ცხელი შოკოლადი №28


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, კიკალეიშვილი სალომე, ცეცაძე მაია, ილურიძე ქეთი, ლომაძე ნინო , მახარაძე მზეხა, დეხრავე ინგრიდ, სადღობელაშვილი ქეთი, გაფრინდაშვილი ლელა, გვახარია გიორგი, ტურაშვილი დათო, თოლორდავა კახა, ჯაფარიძე დავით, ბაბუაძე თამარ, ლომაძე ნინო, ჰენიგი რობინ მარანც, მორჩილაძე აკა, ხარბედია მალხაზ, ქარდავა დათო, ქევანიშვილი ეკა, ჩანტლაძე ნინო, კაკაბაძე გიორგი, ბერია გოჩა, ბუაჩიძე ანდრო, ცხადაძე ეკა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივნისი 2007 მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნინო ლომაძე, ქეთი სადღობელაშვილი, კახა თოლორდავა, ინგრიდ დეხრავე, ლელა გაფრინდაშვილი, დავით ჯაფარიძე, მაია ცეცაძე, მალხაზ ხარბედია, დათო ქარდავა, ეკა ქევანიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ნინო ჩანტლაძე, გიორგი კაკაბაძე, გოჩა ბერია, ეკა ცხადაძე, ანდრო ბუაჩიძე, მაგდა კალანდაძე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, გოგიტა ბუხაიძე, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი დავით თეთრაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე სარეკლამო განყოფილების დირექტორი ირინა მატოიანი სარეკლამო განყოფილება გვანცა გუშარაშვილი, ნესტან ავალიანი, მარი ალექსიშვილი, ნინო ძიძაძე რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.ge



1 რედაქტორის წერილი

▲back to top


0x01 graphic

„ცხელი შოკოლადი“ აქტიურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთვება რუბრიკით „კომენტარი“. ამ ნომრიდან, ერთის ნაცვლად, ჟურნალში ბევრი „კომენტარი“ დაგხვდებათ ხოლმე. მთელი თვის განმავლობაში მომხდარ „საზოგადოებრივად“ მნიშვნელოვან ამბებს „ცხელი შოკოლადის“ ავტორები კრიტიკულად გამოეხმაურებიან და სხვადასხვა ხედვის რაკურსებს შემოგთავაზებენ.

ვეხმაურებით თემას - „ჰომოფობია, როგორც სოციალური მოვლენა“. ჩვენი გულრწფელი სურვილია, რომ ჰომოსექსუალობის ირაციონალური შიში და ამ შიშით გამოწვეული აგრესია, გაცნობიერებული, გულწრფელი ტოლერანტულობით ჩავანაცვლოთ (ლელა გაფრინდაშვილი).

ვწერთ „ევროვიზიაზე“ (ქეთი სადღობელაშვილი), ამ კონკურსთან დაკავშირებულ ჩვენთვის თავსმოხვეულ ილუზიებსა და ცრუ მოლოდინებზე, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ისევ შეგვიშალა ხელი, სოფო ხალვაშის არც თუ ურიგო მიღწევები რეალურად და ადექვატურად შეგვეფასებინა.

გიორგი გვახარიას კომენტარი „ეგ ბაბუ თქვენ ცოცხალი ხომ არ გგონიათ, პატივცემულო პროფესორო?“ არის გზავნილი ახალგაზრდებისათვის, და არა მხოლოდ კინორეჟისორებისათვის - „აბა, თუ მაგარი ბიჭები და გოგოები ხართ, გამოხატეთ თავისუფლება, იგრძენით თავისუფლება, შეიყვარეთ სიცოცხლე მისი გაჩენის დღიდანვე და არა მერე, როცა გახრწნას იწყებს და ტერორისტების საზღვრებში ექცევა!“ გვახარიას კიდევ ერთი აშკარა გამოწვევაა! კიდევ ერთი ნაბიჯით წინ კულტურული რევოლუციისაკენ!

დათო ტურაშვილს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე უნდოდა დაეწერა, მაგრამ... სანაცვლოდ, გოგი ძოძუაშვილის მადრიდულ კონცერტსა და თავის სიამაყით ავსილ გულზე გვიყვება.

ამ ნომერში „კომენტარები“ სულ ესაა, მაგრამ მომავალი ნომრიდან მეტს გპირდებით, უფრო სხარტად და ლაკონურად.

28-ე „ცხელი შოკოლადზე“ მეტს არაფერს გეტყვით, რადგან სალომე კიკალეიშვილი თავად გიყვებათ როგორი იყო ნინო სუხიშვილზე მუშაობის პროცესი. კახა თოლორდავაც თავად უწევს რეკომენდაციას მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს. თამარ ბაბუაძის გმირი, ეკა მიქაძე („სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც დაფრინავს“) ის ქალია, რომლის ისტორიის წაკითხვის მერეც ადამიანის განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე დაფიქრდებით და მოგინდებათ, იმოქმედოთ, მიზნები დაისახოთ და საინტერესოდ იცხოვროთ.

ნომრის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ამ ნომერში „შპიონის ჩანაწერებია“. ხანდახან, ქართული პოლიტიკის აბსურდულობა ყველაზე აპოლიტიკურ ჟურნალსაც კი ვერ ტოვებს ხოლმე გულგრილს. პაატა ზაქარეიშვილის ამბავი სწორედ ეს შემთხვევაა.

და კიდევ, ჟურნალის გაუმართავ ვებ-გვერდზე ბევრს გვსაყვედურობენ. თვის ბოლომდე საიტის რეკონსტრუქცია დამთავრდება და ივნისში უკვე ახალი საიტის ანონსს შემოგთავაზებთ.

შორენა შავერდაშვილი

2 გარეკანის ისტორია

▲back to top


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

სამუშაო პროცესში ყველაზე მეტად იცით რა მომწონს? როცა ყველაფერს მორჩები და მასალაში ბოლო შტრიხები შეგაქვს. აი ეს წუთები, როცა „პროფესია - სუხიშვილი“ მომდევნო გვერდებზე გელოდებათ, მე კი, ამ სვეტში მასალაზე მუშაობის ნიუანსებს აღწერას ვცდილობ. ეს ყველაფერი იცით, რას მაგონებს? აი, ჯეკი ჩანის მონაწილეობით ფილმებში, ბოლოს, ტიტრებთან, ფილმში არ გასულ კადრებს რომ გიჩვენებენ, თან ხომ ხედავთ, სამზარეულოშიც გახედებთოოო... მაგრამ რა უშავს, ხო?!

გეგონება პიკნიკზე მივდიოდით. წყნეთში ასასვლელად მთელი ორი დღე ვემზადეთ და თან რამდენიმე მანქანით ავედით. ანუკა მურვანიძე კოსმეტიკით გაძეძგილ ჩანთას დაათრევდა და მესხი თავისი ჩვეული ემოციური მოკლე ჩართვებით გვართობდა. იმ დღეს, ნინო სუხიშვილის ორი წყნეთი გვქონდა დასალაშქრი. ერთი - სუხიშვილების წყნეთი და მეორე - ზურას წყნეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლებს სამი თუ ოთხი ქუჩას ჰყოფს, ნინოსთვის მაინც ასეა. სუხიშვილების წყნეთი, ეს ის სახლია, რომელიც ოდესღაც, მისმა ბებიამ და ბაბუამ ააშენა. სადაც ილიკო ყვირის - ჩაი მინდაა... დაშა დარბის - მომეხმარეთ, ვინ მამეცადინებს... დედამისი სამზარეულოდან - კარტოფილს ვინ დაჭრიის... გარეთ ბალონკასავით გაზრდილი ავჩარკა გლორია დახტის, მორწყვას არ აცდის არავის, წყალთან თამაში უყვარს.

და მეორე, ზურას წყნეთი. ზურა ნინოს ქმარია. ზურა ამერიკაშია. ეს სახლი ნინოსი და ზურასია. მოსამსახურე პერსონალი ისე ჩუმად დადის, გეგონება მიწას არ ეხება, ჰაერშიაო და - რას ინებებთ ქალბატონო ნინო? - დიახ, ახლავე! - კიდევ რაიმე, ქალბატონო ნინო?... ილიკო სულ ეხუმრება, შენ კარგი იაპონური რობოტები გინდა, მაგ შენ სახლს მოუხდებაო. თაროზე, ლამაზ ჩარჩოში, იმის მტკიცებულება დევს, რომ ნინოს და ზურას სახელობის ვარსკვლავი კიაფობს ცაზე და როცა ძალიან მოგწყინდება, შეგიძლია ღილაკით აანთო ბუხარი და სურვილი ჩაიფიქრო. ჩაიფიქრო, იმიტომ, რომ ჰაერში მონარნარე პერსონალი აუცილებლად აგისრულებს. აი ასე. მაგრამ, ნინოს „შტაბი“, დიდობის „შტაბი“ მაინც სულ სხვა ადგილია - ირაკლი აბაშიძეზე, ბებია-ბაბუის სახლი. რომელსაც ცხოვრების ყველაზე ემოციური მომენტები უკავშირდება, სადაც ქუჩაზე გაჩერებული მანქანებით და-ძმა ხვდება ერთმანეთს, სადაც ნინო, მისთვის ასე ძვირფასი ადამიანების ფოტოებითაა გარშემორტყმული, ბებია ნინოს საწოლში წევს, მის ჯადოსნურ სარკეშიც იხედება. სადაც სარდაფში, ისევ ის ჩარხი დევს, რომელზეც ოდესღაც ქოთნები ამოჰყავდა და დღეს, ილიკოს ხუმრობაზეც ეღიმება - რა დრო იყო, უკან პატრიკ სუეიზი რომ გაკლდაო.

ეს ყველაფერი კი, ნინო სუხიშვილია. საქმიანი და მკაცრი. მომთხოვნი და ზოგჯერ ბავშვივით დამყოლი. ისეთი, როგორიც მე დავინახე.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

3 ჩვენი ავტორები

▲back to top


0x01 graphic

დათო ტურაშვილი

მინდოდა დამეწერა წერილი ქართული ფეხბურთის შესახებ დასვენების მიზნით. რასაკვირველია, ჩვენი მკითხველის დასვენებას ვგულისხმობ, რომელიც ძალიან დაღლილი და გადატვირთულია მძიმე და სერიოზული თემებით და რადგან ბატონი გოგი გვახარია ფეხბურთს სექსს ადარებს (და საკმაოდ არგუმენტირებულადაც), რა უნდა იყოს სექსზე უკეთესი დასვენება-მეთქი ვიფიქრე და ფეხბურთზე წერა დავიწყე კიდეც.

მაგრამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნების დროს ისეთი რამე მოხდა, რომ ამ თემაზე წერას, უბრალოდ აზრი აღარ აქვს. შეიძლება აზრი კი ჰქონდეს, მაგრამ მე არ შემიძლია, თუნდაც სირცხვილის გამო.

ამიტომაც გადავიფიქრე და მინდა გოგი ძოძუაშვილის შესახებ დავწერო. უფრო სწორედ, მისი კონცერტის შესახებ, რომელიც მადრიდში სულ ახლახანს გაიმართა და ვიყავი ძალიან, ძალიან ამაყი და ბედნიერი. ფეხბურთზე კი აღარაფერს ვიტყვი გარდა ორი სიტყვისა, რომელსაც ჩემზე უკეთ, მარტივად და გასაგებად იტყოდა ბასა ჯანიკაშვილი:

- მშვიდობით, ნოდარ...

0x01 graphic

კახა თოლორდავა

უკვე თითქმის ორი წელი იქნება, რაც ღვინის ნიადაგზე ოდნავ შევირყიე. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ღვინის გარდა არც აღარაფერი მაინტერესებს. მე თავაუღებლად ვკითხულობ ყველაფერს რაც ღვინოს შეეხება, დაწყებული მეცნიერული ნაშრომებით ამპეოლოგიაში და დასრულებული პატარ-პატარა ბროშურებით ღვინის სარგებლიანობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ამოუწურავ ინფორმაციაზე ინტერნეში, რუსულ და უცხოურ ჟურნალებზე და მახო ხარბედიას „მარანზე.“ დღეს მე უკვე კარგად გაცნობიერებული დილეტანტი ვარ. მთელი გულით მშურს იმ ჩემი მეგობრების, გიორგი მაყაშვილის, ირაკლი მახარაძის, ნიკუშა ახვლედიანის, ვინც ახერხებს და თვითონ აკეთებს ღვინოს. გიორგიმ, სოლიკომ და დათომ ისიც კი მოახერხეს, რომ რამდენიმე წლის წინ ვენახი შეისყიდეს კახეთში, შარშან კი ვიღაც გენუელებს მიყიდეს თავიანთი დაწყურული ღვინო. ეს ღვინო „ვინიტალიაზეც“ კი იყო წარმოდგენილი, ოღონდ, სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი ვინ წარმოადგენდა მას იქ და ამიტომაც ვერ მოვახერხე იმ სტენდის მონახულება. მოკლედ, სერიოზულად მჯერა, რომ ჭეშმარიტება ღვინოშია და იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც მოვახერხებ ვენახის შეძენას და ღვინის დაწურვას.. ყოველივე ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის იტალიაში, კერძოდ კი ვერონაში გამგზავრება, ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ღვინის გამოფენაზე დასწრება და რაც მთავარია, ხუთი დღის განმავლობაში ქართული ღვინის წარდგენა. მე ნასვამი და ბედნიერი ვტოვებდი „ვინიტალიას. კარგად ვიმუშავე და ბევრიც ვისწავლე. ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს. ისე კი, რა იქნებოდა ამ გამოფენაზე ერთი ქართული ღვინის კომპანიის ნაცვლად რამოდენიმე კომპანია რომ ჩამოსულიყო? რა თქმა უნდა, კარგი ქართული ღვინოებით. მართლა კარგი ქართული ღვინოებით... ყველაფერი დანარჩენი კი სტატიაშია. აი, სულ ესაა, მაგრამ, სანამ დავასრულებდე, მინდა პატარა საჩუქარი გავუკეთო ღვინის მოყვარულებს. ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ „ცხელი შოკოლადის“ მკითხველთა გარკვეულ ნაწილს უწევს ხოლმე უცხოეთში მოგზაურობა და იმის იმედიც მაქვს, რომ ვიღაც-ვიღაცეებს ღვინოც უყვართ, ამიტომაც, აი, იმ ღვინოების სია, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა ენოლოგმა დონატო ლანატიმ მომცა იტალიაში ყოფნისას. ეს ის ღვინოებია, რომელსაც დღეს იტალიის ყველაზე უფრო სერიოზული ღვინის მწარმოებლები აკეთებენ. შეგერგოთ!

Marco Felluga - Malamatta - Collio - Bianco - 2005; Marco Felluga - Carantan - Collio-Rosso - 2005; Schreckbichl Colterenzio-Lafoa - Sauvignon Blanc; Marchese Adorno - Pinot Grigio - 2002; Adorno - Arcolaio Bianco - 2002; Adorno - Pinot Nero; Adorno - Bonarda-2002; Librandi - Gravello Rosso; Librandi - Critone Bianco; Librandi - Asylia - Bianco; Librandi - Magno Megonio - Rosso; Astoria - Prosecco - Bianco - 2002; Astoria - Mina; Villa di Maser - Chardonnay barrique; Torre Rosazza - Sauvignon;

4 ტაიმ-აუტი

▲back to top


კოტონის კოლექცია უკვე თბილისში

ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ვინც მოდურ და ხარისხიან ტანსაცმელს შეღავათიან ფასად ეძებთ, შეგიძლიათ ვაჟა-ფშაველას გამზირზე (35-ა) ახლადგახსნილ მაღაზია „კოტონს“ მიაშუროთ. მსოფლიოში ცნობილი თურქული ბრენდი (რომელიც არსებობის 20 წელიწადს ითვლს) მაისიდან უკვე თბილისელი მომხმარებლისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

0x01 graphic

ახალმა პროდუქციამ სავაჭრო სახლის ოთხი სართული „აითვისა“, სადაც წარმოდგენილია კოტონის თითქმის ყველა ხაზი: ქალის ახალგაზრდული ხაზი (რომელიც 15-დან 25 წლამდე ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი), კლასიკური სამოსი (შედარებით უფროსი ასაკის მანდილოსნებისთვის), აქსესუარები: ჩანთები, ქამრები, ფეხსაცმელები... მაღაზიის დამფუძნებლებს არც ძლიერი სქესის წარმომადგენლები დაუტოვებიათ უყურადღებოდ და შენობის ქვედა სართული საგანგებოდ მამაკაცების ტანსაცმლისთვის გამოყვეს.

„კოტონი“ თანამედროვე სტილით შექმნილ და ხარისხიანი ფაქტურის მრავალფეროვან სეზონურ კოლექციებს გვთავაზობს, რომელსაც საკმაოდ ხშირად, 2 კვირაში ერთხელ განაახლებს. ყოველწლიურად კი კოლექციას საგანგებოდ ამ ბრენდისთვის შექმნილი, რომელიმე ცნობილი დიზაინერის ხაზიც ემატება. თბილისურმა „კოტონმა“ პოპულარობა მალევე მოიპოვა და უკვე სისტემატიური მომხმარებელიც გაუჩნდა. სამომავლოდ ქსელის გაფართოებასაც გეგმავს და საბაზრო კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საკუთარ სავაჭრო სივრცეს საქართველოს რომელიმე რეგიონშიც განათავსებს.

ავტორი: მაია ცეცაძე

Ermenejildo Zegna - მხოლოდ ელეგანტური მამაკაცებისთვის

ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

რუსთაველის 50 ნომერში, 10 მაისიდან უკვე ოფიციალურად განთავსდა მსოფლიოში მამაკაცის მაღალხარისხოვანი ტანსაცმლის მწარმოებელი იტალიური ბრენდის „ერმენეჯილდო ძენიას“ ახალი სავაჭრო ცენტრი. თანამედროვე სტილით განთქმული „ძენიას“ ხაზი ექსკლუზიური ქსოვილებით, სპორტული და კლასიკური სტილის სამოსს ქმნის. ამას გარდა, წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტყავის აქსესუარებისა და სათვალის კოლექციებსაც. თბილისის ბუტიკის ინტერიერში გამოყენებული ფერების ნატურალური ტექსტურისა და ავეჯის დეტალების ნაირსახეობა, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მაღაზიაში განთავსებული სხვადასხვა კოლექციები მარტივად განასხვაოს.

„ერმენეჯილდო ძენიას“ ჯგუფი მსოფლიოს 64-ზე მეტ ქვეყანაში 500-ზე მეტი მაღაზიას ფლობს. თუმცა, ვიდრე „ძენია“ საერთაშორისო მოდის სახლად იქცეოდა, თავად ერმენეჯილდო ძენიამ „მცირე“ ოჯახურ ბიზნესს ჯერ პატარა ქალაქ ტრივეროში, 1910 წელს ჩაუყარა საფუძველი.

მემკვიდრეობით მოვალეობად ქცეულ საქმეს კი დღეს ოჯახის მეოთხე თაობა უძღვება.

რადგან ახალგაზრდული და მოდური ბრენდის სახელით ცნობილი პროდუქცია ელეგანტურ მამაკაცებზეა გათვლილი, ახალი მაღაზიის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს დახვედრაც ელეგანტური მოუწყვეს: წითელი ხალიჩის, ცოცხლად აჟღერებული მუსიკისა თუ ქართულ-იტალიური ღვინის დეგუსტაციის თანხლებით. ოფიციალურ მიღებაზე მანდილოსნებისგან განსხვავებით, გაუმართლათ სტუმარ მამაკაცებს, რადგან „ძენიას“ საპრეზენტაციო საჩუქრები საგანგებოდ მხოლოდ მათ გადასცეს. ახალი სახელობითი მაღაზია, მისი დამფუძნებლების ვარაუდით, კიდევ ერთ უმთავრეს საყრდენს შექმნის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე.

ავტორი: მაია ცეცაძე

5 კულტ-მიმოხილვა

▲back to top


შეისუნთქე მუსიკა

მუსიკალური ჟურნალ ოზონის დაბადების დღე
20 მაისი, ეთნოგრაფიუოლი მუზეუმი

0x01 graphic

ჰიპებმა, პანკებმა, როკერებმა, ქლაბერებმა, ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, მონაწილეებმა და ყველამ, ვინც „ოზისთვის“ დაბადების დღის მილოცვა მოინდომა, 20 მაისის მზიან და თბილ დღეს „ეთნოგრაფიულში“ 11 საათიდან დაიწყო მისვლა. მასპინძელები ათასობით სტუმარს მთელი დღის განმავლობაში მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ. „ოზონის“ ფესტივალის პროგრამაში იყო კონცერტი, ბანჯი ტრამპოლინე, ქეითერინგი, როკ კარაოკე, ორეულების ფოტო სესია და გელა წულაძის ფილმის Promenade-ს ჩვენება.

სანამ სცენამდე მიხვიდოდით, აუცილებლად შენიშნავდით ბანჯი ტრამპოლინის გარშემო მსურველების დიდ რიგს, ასაკისა და სქესის განურჩევლად. ცოტა ზემოთ, კარავში საინტერესო ორეულები იკრიბებოდნენ და ორეულების ფოტო სესიისთვის ემზადებოდნენ. იქვე, ახლოს, როკ-კარაოკე გაჩაღდა და ყველაზე მოწადინებულმა მომღერალმა, I-pod-ი მიიღო საჩუქრად.

2 საათიდან ლაივ-კონცერტი დაიწყო, „ოზონის“ რუბრიკის „გაიცანის“ ჯგუფები „ასე სულ“, „25-ე კადრი“ , „ტელესკოპი“ , „სოფო ასლანიშვილი“, „კატო“ , „ლიმონათი“, The guest was eating my pie, Nevarland, Nebo CCCR და Vietnam radio ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, პროგრამის პირველი ნაწილი უკვე კარგად ნაცნობმა ჯგუფმა „სტრინგმა“ დახურა.

საღამო ხანს როკერებმა სცენა კონცერტის მეორე ნაწილს, Electronic Set-ს დაუთმეს. დიმა დადიანმა, ლადო ონიანმა, ბაჯუმ და ნიკა მაჩაძემ ქლაბერებს საცეკვაო განწყობა მთელი ღამის განმავლობაში შეუნარჩუნეს.

ავტორი: ქეთი ილურიძე

ტილოებში გაბნეული - წითელი
საგამოფენო დარბაზი ჰობი
24 აპრილი. 17:00

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

10 დღის მანძილზე, „ჰობის“ საგამოფენო სივრცე ახალგაზრდა მხატვრის ქეთი დავლიანიძის ნამუშევრებს დაეთმო. გამოფენაზე, 10 წლის მანძილზე ზეთში, პასტელში თუ შერეული ტექნიკით შექმნილი ტილოები, ლითოგრაფიული, გრაფიკული და მონოტოპური ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

0x01 graphic

პეიზაჟებში, პორტრეტებში და საოცარი ფერთა შეხამებით შექმნილ ნატურმორტებში, მკაფიოდ მოჩანდა ავტორისეული ხელწერა. ხელწერა, რომელიც თითქოს არცერთ ტილოში არ მეორდებოდა, მაგრამ, ამავე დროს, ასე აერთიანებდა თითოეულ ნამუშევარს. სადღაც საოცრად რომანტიული, სადღაც სევდიანი და ოდნავ მხიარულიც კი; იქნებოდა ეს ცირკის და ჯამბაზების თემაზე შექმნილი ტილოები, საიდანაც ნიღაბჩამოხსნილი სევდიანი ჯამბაზები გიყურებდნენ თუ ორკესტრანტების გრაფიკული, ერთი შეხედვით მკაცრი პორტრეტები; წითელ სივრცეში „გაბნეული“ ადამიანები, როგორც ის ახლადშეუღლებული წყვილი თუ იგავ-არაკის ზღაპრული გმირები.

ალბათ, ეს გასული თვის ერთ-ერთი ყველაზე „მდიდარი“ გამოფენა იყო, საიდანაც გამოსულს, ასე მძაფრად ჩაგებეჭდებოდათ ტილოებში გაბნეული ფერი - წითელი ფერი.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ომის შემდგომი გერმანული კინო
გოეთეს ინსტიტუტი
1 მაისი. 18:00

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

0x01 graphic

ომის შემდგომი გერმანული კინოს თბილისში ჩვენება არ ჩვენების საკითხი, სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ! ანუ, ივლით თუ არა გოეთეს ინსტიტუტში, სადაც 1 მაისს ახალი ციკლი „ომის შემდგომი გერმანული კინო“ დაიწყო. ციკლი, სადაც წარმოდგენილ თითოეულ ფილმზე, კინომცოდნე გოგი გვახარია გესაუბრებათ.

გოეთეს თბილისის ინსტიტუტმა, რომელიც ბოლო წლებია, სულ უფრო და უფრო გვანებივრებს კულტურული ღონისძიებებით, გასულ თვეს რამდენიმე საინტერესო საღამო შემოგვთავაზა. იქნებოდა ეს ჯაზ-ტრიო ემ-ის კონცერტი რკინიგზელთა სახლში თუ ქარვასლაში წარმოდგენილი გერჰარდ რიხტერის გამოფენა. მაგრამ, ამჯერად, თქვენი ყურადღება ზემოთ ხსენებულ კინოჩვენებაზე მინდა გავამახვილო, რომელიც თქვენთვის ნაცნობი თუ უცნობი, ომის შემდგომი გერმანული კინოს წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ფაშიზმი თეორიულად მოკვდა, მაგრამ ის განაგრძობს არსებობას ჩვენში - ეს იყო ის მოტივი, რომელიც ფილმს „მკვლელები ჩვენს შორის არიან“ სდევდა ფონად. ფილმს, რომელიც 1946 წელს, დანგრეულ ბერლინში გადაიღო გერმანელმა რეჟისორმა ვოლფგანგ შტაუტემ და რომლის ომგამოვლილი გმირებიდან, ზოგი ცხოვრების თავიდან დაწყებას და ძველის დავიწყებას, ზოგი კი, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ძალადობით ცდილობდა.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

10X45-ზე
რუსთაველის თეატრი
17 მაისი. 19:00

ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ნებისმიერი სპექტაკლის სიცოცხლე, მის რეპერტუარში არსებობაზეა დამოკიდებული. ის თითქოს ერთი დღისთვის ჩნდება, რომ მერე უკვალოდ გაქრეს და მაყურებელს სუბიექტური მოგონებები დაუტოვოს. რჩება მხოლოდ ფოტო მასალა, დროში გაყინული ფოტო-ისტორია, რომლის დახმარებითაც, ის თითქოს აგრძელებს სიცოცხლეს და დროში მოგზაურობას. იმიტომ რომ, ფოტო, თავისი არსით, უკვე ისტორიაა.

17 მაისს, რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გამოფენა - „10X45“-ზე გაიხსნა. გამოფენა, სადაც დიმა ჩიკვაიძის და იური მეჩითოვის გადაღებული, თეატრის 128-ე სეზონის, 10 მოქმედი სპექტაკლის 45 ფოტო იყო წარმოდგენილი.

სხვადასხვა რაკურსით და „თვალით“ დანახული სპექტაკლის დეტალები, მაყურებლის მახვილ თვალს გამოპარული ნიუანსები და სცენაზე, მსახიობების დეტალური მუშაობის ფრაგმენტები - ყველაფერი ეს, ფოტოგრაფების „დაჭერილი“ კადრებიდან მოდიოდა.

კადრებიდან, რომელმაც „გოდოს მოლოდინს“, „დარისპანის გასაჭირის“, „კაცია-ადამიანს?!“, „სტიქსს“ თუ სხვა სპექტაკლებს, უკვე შთაბერა ახალი სიცოცხლე.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ჯაზი ჯაზის თვეში
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
28 აპრილი 14:00

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ეს სწორედ აპრილში ხდება. როცა ჯაზის მოყვარულები დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და საყვარელი მუსიკოსების კომპოზიციების მოსასმენად თუ მათზე სასაუბროდ ჯაზის საღამოებს ან სულაც ჯაზის დღეებს მართავენ.

მთელი აპრილი მუსიკის ამ ტრადიციული მიმდინარეობის გულშემატკივრთათვის ნამდვილი ზეიმია. წელს ამ ქვეყნების რიგს საქართველოც შეუერთდა და ეროვნული მუზეუმის ახლად გახსნილ აუდიტორიაში 28 აპრილს, „ჯაზის დღეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“- პროგრამის ფარგლებში მეორე საჯარო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ორგანიზატორები, მუზეუმთან ერთად, ჯაზის ჭეშმარიტი გულშემატკივრებირადიო სინდიკატი, კომპანია EASTERN PROMOTION და ამერიკის საელჩო გახლდნენ. ზურაბ ქარუმიძემ, გაიოზ კანდელაკმა, კახა თოლორდავამ და ამერიკის ელჩმა, ჯონ ტეფტმა ჯაზური მუსიკის ისტორიასთან ერთად სტუმრებს აპრილში დაბადებული ამერიკელი მუსიკოსების შესახებაც ესაუბრნენ. კონცერტების ფრაგმენტების ფონზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბილი ჰოლიდეის, ელა ფიცჯერალდის, ფრედი ჰაბარდის, ჰერბი ჰენკოკოსა და სხვა კორიფეების დაუვიწყარი იმპროვიზაციები. პროექტი ივნისში, კოკა-კოლა ჯაზ ფესტივალის ფარგლებშიც გაგრძელდება. ამჯერად შეხვედრაზე მოსული სტუმრები ფესტივალში მონაწილე ცნობილ მუსიკოსებს შეხვდებიან და თანამედროვე ჯაზურ მიმდინარეობების შესახებ ლექციას მოისმენენ.

ავტორი: ნინო ლომაძე

ხასიათები და სახეები მზად არის!
მსახობებმა რაღა უნდა აკეთონ?!...
საუკუნის ესკიზები

ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

დღეს პირველად გაიხსნა კოტე მარჯანიშვილის არქივი, თეატრის ფონდსაცავიდან 16 რუსი მხატვრისა და 4 უცნობი ავტორის ასი ექსპონატი გამოიტანეს. ყველაზე ადრინდელი ნამუშევრები 1906 წლით თარიღდება. ესაა ხარკოვში დადგმული სპექტაკლების „ახალი სიკეთისა“ და „თოვლის ქარის“ კონსტანტინ პერვუხინისეული დეკორაციები. 1909 წელსაა შესრულებული ნიკოლაი იგნატიევის „შავი ნიღბების“ სცენოგრაფიის ესკიზები. აქვეა მოსკოვში, დიდი მაესტროს მიერ დაარსებული თავისუფალი თეატრის ფარდის მოდერნის სტილში შესრულებული ჩანახატები, რომლებიც 1913 წელს დაუხატავს ვიქტორ სიმოვს. ასევე, ვიქტორ სიმოვს ეკუთვნის პერგამენტზე ტუშით შესრულებული თმის ვარცხნილობისა და აქსესუარების ჩანახატები. გამოფენილია 20-იანი წლებიში შექმნილი კოსტუმების ესკიზები,

1922 წელს, როცა კოტე მარჯანიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ თეატრში ახალი ეპოქაც დაიწყო, მან ეს მდიდარი არქივი რუსეთიდან ჩამოტანა. მარჯანიშილს თბილისში ჩამოყვნენ რუსული თეატრის აღიარებული მხატვრები: ვასილ შუხაევი, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი და დიდ რეჟისორთან ერთად თბილისშიც შექმნეს სპექტაკლები, დღეს ამ სპექტაკლების მხოლოდ მხატვრულია ნაწილია ცოცხალი: ყველაზე ძველი დეკორაციის ესკიზი 1928 წლითაა დათარიღებული. ის იოსებ შარლემანს ქუთაისის სახელმწიფო თეატრისთვის შეუქმნია. ამავე პერიოდისაა ევგენი ლანსერეს „მაკბეტის“ დეკორაციის მაკეტი, რეჟისორს ეს სპექტაკლი რატომღაც აღარ დაუდგამს. ასევე, საინტერესოა ვასილ შუხაევის მიერ 1948 წელს შესრულებული „ცეკვის მასწავებლისა“ და „კრეჩინსკის ქორწინების“ ჩანახატები. ამ ესკიზების მიხედვით შეკერილ კოსტუმებს ირგებდნენ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვასო გოძიაშვილი, მარინე თბილელი, იაკობ ტრიპოლსკი...

მარჯანიშვილის თეატრში უნიკალური ესკიზები თვის ბოლომდე დარჩება გამოფენილი. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილია თეატრის მხატვრობის შესახებ პირველად გამოსული სოლიდური კატალოგი და მისი ელექტრონული ვერსიის ალბომი. ეს გამოცემები საუკუნის ესკიზებზე მოგვითხრობს.

ავტორი: მზეხა მახარაძე

წიგნის საერთაშორისო დღე
23 აპრილი. 13:00

0x01 graphic

ეს ყველაფერი 1923 წელს, კატალონიაში დაიწყო. როცა სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს კაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ და მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ხოლო მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე „იუნესკომ“, წიგნის საერთაშორისო დღეთ გამოაცხადა, ამ დღის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო. დღე, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს.

ეს დღე, ტრადიციულად თბილისშიც აღინიშნა, სადაც წიგნის ამ „იუბილესთან“ დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. 23 აპრილს, „საქწიგნის“ ხელმძღვანელობამ საგანგებოდ ამ დღისთვის, ახალი გამომცემლობის „აგორას“ პრეზენტაცია გამართა და ჭადრაკში მინი-ტურნირი მოაწყო. სადაც, მოწვეულ 112-ე სკოლის მოსწავლეთა „საკრავთა გუნდმა“, ქართული ხალხური ჰანგები ააჟღერა და თეატრისა და კინოს სტუდენტებმა, სხვადასხვა პოეტთა ლექსები წაიკითხეს. ამას გარდა, როგორც „საქწიგნის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, წიგნის დღესთან დაკავშირებით გორის, კასპის და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საქველმოქმედო აქციას გეგმავენ და მათთან ახალი და ბევრი, ბევრი წიგნის ჩატანას აპირებენ.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

6 პოეზია, სიგიჟე და მელანქოლია

▲back to top


აქცენტი

0x01 graphic

ყოველი წელს, ზაფხულობით, ნიდერლანდური ქალაქი როტერდამი, ევროპის პოეზიის დედაქალაქად იქცევა ხოლმე. ეს მას შემდეგ, რაც 1970 წელს ფესტივალი Poetry International Rotterdam დაარსდა და მალევე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ პოეტურ ფესტივალად იქცა. შვიდდღიანი (16-23 ივნისი) ფესტივალის პროგრამაშია პოეტების გამოსვლები, ფილმების ჩვენებები, გამოფენები, დისკუსიები, მოხსენებები და კონცერტები. ფესტივალის ორგანიზატორები დედამიწის ყველა კუთხიდან ოცდაათამდე პოეტს იწვევენ. ყველა წარმოდგენილი ლექსი, ნიდერლადურის გარდა, ინგლისურადაც ითარგმნება. ივნისის შუა რიცხვებში როტერდამში პოეტები, მთარგმნელები, გამომცემლები, კრიტიკოსები, რედაქტორები და სხვა ფესტივალების ორგანიზატორები იკრიბებიან. ამ დროს Poetry International Rotterdam უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ადგილად, ერთგვარ ფორუმად იქცევა ხოლმე, სადაც პროფესიონალები და მოყვარულები, გამომცემლები და პოეტები ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ, მსჯელობენ და პოეზიის პოპულარიზაციის გეგმებს აწყობენ.

38-ე ფესტივალზე ფრანგი, ერაყელი, ჩინელი, დანიელი, ანგოლელი, ბელგიელი, ესტონელი, შვედი და ნიდერლანდელი პოეტების გარდა, პირველად პატიჟებენ სამხრეთ კავკასიელ პოეტებს. ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანელი გაშამ ნაჯაფზადე და საფრანგეთში მცხოვრები სომეხი პოეტი შუშანიკ თამრაზიანი მიიწვიეს. თანამედროვე ქართული პოეზიის წარმოსაჩენად თორმეტი პოეტის სამ-სამი ლექსი ნიდერლანდურად ვთარგმნე და როტერდამში გავგზავნე, თორმეტიდან სამი აირჩიეს. დანარჩენები მომავალი ფესტივალებისათვის შემოინახეს.

წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს გვეფიქრა შემოქმედებას და სიგიჟეს შორის არსებულ ფაქიზ ზღვარზე და იმ წყაროზე, რომელიც ამ ორ ცნებას ერთმანეთთან აკავშირებს: მელანქოლიაზე. საქართველოდან მიწვეული სამივე პოეტის, შოთა იათაშვილის, მაია სარიშვილის და რატი ამაღლობელის შემოქმედება ნამდვილად ეხმიანება წლევანდელი ფესტივალის მთავარ თემას.

შოთა იათაშვილი მთელი არსებით ლიტერატურას ემსახურება: რედაქტორისა, მთარგმნელისა, კრიტიკოსისა და მწერლის გარდა, პოეტიცაა. ყოველდღიურობის პოეტურ ჩარჩოში მოქცევას თავშეკავებული იუმორით ცდილობს. მის პოეზიაში რეალობის მოულოდნელი ხედვა და ცრემლიანი ღიმილი იკითხება.

მაია სარიშვილის შემოქმედებამ ფესტივალის ორგანიზატორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: მისი პოეზია ძლიერი ფსიქოლოგიური ხატებითა და უჩვეულო პირდაპირობით გამოირჩევა. მაიაც ეხება რეალობას, თავის ლექსებში ქალის ძალასა და სულიერ არსს იკვლევს.

რატი ამაღლობელს თანამედროვე ქართული პოეზიის დერვიშს ვუწოდებ: იმ ბერს ვადარებ, რომელიც მუსლიმურ რელეგიაში ლოცვას, მუსიკას და ცეკვას აერთიანებს. რატი თითქოს დროის საწინაღმდეგოდ წერს: გარეგნულად თავისი მუსიკალურობით აღმოსავლურ, კლასიკურ პოეზიას უახლოვდება, შინაარსობრივად კი ისეთ კლასიკურ თემებს ეხება, როგორიცაა სიყვარული, რწმენა და სულიერება. ცხადია, რომ სამივე პოეტი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. საინტერესოა, როგორ გაჟღერდება ეს ცოცხალი, თანამედროვე და ჭრელი ხმა საქართველოდან როტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.poetry.nl

ავტორი: ინგრიდ დეხრავე

7 პრუსტის კითხვარი

▲back to top


ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

გაიოზ კანდელაკი თბილისის მუნიციპალიტეტის საკონცერტო ორკესტრის (ბიგ ბენდი-) დამაარსებელი, მთავარი კონსულტანტი

1. როგორი წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?

პირველ რიგში, ყოველგვარი სატანური წარმონაქმნების გარეშე, რათა არ იყოს ბოროტება.

2. თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან?

დონ კიხოტი, დარტანიანი, დათა თუთაშხია.

3. თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი?

მეფე ერეკლე.

4. ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?

თვითონ ჩვენ ადამიანები.

5. თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ?

სიკეთე, პროფესიონალიზმი.

6. თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება?

არ განსაჯო.

7. ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია.

თვითკმაყოფილი ამპარტავნობა.

8. თქვენი საყვარელი საქმიანობა.

ქართული ხელოვნება და ჯაზის პოპულარიზაცია.

9. არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?

მეცენატი.

10. თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?

მოთმინება.

11. რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?

გულახდილობას.

12. თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?

მოთმინება.

13. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?

ნარკომანია და რელიგიური ფანატიზმი.

14. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

საქართველოში ან სადმე კუნძულზე.

15. თქვენი საყვარელი ფერი?

მუქი ლურჯი.

16. თქვენი საყვარელი ყვავილი?

იასამანი.

17. ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპატიურად ხართ განწყობილი?

ლენინი.

18. რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოებული?

ვქმნიდე ჯაზურ კომპოზიციებს.

19. როგორ სიკვდილს ისურვებდით?

უეცარს (ძილის დროს).

20. თქვენი დევიზი?

კაცთმოყვარეობა.

21. რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

მეგობრების ღალატის, თვალთმაქცობის.

22. საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ?

დონ კიხოტს.

23. რომელი წიგნის ავტორი იქნებოდით?

„კაცია ადამიანის“.

24. თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?

აღფრთოვანება.

25. რა შემთხვევაში ცრუობთ?

როცა სიცრუეს სიკეთე მოაქვს.

26. ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ საუბარში რომელ ფრაზებს იყენებთ?

არ დავკვირვებივარ.

27. რას ნანობთ ყველაზე მეტად?

რომ არ ვისწავლე კონსერვატორიაში.

28. განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

არაფერსაც.

29. რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?

შვილებს და შვილიშვილებს („ბიგ-ბენდის“ დაარსებას).

30. რაზე ოცნებობთ?

თბილისის მუნიციპალიტეტის „ბიგ-ბენდის“ გასტროლებს ამერიკასა და ევროპაში.

8 მისამღერის გარეშე

▲back to top


კომენტარი

0x01 graphic

ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი

„აქეეთ გოორასა წიხლსა ვკრაავ, იქიით გოორასა ძვრას ვუზაამ! ა-დი-დე-ბულ-საა-რაგვ-სა, და-ვა-ყე-ნებ, ყლაპს ვუზაამ!“ - ასეთი განწყობით უყურებდა სიამაყისაგან მკერდგამობერილი სრულიად საქართველო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევ კონკურსს. ორგანიზატორებმა ტელედღიურებით ისე გაგვაბრუეს, სკეპტიკოსებიც კი გალღვნენ, რითაც ერთიორად გაიზარდა განუმეორებელ ქართველ მეზღაპრეთა რიგები. ევროვიზიის ფინალში ქართული დელეგაცია (მისი პრომოუტერის ტერმინოლოგიით) სიხარულისაგან „ძაან სერიოზულ ცრემლებს აღვარღვარებდა“ და უკვე იმაზე ფიქრით იყო დაკავებული, ფინალში პირველ ადგილზე გასულ საქართველოს სად და როგორ უნდა ჩაეტარებინა მომავალი ევროვიზია-2008. ისე ჩანდა, რომ ქართული „ჰარტვოლის“ არქიტექტურული მაკეტი უკვე მზად თუ არა, იდეაში მაინც ჰქონდათ მოფიქრებული - „აქანა სტენკას დავდგამ, იქანა ტროიკას“ დონეზე კი არა, არამედ ძაან სერიოზულად. ქართულ კრეატიულ დელეგაციას ეგ გაუჭირდებოდა?!

ნახევარფინალში სკეპტიკოსები მეზღაპრეებს აშკარად გაემიჯნენ და ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. უკვე გასაგები გახდა, რომ „24 კონკურსანტს შორის თავიდანვე ფავორიტად აღიარებულ ქართველ მომღერალს“ ფინალის თუნდაც ათეულში მოხვედრა გაუჭირდებოდა, იმიტომ კი არა, რომ სხვებზე, თუნდაც ვერკა სერდიუჩკაზე, ან რუსულ ჯგუფზე ნაკლები გახლდათ. გამოვიდეთ ილუზიის მომთენთავი ტყვეობიდან და ვთქვათ, რომ ევროვიზიის მსგავსი კონკურსები უმეტესწილად ტარდება არა იმდენად შემოქმედებითი ხარისხის გარკვევის, არამედ გარკვეული ქვეყნებისათვის პოლიტიკური მხარდაჭერის, იგნორირების, ან ანგარიშგაწევის მიზნით. ევროვიზიის ფინალზე ეს კარგად გამოჩნდა. აკი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის იდეის ფრანგი ავტორიც თავის დროზე გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანასა და ევროპის ქვეყნების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ასე რომ, ჩვენს მეგობრობაზე შეშლილი მოძმე პოსტსაბჭოთა თუ ევროპული ქვეყნების (მათ შორის, ჩვენი „მძახალი“ ჰოლანდიის) მიერ მოვალეობის მოხდის მიზნით ძლივს გამომეტებულ 1-დან 6 ქულამდე შეფასებაში მკვეთრად გამოჩნდა ევროპისა თუ მეზობელი ქვეყნების დამოკიდებულება და ინტერესი მზიური საქართველოსადმი.

აქამდე, სულ მჯეროდა ჭაბუა ამირეჯიბის, ობოლი და უნათესავო ერი ვართო, რომ ამბობდა, მაგრამ როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდზე, სპეციალურად ევროვიზიისათვის გახსნილ საიტს გადავხედე და სლოგანით „თქვენთვის და თქვენთან ერთად ევროვიზიაზე“ საქართველოს შესახებ ინფორმაცია წავიკითხე, ვიფიქრე, საიდან მოიტანა ნობელის პრემიის ნომინანტმა ეს აზრი, როცა აგერ, გარკვევით წერია: „საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს, ქართველები ამ მიწას ღმერთისაგან ბოძებულს უწოდებენ. ქართული ლეგენდის მიხედვით ღმერთმა ხალხებს მიწები გაუნაწილა. ქართველებს დააგვიანდათ და უფალთან მაშინ გამოცხადდენ, როცა მიწები განაწილებული იყო, მათ კი გულწრფელად აღიარეს, რომ ქეიფობდნენ და ღვთის სადღეგრძელოს სვამდნენ. ღმერთი აღფრთოვანდა და ქართველებს სამოთხის ნაწილი უბოძა. მას შემდეგ ხუმრობით იმასაც კი ამბობენ, ქართველების ბრალია, ღმერთს დედამიწაზე საცხოვრებელი კუთხე რომ არ დარჩა და იძულებული გახდა, ზეცაში ასულიყოო.“ ხომაა შედევრი?! ვის რაში სჭირდება ევროპა და ამერიკა, აზია, ავსტრალია ან ანტარქტიდა, როცა ჩვენი წყალობით მიწაზე საცხოვრებელდაკარგული,

მაგრამ, მაინც, აღფრთოვანებული ღმერთი დღემდე „ჩვენთან არს!“ ეტყობა, ქართველები ამჯერადაც ქეიფობდნენ და სურვილები და შესაძლებლობები ისევ ცალ-ცალკე გაექცათ, რეალობის გრძნობა კი ჩვენით აღტაცებულმა ღმერთმაც ვეღარ გამოიმეტა. როცა ჩვენი მომღერლის გამარჯვებას ვვარაუდობდით, მაშინ იმას ვამტკიცებდით, რა დიდი პატივი ყოფილა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა და ფინალისტობა. როცა ათეულშიც ვერ გავედით, ამგვარი აზრების ფრქვევა დავიწყეთ: უარი უნდა ვთქვათ ასეთ მდარე, მასებისთვის გათვლილ კონკურსზე, რომლისთვისაც ქართველი მომღერალი დიდი ფუფუნება აღმოჩნდა. ფორუმზე ბევრი ფიქრობს ასე: „მაინც დაგვჩაგრავენ, გაისადაც ის ბალკანელები იქნებიან, ის სომხური და თურქული დიასპორა, ის სლავური ძმობა, ის მოლდავურ-რუმინული, რუსულ-ბელორუსული და იუგოსლავური მეგობრობა, სკანდინავური ტოლერანტობა და ჩვენ რა შანსი გვექნება?“ თუ ჩავთვლით, რომ ქვეყნებს შორის ძმობა, მეგობრობა და ტოლერანტობა ასაგდები ცნებებია, მაშინ მართლა არანაირი შანსი არ გვექნება და წესით, არც უნდა გვქონდეს.

სხვათაშორის, ასეთ კონკურსში მონაწილეობას და პრომოუშენს მაღალი ინფორმაციული კულტურა და პასუხისმგებლობა სჭირდება, თუნდაც საკუთარი ქვეყნის შესახებ განთავსებული ინფორმაციის მიმართ. ცნობისათვის, ქართულ დელეგაციას ევროვიზიის კონკურსის 50 წლიანი არქივისათვის რომ გადაეხედა, ადვილად მიხვდებოდა იმ ზოგად ტენდენციებს, რომელიც მხოლოდ ფინალის დღეს შეამჩნიეს.

თუკი ცრუ მოლოდინით იმედგაცრუებულ ქართველებს ეს მაინც დაამშვიდებს, ვეტყვი, რომ ამ 10 წლის წინათ, როცა ალა პუგაჩოვამ ევროვიზიაზე ვერ გაიმარჯვა, არტიომ ტროიცკის ასეთი რამ უთქვამს: Нельзя посылать шапку мономаха на выставке бижутерый.

ისე, ევროვიზიაზე, რომელიც 1956 წლიდან ტარდება, როცა SMS-ები ბუნებაში არ არსებობდა, რა კრიტერიუმებით იმარჯვებდნენ, ნამდვილად არ ვიცი. ამ ცივილიზაციამ და ტექნიკურმა პროგრესმა დაგვღუპა, თორემ, იქნებადა ქართული ხალხური ჩაწყობა ან ზღაპრები მართლა გამოგვდგომოდა, მით უფრო, როცა ლტოლვილი ღმერთიც ისევ „ჩვენთან არს!“ ჩვენი ილუზიების წყალობით, სხვაგან, აბა, სად წავა?!

9 ცოდნა VERSUS უმეცრება და ტოლერანტობა VERSUS ჰომოფობია

▲back to top


კომენტარი

ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი

0x01 graphic

REUTERS

ჰომოფობიაზე საუბარს ბევრი გაურბის. ზოგი ხელებს ასავსავებს: ჰომოსექსუალი ავადმყოფი და ზნედაცემულია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ საზოგადოებასო, ზოგი - უხერხულად იღიმება და წითლდება. ზოგი კი ამ საკითხებზე კვალიფიციური აზრის გამოთქმას და ოპონირებასაც ერიდება, რადგან ეშინია, ვინმე ნეობოლშევიკმა არ ჰკითხოს: რაღაც ისეთი გულმოდგინებით ლაპარაკობ, შენ თვითონ ხომ არა ხარ მაგ ჯგუფის წევრიო? მაგრამ, თუ გინდა რეალისტი იყო, უნდა ჩაერიო კიდეც, უნდა გამოხატო შენი შეხედულება, თუნდაც შიში, და იმოქმედო სიძულვილის წინააღმდეგ. სწორედ შეხედულებების, პოზიციების სიმრავლე ბადებს ცოდნას და ებრძვის უმეცრებას.

ინგა გრიგოლიამაც მოახერხა და 2003 წლის 4 ივლისს, ამ თემაზე სასაუბროდ რამოდენიმე ადამიანი დაიყოლია. სწორედ მათ მიერ დაფრქვეული „მარგალიტები“ მინდა გაგახსენოთ.

სანდრო ბრეგაძე, ფრაქცია აღორძინება:

„ეს (ჰომოსექსუალობა) არის სერიოზული პრობლემა... მე საკითხს ასე დავსვამ - რამდენად პრესტიჟულია ჰომოსექსუალიზმი დღეს საქართველოში? პოლიტიკიდან დაწყებული, კულტურის და ხელოვნების მუშაკებით დამთავრებული, ბევრი ადამიანი ჰომოსექსუალიზმის ნიშნით იკეთებს გარკვეულ კარიერას. (აქ ორატორმა გაიხსენა ფრანგული ფილმი, სადაც, მისი თქმით, წარუმატებელი ჰეტეროსექსუალი პირველხარისხოვანი ადამიანი ხდება მას შემდეგ, რაც თავს ჰომოსექსუალად გაასაღებს, ხოლო მიზანსწრაფული, რეგბისტი მაჩო მეორე პლანზე ინაცვლებს)... საშა პარიკმახერი, რომელმაც მოიტყუა, რომ ჰომოსექსუალისტია, ამის შემდეგ წამოვიდა კლიენტები... ეს სომეხი, რომელიც ავლაბარში უნდა ყოფილიყო პარიკმახერი, გადამიქციეს მე თბილისში ერთ-ერთ პრესტიჟულ ადამიანად... მერე ეს საშა წერს, რომ ქმნის გეი კლუბს, სადაც ყველა უნდა გაერთიანდეს. ეს არის დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ... ეს არის სექტა, რომელთაც ერთმანეთის გატანა უფრო შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ, ნორმალურ ადამიანებს. ეს სექტა წარმოაჩენს უნიჭო ადამიანებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ იმ ღირებულებების დეგრადირება, რომელიც არსებობს.

მე, სიმართლე გითხრა, გულის სიღრმეში შეიძლება დიდი სიამოვნებით დავეთანხმო ადოლფ ჰიტლერს, რომელმაც რამოდენიმე გემი გაგზავნა ზღვაში და ჩაძირა, სადაც გარკვეული ადამიანები იყო თავმოყრილი. ამავე დროს ვერ გავიზიარებ იმას, რომ პარლამენტში მოგვდის ევროსაბჭოდან რეკომენდაციები, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ჰომოსექსუალისტებს. და ეს იყო რამდენიმეჯერ გამოგზავნილი. მე ვთვლი, რომ საკანონმდებლო ბაზა უნდა იქნას მიღებული, რომლითაც ამ ადამიანებს ჩაუტარდებათ იძულებითი მკურნალობა და თუ არ განიკურნებიან, მაშინ....

... მე ვზრუნავ ჩემს შვილზე, რადგანაც ეს აღიქმება მომდევნო თაობებისთვის რაღაცად, რაც შეიძლება მისთვის გახდეს წარმატების მოპოვების საწინდარი. არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში ისინი ნიჭიერები არ არიან, ისინი არიან ნეუდაჩნიკები, წარმატე ბას სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებულების წყალობით აღწევენ... მე ვიცი, რომ საქართველოში რამოდენიმე მინისტრი დანიშნულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა გარკვეული კონტაქტი ერთერთ ჰომოსექსუალისტთან..

საკუთარი შეხდულება ფეშენის სფეროში მოღვაწე ნინო ჩქარეულმაც გამოთქვა: ნამდვიკომენტარი ლად ვერ ვიქნები ლოიალური ამ პრობლემის მიმართ იმიტომ, რომ საქართველო ტრადიციული, მართლმადიდებლური ქვეყანაა. კაცმა არ უნდა დაკარგოს კაცურობა და ქალმა - ქალურობა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვროს. (სტილი დაცულია. .)

0x01 graphic

REUTERS

პოეტი დავით გოგიბედაშვილი:

... თუ კი ქალბატონები დარჩებიან კაცების გარეშე, ხომ გადავშენდებით, ისედაც ცოტანი ვართ?..

... თუ კი ქალის და კაცის ურთიერთობა არის ბუნებრივი, რადგან მოაქვს ნაყოფი, ამიტომ არ შეიძლება „+ და + / „ - და -“ იყოს ბუნებრივი, ნაყოფი არ მოაქვს, განვითარება არ ხდება. ანუ ავხორცულად აღტყინება, ახურება ამაზე და ამის თავსმოხვევა, რომ „მე ინვალიდი ვარ“ თუ „მე უბრალოდ ასეთი ვარ“ თუ კიდევ ემატება „მე გარყვნილი ვარ“. მანკიერი არის მაშინ საზოგადოება, რომ ასეთი ხალხი ორგანოზაციას აიღებს თავის ხელში და დაიწყება ამის დანერგვა, რაც ხშირად ხდება. მანკიერი და მომაკვდინებელი ცოდვა გულისხმობს ბუნების საწინააღმდეგო ცვლას, ანუ რაც არ არის მეცნიერული, რაც არ არის ადამიანთან მიახლოებული მისი მისწრაფებით და სურვილებით.

თუ კი მიდრეკილება აქვს ამ კაცს ამისი, მე საშიშროება არ უნდა შემექმნას. მე დღეს მოქალაქეს მექმნება საშიშროება იმაში, რომ ვიცი არსებობს რაღაც ორგანოზაცია, კასტა, რომელიც იმართება და ფინანსდება....

მე, რომელიც ვეტრფი ქალს, მესამე ცოლი მყავს... მე მგონია გარყვნილი კუთხით მომრავლდნენ (ჰომოსექსუალები). აგრესია მათი მხრიდან უფრო არის. მალე შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სექსუალური უმცირესობა... (სტილი დაცულია. .)

ნიკა ქავთარაძე (მაშინ რადიო 101-ს წარმომადგენელი) ჰომოსექსუალებისადმი შიშს ამ საკითხის უცოდინარობით ხსნიდა და ამტკიცებდა, რომ 5-6 წლის წინ საქართველოში საყურიანი მამაკაცებისაც ეშინოდათ, მაგრამ მერე ვიღაცეებმა გაიცნეს ასეთები, ერთად იქეიფეს, პახმელიაზე ხაში ჭამეს და მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივები არიან. მათ წინააღმდეგაც იგივეს ამბობდნენ, რომ შემოდის რაღაც გაუგებარი და ვიღუპებითო. მე მქონდა შაყირი, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოში პიდარასტები უფრო მეტნი არიან-მეთქი, ვიდრე ჰომოსექსუალები. ჰომოსექსუალი საშიში არ არის, რადგან მას არც პოლიტიკაზე და არც იდეოლოგიაზე ზემოქმედება არ შეუძლია. საშიშები არიან ღიპიანი და ულვაშებიანი ბიძები, რომლებიც პოლიტიკას გეგმავენ და ახორციელებენ. (სტილი დაცულია. .)

ინგა მთელი ეთერის განმავლობაში მოუწოდებდა სტუმრებს, ამავე გადაცემაში გასული სიუჟეტის გმირზე, ჰომოსექსუალზე ესაუბრათ, რომელიც ძალადობისა და იზოლაციის მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალ და რეალურ ადამიანებზე საუბარი არ შეგვიძლია, წარსულზე და მიცვალებულებზე, რამდენიც გინდათ!

ბოლო სიტყვა ინგამ ნინოს ჩქარეულს მისცა. პოეტ დავითს მღელვარება დაეტყო - ეპილოგზე პასუხისმგებლობა ქალს ვერ მიანდო, ყურში რაღაც უჩურჩულა და სთხოვა - საქვეყნოდ გამოაცხადეო, რაც ნინომ ფრიადზე შეასრულა: „მამაკაცებო იყავით ფხიზლად! არ დაკარგოთ თქვენი კაცურობა და ხიბლი!“ - თქვა მან და წამყვანიც დაგვემშვიდობა.

ამ გადაცემას არანაირი საზოგადოებრივი გამოხმაურება არ მოჰყოლია ისევე, როგორც გოჩა ფიფიას გამოსვლას - პარლამენტარების წარმომავლობის შესახებ დოსიეების შექმნის თაობაზე. ჩვენ გადავყლაპეთ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მოსაზრებაც, რომ საქართველოში პირველ პოზიციებზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველები უნდა იყვნენ და რომ მისთვის „წითლები“ უფრო მისაღებია, ვიდრე - „ცისფერები“ და აკაკი ასათიანის „შავი ქალიც“!

ასეთი აზრების კრიტიკის გარეშე შეუძლებელია ჰომოფობიის (ჰომოსექსუალების მიმართ ირაციონალური, ფანატიკური შიში და სიძულვილი) დაძლევა. გაუცნობიერებელი შფოთვების მოხსნა კი მხოლოდ გონების, ცოდნის ძალით შეიძლება. მთავარი სწორედ ამ შიშის გაცნობიერება და დაძლევაა. ვინ უნდა იბრძოლოს, ვისი სახელით და როგორ? საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ ჯგუფის თანასწორი მონაწილეობისთვის სამი პირობაა საჭირო: ამ ჯგუფის ხილულობა (coming out), მათ მიერ მათი პრობლემების სახელდება და ამოთქმა (naming and speak out) და ამ პრობლემების მოგვარებისთვის ქმედება (acting). მშვენივრად მესმის, თუ როგორ რისკს უკავშირდება ჰომოსექსუალის თვითპრეზენტირება და საკუთარი სახელით ლაპარაკი. მაგრამ ასევე მესმის, რომ მხოლოდ ამით შეიძლება დაიძლიოს ეს მისტიკური, უგუნური თეორიები ჰომოსექსუალების, როგორც განსაკუთრებით საშიში ადამიანების მიმართ, რომელთაც, თურმე, როგორც კეთროვანებს ისე უნდა ერიდო. ვეღარც ტვინგაცხელებული იდეოლოგები და პოლიტიკოსები გაგვაცურებენ თავიანთი შეგონებებით, რომ ადამიანი მისი ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით უნდა შევაფასოთ და არა - გონებრივი მონაცემებით. დასრულდება შუასაუკუნეობრივი სიბნელით გაზავებული საყოველთაო მსჯელობა იმაზე - ვის როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს. სექსუალობა ადამიანის პირადი საქმეა. საზოგადოებას კი უნდა აინტერესებდეს ადამიანი, როგორც პროფესიონალი და მოქალაქე.

ამ ადამიანების მიმართ ტოლერანტულობა ჰუმანიზმის პროპაგანდაა და არა - ჰომოსექსუალობის. ამავე დროს ეს არის გაცნობიერებული უარი რასისტულ და ქსენოფობიურ იდეალებზე, შენთვის უცხო, შენგან განსხვავებული ადამიანების სიძულვილზე. ჰომოფობია რომ კაცობრიობის ამ მანკიერებებთანაა კავშირში, კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ რამოდენომე დღის წინ, ისევ ინგა გრიგოლიას სტუმარმა მამუკა გიორგაძემ, (იგორ გიორგაძე არ გეგონოთ!). იგი ეკლესიის დანგრევის ფაქტს ეხმიანებოდა (რაც ნამდვილად ვანდალიზმია) და თქვა, რომ ხელისუფლებას უნდა საქართველო გაურკვეველი სარწმუნოების, გაურკვეველი სქესის და გაურკვეველი რასის ქვეყნად აქციოსო. ეს აზრი არცერთ თანამოსაუბრე პოლიტიკოსს (ფიქრია ჩიხრაძე და სალომე ზურაბიშვილი) არ გაუპროტესტებია.

ჩვენ კი მოვდექით და ვაპროტესტებთ, მაგრამ ვინ გვისმენს?

10 ეგ ბაბუ თქვენ ცოცხალი ხომ არ გგონიათ, პატივცემულო პროფესორო?

▲back to top


კომენტარი

გზავნილი მომავალ კინორეჟისორებს

ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი

ივლისი ახლოვდება. ყველაზე ცხელი თვე იმათთვის, ვისაც სჯერა, რომ სილამაზე იხსნის სამყაროს და ე.წ. „სახელოვნებო სასწავლებლებში“ აპირებს სწავლის გაგრძელებას. შეიძლება, არ სჯერა, ან, საერთოდ არ გაუგია ასეთი გამოთქმა, მაგრამ სხვა არაფერი ეხერხება ცეკვა-თამაშის გარდა... და აბა რა უნდა ქნას? ეგება, ბედმა გაუღიმოს და სახელოვანი ქართველი არტისტების არმიის წევრი გახდეს. ხომ ხედავთ, რა დღეში არიან სატელევიზიო პროექტის, „დასის“ მონაწილეები? რუსთაველის თეატრის სცენაზე მოხვედრის მიზანმა ყველა საშუალება უნდა გაამართლოს!

თუმცა, თეატრთან მე არაფერი მესაქმება. იცეკვონ, ითამაშონ და რამდენიც უნდათ იმდენი იძახონ „მიიიიი-ყვაააა-რხაააარ!“... მაგათ არც სამყაროს ხსნა შეუძლიათ და არც დანგრევა. ბერტოლდ ბრეხტი 50 წლის წინ მოკვდა.

კი. ასე ვამბობთ (ჩვენზეც ამბობენ) - ქართველები თეატრალური ერი ვართ, ვქეიფობთ, ვასაფლავებთ, რევოლუციებს ვაწყობთ, ვომობთ - მაგრამ სულ სცენაზე ვართო... ფაქტია, პოპულარობით კინოს საქართველოში ვერც ერთი ხელოვნება ვერ შეედრება და ისიც ფაქტია, რომ სწორედ კინომ შეგვიქმნა ერთი სერიოზული პრობლემა, რომელმაც ამ გაზაფხულზე ლამის მესამე მსოფლიო ომი დააწყებინა კაცობრიობას.

ადრე უნდა ეფიქრა ამ „კაცობრიობას“... როცა, მაგალითად, ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ნახა.

„შენი ჭირიმე, ჟორჟიკა, როგორ ჰგავს!“... ხომ გახსოვთ, მომავალო კინორეჟისორებო? იქნებ, ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტეთ კინორეჟისორობა? ბევრი იცინეთ ცხედრების ამ ვერნისაჟზე და ქართველი ჭირისუფლის განსაკუთრებულ უნარზე, საკუთარი თავი იზიდას კულტურის პირდაპირ მემკვიდრედ გამოაცხადოს.

თავის დროზე ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ალბათ, საბჭოთა ესტონეთშიც აჩვენეს. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ესტონელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სივრცეში იმყოფებოდნენ ფილმში ბევრი რამ დარჩა გაუგებარი. ესტონელისთვის, როგორც ევროპელისთვის, კედელზე დაკიდებული ბაბუს სურათი იგივე არაა, რაც ბაბუ... ესტონელს მით უმეტეს არ ესმის, რატომ ითვლება გარდაცვლილი ბაბუს შეურაცხყოფად მისი სურათის გადატანა, დავუშვათ, საწოლი ოთახიდან სასადილო ოთახში.

0x01 graphic

ძველ რომში ასეთი ტრადიცია იყო - დაპყრობილ ქვეყნებში რომაელები ბოძებს დგამდნენ. ეს იყო იმპერიის სიმბოლო, რომლის დაზიანება დანაშაულად ითვლებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გათავისუფლებულ ქვეყნებში მრავალი ასეთი სიმბოლოს დემონტაჟი მოხდა. რუსეთშიც კი, მოსკოვთან ახლოს ამას წინათ, ხიმკის რაიონიდან გადაიტანეს საბჭოთა არმიის მეომრის ძეგლი. თუმცა, ამას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. რუსეთში, ომში დაღუპულ მეომართა სასაფლაოები, განსაკუთრებით პროვინციებში - მოუვლელია, რამაც სულ არ შეუშალა ხელი რუსეთის ხელისუფლებას განეცხადებინა, რომ „რუსეთი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმ ჯარისკაცების დასაცავად, რომლებმაც თავი გაწირეს ესტონეთში ნაციზმთან ბრძოლაში“.

ბრინჯაოს კერპის აღქმა ცოცხალ ორგანიზმად, რომლის დემონტაჟი, რუსეთის ოფიციალური წრეების განცხადებებს თუ გავიხსენებთ, „ეწინააღმდეგება ადამიანური მორალისა და ჰუმანიზმის ელემენტარულ პრინციპებს“, ნეკროფილიის გამოვლინებააო, აგვიხსნეს ქართველმა ლიბერალებმა. ტინისმიაგის ბორცვზე განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყოო, რომ რუსეთს, სადაც მიცვალებულები დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჰყავთ დასაფლავებული („წითელი მოედანი“ ხომ სასაფლაოა!), ისევ ირაციონალური იმპულსები მართავს, მთავრობა კი ხელისუფლებას ადამიანთა მართვით ინარჩუნებს, ე.ი. ადამიანს აღიქვამს, როგორც ყოველგვარ ნებას, შემოქმედებით იმპულსს მოკლებულ ორგანიზმს, რომლის მანიპულაცია არ მოითხოვს დიდ ძალისხმევასო.

მაგრამ რუსეთთან ჩვენ რა გვესაქმება? იჩხუბონ, ამტვრიონ ესტონური მაღაზიების ვიტრინები მოსკოვში და რამდენიც უნდათ იმდენი იძახონ „ოპიატ რასიუ უნიჟაიუტ“... მაგათ უკვე აღარ შეუძლიათ სამყაროს ხსნა და დანგრევა. ყველა რევოლუციონერი მკვდარი ჰყავთ.

ჩვენ ჩვენსას მივხედოთ - „კინემატოგრაფიულ სივრცეს“, სადაც კინორეჟისორის პროფესია კვლავაც პრესტიჟულად ითვლება.

არა, ჩემო მომავალო კოლეგებო (ასე ვთქვათ - თითქმის კოლეგებო)... იმას არ ვამბობ, რომ მოდას აჰყევით და ამიტომ გადაწყვიტეთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩაბარება. თანაც, პირადად მე არასდროს მესმოდა, რა არის სამარცხვინო მოდაში, რატომ ქილიკობენ ლიბერალი-ინტელექტუალები იმათზე, ვისაც ზედაპირულად მაინც უნდა იყოს დროის ადეკვატური, ვისაც გამორჩეულობის ვნება არ ტანჯავს?

განსაკუთრებულობის ამ განცდიდან იწყება ხოლმე „ოპიატ როსიუ უნიჟაიუტ“, განსაკუთრებულობის განცდა ბადებს ნარცისებს, რომლებიც მთელ სამყაროს დებენ ბრალს საკუთარ წარუმატებლობაში, განსაკუთრებულობის განცდიდან მივდივართ იქამდე, რასაც ჭკვიანმა ხალხმა „ნეკროფილია“ უწოდა.. ამ განცდას საოცარი უნარი აქვს გავრცელდეს, გაზარდოს მასშტაბები და იქამდეც მიაღწიოს, სადაც, ტრადიციულად სიცოცხლეს, სიხალისეს, სიჭრელეს აფასებდნენ.

„სასახლე, ექსპრეზიდენტის ცხედარით, ტაძრის ცენტრში დააბრძანეს!“

გადარბენა-გადმორბენისგან დაღლილი ქართველი ჟურნალისტის ამ ფრაზაზე ჩვენს ლიბერალ-ინტელექტუალებს („ექსპერტებს“ რომ ეძახიან ჩვენში) კომენტარი არ გაუკეთებიათ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გვამის ჯერ ეგსჰუმაციის, შემდეგ გროზნოდან საქართველოში გადმოსვენების, შემდეგ მისი დაკრძალვის ადგილის შერჩევის ერთკვირიან რიტუალს „ექსპერტი-ანალიტიკოსები“ დემონსტრაციულად გაემიჯნენ. თუმცა, მოგვიანებით, როცა პირველი პრეზიდენტის სასახლეს ადგილი მიუჩინეს, ექსპერტებმაც გამოიღვიძეს; ზოგმა ჯაბა იოსელიანი გაიხსენა, ზოგმაც გრიბოედოვი.

გადასვენება-გადმოსვენების თემა ჯერ საქართველოს პარლამენტმა, შემდეგ კი რუსეთის დუმამ აიტაცა.

0x01 graphic

პრინციპში, ყველაფერი ეს არახალია - სივრცეში, სადაც ირაციონალური ძალები მეფობენ, ხშირად ხდება ხოლმე მასების ყურადღების გადატანა როგორც მიცვალებულების აქეთ-იქით ტარების რიტუალზე, ასევე ბრინჯაოს ძეგლებზე, რომლებმაც საზოგადოება წარსულში უნდა დააბრუნონ.

მაგრამ ჩვენ მასებთან რა გვესაქმება? მასებს შეუძლიათ „სადა ხარ ჩემო სულიკოც“ ისე დაამღერონ, რომ კაცს ტვისტის, ან როკენ-როლის ცეკვის სურვილი გაუჩნდეს. დღეს ტირიან, ხვალ „ილეკურებენ“, როგორც „ელისოში“. ჩვენს მასებს დღეს სამყაროს ნგრევა აღარ შეუძლიათ - დაიღალნენ! აშენებით კი - როგორ აშენებენ და რას აშენებენ, ამას ხომ ვხედავთ? სტილი დიდი ხანია მოკვდა. ძველ სტილში „ქექვა“ კი იმ მდგომარეობას ჰგავს, ჩვილს რომ გაეღვიძება შუაღამეზე დედის გვერდით და გაოცებული რომ მიაშტერდება - რა ჭირს დედას? მკვდარია? მერე კი, მრავალი წლის შემდეგ სასიყვარულო პარტნიორსაც ცხედრად გადააქცევს... რადგან, ასე უფრო ადვილია სიყვარული - მკვდარი არასდროს გიღალატებს!

არა, მეგობრებო. „კინოშნიკებს“ ამას როგორ დავაბრალებ! „კინოშნიკებმა“ არ დასცინეს პირველად მკვდრის ამოთხრისა და გადასვენება-გადმოსვენების რიტუალს „მონანიებაში“? იმხანად შეიძლება არ დასცინეს - მხოლოდ იწინასწარმეტყველეს... მაგრამ შეხედეთ დღეს ამ ფილმს, ის ქართველი ჟურნალისტი გაიხსენეთ, „სასახლე დააბრძანესო“ რომ გაჰკიოდა მიკროფონში, და აუცილებლად გაგეცინებათ. მერე შეგიძლიათ, ალმოდოვარის „მატადორსაც“ გადახედოთ - წარმოიდგინე, რომ მკვდარი ვარო, ეუბნება ქალი კაცს ლოგინში... და კაცსაც ეგრევე ტესტოსტერონი მოაწვება.

მართლა ყველა დროის ფილმია რა ჰიჩკოკის „ფსიქო“! რა უნდა ისწავლოთ ამაზე მეტი თეატრალურში - უყურეთ „ფსიქოს“ და რეჟისორის ხელობასაც დაეუფლებით.

მაგრამ თუ თქვენსას არ იშლით, ვიდრე თეატრისა და კინოს ცოდნის ტაძარში შეაბიჯებდეთ (პრინციპში ამ ტაძარსაც „სასახლე“ შეიძლება ვუწოდოთ, არა?), უმორჩილესად გთხოვთ, დაფიქრდეთ, რატომ გვიყვარს ასეთი გაგიჟებით ქართველებს კინო? იმიტომ, რომ სიცოცხლის მოყვარული („ვაზის“) ერი ვართ და კინოს სიცოცხლის ინტერპრეტაციის მოდელად აღვიქვამთ, თუ პირიქით - იმიტომ რომ ჩრდილების, უფრო სწორად, აჩრდილების სიყვარულით გვიდგას სული.

არ გეწყინოთ, მომავალო „კინოშნიკებო“, მაგრამ, მაინც უნდა გკითხოთ - ცხედრების სიყვარულმა ხომ არ გადაგაწყვეტინათ კინორეჟისორობა?

0x01 graphic

გულწრფელები რომ იყოთ თქვენს თავთან და მართლაც კარგი კინოს გადაღება რომ შეძლოთ, იქნებ დაფიქრდეთ, მართლა გჯერათ, რომ რეალობის აღბეჭდვას შეძლებთ თქვენს ფილმებში? განა შეიძლება „მუმიფიცირებული სამყარო“, „აღბეჭდილი სამყარო“ იყოს „რეალობა“? ამით ხომ მხოლოდ გაორმაგდება ის, რასაც „რეალობის ილუზია“ ჰქვია? და თუკი, არ აპირებთ ამ რეალობის აღბეჭდვას, თუკი თვლით, რომ ქართული ნატურა წარმავალია, ამიტომ არ უნდა აისახოს და, მითუმეტეს, არ უნდა გამრავლდეს, ამ შემთხვევაშიც დაფიქრება მოგიწევთ - ხომ არ გაშინებთ ეს ცვალებადი და ხშირად, არაპროგნოზირებადი რეალობა? ისე ხომ არ გეზიზღებათ უკვე გარემომცველი სამყარო, რომ კამერის ობიექტივში ასახვის ღირსადაც აღარ მიგაჩნიათ? ეგება გჯერათ, რომ თქვენი მომავალი ფილმის კადრში მხოლოდ ის მოხვდება, რაც მარადიულია, რასაც დრო ვერ ეხება? თუ ასეა, აქაც მოგიწევთ დაფიქრება - დიქტატორის კურსებზე აბარებთ? გინდათ, რაღაც აირჩიოთ და მერე, „არარჩეული“ მაგ არჩეულს დაუმორჩილოთ? „სასახლე“ გინდათ დააბრძანოთ კადრში და თქვენი მაყურებელი მის გარშემო ატრიალოთ?

ჰოო. კინო სარკეაო. ამას გვეუბნებოდნენ ჩვენი მასწავლებლები. სარკეში ვიყურებით და ჩვენს თავს ვხედავთო. მაყურებელსაც ვაიძულებთ, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს ვინ არისო... გვასწავლიდნენ და ჩვენც გვჯეროდა, რომ დიდ საქმეს ვაკეთებდით - კაცობრიობის თუ არა, კინომაყურებლის კათარზისზე ვზრუნავდით.

მერე ტელევიზიის ხალხი გაჩნდა. იმათაც დაიჩემეს, საზოგადოებას თავის თავს ვანახებთო. ისევ სარკეზე დაიწყო ლაპარაკი - ნარცისის, ე.ი. ყველაზე სახელგანთქმული ნეკროფილის, საყვარელ საგანზე!

მაგრამ სარკე ხომ ერთი უბრალო სიბრტყეა, მხოლოდ ანაბეჭდია (ბოდიშს ვუხდი პოპულარულ ჟურნალს), რომლის უკან არც სიღრმე ჩანს, არც ნიუანსები. სარკე ხომ მხოლოდ სტატიკაა. შემოქმედება კი ვერ იტანს გაშეშებულობას, სიცოცხლე ვერ იტანს ჩარჩოებს. რა გინდათ, ჩარჩოში აპირებთ ჩასვათ ჩვენი ისედაც შეზღუდული სინამდვილე, მომავალო „კინოშნიკებო“ და „ტელევიზიონშიკებო“?

ჟან-ლუკ გოდარი, ერთ-ერთი იმათგან, ვისთვისაც კინო ნეკროფილური ვნებების გამოხატვის საშუალება არ გახდა, წერდა, ჩვენ რიტორიკისა და ენის ტერორიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ და ამ მოვლენას პირველ რიგში ტელევიზია აძლიერებსო. თქვენი და ჩემი კოლეგები ბრწყინვალედ ახერხებენ ჩვენს მანიპულაციას უკვე „მონათლული“ საგნებითა და ადამიანებით. გოდარისგან განსხვავებით თქვენი და ჩემი კოლეგები არასდროს დაინტერესებულან საგნებითა და მოვლენებით „მონათვლამდე“, არ დაინტერესებულან იმ ბავშვით, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაარქვა სახელი დედიკომ და მამიკომ, არ დაინტერესებულან თავისუფლებით მონათვლამდე - ე.ი. მანამდე, სანამ ენის ტერორისტები მას „თავისუფლებას“ უწოდებენ. აბა, თუ მაგარი ბიჭები და გოგოები ხართ, გამოხატეთ ეს თავისუფლება, იგრძენით ეს თავისუფლება, შეიყვარეთ სიცოცოცხლე მისი გაჩენის დღიდანვე და არა მერე, როცა გახრწნას იწყებს და ტერორისტების საზღვრებში ექცევა!

ჩვენმა თაობამ (თქვენმა მომავალმა მასწავლებლებმა) ეს ვერ შეძლო. ჩვენ ისევ ჩრდილების სამყაროს ვეტრფით და მამების აჩრდილებთან ჭიდილში ელემენტარულ კითხვაზე ვერ გაგვიცია პასუხი - „ყოფნა თუ არყოფნა?“. ამიტომ, როცა თეატრალურ-კინემატოგრაფიული ცოდნის ტაძარში შემოაბიჯებთ, როცა ჩემი თაობის პირველ გაკვეთილებს მოუსმენთ, როცა პედაგოგები ბაბუს სურათის დახასიათებას დაგიწყებენ, ჰკითხეთ ერთი „ეგ ბაბუ თქვენ ცოცხალი ხომ არ გგონიათ, პატივცემულო პროფესორო?“

თუკი დაიბნა, შეიძლება გვეშველოს კიდეც!

11 თავმდაბალი გოგი

▲back to top


კომენტარი

(ანუ ელექტრიკები და ელექტრონშიკები)

ავტორი: დათო ტურაშვილი

0x01 graphic

კარგი ელექტრიკი ყველას სჭირდება, ვისაც საბჭოთა მანქანა ჰყავს (და არა აქვს) და რადგან ასეთები ჯერ კიდევ საკმარისად არიან საქართველოში, საქართველოს უამრავმა მოქალაქემ იცის, რას ნიშნავს სიტყვა ელექტრიკი, ელექტრონშიკისაგან განსხვავებით. ელექტრიკი სამგვარი არსებობს: კარგი, ცუდი და საშუალო. ელექტრონშიკებს შორის კი საშუალო და მითუმეტეს ცუდი გამორიცხულია, რადგან ელექტრონშიკი არ შეიძლება იყოს შემთხვევითი ადამიანი. შემთხვევითი ადამიანი ელექტრონულ მუსიკას არ წერს და შესაბამისად, ის ვერც გახდება ელექტრონშიკი, როგორც მათ თანამედროვე მუსიკის მოყვარულები უწოდებენ და ისინი საქართველოში, მართლაც ცოტანი არიან. ამიტომაც ადამიანები, რომლებმაც საქართველოში გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყეს, მართლაც ფანატიკოსები იყვნენ ამ სიტყვის ყველაზე ჯანმრთელი გაგებით. ისინი ცოტანი იყვნენ, მაგრამ ძალიან უყვარდათ მუსიკა და ძალიან უნდოდათ რომ მუსიკალური თვალსაზრისით მაინც, საქართველო თანამედროვე ქვეყანა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ იყო მთავარი, რაც ელექტრონული მუსიკის შექმნას სჭირდებოდა. გარდა ნიჭისა და სიყვარულისა, ელექტრონული მუსიკის შექმნას დენიც აუცილებლად სჭირდება და მაშინ კი საქართველოში იყო წყვდიანი, უკუნი და სიბნელე. ამიტომაც დღემდე დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ოთხმოცდაათიან წლებში ნიკა მაჩაიძემ ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო კონკურსი მოუგო სამოცი ქვეყნის ელექტრონშიკებს, რომელთაგან უმრავლესობა ყველაზე გაჩახჩახებული ქვეყნებიდან იყვნენ. ალბათ, ამ გაბრდღვიალებული ქვეყნების წარმომადგენლებს დღესაც გაუჭირდებათ იმის დაჯერება, რაც ახლა უკვე ღიმილისმომგვრელია, მაგრამ მაშინ გოგი ძოძუაშვილი ავტომობილის აკუმულატორსაც კი იყენებდა მუსიკის ჩასაწერად.

მაშინ ალბათ, ქართველი ელექტრონშიკებს ვერც წარმოედგინათ, რომ პოსტსაბჭოური საქართველოდან მხოლოდ მათი შემოქმედება გაარღვევდა იზოლაციის საშინელ ჯებირებს და მათი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი აღმოჩნდებოდა. გარდა ჩვენი განუმეორებელი მუსიკალური ფოლკლორისა, ქართული ელექტრონული მუსიკა ერთადერთი სერიოზული წარმატებაა საერთაშორისო, ინტერნაციონალურ ასპარეზზე ქართველ ელექტრონშიკებს ყველგან აფასებენ, საქართველოს გარდა.

საქართველოში კი მათ არც იცნობენ და მათ მუსიკას მხოლოდ ძალიან ცოტანი თუ უსმენენ, რადგან მსმენელთა უმრავლესობა მაჯლაჯუნებს დარჩათ, უმრავლესობას კი - საქართველო.

ეს უმრავლესობა ქმნის კიდეც გემოვნებას და აკონტროლებს ბიუჯეტს, საიდანაც მილიონები ისეთი მასკულტურის შექმნას ხმარდება, რომელიც მხოლოდ კულტურის ნგრევას იწვევს. ნორმალურ საზოგადოებებში კი ყველაფერი პირიქითაა. დასავლეთში სახელმწიფოები კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის განვითარებაზე ზრუნავენ და აფინანსებენ კიდეც არაკომერციულ კულტურას ჩვენგან განსხვავებით, სადაც საბჭოური ინერცია ჯერ-ჯერობით და ძალიან სამწუხაროდ, ყველგან და ყველაფერში არსებობს. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ ქართული ესტრადის ეგრეთწოდებული ვარსკვლავებიც გამუდმებით ითხოვენ დოტაციებს და როცა მათ დაფინანსებაზე უარს ეუბნებიან, ზოგჯერ ისე სწყინთ, რომ იბუტებიან კიდეც. ქართველ ელექტრონშიკებს კი არასოდეს მოუთხოვიათ თანხები ბიუჯეტიდან, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიულ კულტურას უფრო მეტად სჭირდება დოტაცია და ესპანეთშიც სწორედ ასეა, როგორც დანარჩენ ევროპაში.

