![]() |
ახალი აზრი № 1 (15), 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხელაშვილი გიორგი , ღირსიაშვილი ლევან, ალადაშვილი ბესიკ, აფრასიძე დავით, მჭედლიშვილი თამარ, ეთერია ემირ, კიპაროიძე ნატო |
თემატური კატალოგი ახალი აზრი |
წყარო: ISSN 1512-1844 |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი (დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი |
![]() |
1 რეგიონული უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში: ქართული ხედვა |
▲back to top |
უსაფრთხოება
გიორგი ხელაშვილი
ფილოსოფიის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში (ოქსფორდის უნივერსიტეტი)
რეგიონული უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში პოსტ-საბჭოთა საკითხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამოუწურავი და ინტენსიური განსჯის საგანი გახლავთ. პოლიტკურმა კონფლიქტებმა, ეთნიკურმა შეტაკებებმა, სახელმწიფოთა შორის დაძაბულობამ, სოციალურმა პრობლემებმა და ეკონომიკურმა სირთულეებმა, რაც დაახლოებით თხუთმეტი წლის მანძილზე უმძიმეს ტვირთად აწევს რეგიონს, უდიდესი ყურადღება მიიპყრო როგორც პოლიტიკოსების, ისე მეცნიერების მხრიდან.
წინამდებარე სტატიით შევეცდები წარმოვადგინო ქართველი ანალიტიკოსის ხედვა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების შესახებ, 2003 წლის ნოემბერში საქართველოში განვითარებული მოვლენების კუთხით. სამხრეთ კავკასიაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ზოგადი პრობლემებისა და რეგიონში რეგიონული უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში რუსეთის როლის აღწერის შემდეგ, შევეცდები მიმოვიხილო სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების ასპექტები. დასკვნით ნაწილში კი შევაჯამებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების საკითხები საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აგრეთვე შევაჯამებ ბოლო დროს საქრთველოში განვითრებული მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლის პერსპექტივებს.
სამხრეთ კავკასიის რეგიონი
სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ რეგიონად ჩამოყალიბება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე იღებს სათავეს, როდესაც სამი ახლად შექმნილი სახელმწიფო - აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი - სსრკ-ის ნამსხვრევებიდან აღმოცენდა. რეგიონის შედარებით დიდი თუ სხვა ზესახელმწიფოების მზარდმა გავლენამ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები უფრო მეტად გამოჰყო თავიანთი ყოფილი ,,ბატონის” - რუსეთისაგან. ამდენად, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, სამხრეთ კავკასია ცალკე ანალიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც, ერთის მხრივ, ყოფილი დომინანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციისაგან, ხოლო, მეორეს მხრივ, თავისი ისტორიული სამხრეთ მეზობლების - ირანისა და თურქეთისაგან განცალკევდა.
შესაძლოა, გამოვყოთ რამდენიმე ელემენტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ცალკე რეგიონად ჩამოყალიბების ლოგიკას უდევს საფუძვლად. პირველ რიგში, მისი სამი ძირითადი შემადგენელი ნაწილის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ფაქტი ადგენს რეგიონის პოლიტიკურ საზღვრებს.
მეორე, რეგიონში შეიმჩნევა ე.წ. რეგიონული უსაფრთხოების კომპლექსის შექმნის ნიშნები, რომლებშიც შედის ,,ჯგუფი სახელმწიფოებისა, რომელთა ძირითადი უსაფრთხოების საკითხები იმდენად მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომ მათი ცალკეული ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთისაგან განცალკევებულად არ შეიძლება განიხილებოდეს”.1 ეს უსაფრთხოების კომპლექსი მოიცავს არამარტო სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას, არამედ რეგიონის უფრო დიდ და გარეშე სახელმწიფოებსაც, მათ შორის, რუსეთს, ირანს, თურქეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.
მესამე, კულტურული გარემო, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სამი ძირითადი ერი - აზერბაიჯანლები, სომხები და ქართველები ვითარდებიან, განსხვავდება ერთის მხრივ, ჩრდილოური სლავური კულტურისაგან და მეორეს მხრივ, სამხრეთული თურქული და ირანული კულტურებისაგან, რომელთა მოსახლეობასაც საბჭოთა პოლიტიკური სისტემისა და კულტურის გავლენა არ განუცდია. მეტიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ხალხებმა საკმაოდ მსგავსი პოლიტიკური სუბკულტურები განავითარეს.2
მეოთხე, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა, ტერიტორიული სიდიდითა და შესაძლებლობებით, თითქმის თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიანნ, განსხვავებით მეზობელი რუსეთის, თურქეთისა და ირანისაგან. ეს ოთხივე ფაქტორი გვაძლევს საფუძველს, ვისაუბროთ სამხრეთ კავკასიაზე როგორც ცალკე რეგიონზე, რომელიც ანალიტიკურ ერთეულად შიძლება მივიჩნიოთ.
უსაფრთხოების პოლიტიკის პრობლემები სამხრეთ კავკასიაში
ყოფილი საბჭოთა კავშირის პატარ ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა მათ საერთაოშორისო ქცევაზე რუსეთის უზარმაზარ გავლენას ემყარება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა რამდენიმე ძირითად ,,კომპლექსს” განიცდიდა. ეს ,,კომპლექსები” აისახა როგორც მათ შიდა სისუსტეზე, ისე რთულ საერთაშორისო პირობებზე, რომელშიც მათ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან უწევდათ არსებობა.3 აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხოების პოლიტიკის განუვითარებლობის პირველი და უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ მათ არ ჰქონდათ გამოცდილება, რომელიც თან ახლავს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას და სტრატეგიულ კულტურას. ეს ფაქტორი უსაფრთხოების პრობლემების მიმართ მათ განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის.4
მეორე, რეგიონში დამოუკიდებელი უსაფრთხოების პოლიტიკის ძიება გამოწვევას უკეთებს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, რეგიონის ქვეყნები მტკიცედ უნდა იყვნენ დარწმუნებული თავიანთ შესაძლებლობებში, რომ წინ აღუდგებიან რუსეთის პრეტენზიებსა და საპასუხო ზომებს.5
მესამე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს არ სჯერათ, რომ შეუძლიათ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობა და მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების გზები რეგიონის გარედან უნდა მოდიოდეს.6
აღნიშნულმა ,,კომპლექსებმა” სერიოზულად გაართულა უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული უკიდურესად ბუნდოვანი უსაფრთხოების გარემოს პირობებში. მეტიც, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისას ეს ქვეყნები განსაკუთრებით მგრძნობიარეები იყვნენ სამხედრო საკითხების მიმართ, იმდენად, რამდენადაც უსაფრთხოებას ისინი სახელმწიფო ინტერესების უმთავრეს ელემენტად მიიჩნევდნენ და გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე ეკონომიკას, ვაჭრობას, ენერგეტიკას და სოციალურ-კულტურულ საკითხებს.7 ფაქტობრივად, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხებისადმი უსაფრთხოების ,,რანგის მინიჭება”, შესაძლოა, რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბების უმთავრესი მახასიათებელი იყოს, რაც უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ წარმოებულ ნებისმიერ მოლაპარაკებას ართულებს.8
მდგომარეობა შეიცვალა, როდესაც გეოპოლიტიკურმა გათვლებმა სათავე დაუდო გეოკონომიკურ არგუმენტებს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაჩნდა კასპიის ნავთობის ფაქტორი, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივებთან ერთად. ამ ფართომასშტაბიანმა პროექტებმა უდიდესი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. გარეშე ზესახელმწიფოებმა, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-მა, გადაწყვიტეს სერიოზულად ჩართულიყვნენ კასპიური ნავთობის პოლიტიკაში. თურქეთმა და ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა ასევე აქტიურად დაიწყეს რეგიონის ქვეყნების დახმარება მათი ეკონომიკური პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.
ეკონომიკური საკითხების განხილვის გარდა, უცხოური სახელმწიფოები დაინტერესდნენ აგრეთვე სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებითაც - რეგიონში არსებული რუსული გავლენიდან დაწყებული, ტერორიზმის აღკვეთისა და სხვა შედარებით ,,რბილი” საფრთხეებით დამთავრებული. საბოლოო ჯამში, გარეშე სახელმწიფოებმა მონაწილეობა მიიღეს არამარტო ეკონომიკური მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დამხარებების პროგრამებში, არამედ სამხედრო წვრთნებსა და უსაფრთხოების შეთანხმებებშიც.9 ნატოს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PfP) პროგრამა რეგიონის ქვეყნებსა10 და დასავლურ სახელმწიფოებს (უპირატესად აშშ-სა და თურქეთს) შორის სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ერთ-ერთ დამაახლოვებელ რგოლად იქცა.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, საგარეო დახმარების ძალზე დიდი ნაწილი დაეთმო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებისა და პოლტიკის ფორმულირებას. თუმცა, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. საქართველომ 2000 წელს ღიად განაცხადა ნატოში გაწევრიანების,11 აზერბაიჯანმა კი საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსების სურვილი. თუმცა, რეგიონის ქვეყნებმა საკმაოდ ცოტა რამ თუ გააკეთეს თავიანთი უსაფრთხოების პოლიტიკის და სამხედრო ინფრასტრუქტურის რეფორმირების კუთხით. ამ ორი ქვეყნის ჯარებში მდგომარეობა კვლავაც ძალიან შორს დგას ნატოს სტანდარტებისაგან.
მეორეს მხრივ, აზერბაიჯანი და საქართველო გამოეყვნენ ტაშკენტის ხელშეკრულებას კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც 1992 წლის მაისში დსთ-ის ქვეყნებმა მოაწერეს ხელი. ამგვარად, მათ მოახდინეს თავიანთი გადაწყვეტილების დემონსტრირება, წინ აღდგომოდნენ რუსეთის გავლენას სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყნისათვის მაინც დამახასიათებელია გარკვეული ბუნდოვანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში
რუსეთი ყველაზე აქტიურად ფიგურირებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების გათვლებში. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ დასავლეთის ქვეყნებთან პოლიტიკური და სამხედრო გარიგეგბებითა თუ სამხედრო-პოლიტიკური კავშირებით რუსეთი გავლენის დაბალანსებას, სომხეთი მოსკოვს უმთავრეს მოკავშირედ მიიჩნევს.
სამხრე კავკასიის მიმართ რუსეთის პოზიცია დსთ-ის ფარგლებში უფრო მასშტაბური უსაფრთხოების საკითხებიდან მომდინარეობს, იმ აღქმული საფრთხის ჩათვლით, რომ რუსეთის პერიფერიებში არსებული კონფლიქტები თვით რუსეთის ტერიტორიაზე შეიძლება გავრცელდეს: სეპარატისტულმა მოძრაობებმა, შესაძლოა, მაგალითი მისცეს რუსეთის უმცირესობებს და ამდენად, საფრთხე შეუქმნას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ მთლიანობას. მეტიც, რუსეთი შეშფოთებულია მის პერიფიერიებში მიმდინარე კონფლიქტებში უცხო ძალების ჩარევის შესაძლებლობით, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ინტერესებს, დსთ-ის ფარგლებში ცალკეული იმგვარი კავშირების ჩამოყალიბებით, რომლებიც იმთავითვე გამორიცხავენ რუსეთის მონაწილეობას.12
რუსეთი ცდილობდა რეაგირება მოეხდინა ამ საფთხეებსა და გამოწვევებზე დსთ-ის ფარგლებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, ცენტრიდანული ტენდენციების დათესვის გზით, რაც გამოიხატებოდა ეთნიკური კონფლიქტებითა და ეკონომიკური სირთულეებით მანიპულირებაში. ასე მაგალითად, რუსი სამხედროები, რუსეთის ხელისუფლების ფორმალური თანხმობითა თუ თანხმობის გარეშე, დაეხმარნენ აფხაზ სეპარატისტებს ქართული ძალების დამარცხებაში 1993 წელს. მას შემდეგ, მოსკოვი ცდილობდა აფხაზეთის საკითხი თბილისზე ზეწოლისათვის გამოეყენბინა.13 საბოლოო ჯამში, რუსი პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავათ რუსეთის უსაფთხოებისათვის. თუმცაღა, მეთოდები, რომლითაც რუსეთმა ამ ქვეყნებთან დაახლოებას მიაღწია, საკამოდ ბუდნოვანია. რუსული პოლიტიკა კავკასიურ კონფლიქტებში ჩარევის გზით რეგიონში გავლენის შენარჩუნებას გულისხმობდა.14
მივიდნენ რა იმ დასკვნამდე, რომ ეთნიკური კონფლიქტებითა და სეპარატისტული მოძრაობებით მანიპულირების სტრატეგია ბუმერანგივით დაუბრუნდათ ჩეჩნეთში, რუსმა პოლიტიკოსებმა უფრო პრაგმატული მიდგომა ჩამოაყალიბეს: მათ დაიწყეს რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკის კავშირების პრიორიტეტიზაცია დსთ-ის გარკვეული ძირითადი ღერძების გარშემო.15 სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი მოკავშირე სომხეთი გახდა. სამაგიეროდ, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველო და აზერბაიჯანი თანდათანობით შორდებიან მოსკოვს და იღვწიაინ აშშ-თან და ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ. რეგიონული განლაგების ამგვარმა სქემამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების უმრავლესობის ხასიათი.
რუსეთის შიში განსაკუთრებით გამძაფრდა 90-იანი წლების მეორე ნახევარში წარმოქმნილი რიგი ფაქტორების გამო: დასავლეთი აქტიურად ჩაერთო კასპიის ზღვის ენერგორესურსების ექსპლოატაციისა და ტრანსპორტირების პროექტებში; 1997 წელს შეიქმნა სუამ-ი, ხოლო 1999 წელს იგი გაფართოვდა;16 1999 წელს ჩეჩნეთში განახლდა სამხედრო მოქმედებები.
ჩეჩნეთის კონფლიქტმა, თავის სამხრეთელ მეზობლებთან ურთიერთობების თვალსაზრისით, რუსეთს ერთგვარი გამოცდა ჩაუტარა. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა 2000 წლის დასაწყისიდან პუტინის ხელისუფლებასთან გამოძებნა თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გზები, საქართველო რუსეთის მთავარ საფრთხედ მოიაზრებოდა - უპირველეს ყოვლისა კი იმის გამო, რომ პანკისის ხეობა ჩეჩენი ბოევიკებისა და მათ მხარსდასაჭერად ჩამოსული საერთაშორისო ტერორისტების სატრანზიტო გზად მიიჩნეოდა. რუსეთმა არაერთგზის სცადა, საქართველოს ხელისუფლება ტერორიზმის მხარდამჭერთა როლში გამოეყვანა. ეს შიში, ნაწილობრივ, 2001 წლის ოქტომბერში და მოგვიანებით პანკისისა და კოდორის ხეობებში (რომელსაც ფორმალურად საქართველო აკონტროლებს) ჩეჩენი პარტიზანებისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების გამოჩენით იყო განპირობებული.
თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა უფრო იმით იყო მოტივირებული, რომ საქართველო რუსეთის პოლიტიკის ორბიტაში დაბრუნებულიყო, რაც 1991 წლის შემდეგ განსხვავებული დონის წარმატებებით მაინც ხორციელდებოდა.17 საქართველოში რუსეთის ამგავრი სურვილი აღიქმებოდა როგორც ,,იმპერიალისტური” ამბიციები პოსტ-საბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. როგორც 1997 წელს გაკეთებულმა კვლევამ უჩვენა, ტერიტორიების დე-ფაქტო გამოყოფა (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) და რუსი სამხედროების საქართველოში ყოფნა ყველა ქართველი უსაფრთხოების სპეციალისტის ყურადღების ცენტრში იყო.18 ეს, შესაძლოა, იყოს კიდეც იმის მიზეზი, რომ 1997 წლიდან დაწყებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ცოტა რამ თუ გაუმჯობესდა.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ რუსეთთან ურთიერთობები ეროვნული უსაფრთხოების და ამდენად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება. ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ რუსეთის გამოწვევასთან გამკლავებას, პირველ რიგში აშშ-ის მხარდაჭერით, რაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არაერთხელ გამოჩნდა პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.19
რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში
რეგიონული ინსტიტუციური შეთანხმებების არარსებობამ, რომელიც ხელს შეუწყობდა უსაფრთხოების შესაბამისი ფორმების შექმნას, გამოიწვია ის, რომ უსაფრთხოების საფრთხეები ძალთა ბალანსის პოლიტიკის ჭრილში განხილულიყო.20 თუმცა, იმის გამო, რომ არსებული ძალთა ბალანსი რეგიონის ყველა ქვეყანას ჩიხში აყენებს, გაჩნდა მოსაზრებები სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შესაძლო ინსტიტუციური მოწყობის თაობაზე. ვიდრე განვიხილავდეთ რომელიმე შესაძლო მოდელს (კავკასიის სტაბილურობის პაქტი,21 მშვიდობიანი კავკასია,22 თუ სხვ.), გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ მოდელი უნდა ასახავდეს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც გადამწყვეტ გავლენას იქონიებს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნის ნებისმიერ მცდელობაზე: პირველ რიგში, რეგიონისა თუ გარეშე სახელმწიფოების (აშშ, რუსეთი, ირანი, თურქეთი) როლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოებისათვის. გარეშე ძალთა ჩარევა რეგიონული უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობისათვის, შესაძლოა, ერთსა და იმავე დროს, კონსტრუქციულიც იყოს და დესტრუქციულიც.
მეორე, ჯერ კიდევ არსებობს სისხლისღვრის ,,მბჟუტავი” ზონები - ე.წ. ,,გაყინული კონფლიქტები”, რაც რეგიონული განვითარებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამ მბჟუტავი კონფლიქტების ეფექტი, შესაძლოა, გაურკვეველი ან ,,სადაო” საზღვრების გამო გაძლიერდეს.23
მესამე, უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის პერსპექტივების განხლივისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროცესმა სამივე ქვეყანა უნდა მოიცვას. სადღეისოდ, სომხეთი ვირტუალურად მიმდინარე თანამშრომლობის ჩარჩოს მიღმა დგას არამრტო უსაფრთხოების, არამედ კასპიის ენერგორესურსების საკითხებშიც. ერთის მხრივ, აზერბაიჯანი და საქართველო უფრო ახლო კავშირებს ამყარებენ თურქეთსა და ნატოსთან, რისი მტკიცებულებაც გახლავთ საქართველოში 200 ამერკიელი ჯარისკაცის ჩამოსვლა ტერორიზმთან ბრძოლის ქვეტექსტით. მეორეს მხრივ, სომხეთმა ინტენსიური სამხედრო-პოლიტიკური კავშირები განავითარა თავის მთავარ მოკავშირე რუსეთთან.24 საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნა და საუბარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბაქოს მახლობლად ნატოს ბაზების განლაგების თაობაზე,25 უკიდურეს კონტრასტში იმყოფება მოსკოვის მიმართ სომხეთის ლოიალურ დამოკიდებულებასთან. ამგვარი გადაჯგუფების კონტრასტული ელემენტები სერიოზულად აფერხებს სამ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში კონსენსუსის მიღწევას. შედეგად, აზერბაიჯანს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ნავთობის პოტენციალი რეგიონული სტატუს ქვოს თავის სასარგებლოდ შემოსაბრნებლად. ამის საპირისპიროდ კი, სომხეთის თანამშრომლობის ჩარჩოებიდან გარიყვამ, შესაძლოა, ერევანს მიაღებინოს მკვეთრი ზომები, რათა თავიდან აიცილოს ძალთა ბალანსში მისთვის არასასურველი ცვლილებები.
სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის შენელებული ტემპები გახლავთ. ამ ქვეყნებს საკმაოდ რთული პრობლემები აქვთ შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მათ მემკვიდრეობით ერგოთ მთელი რიგი სისუსტეებისა, რაც მომდინარეობს მრავალეთნიკურობიდან და მათ მოსახლეობაში არსებული არასაკმარისი სოციალურ-ეკონომიკური შეკავშირებულობისაგან.26
უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის კიდევ ერთი პრობლემა გახლავთ შეიარაღებულ ფორმირებათა დიდი რაოდენობა, რომელთა გარკვეული ნაწილი არ ექვემდებარება რომელიმე საერთაშორისოდ აღიარებული ორგანოს კონტროლს.27 როგორც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მაგალითებმა გვიჩვენა, ამგვარი არაკონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებები საკმაოდ დიდ სირთულეებს შეუქმნიან ცენტრალურ ხელისუფლებებს. ამდენად, თუნდაც იქნას მიღწეულ კონსენსუსი სამ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, მაინც რჩება არაკონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებების ნეიტრალიზების პრობლემა, რომლებიც, შესაძლოა, გარეშე ძალთა მარჯვე მანიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ.
მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმა უნდა ითვალისწინებდეს ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში განვითრებულ პროცესებს. სწორედ ჩეჩნეთში გაწელილი კონფლიქტისა და ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო ნაწილების ,,მყარად” ყოფნის გამო, აღნიშნული რეგიონი, სამხრეთ კავკასიასთან ერთად, ცალკე რეგიონული უსაფრთხოების კომპლექსის ნაწილად იქცა.28
საქართველოს რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკა
ნესბისმიერი სახის რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნისას საქართველოს შემდეგი მიზნები გააჩნია:
● ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება;
● ახალ საკითხებთან გამკლავება, როგორიცაა ტერორიზმი, ნარკოტიკები და ტრეფიკინგი, ორგანიზებული დანაშაული;
● სტაბილურობა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის;
● სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული ფასეულობების განვითარება და შენარჩუნება;
● რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და რეგიონული უსაფრთხოების გაერთიანების ფორმირება.29
საქართველოს რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება ძირითად მოსაზრებებს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის დაბალანსების შესახებ. ამ მოსაზრებების ძირითადი მიზეზები მოყვანილია გამოჩენილი ქართველი ანალიტიკოსის, ალექსანდრე რონდელის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში: ,,ამჟამად და უახლოეს მომავალში, რუსეთს არა აქვს და არ ექნება არც საკმარისი რესურსები და არც სურვილი, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს საქართველოსთან მიმართებაში, ანუ ხელი შეუწყოს მას ფეხზე მყარად დადგომასა და ახალი ეკონომიკის მქონე თანამედროვე სახელმწიფოს აშენებაში. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის მიზანი სამხრეთ კავკასიაში დარჩენაა. ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ საქართველო რუსეთის სატელიტად არ იქცევა.”30
საქართველოსა და სომხეთში სამხედრო ბაზების არსებობა განხილულია, როგორც საქართველოს უსაფრთხოების მიმართ პრინციპული გამოწვევა.31 საქართველო მოითხოვდა სამწლიან პერიოდს ბათუმიდან და ეთნიკური სომხებით მჭიდროდ დასახლებული ახალქალაქიდან რუსული ბაზების გასაყვანად. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კი ბაზების გასაყვანად 11 წელს მოითხოვდა. ამერიკელები მოკრძალებულ ზეწოლას ახდენდნენ რუს ლიდერებზე ბაზების გაყვანის განრიგის შესამცირებლად. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ ასევე მოუწოდა რუსეთს, პატივი ეცა რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ 1999 წლის ეუთო-ს სტამბულის სამიტზე მიღებული ხელშეკრულებისათვის.32
ქართული გაგებით, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ორ მთავარ საკითხთან - შიდა სტაბილურობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. რუსეთის სამხედრო ყოფნა მნიშვნელოვნად აბრკოლებს ორივე მიზნის მიღწევას. ბათუმსა და ახალქალაქში რუსი სამხედროების ყოფნა აღიქმება როგორც სერიოზული ფაქტორი, რომელიც ყველა პოტენციური განხეთქილების საფრთხის უკან დგას აჭარასა და სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში. მეტიც, რუსი სამშვიდობოების აფხაზეთში ყოფნა ხშირად გაიგივებულია აფხაზეთის უღიარებელი რესპუბლიკის საზღვრების დაცვის მისიასთან.
1997 წელს, ყოფილი საბჭოთა კავშირის 5 ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) უსაფრთხოების პრობლემებისა და პრიორიტეტების შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტთა მიერ გაკეთებულმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ გარე საფრთხეები ნაკლებად მნიშვნელოვნად ან ნაკლებად სავარაუდოდ განიხილებოდა, ვიდრე შიდა საფრთხეები (პატარა ქვეყნებს, პირველ რიგში კი საქართველოს, უფრო მეტად რუსეთის მიერ შიდა დანაყოფებით მანიპულირება და ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების პოტენციალი აღელვებთ).33
საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა საფრთხე ეროვნული ეკონომიკის მზარდი დაცემა გახლავთ - ეკონომიკური იზოლაციის საფრთხე, რაც საქართველოს რუსეთთან პირპისპირ მასზე დამოკიდებული ქვეყნის მეტად სუსტ პოზიციაზე დააყენებდა.34 საქართველოში, თითქმის ყოველთვის, ერთ-ერთი უმწვავესი განხილვის საგანს ენერგეტიკული უსაფრთხოება წარმოადგენდა. საქართველოსათვის ენერგორესურსების დივერსიფიცირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ, რაც აღნიშნულ სექტორში რუსეთის დომინირების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. რუსეთის ელექტროენერგიის გრანდი, РАО УЕС-ი, რომლის საკონტროლო პაკეტი მთავრობას ეკუთვნის, კავკასიაში მყარად იკიდებს ფეხს და საქართველოსა და სომხეთში ენერგეტიკის სფეროში საკმაოდ დიდ წილს ეუფლება.35 რუსულმა გაზპრომმაც დიდი წილი მოიპოვა საქართველოს გაზმომარაგების სექტორში.36 სამხრეთ კავკასიის ენერგობაზრებზე რუსული ინტერვენცია საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას საგანგაშო მდგომარეობაში აყენებს - ენერგოსექტორში რუსეთის დომინირება საქართველოზე პოლიტიკური ბერკეტების საკმაოდ ძლიერ ინსტრუმენტად მიიჩნევა.37
ამ მოსაზრებებსა და საფრთხეების აღქმაზე დაყრდნობით, საქართველოს ხედვა რეგიონის განვითარების თაობაზე სამ ძირითად პრინციპში შეიძლება გაერთიანდეს:
● ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა უნდა შენარჩუნდეს;
● კონფლიქტების რეგულირება კოლექტიური ძლიასხმევით უნდა მოხდეს;
● გარეშე ძალებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას.38
თუმცა, ამ პრიორიტეტთაგან არცერთი არ განხორციელებულა. პირველი - ტერიტორიული მთლიანობა სამიდან ორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი და საქართველო) დარღვეულია. მეორე - საქართველოში კონფლიქტის მოგვარების სამხედრო კომპონენტი კვლავე ერთი ქვეყნის - რუსეთის ხელში რჩება.39 მესამე - სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ჯერ-ჯერობით განუხორციელებელ ოცნებად რჩება.
