![]() |
ცხელი შოკოლადი (აგვისტო - სექტემბერი, 2005 №8) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, თოლორდავა კახა, მაჩაიძე ნიკა, ნუცუბიძე ლევან, სუხიშვილი თამარ, კვინიკაძე ნესტან, ბაბუაძე თამარ, კიკალეიშვილი სალომე , კორძაია-სამადაშვილი ანა, ტურაშვილი დათო |
| თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
| თარიღი: 2005 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნატა ფედოსეევა არტ რედაქტორი: ლევან ნუცუბიძე ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/ნიკა მაჩაიძე დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე დისტრიბუცია: დავით ნარიმანიძე ნომერზე მუშაობდნენ: ნესტან კვინიკაძე ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე თამარ სუხიშვილი სალომე კიკალეიშვილი ნიკა მაჩაიძე დათო ტურაშვილი გიორგი გვახარია სერგი ნაკაიძე კახა თოლორდავა გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com |
![]() |
1 რედაქტორისგან |
▲back to top |

ჩვენი ავტორების სვეტები ის ტრიბუნაა, სადაც ჩემი „ცენზურა“ ყველაზე ნაკლებად ვრცელდება და ისინიც, ჟურნალის მზადების დამთავრებისთანავე, ნიშნისმოგებით მიწოდებენ ხოლმე ნახევრად შევსებული თაბახის ფურცლებს: „აჰა, შორენა, სვეტი დავწერე, მგონი, არ მოგეწონება, მაგრამ მაინც გადახედეო.“ ამჯერადაც ასე იყო. ლევან ნუცუბიძემ იმ დღეს რედაქციაში პირველად მომასწრო და ვიდრე გაკვირვებისაგან გონს მოვეგებოდი, ანთებული თვალებით მახარა, სვეტი დავწერეო. წავიკითხე, ბევრი ვიცინე, მაგრამ რაღა თქმა უნდა, გულიც შემიღონდა. გულშეღონების მიზეზები ლევანს თანმიმდევრულად ჩამოვუყალიბე, მაგრამ... თქვენ არ იცით, ჩვენი ლევანი რა შეუპოვარია! მთელი დილა ვიკამათეთ, რომ ტექსტში რაღაც ნიუანსები შეეცვალა. როცა მივხვდი, რომ ეს კამათი ძალიან ბევრ დროს გვაკარგვინებდა და ჟურნალის მოსწრება-არმოსწრების საკითხიც ეჭვქვეშ დგებოდა, დავნებდი, ოღონდ ერთი პირობით. თუ თქვენ მიგვიხვდებით, რის შეცვლას ვთხოვდი ლევანს და ამის შესახებ გვამცნობთ, მე ნიძლავს ვიგებ. ანუ ლევანი დამჯერი და მორჩილი არტ-რედაქტორი გახდება და ჩემს გადაწყვეტილებებს უაპელაციოდ გაიზიარებს. მოკლედ, კვლავაც თქვენი შეფასებების იმედი მაქვს.
ჩვენს ავტორებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე ამბავი მინდა გამცნოთ. „უმაღლესი განათლების, პრესტიჟული სამსახურის და კარგი ხასიათის“ მქონე ქალბატონი თამარ სუხიშვილი სექტემბრიდან ერთი წლით ოქსფორდის უნივერსიტეტში მიემგზავრება. თუ იქ კლასიკური ფილოლოგიის ვინმე პროფესორს არ დაადგა თვალი და დაგვიბრუნდა, ჩათვალეთ, რომ „ცხელ შოკოლადს“ უკვე „ხარისხიანი“ მწერალი ეყოლება. სექტემბრიდან, შესაძლოა, დათო ტურაშვილიც მადრიდის უნივერსიტეტში აღმოჩდეს, იბერიული ეთნოგენეზის საკითხების შესასწავლად. ესპანური ფოტომოთხრობების მოლოდინში, „ცხელ შოკოლადს“ ეს ამბავიც ძალიან ახარებს. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ლოს-ანჯელეში, სერგი ნაკაიძე შემდეგ ნომერშიც ექსკლუზივს გვპირდება, ოღონდ დეტალებს ჯერ არ გვიმხელს, სიურპრიზს გვიმზადებს. სალომე კიკალეიშვილი საზაფხულო არდადეგებს პარიზში, ოთარ იოსელიანის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გაატარებს და შემდეგი ნომრისთვის გადაღებების ექსკლუზიურ რეპორტაჟს მოგვაწვდის. ანა კორძაია-სამადაშვილი სტამბულელ ინტელექტუალებს ესტუმრება და ჩვენთვის უცნობ სტამბულზე მოგვითხრობს. გიორგი გვახარიას საზაფხულო მარშრუტი ჯერ დაუდგენელია, მაგრამ დაგვპირდა, რომელიმე ზღვისპირეთში „ცრემლიანი სათვალის“ რამდენიმე თავს ერთად დავწერ და ერთად ვნახოთ, როგორ მივდივართ ივერიის გაბრწყინებამდეო. ლევან ნუცუბიძე, მას შემდეგ, რაც ჩემთან ნიძლავს წააგებს, გულის გადასაყოლებლად კუბაში აპირებს გამგზავრებას და ფიდელ კასტროს მონახულებას. მე უკვე გახლდით ისრაელში და ოქტომბრის ნომერში იხილავთ ამბებს ისრაელის ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მწერალზე, ყველაზე საკამათო კინოდოკუმენტალისტზე, ყველაზე პოპულარულ რეჟისორზე და ყველაზე პატივსაცემ პოლიტიკოსზე. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ „ცხელი შოკოლადი“ ერთთვიან არდადეგებზე მიდის და შემდეგი ნომერი უკვე 25 სექტემბერს გამოვა, ჩვენს არდადეგებსაც „ცხელ შოკოლადზე“ ფიქრში გავატარებთ. ეს ნომერიც საგანგებოდ „იმხელა“ გავაკეთეთ, რომ თქვენც არ მოგცეთ ჩვენი მონატრების საშუალება.
მოკლედ, ბედნიერ და გემრიელ დასვენებას გისურვებთ, „ცხელ შოკოლადთან“ ერთად.
შორენა შავერდაშვილი
ჩვენი ავტორები

კახა თოლორდავა
იმ საღამოს, როდესაც ჩარლი „ბერდ“ ფარქერი დიზი გილესფის გაუფრთხილებლად დაადგა თავს, ის სადილად ჯდებოდა. კართან გილესფის მეუღლე, ლორანი მივიდა და როდესაც გაიგო, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი „ბერდი“ ეწვია, მოურიდებლად მიახალა: „წაეთრიე, ჩვენ ვსადილობთ.“ იმ დროს ფარქერი უკვე ჰეროინზე „იჯდა,“ თუმცა „ჯანქის“ რეპუტაცია მისი მეგობრების და კოლეგების ცოლების ნერვებზე უფრო მოქმედებდა, ვიდრე ე.წ. „ბუქინგ“ აგენტებზე, რომლებიც ფარქერს არცერთ საღამოს დაუჯავშნავს არ ტოვებდნენ. „ბერდს“ არც უფიქრია, რომ იქაურობას გაცლოდა. „დიზი!“ - უყვიროდა მეგობარს კარს მიღმა, - გააღე კარი, იდიოტო, საოცარი თემა მომივიდა თავში და მინდა, რომ ჩაიწერო. ხომ იცი, ახლა მე ამის თავი არა მაქვს.“ გილესფის, დიდ მუსიკოსს, ინტელექტუალს, კლოუნს და ყველაზე უშიშარ ადამიანს მსოფლიოში, ერთადერთი ადამიანის შიში და მორიდება ჰქონდა დედამიწის ზურგზე და ეს ადამიანი მისი მეუღლე იყო. მან კარგად იცოდა, რომ „ბერდი“ არ ტყუოდა და ის ფულის სასესხებლად არ იყო მოსული. „ბერდმა“ მასთან ახალი, გენიალური იდეა მოიტანა, ის კი კარს ვერ აღებდა. ფარქერი არსად წასვლას არ აპირებდა და როდესაც დარწმუნდა, რომ მეგობარი კარს არ გაუღებდა, სასწრაფოდ ამოიღო საქსოფონი კეისიდან და იქვე, გილესფის კართან ინსტრუმენტიდან რთული და უჩვეულო პასაჟების ამოყრა დაიწყო. როცა გაცოფებული ლორანი „ბერდისათვის“ ჭკუის სასწავლებლად სამზარეულოდან კვლავ შესასვლელში გავარდა, ის ასეთ სურათს შეესწრო, - მისი მეუღლე, ერთადერთი და განუმეორებელი დიზი გილესფი იატაკზე იჯდა ჩაკეტილ კართან და „ბერდის“ დაკრულ მელოდიას სანოტო ფურცელზე ხელის კანკალით იწერდა.
იმ დღეს, როდესაც ჩემმა მეგობარმა ეიბ გოლდსტეინმა ეს ისტორია მომიყვა, დე მოინში თოვდა. უკვე გვიან იყო. ჩვენ იმ ოთახში ვისხედით, სადაც ეიბის დისკების კოლექცია ინახება. კოლექციაში ათასობითი დისკია. ოთახის კედლები ჯაზმენების შავ-თეთრი პლაკატებითაა დაფარული. ეიბი წამოდგა, ღამე ნებისა მისურვა და თავისი საძინებელი ოთახისაკენ გაემართა. „კარი გამოვხურო?“ - შემეკითხა ის გასვლისას.

ნიკა მაჩაიძე
...შორენა მას ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა და შემზარავად უღიმოდა.
- შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე, ლევან! ავტორის სვეტი ყველა ავტორმა უნდა დაწეროს და არც ნიკა მაჩაიძეა გამონაკლისი! „ცხელი შოკოლადი“ მოაგვარებს ამ პრობლემას ისე, რომ შენი სახელი არსად გაიჟღერებს. - ღია ფანჯრიდან შემოვარდნილმა ნიავმა შორენას თმები აუშალა, კედელთან დაყრილი „ცხელი შოკოლადის“ პირველი ნომრის ეგზემპლარები, ჯადოსნური მარაოებივით აიფოფრნენ.
- კი მაგრამ, ხომ შეიძლება ადამიანს არ უნდოდეს დაწერა???
- ეს ავტორის სვეტები შენი იდეაა, ლევან. თუ სრიალი გიყვარს, ციგის თრევაც უნდა შეგეძლოს!... მაგრამ ამ შემთხვევაში ციგასაც არ გათრევინებ. ჩამომეცალე გზიდან, ლევან! მიმიშვი ტელეფონთან, ნიკას მე თვითონ დაველაპარაკები!
ბოლო სიტყვებმა ლევანი თითქოს ტრანსიდან გამოიყვანა... „დაველაპარაკებიიიიიი, დააააავეეელაააპარააკეეებიიიიი ნიიიკაააას მეეეე თვითოოოონ დააააველააააპარაკებიიიიიიოოოოოოო!!!!!!!“
- არა! - იყვირა ლევანმა და ყურმილს ხელი დასტაცა. შორენამ მისკენ პანტერასავით ისკუპა, მაგრამ გვიან იყო... ლევანს ყურმილი უკვე პირში ედო და გამალებით ღეჭავდა. შემდეგ პირიდან გამოჩრილი შნურიც სპაგეტივით შეისრუტა და თვალებდაჭყეტილმა გადაყლაპა. - სანამ ცოცხალი ვარ, თქვენ ნიკას ვერ დაელაპარაკებით!
აი, ასეთი სიზმარი მესიზმრა ჩემს მეგობარ არტ-დირექტორზე და გადავწყვიტე, ავტორის ეს სვეტი დამეწერა.
respect ყველა არტ-რედაქტორს, რედაქტორს, დიზაინერს, კურიერს, მენეჯერს, დაცვის თანამშრომელს და ა.შ. in da chocolate house!

ლევან ნუცუბიძე
ჩემი სახლიდან „ცხელი შოკოლადის“ რედაქციამდე ზუსტად 37 ნაბიჯია. თითქმის ყოველ დილას, გასაღვიძებლად რედაქციიდან „რჩეული“ მაკითხავს და ფაქიზად მიმათრევს რედაქციაში. მეც უმტკივნეულოდ ვიფერებ „სტარი არტ-რედაქტორის“ პოზიციას და „რჩეულს“ უკმაყოფილო სახით მივყვები. დაბოხებული ხმით და განახევრებული თვალებით ვითხოვ ყავას. აი, აქ იწყება მარათონი.
ვინ გამიკეთებს ყავას?!
მოკლედ, სანამ ყავის აპარატამდე გამარჯვებული მიაღწევს, გზაში დიდი საშინელებები ხდება - ერთმანეთისთვის ფეხის დადება და წაქცეულზე წიხლის ჩარტყმა, იოლი გამოსავალია ხოლმე. ყველაზე ხშირად „იდაყვის“ ილეთი გამოიყენება. დანით ფეხში დაჭრის შემთხვევაც იყო. ბოლოს, ერთი გაწეწილი, დალურჯებული და ზოგჯერ სისხლიანი გამარჯვებული აღწევს ჩემამდე, „ლავაცას“ ლეგალური სტიმულატორით ხელში. ძალით გაღიმებული (ისე, ოლიმპიადებზე გიმნასტები რო იღიმებიან წარმოდგენის შემდეგ) და აქოშინებული მეკითხება:
- ლევან, შაქარი ორი, ხო?
ვითომ არ იცის...
მოკლედ, ისე მივლიან, ხანდახან ვერ ვხედავ ზღვარს „ცხელი შოკოლადის“ არტ-რედაქტორობასა და ჯიმ მორისონობას შორის. ბოლოს ისიც მომიგონეს, რომ ავტორი ვარ და, არც მეტი, არც ნაკლები, სვეტის დაწერა დამავალეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალის ტირაჟია 4000 და, სტატისტიკის მიხედვით, ერთს მინიმუმ ორი კაცი კითხულობს, აი, ვფიქრობ, რისი თქმა მინდა 8000 კაცისთვის. ნამდვილად ვიცი, არაფრის.
ერთი შემიძლია გისურვოთ: სიყვარული.
respect

თამარ სუხიშვილი
აბა, რა გითხრათ? ამ პაპანაქებაში სვეტის კი არა, საკუთარი გვარ-სახელის დაწერაც კი მიჭირს. თუმცა მარტო პაპანაქებასაც ნუ დავაბრალებ. ხომ გაგიგიათ, ყველა ნიჭიერი ზარმაცი რომაა...
ჰო, სად ვიყავი? განსაკუთრებული თხრობის ნიჭით არასოდეს გამოვირჩეოდი. სელინჯერის ერთი გმირივით მემართება ხოლმე - ერთის მოყოლას რომ იწყებს და მეორეზე გადადის, გამომცდელები კი უყვირიან: გადაუხვია, გადაუხვიაო. ის კი მაინც თავისას მიერეკება. რას ვიზამ, წერის დროს თავს უფრო ვაკონტროლებ ხოლმე. თუმცა ზოგჯერ ეს გადახვევებიც არ უნდა იყოს ურიგო; რა გვიშლის ხელს? - არც არაფერი. მით უმეტეს, როცა „ცხელ შოკოლადში“ მუშაობ და დოპინგად ყოველთვის გაქვს მაგარი ყავა. ბომბივითაა. ერთს დალევ და მერე მთელი ღამე აღარ დაგეძინება (მგონი, რედაქტორის სპეც-ჩანაფიქრია). მერე იძულებული ხარ, იფხიზლო, ინერვიულო გამოტოვებულ წერტილმძიმეებზე (რაც მე ყველაზე მეტად მაფორიაქებს. ჩემში მთვლემარე ჟანა დ'არკი იღვიძებს: იქნებ აქ მაინც დავამკვიდრო ნანატრი სამართლიანობა და ყველას თავისი კუთვნილი ადგილი მივუჩინო. არა, ყველა ადამიანში მაინც პატარა დიქტატორი ზის). მოკლედ, ფხიზლობ და ფიქრობ იმაზე, რაც დაწერე, რაც გინდოდა, რომ დაგეწერა და კიდევ იმაზე, რაც რესპონდენტმა საიდუმლოდ გიამბო, მაგრამ არ დაგიწერია. რატომ? - იმიტომ. რა დავწერო ახლა, რა ვქნა? - გავიფიქრე. „ჩაი უნდა მიირთოვო,“ - გამომძახა დედამ სამზარეულოდან. გათენებულა.
ეტყობა, მაინც არ ვარ პაპარაცი-ჟურნალისტი. თუმცა თვალიც მიჭრის და ყურიც. ბედს რომ გაეღიმა ჩემთვის, სულ ცოტა, FBI-ს აგენტი მაინც ვიქნებოდი. ცხოვრება წინაა. ჯერ-ჯერობით აქ ვარ. ვწერ „ცხელი შოკოლადისთვის“, ე.ი. მაქვს პრესტიჟული სამსახური, უმაღლესი განათლება და კარგი ხასიათი. ვეძებ მაღალ, ცისფერთვალება მამაკაცს. სასურველია იყოს „ცხელი შოკოლადის“ მკითხველი. ლოთები და მსუქნები ნუ გამომეხმაურებიან.
ეეე, სად გავუტიე? - უჰ, უკაცრავად. ძალიან ცხელა. რა ჩააბარებს ამ ეროვნულ გამოცდებს? როდემდის, ჩემო ქვეყანავ?!
![]() |
2 ბიომრავალფეროვანი ორგაზმი |
▲back to top |
ავტორი: ნესტან კვინიკაძე

ჩვენ არ ვიცით, რომ უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში, ველური ბუნების გადაშენების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მონაცემებით, 1600 წლიდან 1994 წლამდე დედამიწაზე ძუძუმწოვრების 86, ფრინველების 104, ქვეწარმავლების 20, ამფიბიების 5, თევზების 92 სახეობა გადაშენდა.
მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში, მოხეტიალე მტრედების რაოდენობის შემცირების ტენდენცია შეიმჩნეოდა. საუკუნის ბოლოს, ეს სახეობა მთლიანად გაქრა. უკანასკნელი წარმომადგენელი ცინცინატის ზოოპარკში 1914 წელს დაიღუპა.
არქტიკის პინგვინების - ალკების ბოლო წყვილი 1844 წელს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მოკლეს. ანალოგიურად, სტელერის ძროხა, კვაგა და სხვებიც განადგურდნენ.
დედამიწაზე ოდესღაც არსებული ცხოველებისა და მცენარეების სახეობათა 99%25 დღეისთვის გადაშენებულად ითვლება.
ჩვენ არც ის ვიცით, რომ სამყაროს გაუდაბნოება ემუქრება; არ ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურ დერეფნებს, არ ვიცი და ამიტომაც ზემოთქმულს ვციტირებ წიგნიდან: „აფთარი, გიურზა და სხვები...“, რომელიც ცენტრმა NACRES გამოსცა.
ასეა თუ ისე, ჩვენთვის, დღემდე მულტიპლიკაციური ფილმების გმირებად რჩებიან ცხოველები, რომლებიც, რეალურად, არამხოლოდ ცოცხლობენ, ცხოვრობენ კიდეც; უყვარდებათ, ჰყავთ ძიძები, შეუძლიათ ერთგულება. ველური ბუნება ერთმანეთთან აკავშირებს რელიგიური თუ ტერიტორიული მოტივით გადამტერებულ სახელმწიფოებს, ტომების ბელადებს, რადგან ველური სამყაროს ბინადრებს, როგორც სამაგალითო კოსმოპოლიტებს, სამყაროს მთლიანობის აღქმის საუკეთესო უნარი გააჩნიათ.
მე არც ის ვიცოდი, რომ ეთოლოგები (ამ შემთხვევაში ლევან ბუთხუზი), მწერლებზე და მხატვრებზე საინტერესო რესპონდენტები შეიძლება იყვნენ, ვინაიდან მათ შეუძლიათ, რომ დათვების ქცევა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას შეადარონ. ასეა თუ ისე, ჩემს შემთხვევაში, არცერთი სხვა რესპონდენტის ამბავი არ დაწყებულა ასე:
კატასტროფები...
სურვილების ასრულება...

კენიაში აფთრების საძებნელად წავედით. თავდაპირველად, საზღვრიდან უკან გამოგვაბრუნეს, არ შეგვიშვეს. ბილეთში დიდი თანხა გვქონდა გადახდილი და, შესაბამისად, უკან დაბრუნებულები, უფულოდ აღმოვჩნდით. მაინც არ მოვეშვით. მივედი ჩემს ამხანაგთან, რომელიც ტურ-სააგენტოში მუშაობდა და ვთხოვე, რამენაირად გამოენახა გზა, რომ კენიაში წავსულიყავით. ჩასვლა გაგიჭირდებათ და უკან შეიძლება ვეღარ დაბრუნდეთო. KLM-ს „ადამიანური“ რეისი ჰქონდა: თბილისი-ამსტერდამი-ნაირობი, მაგრამ ძვირი იყო. გამოვნახეთ მეორე გზა, რაც 600 დოლარი ჯდებოდა, - არაბების გაუგებარი ავია-კომპანია; სტამბულში როგორმე ჩვენით უნდა ჩაგვეღწია, მერე იწყებოდა: სტამბული-აბუდაბი-ბაჰრეინი-დარესალამი-ნაირობი. ახლა ვყვები პირველ ასოციაციას, რომელიც მოგზაურობებს უკავშირდება; ანუ, უკანა გზას კენიიდან: თვითმფრინავი ფრთაგამობმულ სამარშრუტო ტაქსს ჰგავდა, ნაირობის აეროპორტი - ჩვენეული ბავშვობის, 70-იანი წლების ავტოსადგურს. ჩავსხედით. ერთ მხარეს მეგობარი ლევან გოშაძე ზის, მეორე მხარეს - უცხო ადამიანი, უკან - ირაკლი შავგულიძე, ესეც ჩემი მეგობარი. მოკლედ, თვითმფრინავი დაიძრა, დადგა ასაფრენ ბილიკზე, აიღო სისწრაფე, აფრინდა, აიჭრა ზევით და მოულოდნელად მიწას დაასკდა, ჩამოვარდა. მაშინ მივხვდი ქართველების უზნეობას, როცა არ უჯერებენ სტიუარდესებს და არ იკრავენ ღვედებს, თუმცა ჩვენ ყველას შეკრული გვქონდა. გარდა იმისა, რომ ჩამოვარდნის ენითაუწერელი შოკი მივიღე, ამას დაემატა გვერდით მჯდომი უცნობი, რომელსაც ღვედები არ ჰქონდა შეკრული, სკამიდან მოწყდა და სისხლით მოირწყა იქაურობა. არაფრის ხმა არ ისმის. თვითმფრინავის ფრთები საშინლად ვიბრირებს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს თვითმფრინავს ეშინია და კანკალებს. ვხედავ ჩემი მეგობრების გაგიჟებულ სახეებს. მფრინავი აცხადებს, რომ გაურკვეველი მოტივით ჩამოვვარდით, სტიუარდესები აქეთ-იქით დარბიან, ყველა ცოცხალია. რაღაცას ჩაგვაბეს, თვითმფრინავი უკან მოაბრუნეს. ორი საათის მანძილზე, ენითაუწერელი შოკი გვქონდა. ოდნავ ზემოთ რომ ვყოფილიყავით....

რა ვქნათ?! ვართ ნაირობიში. აქედან ხომ უნდა წამოვიდეთ? ვდგავართ აეროპორტში, მინის მიღმა ვხედავთ, როგორ ათვალიერებენ თვითმფრინავს. გვეუბნებიან, რომ ახლა მექანიკოსები მოვლენ და შეაკეთებენ. ჩვენ ისეთ შოკში ვართ, ვერ ვაზროვნებთ და, შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ იმავე თვითმფრინავით უნდა დავბრუნდეთ უკან. გამოჩნდნენ მექანიკოსები, შავკანიანები, რომლებსაც სახეზე აწერიათ - არაფერი ვიცით! მექანიკოსები, რომლებსაც ნამდვილად დედაჩემი, გიული ასწავლიდა „გეპეიში“! გეპეიდამთავრებული ავიატორები იყვნენ აშკარად! ჩვენ გიულის სტუდენტები ვართ! ვიღაცას ვეცი და ვუთხარი, ამათ რა უნდა გააკეთონ? ჩვენ ამ თვითმფრინავში არ უნდა ჩავსხდეთ!
მოკლედ, არავინ გვისმინა, ბაკი ნახევრამდე დაცალეს, ააფრინეს, ჰაერში წრე მოხაზა და დაჯდა. დაგვიძახეს, ყველაფერი წესრიგშიაო. ისტერიკა გვაქვს, არ გვინდა, მაგრამ მაინც შევედით. თან, დარწმუნებულები ვართ, სტატისტიკის მიხედვით, ერთსა და იმავე ადგილას ელვა ორჯერ არ ხდება. მეორედ ხომ არ ჩამოვარდება! ერთი სიტყვით, დაიძრა, იგივე ოპერაცია ჩაატარა, რასაც ყველა თვითმფრინავი გადის, აფრინდა და ისევ იგივე, თვითმფრინავი მეორედ ჩამოვარდა. ლევან გოშაძე და ირაკლი შავგულიძე, ანუ ორი მოწმე რომ არ მყავდეს, მე თვითონ მეგონება, რომ ვიგონებ. და როცა გვითხრეს, გადმოდით, კიდევ გავაკეთებთო, უკვე გადავირიე, - შანსი არ არის! ერთადერთი რეისი, „ინდიან ეარვეისი“ იმ ღამეს ლონდონში მიფრინავდა. ქრთამი გავიღეთ და ლონდონში ჩავედით. 24 საათიანი ვიზა მომცეს, მაგრამ თბილისში სამ დღეში ბრუნდებოდა. ამიტომ სავიზო რეჟიმი მაინც დავარღვიე. ამით დამთავრდა ჩემი კენიის ერთი სეტი.
ჩემი მოგზაურობების 90%25 სხვადასხვაგვარ კატასტროფას უკავშირდება. მეგობრები მეუბნებიან, შენთან ერთად თვითმფრინავში ჩაჯდომა არ ღირსო. კოსტა რიკაში საშინელ შტორმში მოვყევით, კინაღამ ჩამოვარდა თვითმფრინავი; ამერიკაში მივფრინავდით და არამარტო ჟილეტები ჩაგვაცვეს, ჟანგბადის პირბადეებიც ჩამოცვივდა; ბერლინიდან მოვფრინავდით და სამი მოტორი გამოირთო. ერთი მოტორით დავეშვით... რას იზამ, ვერსად გაიქცევი. ამას თუ გააცნობიერებ, მარტივი ხდება ყველაფერი. ის კი არა, როცა სიკვდილის პირისპირ ხარ, პირიქით, უნდა დაწყნარდე და მიხვდები, რომ არ მოკვდები. უიმედო მდგომარეობა როცაა, არაფერი მოხდება.
როგორც კი რაიმე ადგილს ვტოვებ, იქ აუცილებლად რაღაც კატასტროფა უნდა დატრიალდეს: სამხრეთ აფრიკიდან რომ დავბრუნდი, არნახული ხანძარი გაჩნდა; კოსტა რიკაში, სადაც ვიყავი, იქ მალე ვულკანმა ამოხეთქა; კენიაშიც რაღაც კატაკლიზმები დატრიალდა; კუბიდან წამოვედი და ქარიშხალი ზუსტად იმ კუნძულს დაატყდა თავს - მიწასთან გაასწორა; 2001 წელს თბილისში ამერიკიდან 10 სექტემბერს დავბრუნდი და ა.შ. ჩემები სულ მეხვეწებიან, მოსკოვში წავიდე.
ყველაფერი ეს ველურ ბუნებასთან მისასვლელად მიღირს. ეს ჩემი მოგზაურობის ნაწილია. მაღიზიანებს, როცა მეუბნებიან, მშურს შენი, ან რა ბედნიერი ხარ, რომ მოგზაურობ. ვღიზიანდები იმიტომ, რომ მათ არასოდეს მოუნდომებიათ, ჩემს ადგილას ყოფილიყვნენ. თავიანთი ცხოვრება სხვანაირად დაგეგმეს. მე კი თვალის ახელიდანვე ვიცოდი, რომ გამუდმებით ცხოველებთან, ველურ ცხოველებთან ვიქნებოდი, დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ამ თვალსაზრისით, კოსმოპოლიტი ვარ, რადგან ჩემთვის სულერთია, ცხოველი სად უნდა შევისწავლოთ ან დავიცვათ, საქართველოში თუ აფრიკაში. ის სამყაროს ეკუთვნის. თუ ამას გააცნობიერებ, უკვე შენს ხელშია სამყარო, რომელსაც საკუთარ იდეებსა და სურვილებს უქვემდებარებ. პრაქტიკულად, წინაღობა არ არსებობს. ამიტომ სულაც არ არის ისე, როგორც სხვებს ჰგონიათ: მოგზაურობ, ამას ბევრი ფული უნდა... უბრალოდ, მირჩევნია მოზამბიკში წავიდე და მერე ერთი წელი ვიშიმშილო.
34 წლის ვარ. აქედან, 30 წელია, საქართველოში ლეოპარდს ვეძებ. ბავშვობიდან ვეძებ, რადგან მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, „ვეფხისა და მოყმის“ ლექსში არის არა ვეფხვი, არამედ ლეოპარდი იმიტომ, რომ საქართველოში ოდესღაც იყო ლეოპარდიო. ეს ჩამრჩა: რადგან იყო, ესე იგი, არის კიდეც. ვეძებე და მეგობრებთან ერთად ვიპოვე. აღმოჩენის მერე, ჩემთვის ახალი კარი გაიხსნა, ახალი ეტაპი დაიწყო. ბავშვობა დამთავრდა მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ვიყავი. ბლოკს აქვს დაახლოებით ასეთი ფრაზა, რომელიც მერე კოელიომ და ვიღაცეებმა „გაადიშოვკეს“: „თუ რაღაც გინდა, აუცილებლად ახდება“. თუ არ ასრულდა, დიდი სურვილი არ გქონია, და თუ სხვა რამე აგისრულდა, გაცრუება მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან ასრულდა სწორედ ის, რაც გინდოდა. რაიმეს ჩაფიქრებისას, ფრთხილადაც უნდა იყო, რადგან ახდენის პერსპექტივა აქვს.

ამიტომ, გამაზულ რამეებზე აღარ მწყდება გული. ვიცი, რომ კოსტა რიკაში ისევ მოვხვდები, ზუსტად იმ ლიმონის პროვინციაში, და ზუსტად იმ ინდიელებთან ერთად მოვწევ მოსაწევს, რომელიც კაქტუსის ქერქისგან არის დამზადებული.
HOW LOUD WAS BIG BANG?
არაფერს ვგეგმავ. უბრალოდ, ეს ქვეცნობიერად არის ხოლმე დაგეგმილი. ბავშვობიდანვე, არჩეულ საქმეს ჩემთვის ხიბლი არასოდეს დაუკარგავს. რა თქმა უნდა, რუტინა პერიოდულად ჩნდება, როცა პროექტს წერ, ზიხარ ოფისში, თუმცა აქედანაც სიამოვნებას იღებ, რადგან ბიუროკრატიაში ებმები იმისთვის, რომ ამან ველურ ბუნებაში გაგიყვანოს.
მეუბნებიან, მოგზაურობ და ცხოველებს ნახულობ. ეს ხომ ზედაპირული და აისბერგული მომენტია. სინამდვილეში, მე ვიკვლევ. როცა მეკითხებიან, რა არის ჩემი საქმე, ერთი პასუხი მაქვს. როგორ არის მოწყობილი სიცოცხლე? მთელი ბიოლოგია ამას სწავლობს. ადამიანი ამის ერთი ნაწილია.
სანამ მოგზაურობას დავიწყებდი და კოსტა რიკას ვნახავდი, ბავშვობიდან, ეზოში ჭიანჭველების ბუდეებთან საათობით შემეძლო ვმდგარიყავი და მეყურებინა. ყველგან სიცოცხლეა. ამის გასაგებად აფრიკა არ არის საჭირო. თუ ამას აცნობიერებ, ყველგან სიცოცხლეს დაინახავ. უბრალოდ, მერე იმასაც ხვდები, რომ ჭიანჭველების პარალელურად, არსებობს ეგზოტიკა და ეს ძალიან საინტერესოა. ამას გარეთ გაყავხარ.
შეიძლება სხვა ბავშვების კითხვაც იყო, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა „დიდი აფეთქება“, ანუ ვერსია, როცა სამყაროში თითქოს ყველაფერი ერთი დიდი აფეთქების შედეგად წარმოიქმნა. ეს რომ გავიგე, მესამე კლასში ვიყავი. მას მერე კითხვა არ მასვენებდა, რამდენად ხმამაღალი იყო ეს აფეთქება. მერე, რამდენადაც პასუხი არ არსებობდა, ვიფიქრე, კრეტინული კითხვაა-მეთქი, მაგრამ გულში სულ ვფიქრობდი. დიდი ხნის შემდეგ, „დისქავერიზე“ რაღაც რეკლამები წავიდა და ამონათდა ტიტრები: ბავშვების კითხვები: How loud was big bang? გავგიჟდი, მივხვდი, რომ მარტო არ ვარ ამ სამყაროში.
ბავშვობიდან მჩვევია, როცა სამყარო მელაპარაკება და კონტექსტუალურად რაღაცას მეუბნება. კრიტიკულ სიტუაციებში ეს მეხმარება, მეუბნება და მინიშნებებს მაძლევს, მისი ნაწილი ხარ და მარტო არ გტოვებს. მე ათეისტი ვარ, და მგონია, რომ შენი შინაგანი ინტუიციით რაღაცეების განსაზღვრა შეგიძლია. კოორდინაცია შენს ხელთაა, - გააჩნია, რა გინდა. თუ 60 მილიონი ადამიანის ამოწყვეტა გსურს, მიაღწევ, კი ბატონო. მიუღწევიათ კიდეც. ვიღაც ამერიკელს კოსმოსში გაფრენა უნდოდა. სულაც არ ყოფილა კოსმონავტი. გადაიხადა 20 მილიონი და გაფრინდა. რეალურად ხომ შესაძლებელი ყოფილა. ის მილიონერი გახდა იმიტომ, რომ აფრენილიყო.
ფიდელ კასტრო; მუგაბე
ადრე მხოლოდ ცხოველებით განისაზღვრებოდა რაღაცეები. ახლა სხვა კულტურებთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია.
პარალელს გამუდმებით ვავლებ ჩვენსა და სხვა კულტურებს შორის, როგორები არიან, რა არის მათი პრიორიტეტები და სხვა. მაგრამ სხვა დანარჩენთან მაინც ველურ ბუნებას მივყავარ.

მუგაბე, ზიმბაბვეს პრეზიდენტი, ჩემი „ჩერეზ მეგობარია“. ირაკლი შავგულიძე და ზურა გურიელიძე მასთან ჩაიზე დაპატიჟეს. საინტერესო ის კი არ არის, რომ აფრიკის რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტს ხვდები; საინტერესოა ის, რომ მუგაბე დიქტატორია, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად მართავდა თავის ქვეყანას, და რომელმაც ზურასა და ირაკლის ძმაკაცური ვიზიტის შემდეგ, ერთ წელიწადში თეთრკანიანები გამოყარა. დღემდე ბრიტანეთსა და მათ შორის ომის დაწყების საშიშროებაა. მუგაბე სულ დომინირებს. მუგაბე BBC-ზე სულ ხაზზეა. „ფსიქოშიც“ მომიწია მასზე ლაპარაკი, რადგან აღმოჩნდა, რომ ბერტოლუჩის „ალყაში“ რომ გოგონა თამაშობს, მუგაბეს მიერ გამოძევებული ოჯახიდან არის. ჩემი მეგობარი ქეთი ჩაჩიბაია მარქსისტია, მაგრამ მოხდა ისე, რომ კუბაში ფიდელ კასტროსთან აღმოვჩნდი მე, ვისაც ბავშვობიდან მარქსის მიმართ ანტაგონიზმი მახასიათებს. ეს იყო სამყაროში გაუდაბნოების წინააღმდეგ მიძღვნილი კონფერენცია. სამყაროში უდაბნოების რიცხვი იზრდება… ეს კატასტროფული ტემპით მიდის. სხვათა შორის, საქართველოშიც ასეა. ეს პროგრამა მაინტერესებს, რადგან უდაბნოებში და ნახევრადუდაბნოებში ცხოვრობს აფთარი. აფთარისთვის ეს ადგილი საცხოვრებლად კარგია, ადამიანისთვის - ცუდი. საინტერესოა: ველური ცხოველი ადამიანის ადგილს იკავებს, ადამიანი კი, ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, გამოდის იქიდან. მოკლედ, უცნაური ის იყო, რომ კონფერენცია იმ ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო, სადაც ამ მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარებაა. ველოდებით, რომ ეს იქნებოდა საჰარის რომელიმე ქვეყანა, ან აზიიის ის ნაწილი, სადაც გაუდაბნოება ხშირია. მოულოდნელად ასეთი ქვეყანა აღმოჩნდა კუბა. პარადოქსი ის იყო, რომ კუბა ტრიპიკულია, მას ამ პრობლემასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ თავად გამოთქვა სურვილი. მოკლედ, ბუნუელის სცენარი ვითარდებოდა: გაუდაბნოება, კუბა, და კასტროს ნახვის შესაძლებლობა... მისი სიკვდილის შემდეგ ხომ სოციალიზმი მთავრდება, თუ არ ჩავთვლით ჩრდილოეთ კორეას. კონფერენციის შემდეგ, მოსაწევად გარეთ გამოვედით. მოულოდნელად კარი გაიღო და კასტრო, დაცვასთან ერთად, ჩვენსკენ გამოემართა, მოგვიახლოვდა, ხელი ჩამოგვართვა. ინგლისურად არ მინდოდა მიმემართა, რადგან გამოსვლაში ამერიკა აგინა, ამიტომ ქართულად ჩავილაპარაკე: გამარჯობა. ქეთი ჩაჩიბაია აქ, ჩემს ადგილას უნდა ყოფილიყო.
მუგაბე, კასტრო, სხვადასხვა ტომის ბელადები - მოგზაურობის შემადგენელი ნაწილია. ორი ტოტემი მყავს: დარწმუნებული ვარ, ან წინა ცხოვრებაში ვიყავი ლეოპარდი, ან შემდეგში ვიქნები, რადგან მთელი ჩემი შინაარსით ეს ცხოველი ვარ.
ცხოველი, რომელიც მაგრა მევასება და ჩემი შესწავლის საგანია - ეს არის აფთარი. ყველა ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებაში შემოდის, ან ერთ ჯგუფს განეკუთვნება, ან მეორეს. ყოველთვის.

ექსპედიციის ჩემოდანი
ჩემოდანის ჩალაგება ასე იწყება: იმოდიუმი; კოღოების წამალი; „მარგანცოვკა“; პრეზერვატივები. ადრე სავარცხელი დამქონდა. ახლა, როგორც ხედავ, ამის აუცილებლობა არ არსებობს.
ექსპედიციის წევრებს რაც შეეხება, ისეთ ადამიანებთან ერთად დავდივარ, ვისაც - აი, უხეში მაგალითი რომ ვთქვა, - ფულს რომ ვასესხებ, არ დამიბრუნებს და ამით ჩემთან ურთიერთობაში პრობლემა არ შეექმნება. მე რომ არ შემეცვლება მის მიმართ დამოკიდებულება, ეს ვიცი. მერე თავად არ მოერიდება ურთიერთობა და ისეთივე ახლობლური ლექსიკონით გააგრძელებს ჩემთან კონტაქტს. თუ ურთიერთობის ეს დონე გაქვს, მასთან ერთად ჯუნგლებში წასვლა შეიძლება; მასთან ერთად თვითმფრინავი არ ჩამოვარდება და თუ ჩამოვარდა, არაფერი მოხდება. ადამიანები ქალაქში სხვანაირები არიან. გავდივართ თუ არა, იცვლებიან. მაგალითად, დედაჩემის მეგობარი, მარინა. თბილისში მასთან ურთიერთობა არც ისე იოლია, მაგრამ დასასვენებლად იდეალურია. ფაქტობრივად, მასზე უკეთესი არ არსებობს. არის მეგობრების ნაწილი, რომელთან ერთადაც არსად არ წავალ, რადგან შეიძლება, უბრალოდ, დავკარგო ისინი. მთელი ჩემი ორგანიზაცია და ჯგუფი მიმართულია მხოლოდ ურთიერთობაზე. შეიძლება პროფესიონალი იყოს, მაგრამ ვერ ასრულებდეს იმ მთავარ მოთხოვნებს, რასაც ექსპედიციაში ყოფნისას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ვისთან ერთადაც ხარ, რომ დაგჭირდეს, მხრებზე უნდა შეგისვას და ევერესტზე აგიყვანოს. „ექსტრემალური სიტუაცია“ თბილისიდან გასვლისას იწყება. იქ სხვა სამყარო იშლება და შენც იცვლები. შესაბამისად, აუცილებელია ადექვატური ადამიანი. ეს მოგზაურობების შემადგენელი ნაწილია. 5-6 კაცს, საქართველოს გარდა, ვერსად აგროვებენ, ანუ ასეთი იდეალური ჯგუფი სხვაგან ვერ იკრიბება და სულ უკვირთ, ამდენი ერთად როგორ დადიხართო?!
სამხრეთ აფრიკაში რომ ჩავედით, მაგალითად, იოჰანესბურგში, არის უბნები, სადაც არმია მობილიზებულია, რადგან პოლიცია ვერ აკონტროლებს სიტუაციას. იქ გარეთ გასვლა არ შეიძლება, ათი ცენტის გამოც ისევე შეიძლება მოგკლან, როგორც ათი დოლარისთვის. ისინი ცხოველებივით იქცევიან. ევროპელი მძარცველი გედავება, გელაპარაკება, ის კი ფიქრობს, რომ ამისთვის დროის დახარჯვა არ ღირს. მოგკლავს და მერე ამოგაცლის ფულს. როცა ასე განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაში ჩადიხარ, მზად უნდა იყო. კეიპტაუნში არ იცი, როგორ უნდა მოიქცე. ეს რთულია. მარტო საშიშროებებს არ ვგულისხმობ. აი, თუნდაც, როცა ოჯახში დაგპატიჟებენ, ევროპას მეტნაკლებად ვიცნობთ, თუმცა ბევრი დანა-ჩანგლის დანახვისას, მაინც ვიძაბებით. ლათინურ ამერიკაში გეუბნებიან, რომ ყავაზე გპატიჟებენ და აღმოჩნდება, რომ ყავა მთელი ის გარემოა, სადაც მიგიწვიეს. ამიტომ ყოველთვის ჯობია, წინასწარ არაფერი განსაზღვრო. პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდე დაძაბულობისგან და დასვა კითხვები: ამით უნდა ვჭამო? რომ მქურდავ, ფული ეგრევე უნდა მოგცე? ნიუ იორკში ცას იმიტომ ვერ ხედავ, რომ ისეთივე თავის მოძრაობით ეძებ ცას, როგორც თბილისში. არადა, როგორც კი ოდნავ შეცვლი მოძრაობას, აუცილებლად დაინახავ, რადგან ეს ცა ყველგანაა. ამიტომ, სადაც ჩადიხარ, კლიშეებისგან უნდა გათავისუფლდე.
NATION THAT NEVER LIES
იორდანიის ხსენებისას პირველი ასოციაცია - ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ იტყუებიან. ვისაც არ ვკითხე, ყველამ დამიდასტურა. შოკი მივიღე. ტაქსის მძღოლები არ ტყუიან; ხალხი არ ტყუის. ეს რომ გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ექსტრაორდინარული შემთხვევაა: მძღოლს ტურისტი უმოკლესი გზით არცერთ ქვეყანაში არ დაჰყავს...
...This is a nation that never lies, - მომწერა ამერიკელმა მეგობარმა. იორდანია არაბული კულტურის აბსოლუტური ანტიპოდია. არადა, არაბეთში ხომ ვაჭრობა და ტყუილი ბატონობს. იორდანელები ამას იმით ხსნიან, რომ კლასიკური არაბები კი არა, ბედუინები არიან და თავს არაარაბულ წარმოშობას აკუთვნებენ. მათ შიდა კულტურული ტრადიციები აქვთ.

არადა, გადახვალ ემირატებში და ტაქსის მძღოლით დაწყებული, ყველა გატყუებს, ყველგან... თურქეთი ხომ საერთოდ, საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს ხომ ერთი დიდი ტყუილია.
ამ ქვეყანასთანაც აფთარმა დამაკავშირა. ხუთ ქვეყანაში გავაგზავნე ხუთი პუნქტი და პასუხს ველოდი. ყველამ მოიწერა, რომ მათი მხრიდან ხუთივე დაძლევადია. მხოლოდ იორდანია იყო, რომელიც პირნათლად იუწყებოდა: ორი პუნქტი უეჭველია, მესამეში ეს პრობლემაა, მეოთხეზე აღარც დავფიქრებულვარ. მცირე დაფინანსების მიუხედავად, იმწუთასვე გადავწყვიტე, იქ წავსულიყავი. ჩემი მოტყუება არ უცდიათ და, შესაბამისად, მთელი პროექტის ფულიც მათთან დავხარჯე. ეს არის ქვეყანა, სადაც სტერეოტიპები არ გენგრევა.
მსგავსი დაცულობის გრძნობა მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში გაქვს. ალბათ ქურდობაც არის, რადგან გისოსებიანი სახლებიც შემხვდა, მაგრამ ქვეყანა, სადაც არ გატყუებენ - ეს ხომ სასწაულია!... რომ ჩამოვედი, ვთქვი, რაც არაბებმა ჩვენს ქვეყანას დაუშავეს, ყველაფერს ვპატიობ-მეთქი.

დათვები: ...ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია
ვაშლოვანში ჩვენი ერთ-ერთი პროექტი მიზნად ისახავს დათვების შესწავლას. არავინ იცის, რამდენი დათვია საქართველოში; საშიში ცხოველია, გლეხებს საფრთხეს უქმნის, ან გადაშენების პირას არის თუ არა. ამის შესწავლა თანამედროვე ტექნოლოგიით დავიწყეთ. დავაგეთ სპეციალური ხაფანგები, სადაც ცხოველი გაებმებოდა. ეს ხაფანგი არაფერს უშავებს მას. მთელს მსოფლიოში ასეთი პრაქტიკაა მიღებული, სპეციალური დასაძინებელი ტყვიებით სარგებლობ, მიდიხარ და დათვს ყელზე ამაგრებ აპარატს, რომელიც ცხოველს ორ წელიწადში თავისთავად ძვრება. ეს აპარატი პერიოდულად სიგნალს გამოსცემს, რომელსაც ანტენა იჭერს. თითოეულ სიგნალს თავისი ნიშანი აქვს. ყველას ადამიანის სახელი აქვს და აკვირდები მათ ოჯახებს, ქცევას. მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებ და იცი, რომელი დათვი სად არის. მერე ეს დაგაქვს რუკაზე. ორი საათის წინ აქ იყო, ეს გააკეთა. ორი თვის შემდეგ, მათ ტრაექტორიას აკვირდები. თავიდან ეს ყველაფერი რუტინულია და ძალიან ჰგავს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას, დასაწყისს, რუტინულობიდან, ხაზები რომ ნერვებს გიშლის. ეს არის პირველი ნაწილი. ერთი თვის თავზე, ისევე როგორც მე-9 სიმფონიაში, უკვე ხედავ, რომ საიდანღაც რაღაც მუხტი მოდის, რომელსაც ყველაფერი ჰარმონიაში მოყავს და ხვდები, რომ ყველაფერი ლოგიკურია. ამ სურათს კარდიოგრამასავით კითხულობ: ამ დათვს ახლა აქ ეძინა, წამოდგა, შეხვდა მამალს, გაექცა, ეს გაეკიდა, დაიჭირა, სასიყვარულო თამაში იყო, აქ მოხდა კოპულაცია, ორი საათით სადღაც გაქრნენ. ესე იგი, ჰქონდათ სექსი, რომანტიკა. უეცრად, ბრაკონიერი შემოდის და ბელს კლავს. შენ უკვე იცი, რომ ამ ბილიკით ერთი მდედრი დათვი დადის, თავის ბელთან ერთად. ამ ბილიკზე რომ ბრაკონიერი გამოჩნდა, ესე იგი, შეამჩნია, რომ ეს ბილიკი საუკუნეების მანძილზე არსებობს. ამიტომაც, მთავრობას უნდა შეატყობინო, რომ ეს ნაკრძალი უნდა გადმოიწიოს ისე რომ ეს ბილიკი მოხვდეს. უკვე იცი, რომ იმ ტყეში ცხოვრობს ტახი, რომელსაც ჭამს დათვი და ეს ტყე არ უნდა გაიჩეხოს,... რადგან ეს მათი ცხოვრებაა, იქ სიცოცხლეა, ბელები თამაშობენ...
ბრძოლა - ეს უკვე ჩემი სამსახურის მეორე ნაწილია.
ბიომრავალფეროვანი ორგაზმი
ამ ეტაპზე სიცოცხლის შემადგენელ ნაწილს, ორგაზმს ვიკვლევ. ზოლებიანი აფთარის სოციალური ქცევა - ერთი საკითხია. ვცდილობ გავარკვიო, საბოოლო ჯამში, რამდენი მათგანი დარჩა საქართველოში... ორგაზმის კვლევა აფთარს არ უკავშირდება. ეს, ზოგადად, ორგაზმის ბიოფსიქოლოგიაა. როცა ერთ კონკრეტულ რამეზე ვმუშაობთ, სურვილისამებრ, პარარელურად სხვა თემები გვაქვს. ორგაზმის კვლევის შემთხვევაშიც სწორედ ასეა. ჯერ არაფრის თქმა არ მინდა, რადგან ძალიან უცნაურ რაღაცეებს მივაკვლიეთ. ყველას განგვიცდია, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიცით, რატომ ჩქარდება გული, რატომ გვიბნელდება თვალებში, რა ემართება კუნთებს, რატომ ეცემა წნევა. ეს ყველაფერი ფიზიოლოგიური მხარეა. ამას ფსიქოლოგიური განცდები და, ზოგადად, კაცობრიობის ისტორიაში მისი მნიშვნელობა ემატება.
ეს არის უდიდესი სტიმული, რის გამოც კაცობრიობა მრავლდება და აქ ნაკლებმნიშვნელოვანია შვილების ყოლის სურვილი. გადმოცემით იცი, რომ ასე უნდა იყოს. შვილებზე ფიქრი სოციალური მხარეა, რომელიც ორგაზმს ეფუძნება. დედობის სურვილი ცნობიერია. მამაკაცის თუ ქალის მიმართ ლტოლვა - ეს არის ლტოლვა სწორედ იმ ჯილდოსთვის, რომელიც ყველას აქვს, ყველა ცოცხალ არსებას.

ბიოლოგიაში პროგნოზი არ კეთდება. ანუ ასპროცენტიანი პროგროზირება გამორიცხულია სწორედ იმიტომ, რომ სტანდარტები არ არსებობს. ამიტომ ბიოლოგია ახალ-ახალი აღმოჩენებიდან გამომდინარე ვითარდება. ამა თუ იმ ტიპის გულის შეტევა ამა თუ იმ გზით იკურნება. ეს ხომ დადგენილია? მაგრამ ყველა ერთნაირად მაინც არ იკურნება. 100-იდან 20 პროცენტი ხომ სხავანაირად ხდება?! თავნება პროცესია და ეს არის მისი ხიბლი. ის 20%25, რომელიც თავნებაა და არავითარ კანონს არ ემორჩილება, არის სიცოცხლე.
![]() |
3 /კინო - რუკაზე/ ფედონ პაპამაიკლი |
▲back to top |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

Phedon Papamichael. ASC
DIRECTOROfPHOTOGRAPHY
ფილმოგარაფია

WALK THE LINE
რეჟ: ჯეიმს მენგოლდი
როლებში: ხოაკინ ფენიქსი, რიზ უითერსფუნი
2005 წ.
THE WEATHER MAN
რეჟ: გორ ვერბინსკი
როლებში: სერ მაიქლ ქეინი, ნიქოლას ქეიჯი, ჰოუფ დევისი
2005 წ.
SIDEWAYS
რეჟ: ალექსანდერ პეინი
როლებში: პოლ ჯამათი, თომას ჰაიდენ ჩერჩი, ვირჯინია მედსენი
2004 წ.
ორი „ოქროს გლობუსი“ - საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი.
„ოსკარი“ - საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.
SHATTERED GLASS*
რეჟ: ბილი რეი
როლებში: ჰეიდენ ქრისთენსენი, პიტერ საარსგარდი, ქლო სევინი
2003 წ.
MATHILDE
რეჟ: ნინა მიმიჩა
როლებში: ჯერემი აირონსი, ნუცა კუხიანიძე
2005 წ.
IDENTITY
რეჟ: ჯეიმს მენგოლდი
როლებში: ჯონ ქიუზექი, ამანდა ფითი, რეი ლოიოტა
2003 წ.
TEN MINUTES OLDER
რეჟ: ვიმ ვენდერსი
როლი: ამბერ თამბლინი
2001 წ.
MOONLIGHT MILE
რეჟ: ბრედ სილბერლინგი
როლებში: დასტინ ჰოფმანი, სიუზენ სარანდონი, ჯეიქ გილენჰაალი, ჰოლი ჰანტერი
(ბერლინალე, 2003 წ.)
AMERICA's SWEETHEARTS
რეჟ: ჯო როთი
როლებში: ჯულია რობერთსი, ქეთრინ ზეტა-ჯონსი, ბილი ქრისთალი, ჯონ ქიუზექი
2001 წ.
27 MISSING KISSES**
რეჟ: ნანა ჯორჯაძე
როლებში: პიერ რიშარი, ნუცა კუხიანიძე
(პრემიერა კანის კინო ფესტივალზე, სექციაში: Directors Fortnight, 2000 წ. გრანპრი 2000 წ. ნიუ იორკი/ავინიონის კინოფესტივალზე, მაყურებლის ჯილდო მონპელიეს კინოფესტივალზე, „კოდაკის“ Vision Award, როგორც საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი)
The MILLION DOLLAR HOTEL***
რეჟ: ვიმ ვენდერსი
როლებში: მელ გიბსონი, ჯერემი აირონსი, მილა იოვოვიჩი
(2000 წ. ბერლინალეს გამხსნელი ფილმი. ჟიურის პრიზი, ვერცხლის დათვი, ოქროს კამერა)
PATCH ADAMS
რეჟ: ტომ შედიაქი
როლებში: რობინ უილიამსი, ფილიპ ჰოფმანი, მონიკა პოტერი, პიტერ კოიოტი
1998 წ.
MOUSE HUNT
რეჟ: გორ ვერბინსკი
როლებში: ნათან ლეინი, ლი ევანსი, ქრისთოფერ უოქენი
1997 წ.
THE LOCUSTS
რეჟ: ჯი.ფეი. ქელი
როლებში: ვინს ვონი, ქეით ქეფშოუ, ჯერემი დეივისი, ეშლი ჯადი
1997 წ.
UNHOOK THE STARS
რეჟ: ნიკ კასავეტესი
როლებში: ჯინა როულენდსი, მარისა ტომეი, ჟერარ დეპარდიე
1996 წ.
PHENOMENON
რეჟ: ჯონ ტარტლაუბი
როლებში: ჯონ ტრავოლტა, რობერტ დიუვალი
1996 წ.
UNSTRUNG HEROES
რეჟ: დაიან კიტონი
როლებში: ჯონ თურთურო, ენდი მაქდაუელი, სანდრა ბულოქი, ბილ ფულმანი
1995 წ.
WHITE DWARF
რეჟ: პიტერ მარქლი (TV)
პროდიუსერი: ფრენსის ფორდ კოპოლა
როლებში: პოლ უინფილდი
1995 წ.
COOL RUNNINGS
რეჟ: ჯონ თართლაუბი
როლებში: ჯონ ქენდი, მელიქ იობა
1993 წ.
WILD PALMS*****
რეჟ: პიტერ ჰიუიტი (TV)
პროდიუსერი: ოლივერ სთოუნი
როლებში: დანა დელანი, ჯიმ ბელუში
1993 წ.
POISON IVY
რეჟ: ქეთ ში რუბენი
როლებში: დრიუ ბერიმორი, ტომ სკერიტი
1992 წ.
NOWHERE TO RUN
რეჟ: კარლ ფრანკლინი
როლებში: ჯეისონ პრისთლი, დევიდ კარადინი
1989 წ.
STREETS
რეჟ: ქეთ ში რუბენი
როლებში: ქრისთინა ეფლგეითი, დევიდ მენდენჰალი
1990 წ.
SPUD******
რეჟ: ჯონ უენთუორთი
1988 წ.
ჯილდოები

* Independent Spirit Award: ნომინაცია „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“, 2003 წ.
**ჯილდო „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“ - ნიუ იორკი/ავინიონის კინოფესტივალი, 2000 წ.
CAMERIMAGE (ლოძი, პოლონეთი): ნომინაცია „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“ - ოქროს ბაყაყი, 2000 წ.
***CAMERIMAGE (ლოძი, პოლონეთი): ნომინაცია „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“ - ოქროს ბაყაყი, 2000 წ.
**** A.S.C. AWARD NOMINATION FOR OUTSTANDING CINEMATOGRAPHY, 1995 წ.
***** A.S.C. AWARD NOMINATION FOR OUTSTANDING CINEMATOGRAPHY, 1993 წ.
****** ჯილდო: საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი - კორკის კინოფესტივალი/ირლანდია, 1990 წ.
დაიბადა 3 მილიონ 144 ათასიან ათენში.
გაიზარდა მილიონ 402 ათასიან მიუნხენში.
თვალი ახლებურად აეხილა 8 მილიონ 10 ათასიან ნიუ იორკში.
დასახლდა 9 მილიონ 140 ათასიან ლოს ანჯელესში.
შეუყვარდა 5 მილიონიანი საქართველო.

