თავისუფლება № 3 (27), მარტი, 2004


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ფრანკლინი ბენჟამენ, ლობიე დე პატრიკ, მინდიაშვილი ბექა, საყვარელიძე ფრიდონ, შარპი ჯინ
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო



1 საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ხელფასზე მომუშავე ბიუროკრატიისაგან

▲back to top


0x01 graphic

ბენჟამენ ფრანკლინი

სიტყვა თქმული ბენჟამენ ფრანკლინის მიერ 1787 წლის საკონსტიტუციო კონვენტის წინაშე

მეტად მიმძიმს იმ პროექტის თუნდაც ერთი მუხლის დაწუნება, რომელიც ესოდენ პატივსაცემმა ენტლმენებმა შეიმუშავეს. პროექტის პირველი მოსმენიდან მოყოლებული, მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონია - თუ არ ჩავთვლით მის ერთ პუნქტს, ხელფასების საკითხს რომ ეხება. ჩემი პოზიცია ვინმეს უცნაურად და არარეალისტურადაც შეიძლება მოეჩვენოს, და მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობა და რწმენა მაიძულებს გამოვიტანო ის თქვენს სამსავროზე. კომიტეტი განიხილავს ჩემს არგუმენტებს და მისმა დასკვნამ შესაძლოა აზრიც შემაცვლევინოს. მიმაჩნია, რომ ხელფასების დანიშვნა გარკვეულ უხერხულობას წარმოშობს; ამაზე უარის თქმა კი, ჩემი აზრით, მხოლოდ სიკეთეს მოგვიტანს.

სერ, ამქვეყნად არსებობს ორი რამ, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანთა ცხოვრებას. ესაა პატივმოყვარეობა და სიხარბე, ანუ ძალაუფლებისკენ ლტოლვა და ვერცხლისმოყვარეობა. ცალ - ცალკე ორივე მათგანი მძლავრად უბიძგებს ადამიანს მოქმედებისკენ. მაგრამ თუკი გაჩნდა ისეთი მიზანი, რომელიც გააერთიანებს ამ ორ ფაქტორს, ამას შეიძლება ძალზე მძიმე შედეგი მოჰყვეს. საკმარისია ასეთმა ადამიანმა დაიგულოს თანამდებობა, რომელიც პატივსაც მოუტანს და ფულსაც, და ის ქვას ქვაზე არ დატოვებს მის მოსაპოვებლად. სწორედ ასეთ თანამდებობათა სიმრავლეა ბრიტანეთის ხელისუფლებაში მიმდინარე ბობოქარი მოვლენების ნამდვილი მიზეზი. სწორედ ეს იწვევს იმ დაჯგუფებათა გაჩენას, რომელიც აქუცმაცებს და თავგზას ურევს ერს, ითრევს უაზრო და დამანგრეველ ომებში და ხშირად აიძულებს, მიიღოს დამამცირებელი ზავის პირობები.

რა ჯურის უნდა იყოს ის ხალხი, ვინც ძალას არ დაიშურებს უპირატესი მდგომარეობის მოსაპოვებლად, მზად იქნება იბრძოლოს თავდაუზოგავად, ჩაერთოს ნებისმიერ ინტრიგაში, სხვადასხვა დაჯგუფებების დაუსრულებელ ურთიერთშეურაცხყოფაში, როცა მასში მონაწილე ადამიანთა რეპუტაციისგან აღარაფერი რჩება?

რა თქმა უნდა, მათ შორის ვერ ნახავთ ბრძენ და კეთილგონიერ ხალხს, ისეთებს, ვინც მშვიდობისა და წესრიგისთვის იღვწის, ვისაც შეიძლება ენდოს ადამიანი. ეს ის ხალხია, ვინც თავზეხელაღებითა და გააფთრებით იბრძოლებს პირადი გამორჩენისთვის. სწორედ ესენი შეაღწევენ მთავრობაში და შეუდგებიან თქვენ მართვას. მაგრამ მათაც იმედგაცრუება ელით, ვერ ეღირსებიან ნანატრ ბედნიერებას, რადგან მათგან დამარცხებული მოქიშპენი, მათივე მსგავსნი და იმავე მიზნებისთვის მებრძოლნი, ცდას არ დააკლებენ, რომ მშვიდი ცხოვრების საშუალება არ მისცენ თავიანთ გამარჯვებულ მტრებს, რათა ათასი დაბრკოლება შეუქმნან და ხალხის თვალშიც ნაძირლებად წარმოაჩინონ.

გარდა ამისა, სერ, მართალია, თავდაპირველად შესაძლოა საკმაოდ მოკრძალებული ხელფასებიც დაენიშნოთ ამ მოხელეებს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს დიდხანს არ გასტანს. ყოველთვის მოიძებნება საბაბი მათი ხელფასების გასაზრდელად; აუცილებლად გამოჩნდებიან დაჯგუფებები, რომლებიც მოითხოვენ, რომ მეტი გადავუხადოთ მმართველებს - იმ იმედით, რომ მმართველებიც არ დაივიწყებენ მათ და ვალში არ დარჩებიან. ისტორიაც მოწმობს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში თუ სამეფოში დაუსრულებელი ბრძოლა მიმდინარეობდა მმართველებსა და მათ სამწყსოს შორის. ერთი მხარე ცდას არ აკლებდა, რომ რაც შეიძლება მეტი მიეღო ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, მეორე კი - რაც შეიძლება ნაკლები გადაეხადა ამ პირველთათვის. მხოლოდ ეს იწვევდა დიდ არეულობებსა თუ სამოქალაქო ომებს, რომლებიც მთავრდებოდა ან მეფეთა ჩამოგდებით, ან ხალხის დამონებით.

მმართველებს, როგორც წესი, თავისი გააქვთ და ყველანი მოწმენი ვართ იმისა, რომ მეფეთა წლიური შემოსავალი განუხრელად იზრდება, მაგრამ ამით არ კმაყოფილდებიან და კიდევ მეტისთვის იღვწიან.

და რაც უფრო დიდია ხალხის უკმაყოფილება გაუსაძლისი გადასახადების გამო, მით უფრო მეტი ფული სჭირდება მეფეს, რათა დაუნაწილოს თავის მხარდამჭერებს და ჯარს, რომელმაც უნდა ჩაახშოს ნებისმიერი ამბოხი და საშუალება მისცეს თავის პატრონს მშვიდად განაგრძოს ხალხის ძარცვა. ძნელად თუ მოიძებნება ასიდან თუნდაც ერთი ისეთი მეფე, რომელიც, რომ შეეძლოს, არ მიბაძავდა ფარაონს და არ დაისაკუთრებდა ჯერ თავის ქვეშევრდომთა მთელ ფულს, შემდეგ მთელ მათ მიწას, ბოლოს კი მათაც და მათ შვილებსაც თავის საუკუნო მსახურებად არ აქცევდა. ამაზე გვეტყვიან, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მეფობის შემოღებას. მესმის, რომ არ ვაპირებთ. მაგრამ კაცთა მოდგმას ყოველთვის სამეფო მმართველობისკენ მიუწევს გული. ზოგჯერ ეს მათ დიდებულთა ბატონობისგან ათავისუფლებს. ას ტირანს ისევ ერთი ურჩევნიათ. მოქალაქეებს ეს თანასწორობის ილუზიას უქმნის; მათაც მხოლოდ ეს უნდათ. მე კი ამიტომაც ვშიშობ, შესაძლოა, მეტისმეტადაც ვშიშობ, რომ ამ შტატების ხელისუფლება ადრე თუ გვიან მონარქიამდე მივა. მაგრამ ეს კატასტროფა შეგვიძლია დიდი ხნით ავიცილოთ თავიდან, თუ ჩვენს სისტემაში ახლავე აღმოვფხვრით ქიშპის, ინტრიგებისა თუ არეულობის ჩანასახს და საპატიო თანამდებობებს შემოსავლიან ადგილებად არ ვაქცევთ. და თუ მაინც გავაკეთებთ ამას, ვშიშობ, იმისდა მიუხედავად, რომ თავდაპირველად დავნიშნავთ არა ერთ, არამედ ბევრ პირს, მათი სიმრავლისგან დროთა განმავლობაში აღარაფერი დარჩება; ეს მხოლოდ მონარქიის ჩანასახს მოამწიფებს (ვირჯინიის შტატის პატივცემულ ჯენტლმენთა მოსწრებული გამოთქმა რომ ვიხმაროთ) და არცთუ შორეულ მომავალში მეფის ხელისუფლებასაც მოვესწრებით.

მავანმა ეს შეიძლება უტოპიურ იდეად მიიჩნიოს და თქვას, რომ ჩვენ ვერასდროს ვიპოვით ხალხს, რომელიც კარგი ანაზღაურების გარეშე იმუშავებდა აღმასრულებელ დეპარტამენტში. არა მგონია, ეს ასე იყოს. ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ინგლისში საგრაფოს უმაღლესი შერიფის თანამდებობა მეტად საპატიოა, მაგრამ არა - შემოსავლიანი. ის უფრო ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამიტომაც არავინ ეშურება მის მოპოვებას. მიუხედავად ამისა, ამ თანამდებობის პირი ასრულებს თავის მოვალეობას და კარგადაც ასრულებს; როგორც წესი, ამ პოსტს საგრაფოს რომელიმე გამოჩენილი ჯენტლმენი იკავებს. საფრანგეთში უფრო საპატიოდ ითვლება მრჩეველის ან სასამართლო საბჭოს წევრის თანამდებობა. ამიტომაც მისი დაკავება მსურველთ საკმაოდ ძვირი უჯდებათ. მართალია, სასამართლო პროცესებში მონაწილეობისთვის ისინი იღებენ გარკვეულ ჰონორარს, მაგრამ ეს გასამრჯელო იმ თანხის სამ პროცენტს არ აღემატება, რომელსაც ისინი ამ ადგილის დაკავებისთვის იხდიან. და რამდენადაც სასამართლო გადასახადი ხუთ პროცენტს აღწევს, ისინი, ფაქტიურად, ორ პროცენტს იხდიან იმისთვის, რათა საშუალება მიეცეთ, სასამართლო მომსახურება გაუწიონ ხალხს, რომელიც, თავის მხრივ, არანაირად არ უნაზღაურებს მათ გაწეულ შრომას. მე არ ვგულისხმობ, რომ ჩვენს სასამართლო დეპარტამენტს აუცილებლად გამოადგება ეს მოდელი. მე მხოლოდ მომყავს იმის მაგალითი, რომ სასარგებლო საქმის კეთება, ქვეყნის სამსახური და ის პატივი, რაც ამ საქმის კეთებას ახლავს თან, საკმარისი საფუძველია ზოგიერთისთვის, რათა თავისი დროის დიდი ნაწილი სრულიად უანგაროდ დაუთმოს ხალხის სამსახურს.

0x01 graphic

სხვა მაგალითად გამოდგება ერთი პატივსაცემი საზოგადოება, რომელმაც ექსპერიმენტის სახით მიიღო გარკვეული წესი და უკვე ას წელზე მეტია, წარმატებით ახორციელებს მას. მხედველობაში მყავს კვაკერები. მათ წესად აქვთ, არ მიმართონ სასამართლოს და სადაო საკითხები განსახილველად წარუდგინონ ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ყრილობებს. საბჭო მოთმინებით უსმენს მხარეებს და დიდ დროს უთმობს მათ მორიგებას. ამას ის მოვალეობის გრძნობის გამო აკეთებს და მისი საზღაური მხოლოდ ის პატივია, რომელსაც ხალხი მიაგებს გაწეული სამუშაოსთვის. ეს საქმიანობა სასახელოდ ითვლება და არავის მოსვლია აზრად სანაცვლოდ ხელფასის, ჰონორარის ან რაიმე პრივილეგიის მოთხოვნა. მართლაც, ნებისმიერი საზოგადოებრივი საქმე რაც უფრო ნაკლებანაზღაურებადია, მით უფრო საპატიოცაა.

0x01 graphic

შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ქვეყნისთვის ის უმნიშვნელოვანესი სამსახური, რომელსაც ჩვენი მხედართმთავრები, ეს ნამდვილი პატრიოტები (თავს უფლებას ვერ მივცემ ზედმეტი ქებით შეურაცხვყო ისინი) ეწევიან მთელი რვა წლის განმავლობაში ყოველგვარი ფულადი ანაზღაურების გარეშე; გავიხსენოთ ისიც, თუ რა ტანჯვა - წამებასთან და დაძაბულობასთანაა დაკავშირებული საქმე, რომელსაც თავის მამაც თანამებრძოლებთან ერთად აკეთებს ეს ხალხი. და განა ყოველივე ამის შემდეგ შეიძლება მცირედი ეჭვი მაინც შეგვეპაროს იმაში, რომ მთელ შეერთებულ შტატებში მოიძებნება საქვეყნო საქმით გულანთებული ორი - სამი ადამიანი მაინც, რომელიც თავს არ აარიდებს საბჭოში მშვიდ შრომას, თუნდაც იმავე პერიოდის მანძილზე, რათა მოაგვაროს ჩვენი სამოქალაქო საქმეები და თვალყური ადევნოს, რომ ჯეროვნად შესრულდეს ჩვენი კანონები? სერ, მე უკეთესი წარმოდგენა მაქვს ჩვენს ქვეყანაზე. ვფიქრობ, არასდროს გაგვიჭირდება საკმარისი რაოდენობის კეთილგონიერი და პატიოსანი ადამიანების პოვნა, რომლებიც ერთგულად მოემსახურებიან თავის ხალხს.

სერ, ჩემთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, შენარჩუნდება თუ არა ხელფასები, რაც შესაძლოა, პირველ ეტაპზე გვირჩიონ. მე უფრო ის მაფიქრებს, თუ რა შედეგები მოჰყვება მათ შეთავაზებას. სწორედ ამიტომაც მოვითხოვ შესწორების შეტანას პროექტში. თუ ჩემს წინადადებას არ გაიზიარებენ და მხარს არ დაუჭერენ, თავს იმით დავიმშვიდებ, რომ გულწრფელად მოგახსენეთ ჩემი მოსაზრება და ვალიც ბოლომდე მოვიხადე.

თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

0x01 graphic

ნებისმიერი ცუდი პრეცედენტი გამართლებული კანონდარღვევით იწყება.

გაიუს იულიუს კეისარი

0x01 graphic

კორუმპირებული ერი თავისუფლებას დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებს.

ედმუნდ ბერკი

0x01 graphic

საბერძნეთის შვიდ ბრძენთაგან ერთ - ერთი ხშირად იმეორებდა, რომ კანონები აბლაბუდას ჰგავს, მასში პატარა ბუზები იხლართებიან, დიდები კი იოლად აღწევენ თავს.

სერ ფრენსის ბეკონი

0x01 graphic

ის საზოგადოება, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს ხაზინის ქურდსა და იბის ქურდს, საკმარისად ცივილიზებულად ვერ ჩაითვლება.

თეოდორ რუზველტი

0x01 graphic

პატიოსანი პოლიტიკოსი ის პოლიტიკოსია, რომელიც, თუ გაიყიდა, მყიდველის ერთგული რჩება.

საიმონ კემერონი

0x01 graphic

მთავრობა, რომელიც საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ მოგცეთ ყველაფერი, რასაც კი ისურვებთ, იმისთვისაც საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი წაგართვათ.

ბარი გოლდუოტერი

0x01 graphic

ამბობენ, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანებს, მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ძალაუფლება იზიდავს მათ, ვინც მზადაა გაირყვნას. კეთილგონიერთ ბევრი რამ შეიძლება იზიდავდეთ, ოღონდ არა - ძალაუფლება.

დევიდ ბრინი

0x01 graphic

საზოგადოებაში, თუკი ის ერაც არ დაღუპულა, კორუფციის არსებობის უპირველესი ნიშანი ისაა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.

ორ ბერნანოსი

2 ,,კორუფცია - გონების მანკიერება“

▲back to top


0x01 graphic

პატრიკ დე ლობიე

პატრიკ დე ლობიე

,,ისტორია ქრისტეს ცხოვრების ჭვრეტით შეიძლება გაიშიფროს“, - წერს ფრანგი სოციოლოგი, ღვთისმეტყველი, ღვთისმსახური, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რომის პაპთან არსებული საბჭოს ,,მშვიდობა და სამართლიანობა“ წევრი, ქრისტიანული სოციალური მოძღვრების შესახებ ფუნდამენტური გამოკვლევების ავტორი პატრიკ დე ლობიე.

მისი შეხედულებები, მისი აზროვნების სისტემა ადამიანური გამოცდილებისა და შემეცნების ორი სფეროს ურთიერთკვეთას წარმოადგენს. ერთი მხრივ, უშუალოდ სამეცნიერო, პროფესიული, სოციოლოგიური, მეორე მხრივ კი, რელიგიური ინტერესები, რომლებიც თანამედროვე ევროპელი ქრისტიანის ინტელექტუალური, ცხოვრებისეული და ლოცვითი გამოცდილებითაა ნასაზრდოები, მეტად მიმზიდველს ხდის მის თხზულებებს.

მის შესახებ წერენ, რომ ჟენეველ პროფესორთა წრეში თავისი ასკეტიზმით გამოირჩევა, რომ იგი ტიტულოვანი, სახელგანთქმული მეცნიერია, მაგრამ მოკლებული ყოველგვარ ბურჟუაზიულობას, რომ კონსერვატორია და აკრიტიკებს საზოგადოების სეკულარიზაციას, მაგრამ ამას ყოველგვარი დაძაბულობის, რელიგიური სწორხაზოვნების გარეშე ახერხებს.

საპროფესორო საქმიანობის პარალერულად პატრიკ დე ლობიე მოგზაურობს მთელს მსოფლიოში და ადამიანებს, პირველ რიგში კი კათოლიკური ეკლესიის მრევლს, მოუთხრობს იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ცხოვრობდე ესქატოლოგიური ჯამის მოლოდინით და იმავდროულად აქტიურ სამოქალაქო მსახურებას ეწეოდე, სრულფასოვნად იყო ჩაბმული პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში.

მღვდელი პატრიკ დე ლობიე იანვრის თვეში საქართველოს სტუმრობდა და ინტერვიუს თაობაზე ჩვენს თხოვნას მადლიერებით დასთანხმდა. დღეს, როდესაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური პრობლემები მეტად მძაფრად იჩენს თავს, საინტერესო და მნიშვნელოვანია იმ ადამიანის მოსაზრებათა გაცნობა, რომელიც ს. ავერინცევის თქმით ,,თავის თავში აერთიანებს სოციალურ საკითხებზე კათოლიკური ეკლესიის რეფლექსიასა და ესქატოლოგიური პერს - პექტივის ცოცხალ განცდას.“

მამა პატრიკ, რამ განაპირობა თქვენი ჩამოსვლა საქართველოში და რა მიზნებს ისახავთ ამ ვიზიტისას?

ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ის დაემთხვა იმ რევოლუციურ გარდაქმნებს, რომლებიც თქვენს ქვეყანაში მოხდა. თბილისში მყავს მეგობარი და მან შემომთავაზა აქ ჩამოსვლა. ასევე მაქვს ურთიერთობა რუსეთთან და უკრაინასთან, რაც დაკავშირებულია ე.წ. მოგზაური უნივერსიტეტის საქმიანობასთან, რომლის მიზანი ხალხის თეოლოგიური განათლებაა. ვიმედოვნებ, რომ მოგზაურ უნივერსიტეტთან ერთად ივნისში კვლავ ჩამოვალ თბილისში და მექნება საზაფხულო კურსები. ვფიქრობ, აუცილებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენა. კომუნისტურ ეპოქაში ასეთი რამ შეუძლებელი იყო.

