![]() |
პრემიერი№9 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მირცხულავა ზინაიდა, მესხი რობერტ, ჭკადუა მალხაზ, გიგლემიანი ლელა, კვაშილავა კახა, სორდია ლუარა, გოგილავა ლაშა, ლომიძე შორენა, გონგლაძე დავით, მირცხულავა ლელა |
თემატური კატალოგი პრემიერი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მთავარი რედაქტორი ლელა მირცხულავა ნომრის რედაქტორი რობერტ მესხი დიზაინერი გია ტუღუში ლიტერატურული რედაქტორი შორენა ლომიძე სტილის რედაქტორი ლელა გიგლემიანი სპორტული მიმომხილველი ლაშა გოგილავა კორესპოდენტი ზინაიდა მირცხულავა ნომერზე მუშაობდნენ: კახა კვაშილავა მალხაზ ჭკადუა სალომე ნაჭყებია დავით გონგლაძე მედია ჯგუფი „დრო“ დირექტორი დიანა სალია საზოგადოებრივ-შემეცნებითი ჟურნალი გავრცელების არეალი საქართველ აპრილი 2009 წელი ელ-ფოსტა premieri@inbox.ru ზუგდიდი მცხეთის ქ. №17 სტატიის სიზუსტეზე და მასში მოხმობილ ფაქტებზე პასუხისმგებელია ავტორი. |
![]() |
1 უახლესი ისტორიის მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 ისტორიის კვალდაკვალ ცხრა აპრილიდან ცხრა აპრილამდე … |
▲ზევით დაბრუნება |
უცნობია სად იწყება და სად მთავრდება ცა, ან სად იდებენ ბინას ცაში გაფანტული ცისარტყელები, როცა ერთიანად მოედებიან სამყაროს და მერე ნაბიჯნაბიჯ ქრებიან, სულში კი ტოვებენ კვალს სევდიანს მიუწვდომელი უსასრულობისა...
არავინ არ იცის სად დაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორია, ბედი, უბედობა, ბრძოლა, მაგრამ საუკუნეების მანძილზე საქართველოს მკვიდრთ ბრძოლითა და საკუთარი სისხლის ფასად უხდებოდათ ხმლით აკუწული ცისარტყელების გამთელება და ფენიქსივით ახალი ცხოვრების დაწყება... ასე იყო 1989 წლის ცხრა აპრილს, ასეა დღესაც...
მივყვეთ ისტორიის ფურცლებს (იმისთვის კი არა, რომ ეს ყველაფერი არ გვახსოვს და შეხსენება გვჭირდება, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიამაყოთ იმ დიდებული ქართველი პატრიოტებით, რომლებმაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების უფლება და საშუალება მოგვცეს თავიანთი სიცოცხლის ფასად)...
XX საუკუნის 80-იანი წლებისათვის აშკარა გახდა, რომ საბჭოთა კავშირი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები დამარცხდნენ დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან სამხედრო - ეკონომიკურ კონკურენციაში. ხელისუფლების მცდელობა, რომ რეფორმების გზით გადაერჩინა საბჭოთა სისტემის რღვევა, კრახით დასრულდა. მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს დაერთო მოკავშირე რესპუბლიკების სწრაფვა დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლებისაკენ. 1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა ბევრი დისიდენტი, ისინი სათავეში ჩაუდგნენ პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას და დააჩქარეს საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესი. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ დაარსებული „საქართველოს ჰელსინკის კავშირის“ გარდა, შეიქმნა ახალი ორგანიზაციები: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, საქართველოს სახალხო ფრონტი და სხვა. ეროვნული მოძრაობის უმთავრეს ძალას წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა.
რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 4 აპრილიდან ათასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელისუფლება შეაშფოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ, რომელმაც სულ უფრო გამოკვეთილი ანტისაბჭოთა და ანტირუსული ხასიათი მიიღო. მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში მიტინგების ძალით აღკვეთის შესახებ.
9 აპრილს, ღამით, დაახლოებით 2 საათზე, ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული „ძერჟინსკის სახელობის დივიზიის“ ქვედანაყოფები „ლენინის მოედანზე“ (დღევ. თავისუფლების) გამოჩნდნენ. ამ დროს რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მომიტინგეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით ცდილობდნენ თვითმყოფადობისა და ეროვნული ნების გამოხატვას. დაახლოებით 4 საათისთვის, მთავრობის სახლის წინ, მომიტინგეებთან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II მივიდა და შეკრებილთ მიმართა. დარბევამდე რჩებოდა რამოდენიმე წუთი, დადგა საოცარი სიჩუმე, რომელიც „ბრონეტრანსპორტიორების“ გუგუნმა დაარღვია. დარბევას სრულიად ახალგაზრდა ქართველი პატრიოტების სიცოცხლე შეეწირა, მოიწამლა ათასობით ადამიანი.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისაკენ. ორი წლის შემდეგ კი, 1991 წლის 9 აპრილს, პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ეს დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.
ოცი წლის გადასახედიდანაც კი ძნელია გულგრილად შეფასებებისა და დასკვნების გაკეთება, ფაქტი ერთია: საქართველოს არსებობის პერიოდში, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი სწორედ ქართველთა თავგანწირვასა და სულიერებაშია.
ორ საუკუნეზე მეტია მტერი არ იცვლება, მაგრამ ჩვენ ვარსებობდით, ვარსებობთ და ვიარსებებთ,-ეს უბრალოდ ლიტონი სიტყვები და ურაპატრიოტიზმი არ არის, ეს იმ პატარა ქართველების თვალებში ამოკითხული რეალობაა, ქართული დროშებით რომ იდგნენ გასული წლის აგვისტოში რუსული ტანკების წინააღმდეგ და ხმამაღლა იმეორებდნენ: „STOP RUSSIA!“
![]() |
2 მნიშვნელოვანი თარიღები და ტრადიციები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული |
▲ზევით დაბრუნება |
აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია და სრულიად ქრისტიანული სამყარო მას რწმენით აღსავსე ელოდება. მარხვითა და სინანულით აღდგომას ზეიმით ვეგებებით, რომ სულიერი რწმენის გაძლიერებით ვიგრძნოთ ის დიდებული სულის ჰარმონია, რომელიც აღდგომის ღამეს გვეუფლება ჭეშმარიტ ქრისტიან მორწმუნეებს.
ხარება - ყოველთვის აღესრულება 7 აპრილს. მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ეხარა ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობელს განსაკუთრებული სიხარული, რომელსაც მანამდე მთელი კაცობრიობა ელოდებოდა - მესიის, მხსნელის მოვლინების ამბავი.
ბზობა - იესოს ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო კვირას ტრადიციულად ვნების კვირას ვუწოდებთ. პასექის დღესასწაულამდე ქრისტე შევიდა იერუსალიმში. ხალხს, რომელსაც უკვე შეეტყო ლაზარეს გაცოცხლების შესახებ, ზეიმით შეხვდა მას. ამ დღესთან დაკავშირებით, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ეკლესია აღნიშნავს ქრისტეს იერუსალიმში შესვლას, რომელსაც საქართველოში ბზობის დღესასწაულს ვუწოდებთ.
დიდი ხუთშაბათი - ქრისტე აწესებს ზიარების საიდუმლოს საიდუმლო სერობის დროს. იმავე ღამეს იუდა ისკარიოტელის ღალატის შედეგად ქრისტე მიჰყავთ იუდეველთა მღვდელმთავარ კაიაფასთან.
წითელი პარასკევი - გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ. შეკრეს და გადასცეს პილატეს - განმგებელს. ტრადიციულად, რომის პროკურატორს სურდა პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეთავისუფლებინა ერთი ბრალდებული, იმ იმედით, რომ ხალხი ქრისტეს გაათავისუფლებდა, მაგრამ იუდეველ უხუცესთა ჩაგონებით, ხალხმა ყაჩაღის, ბარაბას გათავისუფლება ისურვა. იოანე აღნიშნავს, რომ იესო ჯვარს აცვეს პასექის დღესასწაულზე. პასექის დღესასწაულზე კრავის დაკვლა არის წინარესახე ახალი აღთქმის პასექისა - ქრისტეს, როგორც ღვთის კრავის დაკვლა კაცობრიობის ცოდვებისათვის. ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის შემდეგ, იოსებ არიმათიელი, სთხოვს რა პილატეს იესოს დაკრძალვას, ასვენებს მის სხეულს აკლდამაში.
გადმოცემის თანახმად, როდესაც მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აუწყა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, იმპერმატორმა თქვა, რომ ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ის, რომ კვერცხი გაწითლდეს. ამის შემდეგ კვერცხი მართლაც გაწითლდა. მართალია, სააღდგომო კვერცხებს სხვადასხვა ფერად ღებავენ, მაგრამ მაინც მთავარი ფერი წითელია.
დიდი შაბათი - მღვდელმთავრები, რომლებსაც ახსენდებათ, რომ ქრისტე ლაპარაკობდა სიკვდილიდან მესამე დღეს მის მკვდრეთით აღდგენაზე, სთხოვენ პილატეს აკლდამასთან ჯარისკაცების დაყენებას, აკლდამის დასაცავად, რათა იესოს მოწაფეებს არ მოეპარათ მისი სხეული და ამით არ შეექმნათ წარმოდგენა მის აღდგომაზე.
კვირა, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა - შაბათის შემდეგ საფლავთან მიდიან მენელსაცხებლე ქალები, მათ წინ საფლავზე ჩამოდის ანგელოზი, მიწა იძვრის, რაც ჯარისკაცების შიშს იწვევს. ანგელოზი აუწყებს ქალებს, რომ ქრისტე აღსდგა. მარიამ მაგდალინელი, რომელიც ყველაზე ადრე მივიდა აკლდამასთან, აუწყებს პეტრეს და იოანეს, რომ მოძღვრის სხეული აკლდამაში აღარ არის, რაშიც რწმუნდებიან პეტრე და იოანე, როდესაც საკუთარი თვალით იხილავენ ამას.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო ზეცად ამაღლდება.
აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, სააღდგომო ტრადიციები
ქრისტიანული ტრადიციით, დიდი შაბათის ღამეს მორწმუნეები ელოდებიან ქრისტეს საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას. ცეცხლის გადმოსვლას მორწმუნენი ზეიმით ხვდებიან, სასულიერო პირები საზეიმოდ მიუძღვებიან ცეცხლს იერუსალიმის ტაძრებში. ხალხი ინაწილებს წმინდა ცეცხლს, მიაქვთ შინ და ცდილობენ მთელი წლის განმავლობაში შეინახონ იგი.
აღდგომის დღესასწაულიდან ამაღლების დღესასწაულამდე მიღებულია მისასალმებლად მილოცვა: „ქრისტე აღსდგა!“, რაზეც პასუხობენ: „ჭეშმარიტად აღსდგა!“.
არსებობს ტრადიცია, რომ ტაძრის გარეთ ანთებენ კოცონს, რომელთანაც შეიძლება გათბობა ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, რაც იმ ღამეზე მიგვანიშნებს, როცა პეტრე იჯდა კოცონთან, ქრისტეს სანამ უარყოფდა.
სხვადასხვა კულტურებში განსხვავებული ტრადიციები არსებობს.
დღესასწაულს, რომელსაც ქართველები ბზობას ვუწოდებთ, შვეიცარიაში ჰქვია „ზეთისხილის“, ხოლო იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში - „პალმის“ კვირა. ამ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხალხში გავცელებულია შეხედულება, რომლის თანახმად ნაკურთხ ტოტებს აქვთ ძალა, რომელიც იცავს ადამიანს ავი თვალისგან. მათ წვავდნენ უამინდობის დროს, რათა სახლი დაეცვათ. ნაკურთხ ტოტებს ჩუქნიან ასევე მეგობრობისა და სიყვარულის ნიშნად.
ძველად ავსტრიაში ტაძარში მიდიოდნენ ნამდვილი ჯოხებით, ერთ მეტრამდე სიმაღლით. ჯოხები მორთული იყო ლენტებით, თხილით, ვაშლებით. საფრანგეთში, სადაც ბზობას „ყვავილოვან“ კვირას უწოდებენ, ხეებსაც რთავენ, ხოლო ესპანეთში კი იხსნება ე.წ. „ტოტების დახლები“. ნაკურთხ ტოტებს აჭედებენ ხშირად სახლის კედლებზე, ინახავენ სახლში. უნგრეთში სჯერათ, რომ ამის შემდეგ სახლს არ ეკარებიან გველები და ბაყაყები. რუმინეთში კი ტოტებს სახლის გარეთ აჭედებენ, სახლში მათი შეტანა კატეგორიულად აკრძალულია, მათთვის ეს ცუდის ნიშანია.
ბულგარეთში ხუთშაბათს აცხობენ სადღესასწაულო ნამცხვარს, ჩეხეთში ამ დღეს მწვანე ფერის საჭმელებს მიირთმევენ. სერბეთში კი უპირატესობა ეძლევა ჭინჭარს ჯანმრთელობისთვის. ამ დროს არ არის იქ მიღებული თმის დავარცხნა და დაბანა. სკანდინავიის ქვეყნებში კი პირიქით, ხუთშაბათი იწოდება “სუფთად”. ამ დღეს ბანაობენ და რეცხავენ სარეცხს, ნათლავენ შინაურ ცხოველებს და პირუტყვს. შაბათს კი ბანაობენ ცივ წყალში, “ მავნე ფიქრების გასადევნად”. პარასკევი აქ ითვლება ყველაზე მძიმე მუშაობის დღედ, შაბათი კი ყველაზე მხიარული დღეა, როცა ხალხი აჩვენებს, რომ მზად არიან ზეიმისთვის. ყველაზე წყნარად იქცევიან ფინელები, ისინი ცდილობენ მთელი კვირა არ იცინონ და არ უსტვინონ.
ესპანეთში ვნების კვირას მიღებულია მთელი კვირის განმავლობაში რელიგიური წარმოდგენების გამართვა, საკმაოდ გავრცელებულია ასევე საგალობლები.
იტალიაში შაბათს, შუადღეს იწყებენ ზარების რეკვას. ამას ეწოდება ”გლორია”. ითვლება, რომ ამ დროს დაწყებული ყველა წამოწყება წარმატებულია, ამიტომ ხშირად დედები ბავშვებს ამ დღეს ასწავლიან სიარულს.
შაბათს ევროპის ქვეყნებში უკვე საზეიმო განწყობაა.
გავრცელებულია რწმენა, რომ კვერცხი, რომელიც იდება აღდგომამდე ბოლო ხუთშაბათს ან პარასკევს, არ ფუჭდება. გერმანიაში ასეთი კვერცხის ჭამას ურჩევენ უშვილო ქალებს, რომლებსაც შვილის ყოლა სურთ. ბულგარეთში შეღებილ და ჯერ კიდევ გაუმშრალ კვერცხებს ბავშვებს სახეზე უსვამენ, რათა იყვნენ ლამაზები და ჯანმრთელები. ახალგაზრდა ქალები კი ვაჟებს ჩუქნიან სააღდგომო კვრცხებს ნიშნად მოწონებისა. ნიდერლანდსა და ბელგიაში ახლაც სჯერათ კვერცხის დამცავი ძალისა მეხისა და ხანძრისაგან.
სააღდგომო კვერცხებს ღებავენ, მაგრამ ასევე პოპულარულია მათი მოხატვა, რაც, ზოგიერთის აზრით, ეგვიპტიდან მოდის.
არტოსი
აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი“ ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს. არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10, 41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მთ. 28, 20) და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.
ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ან ქრისტეს აღდგომა. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.
მორწმუნეები ამბობენ, ვინც აღდგომას ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, პირდაპირ სასუფეველში ხვდება. აღდგომისას დახშულია ჯოჯოხეთის კარი, სამაგიეროდ ყველასთვის გახსნილია კარი სამოთხისა. თუ უფალი ამ დღეებში ვინმეს გარდაცვალებას ინებებს, გიხაროდეთ, რადგან მათია სასუფეველი ცათა.
აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსაბვლის კარი არ იკეტება, რათა ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასდროს არ არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში.
ზინაიდა მირცხულავა
![]() |
3 პოპულარული ადამიანების ცხოვრების სტილი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 დოდო ჭიჭინაძის სილამაზის საიდუმლო |
▲ზევით დაბრუნება |
ასასვლელი კიბეებიდან ძველებური, დიდსარკეებიანი წიგნის კარადა მოჩანს, ჭერამდე სწვდება, თუმცა ბინა მაღალჭერიანია, თბილისის ძველ უბნებში რომ არის, იმდაგვარი...
წიგნებით სავსე კარადა საოცარ საგნებს იტევს... ყველაფერს დახვეწილი გემოვნება და მზრუნველი ხელი ეტყობა. სულ ზედა, ცენტრალური თაროდან ულამაზესი ქართველი ქალბატონის დიდი ფორმატის შავ-თეთრი ფოტო მიყურებს: საოცრად მეტყველი და ლამაზი თვალებით, თეთრი და მწყაზარი სახით... მახსოვს, ეს ფოტო სახლშიც მქონდა, რომელიღაც ჟურნალიდან ამოვჭერი და საწერი მაგიდის მინის ქვეშ ამოვდე ისე, რომ მხოლოდ ჩემი ყოფილიყო და, ამავე დროს, სხვა ნივთებს არ დაეფარა...
- მობრძანდით! - ხავერდოვანმა ხმამ წამით მომწყვიტა მოგონებას...
ეს ხმაც მახსოვს, საყვარელი ქართული ფილმებიდან - „დავით გურამიშვილი“, „ბაში-აჩუკი“... სამწუხაროდ, მე იგი თეატრის სცენაზე არ მინახავს...
კიბეებზე მორიდებულად ავდივარ და კიდევ უფრო მორიდებით ვესალმები ქართული სილამაზის ეტალონს... დოდო ჭიჭინაძე!.. იგი ფართო სავარძელში ზის, წინ გადაშლილი წიგნი და სათვალე უდევს, იღიმის... ძალაუნებურად სარკეებიანი კარადისკენ ვტრიალდები და შავ-თეთრ სურათს შევცქერი... იგივე თვალები... ისეთივე კლდემით აღსავსე... და ერთბაშად მავიწყდება ყველა კითხვა, რომელიც აქ მომავალმა მოვიფიქრე.
ძალდაუტანებლად საუბრობს, მშვიდად, მონოტონურად... რამდენიმე კითხვას მისვამს, ვპასუხობ...
- ყავა?
- არ შეწუხდეთ, ქალბატონო დოდო!..
- ეს შეწუხება არ არის, ეს მხოლოდ ყავაა...
ისევ იღიმის.
თითქოს დიდი ხანია ვიცნობ, იმ დღიდან, როცა მისი ფოტოსურათი ჩემი საწერი მაგიდის მინის ქვეშ მოვათავსე.
თეატრზე საუბრობს:
- მარჯანიშვილის თეატრში გავიზარდე. ეს თეატრი ჩემი სახლია. დაწყებული ურიელ აკოსტადან ევრიპიდეს მედეამდე ყველა როლი მაქვს ნათამაშები. ეს მარჯანიშვილის სახელობის თეატრია, იმ ადამიანის სახელობის, რომელიც უდიდესი პიროვნება და მოვლენა იყო არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
წინაპრებს იხსენებს...
- მე ზაქარია ჭიჭინაძის, ბესიკ ჭიჭინაძის შთამომავალი ვარ, მათ თავის დროს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საქმეები აკეთეს. მეამაყება, რომ პირველი ვარ მათ შორის, ვისაც ყვარლის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ მოითხოვა ამ მხარის ჭირნახულიან მიწებზე ზემო იმერეთის მწირემიწიანი ქართველების ჩამოსახლება, რათა ამ ადგილებზე სამომავლოდ სხვებს არ გამოეთქვათ პრეტენზია...
მამაჩემი ტიპიური ქართველი იყო, ვაჟკაცობით, აღნაგობით... გენერალ მაზნიაშვილის ადიუტანტი. მამა ვერ მოსცილდა ყვარელს, ვერც დედა... ყვარელი ხომ ილია ჭავჭავაძის, კოტე მარჯანიშვილის, ვახტანგ ტაბლიაშვილის სამშობლო იყო. თბილისში გერმანელმა ქალბატონმა ლილი პალმა აღმზარდა, აქ სწორედ მის ოჯახში ვცხოვრობდი. დიდად სათნო და კეთილი ქალი იყო.
დიდ ქართველებზე ვსაუბრობთ, თამარ მეფეს ახსენებს და ფიქრობს, რომ დღევანდელ საქართველოს მისნაირი ქალის მეფობა მოუხდებოდა. და მაინც, ვინაა თქვენთვის უდიდესი ქართველი? - ასე ვსვამ კითხვას.
- იცით, ერთხელ ბავშვთა სახლში ვიყავი. მაშინ ის დრო იყო, როცა მთელ ქვეყანას უჭირდა და ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ყოველ ჯერზე მოზომილ მცირე ულუფას ურიგებდნენ. არასოდეს არ დამავიწყდება ეზოში მდგარი პატარა ბიჭის თვალები, რომელსაც ცალი ხელით ძაღლის ლეკვი ჰყავდა მიხუტებული, მეორე ხელში კი პურის პატარა ნატეხი - მისი ის მცირე ულუფა ეჭირა და ამ ლეკვს უყოფდა... აი, ეს ბიჭი გახლავთ ჩემთვის დიდი ქართველი.
ხმაში ემოცია ძალობს. სინანულით ამბობს, თითქოს ამავე თემას განაგრძობს:
- მე რომ ცხოვრებაში იმის საშუალება მქონოდა, რომ ეს პატარა არსება ისე აღმეზარდა, რომ მას არაფერი დაკლებოდა, მე იმ სიყვარულით აღსავსე ბიჭუნას იმ ბავშვთა სახლიდან იმ დღესვე წამოვიყვანდი... და არა მარტო მას... და უბედნიერესი ქალი ვიქნებოდი...