სხვაობა დროში, სწორებით 0 მერიდიანზე, რომელიც გრინვიჩზე გადის: როცა საქართველოში შუადღეა და ჭავჭავაძის საცობში გაჩხერილი მანქანის დასიცხული საათი აჩვენებს 14:30-ს, ლოს ანჯელესში რიჟრაჟია, თავთან დადებული მაღვიძარა 3:30AM-ს უჩვენებს და დაუნთაუნის შუშიანი ცათამბრჯენები პირველი მზის სხივების გამოჩენას ელიან; იმავე წამებში, ათენში საათი 13:30-ს ჩამოჰკრავს, მესიმერის დროა და ქუჩის კუთხეში მაღაზიის მეპატრონე კარზე ტრაფარეტს ატრიალებს, დასაძინებლად მიდის და სიცხის გადასვლამდე არ გახსნის მაღაზიას; მიუნხენში კი 12:47-ია, BMW-ს ქარხანაში შუადღის საუზმისთვის ემზადებიან, ზუსტად ერთ საათში მუშაობა უნდა განახლდეს, არ გეგონოთ, დაიგვიანონ.
აბნევს თუ არა ეს მრავალფეროვნება? - პირიქით, სხვაობა დროში, მისამართებში და ენობრივ აქცენტებში მისი შთაგონების წყაროა.
ფედონ პაპამაიკლს ბიოგრაფიაში უწერია, რომ ოპერატორია. სინამდვილეში - უნივერსალია.
- ფედონ, იცით, როგორ მინდა, ავაწყო, ამ ინტერვიუსგან, რაც გამოგვივა? წარმოვიდგენ, რომ დიიდი რუკა მაქვს გაშლილი იატაკზე. ამ რუკაზე დგახართ თქვენ, ვთქვათ, ათენის ნიშნულზე, ვიწყებთ იქედან, მერე აბიჯებთ სხვა ქალაქისკენ, მერე კიდევ სხვა კონტინენტისკენ და იხსენებთ: შთაბეჭდილებებს, ადამიანებს, მისამართებს.
- wow, კარგი იდეაა, მომწონს.
მაშინ ვიწყებთ.
ათენი
ეს არის ქალაქი, რომელსაც პირველად ციდან, უფრო სწორად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან კი არ დახედა, თანასწორ განზომილებასა და ჰორიზონტალურ რელიეფში გაიცნო. ამიტომ თუ ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ბევრი ადგილი უყვარს თანაბრად, მათგან საბერძნეთს მაინც სხვანაირად იხსენებს. თუ ლაპარაკი ნაციონალობის გრძნობაზე მიდგება, ეს გრძნობა ყველაზე მეტად სწორედ საბერძნეთზე საუბრისას უღვივდება. „იქ ყველაფერმა, აბსოლუტურად ყველაფერმა მოახდინა ჩემზე უდიდესი გავლენა. ძალიან მძაფრად მახსოვს ბაბუაჩემი. ჩემს გვარს დღესაც ისე ვწერ, როგორც ის წერდა. ისედაც, საოცარი ქვეყანაა. რამდენი ლამაზი ადგილი მინახავს, მაგრამ სულ თავს ვიჭერ ხოლმე იმაში, რომ ამ ადგილებს მერე ყოველთვის საბერძნეთს ვადარებ“.
ისევ საბერძნეთის სიყვარული, თორემ საკუთარი თავის ნაციონალური ნიშნით იდენტიფიცირება ძალიან უჭირს. ზუსტი პასუხი არც ერთ უმარტივეს კითხვაზე აქვს - სად ცხოვრობ? - საკმარისია, ჰკითხო, რომ იბნევა. გპასუხობს: - არ ვიცი, პირადი ნივთების უმეტესობა ლოს ანჯელესში მაქვს.
და მოსწონს ზუსტად ეს, უჩარჩოობა:

„შეიძლება, შაბლონურად ჟღერდეს, მაგრამ ასე მგონია: The whole world is my playground. ენა აღარ დარჩა, რომ უაქცენტოდ არ ვილაპარაკო (ფლობს ბერძნულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებს - თ.ბ.). ამერიკაშიც მეკითხებიან ხოლმე - საიდან ხარ?
პაპამაიკლი თუ პაპამიხაილი? სულერთია. სადაც ჩავდივარ, იქაურად გარდავქმნი ხოლმე გვარს: საბერძნეთში - პაპამიხაილი ვარ, გერმანიაში - პაპამიხაელი, საფრანგეთში - პაპამიშელი, ამერიკაში - პაპამაიკლი. აი, ქართველებმა კი არ იციან, როგორ დამიძახონ, ზოგი ფიდონს მეძახის, ზოგიც ფედონის. სამი ქვეყნის პასპორტი მაქვს. ეს ძალიან მომწონს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროფესია ავირჩიე, იყო ის, რომ ბევრი მოგზაურობა მინდოდა, ერთ ქალაქში, ერთ ოფისში გამოკეტვა არ მინდოდა“.
თუმცა, ეს გრძნობაც განუცდია, როცა პატარა სივრცე სულს უხუთავდა. სად? გთხოვთ, ერთი ნაბიჯით განზე გავიწიოთ, გერმანიისკენ მივჩოჩდეთ და მიუნხენზე შევჩერდეთ.
მიუნხენი
დედა გერმანელი ჰყავს. ექვსი წლის იყო, როცა ოჯახი ათენიდან მიუნხენში გადასახლდა, სკოლა იქ დაამთავრა, ფერწერის განხრით უმაღლესი განათლებაც იქვე მიიღო. ასეთი სისტემური სისტემა სხვაგან აღარსად უნახავს. რთული გაკვეთილები, გამძაფრებული დისციპლინა - ეს ყველაფერი გერმანიაში ასწავლეს. მაგრამ ჩახუთულობის გრძნობას სკოლაზე მეტად თვითონ მიუნხენი იწვევდა. „ვითომ დიდი და მრავალფეროვანი ქალაქია, ოლიმპიური თამაშების მასპინძელიც ყოფილა, ლიბერალებიც ჰყავს და ინტელექტუალებიც... მაგრამ მაინც ცოტათი პროვინციული ქალაქია. არ მიყვარს ჩაკეტილი საზოგადოებები, ამიტომაც, კარგად მახსოვს, ერთი სული მქონდა, ნიუ იორკში როდის წავიდოდი“.
მიუნხენს კი ორგანიზებულობის და პასუხისმგებლობის გამომუშავებას უმადლის: „ცხადია, მთავარია, შემოქმედი იყო, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული შინაგან დისციპლინაზეც. საუკეთესო კომბინაციაა, როცა შემოქმედი ტიპიც ხარ და ორგანიზებულიც. მე გამიმართლა, რადგან ვიცი ქვეყნები, სადაც შინაგანი დისციპლინა ადამიანებისთვის ძალიან უცხოა და მერე ასეთებს ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში მუშაობა საშინლად უჭირთ“.
მაგალითი, რომლის გახსენებისთვისაც მიუნხენიდან ნაბიჯით უკან, ზურგისკენ შებრუნებაა საჭირო - აღმოსავლეთ ევროპაში.
ბელგრადი და მის საფირმო ნიშნად ქცეული რეჟისორი ემირ კუსტურიცა. ის ძალიან, ძალიან ნიჭიერი რეჟისორია, მაგრამ ამერიკულ სისტემას ვერაფრით მოერგო. ARIZONA DREAM ნამდვილ კოშმარად დაატყდა თავს. მოთხოვეს, ფილმი ათ კვირაში უნდა დაამთავროო. გაგიჟდა. ვერ იმუშავა. ზეწოლას ვერ გაუძლო. ისე დაიძაბა, რომ ყველაფერი მიატოვა, არავის არაფერი არ უთხრა და უკან, ბალკანეთში დაბრუნდა. სადაზღვევო კომპანიას მოაკლდა თვალში, მოიძიეს, უკვე წასული იყო და უკან დააბრუნეს. „მერე კუსტურიცას გადამღებ ჯგუფთან ერთად, მეც ვიმუშავე. მიამბეს, შეიძლება გადაღებები დავიწყოთ და კუსტურიცა მთელი სამი დღე არ გამოჩნდესო, მხოლოდ იმიტომ, რომ ხასიათზე არ არისო. მერე მოულოდნელად მოვა და მთელი დღე-ღამის განმავლობაში გადაბმულად ვმუშაობთო. ემირს მართლაც საოცარი ენერგია აქვს, უბრალოდ, განწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შთაგონების გარეშე დარჩა, ჩერდება, ვერაფერს ახერხებს. როგორც ის მუშაობს, ამერიკაში ვერასდროს იმუშავებ. გაქვს მოცემული ვადები, რომელშიც უნდა ჩაეტიო, იმიტომ, რომ თითოეული დღე ფული ღირს, ხანდახან 150 ათასი დოლარი, ან მეტიც.
საპირისპირო მაგალითსაც გეტყვით. ახლახანს გორ ვერბინსკისთან ვიმუშავე ჩიკაგოში, ფილმზე The Weather Man (როლებში: ნიკოლას ქეიჯი და მაიქლ ქეინი. პრემიერა - შემოდგომაზე). ახალგაზრდა რეჟისორია, ალბათ, სულ 5-6 ფილმი აქვს გაკეთებული, ახლა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეორე და მესამე ნაწილს ერთად იღებს (სხვათა შორის, პირველი კარგი ფილმი გამოვიდა იმიტომ, რომ ჯონი დეპი თამაშობდა). სწორედ ამ ფილმების გადასაღებ მოედანზე მოვინახულე ვერბინსკი და სრული საგიჟეთი დამხვდა. განცდა ისეთი იყო, თითქოს ვუყურებდი, თუ როგორ თუხთუხებდა გიგანტური მანქანა, მსახიობები და გადამღები ჯგუფი რომ არ ჩათვალო, ათასამდე ტექნიკური პერსონალი დარბოდა, მარტო ასამდე ბუღალტერი ჰყავთ“.

BIG APPLE
აღარ ჩავძიებივარ, მაგრამ ვხვდები, საჰაერო გზა მიუნხენიდან ნიუ იორკისკენ ყველაზე სასიამოვნო იყო. ეს იყო პირველი ტრანსატლანტიკური ფრენა, რომელმაც ფედონი დახურული სივრცის ასოციაციებისგან გაათავისუფლა. ჩავიდა ნიუ იორკში, როგორც ფოტოჟურნალისტი და სუნთქვა გაეხსნა. მიხვდა:
„ნიუ იორკი მაკრო-კოსმოსური ადგილივითაა. შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ცხოვრების სტილი, შეგიძლია იცხოვრო ნებისმიერ დონეზე, შეგიძლია საერთოდ გაერიყო გარემოს, შეგიძლია ისე იცხოვრო, როგორც მექსიკო-სიტიში, ან როგორც კორეაში. ნიუ იორკი ყველაფერია“.
აი, ასეთი დიდი შთაბეჭდილებებით დაიწყო Big Apple. თუმცა, პირველი დიდი გახსნა ბოლომდე უმტკივნეულო მაინც არ ყოფილა. პირველი შეჯახება ნიუ იორკთან უფრო შოკი იყო. 21 წლის ბიჭი, მამით ბერძენი და დედით გერმანელი, ძულებული გახდა, გვარი ახლებური (ეს უკვე მესამე) ინტონაციით წარმოეთქვა. „მე ფედონ პაპამაიკლი ვარ“ და არა - „ფედონ პაპამიხაილი“ - რბილი „ი“-თ ბერძნულში, და არც - „ფედონ პაპამიხაელი“ - როგორც გერმანიაში.
ის გახდა ფედონ პაპამაიკლი, მახვილით „პაპას“-ს მეორე „ა“-ზე.
არა, დაბრკოლება მხოლოდ ენას არ შეუქმნია. საზოგადოებაში მუდამ არის რაღაც სიტუაციები, რომლებიც გრიყავს, ენაც რომ კარგად იცოდე, მაინც:
„აზრზე არ ვიყავი, ვინ იყო იგივე დევიდ ლეტერმანი, ვერ ვცნობდი სპორტულ გუნდებს და შესაბამისად, ბევრ დიალოგში ვერ ვერთვებოდი. ამიტომ ვმორცხვობდი, ორი წელი დამჭირდა, რაღაც-რაღაცეების გასააზრებლად“.
თუმცა, მთავარი ხომ ის იყო, რომ ნიუ იორკს ჩარჩოები არ აღმოაჩნდა; ჩარჩოები, რომლებიც უხვად ჰქონდა მიუნხენს, ფერწერას და ფოტოგრაფიას. ჩავიდა ნიუ იორკში და ფედონის ბავშვობის სურვილი - ეხატა და ყოფილიყო დიზაინერი, თანდათან შეეთქვიფა 8 მილიონ ათი ათასიან ქალაქს. გაუფერულდა გერმანიაში არჩეული პროფესიაც - გადაეღო ფოტოები ჟურნალებისთვის.
ინტერესი კინოსადმი გამძაფრდა და ფედონიც ლოს ანჯელესში, ნათესავთან, რეჟისორ ჯონ კასავეტესთან გადავიდა. კასავეტესთან წარმოების დიზაინერად მუშაობდა ფედონის მამაც, უფროსი ფედონ პაპამაიკლი.
კასავეტესებმა ახლადჩამოსულ ნათესავს თავიდან ვერაფერი გაუგეს. ევროპელი ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს გოდარი, აღმერთებს ანტონიონის, მოკლედ, არის ცხვირაბზუებული ინტელექტუალი - ასე გაიცნეს ის რეჟისორი ბიძის ოჯახში. საშუალო სტატისტიკური ამერიკელების ფასეულობებზე ჩაკვირვებულ კასავეტესს კი არ ესმოდა ასეთი ევროპელი ბიჭების და არც მათი გურუების - გოდარი პირადადაც ენახა და მისი ფილმები საშინლად არ უყვარდა. მერე ყინული თანდათან გალღვა. ჩვეულებრივ ამერიკელებზე მთხრობელმა რეჟისორმა - კასავეტესმა და უმცროსმა პაპამაიკლმა ერთმანეთს გაუგეს. დღეს კი ფედონი თვლის, რომ მისი სურათი Woman Under Infl uence ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. პარალელურად, სახლივით უყვარს LA და ევროპული კინოს დომინანტურ გავლენასაც აღარ განიცდის.
კინოსთან პირველი შეთამაშების შემდეგ კი, მოვლენები ასე განვითარდა: აკეთებდა მოკლემეტრაჟიან, ექსპერიმენტულ ფილმებს და თან ჰოლივუდში იმკვიდრებდა ადგილს - პროდიუსერ როჯერ კორმანის ფილმებს ოპერატორობდა. 35 მმ-იანი კამერით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი ფილმი SPUD კი ირლანდიაში კორკის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი.

დღეს პაპამაიკლის ანგარიშზე ორივეა - კრიტიკოსების აზრით ძლიერი ფილმებიც:

(Unhook the Stars, რეჟ: ნიკ კასავეტესი, Unstrung Heroes,
რეჟ; დაიან კიტონი, Sideways, რეჟ: ალექსანდერ პეინი...)
და სტანდარტული ჰოლივუდური ბლოკბასტერებიც:
(America's Sweethearts, While You Were Sleeping, Phenomenon...).
რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ამერიკაში ჩასვლისთანავე გაიაზარა, რომ: „მალე შევეჩეხე საკუთარ ზღვარს ფოტოგრაფიაში. ვიცოდი, რომ სურათი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი რამ, ძალიან თხრობითი, მაგრამ მისი ჩარჩო ძალიან მყარია - ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტს იჭერს.
კინემატოგრაფში კი ყველაფერი დროშია გაწელილი. მოცემული გაქვს, ვთქვათ 50 დღე და გევალება არა უბრალოდ ლამაზი იმიჯის შექმნა. უნდა მონახო ვიზუალური ენა, რომელიც კრავს და ამყარებს სხვადასხვა სიტუაციებს. ერთი დღე მზიანია, მეორე დღეს წვიმს, მესამე დღეს ქარია, შენ სულ უნდა გადაიღო და თან ეს ენა ეძებო. რაც მთავარია, როცა გადაიღებ და მაყურებელი შედეგს ნახავს, ამ ხანგრძლივი პროცესის შესახებ ვერაფერსაც ვერ უნდა მიხვდეს. ეს არის ოპერატორის ყველაზე დიდი ამოცანა. ზუსტად ვიცი, როცა პრემიერის მერე მოდიან და მეუბნებიან, რომ ძალიან ლამაზი ოპერატორული ნამუშევარი იყო, ე.ი. ფილმი, რაღაც გაგებით, ჩავარდა. როცა მაყურებელი ამჩნევს ოპერატორის ხელს, ე.ი. ვერ ამჩნევს არტისტის თამაშს. პირიქით უნდა შეძლო. მაყურებლის და პერსონაჟების ემოციური კავშირის გამყარება უნდა გეხერხდებოდეს. როგორც ვუდი ალენის „მანჰეტენშია“: ორნი სხედან მერხზე და ლაპარაკობენ. მაყურებელი მათ ზურგიდან ხედავს და ამით რა ეფექტი მიიღწევა? - უფრო მეტად უსმენ დიალოგს იმიტომ, რომ არ გასწავლიან, რას შეხედო, ყურადღებას არ გიფანტავენ სახეების ჩვენებით. ამოცანაც ესაა - ზუსტი პერსპექტივის არჩევა.

როცა 2004 წელს Sideways გამოვიდა, ჩემი ნამუშევრით დიდად კმაყოფილი არ ვიყავი. ერთი შეხედვით, ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან სადა და მარტივი ფილმი მეგონა. მაგრამ შემდეგ ხალხის რეაქციით მივხვდი, რომ ჩემი საქმე მაინც გავაკეთე - მივხვდი, როგორ ბოლომდე შეძლო მაყურებელმა პერსონაჟების გახსნა, მათთან ემოციური კავშირის დამყარება - მიზანიც ეს იყო - კავშირი.
ფოტოგრაფია კი ფერწერას ჰგავს, მწერლობას ჰგავს. ძალიან მარტოსული რამეა. სრულიად მარტო ხარ შენს თავში, შენს ფიქრებში, შენს არტში.
კინო ჩემთვის ურთიერთობაა. იქვე, ქმნის მომენტშივე უნდა შეგეძლოს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარება, გარშემომყოფებისთვის შენი შემოქმედებითი იდეების გაზიარება. მე ზუსტად ეს პროცესი მომწონს“.
LA
ა) მალჰოლანდ დრაივის გადაკვეთაზე
ბ) ჰოლივუდი
ესე იგი, ურთიერთობა? ნიუ იორკი და ლოს ანჯელესი სწორედ ამით ჰგვანან ერთმანეთს. ისევ ის საყვარელი ფენომენი - უსაზღვრო არჩევანის განცდა, თუ გინდა მექსიკოსიტიში წარმოიდგენ თავს, თუ გინდა - სეულში, ან, სულაც, გარიყული იქნები, ან ახალი კონტაქტების მაძიებელი.
ახლაც, თბილისიდან პირდაპირ ლოს ანჯელესში გაფრინდა. თვითმფრინავი ის ადგილია, სადაც დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. დიდად არ უყვარს, მაგრამ საქმე მოითხოვს. ერთი პლუსი მაინც აქვს: იმ ცუდ ფილმებს შეავლებს ხოლმე თვალს, რომელთა სანახავადაც ბილეთს არასდროს იყიდდა და ყოველ ჯერზე რწმუნდება - ეს ფილმები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს:
„არხებს შორის ვმოძრაობ. ერთხელ ერთგან „ნოთინგ ჰილს“ აჩვენებდნენ, მერე „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ დაიწყო. ისე ერთნაირად იყო გადაღებული, რომ მარტივად შეგეძლო კადრების ერთმანეთში არევა, ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა“.
ხო, ასე - თვითმფრინავშიც კინო. და კინო LA-შიც.
ფოსტით ყოველ კვირას 2-3 სცენარი მოსდის. უმეტესობა არ მოსწონს. უხეშად რომ დავიანგარიშოთ წელიწადში 30-40 ფილმს იწუნებს. ახლა უკვე თავს აძლევს ამის უფლებას. თუმცა იყო დრო, ჰოლივუდურ ნაწარმს არა მხოლოდ ოპერატორობდა, რეჟისორობდა კიდეც:
90-იანების ორი, დღეს რომ იშვიათად ახსოვთ, ისეთი ფილმი: Dark Side of Genius და Sketch Artist დრუ ბერიმორის მონაწილეობით მისი გადაღებულია:
„არ ვნანობ, პირიქით, ყველა სიტუაცია რაღაცნაირად გზრდის. ვიყავი დაქირავებული რეჟისორი და ვთანხმდებოდი იმიტომ, რომ ამ სიახლეს ერთგვარ გაკვეთილად განვიხილავდი. მინდოდა მენახა, თუ გამომივიდოდა. მერე დავრწმუნდი, რომ შემეძლო და თავი დავანებე. თორემ თრილერები, მკვლელობები, მისტიკა - ჩემი საქმე ნამდვილად არ არის.
რეჟისორობა ახლაც მინდა. მაგრამ ზოგიერთივით არა იმიტომ, რომ ჩემს ახლანდელ საქმეში ხელმოცარული მგონია თავი. უბრალოდ, რაღაც ამბები მაქვს მოსაყოლი - პირადი და ძვირფასი და აუცილებლად გადავიღებ კიდეც მათ. თუმცა არა ჰოლივუდში. ეს ფილმები არ იქნება რაღაც გაპრიალებული ჰოლივუდური პროდუქციის მსგავსი. პირიქით - უფრო მცირე, ინტიმური და სადა.
ჰოლივუდში რეჟისორობა არ მაინტერესებს, რადგან გაცილებით უფრო თავისუფალი ვარ, როგორც ოპერატორი.
რეჟისორს კი აქ ათასი უფროსი ჰყავს. ყველა პროდიუსერს, ყველა კინოსტუდიას ჰგონია, რომ რეჟისორობაც ესმის, წერაც იცის და მონტაჟიც. აი, ოპერატორის საქმე კი, მათთვის იდუმალებით არის მოცული. ვიზუალური თხრობა აქ ის ერთადერთი სფეროა, რომელშიც არავინ გერევა. რეჟისორები კი საშინელ დღეში არიან. მუდმივი პრესინგი, საქმეების მოგვარება ვარსკვლავებთან - ეს ჩემი საქმე არ არის“.
უმაკიაჟო ვარსკვლავები
სიტყვამ მოიტანა და ვარსკვლავები ფრიად უინტერესო ხალხია. როცა ფედონს რომელიმე მათგანზე უნდა, რომ კარგი თქვას, გიხსნის - „ვინ, ბონო? სინამდვილეში ძალიან არავარსკვლავური ტიპია“.

ისე, ურჩევნია იმ მსახიობებთან მუშაობა, რომლებიც მეგავარსკვლავებთან შედარებით, ჩრდილში დგანან:
„მართლა ძალიან მომწონს ნუცა კუხიანიძე. ის ძალიან სხარტია, ყოველთვის მაშინვე ხვდება, რას ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური განათლება არ მიუღია.
„მატილდას“ გადაღებებზე გამაოცა. ჯერემი აირონსი, რომელიც გიჟდება სიზუსტეზე, გადაღების დაწყებამდე სამი საათით ადრე მოდიოდა ხოლმე, დეტალურად განიხილავდა თითოეულ სტრიქონს, თითოეულ სიტუაციას, ნუცა კი თავისთვის იჯდა, ერთი შეხედვით, მოწყენილი, და თითქოს არც გვისმენდა. მერე დგებოდა და ყველაფერს შეუცდომლად აკეთებდა. ხომ არის რაღაცეები, რასაც ვერ ისწავლი, არა? ნუცა ეგეთია.
ფანტასტიკური მსახიობია პოლ ჯამატი Sideways, არ არის ვარსკვლავი, მაგრამ საოცარი მსახიობია. ხანდახან მართლა სასიამოვნოა, არავარსკვლავებთან რომ მუშაობ. ისინი საერთო სიტუაციას ყოველთვის ძაბავენ ხოლმე, მოდის ერთი ცნობილი სახე და მას მთელი მომსახურე პერსონალი მოჰყვება - ტრაილერებს ავსებს ათობით ვიზაჟისტი, პარიკმახერი, დიზაინერი... არადა, გადაღებებზე ჯგუფი ორგანულად უნდა შეიკრას - რეპეტიციებზე, გადაღებაზე, განხილვაზე ხომ სულ ერთად გვიწევს ყოფნა. სწორედ ამ შეკრულობის განცდის გამო, არასდროს დამავიწყდება Sideways-ის გადაღებები. იქ ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივად გავაკეთეთ. ბუნებრივი იყო არა მხოლოდ ურთიერთობები, არამედ მსახიობებიც. მაგალითად, ვირჯინია მედსონი. ახალგაზრდა მას ნამდვილად არ ეთქმის, ნებისმიერი ვარსკვლავი მის ადგილას სქელი მაკიაჟის დადებას მოითხოვდა, ჩვენ კი ვირჯინია საერთოდ უმაკიაჟოდ დავტოვეთ და შედეგიც ფანტასტიკური იყო - ისე შესანიშნავად გამოიყურებოდა, როგორც არასდროს!
თუმცა, დიდ მსახიობებშიც მყავს ჩემი ფავორიტები. დასტინ ჰოფმანი საოცარი ადამიანია. ისიც სკრუპულოზურ ახსნას ითხოვს ხოლმე; სურს, რომ ყოველი წვრილმანი გაითავისოს და მხოლოდ მერე ცადოს და როცა ცდის, უკვე უზადოდ აკეთებს ყველაფერს.
ნიკოლას ქეიჯიც ძალიან ზუსტია. ყოველთვის წინასწარ იცის, რაც უნდა გააკეთოს და კარგადაც აკეთებს.
თავისი ბუნებრიობით ხშირად გავუოცებივარ სიუზენ სარანდონს. ვთქვათ შესვენებაა, დგას და გიყვება ათას საყოფაცხოვრებო დეტალზე, ოჯახზე, - ო, იცი, ჩემს ბავშვებს ბეისბოლის მატჩი ჰქონდათ; იცი, სკოლაში რა მოხდა... მერე იწყება გადაღება, გადის და წამიერად გარდაისახება ხოლმე თავის დრამატულ როლში. მართლა საოცრებაა“.
ჰოლივუდი: იდეალური კომბინაცია
იქედან, რისი მოყოლაც უკვე მოასწრო, უკვე სიმართლეს მივხვდი, მაგრამ მაინც უნდა გადავამოწმო, ამიტომ ვეკითხები:
როცა გარკვეულწილად ანტიჰოლივუდელი ხარ, მაგრამ ამ დროს ცხოვრობ ქუჩაზე, რომელსაც ცნობილი მალჰოლანდ დრაივი კვეთს და თან ჰოლივუდში მუშაობ, ნიშნავს თუ არა ეს თავისთავად კომპრომისს, თუ...?
„ეს ორი რეალობის კომბინირების სურვილია. ვცდილობ, ჰოლივუდის საუკეთესო ელემენტები ვიპოვო და ჩემთვის გამოვიყენო. თავს ჰოლივუდელ ოპერატორად არ ვთვლი. არც მარტო ოპერატორი არ ვარ. მე კინოს ვაკეთებ, „კინოშნიკი“ ვარ. ასეთი დეფინიცია მირჩევნია, რადგან უფრო იოლია ფუნქციებს შორის ლავირება - ხან ოპერატორი იქნები, ხან რეჟისორი, ხან მონტაჟს გააკეთებ, ხან სცენარს დაწერ.
საბედნიეროდ, ჰოლივუდშიც შევძელი „ჩემი“ რეჟისორების პოვნა. ისინიც ჩემნაირად ცხოვრობენ - მუშაობენ ჰოლივუდის სისტემაში, მაგრამ სინამდვილეში ჰოლივუდური სტანდარტის რეჟისორები არ არიან. ვთქვათ, ჯეიმს მენგოლდი, ალექსანდერ პეინი.
რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაღაც ხრიკის მაგვარია. ჰოლივუდს ვაცურებთ თითქოს. ვიყენებთ მის რესურსებს, მის ფულს, ერთი შეხედვით ვასრულებთ მის პირობებს - ვადებში ვჯდებით, ბიუჯეტს ვაკმაყოფილებთ და ამ დროს ჩვენებურ კინოს ვაკეთებთ.
ასე მგონია, რომ ჰოლივუდის საუკეთესო მხარეებით ვსარგებლობ და თან ისე, რომ მისი მონა არ ვხდები. არჩევანის საშუალებას ყოველთვის ვიტოვებ. მაგალითად, ამ ეტაპზე ვიცი, რომ ნოემბრის ჩათვლით, ახალ ფილმზე უნდა ვიმუშაო, მაგრამ შემეძლო, ამერჩია და არ მემუშავა, სანაცვლოდ, რეკლამა გადამეღო და დანარჩენი დრო მოგზაურობისთვის, თვითგანვითარებისთვის დამეთმო. კარგია, როცა ამ გარანტიას გრძნობ; როცა გაურკვევლობის ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი; როცა თვითონ აკონტროლებ საკუთარი ცხოვრების წესს. ამ ყველაფერს ჰოლივუდი მაძლევს. ამიტომ იქ ცხოვრება იდეალურად ეთანხმება ჩემს ფასეულობებს.
თავისიანები
თვითონვე ახსენა ფრაზა „ჩემი რეჟისორებიც“ და ისიც, რომ კინო - ხელოვნებაა, რომელიც სიმულტანურ ურთიერთობას მოითხოვს ადამიანებთან. აი, როგორ ხდება ეს:
„თუ რას გავაკეთებდით, ამაზე კონკრეტულად ალექსანდერ პეინთან არასდროს მილაპარაკია. დავსხედით და ბევრი ფილმი ვნახეთ, იტალიური, ფრანგული... ფილმები, რომლებიც ჩვენს პროექტთან პირდაპირ კავშირში არ ყოფილა. ჩვენ კი მაინც ვუყურეთ, ვამბობდით, ეს დეტალი მომწონს, ეს რაღაც სხვანაირია, მთლიანად ფილმი არ მომწონს, მაგრამ ენერგია მოაქვს - ზოგადად ვსაუბრობთ, მაგრამ საერთო ინფორმაციას ვიღებთ.

მერეც ასე გავაგრძელეთ, გზადაგზა ვფიქრობდით, როგორ წავსულიყავით წინ, ბევრი იყო იმპროვიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ გადავიღებთ ფილმს ერთად.
დაიან კიტონთან მუშაობაც ამიტომ იყო საინტერესო. ვათვალიერებდით უამრავ ფოტოს და განვიხილავდით - ამ ფოტოზე ეს მომწონს, ეს დეტალი იქ უკეთესია.
ასე მუშაობა ძალიან საინტერესოა. ყველაფერი ურთიერთობაზე იგება. გამუდმებით ხდება იდეების გაცვლა-გამოცვლა და ყველანი უცებ გავიაზრებთ ხოლმე, რომ საერთო პროექტზე ვმუშაობთ, რომ ყველანი ერთი და იგივე ფილმს ვაკეთებთ.
თუნდაც ჯეიმს მენგოლდი. ყველაფერი დაგეგმილი არც მასთან არის. მას უყვარს სიუჟეტის ვიზუალურად წინასწარ დასახვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ადგილზე წყდება ყველაფერი.
არასდროს დამავიწყდება მენგოლდის ფილმის, Walk The Line-ის გადაღებები. სურათი ჯონი კეშის ცხოვრებაზეა. პირველად მაშინ დავუკავშირე ერთმანეთს მუსიკა და ფოტოგრაფია. ორივენი ხომ არავერბალური ხელოვნების ფორმებია. სულ სხვაა, როცა პერფორმანსს იღებ, მომღერალს იღებ, განსაკუთრებით კი ისეთ მსახიობს, როგორიც ხოაკინ ფენიქსია. მართლაც დაუვიწყარი და უჩვეულო გადაღებები იყო - ამბავს მუსიკით, ტექსტით და იმიჯებით ვყვებოდით.
სულ სხვანაირად ვმუშაობ ხოლმე გორ ვერბინსკისთან. მისთვის შემოქმედებითი ნაწილი უშუალოდ გადაღებები კი არა, მოსამზადებელი პერიოდია. მივდივართ ობიექტზე, ვიღებთ უამრავ ფოტოს, პატარა ბავშვებს ვგავართ, კამერებს პირველად რომ ანდობენ. მერე ამ ფოტოებს ვაწყობთ, ვაგებთ, ვსახავთ გეგმებს და მერე ამ გეგმას მივყვებით. ამიტომ რაღაც მანქანას ვემსგავსებით, მექანიკაში გადაგვდის ყველაფერი. თუმცა, ვერბინსკი მაინც კარგი პროფესიონალია. მისი ფილმები თუნდაც „კარიბის ზღვის მეკობრეები“ კარგი შეკრულია, კარგი თვალიც აქვს. უბრალოდ, ჩემთვის არის უცხო მისი მუშაობის სტილი“.
არც ოლივერ სთოუნთან გავაკეთებდი რამე ფილმს. ის იმ სატელევიზიო სერიალის პროდიუსერი იყო, რომელსაც ვიღებდი. ოლივერი ნამდვილი გიჟია, შეიძლება ხანდახან სახალისო იყოს, მაგრამ „ჩემი“ რეჟისორი არ არის.
ფედონ პაპამაიკლის ფილმოგრაფიაში ცალკე თავია ვიმ ვენდერსი. მათ ერთად ორ ფილმზე იმუშავეს, მაგრამ მანამადე - ათობით რეკლამაზეც თანამშრომლობდნენ.

სანამ გახმაურებულ Million Dollar Hotel-ს გადაიღებდნენ, რეკლამა გააკეთეს ბუენოს აირესში, მერე პრაღაშიც იგივე მიზნით ჩავიდნენ - კადილაკის რეკლამა გააკეთეს, მიუნხენში - გერმანული რკინიგზის, სამხრეთ აფრიკაში - „ბარილა პასტას“ რეკლამა. გადაღებიდან გადაღებაზე, მგზავრობიდან მგზავრობამდე და, ცხადია, თვითმფრინავის ბორტზეც, მათ ერთმანეთი გაიცნეს, უსმენდნენ მუსიკას, იღებდნენ ფოტოებს, ლაპარაკობდნენ ცხოვრებაზე და მიხვდნენ, რომ ესთეტიკა ერთი ჰქონდათ.
„ვენდერსი თხრობის განსაკუთრებულ ვიზუალურ ენას ფლობს. ფოტოგრაფია ეხმარება. თან მუსიკა უყვარს ძალიან და საკუთარ იმიჯებს მუდამ ზუსტ მუსიკას არგებს ხოლმე. ოპერატორისთვისაც ერთი სიამოვნებაა იმ რეჟისორთან მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად ენდობა ვიზუალურ გამოსახულებას. ახლა მისი ახალი ფილმი გამოვიდა Don't Come Knocking. ხალხი კი ვენდერსს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებს ხოლმე, ამბობენ, რომ ძველებურად მწვავე აღარ არის, რომ აღარც ახალგაზრდობის აზრებს გამოხატავს. თუმცა, დრო იტყვის ყველაფერს. Million Dollar Hotel-ზეც ასე იყო - ფილმმა კრიტიკოსების შეფასებითაც და ფინანსური თვალსაზრისითაც ამერიკაში ნამდვილი კატასტროფა განიცადა. მერე ჩავედი პოლონეთში და სრულიად სხვა სურათი დამხვდა. ხალხი მოდიოდა და მეუბნება, ეგ ჩემი საყვარელი ფილმია, ფრაზები ზეპირად მახსოვს, ცხრაჯერ მაქვს ნანახი...
მოკლედ, დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ჯგუფის შეკრებას, რომელსაც ზუსტად შენნაირი კინოს გადაღება უნდა. პირადად მე, ბოლო დროს ძალიან სუბიექტური კრიტერიუმით ვხელმძღვანელობ - მხოლოდ ისეთი ფილმის გადაღება მინდა, როგორის სანახავადაც კინოთეატრში წავიდოდი და ბილეთს ვიყიდდი. ასეთები კი ძალიან ცოტაა. შარშან სულ რამდენიმე ფილმი მომეწონა. რომელი? ხედავ, რამდენი ფიქრი მჭირდება... ჰმ, ხო, „ღმერთის ქალაქი“ მომეწონა, Irreversible, Y Tu Mama Tambien, თუმცა, ხანდახან დიდი ჰოლივუდური პროექტებიც მომწონებია. მაგალითად, „დღე ხვალის შემდეგ“-ს არა უშავდა. უცნაური განცდა იყო იმის ყურება, თუ როგორ მოსრავს ლოს ანჯელესს ტორნადო...
სარეკლამო პაუზა
ასოციაციური ჯაჭვი ასე შეიკრა: ვიმ ვენდერსმა Million Dollar Hotel გამახსენა, ფილმმა - მუსიკა და U2, U2-მ კი რამდენიმე კარგი ვიდეო, რომლებიც ფედონმა გააკეთა.
„მუსიკალურ ვიდეოებს ძალიან იშვიათად ვიღებ. U2-ს კლიპები გამიკეთებია და კიდევ რამდენიმე სხვა. U2 იმიტომ, რომ ბონო მთხოვს ხოლმე. Million Dollar Hotel-ის გადაღებებზე გავიცანით ერთმანეთი. ფილმი ვიზუალურად ძალიან მოეწონა. დამირეკა და მასთან სამხრეთ საფრანგეთში, კოტ დ'აზურში ჩავედი, იქ გავაკეთეთ Electrical Storm-ის შავ-თეთრი კლიპი. იქვე გავიცანი ენტონი კორგანი - ფოტოგრაფი, რომელიც ჯგუფს ალბომ War-ის გამოსვლის დღიდან იღებს. მერე ბონო თავისი ჯგუფით თვითონ ჩამოვიდა ლოს ანჯელესში და იქ გადავიღეთ Ground Beneath Her Feet... არა, არა, მეშლება, იქ გადავიღეთ - Stuck in a Moment, (რომელი? - that you can't get out of - სიმღერის ტექსტს თვითნებურად აგრძელებს). ახლახან კი ენტონი კორგანთან ერთად „ქილერზის“ ვიდეო გადავიღე - ლას ვეგასელი ბიჭები არიან, ძალიან პოპულარულები, რეტროსმაგვარს, უფრო 80-იანურს უკრავენ. ადრე არ ვიცნობდი. ახლა მომწონს და ხშირად ვუსმენ. თითქმის სულ ეგაა, დანარჩენი რეკლამები მაქვს“.

რეკლამაა თუ მუსიკალური ვიდეო, ფედონისთვის ჰოლივუდური სისტემისგან თავის დაღწევის მცდელობა მაინც არ არის:
„არა, ეს გაქცევა არ არის. რეკლამა უფრო ხიდია, საშუალებაა, რომ თავისუფლება ვიყიდო. თუ არ მომწონს სცენარი, არ ვიღებ ფილმს და სანაცვლოდ ვაკეთებ რეკლამას - სანამ დიდ პროექტს წამოვიწყებდე, ასე ვფარავ ხარჯებს.
რეკლამა საშუალებაა, რომ ფორმა არ დავკარგო, არ შევჩერდე და ვიმუშაო. რეკლამა ექსპერიმენტების საშუალებას მაძლევს, ვმოგზაურობ (ბუენოს აირესი, პრაღა, მიუნხენი, სამხრეთ აფრიკა...), საინტერესო ადამიანებს ვხვდები. ხომ გითხარით, რეკლამის გადაღებაზე გავიცანი ვიმ ვენდერსიც და ეროლ მორისიც - ერთ-ერთი უდიდესი კინოდოკუმენტალისტი. ერთად სადაზღვევო კომპანიის რეკლამა გადავიღეთ, მაგრამ ამ მცირე პერიოდმა ბევრი რამ მომცა, საშუალება მქონდა დავკირვებოდი ამ გენიალური ადამიანის მუშაობის სტილს“.
ევროპასა და ჰოლივუდს შორის
ფედონ პაპამაიკლის პირადი რუკა საყვარელი და მნიშვნელოვანი ადგილებით არის აჭრელებული. ქალაქები, კონტინენტები, მისამართები ერთმანეთში შთაბეჭდილებების სახითაა არეული. ეს არევა და ერთმანეთის დაბალანსება ჯერ-ჯერობით ვერ ისწავლეს ჰოლივუდმა და ევროპულმა კინომ. ფედონი ორივეში შინაურად გრძნობს თავს და მათ გეოგრაფიაზეც ობიექტურად საუბრობს:
„მგონი, სიტუაცია მალე უნდა დაბალანსდეს. ახლახანს გერმანულ კინოზე პუბლიკაციას ვკითხულობდი. რეალობა იცვლება. გერმანული კინოს საბაზრო წილი საგრძნობლად იზრდება. ამიტომ მგონია, რომ ევროპული ქვეყნები კინოში თანდათან დაიბრუნებენ ნაციონალურ სახეს, ანუ იმას, რაც ყოველთვის აკლდათ. საფრანგეთის გამოკლებით ხომ (იქ ყოველთვის ექსკლუზიურად ფრანგული კინო-ნაწარმი მზადდებოდა) გერმანელებიც, ინგლისელებიც და იტალიელებიც ჰოლივუდს ბაძავდნენ და, ძირითადად, რომანტიკულ კომედიებს იღებდნენ. არადა, ამ ჟანრში ამერიკასთან ჭიდილი უაზრობაა. ასეთ კინოს ჰოლივუდი შეუდარებლად აკეთებს და გააკეთებს კიდეც.
ახლა ნაციონალური სახის დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, ცხადია, ჰოლივუდიც უნდა შეიცვალოს. დიდ „ექშენებს“ ნელ-ნელა უნდა აქციოს ზურგი. ამის საწყისი ფაზაა დიდ კინოსტუდიებში დამოუკიდებლი კინოპროდუქციის განყოფილებების გაჩენა. იქ იღებენ მცირებიუჯეტიან ფილმებს, უფრო ადამიანური და რეალისტური თემებით. ანუ, თვითონ ჰოლივუდის შიდა სისტემაში ჩნდებიან დამოუკიდებელი რეჟისორები. სანდენსის კინოფესტივალიც ხომ ნამდვილი საბადოა. გადაიღებს 19 წლის ბიჭი 20 ათას დოლარად DVD კამერით ფილმს, და სასწრაფოდ ჰოლივუდის უმსხვილესი სააგენტო გაუფორმებს კონტრაქტს. ეს ბიჭებიც ექცევიან სისტემაში, ზოგი ნებდება ჰოლივუდურ ცდუნებას და იშტამპება, ზოგი კი მაინც ახერხებს გაუძლოს და საკუთარი ხმა შეინარჩუნოს, ისეთ თემებზე გადაიღოს ფილმები, რომლებიც გლობალურად ადამიანურია. ტენდენციაც ნელნელა იცვლება, სწორედ ასეთი სურათების „ოსკარით“ დაჯილდოების სასარგებლოდ. ისევ Sideways-ის წარმატებები გავიხსენოთ. მისი თემატიკა იმდენად ადამიანური აღმოჩნდა, რომ საზღვრები გადაკვეთა - სალონიკის კინოფესტვალზეც აღაფრთოვანა მაყურებელი და ლოს ანჯელესის ორინჯის საგრაფოშიც. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებზეა, მათ ოცნებებზე, სიყვარულზე, შიშზე.
გზის პირას
არა, თქვენ სხვაგან დგახართ. ლოს ანეჯელსიდან ნიუ იორკისკენ წამოდით, მერე ატლანტის ოკეანეს გადმოაბიჯეთ, დიახ, დიახ, გერმანიასაც გამოსცდით და საბერძნეთსაც, ნუ გეშინიათ, მერე ბალკანეთია და აღმოსავლეთ ევროპა იკრებს ძალას. რაა? ბალკანეთში ომს ისე აწარმოებდით, რომ თქვენი მოსახლეობის ნახევარმა ბელგრადის სწორად წარმოთქმა არ იცოდა? არა უშავს, ახლა ხომ იცით, გამბედაობა მოიკრიბეთ და ბელგრადსაც გამოსცდით, რადგან თუ ფედონს მოსდევთ, ფედონი ამ ეტაპზე კიდევ უფრო აღმოსავლეთითაც დგას, ვიდრე ბალკანეთია - ეს საქართველოა - ფედონმა ის რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა ნანა ჯორჯაძის ფილმ „27 დაკარგულ კოცნაზე“ მუშაობისას და მას შემდეგ აქაურობას ძალიან ძვირფასი პირადი ურთიერთობებით დაუკავშირდა.
მოკლედ, ეს საქართველოს ნიშნულია რუკაზე - სულ ხუთმილიონიანი, მაგრამ უნიკალური. რევოლუციაც მოხდა და მანამდე კიდევ ბევრი რამ, რომელთა გამოც ქართველები ყოველ ჯერზე იმედს იღვივებდნენ: აი, ახლა კი მორჩა, ახლა კი აუცილებლად გაგვიცნობს მსოფლიო. მაგრამ მსოფლიო ძალიან დიდია: რვამილიონიანი, ათმილიონიანი ქალაქები, უსაზღვროობა, ულიმიტო არჩევანის შეგრძნება - ამიტომ შაბლონები საქართველოსთან მიმართებაში შაბლონებად რჩება: ეგ რომელი Georgia, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა? ყოფილი რუსეთი?
„მეც სულ მიწევს ავსხნა, ხო, ეგ არის, მაგრამ არც ბოლომდე ეგრეა საქმე. საქართველო რაღაც უფრო ხმელთაშუაზღვისპირეთული კულტურაა, კუნძულივით არის მუსლიმურ ქვეყნებში მოქცეული. მათ თავიანთი პატარა ზღაპრები აქვთ, შემოქმედები არიან, ორიგინალურად ფიქრობენ და აზროვნებენ. და ეს ყველაფერი მასიურია. იქ ყველა მღერის, ლექსს წერს, უკრავს, ცეკვავს, ეს ყველაფერი მათი ცხოვრების წესია. ქართველები რაღაც რომანტიზმის ჰიპერ-შეგრძნებით მავსებენ... რაღაც სხვანაირი რომანტიკაა აქ, შენც ხომ კარგად იცი, რაც გაქვთ ქართველებს. თუნდაც, ქართული ჟურნალები, წამოვიღე და ყველას ვაჩვენებ, უკვირთ, შეხედე, როგორი დაკაბადონება სცოდნიათ, როგორი დიზაინია, როგორი დონეა... აი, ეს ზედაპირული დამოკიდებულება მინდა შევცვალო საქართველოს მიმართ და ფილმი გადავიღო“.
ფედონი ერთდროულად ორ ასეთ სცენარზე მუშაობს. ერთ ფილმს „ნარდი“ ერქმევა. დაპირებისამებრ, სადა და ჩვეულებრივი იქნება, ჩვეულებრივ ადამიანურ განცდებზე აგებული. საშინელი ქარბუქის გამო, ბერძენი და ქართველი სტამბულის აეროპორტში გაიჩხირებიან, მთელი ღამე სხედან და ნარდს თამაშობენ, ბევრს ლაპარაკობენ, მერე მატარებლით წავლენ, გაივლიან სალონიკს, ბელგრადს, მატარებელში სხვადასხვა ადამიანები ადიან და ჩადიან, მერე გოგო გამოჩნდება, ყველანი ერთად ვენაში წავლენ, ბევრი რამ ხდება, ცხოვრება იცვლება. ხო, რაღაცით Sideways-ს ჰგავს. თან, მატარებელი ჩემი საყვარელი ტრანსპორტია, მიყვარს ლიანდაგების ხმა, კუპეში ჯდომა და გარეთ ყურება. მთავარ როლზე მერაბ ნინიძის მოწვევა მინდა, ერთი ბერძენი მსახიობიც მყავს. როგორც კი დავასრულებ სცენარს, მერაბს დავურეკავ“.
მეორე, მართლაც უპრეცედენტო პროექტის შესახებ კი, თბილისი უკვე ღიად ლაპარაკობს, რადგან მსგავსი რამ საქართველოში პირველად ხორციელდება. პირველად ხდება ის, რომ საქართველოში საქართველოზე ფილმის გადასაღებად ჰოლივუდიდან ჩამოდიან და მიზანიც ძალიან კეთილშობილური აქვთ - ქართული კინოს ტრადიციების აღდგენას და განვითარებას შეუწყონ ხელი. ვრცელდება წინასწარი მასალაც და სპონსორების მოძიებაც იწყება.

„ამ პროექტს „ნონო“ ჰქვია. მასზე ნუცასთან ერთად ვმუშაობ. მომავალ წელს გვინდა გადაღება. ბიუჯეტი მაქსიმალურად ლოკალურად უნდა მოვიძიოთ, რადგან არ მინდა უცხოური პროდუქცია გამოვიდეს. ეს იქნება ნამდვილი მასტერ-კლასი. ჩანაფიქრი ასეთია: შევიძენთ ტექნიკას და პერსონალს ისე გავწვრთნით, როგორც ტრენინგებზე. შემდეგ, როცა ფილმი დასრულდება, ტექნიკაც აქ დარჩება და ტრეიტრეინინგგავლილი გადამღები ჯგუფიც. ეს ფილმიც ერთგვარი „გზის ფილმია“. მოქმედება ერთ კვირაში ხდება და ეს ვარდების რევოლუციის კვირაა. ამერიკელი ბიჭი საქართველოში ჩამოდის. მისი ძმა ერთ ეკლესიაში ნანახი ხატის საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს იმიტომ, რომ ფიქრობს, რომ ხატი ქართულია. შემოდის ხატი საქართველოში და სწორედ აქედან იწყება სიგიჟეები. მოგზაურობა ბათუმში, ბაკურიანში, ბორჯომში, თბილისში. ვითარდება სასიყვარულო ისტორია. ორი ადამიანი - ქართველი გოგონა ნონო (რომელსაც ძველი შეყვარებული ოთო დაეძებს) და ამერიკელი ჯეიქი (რომელიც საქართველოში ტყუპისცალი ძმის საპოვნელად არის ჩამოსული) - მსოფლიოს ორი უკიდურესი წერტილიდან - აღმოაჩენს, რომ ადამიანები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ერთნაირი შიშები აქვთ, სიყვარული, ოცნებები. ალბათ, ვარდების რევოლუციის კადრებსაც გამოვიყენებთ, მაგრამ ეს უფრო ფონი იქნება. ცენტრში მაინც ახალგაზრდები იდგებიან, თავიანთი მიზნებით და გრძნობებით. ფილმში იქნება ბევრი ექსცენტრული სიტუაცია და იუმორი. სასაცილო გაუგებრობებს ის გარემოება იწვევს, რომ ტყუპი ამერიკელი ძმები ერთმანეთში ერევათ. გაქცეულთა და მდევართა გზებიც ხშირად კვეთს ერთმანეთს, ფინალში კი მოულოდნელად ყველა ერთმანეთს პოულობს“.
პროექტს უცხოელი მაყურებლისათვის მიმზიდველს ახალგაზრდული თემატიკა, ახალგაზრდული მსახიობები და ამერიკელი პერსონაჟი ჯეიქი გახდის - ქართული კულტურით კულტურულ შოკში ჩავარდნილი ჯეიქის თვალით ხომ თითოეულ უცხოელს გაუადვილდება საქართველოს აღმოჩენა; იმ ქვეყნის, რომელზეც ფედონს ჰგონია - მსოფლიო რომ ამ ადგილს კარგად იცნობდეს, მთელი გულით შეიყვარებდა.

ასე რომ, ძვირფასო კინოს მოყვარულებო და ხელოვნების მეცენატებო, დანარჩენი თქვენზეა...
რაც შეეხება კინოს... ქართული კინოს ტრადიციების აღდგენა უნდა შევძლოთ, მთელი იმედები უცხოელებზე არ უნდა დავამყაროთ. იუგოსლავიაშიც აქვთ ფინანსური პრობლემები - კინო ძალიან მცირე ბიუჯეტით ფინანსდება ხოლმე, მაგრამ იქ პროფესიონალი გადამღები ჯგუფები ჰყავთ, ისეთი სერიოზული დონის, რომ მსგავსს ვერც ბერლინში და ვერც ლონდონში იპოვი. ასეთი ტრადიციები ქართულ კინოსაც აქვს. უნდა გამოვცოცხლდეთ და ხელის განძრევა ვისწავლოთ - ასეთია რჩევები.
მანამდე კი ფედონ პაპამაიკლი გადაღება-მასტერ კლასს გამართავს. „ნონო“ მართლაც ძალიან საინტერესო ჩანაფიქრია. თვითონ ფედონსაც ძალიან მოსწონს, რადგან ფიქრობს, რომ განვითარება რომ შეძლო, სულ ახალგაზრდებთან უნდა იტრიალო. „ნონო“ კი მას ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს. საქართველო კი კიდევ ერთხელ გახდება მისთვის შთაგონების წყარო.
ერთ-ერთი გადასაღები ობიექტი მთაწმინდაა. ნახევრად დანგრეული რესტორანი. ჩვენი დიალოგის ნაწილიც სწორედ იქ შედგა. საუბარი პროდიუსერებმა გაგვაწყვეტინეს. ფედონმა უცხოელები გარემოს დასათვალიერებლად მოიწვია.
„დავასრულოთ, თორემ მომკლავენ“ - ვამბობ მე.
„კარგი, თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდა, დამირეკე“ - მეუბნება.
ჩვენ მოვდივართ, ფედონი რჩება. შეტრიალებულიც არ არის, რომ სტუმრებს სწრაფი ინტონაციით მიმართავს:
„ხო, აი, ამაზე გეუბნებოდით“...
![]() |
4 სპეც-პროექტი: ექსტრემალები |
▲back to top |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

ექსტრემი/ექსტრემისტი/EXTREMUS/უკიდურესი/უკიდურესი საშუალებების და შეხედულებების მქონე ადამიანი.
განმარტება უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან.
აქ, ყველაფერი პირობითია;
მას არც გრძელი სიტყვები უხდება და არც შელამაზებული ემოციები...
ესაა:
მძაფრი შეგრძნებები;
აბსოლუტური თავისუფლება;
უკიდეგანო სივრცე;
გიჟური ენერგია;
გაჩერებული დრო;
უჩვეულო „აღმოჩენები“...

სიმაღლე/8,500 - 8,800 მეტრი ზღვის დონიდან.
ირაკლი უგულავა
გეოგრაფი.
კომპანია „Geoland“-ის დამფუძნებელი. მთავარი ექსპერტი.
Extremus - ალპინიზმი.
„ეს ცხოვრების წესია, რომელშიც მთლიანად ხარ ჩართული;
17 წლის მთაში გავხდი და...“
მაგრამ, უკვე დიდი ხანია, რაც „მიწაზე დაეშვა“, საკუთარ კომპანიას ხელმძღვანელობს, და, როგორც აღნიშნა, „მომთაბარე ცხოვრებასაც“ მიჰყო ხელი.
ფოტო: ირაკლი უგულავას პირადი არქივიდან



სიჩქარე/150 - 200 კმ/სთ
გოგა არჯევანიძე
„ევროკავშირი“. მძღოლი.
Extremus - ავტორალი.
„პატარაობისას, მამაჩემს დავყვებოდი ხოლმე და ვეხმარებოდი;
ბავშვობიდან აქ ვარ;
რალიზე პირველად 16 წლის ასაკში გამოვედი;
მას მერე შეჯიბრებზე მუდმივად ვმონაწილეობ.“
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი



სიღრმე/200 - 300 მეტრი ზღვის დონიდან.
ლიზა ბურნაძე.
ფსიქოლოგი.
ფირმა „Neways Georgia“. კონსულტანტი.
Extremus - სპელეოლოგია.
„ჰობია.
აზარტია.
ინტერესია.
ფიზიკური აქტივობაა.
მიწის ქვემოთ, განსაკუთრებით ლამაზია გამჭვირვალე, ერთუჯრედიანი ჭიები და უთვალო თევზები.“
ფოტო: ლიზა და სოფო ბურნაძის პირადი არქივიდან



სიღრმე/ოფიციალური ციფრი 40 მეტრი
არაოფიციალური - 92 მეტრი
სოსო მგელაძე
დიპლომატი.
დაივინგის ცენტრ „PADI“-ს ინსტრუქტორი.
Extremus - დაივინგი.
„2000 წლის 21 აგვისტოს დავიწყე, და მას მერე, ამ თარიღს ყოველ წელს აღვნიშნავ ხოლმე;
რა არის ეს? - ყველაფერი! ცხოვრების გზა!“
ფოტო: სოსო მგელაძის პირადი არქივიდან


სიმაღლე/50 მეტრი ზღვის დონიდან.
ირაკლი კორძახია
იურისტი.
საადვოკატო ბიურო „პატარაია და პარტნიორები“.
Extremus - ყინულზე ცოცვა.
„არც ისე დიდი ხანია, რაც ეს საქმიანობა დავიწყე;
ძალიან აზარტულია;
არ არის საშიში;
სტრესული საქმიანობის შემდეგ, მეგობრებთან დროის გატარების და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა“.
ფოტო: ირაკლი კორძახიას პირადი არქივიდან



სიჩქარე/20 - 22 კმ/სთ.
მამუკა ნიკოლაძე
გეოლოგი.
„სპელეოლოგიის კავშირის“ დირექტორი.
Extremus - რაფტინგი.
„კანიონინგი, რაფტინგი, მოტოციკლეტი - მოგზაურობაა;
ჩემთვის ვმოგზაურობ და...
ეს ექსტრემი აღარ არის - ჩვევაა“.
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი




სიჩქარე/250 - 319 კმ/სთ.
ნიკა შავიშვილი
ეკონომისტი.
კონპანია „GBS“-ის გენერალური დირექტორი.
Extremus - მოტოციკლეტი.
„ანტიდეპრესანტია;
კიდევ...
თავისუფლების არანორმალური შეგრძნება“.
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი



ფრენის სიმაღლე/? - დამოკიდებულია ჰაერის ნაკადზე
ირაკლი კაპანაძე
ინჟინერ-გეოფიზიკოსი.
Exstremus - პარაპლანი.
„10 წელია, რაც დავფრინავ.
ეს ექსტრემი არ არის.
დაახლოებით იგივეა, რაც საჭესთან ჯდომა და სიარული.
უბრალოდ, ხალხი ფიქრობს ასე...“
ფოტო: ირაკლი კაპანაძის პირადი არქივიდან



![]() |
5 ჩქარა უნდა იარო |
▲back to top |

ავტორი: თამარ სუხიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, დავით მესხი
შეხვედრა №1. რეპეტიციის შემდეგ: დიდი ბოდიში, ამ წამს დამირეკეს. დღეს არ გამოვა. კიდევ რაღაც კონცერტი შეგვიკვეთეს. გველოდებიან.
ზარი №1. ავტომოპასუხე: თქვენ დაუკავშირდით მაგთი ჯი-ეს-ემს, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.
ზარი №2. ისევ ეს ავტომოპასუხე...
ზარი №3. გავიდა. YES!
შეხვედრა №2. სუხიშვილების საიუბილეო კონცერტის რეპეტიციების დროს. ასე, 20-25 წუთი.
შეხვედრა №3. კონცერტის წინ.
- რამდენი ბილეთი გინდა?
- ორი.
- და ოთხი რომ იყოს, პრობლემა იქნება?
- :-)
- აი, კონცერტები დამთავრდება და მერე რამდენიც გინდა, იმდენი ვილაპარაკოთ. იცი, რა მაგარ ამბებს მოგიყვები?
- ძალიან კარგი.
- მოიცა, შენს ტელეფონს ჩავიწერ. აუ, მობილურში ჩაწერა რომ არ ვიცი? ჩამიწერ?
- არც მე ვიცი. მოდი, ფურცელზე დაგიწერ;
- ჰო, ეგრე რა. ეგრე ჯობია.
კონცერტის შემდეგ: შინ სულ ხტუნვა-ხტუნვითა და ცეკვა-ცეკვით ვბრუნდები, ახალი ენერგიითა და ბევრი ემოციით დამუხტული. დიდხანს მიმყვება ქართული ცეკვის რიტმი და ძალიან ვხალისობ. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, ნინო რამიშვილის მიერ გაკეთებულ შენიშვნაზე, რომელიც არქივში შენახული ვიდეომასალიდან დამამახსოვრდა (კონცერტის მსვლელობის დროს, არქივში შენახული ვიდეომასალაც გვიჩვენეს): რა არის ეს? ხმალი გიჭირავთ თუ ქოლგა? (არადა, წვიმამ წაგვლეკა).
ზარი №4. ისევ: მობილური ტელეფონი გამორთულია... (ეტყობა, ტელეფონი გადააგდო). ეეე, არადა, რა კარგ პორტრეტს გავაკეთებდი. იქნებ მაინც ვცადო. ის ოცი წუთი ტყუილად ხომ არ გვილაპარაკია.
როგორც ჩანს, სუხიშვილობამაც არ მიშველა. აკი, „ირემი ირემს გაუწვდის ბალახსო“?!...
მაშ ასე, ყველაზე მოუხელთებელი რესპონდენტი.




CV-ს მაგიერ
ილიკო სუხიშვილი
ქორეოგრაფი
ჰობი:
ბავშვობაში პატარა მანქანებს აგროვებდა.
მისი პროფესია და ჰობი ერთმანეთს ემთხვევა.
უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე, უფრო სწორად, როგორც თვითონ განმარტავს: „რაღაცეებს ვუბარტყუნებ, რაღაცეებს ვაჩხარუნებ...“
რატომღაც საჭმლის კეთებაც უყვარს, - როცა არ ეზარება, მაშინ. ყველაფერს აკეთებს, ხილის კოქტეილებით დაწყებული, სალათებით დამთავრებული. „ექსპერიმენტს ვატარებ, რაღაცეებს ვურევ ერთმანეთში, ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ - არა. შეიძლება მე თვითონ არ ვჭამო, მაგრამ კეთების პროცესი მსიამოვნებს.“
მოსაზრება-შეხედულებები:
საქმეს პასუხისმგებლობის გამო არ აკეთებს. პასუხისმგებლობა სამართლებრივი ცნებაა და არცთუ სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს, თითქოს თავისუფლების ხარისხს ამცრობს.
ფიქრობს, რომ ხელოვნებაში პასუხისმგებლობა ხელს უშლის საქმის კეთებას. „პასუხისმგებლობა თუ გაკეთებინებს, ეს ნიშნავს, რომ ძალით აკეთებ. მე პასუხისმგებლობის შეგნებით ცხოვრებაში ნორმალური არაფერი გამიკეთებია.“
ადამიანში ყველაზე მეტად ნდობას აფასებს, ნდობას და უღალატობას: „რა თქმა უნდა, შეცდომები ცხოვრებაში ყველას მოდის. პატიება და ბოდიშის მოხდა არავის არ უნდა ეთაკილებოდეს. მთავარია, ენდო, არ უღალატო და არ გშურდეს. სხვა ყველაფრის პატიება შეიძლება.“
პირდაპირ ათიანში მოარტყა. მგონი, დღეს ყველაზე მეტად ნდობა გვჭირდება. აბა, კარგად გავჩხრიკოთ ამ ქართული ანდაზის დედააზრი: „კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი იბატონოსო.“
ყველაზე დიდი სურვილი:
„მინდა, რომ ყველა ჩემი ახლობელი და მთელი ჩვენი ქვეყანა იყოს ძალიან კარგად.“ ბევრისაგან განსხვავებით, ეს პოზა არ არის, ეს გულწრფელი სურვილია.
ჰიტ-პარადი:
„ორი ადამიანის ფანი ვარ. მოცარტის და ლეონარდო და ვინჩის. ჩემს ჰიტ-პარადში ორივე პირველ ადგილზეა.“
საყვარელი მუსიკოსები და ჯგუფები:
ბობ მარლი, Cure, Sex Pistols, Depeche Mode.
ჯობია, აქ წერტილი დავსვა. უფრო სწორად, სამ წერტილს დავსვამ... ცოტა დრო გვაქვს. შესვენება მალე დამთავრდება და მერე ისევ რეპეტიცია... ერთი, ორი, სამი... დავიწყოთ!
ფრაგმენტული ინტერვიუ
ფრაგმენტული პორტრეტისათვის
„არჩევანი არ მქონია. მინდოდა თუ არა, ამ პროფესიის ირგვლივ მომიწია ტრიალი. ბავშვობაში ცოტა კომპლექსებიც მქონდა, რადგან ასეა და ამ ოჯახში დავიბადე, აუცილებლად ეს საქმე უნდა ვაკეთო. ბავშვთა სტუდიაში ვერ დავდიოდი. ზედმეტ ყურადღებას მაქცევდნენ მასწავლებლები, ხშირად ტყუილუბრალოდ მაქებდნენ და ამ დროს შეიძლებოდა სხვას უფრო უკეთ ეცეკვა. ეს ფარისევლობა ბევრ უხერხულობას მიქმნიდა.“
ქართული ცეკვის სტუდიაში მხოლოდ რამდენიმე დღე დაჰყო. ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია. „თავიდან მოინდომეს და მიმიყვანეს, მაგრამ ვერ შევეწყვე და ჩემს სიარულს უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ალბათ ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ ეს არც მჭირდებოდა. ბებია, ბაბუა, დედა, მამა - ყველანი მოცეკვავეები იყვნენ და მათზე უკეთესად ვინ მასწავლიდა? რეპეტიციებზე სულ თან დამატარებდნენ. თუმცა მოგზაურობებში ვერ დავდიოდი, მთელ ოჯახს არ უშვებდნენ, არ შეიძლებოდა. დღეს ჩემი შვილიც ამ გარემოში იზრდება. არაფერს ვაძალებ, არც სტუდიაში მიმიყვანია: გინდა თუ არა, იარე-მეთქი, მაგრამ ცეკვავს თავისთვის. მერე როგორც ესიამოვნება, ისე მოიქცეს.“
ილიკო 12 წლის იყო, როცა პირველად წავიდა გასტროლებზე, უნგრეთში და სცენაზე გამოვიდა...
რაღაცნაირად გაურბოდა ქართულ ცეკვას. მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ აუარა გვერდი. შემდეგი ეტაპი ანდერგრაუნდი იყო. მაშინ ქუჩის ცეკვები, თავის დროზე უზომოდ პოპულარული ბრეიკ-დანსი და ეგეთები, ძალიან ახალი და მიმზიდველი ჩანდა. ყველაფერი ქუჩის ცეკვებიდან დაიწყო: ახალი ინტერესები, ახალი კონტაქტები... ამას მოჰყვა მოსკოვი. მოსკოვში ბევრი თანამოაზრე გაიჩინა.
„იქ მეტი თავისუფლება იყო. ხალხიც ამ ახალგაზრდულ გატაცებებს უფრო ადეკვატურად აღიქვამდა. თუმცა საკლუბო ცხოვრება მაინცდამაინც არც მოსკოვში დუღდა იმ დროს. სამაგიეროდ, სარდაფული ცხოვრება ყვაოდა.“
ამ სარდაფებში იმართებოდა „ტუსოვკები“, საუბრები ხელოვნებაზე, პერფორმანსები, აქციები... მოკლედ, მოგეხსენებათ, როგორც იყო 80-იან წლებში.
მას შემდეგ მოსკოვში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს ტრადიცია დარჩა. არბატზე 1 აპრილს პერფორმანსის ნამდვილი ზეიმია ხოლმე. ისევ იკრიბებიან ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან. ილიკოც არ ტოვებს ხოლმე 1 აპრილს, თუ გასტროლებზე არაა.
უბრალოდ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის დრო, როცა მოცეკვავეები თავიანთი გამოსვლებით მაგნიტოფონის „ბატარეიკებისა“ და ლუდის ფულს აგროვებდნენ, დამთავრდა...
მოსკოვურმა თავგადასავლებმა ბევრი რამ შეცვალა. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა, - გააცნობიერა, რომ დამოუკიდებლად შეუძლია ცხოვრება...
„მივხვდი, რომ შემიძლია რაღაცის კეთება და საკუთარი თავის რჩენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თურმე მარტო ჩემს ქვეყანაში კი არა, უცხო ქვეყანაშიც შემიძლია ცხოვრება და მუშაობა. პროფესია ვიპოვე და დავმშვიდდი.“
საქართველოში არეულობა იყო. თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე, ახალი თეატრი გამოჩნდა. ახალგაზრდების იდეა პლასტიკის თეატრის შექმნა იყო. დასი, ფაქტობრივად, ქუჩიდან მოსული ხალხით შეივსო. პროფესიონალები არ ყოფილან. ცოტა ხანს იმუშავეს. მერე დაიშალნენ. წარმოდგენა ფირზე დაფიქსირდა. მერე ეს ფილმი ილიკო სუხიშვილმა სადიპლომო ნამუშევრისთვის გამოიყენა. მიაჩნია, რომ პლასტიკის თეატრის პროექტი მისთვის პირველი სერიოზული და სარწმუნო მცდელობა იყო, - რომ რაღაცის გამოტანა და ჩვენება უკვე შეეძლო...