თქვენს ერთ - ერთ წიგნში, რომელიც კათოლიკური ეკლესიის სოციალურ სწავლებას ეძღვნება, სამი ქალაქისიმბოლოს შესახებ არის საუბარი. როგორც ვიცით, ნეტარი ავგუსტინე ორ ქალაქს“, ბაბილონსა და იერუსალიმს ასახელებს; რას გულისხმობთ მესამე ქალაქში?

მესამე ქალაქი უბრალოდ ადამიანთა ქალაქია. იმასაც ვიტყოდი, რომ ამ მესამე ქალაქის შესახებ ნეტარი ავგუსტინეც საუბრობს, მაგრამ მას კონკრეტულ სახელს არ არქმევს, ვინაიდან ეს სწორედ ადამიანთა ქალაქია - არც მხოლოდ ბაბილონი და არც მხოლოდ იერუსალიმი, არამედ ბრძოლის ველი, რომელზეც ერთმანეთს უპირისპირდებიან ბაბილონი და იერუსალიმი. ეკლესია სწორედ ადამიანთა ქალაქში დაარსდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანულსოციალურ დოქტრინაში მონაწილეობს ესქატოლოგიური ქალაქიც და ისტორიას ექნება დასასრული. ჩვენ ხშირად არ ვითვალისწინებთ, რომ ისტორიას არა აქვს წრიული ფორმა, როგორც ეს წარმართულ სამყაროს ეგონა. ისტორია არ მეორდება. იგი დასასრულისკენ მიემართება. ეკლესიის ისტორია არის სამყაროს ისტორიის სული. და ამ ჭრილში კი ქრისტიანული სოციალური სწავლება გახლავთ არა რეცეპტების კრებული, ანდა იდეოლოგია, არამედ ქრისტიანული სულიერების ანთროპოლოგია.

სემუელ ჰანტინგტონის ცნობილი თეორიის თანახმად, ჩვენი დრო ცივილიზაციათა კონფლიქტის ეპოქაა. ასეთ ხედვას ზოგიერთი ქრისტიანი მოაზროვნეც იზიარებს და თვლის, რომ XXI საუკუნეში ეკლესიის წინაშე მთავარი გამოწვევა სწორედ ეს მოვლენა იქნება. რას იტყოდით ამის შესახებ?

ვფიქრობ, რომ ეს ყალბი თვალსაზრისია. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ყველას ეხება, ქრისტიანსაც და არაქრისტიანსაც, მაგრამ ეკლესია არ შეიძლება გავუთანაბროთ ცივილიზაციას. ცივილიზაციები ერთმანეთს ცვლიან ისტორიაში, ეკლესიას კი მოაქვს ნათელი, რომელიც არა ქვემოდან, არამედ ზემოდან გადმოდის. მრავალი ცივილიზაცია გადალახა ეკლესიამ და ამიტომ არ არის საჭირო, მოვახდინოთ ცივილიზაციისა და ეკლესიის იდენტიფიკაცია. ამ საკითხს კარგად ესადაგება იოანე პავლე II - ის სიტყვები:

,,ჩვენ ვართ მთელი კაცობრიობის ახის ნაწილი“,

ამიტომ აჯობებს, თავი დავანებოთ ამ, მე ვიტყოდი, ცუდ იდეას ცივილიზაციების შეხლაშემოხლასთან დაკავშირებით.

რა რელიგიური პროცესები ვითარდება დღეს ევროპაში? ... - მოსახლეობის 90 პროცენტამდე რელიგიურად მიიჩნევს თავს. გაცილებით დაბალი მაჩვენებელია ბებერ კონტინენტზე. იქნება თუ არა ევროპის მომავალი ქრისტიანული?

მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადრეულ საუკუნეებში ჩრდილოეთ აფრიკა, კერძოდ, ეგვიპტე, შუა აზია ქრისტიანობის ცენტრები იყო. VII საუკუნეში ჩრდილოეთ აფრიკაში უფრო მეტი საეპისკოპოსო არსებობდა, ვიდრე იტალიაში. ნეტარი ავგუსტინე, ტერტულიანე, კვიპრიანე კართაგენელი - ყველანი ჩრდილოეთ აფრიკაში მოღვაწეობდნენ და ეს ყველაფერი უცებ გაქრა. ისტორიის მიერ აღიგავა პირისაგან მიწისა. ევროპას კი, რომელმაც ამდენი რამ მიიღო ქრისტიანობისაგან, შეუძლია მართლაც მოიქცეს და რწმენაში გაძლიერდეს, თუ არა, მის ადგილს ისლამი დაიკავებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მუსლიმებიც ისევე მოიქცევიან ქრისტიანობაზე, როგორც ბარბაროსები - რომის იმპერიაში. ამით მუსლიმები ბარბაროსებს კი არ მინდა შევადარო, არამედ მსურს მივანიშნო მსგავსი პროცესის განვითარებაზე. მაგალითად, საფრანგეთში ბევრი მუსლიმი, განსაკუთრებით ქალი, ქრისტიანი ხდება. მაგრამ ეს ინტენსიურ ხასიათს მაშინ მიიღებს, როცა ქრისტიანები, კათოლიკები გამოფხიზლდებიან. საფრანგეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად რელიგიური ცხოვრება აქტიურდება. სკოლებში რელიგიური სიმბოლიკის აკრძალვასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენებიც ამას მოწმობს.

ჩვენ გვაქვს ახალი კათოლიკური თემები მაგალითად ჩინეთში; შანხაიში ჩინელ სემინარისტებს ვუკითხავდი ლექციას. მათ მკითხეს, ღმერთმა რატომ დაამკვიდრა ეკლესია რომის იმპერიაში და არა ჩინეთის იმპერიაშიო. მე ვუთხარი, რომ თუმცა ეს პროცესი რომის იმპერიაში დაიწყო, ხვალ შეიძლება თქვენ, ჩინელები მოხვიდეთ და დაგვანახოთ ნამდვილი ქრისტიანობა - მეთქი. ქრისტიანობა არ არის დაკავშირებული რომელიმე ცივილიზაციასთან. ასეთი დამოკიდებულება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრაგედიაა. რუსეთის ეკლესია ეროვნებასთან, კულტურულ ტრადიციასთან ცდილობს ეკლესიის მიჯაჭვას. ქრისტეს კი აინტერესებს სულები და არა პოლიტიკური და კულტურული სტრუქტურები, თუმცა ისინიც შეიძლება ჩავაყენოთ ევანგელიზაციის სამსახურში.

რატომ არის რელიგია ამერიკაში უფრო მეტად პოპულარული? იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე ევროპა. და ვინ დააარსა იგი? რელიგიურმა დისიდენტებმა. ამერიკელები ყველა დონეზე პატივს სცემენ რელიგიას. საფრანგეთში კი სახელმწიფოებრივი აზრი სარწმუნოების მიმართ ძალიან მტრულად არის განწყობილი. კარდინალმა ჟან - ლუი ტორანმა თქვა, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან უნდა იყოს გამიჯნული, რადგან თავისუფლება აუცილებელია. მხოლოდ თავისუფალ გარემოში შეუძლია სიყვარულს, იყოს ნამდვილი, ჭეშმარიტი. მაგრამ დამღუპველია ეკლესიის საზოგადოებისაგან გამიჯვნა... დავუბრუნდეთ ევროპას. აქ თანამედროვე სიტუაცია სრული უიმედობის საბაბს არ მაძლევს. ევროპაში, ისევე როგორც საქართველოში, ქრისტიანობას ღრმა ფესვები აქვს. მე ვფიქრობ, რომ ევროპაში მუსულმანობის გარკვეულმა გავრცელებამ შეიძლება მოგვცეს სტიმული ქრისტიანების გამოსაღვიძებლად.

დასავლეთში დავის საგნად იქცა ევროკონსტიტუციაში ქრისტიანობის მოხსენიების საკითხი. ქრისტიანთა დიდი ნაწილი ემხრობა ქრისტიანობის მოხსენიებას, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი კათოლიკე თეოლოგი, როგორიც, მაგალითად, ჰანს კიუნგია, ეწინააღმდეგება ამას და თვლის, რომ საჭირო არ არის სწორედ ცივილიზაციისა და კულტურის გაიგივება ქრისტიანობასთან.

ვფიქრობ, ჰანს კიუნგი წინათ იყო კათოლიკე თეოლოგი, მაგრამ ახლა იგი ასეთი აღარ არის. აქ საქმე ის კი არ არის, რომ უნდა მოხდეს ცივილიზაციისა და ეკლესიის ერთმანეთთან გათანაბრება, არამედ საჭიროა ობიექტური ფაქტის აღიარება, რომ ევროპის მშობელი ქრისტიანობაა. ქრისტიანობა შეიძლება ჩასახულიყო ჩინეთში, მაგრამ ის ჩაისახა რომის იმპერიაში. ეს ფაქტია, მაგრამ ამის გამო ჩვენ როდი ვფიქრობთ, რომ ევროპელი ქრისტიანები კარგი ქრისტიანები არიან. კონსტიტუციაში ქრისტიანობის მოხსენიებით ითქმება, რომ ევროპელი ერები ჩამოყალიბდნენ ქრისტესგან ნათლისღებით. შემდეგ შესაძლოა, მოხდა აპოსტასია, განდგომა, რაც ამჟამადაც მიმდინარეობს, მაგრამ ჭეშმარიტების უარყოფა სწორედ ის იქნება, რომ არ თქვათ და მივჩქმალოთ, რომ თავისუფლების, პიროვნების, ადამიანის უფლებების და ა.შ. იდეები ეფუძნება ქრისტიანობას. გავიხსენოთ ინდოეთი, ჩინეთი, დიდი ცივილიზაციები. იქ პიროვნებას არა აქვს ისეთი დიდი სტატუსი, რომელიც შემოგვთავაზა ევროპამ. სწორედ ობიექტური ისტორიული გარემოების გამო არის აუცილებელი, რომ მოვიხსენიოთ ღმერთი და ქრისტიანობა.

როგორც თანამედროვე დასავლელი, ისე აღმოსავლელი ქრისტიანი ავტორები ერთ - ერთ მთავარ პრობლემად გლობალიზაციას სახავენ. აქვს თუ არა კათოლიკურ ეკლესიას პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორია პირადად თქვენი თვალსაზრისი?

ზოგადად რომ ვთქვა, ჩვენთან გლობალიზაციას ფაქტობრივად ყველა სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს. არ არსებობს საერთო ხედვა. პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. გლობალიზაცია ისეთი სიტყვაა, რაშიც ყველამ შეიძლება თავისი შინაარსი ჩადოს. სულიერების ასპექტით ქრისტიანობა გლობალიზაციას უკვე 2000 წლის განმავლობაში ახორციელებს. ეკლესიისთვის ეს არ არის ახალი. შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციების, საინფორმაციო საშუალებების განსაცვიფრებელმა განვითარებამ ჩამოაყალიბა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ფენომენი. ეს კი ძალიან ახალი და საინტერესოა. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე: ამ გზით მთელ მსოფლიოში შეიძლება გავრცელდეს ჭეშმარიტება, მაგრამ ასევე შეიძლება გავრცელდეს სიყალბეც. დავძენ, რომ ხშირად გლობალიზაციას მითოლოგიური კრიტერიუმებით აფასებენ.

ძირითად პრობლემათა ნუსხაში ასახელებენ აგრეთვე ეკოლოგიურ,გენური ინინერიის ანუ კლონირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და თანამედროვე კულტურის ეროტიზაციას. როგორი უნდა იყოს ამ საკითხების მიმართ ქრისტიანული საზოგადოებრიობის მიდგომა?

თუკი ბუნებით სამართალს, ბუნებით რჯულს ვივიწყებთ, რით ვცვლით მას? ვნებებით. როდესაც მოსე რჯულის დაფებით სინას მთაზე ავიდა, ქვემოთ დარჩენილმა ხალხმა მაშინვე ოქროს ხბო გააკეთა. ეს ოქროს ხბო, ოქროს კერპი სამ ვნებას მოიცავს: ფულის სიყვარულს, სექსუალურ ლტოლვას და ძალაუფლებისკენ სწრაფვას. და სწორედ იქ, სადაც ბუნებით რჯულს ივიწყებენ, ძალას იკრებს თქვენს მიერ ნახსენები მოვლენები, იქ ძლიერდება ეს პროცესები. თუ ჩვენ დავივიწყებთ ბუნებით სამართალს და სხვა ლოგიკით ვიმოქმედებთ, მაშინ საზოგადოება, რომელიც, ვთქვათ, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისაკენ შეიძლება გახდეს მიდრეკილი, მიიღებს კანონს ნარკოტიკების სიკეთისა და გავრცელების შესახებ. რას წარმოადგენს ბუნებითი რჯული, ბუნებითი სამართალი? ეს არის მონაწილეობა მარადიულ რჯულში, მარადიულ სამართალში. თუ ბუნებითი სამართალი აღარ მოქმედებს, თუ ვივიწყებთ ღმერთს, მაშინ ჩვენს ყოფაში იჭრება ირაციონალურობა და სწორედ ასე იქმნება ის, რასაც რომის პაპი იოანე პავლე II სიკვდილის ცივილიზაციას უწოდებს. ჩვენ, ქრისტიანებს გვინდა ავაშენოთ სიყვარულის ცივილიზაცია, რომელიც გონებას, მეგობრობასა და სიყვარულს ეფუძნება.

საქართველოში მეტად აქტუალურია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. თქვენი აზრით, რომელი მოდელია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსასაზღვრად ყველაზე მისაღებიც და იმავდროულად პრაგმატულიც?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. თქვენ ორი საუკუნის განმავლობაში დაპყრობილი იყავით რუსეთისა და საბჭოთა იმპერიის მიერ. ანექსიისა და დაპყრობიდან ორი საუკუნის შემდეგ თქვენ თავისუფლები ხართ. ეს ძალზე საინტერესო ვითარებაა, მაგრამ ამასთან დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან თავისუფლება გარკვეულწილად რისკთან არის დაკავშირებული. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო დღესდღეობით მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. ევროპაში ტყეში დავრბოდით, როცა საქართველო უკვე ქრისტიანული სახელმწიფო იყო. ამიტომ უნდა მოძებნოთ თქვენი ფესვები. მაგრამ აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების დიდი ნაწილი ისე ვერ განვითარდა, როგორც დასავლეთის სახელმწიფოები და ამის მიზეზი სწორედ თავისუფლების ნაკლებობა გახლავთ. ჩვენ გვინდა, ვუსურვოთ საქართველოს ეკლესიას, რომ შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა და არ ჩაიგდოს თავი ხელისუფლების ხელში, რათა ჰქონდეს ქრისტიანობის განვითარებისა და ქადაგების თავისუფლება...

მესამე ათასწლეული შეიძლება აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესიის აღორძინების ხანა გახდეს. ჩვენ ევროპაში აღმოსავლური ქრისტიანული გენია გვჭირდება, რომელიც ნაკლებად სეკულარიზებულია, უფრო მგრძნობიარეა სულიერების მიმართ და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ იყოთ თავისუფალნი.

ჩვენი ქვეყნისთვის უმწვავესია კორუფციისა და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბის პრობლემა. ცნობილია, რომ კათოლიკური ეკლესიის სოციალურ ცხოვრებაში კორუფციასთან ბრძოლის პოზიტიური გამოცდილება არსებობს. თბილისში რამდენიმე ხნის წინ სტუმრობდა კარდინალი პაპალადო, რომელიც სიცილიაში აქტიურად იბრძოდა მაფიის წინააღმდეგ. გვაინტერესებს, კონკრეტულად რა რჩევების მოცემა შეუძლია ამასთან დაკავშირებით კათოლიკური ეკლესიის სოციალურ დოქტრინას.

კორუფცია არის არა მარტო სულის, არამედ გონების მანკიერებაც და მასთან ბრძოლის ორი საშუალება არსებობს: პირველი, ეს არის დიქტატურა, მაგრამ იგი დიდხანს ვერ გასტანს და მეორე, ეკლესია, რომელიც თავისუფლებას პატივს სცემს, მაგრამ ამას შედარებით დიდი დრო სჭირდება. კორუფციას მრავალი ფორმა აქვს, როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში. ღარიბ ქვეყნებში, პირველ რიგში, ხალხს არსებობის საშუალება უნდა ჰქონდეს. თომა აქვინელი ამბობს: იმისათვის, რომ ზნეობრივები ვიყოთ, საჭიროა გვქონდეს მატერიალური რესურსის მინიმუმი. ზნეობრიობა კი გვეუბნება, რომ უნდა შევეწინააღმდეგოთ კორუფციას, მაგრამ როცა შიმშილით კვდები, ძალიან ძნელია, იყო ზნეობრივი. ასე რომ, თავიდან საჭიროა მატერიალური დახმარება. კორუფციის სენი სწორედ ადამიანის გულში ცხოვრობს. კარგი იქნება და აუცილებელიც არის, რომ მმართველმა უმცირესობამ ზნეობრიობის მაგალითი უჩვენოს საზოგადოებას.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობის უპირველესი მიზეზი სწორედ კორუფცია იყო. თუ ხელისუფლება კორუმპირებულია, ხალხიც კორუფციაშია ჩათრეული. ახალ პრეზიდენტს ვუსურვებდი, სერიოზულად მოეკიდოს და გაითვალისწინოს ისტორიის გაკვეთილები. ირანში შაჰის რეჟიმი მეტისმეტად კორუმპირებული იყო, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ შაჰის დამამხობელმა ჰომეინიმ და მისმა რეჟიმმა ბედნიერება მოუტანა ირანს. ჩან კაი ში კორუმპირებული გახლდათ, მაგრამ მაო ძე დუნიც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შორს იყო იდეალისგან. ასეთი მაგალითები უამრავია. სამართლიანობის დამკვიდრება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.

აუცილებელია თუ არა, ეკლესიას ჰქონდეს თავისი სოციალური დოქტრინა. ხომ არ შეზღუდავს ეს პიროვნების თავისუფლებას? რამდენად დაცულნი ვიქნებით რწმენის იდეოლოგიზაციისგან?

სოციალური დოქტრინა სახარების ნაყოფია. ეს არის სახარების განხორციელების საშუალებების წარმოჩენა. როცა არ გვაქვს სოციალური დოქტრინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია საზოგადოებაში არ ხორციელდება და თუკი საზოგადოებაში არ მყოფობს ეკლესია, მაშინ თავადი ამ სოფლისა იკავებს მის ადგილს. თუ ეკლესია შემოსაზღვრულია მხოლოდ მონასტრული და ლიტურგიული ცხოვრების იდეალით, როგორც ვთქვი, თავადი ამა სოფლისა იკავებს მის ადგილს საზოგადოებაში. ქრისტე ხომ არ დარჩა ღვთის სასუფეველში, არამედ ჩვენთან, დედამიწაზე მოვიდა. ასე რომ, ეკლესიამაც იგივე უნდა გააკეთოს. ეკლესია ღრუბლებში არ უნდა დაფრინავდეს. ის ფაქტი, რომ ეკლესია მიწიერი პრობლემებით ინტერესდება, სულაც არ ნიშნავს მის გამიწიერებას და ზეციური შინაარსისგან დაცლას.

ეკლესიის სოციალური დოქტრინა თუ ქრისტიანული სულიერებით არ არის განპირობებული, მაშინ ის შეიძლება იდეოლოგიად იქცეს. მართლაც, დიდია საფრთხე სოციალური დოქტრინის იდეოლოგიზებისა. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ივიწყებენ სოციალური დოქტრინის ესქატოლოგიურ და სულიერ ასპექტებს.

კათოლიკურმა ეკლესიამ მართლმადიდებლობასთან დასაახლოებლად გადმოდგა მნიშვნელოვანი ნაბიები და შეიძლება ითქვას, რომ ადგილი ჰქონდა საპასუხო აქტიურობასაც. მაგრამ თითქოს არსებობს რაღაც გადაულახავი ზღვარი. კონსტანტინეპოლის პატრიარქი ერთ - ერთ პუბლიკაციაში ამბობს: როდესაც რომის პაპმა მკითხა, რა უშლის ხელს ჩვენს გაერთიანებასო, ვუპასუხე, თქვენ - მეთქი. როგორც ჩანს, პატრიარქი ამ შემთხვევაში რომის პაპის განსაკუთრებულ სტატუსსა და მისი ,,ექს კათედრა უცდომელობის შესახებ დოგმატს გულისხმობდა. როცა ლაპარაკია ერთობის მიღწევაზე, ეს საკითხი ხშირად ყველაზე მწვავედ დგას მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებისთვის. ცნობილია, რომ კათოლიკურ ეკლესიაშიც ამ სწავლების მიღების დროს თავი იჩინა დაპირისპირებამ. ჩემი შეკითხვა ასეთია: ახლოა თუ არა ის დრო, როდესაც ეკლესიები გაერთიანდებიან და რამდენადაა შესაძლებელი კათოლიკურ ეკლესიაში პაპის სტატუსისა და უცდომელობის დოგმატის რევიზია?

სამ პუნქტად გიპასუხებთ. მართალია, ჩვენ დაცალკევებულნი ვართ, მაგრამ ჩვენსა და მართლმადიდებლებს შორის ნამდვილი თეოლოგიური პრობლემები არ არსებობს. რეალური განსხვავებები უფრო ისტორიული და კულტურული ხასიათისაა. ასე არ არის პროტესტანტებთან მიმართებაში. პირიქით, მათთან კულტურული სიახლოვე უფრო დიდია, მაგრამ უზარმაზარია თეოლოგიური განსხვავებები. ასე რომ, მართლმადიდებლები და კათოლიკები ძალზე ახლოს ვართ.

მეორე: აღმოსავლური მართლმადიდებლური ტრადიციის სამყარო და მისი ისტორია მეტად რთულია. სხვადასხვა ისტორიული პრობლემის გამო აქ ძალიან შეზღუდული იყო მოქმედების თავისუფლება. ამის მიზეზებად შეიძლება დასახელდეს ისლამური ქვეყნების მიერ მართლმადიდებლური ქვეყნების დაპყრობა, ან ცარისტული და რუსული კომუნისტური რეჟიმები. მაგრამ, მეორე მხრივ, ხშირად კათოლიკური ეკლესია, განსაკუთრებით მისი ე.წ. ლათინური ნაწილი, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას მართლმადიდებლებთან სრული ძმობისა და თანასწორობის საკმარისი შეგნება არ გააჩნია. ეს ერთგვარი ლათინური იმპერიალიზმის გამოვლინებაა. მაგრამ კათოლიკური ეკლესია ლათინური ეკლესია არ არის. ლათინური მხარე მხოლოდ სპექტრის ნაწილია კათოლიკურ ეკლესიაში. დღეს, როდესაც იცვლება პოლიტიკური სიტუაცია, აღმოსავლურ ეკლესიებს სულის მოსათქმელად დრო სჭირდებათ, - ეს ათი თუ თხუტმეტი წელი ბევრს არაფერს ნიშნავს. რომაული ეკლესია ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არის აქტიური, ძლიერი, მდიდარი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ მხრივ მდგომარეობა იცვლება. მაგალითად, კათოლიკური ეკლესია დასავლეთ ევროპაში ძალიან დიდ კრიზისშია. ფაქტობრივად, აქტიური კათოლიკების უმრავლესობა დღეს ლათინურ ამერიკაშია, ხვალ კი შეიძლება ჩინეთი იქცეს კათოლიციზმის განვითარების კერად. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეკლესია არ არის დაკავშირებული ცივილიზაციასთან.

მესამე, პაპის უცთომელობის საკითხი. საერთოდ, აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია ნაკლებად მგრძნობიარეა დეტალური, გამოკვეთილი განსაზღვრებების მიმართ. მისთვის უფრო პოეტური ჭვრეტითი აზროვნებაა დამახასიათებელი. უნდა შევნიშნოთ, რაც უფრო მრავალფეროვანი ხდება სამყარო, მით უფრო საჭიროა, რომ ცენტრი ნათელი, ჩამოყალიბებული და განსაზღვრული იყოს. სილამაზე ერთგვარობაში კი არა, მრავალფეროვნებაშია. მაგრამ თუკი მრავალფეროვნება კონტრადიქციად (ურთიერდაპირისპირებად) გადაიქცევა, მაშინ ეს აღარ იქნება სილამაზე.

როდესაც საქმე სულის ცხონებას, მარადიულობის დამკვიდრებას ეხება, საჭიროა, რომ ავტორიტეტი, რომელიც ქრისტეზეა დაფუძნებული, ჟღერდეს უცთომელ სიტყვად. ეკლესიის მთელი ისტორია სავსეა შეცდომებით, ერესებითა და დაპირისპირებებით. დღეს კი ტექნიკური პროგრესის პირობებში საჭიროა, რომ ჩვენ ვიყოთ დარწმუნებულნი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც სულის ცხონებას ეხება. იესომ კვორუმი მოითხოვა თორმეტი მოციქულისგან. ქრისტემ თორმეტივეს ჰკითხა: ვინ ვარ მე? მაგრამ მხოლოდ პეტრემ უპასუხა: შენ ხარ ძე ღვთისა. და ქრისტემ მიუგო პეტრეს: შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ეკლესიას. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პეტრე სრულყოფილი, უნაკლო იყო. იმავე პეტრეს მაცხოვარი სატანასაც კი უწოდებს. პეტრეც ისეთივე ცოდვილია, როგორც ყველა სხვა. მაგრამ სწორედ სულის ცხონებისათვის მისცა ქრისტემ თავის ეკლესიას ეს შეუმცდარობა, ეს დარწმუნებულობა უცთომელ სწავლებაში. პაპის უცთომელობის დოგმატის გამოცხადების შემდეგ იყო ორი გადაწყვეტილება, რომელსაც მართლმადიდებლები ფაქტობრივად ეთანხმებიან. ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა და ღვთისმშობლის ამაღლება. ღვთისმშობლის ამაღლებაზე ჩვენ და მართლმადიდებლები IV საუკუნიდან ვართ შეთანხმებულნი. ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ კი ნიკოლოზ კავასილა წაიკითხეთ და ნახავთ, რომ მას ეს სწამს.

0x01 graphic

და ბოლოს, რაც უფრო რთულია სამყარო, მით მეტად ითხოვს იგი ერთობასა და გარკვეულ პერსონალიზაციას, პიროვნების მიმართ ყურადღების კონცენტრირებას.

რომის პაპი იოანე პავლე II თავის ერთ - ერთ ბოლო ენციკლიკაში ყველა ქრისტიანს სთხოვს, რომ თავიდან გაანალიზონ და იმსჯელონ ერთობის ქარიზმაზე...

გისურვებთ, რომ მთელ მსოფლიოში აღმოსავლური ქრისტიანული ტონალობა გააჟღეროთ. ჩვენ ვართ ერთი სხეულის ორი ფილტვი. ესოდენ სეკულარიზებულ სამყაროში ორივე ფილტვით უნდა ვისუნთქოთ; საჭიროა, რომ ქრისტიანებმა შევიგნოთ: ჩვენი მტერი ქრისტესმიერი ძმები კი არა, ნეოწარმართული სეკულარიზაციაა, რომელიც არის კიდეც, ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა ეკლესიისათვის. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ძალიან ბევრი, გარდა იმისა, რომ ჩვენ, ქრისტეს მოწაფეები ერთმანეთს ვებრძოდეთ. ქრისტემ თქვა: როდესაც ერთმანეთი შეგიყვარდებათ, მაშინ ირწმუნებს ქვეყნიერებაც (ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ)... და ახლა, როცა საქართველოს ეკლესია თავისუფალია, გისურვებთ, რომ მან სწორედ ქრისტეს ეს მოწოდება შეასრულოს, მოწოდება, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ახორციელებს მთელი ეკლესია.

ესაუბრა ბექა მინდიაშვილი
გამოქვეყნდა ასოციაცია ALPE - ის ურნალ ,,ზღვარში (3)

3 კიდევ ერთხელ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე

▲back to top


0x01 graphic

ფრიდონ საყვარელიძე

კარგა ხანია ადამიანის უფლებები ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული ტერმინია, რომლითაც ოპონირებენ უფლებადამცავები და სამართალდამცავები, მოსწავლეები და არისკაცები, მშობლები და შვილები, ძლიერნი ამა ქვეყნისა და რიგითი მოქალაქეები. დიდი ხნის განმავლობაში და გარკვეულწილად დღესაც - ყველაფერი ცუდი, რაც კი შეიძლება ადამიანს დაატყდეს თავს, ადამიანის უფლებების დარღვევად აღიქმებოდა და აღიქმება (ეს განსაკუთრებით სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოქალაქეებზე ითქმის). თუ ვიღაცამ ქუჩაში საფულე მოგვპარა ან შეურაცხყოფა მოგვაყენა, თუ სხვაზე უარესად ვცხოვრობთ და არ გვაქვს უკანასკნელი მარკის უცხოური ავტომანქანა, ან კიდევ ზემო სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და კედლები დაგვიზიანა, უმალ ადამიანის უფლებები გვახსენდება. ამაში, თავისთავად ცუდი არაფერია. საქმე მხოლოდ ის არის, რომ ადამიანის უფლებები ცოდნის შემოსაზღვრული სფეროა (მიუხედავად იმისა, რომ ის მუდამ ვითარდება) და ამ სფეროს გაზრდა - გაფართოების არამართებული მცდელობები საბოლოო ამში თვით ადამიანის უფლებების დაცვისათვის არის საზიანო.

ამ პუბლიკაციის მიზანი არ არის ადამიანის ცალკეული უფლებების ანალიზი. ამას ტომები სჭირდება. ჩვენი მიზანია მოგითხროთ იმ ფუნდამენტურ ცნებებსა და ღირებულებებზე, რომელზედაც არის დაფუძნებული ადამიანის უფლებები. ფაქტი ერთია, რომ ეს არის ცოდნის სფერო, რომლის ფესვები შორეულ წარსულშია საძიებელი. ადამიანის უფლებები მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფიასთან, ასევე იურისპრუდენციასა და ეთიკასთან.

ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ უნიფიცირებული განმარტება არ არსებობს. ჩვენ შევეცდებით ადამიანის უფლებათა საკუთარი დეფინიცია შემოგთავაზოთ.

ჩვენი აზრით, ადამიანის უფლებები ცოდნის ის სფეროა, რომელიც შეისწავლის თუ რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები ან უმოქმედობა ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობების სრულად გამოვლენის მიზნით და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ ქმედებათა მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა.

ვფიქრობ, რომ რთული და ერთგვარად მოსაწყენი დეფინიცია გამოვიდა. ამას ალბათ არავინ ისწავლის - არც სკოლაში და არც მის გარეთ.

თუმცა, სხვა დეფინიციის შემოთავაზებაც შეიძლება. მაგრამ ამის შესახებ - ოდნავ მოგვიანებით.

ადამიანის უფლებები სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს, მისი წყარო არ არის სახელმწიფო, კანონმდებლობა ან საზოგადოება. ეს უფლებები თანდაყოლილია. ისინი ჩვენ სწორედ იმიტომ გვეკუთვნის, რომ ადამიანებად დავიბადეთ. აქედან გამომდინარე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დაფიქსირებულია თუ არა ეს უფლებები კონსტიტუციაში ან სხვა საკანონმდებლო აქტებში, ვინაიდან ჩვენი კუთვნილი უფლებები და თავისუფლებები ყველა კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას.

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებია. ამ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა არ შეიძლება შემოიფარგლოს დროის რომელიმე მონაკვეთით და არ შეიძლება შეილახოს სხვა ღირებულებებით.

ადამიანის უფლებები არ არის კავშირში პოლიტიკურ პროცესებთან (სხვა საქმეა, თუ როგორ იყენებენ ამას პოლიტიკოსები), ისინი პოლიტიკური პროცესის გარეთ არსებულ ღირებულებებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები არ არის ყველა სხვა ღირებულების ტოლფასი, ამ უკანასკნელთან შეჯახებისას ადამიანის უფლებები წამყვან როლს ასრულებს. სწორედ ამაში ვლინდება ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალიზმი.

ფუნდამენტურობის მიუხედავად ადამიანის უფლებები აბსოლუტური არ არის. შეიძლება ხდებოდეს და ხდება კიდეც მათი იგნორირება სხვა ღირებულებათა სანაცვლოდ. პატიმრობა პირად თავისუფლებას ეწინააღმდეგება, რასიზმის პროპაგანდის აკრძალვა კი აზრის გამოთქმის თავისუფლებას; პოლიციელთა და გამომძიებელთა ზოგი ქმედება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს და ა. შ. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში შეჭრა თვითნებურად არ ხდება და წინასწარ განსაზღვრული ვითარებითა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურითაა შეზღუდული.

კონსტიტუციურ სახელმწიფოში თავად კონსტიტუციაშივეა დეკლარირებული ის პირობები, როცა შესაძლებელია ადამიანის უფლებების შეზღუდვა; იქვეა განმარტებული, თუ რომელი უფლება და რა ხარისხით შეიძლება შეიზღუდოს საკანონმდებლო გზით საზოგადოებისათვის პრიორიტეტული ინტერესების სანაცვლოდ. და, ბოლოს, კონსტიტუციაში დათქმულია ის განსაკუთრებული ვითარებები და პროცედურები, როდესაც საგანგებო სიტუაციების დროს შესაძლებელია ზოგიერთი უფლების შეჩერება. ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალიზმი ნიშნავს, რომ ამ უფლებათაგან თითოეულ გადახრას კონსტიტუციური გამართლება უნდა ჰქონდეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ, ადამიანის უფლებები და დემოკრატია ერთი და იგივე არ არის. ადამიანის უფლებები არც თანასწორუფლებიანობას ნიშნავს და ნამდვილად არ არის სამართლიანობა. მით უმეტეს, ადამიანის უფლებები არ არის იგივე, რაც თავისუფლება, თუმცა თავისუფლების ცნება ყველაზე ახლოს არის ადამიანის უფლებების ცნებასთან.

ადამიანის უფლებების ვერტიკალური მოქმედება

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს მიეკუთვნება. ამას ადამიანის უფლებათა ვერტიკალურ მოქმედებას უწოდებენ. არაერთი მცდელობა იყო ადამიანის უფლებათა მეთოდოლოგია და ტერმინოლოგია ადამიანთაშორის ურთიერთობებშიც გამოეყენებინათ, თუმცა ამგვარმა მცდელობებმა არ გაამართლა. ამიტომ, დღეს, ადამიანის უფლებებზე საუბრისას მხედველობაში გვაქვს ურთიერთობა მხოლოდ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებებს ჰორიზონტალური მოქმედება არ გააჩნიათ. და, თუმცა, სიყვარული, ოჯახი, მეგობრები, ან ურთიერთობა მეზობლებს ან კიდევ რძალ - დედამთილს შორის მთელ რიგ უფლებათა და მოვალეობათა წყაროა, ადამიანის უფლებათა ცნება მათ მიმართ არ გამოიყენება.

ადამიანის უფლებების ვერტიკალური მოქმედების ცნება დღეს სახელმწიფოში და საზოგადოებაში ბოლომდე სწორად გააზრებული არ არის. ხშირად გაისმის საყვედურები ხელისუფლების მხრიდან იმის გამო, რომ უფლებადამცავი ორგანიზაციები მუდამ ბრალდებულის უფლებებს იცავენ და არა დაზარალებულის უფლებებს, ხან კი პოლიციელის უფლებებზე მიანიშნებენ. განვმარტავთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ადამიანების უფლებათა, მათ შორის დაზარალებულის უფლებათა დასაცავად იქმნება; აქედან გამომდინარე დაზარალებულის დაცვა სახელმწიფოს, პირველ რიგში კი, სამართალდამცავი ორგანოების ერთ - ერთი ძირითადი მოვალეობაა, რაზეც პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. აი, თუკი სახელმწიფო არ დაიცავს დაზარალებულის უფლებებს, უფლებადამცავი ორგანიზაციების მოვალეობაა, პასუხი მოსთხოვოს მას ამგვარი ქმედებისა თუ უმოქმედობისათვის.

ისიც გასაგებია, რომ პოლიციელი ადამიანია, მაგრამ თავისი მოვალეობების განხორციელების დროს მასზე ადამიანის უფლებები არ ვრცელდება. ეს მექანიზმი მისთვის მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ, ანუ სამუშაოს დამთავრებისას ამოქმედდება, ან იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებები მასზე ჩინით უფროსმა, ან სხვა ხელმძღვანელმა შელახა. ასე რომ, კეთილი უნდა ინებოს და მოქალაქესთან ურთიერთობისას ნერვები მოითოკოს.

და კიდევ ერთი. ადამიანის უფლებები ადამიანს ეკუთვნის - ცოცხალ, რეალურად არსებულ ადამიანს; ამიტომ ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,მომავალი თაობების უფლება“, ან კიდევ ,,მიცვალებულთა უფლებები“, ასევე არ მოიაზრება ადამიანის უფლებების სფეროში.

ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია

ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ეს ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ - ერთი პრინციპული და ფუნდამენტური საკითხია და მას სწორი გააზრება სჭირდება. ადამიანის კოლექტიური უფლებები არ არსებობს, ვინაიდან კოლექტიური უფლება კოლექტიური გადაწყვეტილებებისადმი დამორჩილებასაც გულისხმობს (სხვაგვარად ვერავინ მაიძულებს მე რომელიმე შეკრებაზე დასწრებას, ვინაიდან გადაწყვეტილება სწორედ მე უნდა მივიღო), რაც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა და ამდენად ადამიანის უფლებებთან არაფერი აქვს საერთო. ადამიანის უფლებათა სუბიექტი ადამიანია, ამიტომაც არ შეიძლება საუბარი უმცირესობათა (როგორც ჯგუფის) უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში - ეს პოლიტიკის ენაა და მისი საგანი (კოლექტიური უფლებების ასეთი ტიპური მაგალითია ავტონომიის შექმნის უფლება). ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში გულისხმობენ იმ პირთა უფლებებს ცალ - ცალკე, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, ინვალიდთა უფლებებს, არა როგორც ჯგუფისა, არამედ თითოეული ინვალიდისა ცალ - ცალკე და ა.შ. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია სამოციან წლებში გაერო - ს ადამიანის უფლებათა ორივე სართაშორისო პაქტში შეტანილი 1 მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება“. ერთა უფლებები არ გამომდინარეობს ინდივიდუალური უფლებებიდან - ეს ტიპური კოლექტიური უფლებებია. საერთაშორისო პაქტში ეს მუხლი პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოხვდა; ჩვენ კი, ადამიანის უფლებებზე საუბრისას, მხედველობაში გვაქვს არა ერთა, საზოგადოებრივ კლასთა და ფენათა, არამედ ცალკეულ პირთა უფლებები.

უფლებები და თავისუფლებები

უფლებები, რომელთაც ზოგჯერ პოზიტიურ უფლებებსაც უწოდებენ, გულისხმობს ხელისუფლების აქტიურ მოვალეობებს თითოეული ჩვენგანის მიმართ. მაგალითად, განათლების მიღების უფლება ხელისუფლებას იმ სკოლების შექმნის ვალდებულებას აკისრებს, რომლებშიც ყველა ბავშვს შეეძლება სწავლა. ზუსტად ასევე, გასამართლების უფლება ხელისუფლებას აკისრებს სასამართლო დაწესებულებების ქსელის შექმნის მოვალეობას, რომელსაც შეუძლია მიმართოს თითოეულმა ადამიანმა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად.

თავისუფლებები, რომელთაც ზოგჯერ ნეგატიურ უფლებებსაც უწოდებენ, უკრძალავს ხელისუფლებას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩარევას. სიტყვის, ან სინდისის თავისუფლება უკრძალავს ხელისუფლებას ჩაერიოს ადამიანისათვის ასეთ სასიცოცხლო საკითხებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი მე მაქვს რაიმეს უფლება, ხელისუფლება ვალდებულია, რაღაც გამიკეთოს, ხოლო თუ მე მეკუთვნის რომელიმე თავისუფლება, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის ქმედებისაგან, სხვაგვარად რომ ვთქვათ - თავი უნდა გამანებოს.

სახელმწიფოს მიერ ქმედებებისაგან თავის შეკავება იმასაც გულისხმობს, რომ ხელისუფლებას ამ საკითხების ირგვლივ შეკითხვის დასმაც კი აკრძალული აქვს. მაგალითად, მას არა აქვს უფლება გვკითხოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი ვართ, ან რომელ აღმსარებლობას მივაკუთვნებთ თავს.

პოზიტიური და ნეგატიური ულებების დაყოფა ენობრივად ყოველთვის ზუსტად ვერ გადმოიცემა. მაგალითად, სიცოცხლის უფლებაზე საუბრისას თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ, თუ რას ვგულისხმობთ: უფლებას, თავისუფლებას თუ ვალდებულებას. სიცოცხლის უფლება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თითქოს უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოს მოვალეობას, მაჩუქოს უკვდავება, მაგრამ თვითმკვლელობას ხომ ვერ ამიკრძალავს? თავისუფლება ისეთი რამ არის, რისი გარედან წართმევის უფლება არავის აქვს. უფლება კი პოტენციურად არსებობს და სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს ადამიანს საკუთარი უფლებების ხორცშესხმაში. სიცოცხლის უფლების ამგვარი გაგება იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დამეხმაროს სიცოცხლის შენარჩუნებაში.

ამ გარემოების გამო ზოგს მიაჩნია, რომ იგი ავალდებულებს სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის გარკვეული მინიმუმის უზრუნველყოფას, რათა ისინი შიმშილით არ დაიხოცნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გახდება სიცოცხლის უფლება. სიცოცხლის თავისუფლება კი გულისხმობს, რომ ჩემი სიცოცხლე ჩემსავე ხელშია და სახელმწიფო მას ვერ წამართმევს. ყოველივე დანარჩენი კი ჩემი საზრუნავია.

აღმსარებლობის, ან რელიგიისა თუ რწმენის შეცვლის უფლება უკრძალავს ხელისუფლებას ღმსარებლობისა და რწმენის საკითხებში ჩარევას, რაც რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ნიშნავს. არა გვგონია ღირდეს დამკვიდრებულ ენობრივ ნორმებთან ბრძოლა, ან მათში ცვლილებების შეტანა. აი, პოზიტიური და ნეგატიური უფლებების ერთმანეთისაგან განსხვავება კი მიზანშეწონილია.

უფლებები და მოვალეობები

კომუნისტურ კონსტიტუციებში მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები იმავე ნაწილში ან განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც განსაზღვრულია მათი მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე. ეს მიგვანიშნებს, რომ კომუნისტთა თვალსაზრისით, თუ ადამიანი თავის მოვალეობებს შეასრულებს, მაშინ სახელმწიფო დაიცავს მის უფლებებსა და თავისუფლებებს.

0x01 graphic

ეს ასე არ არის. უფლებები და თავისუფლებები იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ ადამიანებად დავიბადეთ. ისინი ჩვენი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს. მოვალეობები კი უნდა შევასრულოთ, რადგან მოქალაქეები ვართ. თუკი ჩვენს მოვალეობებს არ ვასრულებთ, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, ჩამოგვართვას ჩვენი უფლებები და თავისუფლებები (მას შეუძლია, მაგალითად, დაგვაპატიმროს კანონიერ საფუძველზე და ამით შეზღუდოს ჩვენი თავისუფლება, მაგრამ წამების, აბუჩად აგდების, პატივისა და ღირსების შელახვის უფლება სახელმწიფოს არასოდეს ექნება, თუნდაც უმძიმესი დანაშაული გვქონდეს ჩადენილი). როდესაც უფლებები და მოვალეობები ერთ განყოფილებაშია მოცემული, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უფლებები დამოკიდებულია მოვალეობებზე.

მაინც რა მოვალეობები აქვს მოქალაქეს სახელმწიფოს წინაშე?

1. ის მოვალეა, იხადოს გადასახადები, რათა სახელმწიფოს შეექმნას ნორმალური ფუნქციონირების საშუალება. თუ მოქალაქეგადასახადებს არ გადაიხდის, სახელმწიფო ვერ შესძლებს თავისი ამ ძირითადი ფუნქციის შესრულებას. თანაც, ვერც მოქალაქენი განახორციელებენ საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს; არც სკოლა აშენდება, არც საავადმყოფო და არც სასამართლო, ვერც მასწავლებლები და ექიმები მიიღებენ ხელფასებს.

2. სამხედრო ვალდებულება - მოვალეა თუ არა მოქალაქე, დაიცვას საკუთარი ქვეყანა? რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარი ქვეყნის დაცვა აუცილებელი არ არის მაინცადამაინც ჯარში სამსახურს ნიშნავდეს. არსებობს გამონაკლისები, როდესაც მოქალაქეს არ შეუძლია ჯარში სამსახური რაიმე სერიოზული მოტივის გამო. ამ შემთხვევაში კეთილი უნდა ინებოს და ალტერნატიულ სამასახურში წავიდეს, ან გაზრდილი გადასახადი იხადოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, როგორც ეს ზოგიერთ ქვეყანაშია.

3. კანონმორჩილება?! - უნდა დაიცვას თუ არა მოქალაქემ ქვეყნის კანონმდებლობა? უმრავლეს შემთხვევებში ასეა. თუმცა, აქაც არის გარკვეული ნიუანსები. განა ყველა კანონი კარგია? ასე რომ იყოს, საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობას საერთოდ დაეკარგებოდა აზრი. ხოლო ზოგიერთი კანონი შეიძლება სრულიად უვარგისი აღმოჩნდეს. აქვს თუ არა მოქალაქეს უფლება, დაარღვიოს ასეთი კანონი? ამგვარი ქცევის არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს. მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი არათუ არ გამოირჩეოდნენ კანონმორჩილებით, არამედ სხვებსაც მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაკენ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფართომასშტაბიან აქციებს აწყობდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი არ ემალებოდნენ მართლმსაჯულებას, ცხადდებოდნენ სასამართლოში და ისმენდნენ და ემორჩილებოდნენ მის მიერ გამოტანილ განაჩენს. ამრიგად, მოქალაქე არ არის ვალდებული, დაიცვას მისი აზრით უმართებულო კანონი, შეუძლია ხაზგასმითაც დაარღვიოს ის, მაგრამ ის მოვალეა, პატივი სცეს და დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას (თუკი ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება საკუთარ ქვეყანად და ხელისუფლებად მიაჩნია. ამას იმიტომ ვამატებ, რომ ასეთი მოვალეობა არ ჰქონიათ კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწე დისიდენტებს, არც არადემოკრატიულ ქვეყნებში არიან მოქალაქენი ვალდებულნი, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილონ).

4. და ბოლოს, თითოეული ადამიანის უფლება, უფრო მეტიც - მოვალეობაა, დაამხოს ხელისუფლება, რომელმაც წარიტაცა მისი უფლებები და თავისუფლებები და ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა. ხაზს ვუსვამთ, დიქტატორული რეჟიმის დამხობა ადამიანის მხოლოდ უფლება კი არა, ეს, პირველ ყოვლისა, მისი მოვალეობაა (უფრო დაწვრილებით ამ საკითხების შესახებ იხილეთ სტატია ,,ადამიანის მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე“ - ,,თავისუფლება“ №12, 2002 წელი).

დემოკრატია და ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან. ასეთი კითხვაც კი ჩნდება - დემოკრატიის პირობებში რაღა დროს ადამიანის უფლებებია? ამ მოსაზრების მიხედვით, დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რისი დასტურიცაა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, უმრავლესობის მმართველობა შესაძლებელია ძალიან სასტიკი აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანებისა და სხვადასახვა სახის უმცირესობათა მიმართ. სწორედ უმრავლესობამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი სოკრატეს, რაც, ნამდვილად არ ახასიათებს დადებითად ათენის პოლიტიკურ წყობას. უმრავლესობას, როგორც წესი, ავიწყდება უმცირესობათა პრობლემები, ხოლო ზოგიერთი პრობლემა მტრულ დამოკიდებულებას იწვევს მათი მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის განუსაზღვრელი ძალაუფლება საფრთხეს წარმოადგენს ცალკეული პირების ან ჯგუფებისათვის. სწორედ ამიტომ, დემოკრატია უმრავლესობის შეზღუდული ძალაუფლებაა, შეზღუდული ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რომლებიც ცალკეულ ადამიანებს ეკუთვნით. უმრავლესობას არა აქვს ამ უფლებათა და თავისუფლებათა შელახვის უფლება.

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ზღუდავს სახელმწიფოს ხელისუფლების განხორციელებისას, ე.ი. ხელისუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს (შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი), ხოლო ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, რასაც კანონი არ უკრძალავს. შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი ხშირად წარმოგვიდგება კონსტიტუციურობის პრინციპის სახით. ის ასახულია კონსტიტუციის თავებში და პირველ რიგში კანონმდებლების ძალაუფლებას ზღუდავს, ვინაიდან არ აძლევს მათ საშუალებას, ერთ მშვენიერ დღეს ხელის აწევით უყარონ კენჭი ყველა ქურდის ჩამოხრჩობას ან ყველა იეღოველის ქვეყნიდან გასახლებას. ამრიგად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები უმრავლესობის ძალაუფლების ზღვარს აწესებენ.

სამართლებრივი სახელმწიფო

სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ - ერთი საკვანძოა. სამართლებრივია ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანსა და ხელისუფლებას შორის მკაფიო, სტაბილური და ყველასათვის ცნობილი თამაშის წესები არსებობს. ეს ის სახელმწიფოა, რომელშიც ადამიანს შეუძლია საკმაოდ ზუსტად გამოიცნოს ხელისუფლების რეაქცია მის ქმედებაზე. ადამიანმა ზუსტად იცის, თუ რა სასჯელი მოჰყვება ამა თუ იმ დანაშაულს, იცის ისიც, რომ მას არ ჩასვამენ ციხეში სხვის ნაცვლად, ვინაიდან ამ სახელმწიფოს მართავენ არა თვითნება ჩინოვნიკები და თანამდებობის პირები, არამედ მკაფიო კანონი.

ბუნებრივია, რომ სამართლებრივი სახელმწიფო სულაც არ არის ყოველთვის დემოკრატიული (ასეთ სახელმწიფოში შეიძლება კანონით იყოს დაწესებული ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი რომელიმე ნორმა, მაგალითად, ფიზიკური სასჯელი), ხოლო დემოკრატიული - სამართლებრივი (ეს განსაკუთრებით ახლადშექმნილ დემოკრატიებზე ითქმის, სადაც ხშირად იცვლება კანონები და მოქალაქე ვერ ასწრებს მათ გააზრებას. ამიტომ თამაშის წესების ჩამოყალიბებაც ძნელდება).

ღირსება

ღირსების ცნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში გამოტანილი უმაღლესი ფასეულობაა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ღირსება განიხილება როგორც ადამიანის ყველა უფლებისა და თავისუფლების საფუძველი. ღირსება უნივერსალური ცნებაა. ეს არის ზეიდეოლოგიური, ზესახელმწიფოებრივი, ზენაციონალური ცნება. ღირსება კაცობრიობის ფასეულობათა ღერძია. ის ერთნაირად აქვს ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ახალშობილი, რომელსაც ჯერ ქვეყნად არაფერი შეუქმნია, თუ რეციდივისტი. როგორ ესმის მორწმუნეს ღირსება? მან იცის, რომ ღირსება ღმერთის ნაბოძებია და მარტო ამის გამოცაა იგი ვალდებული, პატივი სცეს ადამიანის ღირსებას, როგორც საკუთარს, ისე სხვისას. ღირსება არის რაღაც შინაგანი და არამატერიალური ყოველ ადამიანში, რომელიც მიისწრაფის მეორე ადამიანისაკენ, ფიზიკური ან სულიერი სიყვარულისაკენ, მშვიდობისა და კეთილი საქმეებისაკენ.

ადამიანის ღირსება, როგორც ყველა უფლებათა და თავისუფლებათა წყარო, ყოველთვის სწორად არ ესმით. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ არსებობს ღირსების ორი სახე: პირადი და ადამიანური. პირადი ღირსება კეთილშობილური საქციელით, კეთილი საქმეებით მიიღწევა და იკარგება, თუ სულმდაბლად მოვიქცევით. ადამიანური ღირსების ცნება კი თვით კაცობრიობის არსთანაა დაკავშირებული. ყველა ადამიანი თანასწორია თავისი ღირსებით. იგი თან ახლავს ადამიანთა ოჯახის ყველა წევრს, ხოლო სახელსა და მდგომარეობას საზოგადოებაში თითოეული ადამიანი თავად მოიპოვებს.

თავისუფლება

ადამიანს უფლება აქვს, იყოს თავისუფალი, მაგრამ თავისუფლება არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა. ადამიანი მოვალეა, იყოს თავისუფალი. თუმცა, იგი ხშირად ზღუდავს საკუთარ თავისუფლებას სხვათა თავისუფლების დაცვის მიზნით. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ასეთ შემთხვევაში ადამიანი არ ხდება ნაკლებად თავისუფალი. პირიქით, როდესაც გაქვს უნარი, გნებავთ ნიჭი - შეზღუდო საკუთარი თავისუფლება სხვების გამო - ეს თავისუფლების კიდევ უფრო მაღალი ხარისხია. მხოლოდ რობინზონ კრუზოს ჰქონდა საკუთარი უფლებების და თავისუფლების გამოყენების შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე და ისიც მხოლოდ მანამ, სანამ არ გამოჩნდა პარასკევა. ადამიანი ცხოვრობს ადამიანთა საზოგადოებაში; ყოველი ადამიანის უფლებების განხორციელების საზღვარი სხვა ადამიანთა უფლებები და თავისუფლებებია.

მთელი ისტორიის მანძილზე თავისუფლება არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ხალხსა და რასებს ერთმეოდათ. მონობა მხოლოდ XX საუკუნეში გაუქმდა, მაგრამ ხალხი ყოველთვის ოცნებობდა თავისუფლებაზე. რელიგიები და ფილოსოფიური თეორიები განიხილავდნენ ნების თავისუფლების მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას კაცობრიობის მიერ გაკეთებულ არჩევანზე პრინციპით: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ. მაგრამ თავისუფლება თავის თავში უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე სხვებისათვის, მეგობრობისა თუ სიყვარულისათვის საკუთარ უფლებებზე უარის თქმაა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებების უმეტესობა არ არის აბსოლუტური უფლება. ყოველთვის გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლების შეზღუდვა იმ ღირებულებათა დასაცავად, რომელთაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, მაგრამ ეს ყოველთვის კანონის საფუძველზე და შესაბამისი კონტროლის ქვეშ უნდა ხდებოდეს. ყოველი კონკრეტული შემთხვევა არსებული ვითარების ადეკვატური უნდა იყოს. ისიც მეტად მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები შეესაბამებოდეს იმას, რაც ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს. თავისუფლებაა, როდესაც მე არ მაიძულებენ რაიმეს კეთებას, როცა მრავლობითი აკრძალვები არ არის, მაგრამ იშვიათად ხდება, როდესაც ადამიანს სრული თავისუფლება აქვს და შეუძლია ყველაფრის კეთება, რაც კი თავში მოუვა. არის აკრძალვები მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა საკანონმდებლო ნორმებში.

სიტყვის თავისუფლება უპირველესია ყველა თავისუფლებათაგან, არა მარტო როგორც თავისთავადი ღირებულება, არამედ როგორც სხვა თავისუფლებებისა და უფლებების გარანტი. თუკი მსოფლიოს რომელიმე წერტილიდან ინფორმაციის მოწოდება აღარ ხდება, თუკი ჟურნალისტები სდუმან ან პირიქით, ყოველგვარი ინფორმაცია ოპტიმისტური და სასიხარულოა, შეიძლება სრული დამაჯერებლობით ითქვას, რომ იქ სერიოზულად ირღვევა ცალკეული პიროვნებების უფლებები და თავისუფლებები.

რწმენის საჯაროდ გამოხატვის უფლება ერთერთი ძირითადი უფლებაა და სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის. ჩვენ შეიძლება გვაწუხებდეს ვინმეს შეხედულებები, ზოგი მათგანი კი ჩვენს აღშფოთებასაც კი იწვევდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვალდებულია, არამარტო არ შეუშალოს ხელი საკუთარი რწმენის თავისუფლად გამოხატვას, არამედ ამ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს ყველა პირობა შეუქმნას თავისი შეხედულებების გამოსახატავად და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.

0x01 graphic

საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება შესაძლებლობას გვაძლევს, გავაკრიტიკოთ პოლიტიკოსები და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტები. მთავრობა, პარლამენტის წევრები და პოლიტიკოსები არ უნდა განაწყენდნენ, როდესაც მათ აბრალებენ არაკომპეტენტურობას ან იმას, რომ ისინი თავს სასაცილოდ წარმოაჩენენ.

განსაკუთრებული დაცვის ქვეშ სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ინსტიტუტი იმყოფება. ეს არის სასამართლო. სახელმწიფო, სადაც მასხრად იგდებენ სასამართლოს, ვერ მოახერხებს საკუთარი მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტურ დაცვას.

თავისუფლებაზე საუბრობს ყველა ჯურის პოლიტიკოსი, მაგრამ თავისუფლება რთული რამაა, ხშირად მტკივნეულიც. თავისუფლება ეს არის ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში სახელმწიფოს ჩარევის აკრძალვა. თუ სახელმწიფო ვერ ჩაერევა ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, მაშინ მას ჩვენთვის არც ვნების მოყენება შეუძლია, არც დახმარება და ჩვენ მთელს რისკს საკუთარ თავზე ვიღებთ. ჩვენ მოვიგებთ ან წავაგებთ, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თავისუფლება რთული რამაა, რთული - მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული თავისუფლებას.

თანასწორობა

არავინ კამათობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. თუმცა განა ჩანს თანასწორობა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე? ხომ არ არის თანასწორობა მხოლოდ აუხდენელი სურვილი?

პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ თანასწორობაზე, თუმცა ეს ტერმინი სხვადასხვაგვარად ესმით. კომუნისტისათვის თანასწორობა ნიშნავდა იმას, რომ ყველას გვქონოდა ერთნაირი საარსებო პირობები. სოციალისტისათვის თანასწორობა არის თანაბარი შანსი ყველასათვის. ცხოვრებას ყველა ერთნაირი სასტარტო პირობებით უნდა იწყებდეს. თუმცა ეს მეტად სახიფათო მოსაზრებაა, რადგან საუკუნის დასაწყისში ამ იდეამ მიგვიყვანა მემკვიდრეობის უფლების უარყოფამდე. სოციალისტის აზრით, თუ მამაჩემი იყო მდიდარი და ვინმე სხვა კი ღარიბის ოჯახში დაიბადა, ეს აზს გადაუსვამს თანასწორობას. აი, ლიბერალს კი მიაჩნია, რომ ჯერ ერთი - კანონები ერთნაირი უნდა იყოს ყველასათვის; მეორეც - ყველას თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე.

თანასწორობა ეს მოთხოვნილებაა და არა რეალობა. თუმცა ჩვენ მივისწრაფით მისკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ სრული თანასწორობა არასოდეს არსებულა და შეიძლება, არც არასდროს იარსებოს. არც ბუნებაში არსებობს თანასწორობა. ჩვენ მიჩვეულნი ვართ თანასწორობის ძლიერ ფორმალურ გაგებას; თუ კანონებში არ არის მკაფიო დისკრიმინაცია, გვგონია, რომ ჩვენ გვაქვს თანასწორობა, მაგრამ ეს ასე არ არის.

ადამიანის უფლებათა შესახებ არსებულ დოკუმენტებში თანასწორობის სხვა გაგებაა. მათში იგულისხმება ნამდვილი თანასწორობა, თანასწორობა ცხოვრებაში, პრაქტიკაში და არა იმგვარი, რომ კანონებში არ იყოს ქალების დისკრიმინაცია, მაგრამ პრაქტიკულად ადგილი ჰქონდეს ასეთს.

დემოკრატიულ სამყაროში თანასწორობა ნიშნავს თანასწორობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუ საკანონმდებლო აქტში ჩაწერილია ეროვნება (მაგალითად: ქართველი, სომეხი, ფრანგი და ა.შ.), ასაკი, სქესი - სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო აქტი ახდენს რომელიღაც ეროვნების, ასაკის ან სქესის წარმომადგენლის დისკრიმინაციას.

ისეც ხდება, რომ საკანონმდებლო აქტი ადამიანის რაიმე თავისებურებაზე ან მის პოლიტიკურ თუ რელიგიურ მრწამსზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, უსინათლოთათვის მართვის უფლების გაცემაზე უარის თქმა არ არის დისკრიმინაცია. მაგრამ თუ მართვის უფლებას არ მივცემთ ადამიანს მისი რომელიმე რელიგიური კონფესიისადმი კუთვნილების, ან იმის გამო, რომ მისი თმის ვარცხნილობა არ მოგვწონს - ეს უკვე არსებითად დაუსაბუთებელი მოტივია. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ უფლებათა თანასწორობა ადამიანების დაუსაბუთებელი დიფერენციაციის აკრძალვას ნიშნავს.

გაცილებით რთულია კანონის წინაშე თანასწორობის მიღწევა.

როდესაც სასამართლოში მდიდარი ადამიანი მოხვდება, ის საუკეთესო ადვოკატებს მიმართავს და მას უფრო მეტი ადვოკატი ეყოლება, ვიდრე ღარიბს. ბევრი ქვეყნის მცდელობა - გაათანაბროს ადამიანთა მდგომარეობა სასამართლოებში - უფრო პროტესტია, რომელიც ამ განსხვავების გარკვეულ ნიველირებას ახდენს, მაგრამ მათი მთლიანი აღმოფხვრა ვერსად მოახერხეს. თუმცა ეს არც თუ მთლად უტოპიაა.

კანონის წინაშე თანასწორობა ნიშნავს, რომ მე მაქვს თანაბარი უფლებრივი დაცვა. ე.ი. არავის არავითარი პრივილეგია არა აქვს. კანონი ისევე მეხება მე, როგორც სხვა მოქალაქეებს, პრეზიდენტს, პრემიერს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დაწესებულებებს.

ადამიანის უფლებების კონცეფციები

ადამიანის უფლებათა კონცეფცია ბუნებითი კონცეფციის დოქტრინიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც ძირითადია განუყოფელი, დაბადებითი ადამიანური ღირსების ცნება, რომელიც თავად კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარეობს და ერთნაირად აქვს ყველა ადამიანს, იქნება ეს ახალშობილი, ამქვეყნად ჯერ რომ არაფერი შეუქმნია, თუ ჩამოყალიბებული დამნაშავე. ამ კონცეფციის მიხედვით, საზოგადოების თითოეულ წევრს კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, გააჩნია ძირითადი უფლებები და თავისუფლებები სწორედ იმიტომ, რომ ის ადამიანად დაიბადა. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თანამედროვე კონცეფცია XVIII საუკუნის ბოლოს ამერიკასა და ევროპაში წარმოიშვა. დასავლეთისაკენ მიმავალი ამერიკელი ახალმოსახლენი იკავებდნენ ახალ მიწებსა და ტერიტორიებს და იწყობდნენ საკუთარ ცხოვრებას. სახელმწიფოსაგან კი ამ ტერიტორიების მხოლოდ შინაური თუ გარეშე მტრისგან დაცვას ითხოვდნენ. მათ ცხოვრებაში ნებისმიერი სხვა სახის ჩარევა დაარღვევდა ახალმოსახლეთა თავისუფლებას. ასე აღმოცენდა სახელმწიფოსაგან თავისუფლების კონცეფცია და ასე გაჩნდა უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში

,,ყველა ადამიანს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება.

0x01 graphic

ევროპა სხვა კონცეფციას მისდევდა. აქ არ იყო იმდენი მიწა, რომ ყოველ ადამიანს შესძლებოდა დამოუკიდებლად მოეწყო საკუთარი ცხოვრება. ადამიანები ადგილობრივ მიწათმფლობელებზე იყვნენ დამოკიდებულნი და მათი თვითნებობის წინააღმდეგ სამართლის საძებნელად მიმართავდნენ სახელმწიფოს, როგორც პოტენციურ დამცველს. ასე აღმოცენდა კონცეფცია - თავისუფლება სახელმწიფოს მეშვეობით, რომელიც ფორმულირებულია ადამიანის და მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა ფრანგულ დეკლარაციაში.

ასე გაჩნდა ამ დეკლარაციაში ჩანაწერი, რომ ყოველ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, ხოლო სახელმწიფოს მოვალეობაა ამ უფლების განხორციელება.

აი, აქ კი ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ შესავალში მოცემულ პირობას და ადამიანის უფლებების შემდეგი დეფინიცია შემოგთავაზოთ:

ადამიანის უფლებები ცოდნის ის სფეროა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ოპტიმალური პირობების შექმნა, რათა ადამიანს ჰქონდეს ბედნიერებისაკენ დაუბრკოლებებლი სწრაფვის შესაძლებლობა.

ჩვენის ღრმა რწმენით სწორედ ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება უნდა იყოს ჩვენი კონცეფცია. დროა უარვყოთ შეხედულება, თითქოს სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ჩვენთვის ბედნიერი ცხოვრების პირობები, დროა გადავიდეთ იმ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც ყოველმა ადამიანმა საკუთარი კეთილდღეობა საკუთარი ხელებით, საკუთარი შრომით, საკუთარი ნიჭითა და უნარით უნდა მოიპოვოს, სახელმწიფო კი მხოლოდ უნდა იცავდეს კეთილდღეობის მოსაპოვებლად მიმავალთ და ზრუნავდეს თამაშის წესების დაცვაზე. სწორედ ამაშია ძირითადი განსხვავებათავისუფლების ორ კონცეფციას შორის და ამ განსხვავების გამო აქცენტის გადატანა ხდება ადამიანის უფლებების სხვადასხვა სახეებზე. ამერიკული კონცეფცია ეყრდნობა პოლიტიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მაშინ როდესაც ევროპული კონცეფცია ე.წ. ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს ეყრდნობა.

ადამიანის უფლებების კლასიფიკაცია

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კლასიფიკაციის კლასიკური ვარიანტის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ უფლებებსა და თავისუფლებებს:

I. ადამიანის მატერიალური უფლებები და თავისუფლებები

1. პირადი ანუ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები (სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, წამებისაგან თავისუფლება, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, განათლების, ჯანმრთელობის, შრომის, მოქალაქეობის უფლება და სხვ.).

2. პოლიტიკური უფლებები (ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება, საარჩევნო უფლება; პოლიტიკური პარტიის, პროფესიული კავშირის შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება; მიტინგების, მანიფესტაციების ჩატარების უფლება და სხვ.).

II. საპროცესო უფლებები.

ზოგადი განმარტებით, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი პირობები და გარანტიები I ჯგუფში ჩამოთვლილი მატერიალური უფლებების დასაცავად.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საპროცესო უფლებები - ადამიანისათვის მიკუთვნებული მოქმედების მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომელთა დახმარებითაც ადამიანი აიძულებს ხელისუფლებას, დაიცვას მისი უფლებები. ადამიანის უფლებაა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, რომელიც დაიცავს მის კანონიერ უფლებებს და რომლის მოწყობაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპროცესო გარანტიებს მიეკუთვნება, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლო, ომბუდსმენის ინსტიტუტი, რეფერენდუმის მოწყობის უფლება და ა.შ. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გარანტიაა სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციები - როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და ა.შ.

სხვა კლასიფიკაციები ადამიანის მატერიალურ უფლებებისა და თავისუფლებების გარდა გამოყოფენ აგრეთვე სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს, რომლებიც წარმოდგენილი კლასიფიკაციის მიხედვით ადამიანის უფლებების ზემოთჩამოთვლილ ჯგუფთაგან ერთ - ერთს მიეკუთვნება. მაგალითად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება ჩვენს მიერ წარმოდგენილი კლასიფიკაციის მიხედვით, პირად უფლებებს მიეკუთვნება; სხვა კლასიფიკაციების მიხედვით, ის სოციალური და ეკონომიკური უფლებაც არის; მშობლიური ენით სარგებლობის უფლება პირადი უფლებაა, მაგრამ ზოგი კლასიფიკაციით, ამასთანავე - კულტურულიც.

უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველები საერთოდ უარყოფენ კონსტიტუციაში სოციალური უფლებების დაფიქსირების აუცილებლობას, ვინაიდან, მათი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველთვის შეეძლება არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს კანონი ბიუჯეტის შესახებ იმ მოტივით, რომ ის არ არის სოციალური და გააუქმოს იგი, რაც გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებაში გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაქცევას პოლიტიკურ ორგანოდ და, რაც მთავარია, ხელისუფლების კრიზისს.

ადამიანის უფლებები და მათი დაცვის გარანტიები საქართველოს კონსტიტუციაში

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის მეორე თავი თითქმის სრულად აცხადებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს აბსოლუტურ ღირებულებად მიიჩნევს.

,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს... ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (მუხლი 7).

საქართველოს მოქალაქენი ამ მუხლით ადგენენ შემდეგ პრინციპებს:

ა) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წყარო არ არის სახელმწიფო. სახელმწიფო კი არ ანიჭებს ადამიანს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ აღიარებს მათ არსებობას სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად;

ბ) სახელმწიფოს მოვალეობაა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. მაშასადამე, სახელმწიფო არსებობს ხალხისაგან და ხალხისათვის;

გ) ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებია. მაშასადამე, ამ უფლებათა და თავისუფლებათა არსებობა არ შეიძლება შემოიფარგლოს დროის რომელიმე მონაკვეთით და არ შეიძლება შეილახოს სხვა ღირებულებებით;

დ) ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ზღუდავს სახელმწიფოსა და ხალხს ხელისუფლების განხორციელებისას. მაშასადამე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ამგვარი გარანტიის შექმნით პიროვნება დაცულია ხალხისა და სახელმწიფოს თვითნებობისაგან.

ბუნებრივია, რომ კონსტიტუციაში არ არის ასახული ყველა უფლება და თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად

,,საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. (მუხლი 39)

ყოველივე ზემოთქმული ნიშნავს, რომ ხელისუფლების ნებისმიერი აქტი, რომელიც ზღუდავს ადამიანის როგორც კონსტიტუციაში დაფიქსირებულ, ასევე სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არაკონსტიტუციურია და არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ აქტად.

მთელი კონსტიტუცია გამსჭვალულია ადამიანთა თავისუფლებისა და თანასწორობის სულისკვეთებით:

,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია... (მუხლი 14).

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, რომელთა არსებობა სხვა უფლებათა განხორციელების აუცილებელი პირობაა.

კონსტიტუციის მიხედვით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და ადამიანის სიკვდილით დასჯა აკრძალულია.

ხელშეუვალად არის გამოცხადებული, აგრეთვე, ადამიანის პატივი და ღირსება, მისი თავისუფლება. აკრძალულია წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და ასეთი სასჯელის დაწესება და გამოყენება. აკრძალულია თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. დაუშვებელია თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება; მას უფლება აქვს, დაკავების ან დაპატიმრებისთანავე მოითხოვოს დამცველის დახმარება და ეს მოთხოვნა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

ხელისუფლების მიკერძოებული დევნისგან (რისი მიზეზიც, შესაძლოა, პოლიტიკური მოსაზრებები ან შურისძიებაც კი იყოს) ადამიანის თავისუფლების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა ისიც, რომ ადამიანს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ისეთი ქმედობისათვის,

,,რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა;

მას

,,არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის;

,,კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს;

და ბოლოს,

,,კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.

ე.ი. საქმის განხილვისას სასამართლოს უფლება არა აქვს, დაეყრდნოს ასეთ მტკიცებულებას (მუხლი 42).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. კონსტიტუცია პირდაპირ აცხადებს, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა (დანაშაულის მტკიცება ბრალმდებლის მოვალეობაა), რომ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (მუხლი 40).

კონსტიტუცია ხელშეუხებლად აცხადებს ადამიანის პირად ცხოვრებას, მის ჩანაწერებს, მიმოწერას, სატელეფონო საუბარს და სხვა; კრძალავს მფლობელის ნებართვის გარეშე მის ბინასა და სხვა მფლობელობაში შესვლას და ჩხრეკის ჩატარებას. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ

,,სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

მაშასადამე, მფლობელის ნებართვის გარეშე მის ბინაში შესვლა, გაჩხრეკა, მისი წერილების გახსნა, სატელეფონო საუბრის მიყურადება, კომპიუტერში შენახული ინფორმაციის წაკითხვა და სხვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მის გარეშე - მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, რომლებიც კანონით განსაზღვრულია, როგორც

,,გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები (მუხლი 20).

ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება ქვეყანაში თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის, ქვეყნიდან თავისუფლად გასვლისა და ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლის უფლებაა. იმავდროულად, კონსტიტუცია უშვებს ამ უფლებათა კანონით შეზღუდვის შესაძლებლობას

,,დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაულების განხორციელების მიზნით (მუხლი 22).

კონსტიტუცია აცხადებს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის, აზრის გამოთქმისა და გავრცელების, ინტელექტუალური შემოქმედების, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, რის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა; კრძალავს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მის იძულებას, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ; კრძალავს შემოქმედებით პროცესში ჩარევასა და ცენზურას, მასობრივი ინფორმაციისა და მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციას. ამასთან, დასაშვებად მიიჩნევს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შეზღუდვას კანონით დადგენილი

0x01 graphic

,,ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად (მუხლები 19, 23, 24).

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობისა და რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლებებს, ვინაიდან ამ უფლებებზეა დამოკიდებული ძალაუფლების განხორციელებაში ხალხის მონაწილეობის ხარისხი. ამ თვალსაზრისით კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები ძალიან ფართოა (მუხლები 25, 26, 28):

კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე უიარაღოდ ჩაატაროს შეკრება (მიტინგი) და მანიფესტაცია (ეს უფლება არა აქვთ სამხედროებს, პოლიციელებსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს). კანონით შეიძლება დაწესდეს მხოლოდ წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია ისეთი ნორმის დადგენა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას, აკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება (ამ წესიდან გამონაკლისს კონსტიტუცია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უშვებს). ხელისუფლებას მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ შეწყვიტოს უკვე დაწყებული შეკრება ან მანიფესტაცია და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა. სასამართლო ხელისუფლების ფორმალური (იურიდიული) დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით:

,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები (მუხლი 82).

,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (მუხლი 89.2).

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის აუცილებელი პირობაა მოსამართლეების ხელშეუვალობის (იმუნიტეტის) ინსტიტუტის არსებობა, რაც ასევე უზრუნველყოფილია კონსტიტუციის 84-ე, 86-ე, 87-ე და 88-ე მუხლებით.

დამოუკიდებელი სასამართლო არის სწორედ ის ინსტიტუტი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ადამიანის შელახული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას. კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი აღიარებს:

,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

ხოლო 89.-ე მუხლით დადგენილია: საკონსტიტუციო სასამართლო

,,მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით.

სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის დამატებითი გარანტიაა. მუხლი 43:

..საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახალხო დამცველი... სახალხო დამცველი უფლებამოსილია, გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს და პირებს. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისება კანონით...

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები თავდაპირველად არადემოკრატიული ხელისუფლების ტირანიისაგან დაცვის ინსტრუმენტს წარმოადგენდა, ის ერთნაირად აუცილებელია როგორც დემოკრატიის პირობებში, ისე ავტოკრატიის დროს. თუ დემოკრატია სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მეთოდს განსაზღვრავს, ადამიანის უფლებები შეზღუდვას აწესებს იმ გადაწყვეტილებათა შინაარსზე, რომელიც შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ, მათ შორის დემოკრატიულმაც.

0x01 graphic

ამრიგად, ადამიანის უფლებების არსებობა დღეს ისევე აუცილებელია ახლადჩასახული დემოკრატიის ქვეყნებისათვის, როგორც 70 - იან და 80 - იან წლებში - ტოტალიტარული რეჟიმების დროს. ამასთან, არსებობს ადამიანის უფლებებით გულის გაცრუების საფრთხე. ერთის მხრივ, ანტიკომუნისტური ოპოზიციის ბევრმა წევრმა პოსტკომუნისტურ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაკლები ყურადღება მიაქცია ადამიანის უფლებათა დაცვას და მეტი - ძალაუფლების მოპოვებას. მეორე მხრივ, სხვები, აქტივისტი უფლებადამცავების ჩათვლით, როგორც ჩანს, მეტისმეტად ბევრს ელოდნენ საკუთრივ ადამიანის უფლებათა იდეისაგან. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებები დემოკრატიის, პროგრესის, ეკონომიკური კეთილდღეობის, თანასწორობის, სამართლიანობისა და ყოველივე იმის სინონიმი გახდა, რაც უმაღლესი ხარისხის ღირებულებებად აღიქმებოდა.

იმის გაცნობიერება, რომ ასეთი შეხედულება მეტისმეტად გამარტივებულია და ხელს არ უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვას, ძნელი და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებები არ არის სამართლიანობისა და ბედნიერებისაკენ მიმავალი ყველა კარის ჯადოსნური გასაღები. ადამიანის უფლებები - მხოლოდ ერთ - ერთია იმ პრინციპებს შორის, რომელიც დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს.

4 ძალის როლი არაძალადობრივ ბრძოლაში

▲back to top


0x01 graphic

ინ შარპი

ჯინ შარპი ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელია. ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო დოქტორის წოდება პოლიტიკის თეორიის განხრით - ოქსფორდის უნივერსიტეტში. მანჰეტენის კოლეჯმა ჯინ შარპს სამართლის დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა, რივიერის კოლეჯმა კი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის. არის მასაჩუსეტსის დარტმუთის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა საპატიო პროფესორი. ის ასევე, თითქმის ოცდაათი წელი აწარმოებდა კვლევას ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში. ჯინ შარპის ნაშრომები თითქმის ოცდაათ ენაზეა გამოცემული. კრიზისული სიტუაციებისას იგი არაერთგზის ყოფილა მიწვეული კონსულტანტად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

შესავალი

არაძალადობრივი ბრძოლა სწორედ საზოგადოებასა და პოლიტიკაში არსებული ძალის ჭეშმარიტ ბუნებას ემყარება. არაძალადობრივი ბრძოლის წარმართვა, დინამიკა და შედეგები უშუალოდაა დამოკიდებული ძალაუფლების ეფექტიანობასა და ოპონენტი ჯგუფების მიმართ მის ზემოქმედებაზე. ამ მნიშვნელოვანი ელემენტის არსის გააზრების გარეშე, შეუძლებელია მისი ტექნიკური მხარის გაგება.

ეს შეხედულება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მთელ რიგ პოპულარულ და მცდარ კონცეფციებთან, რომელთა თანახმად, არაძალადობრივი ბრძოლა მხოლოდ უძლურების გამოხატულებაა; რომ ის კონცეპტუალურად და პოლიტიკურად უარყოფს პოლიტიკაში ძალის არსებობის რეალობას; და რომ გულუბრყვილონი არიან ამგვარი ბრძოლის მომხრეები, როცა უარყოფენ ძალადობას, როგორც პოლიტიკაში ძალაუფლების ძირითად წყაროს. თავის მხრივ, ამ მცდარ შეხედულებებს საფუძვლად უდევს პოლიტიკაში - თავად ძალის არსის და არაძალადობრივ ბრძოლაში ძალის გადამწყვეტი მნიშვნელობის უგულებელყოფა.

არაძალადობრივი ბრძოლა პოლიტიკური მეთოდია, რომელიც სწორ გაგებას მოითხოვს და არა რაღაც ასოციაციურ აღქმას, თუ რაიმე სხვა განსხვავებულ ფენომენთან მის გაიგივებას. არაძალადობრივი ბრძოლა იმ სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეთოდებს მიმართავს, რაც ზეწოლის იარაღი უფროა, ვიდრე ძალადობრივი მექანიზმი1. ხსენებული მეთოდები სიმბოლური პროტესტის, სოციალური დაუმორჩილებლობის, ეკონომიკური ბოიკოტის, პოლიტიკური დაუმორჩილებლობისა და არაძალადობრივი ინტერვენციის (მჯდომარე გაფიცვებით დაწყებული, პარალელური მთავრობით დამთავრებული) ორასამდე ხერხს მოიცავს. ამ მრავალრიცხოვან მეთოდებს არაძალადობრივი ქმედებების ,,იარაღსაც“ კი უწოდებენ.

არაძალადობრივი მეთოდები არ უნდა აგვერიოს ისეთ მნიშვნელოვან, მაგრამ განსხვავებულ ფენომენში, როგორიცაა რელიგიური და ეთიკური მრწამსი, რომელიც ძალადობისაგან თავშეკავებას მოითხოვს - ამგვარ შეხედულებებს, შესაძლოა, თავად ის ადამიანებიც იზიარებდნენ, ვინც არაძალადობრივ ქმედებებს მიმართავს; ოღონდ პრაქტიკაში ხშირია სწორედ საპირისპირო შემთხვევები, როცა არაძალადობრივ ბრძოლაში ისეთი ხალხია ჩაბმული, არაძალადობრივი მეთოდების პრინციპებისადმი ერთგულებით რომ არ გამოირჩევიან. ისინი წინათაც მიმართავდნენ ძალადობას და მომავალშიც იგივეს მოიმოქმედებენ. თუმცა არსებულ პირობებში, კონკრეტული მიზნის მისაღწევად, უმრავლესობა მზადაა, არაძალადობრივი ბრძოლის ფართო სტრატეგია გაიზიაროს; მზად არიან ძალადობის ნაცვლად არაძალადობრივი მეთოდები გამოიყენონ და არაძალადობრივ დისციპლინას დაექვემდებარონ, იმისდა მიუხედავად, რომ ადრე, სხვა სიტუაციაში, მსგავსს საშუალებებს არ მიმართავდნენ. მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი არაძალადობრივ მეთოდებს ირჩევს ისაა, რომ ამ ტიპის ბრძოლა კონფლიქტის წარმატებით დასრულების შესაძლებლობას მკვეთრად ზრდის.

პრინციპში, არაძალადობრივი ბრძოლა ოპონენტ ჯგუფთან ძალების დაპირისპირების მეთოდია. როგორც წესი, ოპონენტი ჯგუფი მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, პოლიციურ და სამხედრო ბერკეტებს ფლობს. ის თავად წარმოადგენს ელიტის მიერ კონტროლირებად სახელმწიფო აპარატს, რომელიც შესაძლოა, ფართო მოსახლეობის კეთილდღეობასა და ინტერესებს იყოს დაპირისპირებული. სხვა შემთხვევებში, ოპონენტი ჯგუფი იქნებ არც წარმოადგენდეს სახელმწიფო სტრუქტურას, თუმცა მას სწორედ სახელმწიფო აპარატი უმაგრებდეს ზურგს.

მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელზეც ოპონენტი ჯგუფის პოლიტიკა ან ქმედებები ნეგატიურ გავლენას ახდენს, შეიძლება, ,,უკმაყოფილოთა ჯგუფი“ ეწოდოს და ის როგორც მცირე მასშტაბის მოვლენებში, ასევე მთელი რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებშიც იღებდეს მონაწილეობას; მაგრამ ჯგუფი, რომელიც უშუალოდ არაძალადობრივ ბრძოლაშია აქტიურად ჩართული, ყოველთვის გაცილებით მცირეა - მოსახლეობის საერთო რაოდენობისა და სამოქალაქო ინსტიტუტების რიცხვის მიუხედავად.

თავისთავად ძალა არაძალადობრივი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ელემენტია: შეუძლებელია კონფლიქტების გააზრება ძალის შესაძლებლობებსა და ძალისმიერ მოქმედებებთან დამოკიდებულების გათვალისწინების გარეშე. ,,ძალა“ ამ შემთხვევაში გავლენისა და ზეწოლის ერთიანობას გულისხმობს, მათ შორის იმ სანქციების ჩათვლით, რაც ჯგუფსა თუ საზოგადოებას საშუალებას აძლევს, დაიცვას საკუთარი თავი, განახორციელოს საკუთარი პოლიტიკა, მიხედოს შიდა თუ გარე კონფლიქტებს. ძალის გაზომვა შესაძლებელია იმით, თუ რამდენად აკონტროლებს ის სიტუაციას, ხალხსა და ინსტიტუტებს, ან ახდენს თუ არა ხალხისა და ინსტიტუტების მობილიზებას გარკვეულ აქტივობებში ჩასაბმელად. ასეთი ძალის გამოყენება ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს, წარმართოს ან შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი; დაუპირისპირდეს ან მხარი დაუჭიროს არსებულ სისტემასა და ურთიერთობებს; შეცვალოს, მოშალოს ან ჩაანაცვლოს წინა ძალა თუ ინსტიტუტი; ან საბოლოოდ მიზანთა მთელ ამ კომბინაციას მიაღწიოს.

პოლიტიკურ ძალას შესაძლოა, ფლობდეს მთავრობა, სახელმწიფო, სამოქალაქო ინსტიტუტები, ოპოზიციური მოძრაობები და სხვა ჯგუფები; ამგვარი ძალაუფლების გამოყენება შესაძლოა, პირდაპირ ან სამარქაფოდ, როცა თვით ძალის არსებობა უკვე გავლენის ტოლფასია. მაგალითად, ძალა ხომ როგორც თავად ომის მსვლელობაზე, ასევე მოლაპარაკებების პროცესზეც ახდენს გავლენას.

იმის გასაგებად, თუ რა როლს ასრულებს ძალა არაძალადობრივ ბრძოლაში, ზედმიწევნით უნდა ვიცნობდეთ მის ბუნებას და ძალაუფლების დინამიკას, რომელსაც როგორც ოპონენტი, ისე არაძალადობრივი ჯგუფებიც ფლობენ.

დამოკიდებული ხელისუფლება

აშკარა და საკმაოდ მარტივია, ოღონდ ხშირად კი მივიწყებულია იმ ფაქტის თეორიული თუ პრაქტიკული მნიშვნელობა, რომ პოლიტიკის უმაღლესს საფეხურებზე მდგომ ადამიანებსა და ჯგუფებს, რომელთაც ჩვენ უბრალოდ ,,ხელისუფლებას“ ვუწოდებთ, ძალაუფლება ბუნებისგან არა აქვთ მომადლებული. ძალას მათ გარემო უქმნის და მათი პოლიტიკური სიძლიერეც სწორედ იმ საზოგადოებიდან მოდის, რომელსაც ისინი მართავენ. ასე რომ, თუკი ხელისუფლებას აქვს მინიჭებული ძალაუფლება, მას უნდა ჰქონდეს უნარი, აკონტროლოს გარშემო მყოფთა ქმედება, გამოიყენოს რესურსები (როგორც ქვეყნის, ასევე ხალხის), განაგებდეს სადამსჯელო აპარატს და აიძულოს ბიუროკრატია, მის მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს მისდიოს.

მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური სისტემის მმართველებსაც კი არა აქვთ შეუზღუდავი ქმედების უფლება. მათი, ისევე როგორც ელიტის სიძლიერე, ხალხისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების კეთილგანწყობიდან იღებს სათავეს, და მისი მოპოვება მხოლოდ და მხოლოდ ამ ჯგუფებისა და ინსტიტუტების, სპეციალისტებისა და უბრალო მოსახლეობის მორჩილი თანხმობით არის შესაძლებელი.

0x01 graphic

პოლიტიკური ძალაუფლება ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ან რამოდენიმე წყაროს ურთიერთქმედებას:

1. ძალაუფლება. მოსახლეობაში ხელისუფლების ძალაუფლებისა და ლეგიტიმურობის გავრცელების ფართო არეალი.

2. ადამიანური რესურსები. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ემორჩილებიან, თანამშრომლობენ და ეხმარებიან არსებულ ხელისუფლებას; მათი შეფარდება მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან; შესაბამისი ორგანიზაციების გავლენა და აქტივობის ფორმები.

3. ცოდნა და უნარი. რამდენად აკმაყოფილებს ამ ადამიანების ცოდნა, განათლება და შესაძლებლობები თავად ხელისუფლებას.

4. შინაგანი ფაქტორები. იმგვარი ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა მორჩილებისა და მიდევნის უნარ - ჩვევები, რწმენის, იდეოლოგიისა თუ მოვალეობის გრძნობის ქონა - არქონა.

5. მატერიალური რესურსები. ქონება, ბუნებრივი და ფინანსური რესურსები, ეკონომიკური სისტემა, კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების საშუალებები.

6. სანქციები. ხელისუფლების ხელთ არსებული დასჯის საშუალებები და სიხშირე - როგორც უცხო ხელისუფლებასთან კონფლიქტის დროს, ასევე საკუთარ ხელქვეითებთან მიმართებაში. სწორედ ამ მოთხოვნების შესრულების ხარისხი განაპირობებს ხელისუფლების სიძლიერეს. თითქმის არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ყველა პუნქტი მოწესრიგებული ჰქონდეს, ან პირიქით - არც ერთს არ პასუხობდეს. თუმცა ცვლილებებს ვერ შეაჩერებ, რაც ხელისუფლების სიძლიერის მაჩვენებლის მუდმივ ცვლასაც იწვევს. მით უფრო ძლიერია ხელისუფლება, რაც უფრო ხელმისაწვდომია ხსენებული წყაროები.

ზემოხსენებულის დაწვრილებით განხილვისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ფაქტორი - მოსახლეობის მორჩილება და კეთილგანწყობა, რაც უდიდესს გავლენას ახდენს ხელისუფალთა სიძლიერეზე. თუკი პირველნი უარს იტყვიან საერთო მორჩილებასა და ჯგუფურ თანხმობაზე, ამ ადამიანებმა მართონ ქვეყანა, ხელისუფლება კარგავს პატივისცემას და მასთან ერთად სიძლიერესაც, ეს კი საბოლოოდ ძალაუფლების დაკარგვამდე მიიყვანს მას.

ავტორიტეტის შესუსტება გარშემო მყოფთა პროტესტს იწვევს, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი რეჟიმისათვის. როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სისტემა იმ ხალხის დახმარებით ფუნქციონირებს, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ არსებულ სისტემაში - ცალკეული ინდივიდები, იქნება ეს, ორგანიზაციები თუ ჯგუფები. მმართველი ჯგუფი სწორედ მათი დახმარებით ახერხებს სიძლიერის შენარჩუნებას, და რაც უფრო ფართო და ინტენსიურია მისი კონტროლი ხალხზე, მით მეტ თანადგომას მოითხოვს იგი პასუხად.

ხელისუფლების სიძლიერის შენარჩუნებას არა მხოლოდ ინდივიდებისა და თანამდებობის პირთა მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება, არამედ იმ ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისაც, რომლებიც სრულფასოვან სახეს აძლევენ სისტემას: ეს შეიძლება იყოს ბიურო, ფილიალი, კომიტეტი და მრავალი სხვა. მათ შეუძლიათ, უარი თქვან თანამშრომლობაზე, რის გამოც ხელისუფალს არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკის გატარება, შესაძლოა, თავად მმართველობის შენარჩუნებაც კი გაუჭირდეს.

იძულების საზღვრები

თუკი ხელისუფლება, რომლის წინააღმდეგაც მასიური დაუმორჩილებლობა და გაფიცვები იწყება, არ მიდის დათმობაზე - ე. ი. მას ძალის გამოყენება აქვს გადაწყვეტილი. მას შეუძლია მიმართოს სანქციებს ან დასჯის სხვა საშუალებებს, რათა დარწმუნდეს, რომ საკმარისი რაოდენობის ხალხის მხარდაჭერა აქვს. რიგ შემთხვევებში ამის განხორციელება შესაძლებელია, რადგან ხშირად, როცა ხალხის ერთი ნაწილი უარყოფს მმართველი ჯგუფის ძალაუფლებას, მეორე ნაწილი ლოიალური რჩება და მზადაა, კვლავ მართვის ძველ კურსს დაუჭიროს მხარი. დაპირისპირებული ხალხის წინააღმდეგ თვით ლოიალური პოლიციისა და ჯარის გამოყენებაც კი შესაძლებელია.

თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. ხელისუფლების მიერ სანქციების გატარება (შინ თუ საზღვარგარეთ) დამოკიდებულია მოქალაქეთა თანადგომაზე, რაც საბოლოოდ შეიძლება შემცირდეს ან სულაც შეწყდეს. ხოლო ამის ძალით მიღწევის მცდელობა კი არააადეკვატური იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მმართველთა ძალაუფლებაც შეზღუდულია.

სანქციები ძალზე მნიშვნელოვანია მმართველთა პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით, კრიზისების დროს; ოღონდ მათი ეფექტურობა სწორედ იმ ხალხზეა დამოკიდებული, ვისი მისამართითაც იგი ხორციელდება. სანქცია დამთრგუნველად უნდა მოქმედებდეს ადამიანზე, რათა აიძულოს იგი, კიდევ ერთხელ დამორჩილდეს და შეურიგდეს ბედს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ხალხი ჯარისკაცივით უშიშრად უყურებს საფრთხეს და უარს ამბობს უკან დახევაზე. მაშინ ხელისუფლება კარგავს ზეგავლენას და მის სიძლიერესაც საფრთხე ემუქრება.

ერთობლივი წინააღმდეგობა

ზემოხსენებული აუცილებელი კომპონენტებით ხელისუფლების განმტკიცება ქვეყნის მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხრივ თანამშრომლობის, მორჩილების, თანადგომის ხარისხზეა დამოკიდებული. ეს მდგომარეობა შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობას, შეამციროს ან სულაც გადაუკეტოს ძალაუფლების მასაზრდოებელი წყარო - დაუმორჩილებლობის გამოცხადებისა და თანადგომაზე უარის თქმის გზით.

თუკი საზოგადოების მორჩილება - დაუმორჩილებლობას შეუძლია მმართველი ძალის გაკონტროლება, მაშინ დაუმორჩილებლობა ფართო მასებზეც უნდა გავრცელდეს, რათა ხალხის ქმედებების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შესაძლებლობა აღიკვეთოს. დგება დრო, როდესაც ხალხის შიში მცირდება ან თითქმის ქრება, და ჩნდება მსხვერპლად ყოფნის სურვილი - რა თქმა უნდა, ცვლილებების მიღწევის ფასად; ჩნდება მასობრივი დაუმორჩილებლობის შემთხვევები, რის შემდეგაც ყველა მსგავსი ქმედება უკვე პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს და უცებ აღმოჩნდება, რომ ხელისუფლების ნება სრულიად უსუსურია ამ საყოველთაო დაუმორჩილებლობის წინაშე: მისი ძალაუფლება წინააღმდგომი ხალხის, ანუ საზოგადოებისა და მისი შემადგენელი ინსტიტუტების რაოდენობის უკუპროპორციული ხდება. მხოლოდ საჭიროა ვისწავლოთ, თუ როგორ დავხვეწოთ დაუმორჩილებლობის ეს პროცესი. მხოლოდ ამ გზით შეიძლება არაკონტროლირებადი ძალის პრობლემის მოგვარება.

ხელისუფლების პოლიტიკური სიძლიერე მთლიანად მოქალაქეთა კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, ასე რომ, თუკი ხალხი მტკიცედ დადგა თავის გადაწყვეტილებაზე და უარი თქვა მმართველი ელიტის მიმართ კეთილგანწყობასა, თანამშრომლობასა და მორჩილებაზე, ჩათვალეთ, რომ რეჟიმის დასასრული მოახლოებულა. აღმოჩნდა, რომ ,,ყოველი ძალაუფლება ძალადობაზეა დაფუძნებული“ ანდა ,,იმარჯვებს ის, ვისაც მეტი ძალადობის უნარი შესწევს“ და სხვა ამდაგვარი თეორიები ყოველთვის არ მართლდება. სინამდვილეში, დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის საერთო სურვილი სწორედ რომ გადამწყვეტი ხდება.

თუ პოლიტიკური ძალის ბუნების შესწავლა მმართველი ძალის წინააღმდეგ გვინდა გამოვიყენოთ, ჩნდება კითხვა: როგორ? სწორედ ამ ტიპის ინფორმაციის ნაკლებობა იყო ხალხის წარუმატებელი მცდელობების ერთ - ერთი მიზეზი, რის გამოც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ტირანიისა და ჩაგვრის დამარცხებას. აშკარა და ნათელია ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის ორი ხერხი: პირველი - მოქალაქეებმა პროტესტის რაიმე ფორმით ერთაზროვნად უნდა გამოხატონ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ტირანიისადმი; და მეორე - აუცილებლად უნდა დაიწყოს მასობრივი მოძრაობა. მაგრამ როცა მმართველი უმცირესობა ერთიანია, ხოლო მართულ უმრავლესობას კი არ გააჩნია დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მოქალაქეებს უჭირთ გაერთიანებული ოპოზიციის შექმნა. ამ შემთხვევაში მათ ცალ - ცალკე გაუსწორდებიან. ასე რომ, ამ თეორიაზე დამყარებული ეფექტური მოქმედება სწორედ ერთობლივ წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობას მოითხოვს.

სტრუქტურული საფუძველი

ხელისუფლების გაკონტროლების შესაძლებლობა ბევრადაა დამოკიდებული საზოგადოების საერთო პოტენციალსა და მის სტრუქტურაზე, ხოლო სტრუქტურის საკითხები ასევე პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (ძალაუფლების ცენტრი) არსებობასთან - ესენია სწორედ ის წერტილები, სადაც ძირითადად თავმოყრილია კიდეც წინააღმდეგობის გამწევი ძალა.

ძალაუფლების ცენტრის ფორმა და ხასიათი ყველა საზოგადოებასა და სიტუაციაში სხვადასხვაა. სხვათა შორის, ის მოიცავს ისეთ სოციალურ ჯგუფებსა და ინსტიტუტებს, როგორიცაა ოჯახი, სოციალური ფენა, რელიგიური, კულტურული და ნაციონალური ჯგუფები, პროფესიული ჯგუფები, სოფლები და ქალაქები, მხარეები და რაიონები, შედარებით მცირე სამთავრობო ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები. ძალიან ხშირად ამგვარი ბერკეტები ტრადიციულ, დამკვიდრებულ, ოფიციალურ სოციალურ ჯგუფებსა და ინსტიტუტებს გააჩნიათ; ზოგჯერ კი შეიძლება ის ნაკლებად ორგანიზებულ, სახელდახელოდ შექმნილ, ან სულაც ხელისუფლებასთან უშუალო დაპირისპირების დროს წარმოქმნილი ჯგუფის ხელშიც კი აღმოჩნდეს.

მათი სტატუსი იმის მიხედვით განისაზღვრება, აქვთ თუ არა დამოუკიდებელი მოქმედების, საკუთარი შესაძლებლობების სწორად წარმართვისა და სხვისი ძალისხმევის რეგულირების თავი და უნარი. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მათი რაოდენობა, ცენტრალიზაციისა თუ დეცენტრალიზაციის ხარისხი, შიდა გადაწყვეტილებათა სწრაფი მიღების უნარი, ერთსულოვნება და ენერგიულობა.

პრინციპში, ხელისუფლების ეფექტურობას თავად საზოგადოების სტრუქტურა განსაზღვრავს: ასეთი ცენტრების მეშვეობით საზოგადოებაში ძალაუფლების ეფექტური გადანაწილება იწვევს მმართველთა ძალაუფლების შეზღუდვასა და კონტროლს, რადგან ასეთ ორგანოებს შესწევთ უნარი, დაუპირისპირდნენ ხელისუფლების კონტროლს. ეს გარემოება ,,პოლიტიკურ თავისუფლებასთან“ ასოცირდება; ასევე, მეორეს მხრივ, როცა ძალაუფლების ცენტრი საგრძნობლად სუსტდება და მისი ავტონომია და არსებობაც კი ეჭვის ქვეშ დგება, მმართველთა ძალაუფლება პირიქით - არაკონტროლირებადი ხდება. ამ შემთხვევაში ერთიანი წინააღმდეგობის შესაძლებლობა ფაქტიურად ქრება, რაც თავისთავად უკვე ,,ტირანიის“ ასოციაციას იწვევს.

მაგრამ მმართველი ძალის გაკონტროლებას საკმაოდ დიდი პოტენციის და შესაძლებლობების მქონე საზოგადოება სჭირდება. საზოგადოებას, სადაც იმთავითვე არსებობს დამოუკიდებლად მოქმედი ჯგუფები და ინსტიტუტები და ჯგუფები, რომლებიც მნიშვნელოვან ძალას ფლობენ, მეტად ძალუძს გააკონტროლოს ხელისუფლება და წინ აღუდგეს ტირანიას, ვიდრე საზოგადოებას, სადაც ყველა მოქალაქე ერთნაირად უუნაროა, რაკიღა არ არსებობს ის ბირთვი, რომლის გარშემოც მოსახლეობა შესძლებს გაერთიანებას და მმართველი ჯგუფის თავნებობასთან დაპირისპირებას.

როდესაც მოსახლეობა, სოციალური ჯგუფები და ინსტიტუტები უარს ამბობენ არსებული ხელისუფლების დახმარებაზე, მასთან თანამშრომლობასა თუ სრულ მორჩილებაზე, თავად ამგვარი მმართველობის სიძლიერის წყარო დგება საფრთხის ქვეშ. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ ორგანიზაციების უნარი, გააკონტროლონ სიტუაცია და ხელისუფლებას სწორედ ის საყრდენი გამოაცალონ, რომელსაც თავად ქმნიან. აქ რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორი მოქმედებს - თუნდაც დაუმორჩილებლობის ტექნიკის კარგად ცოდნა, ან ერთმანეთთან თანამშრომლობის ხარისხი. ასევე, თავად ხელისუფლების მხრივ იმის გააზრება, რომ მისი მმართველობის რეალური სიძლიერე სწორედ ამ ინსტიტუტებზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი ჯგუფების მხრივ ხელისუფლების წინააღმდეგ დამოუკიდებლად მოქმედების უნარიც.

საზოგადოებრივი არასამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ხელისუფალთა ქმედით კონტროლს 6 ფაქტორი განაპირობებს:

1. ხალხის სურვილი, გააკონტროლოს მათი ქმედებები;

2. დამოუკიდებელ ორგანიზაციათა და ინსტიტუტთა რაოდენობა;

3. მათი შედარებითი სიძლიერე და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;

4. ძალაუფლების რა წყაროებზე შეუძლიათ ზემოქმედება;

5. მათი საყრდენი სოციუმის სიძლიერე და მასზე ზემოქმედების ხარისხი;

6. მოქალაქეების კეთილგანწყობა და დახმარების მზაობა.

თუკი ყველა ეს ფაქტორი უმაღლეს ხარისხშია აყვანილი, მაშინ ძალაუფლების ცენტრს შეუძლია, უზრუნველყოს მმართველები ძალაუფლების წყაროებით, ანდა პირიქით - წინააღმდეგობა გაუწიოს ან სწორედ ის წყაროები გადაუკეტოს, რისი მოიმედეცაა სახელისუფლებო ჯგუფი.

ხელისუფლების სიძლიერე პირდაპირ თუ ირიბად მისივე მოქალაქეების თავისუფალ ნებასთანაა გადაჯაჭვული - მიიღებენ თუ არა ისინი მართვის არსებულ წესს, დაემორჩილებიან მას და ითანამშრომლებენ თუ არა მასთან.

მმართველის ძალაუფლების დასასრული

თუკი მოსახლეობა დაჟინებით განაგრძობს დაუმორჩილებლობას, უარს ამბობს მთავრობასთან თანამშრომლობასა თუ მის დახმარებაზე, ის ნებსით თუ უნებლიედ სწორედ იმ სასიცოცხლო ენერგიის მიწოდებას წყვეტს, რაც მთავრობას და მთელ იერარქიულ სისტემას ასაზრდოებს. მოქალაქეებს აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ კანონს, რომელსაც ისინი არ აღიარებენ, ანუ შეწყვიტონ მუშაობა, რაც ეკონომიკის პარალიზებას გამოიწვევს, ხოლო ბიუროკრატიამ - უარი განაცხადოს ინსტრუქციების შესრულებაზე; ჯარმა და პოლიციამ მაქსიმალურად შეიკავოს თავი დამსჯელი ზომების მიღებისაგან, ან სულაც უარი თქვას მოვალეობის შესრულებაზე. თუკი საკმარისი რაოდენობის ხალხი და ინსტიტუტები დიდხანს შესძლებენ ასეთი მდგომარეობის შენარჩუნებას, მთავრობა და ხელისუფლების მთელი იერარქიული სისტემა ძალას დაკარგავს. თავად ისინიც, ვისაც პირობითად ,,მმართველებს“ ვუწოდებდით, ახლა ჩვეულებრივ მოქალაქეებად იქცევიან; ცვლილებების მიზეზი კი ხალხის მიერ პოლიტიკური რეჟიმის მხარდაჭერაზე უარის თქმა და დაუმორჩილებლობა იქნება.

ოღონდ უკვე დამკვიდრებული და კარგად ფეხმოკიდებული რეჟიმის სიძლიერის შესასუსტებლად მხოლოდ საყოველთაო დაუმორჩილებლობა და სიჯიუტემდე მისული სიმტკიცე არაა საკმარისი. ერთიანმა ოპოზიციამ მოქმედების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, საშუალება მისცეს ხალხს, კარგად გაეცნოს ძალისმიერი ზეწოლის გამოყენების ტექნიკას, სპეციფიკური მეთოდებისა და დინამიკის ჩათვლით. მაგრამ მისი განხორციელებისთვის საჭიროა დიდი გამჭრიახობა და რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ცოდნა, ანუ არაძალადობრივი ქმედების ტექნიკის სრულად შესწავლა.

არაძალადობრივი ქმედებების სისტემა

არაძალადობრივი მოქმედება, ომის მსგავსად, დაპირისპირების სახეობაა. ,,ბრძოლის“ დასაწყებად აუცილებელია განსაზღვრული სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავება, სადაც ,,ჯარისკაცების“ სიმამაცე, დისციპლინა და თავდადება ლამის გადამწყვეტ როლს თამაშობს (თუმცა მსხვერპლის რაოდენობა, რაღა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია ხოლმე, ვიდრე თუნდაც პარტიზანული ომის დროს). იმისათვის, რომ არაძალადობრივმა მებრძოლებმა მაქსიმალურად შეასრულონ მათზე დაკისრებული მისია, ზუსტად უნდა მისდიონ შემუშავებულ სტრატეგიას და ერთი - ორად გამოიყენონ არსებული ტაქტიკური შესაძლებლობები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მიაღწიონ წარმატებას. საყოველთაოდ დამკვიდრებულია აზრი, რომ ძალადობრივი ქმედებებით უფრო სწრაფად შეიძლება გამარჯვების მოპოვება, ვიდრე არაძალადობრივი გზით; მაგრამ ამ შეხედულებაში ბევრს შეეპარება ეჭვი, თუკი იმ ფაქტებს გაეცნობა, როდესაც არაძალადობრივი მეთოდებით ხალხს ერთ - ორ კვირაში ან სულაც რამდენიმე დღეში მიუღწევია მიზნისთვის.

0x01 graphic

არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებიდან რამდენიმე შეიძლება გამოვყოთ და განვიხილოთ. ძირითადად მაინც პროტესტის სამი ყველაზე ცნობილი ფორმაა მნიშვნელოვანი: არაძალისმიერი პროტესტი, დაუმორჩილებლობა და არაძალადობრივი ინტერვენცია. არაძალადობრივი ბრძოლის ამ ე. წ. ,,იარაღს“ არათუ შეუძლია როგორც არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების შეცვლა, არამედ ძალების ფუნდამენტური გადანაწილებაც ძალუძს.

არაძალისმიერი პროტესტი, პრინციპში, თავისუფალი ოპოზიციის სიმბოლური ქმედებაა, რომელიც მართალია, მხოლოდ ვერბალური გამოხატვის საშუალებებით არ შემოიფარგლება, მაგრამ მაინც შორს დგას დაუმორჩილებლობისა და არაძალადობრივი ჩარევისაგან. ეს მეთოდი საპროტესტო თავყრილობებს, დემონსტრაციებს, პიკეტებს, პლაკატებს, დისპუტ - სემინარებს, გლოვის გამოცხადებას და საპროტესტო მსვლელობებს მოიცავს.

უამრავ არაძალადობრივ მეთოდს შორის განსაკუთრებით საინტერესოა დაუმორჩილებლობა. ეს მეთოდი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ნებაყოფლობით შეწყვეტას გულისხმობს. მსგავსი ქმედებები შეიძლება როგორც დაგეგმილი, ასევე სპონტანური, კანონიერი ან უკანონოც კი იყოს.

ეს მეთოდი კიდევ სამ კატეგორიას მოიცავს:

1. სოციალური დაუმორჩილებლობა (სოციალური ბოიკოტის ჩათვლით);

2. ეკონომიკური დაუმორჩილებლობა (ეკონომიკური ბოიკოტი და გაფიცვები)

3. პოლიტიკური დაუმორჩილებლობა (ცნობილია როგორც პოლიტიკური ბოიკოტი).

არაძალადობრივი ბრძოლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ იყენებს არაძალადობრივი ჯგუფი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური დაუმორჩილებლობის ამ სამ ,,იარაღს“.

არაძალადობრივი ქმედების მესამე მეთოდი - არაძალადობრივი ინტერვენცია კონფლიქტურ სიტუაციაში ჩარევასა და ზოგიერთ შემთხვევაში, მის ძირეულად შეცვლასაც კი გულისხმობს. ეს ფორმა აერთიანებს შიმშილობას, მჯდომარე აქციებს, ქუჩების ბლოკირებას, ახალი სოციალური ურთიერთობების დამკვიდრებას, სამუშაოების არაგეგმიურად წარმართვის გრძელვადიან აქციებს, ალტერნატიულ ეკონომიკურ ინსტიტუტებს, სამართალდამცავების მხრივ დაკავების პროვოცირებას, პარალელური მთავრობის შექმნას და სხვ.

0x01 graphic

0x01 graphic

ძალის გამოყენება

არაძალადობრივი ჯგუფი საკუთარ ძალას ორი მიზნით იყენებს: ოპონენტი ჯგუფის ძალის შესასუსტებლად და საკუთარი მიზნების უფრო მკვეთრად წარმოსაჩენად. ამ ტექნიკით ბრძოლა უფრო ზუსტი და მიზანმიმართულია, ვიდრე პოლიტიკური ძალადობა. მაგალითად, თუკი გაფიცვაზე უმეტესად ეკონომიკური მოთხოვნებია, წინააღმდეგობაც შესაბამისად ეკონომიკური ხასიათის უნდა იყოს; თუკი ოპონენტები ხალხისაგან პოლიტიკურ მხარდაჭერას მოითხოვენ, წინააღმდეგობასაც პოლიტიკური სახე ექნება. არაძალადობრივი სანქციები მიმართულია არა ოპონენტის სიძლიერის გარეგნული მხარის, შეიარაღებული ძალის წინააღმდეგ, არამედ მის მკვებავ წყაროზე - მორჩილება და თანამშრომლობა - გავლენის მოხდენაზე. მასიურმა გაფიცვამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ეკონომიკის პარალიზება, ასევე ჯარის დაშლაც.

არაძალადობრივი ქმედება ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დარტყმა, რომელიც ოპონენტი ძალისადმია მიმართული, მაგრამ არა ისეთი პირდაპირი, როგორიც ძალისმიერი ზემოქმედება იქნებოდა - ამგვარ ქმედებებს არაძალადობრივი ჯგუფი არც პოლიციის, არც ჯარის წინააღმდეგ არასოდეს იყენებს. იგი მხოლოდ ძირს უთხრის მოწინააღმდეგეს და ამით საკუთარ მომხრეებს ეხმარება, მობილიზაცია გაუწიონ საკუთარ ძალებს. მაგალითად, თუკი რეპრესიებზე ისინი ძალადობის ნაცვლად ფართო მშვიდობიანი აქციებით უპასუხებენ, ამით უმტკიცებენ ოპონენტს, რომ რეპრესიით ხალხს ვერ დააშინებ და მორჩილ მასად ვერ აქცევ. ამგვარმა წინააღმდეგობამ შეიძლება ოპონენტის მხარდამჭერებსაც კი ხელები ჩამოაშვებინოს, რაც შესაბამისად დაასუსტებს მათ და შესაძლოა, ზოგმა ზურგიც კი აქციოს. ასე რომ, წინააღმდეგობა თანდათან მხარდაჭერას მოიპოვებს და ბუნებრივია, მნიშვნელოვნადაც გაიზრდება. ამის მიზეზი კი ოპონენტის ძალადობაზე არაძალადობრივი პასუხია. მთელ ამ კონფლიქტზე უდიდეს გავლენას ახდენს არაძალადობრივი ჯგუფის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელთა შემუშავებაც დიდ სიფრთხილესა და არაძალადობრივი ბრძოლის ზოგადი პრინციპებისა და ასევე, კონფლიქტური ვითარების ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვს.

რეპრესიები

არაძალადობრივ წინააღმდეგობას შეიძლება ძალიან რბილი ხასიათი ჰქონდეს და მხოლოდ ოდნავ შეცვალოს მდგომარეობა, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება საერთოდ თავდაყირა დააყენოს კიდეც.

არაძალადობრივი ბრძოლის ოპონენტებს მათ ქმედებაზე ადეკვატურად რეაგირება უჭირთ. ამის მიზეზი თავად არაძალადობრივი ტექნიკის მექანიზმია. ეს პროცესი კიდევ უფრო აძლიერებს არაძალადობრივ ჯგუფს და მის გავლენას და შესაბამისად, ოპონენტის ძალას ასუსტებს.

რეპრესიები ოპონენტის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი პასუხია. ეს არის ცენზურა, ქონებისა და თანხის კონფისკაცია, კომუნიკაციის და სხვა საკონტაქტო საშუალებების კონტროლი თუ შეწყვეტა, ეკონომიკური ზეწოლა, დაპატიმრებები, ჯარში გაწვევა, საკონცენტრაციო ბანაკები, აგენტპროვოკატორების გამოყენება, დასჯით დაშინება, ცემა, საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სიკვდილით დასჯა თუ ძალადობის რაიმე სხვა სახით სამაგიეროს მიზღვა. ოღონდ რეპრესიებს შეიძლება თავად ოპონენტისთვის უარყოფითი შედეგიც მოჰყვეს. ეს ფაქტორი გავლენას ახდენს რეპრესიების სიმკაცრესა და სიხშირეზე, ამიტომ არაძალადობრივი ბრძოლის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები უფრო შეზღუდული ხასიათისაა, ვიდრე აჯანყების ან პარტიზანული ბრძოლის დროს შეიძლება იყოს.

ოპონენტთა ჯგუფის მხრიდან რეპრესიები პირდაპირ ამტკიცებს, რომ არაძალადობრივი ბრძოლა აშკარა საფრთხეს უქმნის არსებულ რეჟიმს, მაგრამ მისი შეწყვეტა რეპრესიების გამო ისეთივე ნაბიჯი იქნებოდა, როგორც ბრძოლის შეწყვეტა მტრის დამსჯელი ოპერაციების გამო. არაძალადობრივი ბრძოლა მიზანმიმართულად სწორედ იმ ოპონენტზე მოქმედებს, რომელსაც არა მხოლოდ შეუძლია ძალადობრივი სანქციების განხორციელება, არამედ ამის გვარიანი სურვილიც გააჩნია.

არაძალადობრივი ბრძოლის დისციპლინა

მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, რეპრესიებით საზოგადოების მორჩილების მიღწევა ყოველთვის როდია შესაძლებელი. ეფექტურმა სანქციამ პირველ რიგში ადამიანის ფსიქიკაზე უნდა იმოქმედოს, დააშინოს იგი და მორჩილებისკენ მიდრიკოს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ყოველგვარი საფრთხის მიუხედავად, არაძალადობრივი ჯგუფი მაინც ცდილობს, თავისი გაიტანოს. ასეთ სიტუაციაში მას დისციპლინის და ოპონენტებზე მოპოვებული გავლენის შენარჩუნება სჭირდება; ასევე, თავად მის მიმართ მიმართული რეპრესიების კიდევ უფრო შესუსტება, რაც გამარჯვების შანსს ერთი - ორად გაზრდის. ხოლო საბოლოო წარმატების მისაღწევად, უბრალოდ, არჩეულ კურსს არ უნდა გადაუხვიოს.

კარგად გათვლილი, მასიური და მომთხოვნი არაძალადობრივი მოძრაობა ოპონენტ ჯგუფს უდიდესს პრობლემებს უქმნის, აკარგვინებს მას როგორც მხარდამჭერებს, ასევე პოლიტიკურ წონასწორობას, რაც თავისთავად მათი მხრივ ახალ - ახალი შეცდომების ჩადენას გულისხმობს.

თუკი არაძალადობრივი ჯგუფი საკმარისად ძლიერია, არ უნდა შეუშინდეს რეპრესიებს და არც დანებებაზე იფიქროს. ისტორიაში ძალადობის წინააღმდეგ როგორც ძალისმიერი, ასევე არაძალადობრივი ხერხებით ბრძოლის უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა არაძალადობრივი ჯგუფისთვის ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. მათი პასუხი დაუმორჩილებლობაა და არა ოპონენტის მიერ არჩეული იარაღით ბრძოლა. ასევე, არაძალადობრივი მოქმედება აადვილებს ,,პოლიტიკური ჭიდილის“ პროცესს. კონტროლის ნებისმიერი ზომის მიღების მიუხედავად, მაინც ყოველთვის აშკარავდება ხოლმე ოპონენტის მიერ მიღებული სადამსჯელო ღონისძიებები, და დაუმორჩილებლობის მოძრაობაც ფართოვდება, რადგან რაც უფრო სასტიკია რეპრესიები, მით უფრო იზრდება დაუმორჩილებელთა რიცხვი.

რეპრესიებზე არაძალადობრივი ქმედებით პასუხს ,,მორალისტურ გულუბრყვილობად“ ნამდვილად ვერ ჩავთვლით. იგი უფრო დადებითი ცვლილებების წინაპირობა და ძალის გადანაწილების ახალი ფორმაა. არაძალადობრივი ჯგუფი მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება წავიდეს კომპრომისზე - თუკი განადგურების რეალური საფრთხე გაჩნდა.

პოლიტიკური იუ - იცუ

0x01 graphic

არაძალადობრივი მეთოდებით მებრძოლს რამდენიმე ხერხით შეუძლია საკუთარი პოზიციების გამყარება. რაც უფრო მატულობს რეპრესიების ხარისხი, მით უფრო იზრდება ხალხის სიძულვილი არსებული რეჟიმისა და, შესაბამისად, სიმპათია არაძალადობრივი ჯგუფის მიმართ. მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძლება არსებულ ხელისუფლებას გაემიჯნოს და წინააღმდეგობას შეუერთდეს; ხოლო რეპრესირებულთა ბედით შეწუხებული ნეიტრალური ხალხი ნელ - ნელა დაუპირისპირდეს მთავრობის ძალადობასა და პოლიტიკურ კურსს. ეროვნულის მსგავსად, საერთაშორისო საზოგადოების აზრიც შეიძლება შეიცვალოს და არაძალადობრივი მეთოდებით მებრძოლთა მხარდასაჭერად გამოიდოს თავი, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს გამოიწვევს. თავად ოპონენტთა მომხრეებს, აგენტებს და ჯარსაც კი, ამდენი ძალადობით თავგაბეზრებულთ, შეიძლება, ეჭვი შეეპაროთ ხელისუფლების პოლიტიკურ სამართლიანობაში. მათი ამგვარი განწყობა სავარაუდოდ პროტესტის გრძნობაში, შემდეგ კი პოლიტიკურ დაუმორჩილებლობაშიც შეიძლება გადაიზარდოს. ასე რომ, არაძალადობრივი ჯგუფისადმი მიმართული რეპრესიები თავად ხელისუფლებას უტრიალდება. ეს არის სწორედ ,,პოლიტიკური ჯიუ - ჯიცუ“.

ძალის ტრანსფორმაცია

არაძალადობრივი ბრძოლის ტექნიკის ძირითადი მეთოდია ცვლილებები, რომელსაც იგი ძალაზე ახდენს, და ამ ცვლილებებს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკური ჯიუ - ჯიცუ, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს არაძალადობრივი ჯგუფის გაძლიერებასა და შესაბამისად, ოპონენტის დასუსტებაზე.

არაძალადობრივი ჯგუფი განუწყვეტლივ განაგრძობს ზრდას და იკრებს ძალებს, იზიდავს მხარდამჭერებს და მებრძოლებს უკმაყოფილო მოსახლეობიდან. ბრძოლის ამ ფორმას მხარდამჭერების მოპოვების გაცილებით დიდი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ძალადობრივს. მისი ბუნება საშუალებას იძლევა, მოიპოვონ თანამოაზრეები არა მხოლოდ ნეიტრალურ მოსახლეობაში, არამედ თვით ოპონენტი ჯგუფის წევრთა შორისაც. მხარდაჭერის ასეთი ზრდა არაძალადობრივ ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს, არეგულიროს ოპონენტის ძალა ან სულაც გადაკეტოს მისი მკვებავი წყარო. თუმცა ცვლილებების განხორციელების გზები სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული იქნება, რადგან შიდა - საზოგადოებრივი კონფლიქტის და უცხო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმები, რაღა თქმა უნდა, ერთნაირი ვერ იქნება. ამის მიუხედავად, ზემოთ განხილული პროცესი ორივე შემთხვევაში მიმდინარეობს.

წინააღმდეგობის ჯგუფის წევრების რაოდენობა ცალკეული კონფლიქტების დროს მნიშვნელოვნად იცვლება. ბრძოლაში მონაწილე მოსახლეობის და ცალკეული ინსტიტუტების რაოდენობა შეიძლება ძალიან გაიზარდოს ან უკიდურესად შემცირდეს, როგორც არაძალადობრივ, ასევე ოპონენტ ჯგუფში. ამ ცვლილებებს ძირითადად არაძალადობრივი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები არეგულირებს, თუმცა ხდება ისეც, რომ პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს მესამე მხარე ანუ ნეიტრალური ხალხიც: მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ან დაუპირისპირდნენ ერთ ან მეორე მხარეს.

არაძალადობრივი ბრძოლის დროს დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის განუწყვეტლივ მიმდინარეობს ძალების გადანაწილება, რასაც თავად ბრძოლის ხასიათი განაპირობებს. ძალადობრივი დაპირისპირებისას ამგვარი რამ, რაღა თქმა უნდა, არ ხდება.

საბოლოო ჯამში, ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ძალების გადანაწილება განსაზღვრავს კიდეც ბრძოლის საბოლოო შედეგს.

ცვლილებების ოთხი მექანიზმი

მიუხედავად არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების მრავალფეროვნებისა, შესაძლებელია, გამოიყოს ცვლილებების ოთხი ძირითადი ,,მექანიზმი“, რომელიც წარმართავს კიდეც არაძალადობრივ ქმედებას. ეს არის: გარდასახვა, გადმობირება, არაძალადობრივი იძულება და დეზინტეგრაცია.

,,გარდასახვის“ დროს არაძალადობრივი ჯგუფი სწრაფად აღწევს მიზანს. ოპონენტი აღიარებს არაძალადობრივი ჯგუფის მიზნებს და ეთანხმება მათ. ოღონდაც ეს, რა თქმა უნდა, იშვიათად ხდება.

,,გადმობირების“ განხორციელებისას არც გარდასახვას აქვს ადგილი და არც არაძალადობრივ იძულებას; თუმცა ორივე მათგანი ახდენს გავლენას იმ დათმობებზე, რომელზეც ოპონენტი იძულებული ხდება წავიდეს. მოწინააღმდეგე აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თუმცა არ იცვლის საკუთარ შეხედულებას არსებულ საკითხზე: იგი უბრალოდ ხვდება, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია, ცდილობს თავიდან აიცილოს შიდა დაპირისპირება, ან შეინარჩუნს სახე. ყველაზე ხშირად მოვლენები სწორედ ამგვარად ვითარდება ხოლმე.

ეს მეთოდი ძალიან ჰგავს მომდევნო ორს: არაძალადობრივ იძულებასა და დეზინტეგრაციას. მათ წარმატებას ცვლილებები მოაქვს როგორც ზოგადად სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სიტუაციაში, ასევე უკმაყოფილოთა ჯგუფშიც; თუმცა ,,გარდასახვისაგან“ განსხვავებით, ისინი არც ცდილობენ ოპონენტის სახეცვლილებას. აქ, უბრალოდ, ძალის გადანაწილება ხდება, რაც ცვლის საერთო სურათს.

მესამე მექანიზმი - ,,არაძალადობრივი იძულება“ - უკმაყოფილოთა ჯგუფზეა გამიზნული და წარმატების შემთხვევაში, პირდაპირი თუ ირიბი გზებით უჭრის ოპონენტს მისი სიძლიერის წყაროს. ,,არაძალადობრივი იძულების“ მეთოდის ამუშავება ოპონენტის ნების ბლოკირებასთან ერთად იწყება, რასაც სამი მიზეზი განაპირობებს:

1. დაუმორჩილებლობის იმდენად გავრცელება და მასიურობა, როცა რეპრესიები უაზრო ხდება.

2. როცა სისტემა პარალიზებულია;

3. როდესაც პოლიციის და ჯარის დაუმორჩილებლობის, ბიუროკრატიის განდგომის და ბოლოს მთელი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ოპონენტს საერთოდ აღარ ძალუძს რეპრესიების განხორციელება. თუმცა ოპონენტი ფორმალურად კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს და განაგრძობს არსებობას როგორც ორგანო, რომელსაც ერთადერთი არჩევანი აქვს: შეუძლია ან კაპიტულაცია გამოაცხადოს, ან თავსმოხვეულ ცვლილებებს შეეგუოს.

0x01 graphic

მეოთხე მექანიზმი - ,,დეზინტეგრაცია“ - მაშინ მოქმედებს, როცა ოპონენტი ისეა დასუსტებული, რომ მხოლოდ არსებობასღა განაგრძობს. დეზინტეგრაციის შემდეგ ისეთი ორგანოც კი აღარ რჩება, დამარცხება რომ აღიაროს. იგი, უბრალოდ, ქრება.

ხელისუფლებისათვის საყრდენის გამოცლა

არაძალადობრივ მოძრაობას შეუძლია სხვადასხვა გზით დაშრიტოს ხელისუფლების ძალის მკვებავი წყარო:

1. გავლენა. არაძალადობრივი დაპირისპირებით ჯგუფი ახდენს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, რის შედეგადაც ოპონენტის გავლენა ძალას კარგავს და იგი ფაქტიურად ფარ - ხმალს ყრის. არაძალადობრივი ბრძოლის პროცესი საშუალებას აძლევს ხალხს, გაემიჯნოს ხელისუფლებას, რომელსაც ადრე მხარს უჭერდა. შესაძლოა, თავად ოპონენტის მხრიდანაც კი ადგილი ჰქონდეს ლოიალობის გაჩენას მეორე ძალაუფლების, თუნდაც მოწინააღმდეგე პარალელური მთავრობის მიმართ.

2. ადამიანური რესურსი. თუკი არაძალადობრივი მოძრაობა მოახერხებს, გარკვეული ხნით შეინარჩუნოს ხალხის მასიური დაუმორჩილებლობის განწყობა, რაც დიდ გავლენას ახდენს სისტემაზე, მან შეიძლება შეასუსტოს ან სულაც მოსპოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც ხელისუფლებას არსებობისთვის სჭირდება. უდავოა ის ფაქტი, რომ მასიური დაუმორჩილებლობა, გაფიცვები და თანამშრომლობაზე უარის მთქმელი მასის ზრდა დიდ პრობლემებს უქმნის ოპონენტს. თვით ტრადიციული მხარდამჭერებიც კი შეიძლება განუდგნენ მას, რაც ძალაუფლების კიდევ უფრო შესუსტებას იწვევს.

3. ცოდნა და უნარი. ხალხის განსაზღვრული ნაწილი უკიდურესად მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს ფლობს. ამ სპეციალისტების რიცხვში შედიან ადმინისტრატორები, ოფიციალური პირები, ტექნიკოსები და მრჩევლები. მათი დაუმორჩილებლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარეგნული, ფსიქოლოგიური ეფექტის მოსახდენად, არამედ საქმის თვალსაზრისითაც, რადგან მათი მხრიდან დახმარებაზე უარის თქმა მმართველ ძალას უკიდურესად ასუსტებს.

4. არამატერიალური (ფსიქოლოგიური) ფაქტორები. ხელისუფლებისადმი მორჩილებისა და უპირობო ლოიალობის გამოხატვის ჩვევა შეიძლება ფართო არაძალადობრივი მოძრაობის გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

5. მატერიალური რესურსი. არაძალადობრივი ბრძოლის შედეგად შეიძლება, ოპონენტმა სულაც დაკარგოს კონტროლი მატერიალურ რესურსებზე. ესენია: ეკონომიკური სისტემა, ტრანსპორტირება, კომუნიკაციის საშუალებები, ფინანსური რესურსი, ნედლეული და მრავალი სხვა.

6. სანქციები. არაძალადობრივმა ქმედებამ თვით ოპონენტთა სანქციებზეც შეიძლება იქონიოს გავლენა. უცხო ქვეყნის მთავრობებმა შესაძლოა, უარი განუცხადონ მათ იარაღით მომარაგებაზე, ან ქარხნებმა გამოაცხადონ სოლიდარობის ნიშნით გაფიცვა, ან გარკვეული ამუნიციის ტრანსპორტირება გახდეს პრობლემატური. თუკი პოლიციის წარმომადგენლები ან რომელიმე საჯარისო შენაერთი უარს ეტყვის მთავრობას სამსახურის გაწევაზე, იმ ადამიანთა რაოდენობაც შემცირდება, ვინც უშუალოდ ახორციელებს რეპრესიებს. პოლიციამ და ჯარმა შეიძლება დავალება სრულფასოვნად არ შეასრულონ, ან სულაც უარი თქვან მის შესრულებაზე. ამ ქმედებით ისინი ფაქტიურად განახორციელებენ არაძალადობრივ იძულებას და ამით ოპონენტი ჯგუფის, როგორც ქმედითუნარიანი ძალის დეზინტეგრაციას გამოიწვევენ.

შორსგამიზნული შედეგების მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია უშუალოდ ბრძოლის დროს დასმულ საკითხებზე რეაგირება და ასევე, ჯგუფებს შორის დამოკიდებულება და მათ შორის ძალის გადანაწილება. ამ საკითხების გადაწყვეტაში არაძალადობრივი ბრძოლა უდიდესს როლს თამაშობს.

ცვლილებები მებრძოლ გუფში

არაძალადობრივ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას მისი წევრებისათვის რამდენიმე დადებითი მხარე აქვს: ისინი დიდ გამოცდილებას იძენენ და არაძალადობრივი ბრძოლის ტექნიკას ეუფლებიან; ხედავენ, რომ შეუძლიათ უშუალო ზეგავლენა იქონიონ მოვლენათა განვითარებაზე - შესაბამისად, საკუთარი თავის რწმენაც ემატებათ. ამგვარად ძლევენ ისინი შიშისმიერ მორჩილებას და საკუთარ შესაძლებლობებში თვალნათლივ რწმუნდებიან. კონფლიქტის დროს ჯგუფი სრულ ერთიანობას აღწევს და ყოველივე ეს არაძალადობრივი ბრძოლის შედეგებზეც ახდენს გავლენას.

არასამთავრობო ინსტიტუტები (ძალაუფლების ცენტრი), რომლებიც ფაქტიურად წინააღმდეგობის სოციალურ ბაზისს წარმოადგენენ, კიდევ უფრო ძლიერდებიან და მოსახლეობას მათი სახით მომავალშიც ეყოლება საყრდენი. ბრძოლამ ასწავლა ამ ჯგუფის წევრებს, როგორ უნდა იბრძოლონ უხეში ძალისა და ძალადობრივი რეპრესიების წინააღმდეგ, რასაც უცილობლად გრძელვადიანი დადებითი შედეგი მოსდევს.

პოლიტიკური მნიშვნელობა

არაძალადობრივ ბრძოლას წარმატების მიღწევა ერთის შეხედვით შეუვალი ხელისუფლებისა თუ სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგაც კი შეუძლია. მისი ძალა იერარქიული ინსტიტუტის მთავარი საყრდენის - ხალხის მხარდაჭერის გამოცლის უნარია. თუკი რეპრესიების მიუხედავად, ხელისუფლება მაინც კარგავს ნელ - ნელა გავლენას, შედაგად პოლიტიკური სისტემის პარალიზებას და რეჟიმის იმპოტენციას ვიღებთ. უკიდურეს შემთხვევაში, ხელისუფლება შეიძლება სულაც პოლიტიკური შიმშილის დიაგნოზით მიიცვალოს.

ჩვენი ანალიზის თანახმად, არაძალადობრივი ბრძოლა ინტერნაციონალურია და ეროვნული ჩარჩოებით არ იფარგლება. მისი მეთოდების გამოყენება თავისუფლების შეზღუდვის, საერთაშორისო აგრესიისა თუ შიდა უზურპაციის შემთხვევების დროს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი.

თარგმნეს ქეთი ვაშაგაშვილმა და გია ჭუმბურიძემ

_______________________

1. იხ. ჯინ შარპი, ,,არაძალადობრივი ქმედებების პოლიტიკა“, 1973