ფაქტობრივად, დსთ-ში სუბრეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის პარადოქსი გახლავთ ის, რომ რაც უფრო დიდია ან უფრო სერიოზულია რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები ქვეყნების ჯგუფისათვის, მით უფრო ნაკლებად მოსალოდნელია მათი გაერთიანება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში სათანამშრომლოდ.40
ქართველმა პოლიტიკოსებმა კარგად უნდა გაითავისონ, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ეროვნული სამხედრო განვითარებისათვის საჭირო რესურსები საკმაოდ მწირია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა საქართველოს უზარმაზარი ფინანსური დახმარება გაუწია სამხედრო და უსაფრთხოების მიზნების განსახორციელებლად,41 წარმოუდგენელია დასავლური საერთაშორისო საზოგადოება გიწევდეს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას ისეთ დარგში, რომელიც დამოუკიდებლად გადაწყვეტდა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს.
მაშინ, როდესაც საერთაშორისო უსაფრთხოების საკონსულტაციო საბჭო თვალყურს ადევნებს უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის პროცესს, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ტრადიციული გაგებით უსაფრთხოების კონცეფცია არ გააჩნია. ყოვლისმომცველი და გასაგები უსაფრთხოების კონცეფცია მნიშვნელვნად გააიოლებდა რეფორმის გატარებას ნატოს სტანდარტებთან მისაახლოვებლად.42
ქრთველმა პოლიტიკოსებმა კარგად უნდა გაითავისონ, რომ უახლოეს მომავალში ვერცერთი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია შეძლებს ჰეგემონური ძალაუფლების გამოყენებას სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უსაფრთხოების რეჟიმის ცალმხრივად შესაქმნელად. ამ პირობებში, რეგიონის სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა (რუსეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მონაწილეობით) და ასევე რეგიონის თანამშრომლობა ნატოსთან და ეუთო-სთან, იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა ეფექტიანი რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად. თუმცა, სამხრეთ კავკასიაში ბალანსებისა და კონტრბალანსების მეტად რთულ სისტემაში ამგვარი იდეალური გადაწყვეტილება არარეალისტურია და პოლიტკოსები იძულებლნი არიან რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად უფრო ჩვეულებრივი და რეალობასთან ახლო მდგომი გადაწყვეტილება მოძებნონ.
როგორ არის წარმოდგენილი რეგიონული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების ქართულ გაგებაში? ქართველი ანალიტიკოსებისათვის კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოება ნიშნავს სამართლიანი და მშვიდობიანი წესრიგის მისაღწევად განხორციელებული ცვლილებების წარმატებით მართვას.43 ეს წესრიგი მიღწეულ უნდა იქნას ან სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობით, ან თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრით, რაც გარეშე მონაწილეების (ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების) ჩართვასაც გულისხმობს.
საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურებში საქართველოს პოზიცია მეტად ბუნდოვანია დსთ-ში მისი ყოფნის გამო, განსაკუთრებით, როცა საუბარი მის ნატოში გაწევრიანებას ეხება.44 საქართველოს მიერ უსაფრთხოების გარანტიების ძიება გულისხმობდა არა მარტო დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების წევრობას 1992-1999 წლებში, არამედ სუუამ-ისა და ბისეკ-ის (BSEC) წევრობასაც.45 სუუამი 1997 წელს შეიქმნა, როგორც რუსეთის კონტრბალანსი და ყოველთვის განიხილებოდა აშშ-ის ინტერესების გამტარებლად ყოფილ საბჭოთა კავშირში. თუმცაღა, მოსაზრება, რომ ნატო დიდ პრიორიტეტს მიანიჭებდა სუუამ-ს, როგორც ორი ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი ქმედებების მექანიზმს, მხოლოდ ოცნებად რჩება.46
მეორეს მხრივ, ბისეკი შეიქმნა რეგიონული სტაბილურობის განსამტკიცებლად, ძირითადად რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გზით. თუმცა, ამგვარი მიდგომა უსაფრთხოების საკითხების მიმართ, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ გარემოში, მეტისმეტად ფართო და არაფექტურია. მეტიც, ბოლო დროს სუუამ-იცა და ბისეკიც ჩრდილში მოექცნენ, რადგან მათ, არსებობის მანძილზე, მხოლოდ მცირედის განხორციელება მოახერხეს.
რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების განსხვავებული ვარიანტი - თურქეთთან ან აშშ-თან ხიდების გადება, ის ალტერნატივაა, რომელსაც საქართველო (აზერბაიჯანთან ერთად) ცდილობს გამოიყენოს თავისი ეროვნული უსაფრთხოების სასარგებლოდ. თუმცა, რეგიონული უსაფრთხოების პრიზმაში, აღნიშნულ ქვეყნებთან მოკავშირეობა, შესაძლოა, არაპროდუქტიულიც კი იყოს, რადგან სომხეთი თურქეთს უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევს და ანკარას დასაბალანსებლად მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირების ძიებაშია.
ერთადერთი ალტერნატივა ქართველი პოლიტიკოსებისათვის გახლავთ რეგიონული უსაფრთხოების გასაღების ძიება ნატოს სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით. სავსებით ნათელია, რომ ნატოსთან პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე დსთ-ის არარუსულ (მათ შორის სამხრეთ კავკასიის) ქვეყნებთან ერთად ერთობლივი სამხედრო აქტივებისა და თავდაცვის პროგრამების შექმნა.47 2000 წელს ნატოს ერთობლივ წვრთნებში სომხეთის ჩართვა იძლევა გარკვეულ იმედს, რომ ნატო სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისათვის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ერთგვარ ინსტრუმენტად იქცა.
დასკვნა
გაურკვეველი რჩება, თუ უსაფრთხოების რა სახის შეთანხმებებს მიეცემა უპირატესობა სამხრეთ კავკასიაში და საერთოდ რაზე იქნება ეს შეთანხმებები დამყარებული. გადამწყვეტი კითხვაა, თუ ვინ გაუწევს რეგიონის ქვეყნებს დახმარებას ახალი გამოწვევების საპასუხოდ.48 სამხრეთ კავკასიის საკითხებში რეგიონის ძლიერი და გარეშე ზესახელმწიფოების ჩართვის პირობებში, რეგიონული უსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, უპირველეს ყოვლისა კი ნატოსა და ეუთოს.
სადაო საკითხია, იქნება თუ არა საქართველოში 2003 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის საკითხში ახალი ეტაპის დასაწყისი. ზემოაღნიშნული პირობებისა და გარემოებების კონტექსტში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს დასავლეთზე ორიენტირებული ახლადარჩეული ხელისუფლება მოახერხებს რუსეთისაგან დისტანცირებისა და დასავლეთთან დაახლოების პროცესის შეშეჩერებას და ამისათვის ცვალებადი ძალთა ბალანსის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს საქართველოს სასარგებლოდ. ნაკლებად სავარაუდო და მოსალოდნელია, რომ ახალი ქართული ხელმძღვანელობა, თავისი გამოკვეთილი პროდასავლური რიტორიკით, მხარს დაუჭერს კოოპერაციული რეგიონული უსაფრთხოების სისტემის უფრო დაბალანსებულ, თუმცაღა ნაკლებად მიმზიდველ მოდელს.
____________________
1. Buzan, Barry. People, States and Fear, 2nd ed. (Colorado: Lynne Rinner, 1991), p. 90. aRniSnul sakiTxze aseve ix.: Vladimir Benevolenski and Andrei Kortunov, ,,Ethnics, Integration and Disintegration: A Russian Perspective,” Ethnic and International Affairs, Vol 7 (1993), pp. 105-112; Bruno Coppieters, ,,Conclusions: The Caucasus as a Security Complex,” Contested Borders in the Caucasus (Brussels: VUB University Press, 1995), pp. 251-266
2. პოლიტიკურ სუბკლუტურაში მე ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებულ გარკვეული სახის მმართველობას, რომელიც ძირითადად ხასიათდება ნაცნობობით, კორუფციით და სუსტი სახელმწიფოს სხვა ატრიბუტებით.
3. ჯონათან ეივზი სამხრეთ კავკასიაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების სამ ძირითად ფაზას გამოყოფს: (1) დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, (2) ხელისუფლებაში ნაციონალისტური პარტიების მოსვლა, (3) რეჟიმის კონსოლიდაცია. იხ.: Aves, J., ,,The Caucasian States: the Regional Security Complex,” in Allison, R., Bluth, C. (eds.), Security Dilemmas in Russia and Eurasia (London, RIIA, 1998), p. 175
4. Rondeli, A., ,,The Forces of Fragmentation in the Caucasus,” Insight Turkey, Vol. 2, No.3 (July-September 2000), p. 75
5. Allison, R., ,,Subregional cooperation and Security in the CIS,” in Dwan, R., Pavliuk, O. (eds.), Building Security in the New States of Eurasia, EastWest Institute (New York: M. E. Sharpe, 2003), p. 149; Aves, J., ,,The Caucasian States…,” p. 175.
6. Rondeli, A., ?The Nature of the Security Problematique in the CIS“, in MacFarlane S. N., Thranert, O. (eds.), Balancing Hegemony: The OSCE in the CIS (Center for International Relations at Queen's University, 1997), p. 19.
7. Allison, R., ,,Subregional cooperation…” p. 149.
8. ამის შესახებ იხ.: Coppieters, B., ,,A Regional Security System for the Caucasus,” Caucasian Regional Studies, vol. 5, issue 1-2, 2000.
9. ბოლო წლებში სამხედრო დახმარება მოიიცავდა ამერიკულ ,,წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამას, რომელიც გათვალისწინებული იყო სპეციალური საბრძოლო დანაყოფებისა და ქვეითი ჯარის მოსამზადებლად. 2004 წლის იანვარში ამერიკელები დათანხმდნენ გაერგრძელებინათ ეს პროგრამა და გაეწვრთნათ ქართული საზღვაო ფლოტი, ჯავშან-ტექნიკისა და სამხედრო ავიაციის ნაწილები.
10. აზერბაიჯანი და საქართველო 1994 წლიდან, პარტნიორობა მშვიდობისათვის პრგრამის დაწყების დღიდანვე, მისი აქტიური წევრები იყვნენ და ესწრებდონენ პროგრამით გათვალისწინებულ წვრთნებსა და სხვა სახის ღონისძიებებს. სომხეთი აღნიშნულ პრგრამაში 2000 წლიდან გააქტიურდა.
11. პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო ,,ნატოს კარებს მიუკაკუნებდა” 2005 წლისათვის. სააგენტო როიტერი, 10 აპრილი, 2000 წ..
12. Light, M., ,,Russia and Transcaucasia,” in Wright, I. R., Goldenberg, S., Schofield, R. (eds.), Transcaucasian Boundaries (London: UCL Press, 1996), p.47.
13. Trenin, D., The End of Eurasia: Russia on the Border between Geopolitics and Globalization (Washington D.C.: Carnegie Endowment for International Peace, 2002), p. 182.
14. საქართველოს შესახებ იხ.: Арбатов, А., Безопасность: Российский Выбор, (Москва: Епицентр, 1999), ст. 163. აზერბაიჯანის შესახებ არბატოვი წერს: ,,ყარაბაღის უსაფრთხოება და მოსკოვის ჩარევა ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგავრებაში, უზრუნველყოფს მოსკოვის გავლენას როგორც აზერბაიჯანზე, ისე კასპიის რეგიონის ნავთობის საკითხებზე”. იქვე, ст. 167. როგორც მარგო ლაითმა იწინასწარმეტყველა 1996 წელს, ,,მოსკოვი, სავარაუდოდ, კვლავ იქნება როგორც პრობლემების შემქმნელი, ისე მშვიდობისმყოფელი სამხრეთ კავკასიაში”. იხ.: Light, M., „Russia and Transcaucasia“, p. 53.
15. Allison, R., ,,Subregional Cooperation and Security…”, p. 152.
16. თავიდან სუამ-ი შექმნეს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ. 1999 წლის აპრილში ალიანს უზბეკეთიც შეუერთდა და მისი სახელწოდება სუუამ-ად გადაკეთდა.
17. Рондели, А., ,,Россия и Грузия: Ассиметричное Соседство”, Rumer, B. (ed), Центральная Азия и Кавказ: Насущенные Проблеммы, 2003 (Almaty: East Point, 2003), ст. 103.
18. Hopmann, P. T., Shenfield, S. D., Arel, D., Integration and Disintegration in the Former Soviet Union: Implications for Regional and Global Security, Occasional Paper #30 (Thomas J. Watson Institute for International Studies, 1997), p. 19.
19. ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, 1999 წლის ბოლოდან მოყოლებული, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რამდენჯერმე დაბომბეს პანკისის ხეობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები.
20. Coppieters, B., ,,A Regional Security System for the Caucasus.”
21. იხ.: Celac, S., ,,Prospects for a Stability Pact for the Caucasus: Some Preliminary Speculations,” Caucasian Regional Studies, vol. 5, issue 1-2, 2000.
22. იხ.: Radio Free Europe/Radio Liberty Caucasus Report from 25th of August, 1998 and RFE/RL Newsline, vol. 3, No. 227, 22 November 1999.
23. Joffe, G., ,,Nationalities and Borders in Transcaucasia and the North Caucasus,” in Wright, I. R., Goldenberg, S., Schofield, R. (eds.), Transcaucasian Boundaries (London: UCL Press, 1996), pp. 15-33.
24. ზოგჯერ რუსეთისა და სომხეთის ალიანსი დაკავშირებულია აშშ-ისრაელის კავშირებთან. მაგალითისათვის იხ.: Арбатов, А., Безопасность: Российский Выбор, ст. 166.
25. იხ.: Оруджев, Р., ,,Передислокация Американских Воиск”, Эхо Баку, 28 Ноября, 2003; an BBC Russian.com ,,Пентагон Приближается к России”, 10 Декабря, 2003.
26. ამის შესახებ იხ.: რევაზ გაჩეჩილაძე, ,,სახელმწიფოს მშენებლობა ამიერკავკასიაში: გეოგრაფია და ისტორია ქმედებაში”, მე-2 ბრიტანულ-ქართული გეოგრაფიული სემინარის ნაშრომები (თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის პრესა, 1996) გვ. 58-71
27. თამარ პატარაია, ,,სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება: თანამშრომლობა თუ დაპირსპირება”, ჯარი და საზოგადოება საქართველოში (თბილისი: კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი, ნოემბერი, 1999 წ.)
28. Allison, R., ,,Subregional Cooperation and Security…,” p. 171.
29. რეგიონული უსაფრთხოების თანამეგობრობა გახლავთ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა, რომელსაც გარკვეულ გარემოებებში შეუძლია ინტეგრაციის გამოწვევა. უსაფრთხოების თანამეგობრობაში პოლიტიკური ელიტებს ერთმანეთს შორის მშვიდობის შენარჩუნების იმედი აქვთ აწმყოსა და მომავალში.
30. Рондели, А., ,,Россия и Грузия:…,” ст. 103-105.
31. სომხეთში სამხედრო ბაზები ბოლო დროს გააძლიერეს. იხილე სტატია ,,ნეზავისიმაია გაზეტაში” 11 ივილისი, 2003 წ. - ,,Россия готовится противлстлять внешней угрозе в Закавказье”
32. Torbakov, I., ,,Moscow Views Military Withdrawal Issue as Litmus Test for Georgian-Russian Relations,” Eurasia Insight, 28 January 2003.
33. Hopmann, P. T., Shenfield, S. D., Arel, D., Integration and Disintegration in the Former Soviet Union, p.23.
34. იქვე., პ.24
35. Torbakov, I., ,,Russia Seeks to Use Energy Abundance to Increase Political Leverage,” Eurasia Insight, 19 November 2003.
36. Berman, I., ,,How Russia Grabbed Power in Georgia,” Washington Post, 12 September 2003.
37. იხილე სტატია ,,ნეზავისიმაია გაზეტაში” 7 აგვისტო, 2003 წ. - ,,Чубайса в Грузии не ждали”.
38. Rondeli, A., Georgia: Foreign Policy and National Security Priorities (Tbilisi: UNDP Discussion Paper Series #3, 1999).
39. დსთ-ის სამშვიდობო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მხოლოდ რუსი სამხედროებით არის დაკომპლექტებული.
40. Allison, R., ,,Subregional Cooperation and Security…”, p. 172.
41. აშშ-ის მიერ დაფინანსებული ,,წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ მის ბიუჯეტი (64 მლნ. აშშ დოლარი) ორჯერ აღემატება საქართველოს სამხედრო ბიუჯეტს. დასავლეთი სერიოზულ დახმარებას უწევს საქართველოს საზღვრის კონტროლისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
42. Larsson, R. L., ,,Georgia's Missing Security Compass”, Central Asia - Caucasus Analyst, 2 July 2003.
43. Rondeli, A., Georgia: Foreign Policy and National Security Priorities, p. 25.
44. Larsson, R. L., ,,Georgia's Missing Security Compass.”
45. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Oრგანიზატიონ ფორ Bლაცკ შეა Eცონომიც ჩოოპერატიონ).
46. Allison, R., ,,Subregional Cooperation and Security…,” p. 160.
47. იქვე, პ. 172.
48. Jonson, L., ,,The New Geopolitical Situation in the Caspian Region,” in Chufrin, G. (ed), The Security of the Caspian Sea Region (SIPRI: Oxford University Press, 2001), p. 26.
![]() |
2 რატომ დარჩა ,,კგბ” და არ შეიქმნა ქართული სპეცსამსახური? |
▲back to top |
უსაფრთხოება
ლევან ღირსიაშვილი
უკვე მრავალი წელია, რაც ქართულ სპეცსამსახურებში რეფორმების ჩატარების საკითხი დგას დღის წესრიგში. მაგრამ დღემდე „საქართელოს უჩინარი ფრონტის რაინდები” საბჭოური წესით და რიგით მოქმედებენ, რადგან ასეთი იყო ძველი ხელისუფლების და მის მესაჭის ნება და სურვილი. დღეს საქაღთველოში ახალი რეალობაა. უშიშროების მინისტრადაც ახალგაზრდა კაცი ინიშნება. იმედია, რეფორმების გატარება კვლავ და უფრო აქტიურად დადგება დღის წესრიგში. თუმცა, ამჯერად გზა უკვე გაკვალულია. ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო აღარ არის. რეფორმების კონცეფცია და გეგმა უკვე დაწერილია და ორი წელია არსებობს. მისი ავტორი - უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ბატონი დავით ბაზღაძე - თავის დროზე სწორედ იმიტომ გადადგა თანამდებობიდან, რომ ეს რეფორმები არავის აინტერესებდა და ,,მათთვის” ხელისშემშლელი იქნებოდა. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ დავით ბაზღაძესთან, რომელსაც ლევან ღირსიაშვილი უძღვება.
ბატონო დავით, თქვენ ბრძანდებით უშიშროების სამინისტროში განსახორციელებელი რეფორმების კონცეფციის მთავარი ავტორი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი 2001 წელს შეიქმნა, ქართული სპეცსამსახურები კვლავ ძველი, საბჭოური ყაიდით მოქმედებენ. როგორ ფიქრობთ, რამ შეუშალა ხელი თქვენს მიერ მომზადებული რეფორმების განხორციელებას?
ნებისმიერ სფეროში რეფორმის გატარების აუცილებელი პირობაა ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ანუ რეფორმის განხორციელებაში, პირველ რიგში, უნდა იყოს დაინტერესებული თვით ხელისუფლება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილებების არსი იყო ისეთი სპეცსამსახურის შექმნა, როგორიც არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში. დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო ინსტიტუტები (მათ შორის სპეცსამსახურები) დემოკრატიის პრინციპებზეა აგებული. ჩვენი ,,დემოკრატიის” პირობებში თუ დემოკრატიის ისეთ პრინციპს, როგორიც არის ,,ხელისუფლების დანაწილება”, ეჭვის ქვეშ არავინ აყენებდა, ,,ხელისუფლების დეცენტრალიზაციაზე” მხოლოდ ბჭობდნენ. რაც შეეხება ,,შეზღუდულ მთავრობას” (Limited Governance) და ,,საჯაროობასა და გამჭვირვალობას” (Openness and Transparency), ეს პრინციპი თითქოს მარტო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის იყო მოგონილი. არა და ამ ბოლო ორი პრინციპიდან პირველი ნიშნავს, რომ ადამიანების პირად, რელიგიურ, სამეწარმეო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ აქვს, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. მეორე კი ნიშნავს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება მიიღონ მაქსიმალური ოდენობით ინფორმაცია ხელისუფლების საქმიანობის შესახებ, რათა შეძლონ იმსჯელონ, გაიაზრონ და შეაფასონ მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სარგებელი, რისკი და ღირებულება. სპეცსამსახურების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ:
პირველი, დემოკრატიულ ქვეყნებში მათი საქმიანობის კომპეტენცია მკაცრად არის შეზღუდული კანონით; იგი არ შეიძლება ატარებდეს ტოტალურ ხასიათს; მათ არ აქვთ უფლება ,,ცხვირი ჩაყონ” მოქალაქეების საქმიანობის ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში, თუ კანონის დარღვევის ფაქტს არ აქვს ადგილი.
მეორე, სპეცსამსახურების საქმიანობაზე გარდა მკაცრი საპრეზიდენტო, საპარლამენტო, საპროკურორო კონტროლისა, არსებობს კონტროლი საზოგადოების მხრიდან. ამ ფუნქციას ასრულებს მასმედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური (მეცნიერული) წრეები. სპეცსამსახურები არიან რა დაინტერესებულნი საზოგადოების მხარდაჭერის და ნდობის მოპოვებაში, თვითონ მაქსიმალურად მიაწოდებენ სამოქალაქო სექტორს ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის ყველა ასპექტის შესახებ (გარდა იმ ინფორმაციისა, რაც კანონით საიდუმლოებას მიეკუთვნება). აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობით არ შეიძლება გასაიდუმლოებული იყოს ინფორმაცია სპეცსამსახურების სტრუქტურის, ფუნქციების (საქმიანობის მიმართულებების), ბიუჯეტის, პერსონალის საერთო რიცხოვნობის და რაც მთავარია, მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან თაღლითობის ფაქტების შესახებ.
ახლა გადავხედოთ, დემოკრატიის თვალსაზრისით, ჩვენ რა პოლიტიკური რეჟიმის ანუ რა სახელმწიფო მმართველობის სისტემის პირობებში ვცხოვრობდით დღემდე. მსოფლიოში არსებულ დამოუკიდებელ 200-მდე ქვეყანაში, უხეშად რომ ვთქვათ, სულ რამდენიმე ტიპის რეჟიმი არსებობს. დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში არსებულ რეჟიმებს, მოვიშველიებ ლარი დაიმონდის (დემოკრატიული კვლევის საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთი დირექტორი და უვერის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი) დეფინიციებს, ,,ლიბერალური დემოკრატია” ეწოდება. ამ რეჟიმებს, ჩემი აზრით, დახასიათება არ სჭირდება. თავისუფლების სახლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 117 ქვეყანა თავის მთავრობას მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ირჩევს, რომელშიც მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ, ხოლო მმართველი პარტია დამარცხების სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ეს არის მინიმალური ნორმა იმისა, რასაც ლ. დაიმონდი ,,არჩევით დემოკრატიას” უწოდებს. და არსებობს კიდევ 70 ქვეყანამდე, რომლებიც ,,არჩევითი დემოკრატიის” მინიმალური ზღვრის დაბლა იმყოფებიან. ამ ქვეყნებში არსებული რეჟიმები ორ კატეგორიად იყოფა: ,,ფსევდოდემოკრატიული” და ავტორიტარული.
,,ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის” ქვეყნებში სახეზეა ლეგალური პოლიტიკური ოპოზიცია, მრავალპარტიული არჩევნები და ზოგჯერ არჩევითი დემოკრატიის სხვა მნიშვნელოვანი ელემენებიც კი, მაგრამ მათ ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი აკლიათ: პირობები სამართლიანი კონკურენციისთვის, რაც მმართველი პარტიის პოლიტიკური სადავეებიდან ჩამოცილების შანსს არ იძლევა.
ავტორიტარული რეჟიმის პირობებში კი კონკურენტული, მრავალპარტიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსიც კი არ არსებობს. ასეთი რეჟიმის პირობებში ხელისუფლების წყარო ხალხი კი არა თავად ხელისუფალია. მისი ძალაუფლება არაფრით არ არის შეზღუდული, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა კი რეალურად ნულს უდრის.
ახლა კი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა რეჟიმი არსებობდა საქართველოში დღემდე. ჩემი აზრით, ის ,,ფსევდოდემოკრატიისა” და ავტორიტარიზმის რაღაც ჰიბრიდს წარმოადგენდა. ამ რეჟიმის პირობებში სახელმწიფო ინტერესები ხელისუფალის და მმართველი ბიუროკრატიის ინტერსებთან არის გაიგივებული და სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი დანიშნულება რეჟიმის გამყარება და მმართველების ინტერესების დაცვაა. შესაბამისად სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებად ისეთი ხალხი ინიშნება, ვისაც კარგად ესმის რას მოითხოვს მისგან ხელისუფალი. აბსოლუტური ერთგულების სანაცვლოდ ასეთ ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში კერძო ინტერესების შესაბამისად მოქმედების თავისუფლება და დაუსჯელობის გარანტია ებოძებათ.
