ცხელი შოკოლადი №17


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ნავერიანი სანდრო, ბაბუაძე თამარ , კიკალეიშვილი სალომე, გუშარაშვილი გვანცა , ლარი ჯონ , კორძაია-სამადაშვილი ანა, მორჩილაძე აკა, გვახარია გიორგი, ლობჟანიძე გიორგი, ტურაშვილი დათო , იელინეკი ელფრიდე
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი პროდიუსერი მარიტა ჭანჭალეიშვილი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე მიხეილ დგებუაძე თორნიკე ლორთქიფანიძე ვიზაჟი აუკა მურვანიძე რეკლამების მენეჯერი: ნატა ფედოსეევა გვანცა გუშარაშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძე სანდრო ნავერიანი გიორგი ლობჟანიძე გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com



1 რედაქტორისგან

▲back to top


0x01 graphic

ამერიკაში ჩასული, პირველს, რასაც ვაკეთებ, ჟურნალ-გაზეთების დახლთან მივდივარ და New Yorker-ს ვყიდულობ. მერე ყავახანაში ვჯდები და დახარბებული ვიწყებ კითხვას. განცხრომის შეგრძნებაც არ ახანებს, რადგან უმალ იმის ილუზია მექმნება ხოლმე, რომ მსოფლიოში ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი დისკუსიის ეპიცენტრში ვიმყოფები და ვიგებ ყველაფერს, რაც თბილისის მიკრო-გარემოში, საკუთარ ყოველდღიურობაში გამოკეტილმა გამოვტოვე.

New Yorker-ის კითხვა ინტერნეტშიც შეიძლება, მაგრამ არა ყველაფრის. თან ადამიანების იმ ძველმოდურ კატეგორიას განვეკუთვნები, სავარძელში მოკალათება და ფურცლების შლა რომ ურჩევნიათ, მონიტორთან წელში მოხრილ ჯდომასა და „scrollbar“-ით ზევით-ქვევით სიარულს. ამიტომ, ძალიან დამწყდა გული, მარტში ჩემმა მეგობარმა რომ მომწერა, New Yorker-ის ახალი ნომერი ძალიან მაგარია, აუცილებლად ნახეო. ნომერი ინტერნეტში კი ვნახე, მაგრამ რისი წაკითხვაც მომინდა, ვერაფერი წავიკითხე.

ერთ-ერთი, რამაც მოსვენება დამაკარგვინა, შონ პენის Profile-ი იყო, სათაურით „მოქალაქე პენი - შონ პენის მრავალი მხარე“. როგორც ჟურნალის ხშირი მკითხველი, მივხვდი, რომ New Yorker-ის ამ რუბრიკაში მოსახვედრად, შონ პენს მარტო თავისი ახალი ჰოლივუდური წარმატებები არ ეყოფოდა. მას გაცილებით უფრო სერიოზული საგმირო საქმეები უნდა ჩაედინა, რომ ჯონ ლარს მასზე 20 გვერდიანი „ნაშრომი“ დაეწერა.

ჟურნალი მეგობარს გამოვაგზავნინე და ჩემი ვარაუდიც გამართლდა. შონ პენმა ბოლო 3 წლის მანძილზე, გაზეთ „San Francisco Chronicle“-ისთვის ავღანეთში და ირანში იმოგზაურა და ამ გაზეთის მკითხველ მილიონობით ადამიანს აუწყა ის, რასაც ამერიკელი ჟურნალისტები არ ჰყვებიან ხოლმე. ამერიკის პრეზიდენტს ინტერვიუზე თავად ვერ შეხვდა და ამიტომ, Washington Post-ს 56,000 დოლარი გადაუხადა იმისათვის, რომ ჯორჯ ბუშისათვის ერთგვერდიანი „ღია წერილი“ მიეწერა. მერე ნიუ ორლეანში იყო, ქარიშხალ „კატრინას“ დროს დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და 40-მდე ადამიანი სამშვიდობოს გამოიყვანა. თუმცა, სტატია მხოლოდ მისი საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ არ გეგონოთ. აქ ყველაფერია შონ პენის შესახებ, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტით დაწყებული, ბავშვობითა და სამსახიობო თუ პირადი თავგადასავლებით დამთავრებული.

ამიტომ, ამ წერილის თარგმნისა და გამოქვეყნების უფლების მოსაპოვებლად, New Yorker-თან მიმოწერა გავაჩაღე. ერთთვიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და სრულად ლიცენზირებულად, „ცხელი შოკოლადის“ ფურცლებზე გთავაზობთ New Yorker-ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პროფილს, არაოფიციალური სათაურით - „ყველაფერი შონ პენის შესახებ“. ისიამოვნეთ!

შონ პენი კარგი, მაგრამ ჩვენ ჩვენი გმირები გვყავს და ამიტომ გარეკანზე უკვე იხილავდით გიორგი ქორქიას - ყველაზე რეიტინგული გადაცემა „დროების“ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჟურნალისტს. გიორგი ავანტიურისტია და მისი სიუჟეტებიც ყველაზე ავანტიურისტ ადამიანებზეა ხოლმე (გამონაკლისებიც აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ეგრეა). გიორგის საზოგადოება კიცხავს, უღმერთობასა და სატანისტობას სწამებს, მაგრამ ის მაინც დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს, თავისი უზარმაზარი კამელოტებითა და მუდამ მოზღვავებული ადრენალინით.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ყველაზე მტკივნეულად აღვიქვამ შეფასებას - „ცხელი შოკოლადი“ სნობური ჟურნალიაო. მაგრამ, ამ ნომერზე მუშაობისას, ჩემდა ძალიან სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ შეიძლება მართლაც ასე იყოს. აბა, სხვანაირად როგორ მოხდებოდა, რომ ევროპა- და ამერიკამოვლილ ჟურნალს აქვე, ყურის ძირში, თურქეთში მოგზაურობა მეჩვიდმეტე ნომრამდე არ გაახსენდებოდა?! თან მაშინ, როცა ყველა ჩვენი ავტორი შეყვარებული ყოფილა სტამბოლზე.

სტამბოლში, ერთის ნაცვლად, ამჯერად ბევრი მეგზური გეყოლებათ. აკა მორჩილაძე, გიორგი ლობჟანიძე, გიორგი გვახარია, დავიდ დექტორი და მელისა ონელი. ასე რომ, ვისაც გენებოთ, იმას დაემგზავრეთ. (თქვენი არ ვიცი და მე, არაცნობიერში თუ ცნობიერში სალივლივოდ, სტამბოლი ნებისმიერ ევროპულ ქალაქს მირჩევნია!)

დაბოლოს - სიახლე! ივნისში გამოვა ჩვენი ახალი ჟურნალი „ცხელი შოკოლადი - კინო“. გიორგი გვახარიას წერილების თაყვანისმცემლებს მარტო „ცხელი შოკოლადი“ ვეღარ აუდის და მისი ასპარეზის გაფართოვება გადავწყვიტეთ. ასე რომ, კინომანებო და ჩვენო ძვირფასო მკითხველებო! ივნისში იკითხეთ ჟურნალი „კინო“, კანის ფესტივალის ცხელ-ცხელი ამბებითა და კინოგმირების ისტორიებით.

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მგონი ამჯერად მეპატიება. „ცხელი შოკოლადის“ რედაქტორი, რეპროდუქციული ფუნქციის შესასრულებლად, ივნისში ტაიმ აუტს იღებს და თუ რედაქციაში ამასობაში ქვეყანა არ დაიქცა, სექტემბრამდე თავს აღარ შეგაწყენთ. ახალი ნომრის გამოსვლამდე, ახალი ადამიანი (წესით) უკვე დაბადებული უნდა იყოს და ვნახოთ, როგორ დაგვეტყობა ეს სიახლე.

აბა ჰე და აბა ჰო!

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲back to top


0x01 graphic

სანდრო ნავერიანი

ახალი გატაცება მაქვს: ფოტოების გადაღება დავიწყე (რა თქმა უნდა, მოყვარულის დონეზე, მაგრამ როგორც რეჟისორ კაცს, ხედვა აღმომაჩნდა) და, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოსთვის ჩვენს ფოტოგრაფებს - ხერხეს, ნიკოს და მესხს სამსახურის გარეშე დავტოვებ, რადგან: წერილიც თუ მე დავწერე და ფოტოც მე გადავიღე და ამასთან ერთად, სხვა ავტორების წერილებისთვისაც გადავიღე, მერწმუნეთ - უსამსახუროდ დარჩებიან. და თუ ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ჩემივე სვეტის ფოტოს შეხედოთ, რომელიც ავტოპორტრეტია.

რაღაც, დილეტანტის და ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანის სიტყვებს ჰგავს, არა?! ნამდვილად ეგრეა. ბოდიშს გიხდით სულ ყველას, სულ. განსაკუთრებით კი გიოს, ქორქიას. იმდენი ხანი ვატარეთ გადაღებებზე, რომ დღეს, სადაც ფოტოაპარატიან კაცს (ან ქალს) ხედავს, იმალება, ან ფოტოაპარატის წასართმევად მისდევს. ბოდიში, გიო.

მაგრამ, ვფიქრობ, ღირდა ამად - ბევრი ახალი რამ გავიგე, გოთ-კულტურას თეორიულად ვეზიარე, კიდევ ერთი ჩემნაირი - ბუნებრივი ექსტრემალი - გავიცანი და კარგი მეგობარი შევიძინე. მოკლედ, ღირდა. ვინც გიორგის მსხვერპლი გახდებით, ანუ ვისაც გიორგი ფოტოაპარატს დაგიმტვრევთ ან წაგართმევთ, შეგიძლიათ მომმართოთ, მე ავანაზღაურებ. ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართია: KaiBichisCxovreba@hotmail.com ან asjergazomeertxelgacheri@posta.ge. იმედია, არც ერთი არ მომწერთ.

ბოდიშები ხომ მოგიხადეთ, ახლა მადლობებს გადაგიხდით: დიდი მადლობა ყველა მკითხველს, რომელმაც გამოკითხვაში (რომელსაც ვატარებდი, რა თქმა უნდა, ზევიდან ნაბრძანებს) მონაწილეობა მიიღეთ.

დიდი მადლობა!

ახლა კი წავედი, სასეირნოდ მივდივარ... ვერის ბაღში. იქნებ იქ თქვენც გნახოთ - ყოველ შემთხვევაში, ესსეს დონეზე მაინც.

0x01 graphic

თამარ ბაბუაძე

ჩემო ძვირფასებო,

ხუმრობებზე იმიტომ ვიცინი ხოლმე სოპრანოს ხმით, თანაც თვალდახუჭული, თავგადაგდებული, გატაცებით და ხანგრძლივად, რომ მერე მომბეზრდეს და ახალ ხუმრობაზე ახალი ენერგიით გადავერთო. ეს ახსნა-განმარტება კი იმიტომ დამჭირდა, რომ შეგატყობინოთ შემდეგი:

ჩემი და ბონოს გაურკვეველი ვადით გაყინული ინტერვიუდან ერთი თვის თავზე (აქამდე მხოლოდ გაყინული კონფლიქტები ვიცოდი და თურმე...), რედაქციაში გავრცელებულმა ფრთიანმა ფრაზამ: ბაბუ, ბონომ დარეკა, ბაბუს თხოვეთო, სად დამეკარგა, გადმომირეკოსო - აქტუალობა დაკარგა. ახლა მე და შონ პენს მოგვიხსენიებენ ასეთივე ფამილარულ კონტექსტში.

არადა, ბედის ირონიაა, თუ არ ვიცი - რა, არც მე და შონი შევხვედრივართ ერთმანეთს; ჰო, არც მე და შონი... სამაგიეროდ, მას ერთი წლის განმავლობაში, ჯიუტად, შეუპოვრად, დაჟინებით და სტაბილურად ხვდებოდა ჟურნალ „ნიუ იორკერის“ ავტორი ჯონ ლარი. ეს უზარმაზარი, დისერტაციის რანგში გადასული პორტრეტიც - რომლის თარგმნის საპასუხისმგებლო საქმეც წილად მხვდა - მან ამ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ შეხვედრებზე, შონ პენის მეგობრების, რეჟისორებისა და ოჯახის წევრების ნაამბობზე ააგო.

რაც შეგვეხება მე და შონს, ჰო, მე და შონს, უნდა გთხოვოთ, რომ ტექსტი - დაუსრულებლობის განცდის მიუხედავად - ბოლომდე ჩაიკითხოთ. ასეთ შონ პენს თქვენ, დარწმუნებული ვარ, არ იცნობთ. სტატიის ცენტრში მოქალაქე პენი დგას - მოქალაქე კეინთან ასოციაციით - მაგრამ ჯონ ლარი მიგიძღვებათ ხან მარჯვნივ, ხანაც - მარცხნივ და თქვენ თანდათან ეცნობით პენის მრავალ მხარეს. დასასრულისკენ კი აუცილებლად და კიდევ ერთხელ უფიქრდებით თემებს, როგორიცაა: რას ნიშნავს, იყო სუპერვარსკვლავი; რას ნიშნავს, წერო სუპერვარსკვლავზე; რას ნიშნავს, გაინტერესებდეს სუპერვარსკვლავის ცხოვრება და რა ოქრო რამეა ხანდახან, როცა ადამიანს, თუნდაც სუპერვარსკვლავს, მარტო დარჩენის საშუალებას აძლევ. შონ პენი ხომ ყველაზე გმირი, ყველაზე ვაჟკაცური და ყველაზე კეთილშობილური სწორედ ასეთ დროს - მარტოობის დროს არის ხოლმე - როცა არავინ აკვირდება და როცა შეუძლია იყოს თავისი თავი.

მოკლედ, ასე. რაა? ა, ტელეფონთან მთხოვენ? კაცია თუ ქალი? უცხოელის აქცენტი აქვს? ვაიმე, ვინ შეიძლება, იყოს ????

ART-

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

შავი თუ თეთრი?

კომპანია არსი. არსის გალერეა.
3 მაისი. 13 : 00.

- შავი თუ თეთრი?

- მმ, არა, არც ერთი, გმადლობ... სამუშაოდ მოსული, ოდნავ დაბნეული პასუხობ, და გინდა, სწრაფად შეაბიჯო გალერეაში, რომ...

- არა! აუცილებელია!!! შავი თუ თეთრი?

კომპანია „არსის“ აღმასრულებელ დირექტორს თორნიკე აბულაძეს, ღონისძიების დროს არც ერთი შემოსული თუ გასული სტუმარი არ გამორჩენია და ყოვლად დაუზარებლად, თითოეულ ადამიანს ზემოთ მოტანილი ტექსტით ხვდებოდა.

კარგი, მგონი დაგაბნიეთ და ისიც გაფიქრებინეთ - „კაცო, სად „არსი“ და სად ღვინოო“... აგიხსნით, დეტალურად და დაწვრილებით. საქმე ის არის, რომ კომპანიის ინიციატივით, „არსის გალერეაში“ ქართველი მეღვინეების მხარდამჭერი საინიციატივო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიზანი მეღვინეობის მხარდამჭერი ღონისძიებების და პროგრამების შემუშავებაა.

დღეიდან, „არსი“ საკუთარი რესურსებით, ქართული ღვინის საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით პოპულარიზაციისთვის იზრუნებს. ამიტომ აღარც ის გაგიკვირდეთ, თუ „არსის“ რეკლამებზე, ერთი შეხედვით, უცნაურ წარწერას წააწყდებით: „არსი“ გაფრთხილებთ, ქართული ღვინო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის!“... „არსმა“ ხომ, თავის დროზე, პროექტი „ქართული სახლი“ დაიწყო, ეთნოგრაფიულში გამართული კონკურსებით და „გპი“-ში, არქიტექტორებისათვის - ამავე სახელწოდების ახალი სალექციო კურსით. ეს ყველაფერი კი ქართული არქიტექტურული ტრადიციის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ჰოდა, ღვინოც ტრადიციაა, ძველი ტრადიცია და კულტურა, რომლის დაფასებისა და მეტი ყურადღების მიქცევისკენ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა გვიბიძგეს.

ასე რომ, სამომავლო მაკეტებისა და პროექტების გარემოცვაში გამართულ საინიციატივო შეთანხმებას, ხელი „არსის“ გენერალურმა დირექტორმა გია აბულაძემ, „თელიანი ველის“ P.S. მენეჯერმა გიო ხუციშვილმა და აკადემიკოსმა დავით ტატიშვილმა მოაწერეს.

P.S. ცნობისათვის: შეთანხმება ნებისმიერ ქართულ კომპანიას იწვევს თანამშრომლობისათვის!

0x01 graphic

ჯავახეთი

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზი.
28 აპრილი. 18 : 00.

ამ ბოლო დროს, ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი ფოტოგამოფენა იმართება. მარტივია, იყიდი კამერას, ფირს, ერთი-ორი კვირა ვიღაცას ჰკითხავ - როგორ უნდა ვაჩხაკუნოო და მორჩაა... საქმეც გამოსულია. სწორედ ამიტომაც, უფრო და უფრო იშვიათია ბოლო პერიოდში თბილისში გამართული ფოტოგამოფენებისგან მიღებული ტკბობა. ზოგი საინტერესო, ზოგი უინტერესო, ზოგი ფერადი და ზოგიც - შავ-თეთრი... ზოგიც ისეთი, რომელიც დასათვალიერებლად დახარჯული დროის სანანებლად თუ გაგახსენდება.

მაგრამ 28 აპრილს, ბერძენიშვილის სახელობის დარბაზში, ერთი მშვენიერი ფოტოგამოფენა გაიხსნა; გამოფენა, რომელიც ჯავახეთს, მის სოფლებს, მის ხალხს და ლანდშაფტებს ეძღვნებოდა.

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა დედა ელისაბედის კურთხევით, ჯავახეთში ორი ექსპედიცია გაემგზავრა: გოგა დევდარიანი, ანკა ნიჟარაძე, დიმა ჩიკვაიძე და ჯგუფის წევრები ჯავახეთის სოფლების გასაოცარ ბუნებაში დახეტიალობდნენ და ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა გასაოცარი ენერგიით გმუხტავდა, ხოლო ხელით გამჟღავნებული კადრებიდან სიწრფელე და ბუნებრიობა მოდიოდა.

ზღაპრული კადრია: მინდორი. სურათის უკანა ხედზე სამი ჯმუხი თივის ზვინი დგას. წინ, ბალახზე კი დედა-შვილი შორიშორს, პირისპირ სხედან; ისინი, ძირს დაფენილ ცელოფანზე ჩამომსხდარან და თან, ზედ დაყრილ მატყლს დედა წვრილი ჯოხით ჩეჩავს... უყურებ ხელით გამჟღავნებულ ამ კონტრასტულ შავ-თეთრ სურათს, რომელსაც ძლივს შესამჩნევი მტვერი თუ ნაფხაჭნები დატყობია; მზის აუტანელ სიმხურვალესაც გრძნობ და იმწუთას ღრუბელს ამოფარებული მისი ჩრდილიც გსიამოვნებს...

0x01 graphic

უცნობი ხალიჩები

. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი.
2 მაისი. 18 : 00.

წინა დღეს, რედაქციაში პრეს-რელიზი მოვიდა. ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექციის გამოფენაზე გიწვევთო.

ეს ექსპოზიცია მართლაც რომ უნიკალური იყო, რადგან მასზე წარმოდგენილ ნიმუშებს, რომლებიც წლების მანძილზე ეთნოგრაფიულ ფონდში ინახებოდნენ, დღის სინათლე არასდროს უნახავთ. და კიდევ ერთი. ყველა ეს ქსოვილი თუ ხალიჩა-ფარდაგი, მაღალმხატვრული ღირებულებების გამო, ხელოვნების ნიმუშებადაა მიჩნეული.

მოწვეული სტუმრები, პროფესიონალები თუ ქუჩიდან შემოსული ცნობისმოყვარე ხალხი, თითოეული ნამუშევრის წინ, ხანგრძლივ განხილვებს აწყობდნენ. თუმცა იმ დღის რეკორდი უძველეს ირანულ ხალიჩას ეკუთვნის, რომელზეც ირანელი შაჰი და 50 გმირი იყო გამოსახული. ნამუშევრის წინ ატეხილი ჩოჩქოლი კი, ამ ძველ ხალიჩაზე გამოსახული ფიგურების და წარწერების ამოცნობა-გაშიფვრას უკავშირდებოდა.

ამ დროს კი, დარბაზის ჩაბნელებულ კედლებზე, მსუბუქი შუქით ნათდებოდა ქართული, აზერბაიჯანული, თურქმენული, ავღანური, სომხური, დაღესტნური და ირანული ხალიჩა-ფარდაგები. სხვათა შორის, მუზეუმის პირველი ხალიჩა მისმა დირექტორმა გუსტავ რადემ 1866 წელს შეიძინა. აზერბაიჯანული ხალიჩა, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება, ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძველია.

„ხალიჩა-ფარდაგების ქსოვის ტრადიცია სამეურნეო ცხოვრების წესმა და საცხოვრებლის თავისებურებებმა განსაზღვრა. ხალიჩის ტიპის ნაქსოვი იყო იატაკიც და ჭერიც, კედელიც და ტანსაცმლის ჩასალაგებელი, ფანჯარაც და კარიც, ლოგინიც, სურსათისა და ჭურჭლის სათავსო და სხვა.“...

„ირანული ხალიჩა აღმოსავლური ქსოვის უნიკალურ ნიმუშადაა მიჩნეული“...

„საქართველო ცნობილი იყო ხალიჩა-ფარდაგების სატრანზიტო გზით. საუკეთესოდ ქარგავდნენ კახეთში, მთიულეთში, სამცხე-ჯავახეთში...“

ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ შეგიძლიათ ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ეწვიოთ და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ; ხოლო თუ ძალიან დაინტერესდით, შეგიძლიათ იქვე, თითოეული ქვეყნის ხალიჩა-ფარდაგის შესახებ საინტერესო ამბებიც მოიძიოთ.

0x01 graphic

კოკა-კოლა, თბილისი, ნესკაფე და ჯაზ-ფესტივალი...

კლუბი TWO SIDE
28 აპრილი. 14:00

ეს მეათე ჯაზ-ფესტივალის პრესკონფერენციაა. ფესტივალი ერთ თვეში, 22-29 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ფილარმონიის დარბაზში კიდევ ერთხელ გაიჟღერებს ჯაზური ჰანგები და სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება:

Jamiroquai - ჯერ კიდევ 1992 წელს, ჯეი ქეი გრუვი-რიტმების მოყვარული გახლდათ, სკეიტბორდით ხელში და უცნაური ქუდით თავზე. ამჟამად მისი კარიერა მოიცავს 20 მილიონზე მეტ გაყიდულ ალბომს, 4 მსოფლიო ტურნეს და 141 კვირის განმავლობაში, ბრიტანეთის ჩარტებში მოპოვებულ წამყვან პოზიციას.

ჰერბი ჰენკოკი - მან ჯაზის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა, რამაც საუკუნის უდიდეს ნოვატორთა გვერდით, დამსახურებულად დაუმკვიდრა ადგილი.

ფრედი კოლი - მომღერალი და პიანისტი, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ლეგენდაა...

„The Three Ledies of Blues“ - სამი მომღერალი ქალბატონი ნამდვილად შოკისმომგვრელია. წარმოდგენის მსვლელობისას, დატყვევებული მსმენელის წარმოსახვაში ადრეული პერიოდის ჰარლემი ცოცხლდება...

წლევანდელ „კოკა-კოლა ჯაზ-ფესტივალზე“ კიდევ რამდენიმე სიახლეა: დავიწყოთ იმით, რომ თუ ნანატრ საღამოზე დასასწრებად ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ბილეთი, ბანკი „რესპუბლიკა“განვადებით გთავაზობთ ბილეთის საფასურის გამოტანას; ხოლო თუ თქვენი ჯიბისათვის ესეც მიუღებელია, მაშინ შეგიძლიათ ქუჩაში საგანგებოდ დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყუროთ და მოუსმინოთ საყვარელ მომღერლებს.

აშშ-ს საელჩო აცხადებს კონკურსს „ჯაზ-პლაკატი“, რომლის გამარჯვებული 25 ივნისს, გალერეა TMS-ში გამოვლინდება; ხოლო კარგი განწყობის შესაქმნელად, ფესტივალის დღეებში, M-ჯგუფი“ შარდენზე გეპატიჟებათ, რომლის ყოველ კუთხე-კუნჭულში ცოცხალი ჯაზი, გამოფენები და კონკურსები დაგხვდებათ.

P.S. ხვდებით, რა ამბები მოხდება ივნისის ბოლო კვირას ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში???

0x01 graphic

საუკეთესო საუკეთესოთა შორის

ეროვნული ბიბლიოთეკა
1 მაისი. 18:00

ნიკუშა ანთაძე, პაატა ბერიკაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ირმა მალაციძე, აკა მორჩილაძე, მარიანა ნანობაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ირმა ტაველიძე, დავით ქართველიშვილი, ეკა ღაღანიძე, ნუგზარ შატაიძე, გელა ჩქვანავა, ბესო ხვედელიძე, კოტე ჯანდიერი - ეს იმ 15 საუკეთესო მოთხრობის ავტორები არიან, რომლებიც 2005 წლის „15 საუკეთესო ქართული მოთხრობის“ გამოცემაში მოხვდნენ. თქვენ ხომ უკვე იცით, რომ აგერ უკვე მეოთხე წელია, რაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ქართულ ჟურნალებში დაბეჭდილ საუკეთესო 15 მოთხრობას არჩევს და მათ მკითხველს ერთ წიგნად სთავაზობს.

სწორედ ამიტომაც, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული საღამო სხვადასხვა წლის და ფერის „15 საუკეთესო ქართული მოთხრობით“ იყო აჭრელებული; საღამო, სადაც 2005 წლის კრებულის გამოცემა და დაჯილდოვება ერთად უნდა აღენიშნათ. რა დაჯილდოვება? არ იცით? წიგნში შესული სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი ხომ ბაკურ სულაკაურის პრემიით დაჯილდოვდა.

ასე რომ, ეს იყო წრეზე დადგმული სკამები და ზედ ჩამომსხდარი ავტორები, ლაშა ბუღაძე - მიკროფონით ხელში და ჩასაწერად მომზადებული ჟურნალისტები: მაშ ასე: III ადგილი ანა კორძაია-სამადაშვილი (ყოვლად საამაყო საქმეა!)

II - ნიკუშა ანთაძე

I - კოტე ჯანდიერი

0x01 graphic

თუმანიშვილის ფონდის შესახებ

კინომსახიობთა თეატრი
11 მაისი. 18:00

„მართალი გითხრათ, თუკი რამე მახსენდება იმ პერიოდიდან, ყველაფერი მას უკავშირდება; სტუდენტობა თუ შემდეგ რუსთაველის თეატრი. თუკი რაიმე საყვარელი როლი შემიქმნია, ყველაფერი მხოლოდ მას, თუმანიშვილს უკავშირდება.“ - გურამ საღარაძე.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი დიდი ხნის წინ დაარსდა. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, სულ რაღაც ერთი თვის წინ, კინომსახიობთა თეატრში ფონდის ხელახალი პრეზენტაცია მოეწყო; პრეზენტაცია - სამომავლო გეგმებით და საინტერესო წამოწყებებით. მაგრამ პირველ რიგში, ფონდი, ბ-ნ მიხეილ თუმანიშვილის მემკვიდრეობის დაცვას და მისი სპექტაკლების მოწესრიგებას ისახავდა მიზნად.

11 მაისს, კინომსახიობთა თეატრში ნოსტალგიური ნოტებით გაჯერებული საღამო გაიმართა, რომელიც მისმა ყოფილმა სტუდენტებმა და მისი თეატრის დასმა ბ-ნ მიშა თუმანიშვილს მიუძღვნეს.

თეატრის ფოიე თუმანიშვილის სპექტაკლებისთვის შექმნილი პლაკატებით და კოსტიუმების ესკიზებით იყო გაფორმებული (რომლის ორგანიზებაში ფონდს „ცხელმა შოკოლადმა“ გაუწია დახმარება): „გვადი ბიგვა“, „ანტიგონე“, „ესპანელი მღვდელი“... კოსტიუმების ესკიზები სპექტაკლისთვის „ჭინჭრაქა“: ეროსი მანჯგალაძის - დათვი, მზია - ბელა მირიანაშვილი, მელია - მედეა ჩახავა... საღამოს დასასრულს, თეატრმა თუმანიშვილის 1978 წელს დადგმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ წარმოადგინა.

0x01 graphic

ჩინური სახლის ფილიალი აბაშიძის 14-ში

აბაშიძეზე მისულებს საინტერესო სიახლე დაგვხვდა - მარჯანიშვილზე მდებარე „ჩინური სახლის“ ფილიალი.

აღმოსავლური ავეჯით გაწყობილი მაღაზია-სალონი მეგობრის თბილ და კომფორტულ სახლს მოგაგონებთ. თანაც, აუცილებლად იგრძნობთ იმ სპეციფიურ სუნსაც, რომელიც იქ ტრიალებს. ეს არის ეგზოტიკური ხილისა და ყვავილების სურნელოვანი ჩაის მსუბუქი არომატი. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩინური საოჯახო ჩაის მთელი ასორტიმენტი.

თუ აღმოსავლური კონკრეტიკა და სიმსუბუქე გიზიდავთ, მაშინ ეს ავეჯი თქვენი ოცნების სახლისთვის ზედგამოჭრილია. ხელნაწერებით გაფორმებული ფაიფურის ლარნაკები, თიხის კერამიკის და მინის ჭურჭელი, მოხატული მარაოები, ფენ-შუის სუვენირები თუ სხვადასხვა სამკაული აქ ნამდვილად ასარჩევადაა...

განსაკუთრებით მომეწონა ტირიფისა და ლიანისაგან მოწნული განათებები და შირმა. ყველაფერი მინდოდა შემეძინა, იმდენად გამორჩეული იყო იქაურობა, მაგრამ სანამ ავეჯამდე მივალ, მანამდე სამკაულების შეძენით დავიწყე:)

სტუმრებით ნელ-ნელა ივსებოდა „ჩინური სახლი“ და იქ ნანახით, დადებითი ემოციაც მატულობდა.

წარმატებას ვუსურვებთ „ჩინურ სახლს“ და კიდევ ბევრ კარგ სიახლეს თბილისს!

ავტორი: გვანცა გუშარაშვილი

3 მოქალაქე პენი შონ პენის მრავალი მხარე

▲back to top


ავტორი: ჯონ ლარი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ფოტო: როიტერი

0x01 graphic

შარშანდელი ივნისის ერთ დილას, 7:45 წუთზე - იმ დროს, როცა სან ფრანცისკოელ მაწანწალებსაც კი ტკბილად სძინავთ, უკვე ქუჩაში ვიყავი. ტროტუარზე, ჩემს წინ შონ პენი იდგა - ნაცრისფერ უჯრედებიან შარვლასა და ბამბის პერანგში, ფეხზე კედებით. შუბლზე ჩამოშლილი სქელი ყავისფერი თმა მზის სხივებზე უბზინავდა. ისე ფხიზლად გამოიყურებოდა, თავისი პოზითაც კი მაგრძნობინებდა, რომ ახალი დღის დასაწყებად მზად იყო.

„არადა, როგორც წესი, ადრე ვერ ვდგები ხოლმე, ღამით ვერ ვიძინებ და იმიტომ“ - მითხრა ცოტა ხანში და სათვალის ზემოდან მოჭუტული თვალებით გადმომხედა.

შონ პენი თეირანიდან სან ფრანცისკოში წინა დღით დაბრუნდა. ირანში ის გაზეთ San Francisco Chronicles-ის კორესპონდენტად იყო წასული და ახლა, უკან დაბრუნებულს, იქაურ წინასაარჩევნო პერიოდზე საგაზეთო მასალები უნდა მოემზადებინა. თან თავისი 14 წლის გოგონას, დილანის სკოლის გამოსაშვებ საღამოსაც უნდა დასწრებოდა.

0x01 graphic

დღეს დილას, სანამ მე შემხვდებოდა, 12 წლის ჰოპერის სკოლაში მიყვანა უკვე მოესწრო. ახლა კი ერთად მივდიოდით იუნიონ სკვერზე შვედური ბლინების გასასინჯად.

პენი 45 წლის კაცია, საშუალო, დაახლოებით 1.76 მეტრი სიმაღლის; ეტყობა, საკუთარი სიმაღლეც და გარეგნობაც აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ის იმ ტიპის კაცია, წინათ რომ „ხერხემლიანს“ ეძახდნენ. ვუდი ალენი პენზე ამბობდა: „უყურებ, და ხვდები, რომ შონი ყოველთვის „ნაღდია“.

პენი ურთიერთობებში თბილია, მაგრამ არა ფამილარული; თავაზიანი, მაგრამ თავშეკავებული. „ვიღაც თვალს მომკრავს ათ მეტრში და ეგრევე ასკვნის: არა, ახლოს მისვლა არ ღირს, ალბათ, ეს კაცი თავს მომაჭამს.“ - ამბობს თავის თავზე.

პირველად მეც ამ განწყობით შემხვდა. ვერაფრით მივხვდი, რომ საერთოდ შემნიშნა და მომესალმა - არც ხელი ჩამომართვა, არც გამიღიმა, არც გამომელაპარაკა. მოჩვენება რომ არ იყო, სხვათა შორის ნათქვამი „გამარჯობათი“ თუ მიხვდებოდა კაცი.

სასაუზმოდ რომ დავსხედით, ირანული კანფეტი გამომიწოდა. ისევ იქაურ შთაბეჭდილებებში ტრიალებდა; თან იმ სტატიაზეც ფიქრობდა, გაზეთისთვის ირანული მოგზაურობის შესახებ რომ უნდა დაეწერა (ეს 12 ათას სიტყვიანი სტატია აგვისტოში ხუთ ნაწილად იბეჭდებოდა).

სტატიის შესავსებად უამრავი საინტერესო დეტალი ახსენდებოდა: ჯერ თეირანის მეჩეთში ესწრებოდა ლოცვებს, შემდეგ აკვირდებოდა ქალთა უფლებებისთვის გამართულ დემონსტრაციებს, ხვდებოდა დისიდენტებსაც, ფოტოებს იღებდა ყოფილ პრეზიდენტ (და პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატ) ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანისთან ერთად. და ბოლოს - რაც ისედაც გარდაუვალი იყო - ირანის კინოს მუზეუმში სამსახიობო კარიერისთვის დაჯილდოვდა კიდეც.

პენმა მითხრა, რომ ამ მოგზაურობის დროს მიხვდა იმასაც, თუ რას ნიშნავს „ცუდი ამერიკელი“ და ამას, ძირითადად, ჟურნალისტების საშუალებით მიხვდა. „სულ ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ მათ წრეში მუდმივად დგას ზედაპირულობის პრობლემა. რესპონდენტებისთვის ჟურნალისტი არის ადამიანი სასწრაფოდ შესასრულებელი ვადებით და სხვა არავინ. ჟურნალისტი ეძებს „ცხელ-ცხელ ამბავს“. ეძებს, ეძებს, იპოვის და მერე თავისივე გემოვნებით აცხელებს. მოპოვებული ინფორმაციის სანდოობის დადგენის საშუალება არ ეძლევა. ნახევარ ცხოვრებას ინტერნეტ-კაფეებში ატარებს, ინფორმაცია რომ კლავიატურაზე აკრიფოს და გადასცეს“.

პენი რეპორტაჟის კეთების საკუთარ სტილს, ჟურნალისტიკის ნაცვლად, „ტურნალისტიკას“ უწოდებს - სიტყვიდან „ტურისტი“. „ტურისტს არ ევალება, დააკვირდეს და გააანალიზოს მის თავს გადახდენილი ამბები. ტურისტმა უბრალოდ უნდა განიცადოს ეს ამბები, ამ ამბების უშუალო მონაწილე უნდა გახდეს. ჩემთვის მოვლენათა აღქმის აკურატულობა სწორედ ამგვარი მიდგომიდან იბადება“.

შონ პენის ანგარიშზე 35-ოდე ფილმია. სამსახიობო კარიერაშიც ის როლებისადმი სკრუპულოზური მიდგომით გამოირჩევა. „შონი ის ტიპი არაა, ვინც თავისი გმირის ქცევების და განწყობების გაანალიზებას იწყებს. მას უბრალოდ სურს, მთლიანად თავის პერსონაჟად იქცეს“, - ამბობს რეჟისორი ალეხანდრო გონზალეზ ინარიტუ. 2003 წელს გამოსულ მის ფილმში „21 გრამი“ შონ პენი მთავარ როლს ასრულებს.

ინარიტუს აზრის დასამტკიცებლად უამრავი მაგალითი მოიძებნება. ნარკომანი სერფერის, ჯეფ სპიკოლის გმირისთვის უკეთ რომ გაეგო (ფილმი Fast Times at Ridgemont High, 1982 წ.), შონ პენმა გადაწყვიტა, ისე ეცხოვრა, როგორც სპიკოლის - მანქანა ოკეანის სანაპიროზე დააყენა და იქვე დასახლდა. 22 წლის ასაკში პენს დიდება სწორედ ამ ფილმმა მოუტანა.

1988 წელს გამოსულ ფილმში Colors პოლიციელის როლი რომ შეესრულებინა, პენი ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში ოფიცრად ჩაეწერა.

Sweet and Lowdown-ში ემეტ რეის - „მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი გიტარისტის“ როლისთვის პენმა გიტარაზე დაკვრა ისწავლა.

ახლაც, როცა შონ პენი პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაშია გადაჭრილი, იგივე სტრატეგიას მიმართავს. „შონი ისე იკვლევს საკუთარ ემოციებსა და ჩვენს გარესამყაროს, როგორც ნამდვილი გამომძიებელი ჟურნალისტი“ - მითხრა ერთხელ დენის ჰოპერმა - რომელმაც პენი ფილმში Colors გადაიღო - „შონი პირდაპირ თავით ეშვება მორევში. მას ყოველთვის აქვს საკუთარი პოზიცია, რომელიც არასდროს არ არის - „ჩემთვის სულერთია“. მას გულწრფელად აინტერესებს, რა ხდება“. როცა 1992 წელს ლოს ანჯელესში როდნი კინგის ამბოხი დაიწყო, პენი პირდაპირ მოვლენების შუაგულში შეიჭრა და დემონსტრანტებმა ღიად გამოხატული ცნობისმოყვარეობის გამო, მანქანის წინა მინა სუპერმარკეტის ურიკით ჩაუმსხვრიეს.

2002-03 წლებში პენმა ერაყში იმოგზაურა (პირველად ამერიკელების შეჭრამდე და მეორედ ამერიკელების შეჭრის შემდეგ), ჯერ იქაურ ცხოვრებას რომ გაცნობოდა და მერე - ამ ცხოვრების შესახებ Chronicles-ისთვის რომ დაეწერა. „ჩემი მოგზაურობის მიზანი იყო პირადი შთაბეჭდილების დაფიქსირება. მინდოდა, მეხსიერებაში ნათლად ჩამეწერა ერაყელი ხალხის ადამიანური სახე; იმდენად ნათლად, რომ ხელის გულზე მათი სისხლიც ლაქაც დამენახა და ამერიკელი ჯარისკაცებისაც“ - განაცხადა შონ პენმა 2002 წელს ბაღდადში გამართულ პრეს კონფერენციაზე.

შონ პენის აზრით, გადასაღები მოედნიდან ჟურნალისტიკაში გადასვლა აბსოლუტურად „ჰარმონიული“ იყო. „იღვიძებ დილას სურვილით, რომ გაიგო ახალი და გამოხატო ახალი.“ - თქვა მან. - „ეს აბსოლუტურად ერთნაირი განცდაა. მსახიობობა ყველა ადამიანის საკუთარ თავში მოაზრებას, და ყველა ადამიანის სიყვარულს გულისხმობს. დაბოლოს, იქამდეც მიდიხარ, რომ ადამიანების ტკივილის შემსუბუქებაზე იწყებ ზრუნვას“.

2005 წლის დასაწყისში პენმა დაასრულა მუშაობა სტივენ ზაილიანის რიმეიქზე All The King's Men, რომელიც დიდ ეკრანებზე წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. ამ სურათში პენი მექრთამე და გაიძვერა ლუიზიანელი ჩინოვნიკის, ვილი სტარკის როლს ასრულებს.

ეს შონ პენის ბოლო ფილმია. როგორც მითხრა, ახლა რამდენიმე წლით კინოსგან დასვენებას აპირებს (თუმცა, ეს პირველად არ ხდება. მსახიობობას მან 90-იან წლებშიც დაანება თავი და მთლიანად რეჟისურაზე გადაერთო).

„საწვავისგან დავიცალე. ყოველთვის მინდა შევაფასო, რას ვიღებ იმის საპასუხოდ, რაც გავეცი. ყოველთვის მინდა შევინარჩუნო შინაგანი მრავალმხრივობა, მაქსიმალურად მოვმართო საკუთარი ენერგია, ვიპოვო ის მიზანი, რასაც გულსა და სულს დაუნანებლად მივცემდი; მინდა, დავიტოვო დრო პირადი ზრდისა და განახლებისთვის,“ - ამბობს ის და იმასაც დასძენს, რომ ხანდახან კინოგადაღებების მიმდინარეობისას გულისყურის ბოლომდე შენარჩუნება უჭირს. „ბრუნდები გადაღებიდან, ჩართავ ტელევიზორს, უყურებ საინფორმაციო გადაცემას და ხვდები, რომ ფილმის გადაღება სულ სხვა რამეზე გინდა. თუმცა, მეორე მხრივ, „თუ მსახიობის ხელოვნებაში საერთოდ რამე ძვირფასია ჩემთვის, სწორედ ეს - იმ გულისყურის და ვნების შენარჩუნების ნიჭი, რაც გადაღებების პირველ ეტაპზე მაქვს ხოლმე“.

მისი აზრით, მსახიობის პროფესია პარაშუტისტისას ჰგავს. „როცა თვითმფრინავიდან ხტები, გიჟდები პირველ ათას ფუტზე. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ხარ. მერე მიწაზე დაშვების დრო დგება, მაგრამ ტემპი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეანელო, მხოლოდ იმიტომ, რომ რაც უფრო უახლოვდები მიწას, ფრენა ინტერესს კარგავს. ოსტატობა სწორედ ესაა - გადმოხტომისას ისეთი ტემპის აღება, რომ მერე მიწაზე დაშვებამდე მაქსიმალური სისწრაფით იფრინო“.

0x01 graphic

. . .

პენი ინდივიდუალისტი მსახიობია, საკუთარი ინდივიდუალური მიდგომით. შეიძლება ასეც ვთქვათ: პენის პიროვნებაში გაერთიანებულია დაუდგრომელი ხასიათი, სიცოცხლის სიყვარული, მგრძნობიარობა და ტკივილი.

შინაგანი ბრძოლა - რათა ცეცხლმოკიდებული ემოციები საკუთარ თავში აკონტროლოს - შონ პენს ერთდროულად სახიფათო და სახალისო ადამიანად აქცევს. ის კარს მომდგარ შანსს ყოველთვის იყენებს - ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც.

ამბობენ, რომ პენი მეგობრებს ურიგებდა ბარათებს, რომელზეც უილიამ საროიანის ნაწარმოების „Time Of Your Life“-ის ეპიგრაფი ჰქონდა ამობეჭდილი: „ცხოვრების იმ მონაკვეთში, რაც მოცემული გაქვს, იცხოვრე ისე, რომ არც სიავე შეგეხოს და არც სიკვდილი. იცხოვრე ისე, რომ ბოროტისგან იმ ადამიანების სიცოცხლეც დაიფარო, შენს ცხოვრებას რომ კვეთენ“. პენს ღრმად სწამს, რომ როცა რამეს ძალიან მოინდომებს, აუცილებლად მიეცემა. „უნდა ენდო შენს ინსტინქტებს და გამოცდილებას.“ - ამბობს ის. - „და თუ გნებავთ, ყოველივე ამას ბედისწერა უწოდეთ“.

შონ პენი მებრძოლიც არის. მის ბიოგრაფიაში იყო ჰოლივუდური წლები, როცა ის პაპარაცის სცემდა, ღამეული ქუჩის აყალ-მაყალში ერთვებოდა, სროლებშიც კი ხვდებოდა... ამ ყველაფერს შონ პენი კამერების დასანახად დიდი სიამოვნებით აკეთებდა ხოლმე. და ასე გრძელდებოდა ქრონიკულად, მთელი 80-90-იანი წლების მანძილზე. „რა განსხვავებაა იოგურტსა და ლოს ანჯელესს შორის?“ - ხუმრობდა პრესასთან. - „რა განსხვავებაა და იოგურტს უფრო ცოცხალი შემადგენლობა აქვს, ვიდრე ლოს ანჯელესს - კულტურა“.

მაგრამ 1996 წელს მოხდა ისეთი რამ, რამაც შონ პენს, შეიძლება ითქვას, ჭკუა ასწავლა. სანტა მონიკაში, პენების სახლის შესასვლელთან საკუთარივე მანქანით კინაღამ გაიტაცეს მისი ცოლი, მსახიობი რობინ რაით პენი და ორი პატარა შვილი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ ის იყო და ის - პენების ოჯახი სანტა მონიკადან აიყარა და სან ფრანცისკოდან 45 წუთის სავალზე, პატარა, მყუდრო, წყნარ და ლამაზ უბანში დასახლდა, კრამიტით გადახურულ ჰასიენდაში, რომელსაც დიდი მესერი პენმა საკუთარი ხელით შემოავლო.

შონ პენს უყვარს მანქანის მართვა. ამერიკის გზებზე ის ხშირად ხეტიალობს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაღებები მთავრდება და თავისუფლების მოჭარბებული გრძნობა ისევე ასხამს ფრთებს, როგორც სკოლის მოსწავლე ბიჭებს ზაფხულის არდადეგების მოახლოება. მწერალ რიჩარდ კელის მიერ დაწერილ ბიოგრაფიაში შონ პენი აცხადებს: „მომეცით მანქანა და მომეცით გზატკეცილებით დასერილი ქვეყანა და მე ამ გზებზე მანქანის ბორბლებით უწყვეტად გავავლებდი ზიგ-ზაგებს... საჭესთან როცა ვზივარ, ჩიტად ვიქცევი ხოლმე“.

მანქანა შონ პენს პატარა მანძილებზეც განუზომელ სიამოვნებას ანიჭებს. ახლაც კი, როცა კაფეში საუზმის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდით, პენს სახეზე ეწერა, რომ საჭის ტრიალი, მოქმედებაში ყოფნა საკუთარ ხიბლს ბოლომდე აგრძნობინებდა.

ჩუმად ატარებდა მანქანას, მერე სანთებელას დაწვდა, ააჩხაკუნა და სანამ „მარლბოროს“ მოუკიდებდა, თავისი შავი S.U.V.-ის ბორბალს გადახედა. ვუთხარი, ახლა იმ მაგარ მწეველს გავხარ, თუთუნს თვითონვე რომ ახვევს ქაღალდში-მეთქი. არაო, - იუარა, - ეგრე რომ ვიქცეოდე, ნამდვილი მწეველი ვიქნებოდი. სიგარეტის მოწევით კი ილუზიას ვიქმნი, თითქოს თავის დანებებაც შემიძლიაო.

მივდიოდით ასე, სიგარეტი პირის კუთხეში დაუდევრად ჰქონდა გაჩრილი (ამ ვულგარულ პოზაში მას კამერები ხშირად აფიქსირებენ ხოლმე), მაგრამ მერე გვერდითა სარკეში პოლიციის მანქანას მოკრა თვალი, სიგარეტი მაგრად მოქაჩა და მომიბრუნდა: „როცა პოლიციას ვხედავ, სულ მგონია, რომ მომდევენ“. და მერე ფილმ Hurlyburly-ს გმირის სიტყვებით გააგრძელა - „ეგ ახვრული პარანოიაა, ედი, სხვა არაფერი“. თან ჩემსკენ გადმოიხარა, „ბარდაჩოკი“ გადმოწია და მართვის მოწმობას დაუწყო ქექვა: - „მოწმობა კი მაქვს, მაგრამ ახლა, მგონი, დამავიწყდა წამოღება“.

ამ „ახვრულ პარანოიას“, პოლიციის დანახვაზე რომ სულ ჰგონია მოსდევენ, ლოგიკური მიზეზი აქვს - ხშირი შეხლა-შემოხლა სამართალდამცავებთან:

1986 წელს მაკაოში ფილმ Shanghai Surprise-ის გადაღებების დროს, სასტუმროში პაპარაცი შეიჭრა. პენი კი სხვებს მის დაკავებაში დაეხმარა და პაპარაცი მეცხრე სართულის აივნიდან კოჭებით თავდაყირა დაკიდა. პენი მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, მაგრამ ის ციხიდანაც გაიქცა და მერე გლისერით მაკაოს ტერიტორიის ჩუმად დატოვებაც მოახერხა.

1987 წელს მოხდა მეორე შემთხვევა. უცნობმა თაყვანისმცემელმა შონ პენის პირველ ცოლთან, მადონასთან მოინდომა გასაუბრება, პენმა კი ამ თავხედობისთვის ის ცემა. სამართალდამცავებმა დააჯარიმეს, მაგრამ არც დაკისრებული ჯარიმის პირობები დაიცვა და ბოლოს, 33 დღით მაინც ლოს ანჯელესის საგრაფოს ციხეში ამოჰყო თავი.

1988 წელს კი მადონამ უკვე თვითონ გამოიძახა სპეცდანიშნულების რაზმი მალიბუს სახლში. რაზმს პენსა და მადონას შორის მომხდარი საშინელი ოჯახური სკანდალი უნდა ჩაეცხრო. („მადონა შიშმა შეიპყრო, რომ შინ დაბრუნებულს დედას ვუტირებდი.“ - განაცხადა შონ პენმა ამ ინციდენტის შემდეგ. სხვათა შორის, ამ გახმაურებული ოჯახური კონფლიქტის გამო, ის არ დაუპატიმრებიათ).

