![]() |
ცხელი შოკოლადი №18 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ტურაშვილი დათო, ბაბუაძე თამარ, კაკულია სანდრო, კორძაია-სამადაშვილი ანა, კიკალეიშვილი სალომე, ყრუაშვილი ირა, გურასაშვილი გიგა, ლობჟანიძე გიორგი, მარი გიორგი |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი პროდიუსერი მარიტა ჭანჭალეიშვილი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე მიხეილ დგებუაძე თორნიკე ლორთქიფანიძე ვიზაჟი აუკა მურვანიძე რეკლამა: ნატა ფედოსეევა გვანცა გუშარაშვილი გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ა |
![]() |
1 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
დათო ტურაშვილი
ზამთრის არდადეგებზე თბილისში რომ ჩამოვედი, ყველანი მოწყენილები, დეპრესიულები და აგრესიულები დამხვდნენ. ახლა, ზაფხულში, სულ სხვანაირია თბილისიც და საქართველოც და ადამიანები გაცილებით მხიარულად გამოიყურებიან, თუნდაც მხოლოდ გარეგნულად, მიუხედავად ყველაფრისა. მღერიან სხვადასხვა ჰიმნს, საყვარელი გუნდების მაისურები აცვიათ და სხვა ქვეყნების დროშებსაც მონდომებით აფრიალებენ. მსოფლიო ჩემპიონატი და ფეხბურთი არაფერ შუაშია, რადგან ამ უცნაურ აღტკინებასა და ეიფორიას, სინამდვილეში საფუძვლად სხვა მიზეზი უდევს და ამ მიზეზის დანახვაც ძნელი არ არის. ჩვენ არ გვაქვს და გვაკლია საკუთარი ფეხბურთი, საკუთარი სიხარული და წარმატება და ამიტომაც იძულებული ვართ, სხვისი ცხოვრებით ვიცხოვროთ, თუნდაც ერთი თვის მანძილზე და სხვისი წარმატებით და სხვისი სიხარულით გავიხაროთ. მართალია საფეხბურთო აჟიოტაჟის შესაქმნელად სახელისუფლებო ტელეკომპანიებმა მთავრობისგან პირდაპირი მითითებები მიიღეს (ერთი ჭკვიანი კაცი რომ ჰყავთ, იმის მოგონილს ჰგავს ეს ფან-კლუბები), მაგრამ მგონი არაფერი დაშავდება თუ ამდენი ქართველი ახალგაზრდა (და არა მარტო ახალგაზრდა), რომელსაც არც სამსახური აქვს და არც სხვა გასართობი, ერთი თვით მაინც დაივიწყებს იმ დამძიმებულ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.
თუმცა, ჩამოსვლისთანავე, აღშფოთებული ინტელიგენტების და ინტელექტუალებისგან ისიც მოვისმინე, რომ რაც ახლა თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ხდება, უბრალოდ სამარცხვინოა. მე კი მინდა რომ საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, სადაც სიხარული და სიყვარული სამარცხვინო აღარ იქნება და კიდევ კარგი, არც ინტელიგენტი ვარ და არც ინტელექტუალი. ჯვარიც მწერია...
თამარ ბაბუაძე
ასე მგონია, „ოსკარით“ უნდა დავჯილდოვდე და სამადლობელ ტექსტს ვწერ; არა, იმიტომ არა, რომ სიგიჟე მეტაკა და თავი ჰოლივუდის კინოვარსკვლავი მგონია, არამედ იმიტომ, რომ მართლა ბევრი მადლობა მაქვს გადასახდელი სრულიად „ცხელი შოკოლადისთვის“; დაახლოებით ამ ტიპის მადლობა: „გმადლობთ, რომ არსებობთ!“ და აი, რატომ: იმ პერიოდში, როცა შორენა შავერდაშვილი, საპატიო მისიით, დეკრეტში გაემგზავრა - ბიჭი - ლაზარე მოავლინა ქვეყანას და „ოჯახზე“ ზრუნვის პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, მეც გადმომაბარა, ყველა „შოკოლადელი“ თავიდან შემიყვარდა, ყველას წერის სტილი თავიდან აღმოვაჩინე და ყველას ამბებით თავიდან ვისიამოვნე:
მწვანე სუროში ჩაფლული ეკა ნიჟარაძის ისტორიები ისევე სიამოვნებით იკითხება, როგორც ფოტოების ხილვა ასვენებს თქვენს თვალს.
სალომე ზურაბიშვილის 83-წლიანი მსვლელობაზე საქართველოსკენ ყველაზე კარგად მისი ახლად დასტამბული წიგნი გვიამბობს, მაგრამ სანამ წიგნს მიადგებით, პოლიტიკოსი და დიპლომატი ქალის აპოლიტიკური ცხოვრების შესახებ „ცხელ შოკოლადში“ წაიკითხეთ და ისიც ნახეთ, თუ როგორია ქალბატონი სალომე სამინისტროებისა და კანცელარიის მიღმა.
ამ ნომერში ლევან ხერხეულიძემ მოულოდნელად გაგვაოცა მოჭიდავე ელდარ (ლუკა) კურტანიძის ფოტო-სესიით, რომლითაც დიდხანს „გვემუქრებოდა“ და რომლის შედეგითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ასე რომ, თქვენს წინაშეა მოაზროვნე და კეთილი „დევგმირი“, რომელიც, არნახულად თამამი ფოტოებით საკუთარ თავზე გულწრფელად საუბრობს.
კიდევ ერთი ფოტო-პროექტი, რომელიც განსაკუთრებულად დაატკბობს თქვენს თვალს - დათო მესხისა და სანდრო ნავერიანის „ბოლო ზარი“. სანამ სანდრო თავისი სკოლის პერიოდს მისტირის და გაფრენილ დროს ბავშვებთან ურთიერთობით ინაზღაურებს, დათო მესხი მათ ყველას ერთად აკვირდება და ისეთი განწყობის მქონე ფოტოებს იღებს, რომ თქვენც აუცილებლად გაგახსენდებათ სკოლის დამთავრების დღე და თან ისე ცხადად, რომ ვინ იცის, იქნებ საიდანმე ბოლო ზარის წკარუნიც გაიგოთ. მოკლედ, თავად ნახეთ.
განწყობა - „მადლობა, რომ არსებობთ!“ - ისე მომეძალა, რომ ვეღარ ვჩუმდები, თან ჟურნალში კიდევ უამრავი საინტერესო რამ დარჩა წასაკითხი: გურამ დოჩანაშვილი და მისი მოგონებების კალეიდოსკოპი, თეატრის სცენაზე განვითარებული სიყვარულის ისტორია, ამბები ცირკის არენიდან, და, რაღა თქმა უნდა, გოგი გვახარია, რომელიც ცრემლიანი სათვალიდან დანახული წარსულის გარდა, კანშიც გვამოგზაურებს და მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის დღიურს ყველაზე პიკანტური ნიუანსებით აღადგენს.
ასე რომ, სწრაფად მონახეთ სარჩევში საწყისი წერტილი და ჩაუჯექით.
სანდრო კაკულია
ბავშვობა არც ისე ახლოს იყო, როგორც ჩემს ირგვლივ მყოფთ ჰგონიათ. ამიტომაც ჩემი საცირკო გატაცება შორეულ წარსულს უკავშირდება და აქაურ აწმყოში მისი გახსენება, სინამდვილეში, იქაური აწმყოს დაბრუნებაა, რომელიც ჩვენს დროში წარსულია. ამაზე იქით გვერდებზე ისედაც ბევრი წერია. სვეტის წერისას, თავისუფლების „უფლება“ საკმაოდ ადვილად მოვიპოვე და... ბოდიშს გიხდით, მაგრამ თუ ვერ გაიგებთ, თავისუფალი ფიქრის უფლება ამ წუთიდან თქვენია! -თქვენი დაჯერებების, რომ ცვეტაევებზე და რილკეებზე არაფერი მსმენია; რომ ჩემს თავზე წარმოდგენები მცდარია და თქვენი წარმოდგენები კი - უსაშველოდ წამხდარი; რომ ჩემს ირგვლივ ათასობით ადამიანი ირევა, და შეფასებები, შესაბამისად, ათასნაირია. თქვენ იშვიათად შეგეცვლებათ აზრები, რის გამოც გაგიჩნდებათ დიდი ბზარები...
თქვენ კი იფიქრებთ, რომ ჩემი წარმოდგენები თქვენს მიმართ საპასუხო იქნება, სინამდვილეში კი ასე არასდროს მოხდება. სანამ არ გავა დრო, მანამდე ვერაფერს მიხვდებით, და როცა მიხვდებით, საკმარისზე მეტი დრო იქნება გასული. azer-airlines-ის თვითმფრინავში მოსმენილი გამცილებლის ხმა ისევ უცნაურად მოგეჩვენებათ: „ზასტეგნიტე რემნი“, „ჩერეზ ნესკოლკო მინუტ ნაშ სამალიოტ პრიზემლიტსა ვ აერაპარტუ Charles de Gaulle“ - სადაც პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ალმოდოვარის ფილმს თავისუფლებასმოწყურებული თვალებით შეხედავთ და სახლში დაბრუნებულს, ასეთი კინოს გმირობა მოგინდებათ.
თუ დღეს ვიღაცისთვის გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაშინ ხვალაც ასე იქნება, და „ხვალ“ კი, მოგეხსენებათ, რომ მომავლის სიტყვაა...
გამოყენებული ფრაზების გამო, ჩემს სიტყვებს ყველანი საკუთარ თავზე, თქვენივე თავზე უფრო თავისუფლად მიიღებთ. არ იქნება მართალი. ნუ იზამთ ამას. ცირკში სექტემბრამდე ისედაც ვერ წახვალთ!
ანა კორძაია-სამადაშვილი
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამ ცხელ ღამეებში დაძინება დიდი პრობლემაა, და გაავებულმა ძველისძველი, დავიწყებული მეგობარი, „მაჰაბჰარატა“ გავიხსენე. უზარმაზარია, მთელი ზაფხული რომ არ დავიძინო, მაინც მეყოფა.
იქ, მრავალ სხვა საოცარ ამბავთან ერთად, ისიცაა მოყოლილი, რომ ყმაწვილქალობის ჟამს, დედოფალ კუნტის ერთმა დიდმა ბრაჰმანმა დიდი წყალობა უბოძა: შელოცვა, რომლის მეშვეობითაც კუნტის ნებისმიერი ღმერთისგან შეეძლო შვილის გაჩენა. მისი შვილები მზის, წყლის, ჭექა-ქუხილის ვაჟები იყვნენ - რა მაგარია!…
…გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ქალაქიდან ფეხი არ გამიდგამს - ეს რა მომივიდა! და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ზამთარმაც და გაზაფხულმაც უჩემოდ ჩაიარა. ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ ზაფხულიც უჩემოდ გადის და ძალიან ვბრაზობ.
ერთადერთი, რითაც თავს ვიმშვიდებ, ისაა, რომ ჩემი ადუღებულ დედაქალაქში ჯდომა ოდნავ მაინცაა გამართლებული. ნახეთ, როგორი კარგი ქალებისა და კაცების ამბებს გიყვებით! თან ისეთ ამბებს! აი, მაგალითად, ეკატერინე ნიჟარაძე. თუ წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ მხოლოდ ლამაზი ქალი და მსახიობი კი არაა, არამედ... მოკლედ, წაიკითხეთ, და იმასაც მიხვდებით, რამ გამახსენა დედოფალი კუნტი.
![]() |
2 ART-ი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
„ქალაქურის“ შესახებ
„ქალაქური“.
19 მაისი. 15:00
მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, რამდენად მართებულია ამ ღონისძიების შესახებ დაწერა მაშინ, როცა ჟურნალის გვერდს თავზე დიდად აწერია რუბრიკის სახელწოდება ART-ი...
მაგრამ თუ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველაფერი ART-ია: ცუდი და კარგი გამოფენა, უგემოვნო და გემოვნებიანი საღამოები თუ სახურავზე გამართული გაურკვეველი აქციები, მაშინ თავისუფლად შემიძლია გავაგრძელო და ერთ შეხვედრაზე გიამბოთ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ გაუხსნელ რესტორანში „ქალაქური“ გაიმართა.
GMC ჯგუფის რესტორნების ქსელს ნამდვილად არ ჩამოვთვლი, გეცოდინებათ. ერთს გეტყვით, რომ „ქალაქური“ მათი ახალი რესტორანია, სადაც გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, გურმანთა საბჭოსთან და მოწვეულ ჟურნალისტებთან ერთად, „ნადიმობა ქალაქურში“ გაიმართა. ჩვენგან განსხვავებით, გურმანთა საბჭოს შენიშვნების და რჩევების მიცემა ევალებოდათ, ჩვენ კი... პირადად მე და ჩემმა ფოტოს კაცმა, უგემრიელეს ევროპულ კერძებს და - სომელიეს დახმარებით - საუკეთესო ღვინოებსაც გავუსინჯეთ გემო; წესისამებრ, გემრიელად ვანჯღრიეთ სასმისში ცივი, თეთრი ღვინო და ნაზად ვჭრიდით თეფშზე განლაგებულ - არა, ამას სხვა სიტყვა არ უხდება - საკვებს! მუქი ხის ინტერიერი, ძველებური, გაჩახჩახებული ბრები, ვიოლინოს ნაზი ჰანგები და... მოკლედ, თავი „ტიტანიკში“ მეგონა... ოღონდ მადლობა ღმერთს, ხმელეთზე!
ATELIE TEN' A
მშენებარე სახლი მელიქიშვილის 10-ში.
8 ივნისი. 21:00
იქიდან გამოსულს, ქუჩაში, თვალებგაფართოებული ახლობლები შემხვდნენ... - ისაააა, და ხომ არ იცი რა ხდება? შენც იქ იყავიო??? მე, რა თქმა უნდა, წესიერი ადამიანივით, კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი და მათი ცნობისმოყვარეობა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილე. ახლა კი, რადგან ამ ფრაზამდე მოხვედით, ჯერ არ გადაგიფურცლავთ და ე.ი., თქვენც დაინტერესდით სალომეს ახლობლების გაკვირვების მიზეზით, აქ დარჩით, არ დავიზარებ და აუცილებლად მოგიყვებით ყველაფერს.
ისტორია საღამოს 9 საათზე დაიწყო, როცა უკვე საკმაოდ ბნელოდა და ასფალტში გამჯდარი +40 გრადუსი, სიბნელეშიც გიწუხებდა გულს. როცა მშენებარე სახლთან, ჩაბნელებულ გამზირზე უაზროდ ჩახერგილი მანქანები იდგა და ტროტუარზე ანთებული სიგარეტებით მოსეირნე 9-10 სანტიმეტრიან ქუსლებზე „შემდგარი“ ქალბატონები შეინიშნებოდნენ...
ამ ყველაფრის მიზეზი დიზაინერების - თეონა თავართქილაძის და იკა ბობოხიძის ახალი სახელოსნოს Atelie ten' a-ს პრეზენტაცია იყო. პრეზენტაცია, რომელიც ერთდროულად, მშენებარე სახლის ორ სართულზე მიმდინარეობდა, საინვესტიციო კომპანია Award-მა დააფინანსა. ეს იყო „სახლი სახლში“, რადგან ერთი მხრივ, იმართებოდა Award-ის მშენებარე სახლში, და მეორე მხრივ, ჩვენებისთვის შექმნილი სივრცე, დეტალებით - ხის იატაკითა და შუშებიანი ჭაღით - მაქსიმალურად მიმსგავსებული იყო სახლის ინტერიერს.
ქალის სამოსის ზაფხულის კოლექცია დიზაინერებმა ნიკა მაჩაიძის მუსიკის ფონზე წარმოადგინეს. იქნებოდა ეს საქმიანი ქალის იმიჯი - გრძელი, თავისუფალი შარვლებით და მოკლე პიჯაკებით თუ ლაღი, გრძელი კაბები და მუხლამდე სიგრძის სარაფნები - ყველაფერი საოცარი ქალურობით, სექსუალურობით და სისადავით გამოირჩეოდა. მინიმალისტური შტრიხებით შექმნილ სამოსში - ყავისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, მწვანე, თეთრი, ცისფერი და სტაფილოსფერი ფერები დომინირებდა. თითქმის ყველა მოდელი მსუბუქი მაქმანებით და რუშებით იყო გაწყობილი, მაღალი ქუსლები და მაღალ წელზე აწეული ოქროსფერი ქამრები კი, კოლექციის ქალურობას და სინაზეს უსვამდა ხაზს.
გულახდილად გეტყვით, Atelie ten'a-ს კოლექცია იმდენად სასიამოვნო, ქალური და მიმზიდველი იყო, რომ... დატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად, პრეზენტაციიდან სახლში, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში დაბრუნებულ ორ „შოკოლადელს“ - სალომე კიკალეიშვილს და თამარ ბაბუაძეს, შუაღამით, ექსპრომტად გვიბაკუნია ოთახიდან ოთახში, კარადიდან ამოქექილ კაბებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში...
P.S. ესეც ასეე, ვინ თქვა განწყობა გადამდები არ არისო?!
ეს ფოტო გამოფენაა? მმ, არა!
„თი-ბი-სი“ ბანკის საკონფერენციო დარბაზი.
9 ივნისი. 18:00
- დანა?
- არა!
- რამე მჩხვლეტავი?
- მმ, არა!
ხომ იცით, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის საკონფერენციო დარბაზში სტუმრობა ყოველთვის ასე იწყება? მე და ჩემი ნივთები ყოველთვის ვწრუპუნებთ და მომაბეზრებელი კითხვებიც იწყებააა... მაგრამ რას იზამ, ეს წესია! წესი კი იმისთვისაა, რომ... დაარღვიო? ჰო, ზოგჯერ, ალბათ! მაგრამ არა „თი-ბი-სი“ ბანკის შესასვლელში, თან დაცვასთან! რისთვის გინდა, თორემ ჰო... ხომ ხედავთ, რაღაც სისულელეებს ვბუტბუტებ ჩემთვის, არ ვიცი, რას ვწერ და მით უმეტეს, რა უნდა დავწერო! რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე ცუდი უინტერესო ღონისძიებებზე სიარული, ცუდი ნამუშევრების თვალიერება და მერე მასზე დაწერაა, რასაც ვერც ამჯერად, ივნისის კულტ-ცხოვრების მიმოხილვისას ავცდი.
ბრიტანეთის საბჭომ, „ბრიტიშ პეტროლიუმთან“ და ქართულ-ინგლისური კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად, სოფი სითველის ფოტოგამოფენა მოაწყო. გამოფენა კომპოზიტორების - გოგა შავერზაშვილისა და მაიქ მოუერის კონცერტით დასრულდა. კონცერტზე ვერაფერს გეტყვით, აღარ დავრჩენილვარ (უფრო სწორად, გამოფენის მერე, ამის არანაირი სურვილი აღარ გამჩენია). მაგრამ ფოტოგამოფენას (რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმართება, - ეტყობა კარგად გამოგვდის საქმე (?!)) ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი და სიამოვნებით წავცუნცულდი.
სოფი საქართველოში 1989 წელს ჩამოსულა, ქართველი ხალხი შეყვარებია და მათთვის პორტრეტების გადაღებაც გადაუწყვეტია. ბევრი უმოგზაურია ახალციხეში, რაჭაში, სვანეთში... ქართველები ამაყი ხალხია, მათ იშვიათად აქვთ ფოტოკამერის შიში და მუდამ მზად არიან, საკუთარი ცხოვრების გამოცდილება გაგიზიარონო, - უთქვამს სოფის. ისინი კი მზად არინ, მაგრამ... სითველის ფოტოები სიტყვა „ჩხაკ“-ს ნამდვილად არ ცდებოდა და არაფრისმომცემად, თითქოს რაღაცის ფონად ეკიდნენ დარბაზის კედლებზე.
ISFCA
პრეზენტაცია ბიზნეს-ცენტრში „მეტეხი“.
10 ივნისი. 20:00
ISFCA სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაციაა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდება და რომლის მიზანიც ამიერკავკასიის ამ ქვეყნებში კინოსაზოგადოებების დახმარება და კინოს კულტურულად და ეკონომიკურად ძლიერ, დამოუკიდებელ სექტორად ჩამოყალიბებაა. ასოციაცია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, SDC-ის დაფინანსებით შეიქმნა და კონსულტაციას შვეიცარიის კინოსა და აუდიოვიზუალური მედიის პროფესიული სწავლების ფონდი FOCAL უწევს.
მთავარი ის არის, რომ 2006-07 წლის პროგრამის გათვალისწინებით და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ISFCA არაერთ საინტერესო ტრეინინგს გამართავს ყველასთვის, ვინც კინოს სფეროში მოღვაწეობს ან ვისაც რეჟისორული, სასცენარო თუ საპროდიუსერო კვალიფიკაციის ამაღლება სურს.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, თაკო ტატიშვილის განცხადებით, ივლისის პირველ კვირას, თბილისში მსოფლიოში აღიარებული კინოგაყიდვების აგენტი - კრისტა სარედი ორდღიან უფასო ტრეინინგს გამართავს. კრისტა სარედი ისეთ ცნობილ რეჟისორებთან მუშაობდა, როგორებიცაა: ჯიმ ჯარმუში, აკი კაურისმიაკი, ლარს ფონ ტრიერი...
საკვალიფიკაციო ტრეინინგს უხელმძღვანელებენ დღესდღეობით საფრანგეთში მოღვაწე, „ოსკარის“ მფლობელი პროდიუსერი სედომირ კოლარი და ევროკავშირის პროდიუსერების ტრეინინგის პროგრამის, EAVE-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კანის კინოაკადემიის, BAFTA-ს და სან სებასტიანის ფესტივალის არაერთი ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი სცენარისტი კლერ დონსი.
P.S. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში სემინარები საერთაშორისო კინოფესტივალების პერიოდს დაემთხვევა. ასე რომ, თბილისში საინტერესო შეხვედრები „პრომეთეს“ დროს, შემოდგომაზე გაიმართება.
ანტონ ბალანჩივაძე „ჰობი“-ში
გალერეა „ჰობი“.
3 ივნისი. 17:00
მისი ტილოები პირველად, ოთხი წლის წინ, „ქარვასლას“ საგამოფენო დარბაზის კედლებზე ვნახე და დამიჯერეთ, მას მერე სულ მენატრებოდა. მენატრებოდა ის სიწრფელე, გულუბრყვილობა, სისადავე და სიკეთე, რასაც ანტონ ბალანჩივაძის თითოეული ნამუშევარი ასხივებდა.
მისი ცხოველები თუ ადამიანები ხომ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისინი ზოგჯერ ერთნაირი ფორმის, სქესის და ფერისაც კი არიან... თუმცა გასაკვირი არც ესაა - ყველა ხომ ერთი ზღაპრის, მითის თუ შესაშურად ლამაზი სამყაროს გმირები არიან; გმირები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან სიყვარული, ნატვრა, სევდა და სიკეთე... მასთან ხომ ციკლოპის ცალთვალა ძაღლიც კეთილია; მურმანსაც გაოგნებული სახით უჭირავს ხელში ეკალი და ალბათ იმასაც ფიქრობს - ეჰ, ნეტა გამაგებინა, ამას აქ რა ჯანდაბა უნდაო; სურვილი და ჩრდილი გვერდიგვერდ სხედან და სანამ საყვარელი თინა საკუთარ მელანქოლიურ გამომეტყველებას უყურებს სარკეში, ტილოზე „შეჰერეზადა“ დიდი ტრაგედია ტრიალდება...
ანტონ ბალანჩივაძე ბავშვობიდან ხატავს, გამოფენებშიც მონაწილეობს და კონკურსებშიც. დიდი ხნის წინ, გერმანული საბავშვო ბაღისა და ფსიქიატრიული კლინიკის „არტ თერაპიის“ დეპარტამენტის კედლები მოხატა; იბსენის დრამისთვის „როდესაც ჩვენ მკვდრები ვიღვიძებთ“ და მოცარტის მუსიკალურ-თეატრალური დადგმისთვის „ჯადოსნური ფლეიტა“ დეკორაციები გააკეთა; სულ ცოტა ხნის წინ კი, მეგობრებთან ერთად, Georgian Art Group-ი დააფუძნა და კაფე-გალერეა „ტაპირი“ გახსნა.
დღეს? დღეს თავის სახელოსნოში ზის, სადაც, ალბათ ბევრი ფუნჯი, საღებავი და ტილო დევს. „ალბათ“ რატომ? იმიტომ, რომ ანტონს კარგად არ ვიცნობ; ჰოდა, ამიტომაც მის შესახებ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით... მაგრამ ესეც არა უშავს იმიტომ, რომ როცა „ცხელი შოკოლადის“ მომდევნო ნომერს იყიდით და გადაფურცლავთ, იქ აუცილებლად აღმოაჩენთ „შოკოლადურ“ ამბავს ანტონზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უკვე ანტონიც გაცნობილი მეყოლება, სახელოსნოშიც ნამყოფი ვიქნები და მის შესახებ დაწვრილებით თუ არა, „ალბათ“ მაინც მეცოდინება რაღაცეები.
ყველას, ვისაც წიგნი უყვარს
დიდუბის საგამოფენო პავილიონი
25 მაისს, დიდუბეში, საგამოფენო ცენტრის მეთერთმეტე პავილიონში, თბილისის მერვე საერთაშორისო წიგნის ბაზრობა გაიხსნა.
ვინაიდან ისევე, როგორც პოლიტიკასა და ფეხბურთთან დაკავშირებით, წიგნის შესახებაც საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი საკუთარი, ერთადერთი და განუმეორებელი აზრი აქვს, წლევანდელ ბაზრობასაც მისი სტუმრები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ, მაგრამ ერთ საკითხთან მიმართებაში ყველა ერთსულოვანი იყო: წიგნის ბაზრობის რამდენიმე დღე იყო ნამდვილი ზეიმი!
გამომცემლებს და წიგნით მოვაჭრეებს, ცხადია, ხეირი, მაგრამ არანაკლებად გაიხარეს მათაც, ვისაც - სულ უბრალოდ - წიგნი უყვართ. აქ ყველანაირი წიგნი იყო წარმოდგენილი, ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, და თუ მთლად წყალწაღებული ცინიკოსი არ იყო, ნებისმიერი მნახველი თუ მყიდველი გეტყოდათ, რომ ცხოვრებით ფრიად კმაყოფილია.
ბაზრობაზე ჩვენც ვიყავით, „ცხელი შოკოლადი“. მოკრძალებით აღვნიშნავ, რომ ძალიან ლამაზი სტენდი გვქონდა, და თავმდაბლად მოგახსენებთ, რომ ყველას მოვწონდით. ნამდვილად ვიცით, რომ ეს შენი დამსახურებაა, მკითხველო, და დიდ მადლობას გიხდით, მეტი რა გვეთქმის?!...
![]() |
3 ეკა, როგორსაც არ იცნობთ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
სტილისტი: გიორგი ნადირაძე
ვიზაჟი: ანუკა მურვანიძე
- ერთი მიამბე, ბეჭზე რა გაწერია? - ვკითხე ეკატერინე ნიჟარაძეს.
- უხერხული სათქმელიც კია. ღორი. წლით ღორი ვარ. როცა ოსტატმა მითხრა, იეროგლიფი აირჩიეო, ეს მომეწონა, სადაა და ლამაზი, თან ღორი ყოფილა. ოსტატმა მითხრა, ძალიან გეტკინება, ბეჭზე სვირინგი ძალიან მტკივნეულია, დიდი კაცებიც კი კივიან ხოლმეო. მაგრამ მე ტკივილს მშვიდად ვიტან, თან მაგისთვის სად მეცხელა: მეგობრის ბინაში მიკეთებდა სვირინგს, ჩემი უმცროსი შვილი ბინაში იქით-აქეთ დარბოდა, უფროსებისთვის დროზე უნდა მიმეკითხა... თან ბეჭზე მირჩევნია, სულ რომ არ ვხედავ, არ მომბეზრდება.
. . .
დოქტორ ფროიდის კვალდაკვალ მოაზროვნეთა მიმართ არც მანამდე მქონია ღრმა სიმპათიები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკატერინე ნიჟარაძესთან ხანგრძლივი საუბრის დროს მისი აკვიატებული სიზმრის ამბავი მოვისმინე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან ჭკვიანი გოგო ვარ: სიზმარი იმიტომაა სიზმარი, რომ ტყუილია, და არაფერი აქვს ნამდვილ, ფერად, შესანიშნავ ცხოვრებასთან საერთო.
„მთელი ბავშვობა მესიზმრებოდა ერთი და იგივე, რომ ყველა ჩემიანი - მშობლები, ბებიები, ბაბუები, ძმა, ნათესავები, - რაღაც კლდოვან მიდამოებში დადიოდნენ, მომთაბარე ტომებივით, ჯგუფ-ჯგუფად, და მეც მინდოდა მათთან ყოფნა, მაგრამ არ მელაპარაკებოდნენ. ახლოსაც არ მიშვებდნენ. თავიდან ძალიან განვიცდიდი, ვტიროდი ხოლმე, მერე კი შევეჩვიე ამ სიზმარს, და მერე გაფერმკრთალდა და გაქრა. ალაგ-ალაგღა მახსოვს, კინოკადრებივით...“
გაიხარეთ ხომ, ფსიქოლოგებო და ფსიქოთერაპევტებო? სულ ტყუილად! ხოჯა ნასრედინისა არ იყოს, სიზმრებისა არაფერი გამეგება, მაგრამ, როგორც ჩანს, გოგოებში თქვენზე უკეთ ვერკვევი.
. . .
ნახალოვკაში, 113-ე სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებელი ქალბატონი მაკო ახვლედიანი იყო, ელენე ახვლედიანის და. სიგარეტიანი ქალბატონი, რომელიც მოწაფეებს ძალიან შთამბეჭდავი შეძახილით ამხნევებდა: пробки! მესამე კლასამდე მისი მოსწავლე იყო ჩვენი გმირი, ეკატერინე ნიჟარაძე.
ქალბატონი მაკო ხშირად მართავდა ხოლმე სასკოლო წარმოდგენებს და კონცერტებს, და პირველი იყო, ვინც აღმოაჩინა, რომ პატარა ნიჟარაძის ქალს არცთუ სახუმარო მონაცემები ჰქონდა, მისგან აშკარად დადგებოდა კარგი მოცეკვავე. ეს ამბავი ერთ-ერთი კონცერტის დროს ეკას ბებიამაც შენიშნა, რომელიც ახალგაზრდობაში თავადაც სტუდიაში დადიოდა და ცეკვავდა. მან შვილიშვილს ხელი ჩაჰკიდა - სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყოველგვარი წინასწარი რევერანსების გარეშე - და იმხანად პლახანოვზე, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მილალა.
მისაღები გამოცდა ეკამ წარმატებით ჩააბარა, მაგრამ მერე, სასწავლო წლის დაწყებამდე, მარცხი მოუვიდა: ანგინა შეეყარა და ავად გახდა. იწვა ლოგინში, სიცხიანი, გარედან მოთამაშე ბავშვების ძახილი ესმოდა - დამერწმუნებით, ბევრი ვერაფერი სიამოვნებაა. მერე კი, რაღაც, თავი მოეფხანა, და ზარდაცემულმა დედამ გრძელ, საამაყო თმაში ტილები უპოვა.
„ახლაც მახსოვს“, - ჰყვება ეკა, - „ლოგინიდან როგორ მქონდა თავი გადმოკიდებული, თმა ძირს დამთრევდა, და დედა მხოტრავდა. ვეკითხები ხოლმე, გული არ გქონდა, ეს როგორ მიქენი, და ის მპასუხობს, აბა, რა მექნაო?“ მართლაც, რა ექნა? და ამიტომაა, რომ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადაღებულ ფოტოსურათებზე ვერ მიხვდებით, ის ბავშვი გოგოა, ბიჭია... არ გამოუვიდა ყველა პატარა ბალერინას საოცნებო ვარცხნილობა...
მაგრამ ეგ არაა სადარდელი. მთავარია, რომ კარგად ცეკვავდა და საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ კარგი მუსიკოსიც დადგებოდა - მოსდგამდა. მის გარშემო სულ მუსიკოსები იყვნენ, თან კარგები.
. . .
ეკას მამის, ალექსანდრეს მამა სამხედრო ექიმი იყო, ძალიან სერიოზული. ემილ კიოს პირადი ექიმიც ბრძანდებოდა, და შესაბამისად, ცირკის სეზონის დაწყებისთანავე, მის შვილს წითელ არენასთან საუკეთესო ადგილი ჰქონდა გამოყოფილი. ბაბუა თავად როკოსოვსკის მკურნალი ყოფილა და მისგან იარაღიც ჰქონდა საჩუქრად მიღებული, სამახსოვრო წარწერით. ერთია, ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, კანონმორჩილმა და წესიერმა მამამ გადაწყვიტა, რომ იარაღი უნდა ჩაებარებინა, და ალბათ ამჟამად ის ვინმეს კერძო კოლექციას ამშვენებს. აფსუსია, მაგრამ ეგ არაფერი.
თავად ბაბუა, მუდამ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, კარაკულის ბოხოხოთ, ჯიბით პატარა წამლის ბოთლს დაატარებდა. ბოთლში ლეგენდარული „ტროინოი ოდეკოლონი“ ესხა. სუფრასთან დასხდომამდე - მერე რა, რომ ბავშვმა ხელები უკვე დაიბანა?! - ის ოდეკოლონში დასველებული ბამბით გულმოდგინედ უწმენდდა ეკას ხელებს, და ბაბუის გახსენებისას მას დღემდე ეს სუნი ახსოვს.
ბებია ეკას არ ახსოვს, არადა, ძალიან საინტერესო ქალბატონი ყოფილა. ყველაფრის გარდა, თურმე, ვირტუოზულად უსტვენდა, მთლად ტაისია ცაავასავით. ბებიას ხუთი და ჰყავდა, და ეკას მამა, ალექსანდრე, სწორედ დებმა ქიქოძეებმა გაზარდეს.
მამა, რომელიც მუსიკოსი იყო, გულდაწყვეტილი დარჩა იმის გამო, რომ სტვენა არ შეეძლო. თითქოს, რა? მაგრამ მას, ფეხბურთის თავდადებულ გულშემატკივარს, სწყინდა, რომ სტადიონზე სხვები უსტვენდნენ, ის კი - ვერა. მაგრამ ეკას წამოზრდასთან ერთად გამოსავალი გამოჩნდა: მამამ აღმოაჩინა, რომ მისი ასული დიდებულად უსტვენს. და მას მერე ეკა, ერთი ციცქნა და ნაწნავიანი, სტადიონის ხშირი სტუმარი გახდა. მამა გვერდით მოისვამდა ხოლმე, გულშემატკივრები მზესუმზირას იფურთხებოდნენ, ალმოდებულ გაზეთებს აფრიალებდნენ და იგინებოდნენ, ეკას კი თავისი, განსაკუთრებული მისია ჰქონდა: „მიდი!“ - დაიძახებდა მამა, და ეკაც ყურისწამღებად უსტვენდა.
დედის მხრიდან წინაპრების ამბის მოყოლისას ეკამ, ჩემი გულის გასახეთქად, გამომიცხადა, აი, დავბერდიო და ცოტა წაუტირა. მერე, მოყოლისას, კინაღამ მეც ავყევი - მეც დავბერდი, როგორც ჩანს. ეკამ მთიანი ყარაბაღიდან დევნილი დიდგვაროვანთა ოჯახის ამბავი მიამბო, როგორ მოუწიათ თოთხმეტი ბავშვის მშობლებს გენოციდის დროს ირანისკენ გაქცევა, როგორ შეიკედლა ისინი აზერბაიჯანელმა ქალმა. ოჯახის უფროსს სპარსეთში მევალე ეგულებოდა და იმის იმედად იყო, მაგრამ, რასაკვირველია, პატიოსანმა სპარსმა ინფლაცია მოიმიზეზა და დევნილები ღვთის ანაბარა დატოვა.
მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, გადარჩნენ და ცხოვრება განაგრძეს. მრავალრიცხოვანი და-ძმა ლამის მთელს მსოფლიოს მოედო, ჩვენი გმირის ბაბუა კი თბილისში ჩამოვიდა.
სწორედ აქ აღმოაჩინა მან „ჩემი ლამაზი, ქერა ბებია“, ქართული, ბერძნული და დონელი კაზაკების სისხლით - უცნაურად იჭრება ბანქო, დედოფალო... ბაბუამ ბებია დაინახა და შეუყვარდა, და მათ ზუსტად ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად და სხვადასხვა წელს, მაგრამ ერთ დღეს გარდაიცვალნენ.
საგვარეულოს ამსახავი ხე ამჯერად ეკა ნიჟარაძის სამზარეულოს კედელს ამშვენებს, და მისი უმცროსი ვაჟი, ნოდარი, მას გულმოდგინედ იხილავს ხოლმე: „მე სად ვკიდივარ?“ - ხანდახან წამოიძახებს: „ბაბო საყვარელიძე და სიმონ ნიჟარაძე!“ ერთი ისაა, რომ ოდესღაც მრავალრიცხოვან მოდგმას გვარის გამგრძელებელი ჯერ-ჯერობით არა ჰყავს. ძმებ ნიჟარაძეებზე დიდ იმედებს ამყარებენ, ეგებ კიდევ ეყოლოთ ბიჭები.
ეკა ნიჟარაძეს კი სამი შვილი ჰყავს: ანასტასია ანუ ტასო, 14 წლისა; გიორგი ანუ ჯეჯი (ჯეჯი კოლხურად გიორგია), 12 წლისა, და 7 წლის ნოდარი. ნოდარს გული სწყდება, რომ მხოლოდ ერთი სახელი ჰქვია. აი, ნახეთ, ეკა ეკაცაა და ეკატერინეც, ბიძია ალექსანდრეცაა და ალიკაც, მისი ქალიშვილი კესოცაა და კესარიაც, ის კი - მხოლოდ ნოდარი! ეკას კიდევ უნდა შვილის გაჩენა, და რატომაც არა? მით უმეტეს, რომ ეს საქმე მშვენივრად გამოსდის. და საერთოდ, ორსულობა ავადმყოფობა არაა, მშობიარობა ოპერაცია არაა - ეს ჩემი ბრძენი ბებიის გამონათქვამებიდან.
. . .
ერთ მშვენიერ დღეს, ზემოთ ჩამოთვილი საზოგადოება ეკას მანქანით მისი და მისი ძმის საოცნებო მხარისკენ დაიძრა: ახალქალაქი! მანქანაში დიდი აურზაური იყო, დედაქალაქიდან გასვლისთანავე ვიღაცას მოშივდა, ვიღაცას ფისი მოუნდა, ვიღაცამ ფანჯარა ჩაწია, ვიღაცამ მოითხოვა, აწიეო...
როდესაც ეკა და მისი ძმა ალიკა თავიანთი შვილების ტოლები იყვნენ, ყოველ ზაფხულს იქ ატარებდნენ ხოლმე, და იქ ისეთი ამბები ხდებოდა! ახალქალაქში სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დადიოდნენ, უფროსები, მათ შორის - შემდგომში ეკას მაზლი, გუგა კოტეტიშვილიც. და გუგა, უჩვეულო სანახავი, ჩექმებიანი, მთელს მიდამოში უჩვეულო ნივთებს აგროვებდა: სპილენძის ჭურჭელს, ძველებურ, სქელძირიან ბოთლებს... ნიჟარაძეების აივანზე სულ საღებავის სუნი იდგა, და ეკა გულმოდგინედ თითხნიდა მასტიხინით. მერწმუნეთ, დიდი სიამოვნებაა.