მანამდე?
„მანამდე ბევრი მაიმუნობა იყო. ნებისმიერი არტი, ფოტოთი დაწყებული, ვიდეოარტით დამთავრებული.“ იყო პროტესტი, ანდერგრაუნდის ფორმით გამოხატული, და ეს ანდერგრაუნდული ცხოვრება კარგა დიდხანს გაგრძელდა - იმ დროშიც კი, როცა უკვე ამას აღარავის უშლიდნენ; როცა უკვე შეგეძლო, რაც გინდოდა, ის გეკეთებინა: „ძლივს გამოვძვერი აქედან.“ სადღაც გულის სიღრმეში მაინც დარჩა ანდერგრაუნდი. „ჩემს თაობას სადღაც შინაგანად დარჩენილი აქვს ეგ. ვისაც „უპანკია“, „უჰიპია“, კარგად იცის, რომ ეს მნიშვნელოვანი რამეა... ამას ვეღარ ამოშლი. მაშინ, დღევანდელი გაგებით, „თინეიჯერობა“ არ იყო.“
თავიდან ჰიპობდა, მერე პანკობდა. სიტუაციების შესაბამისად. „ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ამას დრო, გონება, სულიერი მდგომარეობა მოითხოვდა...“ სულიერი მდგომარეობის შესაბამისად იცვლებოდა მუსიკალური გემოვნება, ჩაცმის სტილი, ცხოვრებისეულ სტილზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
„არ ვფიქრობ, რომ ეს მაინცდამაინც პროტესტი იყო და არც რევოლუციების მოხდენაზე მიფიქრია. უბრალოდ, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს.“
„თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რევოლუციური ბუნების არ ვარ. პოლიტიკურ რევოლუციებს არ ვგულისხმობ. ხელოვნებაში ნებისმიერი სიახლეც ხომ რევოლუციაა. რა მასშტაბი ექნება ამ რევოლუციას, ამას არა აქვს მნიშვნელობა.“
პროტესტის გრძნობა დღესაც ხშირად უჩნდება. განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სულ გამორჩენაზეა: „როდესაც ხედავ, რომ ადამიანი მარტო იმიტომ არის შენთან, რომ რაღაცაში სჭირდები, ამაზე მეტად არაფერი მაღიზიანებს. საშინელი ეგოიზმია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ.“

ცხოვრების სტილი: „ბაიკერი“
მოტოციკლეტი ჰობი არ არის. ეს, უბრალოდ, ტრანსპორტია („ტაქსისტისთვის მანქანა ჰობი ხომ არ არის?“) და კიდევ ცხოვრების სტილია. ბევრი მეგობარი ჰყავს, ვინც მოტოციკლეტებით არის გატაცებული. ზოგჯერ იკრიბებიან და ქალაქიდან გადიან ხოლმე. მათთან თავს განსაკუთრებით მშვიდად გრძნობს. „ბაიკერებს შორის სხვაგვარი დამოკიდებულებაა. საკმარისია გვერდზე ჩაგიაროს, და რომც არ იცნობდე, უკვე იცი, რომ ის შენი მეგობარია. თუ დაგინახა, რომ გიჭირს, მაშინვე დახმარებას შემოგთავაზებს. იმიტომ კი არა, რომ ასეთი წესია, უბრალოდ, ეს მისი სურვილია...“
დღე ყველაზე გვიან 9 საათზე იწყება. ზოგჯერ უფრო ადრეც. არ საუზმობს (და კიდევ, მობილურის ჩართვაც ავიწყდება). სახლიდან გადის. მარშრუტი ასეთია: ჯერ რეპეტიცია, მერე - მეგობრები. ამოჩემებული კლუბები თუ ბარები არა აქვს. როგორც წესი, მეგობრები მის სახლში იკრიბებიან - წყნეთში. მუსიკას უსმენენ. „რაც გაკეთებული გვაქვს, იმას ვარჩევთ.“ კიდევ ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება - „ოღონდ გადართვებით“.
შეძლებისდაგვარად ცდილობს, იყოს საკუთარი თავის მაყურებელი. ცეკვის დადგმის დროს ფიქრობს, - კონცერტზე რომ მივიდე, რა მომეწონებოდაო.
ბავშვობიდან ჩარჩენილი ნაწყვეტი
„მაშინ ალბათ 5-6 წლის ვიყავი. ბაბუაჩემი შეკრებდა ხოლმე მთელ ანსამბლს. გამომიყვანდა, დაუკარითო - და მაცეკვებდა. არცერთ კონცერტზე არ მინერვიულია ისე, როგორც მაშინ. წარმოვიდგენდი, რომ უამრავი ხალხი მიყურებს. ვერ ავხსნი, რა გრძნობა იყო ეს - მორიდების, ნერვიულობის, პასუხისმგებლობის თუ კიდევ რისი. ალბათ ამ ყველაფრის ნაზავი. არადა, პრინციპში, ეს ოჯახურ გარემოში ხდებოდა, სარეპეტიციოში. მერე მივხვდი, თვითონ სიამოვნებდა ძალიან. შვილიშვილი ვიყავი და თანაც სეხნია.“
უკვე 5 წელია, რაც შემსრულებლის სტატუსით აღარ გამოსულა. მოცეკვავისთვის ეს საკმაოდ დიდი დროა. თუ შეეკითხები, შენთვის ცეკვა რას ნიშნავსო, სიცილით გიპასუხებს - ყოველ შემთხვევაში, ცეკვა-თამაშს (გართობას) - არა. ჩემთვის ეს ტანჯვა, წამება და საშინელი შრომაა, მაგრამ სხვისთვის - სანახაობა, დასვენება და სიამოვნებაო. თუმცა ეს საშინელი შრომაც სიამოვნების მომგვრელია - „როცა უკვე რაღაც გამოგდის, როცა ახალი კომპოზიცია მზადდება, როცა ყველაფერი უკვე რაღაცას ემსგავსება, მიხარია, კმაყოფილების გრძნობა მეუფლება. მაგრამ თვითონ პროცესია მძიმე. დილით დგები, 120 კაცი რეპეტიციაზე გელოდება, ყვირი, ხმა გეხლიჩება, იძაბები...“
ამ დაძაბულობის მოხსნა ისევ ცეკვით შეიძლება. ცეკვა ხომ ყველანაირ სტრესს გიხსნის (ისევე, როგორც მუსიკა), ტრანსში გადიხარ. „ხანდახან მეხუმრებიან ხოლმე: რის ქვეშ ხარო? არაფრის ქვეშ არა ვარ, ჩემს განცდებს გამოვხატავ.“
ერთი ძველი ფილმი მახსენდება. ბალტიისპირეთის რომელიღაც ქალაქის კათოლიკური ეკლესიიდან ორღანის ხმა გამოდის. იქვე ვიღაც ჩამჯდარა და ტირის. რა გატირებსო? - ეკითხებიან. გაკვირვებული პასუხი: - ეს ხომ იოჰან სებასტიან ბახია...
„იცი, რა არის ყველაზე მაგარი? სიბნელეში უნდა იცეკვო, არაფერი არ უნდა ჩანდეს, ხელში ორი სიგარეტი უნდა გეჭიროს. ხელების ქნევისას ჩნდება ხაზები, ხელები უნდა ამოძრაო, თითქოს ხატავ, და ნახატი ძალიანაც არ უნდა გადატვირთო. აზრზე ხარ? ხელის მოძრაობას მერე ფეხიც მიჰყვება. მაგრამ ახალ მოძრაობას რომ იწყებ, ძველი მოძრაობის მონახაზი ჰაერში რჩება და შენ ისევ აგრძელებ...“
„მერე მოხვალ, 120 კაცთან დადგები და...“
ეს 120 კაცი ერთი ოჯახივითაა, სუხიშვილების ოჯახივით. ქართველ მოცეკვავეთა მთელი ასოციაციაა. „ხშირად ხუმრობენ ხოლმე მოცეკვავეები, გვარები უნდა გადავიკეთოთო. ყველანაირად ვუგებთ ერთმანეთს, გვერდში ვუდგავართ. სასიამოვნოა. ჩვენს ერთიანობაში ჩვენი ძალა იგრძნობა და ეს ძალა გვაკეთებინებს საქმეს.“
როგორც ქორეოგრაფი, ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რომ დადგმული ცეკვის ნახაზიც, ილეთიც ისეთი მორგებული იყოს, რომ მოცეკვავეს თვითონაც მოეწონოს, სიამოვნება მიიღოს თავისი შესრულებით, არ დაბრკოლდეს, არ დაიძაბოს. „ცეკვის დროს დაღლა არ იგრძნობა. სცენიდან რომ გახვალ, მერე გრძნობ. იცით, როგორი რაღაცეები მომხდარა? - ხანჯალი მოხვედრიათ, თითიც წაუჭრიათ, ლურსმანზეც დაუბიჯებიათ და ვერ უგრძვნიათ. თუ ბოლომდე ამ საქმეში ხარ, დისკომფორტს ვერ გრძნობ. დარბაზიდანაც იმდენად დიდი ენერგია მოდის, რაღაც თავისებურ ტრანსშია გასული. ეს გავიარე, მე თვითონ მაქვს განცდილი. ბევრჯერ ჩემი მეგობრებიც - ჩემი ოჯახის წევრებიც გრძნობენ ამას და ხშირად მეუბნებიან ხოლმე: რაღაც მოდის, რაც გვაცეკვებსო. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თვითონაც სიამოვნებას იღებენ.“
ეს მუხტი ყველაზე ძლიერად მაშინ მჟღავნდება, როცა რაღაც ახალი იქმნება: „იმას, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ბოლომდე რომ მივიყვან, ეს უკვე დიდი იმპულსია რაიმე ახლის დასაწყებად...“
მერე ყველაფერი თავიდან იწყება. მთავარია, ამ დაწყების მოთხოვნილება გქონდეს. „მთავარია, შენს საქმეში თავისუფალი იყო. მუდამ უნდა იწყებდე და თავისუფლდებოდე იმისგან, რაც გაწუხებს, გამძიმებს. მთავარია, რომ მართლა გაწუხებდეს ეს რაღაც და მართლა გამძიმებდეს. თავისუფლება ის კი არ არის, რომ შენი სურვილები შეისრულო ხოლმე. შეიძლება ბევრ რაღაცაზე უარი თქვა, მაგრამ თავისუფალი იყო...“
„ზოგჯერ გამეღვიძება დილის ოთხ საათზე. ჯერ კიდევ ბინდია. ჩავდივარ ეზოში, ვჯდები მოტოციკლეტზე, ჩავრთავ მოცარტს, ვქოქავ და... რა კარგია, იცი? ჩქარა უნდა იარო...“
ამჯერად დრო აღარ გვეყო, პირად ცხოვრებაზე და ახლობელმეგობრებზე რომ გვესაუბრა. მგონი, ძალიან გულგახსნილიც არ უნდა იყოს. ვერც ვერაფერს იტყვი. ეს მისი პირადი ცხოვრებაა, მისი საიდუმლოებაა - მისი ტკივილი და სიხარული და სულაც არ არის აუცილებელი, ამ პირადში ვინმემ ცხვირი ჩაყოს. ისე, მის შვილს დარია ჰქვია და რვა წლისაა.

![]() |
6 ერთი ქალის ბევრი პორტრეტი |
▲back to top |
ანა კორძაია-სამადაშვილი

ეს გახლავთ ნესტან ნიჟარაძე, თბილისელი თუ პარიზელი - ეს უკვე ძნელი სათქმელია - ქალი, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში, უკვე მრავალ შესანიშნავ ხელოვანთან მოუწია შეხვედრა. ეს შეხვედრები პორტრეტებში აისახა, რომელთა შექმნის შესახებაც ჟურნალისტი, ფოტოკრიტიკოსი, ფოტომცოდნე და სულ მალე დოკუმენტალისტი ნესტან ნიჟარაძე პატარა წალკოტში - თავისი სახლის აივანზე მოგვიყვა.
ეს ფოტოსურათი 2002 წელსაა გადაღებული. ჩვენთან მისი ავტორის შესახებ ბევრმა არ იცის. არადა, პარიზში ძალიან პოპულარულია და ახლა უკვე ამერიკაშიც აღიარეს. დაიმახსოვრეთ მისი სახელი - კრისტინ პოტერი, ამერიკული ულტრათანამედროვე ფოტოგრაფიის უაღრესად საინტერესო წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ, ის სულ მალე ძალიან ცნობილი გახდება.
კრისტინ პოტერი, ამერიკელი ფოტოგრაფი, ფაქტობრივად, გამოექცა ამერიკას, მე იმ ამერიკაში არ მინდა ცხოვრებაო. წამოვიდა პარიზში, იქვე მუშაობდა, და სწორედ აქ შექმნა საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომელსაც ერქვა „ქალები თავინთ გარემოში“. ეს სერია, რომელზეც კრისტინა ხანგრძლივად მუშაობდა - პარიზში გატარებული ორივე წელი - შემდეგ გამოიფინა კიდეც პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში, „797“.
სწორედ ამ სერიაზე მუშაობდა, როცა შევხვდით, შემდეგ დავმეგობრდით და ფილმიც გავაკეთეთ ერთად. ფილმი მთლიანად ფოტოებზე ავაგეთ, მხოლოდ რამდენიმე სცენაში იყო ჩართული ვიდეოგამოსახულება. პატარა ჯგუფი ვმუშაობდით - კრისტინა, კიდევ ერთი ამერიკელი რეჟისორი, მე... ძალიან ვმეგობრობდით და ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობაც ძალიან მჭიდრო იყო.
ეს ფოტოც იმხანადაა გადაღებული. სერიაში ის იმიტომ მოხვდა, რომ იმ დროს ეს მართლაც ჩემი გარემო იყო - მატარებელი, სადგური... ჟურნალისტების ფონდში ვმუშაობდი (ის აღარ არსებობს, დაიხურა), და ამიტომ ხშირად მიწევდა მოგზაურობა, პარიზიდან გასვლა და დაბრუნება, და სულ სადგურში ვიყავი ან მატარებელში. აქ იტალიაში, ვენეციაში მივემგზავრები, პროსტიტუციის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლად. იტალიაში პროსტიტუციის შესახებ ბევრს არ ვილაპარაკებ, გამაფრთხილეს, შეიძლება ცემენტში ჩაგაყოლონო. ეს ფოტო მერე ფილმშიც გამოვიყენეთ.
კრისტინი შემდგომ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, იელის უნივერსტიტეტში მიიღო მიწვევა, ფოტოგრაფიის განხრით - საბუთები გაგზავნა და უმალვე მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთი წელი მუშაობდა და დამოუკიდებელი ფოტოგრაფი იყო, მაგრამ იელი ხომ მაინც სხვაა.

იური ლობოდინისეული ფოტოპორტრეტი სრული შემთხვევითობაა. გაზეთ „24 საათის“ რედაქციაში, ფოტოგრაფების ოთახში ვიჯექი - არც განათება, არც არაფერი. მეორე დღეს საფრანგეთში უნდა წავსულიყავი, მაშინ კანის ფესტივალზე ვიყავი აკრედიტებული. ციფრული კამერით მუშაობა ჯერ არ ვიცოდი და იურა მიხსნიდა, რა ღილაკისთვის უნდა დამეჭირა, გადაღებული მასალა როგორ უნდა გამომეგზავნა... რომ დავამთავრეთ, სიგარეტის მოსაწევად დავსხედით, იურამ აიღო კამერა - ჩხაკ! და მერე ლევან ხერხეულიძემ მითხრა, შენ არ იცი, იურამ რა პორტრეტი გააკეთაო...

ჯონ სტიუარტი - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, დიდი მოვლენა იყო. ჯონ სტიუარტი ინგლისელი ფოტოგრაფია, თუმცა უკვე დიდი ხანია, პარიზში ცხოვრობს. თავისთავადაც ძალიან საინტერესო პერსონაჟია, ისეთი, არქაული რომ ეთქმის: ანრი კარტიე-ბრესონის მეგობარი, თავადაც უკვე 84 წლისა, ომგამოვლილი, იაპონელების ტყვეობიდან გამოქცეული - საოცარ ამბებს ჰყვება! 50-იანი წლების ბოლოს, ის ნიუ იორკში დაფუძნდა, 60-იანების დასაწყისში კი მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო რუს ებრაელ ბროდოვიჩთან, რასაც „Harper's Bazaar“-ის ბუმი მოჰყვა. ახლა ის პარიზში ცხოვრობს, თუმცა თავად ლონდონელია.
აი, ასეთი კაცია ჯონ სტიუარტი. ასაკი არ აწუხებს და დღესაც შეუძლია ერთი თვით წავიდეს ნეპალში, სადღაც, მიგდებულ სოფელში, ჭამოს ბრინჯი და დანარჩენ სამყაროს არ მიეკაროს - მხოლოდ იმასთან იყოს, რაც იქ ხვდება. ამავე დროს, დიდად სნობი ბრძანდება, როგორც კი პარიზში ან ლონდონში ბრუნდება, იმავე საღამოს უნდა ივახშმოს madamme ვიღაცასთან ერთად.
ჩვენი შეხვედრა დიდი მეგობრობის დასაწყისი აღმოჩნდა. მან მთხოვა, შენი რამდენიმე პორტრეტის გაკეთება მინდაო. ბუნებრივია, ძალიან გამეხარდა. მითხრა, მოდი, უბრალოდ, ჯერ ერთად ვივახშმოთ და დავილაპარაკოთ, პორტრეტი მოვამზადოთ, მე გეტყვი, მე რას ვხედავ, შენ მეტყვი, შენ როგორ წარმოგიდგენიაო.
მივედი მასთან სენ ჟერმენზე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ისე შევყევით საუბარს, რომ მუშაობა უკვე უადგილოც იქნებოდა. გვიან კი - უკვე ვემშვიდობებოდი, გავდიოდი, პალტოც ჩავიცვი, და მან მითხრა: ერთი წუთი გაჩერდი, მხოლოდ ერთი წუთი. ამოიტანა კამერა, განათება არ ჰქონდა, უბრალოდ, რაღაც ღამის ნათურა აანთო და - ეს ფოტო კარებშია გადაღებული.
ეს ჩემი ცხოვრების ძალიან დატვირთული პერიოდი იყო, ბევრი რამ ხდებოდა, და ფოტო სწორედ ამის სახეა. ავტორს თავად შეეშინდა, როცა ასეთი პორტრეტი დაინახა, შავი და საკმაოდ მძიმე, მაგრამ ეს იყო ის, რაც მე მქონდა, ის მდგომარეობა, რომელშიც მე ვცხოვრობდი.
ედუარდო დი ბაძი, წარმოშობით იტალიელი ფოტოგრაფი, უკვე მრავალი წელია, პარიზში ცხოვრობს. საქართველოში იყო ნამყოფი და როცა გაიგო, რომ თბილისელი ვარ და პარიზში ვიმყოფები, ძალიან სთხოვა ჩვენს საერთო მეგობარს, უბრალოდ, შემახვედრე, საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვაჩვენებ და დაველაპარაკებიო.
შეხვედრა, რასაკვირველია, დამთავრდა კითხვით: შეიძლება პორტრეტები გავაკეთო? რასაკვირველია, დავთანხმდი, თან სიამოვნებით. სურათები სახელდახელოდ გადავიღეთ მისსავე სახლში მოწყობილ სტუდიაში - ის ძალიან ბევრს მუშაობს, პორტრეტებს იღებს. სასაცილო ისაა, რომ ამ უჩვეულო პორტრეტების გადაღებისას, სრულიად სხვა, მოულოდნელ თემებს ვეხებოდით, მაგალითად, ის სვანეთში მოგზაურობის ამბებს მიყვებოდა. ამ ფონზეა გადაღებული ეს პორტრეტიც. მარწმუნებდა: „მე აუცილებლად კვლავ უნდა დავბრუნდე საქართველოში“.

გურამ წიბახაშვილის და ჩემი ურთიერთობა ძალიან ბევრი წლის ამბავია. დროდადრო რაღაცას ერთად ვაკეთებთ ხოლმე. ეს არის ფოტოსურათები იმ ციკლიდან, რომლებიც გურამმა “ნიღბებში” გააერთიანა. ამ სერიაში ჩემი რამდენიმე პორტრეტი აქვს გაკეთებული, ეს ბოლოა, 2004 წელს გადაღებული.
მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მარტივი. სულ ისეთი გრძნობაა, რომ მუშაობისას არაფერს გავალებს, შენგან არაფერი უნდა იმიტომ, რომ თვითონ ზუსტად იცის, რა უნდა - და ყოველთვის ის გამოსდის, რაც უნდა. შესანიშნავი მანერაა - არ გაწვალოს, არ დაგღალოს, არ გაგაგიჟოს...

იუსტინა მელნიკევიჩი ორი წლის წინათ გავიცანი, როცა პარიზიდან თბილისში დავბრუნდი. ჩემთვის ეს რთული პროცესი იყო, ძალიან მძაფრად განვიცადე აქ ჩამოსვლა. იუსტინა ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ორი თვის განმავლობაში არ ვერიდებოდი. პოლონელი ფოტოგრაფია და საქართველოში დასახლდა, ზემო ვერაზე. დავმეგობრდით და ერთად მუშაობა დავიწყეთ, დიდი სიამოვნება იყო მასთან ერთად რამის კეთება. ასეთი რამ მოვიფიქრე: მოდი, რეპორტაჟების ციკლი შევთავაზოთ გაზეთ „24 საათს“. ჩემთვის გამოსავალი იყო ასეთი რამის დაწყება, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ორი წლის უნახავ თბილისში ყოფნა ჩემთვის შოკი იყო. ვიფიქრე, დაბრუნების საუკეთესო გზა მწარე სინამდვილის სიღრმეში შესვლა იქნებოდა. იუსტინა სწორედ მწვავე სოციალურ საკითხებს ეხება ყოველთვის, მე კი ნაკლებად მქონდა ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
იმის გამო, რომ იუსტინა ფოტოგრაფია და სხვანაირად არც შეუძლია, ციკლზე მუშაობისას, დროდადრო ჩემს პორტრეტებსაც იღებდა, რომელიც ნათელი სახეა იმისა, თუ რა ხდებოდა იმხანად ჩემს თავს.
იუსტინა, უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტია, თუმცა პორტრეტებიც საუკეთესო გამოსდის. სულ სხვა ხედვა აქვს, იმის უნარი, რომ ადამიანი დაინახოს და უცბად იგრძნოს, ვისთან აქვს საქმე.
...თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, ნესტან ნიჟარაძის კიდევ ერთი პორტრეტი უნდა მეჩვენებინა თქვენთვის, თომას დვორჟაკის მიერ გადაღებული. სამწუხაროდ, ორიგინალის მოსაპოვებლად თომასს ვერ მივაკვლიეთ - მოუსვენარი კაცია, არავინ იცის, სად მოგზაურობს, რომელ უბედურებას იღებს... ხოლო „მაგნუმ მაგნუმ“ წარწერით დამშვენებულ ფოტოს ნამდვილად ვერ დავბეჭდავდით - სხვა თუ არაფერი, „ცხელ შოკოლადს“ არ გვეკადრება.
![]() |
7 MIDI MICRO SKIRT MAXI |
▲back to top |
ავტორი: ნესტან კვინიკაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
მოკლე კაბით მოდი!
მოკლედ, მოკლე კაბა.
200 - 300 მმ-ით მუხლს ზემოთ
ერთხელ დიზაინერ მარი ქვანტს ჰკითხეს:
- მოკლე კაბის ტრადიცია ხომ თქვენი მეშვეობით გახდა პოპულარული?
- რას ბრძანებთ, - იყო პასუხი, - არც მე და არც ანდრე კურაჟი... მოკლე კაბა,
ქუჩაში მოსიარულე რიგითმა გოგონებმა აქციეს მოდად.
მერე ერთმა მწერალმა თქვა: ყველა კაბის ქვეშ ერთი და იგივე საიდუმლო იმალებაო.

მერე სპეც-პროექტი მოვიფიქრეთ, სადაც სხვადასხვა პროფესიის და ასაკის გოგონები მოკლე კაბებში გადავიღეთ, მათივე კომენტარებიც დავურთეთ და გამოვიდა - მოკლე კაბა, როგორც:
პროფესიიდან გამომდინარე გარდაუვალი უნიფორმა; ყურადღების მიქცევის საშუალება; თავისუფლების შეგრძნება; გაბედული ნაბიჯი; იდეალური სტილი; ეროტიულობის სიმბოლო; ინტრიგა; ქალის ყველაზე წარმატებული სავიზიტო ბარათი.
ლელა ელოშვილი
დიზაინერი

2005 წელს სააგენტო „ამსასა“ და ქალთა კლუბ „მეტეხის“ მიერ მოწყობილი ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსის გამარჯვებული ლელა ელოშვილი ლონდონის სან მარტინის კოლეჯში ორთვიან სტაჟირებას გაივლის. 2006 წლის ივნისში კი, პარიზში ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართება, სადაც ლელა საქართველოს წარმოადგენს.
რაც შეეხება მოკლე კაბას, ახალგაზრდა დიზაინერი თვლის, რომ ეს არის ინტრიგა და, იმავდროულად, ეროტიული და საინტერესო, როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის.
„ჩვენთან ხშირად ვერ ნახავთ მოკლე კაბას. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა. თუმცა წინათ, ჩვენი დედების დროს, მოდის ისტორიაში ყველაზე მეტი მოკლე კაბა მაშინ ეცვათ. თუ კაბის ეს სიგრძე იმ პერიოდში მისაღები იყო, ახლა მით უმეტეს, უხერხულობის განცდას არ უნდა ქმნიდეს. ამისთვის ალბათ დიზაინერების მიერ ტენდენციების განსაზღვრაა საჭირო. ამას მომხმარებელი, როგორც წესი, აიტაცებს ხოლმე.
ვფიქრობ, მომავალ წელს ჩემს კოლექციაში მოკლე კაბა აქტუალური იქნება.“

თიკო კვინიკაძე.
კულტუროლოგი, კინოს კოსტიუმების მხატვარი

„კინოში გმირის კოსტიუმი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მან, კონცეპტუალურად, სიმბოლურად თუ სხვა აქცენტით, გმირის ხასიათი უნდა გაამართლოს. ის დრამატურგიის ნაწილი ხდება.
მოკლე კაბა იდეალური მოდელია. ამ თარგს, ასოციაციური თვალსაზრისით, პირდაპირ ქალთან მიყავხარ.
ფელინისთან მოკლე კაბას კახპების შემთხვევაში ვხვდებით. ანტონიონისთან ეს, ვთქვათ, პაემანზე მისული ქალის სავიზიტო ბარათია. კასავეტესთან - „ურთიერთობების განმსაზღვრელი.
ერთი სიტყვით, მრავალი წლის მანძილზე, ერთი რამ გამოიკვეთა: მნიშვნელობა არ აქვს არც ფერს და არც მატერიას... მოკლე კაბა ყურადღების ცენტრში მოქცევის ასპროცენტიანი გარანტიაა.“

ოქსანა კალაშნიკოვა
ჩოგბურთელი

14 წლის საქართველოს ჩემპიონი თექვსმეტ წლამდე გოგონათა შორის; მომხიბვლელი ჩოგბურთელი; თურქეთის, დუბაის და ისრაელის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, ოქსანა ევროპის გაერთიანებულ გუნდში მოხვდა. დღევანდელი მონაცემებით, თოთხმეტი წლის წარმატებული ჩოგბურთელი ევროპაში თექვსმეტი წლის ასაკის მოთამაშეთა შორის მე-12 ნომერს იკავებს.
ოქსანა კალაშნიკოვა უპირატესობას ჯინსებს და სპორტულ სამოსს ანიჭებს. რაც შეეხება ჩოგბურთის კაბას, ეს „ადიდასი“ და „ნაიკი“-ა. ფერს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, სხეულს სათანადოდ ერგებოდეს.
მისთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, ყველაზე მოდურ ჩოგბურთელად პოპულარობის ზენიტში მყოფი ირინა შარაპოვა რჩება.

ანკა მანჯგალაძე
სტუდენტი

„ახლა მოდა ისეთი თავისუფალი და გახსნილია... მოკლე კაბა ყველას უყვარს, მოსახერხებელი და ლამაზია. ამისთვის, მგონი, იდეალური სხეულის მოყვანილობა სულაც არ არის საჭირო.
ჩემს თაობაში იშვიათად აცვიათ. მოკლე კაბის ჩაცმისას, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მიანიჭო სიამოვნება, შემდეგ - ირგვლივ მყოფებს.
ზაფხულში სულ მოკლე კაბა მაცვია, ზამთარში კი - რაღაც განსაკუთრებულ დღეს უკავშირდება. ფერი?
ვფიქრობ, კოკო შანელის ლეგენდარული მოკლე, შავი კაბა ყველაზე ელეგანტური და განსაკუთრებულია.“

დინი ვირსალაძე მუსიკოსი

„მოკლე კაბა ჩემთვის მრავალფეროვნების გამოხატველი სამოსია. უფრო მეტი მოკლე კაბა მაქვს, ვიდრე გრძელი. არ ვგულისხმობ მინის. უბრალოდ, მუხლი… ოდნავ ჩანს. დაკვრის დროს მოსახერხებელია. როცა ჩოგბურთზე დავდიოდი, იქ, შესაბამისად, ძალიან მოკლე კაბა მეცვა. განსაკუთრებული კომპლიმენტები? ეს, ალბათ, მაინც საზაფხულო მოკლე კაბას ახლავს თან.“

ნანუკა მჟავანაძე
ოფის - მენეჯერი

„მოკლე კაბა ინდივიდუალობის და სითამამის გამომხატველია, რაც გადაწყვეტილების მიღებაზე, თავისთავად, პოზიტიურ გავლენას ახდენს. ეს ჩემს შემთხვევაში არსებითია. საერთოდ, თუ ბიზნესის მენეჯმენტზე ვსაუბრობთ, აქ მთავარი სითამამეა, გადაწყვეტილება კი - ახალი და ცოტაც შემოქმედებითი უნდა იყოს.
ასე რომ, ყველა შემთხვევაში, მოკლე კაბა ეს არის სივრცე დიდი ნაბიჯისათვის და… მოძრაობის თავისუფლება.…“

დაბო იჯიატუ
(გვინეა) მოდელი

„აფრიკაში მოკლე ქვედაბოლო ძალიან პოპულარულია. რაც მთავარია, ტანის მოყვანილობა, მაღალი ფეხები და კანის ფერი გოგონებს ამაში ხელს უწყობს.
გვაქვს განსაკუთრებული აფრიკული სამოსი - პანუ. ეს არის ხის ქერქისაგან დამზადებული მოკლე ქვედაბოლო, რომელსაც დღესასწაულებზე ვიცვამთ ხოლმე.“

მაიკო მელიქიძე ავიაკომპანია „თბილავიამშენის“ ბორტგამყოლი

„ავიაციის ფერებია ცისფერი და ლურჯი. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ავია-ფორმებში ეს ფერები და ტონალობები დომინირებს. თუმცა რადიკალური გამონაკლისებიც არსებობს, რაც დიდ ეფექტს ახდენს აეროდრომზეც და თვითმფრინავშიც.
ვთვლი, რომ, ზოგადად, მოკლე კაბა ქალის იდეალური სამოსია და თუკი ფიზიკური მონაცემები ხელს გიწყობს, აუცილებლად უნდა ატარო. აქ ქალურობის და სინატიფის შტრიხებია ხაზგასმული.
ჩემს შემთხვევაში, როცა პროფესია კარგად გაქვს გააზრებული, იმ შტრიხებს და ხასიათს იჭერ, რასაც თამაშის წესი მოითხოვს. ცხოვრება თამაშია, ბორტგამყოლის პროფესიაც თამაშია: იღიმი, თავს იკატუნებ, ვიღაცას აწყნარებ...
თუ საკუთარ თავს განაწყობ და გაითავისებ, რომ ბორტგამცილებელი ხარ და მგზავრისთვის შენი გარეგნობა მისაღები უნდა იყოს, შენი ფორმა შენვე მოგანიჭებს სიამოვნებას.“

![]() |
8 ილია |
▲back to top |
ანა კორძაია-სამადაშვილი


სერიიდან: SYSTEM DECLARATION
ნათლიდედა ეკადასის ვუამბე, ქუჩაში კაცი შემხვდა და ძალიან მომეწონა-მეთქი. ვინ? აბა, მე რა ვიცი. მერე? არც არაფერი. ჩაიარა, ერთი შემომხედა - სამწუხაროდ, გულგრილად და გზა განაგრძო. მერე? არაფერი. ძალიან მომეწონა-მეთქი. ეკადასიმ ბევრი იცინა. ეგ იყო და ეგ.
გამოხდა ხანი და ზემოხსენებულ ეკადასისთან ერთად მოსეირნემ, კვლავ იმ კაცს მოვკარი თვალი. ესაა! რომელი? აი, ეს! გოგო, აყვირდა ეკადასი, ეს ხომ ილიაა, ჩვენი სულიერი ძმა!
ასე გავიცანი ილია ზაუტაშვილი, უგრა სინდჰუ - მიზეზთა ოკეანე.
დასაწყისი
ძვირფასო მკითხველო! თუკი იმდენად ახალგაზრდა ბრძანდები, რომ 80-იანი წლების საქართველო არ გახსოვს, გიამბობ, ხოლო თუ ოდესმე მაინც საბჭოთა კავშირის მოქალაქე ყოფილხარ, გაგახსენებ, რომ ეს დიდი სტაგნაციის პერიოდი იყო. ჩემი ნაამბობის გმირის, მხატვარ ილია ზაუტაშვილის თქმით, ეს სტაგნაცია არამარტო სისტემაზე, არამედ მთელს საზოგადოებასა და მის ცალკეულ წევრებზეც ვრცელდებოდა. ისინი, ვინც დასავლეთის ქვეყნებში გაქცევას არ გეგმავდნენ, უბრალოდ შეეგუენ იმას, რაც ჰქონდათ, და თუმცა გრძნობდნენ, რომ ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გასტანდა, მაინცდამაინც ენთუზიაზმით არც ნგრევის პროცესს ხვდებოდნენ - ზუსტად იცოდნენ, რომ ნგრევას მრავალი უბედურება მოჰყვებოდა.
მაგრამ საქართველოში მაინც არსებობდა ერთი დიდი სუბკულტურა, მრავალი ცნების მომცველი: დასავლეთთან შედარებით დაგვიანებით, მაგრამ შეუდარებლად უფრო სუფთა სახით აგორებული ჰიპების მოძრაობა, როკი, აღმოსავლური სწავლებები - ამ უკანასკნელთა ფართო გავრცელებას სწორედ ზემოაღნიშნულ მოძრაობას უნდა ვუმადლოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ორიენტალისტების ნაკლებობას არც მანამდე განვიცდიდით. შეგახსენებთ - ან მოგახსენებთ, რომ იმხანად საზოგადოება დღევანდელივით ისტერიულად პოლიტიზებული არ ყოფილა, და არც რელიგიურობას ჰქონდა ექსტრემალური ხასიათი. შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის მიუღებელი არაფერი იყო, ისინი მშვიდად ინელებდნენ ანთროპოსოფთა წიაღსვლებს თუ მართლმადიდებლურ დოგმებს, სულ სხვანაირი, არანორმირებული და არადოგმატური თავისუფლება უნდოდათ.
შემთხვევითი არაა, რომ იმხანად ლევან ბაგდინოვის, მართლაც იოგისა და აღმოსავლური ფილოსოფიის მრავალი სკოლის დიდებული მცოდნის სახლში ამავე სფეროებში ჩაღრმავებული მხატვარი ილია ზაუტაშვილი ხან რუდოლფ შტაინერის ნაშრომების შესახებ მოსაუბრე ზვიად გამსახურდიას ხვდებოდა და ხანაც გრძელთმიან, გზების მტვრით დაფარულ, მოულოდნელად განათლებულ ჰიპებს. ილიას თქმით, ამ ერთი შეხედვით ეკლექტურ წრეს სხვადასხვა სახის შიშები არ ახასიათებდა და არც თავად ილიას ეშინოდა, არც შარლატანების მიერ თავსმოხვეული სისულელეების და არც დიდი საბჭოთა კავშირის.
ეს უშიშრობა არა პათეტიკური ან გმირული სულისკვეთებით გამსჭვალული, არამედ ძვალ-რბილში გამჯდარი, თავისთავადი, მისი თაობისთვის საზოგადოდ იყო დამახასიათებელი. „ასეთებად გავჩნდით. შეიძლება იმიტომ, რომ ვგრძნობდით - საზოგადოებრივი წყობა დამპალი და გამოფიტული იყო, რომ ის, რითაც გვაშინებდნენ, კორუმპირებული და ძირგამოთხრილი, ბოლო წუთებს ითვლიდა. მაგრამ ასეთი გულგრილობაც ცუდი იყო, დეპრესიული. ამან ცალკე გაგვრყვნა“.


ერთხელ ის, გრძელთმიანი, „როლინგ სთოუნზის“ მოყვარული, ბორჯომში იყო. რესტორანში უცნაური კაცები მოლაგდნენ, როგორც გაირკვა, დიდ-დიდი თანამდებობის პირები, და მათ ერთი ცნობილი ქართველი პოეტიც ახლდა, ლექსებით და მოსწრებული სიტყვა-პასუხით ართობდა ბატონებს. „დამცინეს, შენ რა გგონია, ერთი ხელი რომ ავიქნიოთ, მიკ ჯაგერი ჩვენთვის დაუკრავსო…“ - ჰყვება ილია. „ახლა საბჭოთა პათოსიდან ეროვნულ პათოსზე გადავედით - და პირიქით. რა განსხვავებაა“.
არანაირი. დეპრესიაა.
ამ ფონზე, ერთ დღეს ილიას მეგობარმა, გია ეძგვერაძემ (მხატვარი გახლავთ, მაგრამ ვშიშობ, ეს დაზუსტება ზედმეტია, ისედაც ყველამ ვიცით - ა.კ.ს.) დაურეკა და დაპატიჟა, რა საქმეზე - დიდად ვერ ჩამოაყალიბა, მხოლოდ ის თქვა, რომ მასთან სტუმრად რიგიდან ჩამოსული ბესო ბაქრაძე და მისი მეუღლე ანუშკა იყვნენ.
ვინ არის ვაიშნავი? ვაიშნავი ისაა, ვინც ვიშნუს ეთაყვანება,
უფლის ერთგული მსახური გახლავთ.
ვაიშნავობა არცთუ იოლი საქმეა: მატერიალურ სამყაროში ადამიანს იოლად ავიწყდება, რომ ის სხეული კი არა, სულია, და ამის გამო, თავისი გრძნობების დაკმაყოფილების გარდა, არაფერზე ფიქრობს: იბადება, ჭამს, ძინავს, მრავლდება, თავს იცავს და… მორჩა. ვაიშნავმა კი იცის, რომ მატერიალურ სამყაროსთან მხოლოდ სხეული აკავშირებს, სინამდვილეში კი მარადიულია, ნეტარი და ცოდნით აღსავსე. ვაიშნავს დაბადების, ავადმყოფობის, სიბერისა და სიკვდილის არ ეშინია, ის მუდამ უფლის სამსახურშია და არასოდეს არავისთვის არ მოაქვს ზიანი.
ბესო და ანუშკა ვაიშნავები იყვნენ. მათთვის, ვისაც ეს ნაკლებად აღელვებდათ, ბესო მუსიკოსი იყო, საქართველოდან გამგზავრებამდეც უკრავდა გიტარაზე, რიგაში კი ნამდვილ ოსტატობას მიაღწია და კრიშნას ცნობიერებასაც ეზიარა.

სერიიდან: DOUBLE BOTTOM
გია ეძგვერაძესთან მისული ილიას პირველი რეაქცია ცალსახად ნეგატიური იყო - ბესოს მონაყოლი ამერიკული ტიპის ქადაგებად ჩათვალა. თუმცა სულ მალე, იმის შემდეგ, რაც სათანადო ლიტერატურას ჩაუჯდა, მიხვდა, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე. „მივხვდი, რომ ეს ნამდვილად გზაა, თუმცა ყველასათვის მისაღები ვერ იქნება. არ შეიძლება, ყველამ „ჰარე კრიშნა“ იმღეროს. თან რთულიცაა, არჩევანი უნდა გააკეთო: ან მხატვარი ხარ, ან ვაიშნავი; ან მუსიკოსი ხარ, ან ვაიშნავი. ერთად არ გამოდის…“
მაგრამ მაშინ ყველაფერი გამოდიოდა: თავყრილობები და ერთობლივი ლოცვა, საგალობლები, გემრიელი კერძები და, რაც მთავარია, გადაწყვეტილების სისწორის რწმენა, იმის ნეტარი განცდა, რომ მართლა მარადიული ხარ, ნეტარი და ცოდნით სავსე.
გია ეძგვერაძე, მიშა კობახიძე, ილია ზაუტაშვილი - და კიდევ მრავალნი. ისინი ხან ბინებში იკრიბებოდნენ, ხან მიშას მანქანით ქალაქგარეთ გადიოდნენ თავიანთი ღმერთის სადიდებლად. ერთხელ ლიძავაშიც ყოფილან, სადაც დილით, უთენია, მზის ამოსვლამდე ორი საათით ადრე, იმ დროს, რომელსაც ვაიშნავები ყველაზე კეთილ დროდ თვლიან და ლოცვისთვის საუკეთესოდ მიიჩნევენ, სანაპიროზე გადიოდნენ ხოლმე თავიანთი კრიალოსნებით. ერთმანეთისგან მოშორებით ჩამოსხდებოდნენ და იწყებდნენ მაჰამანტრის, ანუ დიდი მანტრის კითხვას, რომლის სიტყვებიც ძალიან იოლი დასამახსოვრებელია: „ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა, კრიშნა, ჰარე, ჰარე, ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა, რამა, ჰარე, ჰარე“…
ერთხელაც, ალიონზე, დაუდგენელი ნივთით, სინამდვილეში კი კრიალოსნით ხელში, სანაპიროზე უჩვეულო პოზაში ჩამომჯდარი ილია მესაზღვრეებმა შენიშნეს. „არ ვიცი, რა ეგონათ“ ჰყვება ილია. „ალბათ იფიქრეს, რომ ბუტბუტით ვინმეს რამე საიდუმლო ინფორმაციას გადავცემდი და კრიალოსანი რაღაც დანადგარი იყო. ერთი კია, რომ გონს რომ მოვეგე, ალყაში ვყავდი მოქცეული და იქით გიაც ასეთ დღეში ჰყავდათ: руки на голову და რაღაც ასეთები… მანტრის მერე ძნელად მივხვდი, საერთოდ, რა უნდოდათ. გული სიყვარულით მქონდა სავსე (იცინის). მერე ავუხსენი და შეგვეშვნენ, მტრებად არავის ჩავუთვლივართ, პირიქით, გვეუბნებოდნენ ხოლმე, ბიჭებო, ხომ არ გვემღერაო“.

ზოგჯერ მის მიერ მხიარულად, მაგრამ სრულიად სერიოზულად ნახსენებ სიყვარულს, სხვა, ნაკლებად სასიამოვნო განცდა ცვლიდა - ნაღველი, დიდი მარტოობა, „თუმცა მარტო ხომ არასოდეს ხარ“. მოძღვარი, გურუ, ლეგენდადქცეული ჰარიკეშა სვამი ვიშნუპადი შორსაა, სად - არც იცი, განდეგილია და სამ დღეზე დიდხანს არცერთ ადგილას არ ჩერდება, შენ კი მისი და უფლის სადიდებლად იცავ დანაწესებს, ალიონზე იღვიძებ, თექვსმეტგზის 108 მაჰამანტრას იმეორებ და უარს ამბობ ძალმომრეობაზე, ყოველგვარ გამაბრუებელ საშუალებებზე, აზარტულ თამაშებზე, სექსზე. ვაიშნავა რთული გზაა, ის ადამიანის არამარტო სულიერ, არამედ ფიზიკურ მდგომარეობასაც ცვლის და ამ გზაზე ყოველი საფეხური სულ უფრო რთული დასაძლევია.
„კიკეთში მარტო ავედი, ნოემბერში, თითქოს არავინ იყო ჩემს გარდა. მანტრას ვკითხულობ და ვგრძნობ, არ ვიცი, ხერხემლით თუ როგორ - უცხო ენერგია მოვიდა, უცხო ძალა, სულ სხვანაირი. ავდექი, ნაკადს გავყევი და ვხედავ: ნაცრისფერ მდელოზე ნისლია გაწოლილი და კარატისტები ვარჯიშობენ. ისინიც აქ იყვნენ, მაგრამ მე სულ სხვაგან ვიყავი…“
მერე ინიციაციის, მოსწავლედ კურთხევის დროც დადგა. ინიციაციის ცერემონიისთვის საჭირო ერბოს საყიდლად ილია მთაში ავიდა და იქიდან ჩამოტანილ ნადავლს კარგა ხანს მაცივარში ყინავდა. რიგიდან რამდენიმე საათის სავალში, რომელიღაც ხუტორზე, ილია ზაუტაშვილი უგრა სინდჰუ დასი, მიზეზთა ოკეანის მსახური გახდა, და მის მიერ ჩატანილი ერბოთი გაჩაღებულ ცეცხლში დაიწვა მანამდე მრავალი, მრავალი დაბადების განმავლობაში ჩადენილი ყველა ცოდვა.
საოცარი სანახავია ვაიშნავური ინიციაციის აქტი. ცეცხლი - ამბობენ, რომ ოდესღაც, უამრავი საუკუნის წინ, ამ ცეცხლს დიდი ბრაჰმანები სიტყვით ანთებდნენ; გურუ ალებს გამდნარ ერბოს ასხამს, ტკაცუნი, გიზგიზი, ყველაზე სუფთა და წარმტაცი, ცეცხლის ნახევარღმერთი აგნი კმაყოფილი გუგუნებს, მომავალი მოსწავლე კი პეშვით აყრის მარცვალს და აგნის მარადიულ მეუღლეს მოუხმობს შუამავლად: „სვაჰა!“

სერიიდან: GRAFICS, DRAWINGS, PAINTINGS

DREAMS
ორი ამბის დასასრული
ერთ მშვენიერ დღეს ილია ზაუტაშვილის სახლს არცთუ სასიამოვნო საზოგადოება მოადგა: მილიციონერი, პროკურატურის წარმომადგენელი და რამდენიმე ჩეკისტი. მათ ხელში ჩხრეკის ორდერი ჰქონდათ, მოსკოვში გაცემული. მათ ყველაფერი იცოდნენ ილიას ვინაობის, მისი გატაცებების, მისი ცხოვრების წესის შესახებ; იცოდნენ, როგორი ბინა ჰქონდათ, სად რა იდო - ბევრი ძებნა არ დასჭირვებიათ, რომ მოსკოველ მომთაბარე ფსევდოვაიშნავთა მიერ დატოვებული წიგნები მოენახათ. ერთი ისაა, რომ მეტს მიაგნეს, ვიდრე ელოდნენ - „რაც კი რამ самиздат იყო, ორუელის ჩათვლით, თეოსოფიური ლიტერატურა… მოკლედ, როგორც ეწერათ, ორდერი რელიგიურ-მისტიკური ანტისაბჭოთა ლიტერატურის ამოსაღებად ჩატარებული ჩხრეკისთვისაა განკუთვნილიო, ისე გამოუვიდათ ყველაფერი. ისე, მაგარი სიტყვათშეთანხმებაა, არა?“
უნდა ითქვას, რომ ცოტა ხანში ილიას წიგნების ძირითადი ნაწილი დაუბრუნეს და ძალიან გულითადად უთხრეს, ჩვენც შესანიშნავი ბიბლიოთეკა გვაქვს, შეგიძლია იარო, საშვსაც გამოგიწერთ, ზუსტად ისეთი წიგნებია, შენ რომ გაინტერესებსო. „მე რა. მე ხომ საერთოდ ფლეგმატური ადამიანი ვარ, ნორმალურად ვერაფერი მათქმევინეს. რა თქმა უნდა, არც იზოლატორში ჯდომა მინდოდა და არც ცემა, მაგრამ, როგორც გითხარი, არ მეშინოდა, იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგარი ვარ... მაგათთან რა მინდოდა, რა ბიბლიოთეკა?! დაკითხვებს კი არ მიტარებდნენ, მესაუბრებოდნენ, და ელაპარაკათ, რა მენაღვლებოდა“.
თითქოს არაფერი შეცვლილა. ილია კვლავ კითხულობდა თავის წიგნებს, კვლავ უყვარდა კრიშნა და კვლავ იცოდა, რომ სულია და არა სხეული. უბრალოდ, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირი გაწყვიტა - ისევე, როგორც შემდგომში მრავალმა ჩვენგანმა, ერთი შეხედვით, სულ სხვადასხვა, სინამდვილეში კი ერთი მიზეზით. „ასე, ჩემი გურუც აღარაა ორგანიზაციის წევრი. სოლიდარობა გამომიცხადა“, იცინის ილია. „ჰოდა, მეც ჩემს გურუს ვუცხადებ სოლიდარობას“.
ის კი, რასაც მისი თაობა გუმანით ხვდებოდა და სახელს ვერ არქმევდა, მართლაც დაიწყო: საბჭოთა კავშირი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლიდა. ილია დიდად არ აანალიზებდა, თუ რა ამბავი იყო მათ თავს, მხოლოდ რამდენიმე ფაქტმა მიახვედრა: რაღაც ძალიან შეიცვალა.
„პირველი მერცხალი“ იყო ვინმე კოტიკა ხომუტოვი, რომელიც თბილისში ჩამობრძანებულ მარგარეტ ტეტჩერს რუსთაველზე მკერდზე ჩამოკიდებული ტრანსპარანტით დახვდა: „მარგარეტ, მიშველე!“ - ცხადია, მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე. ეს იმ დროისთვის არნახულად თავხედური აქცია უამრავმა ტელევიზიამ გადასცა და კოტიკა ხომუტოვი დაიბარეს - სხვათა შორის, დაიბარეს, იქვე არ გაუქრიათ. რით უნდა გიშველოს ქალბატონმა მარგარეტმა, პატივცემულო?
კოტიკას მოთხოვნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მოითხოვდა ქალაქ თბილისში გურჯიევისეული ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის აღორძინებას, რომელიღაც სუფიური ორდენის ლეგალიზებას და სხვა და სხვა. ამის შედეგად, კოტიკა, მანამადე невыездной, არა ციმბირს მიღმა მხარეში, არამედ მისთვის საოცნებო ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა.
შემდგომ თავად ილიას მოუვიდა ელდა, როცა მოსკოვში, მხატვრის ცენტრალურ სახლში გასამართი გამოფენისთვის ნამუშევრები სთხოვეს, თან არა სამშობლოს მშვენების ამსახავი პეიზაჟები, არამედ „ის, რასაც აკეთებ“ - ის, რაც მანამდე ყოვლად მიუღებლად ითვლებოდა.
მასწავლებელი და ბიჭუნა
თავად ილიასთან არცთუ მცირეხნიანი ნაცნობობის ფონზე აღმოვაჩინე, რომ ამ კაცს მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, ერთი შესანიშნავი რამ ახასიათებს: მისთვის მიუღებელი თითქმის არაფერია, ის არასოდეს ამბობს აგრესიულ „არა“-ს. ილია ზაუტაშვილი ნებისმიერ სიახლეს მშვიდად ხვდება და ის, რასაც თავად ფლეგმატურობად თვლის, სინამდვილეში სიმშვიდეა - „რატომაც არა?“
მართლაც, რატომაც არ უნდა გავაკეთოთ რაღაც, რაც გვინდა და სხვას ზიანს არ მოუტანს? მაგალითად, რატომ არ უნდა დავწეროთ ჩვენს თავს დატრიალებული თითო სიყვარულის ამბავი და რატომ არ უნდა გამოვცეთ ეს ნამდვილი ამბები ერთ წიგნად - თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში ადამიანებს არამარტო პოლიტიკა და ფეხბურთი, არამედ ერთმანეთიც აინტერესებთ?
მაგრამ ამ შემოთავაზებაზე პასუხად ლაშა ბაქრაძემ და თქვენმა მონა-მორჩილმა ანამ ძალიან უცნაური პასუხები, ძირითადად, სწორედ ეს აგრესიული და დაუსაბუთებელი „არა“ მივიღეთ. როგორც ჩანს, ძალიან გვრცხვენია, რომ ვიღაც გვიყვარდა.
ილიამ კი ერთ სევდიან საღამოს გაზით გამთბარ სამზარეულოში გვიამბო, თუ რის დაწერას აპირებდა - სამწუხაროდ, აღარ დაწერა, რადგან კრებულს სულ სამი ავტორი ეყოლებოდა: ლაშა, ილია და მე, ეს კი, დამეთანხმებით, სირცხვილია;
ილიამ გვიამბო, როგორი ვნებათაღელვა ჰქონდა ოდესღაც, ვგონებ, 1968 წელს, მაშინ, როცა კომკავშირულმა აქტივმა გადაწყვიტა, საზოგადოების სამსახურში ჩაეყენებინა მავნე და საძაგელი როკი ჯგუფ „კონტრასტების“ სახით.
ძირითადად, ხუთნი უკრავდნენ ხოლმე: მიშა ფოფხაძე, რომელიც დღეს მღვდელი გახლავთ; ვოვა მოგელაძე, რომელიც ახლაც მაგრად უკრავს; ბას-გიტარისტი მალხაზ ჩახნაშვილი, პიანისტი თამაზ აფშილავა და ილია ზაუტაშვილი, დასარტყამი ინსტრუმენტები - ეს უკანასკნელი მაშინ გრძელთმიანი მოზარდი ბრძანდებოდა.
კონცერტებს სრულიად მოულოდნელ ადგილებში და მოულოდნელი საზოგადოებისთვის მართავდნენ, ვთქვათ, ელდეპოს ქარხნის მუშებისთვის, რომლებსაც შამპანურის ბოთლებითა და „კაზიონი“ ნამცხვრებით შემკულ მაგიდებთან ჯდომა და გაუგებარი მუსიკის სმენა ალბათ სულ არ უხაროდათ - ერთობ დემოკრატიული განწყობის მიუხედავად, „კონტრასტებს“ რეპერტუარი ვერაფრით შეაცვლევინეს.
ერთი კონცერტი ბარათაშვილის ხიდში გაიმართა. კონცერტს ახალგაზრდა ქალი ესწრებოდა. ახლა შეგვიძლია თქმა, რომ ახალგაზრდა იყო, თორემ მაშინ ათი წლით უფროსი გოგო არასრულოწლოვან ილიას დიდ ქალად ეჩვენა. ის დარბაზში იჯდა და დაჟინებით უყურებდა, კონცერტის დამთავრების შემდეგ დარბაზში დარჩა და „…არ ვიცი, როგორ ვთქვა კორექტულად, მოკლედ, იმ ღამეს სახლში არ მივსულვარ“.

სერიიდან: SILK SCREENS

ინსტალაცია: TOUCH...
ეს ამბავი კარგა ხანს გაგრძელდა - პატარა ბიჭის ვნებები და პროვინციაში მომუშავე მასწავლებელი ქალის ზეწოლა, მისი მართვის და მითვისების სურვილი. დიდხანს გაგრძელდა, მეტისმეტად დიდხანსაც კი. ამბის ფინალი კი ისეთივე აბსურდული იყო, როგორიც დასაწყისი: ავტობუსის გაჩერებამდე მასწავლებელთან ერთად მდგომი ილია უცებ მიხვდა, რომ მორჩა, დამთავრდა, და უკვე დაძრულ ავტობუსში უკანა კარიდან ახტა. კარი დაიხურა, ქალი გაჩერებაზე დარჩა, ილია წავიდა. “აღარასოდეს მინახავს. ისე, კარგი იყო - გამოცდილება. მასწავლებელი იყო. ერთხელ საუბარს შევესწარი, როგორ ფრთხილად უნდა მოექცნენ პატარა გოგოებს, რომ რამე ხიფათში არ აღმოჩნდნენ. ბიჭების საქმეც არაა ნაკლებად საფრთხილო. საერთოდ, მასწავლებლობა არაა ისე ადვილი, როგორც ჰგონიათ ხოლმე. ძალიან კორექტული უნდა იყო, რომ ადამიანი არ გატეხო”.
მიღება - დაბრუნება
საერთოდ, ილიას საათობით შეუძლია საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეიძლება ადამიანი, განსაკუთრებით კი მხატვარი, თავის თვითგამოხატვაში წავიდეს, რის ფასად უჯდება მას ასეთი საქციელი. „თუკი გიღებენ, რამე უნდა დაუბრუნო კიდეც საზოგადოებას. როცა არტისტი დესტრუქციაზე მიდის, ამას რამე პოზიტიურიც უნდა ახლდეს, სრული თავაშვებულობა თავისუფლებას არ ნიშნავს, ეს ყველასთვის საზიანოა“.
ილიამ ჯეფ კუნსის ამბავი მიამბო, ჩიჩოლინას სკანდალური გადაღებების ავტორისა. გინახავთ ეს ფოტოები? გულწრფელი პორნოგრაფიაა, ისევე, როგორც არაკის ყბადაღებული კატალოგი - მართალია, ამ უკანასკნელმა ის საზოგადოებრივ კონტექსტში ჩასვა და კონცეფციის თანახმად, სუპერმარკეტებში ჩამოარიგა, როგორც ჩვეულებრივი პროდუქტი, ისეთი, დიასახლისი სარეცხ ფხვნილთან ერთად რომ ჩაუძახებდა საყიდლების პარკში; ჰოდა, სანამ ზემოხსენებული ჯეფ კუნსი ჩიჩოლინას პორნოვარსკვლავად აქცევდა, მან ამ ქალბატონზე ჯვარი დაიწერა, თავის მეუღლედ გახადა, და შესაბამისად, საზოგადოებას მთლად გადარევის შანსი არ მისცა.
...ილიას შემოქმედებას, რომელიც სოცრეალიზმის ფონზე მიუღებლად და საზოგადოებისთვის საშიშად ითვლებოდა, დღეს მთელს მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, და თავად მხატვარი, როგორც ყოველთვის, ახლაც უამრავ რამეს აკეთებს: ის კურატორია; მუშაობს, როგორც მხატვარი, ექსპერტი; ხელოვნების ნაციონალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ, სულ მალე ჟურნალსაც გამოსცემს და თავის ნამუშევრებს გერმანიასა და შვეიცარიაში წარმოადგენს. მოკლედ, ილია ზაუტაშვილი არ იცვლება, ისევ ისეთია, როგორიც პირველად ვნახე: მშვიდი, საიმედო, კარგი ამბების მთხრობელი უგრა სინდჰუ, მიზეზთა ოკეანე.
„იცი, ერთ დღეს სიტყვაში EARTH - დედამიწა, სიტყვა ART - ხელოვნება აღმოვაჩინე. და მას მერე მივხვდი, რომ ძებნა საჭირო აღარაა. ისედაც აქაა“.
ისევე, როგორც მარადიულობა, ცოდნა და ნეტარება.
Don't Make a wish

სერიიდან: CHINA TOWN

სერიიდან: GRAFICS, DRAWINGS, PAINTINGS
![]() |
9 დათო ტურაშვილი. ესტონური ფოტომოთხრობები |
▲back to top |
სპეც-პროექტი
ფოტო: ბესო ხაინდრავა

გზა

ესტონეთში თვითმფრინავით ჩავედით, მაგრამ ტალინში გამგზავრებამდე, ესტონეთის ქართველ სპეციალისტს, ბატონ ვაჟა დურმიშიძეს თბილისში დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი, რისი გაგებაც წინასწარ მინდოდა ამ ქვეყნის შესახებ და ბოლოს, როცა ესტონელი ქალების შესახებაც შევაპარე სრულიად უწყინარი კითხვა, ბატონმა ვაჟამ ცივად, კატეგორიულად მიპასუხა: - არც იფიქრო, ცხენებივით არიან...
ამ უკანასკნელმა ინფორმაციამ განსაკუთრებით გამახარა, რადგან ცხენები ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ ცხენი (საერთოდ) ძალიან ლამაზია.
პირველი ცოცხალი ესტონელიც, რომელიც შემხვდა (უფრო სწორად, დამხვდა), ჩემს გვერდით სკამზე (ტალინისაკენ მიმავალ თვითმფრინავში), ეს მშვენიერი გოგონა იყო, რომელთანაც საერთო ენა (ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით) მაშინვე, აფრენისთანავე გამოვნახე. ეს საერთო ენა იყო ესპანური, რადგან იგი სევილიის უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა (შინისაკენ არდადეგებზე მიმავალი) და სანამ ჩვენი თვითმფრინავი ტალინის აეროპორტში დაეშვებოდა, რაღა გამაჩერებდა...
ხშირად ხდება, რომ ქვეყანასა და ხალხზე პირველწარმოდგენას სწორედ პირლშემხვედრი ქმნის შენს ცნობიერებაში და ალბათ ადვილი დასაჯერებელია, რომ სანამ ტალინში ჩავფრინდებოდი, ეს ქალაქი და ქვეყანა უკვე მიყვარდა...

