ტაბულა №4


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნოდია გია, ბენდუქიძე კახა, ყველაშვილი გიორგი, ლადარია ნოდარ, ბუღაძე ლაშა, ზედანია გიგა, ბარათაშვილი ბიძინა, ბაბუნაშვილი ვახო, დადუნაშვილი სალომე, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|5 - 11 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი /რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ნინი გოგიბერიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, დავით გორგილაძე, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/ილუსტრაცია: კემო/დიზაინი & პრეპრესი: მანანა არაბული, კახა დოლიძე/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge /სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 / © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge ფოტო გარეკანზე: შირინ ნეჟადი/სერიიდან ალაჰის ქალები/ბრუსელი/გლედსტოუნ გალერეის საჩუქარი



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


0x01 graphic

ტაბულას მე-3 ნომერში გაიპარა შეცდომა. სტატიაში „საპროცესო შეთანხმება ქართულ რეალობაში“ ნათქვამი იყო, რომ Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში, საქართველომ უკვე 2007 წელს დააღწია თავი იმ ქვეყნების ჯგუფს, სადაც კორუფციის პრობლემა არსებობს. სინამდვილეში, საქართველო 2007 წლიდან აღარ შედის იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც კორუფციის ძლიერი პრობლემა არსებობს.

წავიკითხე პუბლიკაცია „დამოუკიდებლობის 19 წელი“ (ალბათ „წელიწადი“ აჯობებდა) და მომეწონა, რომ ჟურნალის რედაქცია არ არის საქართველოს საზოგადოებასთან „ფლირტზე“ განწყობილი.

0x01 graphic

მართალია, რომ 1921 წელს და 1991-შიც დამოუკიდებლობა თავს დაგვატყდა და ეს არ იყო „ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის მონაპოვარი“, როგორც ამას საქართველოს ისტორიის სუფრული ინტერპრეტირების მოყვარულები დღესაც გვიყვებიან, მათ შორის ტელევიზიითაც. პუბლიკაციის ავტორი სწორად სვამს კითხვას: თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში და ამავე საუკუნის მიწურულს ჩვენ დამოუკიდებლობა ბრძოლით არ მოგვიპოვებია (იგულისხმება საერთო ეროვნული და არა ინდივიდუალური), ვართ კი დამოუკიდებლობაზე ორიენტირებულნი და მისი მოსურნენი დღეს? მე პასუხი არ მაქვს.

ნიკო კაპანაძე.

0x01 graphic

თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებულმა სტატიამ „დამოუკიდებლობის 19 წელი“ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ერთ მეტად უარყოფით ტენდაციაზე ქართულ პოლიტიკასა და მედიასივრცეში. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე სერიოზული მსჯელობა არავის უნდა. იყო პერიოდი, როდესაც მას ყველაფერს აბრალებდენ, ახლა ყველაფერში მართალია. თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიაც ოსტატურად უვლის გვერდს ამ თემას. მაგალითად, სტატიის ავტორი წერს: საკვირველია, ქართველი ნაციონალისტები საკუთარ, დამოუკიდებელ ქვეყანაში თავგამოდებით იცავდნენ იდეებს, რომელიც სეპარატისტული მოძრაობების ქვაკუთხედად ითვლება. სწორია, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, თუ როდის დაიწყო ეს და ვინ იყო ამ იდეოლოგიის მთავარი მამოძრავებელი. ალბათ ბევრს ახსოვს და დამეთანხმება, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდიას მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური ხაზი და მისი შემდგომი ტრაგიკული ბედი არ ამართლებს ამ შეცდომას. შესაძლოა, ჩემი ეს პრეტენზია ფორმალურად დაუსაბუთებელია, რადგან სტატიაში არც ერთი სახელი ნახსენები არ არის და ისტორიული პროცესი განზოგადებულია, მაგრამ მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სტატიის ავტორსაც არ უნდოდა გამსახურდიას და ამ პერიოდის უფრო ჩაღრმავებული აღწერა. არადა, ეს აუცილებელია.

თამარ იაკობიძე

0x01 graphic

მინდა გამოვეხმაურო გია ნოდიას სტატიას „რაში მდგომარეობს ღალატი?“ მართლაც, რაში? გია ნოდიას ლოგიკით, სტალინი და ორჯონიკიძე არ არიან მოღალატეები, რადგან „ჩვენიანები“ არასდროს ყოფილან და, შესაბამისად, ღალატს ვერ ჩაიდენდნენ. ბურჯანაძე და ნოღაიდელი იყვნენ ჩვენიანები, ჩავიდნენ მოსკოვში, შეხვდნენ პუტინს, ხელი ჩამოართვეს და გახდნენ მოღალატეები. ანუ ჩაიდინეს ქმედება.

ძიძიგური, კუკავა და დავითაშვილი მოსკოვში არ ყოფილან, თუმცა ნოღაიდელთან პოლიტიკური თანამშრომლობა სწორედ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაიწყეს და მისი ეს ნაბიჯი პოლიტიკურადაც გაამართლეს. ახლა ის, ათასობით თუ არა, ასობით ადამიანიც ვთქვათ, ვინც ამ პოლიტიკურ გაერთინებას მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოზე და რუსეთთან შეკრას სამხედრო ალიანსი. ისინი ასე ფიქრობენ თავისთვის ან ამ აზრს ხმამაღლაც აცხადებენ. ვინ არიან ისინი, მოღალატეები? - ბევრი გამოდის. მართალია, გია ნოდია გარკვევით აცხადებს, რომ ამ მოღალატეობას არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართალთან, მაგრამ მოღალატედ მოხსენიებაც კი არავის გაუხარდება. მე არ ვფიქრობ ისე, როგორც ბურჯანაძე და ნოღაიდელი, მაგრამ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იზიარებან ამ პოლიტიკოსების შეხედულებებს. ეს მათი აზრია. არც გია ნოდია ართმევს მათ ამ აზრის ქონის და გამოთქმის უფლებას. მაგრამ რაში მდგომარეობს ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ღალატი? მათ, როგორც პოლიტიკოსებმა, გააკეთეს ის, რაც არაერთ მოქალაქეს უნდა და მოსწონს.

გია ნოდია წერს, სტალინი და ორჯონიკიძე მოღალატეებად იმიტომაც ვერ ჩაითვლებიან, რომ საქართველოს ერთგულების ფიცი არასოდეს დაუდიათო. მახსოვს, მე კომკავშირს შევფიცე ერთგულება, როცა ამ ორგანიზაციაში მიღებდნენ. კარგად მახსოვს, საბჭოთა არმიას შევფიცე ერთგულება, როდესაც ჯარში ვმსახურობდი. საქართველოსთვის ფიცის მიცემის პროცედურა არ მახსენდება.

რევაზ სუმბაძე

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„თბილისში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, რადგან საქართველო ევროპის ნაწილია. თქვენმა ქვეყანამ შიდა რეფორმებში დიდ წარმატებას მიაღწია“.

  • რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტეოდორ ბაკონსკი. 30 მარტი.

0x01 graphic

„ჩვენ ვიცით, ამ შემთხვევაში ისინი მიწაში ჩაძვრნენ, მაგრამ ეს უკვე სამართალდამცავი სტრუქტურების ღირსების საქმეა - ამოთხარონ ისინი კანალიზაციის ფსკერიდან და გამოიყვანონ დღის შუქზე“.

  • რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. 29 მარტი.

0x01 graphic

„ვისურვებდი, რომ დარჩენილი დრო მშვიდად გავატაროთ“

  • საფრანგეთის პირველ ლედის კარლა ბრუნის არ სურს, რომ მისმა მეუღლემ მეორედ იყაროს კენჭი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე. 26 მარტი.

0x01 graphic

„არ მსმენია, რომ ვინმეს პუტინი დაედანაშაულებინოს ტერორიზმსა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში, რომლებიც მისი ბრძანებით 11 თებერვალს დახოცეს“.

  • დოკუ უმაროვი, რომელმაც მოსკოვის ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა, თავს ტერორისტად არ მიიჩნევს. 30 მარტი.

0x01 graphic

„მოსკოვში მომხდარი ტერაქტების შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის ალბათობა რეალურია“.

  • კონსტანტინ ბარავოი. 2 აპრილი.

3 კვირა

▲back to top


27 მარტი

0x01 graphic

  • პენტაგონის განცხადებით, საქართველო აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტისგან დაფინანსებას მიიღებს. თანხა მოხმარდება საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ავღანეთის ოპერაციისთვის მოსამზადებელ პროგრამებს. საქართველოსთან ერთად დაფინანსდებიან ხორვატია, უნგრეთი და ბალტიის ქვეყნები.

0x01 graphic

  • ერაყის არჩევნების გამარჯვებულმა იად ალავიმ შაბათს განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რათა დროულად ჩამოყალიბდეს მთავრობა და დამყარდეს მჭიდრო ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან.

  • პოლონეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტის სპიკერი ბრონისლავ კომოროვსკი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.

28 მარტი

  • ბარაკ ობამამ ავღანეთში განლაგებული აშშ-ს სამხედრო ძალები მოინახულა. მან ავღანეთის პრეზიდეტ ჰამიდ ყარზაის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

0x01 graphic

  • ფრანგმა და შვეიცარიელმა პოლიციელებმა ერთობლივი ოპერაციით დააკავეს მძარცველთა ჯგუფი, რომელმაც გრანდ როიალ კაზინო გაძარცვა. ნაძარცვმა 240 ათასი ევრო შეადგინა.

29 მარტი

  • საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აშშ-ს ეწვია. იგი შეხვდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას და გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნს. სარკოზის და ობამას მოლაპარაკებების მთავარი თემები იყო ირანზე სანქციების გამკაცრება, ავღანეთი და გლობალური დათბობა.

0x01 graphic

  • ბირმაში, პირველად ბოლო ოცი წლის მანძილზე, არჩევნები ტარდება. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს მთავარი ოპოზიციური პარტია - დემოკრატიის ეროვნული ლიგა. ბოიკოტის მიზეზად სახელდება უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც სამხედრო ხუნტის თარგზეა გამოჭრილი.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთს ეწვია. ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისა და გერმანიაში თურქული დიასპორის უფლებების დარღვევის ნიადაგზე.

  • გუგლმა და იაჰუმ დაგმეს ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საძიებო სისტემები უნდა გაიფილტროს. ავსტრალიის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, შეზღუდვები მხოლოდ ნარკოტიკების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხება.

30 მარტი

  • ხავიერ სოლანამ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილე სტროუბ ტელბოტმა თბილისში შეხვედრები გამართეს.

  • მასაჩუსეტსის შტატში პოლიციამ 9 მოზარდი დააკავა. მოზარდებს ბრალად ედებათ მათი თანაკლასელის, 15 წლის ირლანდიელი გოგონას მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ფობი პრინსი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

  • ჟენევაში, ცერნის პროექტის ფარგლებში, ფიზიკოსებმა სუბატომური ნაწილაკები ერთმანეთს რეკორდული ენერგიით დააჯახეს. შედეგად, მათ წარმოშვეს მინიატურული ზომის ათასობით „დიდი აფეთქება“ - იმის მსგავსი, რამაც დასაბამი მისცა სამყაროს 13.7 მილიარდი წლის წინ.

0x01 graphic

  • მაროკოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა არაბთა გაერთიანებული საემიროების მმართველის ძმა. შეიხი ახმედი მსოფლიოში უდიდეს კერძო საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობდა და, ფორბსის მონაცემებით, დედამიწის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 27-ე ადგილს იკავებდა

  • აშშ-ს ებრაული ლობი ცდილობს, კონგრესის წევრების დახმარებით, შეასუსტოს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ზეწოლა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენჟამინ ნეთანიაჰუზე. ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტმა კონგრესს ღია წერილით მიმართა. წერილში კონგრესმენებს მოუწოდებდნენ, რომ არ დაეშვათ აშშ-ისრაელის ურთიერთობების გაუარესება.

  • საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში სიკვდილით დასჯილთა შესახებ. ორგანიზაციამ გააკრიტიკა ჩინეთი და მოუწოდა მას, გამოაქვეყნოს სიკვდილით დასჯილთა სიები.

31 მარტი

  • ჩეჩენმა მეამბოხე დოკუ უმაროვმა მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღო და რუსეთს ახალი თავდასხმებით დაემუქრა.

1 აპრილი

  • საქართველოს მასშტაბით, სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე ყველა ტელევიზიას დაახლოებით 36 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები ჩამოეწერებათ.

0x01 graphic

  • რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაღესტანში ჩავიდა. მახაჩკალაში მედვედევმა გამართა შეხვედრები ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და რესპუბლიკაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. 31 მარტს, ორი აფეთქების შედეგად, დაღესტანში 12 ადამიანი გარდაიცვალა. ტერორისტული აქტი პოლიციის წინააღმდეგ განხორციელდა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმრავლესობა პოლიციელია.

2 აპრილი

  • საქართველომ დაგმო მოსკოვის გეგმა, ააშენოს ორი აეროდრომი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას რეგიონის მილიტარიზაციის შესაჩერებლად „გადამჭრელი ზომების“ მიღებისკენ მოუწოდა.

  • ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა. ებრაული მხარის განცხადებით, თავდასხმა პალესტინის სამხედრო შეიარაღების განადგურებას ემსახურებოდა.

  • თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოგანმა განაცხადა, რომ თურქეთი ერთი თვის შემდეგ აშშ-ში საკუთარ ელჩს დააბრუნებს. ანკარამ ელჩი მას შემდეგ გამოიწვია, რაც შეერთებული შტატების კონგრესმა გენოციდად შეაფასა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობები.

4 რატომ დაარტყეს ტერორისტებმა მოსკოვს ახლა?

▲back to top


არენა|ტერორიზმი

ანალიზი

ჩეჩნეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა შარშან შეწყდა, მაგრამ ძალადობამ ტერორიზმისთვის ახალწვეულები მიიზიდა

ტონი ჰოლპინი

0x01 graphic

მეტროსადგური „პარკ კულტური“. მოსკოვი
ფოტო: REUTERS ©

მოსკოვში დაბრუნდა ტერორიზმი და, მასთან ერთად, დაბრუნდა შიში ჩვეულებრივი რუსების ცხოვრებაში. მარცხი განიცადა კრემლის სტრატეგიამ ჩრდილოეთ კავკასიის საზღვარზე ისლამისტ მეამბოხეებთან.

იმის დამტკიცება, რომ აფეთქებების უკან ჩეჩნური დაჯგუფება იდგა, მძიმე დარტყმა იქნება რუსეთისთვის. გასული წლის აპრილში პრეზიდენტმა მედვედევმა შეაჩერა ჩეჩნეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. მისი რწმუნებით, უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაახშეს ამბოხი, რომელიც ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში გრძელდებოდა ათეული წლის მანძილზე, 1990-იან წლებში, ორი სისხლიანი სეპარატისტული ომის შემდეგ.

ბატონი მედვედევის ახალი წარმომადგენელი რეგიონში იმდენად დარწმუნებული იყო რეგიონის პერსპექტივებში, რომ პარასკევს, 26 მარტს, მან პრეზიდენტს ჩეჩნეთის ტურისტულ ცენტრად ქცევის 15-მილიარდდოლარიანი (10 მილიარდი ევრო) გეგმა წარუდგინა.

დარტყმა მოსკოვის ცენტრში ანგრევს ამ მითს და, აგრეთვე, ხორცს ასხამს ჩეჩენ მეამბოხეთა მეთაურის დოკუ უმაროვის მუქარას ომის რუსეთში გადატანის თაობაზე. გასულ თვეში მან თქვა: „ამიერიდან სისხლის ღვრა აღარ შემოიფარგლება ჩვენი სოფელ-ქალაქებით. ომი მათ ქალაქებს უახლოვდება.“

მოსკოვის მეტროს აფეთქება პირდაპირი გამოწვევაა მედვედევისთვის. იგი ზეწოლის ქვეშაა. მან უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მეტოქეობის გაწევა წინამორბედ ვლადიმირ პუტინისთვის, რომელმაც 1999 წელს ჩეჩნეთში სეპარატისტთა გასანადგურებლად ულმობელი ომი წამოიწყო.

მას შემდეგ პუტინი ცდილობდა კონფლიქტის „ჩეჩენიზებას“ ადგილობრივ ძალებზე დაყრდნობით. მან ჩეჩნეთის პრეზიდენტად დანიშნა რამზან კადიროვი, რომელსაც მთებს შეხიზნული პარტიზანების განადგურება დაავალა.

სტრატეგია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ბატონმა კადიროვმა დაიტრაბახა კიდეც, ჩეჩნეთი „მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილად“ ვაქციეო. თუმცა, ეს მოხდა მეამბოხეების განდევნის ხარჯზე მეზობელ რესპუბლიკებში - დაღესტანსა და ინგუშეთში. შედეგად, მივიღეთ არეულობები ამ რეგიონებში და ადგილობრივი ტერორისტული კამპანიები ხელისუფლების წინააღმდეგ.

2008 წელს, საქართველოსთან ომის შემდეგ, მედვედევის მიერ საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ წააქეზა მეამბოხე მოძრაობები ჩრდილოეთ კავკასიაში. პუტინმა ჩეჩნური ქალაქები ნანგრევებად აქცია, რათა სეპარატისტებს ვერ შეეცვალათ რუკა. მედვედევის გადაწყვეტილება კი ამის საპირისპირო მოქმედება იყო.

თუ ასეთი სასტიკი შედეგების მომტანი ამფეთქებლების, თვითმკვლელი ქალების, ე.წ. „შავი ქვრივების“ რეკრუტირებაზე პასუხისმგებელია აჯანყებულთა მეთაური უმაროვი, მაშინ არსებობს ტერაქტების გამეორების საფრთხე.

უკანასკნელი აფეთქებები ყველაზე ავისმომტანი იყო რუსეთის დედაქალაქისთვის 2004 წლის თებერვლის შემდეგ, როცა მიწისქვეშა მატარებელში თვითმკვლელმა ამფეთქებლებმა მოკლეს 41 და დააზარალეს 250 ადამიანი. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე დღეს, თვითმკვლელმა ქალებმა თავი აიფეთქეს ორ თვითმფრინავში, რომლებიც მოსკოვის დემიდოვოს აეროპორტიდან აფრინდა. დაიღუპა 90 ადამიანი.

რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიის მიღმა, ფატალური ტერორისტული აქტები აღარ მომხდარა გასული წლის დეკემბრამდე, როდესაც ნაღმმა მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის დამაკავშირებელი ნევსკი ექსპრესის მატარებლის კატასტროფა გამოიწვია. მაშინ დაიღუპა 26 და დაშავდა 100 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს უმაროვის მებრძოლებმა. უმაროვი საკუთარ თავს უწოდებს „ემირს“ თვითგამოცხადებული მუსლიმანური სახელმწიფოსი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაზეა გადაჭიმული.

უმაროვი იბრძოდა ჩეჩნეთის ორივე ომში რუსეთის არმიის წინააღმდეგ 1990-იან წლებში. იგი აწარმოებდა პარტიზანულ კამპანიას უსაფრთხოების სამსახურების წინააღმდეგ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და აცხადებდა, რომ მისი შეიარაღებული ჯგუფი 1000 მებრძოლისგან შედგება. რუსმა სამხედროებმა რამდენჯერმე გაავრცელეს ხმა მისი მოკვლის შესახებ (უკანასკნელად გასული წლის ივნისში), თუმცა უმაროვმა ყოველ ჯერზე დააღწია მათ თავი.

ლუბიანკას მეტროს სადგურზე აფეთქება აშკარად გამიზნული იყო ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფისზე (ფე-ეს-ბე), რომელიც საბჭოთა პერიოდის „კაგებეს“ მთავარ სამმართველოზეა დაფუძნებული.

ფე-ეს-ბე ყოველთვის მოწინავე ხაზზე იყო ჩრდილოკავკასიელ ტერორისტთა ლიდერების პოვნისა და განადგანადგურების საქმეში. ისინი ძალადობდნენ მოქალაქეებზე, რომლებმაც ნახეს გატაცების მონაწილენი, იყენებდნენ დაკითხვის სასტიკ მეთოდებს და ზოგჯერ, მეამბოხეებზე ინფორმაციის ამოღებისას, კლავდენ კიდეც დაკითხულს.

0x01 graphic

ტერაქტისგან დაზარალებული
ფოტო: REUTERS ©

მეტროს მეორე სადგური, „პარკ კულტური“, ნაკლებად ცხადი სამიზნეა, მიუხედავად იმისა, რომ შორს არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. თუმცა, პიკის საათის დროს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სადგურია, რადგან აერთებს წითელ ხაზს - წრიულ ხაზთან, რომელიც მოსკოვის ცენტრს გარს ეხვევა.

მეტროს სადგურების შესასვლელებთან პოლიციელების დიდი რაოდენობის მიუხედავად, აშკარა თავისუფლება, რომლითაც ისარგებლეს ამფეთქებლებმა დაცვის ქსელის მიღმა შესაღწევად, განგაშს გამოიწვევს სახელისუფლებო და სამოქალაქო წრეებში. თითქმის შეუძლებელია მომავალი შემოტევების წინააღმდეგ ამომწურავი ზომების მიღება, თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველდღიურად მეტროთი მოსარგებლე მგზავრთა უზარმაზარ რაოდენობას, რომელსაც დღეიდან ტერაქტის გამეორების მოლოდინი ექნება.

წელს, მაისში, რკინიგზა 75-ე იუბილეს ზეიმობს და ამიტომ უფრო სიმბოლური სამიზნეა. ის საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის დროს აიგო. 1944 წელს სტალინმა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტ დამპყრობლებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ჩეჩენი ხალხი სამშობლოდან გაასახლა.

მოსკოვში, წითელ მოედანზე, ომში გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით, ზეიმი იგეგმება. კრემლის შეშფოთებას იწვევს ალბათობა, რომ მომხდარი ტერაქტი დედაქალაქში ახალი ტერორისტული კამპანიის დასაწყისია.

0x01 graphic

კადრები მეტროპოლიტენის უსაფრთხოების კამერებიდან

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

ტერაქტისგან დაღუპულთა ცხედრები
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის
ავტომობილის ანარეკლში

მოსკოვის უმნიშვნელოვანესი ზეიმის დროს მსოფლიოსთვის თავის შეხსენება ჩეჩენი ტერორისტებისთვისაც დიდი ცდუნებაა.

ფე-ეს-ბეს წინაშე ახალი თავსატეხი დგას. რამდენად შეუძლიათ აჯანყებულებს ააგორონ უწყვეტი კამპანია და რას მოიმოქმედებენ ამის წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალები.

ბატონმა მედვედევმა დაიფიცა, რომ „ბოლომდე“ შეებრძოლება ტერორს. ახლახან მან შეწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიაში სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მცდელობა. შეწყვეტილი რეფორმა ემსახურებოდა უკმაყოფილო და დაუსაქმებელ ახალგაზრდობაში მეამბოხეთა პოპულარობის აღმოფხვრას.

დღეს მან წონასწორობა უნდა დაიცვას საზოგადოებაში შურისძიების მოთხოვნილებასა და სადამსჯელო ღონისძებებს შორის რეგიონში, რომელშიც მძიმე ხელით გატარებული რეპრესიები უფრო მეტ ახალგაზრდა კაცს და ქალს მიამხრობს აჯანყებულებს.

სიკვდილის თარიღები

2002 წელს ჩეჩენმა მებრძოლებმა იერიში მიიტანეს დუბროვკის თეატრზე მოსკოვში, მძევლად აიყვანეს ასობით ადამიანი და მოითხოვეს რუსული ჯარების ჩეჩნეთიდან გაყვანა. ორდღიანი ალყის შემდეგ რუსეთის სპეცნაზმა თეატრში გაზი გაუშვა. დაიღუპა 129 მძევალი. მათი უმრავლესობა გაზით მოიწამლა.
2003 წლის დეკემბერში რუსეთის სამხრეთით, ესენტუკის სადგურის მიღმა, დილის მატარებელი აფეთქებამ გაგლიჯა. დაიღუპა 46 ადამიანი, დაშავდა 160-ზე მეტი.
2004 წლის თებერვალს, მოსკოვის მეტროში, დილის საათებში, თვითმკვლელმა ამფეთქებელმა 41 სიცოცხლე შეიწირა. დაშავდა 250 ადამიანი.
2004 წლის სექტემბერში, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში, ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს ათასზე მეტი ადამიანი, მათგან უმეტესობა - ბავშვი. სამი დღის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს შენობაზე. დაიღუპა 300 ადამიანი.
2009 წლის ნოემბერში ნევსკი ექსპრესის 14-ვაგონიანმა მატარებელმა ნაღმს გადაუარა და რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა 26 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი. მეორე დღეს, იმავე ადგილას, აფეთქდა მეორე ბომბი. ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი გამიზნული იყო გამომძიებლებზე, რომლებიც სამხილებს აგროვებდნენ.
წყარო: Times-ის მონაცემთა ბაზა

5 მოსკოვი მეტროს აფეთქებებში „ქართულ კვალს“ ეძებს

▲back to top


პოლიტიკა

მორიგი ბრალდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და გამოთქვა ვარაუდი მოსკოვის მეტროს სადგურებში მომხდარ აფეთქებებთან შესაძლო კავშირზე

29 მარტს, დილით, აფეთქებები მოხდა მოსკოვის ორ მეტროსადგურში - ლუბიანკასა და პარკ კულტურიში. 40 ადამიანი დაიღუპა, 90- ზე მეტი დაშავდა.

ნიკოლაი პატრუშევის თქმით, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს კავშირი აქვთ რეგიონის ტერორისტულ ჯგუფებთან. გამომძიებლები იკვლევენ მათ კვალს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ აფეთქებებში.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა პატრუშევმა 30 მარტს ჟურნალისტის შეკითხვაზე ამ აფეთქებებში გარე ძალების მონაწილეობის შესახებ საქართველო და მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახსენა და დასძინა, რომ ყველა შესაძლო ვერსია უნდა შემოწმდეს.

„ერთხელ მან ომი უკვე გააჩაღა. შესაძლებელია იგივე ხელახლა გაიმეოროს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ცალკეულ წარმომადგენლებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ ეს უნდა შევამოწმოთ მოსკოვის ტერაქტების მიმართაც“, - თქვა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამ ვარაუდს „შიზოფრენიული იდეა“ უწოდა. მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ეს შემაშფოთებელი განცხადებაა, ვინაიდან „რუსეთმა, შესაძლოა, მეტროს ტერაქტები საქართველოს წინააღმდეგ საბაბად გამოიყენოს“.

0x01 graphic

ნიკოლაი პატრუშევი

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ მოუწოდა რუსულ მხარეს, თავი შეიკავოს ნაადრევი განცხადებებისგან.

„ადრეც კეთდებოდა რუსეთის მხრიდან განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსკოვში მომხდარ კრიმინალურ ფაქტებთან საქართველოს ჰქონდა კავშირი. იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველოში ტერორისტები იყვნენ. ჩვენ რამდენჯერმე გადავამოწმეთ ეს ყველაფერი და არც ერთხელ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა,“ - განაცხადა სემნებიმ.

პატრუშევის განცხადებას დაემთხვა რუსული და აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ ინფორმაციის გავრცელება აზერბაიჯანში ტერორისტული აქტების აღკვეთის შესახებ. აზერბაიჯანის ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, 30 მარტს სააგენტოები იუწყებოდნენ 16 მარტს დამნაშავეთა 8-კაციანი ჯგუფის დაკავების შესახებ, რომელსაც ტერაქტების მოსაწყობად საჭირო იარაღი და მასალა საქართველოდან შეჰქონდა. ჯგუფის ერთი წევრი რუსეთის, დანარჩენები კი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქართული მხარე ამ საკითხზე კოორდინირებულად მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. მან განმარტა, რომ თბილისი „დეტალურად გაერკვევა“ ამ ვითარებაში. „საქართველოდან იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ, ამიტომ ამას ყურადღება უნდა მიექცეს,“ - ხაზი გაუსვა ვაშაძემ.

ინფორმაცია აზერბაიჯანში ამ ჯგუფის დაკავების შესახებ რუსულმა სააგენტოებმა პირველად 17 მარტს გაავრცელეს. ამ ცნობის კომენტირებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 18 მარტს განაცხადა, რომ ქართული მხარე არ ფლობდა ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. „აზერბაიჯანულ მხარეს ჯერჯერობით არ მოუმართავს ჩვენთვის. მომართვის შემთხვევაში მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“ - თქვა მან.

6 ჟენევის მოლაპარაკება

▲back to top


პოლიტიკა

მე-10 რაუნდი კვლავ უშედეგოდ დამთავრდა

0x01 graphic

გრიგორი კარასინი და გიგა ბოკერია
ფოტო: Gettyimages AFP©

23 მარტს დამთავრდა ჟენევის მოლაპარაკებათა მე-10 რაუნდი. როგორც მოსალოდნელი იყო, შეთანხმების გარეშე. განსახილველ საკითხთა ნუსხა, თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ასე გამოიყურებოდა: ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი, ტყვეთა გათავისუფლება, დაკარგული პირები და ინციდენტთა პრევენციის მექანიზმი.

