![]() |
ტაბულა №1 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბუკოვსკი ვლადიმერ, ბენდუქიძე კახა, შეშელიძე პაატა, ნოდია გია, ლადარია ნოდარ, ბუღაძე ლაშა, კოვზირიძე დავით, ბაბუნაშვილი ვახო, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი. რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე. საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე. ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ნინი გოგიბერიძე, ავთო ქორიძე, გიგა ლეკვეიშვილი, მალხაზ ნარინდოშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, დავით გორგილაძე, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე. ილუსტრაცია: კემო/დიზაინი & პრეპრესი: მანანა არაბული, კახა დოლიძე. ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი. გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი. კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე. დირექტორის მოადგილე: შალვა ბალანჩივაძე ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, email: info@tabula.ge სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ფოტო გარეკანზე: მარიამ ამურველაშვილი დევნილები ცხინვალის რეგიონიდან 2010|მარტი|15-21 |
![]() |
1 რედაქციისგან |
▲back to top |
ტაბულა მკაფიო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ყოველკვირეული ჟურნალია, რომელიც კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით ხელს შეუწყობს პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.
დღეს საქართველო რთული, მაგრამ გარდაუვალი არჩევანის წინაშე დგას: იაროს ლიბერალური რეფორმების სასიცოცხლოდ აუცილებელ და მტკივნეულ გზაზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად უნდა გარდაქმნას, ან შეწყვიტოს არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.
ჟურნალის მიზანია მკითხველს დაეხმაროს ქართული და საერთაშორისო პოლიტიკის მამოძრავებელი ძალებისა და იდეების უკეთ გაგებაში. ტაბულა არა მხოლოდ მიმოიხილავს, თუ რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში, არამედ შეეცდება გავლენა იქონიოს მიმდინარე პროცესებზე; იქცეს იმ რეფორმების კატალიზატორად, რომლებიც განამტკიცებენ სამოქალაქო, ეკონომიკურ და ეროვნულ თავისუფლებებს.
ჟურნალს გამოსცემს სამოქალაქო განათლების ფონდი, მემარჯვენე ლიბერტარიანული მსოფლმხედველობის ბიზნესმენთა ფინანსური მხარდაჭერით. თუმცა, მხოლოდ ჟურნალისა და მისი მხარდამჭერების ძალისხმევა საკმარისი არ არის იმ მიზნების განსახორციელებლად, რისთვისაც ტაბულას გამოცემა გადაწყდა.
ჩვენი საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები თითოეული მოქალაქისგან მოითხოვს გაცნობიერებას, რომ თავისუფლება ყოველდღიური არჩევანია, რომელსაც მის ნაცვლად სხვა ვერავინ გააკეთებს. ამ ღირებულებათა დაცვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა სჭირდება.
ტაბულა წაშლის ტრადიციულ ბარიერს სამოქალაქო აქტივიზმსა და ჟურნალისტიკას შორის. ის საშუალებას მისცემს თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეებს, არა მხოლოდ თვალყური ადევნონ მიმდინარე მოვლენებს, არამედ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი და მთელი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. ჩვენ გვჯერა, რომ:
პიროვნების თავისუფლება წარუვალი ღირებულებაა. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანისა და ცხოვრებაში მისი განხორციელების უფლება, თუ ის ზიანს არ აყენებს სხვას.
საზოგადოება არ საჭიროებს აღმზრდელს სახელმწიფოს სახით. ამ უკანასკნელის უფლებამოსილება მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული და მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვით შემოიფარგლოს.
სეკულარული სახელმწიფო თავისუფალ მოქალაქეთა თანაცხოვრების ერთადერთი შესაძლო ფორმაა. საზოგადოებაში, რომელიც პატივს სცემს სინდისის თავისუფლებას, ყველა ადამიანი თანაბრად უნდა იყოს დაცული რელიგიისა და რწმენის საკითხებში ნებისმიერი ძალდატანებისგან.
თავისუფალი საზოგადოების არსებობა შეუძლებელია ეროვნული სახელმწიფოს გარეშე. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ დასავლეთის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაციით.
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„ჩვენ ვართ ამ რეგიონის შვეიცარია, სინგაპურის ელემენტებით“.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შესახებ. 9 მარტი.
„საბერძნეთის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ არც ევროპას აქვს თავი ქუდში“.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 7 მარტი.
„პოლონეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს მათ, ვინც იბრძვის დემოკრატიის განვითარებისთვის, ვინც ამ ღირებულებას უმაღლეს დონეზე აიყვანს. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ქართველების. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს თავისი ამბიციური მიზნების მიღწევაში“.
პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი. 11 მარტი.
„თავად შექმნეს ტერორისტები და თავადვე ებრძვიან მათ“.
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ავღანეთში ვიზიტისას. 8 მარტი.
![]() |
3 კვირა |
▲back to top |
8 მარტი
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში, 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 51, დაშავდა 71-ზე მეტი ადამიანი.
ერაყში, სადამ ჰუსეინის რეჟიმის შემდეგ, რიგით მეორე არჩევნები გაიმართა. პირველისგან განსხვავებით, 8 მარტის არჩევნები „დემოკრატიულად და სამართლიანად“ შეაფასეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
ყირგიზეთის სამხერთში, ანტი-ტერორისტული ცენტრის აშენება იგეგმება აშშ-ს დახმარებით. ამასთან დაკავშირებით ბიშკეს ამერიკელი გენერალი დევიდ პეტროსი ეწვია. ყირგიზეთისა და აშშ-ს თანამშრომლობამ აღაშფოთა მოსკოვი.
9 მარტი
ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში. ბაიდენის ვიზიტს დაემთხვა ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული ოჯახებისთვის 1600 ახალი სახლის აშენების შესახებ. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისრაელის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ახალი სახლების აშენება აფერხებს სამშვიდობო პროცესს.
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ 7-წლიანი სასჯელი შეუფარდა ოპოზიციონერ ჟურნალისტ ნიკოლ პაშინიანს. პაშინიანს ბრალად ედება კავშირი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელ არეულობებთან.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, მისი პრეზიდენტის, ჟოაო სუარესის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეწვია. დელეგაციამ დაადასტურა ორგანიზაციის მზადყოფნა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამკვირვებლების გამოგზავნაზე.
10 მარტი
შვედეთის პარლამენტმა აღიარა თურქების მიერ სომეხთა გენოციდი. ამის საპასუხოდ, თურქეთმა შვედეთიდან ელჩი გაიწვია.
ირლანდიის პოლიციამ დააკავა 7 ადამიანი, რომლებიც შვედი კარიკატურისტის, ლარს ვილკის მკვლელობას გეგმავდნენ. ლარს ვილკი მუჰამედის გახმაურებული კარიკატურის ავტორია.
მოსკოვმა პოლიტიზებულ და არაობიექტურ დოკუმენტად შეაფასა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვალტერ კელინის მოხსენება. მოხსენებაში, რომელიც ცხინვალში ვიზიტის შემდეგ მომზადდა, საუბარია რეგიონში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და დევნილთა დაბრუნების აუცილებლობაზე.
გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი კერძო ვიზიტით სოხუმს ეწვია. იგი შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშსა და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს. საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებსა და კოდორის ხეობაში არსებულ მდგომარეობას შეეხო. დიტერ ბოდენი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.
სამხედრო-საჰაერო ძალები გაუქმდება, როგორც შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელი ერთეული. ის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შევა. ამ ცვლილებას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი „თავდაცვის შესახებ“.
11 მარტი
უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი მიკოლა აზაროვი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. აზაროვის განცხადებით, სახელმწიფო ხაზინა „ცარიელია“ და 2010 წლისთვის რეალისტური ბიუჯეტი უნდა მომზადდეს. მიკოლა აზაროვი წლების მანძილზე პრეზიდენტ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე იყო.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოს ესტუმრა. პრეზიდენტთან შეხვედრისას ტუსკმა განაცხადა, რომ უხლოეს მომავალში საჭიროა შემუშავდეს გრაფიკი, რომლის მიხევითაც, საქართველოსა და პოლონეთს შორის ვიზები გამარტივდება.
გამოქვეყნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს შესახებ. 2009 წელს, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით „მნიშვნელოვან მიღწევად“, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღება და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის გადაწყვეტილება სახელდება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შემცირდა მედიის თავისუფლებისადმი პატივისცემა.
12 მარტი
პაკისტანში ორი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმამ 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეტევა განხორციელდა სამხედრო ტექნიკაზე, როდესაც ის გზის ხალხმრავალ მონაკვეთს გადიოდა.
![]() |
4 სტიქია და რეფორმები |
▲back to top |
არენა - მიწისძვრები ლათინურ ამერიკაში
სანტიაგო, ჩილე
ფოტო: REUTERS ©
500-ჯერ ძლიერ მიწისძვრას 1000-ჯერ ნაკლები მსხვერპლი მოჰყვა
27 თებერვალს ჩილე, რიხტერის შკალით, 8.8-ბალიანმა მიწისძვრამ გამოაფხიზლა. გამოყოფილი ენერგია 500-ჯერ აღემატებოდა წლის დასაწყისში ჰაიტიზე მომხდარ 7.1-ბალიანი მიწისძვრის ენერგიას. ძირითადმა და ასამდე განმეორებითმა ბიძგმა, რომელთა სიმძლავრე 3.0-იდან 6.1 ბალამდე მერყეობდა, დააზიანა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების სისტემები, მოშალა სატელეფონო კავშირი, უსახლკაროდ დატოვა 2 მილიონამდე ჩილელი.
ლათინურ ამერიკაში მომხდარი ორი მიწისძვრა ადასტურებს, რომ ბუნებრივი კატასტროფის შედეგებს - გარდაცვლილთა რაოდენობას და ნგრევის მასშტაბს - ბიძგის სიძლიერე არ განსაზღვრავს. ზარალი სახელმწიფოთა განვითარების, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა და საზოგადოების პოლიტიკური კულტურის პროპორციულია.
ჩილე ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ეფექტურად იმართება. მისი საზოგადოება პატივს სცემს კანონს. ქვეყანა ფლობს ეკონომიკურ რესურსებსა და ადმინისტრაციულ ბერკეტებს, თუნდაც იმისთვის, რომ მიიღოს და აღასრულოს უსაფრთხო მშენებლობის მკაცრი სტანდარტები. ჩილე, ჰაიტისგან განსხვავებით, მოქმედი დემოკრატიაა. იქ რეგულარულად ტარდება არჩევნები. პინოჩეტის სამხედრო დიქტატურის დაცემის შემდეგ (1989), სახელმწიფოს ორი ათწლეულის მანძილზე სოციალისტების, რადიკალებისა და ქრისტიან-დემოკრატების კოალიცია მართავდა. 2010 წლის იანვარში კი ჩილელებმა, უკანასკნელი 52 წლის განმავლობაში პირველად, მემარჯვენე ლიდერი - სებასტიან პინიერა აირჩიეს. ამით, ჩილემ დაამტკიცა, რომ ლათინურ ამერიკაში პლურალისტური დემოკრატიის შენება შესაძლებელია. ეკონომიკურ ზრდას პლუს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება - ეს არის ჩილეს წარმატების ფორმულა. შედეგად, ეს სახელმწიფო, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის პირველი გახდა OECD-ის - მსოფლიოში ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოების ელიტარული კლუბის - წევრი.
ჰაიტიზე კი საზოგადოებასა და მთავრობაში გამეფებული ნიჰილიზმი და კორუფციის მაღალი დონე ქვეყნის განვითარებას აფერხებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით, ეს ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 168-ე ადგილზეა (ჩილე 25-ზე). იგი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 772 დოლარია (ჩილეში - 8853 $).
ჰაიტის სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ისტორია ისეთივე ტრაგიკულია, როგორიც 12 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგები. ქვეყანას სტაბილური მმართველობის ერთადერთი პერიოდი 1915-34 წლებში ჰქონდა, მაშინ, როდესაც იგი ამერიკელი სამხედროების მიერ იყო ოკუპირებული. მას შემდეგ, სახელმწიფოში დიქტატორული რეჟიმები ფსევდოდემოკრატი ლიდერებით იცვლებოდა. 1964-71 წლებში ქვეყანას ჯერ „პაპა დოკის“ სახელით ცნობილი დიქტატორი ფრანსუა დუვალიე, შემდეგ მისი შვილი და მემკვიდრე „ბეიბი დოკი“ და ტონტონ-მაკუტების ლაშქარი მართავდნენ. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჰაიტიზე 1990 წელს ჩატარდა. პრეზიდენტმა ჟან-ბერტრან არისტიდმა დაშალა სახელმწიფოს რეგულარული არმია და, სანაცვლოდ, ნდობა გამოუცხადა „კანიბალების არმიად“ წოდებულ მოხალისეთა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელმაც 2004 წელს, ვუდუისტების შეიარაღებული ფორმირებების დახმარებით, აჯანყება მოაწყო. 2006 წელს კი მოქმედმა პრეზიდენტმა რენე პრევალმა საერთოდ გააუქმა არჩევნების შედეგები, რადგან მიიჩნია, რომ ხმები არასწორად იყო დათვლილი. მას შემდეგ იგი, პრემიერ-მინისტრების პოპულარობის შიშით, რეგულარულად ცვლის მათ.
საზოგადოების უნარი, გადაიტანოს ბუნებრივი კატასტროფები და იზრუნოს რეკონსტრუქციაზე, მისი მაღალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია. ჩილელებმა, ჰაიტისგან განსხვავებით, მოახერხეს თავი აერიდებინათ ფართომასშტაბიანი მოროდიორობისათვის. ცალკეულ ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, ჩილეს ქალაქებში სიტუაცია სტაბილურია. ქუჩებს მთლიანად აკონტროლებს არმია და პოლიცია. მოქმედმა მთავრობამ, ჩილეს მოსახლეობასთან ერთად, წარმატებულად გადაანაწილა ჰუმანიტარული დახმარება, დაიწყო ზრუნვა რეკონტრუქციაზე და შედეგმაც არ დააყოვნა: სანტიაგოსა და ცენტრალური ჩილეს რაიონებში სატელეფონო სერვისი მიწისძვრიდან 5 საათში აღდგა.
პორტ ო პრენსი, ჰაიტი
ფოტო: REUTERS ©
ჰაიტიზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ორი თვეა მიმდინარეობს. ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები მიწისძვრიდან ერთ კვირაშიც კი ვერ ახერხებდნენ აეროპორტის ასაფრენ ბილიკებზე დაჯდომას. მტვირთავების ნაკლებობის გამო აეროპორტს მომსახურება არ შეეძლო. ამასობაში, პორტ-ო-პრენსის ქუჩებში, ჰაიტის მაცხოვრებლები მიცვალებულთა ცხედრების ბარიკადებით აპროტესტებდნენ ჰუმანიტარულ კატასტროფას. სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაში მოსახლეობის მცირე ნაწილი ჩაერთო. ქაოსი და მოროდიორობა ჰაიტის დანგრეულ ქუჩებში დიდხანს გრძელდებოდა. კრიმინალებთან გამკლავებაც, მხოლოდ გაეროს ეგიდით მოქმედმა აშშ-ს საზღვაო ძალების არმიამ მოახერხა.
31 მარტს ნიუ იორკში, გაეროს ეგიდით, ჰაიტის რეკონსტრუქციის შესახებ დონორთა კონფერენცია გაიმართება. განსხვავებები ჩილესა და ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრებს შორის კონფერენციის მთავარი თემა იქნება. ჩილეს მაგალითით, დონორი სახელმწიფოები ჰაიტის მთავრობას, დახმარებისთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარის სანაცვლოდ, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას მოსთხოვენ.
გამოჩნდებიან კრიტიკოსებიც, რომლებიც იტყვიან, რომ არასწორია ამ ორი ქვეყნის შედარება: ჩილე განვითარებული ქვეყანაა, ჰაიტი კი ყველაზე ღარიბია რეგიონში. ჩილემ დღეისათვის არსებულ პროგრესს სწორედ ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების დანერგვითა და ეფექტური ადმინისტრირების შედეგად მიაღწია. იგივე ითქმის რეგიონის სხვა დიდ თუ პატარა სახელმწიფოზე (ბრაზილია, ურუგვაი, კოსტა-რიკა, დომინიკის რესპუბლიკა), რომლებმაც 21-ე საუკუნეში ფეოდალურ მმართველობაზე უარი თქვეს. ასეთი ტიპის ქვეყნები დონორებისაგან მიღებულ თანხებს ეკონომიკის სტიმულირებას, განათლების სისტემის რეფორმასა და მცირე მეწარმეობის განვითარებას ახმარდნენ.
ბუნებრივ კატასტროფებს ლოგიკა არ გააჩნია და არც პოლიტიკასთან აქვს რამე საერთო. კატასტროფის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი პოლიტიზებული პროცესია. ფაქტია, უფრო ძლიერი მიწისძვრის მიუხედავად, ჩილეს რეაბილიტაცია ჰაიტიზე სწრაფად ხდება.
![]() |
5 რუსეთი ტაქტიკას ცვლის: მათრახის ნაცვლად თაფლაკვერი |
▲back to top |
პოლიტიკა
ილუსტრაცია: ივანე ყიპშიძე
აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსეთის მთავრობა საქართველოს მიმართ ახალ ტაქტიკას ირჩევს. რუსებს ჩვენი ტერიტორიის 20%25-ის ოკუპირება არ აკმაყოფილებთ, რადგან საქართველოს კვლავ ევროატლანტიკური სივრცისკენ აქვს გეზი აღებული. კრემლის მთავარი მიზანი მიუღწეველი დარჩა, ამიტომ ცდილობს, ქვეყნებს შორის უთანხმოების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს პროდასავლურ მთავრობას დააკისროს და დასაყრდენს ქართულ ოპოზიციურ პარტიებში ეძებს. ამის დემონსტრირება იყო 2010 წლის 29 იანვარს, ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება. მის მიხედვით, რუსული მხარე მზადაა, მიიღოს ქართული ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, რომლებიც მოსკოვში „სიტუაციის შესაცვლელად“ ჩავლენ. კარასინმა გამოყო ნინო ბურჯანაძე, როგორც ჯანსაღი პოლიტიკოსი, რომელსაც „2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის მიმართ, სწორი მიდგომები აქვს“.
ამ განცხადებიდან ერთ თვეში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა, როგორც თავად აღნიშნა „დიდი პოლიტიკის საკეთებლად“. იგი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვსა და რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენელს შეხვდა.
ბურჯანაძე-ლავროვის შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, რუსული მხარე ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ქართველ პოლიტიკოსებთან, რომლებიც „რეალისტურად“ აფასებენ სიტუაციას.
ნინო ბურჯანაძე არ ყოფილა კრემლისთვის პირველი „რეალისტი“ ქართველი პოლიტიკოსი. რუსეთის მთავრობასთან ყველაზე აქტიურად საქართველოს ყოფილი პრემიერი, პარტია „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი - ზურაბ ნოღაიდელი თანამშრომლობს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იგი 5-ჯერ ეწვია მოსკოვს და პრემიერ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა. ნოღაიდელი ამბობს, რომ მისი უმთავრესი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და მოსკოვში ამ საკითხის მისეული ხედვა ჩაიტანა, თუმცა არ ხსნის, თუ რას გულისხმობს ეს გეგმა.
9 თებერვალს, მოსკოვში მეხუთე ვიზიტისას, ნოღაიდელმა პუტინის პოლიტიკურ პარტია „ედინაია რასიასთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ მხარეები, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, კეთილმეზობლობის განმტკიცებისაკენ ისწრაფიან. ამ მიზნის მისაღწევად მათ მუდმივი კონსულტაციები ექნებათ: გაცვლიან ინფორმაციას რუსეთსა და საქართველოში არსებულ აქტუალურ, ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე; გამართავენ კონფერენციებს; შეხვდებიან ექსპერტებს; გაცვლიან დელეგაციებს. მოსკოვში ბურჯანაძის ვიზიტის შემდეგ, 7 მარტს, ნოღაიდელმა პირველი არხის ეთერით განაცხადა: „თუ რუსული ჯარი წამოვა თბილისისკენ, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ საქართველოს განთავისუფლებას სააკაშვილის რეჟიმისგან“.
გარდა ნოღაიდელისა, რუსეთთან სალაპარაკოდ მზადაა „კონსერვატიული პარტია“. პარტიის გენერალური მდივნის - კახა კუკავას განმარტებით, „დიალოგი მტერთანაც კი აუცილებელია“. ის კონფრონტაციის მომხრეებს ისტორიის წიგნების წაკითხვას ურჩევს, რომ ნახონ, როგორ გვარდება კონფლიქტები. კუკავა მზადაა, უარი თქვას საქართველოს ნატოში შესვლაზე იმ პირობით, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს დაუბრუნებს. განცხადებას ეთანხმება „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი. რუსეთთან სალაპარაკოდ ასევე მზადაა „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და ლევან გაჩეჩილაძე.
ოპოზიციის მეორე ნაწილი არ აპირებს რუსეთთან დიალოგზე წასვლას. „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა, რუსეთმა საქართველო სუვერენულ და თანასწორ სახელმწიფოდ აღიქვას. გარდა ამისა, მოლაპარაკებისთვის აუცილებელია მანდატი, რომელსაც ხალხი მთავრობას აძლევს.
რესპუბლიკელი თინა ხიდაშელისთვის კი მიუღებელია, საქართველოს მოქალაქე - პოლიტიკოსი იქნება, თუ საზოგადოების რიგითი წევრი - ქართულ ჯარსა და ერზე მზრუნველის მანტიის მორგებაში დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ქართველების დახოცვა ბრძანა. სამაგიეროდ, ხიდაშელს აუცილებლად მიაჩნია დიალოგი სამთავრობო დონეზე და ამბობს, რომ მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც მას შედეგი არ მოჰყვეს.
არც „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია აპირებს რუსეთში ჩასვლას მანამდე, სანამ არ იქნება ხელისუფლებაში. ეს ალასანიამ ორკვირიანი მერყეობის შემდეგ განაცხადა. იგი ჯერ ნოღაიდელთან თანამშრომლობას აპირებდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და ისევ „ალიანსს“ დაუბრუნდა.
სამთავრობო დონეზე, დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს. მთავარი საკითხი საქართველოს დეოკუპაციაა. სანამ რუსები კონფლიქტურ ტერიტორიებს არ დატოვებენ, საქართველოს მთავრობა სხვა საკითხებზე მოლაპარაკებას არ აპირებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთს, კონფლიქტური რეგიონები მთელ საქართველოზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდება. იგი იხსენებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემაზე ღია და დახურულ საუბრებში რუსები კონფლიქტების ეთნოკონფლიქტებად წარმოჩენას ცდილობდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებდნენ, თავად კი შორს იჭერდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომმა ამ კონფლიქტების საერთაშორისო ხასიათი გამოავლინა, რუსები კვლავ არ თმობენ ძველ პოზიციას.
ეკონომიკური ემბარგოს თანდათან გაუქმებაც რუსეთის ახალი პოლიტიკის ნაწილია. გასული წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის აღადგინოს პირდაპირი რეისები საქართველოსა და რუსეთს შორის და გახსნას ლარსის გზა (საქართველოსა და რუსეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა, რომელიც არ გადის ოკუპირებულ რეგიონებზე). მან რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზეც ისაუბრა. პრეზიდენტი არც უვიზო რეჟიმის აღდგენას გამორიცხავს მომავალში. აქვე მედვედევმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების აღდგენას არ აპირებს.
25 თებერვალს, იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა: „იმედი მაქვს ლარსის სასაზღვრო ზოლი 1 მარტიდან გაიხსნება. შეთანხმება ორივე მხარეს მიღწეულია“ - და იქვე დაამატა - „ურთიერთობა ჩვენს სასულიერო და კულტურის მესვეურებს შორის არასოდეს შეწყვეტილა. ქართველი და რუსი ხალხები საუკუნეებმა გადააჭდეს ერთმანეთს; ეს ძლიერი ნასკვი გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ ჩრჩილს, რომელიც უცხო ქარების ქროლვას მოჰყვა“.
ეკონომიკური ემბარგოს გაუქმებას ლოგიკური მიზეზი აქვს. რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსიამ შეკრეს კავშირი, რომელიც 2011 წლისთვის ერთიანი საბაჟო სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. შესაბამისად, რუსეთში მაინც შეაღწევს ქართული პროდუქცია ამ ქვეყნების გავლით, პუტინის მთავრობა კი ამას თავის კეთილ ნებას მიაწერს.
საქართველოში რუსეთის მზაობას ემბარგოს მოხსნაზე დადებითად მოეკიდნენ. ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 8, 9 და 10 იანვარს, მოსკოვის მიმართულებით, ჩარტერული რეისები განახორციელა. ეს ერთჯერადი აქცია იყო. დეკემბრის ბოლოს კი ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ. გზა დათქმულ დროს, 1 მარტს, გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტი 2006 წელს რუსეთმა ჩაკეტა. გარდა საგზაოსი, აიკრძალა საზღვაო და საჰაერო მიმოსვლაც. რუსული ბაზრიდან განიდევნა ქართული ღვინო, მინერალური წყალი და ციტრუსები. ეს იყო იმ კონფრონტაციის ოფიციალური გაფორმება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, როცა პუტინმა დაინახა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა მას ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ჩარევდა.
![]() |
6 საარჩევნო სია |
▲back to top |
პოლიტიკა
პრობლემა, რომლის მოგვარება შესაძლებელია
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაიწყეს საუბარი. ისინი ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურ ზრდას და ამით არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ.
სიებთან დაკავშირებით შემდეგი ჩივილები იკვეთება: ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მოხვედრა სიაში (ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ასეთი მილიონზე მეტია); ერთ მისამართზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც იქ არ ცხოვრობენ; დაურეგისტრირებელი გარდაცვალებები და, შედეგად, სიაში მოხვედრილი ე.წ. მკვდარი სულები; დუბლირებული ჩანაწერები, რომლებშიც ერთი ადამიანი ორ მისამართზეა რეგისტრირებული.
სიების მოწესრიგების მიზნით, წელს ბიუჯეტიდან 1.2 მილიონი ლარი გამოიყო. ეს თანხა თანაბრად გადანაწილდა პროცესში ჩართვის მსურველ 12 ოპოზიციურ პარტიას შორის. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და ამ გზით ამოწმებენ მონაცემთა სისწორეს. საბოლოო ანგარიში მათ 15 მარტისთვის უნდა მიეწოდებინათ ცსკ-სთვის, მაგრამ ვადის 10 დღით გახანგრძლივება ითხოვეს.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საკითხს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, სია ძირითადად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (სამოქალაქო რეესტრი) არსებულ მონაცემთა საფუძველზე იქმნება, თუმცა ამ პროცესში სხვა უწყებებიც მონაწილეობენ.
სამოქალაქო რეესტრმა ამომრჩეველთა სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 თებერვალს გადასცა. სიაში თავდაპირველად 3 677 795 ადამიანი იყო. მონაცემების დამუშავებისა და გადამოწმების შემდეგ სია დაახლოებით 100 000 ადამიანით შემცირდა. მათგან უმრავლესობა გარდაცვლილია. ამოღებულთა მეორე ნაწილს პირადობის მოწმობა საზღვარგარეთ, საქართველოს საკონსულოებში აქვს აღებული და მათში უცხოური მისამართებია მითითებული. დანარჩენს აფხაზეთიდან დევნილები შეადგენენ, რომელთაც არ აქვთ დევნილის სტატუსი და პირადობის მოწმობებში აფხაზური მისამართები უწერიათ.
2002 წლის აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 4,3 მილიონი ადამიანია, 2009 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით კი - 4 385 400. მათგან დაახლოებით 1 033 000 არასრულწლოვანია. ამრიგად, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 352 ათასია და ცსკ- ს სიებში ცდომილება დაახლოებით 235 ათასს აღწევს. მათ შორის საზღვარგარეთ მყოფებიც არიან.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია, ცსკ-ს გადასცეს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები და არა აქვს უფლება, ამ სიიდან ამოიღოს უცხოეთში მყოფები. შემდეგ საკონსულოები და შსს-ს სასაზღვრო სამსახური აწვდიან ცსკ-ს ინფორმაციას უცხოეთში მყოფი მოქალაქეების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ უთითებს ცსკ სიაში, რომ ეს ამომრჩევლები საზღვარგარეთ იმყოფებიან.