იგივე პრინციპი მოქმედებს ადმინისტრაციული კიბის ყველა საფეხურზე, ზევიდან ქვევით. შედეგად ვღებულობთ ხელისუფლების ერთგული ჩინოვნიკების მიერ პრივატიზებულ სახელმწიფო უწყებებს, რომლებშიც სახელმწიფო ფუნქციების აღსრულება კომერციის ობიექტი, კორუფციის წყარო და ეფექტური ინსტრუმენტი გახლავთ. ამ პრობლემის ბრწყინვალე ანალიზი აქვს გაკეთებული ბატონ ნიკო მელიქაძეს - სტრატეგიული გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს თავის სტატიების სერიაში, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ ,,24 საათში”.
თქვენ დროებით მაინც იყავით იმ სისტემის წევრი და როგორც ვიცით სწორედ იმიტომ დატოვეთ ის, რომ არ გახდით მმართველი კლანის მიმართ ლოიალური.
როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს?
დიახ, 2001 წელს, როდესაც ვალერი ხაბურძანია უშიშროების მინისტრად ინიშნებოდა, მან შემომთავაზა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნება, რომელ თანამდებობიდანაც მე 1995 წელს გადავდექი. მე ვალერის 1992 წლიდან ვიცნობდი, როდესაც ის უშიშროების სამინისტროში პირველად დაინიშნა იურიდიულ განყოფილებაში, მაშინ ის ახალგაზრდა, დამწყები იურისტი იყო, საკმაოდ განათლებული, ზრდილობიანი, შრომისმოყვარე კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მერე ის ნუგზარ საჯაიას დროინდელ უშიშროების საბჭოში მუშაობდა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის საპარლამენტო მდივანიც იყო.
მე მას ვკითხე, თუ რატომ დათანხმდა უშიშროების მინისტრობაზე, მან მიპასუხა, რომ შევარდნაძემ დაავალა მას უშიშროების სამინისტროს ნამდვილ სპეცსამსახურად გარდაქმნა. მე მას ვურჩიე, რომ არ უნდა დათანხმებოდა, რადგანაც უშიშროება უკვე დიდი ხანია რაც გარდაიცვალა და მისი რეანიმაციის ყველა მცდელობა აზრს მოკლებულია. მას პატიოსანი დაკრძალვის მეტი არაფერი არ სჭირდება. რაც შეეხება სპეცსამსახურს, ის ხელახლა არის შესაქმნელი. ამის მერე მე წარვუდგინე ჩემი ხედვა და მოსაზრებები, თუ როგორი უნდა უყოს საქართველოს სპეცსამსახური და რა არის საჭირო მის შესაქმნელად.
მან მიპასუხა, რომ ყველაფერში მეთანხმებოდა და სწორედ ამის გაკეთება სურდა. შენ კი მეთანხმები, მაგრამ იმ კაცს (პრეზიდენტს) თუ უნდა მეთქი? არ ვიციო, იმიტომ რომ ასეთი დეტალური საუბარი არ გვქონიაო. წადი მაშინ და ჯერ იმ კაცს შეეკითხე-მეთქი. და უკვე მეორე შეხვედრაზე მითხრა, რომ შევარდნაძე ყველანაირ ხელშეწყობას დამპირდაო.
ამის მერე კი უკვე შევარდნაძესთან შედგა შეხვედრა, მაგრამ ის შეხვედრა ხანგრძლივი და კონკრეტული სამწუხაროდ არც მაშინ გამოვიდა. მან სპეცსამსახურებზე ჯერ თავისი ხედვა გაგვიზიარა. მითხრა, რომ მიმდინარეობდა საინტერესო პროცესები ახალგაზრდობაში, ინტელიგენციაში, ჯარში, რომელთა შესახებ იგი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდა. ანუ მას ახალი სპეცსამსახურიდან უნდოდა ის, რასაც ადრე ,,კაგებე” აკეთებდა. მართალია, მან ისაუბრა აფხაზეთის, შიდა ქართლის და სხვა პრობლემის ირგვლივაც და გამოთქვა სინანული, რომ ნორმალური სპეცსამსახური ქვყანაში ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა. მერე მკითხა, თუ ,,რომელ დარგს” ვუხელმძღვანელებდი. არც ერთს მეთქი, რაც მას ძალიან გაუკვირდა. მე მოვახსენე რომ სპეცსამსახურში დაბრუნებას არ ვაპირებდი და ამიტომ შევთავაზე, რომ ჩემს მოსაზრებებს ახალ სპეცსამსახურის შექმნასთან დაკავშირებით სახლის პირობებში დავწერდი და დაახლოებით 3 თვეში წარმოვუდგენდი შესაბამის პროექტს. შევარდნაძემ მთხოვა, რომ ეს სამსახურის პირობებში გამეკეთებინა, რადგან თურმე ახალგაზრდა ხალხი მოდიოდა სამინისტროში და მათ ჩემი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ყოველდღიურად დასჭირდებოდათ ჩემი რჩევები და პრაქტიკული დახმარება. მე მაინც არ დავეთანხმე. მაშინ მან მთხოვა მოკლედ ჩამომეყალიბებინა ჩემი მოთხოვნები. მე ვთხოვე მხოლოდ იმის დასტური, რომ პრეზიდენტი მხარს დაგვიჭერდა არაორდინალური და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისას საორგანიზაციო, საკადრო და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტისას. მან სიტყვა მომცა, რომ ყველაფერში გვერდით დამიდგებოდა. როდესაც დოკუმენტები მზად გექნება, მოდი და დილამდე ვიმუშაოთ შენს წინადადებებზეო. მოკლედ რომ ვთქვა, ასე ,,ტკბილად და ოსტატურად” დამითანხმა.
ხაბურძანიასთან კი შევთანხმდით, რომ მე მხოლოდ რეფორმის კონცეფციაზე ანუ ახალი სპეცსამსახურის ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიული ბაზის შექმნაზე ვიმუშავებდი, ის კი ,,გარდაცვალებულის დაკრძალვას” მიხედავდა. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ ერთად ვიმსჯელებდით, მე ჩემს პოზიციას დავასაბუთებდი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მიიღებდა.
მაშ ასე, 2001 წლის 27 ნოემბერს მე უკვე მეორედ დავინიშნე უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. შევკრიბე მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელშიც ჩავრთე როგორც ძველი, გამოცდილი, ასევე შედარებით ახალგაზრდა მოაზროვნე თანამშრომლები. მე წარვუდგინე ჯგუფის წევრებს უშიშროების უწყების რეფორმირების საკუთარი წინადადებები, რომლებიც მომზადებული მქონდა ჯერ კიდევ 1992 წელს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობისათვის და აგრეთვე მოსაზრებები, რომლებიც მივაწოდე ბ-ნ ე. შევარდნაძეს 1995 წელს გადადგომის შესახებ პატაკის წარდგენის შემდგომ. თხოვნით მივმართე ჯგუფის წევრებს წარმოედგინათ საკუთარი წინადადებები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო, მათი აზრით, ქართული სპეცსამსახური. მოკლედ დაიწყო ყოველდღიური მუშაობა.
6 დეკემბერს ტელევიზიით შევიტყვე, რომ სამართალდამცავი ორგანოების და სპეციალური სამსახურების მთელი სისტემის რეფორმირების წინადადებების შემუშავებისათვის შექმნილია სპეციალური კომისია ბ-ნ ლ. ჭანტურიას ხელმძღვანელობით, რომ თბილისში ამ საკითხებზე უკვე რამოდენიმე თვეა მუშაობენ უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა უწყებებიდან მოწვეულ ქართველ სპეციალისტებთან ერთობლივად, რომ რეფორმების კონცეფციის მოსამზადებელი სამუშაოები (ლექციების და სემინარების ჩატარება, გაცნობითი ხასიათის ვიზიტები, დოკუმენტაციის თარგმნა, უცხოელი ექსპერტების ანაზღაურება და სხვ.) ფინანსდება აშშ მთავრობისა და ევროკომისიის მიერ.
რატომ არ შეიძლებოდა ყოველივე ამის თქმა ჩემთვის უფრო ადრე? ასეა თუ ისე, ვ. ხაბურძანიამ შემომთავაზა მე ამ კომისიაში მუშაობა, რისთვისაც დღემდე მისი მადლიერი ვარ, ვინაიდან, როგორც შემდგომ გაირკვა, კომისიის წევრებთან და უცხოელ ექპერტებთან ურთიერთობა გახლდათ ყველაზე ნათელი წერტილი იმ 13 თვის განმავლობაში, რაც მე დავყავი სამინისტროში.
სპეცსამსახურის რეფორმის კონცეფციის პროექტის პირველი ვარიანტი, 19 გვერდიანი დოკუმენტი, 2002 წლის 27 დეკემბერს მზად იყო (ლ. ჭანტურიას კომისიას სისტემის რეფორმირების კონცეფცია უნდა წარმოედგინა 2002 წლის 15 აპრილისათვის). მე გადავეცი იგი ბ-ნ ვ. ხაბურძანიას, რომელმაც დოკუმენტის გაცნობის შემდეგ მითხრა, რომ წაიკითხა იგი როგორც რომანი.
2002 წლის 28 თებერვალს ლ. ჭანტურიას კომისიის რამოდენიმე წევრი, მათ შორის მეც, გავემგზავრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ სემინარზე თემაზე ,,სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური სამსახურები დემოკრატიულ საზოგადოებაში.” სემინარი ორგანიზებული იყო აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ და მას ხელმძღვანელობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი როი გოდსონი. სემინარი საინტერესო და შინაარსიანი გახლდათ. ჩემთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო ის, რომ ჩვენი ჯგუფის მიერ მომზადებული კონცეფციის პროექტის ყველა ძირითადი დებულება გაზიარებულ იქნა ძალზე სარიოზული უცხოელი ექსპერტების და პრაქტიკოსების გამოსვლებში.
ემთხვეოდა თუ არა თქვენი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები რეფორმების საკითხში, თუ გარკვეული წინააღმდეგობებიც არსებობდა?
ამერიკელ ექსპერტებთან მარტინთან (30 წლიანი მუშაობის გამოცდილება გამოძიების ფედერალურ ბიუროში) და მაიკლთან (30 წლიანი მუშაობის გამოცდილება პოლიციასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში), რომლებიც ძირითადად დაკავებული იყვნენ სპეცსამსახურების რეფორმის საკითხებით, ძალიან სწრაფად გამოვნახეთ საერთო ენა. როდესაც ისინი მეორედ ჩამოვიდნენ თბილისში (2002 წლის ზაფხული) და გაეცნენ ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტების პაკეტს, მარტინმა განმიცხადა, რომ მას არაფერი აქვს ჩვენთვის სარჩევი, ვინაიდან ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვიყოთ კარგი მრჩეველები სხვებისთვის. სხვათაშორის, სამშობლოში გამგზავრების შემდგომ მან მომწერა, რომ არ უნდა ჩემი დამწუხრება, მაგრამ მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს მთავრობას ეს რეფორმა საერთოდ არ სჭირდება, და ეს არა მხოლოდ მისი პირადი აზრია. აი ასე!
ეს საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნებოდა თქვენი ჯგუფისათვის.
რასაკვირველია, მაგრამ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ხომ გაგიგონიათ? მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენს მიერ ივლისის ბოლოსთვის მომზადებულ იქნა მთელი რიგი დოკუმენტების პაკეტი.
ამასთან ერთად მოვამზადეთ ჩვენი წინადადებები კანონის პროექტზე გენერალური ინსპექციების შესახებ, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მრჩევლის დუგლას სკოტის მიერ იყო შემუშავებული. მან გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები და კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.
ჩვენ მზად ვიყავით აღნიშნული დოკუმენტების განხილვისათვის როგორც სამინისტროს შიგნით, ასევე საჯაროდ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან, თუმცა ბ-ნ ვ. ხაბურძანიამ ამ მიმართულებით არავითარი დაინტერესება არ გამოხატა. მეტიც, ლ. ჭანტურიას კომისიაში მან ოფიციალურად გადააგზავნა რეფორმის კონცეფციის პროექტის თავისი შეხედულებებით შეკვეცილი ვარიანტი და პირადად მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ,,საქართველოს უშიშროების სამსახურის შესახებ”. არ მინდა, შევაფასო ეს დოკუმენტი მთლიანობაში, მაგრამ მისი ძირითადი დებულებების შეფასება ნებისმიერი ოპერატიული თანამშრომლისთვის მიმინდვია, რომელსაც დამთავრებული აქვს ოპერატიული მომზადების კურსები და ვალდებულია იცოდეს რა არის კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ამ საქმიანობის პრინციპები, აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის მეთოდები, ფორმები, სახეები და სხვა ამგვარი უმნიშვნელო წვრილმანები.
რა ვითარება სუფევდა თქვენი მუშაობის პარალელურად სამინისტროში?
ამ დროს სამინისტროში მოვლენები ვითარდებოდა თავისი რიგით და მათი განვითარება არ იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძველს. დავიწყოთ საკადრო პოლიტიკით.
სამინისტროს ხელმძღვანელობაში მინისტრ ვ. ხაბურძანიასთან ერთად დაინიშნა კიდევ 2 არაპროფესიონალი. მოდით, განვსაზღვროთ, ვინ ითვლება პროფესიონალად ჩვენ საქმიანობაში. პროფესიონალობის განსაზღვრისათვის სამი აუცილებელი კრიტერიუმი არსებობს:
● პეციალური (ოპერატიული) განათლება;
● ქვედა თანამდებობრივი საფეხურებიდან დაწყებული არანაკლებ 5-10 წლის დამოუკიდებელი საქმიანობის გამოცდილება;
● ერთგულება პროფესიული ვალისა და პროფესიონალური ღირსების კოდექსის მიმართ.
სამინისტროს ხელმძღვანელობის შემდეგ, სულ მალე ცენტრალური აპარატის სამსახურებისა და სამმართველოების, ხოლო შემდეგ რეგიონალური ორგანოების ხელმძღვანელებად ძირითადად ასევე არაპროფესიონალები დაინიშნა. რთულია გაიგო მინისტრის გადაწყვეტილება, როდესაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე ინიშნება ,,ქუჩიდან” მოყვანილი კაცი ან 2-3 თანამდებობრივი საფეხურის გამოტოვებით ისეთი თანამშრომელი, რომელსაც არა აქვს არც შესაბამისი კვალიფიკაცია, არც შედეგები ოპერატიულ-სამსახურებრივ საქმიანობაში. არა და კადრის თანამშრომლებმა შესანიშნავად იციან დაწინაურებულთაგან ვინ რას წარმოადგენს.
სცადეთ სამი შესაძლებლობიდან გასცეთ სწორი პასუხი ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა:
რეგიონალური სამმართველოების უფროსებად რატომ უნდა მოიყვანონ საპენსიო და წინასაპენსიო ასაკის ხალხი პოლიციიდან, რომელთა მიმართ წინა სამსახურებში იყო სერიოზული პრეტენზიები?
სამსახურეობრივი საქმიანობაში რა გამორჩეული მიღწევებისთვის შეიძლება მიიღო ერთ წელიწადში 2-3 სამხედრო წოდება (ხომ არ არის ეს კანონის პირდაპირი დარღვევა?), სამ წელიწადში კაპიტნობიდან მიაღწიო პოლკოვნიკობას, ან მაიორიდან გენერალ-მაიორამდე, ან ხუთ წელიწადში უფროსი ლეიტენენტიდან პოლკოვნიკობამდე ან გენერალ-მაიორამდე?
რატომ არ ხორციელდება ,,ქუჩიდან” მიღებული ხალხის და სხვა უწყებებიდან გადმოყვანილი პირების წინასწარი შესწავლა და სპეციალური შემოწმება, როგორც ამას ითხოვს სამინისტროს შიდანორმატიული დოკუმენტები?
არ არის გასაკვირი, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხვდებიან ნარკოტიკების მომხმარებლები, კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, აგრეთვე პირები, რომლებზეც თვით სამინისტროში არსებობს მონაცემები მათი საეჭვო ქმედებების შესახებ. საინტერესოა, იცის კი ვ. ხაბურძანიამ რამდენი ნარკოტიკების მომხმარებელი გაჩნდა სამინისტროში მისი მოსვლის შემდეგ? და რატომ იქნა ამოღებული სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებიდან და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ კანონპროექტიდან, რომლებიც უშუალოდ ვ. ხაბურძანიამ მოამზადა, ის პუნქტები, რომელთა თანახმად უწყებაში სამუშაოდ არ მიიღებიან ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და ალკოჰოლოზმით დაავადებული პირები?
ასეთი საკადრო პოლიტიკა ხორციელდებოდა სამინისტროში მაშინ, როდესაც ჩვენი ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში აღნიშნული იყო, შემდეგი:
- სპეცსამსახური უნდა იყოს გამორჩეული, ელიტარული ორგანო, სადაც მუშაობენ ქვეყნის პატრიოტები მაღალი ინტელექტითა და ზნეობრივი პრინციპებით. ამ ნიშნით უნდა ხდებოდეს სპეცსამსახურში მისაღები კანდიდატების შერჩევა, შესწავლა და შემოწმება.
- სპეცსამსახურში თანამშრომელთა მიღების, დაწინაურების, სამხედრო წოდებების და რანგების მინიჭების და სხვა საკითხები უნდა წყდებოდეს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე გამოცდილი ხელმძღვანელებით. თანამშრომელთა დაწინაურებისას უნდა აიკრძალოს თანამდებობრივი საფეხურის გამოტოვება, ასევე აუცილებლად მიგვაჩნია კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის მინიმალური ვადების განსაზღვრა. კადრების მიღებისა და დაწინაურებისადმი მხოლოდ ასეთი მიდგომის შემთხვევაშია შესაძლებელი სამსახურში პროტექციონიზმისა და კორუფციული ურთიერთობების ფაქტების აღმოფხვრა. კადრებთან მიმართებაში სპეცსამსახურის ხელმძღვანელობის ძირითადი ამოცანაა ოპერატიული საქმიანობის ყველა მიმართულებაზე მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლების სტაბილური აპარატის შექმნა და კადრების დენადობის მინიმუმამდე დაყვანა.
- საქართველოს უშიშროების სამსახურის კოლეგია სხდომებზე განიხილავს უშიშროების სამსახურის საქმიანობის მნიშვნელოვან საკითხებს, აგრეთვე ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადებებს. კოლეგიის გადაწყვეტილებები მიიღება წევრთა ხმების უმრავლესობით და ფორმდება საქართველოს უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის ბრძანებებით.
სხვათა შორის, დებულებაში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესახებ, რომელიც მომზადებული იყო ვ. ხაბურძანიას მიერ და დამტკიცებული პრეზიდენტ ე. შევარდნაძის მიერ 2002 წლის 12 იანვარს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა მოიცავდა 7 სამსახურს, 6 სამმართველოს და 1 დამოუკიდებელ (საფინანსო) განყოფილებას. დღეს, ,,რეფორმირებული” სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრეზიდენტ ე. შევარდნაძის მიერ 2003 წლის 5 მარტს დამტკიცებული დებულების შესაბამისად არის 12 დეპარტამენტი, 3 ცენტრი, რომლებშიც არის 19 სამმართველო და ურიცხვი განყოფილებები.
როგორც მახსოვს, ვალერი ხაბურძანიას დაპირებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო პარლამენტის და ხალხის წინაშე.
დაპირებები ერთია, საქმე - მეორე. როდესაც საქართველოს პარლამენტი თანამდებობაზე ამტკიცებდა ვ. ხაბურძანიას, მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი დედააზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, დაშლიდა სამინისტროში კორუფციულ სტრუქტურას - ეკონომიკური უშიშროების სამსახურს. რა გააკეთა სინამდვილეში? ჩამოაყალიბა ,,კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახური”, რომელშიც მე-2 სამმართველოს სახით თავი შეაფარა ეკონომიკური უშიშროების სამსახურმა პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით. ამ სამსახურის თანამშრომელთა უმრავლესობა მოვიდა პირდაპირ საგადასახადო ორგანოებიდან და კონტროლის პალატიდან და საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ სახელმწიფოს უშიშროებაზე და ოპერატიულ საქმიანობაზე. მეტიც, თუ ეკონომიკური უშიშროების სამსახურში სულ 4 განყოფილება იყო და აქედან მხოლოდ ორი საქმიანობდა სუფთა ეკონომიკის სფეროში, ახლად შექმნილ სამმართველოში, რომელსაც დაუდგინდა ფუნქცია - ,,უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო და საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში ორგანიზებული ხასიათის, მათ შორის კორუფციული სამოხელეო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა”, უკვე 6 განყოფილება შევიდა. ხოლო დღეს მოქმედი 2003 წლის მარტში დამტკიცებული დებულებით უკვე ამაყად ზის კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელსაც დაუდგინდა ფუნქცია - ,,უზრუნველყოს სახელმწიფოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირების მართლსაწინა-აღმდეგო ხელის შეშლის, ეკონომიკურ სისტემებში ორგანიზებული დამნაშავეობის, კორუფციის, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება”. რაო? რაო ბატონო და მტრები გვყავს ირგვლივ, მტრებიო! ტოტალიტარული აზროვნების და ფრაზეოლოგიის შესანიშნავი ნიმუშია. ასეთი შედევრები ბევრია ხსენებულ დებულებაში. ავიღოთ თუნდაც ,,უშიშროების საკითხებში ოფიცერთა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტი”, რომელშიც ერთად მოუყარეს თავი სხვადასხვა უწყებებში მივლინებულ უშიშროების ოფიცრებს. რა ოპერატიული ამოცანების გადასაწყვეტად იმყოფებიან ეს ოფიცრები თუნდაც სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის და ბევრ სხვა სამინისტროებში და დეპარტამენტებში ან რომელ სახელმწიფო საიდუმლოებას იცავენ იქ?
ერთი სიტყვით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში რეფორმები გატარდა, მხოლოდ არა ისეთი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებით. არავის არ დასჭირდა ის პირობები და მექანიზმები, რომლებიც იძლეოდა ნორმალური სპეცსამსახურის შექმნის შესაძლებლობას, და მისი თვითნებური და არაკომპეტენტური მართვის და საქმიანობის, არაჯანსაღი პროტექციონიზმის და კორუფციული ურთიერთობების თავიდან აცილების საშუალებას (შეზღუდული ფუნქციები, მოქნილი სტრუქტურა, პროფესიონალური კადრების შერჩევის, შესწავლის, მომზადებას, დაწინაურების წესები, ანალიტიკური საქმიანობის წინა პლანზე წამოწევა, კონკურსი ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებაზე, კოლეგია, გენ. ინსპექცია, საზოგადოებრივი კონტროლი და ა.შ.)
შედეგად, სამინისტრო კანონზომიერად გადაიქცა მაკონტროლებელ შ.პ.ს-დ ყოველივე აქედან გამომდინარე შედეგებით. რატომ? მე მგონი ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ.
კი მაგრამ, თქვენ როგორც მოადგილე არ გამოხატავდით უკამყოფილებას და მინისტრის მიერ თავის დაპირებული რეფორმების უგულვებელყოფასთან დაკავშირებით? ბოლოს და ბოლოს თქვენ ხომ შევარდაძისგან გქონდათ ,,გვერდით დგომის” პირობა მიღებული?
რათქმაუნდა ვაპროტესტებდი, მაგრამ წყლის ნაყვა იყო. არაერთხელ ვესაუბრე ვალერი ხაბურძანიას, მაგრამ მან ჩემი ან ვერ გაიგო, ან არ უნდოდა გაგება. ზოგჯერ ისიც კი მეჩვენებოდა, რომ ბავშვივით ჯიუტობდა. მერე კი იმ აზრამდე მივედი, რომ მას და ,,მის გუნდს” ეს ყველაფერი აწყობდა, ვინაიდან შიდაუწყებრივ საქმიანობას ერთპიროვნულად და უკონტროლოდ განაგებდა. გადადგომის პატაკში, რომელიც მე პრეზიდენტ ე. შევარდნაძეს 6 გვერდიანი წერილის სახით 2002 წლის 20 დეკემბერს გავუგზავნე, ჩემი სათქმელი პრაქტიკულად სრულად მოვახსენე. მაგრამ როგორც 1995 წელს (მაშინაც 6 გვერდიანი წერილი გავუგზავნე სამინისტროს რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით) პასუხი არ მიმიღია.
დღეს ხელისუფელაბში ახალი კადრები მოდიან. რას ურჩევდით ჩვენს ახალგაზრდა პრეზიდენტს და მის ასევე ახალგაზრდა უშიშროების მინისტრს?
მე დაგთანხმდით ასეთ გულახდილ და ვრცელ საუბარზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვფიქრობ (თუ რა თქმა უნდა ჩვენი საუბარი გამოქვეყნდება), რომ ,,ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსული ხელისუფლება გონივრულად და პასუხისმგებლობით მოეკიდება ნამდვილი სპეცსამსახურის შექმნას.
იმედი მაქვს, რომ ახალმა ხელისუფლებამ იცის, როგორი სპეცსამსახური სჭირდება საქართველოს.
იმედი მაქვს, რომ ახალ ხელისუფლებას ესმის, რომ სპეცსამსახურებში მუშაობა გულისხმობს ყოველდღიურ, დაუღალავ, შეუმჩნეველ და ხშირად უმადურ, დაუფასებელ შრომას, რომელიც ტყუილის, ხმაურიანი ,,Pღ” აქციების და ტელევიზორში წარა-მარა ,,გამოჭიმვის” გარეშე მხოლოდ პატიოსან პროფესიონალებს ძალუძთ.
იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება დაძლევს ცდუნებას, არ დააკომპლექტოს ახალი სპეცსამსახური პირადი ერთგულების, ნაცნობ-მეგობრობის თუ პარტიული კუთვნილების ნიშნით და თავისი ,,კომისრები” არ ჩასვას ყველა სტრუქტურულ დანაყოფში. ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავიარეთ ფსევდოდემოკრატიული და ანტიხალხური რეჟიმების დროს და მას არაფერი კარგი არ მოუტანია.
იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება არ დაივიწყებს თავის ლოზუნგს - ცოდნა, პატიოსნება, პასუხისმგებლობა და ზედმეტი ხმაურისა და ფაციფუცის გარეშე შეუდგება ახალი სპეცსამსახურის შექმნას.
ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ მას ამ რთულ საქმეში.
![]() |
3 ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში |
▲back to top |
უსაფრთხოება
ბესიკ ალადაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და ეკონომიკური ბაზისის პირველადობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მისი საფუძველიცაა, რადგანაც საზოგადოების განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალური, კულტურული და ა.შ. განვითარების ძირითად მიმართულებებს და ტენდენციებს საბოლოო ჯამში ეკონომიკური განვითარება განსაზღვრავს.
საბჭოთა კავშირის კრახმა ნათლად დაგვანახა, რომ 21-ე საუკუნის მიჯნაზე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის, არა იმდენად სამხედრო ძლიერებაზეა დამოკიდებული, რამდენადაც ეკონომიკის კონკურენტუნარიანობასა და სიცოცხლის-უნარიანობაზე.
ეკონომიკური უსაფრთხოების ცნების ფორმულირებისათვის აუცილებელია პირველ რიგში ,,ეროვნული უსაფრთხოების” ცნების განსაზღვრა.
პოლიტიკურ ლექსიკონებში ტერმინი ,,ეროვნული უსაფრთხოება” აშშ-ის 1901-1909 წლებში პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის დამსახურებით აღმოჩნდა. მან 1904 წ. აშშ-ს კონგრესს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც პანამის იმ ტერიტორიების ოკუპირებას, სადაც მომავალში არხი უნდა აშენებულიყო, ასაბუთებდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით. თ. რუზველტის დამსახურებაა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკამ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო და ამ ქვეყნის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები პრიორიტეტული გახდა.
მას შემდეგ ,,ეროვნული უსაფრთხოების” ცნება უფრო დაიხვეწა და გაფართოვდა. მაგალითად, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჰანს მორგენტაუმ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებში ჩართო არა მარტო სამხედრო, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საკითხი. აშშ-ი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად მიიღო შესაბამისი კანონი (1947 წ.) და იმავე წელს შექმნა სპეციალური სტრუქტურა - ,,ეროვნული უსაფრთხოების (უშიშროების) საბჭო”.
შემდგომ პერიოდში აღნიშნული პრობლემების მეცნიერული კვლევა მსოფლიოში კიდევ უფრო გაფართოვდა, თუმცა აშშ-ი ამ მხრივაც ლიდერად რჩებოდა. გამოქვეყნდა მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები (უ. ლიპმანის, ჯ. რენერის რ. კენანის და სხვ.), სადაც განხილული იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აღნიშნავდა, რომ ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს ყველა სფეროს სადაც საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის საკითხები წყდება. ის მიიჩნევს, რომ თ. რუზველტი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ასაბუთებდა, რომ აშშ-ს ვალია გაავრცელოს საკუთარი გავლენა მთელს დედამიწაზე და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები ააგოს ეროვნული ინტერესების კონცეფციის საფუძველზე. ასევე ცნობილი მეცნიერის და პოლიტიკური მოღვაწის ბჟეზინსკის აზრით კი, ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებულია, არა მარტო სამხედრო ძლიერებაზე არამედ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, მორალურ და სხვა სფეროებში სიძლიერეზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების ერთიანი სისტემა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს მისი საფუძველია.
ეკონომიკური უსაფრთხოება არის წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ძალისმიერ და ა.შ (სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ.) ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესების მუდმივ დაცვას და ქვეყნის ეკონომიკის დინამიურ განვითარებას, როგორც მშვიდობიან პირობებში, ასევე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუაციების და პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების დინამიკის გათვალისწინებით.
ეკონომიკური უსაფრთხოების უმთავრესი მიზანი დროსა და სივრცეში იცვლება ქვეყნის და საზოგადოების წინაშე მდგარი სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანებიდან გამომდინარე. ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი ფუნქციაა.
გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობის და განვითარების საფუძველია, გასაგები ხდება, რომ ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია რეალური და პოტენციური ეკონომიკური საფრთხეების წინმსწრები გამოვლენა და თავიდან აცილება.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების შესწავლა და მისი თეორიულ დონეზე დამუშავება სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სერიოზულ მეცნიერულ დონეზე არ წარმართულა. რაც შეეხება ეკონომიკური უსაფრთხოების პრაქტიკულ მხარეს, აქ უფრო მეტად სავალალოდაა საქმე - საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების დღევანდელი რეალური დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:
სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და მიზნების დაპირისპირებით, რაც ძირითადად საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების ინტერნაციონალიზაციით და ეროვნული ეკონომიკური მეურნეობების სულ უფრო მზარდი ურთიერთდამოკიდებულებითაა განპირობებული;
სტრატეგიული რესურსების არათანაბარი განაწილების გამო მათი ტრანსპორტირებისა და მოხმარებისას წარმოქმნილი დაპირისპირებით;
გასაღების ბაზრების ხელში ჩასაგდებად მიმდინარე სულ უფრო მზარდი კონკურენტული ბრძოლით.
სარწმუნოებრივ და ეკონომიკური კეთილდღეობის უთანაბრობის ნიადაგზე ცივილიზაციათა შორის დაპირისპირებით.
დღეისათვის, რომელიმე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდა, საბოლოო ჯამში, რეალურად უპირისპირდება სხვა ქვეყნების ინტერესებსა და მიზნებს.
ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სტაბილური და მდგრადი განვითარების მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს. ამავე დროს, ეკონომიკური უსაფრთხოება არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც იდეალური მოდელი, რომელიც ავტომატურად, დამოუკიდებელ რეჟიმში, საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევის გარეშე იმოქმედებს და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.
ეკონომიკური უსაფრთხოება გეოსტრატეგიული მომცველობის ნიშნის მიხედვით არის:
● გლობალური - გულისხმობს საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ისეთ სისტემას, რომლის დროსაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაცული იქნება მსოფლიოს ცალკეული სახელმწიფოების სუვერენიტეტი და მათ მიერ არჩეული ეკონომიკური განვითარების სტრატეგია;
● რეგიონალური - ერთ კონკრეტულ რეგიონში არსებული ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების კოლექტიური უზრუნველყოფა საერთო ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. ინტერესების საფუძველზე;
● კოლექტიური - რამდენიმე ტერიტორიულად დაშორებულ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში. კოლექტიური ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაჩინო მაგალითია ევროსტრუქტურების მოღვაწეობა ევროპის ბაზრებზე თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დასაცავად;
● ეროვნული - წარმოადგენს წინა სამი დონის საფუძველს.
გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების მზარდმა ინტერნაციონალიზაციამ და შრომის საერთაშორისო დანაწილების გაღრმავებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ამ პროცესებში ჩართული ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების დონე და მთელი რიგი თანმდევი ნეგატიური მოვლენები წარმოშვა.
ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ზემოქმედების ობიექტია ის კონკრეტული საფრთხე და მისი წარმომქმნელი (მაპროვოცირებელი) პრობლემები, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ ინტერესებს და იცვლებიან სახელმწიფოს არსებობის და ეკონომიკური განვითარების კონკრეტული ისტორიული პერიოდიდან გამომდინარე.
ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება რთული სისტემაა, რომელიც აერთიანებს სამ, ერთმანეთთან დიალექტიკურად (ორგანულად) დაკავშირებულ ჰორიზონტალურ დონეს: სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება, საზოგადოების ეკონომიკური უსაფრთხოება და პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოება.
სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყანაში მომქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი მმართველობითი სტრუქტურების მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვას.
საზოგადოების ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ფენის და სოციალური ჯგუფის სამეწარმეო-ეკონომიკური ინტერესების და საკუთრების დაცვას. საზოგადოების ინტერესები ესაა საზოგადოების წევრი ყველა მოქალაქის (პიროვნების) ინტერესთა ერთობლიობა.
პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების და საკუთრების დაცვას. ისტორიულად დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა საზოგადოების და პიროვნების უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება.
ინტერესთა (პიროვნულმა, სხვადასხვა ფენების და ეროვნულმა) ერთობამ და საფრთხეების ერთობლივი ძალებით დაძლევის აუცილებლობამ განაპირობა სახელმწიფოს, როგორც მართვის ერთიანი, კონსოლიდირებული სტრუქტურის ჩამოყალიბება. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი აღნიშნავდა: ,,სახელმწიფოს მიზანი, უმთავრესად, უსაფრთხოების უზრუნველყოფაა”. მართლაც, სახელმწიფო ის მექანიზმია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს პიროვნების, საზოგადოების და ერის ინტერსების (მიზნების) აღსრულებას და იცავდეს მათ გარე თუ შიდა საფრთხეებისაგან.
სახელმწიფოში არსებული სუბიექტების ინტერესთა ხანგრძლივი თანხვედრა ქვეყნის და ერის განვითარების წინაპირობაა. ამავე დროს, ინტერესთა დიფერენცირება და დაპირისპირება საერთო საფრთხის წინაშე დამარცხების მიზეზი ხდება.
დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფო უნდა წარმოადგენდეს ეროვნული უსაფრთხოების გარანტს, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნვებელყოფა, მიმართული უნდა იყოს უპირველესად პიროვნების თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების თითოეული დონისათვის დამახასიათებელია ეკ. საფრთხის ძირითადად ერთგვაროვანი მაჩვენებლები, რომელთა შორის განსხვავება მხოლოდ დროსა და სივრცეში ზემოქმედების მასშტაბებითა და სიძლიერის ხარისხით გამოიხატება.
ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ერთიანი სისტემის მეთოდოლოგიური საფუძვლების დამუშავების პროცესი შედგება ერთმანეთთან ლოგიკური თანმიმდევრობით დაკავშირებული ზემოდან ქვემოთ მიმართული შემდეგი ვერტიკალური საფეხურებისაგან:
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების ფორმირება.
ამ მიზნებიდან ეკონომიკური ინტერესების და განვითარების პრიორიტეტების გამოკვეთა.
იმ პრობლემების (,,მტკივნეული ადგილების”) პროგნოზირება, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ ეკონომიკური ინტერესების განხორციელებას.
კონკრეტული საფრთხეების გამოვლენა, რომლებიც აღნიშნულ ინტერესებს და პრიორიტეტების განხორციელებას ემუქრება.
ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების და მათი ზღვრული პარამეტრების დადგენა.
ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდების შერჩევა.
ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციის დამუშავება და საკანონმდებლო დონეზე დამტკიცება.
ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება - ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივი პროგრამების შედგენა.
ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება.
I. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების ფორმირება
გულისხმობს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლის, სრულყოფის და დროის ხანგრძლივ პერიოდში სტაბილური განვითარების, როგორც ძირითადი (ზოგადი) მიმართულებების ჩამოყალიბებას, ასევე ეკონომიკური განვითარების შუალედური და მიმდინარე (კონკრეტული) პრობლემების გადაჭრას (მაგ. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ობიექტური და სუბიექტური საფრთხეების დაძლევა).
II. ეროვნული ეკონომიკური ინტერესები და პრიორიტეტები
ეროვნული ინტერესები ესაა კონკრეტულ მოთხოვნილებათა (მიზანთა) ერთობლიობა, რომლის დაკმაყოფილებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობას და სტაბილურ განვითარებას დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის.
ცნობილი ფრანგი დიპლომატი და მეცნიერი ჟ. კამბონი აღნიშნავდა: ,,ხალხთა ინტერესები არ იცვლება. მათ განსაზღვრავს ბუნება, გეოგრაფიული მდებარეობა და ხალხის საკუთარი ხასიათი”.
ეროვნულ ინტერესთა კლასიფიკაცია შემდეგნაირია: ზოგადსაკაცობრიობო (გლობალური); გეოსტრატეგიული და ლოკალური (მიმდინარე).
ზოგადსაკაცობრიობო (გლობალურ) ეროვნულ ინტერესებს მიეკუთვნება: სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება; საზოგადოების განვითარება დემოკრატიული - პრინციპების საფუძველზე; მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ა.შ. გლობალური (სასიცოცხლო მნიშვნელობის) ეროვნული ინტერესები ყველა საზოგადოების სანუკვარ მიზანს წარმოადგენენ და ყველა ქვეყნისთვის ძირითადად საერთო მახასიათებლები აქვთ. ისინი შემდგომში განსაზღვრავენ გეოსტრატეგიულ და ლოკალურ (კონკრეტულ) ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა ინტერესებს.
გეოსტრატეგიული ინტერესები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრებით, რადგანაც დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესები, ღია თუ ფარული სახით, მძლავრ ზეგავლენას ახდენენ ცალკეული ქვეყნების განვითარებაზე. ამიტომ შესაძლებელია ეროვნული ინტერესები ძალზე ფართო გეოგრაფიულ სივრცეს მოიცავდეს.
გეოსტრატეგიული ეკონომიკური ინტერესები უკავშირდება ქვეყნის რეალური ეკონომიკური პოტენციალის სრულ ამოქმედებას, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და განვითარების პერსპექტიული მიმართულებების დასახვას ხანგრძლივ და საშუალოვადიანი პერიოდებისათვის.
ლოკალური ინტერესები იცვლება სახელმწიფოს, საზოგადოების და პიროვნების განვითარების კონკრეტული ეტაპების მიხედვით. სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე ინტერესები ლოკალიზდება, თუმცა არ წვრილმანდება ძალზე კონკრეტულ სამეურნეო მიზნებამდე.
ეროვნული ინტერესები - ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს და მათი დაცვა მოითხოვს სახელმწიფოში შესაბამისი კანონმდებლობის, სტრუქტურების, ორგანოების და ფინანსური სახსრების არსებობას.
მსოფლიო გლობალიზაციის პროცესების თანმდევი პრობლემაა ქვეყნებს შორის ეროვნულ ინტერესთა კონფლიქტი, რის დასაძლევადაც ქვეყნები ხშირად მნიშვნელოვან კომპრომისებზეც კი მიდიან. თუმცა, ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის კოორდინაცია და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე რეგულირება არ უნდა ჩრდილავდეს ეროვნულ ეკონომიკურ მიზნებს.
ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად საკმარისი არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამოკვეთა და შემდეგ შესაბამისი ღონისძიებების დასახვა, აუცილებელია სხვა ქვეყნების გეოსტრატეგიული და ლოკალური ინტერესების (ხშირად ფარულის) დადგენა, ორმხრივი მიზნებისა და ინტერესების შესაძლო კონფლიქტის პროგნოზირება და აქედან წარმოშობილი პრობლემების და საფრთხეების განეიტრალება.
ეროვნული ინტერესების ფართო არეალიდან აუცილებელია ძირითადი, პრიორიტეტული ანუ უპირველესად განსახორციელებელი მიზნების გამოკვეთა და მთელი რესურსების და ძალისხმევის მათკენ მიმართვა.
III. პრობლემების პროგნოზირება
ეკონომიკური პრობლემები, როგორც წესი მაპროვოცირებადი ძალისაა და დროულად განეიტრალების გარეშე ისინი საფრთხედ გარდაისახებიან.
IV. ეკონომიკური საფრთხის ცნება და მისი კლასიფიკაცია
საფრთხე მუდმივი კატეგორიაა, ის არ ქრება, არ იკარგება, შესაძლებელა მხოლოდ მისი პარამეტრების და მიმართულებების, დროის და წარმოშობის გეოპოლიტიკური სივრცის ცვლილება.
ეკონომიკური საფრთხე ესაა ქვეყნის შიდა და გარე ეკონომიკური პრობლემების (არსებულის და მოსალოდნელის) გართულების შედეგად წარმოქმნილი პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური მოვლენების და პროცესების ერთობლიობა, რომლებიც ხელს უშლიან პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს მიმდინარე და პერსპექტიულ განვითარებას.
ეკონომიკური საფრთხის განსაზღვრის და მისი კლასიფიკაციის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ გლობალური და გეოსტრატეგიული პრობლემები, რადგან ყოველდღიური პრობლემების და წვრილმანი ნაკლოვანებების გამოსწორება ქვეყნის კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკის საგანია. ამიტომ, ეკონომიკური უსაფრთხოების ცნების ფართო, ძალზე ზოგადი ინტერპრეტაცია მხოლოდ ხელს შეუშლის ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრას.
V. ეკონომიკური უსაფრთხოება ინდიკატორები და მათი ზღვრული პარამეტრები
აღნიშნული საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების და მათი ზღვრული მაჩვენებლების (პარამეტრების) განსაზღვრა და ფორმირება მთლიანად ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემის დროული და ეფექტიანი გადაწყვეტის ქვაკუთხედია.
ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორები ეროვნული ეკონომიკური ინტერესების ცალკეული ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული ის აგრეგირებული ეკონომიკური მაჩვენებლებია, რომელთაც შეუძლიათ ეროვნულ ეკონომიკას ყველაზე მეტი საფრთხე შეუქმნან, მაგალითად: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა; ფულად-საკრედიტო სისტემა; საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები; სტრატეგიული რესურსების მარაგები; ბიუჯეტის დეფიციტი; საგარეო და საშინაო ვალი; სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი; ძირითადი ფონდების განახლება; რესურსული პოტენციალი და მისი შევსება; კორუფცია; ჩრდილოვანი ეკონომიკა და ა. შ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების უმაღლესი დონე მიიღწევა იმ შემთხვევაში, როცა ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების მთელი სისტემა წინასწარ დადგენილ უსაფრთხოების საზღვრებს ანუ ზღვრულ პარამეტრებს (რომლებიც როგორც წესი ციფრულ გამოხატულებაშია) არ სცილდება. კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლების დამუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც მინიმალურად და მაქსიმალურად დასაშვები საზღვრები, ასევე ე.წ. ,,დერეფანიც”.
VI. ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მეთოდები
დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში სუვერენულ ქვეყნებს შორის ძალზე ხშირად წარმოიშობა ინტერესთა დაპირისპირება. ქვეყნები საკუთარ ინტერესებს იცავენ, როგორც ტრადიციული მეთოდებუთ: დიპლომატიური მოლაპარაკებებით; ეკონომიკური (სამეურნეო) ღონისძიებებით, ეკონომიკური სანქციებით და სამხედრო ძალით, ასევე თანამედროვე ხერხებითაც, როდესაც სულ უფრო მზარდი მნიშვნელობა ენიჭება სპეცსამსახურების აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის და ეროვნული კაპიტალის ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად.
ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მეთოდები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
● ეკონომიკური (სამეურნეო) ღონისძიებები;
● პოლიტიკური და დიპლომატიური ღონისძიებები;
● ძალისმიერი ღონისძიებები (ადეკვატური პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების გამოყენება, სამხედრო ძალისა და სპეცსამსახურების შესაძლებლობების მაქსიმალური ამოქმედება).
თუმცა, ზემოაღნიშნული მეთოდები არ უნდა განვიხილოთ, როგორც დამოუკიდებლად, სრულიად ავტონომიურ რეჟიმში მოქმედი. ისინი ჩვეულებრივ ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ მოზაიკურ პანოს ქმნიან.
VII. ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია
ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია არის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე ზოგად შეხედულებათა სისტემა, სადაც ჩამოყალიბებულია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მიზნის მიღწევის ძირითადი გზები კონცეპტუალურ (დოქტრინალურ) დონეზე. მის საფუძველზე მუშავდება ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია.
VIII. ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია
ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია ანვითარებს და აკონკრეტებს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს ცალკეული უმნიშვნელოვანესი ინდიკატორებისა და პარამეტრების მიხედვით, გამოყოფს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულ მიმართულებებს ქვეყნის წინაშე მდგარი გრძელვადიანი (5-15 წ.) და საშუალოვადიანი (3-5 წ.) ამოცანებიდან გამომდინარე.
IX. ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივი პროგრამები
ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის საფუძველზე მუშავდება ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივი პროგრამები (მაგ. ,,ენერგეტიკული უსაფრთხოება”, ,,სასურსათო უსაფრთხოება”, ,,კომუნიკაციების საფრთხოება”, „სტრატეგიული რესურსებით უზრუნველყოფის უსაფრთხოება” და ა.შ.), რომლებიც, თავის მხრივ, ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების საფუძველს წარმოადგენს.
X. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა
ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა წარმოადგენს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფო ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით გატარებულ კონკრეტულ ღონისძიებებს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად. ამ დროს, ხორცი ესხმევა ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივ პროგრამებს და მიმდინარეობს მათი შესრულების მართვა, კონტროლი და კორექტირება.
ამგვარად, ასეთია ეკონომიკური უსაფრთხოების ერთიანი სისტემის აგების ზოგადი პრინციპები, მისი უზრუნველყოფის მეთოდები და საშუალებები.
![]() |
4 ძალაუფლება - რეფორმის დილემა |
▲back to top |
პოლიტიკა
დავით აფრასიძე
ფილოსოფიის დოქტორი (პოლიტიკური მეცნიერებები, ჰამბურგის უნივერსიტეტი); ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის თანამშრომელი
გასული წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარ მოვლენებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ ორდინარულს და ბუნებრივია, მის შესახებ საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. საბოლოო შეფასების გასაკეთებლად გარკვეული დრო უნდა გავიდეს. დღევანდელი გადასახედიდან ისიც კი ძნელია აპრიორი ვამტკიცოთ, რასთან გვქონდა საქმე: უსისხლო რევოლუციასთან, რომელმაც სახელმწიფო მართვის არსებითი ცვლილება უნდა მოგვიტანოს, თუ ფორმით განსხვავებული, მაგრამ შინარსით იდენტური მმართველობის სტილის შენარჩუნებასთან, რომელსაც სხვაგვარად ხელისუფლების ჩანაცვლება შეიძლება ვუწოდოთ
ფაქტი ერთია: ,,ვარდების რევოლუციას”, თავისთავად ფრიად რომანტიკული და ამაღლებული სახელის მქონე მოვლენას, უამრავი იმედი უკავშირდება: ქვეყნის შიგნით მოსახლეობა იმედოვნებს, რომ კმარა ვარდნა და მომავალი ჩვენია; ქვეყნის გარეთ მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველო განვითარების სწორ გზას დაადგება და ამით გაქარწყლდება ბოლო დროს ფეხმოკიდებული წარმოდგენა, რომ პოსტსაბჭოური ქვეყანა ძირგავარდნილ ქვევრსა ჰგავს, რაც არ უნდა დახმარება ჰყარო შიგ, არაფრით ივსება; ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ რევოლუციის უამრავი არაკეთილმოსურნე კი იმედოვნებს, რომ, არსებული ზღვა პრობლემების ფონზე ყოველი ჯაფა დაკარგულია და ვარდებსაც უთუოდ დასცვივათ ფურცლები.
პრობლემები კი მართლაც უამრავია. ეს არაა მხოლოდ ეკონომიკური კატასტროფა, როცა „ჩრდილოვანი ეკონომიკა” და კორუფცია არა წესიდან გადახვევა, არამედ თავად წესია; სოციალური სიდუხჭირე, რომლის წინაშეც მოსახლეობის ფართო ფენები დგას: დაკარგული ტერიტორიები, საიდან ლტოლვილ ახალ თაობებს მშობლიური კუთხე თვალითაც არ უნახავთ; ვითომდა წარმატებული საგარეო პოლიტიკა, როცა საკვანძო მეზობელ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ვერ ხერხდება და ა.შ. პირველ ყოვლისა, ესაა ტრადიციული, გნებავთ აღმოსავლური სტილის პოლიტიკა, როცა სახელმწიფო, ძალაუფლება პიროვნებებთანაა გაიგივებული, ხოლო პოლიტიკური პროცესი, სახელმწიფო მართვა არა სახელმწიფო ინსტიტუტების არამედ პიროვნული ქსელების საშუალებით ხორციელდება. სახელმწიფო საკუთრებაა, იგი პრივატიზირებულია, მისი ინსტიტუტები კი კერძო ფირმებივით ძალაუფლებაში მყოფთა ეკონომიკურ კეთილდღეობას ემსახურება. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ სწორედ ეს რეალობა, ანუ ქართული სახელმწიფოს „მახინჯი” განვითარება, არის თავი და თავი ყველა სხვა, დღემდე გადაულახავი პრობლემისა.
„ვარდების რევოლუციამ” ყოველივე ამას ბრძოლა გამოუცხადა. თუმცა, არავინ უწყის, როგორი იქნება შედეგი და არა იმიტომ, რა განწყობაა რევოლუციის ლიდერებში. გარემო, სოციალური რეალობა ხშირად იმდენად ძლიერია, რომ მისი რღვევა პიროვნებათა სურვილსა და ძალას აღემატება. ჭეშმარიტი ექსპერტი ჯერ-ჯერობით თავს შეიკავებდა ეპასუხა კითხვისათვის, რას მოგვიტანს ვარდების რევოლუცია, რადგან ანალიზს დრო და ფაქტები სჭირდება და არა ჩვენგვარ საზოგადოებებში ძალზე გავრცელებული მარჩიელობა. ამდენად, ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებანი მხოლოდ ჰიპოთეზებია და არავინ ამტკიცებს, რომ ეს აუცილებლად ასე ან სხვაგვარად იქნება. თავად ჰიპოთეზები კი სუფრასთან შემდგარი ცხარე დისკუსიის შედეგი არ გეგონოთ, ისინი სხვა ქვეყნების გამოცდილებიდანაა ამოსული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სტატიის მიზანია, უბრალოდ შეგვახსენოს, რომ კაცობრიობის განვითარება წინასწარ შედგენილ გეგმას არ მიჰყვება, ანუ ,,ვარდების რევოლუციას” წინდაწინ ცნობილი შედეგი არ აქვს და მისი ხვალინდელი სახე ჯერ გამოძერწილი არაა.