დავლატოვის ტალინი
პირველი, რაც ტალინში ვნახეთ, კაფე „კაროლინა“ იყო, სადაც სერგეი დავლატოვი თავის მშვენიერ მოთხრობებს წერდა. კარგი ქალაქი და კარგი ქვეყანა კი სწორედ ის არის, სადაც კარგი მწერლები ცხოვრობენ.
ვისაც დავლატოვის ესტონური მოთხრობები უყვარს, ალბათ ჩემსავით უყვარს ტალინი და მათთვისაც ეს ქალაქი ძალიან თბილია, მიუხედავად იმისა, რომ ტალინი ცივი ქალაქია და ესტონეთი კი - ცივი ქვეყანა.
აქ ხშირად წვიმს და ცაც ტალინის თავზე, როგორც ვიმ ვენდერსი იტყოდა - საკმაოდ პესიმისტურია. თუმცა ყველგან არიან ადამიანები, რომელთა სითბოს გამოც, მაინც ოპტიმისტი ხარ და საერთოდ აღარ გეშინია სიცივის.
ტალინში სწორედ ასეთი ქართული ოჯახი ცხოვრობს და სწორედ მათი მონდომების გამო, ტალინის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველებმაც მივიღეთ მონაწილეობა. კონფერენცია ნაციონალური ბიბლიოთეკის დარბაზში მიმდინარეობდა, სადაც (როგორც ნებისმიერ საერთაშორისო კონფერენციაზე), განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში საქართველო მოექცა. სხვათა შორის, ჩემთვის (ისევე როგორც სხვა ქართველებისთვის), უცხოელების საქართველოთი დაინტერესება, საკმაოდ ადვილია და პირიქით - ძნელია საქართველოს ბედით ქართველი დააინტერესო…
კონფერენცია ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში მიმდინარეობდა და მისი დათვალიერებისთანავე, ჩვენთვის ნათელი გახდა, თუ როგორ ქვეყანას ვესტუმრეთ და როცა წიგნის მაღაზიებიც ვნახეთ, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ სწორედ წიგნისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს სახელმწიფოს რაობას. თუ ჩვენც გვსურს ისეთივე წარმატებულები ვიყოთ (ისეთ მოკლე დროში), როგორც ეს ესტონელებმა შეძლეს, ბორბლისა და ველოსიპედის თავიდან გამოგონება არც გვჭირდება და შეგვიძლია მათი გამოცდილება, უბრალოდ, გავიზიაროთ. კონფერენცია კი (პირადად ჩემთვის), ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ტალინისა და ესტონეთის ნახვაც ძალიან მინდოდა (მრავალი მიზეზის გამო) და მაკა სახეჩიძესა და რატი სამხარაძეს (ვისი მონდომების გარეშეც, ზემო თქმულს ვერ შევძლებდით), მადლობა გვინდა ვუთხრათ…
VABADUS
...ეს სიტყვა თავისუფლებას ნიშნავს და თავისუფლების მნიშვნელობა კი ესტონელებმა ისე კარგად იციან, რომ სხვისი თავისუფლებისთვისაც უბრძოლიათ და ის „სხვები“ 1919 წელს, ჩვენც ვიყავით. როცა დამოუკიდებელ საქართველოს დენიკინის არმიამ შემოუტია, საქართველოში მცხოვრები ესტონელები, ადვილად მიხვდნენ, რომ თეთრი და წითელი რუსეთი - ორივე საქართველოს მტერი იყო და გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან ერთად, გამოუსწორებელ ოკუპანტებს ტუაფსემდე სდიეს.
მაშინ, XX საუკუნის დასაწყისში, ესტონელები აფხაზეთში, მესხეთსა და ჯავახეთშიც ცხოვრობდნენ, მაგრამ XX საუკუნის ბოლოს, მხოლოდ აფხაზეთში იყო დარჩენილი რამდენიმე ესტონური სოფელი და ომის შემდეგ, ისინიც სამშობლოში დაბრუნდნენ.
პირველად კი ესტონელები საქართველოში, მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდნენ და მათ მობრძანებას პირველები ილია და აკაკი მიესალმნენ და მერე ნიკო ნიკოლაძემ სპეციალური წერილიც კი მიუძღვნა საქართველოს ესტონელებს.
ჩვენი სტუმრობა ტალინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა და 26 მაისი ქართულ სათვისტომოში, ქართველებთან ერთად, იმ ესტონელებმაც აღნიშნეს, ვინც ცრემლის გარეშე ვერც იხსენებდა იმ მიწას, რომელმაც ისინი ერთი საუკუნით შეიფარა.
საქართველოში მაშინ ისინი ურმებითაც კი მოვიდნენ და გზა იყო იმდენად გრძელი, რომ 26 მაისს იმ ესტონელი კაცის ჩამომავლებიც გავიცანით, რომელიც XIX საუკუნეში ესტონეთიდან საქართველოსკენ მომავალ ურემზე გაჩნდა...
კონფერენციაზეც, სანამ ლიტერატურული და, საერთოდ, კულტურული ურთიერთობების შესახებ ვისაუბრებდი, უპირველესად მადლობა ვუთხარი მასპინძლებს დახმარებისათვის, რომელიც ჩვენ მათგან გვახსოვს და არასოდეს დაგვავიწყდება. მით უმეტეს, საუკუნის მანძილზე, სხვებისაგან განსხვავებით, საქართველოში მცხოვრებ ესტონელებს, ჩვენთვის არავითარი პრობლემები არ შეუქმნიათ. პირიქით - მათი ცხოვრების წესი და აყვავებული ეზოები, მშვენიერი გაკვეთილი იყო ჩვენთვის, შრომის კულტურის შესასწავლად. მართალია ჩვენ ცუდი მოსწავლეები გამოვდექით, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია და არა ესტონელების...


პინგვინი
საბჭოთა კავშირში ასეთი სახელწოდების ორი კაფე არსებობდა: ერთი სოხუმში, მეორე კი - ტალინში, სადაც იტალიური ნაყინი იყიდებოდა სპეციალური დანადგარიდან ჩამოსხმულ ჭიქებში და ეს იტალიური დანადგარი სოხუმში ომიკ ლოლუამ და ამირან გაგუამ 1987 წელს ჩამოიტანეს. სპეციალურად იმ დანადგარის ინსტრუქციის წაკითხვის მიზნით კი, იტალიური ენა შეისწავლა იმ დროს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა ალეკო სარალიძემ, რომელიც შემდგომ, კაფე „პინგვინში“ (ლექციებისაგან თავისუფალ დროს) ომახიანად მოუწოდებდა სოხუმის მოსახლეობას იტალიური ნაყინის დაგემოვნებისაკენ. თუმცა სოხუმში ხალხს მაინცდამაინც არ სჭირდებოდა რეკლამა „პინგვინში“ სტუმრობისთვის, რადგან კაფე „პინგვინი“ ომის დაწყებამდე, სოხუმელების უსაყვარლესი ბირჟა იყო და იტალიური ნაყინი კი, სულიერი თუ არა, გასტრონომიული ხიდი მაინც იყო საბჭოთა სოხუმსა და დანარჩენ კაცობრიობას შორის.
დაახლოებით იმავე პერიოდში (გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში), ნაყინის ჩამომსხმელი (იტალიური) დანადგარი გაჩნდა ტალინშიც, თუმცა ტალინი (და ესტონეთი), იტალიური ნაყინის გარეშეც, მთელს საბჭოთა კავშირში ისედაც ყველაზე ევროპული სივრცე იყო და, მგონი, ამიტომაც ეტანებოდა ასეთი მონდომებით ჩვენი მშობლების თაობა სწორედ ტალინს.
ამჟამად რატუშის მოედანზე, კაფე „პინგვინი“ აღარ არსებობს, თუმცა იქაური ნაყინის გემო დღემდე ახსოვთ ქართველ ქალებს და მათ შორის მაკა სახეჩიძესაც; ან კი როგორ დაავიწყდება, როცა გამიჯნურების გარიჟრაჟზე, შეყვარებულმა რატი სამხარაძემ ტალინში ჩამოსხმული იტალიური ნაყინი საქართველოში თერმოსით ჩამოუტანა...
ჩემს ძვირფას ცოლსაც, სტუდენტობის დროს ტალინში ექსკურსიაზე ნამყოფს, მშვენივრად ახსოვს იმ ლეგენდარული ნაყინის გემო და მეც სიამოვნებით ჩამოვუტანდი ტალინიდან თერმოსით „პინგვინის“ ნაყინს, „პინგვინი“ რომ არ გაეუქმებინათ. მერე რა, რომ არ დამიფასებდა თერმოსის თრევას ორი გამოცვლილი თვითმფრინავით თბილისამდე. მე ხომ დანამდვილებით მეცოდინებოდა, რომ სიყვარულის გამო, მადლობას არავინ გეტყვის, არც უნდა გინდოდეს და არც უნდა ელოდე...

საიდან იწყება სამშობლო
ჩვენს ბავშვობაში ასეთი შინაარსის სიმღერაც კი არსებობდა, სადაც ამ შეკითხვას უამრავი პასუხი ჰქონდა, მაგრამ როგორც მომეჩვენა, ესტონელებისთვის სამშობლო ტუალეტიდან იწყება. მეტიც - მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში, საერთოდ, დიზაინის ნამდვილი ბუმია, განსაკუთრებული ყურადღება მაინც ტუალეტებს ექცევა და, პირადად, მართლა არსად შემხვედრია ასეთი მონდომებითა და გემოვნებით შექმნილი ტუალეტები. ჩვენთან არათუ ტუალეტის, ნებისმიერი შენობის, მით უმეტეს საკუთარი სახლის აშენებისას, არავის ახსენდება, რომ დიზაინერი ისეთივე საჭირო პროფესიაა, როგორც ექიმი ან მასწავლებელი, რადგან ჩვენში დიზაინერს ისევე უყურებენ, როგორც „პრარაბს“. ყველაზე ხშირ შემთხვევაში კი, ვთვლით, რომ დიზაინისა ისედაც ყველას ყველაფერი გაგვეგება და ამ პროფესიის ადამიანები, უბრალოდ, არ გვჭირდება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო მაუწყებლობის პირველი არხი საზოგადოებრივი ტელევიზია უნდა გახდეს და ჟურნალისტებმა მეც არაერთხელ მკითხეს (თუ ჩემის აზრით), პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს ტელევიზიაში, რომ იგი უკეთესი იყოს. რამდენჯერმე მომმართეს ამ კითხვით და რამდენჯერმე ვუპასუხე, მაგრამ ჩემი პასუხი არცერთხელ არ გაუშვიათ ტელევიზიით. ჩემი პასუხი კი მარტივია: პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს ტუალეტები, რადგან ჩემი თვალით მინახავს ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც დერეფანში მიდი-მოდიან და სიმწრისაგან სასოწარკვეთილები, ტუალეტში მაინც ვერ შედიან, რადგან შესვლისთანავე, იქ დაგროვილი განავალი შეიძლება მუხლამდე შემოგწვდეს და თუ დროულად ვერ მოისაქმებ, წელამდეც ამოგაჩოჩდება. კაცებს ვგულისხმობ, თორემ ქალები იმთავითვე განწირულნი არიან და ტუალეტში რომ ვერ შედის ათას ხუთასი ადამიანი, რომელ მათგანს შეიძლება მოვთხოვოთ გადაცემის დონე და ხარისხი?...
ზემოთქმულის შესახებ არაერთხელ შევჩივლე ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც და მათი განმარტებით, ტუალეტები პერიოდულად კი უმჯობესდება, მაგრამ მაინც ისვრება და რემონტის ხარჯი, სამწუხაროდ, ამაო და ფუჭია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანები ტუალეტით სარგებლობას ვერ გადაეჩვევიან და ისევ უკეთესი და ლოგიკური იქნება, რომ ტუალეტის კულტურას მივეჩვიოთ. როგორც ჩანს, ასეთი კულტურაც არსებობს. ტელევიზიის ხელმძღვანელობაც არაფერ შუაშია და კულტურა მხოლოდ სვეტიცხოველს არ ნიშნავს...
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, როცა თბილისს დანიის მშვენიერი დედოფალი ესტუმრა და გორში, სტალინის მუზეუმის სანახავად წაიყვანეს, სადღაც იგოეთის ტეკთან, (ბოდიში მომითხოვია და) დედოფალმა მცირედმოსაქმება მოინდომა. მაშინდელი ცეკას ვერცერთმა მდივანმა ვერ მოისაზრა, რა უნდა ექნათ, გარდა ერთისა, რომელმაც თქვა - სხვა გზით დავაბრუნოთ თბილისში, ვაიდა, გორშიც შევრცხვეთო და ასეც მოიქცნენ - დედოფალი თბილისში დააბრუნეს, როგორც ერთ-ერთ გზად შემხვედრ ქალაქში და ცეკას შენობაში, ერთადერთ წკრიალა ტუალეტში, სულგრძელად მიიპატიჟეს.
მგონი, თბილისში ახლაც ერთადერთი სუფთა საზოგადოებრივი ტუალეტია...
MUSI MAGI
ესტონეთში მთები არ არის და რასაც ესტონელები მთას ეძახიან, ასეთ შემაღლებას ქართველები გორასაც ვერ ვუწოდებთ. ხოლო რაც ესტონელისთვის გორაა, ქართველმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს, ისე გადაიაროს.
თუმცა შუაგულ ტალინში მაინც არის ერთი გორა, რომელსაც ეთნიური კუთვნილების მიუხედავად, აუცილებლად აღმოაჩენს ნებისმიერი ადამიანი და მას „კოცნის გორა“ კი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ოდნავ შემაღლებული ადგილია, სადაც წყვილები სხედან ან დგანან და ერთმანეთს კოცნიან. შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან დღისით თუ ღამით, ყველას თვალწინ და ყველას დასანახად და არავინ ამბობს, რომ საჯაროდ კოცნა უზრდელობაა, ესტონეთში არავინ ფიქრობს, რომ სიყვარული სამარცხვინოა...
ჩვენთან კი პირიქითაა - სიყვარული ითვლება სამარცხვინოდ და არა სიძულვილი: თბილისში, ქუჩაში, დღისით შეყვარებულმა ბიჭმა რომ გოგოს ტუჩებში აკოცოს, მას აუცილებლად გაკიცხავენ, მაგრამ იმავე ბიჭმა, იმავე ქუჩაზე უდანაშაულო კაცი რომ მოკლას დღისით, ასევე ყველას თვალწინ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი მაინც, მას გმირივით მიიღებს, „ტუსოვკებზეც“ პატივისცემით მოიკითხავენ და სუფრებზეც ადღეგრძელებენ დიდი, საგვარეულო ყანწებით...
მიზეზი არ ვიცოდი, მაგრამ კოცნა და სიყვარული ჩვენთან რომ სირცხვილი იყო, ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოვაჩინე, როცა მეგობრებთან ერთად კუს ტბის მისადგომებთან (ტყეში „ინდიელობანას“ თამაშისას), ჩახუტებულ კაცსა და ქალს წავაწყდით. კი ვიფიქრე: ესენი თუ კარგი საქმით არიან დაკავებულები, ხეებს რატომ ეფარებიან-მეთქი, მაგრამ მაშინ რა ვიცოდი, რომ როცა უფროსკლასელი გავხდებოდი, მეც ამ ხეების მოსაძებნად, ამავე ბილიკების გავლა მომიწევდა...
ამ ბილიკიდან ფართო გზაზე გასვლა, იქ, სადაც სიყვარულის რცხვენიათ და ეშინიათ, ძალიან ძნელია...


პატრიოტიზმი
ტალინის მთავარ მოედანზე, რატუშის წინ, ოდესღაც ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ, როგორც წესი, ღალატისათვის. ღალატი იმდენი არსებობს, რამდენიც მოღალატე და ჩვენ ვცდილობთ, არ ვიყოთ მოღალატეები. მეტიც - ჩვენ გვინდა ვიყოთ პატრიოტები, ოღონდ პატრიოტიზმის ჩვენებური გაგება საკმაოდ განსხვავდება ევროპული, ამ შემთხვევაში ესტონური გაგებისაგან და ტალინში, რატუშის მოედანზე, ამ განსხვავებას საკმაოდ ადვილად აღმოაჩენთ. ჩვენი პატრიოტიზმი, როგორც წესი, სადღეგრძელოებში გამოიხატება და ჩვენი ღრმა რწმენით, პატრიოტია ის, ვინც საქართველოს სადღეგრძელოს ომახიანად ამბობს, მერე თვრება და კოცნის იმ კაცს, რომელიც გვერდით უზის...
მსოფლიოში არ არის ქვეყანა და ქალაქი, სადაც იმდენი სასიყვარულო ლექსი და პოემა დაუწერიათ მშობლიურ ქალაქსა და ქვეყანაზე, რამდენიც ჩვენ - თბილისსა და საქართველოზე, მაგრამ ისეთი ქალაქი და ქვეყანაც ძნელი მოსაძებნია, სადაც ასე სასტიკად ექცევიან მშობლიურ ქალაქსა და ქვეყანას.
ესტონელები საერთოდ არ ლაპარაკობენ პატრიოტიზმზე და აქ არავინ გეტყვის, რომ პატრიოტია, მას ურჩევნია თავისი საქმე გააკეთოს კარგად, აღასრულოს პროფესიული მოვალეობა, იშრომოს და ეს მისთვის არის კიდეც პატრიოტიზმი. ესტონელები არ საუბრობენ პატრიოტიზმზე და უხმაუროდ ლოკავენ ტალინის ქუჩებს და უვლიან საკუთარ ქვეყანას, ისე რომ მათი წარმატებები ნებისმიერ სფეროში, ასეთ მოკლე დროში, უბრალოდ, დაუჯერებელია...
საქართველოში ამბობენ, რომ ესტონეთი ისედაც (საბჭოთა პერიოდშიც), ევროპული ქვეყანა იყო და მართალსაც ამბობენ, მაგრამ ეს ჩვენთვის შეღავათი არ არის და არც იმას ნიშნავს, რომ საბჭოურ ცნობიერებაზე უარი ამიტომაც არ უნდა ვთქვათ. ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოშიც კი შეიძლება მენტალური ცვლილებები მოხდეს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, თუ ჩვენ მოვინდომებთ...
სხვათა შორის, არის მეცნიერული ვერსია, რომლის თანახმადაც, ყივჩაღები ეკუთვნოდნენ იმ თურქმანულ მოდგმას, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ევროპაში და მოგვიანებით შექმნეს უნგრო-ფინური ეთნო-ლინგვისტური ჯგუფი. ესტონელებიც სწორედ ამ ჯგუფს ეკუთვნიან და თუ ყივჩაღების წარმოშობის ეს ვერსია მართალია, მაშინ გამოდის, რომ რაღაც დოზით, ესტონელებს ქართველებიც ვენათესავებით და იქნებ ეს (თუნდაც შორეული შეხება), სახელმწიფოს შექმნაში ახლა მაინც დაგვეხმაროს...

პეგასი
ესტონეთში, რამაც სასიამოვნოდ გაგვაკვირვა, გოგი ძოძუაშვილის პოპულარობა იყო და მის მშვენიერ მუსიკას თითქმის ყველა რადიოსადგური ატრიალებს, რომელსაც ახალი თაობის მსმენელი ჰყავს. ასევე ვნახეთ ადამიანები, ვინც ნიკა მაჩაიძის შემოქმედებასაც იცნობს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ელექტრონული მუსიკის მსოფლიო კონკურსში გაიმარჯვა და ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველოში დენი საერთოდ არ იყო. უცნაურია, მაგრამ ეს ფაქტია და ისიც ფაქტია, რომ მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ და ყველაზე მეტად კი, ამ ნიჭის ორგანიზებულად, სწორად წარმართვა და გამოყენება გვიჭირს. გვიჭირს კონფორმიზმზე უარის თქმაც და ხშირად ისეთი კომფორმისტები ვართ, რომ ერთმანეთსაც ვერ ვუმხელთ და ერთმანეთისთვის თვალის გასწორებაც გვიჭირს, განსხვავებით (თუნდაც) ესტონელებისაგან, რომლებიც ჭიქების მიჭახუნებისას, თვალებში უყურებენ ერთმანეთს და ვერც წარმოუდგენიათ, რომ ტყუილიც მოსულა. (ამ მხრივ (და არა მხოლოდ), ესტონელები მართლა ჰგვანან სვანებს და როგორ არ შევიყვარებდი მათ მაშინვე, ჩასვლისთანავე)...
ჩვენი კონფორმიზმის ერთი თვალსაჩინო მაგალითი დღემდე არსებობს ტალინში და მას კაფე „პეგასი“ ჰქვია - აქ, ესტონეთის მწერალთა კავშირის ამ კაფეში, მთელი საბჭოთა ოკუპაციის განმავლობაში, ესტონელი მწერლები იკრიბებოდნენ და ხმამაღლა ფიქრობდნენ ესტონეთის გათავისუფლების გეგმებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ კლავდნენ, აპატიმრებდნენ ან, უბრალოდ, წიგნებს არ უბეჭდავდნენ. მხოლოდ 1991 წლის შემდეგ (დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე), საბჭოთა პერიოდში აკრძალული, უამრავი ესტონური წიგნი გამოქვეყნდა, ჩვენგან განსხვავებით. საქართველოში დღემდე არ აღმოჩნდა თუნდაც ერთი წიგნი, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიწერა და საბჭოთა ცენზურამ მხოლოდ იმიტომ აკრძალა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეოლოგიას...
სხვათა შორის, ეს ხალხი დღესაც გვმოძღვრავს და მორალსაც ხმამაღლა გვიკითხავს ზნეობრივი იდეალების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათ გვასწავლეს და მიგვაჩვიეს შეგუებას მაშინაც კი, როცა შეგუება შეუძლებელია...
საქართველოში შეუძლებელია ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ლუსტრაციის გარეშე, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების ამდენი აგენტი ასეთი ხალისით მოღვაწეობს და ჩვენს პარლამენტს კი ლუსტრაციის კანონის მიღება არათუ არ ეჩქარება, არც სურს, ესტონელებისაგან განსხვავებით. ესტონეთის პარლამენტმა კი, ესტონეთის ტერიტორიაზე, „მატრიოშკების“ გაყიდვაც კი აკრძალა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშო, რუსული აგიტაციისა და პროპაგანდის იარაღიც არის...
შეიძლება ზემოთქმული გადაჭარბებული და ღიმილისმომგვრელიც კი იყოს, მაგრამ თუ ესტონეთს ესტუმრებით, ადვილად დარწმუნდებით, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათ ზუსტად იციან, რა სჭირდება სახელმწიფოს შექმნას და ალბათ ჩვენსავით შეგშურდებათ მათი...
ევროძროხები
ესტონეთი უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენი სუბიექტური დაკვირვებით, ევროკავშირში გაწევრიანება თვითონ ჩვენზე უფრო არის დამოკიდებული, ვიდრე ევრო-ჩინოვნიკებზე და ამ გზაზე, ჩვენთვის მთავარი დაბრკოლება და ბარიერი - ჩვენი შიშია.
ჩვენ გვეშინია, რომ ევროინტეგრაციის პირობებში, ჩვენ დავკარგავთ მთავარს, რაც განაპირობებს ჩვენს თვითმყოფადობას. ნებისმიერი შიშის საფუძველთა საფუძველი კი არასაკმარისი ცოდნაა და ასეც რომ არ იყოს, ჩვენი კონსერვატორული ბუნება და ხასიათი, ძნელად ეგუება უცნობ სიახლეს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სწორედ ევროპა არის სივრცე, სადაც ქვეყნებმა და ხალხებმა ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლეს საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება. ჩვენ კი გვეშინია, რომ როგორც კი მივუახლოვდებით ევროპას, მაშინვე აგვიკრძალავენ ხაჭაპურების ცხობას და წაგვართმევენ მართლმადიდებლობას. ასეთი მცდელობა (ორასი წლის მანძილზე), სხვა დამპყრობლებისგან განსხვავებით, მხოლოდ რუსებს ჰქონდათ საქართველოში და რაც მალე დავშორდებით მათ და მივუახლოვდებით ევროპას, უფრო სწრაფად შევძლებთ იმის გადარჩენასა და შენარჩუნებას, რაც ასე გვეძვირფასება.
არა რუსეთი ან ამერიკა, არამედ ევროპა და ეს ჩვენი ახალი არჩევანი კი არა, ძველი, დავით აღმაშენებლის გზაა, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ და ეს გზა კი, სახლში დაგვაბრუნებს - იქ, საიდანაც მოვდივართ და აღარ გვახსოვს, რომ მართლა უძველესი ევროპელები ვიყავით და ევროპა ჩვენი ძველი, დავიწყებული სახლია.
სახლში დაბრუნების კი, არ უნდა გვეშინოდეს, მით უმეტეს, რომ საყურეებს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ (როგორც გვაშინებენ), ჩვენ არავინ გაგვიკეთებს და თუ ოდესმე გვეღირსა ევროკავშირში გაწევრიანება, მათი მოთხოვნით, მხოლოდ ჩვენს ძროხებს ექნებათ საყურეები და ისიც - მძღოლების გასაფრთხილებლად.
ესტონეთი უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ესტონეთის ბედნიერ ძროხებს უკვე ფერადი, ღამითაც შესამჩნევი საყურეები ამშვენებთ…

ჰელლა მურრიკი
ვინც კარგად იცნობს მსოფლიო დრამატურგიის ისტორიას, მისთვის ნაცნობია ჰელლა მურრიკის სახელიც, ვისი პიესებიც მთელი მსოფლიოს თეატრების სცენებზე იდგმებოდა უდიდესი წარმატებით და დღესაც იდგმება. თუმცა მათთვისაც კი, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ამ შესანიშნავი მწერალი ქალის შემოქმედება, ალბათ უცნობია მისი ბიოგრაფიის ქართული ფურცელი, რომელიც ტარტუს უნივერსიტეტს უკავშირდება.
სწორედ ტარტუში სწავლის დროს შეუყვარდა ჰელლა მურრიკს ქართველი სტუდენტი გიორგი გელეიშვილი, რომელიც საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის წევრი იყო და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გელეიშვილსაც გაგიჟებით უყვარდა მშვენიერი ჰელლა მურიკი, მათი შეუღლება არ მოხდა. ქართველი სტუდენტი ტარტუში სწავლის დამთავრების შემდეგ, ჯერ შვეიცარიაში ცხოვრობდა, სადაც საქართველოს გათავისუფლების მიზნით, აქტიურად იღებდა მონაწილეობას იარაღის შეძენაში და შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე, გიორგი გელეიშვილი დააპატიმრეს და მხოლოდ 1917 წელს გაათავისუფლეს დათიკო ვაჩნაძის აქტიური ჩარევის შემდეგ, როცა რუსეთში ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა.
1918 წლიდან იგი ექიმად მუშაობდა ხევსურეთში და ხევსურებთან ერთად, 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. 1924 წლის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, მან საქართველო ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ერთად დატოვა და ოსმალეთში გადავიდა. ოსმალეთიდან მარსელში, საფრანგეთიდან გერმანიაში, ხოლო გერმანიის საპორტო ქალაქ კილიდან კი - ფინეთში, 1927 წელს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას მიმოწერა ჰქონდა ჰელლა მურრიკთან, რომელიც ტარტუს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფინეთში ცხოვრობდა, მაგრამ 1921 წელს მიმოწერა შეწყდა, გასაგები მიზეზების გამო. ყოველ შემთხვევაში, მას სჯეროდა, რომ უპასუხოდ გაგზავნილი წერილები საბჭოთა ხელისუფლების დამსახურება იყო, მაგრამ მხოლოდ ფინეთში ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მიმოწერის შეწყვეტა ჰელლა მურრიკის გათხოვებამ გამოიწვია, რომელსაც უკვე შვილიც ჰყავდა. თუმცა გიორგი გელეიშვილს უკან დასახევი თუ დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდა, როგორც ემიგრანტს და ფინეთის ხელისუფლებამ ქართველ ექიმს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
სამწუხაროდ, ვერ შევძელით იმის დადგენა, დაოჯახდა თუ არა ქართველი ემიგრანტი ფინეთში და ერთადერთი, რაც ვიცით, მისი გარდაცვალების დეტალებია. იგი 1939 წელს, ფინეთ-რუსეთის ომის დროს დაიღუპა, რომელშიც მოხალისედ მონაწილეობდა, რადგან უკვე სამოცს მიტანებული გიორგი გელეიშვილს ომში გაწვევა ასაკის გამო არ ეკუთვნოდა. თუმცა 1939 წელს ის მაინც იბრძოდა ფინეთის თავისუფლებისათვის, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის - მთელი სიცოცხლე…

ტარტუ
რომ არა ტარტუს უნივერსიტეტი, ალბათ არ იქნებოდა მეოცე საუკუნის დასაწყისის რენესანსი ქართულ კულტურასა და მეცნიერებაში და თუ ამ ეპოქის ამგვარი შეფასება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენება, შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ თუ რენესანსი არა, წინარენესანსული გარემო XX საუკუნის დასაწყისში, ქართულ მეცნიერებასა და ხელოვნებაში, ნამდვილად არსებობდა. ამ პირობების შექმნა კი, სხვებთან ერთად, ტარტუს უნივერსიტეტში განათლებამიღებულმა ქართველებმა შეძლეს, ვისი მიღწევებითაც (კულტურასა და მეცნიერებაში), დღევანდელი საქართველოც სამართლიანად ამაყობს. საკმარისია თუნდაც რამდენიმე სახელოვანი ქართველის ჩამოთვლა, ვინც ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა: ვახტანგ კოტეტიშვილი და კოტე ფოცხვერაშვილი, გრიგოლ რობაქიძე და სეით დევდარიანი, პეტრე ჭაბუკიანი და ვლადიმერ თოხაძე, ალექსანდრე შატილოვი და კონსტანტინე ერისთავი, მიხეილ აბრამიშვილი და სიმონ კანდელაკი…
XIX საუკუნის ბოლოს, ევროპის ამ ერთ-ერთ უძველეს და სახელოვან უნივერსიტეტში, ხუთასამდე ქართველი სტუდენტი ირიცხებოდა სხვადასხვა ფაკულტეტზე და პირველი ქართველი კი, ვინც ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ზურაბ აბდუშელაშვილი იყო. თუმცა, ქართველთაგან პირველი (რამდენიმე ათეული წლით ადრე), შესაძლებელია, ნიკოლოზ ბარათაშვილი ყოფილიყო და აკი ურჩევდა კიდეც მას ბიძამისი, გრიგოლ ორბელიანი, სწორედ ტარტუს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, მაგრამ მხოლოდ ურჩევდა ტარტუში სწავლას და ფინანსურ შეწევნასთან დაკავშირებით კი, სამწუხაროდ, დუმდა...
ყველა დანარჩენ სიკეთესთან ერთად, რუსეთისა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, ტარტუს უპირატესობა ქართველი სტუდენტებისთვის ნაკლები სიძვირითაც იყო გაპირობებული. ტარტუში სწავლა უფრო იაფი იყო, მაგრამ უნივერსიტეტის საფასურის გადახდას ქართველ სტუდენტთა ნაწილი მაინც ვერ ახერხებდა, გასაგები მიზეზების გამო და ამიტომაც მაშინდელი ქართული გაზეთები ხშირად მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას დახმარების თხოვნით. სტუდენტებს ეხმარებოდნენ არა მხოლოდ შეძლებული ადამიანები, არამედ ქართველი მსახიობებიც კი, რომლებიც სპეციალურ საღამოებსა და კონცერტებს მართავდნენ საქველმოქმედო მიზნებით. როგორც ჩანს, მაშინდელ ქართულ საზოგადოებას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული განათლებული ახალგაზრდობის აუცილებლობა და ზუსტად იცოდნენ, რომ სწავლაში დაბანდებული ფული ისეთი კაპიტალი იყო, რომელიც მათი ქვეყნისთვის მომავალში ყველაზე მნიშვნელოვან დივიდენდებს მოიტანდა. ასეთი ქართველები მრავლად იყვნენ მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში, მაგრამ ტარტუს უნივერსიტეტის არქივის ზოგიერთი მასალა, ერთი შეხედვით, სრულიად მოულოდნელ, დაუჯერებელ ამბებსაც ინახავს...

კარცერი
ტარტუს უნივერსიტეტი ერთადერთი იყო მთელს რუსეთის იმპერიაში, სადაც გერმანულ ენაზე ისწავლებოდა ნებისმიერი საგანი, მაგრამ რუსული იმპერიალიზმის ამ უჩვეულო ლიბერალიზმს სამაგალითოდ კონსერვატორული შინაგანაწესი ახლდა თან - ტარტუს უნივერსიტეტში კარცერი არსებობდა.
უნივერსიტეტის კარცერი არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ციხეებში ჰქონდათ, მაგრამ კარცერი მაინც კარცერია და თუ იქ ზიხარ, სტუდენტი კი არა, უკვე პატიმარი ხარ.
სტუდენტებს აპატიმრებდნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უნივერსიტეტის კანონების დარღვევისთვის და თუ დანაშაული მძიმე იყო, მაშინ სტუდენტ-პატიმარს საკმაოდ მკაცრად ექცეოდნენ - რამდენიმე დღის განმავლობაში აძლევდნენ მხოლოდ წყალსა და პურს. ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლებოდა დუელში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც ნებისმიერ სტუდენტს ტარტუს უნივერსიტეტის კარცერში სამი კვირა უნდა გაეტარებინა. შედარებით მსუბუქი, მხოლოდ რამდენიმედღიანი სასჯელი ელოდა მას, ვინც მოწევდა უნივერსიტეტის შენობაში, ან დაარღვევდა ღამის სიმშვიდეს საცხოვრებელ კორპუსში, ან შეურაცხყოფას მიაყენებდა ქალს, თუნდაც შემთხვევით...
ყველაზე მსუბუქად, მხოლოდ ორდღიანი პატიმრობით ისჯებოდნენ ისინი, ვინც ვალს არ იხდიდა, ბიბლიოთეკის წიგნს დროულად არ აბრუნებდა ან თეატრში, სპექტაკლის დროს, ზედმეტად ხმაურობდა...
სტუდენტობის დროს, ტარტუს უნივერსიტეტის კარცერში იჯდა შემდგომში ამავე უნივერსიტეტის ცნობილი რექტორი ფრიდრიხ პაროტიც, რომელიც ჩხუბისთვის დააპატიმრეს. 1819 წელს კარცერში ასევე იჯდა პირველი ესტონელი პოეტი კრისტიან პეტერსონი (შემდგომში ესტონური ლიტერატურის კლასიკოსი), ტარტუს ქუჩებში ღამით სეირნობის გამო. თუ ნამდვილად გასაკვირია (ჩვენთვის, ქართველებისთვის) ესტონური პოეზიის მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყება, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კარცერის საკმაოდ ხშირი „სტუმრები“ ტარტუს ქართველი სტუდენტებიც იყვნენ.
კარცერის დათვალიერებისას, გულმოდგინედ ვეძებეთ კიდეც ქართული წარწერები კარცერის კედლებზე, მაგრამ როგორც მასპინძლებმა აგვიხსნეს, ისინი ან დრომ წაშალა ან ესტონელ დამლაგებელთა შრომისმოყვარეობამ.
ისე, თუ ღამით გარეთ არ გახვედი და ცას არ ახედე, პოეტი როგორღა გახდები?..

ჟებოტა
ტარტუს უნივერსიტეტის ქართულ ისტორიაში სხვა ტრაგიკული ფურცელიც არსებობს და ის არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის მარადიულ თავგადასავალს უკავშირდება. ეს თავგადასავალი ან თვითონ არ გვანებებს თავს, ან ჩვენ ვერ ვეშვებით მას (უკვე მერამდენე საუკუნეა) და რაც მამუკა ხერხეულიძისაგან მანამდე ვიცოდი, მაინც მხოლოდ ერთი საშინელი ისტორია მეგონა და არა ჩვენი ისტორიის თანმდევი სევდა. მხოლოდ იქ, ტარტუს უნივერსიტეტის არქივებში აღმოვაჩინე, რომ რაც ახლა გვიშლის ხელს, მაშინაც და მანამდეც მთავარი პრობლემა იყო და შეიძლება მანამ იარსებოს, სანამ ჩვენ ვიარსებებთ.
პაპამისი და პაპამისის ძმაც, გიგო ხერხეულიძეც ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. გიგო უმცროსი იყო და ტარტუს ქართველ სტუდენტებს შორის, დოსტიც ჰყავდა - უახლოესი მეგობარი კიკნა ფშაველა, ახალგაზრდა პოეტი (გვარად ბადურაშვილი), რომელსაც წიგნიერი ქართული საზოგადოება უკვე იცნობდა. მიუხედავად ახლგაზრდული ასაკისა, გიგო ხერხეულიძესა და კიკნა ფშაველას პოეტური კრებულები (სამშობლოში) უკვე გამოცემული ჰქონდათ და უფროსი თაობის ქართველი პოეტები სწორედ ამ ორ ახალგაზრდას მიიჩნევდნენ ყველაზე იმედისმომცემ, მომავლის პოეტებად. გიგო და კიკნა განუყრელი მეგობრები იყვნენ საქართველოში და, მით უმეტეს, ესტონეთში და სწორედ ისინი წარმართავდნენ ტარტუს ქართულ სათვისტომოში ლიტერატურული წრის საქმიანობას. აწყობდნენ საღამოებს ქართული ლიტერატურისა და კულტურის პროპაგანდის მიზნით და როგორც საარქივო მასალებითაც დასტურდება, იყვნენ ტარტუს უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებიც.
1916 წლის ზაფხულში (არდადეგებზე), გიგო ხერხეულიძე და კიკნა ფშაველა ერთად დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ გიგო ხერხეულიძე მხოლოდ ერთი დღით გაჩერდა შინ და მეორე დღეს კი, თავის ძმადნაფიც კიკნა ფშაველას სოფელ ჟებოტაში სტუმრად ეწვია. რასაკვირველია, გაიშალა სუფრა და, რასაკვირველია, სუფრას მოჰყვა საუბარი პოლიტიკაზე, ჟებოტა რომელიც მაშინდელ საქართველოშიც ისეთივე ცხარე იყო ხოლმე, როგორც ახლა. სუფრის წევრებს, რასაკვირველია, განსხავებული აზრები და სიმპათიები აღმოაჩნდათ მაშინდელი პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მიმართ და ყველაზე მეტად კიკნა ფშაველას ძმა აქტიურობდა, რომელიც ბოლშევიკების მომხრე იყო და რამდენჯერმე, მოკამათე სტუმარს უხეშად მიმართა. გიგო ხერხეულიძემ, იმ მიზნით, რომ მეგობრის ოჯახში უახლოესი მეგობრის ძმასთან კამათი ჩხუბში არ გადაზრდილიყო, მასპინძლების სახლი დატოვა და ღამით ფეხით გამოუყვა თბილისის გზას. კიკნა ფშაველამ ჩათვალა, რომ ამ სირცხვილს მათი ოჯახი და (პირადად იგი) ვერასოდეს ჩამოირეცხავდა, თუნდაც ძმის ნაცვლად ბოდიშის მოხდით და ძმის თვალწინ თავი მოიკლა.
ღამით, თბილისისაკენ მარტო, ფეხით მიმავალმა გიგო ხერხეულიძემ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ და როცა მას კიკნა ფშაველას განრისხებული ძმა წამოეწია, იგი უშიშრად დაელოდა ნაჯახით სიკვდილს…
ორი ახალგაზრდა ქართველი პოეტის ტრაგიკულ აღსასრულს უამრავი ცრემლიანი წერილი მოჰყვა მაშინდელს ქართულ პრესაში და ტარტუში კი, დამდეგ პირველ სექტემბერს, პირველ ლექციას (ყველა აუდიტორიაში) მდუმარედ, ფეხზე ამდგარნი შეხვდნენ ტარტუს ქართველი და არაქართველი სტუდენტები…
ამ ტრაგიკულ ისტორიას მხოლოდ მათთვის, ვისაც „რომეო და ჯულიეტა“ მხოლოდ თავშესაქცევი ლიტერატურა ჰგონია, კიდევ ერთ წინადადებას დავამატებ, თუნდაც იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, როგორი სიყვარულით უყვარდათ საქართველოში, თუნდაც ერთი საუკუნის წინ - მეორე დღესვე, როცა გიგო ხერხეულიძის ჩვიდმეტი წლის შეყვარებულმა, ლიზი ორჯონიკიძემ გიგოს გარდაცვალების ამბავი შეიტყო, თავი მოიკლა.
ისინი ერთ დღეს, ერთად, კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს…

ლიინა პილდე
ტარტუს უნივერსიტეტის არქივში, სადაც მუშაობის უფლება ესტონელებმა მართლაც სიამოვნებით მოგვცეს, ერთი უცნაური წერილი აღმოვაჩინეთ, რომლის ადრესატიც ტარტუს უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორია. წერილი თბილისიდან 1912 წელს არის გაგზავნილი და მას ხელს აწერს ვინმე ნინო სახვაძე, რომელიც ტარტუს უნივერსიტეტის რექტორისაგან განმარტებებს ითხოვს სტუდენტ ნიკოლო სიამაშვილთან დაკავშირებით. დღევანდელი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ქალბატონი ნინო სახვაძე იყო სტუდენტ სიამაშვილის სპონსორი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ქალბატონი ნინო სულაც არ გახლდათ შეძლებული და ეს მისი წერილიდანაც კარგად ჩანს. წერილში ისიც არის აღნიშნული, რომ ქალბატონმა ნინომ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას მხოლოდ იმიტომ აღმოუჩინა დახმარება და გადაუხადა ტარტუში სწავლის ფული, რომ მისი ღრმა რწმენით, განათლებამიღებული და სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ყველაზე დიდი გარანტია იყო იმისა, რომ მისი ქვეყანა, უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ერთადერთი, რის გამოც იგი ტარტუს უნივერსიტეტის რექტორს ნიკოლო სიამაშვილის შესახებ აწუხებდა, ინფორმაციის სიმწირე გახლდათ - უპირველესად, ქალბატონი ნინო უკმაყოფილო იყო იმით, რომ მის მიერ დაფინანსებული სტუდენტი წერილებს აღარ წერდა მას და აკადემიური მოსწრების შესახებ აღარაფერს ატყობინებდა. ვერც შეატყობინებდა, რადგან ნიკოლო სიამაშვილი იმ დროისათვის უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო...
ახალგაზრდა ქართველ სტუნენტს, ტარტუს უნივერსიტეტის მეოთხეკურსელ ნიკოლო სიამაშვილს მშვენიერი ესტონელი გოგონა, შემდგომში ცნობილი მსახიობი ქალი, ლიინა პილდე შეუყვარდა, მაგრამ შეუყვარდა თავდავიწყებით, როგორც ეს მხოლოდ ერთხელ ხდება ცხოვრებაში, როცა ეს სიყვარული სიცოცხლეზე მეტია. შეყვარებულმა სტუდენტმა ამ სიყვარულის გამო, თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე და ამ ტრაგიკული ნაბიჯის მიზეზი (როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე), შეიძლება სრულიად უმნიშვნელო წყენაც კი ყოფილიყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ XX საუკუნის დასაწყისში, მთელს ევროპაში თვითმკვლელობის ერთგვარი მოდაც იყო (საყვარელი ქალის გამო), ადვილი დასაჯერებელია, რომ ლიინა პილდე უდანაშაულო ყოფილიყო და ქართველი სტუდენტის ტრაგიკულ აღსასრულის შემდეგ, იგი უსამართლოდ დაითხოვეს ტარტუს თეატრიდან. მხოლოდ უდანაშაულო ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სინდისის ისეთი ქენჯნა, როგორიც აწუხებდა ლიინა პილდეს, რომელმაც დატოვა ესტონეთი, ჩამოვიდა საქრთველოში, მოძებნა ნიკოლო სიამაშვილის მშობლები და მათთან ერთად, აქ რამდენიმე წლის განმავლობაში იცხოვრა. ლიინა პილდემ შეისწავლა ქართულიც - იმ ხალხის მშობლიური ენა, რომელმაც მისი სილამაზის გამო, ერთი კარგი ქართველი ახალგაზრდა დაკარგა და ლიინა პილდეს სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია ურთიერთობა ნიკოლო სიამაშვილის ოჯახის წევრებთან. როცა მშვენიერი ქართულით დაწერილ ბარათებს ვკითხულობდი, გულწრფელად შემშურდა ოცდაერთი წლის ნიკოლო სიამაშვილის, რომელსაც სიყვარულის გამო სიკვდილი შეეძლო და გულწრფელად ვწუხვარ, რომ საქართველოში ახლაც, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ძალიან ხშირად ამთავრებენ, მაგრამ ძალიან იშვიათად - ქალების გამო...

ვირუ
ეს, თითქმის კახური სახელწოდების მქონე სასტუმრო, უფროსი თაობის ქართველებს განსაკუთრებით უყვარდათ გასული საუკუნის სამოცდაათიან, ოთხმოციან წლებში და მაშინ ახლადშეუღლებულ თბილისელთა საკმაოდ დიდი ნაწილი, სწორედ აქ, ტალინის ამ სასტუმროში ატარებდა ეგრეთწოდებულ თაფლობის თვეს.
თაფლობის თვე, მოგეხსენებათ, ახლადდაქორწინებულთა განმარტოების პირველ თვეს ნიშნავს, მაგრამ იმდროინდელი თბილისური ტრადიციით, შეუღლებულ წყვილს საქორწილო მოგზაურობაში მარტო არ უშვებდნენ და, როგორც წესი, შეყვარებულებს თან მიჰყვებოდნენ მეჯვარეები, მეგობრები და ახლობლები. როგორც წესი, ისინი იმავე სასტუმროში, ყველაზე ხშირად იმავე სართულზე ჩერდებოდნენ და სასტუმროს რესტორანში სვამდნენ სიძისა და პატარძლის სადღეგრძელოებს. მერე პატარძალი იღლებოდა, ნომერში ბოდიშის მოხდით ადიოდა და მოუთმენლად ელოდა შეყვარებულ ქმარს, რომელიც, რასაკვირველია, ასე ადვილად ვერ მიატოვებდა მის პატივსაცემად ასეთ შორ გზაზე ჩამოსულ მეგობრებს და მათთან ერთად მიირთმევდა შამპანურს, სანამ სუფრა ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდოდა. ქართული სუფრის ლოგიკური დასასრული კი, (მით უმეტეს „პაეზდკაში“) მოგეხსენებათ, რაც არის და სწორედ ტალინში, სწორედ სასტუმრო “ვირუს” რესტორანში, ჩემს მეგობარს შუაღამისას (უკვე „პუტანკებით“ გარშემორტყმულს), სამი დღის წინ მოყვანილმა ცოლმა პერანგისამარამ ჩამოაკითხა - ქალი თუ გინდა, ბიჭო, აგერ არ ვარ?.. ხუთი საათია გელოდებიო...
სწორედ ამავე სასტუმროში, სხვა დროს და ჩვენმა სხვა მეგობარმა (თამაზ თამაზის ძე კაპანაძემ, მეტსახელად კოკომ), წარმოთქვა ისტორიული ფრაზა, რომელიც ისევე აქტუალურია დღეს, როგორც მაშინ, რამდენიმე წლის წინ.
კოკო საქორწილო მოგზაურობაში თან გაჰყვა თავის მეგობარს, საშა ბახუტაშვილს, რომელმაც ცოლად შეირთო ევგენი პრიმაკოვის მშვენიერი ასული (მამისაგან განსხვავებით) და პირველი ღამე თამაზ კაპანაძემ ახლადშეუღლებულთა ნომრის მისადგომებთან გაატარა. კოკო ბოლთას სცემდა დერეფანში, კარზე ინტენსიურად აკაკუნებდა და წარმოთქვამდა იმ ისტორიულ, საპროგრამო ფრაზას:
- აფხაზეთი არ დაგავიწყდეს, ბიჭო!..

ემიგრანტი
გრიგოლ რობაქიძე არ არის ჩემი ყველაზე საყვარელი ქართველი მწერალი, მაგრამ როცა ტარტუს უნივერსიტეტის არქივში მისი საქმე ვნახე, ქართველებისადმი მისი ცნობილი რადიომიმართვა გამახსენდა ემიგრაციიდან და თვალები დამისველდა…
მერე ვაკოცე ასი წლის წინანდელ, უკვე გაცრეცილ საქაღალდეს და ზუსტად მივხვდი, რა ძნელია იცხოვრო სამშობლოს გარეშე მაშინაც კი, როცა ამ სამშობლოს აღარ სჭირდები და შენი სიმართლეც აღარავის მოსწონს.
როცა მისი უცნობი, დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტო ვნახე, იმასაც მივხვდი, რომ წასვლა უფრო ძნელია, ვიდრე დარჩენა, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ, რათა სხვების სინანულში მაინც დავბრუნდეთ და მერე იმ სხვებმა ყველაფერი თავიდან დაიწყონ.
უკვე მერამდენედ…

![]() |
10 HIMSELF |
▲back to top |
ნიკა სახანბერიძის სახელოსნო/2005/ივლისი
ტექსტი: ნესტან კვინიკაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე. დავით მესხი


სხვა ქვეყნებს შემდეგნაირ კატეგორიებად ჰყოფს:
ნიუ იორკში - მკურნალობა
ტოკიოში - გართობა
პოლინეზიაში - დასვენება
ლონდონი...? - არ ვიცი...
სეირნობა?
არა, ასეთი დახვეწილიც არა ვარ.
თვითნასწავლი მხატვარი ნიკა სახანბერიძე დაიბადა 1981 წლის 25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც დღემდე „ვერ შეიყვარა“: „საქართველოში ერთი მდინარეც არ მეგულება, რომელსაც ჩემს ფერფლს გაატანენ“.
საყვარელი მხატვარი არ ჰყავს, არც ფოტოგრაფი, არც მუსიკოსი... უფრო სწორად, ეს
ყველაფერი გამუდმებით იცვლება. წიგნებს არ კითხულობს: წავიკითხე ნიცშე და კობო აბე. მერე ვერ მივხვდი, რა უნდა წამეკითხა. კიდევ კოელიოს „ალქიმიკოსი“... რა ვიცი? ამ წიგნში იმხელა სიყვარულია, რომ ავტორს ყველაფერი ეპატიება.


2005. გალერეა „უნივერსი“. თბილისი.
„60-იანელების გამოფენა... რატომღაც, აღმოვჩნდით მე და ბუდუ.“
ამა წლის ივლისისთვის ნიკა სახანბერიძე, ჩვეულებისამებრ, აგრძელებს იზოლირებულ სივრცეში ცხოვრებას.
ინსტალაციების ხანაა: დეგას ბალერინები; პიცა; ცხელი შოკოლადი...
ამ პერიოდს წინ უსწრებდა ახალი სერია: შავი Diptych-ები; ჩასახული ბავშვები.


2004. JM GALLERY. ნიუ იორკი
„კარგია! ამერიკის დასაწყისია.“
მსოფლიოს ცენტრის ეპიცენტრული უბნის პრესტიჟული გალერეა ამაოდ ელოდა ნახატების ავტორს: ამერიკის საელჩოში ნიკა სამჯერ შევიდა და სამჯერვე უარი მიიღო.
კონსული: შენ 23 წლის ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვარი ხარ, იქ ისეთ რაღაცას ნახავ, აუცილებლად დარჩებიო. იწყება ხანგრძილივი დეპრესია.
4 თვის შემდეგ, მხატვარი პარიზში მოგზაურობს. მოგზაურობა ხანმოკლეა. ნახატებით ხელში, გალერეებს სტუმრობს.
პარიზიდან დაბრუნებული ამბობს, თანამედროვე მხატვრობისთვის პარიზი ერთი დიდი სოფელიაო.

2003. JM GALLERY. ნიუ იორკი
პერიოდი ძნელად აღსადგენია.
2002. GALLERY GORA. მონრეალი (SOLO)
„საშინლად გაბრაზებული ვარ ამ გალერეაზე. სანამ წართმეულს არ დავიბრუნებ, არ მოვეშვები.“
კანადაში გაგზავნილ 12 ნახატს გაურკვეველი ბედი ეწია: გამოფენის შემდეგ, რამდენიმე ნახატი გაიყიდა, თუმცა ამას გალერეა არ ახმაურებს. მასთან დაკავშირების შემთხვევაში, პასუხები მრავალგვარია: ახლა რემონტი გვაქვს, ვერაფერს გეტყვით; ადგილს ვიცვლით; არ გაყიდულა თქვენი ნახატები; გაიყიდა თქვენი 6 ნახატი; კონტრაქტის პირობის თანახმად, ერთი ნახატის შენახვისთვის უნდა გადაიხადოთ დღეში...
2002. გალერეა „უნივერსი“. თბილისი (SOLO)
„არაფერი განსაკუთრებული, გამოფენის მოწყობა შემომთავაზეს, მეც დავთანხმდი.“
სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი ათასი წვრილმანი: თმის საბნევები; სათამაშო მანქანები; ძაფები; სუნამოების კოლოფები; სათამაშო იარაღები; ათასგვარი მატერია; მაქმანები; ლურსმნები; ნემსები; კოლბები; სამედიცინო მოწყობილობა; ჩეხური ჭაღის დეტალები; ფერადი ქაღალდები; ჟურნალები...
მერე ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა, ზოგი ლამინირებას, ზოგიც ჩარჩოში მოქცევას განიცდის. რიგდება მეგობრების წრეში, ან სახელოსნოში რჩება, რომელიც თვეში ერთხელ რადიკალურ ექსპოზიციურ ცვლილებას განიცდის.
2001. კლუბი „სარდაფი“. თბილისი (SOLO)
„გამოფენის მოწყობა ხელოვნებათმცოდნე მაცაცო გაბუნიამ შემომთავაზა.“
ერთხელ, სკოლაში, ზოოლოგიის გაკვეთილზე, ნიკამ მასწავლებელს უთხრა, ფილტვებიანი თევზიც არსებობსო. მასწავლებელმა კლასის წინაშე დასცინა, რას ბოდავო. საღამოს ნიკამ სახლში ის წიგნი იპოვა, სადაც ეს ინფორმაცია ეგულებოდა, წიგნიდან ამოხია ფოტო, რომელზეც ფილტვებიანი თევზი იყო და ამას იქვე მითითებული კომენტარიც ცხადყოფდა. მეორე დილით, ფოტო მასწავლებელს მიუტანა. გამწარებულმა პედაგოგმა დამამტკიცებელი საბუთი გადამალა, მოსწავლე შეიძულა და რამდენიმე დღეში, სრულიად უმოტივოდ, სახეში ხელი გაარტყა.
2003. თანამედროვე ხელოვნების გალერეა. თბილისი „ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა. კეთილი და ძლიერი აფერა გავაკეთეთ. დღემდე არავინ იცის, იქ რა მოხდა.“
ნიკასთან ყოველ საღამოს იკრიბებიან მეგობრები. ათასგვარი სასაუბრო თემა, ჩაი, წვენი, ობიანი ყველი... მუსიკა, დისკოთეკის ბურთის ტრიალი, სხეულებზე არეკლილი მოზაიკები და ესთეტურობის განცდით ტკბობა.

2000. თანამედროვე ხელოვნების გალერეა. თბილისი (SOLO)
„სამი დღის მანძილზე მოდიოდა ერთი გოგო და ჩემი ნახატის შეძენას მთხოვდა. ვერ მივყიდე. შემეშინდა.“


წარსული - პეპლების კოლექცია. აწმყო - მილენიუმი. მომავალი - ასტეროიდის დაჯახება. გულში - აუხსნელი განცდები.
1999. ეროვნული სურათების გალერეა (ცისფერი გალერეა). თბილისი (SOLO)
„პირველი პერსონალური გამოფენა იყო... მიხაროდა.“
17 წლის ნიკა სახანბერიძე თბილისის ერთერთ პრესტიჟულ გალერეაში შევიდა და ჟღალთმიან დირექტორს უთხრა:
გამოფენის გაკეთება მინდა თქვენს საგამოფენო დარბაზში. მეპატრონე ქალბატონმა აათვალ-ჩაათვალიერა და პაუზის შემდეგ თქვა: ორი ვარიანტია, ამწუთას ჩემს წინ ან თავხედი დგას ან გენიოსი. გენიოსი რომ იყო, ამაში ეჭვი მეპარება... შენზე ორჯერ უფროსი ვარ და მიკვირს შენი თავხედობა.
ნიკა საგამოფენო დარბაზს ტოვებს.
მალე ახალგაზრდა მხატვარს ცისფერმა გალერეამ უმასპინძლა. გამოფენის გახსნიდან მეორე დღეს, დარბაზის შესასვლელთან გაჩნდა უცნობი ქალბატონი, რომელიც დამთვალიერებლებს ექსპოზიციის სანახავად არ უშვებდა, - ამის ნახვა არ შეიძლებაო.
ნიკა ინტერვიუებს არ იძლევა. როგორც თავად ამბობს, ვერ ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში. აქვს მოსაზრებები, რომელსაც ახლავს „მგონი“:
„მგონი, მომავლის ადამიანები კომპიუტერებად გადაიქცევიან. ხელოვნების მოთხოვნილება თუ გაუჩნდებათ, საკუთარ ფოლდერებში მოძებნიან. მაგრამ გაუჩნდებათ? ნეტავი, მართლა აღარ იარსებებს ხელოვნება? ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით, თან ცალ-ცალკე... არა, აშკარად ასტეროიდს გვიმიზნებს ბუნება, რომ სხვა პლანეტაზე გადავსახლდეთ და ხელოვნებისთვის აღარ გვეცალოს. მერე, მერე ისევ დავბრუნდებით.“
- ნიკა, ეს რაღაც ბანალური და გოიმურია, არა?
- ამას იმიტომ ვამბობ, რომ გოიმობისგან გათავისუფლებული ვარ.
კიდევ რა? სულ ახლახანს, ტოკიოს “Niche Gallery”-დან გამოფენის მოწყობაზე მოწვევა მიიღო.
![]() |
11 ცრემლიანი სათვალე |
▲back to top |
მეორე ნაწილი 1972 / 73
გიორგი გვახარია
ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს
ეს კინოთეატრი, საბჭოთა ხანაში „კომკავშირელი“ რომ ერქვა (დღეს კი „ელისო“ ეწოდა), არასდროს მყვარებია. როგორ შეიძლება კინოს ყურება ვიწრო და უსაშველოდ გრძელ დარბაზში? მარჯანიშვილის მოედანთან აშენებული კინოს არქიტექტორს დაავიწყდა, რომ შენობის ფასადი მეტ-ნაკლებად უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას ინტერიერზე, და, რა თქმა უნდა, შენობის დანიშნულებაზე. „კომკავშირელის“ ფასადი კი სახინკლეს ჰგავდა, ან, პარიზში, პიგალზე განლაგებულ საროსკიპოებს. შედიოდი შენობაში, გადიოდი დერეფანს და დარბაზში ხვდებოდი კარიდან, რომელიც ზედ ეკრანის გვერდით იყო გაჭრილი. ასე აღმოჩნდებოდი ზურგშექცეული ეკრანთან და პირისპირ მაყურებელთან, რომელიც ფილმის დაწყების მოლოდინში ყურადღებით გათვალიერებდა, როგორც პერსონაჟს, რომელთან ერთადაც ორი საათი უნდა გაეტარებინა ბნელ დარბაზში; პერსონაჟს, რომელმაც თითქოს გადმოაბიჯა ეკრანიდან, მაგრამ მაინც ვერ გადალახა ვუიარისტული ვნების ობიექტის საზღვრები, მუნჯი კინოს „კეთილი გოგონების“ მსგავსად, რომლებიც ფიგურალურად, ხშირად კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უსინათლონი იყვნენ.


ასე იყო „კომკავშირელშიც“. თუკი ბილეთი უკანა რიგებში გქონდა, იძულებული ხდებოდი გაგევლო დარბაზის ვიწრო სივრცე, შესულიყავი სიღრმეში და აგეტანა უცხო ხალხის მზერა, დაგეკმაყოფილებინა პუბლიკის ცნობისმოყვარეობა.
„კომკავშირელი“ ნამდვილი კაფკიანური გარემო იყო ჩემნაირი პარანოიკისათვის. ყოველთვის მეშინოდა სცენის და ჟრუანტელი მივლიდა, როცა მიყურებდნენ და მათვალიერებდნენ. ყველაფერთან ერთად იმიტომაც, რომ თავად მიყვარდა ყურება და კარგად ვიცოდი, როგორ შეიძლება „გათვალო“ ვინმე, თუკი არ მოგეწონება, ან, პირიქით, დიდხანს დააკვირდე და მასში რაღაც ლამაზი დაინახო. მოკლედ, დაეუფლო შენი მზერის ობიექტს და ისეთი დაინახო, როგორიც გსურს, რომ იყოს.

თვალის ამ მაგიაზე ლილიამ მიამბო, - 50 წლის ბოშა ქალმა, რომელიც „კომკავშირელთან“ უცხოელი მსახიობების ფოტოებს ყიდდა. ეს კინოთეატრი სკოლასთან ყველაზე ახლოს იყო. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზს ვერ ვიტანდი, კვირა არ გადიოდა, „კომკავშირელში“ ფილმი რომ არ მენახა; იმიტომ, რომ აქ ლილია იდგა და კიდევ იმიტომ, რომ აქ ეკრანებიდან უკვე მოხსნილ სურათებს უჩვენებდნენ.
ლილიას პირველად 1972 წლის სექტემბერში მოვკარი თვალი. „კომკავშირელთან“ დავინახე ქალი, რომელსაც გრძელი, ნაოჭებიანი ქვედატანი ეცვა და ყველას გასაგონად ყვიროდა, - გაიგეთ, ხალხო, მჟავანაძე მოხსნეს, შევარდნაძე დანიშნესო?