2002 წლის აღწერით, საზღვარგარეთ 113 ათასი ადამიანი იმყოფება. სტატისტიკური მონაცემებით, 2002 წლის შემდეგ კიდევ 17 ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, მაგრამ ემიგრანტთა ზუსტი რაოდენობა მხოლოდ მოსახლეობის ახალი აღწერის შემდეგ დადგინდება. შსს-ს სასაზღვრო სამსახური კი 2008 წლის პირველი იანვრიდან აღრიცხავს ქვეყნიდან გასვლას და ქვეყანაში შემოსვლას. მათი მონაცემებით, ბოლო ორი წლის მანძილზე 170 000 ათასი მოქალაქე გავიდა საქართველოდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ეს მონაცემები უნდა დამუშავდეს, რადგან ზოგიერთი მოქალაქის გასვლა დროებითი იყო. ის ვარაუდობს, რომ რიცხვი 100-150 ათასამდე შემცირდება. სულ მცირე, ერთი ამდენი კი 2008 წლამდე იყო გასული, რაც, ცსკ-ს თავმჯდომარის აზრით, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ შეცდომები სიაში თითქმის არ არის და ქვეყნიდან გასულთა სტატუსის სიაში მითითებით ცდომილება დაბალანსდება.
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სიაში მოხვედრილ მილიონობით ადამიანზე ლაპარაკი აბსურდია, რადგან ემიგრანტთა დიდმა ნაწილმა ქვეყანა 1995 წლამდე დატოვა, როცა პირადობის მოწმობები არ გაიცემოდა. სიაში კი მხოლოდ ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც პირადობის მოწმობა საქართველოში აქვთ აღებული. მისი თქმით, სიებში დუბლირება არ არსებობს. ამ პრობლემის წყარო არასწორი დამისამართებაა, რაც სახელმწიფო დონეზე უნდა მოგვარდეს. სოფლებში მრავლადაა უსახელო ქუჩები, თბილისში კი ზოგ ქუჩას სახელი გადაერქვა, ზოგი გაიყო, ზოგიც შეერთდა, მაგრამ რეესტრს სახლები აქვს იდენტიფიცირებული, როგორც ცალკე ობიექტები. შესაბამისად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთხელ ხვდება სიაში. ვაშაძის აზრით, დამისამართების პრობლემა საარჩევნო პროცესისთვის ყველაზე ნაკლები საფრთხეა.
ვაშაძე ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა პირველ რიგში გარდაცვლილთა აღრიცხვის პრობლემა მოაგვარა. პროცედურა გამარტივდა. ადრე გარდაცვლილის ოჯახის წევრს უნდა შეეტანა რეესტრში განცხადება, ახლა კი სამედიცინო დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აწვდიან რეესტრს ამ ინფორმაციას. თუ რეესტრს ინფორმაცია არ მიეწოდა, ექიმსა და რწმუნებულს 500-ლარიანი ჯარიმა ეკისრებათ. ასეთმა სანქციამ შედეგი გამოიღო და 2009 წლისთვის გარდაცვალებათა რეგისტრირების მაჩვენებელი 21,7%25-ით, ანუ თითქმის 10 ათასით გაიზარდა. გამარტივდა ძველი გარდაცვალებების რეგისტრირებაც. ეს პროცედურა ახლა უფასო და გაცილებით სწრაფია. ასე რომ, ეტაპობრივად გვარდება ძველი გარდაცვალებების მოგვიანებით რეგისტრირების საკითხიც.
ვაშაძე ერთ მისამართზე რეგისტრირებულ ბევრ ადამიანთან დაკავშირებითაც შენიშნავს გარკვეულ პროგრესს. 2007 წლიდან ყველა მისამართზე, რომელზეც 10-ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, გაიგზავნა თხოვნა ზედმეტი რეგისტრაციების გაუქმების თაობაზე. თხოვნას თითქმის არავინ გამოხმაურებია. ამიტომ თავად წავიდნენ შესამოწმებლად და ათასობით სახელი ამოიღეს რეესტრიდან, თუმცა რამდენიმე პრობლემა დარჩა: ზოგიერთი კორპუსი არასწორადაა დანომრილი. მაგალითად, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ კორპუსში, 27 ადამიანია რეგისტრირებული. ამ კორპუსს აქვს რვა სადარბაზო და თითოეულ მათგანში ბინების ათვლა იწყება ერთიდან. გამოდის, რომ ამ კორპუსში არის მაგ. რვა №5 ბინა. მსგავსი შეცდომა ბინების დანომვრისას რამდენიმე ადგილასაა დაშვებული; მეორე და მესამე კატეგორიის პრობლემაა საერთო საცხოვრებლები და ადამიანები, ვინც ვერ ნახეს, ან ვინც უარი თქვეს ბინიდან მოქალაქეთა ამოწერაზე.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბაზაში პრობლემები მინიმუმამდეა დაყვანილი და ეს იმ ღონისძიებების შედეგია, რომლებიც 2007 წლიდან ხორციელდება მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით.
რაც შეეხება სიებს, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ამჟამად უზუსტობა დაახლოებით 0,5-1%25-ია. იგი იშველიებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებს, რომელმაც სიების მონიტორინგი 2009 წელს ჩაატარა. მაშინ ცდომილება 2%25 იყო. სიაში 2010 წლის შესწორებებმა ეს პროცენტი შეამცირა. ცსკ-ს თავმჯდომარე ისევ ელოდება მონაცემებს პოლიტიკური პარტიებისგან და მზადაა, ნებისმიერი დასაბუთებული ხარვეზი აღმოფხვრას.
![]() |
7 ინტერივიუ: ვლადიმერ ბუკოვსკი |
▲back to top |
პოლიტიკა
ვლადიმერ ბუკოვსკი - ნეიროფიზიოლოგიის პროფესორი, პუბლიცისტი, საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი უტეხი დისიდენტი. სსრკ-ში ცხოვრება, ფსიქიატრიულ კლინიკებსა და ციხეებში გატარებული წლები აღწერა წიგნში „…И возвращается ветер“. 1976 წელს სსრკ-ს მთავრობამ ის დასავლეთს გაუცვალა ჩილეს კომპარტიის გენერალურ მდივან ლუის კორვალანში. 2008 წელს სცადა კენჭი ეყარა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნებამდე არ მიუშვეს.
ვლადიმერ ბუკოვსკი
შეუპოვრობა - ერთადერთი გზა
დავიწყოთ ცოტა შორიდან: როგორ აღწერდით დასავლეთის პოლიტიკას საბჭოთა კავშირის მიმართ ცივი ომის დროს?
დასავლეთს არასდროს სურდა საბჭოთა კავშირთან დავა. ცივი ომი - ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. სინამდვილეში ცივი ომი იყო ორ ხანმოკლე პერიოდში: მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, 1946-დან სტალინის სიკვდილამდე და რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის 1981-86 წლებში. სხვა დროს დასავლეთი სულ ეძიებდა თანაარსებობის ფორმებს. ამჯობინებდა, დაეთმო, ვიდრე გაემწვავებინა ურთიერთობა. საბჭოთა კავშირი დროდადრო აგრესიული იყო ანუ ინიციატივა მას რჩებოდა. როცა აწყობდა, სსრკ მოდუნდებოდა ხოლმე და ჩნდებოდა ე.წ. დეტანტის პერიოდი. როცა საბჭოეთს ჭირდებოდა, შეიჭრებოდა ან იპყრობდა რომელიმე სახელმწიფოს. ეს მცირე ხნით იწვევდა დაძაბულობას. დასავლეთი იძულებული ხდებოდა, გაეძლიერებინა საკუთარი უსაფრთხოება - ძალიან უხალისოდ - მერე კი ყველაფერი მინელდებოდა ხოლმე.
თქვენი აზრით, დღეს როგორია დასავლეთის, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების პოლიტიკა რუსეთის მიმართ - პრაგმატულია, რეალისტურია, შეიძლება ის იყოს უფრო მკაცრი თუ არა?
დღეს ეს არის უარესი პოლიტიკა, ვიდრე უწინ. ვერ უარვყოფთ - საბჭოთა დროს ნამდვილად იყო მტრობის ელემენტი. საბჭოთა ბირთვული რაკეტები მომართული იყო დასავლურ ქალაქებზე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი დასავლეთს არ ავიწყდებოდა და არ აძლევდა უფლებას, ბოლომდე მოშვებულიყო. ახლა პირდაპირი სამხედრო საფრთხე აღარ არსებობს, რაც ძალიან აწყობს იმას, ვისაც ამქვეყნად სულ მეგობრობა და ყველაფრის შერბილება სურს. ამუშავდა ახალი ძლიერი ბერკეტები - გაზი, ნავთობი, აუცილებლობა, გადაჭრა რაღაც საერთო პრობლემები. მშვიდობისმოყვარეებმა ეგრევე ისარგებლეს ამით და დღეს რუსეთისა და მისი პოლიტიკის კრიტიკა გაცილებით რთული საქმეა. დასავლეთის საზოგადოებას აქვს რეაქცია, პრესა ეხება ამ თემას, ადამიანები გამოთქვამენ აზრს, მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკური ისტებლიშმენტის რეაქცია.
შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ევროპული - როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ის ასპექტები, რომელთაც კრიტიკულად ეკიდებით?
ესაა უწინარესად ევროკავშირი. მიმაჩნია, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის დროებათა სრულიად უსაგებლო გაგრძელება. იდეა, კონცეფცია ექციათ საერთო ბაზარი რაღაცნაირ სახელმწიფოდ იყო მემარცხენე პარტიების და მოსკოვის ერთობლივი იდეა. გორბაჩოვმა თავის დროზე ამას ჩვენი საერთო ევროპული სახლი უწოდა. გახსოვთ, ალბათ - მემარცხენეებს ჰქონდათ ე.წ. კონვერგენციის თეორია: საბჭოთა კავშირი თანდათან შეიცვლება, ექნება „ადამიანური“ სოციალიზმი, ხოლო ევროპაში გაიმარჯვებს სოციალ- დემოკრატია. ასე მოხდება კონვერგენცია, ჩვენ გავერთიანდებით, მოისპობა პრობლემები, დაივანებს საუკუნო და საყოველთაო ბედნიერება. ამ იდეას ფრიად აქტიურად ახორციელებდნენ 1987 წლიდან, მაგრამ ვერ მოასწრეს - სსრკ დაიფშვნა. ჩამოინგრა საბჭოური ნაწილი იმ შენობისა, რომელსაც დღემდე აშენებენ. მინახავს გორბაჩოვის მოლაპარაკებათა მრავალი ჩანაწერი კომპარტიის ცეკასა და პოლიტბიუროს არქივიდან; მაგალითად, მიტერანი (საფრანგეთის პრეზიდენტი 1981-1995 წ.წ.-რედ.) უხსნის გორბაჩოვს, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი საბჭოთა კავშირიო. ასე ესმოდათ კონტროლი ევროპაზე. ხვდებით, რა ფილოსოფიაა?
მოდი, საქართველოზეც ვილაპარაკოთ. მოქალაქეთა ნაწილი დღეს გაწბილებულია დასავლეთით, განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებით, რომელთა საქართველოსადმი მხარდაჭერა უკმარად მიაჩნიათ. ასევე მოისმენთ, რომ დროა, დაველაპარაკოთ რუსეთს, მოვაწესრიგოთ მასთან ურთიერთობები, გვქონდეს მშვიდობის გარანტია... რამდენად პერსპექტიულია ეს გზა?
რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას თქვენ ვერ დაელაპარაკებით. ეს არის კაგებე. რუსეთზე თუ რამე ვიცი - ვიცი კაგებეს ფსიქოლოგია. მათ მეგობრები არ ჰყავთ. ჰყავთ ან აგენტები ან მტრები. კაგებეშნიკი არ გაჩერდება, სანამ არ გადაგიბირებს. მხოლოდ ტყვია აჩერებს მათ. ასეთი მენტალობა აქვთ - ადამიანი უნდა გადატეხონ, მსახურად, ხელის ბიჭად აქციონ. დღევანდელი კონფლიქტი საქართველოსთან არის კონფლიქტი უფრო დასავლეთთან. დასავლეთი იძლეოდა უსაფრთხოების გარკვეულ პირობებს, რომელთა უზრუნველყოფა არ შეუძლია. რუსეთი ამით აშანტაჟებს და აწვება დასავლეთს. რუსული პოლიტიკის ზოგადი მიმართულება არის მცდელობა, დაიბრუნონ საბჭოთა იმპერია. ცხადია, ესმით, რომ მთლიანად ვერ დაიბრუნებენ, მაგრამ ყველა ღონეს იხმარენ. მათი პოლიტიკის გამომხატველმა პუტინმა აკი თქვა, რომ სსრკ-ს ნგრევა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო.
თუმცა, ამ ფრაზას სხვაგვარადაც განმარტავენ: არა როგორც იმპერიის აღდგენის ნატვრას, არამედ სინანულს იმის გამო, რომ რუსეთს ძველი ძალა და გავლენა აღარ მოსდევს საერთაშორისო სისტემაში...
მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ქვეყნის შიგნითაც ცდილობენ, აღადგინონ იმპერია. ესმით, რომ ქვეყანას ვერ ჩაკეტავენ - სსრკ ჩაკეტილი ქვეყანა იყო. ამ ზღვარს ვერ გადავლენ, მაგრამ რაც შეუძლიათ, აკეთებენ: აკონტროლებენ მედიას, შემოაქვთ ცენზურა, გარკვეულ დონეზე ატარებენ პოლიტიკურ რეპრესიებს...
როგორ უნდა დაუპირისპირდე ამ პოლიტიკას? თქვენ ხართ მაგალითი მტრული სისტემისადმი პიროვნული წინააღმდეგობისა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ შეიძლება იყო აბსოლუტურად უკომპრომისო და თან გადარჩე. მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს შეუპოვრობა, როგორც მოქმედების ერთადერთი მოდუსი?
მიმაჩნია, რომ სხვა გამოსავალი არც არის. რა იქნებოდა, ეს პოზიცია რომ არ დამეკავებინა? ვიქნებოდი ახლა კაგებეს ერთ-ერთი აგენტი. ქვეყნებთანაც იგივე ამბავია - თუ თქვენ წინააღმდეგობას არ გაუწევთ, დანამატი გახდებით, დაახლოებით ტუვის მსგავსი. ეს გინდათ?
თქვენი აზრით, რა უნდა რუსეთს საქართველოსგან?
ერთი მხრივ, რუსეთის ხელისუფლებას სურს დაძაბულობა. მუდმივად ეცდებიან, დაძაბულობა გაზარდონ და პროვოკაციები მოაწყონ. მეორე მხრივ, მჯერა, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს მთლიანი ოკუპაცია - ეს გაცილებით მეტი თავის ტკივილი იქნება. ჩეჩნეთში სცადეს და ბოლომდე არ გამოუვიდათ. მე-11 წელია კონფლიქტი მიდის და თანდათან მთელ ჩრდილოეთ კავკასიას ედება. საქართველოში მით უფრო გაუჭირდებათ, რადგან საქართველოს სამხრეთით ღია საზღვარი აქვს და ამას ვერ გააკონტროლებენ. საქართველოში მოსახლეობა მეტია, ამდენად მეტია პარტიზანული ბრძოლის საშუალებაც. არ ვიცი, რას ფიქრობს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაგრამ სამხედროები მათ ეუბნებიან, რომ ეს იქნება ძალიან ძვირი და სრულიად უაზრო ოპერაცია. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის არმიას სერიოზული შეიარაღება არ აქვს და დღეს ის სანახევროდ დაშლისა და სანახევროდ რეფორმირების სტადიაშია.
როგორიც უნდა იყოს, რუსეთის ჯარი პატარა საქართველოს კი ეყოფა...
მართალია, ერთჯერად ოპერაციას ეყოფა, მაგრამ ვერაფრით გაწვდება ოკუპაციის რეჟიმის შენარჩუნებასა და პარტიზანულ ბრძოლას 5 და 10 წლის მანძილზე. საერთოდ, მსოფლიოს ვერც ერთი არმია ვერ უძლებს პარტიზანულ ბრძოლას. ხოლო ხრწნადი არმია ვერ გაუძლებს იმთავითვე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველოს მთლიანად ოკუპირება მათ არ სურთ. რომ სდომოდათ, ორი წლის წინათ იზამდნენ. მაგრამ გაჩერდნენ. უფრო მნიშვნელოვანია, დაძაბულობის კერები ჰქონდეთ. თქვენი ორი ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია ასევე სულელური ნაბიჯია. სანამ არსებობდა ანექსიის საფრთხე, რუსეთს ჰქონდა დაძაბულობის დამატებითი პუნქტები. ახლა კი რა? რუსეთმა წაიღო ტერიტორიები, რომელიც მას არ ჭირდება.
ჩვენ კი შფოთის განცდით ვცხოვრობთ...
იმათაც სწორედ ეგ უნდათ - შფოთით რომ ცხოვრობდეთ.
როგორ აღიქვით 2008 წლის აგვისტოს ომი?
2008 წლის დასაწყისში მე, ანდრე გლუკსმანი და კიდევ რამდენიმე კაცი ველაპარაკეთ სარკოზის. ვუთხარით, თუ თქვენ აღიარებთ კოსოვოს დამოუკიდებლობას, რუსეთი რაღაცას მოიმოქმედებს კავკასიაში, უფრო სავარაუდოა, რომ მოახდენს აფხაზეთის ანექსიას. მზად ხართ საამისოდ? სარკოზიმ თქვა, ჩვენ რუსებს დაველაპარაკებით, დავაწვებით, რატომ გგონიათ, რომ ეს შედეგს არ გამოიღებსო? იმიტომ, რომ კარგად ვიცნობთ, მათ ძალაყინზე ფაქიზი არგუმენტები არ ესმით. აგვისტოში კი, მახსოვს, ძალიან გავბრაზდი, რუსეთს ეს პროვოკაცია რომ გამოუვიდა. სააკაშვილი ჩააყენეს ვითარებაში, როცა ასეც და ისეც აგებდა: რუსეთი ბომბავს ქართულ სოფლებს, ის კი არ პასუხობს და კარგავს მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით. იმით კი, ცხინვალში რომ შევიდა, რუსეთს მშვენიერი საბაბი მისცა სამოქმედოდ.
რისთვის ჭირდებათ რუსეთის ლიდერებს ლაპარაკი ქართველ ოპოზიციონერებთან?
მათი ამოცანაა, შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში. ცდიან: გამოვა - არ გამოვა. ოპოზიციასაც ათამაშებენ, დაძაბულობასაც გაზრდიან, თან მოლაპარაკებას შემოგთავაზებენ. რუსეთი ხან რას მოედება, ხან-რას, მუდმივად.
![]() |
8 საბჭოთა გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე |
▲back to top |
კახა ბენდუქიძე|სვეტი
ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო. იქნებ დავწერო, რომ პანაშვიდების ტრადიცია, დღევანდელი ფორმით, არის საბჭოთა გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე?! არა, ალბათ რედაქცია და მკითხველებიც იტყვიან - აუფ, სულ დაუფსტვინა ამ კაცმა, სად პანაშვიდები და სად ეკონომიკაო.
ეს არის საბჭოთა გავლენა - ცხოვრების ნაწილებად დაყოფა - წარმოდგენა ეკონომიკაზე, როგორც ქარხნებსა და ფაბრიკებზე. მაშ, რა არის ეკონომიკა, განა რამე სხვა?
დიახ. ეკონომიკა შეისწავლის, თუ როგორ იქცევა ადამიანი, რათა მიაღწიოს მიზნებს მწირი საშუალებებით, რომელთა სხვანაირი გამოყენებაც შესაძლებელია და, შესაბამისად, თითქმის ყველაფერი ეხება ეკონომიკას და ეკონომიკა თითქმის ყველგანაა.
და ამიტომ, ყველანაირი ფრაზა და აზრი რაღაცნაირი, ცალკე აღებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ან ფრაზა - „მაგათ ეკონომიკას მიხედონ“ - საქართველოზე საბჭოთა გავლენის შედეგია. ალბათ, თქვენ ისედაც გრძნობთ, რომ ჩვენს კეთილდღეობაზე, ბიზნესის განვითარებაზე გავლენას ახდენს ყველაფერი - როგორი სასამართლო გვაქვს, როგორ ვექცევით ნათესავებს, რისი გაკეთების გვეშინია და როგორი განათლება გვინდა. ასე რომ ეკონომიკა ყველა ადამიანის მოქმედების შედეგია და არა ქარხნები თუ ფაბრიკები. მცდარი წარმოდგენა ეკონომიკაზე საბჭოთა აზროვნების ერთადერთი ნარჩენი არ არის; მის პატივსაცემად მოგიყვებით პატარა ისტორიას ერთ ქარხანაზე - საბჭოთა ეკონომიკური აზროვნების თვალსაჩინო ნარჩენზე.
რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, ეს უზარმაზარი ფართობის (მსოფლიო მასშტაბით) ქარხანა აწარმოებდა ძალიან ცოტა (მსოფლიო მასშტაბით) ფოლადს და არასოდეს ამას არ აკეთებდა მოგებით. არის ასეთი ცნობილი ადამიანი, ყველაზე დიდი ფოლადის მწარმოებელი მსოფლიოში, ლაქშმი მიტალი. მან თავისი ბიზნესი ააგო ძველი, უვარგისი საწარმოების იაფად შეძენით და შემდეგ მათი გაჯანსაღებით. წელიწადში მისი ფირმა მეტ ფოლადს აწარმოებს, ვიდრე რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს უწარმოებია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.
2004 წელს მიტალი საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში გაემგზავრა. ცოტა ხნით შევხვდით და ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი - ამბობდა, ეგეთები ამოგვიქაჩავს, პატარა ქარხანაა, უცებ ავამუშავებო. რუსთავიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი. კაცმა იმით დაიწყო, ეს ქარხანა რისთვის ააშენეს, მითხარითო. მე ვუპასუხე - ფოლადის წარმოებისთვის-მეთქი. არა, არ შეიძლება ამ ქარხანაში ფოლადის წარმოება მოგებიანი ყოფილიყოო. მე ბევრი ქარხანა მაქვს და კიდევ უფრო მეტი მინახავს, ასე არავინ აშენებს ქარხანას, ასეთი ქარხანა სულ მუდამ დაკარგავს ფულსო. ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა.
რა შეეშალა მიტალს? შეეშალა რამე? დიახ!
მან არ იცოდა, რომ რუსთავის კომბინატი თავიდანვე შეიქმნა როგორც ე.წ. გეგმიურად წაგებიანი საწარმო - რუსულად планово убыточное предприятие.
საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს საბჭოთა აბსურდი?
ეს არის საწარმო, რომლის ოპერირების ხარჯები აღემატება მის შემოსავალს. ზოგ შემთხვევაში, ამას იწვევდა ფასების რეგულირება და ლიბერალიზაცია, რამაც ბევრი ასეთი საწარმო მოარჩინა, მაგრამ რუსთავის კომბინატი სულ სხვაა - ის შექმნილი იყო წაგებიან საწარმოდ და იმ ტექნოლოგიურ ფორმატში ფულს ვერასოდეს გააკეთებდა.
ასეც მოხდა. როცა სუბსიდირება შეუწყდა, მისი ბედიც გადაწყდა.
რამდენი ასეთი უკუღმართი რამ გვაქვს საბჭოთა მემკვიდრეობის სიაში! დაწყებული ზოგიერთი „ქართული“ ტრადიციიდან და დამთავრებული ზოგიერთი სამინისტროთი.
არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის და მისი ყოფილი ნაწილების გარდა, არსად არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა ინტელიგენცია. რომ ტერმინი - შემოქმედებითი ინტელიგენცია - საბჭოთა ტერმინია, რომ ფრაზა - საავადმყოფოს კოლექტივმა ყველაფერი გააკეთა - არ ითარგმნება ინგლისურად.
ამ ყველაფრის ამოძირკვას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მთავარია ჩვენი სულებიდან ამოვიღოთ. ამაზე, ალბათ, ცალკე ვისაუბრებთ. ჩავთვალოთ, რომ ეს პატარა ნარკვევი უფრო ნივთების სამყაროს ეხება. აქაც ბევრია საბჭოთა - სტალინის ძეგლი, ნამგალი და ურო საზოგადოებრივ შენობებზე, საქართველოს რკინიგზაზე მანძილების ათვლა მოსკოვის ცენტრიდან და მრავალი სხვა...
და სანამ დაგემშვიდობებით, ერთ ასეთ ლამაზ საბჭოთა გადმონაშთზე მოგიყვებით.
2008 წელს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი რომ გავხდი, გადავწყვიტე ყველა ქვეგანაყოფის საჭიროება შემესწავლა. შევხვდი ხელმძღვანელებს და დეტალების გარკვევაც დავიწყე. სია მომიტანეს, ვითომ ყველაფერი გასაგები იყო, თუ არ ჩავთვლით ფიზკულტურის რამდენიმე ინსტრუქტორს, მასაჟისტს და კბილის ექიმს (ეს ყველაფერი ასევე ტკბილი საბჭოთა გადმონაყოლია). რამდენიმე თვის შემდეგ (!) სარდაფში მივაგენი ტიპოგრაფიას. რა ტიპოგრაფია, რის ტიპოგრაფია, დავიწყე გარკვევა, რაში გვჭირდება და აღმოვაჩინე, რა პროდუქციას ვუშვებდით - მთავრობის გადაწყვეტილებები თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თვეში ერთხელ, წიგნის სახით. საკმაოდ კარგი ხარისხის წიგნი იყო. ტირაჟიც დიდი არ ჰქონდა. ერთი რამ იყო საინტერესო - მხოლოდ რუსულ ენაზე გამოდიოდა.
![]() |
9 ზემო ლარსის არსი გზა, რომელსაც არსად მივყავართ |
▲back to top |
ეკონომიკა
1 მარტს საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო - გამშვები პუნქტი გაიხსნა. ინიციატივა მოდიოდა სომხეთისგან, რომლისთვისაც რუსეთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამ ფაქტმა აზერბაიჯანის უკმაყოფილება გამოიწვია.
გამშვებ პუნქტზე აკრძალულია სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა. არც საქართველოს ვიზები გაიცემა ადგილზე.
ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს ითხოვს: „ყაზბეგის რაიონს, კერძოდ, თრუსოს ხეობას, ჯავის რაიონი ესაზღვრება. ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სპეცსამსახურების დაფინანსებით მოქმედი სპეციალური ორგანიზაციები ყაზბეგში შესაღწევად აქტიურად მუშაობენ“, - ამბობს ვეფხვაძე. მისი აზრით, რუსეთის მოქალაქეების ყაზბეგის ტერიტორიაზე გადმოსვლა მოსკოვმა შეიძლება ოკუპაციის მიზეზად გამოიყენოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის არგუმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს: „რუსეთს თუ უნდა საქართველოს დაბომბვა, ამას სახმელეთო საზღვრის გარეშეც გააკეთებს. წელიწად-ნახევრის წინ ყველამ ვნახეთ, რაც ჩაიდინეს. მით უმეტეს, რომ კონკრეტულად ლარსის საზღვრის გადმოკვეთის უფლება რუსეთის მოქალაქეს არ ექნება, თუ იგი მოსკოვში, შვეიცარიის მხარის დახმარებით არ აიღებს ვიზას“, - აღნიშნა კაპანაძემ.
2006 წელს საბაჟო რუსეთმა ჩაკეტა. მიზეზად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობა დასახელდა. სამი წლის შემდეგ, სექტემბერში, ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტისთვის აშშ-მ 2.4 მილიონი დოლარი გაიღო: პუნქტი გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.
საზღვრისა და საბაჟოს გახსნა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განახლებას არ ნიშნავს. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთი ამ „დათმობაზეც“ წავიდეს.
ფოტო: REUTERS ©
ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი
ერთიანი საბაჟო კავშირის შექმნით, რუსეთმა, ბელორუსიამ და ყაზახეთმა შიდა საბაჟოები ფაქტობრივად გააუქმეს. შედეგად, ქართული პროდუქციის რუსეთში მოხვედრა შესაძლებელი გახდა ბელორუსიისა და ყაზახეთის გავლით. საქართველოს ორივე ქვეყანასთან უბაჟო ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. რუსეთის პრემიერმა, ვლადიმირ პუტინმა, უკვე გარკვეული ზომებისკენ მოუწოდა მომავალ პარტნიორებს, რათა საერთო საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე არ მოხვდეს პროდუქცია, რომელიც მონაწილე ქვეყნების ბაზრებზე პრობლემებს შექმნის. თუმცა, რუსეთი, ამავდროულად, თავსაც იზღვევს და საქართველოდან რიგრიგობით ჩასულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ბაზრის გახსნას ჰპირდება: თუ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე მაინც მოხვდება, მაშინ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს. ამ ნაბიჯით პუტინი მის ქართველ მოკავშირეებს, ბურჯანაძესა და ნოღაიდელს, საშუალებას მისცემს ბაზრის გახსნა თავიანთ დამსახურებად გაასაღონ.
„რუსეთმა თავის ბაზარზე შეიძლება შეგვიშვას, მაგრამ მისგან მათრახის გადაჭერას ყოველთვის უნდა ველოდოთ. საქართველოდან რუსეთში გრძელვადიანი ექსპორტის დაგეგმვა და ამ მიმართულებით ბიზნესის აწყობა სახიფათოა. ეჭვიც არ მეპარება, ქართული ბიზნესი ამას აცნობიერებს“, - ამბობს ეკონომისტი გია ჯანდიერი, - „რუსეთთან საზღვრის გახსნით, საქართველომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დამოკიდებულების მიუხედავად, ის მაინც იმ ცივილიზებულ ქვეყნად რჩება, რომლისთვისაც გახსნილი ურთიერთობები მთავარია“.
