითხოვდა ქრთამად ორ დოლარს.
2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები რეალურად შევარდნაძის მმართველობის რეფერენდუმად იქცა. ქართველებმა ღიად გამოხატეს არსებული მდგომარეობით უკმაყოფილება. დამოუკიდებელმა ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც სათავეში მაშინ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ედგა, პირველ ადგილზე გავიდა და ხმების 26%25 მოიპოვა. სამთავრობო პარტიამ მეორე ადგილი ხმების 19 პროცენტით დაიკავა, ხოლო დანარჩენი ხმები სხვა პატარა პარტიებს შორის განაწილდა. ოფიციალური შედეგების თანახმად კი, შევარდნაძის პარტიას უმნიშვნელო, მაგრამ მაინც უპირატესობა ჰქონდა. სააკაშვილი და სხვა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები თბილისში დემონსტრაციებს ჩაუდგნენ სათავეში. ეს აქციები კარგად ორგანიზებული, ხისტი, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მაგალითად იქცა (უკრაინული ნარინჯისფერი რევოლუცია ერთი წლის შემდეგ მოხდა). სამკვირიანი საპროტესტო პროცესის პიკზე, როდესაც შევარდნაძემ მოლაპარაკებებზე და ახალი არჩევნების დანიშვნაზე უარი განაცხადა, სააკაშვილი და სხვა დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შევარდნაძეს სიტყვა გააწყვეტინეს. სააკაშვილმა, რომლსაც ხელში ვარდი ეჭირა, შეჰყვირა „გადადექი ახლავე!“. შევარდნაძე დაცვამ სასწრაფოდ გაიყვანა (ის მეორე დღეს გადადგა), ხოლო სააკაშვილმა შევარდნაძის დატოვებული ჭიქა აიღო და ჩაი დალია. ის პრეზიდენტად 2004 წელს, ხმათა 96%25-ით აირჩიეს.
მიხეილ სააკაშვილი და დენიელ კუნინი
პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ექვსი თვის თავზე სააკაშვილმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „ხალხი მართვის ჩემს სტილს ჯონ კენედის სტილს ადარებს, მაგრამ პირადად მე გაცილებით მეტ სიახლოვეს ვგრძნობ ათათურქთან, ან ბენ-გურიონთან, ანდა შარლ დე გოლთან - ადამიანებთან, რომლებმაც ნაციონალური სახელმწიფოები შექმნეს“.
სააკაშვილი 1967 წელს, თბილისში დაიბადა. ის სამი წლის იყო, როდესაც მშობლები გაიყარნენ. მიშა სახლში ერთადერთი ბავშვი იყო და თბილისის ერთ-ერთ ახალ უბანში, ფართო გზატკეცილზე მდებარე სახლში იზრდებოდა. შინ ხუთი უფროსი ჰყავდა: დედა - უნივერსიტეტში ისტორიის პედაგოგი, ბებია და ბაბუა და დიდი ბებია და ბაბუა. როდესაც რამდენიმე ხნის წინ დედამისს ვესტუმრე, ზუსტად იმ პატარა სასტუმრო ოთახში შემიპატიჟეს კენკრის კრემიან ნამცხვარსა და ჩაიზე, რომელშიც სააკაშვილი იზრდებოდა. დედამ მითხრა, რომ ბავშვობაში მიშას „ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ და მის აღზრდაში ოჯახის თითოეული წევრი მონაწილეობდა“. ეს გახლდათ პროფესიონალების ოჯახი, თუმცა კი, საბჭოთა ელიტას არ მიეკუთვნებოდნენ. „მახსოვს ბაბუაჩემს სამსახურში, ერთ-ერთ ინსტიტუტში, რომელშიც ლექციებს კითხულობდა, სპეციალური კუპონი მისცეს, - მიყვება სააკაშვილი, - წელიწადში ერთხელ შეგვეძლო, წავსულიყავით და აგვეღო ორი ფინური ძეხვი, ხუთი თუ ექვსი ქილა ლატვიური შპროტი, ფინური შოკოლადი და ხანდახან, თუ ბედი გაგვიღიმებდა, წითელი ხიზილალა. ძალიან დამამცირებელი განცდა იყო - სადღაც, კომუნისტური პარტიის შტაბის სარდაფში უშველებელ რიგში დოგმა. და ჩვენც ვიდექით ერთად, პროფესორები და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნების მძღოლები“. მას სამყაროს აბსოლუტურად ცხადი აღქმა ჩამოუყალიბდა. „მე, ისევე, როგორც მთელი ჩემი თაობა, იმ განცდით ვიზრდებოდი, რომ დასავლეთი აბსოლუტური სამოთხეა, ხოლო ჩვენ აბსოლუტურ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ასეთი იყო ჩემი თაობის იდენტობა“.
სააკაშვილს საბჭოთა კავშირიდან წასვლა უნდოდა. ის აღფრთოვანებული იყო დასავლელი პოლიტიკოსებით: „რეიგანი და ტეტჩერი მიყვარდა“ - და საბჭოთა არმიაში სამსახურის შემდეგ კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის შესწავლა გადაწყვიტა. ის კიევში იყო მაშინაც, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. სწავლის დამთავრების შემდეგ სააკაშვილი ერთხანს საქართველოს მთავრობაში ადამიანის უფლებების განხრით მუშაობდა. იმავე პერიოდში ცოლად შეირთო სანდრა რულოვსი, ჰოლანდიელი იურისტი, რომელსაც სამი თვით ადრე სტრასბურგში ადამიანის უფლებების შემსწავლელ საზაფხულო კურსებზე შეხვდა. სააკაშვილმა მითხრა, რომ სანდრას სომალიში სურდა ჰუმანიტარული მისიით წასვლა: „მე ვუთხარი, საქართველოც ისე მძიმე დღეშია, როგორც სომალი, ერთი განსხვავებით, აქ რაღაცის იმედი კიდევ დარჩა“. თუმცა, მაინც, ახალგაზრდა, დიდი გაქანების მქონე ამბიციურ იურისტს 1990-იანების დასაწყისის საქართველო ბევრს ვერაფერს სთავაზობდა და 1993 წელსაც სააკაშვილი სასწავლო სტიპენდიით კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში განათლების მისაღებად გაემგზავრა.
თავიდან სანდრა და მიშა ქვინსში დასახლდნენ. მათი ბინა სარდაფში იყო, ბინის მფლობელი კი „სულ ელექტროენერგიის დაზოგვას“ სთხოვდათ. სანდრა Cheesy Pizza-ში მუშაობდა და საათში ოთხ დოლარს იღებდა, მაგრამ დაახლოებით ერთ წელიწადში ორივემ მოახერხა ნიუ-იორკის იურიდიულ ფირმებში სამსახურის შოვნა და საცხოვრებლადაც ზემო ვესტ-საიდში გადავიდნენ. „მშვენიერი იყო, თითქმის ფუფუნებაც კი“, - მითხრა სააკაშვილმა.
მომდევნო წელს სააკაშვილმა სადოქტორო ხარისხის დაცვა გადაწყვიტა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის შესწავლა დაიწყო. სადისერტაციო თემად აირჩია უტი პოსსედეტის - საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ახლად შექმნილ ავტონომიურ სახელმწიფოებს იგივე საზღვრები უნდა დარჩეთ, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ჰქონდათ. სააკაშვილმა ამ პრინციპის არსი - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე აშკარა მინიშნებით - ასე განმიმარტა: „ყოველი არალეგალური ქმედება უნაყოფოა“.
როდესაც ვაშინგტონში სასწავლებლად ჩავიდა და, თეთრი სახლის პირდაპირ, ლაფაიეტის სკვერში, უამრავი უსახლკარო ადამიანი და ვირთხები აღმოაჩინა, მახლობელი ქუჩები კი მოუვლელი დახვდა, საშინლად შეშფოთდა. „მივხვდი, სინამდვილეში როგორი შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების მთავრობები, - იხსენებს სააკაშვილი, - გზა მართლა საშინელ მდგომარეობაში იყო, უარეს დღეში - ვიდრე გზები შევარდნაძის დროს. მაგრამ, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება არ ფლობდა საკმარის თანხებს გზების შესაკეთებლად, ამაზე არავინ წუხდა. მერე რა, რომ ეს გზა თეთრი სახლისკენ მიდიოდა. წარმოიდგინეთ, აგერ აქვე ზის მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი, მაგრამ ასფალტის შეკეთება კი ვერ მოუხერხებია!“ - აგრძელებს სააკაშვილი, - „ისინი ამას ძალაუფლების განაწილებას უწოდებენ. ვიღაცისთვის ეს დემოკრატიაა, მე კი ამას არაეფექტურ მართვას დავარქმევდი“.
სააკაშვილმა სადოქტორო კურსის დასრულება ვერ მოახერხა. 1995 წელს ზურაბ ჟვანიამ, შევარდნაძის პარტიის, მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთმა ახალგაზრდა რეფორმატორმა, საქართველოში დაბრუნება და სასამართლო სისტემის რეფორმირებაში ჩართვა სთხოვა. სააკაშვილის სადოქტორო თემის ხელმძღვანელმა თომას ბურგენტალმაც, რომელიც წარსულში ჰოლოკოსტს გადაურჩა, ახლა კი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეა, თავის სტუდენტს შინ დაბრუნება ურჩია. სააკაშვილი ბურგენტალის სიტყვებს ასე იხსენებს: „მისმინე, სულაც არა ხარ ვალდებული, ეს დისერტაცია დაწერო. შეცვალე შენი ქვეყანა და ამას ახალი ქვეყნის შენება დაარქვი. ბევრად უფრო საინტერესო იქნება“.
სააკაშვილი უკან დაბრუნდა და პარლამენტში სახელისუფლებო სიით შევიდა. 1999 წელს მან ვაკეში, თბილისის იმ უბანში იყარა კენჭი, რომელიც გასული საუკუნის ორმოცდაათიან, სამოციან წლებში აშენდა, პერიოდში, როდესაც საბჭოთა არქიტექტურა ჯერ კიდევ „აპარატჩიკების“ კლასისთვის მუშაობდა და გულუხვად ასაჩუქრებდა მათ მაღალჭერიანი, პარკეტიანი ბინებით. „ჩემი კონკურენტი საგადასახადო ინსპექციის ძალიან კორუმპირებული ხელმძღვანელი იყო, - იხსენებს სააკაშვილი - მეგონა, რომ ადვილად გავიმარჯვებდი, რადგან ახალგაზრდა ვიყავი, თანამედროვე და ა.შ. და ა.შ. მაგრამ გამოკითხვებმა გვაჩვენა, რომ ძალიან დიდი მაჩვენებლით მისწრებდა. ეს იყო პირველი რეალური საარჩევნო კამპანია საქართველოში. პირველი ბილბორდი, პირველი ნეგატიური სარეკლამო რგოლი, საერთოდ პირველი პოლიტიკური რეკლამა ტელევიზიით. ეს იყო ნამდვილად კლასიკური დასავლური კამპანია, - ამბობს სააკაშვილი, - და მე 50 ხმით გავიმარჯვე“.
2000 წელს შევარდნაძემ სააკაშვილი საკუთარ იუსტიციის მინისტრად დანიშნა. სულ მალე ის კაბინეტის სხდომაზე მინისტრების ახალ-ახალი „დაჩების“ სურათების ფრიალით შეიჭრა, უკან კამერები მისდევდა. ეს საქციელი - გაბედული, თვითდარწმუნებული და მედიის ყურადღებაზე გათვლილი, მისი მომავალი ქმედებების მოდელად იქცა. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, საკუთარი პოლიტიკური პარტია შექმნა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
ახალგაზრდა პარლამენტარის რანგში სააკაშვილი ვაშინგტონს რამდენჯერმე ეწვია ჟვანიასთან ერთად - იმ კაცთან ერთად, რომელმაც მიშას საქართველოში დაბრუნება ურჩია და რომელსაც კაპიტოლიუმში ყველა კარზე დაკაკუნება შეეძლო, თუკი ის საერთოდ კი იღებოდა. (სააკაშვილმა უმალ გაიაზრა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ვაშინგტონში კონტაქტების დამყარებას და უკვე, როგორც პრეზიდენტმა, რვაასი ათასი დოლარი გადაუხადა „ორიონ სტრატეჯის“ - ორკაციან ლობისტურ ფირმას, რომელსაც ჯონ მაკეინის ახლო მრჩეველი რენდი შოინემანი ხელმძღვანელობდა). სააკაშვილი იხსენებს: „დიდი რუკა გვედო და მათ ვუხსნიდით, „ეს ამერიკაა, ეს რუსეთი. ეს საქართველო. ეს კი მილსადენი. აი, რატომაა საქართველო მნიშვნელოვანი“.
სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი თვეები თავბრუდამხვევი იყო. პოლიციის თანამშრომელთა უმეტესობა სამსახურიდან დაითხოვეს, შეცვალეს და კრიმინალურმა შემთხვევებმაც იკლო. გადასახადები შემცირდა, მაგრამ სახელმწიფო შემოსავლებმა იმატა. სახელმწიფო სამსახურები გააუქმეს და კორუფციაში დადანაშაულებული მინისტრების დაპატიმრებებს ნაციონალური ტელევიზიებით გადასცემდნენ. თბილისში სააკაშვილს ძირითადად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მოუთმენლობით, მან ის ინსტიტუტები დაამხო, რომლებსაც დემოკრატიული რეფორმების საფუძვლები უნდა შეექმნა. „ვუყურებდი და ვხედავდი, მოქმედებდა ისე, თითქოს ჯულიანის სამოქმედო გეგმას მისდევდა და ისიც მინახავს, როგორ იმეორებდა პუტინის ნაბიჯებს,“ - ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი კოლუმბიიდან, რომელიც 2 წლის განმავლობაში თბილისში, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ნაციონალურ დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობდა - „თითქოს მხრებზე ორი ანგელოზი აზის - კეთილი და ბოროტი. კეთილი ანგელოზი კეთილი საქმეებისკენ უბიძგებს, ბოროტი კი იმას კარნახობს, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ ის მიიღოს, რაც სჭირდება“.
2007 წლისთვის საქართველოს მშპ 12%25-ზე მეტით გაიზარდა, ხელახლა დაიგო გზები, განახლდა სკოლები და საავადმყოფოები, განვითარდა ბინათმშენებლობა, გაკეთდა შადრევნები (ერთ-ერთი მათგანი კი ფილმ „მისია შეუძლებელიას“ თემატური კომპოზიციის თანხლებით ჩუხჩუხებს). პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ გასულ წელს 1.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ჩატარდა ათასობით ობიექტის პრივატიზაცია, უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში, უკვე ათ წელიწადზე დიდი ხანია, ცხოვრობს, საქართველოს მთავრობას ლიბერტერიანულად მიიჩნევს. „მილტონ ფრიდმანი იამაყებდა,“ - ამბობს ის. თუმცა მიღწევებისადმი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. „პრივატიზაციის ბევრი შემთხვევა არაგამჭვირვალედ ჩატარდა, გამჭვირვალე პროცედურებს კი უამრავი დაბრკოლება შეხვდა,“ - ამბობს ბიზნესმენი (მაგალითად, რამდენიმე საწარმო უცხოეთში რეგისტრირებულ ისეთ ფირმებს მიჰყიდეს, რომელთა მფლობელთა ვინაობა ბუნდოვანი იყო).
ერთმა მრჩეველმა მითხრა, რომ სააკაშვილის პროექტი ასე გამოიყურება: „ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს 200 დასავლელი ბიჭი ოთხნახევარი მილიონი ქართველის ოცდამეერთე საუკუნეში გადმოთრევას“. სააკაშვილმა გამოიყენა ევროპელ და ამერიკელ მრჩეველთა დახმარება; ისეთების, როგორიც კუნინია. გარდა ამისა, თავიდანვე მიიღო ფინანსური დახმარება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და ასევე არაპირდაპირ - სოროსის ფონდიდანაც. საკუთარ ადმინისტრაციაში კი მაღალ პოსტებზე უცხოური პასპორტის მქონე სპეციალისტები დანიშნა (მისი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩი იყო, მისი ეკონომიკის მინისტრი საქართველოს და ამერიკის მოქალაქეა, ხოლო ბოლო დრომდე თავდაცვის მინისტრად საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე ჰყავდა). ამ ყველაფრის გამო, რუსეთში გამყარდა აზრი, რომ საქართველო დასავლეთის სატელიტია (რუსული ელიტისთვის კი დასავლეთი იგივეა, რაც ამერიკა).
სააკაშვილის მინისტრები ამტკიცებენ, რომ მათი პოსტმოდერნული ეკონომიკური ექსპერიმენტი მოსკოვს აშინებს, რადგან იქმნება იმის პრეცედენტი, რომ რეგიონში რუსეთის დახმარების გარეშეც ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. მაგრამ ეკონომიკურმა რეფორმებმა ჩვეულებრივ, რიგით ქართველებს ბევრი ვერაფერი მოუტანა და ეიფორიაც, რომელიც ვარდების რევოლუციას მოჰყვა, გაიფანტა.
ლევან რამიშვილი, რომელიც თბილისში, თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობს, ამბობს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში 18%25-ს აღწევს, ხოლო თბილისში უფრო მაღალიც კია. ბევრი რეფორმა, მაგალითად განათლებისა და ჯანდაცვის, ან არაეფექტურად განხორციელდა, ანდა საკმარისად დაფინანსებული არ გახლდათ. „დანარჩენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ყველაზე მცირე ნაწილს ხარჯავს განათლებაზე, - ამბობს რამიშვილი, - მაშინ, როდესაც სამხედრო ბიუჯეტი უკვე მთელი სახელმწიფო ხარჯის მესამედს შეადგენს - ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაც კრიზისი, რომელიც მთელ პოლიტიკურ ყურადღებას, რესურსსა და ეკონომიკურ ბერკეტებს იზიდავს“.
თბილისში თანდათან მომწიფდა აზრი, რომ რაც დრო გადის, სააკაშვილის მთავრობა მით უფრო უპასუხისმგებლოდ იქცევა, არაფრად აგდებს რიგითი ადამიანების პრობლემებს და კანონის უზენაესობას. 2007 წლის 2 ნოემბერს 50 000 ადამიანი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა - მასა, რომელიც ვარდების რევოლუციის საპროტესტო ტალღასაც კი გაუწევდა კონკურენციას. ამ ხალხში ზოგიერთი ეკონომიკური სიტუაციის გამო იყო უკმაყოფილო, ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ მთავრობა კორუმპირებულია და ზოგი კი სააკაშვილის ყოფილი თავდაცვის მინისტრის კორუფციაში ბრალდებით დაპატიმრებამ აღაშფოთა. გამოძიება დაწყებული იყო, როდესაც თავდაცვის მინისტრმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხდა, რომ ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, ხოლო სააკაშვილი პოლიტიკურ მკვლელობებსა და სხვა კრიმინალურ ქმედებებში დაადანაშაულა (სააკაშვილმა ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და თავდაცვის მინისტრმაც ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ მათზე უარი თქვა). სატელევიზიო არხი „იმედი“, რომლის მფლობელიც მილიარდერი ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი იყო, საპროტესტო დემონსტრაციებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა და სააკაშვილის რეჟიმის დამხობის მოთხოვნების გადაცემით დემონსტრანტებს კიდევ უფრო აქეზებდა. როდესაც სააკაშვილმა პარლამენტის კიბეებზე მოშიმშილე 70-მდე მომიტინგის დასაშლელად პოლიცია გაგზავნა, „იმედმა“ ესეც გააშუქა, რაც ფაქტობრივად საპროტესტო ტალღის გაძლიერებისკენ მოწოდებას უდრიდა. შეიკრიბა ასობით მომიტინგე, სპეცდანიშნულების შენაერთებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით ქუჩა გაწმინდეს. შემდეგ პოლიცია „იმედში“ შეიჭრა, დალეწა არხის სტუდიები, უცხოელი ჟურნალისტები და სტუდიის სტუმრები იატაკზე პირქვე დააწვინა, მაუწყებლობა კი გათიშა. სააკაშვილმა ათდღიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და გამოაცხადა, რომ მისი ხელისუფლების დასამხობად მოწყობილი საპროტესტო გამოსვლები რუსეთის მიერ დაგეგმილი შეთქმულების ნაწილი იყო.
სოზარ სუბარმა, საქართველოს სახალხო დამცველმა (მის მოვალეობებში სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა შედის) მითხრა, რომ დემონსტრანტთა და პოლიციას შორის ჩადგომას ცდილობდა, როცა თავადაც სცემეს. „ჩემმა თანამშრომელმა წამოიძახა: „რას აკეთებ, ის სახალხო დამცველია“ და მასაც უთავაზეს“. სააკაშვილის მთავრობის მიერ მიღებული კანონები პოზიტიურ რეფორმებს მართლაც გულისხმობდა, მაგრამ, სუბარის თქმით, პრაქტიკაში კანონები არ ტარდება, რეალურად სასამართლოებსა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა. „საკმარისია, პროკურორმა წარბი აწიოს და მოსამართლემ უკვე იცის, რა გააკეთოს. კანონი მმართველი პარტიის მოთხოვნებს მოარგეს ისე, თითქოს ლუდოვიკო მე-14-ის ეპოქაში ვცხოვრობდეთ“. სუბარმა პოლიციის ძალადობის რამდენიმე ფაქტი გაიხსენა, ახსენა ქონების კონფისკაციის, საგადასახადო პოლიციის მიერ ბიზნესმენების დევნის შემთხვევებიც. სუბარის ომბუდსმენობის კანონით გათვალისწინებული ხუთი წლიდან ოთხი უკვე გავიდა. ვადის დასრულებამდე თანამდებობიდან მას ვერ მოხსნიან, მაგრამ მიამბო („და საქართველოში საქმეები ყოველთვის ასე გვარდება“), რომ რამდენიმე თვის წინ ძველმა უნივერსიტეტელმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ თუ გადადგებოდა, დამოუკიდებელ სააგენტოში სამსახურს მისცემდნენ, გაცილებით მაღალი ანაზღაურებით. „მერე კი იტყოდნენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავდექი“.
სააკაშვილის ამერიკელი მხარდამჭერები მისი დემოკრატობის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს გაურბიან. ერთმა დასავლელმა დიპლომატმა ისიც მითხრა, რომ ზომები, რომლებიც ნოემბერში დემონსტრანტთა წინააღმდეგ გაატარეს, არაფრით განსხვავდება ევროპის დედაქალაქებში აპრობირებული პრაქტიკისგან. მაგრამ ქუჩაში გამოსულ პროტესტანტთა ტალღამ სააკაშვილის თვითრწმენა შეარყია და აიძულა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. როგორც თვითონ მითხრა, ეს გადაწყვეტილება მისი ცხოვრების ყველაზე სარისკო ნაბიჯი იყო. „ჩვენ ვცხოვრობდით ქალაქში, რომელშიც ადამიანებს ვძულდით,“ - მითხრა სააკაშვილმა. 2008 წელს ხმების 53%25-ით ის ხელახლა აირჩიეს, მაგრამ მან თბილისის უმეტეს უბანში არჩევნები წააგო.
შემოდგომის ერთ ღამეს პარლამენტის წევრთან ერთად რესტორან „კოპალას“ ტერასაზე ვსადილობდი. ის მიყვებოდა, რომ ვარდების რევოლუციამდე ასეთ კარგ რესტორანში სადილს ვერ შეძლებდა. ეკონომიკურ მიღწევებს სააკაშვილის მთავრობას უწონებდა, მაგრამ ვიდრე სუფრასთან ვისხედით, გაუჩერებლად აკრიტიკებდა მას ქედმაღლობის, რჩევის გაუთვალისწინებლობისა და უაზრო, გაუთვლელი ნაბიჯების გამო. მიამბო, როგორ შეხვდა საერთო მეგობართან ერთად სააკაშვილს ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე კვირაში. მეგობარმა სააკაშვილს უთხრა: „ხვდები ხომ, რომ ახლა ამ დაწყევლილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდები და სულ დაგვაქცევ იმიტომ, რომ გიჟი ხარ“. სააკაშვილმა პასუხად გაიცინა: „რაღაცას ყოველთვის მოვიფიქრებ, - თქვა და თითები დაატკაცუნა, - სიტუაციიდან მაინც გამოვძვრები.“
სააკაშვილის ორივე საარჩევნო კამპანიის პლატფორმა ეკონომიკური კეთილდღეობა იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაინც მისი პრიორიტეტი იქნებოდა. საზოგადოდ ქართველებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - რომელთა მოსახლეობაც ყოველთვის შერეული ეთნიკური წარმომავლობის იყო - სამშობლოს განუყოფელ ნაწილად განიხილავენ. შესაბამისად, დაკარგული რეგიონების დაბრუნება მათი მთავარი პატრიოტული სურვილი გახლავთ.
2004 წელს სააკაშვილმა შეძლო, აღედგინა კონტროლი აჭარაზე, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ავტონომიურ ოლქზე, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან აჭარას ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერი, ასლან აბაშიძე ფეოდალივით მართავდა. მისი პირადი ბრძანებით, ბათუმში, აჭარის დედაქალაქში ყველა სახლი თეთრად შეღებეს; ვაშინგტონთან დაახლოების მიზნით, ჰილარი კლინტონის ძმებს თხილის ბიზნესზე ექსკლუზიური უფლებები შესთავაზეს. პორტისა და საბაჟოს შემოსავლებიც პირდაპირ მის ჯიბეში ხვდებოდა. აბაშიძე არაპოპულარული ფიგურა იყო, მაგრამ მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობდა. სააკაშვილმა აჭარაში საპროტესტო მოძრაობა შეაგულიანა და აბაშიძეს სანქციებიც დაუწესა - იმედოვნებდა, რომ ვარდების რევოლუცია ზღვის პირასაც განმეორდებოდა. ბოლოს აბაშიძემ თავშესაფარი რუსეთს სთხოვა, სააკაშვილი კი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა: „ასლანი გაიქცა. აჭარა თავისუფალია!“ ამ თავბრუდამხვევი წარმატებიდან მალევე მან ყურადღება სამხრეთ ოსეთისკენ მიმართა.
2004 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ქართველი პოლიციელები სამხრეთ ოსეთში, საზღვართან არსებული ბაზრობის დასახურად გააგზავნა, სადაც კონტრაბანდული სიგარეტითა და საწვავით ვაჭრობდნენ. აქციას ქართველ მშვიდობისმყოფელთა და ოსების შეიარაღებული ბანდების შეტაკება მოჰყვა. ამერიკელებმა განგაშის ზარი შემოკრეს. ერთი დასავლელი დიპლომატი მიყვებოდა: „ცუდ ამბავში გაეხვივნენ, ვფიქრობ, ორივე მხარე იყო დამნაშავე“. დიპლომატმა სააკაშვილს დაპირისპირების შეწყვეტა მოსთხოვა. „ის გაცეცხლდა, ჯანდაბას, ამბობდა, ასეთ ვითარებაში ცხოვრება შეუძლებელია“, მაგრამ უკან დაიხია. ამ ამბის გახსენებისას, სააკაშვილი გამომიტყდა, რომ იმედს მაინც არ კარგავს. ჰგონია, რომ ერთ რამეში სამხრეთ ოსეთის ლიდერების დარწმუნებას აუცილებლად მოახერხებს - დემოკრატიული, ეკონომიკურად აყვავებული საქართველო რუსეთზე უკეთესი პარტნიორი იქნება. „მოთმინება გვჭირდება,“ - ამბობს სააკაშვილი. ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომლის, ოქსანა ანტონენკოს აზრით, პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილი ძირეულად არასწორად აფასებს ოსების გრძნობებსა და მტრული განწყობების ინტენსივობას. „როდესაც გააცნობიერა, რომ მხოლოდ ქარიზმითა და დასავლეთში ინტეგრაციის სწრაფვის დემონსტრირებით ფონს ვერ გავიდოდა, მან ახალი მიმართულება მოსინჯა, რითაც კიდევ უფრო მეტად უგულებელყო იმ ადამიანების სურვილები, რომელთაც ის არ უყვარდათ, ანუ აფხაზებისა და ოსებისა, და გადაწყვიტა „პოტიომკინის სოფლების“ გაშენებით გარეგნულად შეექმნა სამშვიდობო პროცესის იმიჯი“.
სააკაშვილმა ვერც ის გათვალა, თუ რამდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთს რეგიონში თავისი ჰეგემონიის შენარჩუნება. „შეუძლებელია, კავკასიაში დასუსტებული რუსეთი წარმოიდგინო, - მითხრა მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტის თანამშრომელმა, სერგეი მარკედონოვმა, - ეს ჩვენი ტრადიციაა, გასაგებია, რომ ევროპელებისთვის ამის გაგება რთულია, მაგრამ ამ ფაქტორის უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელია“.
ამასობაში სააკაშვილი სამხედრო საკითხებში სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდა დასავლეთთან. მან ერაყში 2000 ჯარისკაცი გაგზავნა (ქართული კონტინგენტი, ამერიკულისა და ბრიტანულის შემდეგ, რაოდენობრივად მესამე ადგილზე იყო, ვიდრე აგვისტოს ომის გამო ქართული შენაერთები საქართველოში არ დააბრუნეს) და, ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ნატო-ში გაწევრიანების საკითხსაც აქტიურად ლობირებდა. სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი უკვე გაწევრიანდნენ ნატო-ში, რუსეთის მთავრობას კი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შორეული პერსპექტივაც კი საშინლად აავებს. მაშა ლიპმანმა მითხრა, რომ მოსკოვში ნატო-ს ექსპანსიას განიხილავენ, როგორც „შემოჭრას სივრცეში, რომელსაც რუსეთი საკუთარი გავლენის ლეგიტიმურ სფეროდ განიხილავს“.
2006 წელს საქართველომ შპიონაჟის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააპატიმრა. საპასუხოდ რუსეთიდან იქ მცხოვრები რამდენიმე ათასი ქართველი გამოაძევეს, ქართული პროდუქტის ექსპორტს რუსეთში ემბარგო დაუწესეს, საჰაერო მიმოსვლა და პოლიტიკური კავშირები შეზღუდეს. რამდენიმე კვირის შემდეგ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში არჩევნები ჩაატარა. სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრემიერმინისტრს და სამხედრო ლიდერს, დიმიტრი სანაკოევს, რომელიც ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა, რეგიონის პრორუსული მთავრობისთვის კონკურენცია უნდა გაეწია. სანაკოევმა თბილისის ფულით ბინები, საავადმყოფოები, სპორტული ობიექტები ააშენა, მაგრამ ოსების უმეტესობისთვის ის მოღალატედ და მარიონეტად იქცა. რუსეთმა კი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს პენსიები გაუზარდა და უფრო ინტენსიურად დაიწყო რუსული პასპორტების გაცემაც. ოსურ და ქართულ ბლოკ-პოსტებთან ორმხრივი ცეცხლი ჩვეულ მოვლენად იქცა, გასულ ივლისში კი სანაკოევი ძლივს გადაურჩა ტერაქტს.
მოვლენები, რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა, დღემდე კამათის საგანია. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ოსურ სამხედრო შენაერთებსა და ქართულ პოლიციას შორის სროლები სიტუაციის მორიგ გამწვავებად აღიქმებოდა. მერე, ქართული მხარის ვერსიით, თავდასხმა მათ პოზიციებზე უფრო ინტენსიური გახდა და ცეცხლი უკვე ზოგიერთი ქართული სოფლის მახლობლად გაიხსნა. ოსებთან მოლაპარაკებების მცდელობა ჩაიშალა. „რუსებმა სრულიად ღიად განაცხადეს უარი ჩვენთან კონტაქტზე, ხოლო სეპარატისტებმა - უკან დახევაზე, რაც ძალიან უჩვეულო იყო,“ - ამბობს სააკაშვილი. მისი აზრით, ეს ყველაფერი ქართველთა პროვოცირების მიზნით წინასწარ დაიგეგმა (რუსების მტკიცებით, პირიქით, მოლაპარაკებებზე უარს ქართული მხარე აცხადებდა). თემურ იაკობაშვილი, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი ამ მოვლენებს შეშფოთებული და ოდნავ დაბნეული ადევნებდა თვალს. 7 აგვისტოს შუადღეს ის ცხინვალში იმ კვირაში მეორედ ჩავიდა. ქუჩები თითქმის დაცარიელებული დახვდა. „უცნაური იყო, - მითხრა იაკობაშვილმა, - უცებ მივხვდით, რომ ქალაქი მთლიანად უკაცრიელი იყო. ცუდი წინათგრძნობა გაჩნდა - ქუჩაში არც მანქანები მოძრაობდა და არც გამვლელები დადიოდნენ. თითქოს, ცხინვალი ომისთვის ემზადებოდა“.
იაკობაშვილმა მითხრა, რომ რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურს, მარატ კულახმეტოვს შეხვდა. კულახმეტოვმა უთხრა, რომ ოსებს ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ ივარაუდა, რომ ქართველების მიერ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა სიტუაციას განმუხტავდა. იმ დღეს, 7 საათზე სააკაშვილმა ტელევიზიით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა, ოს მებრძოლებს ამნისტიას, ხოლო რეგიონს ფართო ავტონომიას დაჰპირდა. მაგრამ ქართველების მტკიცებით, ოსები დაბომბვებს მაინც აგრძელებდნენ („თაიმსის“ ცნობით, ევროპელ სამხედრო დამკვირვებლებს დაბომბვა იმ მომენტამდე არ შეუნიშნავთ, სანამ ქართულმა არტილერიამ არ გახსნა ცეცხლი). იმ საღამოს სააკაშვილს დაურეკეს და უთხრეს, რომ დასტურდება მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, რუსულმა შენაერთებმა როკის გვირაბი, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადაკვეთეს, - იხსენებს იაკობაშვილი. სააკაშვილმა ყურმილი დაკიდა: „გაფითრდა. მე ვკითხე, რაშია საქმე-მეთქი. „ისინი მოდიან,“ - უპასუხა იაკობაშვილს და ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, მეორე ისრაელი გავხდებით?“ (რუსული ხელისუფლება ამბობს, რომ როკის გვირაბში იმ ღამეს სამშვიდობო ჯარების როტაციასთან დაკავშირებულ რუტინულ გადაადგილებებს ახორციელებდნენ). სააკაშვილი მეუბნებოდა, რომ თავის დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ბუში, ისევე, როგორც პუტინი, იმ დროს უკვე პეკინში, ოლიმპიური თამაშების გახსნას ესწრებოდნენ. 23:30 წუთზე, სააკაშვილის ბრძანებით, ქართულმა არტილერიამ ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა. ყუმბარები ქალაქის საცხოვრებელ უბნებსა და რუსული სამშვიდობო შენაერთების ყაზარმას მოხვდა.
მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ ქართული ბატალიონები გაანადგურა. რუსულმა ტანკებმა ქვეყნის მთავარი გზატკეცილი დაბლოკეს, ალყა შემოარტყეს საპორტო ქალაქ ფოთს, ქართულ სამხედრო ბაზებს და დასავლეთ საქართველოს მოედვნენ. რუსები ამტკიცებდნენ, რომ ამ ქმედებით ოსებს იცავდნენ, მაგრამ მსოფლიოში თითქმის ყველამ კონფლიქტი „ცივი ომის“ და რუსული სამხედრო საფრთხის დაბრუნებად აღიქვა. თბილისის ქუჩებში მაისურები გამოჩნდა, წარწერებით „Stop Russia“ და „პრაღა 1968“.
გაურკვეველია, რაზე ფიქრობდა ან რის მიღწევას იმედოვნებდა სააკაშვილი, როდესაც კონფლიქტის ასეთ ესკალაციაზე წავიდა. მყისიერი შედეგი კი ასეთი მიიღო: დაპირისპირება სამხრეთ ოსეთთან სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა და კონფლიქტში რუსეთი ჩაერთო. 11 აგვისტოს სააკაშვილმა წინააღმდეგობის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ამ დროს, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, პროცესში სარკოზიც ჩაერთო. ექვსპუნქტიანი შეთანხმება ორივე მხარეს ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსულ და ოსურ სამხედრო შენაერთებს დღემდე ოკუპირებული აქვთ სამხრეთ ოსეთის ის რაიონები, რომლებიც ომამდე ქართული ადმინისტრაციის კონტროლს ექვემდებარებოდა. იგივე ხდება აფხაზეთში, კოდორის ხეობაში (რუსები ამბობენ, რომ ისინი აქ ოსებისა და აფხაზების თხოვნით იმყოფებიან). დაიღუპა ოთხასზე მეტი ქართველი, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. კონფლიქტს 150 ოსი და, რუსეთის მონაცემების თანახმად, 64 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. გაჩნდა 200 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი. უკვე თვეები გავიდა, მაგრამ 20 000 ქართველი საკუთარ სახლებში, სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ვერ ბრუნდება.
პირად საუბარში ყველა დასავლელმა დიპლომატმა მითხრა, რომ საქართველოს შეტევა ცხინვალზე შეცდომა იყო. ისინი სააკაშვილს ქედმაღლობაში სდებენ ბრალს და რუსეთთან მიმართებაში მის პროვოკაციულ პოლიტიკას სკეპტიკურად აფასებენ. გარკვეული თვალსაზრისით, სააკაშვილს მაინც გაუმართლა. რუსულმა რეაქციამ, რომელიც სააკაშვილის დაჟინებული მტკიცებით: „აგრესია იყო და არა რეაქცია“ - ამერიკა და ევროპა გააერთიანა - მათ რუსეთი დაგმეს. რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, გაურკვეველია. რიჩარდ ჰოლბრუკმა მითხრა: „ვფიქრობ, რომ ყველამ წააგო. ქართველებმა წააგეს თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკამ საშინელი დარტყმა მიიღო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეჩერდა, კრედიტების შემცირება კი ცუდ შედეგებს მოიტანს. და ვეჭვობ, რომ მიშას პოზიციები გამყარდეს. რუსებმა წააგეს იმიტომ, რომ მათი რეალური მიზანი სააკაშვილის დამხობა იყო, არადა, დასავლეთის მიერ გარიყულნი აღმოჩნდნენ. უკვე ყველამ ცალსახა ფაქტად აღიარა, რომ რუსეთი მეზობლებისთვის ძალიან საშიში ძალაა. ნატო-მ და აშშ-მ კი იმიტომ წააგეს, რომ მიხვდნენ, პატარა დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელსაც მხარს უჭერდნენ, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს“.
სექტემბერში სააკაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს ყოველწლიური სესიის გახსნას დაესწრო. ძალიან უნდოდა ამერიკული მხარდაჭერის სტიმულირება. უკვე ცნობილი იყო, რომ ამერიკა საქართველოს მილიარდი დოლარით დაეხმარებოდა. დანიელ კუნინს როკფელერის ცენტრში შევხვდი, ის სააკაშვილს ელოდებოდა, რომელსაც NBC-ის ჟურნალისტისთვის, ბრაიან უილიამსისთვის ინტერვიუ უნდა მიეცა. კუნინი ბედნიერი ჩანდა. Transparency International-ს ახალი გამოქვეყნებული ჰქონდა ახალი კვლევა „კორუფციის ინდექსის“ შესახებ, რომელშიც საქართველომ 79-ე ადგილიდან 67-ზე გადაინაცვლა და ბევრად წინ აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი, რომელიც 147-ე ადგილზე გავიდა: „ეს ნამდვილი საჩუქარია. უკვე ჩავამატე სააკაშვილის ტექსტში,“ - მითხრა კუნინმა.