მაგრამ ეს „ნიუსი“ მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ყველამ იცოდა, რომ კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის „ნაჩალნიკის“ პოსტი შევარდნაძეს არ დააკმაყოფილებდა. 1972 წლის ივლისში, როცა კრემლმა ვოლუნტარიზმში დასდო ბრალი თბილისის კომპარტიას და პირველ მილიციელს დედაქალაქი ჩააბარა, ბაბუაჩემი ესპანეთში, რაღაც კონფერენციაზე მიემგზავრებოდა. ესპანეთში თუ არ გამიშვეს, მოსკოვში წაგიყვან, პიკასოს გამოფენა ვნახოთო - დამპირდა... მეტი არაფერი უთქვამს. ძილის წინ, სულ ერთი და იგივეს ვბუტბუტებდი: „ღმერთო ჩემო, თუკი რამე შეგიძლია, დაეხმარე შევარდნაძეს, დაამარცხებინე ვოლუნტარიზმი, არ გაუშვან გოგია პაპა ესპანეთში!“
იმისათვის, რომ ლოცვას გაეჭრა, უნდა გამეგო, რაში დებენ ბრალს მჟავანაძეს. ე.ი. უნდა გამერკვია, რას ნიშნავს „ვოლუნტარიზმი“. ჩემნაირი სნობი კომკავშირელი ამ კითხვას არავის დაუსვამდა; მეტყოდნენ, მალე 16 წლის გახდები და „ვოლუნტარიზმის“ მნიშვნელობა არ იციო? ისღა მრჩებოდა, ბაბუაჩემის წიგნებში დამეწყო ქექვა.
„ვოლუნტარისტები ადამიანურ „მეს“ სინამდვილის შემომქმედად აცხადებენ.“
აი, რაში ყოფილა საქმე? მჟავანაძეს და მის ცოლს თავი „სინამდვილის შემომქმედებად“ წარმოედგინათ? ეტყობა თავში აუვარდათ, როცა 1972 წლის ზამთარში, საქართველოს გასაბჭოების 50-ე წლისთავზე, თბილისში ჩამობრძანებულმა ბრეჟნევმა ჩვენი ქვეყანა აყვავებულ ბაღს შეადარა. ეტყობა, მებაღეებად წარმოიდგინეს თავი. ამიტომაც გააპანღურეს და აყვავებული ბაღის ბატონ-პატრონად შევარდნაძე დასვეს - კაცი, რომელიც მამათში გაიზარდა, ამიტომ უკეთ უნდა სცოდნოდა მიწის, ბაღის და ბუნების ფასი; უნდა სცოდნოდა, რომ „მე“ ვერაფერს გახდებოდა, თავად ბუნებას რომ არ მოენდომებინა ქვეყნის გადაქცევა წალკოტად.
პიკასოს გამოფენა ჩამეშალა. აღმოჩნდა, რომ მოსკოვში, ესპანეთის მუზეუმებიდან ჩამოტანილი პიკასოს სურათების სანახავად, ხალხმა ერთი კვირით ადრე დაიკავა რიგი (ასეთივე რიგი იდგა თურმე დიდ თეატრთან, პლისეცკაიას „ანა კარენინას“ პრემიერაზე), „ლეჟანკები“ გაუშლიათ თურმე ხელოვნების მოყვარულებს. და ჩვენ, ბაბუა და შვილიშვილი, თბილისელი „გოგიები“ ლეჟანკებით ხომ არ გავემართებოდით მოსკოვში?
თანაც, პაპაჩემი მაინც გაუშვეს ესპანეთში. წასვლის წინ მითხრა, იქაური ბაგრატიონები უნდა ვინახულო, ოღონდ არავის უთხრაო.
საიდუმლო შევინახე. უკვე ვიცოდი, რომ ბაგრატიონების მონახულება ვოლუნტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. ჩემი ყურით მოვისმინე შევარდნაძის სიტყვა: „ესაჭიროება თუ არა დღეს მეცნიერებას, ლიტერატურასა და ხელოვნებას იდეალიზებული მეფეებისა და მხედართმთავრების სახეები? ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ისტორიული მოღვაწე თავისი დროისთვის პროგრესული იყო, მაგრამ საჭიროებენ ისინი დღეს ანგელოზის ფრთებს?“
ეს თქვა და „კომკავშირელის“ ფასადზე სასწრაფოდ დაიკიდა ახალი სარეკლამო ფარი: „ხუთშაბათიდან, განმეორებით - „რომაული არდადეგები“. კინოგაქირავებამ რამდენიმე დღეში ამოქაჩა ზაფხულში ჩავარდნილი გეგმა. შევარდნაძისთვის არავის სცხელოდა - მთელი თბილისი, დიასახლისები, მრავალშვილიანი დედები, შინაბერები, შეყვარებულები და მიტოვებულები - ყველა ერთად გაემართა ოდრისა და გრეგორის სანახავად (სწორედ იმ დროს გავრცელდა თბილისში ჭორი - გრეგორი პეკი ქართველიაო).
მაგრამ „რომაულ არდადეგებზე“ ყველაზე მეტად ლილიამ იხეირა. ჭრელი კაბა კი ეცვა, მაგრამ ბოშას არ ჰგავდა. თანაც, თბილისელი ბოშებისაგან განსხვავებით, გამართული ქართულით ლაპარაკობდა. უილიამ უაილერის ფილმის განმეორებითი ჩვენების შემდეგ, ოდრისა და გრეგორის ფოტოების საყიდლად მას ლამის მთელი ჩვენი სკოლა მიადგა. რატომღაც ჩემს ფეხსაცმელს მიაქცია ყურადღება, ეგრეთ წოდებულ „რუსთავის პლატფორმებს“, ამობურცული ცხვირით.
მერე ჩემს გრძელ და ხუჭუჭა თმებს მიაშტერდა და მითხრა, შენ, ალბათ, „პლასტინკები“ უფრო გაინტერესებსო. ჭუჭყიანი ცელოფანის პარკიდან პოლ მაკარტნის ახლადშექმნილი ანსამბლის, „Wings“-ის ცინცხალი დისკი „Wild Life“ ამომიღო და 25 მანეთი მომთხოვა.
დისკის ყდამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე; მისტერ და მისის მაკარტნები ბუნების წიაღში... პოლი თითქოს ძმაკაცებს უმტკიცებს, - აი, ხომ ხედავთ, როგორი ბედნიერი ვარო. არადა, სკოლაში ბიჭები საშინელებებს ამბობდნენ მასზე - ძმაკაცების მოღალატეო, ცოლის „მაჩალკაო“... ჰოდა, ენახათ ერთი, როგორ ლივლივებენ მაკარტნები.
ლილიამ მაკარტნი სწორედ იმ გაზეთში შემიხვია, რომელშიც ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძის დანიშვნის ცნობა იყო გამოქვეყნებული. მერე კი თავისი ფოტოკოლექცია დამათვალიერებინა. ღმერთო ჩემო, ვინ აღარ ჰყავდა თავის ჭუჭყიან პარკში - ბელმონდო, ავა გარდნერი, ბევრი სოფი ლორენი და ბევრი მარჩელო მასტროიანი. ჰო, კიდევ იმდროინდელი ვაკელების კერპები - ანუკ ემე და ჟან-ლუი ტრენტინიანი.
მაგრამ ჩვენ, პლეხანოველებს, „ქალი და მამაკაცის“ ტყლარჭვა დიდად არ გვეხატებოდა გულზე. ჩვენ ოდრის ვაღმერთებდით!
„კომკავშირელში“ დიდი ვიშვიში ატყდა, როცა გაზეთი „კომუნისტი“ გავშალე და მაკარტნის ახალი დისკის ყდაზე ოდრის ფოტოები დავალაგე. ვიღაცამ მითხრა, ეგ ფირფიტა დამალე, თორემ წაგართმევენო. მაგრამ კაცი, რომელიც ამას იკადრებდა, „რომაული არდადეგების“ სანახავად ხომ არ მოვიდოდა? ყოველ შემთხვევაში, „ასპროცენტიან ვაჟკაცებს“ აქ არაფერი ესაქმებოდათ. სხვათა შორის, ეს ფილმი არც „ასპროცენტიანი ქალებისთვის“ გადაუღიათ. როცა პრინცესა ანა საპარიკმახეროში ბიჭურად იყენებს ვარცხნილობას და „ქალაბიჭად“ იქცევა, მაყურებელი ხვდება, რომ სწორედ ასეთი, ანდროგინული არსება ცხადდება სიცოცხლისა და თავისუფლების იდეალად. არარსებული ქვეყნის პრინცესას ოფიციალური ვიზიტი უძველესი კულტურის ცენტრში, რომში, უაილერის ფილმში ამ უძველესთან, ანუ ბუნებრივთან, „ადრეისტორიულთან“ მის დაახლოებად იქცევა.
„ნეტა იმ ბოშა ქალს თუ აქვს ნანახი ეს ფილმი?“ - ვიფიქრე სეანსის დამთავრებისთანავე. სულ დამავიწყდა, რომ სახლში, მისის და მისტერ მაკარტნების ახალი დისკის მოსმენა მეჩქარებოდა. ლილიას ძებნა დავიწყე. ოდრიზე აზრი ვკითხე, არ მომწონს ეგ დისტროფიკიო. ისევ დაიწყო ქექვა ჩანთაში, მერლინ მონროს საშინელი ფოტო ამომიღო, - აი, ქალიო! კიდევ რაღაცის ჩვენებას აპირებდა, მაგრამ მეტროდან მომავალი მილიციონერი დაინახა და გიჟივით მოკურცხლა.
დისკი საშინლად არ მომეწონა. გულახდილი რომ ვიყო, ლივერპულელი ბიჭები არც არასდროს მყვარებია, მაგრამ მაკარტნის ეს „ფრთები“ სრული კატასტროფა იყო. ამ სიტკბომ, ამ პათეტიკამ ისე გამაღიზიანა, რომ მესამე სიმღერის დასრულებისთანავე გამოვრთე ფირსაკრავი.
25 მანეთის დაკარგვა რომ გამემართლებინა, დისკის ყდა ჭიკარტებით დავამაგრე კედელზე. მინდოდა ყველას ენახა, რომ მაკარტნის ახალთახალი ფირფიტის პატრონი გავხდი.
ამასობაში საყვარელი პაპაც დამიბრუნდა ესპანეთიდან, სადაც მართლაც გაიცნო ბაგრატიონთა შთამომავლები. საჩუქრებიც ჩამომიტანა - სურბარანის, გოიას ალბომები და ერთი სუვენირი, ესპანეთის პროვინციის, ვალიადოლიდის გერბი. კასტილიის ამ ქალაქში ქრისტეფორე კოლუმბი გარდაიცვალა - ყველასგან მიტოვებული, დავიწყებული გაღატაკებული. მაგრამ ვალიადოლიდის გერბზე არც კოლუმბია გამოსახული და არც სერვანტესი. გერბს ხმლები ამშვენებს!



სუვენირი კი საერთოდ საოცრებაა - მოოქროვილი ხმლები ადვილად ძვრება ქარქაშს და გერბი ასე, ნაწილებად იშლება. სკოლაში, ბიჭებს მეფის გვირგვინიდან ხმლის ამოღება ძალიან მოეწონათ. სათითაოდ მთხოვდნენ, ამომაღებინეო, მერე კი გაოცებას ვერ მალავდნენ - როგორ ბზინავს, როგორ ლაპლაპებს ეს ხმალი, იქნებ მართლა ოქროაო. ვალიადოლიდის გერბი ისე შემიყვარდა, რომ გადავწყვიტე, თილისმის სახით მეტარებინა - ჩანთაში ჩავდე და ყოველდღე ვატარებდი სკოლაში.
დღეები გადიოდა, ვუყურებდი „ლივერპულური სამოთხის“ დამანგრეველთა ნეტარებას ბუნების წიაღში და „კომკავშირელში“ ახალი ფილმის გამოსვლას ველოდებოდი. კინოთეატრებში მაშინ ავტომოპასუხეები შემოიღეს. შეგეძლოთ დაგერეკათ და მოგესმინათ ჯადოსნური ხმისთვის, რომელიც რეპერტუარს გაგაცნობდათ.
„კომკავშირელშიც“ დავრეკე... და ჰოი, საოცრებავ! ხმამ მითხრა, რომ ხუთშაბათიდან აქ უჩვენებდნენ ამერიკულ კომედიას „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“.
ბოშების ინტუიციის შესახებ ბევრი რამ გამეგო, მაგრამ ასეთმა დამთხვევამ ძალიან გამაკვირვა. მჟავანაძის დრო რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ ლილია კინოთეატრის დირექტორთანაა შეკრული და როგორც დღეს იტყვიან, „პრომოუშენს“ უკეთებს ფილმებს. მაგრამ საქართველოში უკვე ებრძოდნენ „ვოლუნტარიზმსა და პროტექციონიზმს“. ქვეყანაში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. კინოთეატრის დირექცია ბოშასთან, რომელიც სიგარეტს, დისკებსა და სურათებს ყიდდა, საქმეს არ დაიჭერდა.
გადაწყვეტილება მივიღე.

ვითომ მერლინ მონროს ფოტოებისთვის მივედი. მაგრამ ეს „ვითომ“ არ გამომივიდა. კაი მამაძაღლი ჩანხარ, პირდაპირ მითხარი, ხელზე გიმკითხაო თუ კარტზეო. კარტი დამეზარა, ამისათვის სახლში უნდა გავყოლოდი, კუკიაზე. იმ უბანში ჩემი კლასელები ცხოვრობდნენ - ვინმეს რომ დავენახე ხუთოსანი კომკავშირელი ბოშასთან სახლში, რაღაც საშინელებას იფიქრებდა. ამიტომ ისევ ხელები ვარჩიე. მაგრამ სად?
მეტროში ჩავიდეთ და ესკალატორზე გიმკითხავებო. ქვესკნელში ჩასვლისას ჩემს ხელებს თავისი დიდი ძუძუები გადააფარა, არავის რომ არ დაენახა, რას აკეთებდა. ჯერ მითხრა, გახსენი ჭრილობა, გულში რომ ატარებ - დაე, მზემ განკურნოს იგი; დაე, ჰაერით შეხორცდესო. ვერ მივხვდი, რაჭრილობაზე მელაპარაკებოდა, მზე რა შუაში იყო? მაგრამ არაფერი ვკითხე. მერე მითხრა, არტისტობა მოგინდება, მაგრამ ვერ შეძლებ - არტისტები - გამომგონებლები არიან, გამუდმებით ცდილობენ შექმნან ახალი, იყვნენ სხვანაირები. მაგრამ შენ მაგას ვერ გაბედავ, ლაჩარი ხარო. ბოლოს, ქვესკნელიდან ისევ უკან რომ ვბრუნდებოდით, ცრემლი მოადგა თვალზე. ჩავაცივდი, ვეხვეწე, მითხარი და კარგად გადაგიხდი-მეთქი. ფულის ხსენებამ გაამხიარულა - 22 წლისა მოკვდები, მაგრამ თუ გადარჩი, 37 წლისა რომ გახდები, ვერაფერი გიშველისო.
37 წლის რომ გავხდი, ქვეყანას ისევ შევარდნაძე მართავდა. თავის სიტყვებსა და გამოსვლებში იგი ახლა, აფხაზეთში დამარცხებული, ხშირად იხსენებდა ქართველ მეფეებსა და მხედართმთავრებს. დიდი დაბადების დღე გადავიხადე და ყველას ვუთხარი, რომ არ მჯერა მკითხავების, მძულს შავი მაგია და ეზოტერული ხილვები. მაგრამ ლილიას ამბავს პირველად ვყვები. მან ხომ ძალიან მატკინა გული.
მეტროს ჯურღმულიდან რომ ამოვედით, ფული გადავუხადე. არაფრის შეცვლა არ შეგიძლია-მეთქი? კი, როგორ არაო, კინოში დამპატიჟე, მერლინ მონროზე, ხვალ დილით კი მზეზე ვილოცებ, იქნებ გადაგარჩინოო. მზეს, საერთოდ, ხშირად ახსენებდა. იმ პატარა გზაზე - მეტროდან „კომკავშირლამდე“ მითხრა, შვილი მყავდა ავად, შენხელა ბიჭიო, მაგრამ ოქროს ბეჭდები ჩავდე ჭიქაში, მზეს მივუშვირე, შევევედრე და გადარჩაო. მერე ნამუსზე აგდება დამიწყო - ვიცი, რომ გრცხვენია ჩემთან ერთად კინოში შესვლა, ჩვენ ხომ ყველას ვეჯავრებით, ყველას ქურდები ვგონივართო.
მართალი თქვა. ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ 22 წლის ასაკში სიკვდილი ისე არ მინდოდა, რომ მზად ვიყავი ყველაფერზე წავსულიყავი. ის კი მოვახერხე, რომ ბილეთები პირველ რიგში ავიღე, დარბაზში შესვლისთანავე რომ დავმსხდარიყავით და მერლინ მონროს სანახავად მობრძანებულ ასპროცენტიან კაცებს ჩვენი დათვალიერება არ დაეწყოთ. ფილმის დაწყების წინ, ლილიას ვუთხარი, რომ ბილი უაილდერის ფილმს „Some Like It Hot“ ჰქვია, და არა „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“. ე.ი. „ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს“. გავაფრთხილე, რომ შეცვლილია ფილმის ფინალური ფრაზაც - არა „У каждого свои Недостатки“, არამედ Nobody's perfect! , ანუ „არავინაა სრულყოფილი“
ვაი, როგორ მიყვარს ეს ფილმი! ქალთა ეს ორკესტრი, რომლის მუსიკოსებად გახდომა („ქალად ქცევა“) ლემონისა და კერტისის გმირებს სიკვდილისგან იხსნის... და სადაც ერთადერთი მამაკაცი, ამ ორკესტრის ადმინისტრატორი სრულიად უმწეოა ვნებებით სავსე ქალებში. როგორ მიყვარს ეს ზეიმი მატრიარქატისა, რომელსაც მისთვის მტრული „პატრიარქატი“ - მაფია უპირისპირდება; აბსოლუტური წესრიგისა და იდიოტიზმის სამყარო კაცისა, რომელსაც „კალვერო - გრძელი წინდა“ ჰქვია, წვეტიანი ფეხსაცმელი აცვია და იმ ბიჭებივით მაგარი ჰგონია თავი, მერლინ მონროს დასათვალიერებლად რომ მოდიოდნენ პიგალის საროსკიპოს მსგავს კინოთეატრში.

ბილი უაილდერი ვენაში დაიბადა და პირადად იცნობდა ზიგმუნდ ფროიდს, რომელსაც იგი, სხვათა შორის, ახსენებს კიდეც ფილმის იმ ეპიზოდში, როცა მერლინ მონროს გმირი იახტაზე „კურნავს“ ახლადგაცნობილ „მილიონერს“. კერტისი გამოუტყდება, რომ მკურნალობის კურსი გაიარა ფროიდთან, ვენაში, მაგრამ ამაოდ - ქალები არ აღელვებენ. უცნაურია, მაგრამ სწორედ ეს აღიარება გახდება სტიმული „შუგასთვის“ (რუსულ დუბლიაჟში მას „Душечка“ ჰქვია): „მე ფროიდი არა ვარ, მაგრამ მეც შემიძლია რაღაც“... აქეთ შუგა „მკურნალობს“ და იქით, ზღვისპირა რესტორანში დაფნა „ატარებს“ სატრფოს. ქალები უკვე კაცებს ატარებენ, მკურნალობენ. ინგრევა ყოვლისშემძლე განგსტერის მითი. შუგა ზიგმუნდ ფროიდსაც კი ამარცხებს.
მაფიის პატრიარქები ისეთი ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ გადაკეტონ გზები, აკონტროლონ აეროპორტი, რკინიგზა, მაგრამ ავიწყდებათ, რომ არსებობს საზღვაო გზა - წყალი, სადაც მოტორიზებულ ნავს მოლივლივე ხალხი გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს, იქ, სადაც ყოველგვარ პირობითობაზე უარია ნათქვამი და სადაც ესმით, რომ „არავინ არის დახვეწილი“.
„უაილდერმა ძეგლი აუგო ქალის გამჭრიახობას, უფრო სწორად, ადამიანის დედობრივი საწყისის გამჭრიახობას და გვიჩვენა, თუ რაოდენ ყოვლისშემძლეა ეს საწყისი... ფილმის ფინალი კი - მოტორიზებული ნავით გაქცევა - სიმბოლოა სამოთხისა, სადაც ადამიანთა სოლიდარობა ამარცხებს ყოველგვარ პარანოიას და ხიფათის შიშს“.
პედრო ალმოდოვარის ეს სიტყვები ხშირად მაგონდება ხოლმე, როცა ქალებზე, პირველ რიგში კი დედებზე უსაზღვროდ შეყვარებული რეჟისორების ფილმებს ვუყურებ. 1972 წლის შემოდგომაზე, როცა მკითხავთან ერთად უაილდერის კომედიაზე ვიჯექი, ალმოდოვარი 21 წლის იყო და რომელიღაც სატელეფონო კომპანიაში მუშაობდა. არ არის გამორიცხული, რომ ერთდროულად ვუყურებდით უაილდერის ფილმს (არაერთხელ უთქვამს, რომ „ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს“ ათასჯერ აქვს ნანახი) - ის, ფრანკოს ესპანეთში, მე - შევარდნაძის საბჭოთა საქართველოში. მაგრამ არა მგონია ეს სურათი ჩემზე უფრო ეგზოტიკურ გარემოში ენახა ოდესმე - ბოშა-ქალთან ერთად.
ფილმი დასრულდა და მკითხავს გამოვემშვიდობე, სახლში, საბურთალოს მიმართულებით მიმავალ მარშრუტკაში ჩავჯექი და იმაზე ვფიქრობდი, რატომ აღიქვამენ ბოშებს მხოლოდ ეგზოტიკად - მომღერალ და მოცეკვავე ხალხად? ჩემი თავით კმაყოფილი გახლდით - აი, გადავლახე ეს საზღვარი, აი, დავრწმუნდი, რომ ბოშების ბრალი არ არის, მათი ინტეგრაცია რომ არ მოხდა ჩვენს საზოგადოებაში, რომ სრული იდიოტების მოგონილია - ბოშა თუ დაგესიზმრათ, ვიღაცასთან ჩხუბი არ აგცდებათ. ბოშა თუ გააბრაზეთ - დაგწყევლით, თუ გამოელაპარაკეთ - გაგქურდავთ. აი, როგორი თბილი შეიძლება იყოს ადამიანი, როცა მასაც თბილად მოექცევი. თვითკმაყოფილება შეიძლებოდა სრულ სიგიჟედ გადაქცეულიყო, მაგრამ, რამდენჯერ უნდა ვიკითხო - რისთვისაა ღმერთი, ადამიანს გაჭირვებაში რომ არ დაეხმაროს?
სახლში როცა დავბრუნდი და ჩანთა ამოვაწყვე, ყველა ჩემი ილუზია დაიმსხვრა - ლილიას ჩემი ვალიადოლიდის გერბი მოუპარავს. ვერაფრით აღვიდგინე, როდის შეიძლებოდა მომხდარიყო ეს - ჯუღმულში ჩასვლა-ამოსვლისას, თუ „კომკავშირელში“, სადაც ორივე გულიანად ვიცინოდით გოგოებადქცეული მუსიკოსების თავგადასავალზე.
საკუთარი თავით ტკბობა სრული თვითგვემით შემეცვალა; ეს არ იყო ჰუმანიზმი, არ იყო თანაგრძნობა - ვეუბნებოდი ჩემს თავს; უბრალოდ, ადამიანებს ურჩევნიათ ურთიერთობა იმასთან, ვინც უფრო „დაბლაა“ და გაურბიან მათ, ვისაც უფრო „მაღლა“ მიიჩნევენ.
მორჩა ეს ყალბი ლიბერალიზმი! მორჩა საყოველთაო თანასწორობასა და ამქვეყნიურ სამოთხეზე ფიქრი. გაუმარჯოს მონარქიას, მეფეებს, მხედართმთავრებს. ჩემი ხმალი როგორმე უნდა დამებრუნებინა.
„კომკავშირელთან“ აღარ იდგა. ნუთუ თავისი ბიზნესი შეწირა ამ იაფფასიან სუვენირს? (მომიტევოს გოგია პაპას სულმა), იქნებ მართლა ოქრო ეგონა? ბოშები ხომ ჭკუას კარგავენ ოქროზე. თვითონ არ მითხრა, რაც მეტი გაქვს ოქრო, მით უფრო პატივს გცემენო? მაგრამ რატომ არ გადაამოწმებინა? იმას ხომ აღარ დაველოდებოდი, როდის დაუჟანგდებოდა ხმალი და როდის დაუბრუნდებოდა თავის პოსტს, „კომკავშირელთან“?
რამდენიმე კვირის შემდეგ, რადიოში ვრცელი გადაცემა მიუძღვნეს თბილისელ სპეკულანტებს. ვოლუნტარიზმთან მებრძოლი ხელისუფლება დაემუქრა ყველას, ვინც „კევას“, თვალის საღებავს, უცხოურ სიგარეტს ყიდდა. ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრებოდათ ქუჩაში მოვაჭრეებს. მაშინ ვიფიქრე, რომ ლილია, უბრალოდ, შეშინებულია და „კომკავშირელთან“ მხოლოდ ამიტომ აღარ დგას-მეთქი.
ამასობაში ქვეყანაში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. მავნე ზნე-ჩვეულებების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიამ კულტურის სფეროც მოიცვა - შევარდნაძის განკარგულებით, მაგალითად, საბალეტო დასის ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინეს ვახტანგ ჭაბუკიანს. მაგრამ მე აღაც შევარდნაძე მახსოვდა, აღარც ბალეტი და აღარც ჩემი ბოშები. მეათე კლასში გადავდიოდი და ვერ გადამეწყვიტა, რა უნდა გამეკეთებინა მომავალში.
„კომკავშირელსაც“ არ გავკარებივარ. ხასიათი მაქვს ასეთი, იმ სივრცეს, რომელთანაც ცუდი მოგონებები მაკავშირებს, შეძლებისდაგვარად გავურბივარ ხოლმე.
ასე გაგრძელდა გაზაფხულის ბოლომდე, სანამ ეკრანებზე გიორგი შენგელაიას ახალი ფილმი, „ვერის უბნის მელოდიები“ არ გამოვიდა.

„- აუ, შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ ჰგავს ია ნინიძე ოდრის. „კომკავშირელთან“ ერთი ბოშა ბიჭი დგას, კოლია ჰქვია, სურათებს ყიდის. ოდრის ისეთი სურათი აქვს, ზედგამოჭრილი იაა!“ - ასეთი საუბარი მომესმა სკოლის ბუფეტში, სადაც 23-ე სკოლის გოგო-ბიჭები ახალ ამბებს არჩევდნენ ხოლმე.
გაკვეთილების დასრულებისთანავე, „კომკავშირელისკენ“ გავემართე. ჩემი ყურადღება მიიპყრო შავყვითელა ბიჭმა, რომელსაც სიცხის მიუხედავად, ჩექმები ეცვა, შარვალი ამ ჩექმაში ჰქონდა ჩატანებული, ქამარი კი ტანზე ეკიდა. მხარზე ჩანთა ჰქონდა ჩამოკიდებული, აი ისე, იეღოველები რომ ატარებენ ხოლმე.
მაგრამ იეღოვას მოწმეებს რა უნდოდათ მაშინ თბილისში? გადამყიდველი იყო! ოდრის სურათები ვთხოვე. შავ-თეთრი ფოტოები მაჩვენა და „პლასტინკები“ შემომთავაზა.
„შენ ლილიას ბიჭი ხომ არა ხარ?“. ეს კითხვა იმდენად მოულოდნელად დავსვი, რომ თავად გამიკვირდა, საიდან მომივიდა თავში.
„დედას იცნობდი?“
ხო, ზუსტად ასე თქვა, დედასო...
„ხო, ვიცნობ, პაპაჩემის ნაჩუქარი გერბი მომპარა. ოქრო არ არის, იაფფასიანია. იქნებ დამიბრუნო, ძმაო.“
არ ვიცი, ეს „ძმაო“ რაღად წამომცდა. შეიძლება იმიტომ, რომ გერბის ხსენებაზე ფერი ეცვალა და ძალიან საწყალი სახე მიიღო.
„დედაჩემი მაგ გერბმა დაღუპა. ავად რომ გახდა, სულ იმას მეხვეწებოდა, ის ბიჭი იპოვე და დაუბრუნე, ჯადო იქნებაო, მაგრამ მე ეგეთი რაღაცეების არ მჯერა. თუ გინდა, მოდი აქ, ხვალ, 5 საათზე. აუცილებლად მოგიტან“.
ლილია კუჭის კიბოს მოუკლავს ციხის საავადმყოფოში. ოქტომბერში, პლანის გაყიდვისთვის დაუჭერიათ. სამ თვეში დიაგნოზი დაუსვეს. ეტყობა უკვე მაშინ იყო ავად, ბილი უაილდერს რომ ვუყურებდით.
მეორე დღეს გერბი მომიტანა. მაგრამ „ცარიელი“ მომცა, უხმლოდ. ჩანთაში ჩავარდა ალბათო, მითხრა და ქექვა დაიწყო. ღმერთო ჩემო, რა აღარ ამოალაგა ჩანთიდან - ჯიმ მორისონის დისკები, რაღაც იტალიური ესტრადა, მსახიობების ფოტოები - ჯანეტ მაკდონალდით დაწყებული, ალენ დელონით დამთავრებული.
ხმალი ჩანთის სიღმეში ეგდო. გამომიწოდა. ის წამი კარგად მახსოვს, როცა ვალიადოლიდის დაჟანგული ხმალი ერთად გვეჭირა ორივეს. თვალი ცრემლიანი ჰქონდა. კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, რაღაც „ძმაოს“ მსგავსი, მაგრამ მოულოდნელად იყვირა, - ვაი, მილიციაო. დისკებს ხელი დაავლო. ხმალი შემაჩეჩა, თავისი იაფფასიანი, შავ-თეთრი ფოტოები კი ტროტუარზე დაყარა. დღესაც კარგად მახსოვს პლეხანოვის ტალახში ამოსვრილი გაღიმებული სოფი ლორენი.
მეც შემეშინდა. ტროლეიბუსს შევახტი და იქაურობა დავტოვე. გზაში დიდხანს ვთხრიდი ვალიადოლიდის ხმალს თავის ქარქაშში, მაგრამ არაფერი გამომივიდა - ბუდეც დაჟანგული და ჭუჭყიანი იყო. ეს „უხმლო ქარქაში“, ვალიადოლიდის გერბი იარაღის გარეშე, კვლავ მაკარტნის დისკის ყდას მივაყუდე.
იმხანად წვერის გაპარსვა ახალი დაწყებული მქონდა და საშინლად მიშლიდა ნერვებს. ამ საქმეში უფრო გამოცდილმა ბიჭებმა მირჩიეს, რამე იდიოტური მუსიკა ჩართე და ისე გაიპარსეო. „wings“-ის ალბომის ყდამ გამახსენა, რომ 25 მანეთად შეძენილი ეს ფირფიტა თავიდან ბოლომდე არც კი მომისმენია.
გაპარსვა გამიგრძელდა. დიდხანს ვებრძოდი ნიკაპზე ამოსულ ბეწვს, რომელსაც მიმართულება შეეცვალა. ამასობაში ფირფიტა დასასრულს მიუახლოვდა. დიდმა პაუზამ მე-7 სიმღერის შემდეგ, მაფიქრებინა, რომ ლილიას „პლასტინკა“ ყველაფერთან ერთად „ხალტურაც“ იყო. ის-ის იყო მუსიკა უნდა გამომერთო, რომ პოლ მაკარტნის ძახილი, უფრო სწორად ვაება, გოდება გავიგონე. ასე დაიწყო მერვე სიმღერა - „Tomorrow“. მაკარტნის თითქოს კვნესა აღმოხდა. თითქოს თავის ძმაკაცებს, ლივერპულელ ბიჭებს მიმართავდა - ეს ბედნიერი სახეები, ეს მხიარულება, ეს ახალი ოჯახი ბუნების წიაღში, საყვარელი ცოლი, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა, მხოლოდ და მხოლოდ ყდაა, ფასადია. მე ისევ თქვენ მიყვარხართ!

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
![]() |
12 HI NINI K! |
▲back to top |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი

Not bad for a girl from Tbilisi,
Georgia who just wanted to make New York proud of her.
www. fazed.com/fashion/Nini
ის, რაზეც მოგიყვებით:
● NINI K = ნინო კოვზირიძე.
● საცხოვრებელი ადგილი:
= ნიუ იორკი = მანჰეტენი = ჩელსი.
= თბილისი = საბურთალოს ქუჩა.
● ძირითადი საქმიანობა:
= აქსესუარის დიზაინერი = ქუდები = შარფები = ჩანთები = ქამრები.
● შეძენა შეგიძლიათ მაღაზიებში:
= ნიუ იორკი = „Bergdorf - Goodman“ = „ABC“ = „Hat Shop“ = „Roslyn's“ = NINI K showroom...
= მოსკოვი = „Atrium“.
= თბილისი = შარდენი = „NINI K“.
● web-site = www.ninikny.com
● კლიენტების რიცხვს განეკუთვნებიან:
= Jennifer Jason Leigh =
= Erica Badu =
= Queen Latifah =
= Woody Allen =
= Bette Midler =
= Uma Thurman =
= JK = Jamiroquai =
და...
და კიდევ ბევრი სხვა.
● ერთი უბედურება, რაც ჭირს:
= გამუდმებით ვარდება ძირს.
= ასე რომ, საღამოს, დაბინდებისას, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულის ეკადაში, თუ ახალგაზრდა შავგვრემანი ქალბატონი უადგილოდ დაგეჯახათ, თქვენს თვალწინ, სადაც არ უნდა დავარდნილიყო, იქ დავარდა, ან აგალითად, შემოეხვია განათების ბოძს - ესე იგი, თქვენს წინაშეა NINI K!
● ჟურნალისტისთვის ყველაზე მტკივნეული მომენტი:
= არაკომუნიკაბელურია. მთავარი რესპოდენტი ბოლომდე ერთ ადგილას იჯდა და ზოგჯერ ერთვებოდა საუბარში, რომელიც, ძირითადად, ჟურნალისტსა და მის კომპანიონ გოგონებს შორის გაიმართა.
= ანუ მედგრად უძლებდა იმას, რასაც თითქმის არასოდეს აკეთებს = პასუხობდა კითხვებს.
დილა ერთნაირი არასდროს არ არის. გარდა იმისა, რომ ყველა ერთი საერთო ნიშნით, გაღვიძებით იწყება. მერე... მერე გააჩნია გუნებას, ფანჯრიდან შემოჭრილ მზის სხივს, თეთრი „ლაქებით“ აჭრელებულ ან, პირიქით, მოღუშულ, ნაცრისფერ ცას... მოკლედ, ყველაფერს გააჩნია. თუ ერთხელ მაინც ხართ იქ, „ცათამბრჯენთა სამეფოში“ ნამყოფი, ან ტელევიზორით მაინც გინახავთ, ალბათ დამეთანხმებით - ნიუ იორკში ცა ძალიან ცოტაა. სულ ცოტა. მთელი სივრცე მეტალო-ბეტონის აწოწილ შენობებს უკავია, დიდი მონსტრებივით რომ დაგყურებენ თავზე. შენ კი... შენ კი ერთი ციდა ჭიანჭველასავით პატარა, შენნაირ მილიონ ჭიანჭველაში ირევი და კმაყოფილი ხარ.
რითი? თუნდაც იმით, რომ მილიონი „ჭიანჭველადან“ გამორჩევა მოახერხე.
რითი? შენი საქმით = შენი შემოქმედებით. ეს არ უთქვამს, მაგრამ ასეა.

„New York is a place, where ideas have no limits. This amazing city is the source of my inspirations“.
NINI K.
კიდევ ერთი, რაც ზემოთ ხსენებულ ასოციაციებს ამძაფრებს. სახლი/საკუთარი კუთხე/ბუდე/მიკრო სამყარო აქვს, სადაც „უცხო პირთა შესვლა აკრძალულია“. აკრძალულია არა იმიტომ, რომ იქ რაიმე სკანდალურს აღმოაჩენ, არა, უბრალოდ, რაც მისია - მისია. და სათქმელს ხომ ისედაც გეუბნება, რა ფორმით: სიტყვით, მოქმედებით თუ ხელობით, რა მნიშვნელობა აქვს?!
დღე, სხვადასხვანაირად იწყება-მეთქი. შეიძლება დილიდანვე მოიმარჯვო ნემსი, ფერად-ფერადი ძაფები და რიოში მარგალიტი - ქსოვას შეუდგე. მით უმეტეს, რა იცი, როგორს გააკეთებ? ხომ გეუბნებით, გუნებას გააჩნია-მეთქი! ესკიზებს ხომ არასდროს აკეთებს. ყველაფერი სპონტანურად და შემთხვევით ხდება. ან... მთელი დღე ისეირნო ქუჩაში! მართალია, 13 წელია იქ ცხოვრობს, ეს უკანასკნელი საქმიანობა კი, არასდროს ბეზრდება - „ძალიან ჭრელი ქალაქია. ქალაქი, სადაც უამრავი საინტერესო ხალხი ცხოვრობს; სხვადასხვა კულტურის, ერის წარმომადგენლები, სხვადასხვაგვარად მოაზროვნე. მუდმივ კონტაქტში ხარ. ჩემს სახლთან ათასი რესტორანი, მაღაზია, გალერეაა. იქ, მუდამ ბევრი ადამიანი ირევა. გახვალ და ყოველდღე რაღაც ახალს, საინტერესოს ელოდები. ნიუ იორკი, ხომ მოულოდნელობების ქალაქია! არ იცი, დღეს რა გელოდება...“
ამაში გეთანხმები, რა იცი რა გელოდება? იმ დღესაც, გახსოვს? დილით ბედნიერმა - მოულოდნელობების ქალაქში ვცხოვრობო - რომ გაიღვიძე და მეგობარი უთენია დაგადგა, „ნინი, სამსახურში ვაგვიანებდი და ბედი არ გინდა, მეტროც დაკეტილი დამხვდა. რაღაც პანიკაა. აშკარად რაღაც ხდება...“ არადა, სერიოზულ ადგილას მუშაობდა - „ტყუპების“ შენობაში; მერე ტელევიზორი ჩართე და მორიგი ჰოლივუდური ბლოქბასტერი ნახე, რომელიც რატომღაც ყველა არხზე გადიოდა
2000 წლის 11 სექტემბერი.
= სახლი =
ამ სიტყვას, ისევე როგორც „შემთხვევითობას“, განსაკუთრებული ადგილი უკავია ცხოვრებაში.
ბავშვობიდან ენატრება პირველი სახლი, ასევე საბურთალოს ქუჩაზე, რომელიც ყველაზე, ყველაზე ლამაზი ეგონა და რამდენიმე წლის წინ რომ ნახა, გაოცდა, ეს დანგრეული, უშნო სახლი ლამაზი რატომ მეგონაო?!
დღეს, როცა გაზაფხულ-ზაფხულობით ჩამოდის ხოლმე, ენატრება სახლი, ოღონდ უკვე თავისი, საკუთარი, ნიუ იორკში, ჩელსიზე რომ დგას ერთი დაფეხვილი, გარედან კიბეებმიბმული სამსართულიანი შენობა. „ძალიან ძველია. რომ შემოდიხარ, იატაკიც რაღაცნაირად ქვემოთ იწევა. მაგრამ ჩემთვის მთავარია სივრცე, რაც მაქვს. ალბათ, ქუდების კერვა რომ არ დამეწყო, სახლის დიზაინერი ვიქნებოდი, ისე მიყვარს მოწყობა... ჩვენთან, სახლში, როგორც წესი, სულ ბევრი ხალხია, რაღაც თავშეყრის ადგილს ჰგავს... სახლი ძველი სარკებით, სანთლებით, ბალიშებით მოვრთე... კიდევ ავეჯი, რაც მაქვს, ძირითადად, სულ გადაგდებულია, ვიღაცის სკამები, მაგიდები... სხვათა შორის, შენ რომ სკამზე ზიხარ, ეგეც სადღაც ვიპოვე და გადავაკეთე, ხომ კარგია?“
= შემთხვევითობა = დასაწყისი =
ყველაფერი შემთხვევით მოხდა.
საქართველოში პირველად ამუშავდა გაცვლითი პროგრამა, რომელიც უცხოელების, კერძოდ კი ამერიკელების ჩამოყვანით და მათი ქართულ ოჯახებში დაბინავებით დაიწყო. ნინის ოჯახშიც გამოჩნდა მისთვის გაუგებარ ენაზე მოსაუბრე ამერიკელი მამაკაცი. ოჯახის ახლობლებთან კი, მათი სტუმრის მეგობარი დაბინავდა და აბა, რა გაცვლითი პროგრამა იქნებოდა ქართული გადაპატიჟ-გადმოპატიჟების გარეშე? არავითარი, რაღა თქმა უნდა. ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი გადმოპატიჟებისას, ახლობლებთან დაბინავებულმა „ამერიკელმა“ შემთხვევით ნინის ნახატები დაათვალიერა და პატარა გოგონა სასწავლებლად სანტა ფეს პრესტიჟულ კოლეჯში მიიპატიჟა - „ოთხი წელი უნდა მესწავლა, მაგრამ 6 თვეში უკან გამოვიქეცი. ძალიან გამიჭირდა, ენა არ ვიცოდი კარგად და ბავშვებთან კონტაქტი მიჭირდა. ხალხიც სხვანაირი იყო, შორიშორს ცხოვრობდნენ ერთმანეთისგან და ერთმანეთთან ნაკლებად ჰქონდათ კონტაქტი. მოკლედ, 6 თვე კი არა, ახლა ვფიქრობ, რომ მანამდეც უნდა წამოვსულიყავი...“.

კოლეჯიდან წამოსვლის შემდეგ, ნინი ცოტა ხნით ნიუ იორკში ჩადის და „ეს ერთადერთი ქალაქია, სადაც ვიცხოვრებდი“. ამ დროს, საქართველოში სამოქალაქო ომი იწყება, ნინიც რჩება „ქალაქში, სადაც სიამოვნებით იცხოვრებდა“. ზოგჯერ იშვიათად თუ ჩამოდიოდა, ისიც, სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა და ამიტომ.

= შემთხვევითობა = გაგრძელება =
ჰოლივუდელი ვარსკვლავების გულისშემძვრელი ისტორიები მახსენდება, აი, ისინი, გავარსკვლავებამდე რომ გადახდებოდათ ხოლმე თავს. დარწმუნებული ვარ, თქვენც გეცოდინებათ ასეთები. ისე, ახლაც ხომ ამერიკაში ვართ? ვართ. ამიტომ გასაკვირიც არაფერია.
ეტყობა იმ დილას ცაც მოღუშული იყო და ხასიათზეც მთლად ვერ იყო - რაღაც მეტისმეტად ჩაფიქრებული იყო. ადგა. წავიდა სამსახურში. თეთრი წინსაფარი გაიკეთა და მორიგ კლიენტს დაელოდა. ლოდინი, დიდხანს არ მოუწია. კარში ახალგაზრდა წყვილი გამოჩნდა. ამორჩეულ მაგიდას მიუსხდნენ და მენიუც გადაშალეს. სანამ კლიენტი პერსონალს შეკვეთას მისცემს, ეს უკანასკნელი ვალდებულია, დიდი ჭიქით მიართვას წყალი - წესია ასეთი. კი, მიართვა, მაგრამ... ცაც მოღუშული იყო და ხასიათზეც მთლად ვერ იყო - რაღაც მეტისმეტად ჩაფიქრებული იყო. უცნაური რიტუალი ჩაატარა - წყალი მოსვა და მხოლოდ შემდეგ გაუწოდა გაოგნებულ წყვილს. იმ დღესვე დაითხოვეს. არა უშავს. რაღაც ახალი იშოვა. ჯერ მაისურებს კეცავდა. მერე ამ დაკეცილი მაისურების გაყიდვაც დაიწყო.
მაშინდელი ბოიფრენდი რასტა იყო. იამაიკელი ბიჭი. მოგეხსენებათ, ისინი დაწნული თმებით და ჭრელი, დაზოლილი ქუდებით დადიან. არც ნინის კაცი იყო გამონაკლისი, რომელიც ერთ დღესაც, ნაცნობ-მეგობრებში გერლფრენდის ახალი მოქსოვილი ქუდით „გაიჩითა“. „მერე წავიდა ჩვეულებრივად. მეგობრებს, ნაცნობებს - ყველას ვუქსოვდი ქუდს. არადა, მანამდე არასოდეს მიფიქრია, რომ ქუდებს გავაკეთებდი. თან, თვითონაც დიდად არ მიყვადა ეს აქსესუარი. ნელ-ნელა დავხვეწე ყველაფერი და...“
და... რამდენიმე წლის წინ, მანჰეტენზე სასეირნოდ გასულს, ირგვლივ, დიდი ყურადღებით რომ მიმოგეხედათ, აუცილებლად დაინახავდით ზურგზე ნაგვის დიდ, შავპარკმოკიდებულ ორ გოგონას. ნინი და მისი დეიდაშვილი თეკუნა რიგრიგობით შედიოდნენ მაღაზიებში, რომელსაც „Sex and the city“- ს გმირები სტუმრობდნენ; ამოალაგებდნენ ხოლმე იმედიანი თვალებით ნაირნაირ ქუდებს და No, thanks. „ფასს საკმაოდ დაბალს ვეუბნებოდით. ასე რომ, მიზეზი ამაში არ იყო. უბრალოდ, ზოგს არ მოსწონდა, ზოგისთვის განსხვავებული სტილის იყო და რისკზე წასვლა არ უნდოდათ... ბოლოს ისე ვუტოვებდი, არაფერი არ მინდა, თუ გაიყიდა, ფული მერე მომეცით-მეთქი.“
შემთხვევით გაუგზავნეს პრესტიჟულ მაღაზია „Bergdorf - Goodman“-ს მეილი, ფოტოებიც მიაყოლეს - ქუდებს ვაკეთებთ, ასეთებს და ისეთებსო... პასუხს არც ელოდნენ. ამას ხომ წლები ელოდება ხალხი და... უცებ დაურეკეს, გასაუბრებაზე მობრძანდითო. ჩვენი „არაკომუნიკაბელური“ ნინი თევზივით იჯდა კაბინეტში, თეკუნა დამტვრეული ინგლისურით პასუხობდა და რომ გამოვიდნენ, მერე დაფიქრდნენ - თვეში 10-12 ქუდს ვაკეთებთ, და 100-ის გაკეთებას როგორ შევპირდითო!
= აღიარება =
ეს, მაშინ იყო
= როცა = მანჰეტენის მშვენიერმა ქალბატონებმა მაღაზიის ვიტრინებში „Valentino“-ს ახალი კოლექციიდან შარვლები, ქურთუკები და ზედ უცნობი დიზაინერის NINI K-ს ქუდები დაინახეს.
= როცა = ჟურნალს ფურცლავდა - როგორ გასუქებულა ეს მონიკა ლევინსკი... აქეთ ვინაა? აა, მსახიობი ბეტ მიდლერი... ვაა, ჩემს ქუდში?!
= როცა = მომღერალი JK კლიპს იღებდა და ნინის დიდი ქუდი იყიდა. კლიპი, რომელმაც ამერიკელ მომღერალს დიდი აღიარება მოუტანა, მთელმა მსოფლიომ ნახა = ახალი ვარსკვლავი = უზარმაზარი ქუდი = თუმცა მაშინ თბილისში ცოტამ თუ იცოდა ქუდის დიზაინერის ვინაობა - „ასეთ ქუდს აღარასოდეს გავაკეთებ. 10 დღე მოვუნდი კერვას და 7 მეტრი ნაჭერი დავახარჯე. ძალიან დამღლელი იყო“.
= როცა = ბევრისგან გაიგო, შენი ქუდები საკუთარი თავის წარმოჩენაში გვეხმარება, ყველგან სულ მაგ ქუდებით დავდივართო.
= როცა = თვითონვე გამოსცადა საკუთარ თავზე. რომელიღაც night club-ში არ შეუშვეს, არა და მორჩაო. იქ ხომ ძირითადად ასეა. დაცვის თავგასიებულ შავ კაცს თუ არ „დაევასე“, არ შეგიშვებს და მორჩა. თბილისი კი არაა, იძახო - შენ იცი, ბიჭო, ვინ ვარ?! ან ვისი ბიძაშვილი ვარ?! ან ა.შ. არა, თბილისი არაა. მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცეები მაინც ჭრის. მაგალითად - ქუდი. გავარდა, თავისი საყვარელი წვეტიანი, წითელი ქუდი დაიხურა და ისევ უკან მივიდა - miss, თქვენ შემობრძანდით.
= ამის მერე, ყველგან თავისი ქუდით დადის. წვეტიანით =
არ ვიცი, დაგაბნიეთ თუ არა, სულ ზემოთ რომ დავწერე „თუ ახალგაზრდა, შავგვრემანი ქალბატონი უადგილოდ დაგეჯახათ...“
კიი? მაშინ აგიხსნით, რაც ხდება.
ამას დიდხანს არავინ ამბობდა, ინტერვიუს ხომ ლამის ოთხი ადამინი ვწერდით! უბრალოდ, ხშირად მესმოდა - აი, ნინი ხომ კარგად ვერ ხედავს და... გახსოვს, იქ რამდენჯერ დაეცი?... ნიუ იორკში არცერთი საფოსტო ყუთისთვის გვერდი არ აუვლია, ყველას ეჯახებოდა... ხელს რომ უწოდებენ ჩამოსართმევად და ეს გაუნძრევლად დგას... მაგრამ რაც შეეხება რიოშ მარგალიტებს, კილომეტრიდან ყვირის - ამ ქუდზე ეს ოდნავ ქვემოთაა მიკერებული... ცუდად არის მიკერებული და ა.შ. მგონი, გვატყუებსო!
არა, არავისაც არ ატყუებს. უბრალოდ, ეს ის სასაცილო სახელის მქონე დაავადებაა, რომელიც ბევრ ადამიანს ჭირს - „ქათმის სიბრმავე“.
ანუ, როცა ბნელდება, ხელი მაგრად უნდა ჩასჭიდო და ისე ატარო, თორემ ვერაფერს ხედავს და...
= და... =
რაღაც წვეულებაზე იყო რესტორანში. მშვენიერი ადგილია, განსხვავებული, ძალიან დაბალი მაგიდებით და... კიბეზე ნელა ავიდა - ყველგან ხომ ვეცემი, მაგრამ აქ მაინც არ დავეცეო - და ერთხანს ასე იდგა. უცებ, ჩამოდიო, უთხრეს და ვიღაც გაოგნებული ამერიკელების მაგიდიდან ბოდიშებით ჩამოიყვანეს.
= რა დარჩა? ბოლოსიტყვაობა =
„თუ, ოდესმე ჩვენება მოვაწყვე, მაშინ აუცილებლად ჯონ გალიანოს ან მაკქუინის თეატრალიზებულ სტილში გავაკეთებ. არ მიყვარს, უბრალოდ, წინ და უკან რომ დადიან.“
„ბევრი შემოთავაზება მაქვს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, მექსიკიდან... უნდათ, რომ მასიური ხაზი გავაკეთო, რაც ჯერ არ მინდა.“
= რა ღირს? =
„აქ ბევრად იაფია. იქ, მაღაზიებსა და ბუტიკებში სამჯერ ემატება ფასი და 600-700 დოლარამდე ღირს.
ასე რომ, მე ჩემს ქუდს ვერ ვიყიდი“.
NINI K-ს ინფორმაციულ = ბიოგრაფიულ = შემოქმედებით = სამედიცინო ცნობის ფურცელიც მზადაა.
![]() |
13 დები სამციხის ღამიდან |
▲back to top |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ზაალ ქიქოძე, ამირან არაბული

როგორ აღმოვჩნდი იქ
ჩემი ძმა მაღვიძებს: „თა, თაა, DSL-ის ფულია გადასახდელი. წამომყევი რა, დღეს „ჯორჯია ონლაინში“. ცალი თვალის ზანტად გახელით ვეძებ, რა ვესროლო:
ტუმბოზე რადიოა, ძველი, მაგრამ Philips-ის, ამიტომ - არა!
ცოტა აქეთ - კერუაკის „გზაზე“, ორიგინალში, მაგრამ ნათხოვარია და - ვერა!
უფრო აქეთ - მობილური ტელეფონი, ჩემი საყვარელი Siemens SL55 - აუ, არაა!
მიხოც ოთახს უპასუხოდ, მაგრამ საღსალამათი ტოვებს. ხუთიოდე წუთში კი ზუსტად ის ნივთი მღალატობს, წეღან რომ დავინდე: მობილურის მაღვიძარა რეკავს, მჭახედ გაისმის გა-ringtone-ებული საქართველოს ჰიმნი. განერვიულებული ვიღვიძებ და ვხვდები: მეყო ფსევდო-პატრიოტიზმი, სასწრაფოდ უნდა შევცვალო ზარი, თორემ, ჰიმნის გადამკიდე, ვგრძნობ ხოლმე, როგორ მეზიზღება საქართველო სიფხიზლის პირველ წუთებში.
ვდგები. გონებაში უკონტექსტოდ გაჩრილი ნაწყვეტი ფრაზებია: DSL, „ონლაინი“, „ჩემი ხატია...“ და ვაიიი, დღეს ინტერვიუა, ეთეროსთან (პირველივე საუბრისას მითხრა: „ეთერო დამიძახე, შვილო“. მან უნდა მიამბოს საკუთარ თავზე, დაზე და თუშეთზე)...
მივდივარ, მაგრამ სანამ თათარაიძეების თუშურ სამყაროში შევაღწევ, კიდევ ერთი მთის თემისგან რადიკალურად განსხვავებული რეალობის გადალახვა მიხდება:
ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და საერთო სადარბაზოს ბათქაშჩამოცლილი კედლები, ბამბებით გამოტენილი ტყავგადაკრული კარი; ალბათ, სულ პირველი გამოშვების ღილაკებიანი ტელეფონი; იმავე ეპოქიდან გადმოყოლილი კონდიციონერი. და ამ გარემოში თუში ეთერო, რომელიც მხიარულად მიღიმის და თავისი საქციელით მარწმუნებს: ადამიანებს შორის პირველი შეხვედრა არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველანი ერთმანეთს შეხვედრამდეც ახლოს ვიცნობთ. დასტურად მეუბნება: „აბა, „ცხელო შოკოლადო“, დაჯექი და ვიამბოთ რამე“. ეს „ვიამბოთ“ - უკანასკნელი შტრიხია DSL-ით დილას დაწყებული ჩემი დაბნევის და გაორების პროცესში და სრულიად დაუგეგმავად ვყვირი პირველ კითხვას: „ეთერო, თქვენთან რა დროა?“
სანამ მე ვყვირი და გაორებას განვიცდი ორ დიდ სიყვარულს შორის - ასფალტზე ადენილი მანქანის ოხშივარისა და ფეხქვეშ ქუსლით გასრესილი ანწლისადმი, წარმოგიდგენთ დებს სამციხის ღამიდან:
უფროსი და: ლელა თათარაიძე
აუცილებელი შტრიხი: გარმონის ვირტუოზი. ქართული ხალხური საკრავების ხასიათის ფესვებამდე მცოდნე. ანსამბლ „კელაპტრის“ სოლისტი, კვარტეტ „კესანეს“ დამფუძნებელი (ჯგუფს ლელას დედის სახელი ჰქვია).
ასოციაცია: ლელა ბანზე ზის და მღერის. სრულ სიჩუმეში გარმონის გაწელვის ჭრიალი ისმის. ღამის ალვანში კი თუშების ჩაძინებული სახლების სახურავებს ჟრუანტელის მომგვრელ ტალღად უვლის მუსიკა.
უახლესი ალბომი დისკოგრაფიიდან: „სამციხის ღამე“, ქართული ნაციონალური მუსიკის კრებული. 2004 წ.