![]() |
10 რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა |
▲back to top |
პაატა შეშელიძე|სვეტი
ქართული წარმოების ტოტალური დაბლოკვა რუსულ ბაზარზე, იყო და არის სადამსჯელო პოლიტიკური აქცია; შესაბამისად, მისი გაუქმებაც პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.
ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, იყო სასმელების ფალსიფიცირებაც და ვალების გადაუხდელობაც. ზოგიერთი ქართული პროდუქტი, გარკვეულ სტანდარტებთან შეუსაბამობის მიზეზით, არაერთ ევროპულ, მათ შორის, მეგობრულ ქვეყანაშიც აკრძალულია. თუნდაც „ბორჯომი“, რომელიც მისი მინერალური შემადგენლობის გამო, არ წარმოადგენს ყველა ქვეყნისთვის მისაღებ სასმელს. თუმცა, როცა ერთი კონკრეტული კომპანიის პრობლემის განზოგადება ხდება და ისჯება განურჩევლად ყველა, ცხადია, საქმე გვაქვს არა ეკონომიკურ, არამედ - პოლიტიკურ საკითხებთან.
საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა აზარალებს რუს მეწარმესა და მომხმარებელსაც. მომხმარებელს იმიტომ, რომ აღარ აქვს მისთვის ხელმისაწვდომი და სასურველი საქონლის შეძენის საშუალება; მეწარმეებს კი რეალიზაციის ბაზარი ეკვეცებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2006 წლამდე რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და ორივე ქვეყანაში მილიონობით ადამიანი სარგებლობდა ამ ვაჭრობის შედეგებით. ბლოკადისგან გამოწვეული ზარალის დათვლისას, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ არსებული, არამედ პოტენციური ბიზნეს პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც. მაგრამ გასაკვირი არაფერია: ისტორიულად, რუსეთის მთავრობა არასდროს ითვალისწინებდა რიგით მოქალაქეთა და მეწარმეთა ინტერესებს. ახლაც, ემბარგო უქმდება არა იმდენად რუსული ეკონომიკის, რამდენადაც პოლიტიკის სახეიროდ.
რუსეთის პოლიტიკური მანევრის რამდენიმე მაგალითი:
1. შესაძლოა, რუსეთმა სავაჭრო კორიდორი გაუხსნას სომხეთსაც, რათა ამ უკანასკნელს ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობის აღდგენისათვის. თურქეთთან ურთიერთობის დათბობა შეამცირებდა სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას და, ადრე თუ გვიან, მისგან დასხლტომის შესაძლებლობას გაუჩენდა.
2. შესაძლოა, ქართულ ნაწარმზე ემბარგოს გაუქმება და ფალსიფიცირებული პროდუქციის ახალ ნაკადზე თვალის დახუჭვა, კრემლის ლოიალური სავაჭრო-სამეურნეო ფენისა და პოლიტიკური ძალების ფინანსური მხარდაჭერისთვისაც მოხდეს.
3. გასათვალისწინებელია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილიც. მცდელობა დღემდე, სწორედ საქართველოს მხრიდან იბლოკება, რასაც სხვა ქვეყნები გაგებით ეკიდებიან. სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება საქართველოს მხრიდან ბლოკირების არგუმენტებს ამცირებს და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის შანსს ზრდის. შესაძლოა, ბლოკადის მოხსნა დროებითია, რათა რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისკენ გზა გაიკაფოს, ხოლო შემდეგ ემბარგოს მეტად დახვეწილი ფორმები მოიფიქროს; მაგალითად, შიდა სტანდარტები, რომლებიც ქართული იმპორტისათვის მიუწვდომელი ან ეკონომიკურად მიუღებელი იქნება საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში. ისინი აკრძალავენ არა პირდაპირ „ბორჯომს“, არამედ ისეთ მინერალურ სასმელს, რომელიც „ბორჯომს“ შემადგენლობით „წააგავს“.
4. ემბარგოს გაუქმების ან შემსუბუქების მთავარი პოლიტიკური მოტივაცია რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს შორის ერთობლივი საბაჟო სივრცის შექმნის სურვილია. ეს კავშირი ჯერ ჩანასახოვან ფაზაშია და, საბოლოოდ, რა სახეს მიიღებს, ძნელი სათქმელია. თუ რუსეთი ქართულ ნაწარმზე ემბარგოს გაგრძელებას აპირებს, მაშინ მან ყაზახეთი და ბელორუსიაც უნდა დაიყოლიოს ამაზე. ეს შეუძლებელი თუ არა, საკმაოდ რთული იქნება. ამდენად, ავტომატურად, დღის წესრიგში დგება ემბარგოს გაუქმების ან შემსუბუქების საკითხი. თუ თავის დროზე ემბარგოს შემოღების მიზეზად პროდუქციის მდარე ხარისხი დასახელდა, მაშინ დღეს უნდა დასაბუთდეს, რომ იგივე პროდუქცია უკვე კარგი ხარისხისაა (ან რომ ხარისხს მნიშვნელობა აღარ აქვს). ცხადია, ლოგიკურობა და თანმიმდევრულობა რუსული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი არაა, ამიტომ რჩება „შემსუბუქების“ სცენარი: ბელორუსსა და ყაზახეთს მოუწევთ საქართველოსთან ვაჭრობის „გამკაცრება“ და რუსეთის მსგავსი „პირობების“ წამოყენება. ამ შემთხვევაში, იქნება დარგები, სადაც ზარალი გაიზრდება, ხოლო ზოგან კი, შესაძლოა, პირიქით, მოგება გაიზარდოს. თუ ემბარგო გაუქმდება, ეკონომიკურ სარგებელს ყველა დარგი ნახავს. თუმცა, 2006 წლამდე არსებული ბრუნვების ავტომატურად აღდგენა არ მოხდება.
ფაქტი ერთია, ნებისმიერი ახალი ბაზარი ახალი შესაძლებლობებია: რეალური სამუშაო ადგილები და დასაქმება; შემოსავლები და ეკონომია; კომუნიკაცია და ინფორმაციული სიმდიდრე. არ ვიცი არცერთი გონივრული არგუმენტი, რომელიც ვაჭრობისა და მიმოსვლის, მით უფრო, თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ შეიძლება გამოითქვას. არავის აქვს უფლება ადამიანებს შეუზღუდოს სასიცოცხლო სივრცე. ეკონომიკური საზღვრები, რაოდენობრივი ბარიერები, ბაჟი და, მით უმეტეს, ბლოკადა ხომ სწორედ ამას ნიშნავს. ეკონომიკური ბლოკადა სხვა არაფერია, თუ არა გენოციდის მიზანმიმართული მცდელობა და გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად წამგებიანია თავად ორგანიზატორისთვის, ამავდროულად, მის არაჰუმანურობასაც წარმოაჩენს.
![]() |
11 ბერძნული კრიზისი: ევროზონა გამოწვევის წინაშე |
▲back to top |
ეკონომიკა
დემონსტრაცია ათენში
საბერძნეთის კრიზისი დღეს ევროპის სავალუტო კავშირს ემუქრება: საბერძნეთის გაკოტრება გამოწვევაა საერთო ევროპული ვალუტის იდეისთვის.
მონეტარულ კავშირში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 16 ერთიანდება. ევრო ერთმანეთისგან განსხვავებული ფისკალური პოლიტიკის ქვეყნებზე ვრცელდება.
საბერძნეთის ვალი ევროზონის 3.9%25-ია. საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად, იგი 54 მილიარდ ევროს სესხულობს. შესაძლო გაკოტრების რისკი ობლიგაციების მაღალ საპროცენტო განაკვეთებში აისახება.
ევროკავშირი საბერძნეთისთვის ფულის პირდაპირ მიცემისგან თავს იკავებს. შარშან საბერძნეთს ევროკავშირის ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდი საბიუჯეტო დეფიციტი ჰქონდა - მშპ-ს 12.7%25. მაასტრიხტის ხელშეკრულების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3%25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ევროკავშირი საბერძნეთისგან მოითხოვს, რომ დეფიციტი მაასტრიხტის ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ვადას 2012 წლამდე აძლევს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი, რაც დეფიციტის 8.7%25-მდე შემცირებას გულისხმობს, წელს უნდა გადაიდგას.
შარშან, 2005 წლის შემდეგ პირველად, მაასტრიხტის ხელშეკრულების ნორმა გერმანიამაც დაარღვია - 3.3%25-იანი დეფიციტით. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ფინანსური ლოკომოტივი - გერმანია, არ ჩქარობს საბერძნეთისთვის ფულის გამოყოფას. არსებობს საფრთხე, რომ საბერძნეთის პრეცედენტი რამდენიმე ქვეყანაში გამეორდება: პორტუგალიის, ირლანდიის, იტალიისა და ესპანეთის ჯამური ვალი 36%25-ს შეადგენს.
დემონსტრაცია ათენში
ყველა ფოტო: REUTERS ©
საბერძნეთი არაფერს აკეთებს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და ევროკავშირის მოთხოვნების იგნორირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი დისციპლინურ პროცედურებს მიმართავს.
ევროზონაში ჯამური საბიუჯეტო დეფიციტი წელს მშპ-ს 6.4%25 იქნება, მომავალ წელს კი - 6.9%25, ანუ დადგენილ ზღვარზე თითქმის 2-ჯერ მეტი.
შარშან გამოაშკარავდა საბერძნეთის წინა მთავრობის შავი ბუღალტერია. მათ მიერ ჩამოყალიბებული სტატისტიკა არ აჩვენებდა საბიუჯეტო დეფიციტის რეალურ ოდენობას. ეს არ ყოფილა სტატისტიკის გაყალბების პირველი შემთხვევა საბერძნეთში.
ევროკომისიამ დაასკვნა, რომ საბერძნეთი არაფერს აკეთებს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და ევროკავშირის მოთხოვნების იგნორირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი დისციპლინურ პროცედურებს მიმართავს. შემდგომი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საბერძნეთი დაჯარიმდება.
მდგომარეობის გამოსასწორებლად საბერძნეთისთვის რამდენიმე გზა არსებობს:
დათანხმდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებას, რომელსაც ამ დრომდე არ თანხმდება.
გაზარდოს გადასახადები. პირდაპირი გადასახადები საბერძნეთის მშპ-ს 20%25-ს შეადგენს მაშინ, როცა ევროკავშირის საშუალო 26%25-ია. ამ გზით საბერძნეთი ყოველწლიურად 16 მილიარდს მოიგებს, მაგრამ გაზრდილი გადასახადები უარყოფითად აისახება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსსა და ბიზნესის კეთების სიმარტივეზე, რაც ინვესტორების რიცხვს შეამცირებს.
უფრო ეფექტურად შეაგროვოს გადასახადები. კვლევების მიხედვით, საბერძნეთში, გადასახადების გადამხდელთა 1/3 საკუთარ შემოსავლებს არ აღრიცხავს.
რეალური ბრძოლა გამოუცხადოს კორუფციას. კორუფციის დონით საბერძნეთი ევროკავშირში მეხუთე ადგილზეა. ხალხი ქრთამს fakelaki-დ მოიხსენიებს, რაც, ბერძნულად, საფოსტო კონვერტს ნიშნავს და საჯარო სექტორში სასწრაფო დახმარებასავით გამოიყენება.
შეკვეცოს საჯარო მოხელეთა რიცხვი. ათი ბერძნიდან ერთი საჯარო სექტორშია დასაქმებული. საჯარო მოხელეთა რიცხვი მილიონს აღწევს. მათი ხელფასები ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საბერძნეთის მოსახლეობამ, სახელმწიფო ხარჯების შემცირების გამო, მთავრობას ომი გამოუცხადა. პროფკავშირების მიერ ინიცირებულ გაფიცვაში 5 მილიონამდე ადამიანი ჩაერთო. ქვეყანაში შეწყდა ავიამიმოსვლა, ადმინისტრაციული ტრანსპორტი პარალიზებულია.
გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა ემიგრანტებისთვის სამუშაოს ჩამორთმევაა.
იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთის შრომითი ბაზრის 3%25 ქართველ ემიგრანტებს უჭირავთ, მათთვის სამუშაო უფლების შეზღუდვა პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.
ბერძნულმა კრიზისმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა. თუმცა ყველაზე სახიფათო მაინც ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც შეიძლება საბერძნეთის გაკოტრებით დაიწყოს.
![]() |
12 მისტრალი: რა ღირს საფრანგეთის ღირსება |
▲back to top |
მსოფლიო|იარაღით ვაჭრობა
საფრანგეთმა გადაწყვიტა მისტრალის კლასის გემი რუსეთს 600 მილიონ დოლარად მიჰყიდოს. ნატოს წევრი სახელმწიფოს მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მოდერნიზაციაში დახმარებამ ალიანსის წევრი ქვეყნებისა და რუსეთის ყველა მეზობლის დიდი აღელვება გამოიწვია.
მისტრალი, სანკტ პეტერბურგი, რუსეთი
საფრანგეთი და რუსეთი მისტრალის შესახებ საბოლოოდ შეთანხმდნენ. გარიგება პირველი ნაბიჯია რუსეთის დეგრადირებული სამხედრო ინდუსტრიის მოდერნიზაციისაკენ. ამჟამად, რუსეთს, არათუ საკუთარი ხომალდების აგების, ძველი გემების შეკეთების უნარიც არ შესწევს. ფლოტის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ვისოტსკიმ, გარიგების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის მოგება, მისტრალის დახმარებით, 26 საათის ნაცვლად, 40 წუთში მოხერხდებოდა. გასული წლის ნოემბერში, ვლადიმერ პუტინი თავად ესტუმრა საფრანგეთს, გემის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
1998 წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა შეიმუშავეს კოდექსი, რომელიც სამხედრო შეიარაღების გაყიდვას არეგულირებს. კოდექსის თანახმად, აკრძალულია შეიარაღების მიყიდვა სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყნებისათვის. საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, კოდექსის დარღვევას ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობით ამართლებს. „დროა გადავფურცლოთ თავი რუსეთის ცივი ომის დროინდელი ანტაგონიზმების შესახებ... მესმის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ჯერაც ვერ მოიშუშა იარები, მაგრამ საფრანგეთს ახალი ურთიერთობები სჭირდება და ეს ახალ თანამშრომლობასაც გულისხმობს“ - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰერვე მორინმა.
ჩანს, საფრანგეთისთვის საკუთარი ეკონომიკის სტიმულირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ფაქტორები: მისტრალს ფრანგული კომპანია „სენ-ნაზერი“ აწარმოებს. ხომალდი 600 მილიონი დოლარი ღირს. მსგავსი ტიპის გემი საკმაოდ იშვიათია და მასზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობს. საფრანგეთის მთავრობამ გაკოტრების პირას მყოფი „სენ-ნაზერის“ ხსნა მესამე მისტრალის შესყიდვით გადაწყვიტა. გარდა ამისა, მისტრალის გარიგება განამტკიცებს ურთიერთობას ფრანგულ-რუსულ კომპანიებს შორის. მაგალითად, „ტოტალისა“ და „სუეც-საფრანგეთის გაზისათვის“, ასევე „რენოსთვის“, რომელიც რუსული „ავტოვაზის“ პარტნიორია.
საფრანგეთი აშშ-ს გავლენის დაბალანსებას სხვა ძალით - რუსეთით ცდილობს. იგი ევროკავშირში საკუთარ კონკურენტუნარიანობაზეც ზრუნავს - ალიანსის ქვეყნებს შორის გერმანია უდავო ლიდერია რუსეთთან პარტნიორობაში. სამხედრო თანამშრომლობა კი, რუსეთისათვის, საფრანგეთის როლს გაზრდის. ამასთანავე, საფრანგეთს სურს აღნიშნოს, რომ ნატოს სამხედრო სტრუქტურებში ყოფნის მიუხედავად, ის დამოუკიდებელია.
მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვამ აშშ შეაშფოთა. ექვსმა სენატორმა, მათ შორის ჯონ მაკკეინმა, საგანგებო წერილით მიმართა საფრანგეთის ელჩს ამერიკაში. ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფრანგულ კომპანიებს შეღავათები გაუუქმა. თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის განცხადებით, შეღავათების გაუქმება მისტრალს არ უკავშირდება, მაგრამ გარიგების შემდეგ, აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის გაციება შეინიშნება.
მისტრალის გაყიდვა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. რუსეთში დღემდე კამათობენ ამ გემის ყიდვის აუცილებლობაზე. ხომალდი მხოლოდ საექსპორტოა - ნატოს წევრი ქვეყნები მას არ იყენებენ. ის ბევრად ჩამოუვარდება აშშ-ს ფლოტის LHA კლასის გემებს.
საფრანგეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ვერ შეძლებს რუსეთს ნატოს სამხედრო აპარატურა მიჰყიდოს. საფრანგეთში შეხვედრისას, მედვედევი და სარკოზი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი მისტრალს შეიარაღების გარეშე შეიძენს. რუსეთის სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის ანატოლი ციგანკოვის თქმით, აღნიშნული აპარატურის გარეშე ეს გემი მხოლოდ ფიტულია. რუს ანალიტიკოსებს კარგად ახსოვთ, როგორ დაეხმარა საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს 1982 წელს, ფოლკლენდის ომისას, ფრანგული რაკეტების შეჩერებაში. ეს კიდევ ერთხელ დააფიქრებს რუსეთს, რამდენად შესაძლებელია ამ გემის ისეთ ომში გამოყენება, რომელიც საფრანგეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგიერთი კრიტიკოსი მისტრალს „ჩრდილოეთის ნაკადს“ ადარებს. „ჩრდილოეთის ნაკადი“ გაზის საეჭვო მილია, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და ბუნებრივ აირს აღმოსავლეთ ევროპის „პრობლემატური“ ქვეყნების გვერდის ავლით, პირდაპირ გერმანიას მიაწოდებს. ის რუსეთის იარაღია, დასავლეთ ევროპის ქვეყნების მანიპულირებისათვის. მისტრალი, ისევე როგორც „ჩრდილოეთის ნაკადი“, შანსს აძლევს რუსეთს ევროპის მიმართ პოლიტიკური ბალანსი თავის სასარგებლოდ შეცვალოს. ამ გარიგებით რუსეთმა, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ნდობა შეასუსტა. ამასთანავე, მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლის გაზრდაც შეძლო.
მისტრალის გარდა, საფრანგეთი გეგმავს დამატებით სამი მსგავსი გემი მიჰყიდოს რუსეთს. გარიგების პროცესი კრემლს საფრანგეთით მანიპულირების საშუალებას აძლევს. საქართველოს ტელევიზიის რუსულენოვანი არხის (პირველი კავკასიური) ფრანგული სატელიტიდან მოხსნა ამის ნათელი მაგალითია.
2015 წლიდან, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს, მათ ახლომახლო მოლივლივე მისტრალისთვის მოუწევთ ცქერა. 2010 წელი რუსეთში საფრანგეთის წლად გამოცხადდა.
1998 წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა შეიმუშავეს კოდექსი, რომელიც სამხედრო შეიარაღების გაყიდვას არეგულირებს. კოდექსის თანახმად, აკრძალულია შეიარაღების გაყიდვა სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყნებზე.
სარკოზი და პუტინი კრემლში
LE MISTRAL - საფრანგეთის რეგიონი პროვანსი, ცნობილია ძლიერი ცივი ქარით, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მისტრალს“ უწოდებს. ის ხმელთაშუა ზღვის ყურეში იღებს სათავეს, ალპების გავლით, რონის დაბლობს (სამხრეთ საფრანგეთს) გადაუქროლებს და ფრანგულ რივიერაზე ჩადგება. ქარი რამდენიმე დღე გრძელდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 100კმ/სთ-ია. მარსელი და სან-ტროპე ყველაზე მეტად შეიგრძნობენ ამ სუსხიანი ქარის ძალას. პროვანსის მთელ რეგიონში ხეები მუდმივად „მისტრალის“ მიმართულებითაა გადახრილი.
LHA - საიერიშო საზღვაო ხომალდების კლასი, რომელიც ჯარისკაცების გარდა, საფრენ აპარატებსაც მოიცავს. LHA ტიპის გემები გამოიყენება დაცულ სანაპიროებზე იერიშისათვის. გემი აღჭურვილია საჰაერო და წყალქვეშა თავდაცვის სისტემებით.
![]() |
13 ობამა და ევროპა: თაფლობის თვის დასასრული |
▲back to top |
მსოფლიო ამერიკის საგარეო პოლიტიკა
ბარაკ ობამა თეთრ სახლში
ფოტო: REUTERS ©
ფოლკლენდის კრიზისი
ფოლკლენდის კუნძულებზე ბრიტნეთმა (კომპანია Desire petroleum) ნავთობის მოპოვება დაიწყო. ამის საპასუხოდ, არგენტინის მთავრობამ გაამკაცრა მისი აკვატორიის გამოყენება ფოლკლენდის კუნძულებისკენ მიმავალი გემებისათვის და განაცხადა, რომ კომპანია, რომელიც აქ მოიპოვებს ნავთობს, არგენტინაში ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. ბრიტანეთი აცხადებს, რომ ფოლკლენდის აკვატორია მას ეკუთვნის და საზღვაო მიმოსვლისთვის არავის ნებართვა არ სჭირდება. არგენტინამ გაეროს უხმო შუამავლობისთვის, რის შემდეგაც არგენტინას ეწვია აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ამერიკის ასეთი აქტიური ჩარევა ამ საკითხში და კლინტონის ვიზიტი, რომელიც არგენტინამ დიპლომატიურ გამარჯვებად აღიქვა, ბრიტანეთის გაღიზიანებას იწვევს, რადგან აშშ აშკარად ბრიტანეთის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს.
2010 წლის მაისში, ესპანეთში იგეგმებოდა ევროკავშირისა და აშშ-ს ყოველწლიური სამიტი. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მოუცლელობის გამო ვერ შეძლებდა დასწრებას და სამიტი ჩაიშალა. ევროპელ კოლეგებს იმედი გაუცრუვდათ. პრეზიდენტი ბუშიც კი, რომლის მიმართაც ევროპელები ცუდად იყვნენ განწყობილები, ყველა სამიტს ესწრებოდა.
პრეზიდენტობის პირველ წელს ბარაკ ობამა აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობების დათბობას ცდილობდა. სიმპათია ორმხრივი იყო. ობამას გამარჯვებით გამოწვეული სიხარული შეიმჩნეოდა როგორც ევროპელ რიგით მოქალაქეებში, ასევე ლიდერებშიც (ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი).
ევროკავშირის და აშშ-ს ყოველწლიური სამიტი ბოლოს 2009 წელს, ჩეხეთში ჩატარდა. ობამა სამიტს ოპტიმისტური განწყობით ესტუმრა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მის მიერ წამოჭრილი საკითხები ევროპელ ლიდერთა ინტერესებს არ ემთხვეოდა. ობამამ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, აშშ-ს საგარეო ურთიერთოებათა პრიორიტეტებს შორის გამოყო ავღანეთის ომი, გუანტანამოს ციხის პრობლემა და გლობალური კლიმატის ცვლილება. ავღანეთის ომისგან ევროპას თავი შორს უჭირავს, რადგან მხოლოდ აშშ-ს პრობლემად მიაჩნია. გუანტანომოს პატიმრების მიღებაზე ევროკავშირი თავს იკავებს. ხოლო კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კოპენჰაგენის კონფერენციაზე, გადაწყვეტილებათა მაგიდასთან, ევროპული ქვეყნების არც ერთი ლიდერი არ მჯდარა.
ევროპელთა განყენებული პოზიცია ობამასთვის აშკარა გახდა ნატოს სამიტიდანაც. სამიტზე მან განაცხადა, რომ დროა ამერიკელებმა უარი თქვან აროგანტულობაზე და არსებული პრობლემები დანარჩენ მსოფლიოსთან თანამშრომლობით გადაჭრან. ასევე აღნიშნა ევროპის მნიშვნელობა ავღანეთისთვის. თუმცა, ევროპელთა ინტერესი ავღანეთის მიმართ არ გაზრდილა. მათ ამ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის შემცირება გადაწყვიტეს.
ობამამ დაკარგა ევროპასთან დიალოგის ინტერესი. იგი არ ჩასულა ბერლინში კედლის დანგრევის მეოცე წლისთავზე, ხოლო საფრანგეთში ყოფნისას სარკოზისთან სადილზე უარი განაცხადა და მხოლოდ ამერიკის საელჩოს სტუმრობით შემოიფარგლა. უკანასკნელ პერიოდში, ფოლკლენდის კუნძულების საკითხის გააქტიურების კვალდაკვალ, აშკარაა აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება ისეთ ძველ მოკავშირესთანაც კი, როგორიც ბრიტანეთია.
აშშ-სა და ევროპას შორის განსხვავებულია ნატოს გაფართოების ხედვაც. ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას ევროპის ქვეყნები აშკარად ეწინააღმდეგებიან, აშშ კი მიესალმება საქართველოსა და უკრაინის მიღებას ნატოში. განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპის და აშშ-ს დამოკიდებულება რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას ცდილობს, მისთვის შეიარაღების მიყიდვას მიუღებლად მიიჩნევს. საფრანგეთმა უყურადღებოდ დატოვა აშშ-ს ყველა თხოვნა თუ რეკომენდაცია, მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვის შესახებ. შედეგად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ფრანგულ კომპანიებს სპეციალური შეღავათები გაუუქმა.
აშშ-ს აქტიურობას აღმოსავლეთ ევროპაში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონის ქვეყნებისთვის. მათი სუვერენიტეტისთვის რუსეთი ჯერ კიდევ საფრთხეა. რუსეთის მიმართ ობამას „გადატვირთვის პოლიტიკამ“ კრიზისი გამოიწვია აღმოსავლეთი ევროპის და აშშ-ს ურთიერთობებში. ობამას მიიჩნია, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლადაც შეძლებენ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას და პროდასავლურ კურსსაც შეინარჩუნებენ. თუმცა, როგორც აღმოსავლეთი ევროპის ყოფილმა ლიდერებმა ლეხ ვალენსამ, ვაცლავ ჰაველმა და სხვებმა აღნიშნეს ობამას ადმინისტრაციის მიმართ ღია წერილში: „აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები უკვე კარგავენ ნდობას იმ დასავლური ინსტიტუტების მიმართ, რომელსაც 6 წლის წინ შეუერთდნენ“. მათი თქმით, ახალ თაობებს უკვე აღარ ახსოვთ აშშ-ს დახმარება დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში და ამერიკა თავის ხმას კარგავს ევროპაში. ლიდერები ემხრობიან „გადატვირთვის პოლიტიკას“, თუმცა შიშობენ, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთოების დათბობა აღმოსავლეთი ევროპის ინტერესთა ხარჯზე არ მოხდეს. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს სურთ შინაც უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა, ნატოს ოპერაციებში მონაწილეობენ. „ჰორიზონტზე ღრუბლები გროვდება“ - ნათქვამია წერილში.
აშშ-ს როლი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებაში მცირდება. ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა სარაკეტო სისტემების ჩეხეთსა და პოლონეთში დაყენების გადაწყვეტილების გაუქმება. ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ობამას კარგად არ ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა და მათი უსაფრთხოების პრობლემები. დასავლეთისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპას გლობალური კლიმატი ნაკლებად აინტერესებს, როცა კონკრეტულად მათი ქვეყნების თავზე მოიქუფრა შავი ღრუბელი, სახელად რუსეთი.
2010 წლის 2 მარტს ევროპას ეწვია სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც ისაუბრა ევროპულ-ამერიკულ მეგობრობაზე. ამასთანავე, ესპანეთმა გადაწყვიტა მიიღოს რამდენიმე პატიმარი გუანტანამოს ციხიდან. მიუხედავად ამ მოჩვენებითი ძვრებისა, ევროპასა და აშშ-ს შორის ინტერესთა სხვაობა ოპტიმისტურად ვერ განგვაწყობს. ობამას დამოკიდებულება ევროპის მიმართ კარგად ჩანს სამიტისთვის მოუცლელობით. მოლოდინები ობამას ახალი ევროპული პოლიტიკის შესახებ არ გამართლდა. მისი „ევროპული თაფლობის თვე“ დასასრულს მიუახლოვდა.
![]() |
14 ჩილეს ახალი პრეზიდენტი: მემარჯვენეთა დაბრუნება |
▲back to top |
მსოფლიო
11 მარტს, ჩილეში ახლადარჩეული მემარჯვენე პრეზიდენტის სებასტიან პინიერას ინაუგურაცია გაიმართა. პინიერამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სოციალისტებისა და ქრისტიან დემოკრატების მმართველი კოალიციის კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი (1994-2000) - ედუარდო ფრეი დაამარცხა (52%25-48%25).