მართალია, მასტიხინებს ერთი ცუდი ზნე აქვთ - იოლად ტყდება. ერთხელაც ასეთი მარცხი ეკასაც მოუვიდა, და აქაოდა, დავიმალებიო, ეზოში მდგომ, სახლის პატრონის საამაყო ლეღვის ხეზე ასვლა და იქ დამალვა განიზრახა.
ეს დიდი შეცდომა იყო - ლეღვის ხე ხომ ხე არაა! გაიფურჩქნა, გადაიშალა, მდგომარეობის გამოსწორების ყოველი მცდელობა სულ უფრო დიდ ნგრევას იწვევდა. დარცხვენილმა ეკამ ხის მფლობელს შესთავაზა, თუ გინდა, ხე „ავსკოჩოთო“...
ო, როგორი ადგილი იყო ახალქალაქი! მთაზე, ბრტყელი ქვების ქვეშ, მორიელები ცხოვრობდნენ: დედა, მამა, პატარა მორიელუკები... ეკა და მისი ძმა, რომელსაც ძალიან უყვარს ყველაფერი, რაც მრავალფეხიანი, ულვაშებიანი და საერთოდ, საზიზღარია, მორიელებს სიხარულით აგროვებდა, რაღაც გლანდების ამოსაჭრელი საშინელი იარაღიც კი მოიპოვა და შხამიან მწერებზე იმით ნადირობდა. მერე, მინის ქილებში, ორთაბრძოლები იმართებოდა: მორიელი დიდი ობობის წინააღმდეგ.
იქ, ახალქალაქში, გონებაშეზღუდულ და სახიჩარ ბავშვთა სახლიც იყო - სასწაული, სადაც ათასნაირ უცნაურ ადამიანთან ერთად გოჭისფეხებიანი ბიჭი ცხოვრობდა. ნამდვილად გოჭის ფეხები ჰქონდა, ჩლიქები. ის დიდ, ღონიერ ხელებზე დადიოდა, და ძალიან კეთილი იყო. ზემოთ, სოფლის განაპირას, ჭეჭელაშვილებს დიდი დობერმანი ჰყავდათ, თავისი მოდგმის ძაღლების მსგავსად, წადარტყმულო. თუ ღმერთი გაწყრებოდა და დღისით აიწყვეტდა, ბავშვებს ტაკოებზე კბენდა ხოლმე, მაგრამ ღამით, აშვებული, მშვიდად ყნოსავდა ხოლმე აივანზე მძინარ და-ძმას. წამოადგებოდა თავზე ეს მხეცი, ბასკერვილების ძაღლივით, მაგრამ არ ერჩოდა - ისე, დაყნოსავდა ხოლმე და მიდიოდა თავის გზაზე.
ზემოთ ციხე-სიმაგრე იდგა, ამჟამად არტ-ვილა გარიყულად ცნობილი. ამბობდნენ, ერთ გერმანელ ქალს აუშენებია, ჭლექი ჰქონდა და აქაური ჰაერის იმედად იყოო. სინამდვილეში, სრულიად პროზაული ამბავია, არც კი მოვყვები, მაგრამ იმ წაგოთურო სახლს ასეთი ლამაზი ლეგენდა უფრო უხდებოდა. უჰ, რა იყო! ჭრიალა, დანგრეული კიბეები, გრილი ტალანები, და იქიდან - არნახული ხედი, თეძამის ხეობა, მზით გადამწვარი მთები...
ცხადია, ეკა და ალიკა სულ იხსენებდნენ საოცარ ახალქალაქს და გადაწყდა, რომ ამ საოცრებას თავიანთ შვილებსაც აზიარებდნენ. მაგრამ ახალქალაქის ძველი დიდებისა არაფერი დარჩა. რა იქნა ხალხი? ქუჩებში კაცი-დაბადებული არ ჭაჭანებდა, ეზოები - ჩახერგილი, მიდამო - უკაცრიელი. აღარც ჩვენი გმირები დარჩენილან, მანქანა მოაბრუნეს და თბილისში დაბრუნდნენ.
სამწუხაროა, მაგრამ ეგ არაფერი. უბრალოდ, სადაც ბედნიერი იყავი, იქ ნუ დაბრუნდები - ეს მცოდნე ხალხის გამოცდილებიდან.
. . .
ვისაც 1989 წელი გახსოვთ, ისიც გეხსომებათ, რომ თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინოსა და დრამის ფაკულტეტზე ჩაბარება ბევრი ვერაფერი სიხარული იქნებოდა - რა კინო, რა დრამა... ეკასთვის ეს ფაკულტეტი ყველაფერ იმის გაერთიანება იყო, რაც კი უყვარდა: ცეკვა, მუსიკა, ახალქალაქის აივანზე მასტიხინით საღებავების ზელაც კი. ამიტომ გადაწყვიტა მსახიობობა.
ერთი წლის თავზე, ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, საცეკვაოდ. იქ ისწავლა ის, რის გამოც ეკა ნიჟარაძემ, მრავალი წლის წინათ, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა - სტეპი. მართალია, ახლა ის ფეხსაცმელი აღარ აქვს, კაკი-კუკა, საგანგებოდ ამ ცეკვისთვის შექმნილი.
პირველივე წელს აკადემიური შვებულების აღება იმხანად დაუშვებელი იყო, მაგრამ მამამ ივაჟკაცა და მერე ეკას შტატებში დაურეკა - ისწავლი, ნუ გეშინია.
მართალია, ამერიკაში ნასწავლის გაგრძელება ეკას არ დასცალდა, უფრო სწორად, არ დაიცალა: თბილისში დაბრუნებულმა ნიკო გომელაური გაიცნო, ცოლად გაჰყვა და პირველი შვილი მეორე კურსზე გააჩინა, მეორე - მეოთხეზე. აბა, რაღა ესტეპებოდა.
მაგრამ მერე იყო „ვერნისაჟი“ და მისი წინაპირობა - 90-იანების დასაწყისის ბნელი, ცივი და უიმედო თბილისი. ინსტიტუტამდე ფეხით სიარული, პაპიროსი „ასტრა“ - მუნდშტუკით! ასეც ხომ არ წავიხდენდით თავს, რომ აკანკალებული ხელებით გვესრისა მყრალი სიგარეტი და სასწავლებლის სარკეებიან ბუფეტში თამბაქოს ფურთხება აგვეტეხა! მით უმეტეს, რომ იმ სარკეში დიდი თვალების თამაში იყო გამართული...
აი, ამ სავალალო მდგომარეობაში, ეკას მეგობარ თეა გობეჯიშვილს ახალგახსნილ რესტორანში, შოუში მონაწილეობა შესთავაზეს. ერთგვარი „კოტონ კლუბის“ ამბავი იყო, მოგეხსენებათ, იმხანად თბილისშიც არანაკლები წარმატებით ისროდნენ. თეა, რომელიც ასევე მოცეკვავე და თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული გახლავთ, საგონებელში ჩავარდა: ერთი მხრივ, კარგია ცეკვაც და შემოსავალიც, მეორე მხრივ კი რაღაც საეჭვო „ვერნისაჟი“... თან ეკას ვერ აიყოლიებდა - ის ორსულად იყო.
მაგრამ თეამ „ვერნისაჟის“ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება - და ძალიან კარგი ქნა. იქ საეჭვო არაფერი მომხდარა. ცოტა ხანში, მას ეკაც შეუერთდა, და ისინი ბევრს ცეკვავდნენ, და თვითონაც კმაყოფილები იყვნენ, და მრავალსაც მოუტანეს სიხარული იმ სევდიან წლებში.
ეკას დღესაც უნდა ცეკვა, მენატრებაო, ბრძანა. მთავარია, მიუშვათ. მერე ეკამ იცის.
. . .
ეკატერინე ნიჟარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. ის სარდაფისა და თავისუფალი თეატრის სცენებზეც თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ფაკულტეტს კინოსა და დრამისა ერქვა, მიაჩნია, რომ იმას, რაც ინსტიტუტში უნდა ესწავლა, ახლა ეპარება - კერძოდ, კინოს.
თუმცა უკვე არაერთ მოკლემეტრაჟიან თუ მხატვრულ ფილმში მიიღო მონაწილეობა - ხომ გახსოვთ „თბილისი, თბილისი“? - და ამჟამად რუსთავი 2-ის ახალ სერიალშიც თამაშობს. ეკა თვლის, რომ ახლა იწყებს კინომსახიობობას. მისი ერთ-ერთი ოცნებაც ამასთანაა დაკავშირებული: „მინდა, ვიჯდე და სცენარებს ვკითხულობდე. როგორც დასავლეთის კინოს ვინმე ვარსკვლავი. წავიკითხე - არ მომეწონა - ზურგსუკან მოვისროლე. კიდევ წავიკითხე - კიდევ არ მომეწონა... მერე რომელიმეზე ვიფიქრე, ჰოო, ამას ძილის წინ გადავიკითხავ...“ ჯერ-ჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ეგ არაფერი. აუცილებლად მოხდება.
როცა ოცნებებზე მიდგა საქმე, ეკამ თქვა ის, რაზეც ალბათ ყველა ქალი ოცნებობს: უნდა ძლიერი მამაკაცი, და როგორც ყველა ოცნებას, ამასაც თითქოს ახდენის პირი უჩანს - მგონი, ისაა... ამბობენ, ბაყაყს რომ აკოცებ, ზღაპრულ უფლისწულად გადაიქცევაო... თავად ეკაც არაა სუსტი და იოლად ხელწამოსაკრავი ქალი, უბრალოდ, ნამდვილი, ძლიერი მამაკაცი უნდა. ისეთი კი არა, თავიდან რომ მაგარი გგონია და მერე ნელნელა ჩაქრება და გაუბედურდება. არა, აი, ისეთი, სულ რომ ეცოდინება, რომ გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავს.
ეკამ მიამბო, რომ როცა პატარა გოგო იყო, მამას კინოში დაჰყავდა ხოლმე, და გზად სულ ღელვა უწევდა: დაგვაგვიანდება, დაგვაგვიანდება! რადგან მამა ყველა შემხვედრ ნაცნობს მოწიწებით უხდიდა ქუდს და გულითადად მოიკითხავდა ხოლმე. არადა, იმხანად ხომ მთელი რუსთაველი ნაცნობი იყო, შენიანი. ახლა კი ეკას თავადაც უნდა, რომ ქუჩაში ისეთი კაცი ხვდებოდეს, ქუდს რომ მოუხდის და გულითადად მოიკითხავს, იმიტომ კი არა, რომ რაღაცა, არამედ იმიტომ, რომ ასეთია. ცოტათი მაინც მამასნაირი.
გაიხარეთ, ჩემს მიერ უდიერად მოხსენიებულო ფსიქოანალიტიკოსებო! კარგი კაცის გოგოს აუცილებლად კარგი კაცი უნდა, ისე რა კაცზე თანახმა არაა. ეს ერთადერთია, რაშიც უდავოდ მართლები ბრძანდებით.
![]() |
4 სახურავის ბინადარი მხატვარი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
გამოყენებულია დეკორაციები და კოსტიუმები სპექტაკლებიდან:
„სტიქსი“
„12 განრისხებული მამაკაცი“
„ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“
„მილიარდერის ვიზიტი“
პიესა მრავალ მოქმედებად
მოქმედი გმირები და შემსრულებლები:
ირა შარაშიძე - „კარგი“ პოლიციელი
თემურ ნინუა - „ცუდი“ პოლიციელი
მკერავები - მკერავები
პიესა - თარგი
რეჟისორი - თანაშემოქმედი
მსახიობები - თანაშემოქმედები
სცენა - ცხოვრება
შედიხარ რუსთაველის თეატრში უკანა კარიდან და დანანებით ფიქრობ: საფუძვლიანმა რემონტმა თეატრს ჯადოსნურობის განცდა ოდნავ მაინც დაუკარგა. მაგრამ გადიხარ გაქათქათებულ ჰოლებს და ბუფეტის მისადგომებთან უკვე მხიარულდები, რადგან გრძნობ - ჯადოქრობა არსადაც არ გამქრალა; აი, ნამდვილი კულისები საიდან იწყება: აქ შეერთებულ მაგიდებზე სიგარეტის კვამლში გახვეული მსახიობები სხედან, რეჟისორთან ერთად; წესით, პიესაზე მსჯელობენ, მაგრამ უფრო ყაყანებენ, ვიდრე მსჯელობენ. თან ყველა შემომსვლელს ესალმებიან და თუ სტუმრით რომელიმე მათგანი განსაკუთრებით დაინტერესდა, შეიძლება ასეც მოიქცეს - მის სიმორცხვეზე განზრახ ითამაშოს, ადგეს, მიუახლოვდეს და სრულიად უცხოს, ჩაის ფინჯანში შაქარიც ჩაუყაროს, მერე კოვზით არტისტულად მოურიოს, თან თვალებში მიაშტერდეს და გაურკვეველი წინადადებები სწრაფად მიაყაროს, მაქსიმალურად დატკბეს სტუმრის დაბნეულობით და კმაყოფილი ისევ თავის მოყაყანე კომპანიას დაუბრუნდეს.
როცა თემურ ნინუას და ირა შარაშიძეს პირველად ამ ბუფეტში შევხვდი, ჩემი ჩაის დატკბობაზე ზაზა პაპუაშვილმა იზრუნა. ირა შარაშიძემ კი დამამშვიდა, - აქ ყველა ასე იქცევა, ეს თეატრის ყველაზე ინტიმური და მართალი ნაწილიაო, მაგრამ კიდევ ერთი ასეთი ადგილიც ვიცი, იქ კარლსონი ცხოვრობსო და თვალით თავის მეუღლეზე მანიშნა. მერე სამივენი ერთად, სახურავის ბინადარი
თემურ ნინუას სახელოსნოსკენ გავემართეთ. ავიარეთ კიბეები, მივაღწიეთ ბოლო სართულს და მეგონა, აი, მოვედით კიდეც-მეთქი, მაგრამ არა. იქ კიდევ ერთ, ხის რამდენიმესაფეხურიან კიბეს შევუყევით და სხვენში აღმოვჩნდით, თავისი ვერანდით. თემურ ნინუა - რუსთაველის თეატრის სცენოგრაფი - მართლაც კარლსონივით ყოფილა. მისი ოთახიდან რომ სახურავზე ვერანდა გადის, იქედან გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელოსნოც ჩანს. ნინუას ოთახი კი სავსეა დეკორაციების დეტალებით, ნემსებით, ძაფებით და თარგებით - პერსონაჟების შემოსვაზე ხომ მასთან ერთად მეუღლე - ირა შარაშიძეც ზრუნავს.
იქვე ირკვევა ცოლ-ქმრის კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე მოუძებნეს - „კარგი“ და „ცუდი“ პოლიციელი. „თემური მკერავებსა და ტექნიკურ პერსონალს არცერთ ნიუანსს არ პატიობს, თითოეული ღილის დაკერებას და თითოეული დეკორაციის გამართვას მაქსიმალური სიზუსტით თხოვს, მე კი მათ შუაში ვდგები და კარგი პოლიციელის როლს ვთამაშობ. ჩემზე რა უნდა დაწერო საერთოდ? უბრალოდ, მედიუმი ვარ თემოსა და დანარჩენებს შორის“.
ცოლის ამგვარ თვითშეფასებას სასტიკად აპროტესტებს თემურ ნინუა და ამბობს, რომ ირას გარეშე ბევრი რამ შეუძლებელი იქნებოდა. ისინი წლებია, ერთად მუშაობენ, ჰყავთ ორი დიდი ქალიშვილი და მათი სიყვარული დღემდე თეატრალურ სცენებზე გრძელდება.
. . .
სტიქსი მდინარეა ჰადესში, რომლითაც იმქვეყნიურ სამყოფელში მიცვალებულთა გვამები გადადიან. სტიქსი გია ყანჩელის მუსიკაში იმქვეყნიურსა და ამქვეყნიურს აერთიანებს და ქვეცნობიერის დონეზე, მოგონებებს აცოცხლებს. „სტიქსი“ მუსიკაა, რომელზეც რობერტ სტურუამ სპექტაკლი დადგა. ეს სპექტაკლი ან ეზიზღებათ, ან უყვართ, ან ესმით, ან - ვერა, შუალედური პოზიცია არ არსებობს. როცა „სტიქსისთვის“ დეკორაციებსა და კოსტიუმებს ამზადებდა, თემურ ნინუას ეს ყველაფერი ბოლომდე ნაფიქრი არ ჰქონდა. თუმცა, გარეთ რევოლუცია მძვინვარებდა, რუსთაველის თეატრს არემონტებდნენ, რეპეტიციები სპორტულ დარბაზში მიმდინარეობდა - მუხტიც მხატვარს სტურუას და ყანჩელის მოგონებათა მდინარის გასაცოცხლებლად ამ დეტალებმა მისცა. სპორტული დარბაზის სივრცე შავ-თეთრში გადაწყვეტილ სპექტაკლს ისე მოუხდა, რომ ნინუას აზრიც გაუჩნდა - „სტიქ-სი“ სულ აქ გავითამაშოთო... ჰადესის მდინარემ ფიქრებისა და მოგონებების სიღრმე მერე და მერე წამოიღო. და დღეს ცოლ-ქმარი ნინუები თვლიან, რომ „სტიქსი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპექტაკლია, რომელიც უნახავთ და რომლის შექმნაშიც თავად მიუღიათ მონაწილეობა. ქმრის დეკორაციებში მოთამაშე პერსონაჟები ირამ შემოსა. ირამვე მოიფიქრა სცენისთვის კონკრეტული დეტალები. ისედაც, ბატონი თემური, განათლებით არქიტექტორი, ცოლის აზრს მუდამ ითვალისწინებს. ფიქრი სპექტაკლზე 24 საათის განმავლობაში გრძელდება. „სტიქსზეც“ თავიდანვე იცოდა, რომ მინიმალური ფერები უნდა გამოეყენებინა, მათ შორის, ბევრი თეთრი ტონი და შემდეგ ეს იდეა მეუღლესთან ერთად დახვეწა.
ბოლო პერიოდსვე ეკუთვნის „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“ და „12 განრისხებული მამაკაცი“. ამ უკანასკნელისთვის თემურ ნინუამ სამი მაკეტი გააკეთა, მესამე - რომელიც დამტკიცდა - ყველაზე ნაკლებად მოსწონს, მაგრამ სინანულის გრძნობა არ დარჩენია. ჩემი აზრით, საამაყო ისედაც ბევრი აქვს და, ალბათ, ამიტომ.
. . .
თემურ ნინუას მამა არქიტექტორია, ამიტომ სახატავ და სახაზავ მოწყობილობებთან ბავშვობიდანვე ჰქონდა შეხება. სულ ხატავდა, შემდეგ ი. ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლა, მალე აკადემიაშიც ჩააბარა და იქვე გაიცნო ირა, რომელიც არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა, რომანი მოგვიანებით განვითარდა. იმ წელს საშა რეხვიაშვილი „მწვანე ველს“ ბათუმში იღებდა, ირა ბათუმში ისვენებდა. მათ შეხვედრებზე კი 14 წლის ლიკა ქავჟარაძე „ზრუნავდა“, რომელიც ფილმში თავის პირველ როლს ასრულებდა. მცდელობამ გაამართლა, ბათუმში „მწვანე ველზე“ დაწყებულ რომანი ბედნიერად გაგრძელდა. შემდეგ თემურ ნინუა თეატრშიც მიიწვიეს. გრიბოედოვის თეატრი „კომბლეს“ დგამდა. ირა მაშინ პირველად დაეხმარა ქმარს კოსტიუმების შეკერვაში. თეატრში შინიდან უამრავი ფერად-ფერადი ნაჭერი მიზიდა, მაგრამ მეორე დღეს აღარაფერი დახვდა, ვიღაცას ნაჭრები გაურკვეველი მიზნებით შინ წაეღო... თუმცა, „თანამშრომლობა“ არ ჩაშლილა. თემურმა წესად დაამკვიდრა - შინდაბრუნებული ირას მუდამ ეკითხებოდა: „როგორ ფიქრობ, იმ სცენაში რა ჯობია?“, „რა პერსპექტივა მოუხდება, რა ფერი, რა აქსესუარი?..“, „როგორი ქუდი დავახურო?“... - ამ შინაურულმა კითხვებმა ოფიციალური პასუხები ცოლისგან მოგვიანებით - ათიოდე წლის წინ მოითხოვა - როცა ირა საბოლოოდ წამოვიდა ტელევიზიიდან, სადაც გადაცემების დამდგმელ მხატვრად მუშაობდა და რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა, - როგორც თვითონ ამბობს, თემოს და დანარჩენი მხატვრების „მედიუმად“.
თემური: „მე ვხატავ, ვხაზავ. ირა კერავს. თუ რამე გასაფორმებელი ან მოსახატია - აუცილებლად თვითონ აკეთებს. კერვა არსად უსწავლია, მაგრამ თითოეულ დეტალს ინტუიციურად ისე კარგად გრძნობს, რომ როცა მკერავები ამბობენ - ეს არ გამოვა, ირა ეუბნება, როგორ არ გამოვა! და მერე მართლა გამოდის“.
ირა: „თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა. ერთი-ორჯერ მოვხვდი კულისებში და დღემდე გამომყვა ის ჯადოსნურობის განცდა. ახლაც, ამ ასაკშიც, ყოველ მორიგ ჯერზე მგონია, რომ კულისებში რაღაც სასწაული ხდება... ამიტომ საბოლოოდ სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა. თავიდანვე გავიაზრე, რომ ყოველ ახალ სპექტაკლზე მუშაობა ჩემთვის შინაგან ზრდას ნიშნავდა. თემოც და გოგი მესხიშვილიც ისეთი ენით მელაპარაკებოდნენ, ისეთ დეტალებს ამჩნევდნენ და ისე ახლებურად აზროვნებდნენ, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა. მე, უბრალოდ, მათი დამხმარე ძალა ვარ“.
თემური: „არავითარი დამხმარე ძალა! შენ ჩემთვის... მართლა ძალიან კარგი ტანდემი გამოგვივიდა“.
ერთმანეთი სამსახურშიც რომ ძალიან სჭირდებოდათ, ეს ყველაზე ნათლად მოსკოვში, გოგი ალექსი-მესხიშვილთან ერთად მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილზე“ მუშაობისას გამოჩნდა. სამასკაციანი დასი იყო, მოსკოვის ცირკი კი უზარმაზარია - ხუთი სცენა აქვს - აქედან რომ ყინულის საფარი გადის, იქედან წყალი შემოდის და ათასი მსგავსი ტექნიკური ჯადოქრობა ხდება. ერთად რომ არ ყოფილიყვნენ, თემურ ნინუას, ალბათ, ძალიან გაუჭირდებოდა უზარმაზარ მასშტაბებთან გამკლავება. საბოლოო ჯამში, მიუზიკლი ძალიან ფერადი და შთამბეჭდავი გამოვიდა. იყო ერთი, მთელი დეკორაციისგან გამორჩეული ორიგინალური დეტალიც: სცენაზე იდგა რამდენიმემეტრიანი გამჭვირვალე ხე, და ჩხიკვი ზაქარას ქორწილში დაპატიჟებული ფრინველებიც ამ ხეებში დაფრინავდნენ - ჩიტებადქცეული მსახიობები ხან სქელ, გამჭვირვალე ტოტებში იმალებოდნენ, ხანაც მოულოდნელად გამოფრინდებოდნენ იქედან.
. . .
70-იანი წლების ბოლოა. პრაღაში სცენოგრაფიისა და თეატრის არქიტექტურის კვადრენიალი იმართება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მხატვრები ერთმანეთს ნოვაციებში, უახლეს სპეც-ეფექტებში, უორიგინალურეს სასცენო დადგმებსა და კოსტიუმებში ეჯიბრებიან. თემურ ნინუა კი თბილისშია და ყოველდღე - სამსახურიდან სახლისკენ ერთსა და იმავე გზას გადის. მერე კუადრენიალი პრაღაში ხმაურიანად, გაცემული პრიზებითა და გაცვლილ-გამოცვლილი ახალი იდეებით მთავრდება. თემური კი ამ დროს ისევ იმავე გზაზე სეირნობს - ვაკედან რუსთაველისკენ. ერთ დღესაც, ქაშუეთის წინ, გაჩერებაზე თეატრის სექციის დირექტორი ხვდება - შლაპითა და იღლიაში ამოჩრილი ტყავის საქაღალდეთი. ერთმანეთს თავაზიანად ესალმებიან. დირექტორი ის-ისაა უნდა დაემშვიდობოს თემურს, რომ უცებ ახსენდება - უი, მოიცადე, შენთვის პრაღიდან გამოგზავნილი ოქროს მედალი მაქვს, აგერ ჩანთაში მიდევს და ბარემ მოგცემო: თემურ ნინუას კოსტიუმების ესკიზები ისე გაუგზავნიათ კუადრენიალზე და ისე მოუპოვებია იქ პირველი პრიზი, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ასეთი დრო იყო, ტროლეიბუსის გაჩერებაზე ირკვეოდა დიდი ამბები. პრაღიდან და მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენებიდან სიახლეებს მხატვრები ისევე შემთხვევით იგებდნენ, როგორც დირექტორს სრულიად მოულოდნელად ტყავის საქაღალდეში დავიწყებული ოქროს მედალი გაახსენდა:
„რა თქმა უნდა, გამეხარდა, მაგრამ ტანსაცმლის მოდელირებაში მაშინ არც არავინ იყო. ერთი სახელი ქუხდა მხოლოდ - ზაიცევი. და მეც, როცა პრაღის ამბავი გავიგე, ვხუმრობდი, ეს რით დამაჯილდოვეს, ზაიცევი ხომ არ ვარ-მეთქი. შემდეგ და შემდეგ უფრო დავაფასე ჯილდო“.
ისევ 70-იანი წლების ბოლოა და იმავე გაჩერებაზე კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა ხდება. თემურ ნინუას ფარაჯანოვი ესალმება. ხუთი მანეთი მოიტაო, ეუბნება. თემურს ხუთი არ აქვს, მაგრამ აძლევს სამს. ფარაჯანოვი პასუხობს: хорошо, дай три. За три рубля я тебя с Тарковским познакомлю-ო და იქვე მდგარი ტარკოვსკი გააცნო...
70-იანი წლები იყო და ასეთ მოულოდნელ კავშირებს უცხოეთთან სულ სხვანაირი სიხარული მოჰქონდა ხოლმე. თუნდაც შტატებში გამოსული ჟურნალი Soviet Life რად ღირდა! ერთ-ერთ ნომერში, რომელიც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას ეძღვნებოდა, თემურ ნინუასა და მირიან შველიძის სცენებსა და პერსონაჟებზეც დაწერეს წერილი. საბჭოთა მკითხველს კი სცენის მხატვრების შესახებ ჟურნალი „Искусство“ ანათლებდა. 1977 წლის ნომერში ჟურნალისტი წერდა:
„ნინუას მსუყე, მხიარული ფერები უყვარს, მკვეთრი წითელი, ოხრა, ზღვისფერი ლურჯი... მისი ჟანრი არც ტრაგედიაა, არც საოპერო დრამა, არამედ ფარსი და ტრაგიფარსი, ტრაგიკომედია და ალეგორია. მისი ტონი, ძირითადად, ირონიულია... ის ფანტაზიორია. ის ილუზიონისტია, გასაიდუმლოებული ტრიუკების გარეშე. ნინუას ასე სჩვევია - ჟონგლიორობისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ნივთებს ირჩევს, მაგრამ მის ხელში ისინი ჯადოსნურ ფორმას იძენენ... სპექტაკლებში თამაშის საკუთარი წესების გამოყენება - ეს ნინუას სტილია...“
საკუთარი თამაშის წესების გამოყენება? გადაჭრით „ხოს“ ან „არას“ ამ შეფასებაზე თემურ ნინუა არ ამბობს, თუმცა მაინც „ხო“ გამოდის: „ჩვენზე ამბობენ, სცენის მხატვრები არიანო, ანდა გამფორმებლებიო და ამ სტატუსს შტამპივით გვარტყამენ ზურგზე. ჩემი მიდგომა კი ასეთია: თეატრში ინდივიდი უნდა იყო. როცა სტურუა დგამს შექსპირს, იქ უკვე მარტო შექსპირი აღარ არის. იქ ავტორთან ერთად სტურუაცაა. როცა „რიჩარდი“ წაიღეს ინგლისში, თვითონ ინგლისელებმა თქვეს, აი, აქედან უნდა ვისწავლოთ, როგორ დავდგათ შექსპირიო. და თუ შემოქმედებით პროცესში რეჟისორი ინდივიდია, ინდივიდია მხატვარიც, ის მესამე კაცია - მწერალთან და დამდგმელ რეჟისორთან ერთად. მხატვარი გარემოს უქმნის პიესას და მან შეიძლება ისეთი დეტალი ან მთელი სცენაც კი მოიფიქროს, რომ სპექტაკლი რეჟისორს სულ სხვანაირად წააყვანინოს. თუ ტომ სტოპარდმა როზენკრანცის და გილდენსტერნის ცალკე გამოყოფა და მათზე პიესის დაწერა მოისურვა და მერე რეჟისორმა ამ პიესის დადგმა გადაწყვიტა, მხატვარმა რატომ არ უნდა თქვას თავისი სიტყვა?“
ხომ გახსოვთ, თემურ ნინუა „ცუდი პოლიციელია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მაქსიმალისტია და ყველაზე მეტად მცდარ განსაზღვრებებს ვერ იტანს - ისეთს, როგორიც იგივე „სცენის გამფორმებელია“, ანდა - სიტყვა „ფორმა“: „ერთხელ „ჩხიკვთა ქორწილზე“ მსახიობების შერჩევა მიდიოდა. ერთი გოგო მოვიდა და მეუბნება, აბა, მანახეთ, მე რა ფორმა უნდა ჩავიცვაო. ვუთხარი, ფორმა მილიციონერებს აცვიათ, შენ კოსტიუმი უნდა ჩაგაცვა-მეთქი“.
. . .
მუშაობა კი ასე იწყება: სახლში მოაქვს პიესა და იწყებს კითხვას. რამდენჯერმე კითხულობს და მერე რასაც არ უნდა აკეთებდეს, ფიქრით მუდამ პიესაში რჩება: საჭესთან, სუფრასთან, ტელევიზორთან, ერთმა პატარა საყოფაცხოვრებო დეტალმა შეიძლება მთელი დეკორაცია წარმოადგენინოს. ჰყავს თავისი საყვარელი დრამატურგებიც. და რადგან თავისუფლება უყვარს, პირველ რიგში, უყვარს შექსპირი, რომელიც არასდროს არ მიუთითებს დეკორის დეტალებს - სად უნდა იდგას მაგიდა და სკამი. მოქმედება მასთან ან სასახლეში ხდება, ან ბაღში და მერე ვიზუალურ შემოქმედებაში უკვე თვითონ მხატვარი შლის ფრთებს. სიტუაციას თავად თემურ ნინუა ქმნის.
ეს სასცენო სიტუაციები კი, როგორც წესი, მაქსიმალურად ორიგინალურია:
ოთარ ჭილაძის „ნახვის დღეში“ სცენაზე უზარმაზარი გაჭრილი ვაშლი დადო და ბოლოს თავისი „სუძუკის“ ჯიპიც გამოაგორა.
მანამდე, ჯერ კიდევ წითელ საქართველოში, „ბურატინოს“ კატას ბეისბოლისტის მაისური ჩააცვა და ბეისბოლისტისვე ჯოხი დააჭერინა - მაშინ, როცა მოსახლეობის ნახევარს, ალბათ, ეს თამაში ნანახიც არ ჰქონდა.
„რობინ ჰუდი“ კი - ყველა მხატვრის წარმოდგენაში უღრან ტყესა და მწვანე ბუნებაში გაშლილი სპექტაკლი - თემურ ნინუამ ხის უჯრებში გაშალა. დიახ, სცენა ერთი დიდი ხის კარადა იყო, ბევრი უჯრით და იქ თამაშდებოდა შერვუდის ტყის სიყვარულები, საგმირო საქმეები და ინტრიგები - უჯრიდან უჯრაში. რატომ უჯრები? „არ ვიცი, ალბათ, დავინახე სადმე“.
კიდევ ერთი მაგალითი: როცა რობერტ სტურუამ ოპერაში „შუშანიკის წამება“ დადგა, იმ პერიოდში თემურ ნინუა აუზზე დადიოდა და სტურუას შესთავაზა, მოდი, სცენაზეც აუზი დავდგათო. ეს ავანტიურა იყო, სტურუას კი ავანტიურები უყვარს და მხატვრის შემოთავაზებას იოლად დათანხმდა. ასე გაჩნდა ოპერის სცენაზე აუზი, თავისი ლითონის კიბეებით, კაფელითა და რიგებს შორის ბილიკებით. ერთი სიტყვით, ნინუამ ისეთი გარემო შექმნა, იაკობ ცურტაველს მეოცე საუკუნეში რომც ეცხოვრა, სიზმრადაც კი ვერ ნახავდა.
სპექტაკლმა შოკი გამოიწვია. პრემიერის დღეს კურიოზიც კი მოხდა. დასასრულს, სცენაზე გამოსულმა რობერტ სტურუამ, აპლოდისმენტების ფონზე, უკან-უკან დაიხია და აუზში ჩავარდა. დარბაზიდან კი ასეთი შეძახილები გაისმა: მანდვე დარჩიიი! - პუბლიკის დიდმა ნაწილმა სკანდალური სპექტაკლი ვერ მიიღო.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ერთი სიკეთე სჩვევია: თუ ნოსტალგიურ განწყობაზე ხარ, ათას რაღაცას გაგახსენებს, მაგალითად ძველი სპექტაკლების ვიდეოჩანაწერებს. რამდენიმე ხნის წინ, სტურუას „დაკრძალვა კალიფორნიაში“ აჩვენეს. თემურ ნინუამ ვიდეოჩანაწერი თავიდან ნახა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ წლების წინ ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო: ქართულ სცენაზე კოვბოებით სავსე პროვინციული ამერიკული ქალაქისათვის დამახასიათებელი რეალობა რომ გადმოეტანა, სცენაზე კინოგადაღებები მოაწყო, თავისი ბილიკებით, კამერებით, ჰაერში ჩამოკიდებული განათებებით; ვიღაც კიბეზე ადიოდა, ვიღაც ჩამოდიოდა. უკან კი ფანერაზე ამოჭრილი კოვბოები იდგნენ და მოწყენით გაჰყურებდნენ მოედანს, სადაც მოქმედება თამაშდებოდა. თემური ამბობს: „სტურუამ სცენაც და კოსტიუმებიც უყოყმანოდ მიიღო და მერე ისეთი სპექტაკლი დადგა, რომ...“
. . .
რუსთაველის თეატრის სხვენზე, სახელოსნოში ახლაც გახურებული მუშაობა მიმდინარეობს. თემური ხატავს, ირა კერავს და ორივე ერთად თამაშობს მრავალმოქმედებიან პიესაში, რომელშიც ფურცელზე დაწერილი ტექსტი - თარგს ნიშნავს, სცენა - ცხოვრებასავითაა, რეჟისორები და მსახიობები კი - თანაშემოქმედები არიან.
ეს პიესა ყოველ დილას ნინუების სახლში იწყება. ამ სახლის კედლებიც დეკორაციას ჰგავს. კედლები თემურის ნახატებით, ესკიზებითა და ირას კოლაჟებითაა დაფარული. ეს ყველაფერი რომ უკეთ დაინახოთ, ირას სანათურს ჩამოჰკარით ხელი - საკიდის დაგრეხილ ოვალზე ლამაზი ქსოვილის ჭაღი დაუმაგრებია. თუ მეორე ოთახშიც შეიხედავთ, იქ უკვე ირას და თემურის ქალიშვილის, ანას მიერ მოხატული კედლები დაგხვდებათ - ბევრი ყვავილი და ფერადი ორნამენტები იატაკიდან ჭერამდე. ანაც სცენის მხატვარია. 12-მდე სპექტაკლი გააფორმა. მისი ბოლო ნამუშევარი - გახმაურებული „ჰიტლერია“. თავისუფალ დროს, საოჯახო რიტუალშიც მონაწილეობს: მამას პიესებს უკითხავს და მერე ყველანი ერთად მსჯელობენ დეტალებზე - „რა აქსესუარი?“, „რა ფერი?“, „რა ქუდი?“
ამ პიესას, სახურავის ბინადარი მხატვრის შესახებ, დასასრული არ აქვს. ამიტომ არც მე დავსვამ წერტილს და ახალ სპექტაკლს დაველოდები - იმ კაცისგან, რომელიც სრულიად ჩვეულებრივი ნივთებით იწყებს ჟონგლიორობას და რომლის ხელშიც ეს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები სრულიად განსაკუთრებულ ფორმას და მიმზიდველობას იძენენ ხოლმე.
![]() |
5 ბოლო ზარი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი სანდრო ნავერიანი
ფოტო დავით მესხი
99-ის მაისის ბოლო იყო - რიცხვი ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, ათასნაირი ფერით აჭრელებულ თეთრ პერანგში გამოწყობილი, პეტრიაშვილის ქუჩით მელიქიშვილზე რომ ჩავედი, ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. გახარებული ვიყავი.
ისე მიხაროდა, ისე, რომ მთელი დღე ყურებამდე გაღიმებული დავდიოდი.
99-ის მაისის ბოლოს, - ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, - სკოლა დავამთავრე.
ბოლო ზარი მქონდა.
ბოლო ზარი, ბოლო.
იცით, მართლა ძალიან მიხაროდა!
სკოლა დავამთავრე და მიხაროდა!
იცით, რატომ მიხაროდა? იმიტომ, რომ უკვე შემეძლო:
დღის სამ საათამდე ძილი;
ღამის ოთხ საათამდე გართობა;
კერძოდ არ მოვმზადებულიყავი ფიზიკაში, მათემატიკაში, ეთიკაში, ლოგიკაში და ფიზკულტურაში;
აღარ მევლო მოსაწყენ ექსკურსიებზე ბოტანიკურ ბაღში, სტალინის სახლ-მუზეუმში და „კინგკონგზე“ კინოთეატრ „აპოლოში“;
წავსულიყავი გუდაურში, როცა მომინდებოდა და რამდენი ხნითაც მომინდებოდა;
გავმხდარიყავი სტუდენტი და მქონოდა ჩემი, საკუთარი სტუდბილეთი;
ჩამებარებინა სარეჟისოროზე და გავმხდარიყავი ფრანსუა ტრიუფო, ან ჯარმუში მაინც;
და ოჯახში მეთქვა სიტყვა, რომელიც სკოლის მოსწავლის კი არა, სტუდენტის, უკვე კაცის სიტყვა იქნებოდა - ანგარიშგასაწევი, მხედველობაში მისაღები და დაფასებული სიტყვა იქნებოდა;
ზაფხულში მარტო წავსულიყავი ბათუმში, ან ბორჯომში (იბიცას და ასპენს დღესაც ვერ ვქაჩავ).
მოკლედ, მაგრად მიხაროდა.