ესპანელებმაც გოგი ძოძუაშვილი მადრიდის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, როგორც ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ისე მიიწვიეს და რა თქმა უნდა, ეჭვიც არ შეპარვიათ იმაში, რომ იგი სამშობლოშიც ისეთივე დაფასებულია, როგორც იმ ქვეყნებში, სადაც გოგი ძოძუაშვილის მუსიკას უსმენენ და უყვართ. თუ არ უყვართ, საქართველოსაგან განსხვავებით, აინტერესებთ მაინც და ეს ინტერესი მადრიდში იმდენად დიდი იყო, რომ გოგი ძოძუაშვილის კონცერტზე დამსწრე ქართველები, მართლაც ამაყები ვიყავით ქართველი მუსიკოსის გამო. საამაყო და სასიამოვნო იყო ისიც, რომ ფესტივალის პროგრამას სწორედ გოგი ძოძუაშვილი იწყებდა თუშეთში გადაღებული ფოტოთი, რომელმაც მისი კონცერტის დროს უზარმაზარი ინსტალაციით სცენის უკანა კედელიც დაამშვენა და კონცერტს კი უამრავი ადამიანი დაესწრო. ფესტივალი იმართებოდა მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ ხელოვნების ცენტრში და გოგი ძოძუაშვილის კონცერტს რომ ესწრებოდა, ასეთი კარგი ხალხი მანამდე მადრიდში, არასოდეს მინახავს. უფრო სწორედ ცალ-ცალკე კი მინახავს, მაგრამ ასე ტკბილად, ერთად შეკრებილი საუკეთესო მადრიდელები, სწორედ გოგის კონცერტზე ვნახე და მე კი შევიკავე თავი სიხარულის ცრემლებისაგან, მაგრამ ქართველი მუსიკოსის ესპანელ თაყვანისმცემლებს ტირილს მე ხომ ვერ დავუშლიდი და ისინიც ტიროდნენ, ცეკვავდნენ და ტიროდნენ.

კონცერტის დამთავრების შემდეგ კი იმ კმაყოფილმა და ბედნიერმა ესპანელმა ხალხმა ისეთი ოვაცია მოუწყო თავმდაბალ გოგის მადლიერების ნიშნად, რომ ქართველ მუსიკოსს უხერხულობისაგან თავიც არ აუწევია. ასე თავდახრილმა დატოვა კიდეც სცენა გოგი ძოძუაშვილმა და ალბათ მაშინ მაინც გაახსენდა (სულ ერთი წამით მაინც) ის ქვეყანა, სადაც შინაურ ელექტრონშიკებს შენდობაც არა აქვთ...

12 თაობათა კავშირი

▲back to top


დისკუსია

დროთა კავშირი დაირღვა, ჰორაციო! - ჰამლეტი

ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ვაჟა გიგაშვილი, თამუნა კორძაია, ქეთი სადღობელაშვილი, ზაზა ფირალიშვილი

ალბათ, არ არსებობდა ეპოქა, როცა ძველ თაობას ახალზე არ ეთქვა: ეს რა თაობა მოდის, ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი -კაცს, როგორ მეტყველებენ, რა აცვიათ, მათი არაფერი გვესმისო. ბუნებისა და ასაკის გარდაუვალობის კანონის თანახმად, ახალი თაობაც ხანში შედის და ახლა ის ამბობს: ეს რა თაობა მოდისო და იგივე მეორდება. ცნობილია ის დროც, როცა მამების მძიმე ბრალდებას: თქვენ, უსწავლელნო, ცრუ რუსთაველნო! რათ წაგვიბილწეთ ენა მდიდარი? მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის... შვილები ასე პასუხობდნენ: გვიან თუ მალე, დღესა თუ ხვალე, რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდება, მაგრამ კი თქვენი მრუდე საქმენი ისევ ისევე მრუდეთ დარჩება! როგორია, ჰა?!

თაობის ცნება - ეს არის ერთგვარი პირობითობა, რომელიც საერთო ასაკის მიხედვით აერთიანებს ადამიანებს, ეს არის გარკვეული ღირებულებების, მორალურ-ეთიკური მრწამსის, იდეების ერთიანობა თუ სულაც ხელოვნური ტერმინია. როდის წყდება კავშირი თაობებს შორის და არსებობს თუ არა დიალოგის მოთხოვნილება, რა როლს ასრულებს სახელმწიფო (თუ სახელისუფლო) პოლიტიკა თაობათა კონფლიქტში და როგორ შეიძლება მოხდეს დარღვეული კავშირის აღდგენა. დისკუსიაში მონაწილეობენ: მწერალი ვაჟა გიგაშვილი, ფილოსოფოსი, კულტუროლოგი ზაზა ფირალიშვილი და იურისტი თამუნა კორძაია (მონაწილეთა ასაკობრივი სხვაობა 20 წელია).

ზაზა - თაობაში ვგულისხმობთ გარკვეული მსგავსი პარადიგმებით გაერთიანებული ადამიანების ერთობლიობას, რომელთაც საერთო ლინგვისტიკა, საერთო სოციალური მეტყველება, უფრო მეტიც, საერთო კულტურის ენა უყალიბდებათ. გარკვეულწილად, სხვადასხვა პირველნიმუშების მატარებელი ჯგუფები დისტანცირებულებიც არიან ერთმანეთისაგან. დისტანცია საგრძნობია მაშინ, როცა სიტუაცია იცვლება და ადაპტაციის მექანიზმები ხდება სხვადასხვა. ბევრი რამ, რაც ჩემი თაობისათვის კულტურულად მიუღებელია, მისაღები აღმოჩნდა 10-15 წლით უმცროსებისათვის. მაგალითად, დამოკიდებულება რელიგიასთან, თავისუფლებასთან, იგივე სიტყვის თავისუფლებასთან, დამოკიდებულება თაობებს შორის ურთიერთობის პრობლემასთან. არის სიტუაციები, როცა ჩვენ ერთმანეთისა არ გვესმის. მუშაობა მიწევს 18-20 წლის ახალგაზრდებთან და მცდელობა იმისა, მივაგნო იმ კულტურის ენას, რომლითაც მათ უნდა ვესაუბრო, საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე მაყენებს. ვფიქრობ, როგორ ლინგვისტურ ქსოვილში გადავიტანო აზრი ისე, რომ მათთვის გასაგები გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სხვადასხვა სიბრტყეზე აღმოვჩნდებით და ერთმანეთს ვერ შევხვდებით, კონტაქტი არ შედგება.

ქეთი - ანუ სხვადასხვა დროსა და გარემოში მცხოვრებ ადამიანებს შორის კავშირის დარღვევა სრულიად ბუნებრივ მოვლენად მიგაჩნიათ?

ზაზა - აბსოლუტურად ბუნებრივია, ოღონდ სწრაფი ისტორიული ცვლილებების პერიოდში. როცა ისტორია მიდის მდორედ, ძველი და ახალი თაობის საკომუნიკაციო სივრცის პრობლემა ნაკლებად დგას. XIX საუკუნეში, როცა საქართველოში ძალზე ინტენსიურად შემოვიდა ევროპული კულტურა, ამან მკვეთრად იმოქმედა თაობათა დაპირისპირებულობაზე.

ვაჟა - თუნდაც ორბელიანისა და ჭავჭავაძის თაობების დაპირისპირება გავიხსენოთ. ილიას ენა არ მესმისო - გრიგოლ ორბელიანი ამბობდა. ვაჟა-ფშაველას დიალექტზე რომ ეთქვა, კიდევ გასაგებია, მაგრამ იწუნებდა ილიასა და აკაკის ენას, რომელიც დღესაც ჩვენი სასაუბრო ენაა.

ქეთი - როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ თითქმის ყველა ეპოქაში ძველ თაობას უჭირდა ახლის გაგება, მერე იმ „დაძველებულ“ ახალს კიდევ ახლის და ა.შ.

ზაზა - ჩვენს სინამდვილეში დამატებით პრობლემას ქმნის ქართველი კაცის ყბადაღებული ინფანტილიზმი. ქართველი მამაკაცი არაბუნებრივად დიდხანს რჩება ინფანტილად და ზედმეტად გვიან მწიფდება სოციალურად, სწორედ ეს ქმნის საკომუნიკაციო პრობლემას. ახლა ნახეთ, რამდენად დიდი შეიძლება იყოს დისტანცირების ხარისხი, როდესაც დღეს ასპარეზზე გამოვიდა (გნებავთ ხელისუფლებაში და გნებავთ სხვადასხვა დაწესებულებებში) თაობა, რომელმაც გარკვეული დრო დასავლური პროტესტანტული რაციონალიზმის სიტუაციაში იცხოვრა, ანუ მათი ლინგვისტიკა და სოციალური ქცევის წესი განსხვავებულია. მათთვის ძალიან ბევრი რამ არის ისეთი ცხადი, რაც ჩვენთვის არაა ცხადი და პირიქით.

ქეთი - სსრკ-ს დროს ერთგვარი გერონტოკრატია იყო დამკვიდრებული და 60 წლამდე წარმატებას ვერაფერში მიაღწევდი, 45 წლის მწერალიც კი ახალგაზრდა, დამწყებ მწერლად ითვლებოდა, იგივე პოლიტბიურო, ხომ გახსოვთ, როგორი ასაკობრივი ცენზით იყო დაკომპლექტებული. მოხუცებულობის „ტრფობა“ ერთგვარი სახელმწიფო პოლიტიკა იყო. დღეს სრულიად რადიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ახალგაზრდაა ხელისუფლება და მთავრობა, თითქმის ყველა სფერო ზედმეტადაა გაახალგაზრდავებული. გამოცდილება და პრაქტიკა პრივილეგიის ნაცვლად სასჯელად იქცა. როგორ ახსნით ამ ორი უკიდურესობის კავშირს?

0x01 graphic

ჩვენ ერთმანეთთან კონფლიქტი გვაქვს არა სიმართლის გამო, არა იმის გამო, რაც უკეთესია, არამედ იმის გამო, მე რა მდგომარეობას მოვიპოვებ კონფლიქტის შედეგად ან შენ რა მდგომარეობას მოიპოვებ. თაობები ინაწილებენ ძალაუფლების სივრცეს. დღეს უმცროსმა თაობამ შეძლო უფროსი თაობის განდევნა, ყოველშემთხვევაში, დევნის მას.

ვაჟა - სწორედ ეგაა ინფანტილიზმი და პასუხისმგებლობის შეუგნებლობა, როცა პასუხისმგებლობის მოცულობა და შინაარსი არ ესმით და ვერ ხვდებიან, რამხელა პასუხისმგებლობას კისრულობენ - რა მოხდა, კაი ბიჭია, ყოჩაღია, მაგარი ჯიგარია და აბა, „დავაი“, შეუბერე, რაც გინდა, ის ქენი.

ზაზა - თანაც, ამ ასაკში ადამიანი სხვის ტკივილზე უფრო იოლად მიდის.

ვაჟა - ჰო, ეგეცაა. რაც დღეს ხდება, ძალიან ულამაზო მოვლენაა და ცუდ შედეგებსაც მოიტანს. რა თქმა უნდა, ახალგაზრდას გასაქანი უნდა მისცე, დროულად რომ გამოიმუშაოს საჭირო თვისებები, მიიღოს გამოცდილება და იმოქმედოს, მაგრამ, ეს რომ წესად აქციო და პოლიტიკად გაიხადო - აკვიატებული ქმედება უფრო მგონია, რომელიც არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რაღაცა სისულელე მოხდება და ყველაფერი უკან დაბრუნდება.

ქეთი - ხელისუფლების მხრიდან ხომ არ არის ეს გაუაზრებელი, ან სულაც შეგნებული ქმედება იმისათვის, რომ თაობები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ?

ვაჟა - ეგეც არის. ზაზამ რომ თქვა, 18-20 წლის ახალგაზრდებთან საერთო ენას ვეძებო, მაგ ასაკის ხალხმა საერთოდ დაკარგა კონტაქტი წინა თაობასთან, ჩვენს შვილიშვილებთან მაგრად არის გაწყვეტილი კავშირები, მე რომ მეთერთმეტე ტალღაზე გავაგზავნო რადიოში ჩანაწერი და ის მეთოთხმეტე ტალღაზე გაუშვან, აი, ეგრეა. თუმცა მანამდელ თაობაზე ამას ვერ ვიტყვი, საერთოდ, როგორ ვთქვა თაობების გაუცხოებაზე, როცა ჩემი მეგობარი იყო რეზო თაბუკაშვილი, ჩემზე 10-11 წლით უფროსი, ჩემი მეგობარია ლაშა თაბუკაშვილი, ჩემზე 13-14 წლით უმცროსი და მისი შვილი, პატარა რეზო, ჩემი ძმაკაცი და მეგობარია. ეს არ იყო პრობლემა, მაგრამ დღეს პრობლემა გახდა ე.წ. თინეიჯერებში, 15-18 წლის თაობაში.

ქეთი - შინაგანი გაუცხოება თაობებს შორის იმდენად საგანგაშო და არაბუნებრივი არ მგონია, ვიდრე ის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა გახდა ხისტი, როცა ადამიანებს ასაკობრივი ცენზის მიხედვით არჩევს და ერთგვარ წყვეტას ახდენს თაობებს შორის. ხელისუფლების გაუგებარი პოლიტიკის წყალობით, უფროსი თაობა უფუნქციოდ, უსამსახუროდ დარჩა და ისეთ დღეში აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სჭირდება.

თამუნა - დღეს, თანამდებობაზე მყოფმა ჩემი ასაკის ადამიანმა არ იცის ბევრი რამ და არც უნდა გაიგოს - ეს მგონია მთავარი პრობლემა. თუ ახალგაზრდა ცდილობს გარკვევას და რჩევისათვის მასზე უფროსს მიმართავს, ეს უკვე კარგია და პრობლემაც აღარ იარსებებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იმ დიალოგის სურვილი და მოთხოვნილება, რაც არსებობდა თუნდაც XIX საუკუნეში, დღეს თაობებს შორის არ ჩანს. ისეთი პოზიცია უჭირავს ორივე მხარეს, თითქოს უფროსი თაობა განაწყენებულია, უმცროსი კი თვლის, რომ ყველაფერი იცის და არაფრის სწავლა სჭირდება. ჩვენი თაობა ვერ აცნობიერებს იმას, რომ ამ ხნის ხალხთან მეგობრობა დიდი ბედნიერებაა, შეგიძლია მათ დაეკითხო, არ გაიზიარო, მაგრამ პატივი სცე მათ აზრს. დღეს, ასე ცალსახად, პრობლემა იმიტომ დადგა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი სახის ლუსტრირება მოახდინა. კანონში ცალსახად წერია ის, რომ 65 წლამდე ყველას შეუძლია იმუშაოს და ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ ხელისუფლებამ თქვა: თქვენ იმ ხელისუფლებასთან მუშაობთ, რომელსაც არ სჭირდებითო და ამით დიალოგის შესაძლებლობა გაწყვიტა. შესაძლოა, ეს იმ მიზეზითაც მოხდა, რომ ის გამოუცდელობა, რომელიც აქვთ ახალგაზრდებს, უკეთესად მართვადია. როცა გადაწყვეტილების მიღება ხდება საჭირო, ახალგაზრდები ბევრად უფრო ემოციურები და გულგრილები ვართ. ვფიქრობ, დღეს სწორედ ამ ნიშნით ხდება ახალგაზრდების წინ წამოწევა.

0x01 graphic

ნუ გვეგონება, რომ მთელი საქართველო ჰამლეტებით არის დასახლებული, რომლებიც თაობათა კავშირის აღდგენას ცდილობენ. ადამიანები ორი ნაბიჯის იქით არ იყურებიან და არ ფიქრობენ იმ შედეგზე, რომელიც მოჰყვება ხოლმე ვულგარული მეთოდით ბრძოლას ძალაუფლებისა და ფულისათვის. ყველა თაობამ უნდა მოინდომოს ამ ინფანტილური მდგომარეობიდან გამოსვლა.

ზაზა - რამდენადაც კონკრეტულ სიტუაციას შევეხეთ, მინდა გულახდილები ვიყოთ. მე, პირადად ძალზე მაშინებდა ის პროცესი, რომელიც 8-9 წლის წინ დაიწყო საქართველოში, როცა არასაკმარისად მომწიფებული თაობის პოლიტიზაცია მოხდა, ამან ხელი შეუწყო იმ პროცესების განვითარებას, რომელსაც დღეს ვხედავთ. არ მინდა დავასახელო ადამიანი, რომელიც მაშინ ხმამაღლა აცხადებდა იმას, რომ უმცროსი თაობის კორუმპირება მიდის გრანტების მეშვეობით. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ძალაუფლების ბაცილა ისეთ ასაკში გაუჩნდათ ადამიანებს, რომ ჩვენ შეიძლება დაკარგული თაობის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ.

თამუნა - ჩვენს რეალობაში თაობათა წყვეტა მართლაც არის და ეს ორმხრივი პროცესია. უფროს თაობას იმიტომ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, რომ მათ მეტი სახელი აქვთ, მეტი გამოცდილება, ამიტომ მეტი უნდა გააკეთონ ამ კავშირის აღდგენისათვის. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას. როცა გადაწყდა, რომ მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი ჩამოსულიყო 28 წლამდე, ძალიან აღვშფოთდი, არადა, ამ ასაკის ვარ და წესით უნდა გამხარებოდა, მაგრამ, გაცნობიერებული მაქვს ის, რომ პროფესიული უნარ-ჩვევები და 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სხვების ბედი გადაწყვიტო. შესაძლოა, სწორედ ჩემმა თაობამ დააკავშიროს უფროსი და უმცროსი თაობა, მთავარია, დიალოგამდე მივიდეთ, რაც, ჩემი აზრით, პრობლემის გადაჭრის რეალური გზა იქნება.

ქეთი - როცა ამბობენ ხოლმე, ძველმა ახალს უნდა დაუთმოს ადგილიო, რას ნიშნავს, მართლა ვერ ვხვდები, ყველა ხომ თავისი ადგილითა და ფუნქციით მოდის ამ ქვეყანაზე?

ვაჟა - რა თქმა უნდა. ჩვენ ცუდი მემკვიდრეობა გვაქვს და ტოტალიტარიზმის ერთერთი მეთოდი სწორედ დაპირისპირებაა, ანუ კავშირის გაწყვეტა თაობებს შორის და ისეთი მანქურთების, კომკავშირლების გაზრდა, რომლებიც მხოლოდ ბელადს სცემენ პატივს. ბელადომანია კიდევ, ისე ძლიერადაა ჩვენში ფესვგამჯდარი, ისეთ ფორმებსა და საზიზღარ გამოვლინებებს იღებს, რომ შეიძლება ზოგჯერ შენი ერიც კი შეგძულდეს. დიალოგზე რომ ბრძანეთ, სწორედ ეგ არ უნდათ, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე სწორედ მაგას ებრძვიან, საერთო გზებისა და კონტაქტების ძებნას, თორემ რა არის საძებარი, როდესაც ეგ ისედაც იყო.

ქეთი - ამ ხელისუფლების და, ალბათ, საზოგადოების ნაწილის ბრალდება უფროსი თაობის მიმართ ის არის, რომ კომპრომისით იცხოვრეს საბჭოთა პერიოდში. გამოდის, რომ ვინც იმ პერიოდში დაიბადა და იცხოვრა (ვითომ ეს მათი არჩევანი ყოფილიყო) ყველა ერთიანად გადასაყრელია, მათი ტერმინოლოგიით „ჩასარეცხი.“ თავისთავად, ასეთი დამოკიდებულება არ არის საბჭოური აზროვნების ნაყოფი?

ვაჟა - ზუსტად საბჭოური აზროვნებაა. მაშინაც, კაცი თუ მეფის იმპერიაში მოღვაწეობდა, ბოლშევიკები პირდაპირ მტრად აცხადებდნენ.

ზაზა - მერაბ მამარდაშვილი ამბობს რუსულ კულტურაზე, რომ ეს არის მარად ემბრიონალურ მდგომარეობაში მყოფი კულტურა. კაცობრიობა მისგან ელოდება გარკვეულობას, რომელიც მას ვერ მოუპოვებია. სწორედ ამიტომ არის რუსი ასეთი კონფორმისტი და ამავე დროს დესტრუქციული სულის მატარებელი. გარკვეულწილად ეს ჩვენს კულტურაზეც ითქმის. ქართველი კაციც კონფორმისტია, იოლად ეგუება არანორმალურ მდგომარეობას, მაგრამ, როდესაც ვერ ეგუება, მაშინ ხდება საშინლად დესტრუქციული. გავიხსენოთ 20-იანი წლები, ზუსტად ის წლებია, რასაც ახლა გავდივართ. მაშინაც ისევე მოინდომეს მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს აშენება, როგორც დღეს აშენებენ მსოფლიოში პირველ ლიბერალურდემოკრატიულ სახელმწიფოს, არადა, ამნაირი ყაიდის ლიბერალური სახელმწიფო, რომლის შექმნასაც ჩვენში ცდილობენ, დედამიწის ზურგზე არ არსებობს. უცნაური დესტრუქციული სული, ამ უკიდურეს კონფორმიზმთან შეხამებული, ისტორიულად ჯერ კიდევ ემბრიონალურ მდგომარებაში გვამყოფებს და გარკვეულობა ვერ მოგვიპოვებია. ახლანდელ თაობას ერთი რამ ნამდვილად აქვს, მათ ჰგონიათ, რომ იციან, როგორ უნდა შევიდნენ იმ სამყაროში, რომელშიც აღმოვჩნდით.

თამუნა - პრობლემაც ეგაა, როცა ჰგონიათ, რომ იციან. კანონში ცალსახად წერია, რომ შრომა ყველასათვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, აუცილებელია უწყვეტობა, სტაბილურობა სახელმწიფო სამსახურებში, სადაც ყველა ასაკის ადამიანი უნდა იყოს წარმოდგენილი, კანონში ასევე წერია, რომ სახელმწიფო პოლიტიკას ამასთან დაკავშირებით ქმნის პარლამენტი, მაგრამ ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა რეალურად არ არსებობს, რაც ადამიანებში იმის რწმენას ქმნის, რომ ქვეყანაში სრული ნეპოტიზმია დამკვიდრებული. დღეს თუ ასაკოვანი ხარ, შენს მაგივრად სხვას მოიყვანენ, უფრო ახალგაზრდას. ეს რწმენა რომ გაჩნდა, ხელისუფლება ხომ უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა არის ამ რწმენის საფუძველი. მე წავიკითხე საჯარო სამსახურის კოდექსის ახალი პროექტი, სადაც არაფერია ნათქვამი ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით, მაგრამ რეალობა სხვა სურათს გვაძლევს, ზუსტად ესაა ორმაგი სტანდარტი.

ზაზა - რა მნიშვნელობა აქვს, კანონში რა წერია, მთავარია, როგორ იმუშავებს სატელეფონო სამართალი.

ქეთი - როცა ამ თემას ვამზადებდი სადისკუსიოდ, რამდენიმე სოლიდურ ორგანიზაციაში დავრეკე ვაკანსიებთან დაკავშირებით. პირველივე კითხვა მათი მხრიდან იყო: რამდენი წლის ხართ? აქაც ხომ ხელისუფლება არ ერევა, ესენი ხომ სრულიად დამოუკიდებელი, არასაჯარო სამსახურები არიან.

ვაჟა - ესაა ის ფენომენი, რომელიც მუშაობდა საბჭოეთის დროს, როდესაც სახელმწიფო უშვებდა ტენდენციას და ყველა ნაძირალა სარგებლობდა ამით. მერე იძახოდნენ - სტალინმა არ იცოდაო. შეიძლება მართლა არ იცოდა, მეზობელმა მეზობელი რომ დააბეზღა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკამ მისცა ამის საშუალება, მან დაუშვა ის, რომ ასეთი ამბები მომხდარიყო. ასეა დღესაც, ხელისუფლება საშუალებას აძლევს ნაძირალებს, რომ ამით ისარგებლონ.

ქეთი - როგორ უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები იმ თაობამ, რომელიც ასოციალურად, აუტსაიდერად გამოაცხადა სახელმწიფომ?

0x01 graphic

ეს ისეთი პროცესია, ურთიერთგაჟონვა და ერთმანეთით სარგებლობა თაობებისა ბუნებრივად მაინც მოხდება. დღეს რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდა თაობა წლების შემდეგ აუცილებლად ისარგებლებს სწორედ მათით, ვისაც ლანძღავდა.

თამუნა - რომ გითხრათ, სასამართლოში წავლენ და სამართლებრივად რამეს მიაღწევენ-მეთქი, უაზრობა იქნება. კანონით ვერაფერს მოედავები, რადგან ყველაფერი კანონს მიღმა ხდება. ზუსტად ისეა, როგორც ბატონი ვაჟა ბრძანებდა - მწვანე შუქი მიეცეს უკანონობას, რომელიც საჯაროდ არ კაშკაშებს, მაგრამ არსებობს.

ქეთი - ხომ არ მოხდა ისე, რომ დაკარგული თაობის ცნება საბჭოთა სინამდვილიდან გამოსულ თითქმის ყველა თაობას ესადაგება და არა გამორჩეულად რომელიმე ერთს.

ზაზა - იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე თაობა თავს გრძნობს ამოგდებულად, აუტსაიდერად, ის დაკარგული თაობაა. მართალია ეს ცნება ნაომარი ადამიანების ბედზე დაკვირვებამ წარმოშვა, მაგრამ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოჩნდა დაკარგული თაობის მდგომარეობაში, ამის მიზეზი, ჩემი აზრით ისაა, რომ ქართულ სინამდვილეში ცენტრალური, ღერძული იდეა აღმოჩნდა ძალაუფლების იდეა. როცა თაობები ერთმანეთს ხვდებიან, ესაუბრებიან არა ჭეშმარიტების ან სამართლიანობის ენაზე, არამედ ძალაუფლების ენაზე. ინდივიდებიც ძალაუფლების ენაზე ესაუბრებიან ერთმანეთს. ძალაუფლების ენის სტილის პრიორიტეტია საქართველოში, რაც კონფლიქტის ასეთ შეურიგებლობას ქმნის თაობებს შორის. ჩვენ ერთმანეთთან კონფლიქტი გვაქვს არა სიმართლის გამო, არა იმის გამო, რაც უკეთესია, არამედ იმის გამო, მე რა მდგომარეობას მოვიპოვებ კონფლიქტის შედეგად ან შენ რა მდგომარეობას მოიპოვებ. თაობები ინაწილებენ ძალაუფლების სივრცეს. დღეს უმცროსმა თაობამ შეძლო უფროსი თაობის განდევნა, ყოველშემთხვევაში, დევნის მას. ასე მოხდა 20-იან წლებშიც, 30-იან წლებში ხომ საერთოდ ყბადაღებული პროცესები იყო, ივანე ჯავახიშვილი განდევნეს უნივერსიტეტიდან, იგივე ხდება დღესაც. სამწუხაროდ, ჩვენ ზედმეტად ვსაუბრობთ ძალაუფლების ენაზე, ზედმეტად ჩავდეთ ძალაუფლება ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველში, ამაში ცუდი როლი ითამაშა სტალინის ფენომენმა, სწორედ მან აამეტყველა ქართველი კაცი განუზომელი ძალაუფლების ენაზე. ჩვენ შეიძლება იმდენად შიში არ გვქონდეს განსადევნი ჩვენი უჯრედებიდან, რამდენადაც ეს განუზომელი, ავადმყოფური მისწრაფება ძალაუფლებისადმი.

ქეთი - ბატონო ვაჟა, ლიტერატურულ თაობებს შორის კონფლიქტსაც ეს ძალაუფლება განსაზღვრავდა?

ვაჟა - დღევანდელ დღეზე მაგას ვერ ვიტყვი, ჩვენს დროს, 50-60-იან წლებში ნამდვილად იყო პარადოქსული სიტუაციები. მაგალითად, გოგლა ლეონიძემ, ამ არაჩვეულებრივი ენის მქონე პოეტმა „ბელადი“ დაწერა და ეს გააკეთა ძალაუფლების მოსაპოვებლად, მართლაც, ბატონ-პატრონი იყო საქართველოსი, კიდევ კარგი, ბუნებით არ იყო ბოროტი და შურისმაძიებელი, თორემ ძალიან ბევრს დაღუპავდა. მიუხედავად ამ ძალაუფლებისა, თავის თაობაშიც და მომდევნო თაობებშიც კაი კაცის სახელით დარჩა, ეტყობა პიროვნული ხიბლის გარდა კეთილი თესლიც ჰქონდა, მაგრამ ყველა ხომ არ იყო ასეთი. მწერალთა კავშირი საშინელების ბუდე იყო, შეიძლება თქვენმა თაობამ არც იცოდეს, იმდენი ვინმე დაიღუპა. ერთი ბატონდებოდა, მერე მას ხვრეტდნენ, მერე მეორე ბატონდებოდა და ასე.

ქეთი - მიუხედავად შინაგანი კონფლიქტისა, დარწმუნებული ვარ, თაობები ერთმანეთისაგან ბევრს სწავლობენ, ერთმანეთით მდიდრდებიან.

ვაჟა - როგორ არ მდიდრდებიან. ჩვენი თანამედროვე მწერლები რომ ავიღოთ, ზეპირად იციან წინა თაობების მწერლები და პოეტები. აკა მორჩილაძემ, ძალიან მაგარმა მწერალმა, წიგნი მაჩუქა სასაცილო წარწერით „ძია ვაჟას, ჩემს ძმას და მასწავლებელს“. გამოდის, რომ ძიაც ვარ და ძმაც. ნამდვილ მწერალს არაფერში ეპარება ეჭვი, შესანიშნავად იციან არა მხოლოდ ქართული პოეზია და პროზა, ყველაფერი ათვისებული აქვთ, ამ მხრივ ახალი თაობა ძალიან ინფორმირებულია. იცით, რა, ყველაფერი მაინც ინდივიდებთან მიდის და ასეცაა, ინდივიდები ქმნიან ლიტერატურასაც და საერთო ამინდსაც.

ქეთი - ხომ არ ფიქრობთ, რომ საერთოდაც ხელოვნურია თაობების კონფლიქტზე საუბარი.

თამუნა - არა, რა თქმა უნდა. იგივე უფროსი თაობა, მეჩვენება, რომ არ რეაგირებს თანამედროვე მოთხოვნებზე. ფიქრობენ, რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. თუნდაც ის, რომ არ მოსწონთ ახალი თაობა, მათი ლექსიკა, გართობის სტილი, ხედვა არ მოსწონთ, მაგრამ მოდის ეს ტალღა და თუ ვერ გავუძლებთ, ან მხარი უნდა ავუბათ ან დაგვახრჩობს - უფროსი თაობა ამას მტკივნეულად იღებს და ამიტომაც რთულდება ურთიერთობა ახალ თაობასთან. ალბათ, უფროს თაობასაც სჭირდება დათმობებზე წასვლა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყოველი კონკრეტული შემთხვევა მაინც ინდივიდებამდე მიდის.

0x01 graphic

ჩვენ ცუდი მემკვიდრეობა გვაქვს და ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ დაპირისპირებაა, ანუ კავშირის გაწყვეტა თაობებს შორის და ისეთი მანქურთების, კომკავშირლების გაზრდა, რომლებიც მხოლოდ ბელადს სცემენ პატივს. ბელადომანია კიდევ, ისე ძლიერადაა ჩვენში ფესვგამჯდარი, ისეთ ფორმებსა და საზიზღარ გამოვლინებებს იღებს, რომ შეიძლება ზოგჯერ შენი ერიც კი შეგძულდეს.

ქეთი - თაობები ხომ ისეთ გენეტიკურ შტოზე იზრდებიან, რომლის ძირი ანუ ქვეყანა ერთია და საბოლოო ჯამში ყველა თაობისათვის მნიშვნელოვანი სწორედ ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს. როცა საუბარია თაობებს შორის დარღვეულ კავშირზე, რა მოსდის ქვეყნის მთლიანობას და როგორ შეიძლება ამ კავშირების აღდგენა?

ზაზა - დროთა კავშირი რომ აღდგეს, უნდა გავიაზროთ და წინ დავაყენოთ საერთო ღირებულებები. ღირებულებებზე ლაპარაკი მაშინ შეიძლება, როცა არსებობს საერთო ეროვნული სტრატეგია, როცა თაობები შეთანხმებულად მოქმედებენ, თუ ეს თანხმობა არ არსებობს, თაობათა კონფლიქტი ყოველთვის მიიღებს რადიკალურ სახეს, ძალაუფლებისათვის ისეთი ვულგარული ბრძოლის სახეს, როგორც დღეს გვაქვს. მე გამორჩეულ ინდივიდებზე არ ვლაპარაკობ, რომელთაც ესმით თაობათა კავშირის მნიშვნელობა, არიან ათასები, რომლებიც თავისთვის სასარგებლო სიტუაციას ქმნიან, ნუ გვეგონება, რომ მთელი საქართველო ჰამლეტებით არის დასახლებული, რომლებიც თაობათა კავშირის აღდგენას ცდილობენ. ადამიანები ორი ნაბიჯის იქით არ იყურებიან და არ ფიქრობენ იმ შედეგზე, რომელიც მოჰყვება ხოლმე ვულგარული მეთოდით ბრძოლას ძალაუფლებისა და ფულისათვის. ყველა თაობამ უნდა მოინდომოს ამ ინფანტილური მდგომარეობიდან გამოსვლა. თუ მამაკაცმა არ მოინდომა დაკაცება, ვერასოდეს დაკაცდება, მთელ ცხოვრებას გაატარებს სადმე „ბუტკასთან“, აბაზიანს იშოვნის, არაყს დალევს და ასეთი იქნება მისი ყოველდღიური ცხოვრება. თუ ერი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ის ჩარჩება იმავე მდგომარეობაში და იქნება ისტორიის მსხვერპლი. ისტორიამ სენტიმენტები არ იცის, ის არის სრულიად ულმობელი, თავისი წისქვილი აქვს, სადაც ყველაფერს ფქვავს. ჩვენ თუ ბევრ რამეს ვერ გავიაზრებთ, შესაძლოა ამ წისქვილში აღმოვჩნდეთ იმის გამო, რომ ძალზე შევეჩვიეთ და შევიყვარეთ ეს ინფანტილურ-ემბრიონალური მდგომარეობა.

ქეთი - მერაბ მამარდაშვილი ამბობს ასეთ რამეს: „რამდენიმე თაობაა, რაც ვიბადებით ატმოსფეროში, რომელიც ისეა გაჟღენთილი სისხლით, ჭუჭყითა და ტყუილით, როგორც ჰაერი წვიმის წვეთებით. ვერავის ექნება პრეტენზია გამოვიდეს ამ პერიოდიდან და ტანსა და სულში არ ატაროს ასეთი დაბადების კვალი... ჩვენში დალექილია სისასტიკის, სადიზმის, ძალადობის და რაც მთავარია, უვიცობისა და სიბნელის ნარჩენები“ მეტაფორულად რომ ვთქვათ, დაგვჭირდება უდაბნოში 40 წლიანი ხეტიალი იმისათვის, რომ თაობების სისხლი და ცნობიერება გასუფთავდეს? აუცილებელია „უდაბნო“?

ვაჟა - მაგის საშუალება დღევანდელ მსოფლიოში აღარ არის, არავინ დაგაცდის კიდევ 40 წელს. ყველა თაობიდან სწორედ ეგ უნდა გამოვიყენოთ: გამოცდილება, ხასიათები, მათი პირადი თვისებები, ვინც თავისი აზროვნებით უფრო წინ და ახლოს იყო მიზანთან. მოსეს დრო და ეპოქა სხვა იყო, იყო ბრბო და იყო ღმერთივით კაცი, ახლა სხვა დროა. ამიტომაც ყველა თაობამ ერთად უნდა იმუშაოს მთავარში, მაგრამ ჯერ მთავარში უნდა გაერკვნენ. ეროვნება რაშიც მდგომარეობს და რასაც შეიცავს ეს ცნება, იმიტომ არსებობს, რომ ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ეგ არის, ხო? კარგად რომ გაერკვე ამ ცნების შინაარსში, მართლაც რთულია, მაგრამ 40 წელი თუ გაგრძელდა ამ შინაარსის გაგება, იქნებ, აღარც კი ვიყოთ რუკაზე. თუ ქართველებმა საბოლოოდ ვერ მოიშორეს ლიდერის, ყოჩის, კერპის მოთხოვნილება, მაშინ მართლა დაგვჭირდება 40 წელი.

თამუნა - ჩემი აზრით, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტაცია უნდა იყოს რეალური და ხელშესახები. თაობების ღირებულებებზე რომ ჩამოვყალიბდეთ, ამისათვის თაობები ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ, ხელისუფლება და საზოგადოება უნდა ურთიერთობდეს. უნდა იყოს განსხვავებული აზრი, შესაძლოა მიუღებელი, შესაძლოა მკვეთრად გამოხატული, მაგრამ ჯობია მივიღოთ და მოვისმინოთ, ვიდრე გაუცხოებულ და გათიშულ მდგომარეობაში ვიყოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერც საერთო ღირებულებებზე შევთანხმდებით და ვერც თანაარსებობაზე. ამიტომ უნდა მივეჩვიოთ დიალოგს, შევძლოთ ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე ვაკრიტიკოთ სხვისი აზრი და აკრიტიკონ ჩვენი აზრი, ეს მგონია შედეგის მიღწევის საუკეთესო გზა.

ზაზა - ღმერთმა არ დაგვაჭირვოს 40 წლიანი უდაბნო. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნდა ვიცხოვროთ, სხვისგან კი არ უნდა იყოს ნაკარნახევი, არამედ ჩვენში უნდა მომწიფდეს. ღმერთმა ქნას, ის გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ თავისუფლები, ზნეობრივები და გონიერები, რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად მივიღოთ.

ქეთი - ჩვენ ვთქვით, რა არ მოგვწონს ახალ თაობაში, ჩემი აზრით, ისინი საკმაოდ რაციონალურები, ინფორმირებულები და მიზანმიმართულები არიან.

ზაზა - რა თქმა უნდა, მეტია რაციონალიზმი, მეტია პრაგმატიზმი, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვაკლდა, ამის კარგად გამოყენება შეიძლება, თავკომბალასავით რომ არ განვითარდეს და მახინჯი ფორმა არ მიიღოს. ახალ თაობაში თავდაჯერებულობაც მეტია. ვერ ვიტყვი, რომ ეს თაობა მეტად ინფორმირებულია, უბრალოდ, უკეთესად არიან ადაპტირებული ინფორმაციასთან, რადგან იმ გარემოში იცხოვრეს, სადაც ეს ინფორმაცია იქმნება, კონკრეტულად ევროპაში ან ამერიკაში, ამიტომ აღიქვამენ ასე იოლად.

ქეთი - ახალმა თაობამ რომ ძველის გამოცდილება გამოიყენოს, ძველმა კი მათგან აიღოს მეტი რაციონალიზმი, ანუ თვითგამდიდრება მოხდეს, მაშინ თაობათა კონფლიქტი შესაძლოა, მართლაც ფსევდო გახდეს.

ვაჟა - ეს ისეთი პროცესია, ურთიერთგაჟონვა და ერთმანეთით სარგებლობა თაობებისა ბუნებრივად მაინც მოხდება. დღეს რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდა თაობა წლების შემდეგ აუცილებლად ისარგებლებს სწორედ მათით, ვისაც ლანძღავდა. ჩემს ახალგაზრდა მეგობრებზე რომ ვამბობდი, მათი საუბარი, მისწრაფებები ჩემთვის გასაგები და მისაღებია, ეტყობა, მათთვისაც გასაგები ვარ, რახან კონტაქტი არის ე.ი თავისთვის საინტერესოს და სასარგებლოს პოულობენ ჩემშიც. ეს ურთიერთობა ბუნებრივია, ორგანული და არა ყალბი. მთავარია, გახსნილი იყო.

0x01 graphic

კანონში ცალსახად წერია ის, რომ 65 წლამდე ყველას შეუძლია იმუშაოს და ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ ხელისუფლებამ თქვა: თქვენ იმ ხელისუფლებასთან მუშაობთ, რომელსაც არ სჭირდებითო და ამით დიალოგის შესაძლებლობა გაწყვიტა. შესაძლოა, ეს იმ მიზეზითაც მოხდა, რომ ის გამოუცდელობა, რომელიც აქვთ ახალგაზრდებს, უკეთესად მართვადია.

თამუნა - ჩემი თაობის ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა, ინდივიდის თავისუფლება, ალბათ, ეს ის ღირებულებაა, რომლითაც შეიძლება დაიწყოს თაობათა შორის გაუცხოების პრობლემის გადაჭრა. უფროს თაობასთან ურთიერთობა უზარმაზარ გამოცდილებას მაძლევს, მათ გაცილებით მაღალი გადმოსახედი აქვთ და ამიტომაც არიან ჩემთვის საინტერესონი. ელემენტარულად, ადამიანი, რომელიც შენზე რამდენიმე წლით ადრე დაიბადა, შეიძლება არ იყოს საინტერესო?

ვაჟა - ერთი ამბავი გამახსენდა, უფროსისგან მიღებული შთაბეჭდილება. მამისტოლა კაცი იყო მიშა ჩართოლანი, ეთნოგრაფი, პროფესორი, მასთან ერთად არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი არქიტექტორად, აზომვებსა და ჩანახატებს ვაკეთებდი. უპირატესობა მქონდა იმით, რომ მეძლეოდა არქიტექტორის, მხატვრის და ფოტოგრაფის ჯამაგირი, 18 წლის ბიჭი ვიყავი, სად უნდა წამეღო ამდენი ფული, დღისით ძალიან მაგრა ვმუშაობდით, საღამოობით კი ყაზბეგის რესტორანში ვიჯექი, იქაური ძმაკაცები გავიჩინე და ყოველ ღამე სახლში მთვრალი მივდივარ, ყველას ძინავს, ვხედავ, სიბნელეში ანთებული სიგარეტი მოჩანს. ვახ, გააჭირა ამ მიშამ საქმე, მითვალთვალებს-მეთქი, გავიფიქრე. მეორეჯერაც იგივე განმეორდა, სიგარეტი ანთია, კაცი არ ჩანს. ეტყობა ისევ მითვალთვალებს და ჯანდაბას, ხვალ ბოდიშს მოვუხდი, უფროსი კაცია-მეთქი-ჩემთვის ვფიქრობ. შევედი, დავეგდე „ლეჟანკაზე“ და უცებ, ძილში ვგრძნობ, რომ ვიღაცა ფრთხილად მიხსნის „შნუროკებს“ და ბათინკებს მხდის, გაბრუებული თავი ვერ ავწიე. დილას რომ გავიღვიძე, ვიფიქრე: ახლა შემდგება, მომთხრის, ჭკუის რიგებას დამიწყებს და არ გინდა ამის მოსმენა? გამოვედი მჟავე სახით. აბა, ვაჟიკ, რას ვშვრებით დღეს, ეს ჭამე, ის დალიე და მივხედოთ საქმესო-მითხრა. კრინტი არ დაუძრავს ჩემს სიმთვრალეზე. ეს ისეთი გაკვეთილი იყო ჩემთვის, რომ ვთქვი: გიგაშვილო, თუ მეორე დღესაც გაგხადეს ბათინკები, ღორად დარჩები და კაცი ვერასოდეს გახდები-მეთქი. იმ დღის მერე ეს მამისტოლა კაცი გახდა ჩემი ძმა, არც მამა, არც უფროსი და არც პროფესორი, უბრალოდ ძმა იყო, ჩემი ტოლი ძმა.

თამუნა - სწავლა მართლაც ურთიერთობებით ხდება. თუ ვიღაცას არ უსმენ, არ ვითარდები, ისე, როგორც თუ არ წაიკითხე, ვერ დაწერ, თუ არ მოისმინე, ვერ ილაპარაკებ.

ქეთი - ამა თუ იმ თაობისათვის თავის მიკუთვნება ერთგვარად ხელოვნური იმიტომ მგონია, რომ შეიძლება უფრო მეტი საერთო გქონდეს შენგან ასეული წლებით დაშორებულ თაობასთან, ვიდრე შენს თაობასთან. თავისდაუნებურად ისე მოქმედებენ შენზე, რომ ვერც გრძნობ, როგორ მდიდრდები.

ვაჟა - თურმე, როცა სერვანტესმა „დონ კიხოტი“ დაწერა, ესპანეთის მოსახლეობის 92%25-მა წერა-კითხვა არ იცოდა. გავიდა წლები და ამ წიგნმა, რომელიც თითქოს არავის წაუკითხავს ესპანეთში, ნახეთ რა შეძლო? დონ-კიხოტის ფენომენმა ისე ჟონა მთელ მსოფლიოში, რომ ყველაზე მოახდინა ზეგავლენა და რაღაცეებში გადაკვეთა კიდეც მთელი კაცობრიობა. ასეა თაობებიც, შესაძლებელია, ეს არ ჩანდეს, მაგრამ ისინი ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას ერთმანეთზე, იმიტომ რომ კარგს ძველშიც და ახალშიც ჟონვის ისეთი საოცარი უნარი აქვს, რომ შეიძლება ვერც კი გაიგოს ინდივიდმა ან ხალხმა საიდან მიიღეს ესა თუ ის საუკეთესო თვისება და უნარი.

დისკუსია გაიმართა ლიტერატურულ კაფე ქარავანში

13 ჭიქებში ჩაყოფილი ცხვირების დღესასწაული (ვინიტალია 2007)

▲back to top


წერილი ვერონადან

ავტორი და ფოტო: კახა თოლორდავა

0x01 graphic

სანამ დაყნოსავენ, ისინი ჯერ თითებს შორის მოაქცევენ მაღალყელიანი ღვინის ჭიქების სადგამებს და ფრთხილი, თუმცა, კარგად გაწაფული მოძრაობით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ატრიალებენ ჭიქებს. ამ დროს უკვე ხვდები, თუ ვინ დგას შენს წინ, - ღვინის მოყვარული თუ პროფესიონალი. ღვინო, რომელიც სულ რამოდენიმე წამში მთელი თავისი ბრწყინვალებით მოედება პირის ღრუს, ენას, ღრძილებს, სასას, და შემდეგ რეცეპტორების გავლით მოგზაურობას დაიწყებს მთელს სხეულში, თითქოს მზადყოფნით ეგებება ამ მოძრაობას; მას სწორედ ამ განსაკუთრებული წამისთვის ამზადებდნენ, უვლიდნენ და ეფერებოდნენ. ღვინოს რომ სარკეში ჩახედვა და თითების გატკაცუნება შეეძლოს ბობ ფოსის ფილმის All That Jazz-ის გმირივით, ის ახლა, ალბათ, მასავით ჩაილაპარაკებდა, - Showtime! საოცარი საყურებელია თუ როგორ ბრუნავს მარჯვე ხელით დატრიალებული ღვინო ჭიქებში. ეს მისი პირველი ცეკვაა ბოთლიდან ჩამოსხმის შემდეგ. ამ დროს მისი პარტნიორი ჰაერია. მასთან შეხების შემდეგ ღვინოს უკვე არაფრის დამალვა აღარ შეუძლია. ყველაფერი ის, რაც მას მემკვიდრეობად ერგო მიწისაგან, მზისგან, ყურძნისგან, მომვლელის ხელებისა და ღიღინისაგან ამ ცეკვა-ტრიალის შედეგად აშკარავდება. სწორედ ამ დროს აგებებენ ისინი ჭიქაში მბრუნავ ღვინოს ნესტოებს. ისინი ღრმად ყოფენ ცხვირებს ჭიქებში და უფლებას აძლევენ ღვინოს უკვე მათ სიღრმეში გააგრძელოს გაშლა. ღვინის პირველი დაყნოსვა წამიერია. ცხვირები სასწრაფოდ ტოვებენ ჭიქებს, ნესტოებიდან ჰაერს უშვებენ და სწრაფადვე ბრუნდებიან უკან, ჭიქებში. მეორე დაყნოსვა უფრო ხანგრძლივი და მომთხოვნია. სწორედ ამ დროს შეიძლება შეამჩნიო პირველი ღიმილი დამჭაშნიკებლის სახეზე, თუმცა ეს მთლად ღიმილიც არაა. ეს უფრო გაკვირვების გამოხატვას ჰგავს. ადამიანმა შეკითხვა დაუსვა ღვინოს და მიხვდა, რომ ღვინო თანახმაა პირველ ჩვენება მისცეს მას: ჰო, მე მტკიცე ხასიათი მაქვს, ჩემთან თამაში საშიშია, მე ამპარტავანი და ძლიერი ვარ, ვინაიდან ნიადაგი სადაც გავიზარდე, სარწყავი არხისგან მოშორებით, ქვა-ღორღიანი იყო, ფერდობი დამრეცი, კლიმატი მომთხოვნი, მომვლელი კი - მკაცრი და მიზანდასახული. ადამიანებმა, რომლებიც ჩემზე ზრუნავდნენ კარგად იცოდნენ თუ რა უნდა გამოსულიყო ჩემგან; მათ თავისი ხასიათის ნაწილი გადმომცეს. დანარჩენს კი, თუ ამის ძალა შეგწევს, შენ თვითონ მიხვდები... მსგავსი მონოლოგი იმდენია, რამდენი კარგი ღვინოც არსებობს ამ ქვეყანაზე და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. დამჭაშნიკებელიც ცდილობს, მიხვდეს დანარჩენს. ის კიდევ ერთხელ ატრიალებს ღვინოს ჭიქაში, კიდევ ერთხელ ყოფს ცხვირს ღრმად ჭიქაში და ხვდება, რომ ყველაფერი, რაც ღვინოს მისი ცხვირისათვის ჰქონდა სათქმელი, უკვე უთხრა; ახლა კი დაჭაშნიკების დროც მოვიდა. ღვინის პირველი შეშვება პირის ღრუში ისეთივე ფრთხილია, როგორც პირველი დაყნოსვა. ეს შეყვარებული კაცის კოცნასავითაა. პირის ღრუში ღვინო უკვე სულ სხვანაირად იწყებს ლაპარაკს. მას აქაც ესაჭიროება ჰაერი და ამიტომაც ადამიანები მზადყოფნით ეხმარებიან მას სუნთქვაში, თუმცა, ალბათ, ხვდებიან რომ სასაცილოდ გამოიყურებიან. ამ დროს ადამიანს ტუჩები თითქოს საკოცნელად აქვს გამზადებული და ოდნავ გახსნილი ნასვრეტიდან აწვდის ღვინოს მისთვის აუცილებელ ჰაერს. კარგმა ღვინომ იცის, თუ როგორ გაიგნოს ტვინისკენ მიმავალი გზა რეცეპტორების ჯუნგლებში. კარგ ღვინოს ყოველთვის თავისი „მარშრუტი“ აქვს ადამიანის რთულ ლაბირინთში. ის არასდროს არ მიედებ-მოედება უაზროდ ტვინისაკენ მიმავალი გზების ძებნაში. მისი მეშვეობით ადამიანის პირში გემოს და არომატის მთელი საცავები იხსნება. ყოველივე ამის შემდეგ კი დამჭაშნიკებელს უკვე აღარ შეუძლია გაჩუმება. მან აუცილებლად უნდა მოუყვეს ვინმეს თავისი შეგრძნებების შესახებ. კარგ ღვინოსთან საუბრის შემდეგ მისთვის დუმილი უკვე შეუძლებელი ხდება.

0x01 graphic

0x01 graphic

2007 წლის 29 მარტი. დილის 8 საათი. სარკესთან ვდგავარ სასტუმროს ოთახში ვერონას გარეუბანში, ჰალსტუხს ვისწორებ და ვცდილობ, მოძალებულ შიშის გრძნობას შევებრძოლო. სულ რაღაც საათ ნახევარში მე ვერონას ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცის, Veronafiere-ს მეთერთმეტე პავილიონში უნდა ვიყო და პირველად ჩემს ცხოვრებაში წარვუდგინო ქართული ღვინო, კერძოდ კი, კომპანია „ბადაგონის“ პროდუქცია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის გამოფენაზე ჩამოსულ სტუმრებს. აშკარად ვნერვიულობ, არადა, თითქოს კარგად ვარ მომზადებული. აქ ჩამოსვლამდე სპეციალურად ჩავედი კახეთის სოფელ ზემო ხოდაშენში კომპანიის მთავარ მეღვინესთან შესახვედრად, დავაჭაშნიკე ღვინოები, დავათვალიერე ქარხანა და მასთან საუბრის დროს თითქმის ბოლომდე შევავსე ჩემი სამუშაო ბლოკნოტი აუცილებელი ინფორმაციით. ყოველი შემთხვევისათვის, დიქტოფონზეც ჩავიწერე ჩვენი საუბარი და ახლა, სარკესთან მდგარი, ამაოდ ვცდილობ გავიხსენო თუნდაც ერთი სიტყვა მისი ნალაპარაკევიდან. იდიოტივით ვუღიმი საკუთარ ანარეკლს სარკეში და ვცდილობ, ინგლისურად ავუხსნა ჩემს ორეულს „კახური წარჩინებულის“ ძირითადი მახასიათებლები. It is made of 100%25 Saperavi grape, - ვიმეორებ კრეტინივით ერთი და იმავე ფრაზას სერიოზული გამომეტყველებით, თუმცა სულ ესაა, რაც თავში მომდის. ერთადერთი, რასაც ვახერხებ, იმავე ფრაზის განსხვავებული აქცენტით და გამომეტყველებით წარმოთქმაა. „წადი შენი...!“ - ვამატებ ქართულად და სარკეს ვცილდები.

შიშის შეგრძნება ჯერ კიდევ გასულ საღამოს შემოიპარა ჩემში, როდესაც ვერონაში სულ რაღაც ხუთიოდე საათის წინ ჩამოსულმა, ჩვენი სტენდის მოსანახულებლად პირველად შევაბიჯე Veronafiere-ს ტერიტორიაზე. ამ საგამოფენო სივრცის ყველაზე გასაგები აღწერა ასე შემიძლია: „ქალაქი ქალაქში“, უკეთესი თავში უბრალოდ არ მომდის. თუ სტატისტიკა ცოტათი მაინც გასაგებს გახდის Veronafiere-ს მასშტაბს მაშინ დავამატებ, რომ წელს „ვინიტალიაზე“ 4, 200 ღვინის მწარმოებელი წარმოადგენს თავის პროდუქციას ზონებად დაყოფილ თერთმეტ პავილიონში 80 000 კვ/მ მოცულობის Veronafiere-ს ტერიტორიაზე. ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენი პავილიონია ამ ტერიტორიაზე, სადაა გასასვლელები, ტუალეტები, კაფეები, ლიფტები, მანქანების გასაჩერებელი სივრცე და სადაა ჩვენი სტენდი. ხვალინდელი დილიდან დაწყებული, ხუთი დღის განმავლობაში, ეს ტერიტორია ჩემი სამუშაო ადგილი იქნება და ყველაფერში უმტკივნეულოდ გავერკვევი, მაგრამ დღეს ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ჩვენებს, თორემ ვხვდები, გზა თუ ამებნა, ხვალ დილამდე მომიწევს აქ ბორიალი. გზადაგზა პავილიონებში ვიხედები და ვგრძნობ, თუ როგორ იზრდება ჩემში შიშის შეგრძნება.

ადამიანები, რომლებიც პავილიონებში თავთავიანთ სტენდებთან ფუსფუსებენ, პირველად არ ჩამოსულან „ვინიტალიაზე“; ეს მათ საქმიან მიხვრა-მოხვრაში ეტყობათ. მათი გემოვნებით გაფორმებული სტენდები უკვე თითქმის მზადაა სტუმრების მისაღებად; და მაინც, ისინი მაინც ეჭვის თვალით უყურებენ ყველა დეტალს, ცდილობენ დაინახონ, რა არის ზედმეტი ან პირიქით, რაა დასამატებელი, აქეთ-იქეთ არბენინებენ „ვინიტალის“ პერსონალს რაღაც-რაღაცეების წასაღებად თუ მოსატანად და პერიოდულად, კრეატიულობის წასახალისებლად, შეპარვით ათვალიერებენ თავიანთი კონკურენტი მეზობლების სტენდებსაც. თვალს ვაყოლებ სამ მამაკაცს, რომლებიც გაჭირვებით მიათრევენ ორი, თავით ფეხებამდე აღჭურვილი რაინდების რეპლიკებს და მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ, რომ უზარმაზარ პავილიონში, რომლის გასწვრივაც ჩვენ მივაბიჯებთ ჭერზე ტყეა გაზრდილი, საიდანაც ხეები თავდაყირა ეშვებიან, ქვემოთ კი გამოფენის მონაწილეები მიმოდიან. გვერდით პავილიონში ვიღაცას ფრანგული „შატოს“ უზარმაზარი მაკეტი დაუდგამს და რამდენადაც ვხვდები, სწორედ იქ აპირებს სტუმრების მიღებას; ქვიშაში ჩაფლული ღვინის ბოთლები, ვაზით „გაშენებული“ სტენდები, ლამის ნახევარი ფეხბურთის სტადიონისხელა პლაკატები და ბანერები ვენახების და მათი მფლობელების გამოსახულებით, კიდევ უფრო მოზრდილი პლაკატებით დაფარული პავილიონის გარე ფასადები, რომლებზეც, რა თქმა უნდა, ღვინის ბოთლები და ვენახებია, თითქმის „ფენტეზის“ სტილში გაფორმებული სტენდები, კედლებზე ჩამოკიდებული შაშხები, შუაგულ სტენდში ჩაყენებული ფორმულა ერთის მანქანა და სხვადასხვა შრიფტით შესრულებული წარწერების ნიაღვარი, - AZENDA ARICOLLA BRICCO, BOERI ALFONSO SS, FEUDI DI GUAGNAN S.r.l., Tuscany, Calabria, Abruzzo, Piedmont, Area D, PADIGLIONE 8; ჩვენ თვალების აქეთ-იქეთ ცეცებით ვმოძრაობთ ამ უსასრულო ლაბირინთებში... კარზე კაკუნია. „კახა, მივდივართ!“ - მატყობინებენ ჩვენები. ოთახიდან გასვლამდე მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები სარკეს, იდაყვში ვხრი ორივე ხელს ხელისგულებით ჩემსკენ, მოწყვეტით ვშლი ათივე თითს და ხმის კანკალით ვეუბნები ჩემს შეშინებულ ორეულს: SHOWTIME!

0x01 graphic

„შოუთაიმ არა, ფეხები“! - გაბრაზებული ვბურტყუნებ სულ რამდენიმე წუთის შემდეგ მარკოს მანქანაში. ჩვენი BMW ვერონას რომელიღაც ქუჩაზეა გაჭედილი და როგორც ვხვდები, კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს აქ დგომა. Veronafiere-მდე მიღწევა არც ისეთი ადვილი საქმე ყოფილა, ვინაიდან დღეს დილას მთელი ვერონა სწორედ იქ მიდის. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუმცა, არა მარტო ვერონა. „ვინიტალის“ სტუმრების დიდი ნაწილი, ვინც ვერონაში ვერ მოახერხა სასტუმროების დაჯავშნა გარშემო სოფლებიდან და ქალაქებიდან, ვენეციის ჩათვლით, უერთდებიან მანქანების უწყვეტ ნაკადს. ჩვენ მანქანაში დაყენებული ჯი-პი-ესი, რომელიც გერმანელი ქალის ცივი და საქმიანი ხმით გერმანულადვე გვატყობინებს Veronafiere-მდე მისასვლელ მარშრუტს, დაბნეული იმეორებს ჩემთვის გაუგებარ ფრაზას და ჯი-პი-ესის მონიტორზე ისრით მიგვანიშნებს ჩვენი მანქანის ლოკაციაზე; ალბათ, უკვირს, რომ მის ბრძანებებს არ ვასრულებთ.

მარკო იტალიელი წარმოშობის გერმანელი ახალგაზრდა კაცია. მასაც ჩემსავით „მინიმალისტური“ თმის ვარცხნილობა და ქართველი მეუღლე ყავს. ის „ვინიტალიზე“ ჩემი ასისტენტი და მარჯვენა ხელი იქნება. მარკო დიდებულად ფლობს რამოდენიმე ენას. გუშინ საღამოს, ჯერ კიდევ ჩვენს სტენდთან ყოფნისას, ჩემს თავს რომ აცნობდა, ბასა ფოცხიშვილმა ჩემზე უთხრა - very important person-ო და ალბათ ამიტომაც, ის დროდადრო მოწიწებით გადმომხედავს ხოლმე. ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ კარგი მეგობრები გავხდებით, ახლა კი Viale del Lavorno-ს მისადგომებთან გაჩხერილებს მე very idiot person-ად უფრო მიმაჩნია თავი, ვიდრე, თუნდაც, ოდნავ მნიშვნელოვან ტიპად; მდუმარედ ვიყურები ფანჯრიდან. ჩვენს წინ უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდია აღმართული, რომელზეც გულის ფორმის ორი ღვინის ჭიქაა გამოსახული; ერთ ჭიქაში წითელი ღვინო ასხია, მეორეში თეთრი. ოდნავ გადახრილი ჭიქები ერთმანეთს ეხებიან, მათ ქვემოთ კი წარწერაა: კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია ვერონაში! (Another Love Story In Verona).

0x01 graphic

მხოლოდ ახლაღა მახსენდება, ვის ქალაქში ვიმყოფები, მაგრამ, რატომღაც, სიყვარულზე არ მეფიქრება. ამაში ხელს ჩემს წარმოსახვაში შემოჭრილი ვიღაც უცნობი კაცი გადღაბნილი სახის ნაკვეთებით (ის ალბათ სომელიეა) მიშლის ხელს, რომელიც ირონიულად მიღიმის ქართული ღვინით სავსე ჭიქით ხელში და ისეთ შეკითხვას მისვამს, რომელსაც ვერ ვპასუხობ. ის სიცილს იწყებს. შემდეგ კი ყველაფერი ირევა და აზრზე რომ მოვდივარ, კაცი იატაკზე აგდია, თავგასისხლიანებული, მე კი ხელში გადამსხვრეული ღვინის ბოთლი მიჭირავს, რომელსაც უკუღმად აწერია: „მუკუზანი“... ეტყობა სანამ ამ სისულელეებზე მეფიქრებოდა, კიდევ რაღაც შემაშინებელი შორისდებული ამომხდა, რადგანაც მარკომ კიდევ ერთხელ გადმომხედა და ქართულად მითხრა: მალე!.. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, რის ვაივაგლახით დავაყენეთ მანქანა და Veronafiere-ს მონაწილეებისათვის განკუთვნილ შესასვლელამდე მივაღწიეთ. მკერდზე ყველას სპეციალურად ჩვენთვის დაბეჭდილი ლამინირებული და შტრიხ-კოდიანი საშვები გვკიდია; ჩემსას აწერია: Foreign Trade Visitor. შესასვლელთან ზუსტად 4 200 ადამიანი ირევა, ანუ გამოფენის ყველა მონაწილე. მათ დანახვაზე შვებით ამოვისუნთქე. ახლა კი, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საგამოფენო ტერიტორიაზე ვერ მოვხვდები და შესაბამისად რთულ შეკითხვებსაც ვერავინ დამისვამს, ვინაიდან აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როგორ უნდა გაიაროს ამდენმა ადამიანმა დარჩენილ ოც წუთში საკონტროლო პუნქტი და რაც მთავარია, როგორ უნდა მიაღწიოს თავიანთ პავილიონებამდე. აქაც ეჭვი გამიჩნდა რომ very idiot person ვარ.

ორგანიზატორებს ისე აქვთ გათვლილი ყველაფერი, რომ სულ რაღაც ათიოდე წუთში ყველანი უკვე Veronafiere-ს ტერიტორიაზე ვართ და ჩვენ-ჩვენი პავილიონებისაკენ მივიჩქარით. ჩვენი სტენდი მეთერთმეტე პავილიონის D3 ზონაშია. პავილიონში მოხვედრამდე გამოფენის ტერიტორიას ინტერესით ვათვალიერებ კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე დღის სინათლეზე. აქაურობა ადამიანებთან ერთად კიდევ უფრო მიმზიდველია. ვიცი, რომ რომელიღაც პავილიონში გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი მიმდინარეობს, რომელსაც ვერონას მერი, გამოფენის ორგანიზატორები და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან, მაგრამ მონაწილეებს ეს ნაკლებად აღელვებთ; ყველას უნდა, დროზე მივიდეს თავთავიანთ სტენდთან და მუშაობას შეუდგეს. „ვინიტალია“ მათი შემდგომი აღმავლობის და წარმატების დიდებული შანსია. მეთერთმეტე პავილიონში შევდივართ და ამ წამიდან ჩემთვის ყველაფერი თითქოს შენელებულად იწყებს მოძრაობას. უზარმაზარი პავილიონი დღეს დილით ისეთი სუფთა და გაკრიალებულია, რომ გარშემო ყველაფერი ლაპლაპებს. სადღაც გაქრა იატაკზე დაფენილი ცელოფნის ბილიკები, ღვინის ცარიელი ყუთები, სტენდის მოსართველად აუცილებელი მასალების ნარჩენები და ვინ მოთვლის, კიდევ რა. ჩვენი სტენდიც სუფთა, გაკრიალებული და სხვა სტენდებისაგან აბსოლუტურად გამორჩეულია თავისი ქართული თემატიკით. მე გარშემო ვიყურები და ვხედავ, რომ პირველი სტუმრები უკვე ინტერესით ათვალიერებენ ჩვენ სტენდს. „გეორგიენ“? - ეკითხება ერთი მაღალი კაცი მეორეს. ვხვდები, რომ გერმანელები არიან. სულ რამოდენიმე წამში ისინი გადაწყვეტილებას იღებენ და ჩემსკენ მოდიან.

„დიახ, საქართველოდან ვართ, - ვპასუხობ მე. - დიახ, ქართული ღვინის კომპანიაა; აქ წარმოდგენილი ღვინოებიდან სამი თეთრია, სამი კი წითელი; დიახ, ყველა მშრალი ღვინოებია; კეთილი, თეთრით დავიწყოთ; რქა-წი-თე-ლი... არა, შქა არა, რქა... სწორია“... სანამ მე ვლაპარაკობ, ისინი ღვინოს ჭიქებში ატრიალებენ, შემდეგ კი ღრმად ყოფენ ცხვირებს ჭიქებში და ღვინის სურნელს იყნოსავენ. შევყურებ მათ და ვხვდები, რომ აღარაფრის მეშინია. ახლა მე უკვე ყველაფერი მახსოვს და ვიცი ქართული ღვინის შესახებ, ყველაფერი ვაზის ჯიშებზე, ნიადაგის თავისებურებებზე, მაცერაციაზე, კლიმატის და ამინდის ზაგავლენაზე, სამას არაგველზე, ქართულ ფეხბურთზე, ვარდების რევოლუციაზე, ზოგადად რევოლუციებზე, შავ ხვრელებზე, გერმანულ ავტობანებზე, ფერადკანიანი მონა ქალების ბედზე 19-ე საუკუნის დასაწყისის ნიუ ორლეანში, ნილ და ლუი არმსტრონგზე, სადამ ჰუსეინზე, მარკოზე... ოღონდ რამე მკითხონ, ვფიქრობ მე, ოღონდ რაიმე შეკითხვა დამისვან... SHOWTIME!

0x01 graphic

ისინი მოდიან და მოდიან. უწყვეტ ნაკადად. სომელიეები გენუადან, მილანიდან, რომიდან და მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან, დისტრიბუტორები ჰელსინკიდან და ჰამბურგიდან, ენოლოგიის პროფესორები კალიფორნიიდან და ავსტრალიიდან, ენოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები იტალიის ლამის ყველა საუნივერსიტეტო ქალაქიდან, ღვინის ენთუზიასტები სეულიდან, კეიპტაუნიდან, საუთჰემპტონიდან, ბორდოდან და ვერონადან, ლატენტური ალკოჰოლიკები დუსელდორფიდან და ოსლოდან, იტალიაში მაცხოვრებელი ქართველები და საღერღელაშლილი რუსები, რუსეთის მოქალაქე სომხები, დახვეწილი ფრანგი სომელიე ქალბატონები, რესტორატორები ბუდაპეშტიდან, მადრიდიდან და ბუენოს-აირესიდან, ღვინის მოყვარულები მელბურნიდან, რომლებიც იქვე ყიდულობენ რამოდენიმე ბოთლ ღვინოს... ვინაიდან ყველა მათგანს დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის ღვინის გასინჯვა მოუწევთ, უმრავლესობას მკერდზე მომცრო ზომის ჭურჭლები კიდია, სადაც ისინი დაჭაშნიკების შემდეგ ღვინოს აფურთხებენ; თითქმის უმრავლესობას სმენია საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ, თუმცა, მცირე გამონაკლისის გარდა, თითქმის არავის არ დაულევია ის, ვისაც გაუსინჯავს, ამბობენ, რომ პირველად რუსეთში ყოფნისას იგემეს ქართული ღვინო. მათთვის აბსოლუტური შოკია ის, რომ ქართული ღვინოები აბორიგენული ჯიშის ყურძნისაგანაა დაწურული. „რა, თქვენ მეუბნებით, რომ ამ ღვინოებში ყურძნის არც ერთი ევროპული ჯიში არ ურევია“? - გაკვირვებით კითხულობენ ისინი. ლიზა ბაგრატიონს, მარკოს და მე დღეში მინიმუმ ას კაცთან გვიწევს, სულ მცირე ხუთ წუთიანი საუბარი. ღვინის დაჭაშნიკება ასეთი მასშტაბის გამოფენაზე მთელი მეცნიერებაა. ესაა ერთგვარი რიტუალი, რომელსაც ყველა ასრულებს, დიდიან პატარიანა და არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამინები ღვინის კარგი მცოდნეები არიან თუ არა. ხუთი დღის განმავლობაში ჩვენს სტენდთან არ მოსულა არც ერთი ღვინის მოყვარული, ვინც ღვინო შესვა და უთქმელად გაეცალა იქაურობას. ამას არც შენ გაკადრებენ და არც საკუთარ თავს. დაჭაშნიკებამდე ისინი ყურადღებით სწავლობენ ღვინის ფერს და სურნელს, სვამენ უამრავ შეკითხვას, დაჭაშნიკების შემდეგ კი აუცილებლად გიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს ღვინის ავკარგიანობის შესახებ. „ჟოლოს გამოკვეთილი ნოტები იგრძნობა, არა“? „კარგი ხასიათის ღვინოა, თუმცა გასინჯვისას ერთი-ორს გირტყამს ლაყუჩებში“, „ძალიან უცნაური ბუკეტია, მსგავსი ჯერ არაფერი გამისინჯავს, სადაა კახეთი“? „მსუბუქია, მაგრამ საოცარი ხანგრძლივობით ხასიათდება“, „თქვენი პრეზიდენტი შევარდნაძეა, არა“? ყველა ამ შეკითხვაზე ამომწურავად უნდა უპასუხო, ვინაიდან გრძნობ, რომ მათ მართლა აინტერესებთ შენი პასუხები. ისინი ფრთხილად სინჯავენ ქართულ ყველს და მოწონებით აქნევენ თავებს, შემდეგ მადლობას გიხდიან, ღვინოს გიქებენ, მიდიან და ისევ ბრუნდებიან თავის მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. „სწორედ ახლა ვუყვებოდი თქვენი ღვინოების შესახებ ჩემს მეგობარს; შეიძლება ჯერ „წინანდალი“ გაასინჯოთ მერე კი „საფერავი?“...

ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, მაინც სომელიეებთან და ენოლოგებთან ურთიერთობაა. ისინი ღვინის ნამდვილი პროფესიონალები არიან და სიტყვებსაც უბრალოდ არ ისვრიან ჰაერში. მათი შეკითხვები კონკრეტული და საქმიანია; მოძრაობები გათვლილი და ზუსტი. როდესაც ხვდები, რომ შენი სტუმარი სომელიეა, ძალაუნებურად წელში იმართები და მთელი ყურადღება მასზე გადაგაქვს. იცი, რომ მისი ცხვირი საშიში იარაღია, რომელიც ყველაზე მიჩქმალული ნიუანსების დაჭერასაც კი მოახერხებს და აუცილებლად მოგახსენებს ამის შესახებ. ოქროს სქელ ჯაჭვებზე დაკიდებული მოზრდილი მედალიონებით მკერდ დამშვენებული სომელიეები რაღაცით რეპერებს გვანან. ზოგჯერ ელოდები კიდეც, რომ გაფშეკილი თითებით და რეჩიტატივით მოგახსენებენ სათქმელს. ღვინოების დაჭაშნიკებისას მათ უამრავი, ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ნივთი დააქვთ თან, რომლებსაც ხან ღვინიან ჭიქებში უშვებენ, ხან კი მათი მეშვეობით ხაპავენ ღვინოს ჭიქებიდან. შენ ამ დროს ჩუმად ზიხარ და ხმას ვერ იღებ. ან კი რა უნდა უთხრა? ბოლოს და ბოლოს, ის რიტუალს ასრულებს, შემოგხედავს და ამბობს ერთადერთ ფრაზას, რომლის გაგონებაც შენ მთელი გულით გინდოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ უტყდებოდი ამაში: „ბრავო, სენიორ, კომპლიმენტი“! ამას ისე გეუბნება, თითქოს ღვინო, რომელიც ეს-ესაა დააჭაშნიკა, შენი დაწურული და გაკეთებული იყოს.

ხუთი დღის განმავლობაში მე ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გადავუხადე მადლობა ჩვენს სტუმრებს ამ სიტყვებისათვის. ვიცოდი, რომ ისინი არ ტყუოდნენ. „ვინიტალიაზე“ არავინ იტყუება და ვერც ვერავინ მოიტყუება. კარგი ღვინო არასდროს აძლევს ღვინის მოყვარულს იმის უფლებას, რომ ტყუილი იკადროს. სინდისიერად გაკეთებული ქართული ღვინო კი, მითუმეტეს, თუ ამაში კარგი მოსავალიც გიწყობს ხელს, ნამდვილად კარგი ღვინოა. „ვინიტალიაზე“ მივხვდი, რომ დანარჩენი მსოფლიო მზადაა მცირე დოზებით ქართული ღვინის მისაღებად. მთავარია, იცოდე, როგორ მიაწოდო ის მას.

„ფინელი დისტრიბუტორი გაგიჟდა ისე მოეწონა ორივე „კახური წარჩინებული და „ვაზისუბანი. „დღის ბოლოს შემოივლის. კომპანიის მესვეურებთან უნდა შეხვედრა“; „ორი იტალიელი სომელიე მილანიდან. კითხულობენ შესაძლებელი იქნება თუ არა მათ რესტორნებში „საფერავის“ შეტანა;“ „იტალიელი სტუდენტები. დონატო მათი პროფესორია. ექვსივე ბრენდი გასინჯეს. მაგრა დაევასათ“. „ვიღაც ამერიკელი ეთნოლოგი ქალია. მითხრა სან ფრანცისკოს რომელიღაც უნივერსიტეტში ვასწავლი და ხშირად მიწევს ქართულ ღვინოზე საუბარიო. აქ პირველად გასინჯა ჩვენი ღვინო. ნეტავი რას უყვება თავის სტუდენტებს თუ ღვინო პირველად გასინჯა?“ „იტალიელი დისტრიბუტორი. იმდენი სინჯა, რომ მთელი საფურთხებელი გაავსო. აქ მე მგონი სერიოზულ შემოთავაზებას აქვს ადგილი. დღესვე დაურეკეთ. გელოდებათ“, „ვიღაც კორეელი მეღვინე. ყველა ღვინო გასინჯა მერე კი სტალინზე მელაპარაკებოდა“, „ეს ჩვენი მეზობელი ფრანგის ბარათია. დილით ღვინო გავასინჯე, მერე კი მოვიდა, მოგვილოცა და ვიღაც მეორე ფრანგი მოიყვანა. პრაის ლისტი წაიღეს“. „ამ გერმანელებს მიხედეთ. მაგარი აზრზე არიან და დიდებული წინადადება აქვთ!!!“ „ინგლისელი ენთუზიასტები. ნასვამები იყვნენ. მოვიდნენ, გასინჯეს, მოეწონათ, წაეთრენ“... ეს ჩვენი სტუმრების მიერ დატოვებულ სავიზიტო ბარათებზე ჩემს მიერ გაკეთებული წარწერებია. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ყველა სტუმრის და წინადადებების დამახსოვრება. ამ ჩანაწერებს სტუმრის წასვლისთანავე ვაკეთებდი, დღის ბოლოს კი კომპანიის წარმომადგენლებს ვაძლევდი. საერთო ჯამში დღის განმავლობაში საშუალოდ 300-400 ასეთი სავიზიტო ბარათი ხვდებოდა ლიზას, მარკოს და ჩემს ხელში. მაგრად მაინტერესებს, რა გაგრძელება ექნება ყოველივე ამას. დღეს კი გამოფენის მესამე დღე სრულდება. სულ რამოდენიმე წუთში გამოაცხადებენ, რომ გამოფენა იხურება. ისეთი დაღლილი ვარ, რომ ფეხზე ძლივს ვდგავარ, თუმცა ჯიუტად ვეუბნები უარს ყველას, ვინც მთხოვს რომ ჩამოვჯდე და დავისვენო. რა ვქნა, ასე ვარ მოწყობილი, თუ სამუშაო მაინტერესებს, ზვიგენივით ვხდები და მანამ არ ვისვენებ, სანამ ყველაფერი არ მთავრდება.

ჩვენ ნელ-ნელა ვლაგდებით. სტენდის მარცხენა კუთხეში მაგიდა დგას, რომელზეც მაღალყელიანი ღვინის ჭიქები და ღვინოზე მისაყოლებელი ყველი და ნიგოზია. სტენდის შუაგულში დახლია, დახლის გვერდზე მონიტორი, სადაც ბასას გადაღებული კლიპები ტრიალებს ნონსტოპ. მარჯვენა კუთხეში, თამრიკოს მიერ იატაკზე კონცეპტუალურად მიმოყრილი ქვევრების, ორშიმოების და მარნის დანარჩენი სხვა ატრიბუტიკის წინ, მელაანში ნაპვნი ბრინჯაოს მამაკაცის ნატურალური სიმაღლის ბუტაფორული ასლი დგას. ასოწამომდგარ კაცს ერთ ხელში სასმისი უჭირავს, მეორეში კი სავარაუდოდ, მახვილი, თუმცა გამოფენის სტუმრებს და მონაწილეებსაც ნაკლებად ანაღვლებთ, რა უჭირავს მას ხელში. მათ ძირითადად მისი მამაკაცური ღირსება იზიდავთ და შემიძლია დავიფიცო, რომ გამოფენის მსვლელობისას მასთან ერთად სურათის გადაღების მსურველი ქალბატონების რაოდენობა უფრო დიდი იყო, ვიდრე ერთ იტალიელ მომღერალთან, რომელსაც თავისი ღვინოები ქონდა წარმოდგენილი ვერონაში. სულ იმაზე ვფიქრობდი, კიდევ კარგი თამრიკოს თავში რამემ არ დაარტყა და ბუტაფორიულის ნაცვლად ცოცხალი კაცის დაყენება არ გადაწყვიტა მეთქი. აუ, რა იქნებოდა! აი, ეხლაც, ექვსი გერმანელი ქალბატონი ისტერიული სიცილით იღებს ფოტოებს ჩვენს ბუტაფორულ sex machine-თან. გარშემო ვიყურები და ჩვენი მეზობელი ფრანგის მზერას ვიჭერ. გამოფენის სამი დღის განმავლობაში ჩვენ თვალებით ვეურთიერთებით ერთმანეთს. ის მხრებს იჩეჩავს და ქედმაღლურად მიმანიშნებს გერმანელ ქალებზე. „რა, არ უნახავთო?“ - მეკითხება ირონიული გამოხედვით. მეც სხვა რა დამრჩენია, მხრების აჩეჩვით ვპასუხობ, - ასეთი ალბათ არა მეთქი. ნამდვილად არ ვაპირებ ვუთხრა, რომ როდესაც დღეს ის ლანჩზე კაფეში გავიდა, მისმა კოლეგა ფრანგმა ქალბატონმა, ვისთან ერთადაც ის „ვინიტალიაზე“ ჩამოვიდა, იმდენი ფოტო გადაიღო ჩვენ ბუტაფორულ კაცთან ერთად, რომ ძლივს მოვგლიჯეთ იქაურობას.

„დონატო მოდის!“ - მეუბნება ლიზა. „ღმერთო ჩემო, - ვფიქრობ მე, - რაღა ახლა შემომესია ამდენი ხალხი“? ამ დროს კახეთის კლიმატზე ვესაუბრები ვიღაც ლიტველებს და თან ცალი თვალით ვხედავ, რომ ჩემთან „შესახვედრად“ უზარმაზარი რიგი დამდგარა ჩვენს სტენდთან. მარკო და ლიზა ვერაფრით დამეხმარებიან. მათთან გასაუბრების მსურველიც ბევრია, არადა დონატო მოდის! Si, certo…- მიღიმის ის ეკრანიდან ღვინის ჭიქით ხელში. მოდი ახლა აგიხსნით თუ რას ნიშნავს ღვინის ნებისმიერ საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვები „დონატო მოდის,“ განსაკუთრებით კი დღეს აქ, ვერონაში. დონატო უკვე სამი დღეა მოდის, მაგრამ პირდაპირ ჩვენთან რომ მოსულიყო ალბათ ქალის ტანსაცმელი უნდა ჩაეცვა და გრიმი გაეკეთებინა, ვინაიდან მას მთელი „ვინიტალია“ იცნობს. შესაბამისად, თითქმის ყველა სტენდთან უწევს შეჩერება და თავის კოლეგებთან საუბარი. აქ, გამოფენაზე მის მიერ შექმნილი ბევრი ღვინოა წარმოდგენილი. კიდევ უფრო რომ გავამარტივო, ვიტყვი, რომ დონატო ლანატი ენოლოგიის მარადონაა მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, სონი როლინზი, - მათთვის ვინც ჯაზს უსმენს, ჟან-ფრანსუა ლიოტარი, მათთვის ვინც ფილოსოფოსობს და თუ ასე წავიდა, შალვა ნათელაშვილი მათთვის ვინც ქართულ ლეიბორისტულ პარტიას უჭერს მხარს...

დონატო ლანატი ევროპაში ყველაზე უფრო დახვეწილი ენოლოგიური ლაბორატორიის „ენოზისის“ დამაარსებელი და მსოფლიოში ყველაზე პატივცემული ღვინის მწარმოებელთა კონსულტანტია. ჩვენ გაგვიმართლა, ლანატი ქართული ღვინის დიდი დამფასებელი და საქართველოს და ზოგადად ქართული კულტურის მოყვარულიცაა. აქ წარმოდგენილი ქართული ღვინოებიდან ორი მათგანი, თეთრი და წითელი „კახური წარჩინებული“ მის მიერაა შექმნილი. ახლა ხომ გასაგებია თუ ვინ მოვიდა ჩვენთან, როდესაც მე ლიტველებს ვესაუბრებოდი? თანაც, დონატო ლანატი ჩვენთან მარტო არ მოსულა. მან თავისი მეგობრები და კოლეგები მოიყვანა, და კიდევ ტელეოპერატორების და ჟურნალისტების მთელი „კოდლა.“ ჩვენს გარშემო ყველა და ყველაფერი შეჩერდა. თვალებით მოვძებნე ნაცნობი ფრანგი. როგორც ვხვდები, ის უკვე რაღაც ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩემი ყურადღების მიქცევას. დამინახა თუ არა, რომ მისკენ ვიყურებოდი, თავი გადააქნია, თვალები გადაქაჩა და ჩუმად ამოაყოლა - „ოო-ლალაა!“ მის გვერდით მდგარი მისივე კოლეგა ქალი ჩვენსკენ არც კი იყურებოდა; ის მდუმარედ მიშტერებოდა ჩვენს ბუტაფორიულ კაცს. ბასას უკვე გაფრთხილებული ვყავდი, რომ ლანატი ინგლისურად არ ლაპარაკობდა, ამიტომაც როდესაც ერთმანეთი გაგვაცნეს, მე უბრალოდ მდუმარედ დავუქნიე თავი. „დაელაპარაკეთ ერთმანეთს!“ - გვიყვიროდა შორიდან ლიზი ვაჩნაძე ტელეკომპანია „იმედიდან“. გამახსენდა ბასა რომ მარიგებდა, იტალიელებს რომ ელაპარაკები ნებისმიერი წინადადება სიტყვა „ალორა“-თი დაიწყე და მერე რაც გინდა ის თქვიო. სულ გადამავიწყდა, რომ ამ ერთადერთი სიტყვის გარდა იტალიურად ლამის არც ერთი სიტყვა არ ვიცოდი და დაბნეულმა ომახიანად დავჭექე: „ალორა, სენიორ ლანატი!“... და ენა ჩამივარდა. ლანატი მიხვდა, დახმარება რომ მჭირდებოდა და სასწრაფოდ ჩამიდგა ფრაზა იტალიურად, თან ღვინიან სავსე ჭიქას ატრიალებდა ხელში. მე სასწრაფოდ გადავედი ინგლისურზე. ისე გამოვიდა, თითქოს მე და ლანატი ღვინოზე ვსაუბრობდით, მაგრამ, მაინც ვიმედოვნებ, რომ ლიზი ამ იდიოტობას ეთერში არ გაუშვებს. როდესაც ლანატი და მისი კოლეგები წავიდნენ, მათ დაახლოებით თორმეტიოდე ახლადგახსნილი და ბოლომდე დაცლილი ღვინის ბოთლი დაგვიტოვეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამი სეტი ჩოგბურთი მეთამაშა. სტენდს მოვცილდი და გასასვლელში დავდექი. საიდანღაც ჩემი ნაცნობი ფრანგი გაჩნდა და შურნარევი ღიმილით მკითხა: Good day, huh? (კარგი დღე გაქვთ, არა?)