ახალი ტიპის ლიდერი, მილიარდერი, ჰარვარდის უნივერსიტეტში განათლებამიღებული - სებასტიან პინიერა - ჩილეს ცვლილებებს დაჰპირდა. პინიერას პრიორიტეტებია: ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე სოციალური სერვისების გაუმჯობესება, 6%25-იანი წლიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების გაორმაგება. საკუთარ საპრეზიდენტო ვადაში (2010-2014) პინიერა გეგმავს ჩილეში მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია „კოდელკოს“ (მსოფლიოში სპილენძის უმსხვილესი მომპოვებელი კომპანია) 20%25-იანი წილის პრივატიზაციას და განათლების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდას
პინიერა, სანტიაგო, ჩილე
ფოტო: REUTERS ©
ამომრჩევლთა იმედების გასამართლებლად, პინიერას რთული და, ამავდროულად, დელიკატური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. საარჩევნო დაპირებების რეალიზაცია კონგრესში სამუშაო უმრავლესობის შექმნას გულისხმობს. ამ მხრივ, პინიერამ კონსესუსს უნდა მიაღწიოს მემარჯვენე ალიანსსა და ქრისტიან-დემოკრატებს შორის, მთელი რიგი რეფორმების შესახებ.
საერთაშორისო ურთიერთობები კიდევ ერთი გამოწვევა იქნება მემარჯვენე პრეზიდენტისთვის. ისტორიულ და იდეოლოგიურ წინაპირობათა გამო, ჩილეს ოთხმა მემარცხენე მთავრობამ საერთაშორისო ურთიერთოებებში „სიფრთხილის“ კურსი აირჩია. ისინი უარს ამბობდნენ დაეგმოთ და გაეკრიტიკებინათ კონტინენტის ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორებიც არიან ფიდელ კასტრო და ჰუგო ჩავესი. პინიერამ კი კუბა „დიქტატურად“ მოიხსენია, ხოლო ვენესუელაზე განაცხადა, რომ ჩავესის მმართველობის პირობებში ეს ქვეყანა სულაც „არ არის დემოკრატია“.
პინიერას გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩილე არის სახელმწიფო, რომელსაც ბალანსის უნიკალური გრძნობა აქვს; ჩილელი ამომრჩეველიც ხვდება, რომ აუცილებელია პოლიტიკური განახლება ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და, ზოგადად, უკეთესი მომავლისათვის. ჩილეს გზა განახლებისკენ და დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები კოლუმბიასა და ბრაზილიაში, აძლიერებს იმედებს, რომ ლათინურ ამერიკაში მოხერხდება მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის აღორძინება. ამით კი საგრძნობლად იკლებს რეგიონში მემარცხენე მმართველების გავლენა.
![]() |
15 ჩადრი და თავისუფლება |
▲back to top |
მსოფლიო|ქალთა უფლებები ისლამურ საზოგადოებაში
ლიბერალური რეფორმები მაროკოში
აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანა - მაროკო - ქალთა უფლებებისა და თავისუფლების მხრივ, ისლამურ სახელმწიფოებს შორის, მხოლოდ თურქეთს ჩამოუვარდება. მეშვიდე წელია, მაროკოში მოქმედებს კანონი ოჯახური უფლებებისა და პერსონალური თავისუფლების შესახებ, რომლის თანახმადაც:
ცოლი და ქმარი თანასწორია ქვეყანაში და ოჯახში;
ქალისა და კაცის ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი სურვილით;
ქმრებს აღარ შეუძლიათ მიატოვონ ცოლები უმიზეზოდ;
ქალებისთვის გაყრა გამარტივდა;
მინიმალურმა საქორწინო ასაკმა ქალებისთვის 15-დან 18 წლამდე აიწია.
ისტორიული თვალსაზრისით, ახალგაზრდა მონარქის, მუჰამედ VI-ის რეფორმა (2004 წელს) იყო ყველაზე ფართო სოციალური ტრანსფორმაცია მას შემდეგ, რაც მაროკომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რეფორმას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მაროკოელთა ნაწილი წუხს, რომ ცვლილებები ძალიან შორს წავიდა, რაც საფრთხეს უქმნის ისლამურ კულტურას. ისლამისტური ჯგუფები რეგულარულად აპროტესტებენ ოჯახური უფლებების და პერსონალური თავისუფლების შესახებ კანონს და რელიგიურ ნიადაგზე, კასაბლანკას ქუჩებში, მრავალათასიან დემონსტრაციებს მართავენ.
რეფორმას უფრო ახალგაზრდები ემხრობიან, თუმცა ბევრი მათგანი მას კრიტიკულად უყურებს; მიიჩნევენ, რომ კანონით დაკისრებული არაერთი ვალდებულების გამო მამაკაცები დაქორწინებისას ფრთხილობენ. აქედან გამომდინარე, რეფორმის მომხრეებიც კი შიშობენ, რომ მაროკოში ქორწინებათა რიცხვი თანდათან დაიკლებს.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი - ნუჟა სკალი. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, იგი აცხადებს, რომ კანონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ ქორწინებათა რიცხვი 30%25-ით გაიზარდა, ხოლო გაყრათა რაოდენობა - 3%25-ით. მინისტრობამდე სკალი თავად იყო ქალთა უფლებების აქტივისტი. იდეალისტ ფემინისტებს, რომლებსაც საზოგადოების სწრაფად შეცვლის იმედი ჰქონდათ, სკალიმ განუმარტა: „ძალიან რთულია სრულად ამოძირკვო კულტურაში ჩამჯდარი ჩვეულებები 6 წელიწადში, ასეთი ძირეული პრობლემა ჯადოსნური ჯოხის მოქნევით არ წყდება“.
პოლიტიკური ცხოვრების კუთხით აღსანიშნავია, რომ დღეს მაროკოს პარლამენტში, ქალებისთვის გამოყოფილი სპეციალური კვოტების წყალობით, 35 ქალი დეპუტატია - მთელი შემადგენლობის 10%25. თუმცა, 10%25-იანი კვოტა მხოლოდ დასაწყისია და რამდენიმე წელიწადში მაროკოს პარლამენტში ქალებისთვის 30%25-იანი კვოტა დაწესდება.
რეფორმების სრულფასოვან იმპლემენტაციას ხელს უშლის მძიმე სოციალური ფონი. მაროკოში სამუშაო ძალის მესამედს ქალები შეადგენენ. ყოველი ხუთი ოჯახიდან ერთს ქალი მართავს, რადგან იგი ან გაყრილია, ან ქმრის სახლიდან გამოგდებული, ან კიდევ მეუღლე საზღვარგარეთ მუშაობს. მაროკოს ქალების 2/3-მა არ იცის წერა-კითხვა. ზოგიერთ რეგიონში ქალიშვილების 90%25-ს არასდროს უვლია სკოლაში. მაროკოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი დღეში 1 ევროთი ცხოვრობს, დიდი ნაწილისთვის კი სამედიცინო დახმარება მიუწვდომელია. მიუხედავად პრობლემებისა, მუჰამედ VI-ის რეფორმა ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ეს მოწმობს, რომ ისლამური იდენტობა და ადამიანის უნივერსალური უფლებები შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს.
მაროკოს რეფორმებს იმედით უყურებენ რეგიონში და, ზოგადად, ისლამურ სამყაროში. მაროკოელ ქალებს უკვე ბაძავენ მეზობელი ქვეყნების (ალჟირი, ტუნისი) ფემინისტები. მაგალითად, ალჟირელი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მათი ქვეყანა, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ჩრდილოეთ აფრიკაში უკანასკნელ ადგილზეა და დაუყოვნებლივ რეფორმებს მოითხოვენ. მუჰამედ VI-ის ინიციატივებს გამოეხმაურნენ სხვა ისლამური სახელმწიფოებიც. ოჯახში ქალთა უფლებების მხრივ კრიტიკული ვითარებაა ერაყში, ირანსა და ავღანეთში. ბოლო დროს გააქტიურდნენ ირანელი ფემინისტებიც, რაც, მათივე აღიარებით, მაროკოს წარმატებითაა გამოწვეული.
უცნაური თავისუფლება...
მაროკოში ლიბერალ-დემოკრატები როიალისტები არიან, ხოლო ისლამისტები - არჩევნების გზით მოსული ლიდერის მომხრეები.
მაროკოში ცხოვრობს 32 მლნ ადამიანი. იგი სიდიდით მეოთხე არაბული ქვეყანაა. მოსახლეობის 99%25 მუსლიმია.
ქალთა უფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მაროკოში ქალების უმრავლესობა (მათ შორის ფემინისტებიც) ჩადრით დადის, რაბატის თანამედროვე სუპერმარკეტებში და კასაბლანკას დასავლური მოდის ანკლავებშიც.
განხეთქილების ვაშლი
4 მარტს, 23 ხმით 22-ის წინააღმდეგ, აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია ოტომანი თურქების მიერ სომხების გენოციდის შესახებ. მსგავსი რეზოლუციის მიღება 1975, 1984 და 2007 წლებშიც სცადეს, მაგრამ ის თეთრმა სახლმა დაბლოკა. მომდევნო ეტაპზე რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს.
საკომიტეტო მოსმენას და კენჭისყრის შედეგებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა თურქეთის ყველა წამყვანი მაუწყებელი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციას ანკარამ ვაშინგტონიდან ელჩის გაწვევით უპასუხა, კონსულტაციების საბაბით.
სომხეთი ამტკიცებს, რომ ოტომანების იმპერიამ 1915 წელს სულ მცირე 1.5 მილიონი ეთნიკური სომეხი გაანადგურა. თურქეთი აღიარებს მკვლელობებს, თუმცა დავობს მხვერპლის რაოდენობაზე და აცხადებს, რომ მასობრივი მკვლელობები სამოქალაქო ომის შედეგი იყო და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.
აშშ-ის ადმინიტრაციის პოზიცია სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გააჟღერა. ქალბატონი კლინტონი, კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაუკავშირდა საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დემოკრატ ჰოვარდ ბერმანს და გამოთქვა შიში, რომ რეზოლუციის მიღება უარყოფითად იმოქმედებს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების „ნორმალიზაციაზე“. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ოქტომბერში, ჟენევაში, სწორედ სახელმწიფო მდივანმა უშუამავლა თურქეთსა და სომხეთს. მაშინ დაპირისპირებულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ „შეეცდებიან მიაღწიონ შეთანხმებას მათ შორის არსებულ ღრმა უთანხმობებზე“.
გენოციდი, 1915.
![]() |
16 უფლებადამცველები ფართოდ დახუჭული თვალებით |
▲back to top |
ტაბულა|ფოკუსი
შერჩევითი თანაგრძნობა
საქართველო მსოფლიოს იმ ოცამდე სახელმწიფოს შორისაა, რომელთა ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 300 000-ს აღწევს. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულებმა მთლიანი მოსახლეობის 6,3%25 შეადგინეს. ამ მაჩვენებლით საქართველომ გაუსწრო აზერბაიჯანს და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა - მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობით (63 დევნილი 1000 ადამიანზე). თუმცა, საქართველო პირველი სახელმწიფოა 21-ე საუკუნეში, რომელშიც უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განხორციელდა. აგვისტოს ომის დროს ეთნიკური წმენდის ფაქტი დაადასტურეს ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა კომისიამ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.
დევნილი ცხინვალის რეგიონიდან, სოფელი სკრა
ფოტო : ალექსანდრე ბაგრატიონი
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიხედვით, „ეთნიკური წმენდა“ ნიშნავს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შეცვლას ძალის გამოყენებით ან დაშინებით. 2008 წლის აგვისტოში, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე განხორციელებული თავდასხმები, საცხოვრებელი სახლების გადაწვა და ქონების განადგურება, არ წარმოადგენდა იზოლირებულ ინციდენტებს. ეს იყო ტერორის ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველების სამუდამოდ გაძევებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. თავიანთი განზრახვა არც წმენდის ინიციატორებს დაუმალავთ. რუსული გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ედუარდ კოკოითიმ დაუფარავად განაცხადა, რომ მათ მიწასთან გაასწორეს ქართული სოფლები და არ აპირებდნენ ქართული მოსახლეობის უკან შეშვებას. კოკოითის სიტყვები საოცრად ჰგავდა 1992 წლის 19 დეკემბერს, ვიტალი სმირის მიერ „კამსამოლსკაია პრავდასთვის“ ნათქვამ ცნობილ ფრაზას: „ქართველები აქ [აფხაზეთში] ვეღარასდროს იცხოვრებენ - ისინი აქ შეიძლება მხოლოდ დაიხოცონ“.
აგვისტოს ომის შემდეგ, ბევრი მოელოდა დასავლეთის მკაცრ რეაქციას რუსეთის სამხედრო აგრესიაზე. სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პასუხი უფრო რიტორიკული ხასიათის იყო და რუსეთზე რეალური ზეწოლის ფორმა არ მიუღია. ცხადია, ასეთი ინერტულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს წამყვანი ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე, რასაც მოსკოვი პოლიტიკურ იარაღად იყენებს. თუმცა დასავლური მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყურადღების ნაკლებობა ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ქართველებისადმი, თანაბრად მნიშვნელოვანი და დღემდე ნაკლებად შესწავლილი ფაქტორია.
მედია ყველგან თამაშობს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაში. საზოგადოების წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მსოფლიოს შესახებ იცის ის, რასაც მედიისგან იგებს. სხვა სიტყვებით, მედიის პრიორიტეტები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების და, შესაბამისად, პოლიტიკოსთა პრიორიტეტებს. დასავლური მედიის ინტერესი ადამიანის უფლებების მიმართ ჯერ კიდევ ვიეტნამის ომიდან იღებს სათავეს, თუმცა ის განსაკუთრებით ძლიერი გახდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ეს ორმა ფაქტორმა განაპირობა - საჯარო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე ადამიანის უფლებების დისკურსის გავლენის ზრდამ და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მასობრივმა ექსპანსიამ. ეს უკანასკნელნი ინფორმაციის მთავარ წყაროდ იქცნენ მედიისთვის ადამიანის უფლებების საკითხზე, რამაც განსაკუთრებულ ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი. მედიას გაუჩნდა შესაძლებლობა, მისთვის უცნობი კუთხით გაეშუქებინა მოვლენების განვითარება, განსაკუთრებით საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტების დროს. სანაცვლოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფართო აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენის შანსი მიეცათ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის სამართლიანობისა და ობიექტურობის სინონიმი, ხოლო მედია, ხშირად ვერ ფილტრავს ინფორმაციას და ადამიანის უფლებათა დამცველების მიკერძოებული არჩევანის მძევალია. საილუსტრაციოდ, საკმარისია ერთმანეთს შევადაროთ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოჩენილი ყურადღება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და იმავე წლის დეკემბერში ღაზას სექტორში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების მიმართ, რამაც დიდწილად განსაზღვრა მედიაში კონფლიქტებისადმი დათმობილი დრო.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე ავღანეთში ბრიტანეთის სამხედრო შენაერთების ყოფილმა მეთაურმა, რიჩარდ კემპმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „იმაზე მეტი გააკეთეს სამხედრო მოქმედებების ზონაში სამოქალაქო პირთა უფლებების დასაცავად, ვიდრე ნებისმიერ სხვა არმიას ოდესმე გაუკეთებია ომის წარმოების ისტორიაში“. მართლაც უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული ღაზას სექტორში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე დასაყვანად. ადგილობრივ პალესტინელებს, სატელეფონო ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, წინასწარ აფრთხილებდნენ ჰამასის სამხედრო ობიექტებზე მოსალოდნელი საჰაერო იერიშების შესახებ. ამის საპირისპიროდ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა არაფერი მოიმოქმედეს კონფლიქტის ზონაში ეთნიკური წმენდისა და ქართული სოფლების განადგურების აღსაკვეთად, ზოგჯერ კი უშუალოდ მონაწილეობდნენ მოროდიორობაში. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა მკვლელობების, წამებისა და გაუპატიურების მსხვერპლად იქცა. მიუხედავად ამისა, გავლენიანმა Human Rights Watch-მა ისრაელისა და ჰამასის შეიარაღებულ დაპირისპირებას 84 პრეს-რელიზი და 5 სრულფასოვანი ანგარიში მიუძღვნა, ხოლო რუსეთ-საქართველოს ომს - 2-ჯერ ნაკლები (35 პრეს-რელიზი და 2 ანგარიში). აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული 27 000 ადამიანი დღემდე ვერ ახერხებს დაუბრუნდეს კუთვნილ საცხოვრებელ ადგილებს სამხრეთ ოსეთსა და ზემო აფხაზეთში. თუმცა, ორგანიზაციის ინტერესი ამ საკითხისადმი საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე თვეში მინელდა. ბოლო განცხადება, რომელშიც საუბარი იყო დევნილების დაბრუნების აუცილებლობაზე, თარიღდება 2009 წლის 30 იანვრით. სამაგიეროდ, Human Rights Watch-ის მიერ წარმოებულმა კამპანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ღაზას სექტორში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გაეროს საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც მისივე გამგეობის წევრი რიჩარდ გოლდსტოუნი ჩაუდგა სათავეში. კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მხარდამჭერი დოკუმენტების გავრცელება დღესაც აქტიურად გრძელდება (34 პრეს-რელიზი ანგარიშის გამოქვეყნებიდან), ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელები საჯაროდ ადარებენ ისრაელს აპარტეიდულ რეჟიმს, ღაზას სექტორში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს კი - გენოციდსა და მასობრივ მკვლელობებს.
პალესტინელი დევნილები შურდულს ესვრიან ებრაელ ჯარისკაცებს
ფოტო: REUTERS ©
Human Rights Watch-ის არაპროპორციულად მცირე ინტერესი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მაინც მნიშვნელოვნად აღემატებოდა მეორე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის მიერ გამოჩენილ ყურადღებას. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას, ამ უკანასკნელმა მხოლოდ რამდენიმე ზოგადი ხასიათის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ყველა მხარეს მოუწოდებდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ, თუმცა არც მოვლენათა ზუსტ განვითარებას აღწერდა და არც მკაფიო პოზიციას გამოხატავდა ადამიანის უფლებათა კონკრეტული დარღვევების მიმართ. რუსეთ-საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ ფაზაში, Amnesty International-ი უფრო დიდ აქცენტს აკეთებდა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე, მაშინ როცა ისრაელსა და ჰამასს შორის ჯერ კიდევ ძალაში იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონდა.
დევნილი ცხინვალის რეგიონიდან, სოფელი სკრა
ფოტო : ალექსანდრე ბაგრატიონი
ზემოთ თქმულის მიუხედავად, სამართლიანი არ იქნება გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დადანაშაულება გამორჩეულად ქართველების მიმართ გულგრილობაში. ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, უგანდელმა მეამბოხეებმა 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს და მათი დასახიჩრებული გვამები, შობის ღამეს, ეკლესიის საკურთხეველში გამოფინეს. ზუსტად იმავე პერიოდში შრი-ლანკის არმიამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ტამილელი ვეფხვების“ წინააღმდეგ, რომლებთან ბრძოლამაც, ბოლო წლებში, 70 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სუდანში, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, მილიონობით შავკანიანი ქრისტიანი გახდა გენოციდის მსხვერპლი. მათ შორის, დაახლოებით 100 000, იძულებითი შიმშილით მოკლეს. მსოფლიოს მრავალ წერტილში მომხდარი მასშტაბური ტრაგედიები მხოლოდ პერიოდულად იმსახურებს ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას. მათი მხრიდან არც ერთ მსგავს კონფლიქტს არ მოჰყოლია ისეთი აქტიური და ორგანიზებული მოქმედება, როგორსაც ადგილი აქვს ისრაელისა და პალესტინის შემთხვევაში.
პალესტინელი დევნილები კარავთან, ღაზას სექტორი
ფოტო: REUTERS ©
ადამიანის უფლებათა დამცველების გადამეტებული ინტერესი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მიმართ, არც Human Rights Watch-ის დამფუძნებელ რობერტ ბერნშტეინს გამოპარვია. 2009 წელს „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ სტატიაში, მან ეს ორგანიზაცია ღიად დაადანაშაულა ისრაელის საწინააღმდეგო კამპანიასა და ტოტალიტარული სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების უგულებელყოფაში: „ირანსა და არაბულ ქვეყნებს მართავენ სასტიკი, დახურული და ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც 350 მილიონზე მეტი ადამიანი ექვემდებარება და რომლებიც მცირე სივრცეს უტოვებენ ან საერთოდ კრძალავენ, განსხვავებულ აზრს. ამ ქვეყნების მოქალაქეები ყველაზე მეტად იხეირებდნენ დიდი და კარგად დაფინანსებული ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღებით, მაგრამ ისინი იგნორირებულნი არიან, მაშინ, როცა Human Rights Watch-ის შუა აღმოსავლეთის განყოფილება, ანგარიშს ანგარიშზე ამზადებს ისრაელის შესახებ“.
ბერნშტეინის მოსაზრებას სტატისტიკაც ადასტურებს. NGO-Monitor-ის მონაცემებით, 2009 წელს, შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების თითქმის მესამედი ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას უკავშირდებოდა. ისრაელს იმაზე მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ერთად აღებულ ირანს, საუდის არაბეთს, სირიასა და ლიბიას. 2009 წელი არ ყოფილა გამონაკლისი. ბოლო ათწლეულის მანძილზე, Human Rights Watch-ის მიერ, ისრაელი შერაცხულია ადამიანის უფლებათა ნომერ პირველ დამრღვევად რეგიონში, სადაც მხოლოდ მას გააჩნია თავისუფალი პრესა, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
დევნილი ცხინვალის რეგიონიდან, თბილისი
ვერავინ უარყოფს ისრაელისა და ჰამასის შეირაღებული დაპირისპირებით გამოწვეული ადამიანური ტანჯვის მნიშვნელობას. თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანასწორობის პრინციპის დაცვასა და „პრივილეგირებულ“ მსხვერპლთა არარსებობას მოითხოვს.
კრიტიკის საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა დამცველები, ჩვეულებრივ, შეზღუდულ რესურსებზე მიუთითებენ. მაგრამ ის ფაქტი, რომ მათი ყურადღება, ხშირად, ადამიანური ტრაგედიის შესაბამისი არ არის, უკანასკნელი წლების მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიანიშნებს. ადამიანის უფლებებზე მომუშავე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკუთარი რესურსების განკარგვას, როგორც წესი, განაპირობებს არა იმდენად ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე და მასშტაბი, რამდენადაც პოლიტიკური და იდეოლოგიური მოსაზრებები, მათ შორის დამნაშავეთა რასობრივი და კულტურული კუთვნილება. მრავალი კომენტატორი ამ მოვლენას „ადამიანის უფლებათა კომპლექსს“ უწოდებს.
საქმე ის არის, რომ ადამიანის უფლებების დამცველთა საერთაშორისო საზოგადოება, ძირითადად, შედგება დასავლეთში მცხოვრები „გულისხმიერი“ ადამიანებისგან, რომლებიც ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებულ ვალდებულებას მხოლოდ მაშინ გრძნობენ, როცა დანაშაულს მათივე მსგავსნი ჩაიდენენ. როგორც ამერიკის მონობის საწინააღმდეგო ჯგუფის დამფუძნებელმა, ჩარლზ იაკობსმა განაცხადა, „[ამ] ზნეობრივი ადამიანებისთვის ჩვეული პასუხია: „არა ჩემი სახელით“. სამხრეთ აფრიკელი თეთრებისთვის არ უნდა მიგვეცა იმის უფლება, რომ „ჩვენი“ სახელით ემოქმედათ. სამაგიეროდ, როდესაც ვხედავთ „სხვების“ მიერ ჩადენილ ბოროტებას, განზე ვდგებით. ვამტკიცებთ, რომ ერთი სტანდარტით ვაფასებთ ადამიანის ქცევას, თუმცა ასე არ არის. გვეშინია, რომ ორპირობაში დაგვდებენ ბრალს: ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, დასავლეთში მცხოვრებნი ვართ ის ხალხი, ვისაც მონები ჰყავდა ... რა უფლებით უნდა განვსაჯოთ სხვები?“.
ფოტო: ბესო დარჩია
„ადამიანის უფლებათა კომპლექსი“ მემარცხენე პოსტკოლონიალისტური იდეოლოგიის პროდუქტია, რომელიც იოლად ხსნის გამორჩეულ აქცენტს ებრაელების, როგორც „დასავლელი, თეთრი, კოლონიალისტების“ მიერ - პალესტინელების, როგორც „მკვიდრი, მუქი კანის მქონე, ღარიბების“ ჩაგვრაზე. სწორედ ამიტომ არ მიიჩნიეს პრობლემად Human Rights Watch-ის ხელმძღვანელებმა 2009 წლის მაისში საუდის არაბეთში ჩასვლა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმი მართავს. ვიზიტის მიზანი იყო „ამერიკაში, ევროკავშირსა და გაეროში ისრაელის მხარდამჭერი გავლენიანი ჯგუფების“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება. იმავე მიზეზით აიხსნება Amnesty International-თან დაკავშირებული ბოლო სკანდალი, რომელიც შეეხება მის მჭიდრო თანამშრომლობას თალიბანისა და ჯიჰადისტების მიმართ სიმპატიებით განწყობილ ორგანიზაციასთან Cageprisoners. ამ ალიანსის გამო Amnesty International-ის გენდერული განყოფილების უფროსმა გიტა საჯალმა, ორგანიზაცია საკუთარი პრინციპებისა და თალიბანის მსგავს რეჟიმთა მსხვერპლი მილიონობით უმწეო ქალის ბედის უგულვებელყოფაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ის სამსახურიდან დაითხოვეს. სალმან რუშდიმ Amnesty International-ის ამ ნაბიჯს სამართლიანად უწოდა „მორალური დეგრადაცია და ცუდის კარგისგან გარჩევის უუნარობა“.
დევნილი ბავშვი ცხინვალის რეგიონიდან, თბილისი
ფოტო: ბესო დარჩია
ცივი ომის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობისა და გავლენის უპრეცედენტო ზრდას თან ახლდა გვერდითი მოვლენაც - მათი საქმიანობის პოლიტიზება. ამას ხელს უწყობდა ორგანიზაციების სტრუქტურის არადემოკრატიულობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების სისტემათა არარსებობა, რაც მათ სათავეში მყოფ პირებს, საკუთარი პოლიტიკური გეგმების რეალიზების საშუალებას აძლევდა. მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების საერთაშორისო მოძრაობა გადაიქცა მრავალმილიონიან ინდუსტრიად, რომელშიც ყველა მოთამაშე ცდილობს მედიის და, შესაბამისად, ფინანსური წყაროების ყურადღება დასავლური პუბლიკისთვის სენსაციურ მოვლენებზე აქცენტის გაკეთებით მიიპყროს. სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად ზარალდება არა ისრაელი, რომელიც მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლშია, არამედ მთელ მსოფლიოში, ქართველი დევნილების მსგავსად, ეთნიკური წმენდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მსხვერპლი მილიონობით ადამიანი, რომელთა ხვედრი დასავლელ უფლებადამცველებს შორის საკუთარი ბრალისა და პასუხისმგებლობის განცდას არ აღძრავს.
![]() |
17 ჩილე და ჰაიტი |
▲back to top |
ფოტოესსე
ჩილე
8.8 ბალიანი მიწისძვრა დაიღუპა 279 ადამიანი
ჰაიტი
7.1 ბალიანი მიწისძვრა დაიღუპა 230 000 ადამიანზე მეტი
ლაპესკა, ჩილე
პორტ ო პრენსი, ჰაიტი
სასაფლაო, კონსტიტუსიონი, ჩილე
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
18 ლიბერალიზმი და მისი ეტიკეტი |
▲back to top |
საზოგადოება
გია ნოდია|სვეტი
სამი დაკვირვება რაც შეეხება ლიბერალიზმის ბედს საქართველოში, სამი რამ მეცემა თვალში. პირველი: არის ხალხი (ცოტა, მაგრამ აქტიური), ვინც ლიბერალობაზე თავს დებს და ხმამაღლა წუწუნებს, რომ ქართველების უმრავლესობა ლიბერალურ ღირებულებებს არ იზიარებს.
მეორე: ლიბერალიზმს, როგორც ასეთს, იშვიათად თუ ვინმე ესხმის თავს. ტრადიციულად, ლიბერალებს ეკლესიასთან აქვთ პრობლემა, მაგრამ საპატრიარქო ბოლო ხანებში მხოლოდ „ფსევდოლიბერალებს“ კიცხავს - შეიძლება დავასკვნათ, რომ ნამდვილი ლიბერალები მთლად ცუდები არ არიან. „ფსევდოლიბერალებს“ დროდადრო ქვეყნის პრეზიდენტიც გადაწვდება - მაგრამ მის ბევრ მომხრეს სწორედ ჭეშმარიტ ლიბერალობაზე აქვს პრეტენზია. ჩვენი ჭრელი ოპოზიციისას რას გაიგებ, მაგრამ ხელისუფლებასთან ბრძოლისას ისინიც, ძირითადად, ლიბერალურ ღირებულებებზე აკეთებენ აპელირებას: ადამიანის უფლებებზე, პრესის თავისუფლებაზე, ქონების ხელშეუხებლობაზე. ვინღა დარჩა?