დაკვირვება პირველი: რევოლუცია ახალი არაა
რევოლუციები მიხაკიანი, ვარდიანი, ეკლიანი თუ სისხლიანი, ყველგან და ყველა ეპოქაში ხდებოდა. მარტო საფრანგეთი რად ღირს, მე-18 საუკუნიდან მოყოლებული რევოლუცია ამ ქვეყნის განვითარების ისტორიის სინონიმად იქცა. რევოლუცია უდავოდ საჭიროა, რადგან იგი ძირფესვიან, რადიკალურ და მყისიერ გარდაქმნას ნიშნავს და, ხშირად, დამყაყებული სოციალური სინამდვილის ფონზე, გორდიასის კვანძის ერთადერთ გასაღებად შეიძლება იქცეს. თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ნახტომისებური ცვლილება სულაც არ ნიშნავს, რომ ძველი დავიწყებას მიეცემა და რევოლუციის შემდგომი დღე რევოლუციის წინა დღისაგან მართლაც რადიკალურად განსხვავდება. სოციალური სინამდვილე, რეალობაში არსებული სოციალური სტრუქტურები, რომლებიც რევოლუციის გამომწვევი მიზეზიც კი იყო, ხშირად იმდენად მყარია, რომ ხმლის ერთ მოქნევას არ ემორჩილება. რევოლუცია წყალს აამღვრევს, კალაპოტიდან გადმოიყვანს, მაგრამ ნელ-ნელა ხშირად წყალი ისევ ძველ, ნაჩვევ დინებას უბრუნდება. ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიის და გარკვეულ დრომდე, თავად დასავლეთი ევროპის ქვეყნებისათვის უცხო არ იყო ისეთი რევოლუციური ცვლილებები, რომლებსაც შემდეგ ფაქტობრივად არანაირი წინსვლა არ მოჰყოლია. 1960-იანი წლების აფრიკის ლიდერებს არც დასავლური განათლება აკლდათ და არც პატრიოტული ლოზუნგები, და მათ მართლაც სწამდათ, რომ საკუთარ ხალხს დასავლურ ყაიდაზე მოაწყობდნენ. ამ ,,კეთილი” მიზნისთვის არც მახვილსა და ცეცხლს იშურებდნენ და თანდათან დასავლური ზღაპრის გმირებიდან პირსისხლიანი და კაციჭამია დიქტატორები იშვნენ. მათ ვერ შეძლეს საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნა - სახელმწიფო საზოგადოებასთან ჭიდილში უძლური აღმოჩნდა. ამ ქვეყნებში დიდი ხანია რევოლუციების ახალი ტალღა გაიშალა ისევ დემოკრატიისა და კეთილდღეობის რწმენითა და იმედით, მაგრამ არავინ იცის როგორი შედეგით დასრულდება ყოველივე - ძალაუფლება ხომ ხრწნის. მავანი იტყვის, აფრიკის მაგალითი რა მოსაყვანია, ჩვენ ხომ ევროპელები ვართ და თან ევროპა გვიჭერს მხარს. უპირველეს ყოვლისა, აფრიკელებიც ხალხია და ჩვენგან განსხვავებით, სახელმწიფოებრიობის (ასე თუ ისე) 40-წლიანი გამოცდილება აქვთ. მეორეც, თუ მაგალითად მაინცდამაინც ევროპა გვინდა, ჩეხოსლოვაკია გავიხსენოთ, სადაც ხავერდოვანმა რევოლუციამ სასურველი შედეგი მხოლოდ ჩეხეთში გამოიღო, ხოლო სლოვაკეთი წლების განმავლობაში პრემიერ მეჩარის დიქტატურის უღელქვეშ იმყოფებოდა და დასავლურმა მხარდაჭერამ მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოს უშველა. ერთი სიტყვით, რევოლუცია შეიძლება კი კარგი იყოს, მაგრამ დასაწყისშივე მისი შედეგი ჯერ არ ჩანს. მსოფლიოს ისტორიაში ბევრი ისეთი მოვლენა მომხდარა, რომლის საბოლოო შედეგი მის ავტორთა პირველი წარმოდგენისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
დაკვირვება მეორე: ნათესაობას არა, ძმაკაცობას კი?
ის, რომ ეკონომიკური ვითარება ძალიან რთულია, ახალი არაა. სახელმწიფო სტრუქტურები რომ არაეფექტურია, ესეც ვიცით. მაგრამ ვერ დავეთანხმები მათ, ვინც იტყვის, რომ სახელმწიფო საქართველოში სუსტია და ვერაფერს აკონტროლებს. ცხადია, საუბარი არაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. წარმოუდგენია ვინმეს, რომ საქართველოს რომელიმე კუთხეში თუნდაც ერთი, პატარა ყუთი დადოს ქუჩაში სავაჭროდ და იგი სახელმწიფოს მოხელისაგან შეუმჩნეველი დარჩეს? არც კანონიერი ქურდი თუ უბრალო ნარკომანი არის სამართალდამცველთათვის უცნობი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი მოქმედებს, თუმცა მისი მოქმედების ლოგიკა სრულიად განსხვავდება სახელმწიფოს შესახებ არსებულ სახელმძღვანელოებში აღწერილისაგან. საქართველოში ფორმალური (სახელმწიფო) და არაფომალური ინსტიტუტები ისე იყო და არის აღრეული ერთმანეთში, რომ ძნელი გასარჩევია სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე. მაგალითად თუნდაც ,,კოდორის გატაცებათა” ეპოპეა გამოდგება, როცა პრეზიდენტის რწმუნებული (ფორმალური ინსტიტუტი) საქმის ,,გაჩალიჩებას” ადგილობრივი კრიმინალებისა ადათებითა და ,,საუკუნოვანი ტრადიციებით” (არაფორმალური ინსტიტუტები) ახერხებდა და ამისთვის პრეზიდენტის ქებასაც იმსახურებდა. კონსტიტუციის, კანონების, სამინისტროებისა და ა.შ. პიროვნებებზე ,,მორგების” ჩვენეული ტრადიციაც ამაზე მეტყველებს.
ეს რეალობა ჩვენთან კარგად იციან: ჟურნალისტები, ექსპერტები და თავად პოლიტიკოსები (!) კლანური ტიპის სახელმწიფოზე საუბრობენ. თუმცა, ტერმინოლოგიურ სიზუსტეს რომ არ გამოვედევნოთ, ამგვარი ტიპის სახელმწიფოს (საზოგადოების) არსი ხშირად არასწორედაა გაგებული. მაგალითად, ბოლო დროს გახშირდა საუბრები, რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი ,,საკუთარ საოჯახო ბიზნესს” უწევს ლობირებას, რომ ეს კადრი იმის ნათესავია და ამიტომ ამ თანამდებობაზე არ უნდა დაინიშნოს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ამ საკითხებს არეგულირებს და თუ პოლიტიკოსებს მართლაც სურთ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სწორედ ამ კანონით უნდა იხელმძღვანელონ და ზედმეტი თავის გამოდება ნამდვილად არ დასჭირდებათ.
ახლა კი ,,კლანისა” და ,,პატრონაჟის” შესახებ ერთი მცირე შენიშვნა: პატრიმონიალური კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ნათესაურ კლანზე დამყარებულ ურთიერთობებს. ესაა პირადული, არაფორმალური ურთიერთობების ფორმა, სადაც კავშირის უმთავრეს მოტივს ურთიერთსარგებელი, ხოლო სტაბილურობის გარანტს პიროვნული ლოიალობა შეადგენს. ამ კავშირის მონაწილენი ლოიალური შეიძლება იყვნენ როგორც ,,უფროსის” (პატრონი, ,,დიდი კაცი”), ასევე ,,თანასწორის” (მეგობარი, ,,საჭირო კაცი”) მიმართ. ასე რომ, მეგობრობა-ძმაკაცობაზე აგებული (საკადრო) პოლიტიკა ისევე ,,კლანურია”, როგორც ნათესაურ კავშირებზე დამყარებული. არადა, ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთის ნათესაობას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ერთმანეთს მუდამ ,,ახლო მეგობრებად” მოიხსენიებენ.
საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნების უმთავრესი პრობლემა ძლიერი და ეფექტური ბიუროკრატიის არარსებობაა (თუ არ ვცდები, ეკონომიკის ახალმა მინისტრმაც გაუსვა ხაზი ამ საკითხს), რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობის ხერხემალს უნდა შეადგენდეს. უფრო სწორად, მთელი ბიუროკრატიული აპარატი ჩვენთან პიროვნებებს შორის ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური ლოიალობის პრინციპითაა აგებული. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ახალი ძალის, თან რევოლუციურ მოსვლას, შედეგად არნახული საკადრო წმენდა მოჰყვა. ერთი მხრივ, ეს გასაგებია, ძველი და ძველის მიმართ ლოიალური კადრი უნდა წავიდეს (ერთი პოლიტიკოსი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო კანცელარიაში დამლაგებელიც კი გამოსაცვლელიაო!). მეორე მხრივ, საფიქრალია, ძველს რომ ახალი ჩაენაცვლება, ამით რა შეიცვლება?
ზემოთ გაშლილი მცირე დისკურსი გვიჩვენებს, რომ სოციალური რეალობა იმდენად მკაცრია, რომ ახალ ხელისუფლებას ხშირად ისღა დარჩენია, სახელმწიფო აპარატი ისევ ძველი პრინციპით - პიროვნული ლოიალობის ნიშნით დააკომპლექტოს, ფორმალური ინსტიტუტები კი არაფორმალურ კავშირებს მოარგოს. ასეთ შემთხვევაში კი ნათესავზე უარის თქმა დიდს ვერაფერს ცვლის.
დაკვირვება მესამე და ძირითადი: რეფორმა თუ ძალაუფლება
აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებზე როცა ვსაუბრობთ, უამრავ პრობლემასთან ერთად, რაც ამ ქვეყნების განვითარებას აფერხებდა და აფერხებს, არ უნდა დაგვავიწყდეს პოლიტიკურ მეცნიერებაში კარგად ცნობილი დილემა ,,რეფორმა-ძალაუფლების” შესახებ. საქმე ისაა, რომ ამგვარ ქვეყნებში ხელისუფლებაში მოსული ძალა, შეეჩეხება რა მკაცრ რეალობას, დგება დილემის წინაშე: თუ გავატარებთ ძირეულ რეფორმას ყველა მიმართულებით, მაშინ შევასუსტებთ სახელმწიფო აპარატს, შევარყევთ ქვეყანაში ,,სტაბილურობის” საფუძვლებს (როგორც წესი, ასეთ ქვეყნებში ეს არაფორმალიზმი და კორუფციაა), ანუ საფრთხეს შევუქმნით საკუთარ ძალაუფლებას. შედეგად, ჩვენ დავკარგავთ პროცესების მართვის უნარს და არჩევნების დროს, თუ საქმე აქამდე საერთოდ მივიდა, უთუოდ დავმარცხდებით (როგორც წესი, საქმე ,,გადატრიალებამდე” უფრო მიდის); ,,კეთილშობილი მიზნებისათვის” კი იქნებ ღირდეს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის მცირეოდენი უკანონობის დაშვება? იქნებ, ოდნავ გავალამაზოთ არჩევნების შედეგები, რათა არ მოვუშვათ ხელისუფლებაში ,,ჩვენზე უფრო რეგრესული ძალა” და არ დავღუპოთ რეფორმები (გავიხსენოთ 1999 წელს აღორძინების წინააღმდეგ ატეხილი აჟიოტაჟი ხელისუფლებაში)? ამგვარ გარიგებას კანონთან კი იგივე შედეგებამდე მივყევართ, რასაც თავის დროზე აღნიშნული ძალა თავად ებრძოდა. ამგვარი დილემის კლასიკურ მაგალითია შევარდნაძის რეჟიმიც, რომელიც საკუთარ სისტემას ემსხვერპლა. 1990-იანი წლების დასაწყისში არსებული ვითარების ფონზე არაფორმალური, პერსონიფიცირებული და კორუფციული სისტემა ქვეყანაში სტაბილიზაციის საფუძვლად იქცა, თუმცა ამ სისტემამ ახალი რეალიების პირობებში, სადღაც 1990-იანი წლების ბოლოდან, ვეღარ იმუშავა. იმავდროულად, სისტემას არ გააჩნდა თვითრეფორმირების უნარი, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი დაღუპვისათვის იყო განწირული.
როგორც თავში აღვნიშნე, არავინ ირწმუნება, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ძველის შეცდომებს გაიმეორებს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების სხვადასხვა, ცალკეულ პიროვნებებს მორგებული ვარიანტები და თავად ,,იდუმალების” პროცესი, რომელშიც იგი შედგა, ბადებს კითხვას, რა მიზანს მოემსახურება ეს, და მომავალი ცვლილებები - რეფორმებს რეფორმებისთვის თუ რეფორმებს ძალაუფლებისათვის?
ბოლოთქმა
ვარდების რევოლუცია უდავოდ მნიშვნელოვან მოვლენად შევა საქართველოს ისტორიაში, თუმცა ჯერაც არავინ უწყის, როგორი იქნება მომავლის ისტორიკოსის შეფასება. ნოემბერში ბევრი საუბრობდა საზოგადოების გამოღვიძებაზე. ალბათ, ჯერაც ნაადრევია ვამტკიცოთ, რომ საქართველოში თანამედროვე, დასავლური ტიპის სამოქალაქო საზოგადოება სახეზეა. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ მოსახლეობაში არსებული ვითარებით უკმაყოფილების დოზა საკმაოდ დიდია, მიუთითებს, რომ რეფორმების სოციალური მხარდაჭერა საზოგადოებაში არსებობს. ჯერი ახალ ხელისუფლებაზეა. შეძლებს თუ არა იგი გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ქვეყანა განვითარების გზაზე დააყენოს. ბუნებრივია, იქნება მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკა, აზრთა სხვაობა. ძველი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ახალი უკვე თუნდაც იმიტომ იმსახურებს შექებას, რომ მას მოქმედებებისთვის ვაკრიტიკებთ და არა უმოქმედობისათვის.
![]() |
5 საქართველო - მთავარი გამოცდა ჩაბარებულია |
▲back to top |
პოლიტიკა
თამარ მჭედლიშვილი
გაზეთ ,,24 საათის” კორესპონდენტი
2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებამ დემოკრატიაში გამოცდა ჩააბარა. პრინციპში წარმატებით. იმ დღეს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რამაც, თავის მხრივ, ბიძგი მისცა ისეთი პროცესებს, რაც საბოლოოდ ხელისუფლების ცვლით დასრულდა. 23 ნოემბრის ,,ხავერდოვანი რევოლუცია” არ იყო სახელმწიფო გადატრიალება. ამას, შეიძლება, ძალაუფლების ცვლილება ვუწოდოთ, რომლის დამკვეთიც, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობა გახდა.
ბუნებრივია, ნოემბრის მოვლენები კიდევ დიდხანს იქნება ყურადღების ცენტრში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. სხვადასხვა და საწინააღმდეგო მოსაზრებეები გამოითქმება ამ მოვლენის შეფასების დროს, მაგარმ მიუხედავად ამისა, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი გმირები მომხდარისა იყვნენ არა პოლიტიკოსები, არამედ იყო ქართული საზოგადოება, რომელმაც ღიად გაილაშქრა საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.
2 ნოემბერს ამომრჩევლები საკუთარ მომავალს აძლევდნენ ხმას, მათ გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ის ხელისუფელბის მომხრე არ ყოფილა. უკვე ხავერდოვანი რევოლუციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, იგივე რიგითი მოქალაქენი, რომლებიც დღე და ღამე, წვიმის ქვეშ იდგნენ პარლამენტის შენობის წინ, იტყვიან - ჩვენ არ ვყოფილვართ ძალაუფლებისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში ბრმა იარაღი, იმ დღეებში ჩვენ საკუთარ თავს ვიცავდით.
არჩევნების წინა დღეებში
ამ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა ქვეყანაში ყველას ესმოდა, როგორც პოლიტიკურ ელიტას, ასევე მოსახლეობას. უკვე იმ დღეებში არავინ არ ეჭვობდა, რომ ეს არჩევნები გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დრამატული მოვლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
საერთო ფონი, რომელიც წინ უძღოდა წინაასააარჩევნო პერიოდს, უკვე იძლეოდა საფუძველს, რომ ბრძოლა დეპუტატობის მანდატებისთვის ძალიან სასტიკი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 23 პარტია და პარტიული ბლოკი, ძირითადი ბრძოლა მანდატებისთვის, რამდენიმე პარტიას შორის მიმდინარეობდა. მათ შორის: პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერი პარტიული ბლოკი ,,ახალი საქართველოსთვის”, ,,აღორძინების კავშირი” (რომლის ხელმძღვანელადაც ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე), ,,ნაციონალური მოძრაობა”, ბლოკი ,,ბურჯანაძე-დემოკრატები”, ,,ლეიბორისტული პარტია” და ,,ახალი მემარჯვენეები”. ზოგიერთი ექსპერტი, ფავორიტთა სიაში პარტიასაც - ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თვლიდა. თუმცა, უკვე ბევრი ეჭვობდა, რომ ეს პარტია 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებდა.
პირობითად ეს პარტიები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
● პროსამთავრობო ძალები - ,,ახალი საქართველოსთვის” და ,,საქართველოს დემოკრატიური აღორძინების კავშირი”;
● ფსევდო-ოპოზიცია - ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და ,,ლეიბორისტული პარტია”, რომელთა ლიდერებიც საიდუმლოდ ყოველთვის თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან.
● შეურიგებელი ოპოზიცია - ,,ნაციონალური მოძრაობა”, ბლოკი ,,ბურჯანაძე დემოკრატები”, რომელთა ლიდერებიც სხვადასხვა დროს იკავებდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტებს, თუმცა ოდესღაც მმართველი მოქალაქეთა კავშირი ოპოზიციად გადაიქცა.
ასე მაგალითად, ბლოკის ,,ბურჯანაძე დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია 1995-2000 წლებში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მიხეილ სააკაშვილი - ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრი. ბლოკის ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკანასკნელ დრომდე რჩებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.
ცალკე უნდა გამოიყოს ,,ახალი მემარჯვენეები”, რომელთა მოქმედებამაც ნოემბრის დღეებში პროვოცირება გაუწია ე.წ. ხავერდოვან რევოლუციას. უკანასკნელ მომენტამდე ეს პარტია აქტიურად თანამშრომლობდა ოპოზიციასთან, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს შევარდნაძის მხარეს აღმოჩნდა.
გასაგები რომ გახდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს არჩევნები ქვეყნისთვის, შეგვიძლია გავაანალიზოთ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების რამდენიმე საკვანძო მომენტი, პირველ რიგში ის მიზეზები, რაც წინ უძღვოდა პარტიათაშორის ბრძოლას.
საქმე იმაშია, რომ 2005 წლის გაზაფხულზე ვადა გასდიოდა შევარდნაძის საპრეზიდენტო მმართვლობას. რადგან საქართველოს კონსტიტუცია არ განიხილავს საქარველოს პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევას, საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლა სწორედ ამ არჩევნებიდან იწყებოდა.
პოლიტიკურ კულუარებში ძალაუფლების გადაცემის რამდენიმე ვერსია მუშავდებოდა. ყველაზე რეალური ე.წ. რუსული ვერსია სჩანდა. უკვე სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, მაგ., სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ან საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. Gგანიხილებოდა ასევე ე. წ. აზერბაიჯანული სცენარი, მითუმეტეს, რომ ედუარდ შევარდნაძის შვილი, პაატა შევარდნაძე არაერთხელ იყო ნახსენები უმაღლეს პოლიტიკურ ელიტაში.
ბუნებრივია, ყველა ეს ფიგურა შევარდნაძის გარემოცვიდან იყო. ხოლო ამ გარემოცვის პოლიტიკური საყრდენი წინაასარჩევნი ბლოკი ,,ახალი საქართველოსთვის” გახდა, რომელთა ლიდერთათვის გამარჯვება უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა, რადგან, მათი აზრით, პრეზიდენტი საკუთარი არჩევანს შეაჩერებდა იმ პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც პარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენდა.
ედუარდ შევარდნაძის გარემოცვა
იცოდნენ რა პრეზიდენტის მმართველობის სტილის ხასიათი და თავისებურებები, მათი შეშფოთება არც თუ უსაფუძვლო იყო. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ედუარდ შევარდნაძე არ იყო დიქტატორი, მაგრამ მან შექმნა რეჟიმი, რომელიც დიქტატურაზე საშიში გახდა. ეს იყო სისტემა, რომელიც სრულიად ეფუძნებოდა ისეთ კორუფციას, რომლის მასშტაბები რთული განსასაზღვრია.
ჯერ კიდევ 1998 წელს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ჩაატარეს გამოკვლევა. შედეგები კატასტროფული იყო - ხელისუფლების ყველა ორგანო, ქვეყნის პარლამენტის ჩათვლით, კორუმპირებულად იქნა დასახელებული.
თავად პრეზიდენტმა არაერთხელ გამოუცხადა ომი კორუფციას, მაგარმ სურათი არ იცვლებოდა. ლოგიკურად, კორუმპირებულ მოხელეებს არ სურდათ საკუთარ თავთან ბრძოლა.
ამ სისტემას წყალობით ქვეყნის ხაზინა წლიდან წლამდე ცარიელი რჩებოდა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე არც ლაპარაკობდნენ. ჩრდილოვანმა ეკონომიკამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობდა.
ამასთან, პრესაში არაერთხელ ჩნდებოდა ინფორმაცია სახელმწიფო ჩინოვნიკების მილიონობით დოლარებზე, თუმცა, არც ერთ მათგანს არ მიუმართავს სასამართლოსთვის პროტესტით. ისინი მხოლოდ ამ ფაქტების ,,ბინძურ ბრძოლად” მონათვლით კმაყოფლდებოდნენ.
ქვეყანაში ყვაოდა ნავთის, სიგარეტის, საკვები პროდუქტების კონტრაბანდა, ე. წ. ,,კრიშებად” კი პრეზიდენტის ნათესავები ან ძალოვანი სტუქტურების უმაღლესი რანგის ჩინოსნები იყვნენ. საქართველოში თითქმის ყველამ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის ბიზნესი.
თავად პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ,,ეს იქნება არაპოპულარული ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა უბრალო მოსახლეობისთვის, რადგან კორუფციის აღმოფხვრისას, გაძვირდება პროდუქტები”.
მთელი ეს ქონება შევარდნაძეს თავისი მემკვიდრისთვის უნდა დაეტოვებინა, რომლის სახელსაც არ ასახელებდა. საქართველო რომ აზერბაიჯანი ყოფილიყო, საქმე მარტივად იქნებოდა - იქ დემოკრატიაზე ლაპარაკიც ზედმეტია. პრეზიდენტმა დემოკრატიის ფასადი შექმნა და ეს ანგარიშგასაწევი გახდა.
გარკვეულ მომენტამდე თავისუფალი აზრი საშიში არ იყო, რადგან დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჰქონდათ ისეთი გავლენა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა რეჟიმს, მაგრამ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში სიტუაცია უკონტროლო გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობდნენ არასამთავრობო სექტორთან და ღიად აფინანსებდნენ ყველა პროექტს, რომლებიც დაკავშირებული იყო ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან.
საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის გარემოცვისთვის გადამწყვეტი გამოცდა აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ესმოდათ, რომ შევარდნაძე ეცდებოდა ბოლომდე შეენარჩუნებინა დემოკრატიის ფასადი, და პირველ რიგში, დასავლური ქვეყნების წინ. მეორეს მხრივ, ნათელი იყო ისიც, რომ აუცილებლად გააკეთებდა არჩევანს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომელიც გახდებოდა 12 წლის მანძილზე შევარდნაძის მიერ შექმნილი მიღწევების მემკვიდრე.
ერთი სიტყვით, ძალაუფლების პირდაპირი გადაცემა დასცემდა შევარდნაძის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების მშენებლის იმიჯს. მან ბოლომდე მომლოდინე პოზიცია აირჩია, არ ერეოდა აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში და მხოლოდ თვალყურს ადევნებდა, მისი გარემოცვიდან რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ჩააბარებდა გამოცდას, რომლის კითხვებიც მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი.
ამასთან, ხელისუფლების ავტორიტეტი მოსახლეობაში კატასტროფულად იყო დაცემული. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკში ,,ახალი საქართველოსათვის” რამდენიმე პარტია იყო შესული, უპირობო გამარჯვებაზე არავინ ფიქრობდა.
აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მმართველი პარტიის და პროსამთავრობო კურსის პარტიების ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, ,,ლეიბორისტული პარტია” არაფორმალური თანამშრომლობის გათვალისწინებით, ერთადერთ გამოსავლად პარლამენტში ე.წ. თემატური უმრავლესობის შექმნა იქცა.
თავად ბლოკში ,,ახაალი საქართველოსთვის” შევიდა ყველა ის პოლიტიკური ფიგურა, რომელთა მიმართაც ქვეყნის მოსახლეობას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ეს პოლიტიკური მონსტრი აერთიანებდა მმართველ პოლიტიკურ ძალას ,,მოქალაქეთა კავშირი”, სოციალისტურ, ეროვნულ-დემოკრატიულ და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიბს, ასევე მწვანეთა პარტიას და არჩევნების წინ სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მაგრამ, ასეთი მდიდარი ,,მენიუს” მიუხედავად, ამომრჩეველთათვის ეს ბლოკი სატყუარად არ ქცეულა, რადგან მათი ლიდერების სახელები აშკარად ასოცირდებოდა კორუფციასთან, გრანტების და კრედიტების მითვისებასთან.