ჟენევის პროცესი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც, ჯერჯერობით, მონაწილეთა სტატუსის შესახებაც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ: რუსეთი და საქართველო - როგორც კონფლიქტის მხარეები; ევროკავშირი, ეუთო და გაერო - თანათავმჯდომარეები და აშშ - მონაწილე. რუსეთი ცდილობს მოლაპარაკების სრულუფლებიან მხარეებად ცხინვალის და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები წარმოაჩინოს, რასაც, ბუნებრივია, საქართველო არ ეთანხმება.

სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მოლაპარაკება დაგეგმილ ფორმატში - პლენარული სხდომის სახით - მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, 2008 წლის ოქტომბერში, და ისიც რუსების გარეშე.

საქმე ის არის, რომ ცხინვალი და სოხუმი პლენარულ სხდომას მხარის სტატუსით ვერ დაესწრებოდნენ. სხვაგვარად მათი დასწრება რუსეთმა არ მოინდომა. იმის გამო, რომ პროცესი არ ჩაშლილიყო, მუშაობა გაგრძელდა სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც ყველა წარმოდგენილია პიროვნულად, მხარის მითითების გარეშე, რათა სტატუსის საკითხი არ წამოიჭრას. ქართული მხარის მოთხოვნით, მონაწილეთა შორის არიან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დღეს მოქმედებს ორი სამუშაო ჯგუფი - უსაფრთხოების საკითხებისა და ჰუმანიტარული. ამ დროისთვის ერთადერთ ხელშესახებ „მიღწევად“ შეიძლება ჩაითვალოს ინციდენტთა პრევენციის მექანიზმის შექმნა, რაც გულისხმობს მხარეებს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. სოხუმის მონაწილეობით შეხვედრები 2 კვირაში ერთხელ იმართება გალში. ცხინვალი ამ დროისთვის უარს ამბობს მონაწილეობაზე. შესაბამისად, შეხვედრა არ შემდგარა.

არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია შეთანხმების მიღწევა, რადგან რუსული მხარე, მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველების მხრიდან ძალის გამოუყენებლობის პირობას ითხოვს, ქართული მხარე კი მიიჩნევს, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება უკვე არსებობს, სარკოზის 12 აგვისტოს დოკუმენტის სახით, რომელსაც რუსული მხარე არ ასრულებს. ახალი შეთანხმების გაფორმებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ძველი შესრულდება - რუსული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებს და მას საერთაშორისო ძალები ჩაანაცვლებენ. ამასთან, რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას საქართველოსა და მარიონეტულ მთავრობებს შორის ითხოვს, რაც, ქართული მხარის შეფასებით, ცალსახად იმის მცდელობაა, რომ რუსეთმა მიჩქმალოს მისი, როგორც კონფლიქტის ძირითადი მხარის როლი; თავიდან აიცილოს წარსულში ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობა და ხელებგახსნილი დარჩეს მომავალში იგივეს გასამეორებლად.

კონფლიქტის დაწყების დღიდან საქართველო ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციას, მაგრამ 2008 წლამდე საერთაშორისო საზოგადოება თავს იკავებდა აქტიურად ჩართულიყო კონფლიქტის მოგვარებაში. უფრო მეტიც, ის რუსეთს განიხილავდა შესაძლოა არც თუ მიუკერძოებელ და დაუინტერესებელ, მაგრამ მაინც შუამავალ აქტორად კონფლიქტის მხარეებს - საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს - შორის, მაშინ, როცა ახლა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში, რუსეთი კონფლიქტის მხარეა.

მოლაპარაკებათა 10 რაუნდის შემდეგ თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, რომ ჟენევის პროცესის სარგებელი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართულ-რუსული პრობლემის შეხსენებით განისაზღვრება. 2008 წლის აგვისტოდან დღემდე, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც საქართველო რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან ხვდება, არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღებ ფორმატში - ევროკავშირის, აშშ-ს, ეუთოსა და გაეროს მონაწილეობით.

7 სააღდგომო შეწყალება

▲back to top


პოლიტიკა

გულმოწყალება თუ მანკიერი პრაქტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომოდ კვლავ შეიწყალებს პატიმრებს. შეწყალების კომისია პრეზიდენტს 70-მდე პატიმრის გათავისუფლებას ურჩევს. დაახლოებით ამდენს კი სასჯელის შემცირების რეკომენდაციას უწევს. სულ კომისიამ 238 განაცხადი განიხილა, რომელთა უმრავლესობა თაღლითობას, ქურდობას, ყაჩაღობას, ნარკოტიკის მოხმარებასა და დაჭრას შეეხებოდა. იდგა 9 არასრულწლოვნის შეწყალების საკითხიც, მაგრამ მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ისინი შედარებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. რეკომენდაციები პრეზიდენტთან საპატრიარქოდანაც გაიგზავნა - დაახლოებით 300 ადამიანზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილია, ერთპიროვნულად შეიწყალოს დამნაშავეები. ამისთვის მას სხვადასხვა მექანიზმის გამოყენება შეუძლია და სწორედ ასეთი მექანიზმია შეწყალების კომისია. ის 13 წევრისგან შედგება. კომისიას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეადგენენ.

როგორც შეწყალების კომისიის წევრი, პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, კომისიის წევრებს არ აქვთ განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებებს და თითოეული თავისუფალია თავის არჩევანში. მიუხედავად ამისა, წლების მანძილზე მაინც ჩამოყალიბდა პრაქტიკა - ითვალისწინებენ დანაშაულის რიგითობასა და სიმძიმეს. განსაკუთრებული სიმკაცრით კი მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, იარაღის გამოყენებით ყაჩაღობას, ტრეფიკინგს, ნარკოტიკის გასაღებასა და სხეულის განგებ დაზიანებას ეკიდებიან. „თითქმის არ მახსენდება ასეთი შემთხვევების დადებითი გადაწყვეტა,“ - აცხადებს ის. ამასთან, ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ აუცილებლად ითვალისწინებენ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ ადამიანი სასიკვდილო სენითაა დაავადებული, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მას ათავისუფლებენ.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

შსს-ს პირველადი მონაცემებით, 2008-2009 წლებში შეწყალებულ ადამიანთაგან დაახლოებით 400 (შეწყალებულთა 10%25) ისევ ციხეში აღმოჩნდა.

ბოლო წლებში შეწყალებათა სიხშირე და შეწყალებულთა რაოდენობა მატულობს. თუ 2006 წელს ოთხჯერ გამოცხადდა შეწყალება, 118 ადამიანი გაათავისუფლეს და 14-ს სასჯელი გაუნახევრეს, 2008 წელს 16-ჯერ შეწყალების შედეგად 2611 პატიმარმა დატოვა ციხე, ხოლო 273-ს სასჯელი შეუმსუბუქდა. 2009 წელს ამ ციფრმა იკლო - სამჯერადი შეწყალებით სულ 687 ადამიანი გათავისუფლდა და სასჯელი 123 პატიმარს შეუმცირდა. თუმცა ეს მაინც თითქმის 6-ჯერ მეტია 2006 წელთან შედარებით. 2010 წელს კი პირველი შეწყალება 4 აპრილს მოხდება

მატების ამ ტენდენციის ორ მიზეზზე საუბრობს ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) თბილისის ოფისის წარმომადგენელი ცირა ჭანტურია. პირველი - ციხეების გადატვირთულობა, რაც 2003 წლიდან პატიმრების რიცხვის მატებამ გამოიწვია. მეორე მიზეზი კი პოლიტიკურია. პრეზიდენტი დღესასწაულებზე იწყალებს პატიმრებს, რაც მის იმიჯზე დადებითად აისახება.

ცირა ჭანტურია განმარტავს, რომ კარგია, როცა პრეზიდენტი იჩენს კეთილ ნებას და შეიწყალებს ადამიანებს, მაგრამ პირობით ვადამდე გათავისუფლებას უფრო უსაფრთხო ზომად მიიჩნევს შეწყალებასთან შედარებით. მისი თქმით, შეწყალების შემთხვევაში ძნელია შეფასდეს რისკი, თუ რამდენად შეუქმნის ესა თუ ის ადამიანი საფრთხეს საზოგადოებას გათავისუფლების შემდეგ. როგორც ირკვევა, ამ რისკის შესაფასებლად შეწყალების კომისიის წევრებს დრო არ ყოფნით. ისინი მოკლე დროში, დოკუმენტების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას პატიმრის შესახებ. გათავისუფლების კომისიის წევრებისგან განსხვავებით, ვადაზე ადრე მათ არც პირადი კონტაქტი აქვთ პატიმრებთან.

ჩიორა თაქთაქიშვილიც აღნიშნავს, რომ, დადებითი ეფექტის მიუხედავად (ადამიანების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში, ციხეების გადატვირთულობის პრობლემის შემსუბუქება), შეწყალება არ უნდა იყოს ისეთი ხშირი და მრავალრიცხოვანი, როგორც ბოლო წლებში და უფრო ეფექტიან, ნაკლებ სარისკო და ჯანსაღ მექანიზმად მასაც პირობით ვადამდე გათავისუფლება მიაჩნია.

რისკის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2009 წლის 16 სექტემბერს შეწყალებულმა რატი რეხვიაშვილმა პოლიციელი გივი აფციაური მოკლა და კიდევ ორი პოლიციელი დაჭრა. ამ შემთხვევის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა სერიოზულად „გადაიხედოს“ შეწყალების პოლიტიკა, რადგან შეწყალებულების „დიდი, სერიოზული ნაწილი“ ისევ ბრუნდება დანაშაულის გზაზე. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი შეწყალებული მოხვდა ისევ ციხეში. თუმცა, შსს-ს პირველადი მონაცემებით, 2008-2009 წლებში შეწყალებულ ადამიანთაგან დაახლოებით 400 (შეწყალებულთა 10%25) ისევ ციხეში აღმოჩნდა.

ევროპასა და ამერიკაში, საქართველოსგან გასხვავებით, შეწყალება უფრო იშვიათი მოვლენაა. აქ უფრო მეტად პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი მუშაობს. მაგალითად, ბილ კლინტონმა, თავისი 8-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში სულ 459 ადამიანი შეიწყალა. ჯორჯ ბუშის შემთხვევაში კი ასეთი 200 ადამიანი იყო. რონალდ რეიგანმა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში 406 ადამიანი შეიწყალა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეწყალების უფლება შტატების გუბერნატორებსაც აქვთ). შეწყალებების არამასშტაბურობის მიუხედავად, ამერიკაში ხშირად აკრიტიკებენ შეწყალების პოლიტიკას და მას პოლიტიკოსთა პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ.

ქართული შეწყალების პოლიტიკის პოპულიზმის მასშტაბზე შეგვიძლია პრეზიდენტის მიერ მხოლოდ 2006, 2008 და 2009 წლებში შეწყალებული პატიმრების რაოდენობით ვიმსჯელოთ. ამ წლებში შეწყალებულთა რიცხვი 3826-ია.

როგორც არ უნდა ფასდებოდეს ასეთი აქტები, ერთი რამ ცხადია: კეთილი ნების გამოხატვა დამატებით რისკს არ უნდა უქმნიდეს საზოგადოების უსაფრთხოებას. ამასთან, შეწყალებათა დიდი რიცხვი, გარკვეულწილად, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მიმართ დაბალი ნდობის მაჩვენებელია.

8 ოპოზიცია მოკვდა. როგორ უნდა იშვას ახალი ოპოზიცია?

▲back to top


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გახმაურებულმა გამოკითხვამ ისედაც ცნობილი რამ კიდევ ერთხელ გააცხადა: ის, რასაც 2007 წლის შემოდგომიდან 2009 წლის ზაფხულამდე „ოპოზიციას“ ვეძახდით, გარდაიცვალა, ხოლო მისი შემცვლელი ჯერ არ გამოჩენილა.

ამიტომ ადგილობრივი არჩევნები (ანუ მისი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაწილი - თბილისის მერის არჩევნები), რომელსაც ასე ძალიან ველოდით, შეიძლება დიდ იმედგაცრუებად იქცეს - იმ აზრით, რომ ისინი დაახლოებით ისეთივე ნაწინასწარმეტყველევი და მოსაწყენი აღმოჩნდება, როგორც 2006 წლის მუნიციპალური არჩევნები იყო. ფაქტობრივად, ხდება ნაციონალური მოძრაობის იმდროინდელი პოზიციის გამართლება: არ ყოფილა მთავარი, პირდაპირ აირჩევს ხალხი ქალაქის მერს თუ საბჭოს საშუალებით.

მაშ რა არის მთავარი? თუ თემა ქვეყანაში დემოკრატიის დონეა, მაშინ ოპოზიციის მდგომარეობა და სტატუსი გადამწყვეტია. სადაც არ არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ხელისუფლების რეალისტურ ალტერნატივად წარმოიდგინო, იქ დემოკრატიის არსებობა, სულ მცირე, სათუოა. დღევანდელი ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციის პირობებში შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე, თუ რამდენად ლიბერალურად და კორექტულად იქცევა ხელისუფლება, მაგრამ დემოკრატიის მყარი საფუძვლების არსებობას ვერ დავიკვეხნით (ცხადია, დემოკრატია ზოგადად სადმე დასაკვეხნად კი არ გვინდა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს, მაგრამ ეს ისე, სიტყვას მოჰყვა).

ის, რაც გარდაიცვალა, არის ოპოზიცია, როგორც სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა. პიროვნებებზე თუ გადავალთ, ისტორიის სანაგვისკენ მიმავალ გზას მტკიცე ნაბიჯებით დაადგა მისი სიმბოლო - ლევან გაჩეჩილაძე. როცა ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძეც კი მოუწოდებს ბატონ ლევანს, ჯარისკაცად ჩაეწეროს ირაკლი ალასანიას არმიაში, რაღა უნდა თქვა?

როგორი უნდა იყოს საოცნებო ბავშვი - ახალი ოპოზიცია, რომლის დაბადება-მოძლიერების შემთხვევაში საქართველოში რეალურ დემოკრატიაზე საუბარი შეგვეძლება? ეს უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგ, არამედ, პირველ რიგში, რაღაცისთვის - და შეუძლია, ამ რაღაცისთვის ბრძოლაში ხალხი აიყოლიოს. მისთვის არ უნდა იყოს სულ ერთი, ვინ მოვა მიშას (გრიშას, დომენტის, ჯონდის...) შემდეგ.

თუ პოლიტიკურ ჯგუფს უნდა, ამ გზით წავიდეს, მან უნდა გააკეთოს მტკივნეული არჩევანი ერთიანობის ტაქტიკურ ლოზუნგსა და პოლიტიკური პრინციპების ქონას შორის. არავინ მოტყუვდეს: ეს იოლი არ არის. ოპოზიციის ერთიანობის იდეა პოპულარული რჩება, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პირობებში ის რაციონალურია: გაერთიანებულ ოპოზიციას ექნებოდა შანსი მაისში მერის არჩევნები მოეგო, დაშლილს და დაქსაქსულს არა აქვს. მაგრამ თუ გაერთიანება თვითმიზანია, პოზიტიურ ხედვაზე უარს ამბობ: ეს ნიშნავს, რომ, მტრის ამ წუთში დამარცხების გარდა, არაფერი გაინტერესებს და მზად ხარ, ეშმაკსაც შეეკრა. ერთადერთი თვალისმომჭრელი ჭეშმარიტება ხელისუფლების ბოროტებაა. მაგრამ თუ გაქვს პრეტენზია, რომ რაღაც ღირებულებები გაგაჩნია და მათთვის იბრძვი, ყველას ვეღარ დაიყენებ გვერდით.

ირაკლი ალასანია ქართულ პოლიტიკაში მოვიდა პრეტენზიით, რომ გახდებოდა ახლებური, წესიერ ოჯახში გამოსაჩენი ოპოზიციის ლიდერი, რომელიც თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებთან იქნებოდა ასოცირებული. როგორც ჩანს, საზოგადოებაში არსებობდა დაკვეთა ასეთ ოპოზიციაზე: მაშ საიდან ამხელა სასტარტო რეიტინგი ნიუ-იორკიდან ახალჩამოსულ სიმპათიურ ახალგაზრდას, რომელსაც არასოდეს არაფრით გამოუჩენია თავი? დღეს მან ეს იმედზე დამყარებული რეიტინგი გაფლანგა: შეიძლება ითქვას, ალასანია „ჩამორესპუბლიკელდა“. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ყალბი „ერთიანობის“ ქიმერას გაჰყვა და საკუთარი ხედვა და ამ ხედვის მიყოლისთვის საჭირო პოლიტიკური ნება ვერ აჩვენა საზოგადოებას.

პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა შარშანდელ საგაზაფხულო „წადი, მიშას“ კამპანიას დასაკლავად განწირული ცხვარივით გაჰყვა. თუნდაც შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური ალღო ვერ გამოიჩინა და ვერ დაინახა, რომ მოძრაობას პერსპექტივა არ ჰქონდა და მისგან თავიდანვე დისტანცირება ჯობდა. უფრო სწორად, კი ხვდებოდა ამას - თანაალიანსელები პრესაშიც გამოთქვამდნენ სკეპტიციზმს ძმები გაჩეჩილაძეების შთაგონებული პროექტის მიმართ - მაგრამ მაინც დაეთანხმა მათ მოედანზე თამაშს. რატომ? არ უნდოდა „ხალხის ერთიანობის“ დამრღვევი გამოსულიყო. თუმცა, ბოლოს მაინც ეს დაუძახეს.

ამ თებერვლის ნევროტული გადარბენების (გაჩეჩილაძე- ნოღაიდელისკენ და უკან) გახსენება უხერხულიც კია. ძირი აქაც იგივეა: ოღონდ ერთიანობა იყოს, ვისთან, რასთან - არა აქვს მნიშვნელობა. რესპუბლიკელებმა იმ მომენტში პრინციპული პოზიცია დაიკავეს და ამისთვის ქებას იმსახურებენ. მაგრამ, ვაი რომ, რაიმე საკითხზე თანმიმდევრული პოზიცია მათგანაც იშვიათი გამონაკლისია. ალასანია კი ბოლოს დაბრუნდა, მაგრამ რაღა ფასი აქვს?

საერთოდ, დღევანდელ ოპოზიციაზე წერა მოსაწყენი და დეპრესიულია: გეცოდება, მაგრამ ვერაფერს შველი. ამიტომ უნდა იანგლო. მაგრამ პრობლემაც რომ მძიმეა: არ არის აუცილებელი, პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა პათოლოგიურად გძულდეს იმის დასანახავად, რომ ანგარიშგასაწევი და ამავე დროს მყარ და გასაგებ ღირებულებებზე ორიენტირებული ოპოზიციის გარეშე ჩვენი სახელმწიფოებრიობა არამყარი დარჩება. საიდან უნდა იშვას ასეთი ოპოზიცია, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. მაგრამ თუ დღევანდელ ოპოზიციაში საღად მოაზროვნე ადამიანები არიან - რის იმედსაც ვიტოვებ - ერთს მაინც უნდა მიხვდნენ: სრული ოპოზიციური ერთიანობის შარშანდელ თოვლს (თუ შარშანდელ წიწიბურას) ვეღარ დაიბრუნებ. ის მატარებელი დიდი ხანია წავიდა.

9 რა პრობლემები აწუხებს საქართველოს მოსახლეობას

▲back to top


პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა კვლევა, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემები გამოჰყო.

სამ ყველაზე დიდ პრობლემად, გამოკითხულთა მიერ დასახელდა: უმუშევრობა (36%25), ტერიტორიულ მთლიანობა (27%25) და ეკონომიკურ მდგომარეობა (10%25).

დასახლებული პუნქტის (ქალაქი/სოფელი) დონეზე, უმთავრეს პრობლემებად უმუშევრობა (39%25), გზები (13%25) და წყალმომარაგება (7%25), ხოლო ოჯახის დონეზე - უმუშევრობა (44%25), ეკონომიკური მდგომარეობა (18%25) და ჯანდაცვის სისტემა (8%25) მიიჩნიეს.

უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას, გამოკითხულთა 38%25 მიხეილ სააკაშვილს, 9%25 გიორგი თარგამაძეს, 6%25 კი შალვა ნათელაშვილს ანდობს.

გამოკითხულთა 34%25-ის აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ყველაზე უკეთ მოაგვარებს მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის შემდეგ, მოდიან გიორგი თარგამაძე 7%25-ით, ირაკლი ალასანია და შალვა ნათელაშვილი 5-5%25-ით.

კითხვაზე - ყველაზე უკეთ ვის შეუძლია, მართოს ქვეყანა ფინანსური კრიზისის დროს? - რესპონდენტთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: 1. მიხეილ სააკაშვილი - 40%25; 2. გიორგი თარგამაძე - 8%25; 3. ირაკლი ალასანია და შალვა ნათელაშვილი - 5-5%25.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, სააკაშვილის მაჩვენებელი 45%25-დან 40%25-მდე დაეცა, ალასანიას მაჩვენებელი 10%25-დან 5%25-მდე, ნათელაშვილის კი 6%25-დან 5%25-მდე. 5%25-დან 8%25-მდე იმატა გიორგი თარგამაძის მაჩვენებელმა.

გამოკითხულთა აზრით, რუსეთის აგრესიის დროს, ქვეყნის მართვას ყველაზე უკეთ თავს გაართმევს: 1. მიხეილ სააკაშვილი - 34%25; 2. გიორგი თარგამაძე - 8%25; 3.ირაკლი ალასანია - 6%25; 4. შალვა ნათელაშვილი - 5%25.

აქაც, წინა კვლევის შედეგებთან შედარებით, მაჩვენებელმა იკლო: სააკაშვილისთვის 41%25-დან 34%25-მდე, ალასანიასთვის 11%25-დან 6%25-მდე და ნათელაშვილისთვის 6%25-დან 5%25- მდე. გიორგი თარგამაძის რეიტინგი კი გაიზარდა - 5%25-დან 8%25-მდე.

კვლევა ტარდებოდა 4-დან 13 მარტამდე. გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული 1800 ადამიანი - 800 თბილისიდან და 1000 რეგიონებიდან. ცდომილების ზღვარი 2.3%25-ს შეადგენს. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). სოციოლოგიური კვლევა დააფინანსა აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.

0x01 graphic

0x01 graphic

10 ნელ-ნელა წინ, ნელ-ნელა უკან

▲back to top


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

ეკონომიკა

წინა ჯერზე ტაივანზე გიყვებოდით - რომ გადაიქცა ღარიბი ქვეყნიდან მდიდარ ქვეყნად - და ვითომ ამისთვის არაფერი ჰქონდა. რამდენიმე ჩემმა ნაცნობმა მითხრა - ეგ გამონაკლისი ქვეყანააო. ამიტომ გადავწყვიტე დღეს მოგითხროთ არა იმათზე, ვინც წინ წავიდა, არამედ ვინც უკან ჩაიჩოჩა.

1950 წელს ეს იყო მსოფლიოში 12 ყველაზე მდიდარი ქვეყანა - ზედა მწკრივში ხედავთ მათ ადგილს მდიდრების სიაში. ქვედა მწკრივში კი ხედავთ, თუ რა ადგილი უკავიათ მათ 2010 წელს სიმდიდრით (მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე).

სულ მოსახლეზე). როგორც ხედავთ, ამერიკა, კანადა, ევროპის ქვეყნები ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს ასე თუ ისე. 1950 წლიდან ახალი ქვეყნები გაჩნდნენ და მათ ცოტათი ჩააჩოჩეს 1950 წლის ლიდერები - მაგალითად, სინგაპურმა და ბერმუდამ გაუსწრეს ყველა ამ ქვეყანას. მაგრამ ეს არ არის დღეს განსახილველი. შეხედეთ სამ ფავორიტს:

  • მესამე ადგილი - ახალი ზელანდია - ახლა 51- ადგილას

  • მეოთხე ადგილი - ვენესუელა - ახლა 84- ადგილას

  • მეთორმეტე - არგენტინა - ახლა 81 ადგილას

თან ეს ქვეყნები შემთხვევით არ მოხვდნენ 1950 წელს მდიდრების რიცხვში - 1900 წელს, საუკუნის დასაწყისში, ახალი ზელანდია მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო, არგენტინა ისევ მეათე, ვენესუელა კი ოცდამეათე ადგილზე იყო.

0x01 graphic

ასეთი რა დაემართათ ამ ქვეყნებს, ეპიდემია თუ ცუნამი? სამივე ქვეყანა სხვადასხვანაირია - ახალი ზელანდია ყველაფრისგან შორს, რესურსების გარეშე ცხოვრობს, ვენესუელას ასკდება ნავთობი, არგენტინას უზარმაზარი ტერიტორია აქვს, უამრავი რესურსი, ნავთობიდან უზარმაზარ სოფლის მეურნეობამდე.

რა ჭირი ეტაკათ? სამივეს ერთი და იგივე. სოციალიზმი შეეყარათ. ახალი ზელანდია მინდა ცალკე გავარჩიოთ შემდგომში. იმიტომ, რომ იმკურნალა და ახლა გამოკეთდა, მის მკურნალობაზე და მკურნალებზე - როჯერ დაგლასზე და რუთ რიჩარდსონზე ცალკე მოგიყვებით.

სოციალიზმი კომპარტიის გარეშე - რაც ჩვენჩვენთვის უცნობია, მაგრამ ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული სენია განვითარებად ქვეყნებში. რაში გამოიხატება? სახე სხვადასხვაა, შინაარსი ერთია - მთავრობას უნდა ეცოდებოდეს ხალხი, არ სჯეროდეს, რომ ის რამეს გააკეთებს თავისით, უნდა დარწმუნებული იყოს, რომ მისნაირი (მთავრობისნაირი) ჭკვიანი რომ უხელმძღვანელებს ეკონომიკას, ეს უფრო კარგია, ვიდრე ვიღაც გაუნათლებელი, ვიგინდარა ანდა სულაც ხარბი ხალხი შეესიოს ეკონომიკას და ვისაც რა უნდა, ის აკეთოს.

მახსოვს, დაახლოებით 2000 წელს, არგენტინის ფინანსთა მინისტრს ვუსმენდი. ჩემი ყურით. მან თქვა: ნაციონალიზაციის დიდი გამოცდილება გვაქვს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ ჩავატარეთო.

შემდგომში, ისტორიკოსების ნაწერებში, კინოფილმებში, მოგონებებში ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. გახსოვთ ალბათ ალან პარკერის ფილმიდან „ევიტა“, როდესაც დასაწყისში სულ სხვა სანახაობისთვის გამზადებულ დარბაზს მოქალაქე ეუბნება: „გარდაიცვალა ევიტა პერონი, არგენტინელი ხალხის სულიერი ლიდერი“. ისინი ტირიან, ჩვენ ვტირით. მადონა და ბანდერასი, ვებერის მუსიკა - მიდი და ნუ იტირებ.

რაც ევიტა პერონმა და მისმა ქმარმა უყვეს არგენტინის ეკონომიკას, ის ჯერ უგო ჩავესსაც კი არ უქნია ვენესუელის ეკონომიკისთვის.

მე ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას - ხომ არ იყო რამე ერთი შეცდომა, რომელიც ან არგენტინაში, ან ვენესუელაში გახდა მიზეზი უკუსვლის? მე ასეთი ერთი ცალი შეცდომა ვერ ვიპოვე. ოთხ პატარა მაგალითს მოვიყვანთ, შეგიძლიათ საკუთარი თავი გამოსცადოთ, ახლობლებიც და მერე დაასკვნათ, ჩვენ უფრო სინგაპურივით გავუსწრებთ ამერიკას, თუ უფრო ვენესუელასავით დავიმხობთ თავზე ეკონომიკას.

  1. ვენესუელაში მთავრობა ზრუნავს გაჭირვებულ ხალხზე და ასუბსიდირებს ბენზინს, რის გამოც მსოფლიოში ყველაზე იაფი ბენზინი ვენესუელაში იყიდება.

  2. არგენტინის პრეზიდენტმა კირშნერმა მოახდინა კერძო საპენსიო დანაგროვების ნაციონალიზაცია, ვინაიდან არ სჯერა, რომ კერძო კომპანიები კარგად მოუვლიან ამ ფულს.

  3. ვენესუელაში ცემენტი ეძვირა უგო ჩავესს. შეუთვალა კომპანიებს - გააიაფეთო. არ დაუჯერეს. მაშინ ნაციონილიზაცია გაუკეთა ცემენტის საწარმოებს და ახლა იაფი ცემენტი აქვთ ვენესუელაში.

  4. არგენტინის მთავრობამ ხორცის ექსპორტი აკრძალა - ჩვენთან დარჩეს და გაიაფდესო.

მოგწონთ?

11 ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია

▲back to top


ეკონომიკა

0x01 graphic

ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია მომზადდა. საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერის პროექტი ნიდერლანდების განვითარებისთვის თანამშრომლობის სამინისტრომ 700.000 ევროთი დააფინანსა.

2005 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, ახალი სტრატეგია, კორუფციის აღმოფხვრის ნაცვლად, მის პრევენციაზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს ხუთ ძირითად მიმართულებაზე: მოქალაქეთა საჯარო სერვისის გაუმჯობესება; ხარჯვაზე ორიენტირებული ბიუჯეტიდან პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის დახვეწა; საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმა; და სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა.

კორუფციის აღმოფხვრიდან მის პრევენციაზე აქცენტის გადატანა ბოლოდროინდელმა ტენდენციამ გამოიწვია: საქართველოში კორუფციის დონე, ისევე, როგორც ქვეყნის მთავრობაში კორუფციის გავრცელება, ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა - ასეთია პროექტის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის - კორუფციის აღქმა საქართველოში - შედეგები.

კვლევა 2010 წლის იანვარში სოციოლოგიურმა ცენტრმა გორბიმ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და მასში 1000 რესპონდენტი მონაწილეობდა. მათგან 800 საჯარო მოხელე იყო. 71%25-ის აზრით, მთავრობაში დღეს კორუფცია „არ არსებობს.“

სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის აღქმით კვლევითი ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ყოველწლიურად ინტერესდება: საქართველო 2004 წელს რეიტინგში 133-ე ადგილზე იყო, შარშან კი 66-ზე გადაინაცვლა.

შარშან კორუფციის აღქმის ინდექსის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ, ეკონომიკური მართვის სისტემის გაუმჯობესებასთან ერთად, კორუმპირებული მოხელეების დასჯის ფაქტები დაასახელა.

ევროსაბჭოს ექსპერტების აზრით, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებით, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. პროექტის მრჩევლისა და ევროსაბჭოს ექსპერტის მარიანა ტრივუნოვიჩის თქმით, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ორგანოს არსებობას განაპირობებს ორი რამ: პირველი - არ არსებობს იდეალური ქვეყანა, სადაც კორუფცია საერთოდ არ არის და მეორე - საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე გარკვეული ვალდებულებები იკისრა.

მათ შორისაა გაეროს ანტიკორუფციული კონვენცია, რომელიც 2005 წელს შევიდა ძალაში და რომლის თანახმადაც, ქვეყნებში უნდა არსებობდეს პრევენციული ანტიკორუფციული ორგანო; ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული პროგრამა. საქართველო ამ კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. ამავე წლიდან ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის ვახტანგ ლეჟავას თქმით, ახალ სტრატეგიაში ყველაზე მთავარი ეფექტური კანონმდებლობის შემუშავებაა, რადგან კარგი კანონმდებლობა ნაკლებ საფუძველს ქმნის კორუფციისთვის.

  • რუბლი გაუფასურდა

0x01 graphic

მოსკოვის ორ მეტროსადგურში ორშაბათს დილით მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც, ოფიციალური სტატისტიკით, 35 ადამიანი ემსხვერპლა, მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე რუბლი რამდენიმე პუნქტით დაეცა. Reuters-თან საუბრისას „მეტალინვესტბანკის“ დილერმა მიხაილ აზიზბაევმა განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტია და სავარაუდოდ, რუბლი მეტად არ უნდა გაუფასურდეს.

  • საწვავზე ფასები

0x01 graphic

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირი ახლო მომავალში საწვავზე ფასების ზრდის პროგნოზს აკეთებს: ბოლო 6 კვირის განმავლობაში 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი „პლაცის“ (PLA TT'S) მიხედვით 119 დოლარით გაიზარდა. კავშირის მონაცემებით, თებერვლის შუა პერიოდში დაფიქსირებული 642,25 აშშ დოლარიდან ფასი ტონაზე დღემდე 761 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ანუ ამ პერიოდში 18,5%25-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა, ადგილობრივმა კომპანიებმა, არსებული მარაგების საფუძველზე, ფასების შენარჩუნება მაინც მოახერხეს: ამჟამად მარაგები ფაქტიურად ამოწურულია, ამიტომ საქართველოს ნავთობსექტორში მოღვაწე კომპანიებს საწვავზე ფასების უმნიშვნელო მომატება მოუწევთ.

  • ინვესტიცია ლუხუნიჰესში

0x01 graphic

რაჭაში, მდინარე ლუხუნზე ჰესების კასკადის ლუხუნიჰესი I, II და III მშენებლობა მაისში დაიწყება და 2025 წელს დასრულდება. კასკადის მშენებლობას ფერშენადნობების მწარმოებელი კომპანია რუსმეტალი აწარმოებს, რომელიც ქართული ინვესტიციით 2005 წელს დაფუძნდა, ერთი წლის შემდეგ, რუსთვში მდებარე ქარხანა აამუშავა და პროდუქციის 100%25 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ. აშშ დოლარია, თუმცა პირველ ეტაპზე “ლუხუნიჰესი I”-ის მშენებლობაში 16 მლნ. აშშ დოლარი ჩაიდება. კომპანიის გენერალური დირექტორი თემურ მიმინოშვილი ამბობს, რომ კასკადის დადგმული სიმძლავრე 33,3 მეგავატს შეადგენს: ელექტროენერგიას კომპანია საკუთარ წარმოებაში გამოიყენებს, რითაც საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებას შეამცირებს და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასს გააიაფებს. ლუხუნიჰესი I, II და III მცირე ჰესები პროექტის „განახლებადი ენერგია 2008“ ფარგლებში შენდება.

  • ახალი პროექტი

0x01 graphic

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტეოდორ ბაკონსკის განცხადებით, საქართველო-რუმინეთ-აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება ეხება ახალ პროექტს, რომელიც რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად. ბაკონსკის თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

  • სსფ-ის პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი, 2010 წელს 2009 წელთან შედარებით, 2%25-ით გაიზრდება. სსფ-ის მეხუთე მიმოხილვის ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს ქვეყნის მთლიანი ეროვნული შემოსავალი 18,934 მლრდ. ლარამდე გაიზრდება და წლის ბოლოსთვის მშპ-ი ერთ სულ მოსახლეზე 2 483 აშშ დოლარს მიაღწევს.

12 დალუქული ბიზნესი

▲back to top


ეკონომიკა

საგადასახადო ფაშიზმი

ყველაფერი სახელმწიფოსთვის, არაფერი სახელმწიფოს გარეშე, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ

ინვენტარიზაციის მიზნით კომპანიის დალუქვა ქართულ ბიზნესში ჩვეულებრივი მოვლენაა.

150 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელს 300-ზე ნაკლები საგადასახადო ინსპექტორი ამოწმებს.

კანონის მიხედვით, ინვენტარიზაცია გულისხმობს ადგილზე გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ბუღალტრული აღრიცხვიანობის შემოწმებას. საწარმო ილუქება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საწარმოს ტერიტორიიდან სასაქონლო მატერიალური მარაგის გატანის, განკარგვის, განადგურების ან სხვა მანიპულაციის მაღალი რისკი.

ინვენტარიზაცია, როგორც საგადასახადო შემოწმების ერთ-ერთი მეთოდი, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული: „თავისთავად ინვენტარიზაცია რაიმე უფლების დარღვევას არ ნიშნავს, ისევე როგორც დანა არ არის მაინცდამაინც მკვლელობის იარაღი“, - ამბობს აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. მისი თქმით, ეკონომიკური თავისუფლებისთვის საფრთხეს შეიცავს ბუნდოვანი პროცედურა.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ამბობს, რომ ყოველი შესამოწმებელი ობიექტი რისკების მართვის სისტემით გამოვლინდება. შემოწმებას მხოლოდ მაღალი რისკის ობიექტები გადის. ამ ტიპის ობიექტთა იდენტიფიცირება საგადასახადო სამსახურის საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ხდება.

პრობლემა ამ შემთხვევაში არის არა ის, თუ რა სისტემით ვლინდება რისკიანი კომპანიები, არამედ ის, თუ რამდენად არის რისკის პროპორციული ის ზომები, რასაც საგადასახადო მიმართავს და უნაზღაურდება თუ არა უდანაშაულო კომპანიას საგადასახადო შემოწმების შედეგად მიყენებული ზარალი.

მარტის დასაწყისში საგადასახადო სამსახურმა ბავშვთა სათამაშოების ქსელი - ბაბილინა და მეცხრე ცა დალუქა. ამ კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყოველდღიურად ზარალი 3 ათას ლარს შეადგენდა. დალუქვა დაახლოებით ხუთ დღეს გაგრძელდა. კომპანიის მიერ მიწოდებული ნაშთებისა და საგადასახადოს მიერ აღწერის შედეგების შედარება დღემდე მიმდინარეობს და დასკვნა ჯერაც არ არის მომზადებული.

კანონი მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს, შემოწმების დროს ჩადენილი კანონდარღვევები დავების საბჭოში გაასაჩივროს. ასეთი ორია: შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საბჭოები. მაგრამ გასაჩივრების შემთხვევაში, ყველაზე მეტი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ საგადასახადოს ინსპექტორი დაისაჯოს.

გასულ წლებში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად საქართველომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის ინდექსში რეკორდულ წარმატებას მიაღწია. 132-ე ადგილიდან სულ რაღაც 6 წელიწადში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, ეს წარმატება არაერთგვაროვანია: თუ ბიზნესის დაწყების, ლიზცენზიისა და ნებართვის აღების, შრომის კანონმდებლობისა და საკუთრების რეგისტრაციის კუთხით საქართველო მსოფლიო ათეულშია, შესაბამისად მე-5, მე-7, მე-9 და მე-2 ადგილებზე, გადასახადების ადმინისტრირების მხრივ მხოლოდ 64-ე ადგილს სჯერდება, მიუხედავად იმისა, რომ, გასულ წელთან შედარებით, მთელი 48 პუნქტით წინ წავიწიეთ. საქართველოსთვის ბიზნესის სიმარტივის პარამეტრებს შორის ეს ბოლოდან მეორე რეზულტატია გაკოტრების პროცედურათა შემდეგ. ამ სფეროში 95-ე ადგილზე ვართ.

0x01 graphic

შარშან, ნოემბერში, საქართველოს პრეზიდენტმა საგადასახადოს მიერ ბიზნესის დალუქვა მავნე პრაქტიკად შეაფასა. მას შემდეგ კომპანია ორ დღეზე მეტხანს მხოლოდ ფინანსთა მინისტრის პირადი ბრძანების საფუძველზე ილუქება. მაგრამ ინვენტარიზაციის შედეგის წარმოდგენა კომპანიის პასუხისმგებლობაა. თუ კომპანიამ ეს ორ დღეში მოახერხა, ხომ კარგი, თუ არა და იმდენ ხანს იქნება გაჩერებული, რამდენიც დოკუმენტის მოსამზადებლად სჭირდება. არსებობს კომპანიები, რომლებიც ფიზიკურად ვერ შეძლებენ ორ დღეში ინვენტარიზაციას.

შავიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა კონცეპტუალური პრობლემიდან მომდინარეობს: „საგადასახადო კოდექსი აგებულია სახელმწიფოს სიმართლის პრეზუმპციაზე ანუ სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მართალია და გადამხდელმა უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო“. ამ ლოგიკით კოდექსისთვის პირველხარისხოვანია ბიუჯეტი და არა გადამხდელის კეთილდღეობა და მის მიერ აწყობილი ბიზნესი. ნიშანდობლივია ისიც, რომ საშემოსავლო სამსახური არც კი აწარმოებს იმის აღრიცხვას, თუ რამდენი კომპანია ილუქება, რას წარმოადგენს მათ მიერ დამალული გადასახადების საშუალო ოდენობა და რა თანხის ამოღება ხდება დალუქული საწარმოების შემოწმების შედეგად.

პარადოქსია, მაგრამ მაშინ, როდესაც ლიბერთარიანიზმი ხელისუფლებამ ლამის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, ჩვენი საგადასახადო სისტემა ბენიტო მუსოლინის და ჯოვანი ჯენტილეს „ფაშიზმის დოქტრინით“ ხელმძღვანელობს: „ყველაფერი სახელმწიფოსთვის, არაფერი სახელმწიფოს გარეშე, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

13 სერბეთის პარლამენტი სრებრენიცას ტრაგედიის გამო ბოდიშს იხდის

▲back to top


მსოფლიო

ბალკანეთი

0x01 graphic

სერბეთის პარლამენტი

ცამეტსაათიანი დებატების შემდეგ, სერბეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სრებრენიცას მასობრივი მკვლელობის აღიარების შესახებ. 173 დამსწრედან რეზოლუციის მიღებას 127 დაეთანხმა.

„სერბეთის პარლამენტი გმობს 1995 წლის ივლისში ბოსნიელი მუსულმანების მიმართ ჩადენილ დანაშაულს სრებრენიცაში,“ - ნათქვამია რეზოლუციაში, - პარლამენტი აგრეთვე „თანაუგრძნობს და ბოდიშს უხდის მსხვერპლთა ოჯახებს იმის გამო, რომ ყველაფერი არ გააკეთა ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.“

ბოსნიელები რეზოლუციას არასაკმარისად მიიჩნევენ, რადგან მასში სრებრენიცას დანაშაული გენოციდად არ შეფასებულა. გაერომ და ევროკავშირმა დაადგინეს, რომ მასობრივი მკვლელობები ეთნიკურ საფუძველზე განხორციელდა და, შესაბამისად, მოვლენას გენოციდის სტატუსი მიანიჭეს. სერბ ნაციონალისტთა შეფასებით, რეზოლუცია ჩამოურეცხავი ლაქაა მომავალი თაობებისთვის. ისინი ითხოვდნენ, რომ რეზოლუციაში აღეწერათ ბოსნიელების მიერ ჩადენილი დანაშაულებიც.

სრებრენიცას ტრაგედია ყველაზე მასშტაბური მასობრივი სასაკლაოა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. ბოსნიელმა სერბებმა გაეროს მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ზონაში შეფარებული 8 ათასი მუსულმანი მამაკაცი ჩახოცეს. მოკლულთა ასაკი 12-დან 77 წლამდე მერყეობდა. სრებრენიცას იცავდნენ გაეროს ჰოლანდიური სამხედრო ნაწილები, თუმცა ისინი წინ ვერ, თუ არ აღუდგნენ ტრაგედიას.

ბოსნიელი სერბების ლიდერი რადოვან კარაჯიჩი ჰააგის სასამართლოს განაჩენს ელოდება, ხოლო გენერალი რატკო მლადიჩი, რომელიც სრებრენიცას მთავარ დამგეგმავად ითვლება, ჯერ კიდევ ძებნაშია.

მომხდარის გამო იყო გაეროს პასუხისგებაში მიცემის მცდელობაც, მაგრამ ჰააგის სააპელაციო სასამართლომ გაეროს იმუნიტეტი დაუმტკიცა.

მრავალი წლის განმავლობაში სერბეთის მთავრობა საერთოდ უარყოფდა სრებრენიცას ტრაგედიას.

პარლამენტის აზრით, დღეიდან ეს ისტორიული დოკუმენტი სერბეთს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას შეუმსუბუქებს.

14 თავისუფლება უჩადროდ

▲back to top


მსოფლიო

ისლამი საფრანგეთში

მთავრობა კანონის გამკაცრებას ცდილობს

საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო ინსტანციაა, არაკონსტიტუციურად ცნო მთავრობის გადაწყვეტილება ჩადრის ტარების აკრძალვის შესახებ. საბჭოს აზრით, ისლამური ტანსაცმელი თავისთავად არ შეიძლება ჩაითვალოს საფრთხედ სამოქალაქო წესრიგისთვის. საფრანგეთის მთავრობას სურს, გაამკაცროს კანონები - ამჯერად საუბარია საჯარო სივრცეში ჩადრის ტარების აკრძალვაზე. ამ ინიციატივას ამართლებენ სეკულარიზმის, ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოების მოტივებით.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მთავრობისა და ნიკოლა სარკოზის სახალხო მოძრაობის კავშირისთვის. პარტიის ლიდერმა ჟან-ფრანსუა კოპემ პარლამენტში განაცხადა, რომ პატივს სცემს საბჭოს გადაწყვეტილებას, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო არ არის ვალდებული, მას დაემორჩილოს.

საფრანგეთში 6 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. სკოლებსა და საქმიან ადგილებში ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სახეს ფარავს, კანონმდებლობით უკვე აკრძალულია.

15 ბირთვული განიარაღება: ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ

▲back to top


მსოფლიო

ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი 8 აპრილს პრაღაში შეხვდებიან. ჩეხეთის დედაქალაქში აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. პრეზიდენტ ობამას ინიციატივით, რუსეთი და აშშ საკუთარი ბირთვული არსენალის 30%25-ით შემცირებას გეგმავენ. აშშ-ს პრეზიდენტის აზრით, ხელშეკრულება „საფუძველს ჩაუყრის მსოფლიოს ბირთვულ განიარაღებას”. პარლამენტების მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, შეთანხმება აშშ- სა და სსრკ-ს შორის ცივი ომის დროს გაფორმებული „სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემცირების პაქტის“ შემცვლელი გახდება. პაქტს 2009 წლის 5 დეკემბერს გაუვიდა ვადა.

ამ ხელშეკრულებას ობამა რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის პოლიტიკის“ ქვაკუთხედად მიიჩნევს. მას სურს, მაგალითი მისცეს ირანს და ჩრდილოეთ კორეას და შეცვალოს მათთან დისკუსიის ფორმატი. რუსეთთან თანამშრომლობით, ობამა ცდილობს დაარწმუნოს ბირთვული რეჟიმები, რომ აშშ მზად არის ბირთვული იარაღის სრული ლიკვიდაციისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, რუსეთ-ამერიკის ხელშეკრულებით „სახიფათო“ სახელმწიფოები ბირთვული განიარაღების საკითხებში თანამშრომლობის მაგალითს დაინახავენ, რაც შემდგომში შეიძლება მათი ბირთვული გეგმების გადახედვის საფუძველი გახდეს. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ რუსეთ- ამერიკის შეთანხმების ზემოქმედებით ბირთვული ამბიციები დაიოკონ.

0x01 graphic

ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი
ფოტო: REUTERS ©

ცივი ომის დასრულების შემდეგ როლები შეიცვალა. თუ მანამდე ბირთვული განიარაღების ინიციატივა საბჭოთა კავშირისგან მოდიოდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბირთვული განიარაღების კუთხით აშშ უფრო აქტიურობს. საბჭოთა კავშირის სამხედრო უპირატესობის პირობებში, ბირთვული იარაღი კომუნისტური ექსპანსიის შეკავების პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა. ბოლო 20 წლის მანძილზე რუსეთმა დაკარგა ეს უპირატესობა როგორც დასავლეთთან, ისე ჩინეთთან. ბირთვული იარაღი ახლა უკვე რუსეთისთვის ასრულებს დასავლეთიდან ნატოს, აღმოსავლეთიდან ჩინეთის, ხოლო სამხრეთიდან ისლამიზმის შემაკავებლის ფუნქციას.

თავის დროზე გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ შმიტმა „ზემო ვოლტა ბირთვული იარაღით“ უწოდა საბჭოთა რუსეთს. დღეს ბირთვული იარაღი ძლიერის სტატუსის შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია რუსეთისთვის.

ობამას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბირთვული განიარაღების იდეის რწმენა მისი მხრიდან გულუბრყვილო იდეალიზმია. მათი აზრით, რუსეთის ბირთვული პროგრამების მონიტორინგი პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება, რადგან, ახალი ხელშეკრულებით, რუსეთის ბირთვული ქობინების კონტროლი მათივე მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება. აქამდე ბირთვულ რეაქტორებსა და ქობინებს რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო და ამერიკელი ინსპექტორები უწევდნენ მონიტორინგს. 2009 წლის დეკემბრის შემდეგ რუსეთმა ქალაქ ვოტკინსკის ბირთვული ქარხნის ბაზაზე ამერიკელ ინსპექტორებს მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ მისცა.

რესპუბლიკელებს არ სჯერათ, რომ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სახელმწიფოების ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას კეთილსინდისიერად შესრულებენ. სწორედ ამიტომ ისინი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დანერგვაზე აკეთებენ აქცენტს. დემოკრატიული პარტია, რომელშიც ანტისაომარი ფრაქცია დიდი გავლენით სარგებლობს, ტრადიციულად ეწინააღმდეგება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარებას. თუმცა, როგორც რესპუბლიკელებმა, ისე დემოკრატებმა უარყვეს რუსეთის მოთხოვნა, რომელიც, ბირთვული იარაღის შემცირების პარალელურად, ხელშეკრულებაში აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემებისა და გადამზიდი საშუალებების შემცირებასაც გულისხმობდა.

ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ ხელშეკრულების დასამტკიცებლად ობამას და მედვედევს საკუთარი ქვეყნების კანონმდებლების მხარდაჭერა დასჭირდებათ. აშშ- ს სენატში ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის ხმათა 2/3-ია საჭირო. ჯანდაცვის რეფორმის დაკანონებისას რესპუბლიკელთა სრული იგნორირების გამო ობამას, სავარაუდოდ, გაუჭირდება ხმათა საკმარისი რაოდენობის შეგროვება. მან ბირთვული არსენალის მოდერნიზაციასა და ახალი თაობის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზეც უგულებელყო რესპუბლიკელთა აზრი. პოლიტიკური ოპონენტების შეთავაზებებს ობამამ ბირთვული განიარაღების იდეით უპასუხა.

16 ჩერქეზთა გენოციდის საკითხი და საქართველო

▲back to top


გიორგი ყველაშვილი

ჩერქეზთა ტრაგედია

თუ ინტერნეტ-ენციკლოპედია ვიკიპედიაში ჩერქეზთა გენოციდზე (Circassian genocide) ინფორმაციის მოძიებას გადაწყვეტთ, მოხვდებით გვერდზე, რომელსაც ეს სურათი ახლავს. თქვენდა გასაკვირად, აღმოაჩენთ, რომ ტილო, რომლის რეპროდუქციასაც უყურებთ, ქართველ, უფრო სწორად, ქართული წარმომავლობის რუს მხატვარს პიოტრ ნიკოლაევიჩ გრუზინსკის, იგივე პეტრე ბაგრატიონს, შეუქმნია 1872 წელს.

ფერწერულ ნამუშევარს ჰქვია „რუსული ჯარების მოახლოებისას მთიელთა მიერ აულიდან გამოსვლა“ და ასახავს ჩერქეზთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყველაზე უფრო საბედისწერო ეპიზოდს, როდესაც რუსეთმა კავკასიაში იმპერიული დამკვიდრების გადამწყვეტ ფაზაში, მე-19 საუკუნის შუა ხანებში, საკუთარი სამკვიდროდან აყარა და ოსმალეთში გადაასახლა ასეულათასობით კავკასიელი მუსლიმანი, რადგან შეუძლებლად მიიჩნია მათი ასიმილაცია რუსულ იმპერიულ სივრცეში. ოსმალეთში დეპორტაციას წინ უძღოდა ჩერქეზული ტომების მრავალწლიანი შეუპოვარი შეიარაღებული წინააღმდეგობა, რაც რუსმა სტრატეგოსებმა მთიელთა მიზანმიმართული ხოცვა- ჟლეტის გასამართლებლად გამოიყენეს.

მართალია, ცარისტული რუსეთი „კავკასიის ველურ ტომებში მშვიდობისა და ცივილიზაციის შეტანის“ სტრატეგიას ულმობლობისა და სისასტიკის ჟინს არც სხვაგან აკლებდა, მაგრამ მან სწორედ ჩერქეზული ტომების მიმართ გამოიყენა ის ტაქტიკური ხერხები, რომლებიც თავისი ბუნებით აბსოლუტურად არაადამიანურია.

ჩერქეზული ტომების წინააღმდეგ „დემოგრაფიული შეტევის“ განხორციელებაში რუსეთმა გამოიყენა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, არტილერიული იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ეთნიკური წმენდა და დეპორტაცია, ტყეების გადაწვა და შიმშილობის ხელოვნურად გამოწვევა. ასეულათასობით ჩერქეზი ამოწყვიტეს ან ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლეს, მათ სამკვიდროში კი იმპერიის ერთგული ეთნიკური რუსები, სომხები და სხვა ხალხთა წარმომადგენლები ჩაასახლეს.

გენოციდის აღიარების საკითხი

რუსეთის ფედერაციის პირველმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1994 წელს განაცხადა, რომ „ცარისტული ძალებისადმი წინააღმდეგობა [მე-19 საუკუნეში] ლეგიტიმური იყო,“ თუმცა, არ უღიარებია „მთავრობის ბრალეულობა გენოციდის მოწყობაში“.

რამდენიმე წლის შემდეგ ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს ლიდერებმა მიმართვა გაუგზავნეს რუსეთის დუმას და სთხოვეს, „ხელახლა განეხილა სიტუაცია და ბოდიში მოეხადა“. რუსეთის დუმამ პასუხს დუმილი ამჯობინა. 2006 წლის ოქტომბერში რუსეთში, თურქეთში, ისრაელში, იორდანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა სახელმწიფოებში მოქმედმა ჩერქეზულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა ევროპული პარლამენტის ხელმძღვანელობას გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს. ჩერქეზთა მიმართვას პასუხი არ მოჰყოლია.

ამ დღეებში რამდენიმე ჩერქეზულმა ორგანიზაციამ ამავე საკითხზე საქართველოს პარლამენტს მიმართა. ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლები 20 და 21 მარტს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ. კონფერენცია სახელწოდებით „ფარული ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“ აშშ-ში მოქმედი ჯეიმსთაუნის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის თაოსნობით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა, რომლებიც კავკასიის საკითხებზე მუშაობენ. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრიც დაესწრო.

0x01 graphic

საქართველო და ჩერქეზები:
საერთო და განსხვავებული ინტერესები

საგულისხმოა, რომ ჩერქეზთა გააქტიურება მათი გენოციდის საერთაშორისო აღიარების საქმეში მჭიდროდ უკავშირდება სოჭის ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც 2014 წელს უნდა გაიმართოს. ჩერქეზთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოლიმპიადის გამართვა იმ მიწაზე, რომელიც მათი წინაპრების სისხლითაა გაჟღენთილი, დაუშვებელია.

კლიმატის ცვლილების საკითხებზე დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 2009 წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მჭიდროდ დაუკავშირა სოჭის ოლიმპიადა რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის საკითხს და აღნიშნა: „აფხაზეთში,სადაც საოკუპაციო რეჟიმი ზღვის სანაპიროს ჩამოქცევას ახდენს, ყველაზე გამორჩეულ ნაწილს ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე ანგრევენ. ქვიშის ამოღება სოჭის ოლიმპიადისთვის ხდება. ოლიმპიური თამაშები უნდა იყოს მშვიდობისა და ადამიანური მისწრაფებების ზეიმი, თუმცა ის უკვე გადაიქცა ბუნების განადგურების მიზეზად“. მას მხედველობაში ჰქონდა სამშენებლო მასალისა - ხრეშის, ღორღისა და სილის - და ხე-ტყის უკანონო გატანა აფხაზეთიდან, რაც განადგურებით ემუქრება საქართველოს საზღვაო სანაპიროს და მის ფლორასა და ფაუნას.

ამდენად, მართალია, განსხვავებული მიზეზების გამო, მაგრამ მაინც სრულიად ბუნებრივად ემთხვევა ჩერქეზებისა და საქართველოს ინტერესი, ჩაიშალოს სოჭის ოლიმპიადა ან გამოინახოს სხვა ადგილი მისი ჩატარებისთვის.

ჩერქეზული თემი ერთგვაროვანი არ არის და თუ სოჭის ოლიმპიადის საკითხში ასე თუ ისე ემთხვევა მისი სხვადასხვა ჯგუფის ინტერესი, აფხაზეთთან დაკავშირებით მიდგომათა მთელი გამაა. საქართველოში, მართალია, აზრთა სხვადასხვაობაა აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხზე, მაგრამ მაინც არის გარკვეული კონსენსუსი იმაზე, რომ, ენობრივი განსხვავების მიუხედავად, ქართველები და აფხაზები მონათესავე ხალხები ვართ. ამას ხელი შეუწყო ერთ მიწაზე მრავალსაუკუნოვანმა თანაცხოვრებამ, შერეულმა ქორწინებებმა და სხვა ეთნოკულტურულმა და სოციალურმა გარემოებებმა.

ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს ჩერქეზთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აფხაზეთს ჩერქეზულ მიწად მიიჩნევს, ქართველებს კი - ახალმოსახლეებად.

საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა
და ჩერქეზთა გენოციდის საკითხი

საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა მხოლოდ ახლა ისხამს ხორცს და მისი მიზანი ჩვენი საზღვრების ჩრდილოეთით საქართველოსადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა. ამ საქმეში ფასდაუდებელია ადამიანური კონტაქტების გაღრმავება სამეცნიერო, კულტურულ და ყოფით დონეზე. თავისი წვლილი უნდა შეიტანოს გაცვლითმა პროგრამებმა, სტუდენტთა შორის კავშირების გაღრმავებამ და ლიტერატურულმა თანამშრომლობამ. ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა- ფშაველას ნაწარმოებები უნდა ითარგმნოს ჩრდილოკავკასიურ ენებზე, აგრეთვე, ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დადებითი იმიჯის განმტკიცებას.

ჩერქეზთა გენოციდის აღიარება-არაღიარების საკითხი საქართველოს კავაკსიური პოლიტიკის შემადგენელი კომპონენტი უნდა იყოს. მისი განხილვა სტრატეგიული ჩარჩოსგან მოწყვეტით დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოქმედებათა და უკუქმედებათა მთელი წყება, რომელთა გათვალისწინება იმთავითვე აუცილებელია.

წინასწარ უნდა შეფასდეს ჩვენი ყველა მეზობლის სავარაუდო რეაქცია და, აქედან გამომდინარე, რისკები. მართალია, რუსეთის მოსალოდნელი ქმედება ჩვენი ანალიზის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს, მაგრამ ასევე აუცილებელია თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოკავკასიელი ხალხებისა და გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშეების შესაძლო ნაბიჯების შეფასება.