0x01 graphic

დღეს გამოფენის ბოლო დღეა. დილით მე გამოფენის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად მივაბიჯებ Veronafiere-ს შესასვლელისკენ. ამ დროისათვის მე უკვე ვიღაც-ვიღაცეებს ვიცნობ კიდეც. ჩვენ თბილად ვესალმებით ერთმანეთს და საუბარ-საუბარით მივემართებით ჩვენ-ჩვენი პავილიონებისაკენ. ისინი თავის სტენდებთან მეპატიჟებიან, მე კი მათ ჩვენთან. მოკლედ, დიდი გადაპატიჟებ-გადმოპატიჟება მიდის. დღეს შუადღიდან მარკო და თაკო ჩემს გარეშე იმუშავებენ. ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ დღეს ლანატის მიერ მოცემული სიით ხელში უნდა დავიარო პავილიონები და დავაჭაშნიკო მის მიერ რეკომედირებული ღვინოები. ლანატი უბრალო, თბილი და ყურადღებიანი კაცი აღმოჩნდა. გასულ საღამოს მის საპატივცემულოდ მოწყობილ სადილზე ისე თბილად და არა-პათეტიკურად ისაუბრა საქართველოზე და ქართველებზე, რომ სარკაზმს მიძალებული ჩემისთანა ტიპიც კი მოხიბლა. სადილზე ღვინოებს ის უკვეთავდა. რესტორნის სომელიე ერთი წუთითაც არ ცილდებოდა მას გვერდიდან. „ღვინოები, რომლებსაც დღეს გაგასინჯებთ, - გვითხრა ლანატიმ, - გამოფენაში მონაწილეობას არ იღებენ, იმიტომ, რომ მათ ეს არ სჭირდებათ.“ სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ყოფნისას ჩემს მიერ გასინჯული ყველა ღვინის დასახელება ჩაწერილი და დამახსოვრებული მაქვს, იმ საღამოს საყოველთაო ყაყანსა და საუბარში მე ვერც კი მოვახერხე ამ ღვინოების სახელწოდებების დამახსოვრება. ვიფიქრე, წასვლის დროს დაველაპარაკები მეთქი ადგილობრივ სომელიეს, მაგრამ აქაც რაღაცამ შემიშალა ხელი. ღვინოები კი მართლაც რომ საოცარი იყო! „მე არ მიყვარს ზედმეტად უბრალო ან დახვეწილი ღვინოები, - ნათქვამი აქვს ლანატის. - კარგი ღვინო ცოცხალი არსებაა და თითო-ოროლა ხარვეზი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას, როგორც ხალი ლამაზი ქალის სახეზე.“ იმ საღამოს კი გვითხრა, ცუდი ღვინოები საერთოდ არ არსებობს, მათ მეღვინეები აფუჭებენო. ნატოს მეშვეობით ვთხოვე აეხსნა, თუ რომელ პავილიონებში ღირდა ღვინოების გასინჯვა. მან ჯერ მე შემომხედა, მერე კი, თავის ასისტენტს და რაღაც გადაულაპარაკა იტალიურად. ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ მოვიხადე ბოდიში უდროოდ დასმული შეკითხვის გამო, ვინაიდან ლანატის ასისტენტმა თითქმის ორმოცი წუთი დაახარჯა შუა სადილის დროს ჩემთვის გამოფენაზე წარმოდგენილი საუკეთესო ღვინოების სიის შედგენას. სიას ლანატის სავიზიტო ბარათი მოყვა. ამ ბარათის მეშვეობით, როგორც მათ ამიხსნეს, ჩემს წინაშე ყველა დახურული კარი გაიხსნებოდა. ასე, რომ გამოფენის ბოლო დღეს, დაწყებული სადღაც შუადღის ორი საათიდან, ამ სიით ხელში დავიწყე ჩემი პირველი ტურნე Veronafiere-ს უკიდეგანო ტერიტორიაზე. იმ დღესვე მივხვდი, თუ რამდენად მწირი იყო ჩემი ორწლიანი ძალისხმევის შედეგად მიღებული ცოდნა ღვინოს შესახებ. მისი ამოწურვა, უბრალოდ, შეუძლებელია! რა თქმა უნდა, ამ დროისათვის სრული პროფანი უკვე აღარ ვიყავი, მაგრამ არც ბოლომდე მომზადებული აღმოვჩნდი იმ საოცარი ღვინოების გასასინჯად, რაც იმ დღეს მარგუნა ბედმა. მართლაც, ლანატის სახელის გაგონებაზე ჩემს გარშემო ფაცი-ფუცი ტყდებოდა, მით უმეტეს, რომ ჩემს სავიზიტო ბარათზე გარკვევით ეწერა, რომ Wine Writer-ი ვარ, ჟურნალისტი, რომელიც ღვინოზე წერს. იმ დღეს, როგორც წესი, სპეციალურად მამაგრებდნენ ერთ კაცს, რომელიც მისხამდა ღვინოებს, მაწვდიდა ძეხვეულს და სხვა დელიკატესებს და საერთოდ, თვალებში შემომციცინებდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მგონია, რომ არც მე გამიმტყუნებია მათი მოლოდინი; დიდხანს ვუზიარებდი მათ ჩემს მოსაზრებებს დაჭაშნიკებული ღვინოების შესახებ, ვეკითხებოდი ვენახებზე, ყურძნის ჯიშებზე და მოსავლის ავ-კარგიანობაზე, ვუქებდი ღვინოებს და საერთოდ, მაქსიმალურად ვცდილობდი ღირსეული სტუმარივით დამეჭირა თავი. მერე კი, როდესაც ხვევნა-კოცნის და დამშვიდობების შემდეგ მორიგი სტენდისკენ მივემართებოდი, გზაში ვჩერდებოდი და ჩემივე ნალაპარაკევს ვიწერდი ბლოკნოტში. ასე გაგრძელდა თითქმის საღამოს შვიდ საათამდე. ამ დროისათვის კი უკვე კარგა ლაზათიანადაც შევთვერი, თუმცა მამაჩემივით, მეც არასდროს მეტყობა ხოლმე, ნასვამი რომ ვარ. თანაც, ვინაიდან გასასინჯი ღვინოები ისე ცოტა ისხმება ჭიქებში, რომ თრობაზე ლაპარაკი თითქოს ზედმეტი უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ბოლოსდაბოლოს, ცოტა ბევრი ხდება, როდესაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში სტენდიდან სტენდთან ინაცვლებ და ერთ დაჯდომაზე მინიმუმ სამი-ოთხი სახის ღვინოს აჭაშნიკებ. სტენდიდან სტენდთან გადასვლისას გზად მხოლოდ მხიარული და გაბადრული სახეები მხვდებოდნენ. სხვანაირად ვერც იქნებოდა. „ვინიტალიაზე“ მოსული სტუმრები და მასპინძლები დღეს უკვე ერთად მიირთმევდნენ მსოფლიოში ყველაზე უფრო დახვეწილ ღვინოებს. ჩემი ბოლო მასპინძელი ქერათმიანი ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა, რომელმაც ყველა გასასინჯი ღვინის ბოთლი ჩემს წინ მაგიდაზე დააწყო და დეგუსტაციაც დაიწყო. არ ვიცი, თავიდანვე მიხვდა თუ არა, ძალიან მაგარი ნასვამი რომ ვიყავი, მაგრამ, როცა შემთხვევით მაღალყელიან ღვინის ჭიქას ხელი წავკარი და თეთრ შარვალზე წითელი ღვინო გადავასხი, გაოცებულმა ამომხედა და შეცბუნება რომ შემამჩნია, აქეთკენ დამიწყო დამშვიდება. მოკლედ, მივლაგ-მოვლაგდით და მან ღიმილით დამისხა კიდევ ერთი ღვინო, ისევ წითელი. მე დინჯად წავიღე ხელი ჭიქისკენ და სანამ ორივენი აზრზე მოვიდოდით, მეორედ გადავავლე წითელი ღვინო შარვალზე. აქ ბოდიშის მოხდაც ზედმეტი იყო. Sorry for the mess, - ანუ ბოდიში ამ „ბარდაგისთვის“ მეთქი, წავიბურტყუნე მორიდებულად. მეორე ამოხედვაზე კი მივხვდი, რომ ყველაფერს მიხვდა. ის ყურადღებით დამაკვირდა, უხმოდ გადაყლაპა ჩემთვის განკუთვნილი ერთი-ორი მწარე სიტყვა, გამიღიმა და მითხრა: It's okay sir, we're all in wine business! (არაფერია, სერ, ჩვენ ხომ ყველა ღვინის ბიზნესში ვართ).

14 პროფესია - სუხიშვილი

▲back to top


ისტორია

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მას ხომ ყოველთვის და ყველასთვის, მთელი ცხოვრება, ერთი რამის მტკიცება უხდებოდა; მტკიცება იმისა, რომ მას შეუძლია, უკეთესად შეუძლია. რომ ის პიროვნებაა და არა მხოლოდ სუხიშვილების ოჯახის მორიგი წევრი. ამიტომაც ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არავის ეკითხა - ნინო სუხიშვილი? ვინმე ხომ არ ხარ სუხიშვილების?

„იცი რა... ის ნინო სუხიშვილი, რომელიც 20 წლის წინ ცხოვრობდა, დღეს ვერ შეძლებდა არსებობას, ანსამბლის მართვას. ადვილად შეჭამდნენო“ - მითხრა. თან ისიც დააყოლა - „უთქმელი და მორიდებული გოგოდან, ენამოსწრებული გავხდი, დღეს ვერავინ დამჩაგრავსო.“ ცოტას, ალბათ, აზვიადებს-მეთქი გავიფიქრე, აბა, სად ის ნინო, მე რომ გავიცანი და სად ენამოსწრებული, დაუჩაგვრელი ბიზნეს-ქალის იმიჯი-მეთქი, მაგრამ ჩემი სიტყვები მაშინვე უკან წავიღე, როცა სამსახურში, სუხიშვილებთან ვესტუმრე და რეპეტიციას დავესწარი; როცა მასთან ერთად მანქანით ვიმგზავრე და ყოველ 3 წუთში ერთხელ, აწკრიალებულ ტელეფონზე, მის საქმიან მოლაპარაკებებს შევესწარი.

არადა, მას ხომ სულ სხვანაირად წარმოედგინა თავისი ცხოვრება. აი, მაშინ, როცა დილით სამხატვრო აკადემიაში, ლექციებს ესწრებოდა, საღამოობით კი, თავის ჩარხზე, ქოთნების ამოყვანას იწყებდა; პირველ გამოფენაზე ოცნებობდა და მომავალ ცხოვრებას სულ სხვა ფერებში ხედავდა. შეიძლება, ის სამზარეულოში მოფუსფუსე წინსაფრიანი დიასახლისი ყოფილიყო, რომელიც იმ წუთას დაცხობილ ხაჭაპურს მიართმევდა მაგიდასთან მოკალათებულ ქმარ-შვილს. მოგვიანებით კი, როცა ყველა დაიძინებდა, თავის სახელოსნოში შევიდოდა და მისთვის ასე საყვარელ საქმიანობას, კერამიკული ნივთების ამოყვანას დაიწყებდა. ხოლო ცხოვრების მომაბეზრებელ კითხვას - სუხიშვილი ხარ? და იმ სუხიშვილების ვინ ხარ? - ისევ ისე, გადაჭრით უპასუხებდა - არავინ, უბრალოდ, მოგვარე. მას ხომ ყოველთვის და ყველასთვის, მთელი ცხოვრება ერთი რამის მტკიცება უხდებოდა; მტკიცება იმისა, რომ მას შეუძლია, უკეთესად შეუძლია. რომ ის ნინოა, ნინო სუხიშვილი, პიროვნება, და არა მხოლოდ სუხიშვილების ოჯახის მორიგი წევრი. ამიტომაც ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში და მაშინ, როდესაც ოჯახის ყველა დანარჩენი წევრი, მოცეკვავეებთან ერთად მორიგი პროგრამის რეპეტიციას გადიოდა, ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არავის ეკითხა - ნინო სუხიშვილი? ვინმე ხომ არ ხარ სუხიშვილების?

მაგრამ „სუხიშვილები“ - ეს საუკუნეა, მთელი საუკუნე. რომელიც მაშინ დაიწყო, როცა ანსამბლის ჩამოყალიბების აუცილებლობის დასამტკიცებლად, ახალგაზრდა ილიკო სუხიშვილი, ცკ-ს მდივნებთან კაბინეტში იდგა და მარტო ცეკვავდა, მღეროდა და 2 საათიან პროგრამას უჩვენებდა რბილ სავარძლებში მოკალათებულ ბიძიებს; როცა კრემლში, მიღებაზე, ნინო რამიშვილის გვარის დასახელებისას სტალინმა ცივად გახედა და უპასუხა - „რამიშვილი?! ისინი ხომ ყველანი მენშევიკები არიან, დასაჭერი ხალხია“. ამის მერე არავინ იცის, რამდენჯერ ელოდებოდა ნინო რამიშვილი დიდი ბელადის დანაპირების ასრულებას. სუხიშვილები, ეს ისაა, რამაც მთელს მსოფლიოს გააცნო და დაანახა ქართული ცეკვა, როდესაც ინდოეთში გამართული კონცერტის დროს, ბამბუკის სცენა ჩაინგრა და მთელმა მეორე მოქმედებამ, სცენის ქვეშ დამდგარი ხალხის ზურგზე გადაიარა; როდესაც მსოფლიო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე ლონდონში (სადაც ცკ-სთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო ნინო არ გაუშვეს), ილიკო სუხიშვილს მეფე ჯორჯ მეხუთემ გრან-პრი გადასცა და უკვე წლების შემდეგ, საფრანგეთში, სადაც ანსამბლმა არნახული წარმატება მოიპოვა, თენგიზ სუხიშვილი ჯერ ჯერალდინა ჩაპლინს ასწავლიდა ერთ-ერთ კლუბში მუხლებზე ტრიალს და მერე ჩოხაში გამოწყობილმა, პირდაპირ ეთერში მიულოცა ფრანგებს ახალი წლის დადგომა, რასაც მაშინდელი მთავრობის დიდი გულისწყრომა მოჰყვა - რატომ ფრანგულად და რა შუაში იყო აქ ჩოხაო?! იმიტომ, რომ სუხიშვილები მართლა მთელი საუკუნეა და კიდევ ერთი, არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ გვარია, იმიტომ რომ, სუხიშვილები, უკვე დიდი ხანია, რაც პროფესიად იქცა.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

სუხიშვილები

მექსიკა ორშაბათამდე ისვენებს, მადრიდი 5 წუთში გავა რეპეტიციას და ვიზების ასაღებად ანკარაში გაჭედილი მენეჯერი ხატია, 3-ში ჩამოვა.

წუთით გავიფიქრე, რომ ცუდ დროს მოვედი. მაგრამ, რაც უფრო დიდ ხანს ვაკვირდები ყველაფერს, ვრწმუნდები, რომ აქ სულ ასეთი რიტმია. ანსამბლი ერთდროულად 4 გასტროლისთვის ემზადება და ამიტომაც, ცნობისმოყვარე თვალებანთებული ჟურნალისტისთვის, ბუნებრივია, არავის სცალია. არც იმ ჩამცმელს, რომელიც სართულებზე ხმლებს და პაჭიჭებს დაარბენინებს, არც იმ მოცეკვავეებს, რომლებიც ორი წუთის წინ გაყარა ნინომ - „რა არის ეს, მეოთხედ ფეხში რატომ გადიხართ რეპეტიციას? არ მინდა, გადით, მორჩა, წადით! ესპანეთი შემოვიდეს“; არც იმ ახობაძეს თუ თაბუკაშვილს, რომელთა ბედიც, ვინ ვისთან განაწილდება სასტუმროში ამ წუთას წყდება და არც ნინოს მარჯვენა ხელს - მენეჯერ ხატიას, რომელიც ანკარაშია ჩარჩენილი და რომლის სამსახურში არ ყოფნა, უკვე მარტო ნინოს კი არა, მეც მაწუხებს.

ათეული წლების წინ, სააკოვის მიერ ფოტოზე აღბეჭდილი სარეპეტიციო დარბაზი დღესაც არ შეცვლილა. ის დარბაზი, სადაც პატარა ილიკო და ნინო დასის უკან საკუთარი იმპროვიზაციით იყვნენ გართულები, რასაც ყოველთვის მოყვებოდა ხოლმე ბებიის მკაცრი ხმა - „ნინო, გაიწიე ახლავე! ვერ ხედავ, ნახაზს მიფუჭებ.“

0x01 graphic

ნინო და ილიკო სუხიშვილები

0x01 graphic

ნინო მშობლებთან (თენგიზ სუხიშვილი და ინგა თევძაძე)

0x01 graphic

ნინო რამიშვილი და ნინო სუხიშვილი

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

- „სუხიშვილები“ ყოველთვის ერთი დიდი ოჯახი იყო, როგორც ანსამბლი, ისე ჩვენი ოჯახი. ჩემი მეგობრის შვილს დღემდე ჰგონია, რომ ანსამბლის ყველა მოცეკვავე სუხიშვილია გვარად და ამიტომაც გვქვია „სუხიშვილები“. ჩვენს სახლში სულ უამრავი ადამიანი ირეოდა. იმის გამო, რომ ოჯახი მუდმივად ან გასტროლებზე იყო ან სარეპეტიციო დარბაზში, სახლში მუდამ გვყავდა მზარეული, ძიძა, დამხმარე პერსონალი. საერთოდ, რაც უფრო ვიხსენებ ჩემს ბავშვობას, ვხვდები, რა კარგი და უდარდელი ხანა იყო. ბაბუაჩემი ხმაურიანი კაცი იყო, ძალიან უყვარდა ოპერა და ამიტომ სახლში ხშირად გაიგონებდი მისი შესრულებით საოპერო არიას. ბებია დილით დგებოდა, მიდიოდა რეპეტიციაზე და შინ გვიან, ღამით ბრუნდებოდა. თუ ძალიან დაიღლებოდა, დაღლილობისგან ასეთი რეცეპტი ჰქონდა: ჩაი კონიაკით, დღეს მეც ასე ვარ, ეს რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის. მიყვარდა როცა დაქალები ეწვეოდნენ ხოლმე და ძირს მოკალათებული, საათობით ვუსმენდი მათ ჭორაობას.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ნინო მეუღლესთან ერთად (ზურა ლეჟავა)

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მშობლები სულ დაკავებულები იყვნენ და ამას ძალიან განვიცდიდი. განვიცდიდი, რომ მაკლდა მათი ყურადღება, მათთან ურთიერთობა. ამიტომ, როცა გავიზარდე მაქსიმალურად მივეწებე და ყველგან თან დავყვებოდი, დასასვენებლადაც კი. მაშინ, როდესაც ყველა ჩემი მეგობარი სადმე მარტოდ წასვლას ნატრობდა. ამით ვცდილობდი ამენაზღაურებინა ის ყურადღება, რაც ბავშვობაში მაკლდა. ჰო, ჩვენთან სულ ვიღაც ცხოვრობდა, ხან ბაბუაჩემის გამზრდელი, ხან ბებიაჩემის მოხუცებული მკერავი. გული მწყდება, რომ დღეს ასე არ არის; ეს სახლი დაცარიელდა, იმის მაგივრად, რომ გავმრავლდეთ, პატარავდება ოჯახი და... საერთოდ ჩემს ოჯახში უფრო დიდ ხანს ცოცხლობდნენ. ამ ბოლო დროს ესეც შეიცვალა. ბაბუაჩემი 80 წლის გარდაიცვალა, ბებია 90-ის და ბოლოს სულ მეუბნებოდა - შენ არ იცი, რა ცოტა არის 90 წელიო. ეს უდარდელი ბავშვობაც უცებ შეწყდა. შეწყდა ბაბუჩემის გარდაცვალების შემდეგ, როცა მე, ადამიანს რომელმაც სულ სხვა გზა აირჩია ცხოვრებაში, ილიკომ გარდაცვალების წინ საავადმყოფოში უთხრა - შენ უნდა გააკეთო ისე, რომ სუხიშვილის გვარი არასდროს ჩამოვიდეს მსოფლიო აფიშებიდანო. მაშინ 19-ის ვიყავი და მივხვდი, რომ ანსამბლს ვჭირდებოდი. არადა აკადემიაში ვსწავლობდი და მინდოდა, მთელი ჩემი ცხოვრება მეკეთებინა ქოთნები, მეტრიალებინა ჩარხი. ბაბუას ვერ შევცვლიდი, ვერც ცხოვრებაში, ვერც ანსამბლში, მაგრამ ჩავთვალე, რომ ანსამბლის და ნინოს გვერდით უნდა დავმდგარიყავი, რომ ნინო მე უნდა დამყრდნობოდა, მაშინ ბევრი რაღაც ავიღე ჩემს თავზე და მივხვდი, რა უცებ გავიზარდე. ილიკოს სიცოცხლის ბოლომდე ნინოსთვის საწოლში მიჰქონდა ყავა. ნინომ არ იცოდა სად რა იყიდებოდა, სად უნდა შეეძინა რძე, პური... რა იყო ფულის ერთეული, იმიტომ რომ ყველაფერი ბაბუაჩემს ჰქონდა თავის თავზე აღებული. და ერთ დღეს, ეს ყველაფერი შეწყდა. ამიტომაც გავხდი ძლიერი, მინდოდა ასე მაინც დავხმარებოდი ნინოს. დავიწყე საჭმელების კეთება და მის გარშემო ფუსფუსი. ბოლო 15 წელი სულ ერთად ვიყავით, მარტო ვცხოვრობდით ამ სახლში. ნინო ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანი იყო და მისი წასვლით, თითქოს საბოლოდ გაწყდა ყველაფერი, თითქოს აღარ დამრჩა საქმე თუ ფუნქცია. კიდევ უფრო გადავერთე ანსამბლის საქმეებში და ზოგჯერ მგონია, რომ ეს ფანატიზმს ემსგავსება. დღეს ჩემთვის არის ანსამბლი, მერე დიდი სიცარიელე და შემდეგ ყველაფერი სხვა.

ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, რომ მოვალეობის გრძნობა პათოლოგიურად მაქვს გამძაფრებული, ეს ყველაფერს მაკეთებინებს. რა უნდა იყოს, რომ არ ავდგე და არ წავიდე სამსახურში, ალბათ, ეს მაშინ მოხდება, როცა მოვკვდები. ამიტომ ყველაფერი პირადული უკან იწევს. ასე იყვნენ ბებია და ბაბუაც, ამბობდნენ, ჩვენ ორი შვილი გვყავს ანსამბლი და თენგიზიო. კი არ ამბობდნენ თენგიზი და ანსამბლიო. დღეს მე ერთი შვილი მყავს - ანსამბლი.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ზოგჯერ მგონია, რომ რობოტი ვარ. ვერ წარმომიდგენია, ეს საქმე მარტო იმიტომ გავაჩერო, რომ დღეს ცუდად ვარ, ან რაღაც მაწუხებს ან არ მინდა. ხშირად არის, ხანდახან გაღვიძება არ გინდა, თან ჩემი დილა ხომ 7-ის ნახევარზე, 7-ზე იწყება. გეზარება ადგომა... მაგრამ, არ მაქვს უფლება, თავს ვაიძულებ, რომ ავდგე, მივიდე სამსახურში. მერე იქ ისე ვერთვები საქმეებში, რომ ყველაფერი მავიწყდება. ერთადერთი, რაც ყველა ოჯახის წევრს ტრაგედიის და უბედურების დროს გვშველოდა - ეს არის საქმე, საქმე, რომელიც გვაცოცხლებს. რომელსაც სამმა თაობამ შესწირა სიცოცხლე. ზოგჯერ მე და ილიკო ისე ვიღლებით, რომ დავსხდებით ხოლმე და ვამბობთ - არა, ჩვენ არ ვართ ნორმალურები... ჩვენი გაძლება ძალიან ძნელია, თუნდაც, ჩვენი მეორე ნახევრებისთვის. თან გვყავს თან - არა! ეს საქმე იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ აღარაფრისთვის აღარ გრჩება დრო და ამ დროს ერთადერთი ოცნება მაქვს ხოლმე, რომ დღე, 48 საათიანი იყოს. ცუდია, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ კარგი ცოლი ვარ... სამაგიეროდ კარგი ორგანიზატორი ვარ. ნამდვილად ვარ“.

„სუხიშვილები“ ნინო და ილიკოთი იწყება. მათი ისტორია ნინოს ერთ ფილმს აგონებს, ფილმს - „ერთხელ ამერიკაში“. ეს იყო ინტელიგენტი ოჯახის პატარა ბალერინას და ძალიან ღარიბი და უბრალო ოჯახის შვილის სიყვარულის ისტორია. რომლებმაც ერთმანეთი, ოპერის თეატრში გაიცნეს. ნინო ბაქოში დაიბადა, მისი მამა ინჟინერი იყო და იმ ხანად ბაქოში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც თბილისში დაბრუნდნენ დიდ, საკუთარი სახლში ცხოვრობდნენ, დღევანდელ გერმანიის საელჩოს შენობაში. ხოლო მას მერე, რაც ნინოს მამა გადაასახლეს, ოჯახი სახლიდან გამოაძევეს და ბოლოს კეცხოველის ქუჩაზე, ერთ პატარა სოროში ცხოვრობდნენ. ნინო და ლადო გუდიაშვილი საერთო აივანზე იზრდებოდნენ, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ნინოს ქორეოგრაფიული განათლება არ მიუღია, ამ მხრივ მათ ოჯახში მხოლოდ რძალი - ინგა თევზაძე და უმცროსი ილიკო სუხიშვილი არიან გამონაკლისები. ნინო რამიშვილი კი, პერინის საბალეტო დასში სწავლობდა.

ილიკო უბრალო, საკმაოდ გაჭირვებული ოჯახიდან იყო. 1 წლის იყო, როცა მამა მოუკლეს, მაგრამ დედა მალევე გათხოვდა და მეორე ქორწინებაში 4 შვილი გაუჩნდა. ილიკო მაინც ობლად იზრდებოდა, თან მამინაცვალიც ცუდად ექცეოდა. ამიტომ სულ პატარას, 12 წლის ასაკიდან მოუხდა ოჯახის შენახვა. დილაობით ფოსტალიონად მუშაობდა, მერე მოხარშულ წაბლს ყიდდა პლეხანოვზე, მაშინდელ მიხაილოვის გამზირზე. საღამოობით, ცილინდრით და ტროსტით ხელში სტეპს ცეკვავდა კაზინოში - „არტოს ბაღში“.

ნინოს სახლში, ხელის სათხოვნელად მისულ ილიკოს, სხვა ფერის ნაჭრით, გაცრეცილ ქურთუკის მთელ ზურგზე დიდი „ლატკა“ ჰქონია ჩადგმული. ამის შემხედვარე, ცოტა გაკვირვებია ნინოს არჩევანი მამამისს, მაგრამ ქალიშვილისთვის უთქვამს: „გაყევი, თუ არ გამოვიდა, აქ არ ვართ, უკან მოხვალო“. ამიტომ, როცა წლების მერე, საკუთარი პრობლემებით დამძიმებული ნინო ბებიას თავის ამბებს უყვებოდა, ისიც მამამისივით პასუხობდა - „კარგი რა, მამაჩემმა 20-იან წლებში მითხრა უკან მოდიო და შენ რა გჭირს, არ გამოვა და მოხვალ რა.“

არადა, იცით, სად სწავლობდა მოსკოვში დიდი ილიკო? სადირექტორო ფაკულტეტზე! წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი რაღაც არსებობდა?! თუმცა ფაკულტეტის დამთავრება ვერ მოახერხა; მესამე კურსზე იყო, როცა ბერიას სასწრაფოდ გამოუძახია თბილისში; 37 წელი იყო და თბილისში, კრემლში საჩვენებლად, საცეკვაო პროგრამა მზადდებოდა. - „ლავრენტი პავლოვიჩ, გამოცდები მაქვს, დიპლომი უნდა ავიღო, ვერანაირად ვერ ჩამოვალ თბილისში“; - „იცით რა.... თუ ჩვენ მოვინდომებთ, თქვენ უდიპლომოდაც გახდებით დირექტორი და თუ მოვინდომებთ, თქვენი დიპლომითაც კი, ვერ ეღირსებით დირექტორობას“-ო. ამ საუბრის შემდეგ, ილიკო სუხიშვილი მეორე დღესვე ჩამოფრინდა თბილისში.

- „ილიკო ანსამბლის უდიპლომო დირექტორი იყო, მეც ასე ვარ, მე ხომ, როგორც მამაჩემი მეძახდა, პროფესიით მექოთნე ვარ. მხოლოდ მას მერე, როცა ილიკო გარდაიცვალა, გაირკვა, რომ ხელი არ ჰქონდათ მოწერილი. არც ჯვარი ჰქონდათ დაწერილი. არადა ნინო მორალისტი ქალი იყო და ამ ამბის გამო სულ დავცინოდით... კიდევ კარგი, მერე თენგიზის დაბადების მოწმობა ვიპოვეთ, თორემ სათუო იქნებოდა მისი სტატუსი ოჯახში. ნინომ ერთხელ ისიც კი მითხრა: შენ იცი, ილიკო ერთადერთი მამაკაცია, ვისთვისაც მიკოცნიაო.

საერთოდ, ძალიან არაპრაქტიკული ხალხი იყო. მთელი ცხოვრება გასტროლებზე დადიოდნენ და მთელი მსოფლიო ჰქონდათ მოვლილი, ისეთი ცხოვრებით იცხოვრეს, რომ ბევრს შეშურდება და რა? არაფერი, დარჩათ მხოლოდ კარგი სახელი და ანსამბლი. ჰო, ერთი სახლი წყნეთში. არასდროს, არც ერთ მთავრობასთან არ იყვნენ ახლოს; არც ცუდად და არც გამორჩეულად.“

როდესაც ნინო ამ ყველაფერს მიყვებოდა, სამაჯური გამახსენდა, შაჰის ნაჩუქარი სამაჯური, წინა დღეს რომ მაჩვენა. ერთ დროს, თეირანში, ჩვენ რომ ვეძახით „ქართული კულტურის დღეებიო“, რაღაც ამდაგვარი გამართულა. სადაც ილიკო და ნინოც ყოფილან მიპატიჟებულნი. ირანის შაჰს, ნინო რამიშვილისთვის ულამაზესი სამაჯური უბოძებია, მაგრამ საქმე ის იყო, რომ... მოკლედ, რამდენჯერაც ნინო ამ სამაჯურს გადმოიღებდა და გულმოწყალე შაჰის გახსენებას იწყებდა, მონოლოგში აუცილებლად ერთვებოდა ილიკო, რომელიც უხსნიდა, რომ მას ეშლება, რომ ის ვერცხლის ზარდახშა, რომელიც საძინებელში დევს თაროზე და აწერია „შაჰისგანო“, ის არის მისი საჩუქარი და არა პერსონალურად, ნინოსთვის მირთმეული სამაჯური. „ეს შენ თვითონ იყიდე სადღაც და აღარ გახსოვსო“ - ეტყობა ასე, ჩუმად ეჭვიანობდა, თავისთვის. ჯერ კიდევ პატარა ნინოსთვის, ერთი სიამოვნება იყო ბებიის ოთახში, ვეებერთელა სარკესთან ჯდომა (რომელსაც ჯადოსნური დაარქვა, რომ იხედები მაღალი და გამხდარი ჩანხარო. მართლა ასეა, მეც ვცადე) და ზარდახშაში შენახული ძვირფასეულობის თვალიერება. დღეს, ნინოს თქმისა არ იყოს, „ჩვენი ოჯახი პატარავდებაო“, ის ზარდახშაც „პატარავდება“. ხან ქურდების დამსახურებით და ხან რთულ პერიოდებში, ანსამბლისთვის თუ ცხოვრებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად.

„დღესაც, სანამ რაიმეს გადავწყვეტთ, მეც და ილიკოც ვსხდებით და - რას ფიქრობ, რას იტყოდა ამაზე ნინო? ილიკო? თენგიზი ასე გადაწყვეტდა?“ ვცდილობთ, ისე მოვიქცეთ, როგორც ისინი გადაწყვეტდნენ, მოიქცეოდნენ.

ნაკლებად ვფიქრობ იმაზე, რას იტყვის ხალხი. ნინოს და ილიკოს ბევრი ცეკვა, მათი ფანტაზიის ნაყოფია და ამის გამო მაშინაც... ისევე, როგორც ჩვენ დღეს, ჩვენც ხომ გვედავებოდნენ ახალ პროგრამაზე. მათ ბევრი ცეკვა მოიგონეს, ოღონდ ხალხურ მოტივებზე, როგორც დღეს ილიკო დგამს სვანურს თუ მთიულურს. ეს ხომ ხალხური ცეკვის ილეთებიდან აღებული ქორეოგრაფიაა. დღეს ის ძველი, რაზეც თავის დროზე მათაც ედავებოდნენ, კლასიკად იქცა და სასაცილოა, როცა გვეუბნებიან - თქვენ, ის ძველი უნდა შეინარჩუნოთო... თვითონ ილიკო და ნინოც სულ ანვითარებდნენ და ცვლიდნენ ცეკვას, 40-იანებში დადგმული ცეკვა განსხვავდებოდა 60-იანების იმავე ცეკვისგან.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ჰოდა, მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს მე-20 საუკუნის და 21-ე საუკუნის ხალხური ცეკვა? ადრე უფრო იყო შემოტევები, ახლა ცოტა დაწყნარდნენ და ვინც ყველაზე მეტს ყვიროდა, ეს არ არის ქართული ცეკვაო, დღეს თავად ცდილობს მოგვბაძოს და ახალი პროგრამიდან რაღაცეები გადაიღოს. ისე, ეს კარგი და საამაყოა, როცა მოდა შემოგაქვს და შენზე სწორდებიან, რატომაც არა! ახალმა პროგრამამ ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის, რომ დღეს თანამედროვე ახალგაზრდობა მოტრიალდა და მათთვის მისაღები გახდა ქართული ცეკვა. არა აქვს მნიშვნელობა ჩოხა-ახალუხი გაცვია თუ ბოტასები. და რა არის ASSA Party? ყველაფერი იგივე, ოღონდ სპორტულ სამოსში. ოპტიმისტი ვარ და პატრიოტული სულისკვეთება მაქვს, სულ მგონია, რომ მომავალში ეს უფრო განვითარდება, კიდევ უფრო პოპულარული გახდება, განახლდება. ცეკვა ხომ ცოცხალი ორგანიზმია და არა მუზეუმი. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მარტო ჩემი ოჯახის საქმე არ არის, ეს ქვეყნის, ერის საქმეა. ჩვენ სახელმწიფო ანსამბლი ვართ არა კერძო შ.პ.ს.

შეიძლება ვიღაცას იმის წარმოდგენაც გაუჭირდეს, რომ სუხიშვილები სპონსორობისთვის აქეთიქით რეკავენ და... ჩემს მენეჯერს ერთ-ერთი ბანკის მენეჯერმა უთხრა - რა გაგიჭირდათ ასეთიო... არადა, ახალი პროგრამისთვის ნინოს სამკაულების გაყიდვაც დამჭირდა. თითო ცეკვას 40 ჩოხა სჭირდება, მე კი მაქსიმუმ 8-ს შეკერვას ვახერხებ წელიწადში; არავინ იცის, რომ ახალი სვანური ჩოხა, გადმოტრიალებული ძველია; რომ ვოცნებობ ჯუთას ცეკვაზე კლიპი გადავიღო, უკვე ვიცი, როგორსაც გადავიღებ... ეს არ იქნება კლდეები და ლურჯი ცა... მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს საჭირო თანხა. არ შემიძლია კარდაკარ სიარული - ძია დაგვეხმარეთ ძახილი და იცი რა, არ გავუცრუებ იმედებს, დაე, ეგონოთ რომ არაფერი გვიჭირს.

ჩემთვის არ არსებობს ცალკე სამსახური და სახლი. ამიტომ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, მამაჩემი სულ მეხვეწებოდა - არა ნინო, ოღონდ ახლა არა, ხვალ სამსახურშიო. არა, ეს საქმე ვერ მოითმენს-მეთქი და მაინც ვიწყებდი სამსახურზე ლაპარაკს. თენგიზი ყოველთვის ჩემი დირექტორი იყო, მაგრამ სულ სხვანაირი ურთიერთობა მქონდა მასთან. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები მასთან არის დაკავშირებული. ჰო, პირველი სიგარეტი მამაჩემმა მომაწევინა, პარიზში - არ გინდა, გავაბოლოთო... ახალგაზრდობაში დიდი ხულიგანი იყო, სულ ცემა-ტყეპაში იყო. ძალიან უყვარდა მაფიოზური ამბები და ბევრ ასეთ ტიპს, ერთ ცნობილ სიცილიელსაც კი იცნობდა. როდესაც მეორედ გავთხოვდი, ჩემს ქორწილში ერთად ვიცეკვეთ ვალსი, იცი რა მუსიკაზე? „ნათლი მამადან“. საოჯახო შეკრება როცა იწყებოდა, ყველას ეგონა, რომ ერთმანეთს ვხოცავდით; იყო ფურცლების ფრიალი, მუშტების ბრახუნი. როგორც წესი, მე და თენგიზი ერთს ვამბობდით, ინგა და ილიკო მეორეს. აუცილებლად მე და თენგიზი ვიმარჯვებდით, მაგრამ ბოლოში მაინც ისე კეთდებოდა ყველაფერი, როგორც ინგას და ილიკოს უნდოდათ. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამოდიოდა ასე...

მამა ბოლოს ძალინ ცუდად იყო. აორტის ანევრიზმა ჰქონდა. ბევრი ვიწვალეთ. ამერიკაში მყავდა, საშინელი წელი გადავიტანე საავადმყოფოდან საავადმყოფოში, რეანიმაციიდან რეანიმაციაში. ერთხელ მთელი 12 საათი მთლიანად გათიშული იყო, გულიც კი. თითქოს გამოკეთდებოდა, მერე ისევ ურთულდებოდა რაღაც. ამერიკაში მძიმე ავადმყოფების მოვლის კურსებიც გავიარე, ყველაფერი ვცადეთ. უბრალოდ, არ ვფიქრობ, თითქოს მე არ დამემართა. ძალიან ძნელია დღეს ჩემთვის ამაზე საუბარი. ნინოს გარდაცვალების შემდეგაც საკმაო ხანი გავიდა, რომ მასზე საუბარი შემძლებოდა.

დღეს, ჩემი ცხოვრება 24-საათიან სამსახურის რეჟიმშია. ვინმე თუ შემომივლის სახლში, თორემ ისე ვერავის ვეკონტაქტები. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ასეა. მაშინაც კი, როცა რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოვყევი და 6 თვე ბორბლებიან სავარძელში ვიჯექი. სანამ ადგომა არ შეიძლებოდა, ვიწექი, მერე კი, ისევ დაიწყო საქმე, მნიშვნელოვანი ზარები სამსახურში, საზღვარგარეთ, კონცერტების დაგეგმვა. მე ხომ ყველაფერს ტელეფონით ვაკეთებ. ისიც მახსოვს, ტელევიზიით რომ მოვკარი ყური - „ამბობენ, ნინო სუხიშვილი ავარიაში დაიმტვრაო“. როცა ფრიდა კალოზე ვნახე ფილმი, ვიტირე, ჩემი თავი გამახსენდა ოპერაციის შემდეგ. კისერი ფიქსატორით, ბორბლებიანი სავარძელი, ფეხები რკინაში და ჩამტვრეული ნეკნების გამო - კორსეტი... არა, ნამდვილი ფრიდა კალო ვიყავი. ოპერაციის შემდეგ დიდი ხანი განიერი შარვლით დავდიოდი, რომ ეს ჩემი ფიქსატორები არ გამოჩენილიყო. ბოლოს ნამდვილ „ბაბა-იაგას“ დავემსგავსე, ჯოხით დავდიოდი და რომ იცოდე, როგორ ეშინოდათ ჩემი სამსახურში... ხან რას ვურტყამდი ამ ჯოხს და ხან რას. იცი, ძნელია, როცა ერთად ცეკვავდით სცენაზე, ერთად იკეთებდით გრიმს და უცებ მათი დირექტორი ხდები. სხვანაირად არ შემიძლია, სამსახურში მარტო ჩემს საქმეს კი არა, ყველასას მე ვაკეთებ, იმიტომ რომ... ლიდერი? ჰო, ვარ ალბათ. არადა, სკოლაში სულ სხვანაირი ვიყავი: მორცხვი, მორიდებული, დაკომპლექსებული, აქტიური დაქალებისგან დაჩაგრული. ამბობენ, რომ მიზეზიანი და ცოტა განებივრებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ მთლად ასეც არ იყო. კი, პირველი ვიყავი და რაღაცაში მანებივრებდნენ კიდეც, მაგრამ ამან დაღი არ დაასვა ჩემს ცხოვრებას. უცნაური ჩვევა მქონდა, მთელი ბავშვობა მე თვითონ ვიმუშავებდი ნებისყოფას. მაშინ როცა ოჯახში არანაირი შეზღუდვა არ მქონდა და ყველაფრის ნებას მრთავდნენ, ჩემს თავს სულ ვუკრძალავდი რაღაცეებს. ხშირად ჩემს მეს უნდოდა რაღაც, მაგრამ მეორე ეუბნებოდა, არ უნდა გააკეთო. პირველ რიგში ის უნდა გამეკეთებინა, რაც საჭირო იყო, და არა ის, რაც მინდოდა. გავზარდე ეს თვისება ჩემში და ჩემს თავს მე თვითონ ვაკონტროლებდი.

ბავშვობიდან სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი, სულ მესმოდა სუხიშვილის შვილიშვილი, სუხიშვილის შვილიშვილი... ეს კომპლექსი იყო - ცნობილი მშობლების აჩრდილის კომპლექსი. მუდამ პრესის ქვეშ ვიყავი. - არ ცეკვავ? ამ კითხვას გაღიზიანებული ვპასუხობდი - არა! ჩემი ძმაც ასე იყო. უცნაურია, როგორ იცვლება ყველაფერი - დღეს, დაშა, ილიკოს 10 წლის გოგონა, მონდომებით დადის ბალეტზე, მაშინ, როდესაც ჩვენ ცეკვის გაგონებაც არ გვინდოდა და ტელეფონს როცა იღებს ამბობს - ალო, დიახ, მეე? მე სუხიშვილების შვილიშვილი ვარ. მე კიდევ..

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები სულ საზღვარგარეთ დადიოდნენ და ყოველთვის მქონდა საშუალება, გამორჩეულად და კარგად მცმოდა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი ამას. ვითხოვდი, რომ ის ტანსაცმელი, თმის ვარცხნილობა და ის ჩანთა მქონოდა, რაც ყველას სხვას. ერთხელ სურვილი გამოვთქვი, ცეკვა მინდა-თქო და ბაბუაჩემმა რაღაც წრეზე მიმიყვანა. იქ უფრო დავკომპლექსდი, იმიტომ რომ პირდაპირ მეორე თუ მესამე კურსზე დამსვეს, შუაში დამაყენეს, ბევრი ილეთი არ ვიცოდი და მათ ვერ ავყევი... მერე სულ მახსოვს, მთელი ბავშვობა მახსოვს: სუხიშვილია, ეს სუხიშვილია, სუხიშვილის შვილიშვილია... თავი დავანებე და მივხვდი რომ აღარ მინდოდა ცეკვის გაგონება. ბოლოს საკუთარი გარეგნობის მიმართ კომპლექსი გამიჩნდა, რომ არ ვიყავი ისეთი, როგორიც ამ ანსამბლის გოგოები, ანუ ქართულ ცეკვასაც თავისი ტიპაჟი ჰყავს, ხომ? და რომ მე, ამ სტერეოტიპში არ ვიჯექი. არ მქონდა საჭირო სიმაღლე, არ ვიყავი საკმარისად გამხდარი...

მერე უცებ ყველაფერმა გაიარა; ცოტა ღალატი, გაწირვა, ცუდად მოქცევა, ხან მეგობრებისგან, ახლობლებისგან, უნდობლობა... როცა ამ ყველაფერს გამოივლი, თითქოს გამოიწრთობი. და იცი რა... ის ნინო სუხიშვილი რომელიც 20 წლის წინ ცხოვრობდა დღეს ვერ შეძლებდა არსებობას და ანსამბლის მართვას. ადვილად შეჭამდნენ. ბევრი ტკივილის გადატანა როცა მოგიწევს, ბოლოს ამ ტკივილზე აიცრები და რკინის აბჯარს იცმევ. ერთ დღეს მივხვდი, რომ შევიცვალე; დღეს, ჩემს თავს დავიცავ, არავის დაჩაგვრის აღარ მეშინია, შეიძლება არ არის კარგი, როცა არ გჭირდება მხარი, რომელსაც ჩამოეყრდნობი, თავს ჩამოადებ. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ გვიან გავთხოვდი. ვფიქრობდი, რომ მარტოს შემეძლო ყველაფერი; ქალიც ვარ და კაციც, ორივეს საქმეს გავაკეთებ და რომ მეორე ნახევარი, არ იყო ცხოვრებაში საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ ფემინისტი. ფემინისტი კი არა, ვთვლი, რომ ქალი ყოველთვის უფრო დაბლა იდგება ვიდრე კაცი, თავისი ჭკუით, ტვინით. ეს ბუნებითაა ასე და ამას ვერ გადაახტები.

ამ სიძლიერემ განაპირობა ის, რომ ნაკლებად მტკივა, გავუხეშდი. მგრძნობიარე ნინოდან, რომელიც ადრე სულ ტიროდა, რკინის გავხდი. ახლა, თითქოს ცრემლიც დაშრა.

ძნელია, როცა მთელი ცხოვრება იმის მტკიცება გიხდება, რომ არ ხარ მარტო ილიკოს და ნინოს შვილიშვილი, თენგიზის შვილი, მე ვარ მე - ნინო სუხიშვილი. ამიტომ ჩავაბარე აკადემიაში, კერამიკაზე. ეს თიხაა, თიხა ახლოსაა მიწასთან; თიხისგან ვართ ყველა შექმნილები, მიწა ვართ და მიწად ვიქცევით, ამას ძალიან დიდი მისტიური დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის. როცა ზელ თიხას, ამოგყავს, ამაზე საათობით შემიძლია გელაპარაკო. ამისგან დიდი ენერგია მოდის. ხელით კეთება მიყვარს, ძერწვა, მცირე ქანდაკების კეთება. ბევრი წარმატებული გამოფენა მქონდა, თითქოს ჩემი სიტყვა ვთქვი ამ საქმეში. ჩემი ნამუშევრები მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მსოფლიოს სხვადასხვა გალერეაში, კერძო კოლექციებში ინახება და ყველაზე მეტად მაშინ მწყდება გული, მენატრება ეს საქმე, როცა ჩემი კურსელების გამოფენებზე დავდივარ... მართლა მენატრება. ახლა კი... დედაჩემს ყვავილების ქოთანი რომ შემოაკლდება მეხვეწება, რა მოგივა, ერთი მაინც რომ გამიკეთოო. ამის შემდეგ, ისევ მოსკოვში, 2 წელი ვიყავი რუსული ჟურნალის „ნოვაია როსიას“ მხატვარ-რედაქტორი. თუმცა, ყველაზე წარმატებულ პროექტად ნინოზე და ილიკოზე, ანსამბლზე გამოცემული წიგნი მიმაჩნია. მაშინ მივხვდი, მეტი რომ არაფერი გავაკეთო, რაღაც დიდი, უკვე გავაკეთე.

სოლიკო ვირსალაძე ჩემი კერპი იყო და როცა ანსამბლში, მხატვარ-გამფორმებლად დავიწყე მუშაობა მის ასისტენტობას ვიჩემებდი. იცი რა... ქვა ქვაზე თუ არ დადე, კოშკი არ აშენდება, არ მიყვარს, როცა რაიმე ადვილად გამომდის, ამას ფასი არა აქვს. ძალიან უნდა ვიწვალო და ის შედეგი, ისაა კარგი და არა ცისფერ კანტიან თეფშზე მორთმეული. მე მასწავლეს შრომა, არაფერი მომსვლია მზამზარეულად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ალბათ ასე ჰგონია. რა თქმა უნდა, გაკვალულ გზაზე მომიწია სიარული, მაგრამ რომ იცოდე, ეს უფრო რთულია; დავიბადე სუხიშვილებში, მაგრამ ეგრევე დირექტორი არ გავმხდარვარ. არც სოლისტი ვიყავი და არც პროგრამის გაფორმება ჩაუბარებიათ ჩემთვის. არა! ამ ყველაფერს დიდი შრომით მივაღწიე. სულ ვამტკიცებდი, რომ შემიძლია, მე შემიძლია. ბებიაჩემი გიჟდებოდა ჩემზე, ჩემს თავს არავინ ერჩია დედამიწაზე, მაგრამ არ დამავიწყდება, რამდენი ვიტირე თბილისის კონცერტზე, როცა გენერალური რეპეტიციის დროს მომხსნა ცეკვიდან, სოლოდან. მიკროფონში თქვა - შენ გადი და ვიღაცას უთხრა - შენ დადექი. მეგონა რომ მოვკვდებოდი. ჩათვალა, რომ იმ დონეზე არ ვიყავი, რომ ეს ცეკვა შემესრულებინა, მთელი ღამე ვტიროდი.

სცენაზე პირველად პარიზში გამოვედი, ცეკვაში „სიმდი“. საკმაოდ გვიან, 22 წლის ასაკში. იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს სიცარიელე, თითქოს არავინ არ იყო, ამ დროს 5 ათასი მაყურებელი იჯდა დარბაზში. მახსოვს, რომ გამოვედი, წელს ქვემოთ ვერაფერს ვერ ვგრძობდი. თითქოს მომწყდა ყველაფერი, მეგონა რომ ფეხს ვეღარ ვადგამდი, მუსიკაც არ მესმოდა და უცებ ტაშმა გამომაფხიზლა. მაშინ გამახსენდა ბაბუას სიტყვები - ეს ისეთი სენია, ავადმყოფობაა, რომ თუ ერთხელ ტაშს დაგიკრავენ, მერე სულ გინდა გიკრანო. ჩემს ოჯახში სამი ადამიანი გაასვენეს ტაშით.

22 წლის პირველად დავდექი ძელთან, არ დამავიწყდება ის სიმწარე, ფეხების, ზურგის, მენჯის ტკივილი... მაგრამ თუ რამეს ვაკეთებ, ბოლომდე ვაკეთებ. ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე ვიცეკვე, მაგრამ ვიცოდი, ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ ვარჯიში დავიწყე, ერთ წელიწადში, უკვე პროგრამის ყველა ცეკვაში ვიდექი. სცენაზე რომ გამოვედი, მამაჩემის მომზირალი თვალები მახსოვს კულისებიდან; ცოტა ბედნიერი, მომღიმარი და თან ძალიან კრიტიკული. და არ გეგონოს, რომ ოდესმე, ვინმე გვაძალებდა ცეკვას. რატომღაც სულ ამბობდნენ, ნინო მსახიობი გამოვა და ილიკო დირიჟორიო. უცნაურია, ჯერ მთელი ბავშვობა იყო ეს ქვეცნობიერი პროტესტი და მერე უცებ ასეთი შემოტრიალება. ან კიდევ... ეს ჩემი ამოჩემებები გამორჩეულობის წინააღმდეგ და დღეს... ადრე თავში არ მომივიდოდა, შემეძინა ცნობილი მარკის სამოსი, მიუხედავად იმისა, რომ ყიდვის საშუალება ადრეც მქონდა. ახლა მინდება და ვყიდულობ კიდეც.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ჩემს ძმაზე ლაპარაკი რომ დავიწყო, ვერასდროს წახვალ აქედან. იმ დღიდანვე ვგიჟდებოდი ილიკოზე, როგორც კი დაიბადა და რადგან უფროსი ვიყავი, „შეფობა“ ავიღე მასზე. ისე, ეს სულ მქონდა, ვიღაცაზე პასუხისმგებლობის აღების სურვილი. პატარები გამეტებით ვჩხუბობდით და ცემა-ტყეპამდეც მიდიოდა საქმე. პატარა სანამ იყო, მე ვერეოდი, სულ ვაწვალებდი, ვჯიჯგნიდი ქერა კულულებიან, ცისფერ თვალება ილიკოს. ძალიან ვგავართ ერთმანეთს; თუნდაც გარეგნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება თვალში არ მოგხვდეს, საქმეშიც. ილიკო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ბევრ რამეს ვაკეთებ და გავაკეთებ მისთვის. საერთოდ, ასე ვარ, ძალიან ბევრი მომგებიანი პროექტი გამიკეთებია თითქოს ვიღაცისთვის, არა ჩემთვის, არა კონკრეტულად ანსამბლისთვის; აი, მამაჩემისთვის, ბებიაჩემისთვის... როცა ძალიან წარმატებულ კუშს მოვხსნიდი, მარტო იმიტომ, რომ გამეხარებინა, მათთვის მეთქვა - იცი რა პროექტი გვაქვს! იცი რა ხელშეკრულება დავდე! სულ მჭირდება, რომ ვიღაცისთვის ვაკეთო, მარტო ჩემთვის არ შემიძლია არც ცხოვრება და არც მუშაობა. ამ წუთას, ჩემი სტიმული ილიკოა. რა შეიძლება რომ ილიკოს გამო არ გავაკეთო... მასზე მაქვს ყველაფერი აწყობილი, ილიკოსთვის ვცხოვრობ. ილიკოს გარეშე ვერაფერს შევძლებდი, ამაში დარწმუნებული ვარ. დედასავით ვარ, რა ჭამა ილიკომ? რა დალია ილიკომ? როდის მოვიდა სახლში? რატომ ზის მოტოციკლეტზე? უნდა ვიცოდე სად არის და იცი რატომ? იმიტომ, რომ მეც იქ მინდა ვიყო. წყნეთში ამოდის დასაძინებლად? - კაი, მეც ამოვალ. მიხარია, როცა ჩემთან მოდის. გულჩვილი ადამიანია, ადვილად შეიძლება ატკინო, აწყენინო. ჩაკეტილია, სულ ქუდში დადის და თავის ცისფერ თვალებს მალავს. ისე იფუთება, რომ არ გამოჩნდეს, - ქუდი ჩემი სახურავია, ჩემთვის ვარ და აქ ვერავინ მიპოვისო - მეუბნება.

მაგრამ, ჩემს მიმართ ეჭვიანია, ყოველთვის ეჭვიანობდა ჩემს თაყვანისმცემლებზე. ხომ ასეთი თანამედროვე ადამიანია, მაგრამ საკმაოდ აზიატური თვისებები აქვს - „რა არის ესეთი მოკლე, ჩახსნილი კაბა, რომ ჩაგიცვია“ ან „ეს კაბა ლანდავს, გაიხადე“... და მეც ვუჯერებ. მძიმე ცხოვრების გამო, ბოლო დროს ხომ ბევრი ცუდი მოხდა, ამან ცოტა გაამკაცრა, ისევე როგორც მე.

დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრება 40 წლის ასაკში იწყება. ბევრად საინტერესოა ჩემი ცხოვრება დღეს, ვიდრე 18 წლის ასაკში. ასაკი? ეს ისეთი რაღაცაა... ძალიანაც რომ დამჭირდეს, არაფერს შევცვლი გარეგნობაში. იმიტომ რომ, შინაგანს რას უზამ? ჯობია შიგნიდან ასხივებდე, ვიდრე ხელოვნურად მიჭიმ-მოჭიმული სახიდან. არც კოსმეტიკას ვხმარობ, ძალიან იშვიათად თუ წავისვამ რამეს, ამისთვის დრო მენანება.

ჩემთან პირადი ცხოვრებაც 40 წლის ასაკში დაიწყო. მთელი ცხოვრება ისე ვიცხოვრე, რომ დასამალი არაფერი მქონია, რაც იყო, იყო. არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მინდა რაღაც მაინც იყოს ჩემი, ჩემი პირადი. რადგან დანარჩენს, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი სხვისია. ამ ტაბუს, აკრძალვებსაც მე თვითონ მხოლოდ იმიტომ ვიქმნიდი, რომ ვიცოდი, ჩემი ბამბაც იჭრიალებდა. ეს იყო პასუხისმგებლობა, რომ მე ვარ ამ ოჯახის წევრი და არ უნდა გავაკეთო ისეთი რამ, რაც ოდნავ მაინც ავნებს ჩემს ოჯახს... ყველა თაობა, რეალური თუ არარეალური ამბებით ყოველთვის ჭორაობის ეპიცენტრში იყო. ხალხი ზოგჯერ ძალიან ბოროტია, ხან რა იძახეს ჩემზე და ხან რა, ჩემს ძმაზე. ამიტომ ვიცოდი, რომ მე აღარ უნდა დამემატებინა.

ორჯერ გავთხოვდი. ერთხელ მოსკოვში, მეორედ ამერიკაში. ყოველთვის მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება და ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ პირველი ქორწინება 30 წლის ასაკში მქონდა, მეორე 40-ის.

ბევჯერ არ მყვარებია, მაგრამ ყველა მახსოვს. პირველი სიყვარული სკოლაში დაიწყო. თითქოს რაღაც მომენტში შეწყდა კიდეც... მერე ინსტიტუტში გაგრძელდა, მაგრამ... სამწუხაროდ, ის დაიღუპა. მე ის დღესაც მახსოვს და რომ არა ასეთი ფინალი, ალბათ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წავიდოდა. პროფესიის არჩევით დაწყებული, სხვა ყველაფრით დამთავრებული. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ალბათ, ისეთი ქალი ვიქნებოდი, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი, არა ბიზნეს ქალი.

შეყვარებული ნინო? სხვანაირია. ხომ ითვლება, რომ სამსახურში ნინო ბრაზინია და მაღალ ტონში ლაპარაკობს და ამ დროს აქ, სრულიად სხვა ვხვდები. რბილი და დამთმობი. მიყვარს, როცა მჩუქნიან ყვავილებს, მეუბნებიან კომპლიმენტებს. მიყვარს, როცა ამ ჩემს ქალურობას გამოვხატავ, მიყვარს, როცა ხანდახან თავს მოვაჩვენებ სუსტ ქალად. იმიტომ, რომ ცხოვრებაში იმდენჯერ მომიხდა ძლიერი ქალის როლის თამაში, რომ მინდება, მინდება ზოგჯერ მაინც გამოვიდე ამ როლიდან. ჰო, ვარ ბიზნეს ქალი, საქმიანი ქალი... მაგრამ იდეაში ძალიან არ მომწონს ეს ჩემი დღევანდელი სტილი. მამაკაცთან, პირველ რიგში უნდა მაინტერესებდეს ურთიერთობა საიდანაც, რაიმეს სწავლას შევძლებ. ხელგაშლილი, ღირსეული მამაკაცი მომწონს; ღირსება, რომელიც დღეს ასეთი იშვიათია. მართალია, ღირსების ორდენებს არიგებენ, მაგრამ მე სულ სხვა ღირსებაზე ვლაპარაკობ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა და ამიტომ არაფერს შევცვლიდი, ყველაფერს დავტოვებდი. ცხოვრება ხომ ასეთი მოსაწყენი იქნება, დარდი, ტკივილი, ცრემლი, ღალატი, გულის ტკენა რომ არ იყოს. ესეც საჭიროა იმისათვის, შენი თავი რომ გაზარდო, ისწავლო. უბრალოდ, შეიძლება პირველად აღარ გავთხოვილიყავი, არ ვიცი. ამ ქორწინებამ, ცუდი ნალექი დამიტოვა გულში. 2 წელი მოსკოვში ვცხოვრობდით, ის იქ მსახურობდა. მისი სამსახურის გამო რაღაც პერიოდი ციმბირშიც კი მოგვიწია გადასვლა. ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ცალ-ცალკე ვარსებობდით. ცუდია, როცა ქორწილის დღეს ხვდები, რომ რაღაც დიდი შეცდომა დაუშვი. მეორე დღეს, საერთოდ წასვლა მოგინდება. მგონია, იმ კაცს არ ვუყვარდი, ვნანობ, რომ გავყევი ადამიანს, რომელსაც არ ვუყვარდი. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ყოფილ მეორე ნახევარზე ცუდი უნდა ილაპარაკო, თუნდაც მაშინ, როცა... და რადგან კარგსაც ვერ ვიტყვი ვერაფერს, ამიტომ... საერთოდ, ცხოვრებაში ვცდილობ ყველას გავუგო და ყველაფერში ვიპოვო - რატომ? პატიებაც ყველაფრის შემიძლია. ყველაფერს დრო უნდა, გულში ჩადება არ ვიცი, ადრე უფრო ვიცოდი. მაინც რაღაცას წამოვაძახებდი, არ შევარჩენდი, არა! ისე, დღესაც ვიცი, როცა არაკომპეტენტურად, როცა ქაჯურად გერჩის ვიღაცა, ვერ ვითმენ, დუღილი მეწყება და რომ არ ვუპასუხო ან შევარჩინო, მოვკვდები.

ჩემი მეორე მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია. უბრალოდ, არ გაუმართლა, რომ ჩემი სახით ბიზნეს ქალი შეხვდა. ზურას ადრეც ვიცნობდი, ისე, შორიდან. უბრალოდ, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, 15 წელია ამერიკაში ცხოვრობს, თავისი ბიზნესი აქვს. 5 წლის წინ შევხვდი, მაგრამ ეს ურთიერთობა და გარშემო ტრიალი 3 წელს გაგრძელდა; ვერ ვიღებდი გადაწყვეტილებას. არა, დღეს ნამდვილად იმაზე უკეთესი მდგომარეობა მაქვს, ვიდრე ვიმსახურებ. იმიტომ, რომ ბევრი კაცი, ასე, ცალ-ცალკე ვერ იცხოვრებდა. ხან ის ჩამოდის, ხან მე მივდივარ, ან სხვაგან ვხვდებით ერთმანეთს. როცა ჩვენ გასტროლები გვაქვს, ან მე ვარ თავისუფალი ამ დროს, ან ის სადღაც ჩადის საქმეებზე. ასე რომ, დღესაც რომანი მაქვს ქმართან.

2 წლის წინ ამას ვერ გეტყოდი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ქალი, შევდექი. შევდექი, როგორც გამომცემელი, დიზაინერი, ორგანიზატორი. დღეს ჩემი ოჯახი ასე, დაშლილივითაა, ის იქაა, მე აქ. მაგრამ, ანსამბლს ვერასდროს მივატოვებ. არა, არ ვეჭვიანობ, იმიტომ რომ მჯერა, არსებობენ ერთგული კაცები... კი!... მე მყავს ასეთი, თუმცა ოჯახი... ოჯახი მე წარმომიდგენია ბავშვების ჟრიამულით, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან და ცოლი გაწყობილ მაგიდასთან ხვდება...

სამწუხაროდ, ეს არ განმიცდია, არ მყავს შვილი. ასე მოხდა. ეს ტკივილია, მაგრამ უკვე განვლილი ტკივილი. ხშირად მაგონდება ის პერიოდი, როცა ეს სახლი ხალხით იყო სავსე. დღეს ჩემს ოჯახში სევდაა, მაგრამ იმდენად ცოცხალი ორგანიზმი არსებობს გვერდით, რომ ამაზე საფიქრალადაც არ გრჩება დრო. როცა ვთხოვდებოდი, ჩემს ქმარს ვუთხარი, ბევრი ნაკლი მაქვს-მეთქი და ჩამოვუთვალე. ერთი დიდი კი - მრავალშვილიანი დედა ვარ-მეთქი; - ვაი, ეს როგორო? 100-მდე შვილი მყავს-მეთქი, ასაკით შეიძლება ჩემხელები არიან, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ მათი პატრონი ვარ. იურიდიულად, მორალურად, ადამიანურად.

ყველაზე ხშირად ბებიაჩემის თავზე ხელის დადება მენატრება. რაც არ უნდა დაღლილი და ანერვიულებული ვყოფილიყავი, როცა ის იწვა, უკვე დასუსტებული, ავიღებდი ხოლმე მის ხელს და თავზე მე თვითონ ვისმევდი. ყველაფერი გამდიოდა, ცუდი განწყობაც, ტკივილიც. მენატრება შაბათი დღე, როცა საქმე არ მაქვს, შემიძლია გავიღვიძო გვიან, გავასეირნო ჩემი ძაღლი გლორია, საწყალი, ავჩარკაა და ბალონკასავით მყავს გაზრდილი, ვიყიდო პრესა და სახლში დაბრუნებული, ჭიქა ყავით ხელში ჩავუჯდე ჟურნალ-გაზეთებს.

მინდა, რომ არასდროს გამიჩნდეს სინანულის გრძნობა. რომ, როცა დავბერდები და ცხოვრების ბოლო წუთში, უკან მოვიხედავ, არაფერზე არ დამწყდეს გული. მინდა ღიმილით წავიდე და არა ცრემლით. მთელი ცხოვრება შეცდომის დაშვების შიშით ვცხოვრობდი. ალბათ, ამიტომაც ვცხოვრობდი სულ ასე, სულ ვუჭერდი საკუთარ თავს, მაგრამ იცი... ეს მაინც არ გშველის.

15 „შპიონის“ ჩანაწერები

▲back to top


ისტორია

0x01 graphic

ავტორი: დავით ჯაფარიძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ომამდე აფხაზებთან და კუბელებთან მეგობრობდა. ალბათ რუსებთანაც, ვინაიდან ყაზანის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. ამერიკა-კუბის დაპირისპირება, მის ოჯახზე დადებითად აისახა - სახლში უამრავი უნიკალური იმპერიალისტური ფირფიტა აქვს, რომელიც კუბელმა ჯგუფელებმა მოიშორეს და მას აჩუქეს.

სტუდენტობის დროინდელმა კავშირებმა მისი მომავალი განსაზღვრა. აფხაზეთში ომი დაიწყო და აფხაზებთან მეგობრობის გამო, ომში გაუშვეს. ტყვეთა გაცვლა, მიცვალებულთა გადმოსვენება და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ევალებოდა. აღდგომის ღამეს შეეძლო მძინარე შევარდნაძის გაღვიძება ... ან მისი სამუდამოდ დაძინება, მაგრამ რადგან მაშინ მობილურები არ არსებობდა და КГБ- კომუნიკაციებიც მოიკოჭლებდა (გემახსოვრებათ, საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო), დირექტივა არ მიუღია და თვითონაც დაიძინა. ეგ რომ არა, შევარდნაძის ასაფეთქებლად გიორგაძეს ამდენი წვალება აღარ დასჭირდებოდა.

აქამდე არავის ახსოვდა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ..-მა (სოდ-ის მეგობარი, როა) ცუდად გამოაბა კუდი იმას, რომ კარგად ფლობს რუსულს, უყვარს ბუნინი, ხშირად ახსენებს ბროდსკის, აკრიტიკებს ბუშს და არ სჯერა, რომ ნატო დაგვიბრუნებს აფხაზეთს.

ბევრი რამ ჩვენც არ გვჯეროდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ცხელი შოკოლადის ფოტოგრაფმა ლევან ხერხეულიძემ პაატა ზაქარეიშვილი დილის 6 საათზე შუაგულ ვაკეში, სტრატეგიულ ტრასაზე თავახდილი ჭიდან დურბინდით მომზირალი გამოიჭირა, ჩვენც იმათ რიცხვს შევუერთდით, ვინც ფიქრობს, რომ ... ცოდოა ამ კაცის დაპატიმრება ვაკეში ჭის თავსახურის მოხსნისთვის. მას ბევრი სხვა რამეც ჩაუდენია კარგი, რაზეც ჩვენი ჟურნალი მოგითხრობთ.

როგორ მოხვდა ომში

„ყაზანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თბილისში სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. იქედან მიმიწვიეს სამუშაოდ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების კომიტეტში, რელიგიის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში. როცა ომი დაიწყო, ვთქვი, რომ ვიცნობდი გავლენიანი აფხაზების შვილებს და შემეძლო მათთან დაკავშირება. პირველ რიგში, აუცილებელი იყო რაღაც სამსახურის შექმნა, რომელიც ტყვეებზე, მიცვალებულებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე იზრუნებდა. აფხაზებმა ჩემს მიმართ კეთილგანწყობა გამოთქვეს და კომიტეტიდან პირველად მე და გია ბარამიძე ჩავედით აფხაზეთში. ანალოგიურ სამსახურს აფხაზებიდან, ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთში ჩავედი და დავრჩი კიდეც, რადგან თბილისიდან ვერაფერს გააკეთებდი. ამ დროს ბანდები, ორივე მხრიდან მოსახლეობის გამოსახსნელად და მიცვალებულების გადმოსასვენებლად ფულს იღებდნენ. სამოქალაქო პირები, ვისაც ომში მონაწილეობა იარაღის გარეშე გვევალებოდა, მხოლოდ მე და ექიმები ვიყავით.

რა დროს ტირილი იყო?!

„კომისიაში მარტო ვმუშაობდი, ამიტომ მშობლები მიმყავდა ხოლმე თავიანთი შვილების გადმოსასვენებლად. მათ ვეუბნებოდი - მთელი დღის მანძილზე ოცი ცხედარი უნდა გადმოვასვენოთ, საფლავებთან ყველას ვერ წაგიყვანთ, რადგან აფხაზები მხოლოდ ხუთი კაცის წაყვანაზე დავითანხმე-მეთქი. ჩვენ, ექვსმა კაცმა უნდა ამოვთხაროთ და გადმოვასვენოთ თქვენი ოცი შვილი. ასე რომ უკაცრავად, მაგრამ იქ ტირილი არ იყოს რა, თუ ტირილს დაიწყებთ, მაშინ ნუ წამოხვალთ, მაგის დრო იქ არ იქნება, ყველას გადმოსვენებას ვეღარ მოვასწრებთ. ახლა მიკვირს, საიდან მქონდა ეს ენერგია, მკაცრად ველაპარაკებოდი შვილდაღუპულ ადამიანებს, რაც ძალიან ამაზრზენი იყო.

ერთი მებრძოლის ცხედარი ჩვენების პოზიციებთან ახლოს იყო დამარხული, მამამისი მანქანიდან ჩამოვსვი და ცხედრის გასახვევად ცელოფანი დავუტოვე. ვიფიქრე, რომ ოთხი საათი მაინც დაგვჭირდებოდა სხვების საფლავებამდე მისასვლელად, მათ ამოსათხრელად და უკან გამოსაბრუნებლად. ამასობაში ამასაც თავისი შვილი გამზადებული ეყოლება წასასვენებლად-მეთქი და დანარჩენ მშობლებთან ერთად, გზა გავაგრძელე.

ამოვთხარეთ ოცი კაცი, ცელოფნებში გავახვიეთ და უკან დავბრუნდით. მოვედი უკან და ვხედავ, ამ კაცს ხელი არ უხლია თავისი შვილის საფლავისთვის. შეეშინდა ამოთხრა. ალბათ, არ ვიყავი მართალი, მაგრამ ძალიან გავუბრაზდი. ომის დროს სულ სხვა ემოციებია. მე თვითონ მიკვირს ასეთი მკაცრი როგორ ვიყავი.. სხვა გზა არ მქონდა და იმიტომ. ჩამოვედით ყველანი მანქანიდან, ერთად ამოვთხარეთ ის ბავშვი და წამოვასვენეთ.“

შეუსრულებელი მისია

„1993 წლის 7 აპრილს აღდგომა იყო. გადავწყვიტეთ აღდგომას ტყვეთა დიდი გაცვლა მოგვეწყო დიდი კატერით, რომელზეც თუ კარგად გავტენიდით, 300 კაცი ეტეოდა. გუდაუთიდან მოყოლებული ქრთველები სოხუმში უნდა ჩამოგვეყვანა, აფხაზებს კი პარალელურად სოხუმიდან გუდაუთისკენ აფხაზები უნდა გაეყვანათ. ეს ამბავი ყველამ იცოდა და ერთი ამბავი იყო ატეხილი.

ხალხით გატენილი გემით მოვცურავდით სოხუმისკენ და გზაში დაგვაღამდა. შუქები ანთებული გვქონდა, რომ მტერში არ შევშლოდით.. კელასურთან „შილკები“ დაგვცხეს, ჩვენებმა, რა თქმა უნდა. გემს რომ რაკეტა მოხვედროდა, აუცილებლად ჩაიძირებოდა. მე ცურვა ვიცი და შესაძლოა გადავრჩენილიყავი, მაგრამ მოხუცებს რა ეშველებოდათ? დავიწყე რაციაში გინება, ვინ ისვრის მისი დედა-მეთქი. აღდგომა ღამეს მაგინებინეს, მით უმეტეს, რომ გინება საერთოდ არ ვიცი. გემზე შუქები ჩავაქრეთ, მიზანში რომ ვერ გაერტყათ. სანამ არ გათენდა, ნაპირს ვერ მივუახლოვდით. მერე ყველა გააფრთხილეს, რომ აღარ უნდა ესროლათ და ხალხი ნაპირზე გადმოვსვით.

უბედურება ამით არ დამთავრებულა. თითქოს მოულოდნელად დესანტი გადმოგვესხას, ამ გაჭირვებულ ხალხს მატარებელიც არ დაახვედრეს ზუგდიდისკენ რომ წაეყვანა.

დამძიმებული, გათანგული წამოვედი სახელმწიფო აგარაკისაკენ, სადაც ვცხოვრობდი. შემოვედი აგარაკის ეზოში და კარი ღია დამხვდა, დაცვას ღრმა ძილით ეძინა. აღდგომა რომ იყო, შეიძლება იმიტომ. ე.წ სტალინის აგარაკზე მესამე სართულზე შევარდნაძეს ეძინა. მე სხვენზე ვიძინებდი ხოლმე. ავედი მესამე სართულზე. შევარდნაძის დაცვასაც ეძინა. გულგატეხილმა გავიფიქრე, ეს რომ აფხაზებმა იცოდნენ, რა ადვილად გააგორებდნენ შევარდნაძეს-მეთქი.“

სიურეალიზმი

„ომმა მთლიანად შემცვალა. ჩემთვის ადამიანის სიცოცხლე ძალიან გაუფასურდა. მაგალითად, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ასეა, პანაშვიდებზე თითქმის არავის არ ვუსამძიმრებ, ვიცი, გარდაცვლილს პატრონი ჰყავს და მიხედავს. მახსოვს, შრომაში ერთ დღეში ორმოცი ბიჭი დავმარხე ჩემი ხელით. საშინელი სურათი იყო, ნახევარზე მეტი ცხედრები ღორებს შეეჭამათ. რა შაბათი, რა კვირა ან წესის აგება, სასწრაფოდ დასაფლავება სჭირდებოდათ. ამან ძალიან იმოქმედა და სიკვდილზე გაცრეცილი გრძნობები მაქვს. იმდენი სიკვდილი ვნახე იმ დროს, რომ მას სერიოზულად ვეღარ აღვიქვამ.

1993 წლის 17 მარტის შემოტევა ჩვენებმა გენიალურად მოიგერიეს. ამ ბრძოლის შემდეგ ძალიან ბევრი აფხაზი მიცვალებული დარჩა ჩვენს მხარეს. სამოცამდე გვამი ეყარა მინდორზე. აქოთებული იყო იქაურობა. აფხაზებს მათ უსაფრთხოდ გადასვენებაში ვეხმარებოდი. სანამ აფხაზები მოვიდოდნენ, ვიჯექი გახრწნილ გვამებს შორის და ვკითხულობდი ივან ბუნინის „ჟიზნ არსენევას“.

საშინელ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. ისინი დღისით ტყვეებს აწამებდნენ, საღამოს დროს ქეიფში ატარებდნენ, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო. ამიტომ ამისგან დისტანცირება მინდოდა და მერე ეს დისტანცირება საზოგადოებაზეც გადავიდა. უფრო გულჩათხრობილი და მარტოსული გავხდი. მივხვდი, რომ ადამიანები ძალიან უსამართლოები არიან. ამიტომ, ომის შემდეგ, მათ ნაკლებად ვენდობი. ყველასგან უფრო დისტანცირებული ვარ. ადამიანი ყველაფრის მკადრებელია. ომის დროს ის თავის გადარჩენას ყველას და ყველაფრის ხარჯზე ცდილობს, რაც საშინელებაა.

მებრძოლები, რომლებიც სანგრებში ერთად იყვნენ, მეგობრდებოდნენ.

მე სულ მარტო ვმუშაობდი და სულ ვერაგობას ვხედავდი. ტყვეები ბევრ რამეს მიყვებოდნენ, ამიტომ ვიცოდი, თუ რა ვერაგობით აღმოჩნდნენ ტყვეობაში. ვადარებდი როგორ ამაზრზენად ექცეოდნენ ტყვეებს ორივე მხარეს.“

სიკვდილის ლამაზი ხეობა

„სოხუმთან ახლოს აპიანდის მთაა. იქ აფხაზებმა თანამებრძოლის, ვინმე მაიჩაძის გვამი დაკარგეს. ბიჭვინთის ბატალიონი ფეხს არ იცვლიდა, სანამ მაიჩაძეს არ ვიპოვნით, პოზიციიდან ფეხს არ მოვიცვლითო. აფხაზების ბატალიონის მეთაური გვარად შენგელია იყო. მითხრა, დედამისს ცხედარი რომ არ ჩავუტანო, მეტყვის ჩემი შვილი ქართველი რომ იყო, მაგიტომ დატოვეო. სანამ არ გადავასვენებთ, აქედან არ წავალთო.

ვიდრე აპიანდას მთაზე მაიჩაძის გვამის ძებნას დავიწყებდი, აფხაზებმა ორი ქართველი მოკლეს. ასევე მძევლად აიყვანეს სოხუმჰესის მთელი მოსახლეობა, გვამს თუ მოგვცემთ, ტყვეებს მერე გავათავისუფლებთო. ქართველები გადაირივნენ - შენ ხომ არ გაგიჟდი, აფხაზებმა 20 წუთის წინ, ორი მებრძოლი მოგვიკლეს და შენ კიდევ ვიღაც მოღალატე ქართველის გვამის აფხაზებისთვის გადაცემა გინდაო. ამის გამო, აქვე შუბლს გაგიხვრეტთო. რას ლაპარაკობთ-მეთქი, მთელი სოფელი მყავდა გამოსახსნელი. ამაზე მითხრეს, ერთი იმათი დედაც, ეგენიც მოღალატეები არიან, რატომ აქამდე არ დატოვეს იქაურობაო.

სამი საათი გვქონდა გაწევ-გამოწევა, მერე გვამის მოსაძებნად წავედი. თეთრი დროშით წასვლას აზრი არ ჰქონდა, ისეთი ნისლი იყო. ძლივს ვიპოვნე გვამი. გვამის გადაცემიდან ერთი საათის შემდეგ, სოფელიც გაათავისუფლეს.

ბზიფის ხეობა ულამაზესია. ზღაპრული სანახაობა ვნახე. ხეობა თეთრი ღრუბლებით იყო გამოტენილი და ხეობის შიგნით ძალიან ციოდა. ხეობის გარეთ კი ხვატი იდგა. ქარს გუნდ-გუნდად გამოჰქონდა ხეობიდან ღრუბლები და ისინი გარეთ უცებ ქრებოდნენ... და აქეთ ადამიანური უბედურება. ტყვე რაჭველები გამოგვყავდა სამშვიდობოზე. - შვილო, პაატა აფხაზებმა პასპორტი დამიხიეს და რა მეშველებაო, მოთქვამდა ბებია - პასპორტის დედაც ვატირე, დაანებე ბებია, პასპორტს თავი და ჩაჯექი მანქანაში-მეთქი.

გუმისთაზე ხევია ულამაზესი. ირგვლივ ბზის ხეების უღრანი ტყეა. პირველად ვნახე ბზის ხე. მინდოდა ხევში დიდხანს მეყურებინა და სილამაზით დავმტკბარიყავი, მაგრამ აფხაზი სნაიპერი არ მიშვებდა. ანდა, რა დროს სილამაზე იყო, ჩვენი ერთი ბატალიონი მთლიანად დაიღუპა იქ და მათ გადმოსვენებაზე საჩქაროდ უნდა გვეზრუნა.

რკინიგზის ხიდზე ვიჯექი და აფხაზებს ველოდებოდი. ირგვლივ ყველაფერი დანაღმული იყო. ჩვენები მეუბნებოდნენ დანაღმული ადგილისთვის გვერდი როგორ ამექცია და აფხაზებს ველოდებოდი, მათ მეგზურს მეორე მხარეზე ასევე უსაფრთხოდ რომ გადავეყვანე. ზურგჩანთა სულ თან დამქონდა და სანამ ველოდებოდი, წიგნის კითხვა დავიწყე. ვიღაცის ხმა შემომესმა, თავი ავწიე და ვხედავ, დანაღმულ ველზე ვიღაც ქართველი მოაბოტებს. - „რას შვები, სად მოდიხარ, დანაღმულია-მეთქი,-ვუყვირე. უცებ გაშეშდა. მერე კივილი დაიწყო, რა მეშველება, უკან როგორ გავიდეო. მაშველი გამოვიძახე და უკან სხვებმა წაიყვანეს, ვეღარ ინძრეოდა. მიკვირს დანაღმულზე 5-6 მეტრი ისე გადმოიარა, არ აფეთქდა. ღმერთმა გადაარჩინა.“

რატომ არ უყვარს ხელისუფლებას და პირიქით

„საქართველომ უახლოეს წარსულში ორი მძიმე ომი გადაიტანა ცხინვალსა და აფხაზეთში და ხელისუფლებაში არ არის იქ ნაომარი ხალხი. ეს ცუდი არ არის, მაგრამ მათ ომის პროპაგანდის უფლება ნაკლებად აქვთ. მეოცე საუკუნემ დაადასტურა, რომ ომით პრობლემები არ წყდება. ამერიკამ ვერ გადაწყვიტა ომით ერაყის პრობლემა. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ოღონდ მშვიდობასაც დაგეგმვა სჭირდება. ჩვენთან არც ომია და არც მშვიდობა. სამხედრო რიტორიკა უნდა შეწყდეს. მშვიდობის დაგეგმვა ირაკლი ალასანიამ დაიწყო და უმალვე უცნაური მიზეზით ნიუ-იორკში გაუშვეს. აფხაზებმა აღიარეს, რომ ალასანია პირველი ქართველი იყო, რომელმაც გვკითხა -„რა გაწუხებთ, აფხაზებო, რა პრობლემები გაქვთ“?

ამის შემდეგ, სერგეი შამბა თბილისში ჩამოვიდა, ქუჩაში ისეირნა და შარდენზე რესტორანშიც დაჯდა. სუვენირები იყიდა. ეს პოლიტიკური ჟესტი იყო. ჩემი აზრით, სააკაშვილი მას შემთხვევით მაინც უნდა შეხვედროდა სადმე ვახშამზე, მაგრამ ის ამ დროს, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ოქრუაშვილთან ერთად სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.

0x01 graphic

ტერიტორია არ არის მთავარი. მთავარი ხალხია. ჩვენ ამ ხალხის დაბრუნებაზე უნდა ვიზრუნოთ, ხალხს კი ტერიტორიაც მოყვება.

ნატო-ში გაწევრიანებით, ვერც დავიბრუნებთ და ვერც დავკარგავთ აფხაზეთს. ნატო-ში გაწევრიანებით ბევრი კარგი მოხდება საქრთველოში, სასამართლო დამოუკიდებელი გახდება, მეტი დემოკრატია გვექნება. ამიტომ მინდა იქ გაწევრიანება. ამასთან, ნატო გაანეიტრალებს რუსეთის ზეგავლენას და პრობლემის გადასაწყვეტად, აფხაზებთან პირისპირ დაგვტოვებს. ნატო ჩვენ, ჩვენი პრობლემებით მიგვიღებს. მისი იურისდიქცია გავრცელდება იქამდე, სადამდეც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. პოლიტიკაში მიზნად აუხდენელი ოცნებები არ უნდა დავისახოთ. თუ 2009 წელს მაპ-ში მიგვიღეს, შემდეგ 3-4 წელიწადში შესაძლოა ნატოს წევრები გავხდეთ.

ხელისუფლება ტყუილში გამოვიჭირე და საზოგადოებას შევატყობინე, რომ სამი სტუდენტი იმდენი ხანი ციხეში, მხოლოდ აფხაზების უზნეო საქციელის გამო არ იჯდა. ეს ჩვენი ხელისუფლების დანაშაულიც იყო. აფხაზები მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, მარტში გაუჩინარებული დავით სიგუას თაობაზე, რაიმე სახის ინფორმაციას ითხოვდნენ. ჩვენები ამტკიცებდნენ, რომ სიგუაზე არაფერი იცოდნენ. ამ სიჯიუტის გამო მოუხდათ სტუდენტებს ციხეში დიდხანს ყოფნა.

