თავისუფლება №4


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კიკნაძე ზურაბ, ლიკლიკაძე კობა, ზურაბიშვილი დავით , მელაძე გიორგი
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია თავისუფლების ინსტიტუტის გამოცემა ყველა საავტორო უფლება დაცულია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა:liberty@liberty.ge



1 Homo Liber

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზურაბ კიკნაძე

როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, ამოსავალ დებულებად ვიღებთ აქსიომას, რომლის თანახმად არსებობს ერთი კაცობრიობა და მასში ყოველი მოდგმა ერთადერთი და განუმეორებელია. ასევე ყოველ მოდგმაში ყოველი ადამიანი, თითოეული ადამიანის არსებობა უნიკალურია. უნიკალობის უღიარებლად ადამიანის უფლებებზე საუბარი გაუგებარი იქნებოდა. ღრმად რომ არ წავიდეთ, ადამიანის საიდუმლოებრივ უნიკალობაზე საუბარში, ვთქვათ ერთი ჭეშმარიტება: ადამიანის ღირსების თავი და თავი მისი პიროვნების უნიკალობაა. ამ უნიკალობაში ყველა ადამიანი თანასწორია. ყველას აქვს უფლება თქვას მე და არავის - ვინმეს დაუშალოს ამის თქმა.

უნიკალობიდან ამოდის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც უნივერსალური ხასიათისაა. ისინი არ არის დამოკიდებული არც რასაზე, არც ცივილიზაციაზე, არც საზოგადოებაზე, არც სახელმწიფოზე, არც კანონმდებლობაზე. სხვაგვარად, ამ უფლებებს მას ანიჭებს არა რასა, არა ცივილიზაცია, არა საზოგადოება, არა სახელმწიფო, არა კანონმდებლობა, არამედ ისინი შეადგენენ მისი, როგორც ადამიანის, არსებას. ისინი მისი ადამიანად ყოფნის აუცილებელი პირობებია, რომელთა გარეშე ადამიანი დაკარგავდა ადამიანობას. ამავე დროს ისინი თანდაყოლილია, უფრო მეტიც: ისინი წინ უძღვიან მის არსებას და არსებობას. ადამიანის უფლებათა თანდაყოლილობა ვლინდება უფლებათა ერთმანეთისგან განუყოფლობასა და ურთიერთგანპირობებულობაში. ერთი მათგანის შებღალვა-შევიწროება იწვევს სხვათა ხელყოფას და დაკნინებას. მართლაც, თუ არ ვაღიარებთ ,,ადამიანის უფლებათა დეკლარაციის'` პირველი პარაგრაფის დებულებას, რომ ,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებით და უფლებებით'`, ყველა დანარჩენ უფლებებს, როგორიც არის უფლება სიცოცხლისა, პირადი ხელშეუხებლობისა, თავისუფალი შრომისა და სხვა და სხვათა, საფუძველი ეცლება. ან, თუნდაც, თუ ირღვევა ერთ-ერთი მათგანი, როგორიც არის, ვთქვათ, უფლება მე-ს წარმოთქმისა, არ უნდა მოველოდეთ, რომ რომ სხვა უფლებები დაცული იქნება და ადამიანს შეეძლება ადამიანობის სრულყოფილად განხორციელება.

ადამიანი მრავალ განზომილებაში მოქმედი და მოღვაწე არსებაა: ადამიანი იმყოფება, მოქმედებს, იღწვის მატერიალურ და ცოცხალ სამყაროში და ყოველი მისი ქმედება ამ სამყაროს, ბუნების გარდაქმნას იწვევს. იგი ბუნების პატრონია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ემორჩილება მის კანონებს, ექვემდებარება მათ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფუძემდებლურ წიგნში, ბიბლიაში, ადამიანი, თავად ღვთის ქმნილება, ღვთის შექმნილი ბუნების მბრძანებლად არის გამწესებული, როგორც მიწათმოქმედი და როგორც მწყემსი, როგორიც იყო ადამი - მზრუნველი მიწისა და მზრდელი ცხოველთა. ეს იყო იმთავითვე (და დღემდე ასეა) მისი უფლება და მოვალეობა.

ადამიანი არის გონიერი არსება (ჰომო საპიენს), რომლის ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრულობა აზროვნებაა. აქედან მისი უფლება თავისუფალი აზროვნებისა და აზროვნების ნაყოფის თავისუფლად გამოთქმისა. ადამიანი არის მორალური არსება (ჰომო მორალის), ანუ პასუხისმგებელი თავის ქმედებამოღვაწეობაზე თუ თავის საქციელზე. აქედან მისი უფლება მოქმედების თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების ხელშეუხებლობისა.

ადამიანი არის შემოქმედი (ჰომო ლუდენს ,,მოთამაშე'`), რომელსაც აქვს უფლება თავისი არსებობის მიზანს თავის შემოქმედებაში ხედავდეს და ახორციელებდეს მას დამოუკიდებლივ პოლიტიკისა, და არ შეიძლება ეს უფლება წაერთვას მას ან შეეზღუდოს რაიმე პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან თუნდაც პატრიოტული მოტივით. ადამიანი არის საზოგადოებრივი არსება (არისტოტელეს განსაზღვრებით, ძოონ პოლიტიკონ), რომელსაც აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში იკვეთება მისი, როგორც ადამიანის, ერთი ძირითადი ასპექტი, რადგან ის სხვაგვარად ვერ მოიაზრება, თუ არა სხვა ადამიანთა გარემოცვაში ანუ საზოგადოებაში. და თუ დაისმის კითხვა, რომელია პირველადი - ადამიანი თუ საზოგადოება, პასუხი პირველის სასარგებლოდ გაიცემა: ადამიანი, როგორც ინტეგრალური არსება, თავად არის საზოგადოების წყარო.

0x01 graphic

ადამიანი არის ბიოლოგიური არსება. აქედან მისი უფლება სიცოცხლეზე, საზრდოზე, ნივთიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე. მართალია, ადამიანის ეს განზომილება რანგით უდაბლესია, მაგრამ ის პირველადი ბუნებრივი მოცემულობაა, ის ნიადაგია, რომლის გარეშე ადამიანი ვერ განახორციელებს სულიერ და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებულ ვერც ერთ უფლებას. და ეს არის მისი სიმაღლის ნიშანი, მისი ფუნდამენტური განსხვავება სხვა ცოცხალ ქმნილებათაგან, რომ მას შეუძლია უარი თქვას თავის ბიოლიგიურ მოთხოვნილებებზე ან შეზღუდოს ისინი უფრო მაღალ მოთხოვნილებათა გულისათვის. მაღალი აზრით, ეს მისი უფლებაა და ვერავინ წაართმევს მას.

იგი არის რელიგიური არსება (ჰომო რელიგიოსუს), ანუ მას უფლება აქვს თავისუფლად აღიაროს, ირწმუნოს და დაიკმაყოფილოს სარწმუნოებრივი მოთხოვნილებები. მაგრამ ყველა უფლების თავი და თავი, საფუძველი ერთია, ეს არის თავისუფლება, თავისუფლების უფლება. ადამიანს აქვს უფლება, ასევე თანდაყოლილი, რომ იყოს თავისუფალი, ფიქრობდეს თავისუფლად, ლაპარაკობდეს თავისუფლად, იქცეოდეს და მოქმედებდეს თავისუფლად და, ბოლოს, სწამდეს ან არ სწამდეს თავისუფლად.

ვერც ერთ კერძო უფლებას ადამიანი ვერ გამოიყენებდა, თავისუფალი ნებელობითი აქტივობის გარეშე. თავისუფლება ის ,,ორგანოა'`, რომლითაც ხდება სხვა უფლებათა რეალიზაცია. შეიძლება დავაზუსტოთ: ადამიანს ადამიანად, ყველა ზემოთჩამოთვლილ განზომილებებში მოქმედ არსებად, თავისუფლება ანუ, სხვაგვარად, თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანის უნარი და მისი გამოყენების შესაძლებლობა ქმნის. თავისუფლება ადამიანის საფუძველმდები კატეგორიაა და, იმავდროულად, მისი მუდმივი ქმნადობის და მასთან ერთად მთელი საზოგადოების წინსვლის პირობაცაა.

ადამიანი ორ სამყაროში იმყოფება - აუცილებლობის სამყაროში, როგორც ბიოლოგიურ, სასიცოცხლო პროცესებს დაქვემდებარებული არსება, და თავისუფლების სამყაროში, როგორც სულიერი არსება. მის განზომილებებს ემატება ყველაზე არსებითი და სიღრმისეული - ჰომო ლიბერ სხვა ჰომოთა შორის.

ადამიანის, როგორც ღვთის ქმნილებისა და ღვთის ხატის თავისუფლება, ღვთის უსასრულო, დაუსაზღვრავი, აბსოლუტური თავისუფლების ამქვეყნიური ანაბეჭდია. ადამიანს ევალება, არა მხოლოდ უფლება აქვს, იყოს თავისუფალი. ეს, შეიძლება ითქვას, კატეგორიული იმპერატივია. მაგრამ ადამიანის თავისუფლება უკან იხევს მეორე ადამიანის თავისუფლების წინაშე. ამ უკანდახევით არათუ კნინდება თავისუფლება, არათუ იბღალება ადამიანის უფლება, არამედ ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ადის და ღრმავდება მისი საზრისი. უმაღლესი თავისუფლება მდგომარეობს სწორედ თავისუფლების ნებაყოფლობით მოზღუდვაში ან მასზე უარის თქმაში. და ეს უნარი აქვს ადამიანს. ეს, შეიძლება ითქვას, ნამდვილად ღვთაებრივი უნარია.

ამ მოზღუდვაში ადამიანი ჭეშმარიტად ღვთიურ უნარს ავლენს. ამ დროს მის თვალში ადამიანის თავისუფლება უმაღლეს ღირებულებას იძენს, ამ დროს ადამიანი თავის წარმავალ ეგოზე მაღლა დგება, ის თითქოს ღმერთი ხდება, აბსოლუტური არსება, რომლის თავისუფლება ერთადერთი ზღვარით - ადამიანის თავისუფლებით არის დასაზღვრული.

ღმერთი არ ძალმომრეობს ადამიანის თავისუფლებაზე, ის არ ერევა მის თავისუფალ არჩევანში. გასაგებია მისი წუხილი ადამის არჩევანის გამო, რამაც მას სიკვდილი მოუტანა, მაგრამ მას არ შეეძლო მოესპო მისთვის არჩევანის შესაძლებლობა. ღმერთი სწუხს ადამის საბედისწერო არჩევანის გამო, მაგრამ ის ხარობს იმის გამო, რომ ეს არჩევანი მისი არჩევანია.

ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ადამიანის ნება ალმასივით გაუბზარავია და თუ ვინმეს ძალუძს მისი გაბზარვა და დამსხვრევაც კი, ეს თავად ადამიანია - ამ ნების მფლობელი. და თუ ვინმესადმი ან რაიმესადმი ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, ეს - უპირველეს ყოვლისა - მისი თავისუფლებაა, ეს არის ღვთის ხატი ადამიანში. ადამიანის თავისუფალი ნება ისეთი ტალღაა, რომლის წვერზე ატაცებულს არავითარი საფრთხე არ ემუქრება - ის მუდამ ადამიანად დარჩება. მან შეიძლება დაკარგოს ბევრი რამ, ყოველი დანაკარგი ეფემერული იქნება და ის ეღირება იმის შენარჩუნებად, რაც ადამიანის მთავარ არსებას და ღირსებას შეადგენს. ადამიანი ისევ და ისევ ადამიანობის ღირსებისთვის ვალდებულია ზიდოს თავისუფლების ტვირთი, რაც უნდა მძიმე იყოს იგი. მას არა აქვს მასზე უარის თქმის უფლება, თუ სურს ადამიანად დარჩეს.

იოანე ოქროპირი მარტივად და ამომწურავად პასუხობს კითხვაზე, თუ რა ძალისაა ადამიანის თავისუფალი ნება. იგი, როგორც იურისტი და როგორც ანთროპოლოგი, როგორც ღვთისმეტყველი, გვიცხადებს ადამიანის თავისუფლების საიდუმლოს.

,,ეშმაკი ვერ შემძლებელ არს იძულებად ნებასა ჩვენსა ძლევად, და არცაღა ღმერთი და ანგელოზნი მისნი იძულებით მოგვიღებენ ნებასა ჩვენსა. ეშმაკი ლიქნით და ვერაგობით გვაწვევს ნებასა მისსა შედგომად და უკეთუ ვერ მიდრიკოს გონება ჩვენი ნებასა მისსა, აღატყინოს ცოდვა, ვითარცა ცეცხლი. და უკეთუ არა ვერჩდეთ, ვერ შემძლებელ არს იძულებად ჩვენდა.

ესრეთვე ღმერთი და ანგელოზნი მისნი მაწვევენ ჩვენ კეთილსა ზედა და უკეთუ არა ვინებოთ თავით თვისით საქმედ კეთილსა, არა მაიძულებენ ჩვენ გზასა მას მეუფისასა, სადა ვლენან მონანი მეუფისანი”.

ანუ ეშმაკი ვერ დაგვიყოლიებს, თუ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს ნებაზე, ხოლო ღმერთი არ ცდილობს ჩვენს დაყოლიებას ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, რადგან ის პატივს სცემს ჩვენში საკუთარ ნებას. ღმერთი არ წავა თავისი თავის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ყოველი იძულება ადამიანის ნებაზე ღვთის წინააღმდეგ არის მიმართული.

ადამიანი იმდენად არის თავისუფალი, რამდენადაც ის თავისუფალია თავისი ბიოლოგიური დასაზღვრულობისგან, რამდენად ცხოვრობს ის სულის კანონებით და სულის კარნახით და არა მაიძულებელი ბიოლოგიური კანონებით და კარნახით; რამდენად ძლეულია მის არსებაში ბუნების კანონები. ანუ რამდენად ცხოვრობს ის და არა მხოლოდ ცოცხლობს; რა შექმნა მან თავისი ბიოლოგიური არსებობისგან, რომელიც უსასყიდლოდ მიეცა მას. რამდენად ხშირად უხდება მას გამოყენება ქართული ზმნის ერთი თავისებური ფორმისა, რომელიც პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას გამოხატავს: შემომეხარჯა შემომეჭამა, შემომაკვდა და ა.შ.

როცა პავლე მოციქული თავისუფლებაზე ქადაგებს დაუცხრომლად, ის არასოდეს გულისხმობს სოციალურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ თავისუფლებას, ის არასოდეს გამოსულა მონობის, როგორც ინსტიტუტის, წინააღმდეგ. კანონებისა და პოლიტიკური უფლებების მოთხოვნათა და მათი მოიმედეობის ბუმში, როგორც დღეს არის, ეს უნდა გვახსოვდეს. „არა არს მონება, არცა აზნაურება” (გალ. 3:28). აზნაური, სოციალურად თავისუფალი ადამიანი, შეიძლება იქცეს მონად ანუ სულიერად დაემონოს ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, ცოდვას... და, პირუკუ, სოციალურად მონა შეიძლება იყოს სულიერად თავისუფალი, რადგან სულიერ თავისუფლებას არა აქვს სოციალური საზღვრები. „გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა, და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გვისვამს“ (1კორ. 12:13). როცა მოციქული მონებს ბატონთა მორჩილებისკენ მოუწოდებდა, სულიერ თავისუფლებას ავალებდა მათ.

ამ რიგის თავისუფლებისადმი საზოგადოების უმეტესი ნაწილი გულგრილია და ამიტომაც მას არაფრად უღირს მისი გამოხატულება იმ სხვათა მოქმედებასა თუ აზროვნებაში, რომლებიც უმცირესობას შეადგენდნენ ყოველთვის და შეადგენენ დღესაც. ეს კულტურის პრობლემაც არის. კულტურა თავისთავად თავისუფლების პროდუქტია და, რაც უფრო მაღალ კულტურას არის ზიარებული ადამიანი, იმდენად მეტი თავისუფლებაა მასში.

ბრბო თავისუფლებას, მით უფრო სხვის თავისუფლებას არად დაგიდევს. ეს დადასტურდა ჩვენს უახლოეს წარსულში, რომელიც შესაძლოა დღესაც აწმყო იყოს და დღესაც თავს იჩენდეს მოჩვენებითად სულიერი, მაგრამ თავისი ბუნებით ბიოლოგიური იმპულსები. უნდა ვისურვოთ, რომ ის დრო წინარეწარსულად დარჩეს ახალი აწმყოსთვის, სამომავლოდ.

2 სასარგებლო შეურაცხყოფები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

როდესაც 1828 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ოპონენტებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ანდრიუ ჯეკსონის დისკრედიტირება გადაწყვიტეს და ის სახედარს შეადარეს, ჯეკსონმა მათ იმდროისათვის სრულიად მოულოდნელი სვლა დაუპირისპირა: მან ვირის სიმბოლო საკუთარი კამპანიის სახედ გამოიყენა. ენდრიუ ჯეკსონი უკვე პრეზიდენტობის პერიოდშიც ხშირად მიმართავდა ამ სიმბოლოს, რათა საკუთარი მიზანდასახული და ჯიუტი ხასიათისათვის გაესვა ხაზი.

1870 წელს პოლიტიკურმა კარიკატურისტმა ტომას ნასტმა, რომელიც დემოკრატებს არ სწყალობდა, ,,ვირის“ სიმბოლო უკვე მთელი დემოკრატიული ფრაქციის გასაქილიკებლად გამოიყენა, ხოლო დემოკრატებმა საპასუხოდ ეს სიმბოლო საკუთარი პარტიის ემბლემად აქციეს და მას დღემდე შინაურობის, ერთგულებისა და ადამიანური მიდგომის სიმბოლოდ აღიქვამს რიგითი ამერიკელი.

0x01 graphic

სხვათა შორის, ტომას ნასტს ეკუთვნის რესპუბლიკელთა სიმბოლო სპილოც. ძნელი სათქმელია, რა აზრს დებდა ნასტი, როდესაც რესპუბლიკელებს ამ ცხოველს უკავშირებდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რესპუბლიკელები ამ კეთილშობილ ცხოველს საკუთარი გონიერებისა და შთამბეჭდავი ძალის ილუსტრირებად მიიჩნევენ.

ეს მცირედი მაგალითი იმის დასტურად, რომ შემოქმედებითი მიდგომა და საკუთარი ძალის რწმენა ,,ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“.

3 არჩევნები დემოკრატიის სახეა!

▲ზევით დაბრუნება


კაცობრიობის ცივილიზებულმა განვითარებამ საუკუნეები მოანდომა არჩევნების იდეასა და საარჩევნო პროცედურების დახვეწას. თვით XX საუკუნეშიც კი ბევრი ადამიანი სქესის, რასის, მოქალაქეობის, რელიგიის, ასაკისა და ეკონომიური სტატუსის გამო მოკლებული იყო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. საარჩევნო უფლების მოპოვებისათვის ბრძოლას ზოგან წლები, ზოგან კი ათწლეულები დასჭირდა.

ისეთი ქვეყნების მოქალაქეები, როგორებიცაა ნიკარაგუა, რუსეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია ან სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მაცხოვრებლები არაერთი წელი ელოდნენ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის შანსს. ზოგიერთი კი ამგვარ შანსს დღესაც ელოდება...

0x01 graphic

საქართველოში საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული, რომლის 28-ე მუხლის თანახმად, ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.“

არჩევნებში მონაწილეობა არამარტო მოქალაქეთა უფლება, არამედ გარკვეული მოვალეობაცაა. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც დემოკრატიის სახე გამოკვეთილი არ არის. თორემ ამერიკელებს შეუძლიათ თავს ისეთი ფუფუნების უფლება მისცენ, რომ წამყვანი დემოკრატიის ქვეყნებს შორის მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის მხრივ ყველაზე დაბალი რაოდენობრივი მაჩვენებელიც კი ჰქონდეთ.

იმისათვის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლებით ისარგებლო და შენი მოქალაქეობრივი ვალიც მოიხადო, ამისთვის საარჩევნო უბანში მისვლაა საჭირო. ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ იმ შეკითხვებს, რომლებიც, შესაძლოა, საარჩევნოდ მისულ მოქალაქეს გაუჩნდეს:

0x01 graphic

4 გაერთიანების თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კობა ლიკლიკაძე

კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების უგულვებელყოფილი უფლება ადამიანის უფლებები სამოქალაქო-პოლიტიკურ და ,,სოციალურეკონომიკურ უფლებებს მოიცავს. თუმცა, ბევრი უფლებადამცველი სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს ადამიანის უფლებათა ნაწილად საერთოდ არ განიხილავს. ამგვარი მიდგომა სათავეს კომუნისტური პერიოდიდან იღებს, როცა საკუთარი მოქალაქეების პოლიტიკური უუფლებობის გამართლებას საბჭოთა ხელისუფლება მათი ვითომდა კარგი სოციალური დაცულობით ცდილობდა.

რუსული აზრის წინაშე ტრადიციულად იდგა არჩევანი პურსა და თავისუფლებას შორის. დასავლური საბაზრო დემოკრატიის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს მორალური დილემა მარტივად წყდება: აირჩიე თავისუფლება და პურიც გექნება და თავისუფლებაც, ვინაიდან სამოქალაქოპოლიტიკური უფლებების დაცვა საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობისა და მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის საუკეთესო გარანტიაა.

გაერთიანების თავისუფლება თავისი შინაარსით ყველაზე დემოკრატიული და მასობრივი უფლებაა. იგი თანაბრად შეიძლება მიაკუთვნო როგორც სამოქალაქოპოლიტიკურ, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს. ამ უფლებით სარგებლობენ ჩვეულებრივი მასწავლებლები, ექიმები, სტუდენტები, როდესაც საკუთარი ინტერესების დასაცავად სხვადასხვა თავისუფალ გაერთიანებებს ქმნიან. თუკი პროფესიული სტატუსიდან გამომდინარე, ჟურნალისტებსა თუ პოლიტიკოსებს გარკვეული ტრიბუნა გააჩნიათ და ამით რიგით მოქალაქეებზე მეტად არიან დაცული, ჩვეულებრივ ადამიანებს ამ ტრიბუნის მოსაპოვებლად გაერთიანებების შექმნა სჭირდებათ.

ადამიანის უფლებების უნივერსალურ დეკლარაციაში ასოციაციის (გაერთიანებების) თავისუფლება ისეთივე ძირითად უფლებადაა აღიარებული, როგორიცაა ხმის მიცემის ან სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 1998 წლის ,,სამუშაო ადგილზე ფუნდამენტური პრინციპების და უფლებების დეკლარაციის” მიხედვით, ფუნდამენტური შრომითი უფლებებია:

0x01 graphic

რას ნიშნავს კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება? ეს არის სისტემა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს დამქირავებელს (მაგალითად, საწარმოს მფლობელი)და დაქირავებულს (შრომითი კოლექტივი) შორის. დაქირავებულები ქმნიან გაერთიანებას საერთო ინტერესების საფუძველზე. გაერთიანებაში შემავალი წევრები ირჩევენ წარმომადგენელს, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას დამქირავებელთან. ურთიერთობის მსგავსი ფორმა ხელს უწყობს არა მარტო დაქირავებულთა უფლებების დაცვას, არამედ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დაწესებულების პროდუქტიულობის ზრდასაც.

კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება იცავს დაქირავებულის ღირსებას სამუშაო ორგანიზაციაში. დამქირავებელს არა აქვს დაქირავებულის დისკრიმინაციის, დროზე ადრე გათავისუფლების ან უმიზეზოდ დაქვეითების უფლება. ამის შედეგად კლებულობს სამუშაო ადგილებზე თვითნებობის, შევიწროების და განუკითხაობის საშიშროება.

დაქირავებულებს უფლება აქვთ:

1. მოახდინონ თვითორგანიზება და შექმნან გაერთიანებები საკუთარი დამქირავებლის მიერ დასაქმებულ სხვა პირებთან ერთად;

2. თავიანთი შეხედულებისამებრ შეუერთდნენ ამა თუ იმ გაერთიანებას და დაეხმარონ მას, მოახდინოს სხვათა ორგანიზება მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა ეს გაერთიანება დამქირავებლის მიერ;

3. ჩაებან შეთანხმებულ საქმიანობაში, რომელიც, როგორც წესი, ხელფასების და სამუშაო პირობების შეცვლას ისახავს მიზნად;

4. თავიანთი გაერთიანების მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკება და მიაღწიონ კოლექტიურ შეთანხმებას დამქირავებელთან;

5. მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების ან გაერთიანებების მეშვეობით მოითხოვონ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების დადება;

6. უარი თქვან ზემოთაღნიშნულ ყველა ან რომელიმე უფლებაზე და საქმიანობაზე.

ამასთან, დამქირავებელს აქვს სიტყვის თავისუფლება, რაც გულისხმობს, რომ მან შეიძლება ღიად გამოხატოს თავისი ნეგატიური დამოკიდებულება პროფკავშირის მიმართ. თანაც, დაქირავებულთა გაერთიანების თავისუფლება შეიძლება გარკვეულ წინააღმდეგობაში მოვიდეს დამქირავებლის საკუთრების უფლებასთან: პროფკავშირების მხრიდან აგიტაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს წარმოების პროცესს, უსაფრთხოებას და დისციპლინას. პროფკავშირის წევრები, რომლებიც კონკრეტული საწარმოს დაქირავებულები არ არიან, შეიძლება დაუშვან დამქირავებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც მათ ექნებათ პროფკავშირული ლიტერატურის გავრცელების უფლება, ოღონდ ისე, რომ ხელი არ შეეშალოს საწარმოო პროცესს.

დამქირავებელს ეკრძალება:

1. დაქირავებულთა სამუშაოდან გათავისუფლება, უფლებამოსილების დროებითი შეჩერება, მოცდენა ან უფრო მძიმე სამუშაოზე გადაყვანა იმის გამო, რომ დაქირავებული ჩართულია პროფკავშირში ან ისეთ საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს ხელფასის ან სამუშაო პირობების შეცვლას;

2. დაქირავებულთა დაშინება, რომ ისინი დაკარგავენ სამუშაო ადგილს, თუ შექმნიან გაერთიანებას ან ჩაებმებიან ისეთ საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს ხელფასის ან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას;

3. დაქირავებულთათვის კითხვების დასმა თავისუფალ პროფკავშირში წევრობის ან სიმპათიის შესახებ, ან იმგვარი ქმედება, რომლითაც შეიძლება ხელი შეეშალოს დაქირავებულებს, გამოიყენონ მათი უფლებები;

4. ანტიპროფკავშირული პროპაგანდა, კოლექტიური მოლაპარაკებების ხელის შეშლა;

5. დაქირავებულებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარა;

6. პროვოკაციული განცხადებებით რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივება.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მიხედვით, გარანტირებულია პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. ხოლო ,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ,,პროფესიული კავშირები იცავს თავისი წევრების უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობანი, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება“.

(მე-10 მუხლი).

მოსახლეობაში სულ უფრო აქტიური ხდება ახალი პროფკავშირების შექმნის იდეა, რადგან არსებული გაერთიანებები თითქმის შეეზარდნენ ადმინისტრაციას და დაკარგეს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ჯერჯერობით თავისუფალი პროფკავშირების როლი საზოგადოებაში ძალიან სუსტია, რადგან ისინი არაეფექტურად იყენებენ კოლექტიური მოლაპარაკების უფლებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამგვარ ხელშეკრულებებს ენიჭება მაშინ, როდესაც დამქირავებელი საჯარო დაწესებულებაა. კოლექტიურ ხელშეკრულებებზე უარის თქმა, ფაქტობრივად, პროფესიული გაერთიანებების საქმიანობის გაუქმებად შეიძლება ჩაითვალოს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1998 წელს მიღებული დეკლარაციის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, აღიარონ და ყოველმხრივ ხელი შეუწყონ კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების განხორციელებას. ამავე დეკლარაციისა და შსო კონსტიტუციის მიხედვით, კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების უფლება ისეთივე ფუნდამენტური უფლებაა, როგორც საერთაშორისო პაქტებში მითითებული სხვა უფლებები. ამ უფლების დაცვა სავალდებულოა წევრი სახელმწიფოებისათვის, მიუხედავად იმისა, მოახდინეს თუ არა მათ შსო-ს კოლექტიური ხელშეკრულებების შესახებ არსებული კონვენციების რატიფიცირება. არსებობს ძლიერი საერთაშორისო კონსენსუსი, რომ კოლექტიური მოლაპარაკება ადამიანის ძირითად უფლებებში შედის და ეს საყოველთაო ნორმა ვრცელდება ყველა ადამიანზე, განურჩევლად პროფესიისა, ეროვნებისა, ასაკისა და სქესისა.

,,კოლექტიური შეთანხმებების შესახებ” 1981 წლის კონვენციის შესაბამისად, კოლექტიურ ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს:

ა) სამუშაო პირობები, მათ შორის, მუშაკთა უფლებები და ანაზღაურების ტარიფები;

ბ) დამქირავებელსა და მუშაკს შორის ურთიერთობა;

გ) ურთიერთობა დამქირავებელსა და მუშაკთა წარმომადგენლებს ან პროფესიულ კავშირებს შორის. ამავე კონვენციის მიხედვით, კოლექტიური შეთანხმებების დადება არ შეიძლება შეფერხდეს კოლექტიური შეთანხმებების დადების შესახებ შიდასახელმწიფოებრივი წესების არარსებობის ან შეუსაბამობის გამო.

კონვენციის მოთხოვნებს პასუხობს საქართველოს კანონმდებლობაც, კერძოდ, საქართველოს კანონი ,,პროფესიული კავშირების შესახებ”:

,,შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებსა და სარგოების ოდენობას კანონმდებლობის მიხედვით აწესებენ დამქირავებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები შესაბამისი პროფკავშირების მონაწილეობით, რაც მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ სატარიფო ხელშეკრულებებში (შეთანხმებებში)”

(მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი).

,,კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად,გენერალური შეთანხმება ითვალისწინებს: შრომის ანაზღაურებისა და შემოსავლის საკითხებში მუშაკის მინიმალურ სოციალურ გარანტიებს, რაც უზრუნველყოფს ცხოვრების ნორმალურ დონეს, მინიმალურ სოციალურ ნორმატივებს, შრომით ურთიერთობებს, შრომისა და დასვენების რეჟიმს; ხოლო დარგობრივი შეთანხმება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურებას და ნორმირებას, ხელფასის გარანტირებულ მინიმალურ დონეს, რომელიც ერთიანი სატარიფო სისტემის მიხედვით შეესაბამება მუშაკთა კვალიფიკაციას და მიესადაგება შრომის პირობებს, მინიმალურ სოციალურ გარანტიებს, კომპენსაციებს და შეღავათებს, შრომით ურთიერთობებს, შრომის დაცვის პირობებს, საბინაო-საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, კულტურულ მომსახურებას, დასვენებისა და გაჯანსაღების ორგანიზებას.

,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, პროფესიული კავშირები საზოგადოებრივ კონტროლს უწევენ შრომითი კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით (შეთანხმებით) გათვალისწინებულ ღონისძიებათა, აგრეთვე დამსაქმებელთა სხვა ვალდებულებათა შესრულებას. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით:

,,პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ ინტერესებთან და უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) გათვალისწინებულ პირობებში.”

პროფესიულ კავშირებთან ან მუშაკთა წარმომადგენლებთან კოლექტიური შეთანხმებების გაფორმების სავალდებულობა აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობითაც. ,,პროფესიული კავშირების შესახებ” კანონის 12-ე მუხლი პროფკავშირებს აძლევს კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების უფლებას, ხოლო ,,დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან, აწარმოონ მოლაპარაკება პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, პროფესიულ კავშირთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანებები გამოვლენ ინიციატივით, და ურთიერთშეთანხმებისშემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები)”.

საქართველოს კონსტიტიციის 30-ე მუხლის მიხედვით, შრომის სამართლიანი ანაზღაურება განისაზღვრება კანონით. საქართველოში ასეთი კანონი არ არსებობს, რაც უკვე კონსტიტუციის დარღვევაა. შრომის მინიმალური ანაზღაურება მნიშვნელოვნად დაბალია საარსებო მინიმუმზე და, მით უმეტეს, საშუალო სამომხმარებლო კალათის ოდენობაზეც.

,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით:

,,ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ადამიანის უფლებას - ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც ითვალისწინებს:

ა) ანაზღაურებას, რომელიც ყველა მშრომელისათვის, როგორც მინიმუმი, უზრუნველყოფს:

- სამართლიან ხელფასს და თანაბარ ანაზღაურებას ტოლფასოვანი შრომისათვის ყოველგვარი განსხვავების გარეშე;

- დამაკმაყოფილებელ არსებობას მათი და მათი ოჯახებისათვის ამ პაქტის დადგენილებათა შესაბამისად”.

საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, მინიმალური ხელფასის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა პროფკავშირებმა და დასაქმებულთა სხვა წარმომადგენლებმა. კერძოდ, ,,ხელფასის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ” 1970 წლის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, ,,ხელფასის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ მუშაკთა ორგანიზაციები ან წარმომადგენლები თანასწორობის პრინციპის საფუძველზე”. დღევანდელ საქართველოში ხელფასი ვერ ასრულებს მოსახლეობის სოციალური დაცვის ფუნქციას. საშუალო ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაციაში - 70 ლარის, არასაბიუჯეტოში 90 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მაშინ, როცა 2002 წლის მარტის მონაცემებით, შრომის უნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 129 ლარია, ხოლოსაშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 113 ლარი.

არადა, საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, რომ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე გაცილებით მეტი უნდა იყოს. სამართლიანი ანაზღაურების პრინციპი იმას ნიშნავს, რომ ანაზღაურება იყოს შესრულებული სამუშაოს ადეკვატურად და არ ჩამოუვარდებოდეს სამომხმარებლო კალათის ოდენობას.

,,ხელფასის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ” 1970 წლის კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი ელემენტები: მუშაკთა და მათი ოჯახების საჭიროება, საცხოვრებელი დანახარჯები, სოციალური დაცვის შეღავათები.

,,კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გენერალური შეთანხმება ითვალისწინებს: ,,შრომის ანაზღაურებისა და შემოსავლის საკითხებში მუშაკის მინიმალურ სოციალურ გარანტიებს, რაც უზრუნველყოფს ცხოვრების ნორმალურ დონეს.”

,,საარსებო მინიმუმის გამოანგარიშების წესის შესახებ” კანონის საფუძველზე დამტკიცებული ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების დროებითი მეთოდიკის” შესაბამისად,

,,საარსებო მინიმუმი წარმოადგენს ოჯახისა და მისი წევრების მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო აუცილებელ შემოსავალს. იგი განისაზღვრება მოხმარების მინიმალური ფიზიოლოგიური ნორმებისა და მოხმარების მინიმალური სოციალური სტანდარტის საფუძველზე.”

ანუ საარსებო მინიმუმის დონეზე ხელფასის ოდენობის განსაზღვრაც კი ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების ნორმალურ დონეს, მით უმეტეს, თუ ოჯახში არაშრომისუნარიანი სხვა წევრებიც არიან. აქედან გამომდინარე დამქირავებლები - სახელმწიფო სტრუქტურა იქნება ის, თუ კერძო - ცდილობენ, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება ისეთ პროფესიულ კავშირთან გააფორმონ, რომელიც დისკომფორტს არ შეუქმნის ხელმძღვანელობას დაქირავებულთა შრომითი და სოციალური უფლებების შეხსენებით.

5 წერილი რედაქციას

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით ზურაბიშვილი

მსგავსი შეკითხვით ,,თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრებისთვის ხშირად მოუმართავთ, როგორც საჯარო დისკუსიების დროს, ისე პირად საუბრებში.

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ მავანთა მტკიცება, თითქოს „თავისუფლების ინსტიტუტი“ და სხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციები ებრძვიან მართლმადიდებლობას და მოითხოვენ პრივილეგიებს სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის, არის სრული სიყალბე და, ხშირ შემთხვევაში, შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაცია. ამგვარ მონაჭორებს მიზანმიმართულად ავრცელებენ ისინი, ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს ადამიანის ელემენტარულ უფლებებს და ვისაც მათი დანაშაულებრივი ქმედებების მხილება უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

0x01 graphic

რაც შეეხება საერთოდ რელიგიურ უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას, ჩვენი პოზიცია დაფუძნებულია საყოველთაო სამართლიანობის პრინციპზე, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს არა მარტო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი აზრების, არამედ უმრავლესობისთვის პრინციპულად მიუღებელი შეხედულებების გამოთქმის თავისუფლებასაც. სხვანაირად რომ ვთქვათ, ლაპარაკია უფლებრივ და არა რელიგიურ მსოფლმხედველობრივ თანასწორობაზე. არც თავისუფლების ინსტიტუტს და არც სხვა უფლებადაცვით ორგანიზაციას არასოდეს უთქვამს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ყველა რელიგიური მოძღვრება ერთნაირად ფასეული უნდა იყოს. რელიგიურ სწავლებათა განხილვა და შეფასება საერთოდ არ არის უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმე. ამას არცერთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია არ აკეთებს და არც იმას ამტკიცებს, რომ ერთი მოძღვრება კარგია, მეორეს არა უშავს, მესამე კი ცუდია.

ჩვენ ვიცავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები და არა თავად მის შეხედულებებს.

ერთი შეხედვით, აქ საკამათო არაფერი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომელიც სწორედ უფლებრივი თანასწორობის წინააღმდეგ ილაშქრებს. ამ მოსაზრებით, თუკი ყველა რელიგიურ ჯგუფს მიეცემა თანაბარი უფლებები, ეს საფრთხეს შეუქმნის მართლმადიდებლობას, რადგან უცხოეთიდან შემოსულ სექტებს ძალიან ბევრი ფული აქვთ, ისინი მოისყიდიან მოსახლეობას და ხალხი მასიურად უღალატებს წინაპართა რჯულს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და თუ განგაშის ზარები არ დავარისხეთ, მალე საქართველოში მართლმადიდებლები უმცირესობად გადაიქცევიან.

ამგვარი მოსაზრების პასუხად შეიძლება ოთხი რამ ითქვას:

ა) ეს არასწორია. უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკვლევებით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს მიიჩნევს მართლმადიდებელ ქრისტიანად. კერძოდ, ასე თვლის ქართველთა 80%25-ზე მეტი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობენ ქართველი მუსლიმანები, კათოლიკეები და ბაპტისტები, რომელთაც მეტ-ნაკლებად სტაბილური რიცხოვნობის მიმდევრები ჰყავთ, ასევე არის ხალხი,რომელიც საერთოდ არ მიიჩნევს თავს მორწმუნედ, ცხადი გახდება, რომ ყოველგვარი ლაპარაკი უცხოური სექტების ,,საშინელ გამრავლებაზე'` სრულიად უსაფუძვლოა. რელიგიურ უმცირესობებს იმიტომაც ჰქვიათ უმცირესობები, რომ ისინი ცოტანი არიან. მაგალითად, იგივე იეჰოვას მოწმეების რაოდენობა საქართველოში მოსახლეობის 1%25-ს არ აღემატება!

ბ) ეს შეურაცხმყოფელია. მთელი ქართული კულტურა, ისტორიული მემკვიდრეობა, ეროვნული თვითშეგნება, ყოფითი ტრადიციები და მორალი დაფუძნებულია მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე. თუკი ადამიანი სერიოზულად ფიქრობს, რომ ორი პარკი ბრინჯის და ჭრელ-ჭრელ ქაღალდებში გახვეული ჰუმანიტარული დახმარების მეშვეობით ქართულმა მოსახლეობამ შეიძლება მასიურად შეიცვალოს სარწმუნოება, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ეროვნული ნიჰილიზმი!

.. ადრე, როდესაც ეროვნების განმსაზღვრელი მთლიანად რელიგიური ცნობიერება იყო, ეთნიკური თვითშეგნების შეცვლა შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებით (მაგალითად, ოსმალეთის იმპერიაში მოქცეული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გამუსლიმება გაპირობებული იყო იმით, რომ მუსლიმანები ქრისტიანებზე ნაკლებ გადასახადებს იხდიდნენ). დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ადამიანის ეროვნება და რელიგიური აღმსარებლობა ერთი და იგივე არ არის, პროპაგანდისტული აქტივობებით და, მით უმეტეს, მოსყიდვით ეროვნული ცნობიერების შეცვლა შეუძლებელია. ასეთი რამ დღეს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება და არც საქართველოში მოხდება.

გ) ეს უსამართლობაა. ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფო ეყრდნობა ფუნდამენტურ პრინციპს: წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს! თუკი მე შემიძლია ვაღიარებდე ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ტრადიციულ სარწმუნოებას და ამის გამო არავის არა აქვს ჩემი დისკრიმინაციის უფლება, იგივე წესი უნდა ვრცელდებოდეს ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის მიმდევართა მიმართაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ყოფს სრულფასოვან და არასრულფასოვან მოქალაქეებად. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ჩახვედით ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები უმცირესობას შეადგენენ და სადაც ამის გამო მათ უვარდებიან ოჯახებში., ეკლესიებში, უწვავენ წიგნებს და უნგრევენ სამლოცველოებს. მოგეწონებათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?

დ) ეს სახიფათოა. დღეს საქართველოს წინაშე დგას ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა - მოახდინოს ერის კონსოლიდაცია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის წიაღში. ამ დროს ყველაზე დიდი ზიანი ქართული სახელმწიფოებრიობის ჯერ კიდევ გაუმყარებელ საფუძველს შეიძლება მიაყენოს სწორედ რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე გაღვივებულმა კონფლიქტებმა. ამის მაგალითები ჩვენ უახლეს ისტორიაში უკვე გვაქვს. არადა, რა ადვილია სოციალური შეჭირვებით გაწამებულ ადამიანს წარმოუდგინო მტრის ხატი - იქნება ეს იეღოველი, ბაპტისტი, აფხაზი, ოსი თუ სხვა და დაარწმუნო, რომ მათი დევნა-შევიწროებით დიდ ეროვნულ-პატრიოტულ საქმეს გააკეთებს. ადვილია გააღვივო სიძულვილი უცხოს მიმართ, მით უმეტეს, თუ ის უცხო შენ არ გგავს და განსხვავებულად იქცევა, მაგრამ ძალიან ძნელია სიძულვილის და აგრესიის გაშვებული ჟინის უკან ჩაბრუნება. ბოლოს და ბოლოს რა შედეგს ვღებულობთ? ვამკვიდრებთ აგრესიას, ვაღვივებთ დაპირისპირებას რელიგიურ ნიადაგზე და სახელს ვუტეხთ ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში. რელიგიური უმცირესობები დიდი სიყვარულით და პატივისცემით არცერთ ქვეყანაში არ სარგებლობენ, მაგრამ მტკნარი სიცრუე და დემაგოგიაა იმის მტკიცება, თითქოს ევროპაში სექტებს არ ახარებენ და მარტო ჩვენთან არიან გალაღებული. მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში, მათ შორის მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც (რუსეთს, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ) რელიგიური უმცირესობების უფლებები საკმაოდ დაცულია და ყოველგვარი აგრესია მათ მიმართ კანონის მთელი სიმკაცრით ისჯება. ასე, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა და ექსტრემიზმი შეიძლება ცალსახად შეფასდეს, როგორც საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

რაც შეეხება მართლმადიდებელთა შელახული უფლებების დაცვას, ამ შემთხვევაში უფლების დარღვევაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, თუ ვინმე დაიჩაგრა იმის გამო, რომ იგი მართლმადიდებლურ აღმსარებლობას მისდევს (ვთქვათ, არ მისცეს რელიგიური რიტუალის ჩატარების უფლება, დაითხოვეს სამსახურიდან, დაარბიეს და ა. შ.). ის, რომ რომელიღაც სოფელში, ბევრი იეღოველია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელთა უფლებები ირღვევა.

0x01 graphic

საერთოდ, ადამიანის უფლებებს არღვევს სახელმწიფო და არა რომელიმე პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი. თუკი მართლმადიდებელ (ისევე როგორც სხვა აღმსარებლობის მქონე) ადამიანს მისი რელიგიური მრწამსის გამო ცემენ, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დაუყონებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება, აი, თუ არ მოახდენენ, ეს იქნება უკვეუფლების შელახვა.

თავისუფლების ინსტიტუტი იცავს ყველას უფლებებს, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა. ეს არის უფლებადაცვითი საქმიანობის უმთავრესი პრინციპი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვიცავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები და არა თავად მის შეხედულებებს.

6 საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეთანხმების ვარიანტის სამართლებრივი ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


მოამზადა გიორგი მელაძემ

(დასასრული. დასაწყისი ბიულეტენი 1-2,3)

შეთანხმების დეტალური ანალიზი

პრეამბულა

პრეამბულაში არ ჩანს სახელმწიფოსა და ეკლესიის მკვეთრი გამიჯვნა, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. პრეამბულის მეორე წინადადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია განცალკევებულია სახელმწიფოსგან, მესამე წინადადებაში კი დამატებულია, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა და მას ეს სტატუსი ექნება მომავალშიც. ეს, ცოტა არ იყოს, გაუგებარი პოზიცია, თუმცა ნათელია, რომ ძნელია ამ დებულების დაკავშირება მე-9 მუხლთან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც საერთაშორისო სამართალი ზოგადად და არც კონვენცია კონკრეტულად არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო რელიგიის სტატუსს, თუმცა, ისევ და ისევ სასურველი იქნებოდა, ხელშეკრულებაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები კონსტიტუციასთან შესაბამისობის ჭრილში დაფიქსირებულიყო.

პრეამბულის მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის მსოფლმხედველობა, ტრადიციები, ფსიქოლოგია, ცხოვრების წესი ეფუძნება მართლმადიდებლურ იდეოლოგიას. შესაძლოა, ეს სიმართლე იყოს, მაგრამ საქართველო ევროპის კონვენციის გავლენის სფეროში შედის და მან უნდა გაითვალისწინოს იმ გადაწყვეტილებათა სულისკვეთება, რომლებიც ევროპის სასამართლომ მიიღო რელიგიასა და რწმენასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს პლურალიზმის პრინციპი. სახელმწიფო ვალდებულია, რომ თანაბრად გაითვალისწინოს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის მოთხოვნილებები.

აღსანიშნავია, რომ პრეამბულის მერვე პუნქტში საუბარია აღმსარებლობის თავისუფლებაზე და არა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე. არადა, ეს პრინციპები კონსტიტუციაშიც არის ნახსენები და კონვენციაშიც, ამიტომ, კარგი იქნება, თუ კონსტიტუციური შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვა.

პრეამბულის მეცხრე პუნქტის თანახმად მსოფლიოში დომინანტურ რელიგიებს სპეციალური სტატუსი აქვთ მიკუთვნებული. თუ გადავხედავთ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ბევრი ქვეყანა დომინანტურ რელიგიას რაიმე სპეციალურ სტატუსს არ ანიჭებს. ასეთი ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას, ბენელუქსის ქვეყნები, ესპანეთი, პორტუგალია, ნორვეგია.

მუხლი 2

შეთანხმების მეორე მუხლი ეკლესიას აძლევს საშუალებას, კანონიკური წესებით იხელმძღვანელოს. ეს წესი შეესაბამება ავტონომიურობის პრინციპს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კანონის მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს სამართლიანობის პრინციპს, რაც დემოკრატიის აუცილებელი პირობაა.

მუხლი 4

ნათქვამია, რომ საეკლესიო პირები თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისგან. თუ სახელმწიფო აღიარებსმართლმადიდებელი ეკლესიისა და მის მსახურთა პრივილეგიებს, მან, დისკრიმინაციის აკრძალვიდან გამომდინარე, იმავე ფორმით უნდა აღიაროს სხვა მოღვაწეთა უფლებებიც.

კონვენციის მონაწილე მხარეებს არ მოეთხოვებათ, გაათავისუფლონ სამხედრო სამსახურისგან საეკლესიო პირები, მაგრამ თუ სახელმწიფო მსგავს შეღავათს დაუშვებს, მაშინ ეს წესი ყველას მიმართ უნდა იქნას გამოყენებული („აბდულაზიზი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,,, 1985 წლის 28 მაისი).

მოცემული დებულება საქართველოსთვისაც სავალდებულოა, რამდენადაც საქართველო შეუერთდა მე-12 ოქმს, რომლის მიხედვითაც ,,კანონით განსაზღვრული და დადგენილი უფლებით სარგებლობა დაცული უნდა იქნას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კერძოდ: როგორიცაა სქესის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ეროვნულ უმცირესობებთან კუთვნილების, ქონების, წარმოშობისა თუ სხვა სტატუსის მიუხედავად.

არავინ იქნება დისკრიმინირებული საჯარო ხელისუფლების მიერ ამ მუხლში მითითებული ნებისმიერი საფუძველით.“

შესაბამისად, თანაბარი მოპყრობა ყველა რელიგიის მსახურის მიმართ უნდა იყოს დაცული.

მუხლი 5

იგივე შეიძლება ითქვას აღსარების საიდუმლოზეც. თუ სახელმწიფო ერთ რელიგიას ანიჭებს უფლებას, საიდუმლოდ შეინახოს აღსარება, მან, დისკრიმინაციის აკრძალვის მოტივით, სხვებსაც უნდა მისცეს იგივე უფლება.

მუხლი 6

როგორც წესი, საერთაშორისო სამართალი და ევროპის კონვენცია არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიური ქორწინების აღიარებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო კანონიერ სტატუსს მიანიჭებს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღსრულებულ ქორწინებას, მან იგივე სტატუსი უნდა მიანიჭოს სხვა ეკლესიათა მიერ აღსრულებულ ქორწინებას.

მუხლები 7; 8; 10

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიებით სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს სხვა რელიგიებსაც.

მუხლი 9

ამ მუხლის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს სასწავლო კურიკულუმი მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ და მისგან უნდა მიიღოს თანხმობა და მასწავლებლები უნდა დაინიშნონ ეკლესიასთან შეთანხმებით.

პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებლური რელიგიის სასწავლო პროგრამის დამტკიცება სერიოზულ კითხვებს ბადებს კონვენციასთან მიმართებით. საქმეში 2 ,,ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ” 2 სასამართლომ დაადგინა, რომ რეგისტრაციის წესების შემუშავება არ ეწინააღმდეგება მე-9 მუხლით დადგენილ უფლებას. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებს მხოლოდ იმის უფლება აქვთ, შეამოწმონ, იყო თუ არა კანონის ფორმალური მოთხოვნები დაცული. სასამართლომ დაადგინა:

,,...რეგისტრაციის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-9 მუხლს, თუ ის ნებას აძლევს მინისტრს, გაარკვიოს, არის თუ არა ფორმალური მოთხოვნები დაცული.”

აქედან გამომდინარე, ლიტურგიკულ წესებში სახელმწიფოს ჩარევა არ შეფასდება სამართლიან ქმედებად. ასეთი მიდგომა შეიძლება გავრცელდეს რელიგიის პრინციპების სწავლებაზეც. სახელმწიფოს უფლება არა აქვს, გააკონტროლოს სასწავლო პროგრამის შინაარსი, თუმცა, შეუძლია შეამოწმოს, თუ რამდენად არის დაცული სწავლების ფორმალური მხარე. თუ შეთანხმების მეცხრე მუხლი გულისხმობს, რომ სასწავლო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც მართლმადიდაბლობას ეხება, ავტომატურად დაინერგება სასწავლო დაწესებულებებში, მაშინ პრობლემა აღარ არსებობს.

მეორე: მასწავლებლების დანიშვნა მხოლოდ მართლამდიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით ნიშნავს, რომ სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს არ ექნებათ უფლება, დანიშნონ მასწავლებლები. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება განათლების თავისუფლებას, რაც ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლითაა დადგენილი.

მუხლი 12

მუხლში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მოიწონებს და ამტკიცებს მართლმადიდებლურ ეკლესიებს და სხვა რელიგიურ ნაგებობებს. ეს ფორმულირება ღიად ტოვებს საკითხს, იტოვებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გავლენას სხვა რელიგიურ ნაგებობებზე. პირდაპირ ასეთი მოთხოვნის დაყენება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება რელიგიის თავისუფლების პრინციპის და ლახავს სხვა მიმდინარეობათა უფლებებს. სასურველია მოხდეს ამ მუხლის შესწორება, რათა გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული.

იგივე შენიშვნა გვაქვს მეორე პუნქტში მითითებული მოთხოვნის მიმართაც, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად აძლევს უფლებას მართლმადიდებელ ეკლესიას, იზრუნოს ისტორიული ღირებულების მქონე რელიგიური ძეგლების რესტავრაციასა და მოხატვაზე. ალბათ უკეთესი იქნებოდა, კანონში დაკონკრეტებული იყოს, რომ საუბარია მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, რათა, ისევ და ისევ, თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობა.

მუხლი 13

თუ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება, კანონიერად შევიდეს სამოქალაქო ურთიერთობებში და აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, მსგავსი უფლება სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც უნდა ჰქონდეთ.

მუხლები 15-21

საკუთრებითი ურთიერთობები განხილულია 15-21 მუხლებში. ყველა უფლება და პრივილეგია, რომელიც ენიჭება მართლმადიდებელ ეკლესიას, იმავე წესით უნდა მიენიჭოს სხვა რელიგიებსაც.

რაც შეეხება გადასახადებისგან გათავისუფლებას, იგი ასევე უნდა შეეხოს სხვა ეკლესიათა ქონებასაც, რომელიც ეკონომიკურ ურთიერთობებში არ მონაწილეობს. კანონმა თანაბრად უნდა დაიცვას ყველა რელიგიური ჯგუფის საკუთრება და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება.

მუხლი 16

ამ მუხლის მესამე პუნქტი ეკლესიას უფლებას აძლევს, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება კანონის შესაბამისად. ეს წესი შესაბამისობაში მოდის ავტონომიურობის პრინციპთან და ამ სფეროში დადგენილი ყველა კანონიერი შეზღუდვა სამართლიანობის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს.

მუხლი 21

პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ეკლესიისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კომპენსაცია თანაბარი უნდა იყოს: ,,ყოველგვარი ქონების ჩამორთევა გამართლდება მხოლოდ I ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას და უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროპორციული ანაზღაურების თანხლებით” (,,წმინდა ეკლესია საბერძნეთის წინააღმდეგ”, 1994 წლის 9 დეკემბრის საქმე, ასევე 2000 წლის 23 ნოემბრის საქმე ,,საბერძნეთის ყოფილი მეფე საბერძნეთის წინააღმდეგ”). უნდა აღინიშნოს რომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩამორთმეული ქონების კომპენასაციასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ხელმოწერილი აქვს ოქმი, მაგრამ იგი არ არის რატიფიცირებული.

მუხლი 22

ეს მუხლი შეეხება 12 ძირითად რელიგიურ დღესასწაულს და აღნიშნავს, რომ ეს დღესასწაულები აუცილებლად უნდა აღინიშნოს და გამოცხადდეს დასვენების დღეებად. ამ შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ დღესასწაულებზეა ლაპარაკი და ვინ უნდა აღნიშნოს ისინი.

ძირითადი დასკვნები

როდესაც საუბარია შეთანხმების ვარიანტის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაზე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი სუბიექტები: მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა რელიგიური მიმდინარეობები. მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა ნათელია, რომ შეთანხმების ვარიანტი ბევრ ნაწილში ეწინააღმდეგება კონვენციას. დადებით მომენტად გამოვყოფთ მე-4 მუხლს, სადაც საუბარია სავალდებულო სამსახურისაგან გათავისუფლებაზე, მე-5 მუხლს - აღსარების საიდუმლოების შესახებ და ეკლესიის ქონების დაცვის საკითხებს.

შეთანხმებაში არ ჩანს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იზღუდება მოცემული შეთანხმებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მე-9 მუხლს და ნაწილობრივ 21-ე მუხლს. ამ მიმართებით ევროპული კონვენციის პირდაპირ დარღვევას ადგილი არა აქვს.

სხვა რელიგიათა მდგომარეობა

ნათელია, რომ შეთანხმების პროექტი არ აკონკრეტებს სხვა რელიგიური ჯგუფების თუ ცალკეულ მორწმუნეთა სამართლებრივ მდგომარეობას. უნდა შევნიშნოთ, რომ პრეამბულა ძალზე პრობლემატურია, რადგან, ფაქტობრივად, ექსკლუზიურ უფლებებს აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მე-9 და მე-12 მუხლები ამის ნათელი დასტურია. ასეთი მდგომარეობა ძნელია გაიგივდეს იმ მახასიათებლებთან, რაც ახასიათებს პლურალისტულ დემოკრატიულ საზოგადოებას. უფრო მეტიც, თუ გადავწყვეტთ, რომ სხვა რელიგიური მიმდინარეობების ადგილი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით, ეს გამოიწვევს შემზღუდველი ნორმების და შემზღუდველი პრაქტიკის დამკვიდრებას. ცხადია, რომ ასეთი სიტუაცია წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

მხოლოდ შეთანხმების ვარიანტის განხილვით ძნელია განისაზღვროს, აქვთ თუ არა სხვა მიმდინარეობებს იგივე უფლებები, რაც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას.

თეორიაში ორი ინერპრეტირების ვარიანტი არსებობს

ერთი მხრივ, შეიძლება იქნას გაგებული, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ის უფლებები, რაც შეთანხმებაშია ნათქვამი, ვინაიდან განსახილველი შეთანხმება მხოლოდ ერთ ეკლესიასთან უნდა იქნას დადებული (პირდაპირი დასაბუთების საფუძველზე);

მეორე მხრივ, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე (საქართველოს კონსტიტუცია, მე-14 მუხლი), მსგავსი უფლებებით ყველა რელიგიური საზოგადოება უნდა სარგებლობდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საერთაშორისო სამართალი, ისე საქართველოს კონსტიტუცია მეორე თვალსაზრისს მიიჩნევს სწორად. ძალიან ძნელია, მოიძებნოს საფუძველი ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობისთვის, როცა არ არსებობს თანაბარი მიდგომა ყველა რელიგიის მიმართ. საწყისი პოზიციაა, რომ ყველა რელიგიის მიმართ უნდა არსებობდეს თანაბარი მიდგომა. სასურველია და მისასალმებელი, თუ ასეთი პოზიცია განმტკიცებული იქნება კანონით. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში არ არსებობს საერთო კანონი რელიგიური მიმდინარეობებისთვის. რეკომენდირებულია, რომ სანამ დაიდება რაიმე შეთანხმება კონკრეტულ ეკლესიებთან, მანამ ასეთი კანონი იქნას მიღებული.

რიკ ლოუსონი
ჰოლანდიის ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროკავშირის სამართლის და საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროს ექსპერტი