შუადღეს სააკაშვილმა გენერალურ ასამბლეაში სიტყვა წარმოთქვა. რუსეთს სახელით არ მოიხსენიებდა, მას „მეზობელს“ უწოდებდა, გმობდა შეტევას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და საერთაშორისო საზოგადოებას ომის გარემოებების გამოძიებას სთხოვდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დემოკრატიული რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევის გაორმაგებისა და მეორე „ვარდების რევოლუციის“ დაწყების პირობაც დადო. შემდეგ ვესტიბიულში გავიდა, მიესალმა ქართველ დემონსტრანტებს, რომლებსაც ხელში პლაკატები ეჭირათ და Stop Russia-სა და „მიშა, მიშა“-ს სკანდირებდნენ. მერე კი იმ მიღებაზე დასასწრებად შებრუნდა, რომელსაც პრეზიდენტი ბუში მართავდა.
დაახლოებით ნახევარ საათში შეხვედრა დასრულდა და სააკაშვილი ესკალატორთან შუა აზიის ქვეყნის პრეზიდენტთან დასალაპარაკებლად შეჩერდა. პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა და წავიდა. სააკაშვილი შეყოვნდა და ამ დროს ვესტიბიულში პრეზიდენტი ბუში და გაერო-ში ამერიკის ელჩი, ზალმეი ხალიზადი გამოჩნდნენ. სააკაშვილი მათ მიუახლოვდა, ბუშს ერთი ხელი გადახვია, ხოლო მეორე ჩამოართვა და ხალიზადის თბილად მიესალმა. სამივე ესკალატორზე ავიდა და სანამ ბუში და ხალიზადი ლიფტში შევიდოდნენ, სამნი ძველი მეგობრებივით საუბრობდნენ.
მერე სააკაშვილი შესასვლელთან იდგა და მანქანას ელოდებოდა. აღგზნებული იყო. ხელში „ნიუსუიკის“ ნომერს ატრიალებდა, რომელშიც მისი სურათი იყო გამოქვეყნებული და თავის ახალ საათს მაჩვენებდა: „კენეტ ქოლია. მაიამიში ვიყიდე“. (სააკაშვილს საათები უყვარს, ის წელიწადში რამდენიმეს ყიდულობს და როცა მობეზრდება, გააჩუქებს ხოლმე). მითხრა, რომ ბუშის ვახშამზე დარჩენა არ სურდა. „ჯერ ერთი, ასეთ მიღებებზე წესიერად არასდროს გაჭმევენ და თან მუგაბეს გვერდზე გსვამენ“.
ნიუ-იორკში სააკაშვილის დაცვას დიდი ჯაფა ადგა. როდესაც ნიუ-იორკში, როგორც პრეზიდენტი, პირველად ჩავიდა, დაცვა მას „ენერჯაიზერის“ ბაჭიას ეძახდა. ახლაც გარბოდა, „თაიმსის“ რედაქტორთან მიიჩქაროდა, რომელსაც შუადღეს უნდა შეხვედროდა. თანმხლები პირები მეექვსე ავენიუზე მიატოვა. „აბა, პრეზიდენტი ასე უნდა დაქროდეს?“ - ქოშინებდა მისი პროტოკოლის ხელმძღვანელი. ჭამითაც ძალიან ჩქარა ჭამს, ორი ხელით, პირველი ლუკმის ღეჭვა დამთავრებული არ აქვს, მეორეს მიადგება ხოლმე. ლაპარაკითაც სწრაფად ლაპარაკობს. ნიუიორკში ყველას ელაპარაკა: მაკეინს, პეილინს, ჰენრი კისინჯერს, ჯორჯ სოროსს, ბენ კი-მუნს, რიჩარდ გირს (ერთადერთი, ვინც ვერ ნახა, ბარაკ ობამა იყო). ინტერვიუ მისცა NBC-ს, CNN-ს, BBC-ს, PBC-ს და FOX News-ს. უკვე კვირის ბოლოს კი ხუმრობდა, ორად ორ არხზე არ გამოვჩენილვარ, Foot Network-სა და Animal Plannet-ზეო. გაერო-ში გამოსვლამდე ბილ კლინტონთან იმუსაიფა ერთი საათი: „გასაოცარია, ამერიკელი არ ვარ, მაგრამ თავისიანად აღმიქვამენ და ჩემი აზრის მოსმენაც აინტერესებთ, - მითხრა სააკაშვილმა, - არც ერთი ევროპელი არ მეჭორავებოდა ასე“.
საღამოებს სულ გარეთ ატარებდა, შინ ღამის ორ-სამ საათამდე არ ბრუნდებოდა. სააკაშვილს წვეულებები უყვარს: ერთ ღამეს დაცვასთან ერთად სასტუმრო ჩელსის კორიდორში ნახავდით, მეორე ღამეს ობამასა და მაკეინის პირველი დებატების საყურებლად - ვესტ ვილიჯში გამართულ წვეულებაზე. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში არქიტექტურის გამოფენაზე ახალი იდეების დასაზვერად მივიდა. მაშინაც კი, როდესაც მისი დელეგაციის დიდი ნაწილი თბილისში დაბრუნდა, სააკაშვილი ნიუ-იორკში დარჩა. პროტოკოლის თანამშრომლები ფრენის განრიგს გაუთავებლად ცვლიდნენ, რადგან გამგზავრებას აყოვნებდა. ვკითხე, - შინ საქმეები როგორ მიდის-მეთქი: „ისე კარგად, როგორც ველოდით“. სააკაშვილს ძალიან ახარებდა, რომ ომის შემდეგ საქართველოში მისმა რეიტინგმა მოიმატა. მაგრამ უკმაყოფილების ნიშნებმაც თანდათან იჩინა თავი. ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო და რომელმაც მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ სააკაშვილის პარტია დატოვა, განაცხადა, რომ პრეზიდენტთან ზაფხულის მოვლენებთან დაკავშირებით 43 შეკითხვა აქვს და ომის გარემოებების გამოძიება მოითხოვა. (როცა სააკაშვილს ბურჯანაძეზე ვკითხე, მიპასუხა: „ის არავის უყვარს“). სააკაშვილთან დაახლოებულმა ერთმა-ერთმა მინისტრმა მითხრა, რომ ვადამდელი არჩევნების შესახებ რეფერენდუმს მხარს დაუჭერს, როგორც კონსტიტუციით დასაშვებ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც სააკაშვილის გადადგომა შესაძლებელი გახდება, თუ საზოგადოებრივი აზრი მთავრობის წინააღმდეგ შემობრუნდება. (სააკაშვილის მეორე ვადა 2013 წლის იანვარში იწურება. კონსტიტუციის თანახმად, მას კიდევ ერთი ვადით ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ აქვს). როგორც ჩანს, მინისტრი, ზაფხულის მარცხის გამო, საკუთარი და თავისი კოლეგების პასუხისმგებლობაზე წუხდა. „ხალხი განსჯის, - მუბნებოდა ის, - ხალხი განსჯის იმის მიხედვით, თუ როგორ შევძლებთ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას და ომთან დაკავშირებული პოლიტიკური დისკუსიის წარმართვას“.
ნიუ-ორკიდან დაბრუნების შემდეგ, ერთერთ საღამოს მე და სააკაშვილი აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, სამთავრობო აგარაკზე ჩავედით. ორი დღით ადრე ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს სანკტ-პეტერბურგში ბალტიის მილსადენის შესახებ მოსალაპარაკებლად შეხვდა. ამ მილსადენით დასავლეთ ევროპასა და გერმანიას გაზი უნდა მიაწოდონ. იმავე პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში. ვკითხე, - გუნება ხომ არ წაგიხდათ-მეთქი. „არ არის სასიამოვნო, - მიპასუხა სააკაშვილმა, - ის ბალანსირებას ცდილობს, მაგრამ ახლა ბალანსირების დრო არ არის“. ის იმ ზეწოლაზე ლაპარაკობდა, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე ახორციელებს. მითხრა, რომ ვიქტორ იუშჩენკოს, უკრაინის პრეზიდენტს წინა საღამოს ელაპარაკა და ის ძალიან აღელვებული ჩანდა. მერე ისევ პუტინის ქედმაღლობაზე ალაპარაკდა.
სააკაშვილს გულწრფელად მიაჩნია, რომ ზაფხულის ომი არ წაუგია. „ჩვენ არ გვეგონა, რომ ცხინვალის აღებაა გამარჯვება. რა, ჩაიბარო კიდევ ერთი ქართული ქალაქის მართვა - ესაა გამარჯვება?“ იმ ტერიტორიების დაკარგვას, რომლებიც სეპარატისტების კონტროლქვეშ მოექცა, დიდ პრობლემად არ მიიჩნევს. „და რა მერე? ორი ქართული რაიონი. ეს სულაც არ ნიშნავს წაგებას. ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ეს ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთ-ერთი პოზიციაა. უფრო მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებაა, - ამბობს სააკაშვილი და დასძენს - და ასევე რუსეთის გაზვიადებული რეაქცია“.
„თუ ვინმეს იმის ილუზია ჰქონდა, რომ ორასი წლის შემდეგ რუსეთის გავლენას ერთ კვირაში დავაღწევდით თავს, ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ პროცესი დაიწყო. ეს რეგიონში რუსეთის გავლენის დასასრულის დასაწყისია, - დასძინა მან, - თუმცა, ვისურვებდი, რომ ჩემი მცდელობა აღმოჩნდეს წარმატებული და ამას კიდევ ერთი თაობა არ დასჭირდეს“.
ამერიკის საარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილი ფრთხილობდა, როდესაც მაკეინთან მეგობრობაზე ეკითხებოდნენ, აზრს მოზომილად გამოთქვამდა და მუდამ იმას უსვამდა ხაზს, რომ ორივე პარტია უჭერს მხარს და რომ ჯო ბაიდენთანაც მეგობრობს. როდესაც არჩევნების შემდეგ ველაპარაკე, ობამასა და საკუთარ თავს შორის პარალელებს ავლებდა: იხსენებდა, რომ კოლუმბიაში სწავლისას ხშირად ორივეს გაუთენებია ღამე ქუჩაში, როცა სტუდენტური საცხოვრებლის კარი იკეტებოდა; და ორივეს, როგორც ახალგაზრდა პრეზიდენტებს, დიდი მოლოდინის ტვირთი ამძიმებდათ, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა. „მე რევოლუციას სათავეში ხუთი მილიონი ქართველის გამო ჩავუდექი, ის კი - 6 მილიარდი ამერიკელისთვის. მაგრამ ვიცი, რომ როდესაც ყველას უყვარხარ, შენში იმას ხედავენ, რისი დანახვაც სურთ“. თუმცა, მას მაინც ადარდებდა ერთი ფაქტორი, კერძოდ კი ახალი ტენდენცია, უმტკიცონ ობამას და იმ ადამიანებს, რომელთაც თეთრი სახლი უნდა დაიკავონ, რომ საქართველო და უკრაინა დათარსული პროექტებია, რომლებიც უნდა მიაგდო და უარი უთხრა“.
სააკაშვილმა ისიც მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ ობამას ელაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ დეტალებს არ ჩასძიებიან, ობამა კარგად ინფორმირებული და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ეჩვენა. თუმცა, სააკაშვილმა ისიც აღიარა, რომ ეკონომიკური კრიზისის გადაჭრით გართული ახალი ადმინისტრაციისთვის შეიძლება საქართველო პრიორიტეტი ვეღარ იყოს. „საქართველოს მიტოვება იოლი საქმეა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ამერიკაში დიდი ლობი და არც დიდი ინტერესები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იდეალისტური აღმოჩნდება ამერიკა“.
ადრე სააკაშვილმა ასეთი რამ მითხრა: „ამერიკელებთან შეგიძლია არ ითამაშო, იყო ის, ვინც ხარ და ისინიც ბუნებრივად მიგიღებენ. მათგან არასდროს გამიგია, რომ ჩემზე ეთქვათ, - ფიცხია, ანდა ძალაუფლებისმოყვარეო. ევროპელებისგან კი ასეთი შეფასებები ბევრჯერ მსმენია. იმიტომ, რომ ევროპელებისთვის, რაღაც თვალსაზრისით, სპონტანურობა სახიფათო ამბავია“.
![]() |
19 „საქართველოში უნდა დამთავრდეს მესიების მოლოდინი“ |
▲back to top |
ინტერვიუ
ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: სემ ბარზილე
თქვენს ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით, უზარმაზარი მოლოდინი გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს ამისათვის რაციონალური მიზეზები, თუ მხოლოდ ჩვენთვის ჩვეული ემოციური აღტკინებაა ამ მოლოდინის საფუძველი?
საქართველოში უნდა დამთავრდეს მესიების მოლოდინი და იმის მოლოდინიც, რომ ერთი ადამიანი იმაზე მეტს შეცვლის, რაც მას ხელეწიფება. ნებისმიერი ერთი ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, სხვა კომპეტენტური ადამიანებისა და ინსტიტუტების გარეშე, ვერაფერს შეცვლის.
ჩემს იმიჯს რაც შეეხება, დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საგანგებოდ ამაზე არ მიზრუნია. პირიქით, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან მცირე დოზით მიწევდა მედიასთან ურთიერთობა. თუმცა, თუკი საზოგადოებაში ეს მოლოდინი არსებობს, ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მაგრამ ვიმეორებ, არ შეიძლება ერთმა ადამიანმა გარდამტეხი ცვლილება შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.
მაგრამ, შეგიძლიათ რაციონალურად ახსნათ ეს მოლოდინი?
ჩემი აზრით, ყველასთვის ცხადია, რომ ქვეყნის მართვის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. უნდა მოხდეს ისეთი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ინსტიტუტების მშენებლობას დაიწყებს, შექმნის სტაბილურობის გარანტიებს და არამხოლოდ პიარზე ორიენტირებული ლაპარაკით შემოიფარგლება. აღარაფერს ვიტყვი ომზე, ეკონომიკურ სიტუაციაზე, სოციალური ფონიც ძალიან დამძიმდა და კიდევ უფრო დამძიმდება. გასული ნოემბრის შემდეგ ბევრმა პრობლემამ მოიყარა უცებ თავი - დემოკრატიული რეფორმების შეჩერება, მედია… მოაზროვნე ნაწილს ეს, დიდი ხანია, შეგნებული ჰქონდა, მაგრამ მედიის ასეთი შეზღუდვის პირობებში, დრო იქნება იმისთვის საჭირო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჩამოყალიბდეს. ამიტომ ვამბობ, რომ სწრაფად მაინც არ მოხდება ეს ცვლილება. ცვლილებას რეალური ხალხის ნების გამოვლინება სჭირდება.
თუმცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ ითმენენ, ცდილობენ ქვეყნის პოლიტიკური ტემპერატურის აწევას და პროცესების დაჩქარებას. როგორ ფიქრობთ, თქვენ ამ პოლიტიკურ რიტმს უნდა აჰყვეთ, თუ პირიქით - თქვენი საქმიანობა საკუთარ ტემპერამენტს უნდა მოარგოთ?
15 წელია, სახელმწიფო სამსახურში ვარ და გარკვეული საკუთარი რიტმი გამოვიმუშავე, მაგრამ ამავე დროს ორწელიწად-ნახევარია, წამოსული ვარ ქვეყნიდან… ამიტომაც, ჩემი დაბრუნების შემდეგ, პირველი პერიოდი ძალიან აქტიურ შეხვედრებს დაეთმობა არა მარტო პოლიტიკურ სპექტრთან, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ჩემი მთავარი ამოცანა არ არის ნებისმიერი მიზნით ხელისუფლებაში მოსვლა. თუ არ სთავაზობ საზოგადოებას რაღაც ალტერნატიულს, გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან, ხელისუფლებაში მოსვლას აზრი არ აქვს.
ძალიან სწორია, როდესაც ოპოზიციური სპექტრი პირველ რიგში საარჩევნო ფონის შექმნის პირობებს აყენებს და საარჩევნო კოდექსის შეცვლას ითხოვს. მედიაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს თანაბარწილად ყველასთვის.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, რა იქნება თქვენი პირველი პოლიტიკური ნაბიჯები?
გადაწყვეტილი მაქვს, ძალიან ახლო, პირდაპირ კონტაქტში ვიყო საზოგადოების ყველა ფენასთან, მეცნიერების, კულტურის, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, ყველა ასაკის ადამიანებთან... რეგიონებში ვაპირებ აქტიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომ გავიგო, რა პრიორიტეტები აქვთ. რამდენადაც მესმის, არსებობს დაუცველობის ძალიან დიდი განცდა, განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო აგრესიის მერე. კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის ძალების ეს თავგასული არსებობაც უქმნის საზოგადოებას საფრთხეს. ამიტომაც, ბევრი მიმართულებით არის ფიქრი საჭირო, მათ შორის იმაზეც, თუ უსაფრთხოების რა მექანიზმები უნდა ჩაიდოს კონფლიქტურ რეგიონებში, რომ ისევ არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია; როგორი ეკონომიკური სტრატეგიით უნდა დაუპირისპირდე ომის შემდეგ ინვესტიციების შემცირებას და საინვესტიციო გარემოს გართულებას; როგორ უნდა შეამცირო გლობალური კრიზისის ზეგავლენა ქვეყანაზე, რომ არ მოხდეს სოციალურად დაუცველი ფენების ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როცა სოციალური აფეთქება, პრაქტიკულად, გარდაუვალი ხდება. ეს ის საკითხებია, რომელთა გადაჭრას ერთი ადამიანი ან ადამიანების მცირე ჯგუფი ვერ გაწვდება. ამიტომ მაქვს ძალიან სერიოზული კონსულტაციები კომპეტენტურ ხალხთან.
პარტიის შექმნაზე ფიქრობთ, და ამ ფორმატით აპირებთ მუშაობას?
უფრო - მოძრაობის ჩამოყალიბებაზე. მაგრამ ეს ყველაფერი, ჩემი ნაბიჯები, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებ ახლანდელი ვითარების აღქმას და არსებულ პოლიტიკურ სპექტრში თანამოაზრეების პოვნას.
თბილისში ყოფნისას კონსულტაციები დავიწყე, თუმცა მათი გაგრძელება დისტანციაზე უფრო რთული გახდა. ვვარაუდობ, რომ თანამოაზრეების გუნდის შერჩევა ძალიან მოკლე პერიოდში გახდება შესაძლებელი, თუმცა ეს იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად მისაღებია ჩემი ხედვა, ჩემი ტემპი ცვლილებებთან დაკავშირებით მათთვის.
ანუ, თქვენ უფრო გრძელვადიან პოლიტიკურ მარათონზე გაქვთ გათვლილი თქვენი საქმიანობა და არ არის საუბარი ვადამდელ არჩევნებზე?
ჩემი აზრით, ადრეული არჩევნები ჩასატარებელია. თუ რეალურად არ შეიცვალა ქვეყნის მართვის სტილი, ვერ ვხედავ შანსს, რომ კონსტიტუციური ციკლის დასრულებამდე შესაძლებელი იქნება კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილება. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ მარტო ერთი პარტიის, ან პარტიათა ჯგუფის, ან გაერთიანებების ნებით, ეს არ მოხდება. ეს უნდა მოხდეს საზოგადოების ერთიანი ნებით. ამის სხვადასხვა ფორმები არსებობს - მათ შორის, კონსტიტუციის 74-ე მუხლის ამოქმედებაც შეიძლება, რომელიც რეფერენდუმის გზით ხალხის ნების გამოვლინებას ითვალისწინებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ დროს ხელისუფლებასაც. ესკალაციის თავიდან აცილების ძირითადი ბერკეტები სწორედ ხელისუფლებას აქვს. პრეზიდენტი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას, დაპირებების და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. გახსოვთ, სულ რაღაც ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო კამპანიისას ის ყველა დევნილს დაჰპირდა, - შემდეგ ზამთარს სახლში გაატარებთო. ეს, ჩემი აზრით, ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება იყო. მოკლედ, ვითარება მართლაც მძიმეა და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თვლიან, რომ გამოსავალი თავისუფალი, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. ამისთვის პირველი ტაქტიკური ამოცანა საარჩევნო ფონის შექმნაა.
რთული ამოცანაა. თითქოს პირი არ უჩანს, რომ ხელისუფლება პოზიციების დათმობას აპირებდეს.
გეთანხმებით. ამიტომ ყველაზე დიდი ბერკეტი იქნება ხალხის ნება. ხალხის ნება თუ გამოვლინდება, მის იგნორირებას ხელისუფალი ვეღარ შეძლებს, თუ არ უნდა, რომ იზოლაციაში მოიქციოს თავი. ამ ხელისუფლებისადმი ნდობა არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ძალიან შერყეულია, რამაც შეიძლება იმოქმედოს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებზე ევროპასთანაც და რეგიონშიც. თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, ამის პროგნოზირება დღეს ძნელია.
როდის გადაწყვიტეთ სახელმწიფო სამსახურიდან წასვლა?
გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მივიღე. ვთვლიდი, რომ ინსტიტუტების და კანონმდებლობის მორგება პიროვნებებზე ძალიან სავალალო შედეგებით დამთავრდებოდა. მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება, რომ დაბალანსებულიყო სამართალდამცავი სტრუქტურები. ჩემი შეფასებით, მოსახლეობის ნდობის დაცემა პირველ რიგში იმით იყო განპირობებული, რომ სამართალს ვერ პოულობდა სასამართლოებში. ყველაზე ხშირად ამაზე სწორედ პრეზიდენტს ვესაუბრებოდი. არანაირი შეხება არ მქონდა ეკონომიკურ რეფორმებთან, თუმცა თავიდან ხელისუფლებამ და ეკონომიკურმა გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყეს ბიზნესის წარმოების გამარტივება. ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯები და არც ერთმა ძალამ არ უნდა დაუკარგოს ხელისუფლებას ის, რაც გააკეთა. თუმცა, მეორე მხრივ, არსებულ ბიზნესებზე ზეწოლა გაძლიერდა.
ამას დაემთხვა მოლაპარაკებები სეპარატისტულ რეჟიმებთან და ის ფილოსოფია, რომლითაც მე მივუდექი კონფლიქტების გადაწყვეტას, პრაქტიკულად გაუზიარებელი დარჩა პრეზიდენტის მიერ. ვგულისხმობ მაისში აფხაზურ მხარესთან შეთანხმებულ დოკუმენტს დევნილების დაბრუნების და ცეცხლის არგანახლების შესახებ. პრეზიდენტსაც ჰქონდა თავისი არგუმენტები ამის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს ხელმოწერა შედიოდა საქართველოს ინტერესებში და მნიშვნელოვანწილად შექმნიდა ფონს, რომელიც ხელს შეუშლიდა სამხედრო ესკალაციას, როგორ აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩემსა და პრეზიდენტს შორის ისეთი ფუნდამენტური აზრთა სხვადასხვაობა იყო, რომ მე უნდა წავსულიყავი სახელმწიფო სამსახურიდან და მიმეცა მისთვის შანსი, იმ ადამიანებთან გაეგრძელებინა მუშაობა, ვისაც ამ საქმეს ანდობდა. სექტემბრის ბოლოს ვისაუბრეთ და ავუხსენი, რომ წასვლის გადაწყვეტილება მიღებული მქონდა და ვცდილობდი, სწორი დრო შემერჩია. დაველოდე უშიშროების საბჭოში გაერო-ს მანდატზე მოლაპარაკებების დასრულებას; ასევე, მინდოდა დავლოდებოდი ნატო-სთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესზე გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების ფორმალიზება უკვე დეკემბერში მოხდა.
რა განსხვავება იყო თქვენს ხედვებს შორის? არსებობდა მშვიდობიანი რესურსი, რომელიც ხელისუფლებამ არ გამოიყენა?
არსებობდა მშვიდობიანი რესურსი, რომელიც, პირველ რიგში, პირდაპირი კონტაქტებით უნდა განგვეხორციელებინა და, მათ შორის, აი, ამ შეთანხმებაზე ხელმოწერით. უნდა შეგვექმნა ნდობის ის მინიმალური ხარისხი, რომელიც შემდეგ უკვე რეალურს გახდიდა საუბარს დევნილების დაბრუნების პრობლემატიკაზეც და თანაცხოვრების პირობებზეც, სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმებზეც. მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იყო. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებული მიდგომა.
მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროსაც ხშირად იყო შემთხვევები, როცა გარკვეული შეთანხმებული პოზიციებიდან უკან დახევა მიწევდა, რის გამოც, მე, როგორც ამ მოლაპარაკებათა წარმმართველი, ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილვარ. მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები ორივე მხარეს არსებობდა, მიმაჩნდა, რომ ჩემი პოზიცია უფრო რეალისტური და პრაგმატული იყო.
რუსებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც, ვფიქრობდი, რომ უნდა შეგვექმნა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების წარმართვის ბევრად უფრო თანმიმდევრული სტრატეგია, და ყოველთვის ვთვლიდი (ეს მომლაპარაკებლის სენია), რომ ხმამაღალი რიტორიკა, განსაკუთრებით სამხედრო რიტორიკა, ძალიან უშლიდა ხელს მოლაპარაკების პროცესს.
მაისისთვის კონფლიქტის ესკალაციამ უკვე ფართო მასშტაბებს მიაღწია, რუსეთის მხრიდან იყო პროვოკაციების მთელი წყება. ვითვალისწინებდი, რომ პრეზიდენტს შეიძლებოდა ჰქონოდა იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე მე მქონდა და ამ ინფორმაციით ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილებების მიღების დროს. თუმცა, სამხედრო აგრესიის წინაშე ქვეყანაც ძალიან მოუმზადებელი აღმოჩნდა და პრეზიდენტიც. როცა განვაცხადე, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს, ვიგულისხმე, რომ მას რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაძლო შედეგები უნდა გაეთვალა…
შესაძლებელი იყო ამის გათვლა?
აბსოლუტურად - შესაძლებელი, და მე დღესაც მჯერა, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ.
რით ახსნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?
ვერ გამოვდგები შემფასებლად, იმიტომ, რომ მის გვერდით არ ვიყავი თბილისში, როცა მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. არაგულწრფელი იქნება ჩემი მხრიდან ვიმსჯელო, რა ფორმატით და რა ფორმით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ეპასუხათ ოსი სეპარატისტების მიერ განხორციელებულ დაბომბვაზე. მე, ალბათ ისევე, როგორც სახელმწიფო მოხელეების და ელჩების უმრავლესობა, საქმის კურსში არ ვიყავი. აქედან გამომდინარე, ობიექტურად ვერ შევაფასებ, რა ხდებოდა გადაწყვეტილების მიღების დროს.
გასულ 5 წელს რომ გადავხედოთ, სად დაუშვა ხელისუფლებამ, თქვენი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომები? რას გააკეთებდით სხვანაირად?
ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიმართულება სწორია. საქართველოს მომავალი და უსაფრთხოება დაცული იქნება მაშინ, როცა ჩვენ რეალურად გავხდებით ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, პირველ რიგში, კავკასიელები ვართ და ევროპასთან უსაფრთხოების მექანიზმებზე შეთანხმებას ვერ მიაღწევ, თუ რეგიონული უსაფრთხოება არ გაქვს გააზრებული. ჩემი აზრით, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა უნდა ყოფილიყო ამოსავალი წერტილი. უნდა გაგვეთვალა, ტაქტიკურად როგორ უნდა აგვეწყო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავმხდარიყავით დაპირისპირების მიზეზი რუსეთსა და დასავლეთს შორის. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გათვლებიც, რომ ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესები უფრო დინამიური ყოფილიყო. ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ ეს პროცესი შეიძლებოდა იმ რიტორიკის გარეშე უფრო დინამიური ყოფილიყო, რომელიც რეალურად გახდა რუსეთის მხრიდან ადეკვატური აგრესიულობის მიზეზი. ანუ, ჩვენ უნდა დავრჩეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისაკენ მიმავალი სახელმწიფო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეზობლად გვყავს ბირთვული რუსეთი, რომელთან დაპირისპირება სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იქნება კონტრპროდუქტიული.
არის ეს ორი ამოცანა თავსებადი?
პატარა ქვეყნის და ჩვენნაირი ქვეყნის ამოცანაა, რომ ეს მოახერხოს. ყოველ შემთხვევაში, მთელი საგარეო პოლიტიკური რესურსი უნდა იყოს მიმართული აქეთკენ. ერთ მაგალითს გეტყვით - რუსეთს, ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა შედგა და ეს იყო კონტრტერორისტული თანამშრომლობა პანკისის ხეობაში 2001-2002 წლებში. არსებობს სფეროები, სადაც შეიძლება რუსეთთან საერთო ინტერესების გამოძებნა კავკასიური სტაბილურობის, და არა მარტო ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს იმიჯის ტრანსფორმირება მოხდეს ძალიან სწრაფად - რომ არ ვართ განხეთქილების მიზეზი ამერიკასა და რუსეთს შორის; რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ხიდი და თანამშრომლობის სფერო ამ ორ სუპერსახელმწიფოს შორის. კავკასია ძალიან მნიშვნელოვანია და რუსული აგრესიის შემდეგ ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დასავლეთისთვის. მაგრამ დასავლეთისათვის რუსეთთან ურთიერთობაც ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს აი, იმ ოქროს შუალედის მოძებნაზე, რაც არის საერთო ინტერესები. აგვისტოს მოვლენების მერე, ბევრად უფრო გართულდა ასეთი ინტერესების მოძებნა რუსეთთან. პრაქტიკულად, მათ შექმნეს რეალობა, საიდანაც უკან დახევა მათთვის სისუსტის გამოვლინების ტოლფასი იქნება, რაც უდიდესი შეცდომაა მათი მხრიდან. მაგრამ ამ პირობებშიც უნდა შევინარჩუნოთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, და მოვახერხოთ გავაჩინოთ პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა აფხაზურ მხარესთან. დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ჩვენს შორის შედგება ისეთი დიალოგი, რომელიც შეგვაძლებინებს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში თანაცხოვრების ფორმებზე მოლაპარაკებების გამართვას. ამ ეტაპზე აუცილებელია საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა, რომ კონფლიქტი აღარ განმეორდეს; იმიტომ, რომ ნდობა იმდენად დაბალია ქართულ-ოსურ და აფხაზურ მხარეებს შორის, ახლა რეალურად რაიმე მნიშვნელოვან მოლაპარაკებაზე წასვლა არარეალისტურია.
რაც შეეხება რუსეთს, მომავალში რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლებლობები გაჩნდება. მე ასეთ შესაძლებლობად მესახება ახალი ადმინისტრაცია ვაშინგტონში. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული დიალოგის ნაწილად დავრჩეთ.
როგორია ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და როგორი იქნება ამერიკის შემდგომი ურთიერთობა საქართველოსთან?
ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ ჩამოუყალიბებია, კონკრეტულად რომელი ჯგუფი იმუშავებს საქართველოზე და რეგიონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკასაქართველოს სტრატეგიული მოკავშირეობა გამყარდება და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ იქნება დამოკიდებული პერსონალიებსა და პიროვნულ ურთიერთობებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელმოწერილი ქარტიაა.
ბევრი რამ არ ვიცით თქვენი ბიოგრაფიიდან და ბევრი დეტალი თქვენს შესახებ - შესაძლოა, იმის გამო, რომ თქვენი კარიერა დიდწილად სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. დიდი ძალისხმევის შედეგად გავიგეთ, რომ გაიარეთ წვრთნა ამერიკის სამხედრო ბაზაზე, არიზონაში, ფორტ ჰუაჩუკაში...
არასოდეს მქონია სურვილი, ვყოფილიყავი სახელმწიფო სამსახურში, იმიტომ, რომ მამაჩემი იყო და მახსოვს, ოჯახისათვის ეს რამდენად მძიმე ტვირთი იყო. ამიტომ, იურისტობას ვაპირებდი. მაგრამ აფხაზეთის მოვლენებმა შეცვალა ჩემი ცხოვრების გზა და მაშინ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სპეციალურ სტრუქტურებში მემუშავა. უშიშროების ორგანოებში 1994 წელს მივედი. მერე ვისწავლე უშიშროების აკადემიაში და გავაგრძელე მუშაობა კონტრდაზვერვით ორგანოებში. შემდეგ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში, მათ შორის, თავდაცვის და უშიშროების სფეროში, გაჩნდა შესაძლებლობები და აღმოვჩნდი საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, რის შემდეგაც გავაგრძელე სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფორტ ჰუაჩუკაში, სამხედრო დაზვერვის სკოლაში. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ გასწავლიან, როგორ გათვალო სამხედრო ოპერაციების სადაზვერვო უზრუნველყოფა. იყვნენ საერთაშორისო სტუდენტებიც, სამხედროები. აქ ვსწავლობდი წელიწადზე ცოტა მეტ ხანს. იქამდე სამხედრო ენის სწავლების სკოლა გავიარე.
დაბრუნების შემდეგ, გავაგრძელე მუშაობა უშიშროების სამსახურებში, თუმცა 1999-2001 წლამდე ვმუშაობდი შეერთებულ შტატებში, ჩვენს საელჩოში. 2001 წელს გავაგრძელე მუშაობა უშიშროების საბჭოში და 4 თვის მერე დავუბრუნდი უშიშროების სამსახურს, უკვე უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ და მაშინ იყო სწორედ, რომ კონტრტერორისტული მიმართულებით დავიწყე მუშაობა პანკისის ხეობაში და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ქართულ-ამერიკულ ერთობლივ ღონისძიებას ჩავუდექი სათავეში. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია, რომელიც განვახორციელეთ. დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ პანკისის ხეობა ახლაც მშვიდი, წყნარი საქართველოს კუთხეა, მაშინ კი, შემიძლია ვთქვა, რომ ის საქართველოს იურისდიქციას არ ექვემდებარებოდა. ეს იყო ყველაზე დიდი უწყებათაშორისი ღონისძიება.
ვარდების რევოლუციის მერე გავაგრძელე მუშაობა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ 6 თვეში პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზებთან მოლაპარაკებას ჩავდგომოდი სათავეში. ეს მომენტიც გარდამტეხი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მანამადე ძნელად თუ წარმომედგინა, არათუ მოლაპარაკება აფხაზებთან, ხელის ჩამორთმევაც კი. კონფლიქტთან პირადი ტრაგედია მაკავშირებს, ისევე, როგორც ათასობით ქართველს. ამ დანიშვნამ საშუალება მომცა, პირადი ნაცნობები გამეჩინა იმ წრეშიც კი, რომელშიც ყოველთვის მოწინააღმდეგეს ვხედავდი. ძალიან დაგვეხმარა არაფორმალური შეხვედრები, რომლებსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებდა. თავიდანვე ძალიან ღია ლაპარაკი დავიწყეთ პრობლემებზე და შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ წარსულში ყოფნა ხელფეხს შეგვიკრავს, რომ წინ უნდა ვიმოძრაოთ. ბევრთან იმ იდეის ირგვლივ გავერთიანდით, რომ მოდი, პირველ ამოცანად დავისახოთ, რომ ეს საშინელება მეორედ აღარ განმეორდეს; რომ ჩვენმა შვილებმა იგივე არ გამოიარონ, რაც ჩვენ გამოვიარეთ.
შევძელი ნდობის მოპოვება, უფრო დინამიური გახდა პროცესები, აფხაზები ჩამოდიოდნენ თბილისში და მეც გამიჩნდა იმედი, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმართვით საქართველოს გამთლიანება შესაძლებელი იქნებოდა.
აქ მინდა ხაზი გავუსვა, რატომ ვისმენდი ძალიან მოთმინებით ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან კრიტიკულ მოსაზრებებს. ვიდრე აფხაზებთან ურთიერთობა არ გამიჩნდა, მეც არ მჯეროდა ამ პროცესის. ამიტომ, ვცდილობდი, მათთვისაც ამეხსნა ის, რაც მე დავინახე აფხაზებთან ურთიერთობის დროს...
და რა იყო ეს? თანაცხოვრების სურვილი?
პირველ რიგში, აღარავის უნდოდა იმის განმეორება, რაც მოხდა. მეორე ის, რომ მიხვდნენ, თვითიზოლაციაში ყოფნა მათთვის არ იყო მომგებიანი. ანუ, მათი სტატუს კვო არ პასუხობდა მათსავე ინტერესებს, ისევე, როგორც ჩვენსას. ამიტომ, გაჩნდა შანსი, რომ ერთად დაგვეწყო მომავალზე ფიქრი, რა თქმა უნდა, დაშორიშორებული პოზიციებიდან, მაგრამ ვხედავდი ამ პოზიციების დაახლოების პერსპექტივას. შემდეგ უკვე პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაერო-ში გამეგრძელებინა მოღვაწეობა.
ეს უკვე მას შემდეგ, რაც სამშვიდობო პროცესი ჩაიშალა? ანუ მას მერე, რაც ჩაიშალა შეხვედრა სააკაშვილსა და შამბას შორის?
არ ვიცი, მე ასე ვერ დავუკავშირებ ამ ორ მოვლენას ერთმანეთს. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მივიღე, როგორც ჩვეულებრივმა სახელმწიფო ჩინოვნიკმა. თუმცა, მე თვითონაც ვთვლიდი, რომ ჩემი გაერო-ში ყოფნა სახარბიელო იქნებოდა და შეიძლებოდა ამის გამოყენება ქართული პოზიციების დასაცავად.
თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაერო-ს ინფრასტრუქტურა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით? აქვთ მათ ადეკვატური რესურსი იმისათვის, რომ ახალი სამყაროს ახალ გამოწვევებს უპასუხონ?
არსებული კრიზისები იმაზე მეტყველებს, რომ ეს მექანიზმები არ არის ეფექტური, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა მექანიზმი ჯერ არ არსებობს. ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო და უნდა იყოს, რომ ამ ფრონტზეც წარმატებულები ვიყოთ, რომ ჩვენი პრობლემა ადეკვატურად იყოს წარმოჩენილი. არასოდეს მქონია იმის ილუზია, რომ აქედან მოვახერხებდით ამ კონფლიქტების დარეგულირებას და გადაწყვეტას. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ კონფლიქტების მოგვარების გასაღები არის აფხაზებსა და ქართველებში, ოსებსა და ქართველებში. არც რუსეთში, არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში. ჩვენ თუ არ გავიაზრეთ, რომ თანაცხოვრება გვჭირდება, სხვები, ჩვენს მაგივრად, ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ჩვენზეა, რამდენად გამოვიყენებთ საერთაშორისო ბერკეტებს საჩვენოდ, რამდენად მოთმინებით მივუდგებით დიპლომატიურ პროცესს. არის საუბარი რეფორმირებაზე; ცხადია, მათ შორის უშიშროების საბჭოს შემადგენლობის და გადაწყვეტილების ფორმების მიღების გადახალისებაზე, რასაც მე სკეპტიკურად ვუყურებ. ვეტოს მქონე ქვეყნებს აქვთ შინაგანი სოლიდარობა, რომ ეს პროცესი წინ არ წავიდეს. გაერო-ს რაღაც ტრანსფორმირება ალბათ მაინც მოხდება, მაგრამ მისი საქმიანობის ეფექტურობის ზრდა რამდენად გაზრდის ჩვენს რეგიონში კონფლიქტების გადაწყვეტის შესაძლებლობებს, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.
ისევ თქვენს ბიოგრაფიას დავუბრუნდეთ. ორ რამეზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას - „კულინარიელების“ თემა და თქვენი და იგორ გიორგაძის ურთიერთობა. ამ კონტექსტში, რა მითია და რა - რეალობა?
ჩემი აზრით, ეს გარკვეულწილად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. თუმცა, „კულინარიელებთან“ დაკავშირებულ შეკითხვას თბილისშიც გავეცი პასუხი. ბევრი ნაცნობი მყავს, მაგრამ ბუნებრივია, არანაირი ურთიერთობა არ მქონია დაჯგუფებებთან, საძმოებთან… ამიტომ, ასე დაწვრილებით ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. მეორე შეკითხვა უფრო საინტერესოა, იმიტომ, რომ ამას საფუძველი აქვს - ჩვენ წლების მანძილზე ვიყავით მეზობლები. საერთო საქმიანობიდან გამომდინარე, მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამაჩემთან. მას შემდეგ, რაც გიორგაძემ დატოვა საქართველო, ბუნებრივია, მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. თუმცა, უშიშროების ორგანოებში ჩემი მუშაობა დაემთხვა იგორ გიორგაძის მუშაობის პერიოდს.
ეს მისი ნაკარნახევი გადაწყვეტილება ხომ არ იყო?
არა, მე თავად მივიღე ეს გადაწყვეტილება აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ეს გადაწყვეტილება ქართული საჯარისო ნაწილების მარცხმა განაპირობა. ასე რომ, აქაც მითიური არაფერია, უბრალოდ მეზობლობა გვაკავშირებდა, სხვა - არაფერი.
ასევე მუშაობდით შევარდნაძის დროინდელ უშიშროების სამინისტროში, რომელიც ძალიან კორუმპირებული იყო და უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, თუ როგორ იყო ჩართული უშუალოდ ეს სამინისტრო ადამიანების გატაცებაში, იარაღის ბიზნესში, ნარკობიზნესში და ასე შემდეგ. როგორ მუშაობდით ამ სივრცეში? რამდენად იყავით ან არ იყავით ამ სისტემის ნაწილი?
დღეს რომ ვფიქრობ, გადამარჩინა იმან, რომ როცა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვმუშაობდი უშიშროების სამინისტროში, მთლიანად გადართული ვიყავი კონტრტერორისტულ საკითხებზე, სხვა სფეროსთან არ მქონდა შეხება და უმეტეს დროს ვატარებდი რეგიონში - კახეთში და პანკისში. ამის გამო, ნაკლებად ვიყავი თბილისში და, აქედან გამომდინარე, უფრო დიდხანს გავძელი.
კორუმპირებული სისტემა იყო, ბუნებრივია. არ დაგიმალავთ, ძალიან რთული იყო პიროვნულადაც, როცა არ ერთვები კორუფციულ სისტემაში, ყველა ეჭვის თვალით გიყურებს, ყველას ჰგონია, რომ შენ ამ ნაბიჯებს იმიტომ დგამ, რომ სხვებს მერე კარიერულ წინსვლაში ხელი შეუშალო ან საშუალება მოგეცეს, რაღაცები დააბრალო. მე არასოდეს მქონდა მიზნად, სხვების კარიერაზე ან მათ დაბლოკვაზე მეფიქრა. ვიყავი კონკრეტული საქმით დაკავებული და დროც არ მრჩებოდა, შიდა ინტრიგებში ჩავრთულიყავი. ამიტომ, სწორედ ამის გამო, თავსებადობა- არათავსებადობის საკითხი კორუმპირებულ სისტემასთან ჩემთვის რთული არ ყოფილა. ჩემზე რაიმე იოტისოდენა ხელმოსაჭიდიც კი რომ ჰქონოდათ კორუფციულ გარემოსთან დაკავშირებით, ხალხს ეს, დიდი ხანია, ეცოდინებოდა, პრესის საკუთრება გახდებოდა.
სხვათა შორის, ის პირველი ნაბიჯები, რაც სააკაშვილმა ამ სტრუქტურებში გადადგა, ძალიან სწორი იყო. გაუზარდეს ხელფასები ხალხს და მოთხოვნაც აამაღლეს. პრაქტიკულად, თავიდან კორუფციული პირამიდის შერყევა შეძლეს. ჩემი გადმოსახედიდან ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დამსახურება ესაა - კორუფციული პირამიდა მოისპო. კორუფცია არ გამქრალა, ცხადია, მაგრამ… ეს არის დასაფასებელი.
გუნდური მოთამაშე ხართ?
ყველგან, სადაც მიმუშავია, არასოდეს შემიცვლია ჩემი ხელქვეითები იმის მიხედვით, პირადი ერთგულების რა ხარისხს ვგრძნობდი მათში. პირიქით, დავადასტურე ის, რომ თუ მოახერხებ იმ ადამიანებთან მუშაობას, რომლებიც სკეპტიკურად და კრიტიკულად არიან შენს მიმართ განწყობილნი, ყველაზე დიდ ეფექტს იძლევა. სულ ისეთი სამსახური მქონდა, სადაც დილეტანტს ვერ დაეყრდნობოდი. პროფესიონალებს შენს გუნდში შეიძლება მოსწონდე, შეიძლება - არა. ზოგთან პიროვნული შეუთავსებლობა გაქვს. ყოველთვის ვცდილობდი, ასეთი ხალხი შემენარჩუნებინა და მათი მეშვეობით გადამეწყვიტა დასახული ამოცანები. ყოველთვის ამართლებს ეს გზა, ყოველთვის.
უკვე გადაწყვიტეთ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის რომელ ნაწილთან ითანამშრომლებთ და რომელთან - არა? ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე ხელისუფლების წარუმატებლობაზე და იმ შეცდომებზე, რაც ხელისუფლებამ დაუშვა. ძალიან იშვიათად ვსვამთ კითხვებს ოპოზიციის მისამართით. უამრავი შანსი ჰქონდა ოპოზიციას, ელემენტარული ამოცანები გადაეჭრა და ვერ მოახერხა. კრიტიკულ სიტუაციებში ჩანდა მათი სისუსტე. ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ ჭრელიცაა. თქვენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება, ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება ერთის წინააღმდეგ, თუ ღირებულებითი თანხვედრა იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებთან ერთად საერთო მიზნისათვის იბრძოლებთ?
არავისთან გამოვრიცხავ თანამშრომლობას. ჩემი პოზიცია ის არის, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა დავიწყოთ დიალოგი და ურთიერთობების დალაგება და როგორ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გამორიცხო დიალოგი და თანამშრომლობის ფორმების ძებნა? მათ შორის - ხელისუფლებასთანაც. ძალიან მცდარი აზრია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების იზოლირება სწორი ტაქტიკაა შენი პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის. ჩემი აზრით - პირიქით, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ნაბიჯი. ხელისუფლებაშიც არიან პატიოსანი ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა აუცილებელია და ვისი აზრის გაზიარება პრობლემატიკაზე მნიშვნელოვანი იქნება.
მქონდა შეხვედრები ოპოზიციის ძალიან ბევრ წარმომადგენელთან, მაგრამ ყველასთან - არა. კონსულტაციები გაგრძელდება თბილისში ჩემი ჩასვლის შემდეგაც. ღირებულებითი თვალსაზრისით და იდეოლოგიურად ძალიან ახლო ურთიერთობები მაქვს ახალ მემარჯვენეებთან და რესპუბლიკელებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას. ზოგადად, მე ჯერ კიდევ არ მოვსულვარ პოლიტიკაში.
რა ფულით აპირებთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას?
ჯერჯერობით საიმედოს ვერაფერს გეტყვით. ამ პოლიტიკური ნაბიჯისთვის არ ვემზადებოდი. ამიტომ, არანაირი წინასწარი კონსულტაციები შესაძლო ფინანსებზე არ მქონია. ჯერ კიდევ ვეცნობი ზუსტ საკანონმდებლო შესაძლებლობებს იმასთან დაკავშირებით, თუ დაფინანსების რა გზები არსებობს. რამდენადაც მეუბნებიან, ეს ძალიან შეზღუდული და რთულია, რადგან არსებობს გამართული რეპრესიული მანქანა იმისათვის, რომ ოპოზიციური პარტიების დაფინანსება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მაგრამ იმას დიდი ფინანსები არ სჭირდება, რომ ჩახვიდე და ხალხთან შეხვედრები დაიწყო. დღეს ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. ეს ყველაზე დიდი კითხვაა, რომელიც ჯერ ჩემთვისაც პასუხგაუცემელია.
რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც გავლენა იქონია თქვენს ცხოვრებაზე?
აფხაზეთის მოვლენებმა - ალბათ დიდწილად, და ასევე იმან, რომ ძალიან ადრე დავოჯახდი, 18 წლისა. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე ჩემზე უფროსია, მან უფრო დაფიქრებით მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამიტომაც დღემდე ერთად ვართ. ალბათ ეს იყო გარდამტეხი აქამდე ჩემს ცხოვრებაში.
როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან - მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ის თქვენს ცხოვრებაში?
კი, მეგობრები ვიყავით, მაგრამ ამ თემაზე მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში თუ ვილაპარაკებ. საჯაროდ ამაზე საუბარს ვერიდები, ბოდიში.
ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი პოლიტიკური კარიერისთვის, შესაძლოა, პრობლემად იქცეს, რომ თქვენი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული და თქვენი ცხოვრების ბევრი დეტალი საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა? ერთი გაკვეთილი, რაც სასწავლი გვაქვს, მგონი, სწორედ ისაა, რომ ვიდრე ადამიანში ამხელა ნდობას დავაბანდებთ, ის კარგად გავიცნოთ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ. სწორედ ამით არის მომხიბვლელი ამერიკის თითქმის ორწლიანი საარჩევნო პროცესი, როცა საპრეზიდენტო კანდიდატებს მედია „რენტგენის აპარატში“ ატარებს. თქვენ რამდენად ხართ მზად ამისათვის?
ძალიან კარგად მესმის ის ინტერესი, რაც საზოგადოებაში არსებობს ჩემი ბიოგრაფიის მიმართ და ამისთვის, ბუნებრივია, მზად ვარ. აბსოლუტურად ლოგიკურია და მიმაჩნია, რომ სწორია. საქართველოში საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას, რომ არ შეიძლება ადამიანს დაუკავშირო დიდი ემოციური მოლოდინი, ვიდრე არ გაარკვევ, რა ამოძრავებს მას და რა ღირებულებების მქონეა. ჩვენი ისტორიის უახლოესი წარსული კარგ მაგალითს გვაძლევს, რომ ემოციური არჩევანი აღარ უნდა გავაკეთოთ.
![]() |
20 ლილიან როსის საუბარი ქლინთ ისთვუდთან |
▲back to top |
ინტერვიუ
საუბარი ჩაიწერა კახა თოლორდავამ
თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ტექსტის რედაქცია: კახა თოლორდავა
„ნიუ იორკერის“ ფესტივალი, ოქტომბერი, 2008
როდესაც მხარბეჭიანი დაცვით გარშემორტყმული სამოცდაჩვიდმეტი წლის ქლინთ ისთვუდი ამერიკის რეჟისორთა გილდიის შენობიდან გამოვიდა „ნიუ იორკერის“ მკითხველებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, შესასვლელთან შეკრებილი „ფანების“ რიგებში წარმოუდგენელი ჩოჩქოლი ატყდა. ზუსტად ისეთი, ფილმებში რომ გვინახავს. „ქლინთ! ქლინთ! Make my day! - ღრიალებდნენ ქალები და კაცები მის ყველაზე ცნობილ ფრაზას ფილმიდან „ბინძური ჰარი.“ ისთვუდმა ისე გაიარა მისივე დაცვის მიერ რის ვაივაგლახით გაჭრილი ვიწრო ცოცხალი კორიდორი, რომ სახიდან ღიმილი არ მოუცილებია. მას ათი-ათასობით ასეთი კორიდორი აქვს გავლილ-გარბენილი და როგორც ყველა მისი რანგის „სელებრითიმ“, მანაც კარგად იცის, რომ ასეთ კორიდორში თუნდაც ერთი წამით შეჩერებაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ამ გაწევ-გამოწევაში ისე მოხდა, რომ ხალხში გავეჭედე, იქიდან გამოსვლა ვეღარ მოვახერხე და იმ ნაკადმა ისთვუდის ლიმუზინთან ძალიან ახლოს მიმაგდო. ისე ახლოს, რომ სანამ ისთვუდი მანქანის მიმართულებით მოძრაობდა, ჩემგან რამდენიმე მეტრში მდგარი უზარმაზარი საყურიანი ზანგი მისი დაცვიდან სერიოზულად ანერვიულდა. ვინაიდან იმ ჩოჩქოლში მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთან ახლოს მოსვლა, თვალით მანიშნა მაქაურობას მოცილდიო. „სად ტრაკში წავიდე-მეთქი“ - გავუბრაზდი თვალებითვე და, ჩემივე „სიტყვების“ გასამართლებლად, განწირული მზერა მიმოვატარე გარშემო. მიხვდა, რომ მართალი ვიყავი და თავი დამანება, თუმცა თვალს მაინც არ მაცილებდა. მაღლა აწეული ფოტოაპარატების ტყეში გახლართული ისთვუდი კი მიახლოვდებოდა. ჩემი ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, „შოკოლადისთვის“ ექსკლუზიური ფოტოს გადასაღებად, თუმცა, როგორც წესი, ასე არ ვიქცევი ხოლმე. ამასობაში კი ისთვუდი კორიდორს გამოცდა და იმ საყურიანი ზანგის გულის გასახეთქად ლამის პირისპირ შევეჩეხეთ ერთმანეთს. მე ბოლოჯერ გავიფაფხურე უკანდასახევი გზის გასაკაფად. იმდენი მოვახერხე, რომ უკანა კარის შესასვლელი გავანთავისუფლე. მერე კი ჩვენი მზერა გადაიკვეთა... მანქანაში ჩაჯდომამდე ისთვუდმა გაკვირვებით შემომხედა. მე დამნაშავედ გავუღიმე და ფოტოაპარატი მოვიმარჯვე... სწორედ იმ დროს, როდესაც გადასაღებ ღილაკს თითი დავაჭირე, უკნიდან ვიღაცამ ხელი გამკრა. ისთვუდი მანქანაში შეაგდეს და სულ რაღაც ორიოდე წამში ლიმუზინი უკვე ქუჩის ბოლოში იყო. მე ფოტოაპარატის მონიტორს დავხედე. მონიტორზე ვიღაც ქალის გადღვებილი მომღიმარე სახე ჩანდა... იმავე დღეს, როდესაც ღამის ნიუ-იორკში დავეხეტებოდი, ჩემი ყურადღება რომელიღაც ოტელთან შეკრებილმა ბრბომ მიიქცია. ნიუ-იორკში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობაში ვიღაც „სელებრითია“, გარეთ კი მას თაყვანისმცემლები ელოდებიან. ჩემი იქ ყოფნისას ასე ელოდებოდნენ მადონას, ითან ჰოუქს, და ვიღაც უცნობ მსახიობ გოგონას. მოკლედ business as usual… ვინაიდან ბრბოს ტროტუარი გადაკეტილი ჰქონდა, შეჩერება მომიწია. მინდოდა მეკითხა თუ ვის ელოდებოდნენ, მაგრამ გადავიფიქრე. ტროტუარიდან სავალ ნაწილზე გადავედი და იქვე მდგარ ლიმუზინს ავუქციე გვერდი. სწორედ ამ დროს ატყდა ღრიალი და უბედურება. მარჯვნივ გავიხედე და შიშისგან კინაღამ ჩავიკეცე. ცოცხალ კორიდორში საყურიანი ზანგის უკან ქლინთ ისთვუდი დავინახე. ისინი და დაცვის დანარჩენი წევრები ლამის სირბილით მორბოდნენ მანქანისკენ. „ქლინთ! ქლინთ! Make my day!“ - ყვიროდნენ კაცები და ქალები. არც კი მიფიქრია ფოტოაპარატის ამოღება...
კახა თოლორდავა
„ნიუ იორკერი“: შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგანაც დღეს ჩვენი სტუმრები ლეგენდარული მსახიობი, და ლეგენდარული ავტორი იქნებიან. ლილიან როსი ჟურნალში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე მოვიდა. ის ჩვენი ავტორების იმ იშვიათ რიცხვს განეკუთვნება, ვისაც „ნიუ იორკერის“ ოთხივე რედაქტორთან უმუშავია. ქალბატონი ლილიან როსი, მიუხედავად მისი ასაკისა, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და ნაყოფიერი მწერალია. ხშირად ხდება, რომ სანამ ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, ესა თუ ის მასალა როგორ გავაშუქოთ, ლილიანს იმ მასალაზე სტატია უკვე დაწერილი აქვს და დილაობით, სამსახურში მისვლისთანავე ელ-ფოსტაში მხვდება ხოლმე. მერე კი, როდესაც მას ვურეკავ კომპლიმენტის სათქმელად, ლილიანს უკვე ახალი სტატია აქვს დაწყებული. მაშ ასე, გთხოვთ მიესალმოთ, ქალბატონი ლილიან როსი.
ლილიან როსი: ბატონ ისთვუდს მალე მოვიხმობთ სცენაზე, მაგრამ მანამდე მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა მასზე. ქლინთ ისთვუდს უყვარს ცხოველები და სახლში თუ ესტუმრებით, იქ ბინადარი ცხოველებიდან რამდენიმე აუცილებლად შეგეგებებათ ზღურბლზე. მის სახლში ცხოვრობს ზედმიწევნით ნერვიული ღორი, წამდაუწუმ ავეჯს რომ ეჯახება ხოლმე, პატარა ვირთხები, რომლებსაც ისთვუდი საწოვარათი კვებავს, თუთიყუში, რომელიც გაუჩერებლად გაჰკივის: „მე შენ მიყვარხარ,“ და ვინ მოთვლის კიდევ ვინ... ამის გარდა, მის სანახავად მეზობელი სახლიდან ერთი ქათამიც დაიარება ხოლმე.
ბატონებო და ქალბატონებო, ქლინთ ისთვუდი!
ქლინთ ისთვუდი ნიუ-იორკერის ფესტივალზე, 2008
კადრი ფილმიდან „CHANGELING“
კადრი ფილმიდან „GRAN TORINO“
კადრი ფილმიდან „კარგი, ცუდი, ბოროტი“
ქლინთ ისთვუდი: ეს ქათმის ამბავი ნეტა არ მოგეყოლათ... ეს ხალხი იფიქრებს, რომ ვიღაც მანიაკი ვარ...
ლილიან როსი: რამდენიმე წლის წინ თქვენზე დაწერილ სტატიას ასეთი სათაური დავარქვი - „ჩვეულებრივი“. ეს თქვენივე ფრაზაა, რომელიც იმ პერიოდში იხმარეთ, სკორსეზეს „ბლუზის ისტორიის“ ერთ-ერთ სერიაზე რომ მუშაობდით. თქვენ თქვით: „მინდა ყველაფერი შეუფერადებლად დავაფიქსირო, ისე, როგორც სინამდვილეშია, უბრალოდ, ჩვეულებრივად.“ თქვენი ფილმები ერთი შეხედვით მარტივ მაგრამ უნივერსალურ თემებზეა აგებული, - დანაშაულსა და სინანულზე, სიყვარულსა და დაკარგვის ტკივილზე, უმანკოებასა და ღალატზე. თუ არ ვცდები, 1995 წელს თქვენ გადაიღეთ Bridges of Madison County, რომელიც, ჩემი აზრით, კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სასიყვარულო ისტორიაა; იქ თქვენ თამაშობთ ფოტოგრაფის როლს, რომელიც მერილ სტრიპის გმირს შემთხვევით შეხვდება და მათ ერთმანეთი უყვარდებათ. რამდენად გარდამტეხი აღმოჩნდა თქვენს კარიერაში ეს ფილმი? ვგულისხმობ იმას, რომ ამ ფილმის დასრულების შემდეგ თქვენ ერთმანეთზე რთულ თემებს შეეჭიდეთ. თუნდაც თქვენი ბოლო ფილმი ავიღოთ, რომელიც, ჩემი აზრით, დღევანდელობის უმწვავეს პრობლემას ეხება. მოკლედ, ჩემი კითხვა ასეთია: იყო თუ არა ისეთი მომენტი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც მიხვდით, რომ ახალი გამოწვევის წინაშე იდექით?
ქლინთ ისთვუდი: არა, ალბათ არა... საერთოდ საკმაოდ ძნელია ასეთ გადამწყვეტ მომენტებზე საუბარი. ახლა, როდესაც თქვენს მიერ შერჩეულ ეპიზოდებს ვუყურებდი ჩემი ძველი ფილმებიდან, ერთადერთი რასაც ვფიქრობდი ისაა, რომ თურმე რამდენი თეთრი პიგმენტი შემპარვია თმაში... როგორ გავჭაღარავებულვარ! რაც შეეხება Bridges of Madison County-ს, ეს ფილმი ლიტერატურულ წყაროს ეყრდნობა, სადაც ისტორია მთავარი გმირის პირითაა მოყოლილი. ესაა ფოტოგრაფი კაცი, რომელიც ამერიკის დასავლეთ შტატებში მოგზაურობს. ჩვენმა სცენარისტმა რიჩარდ ლაგრავინესმა კი ამბის თხრობა სცენარში ქალს დააკისრა და, ჩემი აზრით, ფილმი უფრო საინტერესოც გახდა... თქვენ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, არც კი ვიცი, რა შეიძლება მივიჩნიო გარდამტეხ მომენტად ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ, ვცდილობ ერთ ადგილზე არ გავიყინო, არ გავმეორდე, სხვადასხვა თემებს შევეჭიდო... ექსპერიმენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთხელ მკითხეს, - აპირებ თუ არა ფილმ Dirty Harry-ს გაგრძელებასო. იცით, ჩემთვის პოლიციელი ჰარის ისტორია უკვე გავლილი ეტაპია. ვითამაშე და მორჩა, სხვა პერსონაჟებზე გადავერთე; ანდა, რაღა უნდა შემემატებინა ამ პერსონაჟისთვის? რითია საინტერესო პენსიაზე გასული პოლიციელი რომელიც სიბერეშიც „მაგნუმს“ დაატარებს? დეპრესიაში ჩამაგდეთ ამ თქვენი შეკითხვით! არა, გარდამტეხი მომენტების შესახებ ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, წინსვლას განვაგრძობ, ესაა და ეს. მუშაობა ჩემთვის სიამოვნებაა და მთავარი სწორედ ისაა, რომ ეს გრძნობა არ დავკარგო.
„ნიუ იორკერი“: ვხვდები რასაც ბრძანებთ, მაგრამ ახლა, როდესაც თქვენი ფილმებიდან ნაწყვეტებს ვუყურებდი, გამიჩნდა შეგრძნება, რომ რაღაც ეტაპზე თქვენთვის მართლა დადგა ის მომენტი, როდესაც თოფიანი, საშიში პერსონაჟებისგან თავის დაღწევა მოგინდათ. როგორც კი ეს მოახერხეთ, თქვენს ფილმებში საინტერესო ქალი პერსონაჟები გაჩნდნენ. შეიძლება თქვენთვის რთული იყოს ამის ახსნა, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ინტერესების ცვლასთან გვაქვს საქმე...
ქლინთ ისთვუდი: შეიძლება მართალი ბრძანდებით, თუმცა შეიარაღებული და საშიში გმირების როლები, ვფიქრობ, საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. სიამოვნებასაც მანიჭებდა. მერე კი, რაღაც ეტაპზე, დაახლოებით 70-იანი წლებიდან, კამერის უკან გადავინაცვლე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, რომ როგორც კი ამას ვამბობ, რამდენიმე დღეში ტელეფონი რეკავს და ვიღაც-ვიღაცები მართლაც რომ დიდებულ როლებს მთავაზობენ. „მისტიკური მდინარის“ შემდეგ გადაჭრით ვთქვი, მორჩა, კამერის უკან დგომა მომწონს, ეს ჩემი ადგილია, ჰოდა, აღარსად წავალ, აქვე დავრჩები-მეთქი, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა როლი ჩემსავე ფილმში Million Dollar Baby და ამ როლზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. მერე კი მოკლე ტაიმ-აუტი ავიღე ფილმით Changeling, და ამ ფილმის დასრულების შემდეგ ჩემმა ბოლო, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმონტაჟებელმა Gran Torino-მ ისევ „შემაგდო“ მსახიობის ტყავში. აი, სწორედ ეს ცვლილებები მომწონს ჩემს პროფესიაში! დიდი უცნაური კაცია Gran Torino-ს მთავარი გმირი! პირწავარდნილი რასისტი, რომელიც წარსულით ცხოვრობს და აზრზეც კი არაა თუ რა შეიცვალა მსოფლიოში. მერე კი, რაღაც ეტაპზე, ის ინანიებს.
ლილიან როსი: რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის Changeling-ი და ის თემატიკა, რაც ამ ფილმშია? ფილმში ხომ გაცილებით უფრო ღრმა შრეებია, ვიდრე, მარტივად რომ ვთქვათ, ქალის თვალით დანახული ამბავი? ამ ფილმში ქალის როლი და ადგილიც საზო გადამეგადოებაში სულ სხვაგვარია, არა? ზუსტად ისეთი, როგორიც 1928 წელს იყო.
კადრი ფილმიდან „CHANGELING“
ქლინთ ისთვუდი: გეთანხმებით და მეც სწორედ ამან „დამქოქა“. გასული საუკუნის ორმოციან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი საყვარელი ფილმები სწორედ ის იყო, სადაც სრულყოფილი ქალი პერსონაჟები იყვნენ. ასეთ ფილმებს დღეს ლამის ფემინისტურ კინოს უწოდებენ, მაშინ კი ყველაფერ ამას უფრო ღრმა დატვირთვა ჰქონდა. ამიტომაც, ინგრიდ ბერგმანს და ბეთ დევისს არასდროს აკლდათ დიდებული როლები. შემდეგ კი, დადგა დრო, როდესაც ეს ტენდენცია შეიცვალა და ამის შემდეგ იშვიათად თუ ნახავდით ფილმს სრულყოფილი ქალი პერსონაჟით. Changeling-ი ძალიან ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. სიუჟეტი მართლაც რომ შემაძრწუნებელია! შეიძლება ითქვას, რომ ის ზრდასრულ მაყურებელზე გათვლილი ჰორორის ჟანრის ფილმია იმ საშინელი დამოკიდებულების გამო, რაც ფილმის მთავარმა პერსონაჟმა ქალმა იმდროინდელი ლოს ანჟელესის პოლიციის დეპარტამენტისა და პოლიტიკური ესტებლიშმენტის გამო გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქის ქალები საერთოდ არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობდნენ, ფილმის მთავარმა გმირმა, ერთი თანამოაზრის დახმარებით, ბოლომდე იბრძოლა სისტემის წინააღმდეგ. ჩემთვის ამ ისტორიაში ყველაზე ნიშანდობლივია პარალელები დღევანდელობასთან, ვგულისხმობ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, რომელიც ყველაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებს.
ლილიან როსი: მაგრამ აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მსახიობების შესანიშნავი თამაშიც. მათი ყურება უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. თქვენ შესანიშნავად გააცოცხლეთ 1928 წლის რეალობა. ასე ხელშესახებად აღდგენილი ისტორია მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობაა.
ქლინთ ისთვუდი: გეთანხმებით, Changeling- ში შესანიშნავი მსახიობების მთელი გუნდი თამაშობს. მთავარი გმირის როლი ზედგამოჭრილი აღმოჩნდა ანჯელინა ჯოლისთვის, რომლის ნიჭსაც უსაზღვროდ დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის. თუმცა, მას ხშირად უშლის ხოლმე ხელს საკუთარივე გარეგნობა. ის ულამაზესი ქალია და ხშირად მაყურებლისთვისაც მისი სილამაზე ფარავს ხოლმე ყველაფერ დანარჩენს... არადა, ის უდავოდ ნიჭიერი მსახიობია! როცა ამ ფილმს ნახავთ, თავად დარწმუნდებით ამაში. მიხვდებით, რომ თუ მის ნიჭს სათანადოდ არ აღიარებდით, ეს პიარ კამპანიების უარყოფითი ფაქტორის ბრალი იყო და სხვა არაფერი. კარგი როლები ჰქონდათ მაიქლ ქელისა და ჯეფრი დონოვანსაც; ბავშვებმაც დიდებულად გაართვეს თავი ყველაფერს...
„ნიუ იორკერი“: როდესაც Mystic River-ის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სცენას იღებდით (როდესაც შონ პენის პერსონაჟი თავისი ქალიშვილის დაღუპვის ამბავს იგებს), მახსოვს, ლილიანს უთხარით, რომ ეს სცენა სულ სხვაგვარად წარმოგედგინათ, მაგრამ შონ პენმა თავისებური მიდგომა შემოგთავაზათ, რამაც საბოლოო ჯამში ეპიზოდს მართლაც განსაკუთრებული ეფექტი შესძინა. საინტერესოა, როგორი იყო თქვენი თავდაპირველი ჩანაფიქრი?
კადრი ფილმიდან „წერილები იოკოგამიდან“
კადრი ფილმიდან „MILLION DOLLAR BABY“
ქლინთ ისთვუდი: აქ საქმე სხვა რამეშია. მე თითქმის ასევე წარმომედგინა ყველაფერი, უბრალოდ, არ ვიცოდი, როგორ გადამეღო ეპიზოდი ისე, რომ შონ პენი პოლიციელების ზედახორაში არ დასახიჩრებულიყო. ამიტომაც დეტალურად გავიარეთ მთელი ეპიზოდი. ერთად მოვიარეთ გადასაღები მოედნის ყოველი კუთხე-კუნჭული, ავუხსენი, როგორ იმოძრავებდნენ კამერები, რას მოიმოქმედებდნენ ბიჭები, რომლებიც პოლიციელების როლებს ასრულებდნენ. ბოლოს შევთანხმდით, რომ რეპეტიცია არ გვჭირდებოდა. ამ ეპიზოდზე ბევრი ფირის დახარჯვა არ შეგვეძლო. ამიტომ მალე გადავიღეთ ყველაფერი. გადასაღებ მოედანზე ყოფნისას, მე, როგორც წესი, ყველაფერს ვაფიქსირებ ხოლმე. ჩემს მოედანზე კამერები სულ ჩართულია, ყველაფერს ვიღებ, მომწონს თითოეული ნიუანსის ფირზე აღბეჭდვა, თუნდაც ეს სამუშაო პროცესი იყოს. კამერა მაშინაც კი მუშაობს, როცა მსახიობები რეპეტიციებს გადიან. ხშირად, ამ მასალებიდან ამოღებული დეტალები ეპიზოდებს უფრო რეალურს ხდის. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ამ კონკრეტული სცენის გადაღებისას ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ლილიან როსი: თქვენმა მეგობარმა, ერთმა არაჩვეულებრივმა კაცმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, მითხრა, - ქლინთი ყველა წესის დარღვევით იღებს კინოსო. ხომ ვერ მეტყვით, რას გულისხმობდა ის?
ქლინთ ისთვუდი: ვფიქრობ, გულისხმობდა იმას, რომ ბევრი რეჟისორი ცდილობს, ფილმის გადაღების პროცესი რაღაც მისტიკურ პროცესად წარმოაჩინოს. არადა, მისტიკური ამაში არაფერია. შენ რეალობა უნდა გადაიტანო ფირზე და ამისთვის გჭირდება მხოლოდ კარგად დისციპლინირებული გადამღები ჯგუფი. ყველა მზადყოფნაში უნდა იყოს! მათ იციან, რომ თითო სცენაზე კილომეტრობით ფირს ვერ დავხარჯავ და ვერც ათობით რეპეტიციას გავივლი. ჩვენ რეალობა უნდა „შევაკავოთ“ და ეს ძალდაუტანებლად უნდა მოხდეს. აი, ამ ფილოსოფიით ვხელმძღვანელობ ფილმის გადაღების პროცესში. ასეთი მიდგომა „ძველებისგან“ ვისწავლე, იმ ეპოქის ადამიანებისგან, რომლებიც მართლა ჯადოსნურ კინოს აკეთებდნენ...
ლილიან როსი: დავუბრუნდეთ თქვენი კარიერის დასაწყისს და იმ დროს, როდესაც მონაწილეობა მიიღეთ ვესტერნის ჟანრის ტელესერიალში „ნედლი ტყავი.“ რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის თქვენს კარიერაში? მოგცათ თუ არა მან ისეთი რამ, რასაც დღემდე შეგნებულად იყენებთ ხოლმე?
ქლინთ ისთვუდი: Rawhide - ჩემთვის ეს, პირველ რიგში, სამსახური იყო. ეს იყო სტაბილური, ანაზღაურებადი სამუშაო, რაც ჩვენს ინდუსტრიაში საკმაოდ იშვიათია. მოგეხსენებათ, რომ სამუშაოს პოვნის პროცესი მსახიობისთვის თევზაობასავითაა, ხან გაქვს როლი, ხან კი არა. იმ დროს უმუშევარი ვიყავი, ამიტომაც დავთანხმდი. გადაღებები რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მსახიობის პროფესიის შესახებ შეძლებისდაგვარად ბევრი რამ ვისწავლე. სერიალზე იმ დროის შესანიშნავი რეჟისორები მუშაობდნენ, ნამდვილი პროფესიონალები. მათგან ვინც მომწონდა, ვსწავლობდი, ხოლო ვინც არა, ვფიქრობდი თუ როგორ მოვიქცეოდი მათ ადგილზე რომ აღმოვჩენილიყავი. ასე რომ, ეს მართლაც ძალიან სასარგებლო, ცოცხალი გამოცდილება იყო, რომელიც 5 წელიწადს გაგრძელდა. მერე კი იტალიაში წავედი, სერჯიო ლეონესთან სამუშაოდ. აი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება! წახვიდე საზღვარგარეთ და იმუშაო რეჟისორთან, რომელიც ინგლისურად საერთოდ ვერ ლაპარაკობს... მე მისი არ მესმოდა, მას კი ჩემი... მოკლედ, თუ ცოდნის მისაღებად მზად ხარ, სწავლის პროცესი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
„ნიუ იორკერი“: ლეონეზე რას იტყოდით?
ქლინთ ისთვუდი: მის გადასაღებ მოედანზე ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა. მუშაობ რაღაც პერიოდის განმავლობაში, შემდეგ სადილის დრო მოდის და ისვენებ, თუმცა ეს დასვენება რამდენიმე საათით იწელება, მერე კი ყველას სძინავს ორი საათი... გადაღებების პირველ დღეს სადილზე რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიე და გადამღები ჯგუფის წევრების სახელები ვეღარ გავიხსენე. მაშინ ვთქვი, - მორჩა, ხვალ ასე აღარ მოვიქცევი, მირჩევნია, გადასაღებ მოედანზე დავრჩე, რაღაცებს დავაკვირდე და გვიან ვისადილო, ვიდრე ასე გაგრძელდეს-მეთქი. სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, უბრალოდ გავლოთდებოდი! სერჯიოსთან მუშაობა კი ძალიან სასიამოვნო იყო. საოცარი იუმორი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იტალიური არ ვიცოდი, მეც კი ვხვდებოდი ამას. უზღვავი ფანტაზიის მქონე ადამიანი იყო, ბავშვივით მდიდარი წარმოსახვა ჰქონდა და ეს მის ფილმებშიც ჩანს.
ლილიან როსი: ის შტრიხები შემთხვევით აღმოაჩინეთ, მოგვიანებით თქვენი პერსონაჟის, „ბლონდის“ განმსაზღვრელ მახასიათებელ ნიშნებად რომ იქცა? - ვგულისხმობ მოჭუტულ თვალებს, პირში გაჩრილ მომცრო ზომის სიგარას…
ქლინთ ისთვუდი: თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა მქონდა ასეთი თვალები. მაგრამ ვხვდები, რასაც გულისხმობთ, განსაკუთრებულ მედიდურ მზერას, არა?
ლილიან როსი: დიახ და საინტერესოა, მაშინ თუ ხვდებოდით, რამხელა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს პერსონაჟი მაყურებელზე?
ქლინთ ისთვუდი: რა თქმა უნდა არა! უბრალოდ ვიცოდი, რომ ბედი უნდა მეცადა. დასაწყისში ეს ერთი მცირებიუჯეტიანი ფილმი იყო, რომელსაც ესპანეთის სტეპებში ვიღებდით. მე ჩემთვის ვფიქრობდი, - აქედან თუ არაფერი გამოვა, ვერც ვერავინ ნახავს და ვერც ვერაფერს გაიგებენ-მეთქი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ფილმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ეს გარკვეულწილად ექსპერიმენტი იყო. ცხოვრება სავსეა ასეთი შემთხვევითობებით და ხანდახან გეძლევა შანსი, ეს შემთხვევითობები შენს სასარგებლოდ გამოიყენო. ასეა კინოშიც. კინო ყველაზე დიდი შემთხვევითობაა...
ლილიან როსი: თქვენი ფილმებისათვის მუსიკის წერა Mystic River-ით დაიწყეთ თუ მეშლება?
ქლინთ ისთვუდი: არა, ეს გაცილებით ადრე მოხდა. მოკლე მუსიკალური თემა ჯერ კიდევ Unforgiven-ისთვის დავწერე და პერიოდულად ვაგრძელებდი ხოლმე საკუთარი მუსიკალური იდეების ჩემივე ფილმებში ჩაგდებას. რაც შეეხება Mystic River-ს, ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა. ყველაფერი ფილმის სამი პერსონაჟით დაიწყო. ამ როლებს თიმ რობინსი, შონ პენი და ქევინ ბეიქონი ასრულებენ. სწორედ ამ სამი პერსონაჟის გარშემო დავიწყე მუსიკალურ თემაზე ფიქრი. ძირითადად ფორტეპიანოსთან ვმუშაობდი. მართალია, საბოლოო ჯამში ფილმის მუსიკა ძალიან ღრმა და რთული არ გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კინოს თანმხლები მუსიკა არც უნდა იყოს ღრმა და რთული; ის უნდა მიჰყვებოდეს და აძლიერებდეს ფილმის თემას, ისე, რომ არ აჭარბებდეს მას. რაც შეეხება Million Dollar Baby-სთვის დაწერილ მუსიკას, თავიდან მარტივი მელოდია მომივიდა თავში, ბლუზის სტილში, მაგრამ შემდეგ ის ფილმის წამყვან მუსიკალურ თემად ვაქციე.
„ნიუ იორკერი“: როდის იწყებთ მუსიკის წერას ფილმებისთვის, - როცა ყველაფერი მზადაა და მონტაჟიც დასრულებულია, თუ საწყისი თემა ფილმზე მუშაობის პროცესშივე გიტრიალებთ თავში?
ქლინთ ისთვუდი: ეს ყოველთვის სხვადასხვაგვარადაა. მაგალითად, მუსიკა Unforgiven-ისთვის ფილმზე მუშაობის დაწყებამდე დავწერე. იყო ერთი დიდებული გიტარისტი, რომელიც არაჩვეულებრივ, მარტივ მუსიკალურ თემებს ასრულებდა და შთაგონებაც მისგან მოვიდა. ზოგჯერ მუსიკა ადრე იწერება, უფრო ხშირად კი მონტაჟის დროს. მაგალითად, ჯოელ კოქსს, რომელიც Mystic River-ის მემონტაჟე იყო, უყვარს როდესაც მუშაობის პროცესში ყველა კომპონენტი ერთადაა შეკრული. ამიტომაც ამ ფილმისთვის მუსიკა მონტაჟის დროს დავწერე. ფილმებისთვის მუსიკის წერაც შემთხვევითობების კასკადზეა აგებული.
ლილიან როსი: ფილმში Bridges of Madison County ეროლ გარნერის თემა გამოიყენეთ, არა?
ქლინთ ისთვუდი: არა, ეროლ გარნერის კომპოზიცია ფილმში Play Misty For Me გამოვიყენე. ეს კომპოზიცია მან 40-იანი წლების ბოლოს დაწერა და მოგვიანებით ტექსტიც მიუსადაგა. ამ სიმღერას რამდენიმე მომღერალი ასრულებდა, მაგრამ ფილმისთვის ორიგინალის გამოყენება ვარჩიე, რადგან ეს მუსიკა ტექსტის გარეშე უფრო ლირიული აღმოჩნდა და ფილმისთვისაც უფრო შესაფერისი.
ლილიან როსი: თქვენი მეუღლე დინა მიყვებოდა, რომ Mystic River-ზე მუშაობისას საათობით იჯექით ფორტეპიანოსთან და მონოტონური აკორდებით უწვრილებდით გულს. მერე კი, უეცრად ერთ საინტერესო მუსიკალურ იდეას გადაეყარეთ, რომელიც დინას მოეწონა და სწორედ მან გირჩიათ ამ თემის გამოყენება ფილმში.
ქლინთ ისთვუდი: ასეც ხდება ხოლმე. ხანდახან დინა მართლა მაძლევს რჩევებს და ხშირად ჩემი პირველი კრიტიკოსიც ის არის.
ლილიან როსი: შეგიძლიათ, გაიხსენოთ, როგორ უკრავდით რეგტაიმებს ახალგაზრდობაში?
ქლინთ ისთვუდი: წარმოიდგინეთ, ხარ სკოლის მოსწავლე, არ თამაშობ ფეხბურთს, რადგანაც გარკვეული თვალსაზრისით ჩამორჩენილი ბავშვი ხარ. არა, ასე ლაპარაკი არ შეიძლება, ვთქვათ, უბრალოდ, სხვებზე უფრო ნელა აზროვნებ. ერთ დღესაც, რაღაც წვეულებაზე მოვხვდი, ვიღაც ბიჭი იჯდა ფორტეპიანოსთან და ბუგი-ვუგის უკრავდა, გოგოები კი ბუზებივით ეხვეოდნენ გარს. ღმერთო, ამის დაკვრა მეც ხომ შემიძლია-მეთქი, გავიფიქრე. წავედი სახლში და აშლილ პიანინოზე ვისწავლე დაკვრა. მერე პოპულარულ მელოდიებზე გადავერთე, შემდეგ კი კლასიკური მუსიკაც შემიყვარდა, განსაკუთრებით კი შოპენი და, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მუსიკალური თემების უმრავლესობა სწორედ შოპენთანაა დაკავშირებული. ძალიან მიყვარს ჯაზი. მიყვარს ოსკარ პიტერსონი და დეივ ბრუბეკი. ეროლ გარნერიც, რა თქმა უნდა, თუმცა ფორტეპიანოსთან მისებური მიდგომის სტილს ნამდვილად ვერ გავიმეორებ, იმიტაცია კი შემიძლია.
„ნიუ იორკერი“: თქვენ ასევე თამაშობდით მიუზიკლში Paint Your Wagon ლი მარვინთან ერთად, არა?
ქლინთ ისთვუდი: ასეა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ნუ იტყვით.
„ნიუ იორკერი“: რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ამ ფილმზე მუშაობის დროს?
ქლინთ ისთვუდი: ყველაფერი საკმაოდ უცნაურად დაიწყო. ევროპაში ვიყავი გადაღებებზე, როდესაც ლონდონში ალან ჯეი ლერნერი ჩამოვიდა ჩემთან შესახვედრად და მთხოვა, მიუზიკლში მონაწილეობა მიმეღო. ვიფიქრე, ღმერთო, რა სისულელეამეთქი. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს კარგი იდეა იყო. მერე კი რატომღაც მაინც დავთანხმდი. ამ ფილმს აღმოსავლეთ ორეგონში ვიღებდით, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. ლი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ. დილიდან ღამემდე ბარში იჯდა და კოქტეილებს მიირთმევდა. ერთხელ მისი ასისტენტი მოვიდა და მითხრა, - როცა ლი ლუდს გთხოვს, უთხარი, რომ არ გაქვსო. მე მივუგე: კი, მაგრამ, მე რომ მაქვს ლუდი ჩემს ტრაილერში, როგორ მოვატყუო ის კაცი? მოატყუეო, ჩამაცივდა. რატომ-მეთქი. იმიტომ, რომ ლუდით რომ იწყებს, მერე არაყზე გადადის და ვეღარც ჩერდებაო... რიჩარდ ბერთონიც ასეთი იყო. ის უელსელი იყო და ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ როგორ უყვართ სმა უელსელებს. ლამის სმის ჩემპიონატებს აწყობენ ხოლმე. ბერთონის და მარვინის გადამკიდე შეიძლება ალკოჰოლიკი გავმხდარიყავი, მაგრამ გადავრჩი და დღეს სერიოზულად მგონია, რომ რძე მართლაც გემრიელი და სასარგებლო სასმელია.
„ნიუ იორკერი“: მიუზიკლში თქვენი ხმაა გამოყენებული, თუ პროფესიონალი მომღერლები მღერიან?
ქლინთ ისთვუდი: ჩვენი ხმაა, მაგრამ აქაც ყველაფერი საკმაოდ უცნაურად გადაწყდა. იმის ნაცვლად, რომ სტუდიაში ჩაეწერათ ყველაფერი, ცოცხლად ვმღეროდით.
ლილიან როსი: იცით თუ არა, რას ფიქრობენ თქვენზე ის მსახიობები ვისაც თქვენთან უმუშავია? იქნებ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ? რა დოზით თანამშრომლობთ მათთან სასურველი შედეგის მისაღწევად?
ქლინთ ისთვუდი: დავიწყებ იმით, რომ ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია, როდესაც მსახიობები რეჟისორობას იწყებენ. საერთოდ, უამრავი სხვადასხვა სპეციალობის მქონე ადამიანი ირჩევს ამ პროფესიას, ხშირად სცენარისტები, ოპერატორები, მაგრამ, მგონი, წლების განმავლობაში დაგროვებულმა შემთხვევებმა ნათელი გახადეს ის, რომ რეჟისორი, რომელიც ადრე მსახიობი იყო, უფრო გულისყურით ეკიდება არტისტების შრომას. საკმაოდ რთული მისიაა მიახვედრო მსახიობს, თუ როგორ აპირებ ამა თუ იმ სცენის გადაღებას და რას მოითხოვ მისგან. არა აქვს მნიშვნელობა, გამოცდილია თუ დამწყებია მსახიობი, ყველასთან ერთნაირი ტაქტიკა მაქვს - ვცდილობ, მუშაობის პროცესი გავუმარტივო. შეუმჩნევლად უნდა შეიყვანო როლში და შეუმჩნევლადვე აკონტროლო მისი თამაში; ისე უნდა დაიწყოს მან გარდასახვა, რომ არ დაძაბო ჩიჩინით - მსახიობი ხარ, მიდი და ითამაშე. ასეთი უშუალო ატმოსფეროს შექმნა გადასაღებ მოედანზე აუცილებელია, თუ გინდა, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო.
ლილიან როსი: გამოგადგათ თუ არა იგივე მეთოდი ანჯელინა ჯოლისთან მუშაობისას? როგორც მითხრეს, ის Changeling-ში შეუდარებელია.
ქლინთ ისთვუდი: ანჯელინა ჯოლი გადასაღებ მოედანზე წედმიწევნით მომზადებული მოდის ხოლმე. იგივეს ვიტყოდი მერილ სტრიპზეც და კიდევ ბევრ სხვა მსახიობზე, ვისთანაც წლების განმავლობაში მიმუშავია. ვინაიდან დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ექსპერიმენტები მიზიდავს, მსახიობები წინასწარ მომზადებულები მოდიან მოედანზე, წინადადებებით სავსენი, ზედმეტი საათები რომ არ დაგვეხარჯოს რეპეტიციებზე. მათ იციან, რომ შედეგს მათგან საკმაოდ მოკლე დროში ველი, და თუ ისინი კარგად მომზადებულნი არიან, სამუშაო პროცესიც უფრო ნაყოფიერი ხდება.
ლილიან როსი: Changeling-ზე მუშაობისას რამდენად ხშირად გიხდებოდათ დეტალური ახსნა-განმარტებების მიცემა მათთვის?
ქლინთ ისთვუდი: გადასაღებ მოედანზე საერთოდ ცოტას ვფილოსოფოსობ ხოლმე. ყოველთვის ვამჯობინებ, ჯერ ვნახო ის, რაც მათ მოიტანეს. თავიანთი როლები მათ ისევე კარგად იციან, როგორც მე. ისინი სწავლობენ სცენარში აღწერილ ისტორიულ რეალობას, რაც ფილმებს უდევს საფუძვლად და მე მათ ვაძლევ იმის უფლებას, რომ მათ მიერ ინტერპრეტირებული ეს ცოდნა გადასაღებ მოედანზე მოიტანონ. ვეუბნები, დამანახე, რას ფიქრობ და რას გრძნობ შენ. ჩემთან ასეთი წესი მოქმედებს, იმოქმედე თავისუფლად და კამერაც შენზე იმუშავებს. მახსოვს, Unforgiven-ზე მუშაობისას, ერთ-ერთი სცენის გადაღებისას რიჩარდ ჰარისს და ჯინ ჰექმანს შევთავაზე, მოდი, ჯერ ცოტა წავირეპეტიციოთმეთქი, მაგრამ შუა რეპეტიციის დროს მივხვდი, რომ რაღაც მართლაც ძალიან კარგი გამოგვდიოდა და აუცილებელი იყო ამ ყველაფრის ფირზე აღბეჭდვა. ამიტომაც, სასწრაფოდ შევაჩერე რეპეტიცია და კამერების ჩართვა ვუბრძანე ოპერატორებს და მათ ასისტენტებს. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დავიწყე განურჩევლად ყველა რეპეტიციის ფირზე დაფიქსირება, რადგანაც არასდროს იცი თუ რა შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბავშვებთან მუშაობ. ხანდახან ისე ვიღებ, რომ მათ არც კი იციან, კამერები ჩართულია თუ არა.
ლილიან როსი: ასეთ შემთხვევებში ზუსტად ის გამოდის ხოლმე, რაც წინასწარ გაქვთ დაგეგმილი, თუ გადაღებული მასალით გაოცებული რჩებით?
ქლინთ ისთვუდი: თუ ის გამომდის, რაც წარმომედგინა, ანდა კიდევ უკეთესი, ცხადია, ბედნიერი ვარ, თუ შედეგად უფრო ნაკლებს ვიღებ - ბუნებრივია, იმედგაცრუებული ვრჩები.
ლილიან როსი: გავიხსენოთ სცენა ფილმიდან Bridges of Madison County, როცა გარეთ წვიმს, მერილ სტრიპი კი მანქანაში ზის და მის მზერაში არის რაღაც აბსოლუტურად მომნუსხველი. ეს მის მიერ იმპროვიზირებული სცენაა, თუ თქვენი ჩანაფიქრი?
ქლინთ ისთვუდი: არა, ეს მთლიანად მერილის იდეა იყო. რა თქმა უნდა, ამ სცენისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი მისი დიდებული ტექნიკის შედეგია. მსახიობები გონიერი ადამიანები არიან, მაგრამ ამავე დროს ინტუიტიურად აზროვნებენ და ხვდებიან როდის რა არის საჭირო. მე აქ იმ გონიერებაზე არ ვსაუბრობ, რაც კოსმოსური ხომალდების ასაგებადაა აუცილებელი. ესაა გონიერება ინსტინქტურად აზროვნების დონეზე. ჩემი ვალია, სწორედ ამის გამომჟღავნების შანსი მივცე მსახიობს.
ლილიან როსი: რა ხდება გადაღებების დასრულების შემდეგ. დიდ დროს ხარჯავთ მონტაჟზე?
ქლინთ ისთვუდი: ამ დროს ძირითადად მემონტაჟეები მუშაობენ, ალაგებენ კომპონენტებს და აწყობენ კადრებს; იციან სცენარი და ამას იოლად ახერხებენ. თუ რაღაც დეტალში ვერ გაერკვევიან, ტელეფონით ვესაუბრებით ერთმანეთს, ვუხსნი, თუ როგორ ვხედავ ამა თუ იმ ეპიზოდს. მე მათ ვენდობი, თანაც მაინტერესებს თუ რა გამოუვათ მათ ასეთი მუშაობის შედეგად.
ლილიან როსი: ვიცი, რომ თქვენ ზედმიწევნით ლოიალური ბრძანდებით თქვენი გადამღები ჯგუფის წევრების მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ თქვენს მეგობრებზე...
ქლინთ ისთვუდი: დიახ, მე როგორც წესი ერთსა და იმავე ადამიანებთან ვმუშაობ ფილმებზე. რაც შეეხება მეგობრებს, ჩემხელა რომ მოიყრებით ბევრი მეგობარი აღარ დაგრჩებათ. რამდენიმე ხნის წინ საშუალო სკოლის იუბილე მოვაწყვე და „კვორუმის“ შესადგენად, პარალელური კლასების დაპატიჟებაც მომიხდა. რამდენიმე ძველი მეგობარი კი მართლა შემომრჩა, და დღემდე ვურთიერთობ მათთან.
ლილიან როსი: კიდევ გყავთ ვერტმფრენი?
ქლინთ ისთვუდი: დიახ, მყავს და ხშირად დავფრინავ კიდეც.
ლილიან როსი: როგორც წესი, მარტო?
ქლინთ ისთვუდი: მხოლოდ მარტო. ვერავინ ბედავს ჩემთან ერთად ფრენას...
ლილიან როსი: ადრე ჩემთვის გითქვამთ, რომ ვერტმფრენით ფრენა მხოლოდ იმიტომ მოგწონთ, რომ თუ ზემოდან რაღაც საინტერესო დაინახეთ, დაშვება შეგიძლიათ...
ქლინთ ისთვუდი: დიახ, ხშირად ვიქცევი ხოლმე ასე. თუ რამე საინტერესოს დავინახავ ზევიდან, ანდა თუ, ვთქვათ, გადავუფრენ ყვავილებიან მდელოს, აუცილებლად დავეშვები ხოლმე, დავათვალიერებ გარემოს ვერტმფრენიდან და მერე ისევ მაღლა ავფრინდები.
ლილიან როსი: იარაღს მართლა კარგად ფლობთ?
ქლინთ ისთვუდი: მონადირე არ ვარ, ცხოველებს არასდროს ვესვრი. მიზანში სროლა კი მიყვარს.
ლილიან როსი: ქუჩაში როცა დადიხართ, ბუნებრივია, გამვლელები გცნობენ. სატვირთო მანქანების მძღოლები ალბათ მოსვენებას არ გაძლევენ, როდესაც Dirty Harry-ის ხედავენ... როგორ იქცევით მსგავს სიტუაციებში?
ქლინთ ისთვუდი: ძირითადად იმედგაცრუებულები რჩებიან, ხელში „მაგნუმი“ რომ არ მიჭირავს...
ლილიან როსი: თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ყველაფერი ყელში ამოგივათ და გაჩერებას ისურვებთ?
ქლინთ ისთვუდი: არ ვიცი... როლს, რომელიც არ მომწონს, არც ვთამაშობ. ყოველთვის ვარჩევ ისეთ მასალას, რომელიც მიზიდავს, რომელშიც რაღაც ახალ გამოწვევას ვხედავ. იგივე ეხება რეჟისურასაც - რაც არ მომწონს და მიზიდავს, იმას არ ვიღებ. არ მომწონს მაყურებლის ემოციებზე თამაში, მათი განცდებით მანიპულირება. ამ დროს შედეგი ყოველთვის უხეირო გამოდის ხოლმე. პირველ რიგში, სცენარი უნდა იყოს ძლიერი, თუ ტექსტს და მოქმედებას არ მოაქვს თავდაპირველი მუხტი, მას ვეღარაფერი უშველის. მაგალითად, უინტერესო სცენარს მუსიკით ვერ გააკეთილშობილებ. მუსიკა სიუჟეტს ზომიერად უნდა შეუსაბამო, ისე, რომ ეპიზოდების შეკვრაში, აზრის განვითარებაში დაგეხმაროს. მაგრამ ზომიერება აუცილებელია, მუსიკის ემოციურობამ არ უნდა გადააჭარბოს მოქმედებას.
ლილიან როსი: მოდი, ახლა მაყურებელსაც ვთხოვოთ დასვან შეკითხვები...
კითხვა დარბაზიდან: მოკლედ გკითხავთ: კომედიის გადაღებას თუ გეგმავთ?
ქლინთ ისთვუდი: კარგად გაცინებას რა ჯობს, და კომედიაზე მუშაობაც მაგარია. ცოტა საფრთხილო გასაკეთებელია, მაგრამ სახალისო ნამდვილადაა. Changeling-ი ზედმეტად სერიოზულ პრობლემას ეხება და მასში კომედიურ ელემენტებს ვერ შევიტანდი, სამაგიეროდ, Gran Torino-ს არ აკლია მსგავსი ელემენტები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ფილმი ცალსახად კომედიაა.
კითხვა დარბაზიდან: მოახლოებული არჩევნების ფონზე როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს პრეზიდენტობის კანდიდატს?
ქლინთ ისთვუდი: წლების წინ, როცა ყველა სტანისლავსკის სისტემაზე ლაპარაკობდა, და როცა ყველა ცდილობდა, ეპოვნა საკუთარი სამსახიობო სტილის სრულყოფის გზა, ჯეიმზ ქეგნის ჰკითხეს, თუ რა იყო მისი სტილი და სისტემა. მან უპასუხა, - მაგრად იდექი და სიმართლე ილაპარაკე. ვფიქრობ, რომ მისი სიტყვები კარგი რჩევა იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის.
კითხვა დარბაზიდან: რომელია თქვენი საყვარელი ფილმები?
ქლინთ ისთვუდი: მოდი, შორიდან დავიწყებ. ძალიან მომწონდა ჯონ ჰიუსთონის Treasure of Siera Madre და მისი ადრეული ფილმები, ჯერ კიდევ film noir-ის ჟანრში რომ მუშაობდა. ძალიან მომწონს ჯონ ფორდის Grapes of Wreath, არაჩვეულებრივი ფილმია. საერთოდ, ფილმები პოპულარული სიმღერებივითაა. რადგანაც ამ სიმღერებთან თქვენ საკუთარი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს აკავშირებთ და ამ სიმღერების მეშვეობით იხსენებთ, თუ რას აკეთებდით ამა თუ იმ დროს... ძალიან, ძალიან ბევრი ფილმი მომწონს. ავიღოთ თუნდაც ბილი უაილდერის Sunset Boulevard, ან ჰოვარდ ჰოუქსის ნებისმიერი ფილმი. ახლებზე ვერაფერს გეტყვით, იმდენს ვმუშაობ, რომ ნახვასაც ვერ ვახერხებ.
კითხვა დარბაზიდან: ახლა ერთი ინტელექტუალური კითხვა უნდა დაგისვათ და არ დაიბნეთ. კითხვა ასეთია: მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ სამი ცნობილი ადამიანის კოცნა მომნდომებია: რობერტ რედფორდის, ჯონ კენედი უმცროსის და, რა თქმა უნდა, თქვენი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა თქვენ აქ ხართ. რობერტ რედფორდსაც შევხვედრივარ პირისპირ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ თქვენს კოცნაზე ოცნება მაინც ყველას სჯობდა. უთქვამს თუ არა რომელიმე თქვენს პარტნიორ მსახიობ ქალს, რომ არაჩვეულებრივი კოცნა იცით?
ქლინთ ისთვუდი: დიახ, რამდენჯერმე ყოფილა ასეც.
კითხვა დარბაზიდან: არ მინდა პოლიტიკისკენ წავიყვანო ეს საუბარი, მაგრამ როგორც ერთ-ერთ ყოფილ ჩინოვნიკს, მაინტერესებს, არ გაბრაზებთ ის, რომ რესპუბლიკელებს არასდროს შემოუთავაზებიათ თქვენთვის ვიცე-პრეზიდენტობის პოსტი?
ქლინთ ისთვუდი: სულაც არა. მართალი რომ გითხრათ, ერთხელ ერთ-ერთ თავყრილობაზე, რომელსაც პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ, ჯონ მაკეინი მომიახლოვდა და საუბარი გამიბა, მაგრამ სანამ თვითონ შემომთავაზებდა რამეს, დავასწარი და მივახალე: არც კი იფიქროთ! მართალია, ერთი პატარა ქალაქის მერი კი ვიყავი, მაგრამ პოლიტიკა არ მიზიდავს. პოლიტიკაში როცა ხარ, სული უნდა გაყიდო.
კითხვა დარბაზიდან: თქვენი შემდეგი ფილმი ნელსონ მანდელაზე იქნება. მე მანდელას დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ამავე დროს ვარ სამხრეთ აფრიკელი მსახიობი. ბუნებრივია, მაინტერესებს თუ როგორ აპირებთ ასეთ მასშტაბურ თემას გაუმკლავდეთ...
ქლინთ ისთვუდი: ნუ მაშინებთ... თქვენი რეპლიკის შემდეგ უკვე აღარ ვიცი, გამომივა კი რამე? ისე კი, ეს მართლაც რომ არაჩვეულებრივი ისტორიაა. როცა მანდელა ციხიდან გამოვიდა და პრეზიდენტი გახდა, იმის მაგივრად, რომ ადამიანების კანის ფერზე გაემახვილებინა ყურადღება, თავისი გუნდი პროფესიონალიზმის ნიშნით ჩამოაყალიბა. ჩინოვნიკებს ეგონათ, რომ მანდელას მოსვლის შემდეგ აუცილებლად უნდა დაეტოვებინათ პოსტები და შეგუებულებიც კი იყვნენ ამ აზრს, ალაგებდნენ ჩანთებს, ემზადებოდნენ... მან კი საქმის მცოდნენი თავიანთ პოსტებზე დატოვა, და შემდეგ იმდენი მოახერხა, რომ ქვეყნის გაერთიანებაც შეძლო. თუნდაც, აი, ეს ამბავი რად ღირს: სამხრეთ აფრიკას ჰყავდა ძალიან ძლიერი რაგბის გუნდი, რომელსაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ეკრძალებოდა, და ისინი მხოლოდ იმიტომ აგრძელებდნენ ვარჯიშს, რომ თამაში უყვარდათ. მანდელა შეხვდა მათ და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათში იმედი გაეღვივებინა. მან დაარწმუნა ისინი, რომ ღირსეულ თამაშს შეძლებდნენ და მართლაც ასე მოხდა - იმ წელს სამხრეთ აფრიკის გუნდს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ სამხრეთ აფრიკა მასპინძელი ქვეყანა იყო, მანდელას სიტყვებით გამხნევებულმა ეროვნულმა ნაკრებმა კი იმ დროის უძლიერესი გუნდი დაამარცხა. ნელსონ მანდელას ბიოგრაფია - ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა საზოგადოება შთაგონებით აავსოს. ახლა ჩვენ ქვეყანაში ხალხს სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს. ამ ფილმით კი ყველანი მივხვდებით, რომ ისეთ ლიდერზე ოცნება, რომელიც მთელ ქვეყანას შთაგონებას და მომავლის იმედს დაუბრუნებს, უმნიშვნელოვანესი რამაა.
![]() |
21 ტულკუ |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: ნინო ჯაფიაშვილი
ფოტო: დავით მესხი
- შენ ღმერთი ხარ? - ჰკითხეს მათ ბუდას.
- არა, - უპასუხა მან.
- აბა, ანგელოზი?
- არა.
- წმინდანი?
- არა.
- მაშ, ვინ ხარ შენ?
- გამოღვიძებული, - უპასუხა ბუდამ.
ძოგჩენ რანაკ დზა პატრულ რინპოჩე ტულკუდ ბავშვობაში აღიარეს. ტულკუს ტიბეტში იმ ლამებს უწოდებენ, რომელთაც წინა ცხოვრებაში შეეძლოთ ნირვანაში გადასულიყვნენ, თუმცა, სხვა ცოცხალი არსებების მიმართ თანაგრძნობის და სიყვარულის გამო, მათ ადამიანად ხელახალი დაბადება საკუთარი ნებით აირჩიეს.
„ყველა ხელახლა იბადება, ყველა რეინკარნაციაა, მაგრამ ტიბეტელი ბუდისტები აღმოაჩენენ ხოლმე ძალიან, ძალიან სპეციფიკურ რეინკარნაციებს. ამ გასხივოსნებულმა არსებებმა წინა ცხოვრებაში გონების ჭეშმარიტი ბუნების რეალიზება შეძლეს. ამ მომენტში შენ შეგიძლია შეწყვიტო ხელახალი დაბადება, შეწყვიტო რეინკარნაციის პროცესი ან შეგიძლია გააგრძელო ცოცხალი არსებების სწავლება და დახმარება. ასეთ განსაკუთრებულ რეინკარნაციებს ტიბეტელები ტულკუს ვეძახით. ვინც რეინკარნაციად მიაჩნიათ, იმ პიროვნებასთან მიაქვთ მისი წინა ცხოვრებიდან რაიმე ნივთები, მაგალითად - სათვალე, ჯამები და სხვა საგნების გვერდით აწყობენ. ტულკუმ საკუთარი უნდა ამოიცნოს. ის, რაც შენია, უნდა იცნო, ხომ ასეა?“ - მშვიდად მეკითხება პატრულ რინპოჩე.
მეოთხე და დღევანდელი პატრულ რინპოჩე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტიბეტელი ლამის, პირველი პატრულ რინპოჩეს რეინკარნაციად არის აღიარებული. როდესაც ვეკითხები, ახსოვს თუ არა მას, როგორ მიაგნეს, ღიმილით მპასუხობს: „შენ ბევრი არაფერი იცი ამის შესახებ, არც სხვებმა, ხომ ასეა? ყველაფერი არც მე ვიცი, თუმცა ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, საერთოდ არაფერი მახსოვს და არაფერი ვიცი-მეთქი. ამიტომ, მოდი, საკითხი ასე დავსვათ: ვთქვათ, ვიმეორებ, ვთქვათ, მე ვარ პატრულ რინპოჩეს რეინკარნაცია. რა მევალება, რა არის ჩემი საქმე? რატომ მომძებნეს, რატომ ამომიცნეს, რატომ დამარქვეს მასწავლებელი?
პატრულ რინპოჩე მთელ ტიბეტში უდიდესი ოსტატი იყო. მას ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავდა, ბევრს უყვარდა და ისიც ყველას ეხმარებოდა; ასწავლიდა, როგორ გაყოლოდნენ ბუდას გზას და გამხდარიყვნენ თავისუფლები. ჩემი საქმეც მხოლოდ ეს არის - მისი მიმდევარი ვიყო, მისი სწავლება გავაგრძელო.
პირველ პატრულ რინპოჩეს თავისი 500 წინა ცხოვრება ახსოვდა. როცა გონების სრულ რეალიზებას აღწევ, მაშინ ყოვლისმცოდნე ხდები. ასეთი იყო ბუდა. და ასეთი რეინკარნაციებიც, როგორც წესი, ბუდები არიან, გესმის?“
პირველი პატრულ რინპოჩე მე-19 საუკუნის ტიბეტში, ქამის პროვინციაში დაიბადა. ის ძოგჩენის სკოლის უდიდესი მასწავლებელი და ძალიან ექსცენტრიული ბერი იყო.
როგორც წესი, ბუდისტი ბერები მირთმეულ ძღვენს მოწაფეებს და მათხოვრებს ურიგებდნენ, ან მონასტრებისა და ბიბლიოთეკების მშენებლობას ახმარდნენ. პატრულ რინპოჩე კი ყველაფერს ყრიდა. მან მთელი ცხოვრება როგორც უპოვარმა ისე გაატარა, გამოქვაბულიდან გამოქვაბულში ხეტიალში. ერთი ჩვევა ჰქონდა: ნებისმიერ საჩუქარს, რაგინდ ძვირფასიც უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ეს ფული, ოქრო თუ სხვა რამ, ის უბრალოდ ზურგს უკან მოისროდა ხოლმე. როდესაც კელია ძღვენით ივსებოდა და თავისუფალი სივრცე აღარ რჩებოდა, პატრულ რინპოჩე იქაურობას ტოვებდა და სხვა განმარტოებულ ადგილას გადადიოდა. ხალხი მიტოვებულ ძღვენს „ბებერი პატრულის საგანძურს ეძახდა“. ბერის ავტორიტეტის გამო, განძის ხელის ხლებას თავიდან ვერავინ ბედავდა. თუმცა, დროთა განმავლობაში „ბებერი პატრულის საგანძურიც“ გაიქურდა. როდესაც ეს ამბავი დიდი ჯამიანგ ქჰენცე ვანგპოს ყურამდე მივიდა, მან გაბრაზებულმა თქვა: „ამ შტერმა პატრულმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ძღვენი. იმის მაგივრად, რომ თავისი ღვაწლი ქველმოქმედებით გაამდიდროს, განძს ქურდებს უგდებს ხელში, ნამდვილი სულელია!“ ამ ამბის შემდეგ პარტულ რინპოჩემ კიდევ უფრო ექსცენტრიული გადაწყვეტილება მიიღო. მირთმეული ძღვენი მან უზარმაზარი ქვის კედლის მშენებლობას დაახარჯა. თითოეულ ქვაზე ერთადერთი მანტრა იყო ამოტვიფრული - „ომ მანი პედმე ჰუმ“.
პატრულ რინპოჩეს მეოთხე რეინკარნაციას მე თბილისში შევხვდი. რამდენიმე წელია, მას აქ მოსწავლეთა პატარა ჯგუფი ჰყავს, რომლებთანაც რამდენიმე დღით ჩამოსვლას წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს.
- რინპოჩე, რატომ იფიქრეთ, რომ საქართველოში ჩამოსვლა კარგი იდეა იქნებოდა. როგორ მოხვდით აქ?
„არაფერი დამიგეგმია, შემთხვევით აღმოვჩნდი. თუმცა ჩემი გრძნობებიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაც კარმული კავშირი მქონდეს საქართველოსთან. როცა აქ ვარ, ყოველთვის ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს - როგორც საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში. ამიტომ აქ პატარა მიწა ვიყიდე და ცენტრიც დავაარსე,“ - მეუბნება რინპოჩე.
პატრულ რინპოჩეც, პირველი პატრულის მსგავსად, ტიბეტში, ქამის პროვინციაში დაიბადა. ამბობენ, რომ ბავშვობაში კითხვა არ უსწავლია - მამამ ერთხელ ალფავიტი და ასოების კომბინაცია აჩვენა და ეს საკმარისი აღმოჩნდა. მას სკოლაში არასდროს უვლია, ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭივით თოთხმეტ წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ კი ძოგჩენის მონასტერში წავიდა. სადაც გალობა, წმინდა ცეკვები, მუსიკა, ხატვა, მანდალების შექმნა და მანტრების კითხვა სრულყოფილად შეისწავლა. („კულტურისთვის ხელოვნება მიზანია, ბუდიზმისთვის კი მხოლოდ საშუალება. ხელოვნება ბუდიზმს სიბრძნის ასპექტში ჩამორჩება,“ - ეს ფრაზა პატრულ რინპოჩეს ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე და ახლა გამახსენდა, როდესაც დავფიქრდი, რატომ ასწავლიან ბუდისტ ბერებს ხელოვნებას.)
ექვსი წლის შემდეგ პატრულ რინპოჩე ძოგჩენის შრი სინგხის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც მას ბუდას სწავლება უდიდესმა ტიბეტელმა სულიერმა მოღვაწეებმა გადასცეს. დედის სიკვდილის შემდეგ ის ერთი წლით იმ გამოქვაბულში გამოიკეტა, სადაც პირველმა პატრულ რინპოჩემ თავისი ცნობილი წიგნი „ჩემი სრულყოფილი მასწავლებლის სიტყვები“ დაწერა.
30 წლისამ კი ტიბეტი დატოვა და პილიგრიმი გახდა, ჯერ ინდოეთში ჩავიდა, შემდეგ კი, ისევ შემთხვევის წყალობით, ევროპაში აღმოჩნდა. თავისი მოწაფეების თხოვნით, ის უკვე ათ წელზე მეტია, რაც იქ ცხოვრობს. „მე თავშესაფარი ბელგიაში ვითხოვე, ასე რომ, ახლა ბელგიელი ვარ, - ხმამაღლა იცინის ტიბეტელი ბერი და ამატებს, - ახლა კი შეიძლება ქართველიც გავხდე.“ პატრულ რინპოჩეს მთელ მსოფლიოში - თხუთმეტამდე დჰარმა ცენტრი და ასობით მოსწავლე ჰყავს. თავისი ძვირფასი დროის უმეტეს ნაწილს ის ქვეყნიდან ქვეყანაში ფრენასა და ცოდნის გადაცემას ანდომებს. ის იმ ათასობით ტიბეტელ სულიერ ლიდერს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ჩინეთის ოკუპაციის შემდეგ სამშობლო დატოვეს.
- რინპოჩე, თუ შეიძლება ტიბეტის ოკუპაციის დადებით მხარედ ჩაითვალოს ის, რომ, თქვენი და სხვა ლამების წყალობით, ბუდიზმი უფრო ხელმისაწვდომი გახდა მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ჩათვლით?
„ბუდას სწავლება არავის საკუთრება არ არის. ის ყველას ეკუთვნის. თავად ტიბეტში, შესაძლებელია, პრაქტიკოსების რიცხვი შემცირდა, მაგრამ ბევრი დიდი ოსტატი მაინც იქ დარჩა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა ტიბეტში არასდროს გაქრება.
თუმცა ისიც მართალია, რომ ეს ცოდნა ახლა უფრო მეტად აღწევს დასავლეთამდე და, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთისთვის ბუდას სწავლება უფრო და უფრო ჩვეულებრივი ხდება. მე მხოლოდ ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც ასწავლის. ერთი ქვეყნიდან მეორეში ვმოგზაურობ, შეიძლება კარმული კავშირებიც კი მქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც მოულოდნელად, სრულიად შემთხვევით ჩემი ოჯახის წევრები ხდებიან. ერთად ვსწავლობთ, ერთმანეთს ცოდნას ვუზიარებთ, განვითარებაში ვეხმარებით, ბედნიერებას განვიცდით.“
- როგორ ფიქრობთ, სულ უფრო დიდი დაინტერესება ბუდიზმით ცვლის თუ არა სამყაროს უკეთესობისკენ?
„რაღაც თვალსაზრისით - კი, თუმცა ძალიან ძნელია, ჩვენი სამყარო კარგის საშუალებით შეცვალო. ეს სამყარო ყოველივე ცუდის ძალიან დიდ ზეგავლენას განიცდის. გამარჯვებული ყოველთვის ცუდი გამოდის, კარგი კი - წაგებული. ეს ჩვენი ბუნებაა, ეს რეალობაა. აი, ვთქვათ, ლამაზი სახლის აშენებას სჭირდება ბევრი ფული, ბევრი მასალა და ბევრი დრო, მის დანგრევას კი ერთი წამი. თვალის ერთ დახამხამებაში შეგიძლია ყველაფერი მტვრად აქციო.“
პატრულ რინპოჩე მიხსნის, რომ ბუდიზმი არ არის სოციალური მოვლენა. ეს სრულყოფილების ინდივიდუალური ძებნაა. ბუდისტი მას საკუთარ თავში ეძებს. ის მარტო მიდის წინ თავის სულიერ გზაზე. რა თქმა უნდა, ბუდიზმის იდეები ზეგავლენას ახდენს მათზე, ვინც მას მიჰყვება, მაგრამ თავისთავად ის არანაირ სოციალურ მიზნებს არ ისახავს, არ ისწრაფვის, შექმნას გავლენის ჯგუფი და საზოგადოების მოწყობის წესებს არავის ახვევს თავს.
„სინამდვილეში ბუდიზმი ეს არის მცდარი აღქმისგან გამოღვიძებული არსებების აზრები და განზრახვები, რომლებიც ორ უდიდეს პრინციპამდე შეიძლება დავიყვანოთ: სიბრძნე და თანაგრძნობა.
ბუდიზმი ეს ძალიან ტოლერანტული სისტემაა, რომელიც ანვითარებს სიბრძნეს. და რაც უფრო ბრძენი ხდები, მით ღია ხდება შენი გონებაც; არ რჩები ცალმხრივი და შეზღუდული, მზად ხარ, მიიღო ყველაფერი. დღეს არა მარტო ბუდისტები, არამედ მეცნიერებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბუდიზმი არ არის რელიგია. ბუდიზმი ეს არის მეცნიერება გონების შესახებ.
ბუდას სწავლება გონებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, იკვლევს მოვლენათა, საგნებისა და ცოცხალ არსებათა ჭეშმარიტ ბუნებას, გონების ჭეშმარიტ ბუნებას. რა უფრო მნიშვნელოვანია მატერია თუ გონება? რომელს მოაქვს ბედნიერება? რომელი უფრო ღირებულია?
ბუდისტებისთვის გონება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. როდესაც გონება ბედნიერია, იქ მატერია მნიშვნელობას კარგავს. როდესაც გონება იტანჯება, მთელი ამ ქვეყნის სიმდიდრეც რომ გქონდეს, ბედნიერი ვერ გახდები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ როგორ მუშაობს გონება. ჩვენ გვჭირდება მეცნიერული მეთოდები იმისათვის, რომ ვმართოთ გონება, დავამშვიდოთ და გავხადოთ უფრო სტაბილური, ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები.
ჩვენ, ბუდისტები, ზოგიერთ ადამიანს, ზოგიერთ მასწავლებელს ვეძახით ოსტატს. მაინც რატომ ვხმარობთ ტერმინს - „ოსტატი“? იმიტომ, რომ ისინი საკუთარ გონებას განკარგავენ. ისინი უდიდესი ოსტატები არიან საკუთარი თავის და აღქმის მართვაში. თუკი ჩვენ ვისწავლით საკუთარი გონების მართვას, უმაღლესი არსებები გავხდებით, უმაღლესი სიბრძნით და რეალიზაციის უნარით. ბუდიზმში ჩვენ ასეთ არსებებს გასხივოსნებულებს ვუწოდებთ, არსებებს, რომელთაც ბუდას გონების რეალიზება მოახერხეს.“
- შეგიძლიათ უფრო დეტალურად ახსნათ, რას ეძახით ბუდისტები ბუდას გონებას?
„ბუდას გონება ეს არის გონების ჭეშმარიტი ბუნება, ორიგინალური გონება, ბაზისური გონება, თუ გნებავთ.
მოდით, განვიხილოთ წყლის მაგალითზე. წყალი შეიძლება იყოს ჭუჭყიანი და შეიძლება იყოს სუფთა. რატომ? იმიტომ, რომ წყალს აქვს ბუნება. ეს ბუნება არც ჭუჭყიან წყალს ეკუთვნის და არც სუფთა წყალს. რომ არა ეს ბუნება, წყლის რაღაც ნაწილი მხოლოდ ჭუჭყიანი იქნებოდა და ვერასდროს შევძლებდით მის გაწმენდას, წყლის მეორე ნაწილი კი იქნებოდა მუდმივად სუფთა და ვერასდროს შევძლებდით მის დაბინძურებას.
ზუსტად ასევე აქვს ბუნება ყველაფერს, ყველა ფენომენს. თავისი ბუნება აქვს გონებასაც. გონების ჭეშმარიტ ბუნებას სწორედ რომ ბუდას გონებას ვეძახით. ეს შენი პირადი პოტენციალია, შენი გონების ხარისხი.
მაგალითად, როცა ბრაზობ, ეს დაბინძურებული გონებაა. მაგრამ ასეთი სახით გონება არ არის მუდმივი, უცვლელი. იგივე შეიძლება ვთქვათ ბედნიერ გონებაზეც. ბედნიერი გონება სუფთა გონებაა, თუმცა არც ეს მდგომარეობაა მუდმივი და უცვლელი. მაგრამ გონებას აქვს უნარი, იყოს ამ ორივე მდგომარეობაში, გამოავლინოს ეს ორი მდგომარეობა, ამის მიზეზი კი გონების ჭეშმარიტი ბუნებაა. ბუდისტები ამას ჭეშმარიტ ბუნებას ვარქმევთ. ეს არის წყარო ორივე მდგომარეობისა.
ყველა ცოცხალ არსებას აქვს ბუდას ბუნება. ჩვენ ბუდისტებს არ გვწამს ღმერთის არსებობის. ჩვენ გვჯერა ქრისტეს და ბუდას არსებობის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გვჯერა ბუდას ბუნების, როგორც ჩვენი პოტენციალის, ჩვენი რეალიზაციის ხარისხის.
თუკი შენც მოახერხებ შენი გონების აბსოლუტურ რეალიზებას, შენ გახდები შენი გონების და აღქმის მბრძანებელი, შენი გონების და აღქმის მმართველი. და შენი გონება აღარ იქნება დამოკიდებული ტანჯვის და ბედნიერების გარკვეულ დინებებზე. თუკი ერთხელ მოახერხებ გონების ჭეშმარიტი ბუნების რეალიზებას, გათავისუფლდები.
ბუდას გონებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ თუ ღარიბი. ის ყველას აქვს - ქალს, კაცს, ბავშვს, ახალგაზრდას, მოხუცს, ყველას. ამ თვალსაზრისით, ყველას შეუძლია ივარჯიშოს.
ბუდა სრულ თავისუფლებას გვაძლევს. თუნდაც ის, რაც მე ვთქვი, არ არის სავალდებულო, რომ ირწმუნოთ. თქვენ უბრალოდ ეს უნდა მიიღოთ იმისათვის, რომ გააანალიზოთ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. არც სხვადასხვა სისტემების მიყოლაა სავალდებულო. ზოგიერთი სისტემა კარგია, ზოგიერთი არც ისე, ზოგიერთი ინტელექტუალურად გაზვიადებულია და არც ისე პრაქტიკული. თქვენ კი ღია და თავისუფლები უნდა იყოთ. ბუდა ამბობს, - რაც არ გინდა რომ გააკეთო, ნუ გააკეთებ. ბუდა იყო ადამიანი, რომელმაც დაამსხვრია და გააუფასურა ყველა მოლოდინი და ყველა კანონი. ჩემი აზრით, ის ყველაზე დიდი ჰიპი იყო. მაგრამ, იცი რა? ძალიან მაგარი „ჰიპობაც“ არ არის კარგი - სამუშაოს ადვილად ვერ იშოვი.“
- თუკი ყველა ცოცხალ არსებას აქვს ბუდას ბუნება, რატომ ამბობთ ხოლმე ბუდისტები ადამიანთა ნაწილზე, რომ ისინი ჩვეულებრივი, უაზრო არსებები არიან?
„იმიტომ, რომ ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავით არიან დაკავებულნი, მუდმივად მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. მაგრამ იგივეს არ აკეთებენ ცხოველებიც? როცა ცხოველს შია - ეძებს საჭმელს, როცა სწყურია, ეძებს წყალს. ჩვეულებრივი ადამიანები ძალიან გვანან ამ ცხოველებს. ისინი არასდროს ფიქრობენ სხვებზე და ჩვეულებრივი, ნორმალური არსებები არიან. ხანდახან მათ უაზრო ადამიანურ არსებებსაც ეძახიან. რატომ უაზრო? იმიტომ, რომ არ აცნობიერებენ ადამიანური არსებობის ფასს. მაშ რა აზრი აქვს იმას, რომ ისინი ადამიანებად დაიბადნენ?
ჩვენ სულ სინანულში ვატარებთ დროს, პრობლემებზე ფიქრში, წუწუნში, რომ რაღაც არ გვყოფნის, უფრო მეტი გვინდა. და იმას ვერ ვაცნობიერებთ, თუ რას ვფლობთ. ჩვენ ვფლობთ უძვირფასეს ადამიანურ სხეულს, განსაკუთრებულ უნარებს და შესაძლებლობებს.“
- რა შეიძლება გახდეს ჩვენი გონებისთვის ყველაზე საშიში ხაფანგი?
„ბუდისტები თვლიან, რომ ხუთი რამ წამლავს გონებას: მიჯაჭვულობა, მრისხანება, ხიბლში ყოფნა, სიამაყე და შური. ჩვენ მუდმივად საკუთარი თავით ვართ შეპყრობილები, სულ ასე ვფიქრობთ: მინდა ვიყო ბედნიერი, მინდა მქონდეს ყველაფერი. ეს ეგოზე ორიენტირებულობა შეზღუდულს ხდის ჩვენს გონებას. ასეთი მდგომარეობა გვაკარგვინებს სხვისი გაგების და თანაგრძნობის უნარს. ბუდას სწავლება - ეს, რაღაც თვალსაზრისით, ანტიდოტია ეგოზე ორიენტირებისგან. ის გვათავისუფლებს, გონებას გვიხსნის და უფრო მგრძნობიარეს გვხდის.
შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ, ადამიანებს გვიჭირს, დავაფასოთ ის, რაც გვაქვს; ბედნიერები ვართ, მაგრამ ვერც კი ვხვდებით ამას.
როდესაც რაღაც მიღწევებზე ვფიქრობთ და გეგმებს ვაწყობთ, ყოველთვის მომავალში ვიმყოფებით. აი, მე რაღაცას მივაღწევ, რაღაც მექნება, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ახლა კი არა, მომავალში! ბედნიერება კი მხოლოდ აქ არის და ახლა.
მაგალითად, როდესაც ვსვამთ ჩაის და ჩვენი გონება აცნობიერებს ამას - აი, ახლა მე ვსვამ ჩაის. ამ დროს გონება მოცემულ მომენტშია და მას შეუძლია აღიქვას ჩაის ნამდვილი გემო. ესაა სწორედ სიცოცხლის გემო, რითაც ჩვენ სიცოცხლეს ვუსინჯავთ გემოს, ეს სიცოცხლის მომენტია. მხოლოდ ამ ჭეშმარიტების მომენტში, ცხოვრების მომენტში შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩაის ნამდვილი გემო. ასეთ მომენტებში ჩვენს გონებას სპონტანურად, მომენტალურად შეუძლია გახდეს ბედნიერი. ხოლო, როცა ვსვამთ ჩაის და ჩვენი გონება დაკავებულია რაიმეთი ან წარსულიდან ან თუნდაც მომავლიდან, გვიჭირავს ჭიქა ჩაი, ვსვამთ, მაგრამ ჩაი ქრება. ვინმემ შეიძლება გვკითხოს, - მოგწონს ჩაის გემო? და შეიძლება ვუპასუხოთ, - კი, - მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ის არც კი გაგვისინჯავს, არც კი გაგვირკვევია, კარგია თუ არა.
იმისათვის, რომ ვიყოთ ბედნიერები ახლა და ამ მომენტში, არ არის საჭირო ძალიან, ძალიან შორს ყურება და შორეული გეგმების დაწყობა. ამისათვის საჭიროა, რომ რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენი გონება მოცემულ მომენტს აცნობიერებდეს.
სად არის რეალობა? წარსულში? არა, ის უკვე წარსულია. მომავალში? არა, ის ჯერ არ დამდგარა. რეალობა მხოლოდ მოცემულ მომენტშია. გონებას მხოლოდ მოცემულ მომენტში შეუძლია ყოფნა. სწორედ მოცემული მომენტი არის ჭეშმარიტი რეალობა.
ნუ იფიქრებთ ასე: მე ბედნიერი ვიქნები ხვალ, მომავალ კვირას, მომავალ თვეს, მომავალ წელს, ეს ძალიან საეჭვო საქმეა. იცით რა, შეიძლება იმ მომენტისთვის სული განუტევოთ. ისე, ზოგიერთი ბუდისტი ბედნიერებას მომავალ ცხოვრებაშიც კი გეგმავს ხოლმე.
მოცემული მომენტის გონება, ეს უძვირფასესი, გმირი გონებაა. ეს გონება არ არის დამოკიდებული შიშებზე და მოლოდინებზე. რა სიტუაციაშიც უნდა მოვხვდეთ, რა კატაკლიზმებიც უნდა შეგვემთხვეს, ამ გონებას დარტყმას ვერაფერი მიაყენებს. თუ ჩვენ მოცემული გონების აღმოჩენას შევძლებთ, რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი ბედნიერების წყაროდ იქცევა.“
- საოპერაციო მაგიდაზე ყოფნაც? - ეკითხება პატრულ რინპოჩეს მისი ერთ-ერთი მოწაფე.
„არ აქვს მნიშვნელობა, თუ მოცემული მომენტის გონებას ვაცნობიერებთ. თუ ვერ ვაცნობიერებთ, მაშინ ოპერაცია ოპერაცია ხდება, ძალიან მტკივნეული რამ. თუ შეგვიძლია ოპერაციის გაცნობიერება და მიღება, მაშინ ოპერაციაც კი არ არის დიდი ამბავი. როცა არ შეგვიძლია მიღება, მაშინ შიში გვიპყრობს. ფიქრობ: ცუდად რომ ჩაიაროს, რომ მოვკვდე? და ოპერაცია ტანჯვის მიზეზი ხდება.
ოპერაცია ისე საერთოდ რთული რამეა, ეს გარემოებაა, სიტუაციაა. რომ მიიღო ის, გააცნობიერო, ასე უნდა იფიქრო - დიახ, მე მივდივარ ოპერაციაზე, მაგრამ ეს შეიძლება დიდი გამოცდილება გახდეს. შეიძლება მოვკვდე, მაგრამ მე ვერაფერს შევცვლი. მე ხომ როდესღაც მაინც უნდა მოვკვდე და თუ გამოვკეთდი, ძალიან კარგი.
როდესაც ბუდა შაკიამუნიმ პირველად ნახა, როგორია მოხუცებულობა, ავადმყოფობა და სიკვდილი, იკითხა:
- ეს რა, სინამდვილეა, ეს რეალობაა?
- დიახ, ყველა გადის ამ მდგომარეობას, - უპასუხეს მას.
- მეფე და მეფის ოჯახიც? - მაშინ ბუდა პრინცი იყო.
- კი, მეუფეო, მაპატიე, მაგრამ ასეა. როდესღაც მეფე და მისი ოჯახიც დაბერდებიან, იავადმყოფებენ და გარდაიცვლებიან, - უპასუხა მას მსახურმა.
- იქნებ შეიძლება ვიღაცას ფული გადავუხადოთ და თავიდან ავიცილოთ სიბერე, ავადმყოფობა და სიკვდილი? - იკითხა პრინცმა.
- არა! ეს გარდაუვალია, მეუფეო, - მიუგო მსახურმა.
იგივეა ოპერაციაც. არის რაღაც სიტუაციები, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია, გარდაუვალია და ჩვენ უნდა გავიაროთ ეს პროცესი. და ამ დროს უკეთესია, მიიღო ეს ყველაფერი, მაშინ ტკივილიც კი შეიძლება გაქრეს.
მეც გამოვიარე ოპერაცია. ეს რთული ამბავია. მინდოდა ამ პროცესის გამოცდა, გავლა, რაღაც გამოცდილების მიღება. მაგრამ იმდენი აირი მასუნთქეს, რომ უგონოდ დამეძინა. ოპერაცია საღამოს გამიკეთეს. დილით ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა, ოპერაცია ისევ გრძელდებოდა, ვიფიქრე: ახლა მართლა გამოვცდი რა არის ეს-მეთქი, - და ისევ აირი და ისევ ძილი. როცა საბოლოოდ გავიღვიძე, უკვე პალატაში, საწოლში ვიწექი. მოკლედ, ვერ გავიგე, ეს რა იყო.
ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ მიჯაჭვულები საკუთარ სხეულს. პატარა პრობლემა და, მაშინვე ვიწყებთ წუწუნს და მოთქმას. თუკი ვიღებთ სიტუაციას, თუ შეგვიძლია მოცემულ მომენტში არსებობა, მაშინ სიკვდილიც კი არაა ისე რთული, სიკვდილიც კი არ არის დიდი გამოწვევა.“
- როგორ უნდა აღმოაჩინო, გაერკვე, შეისწავლო, იპოვნო, რა არის მნიშვნელოვანი - რა შეიძლება გახდეს ჩვენთვის დასაყრდენი ცხოვრებაში და რა - სიკვდილისას?
„ბუდამ 84 ათასი სხვადასხვა სწავლება დატოვა, რაც ძალიან დიდი ცოდნის მარაგია. ყველა მათგანი გვასწავლის, თუ როგორ ვიცხოვროთ სწორად და როგორ მოვკვდეთ სწორად.
როდესაც ჩვენ ბუდაზე ვლაპარაკობთ, ვფიქრობთ: ეს არის რაღაც უმაღლესი, განსაცვიფრებელი, განსაკუთრებული არსება. ბუდა ეს არის არსება, რომელიც ჩაწვდა საკუთარი გონების ბუნებას და მოახდინა საკუთარი გონების ჭეშმარიტი ბუნების რეალიზება. აბსოლუტური ჭეშმარიტების თვალთახედვით, არ არის რაიმე განსხვავება ბუდასა და სხვა არსებებს შორის. ჩვენც ისევე გვაქვს ეს აბსოლუტური ბუნება და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ თავად ვართ ბუდები.“
„შეხედე ამ ბებერ ძროხას. ის კმაყოფილია იმით, რომ ბოსელში ძინავს. შენ გჭირდება ჭამა, სმა და მოსაქმება, ამას თავიდან ვერ აიცილებ, დანარჩენი შენი საქმე არ არის.“
პატრულ რინპოჩე
პატრულ რინპოჩე ძოგჩენის სკოლის მასწავლებელია. „მე ვეკუთვნი, მე ვარ ძოგჩენის მონასტრის ბერი,“ - მეუბნება ის. პირველი პატრულ რინპოჩეს ნაშრომი „ჩემი სრულყოფილი მასწავლებლის სიტყვები“ დღეს ძოგჩენის ყველა მიმდევარის სამაგიდო წიგნია. პატრულის ამ და სხვა ნაწარმოებებზე ძოგჩენის სხვადასხვა მასწავლებლები ლექციებს კითხულობენ. ძოგჩენი ეს არის სწავლება ცნობიერების თავდაპირველი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ყველა ფენომენის, ცოცხალი არსებისა და საგნის ჭეშმარიტი ბუნებაა. ამ მდგომარეობაში შესვლა ნიშნავს, აღიქვა საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ სინამდვილეში, თავი დააღწიო მცდარი აღქმის ტყვეობას. ამ თავდაპირველი ჭეშმარიტი მდგომარეობის ჩაწვდომა ნიშნავს ძოგჩენის სწავლების ჩაწვდომასაც. ძოგჩენი უდიდეს სრულყოფილებას ნიშნავს. ის ბუდიზმის უმაღლესი სწავლებაა.
ნოშუნ ლუნგტოკი, რომელიც შემდგომ ძოგჩენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოსტატი გახდა, თვრამეტი წელიწადი თავის მასწავლებელს პატრულ რინპოჩეს თითქმის არც ერთი წუთით არ მოშორებია. ნოშუნ ლუნგტოკი ძალიან ბეჯითად სწავლობდა და ვარჯიშობდა. თუმცა ჯერ არ ჰქონდა შეცნობილი პირველადი ცნობიერება.
ერთ მშვენიერ საღამოს პატრულ რინპოჩე და ნოშუნ ლუნგტოკი ძოგჩენის მონასტრის ზევით, მაღალ მთებში კელიის წინ ისვენებდნენ. ძალიან ლამაზი ღამე იყო. სიჩუმეს მონასტრის ეზოში დაბმული ძაღლის ყეფა არღვევდა. პატრულ რინპოჩე მიწაზე გართხმული იწვა და ძოგჩენის სპეციალურ პრაქტიკას ასრულებდა. მან დაუძახა ნოშუნ ლუნგტოკს და ჰკითხა:
- შენ ამბობდი, რომ არ იცი, რა არის გონების ჭეშმარიტი ბუნება?
ნოშუნ ლუნგტოკი მიხვდა, რომ ეს განსაკუთრებული მომენტი იყო და სინანულით თავი დაუქნია.
- ამაში განსაკუთრებული არაფერია, - თქვა პატრულ რინპოჩემ ჩვეულებრივი საუბრის ტონით. და თავის მოწაფეს მის გვერდით წამოწოლა სთხოვა.
- ზევით, ცაში ხედავ ვარსკვლავებს?
- კი.
- გესმის, ძაღლი ყეფს ძოგჩენის მონასტერში?
- კი.
- გესმის, რასაც გელაპარაკები?
- კი.
- ჰოდა, ძოგჩენის ბუნებაც ასეთია, უბრალოდ ასეთი.
![]() |
22 ჯაშუშის ცხოვრება |
▲back to top |
ინტერვიუ
ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილთან
ესაუბრა ან შევალიე
თარგმნა ლიკა ბერძენიშვილმა
ინტერვიუ პირველად დაიბეჭდა ჟურნალში “Искусство Кино “ 1991
ეს ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისცა ფრანგ ჟურნალისტს ან შევალიეს. იგი გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა მოსკოვიდან თბილისში მოემგზავრებოდა. ეს დიდი ქართველი ფილოსოფოსის ბოლო ინტერვიუა... 90-იანი წლების სტუდენტები მის არც ერთ ლექციას არ ვაცდენდით. ეს ალბათ უფრო ინტუიციით ხდებოდა, ახალგაზრდა ადამიანის ინტუიციით, რომელიც ჭეშმარიტებას მთელი გულით ესწრაფვის. და მაინც, ჩვენ ყველამ, უფროსებმაც და ახალგაზრდებმაც, ის შეცდომა დავუშვით, რაზეც მერაბ მამარდაშვილი გვაფრთხილებდა. იქნებ არც ახლა იყოს გვიან...
ინტერვიუ 1990 წლის 20 აგვისტოს მშფოთვარე თბილისში, საარჩევნო კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში მის ბინაში შედგა. ეზოში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და ისეთი ხმაური იყო, იძულებული გავხდით, რამდენჯერმე შეგვეწყვიტა საუბარი.
ან შევალიე: გვიამბეთ ახლა სად ასწავლით, რა თემებზე კითხულობთ ლექციებს ან უფრო ფართოდ - რას იკვლევთ ამჟამად?
მერაბ მამარდაშვილი: მოსკოვში, როგორც ამბობენ ხოლმე, „გასტროლებზე“ მივდივარ, რადგან თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ. იქ მეგობრების და იმ ადამიანების მიწვევით მივემგზავრები, ვისაც ჩემი ნაშრომები აინტერესებს, მაგალითად - კინემატოგრაფიის ინსტიტუტსა და ფილოსოფიის ინსტიტუტში. თბილისში ვკითხულობ ლექციებს თეატრალურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. თემები სიტუაციურად ჩნდება. ამას წინათ მე მათ შევთავაზე ლექციების კურსი მარსელ პრუსტზე. რომანი „დაკარგული დროის ძიება“ ქართულად ნათარგმნი არ არის, ამიტომ ლექციების კურსს, „ცნობიერების გზათა ტოპოლოგია“, რუსულ ენაზე ვკითხულობდი, რაც ბევრს არ მოსწონდა. საინტერესოა, როცა ადამიანთა გზები იკვეთება ან აზრების თანხვედრა ხდება, როცა მათი ბედისწერის განსაზღვრაც კი შესაძლებელია. პრუსტი, ჩემი აზრით, ჭეშმარიტი მწერალია. მის შემოქმედებაში ასახული სულის სიღრმეთა წვდომის არეალი და აზროვნების სივრცე არაჩვეულებრივი მასალაა ცნობიერების თეორიის შესასწავლად.
მთელი სიცოცხლე ცნობიერების პრობლემას მივუძღვენი. დღეს ჩემი პროფესიული ინტერესი იმ საბედისწერო თემებს ემთხვევა, რაც ადამიანებს აღელვებთ. ამიტომ უფრო ხშირად მიწვევენ რუსეთში, სადაც სულიერებაზე, სულზე, შინაგან ცხოვრებასა თუ შინაგან თავისუფლებაზე საუბარს აღმერთებენ. ოცწლიანი პაუზის შემდეგ მე ისევ ყურადღების ცენტრში ვარ.
ან შევალიე: ნუთუ ქართველები ნაკლებად ინტერესდებიან ამ საკითხებით?
მერაბ მამარდაშვილი: დიახ - გაცილებით. ქართველებს ჰქონიათ, იქნებ ცდებიან, რომ თანდაყოლილი სულიერება ახასიათებთ, და ამიტომ არ იტანჯებიან ტიპური რუსული ავადმყოფობით, როდესაც ყრუდ გამუდმებით გტკივა სული. თუ ტკივილი არსებობს, ესე იგი სული ცოცხლობს. ქართველები მოვლენებს და საგნებს სხვაგვარად უყურებენ. ისინი სამხრეთელები არიან, მხიარულები და სიცოცხლის მოყვარულები, bon vivant. შესაძლოა, ახლა ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ისტორიულად ეს განსხვავდება რუსული ტკივილისგან, რომელიც პატივისცემის ღირსია, მაგრამ მაინც თავის თავზეა შეყვარებული. არ მინდა შთაბეჭდილება შეგექმნათ, თითქოს ყველა ქართველი არის bon vivant, არც ასე მარტივადაა საქმე.
ან შევალიე: როგორ განსაზღვრავდით თქვენს ფილოსოფიურ კრედოს?
მერაბ მამარდაშვილი: არსებობს განზოგადებული განსაზღვრა, რომელიც ერთდროულად ხსნის ყველაფერს და არაფერს. მე მეტაფიზიკოსი ვარ. წარსულში ჩემი მოღვაწეობის სფეროს მეტაფიზიკა ერქვა. იგი მოიცავს ყოფას, ცნობიერებას, შეცნობას, ონტოლოგიას და ასე შემდეგ. ჩემი ფილოსოფიის და კვლევის ძირითადი საგანი, არსებითად, კლასიკური და კარტეზიანული ხედვაა, ანუ თანამედროვეობის ფილოსოფია - cogito.
ან შევალიე: ასე რატომ აინტერესებთ დღეს რუსებს ცნობიერების პრობლემები?
მერაბ მამარდაშვილი: ეს მხოლოდ რუსებს არ ეხებათ. სიტუაცია მეტისმეტად ზოგადია - მე პოსტტოტალიტარულს ვუწოდებდი. მაგრამ რუსებს ერთი სპეციფიკური ნიუანსიც ახასიათებთ, რაც ძველ რუსულ ტრადიციასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქრისტიანობის ისტორიული ინტერპრეტაციიდან მომდინარეობს. რუსულ მართლმადიდებლობას ახასიათებს თავისებური დათრგუნულობა და ნაღველი. ეს სულის ემბრიონული მდგომარეობაა, სულის ჩაგრულობა, რომელსაც მოსწონს ასე ყოფნა. ისტორიულად, რუსული კულტურა მუდამ გაურბოდა ფორმებს, ამ თვალსაზრისით იგი ქაოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ყოფიერებასთან.
ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველთვის არსებობს მეტაფიზიკური ასპექტები, რომელთა საფუძველიც ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის ან სოციალური ყოფის სიღრმეშია და რეალურად შეესატყვისება პირველად, მთავარ არჩევანს, რომელსაც თითოეული ადამიანი აკეთებს. ინდივიდი მეტაფიზიკურ არჩევანს ისე აკეთებს, რომ მხოლოდ მისი ემპირიული ქცევაა შესამჩნევი. სხვათა შორის, პოლიტიკასა და სოციოლოგიაში ასეთი არჩევანი ყურადღების მიღმა რჩება, იქ ზედაპირული რაციონალური სქემები მუშაობს, სადაც მიზანი და მისი მიღწევის გზები უფრო ფასეულია. არსებითად, საფუძველში, მხოლოდ თავისუფალი ნება დევს, რომელიც არჩევანს აკეთებს თავისუფლებასა და მონობას შორის, რადგან მონობაც არჩევანია. თავისუფლებით სარგებლობა ადამიანური ფენომენია. თუ ადამიანი მონაა, ეს მისი არჩევანია - არა შეგნებული და რაციონალური, არამედ თითქოს სუფრასთან მჯდომმა გადაწყვიტა, იყოს მონა და არა თავისუფალი ადამიანი.
ან შევალიე: ახლა ევოლუცია ხდება? კეთდება არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის?
მერაბ მამარდაშვილი: დიახ. ესაა ბრძოლის არსი. ახლა ამ სპეციფიკურ რუსულ ნიადაგს ვემშვიდობებით და შეგვიძლია პრობლემა რუსული ფაქტორის გარეშე განვიხილოთ. ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ბრძოლა მაინც გრძელდება. საბჭოთა სივრცე, რომელზეც რუსი ერი დომინირებს, და ეს სივრცე ბევრად მეტს მოიცავს ვიდრე ნაციის ცნებაა, ცდილობს გათავისუფლებას ამ სიტყვის ევროპული გაგებით, როგორც ის განმარტებულია აშშ-ს კონსტიტუციაში ან საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში. ამ ბრძოლას არავითარი კავშირი არ აქვს ნაციონალიზმთან, მაგრამ შესაძლოა, ეროვნულ მოძრაობაში ჰპოვოს გამოხატულება.
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მოქალაქის რეალურ თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, თავისუფალ საზოგადოებაზე, რომელიც თავის თავს განაგებს, ვსაუბრობთ ბურჟუაზიამდელ პრივილეგიათა გაუქმებაზე. სიტყვა „ბურჟუა“ სულ სხვა მნიშვნელობით გამოიყენება, „კაპიტალისტს“ ნიშნავს, რაც არ შეესატყვისება მის პირვანდელ მნიშვნელობას. სინამდვილეში ის წარმოიშვა გერმანული სიტყვა „ბიურგერიდან“, რაც მოქალაქეს ნიშნავს. ამ განსაზღვრებიდან სამოქალაქო დემოკრატიამდე მივდივართ, რაც ევროპული დემოკრატიისა და კულტურის საფუძველია. აქ სერიოზული კრიზისები არ იგულისხმება. ნუ ვიაზროვნებთ მხოლოდ თანამედროვე ხატებით, ნუ წარმოვიდგენთ ნიუ-იორკს ან მეხიკოს მრავალმილიონიანი მოსახლეობით და ურბანიზაციის პრობლემატიკით. ფლორენციაც ქალაქი იყო, ქალაქის ცივილიზაცია, აი, ეს არის ევროპა.
ან შევალიე: როგორ ფიქრობთ, შეძლებს საბჭოთა კავშირი ამ გზით წასვლას?
მერაბ მამარდაშვილი: საქართველოს და რუსეთის პრობლემაც ესაა, ჩაებან ამ საერთო ბრძოლაში, რომელიც ევროპაში ბობოქრობს. თავად ევროპა ამ ბრძოლის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ XIV საუკუნიდან თეოკრატიული ილუზიების და სახელმწიფოების ხანა დასრულდა, მეტაფიზიკური ანუ ფილოსოფიური თვალთახედვით, ტოტალიტარული საზოგადოება და სახელმწიფო უკვე რეგრესს ნიშნავს და საზოგადოებას ცივილიზაციამდელ, ბურჟუაზიამდელ მდგომარეობაში აბრუნებს. კორპორატივიზმი, პრივილეგიები, საზოგადოებრივი ფენები ძალაუფლებას იბრუნებენ, ჯერ ერთი, იქიდან ცოცხალი ვერ გამოაღწევთ, მეორე - მოგიწევთ იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ სტრუქტურების აბლაბუდაში გამომწყვდეულხართ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გესმით თქვენი ადგილი სამყაროში ან იმ ამოცანის არსი, რომლის შესრულებაც დაგისახავთ. ეს ყველაფერი კი აბსურდამდე მიდის. თქვენ განასახიერებთ კლასიკურ მდგომარეობას, რომელშიც ექსპერიმენტულად რეალიზდება სულიერი ცხოვრების და საერთოდ ცხოვრების დიადი კანონი, რომელიც მოციქულმა პავლემ ჩამოაყალიბა. გახსოვთ, მან გაიმეორა სოკრატეს მიერ წარმოთქმული აზრი: „მსურს ერთი და ვაკეთებ მეორეს. მსურს სიკეთე და ჩავდივარ ბოროტებას“. ეს სიტუაცია ადამიანური ყოფის ერთი ეპიზოდია. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება შედგება იმგვარი ეპიზოდებისგან როგორიც ახლა ხდება. მე ახლა აბსტრაქტულად აღვწერე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბრძოლა.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ფილოსოფიურ მეთოდზე და გარწმუნებთ, რომ ფილოსოფიის აბსტრაქტული ფორმულირება ბევრად უფრო ახლოს არის რეალობასთან, ვიდრე თავად რეალობაა. რატომ არ მაძლევთ უფლებას, გავაკეთო ჩემი საქმე ისე, როგორც მე მესმის? შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ იმ ადგილასაც კი ვერ აღმოვჩნდე, სადაც ამ საქმის კეთება შემიძლია? იქნებ ეს ადგილი უკვე დაკავებულია სხვა ადამიანის მიერ, რომელიც ამ საქმისთვის შეუფერებელია?
დემოკრატია - შრომის თავისუფლებაა და არა შრომის აუცილებლობა, როგორც სოციალისტურ და კომუნისტურ უტოპიებშია ფორმულირებული. შრომის თავისუფლება, ნიშნავს საქმის გაკეთებას ისე, როგორც თქვენ ეს გესმით. ამიტომ აქ შრომის ადგილი არ არის. სოციალიზმმა ის, როგორც ფენომენი, მოსპო, შემოქმედების შედეგის დონეზე გაანადგურა. შეხედეთ ეზოს, სადაც უაზროდ მოძრაობს მანქანა. იგი მუდმივად ერთი და იგივე ოპერაციას აკეთებს. ამტვრევენ ასფალტს, რაღაც სამუშაოს ასრულებენ, ისევ ასფალტს აგებენ, ორი თვის შემდეგ ისევ ამტვრევენ. ეს ნგრევა აისახება ან შედეგზე ან შრომის ნაყოფიერებაზე, მუშაობის სურვილზე, შრომის დისციპლინაზე. ბოლოს კი მოდის სიღატაკე.
შრომის განადგურება სოციალიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია. სოციალიზმი შრომის მტერია. სოციალიზმი სიღარიბეა, რადგან მხოლოდ შრომას მოაქვს სიმდიდრე. შრომა განადგურებულია, ამიტომ ვართ ღარიბები. თუ არსებობს სურვილი, რომ ამ სავალალო მდგომარეობიდან გამოვიდეთ, არა აგიტაციის მეშვეობით, არამედ თავისუფალი შრომის აღდგენის გზით... თავისუფალი შრომა - ეს არის სამოქალაქო საზოგადოება.
ან შევალიე: სამოქალაქო საზოგადოების დაბადება ნიშნავს თუ არა კადრების წმენდას?
მერაბ მამარდაშვილი: ეს დაუშვებელია. როცა ვიყენებთ ტერმინს „წმენდა“, 1917 წლის ბოლშევიკების გზას ვადგებით. მათ ჩათვალეს, რომ იციან სად, ვინ და როგორ უნდა გაანაწილონ. ეს განაწილების იგივე ეთიკაა და არა წარმოება. დავუშვათ მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ვნიშნავ X და Y- ს რაიმე პოსტებზე, და ყველაფერი მოძრაობაში მოდის. საბჭოთა სისტემამ უკვე გამოიყენა კადრების დანიშვნის ეს მეთოდი და სახეზეა ამ ავანტიურის მეტაფიზიკური და სულიერი აბსურდულობა, რომელიც ფენომენს, რომელსაც ადამიანი ჰქვია, სრულიად ეწინააღმდეგება.
ეს საკითხი ბავშვობიდან მაინტერესებდა. ვეჭვობდი, რომ არსებობს ყოფიერების ონტოლოგიური და არა ეკონომიკური, პოლიტიკური ან იურიდიული კანონები. ყოფიერების განსაზღვრული ნაწილი სრულიად გარდაუვალია, მას ვერსად წაუხვალ.
რასაც ირგვლივ ვხედავთ - ჩვენს ჭუჭყიან სახლებში, ცარიელ მაღაზიებსა და ადამიანთა სახეებზეც კი, რომლებიც ცხოველურად იკრიჭებიან - ძალადობა, სადიზმი, უკანონობა ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა და გამოსავალს ვერ პოულობდა, რადგან სახელმწიფოს მონოპოლია ძალადობაზე იყო დაფუძნებული. ახლა, როცა მონოპოლია დანგრეული და ნეიტრალიზებულია, ადამიანის „მეს“ მთელი სიბინძურე ბნელი კუნჭულებიდან დაიძრა. თუ სამოცდაათი წელი გეძინა, არა მართალის უმანკო ძილით, როცა განწმენდილი იღვიძებ, შეიძლება სახეშეცვლილმაც გაიღვიძო, იქნებ რომელიმე მწერადაც გადაიქცე, როგორც ეს კაფკას ერთ პერსონაჟს დაემართა. აი, რა ხდება მოსკოვშიც და თბილისშიც.
მოხსნა თანამდებობიდან ერთნი და დანიშნო სხვები, ეს პასუხი არ არის. საიდან მოვლენ სხვები? იქნებ მარსზე მოვიძიოთ ისინი? იქნებ ძილში ეს ადამიანები მართლაც მწერებად გადაიქცნენ? რამდენი ცვლილება მოხდა ადამიანში საბჭოთა პერიოდში? საბჭოთა ადამიანი - უხილავი დეგრადაციის და დეფორმაციის პროდუქტია. ძალიან ძნელია ამ ჯაჭვის გაწყვეტა. იქნებ პროცესი შეუქცევადიც აღმოჩნდეს? ამ კატეგორიებით უნდა ვიაზროვნოთ, თუ გვსურს, იმედის წვეთი მაინც დაიბადოს. სხვა შემთხვევაში, არაფერი გამოვა.
ან შევალიე: თქვენ ოდესღაც ინფანტილიზმზე ლაპარაკობდით, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის დამახასიათებელი. უკავშირდება ეს მოვლენა იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობდით?
მ. მამარდაშვილი: ეს ერთი და იგივეა. როცა რეგრესზე ვლაპარაკობ, ბავშვობასთან დაბრუნებას ვგულიხმობ. ეს ტრაგედიაა. სწორედ ესაა იმის ღრმა აზრი, რაც ახლა ხდება. უკვე ვისაუბრეთ რუსების ტრადიციულ უარყოფით დამოკიდებულებაზე ფორმის და წესრიგის მიმართ. როცა ამ კატეგორიებს უნდობლობას უცხადებენ, იქმნება თეორია, რომ ადამიანი უზარმაზარი შინაგანი სიმდიდრის მფლობელია, მისთვის ერთი ფორმა არასაკმარისია, და რომ მის ტალანტს ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია. ერთი რუსი მწერალი ამბობდა, რომ ესპანელთან ესპანელი ხარ და ფრანგთან - ნამდვილი ფრანგი.
ამასთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი მაგონდება. დავუშვათ, ეს ამბავი საფრანგეთში ხდება. ერთხელ დედოფალმა სამეფო კარზე სახელგანთქმული კომედიანტი მიიწვია და მაშინდელი ცნობილი პერსონაჟების განსახიერება სთხოვა. მსახიობმა ითამაშა დონ კარლოსი, ჰამლეტი, თეატრალური რეპერტუარის დიდი საყვარლები განასახიერა. ბოლოს აღტაცებულმა დედოფალმა სთხოვა მას, საკუთარი თავი წარედგინა. კომედიანტმა დედოფლის წინაშე მუხლი მოიყარა და თქვა: „თქვენო უდიდებულესობავ, მაპატიეთ, პირად ცხოვრებაში - იმპოტენტი ვარ“. უნდა ვკითხოთ რუსს, თუ ის უფრო მეტად ესპანელია, ვიდრე ესპანელი და უფრო ფრანგი, ვიდრე თავად ფრანგი, მაშინ ვინ არის ის სინამდვილეში?
გონებრივი თვალსაზრისით, ბავშვი სულიერების ნაყოფია. მისი ემბრიონული მდგომარეობა კი - ის არჩევანია, რომლისკენაც ტრადიციული რუსული კულტურა მიილტვის, თუმცა XX საუკუნეში სხვაც ბევრი იყო. აღნიშნული ტენდენცია ერთადერთი არ იყო, მაგრამ მუდმივად ემბრიონული მდგომარეობისკენ მიისწრაფვოდა. დედის საშოში ხომ თბილა და დაცული ხარ.
მოდით, ეს მეტაფორა საბჭოთა სახელმწიფოს მოვარგოთ. საბჭოთა „მოქალაქე“ სახელმწიფოსთან მიმართებაში სწორედ რომ ემბრიონს წააგავდა. მას სურდა, რომ როგორც ჩანასახს, ისე შემოკვროდა საშვილოსნო. დედა კი იქნებ ბოროტიც აღმოჩენილიყო. ადამიანი - ბავშვი კი მონას წააგავს, რომელიც სულ თავს იმართლებს. ის სულ გაიძახის, - „არა, მე დამნაშავე არა ვარ“. ჩანასახის ამ იდიოტური მოთქმა-გოდებით კვდებოდნენ ბოლშევიკები КГБ-ს ციხეებში. ასეთი მსხვერპლი იწვევს თანაგრძნობას?
ღრმა მეტაფიზიკური აზრი თავის გამოხატულებას სოციალურ და ემპირიულ ზედაპირზე ჰპოვებს. თქვენ ხედავთ კავშირს სახელმწიფოსა და ხალხს შორის, როცა პირველი ეხმარება მეორეს, ის კი ამ დახმარებას იღებს? რისთვის დგას ეს დაუსრულებელი რიგები? როცა ისინი ითხოვენ ბინებს, პურს... ისინი თავიანთი „უფლებებისთვის“ იბრძვიან, ოღონდ აქ არ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე ევროპული გაგებით. ეს ჩანასახის „უფლებებია“, რომელსაც დახმარება სჭირდება და არა უფლება.
ასეთია მდგომარეობა. ახლა პარლამენტს ვქმნით. თუ ჩვენი აზროვნების სტილი არ შეიცვლება, სულ ასე ვიძახებთ: „მე უფლება მაქვს, ეს უსამართლობაა“.
ან შევალიე: როგორ ფიქრობთ, მიიყვანს ეროვნული აღორძინება ხალხს მომწიფებულ მდგომარეობამდე?
მ. მამარდაშვილი: დიახ, თუ აზრი გონებას დაიპყრობს; თორემ შეიძლება ეროვნული თავისუფლებისკენ ისწრაფვოდე ისე, რომ ამ აზრით არ იყო გამსჭვალული. შეიძლება ამ მიმართულებით იარო, იმოქმედო ისე, რომ ეროვნული თავისუფლების მიზანი შინაგანად გინათებდეს გზას. ამისათვის მხოლოდ შენ კი არ უნდა ილაპარაკო, სხვასაც უნდა დაუთმო სიტყვა, დროდადრო შეჩერდე, გააზრებისთვის მოიტოვო სივრცე და დრო. აუცილებელია, ადამიანმა თავს მისცეს იმის შანსი, რომ მიხვდეს და ჩაწვდეს რაღაცას. თუ სულ ვმოქმედებ, არ ვჩერდები, ვიმეორებ უკვე ასჯერ ნათქვამს, რაიმეს გაგების არავითარი შანსი არ გამაჩნია.
ჩემთვის ეროვნული ამოცანების გადაჭრა ნიშნავს, შექმნა თავისუფალი და აყვავებული საქართველო, ძლიერი - არა იმპერიალისტური ან მილიტარისტული აზრით. თავისუფალი განვითარება ხდება იქ, სადაც ცხოვრობენ და სუნთქავენ ზოგადსაკაცობრიო ტრაგიზმით (ამ სიტყვის მეტაფიზიკური გაგებით), უგუნური კინკლაობების გარეშე; სადაც არ შეჩერდებიან იმ კარის წინ, რომლის იქით, შესაძლოა, ტრაგიზმის განცდა დახვდეთ, რაც ადამიანის ცხოვრებას ბუნებრივად ახასიათებს. უნდა შეგეძლოს ღირსებით მიიღო ადამიანური ტრაგედია. ეს ტრაგედია რომ გადაიტანო, ადამიანი უნდა იყო, ჩვენ კი, საბჭოთა ადამიანები, ჯერ ასეთები არ ვართ. მიმაჩნია, რომ ქმნის პროცესი საქართველოში სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს. ჩემთვის ეროვნული განთავისუფლება ფორმაა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების დაბადებამდე მიგვიყვანს. არ მგონია, ჩემი თანამემამულეები სამოქალაქო საზოგადოების და კერძოდ საზოგადოების შენების აუცილებლობას აცნობიერებდნენ. საზოგადოების ფენომენი აზრის თავისუფლებაშია. საზოგადოება და სახელმწიფო სხვადასხვა რამაა. საზოგადოება დამოუკიდებელ ადამიანთა ჯგუფია, რომელთა ინტერესები კრისტალიზდება და სადაც პოლიტიკური მრავალპარტიულობა რეალურად არსებობს.
ჩვენთან არის მრავალპარტიულობა, მაგრამ არ არის მრავალპარტიული სინამდვილე. მოსახლეობის რომელი ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მაგალითად, ნაციონალ-დემოკრატიული პარტია? საჭიროა სინამდვილის სტრუქტურირება. საზოგადოება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, სახელმწიფო კი საზოგადოებრივი სამსახურის ორგანიზმი. ჩვენთან ეს არ არის, რადგან არ არის საზოგადოება. არც სახელმწიფოა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. სახელწიფომ ჩაყლაპა საზოგადოება, რადგან ეს, სახელმწიფო კი არა, მისი აჩრდილია.
სიტყვათა შეთანხმებამ, რაც მხოლოდ მეტაფორა გვეგონა და არა ცნება, სწორ ახსნამდე მიგვიყვანა. როცა ვამბობ „აჩრდილი“, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ მეტაფორის შემდგომი განვითარებისკენ. მოჩვენების, მოლანდების წარმოდგენა სისხლს, ზომბებს, ვამპირს უკავშირდება. თუ ჩვენი სახელმწიფო აჩრდილია, წინ ბევრი მსხვერპლი გველის, ბევრად მეტი, ვიდრე ანტიჰუმანურ, რაციონალურ სახელმწიფოში შეიძლება იყოს. აქ ჩემი პროფესიული ინტერესების ცენტრში ვხვდებით, რომლის საგანს ცნობიერების შესწავლა წარმოადგენს.
ან შევალიე: როგორ ახსნით იმას, რომ ქართული თვითშემეცნება ასეთი მრავალფეროვანი და ურთიერთგამომრიცხავი ფორმებით გამოვლინდა? საიდან ამდენი ერთმანეთზე გამძვინვარებული და განცალკევებული პარტია, ასოციაციები და ა.შ.?
მ. მამარდაშვილი: საქმე ისაა, რომ არავის არაფერი გაეგება და არც ერთმანეთის ესმით. ჩვენ პოსტტოტალიტარული მდგომარეობიდან გამოვდივართ. გარედან არსებული ჯაჭვები გაწყდა, ამიტომ შინაგანმა ბორკილებმა და დეფორმაციამ იჩინა თავი, სამოქალაქო და პოლიტიკური აზრი ჩაახშეს, ასი წელია, აქ პოლიტიკით არავინ ყოფილა დაკავებული.
როცა სახელმწიფო ვახსენე, რომელმაც საზოგადოება შთანთქა, ვიგულისხმე, რომ საბჭოთა სახელმწიფო არ იყო პოლიტიკური ფენომენი. ასევე იყო კომუნისტური პარტიაც. ეს უფრო საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმა გახლდათ, ცხოვრების წესი. სახელმწიფო სულ სხვა რამაა. სახელმწიფო ხელისუფლების გარეშე არ არსებობს. სად არის საბჭოთა კავშირში ხელისუფლება? ამ აზრამდე ფილოსოფიური ანალიზით მივედი. მე ტრადიციებმა გამზარდეს და საბჭოთა საზოგადოების პირმშო არ ვარ. ვისაც საბჭოთა ხელისუფლებასთან რაიმე კავშირი აქვს, მას ეს არ ესმის. მე ვხედავ, რომ ეს არის ხელისუფლება ხელისუფლების გარეშე. მართვა შუამავლების გზით ხორციელდება. ეს ინდივიდები არიან, რომლებიც საკუთარ თავს მართავენ, მაგრამ მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. იგივე ხდება, როცა ერთმანეთს ებღაუჭებიან, სიძულვილში იქნება ეს თუ სიყვარულში. სწორედ ეს სიყვარულ-სიძულვილი აერთიანებს ამ ხალხს რიგებში, იქ არის სოლიდარობის გრძნობაც, გაუცხოებაც და სიძულვილიც. ეს მთელი სამყაროა, რომელიც დახურულ ჭურჭელში მოთავსებულ მორიელს წააგავს.
ბოლო დროს ოდნავი პროგრესი შეინიშნება. პოლიტიკურ არენაზე სტრუქტურათა მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, იმის მიუხედავად, თუ რას ვფიქრობ მე ელცინზე და მის პოლიტიკურ პროგრამაზე. წინააღმდეგიც რომ ვიყო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. პირველად რუსეთში პოლიტიკურ არენაზე სტრუქტურათა მოწესრიგება ხდება, გამოჩნდა ახალი ფორმები, რომლებმაც საგანთა ამორფულობა გადევნეს. არ ღირს წინ აღუდგე იმას, რაც არ არის. სად არის სახელმწიფო, სად არის პარტია? პროცესი დაიწყო. მე არ ვიღებ ელცინის პროგრამას, მაგრამ მისი ქმედების შედეგად გარკვეული წესრიგი შეიმჩნევა. ის, რაც ფარულად არსებობდა, ახლა ცხადი გახდა და ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია.
პოზიტიურად მიმაჩნია ყველა პროცესი, რომელიც საქართველოში სტრუქტურათა მოწესრიგებას განაპირობებს. როგორ ვიწყებ მე მუშაობას? ვამზადებ ჩემს საწერ მაგიდას, ვაწყობ ნივთებს, დღიურებს, დოკუმენტებს, საბეჭდ მანქანას ან პერსონალურ კომპიუტერს. წინ სამუშაო მელის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ვიმუშავებ, მაგრამ სივრცის სტრუქტურიზაცია აუცილებელია. როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან? ვიცხოვროთ და ვნახოთ. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას აზრი ისე, რომ არ ჩაახშოს სხვისი ხმა ყვირილით, მუქარით ან ეროვნული ინტერესების ღალატის ბრალდებით. უპირველეს ყოვლისა კი, შეაჩერეთ ის ხალხი, ვინც ძალიან ჩქარობს. მე რადიკალური ნაციონალისტების უფლებებზე ვსაუბრობ.
ან შევალიე: ანუ?
მ. მამარდაშვილი: მემარჯვენე ნაციონალისტები არიან გამსახურდიას დაჯგუფების წევრები. სახიფათო ის კი არ არის, რომ ეს დაჯგუფება არსებობს, ის უნდა არსებობდეს, სტრუქტურიზაციის ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, მაგრამ სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, რომ მათ უფლება არ მიეცეთ, გააჩუმონ სიმართლე საქართველოს პატრიოტული იერის, მისი ისტორიის ან მომავალი საქართველოს სახელით. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. თავად ამ ტენდენციას აქვს არსებობის უფლება. პოლიტიკური სპე ქტრი ჯერ არ არსებობს, მხოლოდ ცალკეული პიროვნებები ჩანან, რომლებიც ხელის ცეცებით მიიკვლევენ გზას. დღეს ვხედავთ არა პარტიებს, არამედ პიროვნებებს. საჭიროა ყველა პარტია გამოხატავდეს რომელიმე სოციალური ან ეკონომიკური ჯგუფის ინტერესებს, რომლებიც ერთმანეთისგან ინტერესებით და სტატუსით განსხვავებულნი არიან.
ან შევალიე: როგორ ფიქრობთ, ბოლო დღეების მოვლენები ამ პროცესის ერთი ეტაპია?
მ. მამარდაშვილი: იმედი ვიქონიოთ, რომ ასეა. წინ უნდა აღვუდგეთ ფარისეველთა მცდელობას, შეაჩერონ ეს პროცესი. ჩვენ ახლა მოძრაობაში ვიმყოფებით და ეს უნდა გაგრძელდეს. ზუსტად არ ვიცი, საით მივდივართ, მიმართულებას ვიმედოვნებ გზაში გავარკვევთ. მაგრამ არ უნდა შეგვაჩერონ და გვითხრან, რომ „საქართველომ უნდა დაიცვას ქართული სისხლის სიწმინდე“. ნუ ვიჩქარებთ, ეს მხოლოდ მოწიფულ ადამიანებს ესმით. სამწუხაროდ, კულტურული და პოლიტიკურად მომზადებული ადამიანი ირგვლივ ცოტაა. არ მინდა გამოვიყენო სიტყვა „ინტელიგენცია“, რომელსაც ვერ ვიტან, განსაკუთრებით იმ თვითტკბობის ინტონაციით, რომლითაც მას წარმოთქვამენ ხოლმე. განსაკუთრებული აღტაცებით ამ სიტყვას რუსულად წარმოთქვამენ. იგი ევროპულ ენებში არ არსებობს, ჩვენთან კი ლამის სექსუალური, ეროტიული სიამოვნება ახლავს თან. მძულს ეს თვითტკბობის გრძნობა.. მე კომპეტენტურ, მოზრდილ ადამიანებზე მოგახსენებთ. ისინი ცოტანი არიან, რადგან მათი ენერგია სხვა მიმართულებით წარმართეს, თვითგადარჩენის ინსტინქტამდე დაიყვანეს. რასაკვირველია, ქართული ღირსება ცოცხლობს. ჩვენ არ გვსურდა, მიგვეღო ეს ნეხვური, ღატაკური ყოფა, რომლითაც რუსები კმაყოფილები იყვნენ. მათთვის ის მისაღები აღმოჩნდა, ჩვენთვის, ქართველებისთვის კი - არა.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, თითოეული ცდილობს, გადარჩეს დამოუკიდებლად, რადგან ნავში მარტოა თავის ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად. მარტოა, ვის გარეშე? რესპუბლიკის? res publica - ანუ საზოგადოებრივი საქმე, საზოგადოებრივი სივრცე. XIX - XX საუკუნეებში იტალიაში საზოგადოების დაცემის ტენდენცია დაიწყო, დაირღვა საზოგადოებრივი კავშირები და გაბატონდა პრინციპი „ყველა საკუთარი თავისთვის“. ეს ყველაფერი იტალიელებისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობით ხდებოდა. ჩვენთანაც ასეა - ასეთივე მიმზიდველობით დაცურავს ყველა თავისი ნავით და გაურბის, არაფრად აგდებს საზოგადოებრივ ინტერესს.
შეხედეთ თბილისურ სახლებს, ტროტუარებს, საზოგადოებრივ გარემოს - ჭუჭყიანი ჭიშკრები, გაცვეთილი სახლები, ვირთხები და ჩამონგრეული კედლები; ასეთია იგი გარედან. სამაგიეროდ, შიგნით ნახავთ კეთილმოწყობილ სახლებს, ავეჯით და ნივთებით გადატვირთულს, მაღალხარისხიან აპარატურას. ეს ატმოსფერო ქართველის საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას ასახავს, რაც არ გააჩნიათ რუსებს. ის, რაც ჩემს გარშემოა, საკუთარი თავის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მაგიდაზე ვაფენთ სუფრას და არა გაზეთს. რუსებს შეუძლიათ თევზი გაზეთის ნახევზე შეჭამონ. ნორმალური ქართველი ამას არ გააკეთებს. ნაჭუჭის შიდა მხარე ქართველის საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას, მისი ღირსების გრძნობას ასახავს. ნაჭუჭის მიღმა - ასფალტი და ქუჩებია, ანუ საზოგადოებრივი სივრცე, სამოქალაქო სივრცე, რაც საპირისპიროზე მეტყველებს. ეს არის ფიზიკური სახე იმ სოციალური და სულიერი ფენომენისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველს res publica-ს მიმართ.
მოდით, შევხედოთ ამას მეორე მხრიდან. ჩვენს დემოკრატიას მთავარი წინაპირობა არ გააჩნია. მე უკვე გამოვიყენე სიტყვა - res publica, რაც დემოკრატიული სისტემის პიკს წარმოადგენს. პოლიტიკური დემოკრატია შეუძლებელია საზოგადოებრივი სივრცესთან დამოკიდებულების გარეშე, რასაც res publica ანუ რესპუბლიკური ურთიერთობა ჰქვია. სხვა ვარიანტი გამორიცხულია. შესაძლოა, იყოთ რესპუბლიკელი და მონარქიულ პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრობდეთ, მაგალითად - ინგლისში.
ეს არაფერს ნიშნავს. ეს დემოკრატიული ფორმა არ არის, მაგრამ დემოკრატიაა, რადგან დემოკრატიის მთავარი არსი „რესპუბლიკური აზროვნებაა“. ჩვენ ეს არ გაგვაჩნია. პარტიები თავისი უფლებებისთვის ზრუნავენ, რაც დემოკრატიის პირველი ნაბიჯი სულაც არ გახლავთ, თუ სიტყვა „ნაბიჯს“ არა ქრონოლოგიური, არამედ საწყისის, პირველადის მნიშვნელობით გამოვიყენებთ. პარტიებს შორის პარლამენტში ბრძოლა, მეათე ნაბიჯი შეიძლება იყოს. ეს ყოველივე უსარგებლოა, თუ უკან არ დავბრუნდებით, საწყის წერტილში და არ შევქმნით res publica-ს.
ჩვენ გვჭირდება რესპუბლიკა, რათა შემთხვევითობაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, განსაკუთრებით კი - რუსების გადაწყვეტილებებზე. ჯერჯერობით მათგან თავისუფლები არ ვართ. ანტირუსულ განწყობილებას პოლიტიკური ხასიათი აქვს, რადგან რუსებსა და ქართველებს შორის სიძულვილი არ არის, არანაირი შეტაკება ეროვნულ ნიადაგზე. ყველა არაკეთილმოსურნე სიტყვა მათ მიმართ ნათქვამი, ნებისმიერი ბრძოლა, მხოლოდ პოლიტიკურია. ნაციონალური ნიუანსები აქ არ არსებობს. მათი წარმოჩენა შესაძლოა აფხაზებთან ან ოსებთან მოხდეს, ისიც - უვიცობის ან ისტორიული სიბრმავის გამო.
შეიძლება პრორუსული განწყობილების ბრალდება წამიყენონ, რადგან რუსულად უაქცენტოდ ვლაპარაკობ და ეს უკვე ცუდის ნიშანია.მე დიდხანს ვცხოვრობდი რუსეთში და ბევრს ვწერ როგორც რუსულად, ისე ქართულად, მაგრამ ჩემში ანტირუსული საწყისი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს ანტირუს პოლიტიკოსებში, რადგან ისინი გარეშე მტრის ფაქტორებზე მეტისმეტად არიან კონცენტრირებულნი. ეს პოლიტიკური მიმართებაა და ვერც კი ამჩნევენ, რომ რუსების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულება მათგან მომდინარეობს. ამას სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო.
არცთუ ცოტა ცოდვა შემოგვრჩა საქართველოს ისტორიიდანაც, რომლებიც ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ. ესეც გვეყოფა, რუსეთის ისტორიის მანკიერებები კი ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო არ არის. მთავარია, მათ გადაწყვეტილებაზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. მათ უფლება აქვთ, საკუთარი ბედი ისე გადაწყვიტონ, როგორც სურთ, ისევ - უარყოფითად და მარცხი განიცადონ ამ გზაზე.
ჩვენი საკუთარი გზა უნდა ვიპოვოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსულ დემოკრატიულ და პროგრესულ ძალებთან კონტაქტის დამყარება. აუცილებელი წინაპირობაა გზების ფიზიკური და შინაარსობრივი გაყოფა. გვეყოფა ერთად ტანჯვა და ნეხვში ერთად ცხოვრება.
ან შევალიე: პირადად თქვენ პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დარჩით?
მ. მამარდაშვილი: არა, არც მთლად ასეა. თუმცა საკმაოდ სასაცილო როლი მაქვს - თეატრალურ პერსონაჟს ვგავარ, ისეთს, სცენაზე რომ ერთი წუთით გამოჩნდებიან და მერე ისევ გარბიან, შემდეგ ისევ უმიზეზოდ ვხედავთ მას და ისევ ქრება. ჩვეულებრივ, ეს დიდ სიცილსა და მხიარულებას იწვევს დარბაზში.
ტემპერამენტით და გონებით აქტივისტი არ ვარ. საზოგადოებრივი ორგანიზმის თავკაცობით სიამოვნებას ვერ ვიღებ. აქტივისტი ის ადამიანია, რომელიც მუდამ სხვათა საქმეებით არის დაკავებული. ეს ჩემს ხასიათში არ ზის. თუ რაიმე ამის მსგავსი გამაჩნდა, საბჭოთა წყობილებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაკლა. კომკავშირული ორგანიზაციის და ნებისმიერი აქტივობის მიმართ სიძულვილი მთელი ცხოვრება თან მდევდა. სინამდვილეში ეს საქმიანობა მრავალ ამოცანას მოიცავს, ადამიანების დახმარებას გულისხმობს. ეს მესმის, მაგრამ ჩემი თავი აქტივისტის როლში ვერ წარმომიდგენია. ფილოსოფოსს მარტოობა და სიწყნარე სჭირდება. თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩავებმები, აზროვნებისთვის აუცილებელ სიჩუმეს და მარტოობას უნდა შეველიო.
ამავე დროს, რასაც მე ვაკეთებ, ეს პოლიტიკაა, რადგან ვამბობ იმას, რასაც ვხედავ, გამოვხატავ ჩემს აზრებს - ჩემი საუბარი ხომ პოლიტიკური აქცენტებისგან შედგება. ვიღაც ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ხდება, ვიღაც პოლიტიკური მეგობარი. ამ თვალსაზრისით, მეც ჩართული ვარ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. არ ვესწრები ეროვნული ფრონტის კრებებს და კომუნისტური პარტიის წევრი ვარ.
ან შევალიე: ისევ კომუნისტური პარტიის წევრი ხართ?
მ. მამარდაშვილი: ჩემი პარტიაში ყოფნა პოლიტიკური აქტი არ არის და ვერც ჩემს პარტბილეთს მივანიჭებ პოლიტიკურ ფუნქციას. არ ვთვლი საჭიროდ, ეს ავუხსნა იმ ადამიანებს, ვინც პარტბილეთები გადაყარა. არ მაღელვებს, რას ფიქრობენ ჩემზე. არსებობს გარე და შიდა პარტიულობა. ენაც ორია - შიდა პარტიისთვის და გარე პარტიისთვის. თუ შენ შიდა პარტიას არ ეკუთვნი, პოლიტიკური აზრით, შენ სულაც არ ხარ პარტიის წევრი.
ახლა პარტიიდან გამოსვლა ნიშნავს, პოლიტიკური მნიშვნელობა მივანიჭო იმას, რაც არასდროს ყოფილა. პარტიულობა რაღაც სოციალური დაზღვევის მსგავსი იყო მაშინ. ამიტომ შევედი. ჩემი იქ შესვლა თავისებური სამუშაო მაგიდის მომზადება იყო, რადგან ფილოსოფიურ ჟურნალებთან თანამშრომლობას ვაპირებდი. ფილოსოფოსის საქმიანობა ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო, თანამშრომლობა კი - პარტბილეთის გარეშე. სულაც არ ვჩივი, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა და არც პარტიის აცრემლებულ მსხვერპლად მომაქვს თავი.
მე ქართველი ვარ, ფილოსოფოსი. სიყმაწვილიდან შინაგან ემიგრაციაში ვიმყოფები. კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო ჯაშუში. წარმატებული ჯაშუშური საქმიანობისთვის, და არცთუ იშვიათად ეს შემოქმედებისთვის აუცილებელი პირობაა, ძალიან ჰგავდე გარშემო მყოფებს. ფლობერი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ის მეშჩანია (ფილისტერი), რაც მას აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს ლიტერატურულ მოღვაწეობაში. დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანის მანტიის ტარებას მეტისმეტად ბევრი ენერგია მიაქვს. შეიძლება ჰიპი გახდეთ, მაგრამ ამის უკან პრიმიტიული აზროვნება იმალება. რამდენი დრო უნდა დახარჯო სარკის წინ, რომ ასეთი გაწეწილი გამოიყურებოდე. დარჩე შეუმჩნეველი და არ დაკარგო თავისუფლება: ეს იმდენად რთული ამოცანაა, მთელი სასიცოცხლო ძალები სჭირდება და თეატრალური ჟესტებისთვის ენერგია არ რჩება. მე პირადად თეატრალურობისკენ მიდრეკილი არ ვარ.
ან შევალიე: მინდა, კიდევ ერთ საკითხზე გკითხოთ აზრი - როგორ ახსნით რუსეთისა და საქართველოს გულგრილ დამოკიდებულებას გერმანიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ?
მ. მამარდაშვილი: მართალი ბრძანდებით. ეს პრობლემა რომ გაინტერესებდეს, ევროპაში უნდა ცხოვრობდე, არა - გეოგრაფიულად, არამედ ევროპული ცხოვრების წესით. ევროპაში ეს აღელვებთ იმიტომ, რომ მიღებული გადაწყვეტილება საერთოევროპულ მომავალზე აისახება. ეს ჩვენთვის მარსიანული ისტორიაა. ენა კი საერთო გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ.
ან შევალიე: და მაინც, გაისმის ფრაზა: ევროპის ნაწილი ვართო.
მ. მამარდაშვილი: ეს ჩვენი შინაგანი ცხოვრების ძალიან სერიოზული ფენომენია, რადგან ჩვენ თავად არ გვაქვს სინამდვილის საერთო საზომი. თქვენი ენით ვსარგებლობთ, მაგრამ ჩვენი სინამდვილე არ შეესატყვისება თქვენსას. პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს გაჩნდა, რამაც რუსეთის ისტორიული თუ პოლიტიკური გზის არჩევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ასეთია ცნობიერების დეფორმირებული სტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ელემენტი.
საერთოდ, თავი და სხეული ერთი ბუნების არიან და ინფორმაცია, რომელიც სხეულიდან თავს გადაეცემა, ერთგვაროვანია. მოდით, მეტაფორულად ასე ჩამოვაყალიბოთ: თავი (სადაც ხდება იმის გაცნობიერება, რაც სხეულს ემართება) და სხეული თავიანთი ბუნებით განსხვავდებიან - ასეთი მდგომარეობაა საბჭოთა კავშირის ხალხების და რუსეთის შემთხვევაში.
რუსი ინტელიგენციის ტრაგედია ისაა, რომ ენას, რისი საშუალებითაც მოვლენების გააზრება ხდება, არაფერი აქვს საერთო ამ მოვლენების არსთან და ეს მათთვის გაუგებარია. ჩვენთვის სულერთია, რა ხდება გერმანიაში. თქვენ ეს პარადოქსალურად გეჩვენებათ, რადგან თვლით, რომ თუ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი, ერთი სინამდვილე გვაქვს, ანუ ენის საერთო ეკვივალენტი გაგვაჩნია. ცდებით - სინამდვილის ნაწილი უნდა იყო, რომ ეს სინამდვილე გაღელვებდეს.
ახლახან აკრძალული სიტყვები „დემოკრატია“ და „კერძო საკუთრება“ გაათავისუფლეს ისე, როგორც ახალ აღთქმაში დემონების განდევნა მოხდა. ახლა ამ სიტყვების წარმოთქმა შეიძლება, მაგრამ გამოხატავენ კი ისინი კონკრეტულ რეალობას? არა, მათ სულში ფესვი არ აქვთ გადგმული. ასეთია საბჭოთა ადამიანების სამოქალაქო ცნობიერება.
ან შევალიე: დავუბრუნდეთ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში, სადაც გამსახურდია მთავარ როლს ასრულებს. როგორ შეაფასებდით მის მოღვაწეობას?
მ. მამარდაშვილი: გამსახურდიას მოღვაწეობა, ფაქტობრივად, დემოკრატიული გარდაქმნების დესტრუქტურიზაციაში გამოიხატება. სიტუაციის დესტაბილიზაციის გზით, გამსახურდია ცდილობს, ხალხის დაუოკებელი მღელვარება, ადამიანური ვნებები გამოიყენოს, ის, რაც ჰაერში ტრიალებს. მაგრამ ის პოლიტიკოსი არ არის, მხოლოდ თავისუფლებას მოყოლილი ემოციებით იკვებება.
თუ სიტუაციას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ აწმყო ახალგაზრდებს ეკუთვნის. ეროვნულ მოძრაობაში ცოტაა მოწიფული ადამიანი, და ისინიც დიდად აქტიურები არ არიან. მხოლოდ ოცდაათ წლამდე ახალგაზრდები, უფროსები უკვე მიეჩვივნენ წინააღმდეგობის გაწევას იატაკქვეშეთში ან პროფესიული შინაგანი მოღვაწეობით. კინემატოგრაფია ამის მაგალითია. მათთვის ცნობილია იატაკქვეშეთის კანონები, იციან, როგორ მიიყვანონ საქმე ბოლომდე. ისინი ამ ბრძოლაში გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ.
იფიქრებდა ადამიანი პოლიტიკურ ბრძოლაზე, მაგრამ სივრცე გაივსო ვნებებით, ემოციებით, ამბიციებით. მოწიფულობა ნაკლად იქცა, რადგან უფროსები მობეზრდათ. ჩემი ფილოსოფიის ერთგული ვრჩები და გავურბივარ პოლიტიკაზე საუბარს ახალგაზრდებთან; უნებურად უფროსი თაობის კაცი ვხდები, ვინც მათ დაუსრულებლად რჩევა-დარიგებებს აძლევს. მათი მესმის - უფროსი თაობა მათთვის სიცოცხლესთან არ ასოცირდება. არ მინდა ვიყო იქ, სადაც ჩემი ნახვა არ სურთ. სურვილის არქონა ჯაშუშის ცხოვრების ერთი უდიადესი კანონია, რაზეც უკვე ვისაუბრე და რომელიც მე მეკუთვნის.
![]() |
23 მიახლოება |
▲back to top |
ისტორია
ალექსი მაჭავარიანი - „შემოქმედი და დრო“
ავტორი: დავით ბუხრიკიძე
გასული წლის ნოემბერში, როცა ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამოძახილი ჯერ მხოლოდ „დეპრესიული უვერტიურასავით“ ჟღერდა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო კონცერტები გაიმართა. 95 წლის თარიღის აღნიშვნა თითქოს უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ეს იყო შეხვედრა უსამართლოდ დავიწყებულ მუსიკასთან და კომპოზიტორთან, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად შეიძლება უწოდო შექსპირთან და რუსთაველთან დამეგობრებული; უფრო ზუსტად, მათი მასშტაბით შთაგონებული.
ხუთწლიანი დისტანცია 2013 წელთან, ანუ დავიწყებული კომპოზიტორის ასი წლის იუბილესთან, სინამდვილეში არის ამ მნიშვნელოვან თარიღთან მიახლოება. ამდენად კონცერტები, რომლებიც კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჟღერდა, შეიძლება აღმოჩენის სიხარულს ან დიდი ხნით დავიწყებულ, სასიამოვნო გახსენებას შევადაროთ. პირველად შესრულდა დიდი სიმფონიური სიუიტა ბალეტიდან „ჭირვეულის მორჯულება“; აგრეთვე რომანსები „ცისა ფერს“, „ტყემ მოისხა ფოთოლი“ და გურამიშვილის ლექსზე შექმნილი შესანიშნავი ლირიკული ჰიმნი „სხივო, მზეთა მზის სახეო“, და რასაკვირველია, ფრაგმენტები გენიალური ბალეტიდან „ოტელო“...
თითქმის არ არსებობდა პრემია ან წოდება საბჭოთა სახელოვნებო „კოორდინატთა სისტემაში“, რომელიც არ გაემეტებინოთ კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანისათვის: საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მრავალი ორდენის კავალერი. და მაინც, განსაკუთრებულია 1974 წელს, მილანის „ლა სკალასთან“ არსებული გალერეა „ბრანდეზეს“ პრემია, რომელიც ფილმ-ბალეტ „ოტელოს“ მუსიკისათვის მიენიჭა კომპოზიტორს.
დიდი წარმატებისა და აღიარების ფონზე ძალიან უცნაურია, რომ დაახლოებით ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მისი ადრეული თუ გვიანი ნაწარმოებები თითქმის არ სრულდებოდა. იქნება ეს მძლავრი, ეპიკური სიმფონიები (40-50-იან წლებში დაწერილი პირველი და მეორე სიმფონია და სიმფონიური პოემები „ხორუმი“ და „მუმლი მუხასა „ფორმალიზმის“ ბრალდებით ლამის აკრძალული იყო), შესანიშნავი ბალეტები („ოტელო“, „ვეფხისტყაოსანი“, „ფიროსმანი“, „ჭირვეულის მორჯულება“), საოპერო ქმნილებები („მამა და შვილი“, „ჰამლეტი“, „მედეა“), ლირიკული რომანსები, ინსტრუმენტული კონცერტები, თუ მუსიკა კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის (განსაკუთრებით პოპულარული იყო მუსიკა ფილმისთვის „ორი ოკეანის საიდუმლოება“).
იქნებ არის გარკვეული ირონია ან დრამატული სიმბოლიკა გორში, მუსიკოსის ოჯახში დაბადებული კომპოზიტორის ბედსა და საბჭოთა დიდი ბელადის აღმასვლა-დაცემაში? ან იქნებ საერთოდ არსებობს ამგვარი აღზევებისა და დავიწყების უხილავი, მაგრამ სასტიკი პარალელობის ნიშნები?! ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კითხვები ფორმალური ნიშნების გამო მაინც ჩნდება.
დღეს განსაკუთრებით უცნაურად მოჩანს „ოტელოსა“ და „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებული ქვეტექსტები და ისტორიები, რომელსაც მკითხველი მალე გაეცნობა წიგნში „შემოქმედი და დრო“. ამ წიგნზე მუშაობა უკვე დასრულებულია და, კომპოზიტორის შვილის, ვახტანგ მაჭავარიანის თქმით, ორსამ თვეში გამოიცემა, მანანა კორძაიას ძალისხმევითა და რედაქტორობით.
„ოტელოსა“ და „ვეფხისტყაოსნის“ იმპულსი
ბალეტი „ოტელო“, რომელიც 1957 წელს დაიდგა და რომელიც დღესაც აბოდებთ ვახტანგ ჭაბუკიანის თაყვანისმცემლებს, ალექსი მაჭავარიანის მუსიკის წყალობით ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე საინტერესო შექსპირული ბალეტი. ჭაბუკიანის გამაოგნებელი ქორეოგრაფიული ენერგია და ცეცხლოვანი ცეკვის გამონათება; პლუს სოლომონ ვირსალაძის ფერადოვანი სამყარო და დაუვიწყარი კოსტიუმები, ოდისეი დიმიტრიადის თავშეკავებული დირიჟორობა, დღესაც ჩვენი მუსიკალური მითოლოგიისა და სიამაყის საგანია.
„ძალიან მომეწონა ბალეტი „ოტელო“. ბრწყინვალე მუსიკაა, ბრწყინვალე წარმოდგენა. ეს ვახტანგ ჭაბუკიანის, სოლიკო ვირსალაძისა და, განსაკუთრებით, ალექსი მაჭავარიანის დიდი წარმატებაა... და ისევ მუსიკაზე მინდა ვთქვა, რომელიც საოცრად შთამბეჭდავი, ელვარე და ენერგიულია,“ - წერდა 1958 წელს, მოსკოვში გამართული წარმოდგენის შემდეგ აღფრთოვანებული დიმიტრი შოსტაკოვიჩი.
„ვეფხისტყაოსნის“ მუსიკას ბევრი რამ აქვს საერთო ვაგნერის „ტრისტან და იზოლდასთან“. მსმენელი მხურვალედ შეხვდა ალექსი მაჭავარიანის შესანიშნავ მუსიკას“.
„ნიუ-იორკ თაიმსი“, 1986 წელი.
„მაჭავარიანის „ოტელოს“ მუსიკა არის კაცობრიობის გრძნობათა და ვნებათაღელვის კალეიდოსკოპი. გამოხატავს ექსპრესიას და დინამიკას, ნათელია და აღსავსეა პოეზიით; ამავე დროს გამოირჩევა ფერების ბრწყინვალებით“.
„ზუდდოიჩე ცაიტუნგი“, 1990 წელი
„ალექსი მაჭავარიანის მეორე სიმფონიაზე შესანიშნავმა ფრანგმა ქორეოგრაფმა ჟოზეფ რუსილომ შექმნა ბალეტი „მეფე უნდა მოკვდეს“. მასში ექზისტენციური და ესთეტიკური პრობლემები ისეა გადაჯაჭვული, ხოლო ულამაზესი მუსიკის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ისეთი გრანდიოზული სილამაზისაა, რომ ანტიკური ძეგლები და ტრაგედიები გახსენდებათ“.
„ლა მარსელიეზა“, 1979 წელი
ამგვარი შეფასებებით სავსეა მსოფლიო პრესა. როცა ლეგენდარული ქორეოგრაფი და მოცეკვავე სერჟ ლიფარი პარიზში, „ოტელოს“ წარმოდგენას დაესწრო, აღიარა, რომ „მსგავსი ტემპერამენტისა და ენერგიის მუსიკა იშვიათად მოუსმენია“. ხოლო მუსიკალურ და საბალეტო წრეებში აღიარებულმა მკაცრმა კრიტიკოსმა, ანა კისელგოფმა, რომელიც, სამი ათეული წელია, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ქორეოგრაფიის განყოფილების მიმომხილველია, ასეთი რამ განაცხადა: „მე ვნახე, როგორ დაფრინავდა ეს ხორციელი ვნებებით სავსე მავრი (იგულისხმება ვახტანგ ჭაბუკიანი - დ. ბ.) და მივხვდი, რომ საქართველო უდიდესი საცეკვაო სტიქიისა და მუსიკალური კულტურის ქვეყანაა“.
ბალეტი „ვეფხისტყაოსანი“
ბალეტი „ოტელო“
„შემოქმედი და დრო“ - წიგნის ფრაგმენტები და კომენტარები
„დაპირებები. აი, ახლა შევალთ კომუნიზმში... დაპირებები. მხოლოდ და მხოლოდ დაპირებები.
აცე, ვირო... ამ გაზაფხულზე გასხივოსნდებით.
ნუ გეშინიათ, სულ მალე მწვანე იონჯა მოვა.
გასხივოსნდებით...
სად არის შენი მეობა, ადამიანო,
სად არის შენი სიტყვის ძალა?“
ცხადია, ცნობილი კომპოზიტორი ამგვარი „თეთრი ლექსით“ დაპირებულ კომუნიზმს ვერ მოესწრო. ის კი არა, სიცოცხლის ბოლოს მისი თაობის მრავალ გამოჩენილ ხელოვანს „მწვანე იონჯაც“ სანატრელი გაუხდა. ადამიანის „გასხივოსნების“ გულუბრყვილოპოეტური თეორია კი საბაზრო ეკონომიკისა და ველური კაპიტალიზმის კანონებმა ასოცმანეთიან, მაგრამ უფრო ჰუმანურ სოციალიზმთან ერთად იმსხვერპლა.
კომპოზიტორი და სამყარო, ხელოვანი და დრო - ამ საბედისწერო რითმას ასახავს დიდი მწერალი თომას მანი თითქმის ყველა ნოველასა და რომანში. ალექსი მაჭავარიანის „შემოქმედი და დროც“ თითქოს ადრიან ლევერკურისა და გუსტავ ფონ აშენბახის ქართველი კოლეგის გვიანდელი გამოძახილია:
„პირველი შემთხვევაა, რომ ასეთი სიმძიმე მაწევს გულზე მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ. ობიექტური მიზეზის გარდა, რაც გარკვეულ პოლიტიკურ დაძაბულობაში გამოიხატება, ამინდიც უწყობს ხელს ჩემს მძიმე განწყობას. მთელი დღეა, გადაუღებლად წვიმს. მე გარკვეული საქმეები მაქვს მოსაგვარებელი ლონდონში გამგზავრების წინ.
ისე, მაინც ბედნიერი ვარ. ვატომ მოსკოვში 120 მუსიკოსისაგან შესანიშნავი ორკესტრი ჩამოაყალიბა, რომელმაც პირველი კონცერტი ლენინგრადში (პეტერბურგში) გამართა და მართლაც დიდი წარმატებით. ახლა ეს ორკესტრი სრული შემადგენლობით, სამხატვრო ხელმძღვანელთან - ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად, მიწვეულია ლონდონის „როიალ ალბერტ ჰოლში“. უმშვენიერეს და უდიდეს დარბაზში, რომელიც 5000-ზე მეტ მაყურებელსა თუ მსმენელს იტევს. ლონდონის ყველა ცენტრალურ გაზეთსა და ჟურნალში განთავსებულია რეკლამა ამ კონცერტის თაობაზე. პროგრამა სოლიდურია და საკმაოდ რთული: პოლ დუკას „ჯადოქრის მოწაფე“, რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი და მეორე განყოფილებაში დიმიტრი შოსტაკოვიჩის გრანდიოზული მეათე სიმფონია.“
სხვათა შორის, არც ალექსი მაჭავარიანის შვილს, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანს ჰქონია იოლი გზა ხელოვნებაში: მუსიკალური განათლება ჯერ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. საფორტეპიანო განათლებას დირიჟორობა არჩია და მოგვიანებით სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა ოდისეი დიმიტრიადის ხელმძღვანელობით. სწავლა განაგრძო მოსკოვში გენადი როჟდესტვენსკისთან, ხოლო სტაჟირება ვენის სამუსიკო აკადემიაში, სახელოვან კარლ ოსტერრაიჰერთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპი აღმოჩნდა. მუშაობდა სანკტ-პეტერბურგის მარინის თეატრში.
1990 წელს დააარსა „მოსკოვის საფესტივალო ორკესტრი“, რომელიც ნიჭიერი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული. მოგვიანებით 1996 წელს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება. დიდი ხნის განმავლობაში ორკესტრს არ ჰქონდა საკუთარი დარბაზი, რის გამოც, ხან ოპერის სარეპეტიციო დარბაზს იყო შეფარებული, ხან თბილისის რკინიგზის კულტურის სახლს. ორკესტრმა მრავალი საინტერესო კონცერტი და საღამო გამართა. ამჟამად ვახტანგ მაჭავარიანი გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
„თითქმის ერთი თვე დავყავი ლენინგრადში, ამ ბრწყინვალე ქალაქში. დავესწარი „ვეფხისტყაოსანის“ გენერალურ რეპეტიციას და ოთხ პრემიერას. საოცრად კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ ყოველ დიდ სიხარულს მოსდევს დიდი წუხილი. ასეა ცხოვრება. დიდი ხნის სიხარული არავის შერჩენია, ხოლო თუ წუხილი ჩაგაცივდა, ძნელად მოგშორდება... თუ არ გამოიჩენ დიდ სიმტკიცესა და ნებისყოფას. ახლა სწორედ ასეთი სევდა დამეუფლა. იქნებ იმიტომ, რომ ბალეტი თბილისში არ დაიდგა. არ ვიცი.
დისონანსი ისევ თბილისიდან წამოვიდა. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი კულტურის დარგში, გურამ ენუქიძე, „ვეფხისტყაოსნის“ დადგმასთან დაკავშირებით მისალოც ტელეგრამას უგზავნის მხოლოდ დამდგმელ ქორეოგრაფს - ოლეგ ვინაგრადოვს, თითქოს მე, როგორც ცოცხალი ავტორი ამ ზეიმისა, არ ვარსებობდე. კულტურის სამინისტროს ხომ საერთოდ არ მოუხდენია რეაგირება ამ ფაქტზე. განა უცნაური არ არის ეს ყოველივე? განა ჩემი „ვეფხისტყაოსნის“ გამარჯვება კიროვის (ამჟამად მარინის - დ.ბ.) საოპერო თეატრის სცენაზე არ ნიშნავს ჩემი ერის კულტურის გამარჯვებას?“
კულტურასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულთათვისაც კი ცნობილია, რომ 70-იანი წლებიდან მოყოლებული ცენტრალური კომიტეტის ახალი მდივანი ედუარდ შევარდნაძე თავისი კულტურული შლეიფით (კულტურის სამინისტრო, ოპერისა და ბალეტის თეატრი, სახელმწიფო კონსერვატორია), რბილად რომ ვთქვათ, არასოდეს სწყალობდა მსოფლიოში აღიარებულ კომპოზიტორს ალექსი მაჭავარიანს. ამბობენ, რომ ეს „ოტელოს“ წარმატებას და ჭაბუკიანის დევნადისკრედიტაციას უკავშირდება, რომელსაც კომპოზიტორი იზიარებდა. ასეა თუ ისე, მისი მუსიკა, ფაქტობრივად, ორი ათეული წელი არ სრულდებოდა!
არადა, ის არის კომპოზიტორი, რომლის ბალეტი „ოტელო“ ოცზე მეტ ქვეყანაში დაიდგა, ხოლო ჭაბუკიანის სახელი მთელმა მსოფლიომ შეიტყო; კომპოზიტორი, რომლის მეორე სავიოლინო კონცერტს ლამის ყველა სახელოვანი მუსიკოსი უკრავდა - ლეგენდარული იეჰუდი მენუხინით დაწყებული, იმხანად სრულიად ახალგაზრდა ლიანა ისაკაძით დამთავრებული; კომპოზიტორი, რომელმაც ბალეტ „ვეფხისყაოსანით“ ავთენტური, თვითმყოფადი, მაგრამ პოეზიასთან დაახლოებული ხატი შექმნა; კომპოზიტორი, რომლის შექსპირული სამყარო („ოტელო“, „ჰამლეტი“, „ჭირვეულის მორჯულება“) მართლაც უნიკალურია და ასე დავიწყებულია საკუთარ სამშობლოში.
იქნებ, როცა ასი წლის იუბილეს უფრო მეტად მივუახლოვდებით, მაშინ უფრო ვისწავლოთ საკუთარი დიდი შემოქმედების დაფასება? და კიდევ ერთი, ფინალური ფრაგმენტი ალექსი მაჭავარიანის წიგნიდან „შემოქმედი და დრო“:
„როდესაც მივფრინავ საქართველოს ცაზე, ყოველთვის ვოცნებობ ამინდმა შესაძლებლობა მომცეს, კიდევ ერთხელ გადავხედო ზემოდან კავკასიონს. ლენინგრადიდან რომ მოვფრინავდი, მაშინაც სასოებით გავცქეროდი კავკასიონის თოვლით და ყინულით გადავერცხლილ მწვერვალებს. იმ კლდეებს, რომელზეც ამირანი-პრომეთე მიაჯაჭვეს ღმერთებმა; იმ ხავერდოვან, ლივლივა შავი ზღვის სანაპიროს, სადაც იაზონმა ოქროს საწმისთან ერთად გაიტაცა აიეტის ასული მედეა. ეს თემები მოსვენებას არ მაძლევს!“
![]() |
24 ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები |
▲back to top |
ესეი
ავტორი: გიორგი მაისურაძე
საზოგადოების ჩაკეტილობა, განსხვავებით მისი ღიაობისაგან, ისეთი მდგომარეობაა, როდესაც საზოგადოება არათუ არ ან ვერ ვითარდება, არამედ იგი მაქსიმალურად ეწინააღმდეგება ყოველ სიახლეს, რომელსაც მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა შეეძლებოდა. თუმცაკი, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ჩაკეტილი საზოგადოება არ იცვლებოდეს. მისი ცვალებადობა მიმართულია არა სიახლისაკენ, არამედ სიძველის გაცოცხლებისა და გატოტალურებისაკენ, რასაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოება თვითიზოლაციისაკენ მიჰყავს, აუცხოებს სამყაროსა და ეპოქისაგან და მას ანაქრონულს ხდის. დროსთან შეუსაბამობა კი ჩაკეტილ საზოგადოებაში წარმოშობს კონფლიქტებს გარე სამყაროსთანაც და თავად საზოგადოების წიაღშიც, რაც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ არაადეკვატური რეაქციებით, არამედ ერთგვარი კოლექტიური პარანოიითაც ვლინდება ყოველივე ახლის, უცნობისა თუ უცხოს მიმართ.
ჩაკეტილ საზოგადოებას ჰყავს თავისი „დარაჯები“ - იდეოლოგიური კასტა, რომელიც მუქარით, დაშინებით, წამქეზებლობითა თუ მანიპულაციით ცდილობს, წინ აღუდგეს სიახლეებს და არ დაუშვას საზოგადოების გახსნა, რაც, პირველ რიგში, მათი ძალაუფლების დაკარგვას მოასწავებს. ამისათვის ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, სრულ აბსურდამდე მიიყვანონ საკუთარი წარმოდგენები, რომლებიც მათ ერთადერთ და უეჭველ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, და ხშირად ძალადობის მეშვეობითაც კი თავს მოახვიონ იგი საზოგადოებას. XVI-XVII საუკუნეებში ასეთ მოვლენას ევროპულმა განმანათლებლობამ ობსკურანტიზმი, ანუ სიბნელის მიმდევრობა (ლათ. Obscura - „ბნელი“) უწოდა. ობსკურანტები იყვნენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურ, დოგმატიკისგან თავისუფალ და მეცნიერულ აზროვნებას კიდევ უფრო გაბუნდოვნებულ და გააბსურდულებულ რელიგიურ დოგმებსა და მითებს უპირისპირებდნენ და საღი და ნათელი აზრების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მოგვიანებით ობსკურანტიზმი ტოტალიტარული რეჟიმების მთავარ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ყოველგვარი კრიტიკული და თავისუფალი აზროვნების ჩასახშობად გამოიყენებოდა. თანამედროვე, „პოსტტოტალიტარულ“ ხანაში ობსკურანტიზმის გამოვლინებებია სხვადასხვა სახის ესეი ფუნდამენტალიზმები, რომლებიც ფსიქიკური თუ ფიზიკური ძალადობით ებრძვიან დემოკრატიას და მისი არსებობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს - ლაიციზმს, ანუ სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუციების გამიჯვნას. ამ მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი მაგალითია ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა, რომელიც უკვე თავის სახელწოდებაშივე აცხადებს საკუთარ მიზნებს (არაბ. ალ-ყაიდა - „ყაიდაზე დგომა“), სადაც ყაიდის, წეს-ჩვეულების დაცვა იგულისხმება. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა მთელი მსოფლიო ისლამურ ფუნდამენტალიზმსა და მის საფრთხეზე აალაპარაკა, რამაც ყურადღება მოადუნა ფუნდამენტალიზმის იმ ფორმებზე, რომლებიც სხვა რელიგიებიდან, კერძოდ კი ქრისტიანობიდან მომდინარეობს. ეს, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩენილ მართლმადიდებლურ ფუნდამენტალიზმს ეხება, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე სულ უფრო მეტად ექსტრემალურ და, ამასთანავე, კურიოზულ სახესაც იღებს რუსეთსა და საქართველოში, რომლის „იდეალი“ არა ქრისტიანული უნივერსალიზმი ან „მოყვასის სიყვარულის“ იდეაა, არამედ სტალინური ყაიდის ტოტალიტარიზმი და არათავისუფალი აზროვნება.
„სწორი აზრის ქონა“
მართლმადიდებლობა ბერძნული სიტყვის orthodoxein-ის ქართული თარგმანია და სიტყვასიტყვით „სწორი აზრის ქონას“ ნიშნავს. „სწორ აზრზე“, ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის პრეტენზია ყველა რელიგიას აქვს, რაც შუა საუკუნეებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არსებულ სამყაროს წესრიგს გამოხატავდა. „ახალი დროება“ კი, რომელიც განმანათლებლობითა და სეკულარიზაციით ანუ საკრალური სააზროვნო და ყოფითი პრინციპების „გამიწიურებით“ დაიწყო და მან, ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის ნაცვლად, აზრთა სხვადასხვაობა, მათი მშვიდობიანი თანაარსებობა და დიალოგი დაამკვიდრა. ეს კი თანამედროვე დასავლური ტიპის დემოკრატიული საზოგადოების არსებობის საფუძველია, სადაც ადამიანი თავად ირჩევს საკუთარი აზროვნებისა თუ ყოფის პრინციპებს და მისი რეგლამენტირების უფლება მხოლოდ კონსტიტუციას აქვს. ერთი რომელიმე რელიგიური თუ პოლიტიკური ძალის მიერ ჭეშმარიტებაზე კვლავაც საავტორო უფლების დატაცება დღეს უკვე ფუნდამენტალიზმია, რომლის გამარჯვებაც მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების მეშვეობითღაა შესაძლებელი. ამის ბოლო ყველაზე წარმატებული ნიმუში ირანის ისლამური რევოლუციაა, რომლის შედეგადაც ამ ქვეყნის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაცა და ყოფითი სფეროც სასულიერო პირების მიერ კონტროლდება.
თუმცა კი ტოტალიტარიზმი არამხოლოდ სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებსა და რეპრესიებზეა დამყარებული. მისი უმნიშვნელოვანესი საფუძველი თავად მოქალაქეების მხრიდან არჩევანის თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა და მისი რომელიმე ავტორიტეტული ინსტანციისთვის მინდობაა, რომელსაც მერე ისინი უსიტყვოდ და უკრიტიკოდ ემორჩილებიან, რადგანაც, მათი რწმენით, ამ ინსტანციამ იცის, რა არის „სწორი აზრი“, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის ზებუნებრივი ძალების სახელით ლაპარაკობს. ეკლესია მზა პასუხებს იძლევა და „მართალი“ ცხოვრების ნორმებს აწესებს, რომლისადმი მორჩილებაც ადამიანებს გარკვეულ გონებრივ „კომფორტს“ უქმნის, განსხვავებით თავისუფალი აზროვნებისაგან, რომელიც არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს, რაც უსასრულო სულიერ შრომასა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. შემთხვევითი არაა, რომ „მწვალებლობის“ აღმნიშვნელი ქრისტიანული ტერმინი „ერესი“ (ბერძნ. ჰაირესის) „არჩევანს“, „ამორჩევას“ ნიშნავს. „მწვალებლები“ ყოვლისმცოდნე ინსტანციის ავტორიტეტს არ აღიარებენ ან მათ მზა პასუხები და რეცეპტები არ აკმაყოფილებთ და დაწესებული ნორმებისა თუ დოგმებისაგან დამოუკიდებელ ცხოვრებასა და აზროვნებას ცდილობენ. თუ საზოგადოება თავისუფალია, თავისუფალია იმის ფასად, რომ მას აბსოლუტური ჭეშმარიტების ერთი ნიმუში არ გააჩნია და იგი იძულებულია, ჭეშმარიტებათა უსასრულო სიმრავლეში საკუთარი არჩევანი გააკეთოს, იპოვოს ან თავად შექმნას ის, რაც მის სულიერ თუ ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა.
რელიგიური განწყობის მომძლავრება კი, რომელიც ბოლო დროს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი პოსტტოტალიტარულ სივრცეში შეიმჩნევა, სულიერი კულტურის კრიზისსა და, საზოგადოდ, სულიერების ვაკუუმზე მიუთითებს, როდესაც ადამიანები უამრავ რთულ და მწვავე პრობლემაზე კულტურიდან ვეღარ იღებენ პასუხს. ასეთ დროს ეკლესია ხშირად ფსიქიკურ კრიზისში მყოფ ადამიანებს სულიერების ფასტ-ფუდით ამარაგებს, მორჩილებითა და რიტუალის დაცვით რთული პრობლემების მოგვარებას ჰპირდება. როდესაც მარქსი ან ნიცშე რელიგიას ნარკოტიკს უწოდებდნენ, ასეთი შედარებით ისინი რელიგიის ტკივილგამაყუჩებელ და გამაბრუებელ ეფექტს უსვამდნენ ხაზს, რისი მეშვეობითაც მხოლოდ სინამდვილეზე და ტკივილებზე დროებით თვალის დახუჭვაა შესაძლებელი. ასეთი სუროგატები კი არათუ პრობლემას ვერ აგვარებენ, არამედ მათ საზოგადოება გარე სამყაროსადმი გაუცხოებასა და შიდა რეალობასთან კონფლიქტებამდე მიჰყავს, რისი პირველი ნიშანიცაა რელიგიურ გარემოებში აგრესიისა და ფუნდამენტალიზმის ზრდა. ფუნდამენტალიზმი კი მაშინ ჩნდება, როდესაც რელიგია მთლიანად პოლიტიკურ შინაარსს იძენს და იდეოლოგიებს ჩაენაცვლება და შემდეგ აგრესიული ფორმით იწყებს საკუთარი ერთადერთი და უეჭველი ჭეშმარიტების საზოგადოებისათვის თავზე მოხვევას. თუ უკანასკნელი ოცი წლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მართლმადიდებლობამ პოლიტიკური იდეოლოგიების ადგილი დაიკავა, მათ ჩაენაცვლა და სრულიად გეგმაზომიერად კონტრსეკულარიზაციის შესრულება დაიწყო, რომელიც თანდათანობით სრულიად ფუნდამენტალისტურ სახეს იღებს და ქართული საზოგადოების პოლიტიკური და ინტელექტუალური განვითარების მთავარ შემფერხებელ ფაქტორად გადაიქცევა.
„საქართველო გაბრწყინდება!“ ანუ პოლიტიკური მართლმადიდებლობა
საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რომლის ერთ-ერთი პირველი ავტორიც ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევია, საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგია არა მარქსიზმიდან, არამედ მართლმადიდებლობიდან აღმოცენდა. გერმანელი ფილოსოფოსის ოსვალდ შპენგლერის აზრით კი, რუსეთში კომუნისტების გამარჯვება ჯერ კიდევ პეტრე I-ის მიერ დაწყებულ რუსეთის გაევროპულების მცდელობაზე ტრადიციული რუსული მართლმადიდებლობის რევანში იყო. სტალინის პიროვნებაში მართლმადიდებლობის სამშობლოს - ბიზანტიის იმპერატორის ტიპის აბსოლუტისტური ხელისუფლება აღდგა. იმპერატორი კი მართლმადიდებლურ პოლიტიკურ თეოლოგიაში ქრისტეს თანაარსად და, ამდენად, უმაღლეს რელიგიურ ავტორიტეტად აღიქმებოდა. შესაბამისად, მართლმადიდებლობას ბიზანტიაშიც და მის „სამართალმემკვიდრე“ რუსეთშიც ხელისუფლების მთავარი იდეოლოგიური ფუნქცია ჰქონდა. ოქტომბრის რევოლუციისა და 20-იანი წლების მოდერნისტული ექსპერიმენტების შემდეგ საბჭოთა კავშირში სტალინმა გაიმარჯვა, რომელმაც ევროპიდან შემოსული სეკულარიზაცია შეაჩერა და მის მიერ შემოტანილი განმანათლებლური თუ ლიბერალური იდეები საბოლოოდ ალაგმა და მთელი ახალი საბჭოთა იმპერია თავის მართლმადიდებლურ-მესიანისტურ ფესვებთან დააბრუნა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეკლესიას კომპარტია ჩაენაცვლა, სამებას - ცოცხალი თუ უკვდავი ბელადები. ძირითადი პრინციპი კი უცვლელი დარჩა: არსებობს ერთადერთი „სწორი აზრი“ და მისი განმსაზღვრელი ერთადერთი ინსტანცია (ეკლესია/პარტია), ხოლო ვინც მას არ იზიარებს და თავისუფალ ან კრიტიკულ აზროვნებას ცდილობს, როგორც ერეტიკოსი თუ „ხალხის მტერი“, განადგურებას საჭიროებს. 1937 წლის რეპრესიები ბევრი საბჭოთა მოქალაქისათვის განკითხვის ჟამად აღიქმებოდა, რომელსაც კომუნიზმის სახით „ათასწლოვანი სამეფოს“ აშენება უნდა მოჰყოლოდა. შემთხვევითი ფაქტი არაა მართლმადიდებლური ეკლესიის ლოიალობა სტალინის მიმართ: განსხვავებით ლენინისაგან, ეკლესიას სტალინი არასდროს აღუქვამს „სატანად“ ან „ანტიქრისტედ“ და უკვე 30-იანი წლების ბოლოდან მის სახელზე ლოცულობდა. ამისი მიზეზი კი არა მხოლოდ შიშია, არამედ უფრო მეტად ის, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილ მოსწავლეში ეკლესია, თუმცა სახელშეცვლილ, მაგრამ მაინც ბიზანტიურ-მართლმადიდებლური იმპერიის ამაღორძინებელს ხედავს (ამდენად, სრულიად ლოგიკური იქნებოდა ოდესმე სტალინის წმინდანად შერაცხვა!).
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში მართლმადიდებლური ეკლესია იმის დაბრუნებას შეუდგა, რაც მას არა მხოლოდ საბჭოთა იდეოლოგიამ, არამედ ჯერ კიდევ ევროპიდან შემოსულმა სეკულარიზაციამ წაართვა. ასეთი წარმოდგენა მხოლოდ ზედაპირულ სიმართლეს ასახავს, რომელშიც ნაკლები ყურადღება ექცევა ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს, რომელიც პოსტსაბჭოთა ხანაში მართლმადიდებლური ეკლესიის მომძლავრების გადამწყვეტი ფაქტორია: მართლმადიდებლობა ენაცვლება საბჭოთა იდეოლოგიას, ინახავს და რეანიმირებს სტალინისტურ სააზროვნო და მსოფლმხედველობით პრინციპებს. თუკი ადრე საბჭოთა იდეოლოგიური აპარატი იცავდა მოქალაქეებს დასავლური და ლიბერალური იდეებისაგან, დღეს ამ ფუნქციას ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესია და მასთან არსებული სრულიად ფუნდამენტალისტური შინაარსის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასრულებენ, რომლებიც სტალინური ყაიდის ტოტალიტარული ცნობიერების მთავარ ბასტიონს წარმოადგენენ. ასეთი ზეგავლენის მოპოვება კი ეკლესიამ არა მხოლოდ იდეოლოგიური ვაკანსიის დაკავებით, არამედ ახალი იდეოლოგიური ჰიბრიდის შექმნით შეძლო. ეს ჰიბრიდი კი ნაციონალიზმის საკრალიზაციითა და საკრალურის ნაციონალიზაციითაა მიღებული. ეკლესიამ სეკულარულ სამყაროს ეროვნულობის იდეა წაართვა და მთელი „მიწიერი“ სფეროების დაუფლებას შეუდგა.
საქართველოში კონტრსეკულარიზაციის დასაწყისის თარიღი 1987 წელია, როდესაც ეკლესიამ საქართველოში სეკულარიზაციის პირველი ავტორი, საეკლესიო ენის საეროთი შეცვლის მთავარი ინიციატორი ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. ამით სეკულარიზმი, როგორც ეროვნული იდენტობის საფუძველი, საეკლესიო მფლობელობაში გადავიდა, ილია ჭავჭავაძე კი ახალი ქართული პოლიტიკური მართლმადიდებლობის პირველ იდეოლოგიურ სიმბოლოდ იქცა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ილია ჭავჭავაძის სიტყვები - „ენა, მამული, სარწმუნოება“ მთავარ საბჭოთა ლოზუნგს - „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“-ს ჩაენაცვლა. ასეთი სინთეზით კი თავად მართლმადიდებლობამ დაიწყო ქართული ნაციონალიზმის იდეოლოგიურ ბაზისად ჩამოყალიბება, რომელშიც, ერთი მხრივ, საერო პიროვნებებისა და ღირებულებების გასაკრალურება, მეორე მხრივ, ზენაციონალური და უნივერსალური ქრისტიანული სიმბოლიკის ნაციონალიზაცია და მისი გაქართულება მიმდინარეობს. ეროვნული მოძრაობის ეთნოცენტრიზმს ერწყმის მართლმადიდებლობის, როგორც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელის ფაქტორი, რაც უკვე არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველებს რიყავს საქართველოსგან, არამედ ყველა ქართველ არამართლმადიდებელსაც. ასეთი ჰიბრიდის პირველი პოლიტიკური ძალის დემონსტრაცია იყო 1990 წლის 28 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქის ილია II-ის ბრძანება: „სახელითა მამისა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვბრძანებ: დღეიდან ყოველი ქართველი ადამიანის მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის (მოკლულის) დანაშაულისა ან უდანაშაულობისა, გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად. მკვლელის სახელი და გვარი შეტანილ იქნას საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში და გადაეცეს თაობიდან თაობას, როგორც სამარცხვინო და დასაგმობი. საგანგებო ბრძანება ესე მიღებულია, რათა საქართველოში იქნას თავიდან აცილებული უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე - ძმათა კვლა“ (ხაზგასმები სტატიის ავტორისაა). ასეთი შინაარსის ბრძანების მართლმადიდებლურობაზე მსჯელობა თეოლოგებს მივანდოთ. ყურადღებას კი მხოლოდ ორ მომენტზე გავამახვილებ: პირველია ქართველი ერის როგორც ძმათა, ანუ სისხლით მონათესავე თვისტომთა ერთობის განსაზღვრება, დაფუძნებული ნათესაობის ელემენტარულ სტრუქტურაზე, რომელიც გვაროვნული თემისგან არ განსხვავდება, ხოლო თანამედროვე ტერმინოლოგიით ეთნოცენტრიზმი ეწოდება. მეორეა თავად ტერმინი „ერის მტერი“, რომელიც სტალინისეული „ხალხის მტრის“ პარაფრაზაა და ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ლექსიკონშიც მათი სტალინისტური აზროვნების პროდუქტად გაჩნდა. ამ ბრძანების მნიშვნელოვანება კი ისაა, რომ პატრიარქი არა მხოლოდ ქართველი ერისა და მისი მტრის განსაზღვრებას იძლევა, არამედ საერო ხელისუფლების უფლებამოსილების იურიდიულ ფორმას - „ბრძანებას“ გამოსცემს და ამით საკრალურ და საერო სფეროებს აღრევს. თუმცაკი ასეთი აღრევა უფრო უკეთ გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ახალი ქართული „ეროვნული იდეა“ ამ სფეროების აღრევითა და სინთეზითაა მიღებული.
გარდა მე-12 საუკუნის მიწურულს გაჩენილი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვედრობის იდეისა, რომელიც გვიანსაბჭოთა ხანაში ქართულ მესიანიზმად იქნა გაგებული ახალი ქართული ნაციონალიზმის იდეოლოგების (აკაკი ბაქრაძე, ზვიად გამსახურდია) მიერ, ეკლესიას შემოაქვს ახალი ჰიბრიდული სიმბოლო: „ზეციური საქართველო“. ეს კი იოანეს „გამოცხადების“ 21-22 თავებში აღწერილი სრულიად ზენაციონალური „ზეციური იერუსალიმის“, რომელიც აპოკალიფსის შემდეგ მიწაზე უნდა აშენდეს, გაქართულებული და, ქრისტიანული მსოფლმხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთობ გავულგარულებული ვარიანტია. 1989 წლის აღდგომის ღამეს კათალიკოსპატრიარქ ილია II-ს ეკლესიის ისტორიაში უანალოგიო ნაციონალისტური ლიტურგიული ფორმულა შემოაქვს: „ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, საქართველო აღსდგა!“, რომლის მეშვეობითაც ქრისტეს სხეულის საქართველოსთან გაიგივება ხდება.
ამგვარად სახეცვლილი და განაციონალისტურებული მართლმადიდებლობა ჯერ „პერესტროიკის“ ხანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, შემდგომ კი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ძირითადი პოლიტიკური მოძღვრების სახეს იღებს, რომელიც ერთი, ასევე, სრულიად ბუნდოვანი და შელოცვის მსგავსი ფორმულირებით - „საქართველო გაბრწყინდება!“ გვირგვინდება. „საქართველო გაბრწყინდება!“ - ქართული სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივად ერთადერთი პოლიტიკური „დოქტრინაა“, რომელიც პოლიტიკური მართლმადიდებლობისა და ქართული ნაციონალიზმის ჰიბრიდმა წარმოშვა და უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში დომინირებს. რადგანაც ამ ხნის მანძილზე საქართველოში მოქმედ არც ერთ პოლიტიკურ ძალას რეალობასთან მიახლოებული ქართული სახელმწიფოებრიობის არანაირი კონცეფცია არ შეუქმნია, ეს ფორმულა ერთადერთი პოლიტიკური რეალობის განსახიერებად იქცა. სწორედ მისი მადლით საქართველო ურჩხულებით, გველეშაპებით და მათთან მებრძოლი გმირებითა და წმინდანებით დასახლებულ ერთგვარ ვირტუალურ სამყაროში იმყოფება და მხოლოდ სრულიად გაზღაპრებული წარსულის რეპროდუქციას ცდილობს. აქედან გამომდინარე, ასევე ლოგიკურია, ერთი მხრივ, პრეზიდენტების ეკლესიაში ფიცის დადების კურიოზული რიტუალი (პრეზიდენტობა, როგორც სეკულარული ინსტიტუცია, თავის არსში გამორიცხავს საკრალურ ლეგიტიმაციას) და მონარქიის აღდგენის, როგორც ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი გზის იდეები, რადგანაც საქართველო თავისი პოლიტიკური ცნობიერებით არა 21-ე საუკუნეში, არამედ საკუთარი ფანტაზიებით გამოგონილ შუა საუკუნეებში იმყოფება. მეორე მხრივ კი, 2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება (კონკორდატი), რომელიც ამ ეკლესიას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს და, ფაქტობრივად, გზას უხსნის ერთგვარი თეოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც როგორც პოლიტიკური, ასევე, ყოფითი სფეროებიც საეკლესიო კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. აქედან გამომდინარე კი, მომავალი საქართველოს პროექტი აიათოლა ჰომეინის დროინდელ ირანს უფრო წააგავს, ვიდრე ლაიცისტურ პრინციპზე დაფუძნებულ, ლიბერალური ღირებულებების თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფოს. ამდენად, „საქართველოს გაბრწყინება“ თავისი არსით იმის გამოხატულებაა, რასაც ევროპელი განმანათლებლები ობსკურანტიზმს უწოდებდნენ: როდესაც გონებას, რაციონალურ აზროვნებას სრულიად ბუნდოვანი და არაფრის მთქმელი მითოსური ფორმულები უპირისპირდება და მის ჩახშობას ცდილობს. ასეთი განვითარება კი საქართველოში რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ექსტრემიზმის ნიადაგს ქმნის, რომლის პირველი ნიშნებიც უკვე სახეზეა და ქვეყნისა და საზოგადოების მომავალს სერიოზული საფრთხითაც კი ემუქრება.
მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის სიმპტომები და მეტასტაზები
როდესაც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ აქტივისტებმა და სამღვდელო პირებმა თბილისში ჰელოუინის მოზეიმე ახალგაზრდები დაარბიეს, - ეს ფაქტი ფუნდამენტალიტმის სიმპტომია: რელიგიურ ფანატიკოსთა ჯგუფი ძალადობს და ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს, რომლებიც უცნაურად გამოიყურებიან, მათგან განსხვავებულად გამოხატავენ მხიარულებას, და, საერთოდაც, არ ცხოვრობენ იმ წესების მიხედვით, რაც მათ ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, ანუ არასწორი აზრი აქვთ. ეს კი ამ მართლმადიდებლებისათვის, როგორც „სწორი აზრის მქონეთათვის“, არათუ მიუღებელია, არამედ „სატანისტურია“ და ლიკვიდაციას ექვემდებარება, რაც უკვე ფუნდამენტალიზმის მეტასტაზებზე მიუთითებს. ფუნდამენტალიზმის მეტასტაზები ადამიანის ფსიქიკურ და მენტალურ უკანსვლას, ანუ დეგენერაციას იწვევს, რის გამოც, ადამიანს კარნავალურ ფორმაში გამოწყობილი მეორე ადამიანი შეიძლება სატანად ან ავსულად მოეჩვენოს, რადგანაც მისი გონება უძლურია სიმბოლო რეალობისგან განასხვაოს და საგნებს იმ სქემის მიხედვით აღიქვამს, რომელიც მასშია ჩაპროგრამებული. ამდენად, ფუნდამენტალისტი გულწრფელია, როდესაც იგი საკარნავალო კოსტუმში გამოწყობილ ახალგაზრდაში სატანას ებრძვის, ისევე, როგორც გულწრფელი იყო არაერთი ფანატიკოსი კომუნისტი, რომელიც 1937 წელს „ხალხის მტრებს“ ავლენდა და ხვრეტდა. ასეთ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას სტალინის სახელით გააკეთებ, თუ მართლმადიდებლობის.
ფანატიკოსები ყველგან არსებობენ, მათ შორის - დასავლეთის ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებშიც, მაგრამ ისინი რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ვიდრე საზოგადოებას კანონმდებლობით, მედიითა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ინსტიტუტების მეშვეობით მათგან თავის დაცვა და მათი განეიტრალება შეუძლია. მაგრამ როდესაც ფუნდამენტალიზმის მეტასტაზები ფართო მასებში იწყებს გავრცელებას, მაშინ საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც მათგან თავდაცვის იმუნიტეტი უქვეითდება და უძლური ხდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ექსტრემიზმს, აღასრულოს საკუთარივე კანონმდებლობა და დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება. მედია არათუ არ აშუქებს, არ აჩვენებს მომხდარს, არამედ ერთადერთი გაზეთი „ალია“ ტრიბუნას უთმობს ფუნდამენტალისტებს და მათივე სიტყვებით აფასებს ამ ფაქტს, რაც იგივე იქნებოდა, რომ, ვთქვათ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შეფასებისათვის ალ-ქაიდას ტერორისტები მოეწვიათ. ასეთი დუმილისა და უძლურების მიზეზი არა მხოლოდ ისაა, რომ მედიას ან ხელისუფლებას უბრალოდ ეშინიათ ფუნდამენტალისტების, არამედ უფრო მეტად ის, რომ მათშიც შეაღწია ფუნდამენტალიზმის მეტასტაზებმა, დააავადა, დაასუსტა ისინი, დაუკარგა ეთიკური პრინციპები და დაუქვეითა გონებრივი უნარები. სწორედ ამიტომ, შესაძლებელი ხდება ეკლესიის ჩარევა მედიის საქმიანობაში, თვით ყველაზე „პროფანულ“ „რიალითი შოუებშიც“ კი - ეს მან უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი და როგორი ლიტერატურული თხზულების დაწერის უფლება აქვს მწერალს, როგორი სპექტაკლის დადგმის ამა თუ იმ თეატრს; საერთოდ, შეიძლება თუ არა წმინდანზე ეკლესიისგან განსხვავებული აზრის ქონა (თუ გავითვალისწინებთ, რომ არაერთი წმინდანად შერაცხული პიროვნება „ქართველი ერის წინაშე დამსახურებისთვისაა“ ამ რანგში აღზევებული, მათზე არაკანონიკურ ტონში საუბრის აკრძალვა ძალიან წააგავს თანამედროვე რუსული ინტერვენციების ლოგიკას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჯერ რუსული პასპორტები ურიგდებათ, შემდეგ კი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად რუსეთის ჯარები შემოდიან). კიდევ უფრო სახიფათოა ფუნდამენტალიზმის მეტასტაზების სკოლაში შეღწევა და მოსწავლეებში ობსკურანტული აზრებისა და ყოფის ნორმების გავრცელება, რაც არათუ მხოლოდ მოგვაგონებს საბჭოთა სკოლის სტერეოტიპებს, არამედ მათზე ბევრად უფრო ანაქრონულია და თავად განმანათლებლობის პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული.
ფუნდამენტალიზმის მეტასტაზები იმდენადაა მოდებული მთელ საზოგადოებაში, რომ ადამიანთა საკამოდ დიდი ნაწილი ქრონიკულად რელიგიურ რიტუალში იმყოფება: ეკლესიის დანახვაზე იწერს პირჯვარს, აკურთხებს ბინას, ავტოს, ყოფით ნივთებს, „მოძღვრის“ ლოცვა-კურთხევით მიდის შვებულებაში, ექიმთან, იღებს გადაწყვეტილებებს; თუ საჭიროა, იძალადებს კიდეც, რადგანაც ეს ძალადობა „სწორი აზრის ქონას“ ემსახურება და მოძალადეს თავი შეიძლება აპოკალიფტურ მხედრადაც წარმოუდგენია, რომელიც განკითხვის ჟამის მოახლოებას იუწყება, მით უმეტეს, რომ მას ისიც ასწავლეს, რომ განკითხვა ქართულ ენაზე ჩატარდება.
სახელმწიფო კი, რომელიც ასევე დასნეულებულია ამავე მეტასტაზებით, უძლურია დაიცვას და განახორციელოს საკუთარი კონსტიტუცია, რომელიც რელიგიურ შუღლს, ადამიანის რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას და ექსტრემიზმს კრძალავს და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ამ აკრძალვებს სისტემატურად არღვევს. სახელმწიფო ვერ ახერხებს მას საკუთარივე კანონმდებლობა დაუპირისპიროს, რადგანაც მას სახელად „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ ჰქვია.
ეკლესიის ასეთი ზესახელმწიფოებრივი უფლებები კი თავად სახელმწიფოს შინაგან რღვევას იწვევს, რომელიც საკუთარ იურისპრუდენციას ვეღარ ფლობს და მთელ ქვეყანას თვითიზოლაციისაკენ მიაქანებს, სადაც თანდათანობით უკვე ყველაფერს ჩაკეტილი საზოგადოების დარაჯები განაგებენ.
![]() |
25 „ვნებებით სავსეს, ვიგონებ წარსულს“... |
▲back to top |
პარიზული ჩანაწერები
ავტორი: ლანა ღოღობერიძე
კადრი ფილმიდან „ქეთო და კოტე“
მივიღე მოწვევა, ვყოფილიყავი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც ეს ნიშნავდა გარკვეული დროით კინოს სამყაროში დაბრუნებას. და იყო კიდევ ერთი მიზეზი: ყველა სერიოზული კულტურული მოვლენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა ქვეყანას უჭირს, უჭირს სულიერად და მატერიალურად, როცა საზოგადოებას მკურნალობა და ნუგეში სჭირდება, და შენ კი იცი, რომ დიდი გადასახედიდან მხოლოდ ხელოვნებას ხელეწიფება ადამიანთა საერთო ტკივილის შემსუბუქება. და აი, რამდენიმე დღე, დილიდან საღამომდე ჩავიძირე კინოში - ფილმების ყურება, საუბრები კინოზე, შეხვედრები ქართველ და უცხოელ კინემატოგრაფისტებთან, ჟიურის წევრების გაცნობა, ერთად გატარებული საათები, საერთო სადილები და საღამოები, და ისევ - ფილმები, ისევ - მათი ანალიზი, გაუთავებელი ბჭობა კინოენის სიახლეებზე. ანუ ხდება ყველაფერი ის, რაც არაერთხელ განმიცდია მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე და რაც დროებით მაინც აშოშმინებს ჩემს მუდმივ და გაუნელებელ ნოსტალგიას ამ საოცარი მოვლენის მიმართ, რომელსაც კინო ჰქვია. სასიამოვნოა ის, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე არსებობს, როგორც ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, რომ მან შეძლო თავისი ტრადიციის დამკვიდრება და ჰყავს საკუთარი მაყურებელი. ეს კი მისი შემქმნელის - გაგა ჩხეიძის და მასთან ერთად ნინო ანჯაფარიძის უტყუარი დამსახურებაა.