მესამე ტენდენცია სულ ახალია: დაიწყო ბრძოლა ლიბერალიზმის, როგორც ბრენდის, დასაკუთრებისთვის. იკვეთება ადამიანთა ორი ჯგუფი, რომელთაც, ევროპული სტანდარტით, მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალებს დავარქმევ, თუმცა არც ერთი მეორეს „ნამდვილ ლიბერალად“ არ ცნობს. მათი თვითგამორკვევა ინტერნეტ-ქსელებში დაიწყო, თუმცა პარალელურად ჟურნალების გარშემო ჯგუფდებიან: მემარცხენეთა ბუდე „ლიბერალია“, ხოლო მემარჯვენეთა რუპორად, სავარაუდოდ, „ტაბულა“ იქცევა. საარჩევნო პოლიტიკის თვალსაზრისით, ამ ჯგუფების ბრძოლა ჯერჯერობით უმნიშვნელოა: მაგრამ მათ „დიდ მედიაზე“ და ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებზე გავლენის მოხდენაც შეუძლიათ.
ვინ არის ლიბერალური ლიბერალი? მე სწორედ ამ ბოლო ტენდენციამ მიბიძგა ამ სტატიის დასაწერად: ვინ არის „ჭეშმარიტი ლიბერალი“ (შდრ. „კაცი“ და „კაცური კაცი“)? რას მოასწავებს ბრძოლა ბრენდის დასაკუთრებისთვის?
პირველ რიგში, როგორც ლიბერალმა, მინდა გამოვთქვა კმაყოფილება: ის, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალები ჩვენში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუნდაც შედარებით ვიწრო ელიტის შიგნით, კარგი ინდიკატორია. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ქვეყნიდან, რომელსაც უნდა იყოს დასავლეთი, თანდათან ვყალიბდებით ქვეყნად, რომელიც არის დასავლეთი. ამ უკანასკნელის პოლიტიკური და იდეურ-ღირებულებითი ცხოვრების დინამიკას განსაზღვრავს სწორედ ბრძოლა ლიბერალიზის მემარჯვენე და მემარცხენე ვერსიებს („მემარჯვენე ცენტრსა“ და „მემარცხენე ცენტრს“) შორის.
ლიბერალიზმი ახალი დროის („მოდერნის“) ცენტრალური მოძღვრებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ახალ დროს არ შეუქმნია სხვა გავლენიანი იდეები: მაგალითად, მარქსიზმი, ფაშიზმი, პოსტმოდერნიზმი, „ფუნდამენტალისტური“ (სალაფისტური) ისლამი. მაგრამ ეს ყველა მეორადია და მხოლოდ ლიბერალიზმთან დაპირისპირებით იძენს აზრს. როცა ვიღაცაზე ვამბობთ: „ის თანამედროვე ადამიანია“ (არა მხოლოდ გარკვეულ საუკუნეში დაბადებულის აზრით), ვგულისხმობთ, ფართო აზრით ლიბერალს. ლიბერალიზმის დასავლელი ოპონენტებიც რაღაცნაირად ლიბერალები არიან, რადგან რეალურ ცხოვრებაში უმეტესად ლიბერალებივით იქცევიან (მაგალითად, არ მოითხოვენ იდეურ მოწინააღმდეგეთა ფიზიკურ განადგურებას).
ისტორიულად და დღესაც, ლიბერალიზმს განსაზღვრავს რამდენიმე ძირითადი იდეა: (1) ადამიანის უფლებების აღიარება: ყველა ადამიანი ბუნებით თავისუფალი და თანასწორია, მისი მორალური ავტონომია ხელშეუვალია; მისაღებია მხოლოდ ის პოლიტიკური წყობა, რომელიც ამ უფლებებს იცავს; (2) სეკულარიზმი: პოლიტიკური ცხოვრება ავტონომიურია ეკლესიისაგან, საერო ხელისუფლების ლეგიტიმურობა საკრალური სფეროდან არ მომდინარეობს; (3) რაციონალიზმი: ლოგიკური აზროვნება ადამიანის განსაკუთრებით ღირებული უნარია; ადამიანებს შორის შექმნილი პრობლემები, როგორც წესი, რაციონალური დიალოგით და შეთანხმებით უნდა წყდებოდეს; (4) კერძო საკუთრება ეკონომიკური ცხოვრების ქვაკუთხედი და ადამიანის პიროვნული ავტონომიის გარანტია, მისი დაცვა სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა; (5) ადამიანის ბუნება მყარია, ის არსებითად ვერ შეიცვლება და საზოგადოების რეფორმირება მხოლოდ ამის გათვალისწინებით შეიძლება. თითოეულ ამ დებულებას უამრავი სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება მისცე და ამით განისაზღვრება ლიბერალიზმის სახესხვაობები. მაგრამ, ვინც მათგან ერთ-ერთს მაინც არ ეთანხმება, ლიბერალი არ არის.
ძირითადი ფილოსოფიური განსხვავება მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალებს შორის ისაა, რომ პირველები შედარებით სკეპტიკურად უყურებენ ადამიანის ბუნებას: ის მოაზროვნე არსებაა და ზნეობრივი ქცევის უნარი აქვს, მაგრამ დიდწილად მაინც ირაციონალური ემოციებით ხელმძღვანელობს და ამას არაფერი ეშველება. პროგრესი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შესაძლებელი და მისასალმებელია, მაგრამ ადამიანების - როგორც მთავრობის, ისე ე. წ. „ხალხის“ - ბოლომდე ნდობა არ შეიძლება და მათი პიროვნული ავტონომია გაწონასწორებული უნდა იყოს სხვადასხვა ინსტიტუტით: ტრადიციებით, რელიგიით, სახელმწიფო დაწესებულებათა სისტემით.
მემარჯვენე ლიბერალების საგმირო ეპოსია ამერიკის რევოლუცია. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ისინი, ძირითადად, კონსერვატორებად იწოდებიან, თუმცა ყველა დასავლელი კონსერვატორი არ არის ლიბერალი. ანგლო-საქსურ ქვეყნებში კონსერვატიული იდეოლოგიის ისტორიული მამამთავრები არიან შოტლანდიელი დევიდ ჰიუმი და ირლანდიელი ედმუნდ ბერკი - მაგრამ ისინი ყველა ძირითადი ნიშნით ლიბერალები არიან და ასეთებად აღიქმებოდნენ თავიანთ ეპოქაშიც. დიდ ფრანგ ლიბერალ ალექსის დე ტოკვილს კი მისივე თანამედროვეები არისტოკრატ-კონსერვატორად რაცხდნენ. დღევანდელ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით მებრძოლი და, ჩემი აზრით, თანმიმდევრული ლიბერალები თავს „ნეოკონსერვატორებს“ უწოდებენ.
მემარცხენე ლიბერალები უფრო ოპტიმისტები არიან და მიაჩნიათ, რომ ადამიანებს - სახელდობრ, მთავრობაში მოსულებს - შეუძლიათ გონივრული ჩარევებით მთელი საზოგადოების კეთილდღეობა უზრუნველყონ (უბედური სიყვარულის და სხვა პიროვნული პრობლემების გამოკლებით). მათი საგმირო ეპოსია საფრანგეთის რევოლუცია. ადამიანის ირაციონალური ბუნების ისეთი გადმონაშთები, როგორიცაა რელიგია და ნაციონალიზმი, შეიძლება და უნდა დაიძლიოს. სახელმწიფოს ტრადიციული - პოლიციური და სამხედრო-უსაფრთხოებითი - ფუნქციები მაქსიმალურად უნდა შეიკვეცოს, ხოლო ახალი (სოციალური პროგრამები) გაიზარდოს. ამ ლოგიკის რადიკალ (და არალიბერალ) მიმდევრებს, კომუნისტებს, იმედი ჰქონდათ, რომ ადამიანის ბუნებასაც გარდაქმნიდნენ და მის ეგოიზმსაც დაძლევდნენ, მაგრამ თანამედროვე დასავლელი მემარცხენეების უმრავლესობა ასე შორს არ მიდის და, არსებითად, მაინც ლიბერალად რჩება.
ვინ არ არის ლიბერალი? თუმცა, ეს სათუოა ისეთ ინტელექტუალურ მიმდინარეობასთან მიმართებაში, როგორიცაა პოსტმოდერნიზმი. მისი ძირითადი სამიზნე სწორედ მოდერნის ძირითადი იდეა - ლიბერალიზმია, ხოლო საგმირო ეპოსი - 1968 წლის სტუდენტური გამოსვლები, სადაც „ბურჟუაზიულ“ (ანუ ლიბერალურ) ღირებულებებს მაო ძე-დუნის და ფიდელ კასტროს პლაკატებით ებრძოდნენ. პოსტმოდერნის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ, მიშელ ფუკომ, გმირად დასავლური ლიბერალიზმის შეურიგებელი მტერი - აიათოლა ჰომეინი გაიხადა. თუმცა, ჰომეინისგან განსხვავებით, პოსტმოდერნისტები დასავლური კულტურის უძღები, მაგრამ მაინც შვილები არიან, ამიტომ სოციალური ჩვევებით და ინსტინქტებით ლიბერალებად რჩებიან. მათ ქართველ მიმდევრებსაც დასავლურ უნივერსიტეტებში შეეყარათ ეს ჩვევები და შეხედულებები, ამიტომ მშობლიურ ლანდშაფტში ისინიც ლიბერალებად ჩანან.
ჩვენში ლიბერალიზმს ჰყავს ნამდვილი მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ჯერჯერობით მათ მეტ-ნაკლებად დალაგებული იდეის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს: მხოლოდ მასონებს, პიდარასტებს, ჩამშვევებს და სოროსელებს აგინებენ (ესენია მათ ენაზე „ლიბერალის“ სინონიმები). ქართული ანტილიბერალიზმის მრუმე ნაზავს შეადგენს ნოსტალგია ბრეჟნევზე, ჯიგრულ-კაიბიჭური გაგება, ინტელიგენციური ამპარტავნება, „ქართული ჯიშის“ ნაციონალიზმი, ფარისევლური ვითომ-მართლმადიდებლობა და უბრალო ადამიანური შური ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე წარმატებული ლაწირაკების მიმართ. ეს არ არის ოპონენტი, ვისაც შეიძლება ებრძოლო: ეს ჭაობია, რომელშიც შეიძლება ჩაეფლო
დღევანდელ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით მებრძოლი და, ჩემი აზრით, თანმიმდევრული ლიბერალები თავს ნეოკონსერვატორებს უწოდებენ.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
19 როგორ იწრთობოდა სტალინი |
▲back to top |
საზოგადოება ტოტალიტარიზმი
ილუსტრაცია: ივანე ყიფშიძე
„საქართველოს, ოქტომბრის რევოლუციის ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ“
ეს შეხვედრა ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში გაიმართა. 1921 წლის ცხელი მაისი იდგა - კომუნისტური საქართველოს პირველი გაზაფხული. დარბაზში ტევა არ იყო, ჩეკისტები და გადაცმული ჯაშუშები ხალხში დაძვრებოდნენ. ქართველმა კომუნისტებმა იცოდნენ, რომ საზოგადოება აგრესიულად იყო განწყობილი ახალი რეჟიმის მიმართ, ამიტომ უსაფრთხოებაზე 100-მდე ადამიანი ზრუნავდა. გასაბჭოებული საქართველოს მუშათა წინაშე იმ დღეს პირველად წარსდგა ყველაზე პოპულარული ქართველი კომუნისტი იოსებ ჯუღაშვილი.
ინფორმაციას ამ შეხვედრის შესახებ, მენშევიკი რევოლუციონერი და 1918-21 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის კომისარი ვლასა მგელაძე გვაწვდის.
„ნელის ნაბიჯით, მელურის შეპარვით სცენაზე სტალინი, თფილისის მუშების კარგა ნაცნობი სოსო ჯუღაშვილი - „კობა“ შემოიპარა... მთელი დარბაზი სამარისებული სიჩუმით, კრიჭაშეკრული, ზიზღით შეხვდა. მხოლოდ ჩეკისტებ-ჯაშუშების ნაძალადევი ტაშისცემა გაისმა, რომლის პასუხად მოხუცი დედები გაიძახოდნენ: „გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ!“ აქ მას ყველა იცნობს, მათ ოჯახებში იმალებოდა, ნაპურმარილევია...“
XX საუკუნის დასაწყისში ნაძალადევის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშები სერიოზული, ორგანიზებული ძალა იყო. დიდია მათი როლი მონარქიის დამხობასა და სოციალიზმის გამარჯვებაში. მუშათა უმრავლესობა რუსეთის მეფის პოლიციამ არაერთხელ დააპატიმრა და გადაასახლა. ბოლშევიკებისთვის ეს ხალხი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა იყო გასაბჭოების პროცესში, მაგრამ ოკუპაციიდან რამდენიმე კვირაში მათ შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელშიც დაგმეს ახალი რეჟიმი და საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადეს.
მგელაძე წერს, რომ სტალინის სიტყვა შეხვედრაზე ფრთხილი და მორიდებული იყო. მიუხედავად ამისა, მას საუბარს აწყვეტინებდნენ, შეკითხვებს აყრიდნენ. სტალინი არ ჰგავდა საკაცობრიო იდეებით გატაცებულ ადამიანს, გაუბედავად ლაპარაკობდა და თბილისის მუშებს თვალმოჭუტული ათვალიერებდა.
ცარისტული რუსეთის წინააღმდეგ ცნობილმა მებრძოლმა და მრავალჯერ გაციმბირებულმა ალექსანდრე დგებუაძემ სტალინს პირდაპირ უთხრა: „თავისუფლებისა და სოციალიზმის სახელით ლაპარაკს როგორ ბედავ, რუსეთი ხომ არ გგონია, აქ თფილისის რევოლუციონერ მუშებთან გაქვს საქმე!“
მგელაძე იხსენებს, რომ ჩეკისტები დაძაბულები იყვნენ, რადგან განრისხებული მუშებისგან ყველაფერს მოელოდნენ.
ამ დროს სცენაზე ავიდა ცნობილი რევოლუციონერი, უკვე მოხუცებული ისიდორე რამიშვილი. მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ტაშით შეეგება. „სტალინი ისიდორეს მოკუნტული შეჰყურებდა, ტუჩებს იკვნეტდა, ნაძალადევად, იუდასებურად უღიმოდა“ - წერს მგელაძე. საქართველოს მთავრობის და ნოე ჟორდანიას ხსენებას ტაში და ოვაციები მოჰყვა. ისიდორე რამიშვილმა სტალინს გაბედულად ჰკითხა: „რატომ დაანგრიე საქართველო? სამაგიეროდ რა მოუტანე მას?“ მოხუცმა „კობას“ საქართველოს ისტორია გაახსენა და იგი მოღალატე ყორღანაშვილს შეადარა.
სტალინმა ბრალდებებზე პასუხის გაცემა დაიწყო, მაგრამ დარბაზმა არ დაანება. ის ჩეკისტებმა გააპარეს, ისიდორე რამიშვილი კი ხალხს ხელში აყვანილი მოჰყავდა, შეძახილით: „საქართველოს გაუმარჯოს!“
მეორე დღეს სტალინმა რისხვა ვერ დამალა და ქვეშევრდომებთან განაცხადა: „საქართველოს ოქტომბრის რევოლუციის ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ“.
მოულოდნელად დააპატიმრეს მუშები, პოლიტიკური პატიმრებით აივსო მეტეხის ციხე. დაიჭირეს ისიდორე რამიშვილიც. საბურთალოსა და ორთაჭალის მინდვრებზე ასობით ადამიანი დახვრიტეს და ათასობით ციმბირში გადაასახლეს.
მოსკოვში დაბრუნებული სტალინი ოფიციალურ მოხსენებაში იტყვის: „სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი საფრთხეშია“.
ეს ფრაზა მან 1925 წელს, მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-5 ყრილობაზეც გაიმეორა: „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან - ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს. ქართველი ეროვნება კი არა, კონგლომერატია. საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“.
ამ ამბის შემდეგ განრისხებული სტალინი თბილისში საკუთარი დედის გარდაცვალების დღესაც კი არ ჩამოვიდა.
![]() |
20 ენა „ტკბილად“ მოუბარი |
▲back to top |
საზოგადოება განათლება
სტატისტიკის მიხედვით, უცხო ენებს შორის, ინგლისური მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია. თუმცა, ვითარება საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგაც, განსხვავებულია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სკოლების დიდ ნაწილში პირველი უცხო ენა დღემდე რუსულია.
განათლების რეფორმის შედეგად, 2006 წლიდან, რუსული ენის სწავლება სკოლაში სავალდებულო აღარ არის და მას მშობლები ადმინისტრაციასთან ერთად ირჩევენ. 53-ე სკოლა ერთ-ერთია თბილისის იმ სკოლებს შორის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ მშობლებს ურჩევნიათ პირველი უცხო ენა ინგლისური იყოს. თუმცა, ვინაიდან წარსულში რუსულის შესწავლა ყველგან სავალდებულო იყო, სკოლების უმეტესობას ამ საგნის პედაგოგები ბევრი ჰყავს და მსგავსი ცვლილების გამო ისინი სამსახურიდან უნდა გაეთავისუფლებინათ.
სკოლის დირექტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სამეურვეო საბჭოები განათლების სამინისტროსგან მითითებას იღებენ, რუსული ენის გაკვეთილების საათები არ შეამცირონ. ეს იმით შეიძლება ავხსნათ, რომ ხელისუფლება, მათი ხმების დაკარგვის შიშით, რუსული ენის პედაგოგების გაღიზიანებას ერიდება. ამავდროულად, ზოგიერთი მშობლის აზრით, რუსულის მასწავლებლების კვალიფიკაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ინგლისურისა, რასაც ასევე გავლენა აქვს სამეურვეო საბჭოების არჩევანზე.
ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ყოფილი დირექტორის, სიმონ ჯანაშიას აზრით, მშობლების არჩევანს რუსული ენის სასარგებლოდ, პედაგოგების რაოდენობასა და კვალიფიკაციასთან ერთად, სხვა ფაქტორებიც შეიძლება განაპირობებდეს. „ეს ფენომენი ევროპაშიც შესწავლილია. როდესაც მშობლებმა რომელიმე ენა იციან, შვილებისთვის სწორედ მის სწავლებას ირჩევენ, მიუხედავად იმისა, რამდენად სასარგებლოა მისი ცოდნა პრაქტიკაში“. ასე უფრო იოლია იმის კონტროლი, თუ რას და როგორ სწავლობენ მათი შვილები. ხშირად არსებობს სენტიმენტალური სურვილიც, რომ შვილები მათ ჰგავდნენ.
პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინგლისური ენა სავალდებულო საგანია. მაგალითად, შვედეთში ინგლისურის სწავლება სავალდებულოა მესამედან მეცხრე კლასამდე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის აზრით, ამ ქვეყნების არჩევანი პრაგმატულია. „ყველაზე გამოსადეგი ენა დღევანდელ მსოფლიოში ინგლისურია და თანამედროვე განათლების მიღება, მისი თუნდაც საშუალო დონეზე ცოდნის გარეშე, შეუძლებელია“. ევროკომისიის კვლევით, ინგლისური, დღესდღეობით, მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ყველაზე გავრცელებული უცხო ენაა.
გლობალური ტენდენციები კომუნისტური წარსულის მქონე ქვეყნებსაც შეეხო. პოლონურ სკოლებში ინგლისურს 4 მილიონი მოსწავლე ეუფლება, მაშინ, როცა გერმანულს 2 მილიონი, რუსულს კი მხოლოდ 400 ათასი სწავლობს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მოთხოვნა რუსულ ენაზე ამ ქვეყანაში 50%25-ით შემცირდა. ჩინეთში, რომლის მოსახლეობა 1.3 მილიარდს აჭარბებს, 2001 წელს დამტკიცებული „უცხო ენის სკოლებში სწავლების პოლიტიკის“ შედეგად, ინგლისური მესამე კლასიდან სავალდებულო საგანია.
ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის მთავრობა სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან ახალისებს. მასწავლებლები გადაამზადეს, სკოლებში კი ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრები გაიხსნა
მოლდავეთში, რამდენიმე წლის წინ, მასობრივი გამოსვლები იყო, რომლის მონაწილეებიც რუსული ენის სკოლის პროგრამიდან ამოღებას ითხოვდნენ. ხელისუფლებას ეს მოთხოვნა სრულად არ დაუკმაყოფილებია, თუმცა საგანი არჩევითი გახდა.
საქართველოს განათლების სამინისტრო „ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამას“ 2009 წლის აპრილიდან ახორციელებს. წელს, ინგლისური ენის საზაფხულო სკოლებში, 3 კვირის განმავლობაში, 1200 მოსწავლე ისწავლის. მათგან საუკეთესო 108 ორი კვირით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. 50 უფროსკლასელი ერთი წლით ამერიკულ სკოლებში ისწავლის.
უფრო მასშტაბურია „მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტი „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“, რომლის პრეზენტაცია შედგა 24 თებერვალს. საქართველოს განათლების სამინისტროს 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის მოზიდვა სურს. ბრიტანელი, ამერიკელი, ავსტრალიელი, კანადელი და ახალზელანდიელი პედაგოგები ქართველ კოლეგებს ინგლისურის სწავლებაში დაეხმარებიან. თავად კი - ქართულს შეისწავლიან. გეგმის მიხედვით, პროექტში საჯარო სკოლების უმრავლესობა უნდა ჩაერთოს.
საეკლესიო კალენდრის რეფორმა
წითელი - იულიანური; ღია წითელი - იულიანური რუსული ეკლესიის მრევლი;
ლურჯი - გრეგორიანული; ღია ლურჯი - გრეგორიანული (მართლმადიდებელი უმცირესობა
1923 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კალენდრული აღრიცხვის შესახებ დადგენილება მიიღო. ტექსტი პატიმრობაში მყოფი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის მითითებით შეიქმნა
„შემოღებულ იქმნეს ამა წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები, წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წ. ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალის სტილით.“
ამ დადგენილებით საკათალიკოსო საბჭომ გაიზიარა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბასილი მესამის წერილი პატრიარქ ამბროსისადმი. წერილში ბასილი მესამე საქართველოს ეკლესიას თხოვდა, მიებაძა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის და ახალ სტილზე გადასულიყო.
1927 წელს ახალ კალენდარზე გადასვლა წმინდა სინოდმაც დაადასტურა. კრება კატეგორიულად მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება ყველა სასულიერო პირსა და ერისკაცს „მტკიცედ და უცვლელად“ უნდა შეესრულებინა.
იმავე წელს საქართველოს ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქის მეორე წერილის გათვალისწინებით, მოძრავი დღესასწაულები კვლავ იულიანური კალენდრით აღნიშნა. შობა და სხვა უძრავი დღესასწაულები კვლავინდებურად ახალი სტილით უნდა აღნიშნულიყო. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, ქართულმა ეკლესიამ გადაწყვეტილებების განხორციელება ვერ მოახერხა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელ, დეკანოზ კორნელი კეკელიძის აზრით, ძველ ტრადიციებს შეჩვეული მორწმუნეები ერთბაშად ვერ შეძლებდნენ ახალი სტილის შეთვისებას, თუმცა შენიშნავდა, რომ რეფორმებთან შესაგუებლად მიზანმიმართული მუშაობა იყო საჭირო.
15 მარტს, 2054 წლის წინ, ქრისტეს შობამდე 44 წელს, რომის სენატში მოკლეს იულიუს კეისარი. სიკვდილამდე ორი წლით ადრე, მანამდე არსებული კალენდრის დაზუსტების მიზნით, იულიანური კალენდარი სწორედ მისი დავალებით შეიმუშავეს.
შემდგომში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იულიუსის კალენდარი აგრეთვე შეიცავდა საგრძნობ უზუსტობას. ის ბუნებრივ წელს 11 წუთითა და 14 წამით ჩამორჩება, რაც ყოველ 128 წელიწადში 1 ზედმეტ დღეს აგროვებს. მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოსთვის ჩამორჩენამ 10 დღეს მიაღწია. შედეგად, გაზაფხულის ბუნიაობა, იულიანური კალენდრით, 21 მარტის ნაცვლად 10 მარტს დგებოდა.
1582 წელს შემუშავდა უფრო ზუსტი, გრეგორის კალენდარი, რომელსაც იმდროინდელი პაპის სახელი ეწოდა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ის XVI - XVII საუკუნეების განმავლობაში მიიღეს. ახალ კალენდარზე გადასვლასთან ერთად, „ზედმეტი“ 10 დღეც ამოიღეს - 4 ოქტომბრის შემდეგ 15 გათენდა.
რადგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა იულიანური კალენდრით სარგებლობა განაგრძეს, დღეების აღრიცხვაში განსხვავება გაჩნდა. მეტიც, ძველი კალენდრის უზუსტობის გამო განსხვავება იზრდებოდა და მე-20 საუკუნისთვის 13 დღე შეადგინა. სწორედ ამას უკავშირდება ე.წ. „ძველით ახალი წლის“ 14 იანვარს აღნიშვნის ტრადიცია.
დღესასწაულები, წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წ. ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალის სტილით.
მორწმუნეთა განწყობას ასახავს დეკანოზ გიორგი ნასყიდაშვილის წერილი საქართველოს ეკლესიის დროებითი თავმჯდომარის, ქრისტეფორესადმი. როგორც წერილიდან ირკვევა, ნასყიდაშვილს აღშფოთებულმა მორწმუნეებმა განუცხადეს, რომ დიდ საეკლესიო დღესასწაულებს კვლავ ძველი სტილით იზეიმებდნენ.
1928 წლისთვის მრევლი ორად გაიყო — ერთი ნაწილისთვის კალენდრული რეფორმა მისაღები იყო, მეორისთვის კი, არა. ზოგი მორწმუნე მიიჩნევდა, რომ რეფორმა საბჭოთა ხელისუფლების დავალებით ხორციელდებოდა. ეპისკოპოსი ქრისტეფორე ივანე ჯავახიშვილისადმი წერილში აღნიშნავს, რომ მას რუსეთის ეკლესიის მომხრეობას აბრალებენ, სინამდვილეში კი რუსეთის ეკლესია ახალ კალენდარზე არ გადასულა. კრებას მოუწია, მიბრუნებოდა აღნიშნულ საკითხს და 28 სექტემბერს გადაწყვიტა, საქართველოს ეკლესია ძველ, იულიანურ კალენდარზე დაებრუნებინა, მიზეზად კი მორწმუნეთა „შეუგნებლობა და მოუმზადებლობა“ დაასახელა.
მიღებული გადაწყვეტილება ეკლესიის ერთიანობის დაცვასაც ემსახურებოდა, რუსეთის ეკლესია, რომელიც იმ დროისთვის არც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებდა და არც ახალ სტილზე გადასულა, ადვილად შეძლებდა უკმაყოფილო მრევლის საკუთარ იურისდიქციაში მოქცევას, რაც ტრაგიკული შედეგი იქნებოდა საქართველოს ავტოკეფალიისთვის.
ხსენებული ფაქტები მეტყველებს, რომ ახალი სტილის კალენდარი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არ წარმოადგენდა „ანტიეკლესიურ“ და „მწვალებლურ“ მოვლენას და რომ არჩევანი ახალ და ძველ კალენდრებს შორის არადოგმატური საკითხია.
დღესდღეობით ახალი სტილით, ანუ გრეგორიანული კალენდრით, უძრავ დღესასწაულებს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები აღნიშნავენ. ძველი სტილის ერთგული, დღევანდელ საქართველოს ეკლესიასთან ერთად, მხოლოდ რუსეთის, სერბეთისა და იერუსალიმის ეკლესიები დარჩა.
![]() |
21 საბჭოთა იდეალის ისტორია |
▲back to top |
ნოდარ ლადარია|სვეტი
იყო და არა იყო რა... იყო ერთი ციმბირელი ბიჭუნა (რამდენი წლისა იყო, არავინ იცის, რადგან წყაროები 11-დან 15-მდე ასაკს ანიჭებენ), პავლიკ მოროზოვი. არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა (წლების განმავლობაში გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არაა მისი ნამდვილი ფოტო)...
ასე ამბობენ, რუსი იყოო, მაგრამ სინამდვილეში იყო ბელორუსი - მისი ოჯახი დასავლეთიდან ციმბირში გადაასახლეს. ამბობენ, პიონერი იყოო, მაგრამ პიონერული რაზმი იმ დროს საერთოდ არ არსებობდა სოფელ გერასიმოვკაში, რომლის ზუსტ მდებარეობასაც არ გვიმხელენ ავტორიტეტული წყაროები.
ამბობენ, მამა ამხილა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის - ეს მართალია, მაგრამ მამას უკვე კარგა ხანია მიეტოვებინა თავისი ოჯახი და პავლიკს, საბჭოთა ხელისუფლების ერთგულება კი არა, უბრალოდ, შურისძიება ამოძრავებდა. მაინც რას აკეთებდა მამამისი? - ბევრს არაფერს: რაღაც გასამრჯელოს ფასად სოფელში ჩასახლებულ „კულაკებს“ ცნობებს აძლევდა, რომ შინ დაბრუნება შესძლებოდათ.