სასურველია, ჩერქეზთა გენოციდის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირდეს რუსეთის სხვადასხვა რეჟიმების მიერ განხორციელებულ სხვა რეპრესიულ ზომებს, კერძოდ, ჩეჩნების, ინგუშებისა და ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები სხვა ჯგუფების დეპორტაციას 1944 წელს და დოკუმენტში, თუ მისი მიღება გადაწყდება, აისახოს სტალინური და, ზოგადად, საბჭოთა რეჟიმის ანტიჰუმანური ხასიათიც. ასევე უნდა აისახოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მიერ ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებული ომები და მათი ბარბაროსული ბუნება.

ჩერქეზთა საკითხი განხილულ უნდა იქნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ქართველთა წინააღმდეგ მოწყობილ ეთნიკურ წმენდასთან მჭიდრო კავშირში და უნდა დასაბუთდეს ის, რომ ჩერქეზთა, ჩეჩენთა და ქართველთა წინააღმდეგ რუსეთის სხვადასხვა რეჟიმების მიერ განხორციელებულ დამსჯელ ზომებს ერთი მიზანი აქვს: კავკასიის დამორჩილების სურვილი.

ჩერქეზთა გენოციდის საკითხს განსაკუთრებული გამოხმაურება ექნება სომხეთის რესპუბლიკისა და გავლენიანი სომხური დიასპორის მხრიდან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ოსმალეთის იმპერიამ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა გენოციდი მოაწყო. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა შეიმუშაოს, რათა ჩერქეზთა მიმართ ჩვენი კეთილი ნება მეორე მეზობელთან კონფრონტაციის საბაბად არ გვექცეს.

ჩერქეზთა გენოციდის საკითხი, რა თქმა უნდა, მჭიდროდ უნდა უკავშირებოდეს სოჭის ოლიმპიადის საკითხს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელსაც იგი უქადის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ეკოლოგიასა და დემოგრაფიულ მდგომარეობას შავი ზღვისპირეთში.

სასურველია, ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი გადაწყდეს მრავალმხრივ ფორმატში სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით. ამ თვალსაზრისით, გამოსაყოფია ისრაელი, თურქეთი, იორდანია და შეერთებული შტატები. ასევე საჭიროა, საქართველოსადმი ჩერქეზული ორგანიზაციების მიმართვა იყოს სხვა მთავრობებისადმი მიმართვის ნაწილი და მაქსიმალურად ბევრი ჩერქეზული ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი.

17 რას შეცვლის მაისის საპარლამენტო არჩევნები

▲back to top


მსოფლიო

ბრიტანეთი

0x01 graphic

დევიდ კამერონი

სულ რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკურ რეიტინგებში დაწინაურებული კონსერვატორების, იგივე ტორების მიზანი უბრალოდ გამარჯვება არ ყოფილა. მათ სურდათ, შეერყიათ არსებული პოლიტიკური წესრიგი და ბოლო მოეღოთ ლეიბორისტთა მმართველობისთვის. თუმცა, ბრიტანელ ამომრჩეველს სულ უფრო უჭირს გამოააშკარავოს, თუ რა ალტერნატივას სთავაზობს კონსერვატიული პარტია გაერთიანებულ სამეფოს და რას დაუპირისპირებს იგი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, გორდონ ბრაუნის თავდაჯერებულ პოლიტიკას. კვლევითი კომპანია YouGov-ის მონაცემებით, მარტში, ტორებსა და ლეიბორისტებს შორის რეიტინგში სხვაობა საგრძნობლად შემცირდა: კონსერვატორები 37%25-ით ლიდერობენ, ხოლო ლეიბორისტული პარტია 33%25-ს ინარჩუნებს.

გაზაფხულის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა დევიდ კამერონმა აღნიშნა: „აუცილებელია საჯარო ხარჯების დაზოგვა და ეს მტკივნეული იქნება“. ამავე დროს გამოთქვა სურვილი, რომ კონსერვატორებს იცნობდნენ, როგორც ჯანდაცვის მომსახურებებზე სახელმწიფო განკარგვის მომხრეებს. მისი თქმით, ტორების ხელისუფლებას შეუძლია განკურნოს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ყოველდღიურად ახალ სკანდალებში ეხვევა ცუდი დაწესებულებებისა და მომსახურების გამო.

კამერონის საარჩევნო კამპანია საკმაოდ წინააღმდეგობრივია: ტორებმა პრიორიტეტებად კლიმატის ცვლილება და გარემოსთან დაკავშირებული საკითხები მონიშნეს, თუმცა გამორიცხეს - აქტივისტთა უმეტესობის აზრით, აუცილებელი - მკაცრი ეკონომიკური რეგულირება; მათ ხარჯების შეკვეცა სურთ, თუმცა ამავდროულად აკრიტიკებენ ლეიბორისტებს სამხედროებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირებისთვის; კონსერვატორები დითირამბებს უძღვნიან ტრადიციულ ოჯახებსა და ქორწინებებს, თუმცა ბევრს საუბრობენ სექსუალური უმცირესობების უფლებებზეც.

საკვირველი არ არის, რომ ამგვარად განზოგადებული შეხედულებების მქონე კამერონს შეაწუხებდნენ მწვავე და კონკრეტული კითხვებით, მისი გაძლიერებული პარტიის პოლიტიკური მსოფლმხედველობის დასადგენად. თავად კამერონი საკუთარ პოზიციებს შორის იდეოლოგიურ წინააღმდეგობას ვერ ხედავს და საკუთარ პარტიას „მოდერნიზებულს“ უწოდებს: „მე ვცდილობ, დავამეგობრო საბაზრო ეკონომიკა ეკონომიასთან და, ამავდროულად, კონსერვატორებს დავუბრუნო სოციალური რეფორმების გამტარებლების როლი. ასევე ვიზრუნო მომავალზე - კლიმატის ცვლის და გარემოს პრობლემებზე, - ამბობს კამერონი Vanity Fair-თან ინტერვიუში - ეს მომსახურებების სრული პაკეტია“.

„სრული პაკეტის“ შეთავაზება ბრიტანელი ამომრჩევლისთვის სიახლე არ არის. კამერონის „მესამე გზის“ პოლიტიკა უკვე გაცვეთილი ბილიკია, რომელიც მათმა მთავარმა კონკურენტებმა, ლეიბორისტებმა გაკვალეს. ტელეგენური და ქარიზმატული ტონი ბლერის ლიდერობით, ლეიბორისტებმა 1997 წელს პოლიტიკური თვითგანახლება განახორციელეს. მათ დაივიწყეს ძველი მიდრეკილებები და მხარი დაუჭირეს ბიზნესსა და ქმედით სახელმწიფოს.

გორდონ ბრაუნი ტონი ბლერის მმართველობის დროს ფინანსთა მინისტრი იყო. მას ახასიათებდნენ ნიჭიერ ფინანსურ მენეჯერად, რომელმაც წლების მანძილზე უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მოახერხა საზოგადოებრივ მომსახურებებში ინვესტირება. ბრაუნმა ტონი ბლერის წასვლის შემდეგ, 2007 წელს დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ბევრი ფიქრობდა, რომ გაერთიანებული სამეფო წარმატებულ ტრაექტორიაზე განაგრძობდა სვლას, მაგრამ ჯერ კიდევ ბრაუნის გაპრემიერებამდე დაგროვილმა დეფიციტმა და 2009 წელს გამძვინვარებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქმე გააფუჭა. ბრიტანელმა ელექტორატმა ლეიბორისტული პარტია აითვალწუნა.

დღეს ლეიბორისტი გორდონ ბრაუნი განაგრძობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ ამჟამინდელ გარემოში ნოვაციების დრო არ არის. როგორც კონსერვატორების რეიტინგის ჩამოქვეითებამ აჩვენა, ბევრმა ამომრჩეველმა ეს შეხედულება გაიზიარა. ბრაუნმა თავისი საარჩევნო კამპანია დააფუძნა სწორი ფინანსური განკარგვისა და მტკიცე გადაწყვეტილებების დაპირებებზე. ეს ზუსტი მიმართულებაა, რომლის ფონზე კამერონის კამპანია ზედმეტად გაბნეულად გამოიყურება.

თუმცა, კამერონის ცინიკური მანევრები არ არის უბრალოდ პიარზე მომართული პოლიტიკოსის პოზიცია. შესაძლოა, იგი თანამედროვე ბრიტანულ ფასეულობებთან მიახლოებას ცდილობს. როგორც თავის დროზე განახლებულ ლეიბორიზმს დასჭირდა ბიზნესის ნდობის მოპოვება, კონსერვატორებმაც დაინახეს თანამშრომლობის აუცილებლობა მათი პოლიტიკისთვის მანამდე შორეულ პრინციპებთან და ინსტიტუტებთან: გარემოს დაცვასთან, ჯანდაცვასთან და ა.შ.

ტორებს ლეიბორისტებზე მეტი ხმა თითქმის გარანტირებული აქვთ, მაგრამ შესაძლოა მათ ვერ მოიპოვონ საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. ამ შემთხვევაში კამერონი იძულებული იქნება, ცენტრისტ ლიბერალ დემოკრატებს სთხოვოს მხარდაჭერა. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ლიბერალ-დემოკრატებმა ხმების დაახლოებით 18%25 დააგროვეს.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკ კლეგმა უკვე გაამჟღავნა თავისი მზადყოფნა დახმარებისთვის, მაგრამ ისიც განმარტა, რომ იგი მოიცდის ხმების დათვლამდე: „ჩვენ სხვა პარტიებთან სათამაშოდ არ ვართ აქ, ჩვენ ბევრი მანდატის მოპოვება გვსურს ბრიტანეთში ბევრი რამის შესაცვლელად“, - უთხრა კლეგმა Independent-ს.

უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად ხმათა უმრავლესობას ტორები და ლეიბორისტები ინაწილებენ. მომავალი არჩევნები, რომლის თარიღი ჯერ არ დადგენილა, მხოლოდ მომავალ ხელისუფლებას არ განსაზღვრავს. იგი აჩვენებს, გამართლებულია თუ არა ტორების ძალისხმევა თვითგანახლებისთვის. ამის მიხედვით, მომავალში შეიძლება სხვა პარტიებმაც გადაწყვიტონ ახალი სახით მოვლინება.

0x01 graphic

გორდონ ბრაუნი
ფოტო: REUTERS ©

18 სიკვდილის ანგელოზები: ალაჰის სარეზერვო არმია

▲back to top


ტაბულა ფოკუსი

0x01 graphic

ორშაბათს, 29 მარტის დილას, მოსკოვი ორმა აფეთქებამ გამოაფხიზლა. ადგილობრივი დროით 07:52 და 08:32 საათზე მეტროს სადგურებილიუბიანკა დაპარკ კულტური ტერაქტებმა შეძრა. ერთ-ერთი თავდამსხმელი 17 წლის დაღესტნელი ქვრივი, ჯენეტ აბდურახმანოვა (სხვა წყაროებით - აბდულაევა) იყო. მისი მეუღლე, ჩრდილოკავკასიელი მეომარი უმალატ მაგომედოვი (ალ-ბარას სახელით ცნობილი), რუსმა სამართალდამცავებმა 2009 წლის 31 დეკემბერს, სპეცოპერაციისას მოკლეს. მეორე თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. საერთო ჯამში, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა 39 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

იყო დრო, როდესაც საკუთარი სხეულის „ცოცხალ ჭურვად“ გამოყენება ძნელად წარმოსადგენ და გამონაკლის მოვლენათა რიცხვს განეკუთვნებოდა. დღეს კი ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მორიგი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შესახებ. მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით, თვითმკვლელთა თავდასხმები საერთაშორისო ტერორიზმის ყველაზე ეფექტური ფორმაა. 1980-2001 წლებში ამგვარი იერიშები ტერორისტული აქტების მხოლოდ 3%25-ს შეადგენდა, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა ტერაქტებით გამოწვეული საერთო სიკვდილიანობის ზუსტად ნახევარს უტოლდებოდა.

უკანასკნელ წლებში ტერორისტულ ბრძოლაში სულ უფრო მეტი ქალი ერთვება. თავდასხმებში ქალების მონაწილეობა, ერთი შეხედვით, უცნაურია, თუმცა, სწორედ ეს მოულოდნელობა აქცევს ქალებს ფატალურ იარაღად ტერორისტულ ორგანიზაციათა ხელში.

ეს ფენომენი შედარებით ახალია და ამიტომ მეცნიერებისთვის ძნელია მის ზოგად მახასიათებლებზე მსჯელობა. ერთი რამ ცხადია - ისევე როგორც მამაკაც თვითმკვლელ ტერორისტთა შემთხვევაში, ქალებიც ახალგაზრდები არიან - საშუალოდ 16-26 წლისანი. სხვა ტენდენციები განზოგადების საშუალებას არ იძლევა: ზოგი მათგანი ქვრივია, გაუნათლებელი, უმუშევარი, ღარიბი ოჯახიდან, ზოგიც საპირისპიროდ - გათხოვილი, განათლებული, საშუალო ფენის წარმომადგენელი, წარმატებული პროფესიონალი. მამაკაცების მსგავსად, ქალ თავდამსხმელებსაც დაკარგული ჰყავთ ნათესავი ან ახლო მეგობარი. ქალი ტერორისტების რეკრუტირებაც მამაკაცების ანალოგიურად ხორციელდება. ტერორისტული ორგანიზაციები სარგებლობენ კანდიდატების გულუბრყვილობით, ენთუზიაზმით, პირადი გასაჭირითა თუ შურისძიების წყურვილით.

პირველი თვითმკვლელი ქალი ტერორისტი 1985 წლის 9 აპრილს გამოჩნდა. სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის წევრი, 16 წლის ლიბანელი გოგონა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანით ისრაელის სამხედრო კოლონას შეეჯახა. შემთხვევისას ორი ებრაელი სამხედრო დაიღუპა და ორიც დაიჭრა. მას შემდეგ თვითმკვლელი ტერორისტი ქალები ომის წარმოების ახალ, არაკონვენციურ იარაღად იქცნენ: ისლამური წინააღმდეგობის (ინტიფადა) ფარგლებში სულ უფრო მეტი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი ჩაერთო ჰამასის, ჰესბოლას, პალესტინის ისლამური ჯიჰადისა და ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების მიერ ორგანიზებულ ტერაქტებში; რუსეთსა და თურქეთში ქალების თავდასხმებმა მრავალი ჯარისკაცისა თუ მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა; „თამილელი ვეფხვების“ მიერ ორგანიზებულ ტერაქტს 1991 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი ემსხვერპლა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუტში განმარტავენ, რომ „ცოცხალი ჭურვების“ გამოყენება „ოპერაციული მეთოდია, რომელშიც თავდასხმის აქტი პირდაპირ კავშირშია დამნაშავის სიკვდილთან. ტერორისტი სრულიად აცნობიერებს, რომ თუ ის თავს არ მოიკლავს, დაგეგმილი თავდასხმა არ აღსრულდება“.

0x01 graphic

ტერორისტული ორგანიზაციები „მტრული“ სახელმწიფოების თავდაცვის მეთოდებს ზედმიწევნით სწავლობენ და, აქედან გამომდინარე, ხშირად ცვლიან მოქმედების ტაქტიკას. თვითმკვლელობის აქტებში ქალების ჩართვას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ზოგიერთი ფუნდამენტალისტი ლიდერი. მაგალითად, 2002 წელს ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა ჰამასის სულიერმა ლიდერმა შეიხ აჰმედ იასინმა განაცხადა: „ჰამასისთვის მიუღებელია ომში ქალების ჩართვა“. მისი პოზიცია მკვეთრად შეიცვალა 2004 წლის 14 იანვრის შემდეგ, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა პირველად განახორციელა შეტევა ჰამასის სახელით. მან ეს ცვლილება „ბრძოლის ევოლუციით“ ახსნა: „მებრძოლი მამაკაცები ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან, ქალებს კი უფრო ადვილად შეუძლიათ თავდასხმის ობიექტთან მიახლოება, - თქვა იასინმა, - ქალები ერთგვარი სარეზერვო არმიაა - როდესაც დგება საჭიროება, ჩვენ მათ ვიყენებთ“. მკვლევართა აზრით, „ცოცხალ ჭურვად“ ქცევა ქალებისთვის ემანსიპაციის ხერხიცაა. ამ შემთხვევაში ისინი მამაკაცების თანასწორები ხდებიან. სულიერი ლიდერები მათ აიმედებენ, რომ მოწამებრივი სიკვდილისთვის ქალებისა და მამაკაცების ჯილდო თანაბრად უხვია. მანამდე „იმქვეყნიურ სამყაროში“ ამგვარი პრივილეგირებულობა ქალებისთვის მიუწვდომელი იყო.

0x01 graphic

გარდაცვლილი ტერორისტი, ნორდ-ოსტი, მოსკოვი

0x01 graphic

თვითმკვლელი ტერორისტი ანდალიბ თაქათქა
ფიცის დადებისას

0x01 graphic

ფატიმა ალ ნეჟარი, 57 წლის თვითმკვლელი ტერორისტი,
ღაზას სექტორი

0x01 graphic

ირანელი მოხალისე ტერორისტი რეგისტრაციის მოლოდინში
ყველა ფოტო: REUTERS ©

ქალების თვითმკვლელ ტერორისტებად გამოყენებას თავისი უპირატესობა აქვს. პირველ ყოვლისა, ესაა ტაქტიკური წინსვლა: ქალებს შეუძლიათ უფრო ფარულად იმოქმედონ; მეტია მოულოდნელობის ეფექტი; ქალებს იშვიათად ჩხრეკენ; მათ უფრო ადვილად შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა ან ვიზის აღება; დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ქალი ნაკლებად აღიქმება ძალადობრივ ინსტრუმენტად. გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებებში ქალების ჩართვით იზრდება მებრძოლთა რაოდენობა. ახლო აღმოსავლეთის მკვლევარები გამოყოფენ დამატებით მიზეზს, რომლის მიხედვითაც: „პალესტინელი სამხედრო დაჯგუფებები (თვითმკვლელ ქალ ტერორისტებს) ისრაელის რეჟიმის დასამცირებლად იყენებენ“.

თანამედროვე მედია ძირითადად ახალგაზრდა, სასოწარკვეთილ, ღარიბ და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ მამაკაცებს ხატავს თვითმკვლელ ტერორისტებად. ეს მცდარი წარმოდგენაა. მკვლევართა მონაცემებით, ტერორისტების უმეტესობას ნორმალური განათლება, მყარი ფსიქიკა და, ხშირ შემთხვევაში, უკეთესი სოციალური მდგომარეობა აქვთ, ვიდრე იმ ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთა სახელითაც მოქმედებენ. 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილე 19 თავდამსხმელიდან 15 შეძლებული არაბული ოჯახიდან იყო და მათი უმეტესობა ცხოვრობდა ან სწავლობდა დასავლეთში.

თვითმკვლელი ტერორისტები, როგორც წესი, მოხალისეები არიან. მაგალითად, კამიკაძეები, რომლებიც იაპონიამ პირველად ფილიპინების ბრძოლაში გამოიყენა (1944), ახალგაზრდა, განათლებული მფრინავები იყვნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ ომის კონვენციური მეთოდებით იაპონია დამარცხდებოდა. როდესაც ადმირალმა ტოკიჯირო ონიშიმ იაპონელ მფრინავებს ჰკითხა, თუ ვის სურდა „სპეციალურ თავდასხმაში“ (ტოკოტაი) მონაწილეობა, ყველა მათგანმა გადადგა ნაბიჯი წინ. მფრინავებს განემარტათ, რომ თავდასხმაში მონაწილეობაზე უარის თქმა სულაც არ იყო სამარცხვინო და არც ისჯებოდა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა უკან არ დაიხია.

ჩნდება კითხვა - რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მამაკაცსა თუ ქალს, რომ თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე და უდანაშაულო ადამიანებიც იმსხვერპლოს?

ისტორიულად, თვითმკვლელთა თავდასხმებს ჯერ კიდევ რომალების მიერ ოკუპირებულ იუდეაში იყენებდა ზილოტთა ებრაული სექტა „სიქარი“. ჯვაროსანთა ლაშქრობების ადრეულ პერიოდში კი თვითმკვლელთა თავდასხმებს, როგორც ბრძოლის იარაღს, თანაბრად ფლობდნენ მუსლიმები და ქრისტიანები. ჰაშაშინები (ევროპელები „ასასინებად“ მოიხსენიებენ) ჰაშიშით გათანგულ მებრძოლებს თავგანწირვის სანაცვლოდ სამოთხეში ადგილს ჰპირდებოდნენ, ხოლო ქრისტიან რაინდთა ორდენმა „ტამპლიერებმა“ საკუთარი გემები და 140 ქრისტიანი მებრძოლი შესწირეს მუსლიმთა ფლოტის განადგურებას.

ფსიქოლოგები იდეოლოგიურ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. გამოიყოფა თვითმკვლელ ტერორისტად ჩამოყალიბების ოთხი სტადია: პირველ ეტაპზე ინდივიდში ვითარდება ექსტრემისტული წარმოდგენები, ყოველდღიურობიდან გარკვეული ტიპის მოვლენების გამოყოფით; შემდეგ ეს მოვლენა კვალიფიცირდება „უსამართლოდ“; მომდევნო ეტაპზე ინდივიდი „უსამართლო მოვლენას“ კონკრეტულ პოლიტიკას, პირს, ერს ან სახელმწიფოს მიაწერს, რის შედეგადაც ხდება „მტრის“ ხატის ჩამოყალიბება. მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში კი ყველა საშუალება გამართლებულია.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ პეიპმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თვითმკვლელი ტერორისტების 500-ზე მეტი თავდასხმა შეისწავლა. მისი მტკიცებით, თვითმკვლელი ტერორისტების 95%25-ს უფრო სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს (მაგალითად, საოკუპაციო ძალების სახელმწიფო ტერიტორიიდან გაძევება), ვიდრე რელიგიური. თუმცა, ამგვარი ტერაქტების ალბათობა იზრდება იქ, სადაც არსებობს რელიგიური დაპირისპირებაც. ლიბანი, ერაყი, პალესტინა/ისრაელი და ჩეჩნეთი ამის ნათელი მაგალითებია. ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, „იაფი“ იარაღის გამოყენებით დააშინონ „მტრული“ მოსახლეობა და მათ მთავრობებს პოლიტიკის შეცვლა აიძულონ. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში თვითმკვლელების თავდასხმები ლიბანის პროირანულმა ჰესბოლამ (ღმერთის პარტია) გეოპოლიტიკური ეფექტის მოსახდენად გამოიყენა. 1983 წლის თავდასხმაში სატვირთო მანქანის თვითმკვლელმა მძღოლმა 300-ზე მეტი ამერიკელი და ფრანგი სამხედრო გაანადგურა. შედეგად, ამერიკულმა და ფრანგულმა შენაერთებმა დატოვეს საერთაშორისო ძალები, რომლებიც იმ პერიოდში ლიბანში პატრულირებდნენ. 1985 წლისთვის ისრაელს მოუწია დაეთმო ის ტერიტორიული და პოლიტიკური უპირატესობები, რომელიც მან 1982 წელს ლიბანში შეჭრით მოიპოვა.

თვითმკვლელი ტერორისტების მოტივაციაზე გავლენის მომხდენად ითვლება ისლამური რელიგიაც. ტერორიზმს, როგორც ბრძოლის მეთოდს, შემთხვევითი ან სიმბოლური მსხვერპლი ჰყავს სამიზნედ. თუ მე-19 საუკუნის ბოლოს რუსი რევოლუციონერები ალექსანდრე II-ის მკვლელობის დაგეგმვისას უდანაშაულო მსხვერპლს ერიდებოდნენ, დღეს ასეთი გადარჩევა აღარ ხდება. ამდენად, იზრდება სამიზნეთა რაოდენობა. ტერორისტებს სწამთ, რომ ფართო საზოგადოებაზე ძალადობრივი ზემოქმედებით შესაძლებელია კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევა.

ტერორის მეშვეობით პოლიტიკური მიზნის მიღწევა პირველად მაქსიმილიან რობესპიერმა სცადა საფრანგეთის რევოლუციის დროს. ის თვლიდა, რომ ტერორი „ღირსების აქტია“, რომლის შედეგი „სწრაფი, მკაცრი და შეუქცევადი“ სამართლიანობაა. იგივენაირად ამართლებდნენ ტერორს მეოცე საუკუნის რევოლუციონერებიც: ლენინი - რუსეთში, პოლ პოტი - კამბოჯაში, ჰომეინი - ირანში. საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სეკულარული ტერორისტული დაჯგუფებები (მაგ: ლიბერაციის ფრონტი ალჟირში, ეტა ესპანეთში, წითელი ბრიგადები იტალიაში, ირლანდიის რესპუბლიკური არმია და ა.შ.) ნაკლებად იყენებდნენ თვითმკვლელ ტერორისტებს (გამონაკლისია - „თამილელი ვეფხვები“ და ქურთების მუშათა პარტია). ისლამური დაჯგუფებები კი ამას სისტემატურად აკეთებენ: 1980-2003 წლებში თვითმკვლელების 300 თავდასხმიდან 224 ისლამისტი ტერორისტების მოწყობილი იყო. ისლამი კრძალავს თვითმკვლელობას, თუმცა, ისტორიულად, ისლამის გავრცელებისთვის თავის გაწირვა თვითმკვლელობად არ ითვლეობოდა და „დიდებულ მსხვერპლშეწირვად“ მოიხსენიებოდა. თვითმკვლელი ისლამისტი ტერორისტების მთავარი სტიმული სწორედ წამებულის საპატიო წოდების მოპოვება იყო.

სეკულარული და ისლამისტი ტერორისტების ქმედებების შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თანამედროვე ტერორის ხასიათიც. 1945-79 წლებში მოქმედი სეკულარული დაჯგუფებებისგან განსხვავებით, დღეს „ისლამის მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლა შეუზღუდავია დროსა და სივრცეში. ისლამისტი ტერორისტები მთელ დასავლურ კულტურას ებრძვიან. ამდენად, მოსაზრება, რომ ტერორისტთა ქმედებები „რეპრესიული ოკუპაციური რეჟიმების“ არსებობითაა განპირობებული, მცდარია. ამის ნათელი მაგალითია ალ-ქაიდას ქსელის რადიკალიზაცია. მათ რუსეთ-ავღანეთის ომში დაგროვილი გამოცდილება, 21-ე საუკუნეში, დასავლურ ცივილიზაციას დაუპირისპირეს: ისინი თავს ესხმიან ავღანეთში ნატოს ეგიდით დისლოცირებულ სამხედრო შენაერთებს; აწყობენ ტერაქტებს ერაყში; ხოლო 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი და ლონდონის 2005 წლის აფეთქებები მთელი დასავლური ცივილიზაციის დაშინებას ისახავდა მიზნად.

2002 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც 18 წლის ქალმა ისრაელის სუპერმარკეტში თავი აიფეთქა და ორი ადამიანი მოკლა, ახლო აღმოსავლეთის მკვლევარმა პრფესორმა ჯაბერმა განაცხადა: „ვშიშობ, თუ ასე გაგრძელდება, ტერორისტები სულ უფრო მეტ ახალგაზრდა ქალს გადაიბირებენ. თუ ისინი ერთხელ გადალახავენ დასაშვებ ზღვარს, არ დარჩება არავითარი ბარიერი“. დღეს უკვე ძნელი წარმოსადგენია, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ქალებისთვის არსებობდეს რაიმე სახის ზღვარი. ბოლო დროს მუსლიმი სასულიერო პირები ამართლებენ ქალების „მოწამებრივ“ სიკვდილს. ჩეჩენი შაჰიდი ქალების გამოჩენამდე თვითმკვლელ ტერორისტ ქალთა თავდასხმები მხოლოდ სეკულარული ტერორიზმისთვის იყო დამახასიათებელი.

0x01 graphic

თვითმკვლელი ტერორისტის გვამი, ყიზლარი

მოსკოვის ტერაქტებს ორ დღეში კიდევ ორი აფეთქება მოჰყვა რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყიზლარში. დაიღუპა 12 და დაიჭრა ათობით ადამიანი. ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა გამოიწვია.

2008 წელთან შედარებით, რუსეთის ფედერაციაში ტერორისტული თავდასხმების რიცხვმა 4-ჯერ იმატა. მათი უმეტესობა ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში განხორციელდა. 2009 წელს აღირიცხა 1100-ზე მეტი ინციდენტი; დაიღუპა 900 ადამიანი. შედარებისთვის, 2008 წელს გამოვლინდა 795 შემთხვევა და დაიღუპა 586 ადამიანი. თუნდაც ამ მარტივი სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთში ტერორისტული აქტების განხორციელება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში - ქვეყნებში, სადაც ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლებები ბევრად უფრო დაცულია. ამ ქვეყნებში ტერორისტებს მეტი მომზადება, კონსპირაცია, მეტი ფულის ხარჯვა უწევთ და ამიტომ ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა მცირეა. რუსეთში კი, აგერ უკვე 11 წელია, აფეთქებების ტალღა გრძელდება.

ჩრდილო კავკასიური სამხედრო დაჯგუფებები თავდაპირველად უფრო ნაციონალისტური მოტივებით საზრდოობდნენ. ისინი ძირითადად რუს სამხედროებს ესხმოდნენ თავს. კავკასიელი ტერორისტების ისლამიზაციის პარალელურად კი სამიზნე შეიცვალა. დღეს შაჰიდი ქალების მსხვერპლი რიგითი მოქალაქეები არიან შუაგულ მოსკოვში.