დაახლოებით ერთი მილის მანძილზე, უკან ადევნებულ პოლიციის მანქანას პენი გვერდითა სარკიდან აკონტროლებდა, თან ოჯახზე მიამბობდა, შემდეგ პოლიციის მანქანამ ექსპრეს-ავტობანზე გადაუხვია, მაგრამ სანამ სულ მიეფარებოდა თვალს, პოლიციელმა გამოგვხედა და პენს რაღაც ანიშნა. თავიდან მეგონა, მანქანის გადაყენებას გვთხოვდა, მაგრამ მერე მივხვდი, უსაფრთხოების ქამარზე მიგვითითებდა. პენმა სასწრაფოდ გადაიჭირა ქამარი. პოლიციის მანქანამ კი სიჩქარეს უმატა და მალე აღარც ჩანდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამიღიმა პენმა და მოკლედ მითხრა: „გადავრჩით“.

0x01 graphic

0x01 graphic

. . .

მის სამუშაო კუთხეს - ეზოში, გარაჟის თავზე დაშენებულ ორ ოთახს - ცალკე შესასვლელი აქვს. კარზე ჩამოკიდებულ ტრაფარეტზე კი წერია: „მოწმეთა დაცვის პროგრამა“. პენი ამ ოთახებს „სამუშაო საათების შემდგომ სარედაქციო დაწესებულებას“ ეძახის. მისი მეგობარი, მუსიკოსი დევიდ ბეარველდი კი ამბობს, რომ შონ პენის კაბინეტი მისი ბუნკერია. ეს ის ადგილია, სადაც პენი წერს, არედაქტირებს, სვამს, ერთობა, ღრეობს.

სხვათა შორის, ამ გარემოში ყველაზე კარგად ჩანს პენის ის შინაგანი ბუნება, რასაც მსახიობი სხვა მხრივ ოსტატურად ნიღბავს ხოლმე. ოთახები ისეთივე შინდისფერშია გადაწყვეტილი, როგორც ბორდელებშია - შინდისფერი ველვეტის შპალერი, შინდისფერი ხავერდი ბილიარდისა და პოკერის მაგიდებზე და შინდისფერი ლაპლაპა სკამები. ეს დეტალები მის „ქალაქურ განწყობაზე“ მიუთითებს. ჯეკ ნიკოლსონის თქმით კი, „შონის ხასიათის შავბნელ მხარეებს აშიშვლებს... დაკარგული სულების ეს აშკარა განცდა და მწვანით შეფერილი შუაღამის ეფექტი შონის ხასიათის გამოვლინებაა“.

0x01 graphic

შონ პენს უამრავი ცნობილი მეგობარი ჰყავს, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც უბრალო და ძველი მეგობრების წრეში გრძნობს. „მე ერთი რიგითი ამერიკელი ვარ.“ - თქვა პენმა 1991 წელს „ფლეიბოისთან“ ინტერვიუში, - „თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ისეთი ადამიანების წრეში, რომლებიც არც მე მაკვირდებიან ზედმეტად და არც ჩემგან მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს იგივეა, რომ იყო შენთვის და თან ისე, რომ არ იყო მარტო“.

დენის ჰოპერმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: „საკუთარი შინაგანი საზღვრების დაცვა უნდა შეძლო“; ხოლო ის, თუ რატომ მოსწონს შონ პენის ერთი ხელის გაწვდენაზე შემოსაზღვრული სამყარო, ჰოპერმა ჯეიმს დინის სიტყვებით ახსნა: „ჯეიმს დინმა მითხრა ერთხელ, როცა ჯერაც ახალგაზრდა ვიყავი:

გიგანტური სექვოიას ხე თავიდან ძალიან პატარაა შიგნიდან, მაგრამ ქერქი იმთავითვე უზარმაზარი აქვს. ეს ქერქი დაახლოებით ერთი ფუტის სისქისაა, მაგრამ სულ ასე რჩება, მერე აღარ იზრდება. მისი ფუნქციაა, რომ სულ მტკიცედ და შეუვალად იყოს, რათა სექვოიას შიგნეულობას ზრდა-განვითარების საშუალება მისცეს. მსახიობიც ასეა. ყოველ ჯერზე, როცა იწყებს თამაშს და ემოციურად იხარჯება, ის თავის შინაგან სამყაროს მაყურებლის წინაშე აშიშვლებს. როცა თამაში მთავრდება, შენი სამყაროს კარი მაშინვე უნდა ჩარაზო, სქელი ქერქი ისევ ტანზე მოიხვიო, რადგან თუ ამ ქერქის გარეშე ივლი, უბრალოდ, ტყავგაცლილ ხეს დაემსგავსები, მოკვდები; მოკვდები, რადგან უეცრად უამრავი ქარტეხილი დაგატყდება თავს.

შონი საკუთარ შინაგან ემოციურ სამყაროს ზედმიწევნით უღრმავდება და შენც შიგნით შეჭყეტვის საშუალებას გაძლევს, მაგრამ შემდეგ დასახმარებლად ისევ სექვოიას ქერქს მიმართავს, რადგან ასეც უნდა მოიქცეს - სხვანაირად ვერ გაძლებს“.

დენის ჰოპერის მოსაზრებას ვუდი ალენიც ეთანხმება. „შონის შინაგან სამყაროში შეღწევა იოლი არ არის. ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ბომბი გეჭიროს ხელში, რომელიც წამი-წამზე თითებში უნდა აგიფეთქდეს. სწორედ ამ თვისების გამო, შონ პენი ყველას მოხიბვლას ახერხებს - ქალებს მზრუნველობის გრძნობას უღვივებს, კაცები კი მას გმირად აღიარებენ“.

0x01 graphic

. . .

შონ პენს მოუხელთებელი ხასიათი ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდა. დედამ, მსახიობმა აილენ რაიან პენმა შონ პენის ბიოგრაფიის ავტორს, რიჩარდ კელის ერთხელ უთხრა, რომ ბავშვობიდან „შონს თავისი მიკროსამყარო ჰქონდა“.

შონი კი დასძენს: „მგონი, ხუთ წლამდე ჩემი ოჯახის წევრების გარდა, არავის ველაპარაკებოდი. მახსოვს უამრავი დიალოგი, მაგრამ ამ დიალოგებს ძირითადად საკუთარ თავთან ვმართავდი. თუ მარტოობა შემომიტევდა, ეს მხოლოდ ადამიანთა დიდ ჯგუფში მემართებოდა“.

საკუთარივე აღიარებით, შონ პენის სიმორცხვე, გარკვეულწილად, სტრატეგიული უკუსვლა იყო. „ძალიან მაწუხებდა იმის გააზრება, რომ ადამიანებს ჩემს გულში ჩახედვა არ შეეძლოთ. მსურდა, ვყოფილყავი გამჭვირვალე, ანუ მსურდა ჩემი ყველას გაეგო. ვიცოდი, ჩემი მისწრაფებები კეთილი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც რეალურად მხედავდა და მაფასებდა, გაცილებით უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოხიბვლას ვცდილობდი. არც ის მიფიქრია, რომ უნაკლო ვყოფილიყავი და მრავალი საქებარი სიტყვა მომესმინა. უბრალოდ მსურდა, სხვებს ზედმეტი პრანჭვა-გრეხვისა და მასხარაობის გარეშე შევეფასებინე“.

ბაღის მასწავლებელმა შონ პენს გერი კუპერი დაარქვა. „მასწავლებლები მის გამო შენიშვნას არ მაძლევდნენ, ერთადერთ რამეს მეუბნებოდნენ მხოლოდ: „დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვს რამე არ აწუხებს?“ - იხსენებს აილენ პენი - „ამ კითხვის მიზეზი კი ის იყო, რომ შონი სულ ჩუმად იჯდა“.

შონ პენმა მხოლოდ სკოლის ასაკში გაიაზრა, რომ ეს თვისება - მოუხელთებლობა - სხვების მოსახიბლად და საცდუნებლად შეიძლებოდა გამოეყენებინა. „როცა მორცხვი ხარ, ყურადღებას უფრო სხვანაირად იპყრობ. ხალხი თვითონ მოდის შენთან. ასე იყო სკოლაშიც. ვთქვათ, ეზოში ზიხარ, ხმაურია, უამრავი მაგარი ბიჭი ტრიალებს გარშემო. შენ იქვე, დიდი ქოთნის კიდეზე ხარ ჩუმად ჩამომჯდარი და კედებიან ფეხებს ჰაერში აქანავებ. შენთვის ხარ, რა. ლამაზი გოგო კი სწორედ ამ პასიურ პოზაში გამჩნევს. ხვდება, რომ საინტერესო და გამორჩეული ხარ; რომ სწორედ შენ გექნება მოსაყოლი უამრავი საინტერესო რამ და ერთი სული გაქვს, როდის გაუზიარებ მას ამ ყველაფერს“.

შონ პენი ეკრანზეც კი საკუთარი მარტოობის პროცესს აგრძელებს. თითქმის ყველა გმირი, რომელიც განუსახიერებია, რაღაც დოზით და რაღაც საბაბით რეალურ სამყაროს მოწყვეტილია. ვთქვათ, ფილმში „რიჩარდ ნიქსონის მკვლელობა“ შონ პენის გმირს - სემიუელ ბიკს მკვლელობის იდეა აქვს აკვიატებული; ისევე, როგორც სერჟანტ ტონი მეზერვის - ფილმში „ომის უბედური შემთხვევები“; ანდა მეთიუ პონსელეტს - „მოსიარულე გვამში“; ანდა ჯიმი მარკამს „იდუმალ მდინარეში“.

შონ პენის გმირები ხან სულით ავადმყოფები არიან, ხან ფიზიკური სენით იტანჯებიან (სემ დოუსონი ფილმში „მე სემი ვარ“; ედი კვინი სურათში „ის ისე საყვარელია“, პოლ რივერსი „21 გრამში“).

მათ აწუხებთ ნარკოტიკის პრობლემა (ედი - Hurlyburly, სპიკოლი - Fast Times at Ridgemont High), ან შემოქმედებითი ეგოცენტრიზმი (ემეტი - Sweet and Lowdown).

შონ პენის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში Indian Runner ორი მთავარი გმირია, ორი ძმა. ერთი - კარგი მეოჯახე და დადებითი გმირი - პოლიციის შერიფი, მეორე - მოძალადე და კრიმინალი. შონ პენი ამბობს: „ასე მგონია, რომ ჩემში ორივეა - მოძალადე ძმაც და პოლიციის შერიფიც. საერთოდ თუ ადამიანი ცოცხალია და სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, მაშინ იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ ხანდახან, როცა ხელის გულებზე დაიხედავს, სისხლის ლაქებს შეამჩნევს“.

. . .

ლეო პენი - შონ პენის მამა კინომსახიობი იყო. მისი კარიერა „ჰოლივუდის შავმა სიამ“ დაასამარა (ლეო პენი ფილტვის კიბოთი 1998 წელს გარდაიცვალა. ის თავის საყვარელ ტანსაცმელში დაკრძალეს - სანდლებით, ჰავაიური ნახატებიანი პერანგით და ბეისბოლის კეპით).

ახლა, როცა პენი მამას იხსენებს, პირველ რიგში, მის თვალებში ჩამდგარი ღიმილი აგონდება: „მას ყოველთვის მტკიცე შეხედულებები ჰქონდა ამა თუ იმ საკითხზე, ყოველთვის პრინციპული ტონით ლაპარაკობდა ხოლმე, მაგრამ ღიმილი თვალებში მუდამ უკრთოდა“.

მართალია, ლეო პენის საქმიანობის გამოძიება თემთა პალატის ანტი-ამერიკული ოპერაციების საგამოძიებო კომისიას არ დაუწყია, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო ის მაინც ეჭვმიტანილად რჩებოდა. ლეო პენი ხომ ღიად უჭერდა მხარს „ჰოლივუდის ათეულს“ და ჩვენების მიცემაზეც უარს ამბობდა. შესაბამისად, 1952 წელს დადგა დრო, როცა პენს დასავლეთ სანაპიროზე აღარ დაედგომებოდა - სამსახურს ვეღარსად პოულობდა. პენიც იძულებული გახდა აღმოსავლეთისკენ წასულიყო, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა, „გავიდა ორიოდე წელიწადი და ნიუ იორკისთვისაც მოვკვდი. იქ აღარც კინოში შემეძლო მუშაობა და აღარც ტელევიზიაში“.

მიუხედავად ამისა, ლეო პენმა მაინც შეძლო კარგი რეპუტაციის მოპოვება თეატრში. ის სცენის დამსახურებულ მსახიობად იქცა. მალევე, სწორედ თეატრის წყალობით, ლეო შეხვდა მშვენიერ აილენ რაიანს, რომელიც ჭკვიანი და გაბედული ქალი ჩანდა, შეუყვარდა ის და 1958 წელს ცოლადაც შეირთო.

ცოლ-ქმარი პენები ერთნაირები იყვნენ - ჯანსაღად მოაზროვნენი, მხიარულები და ოპტიმისტები. „როცა მაიკლი გავაჩინე, მახსოვს, ფული არ გვქონდა, რომ სავადმყოფოდან გამოვსულიყავი. მაშინ ბევრი ვიცინეთ ამაზე“, - ასე იხსენებს აილენ პენი თავისი პირველი ვაჟის, მაიკლის დაბადებას 1958 წელს.

1959 წელს პენები კალიფორნიაში გადავიდნენ და სან ფერნანდე ველიში დასახლდნენ. ლეოს ტელევიზიაში რეჟისორის თანამდებობა შესთავაზეს. უფროსმა პენმა წინადადება, ცხადია, მიიღო. მას ძალიან მოსწონდა ტელევიზიაში მუშაობა. 1973 წელს ის „ემითაც“ დააჯილდოვეს სერიალ „კოლუმბოს“ სპეციალური სერიის გადაღებისთვის.

თუმცა, დროდადრო, ლეო პენს იმედგაცრუება აიტანდა ხოლმე და ამას შვილებიც ამჩნევდნენ. შონი იხსენებს: „ვკითხავდი, „როგორ ხარ?“ და მპასუხობდა: „ეე, რა ვიცი, აბა, რა გითხრა. ვცდილობ ერთი მძღნერობისგან უკეთესი მძღნერობა გამოვიყვანო“.

ლეო პენი გააცურა იმ ქვეყანამ, რომლისთვისაც იბრძოდა. მეორე მსოფლიო ომში - როცა პილოტები 15 ოპერაციაზე მეტს ვერ უძლებდნენ და ჰაერში იღუპებოდნენ - კაპრალმა ლეო პენმა 31 მისია შეასრულა, მათ შორის, სამი ბერლინის თავზე და ორი მედალი მოიპოვა. შონი იხსენებს: „მამას ხშირად აწუხებდა უძილობა და მუდამ თან სდევდა უამრავი მოგონება. ის ხომ ხშირად პირისპირ ეფეთებოდა მტერს, მეხსიერებაში ებეჭდებოდა მათი სახეები, ავტომატის ჯერის დაცლის ხმა. ეს ყველაფერი მისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო“.

იმ თვისებების უმრავლესობა, რომელთაც შონ პენი თავის როლებში უხვად ავლენდა - საზოგადოებისგან გარიყულთა მიმართ თანაგრძნობა, მეამბოხე სული, სამართლიანობის მოჭარბებული გრძნობა, ხელისუფლების საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება, აღტაცება ჰეროიზმით - მამას თავს გადახდენილი თავგადასავლებიდან შეითვისა. ლეო პენის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური პერიპეტიების მაგალითზე, შონმა უამრავი რამ ისწავლა და ბაბუის დავიწყების საშუალებას დღეს არც თავის შვილებს აძლევს. ყოველ წელს, მამის დღეს, შონ პენს აქვს ასეთი ტრადიცია - ის ბავშვებს ტელეეკრანთან სვამს და იმ ათწუთიან ვიდეო კლიპს ურთავს, რომელიც ლეო პენს სიკვდილამდე ორი წლით ადრე გადაუღეს და რომელშიც მოხუცი ლეო თავის ცხოვრებაზე ჰყვება.

შონ პენის მეგობარი დევიდ ბეარველდი კი ამბობს: „ერთი, რაც რეპრესირებული მშობლების შვილებმა ზუსტად იციან, არის ის, რომ კეთილშობილური საზოგადოების არსებობა ერთი დიდი ფარსი და ტყუილია. ლეოს ხომ მთელი გულით სურდა, შეეძლო და უნდა გაეკეთებინა კიდეც გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მოახერხა. და რადგან ვერ მოახერხა, ამიტომ ყოველთვის ეგონა, რომ მის ცხოვრებას ფრთები შეაკვეცეს. ეს სინამდვილეშიც ასე იყო.“

ლეო ბევრს მუშაობდა. მთელი დღეები დაკარგული იყო. შინ სადილობისას ბრუნდებოდა. „ის კარგი მამა იყო, მაგრამ მხოლოდ შაბათ-კვირას. კვირის დღეებში კი მხოლოდ ცოლისთვის მიდიოდა სახლში და მათი სახით, მაშინვე შეყვარებული წყვილი ჩნდებოდა. მათი დრო დგებოდა“.

აილენ პენი იხსენებს: „მე და ლეოს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ჩვენი ქორწინება იღბლიანი იყო. ერთმანეთი წამითაც კი არ მოგვბეზრებია. ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ გავიზარდეთ“.

პენს კი კარგად ახსოვს ასეთი სურათი: გვიანი საღამოა, აილენი და ლეო მალიბუს სახლის ვერანდაზე სხედან და წყნარ ოკეანეს გასცქერიან. „თუ ღამე გამეღვიძებოდა და სასუსნავისთვის სამზარეულოში შევეხეტებოდი, სულ ამ სცენას ვაწყდებოდი: შუქი ენთოთ და გარეთ ისხდნენ. ხდებოდა ასეც: დედა მამას კალთაში ჩაუდებდა თავს და ჩაეძინებოდა, მამა კი მის თმაში ნაზად დააცურებდა თითებს. სურათი ყოველ საღამოს მეორდებოდა“.

სმა ორივეს უყვარდა, ლეოსაც და აილენსაც. „შინდაბრუნებული ლეო ერთ ბოთლ J&B-ს სვამდა ხოლმე. მახსოვს დედაც „სმირნოვის“ ბოთლით ხელში. მაგრამ სანამ დასაძინებლად არ გაგვისტუმრებდა, არასდროს გახსნიდა ბოთლს. რაც მთავარია, მეორე დღეს, ჩვეულებრივ, ადრე დგებოდნენ და მუშაობდნენ“.

პენმა ერთი ასეთი დეტალიც გაიხსენა: ერთხელ მან და უფროსმა ძმამ მაიკლმა ძველი „მაზდას“ ძრავა გამორთეს და მანქანა ქუჩაზე დააგორეს. იმ ადგილას დააყენეს, საიდანაც ხეებში ჩაფლული სახლი ბუდესავით მოჩანდა. სურათი იქედანაც კი უცვლელი იყო: „დედაჩემს ისევ ლეოს კალთაში ეძინა. მამაჩემს კი კედლიდან ჩამოეხსნა გემის საჭე (ლეო გიჟდებოდა ზღვაზე და ყველაფერზე, რაც ზღვასთან იყო დაკავშირებული, სახლიც საზღვაოსნო აქსესუარებით იყო სავსე) და ჰაერში ატრიალებდა, ზუსტად დედაჩემის თავს ზემოთ. მახსოვს, მაიკლმა თქვა: „ნახე, მამა სახლს მართავს!“

აილენ პენი - ირლანდიურ-იტალიური წარმოშობის ქალი - მსახიობი იყო. ნიუ იორკის უნივერსიტეტი მხოლოდ იმიტომ დაამთავრა, რომ მშობლებისთვის ესიამოვნებინა, შემდეგ ნიუ ორლეანში წავიდა, იქ ბარში მღეროდა, მერე კი სცენის ცნობილი მსახიობი გახდა. მაგრამ როგორც კი ბავშვი გაუჩნდა, მსახიობობას თავი დაანება. „მთელი ის ვნება და თავდადება, რასაც სასცენო ხელოვნებას ვუთმობოდი, შემდეგ ბავშვებზე გადავიტანე“, - ამბობდა აილენი. მას მხოლოდ ბიჭების გაჩენა უნდოდა. როცა მაიკლზე იყო ფეხმძიმედ, მედდას უყვიროდა: „თუ გოგოა, უკან შეტენე! არ ვაპირებ მშობიარობის 24-საათიანი ტკივილები კიდევ ერთი გოგოსთვის ავიტანო!“ ამ უცნაურ სურვილს აილენი ასე ხსნიდა: „მამაჩემი თავისი მზრუნველობით იმდენად მზღუდავდა, ისე ეშინოდა, მისი აზრით, რამე საშინელება არ ჩამედინა, რომ ასე გადავწყვიტე - მხოლოდ ბიჭები უნდა გამეჩინა, რომლებიც ისე იცხოვრებდნენ, როგორც თვითონ მოეპრიანებოდათ“.

. . .

1969 წელს, როცა შონ პენი 9 წლის იყო, ოჯახი მალიბუში, სულ 57 ათას დოლარად შეფასებულ სანაპირო სახლში გადავიდა, ხედით - ოკეანეზე. დღეს ამ უბანში სახლის ყიდვა მილიონები ღირს, ქუჩის ბოლოს ბარბრა სტრეიზანდი ცხოვრობს. მაგრამ მაშინ ეს ადგილი თითქმის უკაცრიელი იყო და პენს სწორედ ეს მოსწონდა: „სამყაროს სიახლის, დაუსახლებლობის შეგრძნება, ოკეანის ყურედან წამოსული სუნით. ასეთი რაღაცეები ჩემთვის არასდროს ძველდება. ჩემი უბნის სუნს ახლაც მთელი სიმძაფრით ვგრძნობ“.

შონ პენმა თინეიჯერობის წლები სერფინგის დაფაზე გაატარა. ამ სპორტმა მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

1991 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „სერფინგი ჩემთვის თავიდანვე ხელოვნების ფორმად იქცა. მთელი მუღამი ხომ ისაა, რომ შენი ენერგია ტალღის ენერგიას დაამთხვიო. სერფინგი ჰარმონიაა, თავისი პოეტიკით; თავისი სულიერი ასპექტებით“.

სერფიგნმა შონ პენს სრულყოფისკენ სწრაფვაც ასწავლა და ისიც, თუ როგორ უნდა გამოემუშავებინა საკუთარ თავში სიმამაცე. შონ პენის ყოფილი საცოლე, ელიზაბეტ მაკგოვერნი ასკვნის (მათ ერთად ითამაშეს 1984 წელს გამოშვებულ ფილმში „Racing the Moon“) „სერფინგი შონ პენის ცხოვრების ალეგორიაა. ის ყოველთვის მწვერვალისკენ ისწრაფვის“.

. . .

„დედაჩემი ნამდვილი ძუ ლომი იყო.“ - ამბობს შონ პენი.

პენის მეგობარი, დევიდ ბეარველდი კი დასძენს: „აილენი წისქვილის ქვასავით მძიმე ხასიათის ქალი იყო და, ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრად ექცეოდა შონს“. პენმა თავისი სასცენო დებიუტიც გაიხსენა. „The Young Savages-ის სასცენო ვერსიაში ვითამაშე. სპექტაკლის ბოლოს, დედაჩემი კულისებთან დამხვდა. ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია, თვალი თვალში გამიყარა და თითქმის დამიმარცვლა: ეს საშინელება იყო. აღარასდროს გააკეთო. „აღარასდროს გაკეთებაში“ ჩემს მსახიობობას გულისხმობდა. ასეთი ქალი იყო. ზუსტად ვიცი, აბსოლუტურად ყველა ჩემს მეგობარს მისი საოცრად ეშინოდა“.

თანაც, აილენი შონს უფრო მკაცრად ექცეოდა, ვიდრე დანარჩენ შვილებს და ამას თვითონ იმით ხსნის, რომ შონი მას ყველაზე მეტად ჰგავდა. აილენი ამბობს: „რა ვქნა, ასეა - ჩემს გონებას ბრაზი კვებავს. კარგი ჩხუბი - ეს ის არის, რაც მაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ვარ. ლეოსთან ეგ ერთადერთი პრობლემა მქონდა - ვერ ვჩხუბობდი. როცა კარგი ბრძოლა მენატრებოდა ხოლმე, არასდროს გამომდიოდა. შეიძლება ამიტომაც სულ ვეჩხუბებოდი შონს“.

დედა-შვილის ეს მწვავე ურთიერთობა შონ პენის ძმას, კრისს ძალიან ცუდად ახსენდება: „მათი გაუთავებელი კონფლიქტების ხანა ჩემთვის საშინლად მტკივნეული პერიოდი იყო. მე ხომ ორივე მიყვარდა - დედაც და შონიც და არ შემეძლო იმის ყურება, თუ როგორ ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ, როცა შონი საშინლად მოექცა დედას, ჩემს ძმას სახლიდან წასვლა ვუბრძანე. ოღონდ ჯერ სამზარეულოში ვცემე, თავი კედელზე ვარახუნებინე და ვუყვიროდი, გაეთრიე-მეთქი. ეს არ იყო ბავშვების ჩხუბი, ეს ნამდვილი, სასტიკი ბრძოლა იყო“.

შონ პენის თვისებას - თავის თავში ჩაიკეტოს ხოლმე - კრისიც ამჩნევს; ამჩნევდა სულ, მაგრამ ბოლო დროს აღარ აწუხებს. აილენი კი ამბობს: „შონი სხვებს ტკივილს აყენებს იმიტომ, რომ მერე ტკივილი მათ თავადვე დაუამოს. თუ არ არსებობს წყენა, რომელიც უნდა მოაშუშოს, მაშინ შონი ხომ ვერ იქნება გმირი, რომელიც ამ მისიას საკუთარ თავზე აიღებს?“

1996 წელს შონ პენმა „როლინგ სთოუნზთან“ ინტერვიუში თქვა: „ჩემი ფსიქიკა დამახინჯებულია. ვიცი და ვაღიარებ ამას“. მე კი მითხრა, რომ ამ შინაგანი მძვინვარების მიზეზი დღემდე არ იცის, რაშია. „შეყვარებულმა გოგონებმა არაერთხელ მთხოვეს, რომ მემკურნალა. ვეცადე, მაგრამ არც ამან მიშველა“. დევიდ ბეარველდი კი დასძენს: „იქედან გამომდინარე, რაც შონს ჩემთვის გაუზიარებია, ვასკვნი, რომ ის შინაგანად ძლიერი, მაგრამ გზააბნეული ბავშვი იყო. ვიმეორებ - ძალიან ძლი-ე-რი. არსებობდა მხოლოდ ერთი გზა, რითაც მშობლებთან ძლევამოსილი და თავაწეული დაბრუნდებოდა - უნდა გამხდარიყო ის, ვინც დღეს არის - შონ პენი; ანუ აეხდინა მათი ოცნება. ამ მოსაზრებას კრის პენიც იზიარებს: „როცა შონმა სამსახიობო კარიერა დაიწყო, სახლში ყველაფერი შეიცვალა“.

. . .

შონ პენი, შეიძლება ითქვას, ნარკომანივით იყო შემჯდარი უოტერგეიტის საქმეზე. ამ სასამართლო მოსმენებმა მასზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ გადაწყვიტა, იურისტი გამხდარიყო. მაგრამ კოლეჯში ქულები არ ჰყოფნიდა. ამ დროს ხომ მუდმივად აცდენდა გაკვეთილებს, შინიდან გამოტანებული საუზმისთვის განკუთვნილ კოლოფში კი სამოყვარულო ვიდეოებს ინახავდა, რომელთაც ძმასთან, კრისთან და მეგობრებთან - ჩარლი შინთან და ემილიო ესტევეზთან ერთად იღებდა. სანტა მონიკას კოლეჯში, სადაც ის ავტოტექნიკას და კინემატოგრაფიას სწავლობდა, თეატრმა გაიტაცა.

ერთხელ, სპექტაკლზე კულისებში იდგა და უყურებდა, თუ როგორ ემზადებოდა სცენაზე გასასვლელად ერთი შუახნის ტელემსახიობი. „ამ კაცს საკმაოდ კარგი ტელეკარიერა ჰქონდა. მისი მონაწილეობით ბევრი გადაცემა მქონდა ნანახი. ვუყურებდი, როგორ იხდიდა თავის კოვბოურ ბოტებს, სასცენო კოსტიუმი რომ ჩაეცვა. თვალს ვაყოლებდი მის მზერას - ბოტებისკენ დახრილს და ჩემთვის ვფიქრობდი: „რატომაც არა. მეც ასე ვიქნები. რით არის ცუდი?! მეც ვიჯდები ამ კაცივით, საკუთარი ბოტებისკენ თავდახრილი, ორმოცი წლის ასაკში, და ზუსტად იმას გავაკეთებ, რასაც ეს კაცი აკეთებს დღეს საღამოს. ასეთი ცხოვრება აუცილებლად მომეწონება. ვიცი, იმდენი ნიჭი კი მეყოფა, რომ ორმოცი წლის ასაკში მსახიობი მერქვას. განა წარმატებული მსახიობი ან, თუნდაც, ხელმოცარული; უბრალოდ, მსახიობი. მე ვიქნები მსახიობი. და ეს გზა იქნება თავგადასავალი“.

კრის პენი იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში, შონი „არც განსაკუთრებულად მომხიბვლელი პიროვნება გახლდათ და არც დიდი იუმორით გამოირჩეოდა“. „მაგრამ ის საკუთარ თავზე ისეთივე შეუპოვრობით მუშაობდა, როგორც ოლიმპიელი ათლეტი“.

აილენ პენი კი დასძენს: „შონი თავიდან, უბრალოდ, გამბედავი იყო. ნიჭი მოგვიანებით გამოავლინა“.

18-დან 20 წლამდე, დღეში ხუთი საათი, კვირაში ხუთი დღე - პენი თავაუღებლად მეცადინეობდა. როცა 19 წლის გახდა, შონ პენმა თავისი პირველი პროფესიული როლი მიიღო ფილმში „ბარნაბი ჯონსი“ და ჯიბეში „კინომსახიობთა გილდიის“ წევრობის ბარათი ჩაიდო. ერთი წლის შემდეგ, 1980 წელს პენი სამსახურის საძებნელად აღმოსავლეთისკენ წავიდა. თითქმის პირველივე ცდაზე, ბროდვეის პიესაში Heartland როლი მიიღო. ორი წლის შემდეგ, ფილმში Fast Times at Ridgemont High ეპიზოდური როლი მისცეს. მაგრამ ეს ეპიზოდური როლი შონ პენმა ისე გარდაქმნა, რომ ფილმი მისი კარიერის დასაწყისად იქცა: სცენარში შესწორებები ყველას დაუკითხავად შეიტანა, საკუთარი ტექსტი სერფინგზე ნასწავლი ჟარგონებით გაამდიდრა, გადაღებებზე საკუთარი გარდერობით გამოცხადდა, მათ შორის იყო „ვენსიც“ - შავ-თეთრი სპორტული ფეხსაცმელიც, რომელიც შემდეგ ყველაზე მოდურად იქცა და მთელმა თაობამ ჩაიცვა.

ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა არტ ლინსონმა რიჩარდ კელისთან საუბარში გაიხსენა: „იმ ცნობილი ეპიზოდის გადაღებისას, როცა შონ პენის გმირი - სპიკოლი გაკვეთილზე დაგვიანებით შედის, რეი უოლსტონი მის ბარათს ხევს და სპიკოლი კი ეუბნება - „შე, ყლეო“, რეი უოლსტონმა არც იცოდა, ვინ იყო შონ პენი. ამიტომ მან სცენარის მიხედვით გათვალისწინებული ფრაზა თქვა: „მგონი, უნდა იცოდე, დირექტორის კაბინეტი სადაც არის“. შონმა კი სრულიად მოულოდნელად უპასუხა: „შე, ბებერო, წითელროჟა ნაბოზვარო“. რეი უოლსტონი ისე გამწარდა, ისე, რომ გაოცებისგან მხოლოდ ამის თქმა მოახერხა: როგორ მიბედავ, ლაწირაკო? პატარა ბიჭისგან, რომელსაც არავინ იცნობდა, ეს მართლა თავხედობა იყო...

ფილმმა შონ პენი ლეგენდად და ჰოლივუდის ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის დამრტყმელ ძალად აქცია.

1983 წელს, Bad Boys-ის გამოსვლის შემდეგ, პუბლიცისტი პოლინ კაელი თავის რეცენზიაში წერდა: „ყოველ მორიგ ეპიზოდში შონის გამოჩენა ნამდვილი სიურპრიზია“.

1985 წელს გამოსულ ფილმში The Falcon and the Snowman შონ პენი ნარკო-დილერს თამაშობდა. სანამ გადაღებები დაიწყებოდა, პენმა დედამისს უთხრა, რომ როლისთვის გარეგნობის შეცვლა სურდა. აილენმა ურჩია: „უბრალოდ ითამაშე, ეგ მასკარადი არაფერში გჭირდება“. იმავე დღეს პენმა დედას დაურეკა და სთხოვა, ჩემთან მოდიო. აილენი მანქანიდან გადმოვიდა და შვილის სახლთან უცხო კაცი შეეგება. იფიქრა, სადღაც მინახავს, ალბათ, შონის რომელიმე მეგობარიაო. და უთხრა: „ვაიმე, საიდანღაც გიცნობთ, გამახსენეთ თქვენი სახელი“. მერე კი გაოცებულს აღმოხდა: „ო, ღმერთო ჩემო, შენ ხომ შონი ხარ!“ - პენს უკვე გაეკეთებინა მაკიაჟი, რითაც გადაღებებზე მისვლას აპირებდა.

1996 წელს პენი და რაითი - ექვსწლიანი თანაცხოვრების თავზე - დაქორწინდნენ (რასაც მცირეხნიანი განშორებაც მოჰყვა - მაშინ ბავშვები უკვე ხუთი და ორი წლის იყვნენ). პირადი ცხოვრების ახლადნაპოვნი სტაბილურობა შონ პენის როლებზეც აისახა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პენმა უკეთ ისწავლა თავის შეკავება, უფრო მგრძნობიარე გახდა. თანამედროვე კინოს ისტორიაში მისი როლები „მოსიარულე გვამსა“ და „იდუმალ მდინარეში“ (ამ როლისთვის, საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში, პენმა 2003 წელს „ოსკარიც“ მიიღო) მსახიობის ოსტატობის ქრესტომათიულ მაგალითებად იქცა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შონ პენს ხშირად ადარებენ მარლონ ბრანდოსაც, რომელიც მისი მეგობარი იყო. მაგრამ, პენისგან გასხვავებით, ბრანდოზე არასდროს უთქვამთ, რომ მას მსუბუქი როლებიც გამოსდიოდა, მაშინ, როცა ფილმში Sweet and Lowdown შონ პენის გმირი ვუდი ალენის კომედიას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს ანიჭებს. ვუდი ალენი შონ პენზე ამბობს: „შონს უფრო მსუბუქი კინომასალისთვისაც ჰყოფნის ძალები. უბრალოდ, მას ეს ბუნებრივად გამოსდის“.

. . .

ბარ „ტოსკაში“ შონ პენი, ნახევარი საათის დაგვიანებით, ბარის მფლობელ ჯანეტ ეთერიჯთან ერთად შემოვიდა. „თითო ბარი ცხოვრებაში ყველას უნდა ჰქონდეს“ - თქვა ეთერიჯმა, რომლის „ტოსკაც“ წლების განმავლობაში ჰანტერ ტომპსონის, ფრენსის ფორდ კოპოლას, დენის ჰოპერის, უილიამ კენედის და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის მთავარი გასართობი ადგილი იყო.

პენმა ჯანეტს უთხრა, რომ მალე დაბრუნ დებოდა. არც გამაფრთხილა, ნასადილები რომ იყო, ისე წავედით ვიეტნამურ რესტორანში. მანქანა ავტოსადგომზე იყო. პენმა დაცვას ფული გაუწოდა, მოშორებით კი მეორეც იდგა. მან, როგორც ჩანს, მსახიობი იცნო და პირველს გამოსძახა - ფულს ნუ გამოართმევო. მერე შონ პენთან ერთად ფოტოც გადაიღო. როგორც იქნა, მანქანამდე მივაღწიეთ, მაგრამ სანამ ჩავჯდებოდი, კიდევ ერთი დაკვირვებული მზერა ვიგრძენი. გავიხედე და დავინახე, ტროტუარზე ქალი და კაცი იდგნენ და ყურადღებით გვიცქერდნენ. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, ქალმა თქვა: „არაფერი, არაფერი, უკვე მივდივართ, ისე გიყურებდით“.

როცა სუფრასთან დავსხედით, პენს დედამისის მიერ ნაამბობი ისტორია გავახსენე. აილენმა მითხრა, ფილმ Sweet and Lowdownis გადაღებებზე ვუდი ალენს გავესაუბრე და მითხრა: შონის გადაღება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მისი ხასიათის ამოცნობა მუდამ მიჭირდაო. მე კი ვუპასუხე: არ იდარდო, ზუსტად ორ სიტყვაში დაგიხასიათებ - მას რცხვენია, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდამეთქი.

მანამდე პენმა მითხრა, რომ დედამისი ოჯახის ისტორიებს ისე ცვლიდა ხოლმე, როგორც მოეპრიანებოდა, მაგრამ ახლა, სანამ ვუდი ალენისა და აილენის დიალოგის შესახებ თავის აზრს მეტყოდა, საუბარი ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა. რომ დაასრულა, თავის, ჯერაც თითქმის სავსე თეფშს დახედა, მზერა გაუშტერდა და ბოლოს მითხრა: „ხომ იყო დრო, როცა კაცის ფუნქცია ნადირობა იყო. ჩვენს რეალობაში ეს საჭირო აღარ არის. კაცს შეუძლია წავიდეს და ინადიროს, რამდენიც უნდა. მაგრამ ქალი მას მაინც არ დაელოდება, მაღაზიაში წავა და საკვებს კაცზე უფრო მალე მოიპოვებს. ასე რომ, რაღა დარჩენია კაცს? ძალადობა. ეგაა“. და მერე: „მე მოვრჩი, შენ კიდევ გშია?“ ვუთხარი, რომ საკმარისი იყო. პენმა ანგარიში მოითხოვა და მითხრა, რომ მპატიჟებდა.

რესტორნიდან ისევ „ტოსკაში“ დავბრუნდით. სანამ უკანა ოთახისკენ გზას მივიკვლევდით, პენი ახალგაზრდა აზიელმა კაცმა შეაჩერა, ტელეფონი მიაჩეჩა და თითქმის შეევედრა, დღეს მამაჩემის დაბადების დღეა და აი, ტელეფონი, გთხოვთ, მიულოცეთო. პენმა ტელეფონი გამოართვა და მამას ხაზის მეორე ბოლოს უთხრა: „თქვენმა ვაჟმა უფრო ნაკლები უნდა სვას, გილოცავთ დაბადების დღეს“.

უკანა ოთახი ისეთი პატარა, ჩახუთული და სუნიანი იყო, როგორც ნესტიანი და გაოფლილი ლუდხანები ირლანდიურ სოფლებში. იქაურობას ძლივს ანათებდა კედელზე მიმაგრებული ყვითელი ნეონის ნიშანი, რომელზეც ეწერა „ტოსკა“ და ბილიარდის მაგიდის თავზე მწვანედ ალაპლაპებული ერთადერთი ლამფა. კედელზე დაუდევრად მიწებებული კინოპლაკატები კიდევ უფრო ამძაფრებდა ბარის ანდერგრაუნდულ განწყობას.

პენი აქ შინაური კაცი იყო. როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, ახლაც რამდენიმე ვოდკა-ტონიკის შემდეგ გამხიარულდა, თავისი შინაგანი სამყაროს მჭიდროდ დახურული კარიც ოდნავ შემიღო და მერე, როცა თავის მეგობარ, ჯადოქარ დევიდ ბლეინზე მიყვებოდა, მაგიდაზე გადმოიხარა და მითხრა: „რატომ ვართ მე და დევიდი ახლო მეგობრები? ეგეთ კითხვებს საკუთარ თავს არასდროს ვუსვამ. არც მინდა ვიცოდე. ვგიჟდები იდუმალებაზე. არც მაინტერესებს, ცხოვრების ამ ეტაპზე რატომ ვდგავარ აქ. ეს, უბრალოდ, უნდა ვიგრძნო. გრძნობას მივყვები. სამოთხის მსგავსი უკან დასახევი გზა არ მჭირდება. ვიღაც ამბობს, რომ ღმერთი არსებობს, მე კი ამის ხელაღებით მტკიცება ღიმილს მგვრის. ვიღაც ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს - ამის ხელაღებით მტკიცებაც სასაცილოა. საერთოდ, რაღაც რომ ვითომ იცი და რაღაცას რომ ამტკიცებ, უკვე სასაცილოა. და იცი, რა? თუკი საერთოდ რაიმესი მწამს, ეს მოვლენათა იდუმალებაა - აი, ჩემი რელიგია“.

ცოტა ხნის შემდეგ, ზემოთ გადავინაცვლეთ, მორიგ გიჟურ ოთახში. პენმა ჯიბე მოიჩხრიკა და ნაბეჭდი ფურცლები ამოიღო. „ჩამი საგაზეთო სტატიის პირველი პირია“ - მითხრა, ჩაახველა და დაბალ ხმაზე დაიწყო კითხვა:

„თვითმფრინავით ხანგრძლივმა მგზავრობამ თავისი ქნა. თეირანიდან დავბრუნდი და შუაღამეს კისერი მომწყდა. ჩემმა მოშლილმა ბიოლოგიურმა საათმა კი მაღვიძარა ზარი გამთენიის ხანს, 4:30-ზე ჩამოკრა და რა უნდა მექნა, ავდექი. სამზარეულოში გავედი, ტელევიზორი ჩავრთე და არხების გადართვა დავიწყე. ბოლოს CNN-ზე შევჩერდი. American Morning“ სოლედად ო'ბრაიანთან ერთად... სოლედადის ინფორმაციით, ჯერაც თეირანში ვიყავი, სადაც San Francisco Chronicle-სთვის ვწერდი სტატიებს... შემდეგ, ირანის კინემატოგრაფისტთა საზოგადოებაში ჩემთან შეხვედრის კადრები აჩვენეს და სოლედადმა აღნიშნა, რომ ისე გამოვიყურებოდი, თითქოს ჟურნალისტობანას ვთამაშობდი. ჰოდა, ასე, ვზივარ ჩრდილოეთ კალიფორნიაში, საკუთარი სახლის სამზარეულოში და ტელეეთერით აცხადებენ, რომ თეირანში ვარ. ეს ქალბატონი უყურებს ფირს, რომელიც პროდიუსერმა ჩაურთო და მაშინვე შეტევაზე გადმოდის... ახლა კი, მოდით, ფაქტობრივი შეცდომები გავასწოროთ, კარგი? იმ წუთიდანვე, როცა საერთაშორისო მედიამ ჩემი თეირანში ვიზიტის შესახებ გაიგო, საინფორმაციო ვებ-გვერდები, გაზეთები, ტელევიზია და რადიო - როგორც შტატების, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ჩემი მოგზაურობის შესახებ მცდარმა ცნობებმა წალეკა. ზოგმა ისე შორსაც შეტოპა, რომ მაშინვე პრო-ირანელად გამომაცხადა, ზოგმა ანტი-ამერიკელ მემარცხენედ, სხვები კი დამაჯერებლად ამტკიცებდნენ, რომ ჩემი პირველი და გახმაურებული ვიზიტი ერაყში გაზეთმა San Francisco Chronicle-მა დააფინანსა... ჯანდაბას, ჩემს შესახებ გავრცელებულ უზუსტობებს კიდევ წავუყრუებდი, მაგრამ მედია ასეთივე უზუსტობებს ხომ ომში დაღუპულთა შესახებაც ავრცელებს და ომის მიზეზებზეც! ეს უკვე უპატიებელია.“

შონ პენი დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში კითხულობდა თავის ტექსტს, დროდადრო ამომხედავდა ხოლმე, ჩემი რეაქციაც რომ შეემოწმებინა. უკვე ხუთი ფურცელი ჰქონდა წაკითხული და ჯერაც არ ეწერა, თუ როგორ ჩავიდა თეირანში. ამიტომ თხრობა გავაწყვეტინე და ვურჩიე, სჯობს ირანში ჩასვლის ამბავი სტატიის დასაწყისშივე დაწერო-მეთქი. პენმა თავი დამიქნია, მაგრამ არაფერი მითხრა (ცოტა ხნის შემდეგ, მისი უხვსიტყვიანობისგან და პათეტიკისგან მაქსიმალურად დაცლილი და კარგად რედაქტირებული სტატია Chronicle-ის წლის ყველაზე პოპულარული ტექსტი გახდა, გაზეთის ვებ-გვერდზე კი პენის წერილი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გახსნა).

როცა ისევ ქვევით ჩავედით, პენი სან ფრანციკოს მერს, გევინ ნიუსომს გაესაუბრა. ნიუსომს მეუღლე, ყოფილი მოდელი კიმბერლი გილფოილი ახლდა, რომელიც თავის დროზე საცვლების რეკლამას აკეთებდა. ცნობილია, პენი დროის მხიარულად გატარებაზე გიჟდება. და თუ სიტუაცია არ უწყობს ხელს, თვითონ იქცევა ხოლმე მასხარად. როცა ხალხი მოიწყენს და ჩაჩუმდება, პენი სწორედ მაშინ გააქტიურდება ხოლმე, ან ანეკდოტს იტყვის, ან იმღერებს, ან რამე შაირივით ლექსს მოყვება. ხანდახან კი თავის საფირმო ტრიუკსაც გამოიყენებს ხოლმე: წამოდგება და ხმამაღლა იტყვის: „უნდა თუ არა ვინმეს ჩემი ცეკვის ნახვა?“ და მერე პასუხსაც არ დაელოდება, ისე აცეკვდება.

„ტოსკაში“ გატარებულ საღამოს შონ პენმა არ იცეკვა, მაგრამ სამაგიეროდ იყო სიმღერა. მას ხელში სასმელი ეჭირა. გამომხედა, გამიღიმა, ჩემსკენ გადმოიხარა და დევიდ ბეარველდის ერთი სიმღერის ტექსტი თავიდან ბოლომდე წამიღიღინა.

. . .

როცა შემდეგ ჯერზე შონ პენი ვნახე, ის უკვე გმირი იყო. სექტემბერი იდგა. შონ პენი კი ჩემი ტელევიზორის ეკრანიდან მიყურებდა. უფრო სწორად, საქმეს აკეთებდა: ნიუ ორლეანის ჭაობის მძიმე წყალს მკერდით მიაპობდა, რათა ქარიშხალ „კატრინას“ გადარჩენილი მსხვერპლი სამშვიდობოს გაეყვანა. მომდევნო 48 საათის განმავლობაში, პენს ხან იარაღით ხელში ვხედავდი, ხან ისევ წყალში, როცა მოხუცები და უმწეოები გამოჰყავდა. ხან თავის ნავზე იდგა, ხან ნავიდან წყალში ეშვებოდა და ადამიანები ზევით ამოჰყავდა. მერე უკვე დაბანილ-დავარცხნილ-დამშვიდებული ვნახე, როცა უკვე შინ ბრუნდებოდა და ლარი კინგს ინტერვიუს აძლევდა. შონ პენს ნიუ ორლეანში ორმოცამდე ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი, მედიას და ინტერნეტ-ბლოგებს კი უკვე მოესწროთ მისთვის კბილის გაკვრა. „შონ პენი, საერთაშორისო მასშტაბის სუპერმენი“ - წერდა პრესა - „ნიუ ორლეანში თავისი აღჭურვილობით ჩამოვიდა, და თან ფოტოგრაფიც იახლა...“ მერე ისიც თქვეს, რომ ნავი, რომლის საშუალებითაც შონ პენმა უამრავი ადამიანი გადაარჩინა, ბოლოს ჩაიძირა. ეს ბრალდება შონ პენმა უპასუხოდ არ დატოვა. გაზეთს - „მელბურნ ჰერალდ სანს“ - რომელმაც ეს ცნობა პირველმა გაავრცელა - სანაძლეო შესთავაზა. თუ გაზეთი ნავის ჩაძირვის დამადასტურებელ საბუთს იპოვიდა, შონ პენი რედაქციას მილიონ დოლარს გადაუხდიდა, თუ ვერა - მაშინ გაზეთს „კატრინას“ დაზარალებულთა ფონდში მილიონი დოლარი უნდა ჩაერიცხა. ცხადია, ამბავი ჩაიფარცხა, მაგრამ როცა რამდენიმე დღის შემდეგ შონ პენს სან ფრანცისკოში შევხვდი, მივხვდი, რომ ბრაზი მას ჯერაც არ ჩაცხრომოდა.

პენებთან სახლში ნაშუადღევს მივედი. ჯინსის შარვალი და მოკლე ჟაკეტი ეცვა, ფეხშიშველი იწვა კაბინეტში, ტახტზე. გაუპარსავი და აღრენილი იყო. დაბალ მაგიდაზე არყისა და შავი ღვინის გახსნილი ბოთლები იდგა. სანამ ლაპარაკს დავიწყებდით, მთხოვა, პატარა ტექსტი წამეკითხა, რომელიც ჟურნალ „როლინგ სთოუნისთვის“ დაწერა. „როცა ტელეეკრანზე „კატრინას“ საშინელ კადრებს ვუყურებდი, ზუსტად ისეთივე განცდა მეუფლებოდა, როგორიც მაშინ, როცა შენს ცხვირწინ ავტოავარია ხდება და ორი ფეხის ნაბიჯზე ხედავ, თუ როგორ იცლება სისხლისგან ბავშვი... არ დავიწყებ იმის მტკიცებას, არ გავბრაზებულვარ-მეთქი“ - წერდა შონ პენი პრესაში გავრცელებულ ჭორებზე. - „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნიუ ორლეანში უფრო მალე არ ჩავედი, იყო ის, რომ მეგონა, ვინმეს ხელს შევუშლიდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ - არა. სამაშველო სამუშაოების უმეტესობას უბრალო მოქალაქეები ასრულებდნენ... საშინელებაა იმის აღიარება, რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გული გაუცივდათ“.

შემდეგ პენმა დაწვრილებით მიამბო ის, რაც ნიუ ორლეანში გადახდა თავს. მისი ნაამბობი უამრავი საინტერესო დეტალით იყო სავსე: თვითმფრინავი, რომელმაც ჰიუსტონიდან ბეიტონ როუჯში ჩაიყვანა; პოლიციის მანქანა, რითაც ნიუ ორლეანში გადავიდა; ქალაქის სიურეალისტური სიბნელე; უკაცრიელი ქუჩები; ნავის პოვნა; ადრენალინი; დაბნეულობა; მღვდელი სახელად უილი - ნოეს კიდობნის ეკლესიიდან, რომლის ცნობითაც, ერთ-ერთ სკოლაში ორმოცი ბავშვი იყო გაჭედილი. სწორედ მღვდელი უილი დაეხმარა პენს გზის გაკვლევაში, სანამ ის ნიჩაბს მძლავრად უსვამდა წყალს და ჩაძირულ მანქანებს არიდება ნავს.