ამბობენ, ამისთვის მოკლეს მტრებმა - ბაბუამ და ბიძამ. კეთილი, მაგრამ პავლიკის პატარა ძმას რაღას ერჩოდნენ? ასე იყო, თუ ისე, 1932 წლის ბოლოს სოფელ გერასიმოვკაში მოეწყო საჩვენებელი პროცესი, რომლის განაჩენით იქვე, კლუბის ეზოში დახვრიტეს რამდენიმე ბრალდებული - მოროზოვის ნათესავები, რომელთაგან ორი ოთხმოცს იყო გადაცილებული.
რუსმა მწერალმა იური ალპეროვიჩმა, ფსევდონიმით დრუჟნიკოვი, 1982 წელს გამოსცა წიგნი, რომელშიც მოცემული იყო მის მიერ ჩატარებული გამოკვლევა. რა მოხდა სინამდვილეში?
ჯერ ერთი, პავლე მოროზოვს სოფელში პაშკას ეძახდნენ - ვერსია „პავლიკი“ გაზეთ „პიონერსკაია პრავდას“ მოგონილია: ციმბირულ სოფელში ასეთი ქალაქური ალერსიანობა წარმოუდგენელია. პაშკას მშობლებმა, ტროფიმემ და ტატიანამ, ათი წელი იცხოვრეს ერთად და ხუთი შვილი გაუჩნდათ. მერე ტროფიმემ გუდა-ნაბადი აიკრა და უფრო ლამაზ და ახალგაზრდა ნინა ამოსოვასთან გადავიდა საცხოვრებლად. უნდა ითქვას, რომ გლეხები ცოლებს არ ტოვებდნენ - ეს უჩვეულო ამბავი იყო და აშკარად მეტყველებს პაშკას დედის საწინააღმდეგოდ.
ტროფიმე ოჯახში რომ დარჩენილიყო, არც შვილის „გმირობა“ იქნებოდა. არა, რა თქმა უნდა, ტროფიმეს მაინც დაიჭერდნენ, რადგან წითელი ტერორის წმინდა საქმე ერთი მოზარდის იმედზე ვერ იქნებოდა - უბრალოდ, მამის დამბეზღებელი გმირი ვერ გახდებოდა. როგორ განავრცო საბჭოთა პროპაგანდამ პაშკას საქციელი! რა დეტალებით შეამკო! - სინამდვილეში კი სასამართლოზე მოწმედ მოყვანილი პაშკას ნამდვილი ჩვენება არ შეიცავს არც ერთ მტკიცებულებას - მხოლოდ დიდებისგან ნასწავლი ზოგადი ფრაზების დამახინჯებული გადმოცემაა.
ქრთამის აღებისა და საბუთების გაყალბებისთვის ტროფიმეს 10 წლის პატიმრობა მიუსაჯეს. ეს 1931 წელს მოხდა. პაშკა კი 1932 წლის ზაფხულში მოკლეს რვა წლის ძმასთან, თევდორე მოროზოვთან ერთად. ამან კი რა დააშავა? ან ამდენ ხანს რატომ იცადა შურისძიებამ?
სინამდვილეში 1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ურჩი ციმბირელების კოლექტივიზაცია განიზრახა. ამისთვის ყველაზე ეფექტური ხერხი იყო ტერორი ანუ დაშინება. უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა, მერე კი დამნაშავეებად შეძლებული გლეხების, „კულაკების“ გამოცხადება სოფლის ღარიბობას კოლექტივში გაერთიანებას აიძულებდა ჯგუფური უსაფრთხოების მოსაპოვებლად. ამისთვის გერასიმოვკაში გაგზავნეს შინსახკომის ოფიცერი - შემსრულებელი. მისთვის სულ ერთი იყო, ვის მოკლავდა. ბედად, მოცხარის საკრეფად ტყეში გამოსული პაშკა და მისი ძმა გადაეყარნენ.
შემსრულებელმა ბავშვები ხიშტით მოკლა და იქაურობას გაშორდა. ორი დღის შემდეგ გვამები იპოვეს. არავითარი ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. მაშინვე ამუშავდა პროპაგანდის მანქანა: გმირი პიონერი მოკლეს საბჭოთა სახელმწიფოს მტრებმა. ეს მტრები, რა თქმა უნდა, უკვე დაპატიმრებული ტროფიმეს ნათესავებს შორის შეარჩიეს. მალე დაიწყო პაშკა მოროზოვის განდიდების საკავშირო კამპანია, რომელიც ათწლეულები გაგრძელდა.
გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, როცა გამოქვეყნდა დრუჟნიკოვის წიგნი, საბჭოთა კავშირში დაიწყო პავლიკ მოროზოვის მასობრივი დაგმობა. ის ნომერ პირველ დამსმენად და მოღალატის ნიმუშად გამოცხადდა. პავლეს ერთადერთი გადარჩენილი ძმა საშინელ დღეში ჩავარდა და მთავრობას აღშფოთებული წერილით მიმართა. მეორე მხრივ, სსრკ უზენაესმა სასამართლომ რეპრესირებულთა საზოგადოება „მემორიალს“ უარი უთხრა 1932 წელს დახვრეტილთა რეაბილიტაციაზე.
ამ „ანტიმოროზოვულ“ მოძრაობას ისეთივე პროპაგანდისტულ-კამპანიური ხასიათი ჰქონდა, როგორც მის განდიდებას. საბჭოთა მემკვიდრეობა „იდეურ მიმართებაში“ არ ვლინდება: შეიძლება გულწრფელად დაგმო კომუნისტური წარსული, მაგრამ მაინც მისი გავლენის ქვეშ იყო. მთავარი სხვაა - პიროვნებისადმი დამოკიდებულება.
არც მოროზოვის თაყვანისმცემლები, არც მისი მგმობელები არ ითვალისწინებდნენ, რომ ბავშვის სიცოცხლე ჯერ ზნეობრივად, მერე ფიზიკურად, ბოლოს კი იდეურად დათრგუნა, შეიწირა და დაამახინჯა მანკიერმა პოლიტიკურმა სისტემამ. საერთო სიბრმავისა და უზნეობის საბუთი ადვილი საპოვნელია: მთელი ისტორიის მანძილზე არც ერთ მხარეს არ მიუცია მორალური შეფასება საბრალო თევდორე მოროზოვის მკვლელობისთვის...
![]() |
22 საქართველო - გუგლის თეთრი ლაქა |
▲back to top |
საზოგადოება ინტერნეტი
კომპანია „გუგლის“ ოფიციალურ ბლოგზე არის 2008 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული ჩანაწერი, სათაურით „რატომ არ არის საქართველო „გუგლის“ რუკაზე?“ იქ ნათქვამია, რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა ამ საკითხით და კითხვაც კი გაჩნდა, რუკიდან საქართველოს „გაქრობა“ მიმდინარე ომს ხომ არ უკავშირდება.
„გუგლის“ მესვეურები მაშინდელ მდგომარეობას იმით ხსნიან, რომ მათთვის შესაბამისი დეტალიზაციის რუკები ხელმისაწვდომი არ იყო. მომხმარებლებმა გამოთქვეს აზრი, რომ არაფერს მცირე ინფორმაცია სჯობდა. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. ჩვენი ორი მეზობელი, სომხეთი და აზერბაიჯანი, რუკაზე გამოჩნდა, საქართველოს ადგილას კი კვლავ „თეთრი ლაქაა“.
მართალია, ფოტოგამოსახულებებით საქართველო ასახულია დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, მაგრამ მის ტერიტორიაზე არ არის დატანილი სხვა ინფორმაცია - დასახლებული პუნქტების, ქუჩების, ღირსშესანიშნაობების სახელწოდებები, საავტომობილო გზების სიგრძე თუ სარკინიგზო მაგისტრალები.
ორიოდე თვის წინ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა „გუგლისთვის“ გასაგზავნი პეტიცია შეადგინა და მისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ შესაბამისი გვერდიც გაკეთდა სათაურით „საქართველო „გუგლის“ პროდუქტებში“, სადაც ნებისმიერს შეუძლია, ამ ინიციატივას გაეცნოს. საბოლოო ჯამში 453 ხელმოწერა შეგროვდა. 2009 წლის 28 დეკემბერს პეტიცია „გუგლის“ სათავო ოფისს ფოსტით გაეგზავნა. პასუხი პეტიციაზე ჯერჯერობით არ ჩანს.
პეტიციის ინიციატორი არჩილ კიკვაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ პეტიციით საქმე არ გაკეთდება. მისი აზრით, დეტალური ინფორმაციის რუკაზე დატანა პირველ რიგში კარტოგრაფიისა და ტურიზმის დეპარტამენტებში უნდა აინტერესებდეთ.
როგორც გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტში აცხადებენ, „გუგლს“ მათთვის არ მიუმართავს მაღალი დეტალიზაციის რუკების მოთხოვნით. თუმცა, რომ მიემართა კიდეც, ზუსტი ვექტორული რუკა, რომელზეც მითითებული იქნება როგორც მსხვილი, ისე მეორეხარისხოვანი გზები და დასახლებული პუნქტები, არ მოეპოვებათ. ამიტომ საქართველოს დეტალურად ასახვა მხოლოდ არაპროფესიონალ მოხალისეებზეა დამოკიდებული.
იანვრის ბოლოდან მოხალისეებს „გუგლ მეფ მეიკერში“ („გუგლის“ რუკების დასარედაქტირებელი ინსტრუმენტი) ხუთიოდე ახალი ქვეყნის მონაცემების შეტანა შეუძლიათ. მათ შორისაა ბრაზილია და საქართველო. „მეფ მეიკერი“ 2008 წლის ივნისში შეიქმნა, თუმცა თავიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა. დღეისთვის მისი საშუალებით „გუგლის“ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია 150-ზე მეტი ქვეყნის გზების, სკოლების, პარკებისა და სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის დამატება. მონაცემები „გუგლის რუკაზე“ გადამოწმების შემდეგ ჩნდება, თუმცა საქართველოს შესახებ შეტანილი ინფორმაცია ჯერ არ დაუმტკიცებიათ.
„გუგლის“ ელექტრონული რუკების დეტალურობა მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიით დაინტერესებულთათვის როდია მნიშვნელოვანი. ინსტრუმენტი Google maps API ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას თავის საიტში „გუგლის“ რუკა ჩასვას, მასზე საკუთარი დაწესებულების ზუსტი ადგილმდებარეობა მონიშნოს და შესაბამისი აღწერილობაც მიაბას. მაგრამ, რუკის არასათანადო დეტალიზაციის გამო, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის ეს ინსტრუმენტი უსარგებლოა. არსებობს კომპანია „მაიკროსოფტის“ მიერ შექმნილი ანალოგიური ელექტრონული რუკა (bing.com/maps), რომელზეც საქართველოს მცირე სოფლების სახელწოდებებიც კი არის ასახული, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებთან ერთად. თუმცა, ახლო დაკვირვებისას ჩანს, რომ მათი უმეტესობა არაზუსტადაა დატანილი, რაც ამ რუკასაც გამოუყენებელს ხდის.
![]() |
23 ვალიდოლის დაბრუნება |
▲back to top |
საზოგადოება მედიცინა
მომავალი კვირიდან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ფართო მოხმარების მედიკამენტების სახელებს სასაქონლო ნიშნებად აღარ დაარეგისტრირებს. ასეთი მედიკამენტების სიას ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ადგენს. ფართო მოხმარების წამლების სიაში უკვე შეტანილია 30-ზე მეტი სახელწოდება, რომელთა შორისაა „ვალიდოლი“, სასაქონლო ნიშნების რეესტრის მიერ წარსულში რეგისტრირებული წამლების ნაწილისთვის „საქპატენტი“ რეგისტრაციის გაუქმებას სასამართლოს გზით შეეცდება.
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, რომ არსებული სიტუაცია ადგილობრივ მწარმოებლებსა და მომხმარებლებს თანაბრად აზარალებს. მწარმოებლებს ცნობილი მედიკამენტების იდენტური წამლებისთვის ახალი სახელების გამოყენება უწევთ. მაგალითად, „ვალიდოლის“ ანალოგს საქართველოში „გულიდოლის“ ნიშნით აწარმოებენ. ფართო მოხმარების მედიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშე ყიდულობენ, ახალი სახელები კი მომხმარებლებს წამლის ცნობას ურთულებს
„ვალიდოლის“ რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება სასამართლომ უკვე მიიღო. თუმცა, გადაწყვეტილება წამლის იმპორტიორმა უკრაინულმა კომპანია „ფარმაკმა“ გაასაჩივრა. „ფარმაკის“ პატენტრწმუნებული შალვა გვარამაძე ამბობს, რომ საკითხი ერთი ხელის მოსმით არ გადაიჭრება, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები. მისივე თქმით, უკრაინელებმა შეძლეს იმის დადასტურება, რომ სახელწოდება „ვალიდოლი“ პირველად მათ გამოიყენეს. შედეგად, კომპანიამ ბრენდის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და სწორედ ეს გახდა საქართველოს სასაქონლო ნიშნების რეესტრში წამლის დარეგისტრირების საფუძველი. გვარამაძის თქმით, მიმდინარე სასამართლო პროცესზე „ფარმაკის“ წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი იყო კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 96%25- მა არ იცის, ვინ აწარმოებს „ვალიდოლს“. მაგრამ მისი აზრით, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არც სხვა სასაქონლო ნიშნების მფლობელთა ვინაობაა ცნობილი. „ვალიდოლის“ გვაროვნულ სახელად გადაქცევისთვის, საჭირო იყო მოსახლეობას ეს სახელი რამდენიმე განსხვავებული შემადგენლობის პრეპარატისთვის ეწოდებინა, რაც არ მომხდარა.
საქართველოში „ფარმაკმა“ სასაქონლო ნიშნები სასამართლოს გზით 2004 წელს დაარეგისტრირა. უკრაინელებმა 10 წლით, 2014-მდე, მოიპოვეს მონოპოლია „ვალიდოლისა“ და „კორვალოლის“ გავრცელებაზე. თუმცა, მაშინ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო არ ჩარეულა. ამჯერად კი რეგისტრაციების გაუქმების გეგმა სამინისტროსთან ერთად შემუშავდა.
„საქპატენტის“ წარმომადგენელი მერაბ კვიმსაძე იხსენებს, რომ 90-იან წლებში ერთ-ერთ კომპანიას უარი ეთქვა საქართველოში „ანალგინისა“ და „ციტრამონის“ დარეგისტრირებაზე. მისი აზრით, თუ ფართო მოხმარების სხვა წამლებსაც მრავალი კომპანია აწარმოებს, ფასების კლებას უნდა ველოდეთ. ამავე აზრს იზიარებენ „ჯი-პი-სი“-სა და „ავერსი“-ში. „ჯი-პი-სი“-ს გენერალური დირექტორის, დავით კილაძის თქმით, სასაქონლო ნიშნების გაუქმება „აუცილებლად შეამცირებს მონოპოლიზაციას ფარმაცევტულ ბაზარზე“, რაც ფასებზეც აისახება.
გვარამაძის თქმით, წამლების სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებამ, ფასი შესაძლოა მართლაც დაწიოს, მაგრამ მომხმარებელი დაზარალებული აღმოჩნდება. მისი აზრით, წამლის გაიაფებასთან ერთად, ხარისხიც დაეცემა.
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი კირა სამყურაშვილი ამტკიცებს, რომ სასაქონლო ნიშნების გაუქმება წამლის ხარისხზე უარყოფითად არ აისახება. სამყურაშვილის თქმით, პრეპარატის წარმოების დაწყებამდე მის ხარისხს აკრედიტებული ლაბორატორია ამოწმებს. წარმოების უფლება კომპანიას მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში ეძლევა.
![]() |
24 უწიგნურის 7 მცნება |
▲back to top |
ლაშა ბუღაძე|სვეტი
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ასეთ აბრას წავაწყდი ერთ-ერთი ევროპული საკონსულოს მახლობლად: „შეგივსებთ ანკეტას 5 ლარად“. საბჭოეთმა ბევრი ფობია დამიტოვა, მათ შორის - საკონსულოების, საბაჟოების, ბორტგამცილებელი ქალების და, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, უცხოელების და უცხო გარემოში დაბნევა-დეზორიენტაციის შიში...
შესაბამისად, რაც საკონსულოში ხდება ან საკონსულოების მახლობლად, ყველაფერი ძრწოლას მგვრის, თავს მაკარგვინებს და მაბნევს. ასეთ დროს საკუთარი ძალების აღარ მჯერა და მგონია, რომ იქ და იმ დროს ყველა ჭკვიანია და სანდო ჩემს გარდა.
ამიტომ, ცხადია, დავფეთდი: რა ანკეტას ავსებენ 5 ლარად? ანკეტაზე არავის არაფერი უთქვამს.
მითუმეტეს, ხუთლარიანზე. ნუთუ რაღაც გამომრჩა? ნუთუ მომატყუეს?
ხოდა, ცრემლმორეულმა, შეშინებულმა შევყავი აბრის ქვეშ გამოჭრილ სარკმელში თავი და აკანკალებული ხმით ვიკითხე: რომელ ანკეტაზეა ლაპარაკი? (კინაღამ „ამხანაგოც“ დავაყოლე).
- ზოგმა წერა-კითხვა არ იცის, ბატონო დათო, - „მიცნო“ სარკმელში მჯდომმა კეთილგანწყობილმა არსებამ, - ჩვენ ვუწერთ ყველაფერს.
რა სისულელეა!
ვერაფრით შევეგუებოდი ასეთ აბსურდულ და ბანალურ პასუხს, - მაინც არ მოვეშვი (როგორც ჩემი, ასევე ახალგაზრდა მწერლის კრებითი სახის, ვინმე დათოს სახელითაც) და მცირე კამათის შემდეგ, ეს სიტყვები წამოვაცდენინე ამბრის ქვეშ მცხოვრებს:
- სახელ-გვარსაც ჩვენ ვუწერთ, ბატონო დათო, თვითონ ვერ წერენ!
ეს იყო შოკი. და ტრაგედია. ამჯერადაც პირდაპირ ვამბობ. ჩემი, როგორც პიროვნების და ჩემი, როგორც ახალგაზრდა მწერალი დათოსი. უფრო კი, ალბათ, მაინც ამ მეორესი.
ჩემი ერი საკუთარ სახელსა და გვარს ვერ წერს, თუკი სხვა არ დაეხმარა! თანაც - 5 ლარად.
ჩვენ კი (მწერალი დათოები) ნაწყენები ვჩხუბობთ - რატომ არ არის საქართველოში დიდი ტირაჟები! წერა-კითხვა არ გვცოდნია, ხალხო! „აი-ია“!
არ მინდა განათლების სისტემაზე წერა. ერთ გვერდში უნდა ჩავეტიო, თორემ რედაქტორი დამწყევლის.
ყოველ შემთხვევაში, ეს მიზეზია თუ სხვა, ფაქტია - ასე ცოტა წიგნი რომ იყიდება საქართველოში (უპირველეს ყოვლისა, მხატვრულ ლიტერატურას ვგულისხმობ), ეს მხოლოდ უფულობის ბრალი არ უნდა იყოს! აი, ჩემეული „უწიგნურის 7 მცნება“: 1. წერა-კითხვის უცოდინრობა, 2. წიგნის და წიგნიერი ხალხის შეფარული ან გაცხადებული ზიზღი, 3. სიზარმაცე, 4. დრომოჭმული სნობიზმი („ვაიმე, ვერ ვიტან ქართულად კითხვას!“ - არ დავმალავ, მძულს ამის მთქმელები), 5. ვითომ დასაქმებულობა („10 წელია წიგნი არ წამიკითხავს, სად მცალია!“ - ასეთებიც მძულს), 6. წინასწარი განწყობები („რაც წასაკითხი იყო, წავიკითხე, არ მაინტერესებს ეხლა რას წერენ!“) და სულ ბოლო: 7. ეკონომიკური მიზეზი („დათო №-ის წიგნი 10 ლარი ღირს? უი, რა ძვირია.“ ამ დროს, ამის მთქმელი ერთი წუთითაც არ დაფიქრდება და 10 ლარს კი არა, 20, 30 და 100 ლარს გადაიხდის რომელიმე იდიოტური კონცერტის ან ფილმის ბილეთში! ახალწლეულს რესტორნებში ჯავშანდადებულ მაგიდებზე არაფერს ვამბობ. ხოლო თუკი წიგნის ყიდვაზე მიდგება საქმე, მაშინვე ვიშვიშს დაიწყებს: „უი, რა ძვირია“ ან „ფუ, დათოს წიგნში ფულს როგორ გადავიხდი!“).
გაინტერესებთ, ბოლო ათწლეულის ქართული ბესტსელერების სია? და იმ წმინდა და ყოვლად პატივსაცემი ხალხის აღმნიშვნელი რიცხვი, რომელიც ბეჯითად ერთგულობს ქართულად გამოცემულ წიგნს? ამ სევდიან და მაინც ბედნიერ ამბავს შემდეგ ნომერში მოვყვები.
![]() |
25 ტაბულა რასა |
▲back to top |
ტაბულა რასა განსხვავებული აზრი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს თქვენი გვერდია
მოგვწერეთ
tabularasa@tabula.ge
![]() |
26 ტრაგედიის შემდეგ |
▲back to top |
სპორტი
ფოტო: REUTERS ©
უისტლერის საციგაო ცენტრის აგებას ორი წელიწადი და 105 მილიონი დოლარი დასჭირდა. ოლიმპიური კომპლექსი რომ სახიფათო იყო, ამის თაობაზე ოლიმპიურ კომიტეტს რამდენიმე გამოცდილმა სპორტსმენმა წერილობით ჯერ კიდევ თამაშების დაწყებამდე მიმართა. მაგრამ ორგანიზატორები მხოლოდ ტრაგედიამ გამოაფხიზლა. დაიღუპა 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი.
კანადის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრასის დიზაინი მანამდე ოფენბახში, ტურინში, სოლტ ლეიკ სიტისა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში, საციგაო ცენტრების დიზაინერ-არქიტექტორად ნამუშევარ უდო გურგელს შეუკვეთა. იყო თუ არა ქუმარიტაშვილის სიკვდილი გაუმართავი ტრეკის ბრალი? ამ კითხვას გურგელმა ბრიფინგზე ასე უპასუხა: „თუ სიტყვა „სწრაფი“ თქვენთვის იგივეა, რაც „სახიფათო“, მაშინ კი, ტრასა სახიფათო იყო, მაგრამ აქ ოლიმპიადა უნდა ჩატარებულიყო და ტრასა მაქსიმალურად მანევრირებადი გავხადე. ორგანიზატორებისგან არასოდეს მიმიღია მითითება, რომ ყინულის სისწრაფე და მოსახვევების რაოდენობა უნდა გამეზარდა. ეს იყო სტანდარტული ტრეკი და ვწუხვარ, რომ ქართველი სპორტსმენისთვის ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა“.
ტრაგედიის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ჟაკ როგი, ყველა ინტერვიუსა და ბრიფინგს, ტკივილსა და აუნაზღაურებელი დანაკარგის შესახებ რაფინირებული სიტყვით იწყებს. ამის პარალელურად, იცვლება, მოკლდება და მარტივდება ტრასა; იფუთება რკინის ბოძები, რომელსაც სპორტსმენი შეასკდა; ორ მოსახვევში, დამცავი კედელი 120 სანტიმეტრით მაღლდება. როგორც გერმანელმა მოციგავემ, ვერცხლის მედლის მფლობელმა ნატალი გეიზენბერგერმა თქვა, ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ტესტირების დროს და არა ადამიანის დაღუპვის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო.
ქართული ტელესივრცის საინფორმაციო გამოშვებები რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საშინელი კადრებით იწყებოდა. საქართველოში ქუმარიტაშვილის გარდაცვალება რეიტინგულ სანახაობად აქციეს. არაქართულ არხებზე სიკვდილის კადრები, რა თქმა უნდა, არ გაუშვიათ. CNN, Eurosport და BBC, სტოპ-კადრებით შემოიფარგლნენ.
ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს არ გაუპროტესტებიათ, როცა ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ქუმარიტაშვილის სიკვდილი მის გამოუცდელობას დაუკავშირეს. თუმცა ის, რომ შემთხვევის ადგილზე ბევრი რამ შეცვალეს, სწორედ ორგანიზატორების მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს. მათ წინასწარ ვერ მიიღეს საჭირო ზომები და გამოდის, რომ ტრაგედია მათმა დაუდევრობამ და უპასუხისმგებლობამ გამოიწვია. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ელის. დასკვნა, წესით, მარტის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ გაირკვევა ისიც, აპირებს თუ არა დაღუპულის ოჯახი სარჩელის შეტანას სასამართლოში.
![]() |
27 კვირის ამბები |
▲back to top |
სპორტი
კვირის ამბები
ფეხბურთი. საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა 22 ფეხბურთელი თურქეთის ქალაქ სიდეში, შეკრებაზე წაიყვანა. იქ გუნდი სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
კრივი. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა: ვერცხლი (ალექსანდრე ჭადაშვილი) და ორი ბრინჯაო (ზურაბ მექერიშვილი, ზაზა სტურკი).
ფეხბურთი. საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის გუნდში 18 ფეხბურთელი იხმო. ჩეხეთში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი გერმანიაში გაივლის შეკრებას.
თავისუფალი ჭიდაობა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების მეორე ეტაპი დუშეთში, ახალგახსნილ ოლიმპიურ ბაზაზე დაიწყო. კონტინენტის პირველობას 13-18 აპრილს ბაქო უმასპინძლებს.
ფეხბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მონაწილე მექსიკის ნაკრები 13 მაისს ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ანგოლის ნაკრებთან.
მთის თხილამურები. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ლინდსი ვონმა სწრაფდაშვებაში კრანს მონტანაში გამართული მორიგი ეტაპი მოიგო, ამ გამარჯვებით კი მსოფლიო თასიც მოიპოვა.
ფეხბურთი. ლონდონის „არსენალმა“ ფრანგ მცველ უილიამ გალასს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება და ხელფასის - 80 ათასი გირვანქა კვირაში - განახევრება შესთავაზა.
კალათბურთი. დუეინ უეიდი და დირკ ნოვიცკი NBA-ში წინა კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
ჩოგბურთი. მონტერეის ღია ჩემპიონატის ფინალში რუსმა ანასტასია პავლიუჩენკოვამ სლოვაკ დანიელა ჰანტუჩოვას სამ სეტში - 1:6, 6:1, 6:0 - სძლია.
ფეხბურთი. ბილბაოს „ატლეტიკმა“ მთავარ მწვრთნელთან ხოაკინ კაპაროსთან 2013 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება.
კალათბურთი. ჩხუბისა და აყალმაყალის გამო ალენ აივერსონი ნიუ ჯერსის, ატლანტას და დეტროიტის ექვსი კაზინოს შავ სიაში მოხვდა.
ფეხბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნიგერია აპრილ-მაისში სამხრეთ კორეის, პარაგვაის, უკრაინისა და კოლუმბიის ნაკრებებთან ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
კრივი. WBC-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი, უკრაინელი მძიმეწონოსანი ვიტალი კლიჩკო 29 მაისს პოლონელ ალბერტ სოსნოვსკისთან ბრძოლაში დაიცავს ტიტულს.
ფეხბურთი. ინგლისის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდში მიწვეულ ფეხბურთელებს 30 მაისს, იაპონიასთან ავსტრიაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩის შემდეგ დაასახელებს.
ბიატლონი. ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ოლე ეინარ ბიორნდალენმა, რომელმაც ვანკუვერში ოქრო და ვერცხლი მოიგო, განაცხადა, რომ 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზეც იასპარეზებს.
ფეხბურთი. იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „სკუადრა აძურას“ ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ჩაიბარებს.
ჩოგბურთი. ვაჟთა შორის რეიტინგს კვლავ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ლიდერობს, ქალთა შორის კი საუკეთესო ამერიკელი სერენა უილიამსია.
ფეხბურთი. მადრიდის „ატლეტიკომ“ სენეგალელ თავდამსხმელ იბრაჰიმა ბალდესთან 2013 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.
მთის თხილამურები. ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა სწრაფდაშვებაში, ამერიკელმა ბოდე მილერმა განაცხადა, რომ კოჭის ტრავმის გამო გარმიშ-პატერკირხენში დაგეგმილ მსოფლიო თასის ბოლო ეტაპს გამოტოვებს.
ფინალე მადრიდი -
ადიდასის მეათე ბურთი
ფერნანდო იერო და ემილიო ბუტრაგენიო, ადიდასის ახალი ბურთით
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალისთვის კომპანია „ადიდასის“ მიერ სპეციალურად დამზადებული ბურთის „ფინალე მადრიდის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს 22 მაისს ხსენებული სარბიელი უმასპინძლებს. ტურნირის ისტორიაში პირველად, გადამწყვეტი თამაში შაბათს გაიმართება.
პრეზენტაცია ესპანური ფეხბურთისა და მადრიდის „რეალის“ ორმა ვარსკვლავმა გახსნა: ფერნანდო იერომ და ემილიო ბუტრაგენიომ.