19 ალაჰის ქალები

▲back to top


ფოტო ესე

0x01 graphic

0x01 graphic

შირინ ნეჟადი/ბრუსელი/გლედსტოუნ გალერეის საჩუქარი

20 აღდგომის დღესასწაული და სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები

▲back to top


საზოგადოება

რელიგია

0x01 graphic

ფოტო: მანანა არაბული, ბესო დარჩია

4 აპრილს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესია იესო ნაზარეველის მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც“ (I კორ. 15:14), - წერს პავლე მოციქული. ეს სიტყვები ნათლად წარმოაჩენს, თუ რატომ უკავია სააღდგომო ღვთისმსახურებას ყველაზე საპატიო ადგილი საეკლესიო კალენდრებში.

წლევანდელი აღდგომა, კალენდარული დამთხვევის წყალობით, საერთო ქრისტიანულ დღესასწაულად იქცა. მართალია, აღდგომა ვერ წაშლის განსხვავებებს კონფესიათა საღვთისმეტყველო შეხედულებებს შორის, მაგრამ საერთო ფესვებს ნამდვილად გაგვახსენებს. ქრისტეს აღდგომის შესახებ სწავლება ხომ ერთ-ერთია, რომელშიც ეკლესიებს ეჭვი არასდროს შეუტანიათ. მომავალ ათწლეულში მართლმადიდებლებს, სომეხ ქრისტიანებს, კათოლიკეებსა და პროტესტანტებს კიდევ სამჯერ მოუწევთ ყველაზე დიდი დღესასწაულის ერთდროულად აღნიშნვა.

მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომას ორმოცი დღის მარხვის შემდეგ აღნიშნავენ. ბოლო კვირას ეწოდება ვნების კვირა, რომელიც განასახიერებს ქრისტეს გზას იერუსალიმში შესვლიდან საფლავში ჩასვენებამდე. მამა ალექსანდრე შმემანი თავის ნაშრომში „დიდი მარხვა“ მას „ნათელი სევდის“ პერიოდს უწოდებდა. აღდგომა კვირის ბოლოს დგება, მწუხარება სიხარულით იცვლება, შავ საღვთისმსახურო სამოსს, რომელსაც ორმოცი დღე გლოვის ნიშნად ატარებდნენ, ერთი წლით კარადაში მოათავსებენ. აღსავლის კარს უკან დაკიდებული ფარდა (კრეტსაბმელი) ღია ფერის ფარდით შეიცვლება. ტაძრის ჩრდილოეთით მდგარ ჯვარცმასაც ჩამოხსნიან სუდარას. ყველაფერი ნათელ, სადღესასწაულო ფერებში შეიმოსება. შაბათს საღამოს დაწყებული მწუხრი კვირის პირველივე საათებში ცისკრად გადაიქცევა. საკურთხევლიდან კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამობრძანდება, ხელში სამი სანთლით განათებული ჯვარცმა ეჭირება და ღამისთევის მსახურებაზე მდგარ მრევლს სამ ენაზე მიმართავს: „ქრისტე აღსდგა!“

მრევლიდან პასუხი იქუხებს - „ჭეშმარიტად აღსდგა“! დღესასწაულიც აქედან იწყება. შუა მსახურებაზე მრევლი ტაძარს სამგზის გარს შემოუვლის გალობით: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.“ ლიტანიობის შემდეგ მრევლი კვლავ ტაძარს შეეფარება. სააღდგომო ლიტურღიაზე საგანგებოდ ჩამოაბრძანებენ წმინდა ცეცხლს. ცეცხლით დაანთებენ ორ შეკვრა სანთელს, რომლითაც კათაოლიკოს-პატრიარქი მრევლს ჯვარს გარდასახავს. წითელ პარასკევს შეღებილი კვერცხების გატეხვა მორწმუნეებს კვირა დილით შეეძლებათ. ორშაბათიდან კი ბრწყინვალე კვირა იწყება.

სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიაში აღდგომისადმი მიძღვნილი დღესასწაული შაბათ საღამოს ხუთ საათზე იწყება და საღამოს რვამდე გრძელდება. ღამისთევის წირვას არ აღასრულებენ, მაგრამ ტაძრები მთელი ღამე ღიაა. დროის ამ მონაკვეთში მორწმუნეებს ტაძარში მისვლისა და ლოცვის საშუალება აქვთ. ამავე პერიოდში ერთსაათიანი მსახურება ჩატარდება.

წირვა კვირას, დილის 11 საათზე დაიწყება. მორწმუნეებს ზიარების მიღების საშუალება ექნებათ.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურის, მამა ნარეკ კუშჩიანის თქმით, სააღდგომო დღესასწაულის კანონიკას მართლმადიდებლური ტრადიციისგან არაფერი განასხვავებს, გარდა იმისა, რომ მსახურება გაყოფილია. ნაწილი შაბათ საღამოს ტარდება, ნაწილიც კვირა დილით. შაბათ საღამოდან მორწმუნეებს ტაძარში მიაქვთ პასქა და შეღებილი კვერცხები, რათა მღვდელმსახურებმა აკურთხონ.

მამა ნარეკის თქმით, აღდგომა სომეხი ქრისტიანებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, სხვა ქრისტიანული კონფესიების მსგავსად. ის სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რომ წელს ყველა ქრისტიანი ერთად აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც სომხურმა ეკლესიამ გადაწყვიტა საქართველოში აღდგომა წმინდა ეჩმიაძინთან ერთად, ახალი სტილით ეზეიმა, უხერხულობა იქმნებოდა - თითქოს მოძმე მართლმადიდებლებს შორდებოდნენ. წლევანდელმა აღდგომამ კი დამატებითი შესაძლებლობა შექმნა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ბარიერის დროებითი გაუჩინარებისთვის.

კათოლიკეებისთვის აღდგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ეს არც მითია და არც ოცნება, ეს არც ხილვაა და არც უტოპია, ეს არც ზღაპარია. ეს ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენაა: იესო ნაზარეველმა, ძემ მარიამისა, რომელიც პარასკევს შებინდებისას ჯვრიდან გარდამოხსნეს და დაფლეს, ძლევამოსილად დატოვა საფლავი“, - ქადაგებს რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე. პლანეტის მილიარდზე მეტი კათოლიკესათვის კი დღესასწაული სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ნიშნავს. დიდი მარხვის შემდეგ თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების კათედრალში, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო სააღდგომო ცეცხლს აკურთხებს. ქართველი კათოლიკეების პროცესია პასქალით (დიდი სააღდგომო სანთელი) შედის ჩაბნელებულ ტაძარში, რომელიც ცოდვის სიბნელეს განასახიერებს. როგორც კი დიაკვანი სამჯერ ხმამაღლა წარმოთქვამს „Lumen Christi“ (ნათელი ქრისტესი), პასქალს ნაკურთხ ცეცხლს გადაუკიდებენ. ტაძარი სინათლით აივსება, რაც ცოდვის სიბნელისგან გამოხსნას ნიშნავს.

რიტუალის ნაწილია ნათლობის წყლის კურთხევა. გრძელ ღვთისმსახურებაში, ორღანის ფონზე სააღდგომო პრეკონია, ანუ სიხარულის უწყების გალობა გაიჟღერებს. ღვთისმსახურებს თეთრი და ოქროსფერი შესამოსელი აცვიათ. წმინდა წირვის დაწყებამდე მრევლი და მოძღვრები 9 საკითხავს კითხულობენ, რომელთაგან შვიდი ძველი აღთქმის წიგნებიდან არის, ერთიც პავლე მოციქულის წერილიდან, ერთი კი - ოთხთავიდან. წირვის დასაწყისში ძღვენს აკურთხებენ, ტრაპეზზე კი დაბრძანდება აღმდგარი ქრისტეს ქანდაკება, რომელიც ტაძრის ცენტრიდან შეახსენებს მორწმუნეებს კაცთა მოდგმის განახლებას.

საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაში, მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის მითითებით, სპეციალური კომისია ადგენს, როგორ აღნიშნოს თემმა დღესასწაული. რეგიონებიდან მშვიდობის კათედრალში ღვთისმსახურები და მრევლი ჩამოდიან. ღამისთევის მსახურების დაწყებისთანავე, წინასწარ შერჩეული გალობის თანხლებით, კათედრალში პროცესია გამოჩნდება. წინ ბავშვები ხელში შემართული წმინდა წერილით მოდიან, უკან ჯვარი მოჰყვებათ, ჯვარს - ღვთის სიტყვის წამკითხველები. ბოლოს ეპისკოპოსები შემოვლენ. მთავარეპისკოპოსის მოვალეობის შემსრულებელი, ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, ძველი, კელტურ-ქრისტიანული ლოცვით ხსნის მსახურებას. მას „მამის ხელმწიფებით“ ეწოდება. „შემდეგ გამოდიან ღვთისმსახურები და დღის საკითხავს ძველი, სინაგოგალური ტრადიციით კითხულობენ. მათ შორის ერთი ძველი აღთქმიდანაა, მეორე მოციქულთა წერილებიდან, მესამე კი - სახარება“, - ყვება ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი. საკითხავების შემდეგ მორწმუნეებს ღვთისმსახურები ქადაგებით განუმარტავენ წაკითხულის შინაარსს. გალობა, რომელიც ქადაგებას მოსდევს, მრევლს აღდგომის სიხარულს კიდევ ერთხელ ახსენებს. ტაძარში ქისას ჩამოატარებენ. მრევლი შესაწირს გაიღებს. ამას მატერიალურ მსახურებას უწოდებენ.

ბაპტისტურ თემში დიდ როლს ასრულებს ლიტურღიული ცეკვა. ის, რაც უცხოა მართლმადიდებლური და კათოლიკური წირვისთვის, ბაპტისტებისთვის საღვთო განდიდების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია - სულთან ერთად, მსახურებაში სხეულიც მონაწილეობს. ცეკვას სპეციალური დასი ასრულებს. ბოლოს მრევლი პასტორს მოსახსენებელ ბარათებს მიუტანს. მათ საკურთხეველში თემატურად დაალაგებენ და მსახურებაზე სახოტბო, სამადლობელი და სავედრებელი ლოცვებით მოიხსენიებენ. როდესაც ღამეულ უკუნს ნათელი დაეტყობა, ქართველი ბაპტისტები მთაზე სალოცავად წავლენ.

21 დევნილების გასაჭირი

▲back to top


საზოგადოება

ომბუდსმენის ანგარიში

31 მარტს პარლამენტში გაიგზავნა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც, ტრადიციულად, დიდი ადგილი დაეთმო დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას.

დევნილთა რაოდენობა 250 ათას ადამიანს ანუ საქართველოს მოსახლეობის 6%25-ს შეადგენს. მათმა ძირითადმა ნაწილმა 1990-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა საცხოვრებელი. 2008 წლის ომის შედეგად გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კი დაახლოებით 22 ათასია. მათგან 15 ათასს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. სტატუსის მინიჭების პროცესი დღემდე გრძელდება.

დევნილები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაბნეული. მათგან ნაწილი კოლექტიურ ცენტრებში, ნაწილი ახალ ჩასახლებებში, ყველაზე ბევრი კი კერძო სექტორშია განსახლებული.

წლევანდელ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღნიშნულია პოზიტიური ძვრები, რომელიც მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2009 წლის მეორე ნახევარში განხორციელდა:

  • დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით დაარსდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც, სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც წევრიანდებიან. ისინი სამინისტროს კონკრეტულ რეკომენდაციებს აწვდიან;

  • დამტკიცდა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით და გრძელდება კოლექტიური ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაციისა და პრივატიზაციის პროცესი;

  • ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, მათი სამოქმედო გეგმა მუდმივად განახლებადი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე რეგულარულად შეიცვლება-შესწორება;

  • სამინისტრო ხელს უწყობს პროექტებს, რომლებიც დევნილთა სოციალურ- ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად;

ამ სასიკეთო ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ მოუგვარებლად რჩება ბევრი პრობლება, რომლებმაც სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი ნაწილი დაიკავეს.

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

უარყოფითად შეფასდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის საკითხი. მართალია, სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციას შორის ინფორმაციის გაცვლა პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაგრამ დაბალია კომუნიკაციის ხარისხი თვითონ დევნილებსა და სამინისტროს შორის. ხშირად სახალხო დამცველის ოფისს უწევს დევნილთა უპასუხოდ დარჩენილი განცხადებების სამინისტროში გადამისამართება, თუმცა, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისას, დაბრკოლება მათაც ექმნებათ. შედეგად, ვიღებთ დევნილთა არაინფორმირებულობას, რაც დამატებით პრობლემებს აჩენს. მაგალითად, შეფერხდა ახალი ჩასახლებებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება: 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ სახელმწიფომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაზარალებულთა კომუნალური გადასახადების დაფარვის ვალდებულება აიღო. დევნილთა განცხადებით, მათ არ იცოდნენ, როდის წყდებოდა სახელმწიფო დახმარება. 2009 წლის იანვრის დასაწყისში დევნილებმა მიიღეს სამი თვის დავალიანების ქვითრები, რომლის დაფარვა ვერ შეძლეს.

კომუნიკაციის პრობლემის გარდა, მწვავედ დგას კომპენსაციის საკითხიც. 2008 წლის ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილმა დროებით თავშესაფარს 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია ამჯობინა. მათგან 1,700 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სახალხო დამცველს იმ ოჯახებმა მიმართეს, რომლებმაც კოტეჯებზე უარი თქვეს, მაგრამ თანხა დღემდე არ მიუღიათ.

აღმოუფხვრელი დარჩა ახალ ჩასახლებებში ჰიგიენის, სანიტარიული პირობებისა და სპეციფიკური მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ ჯერ კიდევ 2009 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიწერა დეტალურად. ჩასახლებების უმეტესობაში არ გააქვთ ნაგავი, გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა. უცვლელია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ადეკვატური საკვებით, მედიკამენტებით, ინვენტარითა თუ ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის პრობლემაც.

ასევე დღის წესრიგში დგას მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებულ პირთა უსაფრთხოების დაცვა, რასაც სახელმწიფოს ავალდებულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „სახელმძღვანელო პრინციპები იძულებითი გადაადგილების შესახებ“. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა 2009 წლის მეორე ნახევარში. მოხდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ცხინვალის რეგიონის მახლობლად მცხოვრები პირები ტყვედ აიყვანეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. იყო ახალგორში ნათესავების მოსანახულებლად ჩასული პირების დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებისა და გასამართლების შემთხვევები. ამჟამად დაუცველია არა მარტო უსაფრთხო დაბრუნების პრინციპი, არამედ ე.წ. კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობაც.

ამ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული რეკომენდაციები:

  1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გადადგას პოზიტიური ნაბიჯები ინფორმაციის ნაკლებობის დასაძლევად;

  2. დროულად გაიცეს კომპენსაციები იმ კატეგორიის დევნილებზე, რომელთაც კოტეჯის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციაზე შეაჩერეს არჩევანი;

  3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით აღმოფხვრას სანიტარიულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები;

  4. საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, გადადგას ეფექტური ნაბიჯები კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სახალხო დამცველის ძალისხმევით, 2010 წლის იანვრიდან დაიწყო პროექტი „სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის არსებული პრობლემების გადასაჭრელად“. მისი ხანგრძლივობა საწყის ეტაპზე 6 თვით განისაზღვრა.

22 ევროპული პოლიტიკის შნო ანუ წინასაარჩევნო შეგონება

▲back to top


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპული პოლიტიკა საერო და საეკლესიო ძალაუფლებათა შორის საუკუნოვანი ურთიერთობის, უფრო ზუსტად კი, კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბდა, ნელ-ნელა დაიხვეწა და, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკის სახელწოდებაც დაიმსახურა...

ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპას ახსოვს, შორეულ 1301 წელს მიიღეს. მაშინ საფრანგეთის ტახტზე ფილიპე იჯდა, ლამაზად წოდებული. ლამაზს იმიტომ ეძახდნენ, რომ მსუქანი იყო და ღაჟღაჟა ლოყებით უჩვეულოდ გამოირჩეოდა შუა საუკუნეების უფრო დამახასიათებელ გაყვითლებულ და ჩაჟამებულ სახეებში. ეს მეფე სიყმაწვილიდანვე რომაული სამართლის სულისკვეთებით იყო აღზრდილი და აღზრდიდანაც ყველაზე მეტად ეს ფრაზა დაამახსოვრდა: „რაიც ხელმწიფეს მოსწონს, იმას კანონის ძალა აქვს“.

0x01 graphic

ფილიპე ლამაზი

რომის ეკლესიის საჭე კი ამ დროს უკვე მოხუცებულ, მაგრამ საოცრად ჯიუტსა და გულზვიად პაპს, ბონიფაციუს VIII ეპყრა. როგორც ეტყობა, პაპი ადეკვატურად ვერ აფასებდა შექმნილ ვითარებას: მას ჯერ კიდევ იმ ეპოქაში ეგონა თავი, როცა პაპები მთელ დასავლეთ საქრისტიანოს აზანზარებდნენ, როცა მათი და მხოლოდ მათი სიტყვა იყო გადამწყვეტი.

ორი ამბიციური ხელისუფლის ურყევი ნება, ბოლოს და ბოლოს, შეეჯახა: არა აქვს მნიშვნელობა, რომელმა მათგანმა მოინდომა პირველმა პარიზის მთავარეპისკოპოსის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის გაყვანა. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება პარიზიდან უფრო ადვილი იყო, ვიდრე რომიდან. განრისხებულმა პაპმა ჯერ პირდაპირ მოსთხოვა მეფეს, მისი დანიშნული ეპისკოპოსის გადაყენება. ფილიპემ იუარა. მაშინ ბონიფაციუსმა საგანგებო განჩინებით ერეტიკოსად გამოაცხადა საფრანგეთის მონარქი.

ეს უკვე სერიოზული რამ იყო. ერთი შეხედვით, მეფეს ორი გზა რჩებოდა.

პირველი: მოეწვია სორბონის უნივერსიტეტის დოქტორები და თეოლოგიურად დაპირისპირებოდა რომის ნებას. ეს სრულიად უპერსპექტივო გზა იყო, პირველ ყოვლისა, ხანგრძლივობის გამო. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ თეოლოგიასა და სჯულის კანონში არ არსებობს ცხადი და ცალსახა დასკვნები. ფილიპეც ერთმნიშვნელოვნად ვერასოდეს დაამტკიცებდა, რომ პაპი მტყუანია.

მეორე: არ შეემჩნია პაპის ბრალდება და განეგრძო ქვეყნის მართვა. მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო, რადგან არც ერთი მეფე არ არსებობს შინაგანი მტრების გარეშე. ადრე თუ გვიან ეს მტრები გამოიყენებდნენ პაპის განჩინებას და შეძლებდნენ მეფის წინააღმდეგ მორწმუნეთა ამხედრებას. ეს ან ღიად მოხდებოდა, ან, რაც უფრო სარწმუნოა, ფარული შეთქმულებით. მკვლელებს კი არ გაუჭირდებოდათ გვირგვინოსნის დამხობისთვის საყოველთაო გამართლების მოპოვება.

ერთი სიტყვით, ფილიპე ერთობ ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რა უნდა ექნა? სწორედ აქ მიიღო მეფემ სწორედ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება: გამოსცა ბრძანება, რომელსაც, ერთი შეხედვით, არავითარი კავშირი არ ჰქონდა საქმის ვითარებასთან. ფილიპემ საკუთარი სამეფოს საზღვრებს გარეთ ფულის ექსპორტი აკრძალა - ამის უფლება ჰქონდა. მერე და რა? ის, რომ პაპის კარი ფრანგულ სამრევლოებში შეკრებილი გადასახადების გარეშე დარჩა. სულ ცოტა ხანში ბონიფაციუსმა ფილიპეს წინააღმდეგ გამოტანილი განჩინება გააუქმა...

ფინანსურ ბერკეტებს ეკლესიასთან ურთიერთობაში მართლმადიდებლებიც იყენებდნენ. ოღონდ სხვანაირად.

IX საუკუნის კონსტანტინოპოლში სარდალმა ნიკიფორე ფოკამ იმპერატორი მოკლა, იმპერატრიცაზე იქორწინა და თავი იმპერიის მმართველად გამოაცხადა. ეს სრულიად ჩვეული ამბავი იყო და არავინ ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა ერთი გარემოება: ნიკიფორე იმპერატორის შვილების ნათლია იყო. გამოდის, რომ ცოლად ნათლიდედა შეერთო. სჯულის კანონის ეს დარღვევა კი ათონის წმინდა მთის ბერებმა არ აპატიეს.

მაშინვე მკაცრად ამხილეს უზურპატორი და სისხლის აღმრევი ნიკიფორე. თუმცა არც ნიკიფორე აღმოჩნდა პოლიტიკურ ალღოს მოკლებული: მან ოქრო-ვერცხლით დატვირთული ორი ხომალდი გაგზავნა ათონის მთაზე და ბერებიც დადუმდნენ.

მათი გაგება შეიძლება: მონასტრების მშენებლობასა და ძვირად ღირებულ აღმოსავლურ რიტუალს დიდძალი სახსრები სჭირდებოდა. სად უნდა ეშოვათ საჭირო ფული ქვეყნიერების ცხოვნებისთვის მლოცველ ასკეტებს?

რა განსხვავებაა ამ ორ სტრატეგიას შორის? - პირველი არ არღვევს საერო ხელისუფლების იურისდიქციას და კუთვნილ შემოსავალს ართმევს ეკლესიას. ამგვარად, ამ უკანასკნელს, დათმობის გარდა, არაფერი რჩება. მეორე არღვევს საერო ხელისუფლების იურისდიქციას - რადგან არსებითად კორუფციას წარმოადგენს - და კუთვნილზე მეტი შემოსავლის შეთავაზებით ეკლესიას უქმნის წარმოდგენას, რომ შემდგომ ჯერზე მეტის მოთხოვნა იქნება შესაძლებელი.

რთული ანალიზის გარეშეც გასაგებია, რომ ევროპული სტრატეგია ბევრად უფრო ეფექტურია. თანაც, სწორედ რომ პოლიტიკაა, ანუ გრძელვადიანი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გათვლილი მცირე და ირიბი ზემოქმედება რეალობაზე. ბიზანტიური გზა კი ბანალური ქრთამია, თანაც, უძირო ჭის ასავსებად გამიზნული. ამიტომაც მოხდა, რომ დასავლეთი ცივილიზაციის გზას დაადგა და დღეს მთელი პლანეტის ცხოვრებას განსაზღვრავს. ბიზანტია კი საერთოდ გაქრა მსოფლიო რუკიდან...

ამ ტექსტსაც იმის მცირე იმედით ვწერ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ოდნავ მაინც დაფიქრდებიან, სანამ მიიჩნევენ, რომ წინა არჩევნების დროს ეპისკოპოსებისთვის ნაჩუქარი ჯიპები მომავალი არჩევნებისთვის უკვე მოძველებულია და განახლებას საჭიროებს...

23 პიცა და ჩანახი ოთხ დედაქალაქში

▲back to top


საზოგადოება

ბაზარი

სად ღირს კვება უფრო ძვირი - ამის ცალსახად შეფასება რთულია. შედეგი დამოკიდებულია არჩეულ პროდუქტებზე: სადღაც პურია იაფი, სადღაც - ბრინჯი, სხვაგან კი - ბანანები. თითოეულ ქვეყანას აქვს მისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული საკვები, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ეროვნული სამზარეულოს გავრცელება სახელმწიფო საზღვრებს აღარ ემთხვევა. საოჯახო სუფრაზე უცხო კერძებიც ხშირად ხვდება. საქართველოშიც ერთ დღეს მშობლიურ ჩაქაფულს მივირთმევთ, მეორე დღეს - იტალიურ სპაგეტის, მესამე დღეს კი - რუსულ ბლინებს ან ბავარიულ სოსისს. მოკლედ, დღესდღეობით, ადგილობრივიც მნიშვნელოვანია და შემოტანილიც.

ადგილობრივი პროდუქტების მაგალითად ჩანახი შევარჩიეთ, უცხოურისა კი პიცა. ჩანახში ყველაფერი მშობლიურია - ცხვრის ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი და პილპილიც კი. პიცა კი გადამთიელური მოცარელას ან პარმეზანის, სალიამის ან პეპერონის, ბეკონისა თუ ზეთისხილის გარეშე ძნელი წარმოსადგენია.

პიცა რომ ჩვენთან ძვირი სიამოვნებაა, ამის შესაგრძნობად რესტორნებში სიარული აუცილებელი არ არის. ადგილობრივი წარმოების 350-გრამიანი ნახევარფაბრიკატი თბილისურ სუპერმარკეტებში ექვს ლარზე მეტი ღირს. შედარებისთვის, გერმანულ „ალდიში” ამავე წონის იტალიური გაყინული პიცა 0.77- დან 1.37 ევრომდე (1.80—3.20 ლარი) დაგიჯდებათ. მსგავსი სურათი აჩვენა სახლში დამზადებული პიცის ღირებულების შეფასებამაც. რაც უნდა მოიმოქმედო, ჩვენში ამ სიფრიფანა იტალიურს იაფად ვერ მიირთმევ. არადა, ამავე გათვლებით, ჩანახის ფასით თბილისს ჯერ ვერც კიევი და ვერც სანატრელი ევროატლანტიკური სივრცე შეედრება.

თბილისი

კიევი

ლონდონი

ვაშინგტონი

ერთი ზომის პიცის ფასი

20.90 ლარი
186%25

11.65 ლარი
104%25

12.35 ლარი
110%25

11.20 ლარი
100%25

100 გრ მოცარელა 100 გრ ჩედარი 100 გრ პომიდორი 50 გრ პეპერონი 100 გრ ბულგარული წიწაკა 50 გრ სალიამი 50 გრ ბეკონი 50 გრ ქამა 50 გრ ტომატ სოუსი 100 გრ შებოლილი ლორი

ერთ ფასად დამზადებული პიცა

0x01 graphic

ერთნაირი მოცულობის ჩანახის ფასი

26.05 ლარი
100%25

42.35 ლარი
163%25

32.10 ლარი
124%25

52.40 ლარი
201%25

1კგ ცხვრის ხორცი 100გ ნიორი 100გ ხახვი 1კგ კარტოფილი 1კგ ბადრიჯანი 1კგ პომიდორი

ერთ ფასად დამზადებული ჩანახი

0x01 graphic

მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ბაზარი ნაკლებად ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. მოძმე უკრაინელებთან ფასები ლონდონურსა და ვაშინგტონურს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისურს. თუ პროდუქტი იაფია დასავლეთ ევროპაში, დიდი ალბათობით, იაფია კიევშიც. საქართველოში კი საქმე სხვაგვარადაა. სწორედ ამიტომ, თბილისში უცხოური კომპონენტებისგან შემდგარი კერძები, მათ შორის პიცაც, ძვირია.

მიზეზი, სავაჭრო პარტნიორების დაშორებულობასთან ერთად, ადგილობრივი მრეწველობის სისუსტეშიც უნდა ვეძებოთ. ჩვენებური სულგუნი უფრო ჰგავს იტალიურ მოცარელას, ვიდრე რომელიმე ჩრდილოევროპული ყველი. ამის მიუხედავად, მოცარელას ადგილობრივი წარმოება შეიძლება უტოპიურ ოცნებად მოგვეჩვენოს. იაფად და ხარისხიანად ქართული კომპანიები ჩვენთვის ტრადიციულ პროდუქტებსაც კი ვერ აწარმოებენ. თანამედროვე, „ევროპული სტანდარტების“ შეფუთვაც მხოლოდ ერთეულ პროდუქტებს თუ ეღირსა. მოკლედ, ხარისხიანი ქარხნული მრეწველობა ლამის საუკუნის წინ გარდაცვლილი ნიკოლაძის ოცნებებში რჩება. ქართული ეკონომიკა კვლავ მემაწვნე ბაბუებსა და მემწვანილე ბებოებზე დგას.

24 ამბები

▲back to top


საზოგადოება

  • ჩინეთში მდინარემ 21 ბავშვის ცხედარი გამორიყა

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

წინა კვირას ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინურ პროვინცია შანდონგში მოსახლეობამ ხიდის ქვეშ ყვითელი ტომრები იპოვა, რომლებშიც გარდაცვლილი ახალშობილები და აბორტის მსხვერპლი აღმოაჩინეს. ბავშვებს სხეულებზე ჰქონდათ მარკირება, რომლითაც მათი მშობლები და დაბადების ადგილი დადგინდა. გაირკვა, რომ სხეულები მდინარეში ადგილობრივი საავადმყოფოების თანამშრომლებს გადაუყრიათ. გადაყრის მომენტში ყველა ბავშვი გარდაცვლილი იყო.

დღეს ჩინეთში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოეპყრან გარდაცვლილთა სხეულებს. ამავდროულად, არსებობს რწმენა, რომ დაღუპულ ახალშობილს უბედურება მოაქვს. ადგილობრივი კომენტატორები მომხდარს ამ ორ ფაქტს უკავშირებენ.

დაღუპული ახალშობილების პოვნა ჩინელი ბლოგერებისთვის ზედიზედ მეორე შოკისმომგვრელი ამბავი აღმოჩნდა. რამდენიმე დღით ადრე ქვეყანა დატოვა გუგლმა. მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან ინტერნეტის კონტროლი და ცენზურა დასახელდა.