მშვენიერი დღე იყო. წყალს მძიმე შავი ფერი დაკრავდა. ზედაპირზე წყლისგან დასიებული გვამები ტივტივებდნენ - „ყველა ერთსა და იმავე პოზაში იყო: სახით დაბლა, ხელები - არწივის ფრთებივით გაშლილი“. გადარჩენილები ძლივს მიაბიჯებდნენ ჭუჭყიან წყალში, ქურდავდნენ გზად შემხვედრ გაბერილ გვამებს, ეძებდნენ საჭმელს - „ერთ კაცს, მახსოვს, უზარმაზარი ძეხვი ეჭირა ხელში“.

შონ პენმა მოწამლულ ჭაობში ცხრა საათი გაატარა და არაფერი მოსვლია, რადგან ცოტა ხნით ადრე, საფარის უდაბნოში მოგზაურობის გამო, აიცრა. „ყველაზე უცნაური ოფიციალური რაზმების ნაკლებობა იყო - არსად ჩანდა აშშ-ს არმია, ნიუ ორლეანის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათ, უბრალოდ, საკმარისი რაოდენობით ვერსად ვხედავდი“.

პენი შეუსვენებლად ლაპარაკობდა. გაიხსენა ორსართულიანი შენობაც, რომელსაც წინა კედელი აბსოლუტურად ჩამონგრეული ჰქონდა. „პირდაპირ საძინებლებში ვიყურებოდი. და ზევით, საცვლებისამარა იდგა ერთი აზიელი კაცი, ხელში იარაღი ეჭირა, ოთახის დარჩენილი სამი კედელი ისლამური სიმბოლოებით ჰქონდა მორთული. არაფერს გვიშავებდა. უბრალოდ, იდგა“.

პენმა შეისვენა და სიგარეტს მოუკიდა. მერე გაიხსენა შიზოფრენიით დაავადებული ქალიც, რომელსაც წამალი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეღო, მკერდამდე წყალში იდგა და ცაში მოგუგუნე ვერტმფრენისკენ იშვერდა ხელებს. ვერტმფრენი ქალს თანდათან შორდებოდა. ჩვენ მას ნავიდან ვუყვიროდით, მაგრამ არ ესმოდა. სახურავებიდან ნატეხები და ათასი სიბინძურე ცვიოდა. წყალი ოკეანეს ჰგავდა. მერე უცებ კივილი გავიგე, გავხედე და ქალი უკვე იძირებოდა - მისკენ წამოსულ დიდ ჭავლს ვეღარ შეებრძოლა. სწორედ მაშინ აღმოვჩნდი წყალში. დავიჭირე. ნავში ამოვიყვანე. მერე, იმავე ჯერზე, რამდენიმე სხვაც გადავარჩინე“.

ნავზე გატარებული დღის ბოლოს, პენი იმ მშრალ და უსაფრთხო ადგილას დაბრუნდა, სადაც გადარჩენილებს ტოვებდა და თვითონ ახლების მისაყვანად ისევ წყლით დაფარულ ქუჩებში შედიოდა. ეგონა, სამშვიდობოს გაყვანილებს ოფიციალური სამაშველო რაზმები მიხედავდნენ, მაგრამ საღამოს დაბრუნდა და უკლებლივ ყველა იქვე დახვდა. არავინ გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები სადმე სხვაგან გადაეყვანა“. ის ღამეც შონ პენმა მათ საავადმყოფოში გადაყვანას მოანდომა...

„ახლა, როცა „კატრინა“ დამთავრდა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება აუცილებელი აღარაა, დაბნეული ვარ. როცა ადამიანებისთვის პირველადი დახმარების გაწევა იყო საჭირო, მოქმედებას აზრს არ ვატანდი. მაგრამ რა უნდა ვქნათ ახლა? როგორ უნდა განაგრძონ ცხოვრება სტიქიაში გადარჩენილებმა? როგორ უნდა არჩინოს სახელმწიფომ ისინი? როგორ უნდა დააწყებინო მათ სრულიად ახალი ცხოვრება? როგორ უნდა გამოიცნო, რომელი მათგანი იყო სტიქიამდე - ვთქვათ, პედოფილი? ახლა ისევე დაბნეული ვარ, როგორც ჩვენი მთავრობა. ვებრძვი იმ მტანჯველ აზრს, რომ გამოსავლის მოსაძებნად ჭკუა არ მყოფნის. საკუთარი ინტელექტუალური შეზღუდვები ყოველთვის მიშლის ნერვებს. ჩემი გონებრივი შესაძლებლობების გამო იმედგაცრუებას ვგულისხმობ. გულთან კი ყველაფერი გარკვეული მაქვს. გულთან პრობლემა არ არის“.

. . .

დაუკვირვებლად თუ სრულიად შეგნებულად, მსოფლიო სცენაზე შონ პენი ინდივიდუალისტ გმირს, „მზრუნველ მოქალაქეს“ განასახიერებს. ლარი კინგთან ინტერვიუში, პრეზიდენტ ბუშს სრულიად აშკარად მოუღერა მუშტები, შემდეგ კი რამდენჯერმე სცადა ბუშთან საგაზეთო ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ ვერაფრით შეაღწია მასთან. ერაყში დასავლური ჯარების შესვლის შემდეგ კი, შონ პენმა 56 ათასი დოლარი გადაიხადა, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ თითქმის მთელ გვერდზე ბუშისადმი მიმართვა გამოექვეყნებინა.

ღია წერილში პენი წერდა: „თქვენს მიერ დღემდე მიღებული მრავალი გადაწყვეტილება რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ ქვეყნის ძირეულ პრინციპებს, რომლის სათავეშიც დგახართ... კრიტიკოსების გა რიყვა, აბსოლუტურად უსაფუძვლო რიტორიკით შიშის დანერგვა, თქვენს ხელისუფლებაზე მორგებული მედიის შექმნა, თქვენი ადმინისტრაციის მიერ სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა - ეს ყველაფერი საფუძველშივე ეწინააღმდეგება იმ პატრიოტულ ფასეულობებს, რომლის გამტარებელიც - თქვენი განცხადებით - ხართ“.

იმავე წერილში შონ პენი ახსენებდა მამას - ლეო პენსაც („მან ადამიანის უფლებების ქარტიისა და კონსტიტუციისადმი ღრმა რწმენით აღმზარდა“). კრის პენიც ამბობს: „მამა თითოეული ჩვენგანისთვის გმირი იყო. ამიტომ აშკარაა, რომ შონსაც სურს, გმირი ერქვას. ვხედავ, რასაც მსოფლიოსთვის აკეთებს, და მგონია, რომ მისი გული ყოველთვის სათანადო ადგილასაა. იქნებ გულის სიღრმეში გმირობისთვის აღიარებას ელის? შეიძლება ელის კიდეც. ვფიქრობ, შონს ახასიათებს ის მიამიტობა, რომელიც მამაჩემსაც ჰქონდა. მგონი ზედმეტად ცინიკურად გამომდის. გმირებს ხომ კლავენ“.

„კატრინაზე“ საუბრის შემდეგ, პენმა ქვევით, სამზარეულოში ჩამიყვანა. იქ, სამზარეულოს ხის დიდ მაგიდაზე, ჰოპერი გეოგრაფიას მეცადინეობდა და ელოდა მამას, რომელსაც გაკვეთილი უნდა ჩაებარებინა. „ორ წუთში მოვალ“ - უთხრა ჰოპერს, მერე კი მიჩურჩულა: - „ვერ ვიტანდი საშინაო დავალებების მომზადებას“. მერე პატარა ჯამში სიმინდის ბურბუშელა ჩაიყარა და ვერანდაზე გამიძღვა, საიდანაც მაღალი მესერით შემოსაზღვრული ბაღი და აუზი ჩანდა. „იცი, რომ სახელმწიფო ხაზინის მეთვალყურეობის ქვეშ ვარ? ხუთწლიანი გამოძიებაა. აინტერესებთ, დავარღვიე თუ არა ემბარგო, როცა ერაყში ჰუსეინის მთავრობის დროს ჩავედი; დავხჯარე თუ არა ფული; ვისარგებლე თუ არა ჩემი ამერიკული პასპორტით... ამ კითხვებზე უარყოფითი პასუხია. ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი თეთრი სახლის საშუალებით მოხდა. ეს ჩემმა იურისტმაც იცის ვაშინგტონში“.

სანამ ვერანდაზე გავიდოდით, პენმა პატარა მაგიდაზე, ჩარჩოში ჩასმული მამის ფოტო დამანახა. „ნახე, ეს კარგი ფოტოა“ - ლეო პენს კისერზე ბინოკლი აქვს ჩამოკიდებული. პირი მაგრად აქვს მოკუმული, ნიკაპი - წინ გამომწვევად გამოწეული. ერთხანს ჩუმად ვიდექით და ამ გმირი კაცის ფოტოს შევყურებდით. თან პენის სიტყვები მახსენდებოდა, ცოტა ხნით ადრე რომ მითხრა:

„მამაჩემს უყვარდა ადამიანები და მთლიანად კაცობრიობა. ეს მეც კარგად გამომდის“.

4 აი მოვედი

▲back to top


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
განათება: ნიკო ტარიელაშვილი
სტილისტი: გიორგი ნადირაძე
ვიზაჟი: ანუკა მურვანიძე
ვარცხნილობა: სალონი Exellence

0x01 graphic

სოლოლაკში ერთი ანტიკვარი ცხოვრობდა, კოსტა. მას ორი შვილიშვილი ჰყავდა და ერთი ხშირი სტუმარი - ნინო ხოშტარია.

რა აღარ ჰქონდა კოსტას: მოვარაყებული სარკეები, ჩუქურთმიანი სავარძლები, კობალტის ჭურჭელი... მაგრამ ნინოს ამქვეყნად ყველაფერს ზღაპრული ბოთლი ერჩივნა. შიგ, ალბათ, არაყი იყო ჩასხმული, და ბალერინა ცხოვრობდა, თეთრი და მოხდენილი. რაღაც ღილაკს დაატრიალებდი და ბალერინა ცეკვას იწყებდა, ტრიალებდა, ცეკვავდა... ძალიან უნდოდა ნინოს ის ბოთლი და ბალერინა, „ამ შურმა გამიმწარა ბავშვობა“...

ნინოს სახლი თბილისის ყველაზე ლამაზი სახლი იყო, ყოველ შემთხვევაში, თავად ამაში სრულიად დარწმუნებულია. ჩაუვლიდა რუხ ქუჩებს, ქუდჩაბღუჯული ლენინის ძეგლს და სადარბაზოში შედიოდა, სადაც ყოველდღიურ რიტუალს ასრულებდა: პირველი კარის გავლის შემდეგ ჭერს ასცქეროდა, საიდანაც ოთხი ფუმფულა, ვარდისფერი, ოქროსკულულებიანი ანგელოზი უღიმოდა. ანგელოზებს ცალ ხელში ვარდები ეკავათ, მეორე ხელით კი - დედამიწა. ის ანგელოზები ზუსტად ნინოს ზომისა და ასაკისანი იყვნენ. ირგვლივ სამოთხის ყვავილები ყვაოდა, ვარდისფერი, ცისფერი, ოქროსვარაყიანი სადარბაზო... ჯერ მუქი მარმარილოს კიბე უნდა აევლო, რომლის თუჯის მოაჯირზეც რაღაც უცნაურობა იყო დამაგრებული - ბებიამ აუხსნა, შიგ ჩირაღდანს არჭობდნენო. ჩირაღდანი! ანგელოზები, ყვავილები და ჩირაღდნები!

ნინოს ოთახში კედლები მწვანე იყო, ოღონდ არა უბრალოდ მწვანე, არამედ სულ, სულ სხვანაირი. მერე, როცა ნინო გაიზარდა, დედამ უამბო, სანამ გაჩნდებოდი, თადარიგი დავიჭირეთ და ოთახის შეღებვა განვიზრახეთო. თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, რძისფერი კედლები უნდა ყოფილიყო, მერე დედამ თქვა, მოდი, ცოტა სხვა ფერი შევურიოთო, მერე ესეც არ მოეწონა და ასე გაგრძელდა და გაგრძელდა, ფერები ამატეს და ამატეს, და ბოლოს ოსტატი აფეთქდა, მორჩით ახლაო. და გამოვიდა მწვანე კედლები. დედა კი ჩიოდა, მე შენთვის სულ სხვანაირი მინდოდაო, მაგრამ ნინო ძალიან კმაყოფილი იყო.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

თან, რაც მთავარია, კედელი ცარცის საღებავით იყო შეღებილი. ჯადოსნური რამაა: თუ თითს დაასველებ, ზედ ყველაფრის დახატვა შეიძლება, და ის ნახატი მერე თვითონ უჩინარდება! მართალია, სწრაფად უნდა დახატო, რომ ნახატის დასრულება მის გაქრობამდე მოასწრო, მაგრამ მეორე ხელიც ხომ გაქვს! და ლოგინში მწოლი ნინო თითებს ისველებდა და ხატავდა, და ნახატები ისევე უჩინარდებოდა.

დღეს ნინო ჰყვება, რომ „ეს სახლი იყო ხმები“. ძველი სახლი სულ ჭრიჭინებდა, ოხრავდა, ყველაფერს თავისი, საკუთარი ჰქონდა. კარის ხმა, ნაბიჯები მარმარილოს კიბეზე, შემდეგ - ხის კიბეზე... ავად როცა იყო ხოლმე, ამით ერთობოდა: იწვა და ისმენდა სხვების ნაბიჯების ხმას, და ყველას ნაბიჯებს ცნობდა.

რასაკვირველია, დედას ნაბიჯების ხმას ყველაზე კარგად ცნობდა. მუსიკაზე როცა მიჰყავდა ხოლმე - ნინოს, ცხადია, ფეხები უკან რჩებოდა, - მაჩაბლის ქუჩაზე, ასეთსავე ძველ სახლში, ხის კიბე უნდა აევლოთ, ჯერ - ნინოს, მერე - დედას, და ამ ნაბიჯებს ნინო ათას სხვაში გამოარჩევდა - ცხადია!

მერე კი, როცა ბევრი წელი გავიდა და დედა აღარ იყო, ნინოს მარტოს მოუწია ამ კიბის ავლა, - და დედას ნაბიჯების ხმა შემოესმა. ახლა იცის, რომ როცა ჰკითხავენ, დედისა რა გამოგყვაო, იტყვის: „ნაბიჯები“.

სრულიად ბანალური ამბავია: ყველა თვლის, რომ დედამისი ყველაზე ლამაზია და მამამისი - ყველაზე კეთილშობილი. და ნინოსაც ასე მიაჩნია. თავისი დედ-მამა ძალიან ეამაყება.

ერთმა ექიმმა დედას უთხრა, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ მედიკოსთა მსოფლიო კონგრესი ტარდება ხოლმე და ამ კონგრესის მონაცემების თანახმად, სიმსივნისგან თავად განკურნებულთა რიცხვი მხოლოდ 14 პროცენტს შეადგენს. „ძალიან ვწუხვარ,“ უთხრა ექიმმა. „პირიქით!“ უთხრა დედამ. „მე მეთხუთმეტე პროცენტი ვიქნები!“

დედა ყოველდღე ეჩხუბებოდა თავის სენს, „ვერ მომერევი!“ უკვე მოკლედ შეკრეჭილი ქალიშვილთან ერთად ქალაქში დადიოდა, კოლმეურნეობის ბაზარზე ვაჭრობდა - კონა მანეთი თუ ვედრო შაური?!…

ნინო თვლის, რომ ყოველი ახლობლის გარდაცვალება მასში დიდ ცვლილებებს იწვევს და ბევრ რამეს ასწავლის. პირველი ბებია იყო, რომელიც წასვლამდე იმას დარდობდა, რომ უამრავი დრო დაკარგა უქმად, რომ მეტი უნდა ეცხოვრა, რომ მეორედ უნდა გათხოვილიყო... ბებიისგან დარჩა ნინოს ის ცოდნა, რომ დროის დათმობად და ნერვების მოშლად არაფერი ღირს ამქვეყნად, რომ არავინ ვიცით, აგური, ბოლოს და ბოლოს, როდის დაგვეცემა. ან აგური, ან სხვა რამ.

0x01 graphic

მაგრამ ეს ცვლილებები მერე იყო. მანამდე ნინო, უმცროსი დის დაბადებამდე, ბიჭებთან ერთად იზრდებოდა, და ძმისა და დეიდაშვილის შემყურე, დიდად ვერც ხვდებოდა, რომ გოგოა. მას მათი გამონაცვალი კედები და შორტები ეცვა, მაისურები წარწერით „დინამო“. ისიც ომობანას თამაშობდა, ხან მზვერავი იყო და ხან - მოწინავე მებრძოლი, და მუხლები სულ დაგლეჯილი ჰქონდა. მერე იწყებოდა საამო საქმე: ფრჩხილით მოსინჯვა, საკმარისად მოხმა ნაიარევის ქერქი ასაცლელად თუ ჯერ არა. ველოსიპედებიც ბიჭებისა იყო, დიდი, ნინო პედლებამდე ფეხს ვერ აწვდენდა და ახლაც ასე დადის ველოსიპედით - ფეხზე დამდგარი.

ენგელსის ქუჩის სახლშიც სულ ბიჭები ცხოვრობდნენ. მათ შორის იყო ვადიკაც, ამჟამად შეერთებულ შტატებში მცხოვრები, ნინოს თანატოლი და მესაიდუმლე. ნინო და ვადიკა წიგნებს ერთად, ანუ ერთდროულად კითხულობდნენ და მერე არჩევდნენ ხოლმე მტყუანს და მართალს.

უნდა ითქვას, რომ ნინო ხოშტარია ხეზე ცოცვის უბადლო ოსტატი იყო და ახლაც ასეთად რჩება. ნებისმიერი ხის კენწეროზე მოქცევა შეუძლია, მთავარია, სტრატეგია შეიმუშავოო... ჰოდა, ხეზე მსხდომი ვადიკა და ნინო იმ ჯერზე „სამ მუშკეტერს“ იხილავდნენ. ნინო წინ იყო და ამიტომ დიდი ამბავი გაანდო: რომ - მაპატიე, ვადიკ, ასეთი ახლობელი რომ არ იყო, ნამდვილად ვერ გეტყოდი, - იქ ერთი ადგილია, მილედის და ათოსის, ერთ ოთახში მარტოები რჩებიან და... გაგიჟდები, ისეთი სექსებია, რომ არ ვიცი.

ვადიკა სასწრაფოდ ჩამოძვრა ხიდან და სახლში გაიქცა. მერე ნინოს უთხრა, აბსოლუტურად მართალი ხარ, ეს რა წავიკითხეო! რა აღარ წაგვიკითხავს, მაგრამ ასეთი რაღაცა სხვაგან არსად არ წერია, არაო?

0x01 graphic

ნინომ კითხვა ძალიან ადრე ისწავლა - მამამ იეშმაკა. წიგნი მოიტანა, ორი პატარა ტომი. პოლონელი თუ ჩეხი მწერალი ქალისა იყო, მგონი „პოლინა და ცისფერი მძივი“ ერქვა. საოცარი ამბავი იყო: ოჯახი ერთი ბინიდან მეორეში გადადიოდა, და პატარა გოგომ ავეჯის გადატანისას კუთხეში ცისფერი მძივი იპოვა. ცხადია, ჯადოსნური. ის მძივი ყველა სურვილს ასრულებდა, ოღონდაც რა აასრულა - ეს მეორე წიგნში ეწერა, და მამამ ნინოს უთხრა, მე აღარ მინდა კითხვა, თუ გინდა, შენ თვითონ წაიკითხეო. და ასე მოხდა, რომ ნინომ ცნობისმოყვარეობის გამო ისწავლა კითხვა, და მერე კარგახნის განმავლობაში ეძებდა თავის სახლში იმ ჯადოსნურ ცისფერ მძივს: თუ ვიღაც სხვა ქალაქელმა გოგომ იპოვა, თან ზღაპარში კი არა, ნამდვილ ამბავში, ვითომ, ნინოს რატომ არ უნდა ეპოვა?

წიგნი, სულ სხვა სამყარო, და ნინო თავის შვილსაც სულ უხსნის, რომ წიგნი სჯობს ყველანაირ ძილის წამალსაც და მოციონსაც: გადაშლი და სხვაგან ხარ, აქაურობის კარი მოხურული გაქვს, და იქ ბედნიერი ხარ, სულ არ გახსოვს, რა ამბები ტრიალებს შენს თავს. ვთქვათ, ის, რომ ენგელსის ქუჩის ყველაზე ლამაზი სახლი გაძარცვეს, კარის ლომებს პირიდან რგოლები გამოგლიჯეს, ჩირაღდნების დასამაგრებელი თუჯის სასწაულები გააქრეს, და ქალაქის მესვეურთა ბრძნული გადაწყვეტილებით, ზეთის საღებავით გადაღებეს ოქროსკულულებიანი ანგელოზები და წალკოტის ყვავილები.

. . .

ნინო განთლებით მუსიკათმცოდნეა. ეგონა, რომ დიდი მუსიკათმცოდნე დადგებოდა, ბიბლიოთეკა ათმეტრიანი ჭერით, დიდი თაღები, მტვრიანი წიგნები, ის კი, მწვანე მაუდით დაფარულ მაგიდასთან, მშვენიერი ლამპის შუქზე, ერთ დღესაც სენსაციურ აღმოჩენას გააკეთებდა - რომ ამ ფუგის წერისას ბახი... მაგრამ სულ მალე მიხვდა, რომ ეს არ მოხდებოდა, და უფრო პრაქტიკული საქმის წამოწყება განიზრახა: კონსერვატორიაში მეხუთე კურსზე მყოფმა თეატრალურ ინსტიტუტში საოპერატოროზე ჩააბარა.

საკმაოდ რთული საქმე იყო - ორი უმაღლესი ერთად ვის გაუგია? თან ზოგადი საგნების ჩაბარების შესახებ ცნობის მოძიება მეტისმეტად ჩახლართული პროცედურა გახლდათ, და ნინომ ხელმეორედ ჩააბარა პოლიტეკონომია, დიალექტიკური მატერიალიზმი და სხვანი.

ცოტა ხანში მას ამაყად შეეძლო იმის თქმა, რომ საქართველოში პირველი ოპერატორი ქალი იყო, მხარზე შემოდგმული თავისი ზომის კამერით. ერთი ისაა, რომ კამერის გარდა, ჯერჯერობით არც არაფერი გააჩნდა.

ერთხელ მეგობარმა გოგომ უთხრა, ტელევიზია რაღაც პროექტს იწყებს და ვიცი, ოპერატორი სჭირდებათო. ჰოდა, ნინო შეკრებაზე გამოცხადდა: ხომ ოპერატორი გჭირდებათ? აი, მოვედი!

თავისთავად, კარგი ამბავია: ნინო და კამერა. მაგრამ იქვე კითხვა დაიბადა: რისი მაქნისი ხარ? და ვინაიდან ერთ კვირაში ისედაც მოსკოვში აპირებდა გამგზავრებას, ნინოს დავალება მისცეს: ინტერვიუ ძალიან სახელგანთქმულ ადამიანთან.

არც მეტი, არც ნაკლები, სლავა ზაიცევი. სატელეფონო საუბრის შემდეგ შეხვედრაზე მისულმა ზაიცევმა აღმოაჩინა, რომ ნინო მარტო იყო: сам танцует, сам поет, сам билеты продаёт... როგორც ჩანს, ავანტიურა დაუფასა და საუკეთესო ამბები უამბო. მაშინ აღმოაჩინა ნინომ, რომ პრანჭვა ნახევარი სხეულითაც შეუძლია: ცალი თვალით ვიზერში იცქირებოდა, მეორეს ზაიცევს უჟუჟუნებდა. ინტერვიუ გამოვიდა, უბრალოდ, ცოტა ძნელი დასამონტაჟებელი აღმოჩნდა: მკვდარივით ხომ არ დაუგდებდა ყურს, ჰოდა, ნინოს კომენტარების ჭექასავით ისმოდა - ის ხომ თავად იღებდა.

ასე გახდა ნინო ხოშტარია საქართველოს ტელევიზიის ოპერატორი. თუმცა მალე მიხვდა, რომ მხარი მოწყდა, რომ ქოშინებს, და თან კიდევ ერთი ოპერატორი ქალი გაჩნდა - აზარტი დაიკარგა, რადგან ერთადერთი აღარ იყო.

სამაგიეროდ, თბილისში გაიხსნა ახალი ტელეარხი, „რუსთავი 2“, დიდი გაუგებრობა ტრიალებდა და აურზაური. ნინო იქით დაიძრა და კვლავ გამოაცხადა: „აი, მოვედი!“

გამოსაცდელად გაუშვეს სამაგალითოდ მოსაწყენ კონფერენციაზე, რომელსაც ნინომ ვერაფერი გაუგო, ვერც ის გაიგო, რა „დელფიუსზე“ იყო ლაპარაკი. მაგრამ სიუჟეტი გააკეთა და გადაწყდა, რომ მას სრულიად ახლებური ხედვა აქვს, და მას შემდეგ ასეც იყო ცნობილი: ნინო ხოშტარია ტრივიალური ამბების შესახებ არატრივიალურ სიუჟეტებს აკეთებს!

თავდაპირველად კამერის შიში ჰქონდა: შავი ხვრელი, რომლიდანაც უამრავი ადამიანი გიყურებს, თან ახლოს, სახეში მოგჩერებიან, არაფერი გამოეპარებათ. აქ მუსიკის მასწავლებლის სკოლა გამოადგა, რომელმაც ასწავლა, სცენის ნუ გეშინია, წარმოიდგინე, რომ დარბაზში ადამიანები კი არ სხედან, კომბოსტოები აწყვიაო. გეშინია კომბოსტოსი? ცხადია, არა! თუმცა, მაინც სტრესი იყო, როცა 13 თუ 14 წლისას, მეგობრისგან ნათხოვარ თეთრ, ლამაზ კაბაში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში როიალისკენ მიმავალს ფეხი დაუცურდა და დაეცა. სამაგიეროდ, მერე დიდძალი აპლოდისმენტი დაიმსახურა, და ნინო ეჭვობს, რომ „კომბოსტომ“ იმდენად შემსრულებლობა არ დაუფასა, რამდენადაც პირუეტი.

0x01 graphic

მოკლედ, ნინო ხოშტარია ეკრანზე გამოჩნდა. მან ექვს და ცხრასაათიანი კურიერის სკოლა გაიარა, სიუჟეტებს ამზადებდა, ქართველ ერს ყველაზე ჭკვიანი ბავშვის არჩევაში ეხმარებოდა, ახლა კი „ჯეობარშია“ - სამ-სამი თვე სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, რაც სულაც არაა სახალისო - ნინოს სხვისი ცხოვრებით ცხოვრება არასოდეს ნდომია. თითქოს ჭუჭრუტანიდან ადევნებს თვალს, თან არა გამარჯვებას ან სიყვარულს, არამედ ყოველდღიურ ყოფას: ვინ როგორ იძინებს და იღვიძებს, ვინ რას განიცდის, რას ფიქრობს...

თავდაპირველად ფრიად უსიამოვნო შეგრძნება ყოფილა: თითქოს ვიღაცა შენში მოძვრება, მოეტენება, საკუთარ თავს თავს გახვევს, ამ დროს კი შენ შენი გჭირს, შენი გაგჭირვებია. თავდაპირველად ეს ადამიანები, შოუს მონაწილეები, არავინ არიან, მერე უცხო სხეული ხდებიან, მერე კი - შენიანები. „ვერასოდეს მოსთხოვ, რომ იდეალურები იყვნენ, უბრალოდ, ძნელია, გულთან ახლოს არ მიიტანო ადამიანი, რომელსაც გაშიშვლებულს იცნობ, რომელმაც თავისი მთელი შიგნეულობა გაჩვენა. თუნდაც ძალიან არ მოგწონდეს, განიცდი, როცა უჭირს, როცა რამე სტკივა“.

. . .

მაგრამ „ჯეობარამდე“ და „ჯეობარის“ შემდეგ ნინო სულ სხვანაირად ცხოვრობს. მას ჰყავს ვაჟი, სანდრო, რომელიც უკვე ბიჭი არაა, ფაქტიურად, ახალგაზრდა კაცია. ნინო ცდილობს, მის ცხოვრებაში ნაკლებად ჩაერიოს: „იცის, რომ ვარ მე, ვისაც უპირობოდ უყვარს, ვისთანაც ყოველთვის მიესვლება. მაგრამ თავის თავზე ხომ თავად უნდა აგოს პასუხი“. მაგალითი: წითელი მაისური გინდა თუ მწვანე? სანდროს ნამდვილად არ მოუხდება წითელი მაისური, მაგრამ თუ აირჩია, იაროს, რა გაეწყობა...

ოთხი თუ ხუთი წლისას სანდროს „ბეტმენი“ თუ „სპაიდერმენი“ უნახავს, ტელევიზორი გამოურთავს და უბრძანებია, რომ მსახიობი გახდება. ახლაც ასე უნდა. საკონტროლო კითხვას ნინო წელიწადში ორჯერ მაინც უსვამს ხოლმე: „სანდრო! ისევ მსახიობობა გინდა?“ და სანდროს უნდა. სხვა არაფერი უნდა და არც წარმოუდგენია.

და კიდევ: ნინო ხოშტარიას ჰყავს ბაჩა მალაზონია. უფრო სწორად, ბაჩა მალაზონია და ნინო ხოშტარია ერთად არიან. ნინომ ყოველთვის იცოდა და ახლაც ზუსტად იცის - ბაჩა ერთადერთი ადამიანია, რომელიც მის გვერდით უნდა ყოფილიყო. გაუმართლა: აქ, თბილისში რომ არ დახვედროდა, სულ კონგოს აუზის პიგმეებიდან დაწყებული მოუწევდა მისი ძებნა. იპოვა და მას მერე სულ მშვიდადაა, თუმცა მრავალი სირთულეც დახვდათ გზაზე.

ნინო და ბაჩა თითქოს სულ ერთმანეთის დევნაში იყვნენ. მხოლოდ ერთად ყოფნისას აღმოაჩინეს, რომ როცა ბაჩა ესტონეთში სწავლობდა, ნინო მამას ტალინში ჩაუყვანია; როცა ბაჩა ოპერიდან პირველი აქტის დასრულების შემდეგ გავიდა, ნინომ დაიგვიანა და მხოლოდ მეორე აქტს მოუსწრო; ბაჩამ რომ კარი გაიხურა, ნინო მაშინ მივიდა სტუმრად... „ხშირად ვეუბნები ხოლმე, მე შენ ბავშვობიდან გიცნობ...“

ერთხელ, მხოლოდ ერთხელ ეგონა ნინოს, რომ ბაჩა დაკარგა, თან სად - ტუნისში! სამოგზაუროდ იყვნენ წასული, და ყველაფერი საუკეთესო ხდებოდა: შესანიშნავი სასტუმრო, ეგზოტიკური ყვავილები, არაჩვეულებრივი ტკბილეული, ზანტი აქლემები. ისედაც მომღიმარი არაბები ქერა ნინოს დანახვაზე მთლად ოთხად იკეცებოდნენ. მაგრამ ორი დღის შემდეგ ნინომ და ბაჩამ გადაწყვიტეს, რომ ეს ის აფრიკა არაა, მათ რომ უნდოდათ, მანქანა იქირავეს და რუკით შეიარაღებულები სამხრეთისკენ დაიძრნენ.

თავიდან მიდამო მწვანე იყო, ზეთისხილის ხეები - ვერცხლისფერი. მერე, ნელ-ნელა, სიმწვანე გაქრა, და ზღვისპირა ქალაქები დარჩა, მზიანი, ქვიშიანი სანაპიროებით. მზე სულ უფრო მცხუნვარე ხდებოდა, ქალაქები - სულ უფრო გაუგებარი.

მათ მხოლოდ ლანდშაფტებისა და არქიტექტურის გადაღების ნება დართეს, რადგან ყოველი ადამიანი დარწმუნებული იყო: ფოტოსურათი სულის ნაწილს აკარგვინებდათ, და სად ჰქონდათ ახლა საბაჩე და სანინიჩკე სული?

ჯერ გამოჩნდა სასაფლაო, თეთრი საფლავის ქვებით, დაბალი ღობით შემორაგული. ღობეზე - წარწერა: „ძვირფასო ევროპელებო! თავშიც არ გაივლოთ ამ ზღუდეზე გადაბიჯება და თქვენი ბინძური, ურჯულო ფეხებით ჩვენი მიცვალებულების შეწუხება...“

...მედინა ქალაქის ცენტრია, მოედანი და მოედნიდან ყოველ მხარეს მიმავალი მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით. მედინა ქერუანშიცაა, პატარა ქალაქში, სადაც ბაჩა და ნინო სრულიად უდროოდ ჩავიდნენ - შუადღისას.

ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ, თეთრ ქუჩებში კაცის ჭაჭანება არ იყო, დარაბები - დაკეტილი. ამ უკაცრიელი ქუჩით გავიდნენ მოედანზე, ბაზარზე. ისიც სრულიად ცარიელი იყო - ხალხი ალიონზე ვაჭრობს, სანამ ჩამოცხება. ყველაფერი ოდნავ გაფუჭებული ტელევიზორის ეკრანივით მოჩანდა - სიცხისგან ჰაერი ლივლივებდა, და დახლები სავსე იყო გაფუჭებული ბოსტნეულით, კისერმოგრეხილი, უკვე ხრწნაშეპარული ფრინველებით. ყველაფერ ამას უამრავი ბუზი ეხვია და სიჩუმეში მხოლოდ მათი ბზუილი ისმოდა.

ბაჩამ, იმ ქუჩაზე რაღაცის გადაღება მინდაო, და თვალს მიეფარა, და ნინო დარჩა მარტო, გავარვარებულ მოედანზე, ბუზების ბზუილში. საკმაოდ გვიან აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში მამაკაცი იყო ჩაცუცქული. ის იყო უასაკო, დაჭმუჭნული, გაფეფებული სახით, და ნინოს თვალს არ აშორებდა. გამომეტყველება არ ჰქონდა, უბრალოდ, უყურებდა, რენტგენივით.

და უცებ ნინო ხოშტარია შიშმა აიტანა. ბაჩა წავიდა და აქ დატოვა, და დიდი ხნის ლოდინის მერე იძულებული გახდება, ტირილით მიადგეს ამ საშინელ კაცს და რამე ენაზე აუხსნას, რომ მარტო დატოვეს, და ის კაცი თავის სახლში წაიყვანს ალბათ, საშინელ ოთახებში, სადაც უჩინარი ქალები ცხოვრობენ, და ნინო მთელი ცხოვრება იქ იქნება გამოკეტილი, საუკეთესო შემთხვევაში, ბრინჯს მოხარშავს ხოლმე, და მხოლოდ სახლის ბანიდან თუ დაინახავს მედინას. ნინოს ძალიან, ძალიან შეეშინდა.

მაგრამ მერე უაღრესად კმაყოფილი ბაჩა დაბრუნდა, კარგი რამეები გადავიღეო. ნინოს აღარ უნდოდა ნამდვილი აფრიკა. ისინი მანქანაში ჩასხდნენ და ჩრდილოეთისკენ დაბრუნდნენ, მომღიმარ არაბებთან, ზანტ აქლემებთან და ფოტოაპარატებით დახუნძლულ ევროპელ ტურისტებთან. „კარგია აღმოსავლეთი, მაგრამ შეთამაშება არ ღირს...“

უცნაური კია, რომ ხოშტარიას ქალს შეეშინდა. ძალიან მამაცი ქალი ბრძანდება ნინო. მოჩვენებებისაც კი არ ეშინია, თუმცა ამას მარტივად ხსნის: „გინდ გეშინოდეს, გინდ - არა, რა ხეირია. ამას ჯობს, დაუმეგობრდე, თუმცა ფამილარობაც არ ღირს - მათ უფრო მაღალი სტატუსი აქვთ. რიდს და პატივისცემას აფასებენ და ძალიან ერთობიან, როცა გეშინია“.

ნინოს ჯოჯოხეთი წყალქვეშაა, სადაც რაღაც უცნაურობები ხდება და თვალებდაყვლეპილი არსებები პირს აბჩენენ - რა უნდათ, კაცმა არ იცის. ეშინია ზვიგენების, თან ისე, რომ დარწმუნებულია: ნებისმიერ წყალში, საკუთარი სააბაზანოს ნიჟარის გარდა, აუცილებლად ზვიგენი ეცემა და რამეს მოაჭამს. „სირინოზი ვერასოდეს გავხდები,“ ეცინება ნინოს. ასევე ვერ აიტანს ვიწრო კაბას, რომელიც ან ჩაცმისას, ან გახდისას აუცილებლად გაიჭედება და საძაგელ მგდომარეობაში ჩააგდებს. ამ უკანასკნელ განცდას ნინო თავისი აკვიატებული სიზმრით ხსნის: მიცოცავს ქვიშის გვირაბში, რომელიც სულ უფრო ვიწროვდება, ვიწროვდება...

უჰ, ცუდი რამაა. ამიტომ დასკვნის სახით კარგი ვთქვათ, ვთქვათ, ჟირაფის ამბავი, რომელიც ნინომ ვენის ზოოპარკში ნახა: უცნაურ კონსტრუქციაზე ასეთი თავი და ასეთი თვალები! და მისი ოცნებაც მასთანაა დაკავშირებული, ჟირაფთან და შორს, შორს, აფრიკაში მოლივლივე ჩადის ტბასთან, აი, იმასთან, ნიკოლაი გუმილიოვის ლექსში რომაა. და ნინო ხოშტარია დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მოხვდება იმ ტბასთან და მზის ჩასვლისას ნახავს, როგორ იმალება ჟირაფი მარმარილოს გამოქვაბულში.

ჩავა! და ნახავს! ეგეთია! თავის საყვარელ უმა თურმანზე ჰყვებოდა ერთხელ: „მეც მინდა, ყვითელი ბრიყვული ფორმა მეცვას, თვალი - ჩალურჯებული, ერთი „ია!“ დავიძახო და სამურაის ხმლის ქნევით დავედევნო თავის მოსაჭრელად ვიღაც ბილს...“ მერე ისიც თქვა, რამდენადაც ტარანტინოსთან მაგარია, იმდენად იდიოტია უმა იდიოტი რეჟისორის მიერ გადაღებულ იდიოტურ ფილმშიო.

და მეც ვიფიქრე, რომ ნინო ხოშტარია ამავე პრინციპით შეიძლება დავახასიათოთ. ის ან ძალიან მოსწონთ, ან ერჩიან - მის მიმართ გულგრილი არავინ მინახავს; თან ზღაპარში ცხოვრობს, თან ძალიან რეალისტურად განწყობილი ქალბატონი ბრძანდება.

სულ არ გამიკვირდება, თუ ჩადის ტბასთან მოსეირნე ჟირაფს ერთ დღესაც მიადგება და ეტყვის: „მე შენი ნახვა მინდოდა. აი, მოვედი!“

5 ტყუპები

▲back to top


სპეც-პროექტი

ტექსტი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: დავით მესხი
ილუსტრაცია: ლიზა ასათიანი

„ქუჩაში მარტო მივდიოდი-მეთქი“ - ამბის მოყოლა დავიწყე ერთხელ. მეგობარმა გამაწყვეტინა - აბა, შენ მარტო როდის რჩები, შენი ოფოფები ხო სულ შენთან ერთად არიანო: ასე კეთილად შემახსენა მან ჩემი გაორებულ-გაათებული ნატურის შესახებ, რომელსაც ზოდიაქოს ნიშან „ტყუპებს“ უნდა ვუმადლოდე. მიწის ყივილის გარდა, ზოდიაქოს ყივილიც თუ არსებობდა ნამდვილად არ ვიცოდი. თურმე არსებობდა და მეც, ბევრი ვიარე თუ ცოტა, მარტომ ვიარე თუ ჩემს ოფოფებთან ერთად, დათო მესხს მივადექი და „ტყუპების“ თვის - ივნისის აღსანიშნავად, ერთად გავწიეთ ნამდვილი ტყუპების საძებნელად.

და მივხვდით: გაჭრილი ვაშლის პრინციპი მითია. არც ერთი ვაშლის ნაჭერი არ ჰგავს ერთმანეთს. ტყუპები კი ბუნების თამაშია: რით არ გვანან ერთმანეთს? ღიმილით? გამოხედვით? ერთი წავიდა, მეორე დარჩა, ვაიმე რომელი წავიდა და რომელი დარჩა? ხმები აქვთ სხვანაირი? “არა, მე გაციებული ვარ”. მივხვდი - პროფილი! „არა, მე ბავშვობაში დავეცი და“...

ოღონდ არ დაიძაბოთ - თამაშის მიზანი გართობაა და ტყუპებთან ერთად გართობა - ყველაზე მაგარი თამაში.

თამაშის აღმოჩენა: რა კარგია, როცა ბევრი ხარ!

0x01 graphic

მარი და ფილო

1978 წლის 21 ივლისი
განსხვავება დროში: 5 წუთი

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და-ძმა, ამ დროს - ტყუპები. არ გვანან ერთმანეთს და ხასიათითაც განსხვავდებიან. სამაგიეროდ, უყვართ ერთად ყოფნა.

0x01 graphic


ქეთუნა და ანა

1984 წლის 7 ნოემბერი
განსხვავება დროში: 5 წუთი

ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები არჩევენ, ნაცნობები - ვერა, მაგრამ არ აპროტესტებენ. თუ ქუჩაში ქეთუნა შეგხვდა და მიმართე, როგორც ანას, ქეთუნა მაინც არაფერს შეიმჩნევს და ვერასდროს გაიგებ, რომელი იყო ის.

0x01 graphic


მიშო და გიო

1986 წლის 8 აგვისტო
განსხვავება დროში: 5 წუთი

გიოს აქვს მიშოს თვალები, თუ მიშოს აქვს გიოს თვალები? - ეს ექსპრომტად შეთხზული ხუმრობაა. ისე კი, ფაქტია, ერთნაირი თვალებიც აქვთ, ხასიათიც და იუმორიც. ერთად სწავლობენ, სულ ერთად დადიან, სულ ბევრს ლაპარაკობენ და ერთმანეთის ხუმრობებსაც ერთ ხმაში ამთავრებენ.

0x01 graphic


ანა და ლიზა

1985 წლის 26 ივნისი
განსხვავება დროში: 10-15 წუთი

ადრე ცალ-ცალკე მათ ვერავინ ხედავდა. ერთნაირად აცმევდნენ, ერთად დაყავდათ ყველგან. თუ ერთი რჩებოდა, რჩებოდა მეორეც. ახლა ასე აღარაა. ანა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, ლიზა - ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ანა ხშირად სხვა მუსიკას უსმენს, ლიზა - სხვას. ცალ-ცალკე მეგობრებიც ჰყავთ და ახლა უკვე მოსწონთ დამოუკიდებლობა.

0x01 graphic

ქეთი და ანი

1991 წლის 18 აპრილი
განსხვავება დროში: 5 წუთი

ერთად სწავლობენ. ერთნაირად ლაპარაკობენ. ერთნაირი გემოვნება აქვთ, მაგრამ არასდროს არ აცვიათ ერთნაირად, არც ტანსაცმელს ცვლიან. და ჯერ არც ერთმა არ იცის, რა პროფესიის არჩევა უნდათ.

0x01 graphic

ზურა და ზვიადი

1988 წლის 30 იანვარი
განსხვავება დროში: 10 წუთი

ოცნებობდნენ, ტყუპი შეყვარებულები ჰყოლოდათ, მაგრამ ლამაზი ტყუპი გოგოები ვერ იპოვეს. ასეთებს მხოლოდ ორს იცნობენ და ისინიც მათი ნათესავები არიან.

0x01 graphic

სერგო და დიმიტრი

1988 წლის 25 აპრილი
განსხვავება დროში: 10 წუთი

14 წლამდე სრული ჰარმონია სუფევდა. ერთნაირად ეცვათ, ერთნაირად აზროვნებდნენ, სულ ერთად დადიოდნენ. „მერე ჯერ მე შევიცვალე, მერე - დიმიტრი. მე დინჯი ვარ, ის დანევროზიანდა, ჩემი არაფერი არ მოსწონს, მე პირიქით“ - სანახევრო ხუმრობას თავისი საფუძველი აქვს - ტყუპები უკვე უერთმანეთოდაც ძლებენ და აღარც ძველებურად ხუმრობენ. არადა, იყო დრო, როცა იქცეოდნენ ასე: ჯერ ერთი აჩერებდა „მარშრუტკას“ და ჯდებოდა, ას მეტრში - მეორე... ანდა ასეც: ვინმე ამოდიოდა კიბეზე, ჯერ ერთი ჩაუქროლებდა, ცოტა ხნის მერე - მეორე... ოცნება კი დღემდე ერთი აქვთ: ორივეს უნდა ტყუპი ცოლი - „ძაან მაგარი იქნება“.

0x01 graphic

ირინა და თამუნა

1978 წლის 20 ოქტომბერი
განსხვავება დროში: 5 წუთი

„მე რომ მკითხო, არც გარეგნობით ვგავართ ერთმანეთს, არც ხასიათით“ - ამბობს თამუნა: ირინა უფრო ფიცხია და ვაჟკაცური. თამუნა - ნაზი და წყნარი. ირინა უფროსია და ბავშვობიდან უფროსობს, მაგრამ ერთმანეთის დახმარების გამძაფრებული ინსტინქტი მაინც სახეზეა: ერთხელ სუხიშვილების სტუდიაში გამოცდას აბარებდნენ. ირინას ფეხი წამოედო კაბაზე და წაბორძიკდა, თამუნა მაშინვე მის რიგში გადავიდა და დის ნაცვლად იცეკვა. მასწავლებელმა ვერაფერი გაიგო.

დების გარჩევა არც ქმრებს უჭირთ. თუმცა, კითხვაზე - რატომ ერთი და და არა მეორე - ქმრებს პასუხი არ აქვთ. ერთადერთხელ მოხდა კურიოზი: ღამის სიბნელეში თამუნას საკუთარმა ქმარმა მიმართა: აუ, ირი, გთხოვ რა, თამუნას დაუძახეო... შემთხვევა, ცხადია, იქვე აღიკვეთა.

ირინას და თამუნას ოცნებაც ერთნაირი აქვთ: ტყუპი შვილები.

0x01 graphic

6 ქორქიას დროით

▲back to top


ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

მაღალი, უხვი, მდაბალი, გადაპარსული თავით და ნიკაპზე წვერით (ე.წ. „გოუთით“), სამხედრო შარვლით და კამელოტებით (ბათინკებით) - ეგეთია ის.

ის არის ყველაფრის ანტი. ეწინააღმდეგება ყველანაირ კრეტინულ სტერეოტიპებს, დოგმებს, ტრადიციებს, რომლებიც ბევრზე ბევრი გვაქვს ქართველებს. ამის გამო ხშირად ექმნებოდა, ექმნება და აუცილებლად შეექმნება პრობლემები გარკვეული, იმავე სტერეოტიპების, დოგმებისა და ტრადიციების მიმდევრებისგან. ვიღაცეებისთვის ზღვარგადასული ახალგაზრდაა, ვიღაცეებისთვის - არანორმალური, მათთვის კი, ვინც კარგად იცნობს, აბსოლუტურად ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანი. უყვარს სიახლეები. სულ ახლის ძიებაშია. ეთანხმება გამოთქმას - „რაც დღეს ალტერნატივაა, ხვალ მოდა იქნება, ზეგ - „გოიმობა“, ამიტომაც აინტერესებს სულ ახალი და ახალი, ჯერ გაუცვეთელი, მასისგან გაუთელავი.

ყველაზე დიდი გავლენა მასზე გოთიკამ - გოთურმა სუბკულტურამ - იქონია. შესაძლოა, ეს არანორმალურიც არის, ხშირად იკეტება თავის თავში, რთავს ტელეფონს, ზის ოთახში და უსმენს მუსიკას, გოთურ მუსიკას. ხვდება, რომ ეს ჩაკეტვები მუსიკის ბრალია, გოთური მუსიკის, რომელსაც 24 საათის განმავლობაში უსმენს. ამის მერე შეუძლია გავიდეს სახლიდან და რამდენიმე დღე არ შევიდეს. აი, ეგეთია: წარმოიდგინეთ, ქუჩებში ხალხი დადის, ყველა ერთი მიმართულებით, ვთქვათ, დასავლეთისაკენ მიდის. ის კი მარტო, აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს, მაშინაც კი, თუ იცის, რომ დასავლეთში უკეთესია. მაგრამ ისიც იცის, რომ აღმოსავლეთში ყველაფერი მისი იქნება და მხოლოდ ის იქნება. თავისუფალია რა.

მაშ ასე, გიორგი ქორქია.

ჯერ მათთვის, ვინც ვერ იხსენებს სახის ამ ნაკვთებს: „იმედი“, „დროება“, ექსტრემალური სიუჟეტები და ეგეთები. მანდ მუშაობს - „დროებას“ ქმნის.

„დროებაში“ „ქრონიკიდან“ მოხვდა: ერთხელ გიო ორმხრივ სროლაში მოყოლილ დაზარალებულთან „ნიუსის“ გასაკეთებლად გაუშვეს. დაზარალებული რეანიმაციაში იწვა და არავინ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა. გიომ ნიუსი ვერ გააკეთა, რადგან: „წარმოიდგინე, რომ მე ვიყო ეგეთ მდგომარეობაში და ვიღაც ჟურნალისტი მიკროფონით მოვიდეს და რაღაც სისულელეები მკითხოს. თავს გავუხევ“. და ამიტომაც ვერ გააკეთა ის „ნიუსი“. რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ, თვითონაც და ხელმძღვანელობაც მიხვდა, რომ გიორგი ოპერატიულ ჟურნალისტად არ გამოდგებოდა. ამის შემდეგ, დაიწყო ათვლა გიორგის დროით.