ყოველ დღიურად გალიდან ზუგდიდში და ზუგდიდიდან გალში ათასობით ადამიანი გადადის. ზოგს იქედან აქეთ, ზოგსაც აქედან იქეთ გადააქვს ინფორმაცია. აფხაზებმა ზუსტად იცოდნენ ვინ გაიტაცა სიგუა და ამიტომ ითხოვდნენ ჩვენგან ინფორმაციას. როგორც იმ მაიჩაძის შემთხვევაში, აფხაზებს ახლაც უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ბოლომდე დაიცავდნენ იმ ქართველებს, ვინც მათთან ითანამშრომლებდა.

27 აპრილს დამიკავშირდნენ გალიდან და მითხრეს, სამეგრელოს გუბერნატორმა სიგუაზე არაფერი არ იცის და იქნებ „კგბ“-შნიკებზე გაგვიყვანოო. სამი-ოთხი კაცის გვარი დამისახელეს, დავეხმარე. 29 აპრილს შემატყობინეს, რომ პროცესი დაიწყო და 2 დღეში სტუდენტებს გავათავისუფლებთო. ქართულმა მხარემ ითანამშრომლა აფხაზებთან და სტუდენტები ოთხ დღეში გაათავისუფლეს. ასეთი 4 დღე შეიძლებოდა გაცილებით ადრე ყოფილიყო, ვინაიდან აფხაზებისთვის ამათ ახალი არაფერი უთქვამთ. ეს ინფორმაცია ჩვენებს 1 მარტიდან ჰქონდათ.

ახლა, იმედი მაქვს, სიგუაზე სრული ინფორმაცია ექნებათ აფხაზებისთვის გადაცემული, მიუხედავად იმისა, როგორია ეს ინფორმაცია.“

0x01 graphic

გმირები სხვანაირად იქცეოდნენ

„მე ამ ბავშვებს არაფერში ვამტყუნებ, ისინი პატრიოტები არიან. არც იმისთვის ვამტყუნებ, რაც სოხუმში ტელევიზიით თქვეს. ასობით ტყვე მყავს ნანახი, რომლებიც იძულებულები იყვნენ, რაღაც ეთქვათ იმისათვის, რომ თავიანთი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. მანამდე ირანში, თუ გახსოვთ, ბრიტანელი მეზღვაურები დააპატიმრეს და მათაც რაღაცეები ილაპარაკეს. ამიტომ ცალი ყურითაც არ მომისმენია, რაც მათ სოხუმში თქვეს. არ მაინტერესებდა. არც ის მაინტერესებდა, რას იტყოდნენ გათავისუფლების შემდეგ თბილისში - გულწრფელები ვერ იქნებოდნენ, რადგან აქაც ზეგავლენის ქვეშ იყვნენ. ვიმეორებ, მათ ცუდი არაფერი ჩაუდენიათ, მაგრამ რაც შეეხება გმირობას, არ შეიძლება ამ სიტყვის გაბიაბურება. თუკი ამათი ქცევა გმირობა იყო, მაშინ რა არის ის, რაც აფხაზეთში, მართლა გმირებმა ჩაიდინეს?

0x01 graphic

როდესაც ჩვენებმა გაგრა დატოვეს, ერთ-ერთ მოსახვევში ჩასაფრებულმა ქართველმა, მარტომ ნახევარი საათით შეაჩერა მთელი აფხაზეთის არმია. სანამ ტყვიები არ გაუთავდა, იბრძოლა, მერე მოკლეს. ჩეჩნებმა მითხრეს, ასეთი 10 მებრძოლი რომ გყოლოდათ ქართველებს, მეორე მხარეზე ვერ გადმოვიდოდითო.

კიდევ ერთმა ქართველმა, იღლიებში ლიმონკები ამოიდო და ისე ჩაბარდა მტერს. როცა უთხრეს, ხელები მაღლა აწიეო, აწია, ლიმონკები ჩამოიყარა და მათი ოთხი მებრძოლი იმ ქვეყანაში გაიყოლა.

ამ სამ სტუდენტს კი გმირობა, ალბათ, კომპენსაციად მისცეს, თვენახევარი რომ ზედმეტად ამყოფეს სოხუმის ციხეში.“

სახალხო ნახევარ-მცველი

„აფხაზეთის პრობლემას კარგად ვიცნობ, ამიტომ ხელისუფლებას ხელს ვუშლი არარსებულ წარმატებებზე პიარ-კამპანიის მოწყობაში. ამის გამო ჩემი ჩაძირვა გადაწყვიტეს და აგენტად გამომაცხადეს. უნდათ საზოგადოება ამაში დაარწმუნონ, რომ მერე თქვან -„განა შეიძლება მოღალატემ, რუსეთის აგენტმა რამე კარგი თქვას“?

თუ ქართული საზოგადოებაც განსხვავებულ აზრს, რუსეთის აგენტის იარლიყს ჩამოკიდებს, მაშინ მე არ მინდა ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება. ისე, შვილები იმ პერიოდში აგენტობის გამო ჯეიმს ბონდს მეძახდნენ. მეზობლებიც ხუმრობდნენ და ჩემს შვილებს „შპიონოვიჩებს“ ეძახდნენ. ეს სერიოზულად არავის მიუღია.

ეგვიპტეში უნიკალური ძეგლი დგას, ტუტანჰამონის სვეტი. ეს სვეტი დაფარულია ფარაონ ხატშეპსუტის აგებული გუმბათით. ხატშეპსუტმა სვეტი კი არ დაანგრია, დიდი გუმბათი ააშენა და ამით გადაფარა სვეტი. შენ ჩემზე უკეთესი გააკეთე და ამით იყავი უკეთესი. მე თუ ზღვაში ნავით მივცურავ, ნავს კი ნუ გამიხვრეტ, რომ ჩავიძირო, თუ მაგარი ხარ, მატორიანი ნავით გამასწარი. მარტო ჩემი ჩაძირვა საქმეს არ არგებს, უკეთესი რამ მოიფიქრონ და შესთავაზონ აფხაზებს.

სანდრო კავსაძის კომიტეტში მე, გია ბარამიძე და მიხეილ სააკაშვილი ერთად ვმუშაობდით. როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, ჩვენ ომში წავედით, სააკაშვილი ამერიკაში წავიდა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როცა თვითონ მოუწოდებს სტუდენტებს, რომ თუ საჭირო გახდება, კალამი გვერდზე გადადონ და იარაღი აიღონ, ეს უხერხულია. მას ეს შანსი თავად ჰქონდა და კალამი არ გადაუდია.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, მეც მასთან ვმუშაობდი. შევარდნაძის რეჟიმის პირობებში ციხის რეფორმა დავიწყეთ. მინისტრ სააკაშვილის დროს კანონიერი გზით, 8 ათასი პატიმრიდან მათი რაოდენობა 6 ათასამდე შევამცირეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის დროს კი პატიმართა რაოდენობა 16 ათასი გახდა. მან უღალატა თავის პრინციპებს და ამიტომ აღარ ვარ მის გვერდით. მისთვის დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლებაში მოსასვლელი საშუალება აღმოჩნდა.

გიგა ბოკერიამ სიტყვა-სიტყვით მითხრა, თუ ენას კბილს დააჭერ, შეიძლება სახალხო დამცველად დაგნიშნონო. ბუნებრივია, ამაზე ბევრი არ მიფიქრია, უნდა გავყიდულიყავი და რაღა გამოვიდოდა. მე ვერ გავჩერდებოდი გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობებზე. მიუღებელია, როცა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დაცვა პრინციპული საკითხი აღარ არის.

დემოკრატიის საკითხს მე ფილოსოფიურად ვუდგები. თუ არ გვაქვს დემოკრატია, ე.ი არ ვიმსახურებთ მას. მთელი აფრიკა და აზია ასე ცხოვრობს. დედამიწაზე მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტი ცხოვრობს დემოკრატიის პირობებში - ევროკავშირი, ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და იაპონია.“

ისევ ბუნინი, ბროდსკი, ჯაზი და ბლუზი

„უკვე ვთქვი, რომ საზოგადოებასთან გაუცხოებული ვარ-მეთქი, ამიტომ, საყრდენს პოეზიასა და მუსიკაში ვპოულობ. ივან ბუნინის, ლიტერატურაში ნობელის პრემიის პირველი რუსი მწერლის საუკეთესო მცოდნე ვარ საქართველოში. ეს რუსეთის აგენტობისთვის, შეიძლება კარგი საბაბი იყოს, ბუნინი უყვარს და ალბათ რუსეთის აგენტიც იქნებაო. ბროდსკი ამბობდა - წიგნი უფრო სანდო მეგობარია, ვიდრე მეგობარი ან შეყვარებულიო.

0x01 graphic

ჯაზისა და კლასიკურ მუსიკის 1500 ძველი ფირფიტა მაქვს. ფირფიტებს სტუდენტობიდან ვაგროვებ, რასაც ყაზანში ვერ ვშოულობდი, კუბელ ჯგუფელებს ჩამოჰქონდათ და მჩუქნიდნენ. ისინი ამერიკელებს ვერ იტანდნენ და ამერიკელი შემსრულებლების უნიკალურ ფირფიტებ მაძლევდნენ. გლენ მილერის, ჯონი ჰუკერის თითქმის ყველა ფირფიტა, ასევე ბლუზის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია მაქვს.“

16 სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც დაფრინავს

▲back to top


ისტორია

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე, პირადი არქივი

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

გამარჯობა, ძალიან სასიამოვნოა. მე ეკა ვარ - მოხდენილი მოძრაობით ჯდება მანქანაში და დახვეწილი მოძრაობით მიწვდის ხელს. საერთოდ, ძალიან დახვეწილი მანერა აქვს სიარულისაც, ლაპარაკისაც და გაღიმებისაც. თუმცა, მანერული მაინც არ ეთქმის. მით უმეტეს, მანერებზე მეტად, ახლა მისი პოლიგლოტობა მაოცებს. ერთი წუთით, უკაცრავადო - გვიბდიშებს ქართულად და ტელეფონზე რომელიღაც საპატიო ჩინოვნიკს არაბულად ელაპარაკება. მეორე ხაზზე მეუღლე ელოდება. ჩინოვნიკს უთიშავს და ქმართან ერთვება, ამჯერად გერმანულ-ინგლისურად. უკვე მეორედ რომ ამბობს, უკაცრავადო და ტელეფონს ძირს დებს, 3 წუთზე მეტი არ არის გასული. თუმცა, ეს არ არის ეკას რეკორდი. მას შეუძლია, გაცილებით ნაკლებ დროშიც ხუთ სხვა და სხვა ენაზე იმგვარი გრძელ-გრძელი და აკადემიური ფრაზებით იმსჯელოს, როგორც ელჩს ეკადრება.

ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე საქართველოს ელჩია ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყში და ლიბანის რესპუბლიკაში. 2006 წლამდე კიდევ საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები და ქუვეითი ებარა. ამჯერად იორდანიის დედაქალაქ ამანში ცხოვრობს, ისე კი, მისი მისამართი, თუ ნახალოვკას არ ჩავთვლით, მთელი არაბული სამყაროა. ასეა, თითქმის უკვე უხსოვარი დღიდან.

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

ელჩთან ურთიერთობა თავისებურ ეტიკეტს მოითხოვს. ეკასთან ურთიერთობას კი ეს ეტიკეტი მინიმალურად სჭირდება. ძალიან ენერგიული და მეგობრულია; ძალიან საინტერესო ამბებს ჰყვება და, ალბათ, ამიტომაც გავბედე, მისი ისტორია ეკასთან ოფიციალური ინტერვიუს ჩაწერის გარეშე მომეთხრო. ამ ოთხი დღის მანძილზე ეკა ხომ სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობებს თავისივე სურვილით უთავსებდა ჩვენს მასპინძლობასაც და გზადაგზა - რესპონდენტობასაც. წინ კი დიდი გზა გვქონდა. ჩვენი პირველი იორდანული დღე ელჩის უქმეს დაემთხვა. ამიტომ, ეკა სიხარულით წამოგვყვა აზრაქში. სიტყვა აზრაქი ლურჯს ნიშნავს, ადგილი კი ისტორიული ოაზისის აღმნიშვნელია. აზრაქში უწინ მექასა და მედინაში მიმავალი პილიგრიმები სულის მოსათქმელად ჩერდებოდნენ. ახლა გამოსაზამთრებლად ფრინველები მოფრინავენ. ამიტომ აქაურობა „ბერდვოჩერებს“ უყვართ ძალიან. საქართველოდან ფრინველებიც აქ იზამთრებენ. აქ სოფელიც ყოფილა, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთიდან გამოქცეული კავკასიელები ცხოვრობენ. ჩერქეზები იორდანიის მეფის სამსახურში ჩადგნენ და ელიტარულ მებრძოლებად იქცნენ. დღეს მეფის საპატიო გვარდია ჩერქეზების გვარდიაა. ამ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ მიმოხილვას ეკა სხაპასხუპით გვიტარებს. ისე გვმასპინძლობს, როგორც ადგილობრივი. და პრინციპში ცოტათი არის კიდეც ადგილობრივი. როგორც ადრეც მოგახსენეთ, აღმოსავლეთი ხომ მისი სამყაროა უხსოვარი დროიდან.

. . .

ეკა ამანის ცენტრში ცხოვრობს. ზუსტად, რომელ ცენტრში არ ვიცი, ამანს თვრამეტი ცენტრი მაინც აქვს, მაგრამ ცენტრი რომაა ვიცი - მის სახლს უამრავი მაღალსართულიანი ბიზნესცენტრი და ქვის ვილა აკრავს გარშემო. ამანში ყველაფერი მოთეთრო ფერის ქვითაა ნაშენი. თვით ეს მდიდრული ვილებიც. არქიტექტურაც ძირითადად ერთნაირია: კვადრატი სახლები, კვადრატი ფანჯრებით, დიდი ყორეებით და თვალის გასახალისებლად - თითო-ოროლა პალმით. ამ ვილების უმრავლესობა სპარსეთის ყურედან დაბრუნებულ იორდანელთა მდიდარ ფენას ეკუთვნის. ისინი სპარსეთის ყურეში წლების წინ გადასახლებულან, გამდიდრებულან, ახლა უკან დაბრუნებულან და ამანში - ამ მშენებარე ქალაქში - თვითონაც ჩაუდგამთ ერთი-ორი ვილა. ერთი ქვის სასახლე განსაკუთრებით შთამბეჭდავია თავისი ზომებით - მეფე აბდულას სასახლე ხომ არ არის-მეთქი - მიხარია. არა, ეკა მპასუხობს, ეს პაკისტანის ელჩის რეზიდენციააო.

საქართველოს ელჩის რეზიდენცია კი ამანის მასშტაბებთან შედარებით ძალიან პატარაა, ჩვენი ქვეყნის ზომის შესაბამისი. სახლი ერთსართულიანია, მაგრამ ყველაზე ევროპული ფასადით, რაც კი აქ მინახავს. ალბათ, იმიტომ რომ ამ სახლში ევროპელები ცხოვრობენ: ეკას მეუღლე გრეგორ მაიერინგი, გერმანელია და უკვე წლებია, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების მენეჯმენტი აბარია. გრეგორი ამანის ქუჩებში ისეთივე შლიაპით დადის, როგორც ინგლისურ დეტექტივებში მაგარ გამომძიებლებს ახურავთ ხოლმე და შიგადაშიგ სიგარასაც აბოლებს. ასეთ დროს რომ ვხედავ, მუდამ თანამზრახველივით ვუღიმი, დაახლოებით ამ ღიმილით: „ვიცი, ვიცი, რასაც ნიშნავს ეგ შენი შლიაპა, თან ევროპა გენატრება, თანაც აღმოსავლეთისადმი კეთილ ირონიას გამოხატავ და თან ამ პოზით აფიქსირებ, რომ რაც არ უნდა არაბივით ლაპარაკობდე არაბულს, მაინც სტუმარი ხარ, სხვა სამყაროდან“. ჩემს ჩახლართულ და ერთი შლიაპისთვის ზედმეტად ფილოსოფიურ ფიქრს ცხადია, გრეგორი ვერ ხვდება. დასხედით, დასხედით, დაელოდეთ, ეკა ახლავე მოვაო - გვეუბნება პასუხად, ღიღინ-ღიღინით დადის ოთახებში და საგრიკას სთხოვს, სტუმრებს ყინულიანი ვისკი მოართვიო.

შავი საგრიკა საქართველოს ელჩის სახლის შრი-ლანკელი წევრია. ერთ მშვენიერ დღეს ეკას სახლის კარზე დააკაკუნა და დამლაგებელი ხომ არ გჭირდებათო, ეკას ჰკითხა. ასეთი რამ იორდანიაში ხშირად ხდება. მოგეხსენებათ, ეს ქვეყანა ყველაზე მშვიდი და პერსპექტიულია მთელ სამეზობლოში და დროებით მუშაობის მსურველი ემიგრანტებიც - არალეგალურ-ლეგალურები უხვად აწყდებიან, არა მარტო ერაყი-პალესტინიდან, ჩინეთიდან, შრი-ლანკიდან და ფილიპინებიდანაც კი.

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

ეკამაც კართან მორიდებულად მდოგმი შრი ლანკელი გოგო შინ შეიყვანა, კარგა ხანს ესაუბრა. და საგრიკას ემიგრანტული თავგადასვლის მოსმენის შემდეგ, დაიტოვა. ეს სამი წლის წინ მოხდა. მას შემდეგ საგრიკა მეიერინგებთან ცხოვრობს და ეკასთვის გაცილებით მეტია, ვიდრე დამლაგებელი. ის დღეს ეკას სახლის დიასახლისია. როცა ადამიანს შენს ჭერ-ქვეშ ცხოვრების უფლებას აძლევ, სხვანაირად როგორ უნდა იყოსო, უკვირს ეკას და საგრიკას ემეგობრება კიდეც. მაგალითად: რა ლამაზი თმა გაქვს-მეთქი, ვეუბნები ეკას. სახლში ვიღებავ, მარტო მე და საგრიკამ ვიცით, როგორ ჯდება ეს ფერიო და საგრიკას დაქალივით უკრავს თვალს. მერე ხედავს, როგორ წვალობს საგრიკა ჯინ-ტონიკის გაზავებისას, მე ვავიყდები, ქართულს წამიერად ანაცვლებს არაბულით და საგრიკას გაცხარებით აყრის: დაანებე თავი შენ, სასმელს მე დავასხამ, წადი შენს ოთახში, შენს საქმროს მიხედეო. თავისუფალ დროს საგრიკა და მასზე კიდევ უფრო შავი საქმრო საგრიკას ოთახში იატაკზე სხედან და ნარდს თამაშობენ.

ეკა, გრეგორი და საგრიკა კი, ხანდახან პოლიტიკურ საკითხებსაც წყვეტენ ერთად.. ერთხელ, საგრიკას დედა, რომელიც იორდანიაში ცხრა თვის განმავლობაში ერთ ოჯახში უხელფასოდ მუშაობდა, დამქირავებლის სახლიდან გაიქცა და თავი შრილანკელების თავშესაფარს შეაფარა, სანამ თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა. იქ მსგავს მდგომარეობაში 150 სხვა ქალიც იყო. შობა მოდიოდა. შეწუხებულმა ეკამ, ამერიკელი ქალების დახმარებით, შეაგროვა ზამთრის ტანსაცმელი და თავშესაფარში მივიდა. იქ კი არაფრით შეუშვეს, თქვენი დახმარება არ გვჭირდება, ამ ქალებს არაფერი აწუხებთო. მაშინ ეკამ საგრიკას რამდენიმე მაისური და რამდენიმე სვიტერი ჩააცვა - დედაშენს რომ ნახავ, გაიხადე, გადაეცი და უთხარი, სხვებსაც მისცესო. საგრიკამ პირნათლად შეასრულა ეკას დავალება და ასე ხდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი მთლიანად მათ საკანში არ შეიტანა.

ეკას სახლში სრული ინტერნაციონალის შესაქმნელად, კიდევ ორი წევრი ჰყავს - აივა და ფლავიო. ფლავიო არაბული უდაბნოს მწევარია, აივა - იერუსალიმელი „დვარნიაშკა“. ფლავიოს და აივას ეკა შვილებს ეძახის. ეკამ, ფლავიო დაბერდა და ცოტა მოსუქდა, საერთოდ აღარ ინძრევა, ძალიან გაზარმაცდა და ამიტომაც დაკარგა ყველა ის თვისება და ფორმა, რაც მწევარს უნდა ჰქონდესო. აი, აივა კი, არისტოკრატი წინაპრებით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ არისტოკრატულად კი იქცევა: წყნარია, უყვარს როცა ყელზე ეფერებიან და უყვარს წიგნები - ბიბლიოთეკაში შედის და წიგნებს ყნოსავს ხოლმე. ერთხელ კი თაროებიდან გადმოყარა და სახლში დაბრუნებულ ეკას იატაკზე, გადაშლილ წიგნებში ჩაძინებული დახვდა. ყველაფერი „წაეკითხა“, ფუკუიამაც და ძველბერძნული ტრაგედიებიც.

0x01 graphic

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

0x01 graphic

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

მოკლედ, ამ სახლში ისრაელური ღრენა, შრი ლანკური სასიყვარულო ჩურჩული, არაბული თხოვნები, გერმანულ-ინგლისურფრანგული მსჯელობები და თითო-ოროლა სიტყვა ქართულიც ისმის ხოლმე. ეკას ეს ინტერნაციონალი ძალიან მოსწონს. არა იმიტომ, რომ მიეჩვია ასე ცხოვრებას, პირიქით: „არის რაღაც თვისებები, რომელთაც საკუთარ თავს დროთა განმავლობაში შენიშნავ ხოლმე. საზღვარგარეთ ხანგრძლივად ცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ ბუნებრივად ასეთი ვარ - რასას, რწმენას, ენას ყურადღებას არ ვაქცევ. ადამიანებს ამ ყველაფრის მიღმა ვცნობ. ამიტომ არც ჩემი გერმანელი მეუღლის შეყვარება გამჭირვებია“.

ცოტა ქართული გრეგორსაც ესმის. არ ვიცი, როგორ ხასიათზეა ხოლმე ეკა მაშინ, როცა გრეგორს ქართულად მიმართავს, მაგრამ ასეც ხდება. გრეგორიც ყველაფერს ხვდება. საერთოდ კარგი სმენა აქვს და ზუსტად იმ ინტონაციით შეუძლია ქართული საჭორაო „გავგიჟდები“-ს წარმოთქმა, როგორც „გოგო, გავგიჟდები“-ს რეალურად ამბობენ ქართველი გოგოები. თანაც, ზუსტად მაშინ ამბობს ხოლმე ამ ფრაზას, როცა ჩუმად ზის, ჩვენი, ქართველების, ქართულ ქაქანს უსმენს და უკვე ბოლოს, პაუზის დროს, თავის „გავგიჟდები“-ს ლოგიკურ წერტილად სვამს. ესეც მისი კეთილი ირონიაა და იმის გამომხატველი, რომ გრეგორი „ქართულ პონტს“ მთელი სიღრმით წვდება. თუნდაც ეს რად ღირს: მეუბნება, „ცხელი შოკოლადი“ ალბათ ელიტარული პონტია. როცა მოგინდებათ, უფრო პოპულარული ჟურნალი გამოუშვათ, „ცხელი ფენოვანი“ დაარქვითო. რადგან თვითირონია მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული, საერთოდ არ მწყინს. პირიქით, გრეგორზე ვგიჟდები.

გრეგორი და ეკა კი ქართველ მხატვრებზე გიჟდებიან.

მისაღები ოთახის კედლებზე მეიერინგების სახლში ქართველი მხატვრების, სუთიძის, ცეცხლაძის და ზალდასტანიშვილების ტილოებია გამოკიდებული. იქვე საქართველოდან წლების განმავლობაში გამოგზავნილი სხვადსხვა სუვენირები აწყვია. ეს წვრილმანები, ალბათ, ეკას მოძალებულ ნოსტალგიასთან ბრძოლაში ეხმარება.

. . .

თუმცა, ნოსტალგიას ეკა უკვე შეეჩვია. პირველად საქართველოდან 1988 წელს გაემგზავრა. მაშინ 21 წლის იყო. რამდენიმე ქართველ სტუდენტთან ერთად ტუნისის უნივერსიტეტში არაბული და ფრანგული ენების შესასწავლად წავიდა.

მოკლედ, ტუნისი ეკას პირველი არაბული სამყარო იყო. მაგრამ ქართველ სტუდენტებთან ერთად მუდმივად ყოფნამ თავისი შედეგი გამოიღო: არაბული სამყარო მთელი თავისი სიღრმით ვერ გაითავისა. ისედაც, როგორც ეკა ამბობს, მოგონებები ხომ ისეთი რამეა, ერთმანეთს ფენა-ფენად ედება და ტუნისის შემდეგ იმდენი და ისეთი მძლავრი შთაბეჭდილებები მიიღო, რომ ტუნისი სხვა ფენებმა დაფარეს. „ტუნისისგან დამრჩა მხოლოდ აბსტრაქტული შეგრძნებების კოლაჟი: ყავის სუნი, ლურჯი წყალი, თეთრი სახლები“...

ეკას ტუნისში ყოფნას დაემთხვა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიც. ის ხვდებოდა, რომ უცხოურ ტელეარხებზე გასული ფრაგმენტები ბოლომდე არ გადმოსცემდა საქართველოში მომხდარ ამბებს. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და მიხვდა: ამ თავის პირველ ხანგრძლივ მგზავრობას ეკა იმდენად არ შეეცვალა, რამდენადაც საქართველო დახვდა შეცვლილი.

„ერთადერთი სიახლე, რაც ჩემს თავს ამ ერთ წელიწადში შევატყვე, იყო დიდი თავისუფლების შეგრძნება. ასეთი რამ მანამდე საქართველოში არასდროს არ მქონდა განცდილი. ისე კი, მე აქ უფრო შევიცვალე, უკან დაბრუნების შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდმა შემცვალა“.

დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე მანამდე არ უოცნებია. მაგრამ, რადგან ტუნისიდან დაბრუნებულმა მუშაობა კანცელარიაში, გელა ჩარკვიანთან დაიწყო, პოლიტიკურ ურთიერთობებში ჩაერთო და მოვლენების შუაგულში ტრიალი მოუხდა, მერე მიჰყვა და მიჰყვა. იცოდა, ამ სფეროში ბევრი რამ ჰქონდა შესასწავლი. ერთწლიანი ტუნისის გამოცდილება, იქ ნასწავლი ფრანგული და არაბული არაფერში ეყოფოდა. ამიტომ ახალ-ახალი გაცვლითი პროგრამების ძებნა დაიწყო. არაბული ამ დროს უკვე სრულყოფილად იცოდა. მაგრამ ამ ცოდნით არასდროს დაკმაყოფილებულა. „უცხო ენების ცოდნა ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა. ენა ჩემთვის უფრო საშუალება იყო, ხერხი - მიზნების მისაღწევად“, - ამბობს ეკა.

არაბული და ფრანგული ენები იარაღად მართლაც გამოადგა. და ზუსტად მაშინ, როცა საქართველოში აფხაზეთის ომი ტრიალებდა, ეკამ ორწლიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა, პარიზის პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში სასწავლებლად გაემგზავრა და თანამედროვე არაბული სამყაროს ანალიზის პროგრამაში ჩაერთო. პარალელურად სორბონაშიც ისმენდა სემინარებს საერთაშორისო ურთიერთობებზე.

ეკა დღედაღამ სწავლობდა. პარიზის ლათინურ კვარტალში, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ოთახს ერთ ალჟირელ გოგოსთან ერთად იყოფდა. ეს ოთახი ყველაფერი იყო - სამკითხველოც, მისაღებიც და საძინებელიც. „ნამდვილი ცივილიზაციების შეხლა დაგვემართა. ღანია საღამოს ცხრა საათზე იძინებდა. ცხრაზე რა დამაძინებდა, ათასი წიგნი მქონდა წასაკითხი, ან რეფერატი მოსამზადებელი. რა უნდა მექნა, მოვხეტავდი ჩემს წიგნებს და რვეულებს და სამეცადინოდ საერთო საცხოვრებლის სარდაფში ჩავდიოდი. ის სარდაფი მგონი, მე აღმოვაჩინე... ერთი კუთხე მქონდა ამოჩემებული, ვიჯექი და ვმეცადინეობდი. ოთახში გამთენიისას ავდიოდი. დაღლილს ჩამეძინებოდა თუ არა, დაახლოებით ექვს საათზე ღანია მაღვიძებდა. დაემხობოდა და ლოცვას იწყებდა... მერე და მერე ჩემს სამალავს სარდაფში უსახლკაროებმაც მოაგნეს. მაგრამ არაფერი დაუშავებიათ. როგორც სტუმართმოყვარე მასპინძელმა,

სარდაფი მათ მშვიდობიანად გავუყავი. და მშვენივრად ვცხოვრობდით. ისინი ცეცხლს ანთებდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ. მე - ვწერდი. ბოლოს გამოცდების ამბებსაც მეკითხებოდნენ და კარგ ნიშნებს მილოცავდნენ. ერთად გამოვიზამთრეთ... მე და პარიზელმა „ბომჟებმა“... სარდაფში წერა-კითხვას, სორბონაში ლექციებს და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ანალიზს იმდენი დრო მიჰქონდა, რომ ერთი წელი ისე გავიდა, ეკას პარიზის არც ერთი „სავიზიტო ბარათი“ არ ჰქონდა ნანახი: არც ეიფელის კოშკი, არც ვერსალი, არც მაგარი გამოფენები და კონცერტები... მისთვის პარიზის სახით მხოლოდ სორბონა და ლათინური კვარტალი, თანაკურსელები, საერთო საცხოვრებლის სტუდენტები და „ბომჟები“ არსებობდა.

მაგრამ ეკა ამბობს: „რას ამბობ, იქ სწავლის დროსაც კი, არასდროს მიწუწუნია თუნდაც იმაზე, რომ ხანდახან სარდაფში მეცადინეობა მიწევდა. აი, სად შევიცვალე და სად გამოვიმუშავე ჩემი ყველაზე საყვარელი დასავლური ღირსებები - საქმისადმი ერთგულება, პრინციპულობა და დამოუკიდებლობის შეგრძნება - პარიზში. ერთი გამოთქმაა, რომელიც არა მარტო პარიზში, მერეც ხშირად მახსენდება ხოლმე: „რაც არ მკლავს, მაძლიერებს“. ნამდვილი სიბრძნეა, უნდა გაითავისო. რას ამბობ, ეს ყველაფერი რომ არ მქონოდა, ფულს გადავიხდიდი იმაში, რომ ამდენი გამოცდილება დამეგროვებინა“.

პარიზში ეკამ თავისი ქართული გამოცდილება და წარსულიც უკეთ დააფასა. მიხვდა, რომ თავის ტოლ ფრანგებზეც გაცილებით უფრო ზრდასრული იყო: „ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ ისეთ გარემოში, რომლისკენაც საქართველო ჩემს თვალწინ მიდიოდა. მათ არ უნახავთ, როგორ გამოიარა ეს გზა მათმა ქვეყანამ, მათ უკვე ყველაფერი გამოგონებული დახვდათ... ამიტომ მქონდა ისეთი განცდა, რომ მე მათზე ასაკით უფრო დიდი ვარ, რომ ისეთი რაღაცეები მაქვს ნანახი, რის შესახებაც ცნობებს ისინი მხოლოდ სტორიის სახელმძღვანელოში თუ ამოიკითხავენ. ამიტომ საქართველოს გარდამავალი პერიოდი მე მივიღე, როგორც სიმდიდრე, როგორც ძვირფასი გამოცდილება“.

. . .

გრეგორ მაიერინგი იორდანიის საქმიან და დიპლომატიურ ელიტაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაფასებული კაცია. თუმცა, ურთიერთობებში ისეთი უშუალო და მხიარულია, რომ ხანდახან თავისი თანამდებობაც ავიწყდება ხოლმე და ისიც, რომ ელჩის ქმარია. ეტიკეტისკენ მას ყოველთვის ეკა მოუწოდებს. არადა, გრეგორს კარგი იუმორი აქვს და ხუმრობა უყვარს. ამიტომ ეკას შეგონებებიც ხშირად სიცილით მთავრდება ხოლმე. არაბული „ჰაბიბი“, ინგლისური „ბეიბი“ ეკა გრეგორს ბევრ ენაზე ეფერება, ქართულად კი ხუმრობით მხოლოდ „გრიშას“ ეძახის - ასე გამოხატავს გრეგოსადმი სიახლოვეს თავის ენაზე.

ეკას და გრეგორს უამრავი თვისება აერთიანებთ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარია მიზანდასახულება. ახლა ეკას აღარ ახსოვს, მაგრამ პერფექციონიზმი - ალბათ ეს იყო თვისება, რომელიც ერთმანეთს პირველად შენიშნეს. „გრეგორი გერმანელია და სრულოყფილების სურვილი სისხლში აქვს“ - ხუმრობს ეკა. თვითონ, ალბათ გამოიმუშავა. ამიტომ სიყვარულს რომელიც სიყვარულის ქალაქში დაიწყო, სწავლაში ხელი არც ერთისთვის არ შეუშლია. პირველ წელიწადს ერთისთვის არსებობდა მხოლოდ საერთო საცხოვრებლის სარდაფი, მეორესთვის - ბიბლიოთეკა. არავითარი სეირნობა - „დიახ, ნამდვილად ასე იყო. ჩვენი ურთიერთობა საკლასო დარბაზიდან დაიწყო და ბიბლიოთეკაში გაგრძელდა“. ერთ დღეს გრეგორმა უპოვა და მიუტანა ეკას თეზისების დაკარგული ფურცელი. მეორე დღეს ეკა გამოელაპარაკა ახლო აღმოსავლეთში ქალთა უფლებებზე, ანდა შეიძლება მიგრაციის პრობლემაზე, ანდა სულაც - მაღრიბული წარმოშობის ელიტაზე. ფაქტია, რომ ამ გამოლაპარაკებიდან მალევე, 11 ნოემბერს დაინიშნა მათი პირველი რანდევუ. „იმ დღეს ბევრგან უნდა წავსულიყავი, იუნესკოში, უნივერსიტეტში... დიდ მეჩეთთან დავთქვით შეხვედრა. მერე კაფე „როტონდაშიც“ მოვუხშირეთ სიარულს. 1994 წელს გრეგორთან ერთად საქართველოში პირველად ჩამოვედი. ხელი 1995 წლის 30 დეკემბერს მოვაწერეთ, კიოლნში. იმავე დღეს ბერლინში მივდიოდით მანქანით, სადაც ნაქირავები და თითქმის უავეჯო სახლი გველოდა. წასვლამდე ავეჯის მაღაზიაში კომოდი უნდა გვეყიდა. ძალიან ვჩქარობდით. გრეგორი სულ საათზე იყურებოდა. ბოლოს უთხრა კიდეც იმ ქალს, საბუთებზე ხელს ვინც გვაწერინებდა: იცით, თუ შეიძლება, სწრაფად, კომოდი უნდა ვიყიდოთ და მაღაზია დაიკეტება“. ყველაფერი მოვასწარით, ეს ჩვენი კომოდი საბარგულზე დავამაგრეთ და ბერლინში ჩავედით. ქორწილი, შეიძლება ითქვას, არ გვქონია. უბრალოდ, მალევე, როგორც კი ბერლინში ჩავედით Institute of Advanced Studies-ში, სადაც გრეგორი მუშაობდა, რაღაც კორპორატიული წვეულება გაიმართა. 40-მდე საუკეთესო მეცნიერი შეიკრიბა. იმ საღამოსთვის გამოვიპრანჭე და გრეგორს ისე გავყევი. დაქორწინება ყველამ მოგვილოცა. შამპანიურს ვსვამდით და ბედნიერები ვიყავით. სულ ეგ იყო. ქორწილის აღსანიშნავი წვეულება მეცნიერებს შორის“.

მას შემდეგ 12 წელი გავიდა. მათი ურთიერთობა კი კვლავაც ახალივითაა. ეს, ალბათ, სიყვარულის გარდა, ორივეს ენერგიულობის წყალობითაც არის. ენერგია, რომელსაც ურთიერთობის განახლებას ახმარენ, უზღვავი აქვთ. საერთო ინტერესიც თავისას შვრება. ეკა ხომ თავის არაბულ სამყაროს გრეგორთან იყოფს - მთელი თავისი პოლიტიკურ-სოციალურ-კულტურული წიაღსვლებით. „მე პრაგმატული ვარ, მაგრამ ფეთქებადი და ემოციურიც. ამიტომ ნდობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. გრეგორი ის ადამიანია, რომელსაც ბოლომდე ვენდობი. ის მხიარული და ხუმარა ჩანს, მაგრამ ამავე დროს მკაცრი კათოლიკური განათლება აქვს მიღებული და ძალიან სტაბილური ადამიანია. მახსოვს, პარიზში ერთი საბეჭდი მანქანა ჰქონდა, რომელზეც რეფერატებს ბეჭდავდა. ქალის სახელი ერქვა, და არც მაშინ არ აგდებდა, როცა უკვე შეეძლო, კომპიუტერი ჰქონოდა - ვერ ვუღალატებო, ჯიუტად ამბობდა“.

ეკა საუბარს წყვეტს, ამერიკის საელჩოდან ურეკავენ. რაღაც საქმიანი იმეილია სასწრაფოდ გადასაგზავნი. ლეპტოპი კი სახლში დატოვა. სახლში გრეგორია, მაგრამ ავად არის და სიცხიანი წევს. რა ვქნა, ცოდოა, როგორ ვუთხრა, ადექი და ჩემი იმეილი გააგზავნეო, ქოთქოთებს. ქოთქოთით კრეფს ნომერს და როგორც კი გრეგორი აგონებს, ხმა მაშინვე ეპრანჭება: „ჰაბიბიი“ - იწყებს არაბულად, ისევ გერმანულ-ინგლისურად აგრძელებს და ბოლოს მადლობას ისევ არაბულად უხდის „შუქრა“. მერე დამშვიდებული და ჯერაც გაპრანჭული, ღიმილით გვამცნობს: „გამიგზავნის“.

. . .

ეკას ენერგიის რეზერვუარი მართლა არასდროს ელევა. „უსაქმოდ ვერასდროს ვჩერდები. თავისუფლების შეგრძნება მიმძაფრდება, როცა რაღაცას ვაკეთებ - მითუმეტეს, თუ ეს საქმე ახალია, ან ვიცი, რომ სასარგებლოა. ამიტომ საქმე ყოველთვის მსიამოვნებს“.

როცა გრეგორთან ერთად ბერლინში დასახლდა, ეს მისთვის ცხოვრების კიდევ ერთხელ თავიდან დაწყება იყო. სრულიად ახალ გარემოში მოხვდა, სადაც მისი ორიენტალისტიკა და დახვეწილი ფრანგული აქცენტი თითქმის არავის სჭირდებოდა. ეკამ ერთჯერადი სამუშაოებით დაიწყო. ბინიდან სამსახურამდე ველოსიპედით დადიოდა. გზაში საათნახევარი სჭირდებოდა, მაგრამ ველოსიპედზე უარს არც ზამთრის ცივ დღეებში ამბობდა... უკვე ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ თავისი გაიტანა: გერმანული ისწავლა და თანამედროვე ორიენტალისტიკის სწავლების ცენტრში კვლევას შეუდგა, სათაურით: „ისლამის როლი კავკასიაში კოლექტიური იდენტურობის ჩამოყალიბებაში“. იმავე წელს კიოლნის ფრიც ტისენის ფონდის კვლევითი გრანტიც მოიპოვა.

მოკლედ, გეოგრაფიულად შორიდან, თეორიულად კი ძალიან ღრმად, ეკა კვლავაც არაბულ სამყაროს უტრიალებდა. რა თქმა უნდა, გრეგორთან ერთად. ისლამურ წმინდა მიწაზე, საუდის არაბეთში კი, ცოლ-ქმარი მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1998 წელს მოხვდა. გრეგორი ალ-რიადში სამსახურმა გააგზავნა. ეკა კვლავაც მხოლოდ ცოლის სტატუსით ჩავიდა. თავიდან მათთვის მარტო ის იყო მთავარი, რომ მოხვდნენ იქ, სადაც ყველაზე ცხადად იგრძნობდნენ და ნახავდნენ მანამდე სახელმძღვანელოებში წაკითხულს. ნახავდნენ ნამდვილ არაბეთს.

გრეგორს სამსახურმა ბინა უცხოელთა კომპაუნდში გამოუყო. ეს იყო ქალაქ ქალაქიში, დიდი გალავანით შემოსაზღვრული და კარგად დაცული. იქ მხოლოდ ევროპელები ცხოვრობდნენ. ეკამ და გრეგორმა კომპაუნდზე უარი თქვეს. „ჩვენ გვინდა, ვნახოთ, საუდეველები როგორ ცხოვრობენ, ამიტომ მოგვეცით ბინა მათთან ახლოს“ - ეგონათ გმირული და ორიგინალური იდეა ჰქონდათ. ევროპელებმა კი გაკვირვებით შეხედეს, არაფერი უთხრეს და საუდეველების უბანში, შედარებით წყნარ სახლში დაასახლეს. პირველ დღეს გრეგორი სამსახურში წავიდა. ეკა სახლში დარჩა. ფანჯრიდან შენიშნა, რომ სახლის შიდა ეზოში აუზი იყო. გადაწყვიტა ეცურავა და ქვევით საცურაო კოსტუმითა და პირსახოცით ჩავიდა. „ისეთი სიწყნარე იყო, მეგონა, მარტო ვიყავი. მერე დავინახე, როგორ გაირბინა ერთმა კაცმა და მის შეძრწუნებულ სახეს მოვკარი თვალი, მერე - მეორემ... შემეშინდა. სასწრაფოდ ავედი ზევით და გრეგორს ყველაფერი მოვუყევი. ამის შემდეგ გმირობანა აღარ გვითამაშია. კომპაუნდში დავსახლდით“.

ეკა საუდის არაბეთში, ალბათ, ყველაზე დასვენებული იყო. დანარჩენ ცოლებთან ერთად საყიგანდლებზე დადიოდა, თვითონ ძირითადად შინ იყო. გერმანიის ტექნიკური კოოპერაციის სააგენტოსთვის ღამით მუშაობდა. რომ აგრილდებოდა, მიუჯდებოდა კომპიუტერს და გერმანული სააგენტოსთვის საუდის არაბეთის უამრავ მახასიათებელს იკვლევდა. დღისით მოიხვევდა შავ აბაიას ისე, რომ თვალების გარდა აღარაფერი უჩანდა და ქალაქში გადიოდა.

ამ პერიოდში დიპლომატი და მკვლევარი ეკა სამზარეულომაც გაიტაცა. ენერგიის უკეთ დახარჯვა-განკარგვის მიზნით, მან კულინარულ კურსებზე დაიწყო სიარული და ამიტომ არის, რომ დღეს არაჩვეულებრივად ამზადებს ინდონეზიურ, ვიეტნამურ და ტაილანდურ კერძებს.

ეკას საუდური აბაიაც ძალიან შეუყვარდა. ნახე, როგორი ფასადი აქვთ ქალებს, ამ სამოსშიო, - ამბობს და მართლა ზუსტ სიტყვას არჩევს - ქალების ტანი ფასადივით ჩანს. იმასაც ამბობს, რომ საუდის არაბეთში რამდენიმე ძალიან თანამედროვე ქალბატონსაც იცნობს. ბოლო წლებში, თურმე, ელიტარი წრის ქალები ბიზნესმენებიც ხდებიან და საკუთარ საქმეებსაც მართავენ და ხელქვეით მამაკაცებსაც. მაგალითად, ეკას ნაცნობი ერთი საუდეველი ქალბატონი, საუდის არაბეთის საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენლობაში მუშაობს...

მოგვიანებით, 2004-ში, ეკა საუდის არაბეთში საქართველოს ელჩიც გახდა. გაირკვა, რომ ის პირველი ქალი ელჩი იყო საუდის არაბეთის ისტორიაში. ამიტომ ეკა განსაკუთრებული პატივით მიიღეს. როცა რწმუნების სიგელის გადასაცემად საუდის არაბეთის ოფიციალურ დელეგაციას უნდა შეხვედროდა, პატივისცემის ნიშნად უთხრეს, ჩვენს ტრადიციულ სამოსს ნუ ჩაიცვამ, რა სამოსითაც დადიხარ, ისე გამოცხადდიო. დღეს უკვე საუდის არაბეთი მას აღარ აბარია, მაგრამ იქაურ ხელისუფლებას ისე დაამახსოვრა თავი, რომ ერთი საუდეველი მინისტრი ეკას და გრეგორს დღემდე უგზავნის საშობაო მისალოც ბარათებს.

. . .

2001 წლიდან ეკას და გრეგორის ქალაქი ამანი გახდა. ეს მას შემდეგ, რაც ბეირუთი, ალ რიადი, დამასკო და სანა მოიარეს. ამანში ის მომწონს, რომ მშვიდი ქალაქია და ყველანაირი პირობა მაქვს მუშაობისთვისო, ამბობს ეკა. ისევ საქმე. სამი ქვეყნის ელჩობის საქმეებს არ მიყვება - საქმემ განსაზღვროს, მე ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებო, სამაგიეროდ, თავის სხვა, გაცილებით საინტერესო საქმეზე მიამბობს. ეს გულის მანკით დაავადებული ბავშვების გადარჩენაა. უცხოელ დიპლომატებთან და იორდანიის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად ეკამ საზოგადოება ჩამოაყალიბა - Gift of Life Amman და უკვე დიდი ხანია, საქველმოქმედო საღამოებს აწყობენ და იმ არაფრის მქონე ბავშვებისთვის აგროვებენ ფულს, რომელთაც გულის გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებათ.

რომ ნახო, რა ხდება იორდანიაში, პალესიტნელი ლტოლვილების ბანაკებში გაგიჟდებიო - აღშფოთებული ტონით ჰყვება ეკა. მიწური სახლები, სახლებს შორის კი მდინარედ კანალიზაციის წყალი ჩამოდისო, ბავშვებიც იქვე თამაშობენ და ათასგვარ დაავადებას იკიდებენო... მსგავსი ამბები ეკას არასდროს ასვენებს. ამ დროს ხსნის არმიას ემსგავსება და მისიის შესასრულებლად გარბის. ერთი თვის წინ მომწერა, ხომ გახსოვს, შენი აქ ყოფნის დროს საქველმოქმედო საღამოზე ერთი გადაუდებელი ოპერაციის ფული რომ შევაგროვეთო, აი, ახლა გიგზავნი იმ პატარა მარას ფოტოს, რომელსაც ოპერაცია გავუკეთეთ და უკვე კარგად არისო...

ეს ყველაფერი ეკას „კეთილი ნების“ საქმიანობაა. თუმცა, მას უამრავი გატაცებაც აქვს. კულინარული კურსის დიპლომიან ელჩს მძივების აწყობაც უყვარდა, მაგრამ მისი მთავარი გატაცება უკვე ქალურ-სენტიმენტალურ გულს კი არა, მამაც გულს მოითხოვს: ეკამ ფრენა დაიწყო. ფრენა ამანში, საავიაციო აკადემიის სპეციალურ კურსებზე ისწავლა. ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა და უკვე მარტოც დაფრინავს.

ეს ფრენა რაღად გჭირდებაო, რომ ჰკითხო, გიპასუხებს: „უბრალოდ, კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა. იმის დამტკიცება, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელს გააკეთებ. თავისუფლების შეგრძნება მომწონს. მინდა ხოლმე ფანჯრიდან გადავყო თავი და ხმამაღლა ვიყვირო: „მე ქალი ვარ და მე ეს შემიძლია“. იმის გააზრება, რომ შემიძლია ეს ტონანახევრიანი მანქანა ვმართო, ეს რკინის პეპელა ცაში ავაფრინო და ქალაქიდან ამ გზით მარტო გავიდე - უდიდეს სიამოვნებას მგვრის. მარტო ამის გაფიქრებაც კი...“

მე კი, ჩემთვის ერთ აღმოჩენას ვაკეთებ, ეკას ისტორია, ალბათ, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ყველგან შეიძლება თავისუფალი იყო, თუ ყველაფრით, რაც არ გკლავს, თავს გაიძლიერებ.

17 ვალენტინოს სამეფო კარზე

▲back to top


ავტორი: დევიდ სპექტერი ნიუ იორკერი, 2005 .
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ

Reprinted by the permission of International Creative Management, Inc
© 2005 by Michael Specter
Originally published in The New Yorker

0x01 graphic

ვალენტინო, 73 წლის რომაელი დიზაინერი, ივნისში დასვენებას ვერასდროს ახერხებს. მაგრამ წელს რომ გიჟური თვე ჰქონდა, ეგეთი არც ახსოვს. ჯერ ახალი სუნამო V გამოუშვა. პრეზენტაცია მაისის ბოლოს ნიუ იორკში სავაჭრო ცენტრში Bergodrf Goodman მოწყობილი წვეულებით აღნიშნა, რომელიც შემდეგ სასტუმროში Four Season გაგრძელდა და უკვე გარიჟრაჟზე საცეკვაო კლუბში Bungalow 8 დასრულდა. პრეზენტაციიდან ორი დღის შემდეგ ვალენტინო რომში გადაფრინდა, საიდანაც მალევე მილანში გაემგზავრა. ამ ქალაქში, რომელიც ზიზღს გვრის, მამაკაცების მოდის ჩვენებაზე ჩავიდა. შოუს ერქვა „მოგონებები კაპრიდან“, ხოლო პოდიუმზე ლიკრის შორტებში გამოწყობილი ბიჭები მიმოდიოდნენ, რომლებიც ვალენტინოს ახალგაზრდობის ეპოქის მეოცნებე მამაკაცებს განასახიერებდნენ. შოუს შემდეგ ერთდღიანი ტაიმაუტისთვის ვალენტინო თავის ვილაში დაბრუნდა აპია ანტიკას ქუჩაზე და თავის ექვს ძაღლს - მარგოს, მოუდს, მონთის, მოლის, მილტონს და მეგის ბევრი ეთამაშა. შემდეგ იძულებული გახდა, ისევ უკან გამგზავრებულიყო - მილანში, სადაც 1 ივლისს იტალიის საფონდო ბირჟაზე „ვალენტინოს მოდის ჯგუფის“ აქციების გატანა იგეგმებოდა. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. ვალენტინო ცნობილ იტალიელ დიზაინერებს - პრადას, ვერსაჩეს და თვით არმანის შორისაც პირველი დიზაინერი გახდა, რომლის სახელიც საფონდო ბირჟაზე ახსენეს.

ამ საქმიანი ცერემონიისთვის მან კლასიკური ტანსაცმელი აირჩია: მუქი ლურჯი კოსტუმი, თეთრი მაისური და ნაცრისფერი, აბრეშუმის ჰალსტუხი. თვალსაჩინო ადგილას მანეკენებით გარშემორტყმული დადგა. გოგოებს ის წითელი საღამოს კაბები ეცვათ, რომლებიც ლამის ვალენტინოს ავტოგრაფად იქცა. დაახლოებით ნახევარ საათში კომპანიის აქციების ფასი რვა პროცენტით გაიზარდა. უკვე მეორე ნახევარი საათის შემდეგ კი ვალენტინო თვითმფრინავში იჯდა და პარიზისკენ მიფრინავდა. იქ მთელი შაბათ-კვირა ატელიეში გაატარა. შაილოტის ნაციონალურ თეატრში დაგეგმილი მაღალი მოდის ჩვენებისთვის თავის 40 კაბაზე საბოლოო შტრიხები შეასწორა Haute couture ვალენტინოსთვის კვლავაც ყველაზე გაუცვეთელ გატაცებად რჩება და იმ დღესაც დიდი გულმოდგინებით ამაგრებდა კაბებეზე ძვირადღირებულ კულონებს. აბრეშუმისგან გამოჭრილ ათასობით ყვავილის ფორმას კი ლამის ლუპით ამოწმებდა).

0x01 graphic

REUTERS

. . .

ვალენტინო გარავანი (დიზაინერის გვარი შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც მისი მაისურების ეტიკეტებსა და იახტების აქსესუარებზე წერია) ამ დაძაბული გრაფიკით დაახლოებით 50 წელია, მუშაობს. უფრო ზუსტად კი, ასეა 1960 წლიდან, როცა ის პარიზიდან იტალიაში დაბრუნდა, სადაც ჯერ დიზაინერების პრესტიჟული სასწავლებელი Chambre Syndicale de la Couture Parisienne დაამთავრა, შემდეგ კი იქვე სტაჟირება გაიარა. „რატომ მეგონა თავიდანვე, რომ დამოუკიდებლად ამდენს მივაღწევდი, მხოლოდ ღმერთმა უწყის“, - მითხრა ვალენტინომ რამდენიმე ხნის წინ, - „მაგრამ მშობლებმა ცოტა საწყისი თანხა მომცეს და მეც დავიწყე. არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა ბიზნესში ვერთვებოდი. გამოდის, უცოდინრობით გამოწვეული უტიფრობა ხანდახან ამართლებს ხოლმე“.

როცა ვალენტინო მოდის ბიზნესში ჩაერთო, რომს ომის შემდგომი ტკბილი წლების ბოლო პერიოდი ედგა. ფელინის „დოლჩე ვიტა“ - ფილმი, რომელიც ვალენტინოს ადრეული წლების დოკუმენტურ ქრონიკადაც შეიძლება განვიხილოთ - ახალი გამოსული იყო. იმ წელს თითქმის ყველანი - ანიტა ეკბერგიც, ელიზაბეტ ტეილორიც (რომელიც „კლეოპატრას“ გადასაღებად ემზადებოდა) და სოფია ლორენიც ვია ვენეტოზე სეირნობდნენ - ქუჩაზე, რომელიც სწორედ ფელინის ფილმის წყალობით გახდა სახელგანთქმული. ვალენტინომ პირველი ოფისი ვია კონდოტიზე გახსნა, შემდეგ ესპანური კიბეებისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, მე-18 საუკუნის სასახლეში გადავიდა და იქაურობა აღარც დაუტოვებია.

ცოტა ხანში რომის, როგორც მოდის ცენტრის მნიშვნელობა დაეცა. დიზაინერებმა, რომლებმაც ირწმუნეს, რომ მოდის მომავალი ფაბრიკებში შეკერილ ტანისამოსში იყო, ინდუსტრიულ ქალაქ მილანს მიაშურეს. ვალენტინოს წასვლა არასდროს უფიქრია. რომის დატოვება აზრად არც მის ხელქვეითებს მოსვლიათ. მათგან ძალიან ბევრი ხომ ვალენტინოსთან ათწლეულებია, მუშაობს. ზოგიერთ მკერავს კი ვალენტინოს მიერ გამოჭრილი სულ პირველი თარგებიც ახსოვს. დიზაინერების მთელი თაობა, რომელთა ფონზეც ვალენტინო გაიზარდა - ივ სენ ლორანი, კრისტიან დიორი, და თვით კოკო შანელიც კი, უკვე დიდი ხანია წავიდნენ. თავიანთი ატელიეები სხვებს გადაულოცეს. იმ თაობიდან მხოლოდ ვალენტინო დარჩა. „არის პაპი და არის ვალენტინო“ - მითხრა კიდეც რომის მერმა ვალტერ ველტრონიმ - „ამ ქალაქში მათზე უფრო ცნობილს არავის ვიცნობ“.

. . .

ძალიან ცოტა ადამიანს თუ მიუძღვნია იმდენი ენერგია ფუფუნების საგნებისთვის, რამდენიც ვალენტინოს. ამ ნიშნით, მისი სახლებიც კი თითქმის ისევე სახელგანთქმულია, როგორც მისი ტანსაცმლის კოლექციები:

ფლობს ვილას რომში - სეზარის გზატკეცილის ხეივანში ჩაფლულს;

აქვს მამული პარიზსთან ახლოს - თავისი სამრევლო ტაძრითა და ციხე-სიმაგრით, რომელსაც საკუთარი წყალგამყოფი არხი აკრავს გარს და ევროპაში, ალბათ, ყველაზე თვალწარმტაცი ბაღებითაც იწონებს თავს;

ფლობს სათხილამურო კოტეჯს Chalet Giff erhorn გსტაადში, სადაც საშობაო არდადეგებს ატარებს ხოლმე;

აქვს ბინა ნიუ იორკში, ფრიკის მუზეუმთან ახლოს, ხედით ცენტრალურ პარკზე;

ფლობს ლონდონის ჰოლანდ პარკში ერთ-ერთ უდიდეს კერძო საკუთრებას, რომელიც ოთხი წლის წინ იყიდა და თავისი პირვანდელი, მე-19 საუკუნის სახით აღადგინა.

აქვს ასევე იახტა - T.M. Blue One. საერთო ფართით 152 ფუტი, ოთხი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორით, მუდმივმომსახურე 11კაციანი პერსონალით და უამრავი შედევრით, მათ შორის: პიკასოებითა და ენდი უორჰოლის იმ ოთხი პრინტიდან ორით, რომლებზეც უორჰოლმა თავად ვალენტინო აღბეჭდა.

ჩვენი პირველი საუბრის დროს ვალენტინო ამ იახტის უკანა ნაწილში, ბორტზე იჯდა. ის-ის იყო ხმელთაშუა ზღვაში უნდა შეგვეცურა. ტანს ზევით შიშველი იყო, ეცვა მხოლოდ ლურჯი თეთრით ორნამენტებიანი აბრეშუმის შარვალი, მაჯაზე კი Cartier Santos-ის უზარმაზარი საათი ეკეთა. საათს ნიანგის ტყავისგან დამზადებული ფორთოხლისფერი სამაჯური ჰქონდა და ეს ფერი ვალენტინოს დაზაგრულ კანს ძალიან უხდებოდა. ვალენტინო მზეზე უამრავ დროს ატარებს. მისი კანი - დამდნარი კარამელის ფერია და კარგად შენახული ეტრუსკული ექსპონატის ფაქტურა აქვს. ტანით პატარაა, მაგრამ ბრგედ ნაგები სხეული აქვს. თმას ყოველთვის ისე თხლად იჭრის, რომ შორიდან მისი სახე აგურის ღუმელში კარგად გამომწვარი გეგონება.

0x01 graphic

0x01 graphic

REUTERS

. . .

ძნელია ვალენტინოზე ან სულაც პირადად მასთან ისე ისაუბრო, რომ ბოლოს პენსიაში გასვლის თემას არ მიადგე. ვალენტინომ თავის ალტერ ეგოსთან და დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორთან უხსოვარი დროიდან - ჯანკარლო ჯამეტისთან ერთად კომპანია 1998 წელს გაჰყიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდის სახლში ორივენი მაინც ცენტრალურ ფიგურებად რჩებიან. ახლახან, მას შემდეგ, რაც კომპანია კიდევ ერთხელ გაიყიდა, ვალენტინოს სავაჭრო ნიშანმა რაღაც რენესანსისმაგვარი მოვლენა განიცადა. გაყიდვების მაჩვენებლები სასწაულებრივად გაიზარდა, ახალ-ახალი ბუტიკების რიცხვმაც იმატა. მიუხედავად ამისა, პენსიაში გასვლის შესახებ ჭორები მაინც არ ჩაცხრა. ამ მოარულ ხმებს კატეგორიულად არც ვალენტინო უარყოფს და არც იმ კომპანიის ხელმძღვანელები, რომელიებიც ვალენტინოს მოდის სახლს ფლობენ. „მსგავს თემებზე მასთან არასდროს ვსაუბრობთ. ის ასაკშია და პენსიაზე საუბარი ცოტა რთულია. ვალენტინო მაშინ წავა, როცა იგრძნობს, რომ ამისთვის მზადაა“ - მითხრა მიკელე ნორსამ - ვალენტინოს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

რა უნდა ვაკეთო, თუ არა ეს? - ასე შემომიბრუნა კითხვა თავად ვალენტინომ. „არ შემიძლია, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და უსაქმურად დავჯდე. დავიღალე. წელიწადში რვა კოლექცია, პრეზენტაცია, ჩვენება, ხატვა, შეხვედრები. თავს მოშვების უფლებას ერთი წამითაც ვერ ვაძლევ. ვიღვიძებ რომში, მივფრინავ მილანში. მერე პარიზში. ყველგან შესათანხმებელი დეტალები და ვადები. კაბები, ქსოვილები, ფეხსაცმელები და სუნამოები“... მერე ვალენტინომ ტონს დაუწია და ჩუმად დაამატა: „მე ხომ ჩემი პირადი ცხოვრებაც მაქვს. ორშაბათობით და სამშაბათობით საკუთარ თავს და საკუთარ სამუშაოს დროს ვპარავ. სხვანაირად არ შეიძლება. ახლაც, პარიზის ვილიდან დამირეკეს. თითქმის დაუჯერებელი რამ მომხდარა“. აზრზე ვერ მოვედი, რას გულისხმობდა ვალენტინო. თვითონვე ამიხსნა: „ჩემს ვილაში ვარდებს უფეთქიათ. ათასობით ვარდი აყვავებულა. ათი ათასობით... ვერც კი წარმოიდგენ, რა სანახავი იქნება... უნდა ვნახო. ვიცი, ახლა პარიზში გაფრენა არც დროულია და არც მაინცდამაინც კომფორტული, მაგრამ ეს ბაღი რომ არ ვნახო, არ შეიძლება. ცხოვრებაში უამრავი რამ არის, რაც აუცილებლადაა გასაკეთებელი, მაგრამ ვარდებს უყურადღებოდ ვერ დატოვებ. როცა ისინი შენგან მონახულებას ითხოვენ, შანსი არ გაქვს, უნდა წახვიდე და ნახო“.

0x01 graphic

REUTERS

. . .

ვალენტინო ყოველწლიურად ათასობით თარგს ხატავს, მისი კომპანია სოლიდური რაოდენობის ტანსაცმელს უშვებს და რომ მიუშვათ, დიზაინერი თვითონვე დაკემსავდა თითოეულ კაბას. მაგრამ, მეორე მხრივ, ვალენტინო ის კაცია, რომელსაც შეუძლია ბოლომდე მიეცეს იმ საიმოვნებას, თავისუფალი დრო რომ ანიჭებს. „არ ვფიქრობ, რომ კაბის შესაკერად ტანჯვა-წამებაა საჭირო“, - მითხრა ერთხელ თავის რომაულ სტუდიაში, როცა პარიზული შოუსთვის მოდელ გოგონას შიფონის შავ კაბას აცმევდა. „ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაგრამ, როგორც კი ვგრძნობ, რომ დავასრულე, წერტილსაც იქვე ვსვამ“.

ყველას, ვინც ვალენტინოს კარგად იცნობს, კარგად ესმის, რომ მოულოდნელად აფეთქებული ვარდების მოსანახულებლად იტალიიდან პარიზში გადაფრენა მას უბრალოდ ძალიან სჭირდება, თუნდაც მისი სამუშაო წლის ყველაზე დაძაბული პერიოდი იდგეს. თითოეულ ნივთს თავის თითოეულ სახლში ვალენტინო იმიტომ აგროვებდა, რომ ამის საშუალება ჰქონდა. მისი სახლები აურაცხელი სიმდიდრის საცავებს ჰგავს. ოთახები სავსეა ყველანაირი ტიპის ფუფუნებით: ფაიფურის უიშვიათესი სათამაშოებით დაწყებული და მე-18 საუკუნის ლითონის ნაკეთობებით დასრულებული. ბაღები და ოთახები გამოტენილია ნივთებით: ავეჯით, ნახატებით, კერამიკით, მეისენის გედებით და ხის ბატებით. ზოგჯერ ნივთებში ნივთები აწყვია. ხელოვნების ნიმუშები - პიკასოები, Basquiat-ები, ანტიკური ჩინური ლარნაკები, მე-18 საუკუნის ფრანგული ჭურჭლეული, ბოტეროები და როტკოები, უორჰოლები და ბეკონები, კომოდები და გობელენები, შირმები და ფაიფური და ვერცხლეული და ბროლი - ამ ყველაფრით ვალენტინოს სახლები იმდენადაა გადაჭედილი, რომ კაცს დეკორაცია ეგონება დოკუმენტური ფილმისთვის თანამედროვე მარია-ანტუანეტას შესახებ. შარშან როცა ვალენტინო ოფრა უინფრის შოუს სტუმრობდა, უინფრიმ თქვა: „ჩემო ძვირფასებო, თქვენ მსგავსი არაფერი გინახავთ. არავინ, და მე მართლა ვგულისხმობ არავის, არ ცხოვრობს უფრო მდიდრულად, ვიდრე ვალენტინო“. ვალენტინოს სიამოვნებს, როცა აღიარებს, რომ უინფრი მართალია. „უამრავი ნივთი, სახლი და იახტა მაქვს, ამიტომ ჩემზე ამბობენ, გიჟიაო; რომ მსოფლიო შეიცვალა. ასე აღარავინ ცხოვრობს. შეიძლება შეცდომა დავუშვი, მაგრამ უბრალოდ, ჩემი სურვილია, ამ ყველაფერს ვფლობდე. ჩემს თვალებს სრულყოფილების ცქერის გარეშე არ შეუძლიათ. ვიღაცეებს უთქვამთ: „ძალიან ბევრი სახლი და ოთახი გაქვს“, მაგრამ ეს ძალიან ბევრია ვისთვის?“

0x01 graphic

REUTERS

. . .

ვალენტინოს ფუფუნება ბავშვობიდან იტაცებდა. „დედაჩემი ამბობდა ხოლმე, როგორ გავაჩინე ბიჭი, რომელიც მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული ცხოვრებისკენ ისწრაფვის? 13-14 წლის ვიყავი, როცა დედა ფულს მაძლევდა იმისთვის, რომ მეწაღესთან წავსულიყავი და ფეხსაცმელი შემეკერა, სვიტერი მომექსოვა. ჯერ კიდევ იმ ასაკში, მაისურიც კი ჩემებურად უნდა მცმოდა. უარს ვამბობდი იმაზე, რაც ყველას ჰქონდა. დიდი მეოცნებე ვიყავი. და თან ყოველთვის. ვივიენ ლი, ჰედი ლემარი, ლანა ტერნერი და კეტრინ ჰეპბერნი... - მე თუ დღეს დიზაინერი ვარ, იმიტომ, რომ ბიჭობაში ამ ქალების სამყაროზე ვოცნებობდი; მარმარილოს დიდ კიბეებზე რწევით ჩამომავალ ამ ულამაზეს ქალებზე ვფიქრობდი, მხრებზე მელიის ქურქი რომ ჰქონდათ მოსხმული და ბრჭყვიალა კაბები ეცვათ. ზუსტად ისე, როგორც კინოში იყო. გამუდმებით ამ ფუფუნებაზე ვფიქრობდი. გამუდმებით ეს მსურდა.

ოცნება მაშინ აიხდინა, როცა ჟაკლინ კენედის შეხვდა. ხმას ახლაც კი ერთი ოქტავით მაღლა სწევს, როცა ჟაკლინის სახელს ახსენებს. „ჯეკი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში მოსეირნობდა, მოკლე შარვალი ეცვა, დიდი შარფი ეკეთა და ზევიდან საწვიმარი. სამივე აქსესუარი ჩემი, „ვალენტინოსი“ იყო. ეს ნამდვილი სენსაცია გახლდათ“.

მართლაც, ვალენტინომ სახელი ჟაკლინ კენედის წყალობით გაითქვა. ეს მაშინ მოხდა, როცა 1968 წელს, ჟაკლინ კენედიმ არისტოტელე ონასისზე ჯვრისწერის დღეს, ვალენტინოს თეთრი მინი-კაბა ჩაიცვა და ეს ფოტო შემდეგ მთელი მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე დაიბეჭდა.

ვალენტინო ცნობილი ადამიანებისადმი სიყვარულს არასდროს მალავს. თვალები უბრწყინავს, როცა სამეფო ოჯახებთან ურთიერთობებზე ლაპარაკობს და მაგალითად, ბულგარეთის პრინცესა როზარიოს ახსენებს, ანდა თავის კარგ მეგობარს გვინეტ პელტროუს. ერთხელ ვკითხე კიდეც, რატომ ანიჭებდა ამხელა მნიშვნელობას ვარსკვლავების ჩაცმას და პასუხად მომიგო: „აბა, ვის ჩავაცვა? იმ გოგოებს საყიდლებზე სავაჭრო ცენტრებში რომ დადიან?“

. . .

როცა საქმე საზოგადოებრივი თავყრილობებისთვის ვარსკვლავების ჩაცმულობას ეხება, ვალენტინოს ვერც ერთი სხვა დიზაინერი ვერ შეედრება. ვალენტინომ შეუკერა კაბა მადამ ბერნადეტ შირაკს, რომელიც პირველ ლედის მეუღლის, ჟაკ შირაკის ინაუგურაციის დღეს ეცვა. ირანის იმპერატორ ქალსაც, ფარაჰ დიბასაც „ვალენტინო“ ეცვა 1979 წლის იმ დღეს, როცა მშობლიური ქვეყნიდან გაიქცა. ხოლო 1995 წელს, საბერძნეთის კრონ-პრინცის პავლოსის საქორწინო წვეულებისთვის „ვალენტინომ“ არა მხოლოდ პატარძალს, მშვენიერ მარი-შანტალ მილერს შეუკერა ათი სხვადასხვა ქსოვილისგან შეკერილი საქორწილო კაბა, არამედ ათობით სტუმარიც მანვე გამოპრანჭა (საერთოდ, ვალენტინოს საქორწილო კაბების ფასი 35 ათასი დოლარიდან იწყება, მაგრამ ხანდახან პატარძლები ამ თანხაზე ათჯერ მეტსაც იხდიან).

„ჩემთვის სიტყვები „ფუფუნება“ და „ქალურობა“ ვალენტინოს ნიშნავს“ - მითხრა ერთმა ცნობილმა ნიუ იორკელმა ელიტარმა ქალბატონმა სიუზენ გუთფრენდმა პრესვიტერიანული საავადმყოფოს საქველმოქმედო საღამოზე, რომელსაც ვალენტინო სპონსორობდა. „როცა რომელიმე ძალიან მნიშვნელოვან, ოფიციალურ მიღებაზე მივდივარ და მამაკაცებისგან უამრავ კომპლიმენტს ვიღებ, ესე იგი, იმ დღეს „ვალენტინო“ მაცვია. ყოველთვის ასე ხდება“, - დააყოლა მან.

ამ ზაფხულს ვალენტინო ათინა ონასის საქორწილო კაბაზე და ორი პატარა პრინცესას ჩაცმულობაზე მუშაობდა. ივნისის ერთ ცხელ დღეს, მის ატელიეს ვესტუმრე პიაცა მინანელიზე და ვნახე კიდეც, როგორ ბეჯითად კემსავდნენ ქსოვილებს ვალენტინოს უკვე ხანშიშესული მკერავები: მაგიდებზე დიდი ნათურები ენთოთ და გამადიდებელი შუშებით საღამოს კაბებს ასობით პატარა მძივს აკერებდნენ. სურათი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯანკარლო ჯამეტის ვკითხე, თქვენი აზრით, ატელიეში ასე მუშაობის ტრადიციას კიდევ დიდი სიცოცხლე თუ დარჩა-მეთქი. ჯამეტიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია: „არა, რა თქმა უნდა, არა. რატომ მოუნდება ახალგაზრდა გოგოს დღეში რვა საათი ატელიეში იჯდეს და რაღაც პატარა ორნამენტი კეროს და ქარგოს? და მერე ვისთვის, ვიღაც საუდელი პრინცესასთვის? ანდა მსოფლიოში ცნობილი რომელიმე რუსი ბანდიტის საყვარლისთვის?“

0x01 graphic

REUTERS

0x01 graphic

REUTERS

. . .

თუმცა, კაბებს, რომლებიც მკერავებისგან ტიტანურ შრომას მოითხოვს, ამერიკაში ყოველთვის აქვთ ერთი გარანტირებული ბაზარი. ეს ჰოლივუდია. ყოველ წელს, კინოაკადემიის ცერემონიალისთვის მზადებისას ვალენტინოც თითქმის იმდენივე ენერგიას ხარჯავს, რამდენსაც შოუს ორგანიზატორი ჰარვი ვეინშტეინი. 2001 წელს, მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ როგორ ავიდა სცენაზე ვალენტინოს შავი აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი ჯულია რობერტსი „ოსკარის“ მისაღებად, რომელიც ერინ ბროკოვიჩის როლისთვის გადასცეს. სოფი ლორენი, ჯესიკა ლანჟი, ჯეინ ფონდა... - ვალენტინოს კაბებში გამოპრანჭულებს „ოსკარი“ კიდევ უამრავ ვარსკვლავს აუღია. წითელ ხალიჩაზე „ვალენტინო“ 15-მდე ქალს ყოველ წელს აცვია. წელს ქეით ბლანშეტმაც მისი ყვითელი აბრეშუმისა და ტაფტის კაბა აირჩია, ალუბლისფერი შარფით. როგორც წესი, ვარსკვლავები კაბებს რამდენიმე დიზაინერს უკვეთავენ და საბოლოო არჩევანს შოუზე წასვლამდე ლამის რამდენიმე წუთით ადრე აკეთებენ. კაბის შერჩევაში მათი სტილისტები, პრესაგენტები და მენეჯერებიც აქტიურად მონაწილეობენ. ვალენტინოს სტაჟიანი და გამოცდილი წარმომადგენელი კარლოს დე სოუზა ყოველ წელს საგანგებო მისიით ჰოლივუდში ჩადის და „ოსკარის“ ოპერაციას ახორციელებს. მისი სამუშაო ადგილი ბევერლი ჰილსზე მდებარე ვალენტინოს ბუტიკია. კარლოს დე სოუზამ კეიტ ბლანშეტის „მოსანადირებლად“ ხერხი იხმარა. მსახიობს დაპირდა, რომ თუ კეიტი ვალენტინოს კაბას ჩაიცვამდა, „ოსკარის“ ცერემონიალზე სხვას არავის ეცმებოდა ის. მართლაც, დე სოუზამ ყველას უარი უთხრა, თვით ვალენტინოს საყვარელ მოდელს ჟიზელსაც კი, რომელიც „ოსკარზე“ ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად აპირებდა გამოცხადებას.

დე სოუზას ეს გადაწყვეტილება არც თვითონ ვალენტინოს მოეწონა და არც მის პარტნიორს, ჯანკარლო ჯამეტის. „კარლოსს ვუთხარი, რას აკეთებ, ჟიზელი ხომ მსახიობი არ არის, ღმერთო დიდებულო! მიეცი ჟიზელს კაბა“, - იხსენებს ახლა ჯამეტი, - „კარლოსმა იუარა, მე ისევ დავაძალე, ეს უკვე სიგიჟეა-მეთქი“. მაგრამ დე სოუზა ჯიუტად იცავდა თავის აზრს და გაიტანა კიდეც. ექსპერიმენტმა გაამართლა: ბლანშეტმა „ოსკარი“ მოიპოვა. მიკელე ნორსა - „ვალენტინოს“ მფლობელი კომპანიის გენერალური დირექტორი, ძალიან კმაყოფილი იყო. „ასობით მილიონმა ადამიანმა უცქირა იმ საღამოს კეიტ ბლანშეტს და მის კაბას. შენი სახლის კონსიერჟი ანდა მისი ცოლიც კი ნახავდნენ მას. ასეთი კაბები ძალიან ექსკლუზიურია, მაგრამ ეს ექსკლუზიურობა ხდის მათ პოპულარულსაც. თუმცა, მერე ვერ წახვალ და ამ 300 ათას დოლარიან კაბას ვერ გაყიდი“. ასე რომ, გამოდის, მსგავსი კაბების შეკერვისას მაღალი მოდის დიზაინერები სინამდვილეში ფულს ზარალობენ. „მაგრამ გაყიდი ვთქვათ, 50 დოლარიან სუნამოს, ან სათვალეს ან ფეხსაცმელს და ეს შენს ბრენდს რაღაც ექსლუზიურ მნიშვნელობას ანიჭებს“.

0x01 graphic

REUTERS

0x01 graphic

REUTERS

. . .

ვალენტინოს ცნობილი ადამიანებით გატაცებასაც აქვს თავისი საზღვარი. ერთხელ დე სოუზამ იმარჯვა და მსახიობი ლინდსი ლოენისგან თანხმობა მიიღო პარიზულ ჩვენებაზე დასასწრებად. მაგრამ ზუსტად იმ დღეს, როცა ვალენტინოს თავისი იახტის ბორტზე ვესაუბრებოდი, დიზაინერს შეატყობინეს, რომ ლოენმა გადაიფიქრა. „მადლობა ღმერთს - წაიჩურჩულა ვალენტინომ - ეს გოგო თავს ძალიან უხერხულად მაგრძნობინებს ხოლმე“. მეორე დღეს, ლანჩზე, ვალენტინო პოპულარული ადამიანებით მედიის გატაცებაზე ლაპარაკობდა. ხანდახან თვალს ტელევიზორისკენ ვაპარებდი, სადაც პერიზ ჰილტონი ჩანდა. წამყვანი გვიამბობდა, რომ ჰილტონი ბერძენ მილიარდერზე დაინიშნა. ვალენტინოს ვკითხე, ხომ არ გინდა საქორწილო კაბა პერიზს შენ შეუკერო-მეთქი. ხელები გაასავსავა და მიპასუხა: „არა. არ მომწონს ის. ჩემი მეგობრის შვილს მიჰყვება ცოლად. ამ ოჯახს მილიარდები აქვს. ეს გოგო კი ძალიან ვულგარულია და ლამაზიც არ არის“. მერე, ცოტაოდენი პაუზის შემდეგ დაამატა: „ჰილტონები? მათ არაფერი აქვთ“.

. . .

ყველას, ვინც მათ პირველ მოდის ჩვენებას დაესწრო, ერთი და იგივე რეაქცია ჰქონდა: ვინ ჩაიცვამს ამ ტანსაცმელს? სამოსი, ხშირად ძალიან ვიწროდ არის აჭრილი, არავის მოუხდება, ვინც 6 ფუტზე დაბალია და 100 პაუნდზე მეტს იწონის. ვალენტინოს დიზაინი ხშირად გამონაკლისს გულისხმობს. მისი მოდელები ხშირად ქალური, ნაზი და გამომწვევია და თანაბრად აღელვებს ქალებსაც და კაცებსაც. ვალენტინოს ბოლო პარიზული შოუს დამთავრების შემდეგ რიტა ვილსონმა მითხრა: „ვუყურებდი პოდიუმს და დაუძლეველი სურვილი მეუფლებოდა, მეყიდა ვალენტინოს თითოეული კაბა“. მსგავსი ფრაზა უამრავ ქალს უთქვამს და, ალბათ, ზუსტად ეს გახლავთ ვალენტინოს პოპულარობის საიდუმლო მიზეზიც. ვალენტინო მიუჩა პრადასავით არ ფიქრობს, რომ გარდერობმა ქალის ინტელექტიც უნდა კვებოს, არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ პიროტექნიკა და ცეცხლოვანი სიჭრელე დიზაინერს კოსტუმის გაყიდვაში ეხმარება. ჩვენების დასრულების შემდეგ, მისი მთელი კოლექცია არასდროს გაყიდულა - როგორც ეს 1976 წელს ივ სენ ლორანის ე.წ. „ბოშური“ ჩვენებისა და 1994 წელს ჯონ გალიანოს აბსოლუტურად შავი კოლექციის შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, ვალენტინოს მოდის ისტორიაში არც რაიმე მასშტაბური ისტორიული გარდატეხა მოუხდენია. სინამდვილეში ის უბრალოდ არ აღიარებს მოსაზრებას, რომ მოდა ხელოვნებაა. „მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, - ამბობს ის, - მოდა ხომ არც ისეთი კომპლექსური დატვირთვის მქონე სფეროა. მოდა მხოლოდ ქალის გალამაზებას ნიშნავს. გალამაზებას და... უფრო სწორად, დღევანდელ სტილს, მოდას კარგად ვერც ვუგებ. აი, თუნდაც გალიანო აიღეთ. ის არაჩვეულებრივი არტისტია. მას შეუძლია იმგვარ ფანტაზიას შეასხას ხორცი, მსოფლიოში არავის რომ დასიზმრებია. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩაიცვამთ ამ ყველაფერს ქუჩაში? არა მგონია. ხანდახან ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება: ტანსაცმელს ქალი ქმნის. არ ვარ ის დიზაინერი, რომელიც ზის და ოცნებობს, ნეტა, ჟიზელმა ჩემი კაბა ყოველდღიურად ატაროსო. როგორც მოდელი, დიახ, ის არის ჩემი ოცნება. მაგრამ ჩემი ოცნება მომხიბვლელი, ჯანსაღი ქალია, რომელსაც გამორჩეული ხასიათი აქვს. მიყვარს ქალი, რომელიც უშიშრად ჭამს საჭმელს, რომელსაც აქვს სხეული, ჯანსაღი სხეული და არა ის, რომელიც უფრო ჯოხს წააგავს“.

. . .

მაისის ბოლოდან დაწყებული, ყოველ შაბათ-კვირას, ვალენტინო ქირაობს თვითმფრინავს და იმ საპორტო ქალაქებში მიფრინავს, სადაც მის იახტას T.M. Blue One-ს ღუზა აქვს ჩაშვებული. ამ ხერხით, თითქმის ყოველ ზაფხულს, ვალენტინო ხმელთაშუა ზღვისპირეთს უვლის გარს. იწყებს, ძირითადად, სენ-ტროპეთი, და მერე საითაც მოესურვება, იქეთ მიდის: კეპ დ'ანტიბეს, პონცა და პორტოფინო, საბერძნეთი და თურქეთი (წელს მარშრუტში ხორვატიაც იყო). აგვისტოში, როცა მთელი მოდის ბიზნესი დასასვენებლად მიდის, ვალენტინო მთელ თვეს ზღვაზე ატარებს, რადგან - როგორც თვითონ ერთხელ ამიხსნა - სხვა გზა არ აქვს. „მე უბრალოდ ტყვე ვარ. ჩემი პერსონალი რომში, ლონდონში, პარიზში და თვით ნიუ იორკშიც კი - ყველა დასასვენებლადაა წასული. ამიტომ არსად წასვლა არ შემიძლია. დატყვევებული ვარ“.

T.M. Blue One-ი ვალენტინოს მშობლების სახელობისაა. ტერეზა და მაურო დღეს ცოცხლები აღარ არიან. იახტა წითელი ხითა და თითბერითაა გაწყობილი. იატაკები პლიუშისა და შალის ხალიჩებითაა დაფარული. აქა-იქ რბილი თეთრი ტახტები დგას, ბალიშები მეზღვაურული ლურჯი ფერისაა, ზედ ემბლემებია ამოქარგული. ბორტზე ხუთი კაიუტაა, ესპრესოს მოსამზადებელი ორი მანქანა და ვალენტინოსთვის უჩვეულოდ ცოტა უორჰოლი, პიკასო და ცნობილი ფოტოგრაფი რობერტ მაპელტორფი.

„ეს იახტა ვალენტინოს სპარტულ, მოკრძალებულ მხარეს გამოხატავს, ეს და კიდევ ზამთრის კოტეჯი გსტაადში“ - მითხრა ერთხელ კარლოს დე სოუზამ, როცა იახტის თეთრ უნიფორმიანმა პერსონალმა ბარგი ჩამოგვართვა და გემბანზე აგვიძღვა. იახტა პორტო სანტო სტეფანოსთან - ქვედა ტოსკანაში ერთ პოპულარულ დასახლებასთან ახლოს დგას. რომს ორი საათის მგზავრობა გვაშორებს. ვალენტინო და მისი ბოიფრენდი ბრიუს ჰოექსიმა წინა საღამოს ჩამოვიდნენ.

ვალენტინოს კუთვნილი მეზღვაურები - თეთრ კომბინიზონებსა და ყვითელ, რეზინის „ველინგტონებში“ გამოწყობილი ბიჭები გემბანს ყოველ დილას რეცხავენ. დიზაინერის თანმხლები პირები იახტაზე იშვიათად თუ იცვლებიან. ჯამეტი თითქმის ყოველთვის მასთანაა. მის კაიუტაში ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი დგას და „ეთერნეტის“ შესაერთებელიცაა - რისი საშუალებითაც, სატელიტის გავლით, ჯამეტი ინტერნეტში ერთვება (ეს ერთადერთი ინტერნეტია მთელ იახტაზე, თვითონ ვალენტინო კი მსოფლიო ვირტუალურ ქსელს ობობას ქსელისგან ალბათ ვერც არჩევს).