  • მოსკოვში 82 წლის უფლებების დამცველს თავში ჩაარტყეს

ლუდმილა ალექსეევა ოთხშაბათს მეტროს სადგურ პარკ კულტურიში ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როდესაც უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და თავში ხელი ჩაარტყა. მომხდარი დაფიქსირდა ვიდეოჩანაწერში, რომელზეც ჩანს, რომ დარტყმის შედეგად ალექსეევა ვარდებოდა, თუმცა გარშემო მყოფებმა შეაკავეს.

ალექსეევა ყვება, რომ მეტროში შეამჩნია ახალგაზრდები, რომლებიც „აშკარად მას ელოდნენ“. მისი აზრით, ინციდენტი დაგეგმილი იყო. მიახლოებისას თავდამსხმელმა მიაძახა: „ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ?“ მილიციამ თავდამსხმელი მეტროშივე დააკავა. პარკ კულტურიში, სადაც ორი დღით ადრე ტერორისტული აქტი მოხდა, ალექსეევა ყვავილებით მივიდა დაღუპულთა მემორიალის შესამკობად.

0x01 graphic

იანვრის დასაწყისში რუსმა სამართალდამცავებმა თავად ალექსეევა დააკავეს „არასანქცირებულ საპროტესტო მსვლელობაში“ მონაწილეობისთვის. ალექსეევა, რომელიც ამჟამად მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს თავმჯდომარეობს, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრეჟნევის პერიოდიდან იბრძვის. საბჭოთა კავშირში მისი მოღვაწეობით ხშირად ინტერესდებოდა სუკი (კა-გე-ბე). არაერთხელ დაუკავებიათ და დაუკითხავთ. სამოცდაათიანი წლების ბოლოდან აშშ- ში ცხოვრობდა, 1993 წელს კი რუსეთში დაბრუნდა.

  • მალაიზიელი ქალი გაწკეპვლას გადაურჩა

ყოფილ მოდელსა და ექთანს, კარტიკა სარი დევი შუკარნოს, სასამართლომ შარშან, ივლისში გამოუტანა განაჩენი, მაგრამ ოთხშაბათს, აღსრულებამდე ცოტა ხნით ადრე, გადაწყვეტილება შეიცვალა. ხუთშაბათს შუკარნოს ადვოკატმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ შტატის სულთანმა ქალის გაწკეპვლა ზედმეტად მიიჩნია.

გაწკეპვლა და 5000-რინგიტიანი (1500 აშშ დოლარი) ჯარიმა შუკარნოს იმისთვის მიუსაჯეს, რომ 2007 წელს ზღვის ნაპირზე ლუდი დალია. გადაწყვეტილებას ისლამური კანონების მოწინააღმდეგეთა პროტესტი მოჰყვა. ათ შტატად დაყოფილ მალაიზიაში ორგვარი სასამართლო სისტემა მოქმედებს. ისლამის კანონები მხოლოდ მუსლიმებზე ვრცელდება, რომლებიც მოსახლეობის 60%25-ს შეადგენენ. დანარჩენ მოქალაქეებს ალკოჰოლის მიღება თავისუფლად შეუძლიათ.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

წელს მალაიზიაში სამი ქალი უკვე გაწკეპლეს ღალატისთვის. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ სასჯელს იმსახურებდნენ. შტატის სულთნის გადაწყვეტილებით, შუკარნოს გაწკეპვლა სამკვირიანი საზოგადოებრივი სამსახურით შეეცვალა.

25 ქართული ბლოგოსფერო ქვის ხანიდან გამოსვლას იწყებს

▲back to top


საზოგადოება

პირველი ბლოგები 90-იანების დასაწყისში შეიქმნა. კატალოგ „ტექნორატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, დღეისთვის მათი რიცხვი 100 მილიონზე მეტია. მათ ქართულ ინტერნეტ- სივრცეშიც მოიკიდეს ფეხი, თუმცა მცირე რაოდენობით. ქართულ კატალოგებში მხოლოდ რამდენიმე ასეული ასეთი საიტია. შედარებისთვის, უნგრულ miner.hu-ზე - 167 ათასი ბლოგია რეგისტრირებული.

ინტერნეტ-კონფერენცია „ბარკემპ 2009“-ის მონაწილეთა შეფასებით, სომხეთში ინტერნეტი, საქართველოსთან შედარებით, ნაკლებად გავრცელებული და ძვირია, მაგრამ ბლოგების რაოდენობა - დაახლოებით ორჯერ მეტი.

განვითარებულ ქვეყნებში ბლოგერობა არცთუ უხეირო საქმიანობაა. ამ საიტების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამაა. რეკლამის ღირებულება კი მნახველების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ორმილიონიან ლატვიაში არსებობს პერსონალური ბლოგები, რომლებსაც ათასზე მეტი „გამომწერი“ ჰყავთ, მაშინ როცა საქართველოში მათი რიცხვი ორიოდე ასეულს არ აღემატება.

ბლოგერი მარი ტალახაძე ამბობს, რომ ქართველი ბიზნესმენები ინტერნეტ-რეკლამით ნაკლებად ინტერესდებიან. აქ რეკლამის განთავსებისთვის საჭირო სერვისებიც ნაკლებად განვითარებულია. შესაბამისად, მას უცხოური სერვისების გამოყენება უწევს. ამ გზით ტალახაძე თვეში 50-100 დოლარს შოულობს. აშშ-ში ოცი მილიონი ბლოგერია. მათგან, სულ ცოტა, ორი მილიონი იღებს შემოსავალს რეკლამიდან. საკუთარ გვერდებზე სარეკლამო ბანერების განთავსების გარდა, ისინი შეკვეთილ სტატიებსაც წერენ. „ტექნორატის“ კვლევის მიხედვით, საშუალო მოგება ამ საქმიანობისგან თვეში 500 დოლარია.

ზოგჯერ ბლოგი ავტორს შემდგომ პროფესიულ მოღვაწეობასაც განუსაზღვრავს ხოლმე. ზოგი მათგანი ჟურნალისტი ხდება, ზოგსაც კომპანიები ქირაობენ ბლოგების საწარმოებლად. მარი ტალახაძე ამბობს, რომ მისმა ბლოგმა ერთგვარი „რეზიუმეს“ როლი შეასრულა, როდესაც ჟურნალ „კოსმოპოლიტანიდან“ დაუკავშირდნენ და სვეტის წერა შესთავაზეს.

საინფორმაციო ბრძოლაში ბლოგოსფეროს დატვირთვაზე ბლოგერი პოლიტიკოსების სიმრავლე მეტყველებს. რომ არაფერი ვთქვათ ბრიტანეთის პრემიერ გორდონ ბრაუნზე, ბლოგები აქვთ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს და ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადსაც. საქართველო ამ მხრივ მოწინავეთა რიგებში არ არის. როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ლამაზი, დიდი და თანამედროვე ბლოგის ხილვა ჯერ წინ გვაქვს...

ბლოგი, როგორც მნიშვნელოვანი საინფორმაციო ინსტრუმენტი, მხოლოდ პოლიტიკური და ბიზნესწრეების ხელში არ არის. შარშან, როდესაც მასობრივი გამოსვლების გამო ირანის ხელისუფლებამ დაბლოკა მედიასაშუალებები, თეირანში მიმდინარე მოვლენებს იქაური ბლოგერები გადმოსცემდნენ. ამ მასალას ავრცელებდა „სი-ენ-ენი“ და „ბი-ბი-სი“.

0x01 graphic

აბდელ ქარიმ სულეიმანი, დაპატიმრებული ეგვიპტელი ბლოგერი
ფოტო: REUTERS ©

ბლოგების გავლენის ზრდასთან ერთად, მათი წარმოება სახიფათოც გახდა. 2009 წლის 2 სექტემბერს ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს ორი აზერბაიჯანელი ავტორი ადნან ჰაჯიზადე და ემინ აბდულაევი. ბლოგოსფეროში გაჩნდა აზრი, რომ დაკავების ნამდვილი მიზეზი მათ მიერ გავრცელებული ვიდეო იყო. ვიდეოში ბლოგერები სამთავრობო პროპაგანდას დასცინოდნენ. ბლოგერებს რუსეთშიც აპატიმრებენ. ერთ-ერთი მათგანი, სამართალდამცავების მტკიცებით, ღორის გრიპის შესახებ მცდარი წერილის გამოქვეყნებისთვის დაისაჯა. კუბის ციხეებში ამჟამად 21 ბლოგერი იხდის სასჯელს. ბლოგერებისთვის ყველაზე „საშიშ“ ქვეყანათა სიაში ბირმა, ირანი და სირია ლიდერობენ.

ბლოგი ისეთი ინტერნეტსაიტია, რომელზეც ერთი ან რამდენიმე ადამიანი საკუთარ წერილებს, ვიდეოებს ან ნახატებს აქვეყნებს. ამ მასალებს პოსტები ეწოდება. მნახველებს პოსტების კომენტირება შეუძლიათ. დღეს ბლოგის წარმოება შეუძლია ყველას, ვინც, ასე თუ ისე, ფლობს კომპიუტერს. არსებობს რამდენიმე ინტერნეტსერვისი (wordpress.com, blogger. com, tumblr.com), რომელზეც ადვილად შეიძლება დარეგისტრირება და საკუთარი ბლოგის უფასოდ შექმნა. ერთი ადამიანის მიერ წარმოებულ ბლოგებს პერსონალური, კომპანიებისას კიკორპორატიული ბლოგები ეწოდება.

26 ზოსიმეს გაფრთხილება

▲back to top


ლაშა ბუღაძე|სვეტი

0x01 graphic

ყველამ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთი ქართულ ენაზე მოსთხოვს პასუხს საშინელ სამსჯავროზე წარმოდგენილ მოქალაქეებს. ჯერ კიდევ როდის წერდა ამის შესახებ იოანე ზოსიმე.

პლანეტის მკვიდრნი - იაპონელებით დაწყებული და ნიგერიელებით დამთავრებული - ქართულად ამეტყველდებიან და ქართულ ენაზე მოისმენენ უმაღლეს განაჩენს.

ეს ასეა და სხვაგვარად არ გამოვა. შევეგუოთ

ჰოდა, განა უხერხული არ იქნება, რომ ქართულად ალაპარაკებულმა კანადელმა ბევრად ნაკლები შეცდომა დაუშვას თავის საუბარში, ვიდრე იქვე წარმოდგენილმა ეთნიკურმა ქართველმა?

და ეს რომ ასე იქნება, ამას წყალი არ გაუვა: ქართული ენის მცოდნე უცხოელები (პირველ ყოვლისა, ანგლო-საქსები), როგორც წესი, თავად ქართველებზე უკეთ, უშეცდომოდ ლაპარაკობენ ჩვენს მშობლიურ, ქართულ ენაზე.

მინახავს ქართულად მოსაუბრე ამერიკელი და გავოგნებულვარ მისი ქართულით.

მინახავს ქართულად მოსაუბრე ინგლისელი და აღვფრთოვანებულვარ მისეული ქართულით.

მინახავს ქართულად მოსაუბრე გერმანელი და აღვტაცებულვარ მისგან მოწოდებული ქართულით.

მინახავს ქართულად მოსაუბრე შვეიცარიელი და ცხარე ცრემლებით მიტირია მისი ქართულის მოსმენისას.

მინახავს ქართულად მოსაუბრე სომეხი და შემრცხვენია, რომ ამისთვის მადლობაც კი ვერ გადავუხადე სომხურად.

მინახავს ქართულად მოსაუბრე ბერძენი და შემყვარებია კიდეც მისი ცოდნის გამო.

არ მინახავს ქართულ ენაზე მოსაუბრე არც ერთი რუსი... თუმცა ეს სხვა ამბავია.

სამაგიეროდ მრავლად მინახავს ისეთი ქართველი, რომელიც ორ სიტყვას ვერ აბამს თავის მშობლიურ ენაზე, ან თუ აბამს - უდამთრგუნველესად!

მე მინახავს ისეთი ქართველი, რომელიც მხოლოდ ოთხი-ხუთი წინადადებით შეიარაღებული მიუყვება ცხოვრების გზას. მეტი არ სჭირდება. მას აქვს რამდენიმე გინება (მათ შორის, ავტოგინებაც), ჟარგონით გაჯერებული სამიოდე ფრაზა და ტელევიზორიდან შეწოვილი სამი ცალი მკვდარი ტერმინი.

ასეთი ქართველისთვის ტონია მნიშვნელოვანი და არა ლექსიკა. წინადადება და სიტყვები არ იცვლება, ერთი და იგივეა - შინაარსს მათ ტონის ცვლილება სძენს. მაგალითად, „ბოზის შვილი ვიყო“ - როგორც ასეთი, სხვადასხვა დროს შესაძლოა გამოხატავდეს ბრაზსაც, აღტაცებასაც, სიხარულსაც, გაოგნებასაც, მძვინვარებასაც და მადლიერებასაც კი. მთავარია, ვიმეორებ, ტონი შეიცვალოს დროულად. ასეთს არ სჭირდება ბევრი სიტყვა - თავისნაირს ისედაც აგებინებს ყველაფერს... თუმცა, მან ჯერ კიდევ არ იცის, თუ როგორი პრობლემები შეექმნება მეორედ მოსვლის ჟამს! რომელიმე ფილიპინელი ქ-ნ შუქია აფრიდონიძესავით ან დიდი აკაკი შანიძესავით ატიკტიკდება ქართულად, ეს კი, „ოთხწინადადებიანი ქართველი“, სასოწარკვეთილი „ბოზიშვილივიყოებით“ შეეცდება თავისი უდანაშაულობის მტკიცებას... მაგრამ რას დაამტკიცებს, კი ვნახავთ.

პრობლემები შეექმნებათ იმგვარ ქართველებსაც, რომელთაც ღირსებად მიაჩნიათ ინგლისური (ან, უახლოესი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსული) სიტყვების ჩათხრა საუბარში... ვითომ ქართულ სიტყვებს რომ ვერ იხსენებენ! ასეთებისთვის განცალკევებით ითუხთუხებს ზოსიმეს ნაწინასწარმეტყველები ლინგვისტური კუპრი...

არც ის ქართველები ჩავარდებიან უკეთეს დღეში, რომელნიც უცოდინრობისგან არქაულ სიტყვებს ხმარობენ მეტყველებისას (აქაოდა, უფრო უკეთეს პატრიოტებად გამოვჩნდებით ასეო). ხომ გინახავთ ამნაირები? აზრს რომ ვერ გადმოგცემენ, მაგრამ მაინც ჯიუტად რომ ხმარობენ „უკეთუს“, „რამეთუს“, „ვითარმედს“ და მისთანებს... ჩვენი ერთი ყოფილ-ადგილობრივი რეგიონალური დესპოტი მახსენდება ხოლმე ასეთ დროს - სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ამაყად წამოისროდა მკაცრ „რამეთუებს”: „რამეთუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა... ეს არის ჩიტი, რომელიც დაიჭირენ და გაპუტენ“.

ჰოდა, მაშ რატომ ხდება ასე, რომ ქართული ენის მცოდნე უცხოელები ჩვენზე, ქართველებზე უკეთ ლაპარაკობენ ქართულად?

იმიტომ ხომ არა, რომ ისინი ქართულად კითხულობენ წიგნებს?

ცხადია, ამიტომ!

მათ უყვართ კითხვა, ქართულს ქართული წიგნებიდან ითვისებენ, ჩვენ კი არ გვიყვარს და შესაბამისადაც ვმეტყველებთ.

ამიტომ მერე ნუღარ გვეწყინება, როცა ბ-ნ ლევან ღვინჯილიასეული ქართულით აჭიკჭიკებული ალჟირელი წარმატებით ჩააბარებს ზოსიმეს გამოცდას, ხოლო ჩვენ კი ჩვენივე რამეთუიან-გინებიან-ბარბარიზმებიანად მოგვისვრიან ცეცხლოვან გეენაში.

27 გაშვების თხა

▲back to top


გიგა ზედანია|სვეტი

0x01 graphic

კონსპიროლოგია ხშირად წამოყოფს ხოლმე თავს ჩვენს ქვეყანაში. აი, მაგალითად:

მალხაზ გულაშვილმა დააარსა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა. ეკა კვესიტაძემ ის საკუთარ ტოქშოუში მიიწვია, სადაც ბ-ნმა გულაშვილმა მრავალი ფაშისტურ- ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.

როგორი იყო ამაზე ზოგიერთი იმ ადამიანის რეაქცია, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებად მოიხსენიებენ? მათ შემოგვთავაზეს ახსნა: მალხაზ გულაშვილის პოპულარიზაციას ხელისუფლება უწყობს ხელს, რათა მის ფონზე საკუთარი თავი უფრო პროგრესულად მოგვაჩვენოს, ვიდრე არის. ამის მიზეზი კი ლიბერალურ-ოპოზიციურ პარტიებთან კონკურენციის შიშია.

ცოტა არ იყოს, ეჭვით ვუყურებ ხოლმე ისეთ ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლების პროექტებია ნოღაიდელი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, ალასანია, ოქრუაშვილი და მედვედევი. მაგრამ ეჭვი ეჭვია, ამ შემთხვევაში კი უეჭველი ფაქტი გამახსენდა - სანამ მას ეკა კვესიტაძე მიიწვევდა გადაცემაში, ბ-ნმა გულაშვილმა საკუთარი იდეების პრეზენტაცია „კავკასიის“ ეთერში მოაწყო, ალეკო ელისაშვილის შოუში. ლიბერალურმა ოპოზიციამ (აი, იმან, რომელთანაც ხელისუფლებას კონკურენციის ეშინია, ნაკლებად პროგრესული ვჩანვარო) - თინა ხიდაშელის სახით - წაუყრუა ბ-ნ გულაშვილის ჰომოფობიას. არც ოპოზიციური ჟურნალისტიკის წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი იყო სათანადო სიმაღლეზე - მას არ გაუპროტესტებია გულაშვილის არც ერთი ფაშისტური განცხადება. ამ ფონზე ნამდვილად დასაფასებელია ეკა კვესიტაძისა და შორენა შავერდაშვილს პოზიცია, რომლებიც შეეცადნენ - თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს, წარუმატებლად - დაპირისპირებოდნენ ბ-ნ გულაშვილის დემაგოგიას.

რა არის პრობლემა მალხაზ გულაშვილის შემთხვევაში? ის, რომ გურამ შარაძის ნიშის დაჭერას ცდილობს? რასაკვირველია, არა. გურამ შარაძე ვერ ჩაითვლება წარმატებულ საზოგადოებრივ ფიგურად და არა მგონია, მისი როლი ბ-ნმა გულაშვილმა უკეთესად შეასრულოს.

მაგრამ ბ-ნ გულაშვილის სტრატეგიაში არის ერთი ძალიან ცუდი რამ, რაც მას გამოარჩევს მისი „იდეური“ წინამორბედებისა თუ თანამოაზრეებისგან. მან გადაწყვიტა, განტევების ვაცის მექანიზმი აამუშაოს და ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა სექსუალურ უმცირესობებს გადააბრალოს (შეგახსენებთ, რომ ამ მექანიზმს წარმატებით იყენებდნენ ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებისა და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ). ყველაფერი დანარჩენი - რელიგიური ფუნდამენტალიზმის ქადაგება თუ პრორუსული ორიენტაცია ვერანაირად ვერ იქნება ბ-ნ გულაშვილის ექსკლუზიური ნიშა. მაგრამ სექსუალური უმცირესობების აქტიური დევნა - აქ მას შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს.

როგორი უნდა იყოს ჩვენი, ანუ იმ ადამიანების რეაქცია, რომლებისთვისაც უმცირესობების უფლებები არაა სულ ერთი?

ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი სტრატეგია იქნება, ზუსტად ისევე მოვექცეთ ბ-ნ გულაშვილს, როგორც ის ექცევა სექსუალურ უმცირესობებს. არავითარი ლიბერალური დიალოგი და რაციონალური არგუმენტების გაცვლა - თუ მას უნდა განტევების ვაცი, თავად ის ვაქციოთ „განტევების ვაცად” - სულ ცოტა, ჩვენს წრეში. ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია - შევთანხმდეთ, რომ არავინ შედის მასთან სამუშაო ურთიერთობაში, არავინ ერთიანდება მასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა საკითხი დგას დღის წესრიგში. მედიაში მიწვევა? - მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მასზე ვისაუბროთ, როგორც პრობლემაზე და არავითარ შემთხვევაში იმისთვის, რომ ის ვალაპარაკოთ სხვა პრობლემებზე. ვაქციოთ ის პერსონა ნონ გრატად.

თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, ედუარდ შევარდნაძემ, როგორც სჩანს რუსული «козел отпущения» -ს გავლენით, განტევების ვაცს, გაშვების თხა უწოდა.

„განტევების ვაცი“ აქ ბრჭყალებში ზის, რადგან, ჩვეულებრივ, ეს ვაცი სრულიად უდანაშაულოა და შემთხვევითაა შერჩეული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნებ ჯობდეს ედუარდ შევარდნაძის ტერმინი „გაშვების თხა“ გამოვიყენოთ, რადგან ჩვენს შემთხვევაში ბ-ნი გულაშვილი ნამდვილად დამნაშავეა, ის ნამდვილად ახდენს ფაშისტური იდეების გავრცელება-პოპულარიზაციას.

მე, რასაკვირველია, შორს ვარ აზრისგან, რომ მალხაზ გულაშვილი ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მალხაზ გულაშვილთან დაუშვებელია სხვა პრობლემაზე საუბარი, გარდა იმისა, რომელსაც ის თავად წარმოადგენს.

გულაშვილი ჩვენთვის იდეალური სამიზნეა. ის აერთიანებს ბევრ ფენომენს, რასაც ვუპირისპირდებით: რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, უმცირესობების უფლებების შელახვას, პრორუსულ პოლიტიკურ ორიენტაციას (ისე, საინტერესო კავშირი იბმება ამ სამ მომენტს შორის, არა?). მისი „განტევების ვაცად“ ქცევით ჩვენ შევძლებთ, რაღაც მინიმალური საერთო პოზიცია მაინც გამოვნახოთ - და მერე ვიკამათოთ ან, თუნდაც, ვიბრძოლოთ ერთმანეთთან.

რას ფიქრობთ?

P.S. დაახლოებით ვხვდები, როგორი იქნება სპონტანური რეაქცია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან - განა ხელისუფლება არ არღვევს ადამიანის უფლებებს? რატომ ავირჩიოთ მაინცდამაინც მალხაზ გულაშვილი ჩვენს სამიზნედ?

მაგრამ ამაზე პასუხი მარტივია: იმის მიუხედავად, არღვევს თუ არა ხელისუფლება ადამიანის უფლებებს, ის დეკლარირებულად დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მომხრეა, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ადამიანები, რომელთაც ამ სტატიით მივმართავ. მალხაზ გულაშვილი დეკლარირებულად ილაშქრებს ამ პრინციპებისა და ღირებულებების წინააღმდეგ. ის აშკარა მტერია, ვინც არაფერს მალავს. ამიტომაცაა სრულიად გამართლებული ანალოგია ფაშისტებთან, რომლებიც ასევე არ თვლიდნენ საჭიროდ, საკუთარი ზრახვები დაეფარათ.

28 5 საუკეთესო ქართველი კალათბურთელი

▲back to top


სპორტი

წინა ნომერში დამოუკიდებელი საქართველოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი წარმოგიდგინეთ. გვყავდა ვარსკვლავები, სხვებზე ბევრად უკეთესები კალათბურთშიც და დღეს ამ ხუთ გამორჩეულ მოთამაშეზე გაგესაუბრებით:

0x01 graphic

1. ვლადიმერ სტეფანია

სიეტლი, ნიუ ჯერსი, მაიამი, პორტლენდი, მანამდე - სლოვენიის გრანდი - ოლიმპია. ერთადერთი ქართველი, რომელიც FIBA-ს ევროპის ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში აირჩიეს. ძალიან ძლიერი დამცველი. არანაკლებ ეფექტური იყო შეტევაშიც და საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. 1995 წლის 8 ოქტომბერს სლოვაკეთთან საკვალიფიკაციო მატჩში ფენომენალური სტატისტიკა ჰქონდა: 20 წუთი, 29 ქულა, 15 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 შედეგიანი გადაცემა, 14-იდან 14 ზუსტი სროლა.

0x01 graphic

2. ზაზა ფაჩულია

ფაჩულია ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი კალათბურთელია. ორლანდოში, მილუოკიში და, მოგვიანებით, ატლანტაშიც გუნდისთვის საჭირო მოთამაშე იყო. ზაზა საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია, ერთ მატჩში დაგროვილი ქულებით (2006.13.09, ფინეთთან 36 ქულა). საუკეთესო სეზონი 2005-ში, ატლანტაში (11.7 ქულა, 7.9 მოხსნა) ჰქონდა. ბოლო ორი სეზონია მისი ამერიკული კარიერა უმნიშვნელო რეგრესს განიცდის.

0x01 graphic

3. ვახტანგ ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილს რამდენიმე სერიოზული ტრავმა რომ არ მიეღო, გაცილებით მაღალ დონეზე ავიდოდა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე სტაბილური მოთამაშე. 1997 წლის 3 დეკემბერს თურქეთთან საკვალიფიკაციო შეხვედრაში 36 წუთში 33 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. ნაცვლიშვილმა 2007-ში, ფრანგულ დიჟონში თამაშისას, ევროპის თასზე გამართულ 10 მატჩში საშუალოდ 12 ქულა, 5 მოხსნა დააგროვა და გუნდის ულაპარაკო ლიდერი იყო.

0x01 graphic

4. ნიკოლოზ დერიუგინი

დერიუგინი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში საბონისს, ტკაჩენკოს და ბელოსტენის უწევდა კონკურენციას. იყო საბჭოეთის ნაკრების წევრი და ასაკში შესულმაც არაჩვეულებრივად ითამაშა. საქართველოს ნაკრების პირველივე შეხვედრაში, საკმაოდ ძლიერ ჩეხეთთან, 25 წუთში 16 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. იმ შესარჩევში, საშუალოდ, თითქმის 15 ქულას აგროვებდა. ვლადიმერ სტეფანიას მენტორი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვითაში.

0x01 graphic

5. ვიქტორ სანიკიძე

სანიკიძე საუკეთესო იყო იმ შესარჩევში, რომელშიც საქართველომ, როგორც იქნა, შეძლო ქვედა დივიზიონიდან ერთი საფეხურით მაღლა ასვლა. ვიქტორი ერთ მატჩში საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებდა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს იტალიურ ლიგაშიც ვირტუსის წამყვანი მოთამაშეა. იგი დღესაც სან ანტონიო სპურსის საკუთრებაა და მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს. ბოლო შესარჩევის სტატისტიკა: 10 მატჩი, 18.6 ქულა, 11.0 მოხსნა, 2.5 პასი, 1.1 ჩაჭრა, 1.1 დაფარება.

29 კვირის ამბები

▲back to top


სპორტი

ფეხბურთი. საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა (მწვრთნელი გიორგი დევდარიანი) ევრო 2010-ის ელიტ-რაუნდში მესამე ადგილი დაიკავა და კონტინენტის პირველობის საგზური ვერ მოიპოვა. დევდარიანის გუნდმა ტურნირის მასპინძელ ჩეხეთს 1:0 სძლია (ყაზაიშვილი), ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა (ჭანტურია), უკრაინასთან კი ფრედ - 2:2 ითამაშა (ყაზაიშვილი, 2).

თავისუფალი ჭიდაობა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 ოქროს (თენგიზ ჩოჩიშვილი - 60 კგ, დავით მარსაგიშვილი - 84, თორნიკე ხიდეშელი - 96, გიორგი საკანდელიძე - 120) და 2 ვერცხლის (დავით ხუციშვილი - 74, ომარ გუსოშვილი - 96) მედალი მოიპოვა.

ფეხბურთი. საქართველოს ნაკრებისა და ბერლინის ჰერტას ნახევარმცველმა ლევან კობიაშვილმა გერმანიის ბუნდესლიგაში საიუბილეო, მე-300 შეხვედრა ჩაატარა. ჰერტამდე ის ფრაიბურგსა და შალკე 04-ში ასპარეზობდა.

კალათბურთი. საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებმა სტამბულში ერთკვირიანი შეკრება დაასრულა. გუნდმა ოთხიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

ფეხბურთი. 17- წლამდელთა ნაკრებმა (მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი) ვაშინგტონის საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა დი-სი იუნაიტედთან ფრედ - 3:3 დაასრულა, მეორე მატჩში ინგლისის ვესტ ჰემ იუნაიტედის იუნიორებთან 1:2 დამარცხდა, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში კი ანანდალე იუნაიტედთან ფრედ - 1:1 ითამაშა

ფუტსალი. 7 მაისს, საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ალგო-თსუ და იბერია-ბურჯი.

რაგბი. საერთაშორისო საბჭოს (IRB) აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ 2012 წლიდან არგენტინის ნაკრები სამი ერის თასის გათამაშებას შეუერთდება. ამ ტურნირში სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებები მონაწილეობენ.

ფეხბურთი. მსოფლიო ჩემპიონ იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ, შედეგის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის გუნდს დატოვებს.

ფორმულა 1. ავსტრალიის გრან-პრი მაკლარენის ბრიტანელმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა მოიგო. მეორე იყო რენოს პოლონელი პილოტი რობერტ კუბიცა, მესამე - ბრაზილიელი ფელიპე მასა ფერარიდან.

კალათბურთი. ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, თურქეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, სადაც ამერიკელებმა ოქრო მოიგეს, ჯეიმსი ნაკრების კაპიტანი იყო.