თვალებს ხრის... სიგარეტის ღერს აწვალებს... სასტუმრო ოთახში დუმილი შემოდის და ჩემსა და ქალბატონ დოდოს შორის ისვეტება. და კიდევ რამდენიმე წამში...
„ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან...“
ერთი ამოსუნთვით, საოცარი მუხტით, ისეთი შინაგანი ენერგიით, რომ კაცი იფიქრებს, საცაა აენთება ან ფრთებს შეისხამს და გაფრინდებაო...
და მერე, ამ ნაწყვეტის დასრულებისთანავე სულ სხვა ტალღა და ემოცია:
„ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?“
პირველად ვნანობ, რომ დიქტოფონი არ მაქვს (და არც არასოდეს მქონია) და ამ საოცარი ქალბატონის მიერ ასე მომაჯადოებლად წაკითხული ქართული პოეზიის შედევრები ვერ ჩავიწერე. დიდ მადლობას ვუხდი და პოეზიის თემას ვაგრძელებთ. მისი საყვარელი პოეტებია გალაკტიონი, ლადო ასათიანი, მეტადრე ანა კალანდაძე... ანასადმი მიძღვნილ საკუთარ ლექსს მიკითხავს:
„ჩემო ანიკო, ანაო,
რამ შეგქმნა ამისთანაო?..
ყველა ბალახს და ყვავილსა
ასწავლე ანა-ბანაო...“
პოეზიას (გალაკტიონს, ლადოს...) წიგნის კარადის წინ დადგმულ პატარა მაგიდაზე ვპოულობ, იქვეა დოდო ჭიჭინაძის სამაგიდო წიგნები, მათ შორის: ზაქარია ჭიჭინაძე და ჭაბუა ამირეჯიბი, რომლის წიგნსაც ასეთი წარწერა აქვს: „ქართული სილამაზისა და კეთილშობილების უმაღლესობას - ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს!..“
საუბარს ისევ ქართულ კინოსა და თეატრზე განვაგრძობთ. მიიჩნებს, რომ ჩვენ მსოფლიო მნიშვნელობის ფილმები გვაქვს გადაღებული და მათ შორის „ჯარისკაცის მამას“ და „მიფრინავენ წეროები“-ს გამოჰყოფს.
- მშობლების თხოვნით სამედიცინოზე ჩავაბარე. სტუდენტი ვიყავი, როცა სრულიად შემთხვევით ამიყვანეს სურათზე და ეს სურათი იყო „დავით გურამიშვილი“. უცებ ხელოვანი ხალხის გარემოცვაში აღმოვჩნდი. როცა კინოში მიმიყვანეს, ფილმის მხატვარმა თქვა, აი, თურმე ვინ დამიხატავსო. „დავით გურამიშვილში“ თამაშის შემდეგ ვახტანგ ტაბლიაშვილმა მითხრა, შენ მარჯანიშვილის თეატრში უნდა წამოხვიდეო. გამოცდის დროს ხმის დიდი დიაპაზონი აღმომაჩნდა. ერთ დღეს ორჯერ ვითამაშე მედეა, რაც წარმოუდგენელ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. მახსოვს, ათენიდან დიდი ბერძენი მსახიობი ასპაზია პაპატანასიუ რომ ჩამოვიდა და ქართულ სცენაზე არჩილ ჩხარტიშვილის მიერ დადგმული ევრიპიდეს „მედეა“ იხილა, თქვა, ასეთი მაღალი დონის მედეა არსად არ მინახავსო.
...მანდილოსნისთვის უჩვეულოდ დიდი ზომის ჯვარს ატარებს - ბოლნისის სიონის ბარელიეფის ფორმის... ქალბატონი დოდო რწმენაზე, სულიერებაზე საუბრით განაგრძობს და ჩვეული ემოცია უბრუნდება.
- მართლმადიდებლობა ჩემთვის ყველაფერია. აი, ამ დიდებულმა ადამიანმა, - ტელევიზორთან მდგარ ჩარჩოში ჩასმულ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის სურათზე მიმითითებს, - გამოგვატარა უმძიმეს წლებს და უფლის სიყვარულმა გადაგვარჩინა. მე ყოველთვის ეკლესიური ვიყავი და თვით საბჭოთა ეპოქაშიც უამრავი ბავშვი მყავს მონათლული. ეს უდიდესი განძია, რადგან ყველგან და ყოველთვის სიკეთის თესვას გვასწავლის. ლექსი ვეფხისა და მოყმისა მინდა გავიხსენო, ვაჟკაცის დედა, რომელიც მოკლული ვეფხვის დედასთან მიდის სამძიმრის სათქმელად... აი, ეს არის ქრისტიანობა და სიყვარული...
ვიხსენებ ცნობილ ამბავს, როცა რომის აწ გარდაცვლილ პაპს იოანე-პავლე II-ს ულამაზესი ქართველი ქალების - ლიანა ასათიანის, მედეა ჯაფარიძის, ლია ელიავასა და დოდო ჭიჭინაძის ფოტოსურათები მიუტანეს და მათ შესახებ თავისი მოსაზრების გაზიარება სთხოვეს. მაშინ რომის პაპმა მედეა ჯაფარიძისა და ლია ელიავას სილამაზეს „ევროპული სილამაზე“ უწოდა, ლიანა ასათიანისას - „აღმოსავლური“, ხოლო დოდო ჭიჭინაძისას - „ტიპიური ქართული სილამაზე“. როგორც ქალბატონი დოდო ამბობს, ეს ფოტო ახლაც ამშვენებს პაპის ერთ-ერთი რეზიდენციის გალერეას. ვერ ვიკავებ თავს და მისეული სილამაზის საიდუმლოს შესახებ ვეკითხები...
- სილამაზის საიდუმლოს რაც შეეხება, სულიერად უნდა იყო ნათელი, მაშინ თვალებიდან და მთელი სახიდან სინათლე წამოვა და არ დაბერდები... - ამბობს და ისევ იღიმება...
კვლავ წიგნის კარადის მინაზე დამაგრებულ სურათს შევყურებ, იქიდან სწორედ ისეთი ნათელი იღვრება, როგორიც ჩემი მასპინძლის წრფელი და კრიალა თვალებიდან... ეს დოდო ჭიჭინაძის სილამაზის საიდუმლოა. მას სულის მშვენიერება და ნათელი ჰქვია და იგი არასოდეს ხუნდება.
ცხადია, ასაკზე არ ვეკითხები, თავადვე მიმხელს:
- 28 თებერვალს 85 წლისა შევსრულდი. ოცდაოთხ ქვეყანაში ვარ ნამყოფი... ორი საღამო მქონდა მოსკოვში, ერთი თეატრის, ხოლო მეორე - კინოს ხაზით.
ზარდახშიდან ვერიკო ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილის სახელობის მედლები ამოაქვს...
ჩემი თხოვნით დიდ კონვერტში ჩალაგებულ ფოტოსურათებს არჩევს. საოჯახო ალბომში ისეთ ფოტოს ეძებს, რომელიც ჯერ არსად დაბეჭდილა. პოულობს. ცოტა ხანს აფასებს, მერე მიწვდის...
მე უწინდელზე უფრო გაოცებული ვრჩები - კიდევ ერთი შავ-თეთრი ფოტოდან ქართული სილამაზის თვალცრემლიანი ეტალონი მიცქერის...
რობერტ მესხი
![]() |
4 ეთნოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 საქართველოს დაუშრეტი საუნჯე... |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ყველაფერზე გაცხარებით საუბრობენ: პოლიტიკაზე, ცხოვრებაზე, აწმყოზე, მომავალზე, კულტურაზე, ლიტერატურაზე, სპორტზე... ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიაზე, ჩვენი ქვეყნის საუნჯეებზე, საქართველოს რეალურ სახეზე, თითეული ძეგლი, მონასტერი, მუზეუმი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით მომავალში, აი, ცოცხალი სახე ჩვენი ევოლუციისა ახალ სამყაროში... ერს რომელსაც ასეთი დაუვიწყარი და განუმეორებელი ისტორია აქვს მომავლის ხატებას ვერავინ მოუშლის.
საკუთარ ქალაქში, ტრადიციებზე ფიქრისას დიდი არჩევანის მიუხედავად, სტატიისთვის თემის შერჩევა არ გამჭირვებია, ზუგდიდის დადიანების სასახლის კომპლექსი თავისთავად იზიდავს მნახველს. აქ, ამ ულამაზეს დარბაზებში ქართველი დიდგვაროვნები სამეგრელოს ისტორიას ქმნიდნენ.
ასე შეიქმნა სასახლე:
ლევან II დადიანის დროს იქცა ზუგდიდი სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ზუგდიდი საკმაოდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი). დედოფლისეული სასახლე XIX ს-ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულის თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. სასახლეს ამშვენებს აივანი, რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს. ზუსტად არ არის ცნობილი ვინ არის აივნის არქიტექტორი, თუმცა გადმოცემის მიხედვით, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს აივნის გასაკეთებლად ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოუწვევია და მათთვის მანამდე არნახული არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაუვალებია, ყოველი დეტალი თაფლში სხვადასხვა ტემპერატურაზეა მოხარშული.
ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.
მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე (დამაარსებელი აკაკი ჭანტურია).
სასახლეში დაცული უძველესი ექსპონატები და სიწმინდეები.
მუზეუმი დაფუძნდა 1921 წელს. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა, ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად მუზეუმში დაცულია 44 475 ექსპონატი, მათ შორის: ძვ. წ. I ს. - ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები (ხატები და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების ნიმუშები), ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექცია, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილი); სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც სასახლეში აღმოჩნდა დავით დადიანის სიძის - აშილ მიურატის მეოხებით) რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიები, XV-XIX ს-ის ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები, რუსი „პერედვიჟნიკების“, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი „მარინისტების“ ფერწერული ტილოები, მდიდარი ფოტოფონდი (5000 ფოტო), ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელი და სხვა. ფილიალი: იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი (ცაიში).
აქვეა ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშები, გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილებია ჩაბრძანებული; კარედი ხატი წმ. გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI); ხატი წმ. გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი.
ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე -ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში.
ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმ. მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმ. გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი.
წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის ლუსკუმაში, რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფული გამოსახულებით. ლუსკუმის მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან-დარეჯანი.
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია XVI-XIX სს. უნიკალური ხელნაწერი წიგნები, მინიატურები და სიგელ-გუჯრები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიტერატურული არქივი, სადაც შემონახულია XIX-XX სს. გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა გრიგოლ ორბელიანის, პლატონ იოსელიანის, იონა მეუნარგიას, ნიკო ნიკოლაძის, თედო ჟორდანიას და სხვათა მიმოწერა.
მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილის ავეჯი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფრანგული ისტორიულ-კულტურული ძეგლები -სურათები და წიგნები, რომელიც ორი გზით შემოვიდა მუზეუმში. ერთ ნაწილს წარმოადგენს დადიანების კარზე შეკრებილი კოლექცია, ხოლო მეორეს პრინც აშილ მიურატის (1847-1895) მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები.
მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I-ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780-1838) პარიზში 1833 წელს. ნიღაბს ყელზე აწერია თაბაშირის ნიღბის გამკეთებლის სახელი „დოქტორი ფ. ანტომარკი“, მარცხნივ ბრინჯაოს ნიღბის ჩამომსხმელების სახელები „ლ. რიშარი და კენელი“ და ჩამოსხმის ადგილი „პარიზი“. წინ ყელთან გაკეთებულ მედალიონს აწერია: „ნაპოლეონი - იმპერატორი და მეფე“, აგრეთვე „ფ. ანტომარკი“ და ბრინჯაოს ჩამოსხმის წელი „1833“.
მუზეუმს გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს XIXს.-XX ს-ის დამდეგის უცხოურსა და განსაკუთრებით ფრანგული წიგნების შესანიშნავ კოლექციას, სადაც უხვადაა წარმოდგენილი ნაპოლეონის ეპოქის მემუარული და სხვა სახის ლიტერატურა.
მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს ქართველი, რუსი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები.
ანდრია დავითის ძე დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკე იყო. მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. 1900-1904 წლებში ანდრია მონტე-კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი იყო. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი (ლამაზი პარტიებისათვის).
ცნობილი და უნიკალური ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სამეგრელოს ყოფილ მთავართა - დადიანთა სასახლესთან გაშენებული დეკორატიული ბაღის გაგრძელებას, ამიტომ მისი ისტორია დაკავშირებულია თვით სასახლის ისტორიასთან. როგორც ჩანს ის წარმოიშვა მე-18 საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს უძველესი, უდაბური ტყის გაგრძელებას, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი კოლხიდა. 1842 წელს ლევან V-მ ტახტი დავითს გადასცა, რომელიც შეუდგა ბაღებისა და არხების განახლებას. მან საფუძველი ჩაუყარა ევროპული სტილის დეკორატიულ ბაღს. მისი მართვა-გამგეობა კი მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძეს გადასცა. ეკატერინემაც გამოიყენა უნარი და მაღალი კულტურული, ესთეტიკური გემოვნება და შექმნა ამიერკავკასიაში საუკეთესო ბოტანიკური ბაღი. გამოიწერა თესლეული და ნერგები ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და მოაშენა ზუგდიდში. მშენებლობის მთავარ ხელმძღვანელად მოწვეული იყო ქალაქ ტრესტიდან სპეციალისტი მებაღე ჟოსეფ ბაბინი.
დავითის გარდაცვალების შემდეგ 1853 წლიდან ბაღს ეკატერინე ჰპატრონობდა და კიდევ უფრო აუყვავებია იგი, მაგრამ 1856 წელს ომერ-ფაშამ გადაწვა სასახლე და ბაღი გაჩეხა. მან მთლიანად გაანადგურა ბაღის ორანჟერეა. ბაღი მიწასთან გაასწორა. ეს იყო მეგრელებისთვის გადახდილი სამაგიერო. გახმა და გადაშენდა მრავალი ეგზემპლიარი. ეკატერინემ ხელი მაინც არ ჩაიქნია და 1869 წელს ქალაქ ფარეზედან (იტალია) მებაღე-დეკორატორი, გაეტანო ზამბერლეტი მოიწვია. მალე მისი ძმა ჯიოვანიც ჩამოდის ეკატერინეს მოწვევით. მათ კვლავ აღადგინეს ბაღი. შემოიტანეს ძვირფასი თესლები და ნერგები. გააფართოვეს მისი სივრცე და ხეივნები.
ტრადიციები. ვლაქერნობა
პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდეებად ითვლებოდა.
გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს - გიორგი XII - ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და რუსეთში წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა, ნინო ბაგრატიონმა, ხატი იმპერატორ ალექსანდრე I- ს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა კვლავ სამეგრელოში დაბრუნება.
იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყლისათვის საგანგებო მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისის სახელით, განსვენებული მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად. ტაძრის აშენება თავს იდო გრიგოლ დადიანის მეკვიდრემ მთავარმა ლევან V დადიანმა, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1830 წელს, მარტვილის ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს. ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.
1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II- ის ლოცვა - კურთხევით ტაძარში მსახურება განახლდა.
ყოველი წლის 15 ივლისს, ( ძვ. სტ. - 2 ივლისი ), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა - ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმიდან.
დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური მრევლი.
საქართველოში უამრავი საუნჯე არსებობს, თითეული მათგანის შესწავლა და გაცნობა ისტორიის ფურცლებისკენ მიბრუნებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, ეგ ქართული სულის როკვაა მომავლისკენ და დიდებისკენ რომ მიიკვლევს გზას.… საქართველო ხატებაა თითეული ქართველის გულში სამუდამოდ აღბეჭდილი…
ზინაიდა მირცხულავა
![]() |
5 პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 დავით ციცქიშვილი: „საკუთარი თავის ღალატი უფლის ღალატის ტოლფასია“ |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ციცქიშვილი წლების განმავლობაში ფსიქოლოგიის კურსს კითხულობს თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, აქტიურად მუშაობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრში, არის რამდენიმე წიგნის ავტორი.
ბატონი დავითი სწავლობს ქართულ რეალობაში ნარკომანიის პრობლემას, მას საგანგებო გამოკვლევაც მიუძღვნა და გამოსცა სათაურით „ნარკომანიის მორევი“.
მკითხველისთვის უაღრესად საინტერესო და საყურადღებო იქნება მისი მოსაზრებები სხვა საკითხებთან დაკავშრებითაც.
- ბატონო დავით, თქვენ უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებულ ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრში ამ უმძიმესი სენით შეპყრობილ ადამიანებთან გიწევთ ურთიერთობა. გვიამბეთ ცენტრის დაფუძნებისა და მისი საქმიანობის შესახებ
- ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგად უმუშევრობა და ნარკომანია ქვეყანაში უპირველეს პრობლემებად დასახელდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეპიდემიაა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ეძალება ამ დამღუპველ საშუალებებს. ჩვენი ცენტრი მოწოდებულია, რომ ადამიანს მოუხსნას ნარკოტიკზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენს საქმიანობაში. თუმცა ამის მისაღწევად გარკვეული საფეხურებია გასავლელი: პირველ ეტაპზე ხდება ფიზიკური დამოკიდებულების, ე.წ. „ლომკის“ მოხსნა. ცნობილია, რომ ყველა ნარკომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადალახავს ფიზიკურ დამოკიდებულებას ნარკოტიკის მიმართ, თუმცა საბოლოოდ მაინც არ ხდება მისი სრული გათავისუფლება ამგვარი მიდრეკილებისაგან. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად არის დამოკიდებული ნარკოტიკულ საშუალებებზე: არსებობს მოსაზრება, თითქოს პიროვნება ამ გზით ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას, ნარკოტიკის საშუალებით ის უფრო გაბედული, თამამი ხდება. პარალელს სუფრასთან გავავლებ: რამდენიმე სადღეგრძელოს დალევის შემდეგ ჩვენ გვიადვილდება საკუთარი თავის წარმოჩენა, დავძლევთ სიმორცხვეს, ვღებულობთ სიამოვნებას, გარკვეულწილად გავრბივართ სინამდვილიდან ან გვიადვილდება ამ მდგომარეობაში ყოფნა. ნარკოტიკის შემთხვევაში კი ეს ფაქტორი უფრო თვალსაჩინოა და ეფექტური.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ნარკოტიკის საშუალებით ადამიანი გაურბის ყოველდღიურობის სიმძიმეს, ათასგვარ განსაცდელს, რაც უფლისგანაა დაშვებული ჩვენს გასაძლიერებლად. ბევრი ამსოფლიურ წნეხს ვერ უძლებს და ნარკოტიკში პოულობს „შვებას“. ჩვენი ცენტრის მიზანია, რომ ადამიანის ნარკოტიკისკენ გაქცევის სწრაფვა მოვთოკოთ, ვასწავლოთ ნარკომანს სენთან ბრძოლის ხერხები. ნარკოტიკზე უარის თქმის შემთხვევაში მასზე დამოკიდებული ადამიანები კრიტიკულ მდგომარეობაში ვარდებიან, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილები მიისწრაფვიან ჭაობისკენ. ჩვენ მათთან ერთად ვებრძვით ამ სასიკვდილო სენს.
- რამდენად ხშირად იგებთ ამ ბრძოლას?
- ამ ჭიდილში ხშირად ვმარცხდებით... თითქოს ნარკოტიკისთვის თავის დანებება ყველას უნდა, თითქოს უნდათ თავი დაიხსნან ამ დამოკიდებულებისგან, მაგრამ გადამწყვეტ დროს მათგან ძალიან ცოტა იჩენს სათანადო ძალისხმევას. პრობლემა პიროვნებასა და მის ნებისყოფაშია. ჩვენ ვცდილობთ, ყველა პირობა შევუქმნათ ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად, დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული - რეაბილიტაციის ცენტრში ადამიანებს ვეუბნებით, რომ ღმერთს შეუძლია მათი წუთის მეათედში შეცვლა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მოხსნა, მაგრამ არ აკეთებს: უფალი ელოდება, თუ როდის გადადგამს ადამიანი ნაბიჯს მისკენ, საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე როდის იტყვის უარს თვითმკვლელობაზე.
- ბატონო დავით, თანამედროვე მსოფლიო ნარკომანიას სხვადასხვა გზით ებრძვის: სენზე დამოკიდებულ ადამიანებს მედიკამენტური, ფსიქოლოგიური, სარეაბილიტაციო და სხვა საშუალებებით მკურნალობენ. საქართველოში ალბათ გაცილებით ადვილია ადამიანი გამოიხსნათ ნარკომანიისგან, რადგან დედაეკლესია და მისი სწავლება გეხმარებათ...
- გეთანხმებით... საბედნიეროდ, ათეისტური ეპოქა ისტორიას ჩაბარდა. პრიმიტივიზმია, თანამედროვე ადამიანს არ სჯეროდეს უფლის. ვიცით, რომ ჭეშმარიტ ნათელთან ერთად ჩვენს წუთისოფელზე ბოროტი ძალაც მოქმედებს. ნარკომანს სწორედ უფლის საწინააღმდეგო ძალა მოუწოდებს უკეთურების ჩასადენად. დამერწმუნეთ, ამ სულიერ ჭიდილში მარტო მედიკამენტებით, მხოლოდ ფსიქოლოგის ჩარევით ვერ გავხდებით ვერაფერს. აქ უმთავრესია მადლი, რომელიც ეკლესიის წიაღშია. ამიტომაც ჩვენი საყრდენი არის ეკლესია. ვცდილობთ, რომ ცენტრში მოსული ადამიანი ტაძარში სულიერ მოძღვართან მივიყვანოთ. დამეთანხმებით, რომ ყველა ვერ გამოდგება ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანის მოძღვრად: ეკლესიური ცხოვრება ცოდნისა და გამოცდილების გარეშე ქმედითი ვერ იქნება. აუცილებელია, რომ ულევი ეკლესიური ცოდნიდან და გამოცდილებიდან მოძღვარმა ამოკრიფოს ის აუცილებელი, რაც გადაარჩენს ნარკომანს - ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა მოძღვარი ამ მიმართულებით ვერ იჩენს სათანადო სიმარჯვეს.
- საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მუშაობენ კანონპროექტზე ნარკომანიის შესახებ. ცხადია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მომხმარებელი ნარკომანების მიმართ იცვლება - ნარკომანი არა თუ დამნაშავე, არამედ ავადმყოფია. თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
- გარკვეული ხნის მანძილზე ვმუშაობდი ნარკოპოლიტიკის შემმუშავებელ ჯგუფში. ეს ჯგუფი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის ფარგლებში მუშაობისას ყოველთვის ვაცხადებდი ჩემს მოსაზრებას: არა თუ ნარკოტიკის გამავრცელებელი, არამედ მომხმარებელიც უნდა დასჯილიყო რაღაც ფორმით - ჯარიმა იქნებოდა თუ სხვა სანქცია. საზოგადოებაში აუცილებლად უნდა იყოს შიშის ან დასჯის ფაქტორი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. თუ არ მოვთოკეთ ყოველგვარი საქმის გარეშე ქუჩაში მდგარი ახალგაზრდების მიდრეკილება ნარკომანიისკენ, შედეგი სავალალო იქნება. ამასთან, კანონპროექტში მოცემული გზა - ჯარიმის თანხით ნარკომანის მკურნალობისა მისაღებია.
- ბატონო დავით, დედაეკლესიის როლზე საუბრისას მიზანშეწონილი იქნება აღვნიშნოთ, თუ როგორ აგებინებენ ადამიანები ერთამენთს საკუთარ მოსაზრებებს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე სულიერ და ეროვნულ თემებს ეხება...
- ჩვენთვის მთავარი ის ეკლესიური სწავლებანი და მოძღვრებანია, რომლებიც ზომიერებით გამოირჩევიან, გვასწავლიან ადამიანებთან სიყვარულით ურთიერთობას და ჭეშმარიტებას ქადაგებენ. შესაბამისად, მაგალითიც იმ ადამიანებისგან უნდა ავიღოთ, ვინც ამ სიყვარულითა და ზომიერებით ცხოვრობენ. მისი უწმიდესობის თითოეული ქადაგება, ნაბიჯი ხომ ამ მოძღვრების გამოხატულებაა?! ამიტომაც, ის ერის უპირველესი ავტორიტეტია.
- ბატონო დავით, ზემოაღნიშნული და სხვა მტკივნეულ თემაზე მსჯელობისას ალბათ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ ერს თითქმის სამი საუკუნის განვავლობაში საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონია. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო „ცარიზზმა“, შემდგომ ტოტალიტარულმა რეჟიმმა ქართველებს ამოუშანთა ქვეყნის მართვის და გაძღოლის უნარი...
- გეთანხმებით. ორ ათეულ წელზე ოდნავ მეტია გასული მას შემდეგ, რაც ავად თუ კარგად საკუთარი თავი გვეკუთვნის. ახლად ფეხადგმულ ბავშვს ვგავართ, რომელსაც ეჩქარება ყველაფრის სწავლა: ხშირად ეცემა, შეცდომებს უშვებს. ქართული სახელმწიფო კიდევ ბევრ სირთულეს გადააწყდება, სანამ საკუთარ თავს დაიმკვიდრებს თანამდეროვე სამყაროში. ქართველები ასე ვთქვათ, მაქსიმალისტები ვართ - სხვებისგან განსხვავებით, ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთს მეტი სიმძაფრით, სისწრაფით გავდივართ, რაც ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ ამავე დროს მტკივნეულიცაა. მიუხედავად ბევრი სირთულისა და განსაცდელისა, მაინც ოპტიმისტად ვრჩები: მჯერა ქართული გონის, სულის, ინტუიციის, მიზანსწრაფვისა და ენერგიის. რაც მთავარია, საქართველო უფლისა და დედაღვთისმშობლისგან უზარმაზარი მადლითაა დაჯილდოებული.
მალხაზ ჭკადუა
![]() |
5.2 ჩვენი ენა ქართული - პრობლემები, ამოცანები, პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ვაჟა შენგელიასთან (არნ.ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).
რა ადგილი უჭირავს ქართულსა და სხვა ქართველურ ენებს ენათა სამყაროში?
მსოფლიოში რამდენიმე ათას ენაზე ლაპარაკობენ, რომლებიც წარმოშობითი ნათესაობის (გენეალოგიური კლასიფიკაციის) შესაბამისად ენათა ოჯახებს ქმნიან. ენათა ყველაზე ცნობილი ოჯახებია: ინდო-ევროპული, უნგრულ-ფინური ,,სემიტური, ალთაური....).
ყოველ ოჯახში რამდენიმე ჯგუფია (მაგალითად, ინდო-ევროპულ ენათა ოჯახში შედის: რომანული, სლავური, ინდური, ირანული და სხვა ჯგუფები).
შეიძლება ოჯახში ისეთი ენებიც იყოს, რომლებიც არცერთ ჯგუფში არ შედის და განცალკევებით დგას. ინდოევროპულ ენებში ასეთებია, მაგალითად, ბერძნული, სომხური, ალბანური....) ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური ერთ ჯგუფს ქმნიან, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფის სახელით არის ცნობილი და რომელიც იბერიულ-კავკასიურ, პალეოკავკასიურ ენათა ოჯახში შედის (ქართველური ჯგუფის გარდა, ამ ოჯახში გვაქვს კიდევ სამი ჯგუფი: აფხაზურ-ჩერქეზული, ნახური და დაღესტნური ჯგუფები).
იბერიულ-კავკასიურ ენათა გავრცელების ძირითადი არეალია კავკასია, რომლის ფარგლებს გარეთ ამ ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობა ცხოვრობს ირანსა (ფერეიდანი) და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (თურქეთი,სირია, იორდანია, ისრაელი....).
იბერიულ-კავკასიურ ენათა გარდა, კავკასიაში წარმოდგენილია ინდო-ევროპული (რუსული, სომხური, ოსური, ქურთული...), ალათაური (აზერბაიჯანული, ყარაჩაულ- ჩალურული, ყუმიკური...) სემიტური (ახალსირიული ან ასურული), უნგრულ-ფინური (ესტონური) ენები, სულ 50-ზე მეტი ენა. მათ შორის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის წევრი 30-ზე მეტია.
იბერიულ-კავკასიურ ენათაგან 15 სალიტერატურო ენააა, დანარჩენი - უმწერლობო. 15 ენიდან მხოლოდ ქართულია ძველი დამწერლობის მქონე, დანარჩენები ახალდამწერლობიანი ენებია. ბუნებრივია ქართული სალიტერატურო ენა მუდამ იყო და ამჟამადაც არის საერთო და მშობლიური ენა ყველა ქართველისათვის.
ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები, სხვა ქართველური ენები..... როგორია მათი ურთიერთდამოკიდებულება?
ქართული სალიტერატურო ენა ქართული ენის ფუნქციონირების უმაღლესი ფორმააა, მაგრამ გარდა ამისა არსებობს ამ ენის ტერიტორიული დიალექტები - ქართლური, კახური, იმერული, რაჭული, გურული, აჭარული, მესხური, ჯავახური, ფშაური, ხევსურული, მოხეური, მთიულური... (საქართველოს ფარგლებს გარეთ- იმერხეული, ფერეიდნული, ინგილოური, მოზდოკური).
მეგრულ-ლაზური და სვანურიც თანამედროვე სტატუსის მიხედვით, ქართული ენის განშტოებებად შეიძლება მივიჩნიოთ. ყველა ქართველური ენა-დიალექტი მეტად ღირებულია, როგორც სამყაროს ორიგინალური მსოფლხედვის გამოხატულება, ამასთან, როგორც ქართული სალიტერატურო ენის მასაზრდოებელი წყარო.
რა მნიშვნელობა აქვს ხალხისთვის, ქვეყნისთვის მშობლიურ ენას და ერთიან სალიტერატურო ენას? როგორია ჩვენთან ვითარება სალიტერატურო ენის ფუნქციონირების თვალსაზრისით?
სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ერის, ხალხის მეობა უპირველს ყოვლისა მშობლიურ ენაში ვლინდება. ენის სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული ენის კეთილდღეობაზე.
ენას ხალხი ქმნის, სალიტერატურო ენას-მწერლობა. ერთიანი სალიტერატურო ენა ერის ერთობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ქართული სალიტერატურო ენა მრავალფუნქციური (პოლივალენტური) ენაა, რომელიც ურთიერთობის საშუალებაც არის და განათლების, კულტურის, მწერლობის, თეატრის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, სახელისუფლებო და სახელმწიფო დაწესებულებათა სასამართლოს ენაც.
დღეს ბევრს საუბრობენ, რომ ქართულ სალიტერატურო ენას უჭირს: სხვადასხვა ნაბეჭდ პროდუქციაში (წიგნები, ბროშურები, რეკლამები, ფირნიშები) მასმედიაში, ოფიციალურ თუ კერძო საუბრებში ხშირია ენის დამახინჯების შემთხვევები.... რა არის ამის მიზეზი? რა უნდა ვიღონოთ არსებული ვითარების გამოსასწორებლად?
ქართულ სალიტერატურო ენას უჭირს როგორც ფუნქციონირების სივრცის შეზღუდვის, ისე მიღებულ ნორმათა დაცვის თვალსზრისით... როცა სივრცის შეზღუდვაზე ვლაპარაკობთ, თანამედროვე პირობებში, იგულისხმება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირების არეალის შემცირება (ტერიტორიების დაკარგვის გამო), ქართული მოსახლეობისათვის საზიანო დემოგრაფიული პროცესები (ქართველების მასობრივი ემიგრაცია და უცხოელების იმიგრაცია), ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის შემცირება, ქართულ-უცხოური და უცხოურ-ქართული საკმაო სიზუსტის მანქანური თარგმანის უქონლობა. კომპიუტერული ტექნოლოგიების სრულყოფილი ქართულენოვანი ვერსიების არარსებობა...
რაც შეეხება ენობრივ დარღვევებს, რომლებიც ოფიციალურ თუ კერძო პირთა გამოსვლებში, ნაბეჭდ პროდუქციას თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში შეინიშნება, სამწუხაროდ, უნდა ვაღაიროთ, რომ არასაკმაო ნაკითხობის, განათლების ნაკლებობის შედეგია. უფრო მწვავედაც შეიძლება ითქვას: მეტყველების კულტურის დაბალ დონეზე აზროვნების კულტურის შესაბამის დონეს გულისხმობს...
მდგომარეობის გამოსასწორებლად მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წიგნისაკენ მობრუნებააა საჭირო, შემდეგ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მდგომარეობის გამოსწორება...
გარდა ამისა, არ არის საკმარისი, რომ ენათმეცნიერები (პირველ რიგში არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და მისი ქართულის მეტყველების კულტურის განყოფილება) ზრუნავენ სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენაზე და ნორმათა კრებულებისა თუ ლექსიკონის შედგენა-გამოცემაზე, აუცილებელია სახელმწიფო ზრუნვა ამ საკითხზე- კერძოდ, საჭიროა არსებობდეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც არა მხოლოდ დააკანონებს სალიტერატურო ენის ნორმებს, არამედ, მათ დაცვაზეც იზრუნებს...
გარდა ზემოაღნიშნულისა, ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე პირობებში ყველა ენას, რომელზეც ადამიანთა შედარებით მცირე რაოდენობა ლაპარაკობს, საფრთხე ემუქრება მრავალრიცხოვან ხალხთა ენებისაგან, ამიტომ ენის დაცვა ხალხის, ქვეყნის დაცვად უნდა გავიაზროთ, რათა ჩვენი ენაც და მასთან ერთად ჩვენი ხალხიც გადარჩეს.
ესაუბრა ლელა გიგლემიანი
![]() |
6 რელიგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 მარხვა - სინანულისა, აღდგომა - სიხარულისა |
▲ზევით დაბრუნება |
მართლმადიდებელი სამყარო ახლა დიდი მარხვის პერიოდში იმყოფება, რათა სულიერი და ხორციელი განწმედის გზით მიეგებოს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას.
მორწმუნეთათვის მარხვა - ეს არის ზეიმი, როდესაც მორწმუნე მრევლი მარხვითა და სინანულით ცდილობს ცოდვათა შემსუბუქებას. როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს, შეუძლებელია ადამიანთათვის იყო სრულყოფილი, როგორც მამაზეციერია, მაგრამ ჩვენთვის შესაძლებელია და აუცილებელიცაა ამ სრულყოფილებისაკენ სწრაფვა და რათა დავბრუნდეთ ჩვენს პირველსამშობლოში - უფლის სასუფეველში. „სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11;12), - გვასწავლის სახარება.
რა არის საერთოდ დიდი მარხვა, როგორ უნდა მოემზადოს მორწმუნე ადამიანი დიდი მარხვისათვის, ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს გლდანის ლომისას წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ირაკლი კუთხაშვილი.
- დაგვლოცეთ, მამაო.
- ღმერთმა დაგლოცოთ!
- მამაო, დღეს მორწმუნე ერი იმყოფება დიდი მარხვის პერიოდში. რატომაა ის მძიმე მაშინ, როცა დღეების რაოდენობით, ფაქტობრივად, ქრისტეშობის მარხვის ტოლია?
- დიდი მარხვა ქრისტეშობის მარხვაზე ერთი კვირით მეტ ხანს გრძელდება და შვიდ კვირას ანუ 49 დღეს გრძელდება. მარტო ხანგრძლივობის გამო არ იწოდება დიდ მარხვად. არამედ ეს მომდინარეობს ამ მარხვის ხასიათიდან და სიმკაცრიდან. თუკი შობის მარხვაში, გარკვეული პერიოდი, მორწმუნეს შეუძლია თევზი მიიღოს საკვებად, სააღდგომო მარხვაში მხოლოდ რამოდენიმე დღე არის ამისათვის დაშვებული: ხარების დღესასწაულს, ბზობის წინადღესასწაულსა და საკუთრივ ბზობის დღესასწაულს. ასევე, უფრო გამკაცრებულია, განსაკუთრებულ დღეებში - პირველი კვირის და ვნების კვირის დღეებში, აგრეთვე სხვა კვირების ოთხშაბათსა და პარასკევს, ფაქტობრივად, უზეთო მარხვებია. არის განსაკუთრებით მძიმე დღეები, მაგალითად - დიდი პარასკევი. რა თქმა უნდა, მარხვის ფიზიკური სიმკაცრისგანაც მომდინარეობს და იმიდანაც რომ დამატებითი ლოცვებიც იკითხება, იცვლება ეკლესიაში მსახურების წესიც, ემატება სხვადასხვა ლოცვები და ამიტომ მეტად მძიმეა და, რა თქმა უნდა, მოლოდინია ისეთი დიდი დღესასწაულის, როგორიც არის აღდგომა.
- მამაო, რატომ იწყება დიდი მარხვა შენდობის კვირით?
- ეს ძველი ტრადიციაა და იგი უკავშირდება პირველი საუკუნეების მონასტრულ ცხოვრებას, როდესაც მოღვაწე მამები დიდი მარხვის დაწყების წინ გადიოდნენ მონასტრიდან და განმარტოებით მარხულობდნენ უდაბნოში. იმის გამო, რომ ეს მარხვა დიდხანს გრძელდება, ხდებოდა ისე, რომ ამ უდაბნოში მოღვაწეობის ჟამს, მთელი ამ 49 დღის განმავლობაში ბევრი იყო ხიფათიც, ბევრი იყო უძლურებაც და შეიძლებოდა, ვიღაც ვერ დაბრუნებულიყო უკან. ამიტომ ერთმანეთისგან წინასწარ ითხოვდნენ შენდობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებოდნენ მარხვას. სახარებაში აღწერილია, რომ, თუ შენ გინდა შეწირო მსხვერპლიო და შენს ძმასთან ხარ უბრად, ანუ არ ესაუბრები მას, გულძვირი ხარო, ანუ ნაწყენი ხარ შენს ძმაზე, ჯერ უნდა მიხვიდე შენს ძმას სთხოვო შენდობა და მხოლოდ მერე შეწირო მსხვერპლი, მარხვაც არის ყველაზე დიდი მსხვერპლი და, თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა, მისი მსხვერპლი არ შეიწირება. ამიტომ ჯერ ადამიანმა სხვასაც უნდა შეუნდოს და თვითონაც მიიღოს შენდობა.
- მამაო, დიდ მარხვის პირველ კვირას იკითხება ანდრია კრიტელის საგალობლები. რას უკავშირდება და რა დატვირთვა აქვს ამ საგალობლებს?
- მარხვა არის, აგრეთვე, პერიოდი სინანულისა, რომ ადამიანმა საკუთარი სინანულით გამოისყიდოს საკუთარი ცოდვები და, თუ სინანული არ არის, რა თქმა უნდა, იქ არ არის აღიარება ცოდვისა. იმის გამო, რომ ადამიანში გაჩნდეს ამგვარი გრძნობა, მეტი სინანული საკუთარი ცოდვების გამო, იკითხება ანდრია კრიტელის დიდი კანონი, რომელიც პირველი კვირის ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით იკითხება. იქ არის აღწერილი მთელი ძველი აღთქმის და წმიდა წერილის ის ისტორიული ადგილები, სადაც ისტორიულად ცნობილი პიროვნებები რა დიდ ცოდვებში იყვნენ ჩავარდნილნი და რა ღუპავს ადამიანის სულს. ხშირად ჩვენ არ ვუფიქრდებით ჩვენს საკუთარ ქმედებებს და ეს კანონი შეახსენებს მორწმუნეთ ამ მდგომარეობას და უფრო მეტი სინანულისკენ განაწყობს იმისათვის, რომ შემდეგ ადამიანები მივიდნენ უფალთან და ითხოვონ შენდობა, მიიღონ ასევე შენდობა და გახდნენ ღირსი უფალთან თანაზიარების. ამიტომ ანდრია კრიტელის დიდი კანონი იკითხება, ასევე, ბოლო კვირაშიც.
- მამა ირაკლი, თქვენ ახსენეთ, რომ დიდი მარხვის ღვთისმსახურება განსაკუთრებით გამორჩეულია და ტაძარში ანალოღიები და მღდელმსახურთა შესამოსელიც შავი ფერისაა.
- ეს არის სამგლოვიარო ხასიათის ზოგადად და არა მხოლოდ ამის გამო. თუკი სხვა დღეებში აცვიათ ძვირფასი შესამოსელი, მარხვა ეს არის უბრალოების პერიოდი: დატოვება ყოველი ამქვეყნიური საზრუნავისა და ხასიათიც რომ შეიქმნას ამგვარი, ეკლესიაში ამისთვის არის ეს საჭირო, რომ ადამიანებში ნაკლები იყოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოლოდინი და სიხარული არის მთავარი და ეს არის აღდგომის სიხარულის მოლოდინი. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ, როგორც უფალი ბრძანებს, როცა მარხულობთ თქვენო, გახდეთ მწუხარე და ზეთი არ იცხოთო:
„და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყვი თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავ დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (მთ. 6;16-18).
მორწმუნე მრევლი ერთმანეთს ულოცავს მარხვის დაწყებას. ეს არის სიხარული, ეს არის განწმენდისთვის საუკეთესო დრო, ეს არის სულიერი მდგომარეობა ადამიანისა. ეს არის ჭიდილი საკუთარ ცოდვებთან, რასაც შემდეგ მოყვება ყველაზე დიდი სიხარული - აღდგომის სიხარული. რა თქმა უნდა, რომელ ადამიანშიც არის აღდგომის იმედი და მოლოდინი, ბუნებრივია, მათში აუცილებლად შედის ის აღდგომის მადლი და სიხარული.
- მამაო, შვიდგზის ზეთისცხება მხოლოდ ამ მარხვაში აღესრულება და რატომ?
- შვიდგზის ზეთისცხება არ აღესრულება მხოლოდ მარხვაში. უბრალოდ, შვიდგზის ზეთისცხება არ არის ცალკე საიდუმლო, მისი აღსრულება შეიძლება ყოველთვის, მაგრამ ის არ ატარებს საზოგადო ხასიათს. საზოგადო ხასიათით ჩვენს ეკლესიაში აღესრულება დიდი მარხვის განმავლობაში, რათა მორწმუნე მრევლი კიდევ უფრო გაძლიერდეს სულიერად, ფიზიკურადაც.
- ახლოვდება ხარებისა და ბზობის დღესასწაულები და ორიოდე სიტყვით გვიამბეთ მათ შესახებ.
- ორი უდიდესი დღესასწაულია ათორმეტთაგანი, ხარებისა და ბზობისა.
ხარების დღესასწაული ეს არის დასაწყისი ადამიანის შერიგებისა უფალთან, რომ მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ეხარა ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობელს განსაკუთრებული სიხარული, რომელსაც მანამდე მთელი კაცობრიობა ელოდებოდა. ეს არის მესიის, მხსნელის მოვლინების ამბავი:
„და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.
ხოლო მან რაი იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაი ესე?
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თვისისაი, და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ“ (ლკ. 1;28-33).
ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა და რა თქმა უნდა, უკვე აქედან იწყება ის, რომ, აღსრულდა ის აღთქმა, რომელიც ადამიანებს მიეცათ, რომ ადამიანებს მოევლინებოდა მესია დ აისიხსნიდა მარადიული სატანჯველისაგან, იმ სასჯელისაგან, რომელიც უფლის მიერ და საკუთარი ცოდვების გამო იყო მოვლენილი.