მეორე ადამიანი, რომელიც ვალენტინოს იახტაზე თითქმის ყოველთვის თან ახლავს ჰოექსიმაა. ის 48 წლის ამერიკელია, იტალიაში ოცი წლის წინ მოდელად ჩავიდა და უკან, შტატებში აღარსდროს დაბრუნებულა. ახლა ის ფლორენციის მახლობლად ტყავეულის ფაბრიკას ფლობს, ელიტარულად აღიარებულ ხელჩანთებსა და სამკაულს აწარმოებს და მათ საკუთარ ბუტიკში ჰყიდის. VBH - ასე ჰქვია მის მაღაზიას, რომელიც ნიუ იორკში, მედისონ ავენიუზე უიტნის მუზეუმის მეზობლად მდებარეობს. დიზაინერ წყვილს კამპანიას ხშირად დე სოუზაც უწევს. ამ 50 წლის ბრაზილიელმა ვალენტინო და ჯამეტი რიო დე ჟანეიროში ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო, როცა ჯერ ოცი წლისაც არ იყო. მალევე ის რომში გადმოვიდა. ბოლო დროს ვალენტინოს ბიზნესის ნიუ იორკში „გაფართოების“ გამო, დიდ დროს სწორედ ამ ქალაქში ატარებს, მაგრამ მისი ძირითადი საცხოვრებელი მაინც რომსა და ბრაზილიაშია და ამიტომ ყველაზე ხშირად მაინც ამ ორ მეგაპოლისს შორის მოგზაურობს.

ვალენტინოს ამ ერთგული ანსამბლის მუდმივი წევრია დე სოუზას ყოფილი ცოლი, შარლინ შორტოც. წყვილი დღემდე მეგობრულად ურთიერთობს, ვალენტინო და ჯამეტი კი მათი ორი ვაჟის ნათლიები არიან.

ასე რომ, ადგილების მონაცვილეობით ჯამი არ იცვლება. ეს სამეგობრო მუდამ ერთადაა. დასასვენებლადაც ჯგუფურად დადიან. ამ ზაფხულს - ბალის კუნძულებზე, შარშან - სანქტ პეტერბურგში. ხან თურქეთში, კლდეებზე ცოცვით ერთობიან, ხანაც მაროკოს პლაჟებზე ნებივრობენ. გასულ უქმეებზე ვალენტინო გვინეტ პელტროუს მასპინძლობდა. გვინეტი და მისი მეუღლე, ჯგუფ „ქოლდფლეის“ მომღერალი კრის მარტინი რომაელი დიზაინერის ახლო მეგობრებად ითვლებიან.

. . .

ვალენტინო ვერ იტანს სიურპრიზებს. ამიტომ არც ერთი მისი ნაბიჯი სპონტანური არ გახლავთ. „ვალენტინოსთვის ცხოვრებისეული შემთხვევითობები არ არსებობს“, - მითხრა გრაციანო დე ბონიმ, რომელიც დიზაინერის ამერიკულ ბიზნესს აწარმოებს. დე ბონის ნათქვამის სიმართლეში იახტაზე გატარებული პირველივე ათი წუთის განმავლობაში ვრწმუნდები. ვალენტინო ღიზიანდება, თუ შენიშნავს, რომ რომელიმე სტუმარს ცუდად გაზავებული მაკიატო მიართვეს. აბრაზებს მორთმეული ნაყინის არასწორი ტემპერატურა. მოთმინებას აკარგვინებს ისიც, თუ ჭიქაში ყინულის ნაჭრებს დააკლებენ. „დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემს სტუმრებზე მაქსიმალურად ზრუნავენ, რომ საუზმე არაჩვეულებრივია. ყველაფერი უნდა ვიცოდე: როგორ თეთრეულს უშლიან და რამდენად ხშირად უცვლიან. უნდა ვიცოდე, რამდენად ხშირად შემოივლის მომსახურე პერსონალი კაიუტებს და იკითხავს, რამე ხომ არ გვჭირდება“.

მომსახურე პერსონალი სულ გვამოწმებს. თითქმის განუწყვეტლივ. დატოვებ მაისურს ლოგინზე (გინდა სუფთა იყოს, გინდა ჭუჭყიანი), და გამოხვალ თუ არა კაბინიდან, წამსვე გასარეცხად გააქცუნებენ. ყოველ დილას, მსუყე და გემრიელ საუზმეზე მოახლეები საკითხავსაც გვთავაზობენ. მაგიდებეზე დაუდევრად ყრია ჟურნალები: OK!, Chi, Oggi, Gente, Hello!, Hola!, Paris Match, L'Uomo და Vogue-ს ოთხი გამოცემა (ვალენტინოს იახტით ხომ არავინ მოგზაურობს ისეთი, რომელსაც გლობალურ დათბობაზე გაცხარებული კამათისთვის ექავებოდეს ენა).

ზუსტად 7:30-ზე ოფიციანტებს ახლადგამომცხვარი, ცხელ-ცხელი კექსის ნაჭრები გამოაქვთ, ზოგი ლეღვითაა, ზოგიც ჟოლოთი, ვაშლით, ატმით და ნესვით. თვითონ მასპინძელი საუზმეს მარტო მიირთმევს და, როგორც წესი, ჩაისა და ტოსტის გარდა არაფერს ეკარება. ადრე ადგომა არ უყვარს, არც ხმელეთზე, არც ზღვაში. „დაახლოებით ექვსზე მეღვიძება, მერე დასაძინებელ აბს ვყლაპავ და ისევ ვიძინებ“, - მითხრა სხვათა შორის.

დღის დიდ ნაწილს გემბანის ზედა სართულზე ატარებს, მზეს ეფიცხება. დრო და დრო, T.M. Blue One-ს ტურისტებით სავსე იახტები მეტისმეტად ახლოს ჩაუვლიან ხოლმე იმ იმედით, რომ როგორმე დიზაინერს მოკრავენ თვალს. ვალენტინო მათ მოვალეობის მოხდის მიზნით უქნევს ხელს და შემდეგ ისევ თავის შეზლონგს უბრუნდება. ამ დროს გარშემო სულ ჰყავს თავისი ხუთი ძაღლიდან რამდენიმე მაინც (მეექვსე, მეგი იმდენად ბებერია, რომ საზღვაოსნოდ პატრონთან ერთად ვერ დადის).

ვალენტინოს მოსწონს, როცა მისი ცხოვრება საქვეყნოდაა გამოფენილი. „როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეგობრებთან ერთად სენ-ტროპეში დავდიოდი. 15-იოდე დღეს ვრჩებოდით ხოლმე იქ. ვსეირნობდი პორტში და შორიდან ვათვალიერებდი ყურეში ჩამწკრივებულ იახტებს. მინდოდა რომელიმე მათგანი ჩემი ყოფილიყო. ახლა კი უნდა გითხრათ, რომ დღეს მართლაც რომ იყოს რომელიმე მათგანი ჩემი, ძალიან შემრცხვებოდა - ის იახტები ხომ ისეთი პატარები იყვნენ“...

მიუხედავად იმისა, რომ რომში თითქმის ნახევარ საუკუნეს იცხოვრა, ვალენტინოს საოცრად იზიდავს სიცივე. კაიუტებში მის იახტაზე თითქმის ისეთივე ტემპერატურაა, როგორც გაყინული ხორცის შემნახველ დიდ მაცივრებში. „აუცილებლად დაგჭირდებათ ქაშმირი“ - გამოგვიცხადა მე და დე სოუზას ბრიუს ჰოექსიმამ, როცა გემბანზე ავედით. „ქაშმირი“ ვალენტინოსთვის ნიშნავს სვიტერს. ჩემს ოთახში მართლაც ქაშმირის ორი პლედი დამხვდა. ორივე გამოვიყენე, მერე კი მივხვდი - მესამეზეც არ ვიტყოდი უარს. დილას დავინტერესდი, თუ რატომ ინარჩუნებდნენ იახტაზე საყინულის ტემპერატურას. „ვერ ვიტან, როცა იოფლები. მეზიზღება სველის ფაქტურა“ - მიპასუხა ვალენტინომ.

მისი იახტის სტუმრებს ერთადერთი რამ მოეთხოვებათ - სადილზე, საუზმეზე და ვახშამზე დროულად გამოცხადდნენ. კვირა დღეს ლანჩისთვის სუფრა შუადღის ორ საათისთვის გაიშალა. ჰოექსიმა 2:02-ზე გამოჩნდა. საშხაპიდან ახალი გამოსული იყო და მხრებამდე დაფენილი ქერა თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. ვალენტინოს დაგვიანება არ ესიამოვნა. „ფოჩები გაქვს“ - უთხრა უხეშად. ჰოექსიმამ თმის ბოლოებს დახედა, მხრები აიჩეჩა და უსიტყვოდ დაჯდა. ვალენტინომ კი განაგრძო: „გობელენს აქვთ ფოჩები, - მისი თითქმის ზუსტად ზღვისფერი თვალები ცივად ანათებდნენ - ხალიჩებს, ზოგჯერ ავეჯსაც, მაგრამ არა ადამიანებს“, - თითები საკუთარ კარგად დავარცხნილ თმაში ნელა შეაცურა და მერე კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ადამიანებს არ აქვთ ფოჩები“.

. . .

ჯანკარლო ჯამეტი რომში გაიზარდა. მამამისს იქ ელექტროსაქონლის პატარა მაღაზია ჰქონდა. ჯერ არქიტექტურას სწავლობდა, მაგრამ სწავლას გულს ვერ უდებდა და დროს ძირითადად ვია ვენეტოზე ატარებდა („რომში მაშინ გიჟური ამბები ხდებოდა“, - მითხრა). 1960 წელს, ერთ ღამეს, Cafe de Paris-ში იჯდა და მეზობლად მდებარე კლუბის გახსნას ელოდა. „მოულოდნელად დავინახე ეს კაცი. მეგობრებთან ერთად მოვიდა და მკითხა, თუ შეიძლებოდა ჩემთან ერთად დაჯდომა. ეს ვალენტინო იყო“.

ვალენტინო და ჯამეტი ერთად 45 წელია, არიან. მათ უკვე დიდი ხანია აღარ ჰქვიათ ერთმანეთის საყვარლობაზე მეოცნებე ბიჭები. იმდენად ახლოს არიან, რამდენადაც ადამიანებს შეუძლიათ სიახლოვე. „როცა ერთად არ ვართ, ერთმანეთს დღეში შვიდჯერ მაინც ვურეკავთ, ხანდახან მეტჯერაც“, - მითხრა ვალენტინომ. მისი იახტის ერთ-ერთ ნაწილს ჯამეტის სახელი ჰქვია: G.G. ერთმანეთის გარეშე ეს ორი კაცი შვებულებას არასდროს ატარებს. წელს, გაზაფხულზე ჯამეტიმ გადაწყვიტა, ბალის კუნძულზე სასტუმრო ფოურ შეასონ-ის ნახევარი ფლიგელი დაექირავებინა და იქ ივლისში მეგობრებთან ერთად ჩასულიყო. ვალენტინოს წასვლა არ უნდოდა. როცა ეს დე სოუზას ვუთხარი, დამცინა: „რას ამბობ, რა უნდა აკეთოს ამდენ ხანს ჯანკარლოს გარეშე?“ მართლაც ერთ საღამოს, ლონდონში, როცა ვალენტინოს ვკითხე, ბალიზე გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება ხომ არ შეცვალე-მეთქი, თავი ნელა დამიქნია და მითხრა: „მომიწევს“.

პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არც ვალენტინოს უყვარს, არც ჯამეტის. „ჩვენ სხვა თაობის ხალხი ვართ. ამიტომ ლოგინის ისტორიებს სასაუბროდ ჩვენთვისვე ვიტოვებთ“, - მითხრა ჯამეტიმ და მერე დაამატა, თუ როგორ იშვიათად ესმის ორ ადამიანს ერთმანეთის ასე კარგად ამ ცხოვრებაში. „არის მომენტები, როცა ერთს მეორის ატანა არ შეუძლია. ასე გრძელდება ორ საათს, სამ საათს, შეიძლება ნახევარ დღესაც. ჩხუბობ სულელურ კაბაზე, ან შემთხვევით წამოსროლილ უაზრო ფრაზაზე. ხდება ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ყველაზე ჰარმონიული ურთიერთობა, რაც კი ორ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს“.

67 წლის ასაკში ჯამეტი გარეგნობას ისევ ძველებურად აქცევს ყურადღებას. ის გამხდარია და კარგი აღნაგობის. შავი პრიალა თვალები აქვს. თმა გაჭაღარავებული ჰქონდა, მაგრამ ამ გაზაფხულზე რომ ვნახე, შევნიშნე, რომ ყავისფრად შეუღებია („დაბერდები და მიხვდები“, - მითხრა). პროფესიული თვალსაზრისით, ის და ვალენტინო ისე უხდებიან ერთმანეთს, როგორც თავსატეხის ორი ნატეხი: ვალენტინოს არაფერი ესმის ფულის შესახებ (გარდა იმისა, თუ როგორ ხარჯოს ის), ჯამეტი კი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბიზნესმენია. მისი რომაული ოფისი, ვალენტინოს სამუშაო ფართზე სამჯერ დიდია. ერთხელ დიზაინერმა კითხა კიდეც, ეს როგორო. ჯამეტიმ კი მიუგო: „მომხედე, შენ მხოლოდ ხატავ, მე კი ადამიანები უნდა დავაშინო და დავიმორჩილო“.

როცა მათ საერთო მიზნებზე საუბრობს, ჯამეტი სიტყვების ტკეპნის გარეშე აცხადებს: „ჯერ კიდევ ძალიან ბევრი წლის წინ, ორივემ კარგად ვიცოდით, რომ გარკვეული ცხოვრების წესით ცხოვრება გვსურდა. და ეს ცხოვრება ძვირი ჯდებოდა“. საჭირო იყო ფულის შოვნა და სწორედ ჯამეტიმ გაიაზრა, რომ ფუფუნების საგნების დიდი ოდენობით გაყიდვა ორივეს გაამდიდრებდა. ლიცენზიების დარიგება კი კიდევ უფრო დიდ შემოსავალს მოიტანდა. შედეგად, ვალენტინო პირველი იყო მსხვილ დიზაინერებს შორის, რომელმაც თავისი სავაჭრო სახელი სუნამოების მწარმოებლებს, ტყავეულის კომპანიებს და კიდევ უამრავ სხვა ტიპის საქმოსანს მიაქირავა. ამიტომ ერთხანს, დაახლოებით ასზე მეტი კომპანია ფლობდა ლიცენზიას, რომ „ვალენტინოს“ სახელი ეტარებინა.

როცა 1998 წელს ჯამეტიმ და ვალენტინომ მსხვილ ინდუსტრიულ ფირმას თავიანთი კომპანია 300 მილიონ დოლარად მიჰყიდეს, ეს მათთვის ნამდვილი ტრაგედია გახლდათ. „მე დირექტორთა საბჭოში დავრჩი“, - მითხრა ჯამეტიმ კომპანია HDP-ზე რომელიც „ვალენტინოს“ გარდა, ასევე ფლობდა იტალიურ გამომცემლობა „რიზოლის“ და გაზეთ „კორიერე დელა სერას“. „ჩვენ მისთვის უკანასკნელი ციხე-სიმაგრე ვიყავით“.

პირველ ეტაპზე „ვალენტინოს“ ბრენდმა დიდძალი წაგება ნახა, ჯამეტის კი განზე დგომის და ცქერის გარდა, არაფრის გაკეთება შეეძლო. 2002 წელს კომპანია კიდევ ერთხელ გაიყიდა. ქსოვილის მწარმოებელმა „მარძოტომ“ „ვალენტინო“ 100 მილიონ დოლარად იყიდა - მასში გაცილებით ნაკლები თანხა გადაიხადა, ვიდრე HdP-მ.

„როცა სამი წლის წინ, „ვალენტინო“ ვიყიდეთ, კომპანია 50 მილიონი დოლარის წაგებაზე მიდიოდა“, - მითხრა ნორსამ, კომპანიის დღევანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა. 2004 წელს კი გაყიდვების მაჩვენებლი 12 პროცენტით გაიზარდა. „წელს უკვე მნიშვნელოვან მოგებასაც ვნახავთ“, - დასძინა მან და ამის მიზეზად შტატებში გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა დაასახელა. 2003 წელს ამ ციფრმა ორმოცი პროცენტით მოიმატა, შარშან კი - 53 პროცენტით.

მაღალი მოდის ბიზნესში დატრიალებულ ამ ამბებს სპეციალისტები ჯერ კიდევ 1996 წლიდან პროგნოზირებდნენ, როცა ფაბრიკაში დამზადებული ტანსაცმელი ისევე მოდური გახდა, როგორც ქარხნებში წარმოებული ავტოები; როცა იკლო მაღალი მოდის ჩვენებებზე მოთხოვნამ და მაღალი მოდის დიზაინერების რიცხვიც შემცირდა. „მიუხედავად ამისა, წელს რომ მაღალი მოდის კოლექციებიდან კაბები გაიყიდა, ამდენი არასდროს გაგვიყიდია. დღეს ფუფუნების საგნებს აბსოლუტურად ახლებური ბაზარი გაუჩნდა. უწინ, ფუფუნების გამომხატველ კაბებს მხოლოდ ინტელექტუალი ელიტა ყიდულობდა. ახლა კი გაჩნდნენ ადამიანები, რომელთაც, მარტივად, ბევრი ფული აქვთ და ძვირადღირებული ტანსაცმლის შეძენა სურთ. გამოჩნდნენ მდიდრები ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან, ინდოეთიდან. მათ სურთ მაღალი მოდის პროდუქცია შეიძინონ და ისე მდიდრები არიან, რომ ფასები გიჟურად ძვირი სულაც არ ეჩვენებათ, როგორც უფრო ცივილურ სამყაროში ხდება ხოლმე“.

მართლაც, ივნისში გამართული ვალენტინოს პარიზული შოუს სტუმრების სია არაბული „ვინ ვინ არის“ წიგნს უფრო ჰგავდა. დარბაზში პრინცესა ალ ანოუდ ალ ხალიფაც იჯდა, პრინცესა სარა ბინ მოჰამედ ბინ აბდულაზიზ ალ საუდიც, პრინცესა ჰაიფა ალ საუდიც, პრინესა ნაუფ ალ საუდიც და იორდანიის პრინცესა ფირიალიც...

. . .

1974 წლამდე ვალენტინო ჩვენებებს მხოლოდ რომსა და ფლორენციაში აწყობდა. მაგრამ 70-იან წლებში რომაულმა კინოინდუსტრიამ კვდომა იწყო, უმუშევრობის დონემ იმატა, ქვეყანას „წითელმა ბრიგადებმა“ გადაუარა. რომაული მაღალი მოდა თავის სიმაღლეს ვეღარასდროს დაუბრუნდა. ვალენტინომ უარი თქვა მილანში გადაბარგებაზე და ნაცვლად ამისა, კოლექციების წარდგენა პარიზში დაიწყო („მილანში, ოფიციალურ წვეულებებზე მამაკაცები უჰალსტუხოდ მიდიან, ქალბატონები კი ღარიბი გოგოების როლს თამაშობენ და მონაზონებივით იცვამენ). ვალენტინოს ოფისი პარიზში Palace Vendome-ს მეზობლად მდებარეობს, დაახლოებით ათი ფუტის სიმაღლის ფანჯრები რიცს გადაჰყურებს, სადაც მდიდარი ქალბატონები სამკაულების მსოფლიოში უმდიდრეს მაღაზიებში საყიდლებზე დადიან.

ვალენტინოს მოდელები აბსურდულად მაღლები და საფრთხობელასავით გამხდრები არიან, მაგრამ ეს ორივე თვისება კაბებისთვისაა საჭირო: ნაკერები სათუთად არის შესრულებული, ქსოვილები - ტაფტა, აბრეშუმი, პანბარხატი - იოლად იხევა. ამიტომ გამხდარი ქალები ვალენტინოსთვის მისწრებაა.

კაროლინა კურკოვა, რომელიც ვალენტინოს ჩვენებებში ხშირად მონაწილეობს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალია. მაგრამ მას თეძოებიც აქვს და გამოკვეთილი გავაც. ამ ორ ჰომოსექსუალ დიზაინერს კი სხვებისთვის ეს მადისაღმძვრელი ფორმები თავზარს სცემს.

ერთ-ერთ ჩვენებამდე ორი დღით ადრე, როცა გრძელ, მწვანე შიფონის კაბაში გამოპრანჭული კაროლინა პოდიუმზე რეპეტიციას გადიოდა, ჯამეტიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, კურკოვას არაფერი შეუმჩნევია, ვალენტინომ კი, შენიშნა. „მე ძირითადად ძალიან გამხდარ მოდელებს ვიყენებ, რომელთაც მკერდი თითქმის არ აქვთ და ასე უფრო თავისუფლად ვქმნი მოდელებს. ამიტომ მიყვარს ბრაზილიელი გოგოები. ზომაზე ოდნავ დიდი თეძოც კი ხელს მიშლის. ამ პრინციპს ვიცავ ყოველთვის, როცა რამე ახალს ვქმნი, შემდეგ, დროთა განმავლობაში, მოდელს დიდი ზომის ქალებსაც ვარგებ ხოლმე“, - ამიხსნა დიზაინერმა.

. . .

ჩვენების დღეს, ტროკადეროს სასახლეში ვალენტინო ორი საათით ადრე მივიდა. შეამოწმა სტუმრებისთვის განკუთვნილი სკამები და განათება. კმაყოფილი ჩანდა. ოთახში ბიჭების პატარა არმია შემოვიდა. ყველას ერთნაირად ეცვა - შავი კოსტუმი და თეთრი პერანგი და რაღაცით ტომ კრუზს წააგავდნენ ფილმიდან „სარისკო საქმე“. თვითონ ვალენტინო ქიმწმენდიდან იმ წუთას გამოსულივით გამოიყურებოდა. გახამებული ქათქათა პერანგი ეცვა, ნაცრისფერი ჰალსტუხით და მაკიაჟიც ესვა. ეს იმიტომ, რომ იმ საღამოს უამრავი კამერა გადაუღებდა. ვკითხე, თუ ნერვიულობ-მეთქი. „რატომ? ამ ეტაპზე რაღაა სანერვიულო? მე არ ვარ ნერვიული, დამფრთხალი ადამიანი. მომწონს, რასაც ვაკეთებ და თუ მათაც მოსწონთ, - ხელი ცარიელი სკამების მწკრივებისკენ გაიშვირა, რომლებიც მალე სტუმრებით შეივსებოდა, - ძალიან მიხარია ხოლმე. გულწრფელად მიხარია. და თუ არა... c'est le meme prix. დე სოუზამ ვალენტინო მზერით გაკიცხა, რაც იმას ნიშნავდა, მეფესავით ნუ იქცევიო. ვალენტინომ კი განაგრძო: „არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ამ კოლექციაზე მართლა ბევრი ვიმუშავე. მიყვარს კაბები“. მერე წავიდა და თითები გადაუსვა თავის ფავორიტ კაბას კოლექციიდან: იასამნისფერ მოდელს, მთლიანად ბროლის პატარა თვლებით მოჭედილს. დაახლოებით ასეთი კაბა ვალენტინომ 80-იან წლებში შეკერა. „ეს ჩემი საქმეა და არა ცხოვრება. ამ ორს შორის კი განსხვავებაა“.

ვალენტინოსგან განსხვავებით ჯამეტი ღელავდა. მეგონა, მღელვარებისგან სადმე ჩაიკეცება-მეთქი. ვალენტინოს გაწონასწორებულობის ერთ-ერთი მიზეზი ხომ ჯამეტის ასეთი ხასიათია - ის ყველაფერზე ისე ზრუნავს, რომ ვალენტინო ვერც ხვდება. დიზაინერი შოუს მეორე დღეს არც რეცენზიებს კითხულობს. ჯამეტის კი დილის რვა საათისთვის არა მხოლოდ თითოეული პუბლიკაცია აქვს წაკითხული, არამედ ზუსტად იცის, ჟურნალისტებს რა დეტალებზეც უნდა უსაყვედუროს. მან ახლახან დაანება მოწევას თავი. და, სხვათა შორის, პირველად არა. ტრადიციულ მიზეზად ამას ასახელებს ხოლმე: იმდენს ვეწეოდი, თმა გამიყვითლდა. მაგრამ ახლა ისე ღელავს, უნდა მოწიოს. „პრესას სანახაობები იტაცებს“ - მითხრა სევდიანად - „გალიანომ იცის, როგორ მოაწყოს ეფექტური შოუ, მერე ხალხი ჩვენგანაც ექსტრავაგანტურობას ელის“... ცოტახანს ჩაფიქრდა, ერე ხელი ჩაიქნია და მეორე ღერს მოუკიდა. ამასობაში, გვინეტ პელტროუც მოვიდა, ჯინსი და ლურჯი სპორტული პიჯაკი ეცვა. ჯამეტსა და ვალენტინოს აკოცა და შოუს საცქერად კერძო კაბინაში განმარტოვდა.

მოდის ჩვენებები, როგორც წესი, გვიან იწყება ხოლმე. არც დღევანდელი შოუ ყოფილა გამონაკლისი. „აი, მადამ შირაკიც“, - გამახედა ვალენტინომ. მადამ შირაკი გაბრაზებული ყოფილა, რადგან უამრავი ფოტოგრაფი უღებდა ფოტოს. პრეს-აგენტმა ამიხსნა: „ფეხი აქვს ნატკენი და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვერ იცვამს და არ სურს, ფოტოგრაფებმა ასე ჩაცმული დააფიქსირონ. თქვა, თუ ფოტოების გადაღებას არ შეწყვეტენ, წავალო“. თუმცა, კრიზისი რამდენიმე წუთში გადაწყდა. მადამ შირაკმა წინა რიგში თავისი ადგილი დაიკავა და შოუც დაიწყო. ჩვენება 15 წუთს გაგრძელდა. კაროლინა კურკოვამ პოდიუმზე სამჯერ აიარ-ჩაიარა, მაგრამ განიერი თეძოებისა და გავის გამო, არავის უქირქილია. როცა ყველაფერი მორჩა, პოდიუმზე მოწიწებით თავდახრილი ვალენტინო ავიდა, ერთი ხელი წელზე ედო, მეორეთი კი პუბლიკას ესალმებოდა. ვკითხე, მისი აზრით, როგორ გამოიყურებოდა კურკოვა. „მაგიური ქალია“, - მიპასუხა ვალენტინომ.

ჩვენების შემდეგ ჯამეტიმ თავის სახლში Quai d'Orsay-ზე მცირე სადილი გამართა. მისი ბინიდან პარიზის ზღაპრული ხედები ჩანს, კედლებზე Cy Twombly, პიკასოს, ბეკონის და სხვათა ნამუშევრები კიდია (ერთხელ ჯამეტიმ მიამბო, თუ როგორ შეიძინეს მან და ვალენტინომ პიკასოს ნახატები პირველად: „მისი მკერავი მილანში ცხოვრობდა და მას კარგად ვიცნობდით. ამ მკერავს პიკასოს ნახატების მშვენიერი კოლექცია ჰქონდა და რამდენიმე მათგანი საკმაოდ კარგ ფასად მოგვყიდა).

სტუმრებს შორის მომღერალი შერილ ქროუც იყო. მას ჩვენებაზე ყველაზე მეტად სატინის თეთრი კაბა მოსწონებია. „მინდა, ეს კაბა ქორწილის დღეს მეცვას“, - გამოაცხადა მან. ზუსტად იმ პერიოდში, მისი შეყვარებული, ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი ტურ დე ფრანსის შეჯიბრს ზედიზედ მეშვიდედ იგებდა. „თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კაბის ყიდვა რომ შეძლოს, ლენსმა ჯერ ტურნირი უნდა მოიგოს“, - დაამატა ქროუმ სიცილით, - „თან ხელიც ამ სეზონზე უნდა მთხოვოს, თორემ კაბა აღარ იქნება“.

ერთ-ერთმა სტუმარმა იტალიელმა მხატვარმა ფრანჩესკო ვეძოლიმ სასადილო ოთახისკენ მიგვითითა. შვედური სუფრა უკვე გველოდა. სტუმრებმაც ნელ-ნელა სასადილოში გადაინაცვლეს. რამდენიმე ქალბატონი (ზოგი მათგანი სამეფო ოჯახიდან იყო) კედელთან, უორჰოლის მიერ დახატული ლენინის პორტრეტის ქვეშ იდგა. „დაუჯერებელი ოთახია, არა?“ - მითხრა ვეძოლიმ - „შეხედე: ერთად არიან უორჰოლი, ლენინი და ყველა ის პრინცესა, რომელსაც ვალენტინოს კაბა ოდესმე უყიდია“.

მეორე საღამოს ვალენტინოს ჯერი დადგა. ახლა მას უნდა გაერთო პუბლიკა. მან დაახლოებით 150 სტუმარი დაპატიჟა. პარიზიდან სამ კილომეტრში მდებარე ვალენტინოს სამასაკრიანი რეზიდენციისკენ სტუმრები ცხრა საათისთვის დაიძრნენ. ეს მამული დიზაინერმა 1995 წელს შეიძინა და მის რესტავრირებას რამდენიმე მილიონი დაახარჯა. სახლის დიზაინი ანრი სამუელმა - ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა გაუკეთა. სამუელი მალევე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახლი მე-16 საუკუნის 60-იან წლებში მეფე ლუი მე-14-ეს საყვარელს ლუიზა დე ლა ვალერის ეკუთვნოდა. მამული ვერსალთან ახლოს მდებარეობდა. მისი ბაღები ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი და თვალწარმტაცი იყო. ლუი მე-14-ეს ჩვიდმეტი შვილიდან მადმუაზელ დე ლა ვალერიმ ოთხი აქ გაუჩინა. თუმცა, როცა მეფეს ახალი სიყვარული ეწვია, ლუიზამ მამული დატოვა და დარჩენილი სიცოცხლე კარმელიტების მონაზონთა ორდენში გაატარა.

. . .

წვეულებისთვის შეუფერებელი დღე იყო. ზუსტად იმ დილას, ლონდონში ოთხი ბომბი აფეთქდა. ტერაქტებს 56 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვალენტინომაც კი, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკური კაცია, გაიაზრა, რომ შესაძლოა, ლონდონში დატრიალებული ამბის გამო, ბევრ სტუმარს გადაეფიქრებინა წვეულებაზე მოსვლა; წვეულებაზე, რომელიც 75 ათას დოლარად შეფასებული და ძვირფასი თვლებით მორთული კაბების პატივსაცემად იმართებოდა... თუმცა, წვეულების გადატანა ვალენტინოს არც უფიქრია. სტუმრებმაც არ გადაიფიქრეს.

დიზაინერს სურდა, მოწვეულ პუბლიკას ჯერ ბაღში გაესეირნა. მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. იმ დილას ლონდონიდან საშინელ ამბავთან ერთად, ჰაერის ცივი მასებიც წამოვიდა. პარიზში ნამდვილი ინგლისური ამინდი დადგა - სველი და ცივი. გვიან შუადღეს, ვალენტინომ დიდი ქოლგა მომაჩეჩა და მირჩია, ბაღში მაინც გამესეირნა. თავსახმა წვიმის მიუხედავად, ეს გასეირნება ნამდვილად ღირდა. ვალენტინოს მამულში ალუბლის 280 ხე დგას. ყოველ ივნისს ისინი მიწას ვარდისფერი ფურცლებით ფარავენ. მე რომ ბაღში ვისეირნე, უკვე ივლისი იყო, ალუბლების თოვლი უკვე გამქრალიყო, სამაგიეროდ მდელოები იასამნებით, მზესუმზირებით, გვირილებით, ხევარდებით, შროშანებით, ზამბახებით და ცის ვაზებით იყო გადაპენტილი. ლურჯი, წითელი, ვარდისფერი და ყვითელი კოკრებით სავსე ბუჩქები ლამის ნორმანდიამდე იყო გადაჭიმული. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად გადავაწყდი ღია იისფერი ლავანდების ფეხბურთის მოედნისხელა მდელოსაც და წვიმის მიუხედავად იმდენად შთამებჭდავი სანახაობა გადამეშალა თვალწინ, რომ ფსიქოდელიურმა შეგრძნებებმა დამრია ხელი. ბოლოს, ვალენტინოს მთავარ სიამაყესაც მივადექი: ვარდების ბაღს. დიზაინერი ამბობს, რომ ეს ვარდების მსოფლიოში უდიდესი ბაღია. უზარმაზარ ფართობზე ბუნებაში არსებული და არარსებული ყველა ფერის ვარდი ხარობს. ბაღში სეირნობის შემდეგ შინ მობრუნებულს მითხრა: „არ მინდა გავაზვიადო, მაგრამ იცი, რამდენი ვარდია აქ? მილიონი. არც ათი ათასობით, არც ასი ათასობით. ზუსტად მილიონი“ - მითხრა ბაღიდან სეირნობის შემდეგ შინ რომ შევბრუნდი.

. . .

მაიქლ კელი, თავაზიანი ირლანდიელი, უკვე შვიდი წელია, ვაენტინოს მთავარ კარისკაცად მსახურობს. ახლა ოთახში შემოვიდა და ვალენტინოს ყველის შესახებ შექმნილი სიტუაციის შესახებ აცნობა. ქამარზე ორი ტელეფონი აქვს მიმართებული. ერთით თავის ხელქვეითებს ესაუბრება, მეორეთი - გარესამყაროს. „უკვე გზაშია“, - უთხრა კელიმ. ვალენტინო კი ხმას არ იღებდა და ჯიუტად დაჰყურებდა საათს. მაშინ აღელვებული პირველად ვნახე. უკვე რვის ნახევარი იყო. სტუმრები ერთ საათში უნდა მოსულიყვნენ. „მალე მოიტანენ. არ დააგვიანდება“ - გაიმეორა კელიმ. ვალენტინო კი მაინც ღელავდა.

მსგავსი საზეიმო მიღებებისთვის მენიუს შედგენა მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ახლაც წვეულებისთვის 32 სახის კერძი შეარჩია და პარიზული ვილის მზარეულს თავისი იახტიდან მზარეულიც დაახმარა. მათ რამდენიმე სახის პასტა უნდა მოემზადებინათ, ცხვარი, თევზის ოთხნაირი კერძი, ჩრდილოიტალიური კაზეროლე, ერთი ქათმითა და მეორე ხამანწკით. დესერტად მოამზადეს შინ გაკეთებული ნაყინი, ოთხნაირი ნამცხვარი, რამდენიმე სახის შოკოლადი და კიდევ რამდენიმე სხვა ნუგბარი. თუმცა, როგორი მდიდრულიც არ უნდა ყოფილიყო მენიუ, ვალენტინოს დანაკლისის განცდა მაინც ექნებოდა, სუფრაზე რომ არ თავისი საყვარელი ყველი - მოცარელა არ ყოფილიყო; ოღონდ, განსაკუთრებული წესების დაცვით მომზადებული მოცარელა.

იმ საღამოს წვეულებაზე სწორედ მოცარელას აგვიანდებოდა. დიზაინერის მოთხოვნით, ყველი იმ დილას ნეაპოლში ამოიყვანეს და პარიზში უნდა გადმოეფრინათ, მაგრამ ლონდონის ტერაქტებმა მსოფლიო აეროპორტებში საშინელი ქაოსი გამოიწვია, ასობით რეისი გადაიდო და ამიტომ მოცარელას თვითმფრინავიც იგვიანებდა. თუმცა, ბოლოს, საბედნიეროდ, ცხრის ათ წუთზე, მამულს თეთრი მინიბუსი მოადგა. ვალენტინო ფანჯრიდან უყურებდა, როგორ გადმოიტანეს უნიფორმიანმა მუშებმა მანქანიდან ექვსი ვოლიბოლის ბურთისხელა მოცარელას გუნდა. მერე, ისე ფრთხილად და რუდუნებით, თითქოს ნიტროგილცერინი მოაქვთო, მუშებმა ყველი სამზარეულოში შეიტანეს. როგორც კი მოცარელა დაბინავდა, ვალენტინო ზევით ავიდა გამოსაცვლელად.

კელის გულზე მოეშვა, მაგრამ მალე ახალი საზრუნავი გაუჩნდა: სანთლების ანთება. მამულის მთავარი ალაყაფიდან სახლამდე ბილიკი თითქმის კილომეტრზე გრძელდება. ვალენტინომ კი თავის პერსონალს დაავალა, რომ გზის გასწვრივ და ახლომდებარე გაზონებზე, თითქმის თითო მეტის დაშორებით, სანთლები დაენთოთ, სულ 15 ათასი ცალი. ადვილი საქმე არ იყო. სანთლებს შუშის ქილებში ათავსებდნენ, მაგრამ ძლიერი ქარი ზოგ ქილას თავდაყირა აბრუნებდა. ამიტომ შავ საწვიმრებში ჩაცმული მსახურები თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში დაბორიალობდნენ გაზონებს შორის და ამაგრებდნენ ქილებს, ხელახლა ანთებდნენ ჩამქრალ სანთლებს. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ალაყფში პირველი სტუმრის მანქანა არ გამოჩნდა.

. . .

კელი, ვალენტინოს მთავარი კარისკაი, მეტად იშვიათ თანამდებობას ფლობს. ის ფუფუნების იმპერიის წამყვან ოპერატიულ მუშაკს ჰგავს. კელი მაღალი, ღონიერი კაცია, იუმორის კარგი გრძნობა აქვს და მოთმინებით იტანს ხოლმე, როცა პატრონი ერთდროულად სამ ენაზე უყვირის. ერთადერთი რაც, სხვა მხრივ მის გაწონასწორებულ პოზას გასცემს ხოლმე, მეტყველი თვალებია.

ვალენტინოს ფრანგულ ვილაში მის სამეთვალყურეო ზონაში შედის 30 ოთახი და ხელქვეითთა ჯგუფი, რომლის რიცხვიც მსგავსი წვეულებების დროს 50 კაცს აღწევს. „ჩვენს დროში კერძო რეზიდენციებს ისეთივე განკარგვა სჭირდება, როგორც საკურორტო სასტუმროებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ბიუჯეტი და კომპიუტერები, რომ ყველაფერი აღვრიცხოთ“, - მითხრა კელიმ.

მისი პროფესიის ადამიანებზე ბოლო დროს მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა ისევე, როგორც გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვალენტინოსავით ცხოვრობენ. „ცნება მიწისმფლობელი დიდი ხანია აღარ არსებობს. ჩვენს დროში მდიდრებიც ბევრს მუშაობენ. ამიტომ თავიანთ აგარაკებზე შაბათ-კვირას თუ ჩადიან, შეიძლება უფრო იშვიათადაც. მაგრამ, როცა ჩადიან, სურთ, რომ ყველაფერი მათი სურვილისამებრ დახვდეთ. ასეა ვალენტინოც. აქაურობა მისი ძალიან პირადული სივრცეა“, - ამიხსნა კელიმ.

ალბათ, უმადური საქმეა-მეთქი, ვუთხარი კელის, მაგრამ ის ასე არ ფიქრობს. „უამრავ მდიდარს ვიცნობ, მაგრამ არავის შეუძლია ამხელა მამული ასე ააწყოს და ზღაპარი რეალობად აქციოს. შეიძლება კაცს ჰქონდეს ფულის შოვნის ნიჭი, მაგრამ მაგრამ არ იცოდოს, როგორ იცხოვროს ამ ფულით. მისტერ ვალენტინომ იცის. მას უყვარს სიცოცხლე. ეს ის ნიჭია, რომელიც ბევრ ადამიანს არ აქვს, სხვათა შორის, ხშირად არც მდიდრებს... არა, კიდევ ვერ ვამბობ ისე, როგორც საჭიროა... ვალენტინოს უყვარს ცხოვრების ეს წესი. და მერე შენც ვალენტინოზე დამოკიდებული ხდები. ეჩვევი. თითქოს სისხლში გიჯდება და ვეღარ შორდები“, - ამ დროს კელის ვიღაცამ ფაქსი მიაწოდა. კარისკაცმა ამოიოხრა. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. „ფაქსია ვალენტინოს იახტიდან. Christian Constant-ის შოკოლადები გაუთავდათ და მთხოვენ, იმდენი გავუგზავნო, რომ მთელ ზაფხულს ეყოთ“.

. . .

ცხრის ნახევრისთვის ყველა სანთელი ციმციმებდა, სუფრები გაწყობილი იყო, სტუმრებიც ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. ორი ქალი ახალმოსულებს ხელით დახატულ ბარათებს აწვდიდა. ბარათზე სტუმრის სახელი და მაგიდის ნომერი ეწერა. თუმცა, სტუმრების მაგიდებთან გადანაწილების სიას რომ გადახედეს, ახალმა კრიზისმა იჩინა თავი: ერთი სტუმარი სიის შედგენისას გამორჩათ და ახლა უადგილოდ იყო დარჩენილი. მოვლენათა შუაგულში კელი უმალ შეიჭრა. ქამრიდან ორივე ტელეფონი იშიშვლა და 30 წამის განმავლობაში ორივე ერთდროულად ლაპარაკობდა. სასტუმრო ოთახში ჯანკარლო ჯამეტი შემოვიდა. მისაღებ დარბაზში კი უკვე სეირნობდნენ გვინეტ პელტროუ, მოდის ჟურნალების რედაქტორები, რამდენიმე პრინცესა და ბელინის წრუპავდნენ. ჯამეტიმ გეგმას დასტაცა ხელი და შეჰყვირა: „ჩომე ფაცციო ადესსო?“ - „როგორ უნდა მომხდარიყო ეს? როგორ? კელი შეეცადა, დაერწმუნებინა ის, რომ ყველაფერს ეშველებოდა, მაგრამ ჯამეტიმ დაბალ ხმაზე წაისისინა: „არა, მე თვითონ მოვუვლი“. მერე ფურცელზე დახატულ ჩარტს რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად აკვირდებოდა და ამ დროს ბობი ფიშერს ჰგავდა, რომელსაც სურს, რომ თავისი დედოფალი მეტოქის შეტევისგან დაიცვას. ბოლოს სახეზე შეეტყო, რომ გამოსავალს მალე მიაგნებდა: ერთ პრინცესას და ჟურნალის ორიოდე რედაქტორს ადგილები გაუცვალა, შემდეგ მდიდარი მილანელი ბიზნესმენიც სადღაც გადასვა და საბოლოო სვლაც გამოიკვეთა: მთავარ სუფრასთან, რომელთანაც თვით ვალენტინო იჯდა, ერთი სტუმარი ააყენა და უადგილოდ დარჩენილს მიუჩინა სკამი, შემდეგ სხვებსაც იოლად მოუძებნა ადგილი.

ამასობაში, მსგავსი ექსტრემალური შემთხვევებისთვის საგანგებოდ გამოძახებული კალიგრაფი ახალ მონაცემებს გამალებით იწერდა და შემდეგ შესწორებები ბარათებზეც უმალ გადაიტანა. ასე რომ, იმ დროისთვის, როცა მთავარ ალაყაფში უიღბლო სტუმრის მერსედესი შემოცურდა, სასადილო ოთახში კრიზისი სრულიად ამოწურული იყო. კელი გარეთ იდგა და მას ეგებებოდა, ჯამეტი კი ტანსაცმლის გამოსაცვლელად ზევით ადიოდა.

. . .

ვალენტინოს რამდენიმე დღის შემდეგ, ლონდონში, ჩაიზე ისევ შევხვდი. ქალაქს კვლავაც ეტყობოდა ტერაქტების კვალი. მეტროს მუშაობა განახლებული იყო, მაგრამ მატარებლები მაინც იშვიათად დადიოდნენ, მიწის ზემოთ მოძრაობა კი ისე იყო გადატვირთული, რომ ტაქსები საათში სამი მილის გავლას ძლივს ახერხებდნენ.

როცა ვალენტინოს ფუფუნებით გატაცების შესახებ შთაბეჭდილებებს სხვებს ვუზიარებდი, ყველა მეუბნებოდა: „ჯერ სად ხარ, ჰოლანდ პარკი არ გინახავს“. ასეთი რამ თვითონაც მითხრა. ერთხელ თავისი რომაული ვილიდან გამომაცილა, ულამაზეს ბაღში დარჩა, ხელი დამიქნია და მომაძახა: „ამ ადგილმა თავისი თავი ამოწურა. როცა ჰოლანდ პარკს ნახავ, თვითონ მიხვდები, რატომაც“.

კარი მაიკლ კელიმ გამიღო. პარიზიდან მინიბუსით ვალენტინოს ძაღლებთან ერთად ჩამოვიდა, ვეტერინარული კონტროლი გამოატარა და ჰოლანდ პარკში ვალენტინოზე რამდენიმე საათით ადრე მივიდა. ეს იმიტომ, რომ პატრონს შინ შესვლისას ძაღლები შეგებებოდნენ.

„რამდენიმე წუთით დააგვიანდება“, - მითხრა კელიმ და შემომთავაზა, ოთახები დაათვალიერეო.

სახლი 1870 წელს ლორდ ჰოლანდის კუთვნილ მიწაზე აუშენებიათ. ვალენტინომ ეს რეზიდენცია რამდენიმე წლის წინ იყიდა, აღადგინა შენობის იტალიური ფასადი და ინტერიერიც ძველებურ სტილში მოაწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბიბლიოთეკა იყო. იატაკიდან ჭერამდე თაროები ლამაზად დაწყობილ წიგნებს ეკავა. აქ იყო ყველაფერი: რელიგიის ისტორიის სქელტანიანი გამოცემები, ლონოდნში გამომავალი იუმორისტული ჟურნალის „ფანჩის“ ძველი ნომრები, ტომებად შეგროვებული გოეთე, შილერი და ჰიუგო - ერთნაირად მიმზიდველი და ხელდაუკარებელი. თაროებზე ეწყო თეთრ ტყავში შეფუთული საგნები, რაც საგნები კი არა, ხმის სისტემის მოწყობილობის საფარი აღმოჩნდა. ის-ის იყო, რაღაც ღილაკისთვის უნდა დამეჭირა თითი, რომ ბიბლიოთეკაში ვალენტინო შემოვიდა.

„ეს უბრალოდ, პატარა, პატარა სივრცეა“, - მითხრა და თბილად გამიღიმა. ღია ყავისფერი პიჯაკი ეცვა და ამავე ტონის ჰალსტუხი ეკეთა. ორივე ფერი მისი კანის ფერთან შედარებით მკრთალი და თითქმის შეუმჩნეველი ჩანდა.

გზა განვაგრძეთ და ჯერ „ლურჯ დარბაზში“ შევედით, სადაც მე-18 საუკუნის ფაიფურის ასობით ნივთი ინახებოდა: ლურჯსა და თეთრში გადაწყვეტილი თეფშები, ქილები, ფიალები და ჭიქები თაროებზე ჩაემწკრივებინათ. თაროები კი, თავის მხრივ, სპილოს ძვლისგან გამოკვეთილს ჰგავდა. როცა ვაშინგტონში ფრირის ხელოვნების გალერეაში ე.წ. ფიქოქის დარბაზი - მე-19 საუკუნის ტრადიციული ლონდონური სასადილო ოთახი მოაწყვეს, სწორედ ვალენტინოს ეს ფაიფურის ჭურჭელი გამოიყენეს „მოდელად“. „ფაიფურს ძალიან დიდი ხანია ვაგროვებ და ვაგროვებ ყველგან: პარიზში, ნიუ იორკში, ლონდონში. ხომ ხედავთ, ამ ოთახში ნემსის ჩასავარდნი ადგილიც აღარ დამრჩა“.

თითოეული ოთახი გადაჭედილი იყო, რაღაც მაგიური ნივთებით: კომოდები პავლოსის სასახლიდან, ბრინჯაოსა და ოქროს Lalanne-ის სკამზე გადასაკრავები, მე-18 საუკუნის სკამები როტშილდების კერძო კოლექციიდან, ბუხრის თავებზე - ფაიფურის არწივები, ლარნაკები, ყავადანები, თასები სავსე იყო ყვავილებით, ყოველ დღეს სხვადასხვა: პიონებით, კალებით, ორქიდეებით და შროშანებით.

მეორე ოთახზე დამხვდა მთლად თეთრი საერთო ოთახი, კედლებზე პიკასოს ნახატებით და სასადილო ოთახი, სადაც თავად ვალენტინოს მიერ შეკვეთილი ჩინური შირმები იდგა. „მე კოლექციონერი ვარ“, - თქვა ვალენტინომ, შემდეგ იგრძნო, რომ მორიგი კითხვა იქნებოდა „რატომ“ და თვითონვე გააგრძელა: „იმიტომ, რომ ეს ჩემი ყოველდღიურობაა“, - თან ხელი მე-18 საუკუნის ჩინურ ძაღლს ნაზად გადაუსვა.

ვალენტინოს ჰოლანდ პარკში ნახატების სოლიდური კოლექციაც აქვს: ქვედა სართულის სასტუმრო ოთახში ორი უზარმაზარი Basquait-ი უკიდია, ერთი ლურჯი, მეორე წითელი. იქვეა რამდენიმე პიკასოც და, როგორც მოსალოდნელი იყო, დე კუნინგსისების, ჰირსტებისა და უორჰოლების მცირედი ნაზავიც.

შემდეგ უკანა ვერანდაზე გავედით და გავხედეთ ბილიკებს. ჰოლანდ პარკში რომ იკარგებოდა. „შენ ჩემს სიმდიდრესა და ფუფუნებაზე უნდა დაწერო, არა“ - მითხრა ვალენტინომ. ვუპასუხე, თქვენ ხომ ისედაც ამ მსუყე და მდიდრულ გარემოში ცხოვრობთ-მეთქი. „ძალიან გთხოვთ“, - წამოიწყო მან, თან თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა, - „არ შეიძლება, რომ მხოლოდ იმ ფუფუნების საგნების სიმსუყესა და სიჭრელეზე დაწეროთ, რომელთა მფლობელიც მე ვარ. 45 წლის განმავლობაში ცხენივით ვმუშაობდი. მე არ ვარ მარიაჟი. მე მომწონს, როცა მეგობრებს ჩემი ცხოვრების წესით სიამოვნებას ვანიჭებ. მაგრამ ეს არ არის სიმსუყე. აბა, რა გეჩვენებათ აქ მსუყე? ეს ხომ უბრალოდ ელეგანტურია“.

გადავწყვიტე, თემა შემეცვალა და სიტყვა პენსიაში გასვლაზე ჩამოვუგდე. ჯამეტის ნათქვამი ჰქონდა, რომ მოდის სამყაროს ნელ-ნელა ჩამოშორება ვალენტინოს არ სურდა (ის არ მიეკუთვნება იმ დიზაინერთა რიცხვს, რომელთაც შეუძლიათ, თქვან: მხოლოდ დიზაინს გავაკეთებ, სხვა არ მადარდებს“. ვალენტინო ამას არასდროს დათანხმდება. არასდროს. ასე რომ, ერთ დღესაც ის უბრალოდ შეწყვეტს მუშაობას და წავა. მისთვის შუალედური მდგომარეობა არ არსებობს). ჯამეტის ეს ნათქვამი ვალენტინოს გავანდე. მხრები თანხმობის ნიშნად აიჩეჩა და ერთხანს გაჩუმდა. თეთრ საპიკნიკე მაგიდას ვუსხედით, ვალენტინო პერიეს წრუპავდა. მერე ოდნავ დაღლილი ტონით გააგრძელა:

„მისმინე, იმდენი რამე შეიცვალა, რომ... მსოფლიო შეიცვალა... და მე ეს ყველაფერი გამოვიარე. გრანჯიც კი. განზრახ სიმახინჯე. ღმერთო ჩემო, როგორ მეზიზღებოდა! მაგრამ გადავრჩი. და ახლა რეალობა სხვანაირია. ქლბატონები სამოსს დღეში ოთხჯერ აღარ იცვლიან. ყველაფერი შეგიძლია ერთმანეთს მოუხდინო. ჩემი თეთრი პალტო 45 ათასი პაუნდი ღირს და ეს პალტო ჯინსის შარვალზე აცვიათ“.

შემდეგ ისევ განაგრძო: „მერე დასასრულის დროც დგება. და როცა ამ დასკვნით წერტილს გადავლახავ, მინდა, გამიხსენონ როგორც კაცი, რომელიც ყველგან სილამაზეს ეძებდა. მაგრამ გახსენება რაღა შუაშია... როცა ყველაფერი მთავრდება, მთავრდება და მორჩა. დასასრული დგება. Finito. და რაც არ უნდა იყოს, ჩემი კაბაც ხომ „ფერარის“ ჰგავს. ამაზე თუ ოდესმე წინასწარ იფიქრე, ვერასდროს გააკეთებ“.

18 უბრალოდ, კარგი არქიტექტურა

▲back to top


სპეც-პროექტი

ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, სანდრო რამიშვილი, ზურა თათეშიძე

0x01 graphic

ფოტო: სანდრო რამიშვილი

მახსოვს, ბარსელონას ზემოდან რომ გადმოვხედე, თვითმფრინავის დაჯდომამდე ასე, ილუმინატორზე აკრული ვიჯექი, გულწრფელად გავოცდი: მთელი ქალაქი უზარმაზარი კვადრატული კვარტალებისაგან შედგება, სახაზავი მოწყობილობების გამოყენებით რომ გაგიჭირდება დახაზვა, ისეთი ზუსტია. ამ ოთხკუთხედებში კიდევ გაუდია (?!). თვითმფრინავიდან ამდაგვარი ნიუ იორკიც ვნახე. უბრალოდ, ქალაქის დაგეგმარებაა ასეთი.

ჩვენი ქალაქის დაგეგმარებისა კი რა მოგახსენოთ. თბილისი, მართალია, ნიუ იორკზე ასაკით გაცილებით უფროსია, მაგრამ ერთი რიგიანი მოწესრიგება არც მას აწყენდა. თუ ბოლო ხანს მომრავლებულ, გაურკვეველი წარმომავლობისა თუ სტილის შენობებს გავიხსენებთ, სულ მთლადწაგვიხდება გუნება.

მოკლედ, არქიტექტურაზე საუბარმა ჩვენც გაგვიტაცა და ეს სპეც-პროექტის იდეაც აქედან გაჩნდა. ბევრი ვიფიქრეთ და ვიდავეთ, თუმცა ბოლოს რჩეულები მაინც გამოვავლინეთ. თუ ძალიან ყურადღებით დაივლით ქუჩებს, თანამედროვე არქიტექტურის რამდენიმე ნიმუშს თქვენც წააწყდებით, ოღონდ გულდასმით, დაუზარელად უნდა ეძიოთ, ბევრი ხეტიალიც არ უნდა მოგწყინდეთ. ერთი კია, გზაში შეიძლება ძალიანდაიღალოთ და მოიწყინოთ კიდეც. ჩვენ გაცილებით იოლ გზას გთავაზობთ: მეგზურობას გაგიწევთ, რამდენიმე საინტერესო პროექტს მომავალ გვერდებზე გთავაზობთ, ისე, გულის გასახარად.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გაგა კიკნაძე, ლევან მუშკუდიანი

არქიტექტორები
მწვანე შენობა
კომპანია ARCHITECTS.GE

ისტორიული ცნობების მიხედვით, ახლანდელი „მწვანე შენობა“ ძველი კიროჩნაიას (კოტე მარჯანიშვილის) ქუჩაზე 1903 წელს არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის პროექტის მიხედვით აშენდა. სახლის მფლობელი 1913 წლამდე, კავკასიაში შვედეთის ვიცე-კონსულის ქალიშვილი, ეფროსინია მარტინოვსკაია გახლდათ. მოგვიანებით ეს საცხოვრებელი სახლი ადმინისტრაციულ შენობად იქცა. ორი წლის წინ კი ნაგებობა კომპანია „ჯიარდისი ჯგუფმა“ შეიძინა.

გაგა კიკნაძე: „რადგან საქმე ისტორიულ შენობასთან და ამავე დროს არქიტექტურულ ძეგლთან გვქონდა, ამიტომ ამოცანა ასეთი გახლდათ: წინა ფასადი უნდა შენარჩუნებულიყო, უკანა ეზოში კი თანამედროვე ბიზნეს ცენტრი აგვეშენებინა. ასეც მოხდა. ეს, თითქოს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ნაგებობა ერთმანეთთან მინის ატრიუმით დავაკავშირეთ და ერთი მთლიანი, საინტერესო, კონტრასტული შენობა მივიღეთ.“

დღეს „მწვანე შენობა“ მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრია, სადაც სოლიდური კომპანიების ოფისები განთავსდება.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

გია აბულაძე, ხათუნა ხაბულაშვილი

პროექტის ავტორები
არსის ოფისი
კომპანია არსი

გია აბულაძე: „ჩვენი ოფისის მშენებლობა ერთი პროზაული ამბავია, როცა ეს საცხოვრებელი კვარტალი დავაგეგმარეთ და ნაკვეთებად დავყავით, თითოეული ნაკვეთის სიგანე 12 მეტრი გამოგვივდა. სტუდქალაქის მოსახლეობამ მშენებლობის გაგრძელების უფლება არ მოგვცა და გადაკეთება მოგვიხდა. თორმეტი მეტრი სიგანის ნაკვეთის ნაცვლად ათი მეტრი მივიღეთ. არა და არ გაიყიდა ეს ათმეტრიანი ნაკვეთი. სწორედ მაშინ დაგვჭირდა ოფისი და ამ ფართის გამოყენება გადავწყვიტეთ. საერთოდ, საცხოვრებელ უბანში ოფისის გაკეთების წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ეს შემთხვევა ხელიდან არ გავუშვით. არ გვინდოდა ოფისი საცხოვრებელ სახლს დამსგავსებოდა, ამავე დროს საერთო კონტექსტიდან არ უნდა ამოვარდნილიყო. აი, ეს იყო მთავარი და მგონი ასეც გამოვიდა. სივრცე მაქსიმალურად ავითვისეთ და შენობა ორ ნაწილად გავყავით. ბაქანი სართულებს შორის ჩვენთან არ არსებობს. ადიხართ კიბეს და სართულია, კიდევ ახვალთ - ისევ სართულია. ამიტომ, ზოგი ამბობს, რომ რვა სართულიანი ოფისი გვაქვს, ზოგი კი თვლის, რომ შენობა სულ სამი სართულია, მანსარდით. ამაზე ჯერ ვერ შევთანხებულვართ.

სხვათა შორის, ფასადზე ხე პირველად ჩვენ გამოვიყენეთ. ხეს, აგურს, ქვას და საერთოდ ბუნებრივ მასალებს დავუბრუნდით. ბეტონიც ძალიან მომწონს, სუფთა, ბოლომდე დაუმუშავებელი სახით, თუმცა ამის მისაღწევად სპეციალური ტექნოლოგიაა საჭირო. ცოტა კი უჭირთ ჩვენს მშენებლებს, მაგრამ თანდათან ეჩვევიან.“

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

სანდრო რამიშვილი

მთავარი არქიტექტორი
კოლხეთის ეროვნული პარკის კომპლექსი

0x01 graphic

ფოტო: სანდრო რამიშვილი

სანდრო რამიშვილი: „ვთვლი, რომ საუკეთესო პროექტი ჯერ არ გამიკეთებია. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო, რაზეც აქამდე მიმუშავია, მაინც კოლხეთის ეროვნული პარკის კომპლექსია. პარკი პალიასტომის ტბის გარშემოა გაშენებული და უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს. კომპლექსში რამდენიმე შენობა შედის: დამთვალიერებელთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, წვიმის თავშესაფრები, ორიენტოლოგთათვის გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის საექსპედიციო შენობა. არის კიდევ მარტივი კონსტრუქციები, კოშკები, რომლებიც იოლად შეიძლება დაიშალოს და ტრანსპორტირდეს. ამ კოშკებიდან ძალიან ლამაზი ხედები იშლება. ამხელა სივრცეს სხვანაირად ვერასდროს დაინახავ, თუ ზემოდან არ გადაუფრინე. მოკლედ დიდი კომპლექსია.

0x01 graphic

ძალიან საინტერესო მოცემულობა გვქონდა - ყველანაირი სამუშაოები გარემოს დაცვითი პრინციპების გათვალისწინებით უნდა წარმოებულიყო. მსოფლიოში ბოლო ათწლეულების მანძილზე გაჩნდა ასეთი ტერმინები - ეკო-შენობა, მწვანე და მდგრადი შენობა. ეს სწორედ ეკო სტანდარტებით შექმნილი ნაგებობებია. ამ სტანდარტების დაცვა არც თუ ისე ადვილია, ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საქართველოს პირობებში იყო შესაძლებელი. გამოვიყენეთ ალტერნატიული ენერგიის წყაროები, მზის სისტემები, დავამონტაჟეთ საკანალიზაციო წყლის ფილტრაციის სისტემა, ისევ გარემოს დაბუნძურების თავიდან ასაცილებლად. მწვანე საფარისთვის საგანგებოდ შეირჩა ისეთი მცენარეები, რომლებიც გარემოდან ბაქტერიებს შთანთქავენ. შევეცადეთ რომ ყოფილიყო მინიმალური სამშენებლო ნაგავი, მიწის ნაკვეთიც დავზოგეთ და გამოვიყენეთ წერტილოვანი საძირკველი, რაც მიწის ზედაპირის მნიშვნელოვან დაზიანებას იცილებს თავიდან. არც ერთი ხე და ბუჩქი არ მოგვიჭრია,

0x01 graphic

0x01 graphic

პირიქით, სადაც შესაძლებელი იყო ასფალტიც მოვშალეთ და მწვანე საფარი გავაკეთეთ. გამოვიყენეთ მეორადი გადამუშავების პროდუქტები. სამწუხაროდ, მათი წარმოება საქართველოში არ ხდება და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიტანეთ ხის ნაფოტებისაგან დამზადებული მასალები. მშენებელობაში ასევე გამოვიყნეთ პატარ-პატარა ხის ფრაგმენტები, ნაკუწები, ერთი შეხედვით ნაგავი რომ გეგონებათ. ამიტომ ბუნებრივი მასალების დანახარჯი მინიმალური იყო. საკანალიზაციო სისტემაში გამოსაყენებლად წვიმის წყლის შესაგროვებელი მოწყობილობაც დავაყენეთ. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსი არ არის ისეთი, როგორსაც, ვთქვათ, გერმანიაში ააშენებდნენ, მაგრამ მაქსიმალურად მიახლოვებულია საერთაშორისო სტანდარტებთან. პროექტი ამ მიდგომით პირველად გავაკეთე, ამიტომაცაა ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი.“

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

რატი ჩომახიძე

არქიტექტორი
საცხოვრებელი სახლი
კომპანია არსი

რატი ჩომახიძე: „საერთოდ, პროექტზე მუშაობისას, დამკვეთის გემოვნებაზე, მის სურვილებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, დამკვეთმა გამიმართლა, ყველა ჩემს გადაწყვეტილებასა თუ არჩევანში თავისუფალი ვიყავი. ამიტომაა ეს პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანი.

0x01 graphic

0x01 graphic

ეს სახლი ქალაქის ცენტრში, ერთ პატარა, მაგრამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში დგას. შენობა ქუჩაზე პირდაპირ ფასადით გამოდის და ის დისტანცია რაც ინტერიერს ექსტერიერისგან გამოყოფს არ არსებობდა. ფანჯარას გააღებდი და უკვე გარეთ იყავი. სახლში ინტიმური გარემოს შესანარჩუნებლად რაღაცის მოფიქრება იყო საჭირო. აი, ეს ხის ნაჭრებიც აქედან გაჩნდა. ხე თავისთავად ძალიან თბილი მასალაა და მყუდრო გარემოს შესაქმნელად იდეალურია. შირმასავით აფარებული ხე სწორედ ამ დისტანციას ქმნის და ინტიმს ინარჩუნებს. იგივეა უკანა ფასადზეც, გამყოფი იქაც საჭირო იყო. საინტერესო გამოვიდა, ამ დროს ეს დეტალები რაიმე იდეამ კი არა, აუცილებლობამ მოიტანა.“

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ზურა თათეშიძე

არქიტექტორი
საბა და კომპანიას დამფუძნებელი

ზურა თათეშიძე: „ეს ჩემი სახლია და ამიტომ თითოეული შტრიხი თუ დეტალი ჩემი არჩევანია. პროექტებზე მუშაობის დროს სრული თავისუფლება სამწუხაროდ იშვიათად გვეძლევა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ჩემი საყვარელი პროექტია.

მინიმალიზმი? მინიმალიზმი ჩემთვის პირობითი ტერმინია. მე მას დღევანდელობას დავარქმევდი. დღეს არც ჩუქურთმების ხანაში ვცხოვრობთ და აღარც ბაროკოა აქტუალური. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამ კლასიკურ ელემენტებს იყენებენ. ვფიქრობ, ეს უფრო დეფიციტის შევსების მცდელობაა და არა დღევანდელობა. არ მიყვარს გამეორება და უკან, წარსულში დაბრუნება.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ზურა თათეშიძე

დროსთან ერთად ესთეტიკაც ხომ იცვლება. ამ ციფრულ სამყაროში თანამედროვე ესთეტიკის მისაღწევად პატარა კომპრომისებზეც გიწევს წასვლა. კომფორტს ვგულისხმობ. თუნდაც, ეს სავარძელი ავიღოთ. მას სახელურები არა აქვს. ბალიშები რომ ეწყოს და სახელურებიც რომ ჰქონდეს გაცილებით კომფორტული იქნებოდა. მე კი, ის სწორედ ამ ფორმის გამო ავირჩიე. ფორმა ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტია. ჩემს სახლშიც უმეტესად სწორხაზოვანი ობიექტებია, მკვეთრი კონტურებით, თუმცა, ამავე დროს ძალიან კომფორტული. თუკი ამის მატერიალური ბაზა არსებობს, სერიოზული ინტერიერის შესაქმნელად საავტორო ავეჯს იყენებენ. ამ შემთხვევაში, ორივე ერთად გაქვს - კომფორტიც და ფორმაც.“

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ნიკა კილასონია

მთავარი არქიტექტორი,
ზვიად დიაკვნიშვილი, ნინო მოსულიშვილი - არქიტექტორები
ალეკო ბეროშვილი, კონსტრუქტორი
საცხოვრებელი კორპუსი იპოდრომთან
კომპანია აქსისი

ნიკა კილასონია: „როგორც კი ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე, მაშინვე მივხვდი, შენობის მთავარი ხიბლი მისი ფანტასტიური პანორამა იყო, რომელიც ყველა ბინის საერთო ოთახიდან გაიხსნებოდა. ამიტომ ყრუ კედლის მაგივრად ფასადი მთლიანად შევმინეთ და მართლაც, საინტერესო გამოვიდა - სასადილო ოთახიდან მთელი ქალაქი ჩანს, ავლაბრიდან მოყოლებული ბაგების ჩათვლით. ვერანდებიც საგანგებოდ მოზრდილი გავაკეთე, საღამოს ხედით თავშესაქცევად.

0x01 graphic

0x01 graphic

შენობის სახურავზე მინის კუბი აქსისის მომავალი ოფისია. ზედა სართულებზე სახელოსნოები განთავსდება, შემოქმედებითი ჯგუფებისათვის ასეთივე შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად. შენობის ფასადზეც ბევრი ვიმუშავეთ. აქამდე იშვიათად აქცევდნენ ფასადებს ყურადღებას. ამ დროს ერთი და იგივე ობიექტი იმის მიხედვით, თუ რა მასალით არის მოპირკეთებული, აბსოლუტურად განსხვავებულად გამოიყურება. ერთი სიტყვით, იდეა ეს იყო. არ გამოვიდა ცუდი, არა?“

19 დარვინის ღმერთი

▲back to top


ესსე

ავტორი: რობინ მარანც ჰენიგი
თარგმანი: დავით ახალაძე
©2007 New York Times

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

დასაწყისი იხ. წინა ნომერში ატრანი ამ რწმენა-წარმოდგენათა შენარჩუნებას ევოლუციურ ცდომილებას მიაწერს, რომელიც, მისი თქმით, პერმანენტულად ხდება: „ევოლუცია ყოველთვის წარმოქმნის რაღაცას, რაც ემსახურება იმას, რასაც ემსახურება, შემდეგ კი შეუძლებელია იმის გაკონტროლება, კიდევ რისთვის გამოიყენებენ მას“. ერთ მზიან კვირა დილით ბროდვეიზე, ფრანგულ კაფეში საუზმობისას, ატრანი ანალოგიებზე ფიქრობდა და გაეღიმა, როცა ძველი სტერეოტიპი მოაგონდა: ქალის მკერდი ქალურ ჰორმონებთან ასოცირდებოდა და მიაჩნდათ, რომ სავსე მკერდი ქალის ნაყოფიერებაზე მიუთითებს, ამიტომაც მამრების გონების ევოლუცია სავსე მკერდისათვის უპირატესობის მინიჭების თვალსაზრისით, თავის დროზე, შეწყვილების გონივრული სტრატეგია იყო. დღეს კი ქალის მკერდი ყოველთვის რეპროდუქციულ მიზნებს არ უკავშირდება და მას ხშირად სხვადასხვა პროდუქციის გასაყიდად იშველიებენ - დეზოდორანტით დაწყებული და ლუდით დამთავრებული. ამ მოვლენას რომ მარსიდან ჩამოსული ანთროპოლოგი იკვლევდეს, აუცილებლად დაასკვნიდა, რომ ქალებში მკერდის განვითარება ადამიანებისათვის ჰიგიენური ნაწარმისა თუ საკვების მიყიდვის საჭიროებამ განაპირობა, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ასევე შეცდომა იქნება, თუ რელიგიის წარმოშობას ადამიანთა ქცევის ნორმალიზებისა თუ მათში ერთგულების გრძნობის გაღვივების საჭიროებებთან დავაკავშირებთ.

შეუცდომელი ღმერთის არსებობის იდეის მისაღებად ყველა ბავშვობიდანვე მზადაა. ეს ჯასთინ ბარეტის მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა. მან ჩაატარა ტრადიციული „მცდარი წარმოდგენის“ ტესტი, ოღონდ ამჯერად რელიგიური კუთხით: ბარეტმა ბავშვებს უჩვენა ყუთი, რომელსაც გარედან კრეკერები ეხატა. - როგორ ფიქრობთ, რა დევს ყუთში? - ჰკითხა მან ბავშვებს. მათ უპასუხეს: კრეკერები. შემდეგ ყუთი გახსნა და ბავშვებს უჩვენა, რომ იგი კარამელის კანფეტებით იყო სავსე. დამატებით კიდევ ორი შეკითხვა დასვა: როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა დედათქვენი? და რას იტყოდა ღმერთი?

როგორც ადრე ჩატარებულმა გონის თეორიის ექსპერიმენტმა გვიჩვენა, 3-4 წლის ბავშვები ფიქრობენ, რომ დედა შეუცდომელია. ამიტომ, რაკი თვითონ სწორი პასუხი უკვე იცოდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ ის მათ დედასაც აუცილებლად ეცოდინებოდა. ისინი, როგორც წესი, ამტკიცებდნენ, რომ დედის პასუხი იქნებოდა - კარამელი. მაგრამ 5-6 წლის ბავშვები, რომელთაც უკვე გააცნობიერეს, რომ დედა, ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, შესაძლოა შეცდეს, უფრო ხშირად უპასუხებდნენ, რომ ალბათ დედაც ყუთის გაფორმებით მოტყუვდებოდა და კრეკერებს იტყოდა.

0x01 graphic

რას იტყოდა ღმერთი? ასაკის მიუხედავად ყველა ბავშვმა, რაკიღა ისინი პროტესტანტები იყვნენ, ბარეტს უთხრა, რომ ღმერთს სწორი პასუხი ეცოდინებოდა და იტყოდა - „კარამელი“. ეს სჯეროდათ უფროსი ასაკის ბავშვებსაც კი, რომელთაც, ბარეტის აზრით, უკვე განვითარებული ჰქონდათ ფოლკფსიქოლოგია, რომლითაც დედის პასუხის გამოცნობისას იხელმძღვანელეს. მათ უკვე იცოდნენ, რომ ზოგ ვითარებაში ადამიანი შესაძლოა მოტყუვდეს, მაგრამ მათ ამასთანავე სწამდათ, რომ არ არსებობს „მოტყუებული“ ღმერთი.

სუბპროდუქტის თეორეტიკოსების დასკვნის თანახმად, ბავშვები იბადებიან თანდაყოლილი მიდრეკილებით - ირწმუნონ ყოვლისმჭვრეტელი, უხილავი გონის, უსხეულო სულთა არსებობა - და შემდგომში, რწმენის სქემას მორგებული მათი გონება ივსება იმ კულტურისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნებით, რა გარემოშიც იზრდებიან. ეს ოდნავ წააგავს ენის ათვისების პროცესს, - ამბობს პოლ ბლუმი, - მხოლოდ ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ენა ბიოლოგიური ადაპტაციაა, რელიგია კი - არა. ჩვენ ვიბადებით მეტყველების თანდაყოლილი უნარით, მაგრამ შესწავლილი ენის სპეციფიკას განსაზღვრავს ის გარემო, რომელშიც ვიზრდებით. თითქმის ანალოგიურად, - ამბობს ის, - ჩვენ ვიბადებით რწმენის თანდაყოლილი უნარით, ხოლო რწმენის თავისებურებებს კი (მაგალითად იმას, ერთ ღმერთს ვაღიარებთ თუ მრავალს, სული გარდაცვალების შემდეგ ზეცაში წავა თუ სხვა ცხოველის სხეულში გადაინაცვლებს და ა.შ.), ჩვენი გარემომცველი კულტურული გარემო განსაზღვრავს.

ზოგიერთი რწმენა-წარმოდგენა, მათი სპეციფიკის განურჩევლად, თითქმის ყველა რელიგიაში გვხვდება. ყველაზე გავრცელებული კი, სუბპროდუქტის თეორეტიკოსების აზრით, სწორედ ის წარმოდგენებია, რომლებიც ყველაზე უკეთ ერგება ჩვენს მენტალურ აგებულებას. არაერთმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ უჩვენა, რომ, ზოგადად, ადამიანები დიდი ინტერესით ეკიდებიან უცხო, უჩვეულო მოვლენებს (მაგრამ, არც იმდენად უჩვეულოს, რომლის დაჯერებაც შეუძლებელია). როგორც ჩანს, ღმერთისა და სხვა ზებუნებრივი აგენტების იდეა სავსებით აკმაყოფილებს უჩვეულობის იმ კრიტერიუმებს, რომელთაც ცნობილი ანთროპოლოგი და ფსიქოლოგი პასკალ ბოიერი „მინიმალურად კონტრინტუიციურს“ უწოდებს. ასეთად კი მიიჩნევს მოვლენას, რომელიც საკმაოდ იდუმალია საიმისოდ, რომ ჩვენი ყურადღება მიიპყროს და მეხსიერებაში ჩაგვებეჭდოს, მაგრამ არც იმდენად უჩვეულოა, რომ უყოყმანოდ უარვყოთ. მაგალითად, მოლაპარაკე ხე მინიმალურად კონტრინტუიციურია და შესაძლოა, ვირწმუნოთ კიდეც, რომ ეს ზებუნებრივი აგენტია, მაგრამ ხე, რომელიც ლაპარაკობს, თან დაფრინავს და დროშიც მოგზაურობს, მაქსიმალურად კონტრინტუიციურია და ამას უმალ უარვყოფთ, ვიდრე ვირწმუნებთ.

90-იან წლებში, ატრანი და ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელი არა ნორენზაიანი ერთად იკვლევდნენ მინიმალურად კონტრინტუიციურ აგენტებს. ამისათვის მათ კოლეჯის სტუდენტებს ფანტასტიკურ არსებათა ჩამონათვალი დაურიგეს და სთხოვეს, მათგან ყველაზე მეტად „რელიგიური“ მოვლენები დაესახელებინათ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა არჩევანი ისეთ აგენტებზე შეაჩერეს, რაც ნაკლებ უცნაური ეჩვენათ, კერძოდ: მოხითხითე წყალმცენარე, მკვნესარი მუხა, მოლაპარაკე ცხენი; ხოლო რელიგიურად არ მიიჩნიეს ისეთი (მათი აზრით) მეტისმეტად უცნაური მოვლენები როგორებიცაა მოჟღურტულე და ხეზე მცოცავი კუ, ან აკივლებული და აყვავებული მარმარილო. აქედან გამომდინარე, ატრანი ასკვნის, რომ მოხითხითე წყალმცენარე მინიმალურად კონტრინტუიციურის პარამეტრებს აკმაყოფილებს, ისევე როგორც ღმერთი, რომელიც ყოვლისმცოდნეა, თუმცა აქვს ადამიანური პიროვნულობაც, ან ღმერთი, რომელსაც აქვს გონი, მაგრამ არ აქვს სხეული.

იმისათვის, რომ ხალხის რწმენის სისტემაში მოვლენამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს, მხოლოდ მინიმალური კონტრინტუიციურობა საკმარისი არაა - რწმენის გასამტკიცებლად ემოციური კომპონენტის არსებობაც ძალზე მნიშვნელოვანია. „როცა საქმეში გრძნობები ერთვება, სწორედ მაშინ ხართ მზად ირწმუნოთ ის, რის დაჯერებასაც რელიგია გიკარნახებთ“, წერს ატრანი. რელიგიური ემოციების გაღვივება რიტუალების მეშვეობით ხდება - როკვა, გალობა, ჯგუფურ ლოცვას შერწყმული მეტანიები - ხანდახან ამ ყოველივეს ისეთ ფიზიკურ აღგზნებამდე მიჰყავს ადამიანი, რომ სიგიჟეს ერთი ნაბიჯიღა აშორებს. რელიგიური რწმენა ძლიერდება მაშინაც, როცა ადამიანი პირადი კრიზისის გამო გრძნობების ბუნებრივ მოზღვავებას განიცდის და სულ უფრო ხშირად მიმართავს მღვდელს ან შამანს. ყველაზე მძაფრი კრიზისი კი მაშინ დგება, როდესაც ადამიანი მოკვდავობას პირისპირ ეჩეხება, ამ დროს რელიგია საკმაოდ მანუგეშებელ პასუხს გვთავაზობს.

ჯონ აპდაიკის ცნობილი მოთხრობის - „მტრედის ბუმბულის“ მთავარი გმირი, 14 წლის დევიდი ხშირად ფიქრობს სიკვდილზე. იგი ეჭვობს, რომ უფროსები ცრუობენ, როცა არწმუნებენ, რომ სული გარდაცვალების შემდგომაც აგრძელებს სიცოცხლეს, არათანმიმდევრულად მიიჩნევს მათ პასუხებს კითხვაზე - კონკრეტულად სად პოულობს სული მარადიულ განსასვენებელს. „ნუთუ ვერ ხვდები“ - უყვირის ბავშვი დედამისს - „სიკვდილის შემდეგ არაფერია, აღარც ეს მზე და აღარც მინდვრები. იქ მხოლოდ შიშის უძირო ოკეანეა“.

მოთხრობა მთავრდება ერთი უმნიშვნელო, მაგრამ დევიდისათვის უსაზღვროდ შვებისმომგვრელი აღმოჩენით. დაბადების დღეზე იგი თოფს მიიღებს საჩუქრად, რომლითაც ბებოს საკუჭნაოში დაბუდებულ მტრედებს დახოცავს. ჩიტების დამარხვამდე მათ ბუმბულს აკვირდება და გაოცდება ფერთა საოცარი სიუხვით, მათი ფაქიზი შეხამებით, „მათი მშვიდი აღმაფრენით“ და ყველა შიში უეცრად გაუქარწყლდება: „ძარღვებში სიმსუბუქის საოცარმა შეგრძნებამ დაუარა, მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნა და მთელი სიცხადით გააცნობიერა ჭეშმარიტება: ღმერთი, რომელმაც ასეთი გულმოდგინებით შექმნა ერთი უმნიშვნელო ჩიტუნაც კი, სამუდამო სიკვდილისათვის არ გაწირავს თავის ყველაზე საოცარ ქმნილებას - ადამიანს.“

0x01 graphic

რწმენას სარჩულად სწორედ სიკვდილის შიში უდევს. გარდაცვლილ წინაპართა სულები, მოჩვენებები, უკვდავი ღვთაებები, სამოთხე, ჯოჯოხეთი და მარად ცოცხალი სული - თითქმის ყველა რელიგიის არსი - სიკვდილის შემდგომ სპირიტუალურ სიცოცხლეში მდგომარეობს. ზოგიერთი ადაპტაციონისტი მიიჩნევს, რომ რელიგიის ერთ-ერთი დანიშნულებაა, დაეხმაროს ადამიანებს სიკვდილის უმოწყალო გარდუვალობასთან გამკლავებაში. სიკვდილის შემდგომ სიცოცხლისა და ღმერთის რწმენა, მათი თქმით, გვეხმარება აზრი შევძინოთ დედამიწაზე ჩვენს ხანმოკლე და სისასტიკით აღსავსე არსებობას. რელიგიას შეუძლია ანუგეშოს მგლოვიარენი და გაამხნევოს სასოწარკვეთილნი.

სპანდრელისტების აზრით, მართალია, რწმენა ნუგეშს გვგვრის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ჩვენს წინაპრებს გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარებოდა. „ადამიანის გონება ვერ წარმოქმნის ადეკვატურ ილუზიას ცხოვრებისეულ სტრესებსა თუ შიშთან გასამკლავებლად“ - წერდა პასკალ ბოიერი, წამყვანი სუბპროდუქტის თეორეტიკოსი თავის ნაშრომში „რელიგიის ახსნა“, რომელიც ატრანის ნაშრომამდე ერთი წლით ადრე გამოიცა. „სინამდვილეში, ასეთი ილუზიებისადმი მიდრეკილი ვერც ერთი ორგანიზმი დიდხანს ვერ გაიტანდა თავს“.

იმის მიუხედავად, ადაპტირებადია თუ არა რწმენა, მის ძალას ორი რამ განსაზღვრავს: ერთი მხრივ, თვითონ ადამიანის სურვილი - მართლა ახდეს ის, რისიც სწამს, მეორე მხრივ კი, რეალობიდან მიღებული დასტური. ეს კვლავაც ფოლკფსიქოლოგიასთან გვაბრუნებს. როცა გვსურს, რომ სხვა ადამიანის საქციელს ჩავწვდეთ, ვცდილობთ, თავი ნაწილობრივ მის ადგილას წარმოვიდგინოთ. ეს ერთ-ერთი იმ ადაპტაციურ თვისებათაგანია, რომელიც ჩვენს წინაპრებს საშუალებას აძლევდა სავარაუდო მტერი გაეცურებინათ. მაგრამ როცა სიკვდილზე ვფიქრობთ, კოგნიტურ კედელს ვაწყდებით. როგორ უნდა ვიფიქროთ ფიქრის შეუძლებლობაზე? „სცადეთ, თქვენი ცნობიერი აღავსოთ ცნობიერის არარსებობის ხატით და მიხვდებით ამის შეუძლებლობას“ - წერდა ესპანელი ფილოსოფოსი მიგელ დე უნამუნო წიგნში „სიცოცხლის ტრაგიკული განცდა“. „ამის გაცნობიერების მცდელობაც კი ყველაზე მტანჯველ დაბნეულობას იწვევს. ადამიანებს არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საკუთარი არარსებობა“.

ხოლო იმის დაჯერება, რომ ფიქრი რაღაცნაირად მაინც გრძელდება, უფრო იოლია. როგორც ბოლო წლებში ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, პატარა ბავშვები სწორედ ასე იქცევიან. ფსიქოლოგებმა - ჯეს ბერინგმა და დევიდ ბიორკლანდმა თავიანთი კვლევისას თითების თეატრი მოიშველიეს და შეთხზეს ამბავი ერთ პატარა, მშიერ, გზააბნეულ თაგუნაზე, რომელიც ალიგატორის ლუკმა ხდება. „როგორც ჩანს, ბატონმა ალიგატორმა ჩვენი თაგუნა შესანსლა,“ - ამბობდა მთხრობელი სპექტაკლის დასასრულს - „პატარა თაგუნა ცოცხალი აღარაა“.

შემდეგ, ბერინგმა და ბიორკლანდმა კვლევის ობიექტებს - 4-დან 12 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს: რას გრძნობს თაგუნა, როცა ცოცხალი აღარაა? ისევ შია და ეძინება? ისევ ენატრება სახლი? ზოგმა უპასუხა, რომ თაგვს აღარც შია და აღარც წყურია, თუმცა ბავშვების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი პატარები, ამბობდნენ, რომ თაგუნას მაინც უყვარდა თავისი დედა და ისევ უნდოდა ყველი. ბავშვები მიხვდნენ, რომ სხეულმა ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა ბევრ მათგანს სჯეროდა, რომ თაგუნაში რაღაც ისევ განაგრძობდა არსებობას.

„ჩვენი ფსიქოლოგიური აგებულება გვიბიძგებს გარკვეული მიმართულებით ვიაზროვნოთ“, - ამბობს ბერინგი - „ამ კვლევებმა გვიჩვენა, რომ ადამიანებს არ შეგვიძლია საკუთარი არარსებობის წარმოდგენა, ამიტომაც მტკიცედ გვწამს სიკვდილის შემდგომ სიცოცხლისა“.

არანაკლებ რთული წარმოსადგენია საყვარელი ადამიანის აღარარსებობაც. ნებისმიერი ურთიერთობის პროცესი უმეტესწილად ჩვენს გონებაში მიმდინარეობს, - ამბობდა ბერინგი - და ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ახლობლის გარდაცვალების შემდეგაც ისევე გრძელდება, როგორც მის სიცოცხლეში; შეიძლება უცებ არც კი გაგვახსენდეს, რომ ჩვენი და გარდაიცვალა, როცა ტელეფონს ვუახლოვდებით მასთან დასარეკად, რადგან ჩვენი ურთიერთობა მეხსიერების გარდა, წარმოსახვით დიალოგებსაც ემყარებოდა და გონებაში არაერთხელ გვისაუბრია მასთან ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცოცხალი იყო. გარდა ამისა, ჩვენი „აგენტის ამომცნობი“ აპარატი ხანდახან გვიძლიერებს იმის განცდას, რომ გარდაცვლილნი ისევ ჩვენს გვერდით არიან: როცა ქარი სახეზე გეხება, ანდა ჩრდილები თითქოს ნაცნობ იერს გაგონებს, „აგენტის ამომცნობი აპარატი“ მყისვე გამოდის წინა პლანზე. სიზმრებიც, თავის მხრივ, გარკვეულწილად გვიმყარებს იმქვეყნიური ცხოვრების რწმენას, როცა გარდაცვლილი ნათესავები თითქოს საფლავიდან დგებიან და „ცოცხალი“ გვევლინებიან.

ბერინგის აზრით, რწმენა ჩვენი სათადარიგო პოზიციაა - ფიქრის რეფლექსური ფორმა. „ჩვენი ძირითადი ფსიქოლოგიური უნარი გვიბიძგებს, გამუდმებით ვიკვლიოთ უჩვეულო ბუნებრივი მოვლენები და უფრო ღრმა აზრი ვეძებოთ იქ, სადაც მას ვერასოდეს მივაგნებთ“, - ამბობს ის, - „ეს ბუნებრივია. სწორედ ასე მუშაობს ჩვენი გონება“.

არსებობს რელიგიის ევოლუციაზე მსჯელობის სხვა მიმართულებაც, სპანდრელისტების ლოგიკაზე არანაკლებ დამაინტრიგებელი: რელიგია სწორედ იმიტომ განვითარდა, რომ ჩვენს შორეულ წინაპრებს გადარჩენის შესაძლებლობას სთავაზობდა. ღმერთის შესახებ სამეცნიერო დებატებში ადაპტაციონისტების მცირე ჯგუფი ასაბუთებს, რომ რელიგიური რწმენა ადამიანებს თავის გატანაში ეხმარებოდა.

ადაპტაციაზე მსჯელობისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ თუკი დღეს რწმენის რომელიმე ნიშან-თვისება თვითგადარჩენისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, შორეულ წარსულში მას შესაძლოა საკმაოდ სერიოზული როლი ეთამაშა. დარვინისტები რომელიმე ფიზიკური მახასიათებლის შენარჩუნების მიზეზს ყოველთვის წარსულში ეძებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ მახასიათებელს დღეს განსაკუთრებული ადაპტური ფუნქცია აღარ გააჩნია - იკვლევენ, როგორ ეხმარებოდა ესა თუ ის თვისება შორეულ წინაპრებს სოციალური ჯგუფების ფორმირებაში, შესაფერისი პარტნიორის პოვნასა თუ თავის დაცვაში. მაგალითად, ორგანიზმის უნარი - ცხიმის სახით მოიმარაგოს კალორიები, რაც დღევანდელ, საკვებით უზრუნველყოფილ საზოგადოებაში ზიანის მომტანიც კია, ადრე ადამიანებს პერიოდული შიმშილის გადატანაში ეხმარებოდა.

0x01 graphic

რელიგიის ადაპტურობაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ შორეულ წარსულში მისი როლი თვითგადარჩენისა თუ რეპროდუქციის საქმეში. ზოგი ადაპტაციონისტის მოსაზრებით, რელიგიის გავლენა ორ დონეზე - ინდივიდისა და ჯგუფის დონეზე - ვრცელდებოდა. რელიგიის წყალობით, ადამიანები თავს უკეთ გრძნობდნენ, ნაკლებად ტანჯავდათ სიკვდილზე ფიქრი, უფრო კონცენტრირებულები იყვნენ მომავალზე და მეტი მონდომებით ზრუნავდნენ საკუთარ თავზე. უილიამ ჯეიმსს რომ დავესესხოთ, რელიგია ადამიანებს აღავსებდა „დაცულობის რწმენითა და მშვიდობის სურვილით, უპირატესობას სიყვარულს ანიჭებდა და ამით განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ცხოვრებას“.

ზოგი ადაპტაციონისტი იმასაც ვარაუდობს, რომ ასეთი სანტიმენტები მორწმუნეებს ეხმარებოდა საკვების მოპოვებაში, მომარაგებაში და კარგი პარტნიორის პოვნაში (ზნეობრივი, მორჩილი და ჯანსაღი ცხოვრების წესით მოპოვებული რეპუტაციის წყალობით). რელიგიის გავლენა არანაკლებ აისახა ადმიანთა ჯგუფებზეც: რელიგიური ჯგუფი, როგორც წესი, უფრო შეკრული იყო, მის ცალკეულ წევრებს დანარჩენებისათვის თავის გაწირვა შეეძლოთ და უკეთ ახერხებდნენ რესურსების განაწილებასა თუ ბრძოლისთვის მომზადებას.

ცნობილ ადაპტაციონისტთა შორისაა დევიდ სლოუნ უილსონიც, რომელიც დიდ თავსატეხს უჩენს სკოტ ატრანსა და რიჩარდ დოუკინსს. ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტი უილსონი (ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბინგემტონი) განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ჯგუფურ დონეზე ამახვილებს. „ორგანიზმები ბუნებრივი გადარჩევის პროდუქტია“ - წერდა იგი თავის ნაშრომში „დარვინის ტაძარი: ევოლუცია, რელიგია და საზოგადოების ბუნება“, რომელიც 2002 წელს, ატრანის წიგნის პარალელურად გამოიცა და მკაფიოდ გამიჯნა საკუთარი კვლევის საგანი: „თაობიდან თაობამდე, ურიცხვი ცვლილებისა და სელექციის შედეგად [ორგანიზმები] ისეთ თვისებებს იძენენ, რაც მათ გადარჩენისა და გამრავლების საშუალებას აძლევს. ჩემი მიზანი იმის დადგენაა, შეიძლება თუ არა ამ ორგანიზმთა რიცხვს მივაკუთვნოთ ადამიანთა ჯგუფები, კერძოდ კი რელიგიური ჯგუფი“.

უილსონის მამა იყო სლოუნ უილსონი, ავტორი რომანისა „ფლანელისპალტოიანი კაცი“, რომელიც 50-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რომლის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, მთავარ როლში გრეგორი პეკის მონაწილეობით. მეორე რომანის გამოქვეყნების შემდეგ, მწერალ უილსონის პოპულარობამ პიკს მიაღწია, ახალგაზრდა გოგონები მას ავტოგრაფისთვის კუდში დასდევდნენ და მალე ეს რომანიც ბლოკბასტერად იქცა. ასეთ გარემოში აღზრდამ დევიდსაც გაუჩინა სურვილი, გაეკეთებინა ისეთი განსაკუთრებული რამ, რითაც მამამისი იამაყებდა.

„ვიცოდი, მწერალი ვერასოდეს გავხდებოდი,“ - თქვა უილსონმა სატელეფონო ინტერვიუში, - „ამიტომ, ისეთი სფერო ვამჯობინე, რომელიც ყველაზე ნაკლებად უკავშირდება ლიტერატურას, - მეცნიერება ავირჩიე“. მან საოცარი გულახდილობით გაგვიმხილა საკუთარი არჩევანის მოტივიც: „საკმაოდ ამბიციური ვიყავი, მსურდა ჩემი კვალი დამეტოვებინა“. მან კაცობრიობის ისტორიის შესწავლა გადაწყვიტა, ეს სფერო კი მოითხოვდა, ერთი მხრივ, გამჭრიახ თვალს, რომელსაც კაცობრიობის განვითარების, ბრძოლებისა თუ ერთგულების მიზეზთა კვლევისას უმცირესი ნიუანსიც არ გამორჩებოდა, ხოლო მეორე მხრივ, თხრობის ლაღ მანერას საჭიროებდა, რაც მეცნიერს მწერალი მამისაგან მემკვიდრეობით გამოჰყვა.

საბოლოოდ, უილსონმა რელიგიის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ პირადად მისთვის რელიგიას რამე განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია. იგი პროტესტანტულ ოჯახში გაიზარდა და ხშირად აღნიშნავდა, რომ თვითონ ათეისტია; თუმცა, რელიგია მისთვის იმ „ლუპად“ იქცა, რომელიც საშუალებას აძლევდა ზედმიწევნით შეესწავლა ევოლუციის თეორიის საკმაოდ „დისკრედიტებული“ განშტოება და საკუთარი წვლილი შეეტანა მისი რეაბილიტაციის საკითხში. 70-იან წლებში, როცა უილსონმა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, დარვინისტები ხშირად აკრიტიკებდნენ ჯგუფური სელექციის თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, ადამიანთა ჯგუფები ფუნქციონირებს როგორც ერთი, დამოუკიდებელი ორგანიზმი (ფუტკრების ან ჭიანჭველების მსგავსად). ასე რომ, მან გადაწყვიტა, თვითონ ეტვირთა ამ მოსაზრების რეაბილიტაცია. „ვიფიქრე, ახლა ამ იდეის ხელახალი ამოტივტივება და დაცვა საინტერესო იქნება-მეთქი“ - იხსენებდა იგი. მაგრამ, მხოლოდ 90-იან წლებში აღმოაჩინა, რომ „სწორედ რელიგიის მეშვეობითაა შესაძლებელი იმის დამტკიცება, რომ ჯგუფური სელექციის იდეა მცდარი არ ყოფილა“.

დოუკინსმა უილსონის მხრიდან ჯგუფური თეორიის დაცვას „უცნაური, ექსტრავაგანტული, ჯიუტი ახირება“ უწოდა. უილსონის თვალსაზრისს არც ატრანი იზიარებდა და მას „ბრმა გონების“ თეორიას უწოდებდა, ძირითადად იმის გამო, რომ მასში განხილული არ იყო გონების მენტალური მექანიზმები. „ადაპტაციონისტები მარქსიზმს მონოთეიზმისაგან, იდეოლოგიას კი რელიგიური რწმენისაგან ვერ განასხვავებენ“, - წერდა ატრანი. - „მათ არ შეუძლიათ იმის ახსნა, თუ რატომ სწამთ ადამიანებს უფრო მტკიცედ კონტრფაქტობრივი თუ კონტრინტუიციური მოვლენები (მაგალითად, მარიამის ქალწულობა, ან ის, რომ ღმერთს აქვს გრძნობები, მაგრამ არა აქვს სხეული), ვიდრე პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები“.

მასში გამოთქმული მრავალი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრების მიუხედავად, უილსონის მონათხრობი ჯგუფური სელექციისა და რელიგიის ევოლუციის შესახებ საკმაოდ მკაფიოა, რაც შესაძლოა მამისაგან მემკვიდრეობით მიღებულ მწერლის ნიჭზეც მიუთითებდეს. „წარმოვიდგინოთ, თუნდაც ფრინველთა გუნდი“, - წერს იგი. - „ზოგი ჩიტი დარაჯის ფუნქციას ასრულებს, ყურადღებით აკვირდება ჰორიზონტზე მტაცებლების გადაადგილებას და საფრთხის შემთხვევაში გუნდს გამაფრთხილებელ სიგნალს უგზავნის. ასეთი გუშაგის ყოლა ძალზე ხელსაყრელია გუნდისთვის, თუმცა სახიფათოა თავად მოთვალთვალისთვის, რომელიც ორმაგად ზარალდება: ნაკლები დრო რჩება საკვების მოსაპოვებლად და გამაფრთხილებელი სიგნალის მიცემისას შეიძლება მტაცებლის ლუკმა გახდეს. ასე რომ, დარვინისტულ ბრძოლაში, უფრო მეტად არამოთვალთვალე ჩიტის გენი იმარჯვებს. თუკი ასეა, მაშინ მოდარაჯის გენი როგორღა გადაეცემა თაობიდან თაობას?

0x01 graphic

გენის შენარჩუნების მიზეზებზე მსჯელობისას, უილსონი ჯგუფურ დონეს განიხილავს. ვთქვათ, ერთ ჯგუფში 10 დარაჯია, მეორეში კი არცერთი; ჯგუფიდან 3 ან 4 შესაძლოა დაიღუპოს, მაგრამ რჩება 6-7, რაც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ გენი შემდგომ თაობას გადაეცეს, სამაგიეროდ ჯგუფი, რომელსაც ასეთი დარაჯი ჰყავს, გაცილებით უკეთაა დაცული და გადარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ჯგუფს, რომელშიც ასეთი მოთვალთვალეები არ არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ თვალთვალიდან ჯგუფისათვის მოტანილი სარგებელი გადაწონის ერთი დარაჯის დაკარგვით გამოწვეულ დანაკლისს, მაშინ მოდარაჯის გენი შენარჩუნდება.

რელიგიური ცხოვრება თითოეული ინდივიდისათვის გარკვეულ მსხვერპლთანაა დაკავშირებული - რიტუალებზე რაღაც დრო და რესურსები იხარჯება, განაწესის ზედმიწევნით შესრულება კი ადამიანისაგან დიდ ფსიქიკურ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო ჯგუფში მიღების ზოგიერთი რიტუალი ტკივილის ატანასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ყველა ამ მსხვერპლს, ჯგუფის წევრობით მიღებული სარგებელი გადაწონის, რადგანაც, ჯგუფთაშორის ბრძოლაში, უილსონის აზრით, მონოლითურ რელიგიურ ჯგუფებს გადარჩენისა და განვითარების მეტი საშუალება აქვთ.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი, მხოლოდ ადამიანებისთვის დამახასიათებელი მომენტი, რომელიც ენის ფენომენს უკავშირდება. ადამიანის საქციელს აკვირდება არა მხოლოდ მისი უშუალო გარემოცვა, არამედ ყველა, ვისაც ამ ადამიანის შესახებ რაიმე სმენია. მოთვალთვალე ჩიტის მსგავსი ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, შესაძლოა, ადამიანს ძვირად დაუჯდეს, რადგან ვინც გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, სავარაუდოდ, სამსახურის დაკარგვის, დაპატიმრების ან პოლიციაში მიბეგვის საფრთხის წინაშე დგას. თუმცა ეს ინდივიდუალური მსხვერპლი შეიძლება გაცილებით დიდმა სარგებელმა დაჩრდილოს: ზოგჯერ რაიმე უანგარო ჟესტი, რომელიც ზეპირად ან წერილობით საქვეყნოდ ხდება ცნობილი, აუმჯობესებს ადამიანის რეპუტაციას და აუცილებლად დადებითად აისახება მის ცხოვრებაზე - სხვა თუ არაფერი, კარგი პარტნიორის მოძებნაში მაინც დაეხმარება. რეპუტაციის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება კი ზედაპირული რელიგიურობაა.

„ევოლუციის შესწავლა, უმეტესწილად, კომპრომისების შესწავლას გულისხმობს“ - წერს უილსონი „დარვინის ტაძარში“. - „არჩევანი რელიგიის სასარგებლოდ შესაძლოა, არახელსაყრელი აღმოჩნდეს საარსებო წყაროს მოპოვებისა თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან რაციონალისტური მიდგომა, ხშირ შემთხვევაში, საკვების მოპოვების გზებსაც გვკარნახობს და დროულადაც გვაგრძნობინებს, სად ველოდოთ ხიფათს. თუმცა, გარკვეულ ვითარებაში, „სიმბოლური რწმენის სისტემა, რომელიც გამიჯნულია ფაქტობრივი რეალობისაგან, გაცილებით უკეთ იკვებება“ - წერს უილსონი. მისივე აზრით, ინდივიდისათვის უფრო ადაპტური იქნებოდა ჰქონოდა „უკეთესად განვითარებული მენტალური მოდულები, რომლებიც გამოდგებოდა როგორც ფაქტობრივი ცოდნის შესაძენად, ისე სიმბოლური რწმენის სისტემის შესაქმნელად და ამ ორი კომპონენტის შესათავსებლად“. ჯგუფისთვის კი, პრაქტიკული რეალისტებისა და მეოცნებე იდეალისტების ერთობლიობა ადაპტირების საუკეთესო გზაა და ის, რაც ერთი შეხედვით, საზოგადოების შიგნით თეისტებისა და ათეისტების ქიშპს წააგავს, რეალურად კოგნიტური შრომის გადანაწილებაა, რაც „სოციალურ ჯგუფს ერთ მთლიანობად აქცევს“.

ვთქვათ, უილსონი არ ცდება და რელიგია მართლაც აუმჯობესებს ჯგუფის ადეკვატურობას, კითხვა მაინც რჩება: სად შემოდის ღმერთი? რით განსხვავდება რელიგიური ჯგუფი ნებისმიერი სხვა იდეოლოგიური ჯგუფისაგან ან თუნდაც „იანკების“ ფანკლუბისაგან, რომელთა ადეკვატურობა მისი მეცნიერული განსჯის საგანი არასოდეს გამხდარა? რიჩარდ სოუსისი, კონეკტიკუტის უნივერსიტეტისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის თანამშრომელი ანთროპოლოგი, ამ შეკითხვაზე მიკერძოებულად გვპასუხობს. სხვა ადაპტაციონისტების მსგავსად, სოუსისიც ყურადღებას ამახვილებს ძირითად საკითხზე: რა როლს ასრულებს რელიგია ადაპტაციაში. მაგრამ ის ადპტაციონისტებიც კი, ვინც ინდივიდის დონეზე ადაპტაციის კვლევის თავგადაკლული ქომაგები არიან, გვერდს ვერ უვლიან ჯგუფის დონეს, თუნდაც რელიგიურ რიტუალებზე მსჯელობისას.

„როგორც რელიგიური, ასევე საერო რიტუალები თანაცხოვრების ნიმუშია“ - წერდა სოუსისი American Scientist-ში 2004 წელს. მაგრამ რელიგიური რიტუალები „უფრო ძლიერ რწმენას ბადებს და მეტ თანამონაწილეობას გულისხმობს“, თანაც ეფუძნება არა მტკიცებულებებს, არამედ რწმენას. ეს რიტუალები „კვლევას არ ექვემდებარება“ - წერდა ის, - „და მათთან კავშირი უფრო ემოციური ხასიათისაა, ვიდრე ლოგიკური.“ ამგვარი კავშირი კი, სოუსისის აზრით, უფრო ღრმა და მტკიცეა.

რიტუალი არის ერთგვარი საშუალება, რომლითაც სხვებს რელიგიურ რწმენასთან ჩვენს გულწრფელ კავშირზე მივანიშნებთ და, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ჯგუფის სხვა წევრების კეთილგანწყობას მოვიპოვებთ. სოუსისი წერს: „რამდენიმე ხელ ტანსაცმელში გამოწყობილი, თაკარა მზის გულზე მდგომი ულტრაორთოდოქსი ებრაელი ერთგვარ ნიშანს უგზავნის დანარჩენებს: `ჰეი! შემომხედეთ, მეც მართლმორწმუნე ებრაელი ვარ. შენც თუ ამ ჯგუფის წევრი ხარ, შეგიძლია მენდო, შენიანი ვარ, თორემ ასე რატომ გამოვეწყობოდი?“ ასეთი „სასიგნალო“ რიტუალები ინდივიდს ჯგუფის სრულფასოვან წევრად აგრძნობინებს თავს, ჯგუფს კი აღარ სჭირდება მუდმივი და ხარჯებთან დაკავშირებული მონიტორინგის ჩატარება თავისი ერთგული წევრების გამოსავლენად. ამგვარი რიტუალები მეტისმეტად რთულია საიმისოდ, რომ მისთვის ფარისევლები და ორგულები გაისარჯონ. ასე რომ, ინდივიდიც და ჯგუფიც ამგვარი რიტუალებიდან მხოლოდ სარგებელს ნახულობს.

2003 წელს, სოუსისი და ისრაელის ბენ გურიონის უნივერსიტეტის თანამშრომელი ბრედლი რაფლი ეძებდნენ იმის ახსნას, თუ რატომ ცხოვრობდნენ რელიგიური კომუნები უფრო უკეთ, ვიდრე საერო კომუნები მაშინ, როცა ქვეყნის უმეტესი რაიონები ეკონომიკური კრახის საფრთხის წინაშე იდგა. თავიანთი კვლევა მათ ტიპურ ეკონომიკურ თამაშზე დააფუძნეს, რომელიც თანამშრომლობის განსაზღვრაში დაეხმარებოდათ. რელიგიური კომუნის ინდივიდები უფრო აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მაშინ როცა საერო კომუნის წევრები განცალკევებასა და მარტო თამაშს ამჯობინებდნენ. მორწმუნე ქალებისა და შედარებით ინერტული მამაკაცების ფონზე, საუკეთესოდ წარმოჩნდნენ ის მამაკაცები, რომლებიც ყოველდღიურად დადიოდნენ სინაგოგაში; აქედან გამომდინარე, სოუსისი ასკვნის, რომ მორწმუნეობის ხშირი საქვეყნო გამომჟღავნება ძალზე მნიშვნელოვანია. ამ რიტუალებმა, - წერდა ის, - რელიგიურ კომუნებში თანაარსებობის ისეთი ფორმის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რომელიც მის წევრებს ეკონომიკურად ყველაზე დუხჭირ პერიოდშიც კი კომუნის სტრუქტურის შენარჩუნებაში დაეხმარა.

1997 წელს, სთივენ ჯეი გოულდმა დაწერა ესე, რომელიც, გარკვეულწილად, მეცნიერებისა და რელიგიის დაზავების მცდელობას წარმოადგენდა. „მეცნიერება ემპირიულ სამყაროს შეისწავლის“, წერდა ის, „რელიგია კი მორალისა და ფასეულობების საკითხებს მოიცავს“. გოულდი ექსპრესიულად მსჯელობდა კვლევის სფეროების გამიჯვნის აუცილებლობაზე და მხარეებს „თავაზიანი დიალოგისა“ თუ „ურთიერთშემწყნარებლობისაკენ“ მოუწოდებდა. ამ გამიჯვნას მან „პარალელური მაგისტერები“ უწოდა (ლათ. magister - კანონი).

რიჩარდ დოუკინსი გოულდს არც ერთ იმ საკითხში არ ეთანხმება, რომელიც ევოლუციის დათარიღებას თუ კვლევის ამოსავალ წერტილს ეხება, მაგრამ ყველაზე გესლიანი სიტყვები მან მაინც ტერმინ „პარალელური მაგისტერებისათვის“ შემოინახა. „გოულდი არაჩვეულებრივად ფლობს წარსულისაკენ ამაო მიბრუნების ხელოვნებას“, წერდა ის, „მაინც რატომ არ უნდა ვიმსჯელოთ ღმერთზე მეცნიერული კუთხით? ...შემოქმედის მიერ შექმნილი სამყარო ხომ ძალზე განსხვავებული იქნებოდა იმ სამყაროსაგან, რომელსაც შემოქმედი არ ჰყოლია. რატომ არაა ეს მეცნიერული კვლევის საგანი?“

სხვა კრიტიკოსების აზრითაც, ამგვარი გამიჯვნა ხელს შეუშლის ორ სხვადასხვა მსოფლმხედველობას შორის ინფორმაციის ურთიერთგაზიარებისა და ურთიერთგამდიდრების პროცესს. „როცა გოულდი ორი სფეროს გამიჯვნაზე საუბრობს“, წერს დენიელ დენეტი (რომელიც ნეოა-თეისტური რეპუტაციის მიუხედავად, არც ისე ცალსახად ანტირელიგიურია, როგორც დოუკინსი ან ჰარისი), - „იგი არ ამტკიცებს, რომ მეცნიერება ვერ შეისწავლის იმას, რასაც რელიგია სწავლობს; უბრალოდ, მეცნიერებას არ შეუძლია ის, რაც ხელეწიფება რელიგიას“.

რელიგიის - როგორც ბუნებრივი ფენომენის - შესწავლას, აუცილებელი არაა მაინცდამაინც ათეისტური ფილოსოფიის კუთხით მივუდგეთ. ზოგი ნეოათეისტიც კი არ არის ბოლომდე ანტირელიგიურად განწყობილი. მაგალითად, სემ ჰარისი ბუდისტური მედიტაციებითაა დაკავებული, დენიელ დენეტი კი ყოველ წელს ასრულებს საშობაო საგალობელს, რომელსაც მისთვის ჰარმონიული კეთილხმოვანების გარდა, რელიგიური დატვირთვაც აქვს.

ხოლო სუბპროდუქტის თეორეტიკოსთა ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯასტინ ბარეტი მორწმუნე ქრისტიანია, რომელსაც სჯერა, რომ არსებობს „ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, სახიერი ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო“. „მე მჯერა, ადამიანები იმისათვის გაჩნდნენ, რომ უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი“, - წერს ის.

ერთი შეხედვით, ცოტა გაუგებარია, როგორ ახერხებს ბარეტი ქრისტიანული რწმენის შეთავსებას ღმერთის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენებთან. მას ხომ ღმერთი ადამიანის მენტალური აგებულების სუბპროდუქტად მიაჩნია. რატომ ვერ აქცია იგი სკეპტიკოსად სუბპროდუქტის თეორიამ?

„როგორც ქრისტიანული თეოლოგია გვასწავლის, ჩვენ იმიტომ გავჩნდით, რომ გვიყვარდეს შემოქმედი და ერთმანეთი“, - წერდა ბარეტი. „მაშინ რატომ არ შეგვქმნა იმგვარად, რომ ადვილად გვერწმუნა ღვთაებრიობა?“ მენტალური ფენომენის მეცნიერული ახსნა უფლებას არ გვაძლევს, რწმენა დავკარგოთ. „წარმოიდგინეთ, რომ მეცნიერულად დამისაბუთეს - რატომ მგონია, რომ ცოლს ვუყვარვარ - ნუთუ ამის შემდეგ აზრს შევიცვლი და საპირისპიროს ვირწმუნებ?“

ათეისტებს რაღა ეშველებათ? თუ რელიგიის განვითარების თვალსაზრისი სწორია, ისინი გვარიანად უნდა გაისარჯონ, რომ კვლავ ათეისტებად დარჩნენ. მათ მოუწევთ წინ აღუდგნენ გონების შინაგან წყობასაც, რომელიც რწმენისკენ უფრო გვიბიძგებს ვიდრე სკეპტიციზმისკენ. ატრანი ამბობს, რომ მრავალი ემოციური თუ ინტელექტუალური წინააღმდეგობის გადალახვა უხდება საიმისოდ, რომ ღმერთის გარეშე იცხოვროს ამ არაათეისტურ სამყაროში, რომლისგანაც ზოგიერთი ცრურწმენა მანაც მიიღო მემკვიდრეობით, - მღელვარებისას თითებს აჯვარედინებს, ხანდახან, ყოველი შემთხვევისთვის ხეზე აკაკუნებს; ეს ერთგვარი ატავისტური თეიზმია, რომელიც ხანდახან ამოხეთქავს ხოლმე. მისი თქმით, ის სიმშვიდე და ნუგეში, რომელსაც რელიგია ადამიანებს სთავაზობს, მისთვისაც არანაკლებ მიმზიდველია და წლების მატებასთან ერთად, შესაძლოა, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. მაგრამ იგი ებრძვის საკუთარ თავს, რადგან მეცნიერია და ვალდებულია რაციონალისტური ფასეულობები უფრო დაიცვას, ვიდრე სულიერი.

სულიერსა და რაციონალურს შორის ადამიანის ცნობიერების გამუდმებული მერყეობა ე.წ. „სიცარიელის ღმერთის“ რელიგიური ხედვის ანარეკლია. არსებობს ვარაუდი, თითქოს რაც უფრო მეტ პასუხს გვაძლევს მეცნიერება, მით უფრო იშვიათად მივმართავთ ღმერთს და, შესაძლოა, დროთა განმავლობაში, ღმერთის რწმენა დავიწყებასაც მიეცეს. რელიგიის ევოლუციის კვლევებმა კი სრულიად საპირისპირო შედეგი გვიჩვენა. როგორც არ უნდა განვითარდეს მეცნიერული მსჯელობა, მაინც რჩება ისეთი ნაპრალი, სადაც მხოლოდ ღმერთი თავსდება, და ამ სიცარიელეს ჩვენი უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე მენტალური სტრუქტურა ყოველთვის ზებუნებრივისკენ სწრაფვას დაარქმევს. ადაპტაციონისტებისა და სუბპროდუქტის თეორეტიკოსების აზრით, ამ ლტოლვის დაკმაყოფილებისკენ მიმართული ყველა ძალისხმევა განუყოფელი და მარადიული ნაწილია იმისა, რასაც ატრანი ადამიანური ცნობიერების ტრაგედიას უწოდებს.

20 ცრემლიანი სათვალე

▲back to top


გიორგი გვახარია

ნაწილი მეოცე

1992

დეკონსტრუქცია

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

ჩემ ხელთ ბრძანდებით, ბატონო, შემიძლია აქვე გაგათავოთ, მაგრამ თქვენი დის სიყვარულით მომინიჭებია თქვენთვის სიცოცხლე

სამი მუშკეტერი

სექსუალური, მაგრამ უსქესო მარლენ დიტრიხი - კანის 1992 წლის კინოფესტივალის პლაკატზე!

არავინ იცის, რამდენი დაიხარჯა ამ სურათის გაფორმებასა და გამრავლებაზე. დიტრიხის ქალიშვილი, მარია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ფულს ლამის დედამისის სახელის ხსენებისთვისაც კი თხოულობდა. წლის დასაწყისში თვითონ შეუთანხმდა კანის ფესტივალის დირექციას, სენსაცია ჩემზე იყოს, მაისში დედაჩემს აუცილებლად ჩამოვიყვან კანშიო და ამისთვის დიდი ფულიც მოითხოვა. სენსაცია იქნებოდა აბა რა; 87 წლიდან მარლენ დიტრიხი არათუ ქუჩაში არ გამოსულა, ახლობლებსაც კი არ უშვებდა თავის ოთახში. ოსტეოპოროზი აწუხებდა, ამიტომ ბინაში, პარიზში, მონტენის ქუჩაზე, სავარძლით გადაადგილდებოდა ხოლმე. დილით ლიმონიან ჩაის სვამდა, გაზეთებსა და ჟურნალებს კითხულობდა, მერე მსუბუქად სადილობდა, საღამოს ტელევიზორს უყურებდა და ბოლოს, შუაღამეს, საათობით ელაპარაკებოდა ტელეფონზე ქალიშვილს. მარია რივა ამტკიცებდა, ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, როცა დედას კანის ფესტივალის მოწვევა უხსენა, 91 წლის მარლენი მოულოდნელად გამოცოცხლდა: „მაისშია არა? ჯანდაბას მაგათი თავი. ავდგები და დაუნახავს დავანახებ!“

სასწრაფოდ გაამზადეს პლაკატები - კადრი „შანხაის ექსპრესიდან“, შესაბამისი წარწერით: „მითი უკვდავია!“.

მაგრამ, მარტის ბოლოს მარლენის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეირყა. სიტყვები ერეოდა. ერთ წინადადებაში გერმანულს, ფრანგულს და ინგლისურს ურევდა. 4 მაისს მოითხოვა, სასადილო ოთახში დამაწვინეთ, სიკვდილის წინ ჩემი საყვარელი ხალხის ფოტოებს უნდა შევხედოო (ერთ კედელზე ეკიდა რემარკი, ჰემინგუეი, ჟან გაბენი, ედიტ პიაფი...). საღამოს მარლენის შვილიშვილმა, პიერმა კანის ფესტივალის დირექტორს დაურეკა და ჰკითხა: „როგორაა კონტრაქტში, თუკი ჩამოსვლა ვერ შეძლო, ხარჯები ჩვენ უნდა ავანაზღაუროთ?“

მეორე დღეს მარლენი ცოცხალი აღარ იყო. მისი დაკრძალვის ხარჯები საფრანგეთის მთავრობამ იკისრა. კანში სასწრაფოდ შეცვალეს პლაკატები.. მარლენის სურათს, რა თქმა უნდა, ხელს ვეღარ ახლებდნენ. თუმცა, „მითი ცოცხალია!“ მაინც წაშალეს.

მაშინ, როცა მარლენის ცხედარი საფრანგეთის დროშაში გაახვიეს და ერთ კერძო მორგში, წაიღეს (ჰო, წაიღეს...), კანში

მე-40, საიუბილეო ფესტივალი გაიხსნა, რომლის ჟიურის წევრი ნანა ჯორჯაძეც იყო - „რეჟისორი „სნგ“-დან...“, როგორც 8 მაისის „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერდა.

მაისში ქართულ პრესას არც კანის ფესტივალისთვის ეცალა, არც მარლენ დიტრიხისთვის და არც ნანა ჯორჯაძისთვის.

„მათ უკვე გაავრცელეს ცნობა, თითქოს საქართველოს ჯარი აპირებს იერიშით აიღოს ცხინვალი... ჩვენი მხრიდან დაიღუპა ორი კაცი და ოცი დაიჭრა. ცხინვალიდან გვაცნობეს, რომ იქ ოცდაორი დაიღუპა. საერთოდ, ამ ამბების ირგვლივ ათასი ჭორი ვრცელდება“ (სანდრო კავსაძის სიტყვა სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე).

თუმცა, არა, კანს მაინც ახსენებდნენ - ფირმა „პარტნიორი“ ხალხს „შოთა რუსთაველით“, კრუიზში ეპატიჟებოდა, - გემი ოდესიდან გადიოდა და სხვა ქალაქებთან ერთად, ნიცაში ჩერდებოდა, ექსკურსიით „იქ, სადაც, მხოლოდ კინოვარსკვლავები ისვენებენ - კანის ლაჟვარდოვან სანაპიროზე“. საერთოდ, მაისის ქართულ გაზეთებში ნამდვილი ტურისტული ბუმი ატყდა: ტურისტული ფირმა „თშ“ „პროვინციული ფაშიზმისგან“ ახლადგათავისუფლებულ ქართველობას ნიუ-იორკში გამგზავრებას სთავაზობდა: „მომხიბლავი გოგოები, შესანიშნავი ვაჟები, საუკეთესო მაღაზიები, მომსახურება, ღამის ბარები... მოკლედ, ყველა სიამოვნება თქვენთვის!“

მაინც რა საოცრებაა ეს ჩამოთვლა! ამის მერე კინემატოგრაფისტები კიდევ იტყვიან ყველაფრის საფუძველი ჟესტია და არა სიტყვაო? როგორ ებმის ერთმანეთს ეს სახეები, ან, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი იტყოდა, „იმაგოები“, როგორ ტალღოვნად გადადის „მომხიბლავი გოგო“ „შესანიშნავ ბიჭზე“, „შესანიშნავი ბიჭი“ „მომსახურებაზე“... და როგორ დაგვირგვინდება ეს სვლა „ღამის ბარებით“!... ჰოდა, ფასს არ იკითხავთ? სასტუმრო, მგზავრობა, ორჯერადი კვება - სულ რაღაც 450 ამერიკული დოლარი და 48 000 მანეთი!

მანეთის კურსს ვერ ვიხსენებ. ის კი ვიცი, რომ გაზეთი „სარკმელი“, რომელსაც ამ დროს მე და ჩემი მეგობრები კინოკავშირის დახმარებით ვუშვებდით, 3 მანეთი ღირდა. კანის ფესტივალის დასრულებისთანავე დავბეჭდეთ რეპლიკა „ნანა ჯორჯაძემ საქართველო სნგ-ში შეიყვანა?“... მკითხველს რიტორიკულად მივმართეთ „საინტერესო იქნებოდა, ვთქვათ, ლილიანა კავანის რეაქცია, ვინმეს იგი ინდონეზიელ რეჟისორად რომ დაესახელებინა!“

შედარებებიც საოცრებაა! ან ლილიანა კავანი რამ გაგვახსენა, ან კიდევ ინდონეზია? ლილიანა კიდევ ჯანდაბას, მისი ფილმი „ღამის პორტიე“, ფაშიზმის ეპოქის საკონცენტრაციო ბანაკის ოფიცრისა და ებრაელი ტყვე-ქალის სიყვარულის ამბავი მეტ-ნაკლებად მაინც აქტუალური იყო. აგერ, „სარკმლის“ იმავე გვერდზე, სადაც „ნიზავისიმაია გაზეტას“ გამოვეხმაურეთ, კიდევ ერთი რეპლიკა დაგვიბეჭდავს: „იმელის“ ეზოში სახელმწიფო საბჭოს დამცველი შინაგანი ჯარის მსახურები, ამ რაიონის ბავშვებს დაუმეგობრდნენ. ერთმა ჯარისკაცმა სამთვლიანი ველოსიპედი სთხოვა ქუჩაში მოსეირნე ბიჭუნას და ავტომატით ხელში ეზოში გაისეირნა. სხვებს გოგონებმა გაუსინჯეს მათთვის უცხო ნივთი - ავტომატი“

0x01 graphic

„ღამის პორტიე“, ეტყობა, ზოგადად, ჯარის ფენომენის პერვერსიამ გაგვახსენა. ინდონეზია კი... არ ვიცი, შეიძლება იმან, რომ მარტში, მშობლიურ მიწაზე დაბრუნებულმა შევარდნაძემ, რომელსაც ქართველი პოეტები და მხატვრები ზარ-ზეიმით დახვდნენ აეროპორტში, განაცხადა, ცოტა ხანში საქართველო შვეიცარია გახდებაო.

ჰო, ჰო, რა თქმა უნდა - „ინდონეზია“ აქ დამამცირებლი მეტაფორაა. ჩვენ ამაყად ვაცხადებდით, რომ საქართველოს ადგილი არ იქნება „სნგ“-ში, რადგან შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა და არავისთანაც არ ერთიანდება!

ყველას უნდოდა „შვეიცარია“! მათ შორის „იმელის“ სადარაჯოზე მდგარ მოწყენილ ჯარისკაცებს, ცოტა ხანში ომში რომ უკრავდნენ თავს. ისინი ჯერ მხოლოდ პატარა გოგო-ბიჭებს ეთამაშებიან.

„-გული მიგრძნობს, რომ ედუს ჩამოიყვანენ...“

ჩემმა მეგობარმა, ხათუნა ჩხეიძემ 5 იანვარს, ღამით იწინასწარმეტყველა ეს ამბავი. ერთი კვირის წინ, როცა მთავრობის სახლიდან ტყვიამ ჩემს ოთახშიც შემოაღწია, მეზობლის რჩევით აივნის კარებს ორი ლეიბი ავაფარე. ერთ კვირაში ოთახი სიგარეტის კვამლით ისე გაიბუღა, რომ არა თუ სუნთქვა, რაიმეს დანახვაც კი გართულდა... ანუ გართულდა კითხვა! არადა, იმ დღეებში მგონი ყველა, ვინც რუსთაველზე არ ომობდა, წიგნებს კითხულობდა.

კითხვა კი, ხომ იცით, როგორ ხდება? განწყობის თეორიის მიხედვით... რაც კითხვის დროს გაღელვებს, იმას ამოიკითხავ ტექსტში. ანდა, უბრალოდ, ანგელოზები სწორედ იმ ტექსტს გიგზავნიან, რომელიც ყველაზე უფრო გჭირდება.

მაგალითად, როლან ბარტს, რომლის ტექსტებს მკითხველი, ალბათ, ყველაფერს მოარგებს „ქართული პუტჩის“ გარდა. მაგრამ ეს დღეს გეჩვენებათ ასე. იმ დროს კი, 1992 წლის იანვარში, როლან ბარტსაც კი ანგელოზების საჩუქრად გვეჩვენებოდა.

ძალაუფლების მთავარი იარაღი ენააო, ამტკიცებდა და დაწვრილებით აღწერდა, როგორ შემოდის, როგორ შემოიჭრება ძალაუფლება ჩვენს ფანჯარაში.

ჰო, ჰო, ფანჯარაში... ჯერ ლოზუნგებით, რომლის ხმას (ხალხი თუ გამწარდა) ვერანაირი საბანი ვერ ჩაახშობს, მერე კი პირდაპირ, ტყვიის სახით.

თანაც, სულ საბნით ხომ არ გაემიჯნები რეალობას? ხანდახან ჰაერიც ხომ უნდა გაანიავო?

5 იანვარს, ღამით, დიდის ამბით გამოვაღე აივანი და ეგრევე გამიელვა აზრმა - ახლა, რუსთაველიდან ნასროლი ტყვია რომ მომხვდეს და ცოდვილი სული რომ განვუტევო, როდის შეიტყობს სამყარო ჩემი დაღუპვის ამბავს? კარგით, ჯანდაბას „სამყარო“... ჩემი მშობლები როდის გაიგებენ - ასე ტკბილად რომ სძინავთ ეზოს მხარეს, სადაც არც ტყვია აღწევს და არც ლოზუნგები. რუსთაველზე ომია, ეზოში კი ბავშვები მთელი დღე თამაშობენ - ზოგი „ომობანას“, ზოგიც „სახლობანას“...

მაგრამ ტელეფონიც ხომ მუშაობს? გამოსავალს მივაგენი - დავურეკავ, მაგალითად, ხათუნა ჩხეიძეს, მოვუყვები რა ხდება რუსთაველზე - რა იწვის, რა არ იწვის, საიდან ისვრიან. როლან ბარტზე მოვუყვები და გავაფრთხილებ, ოთახს ვანიავებ, აივანი ღია მაქვს, თუკი მოულოდნელად ხმა ჩამიწყდა, არ არის გამორიცხული იმ ტყვიის მსხვერპლი ვიყო, რომლითაც ქართველმა ქართველი არ უნდა მოკლას...

ჰოდა მაშინ მითხრა, ოთახის განიავების დროს, ედუს ჩამოიყვანენ, თურმე იფიცება, საქართველოსგან შვეიცარიას გავხდიო.

იმ ღამეს ჩემი აივნის მიმართულებით არ უსვრიათ - ტყვიები დაუშინეს პარლამენტის სასადილოდან გამოყვანილ გამსახურდიას მომხრეებს, რომლებიც მანამდე საგანგებოდ გამზადებულ ავტობუსებში ჩასვეს. ამ სასადილოს მაშინ „ბუნკერს“ ეძახდნენ. როგორც ჩანს, ისევ და ისევ ომის დამაჯერებელი სიმულაციისთვის, საერთოდ, რეალობის სიმულაციისთვის, იმისათვის რომ ქართველებისა და მათი „ერთმორწმუნე ძმების“ ძალისხმევით შექმნილი ნარატივი ლამაზი ნიშნებით, ანუ „იმაგოებით“ გამდიდრებულიყო. ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ კაცობრიობამ ეს ლამაზი ნიშნები ორიენტაციისთვის მოიგონა, იმ მეზღვაურის მსგავსად, რომელიც ნიშნების გარეშე დედამიწასთან კონტაქტს დაკარგავს და აბობოქრებულ ზღვაში დაიკარგება.

აი, ანტონიონის „ზაბრისკი პოინტის“ ფინალი გავიხსენოთ; დარიას ხილვას რატომღაც ყველა აპოკალიფსად აღიქვემს. გოგონა, რომელსაც ცოტა ხნის წინ პოლიციამ შეყვარებული მოუკლა, დიდხანს ჩააცქერდება თავისი შეფის ვილას და თავისივე მზერით აფეთქებს. ჰაერში ცვივა ტელევიზორები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, ტელეფონები (კომპიუტერი ჯერ არ იყო!). ყველა ის ნიშანი, რომლითაც ცივილიზაციამ თავისი არსებობის ნარატივი გაალამაზა, რომლითაც აზრი შესძინა სიცოცხლეს და მოახლოებული აპოკალიფსი დაავიწყებინა.

მაგრამ რატომაა ვითომ ეს აპოკალიფსი? იქნებ, დარია სამყაროს შექმნას იწყებს? იქნებ იმ ერთი წერტილიდან, საიდანაც ბობოლა კაპიტალისტის ვილა აფეთქდა, ამ მიმოფანტული ნიშნებიდან, ახალი სიცოცხლე უნდა დაიბადოს - სიმულაკრების სამყარო, რომელიც დეკონსტრუქციის პროცესის შედეგია... ასე არაა? თანაც, ვინა თქვა, რომ ადამის (ე.ი. მამაკაცის, უფრო სწორად, თეთრკანიანი მამაკაცის) მიერ შეთხზული ნარატივი მთლიანად მოიცავს იმას, რასაც „სამყარო“ ქვია? რა არის დახატული პეპლის ფრთაზე? რა ხდება დღეს ქვეწარმავლების ქვეყანაში? ჭიანჭველები რას აკეთებენ? ზეიმი ხომ არა აქვთ?

მაინც და მაინც მარლენ დიტრიხი უნდა დავიტიროთ? იმათ რა დააშავეს, მიტინგებს რომ აწყობდნენ 92 წლის იანვარ-თებერვალში ხან მარჯანიშვილის მეტროსთან, ხანაც ცირკთან? ავტომატს რომ უშენდნენ და მიაძახებდნენ ხოლმე „კიდევ ზვიადი გინდათ?“. მაშინაც კი ესროდნენ, როცა თბილისში დაბრუნებულ შევარდნაძეს ამერიკელი მეგობარი, ჯეიმს ბეიკერი სტუმრობდა. მაგრამ ავტომატის ხმა არც ბეიკერს ესმოდა.

„მეტანარატივი“ ვერ დამკვიდრდება, თუკი ყველას მოუსმენ და ყველას დაინახავ. თუკი, მაგალითად, „ჯადოსნურ მთას“ წაიკითხავ და როლან ბარტივით, რომელსაც ფილტვები სუსტი ჰქონდა, გააცნობიერებ, რომ ჰანს კასტორპი ხარ, შენი სხეული, ტანი ისტორიულია, გაცილებით უფრო ბებერია შენზე. მაგრამ, თუკი ცხოვრება გინდა, თავი უნდა მოიტყუო და აუცილებლად უნდა დაივიწყო ეგ შენი „გუშინდელი ტანი“'.

მითუმეტეს, თუკი „შვეიცარიაზე“ ოცნებობ და ბავშვობიდან გჯერა - სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!

7 იანვარს გადაბუგულ და გადამწვარ რუსთაველის პროსპექტზე ბავშვები ტყვიებს აგროვებდნენ. მათი მშობლები კი „ისტორიის მოპოვების“ სიამოვნებას განიცდიდნენ; კი, რასაკვირველია, შოკივით მოქმედებს ყველაფერი, რაც მიწასთან გასწორებულია. მაგრამ, შენობების კონსტრუქციები ხომ ხელუხლებელია? ახალს ააშენებ! უფრო სწორად, „დააშენებ“ და ისტორია ისევ შენი იქნება! მთავარია, პოტენციურ მსხვერპლზე არ აგიჩუყდეს გული და კარგად დაარწმუნო თავი, რომ იგი უკვე სანაგვეზე მოისროლა ისტორიამ. „შენმა ისტორიამ“.

0x01 graphic

ესეც თქვენი დეკონსტრუქციის შედეგი! სამეგრელო და აფხაზეთი თბილისს აღარ ემორჩილება!

„ფრთხილად იარეთ“, „ზუგდიდში მანქანა არ გააჩეროთ!“ „შეიძლება მძევლად აგიყვანონ!“

გვაფრთხილებდა ყველა, ვინც შეიტყო, რომ აგვისტოში მანქანით დავაპირეთ ბუდაპეშტში წასვლა. ძვირფასმა ნაცნობ-მეგობრებმა სახიფათო ზონად რატომღაც სამეგრელო წარმომიდგინეს... და არა, აფხაზეთი. არც დნესტრისპირეთი, რომლისთვისაც მანქანით უნდა ჩაგვევლო მაშინ, როცა აქ მოლდოველები და რუსები ერთმანეთს ეომებოდნენ. არც არავინ გაგვაფრთხილა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ბენზინი არ იშოვებოდა და ბუდაპეშტამდე შეიძლება ვეღარც მიგვეღწია. უფრო იმაზე დარდობდნენ, რომ გვახარია, თავისი ცისფერი „ჟიგულით“, უნგრეთში სომეხ და ოს მეგობრებთან ერთად მიემგზავრებოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ასეთ მულტიკულტურულ „სამებას“ სამეგრელო, ე.ი. შევარდნაძის საქართველოში „პროვინციულ ფაშიზმად“ მონათლული რეგიონი, (ვიღაცეებისთვის კი, უბრალოდ, „სანაგვე“), არავითარ შემთხვევაში არ გაატარებდა.

10 აგვისტოს ყავით გავავსეთ თერმოსები და გაგრისკენ გავემართეთ. სამეგრელოს ქალაქები და სოფლები მთლიანად ზვიადის პორტრეტებით იყო გაფორმებული. თუმცა შეიარაღებული ხალხი არ გვინახავს. გაგვაკვირვეს იქაურმა მძღოლებმა, რომლებიც ყველგან წესრიგს იცავდნენ. მძღოლი, რო რომელიც წითელ შუქზე აჩერებს მანქანას, გვახარიას იდეალია! ამაზე კარგი კაცი არ არსებობს ამ პლანეტაზე!

მაგრამ გვახარიას მთავარი იდეალი, მისი ნეტარებისა კერა მაინც აფხაზეთია.

აფხაზური სამოთხის კართან ყოველთვის იდგნენ აგრესიული მილიციონერები, რომლებიც დიდი ვაი-ვაგლახით ატარებდნენ თბილისის მანქანებს. მაგრამ იმ დღეს, გალიდან გაგრამდე ერთი ინსპექტორიც არ დაგვინახავს. მზიანი ამინდი იყო. ხალხი პლაჟებიდან ბრუნდებოდა.

მხოლოდ სოხუმის პორტში გავჩერდით. იგორს იმედი ჰქონდა, რომ მანქანას გემზე შევაყენებდით და ოდესამდე მაინც შევამოკლებდით სამიათასკილომეტრიან გზას. გვარწმუნებდა, გაზეთში წავიკითხე, რომელიღაც ტურისტული ფირმა სოხუმიდან დიდ კრუიზს გეგმავს, 400 ამერიკულ დოლარად და 50 000 მანეთადო. მაგრამ ნავსადგურის სალარო დაკეტილი დაგვხვდა. აქაურობას

სიცოცხლის ნიშანწყალს მხოლოდ შიგნიდან, ფანჯარაზე მიმაგრებული პატარა ფოტო ანიჭებდა - ზვიად გამსახურდიას სურათი! „სიცოცხლის ნიშანწყალს“...ნუ, იმ თვალსაზრისით, რომ მიხვდებოდი მაინც - 1992 წელი იყო...სხვა მხრივ, სოხუმშიც, ახალ ათონშიც, გაგრაშიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სუნი იგრძნობოდა. იქაურობა სწორედ საბჭოთა ეპოქის „იმაგოებით“ იყო სავსე. მაგალითად, გაგრაში, კინოთეატრ „რუსთაველის“ აფიშა ზუსტად იმ შრიფტით იყო გაფორმებული („კირილიცას“ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), რომელსაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში იყენებდნენ სოჭის კინოთეატრების მხატვრები. გაგრაში, მაღაზიების, სანატორიუმების, კინოთეატრების რუსულ „წარწერებს“ ყოველთვის ეტყობოდა, მათ ავტორებს საქართველოსთან არაფერი ჰქონდათ საერთო. თქვენთვის შეიძლება უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ხომ შევთანხმდით - რაც გაღელვებს, იმას ყველაგან ხედავ!

თუმცა, 1992 წლის აგვისტოში გაგრა მაინც სხვანაირი იყო. ცოტათი ჰგავდა გაგრას ზამთარში, როცა აქაურობას მხოლოდ მუქთა საგზურებით დაჯილდოვებული საბჭოთა მეშახტეები და ფეიქრები სტუმრობდნენ. ასეთი გაგრა მართლაც სამოთხე იყო! გაგრა, რომელსაც არ ამძიმებდნენ თბილისიდან ჩამოსული ცეკას ჩინოვნიკები, თბილისური „არტისტული ელიტა“ და „ცეხავიკები“ (თავიანთი წვრილ-შვილით), აქაურ მოსახლეობას - ქართველებსაც, აფხაზებსაც, სომხებსაც, რუსებსაც, სამოთხეში დაქირავებულ პირფარეშებად რომ აღიქვამდნენ.

ზამთარში, როცა ეს ხალხი ნამეტანი ძალიან ამიშლიდა ხოლმე ნერვებს, შევაჯდებოდი ჩემს „ცისფერ რაშს“ და ორი-სამი დღით გავრბოდი გაგრაში, სადაც საბჭოთა სუნიც კი კეთილდღეობისა და მარადიული ლივლივის განცდას ქმნიდა. მითუმეტეს სახლი მქონდა - სამსართულიანი!

„აუ, გოგი, რა გვინდა უნგრეთში, დავრჩეთ რა აქ?“ - მითხრა იგორმა შუა ზღვაში, როცა გავიხედ-გამოვიხედეთ და გავიაზრეთ - პლაჟი აქ ასეთი ცარიელი აგვისტოში არასდროს ყოფილა.

მართლა კარგი კი იყო, მაგრამ ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, გვახარიას ერთი ახირება ჭირს - გეგმა თუ დააწყო, აუცილებლად უნდა შეასრულოს. თანაც, იმავე საღამოს მამაჩემს „მოამბესთვის“ (თუ „მაცნე“ ერქვა მაშინ?) მოუსმენია, შევარდნაძეს უთქვამს, თუკი რკინიგზის ბლოკადა გაგრძელდა, იძულებულები ვიქნებით ძალა გამოვიყენოთო. მამაჩემმა სამი კაცის ინტერფრონტი მაგიდასთან დაგვსვა და გამოგვიცხადა, ხვალვე წადით, თორემ შეიძლება ომი დაიწყოს და გაეჩხიროთო...

მამის ბრძანებასა და დასახული გეგმის, ანუ წინასწარ შექმნილი ნარატივის მოთხოვნებს როგორ გავუწევდი წინააღმდეგობას. ვიშოვეთ ბევრი ბენზინი, დავაწყეთ „კანისტრები“ ჩემი ცისფერი რაშის სახურავზე და 14 აგვისტოს, დილით ადრე, გავუდექით აფხაზეთი-ევროპის გზას.

საქართველო-რუსეთის საზღვარი ( ! ) გადავლახეთ თუ არა, ჩემმა რაშმა რაღაც საეჭვო ხმები გამოუშვა. ყველა სხვა უბედურებასთან ერთად ხომ საშინლად მეშინია მანქანის გაფუჭების. თან ამხელა გზაზე! გაგრაში ერთი ნაცნობი ბერძენი ხელოსანი მყავდა, ვიფიქრე, რაღა რუსებს ვეხვეწო, იმან ჩემი მანქანა კარგად იცის, თანაც მიზეზი მექნება და კიდევ ერთხელ შევცურავ ჩემს სამოთხეში მეთქი (საიდანაც მამამ გამოგვაძევა). დაბრუნება გადავწყვიტეთ. ბზიფის საზღვარზე, რომელიც ვინ იცის, რამდენჯერ გადამილახავს ცხოვრებაში, რაღაც უცნაურად ფორიაქობდა ხალხი. რუსმა მესაზღვრემ, ერთი ჩაპუტკუნებული ბიჭი იყო, ყურადღებით დაგვათვალიერა და გამოგვიცხადა, ხომ არ გაგიჟებულხართ, საით გაგიწევიათ, იქ ომი დაიწყოო.

ბუდაპეშტს სანამ მივაღწევდით, საათში ერთხელ ვჩერდებოდით და თბილისში ვრეკავდით. მაია - იგორის ცოლი - კულტურის სამინისტროდან, სამთავრობო ტელეფონით ურეკავდა ჩვენებს გაგრაში, მამაჩემი გვითვლიდა - ყველაფერი კარგადაა, აქ მხედრიონი დგას და არაფერი გვემუქრებაო.

იგორი მარწმუნებდა, აი, ნახავ, კიტოვანი სოჭსაც დაგვიბრუნებსო. ამას მისთვის დამახასიათებელი პათეტიკურ-ირონიული ტონით ამბობდა. აი, დაახლოებით ისე, ოსტროვსკის პერსონაჟები რომ ლაპარაკობენ ხოლმე.

ბუდაპეშტამდე ისე ვიმგზავრეთ, რომ ღამე არ გავჩერებულვართ. ბენზინი არსად იშოვებოდა და გვეშინოდა, რომ „კანისტრებს“ მოგვპარავდნენ. საჭესთან არავინ დავსვი. არ მიყვარს ჩემს მანქანას (და კომპიუტერს) სხვა რომ „აჯდება“ ხოლმე. რა ვქნა, არ მიყვარს!

მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთი თვე ვიწოწიალეთ ბუდაპეშტში და სამშობლოში წასვლის დრო დადგა, ვიგრძენი, რომ ყველანაირი უკან დაბრუნება („დედისეულ წიაღში დაბრუნება“), ახირებებისგანაც ათავისუფლებს ადამიანს. ახლა შენ დაჯექი საჭესთან-მეთქი, ვუთხარი იგორს და მთელი გზა, ნალჩიკამდე მშვიდად მეძინა. „საქმეზეც“ კი არ გადავსულვარ მგონი მანქანიდან.

0x01 graphic

გაგრით დაბრუნება გამორიცხული იყო. აფხაზეთს უკან ვეღარ გავივლიდით. მამაჩემის დანაბარები, ჩამოვიდნენ და სოხუმამდე გემით გავუშვებო, თავიდანვე აბსურდად მოგვეჩვენა. ამიტომაც მოვხვდით ნალჩიკში.

„რაღაც ქართული ნომრების მანქანებს ვერ ვხედავ, ნეტავ რა ხდება?“ - იკითხა ერთი იგორმა და სწორედ ნალჩიკის შესასვლელთან მთხოვა, ცოტას დავიძინებ, ახლა შენ ატარეო.

არ ვიცოდით, რომ კავკასიის კონფედერაციამ ყოველ ქართველზე ნადირობა გამოაცხადა. მაგრამ გული რაღაც ცუდს მაინც მიგრძნობდა. ჯერ იმით დავიწყნარე თავი, რომ მანქანაში სომეხი და ოსი მეჯდა, ვეტყოდი, აი, „ინტერნაციონალური ბუნება“ მაქვს, ხომ ხედავთ, რა ხალხთან ვძმაკაცობ... და გამიშვებდნენ.

ამან არ მიშველა.

მერე შიშის მოხსნის კიდევ ერთ გამოცდილ ხერხს მივმართე - მუსიკას. ჯერ Led zeppelin ავაღრიალე, მაგრამ დოდიკამ (სომეხმა მეგობარმა) დამტუქსა, ამის შემდეგ მოცარტს მოვუხმე, აქ იგორმა იხუმრა, ყაბარდო-ბალკანეთის პეიზაჟებს არ უხდებაო... პატარა პაუზის მერე თითქმის ერთად შევძახეთ - „მარლენი, მარლენი!“.

ბუდაპეშტში სამივემ ერთი და იგივე აუდიოკასეტა ვიყიდეთ - მარლენ დი დიტრიხი ჟაკ ბრელის „არ მიმატოვოს“ მღერის გერმანულად. Bitte geh' nicht Fort…ჯერ კიდევ უნგრეთში დავასკვენით, რომ ფრანგულ ენაზე დაწერილი, ალბათ ყველაზე სევდიანი სიმღერა მუსიკის ისტორიაში, გაცილებით უფრო ლამაზად ჟღერს გერმანულად. მარლენი, ამ „არ მიმატოვო, არ მიმატოვოს“ („ბიტეს“, ე.ი. „გეთაყვას“ თანხლებით) ისე ამბობს, თითქოს ეზარება ხვეწნა. რაღაცნაირი, დაღლილია და რატომღაც მგონია, რომ დასცინის კიდეც თავისი სიყვარულის ობიექტს - დაახლოებით ასე: „მე სახვეწარი არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც - გეთაყვა, არ მიმატოვო“. ცოტა ჰგავს თავის პერსონაჟს „შანხაის ექსპრესში“ - „შანხაი-ლილის“, რომელსაც ჩინელები „ყველაზე მაგარ თეთრკანიან ბოზს“ ეძახიან. იქაც ასე აკეთებს - მზადაა თავი გაწიროს შეყვარებულისთვის, გადაარჩინოს კაცი, რომელმაც მის მიმართ ყველანაირი ნდობა დაკარგა, მძევლად ბარდება ჩინელებს, რათა თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იხსნას.

„შანხაის ექსპრესში“, მარლენის გვერდით ძალიან სასაცილონი არიან ეს უსუსური, ეჭვიანი და ეგოისტი კაცი-კაცუნები, ომებში რომ უმტკიცებენ ერთმანეთს რაღაცეებს, თავად რომ შექმნეს „ცხოვრების ნარაცია“, რომელსაც აი, რამდენი საუკუნეა ეჭიდებიან. უნდა დასცინო მაგათ, აბა რა! უნდა დასცინო, დაანგრიო, ააფეთქო და ახალი სამყარო შექმნა!

სასიყვარულო ისტორია აქ სამოქალაქო ომის ფონზე ვითარდება. ომის დროს კი დრო შეჩერებულია. ფილმის დასაწყისში პეკინის ვაგზალზე გაზეთების გამყიდველ ბიჭს ვხედავთ.

„ეს 1927 წლის გაზეთია?“

„დიახ“

„მაგრამ ახლა ხომ 1932 წელია!“

ნალჩიკში, ქალაქის მთავარ მოედანზე, ლენინის უზარმაზარი ქანდაკებით, ფაფახიანმა და ავტომატიანმა კაცებმა გაგვაჩერეს. ჩემი საბუთები რომ ნახეს (მანქანას, როგორც მაშინ ამბობდნენ, „უცხოური ნომერი“ ჰქონდა), ერთი ხმამაღლა შესძახეს Здесь грузин!“ და თავიანთ „ნაჩალნიკებს“ დაუძახეს. აქ როგორ გაბედე გამოვლა, არ იცი, შენი ხალხი რას აკეთებს, შე პიდოროო…

მე თავი მოვიკატუნე, უნგრეთში ვმუშაობ, გამიშვით, ცოლ-შვილი უნდა წავიყავნო საქართველოდან მეთქი (სიტყვა „პიდორი“ აუცილებლად მოითხოვს „ცოლ-შვილის“ ხსენებას). მერე თქვეს, ქართველები კავკასიელებს გვებრძვით, მთელი კავკასიის დაპყრობაზე ოცნებობთ, მაგრამ ახლა ყოველ ქართველს რომ მძევლად ავიყვანთ, მერე მაინც გაჩერდებითო.

და აი აქ, პირველად, ჩემს ცხოვრებაში გამოვიყენე მართლაც რომ ახირებად ქცეული ჩემი „ინტერნაციონალური ბუნება“.

სრულიად მშვიდად, მგონი პატარა ირონიითაც, ვთხოვე, ერთი ამ ჩემი ძმაკაცების პასპორტები ნახეთ და მერე ვილაპარაკოთ მეთქი.

გაოცდნენ. გაკვირვებულები ერთმანეთს უჩვენებდნენ იგორისა და დოდიკას პასპორტებს. ყველაზე უფროსმა ერთი მკითხა, სად შეიყარეთ ასეთებიო, მერე კი დააყოლა, ასე მაინც ვერ გაგიშვებთ, დაყაჭეთ ახლა მაყუთიო.

დოდიკა ფულის ხსენებაზე მანქანიდან გადმოხტა და ლამის მთელი ნალჩიკის გასაგონად იღრიალა, რა ფული უნდა გვქონდეს, „პაეზდკიდან“ ვბრუნდებითო. საბარგული გაგვახსნევინეს. დოდიკას დეზოდორი მოეწონათ. „ეგ ქალისააო“ - უთხრა და მაშინვე დაიჯერეს.

მერე ბუდაპეშტში ნაყიდ კასეტებს მისდგნენ - ბობ დილანი, ძეპელინი, მოცარტი, ერთი კარგი უნგრელი ქალი - ირენ პშოტა და სამი, ერთნაირი მარლენი!

ეს ხომ სამი ცალი გაქვთ, ეს მაინც დაგვიტოვეთო - ისევ იაქტიურა ბებერმა.

დავუტოვებდით, აბა რას ვიზამდით.

ბებერმა დიდხანს ათვალიერა მარლენის სურათი. რაღაცას ბურტყუნებდა. მართლა ძალიან მაინტერესებდა, რას ამბობდა. რომ იცოდეთ, რა ლამაზი იყო ეს სცენა - დიდი ფაფახიანი დიდი ყაბარდო, მარლენის პატარა კასეტით!

სიამოვნებით დავაკვირდებოდი დეკონსტრუქციის ამ სურათს. მაგრამ სხვებმა გვითხრეს, თუკი არ იჩქარებთ, ორჯონიკიძეში კომენდანტის საათია და დაგაპატიმრებენო.

ორჯონიკიძის ხსებებაზე იგორს სახე გაუნათდა. „ბოლოს და ბოლოს, არ გამომადგა ჩემი ოსობა?“... ეს თქვა და ისევ მიუჯდა საჭეს.

იგორ ფილიევს არ გაუმართლა. ჩრდილოეთ ოსეთში რამდენჯერმე გაგვაჩერეს, მაგრამ ჩვენი პერსონებით დიდად არ დაინტერესებულან. ერთ ინსპექტორს მგონი კი უთხრა Я - осетин! - რაღაც განსაკუთრებული სიამაყით, ოსტროვსკის პერსონაჟებმა რომ იციან, ისე. მაგრამ, იმას რეაქცია არ ჰქონდა.

საქართველოს საზღვარი როცა გადავკვეთეთ, ყაზბეგის პოსტზე, ისევ მოგვთხოვეს „საჩუქრები“. მაგრამ ახლა მე გამოვედი სიტყვით, როგორ არ გრცხვენიათ, მთელი ჩრდილოეთი კავკასია გადავიარეთ და არავის არაფერი უთქვამს, თქვენ როგორ გვთხოვთ ამას-მეთქი.

„ვაა, ეს გვახარია არ არის?“ - იკითხა ვიღაცამ.

მანქანა რომ დავქოქე და 50 მეტრი გავიარე, იგორმა მთხოვა, ერთი წამით გააჩერეო. „მეორე მარლენი“ ამოიღო „ბარდაჩოკიდან“, ფეხით დაბრუნდა პოსტზე და იმას, ეს გვახარია არააო რომ იკითხა, საზეიმოდ გაუწოდა. „ჩვენგან, ნა პამაიატ! ცოტა გაერთობით ხოლმე ბიჭებო!“

მამაჩემი და დედაჩემი გაგრიდან დაბრუნებას ჯერ არ აპირებდნენ. აქ ძალიან კარგია, სრული სიმშვიდეა, ოქტომბრის ბოლომდე დავრჩებითო. მაგრამ უცოლშვილო კაცს დედა დიდხანს ხომ არ დატოვებს მარტო? ჩემმა ნაადრევმა ჩამოსვლამ თბილისში, მშობლებსაც შეაცვლევინა გეგმები.

1 ოქტომბერს ჩამოფრინდნენ სოჭის თვითმფრინავით.

2 ოქტომბერს აფხაზებმა გაგრა აიღეს.

0x01 graphic

21 პირადი ენციკლოპედია

▲back to top


სიზმარი

ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

ლენინი და სტალინი ჭადრაკს თამაშობდნენ სმოლნში, ტროცკის კაბინეტში. ლენინის კაბინეტში მუშები კედლებს ათეთრებდნენ და ტროცკის დროებით შეეკედლებინა სოვნარკომის თავმჯდომარე.

ტროცკის ისედაც პატარა და ლენინის გარეშეც მყუდრო კაბინეტში ახლა ორი საწერი მაგიდა იდგა. როცა მაგიდასთან მჯდომი და ქაღალდებს ჩაკირკიტებული ლენინი ჩაფიქრებული აიხედავდა ხოლმე, ტროცკის გრუზა თმის ბუჩქი შეეჩხირებოდა თვალში. ტროცკიც, როცა აიხედავდა, ლენინის ქაჩალ თავს დაინახავდა ხოლმე.

ლენინს პენსნე არ სჭირდებოდა და არც ეწეოდა, თუმცა ტროცკის ფილტვებიდან ამობრუნებულ ბოლს ასე თუ ისე, ეგუებოდა.

თანაც, ბოლო დროს, ტროცკი სულ წასული იყო.

როცა ლენინმა და სტალინმა ჭადრაკის თამაში გადაწყვიტეს, დაფა სწორედ ტროცკის მაგიდაზე გაშალეს: ერთი, რომ ლენინის მაგიდაზე სახელმწიფო ქაღალდების, არცთუ თვალწარმტაცი ოდენობა დაზვინებულიყო და მეორეც, ტროცკი მივლინებაში გახლდათ.

სამხრეთში გაეგზავნათ, სადაც ჯავშნოსანი მატარებლით დაქროდა ფრონტებზე და ვიღაცეებს ახვრეტინებდა კიდეც თავის ხელქვეითებს, თუმცა, თვითონ არასოდეს შესწრებოდა დახვრეტას, არ უყვარდა.

ლენინის მხრივ იმთავითვე გათამაშდა ძველინდური დაცვა, რომლისაც სტალინს არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ჭკვიანი იყო და თავს მონდომებით იცავდა. ლენინი ღიღინებდა გაუგონარ მელოდიებს, ოდესღაც მისგან საძულველ ჟენევაში მოსმენილს.

სტალინს არ უყვარდა ჭადრაკის თამაში. მას, საერთოდ, თამაში არ უყვარდა. ამბობდა კიდეც, შინაურებში, თამაში რის მომცემიაო. მაგრამ, ლენინს ძალიან უყვარდა ჭადრაკი და მას ადამიანის გონების გიგანტურ მაფხიზლებლად თვლიდა ფილოსოფიასთან ერთად. სწორედ ასე ამბობდა, გიგანტური მაფხიზლებელიაო. ამიტომ, როგორც კი თავისუფალ საათს გამონახავდა, სტალინს დაურეკავდა, შემოიარე, ვითამაშოთო.

ტროცკი იქვე იჯდა ხოლმე, თავის კაბინეტში, მაგრამ ლენინი არასოდეს სთხოვდა, მეთამაშეო, რადგან ჯარის სახალხო კომისარი როგორღაც უყურადღებოდ და გულსგარეთ თამაშობდა: თან რომელიმე ფრანგულ რომანს გადაიშლიდა გვერდით და იმას რომ მოსწყვეტდა თვალს, მაშინღა წადგამდა წინ ფიგურას.

ძირითადად, ტროცკი უგებდა ლენინს, თუმცა ფრეზეც ყაბულს იყო. ამიტომ, ლენინი სტალინს დაურეკავდა ხოლმე.

სტალინი სათამაშოდ როდი მოდიოდა ხოლმე ლენინთან. აკი ცნობილია, რომ თამაში არ უყვარდა. ის საბრძოლველად მოდიოდა. ხოლო რახან ჭადრაკი ღრმად არ იცოდა, მისი საბრძოლო სულისკვეთება უფრო თვალშისაცემი გახლდათ. ეს აფხიზლებდა და ახალისებდა ლენინს, მის გონებას მოდუნებას არ ანებებდა და დასვე ნების იშვიათ საათსაც მის ტვინს საბრძოლველად განაწყობდა. ასე, რომ პარტიები დაძაბული გამოდიოდა.

როცა ტროცკი კაბინეტში იყო, ყოვლად დაუნანებლად ეხმარებოდა ხოლმე სტალინს: როქს დროულად გააკეთებინებდა, ხანაც მხედრებით შეტევის ხერხებზე მიანიშნებდა. ლენინს არ სწყინდა ეს ამბავი, არასოდეს უთქვამს, ორნი რატომ მეთამაშებითო. იმას გაიფიქრებდა, ადრე რომ ტროცკის ვეთამაშებოდი, სულელი ვიყავი, ასე უფრო საინტერესოაო.

სამაგიეროდ, სტალინი რჩებოდა ხოლმე ნაწყენი: თუკი ტროცკი ორჯერ-სამჯერ ზედიზედ გადადგამდა მის ფიგურებს და იტყოდა, აი, ჩვენი სვლაო, სტალინი წაიბურტყუნებდა, მაცადე, ეგ ხომ მეც ვიცოდიო, რის შემდეგაც ტროცკი ფეხაკრეფით უბრუნდებოდა თავის მაგიდას. მაგრამ, ძირითადად, ტროცკი კაბინეტში არ იყო და სტალინსაც აღარავინ ეხმარებოდა.

ტროცკი საქმეებზე დადიოდა. ერთი რომ, რაც ლენინს ბრმა ქალმა ორი ტყვია მოარტყა, მიტინგებზე სულ ტროცკი გამოდიოდა და მეორეც, ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ტროცკის თანამდებობრივად ევალებოდა მივლინებებში სიარული.

ახლაც, ლენინი და სტალინი მარტონი იყვნენ მის კაბინეტში და სტალინიც მხოლოდ თავისი მებრძოლი ხასიათის და გონების იმედად იყო. როცა თამაში მიტლშპილში გადავიდოდა ხოლმე და ფიგურებიც უკვე თვალშისაცემად ჩამწკრივდებოდნენ ლენინის სასარგებლოდ, სტალინი ნაცად ფანდს მიმართავდა - ჩიბუხის ბოლებას დაიწყებდა, აქაოდა, ტვინს თამბაქო შემოაკლდაო.

ჩიბუხს კი იმგვარი მოხერხებულობით გააბოლებდა ხოლმე, რომ კვამლის ბლანტი საბანი ზედ სათამაშო დაფას დაეფინებოდა და ლენინს თვალებს სწვავდა. სტალინი ეშმაკურადაც მიაბოლებდა ხოლე თვალებში, მაგრამ ლენინი არასოდეს საყვედურობდა, რადგან იმხანად თამბაქო ჭადრაკის აუცილებლად თანამდევი რამ იყო. ლენინი ცხვირსახოცს ამოიღებდა და ცრემლმოდენილ თვალებს შეიშრობდა, ამასობაში კი სტალინი მისი ლაშქრის ძარცვას იწყებდა. ჯერ საჭირო პაიკს გამოაცლიდა, მერე კი, თუ ბედი გაუღიმებდა, რომელიმე მსუქან ფიგურასაც.

ამ დროს ლენინი ევროპის შეერთებული შტატების შექმნაზე თუ ფიქრობდა, თუმცა მაინც ჯიუტად და გონივრულად უტევდა და მორიგი გამარჯვების შემდეგ იტყოდა ისტორიულ ფრაზას, მგონი სპარსული მატიანეებიდან: „ერთი ასეთი გამარჯვება და ჩემი ლაშქრიდან აღარაფერი დარჩება.“

ამ ფრაზას სტალინი უპასუხოდ მიაგდებდა.

იმ ზამთარს პეტროგრადში ელექტროენერგია ჭირდა, ისევე, როგორც საჭმელი.

ლენინს ყოველთვის გადანახული ჰქონდა ერთი გალონი ნავთი ლამპებისათვის და როცა თამაშისას ჩამოუბნელდებოდათ, ნავთის ლამპას გამართავდა ხოლმე. ვინაიდან პეტროგრადში ან ძალიან ადრე ღამდება, ან საერთოდ არ ღამდება, ლენინი ერთგვარი მღელვარებით ელოდა საღამოს საათებს, აბა დაღამდება, თუ არაო. ამ ქალაქისა არაფერი გაეგებოდა, პირველად იყო, რომ კარგახნით მოუწია პეტროგრადში ცხოვრებამ და ერთი სული ჰქონდა დედაქალაქი მოსკოვში გადაეტანა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებდა.

იმ საღამოსაც, ეგებ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ადრე ჩამოღამდა და ის იყო, ლენინმა ელექტროენერგიის დაზოგვა გადაწყვიტა, შვიდ საათამდე ნავთის ლამპა ვიკმაროთო, რომ კაბინეტის კარი გაიღო და ტროცკი შემოვიდა.

მას თოვლშემდნარი, მოციმციმე ჯუბა ეცვა. ეს შემოსვლისთანავე გამოჩნდა, რადგან ტროცკიმ შუქი აანთო და ენერგიულად ჩაჰბერა თავის მაგიდაზე შემოდგმულ ლამპას, რის გამოც კაბინეტში ნაწვავი პატრუქის სუნი დატრიალდა.

- ჩამოხვედი? - ჰკითხა ლენინმა და ისევ იმ გაუგებარი მელოდიის სტვენა წამოიწყო - ეგ მხედარი დაბნეულად გამოიყურება, კობა, - დაფაზე მიანიშნა მეგობარს.

სტალინი სწორედ ამ დროს აპირებდა ჩიბუხის გამართვას. ტროცკის რომ სინათლე არ აენთო, ლამპის მკრთალ შუქზე მთლად საუცხოოდ გამოუვიდოდა მოწინააღმდეგის რიგების ძარცვა. ამიტომ, სტალინი დაიბოღმა. მხედარიც მართლა უადგილო ადგილას იდგა, მაგრამ სად ეშმაკებში წაეღო, არ იცოდა.

- ჩაი გვაქვს?- იკითხა ტროცკიმ და ჯუბა სკამს შემოაფარა - ღუმელი კი კარგად გაგიხურებიათ და ბარემ ჩაიდანიც შემოგედგათ.

- ჩაიდანი ჩვენთან არის, ნადიამ წაიღო, - ლენინი იქვე, ორი დერეფნის გასაყარზე იდგა ბინად, ორ ოთახში - მოიტანე, მეც დავლევდი ჩაის...

- მეზარება, - თქვა ტროცკიმ და დაფას დახედა-ოჰო, არცთუ ისე ცუდად გვაქვს საქმე.. .

სტალინმა მაინც ჩაუკიდა თავის ჩიბუხს და მოზომილად მიაბოლა თვალებში ლენინს.

- რა ხდება იქა? - ჰკითხა ლენინმა ტროცკის-შენი შიფროგრამა კი წავიკიტხე, მაგრამ მონაყოლი მაინც სხვაა.

ტროცკიმ ხელი ჩაიქნია და დაფას ჩაუღრმავდა.

- ე, - წაიბურტყუნა უცებ სტალინმა - ჩექმაზე რა გჭირს?

ტროცკიმ თავის ჭვინტებს დახედა.

- ხოო, საღებავია. საღებავი ესხა ერთ სადგურზე. სააგიტაციო პლაკატებს ღებავდნენ, გრძელი ფართალი გაეფინათ და. . .

- რა წითელი საღებავია. სისხლი მეგონა, - ისევ ჩაიბურტყუნა სტალინმა და ისევ მიაბოლა ლენინს.

- დახვრეტები იყო, კი, - წაიჩურჩულა ტროცკიმ - გლეხობა, გლეხობა. რას უზამ გლეხობას? გლეხები ისეთი სასტიკნი არიან... სე ესერულად არიან განწყობილნი, როგორც ქალები პეტროგრადში.

- ქალები - ამოხედა ლენინმა.

- ჰო, საშუალო ასაკის წვრილბურჟუაზიული ქალები პეტროგრადში. სულ ესერები არიან. სხვანაირად რომ ვთქვა, ნამდვილი ქალები, ვთქვათ, მოპასანის ქალები...

- სიმბოლურია, არა? - თქვა სტალინმა - თითქოს სისხლიაო. . .

- რევოლუცია სიმბოლოების... წამოიწყო ტროცკიმ.

- ვითამაშოთ, რა? - შესთხოვა ლენინმა.

- ჰო, ჰო... - შეფუცხუნდა ტროცკი და კვლავ დაფას ჩააცქერდა - რაღაცას მაგონებს ეს პარტია. რაღაცას მაგონებს. . .ჰო, ცარიცინიდან წიგნები წამოვიღე. რა საოცარია, იქაური გუბერნატორის სასახლეში ბიბლიოთეკა საუცხოოდ შემოუნახავთ... გუბერნატორი გენერალი ივან ფონ შტროხ-სალავეი, მოგეხსენებათ პარიზშია, გაგვასწრო. ოცამდე წიგნი წამოვიღე. საკვირველი იცი რა არის, ილიჩ? შენი წიგნაკიც იყო იქ, „მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი.“ აბგაში მაქვს, ჰოლში. არ ვიცი, გენერალ-გუბერნატორი კითხულობდა, თუ მისი ცოლი, მაგრამ ნაშტუდირები კი არის, ლურჯი ფანქრით. იცი, რომელი გამოცემაა?. . .

- ვთამაშობთ, რა? - შესთხოვა ლენინმა.

- ჰო, ჰო. . აბა ჩვენ რას ვაკეთებთ? - გამოცოცხლდა ტროცკი.

- რას ვაკეთებთ და... - თითქოს რაღაც უნდა ეთქვა სტალინს.

- რაღაც პარტიას მაგონებს ეს პარტია. . . რას მაგონებს, რას მაგონებს, -პორტსიგარი დააძრო ტროცკიმ, ფეხით სკამი მიიჩოჩა და დაჯდა - კი, ასეა. . პარიზი, გრანდ ოპერა. სევილიელი დალაქი, ლოჟაში პოლ მორფი და სამი ბარონი. მორფი სამივეს ეთამაშებოდა. ჯადოსნური პარტია... - ტროცკიმ კუს წაატანა ხელი და მოგუდულად დასძახა - კაპაბლანკა!

- კასაბლანკა, - წაიჩურჩულა სტალინმა.

- კაპაბლანკა, - გაიმეორა ტროცკიმ.

- კასაბლანკა, დავიდიჩ, კასაბლანკა. სკოლაში გეოგრაფია არ გისწავლია? სემინარიაში არ გვასწავლიდნენ, მაგრამ წიგნი მქონდა, ლეტურნოს გეოგრაფია. კასაბლანკა თეთრ ციხეს ნიშნავს ესპანურად. აფრიკაშია, მაღრიბში.. .

- არა, კობა. - მე სხვას ვამბობ. კაპაბლანკა, ხოსე რაულ. . .

- ეგეც ესპანური ყოფილა, - სტალინმა მიმქრალ ჩიბუხს მოქაჩა.

- ესპანური რა შუაშია? კაპაბლანკა მსოფლიოს ჩემპიონია ჭადრაკში, - თქვა ტროცკიმ.

- ითამაშეთ, თუ თამაშობთ, - თქვა ლენინმა.

ტროცკიმ კუ მოხერხებულ ადგილას ჩადგა და გამოაცხადა:

- შამათი, სამ სვლაში. აბა, დაფიქრდი ილიჩ, რა შეგიძლია? ამ სიტყვებზე სტალინი წამოდგა, მაგიდას შემოუარა და საფერფლეში ჩიბუხის ბერტყვას მოჰყვა, საჩხრეკი არასდროს ჰქონდა და ჩიბუხის მუცლის გამოსაწმენდად თავმომწვარ ასანთის ღერებს მოიხმარდა ხოლმე.

ლენინი კვლავ დაფას ჩაღრმავებოდა, ტროცკი კი, ალბათ, ლენინის აპრიალებულ, ფართო და ნათელ შუბლს.

ამიტომ, სტალინისკენ არცერთს გამოუხედავს. ამასობაში კი სტალინმა ჯიბიდან იმხანად მეტად მოდური ფინური დანა ამოიღო და ჩიბუხის მუცლის პირის მომწვარი ადგილების ფხეკას მოჰყვა. ამ ფხეკის ხმაზე ტროცკიმ ამოხედა და თქვა:

- მე ვიფიქრე, რომ სმოლნს თაგვები შემოესივნენ.

- თაგვები ბევრია ,- თავაუწევლად მიუგო სტალინმა - რამდენიც გინდა, იმდენია.

ტროცკის აღარ უპასუხია, რადგან დაფას ჩაღრმავებოდა.

- კობა, აღარ თამაშობ? - წაიბურტყუნა ლენინმა.

- კი, კი, ახლავე,- მიუგო სტალინმა და სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ჩიბუხი მაგიდაზე მიაგდო, უკნიდან წამოეპარა ტროცკის და მთელი ძალით ჩასცა ფინური დანა ზურგში. ტროცკიმ შეჰყვირა, წამოვარდა და სკამი გადააყირავა, სტალინმა კი დანა, რომელიც უკვე გამოეძრო მისი სხეულიდან ახლა გულში ჩასცა. ტროცკი ბრაგვანით გაიშხლართა იატაკზე და ხროტინი დაიწყო.