წლევანდელი კინოფესტივალი ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრებს ეძღვნებოდა, მათ პირველ და მეორე ფილმებს. ჟიურის შეხვედრების მთავარი თემა იყო თანამედროვე ევროპული კინოს ტრადიციებზე საუბარი. ჩემთვის გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი:
1) საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში ნათლად იჩენს თავს ამ მოვლენის საპირისპირო ტენდენცია - მეტი ყურადღება ქვეყნის და პიროვნების თვითმყოფადობის მიმართ. „საერთო სოფელი“, ანუ გლობალიზაციის შედეგად ერთ სოფლად ქცეული პლანეტა და ამ ფონზე - ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესი ყოველი კონკრეტული სოფლისა თუ ქალაქის, ოჯახის, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის მიმართ. თუმცა ეს ტენდენცია ახალი არ არის, ის მუდამ არსებობდა ხელოვნებაში: მაგალითისთვის ფოლკნერიც კმარა, რომელიც მთელი სიცოცხლე თავის მშობლიურ სოფელზე (რომელსაც გამოგონილი სახელი „იოკნაპატოფა“ დაარქვა) და მის მაცხოვრებლებზე წერდა, ანუ იმაზე, რაც იცოდა ყველაფერზე უკეთ და სწორედ ამით გახდა მისი რომანები ასე საინტერესო ყველასათვის და ასე დატვირთული ზოგადსაკაცობრიო იდეებით. ასევეა დანიის პრინცის, ჰამლეტის კერძო ხვედრი და მისი ძირეული პრობლემის - „ყოფნა-არყოფნის“ - უნივერსალურობა.
2) ფილმების მოქმედების არე - ეპოქა ბერლინის კედლის დანგრევის მერე. ამ დროისათვის დამახასიათებელი ქაოსი, ნგრევა, შენების ნაცვლად, აბსურდული სიტუაციები; გადაულახავი დაპირისპირებები საზოგადოებაში, სიცოცხლის გაუფასურება, უაზრო სიკვდილი. ყველაფერი ის, რაც ასე ტრაგიკულად დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანასაც.
3) განსაკუთრებული აქცენტი ნაციონალიზმის ფენომენზე. ნაციონალიზმის იდეა, ასეთი აუცილებელი, როცა ის საკუთარი ქვეყნის სიყვარულს და სხვების პატივისცემას ნიშნავს და ასეთი საშიში, როცა ექსტრემიზმსა და სხვების უარყოფაში გადადის და ამით თავის თავს ანადგურებს. რამდენი უბედურება დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას ამ მოვლენასთან დაკავშირებული ვნებების აღზევების გამო!
ჩვენმა პატარა საერთაშორისო ჟიურიმ დიდი ენთუზიაზმით და ცხოველი კამათების შედეგად მოპოვებული ერთსულოვნებით იმუშავა. ვფიქრობ, რომ ვერცხლის და ოქროს პრომეთე ფესტივალის საუკეთესო ფილმებს მივანიჭეთ.
ამ ფესტივალზე ნამდვილი სიხარულიც განვიცადე, ის მიშა კალატოზიშვილის კონკურს გარეთ ნაჩვენები „ველური ველის“ ნახვას მოჰყვა. ძლიერი, მძაფრი რეჟისურა, რომელშიც შეთავსებულია სისადავე, სიმკაცრე და სინაზე, სინაზე, რომელიც ნამდვილად ღრმა და გულში ჩამწვდომი ხდება მაშინ, როცა მისი გარემო ასეთი მკაცრია და შეუბრალებელი. მიხარია, რომ ფილმის ავტორია მიშა, ჩემი ახლობლების - ტიტოს და ჯინას - შვილი, დედაჩემის ახლობლების - რაისა მიქაძის და მიშა კალატოზოვის შვილიშვილი. ვსხედვართ გოგი მესხიშვილის და მაკას მშვენიერ სახლში, რომელსაც ხელოვნების სავანეც შეიძლება დაარქვა, შევექცევით მაკას მიერ მომზადებულ უგემრიელეს კერძებს, დევი ხეჩინაშვილი გაუთავებლად ყვება ხან სასაცილო და ხან სამწუხარო ამბებს. მიშა დიდ და კეთილ დათვს მაგონებს, ის უფრო ჩუმად არის, მხოლოდ თვალები უციმციმებს ეშმაკურად. ვუყურებ მიშას და თვალწინ სულ სხვა სურათი მიდგება: ომის მესამე თუ მეოთხე წელი, წვიმიანი შემოდგომა, ცივი და მშიერი თბილისი, მე კი გულამოგლეჯით მივრბივარ ზემელისკენ, მელიქ აზარიანცის სახლში, გუგასთან. გუგა ჩემი მეგობარია და დღეს მოხდა საოცრება - 7 თუ 8 წლის მერე გადასახლებიდან დაბრუნდა გუგას დედა! ის და დედაჩემი ახალგაზრდობიდან მეგობრები იყვნენ, მერე შემთხვევით ერთად მოხვდნენ „პოტმაში“, ქალთა ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკში, იქიდან დედა უკიდურეს ჩრდილოეთში, ჯერ აუშენებელ ვორკუტაში გადაისროლეს, რაისა კი დაბრუნდა... იმ გაუგებარი და შემაძრწუნებელი სამყაროდან დაბრუნებული პირველი დედა! მივრბივარ და ღელვისგან სული ყელში მებჯინება... არ ვიცი, რას ველოდი, მაგრამ ნამდვილად არა იმას, რაც დამხვდა: ფანჯარასთან იდგა თხელი, სულ ახალგაზრდა და ძალიან, ძალიან ლამაზი ქალი! ერთდროულად ტანჯული და მომღიმარე სახით! შემომხედა დაკვირვებული მზერით და მაშინვე მითხრა: ტი ლანკა, და? მე პირდაღებული შევცქეროდი და ხმას ვერ ვიღებდი. თუმცა ის ქალი იმ პირველი წუთიდან, იმ პირველი სიტყვების გაგონებისთანავე - ტი ლანკა, და? - შემიყვარდა და ეს გრძნობა რაისას ცხოვრების ბოლომდე გამყვა. მოგვიანებით ასევე გამაოგნა გულაგიდან დაბრუნებული ქეთუსია ორახელაშვილის სილამაზემ, მერე დედაჩემის მშვენიერებამ. მართლაც საკვირველია, ეს ციხე და გულაგგამოვლილი ქალები თითქოს საგანგებოდ იყვნენ დაღდასმულნი ისეთი სილამაზით, რომელიც ვერ მოსპო ვერც ციხემ, ვერც წამებამ, ვერც 40-გრადუსიან ყინვაში შეშის ჭრამ, ვერც შვილებთან დაშორებამ და უიმედობამ. ისინი დაბრუნდნენ, მშვენიერები და, რაც მთავარია, სიკეთისთვის გულგახსნილები, დაბრუნდნენ იმისათვის, რომ ჩვენთვის სიცოცხლის სიყვარული შთაეგონებინათ... იმ დღეს კი რაღაც გაურკვეველი განცდა დამეუფლა. მომეჩვენა, რომ ეს ასეთ ჭირგამოვლილი ქალი სულ მარტო იყო აქ, თავის ქვეყანაში, თავის სახლში. გუგა მეორე ოთახში ამხანაგებს ელაპარაკებოდა, პატარა ჯინა იქვე კუთხეში თამაშობდა თავისთვის, კიდევ იყვნენ ვიღაცები, ახლობლები და ნაცნობები, იდგა ამ სიტუაციისათვის დამახასიათებელი ჟრიამული... მე კი ბავშვური მაქსიმალიზმით სულ სხვა რაღაც მინდოდა, ზუსტად არ ვიცოდი - რა, ალბათ, უფრო აშკარად გამოხატული, დიდი სიხარული! და არა ყოველდღიურობა! მაშინ არ ვიცოდი, რომ სიხარულსაც სხვადასხვა ფერი აქვს და ის შეიძლება ჩვეულებრივობით შეიმოსოს, ან ჩაიმალოს ჩვეულებრივობაში. რამდენიმე წლის მერე იგივე გადამხდა მე თვითონ, როცა დაბრუნდა დედა და იმ პირველ დღეს ჩემი მთავარი გრძნობა იყო ის, რომ არაფერს არ ვგრძნობდი, რაც მთავარია, არავითარ სიხარულს!
მიშას მამის მამაც, ცნობილი მიშა კალატოზოვი, დედას ახალგაზრდობის მეგობარი იყო. მათ ერთად გადაიღეს პირველი ფილმი - „18 - 28“. და როცა ასპირანტურის დამთავრების მერე ვგიკში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება (გადაწყვეტილება, რომელიც ანგრევდა ჩემს უკვე აწყობილ პროფესიულ ცხოვრებას - ლექციების კითხვისა და წიგნების გამოცემის ჩათვლით - და მთელ ჩემს მომავალს ეჭვქვეშ აყენებდა), დედა ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მიხვდა ჩემი არჩევანის სერიოზულობას და ბევრი ყოყმანის მერე სწორედ კალატოზოვს მისწერა წერილი დახმარების თხოვნით. ასე შევხვდი ბატონ მიშას, მის სახლში კუტუზოვის პროსპექტზე. ვისხედით დიდ, ძველებურ სავარძლებში, ვსვამდით ჩაის, ვლაპარაკობდით, მე კი გარედან ვხედავდი ამ შეხვედრის არსს: დიდი ბატონი, რომელიც ოდნავ შეფარული ირონიით ზემოდან დასცქერის რაღაც გაუგებარი სურვილებით შეპყრობილ სასაცილო გოგოს. დღესაც ყურში ჩამესმის მისი ხავერდოვანი ხმით ნათქვამი: არ მესმის, როგორ შეიძლება, გონიერმა ადამიანმა თავი დაანებოს უიტმენის და თაგორის თარგმნას და წიგნების წერას და გადაეშვას ისეთ აუწყობელ და აბსურდულ სამყაროში, როგორიც კინოა. მით უმეტეს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ამ კინოს გადაღების საშუალებაც არ არსებობს! ყველაზე მეტი რასაც შეიძლება მიაღწიოთ, ეს იქნება სამ წელიწადში ერთხელ რომელიმე სულელი ტიპის ასისტენტად მუშაობა! - მე წამოვხტი და პროტესტის ნიშნად თავაწეული კარისკენ გავქანდი, ბატონმა მიშამ გაბრაზებული შეძახილით გამაჩერა... მერე დაუ რეკა გერასიმოვს, რომელსაც სახელოსნო ჰქონდა ვგიკში, მე ამაყად და ხაზგასმული გულგრილობით ვუსმენდი მის საუბარს. უხერხული დუმილი ჩამოვარდა. და უცებ გავიგონე სიტყვები: „თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავდა ნუცა ჩემს ცხოვრებაში!“ - თქვა და დიდი ხნით გაჩუმდა. მე გვერდიდან გავხედე, და მის თვალებში დავინახე... ზუსტად არ ვიცი - რა, იქნებ სევდა, იქნებ სინანული, ან იქნებ უბრალოდ დაფიქრება... და მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს დიდი ბატონი მარტო ნიჰილისტი და სკეპტიკოსი არ არის, არამედ რაღაც სხვაც... მას მერე მე ვგიკიც დავამთავრე, ფილმებსაც ვიღებდი და ბატონ მიშასთან ხშირად დავდიოდი კიდეც, ვისხედით ხოლმე მის დიდ, კომფორტულ სალონში, ვსვამდით ჩაის და ვსუბრობდით. და ერთხელ მან ისიც მითხრა, რომ რაღაცით დედაჩემს ვგავდი...
ფესტივალმა კიდევ ერთი სიხარული გვაჩუქა: ახალგაზრდა გერმანის ძალიან ძლიერი ფილმი „ქაღალდის ჯარისკაცი“ და სრულიად განსაკუთრებული მერაბ ნინიძე. მერაბი ყოველთვის მომწონდა, როგორც მსახიობი, მან ჩემ „ორომტრიალშიც“ ითამაშა და დამაჯერებელი და საინტერესო სახეც შექმნა. მერაბი მაშინაც, ადრეულ ახალგაზრდობაშიც გამოირჩეოდა პროფესიისადმი დამოკიდებულებით, სიღრმით, შეთავაზებული როლის წვდომის უნარით და იშვიათი ფოტოგენურობით. მაგრამ იმან, რაც ამ ფილმში ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი დახასიათების ღირსია: ეკრანზე ცოცხლობს, მოქმედებს, იტანჯება, სასოწაკვეთილებაში ვარდება და უბრალოდ არსებობს საოცარი ძალის პერსონაჟი, შექმნილი დიდი მსახიობის მიერ! დიახ, მე არ მეშინია ამ სიტყვის ხმარების: ასეთი სიძლიერის და ექსპრესიის სახე მხოლოდ ლოურენს ოლივიეს დონის მსახიობმა შეიძლება შექმნას. მერაბი უკვე ამაღლდა ამ დონემდე. და მე მიხარია, რომ ამგვარი ტრაგიზმის შემქმნელი ის პატარა ბიჭია, რომელიც ახლაც თითქმის შეუმჩნევლად არსებობს ჩვენს გვერდით და, როცა მოგმართავს, მორცხვად და თავმდაბლად იღიმება.
ხოლო ალექსეი გერმანთან შეხვედრამ ჩემში წარსულის კიდევ ერთი ფურცელი გააცოცხლა. 1961 წელია. მე დავასრულე ჩემი პირველი ფილმის „ერთი ცის ქვეშ“ გადაღება და შევიტანე განცხადება საფრანგეთში წასასვლელად, კინემატოგრაფისტთა ჯგუფთან ერთად. საშინლად ვღელავდი, არ ვიცოდი, გამიშვებდნენ თუ არა. ვისაც არ უცხოვრია იმ აბსურდულ საბჭოთა სინამდვილეში, მან არ იცის, რას ნიშნავდა იმ დროს საზღვარგარეთ გაშვება. და აი, წასვლამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ უარი მითხრეს, რაც ნიშნავდა, რომ სამუდამოდ „ნევიეზდნოი“ ვხდებოდი. მაშინ კიდევ ერთხელ დამეუფლა ბავშვობაში არაერთხელ განცდილი უუფლებობის დამთრგუნველი გრძნობა... მაგრამ იმჯერად იღბალი ჩემკენ შემობრუნდა, ალბათ იმიტომ, რომ დრო უკვე მაინც შეცვლილი იყო და ბოლოს და ბოლოს მაღალჩინოსნების ჩარევის შედეგად მე აღმოვჩნდი პარიზის შუაგულში, კაპუცინების ბულვარზე, პატარა მყუდრო სასტუმროში. პარიზში მოხვედრა თავისთავად ბედნიერებას მგვრიდა, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც ჩემი ორი დეიდის ნახვა იყო. ეს ორი დეიდა, ორი ინგილო ქალი, რომელთაც მთელი სიცოცხლე საფრანგეთში გაატარეს და იმის გამო, რომ ვერ დათმეს საქართველოს მოქალაქეობა, სამუდამოდ „აპატრიდებად“, ანუ უსამშობლოებად დარჩნენ. როგორ მენახა, შეუმჩნევლად ჩემი დეიდები? ემიგრანტებთან შეხვედრა ხომ სულ უბრალოდ აკრძალული და დაუშვებელი იყო საბჭოთა კანონებით. ჩემი აფორიაქება გავანდე ალექსეი გერმანს, ჯგუფის ყველაზე ხნიერ წევრს, ცნობილ მწერალს და ფარულ დისიდენტს, რომელმაც მაშინვე ასეთი გეგმა შეიმუშავა: კიდევ ერთ მწერალთან, ალექსანდრ გალიჩთან ერთად მათ გერმანების ოთახში შეიტყუეს ჯგუფის ადრევე გაშიფრული „კაბეგეშნიკი“ და მთელი საღამო მასთან ერთად სვამდნენ არაყს. მე კი ამასობაში ვნახე ჩემი დეიდები, რომლებიც კონსპირატიულად მელოდებოდნენ სასტუმროს სადარბაზოსთან ბაგრატის - ჩემი დეიდის, ბოკას ქმრის „კამიონში“ (იოგურტის დასარიგებლად განკუთვნილ ერთი ბეწო ავტობუსში), კამიონი გაქანდა ქეთოს პატარა ბინისკენ ლეკურბის ქუჩაზე, იქ ყველამ ერთად - ქეთომ, ბოკამ, ბაგრატმა, ვანიჩკამ - ბევრი ვიტირეთ და ვიცინეთ, მერე ისევ ყველამ ერთად გამომაქანეს სასტუმროსკენ, სადაც მე სასწრაფოდ გამოვეწყე საშინაოდ და გულუბრყვილო და მოწყენილი სახით კარზე მივუკაკუნე გერმანებს... მერე არყის სმით და ცნობილ მწერლებთან ურთიერთობით გაბედნიერებული „კაგაბეშნიკიც“ გავისტუმრეთ, რომლის წასვლაც გერმანმა ხელების ერთმანეთზე რამდენჯერმე შემოკვრით აღნიშნა, - ესეც ასეო, - და კიდევ დიდხანს ვისხედით ერთად, კმაყოფილნი ჩატარებული აქციით და კგბ-ს გაცურებით და შემთვრალი და გათამამებული გალიჩი მღეროდა თავის დისიდენტურ და გახმაურებულ სიმღერებს:
Уходят, уходят, уходят друзья,
Одни в никуда, а другие в князья.
კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა ქართული კინოს სამყაროში: ახალგაზრდა პროდიუსერმა აჩიკო გელოვანმა წამოიწყო უმნიშვნელოვანესი საქმე - ძველი ქართული ფილმების აღდგენა! პირველი აღდგენილი ფილმი „ქეთო და კოტეა“, ვახტანგ ტაბლიაშვილის შედევრი, ასე უცნაურად ამოვარდნილი იმდროინდელი კინოს კონტექსტიდან. განახლებული გამოსახულება კი მართლაც აღმაფრთოვანებელია... და აი, მერაბ კოკოჩაშვილის მიერ ამ ფილმის ნაწყვეტებზე დაყრდნობით გადაღებული სურათი „სიხარულის სახლი“. სცენარის ავტორია აკა მორჩილაძე, პროდიუსერი - იგივე აჩიკო გელოვანი, მთხრობელი - რამაზ ჩხიკვაძე. მერაბმა შექმნა ძალიან თავისებური ფილმი, დოკუმენტურობისა და მხატვრულობის ნარევი, დინამიური და ნოსტალგიით გამსჭვალული; ყარაჩოღელების დროინდელი თბილისის განუმეორებელი ატმოსფერო, თვალწარმტაცი ნაწყვეტები „ქეთო და კოტედან“, აკა მორჩილაძის მშვენიერი ტექსტი და მისი წარმომთქმელი - ასაკის შედეგად დაბრძენებული და მაინც ახალგაზრდულად შემართული, მარადიული ნიჭიერებით გამორჩეული რამაზ ჩხიკვაძე. ეკრანზე და მასთან ერთად დარბაზშიც ნამდვილი სიხარული სუფევს, ამგვარ დადებით ემოციებს მონატრებული მაყურებელი აპლოდისმენტებს არ იშურებს. და აქვე თავს იჩენს კიდევ ერთი უაღრესად სასიხარული ტენდენცია: პროდიუსერმა სამახსოვრო საჩუქრებით და ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა „ქეთო და კოტეს“ მონაწილე, დღეს ცოცხალი მსახიობები; შეუჩვეველნი ამგვარ ყურადღებას, ისინი მოკრძალებულად ამოვიდნენ სცენაზე, ზოგი მათგანი ფილმში საქანელაზე ქანაობდა მედეა ჯაფარიძესთან ერთად, ზოგი მის გუნდს შეადგენდა და მღეროდა „ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს“, მათ შორის - ჩემთვის ახლობელი ეთერი ჟორდანია, რომელთანაც ერთად ვმუშაობდი მრავალი წლის წინ. ეს ისეთი შესანიშნავი განცდაა - მონაწილე გახდე ადამიანის ღვაწლის დაფასებისა, რაც, სამწუხაროდ, ასეთი იშვიათობაა ჩვენს სინამდვილეში! და ყველაზე გასახარელი კი ის არის, რომ ამ კეთილშობილურ ტენდენციას თბილისში ამკვიდრებს სულ ახალგაზრდა და თითქოს არა თბილისელი კაცი! მაგრამ აჩიკო ხომ ნანა ანჯაფარიძის და ვიკა გელოვანის შვილია. ისინი კი, მოსკოვში ცხოვრების მიუხედავად, ნამდვილი თბილისელები და სულ უბრალოდ ქართველები არიან. მათი სახლი მოსკოვში ყოველთვის იყო საქართველოს პატარა ნაგლეჯი, მეც იქ არაერთი მშვენიერი საღამო გამიტარებია, ნანას ყურადღება და მზრუნველობა ჩემთვის მძიმე პერიოდში კი არასოდეს დამავიწყდება...
ადამიანი ცხოვრობს ერთდროულად აწმყოში და წარსულში, დღეს და გუშინ. ხანდახან „გუშინ“ უფრო ცოცხალია, ვიდრე „დღეს“, უფრო დატვირთული მოვლენათა მრავალფეროვნებით, გრძნობათა სიმძაფრით, სიგიჟითაც კი.
ვნებებით სავსეს, ვიგონებ წარსულს,
სიუხვეს ფერთა ...
ასე ამბობს ვერლენი. და მასთან ერთად მეც ხშირად ვიგონებ წარსულს, სავსეს ვნებებით და ფერთა სიუხვით. უფრო ზუსტად, რაღაც წუთებით ვცხოვრობ წარსულში და ვგრძნობ, როგორ მდიდრდება იმ გარდასული ვნებებით ეს ხშირად ერთფეროვანი დღევანდელობა - ის ვნებები ხომ ისედაც არსებობენ შენში და მხოლოდ შენს ძალისხმევას ელიან, რომ გაცოცხლდნენ და ამოტივტივდნენ. და მე მინდა ასეთი რჩევა მივცე ჩემი ასაკის ადამიანს: ხანდახან შეეცადე, მოსწყდე ყოველდღიურობას, გადაეშვა წარსულში, თუნდაც ის ტრაგიკული იყოს, დაწერო იმის შესახებ, რამაც დაღი დააჩნია შენს ცხოვრებას, და თვალნათლივ დაინახავ, როგორ ღრმავდება და ფაქიზდება შენი კავშირი შენსავე ეპოქასთან და ქვეყანასთან. ეს კი შენც გჭირდება და ქვეყანასაც, ვინაიდან ამ ცალკეული განცდებისა და ფიქრების დაფიქსირებით იქმნება ეპოქის საერთო სახე.
78 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა ჰაროლდ პინტერი. „ამ გარდაცვალების შედეგად დაისადგურა დიდმა სიჩუმემ. დადუმდა სინდისი, სინდისი ადამიანისა, რომელიც იბრძოდა ლიტერატურის, ძირითადად თეატრის ფრონტზე, მაგრამ ამავე დროს ჩართული იყო სამყაროს სვლაში, რომლის გადახვევებსაც ამხელდა დიდი სიმტკიცით“, - წერს „ლე მონდი“. „მიუხედავად ტანჯვისა, რომელიც იკითხებოდა მის მშვენიერ სახეზე, ის იყო ისეთივე ელეგანტური, იუმორით სავსე და გალანტური. ის ნამდვილი არისტოკრატი იყო, საუკეთესო საუკეთესოთა შორის“.
როცა ეკითხებოდნენ, რატომ დაიწყო პიესების წერა, პასუხობდა ჩინური ანდაზით: „ადამიანები ადიან მთაზე იმიტომ, რომ ისინი აქვე არიან“, რაც ნიშნავდა, „კარისკაცის“ ავტორი წერდა თეატრისთვის იმიტომ, რომ თეატრი აქვე იყო.
ბერტოლდ ბრეხტისა და სამუელ ბეკეტის გვერდით პინტერი დარჩება, როგორც მე-20 საუკუნის უდიდესი დრამატურგი. მან თქვა ახალი სიტყვა თეატრალურ ენაში, რომელსაც თვითონ ასე ახასიათებდა: „ის, რაც ჩვენ გვესმის, მინიშნებაა იმაზე, რაც არ გვესმის“. მისი აზრით, ჩვენთვის დამახასიათებელია არა არაკომუნიკალურობა, არამედ ზედმეტი კომუნიკალურობა. „ჩვენ ვურთიერთობთ მაშინაც, როცა ვდუმვართ, ვინაიდან დუმილი არის აგრესია ადამიანისა ადამიანის მიმართ. მის განთქმულ დუმილებში, თუ მათ ყურს მივუგდებთ, გავიგონებთ ტყუილს“, - ასე ამბობს რეჟისორი კლოდ რეჟი.
ნობელის პრემიის მიღებისას პინტერი ამბობდა: „სიმართლე თეატრში ყოველთვის მიუწვდომელია. მის ძიებაში არის რაღაც იძულებითი. ცალკეული სიმართლეები ებრძვიან ერთმანეთს, ასახავენ ერთმანეთს, უგულებელყოფენ ერთმანეთს, ზემოდან დაჰყურებენ ერთმანეთს, ბრმანი არიან ერთმანეთის მიმართ. მაგრამ მოქალაქე ვალდებულია, გაარჩიოს სიმართლე ტყუილისაგან. როცა სარკეში ვიხედებით, გვგონია, რომ ანარეკლი ზუსტია. მაგრამ გაინძერით ერთი მილიმეტრით და გამოსახულება შეიცვლება. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ ანარეკლების უსასრულო გამას. მწერალმა ხანდახან უნდა დაამსხვრიოს სარკე, რადგანაც სიმართლე გვიყურებს თვალებში სარკის მეორე მხრიდან. მე მჯერა, რომ მიუხედავად ყველა არსებული წინააღმდეგობისა, იყო ინტელექტუალურად დამოუკიდებელი და გქონდეს, როგორც მოქალაქეს, მტკიცე, სტოიკური და შეუცვლელი გადაწყვეტილება, დაინახო ნამდვილი სიმართლე ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენი საზოგადოებისა, არის ჩვენი საბედისწერო მოვალეობა. იმპერატიული მოვალეობა“.
მიხარია, რომ ქართულმა თეატრმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში პატივი მიაგო პინტერს: ნანა ხატისკაცმა რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე დადგა მისი „კარისკაცი“, იმდროიდელი ქართული რეპერტუარისთვის უჩვეულო, დახვეწილი, შავი იუმორითა და ტრაგიზმით სავსე სპექტაკლი. ორი ძმა და კარისკაცი. ავთო მახარაძე, მერაბ თავაძე და ბორის წიფურია... სამი ადამიანი, აბსურდულ სიტუაციაში ჩართული, ერთმანეთში ჩახლართული ბედით, ერთმანეთზე ბატონობის წყურვილით შეპყრობილნი. ნანამ, რომელიც სულით ხორცამდე რეჟისორი იყო და ნამდვილი ნოვატორი, მხატვრული ინტუიციით შექმნა ის სივრცე, რომელიც თურმე არსებითი იყო პინტერის დრამატურგიაში: სპექტაკლში ბატონობდა პინტერისეული დუმილი, პერსონაჟთა უეცარი გაჩუმება, რომლის საშუალებითაც ადამიანები ურთიერთობენ და ახორციელებენ აგრესიას ერთმანეთის მიმართ. დუმილი, რომელიც თავის თავში იტევს ტყუილს. რეჟისორმა ამოატივტივა პიესის არსი: ყველაზე ბანალურ სიტუაციაში - ორი ძმის ურთიერთობაში - გამოააშკარავა ადამიანის შემაშფოთებელი მისწრაფება, დაიმორჩილოს მეორე ადამიანი, ძალაუფლების მოპოვების წყურვილი - ადამიანის იმპერატიული მოთხოვნილება. სამწუხარო ის არის, რომ სპექტაკლი მაყურებელმა თითქმის ვერ ნახა. ის გენერალური რეპეტიციის მერე აკრძალეს; როგორც ჩანს, ცენზურამ მასში საბჭოთა სინამდვილისთვის შეუფერებელი ტენდენციები დაინახა.
ვფიქრობ ნანა ხატისკაცზე - რეჟისორზე. მისი პალიტრის მრავალფეროვნებაზე. მისი სპექტაკლები - ასე თანამედროვედ ევროპული და ასე ძირეულად, ტრადიციულად ქართული.
ასკეტური „კარისკაცი“ და ზღვარგადასული ფანტაზიით დატვირთული „სიბრძნე სიცრუისა“, მჩქეფარე „მერი პოპინსი“ და თავშეკავებულად ნაზი „პატარა პრინცი“, თელავის თეატრში განხორციელებული ბოლო დადგმები... ყველა ეს სპექტაკლი, და კიდევ ბევრი სხვა, თენგიზ მაღალაშვილთან ერთად დადგმული, ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. და როგორი აუცილებელია, გამოჩნდეს თეატრმცოდნე, რომელიც შეისწავლის ნანას (და თენგიზის) შემოქმედებას, მის თავისებურებას და ადგილს ქართულ კულტურაში.
ვფიქრობ ნანაზე, ჩემს უახლოეს, უახლოეს მეგობარზე, რომელთანაც ერთად ვარსებობდით ყოველდღიურად. ერთად ვმუშაობდით, სცენარებზე, ფილმებზე. ერთად ვატარებდით ზაფხულს, თელავში - ზაირასთან, ზღვაზე - ბიჭვინთაში; რომელთანაც ყველაფერი მაერთიანებდა - დამოკიდებულება დიდი თუ პატარა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების მიმართ; რომელიც მაკლია ყოველ დღე, ყოველ წუთს; რომლის გარეშე არსებობაც ვერ წარმომედგინა. და მაინც, ვარსებობ.
ეთერ თათარაიძეს და ამირან არაბულს ჩვენი მომავალი, საერთო სამუშაოს გამო შევხვდი. ჩემი წინადადებაა - წარვადგინოთ იუნესკოში, მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად ფშავ-ხევსურული და თუშური ფოლკლორი. ეთერი და ამირანი კი ამ დარგის სპეციალისტები არიან და მათ მაშინვე დიდი ენთუზიაზმით გაიზიარეს ეს იდეა. ვფიქრობ, რომ ამ რთულ დოსიეს კარგი პატრონი გამოუჩნდა და ჩვენი ხალხური პოეზიისთვის გაკვალული იქნება გზა მსოფლიოს მემკვიდრეობისკენ.
ეთერ თათარაიძე, დიდი ხანია, მიყვარს, როგორც თვითმყოფადი და თავისებური პოეტი, თუში პოეტი, რომელმაც ქართული პოეზია განსაკუთრებული ინტონაციით გაამდიდრა. მაგრამ ახლა ამ თვალებანთებული ქალის და მორიდებულად მომღიმარე ამირანის სხვა მხარეც დავინახე: ჩემს წინ აღმოჩნდა ორი თავდადებული და უანგარო მშრომელი, ერთად შეჭიდებული დიდ და უაღრესად საჭირო საქმეს, ქართული კულტურის თავმდაბალი და მოკრძალებული მოამაგენი. როცა ასეთ ადამიანებს ხვდები, გული გინათდება და რწმუნდები, რომ ჩვენს კულტურას გადაშენება არ უწერია. „შენდობით მომიხსენიეთ“ - ასეთი სათაური აქვს მათ მშვენიერ წიგნს, მიძღვნილს ქართული ეპიტაფიებისადმი. ეს წიგნი მათი ათწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მათ მოიარეს მთელი საქართველო, გადაიღეს და აღნუსხეს უამრავი საფლავის ქვა მათზე ამოტვიფრული საოცარი გამოსახულებით და სამგლოვიარო ლექსით, რომელთაც „მგოსანნი გლოვისანი“ წერდნენ, როგორც მათ ხატოვნად უწოდებს მემატიანე. ჩემთვის სასიამოვნოა ისიც, რომ ამ წიგნის არსებობა ზურაბ ჟვანიას სახელთანაა დაკავშირებული და მის ხსოვნას ეძღვნება.
ბარაკ ობამას ინიციატივით თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტები, ბოლო ხუთი პრეზიდენტი: მამა და შვილი ბუშები, კლინტონი, კარტერი და ობამა; ყველა - მაღალი (კარტერის გამოკლებით), თხელი, ლაღი და მომღიმარი. მომხიბლავი გამოსახულება და თავის არსში სრულიად განსაკუთრებული მოვლენა. გარკვეულ დროს მსოფლიოს ხუთი უძლიერესი პიროვნება, სხვადასხვა მრწამსისა და იდეოლოგიის მატარებელი, რესპუბლიკელები და დემოკრატები, რომელთაც ყველა განსხვავების და დაპირისპირების მიღმა აერთიანებთ უმაღლესი იდეა: შეგნება იმისა, რომ ყველანი ამერიკელები არიან და თავის ქვეყანას ემსახურებიან! ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ის აფასებს ყველა მათგანის ღვაწლს და ყველას დაეკითხება აზრს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. აი, ეს არის დიდი პოლიტიკის ნამდვილი უწყვეტობა, ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველა სახელმწიფოსთვის. დადგება ოდესმე ასეთი დრო ჩვენი ქვეყნისთვისაც? მაშინ კი შეგვეძლება თქმა, რომ ნამდვილ დემოკრატიაში ვცხოვრობთ.
არ ხარ მოხუცი იქამდე, სანამ გამოძრავებს ცნობისმოყვარეობა ცხოვრების ყველა გამოვლინების მიმართ, და სანამ შეგიძლია აღფრთოვანდე. ჩემი ახალი ფორმულაა - ცნობისმოყვარეობა და აღფრთოვანების უნარი არის ახალგაზრდობის შენარჩუნების წამალი და სიბერის პრევენცია. ახალგაზრდა ხარ, სანამ გაინტერესებს და გიხარია! სწორედ ამიტომ არ ბერდება ლამის 90 წელს მიტანებული სუსანა (ტოროშელიძე), რომელსაც გარეთ გასვლა კი უჭირს, მაგრამ სულ ახალი და ახალი აღმოჩენებით ცხოვრობს ლიტერატურისა თუ ადამიანური ურთიერთობების სფეროში და ისეთი ხალისით გპასუხობს ტელეფონში - კარგად ვარ, კარგად, - რომ... უბრალოდ ოპტიმიზმით ივსები.
მწერლის სიტყვა ნობელის პრემიის მიღებისას ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინის განწყობას ქმნის. ასე იყო ამჯერადაც, როცა შვედეთის აკადემიის ოქროთი მოოჭვილი დარბაზის სცენისკენ მსუბუქი ნაბიჯით მიემართებოდა მაღალი, ახალგაზრდულად მოხდენილი ლე კლეზიო, რომელსაც ასე ახასიათებენ: „ის ქერაა, მაგრამ აქვს აბორიგენის ნაკვთები, თითქოს სინამდვილეში ფრანგი კი არ არის, არამედ ალბინოსი ინდიელი“.
„ეს არის სიტყვა, სადაც მე ვლაპარაკობ ეჭვის შესახებ“, - ამბობდა წინასწარ ლე კლეზიო. მისთვის ბევრად უფრო ბუნებრივია არსებობა მუდმივი დაეჭვებისა და არა პატივის მიგების ატმოსფეროში. „რატომ წერს მწერალი?“ - ასეთი კითხვით იწყებს ნობელის ლაურეატი თავის სიტყვას და ასე პასუხობს: მწერალი არსებობს „პარადოქსების ტყეში“, რომელსაც ის არ უნდა გაურბოდეს, არამედ პირიქით, დამკვიდრდეს იქ, რათა ამოიცნოს ყველა დეტალი, შეისწავლოს ყველა ბილიკი, სახელი დაარქვას ყველა ხეს. მწერალი მოწმეა, მაგრამ თავის არსში მას უნდა მოქმედება; მოქმედება და არა მოწმედ დარჩენა. წერო, იოცნებო, წარმოისახო იმისათვის, რომ ეს სიტყვები, გამოგონებები, ოცნებები ჩაერიონ რეალობაში, შეცვალონ ადამიანთა გონებები და გულები, გახსნან უკეთესი სამყაროს კარი. და ამავე დროს სწორედ ამ წუთში რაღაც ხმა ჩასჩურჩულებს, რომ ეს არ მოხდება, რომ ამ სიტყვებს გაიტაცებს საზოგადოების ქარი, რომ ოცნებები ქიმერებად დარჩება. რა უფლება გაქვს იფიქრო, რომ ხარ უკეთესი? არის კი მწერალი ის, ვინც პოულობს გამოსავალს? როგორ შეუძლია მწერალს იმოქმედოს, როდესაც მას მხოლოდ გახსენება ხელეწიფება?
მარტოობა მაგნიტია მწერლისთვის, მხოლოდ მარტოობაში პოულობს ის ბედნიერების არსს. ეს ბედნიერება წინააღმდეგობებით არის სავსე, ტკივილისა და ნეტარების ნაზავი, სასაცილო ტრიუმფი, ყრუ და განუქარველი ბოროტება, რომელიც თან გდევს, როგორც მუსიკალური ფრაზა. მწერალს უნდა ილაპარაკოს ყველასთვის, ყველა დროისათვის. და აი, ის ზის თავის ოთახში, ცარიელი ფურცლის ძალიან თეთრ სარკესთან. თავისი კომპიუტერის ძალიან ცოცხალ ეკრანთან. ეს არის მისი ტყე. ტყე - სამყარო ორიენტირების გარეშე. შენ იძირები ხეებისგან წამოსულ სულისშემხუთველ სიცხესა და წყვდიადში...
საბოლოოდ მთელ თავის სიტყვას ლე კლეზიო უძღვნის ცენტრალური ამერიკის - ელ ტაპონ დარიენის - ინდიელებს - მსოფლიოში ყველაზე უფრო ხშირი და გაუვალი ტყის მაცხოვრებლებს, სადაც მან დიდხანს იცხოვრა, ისწავლა მათი ენები და ჩაეფლო მათი მითების სამყაროში. სწორედ ამ ინდიელების ერთ-ერთ წარმომადგენელს, მითებისა და ზღაპრების შემქმნელსა და მთხრობელს - ელვირას უძღვნის ლე კლეზიო თავის საქებარ სიტყვას და პრიზს, რომელსაც მას ნობელის აკადემია ანიჭებს.
ვფიქრობ, ლე კლეზიომ არ გააცრუა მოლოდინი და შვედეთის აკადემიის საზეიმოდ გაბრწყინვებულ დარბაზში ძალიან უჩვეულო და ინდივიდუალობით აღბეჭდილი სიტყვა წარმოთქვა.