ლაშარობისკენ ფოტო: ამირან არაბული

ზეზვა გაფრინდაულის სოფელი ვაკისძირი ფოტო: ამირან არაბული
უმცროსი და: ეთერ თათარაიძე
აუცილებელი შტრიხი: ავტორი ლექსებისა დიალექტზე, რომელიც პოეზიაში მანამდე არავის გამოუყენებია. წერს ასო-ნიშნებითა და მახვილებით, რომლის მსგავსიც უძველეს ტექსტებში გვხვდება. ზურაბ კიკნაძის შეფასებით კი: „ეთერ თათარაიძემ ძველი თუშური დიალექტი საყოფაცხოვრებო დონიდან აამაღლა და ამ დიალექტზე ლექსების შექმნით, მისი კუთხურობაც გაარღვია”.
ასოციაცია: შიფონის ჭრელი კაბა აცვია, ტანით სრული და გულით კეთილია. იღიმება და იამბობს: „მასკვლავ ხფენავ ჯუთის ცაზე, რაგვერც ბიჭონ წალოში... მთვარე ჩამოჯდ ფხის კენწერზე, რაგვერც თეთრ დოქ თაროში... ეს ღამეიც ილეწების წუთისოფლის კალოში“.
გამოცემები და მათგან ყველაზე უცნაური: ლექსების კრებულები და დისერტაცია თემაზე „დემონოლოგიური თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“ (კი, ცოტა საშიში ქალია: მაშ, შეგეშინდა? ეგრე გულთან ახლოს რომ მიჰქონდეთ, ჩემი სტუდენტები აქედან სულ ფრენა-ფრენით უნდა დადიოდნენო).
დების სამშობლო: თუშეთი
აუცილებელი შტრიხი: „თუშეთი კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, სამტოტა ხეობაში მოქცეული ტერიტორიაა. იქ, გემოწრის, პირიქითისა და ჭანჭახოვნის ალაზნების აუზებში, მთათა კალთებსა და ხეობათა შესაყართან ოთხ თემად ცხოვრობდა თუშთა ტომი... დღეს ისინი კახეთში, ახმეტის რაიონში, ალაზნის მარცხენა სანაპიროზე გაშენებულ ორ დიდ სოფელში - ზემო ალვანსა და ქვემო ალვანში ცხოვრობენ“. (გიორგი ცოცანიძე, „გიორგობიდან გიორგობამდე“)

საძელის მთა ფოტო: ამირან არაბული

სოფელი ჯუთა ფოტო: ამირან არაბული

ფოტო: ამირან არაბული
შარიანი კაცის კითხვა: „რამ გაგახსენათ?“
პასუხი: უკვე პოპულარულმა კომპაქტ-დისკმა „სამციხის ღამემ“, თბილისური რეალობის გარღვევის სურვილმა და წყალდიდობებმაც: წვიმების გამო, თუშეთი თითქმის მოწყდა ბარს. ეთერ თათარაიძე კი თბილისშია და ისეთ თუშეთს აცოცხლებს სიტყვით, რომელსაც, სამწუხაროდ, უკვე ვეღარც გზების გახსნის შემთხვევაში ვნახავთ.
იქ შევჩერდი, დაბნეული, ჩემთვის, გულში რომ ვყვიროდი, მე აქ 21-ე საუკუნის ტერმინოლოგიიდან, ურბანისტულ-მინიმალისტური მოთხრობებიდან მოვედი და გთხოვთ, გამაგებინეთ, რა დროში მოვხვდი-მეთქი.
ეთერო კი ჩემს დაბნევას არ იმჩნევს და მაცდური ღიმილით მიმეორებს:
„მაშ, ვიამბოთ, „ცხელო შოკოლადო“, თუშური ამბები?
ჯერ გეტყვი იმას, რომ თუ თუშეთში არ ყოფილხარ, წინ უდიდესი სიამოვნება გელის. წესივით დაიმახსოვრე, არ არსებობს ზემო და ქვემო თუშეთი. მთათუშეთიო, ამბობენ სახიჩრად და გული მიკვდება. თუშეთი თუშეთია. ქვემოთ სოფელი ალვანია, სადაც თუშები ჩამოსახლდნენ მხოლოდ. ნამდვილი თუშეთი კი ზევითაა. იქ მე ერთადერთი ზამთარი გამიტარებია და ისიც ბავშვობაში, მაგრამ იმდენი საკვები მისცა ჩემს არსს, ჩემს თვალს, ჩემს სულს, რომ იმ ერთი ზამთრით ლექსებში ყველა ზამთარი გავაცოცხლე, რაც იყო წარსულში და რაც მომავალში იქნება”.
სამციხის ღამის ზღაპარი
1979 წლის 13 აპრილის საღამოს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხალხური პოეზიის პირველი საღამო იმართებოდა. ღონისძიების დაწყებამდე საათნახევრით ადრე, ვახუშტი კოტეტიშვილს ზემო ალვანელმა ლელა თათარაიძემ თავისი და, ერთი დარცხვენილი თუში გოგონა მიუყვანა. გოგონამ რვეული გადაშალა და საკუთარი ლექსები წაიკითხა. ფიქრის დრო აღარ იყო, იქვე მონიშნეს რამდენიმე და ეთერ თათარაიძე სრულიად დაუგეგმავად, ხალხურ მთქმელებთან ერთად სცენაზე გაიყვანეს. ოღონდ განსხვავება რადიკალური იყო: დანარჩენი მთიელები ხალხური პოეზიის ნიმუშებს კითხულობდნენ, ეთერო კი - საკუთარს. ფურორი შედგა, საზოგადოებამ გაიცნო ქალი, რომელიც თუშურ დიალექტზე წერდა და დასთან, მეგარმონე ლელასთან ერთად, თუშურ ეგზოტიკასთან გააიგივა. მოკლედ, ერთი შეხედვით, ყველაფერი ასე დაიწყო - იმ საღამოს სცენაზე ასვლით. მაგრამ სინამდვილეში დასაწყისი გაცილებით უფრო ადრე იყო - ასეა, როცა თუშეთში იბადები - რაც შენამდე იყო და რაც დაგხვდა, ყველაფერი შენი ხდება და ის, რაც დასაწყისი გგონია, გენეტიკურად ჩადებული ინფორმაციის გაგრძელებაა მხოლოდ. რაც მთავარია, წარსულისა და აწმყოს ამ სისავსეს ბუნებრივად უერთდები და მის სიყვარულს ვერასდროს ინელებ. ეთერ თათარაიძის მოგონებებშიც თუშეთი ყოველთვის ზედაპირზევე დევს - ძვირფასი დეტალები წამიერად ცოცხლდებიან:

სამუკა ჭინჭარაული ფოტო: ამირან არაბული

კესო თუშეთში ფოტო: ამირან არაბული
● თათარაიძეები ალვანში ცხოვრობენ. მათი მამა-პაპისეული სამოსახლო კი ნამდვილ თუშეთში დანო ყოფილა. სახლი სოფლის ცენტრში ედგათ, აქეთ-იქიდან ორი კიბით, კედლები ბიშინით ყოფილა შეღებილი, მიწისფერი დაჰკრავდა და ძალიან უხდებოდა იქაურ ნისლებს, სიმწვანეს, სივრცეს, დახავსებულ სიპებს.
კესანე და სტეფანე თათარაიძეებს ოთხი შვილი ჰყოლიათ - ორი გოგო და ორი ბიჭი. ლელა უფროსი დაა, ეთერო - სულ ნაბოლარა. როცა კესანე მეოთხედ დაფეხმძიმდა, ქმარმა მუცლის მოშლა ურჩია. ზამთრის პირი იყო, ოჯახის უფროსები ყიზლარში ზამთრის საძოვრებზე მიდიოდნენ, მათ შორის სტეფანეც. გამოზაფხულდა, კაცი შინ დაბრუნდა და მეოთხე შვილი დახვდა შინ. რა ექნა, კესანემ ცოდვა ვერ ჩაიდინა, თან ისეთი სიზმარი ნახა, რომ... ექიმთან წასვლის წინა ღამეს თეთრწვერა მოხუცი გამოუჩნდა, მიუახლოვდა და უთხრა, ოღონდ მაგას ნუ ჩაიდენ და ამის მშობიარობას ცხრა ქალს დაგახმარო. კესანეც მიჰყვა ღვთის ნებას და გაზაფხულის პირზე გოგონა გააჩინა. შინ იმშობიარა, მარტომ, ჭიპლარიც თვითონ მოჭრა შვილს, აბანავა კიდეც, თვითონაც იბანავა და მხოლოდ მერე დაუძახა ლელას. 7 წლის ბავშვი ოთახიდან ქაქანით გამოვარდა, დედამ მეზობელთან გააგზავნა, უკანა გზაზე ორივენი - ლელა და მეზობელი ქალი ქოშინით მორბოდნენ, „შეშავის მიწისავ, უკვე გააჩინე, ვაიმეე, ვაიმეე, დეე, უკვე გააჩინე?“
შინ დაბრუნებულ სტეფანეს, ცხადია, აღარაფერი უთქვამს. ბავშვს თავის დას, მარეხს ამსგავსებდა და ნამდვილ სახელს არც ეძახდა. ასე ეფერებოდა ხოლმე: „ჩემ მარეხ, მარსკვლავო, გენაცვალოს მამა“.
● ორი თვის იყო, როცა ეთერო პირველად წაბრძანდა ნამდვილ თუშეთში. მაშინ გზა არ იყო. ოჯახები ალვანიდან მშობლიური სოფლებისკენ ცხენ-ბარგით მიდიოდნენ. მოილაპარაკებდნენ, გასვლის დღეს დათქვამდნენ, კაცები ფუნქციებს გაიყოფდნენ, ზოგი - დიაც-ყმაწვილთან ერთად მგზავრობდა მათი ნადირისა და ავდრისგან დასაცავად, ზოგიც - ცხენბარგს ჩაუდგებოდა და ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ წინ. გზას რამდენიმე დღეს ანდომებდნენ.
იმ გაზაფხულზე კესანეს ოთხი შვილი მიჰყავდა სოფელში, მათ შორის, ორი თვის ეთერო. უცებ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, ისე გაწვიმდა, ცა ფეხად ჩამოდიოდა. ჩამობნელდა. მგზავრები მხოლოდ გაელვებისას ხედავდნენ ერთმანეთს. კესანემ ბიჭები კალთაში ჩაისვა, ლელა ხელში აიყვანა, ეთეროს ვეღარაფერი მოუხერხა და გვერდზე მოიწვინა. ვერაფერს ხედავდა გარშემო, მხოლოდ გრძნობდა, როგორ მოაწვენდა ქვიშის გორგვალს წვიმა კავკასიონზე. იქ კი ძალიან წმინდა ქვიშაა, შხრიალით მოდის და მოაქვს ყველაფერი. უცებ კესანემ უცნაური ხმა გაიგო, ამ დროს გაიელვა კიდეც და წამიერ შუქზე ნათლად დაინახა, თურმე როგორ ჩქაფანით გადასდიოდა თოთო ეთეროს სახეზე წყალი. არ უნდოდა სხვების შეწუხება, იცოდა, მათაც ბევრი ბალღი ჰყავდათ წამოყვანილი, მაგრამ ვეღარ მოითმინა, პატარა მეხრჩობა, მომეშველენითო, იყვირა. ძლივს მოაბრუნეს ბავშვი, პირიდან ქვიშები გადმოუყარეს და გადაარჩინეს.
იმავე მგზავრობის დროს, ეთერო მეორედ გადაურჩა სიკვდილს. ბავშვის საწოლი ვირის ქოჭებში იყო დამაგრებული. უცებ ვირი ფეხებით ჩაეჩხირა ზვავში. სტეფანემ ძალიან მკვეთრად ამოსწია და დასრიალდა ვირი, ის იყო უნდა გადაჩეხილიყო კიდეც, რომ ქარაფზე ფეხებით ჩაეჭიდა და შეჩერდა. ქვევით ასმეტრიანი დაქანება იწყებოდა. მამა ისე დაიბნა, ადგილიდან ვერ დაიძრა. ვირს სტეფანეს მეგობარი, კოტე ძიო მივარდა, საბანი გადასწია და საოცრება ნახა: ეთერო საღსალამათი იწვა, ხმას არ იღებდა და თვალებში შეჰყურებდა კაცს; კოტემაც შეშინებულ მშობლებს გასძახა: „მშვიდად იყვენთავ, დაჭყეტილივ, ცას ახედავსავ“.
● უფრო მოზრდილს ის ცა გახსნილიც უნახავს. მეორე კლასში იყო ეთერო, როცა თუშეთიდან ალვანში ბრუნდებოდნენ. ეს საშემოდგომო გამომგზავრება იყო. დედამ ბევრი ბავშვი ჩაიბარა. ქალები ასე იქცეოდნენ ხოლმე - საქმეს ინაწილებდნენ, მეზობლების საწველ-სადღვებს და საშინაო საქმეებს საკუთარ თავზე იღებდნენ, ბავშვებს რამდენიმე ქალს ანდობდნენ და ისინიც, დედების ბარად ჩამობარგებამდე, ზრუნავდნენ ერთმანეთზე.
ისევ კავკასიონზე მოდიოდნენ, ზედ უღელტეხილზე იყვნენ. ეთეროს თვალიდან არასდროს გამოუვა, თუ როგორ გაიხსნა უცებ ცა. კესანემ დაიძახა, ცა გიხიაო - ცის გახევას ეძახიან ამას თუშები - და ინატრეთ რამეო. ცა მართლაც გახეული იყო - გარშემო ლურჯი, კამკამა, შუაში კი წითელი ლავასავით ფუთფუთებდა რაღაც. შხეპრად დაიძრა ეს სიწითლე მერე, მარტო მითოლოგიურ ჩვენებებსა და ზღაპრებში არსებობს ეგეთი ფერი, საოცარი. თუმცა, ჩვენება დიდხანს არ გაგრძელებულა. სადაც გაიხსნა, იქიდანვე დაიწყო გაკერვა ცამ, როგორც გაფხრეწილ ქსოვილს გაჰკერავ, ეგრე დაიკემსა თავისით. ეთეროს კარგად ახსოვს, დედა იდგა და ლოცულობდა, ბედნიერად მიმყოფე შვილებიო. თვითონ კი ვერაფერიც ვერ ინატრა, გაოგნებული, თვალმოუშორებლად, პირღია იყურებოდა ზევით.
მერე სადღაც წაიკითხა, რომ ვისი დედაც გახდა (ანუ, ხევსური არაბულების), იმათი ქალები ყოფილან ცის გახევას დატანებული. ლექსიც არის ნათქვამი: „ცის გახევასაც შავესწვერ, ბედრიენთაიმც გვარია, ჩემ ძმათი მამის ძმათაი მამრევიმც ნუვინ არია“. „და ეგრე მოდიან, ბევრდებიან და ღმერთმა გააბევროს, ღმერთმა უსასრულოდ ჰქნას ეგ გვარი ამ ქვეყანაში“, - ახლა ამბობს ეთერო 7 წლის ასაკში ცის გახევისას სათქმელ ლოცვას.

ფოტო: ზაალ ქიქოძე
● ლელას ბავშვობიდან სურდა, მეგარმონე ყოფილიყო. ეს ინსტრუმენტი ყველაზე მეტად გადმოსცემს თუში ადამიანის მთელ შინაგან განწყობას. ალბათ, კავკასიელები არიან და ამიტომ ლელასაც და ეთეროსაც ისე ერხევათ სული ჩეჩნების, ინგუშების და დაღესტნელების ნამღერზე, როგორც თუშურზე.
მამას ჰყოლია ძმადნაფიცი პავლე. მოდიოდა სტეფანესთან, გარმონზე უკრავდა და მეგობარს ეუბნებოდა, სტეფოო, ლელასგან ძალიან დიდი მეგარმონე დადგებაო. პირველი გარმონიც გოგონას პავლემ მოუტანა. მანამდე კი ლელა თავისით აკეთებდა „ინსტრუმენტს“. აიღებდა ორ გახვრეტილ სიპის ქვას, თუშური ბაწრით ყელზე ჩამოიკიდებდა, ფანჯარაში დაჯდებოდა ფეხებგადმოკიდებული და ვითომ უკრავდა. მერე სოფელში მიხვდნენ, რომ ლელას განსაკუთრებული ხმა ჰქონდა. გოგონას სტუმრად პატიჟებდნენ, ისიც მიდიოდა თავისი გარმონით და მთელი გრძნობით მღეროდა ხოლმე. ალვანი კი დიდი სოფელია და შებინდებულზე მთელ სოფელს ეფინებოდა ხოლმე მისი მუსიკა.
მერე, როცა ლელა გაიზარდა, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა, შუა საბჭოთა კავშირის ეპოქაში, მოსკოვის სცენაზე თუშური ცეკვა რომ შეასრულა გარმონით, და ევროპაშიც იმოგზაურა (განსაკუთრებული დაფასებით ფრანგულ ალპებში - როგორც ჩანს, მთიელებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს), მოხუცი მეზობელი ელისაბედი ალვანში სიამაყით ამბობდა ხოლმე: „ლელაი, ლელაი, მთელ ევროპია ფეხით აქვს შემოვლილ“.
● ეთერომ პირველი ლექსი სრულიად გაუაზრებლად, შიშისგან დაწერა. პატარა იყო, სკოლაში სწავლობდა. ერთ საღამოს სინათლე გამოირთო, ოთახში მარტო იყო და ძალიან შეეშინდა. გონებაში აღიდგინა, სად ინახებოდა სანთელი, სიბნელეში იქამდე ძლივს მიაღწია, აანთო, სანთელი ტახტზე დადო, თვითონ კი იქვე ჩაიმუხლა და ფიქრის სხვა რამეზე გადატანა სცადა. მაშინვე მიხვდა, რომ უცნაური ნაფიქრი გამოუვიდა - ლექსს ჰგავდა. მერე თუშური ზამთრითაც იცხოვრა და იმდენი შთაბეჭდილებები დაიგროვა, დღემდე ჰყოფნის.
● შენაქოს სკოლა ეკლესიაში იყო მოწყობილი. საათი ბათო მასწავლებლის გარდა, არავის არ ჰქონდა. ამიტომ გაკვეთილების დაწყებას პატარებს სახელდახელოდ გაკეთებული ზარით თვითონ ამცნობდა. ბათო კარგი კაცი იყო, ოღონდ ეთერო ვერ ხვდებოდა, ზაფხულობით ბათო ძიო, სექტემბრიდან მთელი წლის განმავლობაში რატომ ხდებოდა ბათუ მასწავლებელი.
პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში სულ ორორი ბავშვი სწავლობდა. ერთი მასწავლებელი ჰყავდათ და რადგან ეთერო ყველა კლასის მეცადინეობას ესწრებოდა, მეორე კლასშივე იცოდა მთელი პროგრამა.
ყველაზე მაგარი შესვენებები იყო. გარეთ თოვდა. სკოლის ფანჯრებიდან თვალუწვდენელ მთებსა და სითეთრეში ჩაფლული სახლები მოჩანდა და ბავშვებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის იტყოდა ბათო მასწავლებელი, ახლა შევისვენოთო; როდის აცვივდებოდნენ ჟრიამულით მაღლა, ჭერხოში, სადაც უამრავი ძველი და გაცვეთილი ჩექმა ეწყო. ჩამოიტანდნენ, გამობერტყავდნენ ამ მტვერჩასულ ფეხსაცმელებს, ჩაიცვამდნენ და მიდიოდნენ სონეხის წვერზე - აი, ასეთი დაქანებული მთაა, ძირი შენაქოში აქვს. ავიდოდნენ ბოლომდე და იქედან მუხლებმოხრილები სულ სხლუპუნით ჩამოსრიალდებოდნენ ქვევით - ციგაობდნენ. მამა ბავშვებს ქოკებსაც უკეთებდა - თუშურ თხილამურებს - რკალია და გაცუხებულია ნამდვილ თხილამურსავით, დგები, რკალის ბოლოებზე ხელს კიდებ და მისრიალებ. ბავშვებიც ქოკებით ხან კურდღელზე სანადიროდ მიდიოდნენ, ხან - მახედაგებულებში, მელიების სოროების სანახავად.

გულქან რაზიკაშვილი და ეთერო ფოტო: ამირან არაბული

დანოელი მოხუცები ალვანში ფოტო: ამირან არაბული

კარატის ჯვარი დანოში. ფოტო: ამირან არაბული
● სტეფანეს სახლი ნამდვილი გიჟმაჟების სახლი იყო. იქეთ ლელა თავისი სიპის ქვებისგან დამზადებული გარმონით, აქეთ - ანცი ძმები, და ბოლოს - ეთერო, სულ რომ თავის დას აბრაზებდა. ლელა დიდი გოგო იყო, უფროს გოგოებს კი ხატში შესვლა ეკრძალებოდათ. ეთეროც წააქეზებდა, მერე გამოიქცეოდა, ხახმატის ჯვარის ნიშში შეასწრებდა და შიგნიდან ხელს აწვდენდა, კიდევ აბრაზებდა - ლელაა, ლელაააა.
ლელაც ჯავრს თავისებურად იყრიდა. იცოდა, პატარა ეთეროს ეშინოდა და ღამ-ღამობით, იდუმალი ტონით საშინელ ამბებს უყვებოდა. ერთ ოთახში იწვნენ, სიბნელეში გატრუნულები და ეთერო თვითონ მოითხოვდა ხოლმე, „მიამბეღ რამე, კიდევ მიამბეღ“ და შიშისგან, წინასწარ სიამოვნების მოლოდინში ჩაჩუმდებოდა. ლელაც იწყებდა: ომალოს ინტერნატი ხო იცი, სადაცააო, იქო შავნაბადმოსხმული დიიდი, დევის სწორი კაცი დგას უჩინარ ღამეშიო, პაპიროზ უჭირავავ, ის პაპიროზ მუქწითლად ანათებსავ, ხო იც, როგორი შავი ღამეა, თვალთგაჩხერვა არ არისო, ის კაცი კი დგას და პაპიროზს ანათებსო. ეთეროც წვრილ ხმაზე აწივლდებოდა: „დედაა, დეე, მეშინიიის“. „დაჩუმდით, დაიძინეთო“ - გამოსძახებდა კესანე, მაგრამ ეთერო კიდევ ითხოვდა: „მიამბეღ რამე, მიამბეღ“.
ამ ისტორიებით იკვებებოდნენ პატარები. ტელევიზორი მათთვის ფუფუნება იყო (კიდევ კარგი). მთელ სოფელში ერთ ოჯახს ჰქონდა მხოლოდ. განსაკუთრებულ საღამოსაც 12-13 ბალღი ერთად შეიყრებოდა, ესტუმრებოდნენ „ტელევიზორიან“ ოჯახს, შესასვლელში დაჰყრიდნენ 12-13 წყვილ კალოშს, შედიოდნენ და ინდურ ფილმებს უყურებდნენ - მეტს არაფერს აჩვენებდნენ და...
● ქოკები ხომ ჰქონდათ, ზაფხულობით კიდევ გოლფსაც თამაშობდნენ, რომელსაც თუშურად ხვაფაობა ერქვა. გადიოდნენ მინდორში, და პატარა ბურთებს მცირე ორმოებში ისროდნენ. მთავარი გართობა იყო ჭენაობაც. და-ძმებიც ცხენებს აღმა-დაღმა ჟრიამულით დააჭენებდნენ.
როცა მოიზარდნენ, სახლს ფერადი დეკორაციებით რთავდნენ და სპექტაკლებს დგამდნენ. მამამ რულონებით იცოდა ნაჭრების მოტანა - ჩითის, ბამბაზიის, კესანეც იჯდა და ხან შვილებსა და მეუღლეს უკერავდა ტანსაცმელს, ხანაც - ბავშვების თოჯინებს. სახლში როცა არ იყო, პატარები დროს იხელთებდნენ და ნაჭრებს ფარდებად აბამდნენ - მთელი უბნის ბავშვები იქ თამაშობდნენ ხოლმე.
სოფლის არხთან ერთი მშვენიერი მინდორი იყო, ერთი თოჯინა ჰყავდა ეთეროს, პლასტმასის, რეზინით გადაბმული ხელ-ფეხი ჰქონდა. ხშირად ამბობდა, გაიჭუჭყაო და ყოველდღე საპნის ქაფ-ქაფით აბანავებდა არხში. დროთა განმავლობაში, რეზინა, ეტყობა, დალპა და ერთი ბანაობის დროსაც გამოწყდა ხელი და წყალმა წაიღო. ტირილით გაედევნა ეთერო ნაპირ-ნაპირ, მაგრამ ცალხელა დარჩა თოჯინა - იგივე გუგა. (გუგაობა თუშურად თოჯინებით თამაშს ნიშნავს).
კიდევ ერთხელ ეტკინა გული თოჯინის გამო. თამარ მეფის თიხის პატარა თოჯინა ჰქონდა - ჩიხტიკოპსა და კაბაში გამოწყობილი, თავზე გვირგვინით. რაღაც მექანიზმზე მუშაობდა, წაკრავდი თითს და თავს აქანქარებდა. ეს თამარ მეფე ეთეროს პატარა ძმამ შემთხვევით გაუტეხა. მაშინაც ბევრი იტირა.
● დღესასწაულები და ხატობები პატარების ყველაზე საყვარელი გართობა იყო. თენდებოდა ახალი წლის დილა, იღვიძებდნენ ბავშვები და ნესტოებში ქვაბიდან ახლად ამოყრილი ხინკლის სურნელი უღიტინებდა. გამოცვივდებოდნენ დარბაზში, დახვდებოდათ კოტორები - თუშური ხაჭაპური, ხაჭოიანი კვერები და ხინკლები. აანთებდნენ სანთელს და დედა იტყოდა, მეკვლე შემოვიდესო. მეკვლე კაცი უნდა ყოფილიყო. თუ მამა ცხვარში იყო, ამ ფუნქციას ძმები კისრულობდნენ. ხის ხონჩაზე ილაგებდნენ ტკბილეულს, თხილს, კაკალს, ვაშლის და ქლიავის კანფეტებს, ბიჭონს - თუშურ ბატი-ბუტს, გადიოდნენ, სახლში ხონჩით ხელდამშვენებულები შემოდიოდნენ, ბატი-ბუტს ჭერში ისროდნენ და გასძახოდნენ: ამდენ ძროხა, ამდენ ცხვარი, ამდენ ქათამი, ამდენ ბალღი. თეთრად იპენტებოდა მთელი სახლი, იდგა დიდი ჟრიამული, მერე ყველანი ერთად საახალწლო ტაბლას შემოუსხდებოდნენ და ცხელ-ცხელ ხინკლებს დიდ-დიდი ლუკმებით ყლაპავდნენ.

სერია თუშეთი. ფოტო: ზაალ ქიქოძე

ფოტო: ზაალ ქიქოძე
მამა შინ ორჯერ ბრუნდებოდა ხოლმე, დანარჩენი დრო სულ ცხვარში იყო. მისი დაბრუნება უბედნიერესი წუთები იყო ოჯახში. მოდიოდა ცხენბარგით, ხურჯინში აქეთ-იქეთ ორ-ორი ლეკვი და ბატკანი ჰყავდა - ბუთქები, ყველაზე სუსტები. ბავშვებიც საწოვარათი ასმევდნენ რძეს, ასუქებდნენ, თავს დასტრიალებდნენ და მერე საშინლად განიცდიდნენ, მამა ისევ ხურჯინში რომ ისვამდა და თან მიჰყავდა.
„ჩემ მარეხ, მარსკვლავო“ - ეს მამის სიტყვებია. უთბილესი კაცი იყო, თუში კაცის ეტალონი, მოსიყვარულე და მზრუნველი. სახლიდან ერთი ხმამაღალი სიტყვაც არასდროს გადიოდა. კესანე, რომელიც ახლა 80 წლისაა, სტეფოზე ცხრა წლით უმცროსი იყო. ერთად დაბერდნენ ტკბილად და სიზმარსაც კი არ ნახულობდნენ უერთმანეთოდ. თენდებოდა და ბავშვებს ძილ-ღვიძილში ჩაესმოდათ მათი ხმადაბალი ლაპარაკი. „რა ნახ სიზმარში, სტეფვ“ - ეჟღურტულებოდა კესანე და სტეფოც ჰყვებოდა, რაიც ნახა.
კესანე ჭკვიანი ქალია, ოთხი კლასი აქვს დამთავრებული, მაგრამ - ბრძენი გახლავთ. ეთერო ეუბნებოდა, შენგან კარგი ფიზიკოსი დადგებოდაო, კესანე კი პასუხობდა: „რა არის ფიზიკოს, დედო“. კესანეს ახლა სტეფო აღარ ჰყავს, ალვანში მარტო ცხოვრობს, დღემდე უსათვალოდ კითხულობს ეთეროს ლექსებს და ნერვიულობს ბავშვებზე, რომლებიც ტელესერიალებზე იზრდებიან: „ამათგან რაი უნდა დადგეს, დედო“ - წუხს ხოლმე.
● საღამოსკენ, მზე რომ გადაიხრებოდა, ყველანი გარეთ გამოეფინებოდნენ. სკამებზე აკინძულად ისხდნენ მოხუცები, ეთეროც მათ ფეხებთან იჯდა ჩაცუცქული და საყვარელ ისტორიებს, ხშირად საშიშებს, გაფართოებული თვალებით ისმენდა. განსაკუთრებით უყვარდა ბებოს, კესანეს დედის მონაყოლი ამბები. ბავშვურ მეხსიერებას ძვირფას მოგონებად შემორჩა მაღალი ქალის სილუეტი, თუშურ ჩიხტიკოპსა და შავ, ფეხებამდე დაშვებულ მანდილში.
რას აღარ იამბობდნენ თუშურ ღამეში ჩამალული ბრძენი მოხუცები. იყო ერთი თეო ბებო, რომელიც გამუდმებით თამბაქოს ფოთოლს ღეჭავდა და დაბალ ხმაზე იდუმალებით მოცულ ამბებს ჰყვებოდა.
ეთეროს კარგად ახსოვს ერთი ასეთი ისტორიაც: ნატოს ლამაზი ბიჭი ჰყავდა, აკვანში ეწვაო, მაგრამ ეშმამ გამოუცვალაო - გაყვითლდა და დაილია ბავშვიო, მომაკვდავი გახდაო. ბოლოს, ვეღარაფრით რომ ვერ უშველეს, მოხუცებმა ურჩიეს, ცხენის თავის ქალაში წყალი ჩაასხი და აბანავეო. დედა ასეც მოიქცა. კესანემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ ამოატარა ერთ დილას ცხენზე საბლით აკიდებული თავის ქალა ნატომ ტირილ-ტირილით. 2-3 საათში ბავშვმა სული დალია. სურათი კი ასეთი იყო: მაღალი მთების კენწეროდან სოფელში ჩამოჭყეტილ მზის შუქზე, ეზოში წყლიანი თავის ქალა გორაობდა...

ლელა თათარაიძე
ფოტო: ამირან არაბული
● მიჯნურობა. ეს თემა დახურული თუ არა, შენიღბული ნამდვილად იყო. „კოჭიანი ტუფლები“ გოგოებმა პირველად სკოლის დამთავრებისას, ბანკეტზე ჩაიცვეს. ოცდაორმავე გოგომ ვარდისფერი ნაჭრისგან ერთნაირად შეიკერა კაბები - ჟაბოებიანი. ბატის ჭუკებს ვგავდითო, - ჰყვება ეთერო. ბანკეტზე მასწავლებლებიც დაპატიჟეს. იმღერეთო, სთხოვეს გოგოებს, ესენიც დაეწყვნენ და ამღერდნენ. მაგრამ ტექსტში იყო ერთი უხერხული ადგილი, „შენი ქოჩორიო“ - ბიჭზე უნდა ემღერათ. მიუახლოვდნენ ამ ადგილს, სირცხვილისგან გაწითლდნენ და სიმღერა ვეღარ გააგრძელეს. მასწავლებლები სიცილით დაიხოცნენ.
● გასრულდა ესე ამბავი-მეთქი, შემეძლო თავისუფლად მეთქვა, მაგრამ ზღაპარი არ გასრულებულა, კვლავაც გრძელდება. დები სამციხის ღამიდან თბილისში ცხოვრობენ. ლელა ალვანსა და თბილისს შორის მიდი-მოდის, დედასთან ჩადის ხოლმე ხშირად. ეთერო თბილისშია, თან იმაზე ნერვიულობს, რომ თუშეთში ასვლას ვეღარ ახერხებს და თან იმაზე, რომ უფროსი შვილი, მინდია ერაყში ჰყავს. ზღაპარი კი იმიტომ გრძელდება, რომ მას შვილები აგრძელებენ - მინდია, ანანო და მარიამი: „ამერიკაში ნამყოფ ბალღებ ძნელებია“, - იამბობს ეთერო მინდიაზე, რომელიც შტატებში სამი წელი სწავლობდა, - „მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორც მე და ლელა ვერ გავძლებთ ვერსად აქაურობის გარეშე, ისე - ვერც ისინი. ამით ბედნიერი ვარ, რადგან თუ ასე ყველამ გაძლო, მაშინ ეს ქვეყანაც ეშმაკებს დარჩებათ, ხალხური თქმაა ეგეთი: სოფელი უკაცოდ ეშმაკებს დარჩათო, ხომ გაგიგიათ?“.
მოკლედ, არ გემშვიდობებით. გაგრძელებაც იქნება.

ბურსაჭირი, კოტორაანთ კარი ფოტო: ამირან არაბული
![]() |
14 SU&CY |
▲back to top |

სუ
სუ მატარებლის ფანჯრის იქით გაშლილ ბნელ, დათოვლილ მიშიგანის შტატს უყურებდა და ხვალინდელი დღის გეგმას აწყობდა. მისი ბას-გიტარა შესაკეთებელია, საღამოს კი პირველი კონცერტი აქვთ ლოს ანჯელესში. ესე იგი, დილიდან მოუწევს სახელოსნოში წასვლა... არა, ჯერ უნდა მოძებნოს ისეთი სახელოსნო, სადაც მთელი ჰონორარის დატოვება არ მოუწევს. სუს გაახსენდა, როგორ დაეხეთქა მისი გიტარა ბაქანზე, როდესაც ის კრეტინი, ფოტოკამერებით დახუნძლული, გაოფლილი კაცი დაეჯახა ზურგიდან. მისმა ,,საყვარელმა“ დამ კი, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: - ე! შე პროჭო, თვალებში თუ ვერ იყურები, ამდენი კამერა რისთვის დაგიკიდია კისერზეო, - კაცი ბოდიშებით გაისტუმრა და სუს მიაძახა: - ეს იმის ბრალია, რომ თხა ხარ და ყეყეჩი, გიტარას ფუტლიარში არ დებ და თოხივით მხარზე გაქვს გადებულიო! - აი, ასე დაიწყო სუსთვის 1966 წლის 26 ნოემბერის სუსხიანი დილა, დეტროიტის ცენტრალური სადგურის ბაქანზე. ახლა კი, სუ მუყაოს ჭიქიდან ყავას სვამდა, მატარებლის ფანჯრიდან ტბის თოვლიანი ნაპირის ზოლს მიშტერებოდა და იმწუთას მხოლოდ ის ახარებდა რომ, ხვალ ამ დროს თხელი კაბა ეცმევა და მზიან სანსეტ ბულვარზე ისეირნებს.
სუ ჯერ 16 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წლის განმავლობაში თავისი დის ორ ჯგუფში უკრავდა ბასზე, მაინც ვერ ეჩვეოდა ტურნეებს... არ მოსწონდა ტურნეებში სიარული. დეტროიტში დარჩენილი დედა და მამა ენატრებოდა. სულ რაღაც ორი თვის წინ დაბრუნდნენ „აკვნის“ გასტროლებიდან და უკვე „სიამოვნების მაძიებელთა“ ტურნე დაიწყო.
ჯუნი
წლინახევრის ბრენდონისათვის ბევრი რამ მამამისის შესახებ გაუგებარი იყო: ის, თუ რატომ ჩნდებოდა მამა ტელევიზორში ნიღბით და უცნაური სამხედრო ფორმით; რატომ იყო ცუდი და ებრძოდა კარგებს; და რატომ იყო შავ-თეთრი. არავინ იცოდა, რომ ბრენდონი ამის გამო არ ლაპარაკობდა. სწორედ იმ მომენტში, როდესაც პირველად დააპირა სიტყვა „მამა“ ეთქვა, ტელევიზორში „მწვანე ონავრის“ პრემიერა დაიწყო. მამამისმა პირველივე ხუთ წუთში სამი პოლიციელი სიცოცხლეს გამოასალმა (თანაც „ჰუმანურად“, პისტოლეტით კი არა, ცემით მოკლა). ყველაზე გაუგებარი ბრენდონისათვის ის იყო, რომ მამა ამ დროს მის გვერდით იჯდა და თავის ასეთ არაადამიანურ საქციელს მომღიმარი შესცქეროდა. სათვალეც კი გაიკეთა, რომელსაც ასე ვერ იტანდა, - უკეთ რომ დაენახა ეს საშინელება. ალბათ ჰგონია, ნიღაბში ვერ ვიცნობ, - გაიფიქრა ბრენდონმა და თითი ჯერ ტელევიზორისაკენ გაიშვირა, შემდეგ კი ჯუნისაკენ. მამამისმა კი, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: - არა, ეს მე არა ვარ, გეშლებაო, - გახარებულმა შეხედა თავის მეუღლეს, ლინდას, რომლის მუხლებზეც ბრენდონი მოკალათებულიყო და სახეგაბადრულმა უთხრა: - ნახე, მიცნოო. ბრენდონმა გადაწყვიტა, სანამ არ გავარკვევ რა ამბავია ჩემს თავს, ხმას არ ამოვიღებო. უკვე სამი თვე სრულდებოდა, რაც ჯუნი თავის ოჯახით სიეტლიდან ლოს ანჯელესში გადმობარგდა. აქედან ჰონგ კონგი უფრო ახლოს ეჩვენებოდა და თავსაც უფრო მშვიდად გრძნობდა, ვიდრე ცივ სიეტლში. სერიალი ორი თვის წინ, პირველად გავიდა ეთერში და უკვე პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა. პროდიუსერების თხოვნით, ჯუნი არცერთ ბეჭდურ მედიაში არ აჩენდა სახეს და ეს კატოს, ჯუნის პერსონაჟს, უფრო მეტ პოპულარობას უქმნიდა.
1966 წლის 27 ნოემბრის მზიანი დღე იდგა. წინა ღამით, ჯუნს ლურჯი „შევროლე ნოვას“ ბოლო მოდელი დაესიზმრა და დილას ერთი გადაწყვეტილებით გაიღვიძა, - დღეს მანქანა უნდა ვიყიდო, - გაიფიქრა ჯუნმა და მძინარე ლინდას დახედა, რომელსაც მზის რბილი ლაქა უნათებდა სახეს.
ფოტოგრაფი
...მესამე დილა თენდებოდა რაც ტანისამოსი არ გამოუცვლია. 29 ნოემბრამდე ყველაფერი უნდა მოესწრო. შიკაგოს და დეტროიტის შუთინგმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, ახლა კატო დარჩა გადასაღები ნიღბის გარეშე და ამის შემდეგ, ნიუ იორკში დაბრუნდება. რა თქმა უნდა, ლოს ანჯელესის საქმე უფრო რთულია, ვიდრე წინა ორი. ის ჩინელი მართლა ისე მოხერხებულად თუ იქნევს ფეხებს, როგორც ტელევიზორში, შესაძლოა, ეს გადაღება გატეხილი ლავიწის ძვლით და ცხვირზე თაბაშირით დამთავრდეს... მარლონ ბრანდო გაახსენდა და შეაჟრჟოლა, სიგარეტი სავარძლის სახელურზე ჩააქრო, მატარებლის ფანჯრიდან ოკეანის თეთრად აქაფებულ ნაპირის ზოლს მიაშტერდა და ჩუმად ამოიოხრა, შემდეგ თავი გააქნია, ცუდი აზრები რომ გამოებერტყა და გაიფიქრა: - დროზე მოვრჩები, დროზე ჩავალ სახლში... ისე, ცხვირზე თაბაშირი რომ გავიკეთო და ისე მივიდე რედაქციაში??? - ბოლო აზრმა გაახალისა და ფანჯარაში თავის მკრთალ ანარეკლს გაუღიმა. - ვესტვუდი ჰოლივუდი არ არის, მაგრამ მაინც კარგი უბანია... - გაბზარულ მაჯის საათს დახედა და ისევ მარლონ ბრანდო გაახსენდა, ისევ გააქნია თავი, ხის ჩრდილში გაჩერდა და უილშაია&გეილის ბინებისაკენ გაიხედა. - ათის ნახევარია... ალბათ ასე, ნახევარ საათში გამოვა... აქვე ვერ გადავიღებ, დამინახავს... უნდა გავყვე... ღმერთო, რატომ უნდა შემეფეთოს მაინცდამაინც მე ყველა მოუხეშავი თინეიჯერი??? (საქმე ისაა, რომ სადგურზე, ვიღაც არასრულწლოვან გიტარისტ გოგოსთან შეჯახებამ მისი ერთადერთი ტელეობიექტივი შეიწირა და შორიდან, შეუმჩნევლად რამდენიმე მსხვილი ხედის გადაღების შანსი მატარებლის ნაგვის ყუთში დარჩა) - ისევ დახედა საათს, და ცოტა ხანს ისეთი სახით უყურა, თითქოს აინტერესებდა, რამდენს გავუძლებო... უცებ უხეშად შეიხსნა ხელიდან, მაჯაც კი გაიფხაჭნა და ჭუჭყისაგან ალაპლაპებული შარვლის ჯიბეში ჩაიდო. თავი სტკიოდა. ბრანდოსთან ინციდენტის შემდეგ დასჩემდა ეს თავის ტკივილები, მაგრამ ექიმთან არ მიდიოდა. ექიმების ეშინოდა. ბინებს გახედა - კატო... რა სულელური სახელია უარყოფითი გმირისათვის... ქალის სახელს უფრო ჰგავს... თითქოს კეტრინის შემოკლებული ვარიანტია... რა იდიოტიზმია... კეტრინ-კეიტ-კეტრინ-კატო... ელიზაბეტ-ლიზი... დრაკულას რო ერქვას ლიზი... ლიზი დრაკულა ან მიმი ფანტომასი... სისულელეა.- თავის ფიქრებზე გაეღიმა. უილშაია&გეილის ბინებიდან დაბალი, სათვალიანი ჩინელი გამოვიდა და მიზანდასახულად გაემართა ტაქსის გაჩერებისაკენ.
- ასეთი დაბალი თუ იყო, ვერ წარმოვიდგენდი... ამ გნომმა ქასთინგი როგორ გაიარა???? ან ნაცნობები ჰყავს ყოვლისშემძლე (ეს ბოსის პრობლემა იქნება, როდესაც ფოტოებს გამოაქვეყნებს), ან მართლა ისე ჩხუბობს, როგორც სერიალში (ეს კი ჩემი პრობლემაა... თანაც დიდი და მტკივნეული). ის აუჩქარებლად გაემართა ტაქსის გაჩერებისაკენ, მაგრამ შინაგანად მთლიანად დაიძაბა... ახლა თუ ეს მოკლე ჩინელი ხელიდან გაუსხლტებოდა, ხვალამდე ვეღარ იპოვიდა.

რობერტ
რობერტა ჩაის დალევას აპირებდა, როდესაც სამზარეულოს მილზე კაკუნი გაისმა
*-* - - - -*** *- - -**- - *- - - - - - - * *-** * **-* - - - -* - -** * --**- - (1)
(1) რობა! ამო ტელეფონზე!
- აი, ეს უტვერდიტელნი ზნაკები არ აკაკუნებდეს ამდენი ეს ქალი, რა... - ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ, ჩაის ჭიქას ხელი დაავლო და ბნელი კორიდორით გასასვლელისკენ გაემართა. მორზეს ანბანის სწავლა მეზობელი ირას იდეა იყო და თვლიდა, რომ ძალიან მოსახერხებელი რამეა. უკვე მეორე წელიწადი იწურებოდა, რაც რობერტ კოჩაროვის და ირა თამაზაშვილის ეს კოდირებული რომანი დაიწყო... უკვე მეორე წელიწადი იწურებოდა, რაც ირა ცდილობდა გაერკვია, რას საქმიანობდა მისი საყვარელი და არაფერი გამოდიოდა. უკვე მეორე წელიწადი იწურებოდა, რაც მორიგი საჩუქრის მიღებისას დასმულ კითხვაზე - საიდან? - ლაკონურ პასუხს იღებდა: „ფორტოჩკიდან“... ან „ტუმბოჩკიდან“... ან „ატ ვერბლიუდა“...
- ვინ არი? - შესვლისთანავე ჰკითხა რობერტამ ირას და ჩაი მოსვა.
- ვერბლუდი... - უპასუხა ირამ ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ტელევიზორის ეკრანისათვის, რომელშიც ისევ ნიკარაგუას და სანდინისტებს აჩვენებდნენ.
- ალო!... პრივეტ, რამე არი?... მერე... ჰო... ეტა პოლსკი გავნო მნე ნი ნუჟნა! არ მიდის, რა... ეგ მაგათი კეგებეს ნაჩათლახარი, მითომ ვისოკაე ისკუსტვა შეიტენონ ტრაკში... სიჩას ვასმიდისიატიე, რა.. აქ არ მიდის ეგ!... სიროზნა? აი, ეგ მინდა! კანეშნა!... პროგრამა არი სტარ-ბირის? როდის?... ჰო... სულიკო როგორ რი?... კაი, ვეჩერამ ზაიდუ! - რობერტამ ყურმილი დაკიდა. - ირაჩკა, ისევ გაბუტილი ხარ? - ირას მიუახლოვდა და მხარზე უჩქმიტა, რაზეც ირამ არ დააყოვნა და ნეკნებში მუშტი უთავაზა... ამის შემდეგ კი, პანტომიმა დაიწყო, რომელსაც ვერ ავწერ.

სუ
სუს თხელი ყვავილებიანი კაბა ეცვა და საწოლზე იჯდა, ზურგით კედლისაკენ. კედლის მიღმა მისი დის და ჯგუფის მენეჯერის, ჯეკის ვნებიანი ოხვრა ისმოდა. მოტელში სიფრიფანა კედლები იყო. სუ ფიქრობდა, გავიხედავ და ჩრდილების პორნო-თეატრის სპექტაკლს ვნახავო. პიესის დასახელებაც კი მოიფიქრა, „Doggystyle in LA“. როდესაც ხმაური შეწყდა, სუმ ხმამაღლა დაიძახა, სახელოსნოში წავედიო. გიტარა მხარზე გაიდო და ოთახიდან გავიდა.
სუ ავტობუსის მგზავრებს ათვალიერებდა და ფიქრობდა, ახლა ბრიტ რეიდი რო იჯდეს აი, იმ სკამზეო. თავის ფიქრებზე გაეღიმა. ბრიტ რეიდი მისი საყვარელი სერიალის მთავარი გმირი იყო. ლამაზი, გარუჯული ფუტურისტული ვიკინგი, რომელიც საშინელ არამზადას, სახეშენიღბულ გენერალ კატოს ებრძოდა. სუ ვერაფრით ხვდებოდა, რატომ მოსწონდა მის უფროს დას ეს კატო უფრო მეტად, ვიდრე მისი ოცნების ქერა რაინდი, რომელზეც ამბობ, გასაბერ ჩაქუჩს გავსო. დეტროიტიდან მოყოლებული, სუ პატარა იმედის ნაპერწკალს გაღვივების საშუალებას არ აძლევდა, რომ ლოს ანჯელესის ქუჩებში შემთხვევით შეიძლება ბრიტ რეიდს შეეფეთოს. ამაზე ფიქრის დროს, სადღაც მუცლის ქვევით (რა სირცხვილია!), უცნაურ, სასიამოვნო სიმძიმეს გრძნობდა, დაახლოებით ისეთს, ლუნა პარკში, ამერიკულ მთებზე რომ ემართებოდა ხოლმე. აი, ახლაც, სუ გაწითლდა და სასწრაფოდ ფანჯარაში გაიხედა. მისი მზერა პირდაპირ მუსიკალური ინსტრუმენტების სახელოსნოს აბრას შეეფეთა. ავტობუსი გაჩერდა და ღია კარიდან დახუთულ ავტობუსში კიდევ უფრო დახუთული, ცხელი ჰაერი შემოვარდა.
- ნამდვილად ეს არის? - ფიქრობდა სუ და ქუჩას სახელოსნოს მიმართულებით კვეთდა. აი, მანქანების მაღაზიაც გვერდით, როგორც ტელეფონში აუხსნეს. ბრიტზე ფიქრში ცოტაც რომ გართულიყო, უთუოდ გამოტოვებდა გაჩერებას.
სახელოსნო იყო პატარა, ცისფრად შეღებილი კედლებით და ჭერში დიდი, ჭრიალა ვენტილატორით. სუს ხანშიშესული სათვალიანი მექსიკელი შეეგება.
- გაგიმარჯოთ, ახალგაზრდა ქალბატონო! - უთხრა მან ღიმილით. - რით შემიძლია გემსახუროთ? სუმ სწრაფად მოუყვა კრეტინის ამბავი, რომელიც დეტროიტის სადგურზე დაეჯახა და ხელიდან გიტარა გააგდებინა. ხელოსანი უკმაყოფილო სახით უქნევდა თავს, თითქოს ეთანხმებოდა, მართლაც ვიღაც იდიოტი და მამაძაღლი შეგხვედრიათო. შემდეგ სუს გიტარა ჩამოართვა, შეათვალიერა, დაფიქრდა და ზეგ მობრძანდითო, უთხრა. ახლა სუმ კონცერტზე უამბო, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ისიც თქვა, უფროსი და მყავს უგულო და მჩხავანაო და ბოლოს, ერთი-ორი ცრემლიც გადმოაგდო (როგორც დაგეგმილი ჰქონდა). ცრემლებმა გაჭრა და მექსიკელმა „გვარნერიმ“ სუ, სამ-ოთხ საათში დაიბარა. როდესაც სუ სახელოსნოდან გადიოდა, გაღიმებულმა ხელოსანმა პირობა ჩამოართვა, რომ ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონი მას კონცერტზე დაპატიჟებდა. სუმ თანხმობის ნიშნად, კიდევ ერთხელ გაუღიმა და სახელოსნოდან გავიდა.
სუ ლოს ანჯელესის ქუჩებში სამი-ოთხი საათის გატარებას და ვიტრინების თვალიერებას აპირებდა. ის-ის იყო ფეხი სამანქანო გზაზე დადგა და ქუჩის გადაკვეთა დააპირა, რომ მანქანების მაღაზიიდან ლურჯი „შევი-ნოვა“ გამოვარდა და სუს ისე ახლოს ჩაუქროლა, რომ საწყალი გოგო იქვე ტროტუარზე ჩაიკეცა და შეშინებულს, ისტერიული ტირილი აუვარდა. მანქანა მკვეთრად გაჩერდა...
ფოტოგრაფი
- დაარტყა??? - ფოტოაპარატი მოიმარჯვა და რამდენიმე ფოტო გადაიღო.
- არა, მგონი, უბრალოდ, შეეშინდა გოგოს, - მოუბრუნდა ტაქსისტი.
- ჰო, მართალი ხარ... - კამერა მოიმარჯვა.
- აბა, აბა, გადმოდი მანქანიდან! აი, ასე... არა, ძალიან შორია.
- რა იყო, ცოლს ღალატობს? - ჰკითხა ტაქსისტმა ირონიით.
- არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ მე ბიზნეს კონკურენტმა დამიქირავა. - ტაქსისტს კერძო დეტექტივად გაეცნო, სავიზიტო ბარათიც კი მისცა, ასეთი შემთხვევებისთვის რომ ჰქონდა დაბეჭდილი. - თუ ღალატობს, ეგეც არ მაწყენს. - ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ კამერით გახედა. - დაიცა, დაიცა, ეს ხომ ის არასრულწლოვანი გიტარისტია???? ღმერთო, რა არ ხდება ამ ქვეყანაზე... მანქანისკენ მიჰყავს. შეიძლება მართალიც აღმოჩნდე! - ტაქსისტს გაეღიმა
- მივყვებით?
- რა თქმა უნდა!
შევროლე დაიძრა და ტაქსიც კონსპირაციული დისტანციის დაცვით აედევნა.
ჯუნი
- ნამდვილად არაფერი არ გტკივა? - ჯუნი შეწუხებული და, ცოტა არ იყოს, შეშინებულიც იყო. - მგონი, ჰოსპიტალში უნდა მივიდეთ. - გოგო უკვე აღარ ტიროდა, მაგრამ დაბნეული იყო, თითქოს ვერ ხვდებოდა, რა ხდება. ჯუნმა გადაწყვიტა გაემხიარულებინა, სანამ ჰოსპიტალში მივიდოდნენ და გოგოს გაუღიმა:
- ჩინელები სიზმრებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გუშინ სიზმარში ვნახე, თითქოს ლურჯი „შევინოვა” ვიყიდე... დღეს დილასვე საყიდლად წამოვედი... ახლა კი ვიფიქრე, იქნებ სწორედ იმიტომ ვნახე ეს სიზმარი, რომ შენ შეგხვედროდი - გოგომ ჯუნს ისე შეხედა, თითქოს უნდოდა, მარილის ბოძად ექცია.
ჯუნი მიხვდა, სისულელე წამოვროშეო და უხერხულობისაგან კიდევ უფრო იდიოტური ფრაზა წამოსცდა:
- მე ცოლი მყავს და წლინახევრის შვილი, ბრენდონი... - თქვა და აფეთქების მოლოდინში, სასწრაფოდ მოაცილა თვალი... მაგრამ აფეთქება არ მომხდარა, მან დიდი სიფრთხილით გააპარა თვალი გოგოს მიმართულებით და როდესაც მისი გაღიმებული სახე დაინახა, მოდუნდა და შვებით ამოისუნთქა.
- შენ ან იდიოტი ხარ, ან თავს ისულელებ! - სიცილნარევი ხმით უთხრა გოგომ, გზას გახედა და თითქოს ამდენი ხნის მანძილზე, პირველად შენიშნა, რომ სადღაც მიდიან - სად მიგყავარ?
- ჰოსპიტალში!
- არა! ჯობია, ყავაზე დამპატიჟო და ჩათვალე, რომ ყველა ცოდვა გაპატიე!
ჯუნმა შეხედა, გაუღიმა და უცებ, რაღაც უცნაური ტალღა დაეჯახა მუცელში.
ასეთი რამ ერთადერთხელ დაემართა, თოთხმეტი წლის რომ იყო. მაშინ ჰონგ კონგის ერთ პატარა საცეკვაო სკოლაში სამეჯლისო ცეკვის გაკვეთილებს იღებდა და თავის პარტნიორ გოგოზე, სუ-ლიზე უგონოდ შეყვარებული იყო, მაგრამ სუ-ლი მას ზედაც არ უყურებდა (უფრო სწორად, უყურებდა, მაგრამ ცივად და ყოველგვარი ინტერესის გარეშე). ჯუნი სულმოუთქმელად ელოდა ცეკვის გაკვეთილებს. კვირაში სამჯერ, თითო საათით, ჯუნი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხდებოდა. მისი მარცხენა მტევანი ფრთხილად ეხებოდა სუ-ლის თბილ, მოქნილ წელს და კანქვეშ წვრილი ხერხემილის ყოველ გამოძრავებას მისი სხეული ჟრუანტელით პასუხობდა. სულის თხელ, გამჭვირვალე თითებს კი, ისე სათუთად იჭერდა მარჯვენა ხელში, თითქოს პატარა პეპელა ეჭირა და ეშინოდა, ფრთები არ დავუზიანოო. ასე გრძელდებოდა ორი თვე და აი, იანვრის ერთ დღეს, როდესაც მუსიკა შეწყდა და ცეკვა დაასრულეს, სუ-ლი არ მოსცილდა და არ უთხრა, ზეგამდეო - როგორც ყოველთვის აკეთებდა. დარბაზი ნელ-ნელა დაიცალა, ისინი კი ისევ საცეკვაო პოზაში იყვნენ გაშეშებული და ერთმანეთს უყურებდნენ.
- მე და ჩემი დედ-მამა ხვალ ჩინეთიდან მივდივართ. - თქვა უცებ სუ-ლიმ - სამუდამოდ! - მერე მთელი ტანით მიეკრო ჯუნს და ოდნავ სველი, თბილი ტუჩებით შეეხო მის ტუჩებს. ჯუნს უცნაური ტალღა დაეჯახა მუცელში და მთელ ტანში სითბოდ ჩაეღვარა. სუ-ლიმ ერთხელაც შეხედა, ქუთუთოებზე ცრემლი უციმციმებდა:
- მე ყოველთვის შენ მეყვარები, საი, - უთხრა, მიბრუნდა და დარბაზიდან გავიდა. ჯუნი კი იდგა ხელგაშლილი, თითქოს ვიღაც უხილავთან აპირებს ცეკვასო. როდესაც გონს მოეგო და გარეთ გავარდა, რომ სუ-ლის დაწეოდა, ის უკვე წასულიყო. მას შემდეგ ჯუნი და სუ-ლი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.
აი, ეს ყველაფერი გაახსენდა ჯუნს, როდესაც ამ უცნობ ამერიკელ გოგოს შეხედა და რატომღაც ისეთივე სითბო იგრძნო, ტანში როგორიც 12 წლის წინ ჰონგ კონგში.
- რა გქვია? - ჰკითხა ჯუნმა გოგოს.
- სუზი, მაგრამ შეგიძლია, სუ დამიძახო!
სუ
- ფრთხილად!!!! - დაიკივლა სუმ და ხელები წინ გაიშვირა, თითქოს მათ წინ, მოსახვევიდან გამოვარდნილი სატვირთო მანქანის შეჩერებას შეძლებდა... არანორმალურმა ჩინელმა დროზე მოასწრო დამუხრუჭება. სუს ისევ გაეღიმა.
- მგონი, ჩემი მოკვლა გაქვს გადაწყვეტილი და ამიტომაც შემხვდი. ჩინელმა სათვალე მოიხსნა და შეხედა. სუმ სადღაც მუცლის ქვევით (რა სირცხვილია!) უცნაური, სასიამოვნო სიმძიმე იგძნო, დაახლოებით ისეთი, ლუნა პარკში ამერიკულ მთებზე რომ ემართებოდა ხოლმე, გაწითლდა და სასწრაფოდ ფანჯარაში გაიხედა, მისი მზერა პირდაპირ კაფე „ამერიკანა“-ს აბრას წააწყდა
- აქ ხომ არ დავლიოთ ყავა? - ჰკითხა ისე, რომ თავი არ მოუბრუნებია. - თორემ მეშინია, უფრო შორს რომ წამიყვანო, კატასტროფაში მომაყოლებ.
- დავლიოთ. - გაისმა პასუხი და მანქანა დაიძრა.
მანქანების სადგომი კაფეს უკან, მიყრუებულ, ბუჩქებით შემოფარგლულ ჩიხში იყო. ჩინელის ლურჯი „შევროლეს“ გარდა, აქ მხოლოდ ერთი მანქანა იდგა. სუ თავის თანამგზავრს უყურებდა, რომელიც მანქანას კეტავდა და ფიქრობდა, „რა უცნაური გარეგნობა აქვს, ვერაფრით ვერ იტყვი, რამდენი წლისაა“... როდესაც ჩინელმა გამოხედა, გაიფიქრა - „თვალები აქვს სევდიანი“...
- მე რომ არ გკითხე შენ რა გქვია? - უთხრა სუმ, როდესაც კაფეში შევიდნენ.
- ჯუნ ფან. მაგრამ შენ საი დამიძახე... - რაღაცაზე ჩაფიქრდა და მერე დააყოლა, - ბავშვობაში მეძახდნენ საის...
მაგიდას მიუსხდნენ და ჯუნმა მენიუ მოიმარჯვა.
- რატომ გინდა, რომ საი დაგიძახო? - სუმ მაგიდას იდაყვები დააყრდნო, სახე ხელებში ჩარგო და თვალები ჩინელივით გაეწელა. - მე ხომ ბავშვობაში არ გიცნობდი?
- რომელი უფრო კარგად ჟღერს ჯუნი და სუ თუ საი და სუ.
- საი & სუ.
- ეგრე იაპონელს გავხარ. - უთხრა ჯუნმა და ისევ მენიუს ჩახედა. სუმ კი კაფეს მოავლო თვალი. თითქმის ცარიელი კაფეს სხვადასხვა კუთხეში, სულ სამი ადამიანი იყო. ხანშიშესული კაცი ფანჯარასთან იჯდა და ომლეტს მიირთმევდა, ბართან შუახნის ქალი ყავას სვამდა და თან ჟურნალს კითხულობდა. ღრმად, კაფეს შედარებით ჩაბნელებულ ნაწილში, მათკენ ზურგით კიდევ ვიღაც იჯდა.
ფოტოგრაფი
როდესაც ლურჯმა „შევროლემ“ სადგომისაკენ გაუხვია, მან ტაქსი გაუშვა და კაფეში შევიდა. ღრმად, ერთი ადგილი სწორედ რომ მისთვის იყო გამზადებული. კედელი მთლიანად სარკით იყო მოპირკეთებული და მთელი კაფე, როგორც ხელის გულზე, ისე მოჩანდა. მშრალი მარტინი შეუკვეთა და სათვალთვალოდ მოემზადა.
თავი ისევ ასტკივდა და საფეთქლებს იზელდა, როდესაც კაფეში ჩინელი და გოგო შემოვიდნენ. ისე შესცქეროდნენ ერთმანეთს, გაიფიქრა - „ტაქსისტის ვარაუდი ნამდვილად ახდებაო“. ცოტა ხანში, წყვილს ორი ორმაგი ესპრესსო მიუტანეს. კაფეში სიწყნარე იყო და მოშორებით მჯდომი წყვილის საუბარი კარგად ისმოდა.
- ... მსახიობი? - ოდნავი სიცილით ჰკითხა გოგომ. კატომ თავი დაუქნია და ყავა მოსვა. - და რა ფილმებში თამაშობ?
- არ გეცოდინება, ძველი ჰონგ კონგური საბავშვო ფილმებია.
- მაინც მითხარი. - არ ეშვებოდა გოგო. კატოს გაეღიმა.
- „ბიჭის დასაწყისი“.
გოგოს გაეცინა: - ეგ პორნო ხო არ იყო? - ჰკითხა ხითხითით.
- 6 წლის ვიყავი, მაგ ფილმში რომ ვთამაშობდი.
- საინტერესოა, როგორი იყავი 6 წლის.
კატომ ქუჩაში გაიხედა: - პატარა, ჩვეულებრივი, სათვალეებიანი ჩინელი ბავშვი. - ისევ გოგოს გამოხედა.
- სხვებიც მითხარი! იქნებ ოდესმე სადმე წავაწყდე და ვნახო, როგორი იყო საი პატარაობაში.
„აჰა! სახელი მოუტყუებია... საი... საი კი არა, ჯუნ ფენ ლი ჰქვია...“
- სხვები? - კატო დაფიქრდა - „ადამიანის დაბადება“, „ჩემი შვილი, აჰ ჩუნი“, კიდევ „ობოლი“, მაგრამ მანდ უკვე დიდი ვიყავი, 18 წლის.
- და ამერიკულ ფილმში არ გითამაშია?
- ერთში. ამერიკული ფილმით სამსახიობო კარიერა დავიწყე. - კატოს გაეცინა - არა მგონია, ნანახი გქონდეს... გოგოს ვთამაშობდი.
- რაააა? - გოგომ ისეთი ხარხარი ატეხა, ფანჯარასთან მჯდომ კაცს ომლეტი გადასცდა და ხველება აუვარდა.
- ჰო, ჰო! რა გაცინებს? „გოგო გოლდენ გეითიდან“ ნანახი გაქვს?
- მატყუებ? ეგ ხო ძველი ფილმია, მგონი, ოცდაათიანებშია გადაღებული. ის გოგო შენ თუ ხარ, ახლა ბევრად უფრო მოხუცად უნდა გამოიყურებოდე. თან არ გავხარ! ახლახანს ვუყურე, მამაჩემთან ერთად.
- 1941-შია გადაღებული, სამი თვის ვიყავი. გახსოვს ჩინელების ოჯახი? პატარა გოგო რომ წევს აკვანში? აი, ეგ ვარ მე და აკვანს რომ არწევს კაცი, მამაჩემია. მალე ორი წელი შესრულდება, რაც გარდაიცვალა. - გოგო თვალებში შესცქეროდა და ხმას არ იღებდა.
- უცნაურია, 1 თებერვალს ჩემი შვილი გაჩნდა და ერთ კვირაში მამაჩემი გაქრა. - გოგო უცებ წინ გადაიწია და კატოს აკოცა.

„რას არ მოისმენ და რას არ ნახავ... ეს თინეიჯერი კი სწრაფად მოქმედებს...“ გოგომ კატოს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და კიდევ ერთხელ აკოცა. კატომ მაგიდაზე ფული დადო, შემდეგ ორივენი ადგნენ. გოგო საპირფარეშოებისაკენ წავიდა, კატო კი კაფედან გავიდა და გარეთ, კართან გაჩერდა. „მიდიან. სადგომთან ბუჩქებია, იქ თუ ჩავუსაფრდი, შეიძლება მოვახერხო მსხვილ პლანში სახის გადაღება“. სწრაფად წამოდგა და კაფედან გავიდა.
რობერტა
გრძელ ფოტოზე ოცდახუთი შიშველი ქალბატონისაგან ბატალური სცენა იყო დადგმული.
- ხო გითხარი, ეს პოლსკი დეშოვკა არ მინდა! - რობერტა უკმაყოფილოდ სწავლობდა ფოტოს ყველა დეტალს. მისი პარტნიორი, ბონდო კარაქიან პურს მიირთმევდა. რობერტამ ფოტო გადადო და შემდეგს დასწვდა. - ეს რა არი?
- ცოტა გაფუჭებულია, რა... - ღეჭვა-ღეჭვით უთხრა ბონდომ. - ზატო, ნახე რა ქალია?
- გაფუჭებული შენა ხარ, ბიჭო! ეტა სოლარიზაცია. ეს ბიჭო მან რეია! ტი შტო? დუმაეშ, მან რეის მაგას ვაკადრებ, რომ დეზერტირებზე პორნო კარტებთან ერთად გაყიდონ?
- ვინ არი?... ეეეეე! რა მნიშვნელობა აქვს, ტო? იქაც ტიტველა ქალია, აქაც ტიტველა ქალია!
- ტაგდა დავაი, ბოტიჩელინუ ვენერუ ტოჟე ბუდემ პრადავატ... ტი შტო, რაზნიცუ ნე ვიდიშ? ეტა კრასატა!
ა ეტო... - ისევ პოლონური ფოტო აიღო ხელში და ბონდოს ცხვირწინ აუფრიალა: - გავნო!!! - მან რეის ფოტო უბის ჯიბეში ჩაიდო: - ამას მე წავიღებ... - ბონდომ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი. რობერტამ მაგიდაზე დაყრილ ფოტოებს დახედა. - შენა და... ის სად არი, ტელეფონზე რო მითხარი? - ბონდომ ხელები შარვალზე გაიწმინდა და იდუმალი ღიმილით შეხედა, შემდეგ მაგიდის უჯრა გააღო, შიგნიდან საშუალო ზომის ფოტო ამოიღო და რობერტას გაუწოდა. რობერტამ ფოტოს დახედა და გაიბადრა.
- მართლა ეგენი არიან, ტო? - ჯიბიდან ლუპა ამოიღო და კედელზე მიმაგრებულ ნათურას მიუახლოვდა
- ნასტაიაშჩია, ტო! თანაც, ვ მაშინე... ვიღაცამ ნაღდად ჩუმად გადაუღო, რა... - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა რობერტა. ოთახში ბონდოს მეუღლე, სულიკო შემოვიდა.
- ერთი, სულიკოს ანახე, რა! - სთხოვა გაბადრულმა ბონდომ. რობერტამ ფოტო ქალს გაუწოდა. სულიკომ გამოართვა, ცოტა ხანს უყურა ფოტოს, შემდეგ ხმის ამოუღებლად დადო მაგიდაზე, ოთახიდან სწრაფად გავიდა და კარი ხმაურით მოაჯახუნა.
- ე! რა მოუვიდა? - იკითხა გაოგნებულმა რობერტამ. - ანა ი პო ხუჟე ფატაგრაფიი ვიდალა, ტო...
- ეგ იცი რა არი? ჩვენ მაგის ეროვნული სიამაყე შევლახეთ ახლა! - თქვა ბონდომ და ორივემ საშინელი ხარხარი ატეხა.
სუ
არსად არ წავიდნენ. სუმ გადაწყვიტა, იქვე, მანქანების სადგომზე, ლურჯ „შევინოვაში“ გამოთხოვებოდა ქალწულობას. უკანა სკამზე, ბევრი წვალების შემდეგ, სუმ ოპტიმალური პოზა იპოვა - ოთხზე დადგა, პატარა ლეკვივით. ცხვირით თითქმის ფანჯარას ებჯინებოდა. საი მის უკან მოექცა და სუმ იგრძნო როგორ ჩასძვრა საცვალი, ფანჯარაში გაიხედა, უცებ თავში გაუელვა „Doggy Style In L.A.“ და...