ლენინი სანახევროდ წამომართულიყო თავისი სკამიდან და მაგიდის იქეთ, იატაკზე გაშხლართულ ტროცკის გადასცქეროდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს შუა ოთახში გამობედილ წრუწუნას მიდარაჯებიაო.

სტალინმა აღარ დაახანა, დანა ხელიდან გააგდო და მღელვარედ მისწვდა საჭადრაკო დაფას. ფიგურები ხმაურით მოეფინა იატაკს. სტალინმა დაფა ხმაურით დაკეცა და მთელი ძალით, ბრტყლად დასცხო ლენინს თავში. ლენინი დაბარბაცდა, რატომღაც პიჯაკის ზედა ღილის შეკვრა სცადა, ამგრამ სტალინმა აღარ დაახანა და ახლა ირიბად დასცა დანა ლენინს. სოვნარკომის თავმჯდომარეს შუბლი გაუსკდა და იქიდან შადრევანივით ამოასხა სისხლმა.

თუმცა ლენინი კვლავ არ წაქცეულა წელში მოხრილი ბარბაცებდა და სტალინს არც უყურებდა, შადრევანივით ამოსხმული სისხლი რომ არა, უცხო იფიქრებდა, მთვრალი კაცი დგას და ჯიბიდან სახლის გასაღების ამოღებას ცდილობსო.

0x01 graphic

ამის შემხედვარე სტალინმა ახლა ისევ ბრტყლად დასცხო

დაფა ლენინს თავში. ლენინი საბოლოოდ დაბარბაცდა, ორიოდ ნაბიჯით წინ წაიწია და პირდაპირ გულმკერდზე დაეცა სისხლში მცურავ ტროცკის.

ტროცკიმ ამოიგმინა, სტალინმა კი დაფა მიაგდო და თქვა:

- კონდრატე თათარაშვილი... სწორედ ასეა.

მერე კი დანის ტარი საგულდაგულოდ გაწმინდა ლენინის ცხვირსახოცით, ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაიტენა და ტელეფონის რგოლი დაატრიალა:

- ამხანაგ სვერდლოვს სთხოვეთ... სტალინი ვარ... ლენინმა ტროცკი მოკლა, თუ პირიქით, არ ვიცი. ერთი განახა... ნამდვილი კონდრატე თათარაშვილია... ვინ იყო? იყო ერთი... მოდი, გელოდები. ჩეკასაც დაურეკე.

22 ცხელი შოკოლადი - ლიტერატურა

▲back to top


22.1 მწვრთნელის გარეშე

▲back to top


ლიტერატურა - კრიტიკა

ავტორი: მალხაზ ხარბედია

ნახეთ როგორ ითამაშა „ლივერპულმა“ „ჩელსისთან“? თუ მიაქციეთ ყურადღება, დამატებითი დროის დაწყებამდე, ბენიტესი და მაურინიო რომ რაღაცას უხსნიდნენ თავიანთ ფეხბურთელებს? პორტუგალიელმა დიდხანს იქაქანა, ბენიტესმა კი მალე დაამთავრა თავისი „გამოსვლა“, გუნდი ისედაც კარგად თამაშობდა და ტყუილად ხომ არ გაბურღავდა გადაღლილ ფეხბურთელებს?!. „ლივერპულმა“ იმ დღეს ძაან მაგარი ფეხბურთი აჩვენა, მაგრად დაუდგნენ „ჩელსის“, ამ კომპიუტერული პროგრამასავით აწყობილ გუნდში ჯერ ტროიან ვირუსივით გოლი შეაგდეს, მერე ფოტოშოპით დაუმუშავეს თავ-პირი, ბოლოს ყველაფერი პენალტების პედეეფში გადააკონვერტეს და სამუდამოდ დაზიპეს. ერთი სიტყვით, „ჩელსის პროგრამა“ ამ თამაშის მერე დაეკიდა, და ახლა ერთი კაი რესტარტი თუ უშველის მხოლოდ…

თქვენ იტყვით, აბა რეებს მიედ-მოედები, რა დროის „ლივერპულია“ ლიტ-დანართშიო, საქმეს მიხედეო, რამე არ შეგეშალოსო, და ა.შ. არადა, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ურიგო, დანართის დღევანდელ ნომერში „ლივერპულის“ ამ თამაშზეც დაწერილიყო რამე, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ვიდრე თანამედროვე მწერლობის გაბზარული კედლების (ანდა სულაც ნანგრევების) თვალიერება და ჩამოცვენილი ბათქაშის გროვება. ვთხოვდი რამდენიმე მწერალს, მეც თავს გამოვიდებდი და თემატურ, საფეხბურთო-ლიტერატურულ ნომერს მივუძღვნიდით წითელი ეშმაკების ფინალში გასვლას. ხო ხდება ხოლმე, რომ „ფლეი ბოიში“ გალსტუკიანი მწერლები წერენ, ანდა რომელიმე რესპექტაბელურ ჟურნალში ხულიგნებს ბეჭდავენ, „ნიუ-იორკერში“ სულაც მთელი რუბრიკები ეთმობა ბეისბოლს, და ეს ყველაფერი უკვე ტრადიციად იქცა, მყარ ტრადიციად.

საქართველოში, როგორც ჩანს, ჯერ ადრეა ეგეთები და იმასაც ვხვდები, რომ „ცხელ შოკოლადში“, და მითუმეტეს, „ლიტერატურაში“, ამის ადგილი არ მოიძებნება, განსაკუთრებით ფეხბურთისთვის, ამიტომ, დავეშვათ მიწაზე და ისევ ქართულ მწერლობას მივხედოთ, ჩვენი დროის ქართულ მწერლობას, ყველაზე მიწიერს თანამედროვე ეროვნულ ლიტერატურებს შორის. მწერლობას, რომელიც წიგნისთვის კი არა, ხშირად პურისთვისაც ვერ შოულობს ფულს.

დღევანდელი ნომრისთვის რამე სახალისოს დაწერა მინდოდა, მაგალითად ესე ქართული ან უცხოური კლასიკის ახლებურ, ირონიულ წაკითხვებზე, ანდა პამფლეტი იმაზე, თუ რომელ პერსონაჟებს შეიძლება ჰგავდნენ ჩემი თაობის ქართველი მინისტრები და ჩინოვნიკები (ყოველ შემთხვევაში, ჰეკლბერი ფინისა და ჯეისონ კომპსონს ნამდვილად არა, უფრო სნოუპსებს ჰგვანან) და ა.შ. თუმცა, იძულებული ვარ, ისევ სატკივარებზე ვწერო, ისევ მაჯისცემას ვაყურადო და გაურკვეველი ხელხუჭუჭით რეცეპტები ვჯღაბნო. ერთი სიტყვით, ისევ იქა ვართ, პრობლემებთან და პრობლემებში.

პრობლემადაც იგივე რჩება, ლიტერატურის მხარდაჭერა თუ დაფინანსება, პოპულარიზება, გამხნევება, მხარში ამოდგომა, ხელშეწყობა, რაც გინდათ, ის დაარქვით. ასეთი მოუქნელი და უხერხული ზმნები რომაა ჩამოსათვლელი, მიტომ მიჭირს ამ წერილის წერა, ამიტომაა, რომ სათქმელის თავმოყრა ძნელდება და მკითხველსაც იძულებულს ხდი, ნელი და დაძაბული ნაბიჯით გამოგყვეს, იმის ნაცვლად, რომ ახალისო და ათამაშო.

ვთქვათ პირდაპირ, საქართველოში დღეს ლიტერატურასა და მწერლობას ხელს არ უწყობენ, უფრო მეტიც, ზოგიერთი უწყება აბუჩად იგდებს და გულგრილად ეკიდება ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნა, წიგნისა და ზოგადად კითხვის პოპულარიზება, საგამომცემლო საქმე. 2004-2005 წლებში, მახსოვს, სულ რაღაც 300 თუ 400 ათასი ლარი იყო კულტურის სამინისტროს მიერ ლიტერატურისთვის გამოყოფილი, რომელიც მაშინ დიდი წვალებით ნაწილდებოდა ამათუიმ პროექტზე, ბოლო ორი წლის მანძილზე კი, როცა წესით ეს ბიუჯეტი კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო, არც ერთი ლიტერატურული პროექტი არ დაფინანსდა. და აი, აქ იჩენს თავს კიდევ ერთი უხერხულობა, რომელიც ამ წერილის დაწერას ახლავს და რომლის გამოც დიდხანს ვიკავებდი თავს - ესაა ციფრები. მით უმეტეს, როცა ციფრები ფულს უკავშირდება, თუნდაც გადამალულს (ბოლო-ბოლო, ბიუჯეტით ლიტერატურისთვის გათვალისწინებული ფული ფლინტის მიერ გადამალული განძეული არაა და მასზე მხოლოდ მეკობრეებს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ფლინტის განძეულზე წესიერმა ხალხმაც მოითბო ხელი). აი ესაა კიდევ ერთი უხერხულობა, როცა ლიტერატორს ფულის ხსენება გიწევს. ამას არ ჯობდა ლიტერატურულ ფულზე გველაპარაკა? გვეთქვა, თუ დაახლოებით რამდენი ათასი მოისროლა ნასტასია ფილიპოვნამ ბუხარში, თავისი ქონების რა ნაწილი დაუტოვა ოსმან აღამ დურმიშხანს ან კაპიტანმა სნეგირიოვმა რამდენი მანეთი ჩატკეპნა ფეხით თოვლში. მერე კვაჭი კვაჭანტირაძის მოგებულ-წაგებულ ფულსაც გავიხსენებდით და ერთი პატარა ესეც აეწყობოდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს რეალურ ფულზე უნდა ვილაპარაკოთ, ერთხელ მაინც უნდა ვთქვათ, რომ მკითხველმა გაიგოს, რამდენს იხდიან ლიტერატურისთვის „იქ“ და რამდენს არ იხდიან „აქ“ (ანუ არსებობს ლიტერატურისთვის გათვალისწინებული ეს 400 ათასი, შესაძლოა უფრო დიდი თანხაც, მაგრამ არ იხდიან, მეორე წელია დამარხულია მეკობრეთა განძეულივით).

ამასწინათ, ინტერნეტში ვეცადე მომეძებნა რაიმე ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება სხვადასხვა ქვეყანაში ლიტერატურა. 10 წუთში საკმაო ინფორმაცია დამიგროვდა, ასე რომ, მალევე შევეშვი ქექვას და უფრო დაწვრილებითი მასალების მოძიება შემდეგი ჯერისთვის გადავდე. მაშ ასე, თარგმანის საქმით დავიწყოთ, ამ მხრივ საქართველოში დიდი გასაჭირია, თუმცა ბედნიერი გამონაკლისებიც არსებობს, რომელთაც მოგვიანებით ვახსენებთ.

ბოლო 4 წლის მანძილზე თარგმანთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს, თუ არ ვცდები, არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განუხორციელებია და არც მონაწილეობა მიუღია რაიმე მსგავს წამოწყებაში. მაშინ როცა, მხოლოდ მთარგმნელების ჰონორარებისთვის 2005 წელს სლოვაკიის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში 26 264 ევრო იყო განსაზღვრული, სლოვენიაში - 78 300, უნგრეთში - 82 600, პოლონეთში - 273 900. თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყნებში დაფინანსების ძალზე ბევრი კერძო წყაროა, საიდანაც არამხოლოდ მთარგმნელობითი ან სამწერლო გრანტი გაიცემა, არამედ ფინანსდებიან პერიოდული ლიტერატურული გამოცემები, გამომცემლობები, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას გამოსცემენ და ა.შ. ამ დონორების დახმარებითვე ხდება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიების მოწყობა.

„ინოსტრანნაია ლიტერატურის“ მკითხველს კარგად ემახსოვრება თანამედროვე ფრანგული ლიტერატურისადმი მიძღვნილი შარშანდელი ნომერი, სადაც წიგნის ნაციონალური ცენტრის გენერალური მდივნის, ანი მილერის ინტერვიუ დაიბეჭდა. ეს ცენტრი არის განყოფილება საფრანგეთის კულტურის სამინისტროს წიგნისა და კითხვის დეპარტამენტისა, და თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ამ განყოფილებამ 2005 წელს 21 მილიონი ევრო დაახარჯა ლიტერატურას (მთლიანობაში ლიტერატურაზე ათეულობით მილიარდი იხარჯება ამ ქვეყანაში). აქედან 3 მილიონი ავტორებმა და მთარგმნელებმა მიიღეს, 7 მილიონი - გამომცემლობებმა და ჟურნალებმა, 6 მილიონი - ბიბლიოთეკებმა, 1 მილიონი - წიგნის მაღაზიებმა და 4 - ლიტერატურულ ღონისძიებებზე დაიხარჯა. წიგნის ეროვნულმა ცენტრმა თავისი ბიუჯეტის 20%25 უცხოელი ავტორების თარგმნას მოახმარა. ამავე ცენტრის მთავარი მიზანია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების შექმნაში, პუბლიკაციასა და გავრცელებაში ხელშეწყობა. ხორციელდება 30-ზე მეტი პროგრამა, რომელიც ლიტერატურის წახალისებას ითვალისწინებს: ავტორებისა და მთარგმნელების სტიპენდიების გარდა, ისინი ხელს უწყობენ გამომცემლებსაც, მსოფლიო თუ მშობლიური ლიტერატურის თარგმნაში. სუბსიდიები გაიცემა წიგნის მაღაზიებისთვის, დოტაციებია გათვალისწინებული ბიბლიოთეკებისთვის, და კიდევ, საფრანგეთში თითქმის ყველა ლიტერატურული ღონისძიების დაფინანსებაში ისინი იღებენ მონაწილეობას.

საფრანგეთში არსებობს ანალიტიკური პროგრამა „წიგნი - 2010“ („საქართველოს მთავრობის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებში (2007-2010)“ კი არათუ რომელიმე ანალიტიკურ პროგრამას, არამედ თავად კულტურის სამინისტროს პრიორიტეტებსაც ძნელად ამოიკითხავთ, ყოველ შემთხვევაში ამ პრიორიტეტებს რაღაც რიტორიკული ნისლი ადგას). გარდა ამისა, ფრანგი გამომცემლების საერთაშორისო ბიუროც ფუნქციონირებს, ასევე საგამომცემლო ცენტრი, რომელიც ფრანგული პროდუქციის ექსპორტითაა დაკავებული, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრი და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ძირითადად თავიანთი ავტორების უცხო ენაზე თარგმნის საქმეში და ამაში დიდ ფულსაც ხარჯავენ - უცხოელი მთარგმნელებისთვის განსაზღვრული სტიპენდიებით დაწყებული, საავტორო უფლებებისა და სხვა ხარჯებით დამთავრებული.

ეს მექანიზმი უკვე თბილისშიც კარგად იციან და აი, სწორედ აქ მივადექით იმ ბედნიერ გამონაკლისებს, რომლებიც, სამწუხაროდ მხოლოდ უცხოელი დონორების სახელთანაა დაკავშირებული. პირველი რიგში „დიუმას ცენტრი“ უნდა დავასახელო, რომელიც სხვადასხვა გამომცემლობასთან თანამშრომლობს და ყოველწლიურად ათეულობით ფრანგი ავტორის თარგმანს გვთავზობს (ცალკე საკითხია თარგმანის ხარისხი). მათი საშუალებით მკითხველი პირველად გაეცნო ქართულ ენაზე მიშელ უელბეკის, პასკალ კიმიარის, ბორის ვიანის, მარგარეტ დიურასის, ამინ მაალუფის, მორის მერლო-პონტის, ფრედერიკ ბეგბედერის, ამელი ნოტომის და მრავალ სხვათა ნაწარმოებებს.

გასულ წელს ბრიტანეთის საბჭომაც დაუშვა გამონაკლისი და კონკურსის საფუძველზე გაარკვია ის რამდენიმე გამომცემლობა, რომელიც საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით თანამედროვე ბრიტანელ ავტორს გამოსცემდა. შედეგად ქართულ ენაზე გამოვიდა უახლესი მსოფლიო ლიტერატურის ორი შედევრი, ბუკერის ლაურეატი რომანები, იენ მაკიუენის „ამსტერდამი“ და დი ბი სი პიერის „ვერნონ გენიოს ლითლი“. უცხოური დაფინანსებით გამოდის ავსტრიული და ნიდერლანდული ლიტერატურაც, არის რამდენიმე სხვა გამონაკლისიც.

ნულოვან დონეზეა საქართველოში წიგნის პოპულარიზების საქმე. თუკი თავად ავტორმა არ იზრუნა და არ „დაჩალიჩდა“, არაფერი გამოდის. ნაცნობი უნდა გყავდეს მინიმუმ ორ ტელეკომპანიაში, რომელიმე დიდ ფერად ჟურნალში, ორ-სამ გაზეთში და გარკვეულ სნობურ წრეებშიც. ზოგი საერთოდ რაღაც დაწესებულებებში ავრცელებს თავის ნაწარმოებს და ისევე როგორც ძველ დროში, თუ არ ვცდები, დღესაც არსებობენ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოეტები და სუკის მემოთხრობეები, ფინანსთა სამინისტროს მინიატურისტები და პროკურატურის რომანისტები.

თბილისის მაღაზიებში გაყიდვების დიდი წილი რუსეთიდან შემოსულ წიგნებსა და საბავშვო ლიტერატურაზეა, ანდა სულაც დაწესებულების შეკვეთებზე ითქვამენ სულს. მხატვრულ ლიტერატურას რაც შეეხება, ძალიან ცუდად იყიდება. ხოლო სკანდინავიაში კი, მაგალითად, იმდენად მაღალ დონეზეა წიგნის მიწოდების კულტურა, რომ მაღაზიებზე უფრო მეტი წიგნი ე.წ. მკითხველთა კლუბების საშუალებით იყიდება, მაშინ, როცა საქართველოში თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა მაღაზიებშიც კი არ იყიდება.

ღმერთმა უწყის, როგორ ხორციელდება ბიბლიოთეკათა მხარდაჭერის პროგრამა. ვიცი, რომ რაღაც საბავშვო წიგნები განათლების სამინისტრომ შეიძინა საქართველოს ბიბლიოთეკებისთვის, სამი წლის წინ კულტურის სამინისტრომაც განახორციელა ამდაგვარი პროექტი, თუმცა რაღაც ერთიანი პოლიტიკა დღემდე ვერ განუსაზღვრიათ. დანიაში კი, სახელმწიფო დოტაციები ბიბლიოთეკებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ 1920 წელს მიღებული საბიბლიოთეკო კანონის თანახმად გაიცემოდა, 2006 წლისთვის ათჯერ გაიზარდა. ამ ქვეყანაში ბიბლიოთეკები წიგნის შესაძენად ერთ სულ მოსახლეზე ექვსჯერ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, 21-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე აშშ, 4-ჯერ მეტს, ვიდრე ფინეთი. დანიის კულტურის სამინისტრო მარტო ბიბლიოთეკებისთვის თავისი ბიუჯეტის 40%25 ხარჯავს. არადა, ეს ქვეყანა ჩვენზე გაცილებით პატარაა, და მოსახლეობითაც მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასით მეტია საქართველოსაზე.

დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ის მნიშვნელოვანი რგოლი სამწერლო მეურნეობაში, რომელსაც დასავლეთში ლიტერატურის ჩინოვნიკი ჰქვია, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მწერლებზე, ფიქრობენ გარკვეული პროექტების განხორციელებაზე, აწყობენ საერთაშორისო ღონისძიებებს, ხელს უწყობენ მშობლიურ და უცხო ენაზე ლიტერატურის თარგმნას, თანამშრომლობენ ევროპულ ორგანიზაციებთან. ძნელი გამოსარკვევია ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი პენ-ცენტრის როლი (თუ არ ვცდები, ეს ორგანიზაცია დღემდე არსებობს საქართველოში), რომელსაც, მწერალთა უფლებების დაცვის გარდა (აქ მხოლოდ საავტორო უფლებები არ იგულისხმება, რადგან, ერთი მხრივ, სოციალური ვითარების გამო საქართველოში მწერლის ფიზიკური არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მეორე მხრივ კი მწერლებს შიგადაშიგ ციხეშიც კი უკრავენ ხოლმე თავს, როგორც ჩანს, მათი მწერლური მრწამსის უკეთ საწრთობად) ბევრი სხვა რამეც ევალება. ერთი პრემია რომ არა და ერთიც ლიტერატურული კონკურსი, რომელთანაც პენ-ცენტრს დიდი არაფერი აკავშირებს, ამ აბრევიატურას საერთოდ დაივიწყებდნენ საქართველოში.

შარშან კარგი მაგალითი მისცა მთელს მსოფლიოს უნგრეთმა, როცა ამ ქვეყნის კულტურის მინისტრმა ახალი გლობალური პროგრამა ჩაუშვა, რომელიც წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და რომლის ბიუჯეტიც 1.25 მილიონი ევროა. იმედია ხვდებით, რომ ამის მიზეზი არ ყოფილა უნგრელი მწერალი, რომელმაც შარშანწინ ნობელის პრემია მიიღო. პირიქით, პრემიის მიღების შემდეგ ამ მწერალს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა მთავრობასთან, რომელიც, გარდა იმისა, რომ მოსვენება დაუკარგა უეცრად გამდიდრებულ თანამემამულეს, კიდევ წიგნისა და ლიტერატურის წახალისებითაა დაკავებული. ასე რომ, ქართველო მწერლებო, გეშინოდეთ ნობელის! ნახეთ რას უშვება ლიტერატურაზე მზრუნველი უნგრეთის მთავრობა თავის საამაყო ლაურეატებს და შემდეგ წარმოიდგინეთ მწერლობაზე გულაცრუებული საქართველოს მთავრობა რას გიზამთ.

გულაცრუება კი მართლა დიდია და ქართული ლიტერატურა პრეზიდენტის სიტყვებამდე გაცილებით ადრე ჩარეცხეს, როცა ქართველი მწერლები შიმშილით სიკვდილის საშიშროების წინაშე დააყენეს, როცა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ განმეორდა თვითმკვლელობები და თვითმკვლელობის მცდელობები, როცა მწერლის უფლებების დაცვის ნაცვლად შემოქმედთა ზოგიერთმა კავშირმა კიბეებისა და კაბინეტების დაცვა დაიწყო. სამწუხაროდ ეს რეალობაა, ზემოხსენებული შიმშილი წარმოსახვის ნაყოფი არაა და ჰამსუნის „შიმშილივით“ ვერ ისიამოვნებ ამ მაგალითებით, ისევე როგორც, ქართველი მწერლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა არაა ვერთერის, კირილოვის ან სხვა თვითმკვლელი პერსონაჟის ქმედებებთან შესადარებელი. ასეთი რეალობის პირობებში, რა თქმა უნდა, „ლივერპულზე“ წერა გირჩევნია, მნიშვნელობა არა აქვს, ლიტერატურულ დანართში იქნება ეს თუ სასმელების განყოფილებაში. გირჩევნია ვინმე გადამთიელი მწერლის ბედ-იღბალზე მოყვე, ანდა ამჯობინებ სულაც რომელიმე უცხოური დღესასწაული გააშუქო დაუსწრებლად. იმის გაშუქება, დანახვა და გაგება, რასაც ჩვენ თავად ვესწრებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ყველაზე ძნელია და ამას ვერც ქართული მწერლობა ახერხებს კარგად. მას უჭირს და არამხოლოდ ფინანსურად. ერთი სიტყვით, ქართულ მწერლობას ფულის გარდა, გაბედული ავტორებიც სჭირდება, რომლებიც ჯერარდივით („ლივერპულიდან“) შეუპოვრები და ზუსტები იქნებიან და რეინასავით ყველა ბურთს მიწვდებიან. ასეთ ავტორებს მწვრთნელიც აღარ დასჭირდებათ და არც ფინანსების პრობლემა ექნებათ.

P.S. დავასრულე თუ არა ამ სტატიის წერა, რამდენიმე დღეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს და ერთ საათში განცხადებაც დააწერინეს გადადგომის შესახებ. ერთი ჩემი მეგობარი ჩიოდა, ეგეთი რამე ქართულ პოლიტიკაშიც არ მინახავსო. ზოგი ხუმრობის ხასიათზე დადგა, ერთი პირობა მეც ჩავიქირქილე, „ფეოლა, დღეს შენ მოკალი ფეხბურთი“-მეთქი, მაგრამ როცა გამახსენდა, რა შეიძლებოდა მთავრობის ამ „მხურვალე მონაწილეობას“ მოყოლოდა, ყურები ჩამოვყარე. ღამით კოშმარიც დამესიზმრა, მეზმანა, თითქოს სააკაშვილს, გაბაშვილს, ლომაიას, უგულავასა და კირკიტაძეს თეთრი წინსაფრები აეკრათ და ხინკალს ახვევდნენ, შემდეგ გახვეულს ქვაბში ყრიდნენ და იქიდან მოხარშული ფეხბურთის ბურთები ამოჰქონდათ ხინკლის ნაცვლად...

ახლა ცოტა გამოვკეთდი, კოშმარებიც აღარ მაწუხებს და სულ იმის ნატვრაში ვარ, ნეტა ნიკ ჰორნბი როა, ინგლისელი, იმისთანა მწერალი მოგვცა ქართველებს, უცებ გამოაცხობდა „ფეხბურთის ციებ-ცხელების“ ჩვენებურ ვერსიას-მეთქი, მაგრამ სადაა ჰორნბი და კაი ცხოვრება? ისე, ჩვენში დარჩეს და ლიტერატურა ბეწვზეა გადარჩენილი, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ.

22.2 ამინდის კაცი

▲back to top


ლიტერატურა - პროზა

ავტორი: დათო ქარდავა

სადღაც ამოვიკითხე, მზე ყოველწლიურად უფრო და უფრო ცხელი ხდებაო. ალბათ, სულ მალე დედამიწა მზეს დაეცემა; არა, მგონი პირიქით ეწერა. მზე ყოველწლიურად ცივდებაო.

დიდი გეტსბი“, . სკოტ ფიცჯერალდი

0x01 graphic

REUTERS

პარასკევი იყო, მაგრამ სანდრო გიგიაძე შინ წასვლას არ ჩქარობდა. იჯდა ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული პროგნოზირების განყოფილებაში, რომელსაც რვასართულიანი შენობის პირველ სართულზე სამი მცირე ზომის ოთახი ეკავა და კომპიუტერის მოციმციმე მონიტორს მიშტერებოდა, თან რადიოს უსმენდა ძველისძველი VAF-ით, რომელიც გეოლოგმა ბიძამ აჩუქა მეთორმეტე დაბადების დღეზე. ბიძა, უფრო სწორად, დეიდის ქმარი, ექსპედიციისთვის მზადებას სწორედ ამ ტრანზისტორის მოკითხვით იწყებდა. არ დამავიწყდესო, იტყოდა და ვერცხლისფერ, ლამის აგურისხელა ტრანზისტორს თვალსაჩინო ადგილზე დადებდა, მერეღა გამოალაგებდა საწყობიდან გეოდეზისტისა და ტოპოგრაფის ხელსაწყოებს, საძილე ტომრებსა და მშრალი საკვების ყუთებს. ძველი, გვარიანად გაცვეთილი, ცოტათი მძიმე, მაგრამ მაინც კარგი ტრანზისტორი იყო, პატიოსნად აწყობილი, უღალატო, დენზეც რომ მუშაობდა და გალვანურ ელემენტზეც. ახლა ფიქრობს და ვერაფრით აუხსნია, როგორ გადაურჩა გაყიდვას. თავის დროზე ქუჩაშიც გაიტანა, მეზობლებშიც ჩამოატარა, მაგრამ რატომღაც არავინ იყიდა. ალბათ, ძვირად დააფასა, ანდა ძალიან არ უჭირდა, თორემ ისეთი ნივთია, დახლზე დიდხანს რომ არ გაჩერდება.

ტელეფონმა რომ დარეკა, სტუდიაში მიწვეული სტუმარი ფეხბურთზე ლაპარაკობდა. ამ ოცდაათი, თუ ოცდათხუთმეტი წლის წინ სპეციალურად ჩავედი ერევანში, ბეკენბაუერის თამაში რომ მენახაო. სტუმრის გასახარად, რედაქციას ცნობილი ფეხბურთელის ხმის ჩანაწერიც აღმოაჩნდა. ბეკენბაუერი სასაცილო ბავარიული აქცენტით ჰყვებოდა ამბავს, რომელსაც წამყვანი წინასწარ გამზადებული ტექსტითა და სასიამოვნო ბანით აქართულებდა...

ვიდრე ზარს უპასუხებდა, მიმღებს ჩაუწია. დეპარტამენტის ახალმა თავმჯდომარემ, ვასილ ჭარბაძემ დაურეკა შიდა ქსელით, თავისთან დაიბარა და ჩარჩოებში ჩასმული დიპლომების, სერტიფიკატებისა და სამახსოვრო ფოტოების ფონზე სანდროს ჟურნალისტთან შეხვედრა დაავალა.

- შენი იმედი მაქვს... - საოცარი სისწრაფით უთხრა თავმჯდომარემ, - ახალგაზრდა, პროფესიონალი და გაუსვრელი კადრებით თუ შევძლებთ ამდენი ნაგვის გატანას. ახალი სისხლი და ახალი მიდგომაა საჭირო, სხვანაირად ბალასტისგან ვერ გავთავისუფლდებით...

- რა თქმა უნდა, ბატონო ვასილ...

სანდროს ძალიან არ უნდოდა სამსახურის დაკარგვა და ჰქონდა ამის არაერთი მიზეზი, მაგრამ ახალმა უფროსმა, რომელიც მეტყველების ერთგვარი ნევროზით, აჩქარებული მეტყველების უკიდურესად მწვავე ფორმით იყო დაავადებული, აზრის დასრულება არ აცალა.

- მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდასთან ერთად, დეპარტამენტმა საკუთარი იმიჯის ამაღლებაზეც უნდა იზრუნოს. სინოპტიკოსები იმაზე მეტად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, ვიდრე სხვა რომელიმე დარგის მუშაკები, მაგრამ ამის შესახებ, რატომღაც არავინ არაფერი იცის. საკითხავია, რატომ?

სანდრო დაიბნა.

- იმიტომ, რომ მენეჯმენტი არ გვივარგა! - გაიღიმა თავმჯდომარემ,

თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უნდა იმართებოდეს როგორც კორპორაცია, როგორც დიდი კორპორაცია! ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტიც კორპორაციაა და ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციაც მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა. ამინდის პროგნოზის გარეშე თანამედროვე ადამიანი ჰგავს უსინათლო ინვალიდს, რომელიც ჩქაროსნულ გზატკეცილზე გადასვლას ცდილობს. თუ ჩვენს დეპარტამენტში მოპოვებულმა ინფორმაციამ დაიგვიანა, ანდა სიზუსტეში მოიკოჭლა, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე! პორტებში ვერ შევლენ გემები, გამართულად ვერ იმუშავებს საავიაციო ტრანსპორტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები... ერთი სიტყვით, ქვეყნის გამართულ მუშაობას ჩვენ, ამინდის კაცები, სინოპტიკოსები უზრუნველვყოფთ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ საზოგადოება არ იცნობს თავის გმირებს, არ იცნობს და ამაში ბრალი საზოგადოებასთან ერთად, ჩვენც მიგვიძღვის! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ჩვენ უნდა შევქმნათ სინოპტიკოსის, ამინდის კაცის ახალი სახე, როგორც იტყვიან, new face და ამაში მედია-საშუალებები დაგვეხმარებიან. მოკლედ, ერთ-ორ საათში რადიოდან ჟურნალისტი შემოივლის და შეკითხვებს დაგისვამს, არ დაზარდე, ყველაფერი დაწვრილებით აუხსენი, თუ საჭიროა, რამდენჯერმე გაუმეორე... და კიდევ, სტანდარტული, შაბლონური ინტერვიუ არ გვინდა, „ცვალებადი მოღრუბლულობა, ალაგ-ალაგ ნალექი“... საკითხს შემოქმედებითად მიუდექი, დაამსხვრიე სტერეოტიპი, ამინდის კაცების საქმიანობა სულ სხვა კუთხით წარმოაჩინე... და კიდევ, რამე ტექსტი ჩემთვისაც მოამზადე, საინტერესო რომ იყოს ისეთი...

სანდრო ყურადღებით უსმენდა ახალ უფროსს, რომელიც საოცარი სიხარბით ნთქავდა ბგერებს, მარცვლებსა და მთელ სიტყვებსაც კი (დეპარტამენტის ნაცვლად ამბობდა დეპრტამენტი, სინოპტიკოსის ნაცვლად - სინპტიკოსი), უსმენდა და თანხმობის ნიშნად უქნევდა თავს. თითქოს, საფუძველიც არ ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც აშინებდა ვასილ ჭარბაძის ახალგაზრდული ასაკი, მეტყველების ტემპის არაბუნებრივი სისწრაფე, უადგილო ღიმილი, უსაფუძვლო კეთილგანწყობა, მარჯვედ ნასროლი ინგლისური ფრაზები და ელვარე ჰალსტუხები, რომლებსაც ახალი თავმჯდომარე ასევე საოცარი სიხშირით იცვლიდა...

ვასილ ჭარბაძემ საუბრის ბოლოს დააცემინა, ოთახში დაბრუნებულ სანდრო გიგიაძეს კი რადიომიმღებიც დაავიწყდა და კაიზერ ფრანციც, რომელიც, ალბათ, კიდევ კარგა ხანს იხსენებდა გარდასულ დროთა სასახელო ამბებს ბავარიული აქცენტით.

თაროდან უკანასკნელი ერთი კვირის ანგარიში გადმოიღო. „ნალექის მოცულობა - 76 მმ, თვენახევრის ნორმა“, გადაიწერა ფურცელზე. „ჩრდილოეთის ქარი 25-30 მეტრი წამში...“ ცხრილი, ტემპერატურის გრაფიკი... „ნული, მინუს ორი; მინუს ერთი, მინუს ოთხი...“ ყველაფერი გაამზადა, თუმცა მაინც ნერვიულობდა. ახალი უფროსი დილიდან კადრების შემცირებითა და ოპტიმიზაციით იყო დაკავებული. თანამშრომლები საკუთარ კაბინეტში დაიბარა და განცხადებები დააწერინა. „გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი განცხადება და სამსახურიდან გამათავისუფლოთ...“ - წერდნენ შეშინებული სინოპტიკოსები და გულის სიღრმეში იმედოვნებდნენ, რომ ახალი უფროსი ჯეროვნად დააფასებდა მათ გამოცდილებას, დამსახურებას, ოჯახურ მდგომარეობას, ბოლოსდაბოლოს, მორჩილებას და სამსახურიდან არ გაათავისუფლებდა, თუმცა, ვიდრე განცხადებების დაწერას მოთხოვდა, ვასილ ჭარბაძემ ხელქვეითებს გული გადაუშალა, უთხრა, რომ სრულყოფილებამდე ბევრი უკლია, რომ მეტეოროლოგიაში არაფერი გაეგება, რომ პროფესიით მენეჯერია და რომ ეკონომიკის თეორიას სწავლობდა იენისა და ბაზელის უნივერსიტეტებში, ხოლო მარკეტინგს, სოციალურ მეცნიერებებსა და მართვის ტექნოლოგიებს, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპისა და ქალაქ ბოხუმის რურის უნივერსიტეტებში. ისიც თქვა, რომ მეტეოროლოგიაზე მისი წარმოდგენა ძირითადად ტელევიზორიდან მიღებულ ინფორმაციას ემყარება. forecast weather როგორ არის ქართულად, იქნებ შემახსენოთო. სულ ბოლოს კი, თქვნი დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდები, გუნდურ თამაშს გთავზობთ, როგორც დასავლეთში იტყვიან, team working-სო. მაგრამო, დაამატა, არაფერი გამოვა, თუ თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ მომცემთო. ვისაც მენეჯმენტი უსწავლია, იცის, რომ ბევრი ყოველთვის არ ნიშნავს კარგსა და ეფექტიან საქმიანობასო, როგორც იტყვიან, მეხუთე ბორბალი, თუ საბარგულში არ დევს, ხელს უშლის მოძრაობასო. ერთი სიტყვით, მე უნდა გადავწყვიტო, ვინ დარჩება და ვინ - არაო!

სანდრომ ჯერ ახალი უფროსისთვის მოამზადა ტექსტი, დღის ბოლოს კი ჟურნალისტსაც შეხვდა. ინტერვიუს დასაწყისში თქვა, რომ ამინდი, ეს მეტეოროლოგიურ ელემენტთა ერთობლიობაა, ატმოსფეროს მდგომარეობა დროის გარკვეულ მომენტსა თუ შუალედში, მთავარი მიზეზი კი დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობააო. კორესპონდენტმა იმ საღამოს ისიც შეიტყო, რომ ციკლონების შემოჭრა ჩვეულებრივ ღრუბლიან, წვიმიანსა და ქარიან ამინდს იწვევს, ანტიციკლონი კი - წყნარ, ნათელ და უნალექოს. წასვლისას გოგონა კმაყოფილი ჩანდა, სანდროს კი ახალი უფროსის ერთგულება არ დაუფასდა, სხვებთან ერთად სამსახურიდან ისიც დაითხოვეს, მაინც შეამცირეს. მთელი თვე ვასილ ჭარბაძესთან შეხვედრას ითხოვდა, განცხადებაც დააწერინეს, მაგრამ ახალი უფროსი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს მივლინებაში, თათბირებსა და შვებულებაში ატარებდა, ვერაფრით მოიხელთა.

ქუჩაში გამოსულს თანამშრომელი შეხვდა.

ქალბატონი თამილა, ფონური მონიტორინგის განყოფილების უფროსი, რეპროდუქციული თვალსაზრისით უპერსპექტივო იყო, მაგრამ მეცნიერებასა და სახალხო მეურნეობას კიდევ კარგა ხანს გაუწევდა სამსახურს - ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა თავად ქალბატონი თამილა, ქრონიკულად აფორიაქებული, 51 წლის მდედრობითი სქესის გაუთხოვარი მოქალაქე, რომლის პირადი ცხოვრება, როგორც თავის დროზე სანდრომ შენიშნა, დაცლილი იყო ღირსეული მამაკაცებისგან, როგორც უდაბნო მცენარეული საფარისგან და სავსე - არაფრისმეტყველი „ცვალებადი მოღრუბლულობითა“ და „ცივი, ჩრდილო-დასავლეთიდან მქროლავი ქარებით“...

- რა გეშველება? - ჰკითხა თამილამ.

- არ ვიცი, სადაც მივედი, ყველგან უარი მითხრეს, - სახე მოისრისა სანდრომ, - უნდა დამეჯერებინა მარიკასთვის, უნდა წავსულიყავი, სანამ დრო იყო... - სად უნდა წასულიყავი? - რა ვიცი, სად მიდის ეს ხალხი... თურქეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ამერიკაში... სადმე უნდა წავსულიყავი... ყველა ხომ არ გამოყარეს უკან? ვიმუშავებდი მტვირთავად, მენაგვედ, დავრდომილი ბერიკაცის მომვლელად... მექნებოდა საქმე, ფულს გადამიხდიდნენ, ადამიანი ვიქნებოდი...

- კარგი, ნუ განიცდი ასე ძალიან! იქნებ არც ახლაა გვიანი...

- შეიძლება, - თქვა სანდრომ, - ვინ იცის, იქნებ კიდევ არიან კეთილი ადამიანები 40 წლის ჯანღონით სავსე მამაკაცს ტრაკის გამოწმენდაზე უარს რომ არ ეტყვიან. აი, ჩემი დამჭკნარი, ბუასილისგან გაწამებული საჯდომი, მისტერ სანდრო გიგიაძე და, აბა, ახლა შენ იცი, როგორ მიხედავ, დააკრიალებ და ცივ ნიავს არ მიაკარებო...

- დაწყნარდი, შენი ჭირიმე, ყველაფერი კარგად იქნება, - მხარზე ჩამოუსვა ხელი, - იქნებ, უკან დაგიძახონ, რა იცი, ყველაფერი ხდება, ცოტაც მოითმინე...

- ვის რაში ვჭირდები! მათთვის მე სარეველა ვარ. მირტყამენ მთელი ძალით, რომ ფესვებიანად ამომწიწკნონ, მე კი ვებღაუჭები მიწას, მაგრამ არავის ვებრალები, საითაც უნდა გავიხედო, სულ მუდამ მესმის, თუ გინდა ქვეყანას გამოადგე, მოკვდი, მიწად იქეციო...

ერთი თვე კიდევ იარა ყოფილ სამსახურში. სხვაც ბევრი დაითხოვეს, ქალბატონმა თამილამ წინააღმდეგობის კომიტეტი ჩამოაყალიბა, მაგრამ სანდრომ გული ვერ დაუდო. მერე ბედს შეეგუა. მეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მხოლოდ ბიძის ნაჩუქარი რადიომიმღები და მუყაოს ყდაში ჩასმული სქელი საქაღალდე წაიღო. საკანდიდატო დისერტაციას, თითქმის დამთავრებულს, მაგრამ წლების წინ მიტოვებულსა და მტვერწაყრილს, გარეკანზე მთავრული ასოებით ეწერა: „მზის აქტივობისა და მაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედება ლითოსფეროზე, ატომოსფეროსა და ბიოსფეროზე.“ იცოდა, რადიომიმღებისგან განსხვავებით, არაფერში გამოადგებოდა, მაგრამ მაინც არ ეთმობოდა. არადა, იყო დრო, სჯეროდა, რომ ხელს მოიბრუნებდა, რომ ნაშრომს აუცილებლად დაასრულებდა და ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ჩურჩულით ნათქვამ მის სიტყვებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიგონებდნენ...

შინ გვიან დაბრუნებულ სანდროს, ცოლი ლოგინში დახვდა. რადიო სააბაზანოში, თაროზე შემოდო. დილით პირის გასაპარსად რომ შევიდოდა, ჩართავდა.

- გძინავს? - იკითხა ჩურჩულით.

მარიკას ეძინა. სანდრომ მხარი იცვალა, ცოტა ხნის შემდეგ ბალიში გადააბრუნა. ვერ დაიძინა. წამოდგა. სააბაზანოში შევიდა, კარი ჩარაზა და რაიდიომიმღები ჩართო. უნიტაზზე ჩამოჯდა. სტუდიაში მიწვეული ექიმი სამკურნალო ნაყენს ამზადებდა.

„ვიღებთ ძირტკბილასა და კულმუხოს ფესვებს, ძახველის ყვავილებს, სალბისა და ბაღის პიტნის ფოთლებს, შვიტას ბალახს და ვასხამთ მდუღარე წყალს, ვაყოვნებთ 6-8 საათს და მიღებულ სითხეს სუფრის კოვზით მივირთმევთ დღეში 5-6-ჯერ...“

არხი შეცვალა. რადიოსადგური ყოფილი უფროსის ინტერვიუს გადასცემდა. ვასილ ჭარბაძემ სანდროს დაწერილ ტექსტს არ გადაუხვია და ბევრი ილაპარაკა ამინდის ცვალებადობაზე, მოსული ნალექის სიუხვესა და ზღვიდან მქროლავი ქარის სიძლიერეზე... ჰყვებოდა ამბავს სეზონური წვიმების, ციკლონების, მიწის ეროზიისა და მაგნიტური ქარიშხლების შესახებ... „იცით, შემთხვევით არაფერი ხდება“, - საუბრის მიმართულება შეცვლა მეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა, - „თოვლი და წვიმა შემთხვევით არ მოდის, არც ქარი ქრის შემთხვევით. ამინდი ესაა... როგორ გითხრათ, როგორ გამოვხატო ზუსტად... დიახ! ამინდი ენაა, რომლითაც ღმერთი ადამიანებს ელაპარაკება! თუნდაც სახარება ავიღოთ: „წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას „დადუმდი, ჩადექ!“ და ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოვარდა. ...შეეშინდათ მათ დიდი შიშით და ერთმანეთს უთხრეს; „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ ემორჩილება?..“ - დიახ, ამინდი ენაა, რომლითაც ღმერთი ადამიანებს ელაპარაკება... წარღვნის ამბავი გაიხსენეთ... „მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემდამი, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით, და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ... ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შეიქმნა... აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისგან...“ კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება. თუ ღმერთი განრისხებულია, საშინელი სიძლიერის ქარი ქრის, ადამიანები გვალვებითა და მიწისძვრებით, შიმშილითა და უკურნებელი სნეულებებით იტანჯებიან, მაგრამ როცა ღმერთი კმაყოფილია, მაშინ ანათებს მზე, ზღვიდან უბერავს ნიავი და მოდის წვიმა, რათა მინდვრად იხაროს ჯეჯილმა, ხოლო გაუბედავმა შეყვარებულებმა ერთმანეთის უბეს შეაფარონ თავი... ადამიანებს შორის ურთიერთობაც მთელი სამყაროა, სადაც თავისებური სტიქია - ვნებები მძვინვარებენ... ამ სამყაროსაც თავისი სტრატოსფერო და ატმოსფერო აქვს, ოღონდ აქაური ამინდის ფორმირებაში მონაწილეობს გრძნობები, რომელთა მართვა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შეუძლებელია!..

სანდრო ყურადღებით უსმენდა ყოფილ უფროსს, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას სავარძელში გადაწოლილი ნება-ნება ხვრეპდა არომატულ ყავას და ცხელ სითხესთან ერთად ყლაპავდა ცალკეულ ბგერებს, მარცვლებსა და მთლიან სიტყვებსაც კი...

ისევ შეცვალა სიხშირე. სასიამოვნო ბანი ლაპარაკობდა: „...მრუშობის ცოდვა ყველა ქვეყანაში, როგორც საეკლესიო, ისე საერო სამართლის მიხედვით სასტიკად ისჯებოდა“, - ამბობდა სასულიერო პირი, - „რომის იმპერატორ ოპილიუსის ბრძანებით მრუშებს ერთმანეთს აბამდნენ და ცეცხლში ყრიდნენ. ტიბერიუსს, სევერუსსა და ავრელიუსს ასეთი სასჯელი ჰქონდათ: ორი ხის კენწეროებს ხრიდნენ, ზედ დამნაშავეს აკრავდნენ ფეხებით და შემდეგ ხელს უშვებდნენ, ისე რომ სხეული ნაწილებად იშლებოდა. ეგვიპტეში მემრუშე კაცს რკინის ხელკეტებით სცემდნენ, ათას დარტყმას აყენებდნენ, ქალს კი ცხვირს აჭრიდნენ...“

სანდრომ თაროს უკნიდან წლების წინ დამალული PLAY BOY-ის გაცრეცილი და ნესტისგან დამძიმებული ნომერი გამოიღო. სურამში ებრაელებისგან იყიდა 25 მანეთად. დედის ძმამ დაბადების დღეზე ნაღდი LEVIS აჩუქა, ჟურნალის ფული კი თვითონ, საკუთარი დანაზოგიდან გადაიხადა. სანამ თაროს უკან ჩამალავდა, ჟურნალმა მთელი უბანი მოიარა, გაცვდა და გაიცრიცა.

უნიტაზზე ჩამომჯდარმა საგულდაგულოდ გააცალკევა შეწებებული გვერდები, გადაფურცლა და მაშინღა გაჩერდა, შიშველი მოციგურავის ფოტოს რომ მიადგა. როგორ აღელვებდა ერთ დროს, როგორ არ ასვენებდა აბაზანაში მარტო დარჩენილს, ახლა კი უყურებდა ჩამქრალი თვალებით და ვერაფერს გრძნობდა...

- სანდრო! - მარიკამ გაცივებულ ბალიშს შეავლო ხელი. მოეჩვენა, რომ ვიღაცა ტიროდა. წამოდგა, ხალათი მოიცვა და აბაზანის კარს მიადგა.

- სანდრო! - დააკაკუნა კარზე. - რა ხდება! კარი გამიღე, სანდრო!..

ხმა არ გასცა. პასუხად რადიო ხრიალებდა და ვიღაც უსახელო პოეტი კითხულობდა ლექსს:

„ერთხელ ძალიან თავში,
წყვილი ცხოვრობდა ბაღში.
ხელთ რომ ჰქონოდათ თალგამი,
ვაშლს არ შეჭამდა ადამი.
ქალ-ვაჟს წაართვეს საშვი, ვეღარ შედიან სახლში...“

- სანდრო! - არ ჩერდებოდა ქალი, - რა ხდება! კარი გამიღე, სანდრო!..

პასუხად, რადიო ხრიალებდა.

22.3 საბა - 2007

▲back to top


საბა-2007

საბამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. სალიტერატურო ციებ-ცხელება საფეხბურთოს ბევრად ჩამოუვარდება, თუმცა, წინასაკონკურსო მღელვარება სამწერლო წრეებში მაინც შეინიშნება. ამ მღელვარებას, როგორც წესი, მედია აღვივებს ხოლმე. ცხელი შოკოლადიც შეეცადა, გაღვივების პროცესში თავისი წვლილი ცოტათი მაინც შეეტანა და ამიტომ გადავწყვიტეთ, საბას ის ნომინანტები გამოგვეყო, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების განსაკუთრებულ ყურადღებას და სიმპათიას იმსახურებენ. ჩვენს გამოკითხვაში ბევრმა ვერ მიიღო მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ ფავორიტი ავტორების დასახელება გაუჭირდა. ზოგმაც გაბედა და ერთი რჩეული აირჩია. მთავარი კი ისაა, რომ საბა-2007- ღირსეული მაყურებელიც ეყოლება და შემფასებელიც. ასე რომ, უკუთვლა დათქმულ დღემდე გრძელდება.

0x01 graphic

კოტე ჯანდიერი:

გამოვყოფ ირაკლი ჯავახაძეს. მისი ტექსტები განსაკუთრებით მომწონს. ყოველთვის ზუსტი და კარგია. აშკარად ეტყობა, ავტორი არ იპრანჭება. გულწრფელია და რასაც წერს და გულისხმობს, თვითონვე კარგად იცის.

ლევან ბერძენიშვილი:

თარგმანის კატეგორიას ყოველთვის გამორჩეულად ვაკვირდები ხოლმე. წელს გიორგი ეკიზაშვილს გამოვარჩევდი. ის მართლა იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას. არაჩვეულებრივად ფლობს ფრანგულ ენას და კულტურას და შესანიშნავი მექართულეა.

ნანა ჯანელიძე:

ირაკლი სამსონაძეს გამოვარჩევ. უჩვეულოდ და საინტერესოდ წერს.

რუსიკო ბოლქვაძე:

მე აკა მორჩილაძეს გამოვარჩევ. ის არის, პირველ რიგში, მწერალი და თანაც ჩემი მწერალი. მეტს ვერაფერს დავამატებ.

შადიმან შამანაძე:

პოეზიის კატეგორიაში ბათუ დანელიას სახელია ნამდვილად აღსანიშნი. თუ ვინმე არის დღეს საქართველოში პოეტი, ეს ბათუ დანელიაა. ის პოეტია თავისი ცხოვრების წესითაც და ლექსითაც.

პეტრე მამრაძე:

აუცილებლად აკა მორჩილაძეს ვუგულშემატკივრებ. დღეს ის ქართული სიტყვის დიდოსტატად მიმაჩნია. აკა ქართულ პროზაში ახალ სიტყვას ამბობს; თანაც თანამედროვეა იმ მხრივ, რომ არც ერთი ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა, მას არ გამორჩენია მხედველობიდან. აკას რომანებში თითოეული სიუჟეტი მოცემულია ფაქტების დეტალური დამუშავების საფუძველზე. აკა მკვლევარიც არის და ვფიქრობ, ასე უნდა იყოს ნამდვილი მწერალი. როგორიც არ უნდა იყოს მისი ფანტაზია და მხატვრული ხედვა, ამის უკან ყოველთვის დგას რეალობის საფუძვლიანი შესწავლის სურვილი.

ზურაბ კიკნაძე:

საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორია გამოიყურება საინტერესოდ. ნომინანტებს შორის ვფიქრობ, იზა ორჯონიკიძე კონკურსს გარეშე დგას. თუმცა, არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც ძალიან მომწონს. მაგალითად, შოთა იათაშვილი. მისი ლექსები ძალიან მომწონს. რაც წამიკითხავს, თითოეული მათგანი ახდენს შთაბეჭდილებას. შოთა იათაშვილს შეუძლია ზედმიწევნით კარგად გამოთქვას ის, რასაც ფიქრობს. ზემოქმედებასაც ნამდვილად ახდენს მკითხველზე. სიტყვების კარგი წყობაც მომწონს. ჩემი აზრით, შოთას „საბა“ ნამდვილად ეკუთვნის. სერიოზული კაცია, ბევრს მუშაობს და უნდა ჰქონდეს კიდეც „საბა“.

22.4 კოლორიტების შემგროვებელი

▲back to top


ლიტერატურა - პორტრეტი

ავტორი: ეკა ქევანიშვილი

0x01 graphic

საბავშვო ბაღის ასაკის - ბაღიდან იპარებოდა, ყვითელ ავტობუსებს ახტებოდა და სოხუმის ქუჩებში აღმა-დაღმა დაქროდა, სკოლაში სულ ბოლო მერხზე იჯდა და ალგებრის წიგნის ყდა ფოლკნერის სოფელზე ჰქონდა შემოკრული, მასწავლებელს რომ არ დაენახა. სკოლის დამთავრების მერე კი კაფე ლედნიკის ხშირი სტუმარი, მეგობრებთან ერთად შამპანურის ბოთლით ხელში მაგიდაზე შემხტარიც ბევრს ეყოლება შემჩნეული. იქაურებს ეხსომებათ, თორემ, ჩვენ რა ვიცით.

ჯერ პენ-მარათონიდან გაიჟღერა მისმა სახელმა, მერე „არილიდან“, ბოლოს ვიღაცამ მითხრა, აფხაზეთიდან არისო. ან თქმა რად უნდოდა, მაშინვე ცხადი იყო - ვიღაც აქამდე უცნობმა ბიჭმა თავისი კოლორიტული მოთხრობებით მთელი სოხუმი თავზე დააპირქვავა მკითხველს. კარგი მეამბე გამოდგა, თანაც, მოთხრობები რამაზოზე და მე-14 კორპუსზე, ძიძარიას ქუჩაზე და კაფე „ლედნიკზე“ ზუსტად იმ დროს დაიბეჭდა, ომის დამთავრებიდან მეცხრე წელს, როცა აფხაზეთი უკვე ყველას ენატრებოდა.

იცი, რა ქუჩა იყო ეს ძიძარიას ქუჩა? უცნაური, ცოცხალი, თავგადასავლების, ამბების ქუჩა იყო - მოქეიფე ხალხით სავსე. თითქმის არაფერს ვიგონებ, რასაც ვწერ. მხოლოდ ვიხსენებ.

13 სექტემბერს 40-ის ხდება. ომი რომ დაიწყო, 25-26 წლის ბიჭი იყო. იმ ბიჭის თვალებით ეს ორმოცი წლის კაცი მართლა რაღაცნაირად დიდი ჩანს...

- ორმოცი წლის იუბილის გადახდა არ შეიძლებაო და..

- არ მითხრა, რომ ცრურწმენების გჯერა.

- ცრურწმენების არა, მაგრამ სიზმრების კი.

- სანთლებიანი ტორტი გქონია ოდესმე?

- არა, ეგეთები არ მიყვარს. არაყი მიყვარდა, მაგრამ ერთხელაც გულმა დამარტყა და ავიკრძალე. ეგეც და ყავაც. ვინ იფიქრებდა.

ან იმას ვინ იფიქრებდა, რომ ბაგების სტუდქალაქში, ერთ ოთახში წლები იცხოვრებდა. წყალს მეორედან მეცხრე სართულამდე ყოველდღე ხელით აზიდავდა, უშუქობის გამო, ცოლ-შვილს სოფელში, ახალციხეში გაუშვებდა და მერე თვითონაც თბილისსა და სულ სხვა კუთხეს, სამცხეს შორის ივლიდა. ისე კი, აქაც დამკვირვებლად დარჩა: ახალციხეში რომ მივდივარ ხოლმე, სულ უკან ვჯდები სამარშრუტო ტაქსიში, მიყვარს ადამიანების თვალიერება, მათ ურთიერთობებზე დაკვირვება. მარტო მგზავრებს კი არა, პოლიტიკასაც, პოლიტიკოსებსაც ვაკვირდები.. და სულ ცარიელ თვალებს ვაწყდები ყველგან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, რაც უნდა ცუდი გააკეთონ, სინანულის გრძნობა არ ექნებათ, იქნებ ძალიან ახალგაზრდები არიან და ესაა მიზეზი?.

დღეს უკვე მეტს ფიქრობს. თუმცა, იმ ბიჭს, ჭუჭრუტანიდან რომ უთვალთვალებდა მთელ სოხუმს და ამ კაცს შორის, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს, დიდი არაფერი განსხვავებაა. მაშინ ხედავდა და თავად იყო მონაწილე, ახლა უბრალოდ ყველაფერს იხსენებს და წერს, იქნებ იმიტომაც, რომ არასოდეს დაავიწყდეს.

პირველი მოთხრობა საფოსტო ყუთზე დავწერე. ადრე ყველას ერთნაირი, საბჭოური ყუთები გვედგა და ერთ დღესაც მამაჩემმა მოიტანა, ლამაზი, განსხვავებული. მეც ავდექი და დავწერე. მაგის მერე სულ ვწერდი, ოღონდ, უფრო პიესებს.

- სკოლის ბოლო მერხიდან რა ჩანდა ხოლმე?

- ჩემი კლასელები, მათი ხმები მახსოვს, ყველა მოძრაობა, ქცევა. რომელმა როდის რა თქვა. ამასწინათ ერთ-ერთი დამეღუპა და იმ ბიჭზე ყველაფერი გამახსენდა. ჩემს კლასზეც მინდა დავწერო. როგორები ვიყავით და როგორები გავხდით. დღეს მათი 70%25 რუსეთშია გადახვეწილი. მე კი ბოლო მერხზე ვიჯექი, ჩემს საყვარელ წიგნებს ვკითხულობდი და ხან ალგებრის, ხან ფიზიკის ცარიელი ყდებით ვფარავდი.

მერე, წლების მერე, უკვე თავმომწონე ბიჭობაში საყვარელი წიგნების და „ინოსტრანნაია ლიტერატურას“ ახალი-ნომრების დამალვა აღარ მოუწევს. საქვეყნოდ კითხვა კაფე „ლედნიკში“ ისეთი მიღებული ამბავი იყო, როგორც ლუდის წრუპვა ან ყავაზე მკითხაობა.

გელას სოხუმი, ისევე როგორც ყველა სოხუმელის - ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელიანი, კაფეების ქალაქი იყო. დღესაც ასე იხსენებს, თუ თბილისელები უბნელობის მიხედვით ზომა-წონიან ერთმანეთს, სოხუმში, ამის გარკვევა ერთი კითხვით ხდებოდა, „რომელ კაფეში აბირჟავებო“. გელა „ლედნიკის“ მუშტარი იყო. ეს ზამთარ-ზაფხულ ღია კაფე, სულ სავსე ხალხით, სამედიცინო სასწავლებელს ესაზღვრებოდა. გოგოები ყავის დასალევად მიდიოდნენ და ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ: „დალევდნენ ყავას, მერე ჭიქებს იპარავდნენ და სამკითხაოდ მიჰქონდათ. ოღონდ უკან ყოველთვის აბრუნებდნენ. ამაზე სულ ვხალისობდით ხოლმე“.

მაგრამ ეს ყველაფერი ომამდე იყო.

თვითონ სოხუმიდან, ქალაქის დაცემის შემდეგ ერთი თვის მერე გამოაღწია. ტყვედ იყო აფხაზებთან. ამბობს, რომ გაუმართლა და გადარჩა. თუმცა ახსოვს ის აუტანელი აურა, დაყრუებული ქალაქის, სხვანაირი სოხუმის. ყველაზე ცუდი ამბები ჯერ არ დაუწერია. არც იცის დაწერს თუ არა ოდესმე.

პირად კომპიუტერში, რომელიც ბოლო ლიტერატურული პრემიით იყიდა, თავისი სახლის სურათებს ეძებს. აჰა, იპოვა. სახლი. მხოლოდ კედლები. მაგრამ იმ მეზობელს

მაინც მადლობა, რადგან სურათი გადაუღო და გამოუგზავნა.

აქეთ კორპუსი იდგა, აქ სამკერვალო ფაბრიკა იყო... ახლა ვიცი, ჩემს სახლს, რაც დარჩა, იმასაც აგურებად შლიან და მიაქვთ. სხვა სახლს ააშენებენ ჩემი სახლისგან ალბათ..

- ემოციები შეგისუსტდა ამ წლების მანძილზე? - მიკვირს და ვეკითხები.

- ექვსი წლის წინ რომ ეთქვათ, რომ შენს სახლს შლიანო, არ ვიცი რას ვიზამდი.. მაგრამ ახლა.. დგას მიტოვებული სახლი, რას უზამენ აბა? ვიზე გავბრაზდე? ისე კი, სახლის შეგრძნება არ მაქვს აქ, მენატრება. და იმ ჩემი სახლის შენების პროცესი მახსოვს კიდევ, დაბრუნებაც იცი როგორი მინდა? ჭიშკარს რომ შეაღებ და შენ ხარ ბატონ-პატრონი.

აქ კია, ცხოვრობს, მაგრამ რა განსხვავებაა? ეს კითხვა გელასთან შეხვედრისას აუცილებლად გაგიჩნდებათ. თუ არ გჯერათ, თავად შეხვდით და ნახავთ. თვითონაც მაგას არ ამბობს? ისევ სოხუმში ვცხოვრობო. ძველი მეზობლები თუ შეხვდებიან ქუჩაში, აქ თბილისში, ესეც იშვიათზე იშვიათად, ერთმანეთს არც ესალმებიან წესიერად, ისე იწყებენ (თუ აგრძელებენ) საუბარს, თითქოს გუშინ ერთად აგორებდნენ კამათელს ძიძარიას ქუჩაზე.

თბილისში ხშირად არ ჩამოვდიოდით, მამას რუსეთში დავყავდი. ერთხელ როსტოვში წავედით, ცივი, ღრუბლიანი ქალაქი დამხვდა. ხორცის უზარმაზარ მაცივარს მაგონებდა. თბილისში რომ ჩამოვედი პირველად, ომის მერე, მაშინაც ასეთი შეგრძნება მქონდა. არ მიყვარს დიდი ქალაქები... მაგრამ თბილისი მაინც შემიყვარდა.

იქნებ იმიტომაც, რომ ბოლოს მაინც გამოძებნა მსგავსება თბილისსა და სოხუმს შორის. თბილისელის „თავისი“ ტიპაჟი ჩამოიყალიბა და ახლაც რომ ჰკითხო გელას, გეტყვის, რომ ქუჩაზე გადარბენისას, ის მძღოლი, რომელიც მანქანას ანელებს და ხელით გითმობს გზას, ნაღდი თბილისელი უნდა იყოს. სოხუმელობაც დახვეწილობას, კულტურულობას, ზრდილობიანობას ნიშნავდაო, ამბობს.

იცი, როგორი დამოკიდებულებები იყო? მახსოვს, მამაჩემმა ჩვენი სომეხი მეზობლის ქორწილში ღომი გააკეთა. რად უნდოდათ ღომი სომხურ ქორწილში, მაგრამ მაინც. ურთიერთობა იყო სხვანაირი, ლაღი, გულიანი.

ხო, მართლა, ის ამბავიც უნდა გავუხსენო, ქორწილებზე გელა თურმე სულ ფულის ამკრეფის როლზე იყო დამტკიცებული. გაგანია ცეკვა-თამაშის დროს ის ოთახში იჯდა ხოლმე. დღესაც ვერ მიმხვდარა, ასე რატომ „გაანაწილეს“: „ეგ კი არა, მესაფლავეებადაც ჩვენ მივდიოდით. მაგაში ფულს ვინ გადაუხდიდა ადამიანს. ომის დროს ოცი საფლავი მაინც მექნება გათხრილი“.

სად, რომელ მოთხრობაში რომელი ამბავი და კადრი გაცოცხლდა, ეს გელას მკითხველმა გამოიცნოს. ჯერჯერობით ყველა ამბავი არც დაუწერია. სიუჟეტი რომ მოაფიქრდება, უცებ, ტელეფონში ჩაინიშნავს ხოლმე - მთავარია, არ დაავიწყდეს. დავიწყებით ტელეფონის ნომრები, დაბადების დღეები და სხვა მსგავსი თარიღები ავიწყდება, თორემ, ბამბუკების და აკაციების ტევრს სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე, აი, გორას რომ ეძახდნენ, რა დაავიწყებს.

- რაზე დარდობ ხოლმე?

- ძალიან რომ გაჭიანურდეს ეს დაბრუნების პროცესი, სახლი აღსადგენია და სანამ ახალგაზრდა ვარ, მინდოდა მომესწრო.

- მიზნები?

- სანამ ბავშვები სკოლაში წავლენ, სოხუმში დავბრუნდები მეთქი. ეს ადრე, ახლა აღარ ვიცი.

- და ღმერთი?

- სამართლიანია ღმერთი... მაგრამ მას ჩემისთანა უბრალო კაცი რას გაუგებს? ნიჭი უნდა მის შემეცნებას. შემეცნება კი ლოგიკის დაჭერაა. გააჩნია, ვინ როდის იჭერს ამ ლოგიკას. მე, ამ გზაზე, ალბათ, სადღაც შუაში ვარ.

- რამეს ნანობ?

- ხანდახან კი ვნანობ ხოლმე რუსეთში რომ არ წავედი. ჩემი პირველადი პროფესია ფილოლოგიაა, მაგრამ მშენებელიც ვარ. ყველაფრის კეთება ვიცი.. შეიძლება კიდეც წავიდე.

- უფრო მეტს წერ თუ უფრო მეტს კითხულობ?

- წერით სულ ვწერ, ნარკოტიკივითაა. ვერ შეეშვები. კითხვა კი... ადრე უფრო ბევრს ვკითხულობდი. თან არათანმიმდევრულად, არეულად. პეპი გრძელიწინდა ისე პატარამ წავიკითხე, რომ სიუჟეტი საერთოდ არ მახსოვს.

ამ დილით ვნატრობდი - ერთი სოხუმური სიგარეტი კოსმოსი მომცა და კიდევ, ნეტავ, ფოლკნერი არ მქონდეს წაკითხული მეთქი. მისი სოფელი რომ წავიკითხე პირველად, შოკში ჩავვარდი: ვკითხულობდი ფოლკნერს და ნამდვილ მეგრულ სოფელში ამოვყავი თავი. ჩეხოვი მიყვარს კიდევ ძალიან.

თანამედროვეებს ნაკლებად ვკითხულობ. განსაკუთრებით .. ინტელექტუალური პროზა არ მომწონს. კუნდერა მაჩუქეს ამასწინათ, ვერა რა! ძალიან ბევრი ფილოსოფიაა შიგ. ბევრს ლაპარაკობენ.

პენ-მარათონის გამარჯვებული და ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი გელა ჩქვანავა ამბობს, რომ წარმატება მასაც სიამოვნებს, ერთი, ორი და ხანაც სამი დღე. მერე ნაბახუსევზე გამოდიხარ და მთავრდება... არ მთავრდება მხოლოდ ის, რაც გელას ყველაზე მეტად აკლია:

„კაფე. აი, ისეთი კაფე, ათასი პრობლემით და უფულობით და უშუქობით გაწვალებული რომ გახვალ სახლიდან და თავს შეაფარებ. „ლედნიკი“ მაკლია“...

მეც ისე დავამთავრებ გელაზე დღეს, როგორც თვითონ დაამთავრა ერთ-ერთი თავისი ყველაზე კოლორიტული მოთხრობა მე-14ა კორპუსი: „ასე იყო ეს ამბავი, „დინასტიასავით“ დალაგებული და სწორხაზოვანი ვერ არის მთლად, არც „ფორსაიტების საგაა“, მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს, ხომ იკითხება გვარიანად? ჰოდა, გადაწყვეტილი მაქვს სერიალი გადავიღო, სინოფსისი მზად მაქვს როგორც ხედავთ. მხოლოდ სოხუმში დაბრუნებაღა დარჩა.“

22.5 ლიტერატურა - პოეზია

▲back to top


ჰიმნი ვარდისფერ სათვალეს

ავტორი: ნიკა ჯორჯანელი

მუზა მე ყველაფერ ამაზრზენს მავიწყებს.
თუმც მასთან თამაში საქმეა სარისკო.
მარცხსაც ხომ არ სძინავს, მეწევა თავისკენ.
ვზივარ და არ ვიცი, საიდან დავიწყო.
მე მხოლოდ ის ვიცი, მაინც რომ დავიწყებ.
წამს ვითხოვ. მუხლებზე ხელები დავიწყო.

ზვირთცემა, ქარი თუ... ვბუქსაობ. რაღა ვქნა,
თუ ვერრა დავწერე ასი ცდის შემდეგაც?
არც იღბლის დაცდაზე არა ვარ თანახმა:
ვინც უმოქმედოა და უცდის შემთხვევას,
შორს როგორ გასწიოს, ადგილის გლახაკმა.
შორს მინდა გავწიო. ვცდი აბა ერთხელაც.

ზვირთცემა, ქარი თუ... ისევე ვბრკოლდები.
არადა, ვიცი, რომ უთუოდ გამოვა.
ზვირთცემა, ქარი თუ დამწვარი ფოთლები...
არასგზით არ ცხრება შეცდომის ავობა!
წინ ალბათ ვერ წავალ ასეთი მოთელვით.
რაღაც თავს ვერა ვცნობ. ჩანს, დაღლის გამოა.

როგორაც წარსულში ჩემგვარი მწირები,
დამბუგა მშვენების შეხების წადილმა.
არასდროს, თუნდაც რომ ყველაზე მცირედი
მომეცეს, არ გავალ ამ სალოცავიდან.
რაითაც არსებობ, არ გაიწირები
იმისგან. მთავარი ესაა. წავიდა!

II

ზვირთცემა, ქარი თუ ნგრეული აკლდამა,
თუნდ წინამორბედთა ოჯახის ალბომი -
ყველანი ერთსა და იმავეს ამბობენ,
კერძოდ, რომ სამყაროს არავინ აკლდება.
წაგვისვას სიკვდილმა ჩვენ, ფარდაახდილმა,
ცრემლისგან დახეთქილ ლოყებზე სალბუნი!

სამყაროს მასშტაბით არავინ არ ევნო.
სამყარო არ არჩევს მარშლებს და რიგითებს.
სამყარო თავისი გარემოს სიდიდის
ცენტრია, უზღუდო, უშემოგარენო
ადგილი, ტრიბუნის არმქონე არენა.
და, ტყუილუბრალო, ვერსაით გვითითებს

გზის მაჩვენებელი. ჩვენ სამყაროში ვართ,
ჩვენ სამყაროში ვართ, და არა მიწაზე!
ფუყეზე ფუყეა ყოველი სიმწარე -
მსურს ვუთხრა მოზარეთ და ბედის მომჩივანთ,
იმათ, ვინც აშკარა აბსურდის მორჩილად
უგრძნობ და განუსჯელ ბუნებას მიაწერს

განთიადს, ცეცხლსა თუ სასქესო ჰორმონებს,
ელვებს თუ იმას, რაც წვიმა თუ ღელეა,
ო, მაშინ როდესაც ისინი მღერიან,
რა ლხენა მოგველის, რომ გვამცნონ როგორმე.
ჩვენ უკვე დღეს გვიმხელს ღრუბლების მომგონი
მას, რაც ჯერ თითქოსდა არგასამხელია.

III

ნეტავი რას ვშვრებით? ყურს ხომ არ ვიყრუებთ?
ნუთუ ჩვენ არ გვესმის სფეროთა სიმღერა?
არც მოღობილია, არც გადატიხრული
რამეთი, სამყარო ყოფილა იმხელა.
როდემდე იღვაროს ცრემლები ბრიყვული?!
შეხედეთ, მაჟორში რამხელა სიღრმეა!

ცხოვრება შავმა და თეთრმა რომ შეფიცრა,
ეს ჩვენვე ვუზურგეთ მხარეებს ფერადებს.
მინორი ექოა ტყუილი ხმებისა,
ხარვეზი, საკუთარ თავში რომ ნეტარებს,
შეცდომა, სამოსი შიშველი მეფისა.
მინორი ეყრდნობა იმას, რაც ზედაპირს

და მხოლოდ ზედაპირს ედება. მინორი
თავს მარტოობათა იმართლებს სუსხით ან
იმით, რომ შთაუნთქავს ნისლს სანაპირონი;
რომ სადღაც ბინაში გარდაცვლილს უსხედან,
ხატს კი იქ კედელზე არ მოსდის მირონი.
მორჩა, სულ ესაა; მინორის ნუსხიდან

ვერასდროს ამოწერ არსებით რაიმეს,
იმდაგვარ რაიმეს, რაც ფიქრის ღირსია.
რა ბანალურია იძახო „ვაიმე“,
რადგანაც, სენია თუ კატაკლიზმია,
გჭრიან თუ ფსკერისკენ მიათრევს ლაინერს,
მსვლელობა ჭირისა სულ ზედაპირზეა.

IV

სულთმობრძავ ავადმყოფთ, მკვნესარეთ, ჯვარცმულებს
სამყარო ნიადაგ შესთხოვს და არწმუნებს,
როგორმე მიჰბაძონ წამოზრდილ ქალწულებს,
უკვე რომ შეიგრძნეს ქალური უნარი
და ახლა კნუტებზე სულ აღარ ზრუნავენ.
სამყარო მეტყველებს. ამიტომ ნურავინ,

ნურავინ იტირებს. მეტადრე - ძალიან.
ცრემლების ფრქვევისთვის ნურავის სცალია.
ნეტარი ღიმილის მომგვრელად მწარეა
ის, გრძნობ რის ბოლოსაც, რომ მხოლოდ თქორავდა,
თავსხმა რაც გეგონა. იხარონ მხცოვანთა,
ვითარცა ქალწულთა მათ გასათხოვართა, -

წინ ნეტარებაა, რამ აღარ იფიცა - ფოთლების შრიალმა,
ვარსკვლავთა ციმციმმა.
რით უნდა გაქარწყლდეს იმედი იმისა,
მზის ამოხეთქისას რაცაა დასკვნილი!
სამყაროს არა აქვს დღე უკანასკნელი.
და ადამიანი - ეს არის ვარსკვლავი,

მასში რომ უქრობლად ინათებს როდისმე!
სამყარო მოკლეა სიკვდილის ლოდინზე.
თუმც ისე ფართოა - არც პატრიოტიზმი
სჭირდება მკვიდრთაგან, არც სხვა რამ ამგვარი.
ძმობილო, მუხანათ საწუთროს გავკარი:
ხან გტკივა გული და ხან ყვერის კაკალი.

V

ხან კიდევ ვიღაცა ხეიბრის დარდი და
ხან ვინმე მართალთა დათხრილი თვალები.
მე ალბათ დავღვრიდი სისხლს მოძალადეთა,
ოღონდაც მწერლობა ვერაა ალიბი.
მწერლობა გაკისრებს, მშვენება ადიდო
და იყო ცოტათი ნასწავლი აბელი.

და რახან მწერლობა მკითხველებს გაწელილ
მშვენიერ წამს აძლევს, რახანაც სინტაქსი
ცდილობს, რომ თავისი ხლართების სიმკაცრით
შებოჭოს ცხოვრების შავბნელი ნაწილი,
ნურავინ დააქცევს სისხლს, ვისაც ნაწერი
რამ წაკითხული აქვს. თუნდ ერთი სიტყვაც კი.

სიკვდილს კი - წარმავალ სივრცეთა წვრილფეხა
თავადს, ყბედ ორატორს, მოუბარს ხელგაშლით,
მე მინდა ვესროლო პატარა რეპლიკა
(ზედმეტი იქნება სხვა სახის დემარში):
მიწაში კუბოებს დარჩებათ ძვლებიღა,
დღეს ხელს რომ გვიშლიან ნარნარად ფრენაში!

არავინ მომკვდარა. არავის მივტირი.
სამყარომ არ იცის, რა არის სიკვდილი.
ასე რომ, უბრალო „რამტირი-რიმტირი“
მწუხარე მესაზე ნაღდია ამ მხრივ, და
რა კარგი იქნება, თუ ვინმე ნახევრად
წასული ამ ჩემი კილოთიც გამხნევდა.

2006

სოფელში

აქ უმეტესად დღისითაც ბნელა. ან მე ვიღვიძებ დაბინდებისას.
წვიმს. ვერაფერი ვეღარ გავიგე
ამ წვიმიანი ამინდებისა.

ლამის წავიდეს აქაურობა, მონახოს სადმე არსთა გამრიგე,
აქედან ძალზე შორეულ მხარეს,
და ასე უთხრას: რა შეგცოდე, რატომ გამრიყე?

მაგრამ უეცრად ღვთის მიერ სოფლად, უკვე რომ კარგავ
ყველაფრის ხალისს,
რაღაცას მისას ესმება ხაზი,
როცა შორიდან მზე მოიწევს, აცმული ხარის

დანამულ რქაზე.

სონეტი

მე ეს მხვდა წილად, გავურბოდე თავსა და მილეთს
და ცხადად ვგრძნობდე, აფრასავით გაშლილი სიო
როგორ მიაფრენს ზღვის ტალღებში მანკიერ ხმელეთს.
მე ეს მხვდა წილად, თოლიების ვუსმინო წიოკს
და დავაკვირდე, არემარე, რომელიც მილეწმოლეწა
ქარმა, რანაირად წარმოთქვამს: „ვძრწი“-ო.

მე ეს მხვდა წილად, სიჩუმეში თამბაქო ვწიო
და შენ გიცქირო, თვით მიცქერი სანამ, და მერეც.

მე სინამდვილე არც მახარებს და არც მაღონებს.
გულს არ გიჩუყებ და არ მივდევ დაძრულ ვაგონებს,
თუმცაღა გრძნობა მეტისმეტად მაწვება ყელში.
ვაგზლის ცივ მერხზე მოვთავსდები და ზოგ უზაკველ
ფიქრს გავამჟღავნებ გვერდით მჯდომთან ვინმესთან, ელჩი
სულ სხვა ქვეყნისა, რომ არაა არც ერთ რუკაზე.

2005

22.6 მწერალი

▲back to top


ლიტერატურა - ისტორია

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

„სოფელი“ რომ წავიკითხე და ცოტა სხვა ფოლკნერიც, პირველი, რაც ფოლკნერისა ვნახე, ჟურნალ „მართვეში“ გამოქვეყნებული ფოტო იყო.

ეს ფოტო სრულიად გახუნებული და ერთი ციცქნა, ახლაც შენახული მაქვს.

ძველ პიჯაკსა და სამხრეთულ კომბინეზონში გამოწყობილი უკვე ხნიერი ფოლკნერი სამჭედლოს კართან დგას.

ფოტოს ქვეშ გამოქვეყნებული წერილიც, რომელსაც კაცი გაძლებს ერქვა, ძალიან მაგარი იყო, თუმცა მისი ავტორის გვარი (ალბათ ამერიკელის) არ მახსოვს. ის მახსოვს, რომ იქ ფოლკნერზე, მჭედლებზე და ცხენებზე იყო ლაპარაკი.

ფოლკნერი ხომ ცხენმა გადმოაგდო და მერე ამისგან მოკვდა, თრომბი დაეცა. ცხენის სახელიც მახოსვს: სთოუნვოლი - ქვის კედელი. ისიც მახსოვს, რომ სამოც წელს გადაცილებული მწერალი რაღაცნაირად, ეჯიუტა ამ ცხენს, რომელზე შეჯდომასაც კლუბში არ ურჩევდნენ.

იმ წერილშიც მგონი ამ ამბებზე იყო ლაპარაკი, ერთი სამხრეთელი მჭედელი მას ოსტატ ფოლკნერს უწოდებდა და თავის სამჭედლოში მის ყოფნას იხსენებდა.

ეს წერილი ჟურნალ „მართვეში“ იმიტომ იყო დაბეჭდილი, რომ თითქოსდა სპორტულ თემას ეხმიანებოდა, რახან „მართვე“, (რომელიც ჩემი ჭკუით საერთოდაც საუკეთესო ჟურნალი იყო იმ დროში) სპორტულ ჟურნალად იწოდებოდა. სინამდვილეში ეს უიშვიათესი კარგი საქმის ამბავი იყო, ფოლკნერის შესახებ უცხოელი წერდა, რაც სრულიად საუცხოო რამ იყო იმ დროში. ფორმალურად, ეს სპორტის ამბავი იმიტომ იყო, რომ სტატიაში ფოლკნერის ცნობილი ნაწერი, „ცხენი გაძლებს“ იყო მიმოხილული.

კაცი გაძლებს ხომ ამის გამოძახილით ერქვა.

ფოლკნერი კენტაკის დოღზე მიიწვია ერთმა გაზეთმა, არ მახსოვს, რომელმა, რამე დაგვიწერეო.

ალბათ, კარგადაც უხდიდნენ, მან კი „ცხენი გაძელბს“ დაწერა, რომელსაც კენტაკის დოღთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. იმ საბჭოთა ბიჭობაში კენტაკის დოღი რა იყო, სრულიადაც არ ვიცოდი: ახლა კი ვიცი, რომ ამერიკის უმაგრესი რბოლაა და იქ მოხვედრილ მწერალს, ალბათ, ბევრი რამის დაწერა შეუძლია საკუთრივ დოღის, ნანახის, ანდა განცდილის გამო.

ეს მხოლოდ ფოლკნერს შეეძლო, რომ „ცხენი გაძლებს“ დაეწერა იმ გაზეთისთვის, რომელიც მისგან ეგებ დოღის ხსენებასაც ელოდა.

მერე, ეს „ცხენი გაძლებს“ წავიკითხე, და საერთოდ, მისი პუბლიცისტიკაც წავიკითხე, ერთ მოზრდილ, რუსულ ტომში, სადაც ფოლკნერის ინტერვიუებიც იყო და სტატია-ესეებიც. ქართულად ამ ინტერვიუების მხოლოდ ორი გამოცემა არსებობდა: პირველი თხელი, რომელსაც ნობელის პრემიის ასაღებად მისული ფოლკნერის ფოტო ამშვენებდა და მეორე, უფრო, სქელი, მგონი 90-იან წლებში გამოსული. ორივე პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმ ნილ-მომზდებული იყო და მე განსაკუთრებით ის პირველი დამამხსოვრდა: დედაჩემმა მომიტანა და იმდენჯერ წავიკითხე, რომ სულ ზეპირად ვიცოდი. დავამთავრებდი, დავიწყებდი და ასე კარგა ხანს. ფრაზები ვიცოდი მისი საუბრებიდან სტუდენტებთან და ჟურნალისტებთან: ტოკიო, ვირჯინია, პარიზი, რა ვიცი. ბევრი რამე იყო იმ პატარა წიგნში. კაცი ამბობდა, წერისთვის მოსახერხებელი პროფესია ბორდელის დირექტორობააო, დღისით შენს სამყოფელში სრული სიწყნარეა და საღამოს კი მთელი ქალაქის კაი ხალხი იქ იკრიბებაო. თეატრში სამჯერ თუ ვარ ნამყოფი, ერთხელ აქლემი შემოიყვანესო და ასეთები, მგონი, კინოზეც რაღაც მსგავსებს ამბობდა, თუმცა, ჰოლივუდში იყო ნამუშევარი. მოკლედ, მოულოდნელი ამბავი იყო ეს საუბრები და მგონი პოლიტეკონომიის გამოცდაზე რომ მივედი, მაშინაც კი ჯიბეში მედო და ამას ვკითხულობდი მერხში შემალული ყვითელი სახელმძღვანელოს ნაცვლად.

მაგრამ, ეს უფრო მერე იყო.

როცა საუბრები ჩავიგდე ხელთ (აქამდე მაქვს სწორედ ეგ გამოცემა) უკვე წაკითხული მქონდა, „სოფელი“, „ქალაქი“, რამდენიმე მოთხრობა, „ხმაური და მრისხანება“ (თუ მძვინვარება) სულ ქართულად და რუსულად მქონდა სტაფილოსფერი კრებული სადაც „გვამის შემბილწველი“, „დათვი“ და „აგივსტოს ნათელი“ იყო. ეს წიგნი ჩემი მეგობრისა იყო, ოღონდ იმდენხანს მქონდა, რომ ჩემი მეგონა. როგორც სხვა ყვლეაფერი, ფოლკნერის რუსული გამოცემებიც მაღაზიებში არასდროს იყიდებოდა პერესტორიკამდე. საშოვარი იყო.

კარგა ხანია ფოლკნერის წიგნები არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა რომ ვითვლი, ამდენი წიგნი სახლში სხვა არცერთი ავტორისა არ მექნება. სამ ჩვენთვის მისაწვდომ ენაზე მაქვს მისი წიგნები და რამდენი კიდევ დაკრგული.