პირადი დროება

საკუთარი დროება - თამამად ამბობს - შექმნა. ეს ძალიან პატარა, მიკრო დროებაა, მაგრამ მაინც. რაც მთავარია, ხომ მისია. გიორგის თაობას მძიმე პერიოდში მოუწია ბავშვობისა და კაცობის გასაყარზე ყოფნა, ანუ ის დრო, როდესაც უნდა გადაწყვიტო, მომავალში რა გააკეთო, რა გზას დაადგე - გაერთო, ისწავლო და ეგეთები. ბებია-ბაბუის თაობამ იმდენი უძახა, თქვენ რა იცით ცხოვრების, ჩვენ დროს ომი იყო და გაჭირვება მაშინ უნდა გენახა, მაშინ ჩამოვყალიბდით ადამიანებად და ცხოვრება მაშინ ვისწავლეთო, რომ არც გიორგის თაობას ჩაუვლია ომების და გადატრიალებების გარეშე: 15 წლის განმავლობაში, იმდენი ომი და რევოლუცია ნახეს, რომ რა ვიცი... ასეთმა ვითარებამ გიორგიში პროტესტის გამოხატვის სურვილი აღძრა, რაც მის გარეგნობაზე აისახა: მაშინ, როცა ქალაქში „ბუშლატებში“, შავ „ლევისებში“, შავ რეიბანებში ავტომატგადაკიდებული მხედრიონელები დათარეშობდნენ, გიორგი და მისი სამეგობრო წელამდე თმებით, საყურეებით და დახეული ჯინსებით დადიოდნენ. ძველ, მიტოვებულ აბრეშუმის ფაბრიკაში იკრიბებოდნენ და თავისებურად აჯაზებდნენ: სვამდნენ, ეწეოდნენ, უყვარდათ და არავის არაფერში ხელს არ უშლიდნენ. ისინი ქმნიდნენ თავის დროებას, მხედრიონელები - თავისას. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთმანეთისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. გიორგი დარწმუნებულია, რომ მან და მისმა წრემ თბილისში ახალი ტალღა ააგორა. აქედან გამომდინარე, შეუძლია იმაზე თამამად საუბარი, რომ მან თავისი დროება შექმნა.

0x01 graphic

0x01 graphic

ინ ეკაზმავს გასტროლიორს

ცხენოსნობაზე მშობლებმა ცხრა წლის ასაკში შეიყვანეს - სკოლიოზის გასასწორებლად. სკოლიოზი გასწორდა და გიორგიც შერჩა არისტოკრატულ სპორტს. კონკურში (დაბრკოლებების გადალახვა) გამოდიოდა. მთელ იპოდრომზე ერთადერთი ცხენი იყო - ბებერი, ოცი წლის, საშინელი ჯანის პატრონი და უხასიათო - რომელსაც ვერ იტანდა. რუსეთიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი, ადრე საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც ყოფილა, გასტროლიორი ერქვა. სანამ საქართველოში ჩამოიყვანდნენ, რომელიღაც სპორტულ გამოცემაში „ქვეყნის ყველაზე უმართავ ცხენად“ მონათლეს. ერთადერთი, ვისაც მისი მართვა შეეძლო, ვიღაც რუსი ჟოკეი იყო. მოკლედ, რომ გაპარტახდა და სულ გამოპრუტუნდა, მერე ჩამოიყვანეს საქართველოში.

ერთ-ერთ შეჯიბრზე, კენჭისყრის შედეგად, „გასტროლიორი“ მაინცდამაინც გიოს შეხვდა. „ეგრევე დავმანდრაჟდი; მივხვდი, რაც მელოდა“. „გასტროლიორს“ სიბერისგან პირში კოჟრები ქონდა და ლაგამს ვერ გრძნობდა, თან რევმატიზმი აწუხებდა და სიარული უჭირდა, მაგრამ თუ გაიქცეოდა, ხურდებოდა, ტკივილები უამდებოდა და აღარ ჩერდებოდა. მოკლედ, ჯოჯოხეთი იყო და გიომ ამ ჯოჯოხეთში ამოყო თავი.

შეჯდა ცხენზე, მოთელვის მიზნით, ბარიერებზე ერთი-ორი გადახტა-გადმოხტა და შეჯიბრი დაიწყო. გიოს ჯერი რომ დადგა, „მოედანზე შევიძურწე და დაიწყო. დამენძრა!“ პირველი შვიდი ბარიერი წრიულად იდგა და ბევრი მანევრირება არ დასჭირვებია, მაგრამ მერვეზე მიხვდა, რომ „გასტროლიორის“ მართვა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი საქმე ყოფილა. ერთი სიტყვით, საკაიფოდ აფორთხიალა, მოედნიდან გააქცუნა, თავლისკენ გააქანა, გზაში რაც კი ხე იყო, ყველას გამოედო და თავლაში ისე შევარდა, მაგრამ სანამ თავლაში შევარდებოდა, გიორგი იქვე, თავლასთან ორივე ხელამოგდებული, დაბეჟილი და წიწვებით და ფოთლებით პირგამოტენილი ჩამოაგდო.

0x01 graphic

ჯერ არ დამთავრებულა - მთელი სერიალია.

ცხენოსნებს ერთი საინტერესო და „ვაჟკაცური“ წესი აქვთ: ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ, რაც არ უნდა გჭირდეს, იგივე ცხენზე უნდა შეჯდე, თორემ შიში დაგრჩება და ცხენოსნობაც უკან მოგრჩება. ხომ მიმიხვდით?! ჰოდა, მიუთრიეს ისევ „გასტროლიორი“ და გიორგიც შემოახტა... ეს მეორე სერია იყო. დაბეჟილობებს, ამოვარდნილ კიდურებს და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი.

ეგ იყო და ეგ. მას მერე, „გასტროლიორზე“ აღარ შემჯდარა და ცხენოსნების „ერთი საინტერესო და ვაჟკაცური“ წესი წესადვე დატოვა - არ შეუსრულებია.

ცხენოსნობის ალტერნატივა ცურვა იყო, ანუ ან ცხენოსნობა, ან - ცურვა. რამდენადაც ცხენოსნობა უყვარს, ათჯერ უფრო ვერ იტანს წყალს - ეშინია. წყალოფობია, თუ რა ქვია, არ ვიცი... მოკლედ, ეგ ჭირს - წყლის ეშინია. შესაბამისად, ცურვა არ იცის და არც უნდა, რომ ისწავლოს. წყლის შიშზე ისე მელაპარაკებოდა, ვიფიქრე, წყალს თუ სვამს-მეთქი. მოკლედ, წყალთან ურთიერთობას ისევ ცხენოსნობა (თუნდაც „გასტროლიორი“) ურჩევნია. ცხენი მისთვის განტვირთვაც არის, ადრენალინიც და, რაღაც დოზით, ექსტრიმიც.

X- treme

ექსტრიმი უყვარს, მაგრამ არა ხელოვნურად შექმნილი - ბუნებრივი ექსტრიმი უყვარს. გიორგის ექსტრიმი არის ქვა, მთა, ტყე, კლდე, ალპური ზონები და ეგეთები. მისთვის ყველაზე მაგარი კომფორტი საძილე ტომარა და კარავია. ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი - ფეხები, სადღაც აღმართზე, უროჩიშეში, ვულკანურ პლატოებზე, ხეობებში და რამე.

ერთხელ სვანეთში გადაფრინდნენ ვერტმფრენით, რაღაც სიუჟეტს ამზადებდა. იმ დღესვე უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან, მაგრამ ამინდი გაფუჭდა და საბოლოოდ ერთი კვირა მოუწიათ დარჩენა. ნუ, რა უნდა აკეთო? სიუჟეტი უკვე მომზადებული გაქვს, არავითარი საქმე მხრებზე არ გაწევს. სვამდნენ, ეწეოდნენ. ეწეოდნენ, სვამდნენ.

ერთხელაც, სვამდნენ, როგორც იტყვიან ხოლმე - „ს გორლიშკა“. მასპინძელთან სტუმარი მივიდა, ისიც სვანი. რო ნახა სუფრაზე კუბდარი არ იყო, ასე არ შეიძლება, კუბდარი უნდა გაჭამოთ, მალე დავბრუნდებიო და წავიდა. საღამოს მოკლული დათვით დაბრუნდა. თურმე სანადიროდ წასულა და დათვი მოუკლავს იმის გამო, რომ ბიჭებს კუბდარით გამასპინძლებოდა. „ვითომ ხო არაფერი, ჩვეულებრივი ამბავია“, მაგრამ ეგ არის მისთვის ექსტრიმი - მომენტალური გადაწყვეტილების მიღება.

0x01 graphic

რუს სკინებთან ერთად ორი კვირა რო გაატარა და ერთერთ სკინთან მჭიდრო მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი, ეგონა, ეს ბიჭი ჩემი ერთადერთი საუკეთესო თუ არა, ერთერთი საუკეთესო მეგობარი მაინც იქნებაო, მაგრამ გამომშვიდობებისას სკინმა უთხრა: კი, ვმეგობრობთ და რამე, ერთად ვცხოვრობდით, ვსვამდით, ვერთობოდით, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, სადმე ბნელ, მიყრუებულ ქუჩაზე არ გადამეყარო, თორემ შეიძლება ცუდი რამე გაგიკეთოო. ის მომენტი გიოსთვის ზედმეტად ექსტრემალური იყო, სხვისთვის კი, უბრალოდ, მეგობრობის უპატივცემულობა იქნებოდა.

ექსტრიმი მეც მიზიდავს-მეთქი და გიოს მოვუყევი: 2005-ში, სექტემბრის შუა რიცხვებში, ყელის ტბაზე ლაშქრობაში წავედი. გადაწყვეტილება ექსპრომტად მივიღეთ. მოკლედ, წავედით, ყელის ტბას veni vidi vici ჩავუტარეთ და უკან დავბრუნდით. გზად ოსი „ბოევიკები“ შეგვხვდნენ, დაგვიჭირეს, ცოტა ხნით - სულ რაღაც ერთი დღით - მძევლებად აგვი ყვანეს და გამოგვიშვეს. ეგ არის ექსტრიმი, მაგაზე მაგარი ექსტრიმი როგორ უნდა შეიქმნაო. ისიც მაგარია, პარაშუტი ან პარაპლანი, უეჭველად უნდა ვცადოო. მაგაზეც მოვუყევი: გუდაურში, „კუდების“ უკანა ტრასიდან ავფრინდი პარაპლანით, ძალიან მაგარი იყო, მაგრამ „კანიონებთან“ ჩამოვვარდი-მეთქი.

ასეთ რაღაცას როცა ყვები, ყველა მსმენელს ერთნაირი აზრი უჩნდება: არასოდეს ვიფრენ პარაპლანით. „ძაან მაგარია, მეც გავფრინდები“. - მითხრა გიომ. და მე ზუსტად ვიცი, რომ გაფრინდება; თუნდაც იცოდეს, რომ ჩამოვარდება, მაინც გაფრინდება - ამას ეძებს, ახალს, ადრენალინს, ისეთ ვითარებებს, რის შემდეგაც გრძნობს, რომ ცხოვრობს და არა ცოცხლობს. ეგრე იყო ბერლინში - იგრძნო, რომ ცხოვრობდა.

0x01 graphic

ერლინის აგება

1945 წლის 30 აპრილს ისტერიაში ჩავარდნილმა ადოლფ შიკლგრუბერმა ჯერ საკუთარ გერმანულ ნაგაზს მოუღო ბოლო და შემდეგ მეუღლესთან - ევა ბრაუნთან ერთად, თავი მოიწამლა. 30 აპრილის ღამე გერმანელი ნეო-ნაცისტებისთვის ერთგვარი რიტუალის შესრულების დღედ იქცა, რაც ბერლინის ქუჩების დარბევაში ისახება.

დაახლოებით ნახევარი წლის წინ, თბილისს გერმანელი ნეო-ნაცისტი ეწვია. მას შემდეგ, ნეო-ნაცისტს მთელი თბილისი დაათვალიერებინეს - აბანოთუბანი, ნარიყალა, მეტეხი და ეგეთები - ალბათ როგორ დაუზარებლად ათვალიერებდა და ეცნობოდა იმ ღირსშესანიშნაობებს, რითაც ჩვენ - ქართველები და განსაკუთრებით თბილისელები - ვამაყობთ! ერთი სიტყვით, ნეო-ნაცისტი და გიორგი ერთმანეთს შეხვდნენ, გაიცნეს ერთმანეთი, გაარკვიეს, რომ ორივე სუბკულტურებით არის გატაცებული. ნეო-ნაცისტმა ისიც გაიგო, რომ გიო ჟურნალისტია და ბერლინში დაპატიჟა, ვალპურგის ღამეზე სიუჟეტის გასაკეთებლად. თან, რო იცოდეო, მე, „უდერსკესი“ ტიპი, ნეო-ნაცისტების გურუ ვარო.

გიორგი ბერლინში წავიდა, კამერებით და რამე. აღმოჩნდა, რომ ის ნეო-ნაცისტი მკვეხარა და ბაქია ყოფილა იმიტომ, რომ გიოს არც კი უნახავს, აეროპორტშიც კი არ დახვედრია. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, გადაგდებული კაცი ცდილობს, სიტუაციიდან თავისი თავის დახმარებით გამოძვრეს. სასტუმროში ნომერი აიღო და 12 საათს დაელოდა.

ვალპურგის ღამე 30 აპრილის 12 საათზე იწყება. ბერლინის ქუჩები ნეო-ნაცისტებით და პოლიციელებითაა გადაჭედილი. ქუჩის ერთ მხარეს ნეო-ნაცისტები, მეორე მხარეს - პოლიციელები. საათის ისრები 12-ს დაკრავს და იწყება ბერლინის აღება.

„ბერლინის აღება კი იწყება, მაგრამ ყველაფერი, რაღაც, დადგმულივით არის“: ხელისუფლებას წინასწარ აქვს ნაყიდი მაღაზიის ვიტრინები; მანქანების პატრონებს ზარალი წინასწარ აქვთ სადაზღვევო კომპანიებისგან ანაზღაურებული; სასწრაფო დახმარების მანქანები თითქმის ყოველ ათ მეტრში დგას და ა.შ. მოკლედ, „ბერლინის აღება“ წინასწარ გათვალისწინებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. და მაინც, ეს არის სუბკულტურათა ყველაზე მასშტაბური მსვლელობა... გნებავთ რბევა დაარქვით, თქვენთვის მომინდვია.

გიორგი, რა თქმა უნდა, ქუჩის იმ მხარეს იდგა, საითაც პოლიციელები რამდენიმე მწკრივად იყვნენ განლაგებული. ჩამოკრა 12-მა და ქუჩის საპირისპირო მხრიდან წამოვიდა ბოთლები, კვერცხები, ქვები, მობილურები... ერთი-ორი „sony ericsson“-ი გიორგისაც რომ მოხვდა, მიხვდა - იქ არ ვდგავარ, სადაც საჭიროაო და ნეო-ნაცისტების არეულ-დარეულ მწკრივებში გადავიდა. ერთხანს იქ ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ნეომ გიოს ჰკითხა, სადაური ხარო და პასუხად „ჯორჯია“ თუ „გეორგიენ“ მიიღო და ვარაუდების შემდეგ გაიგო, რომ „ჯორჯია“ თუ „გეორგიენ“ არც აშშ-ს „ჯორჯიაა“ და არც სხვა არავისი და დარწმუნდა, რომ ეს „გეორგიენ“ კობას მშობელი ქვეყანაა, გიორგის თავში რაღაც მძიმე, ბლაგვი საგანი მოხვდა. მერე კამერაც დაუმტვრიეს და, ერთი სიტყვით, ვალპურგის „არაჩვეულებრივი“ ღამე გაატარა. თუმცა, რეპორტაჟი მაინც გააკეთა.

ელევიზორი ტყვია არ არის

...თუ არ გინდა, არ უყურო. არ მოგხვდება. უმარტივესი ცნებაა.

გოთ-კულტურით გიო მაშინ დაინტერესდა, როდესაც კიევში „დროებისთვის“ რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავიდა.

რეპორტაჟი გოთების ერთ-ერთ რიტუალს ასახავდა.

სიმართლეს ვიტყვი: კადრები მართლაც მისტიური იყო და გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს თავისუფლად შეიძლება ეფიქრა, რომ შავი მაგიის მიმდევრების რიტუალს ადევნებს თვალს. საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ ეს მოხდა მათთვის, ვისაც ბოლომდე არ უნახავს რეპორტაჟი და ინტერესი, რომელიც გოთების რიტუალების მიმართ გაუჩნდა, ოჯახის დასანახად დამალა და ხმამაღალი შეძახილებით - რაებს აჩვენებენ ეს უღმერთოები! - სახლი აიკლო. სახლიდან რომ გავიდა და გიორგი ქორქია ქუჩაში შემთხვევით შეხვდა, მაგრად გამოლანძღა და ასეთი ძალიან ბევრი იყო. თუმცა მე და, რაღა თქმა უნდა, თქვენ კარგად ვხვდებით, რომ გოთები, თუნდაც სკინები და ნეო-ნაცისტები შავი მაგიის მიმდევრები არ არიან.

გოთიკა ერთადერთი სუბკულტურაა, რომელსაც არავითარი სოციალური საფუძველი არ აქვს. როგორც მიმდინარეობა, ის 1980 წელს ინგლისში ჩამოყალიბდა. სხვები გოთებს, რბილად რომ ვთქვათ, ვერ იტანენ. ვიზუალურად ყველასგან გამოირჩევიან - მკაცრი, შავი ტანსაცმელი, თეთრი სახეები, შეღებილი თვალები, ვამპირის იერი - ეს მათი კორპორაციული იმიჯია. ისინი ხშირად მისდევენ ოკულტიზმს, რის გამოც გოთები ხანდახან სატანისტებშიც ერევათ. მაგრამ გოთებისთვის რელიგია მეორეხარისხოვანია. მათ შორის არიან სატანისტებიც, ქრისტიანებიც, კერპთაყვანისმცემლებიც, ათეისტებიც; ანუ ეს არის არა სექტა, არამედ ჩვეულებრივი მიმდინარეობა - დეპრესიული, ბნელი, მისტიური, მაგრამ ძალიან ლამაზი და ვიზუალურად ეფექტური. მათი მუსიკაც მრავალფეროვანია. საკულტო ჯგუფებია - „The Sisters Of Mercy“, Diary Of Dreams, Lacrimosa, Depeche Mode. კითხულობენ ედგარ პოს, დანტეს, ბაირონს, კაფკას, კამიუს... მათ რეჟისორებად ლინჩი, კუბრიკი, ტარკოვსკი, კრონენბერგი ითვლება.

ისეთებისგან, ვინც ამ საკითხში ზედაპირულად არიან გათვითცნობიერებული, გიოს ხშირად უწევს საყვედურების მიღება, მაგრამ უკვე კარგად აქვს ნასწავლი უსაფუძვლო საყვედურის ერთ ყურში შეშვება და მეორედან გაშვება. „ასეთ რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევ“ - უბრალოდ, იმიტომ, რომ იცის, ამით მხოლოდ ის დარჩება ნერვებაშლილი, გამვლელი კი ისევ გაივლის და მარშრუტკაშიც ვიღაც ახალგაზრდას ზიზღით ეტყვის: ცხვირში საყურე რატო გიკეთიაო. გინდა-არ გინდა, ამას ვერ გაექცევი - ეს საქართველოა და, ალბათ, ასე რომ არ იყოს, ქართველები არ გვერქმეოდა, არ გვექნებოდა დაქვეითებული მენტალიტეტი და, საერთოდ, სადმე, სან-ტომე და პრინსიპიში ვიცხოვრებდით, სან-ტომე და პრინსიპელი მეგობრები და შეყვარებულები გვეყოლებოდა.

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

უსიყვარულოდ

სასიყვარულო ისტორიები ყოველთვის ჰქონდა და აქვს. მარტო არასოდეს ყოფილა. თვლის, რომ სიყვარულის გარეშე, ძალიან გაუჭირდება და საერთოდ, ამის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ერთი დიდი მინუსი აქვს - არასტაბილურობა!

სიყვარული მოდის და მიდის - რჩება სილამაზე და უამრავი ლამაზი გოგო. ის არ არის „ოჯახის კაცს“ რომ ეძახიან, ისეთი. არ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ადამიანს უყუროს - ბეზრდება და, ალბათ, თავსაც აბეზრებს.

არცერთ სიყვარულზე არაფერი არ მომიყვა - არ უყვარს ძველის გახსენება - უკვე ხომ გითხარით, სულ ახალს და ახალს ეძებს-მეთქი! ჰოდა, არც მე ჩავძიებივარ!

7 მშვიდობით ნორმა ჯინ!

▲back to top


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

0x01 graphic

წელს, 1 ივნისს, მას 80 წელი უნდა შესრულებოდა, და მსოფლიო გაკვირვებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ის არასოდეს დაბერდა და დღემდე ყველაზე სასურველი ქალია.

ამბობენ, მერლინი გარდაცვლილიც ძალიან ლამაზი იყოო: ვიზაჟისტმა უიტნი სნაიდერმა თავისი საყვარელი გოგოსთვის ძალ-ღონე არ დაიშურა და გარდაცვლილისგან შედევრი შექმნა.

ოდესღაც ძალიან მიყვარდა ელტონ ჯონი. ახლა აღარ მიყვარს. არა მგონია, ამის გამო მას რამე დაკლებოდეს, მაგრამ მაინც.

არადა, როგორ მომწონდა მისი Goodbye Norma Jean! გახსოვთ, კლიპიც ისეთი კარგი იყო: ყველაზე ლამაზი გოგო, თვალწარმტაცი ღიმილით გაბრწყინებული, კარგი გოგო, რომელიც არ შეიძლება, არ გიყვარდეს, რომელთან მეგობრობასაც ნებისმიერი ქალიც ისურვებდა, უგონოდ შეყვარებულ მამაკაცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ: „და მგონია, ცხოვრება ისე იცხოვრე, როგორც სანთელმა ქარში...“ - და უცებ პატივსაცემმა ბატონმა გადაწყვიტა, რომ „ნორმა ჯინს“ „ინგლისის ვარდი“ სჯობდა, და აჰა!

როგორც ყველა სხვა მამრმა, ელტონ ჯონმაც ძალიან იოლად უღალატა ნორმა ჯინს, და მე ამას არ ვაპატიებ.

. . .

მას უამრავი სახელი ჰქონდა, ერთიმეორეზე იდიოტური: ამერიკის აფროდიტა, სექს-ქალღმერთი, მსოფლიოს ყველაზე განთქმული ქერა ქალი... მერლინ მონრო პროდიუსერებმა შექმნეს, ერთი კოხტა, კარგი, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივი ნორმა ჯინ ბეკერ მორსტენსონი ვარსკვლავად აქციეს. ვისაც არ დაეზარა, ყველამ მასზე ილაპარაკა, და ბევრი სიკეთე არავის უთქვამს: მისი ზნეობრივი სახე, ნიჭი და ერუდიცია მარადიული მხიარულების საგანი იყო - და დღესაც ასეთად რჩება.

ერთი სამსახიობო სააგენტოს მფლობელის, ჯონ ჰაიდის თქმით, „მისი პრობლემა ის კი არაა, რომ სულელია და ქერათმიანი. მისი პრობლემა ისაა, რომ არც ქერათმიანია და არც სულელი“. მართალია, ვერც იმას დააბრალებდით, სასწაულად ჭკვიანიაო. ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, და საერთოდ, კაცობრიობის დიდ ნაწილს სხვების გონებრივ შესაძლებლობებზე ხმა არ ამოეღება: ზოგი სულელიცაა და მახინჯიც, ამას სულელი და ლამაზი არ სჯობს?

0x01 graphic

მერლინ მონროს ერთი გამონათქვამი

კი აშკარად კარგია: თუ რამე იმად ღირს, რომ იქონიო, ის იმადაც ღირს, რომ დაელოდო. და ისიც სულ სიყვარულს ელოდა, რასაც მავანნი ალბათ მისი სისულელის კიდევ ერთ გამოვლინებად თვლიდნენ. ამდენხანს ელოდო და არ გამოგივიდეს? მაგრამ რას იზამ, ასე იყო: დაუდგენელი მამისა და ჭკუიდან შემცდარი დედის ასულს სიყვარულში არ უმართლებდა.

მერლინ მონროდ ქცეული ნორმა ჯინი საათობით ტრიალებდა სარკის წინ. ამბობენ, საკუთარი თავი არ მოსწონდაო. არადა, რა ლამაზი იყო!

მერლინ მონროს ბიოგრაფიის თხრობით თავს აღარ შეგაწყენთ - რად გინდათ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, ან ჰგონია, რომ იცის. საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, თავი მოიკლა თუ მოკლეს - ფაქტია, რომ მკვდარია; რაში გედარდებათ, თმა შეღებილი ჰქონდა თუ ბუნებრივად ქერა, სჭირდა ცელულიტი თუ არა? იმას, რომ უამრავი არაკეთილმოსურნე ჰყავდა, მერლინ მონრო თავადაც კარგად ხვდებოდა:

ჯერ კიდევ თოთხმეტი წლისა ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ქალების მწყობრიდან გამოყვანის დიდი უნარი მაქვს. ქალებს არ ვუყვარვარ. იმიტომ კი არა, რომ უფრო ლამაზი ვარ ან უფრო კარგი სხეული მაქვს. უბრალოდ, მამაკაცებმა ქალების შესახებ ბევრი მიამბეს. მიამბეს, როგორი საცოდაობაა ხოლმე მათი სიყვარულობანა, როგორ ცდილობენ, ისტერიკა ვნებად გაასაღონ. ქალები გრძნობენ, რომ მე ასეთი არა ვარ, რომ ისე ვიქცევი, როგორც თვითონ ვერასოდეს შეძლებენ, და ეს აცეცხლებთ.

ჰოდა, ვისაც გშურთ და ნორმა ჯინის ნაკლის ძებნით იკეთებთ გულს, დაგამშვიდებთ - დიდად ბედნიერი ის არასდროს ყოფილა.

პირველად ნორმა ჯინს რვა წლის ასაკში ცხრა წლის ბიჭი შეუყვარდა. როცა დიდი გოგო გაიზარდა, ჰყვებოდა: ის, რასაც ბალახში დამალულები ვაკეთებდით, სულ არ მაშინებდა. ეჭვი კი მქონდა, რომ ცუდი საქმე იყო, თორემ არ დავიმალებოდით, მაგრამ არც ის მესმოდა, ცუდს რას ვშვრებოდით. ღამეებს ვათენებდი, ვცდილობდი, გამეგო, რას ნიშნავს სექსი და რას ნიშნავს სიყვარული. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში, მაგრამ ვერავის ვეკითხებოდი, ხომ ვიცოდი, რომ უფროსები ბავშვებს სულ ატყუებენ - რომ სუპი სასარგებლოა, რომ სანტა კლაუსი არსებობს...

0x01 graphic

0x01 graphic

მერე, ცხრა წლისა როცა გახდა, ბატონმა კიმელმა გააუპატიურა. ის იმ სახლის მფლობელი იყო, სადაც პატარა ნორმა თავისი გადარეული დედიკოს წყალობით ცხოვრობდა.

„როცა ბატონმა კიმელმა, როგორც იქნა, კარი გააღო და გამიშვა, ქალბატონ კიმელს მივვარდი. როგორ ბედავო ბატონი კიმელის ცილისწამებას, - ასისინდა ქალბატონი კიმელი. - ის წმინდა ადამიანია“.

უფროსები ყოველთვის იტყუებიან.

პირველად ნორმა თექვსმეტი წლისა გათხოვდა - და არასრულფასოვნების კომპლექსი აიკიდა. ჯიმ დაგერტი ახალგაზრდა, არცთუ ურიგო გარეგნობის მქონე, თან გულისხმიერი ადამიანი იყო, მაგრამ თავის ცოლს არანაირად არ იზიდავდა. ნორმამ გადაწყვიტა, რომ ქალი არაა. ან ფრიგიდულია. ან უმადური. სინამდვილეში, მას ჯიმი - სულ უბრალოდ - არ უყვარდა. ცხრამეტი წლისა ის ქმარს გაშორდა, პარაშუტების ქარხანაში მუშაობას თავი დაანება და ჰოლივუდისკენ დაიძრა, ფოტომოდელის კარიერის იმედით.

დაუმთავრებელ წიგნში „ჩემი ცხოვრების ისტორია“ მერლინ მონრო თავად აღწერს, როგორი იყო იმხანად: „ნორჩი ვიყავი, ღია ფერის თმით, მოქნილი. ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკი ვისწავლე, მარლენ დიტრიხივით, ვისწავლე სიარულისას თეძოების ქნევა და თვალების გამომეტყველების სურვილისამებრ შეცვლა. ყველა ეს ღირსება სამუშაოს შოვნაში არაფრით მეხმარებოდა, სამაგიეროდ, მთელი ხროვა მყავდა აკიდებული, არამარტო გრანდიოზული გეგმების მქონე ჰოლივუდელი მგლის ლეკვებისა, არამედ ღრმად პატივსაცემი ბატონებისაც, რომლებიც ჩეკებს აწერენ ხოლმე ხელს...“ და ამ დროს სიყვარული გამოჩნდა!

ყმაწვილი, სრულიად ჩვეულებრივი, ცოლთან ახლად გაყრილი, ვაჟს თავად ზრდიდა. რამდენიმე კვირის თავზე უკვე ზუსტად იცოდა, რომ ნორმას უყვარდა: „როცა ვუახლოვდებოდი, ფეხები მებლანდებოდა ხოლმე, უსუსურად ვაღებდი პირს და გული ისე მტკიოდა, ტირილი მინდებოდა...“ და ერთ დღესაც ყმაწვილმა ბრძანა:

- ჩვენს დაქორწინებაზე ვიფიქრე, მაგრამ ვშიშობ, ეს შეუძლებელია. თუ დავქორწინდებით და, ღმერთმა არ ქნას, რამე დამემართება, ბავშვი შენნაირი ქალის ანაბარა როგორ დავტოვო? მის მიმართ უსამართლობა იქნებოდა”.

„ავტირდი,“ წერს მერლინი, „და მან მითხრა:

- მეტისმეტად იოლად ტირი. იმიტომ, რომ ტვინი განუვითარებელი გაქვს. შენს მკერდთან შედარებით ის ემბრიონალურ მდგომარეობაშია.

არ ვიცოდი, რა მეთქვა. მე არ ვიცოდი, „ემბრიონალური“ რას ნიშნავს“.

ამგვარი „კეთილი“ სიტყვებით ისტუმრებდა მერლინ მონროს ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. ხომ შეიძლება, გაჩუმდე მაინც? არა! არადა, თითქოს არ იყვნენ ცუდი კაცები. თუნდაც ივ მონტანი ავიღოთ:

„ივმა თქვა, რომ სიმონასგან წამოსვლის იდეაც კი სასაცილოა. ასე თქვა სწორედ: სასაცილოა. მითხრა, იმედია, ჩემთან ყოფნით ისიამოვნე, მე ძალიან კარგი დრო გავატარეო. მე მიყვარდა, მან კი კარგი დრო გაატარა. სულ ასეა: სულ რაღაცას ველი და საბოლოოდ ხელში ნეხვი მრჩება!“

კიდევ ერთი დიდი სიყვარული - არტურ მილერი. მართალია, ცოლად ითხოვა, მის გამო ოჯახიც კი დაანგრია. მაგრამ თუ მის მიერ მერლინის გარდაცვა ლების შემდეგ დაწერილი პიესის მიხედვით ვიმსჯელებთ, თავის სატრფოზე ის მაინცდამაინც კარგი აზრისა არ ყოფილა: გმირი ქალი, რომლის პროტოტიპიც მერლინ მონრო გახლავთ, ვისკის დასაძინებელ წამლებს აყოლებს და ყველა გამვლელ-გამომვლელთან წვება. „მეგის უხამსად მოღიმარი მამაკაცების ბრბო ღეჭავდა და აფურთხებდა... მის სახელს აქოთებულ სახელოსნოებში, თამბაქოს ბოლში ახსენებდნენ...“ თავად ქალი კი ითხოვს: „თქვი, რომ ვულგარული ვარ, რომ საბარგო მანქანის მძღოლივით ვლაპარაკობ! კი, ამ ჯიშის ვარ. მხოლოდ შავებისთვის ვვარგივარ, ფერადკანიანებისთვის და მძღოლებისთვის!“

0x01 graphic

ითვლებოდა, რომ ჯო დი მაჯიოს ნამდვილად უყვარდა - ოდესღაც ბეისბოლის ვარსკვლავმა მერლინის ქმრობას 263 დღე გაუძლო. ამ ვადის სამი მეოთხედი ცალ-ცალკე საძინებელ ოთახებში გაატარეს. გაგიჟებისთვის სავსებით საკმარისია.

ფინალის სახით: 1954 წელს ბილი უაილდერმა „მეშვიდე წლის ქავილი“ გადაიღო, რომლის ერთი კადრიც მერლინის სექსუალობის სიმბოლოდ იქცა - ნიუ-იორკის მიწისქვეშეთის თავზე, გისოსზე მდგომ ლამაზმანს ქარი კაბას უფრიალებს. ვიღაცამ სწორედ იმ დროს მიიყვანა დი მაჯიო გადასაღებ მოედანზე. მას ექსტაზში ჩავარდნილი ბრბო ღრიალით შეხვდა. მერლინი და ჯო ერთმანეთს დასცილდნენ.

ამბობენ, მერლინის დაკრძალვის დღეს დი მაჯიო განუწყვეტლივ ჩურჩულებდაო: „მიყვარხარ, მიყვარხარ“. ცოტა გვიანი კი იყო, მაგრამ მაინც.

. . .

მერლინ მონროს ორი დიდი მასწავლებელი ჰყავდა: ლი სტრასბერგი და მიხაილ ჩეხოვი - მთლად ანტონ ჩეხოვის ძმისწული. სწორედ მან აუხსნა ერთხელ რაღაც-რაღაცეები - ის, რაც მანამდე არასოდეს არავის აუხსნია. მერლინი იგონებდა:

- ალალად, აი, ახლა სექსზე ფიქრობდი?

- არა, - ვუპასუხე მე.

- არც კოცნაზე?

- არა, მთლიანად მიზანსცენზე ვიყავი მომართული.

- უცნაურია. მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ შენგან ენერგია მოდის. თითქოს ვნების ალში იყავი გახვეული. იმიტომ შევწყვიტე მუშაობა, ვიფიქრე, მეტისმეტადაა-მეთქი აღგზნებული საიმისოდ, რომ მუშაობა განაგრძოს... ახლა მესმის, რატომ გიჭირს სტუდიაში. მაგრამ სტუდიისაც კარგად მესმის. რასაც არ უნდა ფიქრობდე, რასაც არ უნდა აკეთებდე, ეროტიზმს ასხივებ, და ამას მთელი სამყარო გრძნობს, ყველა ადამიანი, კანის ფერის, საფულის ზომის, პოლიტიკური მრწამსის, სტატუსისა და სქესის მიუხედავად. სტუდიის მფლობელებსაც მეტი არაფერი უნდათ. მიუფურთხებიათ, რომ მსახიობი ხარ. ისინი შენს ეროტიკულ ვიბრაციებზე აკეთებენ ფულს.

. . .

ცხოვრობდა ამქვეყნად ბერტ შტერნი, ფოტოგრაფი, რომელიც 50-იან წლებში სარეკლამო ფოტოგრაფიის დიდოსტატად ითვლებოდა, შემდეგ მოდის ფოტოგრაფიაში სცადა ბედი და ჟურნალ „ვოგთან“ თანამშრომლობით გაითქვა სახელი. ის ერთ რამეზე ოცნებობდა: გადაეღო მერლინ მონრო, ერთადერთი და განუმეორებელი, თან ისე გადაეღო, როგორც არასოდეს არავის გადაუღია: ნამდვილი, დაუფარავი, შიშველი.

50-იანი წლების დასაწყისიდან მერლინს არცერთი ფოტოგრაფისთვის არ დაურთავს ამის ნება, მაგრამ შტერნს დათანხმდა.

„როცა შიშველს მიღებენ სურათებს, ჩემი ბავშვობის ოცნებები მაგონდება. ბავშვობაში ზოგჯერ წარმოვიდგენდი ხოლმე: აი, ეკლესიაში მივდივარ, განიერი, ზარივით კაბა მაცვია, ქვეშ - არაფერი. გასასვლელში ხალხი ზურგზე წვება და ქვევიდან მიყურებს.

ეს ჩემი სურვილი, ხალხს შიშველი ვენახე, არც ცოდვიანია და არც სამარცხვინო. უბრალოდ, ის ოცნება, რომ მიყურებენ, მარტოობის მწველ გრძნობას მიქარწყლებდა. შეიძლება, იმიტომაც მინდოდა, შიშველი ვყოფილიყავი, რომ ჩემი ტანსაცმელი მერცხვინებოდა. ტანსაცმლის გარეშე ისეთივე ვიყავი, როგორც ყველა სხვა გოგო, და აღარ ვიყავი თავშესაფრიდან გამოსული ობოლი.

ძალიან მწყდება გული, რომ ეს ჩემი ერთადერთი ასრულებული ოცნებაა“.

და აი, ამერიკულ „ვოგთან“ დადებული კონტრაქტის საფუძველზე, დიდძალი შამპანურის დახმარებით, სასტუმრო Bel-Air-ში, სამი დღის განმავლობაში იქმნებოდა პორტრეტები, სადაც მერლინი არამარტო მისთვის ჩვეულ, პროფესიულ პოზებში გვევლინება, არამედ ძალიან შთამბეჭდავ სიახლოვეშიც, და ის უზომოდ ქალურია და ეროტიკული.

ცნობილია, რომ ამ ფოტოსესიის დროისთვის მერლინს არეული ჰქონდა: დამაწყნარებელ აბებზე იყო დამოკიდებული, დეპრესია ჰქონდა და ყველა სიკეთესთან ერთად, Twentieth Century Fox-მაც კონტრაქტი შეუწყვიტა. მართალია, ფოტოსურათებს საამისო არაფერი ეტყობა: უწინდებურად გაბრწყინებული ღიმილი, ვნებიანი თვალები... მაგრამ თავად შტერნი სხვაგვარად თვლიდა: „თუ ჩვიდმეტი წლის ნორმა ჯინ ბეკერის ფოტოსურათს დახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ის სულ სხვანაირია და არანაირად არ ჰგავს ვარსკვლავ მერლინ მონროს. მე მასში გოგონა დავინახე, ასეთები ჩემს მეზობლადაც ცხოვრობენ, და ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა იმის შესახებ, თუ რას უშვრებოდა ცხოვრება. მე არ მინდოდა გადამეღო ამერიკული ეპოსის ნაწილი, მე იმის ჩვენება მინდოდა, თუ როგორი იყო მერლინ მონრო“.

შეთანხმების თანახმად, მსახიობს ფირების ორიგინალები აჩვენეს. როცა ყველაფერი ბერტ შტერნს დაუბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ლამის ნახევარი ფრჩხილის ლაქით დაჯღაბნილი, პომადით გადახაზული ან ქინძისთავით დაკაწრული იყო - ვარსკვლავმა საკუთარი თავი დაიწუნა.

მაგრამ თვეც არ გასულა და მერლინ მონრო მოკვდა, და „ვოგმა“ ფოტოსურათები და ნეკროლოგი ერთად გამოაქვეყნა.

. . .

მრავალი, მრავალი წლის შემდეგ, 2001-ში, ამ ფოტოსურათებიდან ათი ცალი ინტერნეტ-აუქციონზე იყო გატანილი. მათი მფლობელი გახლდათ ფოტოლაბორატორიის ყოფილი თანამშრომელი იენ რეიდი, მისთვის სურათები მერლინის ყოფილ ქმარს, ჯო დი მაჯიოს უჩუქებია.

რეიდი ცხრამეტი წლის განმავლობაში არ ეკარებოდა ამ ფოტოებს. ახლა კი, როცა ჰკითხეს, ამის გაკეთება რამ გადაგაწყვეტინაო, ბრძანა: „75 წლისა ვარ, პენსიონერი, და ფული ძალიან მჭირდება“.

ფოტოსურათების საწყისი ფასი 50 ათასი ამერიკული დოლარი იყო. მისტერ რეიდმა განაცხადა: „ვერ გამიგია, რატომ მომცა დი მაჯიომ ეს ფოტოები. არასოდეს არაფერი მიკითხავს და მით უმეტეს, არ მითხოვია. იქნებ იმიტომ, რომ მერლინმა თავის დროზე მიატოვა და ახლა მისი მთლიანად მოცილება უნდოდა“.

მერლინ მონრო, მარადიული შემოსავლის წყარო... ასე, ორიოდე წლის წინათ მის მიერ დახატული ვარდი აუქციონზე 78 ათას დოლარად იყიდა ვინმე დევიდ დევისმა. ნახატი, თავისთავად, კაპიკად არ ვარგა, მაგრამ მერლინ მონრომ დახატა, თან პრეზიდენტ ჯონ კენედისთვის - მართალია, არ უჩუქებია, ჭკუა ეყო. იმავე აუქციონზე გაიყიდა მისი უბის წიგნაკი, რომელშიც - რაღა გვიშავს! - ფრენკ სინატრას ხუთი ტელეფონის ნომერია ჩაწერილი. განძი საბოლოოდ 90 ათას დოლარად გაიყიდა.

მაგრამ ეს, ცხადია, წვრილმანებია. აი, კაბა, რომელიც მერლინს 1962 წლის 19 მაისს, კენედის დაბადების დღეზე ეცვა, ვარსკვლავის უცნობმა თაყვანისმცემელმა 1265000 დოლარად შეიძინა. საკულტო რელიქვია! ფეტიშისტებს რა დალევს.

ოდესღაც საბრალო მერლინს მთელი თავისი ავლა-დიდება - ჯინსებით დაწყებული და სცენარების ასლებით დამთავრებული - თავისი მასწავლებლისთვის, ლი სტრასბერგისთვის უანდერძია. სტრასბერგის ქვრივმა მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის, რაც მანამდე მხოლოდ ჭინჭი იყო, დიდძალი ქონების მომტანი ყოფილა, და ყველაფერი გაყიდა. მართალია, კეთილშობილი ქალის სახე არ დაუკარგავს და თანხის ნაწილი საქველმოქმედო მიზნებისთვის გაწირა.

ეს ისე, ცნობისთვის. ასეთი ამბები არ დაილევა. მე კი ჩემს პატარა, არცთუ მხიარულ ამბავს ყველაზე ლამაზი გოგოს შესახებ რომანტიკულად დავამთავრებ: თუკი სიცოცხლის განმავლობაში ვიღაც ბრიყვები ბედავდნენ და არ უყვარდათ, ახლა მერლინს ძალიან, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მამაკაცები მისნაირ გოგოებს ეძებენ, ქალები ცდილობენ, მისთანები გახდნენ...

და როცა ამ მასალას ვკრეფდი, რედაქციაში მოსულმა კახა თოლორდავამ მიამბო, რომ ერთხელ ლექსიც კი უძღვნა:

„ბერლინში თოვს, მერილინ,
და მაინც,
შენი ღიმილი უფრო მაღალია,
ვიდრე კედელი, რომელიც მოხსნეს.“

აი, ეს მესმის. იმას კი არ ჰგავს, გამყიდველ ელტონ ჯონს, ასე ადვილად რომ შეაქცია ზურგი ქარში დანთებულ სანთელს.

8 ოთახი №3-10

▲back to top


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

ის ჯერ დიდ ბალერინებს დაატარებდა სცენაზე. 18 წლის ასაკში, მარინის თეატრში ჩასულმა, კორდებალეტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ის ხომ ყოველთვის სტრატეგიულად მართავდა თავის კარიერას. ერთხელ აეროპორტში ნურიევმა უთხრა - „ეი, შენ ჯერ მხოლოდ 20 წლის ხარ, ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისათვის, რომ ბეჟარი იცეკვო. გაანებე ამას თავი და კლასიკა იცეკვე, მეტი კლასიკა“.

ისვენებს, როცა ვარჯიშობს და გალიაზე ახლო ადამიანი არავინ ეგულება. ერთხელ, როცა ამის დრო მოვა და შვილები ეყოლება, ჩაჯდება რბილ სავარძელში, მოუკიდებს ჩიბუხს და იტყვის: „ბავშვებო, იცით რამდენი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი...“

0x01 graphic

0x01 graphic

მაისი. 2006 .

ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა. რეპეტიცია.

პატარა ეკრანზე სადირიჟორო პულტის შავ-თეთრი გამოსახულება მოჩანს... ეკრანის გვერდზე კი, უფრო სწორად, კულისების სიღრმეში, ხის მაღალ სკამზე, საშუალო სისქის ნოტები დევს. ხმარებისგან გვერდებაბრეცილი, ოდნავ ნათდება მსუბუქი ცისფერი პროჟექტორის სხივით:

Igor Stravinsky.
Apollon Musagete.
Ballet en deux tableaux.

ჩაბნელებული, თითქოს უკუნეთ წყვდიადში მოქცეული პარტერიდან ხმა ისმის; მარტო ხმა და მეტი არაფერი:

- იგორ, შეგიძლია ანას ხელს თავი დაადო?

სცენა. მსუბუქად ნათდება თეთრი პუანტები და თეთრ ზეწარში გახვეული „აპოლონი“:

- სიამოვნებით, მაგრამ ბალანჩინს არ ჰქონდა ასე... ის თითქოს ვერც ბედავს მასთან მიახლოებას... ამიტომ ასე აჯობებს...“

პირველად, იგორ ზელენსკის შესრულება დიდი ხნის წინ ვნახე, ძალიან დიდი ხნის წინ, როცა New York City Ballet-ის სოლისტი თბილისში, ოპერისა და ბალეტის სცენაზე, თავბრუდამხვევ პირუეტებსა და ნახტომებს აკეთებდა...

მას შემდეგ, რაც თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ვახტანგ ჭაბუკიანის კურსი დაამთავრა, დიდი დრო გავიდა. თითქმის ოცწლეულის მანძილზე, მსოფლიო მნიშვნელობის წამყვანი თეატრების სოლისტი და პრემიერი გახდა - მარინის, Royal Ballet-ის, კოვენტ-გარდენის, La Scala-ს, Bayerisches Staatsballet-ის თუ New York City Ballet-ის. მისი რეპერტუარი კლასიკური თუ თანამედროვე ქორეოგრაფიაა - ბალანჩინის, ნოიმაიერის, მაკმილანის, აშტონის, მარტინის, ფორსაიტის, ბეჟარის.

- უკაცრავად, იგორ ზელენსკი რომელ ოთახშია?

- ზელენსკი? 3-10ში, გნებავდათ რამე?

0x01 graphic

3-10.

ზუსტად 13 წლის წინ.

წარმოიდგინეთ 60-იანი წლების იტალიური კინოს აუცილებელი კადრი - ბრბო. აი ისეთი, როგორიც ფელინისთან ან თუნდაც დე სიკასთანაა... ანდა, სულაც, როსელინისთან: ჩოჩქოლი, ყვირილი, წივილი და მუშტების ქნევა... ბავშვების წიოკი და დიდების როხროხა ჩხუბი, გინებამდე მისული სიტყვებით, განწირული თვალები...

პატარა ვიყავი, ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბავშვებისთვის დამახასიათებელი კვატისებრი ნაბიჯით და ლამის შუბლზე გაკეთებული „კოსით“, ჯიქურ ვიკვალავდით ბრბოში გზას - გზას თეატრის უკანა შესასვლელთან, სადაც, როგორც ყოველთვის, უბილეთოების ან სასწავლებლის მოსწავლეების ზმუილი ისმის - „შეგვიშვიით!!!“. ოთხდღიანი ზეიმი იწყებოდა. სხვადასხვა კლასიკური რეპერტუარიდან ფრაგმენტებს თეატრის საუკეთესო სოლისტები ასრულებდნენ. ოო, რა გველოდა წინ... რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, უნდა შეგვეღწია. იმაზეც თანახმა ვიყავით, რომ ბიჭებივით, წყლის ღარის საშუალებით პირდაპირ მეორე სართულზე ავმძვრალიყავით. აი ისე, როგორც ამას დებილი ირაკლი და მიშა აკეთებდნენ, რომლებიც მეორე სართულის ფანჯრიდან აკვირდებოდნენ შესავლელში გამართულ ბატალიებს და ენაგამოყოფილები ყვიროდნენ - „ბეეეეე... ვერ შემოდიხართ, გოგოებოოოო...“

მაშინ ერთი გვარი დამამახსოვრდა - იგორ ზელენსკი. მასზე ნახევარი ჩემი კლასის გოგოები შეყვარებულები ვიყავით, და ოთხი დღის მანძილზე, ოთხი ზღაპრული წარმოდგენის შემდეგ, ზელენსკის 3-10-თან ვიყავით ატუზულები. ისე, ან ავტოგრაფის მეოთხედ სათხოვნელად ან რაიმე სისულელის სათქმელად.

მაშინ ბევრი რამ დამამახსოვრდა - ის, რაც მერე აღარ მინახავს: ნახტომი, ჰაერში წამებით გაჩერებული შპაგატი და ნელი დაშვება. ამ დროს, როგორც წესი, შენდა უნებურად გეკვრებოდა სუნთქვა, წამით შენთვისაც ჩერდებოდა დრო და მერე ფუუუ, ერთბაშად უშვებდი ფილტვებში შემონახულ ნახშირჟანგს.

0x01 graphic

0x01 graphic

ისევ 2006 . მაისი.

ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა. სპექტაკლი.

თეატრის შემოსასვლელში დიდი სარეკლამო აბრაა:

World ballet star IGOR ZELENSKY...

დარბაზში ანტრაქტია. სცენაზე „აპოლონ მუსაგეტის“ რეკვიზიტს დებენ. 1928 წელს დადგმული სპექტაკლი, ბევრ თანამედროვე დადგმაზე თანამედროვედ გამოიყურება.

ის, ფარდის უკან, სცენაზე იმეორებს მოძრაობებს... მაყურებელთან ფარდაზე გამოსახული ჯორჯ ბალანჩინის დიდი ფოტო აშორებს... მაისში ზელენსკის სტუმრობა ბალანჩინის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს დადგმას, „აპოლონ მუსაგეტს“ უკავშირდება. ფარდის უკან, სკამზე აწყობს საჭირო ნივთებს... თეთრ მოსაცმელს და მინერალური წყლის ბოთლს. რამდენიმე წამი და სცენაზე გავა... წამებში ყველაფერი გავიწყდება: მაღალი ტემპერატურაც და ტრავმირებული ფეხიც... წინ სავსე დარბაზი, მონათებული პროჟექტორები და აღტაცებული ოვაციაა... და კიდევ ერთი - დამტკიცება... საკუთარი თავისთვის დამტკიცება - მე ეს შემიძლია!