თავად პრეზიდენტის გარემოცვაში არ იყო ყველაფერი კარგად - მიუხედავად მათი ერთობისა, სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის უსასტიკესი ბრძოლა წარმოებდა პარტიულ სიებში კვოტებისთვის. ამ მეტოქეობის წყალობით (რომელიც აქტიურად შუქდებოდა მასმედიის მიერ), ისედაც დაბალი რეიტინგი დღითიდღე ეცემოდა.
ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების ავტორიტეტი იზრდებოდა. უკვე არჩევნებამდე ყველა სოციოლოგიური გამოკვლელვა აჩვენებდა, რომ მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობდა ძირითადად სამი პარტია: ,,ნაციონალური მოძრაობა”, ,,ბურჯანაძე-დემოკრატები და ,,ლეიბორისტული პარტია”, რომლის ლიდერიც შალვა ნათელაშვილი პოპულარული ამათუ იმ მოხელის მიმართ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების წყალობით გახდა და რომელსაც სტაბილური და ერთგული ელექტორატი ჰყავდა.
პრეზიდენტ შევარდნაძის მომხრეებიც და ოპოზიციური ძალებიც წინასაარჩევნო რბოლაში გადაეშვნენ. თუმცა, მეთოდები სხვადასხვანაირი იყო. თუ ოპოზიციონერებს პრიორიტეტულად მოსახლეობასთან პირდაპირი კონტაქტი მიაჩნდათ, ბლოკის ,,ახალი საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა ნაცადი მეთოდი აირჩიეს, რაც ნიშნავდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციას.
საერთაშორისო ორგანიზაციების როლი
საპარლამეტო არჩევნების მნიშვნელობა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ქონდათ გათავისებული. დასავლეთი აქტიურად ადევნებდა თავლყურს იმ დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და პოლიტიკურ პროცესს. ეს გასააგებიცაა - დასავლეთს საკუთარი სტრატეგიული ინტერესები აქვს საქართველოში. თავის მხრივ, ევროსაბჭოში შესვლით ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო რიგი ვალდებულებები, რომელთა შორისაცაა სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რისი შედეგიც მოსახლეობის ნებას და არჩევანს ასახავს.
ქვეყანაში გახშირდა დასავლეთის დიპლომატიური ვიზიტები. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი იძულებული გახდა დახმარებისთვის აშშ-ის ხელისუფლებისთვის მიემართა, როდესაც საქმე საარჩევნო კომისიების ჩამოყალიბებას შეეხო.
ქვეყნის პარლამენტმა მაინც ვერ მოახერხა ყველასთვის მისაღები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩამოყალიბება და შესაბამისად, ყველასათვის მისაღები სააარჩევნო კომისიების პრინციპის მიღება.
თუ ოპოზიცია კომპლექტაციას პარტიულ საფუძველზე ითხოვდა, სამთავრობო ფრაქციები იბრძოდნენ ისეთი პრინციპისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა მათ უმრავლესობას საარჩევნო კომისიებში, რაც თავის მხრივ, დაეხმარებოდათ მათ ამომრჩეველთასიებით მანიპულირებასა და არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში.
ზაფხულში, აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თხოვნით საქართველოში ჩამოვიდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. პრეზიდენტ შევარდნაძესა და პოლიტიკურ ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიღწეულ იქნა რამდენიმე შეთანხმება, რომელთაგანაც შეიძლება 2 ძირითადი პუნქტი გამოიყოს.
პირველი, ცსკ-ოს კომპლექტაციის პრინციპთან დაკავშირებული და მეორე, ხმების პარალელური დათვლა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კანონით ვერ მოახდენენ გავლენას საბოლოო შედეგებზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ცსკ-ოს კომპლექტაციის შეთანხმებულ სქემას საქართველოში ბეიკერის სქემას ეძახდნენ. თუმცა, საქართველოში პოლიტიკურ შეთანხმებებში შეთანხმებული იყო სხვა პუნქტებიც, რომელთა შესრულებაზეც ხელსიუფლებამ რატომღაც უარი თქვა.
ამ რეკომენდაციათა შესრულება არ შედიოდა პირველ რიგში ბლოკ ,,ახალი საქართვლოსათვის” ინტერესებში. ამ მიზეზების გაგებაში ჩვენ თავად დოკუმენტის ტექსტი დავეხმარება:
,,ნოემბრის არჩევნების ყველა მონაწილე ვალდებულია ხელი შეუწყოს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომლებიც ეუთო-ს სტანდარტების შესაბამის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას სჭირდება. აშშ მოუწოდებს მთელს საქრთველოს საზოგადოებას, გაავრცელოს მოცემული სქემა და თვალყური ადევნოს მისი შესრულების პროცესს. ხელშეკრულების ყველა მონაწილე თანხმდება იმ აზრზე, რომ არჩევნების ძირითადი მიზანია საქართველოს ახალი თაობისათვის ღია, ეკონომიურად უზრუნველყოფილი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაცემა. არჩევნების ყველა მონაწილე ურთიერთნხმდებიან, რომ ისინი არ იმოქმედებენ საკუთარი პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ხმის მიცემის დღეს და არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მიმართონ ძალადობას, ძალადობის პროვოცირებას, მუქარას და დაშინებას. ქვეყნის მთავრობამ უნდა შეადგინოს ზუსტი, გამჭვირვალე ელექტრონული სარეგისტრაციო სიები, რომლებიც გამოქვეყნდება საარჩევნო უბნებში, ასევე ინტერნეტში. მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ ყველა კანდიდატი თანასწორი უფლებებით დაიშვებიან მასობრივ საშულებებში (სახელმწიფო ტელევიზიის ჩათვლით). მთავრობა დაეხმარება და ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ხმების პარალელური დათვლის პროცესის განხორციელებაში”.
აშშ-ის მთავრობის აზრით, სააარჩევნო კომისიის ჩამოყალიბება შემდეგ სქემას უნდა შეესაბამებოდეს: კომისიის 5 წევრი ინიშნება მთავრობის მიერ, 5 ოპოზიციის მიერ. ცსკ-ს თავმჯდომარეს უნდა იცნობდეს და პატივს სცემდეს ქართული საზოგადოებრიობა.
თუ დეტალებს არ ჩავუღრმავდებით, აქვე ვიტყვით, რომ პარლამენტმა, კერძოდ კი მისმა უმრავლესობა ფაქტიურად იგნორირება გაუწია ამ სქემას და ცსკ დაკომპლექტდა ისე, რომ უმეტესობა იქ მთავრობასთან აქტიურად მოთანამშრომლე პარტიებმა შეადგინეს.
ამ დოკუმენტზე მყისიერი რეაქცია მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახდინეს. ასე მაგალითად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამართლაინი არჩევნები” მზადყოფნა გამოთქვა არჩევნების პარალელურად ხმების დათვლის პროცესის ჩასატარებლად. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ - IFES ხელშეკრულება დადო ცსკ-თან და ვალდებულება აიღო შეექმნა ამომრჩეველთ სიების კომპიუტერული ბაზა და მისი განთავსება საქართველოს ცსკ-ს ოფიციალურ ინტერნეტ-საიტზე.
უკვე პირველ ივნისს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა სამუშაო დამთავრებულია და ახლა ჯერი ცსკ-ზეა.
სკანდალები
შემოდგომიდან ქვეყანაში გახშირდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტები. ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებოდნენ.
ამ შეხვედრების შემდეგ თითქმის ყველა დელეგაციამ ჩვენთვის მოსალოდნელი პესიმისტური პროგნოზი გააკეთა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
,,არჩევნების ჩატარებაზე დამოკიდებულია, დარჩება თუ არა ქვეყანა ევროსაბჭოში” - ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდნენ დასავლელი დიპლომატები. მათივე სიტყვებით, ქართულ ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია ამომრჩეველთა სიებისათვის, ასევე საარჩევნო კომისიების პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის.
ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიები ხმამაღლა აცხადებდნენ, თუ როგორ უსწორდებოდა ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს ადგილზე.
მეორეს მხრივ, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობში ადანაშაულებდნენ. ,,მათ უნდათ პარლამენტში რუსეთის წინაშე დავალებულნი მოვიდნენ” - ესეთ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ ამ საარჩევნო ბლოკის ლიდერები.
მათ საკუთარი თვალსაზრისი ჰქონდათ ამ პროცესთან დაკავშირებით. პროსამთავრობო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილმა პირდაპირ აცხადებდა, რომ სიათა ფალსიფიკაცია არასამთავრობო ორგანიზაცია IFES -ის საშუალებით მოხდა.
ამგვარად, არჩევნების წინ მთავარ პრობლემას კვლავ ამომრჩეველთა სიები წარმოადგენდა. ზუსტად ამიტომ საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლები ამ სიათა დაზუსტებას ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სახავდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ სფეროში კატასტროფული სურათია და ზუსტად ეს გახდა ამ არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის მთავარი მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ხელისუფლებაც აღიარებდა ამ სიების მნიშვნელობას, დრო გადიოდა და განცხადებები უბრალო სიტყვებად რჩებოდა. ან უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ქაღალდზე იჭრებოდა. ხელისფლების მხრიდან იქმნებოდა ილუზია, რომ შესაბამისი ორგანოები უკვე დაკავებულნი არიან ამ პრობლემით, მაგრამ მოქმედებათა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს მხოლოდ ფასადი იყო. რამდენიმე არასმთავრობო ორაგანიზაცია, რომელიც თვალყურს ადევნებდა ამ პროცესებს საკამოდ უარყოფით დასკვნამდე მივიდა.
ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით 1 ივნისამდე მზად უნდა ყოფილიყო ამომრჩეველთა სარეგისტრაციო პირველადი მონაცემები. ეს დავალებული ჰქონდა შსს-ს. მინისტრმა კი თავის მხრივ გამოსცა ინსტრუქცია და შსს-ს რაიონულ დანაყოფებს და ადგილობრივ მმართველობის ორგანოებს 1 ივნისამდე მოეძიათ და შეეგროვებინათ ამომრჩევლის უფლებიან პირთა სრული სია.
ხელისუფლების ყველა ადგილობრივი ორგანოს მეთაურისთვის, ასევე პოლიციური მმართველობის პირველ პირთათთვის ჩატარდა სპეციალური ინსტრუქტაჟი. გადაწყვეტილ იქნა, რომ ამოცანის შესასრულებლად შეიქმნებოდა სპეციალური შერეული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამ მონაცემთა დადგენას.
ქვეყნის 54 რაიონში დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამართლიანი არჩევნები” წარმომადგენლები ახორციელებდნენ ამ პროცესების მონიტორინგს.
და აი რა გაირკვა:
მრავალ რაიონში ადგილობრივი ადმინისტრაციის მეთაურები ყველანაირად ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ ამ პროცესების მონიტორინგს. დამოუკიდებელი დამკვირვებლების ოფიციალური პროტესტის შემდეგ ისინი დაუშვეს პროცესზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რაიონში მაინც ახერხებდნენ დამკვირვებლების გარეშე მუშაობას და მონაცემთა შეცვლას. ძირითადად, პროცესი დაიწყო დიდი დაგვიანებით, და თავიდანვე ეჭვი იქნა შეტანილი მონაცემთა სისწორეში.
მონიტორინგის შემდეგ ერთმა დამკვირვებელმა განაცხადა, თუ როგორ შეჰქონდათ შეუმოწმებელი მონაცემები პოლიციის უფროსთან. მსგავსი სურათი დამახასიათებელი იყო თითქმის ყველა რაიონისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნულ იქნა სამუშაოს არაორაგნიზებულბოა, ინსტრუქციების არცოდნა და იგნორირება, ფინანსების არქონა, უნდობლობა მოსახლეობის მხრიდან.
ამასობაში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულმა სკანდალმა პიკს მიაღწია. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ხელისუფლება იძულებულიი გახდა ეღიარებინა, რომ აქამდე გამოქვეყნებული ყველა მონაცემი ყალბი იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლომდე არ უნდოდათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
შს სამინისტრო ღიად მიუთითებდა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებზე, ხოლო ცსკ-ს თავმჯომარე ნანა დევდარიანი მთელს პასუხისმგებლობას ყოფილ თავმჯდომარეს აკისრებდა. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამომრჩეველთა ერთიანი სიების გამოქვეყნების რამდენიმე დროით გადავადების შესახებ.
დაახლოებით ამავე დროს, ცსკ-მ მიიღო დადგენილება და დაავალა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, ასეევე ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებს, 18 ოქტომბრამდე ყველა შეცდომის გასწორება. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ოპოზიციური პარტიის ,,ახალი მემარჯვენეების” მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გახდა, სადაც დამტკიცებული იყო ერთერთთ უბანში ამომრჩეველთა რიცხვის 650 ათასით გაზრდა. აღსანიშნავია, რომ არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში 3 მილიონზე მეტი ამომრჩეველია.
შსს არ იღებდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მინისტრის კობა ნარჩემაშვილის მხრიდან არაერთხელ გაისმა კონტრბრალდებები. სახელმწიფო მინისტრი, ბლოკის ,,ახალი საქართლეოსთვის” ლიდერებიც ოპოზიციურ პარტიების ლიდერებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სდებდნენ ბრალს ამომრჩევველთ სიების ფალსიფიკაციაში.
სიებში არ იყვნენ ცოცხალი ამომრჩევლები, ხალხი სიებში დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ნათესავთა სახელებს და გვარებს პოულობდა.
მიუხედავად ასეთი ტრაგიკომიკური სიტუაციისა, 2 ნოემბრამდე საქართველოში არაფერრი შეცვლილა.
გადამწყვეტი დღეები
არჩევნებამდე 1 კვირით ადრეც კი ქვეყანაში ატმოსფერო უკუდურესად დაძაბული იყო. ცსკ-ს კვლავ გადააქვს სიათა საბოლოო დადგენის ვადა 30 ოქტომბრამდე. კვლავ ნათელი ხდება, რომ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკს შორის დაძაბულობა მშვიდობიანად არ დამთავრდება - ძალიან მაღალი ფსონებია. ჟურნალისტებისთვის სწორედ მაშინ ხდება ცნობილი, რომ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე პრეზიდენტ შევარდნაძეს არჩევნების 2 კვირით გადაწევას სთავაზობს. შევარდნაძე უარს ამბობს.
,,კუდიანებზე ნადირობა” საქართველოში გრძელდება. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ცსკ უარს ამბობს IFES-ის მიერ გაკეთებულ სიებზე და შს სამინისტროს სიებს ირჩევს. მთელი ამ დროის მანძილზე შევარდნაძე სიმშვიდეს ინარჩუნებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას სრულებით არ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაში. პრეზიდენტის გარემოცვა ფალსიფიკაციისათვის ემზადება.
ვის აწყობს არჩევნების ფალსიფიკაცია? ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც წინასწარ იციან რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და ამავე დროს ადმინისტრაციულ რესურსებს ფლობენ.
უკანასკნელ მომენტამდე ასეთი მხოლოდ სამთავრობო ბლოკი ,,ახალი საქართველოსთვის” იყო.
ხელისუფლების განკარგულებაში ყოველთვის იყო ფალსიფიკაციის მეთოდები, ე.წ. კარუსელი და მარაო, დამატებითი სიები, სიების ხელოვნური გაზრდა და ა. შ.
იმ დღეებში გაჩნდა კითხვები, საერთოდ თუ დაინტერესებულა შევარდნაძეE რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს მის ქვეყანაში? არსებობს თუ არა ქვეყანაში ერთი ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც ამ ინფორმაციას ფლობს? თუ არა, ვინ არის ამაში დამნაშავე, რომ არავინ ინტერესდება არც მოსახლეობის რაოდენობით და არც მათი სოციალური მდგომარეობით? ეს რიტორიკული კითხვები იყო და მათზე პასუხი ქვეყანაში ყველამ იცოდა.
2003 წლის 2 ნოემბერი
არჩევნების დღე. ამომრჩეველთა სიებში სრული ქაოსია. არაკომპეტენტურობა და კანონების უცოდინარობა საარჩევნო კომისიის წევრების, პერმანეტული დარღვევები საამომრჩევლო კოდექსის მოთხოვნილებების, ცსკ-ს მიერ მიღებული უპრეცედენტო და უკანონო გადაწყვეტილებები, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები პოლიტიკურ პარტიათა წინა შედეგებზე და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ცსკ-ს მხრიდან.
უკვე ნათელი იყო, რომ ხელისუფლებამ უკიდურეს ზომებს მიმართა. ქვეყნის რეგიონებიდან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცახდყოფდა, რომ ხმის მიცემის პროცესი აშკარა დარღვევებით წარიმართა.
მიუხედავად ამისა, ცსკ-ს კულუარებში ,,ახალი საქართელოსთვის” წარმომადგენელბი ერთამნეთში გამარჯვებას ულოცავდნენ. ამასთან, ისინი ჟურნალისტებს უცხადებდნენ, რომ მოგებულია ასევე მაჟორიტარული ბრძოლაც. მხოლოდ დილით ცსკ-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, არჩევნებში ლიდერობდა მიხეილ სააკაშვილის პარტია ,,ნაციონალური მოძარობა”, მას მისდევდა ბლოკი ,,ახალი საქართველოსთვის”. თუმცა, ცსკ-ს რეზერვში რჩებოდა ცნობები, რომელიც არ იყო მოსული რეგიონებიდან, სადაც სრული კონტროლი ხორციელდებოდა ხელისუფლების მიერ - ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. რაც შეეხება დარღვევებს, ყველგან აღინიშნა არჩევნების დაგვიანებით დაწყება და თითქმის ყევლგან ხალხი ვერ პოულობდა საკუთრა თავს. უკვე საღამოს ნათელი იყო, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება, რადგან ეგზიტპოლების და პირველადი ოფიციალური მონაცემები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
ქვეყანაში სიტუაცია მწვავდება, ამომრჩევლები, რომლებიც წავიდნენ არჩევნებზე, მზად არიან ქუჩაში გავიდნენ, რათა დაიცვან საკუთარი ხმა.
ცსკ-ს მანიპულაციები
მთელი მომდევნო დღების მანძილზე ცსკ-გან შეუძლებელი იყო რაიმე ინფორმაციის მიღება. ამასთან ამომრჩევლები აქტიურად ადევნებდნენ თვალყურს პოლიტიკურ პროცესებს. ქვეყანაში გამოჩნდა შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნები. ცსკ-ს პასიურობა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ინსტრუქციების მიღების ლოდინით შეიძლება აიხსნას. მალე მოვიდა საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მონაცემები, მაგრამ ასევე ფალსიფიცირებული. შედეგები გასაჩივრდა და პროცესი მოგებულ იქნა.
სიტუაცია 13 ნოემბერს დაიძაბა. ძირითადი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე. მეორე დღეს ცსკ იღებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დადგენის წესს. რომლის, თანახმადაც მხედველობაში არ მიიღებიან ის ამომჩევლები, რომლებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ყველას წინააღმდეგ მისცეს ხმა. ცსკ-ს ეს გადაწყვეტილება ეხმარება პარტია ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვაში.
ამ გადაწყვეტილებას ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებეი აპროტესტებენ. ნათელია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური მოსაზრებებით არის განპირობებული, რაც უფრო აძლიერებს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დაძაბულობას.
ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და ცსკ-ს დადგენილება უკანონოდ სცნო.
ამასობაში, საპროტესტო მიტინგების ტალღამ მთელი ქვეყნა მოიცვა. ხალხს ესმოდა, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეიცვლებოდა და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ. ამომრჩევლები მხარს უჭერდნენ ოპოზიციურ პარტიებს და ამავე დროს იცავდნენ საკუთარ არჩევანს. მაგრამ ხელისუფლებამ კვლავ არ ჩათვალა საჭიროდ შეეფასებინა შექმნილი მდგომარეობა, მიუხედავად მრავალთასიანი დემონსტრაციებისა. 22 ნოემბერს კი, ცსკ-მ ფალსიფიცირებული შედეგები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც პირველ ადგილზე გავიდნენ ბლოკი ,,ახალი საქართვლოსთვის”, მეორეზე - ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირი”, და მესამეზე - ,,ნაციონალური მოძრაობა”. იმავე დღეს ხდება ცნობილი ხელისუფლების ფარული გარიგების შესახებ ,,ახალ მემარჯვენეებთან”, რის სანაცვლოდაც ამ პარტიამ შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახა.
მეორე დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი პარლამენტის პირველ სხდომა დანიშნა.
ხავედროვანი რევოლუცია
თუ რა ხდებოდა იმ დღეებში, ძნელია ემოციების გარეშე საუბარი. ქვეყანა შეიარაღებული კონფლიქტის წინ იდგა...
გადმწყვეტ საათებში პრეზიდენტის გარემოცვა ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირების ილუზიას. ამისთვის აჭარიდან მობილიზიებული სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები ჩამოდიან. მათ ხელისუფლების მხარდამჭერებიც უერთდებიან.
თბილისში ერთდროულად ტარდება ორი მიტინგი. ოპოზიციის ლიდერებს და თავად მოსახლოებას კარგად ესმის, რომ საჭიროა სიფრთხილე. სამი საათისთვის ოპოზიცია და მოსახლეობა სახელმწიფო კანცელარიისკენ მიემართება. ხელებაწეული ხალხი საკუთარ უიარაღობაზე მიუთითებს.
23 ნოემბერი, საღამოს 5 საათი. პარლამენტში დეპუტატები იკრიბებიან, მაგრამ ქვორუმი არ არის. რამდენიმე წუთში მათ უერთდებათ პარტია ,,ახალი მემარჯევნეები”, რაც საშუალებას აძლევს პრეზიდენტს სხდომა გახსნილად გამოაცხადოს. შვიდ წუთში ოპოზიციის ლიდერები სხდომათა დარბაზში იჭრებიან, რის გამოც პრეზიდენტი იძულებულია გაიქცეს. მეორე დღეს ის გადადგა.
ქვეყანაში ახალი ხელისუფლება დამყარდა. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტმა და რევოლუციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 96 პროცენტი მიიღო.
გამოხმაურებები
მთელი მსოფლიო ადევნებდა თავლყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ,,ხავერდოვანი რევოლუციიდან” ორი დღის შემდეგ ხდება ცნობილი, რომ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. ამას უკვე ღიად აცხადებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ლაპარაკია, რომ აშშ მხარს უჭერს სტაბილურობის და საქართველოს სუვენერიტეტის შენარჩუნებას და მზადყოფნას გამოთქვამს ქართველი ხალხის დასახმარებლად.
სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ შევარდნაძესთან და მადლობა გადაუხადა იმ როლისთვის, რომელიც მან ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაში ითამაშა.
ინტერენეტ გამოცემებში ჩნდება უცხოელი ექსპერტების პირველი შეფასებები.
გლებ პავლოვსკი, ეფექტური პოლიტიკის ფონდის ხელმძღვანელი:
საქართველომ 45 დღის მანძილზე უნდა მოახერხოს იმის დამტკიცება, რომ შეუძლია თუნდაც ქინძისთავებით გაამაგროს გასაქცევად გამზადებული რეგიონები და ეს ნამდვილად პრობლემაა. ადრე, ასე თუ ისე არსებობდა ტერიტორია, რომლიც ცნობდა თბილისის მთავრობის იურისდიქციას. დღეს კი ამ ტერიტორიიდან, როგორც მინიმუმი აჭარა გავარდა. რა არის აჭარის გარეშე საქართველო? შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მუხრუჭების გარეშეა, საქართველო, რა თქმა უნდა, დსთ-ის ქვეყნებისთვის არასასიამოვნო პრეცენდენტს ქმნის, პირველ რიგში აზერბაიჯანისთვის, რაღაც ხარისხით უკრაინაში, სადაც ოპოზიცია საქართველზე, როგორც პრეცენდენტზე ალაპარაკდა.
ხავერდოვანი რევოლუციები არ არსებობს. ამიტომ დღეს ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების, რუსეთის და აშშ-ს ამოცანაა, არ დაუშვას საქართველოს დაშლა. თუ ეს მოხდა, ჩვენ ფაქტობრივად ჩეჩნური სიტუაცია დაგვიდგება კავკასიის მსხვილ სახელმწიფოში. რაც შეეხება ახალ ქართველ პოლიტიკოსებს, სააკაშვილი შეეცდება გააგრძელოს შევარდნაძის პოლიტიკა, მხოლოდ რადიკალურ ვარიანტში.
დიმიტრი ორლოვი - პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე
საქართველო ახლა სერიოზული პროცესების წინ დგას, რომლებმაც შეიძლება ნგრევამდე მიიყვანოს. ეს რეჟიმი თავის საწყის ფაზაში უფრო პატიოსანი იქმნება, ვიდრე შევარდაძის რეჟიმი. საზოგადოებრივ სივრცეში უფრო გამჭვირვალე და ნაკლებად პრორუსული. გარკვეული რიტორიკა გაჩნდება რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ პოლიტიკის რეალური შეცვლა პრაქტიკულად არ მოხდება.
მარკ ურნოვი - ანალიტიკური პროგრამების ფონდ ,,ექსპეტიზას” ხელმძღვანელი
შევარდნაძის რეჟიმმა აშშ-იც დაღალა და რუსეთიც. როდესაც აშშ-მა განაცხადა, რომ შევარდნაძემ ვერ გაამართლა იმედები, ნათელი გახდა, რომ ეს რეჟიმის დასასარული იყო. ვფიქრობ, ვაშინგტონის იმედების გაცურება შევარდნაძის არათანმიმდევრული პოლიტიკით იქნა გამოწვეული და გადწყვიტეს, აქცენტი ახალ, ახალგაზრდა, ენერგიულ და პერსპექტიულ პოლიტიკოსზე გაეკეთებინათ. რუსეთიც არ იყო შევარდნაძის მხარდაჭერაში დაინტერესებული, რომელიც პოლიტიკას კავკასიაში აშშ-ის და რუსეთის დაპირისპირებაზე აგებდა. რა მოხდება დღეს? მე არ გამოვრიცხავ ქვეყნის დაშლის შესაძლებლობას, ფაქტობრივად, მის დაშლას მცირე სახელმწიფოებად.