„ფინალე მადრიდი“ „ადიდასის“ მიერ საგანგებოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის დამზადებული მეათე ბურთია.
მეფის მუზეუმი სანტოსში
ბრაზილიის ქალაქ სანტოსში ფეხბურთის მეფის, პელეს მუზეუმს ჩაეყარა საფუძველი. ორიგინალური ფორმის ორსართულიანი შენობის მშენებლობა 2012 წლისთვის დასრულდება და იქ ლეგენდარული მოთამაშის მიერ მოგებული პრიზები და თასები განთავსდება, ასევე გამოიფინება მისი კარიერის ამსახველი უამრავი ფოტო-ვიდეო მასალა და სხვადასხვა დროს ცნობილ ფეხბურთელებთან გაცვლილი მაისურები.
„ჩემი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით და ბედნიერი ვარ, რომ ამ თასების და სუვენირების ხილვას მალე თქვენც შეძლებთ“, - განაცხადა პელემ, ფეხბურთში მსოფლიოს ერთადერთმა სამგზის ჩემპიონმა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2000 წელს ის XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
ლებრონის დიდი ვაშლი
ლებრონ ჯეიმსი 2010 წლის რეგულარული სეზონის დასრულებისთანავე გახდება შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი. „კლივლენდის“ ვარსკვლავს მიეცემა საშუალება აირჩიოს გუნდი, რომელშიც კარიერას გააგრძელებს. ამ ეტაპზე ჯეიმსის ყველაზე რეალური არჩევანი „ნიუ იორკ ნიქსია“.
კლივლენდში დარჩენა ნაკლებად რეალურია, რადგან ჯეიმსის აგენტები თავიანთი კლიენტისთვის ექვსწლიან კონტრაქტს ითხოვდნენ, რომლითაც ლებრონს 148 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, გუნდმა კი კაპიტანს ამავე პერიოდში მხოლოდ 129 მილიონი შესთავაზა.
წლიური სახელფასო ლიმიტის დარღვევის საშიშროების გამო „კავალიერსს“ დიდი პრობლემები შეექმნა. შაკილ ო'ონილის, ანდერსონ ვარეჟაოს და ენტუან ჯეიმისონის კონტრაქტებიც გადასახედია, ჯეიმსი კი ძალიან ბევრს ითხოვს.
წლიური სახელფასო ლიმიტის დარღვევის საშიშროების გამო „კავალიერსს“ დიდი პრობლემები შეექმნა. შაკილ ო'ონილის, ანდერსონ ვარეჟაოს და ენტუან ჯეიმისონის კონტრაქტებიც გადასახედია, ჯეიმსი კი ძალიან ბევრს ითხოვს.
ლებრონმა „სან ანტონიოსთან“ მატჩის წინ პირდაპირ თქვა: „ვითამაშებ იქ, სადაც ყველაზე მეტად დამაფასებენ“. ესე იგი, იქ, სადაც ყველაზე მეტს გადაუხდიან.
ესე იგი, „ნიქსში“.
ციხიდან მოედანზე
WNBA-ს ანუ ქალთა საკალათბურთო პროფესიული ლიგის „ტულსა შოკმა“ ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა ყოფილ სპრინტერს, ოლიმპიურ ჩემპიონს მერიონ ჯოუნსს. ამ კონტრაქტით ჯოუნსი სეზონის ბოლომდე 460 ათას დოლარს მიიღებს.
მერიონი, რომელმაც სიდნეის ოლიმპიადაზე სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიგო, მოგვიანებით დოპინგ ტესტზე ჩავარდა და ექვსი თვე ციხეში გაატარა. სასამართლოზე მან ყალბი ჩვენება მისცა დოპინგის მიღებასთან დაკავშირებით. ჯოუნსი ორჯერ კოკაინის მოხმარებისთვისაც დააპატიმრეს.
მერიონი „ტულსაში“ ფიზმომზადების სამწვრთნელო საბჭოს კონსულტანტიც იქნება.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
28 ძროხები |
▲back to top |
დავით კოვზირიძე|სვეტი
ძროხების ინტელექტზე, გამომდინარე საქართველოს ტრასებზე მათი უსაქციელობიდან, ყოველთვის უარყოფითი წარმოდგენა მქონდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ ძროხებმა სასიამოვნოდ გამაკვირვეს. სამწუხაროდ, ეს არა ქართველი, არამედ შვეიცარიელი ძროხები იყვნენ.
ჟენევიდან ნიონში, უეფას სათავო ოფისში, ორჯერ მომიწია საქმეზე ჩასვლა. გზა - 45 წუთი, ბუნება - ზღაპრული, სიმშვიდე - იდეალური: ზედგამოჭრილი პირობებია ჩასაფიქრებლად. მეც ჩავფიქრდი და უცებ საოცარმა სცენამ გამომაფხიზლა - მდელოზე დაახლოებით ოცდაათი ძროხა მიდიოდა, მიდიოდა სანტიმეტრებში გამოზომილ მწკრივში, ერთ რიგად, ერთ ტემპში. მეგონა, იმ დღეს მოხდა ასე, დაემთხვა, მაგრამ როდესაც მეორე დილას ზუსტად იგივე ვნახე, ჯერ ის გამახსენდა, როგორ აგინებენ გაძეგლებულ ძროხებს აგრესიული ქართველი მძღოლები და მერე ასეთ დასკვნამდე მივედი: შვეიცარიაში ძროხებიც კი აზროვნებენ სახელმწიფოებრივად...
რა არ დაუსახელებიათ ქართული ფეხბურთის იმპოტენციის მიზეზად: გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ცუდი თაობა, უვარგისი მწვრთნელები, უცოდინარი ჟურნალისტები, ფეხბურთის ფედერაცია, უფულობა და უამრავი სხვა. კი, ხშირად ასეცაა, მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ მივწვდით მთავარს, იმას, რაც ამ მიზეზებს ბადებს და ავითარებს. ესაა ის, რაც აქვთ შვეიცარიელ ძროხებს და არ გვაქვს საქართველოს მოქალაქეებს: სახელმწიფოებრივი მიდგომა ყველაფრისადმი, რასაც ვაკეთებთ.
არ გეგონოთ, მატრაკვეცულ პატრიოტიზმს ვგულისხმობდე. არა, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთად თუ ცალ-ცალკე, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, პასუხისმგებელი იყოს გაკეთებულზე და თუნდაც აზრზე არ იყოს, რომ ამით სახელმწიფოს ეხმარება. საკუთარ სფეროს არ გავცდები: როცა ჟურნალისტი კარგად წერს, რედაქტორი პირობებს უქმნის, რომ კარგად წეროს, ფოტოგრაფი ხარისხიანად იღებს, დიზაინერი ლამაზად აფორმებს და სტამბა მაღალ დონეზე ბეჭდავს, და ასე აკეთებს თითოეული ჟურნალ-გაზეთი, მივდივართ სათანადო კლასის ბეჭდურ მედიამდე. ხოლო როდესაც ყველა სფერო კონკურენციაზე აგებულ ხარისხს ქმნის, ამ ხარისხიანი სფეროების ერთობლიობა აყალიბებს სახელმწიფოს.
ფეხბურთზე გადავიდეთ. ქართველი მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ, ერთად კარგად თამაშის გარდა: არ ემორჩილებიან მწვრთნელს, ეზარებათ შეკრებაზე ჩასვლა, არ სწყინთ წაგება, არ უყვართ და დასცინიან ერთმანეთს, ეზარებათ სირბილი, მატჩის ბოლო წუთებში მოწინააღმდეგის ვარსკვლავებს მხოლოდ იმიტომ დასდევენ, რომ მაისური გაუცვალონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მათგან დიდ გამარჯვებებს ვითხოვთ. ვიცით, რომ ტყუილად ვითხოვთ, მაგრამ ვირტუალური ამბიციები გვჭამს და რა ვქნათ?
ვირტუალურ ამბიციებს უსაქმურობა და უპასუხისმგებლობა შობს. იმ დღეს „მაესტროზე“ დაურეკავს ვიღაცას, კარგად დაიმახსოვრეთ, ყოველი ქართველი ბიჭი მეფედ ან თამადად იბადებაო! დარწმუნებული ვარ, შვეიცარიელ ძროხას მსგავსი რამ აზრადაც არ მოუვა იმიტომ, რომ გადასარევად იცის თავისი საქმე: დილით დგება მწყობრში, მიდის საძოვარზე, ასევე მწკრივში, ბედნიერი ბრუნდება უკან და კმაყოფილი იძლევა გემრიელ რძეს. მორჩა, მეტი არაფერი ევალება. სახელმწიფოს მისგან მეტი არაფერი ესაჭიროება.
როგორი იდეალური პირობებიც არ უნდა შეუქმნა საქართველოს ნაკრებს, რა დონის მწვრთნელიც არ უნდა დაუნიშნო და რაც არ უნდა ეფერო, ის ვერასდროს იქნება გამარჯვებული, სანამ მოედანზე მყოფი თერთმეტივე ფეხბურთელი ერთი, სახელმწიფოებრივი იდეის გარშემო არ იქნება გაერთიანებული.
და არ გვინდა რა, ჰიმნის დროს ეს ტყუილად პირის გაღება და ფარისევლური მიმიკები.
![]() |
29 ტოიოტალური შეცდომა |
▲back to top |
ბიზნესი
კორპორაციის პრეზიდენტი აკიო ტოიოდა ბოდიშს იხდის
ტოიოტამ წელს 8.5 მილიარდი მანქანის გაყიდვები პედლების გაუმართაობისა და მოულოდნელი აჩქარების გამო გლობალურად შეაჩერა. დაუმორჩილებელ მანქანებთან დაკავშირებული 47 ავარიული შემთხვევის გამოძიება, აშშ-ში, დღემდე მიმდინარეობს.
„ტოიოტასა“ და „ლექსუსის“ სხვადასხვა მოდელს, 2007 წლიდან, აშშ-ში, ფატალურად დასრულებული, სულ მცირე, ხუთი გახსნილი საქმე უკავშირდება.
მედიამ ყურადღება „ტოიოტას“ შეცდომებზე, პირველად, შარშან აგვისტოში გაამახვილა, როცა ავტოავარიაში კალიფორნიის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და მისი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. გამოძიებამ გაარკვია, რომ ავარიის მიზეზი მანქანის მოულოდნელი აჩქარება გახდა: მძღოლს მუხრუჭი არ დაემორჩილა. ამ ინციდენტის შემდეგ „ტოიოტამ“ პირველად გამოიწვია „ლექსუსის“ მოდელების დიდი პარტია.
„ტოიოტას“ მიმართ საჩივრების რაოდენობა, 2000 წლიდან, საშუალოდ 17%25-ით გაიზარდა. 2008 წლის „ტოიოტა პრიუსიც“ მათ რიცხვში მოხვდა, მაგრამ როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მოდელი არ გამოუწვევიათ.
მარტში, ავარიული შემთხვევა სწორედ „ტოიოტა პრიუსმა“ შექმნა. 61 წლის მძღოლი არ დაშავებულა, თუმცა ძალიან შეშინდა, რადგან მანქანაზე კონტროლი დაკარგა. მცდელობის მიუხედავად, მუხრუჭი უსარგებლო გამოდგა და მანქანა 20 წუთის განმავლობაში, ტრასაზე დიდი სიჩქარით მიფრინავდა.
მას შემდეგ, რაც მძღოლმა 911-ზე დარეკა, ტრასა ჩაიკეტა და სულ მალე მანქანას საპატრულოს თანამშრომელი წამოეწია. მან მძღოლს ძრავის ჩაქრობა ურჩია. „პრიუსი“ ვერტიკალურ პოზიციაში მდგომ საპატრულო მანქანამდე მიგორდა. მანქანები ერთმანეთს არ შეხებიან.
„ტოიოტამ“ მოულოდნელი აჩქარების მიზეზად პედლების მიწებების ეფექტი და მოუხერხებელი ხალიჩა დაასახელა. ამასთან, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სიჩქარეების ელექტრონული კოლოფი „ტოიოტას“ ყველა მოდელში გამართულად მუშაობს.
წელს, ათწლეულის განმავლობაში პირველად, „ტოიოტას“ აშშ გაყიდვებმა 16%25-ით იკლო. მაშინ, როცა სულ რაღაც სამი წლის წინ აშშ-ში „ფორდს“, მსოფლიოს მასშტაბით კი „ჯენერალ მოტორსს“ გაუსწორდა.
„საქართველოში პედლების პრობლემა სულ 300 მანქანას აღმოაჩნდა. ყველას დავურეკეთ და გავაფრთხილეთ. ქარხანამ შესაბამისი ნაწილი გადმოგვიგზავნა. მომხმარებლები მოდიან და ვუცვლით“ - ამბობს „ტოიოტა თბილისის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გურჩიანი.
გაერთიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე
სილქნეტი ასე ეწოდება დღეიდან კომპანიას, რომელიც გაერთიანებული ტელეკომის, ვანექსისა და აჭარის ელექტროკავშირს აერთიანებს. კომპანიის საშუალებით, ქართულ ინტერნეტბაზარზე სხვა სიახლეებთან ერთად დღეს მსოფლიოსათვის უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტი ინტერნეტპროტოკოლზე დაფუძნებული ტელევიზია შემოვა.
წყარო: რადიოქალაქი
„თბილისი პლაზა“ ახალი პროექტით
სავაჭრო ცენტრის - „თბილისი პლაზას“ - საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 3-ჯერ შემცირდება - პირველადი 120 მილიონი აშშ დოლარიდან 40-50 მილიონამდე. სავაჭრო ცენტრის ადაპტირებული პროექტის პრეზენტაცია მაისში გაიმართება, სამშენებლო სამუშაოები კი ივლისში დაიწყება. პროექტს Willbrook Management International და Bovis Lend Lease ერთობლივად მართავს.
წლის ინიციატივა და რჩეული ბრენდი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, კომპანია გლობალიდეამ და გაზეთმა ფაინენშელმა რჩეულ ბრენდად, სხვადასხვა სფეროს 30-ზე მეტი კომპანია გამოავლინა. წლის ინიციატივის ნომინაციაში ქალაქის რებრენდინგის იდეით თბილისის მერიამ გაიმარჯვა, ხოლო ფარმაცევტული კომპანია პეესპე წლის რჩეული ბრენდი უკვე მეხუთედ გახდა.
წყარო: რადიოქალაქი
ბილაინის იაფი ტელეფონები
ეკონომ კლასის ტელეფონების გაყიდვებით, კომპანია ბილაინს აბონენტების რიცხვი 10%25-ით გაეზარდა. დღემდე 2000 ცალი 29-ლარიანი ტელეფონია გაყიდული; 35-ლარიანი ტელეფონები კი სრულად გაიყიდა.
წყარო: რადიოქალაქი
„კალა კაპიტალი“ ინვესტორის ძიებაში
„კალა კაპიტალის“ 1,2 მილიარდ აშშ დოლარად ღირებული პროექტის - „არსენალ სითის“ დასასრულებლად, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქართველი ლეგიონერის კახა კალაძის მიერ დაფუძნებულ კომპანიას ინვესტორის მოძიებაში დაეხმარება. პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ თბილისში 80 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, თუმცა ღირებულების მხოლოდ ნახევარი, 19 მილიონი აშშ დოლარი დაფარა, დარჩენილი თანხის გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო კი რამდენიმე მილიონი ლარის საურავი დაეკისრა. „არსენალ სითი“ კოპლექსია, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებით, კომპანიამ, კომპლექსის ტერიტორიაზე, სამთავრობო ოფისებიც უნდა ააშენოს.
ნიბა დელისი“ შენდება
65 მილიონ დოლარად შეფასებული ბიზნეს ცენტრის „ნიბა დელისის“ მშენებლობა მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება. კვადრატული მეტრი კომერციული ფართის ღირებულება 60 დოლარიდან დაიწყება. ცენტრი ორი ნაწილისგან შედგება - მიწისქვეშ 4-სართულიანი სავაჭრო ცენტრი, მიწის ზემოთ კი კოშკი აშენდება, საოჯახო სასტუმროთი, ოფისებით, საკონფერენციო დარბაზებით, რესტორნებითა და ბაღებით. არქიტექტორი იტალიელი მაქსიმილიანო ფუქსასია.
წყარო: რადიოქალაქი
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
30 გამოცხადებული ღალატის ქრონიკა |
▲back to top |
ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი
თანამედროვე პოლიტიკური ლექსიკონი. 2010
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ფასეულობებისთვის არაერთხელ გადაუხედავთ, მაგრამ ვერ ვიხსენებ დროს, როდესაც ქვეყნის მტერთან, მოქმედ მტერთან, სამხედრო კონფლიქტის დროს, მტრის მთავარ კაცს და კაცებს, იმპერატორს, შაჰს, ფარაონს, მეფეს, მთავარსარდალს, სახელმწიფოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს გარიგებაზე ელაპარაკო, მადლობა უხადო, ქვეყნის მომავალ განვითარებაზე მასთან ერთად იფიქრო და ასეთი საქციელი ყველგან და ყოველთვის ღალატად არ ითვლებოდეს. ღ-ა-ლ- ა-ტ- ა-დ!!!
ასე რომ, როგორც არ უნდა მოატრიალო, ამას მომავალშიც ღალატი ერქმევა. რომც მოხვიდეთ ხელისუფლებაში, თქვენ, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ღალატი კი არა პატრიოტული ქცევაა, ქვეყნის უკეთესი და რაც მთავარია,
ღირსეული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია, ასეთ საქციელს მაინც ღალატი ერქმევა. ხომ გახსოვთ, საბჭოთა საქართველოს დროსაც ღალატი ერქვა.
ნამდვილი პოლიტიკოსისთვის, ხალხის ლიდერისთვის, გაცილებით მოგებიანია, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით, თავის ქვეყანაში იჯდეს ციხეში, ვიდრე მტრის დახმარებით მმართველის ტახტზე ნებივრობდეს. თუ პოლიტიკოსი ხარ, ჩაჯექი, თუნდაც ცამდე მართალი იყო, გაწვალდი, დაიტანჯე, გამოიბრძმედე, დივიდენდები დააგროვე წარმატებული, პრინციპული, ღირსეული პოლიტიკისთვის, ოღონდ მტერს არ გაურიგდე. ხალხი დაგაფასებს!
თუ შენ ნამდვილი პოლიტიკოსი ხარ და შენი სახელმწიფოს ინტერესებს იცავ, მაშინ ქვეყანაში პატრიოტულ გრძნობებს (უპირველესად, გარეშე მტრებისგან ქვეყნის თავისუფლების დაცვას ვგულისხმობ) ხელს უნდა უწყობდე და არა პირიქით. ეს იმიტომ, რომ საზოგადოებაში პატრიოტიზმის მაღალი გრადუსი შენი ძალაა პოლიტიკური გამოწვევების წინააღმდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, თუ ასე არ იქცევი, ესე იგი, ამ საზოგადოებაზე გათვლები არ გაქვს. მაშინ ვისი იმედი გაქვს?
თუ ფულმა ან უფულობამ თავბრუ დაგახვია და მეხსიერება წაგიშალა, შენთვის ან თქვენთვის უკეთესად გასაგებ ენაზე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ Патриоти́зм (греч. πατριώτης — соотечественник, πατρίς — отечество) — нравственный и политический принцип, социальное чувство, содержанием которого является любовь к отечеству и готовность подчинить его интересам свои частные интересы. Патриотизм предполагает гордость достижениями и культурой своей Родины, желание сохранять её характер и культурные особенности и идентификация себя с другими членами народа, готовность подчинить свои интересы интересам страны, стремление защищать интересы Родины и своего народа.
აგრეთვე: Виды патриотизма
полисный патриотизм — существовал в античных городах-государствах (полисах);
имперский патриотизм — поддерживал чувства лояльности к империи и её правительству;
этнический патриотизм (национализм) — в основании имеет
чувства любви к своему народу;
государственный патриотизм — в основании лежат чувства любви к государству.
квасной патриотизм (ура-патриотизм) — в основании лежатгипертрофированные чувства любви к государству и своемународу. (რუსული ვიკიპიდია.პატრიოტიზმი.) რომელი виды მოგესადაგებათ, თავადგადაწყვიტეთ.
მოკლედ,თუ ამას წაიკითხავან წაიკითხავთ,ვინცხართ მანდ, იცოდეთ,რომ ამ ქვეყანაშიუმრავლესობაასე ფიქრობს.არა იმიტომ,რომ ყველამიშისტია,არამედიმიტომ,რომ ვერ ვიხსენებდროს, როდესაც ქვეყნის გარეშე მტერთან, მოქმედ მტერთან, სამხედრო კონფლიქტის დროს მტრის მთავარ კაცს და კაცებს,იმპერატორს, შაჰს, ფარაონს, მეფეს, მთავარსარდალს, სახელმწიფოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს გარიგებაზე ელაპარაკო, მადლობაუხადო, ქვეყნის მომავალ განვითარებაზე მასთან ერთად იფიქრო და ამას ღალატიარ ერქვას.ღ-ა-ლ-ა-ტ-ი!!!
vahotabula@gmail.com
![]() |
31 კლდის უბანი: ტურიზმი საკუთარ ქალაქში |
▲back to top |
კონსიერჟი
მარშრუტი, რომელსაც აქ გთავაზობთ, იმით არის კარგი, რომ არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ მომზადებას, სპეციალურ ჩაცმულობას, აღჭურვილობას ან გზამკვლევს. მისი გავლა სპონტანურად, ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე შეგიძლიათ. მაგალითად, აღმოჩნდით სოლოლაკში და ზედმეტი საათ-ნახევარი გაქვთ.
ასათიანის ქუჩისა (ასათიანის 14) და აზიზბეკოვის აღმართის კუთხეში გამოკიდული აბრა - „ბეთლემის კლდის უბანი“ სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ კედლისკენ მიგვითითებს. კლდისუბნისკენ ფერდობს ბეთლემის ქუჩა-კიბე (1850, არქიტექტორი ტიმოთე ბელოი) მიუყვება. საფეხურებს პირდაპირ მაცხოვრის შობის, იგივე, ბეთლემის ქვედა ეკლესიის მისადგომთან ავყავართ (აქ ეკლესია 1717 წელს აიგო, როგორც სომხურ-გრიგორიანული წმ. სტეფანეს დედათა მონასტერი). ქვედა ბეთლემის ეკლესია კიბე-ქუჩით უკავშირდება ფეთხაიანის, ბეთლემის ზედა ეკლესიას (ყოფილი ღვთისმშობლის მიძინების), რომელსაც დედა-ბეთლემსაც უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, ქრისტიანულ სამლოცველოს ამ ადგილას ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენამდე მოღწეული ტაძარი კი XVIII საუკუნეში აიგო. ზედა ბეთლემის ეკლესიის ეზო გაშლილი ადგილია. აქედან თვალწარმტაცი, პანორამული ხედი იშლება: სოლოლაკის კრამიტის სახურავები, ბარათაშვილის ხიდი, ავლაბარი, ელიას მთა ხელისგულზე მოჩანს.
მცირე გადახვევა: თუ ზედა ბეთლემის ეკლესიის სამრეკლოსკენ გავუყვებით გზას, გომის ქუჩას მივადგებით. ამ ქუჩაზე შემონახულია ზოროასტრული ცეცხლის ტაძარი ათეშგა (IV-VII სს. სპ. ათეშ - ცეცხლი, გაჰ - ადგილი, შენობა, რომელშიც მუდმივი ცეცხლი ენთო). და თუ გომის ქუჩიდან, ქვის კიბე-ქუჩაზე სვლას გავაგრძელებთ, უჩვეულო, მომწვანო ფერის, ჭიქური გუმბათი მოგვხვდება თვალში. ეს კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაა (ტაძრის ჩრდილოეთის კედელში დატანებული ორენოვანი წარწერის (ქართული და სომხური) მიხედვით, ეკლესია 1753 წელს სომეხ ბერებს აუშენებიათ).
სავალი ბილიკი ნარიყალას ციხისკენ
ძირითადი მარშრუტის გასაგრძელებლად გომის ქუჩიდან უკან, ზემო ბეთლემის ეკლესიის ეზოში უნდა დავბრუნდეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოლოლაკის ქედისკენ განვაგრძოთ სვლა. რამდენიმე წუთში აღმოვჩნდებით სოლოლაკის (ყოფილი კომკავშირის და პოპულარულად ცნობილ ახალგაზრდობის) ხეივანში. სავალი ბილიკი აქედან მარცხნივ, ნარიყალას ციხისკენ (XIII ს.) მიუყვება ფერდობს. გზად, პანორამულ ადგილებზე, ჭოგრიტები და გზამკვლევი დაფებია დამაგრებული. ხის სავარძლებზე, როგორც წესი, ქალაქისკენ ზურგშექცევით განმარტოებული თინეიჯერები სხედან.
თუ გნებავთ, ნარიყალას კედლების მიდამოებში თქვენც განმარტოვდით, ისიამოვნეთ ხედით ან ციხის ფარგლებში მოქცეულ წმ. ნიკოლოზის ტაძარს ეწვიეთ (XIII ს. აღდგენილია 1990-იან წლებში). აქედან ციცაბო დაღმართით კალაუბნისკენ ვეშვებით. მიმდინარე რეკონსტრუქცია აქ თითქმის ყველა შენობა-ნაგებობას შეეხო. გამონაკლისი არც სურფ-გევორქის (იგივე წმინდა გიორგის) სახელობის სომხურ-გრიგორიანული კათედრალური ტაძარია. ციხის საყდარს (ასე უწოდებდნენ უწინ სურფ-გევორქის ეკლესიას) ახალი აგურის ეზო უშენდება. ეკლესია მეცამეტე საუკუნის შუა წლებშია აგებული და, აქედან მოყოლებული, ქალაქის მრავალი ძნელბედობის მომსწრეა. განსაკუთრებით დაზიანდა მეთვრამეტე საუკუნეში, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. გადმოცემის მიხედვით, თბილისელი აშუღის, საიათნოვას სიცოცხლეც ამ შემოსევას ემსხვერპლა. ამ ეკლესიის ეზოშივე ნახავთ მის საფლავს. სურფ-გევორქის ეზოდან პირდაპირ მეიდანზე ამოყოფთ თავს. აქვე შეგიძლიათ წასახემსებლად შარდენის ქუჩის რომელიმე კაფე-რესტორანს ესტუმროთ ან... თქვენი საქმისა თქვენ იცით.
მარშრუტი: სოლოლაკი-კლდისუბანი - კალა სავალი მანძილი: 1.5 კმ ხანგრძლივობა: 2 საათი კატეგორია: მარტივი საწყისი წერტილი: ლ. ასათიანის ქუჩა, სოლოლაკი ისტორიული: ბეთლემის ქუჩა-კიბე, ბეთლემის ქვედა ეკლესია, ბეთლემის ზედა ეკლესია, ათეშგა - ცეცხლის ტაძარი, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია, ნარიყალას ციხე, წმ. ნიკოლოზის ეკლესია, სურფ-გევორქის ეკლესია, კალაუბანი ღირებულება: უფასო ტრანსპორტი/ პარკინგი: ასათიანის ან ახოსპირელის ქუჩა დამატებითი ინფორმაცია: www.tbilisi.gov.ge
ყველა ფოტო: ტაბულა
![]() |
32 ჯანსაღი ცხოვრება ძვირია |
▲back to top |
სერვისი
ლონდონში 560 საჯარო აუზია. დიდი კონკურენციის გამო ფასები დაბალია. მომსახურების დონის მიხედვით, დღიური გადასახადი ორიდან თხუთმეტ გირვანქამდე მერყეობს, ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება კი 60-150 გირვანქაა. ბევრად ნაკლები - 38 საჯარო აუზია პარიზში. ფასები ლონდონთან შედარებით, მაღალია. ნიუ იორკში, მხოლოდ მანჰეტენზე, 53 საჯარო აუზია, ფიტნეს ცენტრები ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ და, დიდი კონკურენციის გამო, აქაც საკმაოდ დაბალი ფასებია. გარდა ამისა, კლუბის წევრებისთვის წარმოუდგენელი ფასდაკლებებია - საშობაოდ, მანჰეტენის ყველაზე ფეშენებელური გამაჯანსაღებელი ცენტრი, ერთი თვის აბონემენტის (400 დოლარი) შეძენის სანაცვლოდ, ხუთთვიან უფასო მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს.
თბილისში რამდენიმე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, ყველა თითქმის ერთნაირ სერვისს გვთავაზობს. განსხვავება მხოლოდ ფასში, დიზაინსა და ატმოსფეროშია. თითქმის ყველა კომპლექსს აქვს სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი და მასაჟის სალონი. თუ შევუფარდებთ გამაჯანსაღებელი კომპლექსების მიერ შემოთავაზებული სერვისის ხარისხსა და ფასს, გამოვა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თბილისში გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ლონდონში, პარიზში ან ნიუ იორკში. ამის გამომწვევ მიზეზთაგან ერთ-ერთი და უმთავრესი, თბილისში ასეთი ობიექტების სიმწირე და, მაშასადამე, სუსტი კონკურენციაა. სანამ ბაზარზე სულ რამდენიმე ერთმანეთის მსგავსი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ფუნქციონირებს, სამომხმარებლო სტანდარტებსაც და ფასებსაც ისინი დააწესებენ.