იგორ ზელენსკი - ეს არის გრაციოზული პლასტიკა, ქრესტომათიული პა, ძლიერი, მამაკაცური მუხტი, დინამიური ტრიალი და აბსოლუტური თავისუფლება სივრცეში.

0x01 graphic

თბილისიდან NYCB-მდე

- „ლაბინსკში დავიბადე, კრასნოდარის მხარეში. მაგრამ ლამის მეორე დღეს თბილისში წამოვედით. ბაბუაჩემი სამხედრო პირი გახლდათ და ომის დროს აქ, თბილისში, ტანკების ქარხნის დირექტორი იყო. სამი შვილიც აქ გაუჩნდა. ერთერთი, ანუ მამაჩემი, კრასნოდარში სწავლობდა. იქ გაიცნო დედა და ჩემი გაჩენისთანავე, აქ წამოვიდა. მოსკოვის პროსპექტზე გავიზარდე, გერმანელების აშენებულ სახლში.

როგორ შეიძლება 9 წლის ბავშვს ბალეტი უყვარდეს?! ამოგიტრიალებენ ფეხებს, ჩაგაცმევენ ტრიკოს და... არ ჯობია ბურთით ირბინო?! დედას მეგობარმა შეიყვანა თავისი შვილი და მაშინ ჰკითხა - „არ გინდა, შენც შეიყვანე შენიო...“ თითქმის ბოლო დღეს, მისაღებ გამოცდებზე მივედით... მაგრამ ხომ იცი... ოღონდ ბიჭი მივიდეს და ყველას იღებენ. პირველი ორი წელი საერთოდ არ მაინტერესებდა, მერე ნელ-ნელა მომინდა. ბოლოს, როცა ჯგუფი ჭაბუკიანმა აიყვანა, მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. არ ვიცი, ზუსტად რა შევითვისე ჭაბუკიანისგან; ალბათ ის დამოკიდებულება, რაც დღეს საქმის, ცხოვრების, ხელოვნების მიმართ მაქვს. როცა ხედავ, როგორ უკიაფებს რეპეტიტორს თვალები, როგორ არ გრძნობს დაღლას... შენც ენთები, იგივე გინდა განიცადო, შეძლო“.

როდესაც 18 წლის უცნობი ბიჭი მარინის თეატრში მიიღეს, ცოტა არ იყოს, გაოცდნენ - „კორდებალეტში არ ვიცეკვებ. თბილისში უკვე ვცეკვავდი და მთელი კლასიკური რეპერტუარი ზეპირად ვიცი. არ მინდა“. თბილისში ხომ ბიჭების დეფიციტი იყო და თეატრში, კორდებალეტში, ხშირად ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან მოყვანილ მოსწავლეებს აყენებდნენ. საკუთარი თავის ყველაზე კარგი კრიტიკოსი იყო და იცოდა, რომ არ შეეძლო დროის კორდებალეტში ხარჯვა - „ჩემს ფეხებს ნამდვილი საქმე სჭირდებოდა“... ერთ თვეში, თეატრის დირექტორმა „დონ კიხოტის“ ცეკვა შესთავაზა.

- „ერთი ვიცი, ბავშვობაში სხვებისთვის მიწევდა მტკიცება, დღეს - საკუთარი თავისთვის! წვები საღამოს და თვალს აუცილებლად გადაავლებ გასულ დღეს, რა იყო სწორი, რა - არასწორი... შეიძლება ეს ცხოვრებაა, შენ მიიწევ წინ... ერთ ადგილას წამითაც რომ გაჩერდე, ჩათვალე, რომ უკან მიდიხარ... მით უმეტეს, ამ საქმეში, ამ ლიმიტირებულ ხელოვნებაში, სადაც 20 წელიწადში უნდა მოასწრო ყველაფერი. სულ ჩქარობ, ჩქარობ და ჩქარობ... აქ ხომ მთავარი დრო და ჯანმრთელობაა.“

რეპერტუარში, ბალანჩინის დადგმები ჭარბობს: „აპოლონ მუსაგეტი“, „ძვირფასეულობა“, „ვესტერნი“, „ბრილიანტები“, „თემა ვარიაციებით“... - „აპოლონ მუსაგეტი“ ყველაზე ინტელექტუალური ბალეტია, სადაც ყოველ ჟესტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ რამეს არასწორად გააკეთებ, ის წამში ყველაზე მოსაწყენ სანახაობად გადაიქცევა. როცა შენი საქმის ოსტატი ხარ, სხვისთვის აღარაფრის მტკიცება არ გჭირდება. მაგრამ აი, „აპოლონი“... ეს სხვა რამეა, აქ სრულიად შიშველი ხარ და კარგად ჩანს, თუ ვინ ხარ შინაგანად.” ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბალანჩინი ასე ნაცნობი გახდებოდა, მარინის თეატრის დასთან ერთად, „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე აღმოჩნდა. არც კი შეუმჩნევია, თუ როგორ აკვირდებოდა New York City Ballet-ის დირექტორი პიტერ მარტინსი. წლების წინ, ბალანჩინმა 25 წლის მარტინს დასის ხელმძღვანელობა ხელიდან ხელში გადასცა, რის შემდეგაც მისი სახელი და NYCB განუყოფელ, ერთ მთლიან ორგანიზმად ჩამოყალიბდა. - „ძალიან გამიმართლა, რომ დასში სამუშაოდ მარტინსმა მიმიწვია. ეს საკმაოდ დახურული დასია, სადაც უცხოელი მოცეკვავეები თითქმის არ მუშაობენ. თავის დროზე, გამონაკლისი მხოლოდ ბარიშნიკოვის დროს დაუშვეს... ნინო ანანიაშვილს უმუშავია მათთან. იქ რომ მოხვდე, ბალანჩინის სკოლის, რაღაც ეტაპის გავლა აუცილებელია. მე კი უცებ აღმოვჩნდი ამ დასის წევრი. ფაქტობრივად, ბალანჩინი პირველწყაროდან ვისწავლე... ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა მესამე, მეოთხე ხელიდან სწავლობ, იკარგება დეტალები, ნიუანსები. არადა, ნიუანსებისგან შედგება ყველაფერი; ცეკვაც, ცხოვრებაც. არა, ეს სასწაულის ტოლფასი იყო. წარმოიდგინე, 20 წლის ასაკში მანჰეტენზე, მსოფლიოს ცენტრში, პინა ბაუშის და ბარიშნიკოვის სპექტაკლები, NYCB-ის დასი...“

ნურიევი...

სწორედ იმ პერიოდში შეხვდა საბჭოთა კავშირში პერსონა ნონ გრატად აღიარებულ, ლეგენდარულ რუდოლფ ნურიევს. მოქარგულ ხალათსა და არახჩინით თავზე, ის აეროპორტის გრძელ დერეფანში მოაბიჯებდა - „შენ ჯერ მხოლოდ ოცი წლის ხარ, იცოდე არ უნდა იცეკვო ბეჟარი, იცეკვე კლასიკა!“. ტანმაღალ კოლეგას „ბაიადერკას“ შესრულება შესთავაზა. პროექტი არ გამოვიდა. რუდიკ (რუდოლფ) ნურიევი იმ წელს გარდაიცვალა.

- „ნურიევი? როგორ გითხრა. ის ჩემთვის ყოველგვარ ზღვარს მიღმაა...“

ამბიცია - არის, ჯანმრთელობა - ?...

- „არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ მინდა, რომ ისევ ჩემს საქმეში ვიყო, ისევ იმ დონეზე ვიყო... არ მინდა დაშვება. ცხოვრება ბალანსია, ძალიან ზემოთ ასვლაც საშიშია... რაც უფრო ზემოთ ხარ, უფრო მწარედ ეცემი ძირს.

ამ ლიმიტირებულ პროფესიაში მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობაზე ნერვიულობ. მით უმეტეს, როცა 35 წელს გადააბიჯებ. შენ ხომ წლების მანძილზე, საკუთარი სხეულს ყოველდღიურად ძალას ატანდი. სწორედ ამ საკში, როცა წარმატების მწვერვალს აღწევ, ათასი შემოთავაზება და გეგმა გაქვს... შენ აღარ შეგიძლია, ეს საშინელებაა. ბევრს დამართნია ასე.

ზედმეტად ვიჩქარე 30 წლის ასაკში, როცა კვირაში შვიდი სპექტაკლი მქონდა და ამის გამო, ფეხის ტრავმა მივიღე. ამ ტრავმის შედეგად, დღეს ვეღარ ვცეკვავ „რომეო და ჯულიეტას“, „მანონის“, სადაც ოქროს ჯარისკაცი „მაკნატუნა“ კი არ ხარ, არამედ იქ ცოცხლობ სცენაზე. ზედმეტად ვჩქარობდი. ეს სულ ჩვენი ამბიციებია... ადამიანს ამბიცია ყოველთვის თან სდევს, ჯანმრთელობა კი ყოველთვის რკინის არ არის...

სხვათა შორის, როცა ჩამოვედი, ახლა გამახსენდა ეს უცნაური შეგრძნება... ძალიან ამბიციური ბავშვი ვიყავი. გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ბევრს შევძლებდი, ბევრს მივაღწევდი. პატარაობისას, თეატრში ჩამოსულ ვარსკვლავებს ვხედავდი... ვუყურებდი და ვფიქრობდი: „მე უკეთესი ვიქნები“ და ეს მაშინ, როცა ამის პერსპექტივა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მაშინ იდეალი ჭაბუკიანი იყო - აი, მან ხომ შეძლო. ჰოდა, მეც შევძლებ... კარიერას ყოველთვის სტრატეგიულად ვაწყობდი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ცხოვრებაში მთავარია სწორედ გაანაწილო შესაძლებლობები. პეტერბურგში სწავლისას ვიცოდი, როდის უნდა წამოვსულიყავი. ახალი ჩასული, ყველას ისე ვუყურებდი, როგორც დიდ ვარსკვლავებს, მაგრამ ერთ წელიწადში მივხვდი, რომ მათ გავუსწარი და წავედი, წავედი ბერლინში. ორი წელი იქ ვიყავი და ვიცოდი, რომ საჭიროა ნიუ იორკი, ბალანჩინი. 8 წლის მერე მივხვდი, რომ შემდგომი განვითარება აუცილებელი იყო და ლონდონში გავემგზავრე. Royal ballet-ში მაკმილანის სპექტაკლებს პირველწყაროდან ვსწავლობდი და ვცეკვავდი.

ბუნებრივი მონაცემები, შრომის უნარი, პატიოსნება, დისციპლინა, ბედი და სწორად შერჩეული პედაგოგები - ესაა ის, რაც ყველაფერში დამეხმარა. ჰო, რაც მთავარია, ადამიანი, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იყო, რომელმაც ჩემს გამო ყველაფერზე უარი თქვა - დედაჩემი გალიაა. იცი, ზოგჯერ მშობელსა და შვილს შორის რაღაც ურთიერთობა მყარდება. დედა, ასე ვთქვათ, ვერ შედგა ცხოვრებაში და ყველაფერი გენეტიკურად გადმომცა: ტალანტი, არტისტიზმი.

ამ რიტმით ცხოვრება - განრიგით ცხოვრებას ჰგავს, ანუ როცა NYCB-ში კვირაში შვიდ სპექტაკლს ვცეკვავდი, არაფრისთვის მეცალა, საერთოდ აღარაფრისთვის. გალია ყოველთვის ჩემთანაა და ყველაფერს აგვარებს, რაც ცხოვრებისთვის აუცილებელია და რისთვისაც არასდროს მრჩება დრო.“

გამარჯობა, მე იგორ ზელენსკი ვარ

- „ბალეტი ცხოვრებაა, ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. ამიტომ არ მიყვარს, როცა მეკითხებიან - „თქვენი ჰობი?“, ან „რას აკეთებთ თავისუფალ დროს?“, „რა არის თავისუფალი დრო?“. კოსტიუმების შეკერვა, ტელეფონის ზარები, სამომავლო გეგმები და დასაგეგმი სპექტაკლები, აუცილებელი მასაჟი, თერაპია. სხვა დრო არ მაქვს და არც მინდა. ფეხი მაწუხებს, შემეძლო არ ჩამოვსულიყავი და ერთი კვირით ჰავაიზე წავსულიყავი დასასვენებლად, მაგრამ არა!

ახლახანს ნიუ იორკიდან ჩამოვედი, აქედან პეტერბურგში მივდივარ, სადაც „გედის ტბის“ ჩაწერა მაქვს. ჩავალ და მუშაობას ვიწყებ, იმიტომ, რომ დღეს „აპოლონს“ თუ იცეკვებ, ხვალ სხვა სპექტაკლზე, მაგალითად „ბაიადერკაზე“, რეპეტიციის გარეშე ვერ გახვალ. იქ სულ სხვა ენერგია გჭირდება. იცი რა არის დასვენება? როცა ვარჯიშობ, არ გტკივა და უბრალოდ ვარჯიშობ, ემზადები, ფორმაში შედიხარ. ეს ცეკვაზე მაგარია.

ბალეტი? ეს ისეთი ჯოჯოხეთური პროფესიაა, რომ ვიცი, ჩემს შვილს არასოდეს შევიყვან ბალეტზე!

დღეს ბევრი კარგი ქორეოგრაფია. მაგრამ ყოველთვის მარტივი არ არის, დიდი სუფრის ნაწილი გახდე, შეხვიდე დასში და თქვა გამარჯობა, მე იგორ ზელენსკი ვარ, მეც მომეცით როლი... თანამედროვე ბალეტს კიდევ ის სირთულე ახლავს, რომ ზოგიერთის მაყურებლამდე მიტანა ძალიან რთულია. ბევრი ქორეოგრაფი საკუთარ თავზე ზრუნავს. რაც უფრო მაგარია ქორეოგრაფი, მით უფრო რთულია ხმის მიწვდენა... 3-4 წელი ელოდები, რიგში ხარ...

ბევრი, ვინც „აპოლონი“ ჩემი შესრულებით ნახა, ალბათ სხვანაირად იცეკვებს, იმიტომ, რომ პეტერბურგში დიდი თაობა აღვზარდე. იცი როგორ? ჩემს ცეკვას უყურებდნენ. ო, ზელენსკის შეუძლია, ესე იგი, ჩვენც შევძლებთ... გიყურებენ, ნიუანსებს სწავლობენ... დღეს მეტი შესაძლებლობებია. ჩემს დროს ასე არ იყო, ყველაფერი უფრო შეზღუდული იყო. რაც უცხოეთში სასწავლებლად წავედი, ვიცოდი, რამე რომ ყოფილიყო, იქ დავრჩებოდი.”

სახლი? მე ის არ მაქვს

- „სახლი? ჩემი სახლი? სახლი არ მაქვს. ყველგან მაქვს ბინები, მაგრამ სახლი - არა. რა არის სახლი? მეორე ნახევარი, შვილები... 36 წლის ასაკში ამას მოკლებული ვარ. წლების მანძილზე, ძალიან ბევრი გავეცი იმისათვის, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში, ერთი წამყვანი სცენიდან მეორე დიდ სცენაზე მეცეკვა. როცა კლასელებს ვნახულობ, ღმერთო... მათ ყველას 17-18 წლის შვილები ჰყავთ. მაგრამ ადამიანი ხომ სულ რაღაცას იღებს მსხვერპლად?! მეც ასე ვარ. ოჯახი რომ მქონოდა, ამდენს ვერ შევძლებდი, შეზღუდული ვიქნებოდი.

ახლა არაფერი მაკავებს, ჩავჯდები თვითმფრინავში და ნიუ იორკში ვარ, მეორე დღეს ისევ, და რიო დე ჟანეიროში ვარ, ზეგ - ტოკიოში... იცი, როგორი მამა ვიქნები?... რბილ სკამში ჩამჯდარი, ჩიბუხს რომ მოუკიდებს და ბავშვებს ეტყვის: „ბავშვებო, იცით რამდენი რამე მაქვს თქვენთვის მოსაყოლი...“

9 სტამბოლი - მოსასხამი

▲back to top


ავტორი: აკა მორჩილაძე
ფოტო: დავიდ დექტორი

0x01 graphic

0x01 graphic

სტამბოლში ოცი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ცნობარებით, მხოლოდ რვა მილიონი.

სტამბოლელები ჩივიან, რომ ქალაქი სოფლელებით გაივსო. ჯობია სტამბოლში იყო მტვირთავად ან ხელის ბიჭად დუქანში, ვიდრე შენს სოფელში იჯდე და ნარდს აგორებდე.

სტამბოლში შრომის კულტია. სამუშაოს შოვნა ბედნიერებაა, ჯიბის ქურდობა კი სახიფათო პროფესია. ციხე ციხედ, რაც სრული საშინელება ყოფილა და ეგებ ტელევიზორშიც კი გამოგაჭენონ.

თბილისი ჰგავს სტამბოლს, ოღონდ ძალიან პატარაა. თბილისი ისე ჰგავს სტამბოლს, რომ ეს მსგავსება შემაშფოთებელ იერს მიიღებს ხოლმე.

0x01 graphic

ოღონდ, თბილისში არ არის აია სოფია, ლურჯი მეჩეთი და უბნებს არ ჰქვია სულთანაჰმეტი, ტაქსიმი. თუმცა, ამაზე ლაპარაკი ახლა სისულელეა. მით უმეტეს, თბილისში არ არის ზარვა, არც ბოსფორი და არც ის საოცარი ოქროს რქა, სწორედ ნახსენებ ორ უბანს რომ ჰყოფს. თანაც, თბილისს ძველ დროშიც სხვა გული ჰქონდა.

ამიტომ, ნუ შევადარებთ.

სტამბოლში ჯადოსნურად საღამოვდება, მტვერსა და ხმაურში. ამ დროს, მშვიდ უბანში ყოფნაა სასურველი. თუმცა, მშვიდი უბნები სტამბოლში მხოლოდ ძველი ქალაქიდან შორს არის: კორპუსების საუფლო. იქ კი სტამბოლი არ არის. ამიტომ, ჯობს ისევ ბოსფორის პირას შემოპარულ საღამოს დაუდარაჯდე. ბოსფორის პირას, მოსაღამოვების სადარაჯოდ, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ასეთი რამ ტყუილად არ მოხდება. არავინ გეტყვის, რომ სწორედ ამ მოსაღამოვების შესაგრძნობად და შესატკბობად ჩამოვიდა, მაგრამ ასეა.

0x01 graphic

ეს დიდი საოცრებაა, მგონი კონსტანტინოპოლის ისტორიულ საოცრებებზე დიდი. სიმართლე ითქვას და ეგებ ქალაქიც ამიტომ დაარსდა. მოვიდა კონსტანტინე, დადგა აქ და გახედა ბოსფორს. ალბათ საღამოვდებოდა. ჰოდა, სტამბოლი გაჩნდა.

სტამბოლში მსოფლიოში საუკეთესო ქაბაბი და მსოფლიოში საუკეთესო ჩაია. საქაბაბეში ყველაზე მათრობელა სასმელი „კოკა კოლაა“ და ყველგან მუეძინის ხმა ისმის.

ჩაი საერთოთურქული ამბავია, მაგრამ აქ... ამხელა ქალაქში, ჩაი აუცილებელი ტიხარია, ხმაურისა და მელანქოლიის უცნაურ ნაზავში. ოცი მილიონი კაცი და მელანქოლია ხმაურში. დიდი ბაზარი, ხმაური და სიდინჯე.

0x01 graphic

იდიოტი უნდა იყო, რომ დაჯდე და დალაგებით წერო სტამბოლზე, თუ რა თქმა უნდა, ტურისტული წიგნი არ შემოგიკვეთეს. სტამბოლი უნდა ჩანდეს ნაწერში, როგორც მოსასხამი, როგორც ძველი, აქარი ხალათი, რომლის შიგნითაც მბორგავი, მოუსვენარი, მაგრამ მაინც სევდიანი სხეულია.

ზღვა, თოლიები, ტაქსისტები და ბაქლავა, მზის ქვეშ. ნარგილე ჩრდილში. სურნელებაა ბაზარი, სულეიმანის მეჩეთი. ახალი მეჩეთები. სადა ონკანების წრე ფეხის დასაბანად. ნაბიჯი ნელი. მტვირთავები და მენაგვეები. ვერც ერთ დიდ ქალაქში ვერ ნახავ ამდენ მტვირთავს და მენაგვეს, ამდენ ურიკას და ამდენ ტაქსის. სხვაგან არსად არის ამდენი სასტუმრო და ქებაბჩი, ლოკანტა, მეიხანა...

0x01 graphic

ჩამოთვლა იოლია, სტამბოლს არც ბოლო აქვს, არც ფსკერი.

გგონია, რომ დამთავრდა და სწორედ მაშინ იწყება.

ოღონდ რა, კარგად ვერ გაიგებ. ალბათ ის, რომ არაფერი იწყება და არაფერი მთავრდება.

ეს იმის ბრალი არ არის, რომ სტამბოლი ძველი იმპერიის დედაქალაქია. იმპერიათა დედაქალაქები ბევრი შემოგხვდება: ყველა მათგანი იწყება და მთავრდება. სტამბოლი არსად იწყება და არსად მთავრდება. ის სამყაროს სიმბოლოა; ხოლო რადგან ის სამყაროს სიმბოლოა, იქ ქუჩები ისე ვერ იკრიალებს, როგორც ბრიუსელში, თუმცა ყველაზე მეტი მენაგვე სწორედ აქ შემოგხვდებათ.

0x01 graphic

ისევ ჩაი, რომლის სმასაც ბოლო არა აქვს. პატარა, წელში გაწყვეტილი ჭიქა. პატარა იმიტომ, რომ ჩაი არ უნდა გაცივდეს. ჩაის გიმატებენ და გიმატებენ, დაუზარლად, მკვირცხლად. შეიძლება ეს ამბავი ოცდაოთხ საათს გაგრძელდეს. შენ უნდა შეწყვიტო. ჭიქა პირქვე დაამხო მაგიდაზე და ეგებ თქვა კიდეც: ბითი, ალაბილირსინ! მოვრჩი, შეგიძლია წაიღო.

თუ ამ ქალაქს ზემოდან დახედავ, შეიძლება შიშმაც შეგიპყროს. ასეა, რადგან არა აქვს ფსკერი და საზღვარი.

ზრდილობა, აზიური ეშმაკობა, სიდინჯე, თითქოს მოულოდნელი სისწრაფე და ეს უდიადესი წარსული. ზღაპარი, სულტანთა სისასტიკე და არაჩვეულებრივი სირბილე. მთვლემარე თვალები, ალესილი ხმლები და მინარეთები.

0x01 graphic

ჰარამხანის გუმბათი. ჰარამხანის იატაკი. ჰარამხანის სურნელი. ეს დღევანდელობიდან გამქრალია, მაგრამ ცოცხალი. ჰარამხანა ცოცხალია. იქ არავინაა: ტურიზმი, თითქოს მეტი არაფერი. მაგრამ ცოცხალია. ასე ცოცხალი და ხილული სულები სხვაგან ძნელად მოიძებნება.

ტაქსისტმა თქვა: აქ მოდიან მწერლები და უყურებენ ბოსფორს, მერე კიდევ წიგნებს წერენ.

არ ვიცი, ასეა თუ არა. შეუძლებელია უყურო ყველაფერს. სტამბოლი კი ყველაფერია.

ასე ყოფილა და ასე იქნება.

0x01 graphic

ასეთი მოსასხამი ძნელი საპოვნელია. თითქმის წარმოუდგენელი. მხოლოდ ზღაპრებშია.

ალბათ.

სტამბოლიც ზღაპარი ყოფილა.

10 არაცნობიერში ლივლივი - ას ევროდ

▲back to top


ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: მელისა ონელი

0x01 graphic

0x01 graphic

„სიკვდილამდე ასე მეყვარები!“

არავის სჯერა ამის, მაგრამ მაინც იფიცება და მაინც სიამოვნებს, როცა „კუბოს ფიცრამდე“ სიყვარულს პირდება ვინმე.

„ასე მეყვარები“ - კომფორტს უქმნის ორ ადამიანს დროის კონკრეტულ მონაკვეთში, როგორც წესი, ახალგაზრდობის ჟამს, როცა მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული და ცხოვრების ნისლიან გზაზე ყველას ძალიან ჭირდება მეგზური.

მეგზური, რომელსაც „სიკვდილამდე ასე ეყვარება“.

მაგრამ დრო გადის - სხეული ჭკნება, თმა თეთრდება.

„მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ... ვინიდან, არ შეგიძლია არც ერთი თმის გათეთრება ან გაშავება“ - გვასწავლიან დასავლელ ქრისტიანებს, მაგრამ მაინც „ვდებთ ფიცს“... რადგანაც ძალიან, ძალიან გვეშინია მარტოობის.

სტამბოლიც ასეა. განუწყვეტლივ გიხსნის „სიკვდილამდე“ სიყვარულს - რამდენ ხანსაც არ უნდა გაჩერდე ამ ქალაქში, მის დათვალიერებას მაინც ვერ ასწრებ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დიდია და ჭრელი... და თუ თავი შესწირე, ყველა კუთხე-კუნჭული მოინახულე, მაინც არ დაჭკნება, არ გათეთრდება, მაინც არ გათქმევინებს, „მორჩა, ყველაფერი ვნახე, კარგად გავიცანი!“

„მომბეზრდაო“, მაინც ვერ იტყვი სტამბოლზე... შეგიძლია წანწალით თავი არ მოიკლა, დრო არ დაკარგო აია სოფიასა და ცისფერ მეჩეთზე. შეგიძლია, უბრალოდ, აიტუზო, სადმე, ისტიკლალის ქუჩაზე (სკამებს, ჩამოსაჯდომად, აქ ვერ ნახავ, ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ან იდგე და ისე ათვალიერო, ან, იარო, რათა თავად იქცე „დათვალიერების ობიექტად“) და უყურო, უყურო „ახალ ბაბილონს“, უსმინო ამ ქალაქ-პოლიგლოტს, რომელიც თავის დროზე, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ „ისტორიის დასასრულად“ მონათლეს.

ცხადია, დასავლელმა „მეგზურ-მოგზაურებმა“ მონათლეს ასე. მათ, ვისაც ძალიან ეშინიათ ისტორიის დასასრულის, დროის დასასრულის - სხეულის დაჭკნობისა და თმის გათეთრების.

აღმოსავლეთს არ სწამს ისტორიის და ამიტომ, არც იმის ეშინია, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს. სადღაც შუა აზიაში, ან, თუნდაც ინდოეთში, დრო დიდი ხანია გაყინულია. ჩადიხარ ბუხარასა და სამარყანდში და ხვდები, რომ საათი აქ არ გჭირდება.

მაგრამ სტამბოლი აღმოსავლეთი არ არის. არც დასავლეთია. სტამბოლი არ არის ადგილი „მონოქრომული კულტურებისთვის“. სტამბოლში ისტორია ერთდროულად მთავრდება და იწყება.

თავის დროზე, თურქებმა, რომელთაც ჩვენში დღემდე შემორჩათ „დამანგრევლების“ იარლიყი, ქრისტიანული სამყაროს მთავარი ტაძარი - „აია სოფია“ კი არ დაანგრიეს, არამედ მუსულმანური არქიტექტურის ორიენტირად აქციეს - ახალი მეჩეთები მათ სწორედ „სოფიას“ მიბაძვით ააშენეს.

თავის დროზე, აქედან რკინიგზა გაიყვანეს პარიზამდე და მატარებელს, ამ ახალ მოძრავ სასტუმროს, „აღმოსავლეთის ექსპრესი“ უწოდეს.

სტამბოლმა დასავლელი მგზავრებისთვისაც იზრუნა. მათთვის „ბეიოღლუს უბანში“, უწინ „პერა“ რომ ერქვა, 1892 წელს „პერა პალასი“ ააშენეს. ფრანგმა არქიტექტორმა ვალორიმ დააპროექტა „არ ნუვოს“ სტილის ნაგებობა, პირველი ლიფტით სტამბოლში... ლიფტით, რომლის სანახავად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, თურქები უზარმაზარ რიგში ჩამწკრივებულან.

დღეს „ბეიოღლუ“ თავისი კაფეებითა და ღამის ბარებით, კონსერვატორებისთვის „გარყვნილების ბუდეა“, რომელსაც „ტრაქტორით უნდა გადაუარო“. მაგრამ ტრაქტორს რა უნდა ფეხით მოსიარულეთა ზონაში? ბეიოღლუს მთავარ ქუჩას, რომელსაც „ისტიკლალ კადეში“, დამოუკიდებლობის პროსპექტი ჰქვია, სტამბოლელები დიდი ხანია ევროპის ნაწილად მიიჩნევენ... და აბა ევროპას ტრაქტორით როგორ გადაუვლიან ქვეყანაში, რომელსაც პრაგმატული მიზანი აქვს - ევროკავშირში შესვლისთვის იღვწის?

პრაგმატიზმი - კაპიტალისტური დასავლეთის მონაპოვარია. მაგრამ სტამბოლი ხომ მარტო „კაპიტალისტური დასავლეთი“ არ არის. აღმოსავლეთიცაა. აღმოსავლეთს კი სჯერა მისტიკური კანონზომიერებების. სჯერა, რომ ბულდოზერები ბეიოღლუს ვერ უშველის. ასეც მოხდა; არაერთხელ სცადეს დაეხურათ ბეიოღლუს სახელგანთქმული ჰარემები, მაგრამ მათ ადგილას ახალი გაჩნდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ისტიკლალის ქუჩა მოდერნის სტილის შენობებით გაავსეს... იფიქრეს, „ცივილიზებული ხალხი“ დასახლდება და ათას ერთი ღამის „სოდომიას“ ბოლო მიეღებაო.

ძველი ჰარემის ადგილას, გაჩნდა ბარი „ჟასმინი“ - სტამბოლელი როკერების, ჰიპებისა და ტრანსსექსუალების თავშეყრის კერა; იქვე ახლოს - ბრიტანეთის საკონსულო. რამდენიმე მეტრის იქით კი „პერა პალასი“ - ევროპელი მგზავრების „მოსასვენებელი ადგილი“.

ტაქსიმის მოედნიდან „პერამდე“ ფეხით რომ ჩაუაროთ „ევროპას“, თეორიულად, ოცი წუთი გეყოფათ... ძველი ტრამვაით თუ ისარგებლებთ, დროს უფრო დაკარგავთ, რადგანაც „ევროპის ბაბილონში“ ძალიან უყვართ შუაგულ ქუჩაზე, ტრამვაის რელსებზე სიარული... სამაგიეროდ, ტრამვაი იმ ცდუნებას, უფრო სწორად „ცდუნებებს“ გადაგარჩენთ, რომლითაც ძალიან მდიდარია ისტიკლალ კადეში. ვიღაცისთვის ეს - წიგნებისა და ფირფიტების უმდიდრესი მაღაზიებია, როგორც წესი, ქურთი გამყიდველებით, რომლებიც კინოში ზოგჯერ ევროპელ კინოკრიტიკოსებზე უკეთ ერკვევიან. ვიღაცისთვის ცდუნებაა თევზის უზარმაზარი ბაზარი და რესტორანი, რომელიც დამწვარი თეატრის ნაცვლად აშენდა. ვიღაცისთვის კი აქაური ღამის კლუბები, სადაც გათენებამდე ისმის თურქულ-ევროპულ-ამერიკული მუსიკა, სადაც ადგილობრივი ტრანსვესტიტები, მათი სუტენიორები და რუსეთიდან თურქეთის დასაპყრობად ჩამოსული „ნატაშები“ მშვიდობიანად თანაარსებობენ ჩალმებში გამოწყობილ ფუნდამენტალისტ ქალებთან.

0x01 graphic

ამ გზაზე უამრავი ორიენტირია - გინდა პური აირჩიე, გინდა სანახაობა... გინდა სული ასიამოვნე, გინდა სხეული!

0x01 graphic

„სიამოვნების გზას“ ბოლომდე როცა ჩაუვლით, „პერა“ დაგხვდებათ... ისე, როგორც ერთი საუკუნის წინ - „ევროპულად“ გამოწყობილი შვეიცარით, რომელიც აღმოსავლეთის ექსპრესის მგზავრებს ფართოდ უხსნიდა სასტუმროს კარს.

თუკი „პერას“ დათვალიერება მოინდომეთ, არავითარ შემთხვევაში არ მოირგოთ მარტოხელა ტურისტის როლი და სასტუმროში შესვლისას, თვალების ცეცება არ დაიწყოთ.

პირველად ასე მოვხვდი „პერაში“. მე, თეომ და გიორგიმ თავი დავადეთ და დაუკითხავად ჩავჯექით ბროლის მინებით გაფორმებულ ჭრიალა ხის ლიფტში. ბებერ ლიფტიორს, რომელიც თავად თვალებს ცოტა აცეცებდა, როგორც ჩანს, მოვეწონეთ, ან, უბრალოდ, „აღმოსავლეთის ექსპრესის“ მგზავრები, ე.ი. სასტუმროს კლიენტები ვეგონეთ... გვკითხა, „პერას“ დათვალიერება ხომ არ გნებავთო.

შემოგვატარა სასტუმროს დერეფნები, კაფეები, რესტორანი. პირადად გაგვიწია მეგზურობა მრუდე ხაზების, მარმარილოს, ლითონისა და ფერადი მინის სამყაროში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვითაა კლასიკური ევროპული „არ ნუვო“, ე.ი. იმ დროის არქიტექტურა, როცა ფერწერაში მოდას იმპრესიონისტები ამკვიდრებდნენ.

იმპრესიონისტებმა დროის გამოხატვა სინათლით სცადეს. მათი „ისტორია“ კი დასრულდა მატისით, რომელმაც ისლამური ხელოვნების გავლენა განიცადა. აღმოჩნდა, რომ შუქი - ისლამისთვისაც წმიდათაწმიდაა, მაგრამ ევროპელებისგან განსხვავებით, შუქი - დროის გარეშე. რაღაცნაირი, მარადიული სინათლე!

„პერა“ ანრი მატისია არქიტექტურაში. მას შემდეგ, რაც „პერას“ მრუდე ხაზების სამყაროს ეზიარებით, სხვადასხვა ფაქტურებისა და ფერისგან შექმნილ სინათლის სხივს გაუყვებით და სასტუმროს რომელიმე ოთახის აივნიდან ბოსფორის სრუტეს გადახედავთ, მიხვდებით, რომ სტამბოლი უზარმაზარ საახალწლო ნაძვის ხეს ჰგავს. აქედან დანახული სტამბოლიც არასდროს მოგბეზრდებათ, ბავშვობა გაგახსენდებათ, როცა ნაძვის ხის დაშლის რიტუალი ყველაზე მეტად გძულდათ ამქვეყნად.

0x01 graphic

„- ეფენდი, ათათურქის ოთახის ნახვას ხომ არ ინებებთ?“ - მკითხა ჩვენმა ლიფტიორმა, როცა „პერას“ აივანზე ბეიოღლუში დასახლებულ ბაირონზე დავიწყე ფიქრი. „სიყვარული მხოლოდ თავისუფალი ადამიანის ხვედრია!“ - რატომ მიხვდა ამას მაინცდამაინც სტამბოლში?

ლიფტიორმა 101-ე ოთახში შეგვიყვანა; იქ, სადაც მუსტაფა ათათურქი 1918 წელს, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ გაჩერდა. ეს ოთახი დღეს „მუზეუმად“ აქციეს. თუმცა, შესაძლებელია სწორედ იმიტომ, რომ თურქებს დრო მაინცდამაინც არ აშინებთ და სამუზეუმო ექსპონატების „გაფეტიშება“ არ უყვართ. აქ თავისუფლად შეგიძლიათ ხელით შეეხოთ ექსპონატებს. მე, თეო და გიორგი ათათურქის საწოლზე ჩამოვჯექით და ლეიბზე ცოტა „ვიხტუნავეთ“ კიდეც.

ამასობაში საოცრება მოხდა - ლიფტიორი სადღაც გაუჩინარდა. დაგვტოვა ასე მარტო, თურქეთის საამაყო შვილის საწოლზე.

თურქეთში მოგზაურობისას ხშირად მიფიქრია, თბილისში რომ დავბრუნდები, აუცილებლად უნდა გავარკვიო, შემთხვევით თურქული სისხლი ხომ არ მირევია... აბა, როგორ შეიძლება ასე არანორმალურად გიყვარდეს ეს ქვეყანა! მერე სულ მავიწყდება ხოლმე. თანაც, ვიცი, რომ მაინც ვერ გავიგებ.

„როგორი ხალხია მაინც. როგორ ენდობიან ადამიანებს. აი, ამას ჰქვია სტუმართმოყვარეობა!“ - შენიშნა თეომ.

„იდიოტები. რატომ არ წამოგვყვნენ. მუქთად ნახავდნენ ამ საოცრებას“ - დათო და მაია ვიგულისხმე, ჩვენი მეგობრები, რომელთაც „პერას“ დათვალიერებას სტამბოლის ბაზარზე ხეტიალი არჩიეს.

„პერათი“ მოჯადოებულებმა, გადავწყვიტეთ მათთვის გვეთქვა, რაოდენ ადვილად შეიძლება შეაღწიო სასტუმროში, სადაც გრეტა გარბოს, ჟაკლინ ონასისის, სარა ბერნარის, მატა ჰარის, ლევ ტროცკის სულები ბობოქრობენ. („სულების“ გვარები საგანგებოდაა მითითებული „პერას“ ნომრებზე). გადავწყვიტეთ, სამ ხმაში გაგველანძღა იოსიფ ბროდსკი, რომელიც 1985 წელს „პერაში“ გაჩერდა, მერე კი აღიარა, რომ ვერ აიტანა სტამბოლი - „აყროლებული ქალაქი საშინელი მტვერითა და სივიწროვით“.

0x01 graphic

ბროდსკიმ სწორედ „პერა პალასში“ ნახა საზარელი სიზმარი - უზარმაზარი კატები, რომლებიც ვირთხებს უმკლავდებოდნენ.

1926 წელს აგატა კრისტიმ სწორედ „პერაში“ დაწერა „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“.

დასავლელ ადამიანს ფერად ნისლში სიარულის ეშინია. „პერას“ სიჭრელე - ევროპის ეს აღმოსავლური იმიტაცია, ერთნაირად როდი ხიბლავს ყველას.

აღმოსავლეთის დასავლური იმიტაცია, იცოცხლე!.. გვიყვარს ორიენტალიზმი! ინდოეთი და ნეპალიც აღგვაგზნებს - ვმკვიდრდებით ეგზოტიკურ სივრცეში. საერთოდ, მოგვწონს, როცა ჩვენ ვათვალიერებთ და არა პირიქით...

ბეიოღლუ, თავისი „პერათი“, ევროპის ეს უტრირებული სახე, მხოლოდ თავიდან გიქმნის ილუზიას, რომ აქ რაღაცას ათვალიერებ.

სინამდვილეში, ევროპელები, მათ ორის ჩვენც, „უძველესი ევროპელები“, თავისებურ სატყუარაში ვხვდებით, რომელიც ბოლოს და ბოლოს გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი ცივილიზაცია ნელ-ნელა სამუზეუმო ექსპონატად იქცევა. „პერა პალასი“, თავისი დიდი მინებით, მართლაც სარკეში გვახედებს. აი, თითქოს ჩამოგვიყვანა „აღმოსავლეთის ექსპრესმა“ ერთი ცივილიზაციიდან მეორეში, ეს „მეორე“ თითქოს ხელგაშლილი შემოგვეგება, ჩვენს ენაზე დაგვიწყო ლაპარაკი, ჩვენი, ევროპული სტილით, კომფორტი შეგვიქმნა, დაგვპირდა, სიკვდილამდე მეყვარები, ოღონდ იცოდე, რომ შენ არა ხარ ყველაფერი, შენ არ წყვეტ სამყაროს ბედს, გადი აივანზე, გაიხედე გარეთ და დაინახავ, რომ არც ისტორია არსებობს და არც დრო... ერთიც და მეორეც თქვენ მოიგონეთ, ევროპელებმა! მოიგონეთ, და მერე შეგეშინდათ იმის, რაც შექმენით.

ერთი ღამე „პერა-პალასში“ 100 ევრო ღირს.

რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გადმოვსახლდით „დასავლურ-აღმოსავლურ დივან-სასტუმროში“, რათა დილაობით იმ ევროპელებთან ერთად გვესაუზმა, რომლებიც აზიაშიც ევროპას ეძებენ... ანუ ეძებენ საკუთარ თავს უცხო გარემოში - არაცნობიერში. ტროცკის ნომერი არ მომცეს - მაგის დაჯავშნა ერთი წლით ადრე ხდებაო.

დათოს და მაიას კი, იცით, რა მოუვიდა? სასტუმროში როცა გვეწვივნენ, მათაც „პერას“ შვეიცარი შეეგება, სალაროსთან მიიყვანა და უთხრა: „სასტუმროს დათვალიერება თუ გნებავთ, ბილეთი უნდა შეიძინოთ. ფასი 30 ევრო“.

არადა, გავაფრთხილე, რომ შემოხვალთ, თვალები არ აცეცოთ-მეთქი.

11 ქალაქი - პალიმფსესტი

▲back to top


ავტორი: გიორგი ლობჟანიძე

სტამბოლში სულ ოთხჯერ, თითო-თითო დღით ვარ ნამყოფი და ამის მიუხედავად, ის მაინც ჩემი უსაყვარლესი ქალაქია. არ ვიცი, რითი მომნუსხა ასე. ალბათ იმით, რომ თურქეთი აღმოსავლეთის ის ქვეყანაა, სადაც ენის უცოდინრობის გამო, შემიძლია თავს დილეტანტიზმის უფლება მივცე და მეც ჩვეულებრივი, უცხოელი ტურისტივით ეგზოტიკის მორევში დავინთქა. აღმოსავლეთი ეგზოტიკისა და არა - პროფესიული ინტერესის დონეზე მივიღო. შესაძლოა, იმიტომაც, რომ სტამბულში გაჩერება ოთხივეჯერ კაიროსაკენ მიმავალს ან იქიდან თბილისში მომავალს მომიხდა და ეს ქალაქი ევროპასა და აზიას შორის მდებარე ერთგვარ ულამაზეს სადგურად აღვიქვი.

ახლა კაიროში წასვლა სტამბოლის, სტამბოლში გაჩერების გამოც მახარებს. ამ ქალაქში დილაუთენია ჩავფრინდები. სასტუმროში ერთი-ორი საათი წავუძინებ და მერე შემიძლია მთელი დღე შეუსვენებლად ვიხეტიალო მშვენიერ ქუჩებში, ულამაზესი მეჩეთების ეზოში ჩამოვჯდე ანდა რომელიმე ტრადიციულ კაფეში ფინჯანი ყავის დასალევად მოვირთხა ფეხი. ყავაც უგემრიელესია, გარემოც შესაფერისი და გულიანი, ალალი თურქებიც სულ არ ჰგვანან ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოდან ნაცნობ აგრესორებს.

ცა ულურჯესია, თითქოს ალაგ-ალაგ იზნიქება და მიწამდე ჩამოდის, ძირის კი ბოსფორის სრუტე გაწოლილა და მკერდს უშვერს ზეცას, რომელსაც ზემოთ აია-სოფიასა და სხვა მეჩეთთა გუმბათ-მინარეთებიღა აკავებს. ყველაფერი ზღაპარს ემსგავსება და ყველაფერი უზრუნველ ბავშვობაში მაბრუნებს.

საქმე ისაა, რომ პირველი წიგნი, რომელიც ხუთი წლისამ, უფროსების დაუხმარებლად წავიკითხე, ლია ჩლაიძისა და ირინე გოცირიძის მიერ თარგმნილი თურქული ზღაპრები იყო. ამ ზღაპრების კრებულს ჩემამდე ხუთი უფროსი დის ხელში გამოევლო და ამიტომაც, როცა ჯერმა ჩემზეც უწია, დაფურცლული ეყარა ძველისძველ სკივრში, სადაც რატომღაც უფროსი დების საკონტროლო წერის რვეულებს, ნიშნების ფურცლებს, ქების სიგელებს და სხვა ასეთ უსარგებლო „სიგელ-გუჯარებს“ ინახავდნენ. ამ სკივრში ხელის ფათური ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა იყო და ერთხელაც ხელში თურქული ზღაპრების ნაგლეჯი ამომყვა. კითხვა დავიწყე და როცა ზღაპარი გამიწყდა, დანარჩენი ფურცლების, ზღაპრის დასასრულის ძებნას შევუდექი. მთელი სკივრი გადავაქოთე, მოვძებნე ყველა ფურცელი, ხელახლა ავკინძე წიგნი და ასე წავიკითხე თურქული ზღაპრები.

მგონი, მას შემდეგ, მგონი კი არა, სწორედ მას შემდეგ დამრჩა ჩემი ქალაქის, გაუჩინარებული ქალაქის დარდი, სადაც იმ თურქული ზღაპრების ტრადიციული დასაწყისისა არ იყოს:

„დროსა შიგან, ძველსა შიგან, საცერისა დროსა შიგან, როს ეშმაკნი ჯირითობდნენ ძველსა აბანოსა შიგან, აქედანა, იქიდანა, მეც არ ვიცი, საიდანა, მესაზამთროვე გამოხტა აი, იმა კუთხიდანა: აი, ბატონო, ვაი ბატონო, საზამთრო და რა საზამთრო. არც სასწორზე დაიდება, არც მეტრობით იზომება, არც არშინით იზომება, თვალით თითქოს ინახვის და მნახველი კი არ იქნება, ნაქსოვია თითქოს ხელით, მაგრამ არ კი იქსოვება...“

პირველად, როცა სტამბოლში ჩავფრინდი, სწორედ ამ გაუჩინარებულ ქალაქში დაბრუნების განცდა დამეუფლა. ეს განცდა ისეთი მძაფრი იყო, სულ აქეთ-იქით ვიყურებოდი, სადაცაა საიდანმე ჩემი ნაცნობი მესაზამთროვეც გამოხტება-მეთქი.

ჩვენი სასტუმრო სტამბოლის საამაყო მიწისზედა მეტროდან ორ ნაბიჯზე იდგა, მაგრამ ქუჩას ქალაქის მოედნამდე ანუ აია-სოფიას დიდებულ ტაძრამდე ფეხით დავუყევი.

ქალაქი თავისი მოკირწყლული ქუჩებითა და წითელი სახურავებით რაღაცით მშობლიურ თბილისსაც გაგახსენებთ. ცენტრისაკენ მიმავალი გზა კი, რაც უფრო უახლოვდება აია-სოფიას ტაძარს, მით უფრო იშლება და ფერადოვან ხალიჩას ემსგავსება. თითოეული ნაგებობა ამ ხალიჩის ულამაზესი ნაყშივით ელვარებს, მთავარი ნაყში კი, რა თქმა უნდა, აია-სოფიაა.

ეს ქუჩა მოედნამდე უთვალავ ბრჭყვიალა მაღაზიასაც გაივლის. სტამბოლი აღებ-მიცემობის ქალაქია და აქ ვაჭრობა მაისის ხასხასა ვარდივით იფურჩქნება. იყიდება ტურისტთათვის შეფუთული აღმოსავლეთი - აღმოსავლური ყოფის ათას ერთ სუვენირად დაქუცმაცებული ყველა რეალია; ხოლო თუ მოგზაურს გემოვნებასთან ერთად ჯიბეც არ ღალატობს, შეუძლია აქედან მართლაც ხელდამშვენებულმა გასწიოს შინისაკენ.

მაღაზიათა ეს კასკადი მორევივით ეხვევა სტამბოლის უზარმაზარ აღმოსავლეთისათვის ტიპურ ანუ დახურულ ბაზარში. ამ ბაზარმა გამოუცდელი კაცი შეიძლება მართლაც მორევივით ჩაითრიოს და, ეს თუ დაგემართა, შენი საქმე წასულია: ათასი წელი თავთხელს, ფონსა თუ გამოსავალს ვეღარსად იპოვი.

ბაზრის შესასვლელთან შავტუხა ჯეელი დგას და მე და ჩემს მეგობარს შორიდან გვიღიმის. გვერდით რომ ჩავუარეთ, რატომღაც სპარსულად ჩაგვჩურჩულა: „ქალები არ გინდათ? ლამაზი ქალები მყავს!“

მისი დერვიშული სიფათი ხუმრობის გუნებაზე მაყენებს, მაგრამ სერიოზულობას ვინარჩუნებ და რაც შეიძლება მკაცრად ვეუბნები: „არა, ბატონო, მადლობას მოგახსენებთ!“ ის კი ისევ მოგვყვება და ცდილობს საუბრის ძაფი ხელიდან არ გაუშვას. „რომელი ოსთანიდან (ირანის რომელი პროვინციიდან) ხართ?!“ „ირანელი არა ვარ, ქართველი ვარ!“ - ცალყბად ვეუბნები და ვცდილობ, ხელიდან დავუძვრე თუ თავიდან მოვიშორო. სუტენიორი კი დამტვრეული სპარსულიდან მაშინვე დალეწილ რუსულზე გადადის და იმავეს ახლა რუსულად გვეკითხება: „დევუჩკი ნე ხათითე?!“

ნეტავ რა შემატყო ამ კაცმა სუპერმენობისა ან ეს ჩემი დაგროვილი სექსუალური ვულკანები რაღა მაინცდამაინც სტამბოლში უნდა ამოვუშვა ბოთლში დამწყვდეული ჯინებივით?! არა, ბატონო, არც მე ვარ ის ბოთლი და არც მასში გამომწყვდეული ხურუშია ის ჯინი, შეჩვეული აუმღვრეველი გარემო საეჭვო თავისუფლებაზე გადაცვალოს. ამიტომაც: „ველამ ქონ, ბაბა!“ - თავი დამანებე, კაცო-მეთქი, ისევ სპარსულად, თანაც ხაზგასმული სიუხეშით ვეუბნები და ბოლოს და ბოლოს, აბერზარი ჯეელიც თავს მანებებს.

მაგრამ ეს სცილა იყო, მეორე მხრიდან კი ქარიბდა მოგვიხტა და იმან რატომღაც არაბულად გვიხმო: „თა'ალა, ია ჰაბიბი! - მოდი, საყვარელო!“

ამ ულავაშას საყვარლობაღა მაკლდა! ესეც ჩემი საზამთროს კაცი!

ულვაშას უფრო მორალური მიზნები ამოძრავებს - ტყავის ქურთუკები აქვს გასასაღებელი და ფიქრობს, რომ ჩვენი სახით, სასურველი მუშტარი იშოვა. რა იცის ულვაშამ, რომ ჩემი მწირი ოცდაათი დოლარი აიასოფიას დასათვალიერებლად შემოვინახე და ეს თანხაც მხოლოდ ორი სართულის დასათვალიერებლად თუ მეყოფა, რადგან მის თითოეულ სართულზე მოხვედრა, ოფიციალურად, თხუთმეტი დოლარი ღირს. ამ ოცდაათი დოლარიდანაც ერთი სართულის ფული უცნაური დანაზოგის წყალობით შემომრჩა: საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო დროს დადებული ერთი გონივრული ხელშეკრულების (დიახ, თურმე ასეთი რამეც ხდება და ზოგჯერ გონივრული სამთავრობო ხელშეკრულებებიც იდება!) საფუძველზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ეს კი პირდაპირ აისახა ჩემს ღარიბულ ტურისტულ ბიუჯეტზე და ახლა აია-სოფიას ერთი სართულის ნაცვლად, მთელი ორი სართულის დათვალიერება შემიძლია. ამიტომაც არ ვიყიდი იმ ოხერ ტყავის ქურთუკს. რომელი პოლიციელი ან „კაგებეშნიკი“ მე ვარ, რომ მაგათ სულელურ უნიფორმაში გავიზმანო?! ის კი არა, იქით პერანგსაც გავყიდი, თუ იმ ფულით აია-სოფიას კიდევ ერთ სართულს დავათვალიერებ! ისე, ამ თურქებს ბილეთების სართულ-სართულ გაყიდვა რაღამ მოაფიქრათ?! „მეტის ღირსნი არიან ბიზანტიელები, პიპა!“

ბიზანტიელებზე გამახსენდა: სტამბოლი პალიმფსესტივით ქალაქია, სადაც წაშლილ კონსტანტინეპოლზე ახალი ტექსტივით გადაუწერიათ მუსლიმური მეჩეთ-მიზგითები.

ეს ტექსტი ისე ოსტატურადაა შეკრული, რომ მისი ავტორის გემოვნებაში წუნს ვერაფრით შეიტან. ტექსტს კი, ძირითადად, ერთი ავტორი ჰყავს - ლეგენდარული არქიტექტორი სინანი, რომელმაც თითქმის ერთი საუკუნე იცოცხლა და აქედან, სულ მცირე, სამოცდაათი წელი მშობლიური ქვეყნისა და მისი უმთავრესი ქალაქის აღმშენებლობას შეალია.

სინანის ბიოგრაფია თითქოს შეკუმშულად იმეორებს რეგიონში ქრისტიანობისა და მისი მთავარი ციტადელის - კონსტანტინოპოლის ტრაგიკულ ისტორიას. სწორედ ამ გამაჰმადიანებული ქრისტიანი კაცის დამსახურებაა შუა საუკუნეთა სტამბოლის არქიტექტურული იერსახე, რომლის ხუროთმოძღვრული შტრიხებიც, აია-სოფიასთან ერთად, მის მიერ აგებული უბრწყინვალესი მეჩეთებითაც იკვეთება.

ამ მეჩეთთაგან სამი მაინც გამორჩეული და განსაკუთრებულია: შაჰზადე მეჰმედის, სულეიმანიესა და სელიმიეს ცნობილი მიზგითები.

ამბობენ, რომ თვითონ სინანი შაჰზადე მეჰმედის მეჩეთს შეგირდის ნამუშევარს, სულეიმანიეს - ოსტატობამდელ, ხოლო სელიმიეს ოსტატის ნახელავს უწოდებდა.

სამიდან ბოლო - სელიმიეს მეჩეთი - ქალაქ ედირნეში დგას, პირველი ორი სტამბოლში მინახავს და მიკვრის: თუ შეგირდისა და ოსტატობამდელი ნამუშევარი ასეთია, ოსტატის ნახელავი სელიმიე რაღა უნდა იყოს!

შაჰზადე მეჰმედის მეჩეთი 1543 წელს სინანისადმი სულტნის პირველი დაკვეთა იყო. სულ რაღაც ხუთ წელიწადში კი, მან ეს ბრწყინვალე არქიტექტურული კომპლექსი ააგო. „შაჰზადე“ უფლისწულს ნიშნავს. მეჰმედი - სულეიმანის პირველი და უსაყვარლესი შვილი - 22 წლისა შავი ჭირით გარდაიცვალა. მგლოვიარე სულტანმა მისი სულის საოხად ააგებინა მეჩეთი, რომლის გალავანშიც დაკრძალეს ჭაბუკი უფლისწული.

„შაჰზადე მეჰდიეს“ გუმბათის დიამეტრი 19 მეტრია, იატაკიდან ჭერამდე კი 37 მეტრი სიმაღლეა. ოთხი ურთიერთგადამკვეთი ნახევარგუმბათი მთლიანობაში ჯვრის სიმეტრიულ ფიგურას იძლევა. ეს გეგმა ლაპიდარულია, დაწურული. ასეთ გეგმას ვერ შეეხუმრები, თუმცა ის მანამდე უკვე გამოეცადათ: სტამბოლში ფათიჰასა (1471) და ბაიაზიდის (1506) მიზგითები სწორედ ასეთი არქიტექტურული სქემითაა ნაშენები.

ამავე სქემით მუშაობდა ჩვენი არქიტექტორიც და თითქოს ამ მეჩეთით თავისთვის სიმეტრიის თემის ამოწურვა ეწადა. თუმცა სინანმა ამ კომპლექსს მხოლოდ მისი ხელოვნებისათვის ნიშნეული ელასტიურობაც მიანიჭა. მიზგითი ნახევარგუმბათებითა და თაღებით შეამკო, რომელთა დამგვირგვინებელი კონტრფორსები გუმბათს ისე პროპორციულად მიემართება, რომ მნახველს ეჩვენება, თითქოს მეჩეთი ციდან მიწაზე მართკუთხა სამკუთხედის ხაზებით ეშვებაო. მეჩეთის შიგნით უხვი თავისუფალი სივრცეა. სამი საყრდენი ბურჯი არცთუ ისე მასიურია, თუმცა განცალკევებით დგას და თითქოს კედლებს არც კი უერთდება. აქ გვერდითი გალერეები არ გვხვდება, ამიტომაც პირველი შთაბეჭდილება მეჩეთის ღიაობა, დაუცველობა და, თუ გნებავთ, იოლად მოწყვლადობაა. კონტრაპუნქტში ფასადთა შეფუთულობა და შიდა სიპირქუშე კი შაჰზადეს საპარასკეო მეჩეთს განუმეორებელ იერსახეს აძლევს.

0x01 graphic

მეორე შესანიშნავი მიზგითი - სულეიმანიეს დიდებული კომპლექსი, რომლის მშენებლობაც 1550 წელს დაიწყო და შვიდ წელიწადში დასრულდა, მრავალპლანიანი და რთული გეგმისაა. ესაა ქალაქი ქალაქში, ქვის მონუმენტური სავანე, რომლის შიგნითაც ხეტიალი მთელი დღე შეიძლება. აქ თავს იყრის რამდენიმე მედრესე, საავადმყოფო, უპოვართა თავშესაფარი, სასადილო, ქარვასლა, აბანო და საპირფარეშო, შადრევნები, სათამაშო მოედანი და ხელოსანთა რიგები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული პატივით მჭედლები სარგებლობდნენ, რადგან თვითონ სულტანი სულეიმანი ჭედურობის ოსტატი ყოფილა.

სულეიმანიესა და აია-სოფიას ტაძარს ერთმანეთისაგან სივრცეში დაახლოებით ერთი კილომეტრი, ხოლო დროში ერთი საუკუნე აშორებს. თუმცა ორივე ეს ძეგლი ერთი და იმავე ხასიათისაა. ორივე იმპერიის აყვავების ხანაშია აგებული და ერთიცა და მეორეც სახელმწიფოს ძალისა და დიდების გამომხატველ, იმპერიის ძლევამოსილების თავისებურ ღაღადისად უნდა ქცეულიყო.

თქმა არ უნდა, რომ მეჩეთზე მუშაობისას სინანს თვალწინ აია-სოფიას დიდებული ტაძარი ედგა. მისი სულეიმანიე აია-სოფიას აშკარა წაბაძვითაა აგებული. გეგმაც კი - ორი ნახევარგუმბათი ერთ ღერძზე, ოთხი საყდენი ბურჯი და წრე კვადრატში - დემონსტრაციულად უწინდელია. მაგრამ, როგორც ჩანს, ხუროთმოძღვარს სურდა, თავისი ნახელავით ბერძნულ ფორმებზე ისლამის იდეის უპირატესობაც დაემტკიცებინა: სოფიას გუმბათი შეუმჩნეველი სარკმლებით ნათდება. ის ტაძრისაგან არ გამოიყოფა და თავს ზემოთ მფრინავი თეფშივით დაცურავს. სინანის გუმბათის დიამეტრი კი უფრო მცირეა (26 10) და დაბალია (53 56), მაგრამ მეჩეთში შესული კაცი წამსვე მისი უხილავი წნეხის ქვეშ ექცევა, რადგან უეცრად სივრცის იმ ჩქერალში გაეხვევა, რომელიც მაღალი იალქნებით ზემოდან ქვემოთ, ადამიანისაკენ მოისწრაფის.

აია სოფია მისტერიაა: გალერეები, მიჯნები, ფარდულები... ადამიანი კი, ამ ტაძარში მოხვედრილი, მაინც მარტოა და მისი საიდუმლოც უწინდებურად ცხრა ბეჭდითაა დალუქული.

სულეიმანიე, პირიქით, ღია სივრცეა. ღვთიური შუქი ადამიანს აქ თითქოს გარედან კი არ ანათებს, შიგნიდან ასხივოსნებს. აია-სოფიაში კაცი ანტიკურობას შეიგრძნობს და დროისა და ფორმის მიჯნებს თავს გონების მეოხებით აღწევს, სინანის მეჩეთი კი ადამიანს ერთბაშად და დაუნანებლად ეძლევა, ზუსტად ისე, როგორც უფალი გვიბოძებს სიცოცხლეს ჩასახვის მომენტში!

მეჩეთს ოთხი მინარეთი აქვს. მისი დამკვეთი სულტანი სულეიმანი სტამბოლის მეოთხე მბრძანებელი იყო, ხოლო თაღი ათია, რაც სიმბოლურად „ოსმანის მეოთხე ძეს“ გამოხატავს.

მეჩეთის გაღებისას, ათასობით სასანთლეს ანთებდნენ. ასეთ განათებაზე ღამითაც კი გარკვევით მოჩანდა გუმბათის ულამაზესი წარწერა ყურანის სურიდან: „ალაჰია ნათელი ცათა და ქვეყნისა.“

სანამ „ცისფერ მეჩეთსა“ და აია-სოფიას შორის მდებარე პარკში ვზივარ და მუსლიმურ არქიტექტურაზე ვფიქრობ, ამასობაში თანდათან ბინდდება. მოედანზე თავმოყრილი მტრედები ნელ-ნელა იშლებიან და ნაწილი თავს აია-სოფიას, ნაწილი კი „ცისფერ მეჩეთს“ აფარებს. რელიგიური ტოლერანტულობის ბრწყინვალე მაგალითი! „ქრისტიანი“ და „მუსლიმი“ მტრედები მთელ სიცოცხლეს ერთად ატარებენ, მაგრამ ღამით თავს ყველა საკუთარ ტაძარში მიიდრეკს.

ყავახანები ყავის ნახევრადმისტიკურ სურნელსა და ოხშივარში ჩაძირულან. მე კი ვდგები, რომ იქვე, ახლოს წიგნების ერთ საუკეთესო მაღაზიაში შესვლაც მოვასწრო. მართალია, ყველა წიგნი ისეთი ძვირია, რომ მხოლოდ გადათვალიერებას თუ შევძლებ, მაგრამ მაინც იქ მირჩევნია, რადგან ბიბლიოთეკაში უფრო მშვიდად და აუმღვრევლად ვგრძნობ თავს, ვიდრე მუზეუმად გადაკეთებულ ტაძარში, რომლის თითოეული სართულის დათვალიერება თხუთმეტი დოლარი ღირს.

მზერით ვეფერები ბოსფორის სრუტეს და გზას მაღაზიისაკენ მივუყვები. აქ ევროპულ ენებზე საუცხოოდ გამოცემულ წიგნებში თანამედროვე თურქული ლიტერატურის მეტრის - ორჰან ფამუქის რომანებიცაა. ალალბედზე ერთ-ერთ რომანს ვიღებ, რომელსაც წინ მწერლის ინტერვიუ უძღვის - „ჩემს სტამბოლში გამუდმებით თოვს“...

გამუდმებით თოვს ფამუქის სტამბოლში და ეს თოვლი ბიზანტიელ ჰიმნოგრაფთა საფლავებს ადნება...

ასეთია ქალაქი-პალიმფსესტი, რომელიც ღმერთმა მშვიდობაში მოახმარა იმას, ვისაც მისი მოვლის შნო და უნარი აღმოაჩნდა.

ოღონდ მე რატომღა მემშობლიურება ასე? არა მგონია, მხოლოდ ბიზანტიური კულტურის გამო, რომელსაც ფსიქიკურ-მენტალური აღნაგობით ვეკუთვნი...

ეს ქალაქი რაღაც ძალიან სევდიანად, ძალზე ავბედითად მაგონებს თბილისს...

12 ვერისბაღელები

▲back to top


ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: არქივი

0x01 graphic

რაღაც არანორმალური თვისება მაქვს - ისეთი რამეების მიმართ მიჩნდება ნოსტალგია, რაც არასოდეს განმიცდია, მინახავს, გამისინჯავს. ვინმე მეტყვის: ეგ, რაც შენ გჭირს, ნოსტალგია კი არა, უბრალო ინტერესიაო. ჩემთვის ყველაზე ახლობელი შენ ხარ, ვინც მკითხულობ და ამიტომაც ვერ მოგატყუებ - ინტერესი კი არა, ნამდვილი ნოსტალგიაა, თავისი დეპრესიებით, დაღონებული გამომეტყველებით და არეულ-დარეული ფიქრებით.

ისე, ეს თბილისიც ისეთი მოწყენილი ქალაქია, - მით უფრო მაშინ, როცა მოღრუბლულია; - არაფერი მიკვირს, - განსაკუთრებით ნოსტალგიები.

მაგარი რამეა ადამიანი - feelოსოფიურად ცდილობს თქვას ის, რაც ყველაზე მარტივი სათქმელია. მეც ეგ მინდოდა, მაგრამ არ გამომდის. შარშან მოსმენილი ისტორიები გამახსენდა და ნოსტალგიაც ამ მიმართულებით განვითარდა.

ერთი სიტყვით, ძველი ამბავია - ვერისბაღ(ელებ).

ბაღები, პარკები... ამათი არაფერი გამეგება. არასოდეს ჰქონია ჩემს ოჯახს ბაღებში და პარკებში საღამოობით სეირნობის ტრადიცია. ალბათ იმიტომ, რომ სახლშიც მშვენივრად გრძნობდნენ თავს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი ბავშვობა, 77 ნომერში, ჩემს ეზოში მახსოვს და არა რომელიმე ბაღში ან პარკში. მოკლედ, ისეთივე ბავშვობა მქონდა, როგორიც ძალიან ბევრ თბილისელ ბიჭს - ასფალტიანი, მიშენებებიანი, გარაჟებიანი...

ბავშვი რა, უკვე 12-ის ვიყავი, ვერის ბაღის კორტებზე რომ დავიწყე ვარჯიში. ეგ იყო და ეგ, მეტი არანაირი ურთიერთობა არ მქონია არც ბაღებთან (თუ ბაგა-ბაღს არ ჩავთვლი), არც - პარკებთან.

„ვერისბაღელები მაგრები იყვნენ!“ - ბევრისგან მსმენია ეს ფრაზა. მომინდა გამეგო, რით იყვნენ მაგრები და გავიგე კიდეც. ამისთვის იმ ადამიანებად გადაქცევა, მათში შეღწევა (აი, კიდევ ერთი ფეელოსოფიური გამოვლინება) მომიწია, რომლებსაც „ვერისბაღელები“ ერქვათ.

ჰაიდპარკში არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ არა მგონია იქ იმდენ სენსაციურ, ანეკდოტურ, ფანტასტიკურ და გადასარევ ამბებს ყვებოდნენ, როგორც კიროვის პარკში.

მე, მაგალითად, პირველად აქ გავიგონე, რომ სპარსეთის პრემიერ-მინისტრი მოსადიკი აფერისტი ყოფილა, რომ ჩერჩილი დღეში სამ ბოთლ კონიაკს სვამს, რომ ტრუმენმა მოწამლა რუზველტი, რომ ჰარიმანი 14 წლამდე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა და ბორია პაიჭაძე ბასკებთან ოქროს ბუცებით თამაშობდა.

კიროვის პარკში ყოველდღე იხსნებიან და ინიშნებიან მინისტრები, დირექტორები, გამგეები, რედაქტორები და მილიციის უფროსებიც კი, არა მარტო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის, არამედ საზღვარგარეთისანიც. კიროვის პარკი დუღს და გადადუღს პენსიონერებით, ჯარისკაცებთან პაემანზე მოსული შინამოსამსახურეებით, ზაფხულში უაგარაკოდ დარჩენილი მოქალაქეებით, ბავშვიანი დედებით, შინაბერა დედაკაცებითა და მამაკაცებით, გასათხოვარი გოგონებით, საცოლო ვაჟკაცებით, ფეხბურთის გულშემატკივრებით, უბინაო სტუდენტებითა და საერთოდ, სტუდენტებით. კიროვის ბაღში ყველა კატეგორიის ხალხს თავისი კუთხე აქვს: მოჭადრაკეები ქვევით, მყუდრო ადგილას სხედან, დომინოს მოყვარულები - გადაჭრილ მორებთან, ფეხბურთის გულშემატკივრები - წყლის სოკოსთან, პოლიტიკოსები სასაუზმეპავილიონთან, შეყვარებულები - სულ ქვევით, მტირალა თუთებისა და ტირიფების ჩრდილში, პენსიონერები - ელექტრობოძზე ჩამოკიდებული რეპროდუქტორის ქვეშ, ბავშვიანი ქალები - უწყლო შადრევანთან, და ასე შემდეგ.”

ნოდარ დუმბაძე, მზიანი ღამე

0x01 graphic

ვერის ბაღი იყო ერთი დიდი უნივერსიტეტი, რომელშიც, სამწუხაროდ (ქართველებისთვის და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვისაც), მხოლოდ ქართველები ისმენდნენ „სემინარებს“, ესწრებოდნენ „ლექციებს“. ბევრი ვერისბაღელი (დღესაც და მაშინაც) მაღალ თანამდებობებზე არიან, განათლება მიღებული აქვთ მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში, მაგრამ დღესაც აღიარებენ, რომ ყველაზე დიდი სკოლა მათთვის ვერის ბაღი იყო, რადგან იქ, ისწავლებოდა ის, რასაც ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ ამოიკითხავ.

ვერის ბაღის არაოფიციალური კლუბი სტიქიურად ჩამოყალიბდა. ის ბუნებრივად შეიქმნა იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრა და თავისუფალი აზრის გამოთქმა, გაცვლა-გამოცვლა სურდათ. ცნობილია, რომ ვერისბაღელების მოძრაობა ფეხბურთით დაიწყო - გულშემატკივრების შეხვედრებით. თუმცა, ბევრისთვის ეს, უბრალოდ, საბაბი იყო. ყოველ შემთხვევაში, ბაღში ისეთი ხალხი დადიოდა, რომლებიც სხვადასხვა დარგში წამყვანი სპეციალისტები იყვნენ. არადა, ზოგიერთი გაუთვითცნობიერებელი მათ ლაყბობაში ღამისმთეველებს და უსაქმურებს ეძახდა. სინამდვილეში კი, ვერის ბაღი უნიკალური ფენომენი იყო, რომელმაც თაობებზე მოახდინა გავლენა და ქალაქური მიმდინარეობები, ჰუმანურობის დაუწერელი სახელმძღვანელოები შექმნა...

კლუბი ღია ცის ქვეშ იკრიბებოდა. მას აშკარად ჰქონდა პოლიტიკური ელფერი.

განსხვავებული პოლიტიკური აზროვნება და იზოლირებულ ყოფასთან ბრძოლა ყველაზე მეტად რუსეთის იმპერიალიზმის მიმართ ვლინდებოდა. არადა მაშინ, კომუნისტურ რეჟიმთან ბრძოლა დახვრეტით თუ არა, გადასახლებით მაინც მთავრდებოდა. ვერისბაღელებს საფუძვლიანად აკონტროლებდა საბჭოთა შიდა აგენტურა. აგენტები ბაღშიც დადიოდნენ და „ბაღელის“ სახელსაც ატარებდნენ, მაგრამ ჭეშმარიტმა ვერისბაღელებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ იყო აგენტი და ვინ - არა. საოცარი კი ის არის, რომ არასოდეს არცერთი ვერისბაღელი სუკში არ დაუბარებიათ. ალბათ, ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტს შემწყნარებლურად უყურებდა, ან საერთოდაც ერიდებოდნენ მათი არსებობის საზოგადოდ გამომზეურებას.

ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის გაჩნდა მოძრაობა „ვერისბაღელები“, რთულია. ეს ხომ არაოფიციალური ორგანიზაცია იყო, რომელიც დღითი დღე იზრდებოდა, უფრო მასიური ხდებოდა. ზოგისთვის ეს 58-ში დაიწყო - მაშინ, როცა შვედეთში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველობა მოიპოვა, ხალხმა კი (ქართველებმა) არაფერი იცოდა ამის შესახებ. მაშინ მიხვდნენ, თუ რაოდენ იზოლირებულ ქვეყანაში ცხოვრობენ - არ იცოდნენ ის, რაც მთელმა მსოფლიომ იცოდა, პატარა ბავშვმაც კი. ზოგიც მაშინ დაინტერესდა ვერისბაღელების აზრით, როდესაც საბჭოთა სისტემა ჩეხოსლოვაკიას გადაწვდა. მოკლედ, რთულია ზუსტი თარიღის დასახელება იმიტომ, რომ ეს არავინ იცის.

დროთა განმავლობაში ვერისბაღელების შესაძლებლობები გაიზარდა - სხვადასხვა წყაროდან უამრავ ინფორმაციას იღებდნენ. წყაროებს, რა თქმა უნდა, თავად წარმოადგენდნენ: ვერისბაღელები მეცნიერები, პროფესორები, სპორტსმენები, ხელოვანები იყვნენ... ამ ხალხს ჩამოჰქონდა ინფორმაცია იმ ქვეყნებიდან, რომელშიც გასტროლებზე, თუ ოფიციალურ შეხვედრებზე წასვლა უწევდათ. ინფორმაციის რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ვერისბაღელები ფოლკლენდის კუნძულებზე მსჯელობდნენ - თუ ვის ეკუთვნოდა ის - არგენტინას თუ ინგლისს; რა შედეგს მოუტანდა მსოფლიოს ცივი ომი; რატომ შეტენეს ლი ჰარვი ოსვალდს კენედის მკვლელობა და ვინ შეუკვეთა უილიამ მანჩესტერს „კენედის მკვლელობის“ დაწერა; ერთი სიტყვით, ვერისბაღელები ერთადერთი ჯგუფი იყო, რომელიც იმ ინფორმაციას ფლობდა, რასაც საბჭოთა სისტემა მოსახლეობას უმალავდა. თუ რამე პრობლემური იყო და გამოსავალი უნდა მოეძებნათ, ნებისმიერ საკითხზე იმდენად ამომწურავად მსჯელობდნენ, არ შეიძლებოდა საღი აზრი არ გაჩენილიყო.

რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, თუ ხალხისგან შემდგარი ჯგუფია, ესე იგი მათ წინამძღოლი სჭირდება, მმართველი, ან რა ვიცი, უამრავი ეპითეტი არსებობს ამ სიტყვისა. ბაღელებისთვის ასეთი, ქართლოს სვანიძე იყო. „ბელადი“ - ასე ეძახდნენ მას. რა თქმა უნდა, „ბელადი“ იმის გამო არ შეურქმევიათ, რომ პროლეტარიატის მამას, ვლადიმერ ილიას ძეს ჰგავდა. არა, უბრალოდ, ბელადის თვისებებით ბუნებრივად იყო დაჯილდოებული. ეგეთი, ბელადური იყო - ვერისბაღელების გურუ. ყველა ცდილობდა, მისი გული მოეგო, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ მისთვის ესიამოვნებინათ და არავითარ შემთხვევაში გამორჩენის მიზნით. მაგალითად, ალექსანდრე რონდელი - უმცროსი თაობის ვერისბაღელი - ბელადს მთელი დღის განმავლობაში ახალ-ახალ ინფორმაციას აწვდიდა. მერე, საღამოს, ბატონი ქართლოსი თავისებურად გადასცემდა ამ ამბებს დანარჩენ ვერისბაღელებს, ისინი კი პირდაღებულნი უსმენდნენ, საიდან ამდენი ინფორმაციაო.

0x01 graphic

ვფიქრობ, ვერისბაღელებს დღეს რომ ეარსებათ, ეს უმძლავრესი საინფორმაციო სააგენტო იქნებოდა. ისინი სულდგმულობდნენ ინფორმაციებით, რომლებიც მათ გონებას ასაზრდოებდა და სტიმულს მატებდა, რომ თავისუფალ ქვეყანაში ეცხოვრათ. შედარებით უმცროსი თაობის ვერისბაღელები დღეს იხსენებენ, თუ როგორ ისხდნენ დილიდან საღამომდე რადიოსთან და BBC-ს უსმენდნენ. ერთ-ერთმა ვერისბაღელმა ისიც თქვა, ერთი, მეზობლის კარზე არ მქონდა ყური მიდებული და იმასაც ვნანობო. ეს იუმორია, რა თქმა უნდა. „იუმორი“ კი ის არის, რაც ვერის ბაღში ყველაზე ჭარბად ვლინდებოდა.

არ მეგულება ადამიანი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები რომ არ ჰქონდეს წაკითხული და კითხვისას ბევრი არ ეცინოს. ნოდარ დუმბაძე უხუცესი თაობის ვერისბაღელი იყო და მისი იუმორი, ლიტერატურული გმირები, ამბები ვერის ბაღში იბადებოდა. ერთხელ, ნოდარ დუმბაძე ბაღში სკამზე იწვა, თვალები მინაბული ჰქონდა და ყველას ეგონა, ძინავსო. ბაღელები კი ამ დროს, ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. უცბად ნოდარ დუმბაძე წამოხტა და გაიქცა. სად გაიქცა, ეს მერე გახდა ცნობილი, როცა ნოდარ დუმბაძემ რომანი „მზიანი ღამე“ დაწერა და ლენინის პრემია მიიღო.

- გაპონ, რამე ახალი ამბავი გეცოდინება! - სთხოვა გოგია დემეტრაძემ.

- გუშინ ამერიკის ხმამ გადმოსცა ესპანური ჭიანჭველის წვენს თმა ამოჰყავსო. - არ გააწბილა გაპონამ.

- ამის დედა ვატირე, ჩვენი რომ ჭიანჭველაც არ ვარგა! - გადაისვა მელოტ თავზე ხელი გოგიამ.

- რაშია საქმე? - იკითხა ახალმოსულმა კარლომ, რომელსაც თან პატარა, დიდთვალება, ცხვირგაბუშტული და ჭორფლიანი ბიჭი ახლდა.

- კარლოს გაუმარჯოს! ვისია ეგ ბიჭი? - ვკითხე მე.

- ჩემი დისშვილია.

- რა გქვია, ბიჭი?

- გია!

- ყოჩაღ!

- ლექსი იცი? - ჰკითხა ქართლოსმა.

- ვიცი!

- აბა, თქვი!

- არ მინდა! - უთხრა ბიჭმა და ბიძამისს სახელო დაქაჩა, წავიდეთო.

- დაჯექი, სად უნდა წავიდეთ! - წაარტყა თავში ხელი ბიძამ. ბავშვი დაჯდა.

- დღეს ექიმთან მყავდა! - თქვა კარლომ.

- ავად არის? - ვკითხე მე.

- ავად არა, მხეცივით არის!

- რაღად გყავდა ექიმთან?

- გვაგიჟებს, კაცო, ვუნდერკინდია, ნებისმიერ ციფრებს ყოფს, ამრავლებს, უმატებს და აკლებს...

- კარგი, თუ ძმა ხარ! - გაუკვირდა გაპონას.

- გია, სამჯერ სამი რამდენია? - ჰკითხა ბიძამისმა.

- ცხრა! - თქვა თვალის დაუხამხამებლად ბავშვმა.

- ბიჭოს! - გაგვიკვირდა ჩვენ.

- თერთმეტს გამოვაკლოთ ორი?

- ცხრა!

- 1712- გამოვაკლოთ 1703?

- ცხრა!

- ვაა!!! - აღმოგვხდა განცვიფრებისაგან. ბავშვი ღვთის კალთიდან ჩამოვარდნილივით იდგა ჩვენს წინ და შარავანდედიღა აკლდა თავზე.

- მოიცა, თუ ძმა ხარ, ახლა მე ვკითხავ! - თქვა გაპონამ.

- სხვის შეკითხვებს ვერ იტანს. - აარიდა თხოვნას თავი ბიძამ.

- ერთი მაგალითი და მორჩა! - არ დაიხია უკან გაპონამ.

- წადი, ბიჭო, ითამაშე! - ისევ წამოჰკრა თავში ხელი ბიძამ.

- თავში ხელს ნუ ურტყამ, რამე არ მოუვიდეს! - შეეშინდა ქართლოსს.

- ორს მივუმატოთ ოთხი რამდენია, ბიჭი? - არ აცალა წასვლა გაპონამ.

- ცხრა! - ააფახულა თვალები პატარა გენიოსმა - ბიჭებს კივილი აუტყდათ. მე სკამიდან გადმოვვარდი.

- გასაგებია! - თქვა გაპონამ.

- ეს კი ყოფილა ექიმთან მისაყვანი! - თქვა ქართლოსმა.

- რამდენი წლის ხარ, ბიჭი? - ვკითხე მე, სული რომ მოვითქვი.

- ცხრა! - თქვა ბიჭმა და გაიქცა.

- დისშვილი ბიძას ასე დამსგავსებოდეს, არ მინახავს! - აუჩუყდა გული ელგუჯას.

- კრეტინო, მაგხელა რომ იყავი, ცხრამდე თვლა იცოდი? - გაიქაჩა ელგუჯაზე კარლო.

- მერე რაო ექიმმა? - ჰკითხა ქართლოსმა.

- მიხედეთ ბავშვსო!

- მიხედეთ, დროზე მიხედეთ! - სთხოვა გოგია დემეტრაძემ.

- დამცინი? - იკითხა კარლომ.

- ჩემი დასაცინი რა გჭირს, მე რა მენაღვლება, მუსხელიშვილმა იკითხოს, ორ წელიწადში, ასე თუ იანგარიშა მაგან, უმუშევარს დატოვებს. - თქვა გოგია დემეტრაძემ.”

ნოდარ დუმბაძე, მზიანი ღამე

0x01 graphic

ვინც ვერისბაღელების პერიოდში ცხოვრობდა, დღემდე ჰგონია, რომ ისინი ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივრები იყვნენ და მეტი არაფერი. ისინი ცდებოდნენ, მაგრამ თითოეულ ვერისბაღელში ფეხბურთი სისხლით ხორცამდე იყო გამჯდარი.

- ქართლოსს გაუმარჯოს.

- ფეხბურთზე იყავი?

- არა! - ქართლოსი ჩემს გვერდით დაჯდა.

- რატომ?

- არ მიყვარს ფეხბურთი. - ვუთხარი მე.

- აბა, რა გიყვარს, ბიჭო? - გაიღიმა ქართლოსმა.

- ფელამუში. - გავუღიმე მეც.

- წამოიღე ხოლმე ფეხბურთზე და იქ ჭამე. - მირჩია ქართლოსმა.

- ეგრე ვიზამ დღეიდან. - დავპირდი მე.

- შენ რომ ბასას თამაში გენახა დღეს, ჭკუას დაანთხევდი.

- რა ქნა ასეთი?

- მარღანიამ ბურთი ხელით გაუგორა ხოჭოს, ხოჭომ გრძელი პასი მისცა ავთოს, ავთომ დრიბლინგით წაიღო, ორი მცველი, ბასას რომ ედგა, უცებ მოსწყდა ადგილს და ავთოსკენ წამოვიდა... ბასა მარცხენა ფრთაზე გავარდა, ტყუილია, ეგ რომ უბურთოდ თამაშობს. ავთომ ჩართო მესამე სიჩქარე. ახლა წინ სამი კაცი ედგა, აჭამა ერთს, მეორეს და გრძელი პასი მისცა გაგნიძეს. მარჯვენა ფრთაზე გაგნიძემ ბურთი გააჩერა. ყველას ეგონა, ბასას მისცემსო, ისე შევარდა საჯარიმოზე. ოთხმა კაცმა ჩაკეტა უცებ და ამ დროს გაგნიძემ ისევ ავთოს დაუბრუნა, ავთო ცარიელი იყო, მიიღო თუ არა, დაარტყა, ისეთი ცუცურმა ბურთი იყო, ღმერთი ვერ აიღებდა. ჭამა იაშინმა, მარჯვნივ გადახტა და ძელს შეასკდა, ბურთი მარცხნივ შეგორდა, ადგომა აღარ უნდოდა საწყალ იაშინს.

- ბასამ რაღა გააკეთა? - ვკითხე მე. ქართლოსს სახე მოენგრა.

- რა უნდა გელაპარაკო, კრეტინი ხარ! - მითხრა მან და ხელი ჩაიქნია.

- ბოლო-ბოლო ვინ მოიგო? - არ მოვეშვი მე.

- იღბალი არა გვაქვს, თავზე ვასხედით, იმათ მოიგეს: ოთხით ერთი.

- მაგრად გვითამაშია!

- არ გინახავს და რა უნდა გელაპარაკო. ნაღდი დირიჟორია ბასა, ნაღდი. სტრავინსკია. - აღტაცებით წამოიძახა ქართლოსმა და შემოკრებილ ბიჭებს გადახედა.

- შენც კაცი გინახია და ელაპარაკები! - უთხრა ელგუჯამ ქართლოსს. ხელით გამწია და ჩემსა და ქართლოსს შორის ჩაჯდა. ბიჭებმა გაიცინეს.

- იმის დედა ვატირე, ვინც ფეხბურთზე თქვა სპორტიაო, - თქვა ქართლოსმა.

- აბა, რა არის? - ვკითხე მე.

- ნაღდი ხელოვნებაა! - თქვა გოგია დემეტრაძემ.

- მაშ, ბეთჰოვენი ვინღა არის? - ვკითხე მე.

- მორჩი, კაცო, თავის საქმეში ბასა ბეთჰოვენიც არის და კარუზოც.

- რომელ საქმეში?

- რომელში და სპორტში. - ცხვირი ცხვირზე მომადო გოგიამ.

- ესე იგი ფეხბურთი მაინც სპორტი ყოფილა! - დავიჭირე სიტყვაზე.

- სპორტი, შენ რომ ლექსებს წერ, ის არის! - მომიჭრა ქართლოსმა. კმაყოფილმა მსმენელებმა ტაში დაუკრეს. ჩემი ლექსების იმედი რომ მქონოდა, კამათს გავაგრძელებდი, ვერ ვენდე და გაჩუმება ვარჩიე.

- მოკეტე? - მკითხა ელგუჯამ.

- მოვკეტე! - ვუთხარი მე და პირზე ხელი ავიფარე.

- მორჩა, ფეხბურთი ხელოვნებაა! - დაასკვნა გოგიამ და მხარზე ხელი დამარტყა.

- კი ბატონო, ბასა ბეთჰოვენია, ავთო მოცარტია, გაგნიძე სერვანტესია, ხოჭოლავა ტოლსტოია, მარღანია მარკ ტვენი და კალოევი პუშკინი. კი ბატონო...

- მიქელანჯელო არ გამომიტოვო, თუ ძმა ხარ! - მთხოვა ნოდარ დვალმა, რომელსაც ზედმეტსახელად გაპონას ვეძახდით. ყველას გაგვეცინა...”

ნოდარ დუმბაძე, მზიანი ღამე

მოკლედ, ეგრეა - ფეხბურთით ცხოვრობდნენ. იმ დროს, საქართველოში, საქართველოში კი არა, მთელს საბჭოთა კავშირში უცხოური ფეხბურთის ტრანსლაციები არ ხორციელდებოდა, რის გამოც ვერისბაღელებს ათასგვარი მაქინაციების ჩატარება უწევდათ, ამა თუ იმ მატჩის ანგარიში რომ გაეგოთ. თამაშის ყურებაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია. ერთ მშვენიერ დღესაც გაჩნდა „პანტიანი“ - ადგილი, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრების მრავალათასიანი არმია მანქანებით და თავისი ტელევიზორებით მიდიოდა და ფეხბურთს იქ უყურებდა. პანტიანი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თურქეთის არხებს იჭერდა და ხალხს ფეხბურთის ყურების საშუალება ეძლეოდა. მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ პანტიანის აღმოჩენა ვერისბაღელების დამსახურებაა, კერძოდ ბატონი ნუგზარ პერონიძის. ბატონმა ნუგზარმა და მისმა ძმამ იცოდნენ, რომ ყარსში იდგა გამაძლიერებელი ლოკატორი. ისიც იცოდნენ, რომ ტელევიზიის გავრცელება პირდაპირხაზოვანია. უნივერსიტეტის ფიზიკოსებისგან კონსულტაციები მიიღეს. იფიქრეს, სად შეიძლებოდა თურქეთის არხები დაეჭირა და პანტიანი აირჩიეს - ყველაზე ახლოს იყო. ავიდნენ პანტიანში, მეზობლის მანქანაში 12-ვოლტიანი ტელევიზორი ჩადგეს, ანტენა გარეთ გამოაყოფინეს და თურქეთიც დაიჭირეს. მერე დაიწყო დიდი მოძრაობა პანტიანისკენ - მთელი თბილისი დადიოდა...

ერთ დროს ხმები დადიოდა, „ნატო“-ს კოსმიური დაზვერვა დაინტერესებულა - რა იყო ეს ათასობით მანქანისგან შემდგარი განათებული კოლონა და სად მიდიოდა. ჯარების გადაადგილებაც ეგონათ. ქართული სპეცსამსახურებიც დაინტერესდნენ პანტიანში მიმავალი კოლონებით, მაგრამ როდესაც შეიტყვეს რაშიც იყო საქმე, თვითონაც ადიოდნენ, თამაშებს იწერდნენ და პატიაშვილისთვის ჩაჰქონდათ, რომელიც ვერისბაღელებს ყოველი თამაშის შემდეგ მადლობებს სწირავდა.

ვერისბაღელებს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე თავიანთი სექტორი დღესაც აქვთ - მე-13 სექტორი. ძველი გულშემატკივარი ყოველთვის ცდილობდა ისეთი ბილეთი ეყიდა, რომელიც მე-13 სექტორთან ახლოს იქნებოდა. ვერისბაღელები მოთამაშეების მისამართით არასოდეს იძახდნენ უშვერ სიტყვებს; მოწინააღმდეგე გუნდს, თუ მან კარგად ითამაშა, ტაშით და ფეხზე ადგომით აცილებდნენ და რაც ყველაზე მთავარია - თავად ფეხბურთელებს - დინამოელებს - ხელისგულზე ატარებდნენ, ბევრ რამეში ეხმარებოდნენ და თუ საჭირო ხდებოდა, მათ თამაშში თუ არჩეულ სტრატეგიაში შესწორებებიც შეჰქონდათ. ძალიან ხშირად, მწვრთნელები ვერისბაღელების რჩევებს ითვალისწინებდნენ, რაც გუნდზე დადებითად ისახებოდა. ყოველ შემთხვევაში, არასოდეს უგულებელუყვიათ მათი აზრი.

0x01 graphic

ქართლოს სვანიძეს - ბელადს - დავით ყიფიანი, დიდი დავით ყიფიანი, ვერისბაღელი დავით ყიფიანი თავად წაუყვანია ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში ტრავმის მოსაშუშებლად; ვერისბაღელებს ტრავმირებული ფეხბურთელებისთვის ისეთი წამლები მოქონდათ, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია და კლუბის ხელმძღვანელობაც ვერ შოულობდა; ვერისბაღელები ახალგაზრდა ფეხბურთელებს სხვადასხვანაირი საშუალებით სტიმულს მატებდნენ - ერთს გოგი დემეტრაძის ჩამოტანილ ბეკენბაუერის ბუცებს ჩუქნიდნენ, მეორე - რუსთავის გუნდიდან „დინამოში“ მიყავდათ სინჯებზე, მესამეს - სადებიუტო თამაშის დასრულების შემდეგ, ფეხზე ადგომით უკრავდნენ ტაშს და... არ ვიცი, მეტი რა შეიძლება ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუკეთოს ადამიანმა?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად ფეხბურთელები - ის ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს თაობას ვეძახით - ამბობდნენ: ყველაზე დიდი სტიმული ჩვენთვის ვერისბაღელები იყვნენო.

ვიცი, რომ ვერასოდეს გადმოვცემ იმ ფენომენს რასაც „ვერისბაღ(ელებ)ი“ ეწოდება და ეს, ალბათ, იმ ჩემი არანორმალური თვისების - გაუგებარი ნოსტალგიის ბრალია: არ შემიძლია და რომც შემეძლოს, არ მინდა გადმოვცე ის, რაც ნოსტალგიას მიმძაფრებს.

ნოსტალგია, დეპრესია და არეულ-დარეული ფიქრები კი, ახლა აღარ მაქვს იმიტომ, რომ ვერის ბაღში აღარცერთი ვერისბაღელი აღარ დადის და იქაურობა, უბრალოდ, წარსულის ნასოფლარს ჰგავს.

13 ესპანური ფოტომოთხრობები

▲back to top


მერვე საოცრება
(კაპადუკიური არდადეგები)

ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: მელისა ონელი

0x01 graphic

ამ ქვეყანას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ, რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელიც ასე ერთნაირად აღაფრთოვანებს ნებისმიერ ადამიანს და კაპადუკიის სანახავად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები ათასობით კილომეტრებს გამოივლიან ხოლმე, რომ საკუთარი თვალით ნახონ საოცრება, რომელსაც ძველსპარსულად კატპატუკა ჰქვია. ამ ქვეყანაში მართლა ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეს ნახავთ ადვილად და ძნელად კი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებისთვის კაპადუკიაში მოხვედრა ყველაზე ადვილია. ადვილია, რადგან ეს საოცარი ქვეყანა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და საქართველოსგან კაპადუკიას მხოლოდ უბრალო მონდომება აშორებს. მხოლოდ მონდომება და ძალიან ცოტა ფული სჭირდება თურქეთში მოგზაურობას, თუ მოგზაურობა გიყვარს და იმ კულტურის გაცნობაც გაინტერესებს, რომელთანაც შენი წარსულიც არის დაკავშირებული და მართალია თურქეთის რესპუბლიკას ყოველწლიურად უამრავი, ათასობით ქართველი სტუმრობს, კაპადუკიაში არცერთი მათგანი არ შეგვხვედრია. ჩვენი მოკრძალებული სურვილი და მიზანიც, ამ სასწაულის შესახებ ფილმი გადაგვეღო, სწორედ ზემოთქმულმაც განაპირობა.

ძველი კაპადუკიელები არა მხოლოდ მეზობლები, ჩვენი ნათესავებიც იყვნენ და მათი ისტორია ჩვენი თავგადასავლის ნაწილიც არის. კაპადოკიის ისტორია კი, რამდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმის, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა, ამ საოცრების შექმნაში, მოგვიანებით, ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაპადუკია ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე.

ამ მიწის ძველი სახელი კი (კატპატუკა), ძველსპარსულად თეთრი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც, აქაურ სიმშვიდეს ულამაზესი თეთრი ცხენები არღვევდნენ კიდეც, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე, ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო, მისტიკითა და იდუმალებით სავსე ქვეყანა შექმნეს. იდუმალებით მოცული კაპადუკია პირველივე საუკუნეში აღმოაჩინეს პირველმა ქრისტიანებმა, როგორც მიწა, რომელიც ყველაზე უკეთ დაიცავდა მათ დევნისა და შევიწროვებისაგან. თუმცა ადამიანები აქ ახალ წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე, უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ და სწორედ აქ, კაპადუკიაშია აღმოჩენილი დღემდე უძველესი ადამიანის ჩონჩხი, რომელსაც ტვინის ოპერაცია გაუკეთეს. თავის ქალის ტრეპანაციას საუკუნეების წინ, როგორც ცნობილია, ხევსურეთშიც აკეთებდნენ, თუმცა ეს პარალელი არ არის ერთადერთი, რაც საქართველოს კაპადუკიასთან აკავშირებს და ჯერ კიდევ იოსებ ფლავიუსი აღნიშნავდა, რომ კაპადუკიის გვიანდელი, ხეთური გაერთიანების თაბალთა სამეფოს ხალხი, გენეტიკურად ქართულ სამყაროს ენათესავებოდა. თობელ-იბერის იგივეობის ვერსია გვიანდელი ხანის ავტორებმაც გაიზიარეს და მათ შორის ქართველმა ისტორიკოსებმაც. ივანე ჯავახიშვილიც თვლიდა, რომ არა მხოლოდ კაპადუკიაში, არამედ ანატოლიის სხვა მიწებზეც პროტოქართული მოსახლეობდა ცხოვრობდა უხსოვარი დროიდან. თუმცა აქაც იცვლებოდა ეთნიური ელემენტი, როგორც სხვაგან და კაპადუკიაში ხეთები და თაბალები ასურელებმა შეცვალეს, მერე სკიტებმა და კიმერიელებმა, სპარსელებმა და რომაელებმა, ბერძნებმა და არაბებმა. ბოლოს, მეთერთმეტე საუკუნეში კაპადუკია თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს და 1399 წლიდან ეს ქვეყანა ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა.

გასაკვირი სულაც არ არის მომხდურთა სიმრავლე აქ, ამ ქვეყანაში, სადაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მთავარი საქარავნე გზა გადიოდა. ამ გზით მოდიოდნენ და მიდიოდნენ ხალხები და ცივილიზაციები, მაგრამ უკვალოდ აქ თითქმის არავის ჩაუვლია და კაპადუკია ამიტომაც არის მრავალი კულტურის სინთეზი და მათ შორის (ჩვენთვის ყველაზე საინტერესო) ქართული კვალიც არსებობს.

არსებობს წყარო, რომლის მიხედვითაც კაპადუკიის რამდენიმე ქართულმა სოფელმა მეოცე საუკუნემდეც მოაღწია და მათი ნაშთი დღევანდელ თურქულ ტოპონომიკაშიც იკითხება. ადგილთა ისეთი სახელწოდებები, როგორიცაა ნაზრახული და თოხარისი, ხაშური და გორჯი, თუთი და კახთა, თავისთავად, მრავალზე და ჩვენზე უკეთ მეტყველებენ და ამ მხრივ განსაკუთრებით დაინტერესებულ ადამიანებს, სიხარულით

ვურჩევდით ზურაბ ბატიაშვილის წიგნს „კაბადოკია“, რომელსაც ჩვენც სიამოვნებით დავესესხეთ...

მაგრამ იქაც კი, სადაც არასოდეს უცხოვრიათ ქართველებს ან ჩვენს ნათესავებს, ქართველები მაინც ცდილობდნენ ქართულ ეკლესია-მონასტრების აშენებას და რა გასაკვირია მათი დაარსება მეზობელ კაპადუკიაში, თუ შორეულ პალესტინაშიც კი, შუა საუკუნეებში რამდენიმე ათეული ქართული მონასტერი მოქმედებდა. ამიტომაც გვგონია, რომ კაპადუკიაში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაკვლევენ სხვა ქართულ ეკლესიასაც, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთი მხოლოდ ერთი ქართული ეკლესიაა იჰლარას ხეობაში, რომელიც ერთმა ქართველმა ქალბატონმა XIII საუკუნის ბოლოს დააარსა. ის ქართველი ქალბატონი (ჩვენი ვარაუდით), თამარ მეფის შვილიშვილი, სელჯუკეთის იმპერიის ულამაზესი დედოფალი გურჯი-ხათუნი იყო და იჰლარას ხეობა კი, მართლაც ჰგავს შორეული კოლორადოს რომელიღაც კანიონს.

კაპადუკიის მნახველს არა მხოლოდ ის კულტურა აღაფრთოვანებს, რასაც აქ, საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ხალხი ქმნიდა, არამედ სახლებიც კი, სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლებიც კი ისე შერწყმულია გარემოსა და ლანდშაფტთან, იმდენად ზუსტად და გემოვნებითაა გამოყენებული ამ რელიეფის თავისებურებანი, რომ გულწრფელად გიკვირს; გიკვირს, რომ ჩვენს ეპოქაში, ასეთ ტექნოკრატიულ პირობებშიც კი, თურმე შესაძლებელია ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრება და თუ ამას ადამიანები საუკუნეების მანძილზე წარმატებით ახერხებდნენ, დღევანდელი ურბანისტული დისჰარმონიები არათუ სამწუხაროა, ჯანმრთელობისთვისაც მავნეა.

0x01 graphic

0x01 graphic

კაპადუკიის სენაკებსა და გამოქვაბულებში, ქვაში გამოკვეთილ სასტუმროებში იმდენად კომფორტულად გრძნობ თავს ადამიანი, რომ აქ მოხვედრილ ნებისმიერ ქართველს ალბათ ჩვენსავით გაუხარდება, თუ თურქეთის ხელისუფლება არასოდეს მისცემს მშენებლობის უფლებას რომელიმე ქართულ კომპანიას და სრულიად გაუმართლებელი, შეუსაბამო და მრავალსართულიანი ნაგებობები კაპადუკიაში არასოდეს გაჩნდება. ამ ქვეყანაში მიწის ზემოთ მრავალსართულიანი შენობა არ არსებობს, მაგრამ მიწის ქვემოთ, ნებისმიერ მნახველს ნამდვილი სასწაული ელოდება, რადგან კაპადუკიის მიწისქვეშა მრავალსართულიანი ქალაქების ნახვა ნამდვილ შოკს იწვევს, რომელიც ზემოთ ამოსვლისა და მიწაზე დაბრუნების შემდეგაც, კარგა ხანს გრძელდება. კაპადუკიაში დღეისათვის 36 ასეთი მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. არავინ იცის ამ მიწისქვეშა ქალაქების შექმნის დრო და მიზეზიც, თუმცა მიზანი გასაგებია და ადამიანები თავდაცვისთვის აშენებდნენ ამ უჩვეულო ქალაქებს, სადაც ყველაფერი იყო, რაც ნებისმიერი, ჩვეულებრივი ქალაქისთვის არის დამახასიათებელი: საცხოვრებელი ოთახები და სალოცავები, სკოლები და ბიბლიოთეკები, მაღაზიები და მარნები, საავადმყოფოები და სასაფლაოები.

ეს მიწისქვეშა რვა, ცხრა და ზოგჯერ ათსართულიანი ქალაქები ერთმანეთთან მრავალკილომეტრიანი გვირაბებით იყვნენ დაკავშირებული, თუმცა გვირაბების დიდი ნაწილი ამჟამად აღარ არსებობს. არსებობს რამდენიმე ვერსია კაპადუკიის მიწისქვეშა ქალაქების შექმნის შესახებ და მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მიწისქვეშა ქალაქები რომაელებისაგან დევნილმა პირველმა ქრისტიანებმა ააგეს. სხვები ფიქრობენ, რომ აქ არაბების თავდასხმებისაგან შეშინებული ადამიანები იმალებოდნენ, მაგრამ წყაროების მიხედვით, კაპადუკიის მიწისქვეშა ქალაქებში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ცხოვრობდნენ ხეთები და შეიძლება ამიტომაც ფიქრობს შვეიცარიე ლი მეცნიერი ერიკ ფონ დანიკენი, რომ ეს ქალაქები საჰაერო თავდასხმებისაგან თავდასაცავადაა გათხრილი. მისი აზრით, თავდამსხმელები უცხოპლანეტელები იყვნენ და თანამედროვე ინჟინრებიც ადასტურებენ, რომ ეს ადგილები, ატომური ომის შემთხვევაში, საუკეთესო თავშესაფარია. ზოგიერთი ასეთი ქალაქი კი ორმოც ათას ადამიანსაც იტევდა, თუმცა ეს საიდუმლო ჯერ-ჯერობით ისევ ამოუხსნელია და როგორც ყველაფერი უცნობი და ამოუხსნელი, ინტერესის გარდა, შიშსაც იწვევს. ჩვენი ბარსელონელი მეგზურიც ისეთი შეშინებული იყო, რომ იმ ორი საათის მანძილზე (რაც მიწისქვეშ გავატარეთ), გამუდმებით (თავის გასამხნევებლად), მანუ ჩაოს სიმღერებს ღიღინებდა, მიუხედავად იმისა, რომ კაპადუკიის მიწისქვეშა ქალაქები, ჩვენგან განსხვავებით, უკვე ნანახი ჰქონდა. ჩვენც საკმაოდ შევშინდით (უკვე მესამე სართულზე), მაგრამ მეშვიდემდე მაინც ჩავაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეხუთეზე ძალიან შეგვცივდა. მიწის ზემოთ ძალიან ცხელოდა, მაგრამ ჰაერზე ამოსულებმა ძალიან სწრაფად ვიარეთ ზელვამდე, რომელიც ასევე შოკისმომგვრელი ქალაქია, ოღონდ მიწის ზემოთ და თანაც ზელვაში, სულ სხვა სიურპრიზი გველოდა. ნამდვილად არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ვაზი (თურმე) ქვიშაშიც ხარობს და იზრდება და ქვიშაში დამწიფებული ყურძენი სიამოვნებით გავსინჯეთ. ქვიშაში მოწეული რქაწითელიც ისეთივე გემრიელი აღმოჩნდა, როგორც იმ საღამოს ზელვაში ნაგემი ღვინო. რასაკვირველია, ეს არ იყო მშობლიური, მარცვალშიმზეჩამდგარი რქაწითელი, მაგრამ ისე ძალიან ჰგავდა ჩვენებურს, რომ კაპადუკიური ყურძნის ჭამისას, გოჩა აბაშიძემ თავი ვერ შეიკავა და მართალია ზომიერი, მაგრამ მაინც ცრემლი ჩამოუგორდა. ამის შემდეგ, კაპადუკიური ღვინის კარგი ხარისხი სულაც აღარ იყო გასაკვირი და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აქაური ბერები საუკუნეების მანძილზე მისდევდნენ მევენახეობასა და მეღვინეობას. თუმცა კაპადუკიაში საქართველო ისედაც გაგახსენდება, რადგან ეს ქვეყანა წმინდა ნინოს სამშობლოა. სწორედ აქ, კაბადოკიაში დაწნული ვაზის ჯვრით შემობრძანდა წმინდა ნინო საქართველოში - ქვეყანაში, სადაც იგი სამუდამოდ დარჩა. საქართველოს სამუდამოდ დაუკავშირდა წმინდა გიორგიც და სიტყვა პოპულარული, ალბათ, უადგილო და შეუსაბამოა, მაგრამ იმ სიტყვის მოძებნაც ძნელია, რომელიც ზუსტად გამოხატავს ქართველობის დამოკიდებულებას წმინდა გიორგის მიმართ და ამ კულტისადმი სიყვარულსა და თაყვანისცემას საქართველოში ანალოგი არა აქვს მრავალი მიზეზის გამო. სხვა წამებულთაგან განსხვავებით, ყოველი ქართული დღე სწორედ წმინდა გიორგის სახელობისაა, როგორც თითქმის ყოველი მეორე ტაძარი საქართველოში, მაგრამ ამ სიყვარულს აქვს ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი და საფუძველი - წმინდა გიორგი კაპადუკიელი იყო. ეს კი ჩვენი წინაპრებისთვის ყოველთვის სისხლისა და ხორცის ნაწილს ნიშნავდა და ამიტომაც, ეს განსაკუთრებული სიყვარული სულაც არ იყო შემთხვევითი და გენეტიური მეხსიერების წყალობით, იგი დღესაც არსებობს საქართველოში. თუმცა კაპადუკია სხვა დიდი წმინდანების სამშობლოც იყო და აქ მოღვაწეობდნენ გრიგოლ ღვთისმეტყველიც და ბასილი კესარიელიც, გრიგოლ ნოსელიც და სხვა მამებიც, რომლებიც ქმნიდნენ კიდეც კაპადუკიის იდუმალებას, წერდნენ და თარგმნიდნენ წიგნებს, ლოცულობდნენ მშვიდობისა და სიყვარულისათვის..

0x01 graphic

აქ, კაბადოკიაში ათეულ ათასობით ბერი ერთდროულად ლოცულობდა საქრისტიანოსათვის, ადამიანებისათვის, მთელი სამყაროსათვის...

თითქოს მთელი სამყაროს მტრედებიც მხოლოდ აქ იკეთებდნენ ბუდეებს და არსად სხვაგან მტრედების იმდენი ბუდე არ არსებობს, რამდენიც კაპადუკიაში. ლეგენდის მიხედვითაც, პირველი საფოსტო მტრედები სწორედ კაპადუკიელები იყვნენ, თუმცა ამ ქვეყანაში ლეგენდებსა და რეალობას შორის ზღვარი არ არსებობს და თუ მართლაც გინდათ ირეალურ სამყაროში მოხვდეთ, აუცილებლად იმოგზაურეთ მეზობელ ქვეყანაში, სადაც ნახავთ მერვე საოცრებას, რომელსაც დანარჩენი შვიდი საოცრება, ვერც კი შეედრება...

P.S. კაპადუკიაზე ფილმის გადაღებისას გაწეული დახმარებისთვის ავტორი დიდ მადლობას უხდის თურქეთის საელჩოს საქართველოში, გაერთიანებულ ქართულ ბანკს და კომპანია ინტერკონტინეტალს.

14 ცრემლიანი სათვალე

▲back to top


ნაწილი მეცხრე 1981

გიორგი გვახარია
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

ეს ბიჭი კარგად თამაშობს...

0x01 graphic

„ეს ბიჭი კარგად თამაშობს... ფეხის ცერებზე დგებაო“, - ამტკიცებენ ქართველები. არ ვიცი, არ ვიცი...

ყოველ შემთხვევაში, 1981 წლის საქართველოში ქართველი ქალები სულ სხვა ბიჭზე კარგავდნენ ჭკუას - კოჭლ ბიჭზე (ნაიარევი „ფიგურით“), რომელიც ექსპერიმენტების სიყვარულმა და მეტისმეტმა ცნობისმოყვარეობამ ხეიბრად აქცია.

არა, რა თქმა უნდა, ახლა ჩემზე არ ვწერ. თანაც იმ ავბედით წელს, როცა დროის მცირე მონაკვეთში სადათზე, რომის პაპზე და რეიგანზე მოეწყო თავდასხმები, მე უკვე ქუჩაშიც გავედი და სამუშაოს ძებნაც დავიწყე.

ჟოფრეი დე პეირაკს ვგულისხმობ! ხეიბარ ჟოფრეის. „პატარა ანჟელიკას“ (როგორც მოფერებით ეძახიან თაყვანისმცემლები ანი და სერჟ გოლონების რომანში) ერთადერთ ნამდვილ სიყვარულს.

თავის დროზე, საბჭოთა კინოგაქირავებამ ეკრანებზე ჯერ „ანჟელიკა და მეფე“ გამოუშვა, ერთი წლის შემდეგ კი „ანჟელიკა - ანგელოზების მარკიზა“... სერიები აურიეს, რამაც, ცოტა არ იყოს, დააბნია 70-იანი წლების ჭკვიანი მაყურებელი. ამიტომაც 1981 წლის დასაწყისში, გადაწყვიტეს, კინოთეატრებში ერთდროულად ორი „ანჟელიკა“ დაებრუნებინათ, ოღონდ ამჯერად, თანმიმდევრობა დაეცვათ.

„ანჟელიკა“ ვაკის ერთადერთი კინოთეატრის, „ყაზბეგის“ ჰიტი გახდა. ვაკელ ქალბატონებს მოეწონათ ბერნარ ბორდერის ფილმების მთავარი იდეა - მუშკეტერის როლში შეიძლება მანდილოსანიც მოგვევლინოს (დიდი დეკოლტეთი)... სიყვარული (ნუ... დავარქვათ ამას „სიყვარული“) შეიძლება უფრო ეფექტური საშუალება გახდეს „უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში“, ვიდრე ხმალი და რაინდული დუელი.

მაგრამ „ყაზბეგში“, „ანჟელიკას“ განმეორებით ჩვენებებზე მანდილოსნები იმისთვის არ დადიოდნენ, რომ „პატარა ანჟელიკას“ დიპლომატიური ნიჭით დამტკბარიყვნენ. 1981 წლის ცივ ზამთარში „ყაზბეგის“ ახლადგარემონტებული დარბაზი, ძირითადად, რობერ ოსეინის ფანებით ივსებოდა.

პრინციპში, ანჟელიკა მათ სულაც არ აღიზიანებდა. ჩვენს ქალებს ძალიან კარგად ესმოდათ ანგელოზების მარკიზასი... ამდენ თაყვანისმცემელში, ასეთ ბრგე ვაჟკაცებში, „პატარა ანჟელიკამ“ ხეიბარი ჟოფრეი არჩია. მთელი ცხოვრება შეწირა უიღბლო ალქიმიკოსს. ჩვენმა ქალებმა იცოდნენ, რომ ზუსტად ასევე მოიქცეოდნენ, რადგან ჟოფრეის სულ სხვა შარმი ჰქონდა.

გახსოვთ, რაღაც ქანდაკებას რომ ეფერება მიშელ მანის მუსიკის ფონზე? „ტა რა რი რა რა/ტარა რი რა რა/ტარა რა/რა რა რა რა რა რა რა“...

„რა მუსიკაა, არა?! ჟრუანტელმა დამიარა“ - გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე ერთმანეთს ქალები.

თუმცა დროდადრო გულწრფელი რეპლიკაც ისმოდა:

„რა კაცია, არა?! ჟრუანტელმა დამიარა“.

აი, სწორედ კოჭლი ჟოფრეის დამსახურებით გახდა „ანჟელიკა“ კინოთეატრ „ყაზბეგის“ ჰიტი. ჟოფრეი თან ეალერსება ქალის ბიუსტს (ამ შემთხვევაში, ბიუსტს, როგორც ქანდაკებას) და თანაც, მსუბუქად ეყრდნობა მას. „ყაზბეგის ქალებს“ ყავარჯნის როლის შესრულება ძალიან ესალბუნათ.

ქართული ენის შემქმნელებმა სიტყვა „მოიკოჭლებს“ რაღაც „ჩამორჩენილს“, „განუვითარებელს“ გაუთანაბრეს. მაგრამ ჩვენ, ფემინისტებმა, ხომ ვიცით, რომ საუკუნეების მანძილზე ენას მამაკაცები ქმნიდნენ. ეს მათ ეგონათ, რომ კოჭლობა რაღაც ნაკლოვანს, უკმარს ნიშნავს. თორემ მანდილოსნებს მართლაც ჟრუანტელი დაუვლით ხოლმე ჩითახო-კაცის ხილვაზე. „ჩამორჩენილი“ თუა და „განუვითარებელი“, მე რისთვისა ვარ აბა?“ - ფიქრობდნენ ჩვენი ყაზბეგელი „დამები“ - „მე გავწევ წინ, მე აღვზრდი!“

ეს ბიუსტი, ჟოფრეი რომ ეალერსება, თანაც ზედ რომ ეყრდნობა, მე ვარ, „ყაზბეგელი ქალი“!

„ჩითახო“ რაღაა?

1881 წელს თბილისში თურმე ძალიან გაითქვა სახელი მსხვილმა მეწარმემ ჩითახოვმა, რომელიც კოჭლი ყოფილა. მაგრამ ფული, იცოცხლე, ბევრი ჰქონდა და გვარის მიუხედავად, მანდილოსნების საყოველთაო მოწონებით სარგებლობდა. ამ ჩითახოვის პატივსაცემად მოიგონეს „კოჭლის“ სინონიმი - „ჩითახო“.

მას მერე ასი წელი გავიდა. თბილისს ფრანგი ჩითახო გამოეცხადა. კოჭლი და თანაც, ნაიარევი (ყველამ ვიცით, რაოდენ იდუმალია ნაიარევი სახე). „ყაზბეგმა“ ერთ თვეში შეასრულა 1981 წლის პირველი კვარტლის გეგმა, რაც, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ „ანჟელიკას“ დამსახურება არ გახლდათ. უბრალოდ, იმდროინდელ თბილისში სანახავი არაფერი იყო.

აბა, დაუძლურებული რუსი ჩითახოს სანახავად ხომ არ გაემართებოდა ხალხი? თანაც იქ, რესპუბლიკის მოედანზე, 25 კაპიკიანი ბილეთით (როგორც „ყაზბეგში“), ვერანაირად ვერ მოხვდებოდით... ბრეჟნევს ვგულისხმობ.

ჯორჯ ბუში-უმცროსის ვიზიტისა არ იყოს, 1981 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ბრეჟნევისთვის ხელის დასაქნევად სპეციალური საშვი უნდა გქონოდათ. პრინციპში, ასეთი საშვების საშოვნელად, თავი არც არავის მოუკლავს. ტელევიზორში შეგვეძლო გვეხილა ლეონიდ ილიჩი!

ბრეჟნევის ვიზიტის წინ, თბილისში ხმა გავრცელდა, ტრიბუნის უკან „გენსეკისთვის“ ტუალეტს და აბაზანას აშენებენო. შევარდნაძემ, რომელმაც დაუძლურებული ბრეჟნევი პირადად დაპატიჟა, ქართველი საბჭოთა სინოპტიკოსების პროგნოზი (დედაქალაქში წვიმა გამოცხადდა) გაითვალისწინა და ღია ტრიბუნა სქელი ბრეზენტით გადახურა.

პროგნოზი არ გამართლდა. წვიმის ნაცვლად ისეთმა ქარმა დაუბერა, რომ კინაღამ ტრანსპარანტებიანად წაიღო დემონსტრანტებიც და ბრეზენტიანი ტრიბუნაც. ბრეჟნევი ბარბაცებდა (არა იმიტომ, რომ მთვრალი იყო) და დროდადრო ახალგაზრდა შევარდნაძეს ეყრდნობოდა ხოლმე („ყავარჯნის“ როლის თამაში, ალბათ, მასაც სიამოვნებდა). „გენსეკი“ მექანიკური თოჯინასავით უქნევდა ხელს დე მონსტრანტებს და არ ჰქონდა რეაქცია ჩვენი პანტომიმის თეატრის მსახიობებზე, რომლებმაც ტრიბუნასთან „მალაია ზემლია“ გაითამაშეს (აუ, რა იყო ეს!). ამბობენ, მერე გამოცოცხლდა, კრწანისის რეზიდენციაში. უფრო მეტიც, თავის თანაშემწეს, რომელმაც ღვინის დალევა აუკრძალა, სულ „პაშოლ ნა ხუი“ უძახა.

ბრეჟნევი კმაყოფილი წავიდა საქართველოდან. მას არაფერი გაუგია სოხუმიდან ჩამოსულ ქართველ სტუდენტებზე, რომლებმაც თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს (სოხუმის უნივერსიტეტში გაიხსნა აფხაზური და რუსული ენების ფაკულტეტი, ქართული ენისა - არა). „გენსეკი“ ვერ მოესწრო აპრილის დასაწყისში გამართულ აქციას, რომლის მონაწილეები უნივერსიტეტში აკაკი ბაქრაძის დაბრუნებას მოითხოვდნენ (აკაკი ბაქრაძის პოპულარობით შეშფოთებულმა ხელისუფლებამ წლის დასაწყისში მას ლექციების წაკითხვის უფლება აღარ მისცა).

ეს ყველაფერი არ ჩანდა.

თუკი არ ჩანს, ე.ი. არ არსებობს.

აგული ერისთავივით, ვიღაცეებს მკვდარი რომ ეგონა უკვე. ჩემსავით.

გარეთ რომ გავედი, მივხვდი, რომ ნაცნობები გაკვირვებულები მათვალიერებდნენ... განსაკუთრებით მანდილოსნები. რატომღაც ფეხებზე მომაშტერდებოდნენ ხოლმე. მოგვიანებით პარიზელი მეგობარი გოგო მეტყვის, მეტროში როცა ზიხარ და გიჟი დაგადგება თავზე (ან კლოშარი, რომელიც გიჟად ასაღებს თავს), თუ გინდა, რომ თავიდან მოიშორო, ფეხებზე უნდა დაუწყო ყურება. უხერხულად იგრძნობს თავს და აუცილებლად წავა.

თბილისში ახალი ამბები მაშინაც სწრაფად ვრცელდებოდა, როცა არც „რუსთავი 2“ არსებობდა და არც „იმედი“ და ამიტომაც, ტელეფონის ზარმა არ დააყოვნა:

- გამარჯობა, გოგი, ტელევიზიის საბავშვო რედაქციიდან გაწუხებთ. ძალიან გვინდა, რომ თქვენ წაიყვანოთ გადაცემა „ჯადოსნური საღებავი“.

საოცარი ადამიანია ლალი გიგინეიშვილი. ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქართველი ქალი. ყოველთვის აღწევს მიზანს.

რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, ჯანმრთელობა მოვიმიზეზე, ჩემთვის დასხივება კატეგორიულადაა აკრძალული-მეთქი... ლალის ჩემი ბავშვობისდროინდელი გადაცემები უნახავს („წიგნიქექია“ რომ ვიყავი) და საბავშვო რედაქციაში უთქვამს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ ბიჭს მაინც მოვიყვანო.

ქალებს ხომ „განუვითარებლების“ განვითარება უყვართ და უყვართ. მაგრამ მამაკაცებსაც ეკარგებათ მოსვენება, როცა მანდილოსანი მხსნელად მოევლინებათ ხოლმე.

ტელევიზიასთან დამხვდა. მგონი მაშინვე „გოგაჩკა“ მიწოდა (დღესაც ასე მეძახის), სტუდიაში შემიყვანა და ბავშვების ნახატები მაჩვენა.

„ხუთშაბათს ჩაწერა გვაქვს!“ - ისე სწრაფად მითხრა ეს ყველაფერი და ისე ლამაზად, რაღაცნაირი განსაკუთრებული „გემოთი“ იძახა - „გოგაჩკა, გოგაჩკა“, რომ უარის თქმა, უბრალოდ, ვერ გავბედე.

ჩაწერაზე როცა მივედი, ყველაფერი გამზადებული დამხვდა - ბავშვების ნახატები, ფლომასტერები, საღებავები და, რა თქმა უნდა, ბავშვები - ზოგი ჩაწყობით მოყვანილი, ზოგი - მართლა ნიჭიერი, ზოგი - ერთიც და მეორეც.

ბავშვი ამორალურიაო, წერდა ფროიდი, სიამოვნების მიღებაზე უარს არასდროს ამბობსო. ეტყობა, აქედან გაჩნდა ბავშვების დახოცვის კლასიკური მითი... მოზრდილებს ეშინიათ ბავშვების!

ბავშვების ეშინოდათ „ზასტოის“ ხანის ქართულ ტელევიზიაშიც. ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ საბავშვო გადაცემებს აკონტროლებდნენ. ტელევიზიაში ახალი მისული ვიყავი, როცა ცეკადან მითითება მოვიდა - ბავშვებს არ უნდა ცმოდათ მაისურები ინგლისური წარწერებით, არ უნდა ემღერათ უცხოური (ე.ი. დასავლური) სიმღერები.

ასე აღმოვჩნდი „ამორალურ ბავშვებსა“ და კომუნისტურ ცენზურას შორის. ჩემი ავანტიურისტული ნატურა ამაზე უარს როგორ იტყოდა! ჯანდაბას დასხივება, ჯანდაბას ექიმები და ფეხები! „ჯადოსნური საღებავი“ თავისუფლების პატარა ნიშა უნდა გახდეს საქართველოში.

გადაცემის დროს, ფლომასტერებს თავში მირტყამდნენ, ფურცლებს სახეზე მაფარებდნენ, მჩქმეტდნენ და მიღუტუნებდნენ. ჩემს იდიოტურ კითხვაზე - „რატომ დახატე ასე?“, მოკლედ მპასუხობდნენ - „იმიტომ“. მოგვიანებით, როცა თელავში „გასვლითი“ გადაცემა გადავიღეთ, ვიღაცამ ქუჩაში მიცნო და კახელებს რომ ეკადრებათ, ისე შესძახა: „ეს ის არ არის, კაცო, ბავშვებს რომ აწვალებს ტელევიზორში?“

ეს რეპლიკა იმაზე ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, რასაც მოგვიანებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მომაძახებენ.

„ბავშვებს აწვალებს“... იმას ნიშნავდა, რომ „ჯადოსნური საღებავის“ წამყვანი თავად არ თამაშობდა „ბავშვობანას“, მუხლებზე არ იყო ჩაცუცქული და ენას არ იჩლიქავდა. ბავშვებს სძულთ, როცა ასე ელაპარაკებიან. სძულთ სიყალბე. მაშინაც კი, როცა გარემო უკვე უიმედოდ ყალბია!

„ჯადოსნური საღებავი“ საბავშვო რედაქციის სიამაყე გახდა. დათო ნაკაიძე, რომელიც იმხანად „საბავშვოს“ რეჟისორი იყო, განუწყვეტლივ იგონებდა რაღაცეებს. მართალია, ცენზურა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს „ჯადოსნურის“ საეჭვო ჯგუფს, ბავშვებს მაინც ვერ დაიმორჩილებდნენ. მით უმეტეს, ნახატებში. ვერ კითხავდნენ, მაგალითად, ვინ არის ეს ქალი საპირველმაისო დემონსტრაციაზე ტრანსპარანტით ხელში; რატომაა სამჯერ უფრო დიდი, ტრიბუნაზე მდგარ ბელადებთან შედარებით... და თუკი მაინც გაბედავდნენ და ჰკითხავდნენ, პასუხი არ დააყოვნებდა: „დედაჩემია!“

ბავშვის ნახატებში ხომ „ზომებს“ არა სინამდვილე, არა პერსპექტივის კანონები, არამედ დაინტერესების ხარისხი განსაზღვრავს. „დიდია“ ის, რაც ბავშვს ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც ყველაზე მეტად უყვარს... ფაქტობრივად, ასეთი „სტილი“ ფეტიშიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. მაგრამ ვე რავინ, ვერავინ ამ სამყაროში (სტალინის სიკვდილის შემდეგ) ბავშვს ვერ ეტყვის, რატომ გიყვარს დედაშენი ბელადზე უფრო მეტადო... ისევე, როგორც ვერავინ შეძლებს აკონტროლოს ჩვენი სიზმრები, ჩვენი ხილვები, ოცნებები.

0x01 graphic

ჩვენს ზმანებებში „დიდია“ ის, რაც გვიყვარს.

ჩვენი სიზმრები ბავშვების ნახატებს ჰგავს.

კინოა!

„ჯადოსნური საღებავის“ წარმატებას დაუყოვნებლივ მოჰყვა კინორედაქციიდან მოწვევა. პირველი გადაცემა აკადემიის დიპლომის „ეკრანიზაცია“ იყო - „კინოს მხატვარი დიმიტრი ერისთავი“. მაგრამ თავისუფლების განცდა მაინც „ჯადოსნურში“ უფრო მქონდა.

ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც მშვიდობას მიეძღვნა, ჩემი ყურადღება მიიქცია 13-14 წლის კიკინებიანმა გოგონამ, რომელსაც ნახატზე „სოლიდარობა აფრიკელ ხალხთან“ ინგლისური წარწერა ჰქონდა დართული - Africa Unite... ოპერატორს თვალით ვანიშნე, ახლოდან „აეღო“ წარწერა, რათა მერე, ცენზორებს თავი ატკიებოდათ; წარწერა კი იყო ინგლისური, მაგრამ კადრის ამოჭრას ვერ გაბედავდნენ... შეეძლოთ, რა თქმა უნდა, ეთქვათ, ქართულად, ან რუსულად რატომ არ დაწერაო, მაგრამ ვიცოდით, რომ ჩვენი, ქართველი ცენზორები ასე არ დაწვრილმანდებოდნენ.

თუმცა მთავარი ეს არ იყო. გოგონამ, რომელსაც სომხური გვარი ჰქონდა, თუმცა ქართულად მშვენივრად ლაპარაკობდა (საბავშვო გადაცემებში ნაცუმცირესობებს თავიანთი „კვოტა“ ჰქონდათ) მოულოდნელად დააბრეხა: „ნახატი ჩემს საყვარელ მომღერალს, ბობ მარლის მივუძღვენი!“

ეს უკვე საშიში იყო. ცენზურა აუცილებლად დაინტერესდებოდა „რეგეის პუშკინის“ ვინაობით, „ნარევსისხლა“ იამაიკელით, რასტას თაყვანისმცემლით, რომელიც ამბობდა, ბალახი, ე.ი. მარიხუანა - სიცოცხლეაო... და რას მივიღებდით? ამ ეპიზოდს აუცილებლად ამოგვაღებინებდნენ.

„და აფრიკელი ხალხის თავისუფლებისთვის მებრძოლს მიუძღვენი ეს ნახატი?“.

ვიცოდი, რომ კითხვა დააბნევდა, მაგრამ ასეთ პასუხს ნამდვილად არ ველოდი.

„ბობის ფეხი სტკივა. ფეხბურთის თამაშის დროს იტკინა. ამიტომ ვეღარ ცეკვავს, მაგრამ...“

ვიფიქრე, სანამ „რასტაზე“ არ დაიწყო ლაპარაკი, მერე კი „ბალახზე“ არ გადავიდა, ჯობია სასწრაფოდ შევცვალო თემა. მაგრამ კიკინებიანი გოგო თავისას არ იშლიდა. საქაღალდიდან სხვა ნახატები ამოიღო.

„ბობის ბალახი უყვარს...“

ახლა უკვე ჩვენი გადაცემა კი არა, ეს გოგო შემეცოდა. აუ, რას უზამდნენ სკოლაში?! მაგრამ როგორც კი ნახატები მაჩვენა, მაშინვე დავწყნარდი.

ეს იყო ჩვეულებრივი, გამხმარი ბალახებით შესრულებული აპლიკაციები, ფლომასტერებით შეღებილი წითელი ფონებით. „რა ლამაზია, როგორ გყვარებია ბუნება!“ - ათასჯერ ვთქვი მგონი... ზევიდან, ე.ი. იქიდან, სადაც ლალი და დათი ისხდნენ, ყურში ჩამძახოდნენ, მოეშვი ახლა მაგ გოგოს, სხვაზე გადადიო.

გადავედი, მაგრამ რა? „სვეტსკი“ ბავშვებმა დაუყოვნებლივ გაამზადეს თავიანთი ნახატები.

„მეც ვხატავ ბალახს“, „მეც მიყვარს ბალახი“, „ჩემი უფრო დიდია“...

გადაცემის დასრულების შემდეგ, კიკინებიანი გოგოს ბებიამ დამიძახა - პატარა, გამხდარმა ქალმა, რომელიც ჩაწერის დროს სტუდიის კუთხეში, როიალთან იდგა და ეშმაკურად იღიმებოდა. რაღაც წარმოუდგენლად ლამაზი ქართულით მელაპარაკა, კომპლიმენტები არ დაიშურა და დამშვიდობების წინ მითხრა:

„ჩვენი ნამუშევარი გვინდა გაჩუქოთ“ (ასე თქვა ზუსტად - „ჩვენი ნამუშევარი“).

ბავშვებისგან ამას შეჩვეული ვიყავი. სახლი გამევსო ფერად-ფერადი ნახატებით, რომელშიც ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა, ისე იყო ყველაფერი არეულ-დარეული (ვგიჟდები „არეულ-დარეულ“ ხელოვნებაზე და იმ ადამიანებზეც, ასი წელი რომ იცნობდე და მაინც რომ ვერ გაიცნობ ბოლომდე!), მაგრამ ეს ნახატი სრულიად განსაკუთრებული იყო.

სომხის გოგოს ფეხი ჰქონდა დახატული. ერთი ჩვეულებრივი ფეხი... იმდენად „ახლოდან“ დანახული, რომ კაცი ვერ გაარჩევდა, ვის ეკუთვნოდა ეს „ორგანო“ - მდედრს თუ მამრს.

ისე არ მინდოდა ეთქვა, ეს ნახატი თქვენ მოგიძღვენითო, რომ ეგრევე ბობ მარლიზე გადავედი:

„გამიკვირდა, თქვენს შვილიშვილს რეგეი რომ უყვარს... იცით, ბობ მარლის მელანომა აქვს. დიდი ხნის წინ მიიღო ტრავმა ფეხბურთის თამაშის დროს“

მაგრამ კარგი ქართულით მოლაპარაკე სომხის ბებოზე ბობ მარლის ხსენებამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. უბრალოდ, ვერ გაიგო, ვისზე ველაპარაკებოდი.

„არა, გოგი... რატომ მარტო ფეხბურთი? ქართულ ენაში სიტყვას „ფეხი“ ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს - „ფეხმარდი“, „ფეხმოკიდებული“, „ფეხსადგილი“...“

ამასობაში „ნორჩი მხატვარიც“ ჩაერთო:

„ფეხმძიმე!“

ალბათ, ეს პატარა ბებოც იგზნება კოჭლ ჟოფრეი დე პეირაკზე - ვიფიქრე ჩემთვის გაღიზიანებულმა. რატომღაც მეგონა, რომ ეს „პრეზენტი“ ეგრეთ წოდებული „შელოცვის“ მიზნით გამიკეთეს. პატარა ნახატი იყო. გაზეთში ედოთ. ასევე წავიღე სახლში და გაზეთიანად, ბავშვების „ხარახურასთან“ ჩავდე სადღაც.

კი, მახსოვდა, რა თქმა უნდა, რომ ფეხი სექსუალურობის სიმბოლოა, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ხელისგან განსხვავებით, ეს „ორგანო“ არასდროს ყოფილა შრომისა და შენების იარაღი. ქართული ცოტა მეც ვიცოდი და სხვა სიტყვებიც მახსოვდა - „ფეხებით გათელა“, „ფეხქვეშ დაიგდო“, „ფეხებით გადაუარა“...

ბობ მარლისგან განსხვავებით, არც ფეხბურთი მიყვარდა.

სლავოი ჟიჟეკი ამბობდა, ფეხბურთი ყველაზე უხამსი სანახაობაა ყველა სანახაობას შორისო. ჟიჟეკს მხედველობაში ჰქონდა ვუაიერიზმი, რომელიც, პრინციპში, ყველა სანახაობის (პირველ რიგში კი კინოს) განუყოფელი ატრიბუტია. მაგრამ სულ სხვა არის, როცა დაკვირვებისა და თვალთვალის ობიექტი არა ადამიანის სახე, ან თუნდაც მისი სხეული (მთლიანობაში), არამედ მხოლოდ ფეხი და ბურთი ხდება.

„ბურთი და მოედანი“, იგივე ასპარეზი, იგივე „გასაქანი“, იგივე უტევანი...

„ერთსა წავწვდი უტევანსა,

წავგრძელდი და წავე გრძელად.“ (შოთა)

ფეხით შეაგდო (ბოდიში მომითხოვია) მრგვალი საგანი „წიაღში“, რომელსაც „ბადე“ ჰქვია და ასე, კოლექტიურად გაანაყოფიერო მეტოქის კარი, თანაც სტვენის, გინების, პატრიოტული სიმღერების ფონზე... ამას მერჩივნა თვალი მედევნებინა, როგორ ღვრიდნენ ცრემლებს „ყაზბეგის ქალები“ კოჭლი ჟოფრეის ვნებებზე.

ამიტომაც არ მიყურებია მატჩისთვის, რომელიც დიუსელდორფის სტადიონზე 13 მაისს გაიმართა. იმ საღამოს, ვაჟა-ფშაველაზე, ჩემს მეგობრებთან, მანანა და ნოდარ ბეგიაშვილებთან ყავას ვსვამდი და დუჟმორეული ვამტკიცებდი, რომ ხაჩატურიანის ბალეტი „სპარტაკი“ ანტისაბჭოთა სპექტაკლია. მოსკოვიდან (მორიგი „სამედიცინო გასინჯვიდან“) ახალი დაბრუნებული ვიყავი. მინდოდა, ყველას სცოდნოდა, როგორ „ამაგდო“ დიდი თეატრის ამ სპექტაკლმა, როგორ მეგონა, რომ სპარტაკი თავის ლაშქარს სცენიდან დარბაზში გადმოიყვანდა, მერე კი რევოლუცია მთელ მოსკოვს მოედებოდა.

ვკამათობდით. მეორე ოთახში კი, ბეგიაშვილების ბებო, კეთილშობილი ქალბატონი, რომელსაც „დეიდა ტასოს“ ვეძახდით, ფეხბურთს უყურებდა.

0x01 graphic

მანანამ მორიგი ყავა შემოიტანა და ისე, სხვათა შორის თქვა, „კარლ-ცაისს ვეთამაშებით... გერმანული გუნდი ყოფილა. კარლ ცაისი ის არაა, მიკროსკოპი რომ გამოიგონა?“

ეგ ვიცოდით. იენელმა კარლ ცაისმა მართლაც გადატრიალება მოახდინა ოპტიკის ისტორიაში.

იენის გუნდი - „კარლ ცაისი“, ჩვენ კი - „დინამო“.

ცხადია, არც ისეთი ურჯულოები ვიყავით, ანგარიშით რომ არ დავინტერესებულიყავით.

„- შესვენებაა. ჯერ ნოლით ნოლია“ - გვაცნობა მანანამ და ნოდარის თხოვნით, ბებოს შესძახა: „ტასიკო, ბურთი თუ შეაგდეს, დაგვიძახე რა!“

მერე ყოფით ამბებზე გადავედით. იმ წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა ფასი არაყსა და სიგარეტზე. „თუ ასე გაგრძელდა, რუსეთში მართლა მოხდება რევოლუცია“ - თქვა ნოდარმა

„შეგვიგდეს, შეგვიგდეს!“ - იყვირა დეიდა ტასომ მეორე ოთახიდან. ტელევიზორის ხმა ისე ჰქონდა აწეული, რომ ვერ გაიგო, როგორ ვუპასუხეთ - „აბა რა გეგონა, მაგ გუნდმა ბენფიკას მოუგო და ჩვენ ვერ მოგვერევა?“... საწყალი, ადგა თავისი ძველი სავარძლიდან, რომ ჩვენთვის ეს ამბავი შეეტყობინებინა. შემოვიდა თუ არა ოთახში (მანანამ სასწრაფოდ ჩააქრო სიგარეტი), გარედან გამაყრუებელი წივილ-კივილი მოგვესმა. მეზობლები აივნებზე გამოვიდნენ და ყვიროდნენ: „გუცაევი! გუცაევი!“. დეიდა ტასო დაგვემდურა, თქვენს გამო ისტორიული ფაქტის მოწმე ვერ გავხდიო და მატჩის დარჩენილი 20 წუთის სანახავად, სულ ძალით შეგვიყავნა თავის ოთახში.

87-ე წუთზე დარასელიამ მართლაც რომ ისტორიული გოლი გაიტანა.

დეიდა ტასო ისევ წამოხტა სავარძლიდან და სათითაოდ გადაგვეხვია. პირადად მე, ტელევიზორისგან ისე შორს ვიჯექი, რომ კარგად ვერც დავინახე, როგორ გავიდა ბურთი (მგონი, ახლომხედველებს ფეხბურთი არ უნდა უყვარდეთ). მაგრამ კოტე მახარაძის ხმა კი კარგად მესმოდა:

Представьте себе, как ликует сейчас весь Тбилиси!...

დიუსელდორფში თქვა ეს და მართლაც მთელი თბილისი გამოიყვანა ქუჩაში.

ის, რაც არ მოხდა მოსკოვში, ბალეტ „სპარტაკის“ დასრულების შემდეგ, განხორციელდა თბილისში - 13 მაისის ღამეს.

დათრგუნულმა, მრავალჯერ შეურაცხყოფილმა ქართველებმა, „მალაია ზემლიას“ დადგმას რომ უბრძანებდნენ პანტომიმის თეატრში, მოუგეს გუნდს, რომელიც თანამედროვე მიკროსკოპის „მამის“ სახელს ატარებდა.

მეორე დღეს ყველა გაზეთი „დინამოს“ გამარჯვებაზე წერდა. „პრავდამაც“ კი აღნიშნა „საბჭოთა ფეხბურთის ტრიუმფი“.

გაზეთების იმ განყოფილებაში კი, სადაც უცხოურ ქრონიკას ბეჭდავდნენ, „ტასის“ ინფორმაცია გამოქვეყნდა: „11 მაისს, მაიამიში, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იამაიკელი მომღერალი ბობ მარლი. იგი კანის ფერის მიხედვით არ არჩევდა ადამიანებს და აფრიკის გათავისუფლებისთვის იბრძოდა“.

თბილისს ბობისთვის, ცხადია, არ ეცალა.

გადავწყვიტე, მე მაინც შევხვედროდი ამ ცნობას „წუთიერი დუმილით“.

ეს ერთი წუთი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კიკინებიანი გოგოს ნახატი გამხსენებოდა. დიდხანს ვქექე „ჯადოსნური საღებავის“ საჩუქრები და ბოლოს მაინც აღმოვაჩინე „ფეხი“ - ტუშითა და გუაშით შესრულებული ნახატი, რომელიც შეიძლება მართლაც ბობ მარლის მიუძღვნა.

ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როცა ბობი არავის ახსოვდა, მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. როგორც კი გაზეთი მოვაცილე, ახალმა აზრმა გამიელვა:

„იქნებ უკან აქვს წარწერა?“

გადმოვაბრუნე.

ჰქონდა. ძალიან წვრილი შრიფტით დაწერილი: „მე კარგი ფეხი მაქვს. თქვენ ტელევარსკვლავი გახდებით!“

0x01 graphic

როდესაც ელფრიდე იელინეკს ნობელის პრემია გადასცეს, ნაცნობ-მეგობრები ისე მილოცავდნენ, თითქოს დედაჩემს გაემარჯვებინოს. გარკვეულწილად, მართლები იყვნენ: ქალბატონ იელინეკის რომანს, საყვარლებს, ჩემი ცხოვრების არაერთი დღე შევწირე, მისი თარგმნისას ხასიათი გამიფუჭდა, მისი გამოცემის მცდელობები წლების განმავლობაში მარცხით მთავრდებოდა.

პირველი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ ავსტრიულ-ებრაული დეპრესიის დედა ელფრიდე კარგი მწერალია და გოეთეს ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე წარსადგენად სწორედ ის უნდა მეთარგმნა, ლაშა ბაქრაძე იყო. თარგმანი ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა მომიწონა და მე საშინლად გავამაყდი. მერე ბატონმა ნოდარ კაკაბაძემ ჯილდო გადმომცა და ვფიქრობდი, რომ ძალიან მაგარი გოგო ვარ. ეს კარგი ამბები.

შემდეგ ერთმა რედაქტორმა წითელი ფანქრით დახაზა ჩემი სიმწრით აკრეფილი ფურცლები და ქვეშ კომენტარი მიაწერა: მე საერთოდ ვერ ვხვდები, ვის რად უნდა ეს! და ასე დაიწყო ჩემი და ქალბატონ იელინეკის ურთიერთობის მეორე ეტაპი, როცა ვისაც არ დაეზარა, ყველამ ამიხსნა, რომ რომანი საშინელია - თითქოს ჩემი ბრალი იყოს, რომ მდაბიო ადამიანები მდაბიურად იქცევიან და ლაპარაკობენ! ავტორს უწოდეს კომუნისტი, ფემინისტი და სექსუალური მანიაკი, და ამ დროს მე მიცქერდნენ ხოლმე ალმაცერად - ნეტა, გოეთე რომ მეთარგმნა, გენიოსობას დამწამებდნენ? შესაბამისად, ელფრიდე იელინეკის ნობელის პრემია ნამდვილად იყო ჩემი გამარჯვებაც, და მე ძალიან ვამაყობ, რომ პირველმა ვთარგმნე ის ქართულენოვანი მკითხველის გულის გასახეთქად.

საყვარლებს გამომცემლობა არეტე აქვეყნებს. ძალიან ლამაზი წიგნია, გურამ წიბახაშვილის მიერ გაკეთებული ილუსტრაციებით, რომლითაც თავად ავტორი, ქალბატონი იელინეკიც კი კმაყოფილი დაგვირჩა. ხოლო იმის შესახებ, თუ რა ამბები ტრიალებს საყვარლების თავს, პირველი ცხელი შოკოლადის ერთგული მკითხველი შეიტყობს.

ანა კორძაია-სამადაშვილი

15 რომანიდან „საყვარლები“

▲back to top


ავტორი: ელფრიდე იელინეკი
გერმანულიდან თარგმნა ანა კორძაია-სამადაშვილმა
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

0x01 graphic

დასაწყისი

ერთ დღეს ბრიგიტამ ქალობა გადაწყვიტა, ნამდვილი ქალი უნდა გამხდარიყო ერთი ტიპისთვის, რომელსაც ჰაინცი ჰქვია.

ბრიგიტა თვლის, რომ ამიერიდან თავისი სისუსტის საყვარლად წარმოჩენა და სიძლიერის ღრმად დაფარვა მართებს.

ჰაინცს კი ბრიგიტა არანაირად არ მიაჩნია საყვარლად და მისი სისუსტეც გულს ურევს.

ამიერიდან ბრიგიტა ჰაინცისთვის უვლის თავს, რადგან თუ ქალობაა, ამ გზას ვეღარ გადაუხვევ, თავსაც უნდა მიხედო. ბრიგიტას უნდა, რომ მომავალში ეს დაუფასდეს და სამაგიეროდ ახალგაზრდული იერი შეინარჩუნოს. მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა ბრიგიტას სულ არ ეღირსოს მომავალი. მომავალი მთლიანად ჰაინცზეა დამოკიდებული.

სანამ ნორჩი ხარ, სულ ნორჩად გამოიყურები, რომ მობერდები, მერე მაინც გვიანია. თუ კარგად არ ხარ შენახული, გარემოს უმოწყალო განაჩენი გამოაქვს: ახალგაზრდობაში თავს არ მიხედა!

მაშასადამე, ბრიგიტა სამომავლოდ მნიშვნელოვან რამეს აკეთებს.

როცა აწმყო არა გაქვს, მომავალზე უნდა იზრუნო.

ბრიგიტა აზღუდებს კერავს. თუ მოკლე გვირისტი კეთდება, ბევრი უნდა დაარტყა, ორმოცი მაინც ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტური მინიმუმია. თუ უფრო რთული გრძელი გვირისტია, შესაბამისად ნაკლებია გასაკეთებელი. ძალიან ჰუმანური და სამართლიანი ამბავია.

ბრიგიტას შეუძლია მრავალი მუშა ჩაიგდოს ხელში, მაგრამ მას მხოლოდ ჰაინცის მოპოვება უნდა, რომელიც მეწარმე გახდება.

მასალა ნეილონია, ქვეშ ღრუბლის თხელი ფენა აქვს დადებული. ბრიგიტას ფაბრიკას მრავალი განყოფილება აქვს უცხოეთში და მრავალი მკერავი ჰყავს უცხოეთიდან. მრავალი მკერავი გადის აქედან - ან თხოვდება, ან ბავშვს აჩენს, ან კვდება.

ბრიგიტას იმედი აქვს, რომ ერთხელაც იქნება და გათხოვებით და ბავშვის გაჩენით დააღწევს თავს. ბრიგიტას იმედი აქვს, რომ ჰაინცი გაიყვანს აქედან.

სხვა დანარჩენი მისთვის სიკვდილი იქნებოდა, თუნდაც ცოცხალი დარჩენილიყო.

ჯერჯერობით ბ.-ს თავისი სახელის გარდა არაფერი გააჩნია, მაგრამ დროთა განმავლობაში ჰაინცის სახელს მიიღებს, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ქონება, ეს ფულის და ქონების მომტანია.

ნამდვილი ცხოვრება, ისეთი, რომ გამოიჩინება, ვინმემ რომ გკითხოს, ნამდვილი ცხოვრება სამუშაოს მერე რომ იწყება, ისაა. ბრიგიტასთვის ცხოვრება და მუშაობა ცა და დედამიწასავითაა. ასე რომ, აქ უფრო თავისუფალ დროზე იქნება საუბარი.

ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში ცხოვრებას ჰაინცი ჰქვია. ნამდვილ ცხოვრებას მხოლოდ ჰაინცი ჰქვია და სინამდვილეშიც ასეა.

ჰაინცის გარდა არაფერი არსებობს. ჰაინცზე უკეთესი რამ სრულიად მიუწვდომელია ბრიგიტასათვის, ჰაინცზე უარესი ბრიგიტას არაფერი უნდა. ბრიგიტა გამწარებით იცავს თავს დაცემისაგან, დაცემა ისაა, ჰაინცმა თუ მასზე გული აიცრუა.

მაგრამ ბრიგიტამ ისიც იცის, რომ არც წინსვლა უწერია, ან ჰაინცია, ან ჰაინცზე უარესი, ან აზღუდები სიცოცხლის ბოლომდე. ჰაინცის გარეშე აზღუდები უკვე სიცოცხლის ბოლოს ნიშნავს.

შემთხვევის ამბავია, როგორ იქნება, იცოცხლებს ბრიგიტა ჰაინცთან თუ მკვდარი იქნება და მოკვდება.

აქ არანაირი კანონზომიერება არ არსებობს. ბრიგიტას ბედი ისე გადაწყდება, როგორც უწერია. რას შვრება ბრიგიტა და რას წარმოადგენს, ეგ არ ითვლება, ითვლება ჰაინცი და ის, თუ რას შვრება ჰაინცი და რას წარმოადგენს.

ბრიგიტას და ჰაინცს ამბავი არ გააჩნიათ. ბრიგიტას და ჰაინცს აქვთ მხოლოდ სამუშაო. ჰაინცი უნდა გახდეს ბრიგიტას ამბავი, მან ბრიგიტას საკუთარი ცხოვრება უნდა გაუკეთოს, მერე შვილი უნდა გაუკეთოს, რომლის მომავალს კვლავ ჰაინცი და მისი პროფესია განაპირობებენ.

ბ.-ს და ჰ.-ის ამბავი არაა ისეთი ამბავი, რომ თქვა, ასე იქნებაო, ისეთი რამაა, რაც ხდება ხოლმე (უცებ) და სიყვარული ჰქვია.

სიყვარული ბრიგიტასგან მოდის. მან უნდა დაარწმუნოს ჰაინცი, რომ ისიც შეყვარებულია. ჰაინცი უნდა მიხვდეს, რომ არც მისთვის არსებობს მომავალი ბრიგიტას გარეშე. ცხადია, ჰაინცს უკვე აქვს მომავალი, კერძოდ, ელექტროგაყვანილობები. ეს ისედაც ექნება, ბრიგიტას გარეშეც. ელექტროგაყვანილობის გაკეთება ისეც შეიძლება, ბ.-ს ხსენებაც რომ არ იყოს. იცხოვრებს კიდეც კაცი! ჰოდა, ბოულინგის და კეგლის სათამაშოდ წასვლასაც არ უნდა ბრიგიტა.

ბრიგიტას კი ამოცანა აქვს დასახული.

სულ უნდა არწმუნოს ჰაინცი, რომ ბრიგიტას გარეშე მომავალი არ ეღირსება, ეს ძნელი საქმეა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ჰაინცმა შესაძლოა სხვა ვინმეში დაინახოს თავისი მომავალი. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

რთული, მაგრამ დიდი იმედების მომცემი ვითარებაა.

ჰაინცს უნდა და ერთხელაც იქნება და გახდება პატარა მეწარმე თავისი საკუთარი პატარა საწარმოთი, ყოველ შემთხვევაში, ამას აპირებს. ჰაინცი ოდესმე გააკეთებს, ბრიგიტა გაკეთებულს მიიღებს. ბრიგიტას ურჩევნია საკუთარმა ქმარმა ამუშაოს თავის საკუთარ საწარმოში, რომელიც ცოტათი მისი საკუთარიც იქნება.

ოღონდაც ჰაინცმა ერთ დღეს ვინმე აწოწილი მოსწავლე არ გაიცნოს, ვთქვათ, სუზისნაირი! ღმერთმა არ ქნას, ერთ დღეს არ გადაწყვიტოს, რომ ბრიგიტაზე ათი თავით უკეთესი ვიღაცა მისთვისაც უკეთესი იქნება.

თუ ჰაინცმა უკეთესი ვინმე გაიცნო, უნდა შეეშვას. ჯობს საერთოდ არ გაიცნოს, ეს უფრო საიმედოა.

როცა საკერავ მანქანას უზის და აგვირისტებს, ღრუბელს და უხეშ ქსოვილს გრძნობს თითებქვეშ, ახალ ექსტრავაგანტურ აზღუდს, იმ ფერისა, ახლა რომ მოდაშია, ბრიგიტას კოშმარები ტანჯავს ვიღაცის გამო, ვინც ჯერ არც არსებობს, მაგრამ მაინც შეიძლება უკეთესის აჩრდილის სახით გამოჩნდეს ჰაინცის ცხოვრების გზაზე.

0x01 graphic

ბრიგიტა მუშაობის დროსაც კი ვერ ისვენებს.

მუშაობის დროს არ უნდა ფიქრობდეს, მაგრამ მასში რაღაცა განუწყვეტლივ ფიქრობს.

ბრიგიტა საკუთარ ცხოვრებას უკეთესს ვერაფრით გახდის. უკეთესობა ჰაინცის ცხოვრებამ უნდა მოიტანოს. ჰაინცს შეუძლია ბრიგიტა საკერავი მანქანისგან იხსნას, ამას ბრიგიტა თვითონ ვერ მოახერხებს.

მაგრამ ბრიგიტა არაა ამაში დარწმუნებული, რადგან ბედი შემთხვევის ამბავია და არა კანონი ან მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი.

ბრიგიტას უნდა მზამზარეული მიიღოს თავისი მომავალი. თვითონ თავის მომავალს ვერ შექმნის.

ამ ორის გაცნობის ამბავი უმნიშვნელოა. თავისთავად ორივენი უნიშვნელო არიან. სწორედ ისეთები არიან, როგორიც ყველაფერი უმნიშვნელო.

სტუდენტებიც ხშირად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს, თითქმის ზუსტად ასეთივე ამბავია, სქესის ჩათვლით. ხშირად ასეთი შეხვედრების შესახებ ამაღელვებელი ამბების მოყოლა შეიძლება ხოლმე.

ასეთი ხალხის წინა ცხოვრებაზე ზოგჯერ გრძელი ამბავიც კი მოიყოლება.

თუმცა ბრიგიტას წინა ცხოვრების ამბავი თითქოსდა სრულიად უიმედოა და არაფერია ხელჩასაჭიდი, მან მაინც გაიცნო ჰაინცი, რომლიც ოდესმე რამეს მაინც გამოკრავს ხელს.

ბრიგიტა უკანონო შვილია დედისა, რომელიც იმასვე კერავს, რასაც

ბრიგიტა, კერძოდ, აზღუდებს და წინდის სამაგრებს.

ჰაინცი კანონიერი შვილია რეისავიკი მძღოლისა და მისი ცოლისა, რომელსაც სახლში ჯდომის საშუალება მიეცა.

ამ თვალშისაცემი განსხვავების მიუხედავად ბ.-მ და ჰ.-მა ერთმანეთი გაიცნეს.

ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში გაცნობა ნიშნავს თავის დახსნის სურვილს, ანუ არგაშვებას და ხელის ჩავლებას.

ჰაინცს ნასწავლი აქვს ისეთი რამ, რისი წყალობითაც მისთვის ოდესმე ყველა გზა ხსნილი იქნება, კერძოდ, ელექტროგაყვანილობები.

ბრიგიტას არასდროს არაფერი უსწავლია.

ჰაინცი რაღაცას წარმოადგენს, ბრიგიტა არაფერია ისეთი, რაც სხვა ვერ იქნებოდა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ჰაინცი შეუცვლელია, ჰაინცი ხშირად სჭირდებათ ხოლმე, მაგალითად, როცა გაყვანილობაა დაზიანებული ან როცა სიყვარული უნდათ. ბრიგიტას შეცვლას არაფერი უნდა, ის ფუჭია. ჰაინცს მომავალი აქვს, ბრიგიტას აწმყოც კი არ გააჩნია.

ჰაინცი ბრიგიტასთვის ყველაფერია, სამუშაო ბრიგიტასთვის ტანჯვაა მხოლოდ. ადამიანი, რომელსაც უყვარს, ყველაფერია. ადამიანი, რომელსაც უყვარს და რომელიც თან რაღაცას წარმოადგენს, ყველაზე მაღალი მწვერვალია ბრიგიტასთვის. სამუშაო არაფერია, რადგან ბრიგიტას ის უკვე აქვს, სიყვარული ბევრად მეტს ნიშნავს, რადგან ის ჯერ საძებნელია.

ბრიგიტამ იპოვნა: ჰაინცი.

ჰაინცი ხშირად ეკითხება საკუთარ თავს, რისი მაქნისია ბრიგიტა.

ჰაინცს ხშირად მოსდის აბეზარი აზრი, ვინმე სხვა იშოვნოს, ვისაც რამის მოცემა შეეძლება, როგორიცაა ნაღდი ფული ან ფართი საკუთარი საქმის დასაწყებად.

ბრიგიტას სხეულის მოცემა შეუძლია.

ამ დროს ბაზარზე ბრიგიტას სხეულის გარდა სხვა სხეულებიცაა გამოტანილი. ერთადერთი, რისი წყალობითაც ბრიგიტა გამოირჩევა, კოსმეტიკური ინდუსტრიაა. და ქსოვილები. ბრიგიტას ძუძუები აქვს, ბარძაყები, წვივები, ტერფები და მუტელი.

ეს სხვებსაც აქვთ, ზოგს უკეთესი ხარისხისაც.

ბრიგიტას აქვს სინორჩე, რომელშიც სხვებიც ეზიარებიან, როგორებიცაა ფაბრიკა და მისი აურზაური და გატენილი ავტობუსი. ისინი სანსლავენ ბრიგიტას სინორჩეს.

ბრიგიტას ასაკი ემატება და ქალობა აკლდება, მეტოქეები

ახალგაზრდავდებიან და ქალდებიან.

ბრიგიტა ეუბნება ჰაინცს: მე ხომ კაცი მჭირდება, მე რომ ვენდომები და ჩემი რომ იქნება, სამაგიეროდ მეც ის მენდომება და მისი ვიქნები.

ჰაინცი ამბობს, ამ ჩემს ფეხებსო.

აფსუს, როგორ სძულს ბრიგიტას ჰაინცი.

დღეს, მაგალითად, ბრიგიტა ჰაინცის და მისი მშობლების აგარკზე უნიტაზთან ცივ იატაკზეა წაკრუნცხული.

ეს იატაკი უფრო ცივია

ვიდრე სიყვარული, ჰაინცი რომაა და ჰაინცი რომ ჰქვია.

მძღოლი წასულია და ბრიგიტა დიასახლისობაში ეხმარება, ეს ერთადერთია, რითაც შეიძლება თავი შეაყვაროს, ჰოდა, ცოცხით გულდასმით ხეხავს უნიტაზს. ხუთი წუთის წინ თქვა, სიამოვნებით ვიზამო. ახლა აღარ სიამოვნებს. ძალიან ცუდად ხდის ყველაფერი, რაც სამმა კაცმა ერთი კვირის განმავლობაში მოჯვა.

ჰაინცი მდივანს თუ არა, სკოლადამთავრებულს, მდივანს, მდივანს ან მდივანს მოიყვანს ცოლად, ისეთ ქალს მოიყვანს ცოლად, ნამდვილად ქალი რომ იქნება, ანუ კარგად რომ ეცოდინება ცოცხის და მსგავსების ხმარება.

სახლში ბრიგიტა არაფერს აკეთებს, ეგ იგივე იქნებოდა, კაპიტალი და მუშახელი იმთავითვე მარცხზე განწირულ, ზარალით მომუშავე პატარა საწარმოში რომ დაებანდებინა. უპერსპექტივოდ. უიმედოდ. ბრიგიტა უკეთ აბანდებს, იქ, სადაც შეიძლება რამე გამოვიდეს. სულ ახალი ცხოვრება.

ბრიგიტა უტვინოა, ამიტომ კაცმა არ იცის, რა გამოვა.

როცა კაცი რამეს გეგმავს, თავისი ჭკუის იმედადაა. ბრიგიტას მხოლოდ ხელები გააჩნია. მეტი არაფერი იცის. მაგრამ ხელები თუ გაბია, სამი კაცის საქმესაც გააკეთებ, თუ საჭირო გახდა. ჰოდა, საჭიროა. ჰაინცის გულისთვის.

ბრიგიტა ჰაინცის დედიკოს ტრაკში უძვრება. იქაც მხოლოდ იმ მძღნერს აწყდება, რომელიც იმ უნიტაზშია, ახლა რომ ხეხავს. მაგრამ ოდესმე ეს ყველაფერი უკან მომრჩება და მომავალი მექნება წინ. არა, როცა მძღნერი უკან მომრჩება, უკვე მომავალში ვიქნები. ჯერ ისეთი სტატუსი უნდა მოვიპოვო, რომ ჩემთვის საერთოდ შეიძლებოდეს მომავალი. მომავალი ძალიან კარგი რამეა. ყელზე ნამდვილად არ დამადგება.

ეს პატარა ეპიზოდი მხოლოდ იმის საჩვენებლადაა მოყვანილი, რომ ბრიგიტას შეუძლია მუშაობა, როცა საჭიროა.

ჰოდა, საჭიროა.

16 ჩინელი ანუ ინატრე რამე

▲back to top


რა კარგი დილაა, არა? უჰ, ძალიან კარგია! ნათელი დაადგეს შენს ნათელ სულს, მაქს!

ლიზა ბოლო ხმაზე აწიკვინებდა კრისტინა ორბაკაიტეს, გავის ქნევით დადიოდა ოთახში და ხანდახან თავადაც დასძახებდა ხოლმე: Ты меня не понял, я же пошутила!

ეგრე, ლიზა, რაღა!

ამ ნათელ დილას ლიზას წინაშე დიდი ამოცანა იდგა - რა გაეტანა მშრალ ხიდზე: ყავადანი, საშაქრე თუ სპილენძის სურა?

ყავადანს რა თავში იხლიდა, ხსნადი ყავა და მისი ჯანი. საშაქრე სასარგებლო ნივთი იყო, მაგრამ ისეთი, იოლად რომ გატყდებოდა და მერე გულიც უნდა გახეთქვოდა ლიზავეტას, რატომ დროზე არ მოვიშორეო. სურა კი მოსწონდა, მაგრამ აი, რა ხეირი სურისგან? არანაირი. ამიტომ ლიზამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, გადაწყვიტა, რომ სამივეს წაიღებდა. თუნდაც დედიკოს ჯინაზე, რომელიც აღშფოთდა, ეს რა საშინელებას უსმენო, ვაი, ჩემი კუსკუსა ნივთები სად უნდა წაიღო, მე რომ ასე არ შემიძლიაო?! თან ადრე თუ გვიან მაინც წასაღები იყო და რაღას დალოდებოდა?

გამოახვია ლიზამ თავისი ავლადიდება უზამაზარ შარფში - აბა, გზად რამე რომ მოსვლოდა, ხომ გადაყვებოდა!? და მშრალი ხიდისკენ მიმავალ, კარგად ნაცნობ გზას დაადგა.

პროგრამა მაქსიმუმი - ჰეჰეი, მაქსიმუმ, ჩემო საყვარელო! მოკლედ, გეგმა ასეთი იყო:

1. გავყიდოთ ნივთები;

2. ვიყიდოთ სანოვაგე დედიკო დაუნისთვის;

3. გადავიხადოთ გაზის ფული - დიდება ღმერთს, ცოტაა, დედიკოს გაზის სუნში ცხოვრება არ შეუძლია და ისედაც დათბა;

4. ვუყიდოთ ბებოებს დიიიდი თაიგული და კარგი ყავა, იმათ ხომ ყავადანი ნამდვილად არ გაუყიდიათ;

5. ვეწვიოთ ბებოებს, ვიცეკვოთ ფოქსტროტი, „პეპლები წვიმაში“ და რამე, და საღამო შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად გადავაგოროთ.

და იქნებ ხოტეიც...

„არავითარი ხოტეი!“ შეუძახა საკუთარ თავს ლიზამ. „ხოტეი არა...“ ამას აღარ დავწერ, ნერვებაშლილი ლიზა ცუდ რამეებს ამბობდა ხოლმე.

ნერვები, ცხადია, დედიკომ აუშალა - მამიკო გაიხსენა, თავხედმა! და - ჰა, ჰა, ჰა! - წაიწუწუნა, მე ამდენხანს ასე ყოფნა არ შემიძლია, არც საბანკო გადარიცხვებში ვერკვევი და საერთოდ, ხომ ვიცოდი, რომ კაცთან ერთად ცხოვრება არ შემეძლო, რას ავიტეხე ეს გათხოვებაო.

- ისა, - ლიზამ, როგორც მამიკო იტყოდა ხოლმე, რუჩნიკი ამოწია. - ერთი აქეთ მომხედე, ჯიგარო! ამას შენ ვის ეუბნები, მეე?

სამაგალითოდ გამართული სცენის შემდეგ დედიკომ მოკეტა, რადგან პასუხის გაცემა დიდად ვერ შეძლო, და ნერვების დასაწყნარებლად აუზზე წავიდა, ლიზა კი, როგორც მოგახსენეთ - მშრალ ხიდზე.

0x01 graphic

. . .

მართლა მშვენიერი დღე იყო, თბილი, ნათელი. ზევიდან რომ ჩახედავდი, ძველმანებით სავსე დახლები ისეთი ლამაზი იყო, ისე ბრჭყვიალებდა, რომ ლიზა მთლად კარგ გუნებაზე დადგა. ნივთები ჩააბარა, ჯიბე დაჭმუჭნული ლარიან-ორლარიანებით ჰქონდა სავსე, თმას თბილი ქარი უფრიალებდა, და მაქსმა ხომ უთხრა, ზღაპრული თმა გაქვსო და ზღაპრული გოგო ხარო? - ჰოდა, ჩვენი ლიზავეტაც დედოფალივით მოაბიჯებდა და იმდენად გაკადნიერდა, რომ დაფიქრდა, ისე, ჩემს საყვარელ თავს ამ ბრჭყვიალა ნივთებიდან რამე ხომ არ ვუყიდოო.

ერთიათად გახალისდა, როცა ერთ-ერთ დახლთან ედიკა აღმოაჩინა.

ედიკა საოცარი საქმით იყო დაკავებული: ქარვის მძივი ეჭირა ხელში და გულმოდგინედ უხახუნებდა თავისი პიჯაკის სახელოს. მერე ამ მძივს ცხვირის ნესტოში იტენიდა.

უ, რას გაუფრენია!

- რას შვრები, ჰა? წმენდ?

- ვა, ლიზავეტა! - ძალიან გაუხარდა ედიკას. - არა, სხვა ამბავია...

რეკომენდაცია „ცხელი შოკოლადისგან“: იმის მისახვედრად, ნამდვილ ქარვასთან გაქვს საქმე თუ პლასტმასის ნაგავთან, მძივი შალის ნაჭერს უნდა უხახუნო, უხახუნო და მერე დაყნოსო. თუ ფისის სუნი აუვიდა, ქარვა ყოფილა, თუ არადა, გამყიდველს შეგიძლია ბარიგა მაიმუნი უძახო და შენს გზაზე წახვიდე.

ედიკას ქარვამ გაამართლა, მისი თქმით, ჯოჯოხეთის სუნი აუვიდა, და ათიოდე წუთის განმავლობაში ზანტი ვაჭრობის შემდეგ, ედიკამ გამყიდველს დაუთმო, ერთი კი ჩაილუღლუღა, არამიო, მძივი ჯიბეში ჩაიდო და ლიზას ხელი გაუყარა.

თურმე, ედიკას მეზობელმა დედაკაცმა უთხრა, ქალაქში და მთელს ქვეყანაში ჩიყვი მძვინვარებსო. ასეთები ედიკას ადრე არც ესმოდა ხოლმე და სულ არ ადარდებდა, ახლა კი იფიქრა, ეს ჩემი ორსული გოგო ავად არ გამიხდესო, და მეზობელი კარგად დაჰკითხა, მაგ საქმეს რა შველისო, და მეზობელმა უთხრა, ქარვის მძივიო.

- მაიცა, რა, ჩიყვი აქვს? - შეშფოთდა ლიზა.

- არა, არანაირად, - მიუგო ედიკამ. - პროფილაქტიკის ამბავში.

„ბედნიერო თათუთა,“ იფიქრა ლიზამ, ოღონდ უდარდელად, და გულში კვლავ დალოცა მაქსის კეთილი სული.

- რა აზრის ხარ სოკოს ხინკალზე, კრასავიცა?

ლიზა საუკეთესო აზრისა იყო და დიდი ენთუზიაზმით შეჰყვა ედიკას დუქანში.

„სამი დალიე, შეგერგება...“ - ბღაოდა დინამიკი.

- ისე, მართლა, სამ-სამი ხომ არ მიგვეცა? - ჰკითხა ედიკამ.

- დავაი, - უპასუხა ლიზამ.

სკამი კი იყო რკინა-ბეტონისა, მაგრამ ლიზა მაინც გემრიელად გადაწვა საზურგეზე და გაიზმორა.

- პარდონ, - უთხრა ედიკას.

- ნეტაი შენ, - უპასუხა ედიკამ.

- პაპალამ ვიხდით, - თქვა ლიზამ. - ფული მაქვს. დედიკო უჭმელობას როგორმე გადაიტანს, და წავიდეს და გაზიც თვითონ გადაიხადოს, ბლიად, თავისი ხახალის მაყუთით!

- ვა, რევოლუცია, ლიზავეტა? მალადეც! მარა მაინც მე გპატიჟებ.

- კაი. მაშინ იცი, რა? გოგოს უკვე უთხარი ქარვის ამბავი?

- არა, რაა რო?

- დღეს გამატანე და ხვალ ფერადს დაგიბრუნებ.

- გადაცვლი?

- არა, გამოვაცხობ.

- ???

კი, ეგრეა.

რეცეპტი „ცხელი შოკოლადისგან“: უნდა გაახვიოთ ქარვა პურის ცომში და ჰაერღუმელში („დუხოვკაში“) შეუძახოთ, და პური რომ გამოცხვება, გულიდან სულ ფერად-ფერად ქარვებს ამოიღებთ.

- რა იცი? - ედიკას ასეთი რამეები ძალიან უყვარდა. - მე ვერ ვიზამ?

- როგორ ვერ იზამ? ჩემი გამოგონილი კი არაა, მაქსმა მასწავლა, - უპასუხა ლიზამ.

ედიკამ ისე გადაკრა თავისი არაყი, კინაღამ დაიხრჩო, და ლიზა გულით აკისკისდა. ისე გულით იცინოდა, რომ ედიკაც აჰყვა, და ისხდნენ ასე და იცინოდნენ და კარგი იყო, კარგი...

0x01 graphic

. . .

ლიზამ სამიც დალია და ცოტა მეტიც და გადაწყვიტა, რომ სულაც არაა აუცილებელი, დასახული გეგმა მთლიანად შეესრულებინა - სად წერია, რომ უნდა შეასრულოს, კატეხიზმოში თუ კონსტიტუციაში? დამშვიდობებისას ერთი მადლიანად ჩაკოცნა თავგზააბნეული ედიკა და Ты меня не понял-ის ღიღინით გაუდგა ბებოების სახლისკენ მიმავალ გზას. დიიიდი თაიგულიც იყიდა და კარგი ყავაც, და შესასვლელ კარზე ბებოებს წუხანდელი რიტმიც შეუსრულა: ტამ, ტატატამ, ტატატამ!

შემოსასვლელში ისეთი სუნი ტრიალებდა, რომ ჰა!

- ეს რა იქნება? - ჰკითხა ლიზამ ზიზის.

- კულებიაკა. ლილის კარონნი ნომერია.

- ეგ რას ნიშნავს? - დაინტერესდა ლიზა.

- მაგრობაა. კომბოსტოიან-ოზოზოებიანი. და ზედ კაი ვოდკები და მთელი ამბავი!

ლილიკოს კულებიაკა! ვოდკები! რა არი?!

მაგიდაზე ნარდი იყო გაშლილი.

- რაო, ზიზიკო, ნარდს აგორებთ?

- ჰო, - დაიმორცხვა ზიზიმ. - ვსწავლობთ.

ბებოებს ნარდი უყიდიათ და ნარდის სახელმძღვანელო, და კამათლისთვის ჭიქასავით რაღაცაც, მსგავსი ლიზას არაფერი გაეგონა. არადა, თავად ნარდის დიდოსტატი ბრძანდებოდა, ოდესღაც მეზობელმა პაპა გურგენამ ასწავლა და სიყვარულში არ უმართლებდა, თორემ კამათელში - იცოცხლე!

და ჩაუსხდნენ, პრინციპით, „წაგებული დგება“. ისე, არც ბებოები იყვნენ ჯაბანები. თან რაღაც საოცრებებსაც იძახდნენ: „შაში ბეში - სულ კუთხეში“, „დუბარა, დუბარა, თავში მოგხვდა ყუმბარა“ და ასე...

0x01 graphic

. . .

თათუთა, ედიკას შეფასებით, ტელეფონს ადუღებდა.

- აჰა... აჰა... ვაუ... А он что? А ты что? И что? Ну и козёл!

- ვის ტისკავს? - ჰკითხა გაზის ქურაზე მჯდომმა მაქსმა ქურაში შეყუდებულ ედიკას.

- მე რა ვიცი, - ჩაიბურდღუნა ედიკამ და კვნესით გაიმართა. - იცი, მაქს, ეს ცომები თუ ტყუილად ვზილე, არ ვიცი, რას გიზამ.

მაქსმა იმდენი იცინა, კინაღამ ქურიდან ჩამოენარცხა:

- იასნია, არ იცი! რა უნდა მიქნა რო?

- Ууу, сын хуя! - გაისმა ოთახიდან.

- გაგიჟდი, ქალო! - აყვირდა ედიკა. - რეებს ბაზრობ? - და თოფნაკრავივით გავარდა სამზარეულოდან.

Засосало мещанское болото… მაქსი ქურიდან ჩამოძვრა და ცეცხლს დაუწია. ეღიმებოდა, მაგრამ ოდნავ სევდიანად. „ეჰ ადამიანებო, ადამიანებო! ისევ ვერ მიცანით!“

. . .

- კოქსი! - დასძახა ლილიმ და გამარჯვებული სახით წამოდგა. - წავალ, შევხედავ, არ დაიწვას.

ლიზამ ნარდის ალაგება დაიწყო, ზიზიმ - სუფრის გაშლა.

- ერთი მითხარი, - მიმართა ზიზიმ. - გოგო, შენ არაფერზე ოცნებობ?

- რას არა! - უპასუხა ლიზამ. - მე მინდა, რომ კანადაში ვინმე გზა-კვალაბნეული ბაბუა მოკვდეს და მემკვიდრეობა დამიტოვოს. მერე მინდა მაღალი, ლამაზი, ჯანმრთელი, ნიჭიერი და მდიდარი კაცი. კიდევ მინდა სახლი მაიორკაზე და უკვე გაზრდილი, საამაყო შვილი. ვთქვათ, მაგარი პიანისტი, რომ კონცერტზე პირველ რიგში დავჯდე ხოლმე და პრანჭვით გავსკდე. ჰო, კიდე მინდა...

- არა, სერიოზულად. - უთხრა ზიზიმ. ძალიან სერიოზულად უთხრა და ლიზაც დასერიოზულდა.

- არაფერიც არ მინდა, ზიზიკო. ხოტეიზე მეუბნები, ჰო? არ მინდა. კარგად ვარ.

- ჰოდა, - ლილი შემოსულა, ხელებს წინსაფარზე იწმენდდა. - ჰოდა, ეგ სთხოვე, რომ სულ კარგად იყო. მოიცა...

მოქმედება ელვის სისწრაფით განვითარდა: ლილი საძინებელში გაუჩინარდა და უმალვე მოცუნცულდა. ხელისგულზე ხოტეი ჰყავდა ჩამოსკუპებული.

- Давай, дерзай!

ხოტეი იღიმებოდა, ისე გულიანად, რომ ლიზასაც გაეღიმა.

- ხომ გახსოვს, - განაგრძობდა ლილი. - სამასჯერ უნდა მოუსვა მუცელზე ხელი და ილაპარაკო, თუ გინდა - შენთვის, თუ გინდა - ხმამაღლა. თუ არ გერიდება, ხმამაღლა თქვი და უფრო არ დაიბნევი, აი, ზიზიკო დაითვლის და არ აიბნევი საერთოდ. მიდი.

- მიდი, ლიზა, - მოესმა ლიზას მაქსის ხმა და თმაზე მსუბუქი, ქარივით შეხება იგრძნო. - მიდი, მიდი, ნუ გეშინია. მე აქ ვარ, შენთან.

ლიზას გაეღიმა. მოეჩვენა, რომ ხოტეიმ კიდევ უფრო გამობერა თავისი ბრიყვი მუცლუკა. თითს რომ ადებდა, ეგონა, მოეღიტინება და ხითხითს დაიწყებსო. ციცი, ციციკო...

და ლიზამ დაიწყო:

- ციცი, ჩემო მსუქანო და ყველაზე ლამაზო. ნეტა იცოდე, როგორ მიხარია, რომ გიპოვე და აღარაფერს გიპირებ. არ შეგეშინდეს, მე ნამდვილად აღარაფერს ვაპირებ. ერთი სათხოვარი მაქვს: სიყვარული მომეცი. ისეთი, სულ რომ გული მიჩერდებოდეს. ისეთი სიყვარული მომეცი, ციციკო, რომ გულში ვეღარ მეტეოდეს და გული სულ გახეთქვაზე მქონდეს...

ლიზა ნაზად უსვამდა მუცელზე ხელს, ლილი ითვლიდა, ციცი უღიმოდა და ლიზას ხელი უთბებოდა, უთბებოდა...

- ციცი, ოღონდ ისე, რომ სულ მიყვარდეს, ჰო? რომ... და ისევე, როგორც ყველაფერი სხვა ამქვეყნად, ეს ამბავიც უცებ დამთავრდა: ლილიკოს ხელი აუკანკალდა და ხოტეი ჩამოვარდა. არა, ჩამოხტა. ის იატაკზე დაეცა და დაიმსხვრა. ძირს მხოლოდ ნამსხვრევები ეყარა, წვრილ-წვრილი ნამსხვრევები, აი, ისეთი, ნაძვის ხის სათამაშოსგან რომ რჩება ხოლმე.

- შენი ჭირი წაუღია, - დაამშვიდა ზიზიმ გამშრალი ლიზა.

- ამინ! - დაუმატა ლილიკომ. - ჩვენ ვიყოთ კარგად. მთავარია, რომ თქმა მოასწარი.

- ჰო, - თავი დაუკრა ზიზიმ, - სამას თორმეტიც კი იყო. მე ხომ ვითვლიდი.

ლიზა დამუნჯებული უყურებდა ძირს დაყრილ ხოტეის ნაშთებს.

- ჰა, - გაამხნევა ლილიმ. - მორჩა, გამოვგვი ახლა და დავუბრუნდით სუფრას, თორემ ის კულებიაკა თუ გაცივდა, კი აღარ ვარგა...

0x01 graphic

. . .

მე ამ ხალხთან ერთად რამდენიმე თვე გავატარე და მენანება კიდეც მათთან განშორება. აფსუსია, მაგრამ მათ ნამდვილად აღარ ვჭირდები. თუმცა რა, ნახეთ - ყველას ბედნიერად ვტოვებ!

მარად ახალგაზრდა ედიკას თავის მშვენიერ გოგოსთან ერთად, იმათ არასოდეს არაფერი გაუჭირდებათ. ისევე, როგორც ყველა სხვა ბავშვი, მათი ტყუპებიც ჩხავიან, ყველაფერს სვრიან და მშობლებს არ აძინებენ, და ისევე, როგორც ყველა მშობელი, თათუთა და ედიკაც დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი სილამაზისა და ნიჭის ბალღები არასოდეს არავის არ გასჩენია (სამმაგი უარყოფა! აჯანყდით, ქართული ენის სიწმინდის დამცველნო!).

გაგა იმ სახლშია, რომლის ფანჯრიდანაც ყოველთვის სინათლე გამოდის, რადგან ცოტა უძილობა დასჩემდა და ღამღამობით წიგნებს კითხულობს ხოლმე. მისი ცოლი ისტერიულად რეცხავს და აუთოებს და სახლში სულ ახალგაუთოებული თეთრეულის სუნი დგას, რაც გაგას უკვე აღიზიანებს, მაგრამ ხმა არ ამოეღება: ეგ უნდოდა და აჰა...

ლიკა ოქსფორდშია. რა ბედშია, არ ვიცი, მაგრამ მისთანა მარიფათიანი გოგო ნამდვილად არ დაიკარგება.

მარიშკა და მამიკო ყვავიან და გონს არ არიან სიყვარულისა და ბედნიერებისგან - აბა, რა იქნება!

დედიკოს, მოგეხსენებათ, არასოდეს არაფერი არ შეეძლო (კვლავ სამმაგი უარყოფა! აღშფოთებული ტალღა რედაქტორისა და კორექტორის მხრიდან!), და არც დარდი შეუძლია დიდად, ამიტომ მისას ჩვენც ნუ ვიდარდებთ.

ლიზიკოს აღარც მარტოობა აწუხებს და არც უსიყვარულობა - მაქსიმუმი სულ მასთანაა. აღარც მშრალ ხიდზე უწევს სირბილი - ის და ბებოები სულ ერთად არიან და ძალიან უყვართ ერთმანეთი: ჩართავენ ხოლმე პატეფონს, ცეკვავენ, ვოდკებს ურტყამენ და მოსაყოლი იმდენი აქვთ! ათას ქალს ათასი ცხოვრება ეყოფა. თან ბებოებმა ნარდის თამაში ჩინებულად ისწავლეს და ახლა ინტერნეტ-კაფესაც შეეჩვივნენ, ქსელური თამაშების ამბავში.

აი, ასე იყო ეს ამბავი.

მერე, დედააზრიო?

რა ხეირიო, იკითხავთ?

აბა, რა გითხრათ. ალბათ, არც არაფერი.

...იცით, თუ ოდესმე, განსაკუთრებით, წვიმიან, ცივ საღამოს, ძალიან მოგინდებათ სითბო, სინაზე და სიყვარული, გარეთ გადით, და ქუჩაში აუცილებლად შეგხვდებათ ლიზა. ცოტა გაწეწილი და აბუზული ზის ხოლმე ან სადარბაზოსთან, ან ბორდიურზე, და ეწევა. ეცადეთ, შემოგხედოთ, და უმალვე იგრძნობთ, როგორ უყვარხართ. იმდენი სიყვარული აქვს, რომ გულში ვეღარ ეტევა და და თუ ვერავის უწილადა, გაუსკდება კიდეც.

მიდით, მიდით ლიზასთან, ნუ გეშინიათ. მას ძალიან ეყვარებით და ყველა სურვილს აგისრულებთ. მოეხვიეთ, შეიყვარეთ და, რაც მთავარია, ინატრეთ რამე.

0x01 graphic

დასასრული

17 ხელნაწერები არ იწვიან - არც ფირი დაიწვება МАСТЕР И МАРГАРИТА ტელეეკრანზე

▲back to top


ვოლანდი - ოლეგ ბასილაშვილი

პილატე - კირილ ლავროვი

მარგარიტა - ანა კოვალჩუკი (Тайны следствия)

იეშუა - სერგეი ბეზრუკოვი (Бригада, Есенин)

ოსტატი - ალექსანდრ გალიბინი (Шестой)

ფაგოტი - ალექსანდრ აბდულოვი

აზაზელო - ალექსანდრ ფილიპენკო

В белом плаще с кровавым подбоем... Свежесть бывает только одна - первая, она же и последняя... разве я позволил бы себе налить даме водки? Это чистый спирт!... Никогда и ничего не просите, и в особенности у тех, кто сильнее вас. Сами предложат и сами все дадут!... Квартирный вопрос только испортил их... Рукописи не горят...

მიხაილ ბულგაკოვის მიერ 30-იან წლებში შექმნილ შედევრზე ბევრი ითქვა, დაიწერა და ის არაერთხელ წაკითხულა. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ეს რომანი, აუცილებლად წაიკითხეთ. თუ რუსულ ენას ბლოკადას უცხადებთ, გასაგები მიზეზების გამო, მაშინ აიღეთ რომანის ქართული თარგმანი, ინგლისური, გერმანული, ესპანური, ან სულაც, იტალიური და... გადადეთ გვერდზე, ისევ რუსულს მოკიდეთ ხელი და ორიგინალში წაიკითხეთ.

რომანის ეკრანიზაცია ბევრ რეჟისორს სურდა, მაგრამ ვერავინ ბედავდა. ვინც გაბედა, არაფერი გამოუვიდა. ასე მაგალითად, იური კარას 1994 წელს გადაღებული ფილმი პროდიუსერებმა დაიწუნეს და თაროზე შემოდეს. მაგრამ 2006 წელს, რუსეთის ტელეარხზე Россия გამოვიდა რუსი რეჟისორის და სცენარისტის, ვლადიმერ ბორტკოს ათსერიანი ტელეფილმი. ბორტკოს მიერ რომანის ეკრანიზაციის შესახებ, რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი და იმ დღიდან მოყოლებული, ბევრი ვერსია მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორი გამოვა ფილმი; გაშიშვლდება თუ არა მარგარიტა; როგორ „გააცოცხლებენ“ კატა ბეჰემოტს; ვინ ითამაშებს იეშუას, პილატეს, მარგარიტას და, რაც მთავარია, თავად ვოლანდს. ტელეფილმი თავიდანვე სეზონის მოვლენად იქცა. მას უყურებდა ყველა და ყველგან. დილა წინა დღეს ნანახი სერიის გარჩევით და შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყებოდა.

დამეთანხმებით, რომ ბულგაკოვის შედევრის ნებისმიერი ეკრანიზაცია უარყოფითი შეფასებისთვისაა განწირული. განსხვავება მხოლოდ კრიტიკის ტონში და კრიტიკოსთა აგრესიაში იქნება. არც ბორტკოს ფილმის კრიტიკაა რთული. მართალია, ფილმის კრიტიკოსები, საბედნიეროდ, უმოწყალობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მაინც გულმოდგინედ და შემართებით შეუდგნენ ფილმის დაცხრილვას.

სავსებით სამართლიანად, ყველაზე მეტი კრიტიკა კირილ ლავროვის პილატეს შეხვდა. ლავროვის პილატე „კეთილი ადამიანია“, მოხუცებული, ცხოვრებისგან და თავის ტკივილისგან დაღლილი ბერიკაცი რომელიც მალე პენსიაზე გავა და შეძულებულ ქალაქს დატოვებს. იგემონი კი არსად ჩანს. არსად ჩანს Пилат Понтийский, всадник Золотое Копье. შეიძლება ეს ფინალისთვის მზადებაა, სადაც პილატე ერთგვარ აღსარებას აბარებს იეშუას, მთვარის სხივზე გავლისას, მაგრამ მანამდე პროკურატორმა ის უნდა გაასამართლოს და ამით ისტორია შექმნას. მანამდე უნდა დავინახოთ, როგორ ...закричал Пилат таким страшным голосом, что Иешуа

отшатнулся. ლავროვს აშკარად აკლია პილატეს ბრაზი, ომახიანი ხმა და ფიზიკური სიძლიერე, ასაკზე რომ არაფერი ვთქვათ. ლავროვის ნიჭი და გამოცდილება საკმარისი არ არის აშკარა ფიზიკური შეუსაბამობის დასაფარად.

პილატესი არ იყოს, ვოლანდსაც არ აწყენდა წლების ჩამოყრა. პატრიარქის ტბორებზე ბასილაშვილის გამოჩენისას, თვალშისაცემია მისი სიბერე. ისიც კი შეუმჩნეველი რჩება, რომ მას ბერეტი არ ახურავს. მაგრამ, ვუყურებთ ფილმს და ვრწმუნდებით, რომ ბასილაშვილი თავისი საქმის ოსტატია - უმაღლესი რანგის არტისტი. იცის, როგორ ითამაშოს მიცემული როლი. მეორე, მესამე კადრი და მაშინვე იკარგება ასაკისგან გამოწვეული დისკომფორტი. მართალია, როდესაც მეჯლისის ბოლოს ვოლანდი მარგარიტას მოსასხამს ჩამოხდის და მარგოს შიშველ სხეულს ვიხილავთ, თვალიც და გულიც ითხოვს, რომ ვოლანდი უფრო ახალგაზრდა იყოს. ბასილაშვილის ვოლანდში აშკარად ჩანს დემონური საწყისი. კეთილი, ბულგაკოვური დემონი - Я часть той силы, что вечно хочет зла и вечно совершает благо. ბულგაკოვის მიერ ინტერპრეტირებული გოეთეს მეფისტოფელის სიტყვებით, ბასილაშვილი გვანახებს ბოროტებას, რომელიც, ჩვენდა გასახარად, თავისივე ხელით შექმნილ მეორე ბოროტებას სჯის.

ვოლანდის მიერ არის შექმნილი მარგარიტაც. მარგარიტა - ელეგანტური, ლამაზი, ჭკვიანი ალქაჯი შეიძლება სხვა მსახიობს უკეთ ეთამაშა, მაგრამ ანა კოვალჩუკის მარგარიტა ფილმში ისეთია, როგორიც წარმოგვედგინა. აზაზელოს მალამოს წყალობით გაალქაჯებულ მარგოში კარგად ჩანს ეშმაკის მეჯლისის დედოფალი - ამაყი, შიშველი, გაბოროტებული ალქაჯი, რომელიც ქმარსაც ღალატობს და აღტაცებული არბევს ლიტერატორ-კრიტიკოსთა კაბინეტებს და სახლებს. არანაირი მოწყალება და შეცოდება. ის მხოლოდ ოსტატზე და საკუთარ თავზე ზრუნავს. ფრიდასაც იმიტომ ეხმარება, რომ დაუდევრად მისცა პირობა და თუ არ შეუსრულებს, მთელი ცხოვრება მოსვენება არ ექნება. მარგარიტას ორსერიანი სიშიშვლე და მოსკოვის თავზე, ცოცხზე ამხედრებული ფრენაც კარგად არის გადაღებული. მართალია, მას ჰარი პოტერივით კვიდიჩის თამაში გაუჭირდება, მაგრამ კომპიუტერული გრაფიკა რუსული ტელეფილმისთვის მისაღები ხარისხისაა და დაბალხარისხიანი ეფექტის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

ოსტატს სიღრმე აკლიაო, ამბობთ თქვენ. შეიძლება არ გეკამათებით. მიუხედავად იმისა, რომ ტიპაჟი სწორადაა შერჩეული, გმირი არ გამოვიდა. არ ვიცი, ვისი ბრალია - რეჟისორის თუ მსახიობის; ალბათ უფრო მსახიობის. მაგრამ ვინ თქვა, რომ ოსტატი ღრმა უნდა იყოს? ვინც რომანის შექმნის ისტორიას იცნობს, ეცოდინება, რომ ოსტატის გმირი წერის პროცესში შეიქმნა. რომანი პილატეზე ხომ თავად ვოლანდის დაწერილია და არა ოსტატის. იმიტომაც არ იწვიან ხელნაწერები. ვოლანდია შემქმნელი და არა ოსტატი და სწორედ ვოლანდი უნდა იყოს ღრმა და ფილოსოფიური. და საერთოდ, რატომ ვეძებთ სულიერად დაავადებულ ადამიანში სიღრმეს? ხოლო თუ ოსტატის სიღრმე ასეთი აუცილებელია, რატომ ვერ ვპოულობთ? ის ხომ ფილმში იეშუას ხმით ლაპარაკობს (ოსტატს ბეზრუკოვი ახმოვანებს). თუ იეშუაში ხედავთ სიღრმეს, მაშინ ოსტატშიც უნდა დაინახოთ.

იეშუასაც აკლიაო სიღრმე, მპასუხობთ თქვენ. ეს იესო კი არა, „ბრიგადირი“ საშა ბელია, საყვედურობთ რეჟისორს. ნუთუ? და რატომ ეძებთ იესოს სიბრძნეს მის სხეულში, კუნთებში ან ხმაში? მთავარი ხომ სიტყვებია. მოუსმინეთ მის სიტყვებს და სიბრძნესაც გაიგებთ. ანდა, რატომ გინდათ იეშუა ჰა ნოცრიში იესო დაინახოთ? იეშუა ერთი უბრალო დურგალი იყო, იესო კი ღვთის შვილია. არ ვიცი, ცდილობდა თუ არა ბეზრუკოვი იესოს თამაშს, მაგრამ იეშუას როლი კარგად გამოუვიდა. ის არ არის კრიმინალი საშა ბელი და არც ხულიგანი პოეტი ესენინი - უბრალო ფილოსოფოსი იეშუა ჰა ნოცრია.

ვლადიმერ ბორტკოს ფილმში შემოჰყავს რომანში არარსებული პერსონაჟი - „ადამიანი ფრენჩში“. მას გაფტი თამაშობს. ეს მისი მეორე როლია ფილმში - პირველი კაიფაა. გაფტის ორივე გმირი, „ადამიანი ფრენჩში“ და კაიფაც, თავისი რეჟიმის სადარაჯოზე დგას და ცდილობენ, ქვეყანა „არეულობისგან“ დაიცავან. უსახელო „ადამიანი ფრენჩში“ სახასიათო პერსონაჟია, რომელიც 20-იანი წლების НКВД-ს ჩინოსანს მოგვაგონებს. ის ერთგვარი კრებითი სახეა იმდროინდელი ტერორისა და რეჟიმის. საგულისხმოა, რომ გაფტი, რომელიც, სვათა შორის, რეჟისორ კარას წარუმატებელ ეკრანიზაციაში თავად ვოლანდს თამაშობს, ქართული აქცენტით ლაპარაკობს და მას პენსნე ამშვენებს. სტალინზე და ლავრენტი პავლოვიჩზე ასეთი აშკარა მინიშნება გასაგებია. მიუხედავ იმისა, რომ 20-იან წლებში ბერია ჯერ კიდევ თბილისში იყო, სახასიათო როლისთვის კარგად ცნობილი პერსონაჟი ამჯობინეს. დერჟინსკისთვის გვიანია, მენჟინსკის, ეჟოვს და იაგოდას ცოტა თუ იცნობს, ხოლო ქართული აქცენტი და პენსნე ყველასთვის კარგად ნაცნობია. რაღა დაგიმალოთ და, ამ პერსონაჟის შემოყვანით, ფილმს არაფერი შეემატა, ზედმეტად გაწელილი ბოლო ორი სერიის გარდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ფილმი დადებითად უნდა შეფასდეს. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ილუსტრაციაა; კარგად გაკეთებული ილუსტრაცია, რომელიც გადაღებულია რომანის მკითხველისთვის; მკითხველის, რომელიც 7 საათის განმავლობაში თვალს ადევნებს მოსკოვსა და იერუშალაიმში განვითარებულ მოვლენებს და თან მიყვება წიგნის ფურცლებს, რომლებიც თითქმის ზეპირად იცის. ამ ფილმის კრიტიკოსები წაუგებელ პარტიას თამაშობენ, რადგან საყოველთაოდ ცნობილი და საყვარელი ნაწარმოების ეკრანიზაციის კრიტიკა ადვილია. გამუდმებით შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რომ რეჟისორმა ნაწარმოებს გადაუხვია; რომ მარგო…ისეთი არ არის; რომ პილატე და ვოლანდი, სულ ცოტა, 20 წლით ახალგაზრდები უნდა იყვნენ; რომ კატა ბეჰემოტი წიგნში კატისებურ მსუქან კაცად გარდაიქცევა; რომ ადამიანი ფრენჩი არაფერ შუაშია და რომ ბანდიტი საშა ბელი არ უნდა იყოს იეშუა; რომ ფილმში სათანადოდ არ ჩანს პილატეს და იეშუას ურთიერთობა და პრობლემა და ასე შემდეგ… მაგრამ, ჩვენ ხომ სწორედ ეგ გვინდა. ჩვენ ისედაც ვიცით, როგორია მარგო და ფაგოტი, ვოლანდი და „ჩეკისტი“ აფრანიუსი (რომელიც ბასილაშვილის წყალობით, ვოლანდის ხმით ლაპარაკობს); როგორ ტკიოდა თავი პილატეს და აწუხებდა ვარდის ზეთის სურნელი. ჩვენ ეს ვიცით, იმიტომ, რომ მხოლოდ ილუსტრაციას ვუყურებთ და მთავარს წიგნში ვკითხულობთ. ფილმი საშუალებას გვაძლევს ვიკამათოთ, შეცდომით ნათქვამი ფრაზის გამოჭერით თავი მოვიწონოთ, არგუმენტები მოვიყვანოთ გმირების და მსახიობების შეუფერებლობის და, პირიქით, შესაფერისობის შესახებ; დავუბრუნდეთ წიგნს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ რეჟისორზე უკეთ გვესმის რომანი.

რეჟისორს, ისევე როგორც მსახიობებს, ეყოთ სიმამაცე, ხელი მოეკიდათ ეკრანიზაციისათვის და თავი გაეწირათ კრიტიკისათვის, ჩვენთვის, საკუთარი თავისათვის, რომანისათვის. ფილმი გადაღებულია რომანის მკითხველისთვის და ნაწარმოების სიყვარულით და პატივისცემითაა გამსჭვალული. მისი ყურებისას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, მოწიწების გამოსახატად, მსახიობები ოდნავ იხრებიან. დიახ, რეჟისორი მაქსიმალურად ცდილობს, სიტყვასიტყვით გაყვეს ნაწარმოებს (ზოგიერთ ჩანართს თუ არ გავითვალისწინებთ) და აქ იკარგება მისი, როგორც რეჟისორის თავისუფლება, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ილუსტრაციაა, კარგად გაკეთებული ილუსტრაცია.

დაბოლოს...

ძალიანაც ნუ დაიძაბებით. უბრალოდ, ჩართეთ ტელევიზორი და უყურეთ ფილმს, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა წაკითხული რომანი. საღამო ხანს საყურებლად მშვენიერი ფილმია და საჭირო არ არის ბევრი ფილოსოფია, ჩაღრმავება და დაფიქრება იმაზე, თუ ვინ, სად, რატომ, როდის და როგორ... Подумаешь, бином Ньютона!...

18 რადიო უცნობის ამბები

▲back to top


0x01 graphic

უკან, 1918-ში

სიურპრიზები ისე მაგრად მიყვარს, რომ თანაბარი სიამოვნებით ვიღებ ხოლმე სულიერებისგანაც და უსულოებისგანაც, მათ შორის, რადიოსგანაც. რადიო „უცნობი“ და თვითონ უცნობი კი ამ სიამოვნებას არასდროს მაკლებენ. ამჯერად ისინი ჩემი და ჩემნაირების გულის მოსაგებად, ტელეკომპანია „იმედს“ შეეკვრნენ, FM რადიოტალღებს გაცდნენ და გადაწყვიტეს, გულის სიღრმეში მიმალული პატრიოტული გრძნობები წამომიტივტივონ.

26 მაისსა და საქართველოს დამოუკიდებლობაზე ყოველდღე თანაბარი გზნებით ხომ ვერ იფიქრებს კაცი! არადა, ისეთი მნიშვნელოვანი თარიღია, რომ ვისაც წარსულში მოგზაურობა უყვარს, 1918-ში, დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

სტუდია „უცნობში“ რეჟისორ ანდრო ჭიაურელის მიერ დამზადებული ფილმი კი სწორედ ამ ეპოქაში გვპირდება გადასვლას. ფილმი ეთერში 26 მაისს გავა. მთხრობელი - გია გაჩეჩილაძე ყველაფერს გვიამბობს - სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე, იმ წელს დატრიალებულ პერიპეტიებზე, იმ ადამიანებზე, ვინც მთავარ მოვლენებში იყო ჩართული და ვინც ისტორია შეცვალა. თხრობა რომ უფრო სახალისო გახდეს, წარსულში მოგზაურობის განცდა კი - უფრო რეალური - გვანახებენ ისტორიულ კადრებს, ფოტოებს, გაგვახსენებენ იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ და საინფორმაციო სტატიებს და მოგვასმენინებენ 20-იანი წლების ჰიტებს. იცოდით, რომ ასეთები საერთოდ არსებობდა? არადა, დამოუკიდებელ საქართველოს თავისი თანმხლები „ალბომიც“ ჰქონდა. იმ დროინდელ პოპულარულ სიმღერებს სტუდია „უცნობის“ მიერ დამზადებულ ფილმში ძველი და ახალი თაობის თანამედროვე ქართველები შეასრულებენ: ივიკო საყვარელიძე, ლექსენი, გიო ხუციშვილი, გია კორკოტაშვილი, ვანიკო მაჭავარიანი, უცნობი, გივი ჭიჭინაძე, ოღონდ, ცხადია - მაშინდელ კოსტიუმებში გამოწყობილნი, მაშინდელი განწყობითა და ანტურაჟით...

ერთი სიტყვით, 1918-ში დაუვიწყარი მოგზაურობა გარანტირებული მაქვს. იმედია, თქვენც გაიზიარებთ ჩემს პატრიოტულ აღტკინებას, მე კი, რეზიუმეს სახით, ცოტას წავიამაყებ და ჩემი უფრო დიდი სიამაყის მიზეზს გაგიმხელთ: მე ვიყავი ის, ვინც ოჯახს 1918-ის ერთი დიდი საიდუმლო აღმოვუჩინე: 26 მაისს გაფორმებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემს დიდ ბაბუას, ვასილ ბურჯანაძეს მოუწერია ხელი... (ჩათვალეთ, რომ ამ სამი წერტილის ადგილას მე, გულაჩუყებული, ვტირი). ასე რომ, სტუდია „უცნობის“ ფილმს პირადი სენტიმენტებით სავსე დაველოდები, თქვენ კი, იმედი მაქვს, 1918-ის გასახსენებლად ზოგადად პატრიოტული გრძნობებიც გეყოფათ და სიამოვნებით გაჰყვებით უცნობს იმ ბედნიერ წელიწადში სამოგზაუროდ, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა...

ავტორი: თამარ ბაბუაძე