ბზობის დღესასწაული კი ეს არის უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ამავდროულად მისი განცხადება, აღიარება იმ ხალხის მიერ, რომლებიც იქ მას დახვდნენ, როგორც მესიის, როგორც დიდი წინასწარმეტყველის, როგორც ცხებულის, როგორც ქრისტეს:
„ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მთ. 21;9).
მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხმა ჯვარს გააკრა მაცხოვარი და ყვიროდნენ „ჯვარს აცვიო“.
- ცნობილია, რომ დიდ შაბათს იერუსალიმში გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი.
- დიახ, განსაკუთრებული სასწაულია ჩვენს მართლმადიდებლურ სამყაროში. იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, იქ, სადაც მაცხოვარი იყო დასვენებული, სწორედ, დიდ შაბათს გარდამოდის საღვთო ცეცხლი. ეს არის ერთ-ერთი დადასტურება ჩვენი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა. მე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი და დავსწრებოდი ამ საოცარ მოვლენას. ეს არის მოლოდინი აღდგომის და, ვინც სასოებით და იმედით მოელის, რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ ამას და ეს გაცხადებულად მიენიჭება. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც სანამ არ დაინახავენ, ვერ ირწმუნებენ ხოლმე? ჩვენ კი ამის გამო არ გვწამს, მაგრამ ჩვენ გვეძლევა ასეთი სასწაული იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და არა იმიტომ, რომ ამის გამო ვირწმუნოთ. ეს სასწაული არის ნათელი დადასტურება იმისი, რომ ჩვენ მართლაც გვწამს ჭეშმარიტად და ჩვენი ეს მოლოდინი და იმედი ასევე არის ჭეშმარიტი, რადგან ეს ხდება მხოლოდ იმ აღდგომას, რომელსაც ჩვენ მართლმადიდებლები ავღნიშნავთ და არა რომელიმე სხვა კონფესია და როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი შედის უფლის, მაცხოვრის საფლავზე.
- გმადლობთ, მამაო, საინტერესო საუბრისათვის.
რამდენიმე დღეც და ყველა მორწმუნეს ეხარება სანატრელი სიტყვები, რომ:
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
კახა კვაშილავა
![]() |
7 საინტერესო პროფესიები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 მუსიკის მარადიული მოწაფე |
▲ზევით დაბრუნება |
515-ე კლასი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
სამი ხელოვანი მუსიკის გენიას ეჭიდება. ოთახში ალბათ პლიუს ოცდაათი გრადუსია. კონცერტმაისტერ სოფო გოშაძის თითები კლავიშებზე კარნავალს მართავენ, მომღერალი მამუკა ტეფნაძე დონ-ჟუანის ერთ-ერთ არიას იმეორებს, ბგერები ჰაერში ირევიან და მგონია, ხმა შენობას დაანგრევს. ივლისში „დონ ჟუანის“ განახლებული წარმოდგენა იმართება და დირიჟორი მამუკას თითოეულ სუნთქვას და ბგერას უკვირდება. აჩერებს.
მუსიკალური ტერმინები ასევე მუსიკალურ იტალიურ ენაზე გამუდმებით ისმის.
„ეს არის ის, რითაც იწყება ოპერა“, - გოგი ჭიჭინაძის რეპლიკები პაუზებს შორის ამოსუნთქვასავით ჟღერს.
რეპეტიციის შეწყვეტას და საუბრის დაწყებას არც ვფიქრობ, მინდა მეც გავყვე ამ მუსიკას და წაიშალოს დრო და სივრცე, თუმცა...
ემოციებიდან მოსული ხელოვანი
„ბავშვობის შეგრძნებებიდან, ემოციებიდან მოვდივარ ისევე, როგორც ყველა ადამიანი და შემოქმედი. თავს გადახდენილ ამბებს მტკივნეულად აღვიქვამდი და ეს ყოველთვის მიკვირდა საკუთარ თავში. უამრავ რამეს ვგრძნობდი და განვიცდიდი, თუმცა ვერ ვაანალიზებდი, არსს ვერ ვწვდებოდი. ჩვეულებრივი მოზარდი ვიყავი ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ დიდი ემოციურობა, რაც ჩემი დამსახურება არ არის, გარკვეულ ჭიდილს და მეტოქეობას იწვევდა გონებასა და გულში. ამგვარი აღქმა ძალიან ბევრ ფერს მატებდა ყოველდღიურობას. უკვე შემდეგ ამ განცდების გადატანა მუსიკაში შევძელი, რაც ძალიან მეხმარება“.
გოგი ჭიჭინაძე 18 წლის იყო, როცა პირველად უდირიჟორა ორკესტრს მოსკოვში. საქართველოშიც ადრეულ, 23 წლის ასაკში მოუწია პროფესიული კარიერის დაწყება. თუმცა მანამდე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტი და პარალელურად საოპერო სიმფონიური დირიჟორობის სრული კურსი იყო. 2004 წლიდან ხელოვანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე და დირიჟორია. პარალელურად ასწავლის კონსერვატორიაში.
თანდაყოლილმა სურვილმა, ეპოვა პასუხები კითხვაზე „რატომ“ და „როგორ“ სამყარო გაცილებით მრავალფეროვანი და პატარა გახადა მისთვის:
„მოსკოვში ვიზრდებოდი. პატარაობისას, როცა სულ რაღაც ორი-სამი წლის ვიყავი, მყისიერად შემეძლო სადმე დავკარგულიყავი. ამგვარი გაუჩინარებები ხშირი იყო. როგორც დედაჩემი იხსენებს, ყოველთვის ქუჩაში მპოულობდნენ და რამდენიმე ადამიანის საუბარს ვისმენდი. ახლაც მიყვარს ასეთი დაკვირვებები: შინაარსობრივ მხარეზე მეტად, სათქმელის გამოხატვის ფორმები მხიბლავს: როგორ აისახება განცდები ადამიანის სახეზე, მის ჟესტიკულაციაზე, ინტონაციაზე, თვალებზე, სუნთქვაზე... კითხვაზე „რა“ მეტად ჩემთვის გაცილებით მნიშველოვანი იყო „როგორ“. ჩემთვის არსი ინტონაციაა, ბგერითი ინფორმაცია, ემოცია.
იმისთვის, ვისთვისაც არსი ინტონაციაა, მუსიკა გადარჩენაა. ამ გადარჩენის გზაზე თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა: უდირიჟორა ათეულობით ქვეყნის ცნობილ ორკესტრებს, 200-ზე მეტი კონცერტი გამართა, მას ერთნაირად კარგად ღებულობენ ტრადიციულ-ნოვატორულ იაპონიაშიც და ორთოდოქსალურ სირიაში:
„არც კი ვიცი, რამდენად მიყვარს ან მიყვარს კი ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ?! მაგრამ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ბგერისა და ნოტის გარეშე დარჩენილი ალბათ თავს ვერ მოვიკლავდი, მაგრამ ჩემს არსებობას ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა.
ხელოვნება არა მარტო სილამაზეს, ზოგადად, ყველაფერს იტევს: მას სჩვევია იატაკიდან ნაგვის აღებაც, ყოველდიური სიმახინჯეების ამოკრეფვაც, თუმცა ამ ყველაფერს ის შესაბამის ფორმაში აქცევს. მუსიკა ერთნაირი ექსპრესიულობით გვიყვება სიყვარულზე, სიძულვილზე, ერთგულებაზე, ღალატზე... ჭეშმარიტმა ხელოვანმა პირდაპირ კი არ უნდა გადმოიტანოს რეალობაში არსებული თემები, მას გარკვეული სამოსი უნდა მოარგოს და შესთავაზოს მსმენელს თუ მაყურებელს. ადამიანს ხელოვანის ანალიზის შედეგად გადამუშავებული რეალობის დანახვა სურს, სადაც ესთეტიურად იქნება გადმოცემული ამბები და ადამიანთა ისტორიები. შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედმა ახალი სინამდვილეც კი უნდა შექმნას, სადაც რეალურად არსებული მოვლენებს და ადამიანებს ექნებათ თავიანთი ადგილი.
შეგრძნებებზე შეყვარებული დირიჟორი თუ არშემდგარი ლიტერატორი
„ერთ დროს ვწერდი, ესსებში გადამქონდა ფიქრები და განცდები. კნუტ ჰამსუნზე დავიწყე წერა, საკმაოდ გატაცებული ვიყავი ამით და ვგრძნობდი, რომ გაკრვეულ შედეგამდე მივიდოდი. თუმცა იმ პერიოდში სრულიად ახალგაზრდას, 23 წლის ასაკში სადირიჟორო დებიუტი მქონდა ქუთაისის ორკესტთან. როგორც კი საბოლოოდ შევდგი ფეხი მუსიკალურ სფეროში და დაიწყო ჩემი, როგორც დირიჟორის კარიერა საქართველოში, ის ნაწერები გადავდე და მიმავიწყდა კიდეც. შესაძლოა, რომ არა მუსიკა, სათქმელი ლიტერატურით მეთქვა, მაგრამ ცხოვრებამ სხვა მიმართულებით გამიტაცა. არ შემრცხვება ამის თქმა: ახლაც რომ ვკითხულობ ჩემს შენახულ ნაწერებს, საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია. თუმცა მუსიკით იმდენად ვარ შეპყრობილი, რომ არც მაქვს სხვა რამის კეთების საშუალება და რასაკვირველია, სურვილიც.
აქამდე შეუცნობელი და ძვირად შესაცნობი
„მუსიკაში ბოლომდე ვრჩები მოწაფის პოზიციაში. კომპოზიტორები, რასაც წერდნენ და წერენ, სასწაულია და ამას გაცოცხლება, აღჟერება სჭირდება ყოველი შეხებისას. შეუძლებელია გენიოსების ბოლომდე შეცნობა, ხელოვანიც მუდამ ძიების პროცესშია, თვითკმაყოფილება უნდა გამოირიცხოს. როცა ნებისმიერ დიდ ნაწარმოებს ეხები და გსურს მსმენელამდე მიიტანო შენი ჩანაფიქრი ან ამა თუ იმ შედევრის იდეა, ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება უნდა გქონდეს, რომ პირველად ხედავ ამ ნოტებს. ვთქვათ, ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია - ეს ისეთი შედევრია, რომ თუნდაც მეოცეჯერ აჟღერებდე, უნდა ეცადო, რომ სულ მცირე, ერთი ფერი შემატო მას, მაპატიეთ, შემატო კი არა, პირიქით, იქიდან გამოამზიურო ის განძი, რაც დევს. რაც უნდა დიდი იყოს დირიჟორი, მან რა უნდა შემატოს მუსიკის გენიოსებს - დღენიანად მათგან უნდა ისწავლოს და უსმინოს, უსმინოს მანამ, სანამ არ დაინახავს და ნაწილობრივ მაინც არ შეიგრძნობს. ეს დაუსრულებელი პროცესი და მუდმივი განვათარების საფუძველი.
ბევრ რამეს ვსწავლობ მომღერლისგან, საკუთარი გამოცდილებიდან. ახალი ოპერის დადგმისას მომღერლის პედაგოგობისგან თავად ვსწავლობ, ვიგებ და ვუკვირდები სუნთქვას, ფრაზას. ადრე არც მეგონა, რომ ასეთ გამოულეველ საგანძურთან მექნებოდა ურთიერთობა - ყოველდღე ახალ საგნებს, მინიშნებებს და იდეებს ეცნობი. ნურავინ იტყვის, რომ მეტრია მუსიკაში - სიკვიდილის სარეცელზე მყოფი, თუ ვიტყვი, რომ ერთი-ორი ნოტი კარგად ავაჟღერე, ეს ნამდვილი ბედნიერება იქნება ჩემთვის.
ჯოხით ორკესტრისკენ და ზურგით მაყურებლისკენ
„ორკესტრის მართვა საშინლად რთულია. ვერ წარმომედგინა, თუ ამდენ სიძნელეს გადავაწყდებოდი. შესაძლოა ამ ცოდნის შემთხვევაში, არც ჩავჭიდებოდი ამ საქმეს. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ასი ადამიანის წინაშე, ყველა მათგანი უმაღლესი განათლებითაა, ზოგი კი პროფესორია კონსერვატორიასა და სხვა მუსიკალურ სასწავლებელში. დგახართ მათ წინაშე და აუცილებლად უნდა გაამართლოთ დირიჟორის ადგილას თქვენი ყოფნა - მაღალი დონის მუსიკოსი უნდა იყოთ. ამ შემთხვევაში, პიროვნულ მომენტებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბავშვობის შეგრძნებებიდან მოსული ხელოვანისთვის, როგორც თავად ამბობს, მუსიკა და პირადი ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მისთვის შეუძლებელია ერთი მეორისგან არ გამომდინარეობდეს ან პირიქით. თუმცა კარგად ესმის, რომ პირადი განწყობების მიხედვით ვერ ჩაეჭიდება საქმეს, რადგან ამას არც საკუთარ თავს აპატიებს და მით უმეტეს, არც მსმენელი შეუნდობს.
გოგი ჭიჭინაძე, როგორც თვიონ ამბობს, მუსიკასა და ცხოვრებაში ფერებს აგროვებს და ყოველ კონცერტზე მსმენელს ჯადოქარივით უხვად ასაჩუქრებს გრძნობებით.
მალხაზ ჭკადუა
![]() |
8 ლიტერატურული კუთხე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 ანტიციპაცია -მარადიულობის გარანტი |
▲ზევით დაბრუნება |
(1959 წლის 17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის ტრაგიკული გარდაცვალების თარიღია)
ყოველ დროს თავისი ღმერთები და კერპები ჰყავს, მოვლენათა, პიროვნებათა, მხატვრული ნაწარმოების თავისებური კრიტერიუმები გააჩნია, მაგრამ ეფემერული დიდების პარალელურად, არსებობს „დიდება მარადისი“ და უსაზღვრობის წინაშე უკვდავია მხოლოდ რელიგიური, ამდენად ჰუმანური, მაღალმხატვრული, სულიერი ინდივიდუალურობით, სიბრძნით გამორჩეული ხელოვნება. ბიბლიურ წინასწარმეტყველთა, სიწმინდით მომადლებულ ღვთისმეტყველთა აზრით კი სიბრძნე ღმერთია.
არსებობს ორგვარი სიბრძნე: მიწიერი, წარმავალი, ეშმაკეული სიბრძნე (ბარუქ წინასწარმეტყველი 3,12) და ღვთიური, სამართლიანი, მარადიული სიბრძნე (პავლე მოციქული, (კორინთელთა,2,6,7).
მარადიული სიბრძნის მომნიჭებელი ღმერთია და მხოლოდ წმინდა გზაზე მოარულნი ეღირსებიან მას.
ზეციურ სიბრძნესთან წილნაყარი სიტყვის რჩეულნი ერის, კაცობრიობის მარადიულ თანამდევ სულებად გვევლიანებიან და ადამიანთა სულის ზრდას, ტაძრისკენ მათ გაძღოლას ემსახურებიან.
ღმერთის, რწმენის გზით მოარული პოეტი იყო გალაკტიონ ტაბიძე. მისი შემოქმედებისათვის თვალის გადევნება გვარწმუნებს, რომ ანტიციპაციის უნარით მომადლებული ლირიკოსის მიერ განჭვრეტილი ადამიანური, ეროვნული თუ საკაცობრიო პრობლემები დღესაც აქტუალურია.
ანტიციპაცია ჭეშმარიტი, საღვთო სიტყვის მისიად მიიჩნევა, იგი ნათელხილვის და ნათელსმენის უნარით მომადლებულთა მადლია. ცოდნა რაციონალურიც არის და ინტუიციურიც. ხშირად არაცნობიერი ფენომენი წარმატებით წყვეტს იმ ამოცანებს, რომელთა გადაჭრა არ შეუძლია გონებას.
წინასწარმეტყველური სიზმრები, ტელეპატიური ფენომენები ინტუიციის სფეროს განეკუთვნება და შეიძლება გვამცნობდეს გარდუვალ ჭეშმარიტებებს, ფილოსოფიურ დებულებებს, მომავლის გეგმებს, ანტიციპაციას.
ბიბლიაში, წინასწარმეტყველთა წიგნებში ხილვებით, ენიგმებით, იგავებით გაცხადებულია მომავლის მოვლენები.
აღმოსავლური სამყაროს მხატვრულ, რელიგიურ, ფილოსოფიურ თხზულებებში (ბჰაგავად-გიტა, ლაო-ძი, აღმოსავლური პოეზია) საუბარია შინაგან ჭვრეტაზე, სულიერ თვალზე, სულიერ სიბრძნეზე, ენერგეტიკულ, საინფორმაციო ველზე.
საყოველთაოდ არის ცნობილი ვანგას, ნოსტრადამუსის ტელეპატიური ფენომენი.
დანტე, გოეთე, სტ. ცვაიგი, დოსტოევსკი, ბლოკი მრავალგზის ამახვილებენ ყურადღებას ნათელხილვისა და ნათელსმენის უნარებზე, მომავლის ხილვებზე.
საზოგადოება, მომდევნო თაობა სწორედ იმ შემოქმედთ აფასებს განსაკუთრებით, რომლებიც წარსულის და აწმყოს უცდომელ შეცნობასთან ერთად, მომავლის კონტურების წინასწარ განჭვრეტას ახერხებენ და ამით ერს სწორ ორიენტირებს მიანიშნებენ.
გალაკტიონ ტაბიძე, როგორც „მომავლის ღრმა სიბრძნით თვალანახელი პოეტი'“ მრავალგზის საუბრობს „წინათგრძნობათა დენზე, წინაგრძნობის ხშირ-ხშირ ფეთქვაზე, მომავალი დღის წინასწარმეტყველებაზე, წინასწარ განჭვრეტასა და წინასწარ ქადაგებაზე. მის პოეზიაში შემთხვევით არ ფიგურირებს ტერმინები: ჭვრეტა, ხილვა, შეცნობა, შეგრძნება, მოზმანება, უხმო ხმის მოსმენა, უხილავის დანახვა.
და ამ ტელეპატიურზე მიმანიშნებელ მომენტებზე ხაზგასმას ერთი მიზანი აქვს: სულის გაწმენდა, ერის გაფრთხილება, მართალი ორიენტირების დასახვა.
გალაკტიონის წინასწარმეტყველება მიმართულია ეროვნული პრობლემებისკენ, მსოფლიო მოვლენების, სამომავლო პერსპექტივების, პირადი პოეტური მომავლის გაცნობიერებისკენ.
პოეტების მეფის შემოქმედებაში „ხელიხელგადახვეულია წარსული, აწმყო, მომავალი“.
სამივე დროის მიღწევათა ინტეგრირება, „ზუსტი მათემატიკური გაანგარიშება“, სინამდვილის უტყუარი განჭვრეტით ნაკარნახევი ისეთი ფენომენები პოეზიაში, როგორიც არის „აღმოჩენა, გამოგონება, შექმნა“ მომავლისათვის თვალის გადევნების იმპულსი ხდებოდა.
გალაკტიონი ხედავდა „სხვისთვის უხილავ-ფარულს“ (ღმერთს), ხედავდა სულს: „მე დავინახე მცურავი სული“ (გრიგალი), განჭვრეტდა ბედისწერას, მომავლიდან გამოიხმობდა თავის გენიას, ხედავდა „იქაურ ცას“, „წმინდა, შორ ქვეყანას“, გონიერ, სულიერ ზეცას.
მომავალი ომების წინათგრძნობა აშფოთებდა, პროპელერების ძგერა ჩაესმოდა, მახრჩობელა გაზების სუნი სცემდა: „კვლავ მოვარდება ახალი ერა, სახელად დიდი მსოფლიო ომი, კვლავ პროპელერის იქნება ბგერა, გაზებით კაცთა სიკვდილის მდომი“ („შენ, ფოლადივით ცივი თვალებით“).
გალაკტიონს მოსვენებას უკარგავდა მსოფლიოს „გამოუცნობი წყლულები“ („ეფემერა“), „დიდი, კოსმიური სიცივე“ („მაღაროში“), ტოტალური „ავდრის მოლოდინი“.
თოვლიანი ალვის, საუკუნეთა თოვლის, გულისდამხშობი ზამთრის, გაყინული თასის, გაყინული გულის, გაყინული ცის, გაყინული მხედრის, ყინვის სამეფოს მრავალმნიშვნელოვანი სახეებით მიგვანიშნებდა ჩვენს ბედისწერად ქცეულ ჩრდილოელ მეზობელზე, ყინულოვან მონსტრზე.
რევოლუცია აღიქვა პოეტმა, როგორც „მკვდარი მზის“ ამოსვლა და ისევ „ქუხილის“ (საღმრთო სახელია), რწმენისკენ მიბრუნების მოლოდინი გამოხატა („ქუხილო, გელით“).
ლექსში „რამდენიმე დღე პეტროგრადში“ გვაფრთხილებს რევოლუციის არსზე: „რა სულიერიც არის ეს ქარი, ვიცით, მოგვწყინდა ბაიათები, გარეთ ატლასთა არტყია ჯარი, შიგნით შავი აქვს გულისნადები“.
მზის ჩაქრობის, მზის გახელილი თვალებით სიკვდილის ჩვენებით გვამცნობდა უღმერთობის დადგომას, სიკეთის ჯვარცმას („მე დამესიზმრა“, „მას გახელილი დარჩა თვალები“).
დამშრალი წყაროს, დამსხვრეული ხომალდის, გათელილი ვარდების, დალეწილი ცის, ამღვრეული წყაროს, ბაცილებიანი მთვარის, დაკარგული სამოთხის, დაბინდული მთის, ჩასული მზის, დაჭრილი ღრუბლის სახეებით მიგვანიშნებდა მეფისტოფელის საუკუნეზე (წყარო, ხომალდი, მზე, ვარდი საღვთო სახელებია, ცა, მთვარე, სამოთხე, მთა, ღრუბელი - მარიამ ღვთისმშობლის სიმბოლოები).
წითელი კლდის, წითელი რაშის, წითელი მერნის, წითელი ზღვის, წითელი ყავარჯნის, წითელი გველის, წითელი ცეცხლის სახეებით იწინასწარმეტყველა ეპოქალური რეპრესიები და მსოფლიოს მომცველი „დედამიწის ომი საზარი“ („ორად გაიპო წითელი კლდე“).
პოეტმა იცნო „ყველა საიმქვეყნო მიწა და მტვერი“, „არყოფნის და ყოფნის წიგნებს“ დაუკვირდა და თვით შექმნა ახალი „სიცოცხლის წიგნი“, შეიგრძნო სიკვდილის მომტანი მოვლენები...
„მშვიდობის წიგნში“ შეაჯამა მოყვრულად მოსული „მეორე მტრის“ მუხანათობები, რაც ერის სულის, რწმენის იავარქმნაში, ბოლშევიზმის თავსმოხვევაში გამოიხატა, „მშვიდობის წიგნის“ (საღმრთო სახელია) დაკარგვით დაგვირგვინდა და გაგვაფრთხილა, რომ „ჩრდილოელ ქაჯს“ სურდა „რაღაც ნამცეცი ცისა და მიწის“. ბოროტი მეზობლის მიერ თავსდატეხილი „წარღვნის“ შედეგად დარჩენილი ორმოების ჩვენებით მიგვანიშნა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ავტონომიების შექმნის შედეგად მოსალოდნელ საშიშროებაზე.
პოეტს ავისმომასწავებლად ჩაესმოდა ჩვენს მიწაზე „უცხო ხმების თავხედური სითამამე“, „დევების უგონო აურზაური“ (მშვიდობის წიგნი), „უცხო ხალხის ჟრიამული“ („მამული“).
გალაკტიონმა ანდერძად დაგვიტოვა „მშვიდობის წიგნისთვის“ (რწმენისთვის) გალავნიანი ციხის აგება, რათა შიგ ვერ შეეღწია ყოველ გადამთიელს, რაც გულისხმობდა მართლმადიდებლური ქრისტიანობის წმინდად დაცვას.
პოეტების მეფემ იწინასწარმეტყველა ქართველი ხალხის მიბრუნება რწმენისკენ, დამოუკიდებლობის მოპოვება, „საუკუნეთა თოვლის“ დადნობა („წარწერა ხოვლეს ორნამენტზე“).
პოეტის მიზანი იყო ქარში ვარდების გადარჩენა, ალვის ხის გადარჩენა, მუხის გადარჩენა, ანუ რწმენის, ერის სულის გადარჩენა, ამიტომაც უმღერა ერის სულის შეუმუსრაობას, „გადარჩენის ბედნიერებას“, შექმნა „გადარჩენის ჰიმნი“.
ერს გაფრთხილებად დაუტოვა გონიერების, გამჭრიახობის წინამძღვრობით ცხოვრება: „შემოიკრიბე გონთ სიძლიერე, თორემ გვიანღა იქნება მერე, უფრო მეტად გამჭრიახობა იყოს იმედად“ („მშვიდობის წიგნი“).
იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი პოეტური დიდება, „ცისფერი და ნამთვრალევი ძეგლი“ იხილა მშობლიურ მთებზე, განჭვრიტა გალაკტიონოლოგიის, როგორც სამეცნიერო დარგის შექმნა-განვითარება.
უტყუარ წინასწარმეტყველებად, მომავლის იმედად ისახება სიტყვები: „რაც აირევა და დაირევა, რაც დაინგრევა, კვლავ აშენდება“.
განსაკუთრებით სანუგეშოა პოეტური განაცხადი: „დადგება დრო, უფროსი ძმა უმცროსს ვეღარ უბატონებს, გწამდეთ ყველას, საქართველო კვლავ თავის თავს უპარტრონებს”.
აი, რატომ არ შეიძლება გალაკტიონის დავიწყება და რას გვასწავლის იგი გარდაცვალებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ.
ლუარა სორდია
პროფესორი
![]() |
8.2 მადლი სახელად ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
26 მარტს სიტვით ჯადოსანს 70 წელი შეუსრულდა. მწერალი „გადამწერალი, როგორც თვითონ ამბობს) გურამ დოჩანაშვილი ის შემოქმედია, რომელიც ძალიან დიდი ხნით დარჩება სიყვარულის მასწავლებლად თანამედროვე და მომავალი თაობებისათვის, მოძღვრად, რომელსაც „უხარიხარ“ და შენც „გეძილშინათდება“, ქადაგად, რომელთან ყოველი შეხვედრის შემდეგ ოდნავ უკეთესი მაინც ხდები, ვიდრე იყავი.
არქეოლოგიის მუსიკა
„ადრეულ წლებში მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, ვუკრავდი უნივერსიტეტის ორკესტრში, საკმაოდ კარგი ორკესტრი იყო მოყვარულების კვალობაზე, ამასთან არქეოლოგიამაც გამიტაცა. ამ ორმა დარგმა უდიდესი სამსახური გამიწია - არქეოლოგიამ საქართველო შემასწავლა და შემაყვარა: ჩვენს მიწაზე იშვიათად ნახავთ ადგილს, რომლის შესწავლამ არ შეგახვედროთ წარსულთან, ისტორიასთან. მუსიკალურმა მრავალხმიანობამ, ხალხურმა პოლიფონიამ სხვა კუთხით დამანახა ქართველი კაცის სული, ქართული საგალობლები სუნთქვა და სულდგმაა ქართველი ერის, ნასათუთევი ტაძრები ქუდზე კაცის აშენებულია“.
ბევჯერ წაკითხული და მაინც ამოუკითხავი „სამოსელი პირველი“
„სამოსელი პირველის“ წერა რომ დავიწყე, სახარებაში ნაკლებად ვიყავი ჩახედული. ისედაც, მოგეხსენებათ, რომ სახარება იმდენად ღრმაა, რომ ბოლომდე მას წმიდა მამებიც ვერ წვდებიან. უძღებ შვილზე იგავი რომ წავიკითხე, მომინდა ამ იგავზე ნაწარმოების დაწერა, თუმცაღა თავიდანვე ვხვდებოდი, რომ გარკვეულ წინააღმდეგობებთან მომიწევდა შეხება - რომანს გამოქვეყნებისთანავე ზოგმა კოსმოპოლიტური უწოდა, ზოგმა - ბულვარული. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერდა: რატომ გამოვიყენე უცხო სახელები ნაწარმოებში? იცით, კრიტიკოსებზე მეტად თავად განვიცდიდი ამ საკითხის სირთულეს. ბოლოს როგორც იქნა, მოვიფიქრე: მე კი არა, ქართული მწერლობის გენიას, შოთა რუსთაველს აქვს-მეთქი გამოყენებული უცხო სახელები, ქვეყნები. აბა, დომენიკო უცხო ქალაქში რომ წავიდოდა, უცხოსახელებიანი ხალხი არ შეხვდებოდა?! შეიძლება ნეაპოლის სასტუმროში ადმინისტრატორს მაყვალა ერქვას და შვეიცარს - ბიჭიკო?! - ასეთი იყო ჩემი ხუმრობანარევი პასუხიც. ქვეყნდებოდა წერილები იმაზე, თუ რატომ მაწუხებდა მე, როგორც საბჭოთა მწერალს, თავისუფლების იდეა?! კანუდოსის აჯანყება ხომ ნამდვილი ამბავია?! ბრაზილიაში მომხდარმა მოვლენამ ბიძგი მომცა მუშაობისათვის, უკანუდოსოდ ეს რომანი წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ვოცნებობდი, ვფიქრობდი კანუდოსზე. „სამოსელ პირველს“ მთელი თორმეტი წელი ვწერდი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ათამდე მოთხრობა მაქვს დაწერილი, 1971 წელს რომანის არცერთი სტრიქონი არ დამიწერია. შეიძლება ითქვას, რომ გატაცებული ვიყავი კანუდოსის იდეით. რაც შეეხება რომანის გამოცემას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ რედაქტორთა ღვაწლი, რომლებიც ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ: ვახტანგ ჭელიძე, გიორგი შატბერაშვილი და სხვები. ჩემი ნაწარმოებების ნახევარზე მეტი არ დაიბეჭდებოდა, რომ არა ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანის შემართება და გაბედულება. რომანის დასრულების შემდეგ ვერც კი ვიოცნებედი მის გამოცემაზე, ვფიქრობდი ასეთი ნაწარმოების დაწერისათვის გიჟად ჩამთვლიან-მეთქი. თუმცა აღმოჩნდა, რომ პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმი იყო, კონკრეტული ადამიანების წყალობით, ხერხდებოდა ისეთი ნაწარმოებების გამოცემა, როგორიც იყო „დათა თუთაშხია“, „სამოსელი პირველი“ და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ გამოხმაურებას პოულობდა საზოგადოებაში ამ ნაწარმოებებში გაჟღერებული იდეები თავისუფლებისა, სიკეთისა, სიყვარულისა, თავდადებისა. მინისტრთა საბჭოს დაკვეთით თენგიზ აბულაძემ „მონანიება“ გადაიღო, მოსკოვში მოინდომეს მისი დედანი ფირის განადგურებაც კი, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს უნიკალური კინემატოგრაფიული ნაწარმოები გადაურჩა მოსკოვის ცენზურას და ორი თვის განმავლობაში საბჭოთა კავშირის უდიდესი კინოთეატრების ეკრანებზე იყო ნაჩვენები, რაც მანამდე არ მომხდარა.
„ძალიან, ძალიან რბილად რომ ვთქვათ...“
(გ. დოჩანაშვილის მოთხრობიდან „გივიზე“)
„ხელოვნებას უდიდესი მადლი აქვს - ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ძნელი სათქმელია მეორე მსოფლიო ომის დროს რამ უფრო გაამარჯვებინა საბჭოთა კავშირსო: იარაღმა „კატიუშამ“ თუ სიმღერა „კატიუშამ"?! სწორედ ამაშია ხელოვნების მადლი და წყალობა... საერთოდაც კი, ხელოვნების მიზანი ხომ იმაში მდგომარეობს, რომ გახადოს ადამიანი უკეთესი, ვიდრე არის დღეს... ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, ვიკითხოთ ჩვენი უდიადესი მწერლების ნაწარმოებები, ვიკითხოთ ქართული კლასიკა, სადაც ჩანს ჩვენი თვითმყოფადი ეროვნული სული. სამწუხაროდ, ნაწარმოებებს კი არა, თბილისში მწერალთა ძეგლებს ვერ ცნობენ, არადა ქართული მწერლობა ჩვენი არსებაა, ჩვენი გადარჩენა. რუსთაველი, დავით გურამიშვილი, სულხან-საბა, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ცოტა თანამედროვეთაგან გიორგი ლეონიძე, თამაზ ბიბილური, გურამ რჩეულიშვილი, რევაზ ინანიშვილი... ქართველებს დაგველევა ასეთი სახელები? ძალიან გვიან წავიკითხე ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები არა სხვა მიზეზთა გამო, არამედ იმიტომ, რომ მის გაგებას დრო სჭირდება. ის არის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ გვიყვება ამბავს, განსაკუთრებით გამოვყოფდი მოთხობას „იგი“. მსოფლიოში მიაჩნიათ, რომ მოკლე მოთხრობების უბადლო ოსტატი მატეო ფალკონეა და მეც უდიდეს პატივს ვცემ მის შემოქმედებას, მაგრამ აბა, რევაზ ინანიშვილის პროზა თავისი სისპეტაკით, სიცხადით, სენტიმენტალობით განა ჩამოუვარდება რომელიმე დიდი კალმოსნის შემოქმედებას?! დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში ხშირად არ ცნობენ მსგავსი მიმართულების მწერლებს, მიაჩნიათ, რომ სენტიმენტალობა და სიფაქიზე სიტყვაკაზმულობას არ უხდება - მაპატიეთ, მაგრამ ეს თავხედობაა. პოეზია ძახილის ნიშნით წარმომიდგენია მაინც, პროზა კი სამწერტილით, პოეზიას აქვს ჯაჭვი, რასაც რითმას ვეძახით. ქართული პოეზიისათვის რითმა სასიცოცხლოა. ხალხური პოეზია, რუსთაველი, სხვა დიდი მგოსნები სწორედ რითმის სიფაქიზით აღწევენ ჩვენს არსებამდე, დღეს კი ზმნების გარითმვა პოეზიაში დრომოჭმულად მიაჩნიათ, ხელოვნურად ეძებენ რაღაც დისონანსურ ფორმებს. ხელოვნებას თავისი ევერესტი არ აქვს, ახვიდე და დაიპყრო, მისი ნებისმიერი სიმაღლე ძნელად მისაღწევია, ამაშია შემოქმედების ხიბლი. თვით დიდი ხელოვანებიც კი იძახდნენ, რომ შემოქმედები არ იყვნენ: ოთხმოცდაცხრა წლის მიქელანჯელო გარდაცვალებამდე სინანულს გამოთქვამდა: რა ცუდია, რომ ვკვდები, მე ხომ ახლა ავიდგი ფეხი ხელოვნებაში, ახლა ვისწავლე ანაბანაო; ლეონარდო და ვინჩს თავისი არცერთი ნამუშევარი დასრულებულად არ მიაჩნდა; დანტეს „კომედიას“ „ღვთაებრივი“ მადლიერმა მკითხველმა უწოდა და არა ავტორმა; ვერდი ამბობდა, რომ გლეხი იყო; ფოლკნერი თვლიდა, რომ ფერმერი გახლდათ - ამის შემდეგ ცოტა უხერხულია, საქვეყნოდ გამოაცხადო, რომ მწერალი, შემოქმედი ხარ. ერთმა ახალგაზრდა მწერალმა განაცხადა, რომ წერისას მკითხველზე არ ფიქრობს... არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია არ წერო მკითხველისათვის... მაშინ საერთოდ ნუ მიეკარები კალამს - უფრო მეტიც, მკითხველი თანაავტორია. განა ბატონი ეროსი მანჯგალაძე არ არის ჩემი თანაავტორი - მან ხომ სცენაზე გადაიტანა ის იდეა, რომელსაც მოთხრობის გმირი ატარებდა?! იცით, ისე განიცდიდა ამ როლს, რომ როცა ეკრანზე გვაჩვენეს სატელევიზიო სპექტაკლი, ის ჩვენს დარბაზში არ ყოფილა. თურმე სთხოვა, რომ ცალკე ოთახში ეჩვენებინათ მისთვის ჩანაწერი. ბატონმა ნუგზარ ბაგრატიონმა ჩემი ხუთი ნაწარმოები დადგა: ოთხი - ტელესპექტაკლად და ერთიც - თეატრში, რომელსაც მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია მეორეც დაესწრო.
ბედნიერება პასუხისმგებლობის ფასად
მკითხველის სიყვარული და თანადგომა უდიდეს ბედნიერებასთან ერთად უზარმაზარ პასუხისმგებლობას მაკისრებს, როგორც გადამწერს. წერისას ფიქრობ, ნაწარმოების ამა თუ იმ გმირს, მონაკვეთს, როგორ მიიღებს ესა თუ ის მკითხველი. მნიშვნელოვანია, როგორი ქართულით ესაუბრები მკითხველს.
საერთოდ, მწერლობასა და ზოგადად, შემოქმედებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთადერთი ნამდვილი მწერალი არის მაღლა, სულიწმიდა, რომელიც მარტო მაღლა კი არ არის, ბალახი ამოჰყავს და ახარებს ქვეყანას. ამქვეყნად მწერალი, მხატვარი და მომღერალი არ არსებობს - ადამიანები გადამწერები, გადამხატველები, გადამღერებლები ვართ. დამეთანხმებით, საქართველოსთანა ქვეყანას სულ სხვა სულიერი ენერგია და შემოქმედების წყურვილი აქვს, ალბათ ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენთან მარტო იმათგან, ვისაც ვიცნობ, მეგულება ათამდე ნიჭიერი და დიდი იმედის მომცემი ახალგაზრდა, რომლებიც წმიდა სამების წყალობით, ქართულ მწერლობას დიდად შესძენენ ნააზრევსა და ნაფიქრალს. ათი საოცრად დიდი ციფრია დღევანდელი საქართველოსათვის. მე არ მინდა მათი სახელები ჩამოვთვალო, რადგან შეიძლება ისეთებიც არიან, ვისაც არ მოუტანია ჩემთან თავისი ნაწერები. იცით, არ მესმის, როცა ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ პატრონი არ ჰყავსო... ნიჭიერის უპირველესი პატრონი სულიწმიდაა, რომელიც გზაზე გაყენებს და ყოველნაირად მხარში უდგას ნიჭიერებას...
საუბრისას და შემდეგაც დიდსქემოსანი ბერივით ლოცვადანთებული გამოხედვიდან სიყვარულსა და მისთვის დამახასიათებელ თავმდაბლობას ამოიკითხავდით.
დავემშვიდობეთ სიტყვით ჯადოსანს...
ის კი ჩვეულ გზას გაუდგა სიკეთის საქადაგებლად, სიყვარულით დედამიწის დასატრიალებლად.
მალხაზ ჭკადუა
![]() |
9 სპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 მომავლის გუნდი -„ბაია-ზუგდიდი“ იუბილარია |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტული ქალაქი -მითი თუ რეალობა?!
არ დავემსგავსებით ზღაპრის გმირებს, ყველაფერის მოყოლას ჩვეულებრივი და რეალური ფაქტების დასაბუთებით დავიწყებთ: სამი წლის წინ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს პატარა ქალაქში საფეხბურთო გუნდის მშენებლობა დაიწყო!.. ეს არ მომხდარა სპონტანურად, ეს საფეხბურთო გუნდ „ბაია-ზუგდიდის“ პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ოცნების და სურვილის განხორციელება აღმოჩნდა. დაბადებიდან ყველა ადამიანს დაჰყვება თავისი ბედისწერა, თუ ღმერთმა ინება და კეთილმა ადამიანებმა ხელი გამოგიწოდეს, გზა გაგიკვალეს, მაშინ წარმატებისკენ გზას საფეხურებად თამამად გაივლი, სამი წლის წინ ზუგდიდში ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მათ ქალაქში ისეთი საფეხბურთო გუნდი შეიქმნებოდა, რომელშიც მოხვედრაზე თითეული ფეხბურთელობაზე მეოცნებე პატარა მოისურვებდა.
არ დაგიმალავთ, თავადაც გაკვირვებული დავრჩი, როცა მივხვდი და ვნახე თუ რა უდიდესი ურთიერთსიყვარული და პატივისცემა არსებობს გუნდის მესვეურებსა და პატარა თუ დიდ ფეხბურთელებს შორის, როგორ უფრთხილდებიან და როგორი სითბოთი საუბრობენ ერთმანეთთან.
კლუბის ვებგვერდზე, www. fcbaia.com, კლუბის პრეზიდენტის საინტერესო სიტყვებს მოვკარი თვალი და მთელი გუნდის ისტორია თვალწინ გადამეშალა: „ყოველთვის ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და დიდი სურვილი მქონდა ფეხბურთელობის. მაგრამ სამწუხაროდ საამისო მონაცემები არ მქონდა... ამიტომაც საფეხბურთო სკოლის დაფუძნება, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მინდოდა იმ ბავშვებისთვის მიმეცა შესაძლებლობა დიდი ფეხბურთი ეთამაშათ, რომლებსაც შესაბამისი ტალანტი და მოწოდება ექნებოდათ. „ბაია“ ერთ დღეში არ შექმნილა, სანამ სკოლას დავაფუძნებდი რამოდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურე, მოვინახულე ადგილობრივი სკოლები. რათა გამეგო მათი მუშაობის სპეციფიკა. „ბაია-ზუგდიდში“ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა რამოდენიმე უცხო ენა ისწავლონ, მიეჩვიონ დისცი პლინას... „ბაია-ზუგდიდის“ უფროსი მწვრთნელია სპეციალისტი ჰერბერტ ცანკერი... ვაპირებ ჩვენი მწვრთნელებიც გავგზავნო საზღვარგარეთ რათა შესაბამისი ტრენინგები გაიარონ.
ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებას „ლივერპულთან“, ეს დაუვიწყარი მატჩი იყო. დღეს კი საქართველო მეოთხე კატეგორიის ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ისევ უნდა ვანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ფეხბურთი ჩვენც კარგად გამოგვდის. საქართველოში ბრილიანტი ბავშვები იზრდებიან, მათ კი აღმოჩენა, მხარდაჭერა და შესაბამისი გაწვრთნა სჭირდება. სწორედ ამაში უნდა დაეხმაროს მათ „ბაია“.
„ბაია-ზუგდიდის“ დაფუძნებით ავიხდინე დიდი ხნის ოცნება და ახლა იმ მსოფლიო ჩემპიონატზე ვოცნებობ, სადაც ფინალში საქართველო და ბრაზილია ითამაშებენ, საქართველოს ნაკრებში კი “ბაიაში” გაზრდილი თუნდაც ერთი ფეხბურთელი ითამაშებს, აი მაშინ კი თამამად შემეძლება ვთქვა: ბედნიერი ვარ, რომ „ბაიამ“ თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთა. თავიდან, არც „ნანტის“ სკოლის არსებობის შესახებ იცოდა ვინმემ, მაგრამ მას სახელი გაუთქვა, ზიდანმა, ანრიმ და სხვა დღეს უკვე ცნობილმა ფეხბურთელებმა. „ბაიამ“ კი ახალი თაობის ზიდანები, მარადონები და ბექჰემები უნდა გამოზარდოს“.
უკვე სამი წელი გასულა, ალბათ ისევ პატარები გგონიათ, მოულოდნელად რომ მოევლინენ სამყაროს, ამბიციებით, ბრძოლის ჟინით, ახალი იმედებით და სურვილებით. ბევრი რამ შეიცვალა და ზუგდიდში უდიდესი სპორტკომპლექსი აშენდა, მაგრამ არამარტო „ბაიელებისთვის“, აქ სხვადასხვა გუნდის ქალ თუ ვაჟ ფეხბურთელებსაც მოვკარით თვალი.
მედია კომპანია „დრო“ და ჟურნალ „პრემიერის“ რედკოლეგია ულოცავს „ბაია-ზუგდიდს“ დაბადების დღეს და წარმატებულ დღეთა სიმრავლეს უსურვებს!!! ღმერთმა ქნას ჩვენი გუნდის სახელი საქართველოს, და არამარტო საქართველოს, საფეხბურთო სამყაროს ამომავალი და მოკაშკაშე ვარსკვლავი გახდეს!!!
„ბაია-ზუგდიდი“ -მომავლის გუნდია!
„პრემიერელები“
მომავლის „ბაია“
გოგიტა გულუა (რონალდინიო)
ნიკა ხურცილავა (ზიკო)
გიორგი ცინდელიანი (ტევესი)
საბა დანელია (კრისტიანუ რონალდუ)
F.C.
II ლიგა
BAIA
ივიკო მამფორია (ბექჰემი)
საბა გაბედავა (კაკა)
თემურ ქადარია (დიეგო)
გიორგი ფირცხალავა (პელე)
![]() |
9.2 გიგა ჟვანია -„ბაია” ლიდერობას არ დათმობს |
▲ზევით დაბრუნება |
თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა ზუგდიდის „ბაიამ“, სულ რაღაც ერთ კვირაში, ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონი განაახლა და პირველი შეხვედრა სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერთან, საფეხბურთო კლუბ „სამტრედიასთან“ გამართა. დასავლეთ ზონაში ამ გუნდების თამაში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა და გასაკვირი არც ყოფილა, რომ სამტრედიაში მატჩი დაძაბული იქნებოდა. სამტრედიელ გულშემატკივართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკუთარი გუნდის საქომაგოდ ტრიბუნა ბოლომდე შეავსეს, თუმცა არანაკლები გულშემატკივარი ახლდა სტუმრად ჩასულ ზუგდიდელებს. „ბაიას“ ფეხბურთელებმა დაწინაურება პირველ ტაიმში შესძლეს და გუნდის კაპიტანის გიგა ჟვანიას შორეული მანძილიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმა გოლით დასრულდა. მეორე ტაიმის ნახევრამდე ზუგდიდელები ამ ანგარიშს ინარჩუნებდნენ, თუმცა მათ მიერ საკუთარ საჯარიმოში დაშვებულმა შეცდომამ, გუნდს მარცხი ვერ ააცილა და სამტრედიამ ეს თამაში 2:1 მოიგო. მოგებასთან ერთად ერთი ქულითაც დაწინაურდა და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა. პირველ ადგილზე სამტრედიელთა ყოფნა ერთკვირიანი გამოდგა, ვინაიდან მომდევნო ტურში იმერლები ისვენებდნენ, ხოლო „ბაიამ“ საკუთარ მოედანზე ჭიათურა მიიღო და დიდი ანგარიშით 3:0 მოუგო. ამ გამარჯვებით ზუგდიდის „ბაიამ“ ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.
მორიგი გასვლა „ბაიას“ უკვე ლანჩხუთში მოუწია და ადგილობრივ „გურიასთან“ ფრეს დასჯერდა. ამ შეხვედრაშიც „ბაია“ სამი ქულის აღებასთან ახლოს იყო, თუმცა გურულმა ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის მიწურულს მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. სამი შეხვედრიდან ოთხი ქულის მოპოვება ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებისგან მეტს მოითხოვს, რადგან კლუბმა სხვებისგან განსხვავებით ზამთრის შეკრება სრულფასოვნად გაიარა.
ახალ სეზონში სამტრედიასთან მარცხით დაწყებული ტურის მიუხედავად, საკუთარი გუნდის ტრაგედიას ვერ ხედავს „ბაიას“ კაპიტანი გიგა ჟვანია, რომელიც დაბეჯითებით ირწმუნება, რომ სეზონის ბოლოს უმაღლესის საგზური მათ დარჩებათ. გიგა ჟვანია „ბაიას“ შემადგენლობაში ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელია და უმაღლეს ლიგაში მიღებული სათამაშო პრაქტიკაც დიდი აქვს. წარმოშობით სამტრედიელმა სპორტსმენმა, ვარჯიში „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო და თხუთმეტი წლის ასაკში უმაღლესი ლიგის კარებიც შეაღო. სოსო ფრუიძემ ის სამტრედიის „იბერიაში“ მიიწვია. ოთხი წელი საკუთარი ქალაქის გუნდის ღირსებას იცავდა და ამის შემდეგ გიგა ჟვანია თბილისის „სპარტაკში“ გადადის. იმ დროს „სპარტაკი“ პირველ ლიგაში გამოდიოდა და გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაშიც დიდად დაეხმარა. თბილისის „სპარტაკთან“ დაცილების შემდეგ იგი ზუგდიდის „მგლების“ გუნდში გადადის და იქ ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობს. სათამაშო პრაქტიკა ყაზახურ გუნდშიც აქვს მიღებული და ყაზახეთიდან ისევ „მგლებს“ დაუბრუნდა. „ბაიას“ გუნდში კი, როგორც თვითონ ამბობს მწვრთნელის ელგუჯა ქომეთიანის რეკომენდაციით და თავისი გამოცდილების გამო მიიწვიეს.
საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „ბაია“ 16 მარტს, იმის გარდა, რომ ლანჩხუთის „გურიასთან“ მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა, იუბილარიც გახლდათ. კლუბს დაარსებიდან სამი წელი შეუსრულდა და სამწლიანი გუნდი დღეს უმაღლესი ლიგისკენაც მიიწევს. საიუბილეო თარიღი გუნდმა მოკრძალებულად აღნიშნა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელთა თქმით, ყველაზე დიდი იუბილე სეზონის ბოლოს იქნება, თუ გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია. დარჩენილ ტურებში „ბაიას“ პერსპექტივებზე, გუნდის კაპიტანი გიგა ჟვანია გვესაუბრა.
სატურნირო ცხრილში ლიდერთა სამეულის ქულათა რაოდენობა თითქმის თანაბარია, რამდენად შესწევს გუნდს უნარი მეტოქეები ჩამოიცილოს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს?
ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ „ბაიას“ უმაღლესის საგზურის მოპოვება გაუჭირდეს. გუნდში იმხელა ერთსულოვნებაა, დაწყებული მთავარი მწვრთნელიდან ადმინისტრატორის ჩათვლით, რომ წაბორძიკების უფლებაც კი არა გვაქვს. მეორე სეზონი ჩვენდა სამწუხაროდ ცუდად დავიწყეთ სამტრედიასთან, მაგრამ კვლავ პირველ ადგილზე ვრჩებით. ჩავარდნები ნებისმიერ გუნდს აქვს ამა თუ იმ შეხვედრაში. ჩვენ კი არა მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი ბარსელონა, ოცსერიანი დაუმარცხებელი ტურების შემდეგ, შეხვედრებს ერთმანეთის მიყოლებით აგებს. სამტრედიასთან წაგების ღირსი ნამდვილად არ ვიყავით და ის გულშემატკივარიც დამეთანხმება, ვინც ამ თამაშს უყურა. ფეხბურთში ხდება ფორტუნას შენს საწინააღმდეგოდ შემობრუნება და ასე დაგვემართა. თუმცა კატასტროფას ვერ ვხედავ ამაში, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია და თან სამტრედიის გუნდს საკუთარ მოედანზეც ვმასპინძლობთ. „ბაიას“ ერთ-ერთი რთული თამაში მარტვილის „მერანთან“ ექნება გასვლაზე, რომელიც ლიდერია და ასევე იბრძვის უმაღლესი ლიგისთვის.
ეს მატჩი შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს თუ ასე გაგრძელდა სატურნირო მდგომარეობა. რა შედეგს ელით „მერანთან“?
ჩვენ ამ შეხვედრამდე სხვა საფიქრალი და სამუშაო გვაქვს. მარტვილთან მატჩამდე რამდენიმე ოფიციალური თამაში გვაქვს ჩასატარებელი, სადაც ქულათა მაქსიმუმი უნდა დავაგროვოთ. ამ მატჩამდე სეზონიც გახურებული იქნება და ჩვენი სათამაშო ტემპიც უფრო მაღალი იქნება. ამიტომ შეიძლება ეს თამაში ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე წარმატებითაც დავასრულოთ. ჩვენ თურქულ შეკრებაზე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. არ მინდა ტრაბახში ჩამომართვათ ნათქვამი, მაგრამ ანტალიაში ამხანაგური თამაშები ისეთ დონეზე ჩავატარეთ, ბევრ უმაღლესი ლიგის გუნდებსაც შეშურდებოდა. ასეთი მომზადება არ შეიძლება შეცდომების გამო ქარს გავატანოთ და დაკარგული ქულების რიცხვი არ გავზარდოთ. საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშის საკმაო გამოცდილება მაქვს და ამ გადასახედიდანაც ვიტყვი, რომ რადგანაც პირველი ლიგის გუნდების სათამაშო ტაქტიკას ვიცნობ, ვფიქრობ, ძნელია ამ გუნდებს ფიზიკური ძალა ბოლომდე ეყოთ წინააღმდეგობის გასაწევად. პირველ-ორ თამაშს ნებისმიერი გუნდი ააწყობს, მაგრამ შემდეგ ტურებში უკვე დატვირთვას ვეღარ უძლებენ და წარუმატებლობაც უხშირდებათ. სეზონის წინ გერმანელმა მწვრთნელმა ჰერბერტ ცანკერმა, ფიზიკური კონდინციების მხრივ უმაღლეს დონეზე მოგვამზადა. მან დაამტკიცა, რომ ჩვენ ძირითადად ფიზიკური მომზადების უკეთესი ხარისხის გამო, თამაშებს მეორე ტაიმში ვიგებდით, ხოლო მეტოქე გუნდებს კი ძალა არ ყოფნიდათ მატჩის მეორე ნახევარში. ვფიქრობ მიმდინარე სეზონშიც გუნდში ეს ტემპი შენარჩუნდება.
უმაღლესიდან პირველ ლიგაში და პირიქით, გუნდების ცვლამ ხშირად მოგიწია, არ ფიქრობ კონკურენციაზე „ბაიას“ უმაღლესში გადასვლის შემდეგ?
ერთი საფეხურით წინ წაწევის შემდეგ ნებისმიერ გუნდს სჭირდება ახალი ძალებით დაბალანსება. 2-3 ფეხბურთელის მოწვევა გუნდს პირიქით წაადგება. „ბაიას“ ფეხბურთელების უმეტესობა 17-18 წლისანი არიან და საქართველოში ამ ასაკის მოთამაშეებს ბოლომდე მაინც არ ენდობიან, მაგრამ იმ 2-3 გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, ახალბედებს გუნდისთვის გაცილებით მეტი შედეგის მოტანა შეეძლებათ. ფეხბურთის სპეციალისტთა ნაწილი იძახის, რომ უმაღლესიდან პირველ ლიგაში სათამაშოდ გადასული ფეხბურთელის კარიერა უკუსვლას იწყებსო. მე სხვა პასუხს გავცემდი ამ მოსაზრებას და ვიტვყვი, უმაღლესი ლიგაში მოხვედრის შემდეგ „ბაია“, საქართველოს ნებისმიერი საფეხბურთო კლუბისთვის სერიოზული მეტოქე იქნება. გამოცდილების და მონაცემების მხრივ მჯერა, რომ „ბაიას“ მაისურს უმაღლეს ლიგაშიც მოვირგებ.
გამოცდილ ფეხბურთელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მოწვევა არ გქონია არასდროს?
ამ თემაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ჩემი თაობის ფეხბურთელები ისეთ რთულ პერიოდში მოხვდნენ მაშინ, რომ ქართულ ფეხბურთში იყო რაღაც დიდი გაურკვევლობა. ვიყავი ჩვიდმეტწლამდე ნაკრებში გამოძახებული ადრე და სასინჯმა ვარჯიშებმაც კარგად ჩაიარა. სასტარტო შემადგენლობა კი ჩვენზე სუსტმა ფეხბურთელებმა შეავსეს. თუმცა ვთვლი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში, მაშინ უფრო უიღბლობის გამო ვერ მოვხვდი. დღეს ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან ნაკრებში, დასავლეთიდან ისეთი ფეხბურთელები მიჰყავთ, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა ამაზე. ტალანტების ძიებაში არიან და ქართული ფეხბურთის სამომავლოდ ეს ტენდენცია კარგი დასაწყისია.
ლაშა გოგილავა
![]() |
9.3 ქალთა საფეხბურთო გუნდი მაისისთვის ემზადება |
▲ზევით დაბრუნება |
მეოცე საფეხბურთო ეროვნულ ჩემპიონატში, როგორც ფეხბურთის სპეციალისტიები ვარაუდობენ ქალთა საფეხბურთო კლუბებიც ჩაერთვებიან და ისინი პირველობისთვის ბრძოლას დაიწყებენ. ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო კლუბი „ბაია“, ახალი ჩემპიონატისთვის მზადებას საკუთარ სპორტულ ბაზაზე გადის და გოგონების შემადგენლობაც ახალი ტურის დაწყებას მოუთმენლად ელის.
აფხაზეთიდან დევნილი ცირა ცაავა საფეხბურთო კლუბ „ბაიას“ შემადგებნლობაშია და სხვა მოთამაშეებთან ერთად ტაქტიკურ და ფიზიკურ წვრთნებს გადის. მთავარი მწვრთნელის, გერონტი ნაჭყებიას გუნდში ვარჯიში მან ხუთი წლის წინ დაიწყო, როცა საფეხბურთო კლუბი „ცირას“ სახელით ასპარეზობდა. მარცხენა დაცვით პოზიციაზე მოთამაშე გოგონას, ამ კლუბშიც სათამაშო არეალი უცვლელად დარჩა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზეც ბევრს მუშაობს. ოცი ფეხბურთელიდან ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსიც აქვს და კონკურენციის მიუხედავად სასტარტო შემადგენლობისთვის დაუღალავად იბრძვის. აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ცირა ცაავა, ჩვენთან ინტერვიუში იმასაც ამხელს, რომ თავის მომავალს ის ბოლომდე მწვანე მინდორს დაუკავშირებს.
შენი ფეხბურთით დაინტერსება როგორ მოხდა, უბრალოდ ეს ერთგვარი გატაცებაა თუ პროფესიულ ფეხბურთზე სერიოზულად ფიქრობ?
ვარჯიში პატარაობიდან დავიწყე და ძირითადად თამაშები ფიზკულტურის გაკვეთილებზე გვიწევდა. თანთადან სკოლებს შორის გამართულ ტურნირებშიც ჩავერთეთ და აქედან უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი ამ სფეროზე. ამის შემდეგ გავიგე, რომ იყო ქალთა საფეხბურთო კლუბი, სადაც გერონტი ნაჭყებია ავარჯიშებდა ბავშვებს. დიდი ხანია უკვე ამ მწვრთნელთან გავდივარ ვარჯიშებს და პირველი თამაში მისი ხელმძღვანელობით სენაკის გუნდთან მოგვიწია. ვიყავით ჯეტ-იქსის ტურნირის მონაწილეები და ფინალშიც გავედით, მაგრამ ლანჩხუთელ თანატოლებთან დავმარცხდით და მეორე ადგილს დავჯერდით. ახლა კი ეროვნული ჩემპიონატის მოლოდინშია მთელი გუნდი და სერიოზულად ვემზადებით ახალი სეზონისთვის. მინდა გავაგრძელო ვარჯიშები და პროფესიული ფეხბურთი ვითამაშო. საამისოდ კი ბაზაზე კარგი პირობებია. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პროფესიული ფეხბურთის ცოდნა, მწვრვთნელობისთვის უდიდესი პრაქტიკაა და შორეული ოცნებაცაა ჩემი მწვრთნელად ჩამოყალიბება. თუმცა ჯერ ფიქრი ამაზე წარმოუდგენელია, რადგან სათამაშო პრაქტიკა უნდა მივიღო, რასაც ნელ-ნელა ვაკეთებთ.
ჩანს, რომ მომავალს ფეხბურთში ხედავ მხოლოდ, ჩვენთან კი მაინცდამაინც არ მოსწონთ ფეხბურთელი ქალები. ოჯახიდან არ გქონია წინააღმდეგობა პროფესიის არჩევისას?
როცა სავარჯიშოდ მივედი მწრთნელთან არავის რჩევა არ გამითვალისწინებია, ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო, რადგან როგორც გითხარით მომწონს ეს სფერო. მამაჩემი კატეგორიული წინააღმდეგია ფეხბურთის ვარჯიშებზე რომ დავდივარ და სურვილი აქვს სხვა სფერო ავირჩიო. ჩემი სამი დაც მამას ემხრობა და მეწინააღმდეგებიან, მაგრამ პროფესიის შეცვლას არ ვაპირებ.
გოგონები უძლებთ მწვრთნელის იმ დატვირთებს, დავუშვათ ვაჟთა საფეხბურთო ჯგუფებს რომ სთხოვენ?
ვარჯიშები ჩვეულებრივად ტარდება ჩვენთანაც ისე როგორც დანარჩენ გუნდებთან. მართალია ჯერ-ჯერობით ძლიერი ფიზიკური დატვირთვები არ გვაქვს, უფრო ტექნიკურ მხარეს და ბურთის ფლობის მანერებს ექცევა ყურადღება, მაგრამ ვარჯიშებისას აშკარად იკვეთება, რომ ტექნიკურად და ფიზიკურადაც ტემპს ვუმატებთ. ვცდილობ ბურთს ორივე ფეხით ჩვეულებრივად ვფლობდე, მაგრამ ეს არ გამომდის და მხოლოდ მარჯვენა ფეხით ვმუშაობ მინდორზე ამ ეტაპზე. ამიტომ მწვრთნელი ყველა ტექნიკურ მხარეს აქცევს ყურადღებას. ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი თათია გულორდავა ნაკრებში თამაშობს დიდი ხანია და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ნაკრებში მეც მოვხვდე. ვფიქრობ, რომ ნაკრებში ჩვენი გუნდიდან ბევრი მოთამაშე ჩაირიცხება, ვინაიდან პერსპექტიული მოთამაშეები არიან. ეროვნულ ჩემპიონატზე მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძოლებთ და ამას მივაღწევთ.
ლაშა გოგილავა
![]() |
9.4 გიორგი ლომაია: „ქართულ ფეხბურთს მხარდაჭერა სჭირდება“ |
▲ზევით დაბრუნება |
მახსოვს, ამასწინათ წავიკითხე, რომ დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში (სამწუხაროდ, არ მახსოვს რომელში) მოზრდილებს შორის ჩაუტარებიათ სოციოლოგიური გამოკითხვა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა, მათ დაინტერესებას სპორტის მიმართ. გამოკითხვა ჩვეულებრივ ხასიათს მიიღებდა, რომ არა ერთი 12 წლის ბავშვის პასუხი, რომელიც უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე საინტერესო. როცა მას ჰკითხეს, ხარ თუ არა სპორტით დაკავებულიო, პასუხი დადებითი იყო. მომდევნო კითხვით გაირკვა, სპორტის რომელი სახეობით იყო დაკავებული იგი, ხოლო როდესაც დაინტერესდნენ, თუ რომელ კლუბში დადიოდა ეს მოზარდი, პასუხი იყო... აი, აქ მიღებულმა პასუხმა გამოიწვია სოციოლოგთა გაკვირვება, რომელსაც, ალბათ, ძნელი იქნება შესაბამისი მსაზღვრელი ზედსართავი შეურჩიო. აღმოჩნდა, რომ ეს მოზარდი კომპიუტერული თამაშებით იყო დაკავებული და ეგონა, რომ ამგვარად მისდევდა სპორტს. მართალია, კომპუიტერული სპორტი მართლაც იწყებს ჩამოყალიბებას, იმართება ადგილობრივი თუ მსოფლიო ჩემპიონატები, მაგალითად, იგივე საყოველთაოდ ცნობილ თამაშში, როგორიცაა „ქაუნთერ სტრაიკი“, თუმცა კი, ჯერ კიდევ ძნელია ამ მიმდინარეობას სპორტი უწოდო.
გაცილებით სულ სხვაა, როცა მოზარდი ეზოსა თუ სტადიონზე ბურთით დარბის და ჰარმონიულად ხდება მისი ფიზიკური და გონებრივი ჩამოყალიბება-განვითარება. დღეს უმცროსი და თინეიჯერული ასაკის ახალგაზრდები, სამწუხაროდ, დიდ დროს კომპიუტერულ თამაშებთან ატარებენ. არავინ უარყოფს კომპიუტერის საჭიროებას და, ალბათ, თავისი გარკვეული დადებითი ეფექტი, თუნდაც იმავე კომპიუტერულ თამაშებსაც გააჩნია. მაგრამ, როდესაც ამ გართობას მოზარდი საკუთარი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს უთმობს, ეს უკვე შემაშფოთებელია. ბევრი პრობლემაც, რომელსაც ექსპერტები მოზარდებში ხედავენ, სწორედ ამაში იღებს სათავეს.
იმისთვის, რომ ეს ბავშვები კომპიუტერულ თამაშებს მოსწყდნენ და ისევ ეზოში სახელდახელოდ მოწყობილ თუ ნამდვილ სტადიონებს დაუბრუნდნენ, ალბათ, საკუთრივ სპორტსა და სპორტსმენებს სჭირდებათ მეტი ყურადღება და პოპულარიზაცია. ძნელია, ვინმემ დაივიწყოს ქართველ სპორტსმენთა გმირობა პეკინის ოლიმპიადაზე მაშინ, როცა მათი ქვეყანა განსაცდელში იყო და ისინი ორმაგი სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ. თუკი ამ ადამიანთა ხელშეწყობა და პოპულარიზაცია არ მოხდება, მაშინ საქართველოში სპორტის აქტიური სახეობების ნაცვლად, პასიური სახეობა - კომპიუტერული თამაშები (თუკი მათ სპორტის სახეობის სტატუსი მიენიჭებათ) - გახდება აქტუალური.
ჟურნალ „პრემიერის“ სტუმარია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე და თბილისის საფხებურთო კლუბ „ლოკომოტივის“ კაპიტანი გიორგი ლომაია:
- მოგესალმები, გიორგი.
- გამარჯობათ.
- რა ხდება შენს საფეხბურთო კარიერაში?
- საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში თბილისის „ლოკომოტივში“ ვთამაშობ. მაისამდე მაქვს კონტრაქტი გაფორმებული კლუბთან. შემდეგ რა იქნება, ჯერ არ ვიცი. რა თქმა უნდა, მეც საზღვარგარეთ მსურს წასვლა სათამაშოდ. მოკლედ, მაისის მერე გაირკვევა, რა და როგორ იქნება საქმე.
- თუმცა, შენ უკვე იყავი საქართველოს ფარგლებს გარეთ გასული.
- კი, რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის გუნდებშიც მითამაშია.
- ხომ არ დაგიწყია უკვე მოლაპარაკებები რომელიმე უცხოურ გუნდთან?
- ჯერ არა იმიტომ, რომ დაკეტილია ე.წ. სატრანსფერო „ფანჯარა“ მაისის ბოლომდე. ზაფხულის პერიოდში უნდა მოახერხო გადასვლა-გადმოსვლა.
- რა ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში?
- დღესდღეისობით, თუკი ჩვენს ჩემპიონატს შეხედავთ, მიხვდებით ქართული ფეხბურთი გასაჭირშია. თითქოს კი არის მცდელობა, ჩემპიონატის დონის ამაღლებისა, მაგრამ ხალხი არ მოდის საგულშემატკივროდ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ალბათ, მეტი მუშაობა უნდა გასწიონ ხელმძღვანელობამაც და სპონსორებიც უნდა ამოგვიდგნენ გვერდში. უეჭველია, რომ ჩემპიონატის დონე ასამაღლებელია. ამასთანავე, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რეკლამას, პოპულარიზაციას. სადაც არ ვყოფილვარ, ყველგან ასეა: ხალხი უნდა მიიყვანო სტადიონზე. კარგად მესმის ისიც, რომ ამას ჩვენ, ფეხბურთელებმაც, უნდა შევუწყოთ ხელი, ჩვენი კარგი თამაშით.
- აი, სწორედ, რომ გულშემატკივარს თამაშის დონე არ მოსწონს.
- წინა პერიოდთან შედარებით, თამაშის დონე, სამწუხაროდ, დაკლებულია.
- რა არის ამის მიზეზი?
- არ ვიცი, რა ვთქვა. ალბათ, ისევ ცხოვრებამ მოიტანა: სულ დაძაბულობა, აგერ ახლა ომიც გადავიტანეთ.
- გეთანხმები, რომ ქვეყანაში სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს, და არა მარტო ფეხბურთელთა თამაშის დონის ამაღლებაში. გულშემატკივრებში არის ასეთი მოსაზრება, რომ ადგილობრივ ჩემპიონატებში თვითონ ფეხბურთელები, ასე ვთქვათ, უფრთხილდებიან საკუთარ თავს, ენერგიას და უფრო საზღვარგარეთ გასვლაზე არიან ორიენტირებული?
- რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ გასვლაზე იფიქრებენ. როცა აქ არ გექნება ნორმალური პირობა სავარჯიშოდ, საკუთარი პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, ბუნებრივია, ყველა უცხოეთში წასვლაზე იფიქრებს. დღეს უკვე მოზარდი ფეხბურთელებიც ცდილობენ გასვლას. თუმცა, ეს მართებულად არ მიმაჩნია და მგონი, უკვე აღარცაა ნებადართული 18 წლამდე ფეხბურთელის „გაყიდვა“ უცხოურ კლუბში. შეიძლება, ამან უფრო შეაკავოს ნიჭიერ ფეხბურთელთა ქვეყნიდან გადინების პროცესი. ისევ ვიმეორებ, აქ რომ ნორმალური პირობები იყოს, არც არავინ წავიდოდა სადმე, თუნდაც, აი, ჩვენს მეზობელ სახელმწიოფოებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჩვენი ქვეყნების ნაკრებების დონე რომ შევადაროთ, ადრე სად იყო მათი მაღალი დონე. ახლა კი, ეს ზრდადობა აშკარად შესამჩნევი გახდა იმიტომ, რომ ორივე ქვეყანაში საკმაოდ დიდ ფინანსებს აბანდებენ ფეხბურთში.
- „ლოკომოტივში“ რა ამბებია?
- ბევრი წამყვანი მოთამაშე წავიდა საზღვარგარეთ. ყველა უკეთესი პირობების ძებნაშია. ჯერჯერობით დარჩენილები მაისამდე ვართ. მერე უკვე არ ვიცით, რა იქნება. ალბათ, ფეხბურთელები და გუნდის ხელმძღვანელობა ერთად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. თუკი მოთამაშეს ნორმალური პირობები არ შეექმნა, ძნელია მისი გაჩერება? შესაბამისად, გუნდის ხელმძღვანელობასაც თავისი პირობები ექნება.
- ეროვნულ ნაკრებში რა ხდება?
- რაღაც გვაკლია, თითქოს, ეროვნულ ნაკრებს. მარილი, ალბათ... (იცინის)
- როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს ეს „მარილი“?
- არ ვიცი. ნეტავი, გამაგებინა ამის „რეცეპტი“ (იცინის). ბედიც არ გვწყალობს. აი, თუნდაც ბოლო თამშებიდან გამოდინარე, მუდამ რაღაც პატარა გვაკლდება მოგებისათვის. ნაკრების თამაში რომ ამაღლდეს, ამისთვის ეროვნული ჩემპიონატის დონეც მაღალი უნდა იყოს. ყველა ძლიერი ნაკრები, რომელიც კი არ უნდა დაასახელოთ, თავის ქვეყანაში ძლიერ ეროვნულ ჩემპიონატს ემყარება. ამჟამად, ნაკრებში ძალინ ცოტა ლეგიონერი თამაშობს. ახლა სულ ოთხი თუ ხუთი ფეხბურთელია, რომელიც ძლიერ ჩემპიონატებში მონაწილეობს, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობენ, თუმცა, ეს ჩემპიონატიც საკმაოდ მაღალი დონისაა. დანარჩენები სულ საქართველოს ჩემპიონატიდან ვართ. ვფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს. მაგრამ ჯერ რატომღაც ვერ აგვეწყო საქმე ისე, როგორც საჭიროა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს ნაკრებს, რომელსაც ძალიან დიდ გუნდებთან აქვს მუშაობის გამოცდილება.
- მწვრთნელი ახსენე და ბარემ გკითხავ, ეროვნული ნაკრების წარსული მწვრთნელებიდან ვინ უფრო დაგამახსოვრდა, როგორც ნაყოფიერი და კარგი მწვრთნელი?
- მე, როგორც მეკარეს, მეკარეთა მწვრთნელთან მიწევს მუშაობა. ძირითადი მწვრთნელი ფეხბურთელებს ავარჯიშებს. მეკარეთა მწვრთნელები, ძირითადად, ქართველები იყვნენ. რაც შეეხება, კითხვას რომელი უფრო დამამახსოვრდა, ამაზე ძნელია პასუხის გაცემა, ვინაიდან ყველას მისი გამორჩეული სტილი ჰქონდა. თამაშის დროს კი ფეხბურთელია პასუხისმგებელი, მან უნდა გამოიჩინოს თავი. თუმცა, ბოლოს პასუხი მწვრთნელსაც მოეთხოვება ხოლმე (იცინის). ასეა, თუ თამაში გუნდმა წააგო, ესეიგი მწვრთნელი ყოფილა ბრალში. თუ მატჩი მოგებით დასრულდა, მაშინ ფეხბურთელებს უმარჯვიათ.
- ალბათ, იმის გამო, რომ თამაშის წინ მწვრთნელი ვალდებულია გათვალოს ვინ გამოიყვანოს სტადიონზე და რა პოზიციებზე დააყენოს. გიორგი, მოდი, შენს საფეხბურთო კარიერის დასაწყისზეც მოგვიყევი რამე. რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
- პატარაობიდანვე ფეხბურთით ვიყავი გატაცებული. გლდანში, სადაც მე ვცხოვრობდი, ჩვენი პატარა გუნდი გვქონდა შექმნილი. სახელიც კი არ დაგვირქმევია მისთვის. ჩვენ, პატარა ასაკის ბიჭები, უფროსებს ვეჯიბრებოდით, ხან მეზობელ უბნებთანაც გვქონია საფეხბურთო შერკინება. თამაშისათვის სტიმულის მისაცემად, მოგებული ლიმონათები და „კოკა-კოლები“ მოჰქონდათ. სხვათა შორის, ძალინ კარგი გუნდი გვყავდა. მეკარეობაც იმ დროიდან დავიწყე. ალბათ, სირბილი მეზარებოდა (იცინის). იმ პერიოდში ბავშვების მწვრთნელი გია მაისურაძე დადიოდა უბან-უბან და ნიჭიერ მოზარდებს არჩევდა. გიას საკუთარი გუნდი „მთვარის გლობუსი“ ჰყავდა. ასე მოვხვდი მეც მასთან. უფრო სწორედ, ჩემი მეგობარი, ცნობილი ფეხბურთელი, ლევან ბაჯელიძე მოხვდა მასთან. ლევანის მშობლებმა, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია გამიწიეს გიასთან, მეკარე თუ გჭირდებაო, აგერ არისო. ამის მერე, უკვე პროფესიონალურად ვარ ფეხბურთში ჩართული. ძალიან ბევრ გუნდში მითამაშია „მთვარის გლობუსის“ შემდეგ: შემდეგ იყო I ლიგაში მოასპარეზე „კოდაკო“; თბილისის „დინამოს“ დუბლები, ზოგჯერ, ძირითად შემადგენლობაშიც ვხდებოდი; ერთი წელი „მერანის“ ღირსებასაც ვიცავდი, საიდანაც ისევ „დინამოს“ დავუბრუნდი. შემდეგ იყო თბილისის „ლოკომოტივი“, მოსკოვის „სპარტაკი“, „ხიმკი“, ვლადივოსტოკის „ლუჩ-ენერგია“, გერმანულ „კარლ-ცაისი“, ლვოვის „კარპატი“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რუსთავის `ოლიმპში“ ვიყავი, საიდანაც კვლავ „ლოკომოტივს“ დავუბრუნდი.
- „კარლ-ცაისი“ ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის კარგად ცნობილი გუნდია. ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ არ იცოდეს 1981 წლის 13 მაისის თბილისის „დინამოელთა“ ტრიუმფის შესახებ, როცა მათ „ევროპის თასების მფლობელთა თასის“ ფინალში ბრწყინვალედ სძლიეს იმდროინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერესს გუნდს იენის „კარლ-ცაისს“. საინტერესოა, როგორი იყო შენდამი დამოკიდებულება ამ გუნდში?
- ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართველებს იქ. გუნდის სპორტული დირექტორი ლინდემანი სწორედ მერვე ნომრით მონაწილეობდა იმ ცნობილ ფინალში. ის ძალიან თბილად იხსენებდა ქართველებს. სტადიონის ფოიეში გამოფენილია ქართველთა საჩუქრები. თან ტრადიციაც ჩამოყალიბდა ასეთი, რომ ყოველწლიურად ვეტერანი ფეხბურთელები ხან საქართველოში, ხან გერმანიაში ჩადიან ხოლმე ამხანაგური მატჩების სათამაშოდ.
- თუმცა, გიორგი, ალბათ, სამწუხაროა ყველა გულშემატკივარისათვის, რომ 1981 წლის 13 მაისის გამარჯვება ქართული ფეხბურთისათვის, ჯერ-ჯერობით, ერთადერთი ბრწყინვალე შედეგია მის უახლოესს ისტორიაში.
- ალბათ, ფეხბურთელების საფუძვლიანი და ხარისხიანი მომზდება ბავშვობიდანვე უნდა მიმდინარეობდეს. მოზარდებმა კარგი ტაქტიკური მომზადება უნდა გაიარონ. დღეს საკმაოდ განვითარებულია ფეხბურთი მისი ყველა სეგმენტით, იქნება ეს მედიცინა თუ სხვა რამ. ამასთან ერთად, ბავშვს ბუნებრივი ნიჭიც უნდა გააჩნდეს საამისოდ. აი, მაგალითად, როგორაა ეს საქმე აწყობილი, თუნდაც იმავე „კარლ-ცაისში“. მათ სპეციალური საბავშო სკოლა აქვთ, სადაც 12 წლამდე მოზარდებს არ არბენინებენ ისე, ჩვენთან რომ იციან, ძალიან დიდ მანძილზე, თითქმის არაქათის გამოცლამდე. იქ კი, გოგონები და ბიჭები ერთ გუნდში თამაშობენ. მწვრთნელები და სპეციალისტები თვალყურს ადევნებენ მათ თამაშს და, შესაბამისად, არჩევენ პოტენციურ ფეხბურთელებს. ვისაც სათანადო ნიჭი არა აქვს, იმას ეუბნებიან, რომ პროფესიონალური ფეხბურთი მისი საქმე ვერ იქნება. დარჩენილ ნიჭიერ მოზარდებს კი ანაწილებენ. ამიტომაა, რომ მათ ქალთა საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავთ ფეხბურთში. ამიტომ, თუ ბუნებრივად არ გაქვს ფეხბურთის თამაშის ნიჭი, ძნელია, რამე გამოგივიდეს. თუმცა, ნიჭიერებასთან ერთად, ფეხბურთისადმი სიყვარულიც აუცილებელია. ჩემი ბავშვობის დროს, როცა უბნებში სტადიონები დიდი დეფიციტი იყო, ეზოებში დიდ ქვებს ვაწყობდით კარების ნაცვლად და ასე ვთამაშობდით. ახლა, სამწუხაროდ, ბავშვები ფეხბურთს კომპიუტერში თამაშობენ. რა თქმა უნდა, კომპიუტერიც საჭიროა, მაგრამ ეზოში თუ არ ჩახვედი და ბურთს ფეხი არ ჰკარი, ისე ვერ შეიგრძნობ ფეხბურთს.
- თუ გყოლია ან ახლაც გყავს იდეალი ფეხბურთში?
- ისე გამორჩეულად არავინ მყოლია. თითქმის ყოველ წელს ჩანდნენ ნიჭიერი და გამორჩეული ფეხბურთელები. თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მეკარეს პიტერ შმეიხელს მაინც გამოვარჩევდი.
- გიორგი, ვიცი, მალე შვილსაც ელოდები.
- ცოლის ოჯახში მეხუმრებიან, ნამეტანს კი ნუ გადახტებიო, რამეს არ მიარტყა თავიო, გვჭირდებიო (იცინის). კი, შვილს ველოდები. მითხრეს, ბიჭიაო.
- გიორგი, შენი უმცროსი ძმა დათოც ფეხბურთელია. მან შენი მიბაძვით დაიწყო თამაში თუ, როგორც შენ ამბობ, ფეხბურთისადმი სიყვარული მასაც ჰქონდა?
- ალბათ, უფრო უყვარს ფეხბურთი, ვიდრე ის, რომ ვთქვა, ჩემი მიბაძვით დაიწყო თამაშიო. რომ არ ჰყვარებოდა, აქამდე დაანაბებდა თავს. დღეს „ვიტ-ჯორჯიას“ ღირსებას იცავს.
- უახლოესი მომავლის გეგმებით რა ხდება შენთან?
- 28 მარტს კვიპროსში ვთამაშობთ ადგილობრივ ნაკრებთან, ხოლო 1 აპრილს თბილისში ვუმასპინძლებთ ჩერნოგორიელებს. ეს არის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის შესარჩევი მატჩები. როგორც იცით, ჩვენ VIII შესარჩევ ჯგუფში მოვხვდით იტალიას, ირლანდიას, ბულგარეთს, ჩერნოგორიასა და კვიპროსთან ერთად. საკმაოდ ძლიერი ჯგუფია. თუმცა, ჩვენ ვეცდებით წარმატებით ვიასპარეზოთ ამ ჯგუფში და იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარისათვის სასურველი შედეგიც მოვა.
- დიდი მადლობა, გიორგი, ინტერვიუსათვის და წარმატებებს გისურვებთ როგორც პირადად შენ, ასევე მთელს ქართულ ფეხბურთს, მის ეროვნულ ნაკრებს.
- დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენც და ჟურნალ „პრემიერსაც“ წარმატებებს ვუსურვებ.
კახა კვაშილავა
![]() |
9.5 „ერთადერთი მოტივაცია რუსეთის ნაკრებთან შერკინებისას ჩვენი ქვეყნის სიყვარული იყო...” |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული სპორტის ისტორიაში, რაგბი ძალზედ წარმატებული სპორტის სახეობა აღმოჩნდა, რომელსაც არაერთხელ გაუხარებია გულშემატკივართა გულები. რაგბი შესანიშნავად მოერგო ქართულ ხასიათსა და ტემპერამენტს და დღემდე წარმატებით აგრძელებს არსებობას საქართველოში. 22 მარტს, რუსეთის ნაკრებთან ჩვენი ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ჟურნალ „პრემიერმა“ ინტერვიუ ჩაწერა „ბორჯღალოსანთა“ ერთ-ერთ თვალსაჩინო მოთამაშესთან, დავით კაჭარავასთან.
რეზიუმე
დავით კაჭარავა - საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების „ბორჯღალო“-ს ლელო, დაიბადა 1985 წლის 16 იანვარს, ქ. თბილისში. ბავშვობიდან გატაცებული ყოფილა ჩოგბურთით, მოგვიანებით, ძმის წყალობით, დასწრებია მორაგბეთა ერთ-ერთ ვარჯიშს, რის შემდეგაც დაინტერესებულა სპორტის ამ სახეობით და გადაუწყვეტია სერიოზულად მოკიდებოდა რაგბს. 1994 წლიდან „ყოჩები“-ს შემადგენლობაში ვხედავთ.
„ბორჯღალო”-ში მისი დებიუტი 2004 წელს შედგა და მას შემდეგ წარმატებით აგრძელებს ამ საქმიანობას ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
დავით, უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ბრწყინვალე გამარჯვება რუსეთის ნაკრებთან. კარგად დაიწყეთ ერთა თასის წრე და კარგადაც დააგვირგვინეთ, ელოდით ამ გამარჯვებას?
ჩვენ შარშანაც მოვიგეთ ერთა თასის წრე, თუმცაღა, შარშან არ გვყავდა ასეთი ძლიერი შემადგენლობა და არა მარტო ჩვენ, სხვა გუნდებსაც. საქმე იმაშია, რომ წელს ერთა თასის თამაშებთან ერთად დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის ორწლიანი ციკლიც. შესაბამისად, ერთა თასის გათამაშებაში პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატში, ამიტომ ყველა ქვეყანამ მოახერხა და შეკრიბა მოთმაშეთა უძლიერესი შემადგენლობა. მათ შორის საქართველომაც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ველოდით ამ გამარჯვებას, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ გაგვჭირვებია რუსებთან შერკინება და მოგება. ადვილად არაფერი მოდის.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ნაკრების ყველა წევრს თქვენთვის მოგების შემთხვევაში საკმაოდ დიდ ანაზღაურებას სთვაზობდნენ. აქედან გამომდინარე, მათი თავდაუზოგავი თამაშის მოტივაცია სრულიად გასაგებია. და თქვენი მოტივაცია რა იყო?
რუსეთის ნაკრებს, ყველა თამაშის შემდეგ, საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას აძლევენ ხოლმე. ეს ინფორმაცია მართლაც გავრცელდა, თუმცა მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას - ერთადერთი მოტივაცია რუსეთის ნაკრებთან შერკინებისას ჩვენი ქვეყნის სიყვარული იყო და მერწმუნეთ, ეს საკმარისზე მეტიც გახლდათ. თუმცა მარიოპოლიდან დაბრუნებულებმა გავიგეთ, რომ საქართველოს მთვრობა, ნაკრების თითიოეულ წევრს ერთჯერადი ფულადი პრემიით გვაჯილდოვებდა.
როგორ ფორმაშია ახლა ნაკრები? ერთა თასის გუნდებს შორის რომ უდაოდ ფავორიტები ხართ ეს ფაქტია. როგორ ფიქრობთ, არ არის დრო უფრო სერიოზულ საფეხურზე გადასვლისა?
უფრო სერიოზულ საფეხურზე ჩვენ ვიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისას, მაგრამ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ის გახლავთ, რომ ვარჯიშის დაწყებას, მხოლოდ თამაშამდე რამოდენიმე დღით ადრე ვახერხებთ. ნაკრების თითქმის ყველა წევრი სხვადასხვა ქვეყნის გუნდებში თამაშობს და საქართველოში, მხოლოდ თამაშის წინა პერიოდში ჩამოდის, შესაბამისად მათი ფიზიკური მომზადებაც არ არის ერთნაირი და ამის გამო შეთამაშების კუთხით გარკვეული პრობლემები გვექმნება, ხოლო სხვა ქვეყნის გუნდები კი, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემზადებიან ჩემპიონატისთვის, თუნდაც იგივე რუსეთის ნაკრები, უკვე, ნოემბრის ბოლოდან იწყებს ვარჯიშს, რადგან მისი მოთამაშეები სტაბილურად იმყოფებიან ქვეყანაში და მათი შეკრება პრობლემას არ წარმოადგენს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ცნობილია, რომ ტიმ ლეინს, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, შემტევი რაგბი უყვარს და ამ მხრივ, გარკვეული ტაქტიკური ცვლილებებიც კი განახორციელა გუნდში. როგორ ფიქრობთ, გაამართლა ლეინის ტაქტიკამ?