გაცილებით საშიში სიტუაციაა აფხაზეთთან და ოსეთთან. თუ სააკაშვილი გავლენიანი ფიგურა აღმოჩნდება, მაშინ აფხაზეთსა და ოსეთში საომარი მოქმედებებია მოსალოდნელი. ჩვენ კი ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან მოგვიწევს რეაგირება პოლიტიკური ან სამხედრო ფორმით.
რაჯან მენონი - საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წევრი, ნიუ-იორკი
საშიშროება, რა თქმა უნდა არა აპოკალიფსურია. საქმე იმაშია, თუ არ გზით წავა საქართველო. ჯერ გაურკვეველია, თუ როგორ ითანამშრომლებენ ოპოზიციური პარტიები. აბაშიძე, რომლის ბლოკიც მეორე იყო უკანასკნელ არჩევნებზე, ასევე ფლობს გავლენის ბერკეტებს. აჭარა რჩება ადგილად, სადაც რესპუბლიკის კანონები თავად საქართველოს კანონებს არ უწევენ ანგარიშს.
![]() |
6 ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობა გლობალიზაციის პირობებში |
▲back to top |
ეკონომიკა
ემირ ეთერია
ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი
გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში კონკურენტუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს ნებისმიერი ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების უმთავრეს მიზანს. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში, რომლის სტაბილური განვითარება მსოფლიო მასშტაბით პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფორმირებას ეფუძნება. ამავე დროს, როგორც ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ცნობილი ამერიკელი მკვლევარი მ. პორტერი აღნიშნავს, არცერთ ქვეყანას არ ძალუძს კონკურენტუნარიანი იყოს აბსოლუტურად ყველა პოზიციაში, რამდენადაც მისი რესურსები შეზღუდულია. აღნიშნული ერთნაირად ეხება როგორც განვითარების პოსტინდუსტრიულ, ისე ინდუსტრიულ-აგრარულ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მკვლევარის მიერ გამოყოფილი ქვეყნის კონკურენტული ზრდის სტადიები (ზრდა ბუნებრივი რესურსების, ინვესტიციების, ინოვაციების და ბოლოს, სიმდიდრის საფუძველზე) თავისი არსით, წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ცოდნის ევოლუციის შედეგს. ჩვენი კვლევის ამოცანიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება გლობალიზაციის პროცესის ზეგავლენას მ. პორტერის ცნობილი ,,კონკურენტული რომბის” ოთხ უმთავრეს თვისებაზე ანუ დეტერმინანტზე, რომლებიც ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობას განსაზღვრავენ. ცნობილია, რომ აღნიშნულ ოთხ დეტერმინანტს წარმოადგენს:
1. ფაქტორული პირობები;
2. შიდა მოთხოვნის პირობები;
3. მონათესავე დარგების არსებობა;
4. ფირმის სტრუქტურა, სტრატეგია და შიდადარგობრივი კონკურენცია, ასევე ორი დამხმარე დეტერმინანტი, სახელმწიფოს (მთავრობის) როლი და შემთხვევა.
გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ფაქტორულ პირობებს სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრაში. როგორც თავად მ. პორტერი აღნიშნავს: ,,საერთაშორისო კონკურენციაში წარმატებას განსაზღვრავენ არა იმდენად წარმოების ფაქტორები, არამედ სად და რამდენად პროდუქტიულად გამოიყენებიან ისინი”1. აღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ წარმოების ფაქტორების მხოლოდ რაოდენობრივი მხარე არ განაპირობებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. გლობალიზაციის პირობებში ეროვნული ეკონომიკების კონკურენტული უპირატესობის უმთავრეს ფაქტორს ინდივიდის და საერთოდ, საზოგადოების განვითარების დონე წარმოადგენს. როგორც რუსი მეცნიერი ს. ემელიანოვი აღნიშნავს: ,,აქ საუბარია არა იმდენად რესურსებზე, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მათი გამოყენების ეფექტიანობაზე”.2 შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამა თუ იმ რესურსის ეფექტიანი გამოყენება, თავის მხრივ, გამომყენებლის ცოდნის, განათლების ფუნქციაა. ამდენად, უმთავრესი როლი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში ენიჭება ადამიანისეული კაპიტალის განვითარების დონეს, ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალს და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების ინტერნაციონალიზაციის დონეს. ამრიგად, ინდივიდის განათლების მაღალ დონეზე დაფუძნებული კონკურენტული უპირატესობა წარმოადგენს ყველაზე მდგრად და სტაბილურ უპირატესობას. რაც შეეხება, ბუნებრივ რესურსებს, მათ სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებათ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრაში, მით უმეტეს თანამედროვე ეტაპზე, ნანოტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით. ნანოტექნოლოგიების განვითარება ნიშნავს ,,მიკროდან ნანოზე არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ, ნივთიერებებზე მანიპულაციებიდან ცალკეული ატომების მანიპულაციაზე გადასვლას”.3 აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარების შედეგია ე.წ. ,,ნანოეკონომიკის” წინმსწრები განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანამედროვე ეტაპზე ფაქტორული პირობებიდან უმთავრეს, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ადამიანის განათლების დონე ანუ საზოგადოების განვითარების დონე, მისი უნარი შექმნას ახალი ტექნოლოგიები ან გამოიყენოს და განავითაროს არსებული. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ისწრაფვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს ეროვნული ეკონომიკის, შიდა ბაზრის პროტექციონისტული დაცვის შესაძლებლობას, რაც ყველა ქვეყნის კომპანიას აძლევს სხვა ქვეყნის ბაზართან მიღწევადობის შესაძლებლობას. თვით განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაშიც, რომელიც უდიდესი გადახდისუნარიანი მოთხოვნით ხასიათდება, აღნიშნული ფაქტორი სულ უფრო ნაკლებად წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის კონკურენტული უპირატესობის განმსაზღვრელ ფაქტორს. როგორც რუსი მკვლევარი ვ. გუტნიკი აღნიშნავს ,,გერმანიის ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის უზრუნველყოფაში შიდა ფაქტორის წილი შეადგენს 1,3 პუნქტს და ასეთივე ტემპი არის მოსალოდნელი შემდეგ ორ წელიწადში. უახლოეს წლებში მხოლოდ საზღვარგარეთული მოთხოვნის ზრდას შეუძლია უზრუნველყოს ეროვნული ეკონომიკის მიერ 2%-ის გადალახვა”.4 აღნიშნული დეტერმინანტი ანუ მოთხოვნა შიდა ბაზარზე სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეკონომიკისთვისაც, მიუხედავად სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მშპ-ში ექსპორტის დაბალი ხვედრითი წონისა (10%). ამ უკანასკნელის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს აშშ-ის კომპანიების ე.წ. ,,მეორე ეკონომიკა”, რომელიც უპირატესად საგარეო ბაზარზე არის ორიენტირებული. ამრიგად, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მოთხოვნა შიდა ბაზარზე ნაკლებად წარმოადგენს ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელოვან ფაქტორს. აღნიშნულს ასევე ადასტურებს 90-იანი წლებიდან თითქმის ყველა ეროვნული ეკონომიკის სწრაფვა ჩაერთოს რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში. ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის მესამე დეტერმინანტია - მონათესავე დარგების განვითარება. გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში აღნიშნული დეტერმინანტის მნიშვნელობა დამოკიდებულია დარგის სახეობაზე. ცნობილია, რომ გლობალური ეკონომიკის სტაბილური განვითარება დამოკიდებულია მსოფლიო მასშტაბით პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფორმირებაზე, რომელიც, თავის მხრივ, მეცნიერებატევადი დარგების უპირატეს განვითარებას ეფუძნება. აქედან გამომდინარე მონათესავე დარგების არსებობა მხოლოდ მაშინ უწყობს ხელს სტაბილური კონკურენტული უპირატესობის შექმნას, როცა ის ხელს უწყობს მეცნიერებატევადი დარგების განვითარებას. როგორც რუსი მეცნიერი მ. დელიაგინი აღნიშნავს: ,,ინფორმაციული ტექნოლოგიები უფრო ეფექტიანდ აქცევენ არა რეალურად მიმდინარე პროცესების, არამედ მათი აზრის მსვლელობის მართვას, ვინც ამ პროცესებს ხელმძღვანელობს. აშშ-ს მაღალი კონკურენტუნარიანობა და მსოფლიო ლიდერობა სწორედ აქედან გამომდინარეობს”.5 რაც შეეხება კონკურენტული რომბის მეოთხე დეტერმინანტს ანუ ფირმის სტრუქტურას და სტრატეგიას, თანამედროვე ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიათა თითქმის ერთიანი, უნიფიცირებული მოდელის ფორმირება. აქ უპირატესობა კომპანიათა ამერიკულ მოდელს ენიჭება, რასაც ხელი შეუწყო გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში კომპანიათა ფუნქციონირების იაპონური მოდელის კონკურენტუნარინობის გარკვეულმა შესუსტებამ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ქვეყნის კონკურენტული რომბის დეტერმინანტები გარკვეულ მოდიფიკაციას განიცდიან, განსაკუთრებით შიდა მოთხოვნის პირობები და ფირმის სტრუქტურა და სტრატეგია. ამავე დროს, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებში. გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი მონაწილეობა დამოკიდებულია ცალკეულ ქვეყანაში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის, საზოგადოების არსებობაზე. აქედან გამომდინარე, გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება კონკურენტუნარიანობის კლასიკურ ფაქტორებს. აღნიშნულ ქვეყნებში უმთავრესია სახელმწიფოს ხელშემწყობი როლი. აღნიშნული მტკიცდება იმ გარემოებით, რომ უდიდესი დანახარჯები, რომელსაც მოითხოვს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, ამ ქვეყნებში ტნკ-ების არარსებობის გამო აუცილებელია ეროვნულმა სახელმწიფომ იტვირთოს. აღნიშნულ ქვეყნებში სახელმწიფო არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც მიზანმიმართული პოლიტიკით შეუძლია საზოგადოების განვითარების დონის ამაღლება, რომელიც იძლევა არა მარტო მსოფლიო სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გამოყენების შესაძლებლობას, არამედ იმის საფუძველსაც, რომ ამ ქვეყნებში შესაძლებელი იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოგონება. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, მეცნიერებატევადი წარმოება, რომელსაც ყველა სხვა სახის წარმოებასთან შედარებით დიფერენციაციის უდიდესი უნარი გააჩნია, ქვეყნებს, რომლებსაც საშუალო დონის სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალი გააჩნია (აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება) უტოვებს იმის შესაძლებლობას, განავითარონ ახალი ტექნოლოგიები. მეცნიერებატევადი წარმოება, ინფორმაციული და ნანოტექნოლოგიები არის ის დარგი, რომლებშიც წარმატება უზრუნველყოფს ცალკეული ქვეყნის მდგრად კონკურენტულ უპირატესობას. აღნიშნული შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უპირატესი დაფინანსებით, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით უპირატესად მეცნიერებატევად დარგებში, სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის ამაღლებით და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს არა მარტო ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, არამედ საზოგადოების ინტელექტის მიხედვით სტრატიფიკაციას, რომელიც პოსტინდუსტრიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.
როგორც ცნობილია, მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარეობს, 1989 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს ეროვნული ეკონომიკების (ქვეყნების) კონკურენტუნარიანობის რეიტინგს. კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად იყენებენ 314 კრიტერიუმს, რომელიც დაჯგუფებულია კონკურენტუნარიანობის ოთხ უმთავრეს ფაქტორად. ამ უკანასკნელს მიეკუთვნებიან ეკონომიკური საქმიანობა (შიდა ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო ინვესტიციები, დასაქმება, ფასები), ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ეფექტიანობა (საზოგადოებრივი ფინანსები, ფისკალური პოლიტიკა, სტრუქტურული მოწყობა, ბიზნესის სამართალი, განათლება), ბიზნესის ეფექტიანობა (მწარმოებლურობა, შრომის ბაზარი, ფინანსები, მენეჯმენტი, წილი გლობალიზაციაში), და ინფრასტრუქტურის განვითარების დონე (ძირითადი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, ეკოლოგიური მდგომარეობა, ფასეულობათა სისტემა). აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ეროვნული ეკონომიკა, რომელიც 1998 წლიდან ინარჩუნებს პოზიციას და თანაც მოწინავეს, არის აშშ. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ამ ქვეყნის ძლიერი პოზიციებით, მეცნიერებატევადი, უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების წარმოებაში. 2002 წლის მონაცემებით, მეორე ადგილზეა ფინეთი, რომელსაც ხელი შეუწყო ამ ქვეყანაში ისეთი მეცნიერებატებვადი დარგების განვითარებამ, როგორიცაა, ელექტრონული და ელექტროტექნიკური წარმოება, ტელეკომუნიკაციების განვითარება (კომპანია ,,ნოკია”) და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლები კონკურენტუნარიანობით პორტუგალია ხასიათდება (33-ე ადგილი). ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან კონკურენტუნარიანობის მაღალ დონით ხასიათდებიან, ესტონეთი (21-ე ადგილი), უნგრეთი (28-ე ადგილი), სლოვაკეთი (37-ე ადგილი), სლოვენია (38-ე ადგილი), პოლონეთი (45-ე ადგილი). აქ აშკარად ვლინდება მეცნიერებასა და ტექნიკაზე, განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელობა კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ესტონეთის მაღალი კონკურენტუნარიანობის საფუძველს აღნიშნულ ქვეყანაში მომსახურეობის სფეროს, განსაკუთრებით საფინანსო მომსახურეობის, ტურიზმის უპირატესი განვითარება წარმოადგენს, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საკმაოდ მაღალი დონის დამსახურებაა. პოლონეთის შეიძლება ითქვას შედარებით დაბალი კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მიზეზი აღნიშნული ქვეყნის მშპ-ის სტრუქტურაში სოფლის მეურნეობის შედარებით მაღალი წილია. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ესტონეთის გარდა, ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყნებს შორისაა რუსეთი (43-ე ადგილი, 2002 წელს). აღნიშნული, კი უპირველეს, ყოვლისა განპირობებულია რუსეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებით, რომელთა შორის აღსანიშნავია აეროკოსმოსური წარმოება, ასევე მსოფლიო ბაზარზე რუსულ შეიარაღების საკმაოდ მაღალი კონკურენტუნარიანობა. ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აღნიშნულ რეიტინგში მოხვდნენ ჩილე (20-ე ადგილი), ბრაზილია (35-ე ადგილი), მექსიკა (41-ე ადგილი), კოლუმბია (44-ე ადგილი), ვენესუელა (48-ე ადგილი) და არგენტინა (49-ე ადგილი). აფრიკის კონტინენტიდან მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (39-ე ადგილი). სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 1997-1999 წლების საფინანსო კრიზისმა უდიდესი ზეგავლენა იქონია აღნიშნული რეგიონის ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე. სამხრეთ კორეა, რომელიც 1998 წლს აღნიშნულ რეიტინგში 36-ე ადგილზე იყო, 1999 წელს უკვე 41-ე ადგილზეა, 2000 წელს კი 28-ე ადგილზე. ასეთი წარმატებას უდავოდ შეუწყო ხელი სამხრეთ კორეის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართვამ მეცნიერებატევადი დარგების განვითარებისა და რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვისაკენ. ასევე აღნიშნული ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებამ მეზობელ ჩინეთთან და იაპონიასთან. აღსანიშნავია რომ, ,,სამხრეთ კორეას და ჩინეთს შორის საქონელბრუნვის მოცულობამ 2000 წელს შეადგინა 43,5 მლრდ. დოლარი და პროგნოზით 2010 წლისათვის 100 მლრდ. დოლარს მიაღწევს. იაპონია-სამხრეთ კორეის საქონელბრუნვა კი 52.4 მლრდ. დოლარს შეადგენს”.6 სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კრიზისის შედეგად 1998 წლიდან მკვეთრად დაეცა ინდონეზიის (40-დან - 1998 წელს, 47-მდე - 2002 წელს), ფილიპინების (შესაბამისად 32-დან 40), მალაიზიის (19-დან 26), კონკურენტუნარიანობა, რომელიც გამოწვეული იყო როგორც ეკონომიკური (სუსტი საფინანსო სისტემა, საგარეო დავალიანების ზრდა და ა.შ), ასევე პოლიტიკური ფაქტორებით. აღნიშნულ პერიოდში ასევე დაეცა ჩინეთის (21-დან 23), ტაივანის (14-დან 24), ჰონკონგის (5-დან 9), სინგაპურის (2-დან 5) კონკურენტუნარიანობა. აღნიშნული ასახავს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ხასიათდებიან სტაბილური ფინანსური მდგომარეობით, დიდი სავალუტო რეზერვებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მათ კონკურენტუნარიანობაზე. აღსანიშნავია, რომ კრიზისს მით უფრო ნაკლები ზეგავლენა ჰქონდა ეროვნულ ეკონომიკებზე, რაც უფრო სტაბილური ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა აღნიშნულ ქვეყნებში. იაპონიის კონკურენტუნარიანობის დაცემა (20-ე ადგილიდან 1998 წელს, 30-ე ადგილი 2002 წელს) გამოწვეული იყო არა იმდენად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საფინანსო კრიზისით, რამდენადაც ამ ქვეყნის ეკონომიკაში 90-იანი წლებში დაწყებული რეცესიით. როგორც ანალიზი გვიჩვენებს, გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების დონეს. ასევე უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ამ უკანასკნელი სფეროს განვითარებას, არამედ მეცნიერების და ტექნოლოგიების ინტერნაციონალიზაცის ხარისხს, ანუ ქვეყნებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების დონეს. აქ ვგულისხმობთ, ინდივიდების, საზოგადოების და მთლიანად ერებს შორის თანამშრომლობას აღნიშნულ სფეროში, რომელიც თანამედროვე ეტაპზე უპირატესად განვითარებულ ქვეყნებს შორის ანუ პოსტინდუსტრიული ეკონომიკების ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. ამრიგად, სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ქვეყნების თანამშრომლობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას. გარდამავალი და განვითარებადი ქვეყნებისათვის ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო სამეცნიერო მიღწევებთან ადაპტაციას და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა, განსაკუთრებით იმ ეკონომიკურ დაჯგუფებებში ინტეგრირება, რომლებშიც წარმოდგენილნი არიან პოსტინდუსტრიული ქვეყნები. აღნიშნული განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან მიღწევადობის, მათთან სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გათვალისწინებით ხელს შეუწყობს აღნიშნულ ქვეყნებში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირებისათვის აუცილებელი წანამძღვრების შექმნას. ამავე დროს, ყოველი ეროვნული ეკონომიკის მიზანს უნდა წარმოადგენდეს რაც შეიძლება სწრაფი გადასვლა ეკონომიკური ზრდის იმ სტადიაზე, რომელიც დაფუძნებულია, მეცნიერებატევად დარგებში ინვესტიციებზე, ინოვაციებზე. აქ ჩვენ ვგულისხმობთ გლობალური ეკონომიკის არასრულყოფილ მონაწილეებს (განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები). ამავე დროს, აუცილებელია აღნიშნულ ქვეყნებში ინტელექტის მიხედვით საზოგადოების სტრატიფიკაციაზე გადასვლის დაჩქარება. საბოლოო ანგარიშით შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ქვეყნის, ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის საფუძველს მისი მოქალაქეების, საერთოდ საზოგადოების განვითარების მაღალი დონე წარმოადგენს. როგორც ქართველი მეცნიერები აღნიშნავენ, თანამედროვე ეტაპზე ,,ინტენსიურად ვითარდება კრიტიკული ტექნოლოგიები, რომლებიც სრულიად ახალ ეკონომიკას და ცხოვრებს წესს ამკვიდრებს ინფორმატიკის, კომუნიკაციების და წარმოების სფეროში: პროგრამული უზრუნველყოფა, მიკროელექტრონიკა და ოპტოელექტრონიკა, მაღალმწარმოებლური ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები და კომპიუტერული ქსელები.. დამმუშავებელი მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მიკრო და ნანოტექნოლოგიები, რთული სისტემების ტექნოლოგიები”.7 აღნიშნულის გათვალისწინებით გლობალურ მეურნეობაში ყოველი ეროვნული ეკონომიკის ადგილის განმსაზღვრელი იქნება, არამარტო აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი, არამედ მათი განვითარების და ახალი ტექნოლოგიების შექმნის უნარიც, რომელიც იმანენტურად გულისხმობს საზოგადოების განვითარების მაღალ დონეს. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფორმირების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის უმთავრესი მახასიათებელია და ინტელექტის, მისი განვითარება-რეალიზაციის შესაძლებლობაზეა დაფუძნებული. ეს უკანასკნელი ანუ საზოგადოების განვითარების მაღალი დონე, მისი უნარი შეძლოს სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესში უნიკალური წვლილის შეტანა, რომელიც წინ წასწევს საერთოდ ცივილიზაციის განვითარების დონეს არის ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის საფუძველი.
საბოლოო ანგარიშით, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის გამწვავების შედეგად სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება და აღნიშნულის საფუძველზე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ანუ მსოფლიო საზოგადოებრიობის ცოდნის ამაღლება როგორც თვით ადამიანის, ასევე გარესამყაროს შესახებ არის გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი მახასიათებელი, რამდენადაც მსოფლიო მეურნეობის ფუნქციონირების მიზანს არამარტო ადამიანის მატერიალური მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება, არამედ მისი განვითარების, ცოდნის ამაღლებაც წარმოადგენს. …
_______________________
1. Портер М. Международная конкуренция. М., международные отношения. 1993. с. 33
2. Емелянов С., Международная конкурентноспособность производителей США. Методика анализа. Ж. МЭ и МО. 2002, №3, с. 85
3. Чумаченко Б. Нанотехнологии-ключевои приоритет обозримого будушего. Ж. Проблеми теории и практики управления. 2001, №5, Эл. версия на Ptpu. ru
4. Гутник В. Германия Ж. МЭ и МО, 2001, №8. с. 86
5. Делягин М. Информационная революция, глобализация и кризис мировой экономики Ж. Проблемы теории и практики управления 2001. №1. Эл. версия на ptpu. ru.
6. Федоровский А, Развитие интеграционных процессов в АТР: роль и приоритеты Южной Кореи Ж. МЭ и МО, 2002, № 6, с. 55-56
7. ბასილია თ., სილაგაძე ა., ჩიკვაიძე თ. პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე. თბ. 2001 გვ. 26
![]() |
7 ეგვიპტე და არაბული სამყარო (60-იანი წლებიდან დღემდე) |
▲back to top |
ახლო აღმოსავლეთი
ნატო კიპაროიძე
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი
იმისათვის, რომ გადავხედოთ გასული ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს, პირველ რიგში, უნდა შევიცნოთ ეგვიპტე როგორც სახელმწიფოებრივი სტრუქტურა თავისი პრორიტეტებით.
ანვარ სადათის მმართველობის პერიოდში, ეგვიპტემ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას არსებითად თავისით მიაღწია, რომელიმე არაბული ქვეყნის ყოველგვარი დახმარებისა და ინდორსამენტის გარეშე.
სადათი თავის პოლიტიკაში ოთხ ძირითად ბოძს ემყარებოდა: მშვიდობა ისრაელთან, დასავლეთთან ალიანსი (ძირითადად იგულისხმება აშშ), ინფითაჰი (ლიბერალიზაცია) და პლურალიზმი. ეგვიპტიანიზმი, ანუ ,,ალ-ვატანია ალ-მისრია” იყო იდეოლოგიური საფარველი, თუმცა ეს ხედვა დიდხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ, რაც სადათი იერუსალიმში გაემგზავრა, ეგვიპტურ პოლიტიკაში დაიწყო მყარი გარდაქმნა, რომელმაც ყველა ერთ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ეგვიპტეს სჭირდება არაბული სამყარო და მის გარეშე ვერ მიაღწევს ყველა თავის მიზანს. ამ ტარნსფორმაციამ ოთხი ურთიერთდაკავშირებული ფორმა მიიღო: რეიდენტიფიკაცია, რელეგიტიმიზაცია, რესტრუქტურიზაცია, რეორიენტაცია. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
რეიდენტიფიკაცია. ანვარ სადათის ისრაელიდან დაბრუნებას ეგვიპტის ინტელექტუალურ წრეებში დიდი დებატები მოჰყვა. პირველ რიგში. ეს უკავშირდება თავფიკ ალ-ჰაქიმს, რომელმაც თავისი ბროშურით - ,,აზროვნების დაბრუნება” დიდი ხმაური გამოიწვია. ნაშრომში ის კითხვის ქვეშ აყენებდა ნასერისეულ მემკვიდრეობას. 70-იანი წლების ბოლოს მან განავრცო თავისი კურსი და კითხვის ქვეშ დააყენა ეგვიპტის არაბული იდენტურობა.
მას მოჰყვნენ სხვა დანარჩენი ინტელექტუალები, როგორებიც იყვნენ: ჰუსენ ფავზი, ლუის ავადი, ანის მანსური, ნაჯიბ მაჰფუზი, მუსტაფა ამინი და სხვები. მათ ყველას სხვადასხვა მოსაზრება და ანალიზი გააჩნდათ სადათის გამგზავრაბაზე ისრაელში, მაგრამ მათი მოსაზრება ერთი იყო იმის თაობაზე, რომ ეგვიპტე თავისი ცივილიზაციით უფრო ძველი იყო, ვიდრე არაბები. ეგვიპტური ცივილიზაცია ხმელთაშუა ზღვის კულტურის ნაწილად ითვლებოდა და აქედან გამომდინარე, თავისი ხასიათით ბერძნულ-რომაულ ტრადიციებთან უფრო ახლოს იდგა, ვიდრე არაბულ-ისალამურ ღირებულებებთან. მოკლედ რომ ვთქვათ, ეგვიპტე იყო ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციათა ნაწილი.