მაგრამ, თურმე სად ხარ, რა ბათუმები, რა ჯარმუშები და რაის სამ საათამდე ძილი... ყველაფერი ისე წავიდა, დღემდე სკოლას ვნატრობ - ნეტა, ყოველ წელს მეთერთმეტე კლასში ვბრუნდებოდე და დიდი სიამოვნებით ვივლიდი ბოტანიკურ ბაღში, ქიმიაშიც მოვემზადებოდი და ანატომიაშიც, „კინგკონგის“ სანახავადაც წავიდოდი და მითხუმ ჩაკრაბორტის საღამოებზეც... ერთი სიტყვით, თურმე, უსაფუძვლოდ მიხაროდა.
როგორც არ უნდა იყოს, სკოლაში ვეღარ დავბრუნდები - მინდა-არ მინდა, სკოლას გარედან უნდა ვუყურო და გავიხსენო ის დრო, როცა გუგა ფუტკარაძესთან და ნოდარიკო ბაკურაძესთან ერთად, ტერმინატორობანას ვთამაშობდი, სკოლის კედლებზე Queen-ს ვწერდი და ჯანა ამირეჯიბს, ჩემს საყვარელ მასწავლებელს, „ამბავი როსტევან მეფისა“-ს სპორტის სასახლესთან, გუდაურში წასვლამდე ერთი საათით ადრე ვაბარებდი. თურმე, მაშინ მიხაროდა ყველაზე მეტად, მაშინ ვიყავი ბედნიერი და ახლა...
![]() |
6 83 წელი საქართველომდე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
იპოდრომზე თქმულის შემდეგ, მის დანახვაზე ქაჯები ელანდებათ. და ვინაა ქაჯი? თქვა ის, რასაც ფიქრობდა და რაც საქართველოში ჩამოსულს დაანახეს.
საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ოფიციალურ შეხვედრებზე ყველასგან გამორჩეული იყო, როგორც ქალი და როგორც მინისტრი. ქართულ პოლიტიკურ სამყაროში აშკარად გამორჩეული გემოვნება აქვს. ყოველთვის მოწესრიგებულია და რაც მთავარია, დღევანდელი ქართველი ქალებისგან განსხვავებით, სამკაულებით არ იხუნძლება.
წარმატებული დიპლომატია და პოლიტიკური აზროვნებაც განსხვავებული აქვს - დიპლომატიაზე აგებული. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მაინც ახალგაზრდების ფავორიტია. მან მოახერხა ის, რაც ორასი წლის განმავლობაში ვერცერთმა მეფემ, გენსეკმა თუ პრეზიდენტმა ვერ შეძლო - საქართველო რუსის ჯარისაგან გაათავისუფლა.
მისი საუბარი ზოგს ღიმილს (კეთილ ღიმილს) ჰგვრის - ფრანგული აქცენტით საუბრობს. ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე, ძირითადად ახალგაზრდები. ბევრს მისი არ სჯერა და ათასგვარ ჭორს უგონებენ, ფსევდოპატრიოტიზმში სდებენ ბრალს და ა.შ.
სულ რაღაც სამი დღის წინ, მისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი გზა, რომელიც მან საქართველომდე გამოიარა.
ის არ არის ორატორი და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მასში ვერ ვხედავ სიყალბეს და ამიტომაც, ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად მისი მჯერა.
მისი სახელია სალომე ზურაბიშვილი.
ქალბატონ სალომესთან ლიზასთან - ჩვენი არტ-რედაქტორია - ერთად მივედი, ფოტოგადაღებებზე უნდა მოლაპარაკებოდა. სანამ ისინი საუბრობდნენ, მისაღებში ვიჯექი თეთრ, ფუმფულა სავარძელში და ველოდებოდი.
გვერდზე ოთახიდან ფრანგულნარევი ქართული ისმოდა. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო - თან ემიგრაციის ელფერი დაკრავს და საუკუნეზე მეტი ხნისაა; სადაც ეს ხმა ისმის, იქ ნოსტალგია ჩნდება, სამშობლოს სიყვარული ერთიათად გიმძაფრდება და ცოტათი გიხარია კიდეც, რომ ღმერთმა ის ტკივილი აგაცილა, რასაც ემიგრაცია ჰქვია.
ეს იყო პირველი ემოცია, რაც სალომე ზურაბიშვილთან მისვლის შემდეგ გამიჩნდა. ხომ იცი, ფიქრი წამიერია - ერთს გაიფიქრებ და შემდეგ შეგიძლია შენი ფიქრი ფურცელზე გადაიტანო - ერთზე, ორზე, სამზე, ათ ფურცელზე გადაიტანო.
ლიზამ დაამთავრა თავისი საქმე, დაგვემშვიდობა და წავიდა. მარტონი დავრჩით.
მოდი, ასე დავიწყებ: ამას დაბრუნება არ ჰქვია - სალომე ზურაბიშვილს არასოდეს დაუტოვებია საქართველო. თავი არასოდეს უგრძვნია ემიგრანტად და არც ახლა თვლის, რომ სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტია. მისი საქართველო იყო ლევილი, პარიზის წმინდა ნინოს ტაძარი და კვირაობით იქ, წირვაზე მისული ქართველები. მისი საქართველო იყო ბებიების, მშობლების ნაამბობი ისტორიები...
მამა, ლევან ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო. საფრანგეთი 15 წლისამ, მშობლებთან ერთად დატოვა. პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, დიდი თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა ამისათვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო. თუმცა ლევანმა უარი თქვა - ქართველად დავიბადე, ქართველად დავრჩებიო. ლევანს იურიდიულ ფაკულტეტზე უნდოდა სწავლა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი ამის საშუალებას არ აძლევდა.
დედა, ზეინაბ კედია 1921 წელს, ოჯახის იძულებითი ემიგრაციის შემდეგ, სტამბოლში გაჩნდა და როცა თურქეთში ცხოვრება გაჭირდა და ოჯახი მიხვდა, საქართველოში დაბრუნება შეუძლებელი იყო, პარიზში წავიდნენ. ლევან ზურაბიშვილმა სწორედ პარიზში გაიცნო ზეინაბ კედია და ეს გაცნობა ოჯახის შექმნით დასრულდა.
პარიზში, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ერთ ოთახში ბებიები იყვნენ, მეორეში - მშობლები, მესამეში - ბავშვები. ბავშვებთან ყველაზე დიდ დროს ბებიები ატარებდნენ - არ მუშაობდნენ და მთელი დღეები მათთან იყვნენ. სახლში ყველა ქართულად საუბრობდა, რაც ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სანამ სკოლაში არ შევიდა, სალომე სულ ქართულად ლაპარაკობდა. სკოლამდე ფრანგული არც ვიცოდიო. სკოლაში რომ შეიყვანეს, ოთხი წლის იყო. ძმაც იმ სკოლაში სწავლობდა; უბრალოდ, ერთ კლასში არ იყვნენ - ოთარი წლინახევრით უფროსია.
პირველივე დღეს ჩხუბი დაიწყო, ჩემს ძმასთან ერთად მინდა, აქ ქართული არავინ იცის, ჩემი არ ესმითო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველაფერი მოგვარდა. ქალბატონმა სალომემ ძალიან მალე აითვისა ფრანგული და ენობრივი ბარიერი გადალახა.
ბავშვობის წლებიდან კარგად ახსოვს კონკრეტული დღეები - ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა. ოთხშაბათობით მასთან სკოლის მეგობრები მიდიოდნენ. ეს დღე სალომესთვის მნიშვნელოვანი იყო - მეგობრებთან ურთიერთობა და თან ფრანგული ენის გატეხვა აუცილებელი გახლდათ. პარასკეობით კი, კედია-ზურაბიშვილების სახლში, პარიზში მყოფი ქართველები იკრიბებოდნენ და საქართველოზე საუბრობდნენ; ყვებოდნენ ისტორიებს იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ და რომელთაც სამშობლოს სიყვარულის გამო დევნიდნენ. ფაქტობრივად, ეს ისტორიები და ამბები იყო სალომეს საქართველო. კვირა დღეს კი, ყველა ქართველი ქართულ ეკლესიაში მიდიოდა. იქ იყვნენ ისეთები, რომელთაც არაფრის სწამდათ, მაგრამ მაინც დადიოდნენ, საქართველო ენატრებოდათ და ამ ნოსტალგიას ქართველებთან ურთიერთობით იოკებდნენ.
18 წლამდე, სალომე ოფიციალურადაც ქართველი იყო - პასპორტში ლტოლვილი ეწერა. მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა, საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო, რომ სწავლაში ხელი არ შეშლოდა. ეს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან საკითხი ასე იდგა: ან ლტოლვილად უნდა დარჩენილიყო ან საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო. ამაზე უარის თქმა არ გამოვიდოდა - მთელი ცხოვრება დისკრიმინირებული იქნებოდა. ქალბატონ სალომესთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობა მისმა ძმამაც მიიღო. დღეს, საფრანგეთში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. მაშინაც ასე იყო. ბოლომდე საქართველოს მოქალაქეებად მხოლოდ უფროსი თაობა დარჩა.
მოქალაქეობის გამოცვლის შემდეგ, ქალბატონ სალომეს საშუალება მიეცა, სრულფასოვანი განათლება მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგად სწავლობდა და ნიჭიერი იყო, მაინც დიდი პრობლემები შეექმნა: როცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცდებს აბარებდა, საბჭოთა ხელისუფლებამ, ქართველი ემიგრანტის შვილობის გამო, სალომე გამოცდიდან მოახსნევინა. გამოცდა ორ ეტაპად ტარდებოდა - წერა და ზეპირი. იგი პირველი, წერითი გამოცდის შემდეგ წააწყდა დაბრკოლებას. სტენდზე კონკურსანტების სახელები და გვარები იყო გამოკრული, რომელშიც ქალბატონმა სალომემ თავისი გვარი ვერ ამოიკითხა. ამის შემდეგ, ის დაიბარეს და უთხრეს, ტყუილად ნუ მოემზადები, გამოცდაზე ვერ დაგიშვებთო. საქმეში ერთი ადამიანი ჩაერია, გვარად ანდრონიკაშვილი, ლევან ზურაბიშვილის მეგობარი, - ჯერ შარლ დე გოლის და შემდეგ პომპიდუს თარჯიმანი. მან ფრანგებს მიანიშნა, რომ საბჭოთა კავშირი საფრანგეთზე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან „დერჟავაზე“ ასეთ ზეწოლას ვერ უნდა ახდენდეს. ამის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და სალომე ზურაბიშვილი გამოცდაზე დაუშვა. დრო ძალიან ცოტა ჰქონდა - ორი კვირა. დღე და ღამე მეცადინე ობდა, თან ხმამაღლა. ზეინაბი სახლიდანაც კი წავიდა, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა და შედეგმაც არ დააყოვნა - რუსების გულის გასახეთქად, სალომე ზურაბიშვილმა გამოცდა ჩააბარა.
აქედან დაიწყო დიპლომატიური კარიერა.
რომი...
რომი ღია ქალაქია!
რომი მარადიული ქალაქია!
ყველა გზა რომში მიდის!
22 წლის ასაკში, საშუალება მიეცა აღმოეჩინა რომი, მისთვის უცნობი, ფელინისდროინდელი ქალაქი. არ ავიწყდება პირველი გაოცება, როდესაც აეროპორტიდან პირდაპირ ფორუმისკენ წაიყვანეს და ფორუმი სადღაც, რომის გალავნებს გარეთ, რომელიმე სოფელში ეგულებოდა; ის კი, თურმე იქვე, მთვარის შუქით განათებულ მოსახვევში ყოფილა. ის, რომ სწორედ ამ დიად, უკვდავ ქალაქში უნდა გადაედგა თავისი პირველი პროფესიული ნაბიჯები, საოცრად ავსებდა.
რომში ჩასვლას ერთი უხერხული ფაქტი დაერთო. საქმე ისაა, რომ ელჩს, სანამ მის დანიშვნაზე დათანხმდებოდა, მისი გაცნობა ჰქონდა გადაწყვეტილი - აქაოდა, ვინ არის ის გოგო, რომელიც 74 წლის მარტში 22 წლის გახდა და სწავლა სულ რამდენიმე დღის წინ დაამთავრაო. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ატმის დაჭრა სუფრის ეტიკეტის მიხედვით გადაწყვიტა, რის შემდეგაც ერთი ნაჭერი ასხლტა და მისი მომავალი ელჩის, შარლ ლუსეტის მუხლებზე გასრიალდა. ეს ინციდენტი ნერვიულობის ბრალი იყო, თუმცა უარყოფითი შედეგი არ მოუტანია - პარიზში დაბრუნდა და დადებითი პასუხი მიიღო.
როდესაც რომში მეორეჯერ - უკვე ოფიციალურად - ჩავიდა, ქალაქმა ძალზე უცნაური შთაბეჭდილება მოახდინა. იმ დღეს, 1974 წლის 8 ივლისი იყო; რომის ოლიმპიურ სტადიონზე გახურებული ფეხბურთი მიდიოდა. ქალაქში ვერავის ვერ ნახავდით და შიგადაშიგ თუ გაისმოდა გოლების გატანის თანმხლები ოვაციები. მეორედ ნანახი რომი რადიკალურად განსხვავდებოდა პირველად ნანახისგან.
პირველი დღეები სიზმარს ჰგავდა. ფარნეზეს სასახლის ბაღში - „სტუმრების პატარა სახლში“ დააბინავეს. ზღაპრული თვე გაატარა: დადიოდა და ათვალიერებდა რომის დაცარიელებულ ქუჩებს, მოედნებს, ქვაფენილებს, ჩიხებს. ამ ყველაფერს ათვალიერებდა და აღმოჩენებს აკეთებდა. მთელი რომი მისი იყო - მას ეკუთვნოდა.
შთაბეჭდილებებით უხვ პირველსავე დღეებში, რომაულ სალონებში ნამდვილი რომაელი დონნასავით თავის დაჭერაც ისწავლა, ლამპიონებით განათებულ ქუჩებში რომაული სიდინჯით, შარმით და სიმსუბუქით სიარულიც; საოცარ სიამოვნებას იღებდა მაშინ, როდესაც ამ ულამაზეს ენას ითვისებდა... ერთი სიტყვით, ძალიან, ძალიან სწრაფად გარომაელდა.
ძალიან მალე, ბინა გამოიცვალა და ლანჩელოტის სასახლის სხვენზე მდებარე ბინაში გადავიდა, რომელიც ნავონას მოედნის უკან მდებარეობდა. თურმე, ადრე ზუსტად იმ სახლში უცხოვრია შატობრიანს. სწორედ ამ სახლში, ვია დე კორონარიზე, თავი შინაურულად იგრძნო. „ვია დე კორონარი 189“ - იყო ბინა, რომელიც სამუდამოდ მის პირველ საცხოვრებლად დარჩება. იმ სახლში მოხვდება მისი 58 მეგობარი - სალომე ზურაბიშვილმა ისინი დათვალა. იმ სახლმა მას და მის მეგობრებს დაუვიწყარი საღამოები აჩუქა და არაერთი ტკბილი მოგონებაც დაუტოვა. 22 წლის იყო, უამრავი მეგობარი ჰყავდა, რომში ცხოვრობდა, მზე ანათებდა, ბედნიერი მომავალი ესახებოდა და უხაროდა. არ ფიქრობდა არაფერზე - არც საქართველოზე, არც საფრანგეთზე...
ბედნიერი იყო იქამდე, სანამ მამა გარდაეცვალა. იცოდა, რომ მამის ხველება მარტო ფილტვების ბრალი არ იყო. მაგრამ შვილის წინათგრძნობა მშობლებმა დაივიწყეს.
ერთ დღეს, ოთარმა, სალომეს ძმამ დარეკა - მამა უკურნებელი სენით არის დაავადებულიო. ექვსი თვის შემდეგ კი, ძმამ უკვე მამის გარდაცვალება შეატყობინა.
სწორედ ამის შემდეგ გამძაფრდა მასში საქართველოს უკმარისობა. ალბათ, მამის სამშობლოს მიმართ სიყვარული და ნოსტალგია მას მემკვიდრეობით გადაეცა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს არაოფიციალური ელჩი გახდა. იმავე პერიოდში გაირკვა, რომ საქართველოში დისიდენტთა - ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები იქმნებოდა. ის კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო.
დიდი წუხილის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს რომმა ბევრი დაუვიწყარი წუთები და მოგონებები აჩუქა. სწორედ რომში გაიცნო თავისი პირველი მეუღლე კოკი გორჯესტანი. ისიც ქართველი და ისიც სხვა მიწაზე დაბადებული.
კოკის ნამდვილი გვარი გუგუშვილია, „გორჯესტანი“ კი სპარსულად „საქართველოდან მოსულს“ ნიშნავს. მე-20 საუკუნის დამდეგს, კოკის მამა სპარსეთში წავიდა. ახალი ქვეყანა, ახალი შესაძლებლობები - ამან მიიზიდა. ნიკოლოზის ტახტიდან ჩამოგდებამ და საქართველოში წითელარმიელების შესვლამ კი მას საქართველოში დასაბრუნებელი ყველა გზა მოუჭრა. მეორე რევოლუციამ კი, რომელმაც შაჰი დაამხო, იძულებული გახადა შვილებთან, ამერიკაში წასულიყო.
ერთმანეთის მიმართ ინტერესი იმანაც განაპირობა, რომ ორივეს თითქმის ერთნაირი წარსული (წინაპრების ემიგრაცია) ჰქონდა, ორივე ქართველი იყო და, ამავე დროს, სხვა ქვეყანაში დაბადებული და სხვა ქვეყნის მოქალაქე.
პირველად რომში, ნავონას მოედანზე ისაუზმეს. ქალბატონმა სალომემ, იმის მაგივრად, რომ პირველი პაემანის შესაფერისი, რომანტიული დიალოგი წამოეწყო, საქართველოზე ისაუბრა. აინტერესებდა, როგორ მიიღებდა მის გატაცებას ადამიანი, ვისთვისაც, შესაძლოა, მომავალი დაეკავშირებინა.
რომიდან, ყოველგვარი სინანულის გარეშე, სხვა ქალაქში გადავიდა, ატლანტის ოკეანის გადაღმა...
ნიუ იორკი...
იცოდა, რომ არც მოგონებები დაწყვეტდა გულს, არც სინანული გაუჩნდებოდა, არც შედარებებს მოახდენდა და, უბრალოდ, იცხოვრებდა.
ნიუ იორკში მანამდეც უცხოვრია - კოლუმბიის უნივერსიტეტში რომ სწავლობდა, მაშინ. მაგრამ ეს ნიუ იორკი საგრძნობლად განსხვავდებოდა სტუდენტობის პერიოდის ნიუ იორკისგან.
ნიუ იორკში 1977 წლის ივლისში ჩავიდა. მომავალი სასწავლო წლისათვის უნდა მომზადებულიყო. თვითმფრინავიდან ჩასვლისთანავე, საშინელი გაუცხოების შეგრძნება დაეუფლა და გაქცევა უნდოდა.
პირველი შთაბეჭდილებაც ასეთივე უსიამოვნო იყო: ამსტერდამის გამზირის ჭუჭყიანი კაფე, რომლის შავკანიანი მიმტანიც თეთრკანიან სალომე ზურაბიშვილს ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს მისი ხმა არ ესმოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვერავინ ხედავდა - იყო, არსებობდა, მოძრაობდა, ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც ვერავინ ამჩნევდა.
ქალაქის დათვალიერება აზრადაც არ მოსვლია. ნიუ იორკის ეშინოდა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ტერიტორიიდან მაშინ გადიოდა, როდესაც ეს აუცილებელი იყო. ერთხელ, სტუდენტთა ბიურომ სოციალური დაზღვევის წიგნაკი მოსთხოვა, რომელიც უნივერსიტეტის ახლოს მდებარე დაწესებულებიდან უნდა წამოეღო. მითითებული 125-ე ქუჩისკენ გაემართა. მიდიოდა და ხედავდა, რომ სურათი ნელ-ნელა იცვლებოდა: შენობები უფრო ჩამონგრეული და ნაცრისფერი ხდებოდა, თეთრკანიანები თანდათან ქრებოდნენ და მათ შავკანიანები ცვლიდნენ; სულ უფრო და უფრო მეტი ტროტუარებზე წამოწოლილი მათხოვარი ხვდებოდა. მიდიოდა და ფიქრობდა, რომ სხვაგან მოხვდა, მაგრამ გზას მაინც აგრძელებდა; აგრძელებდა იქამდე, სანამ ტაქსის მძღოლის კატეგორიული მიმართვა არ მოესმა. მძღოლი მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდებდა. ქალბატონმა სალომემ ვერაფერი გაიგო მანამ, სანამ ტაქსში არ ჩაჯდა, მძღოლმა მინა არ ააწევინა და კარი არ ჩააკეტინა. არ შეიძლება თქვენი აქ გავლა, თეთრკანიანი ხართ და თან უცხოელი, გაფრთხილებთ, შუა ჰარლემში ფეხით არასოდეს გაიაროთო, - უთხრა მძღოლმა. იმ კეთილსინდისიერმა ადამიანმა სალომე დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა, დაელოდა და უკან, უნივერსიტეტში მიიყვანა.
მშობლებმა რომ ჩააკითხეს, მან მთელი ჟურნალ-გაზეთები გადამალა, რომ თავიანთი თვალით არ წაეკითხათ იმ საშინელებებზე, რაც ამ ქალაქში ხდებოდა. მაგრამ ჟურნალგაზეთების გადამალვა საქმეს არ უშველიდა: ქუჩის გადაღმა პარკი იყო, რომლის შესასვლელშიც ტრაფარეტები იყო გამოკრული: „It's crime zone! Do not enter!“
ასეთ უცნაურ სამყაროში თავი მარტოდ და უსუსურად რომ არ ეგრძნო, ატლანტის ოკეანის მიღმა დატოვებულ სითბოს თავის ევროპელ და ქართველ მეგობრებთან ეძებდა - თავიდან მათთან ცხოვრობდა.
უცნაურია, მაგრამ პირველად სწორედ ნიუ იორკში გათხოვდა; თან ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. არავის გაუფრთხილებია. ქორწინება მეტად მოკრძალებული იყო, ყოველგვარი თეთრი კაბებისა და საქორწილო ატრიბუტიკის გარეშე. კოკი გორჯესტანს და სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი შეეძინათ - ქეთევანი და თეიმურაზი. 1988 წელს მეუღლეს გაეყარა და ორ შვილთან ერთად, ვენაში წავიდა.
მართალია, მეუღლესთან განშორება მისი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პირველ ხანებში გაუჭირდა და, ალბათ, ამიტომაც არ იყო ვენა ის ქალაქი, სადაც ბედნიერად ცხოვრებას შეძლებდა. იქაური ცხოვრებითაც იცხოვრა; გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა; მონაწილეობდა საახალწლო მეჯლისებში, სადაც ვენის მდიდარი ფენა ცდილობდა, არისტოკრატიის როლი ეთამაშა, მაგრამ არ გამოსდიოდა; სრიალებდა თხილამურებით, რაც ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა მთელი იმ სამი წლიდან, რაც ავსტრიაში გაატარა. სამი წლის შემდეგ კი, არჩევანი ნჯამენაზე შეაჩერა.
. . .
ყველა გზა ნჯამენაში არ მიდის. ის არ არის მარადიული და ღია ქალაქი. ის არც ევროპაშია და არც ამერიკაში. ის აფრიკის შუაგულშია, ჩადში. ნჯამენა ჩადის დედაქალაქია.
სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიური და პირადი ცხოვრება სამი წლით ნჯამენაში გრძელდება. იქ 1989 წლის აგვისტოში ჩავიდა, ორი შვილთან ერთად. საელჩოს სასტუმრო სახლში მისვლიდან რამდენიმე წუთში, მის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე გაემგზავრა, მაგრამ მანამდე მასთან შავკანიანი ქალი მივიდა. აღმოჩნდა, რომ ეს შავკანიანი ქალი, რომელსაც ბერნადეტი ერქვა, თეიმურაზის და ქეთევანის მომვლელი იყო. ცოტა არ იყოს შეეშინდა, პირველივე საღამოს ბავშვები ამ ქალთან როგორ დავტოვოო, მაგრამ ბავშვები ბერნადეტთან უყოყმანოდ დარჩნენ.
იმ სამი წლის განმავლობაში, რაც სალომე ზურაბიშვილმა თავის შვილებთან ერთად ნჯამენაში გაატარა, ბერნადეტი ნამდვილი აფრიკელისთვის დამახასიათებელი უანგარობითა და დიდსულოვნებით ემსახურებოდა მათ. სალომე ასე იხსენებს მას: „იგი მხარში გვედგა, როგორც სტიქიური ძალა, როგორც ჭეშმარიტი ნავთსაყუდელი, სანდო მეგობარი; როცა გადაწყვეტილების მიღებისას ვყოყმანობდი, როცა პატარა თუ დიდი განსაცდელის წინაშე ვიდექი, ვგრძნობდი, რომ იგი ჩემს გვერდით იყო.“ თემს და ქეთეს (თეიმურაზი და ქეთევანი) სიყვარულს და სითბოს არ აკლებდა. როცა საყიდლებზე მიდიოდნენ, ქალბატონ სალომეს ხელს ჩაკიდებდა და ისე დადიოდნენ, მარტოს ერთი წამითაც არ ტოვებდა.
ერთხელ, გვიანი ღამე იყო. ქალბატონ სალომეს, ჩვეულებისამებრ, უნდოდა ბავშვებისთვის დაეხედა, დარწმუნებულიყო, რომ მშვიდად ეძინათ. მათი ოთახის წინ, დერეფანში, გრძელი, შავი თასმა შენიშნა. უცებ თასმა ამოძრავდა და როგორც კი ეს დაინახა, დაუფიქრებლად აიღო იქვე მიგდებული ჩოგბურთის ჩოგანი და იქამდე ურტყა, სანამ თასმამ მოძრაობა და კლაკვნა არ შეწყვიტა. გათენებამდე ხელი არ უხლია მისთვის, დილას კი მსახურს დაუძახა, რომ თავიდან მოეშორებინა და დაედგინა, შხამიანი იყო თუ არა. ბერნადეტმა კი უთხრა: „ქალბატონო, იგი ძალიან სახიფათოა მათთვის, ვისაც კეთილი გული არა აქვს...“ ასეთი იყო ბერნადეტი, სიდინჯეს და სიმშვიდეს არასოდეს კარგავდა.
სალომე ნჯამენაში ახალი ჩასული იყო და ჯერ კიდევ კარგად არ იცოდა გზები და, საერთოდ, ქალაქს არ იცნობდა. ერთხელ აღმოაჩინა, რომ სახლში პური არ ჰქონდათ და მაღაზიაში გადაწყვიტა მარტო წასულიყო. იკითხა, სად იყო საფუნთუშე, მანქანა გამოიყვანა და წავიდა. აფრიკაში ძალიან ადრე ღამდება და ეს ღამეები ყველა სხვა კონტინენტის ღამეებზე უფრო ბნელია. ახლაც ძალიან მალე დაღამდა. ასეთ დროს, სახლიდან გამოსული მარტო არასოდეს ყოფილა. ამას დაემატა ისიც, რომ გზა აებნა და ისე მიადგა ერთ-ერთ სამხედრო ბაზას, რომ ვერაფერი გაიგო. ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს - საბურავებში ესროდნენ. შეიარაღებულები სალომესთვის გაუგებარ გორანულ ენაზე რაღაცას უხსნიდნენ, ის კი, ახსნა-განმარტებებს მათთვის გაუგებარ ფრანგულ ენაზე იძლეოდა. ვერაფერი რომ ვერ გააგებინა, პური დაანახა და ჟესტიკულაციით აუხსნა, გზა ამებნაო. უკმაყოფილო სახეებით, მაგრამ მაინც გაუშვეს. როგორც იქნა, სახლის გზა იპოვა. ჭიშკართან მისულმა და შეშინებულმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გარაჟის კედელს შეეჯახა. „უკვე ჭიშკართან მისული ვაცნობიერებ, რომ ამ უცხო ქალაქში შეიძლება ჩემი შვილები ობლად დარჩენილიყვნენ და თავზარდამცემ შიშს ვგრძნობ, რაც აქამდე არ მომსვლია.“ - ასე იხსენებს ამ ინციდენტს სალომე ზურაბიშვილი თავის წიგნში „საქართველოსაკენ“.
ასეთი სირთულეებისა და მუდმივად დაძაბული ცხოვრების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილისთვის ნჯამენაში გატარებული სამი წელი განტვირთვის, ახალი აღმოჩენების და წინ გადადგმული ნაბიჯების სამი წელი იყო. ნჯამენაში ცხოვრების დროს, მან ორი საქმე მიიყვანა ბოლომდე: პირველი - დაასრულა ნაშრომი გორბაჩოვის ეპოქის სსრკ-ს შესახებ და მეორე - დაასრულა ჯანრი კაშიას წიგნის, „პარისიკონის“ თარგმნა.
. . .
1982 წლის სექტემბერში, ჯანრი კაშიამ საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. სალომე იმ დღესვე შეხვდა მას. სახლის აივნიდან ეზოში შემოსული ჯანრი დაინახა თუ არა, მიხვდა, რომ ეს ადამიანი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა. ასე ფიქრობდა, მაგრამ წარ მოდგენაც არ ჰქონდა, რომ ჯანრი კაშია მისი მეორე ქმარი გახდებოდა.
რა თქმა უნდა, მათი ურთიერთობა საერთო ინტერესით - საქართველოთი - დაიწყო. ჯერ იყო მეგობრობა, შემდეგ უფრო დიდი მეგობრობა და მერე - სიყვარული. იქამდე კი იყო ჯანრის მიერ დახატული საქართველო, რომელიც ემიგრაციაში მყოფი სხვა ქართველების საქართველოსგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ჯანრის საქართველო ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ფეხზე დადგომის პირას მყოფი საქართველო იყო; საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და სხვაგვარად, საღად აზროვნებდა. ერთხელ, ქალბატონ სალომესთან საუბრის დროს, 1982 წლის სექტემბერში, ჯანრიმ თქვა: „საბჭოთა კავშირი ათ წელიწადში აღარ იარსებებს!“. ქალბატონ სალომეს მაშინ ამ სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ათი წლის შემდეგ, როდესაც ისინი დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ გაახსენდა ჯანრის სიტყვები.
თბილისი უყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აეროპორტიდან ბრუნდება. გრძნობს, რომ ამ ქალაქში სიხარულით ელიან. როდესაც თბილისში არ არის, ძალიან ენატრება ჩვენი დედაქალაქი.
სალომეს ცხოვრებაში იყო ვაშინგტონი, რომი, ნიუ იორკი, ვენა და, რა თქმა უნდა, პარიზი. ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოც არსებობდა - ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ეპიზოდურად, სამი დღით, ერთი კვირით, ტელეფონით, წერილებით, 25-ე კადრივით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ იყო და ახლა: „თვითმფრინავში ვარ, რომელმაც იმ ქვეყანაში უნდა ჩამიყვანოს, რომელიც ჩემიანებმა ოთხმოცდასამი წლის წინ დატოვეს“. ის ახლა იქ არის, სადაც მისი წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ.
![]() |
7 შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან |
▲ზევით დაბრუნება |
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
ავტორი: ირა ყრუაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ილუსტრაცია: ჩიკო გიგაური
ჯოხით მოდიოდა - ხომ არ დავაგვიანეო. ერთი ბოთლი ლუდი ეჭირა და მოაქანავებდა ისე, რაღაცნაირად ახალგაზრდულად. ამ ფეხის ტკივილმა მიშველა... დიდი მოცეკვავე და სიგრძეზე მხტომელი მე არ ვიყავიო... ისე გამეხარდა მისი ნახვა, აღარ მახსოვს რაზე თქვა, ფეხის ტკივილმა მიშველაო. გაკვრით, ბოდიშისმაგვარი ჩაილაპარაკა, ჩვენ ისე ფართოდ არ ვცხოვრობთო.
გამახსენდა გალაკტიონის სახლი რომ ვნახე პირველად, ცხადია, სასახლეს არ მოველოდი, მაგრამ იმ ოთახმა, სარკმელმა გამაოგნა (თან, როგორ მომწონს და მიყვარს, რომ ზუსტად ასეთია). მერე რა... იჯდა გენიოსი, იხედებოდა ყველაზე პატარა სარკმლიდან, მაგრამ როგორ? „სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს“.
ბავშვობა
დავიწყოთ იქედან, საიდანაც საერთოდ იწყება ხოლმე. ბავშვობა დიდ, ძველ, ულამაზეს თბილისურ სახლში გაატარა. მის ეზოში ფოტოატელიეც იყო, ვოროშილოვის კლუბიც (ვოროშილოვის ხსენებაზე ნუ შეშინდებით. გაგანია კომუნისტური წლებია და აბა, კლუბს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს ხომ არ დაარქმევდნენ?!). იმ კლუბში კი ყველაფერი კარგი ხდებოდა. იყო კინოსა და ესტრადის დარბაზი, მრავალი წრე და, რაც მთავარია, ეზოში თეატრი იყო. დიახ, გრიბოედოვის სახელობის თეატრი. ალბათ მიხვდით, რომ იმ ლამაზი სახლის ადგილას, მედუზასავით უფორმო და უნიჭო შენობა დგას - თბილისის ცენტრალური უნივერმაღი. გინდა თბილისი მიახატე და გინდა პარიზი, მაინც უნიჭობაა.
იქ კი, იმ ძველ სახლში, ისეთი თვალშისცემი იყო კეთილშობილება!... ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ თავ-თავიანთ უსამზარეულო, პატარა, უბოქლომო ოთახებში.
დოჩანაშვილები ცოტანი არიან, იმდენად, რომ ოჯახის წევრების გარდა, არც არავის იცნობს. ადრე ნაცნობმა უთხრა - კი, როგორ არა, ერთ დოჩანაშვილს ვიცნობ, მამაჩემის მეგობარიაო. გაუხარდა, მაგრამ რა, ის უცნობი დოჩანაშვილი მისთვის ძალიანაც ნაცნობი - მამამისი აღმოჩნდა.
დედა ემხუარი ჰყავდა. ბაბუა - სილოვან ემხუარი ქუთაისში იზრდებოდა. დედით ობოლი იყო და დეიდა, ანეტა დადიანი (რომელიც, სხვათა შორის, აკაკი წერეთლის დისშვილი იყო) ზრდიდა. სილოვანის ძმა სოხუმში ემხუარებმა გაზარდეს, ერთი ძმა ქართველობდა, მეორე - აფხაზობდა. მერე რა, ემხუარები ხომ ყველაზე კარგი ქართველები და ყველაზე კარგი აფხაზები იყვნენ. საერთოდაც, ეს გვარი ქართულაფხაზური სიყვარულისა და მეგობრობის მაგალითი იყო. ბაბუა საოცრად ღირსეული კაცი გახლდათ, ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილიშვილს არაფერი არ მოკლებოდა. ხმელ პურს ისე ჩააწობდა წყალში და ისე მიირთმევდა, ღირსება არ ელახებოდა. არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავდა: დადიანი, ჩიქოვანი. ბავშვობისდროინდელი მეგობრები კი ერთმანეთს ხმადაბლა „ბატონობით“ ესაუბრებოდნენ. ხმადაბლა იმიტომ, რომ ავადსახსენებელი კომუნისტური რეჟიმის დროს, მოგეხსენებათ, ამ სიტყვას მძიმე ბედი ხვდა წილად - ამხანაგოთი შეცვალეს. მაშინ, იმ ძნელ დროში, „ბატონო“ ღირსეულს ნიშნავდა.
წინაპრებზე საუბარმა სოხუმი გაახსენა. ენატრება. ეგეც არ იყოს, ხუმრობა ხომ არ არის აფხაზური და ქართული სისხლი ერთად. ძველი ამბავი გაახსენდა: გურამ დოჩანაშვილი და გია ჭირაქაძე ასე, მეოთხე-მეხუთე კლასელები იქნებოდნენ. სოხუმში, ზღვასთან გვიანობამდე შემორჩნენ. პლაჟზე მთვრალი შემობარბაცდა და დაეხეტებოდა. ბიჭებს რომ გადააწყდა, გამოელაპარაკა, გვარები ჰკითხა - დოჩანაშვილი ისე რა, არ მოეწონა, ჭირაქაძეზე გადაირია. ჭირი იქა გამიგია, მაგრამ ჭირი აქა რა უბედურებააო. ბიჭები იყვნენ, გაბრაზდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ. მერე, მოცლილმა მთვრალმა დედების გვარებიც იკითხა. აქ კი გაამაყებულმა გიამ, დედაჩემი დადიანიაო, გურამმა - ემხუარიო და რომ ეგონა, ბიჭებს ნიშნი მოვუგეო, სულ გადაირია მთვრალი. იმას კიდევ გაგიჟება უნდოდა? შევარცხვინე დადიანები და ემხუარები, ჭირაქაძეს და დოჩანაშვილს რომ მისცეს შვილებიო.
მისი დაბადებისას, ბებია 38 წლის ქალი იყო, თან ძალიან ლამაზი და გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ბებია არასოდეს შორდებოდა გვერდიდან და როცა ეკითხებოდნენ, დედა როგორ არისო, ხვდებოდა, ბებია დედაში ეშლებოდათ. დედას სხვა ოჯახი ჰქონდა, ბებია კი სულ მასთან იყო.
კარგად ახსოვს, ასე, თოთხმეტისა იქნებოდა, ვაჟკაცობდა უკვე და ვიოლინოს ტარება ეხამუშებოდა. ბებიას კი გაპრანჭულად, ხაზგასმული სიამაყით მიჰქონდა ინსტრუმენტი. თვითონ ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდა, ვითომ არც იცნობდნენ ერთმანეთს...
თბილად გაუღიმა წარსულს. მეც თანდათან მივყევი.
ერთი კლასიდან სამი ბიჭი საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერნენ. გამსახურდია, კოსტავა...
- დოჩანაშვილი, - დავამატე. თვითონ კი რა მითხრა?! @ჩვენ არაფერი, კლასელი გვყავდა - ნუგზარ ჩანტლაძე, სამივეს ერთად გვჯობდა - ნიჭიერებით, ხასიათითო.