შერატონ მეტეხი პალასის 0 სართულზე მდებარე მცირე ზომის სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით არის მოწყობილი. აქვს ფინური მშრალი საუნა, მასაჟის სალონი და Techno Gym-ის ტრენაჟორებით აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზი. სასტუმროში ასევე არის 2 აუზი - ღია 14მx16მ და დახურული, მრგვალი, 9მ-ის დიამეტრით. ორივე აუზის სიღრმე 1,5 მეტრია. „აქ ძალიან მშვიდი ატმოსფეროა, შეგიძლია დაისვენო, ივარჯიშო და არავინ შეგაწუხებს“, ამბობს 32 წლის გიორგი ქავთარაძე. ერთი თვის ფასი 236-დან 384 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია სხვადასხვა მომსახურების პაკეტზე. ერთადერთი, რაც შეიძლება არ მოგეწონოთ, სატრენაჟორო დარბაზში ჩართული რუსული საესტრადო მუსიკაა, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ.
ჭავჭავაძის 49ა-ში მდებარე კომპლექსი „ნეპტუნი“ ცნობილია აუზის სახურავით, რომელიც ზაფხულში იხსნება და ზამთარში იხურება. კომპლექსს აქვს სატრენაჟორო დარბაზი და საუნა. მის ტერიტორიაზე 2 აუზია - 25მx12მ, სიღრმე 2მ, და საჭყუმპალაო აუზი 3მx12მ-ით, სიღრმე 80 სმ. ნეპტუნში დაგხვდებათ მშვიდი გარემო, სტუმართმოყვარე პერსონალი და, სერვისთან შედარებით, ოდნავ მაღალი ფასები - 170-დან 450 ლარამდე.
თბილისის აუზებს შორის ყველაზე ადეკვატური, როგორც სერვისის, ისე ფასის მხრივ, ვაკის საცურაო აუზია. კოპლექსს უმაღლესი ხარისხის სერვისი და მრავალი დამატებითი მომსახურება აქვს - აქუა აერობიკა, მასაჟი, საცეკვაო აერობიკა, პილატესი (სუნთქვითი ვარჯიშები), იოგა, სპინინგი, ტაიჩი (იოგას ნაირსახეობა), სამედიცინო ტანვარჯიში და „დაივინგის“ გაკვეთილები. აქ არის ოლიმპიური ზომის აუზი (50მx 21მ), რომელიც ყოველ 5 საათში ერთხელ ულტრაიისფერი სხივებით და ყოველ ღამე სპეციალური წყალქვეშა რობოტით იწმინდება. 5 და 10-მეტრიანი სახტუნაო, 2 ცხელი და ცივი ჯაკუზი, ორთქლის, რუსული და 2 ფინური საუნა. ტერიტორიაზე არის საბავშვო აუზიც, დიეტური კაფე, სილამაზის და მასაჟის სალონები, კოსმეტოლოგის კაბინეტი და სოლარიუმი. აუზის სტუმრობა და ფიტნეს კლუბის წევრობა, ერთი თვით, 240-დან 350 ლარამდე დაგიჯდებათ.
პრაიმ ფიტნესის ვაკის ფილიალში (მის. ჭავჭავაძის 78) თქვენს განკარგულებაშია შენობის მეორე სართულზე Nautilus და Stairmaster-ის ტექნიკით აღჭურვილი დიდი სატრენაჟორო დარბაზი. პირველ სართულზე განთავსებულია სოლარიუმი, გასახდელები, მშრალი და ორთქლის საუნები, ცივი და ცხელი ჯაკუზი, მასაჟის კაბინეტი, იოგის, აერობიკის, აქუა აერობიკის კურსები და მცირე ზომის საცურაო აუზი. პრაიმ ფიტნესს კიდევ ერთი სატრენაჟორო დარბაზი აქვს გლდანის პირველ მიკრორაიონში და ვ. გორგასლის №75-ში მდებარე საჩოგბურთო კლუბში. ფასები 100-დან 230 ლარამდე მერყეობს.
ყველა ფოტო: ბესო დარჩია
![]() |
33 ჯერ კაბა, მერე ოსკარი |
▲back to top |
FASHION
შარლოტ ტერონი
თანამედროვე მოდის ტენდენციები ღია ნახევარტონებით, ინტენსიური ღვინისფერით და ლურჯის სხვადასხვა გრადაციებით, ოსკარების დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე აირეკლა. ვარსკვლავების სამოსში იყო ასიმეტრია, კორსეტი, გაზვიადებული ბრჭყვიალა ნაქარგები და ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებული მეტალის ქსოვილები.
წლევანდელ დაჯილდოებაზე არ ყოფილა ისეთი შოკისმომგვრელი მოვლენა, როგორიც, მაგალითად, ბიორკის კაბა-გედი გახლდათ 2001 წელს. ამ უცნაურ ჩაცმულობაზე წიგნები დაიწერა და არაერთი კომედიანიტი დღესაც ხუმრობს. თუმცა, იყო ჯეი ლოს სურეალისტურ-გროტესკული „არმანი პრივეს“ კაბა-ტალღა ან კაბა-კასკადი, ასევე სიგურნი უივერის ბერძნულ-რომაული „ლანვანი“, რომელიც მისი ავატარის ლურჯ სხეულს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე 2010 წლის ლოს ანჟელესს. პენელოპა კრუზის ბუნებრივი სილამაზე თითქოს უჩინარდებოდა დონა კარანის გახევებულ დრაპირებასა და „შოპარდის“ ბრილიანტებს შორის. არაჯანსაღ გასტრონომიულ ასოციაციებს იწვევდა დიორის სახლის შექმნილი ორი ლილისფერი ატლასის ვარდი შარლიზ ტერონის მკერდზე.
სარა ჯესიკა პარკერი და ტომ ფორდი
იყვნენ დამაჯერებელი ქალბატონებიც. სანდრა ბულოკის ოქროსფერი კაბა პაკუინის ძველი ჟაკარდის ქსოვილისგან შექმნა მარჩეზამ. ერთ-ერთი საუკეთესო იყო კერი მილიგანზე მორგებული „პრადას“ ელეგანტური, შავი ატლასის უსახელო კაბა მძიმე კრისტალებით. ქეით უინსლეტის სადაფისფერ, ბრტყელკორსეტიან, „ივ სან ლორანის“ კაბაზე თავს იწონებდნენ 2,5 მილიონდოლარიანი „ტიფანის“ არტ-დეკო ბრილიანტები. სარა ჯესიკა პარკერი კი, მართალია მეტისმეტი მაკიაჟით, მაგრამ მაინც დარჩა დახვეწილი გემოვნების ერთგული „შანელის“ სპილოსძვლისფერ კრეპის კაბაში და ფრედ ლივინგტონის სამაჯურებში.
მამაკაცებიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ, ახლა უკვე რეჟისორ-დიზაინერის, ტომ ფორდის სმოკინგებში. ხოლო რობერტ დაუნი უმცროსმა, „ლანვანის“ პიჯაკი, სპორტული ფეხსაცმელი და თითქოს მისივე ხელნაკეთი ბაფთა შემოგვთავაზა.
სიგურნი უივერი
სანდრა ბულოკი მარჩეზას კაბაში ოსკარით ხელში
ქეით უინსლეტი
პენელოპა კრუზი
თითოეული ვარსკვლავის სამოსს სტილისტების დიდი შრომა ეტყობოდა. ეს არტისტებისთვის „უსაფრთხო გადაწყვეტილების“ გარანტია, მაგრამ ჩვენ, მათ აღკაზმულობაში, ინდივიდუალიზმის დანახვას უფრო ვისურვებდით.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
34 ტემპი ძია ოსკარ, ტემპი! |
▲back to top |
კულტურა კინო
ქალბატონებო და ბატონებო, შოუ ისეთი გრძელია, რომ ავატარი უკვე წარსულს ჩაბარდა - სტივ მარტინი, შოუს ერთ-ერთი წამყვანი
7 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაწყებული ოსკარის რიგით 82-ე ცერემონია, „ელვინი და ციყვების“ გაგრძელებას უფრო ჰგავდა, ვიდრე შოუს. მოწყენილობამ ფესვების გადგმა წითელ ხალიჩაზევე დაიწყო. 2-3 საინტერესო მომენტს თუ გამოარჩევდით:
ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი
ვერა ფარმიგას („მაღლა ცაში“) „წამოსცდა“ - საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ხმა ქეთრინ ბიგელოუს მივეციო - მაშინ, როცა ამავე კატეგორიაში იყო ნომინირებული მისი რეჟისორი ჯეისონ რაიტმანი. რომ არა რაიტმანი, ვერა ფარმიგას წელს ოსკარის ნომინაცია არც „დაემუქრებოდა“.
„იღბლიანი ვარ, რომ დღეს ნომინანტთა შორის ვიმყოფები, თუმცა მიმაჩნია - ოსკარს ჯეფ ბრიჯესი მიიღებს“ განაცხადა „მაღლა ცაშის“ კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, ჯორჯ ქლუნიმ. მსახიობი მათარის და ელიზაბეტ კანალისის თანხლებით მივიდა შოუზე. გაურკვეველია მათგან რომლის დამსახურება იყო მთელი შოუს განმავლობაში ქლუნის სახეზე გახევებული გრიმასა.
ყველაზე მხიარულ მომენტად გამოდგა ვუდი ჰარელსონის („მაცნე“) წითელ ხალიჩაზე გამოჩენა. მსახიობი, რომელიც რამდენიმე წელია მარიხუანას ლეგალიზებისთვის იბრძვის, შოუზე კანაფისგან დამზადებული სმოკინგითა და პერანგით მივიდა...
ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენთაგანი - ასე შეფასდა ოსკარის დაჯილდოების 82-ე ცერემონია. წლევანდელი ოსკარი წინამორბედების ხანგრძლივობას დიდად არ აჭარბებდა, თუმცა ამ სამმა საათმა და წუთებმა ბევრს მთქნარების სურვილი გაუჩინა. როგორც „ლოს ანჯელეს თაიმსის“ მიმომხილველი მარი მაკნამარა წერს - „ყველას გვეგონა, რომ „კოდაკის“ კულისებიდან ვიღაც ღრიალებდა - ტემპი ადამიანებო, ტემპი“. წამყვანებმა, ალეკ ბოლდუინმა და სტივ მარტინმა, ვერ გაუქრეს პუბლიკას დროის შეგრძნება.
შარშანდელისაგან გასხვავებით, მოსაწყენი აღმოჩნდა მამაკაცის და ქალის როლებისთვის ნომინირებულთა წარდგენაც. ოსკარის ლაურეატები - ალკოჰოლიკი მუსიკოსი ჯეფ ბრიჯესი („შეშლილი გული“), გმირი ქალი სანდრა ბულოკი („უხილავი მხარე“), ნაცისტი კრისტოფ ვალცი („უსახელო ნაბიჭვრები“) და ცუდი დედა მო'ნიკი („ძვირფასი“) - თავიდანვე, ფავორიტები იყვნენ.
უდავოდ ნათელი წერტილი იყო საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინანტთა წარდგენა. ანიმაციურმა პერსონაჟებმა, მელიამ „ფანტასტიკური მისტერ ფოქსიდან“ და ბლუზმენმა ნიანგმა ლუიმ („პრინცესა და ბაყაყი“), შოუ ცოტათი გააფერადეს.
წლის დასაწყისისთვის კაცობრიობამ პლანეტა „პანდორაზე“ დადგა ფეხი. კინოსამყაროს თავს დაატყდა ჯეიმს კამერონის ყველაზე ველური ჰაი-ტექ ფანტაზიები. „ავატარმა“ მილიარდობით დოლართან ერთად, თითქოს ადამიანთა გულებიც მოიგო და... მხოლოდ სამი „ოსკარი“. ამჯერად აკადემიამ პრინციპებს უერთგულა და ციფრულ ცრემლებს, ადამიანური ემოციებით გაჯერებული „ქარიშხლის მბრძანებელი“ ამჯობინა. ოსკარის არსებობის განმავლობაში, ფენტეზის ან ფანტასტიკის ჟანრის ამ ნომინაციით დაჯილდოების ერთადერთ შემთხვევად „ბეჭდების მბრძანებელი“ რჩება.
ყველაზე მეტი ოსკარი „ქარიშხლის მბრძანებელს“ ერგო
თავის დროზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, „ამელი“ და „ფავნას ლაბირინთიც“ ოსკარის გარეშე დატოვეს. მიუხედავად ამისა, მაინც მოულოდნელი იყო მიხაელ ჰანეკეს ფილმის, „თეთრი ლენტის“ უოსკაროდ გასტუმრება. ამ ფილმმა ხომ არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, კანის ფესტივალით დაწყებული, „ოქროს გლობუსით“ დამთავრებული. უსიამოვნო სიურპრიზები ამით არ ამოწურულა. ოსკარი არც მეორე ფავორიტს, ჟაკ ოდიარის ფრანგულ „წინასწარმეტყველს“ ერგო. საბოლოოდ, ჯილდოს დაეუფლა არგენტინული ნამუშევარი - „საიდუმლო მათ თვალებში“. რა გაეწყობა, ევროპაში აღიარებული ფილმების დაუფასებლობა აკადემიის ტრადიციაა.
მო'ნიკის სამადლობელო სიტყვა, წითურთმიანი ქალის სცენაზე ამოვარდნა და კრისტოფ ვალცის ოსკარი - სამწუხაროა, რომ მხოლოდ ეს არის 82-ე ოსკარის ცერემონიის საუკეთესო მომენტების სრული ჩამონათვალი.
სანდრა ბულოკი
ყველა ფოტო: REUTERS ©
საუკეთესო ფილმი: ქარიშხლის მბრძანებელი
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი: ჯეფ ბრიჯესი - შეშლილი გული
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი: სანდრა ბულოკი - უხილავი მხარე
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი: კრისტოფ ვალცი - უსახელო ნაბიჭვრები
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი: მო'ნიკი - ძვირფასი
საუკეთესო რეჟისორი: ქეტრინ ბიგელოუ - ქარიშხლის მბრძანებელი
საუკეთესო ორიგინალური სცენარი: მარკ ბოოლი - ქარიშხლის მბრძანებელი
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ჯეფრი ფლეტჩერი - ძვირფასი
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: მაურო ფიორე - ავატარი
საუკეთესო მხატვრული გაფორმება: რიკ კარტერი; რობერტ სტრომბერგი; კიმ სინქლერი - ავატარი
საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: სენდი ფოუელი - ახალგაზრდა ვიქტორია
საუკეთესო ხმა: პოლ ოტოსონი და რეი ბეკეტი - ქარიშხლის მბრძანებელი
საუკეთესო ხმის მონტაჟი: პოლ ოტოსონი - ქარიშხლის მბრძანებელი
საუკეთესო მონტაჟი: ბობ მურავსკი და ქრის ინისი - ქარიშხლის მბრძანებელი
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: ჯო ლეთერი; სტეფან როზენბაუმი; რიჩარდ ბეინამი; ენდი ჯონსი - ავატარი
საუკეთესო გრიმი: ბარნი ბურმანი; მინდი ჰოლი; ჯოელ ჰარლოუ - ვარსკვლავური გზა
საუკეთესო სიმღერა ფილმიდან: რაიან ბინეიმი; თი-ბონ ბარნეტი - შეშლილი გული
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება: მაიკლ ჯიაჩინო - მაღლა
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი: ნიკოლა შმერკინი - ლოგორამა
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: იოაჰიმ ბეკი, ტივი მაგნუსონი - ახალი მოსახლეები
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: როჯერ როსს უილიამსი; ელინორ ბარკეტი - პრუდენსის მუსიკა
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: ფიშერ სტივენსი, ლუის ფსიჰოიოსი - ყურე
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: საიდუმლო მათ თვალებში - ხუან ხოსე კამპანელა
საუკეთესო ანიმაციური ფილმი: მაღლა - პიტ დოქტერი
![]() |
35 ტყეში დაბადებული პროექტი |
▲back to top |
კულტურა მუსიკა
26 წლის ბაჩი თომაძე, ელექტრონული მუსიკალური პროექტის, The Forest-ის შემქმნელია ძირითადად პროგრესულ და ექსპერიმენტულ ტექნოს უკრავს და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკის ავტორია.
განსხვავებული ჟღერადობის მუსიკაზე ბავშვობიდან შეყვარებული მუსიკოსი 15 წლის იყო, როცა რუსეთში წავიდა. იქ დაიწყო მუსიკის წერა და შემდეგ გამიქსვა: „თავიდან მეგონა, ძალიან დახვეწილ თემებს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი მაშინდელი ნამუშევრები ძალიან სასაცილო იყო“.
ერთი წელიწადში თბილისში დაბრუნების შემდეგ, მისი კარიერა სხვადასხვა კორპუსის სარდაფებში გაგრძელდა. ბაჩიმ თავისი ჭკუის ადამიანები იპოვა, გარშემო პანკი მეგობრები შემოიკრიბა, თმა მწვანედ შეიღება და რეივ მუსიკის მოსმენა დაიწყო. ,,დღე არ გავიდოდა, ჩემთან წვეულებაზე მომავალი რომელიმე მეგობარი ქუჩაში არ ეცემათ. ისინი იმ დროს საქართველოსთვის ძალიან მიუღებელი ადამიანები იყვნენ“, იხსენებს ბაჩი.
2000 წელს შექმნა ჯგუფი Second Floor, უკრავდნენ თრიფ ჰოფს. თბილისში ბევრ კარგ საღამოზე დაუკრავთ. იმავე წელს გამოუშვეს „ჰაერში დარჩენილი“, ალბომი, რომელსაც წარმატება არ მოუტანია: „მივხვდი, რომ ამ ბაზარზე მუშაობას პერსპექტივა არ ჰქონდა. უბრალოდ მსიამოვნებდა და მაინც ვაკეთებდი.“
ზაფხულობით ბათუმში უკრავდა. სწორედ იქ გაიცნო ვაკო ტაბატაძე და ერთობლივი პროექტის გაკეთება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი წვეულება ტყეში ჰქონდათ _ კლდეზე მდგარი ორი დიჯეი მხოლოდ ტყეს, ცასა და ვარსკვლავებს ხედავდა. „სწორედ იმ დღეს, გარემოდან გამომდინარე, დავარქვით ჩვენს პროექტს The Forest.
პროექტმა გაამართლა. ბაჩის თქმით, საკუთარი მუსიკის გავრცელების ძირითადი წყაროა Myspace. ამ სოციალური ქსელის საშუალებით გააფორმეს ორწლიანი კონტრაქტი ამერიკულ ლეიბლებთან: ARTEFEKZ, Music, Minimus, Xonae. The Forest-ის მიერ შექმნილ მუსიკას მსოფლიოს მასშტაბით ყველა ინტერნეტ მაღაზიაში უშვებენ.
სხვადასხვა ვოკალისტთან ერთად, ბაჩი თომაძე ამჟამად ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ამბობს, რომ ვოკალისტს, პირველ რიგში, მუსიკალურად და შინაგანად უნდა გაუგოს. მუსიკას წერს სახლში, ოთახში, სადაც მთელი კედლის გაყოლებაზე ფანჯარაა და საიდანაც ღამით მხოლოდ ცა, ვარსკვლავები და მთვარე მოჩანს. მუშაობს ღამით, ამბობს, რომ დღის შუქზე მუსიკის წერა არ გამოსდის. უახლოეს მომავალში გერმანიაში აპირებს წასვლას, სადაც ბევრი უკრავს მუსიკას, რომლის მოსმენაც თავად ძალიან სიამოვნებს.
ფოტო: დიმიტრი ჩიკვაიძე
![]() |
36 SI, CERTO SAPERAVI მაგრამ რომელი? |
▲back to top |
გურმანი|vita con vino
ყველა ფოტო: ბესო დარჩია
2009 წლის ზაფხულში პოპულარული კულინარიულ-ენოლოგიური ბლოგის www.vinoge.com-ის ბაზაზე ღვინის კლუბი დაარსდა. კლუბი აერთიანებს როგორც მეღვინეებს, ისე სხვადასხვა პროფესიის ღვინის მოყვარულებს. ამრიგად, კლუბის წევრობა შეუძლია ყველას, ვინც მეღვინეობა-მევენახეობის საკითხებით სერიოზულადაა დაინტერესებული ან, უბრალოდ, ღვინო უყვარს და სურს, ამ კუთხით ცოდნა გაიღრმაოს. სხვადასხვა ღონისძიებები, რომელსაც კლუბი გეგმავს და მასპინძლობს, კლუბის მრავალმხრივი მიზნების განხორციელებას ემსახურება. ზოგადი ჩამონათვალი ვრცელია: ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, ქართულ და უცხოურ ღვინოებზე ინფორმაციის შეგროვება. ყოველ კვირას კლუბის წევრები ან მოწვეული სპეციალისტები კითხულობენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე, ეწყობა გასვლითი ექსკურსია-სემინარები და, რა თქმა უნდა, ღვინის დეგუსტაციები.
27 თებერვალს რესტორან „პურის სახლში“ ღვინის კლუბმა უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის - „საფერავის“ დასაჭაშნიკებლად შეკრებილ კლუბის წევრებსა და სპეციალურად მოწვეულ ჟიურის უმასპინძლა. წარმოდგენილ იქნა ქართულ ბაზარზე არსებული საშუალო და დაბალი, 20 ლარამდე ღირებულების 16 „საფერავის“ ნიმუში. დეგუსტაცია მიმდინარეობდა ბრმად, 20-ბალიანი სისტემით. მოწვეულ ჟიურიში შედიოდნენ კომპეტენტური ენოლოგები: ზურაბ სტურუა, გიორგი სამანიშვილი, კახა ჭოტიაშვილი, გიორგი აბრამიშვილი; სომელიე მაგდა სურგულაძე და ღვინის კრიტიკოსი, „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია. 16 კომპანიის „საფერავის“ დაგემოვნებამ სამ საათს გასტანა. ბოლოს, მოწვეული ჟიურის ქულები და ღვინის კლუბის წევრების შეფასებები ცალ-ცალკე შეჯამდა. მიუხედავად ამისა, შედეგები არსებითად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ორივე შემთხვევაში ყველაზე მაღალი შეფასება გერმანულ-ქართული კომპანიის „შუჰმანის“ „საფერავმა“ (2008) დაიმსახურა. ქვემოთ მოცემული ორივე შეფასებით ნათლად ჩანს, რომ „საფერავების“ ხარისხისა მათი სარეალიზაციო ფასის შესაბამისობა უმეტესად დარღვეულია: შედარებით დაბალფასიანმა ღვინოებმა უფრო მაღალი ქულები მიიღეს.
2010 წლის 27 თებერვლის „საფერავის“ დეგუსტაციის შედეგები:
„ღვინის კლუბის“ წევრთა შეფასებით:
1. „შუჰმანის ღვინოები“ - „საფერავი“ 2008 (16,5 ქულა, 10.50ლ)
2. „ენისელის ღვინოები“ - „საფერავი“ 2007 (16,1ქულა 10.80ლ)
3-4. „ხარება“ - „საფერავი“ 2008 და „თელავის ღვინის მარნის“ „საფერავი“ (წელი მითითებული არ იყო) ორივეს 13.9 ქულა ერგო (9.00ლ ,13.20ლ)
5. „ბადაგონი“ - „საფერავი“ 2007 (13,5 ქულა 14.00ლ) მოწვეული ჟიურის შეფასებით:
1. „შუჰმანის ღვინოები“ - „საფერავი“, 2008 (17,8 ქულა, 10.50ლ)
2. „ხარება“ - „საფერავი“, 2008 (17,4 ქულა, 9.00ლ)
3-4. ადგილები - 16,6 ქულით გაიყო: „თელავის ღვინის მარნის“ (წელი მითითებული არ იყო) და „ენისელის ღვინოების“ - „საფერავი“, 2007 (13.20ლ, 10.80ლ)
5. „ქინძმარაულის მარანი“ - „საფერავი“ 2006 წ. (15,7 ქულა, 14.10ლ)
ამ ჩამოსხმების უმეტესობის შეძენა შესაძლებელია მაღაზია „ღვინის სამყაროში“ ან „გუდვილში“
თბილისის ღვინის მაღაზიები:
„ღვინის სამყარო“ -რ. ლაღიძის2. ტ: 98 95 84;
„ვინოთეკა“ - ლესელიძის 33, ტ: 47 60 11;
„ქინძმარაულის მარანი“ - ი. ჭავჭავაძის გამზ. 56. ტ.: 25 03 20;
„ტარო ინვესტის ღვინის სარდაფი“ - ი. ჭავჭავაძისგამზ. 62. ტ: 22 22 27;
„ღვინის სახლი“ - ლესელიძის ქ. 55; პეკინის ქ. 45, ტ: 37 22 54;
„ვინოსიმო“ - კავსაძის 7. ტ: 22 32 23;
„ვინოშოკი“ - თამარაშვილის ქ. 10. ტ: 39 95 36;
ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ - ფარნავაზის გამზ. 2. ტ: 24 36 70.
თუ ღვინო და კულინარია გიყვართ და მსგავსი ღონისძიებები გაინტერესებთ, მიმართეთ ბლოგს ღვინისა და გემოვნების შესახებ:
www.vinoge.ge. აქედანვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას და კლუბში გაწევრიანდეთ.
![]() |
37 ქათამი ღვინოში |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
გვერდის მასპინძელია თეკუნა გაჩეჩილაძე შეფ მზარეული
6 პორცია
6 პორცია ბულიონისთვის:
1 მოზრდილი ქათამი (სასურველია მუხრანის)
ხახვი, სტაფილო, ათიოდე პილპილის მარცვალი და 3 დაფნის ფოთოლი.
150 გრამი პანჩეტა (იტალიური ლორი) ან მშრალი ბეკონი
30 გრ. კარაქი
2 საშუალო თავი თეთრი ხახვი
1 დიდი სტაფილო
2 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ბოთლი მშრალი თეთრი
ღვინო („წინანდალი“ ან მსგავსი)
50 გრ. კონიაკი
4 ან 5 ღერი ტმინი (იყიდება სუპერმარკეტ „ჯორჯიტაში“)
40 გრ. კარაქი
300 გრ. მარგალიტი ხახვის მარინადი (იყიდება სუპერმარკეტ „ჯორჯიტაში“, „შინჰოფერში“, „გუდვილში“)
500 გრ. ქამა სოკო (დაჭრილი ორად ან ოთხად)
100 გრ. ნაღები („პარმალატი“)
ჯამში: 45 ლარი
ბულიონის მომზადების წესი: ქათამი დაჭერით რვა ნაწილად. ნაჭრები ცალკე გადადეთ, ძვლები მოათავსეთ ღრმა ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს. დაამატეთ ხახვი, სტაფილო, პილპილის რამდენიმე მარცვალი, დაფნის ფოთოლი და წამოადუღეთ. დაბალ ცეცხლზე იდუღოს 1 საათი.
მოგრძო, თხელ ნაჭრებად დაჭერით პანჩეტა და კარაქთან ერთად მოათავსეთ ღრმა ტაფაში. როდესაც ოქროსფრად შეიფერება, გადაიღეთ პანჩეტა თასში ისე, რომ ცხიმი ტაფაში დარჩეს.
ქათმის ნაჭრები შეაზავეთ მარილით და პილპილით, მოათავსეთ დარჩენილ ცხიმში და დაბრაწეთ, ვიდრე ქათმის კანი თაფლისფერი არ გახდება.
ამასობაში დაჭერით ხახვი და სტაფილო. გადმოიღეთ ქათმის ნაჭრები და დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ თუჯის ქვაბში. ურიეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე ხახვი არ გაფერმკრთალდება და წებოვან მასად არ იქცევა. დაამატეთ თხლად დაჭრილი ნიორი, ქათმის ნაჭრები და პანჩეტა. წებოვანი მასა დააბრუნეთ ქვაბში და შეურიეთ ფქვილი. 2 წუთის შემდეგ დაუმატეთ კონიაკი, ღვინო და ტმინი. ამის შემდეგ ჩამჩით დაუმატეთ იმდენი ბულიონი, რომ დაიფაროს.
როდესაც კერძი დუღილს დაიწყებს, გადმოდგით, დაახურეთ თავსახური და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
60 წუთის შემდეგ შეამოწმეთ: ნახეთ, მოხარშულია თუ არა, ქათამი. ხორცი რბილი უნდა იყოს, მაგრამ არა ჩახარშული. შემდეგ გადმოიღეთ ქათამი ჯამში.
ქვაბში დარჩენილი სოუსი დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ მასა შემცირდება. შესქელებულ სოუსს დაუმატეთ ნაღები.
ქათამი დააბრუნეთ ქვაბში. მომცრო ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ხახვის მარინადი და სოკო და მოთუშეთ, ვიდრე არ შეოქროსფრდება.
დაუმატეთ ეს ყველაფერი ქათამს და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გარნირად მოუხდება კარტოფილის პიურე ან თეთრი ბრინჯი.
ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი