![]() |
თავისუფლება № 8, სექტემბერი, 2002 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ნიკოლაიშვილი გელა, ოქრუაშვილი მაიკო, ზურაბიშვილი დავით, კიკნაძე ზურაბ, კაკაბაძე ნანა, ლიპარტელიანი გვანცა |
| თემატური კატალოგი თავისუფლება |
| საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
| თარიღი: 2002 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია ყველა უფლება დაცულია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 ,,დიდი სახელმწიფოს“ პატარა პრობლემები |
▲back to top |

გელა ნიკოლაიშვილი
ლათინური სიტყვა ponitentia მონანიებას ნიშნავს და როცა პენიტენციალურ სისტემაზეა საუბარი, უარი უნდა ვთქვათ იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში პატიმართა მიმართ დამკვიდრდა. აქ მე, უპირველეს ყოვლისა, იმ გაღიზიანებას ვგულისხმობ, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მაშინ იჩენს, როცა საქმე პატიმართა უფლებების დაცვას ეხება. დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, პრინციპში, არც უნდა იყოს გასაკვირი საზოგადოების მხრიდან ისეთი მსჯელობა, როგორიცაა ,,თავისუფლებაში მყოფი უდანაშაულო ხალხი შიმშილით ვიხოცებით, თქვენ კი დამნაშავეების უფლებების დაცვაზე და მათთვის ციხეებში ადამიანური პირობების შექმნაზე ზრუნავთ”, ,,დანაშაულის რიცხვმა კატასტროფულად სწორედ იმიტომ იმატა, რომ ბოროტმოქმედებს ციხეში კარგ პირობებს უქმნიან, რის გამოც მათ სასჯელის აღარ ეშინიათ”...
თუმცა, არც ერთი ჩვენი მოქალაქე, მათ შორის ისინიც, ვინც ასე მსჯელობს, არ არის დაზღვეული, რომ ხვალ საკუთარ თავზე არ გამოცდის იმ მანკიერების საშინელ შედეგებს, რაც პენიტენციალურ სისტემაშია დამკვიდრებული. თუნდაც იმიტომ, რომ იგივე პრაქტიკიდან გამომდინარე, ციხეში ხშირად სრულიად უდანაშაულო ადამიანებიც კი ხვდებიან. საზოგადოებისგან იზოლირებული ადამიანების უფლებებზე ზრუნვა მთელი საზოგადოების საქმეა და ამის დასადასტურებლად არაერთი არგუმენტის მოყვანა შეიძლება:
● საზოგადოების თითოეული წევრი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მის გვერდით არ აღმოჩნდეს საფრთხის მატარებელი, გაბოროტებული და გაუწონასწორებელი პოტენციური ბოროტმოქმედი, რომელიც მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას საფრთხეს შეუქმნის;
● დამნაშავის დასჯის უმთავრესი მიზანი საზოგადოებისგან მისი იზოლირება და არა მისთვის დამატებითი ფიზიკური, მორალური თუ ფსიქიკური ტკივილის მიყენებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე იხდის სასჯელს და უბრუნდება საზოგადოებას. საზოგადოებაში დამნაშავეთა რეინტეგრაციისათვის მომზადება კი, პენიტენციური სისტემის ადგილებში მათთვის მხოლოდ ადამიანური პირობების შექმნის გზით არის შესაძლებელი.
● პენიტენციურ სისტემაში მოხვედრილი ადამიანები თითქმის სრულად არიან დამოკიდებულნი სხვა ადამიანების ნებაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკვების მიღება, კონტაქტები გარე სამყაროსთან, შრომისა და გადაადგილების თავისუფლება და ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების უფლებაც კი. ამ გარემოების გათვალისწინებით, ძალიან იოლია დახურულ სივრცეში მოხვედრილი, დაუცველი ადამიანების უფლებების შელახვა, რაც შესაძლოა, ჩინოვნიკების მხრიდან მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში გამოიხატოს.
● პატიმართა უფლებების შელახვას, მათ შორის მატერიალურ შევიწროებას, ადგილი აქვს არა მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, არამედ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტების მხრიდანაც.
● ჩვენი გაჭირვებული ყოფიდან და ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემოდან გამომდინარე, ციხეებში უმეტესად ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც არც ფული აქვთ და არც გავლენიანი მფარველი ჰყავთ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. ამის გამო, დამნაშავის მიმართ გამოტანილი მსჯავრი ხშირად ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური არ არის - ,,გადამხდელი” ან ,,პატრონიანი” დამნაშავე დანაშაულისათვის მინიმალურ სასჯელს იღებს (ან სულაც სასჯელის გარეშე იძვრენს თავს), ხოლო უფულო და უპატრონო (ან, სულაც უდანაშაულო) მაქსიმალურად ისჯება. საქართველოს ხელისუფლება, სხვა სფეროების მსგავსად, ვერც პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს იმ თავისი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სამართალდამცველ, მართლმსა ჯულების თუ სასჯელაღსრულების სამსახურებთან უხდებათ შეხება. სამწუხაროდ, ჩვენში პიროვნების თავისუფლების აღკვეთის პრობლემა ბიზნესის ერთერთ სახედაა ქცეული, რომლითაც დაკავებულია ამ პრობლემაზე მომუშავე ჩინოვნიკთა მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ აქედან, და არა საქმეების გახსნის სურვილიდან მომდინარეობს ის, რომ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელები თავგამოდებით აქტიურობენ დაკავებულთა ცემაწამებისა თუ დასაკავებელთათვის ნარკოტიკის (ან ცეცხლსასროლი იარაღის) ,,ჩადების” მხრივ. იმ სამართალდამცველთა დასჯა, ვინც ამ ,,პროფილით მუშაობს”, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ჩვენში ბევრი იზიარებს იმ მცდარ მოსაზრებასაც, რომ რაც უფრო მკაცრია სასჯელი, დანაშაულის აღმოფხვრის შანსიც მით მეტია. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასტიკი და არაადამიანური სასჯელების მიმდევარ ქვეყნებში დანაშაულთა რაოდენობა და ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული (ჰუმანური) სტანდარტებია დანერგილი. მაგალითად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, არ გაზრდილა იმ დანაშაულთა რიცხვი, რომლებიც ადრე სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომაც სასჯელის გამკაცრების მოთხოვნა, დამნაშავეობის რაოდენობის შემცირების მიზნით, სხვა არაფერია, თუ არა გულუბრყვილობა. თუმცა, ასეთ გულუბრყვილობას საზოგადოება ხშირად ამჟღავნებს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ინგლისში დაახლოებით 35 წლის წინათ გაუქმდა და მას შემდეგ ინგლისის პარლამენტში 19- ჯერ დაისვა სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი, თუმცა, უშედეგოდ. დამნაშავეობის რიცხვის შემცირებას სასჯელის სასტიკი ფორმების არსებობა რომ არ განაპირობებს, ეს კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკიდანაც, კერძოდ: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პატიმართა საშუალო რაოდენობას (იგულისხმება მსჯავრდებულებიც და წინასწარ გამოძიებაში მყოფებიც) და კრიმინოგენურ სიტუაციას 100 ათას მაცხოვრებელზე პატიმართა საშუალო რაოდენობის მიხედვით ადგენენ. ამ მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტი პატიმარია აშშ-ში, რუსეთში, ჩინეთში, ყაზახეთსა და ბელორუსში (შესაბამისად, დაახლოებით 750, 720, 700, 560 და 505 პატიმარი ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე). ყველა ამ ქვეყანაში კი არსებობს სიკვდილით დასჯა (სასჯელის ეს ფორმა აშშ-ს შტატების მხოლდ 1/3-შია გაუქმებული, ხოლო რუსეთში მხოლოდ სასიკვდილო სასჯელის აღსრულებაზეა გამოცხადებული მორატორიუმი). ყველაზე ცოტა პატიმარია კვიპროსში (30), იაპონიაში (36), ისლანდიაში (40), სლოვენიაში და ხორვატიაში (50-50), ნორვეგიასა და ირლანდიაში (55-55), ფინეთში, ჰოლანდიაში, შვეციასა და დანიაში ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე - 60-65 პატიმარი. საგულისხმოა, რომ ამ და ევროპის სხვა ქვეყნებში სიკვდილით დასჯა კარგა ხნის გაუქმებულია.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 7343 პატიმარია (მათგან 5133 - მსჯავრდებული, ხოლო 2210 - ბრალდებული). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე 4,5 მილიონია, გამოდის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე დაახლოებით 160 პატიმარი მოდის.
მართალია, რაოდენობრივად ეს რიცხვი ბევრად არ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (60-120 კაცი), მაგრამ ძალზე თვალშისაცემია ქართველ პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობების შეუსაბამობა ევროპულ სტანდარტებთან. პირველ რიგში, აღსანიშნავია თავისუფლების აღკვეთის ძალზე განსხვავებული საკანონმდებლო ბაზა (განსხვავება ძირითადად სამართალდამცავი სისტემის ხელში მოხვედრილი პიროვნების დაცულობის ხარისხშია) და სასჯელაღსრულების სისტემის სტრუქტურა, სადაც ისევ საბჭოური ტიპის ყაზარმული სისტემაა შემორჩენილი.
ვინაიდან საქართველოს თანამედროვე პენიტენციური სისტემა საბჭოთა პერიოდის სისტემის მემკვიდრეა, აქ დღესაც ის დაუწერელი წესები და კანონები მოქმედებს, რომელთა საშუალებითაც იგი კომუნისტური ხელისუფლების მიერ იმართებოდა. დასავლეთის პენიტენციური სისტემებისაგან განსხვავებით, საბჭოთა სისტემაში დამკვიდრებული იყო (და დღესაც ასე გრძელდება) მსჯავრდებულთა არა საკნებში, არამედ ბარაკის (ყაზარმის) ტიპის საცხოვრებლებში განთავსების პრაქტიკა. პატიმართა უსაფრთხოების დაცვა, გაქცევის საფრთხის აღკვეთა, დასაქმების, სანიტარული, ჰიგიენური და სხვა პრობლემების გადაწყვეტა გაცილებით ადვილია საკნის ტიპის დაწესებულებებში. დასავლური ტიპის ციხეებში არსებულ 1-2 ადგილიან ჩაკეტილ საკნებში პატიმრები მხოლოდ საღამოდან დილამდე არიან განთავსებულნი, სამაგიეროდ, მთელი დღის მანძილზე ისინი საქმით არიან დაკავებული - მუშაობენ (შესაბამისი ანაზღაურებით), სწავლობენ, აქვთ კომპიუტერული კლასები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ ბარაკის ყაზარმის) ტიპის დაწესებულებებში კი მსჯავრდებულები მთელი დღის მანძილზე იმყოფებიან მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ დიდ ტერიტორიაზე, სადაც თავისუფლად გადაადგილდებიან დღისითაც და ღამითაც და ამ მხრივ შესაძლოა, თავის
დასავლელ ,,კოლეგებთან” შედარებით, გარკვეული უპირატესობაც კი აქვთ. თუმცა, გაცილებით ძნელია 100-200 კაციან ბარაკებში მცხოვრები, მუდმივი დეფიციტის პირობებში მყოფი, დაზაფრული და დათრგუნული ადამიანებისთვის (რომ აღარაფერი ვთქვათ, პენიტენციური სისტემის სრულიად ამორტიზებულ და დანგრევის პირას მისულ შენობებზე, რომელთა საკნებშიც ბრალდებულებს ხშირად მორიგეობით სძინავთ) ადამიანური პირობებისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იმ დაუწერელ კანონებს ენიჭება უპირატესობა, რომლებიც როგორც უშუალოდ პატიმართა, ისე პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობებს აწესრიგებენ. საქართველოს ციხე თავისებური მინი-სახელმწიფოა საკუთარი ,,კანონებით”, ,,წესრიგის დამცველებით”, ,,მოსამართლე-ავტორიტეტებით”, ,,მშრომელებით”, ,,გადასახადების ამკრეფებით”, ,,ხაზინით” და ა. შ. საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული და საქართველოში დღემდე შემორჩენილი პრაქტიკის თანახმად, პატიმართა კონტინგენტი სხვადასხვა კატეგორიებად (რანგებად) იყოფა. რანგირება იმ ავტორიტეტისა და დამსახურების შესაბამისად ხდება, რომელიც ამა თუ იმ პატიმარს კრიმინალურ სამყაროში აქვს მოპოვებული. სწორედ, ამ საბჭოური ტრადიციის არსებობა განაპირობებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან შედარებით, რიგით პატიმართა (ანუ მათი ძირითადი მასის) არათანასწორ მდგომარებაში ყოფნას.
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გასატარებელ რეფორმათა შესახებ დეტალურადაა საუბარი ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებში, რომლებზეც ამ ჯერად არ შევჩერდებით. მოკლედ შევეხებით მხოლოდ იმ ზოგად ტენდენციებსა და მიმართულებებს, რომლებზეც ბოლო წლებში მუშაობენ ამ სფეროს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტები. მათი მონაცემებით, დღეს მსოფლიოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ დაახლოებით 8 მილიონ პატიმართაგან ბევრს ცხოვრობა უხდება ისეთ პირობებში, რომლებიც სრულიად არ შეესაბამება სახელმწიფოთა მიერ ხელმოწერილ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტს. ხშირია ციხეების პატიმრებით გადატვირთვის, ჰიგიენური და სანიტარული ნორმების არარსებობის, კვების პროდუქტების ნაკლებობის, არასათანადო სამედიცინო მომსახურების, ინფექციურ დაავადებათა გავრცელების, პატიმრობის ადგილებში სიკვდილიანობის, ძალადობისა და კორუფციის ფაქტები. ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევათ პენიტენციური სისტემის მკვიდრთა ყველაზე დაჩაგრულ ჯგუფებს. დაპატიმრების ალტერნატივა სათანადოდ არ არის გაგებული საზოგადოების მიერ ან არასაკმარისად გამოიყენება სასამართლოების და სისხლის სამართლის სხვა ორგანოთა მხრიდან. დაპატიმრებას, როგორც დასჯის უმთავრეს ზომას, მიმართავენ უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი. ავტორიტეტულ ექსპერტთა რეკომენდაციით, სასამართლოებმა ადამიანის ციხეში მოთავსების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს (ეს განსაკუთრებით წინასწარი გამოძიების პერიოდში პატიმრობის შემთხვევებს ეხება). სისხლის სამართლის სისტემა არ უნდა იყოს ელიტარული, იგი უნდა გულისხმობდეს ყველა პატიმრისადმი თანასწორ დამოკიდებულებას.

მსოფლიოში დღეს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარების ახალი ფორმებისა და მეთოდების ძიება მიმდინარეობს, რადგან პატიმრების შენახვაზე გაღებულ უზარმაზარ სახსრებს ადეკვატური შედეგები არ მოჰყვება. საერთაშორისო ექსპერტები ფართო პროპაგანდას უწევენ თავისუფლების აღკვეთის ისეთ ალტერნატივებს, როგორებიცაა აღდგენითი სამართალი და არაფორმალური მართლმსა ჯულება, რაც დამნაშავესა და დაზარალებულს შორის მორიგებას ითვალისწინებს, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელს სრულად აუნაზღაურდეს მატერიალური თუ მორალური ზარალი. თავისუფლების აღკვეთა, როგორც უკიდურესი ფორმა, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ძალადობრივი დანაშაულებისათვის. პატიმართა რიცხვის შემცირებისაკენ მიმართულ სხვა ღონისძიებათა შორისაა მათი ამნისტიით, თავდებით, გირაოთი (რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებების შეტანას გულისხმობს: სასჯელის ვადების შემცირება ან პატიმრობის რეალური ალტერნატივების დაკანონება), ვადამდე - პირობითი გათავისუფლება და ა. შ. უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ნორმას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობაც, მაგრამ პრაქტიკაში მათი გამოყენება ძალზე იშვიათად ხდება (განსაკუთრებით, წინასწარი გამოძიების ეტაპზე). უფრო მეტიც, ხშირად სამართალდამცავი თუ მართლმსა ჯულების სტრუქტურები სასჯელის ალტერნატიულ ფორმებს პატიმართან სავაჭროდ და კორუფციული გარიგებებისთვის იყენებენ. რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, აქ მრავალი ისეთი ხარვეზია აღმოსაფხვრელი, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში მოხვედრილი პირის უფლებების შელახვას განაპირობებენ. მაგალითისათვის ისიც საკმარისია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, რომლებიც საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე უდანაშაულოდ ითვლებიან, გაცილებით მეტი შეზღუდვები აქვთ დაწესებული, ვიდრე სასამართლოს მიერ უკვე დამნაშავეებად შერაცხულ მსჯავრდებულებს, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა შელახვაა.
![]() |
2 პატიმართა უფლებები |
▲back to top |
გზამკვლევი
მოამზადა მაიკო ოქრუაშვილმა

თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული სასჯელის მთელ ვადას სასამართლოს მიერ მითითებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. თუმცა, გამონაკლისი ამ წესიდანაც შეიძლება დაიშვას, თუ მსჯავრდებულის დარჩენა კონკეტულ სასჯლაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია განსაკუთრებული გარემოებების გამო.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცალ-ცალკე უნდა მოთავსდნენ შემდეგი სახის პატიმრები:
● ქალები;
● არასრულწლოვნები;
● პირველადი მსჯავრდებულები;
● უვადო თავისუფლებააღკვეთილები;
● შიდსით და სხვა არამართვადი ინფექციით დაავადებულები.
თუ თქვენს წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს განაჩენი, საპყრობილის ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაგიყვანონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
თუმცა, თუ თქვენ მისჯილი გაქვთ თავისუფლების აღკვეთა საერთო ან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, თქვენ თქვენივე წერილობითი თანხმობით შეიძლება დაგტოვონ საპყრობილეში, სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. აღნიშნული საკითხი ფორმდება სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მოვალეა, განაჩენის გამომტან სასამართლოს და თქვენს ოჯახს დაუყოვნებლივ აცნობოს თქვენი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, თქვენ წერილობით უნდა გაგაცნონ თქვენი უფლებები, დაწესებულების მოსამსახურეების თქვენდამი მოპყრობის, ინფორმაციის მიღების და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები.
ფული ან სხვა ფასეულობები თქვენ ჩამოგერთმევათ და შესანახად გადაეცემა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას. ამ საკითხზე ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანება.
მსჯავრდებულის უფლებები და მოვალეობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

თქვენ უფლება გაქვთ:
● უზრუნველყოფილი იყოთ საცხოვრებელი სადგომით, საკვებით, ტანსაცმლითა და შრომის უსაფრთხოებით, სამედიცინო დახმარებით და მომსახურებით; დამცველთან შეუზღუდავი შეხვედრით, სატელეფონო საუბრებით და მიმოწერის უფლებით (ადმინისტრაციის კონტროლით). ბანდეროლების, ამანათების და ფულადი გზავნილებების მიღება-გაგზავნით (ადმინისტრაციის კონტროლით).
სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს სასამართლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დამცველის ან პროკურატურისთვის გაგზავნილი თქვენი განცხადება!!!
● შეინახოთ საჩივარი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეების, დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით; მიიღოთ ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება, გაიაროთ სოციალური ადაპტაციის კურსები, გაგეწიოთ კონსულტაციები; მონაწილეობა მიიღოთ კულტურულ-აღმზრდელობით ან რელიგიურ ღონისძიებებში, ისარგებლოთ შესაბამისი ინვენტარით და ლიტერატურით.
● ეწეოდეთ ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით ისარგელოთ შესაბამისი ხელსაწყოებით.
● მოსთხოვოთ ადმინისტრაციას, მიიღოს ზომები თქვენი პირადი უსაფრთხოებისათვის.

თქვენ ვალდებული ხართ:
● დაიცვათ სასჯელაღსულების დაწესებულების შინაგანაწესი და შეასრულოთ ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნა;
●დაიცვათ პირადი ჰიგიენა;
●იმუშაოთ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ ადგილას
მსჯავრდებულის ახლობლებთან ურთიერთობა
თქვენ უფლება გაქვთ შეხვდეთ ახლობლებს ხანმოკლე (სამ საათამდე ვადით) ან ხანგრძლივი (ერთიდან სამ დღემე) ვადით. ხანგრძლივი შეხვედრის უფლება აქვთ მსჯავრდებულის მეუღლეს, მშობლებს, ბებიას, პაპას, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, აგრეთვე იმათ, ვისთანაც თქვენ ცხოვრობდით და ეწეოდით საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში. ხანგრძლივი შეხვედრა ხორციელდება, ადმინისტრაციის დაუსწრებლად, საამისოდ გამოყოფილ სადგომში. ხანგრძლივი შეხვედრის უფლბა არა აქვთ პატიმრებს, რომლებიც საკარანტინო რეჟიმში იმყოფებიან.
დამცველთან შეხვედრა ხორციელდება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ადმინისტრაციას უფლება აქვს ვიზუალურად დააკვირდეს დამცველთან შეხვრდრას. მსგავსი შეხვედრის მოსმენა ადმინისტრაციას ეკრძალება!!!

პატიმართა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის,“
თბილისი
რუსთაველის ქ. № 40;
ტელ: 93 13 10;
ფაქსი: 92 05 09;
ელ-ფოსტა: nana_ka@hotmail.com
რუსთავი
კოსტავას ქ. №22/44;
ტელეფონი: 15 58 51
,,თავისუფლების ინსტიტუტი”
თბილისი 380008
გრიბოედოვის 23
ტელ.: 93 66 15
ფაქსი: 93 67 84
ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge
![]() |
3 სიტყვა და საქმე |
▲back to top |
ორიოდ სიტყვით განსიტყვების მნიშვნელობაზე
დავით ზურაბიშვილი
,,ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები სა ჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
მუხლი 10.
რა ჯობია: 1) ადამიანს შეეძლოს თავისუფლად (დაუსჯელად) ილაპარაკოს, დაწეროს, დახატოს ან იმღეროს ისეთი რამ, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია, თუ 2) სახელმწიფო, საზოგადოების ტრადიციებზე და მორალურ ღირებულებებზე დაყრდნობით აკონტროლებდეს ამ პროცესს?
მკითხველი ადვილად შეამჩნევდა, რომ ყოველ ჩვენს გამოცემაში ვცდილობთ თანმიმდევრულად გავატაროთ აზრი, რომ ადამიანისთვის თვითგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რასაკვირველია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშკარად ილახება სხვა ადამიანის უფლებები, ყოველთვის უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის გაკონტროლების მცდელობა. მიუხედავად ამისა, გავბედავ და თამამად ვივარაუდებ, რომ ბევრი ადამიანი ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხად მეორე ვარიანტს ამჯობინებს. ,,რა თქმა უნდა, კონტროლი აუცილებელიაო, ,,იტყვიან ისინი“, - ხომ არ შეიძლება ყველას რაც მოეპრიანება, ის აკეთოს და სახელმწიფო ამას გულხელდაკრეფილი უცქერდესო“.
ამგვარი მოსაზრებები საკმაოდ ტიპიურია და ალბათ ყოველ ჩვენგანს სმენია. ზოგიერთები კიდევ უფრო შორს მიდიან და იმასაც ამტკიცებენ, რომ ე. წ. ადამიანის უფლებები, სხვა არაფერია, თუ არა, დასავლეთიდან ,,შემოგდებული” სატყუარა, რომელიც ჩვენი ეროვნული ცნობიერების გადაგვარების ვერაგულ მიზანს ემსახურება.

ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან ყოველი აგრესიული მუქარის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დამცველად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროსტრუქტურები გვევლინებიან, შეთქმულების თეორიის ანტიდასავლურ გააზრებებში აშკარად ვერ ჯდება - მართლაც და, თუკი დასავლეთს ჩვენი დაქცევა-გადაგვარება სწადია, რატომ დაუშლის რუსეთს პანკისის ხეობაში ჯარის შეყვანას, ან რატომ დააფინანსებს ქართულ არმიას და რატომ უზრუნველყოფს ლარის კურსის სტაბილურობას?
ტოტალიტარიზმის ინერცია ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია და ,,მასონური შეთქმულების” სრულიად აბსურდულ თეორიებს ჯერ კიდევ აქვს გასავალი, თუმცა, მოთხოვნა თვითგამოხატვის თავისუფლებაზე სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნილება მარტო ტოტალიტარული მენტალიტეტის გაუკუღმართებული სტერეოტიპებით არაა გაპირობებული. ამ ჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ერთ მომენტზე, რომელსაც, შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა, უფრო ზუსტად, საერთოდ არ ექცევა ყურადღება.
ეს მომენტი წმინდა სტილისტურია, ანუ, ლაპარაკია იმაზე, რომ კონკრეტული სიტყვები და ცნებები ხშირად შეფასებითი მნიშვნელობით აღიქმება. ზოგიერთი სიტყვა ავტომატურად ასოცირდება რაღაც დადებითთან, ზოგიერთი კი უარყოფითთან, რაც მთავარია, სრულიად შესაძლებელია, რომ ,,კარგი” და ,,ცუდი” სიტყვაც ფაქტობრივად სინონიმები იყვნენ, ანუ ერთსა და იმავე საგანს ან მოვლენას აღნიშნავდეს.
რათა უფრო გასაგები გახდეს, თუ რაზეა ლაპარაკი, მოვიყვან ერთ მაგალითს, რომელიც უფრო ანეგდოტს წააგავს, მაგრამ თავისთავად ძალზე სიმპტომატურია. როგორც ამბობენ, ფრანგული წარმომავლობის სიტყვა ,,რევოლუციის” შესატყვისად სპარსულ ენაში არცთუ იშვიათად გამოიყენება სიტყვა ,,აყალმაყალი.” ქართული ენისთვის არცერთი ეს სიტყვა უცხო არაა, მაგრამ თუკი ვინმე შეიძლება კამათობდეს, ვთქვათ, ,,დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის” ავკარგიანობაზე, ,,დიდი ოქტომბრის სოციალისტური აყალმაყალი” უკვე იმთავითვე გულისხმობს, რომ აქ სასიკეთო არაფერი მოხდებოდა.
დაახლოებით იგივეა, როცა ლაპარაკია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლზე. რიგითი ქართველისთვის სიტყვა ,,სახელმწიფო” უპირატესად დადებითი მნიშვნელობის შემცველია. სხვა რომ არაფერი, თანამედროვე საქართველოს კონტექსტში ,,სახელმწიფოს” ცნება ავტომატურად მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობასაც. მაგრამ საკმარისია სიტყვა ,,სახელმწიფო” შევცვალოთ ,,ხელისუფლებით,” რომ უკვე სულ სხვა განწყობას დავბადებთ. ხელისუფლების მხრიდან კონტროლი უკვე აღარ გამოჩნდება ისეთი სასურველი, რადგან სიტყვა ,,ხელისუფლებას” არ გააჩნია ცალსახად დადებითი კონტექსტი.
ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მიხედვით, ხელისუფლება კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც. ამიტომ, როცა საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, შეიძლება ვიღაცას იმის ილუზია გაუჩნდეს, რომ კარგ ხელისუფლებას მეტი ამკრძალავი ფუნქციები უნდა ჰქონდეს. რასაკვირველია, ამგვარი მსჯელობის ლოგიკა გვარიანად მოიკოჭლებს, რადგან შეუძლებელია, კანონმდებლობა ითვალისწინებდეს სახელმწიფოში კარგი და ცუდი ხელისუფლების მონაცვლეობას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისთავად კეთილ მეფეზე (მთავრობაზე) აპელირება პრინციპული შეცდომაა, რადგან ყველა ხელისუფლება მხოლოდ იმდენადაა კარგი, რამდენადაც ამას საზოგადოება აიძულებს.
თუმცა, სტერეოტიპული წარმოდგენის გადალახვა უფრო მარტივადაც შეიძლება. ნებისმიერი სახელმწიფო (სახელისუფლო) ფუნქციის აღსრულება სრულიად კონკრეტული სამსახურების, და, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ჩინოვნიკების გადასაწყვეტი ხდება. შეუძლებელია კანონმა მოიცვას ყველა ცხოვრებისეული ნიუანსი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ადამიანის შემოქმედებას, ან სულაც უბრალო მოსაზრებებს. ასე, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი, რეალურად ნიშნავს ჩინოვნიკების მხრიდან კონტროლს. სწორედ რომელიღაც კანტორაში მჯდომმა ბიუროკრატმა უნდა მოახდინოს კანონის ინტერპრეტაცია და დაგიდგინოს, რაა კარგი და რაა ცუდი. რისი დაწერა, დახატვა ან მღერაა დასაშვები და რისი არა. არა მგონია, ამგვარი პერსპექტივა თუნდაც ყველაზე კონსერვატორ ქართველს მოეწონოს. გამოხატვის თავისუფლება არამც და არამც არ ნიშნავს ქაოსს. პირიქით, თავისუფლება არის ის ფუნდამენტი, რაზედაც შემდგომ ფუძნდება შეფასების ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი, რაც კი შესაძლებელია არსებობდეს საზოგადოებაში. ეს არის საზოგადოებრივი აზრი. მხოლოდ თავისუფლების პირობებში ხდება საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლებაზე ზემოქმედების რეალური ბერკეტი.
ასე და ამგვარად, სიტყვებმა არ უნდა დაგვაბნიოს. ყველა ლამაზი სიტყვა უკან შესაძლოა არცთუ მიმზიდველი შინაარსს შეიცავდეს. როდესაც ლაპარაკია სახელმწიფოს მხრიდან რაღაც ეთიკური ნორმების კონტროლირებაზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რეალურად ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატების ძალაუფლების გაძლიერებაზე. სადაც არ არის თავისუფლება, იქ არის ბიუროკრატიის ცენზურა. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
![]() |
4 პროზელიტიზმის ტეოლოგიურ-ანთროპოლოგიური ასპექტები |
▲back to top |

ზურაბ კიკნაძე
პროზელიტი ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანიდან (,,სეპტუაგინტადან”). პროზელიტი ბიბლიაში აღნიშნავს იმ ადამიანს, ომელიც არ არის მკვიდრი ანუ წარმოშობით იუდაელი (ებრაელი), მაგრამ ცხოვრობს მის საზოგადოებაში, მიღებული აქვს წინდაცვეთა და ასრულებს მოსეს რ ჯულს. ერთხანს იგი და მისი შთამომავლები ინარჩუნებენ თავიანთი წარმოშობის ხსოვნას, რომ ისინი სისხლით და ხორცით არ ეკუთვნიან ისრაელიანებს, მაგრამ დროთა ვითარებაში ხსოვნა იკარგება და საბოლოოდ, ხდება მათი ინტეგრაცია ხალხის სხეულთან და სულთან.
ახალ აღთქმაში ნახსენებნი არიან პროზელიტები ანუ რ ჯულშეცვლილნი იუდეველთა გვერდით, მათ საპირისპიროდ (საქმე, 2:10) პროზელიტად იხსენიება ბიბლიის მთარგმნელი ბერძნულ ენაზე აკვილა პონტოელი (I I ს.ახ. წ.), რომელიც ქრისტიანობიდან იუდეველობაზე იყო მოქცეული. ძველ სამყაროში, ძველი აღთქმის პერიოდში და შემდეგაც ყოველი, ვინც რაღაც მიზეზითა თუ მიზნით შეეხიზნებოდა იუდეველთა ან სხვა აღმსარებლობის მატარებელ თემს, ჩვეულებრივ იცვლიდა რ ჯულს ანუ ხდებოდა პროზელიტი. პროზელიტები იყვნენ ქართველი პირველქრისტიანები, რომლებიც დაყვნენ ნინოს ქადაგებას, განუდგნენ მამაპისეულ რ ჯულს და ქრისტიანობა აღიარეს. გარკვეული აზრით, პროზელიტი იყო აბიათარი, ყოველ შემთხვევაში, ამას აჩვენებს მისი ზედწოდება, რომლითაც ის იხსენიება ისტორიაში: ,,ჰურიაყოფილი” სწორედ ამ მოვლენის აღმნიშვნელია, ანუ ამ სიტყვაში პროზელიტიზმის შედეგია გამოხატული. პროზელიტები იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი და სხვანი. თანამედროვე სამყაროში პროზელიტიზმი ანუ საქმიანობა, რომლის საბოლოო მიზანი ადამიანის გადაბირებაა სხვა (გადამბირებლის საკუთარ) აღმსარებლობაზე, მტკივნეულად განიცდება. სიტყვა გადაბირება, რომელშიც იგრძნობა იძულების ნიუანსი, კარგად გამოხატავს იმ შინაარსს, რომელიც დევს, ცნება-ტერმინში ,,არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი”. ,,არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი” ისეთი ქმედებაა, რომელიც სცილდება აღმსარებლობის თავისუფლებისა და კონფესიათა შორის ურთიერთობის იმ ნორმას, ადამიანის უფლებათა დეკლარაციასა და დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებში რომ არის გამოხატული. და თუკი არსებობს ,,არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი”, ლოგიკურია, უნდა არსებობდეს კეთილსინდისიერი ანუ ჩვეულებრივი პროზელიტიზმიც, რომლის აკრძალვაც უსაფუძვლოა.
პროზელიტები იყვნენ ქართველი პირველქრისტიანები, რომლებიც დაყვნენ ნინოს ქადაგებას, განუდგნენ მამაპისეულ რჯულს და ქრისტიანობა აღიარეს.
რაში შეიძლება მდგომარეობდეს პოზიტიური პროზელიტიზმი „არაკეთილსინდისიერის” საპირისპიროდ?
რელიგიურ, ისევე როგორც ეთნიურ სფეროში, პროზელიტიზმი სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. არაბუნებრივი სწორედ ის იქნებოდა, რომ რომელიმე სარწმუნოების ადეპტს არ ჰქონოდა სურვილი საკუთარი მრწამსის გადაცემისა პიროვნული შთაგონებისა თუ სა ჯარო ქადაგების ძალით. რწმენის ბუნება ისეთია, რომ იგი ვერ ეტევა ერთი ადამიანის ცნობიერებაში, შეგნებაში, და როგორც ადიდებული მდინარე, გადადის ნაპირებზე. ადეპტი გრძნობს მოწოდებას და მას არ შეუძლია არ გაუზიაროს სხვას თავისი რწმენა, როგორც წინასწარმეტყველს, რომელიც ატარებს ღვთის სიტყვას, არ შეუძლია არ იქადაგოს. ,,მოვედით და შემომიდეგით და მე გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა” (მარკ.1:17) - ამაზე გარკვევით და უშუალობით ძნელად თუ სადმე გამოთქმულა პროზელიტიზმის აუცილებლობა. ის რელიგიური რწმენის მიუცილებელი თანამიმდევარია მისი გაჩენიდანვე; ის მთესველია, რომელიც თესავს სიტყვას, ,,ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად” (მათე13:3); მას არ შეუძლია არ თესოს, როგორც არ შეუძლია არ ამრავლებდეს ტალანტს - ამ სიმბოლიკაზეა აგებული ხარება და სიტყვის გავრცელება ქრისტიანობის პირველ დოკუმენტში. ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი.” (მათე 28:19) - ამ მოწოდების შედეგია დღეს ქრისტიანობის არსებობა. ამ მოწოდებით ქადაგებდა და გადასცემდა სიტყვას სინაგოგებში და ეს იყო კეთილსინდისიერი პროზელიტიზმი: მხოლოდ შეგონება, სწავლება, დარწმუნება, წმიდა წერილის შეხსენება და ახსნა მათთვის, ვისაც ის სწამდა, როგორც ჭეშმარიტების სიტყვა - არავითარი სხვა ხერხი მის სამისიონერო გზაზე არ ყოფილა. იყო დაპირებანი და აღთქმანი, მაგრამ არა ამ წუთისოფლის სიკეთეთა, არამედ ღვთის სასუფევლისა, რომელსაც მოციქული არ იძლეოდა - თავად პროზელიტს უნდა მოეპოვებინა თავისი რწმენით და საქმით. ამ რწმენას და საქმეს ქადაგებდა პავლე და ყოველი მოციქული სიკვდილის საფრთხის ქვეშ. მოციქული იდევნებოდა პროზელიტიზმისთვის, მას სულ მუდამ უხდებოდა იმის მტკიცება, რომ მისი ქადაგება არ სცილდებოდა კეთილსინდისიერების ფარგლებს.
პროზელიტიზმს დადებითი ნიშანი აქვს მანამდე, სანამ იგი არ გასცილებია სულიერი სწავლების საზღვარს. სწავლებას მიზნად აქვს, ცხადია, მომხრობა, მაგრამ მომხრობისთვის ხშირად გამოყენებულია არასულიერი მეთოდები, როგორიც არის არასარწმუნოებრივი რიგის (მატერიალური და სხვა) დაპირებები ან შანტაჟი, ინტელექტუალური თუ სამსახურებრივი უპირატესობა, მისამხრობის გამოუცდელობა, გაუნათლებლობა ან გულუბრყვილობა, ან სულიერი თუ მატერიალური უმწეობა, თუნდაც არასრულწლოვანება (გონებრივი მოუმწიფებლობა) და სხვა.
რუსულ საეკლესიო წრეებში არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის ცნება კიდევ უფრო გაფართოებულია: მასში იგულისხმება ,,არაკანონიერ მატერიალურ საშუალებათა” გამოყენება, რომლებიც სოციალურ ქმედებათა მთელს სპექტრს მოიცავს, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარება, უფასო სწავლება და სამუშაო ადგილებით დაკმაყოფილება, დაპირებები საზღვარგარეთ სამუშაოდ გაგზავნაში, ტელევიზიისა და პრესის გამოყენება რწმენის გასავრცელებლად, ამავე მიზნით მოწყობილი ფესტივალები სხვადასხვა შოუები, სადაც დემონსტრირებულია ქვეყნისთვის არატრადიციული მასობრივი ხასიათის ქადაგებანი, რაც მართლმადიდებელი კულტურის ქვეყანაში, ,,მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე”, არ შეიძლება ქრისტიანულ ღირებულებათა პროფანაციად არ აღიქმებოდეს; ეს განსხვავებულ კულტურათა მძაფრად მტკივნეული დაპირისპირებაა, მისგან გამოწვეული ექსცესები სცილდება რელიგიურ სფეროს.
ზემოთჩამოთვლილი მეთოდები, რომლის სია შეიძლება გაიზარდოს, შეურაცხმყოფელია ადამიანის პიროვნებისთვის და, თუ სახელმწიფო მოწოდებულია ადამიანის უფლებათა დასაცავად, იგი ასეთ შემთხვევებშიც ვალდებული უნდა იყოს დაიცვას ადამიანი მისი თავისუფლებისა და ღირსების ხელყოფისაგან. თითქოს აქ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სფერო: დაცული იქნას ნივთიერად და ინტელექტუალურად უმწეო ადამიანის ნება ძალადობისაგან. თუმცა ძნელი დასადგენია როდის და რა ფორმით ხდება ძალადობა. ჭირს გამოცნობა ან დადასტურება არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა პროზელიტიზმის მიზნით, რომელიც თავისთავად, როგორც საკუთარ სიმართლეში სხვათა დარწმუნების აქტი, არ იკრძალება. ჭირს, როცა პროზელიტიზმის პროცესსა და მის საბოლოო შედეგში არ არსებობს დაზარალებული მომჩივანი. ,,დანაშაულის” კვალი დაფარულია, როცა პროზელიტიზმის ობიექტი უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს მაიძულებელს, რომელიც დაუშვებელი მეთოდებითა და ხერხებით ცდილობს მის გადაბირებას და იბირებს საბოლოოდ. თუ პიროვნებას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პროზელიტიზმის არაკეთილსინდისიერ მეთოდებს, დაახვედროს მაიძულებელს თავისი რწმენისა და ნების სიმტკიცე, გაიმარ ჯვოს იძულებაზე, ეს ორი ადამიანის დიალოგია, მათი კერძო პიროვნული საქმეა და სახელმწიფო აქ ვერ ჩაერევა.
თუ პიროვნებას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პროზელიტიზმის არაკეთილსინდისიერ მეთოდებს, დაახვედროს მაიძულებელს თავისი რწმენისა და ნების სიმტკიცე, გაიმარ ჯვოს იძულებაზე, ეს ორი ადამიანის დიალოგია, მათი კერძო პიროვნული საქმეა და სახელმწიფო აქ ვერ ჩაერევა.
და მაინც დაისმის კითხვა: ვინ უნდა იცავდეს ადამიანის რელიგიურ უფლებებს და მასთან დაკავშირებულ ღირსებებს ხელყოფისგან - სახელმწიფო თუ ეკლესია, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ართმევენ წევრს?
ცხადია, ეკლესია ვერ შეურიგდება ამგვარ ჩარევას თავის მრევლში, მაგრამ რა საშუალება აქვს მას ამგვარი ფაქტების თავიდან ასაცილებლად - თავისი შვილების ზნეობრივი თუ სარწმუნოებრივი უსაფრთხოების დასაცავად? როგორ უნდა მოიქცეს ეკლესია იმისათვის, რომ შეუძლებელი გახდეს მის წრეში არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი? როგორ დაიცვას მწყემსმა თავისი ბატკანი მტაცებელი მგლისაგან, როგორც სახარება გვამცნობს, პროზელიტიზმის უკიდურესი გამოვლინების სახით: ,,ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან” (მათ, 7:15). სახარებაში მეტია ნათქვამი და დასმულ კითხვაზეც პასუხია გაცემული: ,,მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე სტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე” (იოანე, 11-13).
მგელი წარმატებულია იქ, სადაც მწყემსი მხოლოდ მოჯამაგირეობს ანუ არ ასრულებს ჭეშმარიტ მწყემსობას. ამ იგავურად ნათქვამში თუ სულიერ შინაარსს ჩავდებთ, ანუ ეკლესიურად გადავთარგმნით, უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც მწყემსია პასუხისმგებელი ცხვარზე, ფარაზე, ასევე ეკლესიაა პასუხისმგებელი თავის სულიერ შვილებზე, თავისი შვილების სულებზე. ერთადერთი საშუალება მის ხელში მათი სულების უსაფრთხოების დასაცავად, შესანარჩუნებლად თავის წიაღში, არის მუდმივი გულწრფელი, სიყვარულით სავსე, არა მოჯამაგირეობრივი მზრუნველობა. მეტიც, დიდი მასშტაბით, შემოქმედებითი და არა სტიქიურად ქმნადი მომავლის პერსპექტივაში. ეკლესია პასუხისმგებელია გზას გადამცდარ, როგორც მას მიაჩნია, ადამიანთა სულების გამო, რომელთა მოქცევისთვისაც ის ლოცულობს ყოველდღე ამ სიტყვებით: ,,უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ..” ლოცვა დიდი ძალაა, მაგრამ არ კმარა. ისევე, როგორც მკვდარია რწმენა საქმის გარეშე, ასევე უნაყოფოა ლოცვა, თუ ლოცვის შემდეგ ,,წვალებათაგან დაბნეულთ” მტრებად გამოვაცხადებთ. ის სულიერი პოტენციალი, რომელიც ლოცვაშია ჩადებული, საქმითაც უნდა იყოს რეალიზებული. ვერავითარი კანონი, ვერავითარი პრევენტული ღონისძიება ვერ გაუთანაბრდება იმ სულიერ პოტენციალს, რომელიც ეკლესიის წიაღშია, სამწუხაროდ, მთვლემარე სახით. კანონზე დანდობა, მისი გამოცხადება პანაცეად, მის მიმართ სასოება, მხოლოდ კაპიტულაციის გამოხატულებაა ეკლესიის სულიერი ძალის წინაშე.
რას ებრძვის სახელმწიფო და რა იარაღი აქვს მას ამ ბრძოლაში, რომელიც არის ბრძოლა პიროვნების ღირსებათა ხელყოფის წინააღმდეგ, მის უფლებათა დასაცავად, როგორც რელიგიურ, ასევე სოციალურ, საზოგადოებრივ თუ კერძო ურთიერთობების სფეროში?
თუ ადამიანი გაუსაძლისი მატერიალური სიდუხჭირის გამო იძულებული ხდება დაჰყვეს მაიძულებლის ნებას, ამ შემთხვევაში, ცხადია, პასუხისმგებლობა არ ეხსნება მაიძულებელს, მაგრამ, შესაძლოა, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს სახელმწიფოს, რომელმაც ვერ უზრუნველყო მინიმალური და ელემენტარული სასიცოცხლო პირობები ადამიანის, პირდაპირ ვთქვათ, ბიოლოგიური არსებობისთვის. ასე რომ, ,,არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი” საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს სოციალურ მოუწყობლობაში პოულობს და, სანამ სოციალური პირობები გაუსაძლისი იქნება, ამგვარი პროზელიტიზმიც იარსებებს.
თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეკლესია ვერ დაუპირისპირდება არაკეთილსინდისიერ პროზელიტიზმს იმავე მეთოდებით, რასაც ეს უკანასკნელი იყენებს. ეკლესია ვერ გადაწყვეტს სოციალურ პრობლემებს ამგვარი პროზელიტიზმისთვის ნიადაგის გამოსაცვლელად, არც ეცდება, კონკურენცია გაუწიოს მას დაპირებებში მრევლის მოსაზიდად, შესთავაზოს სხვათაგან შეთავაზებულზე მეტი, ჩაებას ეკლესიის სულისთვის შეუფერებელ მარათონში, რაც მისთვისვე იქნება საზიანო.
იმ ქვეყანაში, სახელდობრ, საბერძნეთში, სადაც პროზელიტიზმი კანონით აკრძალულია და ისჯება, პროზელიტიზმისთვის პასუხისგებაში მართლმადიდებელი ეკლესიის არც ერთი წევრი არ ყოფილა მიცემული, მაშინ როცა ყველა საქმეში, რაც კი ამ ბრალდებით აღძრულა, ბრალდებულის როლში მხოლოდ იეღოვას მოწმენი თუ ორმოცდაათიანელები არიან. რა არის ამის მიზეზი?
მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად მისიონერული გამოცდილებისა მოციქულთა ხანიდანვე, საგანგებოდ არ ეძებს მოუქცეველთ, რათა მათი მოქცევით ქულები ჩაიწეროს თავის აქტივში, არასოდეს ცდილობს ამ მიზნით თავზე მოახვიოს წარმართს ან ჰეტეროდოქსს მისი ნების საწინააღმდეგოდ თავისი მრწამსი.
იქმნება შთაბეჭდილება - და ასეც მიიჩნევენ პროზელიტიზმში დადანაშაულებული პირები, - თითქოს საბერძნეთში პროზელიტიზმის ბრალდება მიეყენება მხოლოდ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს და არავითარ შემთხვევაში მართლმადიდებლებს, თითქოს პროზელიტიზმი ნებადართული იყოს მართმადიდებლობისთვის, რომელიც საბერძნეთში კონსტიტუციის მიხედვით გაბატონებული რელიგიაა. საკითხი ასე უნდა დაისვას: არის თუ არა დამახასიათებელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ,,არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი”? თუ ადამიანი ოდნავ მაინც არის გაცნობილი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებას, მის პრაქტიკას, მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხოა ამგვარი პროზელიტიზმი. მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად მისიონერული გამოცდილებისა მოციქულთა ხანიდანვე, საგანგებოდ არ ეძებს მოუქცეველთ, რათა მათი მოქცევით ქულები ჩაიწეროს თავის აქტივში, არასოდეს ცდილობს ამ მიზნით თავზე მოახვიოს წარმართს ან ჰეტეროდოქსს მისი ნების საწინააღმდეგოდ თავისი მრწამსი. ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ეს პოზიცია სავსებით გამოხატავს ქრისტიანობის ჭეშმარიტებას: თუ ქრისტიანობის თავი და თავი არის ადამიანის ხსნა, თუ ქრისტიანობა უპირატესად ხსნის რელიგიაა და ეს ხსნა, როგორც შინაგანი აქტი, ეხება პიროვნების უსაკუთრეს ბუნებას და მხოლოდ მის ნებაზეა დამოკიდებული, მაშინ გამორიცხული უნდა იყოს რაიმე ძალდატანება ადამიანის ნებაზე, როგორც ღვთის ხატის ნიშანზე მასში, თუნდაც ეს მის სასიკეთოდ ხდებოდეს. თუ დავაკვირდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წევრებით შევსების პროცესს, შევნიშნავთ, რომ იგი პროზელიტიზმის რაიმე ნიშნის გარეშე მიმდინარეობს. ევანგელიზაცია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება თავისი მეთოდებით პროზელიტიზმისაგან და არაფერი აქვს საერთო მასთან, ეფუძნება იმ საფუძვლიან მოსაზრებას, რომ საქართველოს მოსახლეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოტენციურ მრევლს წარმოადგენს. ეკლესია კისრულობს მათზე პასუხისმგებლობას, ეს მისი არა მხოლოდ უფლებაა, არამედ მოვალეობაც არის, რომელიც მას ისტორიამ დააკისრა.
პროზელიტიზმთან დაკავშირებით მტკივნეულად წარმოიშვება ე.წ. ,,სამისიონერო ტერიტორიის” პრობლემა. ადრექრისტიანულ ხანაში და მერეც არცთუ დაუბრკოლებლად და წინააღმდეგობის გარეშე (რასაც თუნდაც ანდრია პირველწოდებულის მოსვლა მოწმობს) სამისიონეროდ მოწოდებულნი ქადაგებდნენ ქრისტიანობას იმ ადგილებში, სადაც ჯერ არავის ჰქონდა ნაქადაგები, ანუ ეს იყო წარმართული ქვეყნები. ანუ ეს იყო, თუ შეიძლება ითქვას, ნეიტრალური ტერიტორია. უკვე ნაქადაგებ, მოციქულ ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში (ძველი ქართლი), რომელიც ერთი ძველი ტექსტის მიხედვით, ,,ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან”, ახალი მისიის გამოჩენა ქადაგების მიზნით, საეკლესიო-პოლიტიკურ და ზნეობრივ პრობლემებს აღძრავდა. გადმოცემის თანახმად, რომელსაც ინახავს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღი, მოციქულები არასოდეს არ მიდიოდნენ საქადაგებლად იქ, სადაც სხვა მოციქულს უკვე ნაქადაგები ჰქონდა ( ,,ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საფუძველზე”, რომ. 15:20). საქადაგებლად ხელმეორედ მისვლის შემთხვევაში მოტივად წინამორბედი მისიონერის წარმატებაში დაეჭვება იქნებოდა. რა შეიცვალა ჩვენს თანამედროვეობაში, რომ ეს დაუწერელი წესი უგულებელიქნას? აბსოლუტურად არაფერი. ეკლესიის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა: საქართველო რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიად, რამდენადაც მისი ჯერ კიდევ მოუქცეველი, უფრო სწორად, გაუეკლესიურებელი ადამიანები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოტენციურ მრევლად ითვლება. გარედან შემოსულ მისიონერ მოქადაგეს მოტივად რა უნდა ჰქონდეს? ისევ და ისევ დაეჭვება იმაში, რომ ქვეყნის მოსახლეობა არასაკმარისად, ან სრულიად არ არის მოქცეული ქრისტეს რ ჯულზე, უფრო სწორად, ქრისტიანობის იმ განშტოებაზე, რომელსაც მოქადაგე მისიონერი ეკუთვნის. ამაში ის მართალი იქნება. პროზელიტიზმის საფუძველიც ეს არის: კონფესიათა შორის განსხვავება და თითოეულის მიერ თავისი თავის ჭეშმარიტად გამოცხადება. მოქადაგე განსხვავებული კონფესიის წარმომადგენელი უნდა იყოს და თავის კონფესიას ჭეშმარიტად უნდა თვლიდეს. მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ საპირისპირო მხარესაც არ მიაჩნია თავისი კონფესია სათუოდ და რელატიურ ჭეშმარიტებად.
მეორე მხრივ, დროის მოტანილ რელიგიური თავისუფლების სივრცეში ყველა კონფესია, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ყველანაირი ხერხით ცდილობს ახალ-ახალი ტერიტორიების მოპოვებას, ადამიანთა სულების თავისკენ გადაბირებას. შესაძლოა, სიტყვა ,,კონკურენცია” არ შეეფერებოდეს რელიგიის სფეროზე დამკვიდრებულ წარმოდგენებს, მაგრამ ფაქტი, რომ თვით ტრადიციული რელიგიებიც (როგორც მათ უწოდებენ), რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ძირძველი სარწმუნოების გამომხატველნი არიან და განსაზღვრავენ ქვეყნის (როგორც ელიტარული, ისე ხალხური) კულტურის სახეს, ძალაუნებურად ჩართულნი არიან ამ ცნებით გამოხატულ პროცესში და, თუ ზოგ არცთუ ვრცელ უბანზე ისინი თმობენ პოზიციებს, ეს იმის გამო ხდება, რომ მათ ტრადიციულად არ სჩვევიათ პროზელიტიზმის იმგვარი მეთოდების გამოყენება, რომელთაც ,,გუშინ” შექმნილი კონფესიები იყენებენ. კერძოდ, ეკლესია, რომელიც არწმუნებულია თავის ჭეშმარიტებაში, არასოდეს იქნება თანახმა მატერიალურ დაინტერესებაზე ააგოს თავის მისიონერული მოღვაწეობა. წარსულში დამსახურების საზღაურად ეკლესიის მიერ განსაკუთრებული პრივილეგიების მოთხოვნა სახელმწიფოსაგან ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე. მას, როგორც ქვეყნის უმრავლესობისაგან მხარდაჭერილს, სხვა უფრო ქმედითი, ეკლესიის არსიდან გამომდინარე, რესურსები და მეთოდები უნდა ჰქონდეს მარაგში. ამასან დაკავშირებით, არაგონიერ ნაბი ჯად შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს ჩარევა ,,სარწმუნოებრივ კონკურენციაში” ქვეყნის კულტურისა და მენტალიტეტის განმსაზღვრელი ეკლესიის სასარგებლოდ. სულიერი ძალის შენაცვლება ადმინისტრაციულიძულებითი ძალით, პირველ რიგში, თავად ეკლესიის ავტორიტეტისათვის არის საზიანო: შესაძლოა, მისმა მრევლმა იმატოს, მაგრამ მატება თვისობრივი არ იქნება. ეკლესია ვერ იხელმძღვანელებს პრინციპით, რომელსაც სახელმწიფო ან თუნდაც ნებისმიერი საერო დაწესებულება არ თაკილობს: მიზანი ამართლებს საშუალებას. სახელმწიფოს მხარდაჭერა პროზელიტიზმში ეკლესიას ბევრისთვის უმალვე გადააქცევს საშუალებად მატერიალური კეთილდღეობისა თუ პრივილეგირებული სოციალური საფეხურის მისაღწევად. საზოგადოდ უნდა ითქვას, ომ ზედმეტი აქცენტი საზოგადოების სოციალურ კეთილმოწყობაზე, რომელიც შეინიშნება ეკლესიაში (განსაკუთრებით პროტესტანტულ სამყაროში და ჩვენშიც) უნდა განვიხილოთ, როგორც საყოველთაო სეკულარიზაციის გამოვლენა, რასაც უკანა პლანზე გადაყავს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება ამ წუთისოფელში. როგორც სახელმწიფო არ უნდა იტვირთავდეს და ვერც იტვირთავს ადამიანთა სულის ხსნის ამოცანას, ასევე მატერიალური უზრუნველყოფა არ უნდა შედიოდეს ეკლესიის ამოცანებში. ამ მიმართულებით სექტებთნ კონკურენციაში ჩაბმა, შე ჯიბრი, უაზრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, შეურაცხმყოფელია მრავალსაუკუნოვანი სულიერი გამოცდილების მქონე ეკლესიისთვის.

1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.
5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
6. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს.
7. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
საქართველოს კონსტიტუცია
თავი მეორე, მუხლი 18.
![]() |
5 ,,წამება ბიუჯეტშია დაკანონებული“ |
▲back to top |

კონსტიტუციით გარანტირებული წინასწარი დაკავების 72 ვადის დარღვევამ ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებში გაცილებით მყარად მოიკიდა ფეხი, ვიდრე თავად კონსტიტუციურმა ნორმამ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯურნალისტმა გვანცა ლიპარტელიანმა კომენტარი თხოვა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს:
72 საათიანი ვადის დარღვევისას, სამართალდამცავები ძირითადად მოკვლევის ჩატარებისთვის დროის სიმცირეს უჩივიან, ან კიდევ პოლიციის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობასა და ფინანსურ სიდუხჭირეს იმიზეზებენ. თუმცა, ამ ფაქტორებზე აპელირება სრულიად გაუმართლებელია, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ 72 საათიანი ვადის დარღვევას ძირითადად მაინც პირადი დაინტერესება განსაზღვრავს.
ხშირია შემთხვევები, როცა პოლიცია ყველაფერს აკეთდებს იმისათვის, რომ პირი დროელად არ გადაიყვანონ წინასწარი დაკავების საკანში. როგორც წესი, პირის დაკავება უნდა ხდებოდეს არა მაშინ, როცა მის მიმართ რაღაც თეორიული ეჭვი არსებობს, არამედ მაშინ, როცა არსებობს დასაბუთებული მტკიცებულებები.
ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ 72 საათიანი ვადა იმ შემთხვევებშიც ირღვევა, როცა პირის დანაშაულის ადგილზე დაკავება ხდება და შესაბამისად, მოკვლევაც დაკავების მომენტიდან იწყება. ნიშანდობლივია ისიც, რომ პოლიციას სა ჯაროდ არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნულ ვადებთან დაკავშირებით და არც მისი გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით გამოსულა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიციას ეს ვადები არავითარ პრობლემას არ უქმნის, პირიქით, კონსტიტუციის დარღვევა მათთვის ფულის გამოძალვის ეფექტურ საშუალებადაც კი იქცა. თუკი პოლიცია ვერ ახერხებს 72 საათის ვადაში მტკიცებულებების შეგროვებას, ხოლო კანონი კრძალავს მტკიცებულებების გარეშე პირის დაკავებას, გამოსავალი საკმაოდ მარტივია: პოლიციამ უნდა გაათავისუფლოს პირი.
● პრაქტიკოსი ადვოკატები აცხადებენ, რომ არასწორად ხდება თავად 72 საათიანი ვადის ათვლა.
დარღვევებს ხელს უწყობს ისიც, რომ დაკავებულის რეგისტრირება არასწორად ხდება. ფაქტია, რომ ხსენებული ვადის ათვლა არ ხდება დაკავების მომენტიდან, უფრო მეტიც, ათვლა ხდება დაკავებულის იზოლატორში გადაყვანის დღიდან. მაგალითად, თუ პოლიცია აპირებს დაკავებული 20 რიცხვისთვის გადაიყვანოს იზოლატორში, ავტომატურად ხდება მისი დაკავების ვადის გაფორმება 17 რიცხვით. ანუ, რეგისტრაცია ხდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოესურვება ეს პოლიციას, რათა საბუთებში ვადის დარღვევა არ დაფიქსირდეს. უკანა რიცხვით დაფიქსირებული დარღვევების აღმოჩენა კი, დოკუმენტების მიხედვით, ხშირად პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი საშუალება თავად პატიმრებთან გასაუბრებაა, თუმცა, მონაყოლით მსგავსი დარღვევების დაფიქსირება ძალზედ რთულია. უნდა ითქვას, რომ 72 საათიანი ვადის დარღვევაში არა მარტო პოლიცია მონაწილეობს, არამედ ამ პროცესში საგამოძიებო ორგანოები და სასამართლოებიც არიან ჩაბმული. თუ მსგავს საქმეებს გადავხედავთ, აშკარა გახდება პირდაპირი დანაშაულებრივი კავშირი მოსამართლეებს, პოლიციასა და საგამოძიებო ორგანოებს შორის. ამ კავშირის კორუფციული ხასიათი, სამწუხაროდ, აშკარაა. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როცა მსუბუქი დანაშაულისთვის პირს წინასწარი პატიმრობა ეფარდება, ხოლო გაცილებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსგავსი აღმკვეთი ღონისძიება არ გამოიყენება. ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაც დასახვეწია, რადგან მხოლოდ პოლიციის, პროკურატურის ან სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა არასოდეს იძლევა ჭეშმარიტ სურათს. ვადების დარღვევასთან დაკავშირებით განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რაიონებში, თუმცა რეგიონებს არც თბილისი ჩამოუვარდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარი დაკავებისას, ადგილი აქვს პატიმართა წამების ფაქტებს. ასევე ხშირია პატიმრისაგან აღიარების იძულების წესით მიღება. დაზიანებების ფაქტებს არც პოლიცია უარყოფს, მაგრამ, ისინი აცხადებენ, თითქოს პირმა დაზიანება დაკავების მომენტში მიიღო. მაგრამ, თუკი დაკავების მომენტში პოლიციასა და პირს შორის მართლაც ჰქონდა ადგილი კონფლიქტს, ასეთ შემთხვევაში, კანონის თანახმად, პოლიცია ავტომატურად წყვეტს მოკვლევას და საქმეში პროკურატურა ერთვება. მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ მოკვლევას ისევ და ისევ პოლიცია აგრძელებს, ბუნებრივია, გებადება კითხვა: რატომ პოლიცია და არა პროკურატურა? საერთოდ, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დაკავებულის დაუყოვნებელ სამედიცინო დათვალიერებას.
72 საათიანი ვადა არათუ საკმარისია მტკიცებულებების შესაგროვებლად, არამედ, ჩემი აზრით, ის კიდევ უფრო უნდა შემჭიდროვდეს. საინტერესო და მეტად პარადოქსულია ისიც, რომ ბიუ ჯეტში დღემდე არ არის გათვალისწინებული წინასწარი დაკავების საკნებში პატიმართა კვების ხარ ჯები. ეს ნიშნავს იმას, რომ, როდესაც დაკავებულისთვის 3 დღის განმავლობაში არ არის გათვალისწინებული კვება, წამება პირდაპირ ბიუჯეტშია ჩადებული.