მეგობრების გახსენებამ დააღონა: „ანტისაბჭოთა პროვოკაციების გამო, 56-ში პირველად რომ დაგვიჭირეს, 16-17 წლის ბიჭები ვიყავით. ექვსი მათგანი - ანატოლ მიქაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ვლადიმერ სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა აღარ არიან. თუმურ ცერცვაძე და გურამ სხირტლაძე ცოცხლები არიან. იცით, რა ბიჭები იყვნენ? ჯერ მარტო გარეგნობით - არაჩვეულებრივები. მერე მეგობრობა გვქონდა სამაგალითო. როგორც წესი, ორ კაცს რომ იჭერენ, მერე ერთმანეთში მოსდით უსიამოვნება. ერთმანეთზე გადაბრალებას იწყებენ. ჩვენ არა, ყველანი სუფთად გამოვედით. იცით, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი? და გვიყვარს, წასულებზე წარსულ დროში ვერ ვლაპარაკობ. სულ ახლახანს, თამაზ გუნჯუა წავიდა. ხულიგნები არ ვყოფილვართ, მაგრამ ისე, ვაჟკაცური ჩხუბი ყველაზე კარგად თამაზს გამოდიოდა. გარეგნობითაც შემკული კაცი იყო. რაც მთავარია, კარგი ექიმი იყო. ექიმი რომ არ გაცვდეს და ყველა ოპერაცია არ განიცადოს, შეუძლებელია. მაგრამ თამაზს შერჩა ღვთის წყალობა და ბავშვს რომ რთულ ოპერაციას გაუკეთებდა, მთელი ღამე თავთან ეჯდა და მისი ხელი ხელში ეჭირა. ვიცი, ჩემს მეგობრებს - არც წასულებს, არც დარჩენილებს არ ეწყინებათ - ყველას გვჯობდა თამაზ გუნჯუა. ამ ბოლო დროს, ცუდად რომ გავხდებოდი, ვფიქრობდი, რა მოხდა მერე, თუ აღარ ვიქნები, სამაგიეროდ, თამაზი მრჩება-მეთქი. მისი საქციელი ისე მამხნევებდა.“
ძალიან გულნატკენს, ვთხოვე, რაიმე ღიმილისმომგვრელი გაეხსენებინა და მეორედ რომ დაიჭირეს, ის ამბავი მოიგონა. სოლოლაკიდან მოდიოდნენ, მერაბის ბებიას სტუმრობდნენ და ოდნავ შექეიფიანებულები - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ჯონდო მეტრეველი და თვითონ, რაღაცაზე მხიარულად, უდარდელად კამათობდნენ. მაგრამ უნივერმაღის ყარაულს რატომღაც შეეშინდა და გაისროლა. სწორედ ყარაულის თოფი გახდა ბიჭების დაჭერის მიზეზი. მაშინ ტყვიებიც კი აღრიცხვით იყო და ყველა გასროლა გარკვეული შედეგით მთავრდებოდა და დამთავრდა კიდეც. მეგობრებს ციხეში უკრეს თავი. მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ახლობლები ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უპირებდნენ, რასაკვირველია, კეთილი ნაცნობების დახმარებით. ასე გადაიყვანეს ზვიადიც, გურამიც და მერაბის ჯერი რომ დადგა, ბიჭებს დაუძახეს, „с вещами“-ო! წასაღები კი რა ექნებოდათ?! „ტელოგრეიკები“ ეცვათ და რაღაც ფუთები ეჭირათ. გახარებულები დგანან და იციან, უკვე თავისუფლები არიან. პროკურორის ხელმოწერას ელიან და ამ დროს, ექიმი ქალი ჰყავდათ იქ - ცივი, უსისხლო. გამოიარა და გაუკვირდა, ბიჭები რომ გარეთ დაინახა. ამათ კი მიახარეს, თავისუფლები ვართო. ექიმი მიუბრუნდა მერაბს და ეუბნება, ბედი არ გქონია, ხვალ ციხის საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანეო. ესღა უნდოდათ, ისედაც გახარებულებს?! როგორ იცინოდნენ... ის სიცილი და სიხარული კარგად ახსოვს.
სიყვარული
მისი ბავშვობისდროინდელი სიყვარული მძაფრი და შორეული იყო - „ყოვლად მოწყალეო ქალბატონო, თანაც შვებავ და თანაც ვაებად დატეხილო, სიყვარული და დაფასება სად მოგკლებიათ, განსაკუთრებით თქვენს სამშობლოში, იტალიაში, და ერთი ქართველისაც ღრმა და მუდმივი რწმენით, მთელი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა თქვენისთანა ქალი, ვისი სახელი და გვარიც ცალ-ცალკე არ მოიხსენიება, რადგან საერთოდ, ყველაფერში, საოცრად მთლიანი და ერთიანი ბრძანდებოდით, დიდო სენიორა ანნა... მანიანი!
აიმ ქართველმა თავდაპირველად რომ შეგიყვარათ, შვიდიოდე წლისა იქნებოდა მაშინ, და ყველაფერთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, თუ როგორია ის ყოვლად დამბნევი სიყვარული, მხოლოდ ამ ასაკისას რომ შეიძლება ჩამოგვეწოდოს, კურთხევასავით მოხდეს, და „აი ია“-ს, „თოხი“-ას და „ეს ნუში კუხეა“-სთანა სიტყვების ჩხრეკის ნაცვლად, სულ თქვენი სახე ედგა თვალწინ, დაბნეულიყო; რა მოსდიოდა არ იცოდა და, არც „დედა ენა“-ში არსად ეწერა ძალიან ტევადი სიტყვა - „სიყვარული“ და სწორიც იყო ეს, რადგან ამ
ყოვლად დაუკითხავად თავსდატეხილ ბედნიერებას, კეთილვინებოთ უნდა და, ჩვენ-ჩვენით მივხვდეთ. ყოვლად დამპყრობელო ქალბატონო, დიდო სენიორა ანნა მანიანი!..
აის ქართველი ცოტათი რომ მოგვიყვინჩილდა, რამდენი წლით გადაავიწყდით, წარმოგიდგენიათ? მაინც როგორ გაგიბედათ ეს, სრულიად იტალიის დედოფალსა და დამპყრობს, მფლობელს აიმ ქვეყნისა, რომელსაც რომ ისეთი პირმშოები ჰყავდა... რომელი ას-ერთი.
ისევ შეგიდგათ, მერე.
არ გეგონოთ, რომ თავისი ქვეყნის, ანუ საქართველოს დიადი ქალები გადაავიწყეთ. არა, ბატონო, იმას სხვებსავით ეამაყებოდა თამარ მეფე და ბევრზე მეტად ეთაყვანებოდა ქეთავან წამებულს, იმას სულში ძალირ ჩაჰბეჭდვოდა ისევე როგორც მოყმის ამაღლებულზე ამაღლებული დედა, ვეფხვის დედასთან მისასამძიმრებლად მიმავალი, ასევ - კოხტად უბრალო გოგო თებრონე, მხარკოკიანი... მაგრამ სახე და, რაც მთავარია, მოძრაობები არ იცოდა მათი და, უფანტაზიოს, რა ექნა, საწყალს... - თქვენ შემოგიდგათ, მაგრამ ისე ძალიან, რომ განუყოფელ, ამაღლებულ ნაწილად რასმეს გთვლიდათ თავის თავისას, და ხანდახან კი ისე შეტოპავდა, თქვენზე თქმული რამ - პირში მიხლილ საკუთარ ქებადაც კი მიაჩნდა და, აი ეს-ისე, რომ როცა ერთმა დარბაზის წინ წარმსდგარმა კინომცოდნემ ერთ ძალიან გამოჩენილ კინოვარსკვლავზე თქვა „ის, რა თქმა უნდა, ვერაა ანნა მანიანიო, მაგრამ უდიდესი მსახიობია“ - აიმ ქართველმა ასეთი პირშიმთქმელური შექებისათვის, ერთი ისეთი დაირცხვინა? - გაწითლდა და თავი ჩაღუნა. ხოლო მაშინ კი რა დაემართებოდა, როცა თვით კოსმოსში, თავად კოსმოსში, სულ-სუ-პირველად სახელებიდან და გვარებიდან თქვენი სახელი და გვარი გაისმა, და ჩამოგვეწოდა აქ, უერთლაღკაცოდ ორიოდ საათით დარჩენილ ადამიანებს, რადგანაც თურმე იმ მართლა კაცმა, იმ უდიდესი გამოცდისა და განსაცდელისას, თურმე: „დე, გაუმარჯოს მთელ კაცობრიობას, და ანნა მანიანის“. - ! - როგორი იქნებოდა იმ ქართველისათვის ამის გაგება: იქით - მთელი კაცობრიობა და აქეთ - თქვენ, ყოვლის დამპყრობელი სენიორა, დიდო ქალბატონო ანნა, მანიანი, და რაღაა გასაკვირი, კაცობრიობიდან ერთი ქართველისაც შედგომილი გული რომ დაიპყარით.“
ნაწყვეტი მოთხრობიდან „მხოლოდ ერთი კაცი“.
პირველი პროკლამაცია, იცით, რომელ სახლზე გააკრა? - რომელშიც მისი მომავალი მეუღლე ცხოვრობდა. მაგრამ ჯერ 17 წლისაა და არ იცნობს. მოგვიანებით, სტუდენტობისას უნივერსიტეტში შეხვდება. მხოლოდ ეს მითხრა - მაშინვე მომეწონაო. მეტი არაფერი.
სტილი
ამ ბოლო დროს, რაღაც სხვანაირად წერს - არამისებურად, ძალიან გაწელილ-გაზრდილ-გართულებული სიტყვებით. მკითხველებს ხომ არ გვიბრაზდებით-მეთქი. „არა, რას ამბობთ, მაგიტო არა. ხანდახან მოითხოვს. მაქვს ნაწარმოებები, რომლებიც მარტივად იკითხება. თვითონ შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ წასაკითხად იოლია. ეს ისეთი პროცესია, ხანდახან დამძიმება სჭირდება. იმას არ ვამბობ, რომ სწორად ვაკეთებ. შეიძლება ზედმეტი მომდის. შეიძლება კი არა, ნამდვილად ზედმეტი მომდის. მაგრამ როცა ბოროტ ძალაზე ვწერ, ღვარჭნილად გამომდის. „ლოდი ნასაყდრალში“ შვიდი ფინალია - მესამეა - მტერმა იკითხა ის, მაგრამ რა ვქნა, ბოროტ ძალაზეა და ასე გამოდის. შემდეგ კი, ჩემთვის უფაქიზესი და ძვირფასი პროზა მოდის - ქრისტეზე ვწერ და აბა, ქრისტეზე ღვარძლიანად ხომ არ დავწერ?! სიფაქიზეც და სისპეტაკეც როგორი დაბალი სიტყვებია ქრისტესთან შედარებით, მაგრამ ვცდილობ. საერთოდ კი ძალიან ვწვალობ. გვერდი არა მაქვს, რომ ათჯერ, თორმეტჯერ არ გადავწერო, ხანდახან ოცამდეც ავსულვარ. მერე უკვე ვატყობ, რომ ფუჭდება და თავს ვანებებ. ვჩერდები. ისე კი, მეხუთე-მეექვსე, მეათე გადაწერაზე სათქმელი ყალიბდება. ხასიათების დახატვისას კი, ერთი თუ წარმოვიდგინე, მერე უკვე ვიცი არამარტო ის, თუ ჩემმა პერსონაჟმა რა გააკეთა, არამედ ისიც, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა.
წიგნის გავლენაზე ჩამოვარდა სიტყვა და ჩემი მოვუყევი. უფრო ძნელ დროს, 1992-93-ში რომ გაზი გამოგვირთეს, შუქიც რომ არ იყო. სწორედ მაშინ, ხშირად და თითქმის განუწყვეტლივ ვკითხულობდი რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს. ეს ვუთხარი და როგორ გაუხარდა?! ჩემი უფროსი მეგობარი იყო. კაცი ასე რომ ჰგავდეს თავის ნაწერებს, არ მინახავსო და ერთი ამბავი გაიხსენა: „მივედი ერთხელ რეზოსთან. ვატყობ, დაღონებულია. მიდიმოდის, ვლაპარაკობთ. თქვა, შვილიშვილი სამი წლის გახდა და ვერ ლაპარაკობსო. ექიმთან მისვლაც გადავადებინე. გული მისკდება შიშით. იმ დღეს ჯავრისა დავლიეთ. რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ მომიწია მისვლა. ეზოში დამხვდა, შვილიშვილს ასეირნებდა. დამინახა ბავშვმა, დაქაჩა ბაბუას ხელზე და ანიშნებს ჩემზე - „პაპი, ღინო-ღინოო“ - პირველად ამოიღო ბავშვმა ხმა. რეზო გადაირია სიხარულისგან, შენ ამოადგმევინე ენაო. გავიხარეთ სუყველამ. იმ დღესაც დავლიეთ, ოღონდ სიხარულისა.“
ორი რამის მადლიერია ძალიან - იმის, მუსიკალური განათლება რომ აქვს, რომელსაც თვითონ დილეტანტურს ეძახის და არქეოლოგიის, რომელმაც საქართველო გააცნო. 30 ექსპედიციაში მონაწილეობდა. ეს კი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეში გატარებულ მრავალ წელიწადს ნიშნავს. დაოჯახებამდე, წელიწადიდან ათი თვე ექსპედიციაში იყო. ამიტომ მეგობრები თითქმის მთელ საქართველოში ჰყავს. ბევრი ადგილი გამორჩეულად უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით კვეტარი. როცა ისეთ ხასიათზეა, რომ თვალის გახელა და ვინმეს ნახვა არ უნდა, კვეტარზე მაინც ვერასოდეს ამბობს უარს.
ადრე ესპანეთში იყო. ტოლედოში ტაძარი ნახა, სადაც კათოლიკური ეკლესიის გარდა, მეზეუმიც იყო, ტინტორეტოს და ელ გრეკოს ნახატებით. ვიტრაჟებიდან სხვადასხვა ფერის სინათლე იღვრებოდა. აღფრთოვანებული და გაოგნებული შეჰყურებდა ყველაფერს და უცებ კვეტარი გაახსენდა. შერცხვა. იქ სიმდიდრის სილამაზე იყო, აქ კი კვეტარი თავისთავად იყო ლამაზი - უბრალოებით, სისადავით.
ბევრი ახალგაზრდა მეგობარი ჰყავს და სიცოცხლის ხალისს ეს აძლევს. ჩამოთვლა არ უნდოდა, მაგრამ ცოტა მივეძალე და ლაშა იმედაშვილი, აკა მორჩილაძე, კობა რობაქიძე, დავით გოგიბედაშვილი ბევრი, ბევრი ნიჭიერი შემოქმედი გვყავსო და ვინც არ მოსწონს, არც ის დაუმალავს. „როგორ შეიძლება ნიჭიერი კაცი თავხედიც იყოს?! ზოგიერთი მათგანი ერთ პიესას დაწერს, ორ მოთხრობას და თავი უკვე მწერალი ჰგონია. ნარცისი ამათთან შედარებით ანგელოზად მოგეჩვენებათ. იჯდა თავისთვის და წყალში იხედებოდა მოხიბლული. ესენი კიდევ ტელეეკრანებიდან სახლებში გვიცვივდებიან. პირდაპირ ახალი, აგრესიული ნარცისიზმი დაამკვიდრეს. ჭეშმარიტი შემოქმედი კი დაღუპულია, თუ თავისი გაკეთებულით დაკმაყოფილდა. დამბურძგლავს ხოლმე, როცა მახსენდება, რომ ლეონარდოს დამთავრებულად, ანუ სრულყოფილად არ მიაჩნია თავისი არცერთი ნამუშევარი და ოთხმოცდარვა წლის მიქელანჯელოს კი სიკვდილის წინ უთქვამს, რომ ენანება სიცოცხლესთან განშორება, რადგან თავის ხელოვნებაში ახლაღა მიხვდა ანა-ბანას და აიდგა ფეხი. საერთოდ, ხელოვანმა ძნელ დროში დაბადება უნდა ინატროს, რადგან უზრუნველ დროში ჭეშმარიტად შემოქმედი ვერ ხდებიან. ეს ხელოვნების, ერთი შეხედვით, უცნაური, მაგრამ ყველაზე ბუნებრივი კანონია - რაღა თქმა უნდა, ჩემი აზრით.“
ოჯახი
„გურამ, მე წავედი და მოვედი“ - ეს თინათინის წერილია. მრგვალი, ლამაზი ასოებით გამოყვანილი, ოღონდ ცოტა აჩხა-ბაჩხა. ბავშვები ხომ, როგორც წესი, ასე წერენ. ბაბუას წიგნების კარადაზე გაუკრავს. ოდნავ დაბნეულობა რომ შემატყო, წერილის შინაარსის გამო, მითხრა: „ჰო, წასვლა არ მიყვარს და რომ მოვიდა, ვთხოვე მიეწერა - მოვედიო“. გესმით? სულაც არ მჭირდება ბევრი სატირლად, მაგრამ გულიდან წამოსული ცრემლი საგულდაგულოდ ჩავიბრუნე. კედლებზე კი თინათინის არაჩვეულებრივი გამოფენაა: ლამაზი, გრძელკაბიანი გოგონები და მზეები. მუცლადყოფნისას, ბაბუა როსინის ასმენინებდა. ახლა ბევრს ხატავს, ქართულ საგალობლებს და როსინის უსმენს. ქართველ დედებს მორიდებით მიმართავს მწერალი, ბავშვებს ტელევიზორებთან დიდხანს ნუ დატოვებთ. მულტიპლიკაციური ფილმებიდანაც კი იმხელა აგრესია მოდის, დაინდეთ ბავშვები, დაუმალეთ ეს აგრესიაო. ფოტო მომეწონა, „განრისხებული“ თინათინი ძალიან საყვარელი იყო. მინდოდა, მკითხველს ენახა და უარი მითხრა. არა, სამი-ოთხი წლის რომ იყოს, კიდევ არა უშავს, ახლა უკვე სკოლაში დადის, შეიძლება კლასელებმა ნახონ. კარგი ბავშვია და არ გაამაყდესო.
ბოლოსიტყვაობა
გურამ დოჩანაშვილი ახალ წიგნს წერს - არ მეგონა თუ ამ თემას შევეჭიდებოდიო და რაკი თემა თვითონ ახსენა, გავბედე და ვკითხე - წარღვნაზე იქნება, ისე დაიწყება როგორც მაშინ, თავიდანო. - ესღა მინდოდა? გულმა რეჩხი მიყო. ისედაც დედა ვარ და ამეკვიატება ხოლმე ჩემს სეხნიაზე, დედამიწაზე (ხომ ძველმოდური და გაბედული შედარებაა, მაგრამ მაპატიეთ) დარდი. დამაწყნარა, ხმა ჰქონდა თბილი, დაჯერებული. რა ბუნებრივად დამამშვიდა: „დღევანდელმა სიცრუემ და ორპირობამ ჭეშმარიტებამდე, ანუ ჯვრამდე რომ არ მიიყვანოს საქრისტიანოში დაბადებულები, არ შეიძლება - ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება ამას, სხვა გზა აღარ ექნებათ...“
![]() |
8 „უცირკობა“, როგორც კომპლექსი, ანუ დედამიწის საუკეთესო შოუ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სანდრო კაკულია
სიმართლე რომ გითხრათ, ბავშვობაში ცირკში არც ისე ხშირად დავდიოდი. დავდიოდი მანამ, სანამ მამაჩემს სამსახურში „ამხანაგად“ მოიხსენიებდნენ; სანამ ჩემს სახლში სიგარეტ „კოსმოსის“ კოლოფებით ვთამაშობდი, და სანამ ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემა „ვრემიას“ დაწყებას მეც უფროსებთან ერთად სულგანაბული ველოდი. ჩემი ბავშვობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მშობლებს ბავშვები ნავთქურებთან და სანთლებთან ახლოს ჰყავდათ გადამალული, გარეთ რატომღაც მუდმივად ზამთარი იყო, და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით, სათამაშოდ გასულს, ეზოში ბავშვები აღარ მხვდებოდნენ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ცირკი ჩემთვის მაინც ყოველთვის ზღაპრულ სამყაროდ რჩებოდა. განსაკუთრებით მოგზაური ცირკი იწვევდა აღფრთოვანებას. სულ მინდოდა, რომ ჩვენს ქალაქში, რაც შეიძლება ხშირად გამოჩენილიყო ცხენებშებმული ვაგონები, გასაშლელი კარვებით და უცნაური წარმოდგენებით. მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვი, ასეთი რამ არასდროს მინახავს.
ბავშვობის შემდეგ, დრო სწრაფად გავიდა და როცა ქალაქში მდგომარეობა მოჩვენებითად მაინც დამშვიდდა, უკვე იმ ასაკის ვიყავი, რომ ცირკში სიარული არაკორექტული იყო. ასე მაშინ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა სხვა დროა. საუკუნე შეიცვალა და აზრიც შევიცვალე. ცირკი ჩემთვის კვლავ ზღაპრულ სამყაროდ რჩება.
ცირკის წარმოშობით დაინტერესება ჩემი წარსული სურვილების ახდენა და უცირკობის იდიოტური კომპლექსისგან გათავისუფლებაა.
ისტორია
ისტორიის გარკვევა რთული აღმოჩნდა იმის გამო, რომ არ არსებობს პირველწყაროები და არც რაიმე სახის დოკუმენტები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დაადგენდნენ და დაადასტურებდნენ ცირკის წარმოშობის მიზეზს ან ზუსტ თარიღს. მაგრამ მისი, როგორც გასართობი წარმოდგენის ცნება, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში არსებობდა. ამბობენ, ეგვიპტელები გასართობ წარმოდგენებს გარეთ, უმეტესად მონების ქალაქებში აწყობდნენ. ჯერ მთელი დღეები პირამიდებს აშენებდნენ, მერე კი ღია ცის ქვეშ, აკრობატულ ილეთებს ასრულებდნენ.
თუმცა, ეგვიპტური ცირკის ნაკლებად მჯერა და ამიტომ ცირკად ვერ მივიჩნევ. მოკლედ, მივდივართ წინ. სავარაუდოდ, ქრისტეს შობამდე მე-2 საუკუნეში ვჩერდებით - საბერძნეთსა და რომში... რომი ჯობია.
ეგვიპტურთან შედარებით, აქ ბევრად უფრო დახვეწილ რამეს ვხვდებით. თვითონ სიტყვაც შესაბამისი ხდება - „წრე“ ანუ ლათინურად - „Circus“. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ეს ის ცირკია, რომელიც ასე ძლიერ მენატრება. ყველაფერი წინ არის. უბრალოდ, იქამდე ხომ უნდა მივიდე... ერთი სიტყვით, წრე. აქ ვერ იპოვით დიდ განსხვავებას. რომაული ცირკი, ხშირ შემთხვევაში, 1000 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრებია. ელინისტური ხანის ცირკი რომში, საბერძნეთში, შემდგომში ბიზანტიაში - თითქმის ერთნაირი იყო, წარმოდგენებიც დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაგრამ რომზე იმიტომ ვჩერდები, რომ აქ იქმნება ყველაზე დიდი საცირკო არენა, რომელსაც Circus Maximus (ლათ. უდიდესი არენა) ეწოდა. Circus Maximus - 1500 ადამიანზე მეტს იტევდა. ეს იყო წრიული არენა, სადაც უმეტესად ეტლშებმული ცხენების შეჯიბრი იმართებოდა. მერე ნელ-ნელა, დროის სვლასთან ერთად, ეტლები მოსცილდა, ცხენებზე ადამიანები შემოსხდნენ და წრიულ არენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე, საჩვენებელ გამოსვლებს აწყობდნენ.
ნუ გეგონებათ, რომ ადრეული რომაული ცირკი მხოლოდ ცხენთა ჯირითით შემოიფარგლებოდა. არა, ის იყო იმ დროისათვის ყველაზე განვითარებული და ყველაზე მრავალფეროვანი. დროთა განმავლობაში, არენაზე, სავარაუდოდ, ცუდად გაწვრთნილი ცხოველები და საკმაოდ კარგად გაწვრთნილი ათლეტები გამოჩნდნენ, რომლებსაც უფრო კარგად წარმოიდგენთ, თუ გეტყვით, რომ ისინი გლადიატორები იყვნენ. დიახ, ეს ზუსტად ის ადამიანები გახლავთ, რომლებიც საცირკო წარმოდგენების შემადგენლობაში შედიოდნენ. Circus Maximus-ის არენაზე ეს ადამიანები თავისუფლებისათვის სიკვდილს ებრძოდნენ. ზოგჯერ იმარჯვებდნენ, ზოგჯერ მარცხდებოდნენ, თუმცა ცირკი და მაყურებელი ორივე შემთხვევაში გამარჯვებული რჩებოდა.
როგორც ყველგან, მაშინაც და დღესაც, ბურჟუაზიისა და უთანასწორობის დონე თვით ცირკსაც შეეხო. პირველიდან მეოთხე რიგის ჩათვლით, მხოლოდ თანამდებობის პირები სხდებოდნენ, მათი სოციალური სტატუსის მიხედვით. მერე კი სხვა დანარჩენი. არა, მეშლება, მეხუთე რიგი თავისუფლებისათვის მებრძოლი და უბრალო ცირკის მსახიობების ახლობლებისათვის იყო განკუთვნილი; ე.ი დამშეულ ცხოველებთან მებრძოლი გლადიატორის ახლობელი მისი მეგობრის სიკვდილს უფრო შორიდან ხედავდა, ვიდრე ქალაქის მმართველობის რომელიმე, თუნდაც უბრალო ჩინოვნიკი. თუმცა, ამის მიუხედავად, გენდერული თანასწორობა საცირკო წარმოდგენის მაყურებელთა შორის იმთავითვე დაცული იყო. ეს გახლდათ ერთადერთი ადგილი, სადაც ქალებს და მამაკაცებს ერთდროულად შეეძლოთ დასწრება. Circus Maximus-ის მერე იყო Circus Flaminius, მერე Circus Neroni და ბოლოს, Circus Maxentius-ი, რომელიც, სხვათა შორის, მე-19 საუკუნის ბოლოს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ცირკის პოპულარობაც ეცემა. მისი, როგორც გასართობი ადგილის როლი, სადაც ყველა ფენის ადამიანი იყრიდა თავს, ნელ-ნელა სუსტდება. აკრობატული ილეთების შესასრულებლად, სულ უფრო ნაკლები ადამიანი იცლის.
მას შემდეგ ასწლეულები გავიდა...
მოგზაური ცირკი
(„ცირკაჩები“)
მოგზაური ცირკი. ჩემი დაბრუნების მიზეზი, ზღაპრები და ბავშვობისდროინდელი ბედნიერი წუთები. შეგრძნებები, რომლებიც გგონია, რომ არასდროს გაქრება, მაგრამ გადის დრო და... და... გიჭირს იმის დაჯერება, რისიც იმ დროს, ზოგჯერ საკუთარი თვალით ნანახზე მეტადაც გჯეროდა.
მოგზაური ცირკი დავიწყებულის გახსენების, ძველის დაბრუნების და ახლის შექმნის საბაბი გახდა.
ანტიკური ცივილიზაციიდან, როგორც ხედავთ, შუა საუკუნეებში მივდივართ, სადაც ჩვენი სანაქებო ევროპა არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია (ოღონდ, რასაც ახლა გიამბობთ, ამის გამო არა), მის მიწაზე „ცუდი“ ხალხი ჩნდება, რომლებიც ერთ კარგ საქმეს აკეთებენ. „ცირკაჩობენ“! (ასეთი განმარტება 1869 წლის გაზეთ „დროებაში“ ამოვიკითხე, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩამოსული მოგზაური ცირკის ამბავს იტყობინებოდა).
ეს მოგზაური „ცირკაჩები“ - უბრალო ბოშები გახლდათ. მოგზაურობით ეგენი ისედაც სულ მოგზაურობდნენ, ქურდობითაც სულ ქურდობდნენ და ცივილიზებული ქალაქების მოსახლეობაშიც მუდამდღე ზიზღისა და შიშის სტერეოტიპულ ასოციაციებს იწვევდნენ. მკვლევარი რომ ვყოფილიყავი, ცირკის ისტორიის შესწავლას ალბათ კიდევ ბევრ დროს დავუთმობდი; ბოშური ცირკის ფენომენსაც და, საერთოდ, იმდროინდელ სოციო-პოლიტიკურ ვითარებას. თუმცა რადგან ეს ასე არ არის, დასკვნებისა და მიგნებების გაკეთება, ვფიქრობ, გამიჭირდება, თუმცა რაც ძველ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებში ვიქექე, ერთ აზრს გაგანდობთ:
იმის გამო, რომ ბოშების, როგორც მოხეტიალე, უსარგებლო, გაურკვეველი ერის ავტორიტეტი, იმთავითვე წახდენილი იყო. მათ ერთი, საკმაოდ გონებამახვილური (მათ ეს გონებამახვილობა არასდროს აკლდა, და არც ახლა აკლია) გამოსავალი მოიგონეს... სიმღერითა და ცეკვით შედიოდნენ ქალაქებში. ხალხს ართობდნენ, შუა საუკენეების ევროპელი გლეხისათვის კი ეს სანახაობა, უდავოდ, სახალისო მოვლენა იქნებოდა. სულ ცოტა ხანში კი, მათ ცხოველების მოთვინიერება, ჟონგლიორობა და საცირკო ხელოვნების სხვა ილეთების შესრულება დაიწყეს. ისინი უკვე დასებად დადიოდნენ და არა ჯგროდ.
რამდენიმე ათწლეულის (20-25 წლის) შემდეგ, უკვე მთელმა ევროპამ იცოდა, რომ თუ ბოშები მათ ქალაქში ჩავიდოდნენ, მაშინ სადმე, ქალაქის გარეუბანში, ისინი აუცილებლად გაშლიდნენ კარვებს, ეტლებითა და ურმებით ჩამოიყვანდნენ უამრავ ცხოველს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც შეიძლება პირველად ენახათ... ბავშვები ბოშებს ისე ელოდნენ, როგორც ახლა სანტა-კლაუსს ელოდებიან.. იქაური ბავშვები სულ სხვანაირად ელოდებიან... მოკლედ, მოგზაურმა ცირკმა რომაული გამქრალი ცირკის აჩრდილი და ნოსტალგია ერთდროულად გააცოცხლა.
გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ არც გაშლილი კარავი არ გვინახავს და არც ცხოველებით გადაჭედილი გალია-ეტლები; არ გვინახავს ღია ცის ქვეშ მოცეკვავე ლამაზი ქალები და არც ვირტუოზი აკრობატები. სამდღიანი დაბანაკებები და ქალაქში გაკრული ლამაზი აფიშები, სენსაციური წარწერებით:
„ურჩხულთა სამყარო!“
„სასიკვდილო გასროლა“
„პირველად ქალაქში!!! - ადამიანი მოჩვენება“;
ან „დედამიწის საუკეთესო შოუ“.
ამ უკანასკნელზე უნდა გითხრათ, რომ თუ რომელიმე თქვენგანი ოდესმე ცირკზე საუბარს გადაწყვეტთ, მაშინ იცოდეთ და არ დაივიწყოთ, რომ ეს შოუ, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იანი წლებში შეიქმნა, იმ დროს მართლაც საუკეთესო იყო.
უფრო ნათელი რომ გახდეს, გეტყვით, ეს ცირკი უნიკალურობას ერთ ჩვეულებრივ სპილოს უნდა უმადლოდეს, რომელიც სინამდვილეში ჩვეულებრივი არ ყოფილა.
საქმე სპილო ჯამბოს ეხება. თუ არ იცით, ახლა გაიგებთ; ხოლო თუ იმ ასაკის შვილები გყავთ, რომლებსაც საუბარი შეუძლიათ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - თქვენმა ბავშვმა ამ ლეგენდარული სპილოს სახელი უკვე იცის.
ჯამბო აფრიკული სპილო იყო, რომელიც 1861 წელს სუ დანში დაიბადა. 64-ში ის მშობლიურ მიწას მოსწყვიტეს და საფრანგეთში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი წლის შემდეგ, ჯამბო ლონდონის ზოოპარკში აღმოჩნდა (სახელიც სწორედ აქ შეარქვა ზოოპარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა). ჯამბომ სახელი საკუთარი კეთილშობილებითა და ცხოველისათვის გასაოცარი გონიერებით გაითქვა. ჯამბო ლონდონში ყველას უყვარდა... თუმცა მას შემდეგ, რაც 1882 წელს იგი ცირკის ხელმძღვანელმა ბარნუმმა იყიდა, იგი მთელს ევროპას და არამარტო ევროპას შეუყვარდა. ბარნუმი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელმაც „დედამიწის უდიდესი შოუ“ შექმნა. მისი ცირკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავდა წარმოდგენებს და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ცირკის არენაზე ჯამბო გამოიყვანა, წარმატებები ერთიორად გაიზარდა.
ამ ისტორიის მთელი ხიბლი და მიმზიდველობა ჯამბოს გასტროლს უკავშირდება. ერთ-ერთი გასტროლის დროს, რომელიც 1885 წელს კანადაში მოეწყო, ჯამბო კანადის ქალაქ ონტარიოს რკინიგზის სადგურში ტრაგიკულად დაიღუპა... იმ წლის გაზეთებმა ცნობა ჯამბოს სიკვდილის შესახებ პირველ გვერდზეც კი დაბეჭდეს. 85-ში დაიღუპა მსოფლიოს ყველაზე კეთილი და ყველაზე გონიერი სპილო - ჯამბო!... ისე, ცნობისათვის, არსებობს ჯამბოს გარადაცვალების ერთი უცნაური ვერსია. იმ დღეს ცირკთან, ჯამბოსთან ერთად, 6 თვის პატარა სპილოც ჩაიყვანეს. ვაგონებიდან მათი ჩამოყვანის დროს, უმცროსი სპილო, რომელსაც ტომ-ტუმბი ერქვა, რელსებზე გადავიდა, ჯამბოში დედურმა ინსტინქტმა გაიღვიძა და პატარის გადასარჩენად გაიქცა. სამწუხაროდ, ამ დროს მატარებელმა ჩაიქროლა და...
მისი გული გამოსაკვლევად Cornell University-ს გადაეცა, მისი ჩონჩხი - ნიუ იორკის ნაციონალურ მუზეუმს; ხოლო ქალაქ ონტარიოს ცენტრალური რკინიგზის სადგურთან თუ მოხვდებით, აუცილებლად შენიშნავთ საბრალო ჯამბოს დიდ ქანდაკებას, რომელიც ამ ქალაქის სიმბოლოდ იქცა.
ASTLEY - ცირკის „მამა“
ფილიპ ასტლის სახელი ამ სფეროში ჩახედული ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობილია. ეს იყო ინგლისელი გადამდგარი მაიორი, რომელიც ცხენზე ჯირითის ხელოვნებას საოცრად კარგად ფლობდა. ინგლის-ინდოეთის ომის შემდეგ, 1768 წელს ასტლი ლონდონში ხსნის სკოლას, სადაც ცხენზე ჯირითს ასწავლის. პარალელურად, იგი ხვეწს საკუთარ გამოცდილებას და სხვადასხვა აკრობატული ილეთის შემუშავებას იწყებს. 1787 წელს ასტლი ხსნის პირველ ამფითეატრს, რომელსაც ცირკს არქმევს და რომლის წარმოშობაზეც უკვე მოგახსენეთ. არენას წრიული ფორმა აქვს.
თავდაპირველად, ასტლის მიერ აგებული ცირკის არენის დიამეტრი 19 მეტრი იყო, შემდგომში მან ეს მანძილი 13 მეტრამდე შეამცირა, რადგანაც ეს სწორედ ის საუკეთესო ფართობი იყო, სადაც ცხენის მართვა ყველაზე ადვილად შეიძლებოდა. 13 მეტრიანი არენა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტად იქცა და მას შემდეგ აღარც შეცვლილა. ასტლიმ მოგვიანებით არენას შემაღლებული პლატფორმა დაუმატა, შემდგომში კი ღია ამფითეატრი სახურავითაც გადახურა. მერე მაყურებელთა ადგილები ორჯერ გაზარდა და საბოლოოდ შეკრა ის ჯადოსნური წრე, რომელიც ასე ძლიერ მენატრება... გავიდა ხანი და ასტლიმ ცირკს გაწვრთნილი ძაღლები და აკრობატები დაამატა, მერე მასხარები და საბოლოოდ, მე-18 საუკუნის მიწირულს, ცირკის საჩვენებელი რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა.
ასტლიმ სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა. ასტლი თვით საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ მიიწვია ვერსალში. მსოფლიოს მასშტაბით, ასტლიმ 18 ცირკი გახსნა. მათ შორის პარიზში, ვენაში, ირლინგტონში და ა.შ. ასტლის ცირკებში არასდროს გამოჰყავდათ გარეული ცხოველები - ეს თვით ასტლის მოთხოვნა ყოფილა, რადგან მას უზომოდ უყვარდა ცხოველები; ცხენებს კი ისეთივე მსახიობებად მიიჩნევდა, როგორც ადამიანებს. ამიტომაც, მთელ მის წარმატებებს მხოლოდ ცხენებს მიაწერდა. დაუბარებია კიდეც, რომ გარდაცვალების შემდეგ, ჩემს საფლავზე ცხენის ფიგურები ამოკვეთეთ, ასე უფრო მშვიდად ვიქნებიო. თუმცა, არა მგონია, რომ ეს სურვილი მისთვის შეესრულებინათ, იმიტომ, რომ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, ცირკში ცხოველების გამოყენება დაიწყეს. იქედან დაწყებული კი, მთელი წარმოდგენის აქცენტი სწორედ ცხოველებზე კეთდებოდა.
თანამედროვე ცირკის განვითარება
(Contemporary circus)
ეს უკვე მეოცე საუკუნეა, თავისი ომებით, ბელადებით, იდიოტებით, სულელებით და გაიძვერებით, ჯაშუშებით და მოღალატეებით, ატომური აფეთქებებით და მთვარეზე
გაფრენებით.
ცირკი ამ საუკუნეში უკვე ხელოვნებაა. მას ჰყავს ისეთივე ვარსკვლავები, როგორც, მაგალითად, იმდროინდელ თეატრს ან ესტრადას... ისინი პოპულარული ადამიანები არიან, ცირკის სამხატვრო ხელმძღვანელები კი - ისეთივე ცნობილები, როგორც რეჟისორები. ცირკში უკრავენ სახელგანთქმული ორკესტრები, დადიან ცნობილი ადამიანები. მთელი მე-20 საუკუნის დასაწყისში, იღებენ უამრავ მხატვრულ ფილმს (He Who Gets Slapped. MGM. 1924; Devil's Circus, 1926; „ცირკი“ ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით; 1932 Freaks და ბევრი სხვა). ცირკი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.
ცირკის ისტორია უფრო მეტად საინტერესო 50-იანი წლებიდან ხდება. იგი შოუსა და თეატრის ფუნქციას ითავსებს. საფრანგეთში იწყება დიდი საცირკო ბუმი... თუმცა დიდხანს არ გრძელდება, მიზეზი კი 60-70-იანი წლებია, როცა ხალხის მიერ სხვა სფეროებით დაინტერესება და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების გააქტიურება იწყება. ცირკი პოპულარობას კარგავს, მაგრამ ამის მიუხედავად, 1974 წელს იქმნება მსოფლიო მასშტაბის საცირკო ფესტივალი, რომელსაც ყოველ წელს მონტე-კარლო მასპინძლობს. 80-იანი წლებიდან მოყოლებული კი, ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი ხდება. ცირკი გადარჩა...
ქართული ცირკი
იგივეს ვერ იტყვი ქართულ ცირკზე. პირველადი ცნობებით, თბილისის ყველაზე ცნობილი ცირკი 1939 წლამდე ელბაქიძეზე, ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობდა. საერთოდ, ჩვენი ცირკის ისტორიის დამოუკიდებლად განხილვა, ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით, ოდნავ ჭირს. ის მანამდე იყო რუსულ ცირკზე დამოკიდებული, სანამ - თვით ჩვენს ქვეყანაზე რუსეთი ბატონობდა, ანუ 1990 წლამდე. დანიშვნები, გათავისუფლებები, გასტროლები - ...ყველაფერი რუსეთში წყდებოდა, რასაც ვერ იტყვი ჩვენს ოსტატებზე, ამ სიტყვის გადაუჭარბებელი მნიშვნელობით. თვითონ ადამიანები, წლების განმავლობაში, ქართული ცირკის ისტორიას ქმნიდნენ. ჩვენს არენებზე სრულდებოდა ყველაზე გასაოცარი ილეთები. ჩვენი ცირკი მთელს საბჭოთა კავშირში იყო პირველი, რომელმაც ქალ მოჯირითეთა დასი შექმნა. 17-18 წლის ქართველი გოგონებით დაკომპლექტებულმა დასმა მთელი მსოფლიო შემოიარა, ოკეანის გაღმაც იყვნენ. მისმა ხელმძღვანელმა - ნანა მელქაძემ ბრეჟნევთან ტანგოც კი იცეკვა, ხოლო პარიზში გასტროლის დროს, 67-ში, არენაზე საბჭოთა კავშირის დროშის მაგივრად, მხოლოდ საბჭოთა საქართველოს დროშა ააფრიალეს. მაშინ სალომე ზურაბიშვილი მშობლებთან ერთად ცირკში ყოფილა და საკუთარი დედისათვის უკითხავს, ეს ვისი დროშა არისო. დედამ უპასუხა, საქართველოს დროშააო...