ჩოგბურთი. იტალიის ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, რომის მასტერსისთვის ახალი არენა უკვე მზადაა. მისი აგება 38,4 მილიონი დოლარი დაჯდა. ტურნირი 27 აპრილს იწყება.

ბიატლონი. ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა, 27 წლის გერმანელმა მაგდალენა ნოინერმა კარიერაში მეორედ მოიგო მსოფლიო თასი.

ველორბოლა. ბრიტანელმა ვიქტორია პენდლტონმა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, სპრინტში ზედიზედ მეოთხედ, კარიერაში კი მეხუთედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

ფეხბურთი. შვედი სვენ-გორან ერიქსონი კოტ დ'ივუარის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირში მისი გუნდის მეტოქეები იქნებიან ბრაზილია, პორტუგალია და ჩრდილოეთ კორეა.

ჭადრაკი. რუსეთის დედაქალაქში 89 წლისა გარდაიცვალა მსოფლიოს ექსჩემპიონი ვასილი სმისლოვი. მან ტიტული მოიპოვა 1957 წელს, მიხეილ ბოტვინიკთან გამარჯვების შემდეგ.

დავიწყებული ბილეთი

0x01 graphic

1990 წლის 30 მარტს თბილისის იბერია - სახელგამოცვლილი დინამო - ფოთის კოლხეთს მასპინძლობდა. სწორედ ამ თამაშით იწყებოდა საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ყველა გულშემატკივარი დიდი იმედით ელოდა.

დინამოზე, რომელსაც უკვე ეროვნული სტადიონი ერქვა, თავისუფალი ადგილი არ იყო. გულშემატკივრებს ჯერ ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა, შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მერე სხვებიც მივიდნენ მიკროფონთან, რამდენიმე წუთში კი თამაშიც დაიწყო. პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი თამაში.

34-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: იბერიას მცველმა გელა კეტაშვილმა, ვინც ორი წლით ადრე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

ფოთელებმა იმ გოლით თამაში მოიგეს, ჩვენ ფეხბურთს კი ის ავტოგოლი თითქოს დაებედა: ოცი წელი გავიდა მას შემდეგ და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ გაგვაქვს და გაგვაქვს გოლები საკუთარ კარში. რატომ? დღემდე პასუხი ვერ გაგვიცია.

„ამ ბილეთის მფლობელს საშუალება ექნება უფასოდ დაესწროს 2000 წელს ეროვნული ჩემპიონატის გახსნას“ - სწორედ ეს წარწერა ამშვენებდა 1990 წლის 30 მარტის თამაშის ბილეთს.

მაშინ, ოცი წლის წინ, ალბათ ვფიქრობდით, რომ ათი წლის შემდეგ ძალიან მაგარ თამაშს დავესწრებოდით, მაგრამ 2000 წლის 19 აგვისტოს, როცა ჩემპიონატი კვლავ გაიხსნა, ეროვნული სტადიონი ცარიელი იყო - დინამოს არ უთამაშია.

და, ალბათ, არც ის ბილეთი გახსენებია ვინმეს.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 14-17 აპრილს პორტუგალიის ქალაქ რიო მაიორში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს. 14 აპრილს გახსნის მატჩში ქართველი ჭაბუკები რუს თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

ვლადიმერ გუცაევის გუნდის, მასპინძელთა და რუსეთის მხარდამხარ, ოთხთა ტურნირში ბულგარეთის 19-წლამდელთა ნაკრებიც ითამაშებს.

15 აპრილს ქართველი ჭაბუკები ბულგარელებს შეხვდებიან, ორი დღის შემდეგ კი მასპინძლებთან მატჩით დაასრულებენ ტურნირს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შემადგენლობას 8 აპრილს დაასახელებს, გუნდი კი პორტუგალიაში 10 აპრილს გაემგზავრება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველი შეკრება გაიარა თურქეთში, სადაც სამი შეხვედრა ჩაატარა შვეიცარიის და თურქეთის დაბალი ლიგის კლუბებთან: აინზიდელნს 1:0 და ვულფინგენს 4:1 აჯობა, ორდურსფორთან კი ფრედ 1:1 ითამაშა.

დიდი მოგზაურობის დასასრული

0x01 graphic

იენს ლემანი

40 წლის გერმანელმა მეკარემ იენს ლემანმა განაცხადა, რომ 8 მაისს ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში კარიერას დაასრულებს. დღეს ის ბუნდესლიგის კლუბ შტუტგარტში თამაშობს, სადაც 2008 წლის ზაფხულში ლონდონის არსენალიდან გადავიდა.

იენს ლემანმა 61-ჯერ ითამაშა გერმანიის ნაკრებში, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლების ჩემპიონატებზე კი ბუნდესგუნდის პირველი მეკარე იყო. ორი წლის წინ, ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან 0:1 წაგების შემდეგ მას ნაკრებში აღარ უთამაშია.

1997 წელს გელზენკირხენის შალკე 04-ში თამაშისას ლემანმა უეფა-ს თასი აღმართა, 1999 წელს მილანთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, 2002 წელს გერმანიის ბუნდესლიგა დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად მოიგო, ლონდონის არსენალში გადასული 2004 წელს ინგლისის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი შეიქნა, 2005 წელს კი ქვეყნის თასი აღმართა.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატისას იენს ლემანი ტელეკომპანია SKY-ს კომენტატორი იქნება.

ფოტოისტორია:

დინამო 1936

ისინი ქართული ფეხბურთის სათავეებთან იდგნენ.

1936 წლის გაზაფხულზე თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში დაუმარცხებლად გაიმარჯვა, შემოდგომით კი პირველად ითამაშა უმაღლეს ლიგაში - მოსკოვის სპარტაკის და დინამოს შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.

იმავე წელს დინამოელებმა სსრკ-ის თასის პირველი გათამაშების ფინალშიც იასპარეზეს - თბილისელები მოსკოვის ლოკომოტივთან 0:2 დამარცხდნენ...

ფოტოზე (მარცხნიდან): დ. კრავჩენკო, შ. შავგულიძე, მ.ასლამაზოვი, გ. გაგუა, თ. გავაშელი, შ. დოროხოვი, ი. პანინი, ჟ. ბელოვი, ე. ნიკოლაიშვილი, მ. ბერძენიშვილი, ვ. კინწურაშვილი, ვ. ბერძენიშვილი.

0x01 graphic

30 ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი...

▲back to top


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

სამი დღის წინ ვცდილობდი, ჩემი მეუღლისთვის ამეხსნა, რანაირად არიან ძმები სოკრატესი და რაი, რონალდინიო და რობერტო ასისი ან ზიკო და ედუ... ნახევარსაათიანი საუბრის მერე მივხვდი, რომ ჩემი არც ერთი არგუმენტი ან ბრაზილიური რეალობისთვის ლოგიკური დასაბუთების მოძებნა შედეგს არ იძლეოდა და მოვიწყინე...

რაღა დაგიმალოთ და, ბრაზილიური ფეხბურთი არ მიყვარს, არც მათი თამაში მომწონს და ვერც მაგათ დიდი, დიდა, დოდო, ვავა, ვივა და ვოვას გავუგე რამე...

მაგრამ არის კი ეს ჩემი გასარჩევი? საილუსტრაციოდ ერთ ამბავს მოგიყვებით.

...იდგა 1992 წლის შემოდგომა. კიტოვანი რკონიდან დაიძრა, რუსთაველზე ზვიადისტები შეიკრიბნენ, ტელევიზიასთან - მაშინდელი ოპოზიცია. მეც, ტერიტორიული სიახლოვისა და პროფესიული „პატრიოტიზმის“ გამო, ვარაზის ხევი ჩავიარე და „პუტჩისტებში“ გავერიე.

საღამოვდება... ტელევიზიის კიბეზე რუსლან მიქაბერიძე გადმომდგარა და ფუნაგორიებს კითხულობს, ხალხი მიდი-მოდის... უცებ ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ზვიადისტების კოლონამ „იმელიდან“ წერეთელი და მისი მომხრეები დაიფრინა და აქეთ დაიძრაო. სანამ რუსლანმა მორიგი ლექსი დაასრულა, ჩვენი რიგები მნიშვნელოვნად შეთხელდა... ორმოცამდე კაციღა დარჩა...

გვერდით მყავს უბნელი გელა, რომელსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა, როცა ყოველი „მებრძოლი“ სათვალავშია, ძმურად ვესაუბრები ბრაზილიური ფეხბურთის უპირატესობაზე - გელა თავგადაკლული „კანარინიაა“, თუმცა, ვეჭვობ, ეს ტერმინი გაგონილი ჰქონდეს!!! მაგრამ რას არ იზამ „იდეისთვის“!!!

... ვითომ აქ ყოფნა არ იყოს საკმარისი, ვიღაცას აზრი მოუვიდა, ერთმანეთი რომ არ აგვერიოს, თავზე თეთრი ნაჭრები წავიკრათ, ერთმანეთი არ შემოგველახოსო! ხალხში გარევისა და გადარჩენის ბოლო იმედიც იწურება. უცებ ვხედავ, ჩემი უმცროსი ძმა აჩიკოც აქ ყოფილა - ენერგიულად ჯიჯგნის რაღაც ნაჭერს და თავზე იხვევს. ეს მაინც უნდა გადავარჩინო - გვერდით გამყავს და ვეუბნები, სახლში წადი-მეთქი.

- ვინაა ეს ბიჭი? - გელაც აქაა.

ჩემი ძმა, აჩიკო...

- როგორ თუ ძმა, მე რომ არასოდეს მინახავს, - გამიშინაურდა „თანამებრძოლი“.

- მამასთან ცხოვრობს, მამით ერთნი ვართ, დედები კი სხვადასხვა გვყავს - ვცდილობ, თავიდან მოვიშორო.

- როგორ, შენები გაშორებულები არიან? - გელაში „კონსერვატორი“ იღვიძებს.

- მართალს გეუბნება, წადი აქედან, - ებმება საუბარში აჩიკოს ძმა დათო მაცხონაშვილი, - ახლაღა შევამჩნიე, ისიც აქ ყოფილა.

- ეს ვინღაა? - ეჭვით მეკითხება გელა.

- აჩიკოს ძმა.

- ესეც შენი ძმაა?!

- არა, კაცო, აჩიკოსი!!! ჩვენ მამით ვართ ძმები, ეგენი - დედით...

- ეგ როგორ?

- დედა ჰყავთ საერთო, ბიჭო, რით ვერ გაიგე?! - ნერვები მეშლება. - დავით, გაიცანი, ჩემი მეგობარია, გელა...

- სასიამოვნოა. ბარემ მეც გაგაცნობ ჩემს ძმას. შალვა, მოდი აქ, - მეუბნება დათო და ვიღაც პატარა ბიჭს უხმობს. - გაიცანით, შალვა მაცხონაშვილი.…

- გამარჯობა, - მივესალმე ჩემი ძმის ძმის ძმას. გელასთვის ჩვენი ნათესაობის ახსნა აღარ მიცდია, ისედაც მიხვდა, რომ ჩვენ ხუთიდან მხოლოდ ის არ იყო არავისი ძმა...

...მას მერე თითქმის 20 წელი გელა აღარ მინახავს. უბანში მითხრეს, ზვიადისტებში გადავიდა და ემიგრაციაში იყოო. ამას წინათ შემხვდა. გადამეხვია, მომიკითხა, ისევ ბრაზილიას „ვბალელშჩიკობო“, მითხრა...

...ჰოდა, ახლა ვფიქრობ, რა ჩემი გასარჩევია ეს სოკრატესები და ზიკოები?! ვინ მეკითხება მე მაგათ ოჯახურ ამბებს?!

მოდი რა, ყველამ ჩვენ ჩვენს ძმებს და უბნელებს მივხედოთ...

31 ჰიდროენერგო სექტორის პერსპექტივა

▲back to top


ბიზნესი

ინვესტიცია

საქართველო იწყებს იმ რესურსის აქტიურ ათვისებას, რომელიც მას ყველაზე მეტი აქვს - წყალი. შარშან ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო. წელს კიდევ ოთხი სადგურის მშენებლობა იგეგმება.

საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 ათასი მდინარე, მათგან 300-ს სერიოზული ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს: მათი წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათას მეგავატს, ხოლო წლიური ენერგია 50 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მცირეწყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე აკეთებს აქცენტს. საქმე ისაა, რომ საქართველოს მდინარეებში სეზონურად წყლის დონე ხან მკვეთრად იკლებს, ხან იმატებს. ასე რომ, სრული ენერგოპოტენციალის ასათვისებლად საჭირო ხდება ისეთი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც წყლის დონეს ხელოვნურად დაარეგულირებს. ეს კი ეკოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული: წყლის ბუნებრივი დინებისა და დონის დარღვევამ შეიძლება მისი დაშრობაც კი გამოიწვიოს.

თებერვალში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მზად არის საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურაში 124 მილიონი აშშ დოლარი დააბანდოს.

დახმარება, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USA ID), 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდ დოლარიანი დახმარების ნაწილია: საქართველომ დამოუკიდებლად 115 მილიონი დოლარი უნდა მოიზიდოს.

90-ზე მეტი ჰიდროენერგეტიკული პროექტიდან ორი - მტკვრისა და აჭარისწყლის პროექტი ყველაზე მასშტაბურია.

სახელმწიფო მზად არის, ერთ ან მეტ ინვესტორს ორივე სადგური 100%25-ით მიჰყიდოს: პირველი პროექტი ინვესტორს 604 მილიონ დოლარამდე დაუჯდება, მეორე - 250 მილიონი დოლარი.

თურქი ინვესტორები ყველაზე მეტად აქტიურობენ: ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია თურქეთის ბაზარზე გაიყიდება.

თურქ ინვესტორთა სტრატეგიულ დაინტერესებას კიდევ ერთი ფაქტორი ამყარებს - შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. პროექტს სამი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია - რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) - 80 მილიონი ევროს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) - 100 მილიონი ევროს და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციის ფონდი 8 მილიონი ევროს გრანტით აფინანსებს.

პროექტის საერთო ღირებულება 268 მილიონ ევრომდეა და, სავარაუდოდ, 2012 წლისთვის დასრულდება.

Financial Times-ის ცნობით, საქართველო ჰიდროენერგეტიკის სექტორში უახლოეს წლებში 10-15 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს, რაც, გამოცემის შეფასებით, ბოლო ათწლეულში მიღწეული და დროებით შეფერხებული ეკონომიკური ზრდისთვის დიდი სტიმული იქნება.

კორეულმა კომპანიამ - Korea Electric Power Corporation (KEPCO ) საქართველოს მთავრობასთან ნამახვანში ჰესების კასკადის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე ხელი უკვე მოაწერა და მომავალში ენერგიის გენერაციის, მიწოდებისა და გადაცემის კუთხითაც გეგმავს თანამშრომლობას.

მაგრამ ინვესტორების დარწმუნება იმაში, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის არა მხოლოდ ხელსაყრელი, არამედ სტაბილური ქვეყანაც არის, კარს მომდგარი რუსული ტანკებისა და წინასაარჩევნოდ მზარდი ამბიციების ფონზე, არც ისე მარტივი ამოცანა იქნება.

0x01 graphic

32 სიახლეები

▲back to top


ბიზნეს სიახლეები

  • ახალი მაღაზი

0x01 graphic

ავეჯის მწარმოებელ კომპანია ემბავუდს ახალი შოუ-რუმი აქვს, სადაც წარმოდგენილია სამზარეულოს, საძინებლის, რბილი და საოფისე ავეჯი. აპრილის ბოლომდე ახალ მაღაზიაში ავეჯის შეძენისას კომპანია მომხმარებლებს საჩუქრად კომპიუტერს სთავაზობს. განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ ჟურნალისტებისთვისაც - დაინტერესების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებს კომპანიის მიერ წარმოებულ ავეჯზე ერთჯერადი 25%25-იანი ფასდაკლების ბარათები დაურიგდებათ. კომპანია ემბავუდი 1996 წელს ბაქოში დაარსდა. საქართველოს ბაზარზე კომპანია 2003 წელს შემოვიდა. საქართველოში ემბავუდის მაღაზიები განთავსებულია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორში, მარნეულსა და ხაშურში.

  • სემინარები ქართველი ექსპორტიორებისთვის

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისს აპრილის შუა რიცხვებში შვედი ექსპერტები ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური სემინარი, სადაც შვედი ექსპერტები, ქართველ მეწარმეებთან ერთად, იმსჯელებენ შვედეთის ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და საქართველოდან შვედეთში ექსპორტის გაზრდის გზებზე. მაისის ბოლოსთვის მსგავს სემინარს ამერიკელი ექსპერტებიც ჩაატარებენ და ქართველ მეწარმეებს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის შინაარსსა და დეტალებს გააცნობენ. სემინარზე საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის ხარისხსა და ამერიკაში მისი ექსპორტის შესაძლებლობებსაც განიხილავენ.

  • ბიზნესრეიტინგი

ბრიტანული გაზეთის Financial Times-ის შვილობილი გამოცემის FDI Magazine-ის მიერ შედგენილი რეიტინგით, თბილისი, ბიზნესის წარმოების ეკონომიურობით, ევროპულ ქალაქებს შორის მეოთხე, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოცემამ ბიზნესის წარმოების ეკონომიურობის რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეადგინა: შემცირებული გადასახადები, ბიზნესის რეგისტრაციის საფასური, მოგების დაბალი გადასახადი, ქონების რეგისტრაციის მინიმალური ღირებულება, ელექტროენერგიის საშუალო ფასი, ადგილობრივი ლოჯისტიკის, მშენებლობის ნებართვისა და საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულება, ქალაქის ცენტრში მდებარე პრესტიჟული სასტუმროებისა და საწვავის ფასები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების სტრატეგიის შეფასებისას კი გამოცემამ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: ადგილობრივი მთავრობის ჩართულობა უცხოური, პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაში, შეღავათები და მნიშვნელოვანი ინიციატივები ინვესტიციების მოსაზიდად, სხვადასხვა სექტორის შესახებ კვლევების მომზადება, ქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტები და შემცირებული გადასახადები.

0x01 graphic

  • ინტერნეტ-ტელევიზია

სს სილქნეტი (ყოფილი გაერთიანებული ტელეკომი) მაისის ბოლოს მომხმარებელს ინტერნეტის ხაზით Silk TV-ის, ინტერნეტ პროტოკოლზე დაფუძნებულ ტელევიზიას შესთავაზებს. სატელევიზიო გადაცემების ნახვა დროში არ შეიზღუდება, რადგან ტექნოლოგია ეთერის გაჩერების და გადახვევის შესაძლებლობას იძლევა. ინტერნეტ-ტელევიზია მომხმარებელს 160 ლიცენზირებულ არხს შესთავაზებს. Silk-TV-ის დამატებითი მომსახურებებიც ექნება, მაგალითად: მომდევნო გადაცემების განრიგის ნახვა, სასურველი პროგრამების დაწყების შეხსენება, გადაცემების ჩაწერა. ინტერნეტ-ტელევიზია ხელმისაწვდომი იქნება სილქნეტის ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, რომელთა რაოდენობა 90 000- მდეა. Silk TV სატესტო რეჟიმში ამ დროისათვის თბილისის 300 აბონენტს მიეწოდება. ინტერნეტ-ტელევიზიის შეთავაზეშეთავაზებას სილქნეტის კონკურენტი კომპანიები მაგთი და Caucasus Online-იც გეგმავენ, თუმცა ჯერ მხოლოდ პროექტირების რეჟიმში არიან.

0x01 graphic

  • პასქების რაოდენობა იზრდება

ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია - ტკბილი ქვეყანა - სააღდგომო პასქის წარმოების მოცულობას წელს, შარშანდელთან შედარებით, 2,5-ჯერ გაზრდის და დაახლოებით 180- 200 ათას სააღდგომო პასქას გამოაცხობს. კომპანია მომხმარებელს სააღდგომოდ ბაზარზე 5 სახეობის შოკოლადისმინანქრიან და შაქრის ფხვნილით დაფარულ 350 და 870-გრამიან პასქებს შესთავაზებს. მათი ფასი სავაჭრო ქსელში 4.50- 9.00 ლარს შეადგენს. არ არის გამორიცხული, ამ სახეობებს დაემატოს 150-გრამიანი პასქაც, რომლის ფასი 1,50 ლარი იქნება. პასქების რაოდენობას გააორმაგებს ჰიპერმარკეტი გუდვილიც და სააღდგომოდ გასაყიდად გამოიტანს საკუთარი წარმოების სამი სახეობის - ქართულ, იტალიურ და ავსტრიულ - პასქას, რომელთა ფასი 8.50-25.00 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჰიპერმარკეტი 24 საათის განმავლობაში 1300-1800 ცალ სამივე სახეობის პასქას აწარმოებს. სააღდგომოდ დაახლოებით 20 ათასამდე პასქის რეალიზაციას გეგმავს იტალიური საკონდიტროების ქსელი თბილისში - კაპრიჩო, რომელიც მაღაზია- საცხობისა და კაფეტერიის ერთობლიობაა და მომხმარებელს 40-მდე დასახელების საკონდიტრო პროდუქციას სთავაზობს. კაპრიჩოს 850-გრამიანი პასკა 7.00 ლარი ეღირება.

0x01 graphic

  • ქართული კვერცხი სააღდგომოდ

კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები - კოდა, დილის პროდუქტები, სავანეთი და პატარძეული - ვარაუდობენ, რომ წინასააღდგომოდ სამომხმარებლო ბაზარზე კვერცხის დეფიციტი არ შეიქმნება და არც ფასები მოიმატებს. სულ სააღდგომო დღესასწაულზე (10 დღის განმავლობაში) 12 მლნ-მდე კვერცხის რეალიზაცია იგეგმება. დაახლოებითი გათვლებით, ქვეყნის წლიური მოხმარება 240-260 მლნ. კვერცხია. ადგილობრივი კომპანიების განმარტებით, მთლიანობაში იმპორტის მაჩვენებელი, დღესასწაულების ჩათვლით, ყოველთვიურად 4-10%25-ის ფარგლებში მერყეობს. კოდას კომერციული დირექტორის, კახა მეგრელიშვილის თქმით, წინასააღდგომო დღეებში ბაზარზე მოთხოვნილება, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, სამმაგდება. მისივე განმარტებით, ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად, სავარაუდოდ, კვერცხის იმპორტის საჭიროება არ შეიქმნება და იმპორტის მოცულობა დაახლოებით 1%25 იქნება. კოდას კვერცხის ფასი კატეგორიების მიხედვით 25-26 თეთრიდან 27-28 თეთრის დიაპაზონში მერყეობს.

33 ლოტის ცოლის სინდრომი

▲back to top


ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი

0x01 graphic

გთხოვთ დამეხმაროთ!

დიდი ხანი ვეძებდი სიტყვას, რომელიც წარსულში დაბრუნების სურვილს, მისკენ სწრაფვას ნიშნავს. ბევრი გავიკითხე და ვქექე ლექსიკონები, მაგრამ ვერ ვიპოვე. ვისაც არ ვკითხე, ყველამ „ნოსტალგია“ მომცა პასუხად. კი, შეიძლება ეს სიტყვაც გამოვიყენო, მაგრამ „ნოსტალგია“ უფრო კეთილშობილური რამ არის, ვიდრე ის, რასაც ვეძებ. ეს ალბათ ნაწარმოები სიტყვა უნდა იყოს, როგორიც, მაგალითად, ოსტალგია (აღმოსავლეთის სიყვარული - საბჭოთა ბანაკის, საბჭოთა აღმოსავლეთის სიყვარული, რომელიც ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობას გაუჩნდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ), ან მისი საწინააღმდეგო ვესტალგია (დასავლეთის სიყვარული). ის, რასაც ვეძებ, უფრო სუიციდური ლტოლვაა.

მოკლედ, სახელი მინდა!

სულ ცოტა ხნის წინ თბილისს ესტუმრა რუსული დემოკრატიული მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერი ბატონი კასპაროვი. ინტერვიუ რუსთავი 2-თან რუსული სახელმწიფოს ქომაგისთვის დამახასიათებელი ტექსტით დაამთავრა: „არ შეიძლება დავივიწყოთ ძველი მეგობრობა და ის, რომ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით“. ეს არ არის რაღაც ბავშვობის ნოსტალგია ან კიდევ უფრო გულის ამაჩუყებელი რამ. ეს არის ის, რასაც ვეძებ.

ამის სახელი მინდა!

რა არ უნდა დავივიწყო? უნდა დავივიწყო და აუცილებლად! რაც შეიძლება საფუძვლიანად და დიდი ხნით! იმიტომ, რომ ის სახელმწიფო არანორმალური და ამაზრზენი იყო. იმიტომ, რომ ის სახელმწიფო უცხოების იყო. აღარ გვინდა, ბატონო დემოკრატო, ის არადემოკრატიული სახელმწიფოს სიყვარული და ყველგან ამის შეხსენება. ეს რა სენი გვჭირს, სულ უკან რომ ვიყურებით? ეს რა სენი გჭირთ პრემიერს, პრეზიდენტს, ოპოზიციას, დემოკრატებს, ფაშისტებს და კომუნისტებს, მემარჯვენე-მემარცხენეებს, რადიკალებს და ლიბერალებს, სულ ერთი ჯოჯოხეთური საერთო საცხოვრებელი რომ გახსენდებათ? არ მინდა, აღარ მინდა, მოვრჩი, მოვიხადე ეგ სახადი. საყვარელი ხალხის მეტი არაფერი მაკავშირებს იმ ქვეყანასთან. არც გული შემტკიოდა და არც მისი წარმატებები მიხაროდა. სპორტშიც, როცა საბჭოთა კავშირი თამაშობდა, ყოველთვის მოწინააღმდეგის მხარეს ვიყავი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო ის. არ მაინტერესებდა, ქართველები თამაშობდნენ იქ თუ არა. არც ბაიკანურის გაყვანა მიხაროდა და არც ოლიმპიადა. რატომ მაბრუნებთ უკან? დასავლური ფასეულობები გვინდა, წინ წავიდეთ რა, გთხოვთ.

ამის სახელი მინდა!

რა ვანდერი და ჰიუსტონი? არც ერთი მინდა და არც მეორე! ნუ გვაბრუნებთ უკან, ახალი, თანამედროვე გვინდა! თუნდაც მოხუცი იყოს, მაგრამ თანამედროვედ აზროვნებდეს. თანამედროვე გვინდა იმიტომ, რომ ნიჭიერები ვართ! დიდი შემოქმედებითი ძალაა ჩაბუდებული აქ. სტიმული უნდა ამას, რომ საზოგადოება ახალგაზრდა იყოს. ახალგაზრდა თაობა უნდა წყვეტდეს ქვეყნის მომავალს და არა საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქეები (მათ შორის მეც). არ არის ამ თაობისთვის ვანდერი და ჰიუსტონი არც მაგალითი და არც სტიმული. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. დამოუკიდებლობის 19 წელი. 19 წელი ერთი თაობაა. ბევრ მათგანს ვიცნობ და ძალიან კარგი ხალხია. შესაშური თვისებების მატარებელი ხალხი. სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი ისევ „გარეთ“ წასვლაზე ფიქრობს. ამის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე კი არა, „ჟანგბადის“ ნაკლებობაა. არ უნდა ამ ხალხს შაკირა და ბრაიან ადამსი. შაკირას უფასო კონცერტზე მივლენ, განა არ მივლენ, მაგრამ რას წაიღებენ, ეგ არის მთავარი. ვითომც არ ჩატარებულაო. მე არ მახსოვს, სადმე გამეგოს: აუ, შაკირას კონცერტზე რა მაგარი დრო ვატარეთო. რატომ ან ჰიუსტონი, ან ვანდერი? ამის სახელი მინდა მე!

დაახლოებით 70-80-იანი წლების რეპერტუარში ვართ დღესაც.

ამის აღმნიშვნელი სიტყვა მინდა, იცის ვინმემ?

P.S. ნუ მაბრუნებთ წარსულში, არ მინდა უკან გახედვა! აწმყოში და მომავალში მინდა ვიყურო, რამეთუ: ...უთხრა მათ ერთმა ანგელოზთაგანმა: ნუ მიიხედავთ უკან...

ჩემი ვერსიაა: „ლოტის ცოლის სინდრომი“ - წარსულში დაბრუნების სურვილი, მისკენ სწრაფვა.

34 სილამაზის ბედი. ქართველ ცოლთა ისტორია

▲back to top


კულტურა

წიგნები

0x01 graphic

იგორ ობოლენსკი
ფოტო: ბესო დარჩია

27 მარტს ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა პრეზენტაცია იგორ ობოლენსკის უკვე საკმაოდ გახმაურებული წიგნისა - „სილამაზის ბედი. ქართველ ცოლთა ისტორიები“. ღონისძიება სტუმართა სიმწირეს ნამდვილად არ უჩიოდა. წარდგინების ფარგლებში მოეწყო მუზეუმის კუთვნილი კოლექციის - XIX-XX საუკუნეების ქართველ ქალთა ორიგინალური ფოტოების, ნახატების, წერილებისა და ნივთების გამოფენა. აღსანიშნავია ზინაიდა სერებრიაკოვას, ელენა დადიანის, მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტები, რომლებიც პრეზენტაციისთვის საგანგებოდ ითხოვეს ხელოვნების მუზეუმისგან. დამთვალიერებელი არ მოიწყენდა, რადგან ორგანიზატორებს, სოფიო ბატონიშვილის საბეჭდით დაწყებული, ოლღა ჭავჭავაძის ლორნეტითა და ბარბარე ჯორჯაძის ფინჯნით დამთავრებული, მართლაც ბევრი საინტერესო და უნიკალური ნივთი გამოეფინათ.

0x01 graphic

ბაბო შერვაშიძე მეგობართან ერთად

იგორ ობოლენსკიმ, მას შემდეგ, რაც შეკრებილ საზოგადოებას სიყვარულში გამოუტყდა, გვითხრა: „პოლიტიკისგან თავი შორს მიჭირავს, მოსკოვიდან ამ საღამოს გამო ჩამოვფრინდი და ჩემთვის დიდი პატივია ასეთ თბილ გარემოში ყოფნა. საქართველო ისევე მიყვარს, როგორც მშობლიური რუსეთი, განსაკუთრებით ქართველი ქალები, რომელთა ნაწილს ახლა დარბაზში ვხედავ, და ეს წიგნი სწორედ მათ ეძღვნებათ.“

„ტაბულა“ ლიტერატურის მუზეუმის ახალ დირექტორს, ღონისძიების მასპინძელ ლაშა ბაქრაძესაც გაესაუბრა:

„ძალიან საინტერესო წიგნია, აქ ისეთ ბიოგრაფიებს გაეცნობით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტას თუ სმენია. ეს არ არის მეცნიერული კვლევა, უფრო ჟურნალისტური ნამუშევარია და, შესაბამისად, საკმაოდ მარტივად იკითხება, არ მოგაწყენთ. პარალელურად მოვაწყვეთ ქართველ ქალთა ხელნაწერების, სურათების თუ შემორჩენილი პირადი ნივთების გამოფენა. ეს მხოლოდ ნაწილია ლიტერატურის მუზეუმის მდიდარი ფონდიდან, თუმცა ცხადად აჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს და ასევე კარგად მიესადაგება პრეზენტაციის ხასიათს“, - აღნიშნა მან.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

3D ფორმატის წიგნები პატარებისთვის...

ჯერ მხოლოდ კორეულად

სამხრეთკორეული სამეცნიერო და ტექნიკური ინსტიტუტის, „კვანჯუს“ პროფესორებმა 3D ფორმატის ორი საბავშვო წიგნი გამოუშვეს. ეს საგამომცემლო სფეროში სრული რევოლუცია გახლავთ და მისი შემქმნელები დიდ კომერციულ მოგებას ელიან, რადგან ვიზუალური ეფექტების სიმრავლე და მრავალფეროვნება პატარებისთვის კითხვის პროცესს გაცილებით მიმიზდველსა და საინტერესოს ხდის. კორეელ ბავშვებს მფრინავი დრაკონის ფონზე უადვილდებათ შესაბამისი ინფორმაციის ამოკითხვა და გათავისება. ბუნებრივია, ეფექტის აღქმა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სათვალით.

პროექტის ავტორი კიმ სანგ ჩოლი მიიჩნევს, რომ ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი ჟანრის წიგნს გამოსცემენ. უახლოეს მომავალში ნოვაციის სმარტფონებზე ინტეგრირება იგეგმება. ჩოლის თქმით, ამ პროდუქციის ერთადერთი ნაკლი მაღალი ფასია, ამიტომაც ახლა მუშაობა წიგნის მასობრივ მოდელებზე მიმდინარეობს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

35 სიახლეები

▲back to top


კულტურა|ამბები

შიშველი ერიკა ბადუ

0x01 graphic

არენბის და ნეო სოულის ამერიკელი შემსრულებელი - ერიკა ბადუ - გასულ კვირას ყველა წამყვანი ტაბლოიდის გვერდზე მოხვდა. საქმე ეხება მის ახალ სკანდალურ ვიდეოს Window Seat, ალბომიდან New Amerykah Part Two (Return of the Ankh), სადაც მომღერალი შიშველი ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ინტიმური ზონები საგულდაგულოდ არის შენიღბული, ვიდეოცენზურას მაინც ვერ გადაურჩა და მისი სრული ვერსია ინტერნეტ ვიდეო პორტალებიდან დაუყოვნებლივ გააქრეს. მომღერალს ასევე ბრალი დასდეს არასრულწლოვანთა გარყვნაში, რადგან კლიპის მოქმედება ვითარდება ქუჩაში, სადაც ბავშვებიც ჩანან. მომღერალმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ის კლიპის გადაღებისას ლოცულობდა, ბავშვებს ტრავმა არ მიეღოთ.

მსგავსი რეაქცია ცოტა გასაკვირია რამშტაინის არანაკლებ სკანდალური ვიდეოკლიპის Pussy-ს შემდეგ, რომელიც, პრაქტიკულად, პორნოფილმის მოზრდილი ეპიზოდი იყო. მაშინ წამყვანმა ვიდეო პორტალმა youtube-მა ხელი არ შეუშალა კლიპის მსუბუქი ვერსიის გავრცელებას. სიმძაფრის მხრივ, ერიკას კლიპის სრული ვერსია ბევრად ჩამოუვარდება ცენზურის ფილტრში გატარებულ რამშტაინის ვიდეოს.

დალასის პოლიციის წარმომადგენლის ჯენის ქროუთერის განცხადებით, მომღერლის წინააღმდეგ არავითარი სანქცია არ გატარდება, რადგან მას არცერთი კანონი არ დაურღვევია.

ტიტანიკის მგზავრის წერილი აუქციონზე გაიყიდება

ტიტანიკის ბორტზე 2 223 მგზავრი იმყოფებოდა და აქედან მხოლოდ 706-ის გადარჩენა მოხერხდა. მათ შორის იყო პირველი კლასის მგზავრი, მანჩესტერელი ადოლფ სააფელდი, რომელსაც ამერიკაში სუნამოები მიჰქონდა გასაყიდად (ის სუნამოები მკვლევარებმა ათი წლის წინ აღმოაჩინეს). წერილი, რომელიც სააფელდმა მეუღლეს მისწერა და 1912 წლის 10 აპრილით თარიღდება, აუქციონზე გაიყიდება. საწყისი ფასი - 25.000 გირვანქა.

47 წლის სააფელდი წერილში დაწვრილებით აღწერდა ტიტანიკის ჩრდილოატლანტიკურ ოკეანეში მოგზაურობას: „გული მწყდება, აქ რომ არ ხარ, მომავალ წელს აუცილებლად უნდა იმოგზაურო ჩემთან ერთად, ამინდი შესანიშნავია და ცოცხალი ბენდის მუსიკით ვტკბები“. წერილი სამი გვერდისგან შედგება და მასში დეტალურადაა აღწერილი, თუ რას მიირთმევდნენ პირველი კლასის მგზავრები, რომელ სიგარას ეწეოდნენ და ისიც, რომ ტიტანიკი სამგზავრო გემს ეჯახებოდა, მაგრამ კატასტროფის თავიდან არიდება მოხერხდა. 15 აპრილს, როდესაც ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა, ადოლფ სააფელდი მწეველებისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდა. ტიტანიკის იღბლიანი მგზავრი 1926 წელს გარდაიცვალა.

უილ სმიტი VS
უცხოპლანეტელები 2

მე-20 საუკუნე ფოქსი ფილმის - დამოუკიდებლობის დღის - გაგრძელების გადაღებას გეგმავს. რეჟისორის სავარძელში კვლავ რონალდ ემერიხი მოკალათდება, მთავარ როლში კი ისევ უილ სმიტი იქნება.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ფილმის გადაღებები 2011 წლის იანვარში დაიწყება. დაგეგმილია ერთდროულად ორი სიქველის გამოშვება, რომლებიც კარიბის ზღვის მეკობრეების მეორე და მესამე ნაწილების მსგავსად გაიყოფა.

დამოუკიდებლობის დღე 1996 წელს გამოვიდა და 75-მილიონდოლარიანი ბიუჯეტით, 818 მილიონი დოლარი მოიტანა. ამ შედეგით ფილმი ყველა დროის 30 ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სიაში შედის.

0x01 graphic

ემერიხის ახალ პროექტამდე უილ სმიტს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს - მან ადამიანი შავებში 3-სა და მცურავ ქალაქს შორის ერთ- ერთი პროექტი უნდა აირჩიოს. პირველ შემთხვევაში დიდი ჰონორარი ელის, მეორე შემთხვევაში კი ელოდება ფილმი, რომელსაც შეუძლია ოსკარი მოუტანოს.

36 მოდური კვირა

▲back to top


კულტურა|FASHION

0x01 graphic

ონ ორა ტე ვუ, შემოდგომა ზამთარი . 2010

ვისაც რაიმე კავშირი აქვს ქართულ მოდასთან, ემახსოვრება, რომ 90-იანი წლების ბოლოს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე, ავანგარდული მოდის ასამბლეა იმართებოდა. შარშან ჩატარდა თბილისის მოდის კვირეული (გაზაფხული/ზაფხული 2009), რომელიც სულ რაღაც სამ კვირაში ისევ გაიმართება, მაგრამ ისეთი დიდი ფინანსური მხარდაჭერა, როგორიც საქართველოს მოდის კვირეულს ჰქონდა, მოდას საქართველოში ჯერ არ ჰქონია, რაც კვირეულის პატრონის, პარლამენტის თავმჯდომარის მოეუღლის, მაკა მეტრეველის დამსახურებაა.

სხვა თემაა, თუ რატომ მოუნდა მას ამ პროექტის განხორციელება და მსგავსი სტატუსის მქონე ქალბატონებისთვის დამახასიათებელ საქველმოქმედო საქმიანობას რატომ ამჯობინა ტანისამოსის ინდუსტრიის პატრონაჟი, მაგრამ მოდის კვირეული შედგა და საერთაშორისო კრიტიკა და ადგილობრივი მოწონებაც დაიმსახურა.

მარტის შუა რიცხვებში, მრავალი ტელეანონსის შემდეგ, გაიხსნა მხოლოდ ინგლისურენოვანი საიტი (www.fashionweek.ge), რომელიც საქართველოს მოდის კვირეულის შესახებ მწირ ინფორმაციას აწვდიდა და აწვდის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც ინგლისური ენა იცის - ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ზოგიერთმა ტელეარხმა საქართველოს მოდის კვირეულს „ფეშენ ვიკი“ უწოდა.

26 მარტს წითელ ხალიჩაზე, გაძლიერებული დაცვის თანხლებით, გაიხსნა საქართველოს მოდის კვირეული - დავით ბაქრაძისა და მაკა მეტრეველის ოჯახი სტუმრებს ეგებებოდა. ქალბატონმა მაკამ თავისი ქვეყნისადმი სიყვარული ავთანდილ ცქვიტინიძის ტანისამოსით გამოხატა, ბატონმა დავითმა კი აღნიშნა, რომ „ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება ისეთი ევროპული ფასეულობა, როგორიც მოდაა“.

იმ საღამოს საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობით მოეკიდა მოსაწვევებზე მითითებულ დრეს კოდს და ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე საზეიმოდ მოკაზმული გამოცხადდა. სტუმრებმა დიდი ეკლექტიკა და ენთუზიაზმი შემოგვთავაზეს - უკიდურესი სურვილი, ბრწყინავდე იქ, სადაც ამას ყველაზე მეტად აფასებენ. ქალების დიდ ნაწილს მოკაზმულობაში ყოყმანი ეტყობოდა, „მოდი, ამას ვცდი“, „ეს არ მიხდება“... რამდენიმე ქალბატონმა ვერ მოახერხა დამალვა, რომ ასეთი გრძელი კაბა პირველად ჩაიცვა, რაზეც უხერხული პლასტიკა მეტყველებდა. იყო ლუი ვიტონის ფეხსაცმელი, სონია რიკიელის ეიჩ ენდ ემისთვის შექმნილი კოლექცია, მარკ ჯაკობსისა და დიორის ერთი-ორი ჩანთა, ლანვანსაც მოვკარით თვალი და ლანვანის არაერთ ასლსაც. სტუმრების ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, უცნობი ავტორების ტანისამოსში იყო გამოწყობილი.

კვირეული, რომელშიც 19 დიზაინერი და 2 ქართული ბრენდი - დალოოდ და ატელიე ინფორმალი იღებდენ მონაწილეობას, პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ირაკლი ნასიძის ჩვენებით გაიხსნა. დარბაზში სკამების დიდ ნაწილს სპონსპორების სახელები ეწერა, ასევე დიდი ნაწილი იყო წარწერით government (ისევ მხოლოდ ინგლისურად), მაგრამ ორგანიზატორებმა ჩამოსული სტუმრებისთვის სკამების დაკავება დროულად მაინც ვერ მოახერხეს და ჩვენება დიდი დაგვიანებით დაიწყო.

პრეტ-აპორტე კვირეულის მაღალი მოდის კოლექციის (ოტ კუტურის) ჩვენებით გახსნა, ეტყობა, საზეიმო განწყობის შესანარჩუნებლად გადაწყდა. ირაკლიმ სურეალისტური სამყარო გვიჩვენა: ძალიან უხეშ კომბინაციებში გადაწყვეტილი უჩვეულო ფაქტურები, ხშირ შემთხვევაში ქალებს რაღაც უცნაურ არსებებად აქცევდა და არავითარი კავშირი არ მყარდებოდა დღევანდელობასა და პოდიუმს შორის. ჩვენების ბოლოს ერთ-ერთი მოდელი კოსტიუმის დეტალებში გაიხლართა და უხერხულად დაეცა. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა სტუმარმა მოახერხა დახმარება.

მომდევნო დღიდან საქართველოს მოდის კვირეულმა უფრო საქმიანი სახე მიიღო: სამი დღის განმავლობაში, დღის 2 საათიდან, ყოველ ერთ საათში ჩვენებები იმართებოდა. პირველი ორი დღის დასკვნითი შოუები უცხოელ სტუმრებს დაეთმო. ესენი იყვნენ: კრისტოფ ჟოზე, აგატა რუიზ დე ლა პრადა (ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს მიუჩია პრადა ეგონა) და ონ ორა ტუ ვუ. სასიამოვნოა, რომ უკვე ნაცნობი სახელების გვერდით იყო ბევრი ახალი, დებიუტანტი დიზაინერი.

0x01 graphic

ირაკლი ნასიძე, შემოდგომა ზამთარი . 2010

0x01 graphic

ირაკლი ნასიძის ჩვენების ფინალი

0x01 graphic

ავთანდილ ცქვიტინიძე, შემოდგომა ზამთარი. 2010

0x01 graphic

დალოოდი, შემოდგომა ზამთარი . 2010
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი

ირაკლი რუსაძის კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ბაზრის ლიდერმა ავთანდილმა ორი კოლექცია წარმოადგინა: მამაკაცის ახალი ხაზი და ქალის ტანისამოსის კოლექცია, რომლითაც საქართველოს მოდის კვირეული დაიხურა. თამუნა ინგოროყვას აზრით, „მოდის კვირეულმა გაამართლა, კარგი იდეაა. უნდა განვითარდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს. ეტყობა, რომ ყველამ ბევრი იშრომა.“

ჩვენების პარალელურად მოეწყო გამოფენა, რომელზეც სტუმრებს, ჟურნალისტებს ან ყიდვის მსურველებს უშუალოდ შეეძლოთ ტანისამოსის ნახვა და ავტორებთან საუბარი.

37 შირინ ნეჟადი, სიმღერა სიტყვების გარეშე

▲back to top


კულტურა

სალომე დადუნაშვილი

0x01 graphic

0x01 graphic

შავ-თეთრი ეკრანი ორადაა გაყოფილი.

ორ, თითქოს იდენტურ, მაგრამ შავი საზღვრით გამოყოფილ სამყაროში თეთრებში ჩაცმული მამაკაცის ფიგურა და შავი ლანდი დგანან. მათ უკან სკამების რიგებია. მამაკაცს ასეთივე თეთრ პერანგებში ჩაცმული პუბლიკა ჰყავს, ლანდს - არავინ.

მამაკაცი სიმღერას იწყებს. გრძნობით, ლამაზად, გულის განმგმირავად მღერის. მაყურებელი აპლოდისმენტებით აჯილდოებს.

შემდეგ ლანდის ჯერია. მას არც მაყურებელი ჰყავს სკამები ცარიელია - და არც ხმა აქვს. მაგრამ ნელ-ნელა მისი ღმუილი სიმღერას ემსგავსება, უსიტყვო სიმღერას და ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ლანდი ქალია.

ქალი ისლამში არ მღერის, მისთვის არ შეიძლება. ამიტომ ირანელი ხელოვანის შირინ ნეჟადის ქალი ყმუის, გოდებს, ღიღინებს, კივის.

მისი ხმა ხან სექსუალურია, ხან - ნაზი, ხანაც - გამყინავი.

ხანდახან ის დელფინივით ჭყივის, მაგრამ, რაც მთავარია, ხმას გამოსცემს. საკუთარ თავს თვითონვე უსმენს, მის მოსასმენად ხომ სხვა არავინ მოსულა.

სიმღერა მთავრდება, მაგრამ აპლოდისმენტების გარეშე. ეკრანს სიბნელე მოიცავს.

შირინ ნეჟადის ეს ვიდეოარტი თურბულენტ (1998 წელი) ვენეციის ბიენალეს ჯილდოს მფლობელია.

ირანელმა არტისტმა, რომელიც თეირანში დაიბადა და ამერიკაში მოღვაწეობს, უკვე დიდი ხანია იპოვა საკუთარი ხმა და მისი ვიზუალური განცხადებები ყველა თოფის გასროლაზე ხმამაღლა ისმის.

შირინ - მისი სახელი ტკბილს ნიშნავს, გვარი კი - გვარს, ტომს. ირანელ ქალს ნუშის თვალები და ინისფერი ფაფარი აქვს. მისი არტი სულაც არ არის ტკბილი. მან ირანელი ქალების საოცარ ძალასა და ნებისყოფაში აიღო ინსპირაცია და ირანის ტრადიციული შავ- თეთრი ხატება მსოფლიოს ახალი რაკურსით შესთავაზა.

შირინ ნეჟადი შეძლებულ ირანულ ოჯახში დაიბადა. მშობლები აღმერთებდნენ დასავლურ ფასეულობებს. მამა შირინს დამოუკიდებლობისა და მსოფლიოს შეცნობისკენ მოუწოდებდა.

თეირანის კათოლიკური სკოლის ცივი გარემოს შემდეგ სწავლა ლოს ანჯელესში განაგრძო. მალე რევოლუცია მოხდა და ნეჟადების ოჯახი იძულებული გახდა, ირანი დაეტოვებინა.

0x01 graphic

0x01 graphic

ალაჰის ქალები/შირინ ნეჟადი/ბრუსელი/გლედსტოუნ გალერეის საჩუქარი

სწავლის დასრულების შემდეგ შირინი ირანში დაბრუნდა, სადაც პირველი ძლიერი ნამუშევარი „ალაჰის ქალები“ შექმნა.

მისი შავ-თეთრი სამყაროდან ახლა, ქალის სახესთან ერთად, თოფის ლულაც იმზირებოდა. საინტერესოა, რომ სწორედ პოსტრევოლუციურ ირანში დაბრუნებამ მისცა შირინის ნამუშევრებს ის ნაზი ძალა, რომლის ხარჯზეც მან მსოფლიო დაიპყრო.

ქალებს ხან სპარსული კალიგრაფიით აქვთ დაფარული სახე, ხან - ყვავილებით, ხანაც დრო ახატავთ ღრმა ნაოჭების აბლაბუდას, მაგრამ შირინის ქალები თვალებს არ ხრიან. ისინი ყოველთვის პირდაპირ სულში ჩასცქერიან მაყურებელს დაღლილი, მაგრამ მტკიცე მზერით.

ესენი არიან ქალები, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი.

რომლებიც იბრძვიან.

ჩუმად, ყოველთვის შავ ჩადრებში გახვეულები.

იბრძვიან საკუთარი სიჩუმით, შეუპოვარი მზერით, არსებობით. თუმცა, ის, თუ რისი მოპოვება სურთ ამ ბრძოლით, საიდუმლოებითაა მოცული. შირინის არტში არაფერია ერთმნიშვნელოვნად გასაგები.

გაუგებარია, ვის დაუმიზნებს ეს ქალი თოფს - ისლამის მტერს, მჩაგვრელ ქმარს თუ მოღალატე საყვარელს.

ქალები შავებში, მამაკაცები თეთრებში. რაც მთავარია, ისინი არასოდეს არიან ერთად. თურბულენტ-ის ინსტალაციის დროსაც კი ორი ვიდეო ორ განსხვავებულ ეკრანზე აისახება.

დღეს შირინ ნეჟადი ახალგაზრდა ირანელი ქალების საქციელში „ფემინიზმის ახალ ტალღას“ ხედავს.

„რას ხედავთ საპროტესტო აქციების კადრებში ირანიდან? ლამაზ ქალებს, კარგი მაკიაჟით, ვარცხნილობით და... ქვებით ხელში. ისინი, გაბრაზებულები და აგრესიულები, ყოველთვის მამაკაცების მხარდამხარ გვევლინებიან. ირანელი ქალების ახალ თაობას ძალიან ძლიერი ხმა აქვს. ამავდროულად ისინი ხაზს უსვამენ საკუთარ სინაზეს. ეს ახალი ფენომენია.“

ჩანს, ვენეციას სამუდამოდ შეუყვარდა ირანელი არტისტი, რადგან 2009 წელს, ვენეციის 66-ე კინოფესტივალზე, შირინმა უკვე საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო ჯილდო ფილმით „ქალები კაცების გარეშე“. როგორც იქნა, შირინის ქალები არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ საკუთარი ბრძოლის ისტორიასაც ყვებიან.

38 ჯერ ცხარე ჭამე, კვლავ ტკბილი...

▲back to top


გურმანი|რესტო

ტაი კაფე
აბაშიძის 35 თბილისი 0179
უბანი: ვაკე
ტელ: 22 17 70
სამზარეულო: ტაილანდური
საათები: ყოველდღე, 12-24
ბარათები: მიიღება
ფასი: 70 (სადილი ორ ადამიანზე, უალკოჰოლო სასმელით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: აბაშიძის ან თაქთაქიშვილის ქუჩაზე
www.thai.ge
www.facebook.com>Thai Cafй and Restaurant

0x01 graphic

ტაი კაფეს ფასადი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

8 მარტს აბაშიძის ქუჩაზე ჯერ ისევ ფორმირებად რესტორნების რიგს ტაი კაფე შეუერთდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ტაილანდურმა ბან თაიმ (თაბუკაშვილის 35) უხერხული ადგილმდებარეობისა თუ დახშული, უსიამოვნო ატმოსფეროს გამო ფეხი მაინცდამაინც ვერ მოიკიდა, ტაი კაფეს კარგი შანსი აქვს თბილისში საუკეთესო ტაილანდური რესტორნის რეპუტაცია დაიმკვიდროს, შესაძლოა, საუკეთესო აზიურისაც.

ტაი კაფეს ადგილმდებარეობა ხელსაყრელია - ქალაქის მხარჯველი ძალა უკვე დიდი ხანია მიზიდულობით აბაშიძის ქუჩის ამ მონაკვეთისკენ მიედინება. ინტერიერი, ერთი შეხედვით, სასიამოვნო და მიმზიდველია - გახსნილი სამზარეულო, ათიოდე დაბალი მაგიდითა და ჭრელი სავარძლებით - კაფე-ბარის სტილში. მაგიდებზე დგას გაზაფხულის ყვავილებით სავსე ლარნაკები, რომელიც მაგიდის დაკავებისას გააქვთ და, სანაცვლოდ, სქელტანიან მენიუს გთავაზობენ. ყვავილებზე გულდაწყვეტა მაინცდამაინც არ ღირს - ხელოვნურია. არც ბუდას მოოქროვილი თაბაშირის ქანდაკებაა ორიგინალური და არც კვაზი - ორიენტალური ქოლგებით დამშვენებული ჭერი (დიზაინერი ქოლგებს შლიდა და ჭერში აწყობდა) იწვევს ემოციას, რომელიც ამაში დიზაინერმა ჩადო.

ამ ყველაფერს მაინცდამაინც არ მიაქცევდა კაცი ასეთ ყურადღებას, ტომ იამის სუპი, ზღვის პროდუქტებით და ქოქოსის წვენით (14.00), არანორმალურად გემრიელი რომ არ გამომდგარიყო. იქვე გამიჩნდა ბუნებრივი მოთხოვნა, რომ დიზაინიც ტაილანდელი მზარეულის მოწოდების სიმაღლეზე მდგარიყო. მეტი არაფერი. შედარებით იაფია ვონტონის (ერთგვარი ხინკალი) წვნიანი ბოსტნეულით, ისპანახით და სოკოთი (6.50), ქოქოსის წვნიანზე ნაკლებად ცხარე, თუმცა კარგად შეზავებული. რჩევისათვის: თუ ცხარე საკვების მოყვარული არ ხართ ან, მით უმეტეს, ალერგიული ხართ, წინასწარ გააფრთხილეთ მიმტანი, რომ კერძი ზომიერად ცხარე მოამზადოს. ამ შემთხვევაშიც კი, ადვილი შესაძლებელია, ტაილანდელი მზარეულისთვის ზომიერად პიკანტური, მიუჩვეველ მუშტარს მაინც ეცხაროს. მაგალითად, საკმაოდ ცხარეა (რაც არ ნიშნავს, რომ გემრიელი არ არის) - ზღვის პროდუქტების სალათა (18.00). ვერაფერს იზამ, ტაილანდური და კორეული სამზარეულო, ამ მხრივ, განსაკუთრებით ბუნებრივად დაუნდობელია.

პიკანტურობის ნაკლებად მოყვარულთ შეუძლიათ შეუკვეთონ გამჭვირვალე ლაფშა ღორის ხორცით (15.00) ან უგემრიელესი ვეგეტარიანული პად ტაი - ტაილანდური ლაფშა მიწის თხილითა და კვერცხით (10.00). მენიუ გრძელი და მრავალფეროვანია, ქარის კერძების ჩამონათვალი ვრცელია, გასასინჯად თევზი შევუკვეთეთ - კალმახი წითელ ქარი სოუსში (22). თევზი კარგად იყო შემწვარი, ქარის სოუსი - ოდნავ ბლანტი, და არასაკმარისად სანელებლიანი, თუმცა ეს უკვე მაშინ, თუ ძალიან მოდავება გინდა. რაც შევუკვეთეთ, ყველაფერი გემრიელი აღმოჩნდა. რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ერთადერთი, რაც არ ვარგა - ბრინჯია. გადახარშული, სტანდარტული ბრინჯი. უმჯობესი იქნებოდა, უკეთესი ხარისხის ბრინჯი ან როგორც ხშირად ტაილანდურ რესტორნებში უყვართ - წებოვანი გამჭვირვალე ბრინჯი - ოდნავ მოტკბო გემოთი, რომელიც პიკანტურ კერძებს კარგად აბალანსებს. კარგი, al dente ბრინჯი განსაკუთრებით გემრიელია, თუ დროულად, მთავარ კერძთან ერთად მოიტანეს. გახსენებაზე: სერვისი ჯერ ჩამოუყალიბებელი და ზანტია. კარგი იქნება, თუ ამას დროულად მოევლება, რადგან ასეთი სერვისი საერთო გამოცდილებას საკმაოდ ამცირებს. რაც უფრო მთავარია, სამზარეულო არ გაფუჭდეს და, შესაძლოა, მალე ტაი კაფეს ფილიალებით სხვა უბნებმაც მოიწონონ თავი. გახსნიდან ერთი თვის თავზე ფეისბუქში ტაი კაფეს 180 ფანი ჰყავს.

ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს

39 შებოლილი ორაგულის სალათა ციტრუსით

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

თეკუნა გაჩეჩილაძე, შეფ მზარეული

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

4 ულუფა

მასალა:
• 400 გრ. შებოლილი ორაგული
• 300 გრ. შერეული მწვანე სალათი **
• ½ ლიმონის წვენი
• ½ ფორთოხლის წვენი
• ½ ლაიმის წვენი
• წვრილად დაჭრილი კამა,პიტნა და ტარხუნა
• 10 ცალი პომიდორი (ჩერი)
• 80 გრ. ზეითუნის ზეთი
• 1 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი
• 3 მოხარშული კვერცხი
• 2 ავოკადო
• ფერადი (შერეული) წიწაკა

ჯამში 40 ლარი

საკმაზი

ჩაასხით ბლენდერში სამივე ციტრუსის წვენი. დაამატეთ მარილი, ფერადი წიწაკა, მდოგვი და ზეითუნის ზეთი. ათქვიფეთ, სანამ მასა არ გასქელდება.

სალათისთვის

გარეცხეთ და გააშრეთ სალათის ფურცლები. საშუალო ზომის ჯამში სალათის ფოთლებს შეურიეთ პომიდორი, დაჭრილი მწვანილი, ციტრუსის გულის სეგმენტები, დაჭრილი კვერცხი და ავოკადო. მოასხით საკმაზის ნახევარი და ფრთხილად გადაურიეთ. სალათა გაანაწილეთ ოთხ თეფშზე. თითოეული თეფში 100 გრ. შებოლილი ორაგულის ნაჭრებით გააფორმეთ და დარჩენილი საკმაზი მოასხით.

** შერეული მწვანე სალათის სხვადასხვა სახეობა (რომეინი, ლოლო, როსო, ლოლო ბიოდა, რუკოლა, აისბერდი) უკვე იყიდება პოპულისა და გუდვილის ქსელებში. ორაგულის სალათას მოუხდება თეთრი მშრალი ღვინო: წინანდალი, სოვინიონ ბლანი, შარდონე.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).