მაშინ კიდევ, ოთხმოციან წლებში, გიჟივით ვკითხულობდი.

ერთი „სარტორისი“ მქონდა ინგლისურად, ფოქეთ ბუქი, მაგრამ ამდენ ინგლისურს ვერ ვქაჩავდი, ფოლკნერი რომ მეკითხა. „აბსალომ, აბესლომიც!“ იყო, რუსული პროგრესის გამოცემა, რომელსაც ასევე ვერ ვკითხულობდი, თუმცა საუცხოო კომენტარები ახლდა, როგორც „პროგრესის“ ყველა ასეთ გამოცემას და მქონდა ქართულად „დათვი“ ცალკე წიგნად და იგივე „აბესალომიც“, რუსულების ჩამოთვლა ახლა მეზარება: სახლში რომ შევდივარ, ახლაც ვხედავ, ყვითელ ყდას სადღაც მაღლა, თითქმის ჭერში: „ასაბნიაკ“, აწერია შავად. საკვირველია მაგრამ 90-იანი წლების გამოცემებიც მაქვს, „სავანე“, რომელიც დეტექტივის სერიითაა გამოსული და კიდევ რამდენიმე.

ერთი ყვითელიც მქონდა, უგადასარევესი, შიგ ჩემი საყვარელი მოთხრობები იყო. მოსკოვში მაჩუქა ერთმა ბიჭმა, კობამ. ის ყვითელი აღარ ჩანს... იქ იყო ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა, მაღალი ადამიანები და კიდევ, რამდენიმე სამხრეთული ამბავი. მგონი, რამდენიმე ისინიც, რომლებიც დეტექტივებს ჩამოჰგავდა და რომლებშიაც ადვოკატი გევინ სტივენსი მონაწილეობდა საქმეთა გამხსნელად. საბჭოთა კავშირში ერთადერთი მისი რვატომეული (ნამეტანი არ მომივიდეს, მგონი ექვსტომეული იყო. კი, ნამდვილად) რა თქმა უნდა, არ გამაჩნდა: ოღონდაც, ირაკლისგან მომქონდა, როცა კი მომინდებოდა, ნებისმიერი ტომი.

ის მაღალი ადამიანები კი დღემდე ჩემი უსაყვარლესი (მერამდენედ გავიმეორე ეს სიტყვა, ესე იგი მართლა საყვარელია) მოთხრობაა. შუა მოთხრობაში კაცს ფეხს აჭრიან კოჭში, მის სახლში კი ჩინოვნიკი მისულა, რათა მისი დეზერტირი შვილები დააკავოს. კაცი ეუბნება, მოსავალს ავიღებთ და წავლენ ჯარშიო და მერე კი ფერმერებს ფეხი დასამარხად მიაქვთ.

ერთი დრო იყო, რომ ფოლკნერის წიგნებს მხოლოდ ვხედავდი და არ ვკითხულობდი. მაშინ სკოლის მოწაფე ვიყავი. პირველად, ჩემი კლასელის ძმასთან ვნახე, „ხმაური და მძვინვარება“, ინგლისურად. უცხო ენებში სწავლობდა და ალბათ, ამიტომაც ჰქონდა. ვუთხარი კითხულობ-მეთქი და კიო, საკურსოც უნდა დავწეროო. და მე ვკითხე ის, რაც გამეგონა, ეს ის არი ხო, ძაან გრძელ წინადადებებს რო წერს-თქო.

ასე გამეგონა და რატომ დავმალო?

იმან ჩაიცინა, მე კი, წიგნი გადავფუეცლე და ვნახე, რომ წინადადებები არც ისე გრძელია და წერტილებიც მრავლად არის.

პირველი, რაც წავიკითხე, იყო „სოფელი“, რევაზ თვარაძის თარგმნილი და მერე რუსულადაც, „ძერევუშკა“ ერქვა (მგონი ქართულიდან ერთი წლის თავზე, ხოლო რატომ, არ ვიცი). ამ წიგნიდან დამემართა ერთი უცნაური რამ: მისი კითხვით აღტაცებული სულაც არ ვიყავი, მაგრამ ყველა პერსონაჟი ცხადლივ წარმოვიდგინე და ხალხში ძებნაც დავიწყე.

ეს მოულოდნელი იყო: პერსონაჟებს მგონი მხოლოდ სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვისას წარმოიდგენ ფერადოვნად და ისიც, განსაზღვრულ ასაკში, ისიც ერთგვარ სილუეტებად და ისიც, მგონი, თუ ილუსტრაციები გეხმარება. მაგალითად სამი მუშკეტერი, მსუქანი პორთოსი, ლოთსევდიანი ათოსი და ასე. ანდა, „განძთა კუნძულის“ სილვერი, რომელიც ასევე, მგონი, ყველაზე ფერადოვანი და ცხოველმყოფელია წარმოდგენებში. არ ვიცი, ასაკი ემთხვევა, არ ვიცი მის გარეგნობას აქვს განსაკუთრებული ძალა. თვით წიგნშიაც, სანამ ნახავდეს, ჯიმ ჰოკინზი სრულიად ათასფერად და ათასნაირად წარმოიდგენს ხოლმე ცალფეხა მეკობრეს.

ამ „სოფელის“ კითხვისას კი მთლად ბავშვიც აღარ ვიყავი, მთავარი რამეები დამენახა და რაღაცეებიც განმეცადა, მაგრამ ამ ადამიანებმა, ფრანგის ხევში რომ ცხოვრობდნენ სრულაიდ მოუშორებლად დაიბუდეს ჩემში.

ეს ძებნა რაღა იყო, ვერ ვხვდებოდი: თან წარმოდგენილი მყავდა, თან ვეძებდი. მაგალითად, საკერავი მანქანების კომივოიაჟერი დაბიუქეი რეთლიფი, რომელიც თავისი ფურგონით ჩამოივლიდა ხოლმე, თვითონ უფროსი უორნერი, სნოუფსების მთელი ბრიგადა, დებილიდან ვერაგამდე, ტალი და ბუკრაიტიც, კი ჰენრი არმსტიდი (ეს სამნი მეორეხარისხოვნები არიან) თბილისში რატომ უნდა გეძებნა? თან ოთხმოციან წლებში.

იულა უორნერი, უორნერის გოგო, ვიღაც მაკმაონმა რომ დააფეხმძიმა.

როგორი რამეები იცის ფოლკნერმა, იცი? აი, ახლა გამახსენდა: ახალი ამოპირული ცელის ფერი თვალები ჰქონდაო.

ეს წიგნი ზაფხულში წავიკითხე, ზამთარში კი ერთ მთიან სოფლეში ვიყავი, თოვლებით განთქმულში. ფეჩთან ვისხედით და ზამთრის გემრიელობებს ვჭამდით და ვსვამდით, გარეთ კი ჯიგრიანადაც თოვდა.

შემოვიდა მეზობლის გოგო. მდიდარი მეზობლის. ლოყაწითელი და სავსე სოფლურად და ქერა და მე ვიფიქრე, ასეთი იყო იულა უირნერი. სრულიად ცხადად. მეტროში კი იდგა ვიღაც მსუქანი ჯეილი და ვიფიქრე, რომ ეს იყო ფლემ სნოუფსი. საკვირველია, რომ ეს წიგნი იმ რუსულ-ქართულობის შემდეგ არ წამიკითხავს, ანუ იქნება ასე ოცდაოთხი წელიწადი, ან ოცდასამი (რა ვიცი, ზაფხულები კი იყო), მაგრამ, ისე ვხედავ ყველას, თითქოს გუშინ დავშორდი. ის სოფლელი გოგოც იმიტომ დამამახსოვრდა, რომ იულა მეგონა.

ეს ძალიან უცნაური იყო, სულ არ ვფიქრობდი იმაზე, რასაც ფოლკნერის შესახებ წერდნენ მისივე წიგნების წინასიტყვაობებსა და სქელ ლიტერატურულ ჟურნელებში: ცნობიერების ნაკადი, დრო ფოლკნერის შემოქმედებაში, მითოსი და იგავი და ასე შემდეგ. არც მესმოდა ეგეთი რამეები და მისი წიგნების კითხვაც მგონი ეგეთი რამეების გამო მეზარებოდა ხოლმე. უცნაური ესეც იყო, მეზარებოდა: რომ წამოიწყებდა ამბავს და გაუხვ-გამოუხვევდა, მიუღრმავდ-მოუღრმავდებოდა, ვერ ვითმენდი, ამიტომ მეგონა რომ მისი კითხვა არ შემეძლო და არ მიყვარდა. ამ დროს კი ძალიანაც მიყვარდა, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებზეც წერდა, გასაოცრად მომწონდა და მამახსოვრდებოდა.

ოჰ, ქალაქში თაიგული რით არის შეკრული? ეგეც არ წამიკითხავს ძალიან დიდი ხანია. იკა მეუბნებოდა, „აგვისტოს ნათელი“ წაიკითხეო, ის მოსწონდა. მე კიდევ „გვამის შემბილწველი,“ რაც ჩემი გონების მწირ მოთხოვნილებებს ადასტურებდა. სამაგიეროდ, ახლაც მახსოვს ელეგანტურად ჩაცმული ზანგი, ლუკას ბიჩემი, ოქროსთავიანი კბილის საჩხრეკით.

ეს ზანგი იყო პირველი განსაკუთრებული ზანგი ჩემს ცხოვრებაში, იმის მიუხედავად, რომ მანამდე ვიცნობდი ბიძია ტომს დ მანამდე ვიცნობდი სრულიად გენიალურ ჯიმს, ქვრივი დუგლასის გამოქცეულ მონას, რომელიც დღემდე გულკეთილობის მაგალითია პირადად ჩემთვის. ამის მიუხედავად, ასეთი ზანგი არ მენახა.

მასაც ვეძებდი, მაგრამ, აბა, თბილისიში ზანგი სად უნდა მენახა: ერთადერთი ზანგი ცხოვრობდა, შამბე ბაშირი და ისიც უკვე გარდაცვლილიყო და ერთხელ, ღამით ვნახე ფილმი, ამერიკული ფილმი, სრულიად გადასარევი, როდ სტაიგერი იყო პატარა სამხრეთული ქალაქის შერიფი და იძიებდა მკვლელობას, ხოლო ფილმს ერქვა „ცხელ სამხრეთულ ღამით“ და იქ, ჩრდილოელ გამომძიებელს, ზანგს, თამაშობდა სიდნეი პუატიე და მე მივხვდი როგორი იყო ლუკას ბიჩემი. აი, ასეთი ბოდიალები მქონდა. ერთხელ, ერთმა მკითხველმა წერილი მომწერა, შენს წიგნებს მეორედ არასდროს წავიკითხავ, იქ ნამდვილი დიდი ხასიათები არ არისო. მაშინ, რა თქმა უნდა დავეთანხმე მკითხველს, ახლა კიდევ, რომ ვფიქრობ, დიდი ხასიათები კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ როგორ გამახსოვრებინებს მწერალი თავის გმირებს, თუნდაც არა დიდებს. რეთლიფი სულაც არ არის დიდი ხასიათი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კარამაზოვზე ნაკლებად მახსოვს. ამ ხსომებაში, ცხადია, მხოლოდ ხსომება არ იგულისხმება.

რაც შეეხება „დათვს“, დღემდე ზეპირად შემიძლია დათვზე მონადირეების ბრიგადა ჩამოვთვალო, და ჩამოვთვლი კიდეც დიდი სიამოვნებით, იმიტომ, რომ ეს კაცები ყველა ვიცი სახეზე და ყველა უხსოვარი დროიდან არსებობს ჩემში: ძაღლი ლომი(ა), ბებერი სემ ფაზერსი, ბუნ ჰოგენებექი, რომლის ძარღვებშიც, ინდიელური სისხლი ჩქეფდა, კაპიტანი დე სპეინი, აიკი, აიზეკ მაკკასლინი, ვინც ბიჭი იყო მაშინ და... კარგი, აღარ არის საჭირო, ბაიარდ სარტორისები, კვენტინ კომპსონები, სხვა გიჟობები: ისინი ისედაც უკვდავნი არიან. ეს ადამიანები სულ ერთმა კაცმა მოიგონა. მოიგონა და ინდიელური სახელის ერთ საგრაფოში დაასახლა. ძალიან გაცვეთილი რამ იქნება, თუ ახლა ვიტყვი, რომ ამ საგრაფოს იოკნაპატოფა ერქვა და რომ ფოლკნერმა ის ასე და ასე მოიგონა და მას ესა და ეს რომანები მიუძღვნა.

სრულიადაც არ არის საინტერესო.

საინტერესოა ეს დაბალი, გამოწკეპილი კაცი, ტიპიური ძველი სამხრეთელი, მოხდენილი პროვინციელი, თითქოს თავიდან ბოლომდე პატრიარქალური, მოდერნისტობაზე მეოცნებე, არცთუ წარმატებული ცდებით, პარიზში მოხეტიალე, ნიუ ორლეანში მოლოთავე, ხელოვნების ფაკულტეტის ორი სემესტრის განათლებით, წლიდან წლამდე რომ ერთსა და იმავე წიგნებს კითხულობდა და ერთსა და იმავე ვისკის სვამდა, ერთსა და იმავე ვირჯინიული თამბაქოს თანხლებით, რას ფიქრობდა სინამდვილეში.

მისი ყველაზე სუსტი წიგნი მე მგონი იგავია, სადაც იესო ქრისტე პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე ირჯება.

ეს ნამდვილად არ იყო მისი თემა, მისი პატრიარქალური იერის, ცხენების, მელიებზე ნადირობის, მბზინავი ჩექმების და უთვალავი ჩიბუხის მიუხედავად.

სიმართლე რომ ვთქვა, ადრიდანვე მიყვარდა ამერიკის სამხრეთის შესახებ კითხვა და ცქერა. ის ფილმიც რომ ვახსენე და რაღაცეებიც, რაც, მგონი, წინა ნაწერებშიც მიხსენებია, ფოლკნერის და კიდევ რამდენიმე სამხრეთელი მწერლის დამსახურებაა.

შესაძლოა, ფოლკნერს ასე პირდაპირ არც ეხებოდეს, მაგრამ მე სრულიად ვგიჟდები ჰარპერ ლის წიგნზე „ნუ მოკლავ ჯაფარას“ (ქართულად, მგონი, ზუსტად ასეა). ეს სულისშემძვრელი სამხრეთული ისტორია და ადვოკატი ატიკუს ფინჩი, ალბათ, სწორედ ის არის, რაც ასე მიყვარს ამერიკულ წიგნებში და არც არასდროს ხუნდება: რაღაცნაირი, ერთიანი სამყარო, სამართლითა და უსამართლობით, უამრავი ხასიათით და მოძრაობით, გაუთავებელი გადაადგილებებით ერთ პატარა ტერიტორიაზე. ასეთი რამეებია ერსკინ კოლდველის წიგნებში და ასეთი რამეებია ფოლკნერის წიგნებშიც. ასეთი რამ არასდროს არის რუსულ, ქართულ და ბევრი სხვა ქვეყნის წიგნებში: ჩვეულებრივი ქალაქისა და ჩვეულებრივი გარემოს გარშემო აგებული ნამდვილი დრამები.

ფოლკნერიც ასეთია, ოღონდ თავისი ზედდართული სიგიჟეებით. სიგიჟეს ცუდ სიტყვად ნუ ჩამითვლით.

ლიტერატურაში დიდად გარკვეული ადამიანი არ გახლავართ, ამ ჟურნალისთვის მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებსა და მოგონებებს ვწერ და ამიტომ, ვერასგზით ვიცრუებ, რომ კოლდუელის ჯორჯიელ ბიჭს ფაუსტი მირჩევნია. რა ვქნა? აკი შოთამაც თქვა, მეორე ლექსი ცოტაიო და ასე შემდეგ. ჩათვალეთ, რომ მეორე ლექსი ცოტაის ადამიანი ვარ საქმით და გემოვნებით და ამიტომაც „ნუ მოჰკლავ ჯაფარას“ უფრო მომწონს, ვიდრე „ჩევენგური“.

შემიძლია თავი იმ სამხრეთელად წარმოვიდგინო, ჯეფერსონში, გალერეაში რომ ჩამოსხდებიან ხოლმე, სუფთა შლაპებით, ახალი დაუთავებული თეთრი პერანგებით და წლევანდელი ხორბლის ფასზე ლაპარაკობენ, ამ დროს კი რეთლიფი ჩამოივლის, ჯერ ფურგონით, მერე ეგებ მანქანითაც, ვინაიდან დრო გადის, ხოლო რეთლიფი მარადიულია, მერე შეიძლება მემფისის მატარებლის განრიგითაც დაინტერესდე, მერე კიდევ ათასი რამ. გადასარევია, თუ გევინ სტივენსთან ერთად ვივახშმებ და მერე მე და ის მანქანით მისიანებთან წავალთ სახლში, ათას კეთილ ჩვეულებრივობაზე ვილაპარაკებთ ვერანდაზე მსხდომნი, მაგრამ არასდროს დაგვავიწყდება რომ დრამაში ვართ, რომ სამხრეთიც, იოკანპატოფაც, ეს ქალაქი ჯეფერსონიც ერთი გადასატანი დრამაა და თუ ახლა ვლაღობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ანტრაქტია და მეორე მოქმედება ჯერ არ დაწყებულა. ხოლო მეორე მოქმედება ასევე დრამა იქნება, ოღონდ იმგვარად მოთხრობილი, რომ პირველს არაფრით ჰგავდეს, თუმცა, წამდაუწუმ გახსენებდეს, რომ ეს ყველაფერი ერთი მთლიანი ამბავია, რომ ჩვენი პატარა ქალაქი იმხელაა, შესაძლოა, დედამიწაზე დიდიც კი იყოს, არა მაინცდამაინც მოცულობით, არამედ სიღრმით.

0x01 graphic

აი, ეს არის ფოლკნერი.

მგონი ეს არის, არ ვიცი.

მისი სამყარო, ლოტოს კოჭებით სავსე ტომარას ჰგავს. რომელიც არ უნდა ამოიღო, გრძნობ, რომ შიგნით კიდევ დარჩა რაღაც მისი მსგავსი, რომელიც ასე მიმზიდველად ჩხრიალებს სხვა ასეთებთან ერთად. იღებ და იღებ, აჩხრიალებ და აჩხრიალებ. ეს ინდიელები, დასუქებული ინდიელიები და მდინარის ნაპირზე გამორიყული გემი, კაცი, რომელმაც დევიდ კოლენკორი დაირქვა, ბებიაჩემი მილარდ, ის დეგენერატი პერსი გრიმი, კვენტინი. რა ვიცი, არ ვიცი, რატომ ვთვლი ამ სახლებს. უბრალოდ, ჩემთვის რაღაც დგას მათ უკან. არა რაიმე კონკრეტული, მაინცდამაინც ოსტატის ნახელავი და ლიტერატურული. არამედ, პირიქით, რაღაც ძალიან ადამიანური და თითქოს სინამდვილეში არსებული. არადა, ის თითქოს ისე წერდა, რომ სინამდვილე სრულიად არ გაგახსენდებოდა, იფიქრებდი რაღაც უხილავსა და მძიმეზე, მოძრავზე, მდორეზე, მოქნილსა თუ მოუქნელზე, ისეთზე, ფიქრი რომ უნდა ჩასჭიდო და არა ხელი, ამ დროს კი ყველაფერ ამას სრულიად მოულოდნელად ხედავ, იმიტომ, რომ ხვდები, ესენი, ყველანი, შენსავით ჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან, რომლებიც მაპატიეთ და, სრულიადაც არ არიან ჩვეულებრივნი.

ჩვეულებრივი ადამიანი არ არსებობს. არ არსებობს მდუმარე ადამიანი. თვით ყველაზე უტყვი და არამიმზიდველი ადამიანიც კი ყველაზე მეტყველი და მიმზიდველია, თუ შენ უილიამ ფოლკნერი ხარ.

და ხარ, შენ უილიამ ფოლკნერი?

კარგი, ნუ გაიცინებთ, მთელი გულით დავწერე ეს სტრიქონები.

ძალიან მინდოდა, გამომეხატა, რასაც ვფიქრობ და არც ვიცი, გამომივდა თუ არა.

დიდი ხანია, ფოლკნერის არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს. სახლში მაქვს, მის საუკეთესო გამოცემად მიჩნეული, მალკოლმ კოულის მიერ შედგენილი პორთეიბალ ფოლკნერი, რომელიც სულ-სუპერ ფოლკნერს წარმოგიდგენს, კოულისავე წინასიტყვაობით. ამასაც მოვკიდებ ხოლმე ხელს, დავატრიალებ, გადავფურცლავ და არ ვკითხულობ. რატომ, არ ვიცი. სამხრეთი არ გამქრალა ჩემში, მისისიპი ახლა უფრო დიდი და საოცარია, ვიდრე ოდესმე, ზედ მდორედ მცურავი ბორბალა გემიც, ჩატეხილი შლაპებიც, ტილოს კომბინეზონებიც და კანჭებდაბანდული ცხენებიც... მაგრამ აღარ ვკითხულობ. ვწუხვარ ამის გამო, იმიტომ, რომ მაკლია ეს ცეცხლწაკიდებული სამყარო, ამ სამყაროს სიცოცხლე. ნამდვილად არ მყოფნის მისი ნაშთები და კარგად ჩაცმული ლუკას ბიჩემი. ვწუხვარ, მაგრამ არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ მოვა ერთი ზაფხული და ტომარაში ჩავყრი ამ ოციოდე წიგნს, მანქანის უკანა სავარძელზე დავაგდებ და ქალაქიდან გავქუსლავ, იქ სადაც ამ ტომარას იოლად მოვაპირქვავებ აივანზე ნაზამთრალ ტახტზე, სადაც დავეგდები და სულ თავიდან დავიწყებ, ყველაზე პირველი წიგნებიდან, სულ ჩემით დავხაზავ სარტორისების, კომპსონების და, ჯანდაბას, სნოუფსების საგვარეულო ხეებს, პირდაპირ სახლის კედელზე მივახაზავ და მივაწერ: ეს ასანთის კოლოფი შესაძლოა, დედამიწაზე დიდიც იყოს, გააჩნია, რა დევს შიგ და გააჩნია, ვის ჯიბეში დევს ეს ასანთის კოლოფი, რომელიც...

მანამდე კიდევ, აგერ, ჯადოსნური წიგნი: უილიამ ფოლკნერი, ინტერვიუები, ესეები, სიტყვები. ამას რატომღაც ყოველთვის ვკითხულობ. ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს ხოლმე.

22.7 „წეროს“ გადაფრენა

▲back to top


ლიტერატურა - კონკურსი

ავტორი: ნინო ჩანტლაძე

0x01 graphic

21 აპრილს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსის, „წეროს“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. „გინდა „წერო?“ - უნდა წერო“, - მიმართვა ტელეეკრანებიდან და სარეკლამო ბანერებიდან ამჯერად პოეტებისთვის იყო განკუთვნილი და პრემიაც კონკურსის მიერ გამოვლენილ საუკეთესო პოეტური ნაწარმოების ავტორს გადაეცა.

კონკურსის მასშტაბებსა და სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, „საუკეთესო ნაწარმოები და ავტორი“ ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო პირობითი ცნებებია. ორგანიზატორებმა გამარჯვებულის გამოვლენა მკითხველს და მის გემოვნებას მიანდეს, რაც შედეგების სერიოზულად აღქმას და მის მიხედვით თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე მსჯელობას გამორიცხავს. ასეთ დროს ერთგვარ ლატარიასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე რეალობის ადეკვატურ შეფასებასთან. ამჯერად ნათია ნაცვლიშვილს გაუმართლა - მისი „ცოლების საკითხავი“ მკითხველმა კონკურსის საუკეთესო პოეტურ ნაწარმოებად მიიჩნია, ავტორს კი ფულადი პრემია (1000 ლარი) და ვერცხლის „წერო“ გადაეცა. მეორე ადგილი ვასილ გულეურს ერგო საბავშვო ლექსების ციკლისათვის „საბავშვო ბაღი“ (პრემია - 500 ლარი), მესამე ადგილზე კი რეზო გეთიაშვილი გავიდა ლექსების ციკლით „საკუთარი სიბერე“ (პრემია - 200 ლარი).

პოეზიის რა გითხრათ, მაგრამ დღევანდელი მკითხველის გემოვნება და აღქმის კოეფიციენტი კი ნამდვილად გამოავლინა კონკურსმა: ტექსტის მაქსიმალური გამჭვირვალეობა, მეტი კონვენციურობა და ვიზუალური ეფექტი - ეს ის კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვითაც დღეს ხალხი პოეზიას აფასებს. რას ვიზამთ - ადამიანთა უმრავლესობა გემოვნებას მხოლოდ სუბიექტური არჩევანის სფეროდ, ბუნებრივ ინსტინქტად მიიჩნევს და შეფასების დროსაც გულუბრყვილოდ ხელმძღვანელობს ამ „გონების კონტროლს დაუქვემდებარებელი გრძნობადით.“ ძირითადი საპრიზო ადგილების გარდა კიდევ რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა. წიგნის მაღაზია „სანტა-ესპერანსამ“ საკუთარ ფავორიტად რეზო გეთიაშვილი დაასახელა, ჟიურის სიმპათია კი დარეჯან სუმბაძე გახდა ნაწყვეტით პოემიდან „თანა ხმა“. გარდა ამისა, „სანტა ესპერანსას“ 50 ლარიანი ტალონით დაჯილდოვდნენ ყველაზე აქტიური მკითხველებიც. ასევე გამოიცა კრებულიც, რომელშიც ფინალში გასული ყველა ტექსტი დაიბეჭდა და დაჯილდოების ცერემონიალზე იგი უფასოდ გავრცელდა.

„წეროს“ ორგანიზატორები ლიტერატურული პორტალი www.literatura.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC არიან. კონკურსი ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა და პირობებიც შემდეგნაირი იყო: 26 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით მონაწილეები ინტერნეტ-პორტალის საშუალებით აგზავნიდნენ 100 სტრიქონდამდე ერთ ან რამდენიმე გამოუქვეყნებელ პოეტურ ნაწარმოებს. საკონკურსო ტექსტებს საწყის ეტაპზე კომპეტენტური ჟიური აფასებდა. ფინალში გასული ნაწარმოებებიდან კი, რომელთა ავტორების ვინაობაც კონკურსის მსვლელობისას დაფარული იყო, უკვე მკითხველი ავლენდა საუკეთესოს - ხმის მიცემა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა.

კონკურსში მონაწილეობა 186-მა ავტორმა მიიღო, რომელთაგანაც ჟიურიმ 15 ფინალისტი შეარჩია. ფინალში გასული ტექსტებისგან საკმაოდ ჭრელი სურათი მივიღეთ და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს ლიტერატურული კონკურსებით არც ისე განებივრებულები ვართ, ამ თხუთმეტეულის მიხედვით სხვადასხვა დასკვნის გამოტანაც შეიძლება. ჟიურის კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩვენი მხრიდან, ალბათ, უფრო ავტორების გამართლებისა და საკუთარი თავის ნუგეშის მცდელობა იქნება - გაცილებით იოლია, 7 კაცს დააბრალო არაკომპეტენტურობა, ვიდრე აღიარო, რომ თანამედროვე ქართულმა პოეზიამ რეგრესი განიცადა, ან კიდევ ერთ დონეზე გაიყინა. საინტერესოა ისიც, რომ ფინალისტებს შორის უმეტესობა ახალბედა ავტორია, რაც, ერთი მხრივ, მისასალმებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მკითხველთა ფართო წრეებისათვის ცნობილი პოეტები უნდობლობას უცხადებენ მსგავსი სახის ონლაინ-კონკურსებს. არცაა გასაკვირი - წინა წლების მწარე გამოცდილებამ არაერთხელ აჩვენა, რომ იმარჯვებს ის, ვისაც უფრო მეტი „კომპიუტერიანი“ ნაცნობი და მეგობარი ჰყავს, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე მკითხველის შეფასების უნარზე.

აღსანიშნავია, რომ „წერო“ პირველი პოეტური კონკურსია საქართველოში. მართალია, ავტორების წახალისებისა და ლიტერატურული პროცესების გამოცოცხლების მიზნით მისასალმებელია ეს წამოწყება, მაგრამ კონკურსის პირობები და სპეციფიკა ჯერ კიდევ დასახვეწია. საერთოდაც, კონკურსი პოეზიაში, ცოტა არ იყოს, არაპრაქტიკული მოვლენაა, განსაკუთრებით ასეთი ფორმით - როცა 100 სტრიქონიან თავისუფალ მარათონში არც მეტი, არც ნაკლები - საუკეთესო პოეტი უნდა გამოვლინდეს. ის ფაქტი, რომ კონკურსი ინტერნეტ-პროდუქტია და ონლიაინ-რეჟიმიდან მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოდის, ცოტა არ იყოს, არასერიოზულობის ელფერს სძენს მას, თუმცა, მეორე, დადებითი მხარეც აქვს - მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ავტორებსაც - „წეროს“ 15 ფინალისტს შორის ორი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება.

„წეროს“ ორგანიზატორების თქმით, კონკურსი რეგულარულად გაიმართება, სავარაუდოდ, წელიწადში ორჯერ. პირველი „წერო“ 2006 წლის შემოდგომაზე ჩატარდა და საუკეთესო პროზაული ტექსი გამოავლინა. ლიტერატურის რომელ ჟანრში და როდის უნდა ველოდოთ შემდეგ „წეროს“, ჯერ ზუსტად არავინ იცის, ორგანიზატორები თვლიან, რომ მცირე ხარვეზების მიუხედავად, კონკურსი წარმატებულად ჩატარდა და სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს გეგმავენ. ასე რომ, მათ, ვისაც კალამი ერჩის, შევახსენებთ - ლიტერატურულ პორტალზე ისევ დაიწყება ფრინველების გადაფრენა, და თუ გინდათ „წერო“, უნდა წეროთ.

22.8 ლიტერატურა - რეცენზია

▲back to top


ავტორი: გიორგი კაკაბაძე

ძნელად საშოვნელი

0x01 graphic

აკა მორჩილაძე, ქაღალდის ტყვია (მცირე რომანი, მოთხრობები).
თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2006.

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი დაჩქარებულია. მკითხველს იმდენი დრო აღარ აქვს, რომ ვრცელი ფილოსოფიური რომანები იკითხოს, ამიტომ, წიგნებს, ძირითადად მგზავრობის დროს, ან ძილის წინ თუ გადაფურცლავს. მწერლებიც, უკვე კარგა ხანია, რაც პრობლემებზე ხანგრძლივ მსჯელობას გაურბიან. წერენ იმას, რასაც ხედავენ; წერენ იმაზე, ვისაც იცნობენ და წერენ ისევე, როგორც ლაპარაკობენ. ასეთი რომანები ორ-სამ თვეში ერთხელ იწერება და სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ ლიტერატურულ ჰამბურგერებს ჰგავს, სადაც ყველა ინგრედიენტი ნაცნობი და ახლობელია და მთელი საიდუმლო მხოლოდ მათ ოსტატურად შეზავებაშია. სწორედ ამის გამო ზოგიერთი ავტორი თავის ტექსტებში ხშირად ლიტერატურულ პერსონაჟად გარკვეული საქციელისა თუ მდგომარეობის აღმნიშვნელ „მოდელებს“, თუ გნებავთ „ტიკინებს“ იყენებს, რომელთა ხასიათებიც იმთავითვე განსაზღვრულია და რომელთაც ნაწარმოებში შესაფერის დროსა და ადგილზე მოიშველიებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი კატეგორიის მკითხველთან აპირებს ესა თუ ის მწერალი ურთიერთობის დამყარებას.

აკა მორჩილაძეს აქამდე კარგი რომანებით რომ არ გავენებივრებინეთ, ალბათ „ქაღალდის ტყვიაც“ შეუმჩნეველი დაგვრჩებოდა, რადგან ისიც ზემოთ აღნიშნულ ნაწარმოებთა რიგს განეკუთვნება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მწერალს ჩვეული ოსტატობა დაუკარგავს. მისი აბსტრაქტული თხრობის მანერა იმ ყოველდღიურ ცხოვრებას გვიხატავს, სადაც სიკვდილთან დახუჭობანას თამაში თავად სიცოცხლისაგან გაქცევას ენაცვლება. სადაც ბავშვობაზე ფიქრი ბატონობს და სადაც ცხოვრება იმ ძაფების ფრთხილი გადარჩევაა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთზე არიან გადაბმულნი. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნუთუ კარგი რომანისთვის ეს საკმარისია?

რაზეა ეს რომანი?

ლოთ და მექალთანე პოეტზე, რომლის ლექსებსაც სამშობლოში არ იცნობენ, სამაგიეროდ, უცხოეთში აფასებენ. ბავშვობიდანვე ერთად შეზრდილ „კეთილშობილ“ ყაჩაღებზე, ასე ვთქვათ, ერთგვარი „ერთხელ საქართველოში“ (ეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ახალი არქითემაა). ლამაზ და სულელ ქალბატონებზე, რომელთა გამოც მამაკაცებს კონფლიქტი მოსდით. სასულიერო პირ - მამა ონოსიფორეზე, რომელსაც ამ ნაწარმოებში რეალურად არანაირი ფუნქციაც არ აკისრია. სამაგიეროდ, ყველანაირ გამოუვალ მდგომარეობას აწონასწორებს სადღაც სტამბულში მყოფი, რომანის „deus ex machina“-ყოვლისშემძლე ემიგრანტი ახმედ კაია, რომლის სახელიც პირდაპირ კავშირშია პერსონაჟებისადმი ავტორის დამოკიდებულებასთან.

დიახ, ისინი ყველანი ავტორის ნებით „კაი ბიჭები“ არიან და კაიბიჭური ცნობიერებით, დაუნდობლობით, თუ სამყაროსადმი ერთნაირი ემოციური დამოკიდებულებით ცხოვრობენ. თანაც ისე, რომ შანელის პომადის გამო კაცის მოკვლაზე უკან არ დაიხევენ. მსოფლიო ლიტერატურა კონფლიქტის გამოწვევის გაცილებით უფრო აბსურდულ და ტრაგიკულ მიზეზსაც იცნობს, მაგალითად: რომელი მხრიდან უნდა გატყდეს კვერცხი - მსხვილი თუ წვრილი ბოლოდან. მაგრამ ამას თავი დავანებოთ თუგინდ იმიტომ, რომ იმ რომანში ეს ისტორია ჩვეულებრივი პარაბოლაა, რომლის საშუალებითაც ავტორმა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის გამოწვეული კონფლიქტი გააშარჟა. „ქაღალდის ტყვიაში“ ატეხილი პერიპეტიები კი შეკრულ წრეში ტრიალებს, იგი მხოლოდ „კაი ბიჭების“ სივრცეში წარმოქმნილი და იქვე დასრულებული პრობლემაა და მისი განზოგადება ხელოვნურ და ნაძალადევ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ მკითხველი არჩევანის წინაშე დგას: ან თამაშის წესებს უნდა დამორჩილდეს და ავტორის მიერ შემოთავაზებული სამყარო მიიღოს, ან წიგნი გვერდზე გადადოს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც წაკითხული თვალით ნანახს ბევრად სჯობს.

მართალია, მინი-რომანის ყოველი ეპიზოდი შულოდან ძაფის ამოხვევასა და ერთმანეთისაგან განცალკევებას ჰგავს და ამგვარი ხერხით მკითხველსაც თავშესაქცევ გამოცანას სთავაზობს, მაგრამ მეჩვენება, რომ ძაფის თითოეული გადაბლანდვით ავტორს ყველაზე მთავარი რამ დავიწყებია: სათქმელი, რომელიც ამ ბოლო დროს ლიტერატურულ ბაზარზე ძალიან ძნელი საშოვნელი გახდა.

დაგვიანებული წიგნი

0x01 graphic

ავტორი: გოჩა ბერია

ჯორჯ ორუელი, ცხოველების ფერმა,
ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა. თბ. სიესტა, 2006

საბჭოთა კავშირში ეს რომანი აკრძალული იყო, ალბათ იმიტომ, რომ ბოლშევიკებმა მასში საკუთარი თავი ამოიცნეს. თუმცა, იგივე შეიძლებოდა ეფიქრათ სხვებსაც, რადგან ყველა ტოტალიტარული რეჟიმი, სადაც მასობრივი დანაშაულებები სამთავრობო სისტემამდე აღწევს, საბოლოო ჯამში ტყუპი ძმებივით ემსგავსება ერთმანეთს.

არადა, ამ წიგნში ასაკრძალი არაფერია, „ცხოველების ფერმა“ ერთი შეხედვით უწყინარი რომანი-იგავია, რომლის მსგავსიც ბევრი დაწერილა ეზოპეს დროიდან. განსხვავება ისაა, რომ ავტორს ისტორიულ მოვლენებზე ერთი კაცის გავლენა, ბოროტების ბუნება და საზოგადოების თავისუფალი ნების კვლევა აინტერესებს. ესაა იგავი, რომელიც გვასწავლის, რომ რეალობას გაცილებით უფრო ფრთხილად უნდა მოვექცეთ.

ცხოველები საკუთარ პატრონს, მისტერ ჯოუნზს აუჯანყდებიან, მას და მის თანაშემწეებს ფერმიდან განდევნიან და ანიმალიზმის პრინციპებზე დამყარებული, უტოპიური სახელმწიფოს მშენებლობას იწყებენ.

ამბოხებას ცხოველთა შორის ყველაზე „გონიერნი“ - ღორები ხელმძღვანელობენ. ხოლო მას შემდეგ, რაც ფერმის ყველაზე ცბიერი ღორი - ნაპოლეონი ერთგული ძაღლების დახმარებით თავის პოლიტიკურ კონკურენტს - სნოუბოლს ფერმიდან გააძევებს, ღორების პირობები კიდევ უფრო შეიცვლება. ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობას იკავებენ: ფერმერის სახლში ცხოვრობენ, სამზარეულოში გამორჩეულ ულუფას მიირთმევენ, საწოლებში სძინავთ. სხვები კი დღენიადაგ ქარსა თუ წვიმაში „ნათელი მომავლის“- ანუ წისქვილის - მშენებლობაზე მუშაობენ და განახევრებული საკვებით სულს ძლივს იბრუნებენ. ალბათ, ადვილი ამოსაცნობია, რომ რომანში აღწერილი სხვადასხვა ცხოველი სხვადასხვა ადამიანის ხასიათსა თუ საზოგადოებაში მის მდგომარეობას გამოხატავს. მაგალითად: დაუნდობელი ძაღლები - ხელისუფლებისადმი ერთგულ დასაყრდენს, პოლიციელებს განასახიერებენ, ცხვრები - მუდამ მორჩილ და თვინიერ ამომრჩევლებს, ცხენები კი დღენიადაგ შრომით გატანჯულ, დამონებულ საზოგადოებას.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რევოლუციას რომანტიზმის ნაპერწკალი ანთებს, იგი მაინც ძალადობაა და არცერთი რევოლუცია საზოგადოებისათვის სიკეთით არ დასრულებულა (ამას ადასტურებს: საფრანგეთის, რუსეთის და თუ გნებავთ, საქართველოს ისტორია). სადაც კი გადაწყდა გეგმიური საზოგადოების შექმნა, კერძო საკუთრების ხელყოფა და კაპიტალის გადანაწილება, ამას ყველგან და ყოველთვის მოჰყვა ადამიანების ინდივიდუალური, რელიგიური თუ პოლიტიკური თავისუფლების დათრგუნვა და რომანშიც ეს პროცესებია აღწერილი.

მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის აბსურდულმა იდეებმა პირველი მარცხი განიცადა, მან ცნობილ ხერხს მიმართა: მტრებისა და მავნებლების ძიება დაიწყო. ეს პროცესი იმით დასრულდა, რომ სამმა ქათამმა ყველას წინაშე აღიარა, თითქოს სნოუბოლი მათ სიზმარში გამოეცხადათ და ნაპოლეონის წინააღმდეგ წააქეზა. ბატმა აღიარა, რომ ღამით, ყველასაგან დაფარულად ექვსი თავთავი შეჭამა. ცხვარი კი გამოტყდა, რომ სნოუბოლის წაქეზებით სასმელი წყლის ტბორში მოშარდა. ბელადის ერთგულმა ძაღლებმა, ისინი ადგილზე გაგლიჯეს, რითიც ცხოველებში შიშმა დაისადგურა.

ამ წიგნში არაფერია ისეთი, ჩვენი ქვეყნის ისტორია რომ არ გაგვახსენოს, მომხმარებელთა საზოგადოება, სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებული და დათრგუნული ინდივიდი, თუგინდ პოლიტიკური ლოზუნგები: „ნაპოლეონი ყოველთვის მართალია“, „ცხოველთა ძმა“, „ცხვართა მფარველი“, „იხვის ჭუჭულთა მეგობარი“. ქათმები ერთმანეთს ასე ესაუბრებიან: „ჩვენი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი დავდე“, ან კიდევ; „რა საუცხოო წყალია ამხანაგ ნაპოლეონის მადლით“.

გეგმიურ საზოგადოებაში ძალაუფლების კონცენტრაცია ყოველთვის იზიდავს და „აჯილდოებს“ მორალური თვალსაზრისით ყველაზე უარეს წარმომადგენლებს. ასეთების გადარჩევა ან გამორჩევა შემთხვევით არ ხდება, ეს ძირითადად ტოტალიტარული სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. ამგვარი ადამიანები კოლექტიურ საზოგადოებებში ყოველთვის წარმატებულნი არიან და პოლიტიკურ მწვერვალამდეც ადვილად აღწევენ. ძლიერებსა და აგრესიულებს ახასიათებთ მეთოდების განურჩევლობა, გარშემო იკრებენ ადვილად დამყოლ და ამავე დროს სასტიკ თანამებრძოლებს. დემაგოგიური გამოსვლებით ყოველთვის წინ მიუძღვებიან ყველაზე გულუბრყვილო, პასიურ და ადვილად სამართავ ადამიანებს. სამაგიეროდ ვერ იმორჩილებენ განათლებულ, ნიჭიერ პიროვნებებს, ამიტომაც ტოტალიტარიზმს სძულს ინტელექტუალები.

თუკი თომას მორმა თავის „უტოპიაში“ იდეალური საზოგადოება დაგვიხატა, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი ბრწყინვალედაა მოწყობილი, ორუელმა იგივე გვიჩვენა, მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში მყოფი წევრების თვალით. მან დახატა სისტემა, სადაც მთლიანად იშლება პიროვნების ბუნება და იგი ერთგვაროვანი მასის ნაწილი ხდება. ამიტომაც საზოგადოებრივი სისტემები უნდა განისაჯოს არა მათი თეორიებისა და აბსტრაქტული იდეალების, არამედ ისტორიაში რეალურად ჩადენილი საქციელის მიხედვით.

დაგვიანებული წიგნი-მეთქი, ვახსენე, რადგან ვთვლი, რომ იგი ჩვენთან გაცილებით ადრე უნდა თარგმნილიყო. მანამ, სანამ ჩვენი ახალგაზრდები ჩე გევარას პორტრეტებით დაიწყებდნენ სიარულს და ყველანაირ რევოლუციას ისევ რომანტიკოსების თვალით შეხედავდნენ. მანამდე უნდა გამოცემულიყო, სანამ საზოგადოება მიხვდებოდა, რომ რევოლუციები მხოლოდ რევოლუციონერებისთვისაა სასარგებლო და რომ ზოგიერთისთვის ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ ძალაუფლებაა.

ამიტომ ეს რომანი ჩვენი საზოგადოებისთვის გაფრთხილებად უნდა იქცეს, იგი ყველამ უნდა წაიკითხოს: ძველმა თაობამ იმიტომ, რომ არასოდეს დაივიწყოს, თუ საიდან მოვდივართ. ახალგაზრდებმა კი იმიტომ, რომ უკან, ცხოველების ფერმაში დაბრუნების სურვილი არ გაუჩნდეთ.

გენიალური პარფიუმერი

0x01 graphic

ავტორი: ანდრო ბუაჩიძე

პატრიკ ზიუსკინდი, სუნამო, ამბავი ერთი მკვლელისა (რომანი).
მთარგმნელები ნატალია ნადირაშვილი და ეკა რაისნერი.
ედაქტორები ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე. თბ. დიოგენე, 2006.

პატრიკ ზიუსკინდს შეეძლო დაეწერა ტრაქტატი სუნებზე და სუნამოებზე ან პირველად მასალაზე, რომლითაც ესა თუ ის სურნელი მზადდება. შესაძლებელია თავიდან მწერალს სწორედ ყნოსვითი შეგრძნებების ფენომენი აინტერესებდა და ამით დაედო კიდეც დასაბამი მის საკმაოდ ვრცელ ნაწარმოებს. ზიუსკინდი ალბათ ფიქრობდა, რომ „სუნების წარმავალი სამყარო“ მძლავრად ზემოქმედებდა დროში და სივრცეში ადამიანებზე და არა მხოლოდ მათ ინდივიდუალურ ქმედითუნარიანობას განსაზღვრავდა, არამედ სოციალურ ძვრებსაც იწვევდა. მწერლის გონებაში წარმოშობილმა ამ აზრმა მერე უკვე წარმოსახვაში გადაინაცვლა და ნაწარმოების მხატვრულობაც ამან განაპირობა.

ზიუსკინდმა აბსტრაქტული დროითი პანორამა წარმოისახა და მერე დაიწყო დაკონკრეტება - მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი, „გენიალური და საზიზღარი ადამიანებით სავსე ეპოქა“, მარკიზ დე სადი, სენ-ჟიუსტი, ფუკე, ბონაპარტი და სხვები. აქვე დაიბადა მისი გმირი - ჟან ბატისტ გრენუი, ყველა დროის ყველაზე დიდი პარფიუმერი, რომლის სახელიც მხოლოდ იმიტომ არ შემორჩა დღევანდელობას, რომ „სუნების წარმავალ სამყაროს ეკუთვნოდა.“

თავისთავად ყნოსვით აღქმული სამყაროს წარმოდგენა ორიგინალურია და საინტერესო, მაგრამ ამ ინტერესს ამძაფრებს გრენუის გროტესკის ზღვარზე დახატული სახე. ზიუსკინდმა ყნოსვით აღქმული სამყაროს იდეა ერთ პიროვნებაში გაასაგნა. მხატვრულ-ლიტერატურული პირობითობაც დროით შემოისაზღვრა და მარკიზ დე სადის ეპოქაში შეგვიძღვა. ნაწარმოებში რეალურ-ფაქტობრივი რეალიებიც არის და პირობითიც. ეს ორი კომპონენტია გაერთიანებული გრენუის სახეშიც. ეს სახე უმთავრესია ამ რომანში. ზიუსკინდი მოგვითხრობს მთავარი გმირის თავგადასავალს, სხვადასხვა სიტუაციებში ახვედრებს მას და ცდილობს, განსხვავებული რაკურსით დაგვანახოს მისი უჩვეულობა თუ უცნაურობა.

მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ყნოსვითი მომენტების გამძაფრება და გამუდმებული ხაზგასმა ერთგვარად წინასწარ გამიზნულია და რაციონალური, მაგრამ აზრს ანეიტრალებს თვითონ გრენუის სახე, რომელიც ირაციონალურია და ცოცხალი, პარადოქსული და პლასტიური, უცნაურიც და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამაჯერებლად ხელშესახებიც. მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ავტორმა ეს სახე უკიდურესად გაფაქიზებული რეცეპტორებით შეიგრძნო. ასეთი პლასტიური, კონტურებმორღვეული, რეალობის და არარეალობის მიჯნაზე მოძრავი პერსონაჟის შექმნა მხოლოდ უაღრესად დახვეწილი ინტუიციის მხატვარს შეეძლო. კლასიკურ ანალოგად სმერდიაკოვი მესახება დოსტოევსკის „კარამაზოვებიდან.“ ამ დახვეწილი ინტუიციით შექმნილ პერსონაჟს თავისი ადგილი აქვს რომანის მხატვრულ-მსოფლმხედველობრივ სტრუქტურაში.

ის ავანტიურისტია, ვინაიდან ანგარებიანია. მისი გენიალური ყნოსვა და სუნამოების თუ სუნების შექმნის ხელოვნება ერთ მშვენიერ დღეს მისივე ფარული მიზნების მიღწევის საშუალებად იქცევა. ეს მიზანი ადამიანების დამორჩილება და მათზე ზემოქმედების მოხდენაა. გრენუი სუნებით მანიპულირებს, სუნი ისეთი მანიპულატორია, რომელიც ყველგან აღწევს და რომელსაც ვერაფერი ეღობება წინ.

ჟან ბატისტ გრენუი უცნაური არსებაა. მას არა აქვს საკუთარი სუნი, არა აქვს საკუთარი აურა. ის ბავშვობაშივე აითვალისწუნა აღმზრდელმა ქალმა, რადგან უსუნო არსებად მიიჩნია. ასეც იყო, მოგვიანებით გრენუიმ ხელოვნურად შექმნა თავისივე სუნი. გრენუის არ უყვარს ფიქრი. ის არ აზროვნებს, მისი „ტვინი“ ყნოსვით შეგრძნებაშია მოცემული. და დროდადრო ამ ყნოსვით შეგრძნებასთან ერთად იბადება მისივე აზრები.

გრენუი ასეთი განსჯებით და მედიტაციებით არ ცხოვრობს, ეს ფრაზა იშვიათი გამონაკლისია და იმ კაცის მოულოდნელი თვითრეფლექსიის ნაყოფია, რომელიც გულუბრყვილოა და ნაგვიანევად გამოაქვს დასკვნა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის უფრო მოქმედების კაცია და გადაწყვეტილებებს თითქოს ინსტიქტურად იღებს და მიმართულებასაც ინსტინქტურად იცვლის. გრენუი სოციალური არსებაა და ამავე დროს ასოციალურიცაა. ის, ვთქვათ, ბალდინისთან (ისევე როგორც სხვებთან) ურთიერთობას ფრთხილად ამყარებს, ტკიპას სიფრთხილით ეკვრის მას, მოთმინებით წოვს სისხლს. გრენუი გენიოსია, და ამავე დროს, მუდმივი შეგირდი. ეს „ვითომ შეგირდი“ მასწავლებლების გაოცებას და გაოგნებას იწვევს. რატომ არის გრენუი შეგირდი? ერთი მხრივ იმიტომ, რომ პარფიუმერისთვის საჭირო ელემენტარულ ჩვევებს სწავლობს და მეორეც იმიტომ, რომ ის მუდმივად მალავს თავის გენიალურ ყნოსვას და, აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს. დამალვა ეშმაკური ხრიკია და ამიტომაც უფრო ადამიანურია, ვიდრე ცხოველური. ეს დამალვა ბოროტმოქმედ ადამიანებს ახასიათებთ, ისინი ქრებიან საზოგადოების თვალთახედვიდან, რათა მერე ისევ გამოჩნდნენ და თავიანთი ბინძური საქმეები აღასრულონ. ასეა გრენუიც. ის ფარულად, მანიაკისათვის დამახასიათებელი ეშმაკობის მოშველიებით კლავს ულამაზეს ქალიშვილებს, რათა მათგან უმშვენიერესი სუნამოები დაამზადოს. გრენუი არ არის სექსუალური მანიაკი, იგი გრძნობს ადამიანებზე ზემოქმედების ძალას და ალბათ რამდენადმე ტკბება კიდეც, მაგრამ ღმერთკაცობას მაინც არ მოინდომებს, რადგან საკუთარ სუნს ვერ გრძნობს, ის მართლაც უსუნოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სიდიადის მიუხედავად, ადეკვატური კმაყოფილების გრძნობა არ ეუფლება. გრენუიმ არ იცის, რა აზრი აქვს ადამიანების მონუსხვის მისივე გენიალურ უნარს, თუკი საკუთარი სიძლიერის შეგრძნება არ ექნება, იგი თანდათან კარგავს არსებობის აზრს და ცხოვრებასაც თვითგანადგურებით ამთავრებს.

სამი წიგნი ჩვენთვის და ჩვენზე

0x01 graphic

ავტორი: ეკა ცხადაძე

ნიკოლო მიწიშვილი, თებერვალი. წინათქმის ავტორი და რედაქტორი
ვახტანგ გურული. თბ. არტანუჯი, 2006.
ნიკოლო მიწიშვილი, ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან.
ახალგაზრდობა. თბ. არტანუჯი, 2006.
ფიქრები საქართველოზე (კრებული). შემდგენელი ილამაზ მიწიშვილი.
თბ. ინტელექტი, 2006.

„ცისფერყანწელთა“ ცნობილ სახელებს დღემდის განუმეორებელი ხიბლი ახლავთ, მათ შორის ე. წ. „მეორე ეშელონის“ წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელთაგან ნ. მიწიშვილმა პოლემიკური მწვავე ხასიათის ტექსტებით გამოიჩინა თავი.

ნ. მიწიშვილის 110 წლისთავთან დაკავშირებით ხელახლა გამოიცა მისი „თებერვალი“, „ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან“ და „ფიქრები საქართველოზე“. ყველა ამ ტექსტს აერთიანებს ეპოქის მძაფრი შეგრძნება, ამთლიანებს მომავლისადმი რწმენა. სამივე მათგანს აქტუალობას სძენს დღემდის ამოუცნობი და მარად საკამათოდ ქცეული ქართული ხასიათის თავისებურებათა ამოხსნის ცდა.

ეპოქის წინააღმდეგობებმა შვა ნ. მიწიშვილის „ფიქრები საქართველოზე“. იგი წერილებად ეგზავნებოდა მის მეგობრებს და მოგვიანებით დაიბეჭდა. ნებისმიერი დროის ქართველს გულზე მწარედ მოხვდება მასში გამოთქმული მოსაზრებები.

ჯერ კიდევ XIX ს-ში, როცა დიდი ილია ასპარეზზე გამოსასვლელად ემზადებოდა, სწორედ მაშინ გამოთქვა მან მწუხარება, რომ ჩვენში საზოგადოებრივი ცხოვრება ისერიგად არის მითვლემილი, საზოგადოების ენერგია იმდენად უმწეო ჭორებზეა მიყურადებული და იმდენად ჭარბობს მოჩვენებითობა ნამდვილ საქმიანობას, რომ დიდი პოეტის დაბადება საქართველოში შეუძლებელიაო. „ნიადაგი“ დიდი საქმისთვის საქართველოში არ არსებობსო.

თუმცა, „ცისფერყანწელები“ აქტიურად ემიჯნებოდნენ „რუსული ხორბლის“ მთესველ ილიას და აკაკის, მაინც დიდ სამოციანელთა პირმშონი იყვნენ. ნ. მიწიშვილს ერთი აზრი აქვს გამოთქმული: „როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას, იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი... არის რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართული იდეისას მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოს წარსულში“ (გვ. 20).

ნ. მიწიშვილი ამ სტრიქონებს როცა წერდა, ძალიან ახალგაზრდა კაცი იყო, თუმც „ცისფერყანწელთა“ ელიტური დაჯგუფების წევრობით ერთგვარად განებივრებულიც გახლდათ. როცა ის „ხერხემალსა“ და „ქართულ იდეაზე“ ასე ხმამაღლა საუბრობს და გმობს თავისი ქვეყნის ისტორიას, მას არ გააჩნია საფუძვლიანი ცოდნა ამ სფეროსი. უნდა ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი სტრიქონები საკმაოდ შეჭირვებული კაცის მიერ არის დაწერილი, იგი ხომ საფრანგეთში ცოდნის გასაღრმავებლად მიდიოდა. მთელი მისი ცოდნა მხოლოდ XIX საუკუნის მონაცემებზეა დამყარებული და შპენგლერის იდეების პრიზმაშია გატარებული. ნ. მიწიშვილისთვის დიდი ქართული კულტურის კონტურები ოდნავ არის გამოკვეთილი, ანუ ის განსასწავლად გამზადებული ახალგაზრდაა, რომელიც კეთილი განგების წყალობით გ. რობაქიძისა და „ცისფერყანწელების“ წრეში მოხვდა. მას უნდა აეთვისებინა და აითვისა კიდევაც არაორდინალური ქცევისა და აზროვნების სტილი, მაგრამ თავის უფროს კოლეგებს ვერ გაუტოლდებოდა. მან ეს მოგვიანებითაც ვერ შეძლო. მისი „ფიქრები საქართველოზე“ მაინც ლოკალური მნიშვნელობის ტექსტად დარჩა, სადაც მოიპოვება ცინცხალი სკეპსისი და მახვილგონიერება, მაგრამ არ არის განათლებისგან და ცოდნიდსგან მომდინარე სიმყარე და სიღრმისეულობა. თითქმის ყველა დებულებას არგუმენტირება აკლია, ყველა აზრს - დამაჯერებლობა, მოისაკლისებს რწმენაც და მომავალი პერსპექტივების დეფიციტიც თვალსაჩინოა.

შპენგლერის „ევროპის დაისში“ ორიგინალური მსჯელობაა ცივილიზაციასა და კულტურაზე, ხალხებსა და სახელმწიფოებზე, ზოგადად ისტორიის განვითარების თავისებურებაზე, რაც ძლიერი სტიმული აღმოჩნდა ნ. მიწიშვილისათვის, რომელმაც მოისურვა „უცხო თვალით“ შემოეხედა თავისი ქვეყნისთვის და „მესამე ნაპირიდან“ შეეფასებინა ის.

სადღეისოდაც აქტუალურია ნ. მიწიშვილის „თებერვალი“. წიგნი დაიწერა 1923 წელს პარიზში ყოფნისას, მასში დაწვრილებით აღწერილია ნ. ჟორდანიას მთავრობის ბათუმიდან გაქცევა. მენშევიკთა მთავრობის წევრების, მათი თანმხლები პირების და სხვა საემიგრაციოდ გამზადებული დაბნეული ხალხის შესახებ ბევრ საინტერესოსა და სადღეისოდ ფასეულს წავაწყდებით მასში.

ნ. მიწიშვილი თავად შეესწრო აღწერილს, თავად განიცადა და უშუალოდ დააკვირდა ყველაფერს და საგანგებოდ დაწერა „თებერვალი“, რომელშიც კრიტიკული პათოსი თან ახლავს დოკუმენტური მასალის აღწერას.

„თებერვალში“ ნ. მიწიშვილი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგედიის“ ბოლო წერტილად ბათუმს მიიჩნევს, საიდანაც „ორნაირი გზა“ გამოუჩნდა ქართველობას - ერთი ბოლშევიკებთან შეგუების და მორჩილების, ხოლო მეორე, ემიგრაციაში წასვლის და იქიდან მოქმედების.

„თებერვლის“ ავტორის პოლიტიკური ორიენტაცია არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, რომელიმე პარტიისადმი კუთვნილება და მხურვალე მხარდაჭერა ტექსტში არ ჩანს. შეიძლება თამამად ითქვას მრავალგზის ნათქვამი და ტრაფარეტად ქცეული ფრაზა, რომ ნიკოლო მიწიშვილის პარტია საქართველოა და ის ხალხიც, რომელმაც კიდევ ერთხელ იწვნია პოლიტიკისგან იმედგაცრუება.

ნ. მიწიშვილის „ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან“ 1928 წლით თარიღდება. წიგნში აღწერილია სტამბულში მყოფი ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, რომლებიც საფრანგეთში მიდიან და რაღაც-რაღაც წინაღობების გამო იძულებული არიან თურქეთში კარგა ხნით დარჩნენ. ეს წიგნი წარმოადგენს „თებერვლის“ გაგრძელებას. თუკი „თებერვალში“ ბოლშევიკების შიშით გაქცეული ხალხი ბათუმში იდგა და გემს ელოდა, „ქრონიკაში“ მთელი ეს ბრბო თურქეთშია თავმოყრილი და ევროპის „ვიზას“ ელის.

22.9 ლიტერატურა - ახალი წიგნები

▲back to top


0x01 graphic

გაბრიელ გარსია მარკესი, მარტოობის ასიწელიწადი.
მთარგმნელი ელზა ახვლედიანი.
თბ. სიესტა, 2007 (მესამე გამოცემა).

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ნობელის პრემიით აღნიშნული აღტაცება, კოლუმბიელი მწერლის მიერ დახატული სოფელი მაკონდო, ბუენდიების დინასტია და თაობიდან თაობას გადაცემული მარტოობის სევდა; არარეალური სამყარო, რომელშიც თითოეული ჩვენგანი რეალურად ვცხოვრობთ. წიგნი ქართველმა მკითხველმა პირველი გამოცემისთანავე შეიყვარა და ეს სიყვარული დღემდე არ განელებულა. „მარტოობის ასი წელიწადის“ ახალი გამოცემა მარკესის მოყვარულებს უკვე კარგად ნაცნობ პერსონაჟებსა და გარემოს გაახსენებს, მათ კი, ვისაც ეს წიგნი ჯერ არ წაუკითხავთ, წინ პირველად წაკითხვის სიამოვნება ელით.

0x01 graphic

ფრედერიკ ბეგდებერი, ექსტაზი, კაიფში დაწერილი ნოველები.
ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა, რედაქტორი მალხაზ ხარბედია.
თბ. არეტე, 2006.

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნარკოტიკულმა საშუალებებმა ლიტერატურაში მყარად დაიმკვიდრეს თავი. ალბათ, ბევრს გაუჩნდება შეკითხვა - რამდენად საჭიროა ინექცია ან კაფსულა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება სრულიად უცნობ ადამიანებს უამბო, მით უმეტეს, როცა ნებისმიერი ნარკოტიკი ჯანმრთელობას ვნებს და, ფიზიოლოგიური დარღვევებიდან დაწყებული ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული, ათას უბედურებას გმართებს. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეგიძლიათ, ფრედერიკ ბეგდებერის კაიფში დაწერილი ნოველები წაიკითხოთ - მარტივად მიხვდებით, რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ექსტაზით გაბრუებული ავანტიურისტი მწერლის მონათხრობი და გონების მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი ფხიზელი ავტორების ტექსტები. „ექსტაზი“ ფრედერიკ ბეგდებერის პირველი წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.

0x01 graphic

გიორგი ეკიზაშვილი, ბილიკები, ლექსები,
თბ. აგორა, 2006.

რას განიცდის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ბავშვობა ხის დამპალი ტოტივით მოიკვეთა, რომელიც ათასის სევდას ატარებს, რომელსაც სხვებთან ერთად მარტო ყოფნა სურს და რომლის ჩაქოლვაც ასობით დუჟმომდგარს განუზრახავს? რას ხედავენ ასეთი ადამიანები სიზმრად, გარდა ტრამალებისა, ან, ვის თანაუგრძნობენ ცხოვრებაში მშიშარა და გაქცეული კურდღლების მეტს? ამ და კიდევ არაერთ კითხვაზე პასუხს გიორგი ეკიზაშვლის ახალ წიგნში იპოვით, რომელსაც ავტორმა „ბილიკები“ დაარქვა და რომელიც მისი ლექსებისა და პოეტური თარგმანების მეორე კრებულია. ქართველი მკითხველი ავტორს მოლიერის, ჟან-პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, გიიომ აპილინერისა და სხვა ფრანგი ავტორების თარგმანებიდან იცნობს. 2001 წელს კი საფრანგეთის მთავრობამ გიორგი ეკიზაშვილს „აკადემიური პალმის რტოს“ ორდენის ოფიცრის წოდება მიანიჭა.

0x01 graphic

ზაზა აბზიანიძე, წითელკუდა, ზღაპრები.
თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007.

თუ აქამდე წითელკუდა თაგვები თავიანთი გამორჩეულობის შესახებ სიამაყით გიამბობდნენ და თქვენც მათი ტრაბახის გულუბრყვილოდ გჯეროდათ, ახლა უკვე გეცოდინებათ, რატომ შეუღებეს მინდვრის თაგვს, ხვიჩას, კუდი. აქვე წაიკითხავთ ჩემპიონი კალიას - კოსტა-ბრავოს სევდიან ისტორიას, გაიცნობთ ტყის მელამთავარს - დე ლა მელას და უფრო მეტს გაიგებთ კეთილი არსებების - ბასუნსულების შესახებ. ზაზა აბზიანიძის ზღაპრები ბავშვებს სიკეთეზე, სამართლიანობასა და ერთგულებაზე უამბობს, საინტერესო ამბები არა მარტო პატარებს, მათ მშობლებსაც გაახალისებს. წიგნი ავტორის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც ბავშვებს ზღაპრების უკეთ აღქმაში დაეხმარებათ.

0x01 graphic

ამინ მაალუფი, ,,დამღუპველი იდენტობები, ესსე.
მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია.
თბ. იმპრესი, 2007.

ისეთ რთულ ისტორიულ ვითარებაში, როგორიცაა გლობალიზაცია, მისი თანამდევი ცვლილებების თავბრუდამხვევი პროცესი არაერთ კითხვას და ამოცანას ბადებს. მათ შორის ყველაზე საჭირბოროტო საკითხია, თუ როგორ უნდა შეძლონ სხვადასხვა ერებმა კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნება და მოდერნიზება თავიანთი იდენტობის დაუკარგავად. ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და ესეისტი, ამინ მაალუფი, სწორედ ამ პრობლემის თავისებურად გადაჭრას გვთავაზობს; მიზნად ისახავს, გააანალიზოს და გვიჩვენოს, თუ რა ესახება მას ამ რთული ვითარებიდან თავის დახსნის სწორ და გონივრულ გზად. მაალუფი ათზე მეტი წიგნის ავტორია, მისი რომანები და ესსეები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. „დამღუპველ იდენტობებში“ დასმული საკითხები ჩვენთვისაც აქტუალურია და მათი გადაჭრის მაალუფისეული გზები საინტერესოა ქართველი მკითხველისთვის.

0x01 graphic

ლიტერატურულ-თეორული ჟურნალი სჯანი, 7.
თბ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2006.

მათთვის, ვისაც ლიტერატურის თეორია აინტერესებს და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებს, ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი „სჯანი“ სასიხარულო მოვლენაა. ჟურნალში თავმოყრილია კომპენტენტური და საინტერესო ავტორების ესეები და კრიტიკული წერილები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკის მიხედვითაა გადანაწილებული - ლიტერატურის თეორიის პრობლემები, პოეტიკური პრაქტიკები, ფოლკლორისტიკა, თარგმანის თეორია, კულტურული პარადიგმები და სხვა. გარდა ამისა, აქვე იხილავთ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამოცემული უახლესი წიგნების მომიხილვას. ჟურნალში დაბეჭდილ ყველა წერილს ახლავს რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

0x01 graphic

.. დოქტოროუ
ტკბილი მიწის ამბები
EL Doctorow
Sweet land stories
180გვ, Abacus.

შეკითხვების აუტანელი სიმრავლე, რომლებიც ადამიანს გზაჯვარედინზე ყოფნისას უჩნდება - მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი კრიმინალია და დანაშაულს დანაშაულზე ჩადის. არადა, თითქოს, მიზანი მიღწეულია - მაქინაციებითა და დანაშაულებრივი გზით წარმატებულად გადაგყავს საზღვარზე სულიერად ავადმყოფი მეგობარი გოგო და მოტაცებული ახალშობილი... მაგრამ რა უნდა მოიმოქმედო შემდეგ? აჰყვე გრძნობებს და ახალი ცხოვრება დაიწყო დედობრივი ინსტინქტებით აღტაცებულ შეშლილ გოგონასთან და უსუსურ არსებასთან ერთად თუ გონებას მოუხმო და ბავშვი მშობლებს დაუბრუნო, სულიერად ავადმყოფი მეგობარი კი საავადმყოფოს მიაბარო? ედგარ ლორენს დოქტოროუს ახალი რომანი ლესტერ რომანოვსკის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ უამბობს მკითხველს.

0x01 graphic

იან მაკიუენი
ჩესილის სანაპიროზე
Ian McEwan
On Chesil beach
166გვ, Jonathan Cape.

60-იანი წლების წყნარი სასტუმრო, ირგვლივ ყვავილებით გაშენებული ბაღი და ხედი სანაპიროზე... რომანტიული სამყარო და ორნი ამ სამყაროში - ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც თავის პირველ ღამეს სწორედ ამ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ატარებს. თითქოს და, რა უნდა მოხდეს ბედნიერ ცოლ-ქმარს შორის ისეთი, რამაც შეიძლება ქორწილის პირველი ღამე ტანჯვად გადაუქციოს მათ... მაკიუენს მკითხველი ახალდაქორწინებულთა საძინებელ ოთახში შეჰყავს, სადაც უკვე ნათელი ხდება, რომ მხოლოდ თეთრი კაბა, შამპანური, ყვავილები და საქორწილო საჩუქრები არ კმარა ქალსა და კაცს შორის ურთიერთგაგებისა და თანაცხოვრებისათვის.

0x01 graphic

თომას პინჩონი
დღის საწინააღმდეგოდ
Thomas Pynchon
Against the Day
1085გვ, Cape.

მათ, ვინც პინჩონის ახალი წიგნის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა, მწერლის ახალი ხუშტურებისა და უცნაურობების ატანა მოუწევს. ძნელია, პასუხი გასცე შეკითხვას, რის შესახებაა რომანი, უკეთესია, იკითხოთ, რის შესახებ არ არის ის. წიგნის გარშემო ცალსახად საუბარი და მის საერთო შინაარსზე მსჯელობა დაახლოებით იმის მცდელობას დაემსგავსება, ერთი მუსიკალური ნოტით გამოხატო, თუ რა ხმებს გამოსცემს პიანინო, როცა ის კიბეებზე ეშვება. ალბათ, „დღის საწინააღმდეგოდ“ უფრო იდეების კომედიაა, სადაც ადამიანები მეორე ხარისხოვან როლს თამაშობენ. სამაგიეროდ, აქ წაიკითხავთ უზარმაზარი გაბურძგნული ძაღლის თავგადასავალს, რომელიც ისეთი სერიოზულობითა და სიზუსტითაა მოყოლილი, თითქოს ეს მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი იყოს; იხილავთ ცნობილი ანიმაციური იხვის ჭუჭულის - ლუნი ტუნზის მიერ აღწერილ აპოკალიფსს და მწერლის სხვა ოინებს. ერთი სიტყვით - სრული ნონსენსი.

0x01 graphic

გიუნტერ გრასი
სულელი აგვისტო
Gunter Grass
Dummer August
80 გვ. Steidl.

რას განიცდის მწერალი, როდესაც მის ბოლო სერიოზულ ნაშრომს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, პასუხს სთხოვენ „ცუდი წიგნის“ გამო და თან უკმაყოფილების გამოხატვის ფორმებზეც დიდად არ ზრუნავენ? მით უმეტეს, თუ ეს მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატია და კრიტიკოსების ასეთ შემოტევასთან გამკლავების არც ისე დიდი გამოცდილება აქვს? სხვისი არ ვიცი, მაგრამ გიუნტერ გრასი ამ ყველაფერზე უცნაურად რეაგირებს - მკითხველს ახალ წიგნს სთავაზობს, თანაც - არც მეტი, არც ნაკლები - პოეტურ კრებულს. როგორც თავად მწერალი ამბობს, ლექსები საჯარო დებატების პარალელურად იწერებოდა, რაც მას ძალიან დაეხმარა ამ მძიმე პერიოდის გადასატანად.

0x01 graphic

სიუზან სონტაგი
ერთსა და იმავე დროს: ესსეები და მოხსენებები
Susan Sontag
At the same time: essays and speeches.
256 გვ, Hamish Hamilton.

კრებულში შესულია ესეები და ზეპირსიტყვიერი ჩანაწერები, რომლებსაც სონტაგის გარდაცვალების შემდეგ (2004) მისმა რედაქტორმა თავი მოუყარა და ერთ წიგნად გამოსცა. ამერიკელი მწერლის ბოლოდროინდელი ნაშრომები ჩვეული რადიკალიზმით და ხედვის დამახასიათებელი კუთხით გამოირჩვეა, მასში განხილულია ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებიც, მათ შორის თერთმეტი სექტემბრის ტრაგედია და ბუშის აღმოსავლური პოლიტიკა. როგორც თავად სონტაგი ამბობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში სურდა, დაბრუნებოდა მხატვრულ ტექსტებს და მისი უკანასკნელი წიგნიც რომანი ყოფილიყო, თუმცა, მისი ესსეებისა და კრიტიკული წერილების მიმართაც მკითხველი არანაკლებ ინტერესს იჩენს.

0x01 graphic

რიჩარდ უიტსი
The Velvet Underground
Richard Witts
The Velvet Underground
171 გვ, Equinox.

როდესაც ხედავ, რომ ახალგაზრდები თავიანთი საკულტო როკ-ჯგუფის გავლენაში ჩარჩნენ, ცხოვრობენ ჯგუფის წევრების ცხოვრების წესით, ბაძავენ ყოველგვარ უმსგავსობაში და მათ მიმართ სიყვარულს მხოლოდ ნარკოტიკებისგან გაბრუებით, ერთი და იმავე მუსიკის მოსმენით გამოხატავენ, სწორედაც დროა, რომ ამ მოჭარბებული ემოციების კოორდინაცია გაცილებით უფრო სასარგებლოდ მიმართო - უფრო კონკრეტულად კი, დაწერო წიგნი ახალგაზრდების კერპის შესახებ და, გარდა იმისა, რომ თაყვანისმცემლები გაახარო, სხვა დაინტერესებულ მკითხველსაც ლეგენდარული შემსრულებლების მოღვაწეობის საინტერესო დეტალებზე უამბო. The Velvet Underground ამავე სახელწოდების ამერიკულ როკ-ჯგუფზე მოგვითხრობს; წიგნი „პოპ-მუსიკის კერპების“ სერიითაა გამოცემული.

22.10 ლიტერატურა - ახალი ამბები

▲back to top


0x01 graphic

ვუნეგუტის სახელობის ქუჩა მანჰეტენზე

კურტ ვონეგუტის სახელი შეიძლება მალე სამუდამოდ დამკვიდრდეს მანჰეტენის უბანში, სადაც მწერალმა თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა. საზოგადოებრივმა საბჭომ კენჭი უყარა იმ ფაქტს, რომ 48-ე აღმოსავლეთ ქუჩა და მეორე გამზირი ვუნეგუტის სახელობის გახდეს. ქუჩის სახელდებისათვის მეორე კანდიდატურად ელვინ უაითი მოიაზრება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ცხოვრობდა ამავე ქუჩაზე. კურტმა 40 წელი გაატარა ამ უბანში და, მეზობლების თქმით, იგი აქაურების კერპი იყო. ვონეგუტს ხშირად ხედავდნენ პარკში ძაღლთან ერთად მოსეირნეს, გაეროს შენობის ახლოს, საკუთარი სახლის ტერასაზე მჯდარს, როდესაც ის ფიქრობდა, ეწეოდა ან გამვლელებს თავს უკრავდა. მას და მის მეუღლეს, ფოტოგრაფ ჯილ კრემენცს, მეორე სახლიც ჰქონდათ ლონგ აილენდზე, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ისინი მანჰეტენში ატარებდნენ.

0x01 graphic

საჩუქარი შექსპირისგან

23 აპრილს დიდ ბრიტანეთში უილიამ შექსპირის დაბადების დღე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დიდი დრამატურგისა და პოეტის ნაწარმოებთა ახალი, სრული კრებული გამოიცა, სადაც პირველად დაიბეჭდა მისი ადრეული, აქამდე უცნობი ლექსი. ტექსტი კონვერტის უკანა მხარეზე იყო თურმე მიწერილი და მაშინდელ მონარქს, ელიზაბეტ I-ს ეძღვნებოდა. 18 სტრიქონიანი ლექსი პირველად არქივში 30 წლის წინ აღმოაჩინეს და მისი ავტორის ვინაობა დიდ ხანს გამოცანად რჩებოდა, თუმცა, ახლა უკვე დადასტურებულია, რომ იგი სწორედ შექსპირის კალამს ეკუთვნის. აქამდე უცნობი 18 სტრიქონი 1599 წელსაა დაწერილი, სპეციალისტების აზრით, იგი ერთ-ერთი პიესის ბოლოსიტყვაობაა - შუა საუკუნეების ევროპის ტრადიციის თანახმად, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ხელოვნების მფარველებისათვის სცენიდან უნდა გადაეხადათ მადლობა.

მწერლები აბრაამ ლინკოლნით ინტერესდებიან

გამოვიდა თომას კროუელის წიგნი, „ლინკოლნის სხეულის გატაცება“ (Stealing Lincoln's Body), რომელშიც ამერიკის 16-ე პრეზიდენტის შესახებ ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტია მოყოლილი. წიგნი ეძღვნება შეთქმულებას, რომლის მიზანიც იყო მოეპარათ პრეზიდენტის ცხედარი ოუკ-რიჯის სასაფლაოდან; შეთქმულება 1876 წელს მზადდებოდა, ანუ 11 წლის შემდეგ, რაც ლინკოლნი თეატრის მსახიობმა სასიკვდილო გასროლით მოკლა.

შეგახსენებთ, რომ ლინკოლნის ცხედრის გატაცება კიდევ ორჯერ სცადეს - 1890 და 1990 წლებში, ორივე შემთხვევა აღწერილია პრეზიდენტის საფლავის ერთ-ერთი მცველის წიგნში, ასევე ბონი სპირის ნაშრომში - „აბრაამ ლინკოლნის დიდი გატაცება“.

0x01 graphic

ბრიტანული პრემია ანგოლელ ავტორს

ბრიტანეთის პრესტიჟული დამოუკიდებელი ლიტერატურული პრემია ანგოლელ მწერალს - ჟოზე ედუარდოს მიენიჭა, ნაწარმოებისთვის „ქამელეონის წიგნი“. ავტორი ორიგინალური გონებამახვილობისა და ღრმა ჰუმანიზმის ნიშნით გამოარჩიეს. საპრიზო ფონდი 10 ათასი ფუნტი სტერლინგი თანაბრად განაწილდება ედუარდოსა და წიგნის მთარგმნელ ანიელ ჰაანს შორის. „ქამელეონის წიგნი“ ანგოლას უახლეს ისტორას გვიყვება - იქაურობა დიდი ხნის მანძილზე პორტუგალიის კოლონია იყო და დამოუკიდებლობა მხოლოდ 1975 წელს მოიპოვა. თუმცა, ანგოლელებს ამის მერეც არ გაუმართლათ - ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

ჯონ სტეინბეკის ხელნაწერები აუქციონზე

ნაპოვნია ნობელიანტი მწერილის, ჯონ სტეინბეკის რამდენიმე ნოველის ხელნაწერი, რომლებიც მაისის ბოლოს სან-ფრანცისკოს აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ ლოს-ანჟელესს მწერალმა და ჟურნალისტმა, ჯოელ აიზენბერგმა აცნობა; სწორედ მან აღმოაჩინა ეს ხელნაწერები არქივში. მისი თქმით, სტეინბეკის პირადი ნივთები 50 წლის მანძილზე ყუთში ეწყო, რომელიც მეგობრის - თეატრალური პროდიუსერის, ერნესტ მარტინის, კუთვნილება იყო. პროდიუსერის ქვრივმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აიზენბერგს მთელი მისი არქივის აღწერა სთხოვა. სტეინბეკის ხელნაწერები ორ ნაწილად გაიყოფა და შემდეგ გაიყიდება აუქციონზე. ექსპერტები თვლიან, რომ გადახდილი თანხა ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ახალი ლიტერატურული პრემია ესპანურენოვანი ავტორებისათვის

მადრიდის გამომცემლობა Grupo Planeta-მ და კულტურის ინსტიტუმა, Casa de America-მ ესპანურენოვანი ავტორებისათვის განკუთვნილი ლიტერატურული პრემიის ლაურეატები გამოავლინა. პირველი ადგილის მფლობელი 44 წლის არგენტინელი მწერალი, პაბლო დე სანტისი გახდა, წიგნით „პარიზის საიდუმლო“(Enigma en Paris). დე სანტისს 200 ათასი დოლარი გადაეცა. მეორე ადგილი და 50 ათასი დოლარი კი პერუელ ავტორს, ლონსო კუეტოს, ერგო. პრემია ესპანურენოვანი ავტორებისათვის (Premio Planeta-Casa de America de Narrativa) 2007 წელს პირველად გაიცემა. კონკურსზე 618 ავტორი იყო წარმოდგენილი 22 ქვეყნიდან.

ლიტერატურული გრანდების შერკინება Orange Broadband-ზე

Orange Broadband-ის პრემიის ნომინანტთა საბოლოო სია ბუკერის, უაითბრედის, პულიცერისა და თანამეგობრობის პრემიების მფლობელებმა შეავსეს. მათ შორის არის ინდოელი ნოველისტი, კირან დესაი - შარშანდელი ბუკერის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ანე ტაილერი - 1989 წლის პულიცერის პრემიის მფლობელი, რეიჩელ კასკი - უაითბრედის პრემიის ლაურეატი და ჩიმამანდა ადიჩი, რომელსაც მწერალთა თანამეგობრობამ საკუთარი ჯილდო მიანიჭა. ერთი სიტყვით, Orange Broadband-ი ლიტერატურის მძიმე წონათა შერკინება იქნება. გამარჯვებული 6 ივნისს გამოვლინდება, დაჯილდოების ცერემონიალი კი ლონდონში გაიმართება. ლიტერატურული პრემიის ფულადი ჯილდო 30 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ლიტერატურული პრემია საბავშვო ავტორებს

Carnegie-ს ოქროს მედალი საბავშვო ლიტერატურისთვის ერთადერთია მსოფლიოს ლიტრატურულ პრემიებს შორის, რომელსაც შეუძლია, გაბედოს და ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალოს ისეთი საბავშვო ავტორები, როგორებიც რიჩარდ ადამსი და კლაივ ლუისია. სწორედ ასე მოიქცა კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი, როდესაც ნომინანტთა საბოლოო სიისათვის 10 საუკეთესო საბავშვო წიგნი შეარჩია და ზემოთდასახელებული ავტორები სიის მიღმა დატოვა. იმის აღსანიშნავად, რომ წელს Carnegie-ს პრემიის 70 წლისთავია, ხალხს ონლაინ ხმის მიცემის საშუალება ექნება და 10 საუკეთესოდან საკუთარ ფავორიტს გამოავლენს. პრემია გადაეცემათ საუკეთესო ილუსტრაციის ავტორებსაც. დაჯილდოების ცერემონიალი 21 ივნისს გაიმართება.

ლიტერატურული პრემია დოკუმენტალისტი ავტორებისათვის

ამბები ბაღდადის მწვანე ზონაში მცხოვრებლების შესახებ და ჰოლანდიელი რეჟისორის, თეო ვან გოგის ცხოვრებისა და გარდაცვალების ისტორია ექვს ნომინანტთა შორის მოხვდნენ ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ პრემიაზე - სემიუელ ჯონსის სახელობის ჯილდო არამხატვრული ლიტერატურისათვის. რაჯივ ჩანდრასეკარნის „დიდებული ცხოვრება ზურმუხტოვან ქალაქში“(Imperial Life in the Emerald City) და იან ბურუმას „მკვლელობა ამსტერდამში“ (Murder in Amsterdam) 60 ათასი დოლარისათვის იბრძვიან 4 ნომინანტთან ერთად. პრემია 1999 წელს დაარსდა და იგი ღიაა ინგლისურენოვანი არამხატვრული წიგნებისათვის. წინა წლის გამარჯვებული ჯეიმს შაპირო გახდა წიგნთ „1599: ერთი წელი უილიამ შექსპირის ცხოვრებაში“ „1599: A Year in the Life of William Shakespeare.

0x01 graphic

ჯეინ ოსტინი ბრიტანელებს არ უყვართ

ახალგაზრდა გოგონას პორტრეტი, რომელიც მიჩნეულია ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის ერთადერთ ნამდვილ გამოსახულებად, ბრიტანეთში არ გაიყიდა. ლონდონში კრისტის აუქციონზე არავის გასჩენია სურვილი, გადაეხადა ნახატში მინიმალური თანხა - 400 ათასი დოლარი. პორტრეტი ინგლისელმა საზოგადო მოღვაწემ, ოზიას ომფრიმ გადასცა ანრი რაისს, კლასიკოსი მწერალი ქალის შორეულ ნათესავს. ჯეინ ოსტინი 1817 წელს დაიღუპა, ნახატი კი 1788-1789 წლებითაა დათარიღებული და მასზე გამოსახული ჯეინი - გოგონა გრძელ, თეთრ კაბაში, სავარაუდოდ, 14 წლის უნდა იყოს. რაისმა გადაწყვიტა, ამერიკაში გაიტანოს შორეული ნათესავის პორტრეტი და იქაურ აუქციონზე სცადოს ბედი - მისი თქმით, ჯეინ ოსტინი შეერთებულ შტატებში უფრო უყვართ, ვიდრე სამშობლოში.