ეს ის დასია, რომლებსაც საკავშირო ცირკში „მეხანძრეებს“ უწოდებდნენ. თუკი სადმე საცირკო პროგრამა „ჩავარდებოდა“, ხალხი შემოაკლდებოდათ, შოუს იმწამსვე მოჯირითე ქალების გასაოცარი წარმოდგენით შველიდნენ.
იქვე იყო „კაცი - უჩინმაჩინი“, პირველი ქართველი მასხარა - სანდრო თედიაშვილი. მერე იყო კიდევ ერთი ლეგენდარული ედუარდ ფარსადანაშვილი და ბევრი, ბევრი სხვა. ცირკი სწორედ მათ შექმნეს...
90-იან წლებში კი ვის ეცალა ცირკისთვის? არც ის ვიცი, ახლა როგორ სცალიათ, მაგრამ ფაქტია, რომ წარმოდგენები იმართება, არც მაყურებელი აკლია და არც გარე განათება, შეღებილი ფასადის ფონზე. თუმცა ქართული საცირკო დასი აღარ არსებობს... უცხოელების იმედად ვართ. გულდასაწყვეტია...
ბავშვობისდროინდელი სურვილი ახლახანს ავიხდინე და ცირკში წავედი. მივხვდი, როგორი საჭიროა ცირკში ბავშვების სიარული. დიდებისაც. ზოგჯერ კარგი საცირკო წარმოდგენა ბევრ ცუდ თეატრალურ სპექტაკლს სჯობია. ახლაც ასე იყო. აჟიტირებული ვუკრავდი ტაშს და სახიფათო ნომრების შესრულებისას, თვალებს ვხუჭავდი. მაიმუნის დანახვაზე, ადამიანობის შემრცხვა და ვიფიქრე, რომ ჩვენნაირი არაადამიანების ადგილას, სჯობს მისნაირი ადამიანები იყვნენ. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთან მოგზაური ცირკები აღარ ჩამოდიან. ისინი საერთოდ აღარსად ჩადიან. ისიც გულდასაწყვეტია, რომ იმ ადგილას, სადაც უწინ ორკესტრი იჯდა და წარმოდგენას ცოცხლად აფორმებდა, ახლა არაფერი აღარ დარჩა - ინსტრუმენტები სადღაც გაქრა, მუსიკა კი რესტორნის იონიკიდან მოისმის. ჯადოქრობა შეუცვლელია, იცვლება მხოლოდ ტექნიკა, რომელიც შენს განწყობაზე მაინც ახდენს გავლენას...
![]() |
9 კეთილი დევგმირი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: გიგა გურასაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
როდენის ქანდაკებას ჰგავს - მოუხეშავს და ძლიერს. ძალიან, ძალიან ღონიერია. პროპორციებით ჰერაკლეს ჩამოჰგავს. კეთილია და ზედმეტად მორიდებული.
მუსიკას, რიტმს განწყობის მიხედვით ირჩევს. მუსიკალურ მიმდინარეობებში გარკვევა კარგა ხანს უჭირდა.
ვარჯიშისას ტექნოს, ტრანსს უსმენს, სხვა დროს - უფრო მშვიდ მუსიკას.
აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ქვემოფშაფში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობაში მწყემსობაზე ოცნებობდა, მერე და მერე ოცნებებმა ტრანსფორმაცია განიცადა.
13 წელიწადია, რაც თბილისში ცხოვრობს, მიზანი ბევრი აქვს, ნატვრა კი ერთი - სტუმრად ყოფნა გამიგრძელდა, ჩემს მშობლიურ კუთხეში - აფხაზეთში დაბრუნება მინდაო.
ელდარ კურტანიძე იმდენად საინტერესო ადამიანია, რომ მისი სპორტსმენობის შესახებ იქნებ არც არაფერი მეთქვა, ჭიდაობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი რომ არ იყოს.
მსოფლიოს ორგზის, ევროპის ხუთგზის, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოსანს და კიდევ არაერთი ტიტულის პატრონს, მრავალი წელიწადია ვიცნობ, მაგრამ მასთან საუბარი თავიდან მაინც მძიმედ წავიდა, მერე და მერე კი, უფრო გაიხსნა და ალაპარაკდა, თუმცა ეტყობოდა, რომ რაღაც ბოჭავდა. მოგვიანებით მითხრა კიდეც, „დაგრუზული“ ვინმე ვარო. მე კი ქართველი ფალავანი რაღაცით კეთილ დევს მაგონებს.
ჭიდაობას რა უნდა...
„ძლიერი ვიყავი. ჩემს ფიზიკურ ძალაზე მეზობლებიც ლაპარაკობდნენ. ამბობდნენ, ლუკასთვის ძალისმიერი სპორტი ზედგამოჭრილი იქნებაო. ჩემი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, ჭიდაობაში ყველა მიგებდა, მე კი ჟინი და გამარჯვების წყურვილი მკლავდა. ვიცოდი, რომ შიშველი ხელებით ვერაფერს გავხდებოდი. საჭიდაო ოსტატობის დაუფლება იყო საჭირო.
ერთი სიტყვით, ვინც მერეოდა, მათთან გამკლავების წყურვილმა სპორტულ დარბაზამდე მიმიყვანა. იქ ჩემი მეზობელი ბიჭებიც დადიოდნენ.
ცხრა წლის ვიყავი, როდესაც გულრიფშის რაიონში საჭიდაო სკოლას მივაკითხე, სპორტული დარბაზი ეკლესიაში იყო - ქვედა სართულს საწყობად იყენებდნენ, მეორეზე კი ხალიჩა გაეშალათ.
მას შემდეგ, რაც ჭიდაობას ვეზიარე, გამიჩნდა მიზნები, რომლებიც დროთა განმავლობაში მატულობდა და მატულობდა, მანამდე კი ის ბიჭები დავამარცხე, რომლებიც სისხლს მიშრობდნენ.
თავდაპირველად მიზნად სპორტის ოსტატობის კანდიდატობა მქონდა, მერე სპორტის ოსტატობისა; როდესაც ამას მივაღწიე, საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს ჩემპიონობა მომინდა. მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცოდი, რას ნიშნავდა მსოფლიოს ჩემპიონობა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს ძალიან მაგარი რამე იქნებოდა.
თეირანი. 2002 წელი. პირთამდე გადაჭედილი 20-ათასიანი დარბაზი. ფინალში, მასპინძელი ალირეზა ჰეიდარის სახით, კურტანიძეს ძალზე ძლიერი მეტოქე ჰყავს. რთულია გაუძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას მაშინ, როდესაც ყველა შენს წინააღმდეგაა, მაგრამ ელდარ კურტანიძე ყველას უმტკიცებს, რომ მისი დამმარცხებელი იმ დღეს არავინაა.
პაექრობის დასრულებამდე ათი წამით ადრე, კურტანიძე 2:0-ს იგებს. ჰეიდარმა ბოლოს იძალა და ქართველს ქულა გამოსტაცა. მსაჯი დამატებით სამ წუთს ნიშნავს. ირანელი პროვოცირებას ცდილობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსაჯს ეს შეუმჩნეველი არ რჩება და ჰეიდარს ამასობაში დარბაზი ხმაურისგან ლამის ჩამოიქცეს. მიუხედავად ამისა, კურტანიძე სიმშვიდეს ინარჩუნებს და მეტოქეს გასაქანს არ აძლევს. შეხვედრა ხეირიანად დასრულებულიც არაა, რომ ქართველები გამარჯვებას ზეიმობენ. ელდარი მუხლებზე ეცემა. ოცნება ასრულებულია. ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონია!
„რომ მცოდნოდა, მიზნის მისაღწევად როგორი ჯოჯოხეთური გზა მელოდა და რამდენ რამეზე მომიწევდა უარის თქმა, ალბათ, გულიც გამისკდებოდა. შეუძლებელია, ადამიანმა ყოველივე წარმოიდგინოს და შემდეგ თქვას, მე ამას შევძლებ, ამას გავაკეთებ. ამ ხნის განმავლობაში, მართლაც ბევრი რამ გადავიტანე: აფხაზეთის ომი, ფუძის მოშლა და დაკარგვა, „გოლგოთას გზა“, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, შემდგომ სამოქალაქო დაპირისპირება, განუკითხაობა. მიუხედავად ამისა, ხელებით, ფეხებით, კბილებით ჩემი ოცნებისკენ მივიწევდი. რომ არ მებრძოლა, დღეს ლუკა კურტანიძე არავინ არ იქნებოდა. უფლება არ მქონდა, უკან დამეხია. ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა“.
სიდნეის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნებულს, უბანში ტრანსპარანტი დავახვედრეთ: „ელდარ, შენს ბრინჯაოს ჩვენთვის ოქროს ფასი აქვს!“ დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელს ქუჩაზე გადაჭიმული ტრანსპარანტი ელდარს უნდა შეემჩნია, მაგრამ დანამდვილებით არაფერი ვიცოდი და ცნობისმოყვარეობა მკლავდა.
მოგვიანებით, როდესაც ჩვენი ნახელავი ყველას დაგვავიწყდა, კურტანიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, აეროპორტიდან შინისკენ მიმავალი ქუჩას რომ ავუყევი, თვალში რაღაც უჩვეულო მომხვდა. მანქანა დავამუხრუჭე და უკან დავხიე, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი - ავიხედე და...
ჩვენდა უნებურად, პატარა დევს თურმე გული ავუჩუყეთ. არადა, რატომღაც, ზოგი მას გულჩათხრობილ კაცად, ზოგი კი ლამის ცივსისხლიან, უგრძნობ ადამიანად თვლის.
ჩემს უბანში ახალი გადმოსული იყო, როდესაც რაღაც საქმეზე შინ ავაკითხე.
- მაშ, „ნახალოვკელი“ გახდი, არა?
- სადაც კაცი ხეს დარგავს, იქედან როგორ უნდა წავიდეს?! - მითხრა ელდარმა.
საკუთარი სახლის წინ, ქუჩაში, თუთის ხე დაერგო, მაგრამ მაინც წავიდა.
თავს რატომღაც ყოველთვის დავალებულად მიიჩნევს. ათენის ოლიმპიურ თამაშებამდე ამას ამბობდა და ახლაც იმეორებს, რომ ხალხის ვალი აქვს. ეტყობა, ვიღაცეებმა მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და სახლი პირწმინდად გაუძარცვეს. ალბათ ამიტომაც გადავიდა სხვაგან.
ელდარიდან ლუკამდე (სახელცვლილება)
განვლილ ცხოვრებას სამ ნაწილად ყოფს. პირველი იყო ცნობისმოყვარე ბავშვობა - უდარდელი, ლაღი. მეორე ჰგავდა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას - იყო აფხაზეთის ომი, რომელშიც მამა დაკარგა. ამას მოყვა წლები, როცა თბილისში გადმოსახლებული, წელში გამართვას ცდილობდა, თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, თი-თქოს ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი; სახელი გადაირქვა - ახლა ის ლუკაა - და სხვა, უფრო მძიმე კატეგორიაშიც გადავიდა.
„ყველაზე ტკბილად ბავშვობა მაგონდება. მაშინ სრულიად თავისუფალი ვიყავი და ყველაფერს მპატიობდნენ. არც ომი იყო და არც გაჭირვება, ბავშვების საფიქრალი მხოლოდ ის იყო, სად და როგორ გვეთამაშა. მეც, ყველა ბავშვივით, ცელქი ვიყავი, თან ძალიან. მიყვარდა მეზობლის ბაღებში გადაპარვა. ამიტომ ყველა ხილის გემო კარგად ვიცი. კიდევ ძალიან მიყვარდა მდინარეზე სიარული, თევზაობა, ზღვის ტალღებთან ჭიდილი. ასეთი გატაცება ერთხელ კინაღამ ძვირი დამიჯდა. ტალღამ ჩამითრია და რომ არა უფროსი ბიჭები, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ერთი სიტყვით, სრული თავისუფლება მქონდა ცელქობისთვის.
წარჩინებული მოსწავლე ვიყავი-მეთქი, რომ ვთქვა, ნამდვილად მოგატყუებთ. თუმცა ეს ყველა საგანს არ ეხება. სხვა საგნებისგან განსხვავებით, ბუნებას, ისტორიას, ასტრონომიას და ანატომიას უფრო ვწყალობდი. საშინლად ვერ ვიტანდი ალგებრა-გეომეტრიასა და ფიზიკას. თუმცა იმდენი ვიცი, რამდენიც ჩვეულებრივ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება.
საერთოდ, მასწავლებელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოგაწვდის ინფორმაციას.
მათემატიკა სწორედ მასწავლებელმა შემაძულა. ერთ დღეს მითხრა, რომ გაკვეთილს თუ კარგად ჩამაბარებ, ხუთიანს დაგიწერო. მეც მთელი ღამე თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი. მეორე დღეს კი, როდესაც გაკვეთილი ჩავაბარე, ნიშანი მაინც არ დამიწერა. სამაგიეროდ, ხუთიანები ისეთებს დაუწერა, ვისაც არ ეკუთვნოდა. ასე რომ, მასწავლებელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და მოზარდის ადამიანად ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს...
ოთხი თუ ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ბებიასთან ბიბლია აღმოვაჩინე. მას შემდეგ, თავში არაერთი კითხვა მიტრიალებდა. ცნობისმოყვარეობა მეტ-ნაკლებად მაშინ დავიკმაყოფილე, როდესაც მოვინათლე. თუმცა წინააღმდეგობასაც ვაწყდებოდი. მახსოვს, სკოლაში მასწავლებელი როგორ მიკრძალავდა ჯვრის ტარებას. ბევრჯერ წაურთმევია კიდეც, მე კი პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა. როდესაც ჯვარს მომხსნიდა, ჯიბრზე ორს ჩამოვიკიდებდი ხოლმე. ერთხელ, რუსულის მასწავლებელს ვკითხე, - რატომაა, როდესაც გვიჭირს, ვამბობთ, ღმერთო, მიშველე და არა სხვა რამეს? მან კი, იმის ნაცვლად, რომ ეპასუხა, საყვედური გამომიცხადა. სამწუხაროდ, მაშინ რელიგიისადმი ასეთი დამოკიდებულება იყო.
საერთოდ, ადამიანს ის უფრო იზიდავს, რასაც უკრძალავენ. ასეთია ადამიანის ბუნება“.
იმედგაცრუება
ათენის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებული, სადღაც გაუჩინარდა. ეს, გარკვეულწილად, გულშემატკივართა „ერთგულებამ“ განაპირობა. მისგან მხოლოდ ჩემპიონობას ელოდნენ. „ოქროს“ გარეშე დაბრუნებული კურტანიძე მისი ადრინდელი წარმატებებით განებივრებულმა საზოგადოებამ და მედიამ, უბრალოდ, მიივიწყა.
სხვათა შორის, იოზეფ გებელსს უთქვამს, ისტორია გამარჯვებულის მხარესააო.
„პირად ცხოვრებაში უამრავი იმედგაცრუება მქონდა, მაგრამ არცერთს არ შევადარებდი ათენის ოლიმპიურ თამაშებს. გუნდში დაშვებულმა საბედისწერო შეცდომებმა და ჩემმა წარუმატებლობამ საქართველოს მსოფლიო არენაზე ერთ-ერთი ღირსეული ადგილი დააკარგვინა. ამ მხრივ, 2004 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წარუმატებელია, რასაც დღემდე განვიცდი.
სახელის შეცვლა მხოლოდ ათენის ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებლობით არ აიხსნება. ეს იყო ბოლო წვეთი, რაც უკავშირდებოდა საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო პერიოდს - აფხაზეთისა და მამის დაკარგვას, ფუძის მოშლას, იმედგაცრუებას, გაჭირვებას.
როდესაც მხოლოდ 19 წლის ხარ და მხრებზე უდიდესი პასუხისმგებლობა გაწევს, ცოტა იბნევი კიდეც. არადა, მიზანი გაქვს, მაგრამ მარტო დარჩენილს ცხოვრება გიჭირს. როდესაც უზრუნველი ხარ და ამ დროს ყველაფერს ერთი ხელის მოსმით კარგავ, ძნელი ასატანია.
რატომღაც ისე ხდება, რომ ყველაფერს რთულად ვაღწევ. რაღაცის მიღწევამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯი მაკლდებოდა. ყოველთვის რაღაცას ვეძებდი, მაგრამ იმასაც ვხედავდი, რომ ამ ძიებაში ბევრი რამ დავკარგე. ასეთ ვითარებაში, გინდება, ყოველივეს წერტილი დაუსვა, რაღაც შეცვალო.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ეს ჩემში დაგროვდა. აშკარა იყო, ამდენს ვეღარ ვუძლებდი. მინდოდა ჩემი გულისტკივილი ვინმესთვის გამენდო“.
შეიძლება ადამიანი ცხოვრების დინებას გაჰყვეს. შესაძლოა მორევმაც ჩაითრიოს. კურტანიძემ გადაწყვიტა ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ ეცურა. მანამდე კი, ტიბაანის ბერთა მონასტრის წინამძღვარს, მამა სერაფიმეს გაანდო ის, რაც გულს უღრღნიდა და წლების განმავლობაში დაგროვილი ტვირთისგანაც გათავისუფლდა. ელდარი ლუკად გადაინათლა და საკუთარ თავს უთხრა: დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ!
შიში
„ადამიანი სულიერად იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ყველაფრისთვის წინასწარ მოემზადოს. შესაძლოა, ქვეცნობიერად რაღაცის შიში ყოველთვის გქონდეს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაითრგუნო. ბედისწერას ვერ გაექცევი.
რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანშია ჩაბუდებული შიში. მთავარია, მას როგორ შეხვდები, გაუმკლავდები. ადამიანი, რომელსაც შიშის გრძნობა არ აქვს, საშიშია“.
დრო მიდის...
სპორტის გამო, წელიწადში შვიდი-რვა თვე შინ არაა, დანარჩენი ოთხი თვის უდიდესი ნაწილი ვარჯიშს მიაქვს. არადა, როგორც თვითონ ამბობს, - ყველას სჭირდება ყურადღება: დედას, მეუღლეს, შვილებს, მეგობრებს...
„ერთხელ რომან რურუამ მითხრა: „ადამიანი, რომელსაც დიდი გეგმები აქვს და ბევრი რამის განხორციელება უნდა, კარგი იქნებოდა, 300 წელიწადს ცხოვრობდეს, რათა გააკეთოს ის, რაც ჩაფიქრებული აქვს; ხოლო მათ, ვინც არაფერს აკეთებს და არ იცის, თავისუფალი დრო რაში გამოიყენოს, 100 წელიც ეყოფათო“.
კარგია, მაგრამ როგორც გვინდა, ეგრე სადაა?“
მიუწვდომელი ჯილდო
შარშან, ევროპის ჩემპიონობამდე, ნახევარფინალში ის მეტოქე დაამარცხა, რომლის ადგილზეც, წესით და რიგით, ათენში საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თავად უნდა მდგარიყო. ოლიმპიური ოქრო ერთადერთი უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ჯერ-ჯერობით მოუპოვებელი დარჩა. ამის გამო, ათენიდან დაბრუნებულმა საკუთარი თავი დასაჯა - „პოლიპები“ გამაყუჩებელი საშუალებების გარეშე ამოიჭრა!
შავი და თეთრი
არ იცის, კონკრეტულად რა არის ბედნიერება. თუმცა, ზოგადად, ბედნიერებას შემოქმედებით ცხოვრებაში ხედავს.
ამავე დროს, სიცოცხლე მისთვის ბრძოლაა - ბრძოლა სიკეთისთვის!
ჰგონია, რომ გარეგნული თავისუფლებისა და ჭარბი ინფორმაციისგან ხალხი დაბნეულია. ცხოვრების ახალმა სტილმა ბევრი კარგი რამ მოიტანა, მაგრამ ცუდიც საკმაოდ მოაყოლა, ადამიანს კი მათი გამიჯვნა და არჩევანის გაკეთება უნდა შეეძლოსო.
SUPERWOMAN
„ქალთან მოკრძალებული უნდა იყო. შეყვარებულმა შეიძლება ბევრი ისეთი რამ ჩაიდინო, მომავალში გაგიკვირდეს, ეს როგორ გავაკეთეო.
რა თქმა უნდა, ქალი ქალური, ჭკვიანი, მრავალფეროვანი უნდა იყოს, საინტერესო სამყაროს უნდა ქმნიდეს. ამ ყველაფერს უფრო დიდი ფასი ედება, თუ ის სულიერადაც ძლიერია. ასეთ დროს, ცხოვრებაც საინტერესო ხდება და სიყვარულიც დიდხანს გრძელდება. მაგრამ თუ ასე არ არის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ვალდებულებებში გადაიზრდება. მგონი სუპერქალი დავხატე, არა? მაგრამ თუ ქალი სუპერმენზე ოცნებობს, მამაკაცს ვინ აუკრძალა ასეთი ოცნება?!
ქალისადმი ლტოლვას, ინტერესს სიშიშვლე აუფერულებს. თუ ქალში იდუმალება არაა, მასთან ურთიერთობაც უფერულდება. ადამიანი იმისკენ მიიწევს, რაც რთულად ამოსაცნობია, შორსაა და მიუწვდომელია. და არა მარტო ქალი. საერთოდ, ქალი კოსმოსივითაა - ამოუცნობია.
განა ასე არ არის? როდესაც არქეოლოგი რაიმე ფრაგმენტს აღმოაჩენს, მოსვენებას კარგავს. ამ დროს, მას კონკრეტული ნატეხი კი აღარ აინტერესებს, არამედ ის, თუ რისი ნაწილია ეს ნატეხი“.
ზღაპრის გმირი
„შესაძლოა, საზოგადოებაში ვიღიმოდე, სინამდვილეში კი ჩაფიქრებული, სევდიანი ვიყო, ვფიქრობდე წარსულზე, ზოგადად წარსულზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა და ხშირად მასზე ფიქრისას, ცრემლიც მერევა. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ფიზიკური ძალის პატრონი რატომღაც უხეშიც უნდა ვიყო, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არაა. ალბათ, იმ ზღაპრის გმირს ვგავარ, რომელიც ჯერ საკუთარ თავში ებრძვის ბოროტებას და მერე სხვაგან. თუ გინდა, რომ ადამიანში ცუდი დაინახო, მას აუცილებლად დაინახავ, ისევე როგორც კარგს. უმჯობესია, სხვაში ჯერ კარგი დაინახო და საკუთარ თავშიც ჩაიხედო“.
ბევრჯერ სცადეს მისი გადაბირება. ექაჩებოდნენ საბერძნეთში, გერმანიაში, უზბეკეთში, რუსეთში, უკრაინაში, მაგრამ არ წავიდა. როცა გერმანიაში ერთ-ერთი კლუბის ღირსებას იცავდა, ექვსი თვის მანძილზე, საქართველოში ხუთჯერ ჩამოვიდა; არა იმიტომ, რომ ოჯახი ენატრებოდა, რომელიც გერმანიაში თან ჰყავდა. უბრალოდ, აქაურობის გარეშე ვერ ძლებდა. რამდენჯერმე გავუმეორე, მაინც სად იცხოვრებდი-მეთქი. პასუხი ერთი ჰქონდა: საქართველოში!
„კარგი, დროებით სად გაჩერდებოდი?“ - არ შევეშვი. მან კი მიპასუხა - „იტალიაში, რადგან იტალიელები რაღაცით ჩვენთან ახლოს არიან. იტალიელებს ცხოვრების მრავალფეროვანი სტილი აქვთ, დაპროგრამებული არ არიან, უფრო ხალისიანები არიან“.
ავსტრალიაც მოსწონს, თავისი სანაპიროებით, მაგრამ ძალზე შორსააო.
გზაჯვარედინზე
ახლა გაურკვევლობაშია. არ იცის, მომავალში რა უნდა აკეთოს. მთელი ცხოვრება ერთ საქმეს ემსახურება. ჯერ არ იცის, როდის დაასრულებს სპორტულ კარიერას და არც ის იცის, მერე რა უნდა აკეთოს.
„მერე რა იქნება? ფაქტობრივად, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო, რაც იოლი არაა. ერთხელ ჩემს მეგობარს ვკითხე, სპორტიდან წასვლის მერე როგორ გრძნობ მეთქი-თავს, მან კი მიპასუხა, ისე ვარ, როგორც პატარა ბავშვი დიდ ქალაქში, რომელმაც არ იცის, სად წავიდესო.
გზაჯვარედინზე დგომა მეც მომიწევს. მთავარია მიმართულება გამოვიცნო, საით წავიდე“.
![]() |
10 ფარისევლობის მოკრძალებული ხიბლი (კანი - 2006) |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: როიტერი
მინიდიალოგები წითელ ხალიჩასთან, სეანსის დაწყებამდე ერთი საათით ადრე:
(ფრანგულად)
„- რაზეა ალმოდოვარი?
- გოგო კლავს მამას, რომლის ცხედარს დედამისი დამარხავს. ამასობაში გაცოცხლდება ბებია, რომელმაც დიდი ხნის წინ, თავისი ქმარი მოკლა.
- ფანტასტიკაა?
- არა, ნეორეალისტური კომედია“.
(ფრანგულად)
„- ელტონ ჯონი ნახე?
- მის ქმარს მოვკარი თვალი
- ქმარი არაა, უფრო ცოლი უნდა
იყოს.
- რა იცი? - მამიდაჩემმა წაიკითხა სადღაც“.
(ფრანგულად)
„- ქეით ბლანშეტს ეგ კაბა გუშინ უყიდია, რომელიღაც აქაურ ბუტიკში.
- რა სისულელეა, შარშანწინაც იგივე ეცვა.
- შარშანწინ შარვალში არ იყო? - წითელი შარვალი იზაბელ იუპერს ეცვა, ნუ ურევ ყველაფერს“.
(რუსულად)
„- გუშინ „Du Cap“-ში ნაომი ქემფბელმა დაბადების დღე გადაიხადა. ბრიუს უილისი იყო. ვასიამ შემიყვანა.
- აუ... როგორ ვთხოვე ერთი მოსაწვევი. არ შეგეძლო, რომ დაგერეკა?
- მობილური გამორთული გქონდა, ეტყობა კინოში იჯექი.
- ა... არა, გამახსენდა. მაგ დროს ჰუგო ბოსის მაღაზიაში ვიყავი. „კინოტავრის“ ბიჭებმა წამიყვანეს. დენის ჰოპერმა ვენეციური მინის კოლექცია და უორჰოლის უცნობი რამეები წარმოადგინა“.
(რუსულად)
„- მოსკოვში დიდი ამბავი ატეხილა „და ვინჩის კოდზე“. არადა, გუშინ 15 წუთში დაიცალა დარბაზი.
- მე ბოლომდე გავუძელი. შეამჩნიე, რა ხორხოცი ატყდა დარბაზში, ოდრი ტატუმ რომ იკითხა,
- გამოდის, რომ მე იესო ქრისტეს უკანასკნელი მემკვიდრე ვარო?
- მე ინგლისელ მონაზონ ქალს მივაქციე ყურადღება; საწყალი, მარტო იდგა „წითელ ხალიჩასთან“, უზარმაზარი ჯვრით ხელში.
- მოსკოვში უნდა გაგეგზავნა, თანამოაზრეებს იპოვიდა“.
(რუსულად)
„- დარწმუნებული ვარ, „პალმას“ წელს „ბაბილონი“ აიღებს. პოლიტკორექტულია და თანაც, პუბლიკას მოსწონს.
- ვონგ კარ ვაი პოლიტიკას არ დაუშვებს, ესთეტია!
- სახეზე ვუყურებ ხოლმე სეანსის დროს, „ბაბილონზე“ ტაში დაუკრა.
- ხომ არ მოგეჩვენა? ჟიურის არა აქვს აპლოდისმენტების უფლება.
- იმის უფლება ხომ ჰქონდა, „ლეონარდოს კოდის“ მეხუთე წუთზე რომ დატოვა დარბაზი?
- ეგ არასაკონკურსო იყო“.
ცხოვრებაში ერთი დიდი პრობლემა მაქვს - ინგლისურს ვერ ვსწავლობ. ნუ... ასე გამოვიდა; ჩემს თაობას ეს ენა არ ჭირდებოდა - რუსულის ცოდნა კარგ ტონად ითვლებოდა, ინგლისურის, ფრანგულისა და გერმანულის სწავლას მაინცდამაინც არავინ გვაძალებდა. ფრანგულ ენასაც იმიტომ შევეჭიდე, რომ მასწავლებელი მყავდა კარგი - ტანტ ნანიკი. პროფესიით ანიმატორი, „წუნა და წრუწუნას“ ერთერთი მხატვარი, სომეხი ქალი, რომელიც ბავშვობიდან მეუბნებოდა, კინოს ენა ფრანგულია, კინოს სამშობლო კი - კანის კინოფესტივალიო. საშინაო დავალებას წარმატებით როცა ჩავაბარებდი, ტანტ ნანიკი მაიმედებდა, ოდესმე აუცილებლად მოხვდები კანშიო, ხოლო საკმარისია ფრანგული ზმნები ერთმანეთში ამრეოდა (კიდევ ერთი პრობლემა!), მკაცრად შემომხედავდა, ასე კანში ვერ წავალთო, დამემდურებოდა ხოლმე. პირველად სწორედ ტანტ ნანიკმა მიამბო კანის ფესტივალის ისტორია - ზღაპარი ლაჟვარდოვან ნაპირზე, სადაც 1939 წელს დიდი კინოფორუმი უნდა გამართულიყო, მაგრამ ფესტივალი ომის დაწყებამ ჩაშალა. ტანტ ნანიკი, მართალია, მთელი ცხოვრება კინოსტუდიაში მუშაობდა, თავის თავს მაინც მხატვარ-დიზაინერად მიიჩნევდა. ამიტომ, როცა კანის ფესტივალზე ყვებოდა, უფრო ფესტივალის გარემოზე, ატმოსფეროზე ამახვილებდა ყურადღებას, ვიდრე ფილმებზე. მაშინ შევიტყვე სწორედ, რომ 1947 წელს, კანში, მოდელიორმა ლუი რეარმა კრუაზეტის სანაპიროზე პირველად უჩვენა პუბლიკას ქალის ორად გაყოფილი საბანაო კოსტიუმი, რომელსაც კანში „ბიკინი“ შეარქვეს (ერთ-ერთი აქაური კუნძულის პატივსაცემად)... სხვა რაღაცეებიც მიამბო; 1948 წლის ფესტივალზე ფოტოკამერა „პოლაროიდის“ პრეზენტაციაზე, ღია ცის ქვეშ გამართულ სეანსებზე (კინოდარბაზები კანში მოგვიანებით ააშენეს) და მონიკა ვიტიზე, რომელმაც 1960 წელს კანი ტირილით დატოვა, როცა აქაურმა პუბლიკამ ანტონიონის „თავგადასავლის“ ჩვენების დროს, სტვენა დაიწყო. საფრანგეთს სტუდენტური მოძრაობის ტალღამ სწორედ მაშინ გადაუარა, როცა მეჩნიკოვის ქუჩაზე, ფრანგულის გაკვეთილებზე ტანტ ნანიკთან დავდიოდი. ჩემი მასწავლებელი გულდაწყვეტილი მიყვებოდა, როგორ ჩაშალეს 1968 წლის კინოფორუმი ფრანგმა კინემატოგრაფისტებმა, როგორ მიიმაგრეს სმოკინგებზე წითელი მიხაკები, სტუდენტებთან სოლიდარობის ნიშნად. მას შემდეგ, რაც კანის ფესტივალის ბიუროკრატებთან ტელეფონით ფრანგულის ცოდნის „ტესტი“ გავიარე (ხედავთ, სად გამომადგა ტანტ ნანიკი?) და 59-ე კინოფორუმის აკრედიტაციით ხელდამშვენებული, კრუაზეტის სანაპიროზე მოვხვდი, ეგრევე „ბიკინის“ ისტორია გამახსენდა; „წითელ ხალიჩასთან“ ყველაზე ახლოს მოწყობილ პლაჟზე „ორად გაყოფილი“ საბანაო კოსტიუმი დიდი იშვიათობა გახდა - „სუსტი სქესი“ აქ რაღაც წარმოუდგენელი მონდომებით ცდილობს მკერდის გაშიშვლებას... პლაჟი სავსეა სილიკონიანი ქალბატონებით, აი, სულ ახლახანს რომ მიაღწიეს ევროპელებისთვის სანუკვარ საპენსიო ასაკს („გაუმარჯოს უსაქმურობას, ცხოვრება ახლა იწყება!“) და საკუთარი სხეულის გაუმჯობესება-გამშვენიერებისთვის რომ გამონახეს დრო და ფული. აქვე გაშოტილან მაგრად ნავარჯიშები და დაკუნთული ჭაბუკებიც, რომლებიც „პლაჟის გოგოებს“ საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. კრუაზეტის პლაჟზე გაშიშვლებულ მდედრსაც და მამრსაც ერთი მიზანი აქვს - თავისი ფიგურით როგორმე დააინტერესოს კანის ფესტივალზე ჩამოსული პროდიუსერები, კინორეჟისორები, მსახიობები. მაგრამ ამ ხალხს ქვიშიან პლაჟზე რა უნდა? სად აქვთ მზეზე გარუჯვისა და მაისის ცივ ზღვაში ჭყუმპალაობის დრო? აქაური სასტუმროების მფლობელები ფესტივალის პირველივე დღიდან აორმაგებენ (ზოგან ასამმაგებენ) ნომრების ფასებს, კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეებს ახალი, საფესტივალო მენიუ გამოაქვთ, ასევე გაორმაგებულ-გასამმაგებული ფასებით. „ა“ კლასის ოტელებში კი ნომერი იმდენად ძვირი ღირს, რომ ვარსკვლავებსაც კი არა აქვთ საშუალება, ფესტივალის დაწყებიდან ბოლო დღემდე კანის ძალიან სუფთა ჰაერი ისუნთქონ. წესით და რიგით, პლაჟზე ნებივრობის დრო ჟურნალისტებსაც არ უნდა ჰქონდეთ; ფესტივალის პროგრამა ისეა გადატვირთული, რომ სეანსის დასრულებისთანავე, კანის კინოფორუმზე წარმოდგენილი სხვა ფილმების სანახავად, კრიტიკოსებს დარბაზიდან დარბაზში გადარბენა უწევთ. თუმცა სირბილს აზრი აქვს მხოლოდ „ვარდისფერებისთვის“, ე.ი. ყოველდღიური პრესის წარმომადგენლებისთვის. ამ ხალხისთვის კანის კინოფორუმის ყველა დარბაზი ღიაა. სხვებს კი, „არაპრიორიტეტული პრესის“ წარმომადგენლებს (ასეთი დაყოფის იდიოტიზმი იმაშია, რომ მსოფლიოში ყველა ცნობილი კინოჟურნალი თვეში ერთხელ გამოდის, ე.ი. „არაპრიორიტეტულია“), ვისაც „ცისფერი“ და „ყვითელი“ აკრედიტაციები აქვს, დარბაზში შესვლის უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევათ, როცა ძმები ლიუმიერების, დებიუსის, ანდრე ბაზენის, ბუნუელის კინოდარბაზებში „ვარდისფერები“ საბოლოოდ დაიკავებენ ადგილებს. რას ვიფიქრებდი, ბაზენისა და ბუნუელის სახელები ჩემში ოდესმე უარყოფით ემოციებს თუ აღძრავდა? ბაზენის წიგნები მსოფლიოს ყველა კრიტიკოსისთვის ბიბლიაა, ბუნუელზე რომ აღარფერი ვთქვათ - უკვდავი რეჟისორია! მაგრამ კანში, ბუნუელისა და ბაზენის დარბაზებში მოხვედრა იმდენი ბარიერის გადალახვას მოითხოვს, რომ გადაღლილი „ცისფერი“ (და მით უმეტეს, მესამე კატეგორიის - „ყვითელი“) შეიძლება სერიოზულად ჩაფიქრდეს ჩემოდნის ჩალაგებასა და „ლაჟვარდოვანი ზღაპრის“ დროზე ადრე დამთავრებაზე. 1975 წლიდან, მას მერე, რაც ორგანიზაციამ, სახელწოდებით „საყოველთაო ბრძოლა გარყვნილი ჰუმანიზმის წინააღმდეგ“, ფესტივალის სასახლეში ყუმბარა ჩადო, კანში საგულდაგულოდ ამოწმებენ არა მარტო ჟურნალისტების, არამედ ვარსკვლავების ჯიბეებსა და ჩანთებს. მაგრამ „ცისფრებისა“ და „ყვითლებისთვის“ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია დარბაზში მოსახვედრად. ამის შემდეგ, „ცისფერმა“ - ბუნუელისა და ბაზენის დარბაზთან, „ცისფრების“ რიგი უნდა დაიკავოს, „ყვითელი“ თავისიანებს მოუდგეს უკან და ელოდოს, სანამ „ვარდისფრები“ არ ინებებენ მოსვლას.
ერთ-ორ „ცისფერს“ შეიძლება ბედმა გაუღიმოს, თუკი ერთი საათით ადრე დაიკავებს რიგს... სხვებს კი, ბოდიში... არ ხართ „პრიორიტეტული“ და თავში ქვა გიხლიათ; სადაც გენებოთ, იქ წაბრძანდით. თუ გნებავთ, კინოვარსკვლავების ხელების ანაბეჭდით დატკბით (ამ ტრადიციას ფესტივალის სასახლესთან 1984 წელს ჩაეყარა საფუძველი), ანდა „წითელი ხალიჩის“ წინ დადგით სკამები, კიბე, ველოსიპედი... რაც ხელთ გაქვთ... და ასე დაიკავეთ ადგილი საღამომდე, რათა ცოცხალ ვარსკვლავს დაუქნიოთ ხელი და ვინ იცის, იქნებ ავტოგრაფიც დაცინცლოთ (თუმცა არც ამ შემთხვევაში გაქვთ გარანტია, რომ მიზანს მიაღწევთ. მაგალითად, ბრედ პიტმა წელს ძალიან გაუტეხა გული თავის თაყვანისმცემლებს - „ბაბილონის“ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ ვერ ჩამოდის კანში, რადგან ეშინია, ანჯელინა ჯოლის მშობიარობის „რიტუალი“ არ გააცდინოს)... ბოლოს და ბოლოს, კრუაზეტის პლაჟებზე წამოწექით, სილიკონიან გოგოებთან და კუნთმაგარ ბიჭებთან ერთად!
სეანსზე მოხვედრის შანსი „ცისფრებს“ და „ყვითლებს“ მხოლოდ დილის 8 საათზე აქვთ ძმები ლიუმიერების დარბაზში, რომელიც 2300 მაყურებელს იტევს. მაგრამ თუკი „ცისფერი“ გიკიდიათ გულზე და ყველა საკონკურსო ფილმის ნახვა გინდათ, საღამოს „ლიუმიერებზე“ ორჯერ უფრო მცირე დარბაზში, „დებიუსიში“ მოგიწევთ მისვლა („ლიუმიერებში“ ამ დროს საკონკურსო ფილმის ოფიციალური ჩვენება ეწყობა, სმოკინგებითა და დეკოლტეებით), ე.ი. ერთი საათით ადრე უნდა დაიკავოთ რიგი და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ოთხიათასი ჟურნალისტის დიალოგს უსმინოთ (ფრანგ კრიტიკოსებს თუ დავუმატებთ, ათი ათასი გამოდის). ინგლისური ვინც იცის, ბედნიერია - რას არ გაიგებს ამ რიგში! თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანში გაცილებით უფრო ნაკლები რუსია, ვიდრე ბერლინში, რუსულ სიტყვა-პასუხს აქაც ხშირად გაიგონებთ.
გაყვლეფილ ქართველ კრიტიკოსს ამ დიდ შუალედში ისღა რჩება, მუქთად წამოწვეს „წითელი ხალიჩის“ პლაჟზე და „ხორცები“ ათვალიეროს. ცოტათი შეიძლება „ეგო“ მოიფხანოს გულზე დაკიდებული აკრედიტაციით - პლაჟის გოგოები და ბიჭები ხომ მაინცდამაინც ვერ ერკვევიან აკრედიტაციის კოლორიტულ ნიუანსებში. ამიტომ, უმრავლესობა გიყურებს, როგორც კანის ფესტივალის სტუმარს, რომლისგანაც რაღაც ხეირი შეიძლება იყოს. არ არის გამორიცხული, ავტოგრაფი გთხოვონ, ან გამოგელაპარაკონ, როგორც სავარაუდო პროდიუსერს (აბა, მე კინოვარსკვლავი ხომ არ ვეგონებოდი ვინმეს!), რომელსაც შეუძლია მისი ფიგურის „მონაცემები“ შეაფასოს. გარკვეული პრობლემები იქმნება მოგვიანებით, „დებიუსის“ დარბაზში შესვლისას, როცა დაცვა მოითხოვს ამოქექო ყველაფერი, რაც ჩანთაში გიდევს - გაშალო სველი საბანაო კოსტიუმი და ქვიშიანი პირსახოცი. პირველად შეიძლება შეგრცხვეთ კიდეც, როცა თქვენი პირსახოციდან კანის გაკრიალებულ საფესტივალო დარბაზში პლაჟის ქვიშა დაიყრება; იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ჟიურის წევრი, მონიკა ბელუჩი დაფარფატებდა (ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს ეს ქალი ქართული მულტფილმის, „ხელმარჯვე ოსტატის“ ერთ პერსონაჟს, „ატვიორტკას“, რომელიც მღერის „ჩავაქრე სანთელი...“)... მაგრამ ერთი-ორი დღის მერე, მას შემდეგ, რაც მიხვდებით, რომ ფრანგული რევოლუციის მონაპოვარი, „ეგალიტე“, ე.ი. „თანასწორობა“ ან დიდი, დიდი ტყუილია, ანდა მხოლოდ და მხოლოდ სურვილი, განუხორციელებელი ოცნება, თავისუფლად უჩვენებთ დაცვის გოგო-ბიჭებს თქვენს სველ საბანაო კოსტიუმებსა და ქვიშიან პირსახოცებს. „შეხედეთ, ბატონებო, შეხედეთ და დატკბით! კინოკრიტიკოსს კინოს არ მანახებთ, „პრიორიტეტულად“ ის ხალხი მიგაჩნიათ, ვინც მხოლოდ რეპორტაჟებს წერს თქვენზე... თუ ასეა, აიტანეთ ჩემი საბანაო ავლა-დიდება!“
როგორც კი დარწმუნდებით, რომ საფესტივალო დაცვა მხოლოდ ბომბებს ეძებს და დიდად არ ანაღვლებს, სხვა რა გიდევთ ჩანთაში, გაბრაზება გაგივლით. ამასობაში აქაურობას შეეჩვევით, კანის რბილი ჰავა და რაღაც გასაოცარი სიმშვიდე, „დაცულობის“ გრძნობა მართლაც რომ სამოთხეში ყოფნის ილუზიას შეგიქმნით... დარწმუნდებით, რომ კანის კინოფესტივალზე ყველანაირი კომფორტია შექმნილი ჟურნალისტისთვის - მიირთვით უფასო ყავა და წვენები პრესცენტრში (წლევანდელი ფესტივალის სპონსორი „ნესკაფე“ იყო), იკითხეთ ჟურნალები, რომლითაც ყოველდღიურად ივსება თქვენი პრეს-ბოქსები... ბოლოს და ბოლოს, რიგში დგომაც კი გესიამოვნებათ - რას არ გაიგებს კაცი კინოკრიტიკოსების რიგში!
გაბრაზება მხოლოდ ერთხელ შეიძლება „შეგიბრუნდეთ“, ფესტივალის დახურვაზე, როცა ჟიური თქვენს ფავორიტებს მთავარი პრიზის გარეშე დატოვებს; როცა ფესტივალის პრეს-ცენტრში დამონტაჟებულ უზარმაზარ ეკრანზე სმოკინგებსა და „დეკოლტეიან“ კაბებში გამოწყობილ ქალბატო ნებსა და ბატონებს დაინახავთ, აფრიკელი ხალხის დამოუკიდებლობის ჰიმნს რომ მღერიან. ბრილიანტებით შემოსილნი, აფრიკელ ხალხს უცხადებენ სოლიდარობას! ფესტივალის დახურვის ცერემონია აუცილებლად გაგახსენებთ 68 წელს - კანის ერთადერთ ფესტივალს, როცა კინემატოგრაფისტებმა თავად თქვეს უარი მსოფლიოს ნომერ პირველი კინოფორუმის წვრილბურჟუაზიულ პათოსზე (ტრიუფომ გაიხაროს!)... მაგრამ მერე დანებდნენ - მიხვდნენ, რომ კანის კინოფესტივალი დიდი კარნავალია, რომელშიც, გინდა თუ არა, მაინც უნდა მიიღო მონაწილეობა, კანის კინოფორუმის მთავარი პრიზი კი საუკეთესო შანსია იმისთვის, რომ გამარჯვების შემდეგ, გულხელდაკრეფილი იჯდე, დაისვენო, ანდა, მინიმუმ, ათი წელი აღარ იყო დამოკიდებული პროდიუსერების კაპრიზებზე; გააკეთო ის, რაც მოგესურვება. განა ტარანტინო ასე არ მოიქცა? ვინ იცის, როგორ ფილმებს გადაიღებდა დღეს, „კრიმინალურ საკითხავს“ კანის „ოქროს პალმა“ რომ არ მოეპოვებინა.
კენ ლოუჩი სმოკინგში! ყველაზე მემარცხენე კინემატოგრაფისტი მსოფლიოში, ლამის ტროცკისტობა რომ აღიაროს, გაპრანჭულ-გამაძღარი სნობების გვერდით. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი; ანდა პედროს შეხედეთ - ალმოდოვარი ფრაკის მსგავს ჯანდაბაში! ნეტა იმაზე თუ ფიქრობდნენ, რომ მათი ბედი „ატვიორტკას“ უნდა გადაეწყვიტა - მონიკა ბელუჩის! რომ იცოდეთ, როგორ მაინტერესებს, რას ამბობდა ეს დედაკაცი ჟიურის სხდომაზე, როგორ მეტყველებდა, როგორია მისი სიტყვების მარაგი, რატომ დაუჭირა მხარი, მაგალითად კენ ლოუჩის ფილმს „ქარი ამოვარდება“ და დაიწუნა „დაბრუნება“? ანდა აკი კაურისმიაკიმ რა დაუშავა - წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის, „გარეუბნის ჩირაღდნების“ ავტორმა? მონიკა ბელუჩი შეიძლება შურით გასკდა პენელოპაზე, შეიძლება სწორედ მისი იდეა იყო, ერთი თხილის გულივით გაეყოთ „პალმა“ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლისათვის და ალმოდოვარის ფილმში მონაწილე ყველა მსახიობი დაეჯილდოვებინათ. რას ნიშნავს ეს? რატომ დაამცირეს პენელოპა კრუზი, რომელმაც ასეთი დიდი როლი შეიძლება ვერასდროს ითამაშოს?
დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ალმოდოვარმა განაცხადა, ამ ფესტივალზე ფავორიტობა დაწყევლას ნიშნავსო. „დაბრუნება“ დასაწყისში უჩვენეს. ალმოდოვარის სურათი, ფესტივალის ბოლო დღემდე, კრიტიკოსთა რეიტინგებში პირველი იყო. მაგრამ პედრო დამარცხდა, როგორც 1999 წელს, როცა „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ მხოლოდ ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა, საეჭვო ნიჭის (და საეჭვო ვნებების) ფრანგი რეჟისორი ბრუნო დიუმონი კი ფესტივალის „გრან-პრით“... წელსაც ასე მოხდა. „გრან-პრი“ - დიუმონის ფილმს „ფლანდრია“ ერგო, რომელშიც სექსი და ომი ზუსტად იმდენ ხანს გრძელდება, როგორც ცხოვრებაში და მეორეხარისხოვანი პრიზი კი - ალმოდოვარს.
ცუდია, რომ ჩინელი ესთეტის, ჩვენში ძალზე პოპულარული ფილმის, „სასიყვარულო განწყობილების“ ავტორის, ვონგ კარ ვაის ჟიური არ დაესწრო „Volver“-ის ჩვენებას პრესისთვის, „ლიუმიერების დარბაზში“. ლამის ასი წლის გავხდე და არასდროს მინახავს, პუბლიკას ფილმის პირველივე კადრისთვის გაემართა ოვაციები; შესავალ ტიტრებამდე ლამანჩელი ბებერი და ახალგაზრდა ქალები, ყაყან-ყაყანით აკრიალებენ წინაპრების საფლავებს („შაბათობა“ სასაფლაოზე), თან, აქაურ ქარსა და მტვერს ებრძვიან დონ-კიხოტებივით... სწორედ ამ კადრში გამოჩნდება პენელოპა - სოფი ლორენისა და ანა მანიანის „ჰიბრიდი“, რომელიც ისეთი ლამაზია, სუნთქვა შეეკვრება კაცს. გადაღებების დროს, პენელოპას დედამისთან დაურეკავს. პედრო დედებზე იღებს ფილმსო, უთქვამს... „არ გაშიმშილოს მაგ გარყვნილმა“ - ყვიროდა თურმე ტელეფონში დედამისი. „რას ამბობ, დედა, 8 კილო მომამატებინა, „ლორეალმა“ შეიძლება კონტრაქტი შემიწყვიტოს.“ - დაუჩივლია პენელოპა კრუზს.
პრიზი ალმოდოვარის ყველა ქალს - სადიზმის გამოვლინებას ჰგავდა. კარმენ მაურა ცოტა დაბნეული უყურებდა პენელოპას, რომელსაც ვერ გაეგო, უნდა გახარებოდა თუ წყენოდა. პედროც მხრებს იჩეჩავდა და დაკვირვებით ათვალიერებდა თავის მუზას, პენელოპა კრუზს (კარმენ მაურამ დიდი ხანია დაკარგა ეს როლი ალმოდოვარის ცხოვრებაში)... არ არის გამორიცხული, დიდ მსახიობადქცეულ ჰოლივუდის ეგზოტიკურ თოჯინას ტირილ-ტირილით დაეტოვებინა კანი; ისე, როგორც მონიკა ვიტიმ გააკეთა ეს 1960 წელს.
ნეტა აუჩუყებდა გულს პენელოპას ეს უცნაური გამარჯვება ტანტ ნანიკს? კანის ფესტივალის ჟიურის უსამართლო გადაწყვეტილებაზე როცა ვფიქრობდი („უცნაურად უსამართლოზე“, რადგან კენ ლოუჩი შეიძლება უფრო მეტადაც მიყვარს, ვიდრე ალმოდოვარი), კიდევ ერთხელ გავიაზრე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - ინგლისურის არცოდნა და რუსულ-ფრანგულ კულტურულ სივრცეში „გაჭედილობა“. რომ არა ეს სივრცე, არასდროს მომინდებოდა მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფესტივალზე გამგზავრება და კრუაზეტის სანაპიროზე წანწალი - იქ, სადაც ბებერი ქალები სილიკონიანი ტუჩებითა და ძუძუებით, დიდი მონდომებით ასეირნებენ თავიანთ ცუგას, რომელსაც დროდადრო ასე მიმართავენ: „შეხედე, საყვარელო... ეს ბრიუს უილისია, ეს კი - მონიკა ბელუჩი!“.
მაგრამ ამ სივრციდან თავის დაღწევა რაღა დროსია. ლამის ასი წლის გავხდე. ამიტომ, მომავალ წელს ისევ მომინდება კანში. გთხოვთ, დამაფინანსეთ!
მობილურზე საუბარი ხალიჩასთან, სეანსის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
(რუსულად) „ბორია, საყვარელო, არ გააბრაზო ბებიაშენი, კარგად ჭამ? ვერ წარმოიდგენ, აქ რა ხდება - ყველა ფრაკებში დადის. ყოველ საღამოს „ფართია“... ჩვენი „ფართი“? ხვალ გვაქვს... წითელ ხიზილალასა და ბლინებზე მთელი ჰოლივუდი დავპატიჟეთ“.
P.S. კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე დაწვრილებით ჟურნალ „კინოს“ პირველ ნომერში გიამბობთ.
![]() |
11 მეფე საკუთარი სასახლის ნანგრევებში |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
ილუსტრაცია: ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
აღმოსავლეთი პორტრეტებში (პორტრეტი I)
სასიკვდილო სარეცელზე, როცა უკანასკნელი აღსარებისათვის მოძღვარი მოიხმეს, ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა ხუცესის შეკითხვას - იყო თუ არა ქრისტიანი - არაო, უპასუხა და აღსარების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
არა მგონია, ეს ნაბიჯი მხოლოდ ტკივილებით გატანჯული ადამიანის ახირება ყოფილიყო. ჯიბრანს ტკივილი არასოდეს აკლდა, მაგრამ ძლიერი გონება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებისას ასპარეზს მხოლოდ ლოგიკას უთმობდა და ემოციას ფრთებს ლაღად არ გააშლევინებდა.
იქ კი რა მოხდა? რატომ არ ინება 48 წლის გენიალურმა მომაკვდავმა საბოლოოდ ეღიარებინა თავისი რწმენა და უფალთან მშვიდად, აუმღვრეველი სინდისით წასულიყო?
სხვათა შორის, მოძღვარმა ის შეკითხვა დაუსვა კაცს, რომელმაც 1926 წელს ინგლისურად გამოცემულ კრებულში „ქვიშა და ქაფი“ ასეთი რამ ჩაწერა:
„ჯვარცმულო, შენ ჯვარს ეცვი ჩემს გულზე და ლურსმნები, მაჯებში რომ გაგიარეს, ჩემი გულის კედლებს მიემსჭვალნენ...
ხვალ კი შემთხვევითი გამვლელი, ამ გოლგოთას გვერდს რომ ჩაუვლის, ვერ გაიგებს, რომ აქ სისხლი ორმა დაათხია.
მას იგი ერთი ადამიანის სისხლი ეგონება.“
ეგებ, სწორედ ამიტომ:
ჯიბრანმა უარი თქვა, აღსარება ჩაებარებინა არა მოძღვრისათვის, არამედ შემთხვევითი გამვლელისთვის, რომელსაც გოლგოთაზე დათხეული სისხლი ერთი კაცისა ჰგონებოდა და იქ სხვათა, მათ შორის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, სისხლის შხეფები ვერ გამოერჩია.
ან ეგებ იმიტომ, რომ:
ქრისტიანობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და სერიოზულად აღიარება იმისა, რომ ქრისტეს მიმდევარი ხარ, უპირველესად საკუთარ ნაკლოვანებათა გააზრებისაკენ გიბიძგებს. ეს ნაკლოვანებანი კი ისეთ ღრმა უფსკრულს აჩენს შენსა და სარწმუნოებრივ იდეალებს შორის, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო რწმუნდები: ვერ შეასრულებ ქრისტეს უპირველეს მითითებას: „იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“...
ვერ იქნები ისეთი სრული, რომ ამქვეყნიურმა უსამართლობამ ყოველწამს გულგვამი არ ამოგიტრიალოს და უზენაესი სამართლის სრულქმნილებაში არ დაგაეჭვოს...
მით უმეტეს, როცა პატარა ქვეყნის შვილი ხარ, რომელსაც ქვეყანა არც კი ეთქმის, რადგან ოსმალური თურქეთის მიერ დაპყრობილი სირიის ნაწილია და ლიბანი - ცალკე აღებული - ანექსირებული ტერიტორიის სტატუსითაც კი არ არსებობს.
როცა ლოთი მამა გყავს, რომელიც ცოტა ხანში ბედის ანაბარა გტოვებთ შენ და შენს დებს და საშოვარზე წასული შინ, გაწამებულ მეუღლესთან აღარასდროს ბრუნდება.
ერთადერთი ნათელი წერტილი კი მღვდელი ბაბუაა - დედის მამა, რომელიც ბავშვობიდან ზეპირად გასწავლის სახარებას და ასე ცდილობს შური იძიოს მოღალატე სიძეზე და თან, შენც მყარი საყრდენი მოგცეს: მიწიერი მამა ზეციური მშობლით ჩაგინაცვლოს...
სახარებით შურისძიება კი - თუნდაც უპასუხისმგებლო სიძეზე - როგორი სათქმელია?!...
მაგრამ ეს მღვდელი ბაბუის ფარული ზრახვებია. შენ კი, შენს პატარა სოფელ ბიშარს რომ არ გასცილებიხარ, ჯერ სამყაროც უშურველად გეძლევა და წმინდა წერილის ყველა სიტყვაც გულსა და გონებაში ძალდაუტანებლად გებეჭდება. ხედავ, როგორ შრომობს მარტო დარჩენილი დედა, როგორ იტანჯებიან უფროსი დები, მაგრამ ჯერ უფლის სამართალი არ გაეჭვებს, რადგან მომავალი მაინც იმედიანი გეჩვენება.
სწორედ მომავლის იმედით ტოვებს ჯიბრანების ღარიბი ოჯახი მშობლიურ ლიბანს და ათასობით სხვა თანამემამულის მსგავსად, ლუკმაპურის საშოვნელად ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ მიეშურება.
იმ დროისათვის, 1883 წლის 6 იანვარს დაბადებული ხალილ ჯიბრანი 12 წლისაა და დედა იმდენს ახერხებს, რომ გოგონები თუ არა ეს ნაბოლარა ვაჟი მაინც ატაროს სკოლაში.
ისინი ბოსტონის გარეუბანში, უღატაკეს ჩინურ კვარტალში ბინადრობენ და სული მხოლოდ დედის ჭაპანწყვეტის წყალობით უდგათ.
ჯიბრანი ემიგრანტთა შვილებისთვის განკუთვნილ სკოლაში დადის. მონდომებით სწავლობს ინგლისურს, თავისუფალ დროს კი ხატვას განაგრძობს - საქმიანობას, ჯერ კიდევ მშობლიურ ბიშარში რომ მოჰკიდა ხელი და რომელმაც ისეთი შვება მიანიჭა, რაც მანამდე არასდროს განეცადა. მიხვდა: სწორედ აქ შეეძლო სამყარო თავის ნებაზე მოეწყო და რეალურ ცხოვრებაში თუ ვერაფრის შეცვლას ახერხებდა, მხატვრობაში, ანდა მხატვრობის მეშვეობით მაინც შეეტანა კორექტურა ღვთის მიერ დაწერილ გენიალურ ტექსტში, რომელიც რატომღაც, უამრავი შეცდომით „დაებეჭდათ“.
ბუნებრივია, აქ გრამატიკული შეცდომები არ იგულისხმება. თვითონ ჯიბრანი ხომ ამას მხოლოდ მინიმალურ მნიშვნელობას ანიჭებდა. მოგვიანებით, „ქვიშა და ქაფში“ ჩაწერა კიდეც:
„პოეზია სიხარულის, ტკივილის, გაოცებისა და რაღაც გრამატიკული წესების ნაზავია.“
ამიტომაც წესებს არად დაგიდევდათ და როგორც შეეძლო, ისე არღვევდა, რაკიღა გრძნობდა, რომ თანამედროვე სამყაროში ღვთის მცნებებს თითქოს ძალა დაჰკარგვოდა, რადგან არც სამყარო და არც ადამიანის სული აღარ იყო მთლიანი, ჰარმონიული და აწყობილი სისტემა. სამრეწველო-ტექნიკურ პროგრესს ეს, ოდესღაც მოწესრიგებული და გაუბზარავი მთლიანობაც ისე დაერღვია, რომ უწინდელი ჰარმონიის კვალიც კი არსად დაეტოვებინა. ამიტომაც სტანჯავდა ჯიბრანს იმისი შეგნება, რომ:
„პოეტი ტახტიდან ჩამოგდებული მეფეა. ის თავისი სასახლის ნანგრევებში ზის და ამ იავარქმნილი სასახლის სურათს ხატავს“.
სურათი გამაოგნებლად შემზარავი იყო... ტილოზე კი შავი ფერი სულ უფრო და უფრო მკვეთრდებოდა...
1898 წელს, ოჯახის დაჟინებით, ჯიბრანი არაბული და ფრანგული ენების შესასწავლად მშობლიურ ლიბანში დაბრუნდა და იქ 1902 წლამდე დარჩა. სწორედ ამ წლებში გამომჟღავნდა პირველად მისი მწერლური ნიჭიც. როგორც ჩანს, მშობლიურ ენასთან მიბრუნებამ მასზე მაგიურად იმოქმედა და მალე ხატვასთან ერთად, პატარ-პატარა ესკიზების წერაც წამოიწყო. ამ ესკიზებმა - უკვე სრულყოფილებამდე აყვანილმა და სათანადოდ გადამუშავებულმა - მოგვიანებით პოეტის ორ წიგნში მოიყარა თავი. ინგლისურად დაწერილ „შლეგსა“ და არაბულად შექმნილ „ქვიშა და ქაფში“.
ლიბანში ცხოვრების ბოლო წელს კი, თავის მეგობარ იუსუფ ალ-ჰუვაიქთან ერთად დააარსა ჟურნალი „ალ-მანარა“ და სწორედ იქ გამოაქვეყნა პირველი არაბული ნაწერები თუ გრაფიკული ესკიზები.
1902 წელს ჯიბრანი ბოსტონში მცხოვრებ ოჯახს დაუბრუნდა. თუმცა ამერიკაში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე, მისი 14 წლის და, სალტანა ჭლექით გარდაიცვალა. ამ მოვლენამ, თან სიკვდილთა მთელი ჯაჭვი რომ მოიყოლა, პოეტის აწეწილი სულიერი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. თუმცა, მეორე მხრივ, მისი მწერლური და შემოქმედებითი ნიჭიც მეტად გააღრმავა და მალე ბოსტონის ლიტერატორთა და ხელოვანთა წრეებში, ეს ახალგაზრდა, ფერმკრთალი ჭაბუკი, ყოველმხრივ დაფასებული და საყვარელი ხელოვანი გახდა.
იმ დროისათვის ჯიბრანზე რამდენიმე წლით უფროსი მწერალი ქალი ჟოზეფინ პიბედი მომეტებულად დაინტერესდა ჯიბრანის პიროვნებით და ბიშარში ხალილ ჯიბრანის ცხოვრების შესახებ - რასაკვირველია, საკუთარი წარმოდგენების მიხედვით - ვრცელი პოემაც კი დაწერა, რომელსაც სათაურად „მოციქული“ უწოდა. უეჭველია, რომ ეს კავშირი და პიბედის ეს პოემა გახდა ბიძგის მიმცემი ჯიბრანის ერთ-ერთი შესანიშნავი წიგნის „მოციქულის“ შესაქმნელად, რომელზეც პოეტი რამდენიმე წელიწადს მუშაობდა.
სწორედ 1923 წელს, „მოციქულის“ გამოქვეყნების შემდეგ, ჯიბრანმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ამით მის ხანგრძლივ შიმშილობასა და უკიდურეს სიღატაკესაც წერტილი დაესვა.
მანამდე კი, ჯიბრანის ცხოვრებაში უდიდესი როლი კიდევ ერთმა ქალმა ითამაშა.
1904 წლის ზაფხულში, ბოსტონში ჯიბრანის ესკიზებისა და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც ხელოვნების კრიტიკოსთა დიდი ყურადღება მიიქცია. თვითონ ჯიბრანისთვისაც ამ გამოფენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ ამ დროს გაიცნო ბოსტონის ქალთა გიმნაზიის დირექტორი მერი ჰასქელი. ამის შემდგომ, ჯიბრანის ცხოვრებაში ჟოზეფინ პიბედის ადგილი მერი ჰასქელმა დაიკავა და ამ მოვლენამ მისი ლიტერატურული შეხედულებანი თუ ცხოვრებისეული გეზი ძირეულად შეცვალა, რადგან სწორედ მერი ჰასქელმა შეაგულიანა, რომ თავისი არაბული თხზულებანი, ინგლისურად თარგმნის მაგიერ, პირდაპირ ინგლისურადვე ეწერა. ამ ინგლისურ თხზულებათა რედაქტირება კი თავის თავზე აიღო.
მერი ჰასქელი იმდენად იყო გატაცებული ჯიბრანის პიროვნებითა და შემოქმედებით, რომ ერთხანს არაბულის სწავლასაც შეეცადა, რათა ჯიბრანის სტილსა და თვითგამოხატვის ყაიდას ამრიგად უკეთესად გაცნობოდა.
სხვათა შორის, ქალბატონი ჰასქელიც ჯიბრანზე ათი წლით უფროსი გახლდათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შემდგომში სწორედ ასაკობრივი სხვაობის გამო, მერი ჰასქელმა ჯიბრანის საქორწინო წინადადება უარყო, თუმცა ამით მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. სიყვარული და პატივისცემა უწინდებურად თავის ადგილას დარჩა ისე, რომ სხვა კაცზე გათხოვების შემდეგაც კი, მერი ჰასქელს არაბი პოეტისთვის ზრუნვაზე, მისი ბედისწერის თანაგანცდასა და მის ცხოვრებაში თანამონაწილეობაზე ხელი არ აუღია.
იმხანად ჰასქელმა დღიურის წერაც წამოიწყო, სადაც ჯიბრანთან თავისი შეხვედრებისა და საუბრების უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი აღნუსხავდა. ეს დღიური 1931 წლამდე, ანუ ჯიბრანის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა და შემდგომში დიდი არაბი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საუკეთესო წყაროდ სწორედ მერი ჰასქელის ჩანაწერები იქნა აღიარებული.
თვითონ ჯიბრანი კი, როგორც ჩანს, თავისი ცხოვრების ამ ორი საოცარი ქალის წყალობითაც აკეთებს დასკვნას, რომელიც ჩანაწერების წიგნში ასეთ სახეს მიიღებს:
„ყოველ მამაკაცს უყვარს ორი ქალი: ერთი მისივე ფანტაზიითაა შექმნილი, ხოლო მეორე - ქვეყნად ჯერ არ დაბადებულა.“
ცხადია, აქ სულ სხვა რამაა ნაგულისხმევი, მაგრამ, თავისთავად, ეს პატარა ჩანაწერი შეიძლება იმის კარგ მაგალითად გამოგვადგეს, როგორ აისახება და ტრანსფორმირდება მწერლის პირადი ცხოვრება მისსავე ნაწერებში.
და კიდევ ერთი:
„მრავალი ქალი ეუფლება მამაკაცის გულს, შენარჩუნებით კი მხოლოდ ზოგი ინარჩუნებს.“
ყოველ შემთხვევაში, ამ ორმა ქალმა - იმის მიუხედავად, ფიზიკურად მის გვერდით იყვნენ თუ არა - ჯიბრანის გულის შენარჩუნება ბოლომდე მოახერხა.
თუმცა, როგორც ჩანს, მერი ჰასქელს ეს საკითხი მაინც აეჭვებდა, რაკიღა ჯიბრანის ერთ-ერთ საპასუხო ბარათში ვკითხულობთ:
„მერი, ჩემო ძვირფასო მერი, ღმერთო ჩემო, როგორ შეგიძლია მკითხო, ჩვენს შეხვედრებს ჩემთვის ტკივილი უფრო მეტი მოაქვს თუ სიხარული? ერთი მითხარი, რა ზეციურმა ან მიწიერმა ძალამ ჩაგაგონა ასეთი აზრი?
რაა ტკივილი ანდა სიხარული, ან კი შეიძლება - გავმიჯნოთ ერთი მეორისგან? ძალა, ჩვენ რომ ერთმანეთისაკენ გვიბიძგებს, სიხარულისა და ტკივილის ნაზავია და, რითაც ის მართალაც მშვენიერია, თან საამო ტკივილი თუ მტანჯველი სიხარული მოაქვს.
მერი, შენ იმდენი სიხარული მაჩუქე, რომ ტკივილს ვგრძნობ. ასევე უამრავი ტკივილი მომიტანე და ამიტომ მიყვარხარ.“
პოეტები ცუდი შეყვარებულები და საყვარლები არიან, რადგან ვერცერთი ქალი პოეტს ბოლომდე ვერ მიიჯაჭვავს, ხოლო თუ რომელიმე ქალს გამოუვა და ამას მაინც მოახერხებს, ხელში პოეტის ნაცვლად, ყველაზე საზიზღარი ობივატელი შერჩება. ქარიშხალი ზღვაზე ან მინდვრადაა ნამდვილი ქარიშხალი, თორემ შინ, უფლება-მოვალეობათა დავარცხნილ გარემოში, მხოლოდ ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალი იქნება. და რა მნიშვნელობა აქვს, ჭიქა თუნდაც ბროლის ანდა ფაიფურის იყოს...
„ფაიფურის ქალისადმი“ გაგზავნილ მეორე ბარათში ჯიბრანი, როგორც ჩანს, სწორედ ამის ახსნას ცდილობს მერი ჰასქელისათვის, როცა თითქოს ზოგად, განყენებულ თემებზე ელაპარაკება.
„მერი, გამუდმებით ვშფოთავ და მშურს იმ ადამიანებისა, რომელთაც მოდუნების უნარი აქვთ, რადგან თვითონ ეს არასოდეს გამომდის. ჩემი გონება ნაკადულს ჰგავს: მუდამ იღვრება, მუდამ რაღაცას წერს და მირაკრაკებს. მე გულში ისარგაყრილი დავიბადე და ერთნაირად მტკივნეულია, ამ ისრის ამოღებაცა და გულშივე დატოვებაც.
იცი, მერი? ძირითადად, მოლუსკივით ვცხოვრობ - ჩემივე თავის შიგნით. დიახ, მე მოლუსკი ვარ, რომელიც ცდილობს, თავისივე გულიდან შექმნას მარგალიტი. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მარგალიტი მხოლოდ მოლუსკის დაავადებაა და მეტი არაფერი.“
როგორც არ უნდა გამისკდეს გული იმის გამო, რომ ასე, სამწუხაროდ, დღეს აღარავინ აღარავის სწერს, მაშინ სიყვარულსაც და ურთიერთობასაც მეტი ფასი ედო და მერიმ შესანიშნავად იცოდა, ეს კაცი რა მარგალიტებსაც ატარებდა თავის შიგნით... ასევე იცოდა, რომ მარგალიტი ნიჟარის დაავადებაა და ამიტომაც უშურველად ეხმარებოდა სნეულ ნიჟარას, რათა ცხოვრების ზღვის ღელვას იგი დროზე ადრე არ გაერიყა საშიშ ნაპირამდე. ამიტომაც უწევდა ანგარიშს კაცის სურვილებს და როცა ჯიბრანმა მხატვრობაში სისტემური განათლების მისაღებად, პარიზს გამგზავრება მოიწადინა, 1908 წელს ამ მგზავრობის ხარჯი თითქმის მთლიანად ჰასქელმა გაიღო.
წინა საუკუნის პარიზის ლიტერატურულმა და მხატვრულმა ბოჰემამ თავდაპირველად ჯიბრანსაც დაახვია თავბრუ. თუმცა ხელოვნების მექად აღიარებულ საფრანგეთის დედაქალაქში მცირე ხნით ცხოვრებამ დიდი არაბი მწერალი მიახვედრა, რომ სისტემური განათლების მიღების ყავლი მისთვის დიდი ხანია გასულიყო და ყოველდღიური სალექციო-სასემინარო მეცადინეობა აღარას შემატებდა. ყოველ შემთხვევაში, მან პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლას თავი მიანება და საფრანგეთში გაცნობილ არაბ მეგობრებთან ერთად, ამ ქვეყნის მუზეუმებისა და გამოფენების დათვალიერებას მიჰყო ხელი.
1910 წელს, ჯიბრანი ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და ისევ მერი ჰასქელის დახმარებით, ბოსტონში ახალი ცხოვრება დაიწყო.
დღეს უკვე გარკვეულია, რომ ჯიბრანი ერთადერთი ხელოვანი არ ყოფილა, ვისაც მერი ჰასქელი ეხმარებოდა. თუმცა ამ ქალბატონის სხვა პროტეჟეთაგან ჯიბრანის დიდებისა და პატივისათვის აღარავის მიუღწევია.
თვითონ ჯიბრანი, როგორც ჩანს, ხშირად თაკილობდა ჰასქელის ასეთ თავგამოდებულ მეურვეობას და ეს გარემოება მათ შორის სერიოზული უთანხმოებისა და უსიამოვნებების საბაბიც კი არაერთხელ გამხდარა. თუმცა ამ უსიამოვნებებს ჯიბრანისათვის ხელი არ შეუშლია, რომ 1912 წელს ნიუ იორკში გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯები ისევ მერი ჰასქელისათვის ეთხოვა.
გარდა ფინანსური დახმარებისა, მერი ჰასქელმა ჯიბრანს წერილობითი რეკომენდაცია გაუწია ნიუ იორკის ლიტერატურულ და შემოქმედებით წრეებში წარსადგენად, რასაც ყოფით ხარჯებზე არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ ქალაქში დაფუძნებას აპირებდა. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში შექმნა ჯიბრანმა თავის დიდ თანამედროვეთა ჩანახატები, რომელთაგან აღსანიშნავია იეიტსის, სარა ბერნარისა და კარლ გუსტავ იუნგის ესკიზური პორტრეტები.
ამ პერიოდსვე დაემთხვა ის ფაქტი, რომ იტალიამ ოსმალეთს ომი გამოუცხადა და ამ ომმა არაბ ემიგრანტებს საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ ეცადათ, თავიანთი სამშობლო ოსმალეთის ბატონობისაგან ეხსნათ. ხალილ ჯიბრანი ამ მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო და აღნიშნული კუთხით მისი მოღვაწობა 1914 წლამდე, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გრძელდებოდა.
ომის ოთხწლიან მონაკვეთშიც, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, საკუთარ ეროვნულ ინტერესთა გათვალისწინებით, არაბულ ქვეყნებს ოსმალური თურქეთის წინააღმდეგ დიდ დახამრებას უწევდნენ. ჯიბრანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მოღვაწეობაში იყო ჩართული და არაბ ემიგრანტთა ევროპულ თუ ამერიკულ გამოცემებში სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს, სტატიებს, ლექსებსა თუ მოთხრობებს.
1911 წლის 19 მაისს ნიუ იორკიდან გამოგზავნილ წერილში კი, მერი ჰასქელს ატყობინებდა: „ვცდილობ გავაგებინო აქაურ სირიელებს, რომელთაც თურქეთის ახალი რეჟიმის იმედი აქვთ, იმედი მხოლოდ საკუთარი თავისა უნდა ჰქონდეთ. მინდა ამ საცოდავებმა შეიგნონ, რომ მშვენიერი სიცრუე ისეთივე ცუდია, როგორც ფორმამიუცემელი. ძლევამოსილი სულტნის ტახტი თანდათან ნამიან ქვიშაში იძირება და რაში გვარგია ჩამქრალი კერპის წინაშე მუხლმოყრა, როცა მზერას შეუძლია უსაზღვრო სივრცეებისაკენ გაესწრაფოს?!“
თუმცა ასეთი იმედიანი ჯიბრანი მხოლოდ სამშობლოს ბედის მისამართით იყო. პირად ცხოვრებაში კი ვერაფერი ააწყო და შვებას მხოლოდ წერაში, განუწყვეტელ მუშაობაში პოულობდა. თითქოს ეწადა, თავისი სისხლისა და ენერგიის უკანასკნელი მისხალიც კი შემოქმედებაში ჩაეწურა. ერთიმეორის მიყოლებით გამოდის მისი
წიგნები: „ქვიშა და ქაფი“, „შლეგი“, „მოციქული“, „იესო, ძე კაცისა“...
განუწყვეტელმა შრომამ სულიერი აშლილობაც გაუმძაფრა და მოგვიანებით, მემკვიდრეობითმა დაავადებამ - ტუბერკულოზმაც იჩინა თავი. კვდებოდა გასული საუკუნის უდიდესი არაბი პოეტი, რომლისგანაც აღსარებისათვის სასიკვდილო სასთუმალთან მიხმობილი მოძღვარი მისგან ქრიტიანობის აღიარებასა და დადასტურებას მოითხოვდა.
და ეგებ მოძღვრის კი არა, სწორედ ქრისტეს მისამართით ბავშვურმა განაწყენებამ იფეთქა მაშინ ჯიბრანის გულში: ამან რა იცის, მაგრამ შენ ხომ ღმერთი ხარ და შეგიძლია, სასიკვდილო სარეცელთან მაინც არ გამოგვიგზავნო შემთხვევითი გამვლელები, შენ ხომ ღმერთი ხარ და იცი, რომ იქ მხოლოდ შენი კი არა, ჩემი სისხლიც დაიღვარა და შენი არ იყოს, მეც მეფე ვარ, ოღონდ: მეფე ჩემივე სასახლის ნანგრევებში...
![]() |
12 ესპანური ფოტომოთხრობები |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: დათო ტურაშვილი
უერტა
ესპანელები ჩვენსავით უცნაური ხალხია და მადრიდში იმ ქუჩას, სადაც სერვანტესი ცხოვრობდა, ლოპე დე ვეგას სახელი ჰქვია და პირიქით - ის ქუჩა, სადაც ლოპე დე ვეგა ცხოვრობდა, სერვანტესის სახელობისაა. შეიძლება ამ უცნაურ მოვლენას ესპანური ხასიათის თავისებურება განაპირობებს, რომელიც ძალიან ჰგავს ქართული პირველობის თავგადასავალს და ლოპე და ვეგასა და მიგელ სერვანტესის დაპირისპირება აუცილებლად გაგახსენებთ ჩვენი ილიასა და აკაკის ან აკაკისა და ვანო მაჩაბლის ურთიერთობის ისტორიას. მართალია ამ მხრივ ესპანელი კლასიკოსები ჩვენსავით შორს არ წასულან, მაგრამ ესპანელებმა, ქუჩების გამოცვლით, მაინც გადაწყვიტეს, ასე უცნაურად აეხსნათ ორი ესპანელი გენიოსისთვის, რომ ისინი, ორივენი, ბედკრული ესპანეთის შვილები იყვნენ და მათი ჩამომავლებისთვის სულერთი იქნებოდა, ვინ იყო ოდესღაც მათ შორის მართალი.
თუმცა ეს ორივე ქუჩა მადრიდის ერთსა და იმავე უბანში მდებარეობს, რომელსაც ადრე ჰუერტას ერქვა, რაც ქართულად ბაღჩა-ბაღებს ნიშნავს და მაშინ ეს ადგილი მადრიდის გარეუბანი იყო, სადაც ძველ მადრიდელებს ბაღბოსტნები ჰქონდათ, როგორც გაბაშვილებს ვერაზე, მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ვერა თბილისის გარეუბანი იყო. იმ მამულებიდან გაბაშვილებს მხოლოდ ერთი, ისიც დროებითი ოთახი დარჩათ ყოფილი მადათოვის კუნძულის წინ, კულტურის სამინისტროში და მადრიდში კი უერტა ახლა მხოლოდ ერთ ვიწრო ქუჩას ჰქვია. ამ ქუჩაზე სტაფილო და ჭარხალი (ან თუნდაც კომბოსტო), დიდი ხანია აღარ მოჰყავთ, მაგრამ ამ ქუჩაზე გავლისას, სტაფილოს გარეშეც იზრდები და თანაც საგრძნობლად, რადგან ეს ყველაზე ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ქუჩაა მადრიდში, ესპანეთსა და ალბათ მთელს მსოფლიოში.
ეს ქუჩა ვიწრო კია, მაგრამ ისეთი გრძელია, რომ თითქმის მთელი ესპანური ლიტერატურა ზედ ეტევა და თუ სწავლა გეზარება და გავლა გირჩევნია, ამ ქუჩაზე უნდა გაიარო და სანამ ბოლოში გახვალ, იმდენ მნიშვნელოვან ფრაზას ამოიკითხავ ესპანური ლიტერატურიდან, რომ ცოტა იმაზე უკეთესი (ვიდრე ხარ) აუცილებლად გახდები. თანაც ლიტერატურული ტექსტების გარდა, ამ ქუჩაზე ამოტვიფრულ რჩევებზეც დაფიქრდები, როგორი ზარმაციც არ უნდა იყო და ნეპტუნის მოედანზე უკვე ისეთი დაბრძენებული ჩახვალ, რომ პრადოს მუზეუმში (რომელიც იქვეა) აღარ შეხვალ. ალბათ იმიტომ, რომ კვირაობით უფასოა, მაგრამ რიგებია და თანაც დიდი მუზეუმიდან გამოსვლა დიდი ქორწილიდან შინ დაბრუნებას ჰგავს, როცა სწორედ იმის გამო, რომ დიდი არჩევანია, მშიერი რჩები და სახლში მისული, მხოლოდ შემწვარ კვერცხზე ფიქრობ და მაცივარში მიძვრები.
ამიტომაც ჯობია გზა გააგრძელო და იქვე, დედოფალ სოფიას მუზეუმში შეხვიდე, სადაც პრადოსავით დიდი არჩევანია, მაგრამ არც მარჯვნივ უნდა გაიხედო, არც მარცხნივ და პირდაპირ პიკასოს „გერნიკას“ უნდა მიადგე და სწორედ გერნიკას წინ არის სალვადორ დალის „გოგონა ფანჯარაში“...
თუ იცით, რომ მადრიდიდან თბილისში დაბრუნებულს, აუცილებლად შეგეკითხებიან პრადოს შესახებ და ტყუილის თქმა კი არ გიყვართ, მაშინ შეგიძლიათ მაინც შეიაროთ პრადოში, მაგრამ იქ დიდხანს ნუ გაჩერდებით (განსაკუთრებით ბოსხის ტილოებთან), რადგან მუზეუმის წინ, ისეთი წიგნები იყიდება, მხოლოდ სათაურების წაკითხვასაც ნახევარი დღე სჭირდება. აქ, პრადოს ხეივანში ნებისმიერი წიგნის ყიდვა შეიძლება და თანაც გაცილებით იაფად, ვიდრე ნებისმიერ მაღაზიაში, მაგრამ თუ საკმარისი თანხა მაინც არ აღმოგაჩნდებათ, მაინც ნუ იდარდებთ, რადგან შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მიიღოთ უფასო განათლება უერტას ქუჩაზე. გარდა იმისა, რომ გამეორება ცოდნის დედაა, მადრიდის ყველაზე ლიტერატურულ ქუჩაზე ქვემოდან ზემოთ, აღმა ასვლას ერთი სერიოზული უპირატესობაც აქვს და მხოლოდ აღმართზე ნელა ასვლისას თუ შეამჩნევთ ამ ქუჩაზე არსებულ ერთ უნიკალურ მაღაზიას. ეს არის რუკების მაღაზია (მგონი რუქა უკეთესად ჟღერს), საიდანაც ნებისმიერი ქართველი ძალიან ამაყად გამოვა, რადგან ნებისმიერ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ სიტყვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აღნიშნავს და რომელსაც ნებისმიერი ქართველი ინსტინქტურად მაინც ეძებს, როცა რუკასთან დგას ან გლობუსს ატრიალებს. ყველაზე საამაყო და სასიხარულო კი ის არის, რომ ამ მაღაზიაში უძველესი, უნიკალური რუკები იყიდება და ნებისმიერ მათგანზე საქართველოც არის აღნიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის არსებობდა - ყოველ შემთხვევაში, არსებობდა უკვე მაშინ, როცა ადამიანებმა პირველი რუკების შედგენა დაიწყეს.
თუმცა ზემოთქმულის გამო, სიამაყე ამ მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება ძალიან სწრაფად, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისთანავე გაგიქრეთ, როცა აღმოაჩენთ, რომ მხოლოდ წარსულით ცხოვრება საკმარისი არ არის თანამედროვე სახელმწიფოს შესაქმნელად და ესპანელები ამას, ჩვენგან განსხვავებით, უკვე მიხვდნენ. თუმცა მიხვდნენ აგერ სულ ახლახანს, ოციოდე წლის წინ და ალბათ ადრე თუ გვიან, ჩვენც მივხვდებით, რომ ჩვენი ამპარტავნობა და ამბიციები წარსულის ტვირთივით გზაზე უნდა დავტოვოთ და გზა მათ გარეშე გავაგრძელოთ.
უერტაზეც თუ აღმა გააგრძელებთ გზას, წმინდა ანას მოედანს მიადგებით, სადაც ყოველ საღამოს სწორედ ყველაზე თავისუფალი ადამიანები იკრიბებიან და განსაკუთრებით კი პარასკევს და შაბათს. ამ მოედანზე დგას ფედერიკო გარსია ლორკას ძეგლი (ცხენის გარეშე) და სწორედ ამ მოედანზე იგრძნობთ ყველაზე მეტად, როგორ გვაკლია სახელმწიფოს შესაქმნელად ყველაზე მთავარი - აზროვნების თავისუფლება.
თავისუფლება
თავისუფლება აზროვნების კატეგორია უფრო არის, ვიდრე რომელიმე დეკლარაციის შედეგი და ჩვენც სწორედ ამით განვსხვავდებით დასავლური ცივილიზაციისაგან - იმ ადამიანებისაგან, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრობენ და მათი ხელისუფლებაც, ჩვენი ხელისუფლებისაგან უპირველესად თავისუფლების ხარისხით განსხვავდება.
თავისუფლების დეფიციტი არა მხოლოდ ქართული ხელისუფლების პრობლემაა და თავისუფალი ცნობიერების ნაკლებობას ქართული საზოგადოებაც საკმაოდ განიცდის, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი მაინც ხელისუფლებას ეკუთვნის. დასავლეთში კი პირიქითაა და ევროპული ცივილიზაციის მთავარი მონაპოვარი სწორედ თანასწორობა და თავისუფლებაა და ამიტომაც დგას ამ შენობის წინ ერთადერთი პოლიციელი.
ეს ერთადერთი პოლიციელიც ფორმალურად დგას ესპანეთის მთავარი საკანონმდებლო შენობის წინ, რომელიც მუდამ ღიაა რიგითი, ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, ისევე როგორც სამეფო სასახლე ან პრეზიდენტის რეზიდენცია და პრეზიდენტის დაცვასაც ვერასოდეს შეამჩნევს ესპანეთის რიგითი მოქალაქე და მათგან შეწუხებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამას წინათ, რეზიდენციის წინ მდგარ ესპანეთის პრეზიდენტს (ჩვენსას ჯვარი სწერია), ველოსიპედით დაეჯახა რეზიდენციის წინ მოსეირნე ბავშვი, რომელიც არათუ არ დახვრიტეს, არც კი დააპატიმრეს და პირიქით - ესპანეთის პრეზიდენტმა თვითონაც მიიღო მონაწილეობა იმ დაზიანებული ველოსიპედის შეკეთებაში, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე ის ბავშვი იყო და არა საპატერო.
ჩვენს პრეზიდენტს (და სხვებსაც) ჯვარი სწერიათ და შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე, სტოქჰოლმის ერთ-ერთი კინოთეატრის შესასვლელთან, ბილეთების რიგში მოკლეს. შვედეთის ყოფილი პრემიერი ცოლთან ერთად იდგა საღამოს სეანსის მოლოდინში და რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოსვლია, რომ ურიგოდ, რიგში მდგომი რიგითი ადამიანების გვერდის ავლით ეყიდა კინოს ბილეთი. იდგა და ელოდა თურმე სიკვდილს და სჯეროდა, რომ თუ შენი ქვეყნისა და ხალხისთვის (ყველას ჯვარი წერია კიდევ ერთხელ) სიკვდილი არ შეგიძლია, ქვეყნის მმართველი არც უნდა გახდე.
ალბათ ტელეეკრანებზე მაინც ყველას უნახავს ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე, ათ ნომერში (სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა), როგორ ხვდება ბრიტანეთის პრემიერი რომელიმე მის კოლეგას სხვა ქვეყნიდან, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თვითონ უღებს კარს სტუმარს და იქვე, რეზიდენციის წინ, ტროტუარზე და ქუჩაზე მოძრაობა არც წყდება. აზრადაც არავის მოსდის, რომ ქუჩა და ტროტუარი გადაკეტონ და ბრიტანეთის რიგითი მოქალაქეები შეაწუხონ ან დისკომფორტი შეუქმნან, რადგან სჯერათ, რომ სახელმწიფოში მთავარი რიგითი ადამიანების ღირსებაა და სწორედ ამით განსხვავდება დემოკრატიული და ევროპული ცივილიზაცია საბჭოური და პოსტსაბჭოური ასფალტისაგან...
მთავარი მოედანი
სწორედ იმ წელს, როცა სერვანტესი გარდაიცვალა, მადრიდში მთავარი მოედნის მშენებლობა დაიწყეს და სამეფო კარი და ქალაქის მოსახლეობა ისეთი დაკავებული აღმოჩნდა, რომ სერვანტესის საფლავი, მისი გარდაცვალებიდან მოკლე ხანში, უბრალოდ დაიკარგა. სერვანტესი შეიძლება ამ მოედნიდან ძალიან ახლოსაც კი დაკრძალეს, მაგრამ ქალაქის გარეუბანშიც რომ დაეკრძალათ, მგონი, ვიღაცას მაინც უნდა დაემახსოვრებინა მისი დაკრძალვის ადგილი, თუმცა, საფლავი მაინც დაიკარგა. „დონ კიხოტე“ უკვე დაწერილი იყო და როგორც ხდება ხოლმე, წიგნზე უფრო მეტად იზრუნეს, ვიდრე ავტორზე. ესპანეთის მაშინდელი მეფე ფელიპე მესამეც გიჟდებოდა ამ წიგნზე, მაგრამ ამ წიგნის ავტორი შიმშილით კვდებოდა იმ ქვეყანაში, სადაც ის მეფე იყო.
მეფე ფელიპემ ერთხელ თურმე სასახლის აივნიდან ბაღში მოკალათებული კაცი დაინახა წიგნით ხელში, რომელიც კითხულობდა და სიცილით კვდებოდა. მეფემ თქვა, - ეს კაცი ალბათ „დონ კიხოტეს“ თუ კითხულობს, რადგან მხოლოდ სერვანტესს შეუძლია ასე გააბედნიეროს მკითხველიო და კაცი ჩააგზავნა ამბის გასაგებად და მართალიც გამოდგა. ამიტომაც არ უყვართ ფელიპე მესამე, რომელმაც კარგად იცოდა სერვანტესის ფასი და სერვანტესი კი მისი მეფობის დროს სიღატაკესა და სიმარტოვეში გარდაიცვალა. სერვანტესის ძეგლი მადლიერმა ესპანელებმა მოგვიანებით, მხოლოდ მეოცე საუკუნეში დადგეს მადრიდში, ფელიპე მესამეს კი ეს პატივი სიცოცხლეშივე ერგო და მისი ძეგლი ახლა იქ დგას, სადაც ფელიპემ მთავარი მოედნის აშენება ბრძანა. უფრო სწორად, ბრძანა მოედნის გაფართოება, სადაც უკვე არსებობდა ხორცის დახლი და პურის საცხობი და უკვე გაფართოებული მოედნის გარშემო კი სახლები ხუან დე მორას პროექტით ააშენეს. ამ სახლებს მთავარ მოედანზე გამავალი 437 აივანი აქვთ და ამ აივნებიდან, აქ მცხოვრები ადამიანები ესპანეთის მთავარ მოვლენებს შინიდან გაუსვლელად ადევნებდნენ თვალს. თუმცა აქ ზოგჯერ ისეთი საშინელი ამბებიც ხდებოდა, შინ შესვლა და აივანზე გამავალი კარის საგულდაგულოდ ჩარაზვა ჯობდა, რადგან კარნავალებისა და დღესასწაულების გარდა, ამ მოედანზე ზოგჯერ აუტოდაფეც იმართებოდა, როგორც ადამიანთა დასჯის სამაგალითო ფორმა. ხშირად კორიდებსაც აწყობდნენ და მოედნებზე კორიდები იმართებოდა მანამ, სანამ მთელს ესპანეთში ხარებისათვის სპეციალურ საბრძოლო არენებს ააშენებდნენ. მადრიდის მთავარ მოედანზეც უკანასკნელი კორიდა 1847 წელს გაიმართა, ისაბელა მეორეს პატივსაცემად და იმ დღეს, მოკლული ხარების ხორცი, ხარების ყვერებთან ერთად, დედოფლის საქორწილო სუფრაზე უამრავ სტუმარს მიართვეს. იმ ქორწილში სტუმართაგან ერთ-ერთმა პირველად იხუმრა - კიდევ კარგი მატადორებმა იმარჯვეს და არა ხარებმაო. ეს უშნო ხუმრობა ესპანეთში ახლაც არსებობს, მაგრამ აღარ არსებობს ის ძველი პურის საცხობი და ხორცის მაღაზია და მადრიდის მთავარი მოედანი ახლა სულ სხვაა - აქ, ძირითადად, ტურისტები დადიან და ადგილობრივი მხატვრების სურათებს ყიდულობენ. ყიდულობენ ძველ მონეტებსაც კვირაობით; შაბათობით კი, ღია ცის ქვეშ, უფასო კონცერტებს უსმენენ. ცა მადრიდში ყოველთვის ღიაა. ყოველ შემთხვევაში, მადრიდზე დაწერილ ყველაზე პოპულარულ სიმღერაში ზუსტად ასეა - მადრიდის ცა ყოველთვის ღიაა, იქიდან კი მთავარი მოედანი მართლა ძალიან ლამაზია...
ებრო
სანტანდერი, კანტაბრიის დედაქალაქი, ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარეობს, მაგრამ მადრიდიდან სანტანდერისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებლად გაივლით გურიას. თუმცა უღელტეხილზე ისიც მოგეჩვენებათ, რომ კანტაბრიის მთები ლეჩხუმსაც ჰგავს და ალაგ-ალაგ კი იმერეთსაც; ხოლო როცა სანტანდერისკენ დაშვებას დაიწყებთ, საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ბათუმში ჩადიხართ არა ფოთის გზით, არამედ გურიის გავლით. სანტანდერში ჩასვლისთანავე კი, თუ ზღვას ზურგს შეაქცევთ და უკან, მთებზე შეფენილი სოფლებისკენ გაიხედავთ, კი აღარ გაგაკვირვებთ ბათუმთან მსგავსება, არამედ უბრალოდ გაგეცინებათ ამ საოცარი დამთხვევის გამო და რომ ესპანეთში ხართ და არა აჭარაში, ამაში დასარწმუნებლად ისევ ზღვა დაგეხმარებათ. ზღვა კი ჰქვია ბისკაის ყურეს, მაგრამ კანტაბრიის ზღვას ზუსტად ისეთი ტალღები აქვს, როგორც მხოლოდ ოკეანეს და ამიტომ ამ ზღვას ზურგს დიდხანს ვერ შეაქცევთ. ამინდსაც მნიშვნელობა არა აქვს; შეგიძლია მთელი დღე იჯდე ნაპირთან ძალიან ახლოს და საკუთარი თვალით ნახო ის, რაც მხოლოდ კინოში ან ტელეეკრანზე გინახავს - როგორ ეძებენ და ელოდებიან ადამიანები ყველაზე ბობოქარ ტალღებს. სერფინგისთვის სწორედ ყველაზე დიდი, გრძელი და ძლიერი ტალღებია საჭირო და ალბათ ძალიან იშვიათად აქვთ ადამიანებს ასეთი სახეები ზღვასთან მიახლოებისას, რადგან იშვიათად თუ მოაქვს ამდენი ადრენალინი რამეს, გარდა ამ გრძელი, ულამაზესი ტალღებისა. ესპანეთში მხოლოდ კანტაბრიაშია დარჩენილი უძველესი კელტურ-იბერიული გუდასტვირი (როგორც რაჭაში და შოტლანდიასა და აჭარაში), რომელსაც კანტაბრიელები ზღვაში შესვლამდე აჭყვიტინებენ და ეს ჯადოსნური მუსიკა თურმე იმისთვის სრულდება, რომ სწორედ ის ტალღები გამოიხმონ ზღვიდან, ყველაზე მეტად რომ სჭირდება წარმატებულ სერფინგს. კანტაბრიელები ამ გუდასტვირებით თავიანთი წინაპრების სულებსაც იძახებენ თურმე და მათი წინაპრები კი უძველესი ევროპელები არიან - ყოველ შემთხვევაში, მხატვრები მაინც, რადგან სწორედ კანტაბრიის მთებში არის ალტამირას გამოქვაბული, სადაც ადამიანმა ხატვა დაიწყო. თუმცა, ქართველებისთვის კანტაბრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მდინარე ებროა, რომელსაც უკან, მადრიდისკენ მომავალ გზაზე მეორედ გადაივლით და იქნებ წამით მაინც შეყოვნდეთ ამ მდინარესთან, რადგან იბერიული, ჩვენი საერთო წინაპრების ცივილიზაცია სწორედ აქ, ამ მდინარის ნაპირებთან დაიწყო...
![]() |
13 ჩინური იგავები |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
თარგმანი: გუანვენ ლიუ-ყანდარელი
. . .
მთაში, მიტოვებულ ჭაში, ბაყაყები ცხოვრობდნენ. მათ ასე მიმართეს დუნხაის - აღმოსავლეთის ზღვის უზარმაზარ კუს: „რა სახალისოა ჩვენი ყოფა! ამოვხტები ხოლმე, ჭის კიდეზე ვლაღობ, ჭაში კი აგურის კედლების ღრიჭოებში ვისვენებ, ხან წყალში ვისველებ ფეხებსა და თავ-პირს, ხან ტალახში ვვარდები, უკანა ფეხებს შლამში ვმარხავ. ჭია-ღუას, კიბორჩხალებსა და თავკომბალებს რომ ვუყურებ - ვერავინ ცხოვრობს ჩემსავით. თანაც, მთელი გუბურა ჩემია, შემიძლია მიტოვებულ ჭაში ჩემს ნებაზე ვისეირნო - ფრიად სასიხარულო რამაა. ბატონო ჩემო, მაშ, რად არ გვესტუმრები ხოლმე?“
მაგრამ ზღვის კუმ მარცხენა ფეხის ამოწევაც ვერ მოასწრო, რომ მარჯვენა ჭასთან გაეჭედა. ნელ-ნელა უკან მოუწია დახევა და ზღვის შესახებ უამბო ბაყაყს: „ზღვა - ო, რომა თქვა, ათასი ლის სიგანისააო, იგივეა, რომ არაფერი თქვა მის სიდიადეზე. რომა თქვა, ათასი ლიაო მისი სიღრმე, იგივეა, რომ არაფერი თქვა მის მოცულობაზე. სიანის ხანაში, იუს დროს, ათი წლიდან ცხრა წელიწადს თან წყალდიდობები სდევდა, მაგრამ სულაც არ მოუმატია ზღვაში წყალს. შანის ხანაში, ტანის დროს, რვიდან შვიდი წელიწადი დამღუპველად გვალვიანი იყო, მაგრამ ზღვის ნაპირს არაფერი დაკლებია. მისი მოცულობა დროს არ ემორჩილება, და წყლის სიუხვე მიქცევ-მოქცევაზე გავლენას ვერ ახდენს. ეს სიხარული გვავსებს დუნხაიში - აღმოსავლეთის ზღვაში!“
ამის მსმენელი ბაყაყი გაოგნდა. იგრძნო, რომ არარაობა იყო, ერთი ციდა. უმალ წაუხდა ნირი, თითქოს ძალზე მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა დაკარგული.
. . .
ძანი და კუ მწყემსები იყვნენ, ორივემ ცხვარი დაკარგა. ძანს ჰკითხეს, ცხვარი რად დაკარგეო. მან თქვა, კომბალი იღლიაში ამოვიდე, ხელში წიგნი მეჭირა და ვკითხულობდიო.
კუს ჰკითხეს, მან მიუგო, კამათელს ვაგორებდიო.
სხვადასხვა საქმით იყვნენ დაკავებული, ცხვარი კი ორივემ დაკარგა.
. . .
ხოიძი ამბობდა: „ჩემთან უზარმაზარი ხე იზრდება, ამ ჯიშს ჩოუჭო ჰქვია. ეს ხე ფუჭია, მშენებლობისათვის არ ვარგა, ტოტები ებრიცება, ნაკეთობისათვის ვერ გაასწორებ. ტყუილად გაიზარდა, ოსტატები ზედაც არ უყურებენ. შვილო ჩემო, დღეს შენი სიტყვები გრძელი იყო და ფუჭი, ყველა ისე წავიდა, ბოლომდე არ მოუსმენიათ“.
დილით სამი, საღამოს ოთხი
სამეფო სუნში ერთ კაცს უამრავი მაიმუნი ჰყავდა. რათა მათთვის უკეთ მოევლო, უთხრა: „საჭმელი ცოტაღა დაგვრჩა. დღეიდან დილ-დილობით თითოეულს სამ-სამ რკოს მოგცემთ, საღამოობით კი - ოთხ-ოთხს. რას იტყვით?“ მაიმუნები აჯანყდნენ, ხტოდნენ, ყვირილი ატეხეს. იფიქრა კაცმა და თქვა: „მაშინ დილით ოთხ-ოთხს მოგცემთ, საღამოს კი - სამ-სამს, კარგი?“ ამჯერად მაიმუნებმა გაიხარეს, გაჩუმდნენ, ძირს დასკპუდნენ და საჭმლის მოლოდინში თათი გაუწოდეს პატრონს.
ოკეანის შემყურე ოხრავს
მოდიდდა შემოდგომის წყლები, ხუანხეს შეუერთდა დიდი და პატარა ნაკადები. ხუანხე ადიდდა, გაიშალა. მდინარის სული ფრიად კმაყოფილი იყო საკუთარი თავით და ზღვამდე მიაგორა ტალღები, მაგრამ გამძვინვარებული ზღვის დანახვაზე ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ერთი ციდა, სუსტი შენაკადი იყო, მდინარეს ვერც უწოდებდი. რომ მიმოიხედა და ზღვისა და ოკეანის შორეთი დაინახა, დაირცხვინა. მაშინ ასე მიმართა ჩრდილოეთის ზღვის სულს: „შენთან რომ არ მოვსულიყავი, ოკეანე რომ არ მენახა, განა დავიწყებდი ზღვაზე ოხვრას?! და კვლავაც რომ მეამაყა, ხომ სასაცილო ვიქნებოდი დიადთა თვალში?!“
![]() |
14 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
ნაწილი მეათე 1982
გიორგი გვახარია
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
რუბიკის კუბი და ბრეჟნევის კუბო
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ შეარქვეს ქართველებმა „საპოჟნიკი“ კინომექანიკოსს, რომელსაც აპარატში ფირი ეჭედება ხოლმე. რა საერთო აქვს ფილმის ჩვენებას ფეხსაცმლის შეკეთებასთან? შესაძლოა, ეს სახელი თბილისში გამართულ პირველ კინოსეანსებს უკავშირდება; შესაძლოა, პირველი მექანიკოსები (ისევე როგორც მეწაღეები) თბილისელი სომხები იყვნენ.
მოვა დრო და, ალბათ, გამოჩნდება პატიოსანი კაცი, ვინც ქართული „კინომექანიკის“ ისტორიით დაინტერესდება.
ჯერ-ჯერობით კი, მოდით ვაღიაროთ, რომ „საპოჟნიკი“ და კინომექანიკოსი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, აბუჩად ასაგდები პროფესიები... საბჭოთა ხანაში კინომექანიკოსს ხანდახან მართლაც ეჭედებოდა ფირი; უფრო მეტიც, ფირი ზოგჯერ იწვებოდა კიდეც, მაგრამ რატომ ბრალდებოდა ყველაფერი უჰაერო ჯიხურში მოკალათებულ მშრომელ კაცს, როცა ყველამ კარგად იცოდა - ამ ქვეყანაში საპროექციო აპარატს კი არა, ნემსსაც კი ვერ ამზადებენ ხარისხიანად... საბჭოთა ფირზე ხომ ლეგენდები დადიოდა. კინოფირის მწარმოებელ ფაბრიკა „სვემას“, 1982 წლის 24 მაისს, როცა ხელისუფლებამ ე.წ. „სამომხმარებლო პროგრამა“ დაამტკიცა (ამ დროისთვის რიგები კარაქზე, სარეცხ ფხვნილზე, შაქარზე უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა), პირდაპირ მიუთითეს, მაქსიმალურად დაეზოგათ ქიმიკატები.
„ეკონომიკა ეკონომიური უნდა იყოს!“ - ეს ლოზუნგი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის კინოწარმოებასაც შეეხო. რამდენიმე წლით ადრე, ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი „კონფორმისტი“, რომელიც ფერადოვანი გადაწყვეტის თვალსაზრისით, დღესაც ყველა დროის შედევრად ითვლება, „სვემას“ მშრომელებმა შავ-თეთრ ფირზე გადაიტანეს. მოგვიანებით იტალიის კომპარტიის წევრი ბერნარდო ბერტოლუჩი, რომელსაც მოსკოველმა კომუნისტებმა, ფაქტობრივად, აპატიეს „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, საბჭოეთის დედაქალაქს ეწვევა და მოსკოვში რუსულად გახმოვანებული „კონფორმისტის“ ნახვას მოინდომებს.
კინოთეატრიდან გამოსული ბერტოლუჩი იტყვის: „მე ამ ქვეყანაში არასდროს ჩამოვალ!“
„კონფორმისტის“ საბჭოთა ვერსია დიდი ხანია შევიდა გინესის წიგნში, როგორც ცენზურის მიერ ყველაზე დასახიჩრებული ფილმი. ჩვენი მაყურებელი, უბრალოდ, ვერ მიხვდა, რა სჭირდა სურათის გმირს, მარჩელო კლერიჩის; ვინ იცნო მან სურათის ფინალურ ეპიზოდში, როცა ომის დასრულების შემდეგ, იტალიელები მუსოლინის ქანდაკებას ნაკუწებად შლიან.
მოსკოვში მთლიანად ამოიღეს ფილმის ცენტრალური სცენა, რომლითაც ირკვევა, რომ მარჩელო ბავშვობაში მისი მშობლების მძღოლმა, ვინმე ბრუნომ შეაცდინა. ამ ტრავმამ დააფრთხო კლერიჩი, ამ ტრავმამ აიძულა მოერგო „მაგარი კაცის“ ნიღაბი და მასსავით „მაგარ კაცებთან“, იტალიელ ფაშისტებთან დაეწყო თანამშრომლობა. „კონფორმისტის“ ფინალში კლერიჩის ნავსაყუდელი ინგრევა - ფაშისტები მარცხდებიან. ბრუნო კი იტალიელი ანტიფაშისტების გვერდით აღმოჩნდება.
ბერტოლუჩის აუხსნეს, რომ ჯანმრთელი და მორალურად მტკიცე საბჭოთა მაყურებელი ვერ გაიგებდა ამ „პერვერსიულ ნიუანსებს“, ჩვენს მშრომელებს არ მოეწონებოდათ ფილმი, რომლის ავტორი ამტკიცებს - ფაშიზმი არა ისტორიული, არამედ ფსიქოლოგიური მოვლენაა, ძალადობა არა მარტო ძალადობას ბადებს... ძალადობა ქმნის გარემოს, სადაც ადამიანებს საკუთარი ცხოვრებით არსებობის უფლება წართმეული აქვთ.
მაგრამ ბერნარდო ბერტოლუჩის ვერ გააგებინეს, რატომ გადაიტანეს ყველაფერი შავ-თეთრ ფირზე.
„ვერცხლის ამბავია. შავ-თეთრი ფირი რომ დაძველდება, ასლებს გაანადგურებენ, ნარჩენებით კი ვერცხლს მიიღებენ“ - აგვიხსნა უნივერსიტეტის კინოდარბაზის მექანიკოსმა, ჯონიმ, როცა აქაური პროფესორ-მასწავლებლები „კონფორმისტის“ საბჭოთა ასლის ბედით დავინტერესდით.
25 წლის მასწავლებელი რაღაც სიურეალიზმია, მაგრამ საბჭოთა საქართველოში სიურეალიზმი, როგორც სტილი, უკვე ბარაქიანად იყო დამკვიდრებული. ბოლოს და ბოლოს, სიურეალიზმი ხომ მხოლოდ სალვადორ დალი არ არის! ის დალი, რომლის ილუსტრაციები ჩვენმა ხალხმა პირველად „გოქსში“ გახსნილ ბრიტანული წიგნის გამოფენაზე იხილა. („გოქსი“ - უცხოეთთან ურთიერთობის რაღაც „მოკაგებეშნიკო“ ორგანიზაცია იყო). დალის წითელი ალბომის დასათვალიერებლად, ქართველი გიჟები - ე.ი. მე, 25 წლის მასწავლებელი და უნივერსიტეტის „მეორადი ფაკულტეტის“ სტუდენტები, რიგს დილიდან ვიკავებდით. დალის ინგლისური ალბომით ვტკბებოდით და ცხელ-ცხელ დასკვნებს ვაკეთებდით. მაგალითად ასეთს: სიურეალიზმია „არაჩვეულებრივი გამოფენაც“, რადგან წესით და რიგით, არ შეიძლება სცენა სასაფლაოზე იყოს გადაღებული და მაყურებელს ეცინებოდეს.
„მეორად ფაკულტეტზე“ ტატა თვალჭრელიძემ მიმიყვანა. რომელიღაც ჩემი გადაცემა ნახა ტელევიზიით, მეორე დღეს დარეკა და უნივერსიტეტში დამიბარა. თავიდანვე შევთანხმდით, რომ თბილისის კინოგაქირავებიდან ფილმებს მეექვსე კორპუსში მივიტანდით და კვირაში ერთხელ ვუჩვენებდით სტუდენტებს - მომავალ ფიზიკოსებს, ბიოლოგებს, მათემატიკოსებს, ფილოლოგებს, რომლებიც საღამოობით „მეორადის“ კინომცოდნეობაზე სწავლობდნენ.
პრინციპში, „მეორადის“ გარემოც თავისებური სიურეალიზმი იყო - ლირიკოსები და ფიზიკოსები ერთად. თუმცა ჩემს „მზერაში“ სიურეალიზმისთვის აუცილებელი თანასწორობა მაინც დაირღვა, რადგანაც ყოველთვის „ფიზიკოსებს“ ვანიჭებდი უპირატესობას - ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ უკეთ ესმოდათ კინო, ვიდრე ეგრეთ წოდებულ „ჰუმანიტარებს“.
„კონფორმისტის“ საუნივერსიტეტო სეანსის დასრულების შემდეგ, „ლირიკოსებმა“ ვიშვიში ატეხეს, რაღაც წარმოუდგენელი ვნებით საუბრობდნენ არასრულფასოვნების კომპლექსზე, რომელიც „მაგარ კაცებს“ სუნთქვის უნარს უკარგავს ხოლმე. „ფიზიკოსებს“ კი სულ ფეხებზე ეკიდათ ტრენტინიანის მარჩელო კლერიჩი. ამათ უფრო შავ-თეთრი ფირის ამბავი აინტერესებდათ; როცა ჯონიმ თავისი ჯიხურიდან თავი გამოყო და ვერცხლზე დაიწყო საუბარი, ფიზიკოსებმა, მათემატიკოსებმა, ბიოლოგებმა ეკრანის წინ მოკალათებულ 25 წლის მასწავლებელს ზურგი შეაქციეს. წარმტაცი სურათი დაიხატა - კინოდარბაზში პუბლიკა ზურგს აქცევს ეკრანს, ზევით იხედება და შესცქერის აპარატს, საიდანაც შუქი ეცემა ეკრანს; შესცქერის სარკმელს, რომელშიც ყველა კინომანის ღმერთი - კინომექანიკოსი იჭყიტება.
ზურგის შექცევა რატომღაც უზრდელობად ითვლება. მაგრამ არა მგონია ყველას აღიზიანებდეს. აი, შეყვარებული რომ გაგექცევათ, უფრო სწორად ზურგს რომ შეგაქცევთ, რა მოგდით მაშინ? გამორიცხულია, რომ არ გაეკიდოთ (თუკი გიყვართ, რა თქმა უნდა) და გამორიცხულია, დევნის პროცესში სიამოვნება არ იგრძნოთ! ეჭვიანობა ვიღაცას ანგრევს, ანადგურებს, ვიღაცას აკვლევინებს კიდეც თავის დეზდემონას, მაგრამ ჩვენ, სიურეალიზმის მოყვარულებს, ეჭვიანობა სტიმულს გვაძლევს - „ასე ჰო? ახლა დავუმტკიცებ, ვინაა უკეთესი - მე თუ ის დამპალი, ვისთანაც მიღალატა!“
ეჭვიანობის აზარტს ნაკლებად გრძნობენ „ლირიკოსები“, რომლებიც „ოტელოს კომპლექსზე“ დისერტაციებს წერენ. აი, „ფიზიკოსებს“ კი ესმით აზარტის ფასი და იციან, რომ სიცოცხლე ერთი პატარა მუსიკალური პიესაა, რომელშიც თემა ვითარდება, ვითარდება, მერე სხვა თემას უერთდება, თან ებრძვის, თან „უყვარს“ და ვერ თავისუფლდება მისგან, მაშინაც კი, როცა ეს ახალი, „შემოსული“ თემა ნელ-ნელა გაუჩინარდება ხოლმე. „ფიზიკოსებმა“ იციან, რომ მონადირე ძაღლს ადვილად ნანადირევი ფრინველის ხორცი არ უყვარს. აზარტი ძაღლისთვისაც კი ნეტარებაა!
ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ენრო რუბიკმა არქიტექტურის სწავლა დაიწყო. მაგრამ „უნგრული ხრუშჩოვკების“ დაპროექტებაზე უარი თქვა და... სათამაშოებმა გაიტაცა. 1974 წელს, მან ერთ კუბში 26 პატარა კონსტრუქცია გააერთიანა და თავისი ფერადი კუბის ლიცენზია უნგრეთის სათამაშოების ფაბრიკას მიჰყიდა.
ცოტა ხანში, „რუბიკის კუბის“ წარმოება ამერიკასა და კანადაში დაიწყეს. ენრო რუბიკი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების პირველი მილიონერი გახდა. 1982 წელს, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა ვიეტნამელმა სტუდენტმა, რომელმაც 23 წამში ააწყო ჯადოსნური კუბი. ამავე წელს, „რუბიკის კუბი“ საბჭოთა კავშირშიც გამოჩნდა.
მეტროში, სკვერებში, ტროლეიბუსში, ფაბრიკებსა და ქარხნებში, უნივერსიტეტებსა და სკოლებში ბავშვებს, მოხუცებს, კაცებს, ქალებს - ყველას რუბიკის კუბი ეჭირა ხელში და მის აწყობას ცდილობდა. ეს უკვე მართლაც სიურეალიზმი იყო - გეგონებოდათ ქვეყანას სხვა არაფერი აინტერესებდა. „სამომხმარებლო პროგრამის“ მიღების შემდეგ, როცა ხალხი შაყირობდა, „პროგრამის“ დასრულების შემდეგ ცოცხლად დარჩენილი მოსახლეობის აღწერა დაიწყებაო, „რუბიკის კუბი“ ყველაზე კალორიული პროდუქტი აღმოჩნდა. ფერადმა კუბმა ვიღაცეების ცხოვრებიდან სექსიც კი განდევნა; შემთხვევით არ იყიდა ჩინეთის ხელისუფლებამ უნგრული სათამაშოს ლიცენზია სწორედ 1982 წელს, როცა გაირკვა, რომ აქაურმა მოსახლეობამ მილიარდს გადააჭარბა.
გავრცელდა ხმა, რომ ფერადი მოზაიკის სწორად აწყობა სამტრედიაშიც შეძლეს. აქაური პროფტექნიკურის მოსწავლემ თავის შეყვარებულ გოგოს უთხრა თურმე, ნახე რა მაგარი ვარო და ერთ წუთში ააწყო რუბიკის კუბი. თუმცა ეს ამბავი, როგორც ჩანს, თავად სამტრედიელებმა მოიგონეს. პირადად მე, აწყობილი „რუბიკი“ არსად მინახავს.
სწორედაც რომ პირიქით ხდებოდა; გაბრაზებული ხალხი კუბს, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს, ტრანსპორტიდან აგდებდა, ფეხებით თელავდა და „შენი დედაცო“, ბღაოდა. მაგრამ კუბს „დედა“ არ ჰყავდა. იგი მამაკაცმა შობა. სწორედ აზარტის მოყვარულმა უნგრელმა მამაკაცმა გაგვიხსნა გზა ვირტუალური რეალობის მიმართულებით. მართალია საბჭოთა ბავშვების ახალი გატაცებით შეშფოთებული მშობლები აღშფოთებას ვერ მალავდნენ ინსტრუქციაზე, რომელიც სათამაშოს მოჰყვებოდა („ეს სათამაშო ლოგიკურ აზროვნებას და სტერეოსკოპულ ხედვას ავითარებს“), აზარტის ვნებას წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხს აღარ ეცინებოდა მარაზმში გადავარდნილი ბრეჟნევის გამოსვლებზე, თუნდაც ბაქოში წარმოთქმულ მის სიტყვაზე, რომელიც ცეკას მდივანმა ასე დაიწყო: „Дорогие рабочие Афганистана!“
...როცა ქვეყნიდან გაქცევის სურვილი უმრავლესობისთვის ცხოვრების ნორმად იქცა.
„კაგებე სერიოზულადაა დაინტერესებული ჩვენი ფაკულტეტით. ლექციებზე ფრთხილად იყავი!“ - გამაფრთხილა ტატა თვალჭრელიძემ, როცა შეიტყო, რომ 25 წლის მასწავლებელი არასდროს კითხულობს სტუდენტების სიას და ლექცია-კინოსეანსებზე ეპატიჟება ყველას, ვისაც კარგი კინოს ნახვა უნდა. ასეთ დროს, ეჭვიანი კაცი ან კარს დაუკეტავდა სტუდენტებს, რომლებიც „მეორადზე“ არ სწავლობდნენ, ანდა უფრო ყურადღებით შეათვალიერებდა აუდიტორიას და სტუდენტებს შორის კაგებეშნიკის ძებნას დაიწყებდა. „ვინ მუშაობს სუკისთვის? ნუთუ ეს ცისფერთვალება ბიჭი, რომელიც გატაცებით წერს ლექსებს კომკავშირზე?“ (დღეს იგი ეროვნულ ფასეულობებს იცავს და თავის ყოფილ მასწავლებელზე ბინძურ სტატიებს აცხობს).
მაგრამ ტატას გაფრთხილება მხოლოდ და მხოლოდ ახალი აზარტის იმპულსი გახდა. ცხადი იყო, რომ კაგებეშნიკების ძიების პროცესი „ჰეფი ენდით“ ვერ დასრულდებოდა და ტყუილად დამაკარ გვინებდა ყველაზე ძვირფასს მათ შორის, რაც ღმერთმა მარგუნა - დროს... ჩემი თავი დავარწმუნე - კაგებეშნიკი ლექციაზე მადლია, რომელიც ორ ენაზე ერთდროულად, სიმულტანურად ლაპარაკს გასწავლის... როცა ერთს ამბობ, გამომეტყველება კი „საპირისპირო“ გაქვს; როცა ყვები რაღაცას და პაუზებში მიანიშნებ, რომ სიმართლეს სწორედ პაუზებში ამბობ... უფრო სწორად, ფიქრობ სიმართლეზე.
არ ვიცი, როგორ ავხსნა. უნდა მხედავდეთ ახლა და გიჩვენებდით.
დავუშვათ, ვყვებით მარჩელო კლერიჩიზე. წინ გვიდევს რომელიმე საბჭოთა იდეოლოგის წიგნი, რომელშიც დეტალურადაა მოთხრობილი „კონფორმისტის“ სიუჟეტი (როცა ეს იდიოტები ბერტოლუჩის ფილმს ასახიჩრებდნენ, დაავიწყდათ, რომ „კონტრპროპაგანდისტული წიგნები“ დასავლური კინოს ტენდენციების „ანალიზით“, უზარმაზარი ტირაჟით გამოიცემოდა საბჭოთა კავშირში). „კონფორმისტის“ სიუჟეტი შოკივით მოქმედებს ცისფერთვალება კომკავშირელ ბიჭუნაზე (მარჩელო კლერიჩიში თავის თავს ხედავს). დგება და კითხულობს, ბატონო გოგი, თქვენი აზრით, რატომ ამოჭრეს ეს ეპიზოდი?
ამ დროს უნდა გაიღიმო. იმხელა პაუზა უნდა სტყორცნო, რომ აიძულო, რომელიმე სხვა სტუდენტი ადგეს და ჩვენს „ცისფერთვალებას“ დებილი უწოდოს.
არა, არ ვარგა. არაპედაგოგიურია. მერე ამ სტუდენტს გამოიძახებენ და შეიძლება ლექტორიც ზედ მიაყოლონ.
„ფაშისტებს შორის ჰომოსექსუალისტი ბევრი იყო. ამ ეპიზოდების დატოვება კი გამოიწვევდა დისკუსიას, რომელიც სულ სხვა გზით წაგვიყვანდა. თუკი ფაშიზმი ავადმყოფობაა, გულუბრყვილო ადამიანებს მათ მიმართ თანაგრძნობა გაუჩნდებოდათ“.
როგორი აბსურდია! ასეთ ენაზე რომ დამეწყო ლაპარაკი, როგორ უნდა შემეხედა მერე თვალებში ჩემი საყვარელი „ფიზიკოსებისთვის“?
მაგრამ მეორე ენაც ხომ არსებობს - მუსიკალური სონატის ენა, როცა ერთი თემა მოულოდნელად წყდება ახლით და დროებით გავიწყებს მთავარს.
„ეჰ... ეს ეპიზოდი კი არა, ბიუროკრატებმა მთელი ფილმი დაასახიჩრეს - ფერადი „კონფორმისტი“ შავ-თეთრ ფირზე დაბეჭდეს!“
ამ რეპლიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია პაუზა, რომელიც „ეჰ“-ს უნდა მოჰყვეს. პაუზის დროს, სტუდენტების უმრავლესობა უნდა მიხვდეს, რომ ბატონ გოგის ძალიან უჭირს; რომ ცისფერთვალება ნაბიჭვარის კითხვამ გული აუჩქარა, ფეხის კუნთები დაუსუსტა; რომ თანამოაზრეებისგან დახმარებას ელის.
მინიმალურია შანსი, რომ ასეთი პაუზის მნიშვნელობა „ლირიკოსებმა“ იგრძნონ (აკი მოგახსენეთ, „ცისფერთვალება“ ლექსებს წერდა-მეთქი). მაგრამ „ფიზიკოსები“ აუცილებლად დაგეხმარებიან - მთელ დარბაზში „გაუშვებენ“ თავიანთ უარყოფით ენერგიას, რომელიც ქართველ კლერიჩის უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. „ეჰ“-ის მერე პატარა პაუზა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს „მარჩელოებს“ თავად აუჩქარდეთ გული, თავად მოეკვეთოთ ფეხები. ასეთი პაუზის მერე, დარბაზში ყაყანი იწყება
„შავ-თეთრ ფირზე? ეს როგორ? რატომ?“
„წარმოდგენა არა მაქვს. მოდით, ჯონის ვკითხოთ“.
სტუდენტები ზურგს აქცევენ ლექტორს და ზევით, კინომექანიკოსის ჯიხურისკენ იყურებიან. „ცისფერთვალებაც“ იძულებული ხდება იქითენ მიტრიალდეს და თავისი სამიზნის ჯვარცმას თავი დაანებოს.
ჯონი ჯიხურის სარკმლიდან თავს ყოფს და ვერცხლის ეკონომიაზე ყვება.
ჯონი ანგელოზია, რომელმაც განსაცდელისგან გიხსნა; ანგელოზი, რომლის ნავსაყუდელიდან ბნელ დარბაზში სინათლე შემოდის.
ჯონისთვის მადლი ფირის გაჭედვაა. ჯერ ერთი, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის კინოდარბაზში „საპოჟნიკს“ არავინ ყვირის. მეორეც: გაჭედილი და დაგლეჯილი ფირი სამახსოვროდ გიტოვებს კადრებს, რომლებიც შეგიძლია თან წაიღო, მერე სინათლეზე გახედო და დაინახო ის, რაც შეიძლება გამოგეპაროს კინოდარბაზში, როცა ფილმის სიუჟეტს ადევნებ თვალყურს.
„რუბიკის კუბის“ მსგავსად, დაგლეჯილი ფირის პატარა ნაკუწიც ვირტუალურ რეალობასთან კონტაქტის საშუალებას იძლევა, ერთი განსხვავებით - არ გაწვალებს, დედას არ გაგინებინებს, საჭურისად არ გაქცევს. დაგლეჯილი ფირის პატარა ნაკუწი არ არის „კალორიული პროდუქტი“. ესაა აღბეჭდილი დრო, სახეებში აღბეჭდილი წამი, რომელიც შეგიძლია ჯიბით ატარო. მაგალითად, ჯიბეში ჩაიდო ინგრიდ ბერგმანის სახე „შემოდგომის სონატიდან“ და ყველაზე ლამაზი ქალი კინოს ისტორიაში შენი საკუთრება გახადო.
ჩვენს ეკრანებზე „შემოდგომის სონატა“ ინგრიდის გარდაცვალების შემდეგ, 82 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ჩემი უფროსი კოლეგები ინგმარ ბერგმანის ფილმს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ. დედა-შვილის შეხვედრისა და განშორების ამ ისტორიამ ქართველი მანდილოსნები ორ ნაწილად დაჰყო - ზოგი ევას, ე.ი. ლივ ულმანის პერსონაჟს ამართლებდა; ამბობდა, ნახეთ რა დღეში ჩააგდო ეგოისტმა დედამო; ზოგს კი შარლოტამ, ე.ი. ინგრიდ ბერგმანის პერსონაჟმა აუჩუყა გული - უნიჭო და არარეალიზებულ შვილს შურს სახელგანთმული პიანისტი დედის და ამიტომ, ეგოიზმსა და გულგრილობაში ადანაშაულებსო.
„ლირიკოსებს“ შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც „შემოდგომის სონატა“ არ მოეწონა - აბა ეს კინოა? გადატვირთულია დიალოგებით, თვალი რომ დახუჭო, მაინც ყველაფერს გაიგებო.
11 ნოემბერს, ჯონიმ „შემოდგომის სონატის“ ყუთები, ეგრეთ წოდებული იაუფები უნივერსიტეტში მოიტანა. სტუდენტების უმრავლესობას ფილმი ნანახი ჰქონდა. ჯონის ვთხოვე, შოპენის ნოკტიურნის სცენის დაწყებამდე ფილმის ჩვენება შეეწყვიტა და დარბაზში შუქი აენთო.
ხომ გახსოვთ ეს ეპიზოდი? ლივ ულმანის გმირი მოულოდნელად გამოუცხადებს დედას, რომ ხანდახან როიალზე უკრავს ხოლმე. შარლოტა სთხოვს ქალიშვილს, მისთვის რამე დაუკრას. მცირეოდე ნი ყოყმანის შემდეგ, ევა თანხმდება და შოპენის მეორე ნოკტიურნის ნოტებს გადაშლის.
ესაა ერთ-ერთი ყველაზე პატარა პიესა მუსიკის ისტორიაში. მხოლოდ ორი წუთი გრძელდება, მაგრამ შოპენი ასწრებს ორი თემისგან კვანძის შექმნას. მარჯვენა ხელის თემა უსაშველოდ რომანტიკულია და ნელ-ნელა „იკლებს“. მარცხენა ხელის მელოდია თავიდან აკომპანემენტად აღიქმება. მაგრამ სადღაც ერთი წუთის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ ეს დაბალი ბგერები, დიდ-დიდი პაუზებით, ხიფათს უქმნის მთავარ თემას, თითქოს ემუქრება და ცდილობს მისი დაცემა შეაჩეროს. ფინალში, ცოტა არ იყოს, დამფრთხალი რომანტიკულ-ლირიკული თემა სრულიად კარგავს ძალას და სადღაც იღვრება. მაგრამ „ლირიკულის“ გაუჩინარება ასუსტებს ძლიერსაც. აკომპანემენტი აგრესიულობას კარგავს, რადგან რომანტიკულის გარეშე არსებობა არ შეუძლია!
შუქი რომ აინთო, მათ, ვინც ინგმარ ბერგმანის „ლიტერატურულობაზე“ ლაყბობდა, ვთხოვე თვალი დაეხუჭათ და მხოლოდ ეკრანისთვის მოესმინათ. მერე კი ხელმეორედ ენახათ ეს ეპიზოდი და განსხვავებისთვის თავად მიეგნოთ.
ევას დაკრულს შარლოტა ჯერ პატარა პაუზით პასუხობს, მერე ამბობს, „შვილო...“ და ისევ სტყორცნის პაუზას.
„არ მოგეწონა... მითხარი, რომ არ მოგეწონა, ახლა მაინც იყავი გულწრფელი, დედა“
შარლოტა ჯერ იტყვის, კი, როგორ არ მომეწონაო. ცოტა ხნის შემდეგ კი, ხვდება, რომ მისი ეს „ბგერები“ ყალბია. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად იგი ინსტრუმენტს მიუჯდება
„შოპენი ვერ იტანს სენტიმენტალიზმს!“ - უხსნის ქალიშვილს სახელგანთქმული პიანისტი და თავად იწყებს დაკვრას. ამ კადრში ინგმარ ბერგმანი დედისა და ქალიშვილის ორ ახლო ხედს ირჩევს.
შარლოტა უკრავს. ევა უყურებს. შარლოტა შოპენის რომანტიკულ თემას ემსგავსება (ცხადი ხდება, რომ „შოპენი ვერ იტანს სენტიმენტალიზმს“ - შარლოტას პრობლემა უფროა, ვიდრე ევასი), ევა კი მის „სუპერ-ეგოს“, აკომპანემენტს, რომელიც მთავარ თემას ანადგურებს, მაგრამ მის გარეშე არსებობა არ შეუძლია.
მიდი და აღიქვი ეს ყველაფერი ისე, რომ არ უყურო, მხოლოდ უსმინო ბერგმანის ფილმს. არაფერი გამოვა! ვერ დაინახავ ევას მზერის ცვლილებას, ვერ დაედევნები მის ემოციებს - სიძულვილსა და აღფრთოვანებას ერთდროულად, შურსა და მოწიწებას სიმულტანურად. ვერ დაინახავ იმას, რასაც დიახაც, რომ დედა-შვილის სიყვარული ჰქვია... „სიყვარული“, რომელიც არ შეიძლება იყოს წვინტლიანი ემოცია, გულისამაჩუყებელი ვნება, არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ კომფორტს უქმნიდეს ადამიანებს, რადგან სიყვარული - აზარტია, შრომაა, სხვაში შესვლა და თუ გნებავთ, სხვასთან ერთად სიკვდილი... ზუსტად ისე, როგორც შოპენის მეორე ნოკტიურნში, რომელშიც ორი თემის სიყვარულს პეპელასავით ხანმოკლე სიცოცხლე უწერია - მხოლოდ ორი წუთი!
ფილმი რომ დამთავრდა, ჯონის შუქის ანთება დაავიწყდა. რამდენიმე წუთი სიბნელეში ვისხედით. მინდოდა გამეხსენებინა, სად იჯდა ამ დროს ჩემი „ცისფერთვალება კაგებეშნიკი“. ვერ ვხედავდი მას, ამიტომ ადვილად შემეძლო წარმომედგინა თვალცრემლიანი „ლირიკოსი“, რომელიც ბერგმანის ფილმმა განვლილ ცხოვრებაზე დააფიქრა; რას გაიხსენებდა? როგორ სცემდა მამა ბავშვობაში? ან მერე, სტუდენტობის წლებში როგორ საყვედურობდნენ სახლში, ლექსები რა კაცის საქმეა, მომავალზე იფიქრეო? იქნებ საერთოდ არა ჰყავს მამა, ბავშვობაში მიატოვა დედამისი, ან ჰყავს, მაგრამ არასდროს არაა სახლში, გვიან ბრუნდება მთვრალი და ცოლს ურტყამს?
რატომ შეიძლებოდა 20 წლის ბიჭი კაგებეშნიკი გამხდარიყო? იქნებ „დაავერბოვკეს“? რაღაც ჩაიდინა და გამოიჭირეს? იქნებ დღესაც ვიღაცას ემსახურება, თავის გაზეთში მორალს რომ გვიკითხავს და ერის მტრებს ამხელს? ანდა, იქნებ გაცილებით უფრო მარტივადაა საქმე - ამ კაცს არასდროს ყვარებია ვინმე?
როგორც კი შუქი აინთო, ჩემი ცისფერთვალება „ლირიკოსის“ ძებნა დავიწყე. სადღაც უკანა რიგში იჯდა. როგორც კი შევხედე, მივხვდი, რომ ინტუიცია თითქმის არასდროს მღალატობს. ჩვენს კაგებეშნიკს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
ო, როგორი კმაყოფილი ვიყავი! ო, როგორ გადავუხადე სამაგიერო! ადგეს ახლა და კიდევ დამისვას პროვოკაციული კითხვები! აშკარა იყო, რომ „შემოდგომის სონატამ“ ამ პატარა არარაობაში რაღაც შეძრა, რაღაცაზე დააფიქრა. ისეთი სიყვარულით მიყურებდა, ვიფიქრე, არასდროს, არასდროს არ დაწერს ჩემზე რაპორტებს.
როგორ ვერ ვისწავლე, რომ ხელოვნებას ადამიანის გაკეთილშობილება, სამწუხაროდ, არ შეუძლია... როგორ ვერ დავიმახსოვრე აქამდე?!
ის-ის იყო, დისკუსია უნდა დაგვეწყო, რომ კინომექანიკოსის ჯიხურიდან ჯონიმ გამოყო თავი.
„ხალხო, გაიგეთ რა ხდება? ბრეჟნევი მომკვდარა, ახლა გამოაცხადეს!“
„ფიზიკოსებმა“ ეგრევე გაუშვეს თავიანთი ენერგია დარბაზში - რაღაც გასაოცარი განწყობა შეიქმნა. სიცილი ვერავინ გაბედა, მაგრამ აშკარა იყო, რომ დარბაზი ახალი ეპოქის დაწყებას გრძნობდა; წესით და რიგით, მარაზმში გადასული ბებრის სიკვდილს „კუბიკრუბიკით“ მასტურბაციის ეპოქა უნდა დაესრულებინა.
სტუდენტები არ იშლებოდნენ. „რა დროს ბრეჟნევია, ბერგმანზე ვილაპარაკოთ!“... - მგონი ხათუნა გოგორიშვილმა დაიძახა დარბაზიდან.
სკამიდან მხოლოდ ჩემი ცისფერთვალება „ლირიკოსი“ წამოხტა. შეშფოთებული მზერით დატოვა დარბაზი და თავქუდმოგლეჯილი სადღაც გაიქცა.
„ეჰ!“
![]() |
15 მუსიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: გიორგი მარი
BELLE & SEBASTIAN - THE LIFE PURSUIT
ჯგუფი Belle & Sebastian 1996 წელს დაარსდა გლაზგოში. იმავე წელს, ხმისჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის შედეგად, ჯგუფი უშვებს პირველ სტუდიურ ალბომს Tigermilk, რომლის ჩაწერაც სულ სამი დღე გაგრძელდა და ალბომი ძალიან წარმატებული გამოდგა. სამი თვის შემდეგ, ჯგუფი გადადის ახალ label-ში Jeepster Records და უშვებს მეორე ალბომს If You're Feeling Sinister. 1998 წელს Belle & Sebastian უშვებს მესამე სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით The Boy with the Arab Strap, რომელიც ბრიტანული ჩარტების მე-12 ადგილას აღმოჩნდა და brit awards-ზე საუკეთესო ახალი ალბომის კატეგორიაში ჯილდოც დაიმსახურა.
Fold Your Hands Child, You Walk Like a Peasant - ასე ეწოდება ჯგუფის მეოთხე ალბომს (ეს Belle & Sebastian-ის პირველი ალბომია, რომელიც ბრიტანულ ათეულში მოხვდა). მას მოსდევს ალბომები Storytelling (2002) და Dear Catastrophe Waitres (2003), რომელიც წინა ოთხი ალბომისაგან აბსოლუტურად განსხვავდება.
2006 წელს გამოდის მათი ახალი, მეშვიდე სტუდიური ალბომი The Life Pursuit. ეს ალბომი, აქამდე ნახსენებ ალბომებთან შედარებით, ყველაზე წარმატებული გამოდგა. იგი ამერიკულ albums' chart-ში 65-ე ადგილს იკავებს (რაც დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს). ალბომი ცამეტი track-ისაგან შედგება და შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ერთ-ერთი საუკეთესო ცამეტი სიმღერაა. ყველას ვურჩევდი ამ ალბომის მოსმენას.
KEANE - UNDER THE IRON SEA
ინგლისური ჯგუფი Keane 1997 წელს დაარსდა, პიანისტ (keyboardist) Tim Rice-Oxley-სა და ვოკალისტ Tom Chaplin-ის მიერ. თავიდან Keane სხვადასხვა ცნობილი ჯგუფის სიმღერებს ასრულებდა - ისეთების, როგორებიც არიან U2, Oasis და The Beatles, მაგრამ მალე მათ საკუთარი პროდუქციის კეთება დაიწყეს და 2000 წელს გამოდის მათი პირველი მცირეტირაჟიანი სინგლი Call Me What You Like, რომელიც ინგლისში მხოლოდ 500 ეგზემპლარის ოდენობით გამოვიდა.
2003 წელს ჯგუფი Island Records-თან აფორმებს კონტრაქტს და წერენ სინგლს Somewhere Only We Know, რომელიც ინგლისური singles' chart-ის მესამე ადგილს იკავებს. წარმატებულ სინგლს წარმატებული ალბომიც მოჰყვა, სახელწოდებით Hopes and Fears. ალბომი 2004 წელს გამოვიდა და U.K. albums' chart-ში მაშინვე პირველი ადგილი დაიკავა.
2005 წლის აპრილში ჯგუფი მეორე სტუდიურ ალბომზე მუშაობას იწყებს East Sussex- ში (სადაც Hopes and Fears ჩაწერეს). 2006 წლის 12 ივნისს კი Keane-ის მეორე სტუდიური ალბომი Under The Iron Sea უკვე გაყიდვაში გამოდის. ეს ალბომი 2006 წელს გამოსულ ალბომებს შორის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. წინა ალბომთან შედარებით, საკმაოდ განსხვავებულია და ჟღერადობაც ბევრად მდიდრულია. რაც შეეხება სიმღერებს, თითქმის ყველა საინტერესოა, თუმცა მაინც გამოვარჩევდი: Is It Any Wonder?, Nothing In My Way, A Bad Dream, Hamburg Song da Crystal Ball.
THE VINES - VISION VALLEY
ავსტრალიური ჯგუფის, The Vines-ის წევრებმა Craig Nicholls-მა (გიტარა, ვოკალი) Patrick Matthews-მა (ბასი, ვოკალი) და David Ollife-მა (დრამი) ერთმანეთი სიდნეიში, McDonalds-ში მუშაობისას გაიცნეს. ჯგუფს სახელი ვოკალისტმა Craig Nicholls-მა დაარქვა, მამამისის ჯგუფის, Vynes-ის პატივსაცემად. თავიდან, სანამ თავიანთ ჟღერადობას შეიმუშავებდნენ, The Vines-ი სხვადასხვა კლუბში Nirvana-ს cover ვერსიებს ასრულებდა.
2002 წელს გამოდის ჯგუფის პირველი სინგლი Highly Evolved, რომელიც ჟურნალ NME-ს კვირის სინგლად იქცა. ამავე სახელწოდების ალბომი კი, ჯგუფისთვის კიდევ უფრო წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა. მალე The Vines ჟურნალ Rolling Stone-ის და NME-ის ყდებზე გამოჩნდა, ალბომმა კი ბრიტანული ჩარტების მესამე და ავსტრალიური ჩარტების მეხუთე ადგილები დაიკავა.
2004 წელს გამოდის The Vines-ის მეორე სტუდიური ალბომი Winning Days. ამ ალბომმა მეტი კრიტიკა დაიმსახურა და წინა ალბომთან შედარებით, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ კარგად გაიყიდა ამერიკაში. 2005 წლის ბოლოს, ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ, ჯგუფი ისევ შედის სტუდიაში და ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას.
2006 წელს გამოდის The Vines-ის ახალი ალბომი Vision Valley. ეს ალბომი წინა ორისაგან ძალიან განსხვავდება და საკმაოდ საინტერესოა. ალბომში შესული ყველა სიმღერა, Spaceship-ის გარდა, 3 წუთს არ აღემატება და მთლიანად ალბომი დაახლოებით 30 წუთი გრძელდება, რაც ალბომის მთლიანობაში აღქმას ძალიან მოსახერხებელს ხდის. ასე რომ, მოუსმინეთ.
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ამერიკული ოცნება
სად: კინოთეატრი „ამირანი“.
როდის: ივლისი.
რეჟისორი: პოლ უეტსი.
- „მინდა გადავიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ამერიკულ ოცნებაზე. ეს იქნება მხიარული და ამავე დროს, სევდიანი სასიყვარულო ისტორია. მინდა მთელი ჩემი შეგრძნებები, რაც აქ, შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას დამიგროვდა, კინოში გადავიტანო,“ - განაცხადა სტალინის შვილიშვილმა ბესარიონ ჯუღაშვილმა ვაშინგტონში, საკუთარი დოკუმენტური კინოს „იაკობი - სტალინის ვაჟი“ ჩვენებისას. - „საქართველოში კინო მოკვდა და იმედი მაქვს, რომ აქ მაინც გამომივა რამე.“ - დაამატა 38 წლის რეჟისორმა.
აი ასე, მეც თქვენსავით დავიბენი, როცა ინტერნეტის ერთ-ერთ „მაძიებელ“ საიტზე ჯადოსნური სიტყვა „ამერიკული ოცნება“ ავკრიფე, მერე „ძიებას“ დავაჭირე და დიდი სტალინის შვილიშვილის მიერ ქართული კინოს დასამარებაზე გამოთქმულ ფრაზებს წავაწყდი. წარმოდგენა არ მაქვს, რას და როდის აპირებს ბელადის შვილიშვილი, მაგრამ არ ინერვიულოთ, „ამირანში“ წარმოდგენილი ფილმის რეჟისორი არც სტალინის, არც ბესარიონის და არც ჯუღაშვილების გვარისაა. ის ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის თინეიჯერულ-ამერიკული ფილმის, „ამერიკული ნამცხვრის“ რეჟისორი მამაკაცია.
რაზე ოცნებობენ ამერიკელები? აბა, რა ვიცი, წადით, ნახეთ უეტსის ფილმი, რომლის პლაკატზე მერლინ მონროსავით კაბააფრიალებული, წითელჩექმებიანი თავისუფლების ქანდაკება დგას მიკროფონით ხელში. და ყველაფერსაც მიხვდებიით... იმედია!
ამერიკის ჩურჩუტი პრეზიდენტი, ცისფერ-თვალება თოქ-შოუს წამყვანი (მისტერ... აღარ მახსოვს, მერამდენეა სიაში - „პლანეტის სექსუალური მამაკაცები“) ჰიუ გრანტი და... ბევრი პოპ-კორნი, ბევრი კოლა და ბევრი ჰა, ჰა, ჰა...
კარიბიის ზღვის მეკობრეები 2
სად: კინოთეატრი „რუსთაველი“.
როდის: ივლისი.
რეჟისორი: გორ ვერბინსკი.
შთამბეჭდავი სამსახიობო სიაა:
ჯონი დეპი;
ორლანდო ბლუმი;
ჯეფრი რაში;
კეირა ნაითლი...
გულახდილად გეტყვით, ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელი ხდება ერთ თარგზე გამოჭრილი სათავგადასავლო ფილმების ყურება. ერთ წამში ყველა და ყველაფერი ერთმანეთს ემსგავსება და... ან თოკებზე კიდიან, ან მატარებლის სახურავზე იქნევენ ხელ-ფეხს ან კიდევ ასე გგონია, სადაცაა ბენდენაწაკრული ჰარისონ ფორდი გამოვარდება ჩანჩქერის პირას, ტყავის მათრახით და... მოკლედ, ყველა ერთი ამბავია, რა!
ალბათ აქაც ბევრს ირბენენ წინ და უკან, მაგრამ ვინ ირბენს? ამასაც ხომ აქვს, ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელობა?! ჯონი დეპი, ორლანდო ბლუმი და ჯეფრი რაში! თან რატომ ირბენენ? იმიტომ რომ:
დეპის გმირი - ჯეკი ერთ იდიოტურ ისტორიაში მწარედ გაეხვევა და აღმოაჩენს, რომ რაღაც სულელური ვალის გამო, სამუდამოდ დაწყევლიან და სიკვდილის შემდეგ, დეივ ჯონსის მონამორჩილი გახდება. ვინაა დეივი? იგივე ჯეფრი რაში, იგივე „კარიბის ზღვის მეკობრეების“ კაპიტანი-მოჩვენება. ჰმ, გეგონება სხვა პრობლემა არ ჰქონდა კაცს (თან რა კაცს?!) ცხოვრებაში, რომ ახლა სიკვდილის შემდეგ, საკუთარი სულის თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოს. მერე „მეგობარი ჭირში გამოიცნობაო“ ხომ გაგიგიათ? ჰოდა, გაჭირვებაში ჩავარდნილ დეპს, ბლუმიც და ნაითლიც დაეხმარებიან და...
და კიდევ ერთი სათავგადასავლო ფილმიც მზადაა!
სუპერმენი ბრუნდება
სად: კინოთეატრი „ამირანი“.
როდის: ივლისი.
რეჟისორი: ბრაიან სინგერი.
მოემზადეთ, მაგარი ამბები იწყება:
ლოს ანჯელესის პრესაში ერთი ამბავი იყო ატეხილი თემაზე - არის თუ არა სუპერმენი ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცი? გაზეთები მორიგეობით ბეჭდავდნენ საპასუხო წერილებს და გულგახეთქილი რეჟისორი, ისტერიული ხმით მართავდა პრეს-კონფერენციებს - არა! არა! ნამდვილი კაცია და ქალებიც ძალიან მოსწონსო!!! მერე რა, რომ ლურჯი ტრიკო აცვია და წითელი მოსასხამი აქვს შემოხვეული?! ეგრე ხომ ადამიანი-ობობა და ადამიანი-X-იც ტრიკოში დადიან და ცისფერები სულაც არ არიანო! და საერთოდ, ახალი სუპერმენის სახე ძალიან მიზანდასახული, რომანტიული, ლამაზი და რაც მთავარია - გულ-ჩვილი არისო! მაგრამ ეს მყარი არგუმენტაცია რეჟისორს სულ წყალში ჩაუყარა Los Angeles Times-მა, როცა საპასუხოდ შეუთვალა: ეგ ჰო, მაგრამ ვერ ხვდები, რომ შენი გმირის არატრადიციულობა შენივე შემოსავლებს დაეხმარება?! აი, მაგალითად, „კუზიანი მთა“, რომელმაც უკვე 178 მილიონის მოგება ნახაო...
მართალია ახალი სუპერმენი 200 მილიონი დაჯდა, მაგრამ ბრაიან სინგერს ეს ნაკლებად აღელვებს. მთავარი ისაა, რომ ბევრ პრეტენდენტს შორის, სწორედ ის გახდა ფილმის რეჟისორი და თიმ ბარტონის, ვოლფგანგ პიტერსონის და ოლივერ სთოუნის საოცნებო ფილმი სწორედ მან გადაიღო. მთავარ როლში ახალგაზრდა მსახიობი ბრენდონ რუთი მიიწვია, ხოლო ბოროტი ბიძიას როლი ქევინ სპეისის მისცა. მართალია, ციდან დაბრუნებულ სუპერმენს საყვარელი ქალი გათხოვილი და შვილიანი დახვდება, მაგრამ... ცხოვრებაში ხომ ეს არ არის მთავარი! სამაგიეროდ, რამდენ ადამიანს დაეხმარება და გააბედნიერებს!
წიგნები
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ჟოზე სარამაგუ
„მოგონებანი მონასტერზე“
სერია „ნობელის პრემიის ლაურეატები“
გამომცემლობა „ინტელექტი“
2006 წ.
ჟოზე სარამაგუს ნობელის პრემია 1998 წელს გადასცეს. 1982 წელს კი გამოქვეყნდა მისი რომანი „მოგონებანი მონასტერზე“, ინგლისურ თარგმანში „ბალთაზარი და ბლიმუნდა“ - რომანი, რომელშიც მოქმედება მე-18 საუკუნის პორტუგალიაში ხდება - ინკვიზიციის, შავი ჭირისა და კოლონიალიზმის ეპოქაში. ბალთაზარი ომიდან შინ დაბრუნებული ჯარისკაცია, ბლიმუნდა - ნათელმხილველი, რომელიც ადამიანების სულებს შიფრავს. მღვდელი ბართოლომეო ლორენსო დე გუსმაო მათ მფრინავი მოწყობილობის შექმნაში დაიხმარს. მოწყობილობა მართლაც გაფრინდება, მაგრამ... საქმეში ერთვება სარამაგუს მაგიური რეალიზმი და დიდი პორტუგალიელი მწერალი შეუდარებელი ენით ჰყვება თავის მოგონებებს მონასტერზე.
საერთოდ, ასე ხდება ხოლმე: თუ პორტუგალიურად არა, სარამაგუს რუსულად წაკითხვა ურჩევნიათ, მაგრამ საკმარისია ქართულ ტექსტსაც გადაავლოთ თვალი, რომ დარწმუნდებით - თარგმანიც მშვენიერია. ასე რომ, ნუ შეგაფერხებთ პორტუგალიურის არცოდნა და რუსული ტექსტის არქონა. მართალია, ჟოზე სარამაგუს ქართულად ნათარგმანები მხატვრული ენა ისევე ტკბილად არ ჩაესმის ყურს, როგორც პორტუგალიურად იქნებოდა, მაგრამ - სიამოვნებას ამ არაჩვეულებრივი ტექსტისგან მაინც მიიღებთ.
არნონ გრუნბერგი
„სტატისტები“
გამომცემლობა ლ ი ნ კ
2006 წ.
როცა „სტატისტებს“ წაიკითხავთ, ბევრს იცინებთ. როცა არნონ გრუნბერგის ბიოგრაფიას გადახედავთ, იფიქრებთ, რომ ავტორი აქეთ დაგვცინის, უფრო სწორად, დასცინის ლიტერატურულ კონკურსებს, თავისივე ბესტსელერებს და საერთოდ პოპულარობის ფენომენს. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს ასეთი შემოქმედებითი „გამოხდომა“: უკვე აღიარებული მწერალი ფსევდონიმით იწყებს წერას და მალე „მარეკ ვან დერ იახტიც“ იმავე ლიტერატურული პრიზით ჯილდოვდება - როგორც საუკეთესო დებიუტი - რითაც წლების წინ ამ სახელის და გვარის მიღმა დამალული გრუნბერგი დააჯილდოვეს სადებიუტო რომანის, „ცისფერი ორშაბათებისთვის“. მაშინ გრუნბერგი 23 წლის იყო - აბსოლუტურად უცნობი, გამხდარი, სათვალიანი, ხუჭუჭთმიანი, დიდცხვირა ებრაელი ბიჭი - რომელსაც გაუმართლა იმიტომ, რომ ებრაული გონებამახვილობა, კვიმატი ენა, იუმორის შეუდარებელი ნიჭი და აზროვნების სისხარტე აღმოაჩნდა.
ამის დასტურია „სტატისტებიც“. რომანი სამი მთავარი გმირით: „საყვარელი და მხდალი, შეიძლება უფრო მხდალი, ვიდრე საყვარელი“ ევალდ სტანისლას კრიგი; ვუნდერკინდი ეკშტაინი, რომელიც მოითხოვს, რომ ბროკოლი დაუძახონ და ელვირა, მარლენ დიტრიხის შემდეგ პირველი „საბედისწერო ქალი“, ვისაც ჰოლივუდი იხმობს...
მათ უამრავი საინტერესო ამბავი გადახდებათ თავს, მაგრამ გირჩევთ, ეს ამბები თავად წაიკითხოთ, თან აუცილებლად და სწრაფად, რადგან: „ყველაფერი წვრილმანებში გამოსჭვივის“ - მთავარი ხომ სტატისტებია! ამ სასაცილო, სარკასტულ, სენსაციურ და თითოეული თქვენგანისთვის ძალიან ახლობელ წვრილმანებს კი - სწორედ ტექსტში იპოვით. მადლობა ინგრიდ დეხრავეს გრუნბერგის ქართულად გამოცემისთვის, მთარგმნელს კი - კარგი თარგმანისთვის.
ლაშა თაბუკაშვილი
„ასტეროიდი“
პიესები
გამომცემლობა „საარი“
2006 წ.
„მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ 1997 წელს იყო - თურმე, რა დრო გასულა! მერე უკვე თეთრი ფერი დომინირებდა და 2001 წელს „თოვლივით თეთრი თოვლი“ - მას მერეც ბევრი დრო გავიდა. სულ ბოლოს კი, 2005-ში, იყო „ასტეროიდი“ - პიესა-ფენტეზი სიყვარულზე, ბიოინჟინერიაზე, კოსმოსურ კატასტროფაზე და სახიჩარ ასტეროიდზე, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც თაბუკაშვილს შოთა რუსთაველის პრემია გადასცეს.
ლაშა თაბუკაშვილის ახლად დასტამბულ წიგნს კრებულს გაბედულად ვერც უწოდებ, რადგან მასში სულ ეს სამი პიესაა გაერთიანებული. ამიტომ „ასტეროიდი“, ალბათ, უფრო შეჯამებაა - ფიქრების, განცდების და მთლიანად განვლილი ეპოქის. ის, რაც „იასამანში“ დაიწყო, „ასტეროიდში“ გაგრძელდა და ამიტომ „ასტეროიდის“ ხანაში მოსვლის შემდეგ, როცა სულს მოითქვამ, მეხსიერებაში ისევ „იასამნის“ წლები გიტივტივდება და ასე დაუსრულებლად... ეს წრეა. ლაშა თაბუკაშვილის სამპიესიან კრებულს კი ამ წრეზე დავყავართ. ასე რომ, აღადგინეთ პასიური მეხსიერებიდან ყველაზე ინტიმური მოგონებები წარსულზე, სანამ ბიოინჟინერიამ ყველაფერი არ გააქრო...
![]() |
16 რადიო უცნობის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ფეხბურთი
ოთხ წელიწადში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში, თავს არასრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ: ყველა ხარობს, მე არ მიხარია. არც მწყინს, უბრალოდ, სულ არ მაღელვებს ფეხბურთი.
მაგრამ მე აბსოლუტურ უმცირესობას განვეკუთვნები. ამის დასტურია არამარტო ფერადმაისურიანთა აღლუმები და კაფეებში მსხდომი აღგზნებული საზოგადოება, არამედ ისიც, რომ რადიო „უცნობი“, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ზუსტად იცის, მის მსმენელს რა უხარია, ერთბაშად სამი გადაცემა უძღვნა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს.
ყოველდღიურად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შუადღის ორ საათზე, დიმიტრი ობოლაძე მსოფლიო ჩემპიონატის მიმოხილვას გთავაზობთ - ვინ, ვის, როდის, რა და რატომ უქნა. არც შაბათს მოიწყენთ: იმავე დროს, ანუ ორ საათზე, გადაცემაში „დამატებითი დრო“, რეზი არველაძე გიამბობთ, რა არის ფეხბურთი, რა არის მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა და სხვა - მოკლედ, ზოგადსაგანმანათლებლო ამბავია, მთხრობელის წყალობით, ფრიად საინტერესო; ხოლო თუ წლევანდელი ჩემპიონატის ისეთი ნიუანსები გაღელვებთ, როგორიც პრეს-კონფერენციებზე „გამსკდარი“ ამბები და კადრსმიღმა დარჩენილი ეპიზოდებია, დღის განმავლობაში ოთხჯერ მომართეთ თქვენი რადიომიმღები ტალღაზე FM 98.0 და რამაზ ხატიაშვილს მოუსმინეთ, ის ყველაფერში გაგარკვევთ.
აქედან მარტივი დასკვნა: თუ ფეხბურთი გიყვართ, და დიდი ეჭვი მაქვს, რომ გიყვართ - უსმინეთ რადიო „უცნობს“! ის კი არა, ამ გადაცემებს მეც მოვუსმენ. იქნებ დავინტერესდე, ფინალურ შეხვედრას მაინც ვუყურო და ცხოვრება დღესასწაულად გადავიქციო.
ანა კორძაია-სამადაშვილი