ეგვიპტელები აღნიშნავდნენ, რომ არაბები კვლავ იმ მომთაბარე ტომებს წარმოადგენდნენ, რომელთაც არ ესმოდათ, რომ ისრაელთან მშვიდობიანი ურთიერთობის მიღწევა იყო ორი ცივილიზაციის შეხვედრა, როგორც მსოფლიო პოლიტიკების კავშირის ცივილიზებული გამოხატვა. აქედან გამომდინარე, ეგვიპტეს უნდა მიეღწია ისრაელთან მშვიდობისათვის და ყოფილიყო ნეიტრალური შვეიცარიის მსგავსად; უნდა შეემცირებინა ხარჯები თავდაცვით საკითხებში და კონცენტრაცია ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე გაეკეთებინა, ისევე როგორც ამას ყველა ცივილიზებული ხალხი აკეთებდა.
ეს იდეები ეგვიპტური ინტელიგენციისათვის არ იყო ახალი, რადგანაც ეყრდნობოდა ხედივი ისმაილის ხედვას 1860-იან წლებში, რომელიც ეგვიპტეს ევროპის ნაწილად განიხილავდა.
ეგვიპტის ლიბერალიზმის გამაცოცხლებლად გვევლინებიან: ტაჰა ჰუსეინი, სალმა მუსა და სხვები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ ეგვიპტის სიახლოვეს ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციებთან. ახალი იყო მხოლოდ დრო, გარემოცვა და ის ფაქტი, რომ ეს იდეები კვლავ აღორძინდა. რასაც მხარს უჭერდა სადათი და მთლიანად სახელმწიფო.
ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ გამოდიოდნენ არაბი ნაციონალისტები საად ედ-დინ იბრაჰიმი, ალ-საიდ იასინი და სხვ. მათ მოჰყავდათ შემდეგი არგუმენტები: საერთო ენა, კულტურა, ღირებულებები და ისრაელი, რომელიც ემუქრებოდა ეგვიპტურსა და მთლიანად არაბულ ეროვნულ უსაფრთხოებას.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ორი რადიკალურად განსხვავებული პერიოდი - 1977 წლიდან 1982 წლამდე და 1982 წლიდან დღემდე.
1977-1982 წლებში, პირველად ისტორიაში ეგვიპტე იყო ანტი-პალესტინური და ანტი-არაბული დემონსტრაციების მოწმე. 1978 წლის თებერვლის შემთხვევის შემდეგ, როდესაც პალესტინელებმა გაიტაცეს ლარნაკას აეროპორტში მიმავალი ეგვიპტური თვითმფრინავი, არაბები დაადანაშაულეს, რადგან შეტაკებისას თხუთმეტი ეგვიპტელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
,,სირიელები და პალესტინელები არ არიან დაინტრესებული არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებით, რადგან ისინი მით უფრო მდიდრდებიან, რაც უფრო გრძელდება ეს კონფლიქტი” - ამბობდნენ ისინი.
სახალხო გამოკითხვების მიხედვით, აშკარა იყო ევიპტელთა დამოკიდებულებაში რადიკალური ცვლილება არაბების მიმართ. არაბები იყვნენ მოქმედების უუნარო, უპასუხისმგებლო, ბინძური, უმადური პარტნიორები, რომლებსაც ასე სურდათ ეგვიპტელების დამცირება.
თუკი 1974 წელს ისინი მხარს უჭერდნენ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის სტრატეგიას, 1978 წლისათვის მათი პოზიცია შეიცვალა. პალესტინელებში ხედავდნენ არალოიალურობას, როგორც დამახასიათებელ თვისებას. ეს დამოკიდებულება არ შეიძლება პირდაპირ გავიგოთ, თუმცა ინტერაქტიული გამოკითხვები იყო ძირითადი მაჩვენებლები იმისა, თუ რას გრძნობდნენ ეგვიპტელები არაბული სამყაროს მიმართ 70-იან წლებში.
სადათის ამგვარ განწყობას არაბების მიმართ არც თუ ისე კარგი შედეგები მოჰყვა.
1982 წელს ისრაელის მიერ ლიბანის ოკუპაცია, ეგვიპტის რეიდენტიფიკაციაში იყო წყალგამყოფი, არაბულ სამყაროსთან მიმართებაში.
1978 წელს ისრაელის მიერ ლიბანის ოკუპაციამ და შემდეგ ერაყის ატომურ რეაქტორზე თავდასხმამ, რა თქმა უნდა, ზოგიერთ ეგვიპტელს გული ატკინა, თუმცა ეს გულისტკივილი ხმამაღლა არ გამოუხატვთ. გაზეთებში კი განაგრძობდნენ წერას არაბების შეურიგებლობაზე, მაგრამ მალე მოვლენები სულ სხვანაირად გავითარდა და შეიძლება ითქვას, რადიკალურადაც შეიცვალა.
1982 წლის ოკუპაციის შემდეგ ეგვიპტელები დამნაშავეებადაც თვლიდნენ თავს, როდესაც ხედავდნენ, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია ფაქტიურად სულ მარტო დარჩა ლიბანში.
შეხედულებები შეიცვალა ინტელექტუალურ წრეებშიც. აი რას წერდა ანის მანსური, რომელიც ადრე იმ აქტიურ წრეებს მიეკუთვნებოდა ვინც ისრაელს ექომაგებოდა:
ჟურნალი ალ-აჰრამი, 1982 წლის 17 ივლისი
,,ეგვიპტეში ერთი კალამიც კი არ დარჩა, რომ ისრაელს არ გმობდეს. აღარავის სჯერა მათთან მშვიდობის დამყარებისა. მშვიდობის არსი პალესტინის სეხელმწიფოშია და იმ შემთხვევაშიც, რომ ამერიკელებს თითოეული პალესტინელი მთვარეზე აჰყავდეთ, ხოლო ისრაელის ყველა მოქალაქეს გააჩნდეს ატომური იარაღი, კონსენსუსი მიუღწეველი დარჩება.
ჩვენ შევურიგდით ისრაელს, რადგან გვჯეროდა ყოვლისმომცველი მშვიდობისა, მაგრამ შევცდით და ყველაზე ოპტიმისტიც კი ჩვენს შორის მიხვდება, რომ შეიძლება ამ შეცდომის გამოსწორებას 34 წელიც კი არ ეყოს.”
ამ პერიოდში დემონსტრაციებს განსხავებული ხასიათი ჰქონდა. ეს არ იყო არც ანტი-არაბული, არც ანტი-პალესტინური, არამედ ისრაელ-ამერიკის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები.
ისრაელის მიერ ლიბანის დაპყრობამ ეგვიპტელ ახალგაზრდებში ზიზღი და აღშფოთება გამოიწვია. ამ ოკუპაციამ საყოველთაო მშვიდობა ეჭვქვეშ დააყენა.
აღშფოთება მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც 1985 წლის 10 ოქტომბერს ამერიკელები ეგვიპტურ თვითმფრინავს დაედევნენ. ამის შემდეგ ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მიერ მოკლული იქნა სულეიმან ხათირი, რომელიც ახლადგაწვეული იყო ცენტრალურ თავდაცვით ძალებში სინაიზე.
1987 წელს დასავლეთისა და ღაზას სექტორში დაწყებულმა აჯანყებებმა დემონსტრაციების ხელახალი ტალღა გამოიწვია. ყველა დემონსტრაციას ერთიდაიგივე სახე ჰქონდა - სოლიდარობა არაბებს. ამ ეტაპზე ეგვიპტელები სრულიად შეიცვალნენ და მათი 73.7% უპირატესობას არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობას ანიჭებდა.
რელეგიტიმიზაცია. 1952 წლის ივლისში, ეგვიპტის რეჟიმის ლეგიტიმურობის ძირითადი მიმართულება იყო ანტი-დასავლური და ანტი-ისრაელური პოზიცია.
1967 წლის დამარცხებამ ისრაელთან ეს საწყისი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეგვიპტის დემოკრატიზაციის საკითხმა იმპერატიული ხასიათი მიიღო და სადათს ეს რეალობა მშვენივრად ესმოდა.
ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი ხაზს უსვამდა ეგვიპტის პოლიტიკის პლურალისტურ ხასიათს. ისრაელთან მას ჰქონდა მშვიდობიანი ურთიერთობა, ხოლო აშშ-თან - ალიანსი. როდესაც ეს პროცესი შეფერხდა, სადათი მოკლეს, ხოლო ახალმა პრეზიდენტმა მუბარაქმა იგივე კურსი გააგრძელა.
შემდგომში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველა ეგვიპტურმა პარტიამ განამტკიცა თავისი არაბული პოზიციები.
სოციალისტურმა შრომის პარტიამ, რომელმაც კემპ-დევიდში 1978 წელს თანხმობა განაცხადა, იძულებული გახდა ოპოზიციურად მიდგომოდა ამ საკითხს. ლიბერალურმა პარტიამ, რომელმაც შეთანხმებას ხელი მოაწერა, უკან დაიხია და უარი განაცხადა თანხმობაზე.
1984 წელს ნეო-ვაბფისტურმა პარტიამ ისრაელის შეურაცხოფის გამო შეთანხმების ნულიფიცირება მოახდინა. ნაციონალებმა კი, რა თქმა უნდა, თავიდანვე უარი განუცხადეს კემპ-დევიდის შეთანხმებას. იგივე პოზიციები ჰქონდათ ,,ძმებ მუსლიმებს”, რომლებიც პან-ისლამიზმს ანიჭებდნენ უპირატესობას.
ეროვნულ-დემოკრატიული, ანუ უმრავლესობის პარტია, მიუხედავად იმისა, რომ არ განდგომია ოპოზიციურ პარტიებს, აგრძელებდა შეთანხმების მხარდაჭერას, თუმცა, პან-არაბიზმის საწყისები უფრო მისაღები იყო.
დეცენტრალიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო პროფესიული, სოციალური და ინტელექტუალური კავშირების და ასოციაციების შექმნას. ეს ჯგუფები მთავრობის ხაზის მიმდევრები იყვნენ, მაგრამ ორად იყოფოდნენ: პრეზიდენტის მხარდამჭერნი (ექიმები, ბიზნესმენები) და ოპოზიციონერები (პრესა და ადვოკატთა კავშირები).
მუბარაქის დემოკრატიზაციის დროს ამ პროცესებში მთავრობის გავლენა შესუსტდა. პრეზიდენტი მუბარაქი მათთან მიმართებაში ჩაურევლობის პოლიტიკას ატარებდა. ასე, რომ ნებას რთავდა გამოეხატათ ეკონომიკური ინტერესი, რომელიც ფართოდ იყო დაკავშირებული არაბულ სამყაროსთან შემოსავლისა და მუშაობის ფარგლებში.
ზემოთ ხსენებულმა ასოციაციებმა შემდგომში ხმა აიმაღლეს არაბთა დახმარებისათვის, განსაკუთრებით პალესტინის ბრძოლაში და მთავრობასაც იგივესკენ მოუწოდებდნენ. ისინი თავადაც კი ხელმძღვანელობდნენ ამგვარი ხასიათის დემონსტრაციებს და ყველაფერს აკეთებდნენ ისრაელთან კავშირის გასაწყვეტად. ბიზნეს ასოციაციებიც კი, რომელთა პან-არაბისტული ხასიათი ცოტა საეჭვო იყო, მალე აღმოჩნდნენ ღრმა ფესვების მქონენი არაბულ კაპიტალსა და ბაზრებთან. უფრო მეტიც, ისინი აგიტაციასაც კი ეწეოდნენ არაბულ სამყაროსთან ურთიერთქმედებაზე.
ეგვიპტური ბიუროკრატია ტრადიციულად დიდ როლს თამაშობდა ეგვიპტურ პოლიტიკაში. თუმცა ნასერისა და სადათის დროს ,,მაღალი პოლიტიკის” კურსი ყოველთვის იყო პრეზიდენტის პრეროგატივა.
ჰუსნი მუბარაქის დროს, დეცენტრალიზაციის პროცესმა შეამსუბუქა პრეზიდენტის ხელი ეგვიპტის ბიუროკრატიაში, შესაბამისად ბიუროკრატები გადაწყვეტილების მიღებაში როგორც არასდროს ისე მონაწილეობდნენ.
ისრაელის მიერ ლიბანის ოკუპაციამ საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში ბიუროკრატები დააფიქრა ეგვიპტის უსაფრთხოებაზე, რომელიც არაბულ უსაფრთხოებასთან ერთად იგულისხმებოდა. ამასთან, დაინტერესდნენ იმ დასაქმებითა და ფინანსური შესაძლებლობებით, რომელთაც მათ სთავაზობდნენ არაბული ქვეყნები. ამ დროს ეგვიპტური ეკონომიკა უარესობისაკენ მიდიოდა, ხალხი თავიანთი შვილების მატერიალურად უზრუნველყოფისათვის ნავთობ-მწარმოებელ ქვეყნებში სამუშაოდ მიდიოდა. ისრაელ-ეგვიპტის მშვიდობიანი ურთიერთობა კი კრახისკენ მიემართებოდა.
რესტრუქტურიზაცია. ეგვიპტურმა საზოგადოებამ და ეკონომიკამ ბოლო ათწლეულში ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა. ყველაზე საინტერესო არის ის ცვლილებები, რაც ეგვიპტურ-არაბულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
ეგვიპტური ურთიერთდამოკიდებულება არაბულ სამყაროსთან უფრო ინტესიური გახდა შემდეგი მიზეზების გამო:
არაბულ ქვეყნებში მიგრაციას დიდი გავლენა ჰქონდა ეგვიპტის საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე. 3,3 მლნ-ზე მეტი ადამიანი წავიდა ნავთობის მწარმოებელ ქვეყანაში სამუშაოდ. ეს რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ ეგვიპტური ოჯახიდან ერთი წევრი მაინც მიგრირებული იქნა. ეს კი, არაბების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის უპირველესი ფაქტორი გახდა;
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, არაბულ ერთიანობას მხარს უჭერდა 78,1 პროცენტი იმ ხალხისა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა;
ფულადი გზავნილები არ იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო, რომელიც ეგვიპტეს მოუწოდებდა არაბულ სამყაროსთან ურთიერთობაზე. ჩვენ ვიცით, რომ 1973-1981 წლებში ეგვიპტემ ოპეკიდან 6,112 მლნ. მიიღო ორმაგი დახმარებით, რომელიც 20 ქვეყანაში გადანაწილებული დახმარების 19,5 პროცენტს შეადგენდა. უფრო მეტიც, ტურისტების 2/3 არაბები იყვნენ, ხოლო 1987 წლისათვის ეს რიცხვი გაორმაგდა.
რეორიენტაცია. სადათის მშვიდობიანი ურთიერთობა ისრაელთან და მისი დეფაქტო ალიანსი აშშ-თან, ეგვიპტის საგარეო საქმეებში ახალ სტრატეგიას წარმოადგენდა. ამ სტრატეგიის გაცნობისათვის უნდა განვიხილოთ სტრატეგიის სამი სახე, რომელსაც ატარებს აშშ, როცა საქმე აქვს უფრო ძლიერ შინაგან ძალებთან. ესენია: შეერთების პოლიტიკა, ბალანსირება, დამოუკიდებლობა.
1. შეერთების პოლიტიკა გულისხმობს თანამეგობრულ ასოციაციას და უფრო ძლიერი სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოების ჩაწყნარებას იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი და შეინარჩუნოს სტაბილურობა.
ამ სტრატეგიის კლასიკური მაგალითია სსრკ-გერმანიის 1939 წლის პაქტი. სტალინი იმედოვნებდა, რომ ეს პაქტი შეამსუბუქებდა ურთიერთობებს გერმანიასთან, რაც მისცემდა საშუალებას მიეღო პოლონეთის ნაწილი.
2. ბალანსის სისტემა ისტორიული თვალსაზრისით უფრო დომინირებდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი სახელმწიფო უერთდება მეორეს, რათა წინ აღუდგეს მესამე ძალას, რომელიც ამ უკანასკნელსაც ემუქრება. დიდი ბრიტანეთის როლი ამ საკითხში ოპტიმისტური იყო XIX საუკუნის ევროპაში. კარგი მაგალითებია ასევე ნატოსა და ვარშავის პაქტებიც.
3. დამოუკიდებლობა არის სტრატეგია, რომლის დროსაც ქვეყნები ეყრდნობიან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ რესურსებსა და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ მტერს.
ჯორჯ ვაშიგტონის მოწოდება ამერიკელებისადმი თავიდან აეცილებინათ პერმანენტული ალიანსები, იყო დამოუკიდებლობისაკენ მოწოდება. 1919-1939 წლებში სსრკ და 1958-1978 წლებში ჩინეთიც ამ კვალს მიჰყვებოდნენ. უმეტეს შემთხვევაში ამ სტრატეგიას ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები იყენებენ.
ეგვიპტე თავისი მწირი რესურსებით წარმატებული ვერ იქნებოდა ამგვარ სტრატეგიაში, იმისდა მიუხედავად, რომ მან ბევრჯერ სცადა ეს კურსი.
ნასერის მიდგომა, ფაქტობრივად, იყო ბალანსი ისრაელთან, არაბული ალიანსის შენება და ისრაელ-ამერიკის დეფაქტო ალიანსის წინააღმდეგ მიმართული ეგვიპტე-სსრკ-ს კავშირი.
სადათის სტრატეგია 1970-1973 წლებში მსგავსი იყო, მაგრამ მოულოდნელად, 1973 წლის ომის შემდეგ, მან შეცვალა ამერიკა-ისრაელის ალიანსთან შეერთების სტრატეგიით იმ მიზნით, რომ ისრაელი გამოეყენებინა ამერიკასთან კონკურენციის საკითხში.
სადათმა სინაის ნახევარკუნძული, მართალია, შეუერთა ეგვიპტეს, მაგრამ მისი პოლიტიკა მაინც არ იყო მშვიდობიანი ისრაელთან და საბოლოოდ კრახი განიცადა.
ისრაელმა თავისი ეროვნული უსაფრთხოება გაზარდა ალჟირიდან ერაყამდე, რაც ეგვიპტეს და მთლიანად არაბულ სამყაროს დისკომფორტს უქმნიდა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისრაელში აშშ-ის გავლენის შეზღუდულობა იყო.
მიუხედავად ამერიკა-ეგვიპტის შეთანხმებისა პალესტინის ,,სრულ ავტონომიაზე”, ისრაელმა თავისი გაიტანა და პროცესიც აქ დასრულდა. ამასთან, ისრაელის მიერ ლიბანის ოკუპაცია გარეშე ძალის დახმარებით მოხდა და ეგვიპტელთა აზრით ეს ძალა ამერიკა იყო.
ეგვიპტისათვის არაბებთან შერიგება აუციებელი გახდა და მუბარაქმაც ნელ-ნელა, მაგრამ სერიოზულად დაიწყო ურთიერთობის აღდგენა არაბულ სამყაროსთან.
არაბულ სამყაროში თითოეული სახელმწიფო ფიქრობდა, რომ დამოუკიდებლად იარსებებდა. ერაყი დარწმუნებული იყო თავის შესაძლებლობებში, რათა ფართომაშტაბიანი ომი დაეწყო ირანის წინააღმდეგ, ნაცვლად იმისა, რომ სხვა შეზღუდული საშუალებებით ეპასუხა ირანის პროვოკაციებზე.
სირიას, თავის მხრივ, სწამდა, რომ ისრაელთან სტრატეგიულ თანამშრომლობას მიაღწევდა. სპარსეთის ყურის ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ მათ ნავთობის შემოსავლები და დასავლეთის შეიარაღება უზრუნველყოფდათ. ლიბია კი თვლიდა, რომ მიაღწევდა არაბულ კავშირს და მსოფლიო რევოლუციას ნავთობისა და მწვანე წიგნის საშუალებით. აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფოს მარტო დარჩენა სურდა.
გასულ წლებში არაბულ სამყაროში ახალი ძალები წარმოიშვა, რომლებმაც პან-არაბიზმის ახალ ფორმას დაუდეს სათავე, რომელიც ნაკლებად რევოლუციური ხასიათის, პრაგმატული, კონსერვატული და არაბული ქვეყნების სისტემის მიმართ საკმაოდ დადებითად განწყობილი იყო.
ამ ძალებმა სამი მთავარი ელემენტი წარმოშვა: უსაფრთხოება, განვითარება და კულტურა.
უსაფრთხოება. ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ რატომ აიძულა ეგვიპტე უსაფრთხოების ზომებმა დაბრუნებოდა არაბულ სამყაროს. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა დანარჩენი ქვეყნებიც. ისრაელი ტუნისსა და სამხრეთ სუდანსაც კი მისწვდა. ამასთან, ერაყის ატომურ რეაქტორზე თავდასასხმელად იორდანიისა და საუდის არაბეთის საჰაერო ზონები გადაკვეთა.
ეგვიპტე თანდათან მნიშვნელოვანი ხდებოდა თავისი დემოგრაფიული და გეოგრაფიული ნიშნით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სტრატეგიის დასაბალანსებლად.
ერთ-ერთ გამოსვლაში პრინცმა ჰასანმა განაცხადა, რომ ეგვიპტე ისევე საჭიროა არაბული სამყაროსათვის, როგორც აშშ ნატოსთვისო. მიუხედავად გაზვიადებისა, განცხადება სიმართლის ელემენტსაც შეიცავდა.
ერაყი იყო პირველი არაბული სახელმწიფო, რომელმაც ეს ყველაფერი გააანალიზა. 1978 წლის ბაღდადის სამიტის შემდეგ სადამ ჰუსეინს ირანთან საბრძოლველად იარაღი სჭირდებოდა, ანვარ სადათი კი მზად იყო გასაყიდად.
განვითარება. არაბული ქვეყნების განვითარებაში ნავთობს მთავარი როლი ენიჭება. ისინი არა მარტო აწარმოებდნენ ნედლეულს, არამედ წმინდავდნენ კიდეც ნავთობს. აწარმოებდნენ ბენზინქიმიკატებს, რკინას, ფოლადს, ცემენტს და სხვა სამშენებლო მასალებს. ინდუსტრიისა და წარმოების როლი ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა.
ინდუსტრიალიზაციამ და ეკონომიკურმა აღმავლობამ ახალი ელიტები წარმოშვა ამ ქვეყნებში, რომლებიც პირველები იყვნენ, ვინც ხალხს პან-არაბიზმისაკენ, არაბული სამხედრო ინდუსტრიისა და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ მოუწოდებდა.
კულტურა. 1950-1960-იან წლებში პან-არაბიზმის იდეამ ხაზი გაუსვა არაბთა საერთო ენას, ისტორიას, ტრადიციებს, ისლამს, რაც სრულიად საკმარისი იყო ერთიანი არაბული ნაციის შესაქმელად. ისტორიამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ კულტურული კრიტერიუმები არ იყო საკმარისი მიზნის მისაღწევად.
ეკონომიკურ წარმოებაში წარმატების, შრომის დანაწილებისა და მექანიზმების გაცვლის გარეშე, პან-არაბიზმის იდეა ურთიერთქმედების ძალიან პატარა არეში ჩაიკეტებოდა. ამასთან, საგანმანათლებლო წიგნების, პერიოდიკებისა და ჟურნალ-გაზეთების რიცხვის ზრდამ შემოიღო პან-არაბული ბაზრები.
ზოგიერთი არაბული გაზეთი, როგორიც იყო: ,,აღ-შარა”, ,,აღ-ვასატი”, ,,აღ-აჰრამი” და ,,აღ-ქაბასი” ევროპასა და აშშ-ში არაბებისათვის საერთაშორისო ნორმებს გამოსცემდნენ.
რადიო და ტელევიზია საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა გაუნათლებლობის პრობლემის გადაწყვეტაში.
1980 წლისათვის არაბულ სამყაროში 250-მდე რადიო-ტელევიზიის სადგური იყო, რომელიც თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდა. არაბულ ქვეყნებს მიეწოდებოდათ აგრეთვე BBC-ის, ამერიკის ხმისა და მოსკოვის რადიოს, მონტე-კარლოს გადაცემები. ამასთან, 82,6 პროცენტი რადიოს და 76 პროცენტი ტელევიზიის გადაცემებისა სალიტერატურო არაბულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა ხალხის განათლების დონეზე მიუთითებს.
დასკვნა
წინამდებარე ნაშრომის მიზანი იყო არაბულ სამყაროსა და ეგვიპტეში იმ ძალისხმევის ჩვენება, რამაც პან-არაბიზმის ხელახალ აღმოცენებამდე მიგვიყვანა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაბებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ გასაჭირიდან ერთადერთი გამოსავალი იყო ახალი არაბული წესრიგის დამყარება, რომლის ფორმაც ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ეს ახალი ფორმა ამჟამინდელ სახელმწიფო სისტემას შეესაბამება და ვიცით, რომ ეს პრაგმატული იქნება და გადანაწილებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ჩვენ დავინახეთ, რომ მათ მიერ შემუშავებული გეგმა არაბულ ქვეყნებს თანამშრომლობის, სოლიდარობისა და თანდათანობით ინტეგრაციისაკენ მოუწოდებს, თუმცა არაბებმა ისიც იციან, რომ გარკვეული ძალები ამ მიზნების საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ.
თითქმის ყველა არაბულ ქვეყანაში და განსაკუთრებით ეგვიპტეში სჯერათ, რომ ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა, რადგან აშშ-სა და ისრაელში არიან ძალები, რომლებიც ეცდებიან არაბულ სამყაროსთან ეგვიპტის აღდგენილი ურთიერთობა დაანგრიონ.
შეფერხება მოსალოდნელია, თუმცა არსებობს იმედი, რომ პან-არაბიზმის ხელის შეშლა დასრულდება.