ფოტოგრაფი
„არ უნდა გავინძრე, თორემ შემამჩნევენ... ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ!... ახლა აქეთ გამოიხედე, გამიღიმე და ჩიტი გამოფრინდება!“ გოგომ მართლაც პირდაპირ ობიექტივში შეიხედა და... გაიღიმა. „შესანიშნავია! ლოს ანჯელესის შუთინგიც დამთავრდა... ხვალ სახლში რომ ჩავალ, აბაზანაში ჩავწვები და აღარასოდეს ამოვალ“!
ჯუნი
სუმ უთხრა, რომ აღარასოდეს ნახავს, მაგრამ ყოველთვის ემახსოვრება. კიდევ უთხრა, რომ თუ მოენატრა, იცის, რომელ ფილმებში ეძებოს... მერე გაუღიმა, აკოცა და წავიდა.
საღამოს ჯუნი, ლინდასთან და ბრენდონთან ერთად, „მწვანე ონავრის“ მორიგი სერიის საყურებლად დაჯდა, მაგრამ რატომღაც არ სიამოვნებდა საკუთარი თავის ყურება და კატოს ყოველი გამოჩენისას, მოღუშული აცილებდა თვალს ეკრანს.
ბრენდონი ცოტა ხანს მამამისს აკვირდებოდა, შემდეგ დედის კალთიდან ჯუნის კალთაში გადაძვრა, ჩაეხუტა და თავის პატარა ცხოვრებაში პირველი სიტყვები წარმოთქვა:
- მამა, შენ ნუ ნერვიულობ. რაც არ უნდა ცუდად მოიქცე, მე მაინც ყველაზე მეტად მიყვარხარ. თანაც, ეს ხომ უბრალოდ კინოა, შენ კი, უბრალოდ, შენს როლს თამაშობ ამ კინოში. ყველაფერი სცენარისტის ბრალია.
ფოტოგრაფი
1966 წლის 28 ნოემბერს თავის აბაზანაში იწვა და გონებაში დანახარჯების სიას ადგენდა. უცებ თავში თითქოს რაღაც გაუსკდა, სითბო იგრძნო, ბოლოჯერ გაახსენდა მარლონ ბრანდო და სამუდამოდ სიბნელეში გადაეშვა.
გვამი მეორე დღეს იპოვეს. გაბრაზებული სახე ჰქონდა. საწესდებო პროცედურის თანახმად, მთელი მისი ნეგატივები, ფოტოები და გაუმჟღავნებელი ფირები პოლიციამ ამოიღო ბინიდან, მაგრამ შემდეგ პოლიციიდან რატომღაც FBI-ში გადაინაცვლა და რამდენიმე ფოტო ბოლოს CIA-შიც მოხვდა, „საბჭოთა იატაკქვეშა პროპაგანდის“ განყოფილებაში.
ჯუნი
1973 წლის 20 ივლისს ჯუნი ჰონგ კონგში, ტვინის შეშუპებისგან გარდაიცვალა.
29 ივლისს ჯუნი სიეტლში გადაასვენეს. ის სასაფლაო Lake View-ზე დაკრძალეს.
ჭირისუფლებს შორის იყვნენ სტივ მაკქუინი, ჯეიმს კობურნი, დენი ინოსანტო და როკის ამომავალი ვარსკვლავი გოგონა, რომელსაც აქ მყოფებიდან არავინ იცნობდა...
სუ-ლი
მალე თბილისში ცხოვრების თხუთმეტი წელი სრულდებოდა. მისი რეზიდენტურა 1969 წელს დაიწყო, ლენგლის დაზვერვის სკოლის დამთავრებისთანავე. ის პირველი ჩინელი სტუდენტი იყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თავისი მომავალი მეუღლეც სტუდენტობისას გაიცნო და საქმეში ჩართო ისე, რომ ქმარს ეჭვიც არ გასჩენია, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე რომ მუშაობდა.
სუ-ლი ფანჯარასთან იჯდა. ღამის თბილისის გარეუბანს წვიმა ასველებდა, სუ-ლის თვალებს კი - დიდი მარილიანი ცრემლები. ხელში ფოტო ეჭირა, ფოტოზე კი საი იყო, ვიღაც ამერიკელ ქერა თინეიჯერთან ერთად.
- სულიკო! მოვედიიიიი...- დაიძახა ბონდომ შემოსასვლელიდან. სუ-ლიმ ფოტო უბეში დამალა, თვალები შეიმშრალა და იქვე დაკიდებული კედლის რადიო ჩართო... რადიოდან ნაცნობი სიმღერა გაისმა. სუ-ლიმ შუბლი მიადო ცივ შუშას და სიბნელეში მოციმციმე სახლებს გახედა.
აქ წარმოიდგინეთ, რომ კადრი ჩაბნელდა და ეკრანზე თეთრი ტიტრები ამოცოცდა. მუსიკა კი გრძელდება და თქვენც შეგიძლიათ მოიმარჯვოთ გიტარა (თუ დაკვრა იცით) და აჰყვეთ...
და თქვენც შეგიძლიათ მოიმარჯვოთ გიტარა (თუ დაკვრა იცით) და აჰყვეთ...

D2 G Em
Our love is alive and so we begin
D2 G Em
Foolishly layin' our hearts on the table, stumblin' in
D2 G Em
Our love is a fl ame burnin' within
D2 G
Now and then fi re light will catch us, stumblin' in CHRIS:
Am D Em
Wherever you go, whatever you do
Am D Em
You know these reckless thoughts of mine are followin' you
SUZI:
I've fallen for you, whatever you do
`Cause baby you've shown me so many things that I never knew
Am D G
Whatever it takes, baby, I'll do it for you
(Chorus) Riff 1
CHRIS: You were so young, ah, but I was so free
SUZI: I may have been young but baby, that's not what I wanted to be
CHRIS: Well you were the one
SUZI: Oh why was it me?
CHRIS: `Cause baby you've shown me so many things that I'd never seen
Whatever you need, baby, you got it from me (Chorus)
CHRIS: Ah, stumblin' in, mmm, stumblin' in
D2
Now and then fi re light will catch us,
G Em
stumblin' in
SUZI: Oh, stumblin' in, I'm stumblin' in
D2 G
Foolishly layin' our hearts on the table, stumblin'in
ფინალის მეორე ვარიანტი... არასოდეს იცი, ხალხს რა მოეწონება, ამიტომ...
სუ
კონცერტის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, ის დაბალი კაცი რომ შემოვარდა backstage-ზე.
- ეს უნდა იმღეროთ. - უთხრა სუს და გაღიმებულმა ფურცელი გაუწოდა, რომელზეც ნოტები და ლათინური ასოებით ნაწერი გაუგებარი ტექსტი იყო. - ამით უნდა დაიწყოთ... შემდეგ კი თქვენი რეპერტუარით განაგრძოთ.
სუს, ცოტა არ იყოს, ეშინოდა ამ კაცის და საერთოდ ამ ქვეყნის (რაც არ უნდა იყოს, მტრის ბანაკში იყო, „ონ გასტროლზ“ - ასე ერქვა აქ ტურნეს. სანამ სუ ამას მიხვდა, ბევრჯერ შეეშინდა ამ უცნაური სიტყვის)... მოკლედ, ბევრი არ ახვეწნინა, ფურცელი გამოართვა და სცენისაკენ გაემართა.
დიდი სპორტული დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. სუ აუდიტორიას მიესალმა, რასაც გამაყრუებელი ყიჟინა მოჰყვა, მაგრამ როგორც კი სუმ ფურცელი მოიმარჯვა, ხალხი წამსვე გაისუსა და სუს ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ დარბაზი გაავსო... 188 ცხელი შოკოლადი
აქ წარმოიდგინეთ, რომ კადრი ჩაბნელდა და ეკრანზე თეთრი ტიტრები ამოცოცდა. მუსიკა კი გრძელდება და თქვენც შეგიძლიათ აჰყვეთ... გიტარა ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი...
sakvarlis saphlavs vedzebdi
ver vnakhe dakarguliko
gulamoskvniliiii vtirodi
shen xom ara xar sulikoooo...

P.S.
თუ არ ვცდები 1984 წელი იყო. მეექვსე კლასში ვიყავი. პორნო ჟურნალი გვქონდა დათრეული და ფიზკულტურის დარბაზის გასახდელში შემალულები „ვათვალიერებდით“. ამ დროს ჩემი კლასელი, გიორგი შავგულიძე შემოვიდა. ცოტა ხანს გულგრილად უყურა ჟურნალს და მერე გვითხრა: - ეგ რა არი... გუშინ დეზერტირებზე ვიყავი, თამაზასთან ერთად და იცი რა სურათი ვნახეო? - ჩვენ წამით „თვალი“ მოვწყვიტეთ „ჟურნალს“ და გიორგის ავხედეთ. პატარა პაუზა გააკეთა, დარწმუნდა, რომ ყველა ვუსმენთ და თქვა: - ლურჯ „ფორდში“ სუზი კვატროს ბრუს ლი ტყნავდაო!
აი, ასე გააერთიანა ჩვენი ბავშვობის სამი სიმბოლო: „ფირმა“ მანქანა, სუზი კვატრო და ბრუს ლი, რომლის ნამდვილი სახელი ჯუნ ფან ლი იყო, დედა კი მოფერებით საი ფუნგს ეძახდა. (სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე სუზი კვატროს „სულიკო“ არ უმღერია, მოვიტყუე. ბრუს ლი კი ყველა იმ ფილმში თამაშობს, რომელიც ზემოთ არის ჩამოთვლილი, მაგრამ „მწვანე ონავარში“ კატო დადებითი გმირი იყო და არა ბოროტი გენერალი, ბრიტ რაიდი კი, მწვანე სამოსსა და ნიღაბში გამოწყობილ იდიოტს უფრო წააგავდა, ვიდრე გასაბერ ჩაქუჩს... იმედია, ტყუილებს მაპატიებთ).
ეს ისტორია ჩემს კლასელს, გიორგი შავგულიძეს ეძღვნება, რომელიც უკვე ოცი წელია, აღარ მინახავს.

![]() |
15 კოკა-კოლას ჯაზფესტივალი |
▲back to top |
ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ექსკლუზიური ინტერვიუები
ქრისჩენ მაქბრაიდი
დევიდ სენბორნი
ჯონ სქოფილდი
ქრის ფოთერი
ჯორჯ ბენსონი
ქრისჩენ მაქბრაიდი

ორი სპეციფიური კომპლიმენტით მინდა დავიწყო. თქვენ ორივე ეს კომპლიმენტი კოლეგებისაგან, გერი ბერთონისაგან და ჯო ზავინულისაგან მიიღეთ. ორივე თქვენი ბენდის მისამართითაა ნათქვამი. „ბიჭებო, როცა უკრავთ, თქვენ ერთდროულად უკან იყურებით და, ამავე დროს, წინ ახერხებთ გახედვას.” ეს ჯო ზავინულია. “ქრის, იცი ყველაზე კარგი შენს ბენდში რა არის? მე არ შემიძლია ვთქვა, თუ ვისი ბენდია ეს!” ეს კი უკვე გერი ბერთონია. რას ნიშნავს იყურებოდე ერთდროულად უკან და წინ და რატომაა კარგი, როდესაც ვერ ხვდებიან, თუ ვინაა ბენდის ლიდერი?
ჯაზს რომ უკრავ, უნდა გახსოვდეს, რომ ამ მუსიკას მდიდარი ტრადიციები და მემკვიდრეობა აქვს. შეუძლებელია ჯაზის დაკვრა, თუ ცნობიერად ან არაცნობიერად წინამორბედების მიმართ მადლიერების გამოხატვა არ შეგიძლია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ მარტო ამით არ შემოიფარგლო და შეეცადო შენი საკუთარი ხმა შემატო ჯაზის ისედაც მდიდარ ისტორიას. ეს კი იმაზე უფრო ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით გეჩვენება. ჩემზე ბევრ დიდ მუსიკოსს მოუხდენია გავლენა, ბევრ ბასისტს თუ არა-ბასისტს, მაგრამ ძალიან ძნელია იპოვო შენი სტილი ამ ინსტრუმენტზე ისე, რომ გვერდი აუარო ჯეიქო პასთორიუსს, რეი ბრაუნს, რონ ქართერს, ოსქარ პეთიფორდს, ჯიმი ბლენთონს და უამრავ სხვას. შენ ცდილობ შექმნა ბასზე დაკვრის შენი სტილი და ამ დროს იცი, რომ ვერაფერს ახალს ვერ შექმნი მანამ, სანამ არ გეცოდინება, რა და როგორაა დაკრული. ეს ნიშნავს უკან და, ამავე დროს, წინ ყურებას. რაც შეეხება გერი ბერთონის სიტყვებს, მოდით, მაგალითისათვის ორი ჯენტლმენი ავიღოთ, - დიუქ ელინგთონი და მაილზ დევისი. გავიხსენოთ მაილზის გენიალური ბენდები და მივხვდებით, - მათი სიდიადე სწორედ იმაშია, რომ მაილზი ყოველთვის არ იღებდა თავის თავზე ლიდერის ფუნქციას. ხშირად მისი ბენდები მაილზის მუსიკას არ ასრულებდა და მაილზი ყოველთვის ყველაზე გრძელ სოლოებსაც არ უკრავდა. ეს ზოგჯერ ჯონ ქოლთრეინი იყო, ზოგჯერ ქენონბოლ ედერლი, ბილ ევანსი, უეინ შორთერი ან ჰერბი ჰენქოქი. მაილზი კი, ძირითადად, ნავიგატორი იყო. ის, უბრალოდ, საჭირო მიმართულებით მიმართავდა ბენდს. დიუქ ელინგთონიც ასე იქცეოდა. მისი მუსიკა მარტო დიუქი კი არ იყო, არამედ ჯონი ჰოჯესი, ქეთ ანდერსონი, ბილი სთრეიჰორნი და ასე შემდეგ. ჩემი ბენდი რომ შევქმენი, თავიდან ძალიან დათრგუნული ვიყავი იმიტომ, რომ, ისტორიულად, ბასისტები წინა პლანზე არასდროს იყვნენ. სულ მეჩვენებოდა, რომ ყველა მელოდია მე უნდა დამეკრა, ყველა სოლო მე უნდა შემესრულებინა, ყველაფერს ჩემს გარშემო უნდა ეტრიალა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემი ბენდი მარტო მე კი არა, ბენდის დანარჩენი წევრებიც არიან. დღეს მე უკვე ჯგუფური კონცეფციით აღვიქვამ იმ მუსიკას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, - ჩვენ ყოველთვის ჩემს მიერ დაწერილ კომპოზიციებს არ ვასრულებთ და ჩემი სოლოები ყველაზე ხანგრძლივი არაა. სწორედ ამიტომ გამეხარდა ასე გერი ბერთონის სიტყვები...
ვის მიჰყავს იმპროვიზებული მუსიკა წინ? შეგიძლიათ გვარები არ დაასახელოთ, მაგრამ იქნებ ამიხსნათ, თუ რა ელემენტებისაგან შედგება წინსვლის ცნება?
პირველ რიგში, ფანტაზია და მერე გაბედულება. მართლაც რომ გაბედული ადამიანი და მუსიკოსი უნდა იყო, რომ თქვა: „არ მაინტერესებს წინამორბედებისადმი მუხლმოდრეკა და მათი დაუსრულებელი იმიტაცია; შეიძლება მათმა მუსიკამ ჩემზე ზეგავლენა იქონია, მაგრამ უნდა მოვახერხო და გავცილდე ამ ჩარჩოებს.“ ეს სიტყვები მხოლოდ გაბედულ მუსიკოსს შეიძლება წამოცდეს იმ დროს, როცა მუსიკალური ინდუსტრია ძირითად აქცენტს წინა თაობის მუსიკოსების მიერ დატოვებული ტრადიციების რეანიმაციაზე აკეთებს. „ჩვენ უნდა ვაცოცხლოთ ჯაზი,“ „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ტრადიციები,“ „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ წინაპრების დანატოვარს,“ და ასე შემდეგ... ამ ბოლო დროს, ინდუსტრიის წარმომადგენელთა მხრიდან ისე ხშირად ისმოდა ეს სიტყვები, რომ ეჭვი მეპარე ბა, დღეს ვინმეს საერთოდ კიდევ აინტერესებს თუ არა ინდივიდუმის ფენომენი... ეს მდგომარეობა ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსისათვის უცხოა იმიტომ, რომ კარიერის დასაწყისშივე „ჯაზის მამები“ ეუბნებიან მათ: „ჩვენ უნდა შევეცადოთ და ისეთი ალბომი ჩავწეროთ, სადაც აშკარად იქნება გამოკვეთილი წინა თაობების დიდი მუსიკოსებისადმი პატივისცემა.“ ჯაზის ისტორიაში მსგავსი ვითარება პირველადაა. ვინ გაუბედავდა უეინ შორთერს იმის თქმას, რომ მას ლესთერ იანგივით ან ქოულმენ ჰოქინზივით უნდა დაეკრა?! ჩემი თაობა პირველია, ვისაც ამ იდიოტობაში თავის გაყოფამ მოუწია. „ქრისჩენ, - მესმოდა ხშირად, - შენ რეი ბრაუნივით უნდა დაუკრა;“” ან, - „უსმინე რონ ქართერს და შეეცადე მასავით დაუკრა!“ ჩვენ ბრძოლა მოგვიწია იმისათვის, რომ ყოველივე ამისაგან გავთავისუფლებულიყავით და ჩვენი ხმა მოგვეძებნა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მუსიკოსებს, ვისაც იმპროვიზებული მუსიკა წინ მიჰყავს, უმდიდრესი ფანტაზია და სიმამაცე აქვთ. ამავე დროს, ისინი ბევრს, ძალიან ბევრს მეცადინეობენ ამ მუსიკის ისტორიის და თავიანთი ინსტრუმენტების დაუფლებისთვის.
გაბედულების გარდა, რა ესაჭიროება მუსიკოსს იმისთვის, რომ კარიერა ერთხელ მიღწეულის წამდაუწუმ გამეორებაზე არ ააგოს?
არ ვიცი, ეს ყველა ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებული უნდა იყოს. მაგალითისთვის, დევიდ სენბორნი ავიღოთ. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჯაზის ნებისმიერ სტილში დაუკრას, - მას შეუძლია დაუკრას სოულ ჯაზი, ფიუჟენი, ტრადიციული ჯაზი; მოკლედ, ყველაფერი, რაც მას მოესურვება. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მან მიიღო გადაწყვეტილება და ძირითადი აქცენტი ე.წ. „smooth“ ჯაზზე გადაიტანა; იგივე შეიძლება ითქვას ჯორჯ დიუქზე, ჯორჯ ბენსონზეც და ბევრ სხვა მუსიკოსზე, ვინც კარიერის გარკვეულ მონაკვეთში, ამა თუ იმ სტილში დაკვრის გაგრძელება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯის გადადგმა არცთუ ისე ადვილია! მე იგივეს ვიტყოდი მათზე, ვინც ტრადიციული ჯაზის დაკვრას აგრძელებს. ბევრისათვის ტრადიციული ჯაზის დაკვრა სერიოზული არტისტის იმიჯის შექმნის წინაპირობაა. ასე რომ, რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო, სითამამე აუცილებელია.

ინდუსტრიასთან დაკავშირებით, ამას წინათ თქვით: „ისინი მუსიკის ვერბალიზებას (ანუ იმას, რომ მუსიკის ნებისმიერ სტილს, გაყიდვის მიზნით, სახელი დაარქვან) ცდილობენ და ეს დიდი შეცდომაა. საჭიროა მუსიკოსის მარკეტინგი და არა მის მიერ შექმნილი პროდუქციის.“ ამასთან დაკავშირებით, ფიქრობთ თუ არა, რომ მხოლოდ მუსიკოსები უნდა იყვნენ ჯაზის იმიჯზე პასუხისმგებლები?
ეს აუცილებელი არაა. უბრალოდ, მუსიკოსებს უფრო მეტი საშუალება უნდა მიეცეთ თავიანთი კარიერის განვითარებისთვის. სხვებსაც შეუძლიათ ამაში წვლილის შეტანა. თქვენ მუსიკოსი ხართ?
არა?
ესე იგი, თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. ჩვენ გვჭირდება ჟურნალისტები ჩვენივე მესიჯის გასავრცელებლად. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს, ფრომოუთერებს და სხვა ადამიანებს ამ ბიზნესში იმის ზუსტად გადმოცემა შეეძლოთ, რაც მუსიკოსებს აწუხებს. მუსიკალურ ინდუსტრიაში ბევრნი არიან, ვინც ახალი მაილზ დევისის შექმნას ლამობენ. ისინი ცდილობენ იპოვონ ვინმე, ვინც მაილზივით დაუკრავს, თუმცა იმ ადამიანს შეიძლება სრულიადაც არ უნდოდეს ეს. ან კიდევ ინდუსტრიას შეიძლება გაუჩნდეს ჯაზის კლასიკური პერიოდის გაცოცხლების იდეა და ამისათვის ისინი ქირაობენ ახალგაზრდა მუსიკოსებს და აკეთებინებენ ისეთ მუსიკას, რომელიც სამოციანებში ჟღერდა. ასე რომ, არა, არ ვფიქრობ, რომ ჯაზის იმიჯის მაკონტროლებლები ექსკლუზიურად ჯაზმენები უნდა იყვნენ. უნდა არსებობდეს ბალანსი მუსიკოსებს შორის, რომლებსაც სურთ თვითონ აკონტროლონ კარიერა, და არამუსიკოსებს შორის, რომლებიც უფლებას მიცემენ მუსიკოსებს გახდენ ის, ვინც და რაც მათ უნდათ, რომ იყვნენ.
ამის შესახებ იმიტომ გეკითხებით, რომ მუსიკოსები და ბიზნესმენები განსხვავებულად საუბრობენ მუსიკაზე. სწორედ ესაა გადამწყვეტი. თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როდესაც სრულიად შემთხვევით წავიკითხე იგორ სტრავინსკის და რობერტ კრაფტის „დიალოგების“ ერთი-ორი გვერდი. ეს წიგნი გადაშლილი იდო მაგიდაზე და სანამ ის ადამიანი მოვიდოდა, ვისაც ველოდებოდი, უსაქმურობისაგან თვალი გადავავლე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემთვის სრულიად გაუგებარ ინტერვალებზე საუბრობდნენ, ისე მომნუსხა სტრავინსკის მუსიკაზე საუბრის უნარმა, რომ იმავე დღეს გავიქეცი და ნათესავს სტრავინსკის დისკები გამოვართვი. ასე რომ, მგონია, საკუთარი მუსიკალური იდეების არტიკულაციის უნარი მუსიკოსის მხრიდან ხშირად სასარგებლო უნდა იყოს. ჯაზის ისტორიაში იყვნენ მუსიკოსები, რომლებიც ამას კარგად ახერხებდნენ. თქვენი აზრით, ვინ არიან დღესდღეობით ჯაზის იდეების მნიშვნელოვანი გამავრცელებლები?
მართალია, ჯაზის ისტორიაში ბევრნი იყვნენ და არიან ისეთები, ვინც ძალიან მკაფიოდ ახერხებდნენ და ახერხებენ იმის ჩამოყალიბებას, თუ როგორ ესმით მათ ეს მუსიკა. დღეს ასეთები უინთონ მარსალისი და გრეგ ოსბი არიან. არიან დანარჩენებიც, ვისაც ძალიან კარგად შეუძლიათ იმის არტიკულირება, თუ რა ადგილი უჭირავს მათ მუსიკას ჯაზში. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე საზრიანი ის მუსიკოსები არიან, რომლებიც თავიანთ მუსიკაზე საუბრისას თითქოს გიწვევენ ამ მუსიკის მოსასმენად. უეინ შორთერს შეუძლია ეს; დიუქ ელინგთონი კი ალბათ ამის დიდოსტატი იყო იმიტომ, რომ მას უნარი ჰქონდა, ზედმიწევნით ზუსტად აღეწერა თავისი შეგრძნებები სიტყვებით და ამას ისე ახერხებდა, რომ მსმენელს ილუზია უჩნდებოდა, თითქოს მისი მუსიკის ნაწილი იყო. ეს განსხვავებით მათგან, ვინც მუსიკაზე ერთგვარი ნიშნის მოგებით გესაუბრებიან. მოკლედ, ყველაზე კარგები მაინც ისინი არიან, ვინც ახერხებს მუსიკის სასარგებლოდ მსმენელის „შეთრევას“ საკუთარ სამყაროში.
ვიცი, რომ იმპროვიზებული მუსიკის მარგინალიზაციის მცდელობა, ძირითადად, მუსიკალურ ინდუსტრიას ედება ბრალად, მაგრამ ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამაში გარკვეული ბრალი მსმენელსაც მიუძღვის, რომელიც სულ უფრო ხშირად ითხოვს ადვილად გასაგებს და მისაწვდომს? დარწმუნებული ხართ, რომ თუ მსმენელისათვის უფრო მისაწვდომი იქნება სესილ თეილორის, ენთონი ბრექსთონის ან ჰენრი სრეთგილის მუსიკა, ის უფრო ხშირად მოისურვებს მათი მუსიკის მოსმენას?

მგონია, რომ ამ მუსიკოსებს მაინც უნდა მიეცეთ ეს შანსი. მათი მუსიკა უფრო მისაწვდომი უნდა გახდეს ადამიანებისათვის და მსმენელმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოსწონს თუ არა მას ეს მუსიკა. თუ ასი ადამიანიდან, ვინც სესილ თეილორის მუსიკას მოისმენს, თუნდაც ორს მოეწონება მისი მუსიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ წინანდელთან შედარებით, თეილორს ორი ადამიანით მეტი მსმენელი ჰყავს. იცით, ყველაზე უფრო რა მაშინებს? ის, რომ ხმის ჩამწერი კომპანიების უმრავლესობას თავიანთი „სამიზნე პუბლიკა“ ჰყავს. ადრე ეს ასე არ იყო! ბრითნი სფირზის კომპანიას კი, მისი მუსიკისათვის საგანგებოდ შექმნილი „სამიზნე პუბლიკა“ ჰყავს. ისინი ასე მსჯელობენ: „ძალიან კარგი, ჩვენი სამიზნე პუბლიკა რვიდან თვრამეტ წლამდე პატარა გოგონები არიან და მუსიკის მარკეტინგიც სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. „რაც შეეხება ჯაზს, აქაც არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ „სამიზნე პუბლიკა“ ფულიანი მსმენელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ შიმშილით არ დავიხოცოთ. მათი აზრით, არც კი ღირს თავის შეწუხება იმისთვის, რომ ჯაზმა ახალგაზრდებამდე მიაღწიოს, ვინაიდან ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდებს ისედაც არ მოეწონებათ ეს მუსიკა. ეს ძირფესვიანად არასწორი მიდგომაა. ისინი არც კი ცდილობენ იმ მუსიკის პოპულარიზაციას, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამას. მაგალითად ჩემს უკანასკნელ ალბომს Vertical Vision-ს მოვიტან. ის ფიუჟენის სტილშია დაწერილი და მათ მითხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით მათ პრობლემა შეექმნათ იმიტომ, რომ მათი აზრით, ჩემი ძირითადი „სამიზნე პუბლიკა“ ე.წ. კლასიკური ჯაზის მოყვარულები არიან. „ეს შენი საუნდი არაა, - მითხრეს, - და ჩვენ არ ვაპირებთ ამ ალბომის მარკეტინგს მსმენელის ამ კატეგორიაზე. გამოდის, რომ ჩვენ ფიუჟენის მოყვარულებზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია, მაგრამ აქაც პრობლემა შეგვექმნება იმიტომ, რომ ისინი შენ არ გიცნობენ, როგორც ფიუჟენის შემსრულებელ მუსიკოსს.” გამიგეთ? მე მათ ვუთხარი, რომ არ ვარ ფიუჟენ-არტისტი, მე, უბრალოდ, მუსიკოსი ვარ. წერტილი! მიეცით უფლება ყველას, მოისმინოს ეს ალბომი და თვითონ გადაწყვიტონ, მოეწონებათ თუ არა. ვფიქრობ, რომ პროდუქციასთან მსგავსი მიდგომა ყველაფერს კლავს, რამაც ბევრად უფრო დააზიანა მუსიკალური ინდუსტრია, ვიდრე დაეხმარა მას.
ესე იგი, შეიძლება ითქვას რომ ბევრისათვის ჯაზი უფრო კონცეფციაა, ვიდრე მუსიკა, რაც, როგორც ვხვდები, ძალიან უნდა ზღუდავდეს არა მარტო მუსიკოსებს, არამედ მუსიკასაც...
აბსოლუტურად! ეს, უბრალოდ, საშინელებაა!
რატომ და როგორ მოხდა ასე?
ჩემი აზრით, მოხდა შემდეგი: გასული საუკუნის 80-იან წლებში აკუსტიკურ ტრადიციულ ჯაზს რენესანსის ხანა დაუდგა და უინთონ მარსალისი, მასზე ოდნავ უმცროსი თაობის მუსიკოსებთან ერთად, ყოველივე ამის ცენტრში მოექცა; ესენი იყვნენ თერენს ბლენჩარდი, მალგრიუ მილლერი, დონალდ ჰარისონი და ახალგაზრდა მუსიკოსების მთელი ჯგუფი. ისინი, ბი-ბოფის მუსიკოსების მსგავსად, ისევ კოსტიუმებში გამოეწყვნენ და კვლავ აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე დაიწყეს დაკვრა. ყოველივე ამას არაფერი საერთო არ ჰქონდა უშუალოდ მუსიკასთან. ეს იყო ის, რაც უეცრად მოდად იქცა. ისინი თითქოს ამბობდნენ: „აი, ჩვენ ისევ დავიბრუნეთ ის, რის გამოც მსმენელი ჯაზს კვლავ მიუბრუნდება!“ სხვათა შორის, მათ მოახერხეს და უმნიშვნელოდ გაზარდეს ჯაზის მოყვარულთა რიცხვი, მაგრამ, ამავე დროს, მსმენელი დააკარგვინეს ისეთ დიდ ექსპერიმენტატორებს, როგორებიც არიან დევიდ მარი, სესილ თეილორი, ჰენრი სრეთგილი და სხვები. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მუსიკის ინდუსტრიამ ისევ მოდად აქცია უკვე ნახევრად ჩამკვდარი მუსიკა. ეს ის დრო იყო, როცა უინთონ მარსალისი სახალხოდ აცხადებდა, თუ როგორ ეჯავრებოდა ელექტრონული მუსიკა. მას არ მოსწონდა არაფერი, რაც არ „სვინგაობდა“. უინთონი ძალიან მომხიბვლელი კაცია და თუ ჯაზის შესახებ ბევრი არაფერი გაგეგება, თავისი მომხიბვლელობით უინთონს ადვილად შეუძლია შენი გადაბირება. თუმცა აქვე დავამატებ, რომ მან ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის ჯაზით დაინტერესება მოახერხა. სამწუხაროდ, მან ის ჯაზი გადააქცია მოდად, რომელიც თვითონ მოსწონდა და როცა ახალგაზრდები სხვა სტილის მუსიკას უსმენდნენ, დღესაც ბევრს ახსოვს, თუ როგორ ეუბნებოდა მათ უინთონი: „ამას ნუ უსმენთ, ეს ცუდი მუსიკაა.“ ამის შედეგად კი გაჩნდა „ჯაზი ლინქოლნ ცენტრში“ (მუსიკალური ორგანიზაცია ნიუ იორკში, რომლის არტისტული დირექტორი უინთონ მარსალისია). ეს წმინდა კორპორაციული ტიპის ორგანიზაციაა და არავითარი კავშირი არ აქვს არც კრეატიულ მუსიკასთან და არც კრეატიული მუსიკის შესაქმნელად აუცილებელ გარემოსთან თუ პირობებთან.
„ნუ მიყვები ბრძენთა ნაკვალევს, არამედ ეძიე ის, რასაც ისინი ეძებდნენ“ - ეს იაპონელი პოეტის ბასოს სიტყვებია. თუ ვიგულისხმებთ, რომ ჯაზის კონტექსტში თქვენ ბევრ „ბრძენ“ მუსიკოსთან გითანამშრომლიათ, როგორ გგონიათ, მიაგენით იმას, რასაც ისინი ეძებდნენ?
თქვენს შეკითხვას ორნაირად შემიძლია გავცე პასუხი: პირველი ისაა, რომ მე ჯერ კიდევ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ იმაში, თუ რას ვეძებ; მიმაჩნია, რომ რაც უფრო დიდხანს დავუკრავ და დიდხანს მექნება მუსიკის შექმნის საშუალება, მით უფრო გამოიკვეთება ჩემი ძიების საგანი. ჩემთვის კარიერის ახალი ეტაპი 1993-94 წლებში დაიწყო, როცა მე ელექტრიქ-ბასზე გადავედი. ბევრმა არც კი იცის, რომ მე სწორედ ელექტრიქ-ბასზე დავიწყე დაკვრა. მახსოვს, თუ როგორი შეშფოთებული ვიყავი მაშინ და საკუთარ თავს სწორედ იმ დროს შევეკითხე: “რატომ, რატომ ვარ ასეთი შეშინებული? ეს ხომ, ბოლოს და ბოლოს, ინსტრუმენტია და მეტი არაფერი?“ რაღაც მომენტში კი მივხდი, რომ ქვეცნობიერად ისევ ვცდილობდი, წინაპრების ნაკვალევს გავყოლოდი და სწორედ ამ დროს, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ამას არ გავაკეთებდი. მე თვითონ უნდა დავტოვო ნაკვალევი! მე უნდა გავაგრძელო იქედან, სადაც წინაპრების ნაკვალევი წყდება! მე თვითონ უნდა გავიკვლიო გზა იმის ნაცვლად, რომ უკან გავბრუნდე და წინაპრების ნაკვალევს მოვარგო ჩემივე ნაბიჯები! ასე რომ, რაც უფრო დიდხანს გავაგრძელებ მუსიკის კვლევას, დაკვრას და კეთებას და რაც უფრო დიდხანს მომეცემა ზრდის საშუალება, მით უფრო ნათელი გახდება ჩემთვის ჩემივე მიზნები. დღეს მე ეს არ ვიცი. უბრალოდ, კარგ დროს ვატარებ.

ჯონ სქოფილდი

ინტერვიუსთვის მზადების დროს, ინტერნეტში თქვენს „704 სიტყვიან ავტობიოგრაფიას“ გადავაწყდი, რომლის ბოლოსაც ამბობთ: „დაკვრისას თავს არასოდეს ისე თავისუფლად არ ვგრძნობდი, როგორც დღეს და როგორც იქნა, დადგა დრო, როდესაც მე შემიძლია დავიწყო გიტარაზე დაკვრის შესწავლა.“ სიმართლე რომ გითხრათ, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, ჩემი ჩათვლით, ფიქრობს, რომ გიტარაზე დაკვრა არცთუ ისე ცუდად გამოგდით და ამიტომაც მაინტერესებს, რას ნიშნავს როცა ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელოვანი გიტარისტი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ის მხოლოდ ახლა იწყებს გიტარაზე დაკვრის სწავლას?
არც კი ვიცი, როგორ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. უბრალოდ, ადრე უფრო მეტს ვნერვიულობდი დაკვრის დროს და ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში. ახლა კი, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის გადალახვა მოვახერხე. მართალია, არ ვიცი, დღეს უფრო კარგად ვუკრავ თუ ცუდად, მაგრამ ფაქტია, რომ დაკვრისას თავს ბევრად უფრო კარგად ვგრძნობ ხოლმე. რაც შეეხება გიტარაზე დაკვრის სწავლას, ისევე, როგორც ხელოვნების ყველა სფეროში, მუსიკის შესწავლის პროცესიც უწყვეტი და ამოუწურავია. სადღაც ყოველთვისაა მიმალული რაღაც ახალი და უეცრად მივხვდი, რომ ყველაზე ბედნიერი მუშაობის პროცესში ვარ. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ამ დროს მე ვსწავლობ კიდეც. ჩემთვის ეს იდეალური მდგომარეობაა.
კიდევ ერთი თქვენი ფრაზა: „ძნელია ახლის ჯერ აღმოჩენა და მერე კი დაკვრა; ზოგჯერ თითქოს გრძნობ, რომ ის სულ ახლოსაა მიმალული და შენც იმედი გეძლევა, რომ მოახერხებ ამის მოხელთებას და განვითარებას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ეს ურთულესი პროცესია და უზარმაზარ ძალისხმევას და დიდ დროს მოითხოვს.“ შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ყველა თქვენი ბენდი სწორედ ამ ახლის ძიებას ემსახურებოდა?
ჩვენ ყველა რაღაც ახალ ორბიტაზე გასვლას ვცდილობთ და ეს პროცესი ხშირად თავაუღებელ მუშაობას გულისხმობს. დიახ, ვთქვი, რომ დაკვრა მსიამოვნებს და ამ დროს კარგადაც ვერთობი ხოლმე, მაგრამ ძალიან ძნელია ახლის და საინტერესოს შექმნა; დამერწმუნეთ, ხშირად ეს საკმაოდ შორს დგას გართობისაგან. ინსტრუმენტზე იმპროვიზების დროს, ყველაფერი ძალიან ადვილად მეჩვენება იმიტომ, რომ გიტარაზე დაკვრა ვიცი, მაგრამ ახალი მუსიკის შექმნა ძალიან მძიმე სამუშაოა. ასე რომ, დიახ, ყველა ჩემი ბენდი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ცდილობდა.
ბუდისტები ამბობენ, რომ თუ საქმე, რომელსაც ხელი მოკიდეთ, ორი წუთის შემდეგ, მოსაწყენი გეჩვენებათ, სცადეთ ოთხი, რვა, ოცი, ორმოცი წუთის განმავლობაში და ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როცა მიხვდებით, რომ ეს საქმე მოსაწყენი კი არა, ძალიანაც საინტერესოა. თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვება, რამდენად მოსაწყენიც არ უნდა იყოს ის?
ერთი მხრივ, ეს ალბათ ასეა, ვინაიდან მთელი ცხოვრება ჯაზს ვუკრავ და ვეღარ ვჩერდები. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკით შეპყრობილი ადამიანი ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ვცდილობ, რომ ჩემს მუსიკას და დაკრულს ობი არ მოედოს; კონცერტზე იმპროვიზების დროს, შეიძლება ძალიან მოსაწყენ ჩიხში შეუხვიო და ამ დროს იძულებული ხდები, რომ რაიმე შეცვალო თუნდაც იმიტომ, რომ თვითონვე არ მოგწყინდეს. უნდა მოახერხო და ისეთ დინებაში შეაბიჯო, სადაც რაიმე ახალი ხდება; თუნდაც ჩემს ბენდში, სადაც ყველა კონცერტის დროს, ქრის ფოთერი, დენის ირვინი და ბილ სთიუართი ჩემში ახლის ინსპირირებას ახერხებენ. ჩვენი მუსიკა რომ სულ ერთი და იგივე იყოს, ის უკვე მკვდარი იქნება.

თქვენი ბენდის წევრებზე ჩამოვარდა სიტყვა და ერთ რამეს გკითხავთ: ვიცი, რომ ბოლო დროს, ძირითადად, ტრიოსთან ერთად მოგზაურობდით და თქვენს ბენდში ქრის ფოთერის გამოჩენა მუსიკას ახალ ელფერს და განზომილებას უნდა სძენდეს...
მართალია. ბოლო დროს, ტრიო ჩვენი მუსიკის ძირითადი ფორმატი იყო და ამიტომაც საქსოფონისტის გამოჩენა ბენდში ბევრად უფრო ამდიდრებს მუსიკას და აფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს. ამბობენ, რომ ქრის ფოთერს საქსოფონზე დაკვრის შესაძლებლობები ახალ დონეზე აჰყავს და ვფიქრობ, რომ ეს ასეა... ისე უკრავს, ისე საოცრად უკრავს! არადა, მე უამრავ დიდ საქსოფონისტთან მიმუშავია... მართალი ბრძანდებით, მისი საუნდი ბევრად აფართოებს ბენდის შესაძლებლობებს; მუსიკაში მეტი ფერი და იდეები ჩნდება. ამ მხრივ, ტრიოს ფორმატი მაინც უფრო შეზღუდულია, ვინაიდან ამ დროს გიტარის საუნდი დომინირებს; ახლა კი, საქსოფონი გიტარას აბალანსებს. თუმცა, ბოლოს და ბოლოს მთავარი მაინც ისაა, რომ კონცერტის დროს, ქრისის მოსმენა შთაგონების წყაროა, რომელიც სტიმულს მაძლევს.
როგორც წესი, მსმენელი თავისი კრიტერიუმით აფასებს იმას, რაც კონცერტის დროს ხდება, ხოლო თქვენ, მუსიკოსებს შეფასების თქვენეული კრიტერიუმები გაქვთ. როგორ შეაფასებდით გუშინდელ თქვენს კონცერტს თბილისში?
ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საღამო იყო და დიდებული მსმენელიც გვყავდა, რაც დაკვრისას ძალიან გეხმარება. პირადად მე, ვისურვებდი, რომ ერთი-ორ კომპოზიციაში იმაზე უკეთესად დამეკრა, ვიდრე დავუკარი. მაგრამ ეს ხდება ხოლმე და მე, ძირითადად, კმაყოფილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ საოცრად სასიამოვნოა იმ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე დგომა, ვისთანაც ვუკრავ. ისინი მართლაც რომ შეუდარებელნი არიან და სულ ველოდები, კიდევ რა ახალს „გადმოაგდებს“ რომელიმე მათგანი. ეს ყოველ საღამოს ასეა.
ჯო ზავინულთან საუბრისას, მან მითხრა, რომ ყოველი ალბომის ჩაწერის წინ, მიმართულებას მხოლოდ და მხოლოდ ახალი, მისთვის ჯერ უცნობი საუნდი აძლევს. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
მესმის, რასაც გულისხმობს, რადგან ახალ საუნდს მართლაც რომ შეუძლია სხვანაირად მოგმართოს. მაგრამ არიან ისეთებიც, მათ შორის ალბათ მეც, რომლებიც უფრო შეცდომებს ელიან, ვიდრე ახალ ბგერას, ვინაიდან სწორედ შეცდომამ შეიძლება სხვა მიმართულებით გადაგადგმევინოს ნაბიჯი. მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ მეც დანარჩენებივით ველი რაიმე ნიშანს ან საუნდს, რიტმს თუ ნოტების კომბინაციას, რომელსაც ახლის აღმოჩენისაკენ შეუძლია მიბიძგოს.
სცენაზე ზედმიწევნით კონცენტრირებული და ფოკუსირებული ხართ და იმ მონადირეს მაგონებთ, რომელიც ცხოველს ნაკვალევზე მიჰყვება... რა არის თქვენთვის იმის ინდიკატორი, რომ თქვენივე დაკრული მოცემული მომენტის „დათრევაა“ და არა ერთხელ უკვე დაკრულის მექანიკური გამეორება?

ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ შენ და შენი ბენდის წევრები, როგორ გრძნობთ თავს მოცემულ მომენტში. ზოგჯერ ყველაფერი ძალიან კარგადაა, ზოგჯერ კარგის მომასწავებელია, ზოგჯერ აშკარად ცუდს... როცა ყველაფერი კარგადაა, მეც დიდებულად ვგრძნობ თავს და მუსიკაც ძალდაუტანებლად მოედინება ჩემში; როცა ცუდად ვარ, რას ვიზამ, მდგომარეობის გამოსწორებას ველოდები, ვინაიდან ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, ეს ასეც მოხდება. ვიცი, რომ თუ მომთმენი ვიქნები, ყველაფერი კარგად იქნება. როგორაც არ უნდა გრძნობდე თავს, სცენაზე დაკვრა უნდა გააგრძელო. დღეს თუ ცუდი დღე გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.
ჟურნალ Down Beat-ის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნეთ, რომ ბოლო დროს სხვა მუსიკოსის არც ერთი ახალი ალბომი არ შეგიძენიათ და რომ უკანასკნელად დისკები 80-იანებში იყიდეთ, მაგრამ ყველა მათგანი 50-იანებში იყო ჩაწერილი. რა კავშირშია ის, რომ თქვენ 50-იანებში ჩაწერილ მუსიკას უსმენთ, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტურად თანამედროვე მუსიკას ქმნით და უკრავთ?
არ ვიცი. საერთოდ, ჯაზის ოქროს ხანის დაბრუნების იდეას არ ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ საინტერესო მუსიკა ყველა დროში კეთდებოდა და გაკეთდება. მე ბევრნაირი მუსიკა მომწონს, როკის და რითმ ენდ ბლუზის ჩათვლით. თუმცა, ბოლო დროს, ბევრ მუსიკას ნამდვილად არ ვუსმენ; შეიძლება იმიტომ, რომ საკმარისად ვუსიმინე. დღეს მსიამოვნებს მუსიკის მოსმენა, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ განურჩევლად ყველაფერს ვუსმინო. ერთხელ ფოლ ბლეიმ მასთან მისულ ახალგაზრდა მუსიკოსს უთხრა, რომ თუ ამ უკანასკნელს მუსიკოსობა სურდა, სასწრაფოდ თავიდან მოეცილებინა დისკების კოლექცია. მე აბსოლუტურად ვეთანხმები მას. ამასთანავე, გამოგიტყდებით, რომ მე ასე არასოდეს მოვიქცევი. ჩემს კოლექციას ვერასოდეს შეველევი.
ხშირად ვამბობთ, რომ საუკეთესო მუსიკა იმ დროს ასახავს, რომელშიც ის იქმნება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვუსმენთ ადრეულ პერიოდებში შექმნილ მუსიკას და ვამბობთ, რომ ის „მარადიულია.“ როგორ ეთანხმება ეს ორი რამ ერთმანეთს და რა არის თქვენთვის „მარადიული“ მუსიკის ინგრედიენტი?
როცა ახერხებ, რომ რომელიმე უკვე არსებულ სტილს და დაკვრის მანერას გასცილდე... მუსიკა კარგი იმის გამო კი არაა, რომ ის რომელიმე სტილს განეკუთვნება, არამედ სწორედ სტილის მიუხედავად. შეიძლება დღეს ბი-ბოფი საინტერესო აღარაა, მაგრამ როცა ქლიფორდ ბრაუნს უსმენ, ძალაუნებურად ამბობ, რომ ეს კაცი, უბრალოდ, ძალიან მაგარი იყო. მოდით, Weather Report-ი გავიხსენოთ. არა აქვს მნიშვნელობა, დროის რომელ მონაკვეთში შეიქმნა ის, რაც ამ ბენდმა გააკეთა; დიახ, ჩვენ ვუსმენთ ამ მუსიკას და ვიცით, რომ ის მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებშია დაწერილი და დაკრული, მაგრამ რატომღაც მაინც ახალივით ისმინება. ჩემთვის Weather Report-ი მარადიულია! არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ მე თვითონ მიცხოვრია სამოცდაათიანებში... საბოლოო ჯამში კი, მთავარი ერთი რამაა: უნდა გქონდეს ნიჭი, გიყვარდეს მუსიკა და მუშაობა. ყოველივე ამის მიღმა კი, ჯაზის და ჯაზმენების შესახებ ყოველგვარი რომანტიკული იდეები და შეხედულებები, უბრალოდ, სისულელეა. მე ბევრს ვმუშაობ ახალგაზრდა მუსიკოსებთან და ხშირად მიწევს ამის გამეორება, - იყავი ის, ვინც ხარ და აკეთე ის მუსიკა, რომელიც გიყვარს. დაფიქრდი, თუ რა მაღალ დონეზე შეიძლება მუსიკის აყვანა, თავაუღებელი მუშაობის შედეგად. ასეთი იყო მაილზი, ასეთია ჯო ზავინული და დანარჩენი დიდი მუსიკოსები იმიტომ, რომ ისინი მიგანიშნებენ, თუ რა დონეზეა შესაძლებელი მუსიკის აყვანა; რამდენად საოცარი შეიძლება იყოს ადამიანი, მუსიკალური ინსტრუმენტით ხელში მარტო, ან ადამიანების ჯგუფთან ერთად. ეს მართლაც საოცარი რამაა და თუ ერთხელ მაინც გაუსინჯე გემო, ხვდები, რომ შენი შესაძლებლობები ამ მუსიკაში იმაზე უფრო მეტია, ვიდრე შეიძლება გეგონოს.
მაილზი ახსენეთ და...
ნუთუ ისევ მაილზის სახელი წამომცდა?! დავიღუპე! ხომ შეიძლება, ერთი ინტერვიუ ამ კაცის ხსენების გარეშე დასრულდეს?!
...ამას წინათ დოკუმენტური ფილმი ვნახე მაილზზე და იმ ფილმში არის ერთი ეპიზოდი, როცა თქვენ სოლოს უკრავთ, მაილზი კი გიახლოვდებათ, ცხვირზე გკიდებთ ხელს და სანამ თქვენ უკრავთ, ხელს არ გიშვებთ. რატომ?
ეს კონკრეტული შემთხვევა არ მახსოვს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ კონცერტების მსვლელობისას, აი, ასეთი სახით მაყენებდა ხოლმე მაილზი შეურაცხყოფას. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ მამაძაღლობის ხასიათზე იყო... ეს რაა, უარესებიც გაუკეთებია! იცით, როცა 80-იან წლების შუა ხანებში მაილზთან დაკვრა დავიწყე, მაილზი უკვე კინოვარსკვლავივით პოპულარული გახლდათ. ის ჯაზის მარლონ ბრანდო იყო და ხშირად გათავხედებული კინოვარსკვლავივით იქცეოდა. ზოგჯერ ეს მართობდა, ზოგჯერ კი ყელში ამომდიოდა და ვბრაზდებოდი.…თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ პირველ რიგში, ის მუსიკოსი იყო; დიდებული მუსიკოსი! რა თქმა უნდა, მაილზისგან ბევრი ვისწავლე. მაგრამ ამავე დროს, ბევრი ვისწავლე ყველა იმ მუსიკოსისგან, ვინც მასთან უკრავდა ისევე, როგორც მე ვსწავლობ მათგან, ვისთან ერთადაც ახლა ვუკრავ, ან ჩემი კარიერის განმავლობაში დამიკრავს. სწორედ ესაა ყველაზე კარგი ჯაზში და არა მარტო ჯაზში, არამედ, საერთოდ, მუსიკაში.
...და სწავლების პროცესი ხანგრძლივი ტურნეების დროსაც გრძელდება თუ ამ დროს უფრო „ავტოპილოტის“ რეჟიმში მუშაობთ?
არა, ის გრძელდება სწორედ იმიტომ, რომ მუსიკოსები, ვისთანაც ვუკრავ, საოცარი პიროვნებები არიან. ვერ გამიგია, როგორ შეიძლება მათთან ერთად უკრავდე და არ ისწავლო, ან მათ არ შთაგაგონონ! მე ძალიან, ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში...
„ნუ მიყვები ბრძენთა ნაკვალევს, არამედ ეძიე ის, რასაც ისინი ეძებდნენ“ - ეს იაპონელი პოეტის, ბასოს სიტყვებია. თუ ვიგულისხმებთ, რომ ჯაზის კონტექსტში თქვენ ბევრ „ბრძენ“ მუსიკოსთან გითანამშრომლიათ, როგორ გგონიათ, მიაგენით იმას, რასაც ისინი ეძებდნენ?
დიდებულ სიტყვებია! მე ეს არ ვიცოდი. გმადლობთ. მართალია, ნუ მიჰყვები ნურავის ნაფეხურებს! ეს ზედმეტ ფიქრს ნიშნავს. არადა, ბევრი კი არ უნდა იფიქრო, არამედ ნანახზე და განცდილზე რეაგირება მოახდინო. რა თქმა უნდა, შენ უნდა ისწავლო კიდეც მათგან, მაგრამ სწავლების პერიოდს რომ დაასრულებ, წადი და შენი ცხოვრებით იცხოვრე...
ქრის ფოთერი
ჩვენ, ძირითადად, მუსიკაზე ვისაუბრებთ და ამიტომაც ჩემი პირველი შეკითხვა ნუ გაგაკვირვებთ. ამ ციტატას, რომელიც ერთ ინდოელ გურუს ეკუთვნის, არც კი მახსოვს სად გადავაწყდი.: „მუსიკას არაფერი საერთო არა აქვს ბიოლოგიასთან ისევე, როგორც ადამიანის ფსიქიკასთან და ფიზიკასთან. მუსიკას გონთანაც არაფერი ესაქმება. მუსიკა გონსა და მედიტაციას შორის მოქცეული სივრცეა.“ რამდენადაა თქვენთვის, როგორც მუსიკოსისათვის, მუსიკის ასეთი პოეტურ/მეტაფიზიკური დეფინიცია მისაღები?
მუსიკა ჩემთვის ჯერ-ჯერობით სრულიად გაუგებარი და აუხსნელი რამაა. ეჭვი მაქვს, რომ ვერც ვერასოდეს გავიგებ, თუ რა არის ის. მაგრამ ამ აზრს უკვე შეგუებული ვარ. მუსიკა საიდუმლოა, თუმცა ვიცით, რომ მუსიკა ყურის მემბრანის ვიბრაციაა და, პირადად ჩემთვის, ის პურის ფულის შოვნის წყაროა. მე თქვენი ყურის მემბრანის ვიბრაციას ვიწვევ, თუმცა ეს სრულიად არ ხსნის იმას, თუ რა არის მუსიკა. ის აგრეთვე ადამიანებს შორის ურთიერთობას აადვილებს და მას ტომის წევრების ერთად შეყრა ძალუძს; ეს მუსიკის პირველადი დანიშნულება იყო... მაგრამ როცა სცენაზე ვდგავარ, ასეთ მაღალ მატერიებზე არასდროს ვფიქრობ. და საერთოდ, როდესაც ვუკრავ, ვცდილობ, არაფერზე ვიფიქრო.
თქვენ გითქვამთ, რომ მუსიკის წერის პროცესი ძალიან რთულია და თქვენი მთავარი დანიშნულება ამ დროს ისაა, რომ რაღაც „ნაღდი“ მოიხელთოთ; მესმის, რომ ყოველი შემთხვევა განსხვავებულია და ამიტომაც მაინტერესებს, გიცდიათ თუ არა გარკვეულიყავით იმაში, თუ რა არის თქვენთვის ეს „ნაღდი მომენტი?“

ეს ისეთი რამაა, რასაც თქვენ იმავე წამს ხვდებით, როგორც კი მას შეიგრძნობთ. მუსიკის წერისას ხშირადაა, რომ პროცესს ერთი რომელიმე იდეით ან თემით ვიწყებ და თუ ეს იდეა ჩემთვის დასაწყისშივე მომხიბვლელი არაა, ვაგრძელებ მასზე მუშაობას მანამ, სანამ რაიმე ხელშესახებ შედეგს არ მივაღწევ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მუსიკის წერას ერთი იდეით იწყებ, ხოლო ბოლოში რომ გადიხარ და შედეგს თავდაპირველ იდეას შეადარებ, აბსოლუტურად განსხვავებული რამ გრჩება ხელში. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მთავარი პრინციპი ისაა, რომ შენ რაღაცით იწყებ, მუშაობის პროცესში ბევრ რამეს ცვლი და, ძირითადად, ცდილობ შედეგი, პირველ რიგში, შენთვის იყოს მოსაწონი. ესაა შენი გზის მაჩვენებელი და იმედის წყარო, ვინაიდან თუ ის მოგწონს, იმედია, რომ დანარჩენებსაც მოეწონებათ.
ნიშნავს თუ არა ამ „ნაღდის“ მოხელთება იმას, რომ კომპოზიცია რომელზეც მუშაობთ, დასრულებულია?
დიახ, მაგრამ მუსიკის შექმნის პროცესის დასრულებას ახალი საფეხური მოჰყვება, - შენ ამ მუსიკის შესასრულებლად ბენდი უნდა შეკრიბო. ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი საიდუმლოებითაა მოცული, ვიდრე მუსიკის წერის პროცესი, ვინაიდან არასოდეს იცი, თუ როგორ მოახერხებს სხვა მუსიკოსი შენი მუსიკის ინტერპრეტაციას. ხშირად ისე ხდება, რომ მე ჩემი იდეა მაქვს, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს და როგორ განვითარდეს ესა თუ ის კომპოზიცია, როგორი ფორმა და რიტმული მონახაზი უნდა ჰქონდეს მას. მაგრამ როგორც კი ბენდი პირველად შეასრულებს მას, უეცრად თითქოს რაღაც ჩამანათებს ხოლმე და წამოვიძახებ: აი, როგორ უნდა განვითარდეს ის! ეს ნაწილი უნდა შენელდეს, იქ ერთი-ორი ფრაზა რამდენჯერმე უნდა განმეორდეს და ასე შემდეგ. ასე რომ, სანამ კომპოზიცია არ შესრულდება, აზრზეც კი არ ხარ, თუ რაა კარგი და რა - ცუდი. მოკლედ, საკმაოდ რთულად ასახსნელი პროცესია... ზოგჯერ შეიძლება მუსიკის წერისას, მცდარ გზას დაადგე და მოგვიანებით მიხვდე, რომ შეცდომა დაუშვი, მაგრამ შეიძლება ეს შეცდომაც გამოგადგეს. თუ რაიმე არ გამოვიდა, მაშასადამე, სხვანაირად ან სხვა რამ უნდა სცადო. ზოგჯერ კი, საერთოდ, ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ მუსიკას თავისი გზა აქვს და თუ მას გზიდან გავეცლები, უკეთესი იქნება. აი, ასეთი რამეებიც ხდება, - შეცდომებს უშვებ და მაინც აგრძელებ გზას. ალბათ, სწორედ ესაა ხელოვნებაში ბოლომდე აუხსნელი რამ. რა თქმა უნდა, მუშაობისას შთაგონება აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს, შენ კარგი გემოვნებაც უნდა გქონდეს და თუ ეს ყველაფერი გაქვს, ამას შემდგომი განვითარება ესაჭიროება.
ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი თქვენი ციტატა: „ყოველდღიური შემოქმედება დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. დაუსრულებლად უნდა თხარო და თხარო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია ყველაფრის მიგდების და საბილიარდოში წასვლის სურვილი.“ შემოქმედების პროცესი ხშირად, უდავოდ მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რამდენად არაჯანმრთელი შეიძლება იყოს ის თქვენთვის?
ნუთუ ეს მე ვთქვი? კარგი... ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ბალანსის მიღწევა შესაძლებელია. თუ ვგრძნობ, რომ მუშაობამ დამღალა, სხვა რამეს მოვკიდებ ხელს. ამავე დროს, მართლაც რომ ძალიან მსიამოვნებს მუშაობის პროცესი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ძალიან გამთანგველია. არაფერი შეედრება გრძნობას, როდესაც შენ რაღაცის შექმნას ცდილობ. ზოგჯერ მუშაობისას საშინელ ხასიათზე ვარ და ამ დროს მუშაობის გაგრძელება მიძნელდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემი ეს მდგომარეობა გამოწვევაა, რომელიც მუშაობის გაგრძელებისაკენ მიბიძგებს. ეს პროცესი ემოციურად და სულიერადაც რთულია და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. ეს არაა ის, რის კეთებასაც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად მოახერხებ. რაღაც მომენტში მაინც უნდა შეჩერდე. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ იწყებ და ვეღარ ჩერდები.
ქით ჯარეთს ნათქვამი აქვს, რომ ჯაზის მთავარი პრინციპი ის კი არ არის, თუ როგორ უკრავ, არამედ თუ რა იდეების გენერირებას ახერხებ დაკვრისას... სხვათა შორის, თქვენც დაახლოებით იგივე თქვით ერთხელ, დრამერ ფოლ მოუშნზე.
ეს ალბათ ასეა. იცით, დაკვრისას ფოლი ინტუიციას მიჰყვება. ეს ის უნარია, რაც ყველა დიდ იმპროვიზატორს აქვს. ისინი უბრალოდ, დაუფიქრებლად მისდევენ რაღაცას და ამის გამო არც ბოდიშს იხდიან და არც ცდილობენ ჩაუღრმავდნენ ამ საკითხს. ეს „რაღაც“ თავისუფლად მოედინება მათგან. მართლაც რომ საინტერესო ფრაზაა. ამაზე მეტი უნდა ვიფიქრო... ჰო, ალბათ, ვეთანხმები ჯარეთს...

მართალია თუ არა, რომ სინამდვილეში, მუსიკის ისეთი დიდი ნაწილია იმპროვიზებული, რომ საზღვარი იმპროვიზაციასა და კომპოზიციას შორის თითქმის გამქრალია და ხშირად იმპროვიზაცია ისე ჟღერს, თითქოს ის დაწერილია? სად გადის ეს ზღვარი თქვენთვის?
ვფიქრობ, რომ ეს თითქმის შეუმჩნეველი ზღვარია. კომპოზიციას ისე შეგიძლიათ შეხედოთ, როგორც ძალიან შენელებულ იმპროვიზაციას და პირიქით, იმპროვიზაცია აჩქარებული კომპოზიციაა. არ მიმაჩნია, რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთისაგან განსხვავდება... მუსიკალური იდეების გენერაციის დროს, შეგიძლიათ შეანელოთ ეს პროცესი, დაგეგმოთ, ჩაიწეროთ და სანოტო ფურცელზე დაიტანოთ ან თუ სცენაზე დგახართ, ამ იდეების უსწრაფესი გენერირება მოახერხოთ. ეს სპონტანური კომპოზიციის იდეაა და მე ამაზე ბევრს ვფიქრობ. იმპროვიზაციის დროს, მუსიკალური იდეის განვრცობას იწყებ და მერე ან ცდილობ პირველად იდეას დაუბრუნდე, ან სულ სხვა მიმართულებით წახვიდე. მე, ძირითადად, ვცდილობ, რომ დაკვრის დროს გაჩენილ ახალ იდეას გავყვე ხოლმე. პრინციპში, კომპოზიციის დროსაც ასეა და ეს ზღვარი საკმაოდ ხელოვნურია.
ერთხელ, არნოლდ შონბერგმა თავის სტუდენტთან მუშაობის დროს, მას ფანქრის ბოლოს მიმაგრებულ საშლელზე მიუთითა და უთხრა, ფანქრის ეს ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორეო. რა სიხშირით იყენებთ ხოლმე საშლელს?
ეს ის ფუფუნებაა, რაც კონცერტის დროს არ გამაჩნია. მე ვერაფერს წავიღებ უკან ჩემი დაკრულიდან. მუსიკის წერის დროს კი, რა თქმა უნდა, ჩემი საშლელი იშვიათადაა უქმად. ზოგჯერ ჩემი სანოტო ფურცლებიდან ნაწარმოების ნახევარზე მეტი ქრება ხოლმე.
დღეს ბევრი მუსიკოსი და კრიტიკოსი აცხადებს, რომ აუცილებელია ჯაზს ახალგაზრდები დაუბრუნდნენ, მაგრამ ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამ ბოლო დროს, ვიზუალურმა ტექნოლოგიებმა იმდენად საფუძვლიანად „აცდუნეს“ ახალგაზრდები, რომ ძნელი იქნება ბგერის მეშვეობით მათი უკან შემობრუნება?
იცით, ამ მხრივ, სხვებზე უფრო ოპტიმისტი ვარ. ყველგან, სადაც მე ვუკრავ, მსმენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდები არიან. დღევანდელი სამომხმარებლო კულტურის ძირითადი მიმართულება და მიზანია, თუნდაც მცირე ხნით მიიზიდოს მომხმარებლის ყურადღება ამა თუ იმ პროდუქტისაკენ. აღარავის უნდა, რომ რთული რამეებით დაკავდეს. ამას ტელევიზორის ყურებას თუ რეალითი შოუებს ამჯობინებენ. მუსიკოსად დადგომის იდეა კი, საპირისპიროს გულისხმობს; წლებია საჭირო, ინსტრუმენტზე კარგად დაკვრა რომ ისწავლო და ნასწავლი დახვეწო. ეს უცხოა სამომხმარებლო კულტურისათვის, მაგრამ მაინც არსებობს თუნდაც უმცირესობა ადამიანებისა, ვისაც კარგად ესმის ეს. შესაბამისად, არსებობენ ადამიანები, ასევე უმცირესობაში მყოფნი, ვინც იმაზე უფრო აზრიან მუსიკას ეძებს, ვიდრე ჰიტ-პარადის უკანასკნელი პოპულარული სიმღერაა. ეს კი შეიძლება იყოს ან ჯაზი, ან სხვა ტიპის მუსიკა, ან, სულაც, კინო და წიგნი. ასეთები ბევრნი არ არიან, მაგრამ მაინც საკმარისია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ხარისხს და სიღრმეს ეძებს ხელოვნებაში. ყველაფერი ადამიანზე და მის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
როგორ შეიცვალა ჯაზური სცენა ნიუ იორკში მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად იქ გადახვედით?
ნიუ იორკში ჩასვლისთანავე, მუშაობა მესაყვირე რედ როდნისთან დავიწყე. ის, თავის დროზე, ჩარლი ფარქერთან უკრავდა და მისი დახმარებით, ბევრი ის მუსიკოსი გავიცანი, ვინც ადრეულ წლებში მოღვაწეობდნენ. უფრო მეტიც, მათთან ერთად დაკვრის საშუალებაც კი მომეცა, მათ შორის რეი ბრაუნთან და სხვებთან, ვინც ახლა უკვე ცოცხლები აღარ არიან. ნიუ იორკში რომ ჩავედი, ართ ბლეიქი ჯერ კიდევ უკრავდა...
ის აქ იყო ჩამოსული თავის ბენდთან ერთად 1989 წელს...
მართლა? სწორედ იმ დროს გადავსახლდი ნიუ იორკში. აი, ეს ყველაფერი დღეს უკვე მიუწვდომელია ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის. ისინი ვეღარ გაივლიან შეგირდობის პერიოდს თუნდაც ართ ბლეიქთან, ან იმ დროის რომელიმე სხვა დიდ მუსიკოსთან. კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. იმ დროს ნიუ იორკში მოღვაწე ახალგაზრდა ჯაზმენებისათვის ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ ისინი რომელიმე დიდ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებას მოახერხებდნენ; დღეს ამის საშუალება აღარაა იმიტომ, რომ დიდი კომპანიების ნაწილს უკვე აღარ აინტერესებს ჯაზის ინვესტირება.
მაგრამ არსებობს უამრავი დამოუკიდებელი კომპანია, არა?
დიახ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ დღეს საკმაოდ ძნელია ჯაზის მარკეტინგი. ახალგაზრდებს უჭირთ მსმენელზე „გასვლა“. ეს კი ძალიან ცუდია, ვინაიდან შეიძლება გაჩნდეს ძალიან ნიჭიერი და მაგარი ახალგაზრდა მუსიკოსი, მაგრამ არავინ იცოდეს მისი არსებობის შესახებ. იგივე შეიძლებოდა ეთქვათ ჩემზე, ვინაიდან მე სულ უფრო და უფრო ბევრს ვმუშაობ ჩემს საკუთარ ბენდთან და, რა თქმა უნდა, ამ მუსიკასაც ესაჭიროება მსმენელი. ჩემს შემთხვევაში კარგი ისაა, რომ, ასე თუ ისე, უკვე მიცნობენ და ურიგო რეპუტაციაც არ მაქვს. რაც შეეხება მომდევნო თაობას, ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ წარიმართება მათი შემდგომი ბედი. ვნახოთ.
„ნუ მიჰყვები ბრძენთა ნაკვალევს, არამედ ეძიე ის, რასაც ისინი ეძებდნენ“ - ეს იაპონელი პოეტის, ბასოს სიტყვებია. თუ ვიგულისხმებთ, რომ ჯაზის კონტექსტში თქვენ ბევრ „ბრძენ“ მუსიკოსთან გითანამშრომლიათ, როგორ გგონიათ, მიაგენით იმას, რასაც ისინი ეძებდნენ?
აქ პარადოქსის ნაწილი ისაა, რომ შენ გინდა ეძებდე იმას, რასაც ისინი ეძებდნენ, მაგრამ ამავე დროს, შენ ამას მხოლოდ მაშინ გაიგებ, როდესაც შენში დაიწყებ ძებნას. რა თქმა უნდა, შენ ყველაფერს მიბაძვით იწყებ, რაც სწავლის პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ჯაზის სწავლა თუ გინდა, ჯერ ჯაზის ენა უნდა ისწავლო. მერე კი, თუ საქსოფონზე უკრავ და სულ ჩარლი ფარქერს უსმენ, შენი დაკრული, ძალაუნებურად, ფარქერივით გაიჟღერებს. ადრე თუ გვიან კი, განვითარების იმ წერტილამდე მიხვალ, როცა ეს ყველაფერი უკან უნდა მოიტოვო და საკუთარ თავს უთხრა: ჰო, მესმის ეს ყველაფერი; მესმის, რატომ უკრავდა ასე ფარქერი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უნდა დავივიწყო და საკუთარი ბგერა მოვძებნო. დარწმუნებული ვარ, რომ შენ კი არ უნდა დააჩქარო ეს პროცესი, არამედ მაქსიმალურად შეეცადო, ეს ყველაფერი ბუნებრივად შემოვიდეს შენში. თუ კარიერის დასაწყისშივე რაღაც ახალის შექმნას ცდილობ, შესაძლებელია, რომ მას სიღრმე აკლდეს. ბუნებრივ ზრდას კი სხვა შედეგი მოაქვს. ის უფრო რთული და მრავალფეროვანია. მერე კი, ყველაფერი უნდა დაივიწყო და გახსოვდეს მხოლოდ ის, რომ ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამეების კეთებაც კი მოგიწიოს, რაც მსმენელს არ მოეწონება; შეიძლება ის, რასაც გააკეთებ, არც არავის მოეწონოს, მაგრამ შენ თუ მოგწონს, შეიძლება ბოლომდე გაჰყვე ამ გზას
დევიდ სენბორნი

მესმის, რომ ძნელია აღწერო ის, რასაც საუნდი ინსტრუმენტულ მუსიკაში განიცდის და გასაგებია, თუ რატომ საუბრობენ უხალისოდ ამ თემაზე მუსიკოსები. მაგრამ უკანასკნელ ხანს ისე გახშირდა მუსიკალური ბიზნესის მხრიდან მარკეტინგის მიზნით ინსტრუმენტული მუსიკის ვერბალიზაციის მცდელობები, რომ მაინტერესებს, რამდენად საჭირო გახდა თქვენთვის თქვენივე მუსიკის ვერბალიზაციის აუცილებლობა?
ზოგჯერ ეს საჭიროა და მეც რაღაცეებს ვიგონებ და მივედ-მოვედები ხოლმე. ძნელია კრეატიული პროცესის აღწერა, ვინაიდან ეს არაფრიდან რაღაცის გაჩენის პროცესია. ამ პროცესს შეიძლება ფილოსოფიურად შეხედო და თქვა, რომ მუსიკა სიჩუმის დარღვევის პროცესია, ან თუ ფერწერიდან მოვიშველიებთ ანალოგიას, ესაა სივრცით მანიპულირება, სადაც ვიზუალური ჩარჩოს მაგივრად, შენ დროითი ჩარჩო გეძლევა დასაწყისით, დასასრულით და მათ შორის ცარიელი სივრცით, რომელიც იმედია, დრამით შეივსება. უფრო მეტიც, ამის შემდეგ, იმედი გაქვს, რომ საუნდის მეშვეობით შექმნილი ეს დრამა მსმენელს მიიზიდავს, სამოგზაუროდ წაიყვანს და მსოფლმხედველობის ახალ რაკურსს წარმოშობს. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ხელოვნების დანიშნულება და ყველა ის დიდ მუსიკოსი, ვისზეც მსმენია და ვისთანაც მიმუშავია, თავის სამყაროში გითრევს. როდესაც მაილზ დევისს ვუსმენ, მის სამყაროში ვაბიჯებ. ამ დროს ვიღაც მესაყვირეს კი არა უსმენ, არამედ ადამიანის შინაგან სამყაროში შედიხარ, რომელიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე აჟღერებული ნოტების მოსმენა. ამ დროს იმას ისმენ, რასაც თვითონ მაილზი უსმენს. ასე რომ, ეს ის მიზანია, საითკენაც მიილტვი, როცა ხელოვანი ხარ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებ ამას; მნიშვნელოვანია ინსტრუმენტის ფლობა, დაკვრის ტექნიკა, დისციპლინა და, რა თქმა უნდა, იმის ხედვის უნარი, თუ როგორ განახორციელებ იდეებს, მოახერხებ თუ არა იმ ადამიანების პოვნას, ვინც შენს იდეებს იზიარებს და რას ეტყვი მათ, რომ შენმა ხედვამ ხორცი შეისხას.
ერთხელ თქვით, რომ არ გინდათ აკეთოთ ისეთი მუსიკა, რომელსაც ლიფტებში დაუკრავენ, მაგრამ ამავე დროს, ადამიანებისთვის საკმაოდ გასაგებ და მისაწვდომ მუსიკას ქმნით. ალბათ, უნდა არსებობდეს ზღვარი მისაწვდომ მუსიკასა და იმ მუსიკას შორის, რომლებსაც ოტელების ლიფტებში უკრავენ ხოლმე, არა?
ჩათვალეთ, რომ მიზანს ვერ მივაღწიე, ვინაიდან ჩემს მუსიკას მაინც უკრავენ ლიფტებში... ისე კი, სწორედ აქ შემოდის ენასთან დაკავშირებული სირთულეები. რას ნიშნავს მისაღები? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შენ ამ დროს შენივე ღირებულებებზე ამბობ უარს იმის გამო, რომ უფრო მეტი მსმენელი მოიზიდო? ჩემთვის მნიშვნელოვანია ვაკეთო მუსიკა, რომელიც გულახდილია, რომლისაც გჯერა და ძალიან კარგი, თუ ასეთი მუსიკა ადამიანებამდე მიაღწევს. მეეჭვება, რომ ოდესმე შეგნებულად ვაკეთებდი ისეთ მუსიკას, რომელიც მსმენელის გულის მოსაგებად იყო დაწერილი. მე ასე კი არ ვმუშაობ, არამედ ვეპასუხები იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება და დიდი ნაწილი იმისა, რაც ჩემს გარშემო ხდება, პოპულარული კულტურის ნაწილიცაა. ასე რომ, ვისრუტავ ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო ხდება და ვიმედოვნებ, რომ ადამიანები მოახერხებენ ყოველივე ამის შედეგთან ემოციურად დაკავშირებას. არ ვცდილობ ვაკეთო ის, რაც მსმენელს დააფრთხობს და ჩემგან გააუცხოებს; მაგრამ ამავე დროს, არც მათი გულების ადვილად მონადირებას ვესწრაფვი. მე არაფრით განვსხვავდები სხვებისაგან და თუ ჩემი მუსიკა მისაწვდომია დანარჩენებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, რაც მე მომწონს, სხვასაც მოეწონოს. ეს ყველაფერი მაოცებს. ხშირად ჩემთვის ეს სრულიად აუხსნელი რამაა.

როგორ იქცევით ხოლმე, როცა მუსიკის წერის დროს ისეთ რამეს გადააწყდებით, რაც ნამდვილად იცით, რომ მსმენელისათვის ძნელი აღსაქმელი იქნება?
მაინც ვაგრძელებ ამის კეთებას იმიტომ, რომ მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ. ამ ბიზნესში წარმატებას რომ მიაღწიო, საკმაოდ სქელკანიანი უნდა იყო... ჩამიწერია ალბომი, რომელიც წინა ალბომებზე უფრო მომთხოვნი მსმენელისთვის იყო გათვალისწინებული და მე ეს ძალიან მომეწონა. მაგალითად, Another Hand, ჩარლი ჰეიდენთან და ბილ ფრისელთან ერთად. ამ ალბომს ბევრი ის თვისება აქვს, რაც ჩემს დანარჩენ ალბომებს. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მე იმ მუსიკოსებთან ვუკრავდი, ვინც სულ სხვა ტიპის მუსიკას ასრულებენ. ჩემი ბგერა კი იგივე დარჩა. მე, უბრალოდ, კონტექსტი შევცვალე. ადრე რითმ-ენდ-ბლუზს და როკს ზუსტად იმდენს ვუმენდი, რამდენსაც ჯაზს და ამიტომაც ადრეული ალბომები ჩემს ამ ინტერესს ასახავდა; ისინი ელექტრონული მუსიკის საფუძველზე აღმოცენდა და ალბომის ჩაწერის ტექნიკაც განსხვავებული იყო. იგივე ეხება კომპოზიციებს, - მათი სტრუქტურა პოპ სიმღერის სტრუქტურასთან უფრო ახლოს იდგა და ამიტომაც ის უფრო საცეკვაო მუსიკა იყო, ვიდრე ჯაზი. Another Hand უფრო მედიტაციური ალბომი იყო, მაგრამ აქ განსხვავებულად კი არ ვუკრავდი, არამედ ვუკრავდი ისე, როგორც ვუკრავ ხოლმე. Another Hand-ში ზუსტად ისევე აისახა ჩემი პიროვნება, როგორც დანარჩენ ალბომებში.
მოკლედ, ასე თუ ისე, ინსტინქტს მიჰყვებით ხოლმე, არა?
უდავოდ. ჩემი უკანასკნელი ალბომი, რომელიც ქრისჩენ მაქბრაიდთან, გილ გოლდსტეინთან, რასელ მელოუნთან და სთივ გედთან ერთად ჩავწერე, ძირითადად, აკუსტიკური ბასის ბგერაზეა აგებული. ხოლო როცა ყველაფერს აკუსტიკური ბასის საუნდზე აგებ, ამ დროს ყველა მუსიკოსი ბენდში განსხვავებულად იწყებს დაკვრას. დინამიკა სულ სხვაა და ნიუანსებიც სხვანაირად იკითხება. ყველაფერი ეს კი, რა თქმა უნდა, ჩემს დაკვრაზეც აისახება.
„სპონტანურობის უნარი დავკარგე“ - თქვით ერთხელ, როცა გადაწყვიტეთ, რომ დაკვრისგან შეგესვენათ. რა მოხდა ამ დროს თქვენს ცხოვრებაში?
იმ დროს ზედიზედ, რამდენიმე ალბომი ჩავწერე მარქუს მილერთან ერთად. ჩაწერისას, ვცდილობდით გამოგვეყენებინა ხმის ჩამწერი უკანასკნელი ტექნოლოგიები და თითქმის ყველა კომპოზიცია წაფენით („ოვერდაბებით“) იწერებოდა. ზოგჯერ ხდებოდა ისე, რომ ამა თუ იმ კომპოზიციას სტუდიაში ცოცხლად ვასრულებდით, შემდეგ ყველა ინსტრუმენტს ვაცალკევებდით და თავიდან ვიწყებდით კომპოზიციის აწყობას. ერთი-ორი ალბომის შემდეგ, ეს ყველაფერი მექანიკურ პროცესად იქცა. ხშირად ერთი და იგივე სოლოს რამდენჯერმე დაკვრა მიწევდა და სწორედ ამ დროს ვგრძნობდი, რომ სპონტანურობას ვკარგავდი. ყველაფერი ეს უფრო კალკულაცია იყო, ვიდრე იმპროვიზაცია. ამ მიდგომამ ცოტა ხნით იმუშავა თუნდაც იმიტომ, რომ უფლება მომეცა, ამ პროცესისთვის კომპოზიციურად შემეხედა, მეფიქრა ტექსტურებზე და წყობაზე. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, დავკარგე შეხება იმასთან, რაც მიყვარს. მიყვარს, როცა სხვების დაკრულს ვეპასუხები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩავარდნის შანსიც ახლოსაა. მუსიკოსმა აუცილებლად უნდა დაიტოვოს ჩავარდნის შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაიზარდოს. ამის გარეშე, ყველაფერი მექანიკური ხდება.
რაა ის იმპულსები, რომელიც გატყობინებთ, რომ ახალი ალბომის შექმნის დრო მომწიფდა? ეს უეცარი პროცესია თუ ალბომი ნელა ყალიბდება?
ზოგჯერ ეს, უბრალოდ, კონტრაქტიდან გამომდინარე ვალდებულებებია. ხანდახან ვალდებული ხარ, ყოველ 12-18 თვეში ერთხელ ჩაწერო ალბომი. კარიერის დასაწყისში, ამას აზრი ჰქონდა იმიტომ, რომ იმ დროს ჩემს ბენდთან ერთად, მუსიკალურ ბიზნესში ფეხის მოკიდებას ვცდილობდი. მაგრამ მოგვიანებით პაუზები გაიზარდა და ყველაფერი გართულდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ზურგს უკან უკვე საკმაოდ სოლიდური ისტორია მქონდა და არ მინდოდა განვმეორებულიყავი; მინდოდა, მაშინ ჩემეწერა ალბომი, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებოდი და მეცოდინებოდა, რომ რაღაც მაქვს სათქმელი. პაუზები კი იზრდებოდა იმიტომ, რომ ვგრძნობდი, ეს სათქმელი ჩემში მომწიფებული არ იყო. არ მინდოდა მუსიკის კეთება ინერციით და მხოლოდ ფულის კეთების მიზნით. სამი წლის განმავლობაში, არც ერთი ალბომი არ ჩამიწერია. ამას ისიც დაემთხვა, რომ დედაჩემი ავად იყო, ოჯახში პირადი პრობლემები მქონდა და ასე შემდეგ.
თქვენ არა მარტო ბევრ დიდ ჯაზმენთან დაგიკრავთ, არამედ უამრავ როკ მუსიკოსთანაც. ნათელია, თუ რისი სწავლა შეგეძლოთ ჯაზმენებისგან, მაგრამ საინტერესოა, ისწავლეთ თუ არა რაიმე როკ-მუსიკოსებისაგან?
რა თქმა უნდა, თუმცა რამდენიმე სიტყვით ამის ახსნა ძნელია. ადამიანი სულ სწავლობს. როკ მუსიკოსების უმრავლესობა, ვისთანაც მიმუშავია, „სონგრაითერები“ იყვნენ, რომლებიც თავიანთ სიმღერებს თვითონ ასრულებდნენ და მათთან მუშაობისას, საშუალება მეძლეოდა, სიმღერის შექმნის პროცესში უფრო ღრმად ჩამეხედა. მაგალითად, სთივი უანდერი, ჯეიმზ თეილორი, რიქი ლი ჯოუნზი, - ყველა ეს მუსიკოსი საოცარი კომპოზიტორიცაა და მათთან ერთად სტუდიაში და სცენაზე გატარებული გამოცდილება უკვალოდ არ ჩაივლის. როცა ჯაზმენებთან უკრავ, საშუალება გეძლევა თვალი ადევნო, თუ როგორ იცვლება ერთი და იგივე კომპოზიცია კონცერტიდან კონცერტამდე. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯაზმენები ყველაფერს იმპროვიზაციაზე აგებენ და ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ცოდნად შეიძლება იქცეს. როკ-მუსიკოსების შემთხვევაშიც ხშირად ასეა.
ჯორჯ ბენსონი

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ბრძანეთ, რომ არავითარი სურვილი არ გაქვთ იმ მუსიკოსების სიმღერები შეასრულოთ, ვინც ერთხელ უკვე გააბედნიერა მსოფლიო კარგი სიმღერით; ამ განცხადების მიუხედავად, მაინც ასრულებთ სხვების მიერ დაწერილ სიმღერებს და არათუ ახერხებთ ადამიანების კიდევ ერთხელ გაბედნიერებას, არამედ ბევრს ეს სიმღერები თქვენი დაწერილი ჰგონია. როგორც ვხვდები, აქ მთავარი მასალა კი არაა, არამედ ის, თუ რას მატებს მუსიკოსი უკვე ნაცნობ თემას...
მართალი ბრძანდებით, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ, სანამ ვინმე არ შემახსენებს ხოლმე, რომ ჩემს მიერ შესრულებული სიმღერები მე არ მეკუთვნის. უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია... მე ის ადამიანი ვარ, ვინც მუდამ ცდილობს, ყველაფერში ნათელი მხარე დაინახოს იმ დროსაც კი, როცა საქმე არცთუ ისე კარგადაა. სულ ვცდილობ, ოდნავ მეტი სინათლე შევმატო დაძაბულ გარემოს თუ სიტუაციას. ჩემი ეს ხასიათი მუსიკასაც „გადაედება“ ხოლმე. მუსიკა ღმერთის მიერ ჩემთვის ნაბოძები უძვირფასესი საჩუქარია. როცა ჩემს გარშემო ყველაფერი ცუდადაა, მუსიკას მივმართავ და ვცდილობ მოვძებნო და ვიმღერო ის, რაც ჩემს ცხოვრებას ახალ ელფერს შესძენს. ჩემი დამოკიდებულება მუსიკისადმი მუდამ ასეთი იყო. ჩვენ, მუსიკოსები ხშირად ვამბობთ, რომ მუსიკას ადამიანებისთვის ბევრის მიცემა შეუძლია; მუსიკას შეუძლია აგაცეკვოს, აგატიროს, გაგაცინოს... მე სიცილს და კარგ დროსტარებას ვამჯობინებ...
„მთელი ცხოვრება მუსიკას ვაკეთებ და ამიტომაც ყოველ დილას, გამოღვიძებისას, ვიმედოვნებ, რომ მუსიკა ჩემი დღის განუყოფელი ნაწილი იქნება.“ ესეც თქვენი სიტყვებია. მუსიკალურ ბიზნესში ამდენი წლის მოღვაწეობის შემდეგ, რამდენად აისახება ყოველდღიურობაში მომხდარი მოვლენები თქვენს მუსიკაში და ისევ ისე ბუნებრივად მოდის ის თქვენთან, როგორც ადრე, თუ არა?
რა თქმა უნდა, აისახება. გამიმართლა, რომ დიდებული მშობლები მყავდა. დედა ძალიან მხიარული ქალია; ის მთელ დღეებს სიმღერასა და ღიღინში ატარებს ხოლმე. ბავშვობისას, სულ რაღაცას მიმღეროდა და ამის გამო, უკვე 4-5 წლის ასაკში, თითქმის ყველა პოპულარული სტანდარტული თემა ზეპირად ვიცოდი. თუ ვინმე მთხოვდა, რომ მემღერა, ვმღეროდი იმას, რაც დედისგან ვისწავლე. მუსიკისადმი ჩემი დამოკიდებულება დღესაც ასეთი ბუნებრივი და სავსეა. თითქმის ყოველდღე ვმეცადინეობ გიტარაზე დაკვრაში; ერთი გიტარა მუდამ ჩემს გვერდზეა ხოლმე. მივხვდი, რომ საკუთარ გრძნობებს გიტარის მეშვეობით უფრო ადვილად გამოვხატავ. შეიძლება მთელი დღე სიმღერის თავი არ მქონდეს, მაგრამ თუ დაკვრა დავიწყე, ვეღარ ვჩერდები. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების წესად იქცა და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე მისმენს თუ არა. მსმენელი, ისევე როგორც მუსიკა, ღმერთის საჩუქარია. მსმენელი მაძლევს შანსს, რომ გრძნობები გამოვხატო. როცა მათ წინაშე გამოვდივარ, ვეუბნები: „გაინტერესებთ იმის მოსმენა, რასაც დღეს გადავაწყდი?“ როგორც წესი, მათ აინტერესებთ და ისინი გულგრილნი არ რჩებიან მოსმენილის მიმართ. მსმენელს სულ ესაჭიროება რაღაც ახალი და მეც ვცდილობ, მოლოდინი გავამართლო.
ალბომის ჩაწერისას და კონცერტების დროს, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები უფრო მძიმეა თუ გარე სამყაროს მხრიდან მოლოდინი?
მე უფრო კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რაც მეტ დროს ხარჯავ რაიმე საქმისთვის, მით უფრო უკეთ უნდა გამოგდიოდეს ეს საქმე. შემოქმედისთვის ძნელია მოვლენების პროგნოზირება. შენში და შენს გარშემო ყველაფერი იცვლება და ის, რაც გუშინ სწორი მეგონა, დღეს ახალ ხედვას ითხოვს. ის მაიძულებს, ახალი კუთხით შევხედო ჩემს მუსიკას და შევეცადო გავერკვე, თუ რატომ გამომდის რაღაც ასე და არა ისე? მეორე დღეს კი, უკვე სხვა სახის პრობლემის გადაჭრა მიწევს. მუსიკაში ეს უწყვეტი პროცესია. ამ მხრივ, ჩემი გამოცდილება ჯაზში ძალიან მნიშვნელოვანია. ჯაზმენს აღარ უნდა იმის კეთება დღეს, რაც მან გუშინ აკეთა. მას არ უნდა ერთხელ მონაყოლის გამეორება. ამდენი წლის განმავლობაში, ჯაზის მეშვეობით შეძენილი გამოცდილების წყალობით, ვიცი, თუ როგორ შევცვალო რაღაც-რაღაცეები დაკვრისას. ზოგჯერ რაღაცას მოვაცილებ, ზოგჯერ პირიქით, დავუმატებ და სიმღერაც სხვანაირად აჟღერდება. მას სხვა ელფერი და „გემო“ ეძლევა. ამის კეთება კი აუცილებელია, რომ არ მოგწყინდეს. ამის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ რადგან ეს საინტერესოა ჩემთვის, ესე იგი, ის საინტერესო შეიძლება იყოს მსმენელისთვისაც.

„ჩემი ახალი ალბომით ვიღაც-ვიღაცეების გამოღვიძება მინდოდა“ - თქვით Irreplaceable-ზე მუშაობისას. ვისი გამოღვიძება გსურდათ და რატომ?
ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები ახალ იდეებს საკმაოდ გვიან და გაჭირვებით ითავისებენ ხოლმე. ახალი იდეის გათავისებას დრო სჭირდება. ვიღაც იგონებს თვითმფრინავს და დარწმუნებულია, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოგონებაა, მაგრამ უმრავლესობას დრო ესაჭიროება ამის მისახვედრად და გასაცნობიერებლად... ადამიანებს ხშირად არ ესმით, თუ რა არის ამა თუ იმ მოვლენის საფუძველი და წარმოქმნის მიზეზი. მე მრავალმხრივ მუსიკოსად მთვლიან, მაგრამ რითმ ენდ ბლუზის ელემენტები ჩემს მუსიკაში შეგნებულად არ შემიტანია; ის ჩემი გამოცდილების განუყოფელი ნაწილია... და არა მარტო რითმ ენდ ბლუზი. მსოფლიო უამრავ სხვადასხვა სახის მუსიკას უსმენს. ერთი რადიოსადგური როკს ატრიალებს, მეორე ქანთრის, მესამე კი კლასიკურ მუსიკას. ყველა ეს საუნდი ჩვენს განკარგულებაშია და როდესაც ინსტრუმენტს ხელში ვიღებ, ეს ყველაფერი უკვე ჩემშია. როცა ანდრეს სეგოვიას ვუსმენ, მაინტერესებს, შემიძლია თუ არა დავუკრა მასავით. არ არის გამორიცხული, რომ ეს ვერ მოვახერხო, მაგრამ დიდი შანსია, რომ ძიების პროცესში, რაიმე კარგს გადავაწყდე. ასე რომ, ახალი ელემენტების გამოყენებით, მუსიკას სიახლეს და უნივერსალურობას ვძენ. ამის შედეგი კი ისაა, რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მიცნობენ და იციან ჩემი მუსიკა. ერთხელ, საფრანგეთში ყოფნისას, ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა და მითხრა: მისტერ ბენსონ, მე მიყვარს თქვენი მუსიკა! შევამჩნიე, რომ აქცენტით ლაპარაკობდა და ვკითხე საიდან ხარ-მეთქი. ირანიდანო, მიპასუხა ამაყად. ნუთუ ჩემი მუსიკა ირანშიც მოსმენილი აქვთ? - ვკითხე გაკვირვებულმა. ახლა მან შემომხედა გაკვირვებით და მიპასუხა: რას ამბობთ, მისტერ ბენსონ, აიათოლა გიჟდება თქვენზე! მოგვიანებით, გაერთიანებულ ემირატებში ყოფნისას, რადიო პროგრამის სტუმარი ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ იქაც კარგად იციან ჩემი მუსიკა. რელიგიური შეხედულებების გამო, ამა თუ იმ დასავლელი მუსიკოსის ან მათი სიმღერების მიმართ, ისინი ხშირად საკმაოდ კრიტიკულები არიან და ამიტომაც ბევრი სიმღერა ეთერში არ გადის. ის ალბომები, რომლის ეთერში გაშვების უფლებაც მათ არ ჰქონდათ, წითელი ფლომასტერით იყო გადახაზული. მათ ყველა ჩემი ალბომი ჰქონდათ და უნდა მოგახსენოთ, რომ ამ უზარმაზარი კოლექციიდან მხოლოდ რამდენიმე სიმღერა იყო ხაზგადასმული! ალბათ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ხშირად ის, რაზეც ჩვენ ვმღერით, ადამიანებს ამახსოვრდება, ზოგს კი ესა თუ ის სიმღერა მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება და ამიტომაც ვცდილობ, ადამიანებში ახლის მოსმენის სურვილი გავაღვივო, ახლის აღსაქმელად გამოვაღვიძო მსმენელი; იმ ახლის, რასაც მივაგენი და რაც მსოფლიოში ხდება. ვსვამ შეკითხვებს: რატომ მოხდა ეს ასე? რა იყო ამის მიზეზი? რა გავლენა იქონია ამა თუ იმ მუსიკოსმა ჩემს შემოქმედებაზე? და ვინაიდან მსოფლიოში ბევრს მოსწონს ჩემი მუსიკა, მათი ეს ინტერესი გავლენას ახდენს მთელს მუსიკალურ ინდუსტრიაზე. ინდუსტრია უწყვეტი ცვლილების პროცესშია და თუ მის მწვერვალზე ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხე, მტვერი დაგედებათ შენც და შენს მუსიკასაც. მაგრამ ამავე დროს, პირველ რიგში, მუსიკა ღმერთის საჩუქარი და უზარმაზარი სიხარულის წყაროა ჩემთვის. მეგობრებთან საუბრებისას, ხშირად ვეხები იმ თემას, თუ რა ადვილია ადამიანის ნეგატიურ მოვლენებში ჩათრევა; მაგალითისთვის, თუნდაც ორი მსოფლიო ომი ავიღოთ. ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ ახერხებს ომიდან ცოცხლად დაბრუნებული ადამიანი ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას. ეს ძალიან ძნელი უნდა იყოს. ძნელია გახდე მკვლელი და მერე ცხოვრების ნორმალურ პირობებს დაუბრუნდე. ბევრი ამას ვერ ახერხებს და ისინი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან. მართალია, მათ გაუმართლათ და ცოცხლები დარჩნენ, მაგრამ რამდენი ახლობელი ადამიანის სიკვდილის მომსწრე გახდნენ ისინი? ეს ის ტრავმაა, რომელიც ცხოვრებას უწამლავს მათ! ამიტომაც ვფიქრობ, რომ ხელოვნება მსგავსი კოშმარებისგან გათავისუფლების ღმერთის მიერ შემოთავაზებული გზაა. ხელოვნება საშუალებას გვაძლევს, სხვა კუთხით შევხედოთ ცხოვრებას. უსმენ ლამაზ სიმღერას და ხვდები, თუ რა კარგია სიცოცხლე. ის ცხოვრების პოზიტიური მხარისკენ გიბიძგებს. შენივე ცხოვრების გასაგრძელებლად, მუსიკა ახალ სცენარს გთავაზობს ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგები. სამი ძირითადი რამ, რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს - რელიგია, პოლიტიკა და კომერციაა. ამა თუ იმ სახით, სამივე გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, მაგრამ თუ ყველაფერ ამას ზედმეტ ყურადღებას დავუთმობთ, ადვილად დავივიწყებთ სხვა დანარჩენ კარგს, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. ცხოვრება მშვენიერია, ქორწინება მშვენიერია, ბავშვები მშვენიერია, ოჯახი და ადამიანთა მრავალფეროვნება მშვენიერია. ეს ყველაფერი ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. სხვა რჯულის ადამიანს მტრად არ აღვიქვამ იმიტომ, რომ მას ჩემგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. მასში ნეგატიურის აღმოჩენას არ ვცდილობ; პირიქით, ვხვდები, რომ ის სხვა გარემოშია აღზრდილი, სხვა გამოცდილება აქვს და ყველაფერი ეს მის ნაფიქრალს განსხვავებულ ფორმას აძლევს.
რამდენად ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამა თუ იმ სიმღერით კმაყოფილი არ ხართ და ამიტომაც ცდილობთ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ მას, ამჯერად უკვე ცოცხლად შესრულების დროს, და შეცვალოთ ის, რაც არ გაკმაყოფილებდათ?

ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ეს ისაა, რაც დიუქ ელინგთონისა და მაილზ დევისისგან ვისწავლე. მაგრამ მოდით, სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ საკითხს. ის, რაც გაფუჭებული არაა, შეკეთებას არ საჭიროებს. კი ბატონო, ნებისმიერს, ვისაც მოესურვება, შეუძლია გამუდმებით ცვალოს რაღაცეები თავის მუსიკაში. ეს მეც შემიძლია. შემიძლია შევცვალო ტემპი, ტონალობა, დავუკრა ერთი და იგივე კომპოზიცია სამ მეოთხედში, ხუთ მეოთხედში, შვიდ, ცხრა და თერთმეტ მეოთხედებში, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, - მოეწონება თუ არა ეს მსმენელს? მზად ხარ იმისთვის, რომ ექსპერიმენტების გამო, მსმენელი დააფრთხო? ეს რისკია და კარგად უნდა იცოდე, სადამდე გაქვს „შეტოპვის“ უფლება. პირადად მე, ჯაზმა ამის კეთების საშუალება მომცა და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს შემიძლია. მაგრამ დღეს მუსიკალურ ინდუსტრიასთან უკვე სხვა მიმართება მაქვს. მე მათთვის ლეგენდის სტატუსის მქონე მუსიკოსი ვარ. ინდუსტრიას არ უნდა ერთხელ უკვე დაკრულის წამდაუწუმ გამეორება და ამიტომაც, ჩემს მუსიკაში გარკვეული რამეების შეცვლა მიწევს ხოლმე, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ მსმენელი შეშინდეს და გამეცალოს. ბალანსი მნიშვნელოვანია და მუსიკოსებს ჩემს ბენდში ამ ბალანსის დაცვა შეუძლიათ იმიტომ, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ. ეს ის უპირატესობაა, რაც დიდხანს ერთად მუშაობის შემდეგ მოდის. ჩვენ უკვე უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მენდეთ, მუსიკაში ბალანსირების უნარი მთელი ხელოვნებაა. ჯაზი ჩემი მუსიკალური ანბანის განუყოფელი ნაწილია და ძალიან კარგი, თუ მსმენელი გაგიგებს, როცა მე მას ამ ენაზე ვესაუბრები. ამავე დროს, ნუ დაივიწყებთ, რომ მე მარტო გიტარისტი კი არა, მომღერალიც ვარ. შესაბამისად, მესმის თხრობის პრინციპები და ამიტომაც იმდენ შეცდომას არ ვუშვებ, რამდენსაც დანარჩენი მუსიკოსები. ისინი უკრავენ ნოტებს, მაგრამ ეს ნოტები ჩემთვის სიტყვებია და არა უბრალოდ ნოტები. მე შემიძლია ერთ წუთში 10.000 ნოტი ჩავატიო, მაგრამ თუ ამ ნოტებს თხრობა არ შეუძლიათ, თუ ამ ნოტებით გამართულ წინადადებას ვერ აწყობ, ჩათვალე, რომ შენს მონაყოლს არავითარი ეფექტი არ ექნება. იცით, ჩარლი ფარქერი ზოგჯერ რას აკეთებდა? კონცერტების დროს, ის პერიოდულად ერთ-ორ ნაცნობ და პოპულარულ თემას „ჩააგდებდა“ ხოლმე თავის გიჟურ იმპროვიზაციაში და ამას ისე აკეთებდა, რომ მსმენელს ეცნო ეს თემა. ეს რეალობაში აბრუნებდა მას და იმგვარი სერიოზულობისგან იცავდა, რომელიც მსმენელის დაკარგვას განაპირობებს...
წარმატებული ალბომის ჩასაწერად ერთი ადამიანი საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია დანარჩენების როლიც. ამ დროს, პროდიუსერი შეუცვლელი პერსონაჟია და ალბომზე მუშაობის პროცესში, ბევრს ალბათ კარგად არც კი ესმის მისი როლი. როგორი ურთიერთობა გქონდათ უკანასკნელი ალბომის Irreplaceable-ის ჩაწერის დროს თქვენ და ჯოშუა თომფსონს?
პროდიუსერი მუსიკოსის საბოლოო პროდუქტთან პირდაპირაა დაკავშირებული, ვინაიდან სწორედ ის უყრის თავს ერთად ყველა კრეატიულ თუ ტექნიკურ ელემენტს. მუშაობის დაწყების წინ, თომფსონს ერთი იდეა ჰქონდა, - მას ჩემი ჰიფ-ჰოფის სამყაროსთან დაკავშირება დუეტების მეშვეობით უნდოდა. შემჩნეული ჰქონდა, რომ ჩემს კონცერტებს, როგორც წესი, უამრავი ახალგაზრდა მსმენელი ესწრება, თუმცა ისინი არ მიცნობენ, როგორც ჰიფ-ჰოფის ჟანრში მომუშავე მუსიკოსს. თომფსონს უნდოდა, ჰიფ-ჰოფის სხვადასხვა წარმომადგენელთან ჩამეწერა დუეტები, რათა ჩემი ახალგაზრდა მსმენელის რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილიყო. სამწუხაროდ, ხმის ჩამწერი კომპანია ამ პროექტისთვის მზად არ აღმოჩნდა და ეს გეგმა ჩაიშალა. ალბომის ჩაწერა მარტო მომიწია და ძალიან მიხარია, რომ ეს გავაკეთე. Irreplaceable ამტკიცებს იმას, რომ ჯორჯ ბენსონი თანამედროვე მუსიკოსია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კარგია, როცა შენი ალბომი ძველ და გამოცდილ იდეებს არ ეყრდნობა. მე დღევანდელ დღეს ვცხოვრობ და არა 1945 წელს. აქვე დავუმატებდი იმას, რომ ამ ალბომზე მუშაობისას, ძალიან მაკლდა ის ადამიანი, ვისაც ჩვენთან A&R (Artist and Repertoire)-ს უწოდებენ. ეს პიროვნება შემსრულებლისთვის იმ სიმღერას პოულობს, რომელიც, მისი აზრით, თავის მსმენელთან კიდევ უფრო დააახლოვებს. წარსულში ჩვენ ბევრი ასეთი დიდებული A&R გვყავდა. ჯონ ჰენმანი, თავის დროზე, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ისევე როგორც ქლაივ დევისია დღეს, რომელმაც ეს საქმე ჰენმანისგან ისწავლა. კარგი A&R-ი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ სიმღერით, რომელიც მან არტისტისთვის აღმოაჩინა, ის ახალ მსმენელზე გასვლას მოახერხებს ან იმაზე უფრო პოპულარული გახდება, ვიდრე იყო. ჰენმანი საოცარ შედეგებს აღწევდა ისე, რომ კრეატიულ პროცესში არ ერეოდა და არაფერში არ ზღუდავდა მუსიკოსს. ის პოულობდა სიმღერებს მუსიკოსებისთვის და ქმნიდა ისეთ სამუშაო პირობებს, სადაც ისინი კომფორტულად გრძნობდნენ თავს და ისე დახვეწილად ახერხებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას, რომ მათ შინაგან სამყაროს მსმენელი ბოლომდე გრძნობდა. აი, ეს იყო A&R-ის მთავარი დანიშნულება. მისი საქმიანობის შედეგად, მუსიკოსი კიდევ უფრო პოპულარული ხდებოდა, მის მიერ შექმნილი პროდუქტი კი - უკეთესი. პროდიუსერთან მუშაობისას, ზოგჯერ ხდება, რომ მას რაღაც არ მოეწონება და ამიტომაც ცდილობს, პროექტში რაღაც სასწრაფოდ შეცვალოს, რაც საწყის იდეას და კონცეფციას სრულიად ცვლის... კიდევ ერთი დიდი A&R-ი გამახსენდა, - ქრეიგ თეილორი, ადამიანი, რომლის იდეაც იყო ფრედი მერქურის და მონტსერატ კაბალიეს ცნობილი Barcelona და რომელმაც უდიდესი ორგანისტი ჯიმი სმითი ბიგ ბენდთან ერთად პირველმა ჩაწერა. ის როგორღაც ახერხებდა მუსიკოსების მიერ გენერირებული გიჟური იდეების „მოთვინიერებას“ და, როგორც ვამბობ ხოლმე, „იდეების ფრაკში გამოწყობას“. მე იმპულსური ადამიანი ვარ, იდეებიც იმპულსურად მომდის თავში და მათი გამოხატვის არ მეშინია. ხშირად ისეც მომხდარა, რომ ჩემი საწყისი იდეა საკმაოდ საეჭვო ხარისხის ყოფილა, მაგრამ ქრეიგი იმ იდეას ისეთ „ლამაზ ფრაკს მოარგებდა“, რომ ის თითქმის სრულყოფილი ხდებოდა. თეილორისნაირი პროდიუსერები და A&R-ები დღეს, სამწუხაროდ, ცოტა გვყავს. არადა, კარიერის გაუმჯობესებაში სწორედ მათი ძალისხმევა მეხმარებოდა და სწორედ მათი მეშვეობით შეიქმნა ის, რასაც დღეს Smooth Jazz-ს ვუწოდებთ.
ჰიფ-ჰოფი ახსენეთ და საინტერესოა, თქვენს მუსიკალურ ინტერესს დღესდღეობით რა და ვინ ახალისებს?
სულ მაინტერესებდა მივმხვდარიყავი, თუ რატომ ხდება, რომ ვიღაცას რაღაც კარგი მოსდის თავში, მე კი - არა... მერე მივხვდი, რომ ჩვენი შემეცნების უნარს ბოლო არ აქვს. იცით, 60 წლის წინ, საპატენტო ოფისის დახურვას სერიოზულად ფიქრობდნენ, ვინაიდან ეგონათ, რომ ყველაფერი, რაც გამოსაგონებელია, უკვე გამოგონებული იყო. ეგონათ, რომ ადამიანი ვერაფერ ახალს ვეღარ შექმნიდა და სწორედ აქ შეცდნენ, ვინაიდან ადამიანებმა კიდევ მილიონობით ახალი რამ გამოიგონეს. მუსიკაც ასეა და ამიტომაც პერიოდულად კლუბებში დავდივარ და ახალ შემსრულებლებს ვუსმენ. მარტო სთენლი ჯორდანი რად ღირს?! და ასეთები ბევრნი არიან მსოფლიოში. იყო ასეთი საქსოფონისტი ედი ჰარისი, რომელიც საქსოფონზე საყვირის სატუჩით უკრავდა და პირიქით, საქსოფონის სატუჩით საყვირზე. რეზულტატი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ მუსიკის ჩახშობა შეუძლებელია და ყოველთვის ახლის აღმოჩენის საშუალება იქნება. ადრე თუ გვიან, გაჩნდება მუსიკოსი, რომელიც ახლით დაჩრდილავს წინამორბედს. რა თქმა უნდა, არიან და იქნებიან ისეთები, ვინც საერთო მასას ყოველთვის გამოეყოფა იმიტომ, რომ ისინი ლიდერები არიან. ჩარლი ფარქერის არსებობამ ჯონ ქოლთრეინს საქსოფონზე ახალი სიმაღლეების დაპყრობაში ხელი ვერ შეუშალა. მიუხედავად იმისა, რომ ქლიფორდ ბრაუნი საყვირზე მაილზ დევისზე კარგად უკრავდა, მას არც კი დასიზმრებია ის სიმაღლეები, რასაც მაილზმა მიაღწია. ასე რომ, ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რა შეიძლება მოხდეს მუსიკის სამყაროში...
მსოფლიოს ამ კუთხეში თქვენ პირველად ხართ. როგორია თქვენი მოლოდინი? რა მოხდება დღეს საღამოს?
დიდი პრივილეგიაა იყო იქ, სადაც არასოდეს ყოფილხარ. ჰაერში გრძნობ სიახლეს და გრძნობ, რომ აქ რაღაც განსაკუთრებულს ელიან შენგან, თუმცა იცი, რომ შესაძლებელია, შენი დაკრულიდან ყველაფერი არ მოეწონოთ, ვინაიდან ბევრს შენი ცოცხალი შესრულება არ მოუსმენია. მართალია, მათ აქვთ მოსმენილი ჩემი ალბომები და ახლა საშუალება ეძლევათ, მოსმენილი ვიზუალურად აღიქვან, მაგრამ მუსიკოსის ცოცხლად ნახვა ბევრად განსხვავდება ალბომების მოსმენისგან. ისინი ბევრს ელიან შენგან და არ მინდა, მათ იმედები გავუცრუო. მე კარგ მუსიკოსებთან ერთად ჩამოვედი აქ და ერთად შევეცდებით მოხდეს ის და იმაზე მეტიც, რასაც ჩვენგან ელიან. ეს საღამო დასამახსოვრებელი უნდა გახდეს მათთვის.

![]() |
16 წიგნები |
▲back to top |
ავტორი: თამარ ბაბუაძე

ვენერას სიზმარი
რომანი
აკა მორჩილაძე,
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
2005 წ.
წიგნით პლაჟზე, წიგნით ვერანდაზე, წიგნით ჰამაკში - შვებულება ბევრნაირი კომბინაციის საშუალებას იძლევა, კომბინაციები მენიუს და ე.წ. „მისაყოლებლის“ სფეროშიც იცვლება. მთავარია, წიგნი იყოს - ახალი და საინტერესო. სანამ ქალაქს დატოვებდეთ, ჩვენს ჟურნალთან ერთად, წიგნის მაღაზიაში რამე კარგიც მოიძიეთ. ცხადია, არჩევანი უფრო მრავალფეროვანი რუსულენოვანი გამოცემების განყოფილებაში იქნება, მაგრამ რამდენიმე კარგ ალტერნატივას გაცილებით უფრო ნელი ტემპით განახლებადი ქართული წიგნის თაროც შემოგთავაზებთ.
თუნდაც აკა მორჩილაძე და მისი სულ ახალი რომანი. ვინ არის ვენერა და რა ესიზმრება, ვერაფრით ვერ გეტყვით. მაღაზიებში სულ ახლახანს გამოჩნდა და ამიტომ. თუმცა, დაეჭვებად არ ღირს, „საბას“ ორგზის ლაურეატი აკა მორჩილაძე თავის ახალ ტექსტს ორიგინალურ სტრუქტურას უძებნის და უამრავ საინტერესო თავგადასავალს და ამბავს ჰყვება. ეს ფათერაკებით სავსე ამბავი კი, საღამოს პირზე გამოღვიძებულ ბუს შემთხვევით დაუნახავს ტყეში და შემდეგ მწერლისთვის მოუყოლია, მწერალს - ჩვენთვის. კიდევ ერთი ორიგინალური დეტალი: განმარტებები და შენიშვნები ტექსტის ძირითად ნაწილშივეა ჩართული და ეს თხრობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ასე რომ, „ვენერას სიზმარი“ ზედგამოჭრილი საკითხავია საზაფხულო ღამეებისთვის - ჩაძინებამდე და პერსონალური სიზმრების დასიზმრებამდე.

თანამედროვე ევროპული პიესა
ანთოლოგია
გამომცემლობა „არეტე“
2005 წ.
ეს კრებული, ერთი შეხედვით, ოდნავ არასაზაფხულო შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ გირჩევთ, თამამად მიენდოთ გარეკანის მწვანე ფერს და ამ ფონზე გაფანტულ ავტორებს: ტომ სტოპარდს, ჰაროლდ პინტერს, ტანკრედ დორსტს და სხვებს. გამომცემლობა „არეტე“ ცნობილი დრამატურგების საუკეთესო ნიმუშებს უყრის თავს. ბოლოთქმაში ავტორთა შესახებ კი, თითოეული მათგანის შესახებ შეძლებთ ინფორმაციის მოპოვებას.
შეიტყობთ, რომ ინგლისელი ტომ სტოპარდი ასევე სცენარისტი და რეჟისორიცაა, თანაც, „ოსკარით“ დაჯილდოებული: გახმაურებული „შეყვარებული შექსპირი“ სწორედ მისი დაწერილია. წარდგენა არც ჰაროლდ პინტერს სჭირდება. პიესა „მტვერი მტვრადვე მიიქცევი“ კი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.
ანთოლოგია ასევე გვთავაზობს პოლონელი სლავომირ მროჟეკის, გერმანელი ტანკრედ დორსტის, ასევე გერმანელი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის და რუსი ოლეგ შიშკინის პიესებს. მე, პირადად, შიშკინის „ანა კარენინა II“-ს ვკითხულობ და ახლა იმ ეპიზოდზე ვარ, მატარებლის რელსებიდან ცოცხლად გადარჩენილი ანა, როგორ წევს შინ, დოლბანდში გახვეული და როგორ იღებს სტუმრად მისულ ლევინსა და ვრონსკის.
მთარგმნელთა დამსახურებაც საგულისხმოა: ანდრო ბუაჩიძე, ასმათ ლეკიაშვილი, ზაზა ჭილაძე და დანარჩენები ცნობილი ავტორების შესანიშნავ თარგმანს გვთავაზობენ.

იხვის ტოლმა
რომანი
ბესო ხვედელიძე, მაკა მიქელაძე
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
2005 წ.
ეს წიგნი თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ მკითხველის ერთ სპეციფიკურ სეგმენტს - რომანი კონკრეტულად მათთვისაა დაწერილი, ვისაც თანაბრად იტაცებს უახლესი ქართული პროზა და გურამ წიბახაშვილის ფოტოგრაფია. თხრობას ხომ თან ცნობილი ფოტოგრაფის ფოტოჩანართები ერთვის და რომანს კიდევ უფრო უჩვეულო აღსაქმელს ხდის.
მაშ ასე - მაკა მიქელაძე და ბესო ხვედელიძე გაერთიანდნენ და ადამიანების ფსიქიკაში ჩაღრმავება დაიწყეს; თანაც, პირდაპირი გაგებით. მაკა მიქელაძე პროფესიითაც ფსიქიატრია, რომანში კი ბესო ხვედელიძესთან ერთად, ფსიქიატრისა და მისი ერთი უცნაური პაციენტის წერილების ერთობლიობას გვთავაზობს.
მკითხველი კი ორივე ავტორს ამ ლიტერატურულ-ფოტოგრაფიულ ექსპერიმენტამდეც კარგად იცნობდა. ხვედელიძის მოთხრობების კრებული „ჯადო“ 2003 წელს „საბას“ პრემიით აღინიშნა, წელს კი “საბაზე” ის უკვე რომანით „გაფრინდინელა“ იყო წარდგენილი. რაც შეეხება მაკა მიქელაძეს, წიგნის მაღაზიებში დღესაც შეგიძლიათ, მოიკითხოთ მოთხრობების კრებული FLASH; ან მის ლექსებს გადახედოთ.
თუმცა არც ამდენი გარჯაა საჭირო, პირდაპირ ნახეთ, როგორ მზადდება „იხვის ტოლმა“ შემდეგი ინგრედიენტებით: ლიტერატურა, ფსიქიატრია და ფოტოგრაფია. მერწმუნეთ, შესანიშნავი საზაფხულო გასართობია.
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

დაბადება
სად: კინოთეატრი “რუსთაველი”.
როდის: აგვისტო.
რეჟისორი: ჯონათან გლეიზერი.
ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა კარგად მოიქცა თავის დროზე ნიკოლ კიდმანი, საყვარელ თომ კრუზს რომ გაშორდა? არა?! ცოტა კი პირიქით იყო, ეს ნაბიჯი ჯერ „უკანასკნელმა ჰოლივუდელმა“ გადადგა, მაგრამ მაინც.
რატომაა კარგი? ვერ ატყობთ, რომ მას შემდეგ, ცხვირაბზეკილი, ცივსისხლიანი ყინულის საშუალო დონის „დედოფალი“, ყველაზე პოპულარულ მსახიობად იქცა, და ერთიმეორეს მიყოლებით უფრო და უფრო საინტერესო პროექტებში მიიღო მონაწილეობა? რომელი ერთი ჩამოვთვალო... ამად ერთი „დოგვილის“ ხსენებაც კმარა.
ახლა კი, რაც შეეხება მთავარს: როდესაც „დაბადება“ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს, დიდი დავა და უკმაყოფილება ატყდა; ერთი, არა, ორი კადრის გამო.
სიუჟეტი ასეთია: ახალგაზრდა მანჰეტენელი ქვრივი ანა (ნიკოლ კიდმანი) გათხოვებას გადაწყვეტს. ყველაფერი თითქოს წესრიგშია, რომ ერთ დღესაც, მას 10 წლის შონი გამოეცხადება. „მასაც შონი ჰქვია, ისევე როგორც ჩემს გარდაცვლილ ქმარს“ - გაიფიქრებს ანა და... მაგრამ მოიცადეთ, ჯერ სად ხართ! პატარა შონი რეინკარნირებული დიდი შონი აღმოჩნდება და... ახლა ხომ ხვდებით, რა ამბები დატრიალდება!
რაც შეეხება „დაწუნებულ“ სცენებს: ნიკოლი შხაპს იღებს რეინკარნირებულ შონთან ერთად; და მეორე: ნაზად ეამბორება ტუჩებზე.
არა, „უზრდელობა“ და რამე არ გეგონოთ. უბრალოდ, ასეა და...

ღამე დედამიწაზე
სად: კინოდარბაზი „ამარკორდი“.
როდის: სექტემბერი.
რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში.
ეს ჯარმუშის საყვარელი თემაა: პარალელურად მომხდარ მოვლენათა მოყოლა; სწორედ რომ მოყოლა.
„მე ხომ ყველასთვის არ ვქმნი ფილმებს. და საერთოდ, ვაკეთებ ისეთს... რომელიც სხვადასხვა ისტორიას გვიამბობს.“
სად მომხდარს? მნიშვნელობა არ აქვს, სად. თუნდაც ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, პარიზში, რომსა და ჰელსინკიში.
როდის მომხდარს? ღამით, რა თქმა უნდა.
მაშ ასე:
1991 წელი და ერთი ღამე დედამიწაზე.
ეგზისტენციალური ტრაგიკომედია ტაქსისტებზე, ტაქსისტებისათვის, და არა მარტო მათთვის.
ერთ ღამეს ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი, ხუთი სხვადასხვა ამბავი. ხუთი ტაქსისტი თავისი ისტორიებით და მგზავრებით: რობერტო ბენინი, უაინონა რაიდერი, ჯანკარლო ესპოზიტო და სხვა.
რა ხდება გალაქტიკიდან დანახულ ერთ ღამეს დედამიწის სხავადასხვა კუთხეში?
რა საერთო აქვთ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის და ეროვნების ტაქსისტს მათ მგზავრებთან?
P.S. ისე, არასდროს არ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის - საინტერესოა, ნეტავი იქ (ამ შემთხვევაში „იქ“, უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული) ამ მომენტში რა ხდება?
ალბათ, თავის დროზე, პატარაობისას, ჯიმსაც უფიქრია ასე, რადგან მისი ფილმები ხომ პარალელური მოგზაურობაა; მოგზაურობა, ერთი შეხედვით, ძალზედ ყოფით, არაფრით გამორჩეულ სიტუაციებში, სადაც თითქოს სცენარიც კი არ არსებობს; ყველაფერს სპონტანურად, „სამიზნეზე“ მიშვერილი კამერა თავისით აფიქსირებს და...

ენ ჰოლი
სად: კინოდარბაზი „ამარკორდი“.
როდის: სექტემბერი.
რეჟისორი: ვუდი ალენი.
„ერთი წარუმატებელი, უშნო ამერიკელი ინტელექტუალია; უამრავი კომპლექსით, პრობლემით, სექსზე „დაციკვლით“ და გადამწყვეტ მომენტში ქრონიკული უუნარობით“ - ეს პირველი შთაბეჭდილებაა.
„ერთი და იმავე ინგრედიენტებით, ყოველთვის განსხვავებულ კოქტეილს გთავაზობს“ - ეს კი, ფაქტი.
რა არის ახალი მის ცხოვრებაში? - ახალ ფილმზე მუშაობს, „თარგმანში დაკარგულ“ სკარლეტ იოჰანსონსა და „მისტერ მუტანტ“ ჰიუ ჯეკმანთან ერთად.
მანამდე კი:
1977 წელს ეკრანებზე მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი გამოვიდა - „ენ ჰოლი“, ანუ სასცენარო სახელით - Anhedonia - სიამოვნების მიღების შეუძლებლობა.
ფილმის სცენარი ზუსტად ოთხ დღეში დაწერა, ცოტა ხანშივე გადაიღო, და სამი „ოსკარიც“ მოიპოვა:
საუკეთესო რეჟისორი,
საუკეთესო ფილმი,
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი.
მაგრამ „ოსკარებით“ დაჯილდოებაზე ვუდი არავის უნახავს - არ ეცალა. ისევე, როგორც ყოველ ორშაბათს, იმ დღესაც კლუბ „Michael's“-ში იჯდა და მსმენელს კლარნეტზე დაკვრით ართობდა. რა მისი ბრალია, იმ წელს, „ოსკარები“ მაინცდამაინც ორშაბათს რომ გაიმართა?! - „როგორც ჩემმა ფსიქოანალიტიკოსმა მითხრა, ჩვენ ერთმანეთს ფიზიკურად არ ვუხდებით“ - უთხრა მაშინ ცოლს და მოატყუა. იმ პერიოდში მას ახალი მუზა და სიყვარული ეწვია, სახელად დაიან კიტონი, რომელიც ვუდიმ თავის საუკეთესო ფილმებში გადაიღო: „ენ ჰოლი“, „ინტერიერები“, „მანჰეტენი“.
რა არის „ენ ჰოლი“? საკუთარი ცხოვრების პაროდია? ალბათ.
P.S. www.woodyallen.com - ამერიკელი ინტელექტუალ-კომედიოგრაფის ფანებისათვის.
![]() |
17 რადიო უცნობის ამბები |
▲back to top |
ალბათ, თქვენთვისაც უკითხავთ ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს ვინაობა და, ალბათ, თქვენც მოგისმენიათ სხვადასხვა ვერსიები იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი სინამდვილეში და (ჩემსავით) ალბათ, მოგისმენიათ მხოლოდ არასწორი ვერსიები. მათი ვინაობა ზუსტად ვიცი და ისიც ვიცი, თუ რატომ ჰგონიათ ჭიჭიკო და ბიჭიკო აუცილებლად პოპულარული ადამიანები. ამ საიდუმლოს გასაღები შარვლის უკანა ჯიბეში უდევს უცნობს - გია გაჩეჩილაძეს, რომელმაც ბავშვობიდან იცოდა ის, რასაც მე ვერ ვხვდებოდი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მისი რომელიმე იდეა ასე გაამართლებდა. მას კი იმთავითვე ბევრი იდეა ჰქონდა, რომელთა მოსმენისას, ზოგჯერ ადგილზევე მეცინებოდა, ზოგჯერ კი - მოგვიანებით, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მართალი იყო. იმდენჯერ შევცდი და რაც საშინელი გოიმობა მეგონა, იმდენჯერ ისეთი ხალისითა და მონდომებით აიტაცა ქართველმა ხალხმა, რომ რაც არ უნდა მითხრას უცნობმა, ახლა მის ნებისმიერ იდეას ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან დავრწმუნდი, რომ მან იცის ის, რაც მე არ ვიცი და რაც ჩვენს ხალხს ასეთი აღტაცებით მოსწონს.
ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს შესახებაც, უცნობმა და ბასა ჯანიკაშვილმა (სანამ რადიოს გახსნიდნენ), დაწვრილებით მიამბეს, მაგრამ ბოლომდე არც მომისმენია მათთვის, რადგან ისედაც მჯეროდა, რომ მსმენელი ნებისმიერ რადიოს შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ ასეთ აჟიოტაჟსა და ინტერესს ნამდვილად არ ველოდი კიდევ ერთი რადიოს მიმართ და ჭიჭიკომ და ბიჭიკომ საქართველოში, ალბათ, სმენადობის ყველა რეკორდი უკვე მოხსნეს...
ერთხელ რადიო „უცნობში“ სტუმრობისას, თავშესაქცევად და მხოლოდ ათი წუთით, ჭიჭიკო შევცვალე და როგორც ბიჭიკოს გამომეტყველებითაც იქვე მივხვდი, სრულიად წარუმატებლად. თუმცა ცუდი გამომეტყველება, ცუდი მუსიკა და ცუდი ხასიათი ამ რადიოში დიდი იშვიათობაა და, ალბათ, ძნელია მოძებნოთ სამსახური, სადაც ამდენი თანამოაზრე ასე დაუზარებლად ხუმრობს დილიდან დილამდე.
როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მათ არამარტო საერთო ხასიათი და იუმორი, ლექსიკა და თმის ვარცხნილობა, საერთო გემოვნებაც კი ჩამოუყალიბდათ.
თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა...
დათო ტურაშვილი