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ, ტიმი არაერთხელ იქნა გაკიცხული პრესაში მის მიერ განხორციელებული ტაქტიკური ცვლილებების გამო, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი წლის მანძილზე, რაც იგი ჩვენთან მუშაობს, საქართველოს ნაკრებს არცერთი თამაში არ წაუგია შოტლანდიას თუ არ ჩავთვლით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ტიმის ტაქტიკამ გაამართლა.
და მიუხედავად ამისა მაინც ახერხებთ ქართველი გულშემატკივრის გახარებას თქვენი გამარჯვებებით. გამძლეობას გისურვებთ!
ორიოდე სიტყვით შეგიძლიათ თქვენს სამომავლო გეგმებზეც მოგვითხროთ?
წინა წელი რუსეთში ვთმაშობდი ქ. კრასნოიარსკში. წელს კი საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბიდან არის შემოთავაზება. ჯერ მოლაპარაკების სტადიაზე ვიმყოფებით, თუ შედგა ეს მოლაპარაკება, წავალ საფრანგეთში, თუ არადა, მაშინ რუსეთში დავრჩები. ეს დაახლოებით ერთ თვეში უნდა გადაწყდეს, მანამდე კი საქართველოში ვიქნები.
დიდი მადლობა დავით იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და გაგვესაუბრეთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება!...
ვიმედოვნებ. რაგბის ფედერაციამ შეიმუშავა გეგმა და მთავრობა ამ გეგმის განხორციელებას დაგვპირდა. საუბარია იმაზეც, რომ ლოკომოტივის ბაზა უნდა გადმოგვცენ. ეს თავისთვად ძალიან კარგია, რადგან მოედნების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის ვარჯიშზე. გარდა ამისა, რაგბისტთა ძალიან კარგი, ახალი თაობა მოდის. თუ მათ კარგ პირობებს შეუქმნიან, ანუ ავარჯიშებენ ბალახზე, ექნებათ საშხაპეები და სხვა კიდევ მრავალი რამ, მერწმუნეთ, ამ სპორტს საქართველოში ნამდვილად ექნება პერსპექტივა.
შორენა ლომიძე
![]() |
9.6 რაგბი - ქართული სულისა და ხასიათის შესატყვისი სპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველების საამაყო გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტეთ რაგბის ისტორიას გადავხედოთ და „პრემიერის“ შემდეგ ნომრებში ჩვენი ბორჯღალოსნების თითოეული პორტრეტებთან, მიღწევებთან და თამაშის ცხრილთან ერთად ისტორიული ექსკურსიც შემოგთავაზოთ (ვისაუბრებთ, არამარტო რაგბზე, არამედ სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმოშობაზე და ისტორიაზე, რათა ხაზი გავუსვათ ჯანსაღი ცხოვრების სტილის, რიტმის აუცილებლობას ჩვენი ქვეყნისა და მომავლის მშენებლობაში).
რაგბის წარმოშობა.
მივყვეთ ისტორიას. რაგბი, როგორც სპორტის სახეობა ინგლისში ჩამოყალიბდა ფეხბურთის წიაღში. 1823 წლის 7 აპრილს, ინგლისში, ქალაქ რაგბის ერთ-ერთი კოლეჯის ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ. მატჩის მსვლელობისას 16 წლის უილიამ ველისმა ბურთი მკერდზე მიიკრა და მოწინააღმდეგეთა კარისკენ გაქანდა. თამაშის წესებიდან ასეთი გადახვევა მოეწონათ როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებსაც დაირღვა ფეხბურთის თამაშის წესები და რამაც საფუძველი დაუდო რაგბის.
მალე რაგბი გავრცელდა და პოპულარული გახდა ყველა კონტინენტზე, დაიხვეწა თამაშის წესები და 1900, 1908, 1920, 1924 წლებში ოლიმპიურ თამაშთა პროგრამაშიც „დაიბადა“.
თამაშის სპეციფიკა და მიზანი.
ესაა გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ჩათვლის ველზე მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს კარში. თამაშის მიზანი არის, ორმა, თხუთმეტკაციანმა გუნდმა სპორტულ შეჯიბრებაში და წესების სრული დაცვით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმით და დამიწებით შეძლებისდაგვარად მოაგროვოს მეტი ქულა.
რაგბი საქართველოში.
რაგბს, როგორც ჩამოყალიბებული სპორტის სახეობას, საქართველოში ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამ სპორტის წინამორბედად მიჩნეულია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა - ლელო, ანუ გუნდური თამაში ბურთით.
ლელო ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული წარმართული თამაში იყო. დასავლეთ საქართველოში მღვდელი ყოველ აღდგომას აკურთხევდა წითელ ბურთს და მრევლს ათამაშებდა. ლელოს მოთამაშეთა მიზანი იყო ბურთის მიტანა მოწინააღმდეგე გუნდის პირით ხაზამდე. თამაშის ასპარეზი შემოფარგლული არ იყო. თამაშობდა უბანი უბანთან, სოფელი სოფელთან. სპორტის ეს სახეობა, როგორც აკაკი წერეთელი წერდა: „ჭკუა-გონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს ბურთაობის დროს თვალი, ფეხი, ხელი, თავი, ტვინი და ყველაფერი თანასწორად ეჩვევა სიმარდეს”.
რაც შეეხება ქართულ რაგბს, იგი, ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. 1959 წელს, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (იგივე გეპეი) გამოიკრა განცხადება, ახალი სპორტის, რაგბის ჩამოყალიბების თაობაზე, სადაც მსურველებს მოუწოდებდნენ ამ ჯგუფში გაერთიანებისაკენ. იმჟამად, ინსტიტუტში ფიზიკური აღზრდის კათედრას ხელმძღვანელობდა ვინმე მიხეილ ცხადაძე. სწორედ ის დასთანხმებია ქალაქში თერძად ცნობილ სომეხ ფრანგს ჟაკ ასპეკიანს ამ უცხო თამაშის დანერგვაზე საქართველოში.
ჟაკი წარმოშობით მარსელიდან ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „სოციალისტური სამოთხის” შესაცნობად საბჭოთა სომხეთში ჩასულიყო, მაგრამ იქ რომ არ მოწონებია, ნათესავებთან, თბილისში გადმოსახლებულა. რეპატრიანტს ახალგაზრდობაში ლიონში უთამაშნია რაგბი, საბჭოეთში ბურთიც კი წამოუღია, მაგრამ ამ ბურთის გამოყენება მხოლოდ თბილისშიღა შესძლო. ორი წელი დასჭირვებია თურმე ჟაკს სპორტის ხელმძღვანელ მუშაკთა დასაყოლიებლად და ბოლოს ცხადაძე დაიყოლია. გეპეელთა პირველი შეკრება საბურთალოს, იმ დროისთვის ახალ იპოდრომზე შედგა. ვარჯიში სისტემატურად, კვირაში სამჯერ ეწყობოდა. თანდათან შეიცვალა კონტიგენტიც - რაგბს სხვა სახეობებში გამოცდილი, სპორტული ადამიანები მოაწყდნენ. ზამთრში სესიების, არდადაგებისა და თოვლის წყალობით ვარჯიში წყდებოდა და გაზაფხულზე ახლდებოდა.
ასე დაიწყო საქართველოში ამ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სპორტის სახეობის ჩამოყალიბება, რომელმაც დღეისათვის განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურს მიაღწია ეროვნული ნაკრების „ბორჯღალოსანთა” წყალობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაგბი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა, რომელიც შესანიშნავად მოერგო ქართულ სულსა და ხასიათს. 22 მარტს კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რაც სიმბოლურიც იყო: საქართველომ რუსეთი მოედანზე დაამარცხა!
დავით გონგლაძე
![]() |
9.7 ფოთის „კოლხეთი-1913“ - წარსული და ახალი გუნდი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნული ჩემპიონატის გამოცხადება 1990 წელს და პირველი ოფიციალური მატჩი, ახალი საფეხბურთო ეპოქის დასაწყისს და პირველ მყარ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ. ჩამოყალიბდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სწორედ ქართულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი შეხვედრის გამართვის თაობაზე. დიდი ტრადიციების მქონე თბილისის „დინამოს“ მეტოქე ფოთის „კოლხეთი-1913“ გახდა, რომელმაც გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუა და პირველი მატჩი მოიგო. ფოთის „კოლხეთი-1913“ საპრიზო ადგილებს წლების განმავლობაში ფლობდა. გუნდის წარმატებები სოსო ფილიას სახელს უკავშირდება, რომელიც მთავარი მწვრთნელი იყო და 1994 წლიდან მოყოლებული საკუთარი გუნდი საპრიზო ადგილებზე გაჰყავდა. თუმცა ორგზის ვერცხლისა და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი გუნდი, იძულებული გახდა დამშვიდობებოდა უმაღლეს ლიგას.
დღეს ფოთის გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობს. მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებზე გვესაუბრება.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ფოთის საფეხბურთო კლუბი ეროვნულ ჩემპიონატზე კვლავ ასპარეზობს, მაგრამ გულშემატკივრები ფოთელების პროფესიულ ფეხბურთში დაბრუნებას ელიან.
დღევანდელი მდგომარეობით გუნდი რეალურად იკავებს იმ ადგილს, რა შემადგენლობითაც დაკომპლექტებულია. ჩვენი მიზანია ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გამართული და სწორი ფეხბურთი ისწავლონ. თუ გუნდს ძლიერი სპონსორი გამოუჩნდა, გვინდა მას სტაბილური გუნდი დახვდეს. წელს ნამდვილად არ არის ფოთის საფეხბურთო კლუბი მზად უმაღლეს ლიგაში გადავიდეს და ამას ჩვენი მეტოქე გუნდების ქულათა რაოდენობაც განსაზღვრავს. ვთქვათ, გადავედით უმაღლეს ლიგაში, შემდეგ რა იქნება? გუნდი გაიზიარებს იმის ანალოგიას, რაც წინამორბედს ერგო. ისე არავინ ჩამითვალოს, თითქოს უფროსი მწვრთნელის გადასახედიდან თავს ვიმართლებდე, მაგრამ ეს ლოგიკურია. ამიტომ ვამბობ - გუნდს ძველი პრობლემები ისევ წინ რომ არ დახვდეს, ძლიერი სპონსორი სჭირდება.
ლოდინი შეიძლება ხანგრძლივი გამოდგეს. გამოდის, ფოთის საფეხბურთო კლუბის უმაღლესში გადასვლა უახლოესი პერსპექტივა არ არის?
როდესაც ფოთის „კოლხეთი-1913“ დაიშალა, ჩვენს ქალაქში ფეხბურთი შეჩერდა, მაგრამ შევიკრიბეთ სპორტის სამსახურის ოფისში და გადავწყვიტეთ, სპორტული სკოლის ბაზაზე ახალი გუნდი შეგვექმნა. ამ საქმეს ხელი თემურ ბარქაიამ მოკიდა და მართლაც მთელი სული ჩადო ახალი გუნდის შექმნაში. ეს ადამიანი პატრონობს ახალ ფოთის „კოლხეთს“. დაფინანსება დღეისათვის, რაც სპორტის სამსახურის აქტიური მხარდაჭერით ადილობრივი ბიუჯეტიდანაც გვერგო, შეიძლება ითქვას 50/50 ხდება. 2006 წელს მოვახერხეთ რეგიონ-ლიგაში გუნდი გამოგვეყვანა და ამავე წელს პირველ ლიგაში გადავედით. შარშან მეოთხე ადგილზე გავედით და წელსაც ამ ბარიერზე ვიმყოფებით. 17-18 წლის ფეხბურთელებია ძირითადად გუნდში და ძნელია მათ მოსთხოვო შედეგზე ორიენტირებული იყვნენ. მათ საკუთარი შესძლებლობის გამოვლენის საშუალება მაქსიმალურად უნდა მისცე, მაგრამ მთავარი მაინც ძლიერი გუნდის შექმნაა. ამისთვის კი ბაზისი უნდა შეიქმნას და ამას ნელ-ნელა ვახერხებთ. ამ გუნდს ასაკიდან გამომდინარე აკლია სტაბილურობა. ერთ თამაშს ჩაატარებენ მაღალ დონეზე და მომდევნო შეხვედრას ჩააგდებენ, ასე დაგვემართა ბათუმთან მატჩის დროს, როცა მესამოცე წუთამდე ვიგებდით შეხვედრას და როგორც კი მასპინძლებმა გათანაბრება შესძლეს, ისე აირია ჩვენი გუნდი, რომ მინდორზე დალაგება ვერაფრით მოახერხა. ფოთის ფეხბურთი პირველ ლიგაში კი არა, უმაღლესში ღირსეულ ადგილს იმსახურებს, მაგრამ რეალობას ვერავინ გავექცევით.
ფინანსების გარდა აქცენტს რამდენიმე წვეულ ფეხბურთელებზეც აკეთებთ, რომ გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწიოს. ყოფილი „კოლხეთი-1913“-დან თუ გყავთ თქვენი თანაქალაქელი გამოცდილი ფეხბურთელები?
ბევრი ჩვენი თანაქალაქელი, რომლებიც სხვა გუნდში თამაშობდნენ მოვიწვიეთ, მაგრამ ზოგიერთებმა არასწორი მიდგომა გამოავლინეს, მათ ეგონათ, რომ ახალბედა მოთამაშეები რადგან დახვდნენ, გამოცდილების წყალობით თამაშს ადვილად შესძლებდნენ. ამ კატეგორიის ფეხბურთელებმა იმაზე სუსტად წარმართეს თამაშები რასაც ველოდით. ყოფილი გუნდიდან შემოგვრჩნენ, მეკარე გიზო შენგელია, მანუჩარ წიქარიშვილი, კახა თურქია და ბიძინა ჩემია. უდიდესი კადრი იყო გიორგი კრასოვსკი, რომელიც საკვანძო ფეხბურთელის ფუნქციას იკისრებდა გუნდში, მაგრამ მასთან კონტრაქტი ერევნის „არარატმა“ გააფორმა.
თუ გუნდს გამოუჩნდა სპონსორი და ფინანსური მხარე მოწესრიგდა, მომავალ წელს შესძლებს გუნდი უმაღლესისთვის ბრძოლას?
პირველი ლიგის გუნდებს შორის 2008-2009 წლების ახალი საფეხბურთო სეზონი როგორც კი დაიწყება, დაგვჭირდება 3-4 გამოცდილი ფეხბურთელის დამატება და ამ კონტიგენტით გუნდი უმაღლესში გადასასვლელად სერიოზულად იბრძოლებს. ჩვენი საფეხბურთო სპორტ-სკოლა არჩევანის დიდ საშუალებას იძლევა, იქ 250-300 ბავშვი ვარჯიშობს. წელს 5 ბავშვი გადმოვიყვანეთ გუნდში. ერთ-ერთი მამუკა ლორია უკვე საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ნაკრებში თამაშობს. ხუთი ნიჭიერი ფეხბურთელი ფოთის ხვალინდელი დღეა.
ლაშა გოგილავა
![]() |
9.8 სოსო ფილიას „ლიუბიმჩიკს“ფრანგულ კლუბში გადასვლის შანსი აქვს! |
▲ზევით დაბრუნება |
რამდენიმე წლის წინ გიორგი კრასოვსკი კიევის „დინამოს“ სკოლაში ანდრეი შევჩენკოს გვერდით თამაშობდა და მას წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ამ ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა სულ სხვა გზით განვითარდა. მან რამდენიმე წელი მშობლიური ფოთის „კოლხეთში“ დაჰყო, გიორგის, ცნობილი სპეციალისტის, სოსო ფილიას „ლიუბიმჩიკად“ მიიჩნევდნენ...
რამდენიმე ქართული და უცხოური კლუბის გამოცვლის შემდეგ კრასოვსკიმ „არარატთან“ გააფორმა კონტრაქტი.
გიორგი, როგორც ვიცი, კარიერის პირველ ეტაპზე ორი წელი კიევის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდი. საინტერესოა, იქ როგორ აღმოჩნდი?
ფეხბურთის თამაში ფოთის „ფაზისში“ დავიწყე, უკრაინელებმა ერთ-ერთი ტურნირისას შემამჩნიეს და „ფაზისიდან“ კიევის „დინამოს“ სკოლაში გადავედი. იმ დროს „დინამოს“ სკოლაში ანდრეი შევჩენკო იყო და მის გვერდით თამაშის ბედნიერებაც მქონდა. შემდეგ იგი დიდ გუნდში გადაიყვანეს, მე კი საქართველოში ჩამოვედი და სამი წელი ფოთის „კოლხეთში“ ვითამაშე. საქართველოს უმაღლეს ლიგაში 15 წლისას მქონდა დებიუტი. ზუგდიდის გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე და გოლიც გავიტანე.
ამის შემდეგ არაერთი კლუბი გამოიცვალე, გუნდების ასე ხშირი ცვლის მიზეზი რა იყო?
ფეხბურთელის კარიერა ისეთია, წინასწარ არ იცი, ბედი სად გადაგისვრის. რა თქმა უნდა, ნიჭი და ვარჯიში უმთავრესია, მაგრამ იღბალზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ფოთის „კოლხეთიდან“ სიმფეროპოლის „ტავრიაში“ რომ გადავედი, 18 წლის ვიყავი, ამ გუნდში ნახევარი სეზონი დავყავი და ისევ „კოლხეთში“ დავბრუნდი. შემდეგ იყო ქუთაისის „ტორპედო“, ყველაზე საუკეთესო სეზონი სწორედ ამ გუნდში გავატარე. 12 თამაშში და 9 გოლი გავიტანე. რევაზ ძოძუაშვილმა მაშინ კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო დავიშალეთ და იძულებული გავხდი ახალი კლუბი მომეძებნა. ჩემი „მოგზაურობაც“ აქედან დაიწყო. „ტორპედოდან“ აზერბაიჯანულ „გილანში“ გადავედი, შემდეგ ერთი წელი ზუგდიდის „მგლებში“ ვითამაშე, იქედან უზბეკეთის „ანდიჟანში“ აღმოვჩნდი, სადაც მსოფლიო ვარსკვლავ რივალდოსთან მომიხდა თამაში, ახლა კი ერევნის „არარტთან“ გავაფორმე ერთწლიანი კონტრაქტი.
ერევნის „არარატში“ როგორ აღმოჩნდი?
„არარატის“ წინააღმდეგ ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში მაქვს ნათამაშები. ბულგარეთში ვიყავით შეკრებაზე და სომხურ კლუბს იქ შევხვდით და 1:0 მოვუგეთ. სომხებმა პირველად მაშინ შემამჩნიეს, მას შემდეგ 6-7 წელიწადი გავიდა, მაგრამ მაინც გამიხსენეს და კონტრაქტი შემომთავაზეს. სხვა შემოთავაზებებს შორის „არარატი“ ვარჩიე, რადგან, წლეულს უეფას თასზე ვთამაშობთ და ევროთასებზე თავის გამოჩენის შანსი მომეცემა.
ერევნის „არარატის“ სპონსორმა საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდი იყიდა და მასაც „არარატი“ ჰქვია. ახლახანს იქ ერევნიდან 4 ბრაზილიელი ლეგიონერი გადაიყვანეს. მპირდებიან, რომ თუ ერევნის „არარატში“ თავს გამოვიჩენ, ამ კლუბში მეც გამაგზავნიან. მთავარი მწვრთნელი აშოტ კირაკოსიანი კარგი თვალით მიყურებს, ჩემი ეიმედება და ვცდილობ, რომ მისი ნდობა მეც გავამართლო.
გიორგი, ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლამდე ყოველთვის ნახევარდაცვაში თამაშობდი. რევაზ ძოძუაშვილმა „ტორპედოში“ ფორვარდად გაქცია, „არარატის“ მთავარმა მწვრთნელმა აშოტ კირაკოსიანმა კი აღნიშნა გუნდში კარგი მცველი მჭირდებოდაო და კრასოვსკი სწორედ ამიტომ ავიყვანეთო, გამოდის, რომ იგი დაცვაში გიპირებთ დაყენებას...
კარში არ ვმდგარვარ თორემ, სხვა ყველა პოზიციაზე მითამაშია. „ტორპედოდან“ წავედი როგორც თავდამსხმელი, აზერბაიჯანში საყრდენ ნახევარმცველად მათამაშებდნენ. „მგლებში“ ისევ თავდამსხმელი ვიყავი, უზბეკეთში კი დაცვაში მიმიჩინეს ადგილი და არც ამ პოზიციაზე ასპარეზობაა ჩემთვის უცხო. გუნდს სადაც დავჭირდები იქ ვითამაშებ. ბავშვობაში, კიევშიც ხშირად მიცვლიდნენ პოზიციებს და ამან საქმე გამიადვილა.
„არარატმა“ შენთან ერთად კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შესახებ რას გვეტყვი?
ახალგაზრდა ბიჭები არიან, გიორგი ალავიძე და ბუკა ცინცაძე. ამ ბიჭებს ძალიან აქებენ და ეიმედებათ კიდეც. კარგია, რომ გუნდში სამი ქართველი ვიქნებით. ახალ კლუბთან ადაპტაცია არ გაგვიძნელდება.
ლაშა გოგილავა
![]() |
9.9 ბათუმს ოლიმპიური სტადიონი სჭირდება |
▲ზევით დაბრუნება |
აჭარის დედაქალაქში თანამედროვე სტადიონის მშენებლობაზე საუბარი ქართულმა მედიამ, ფონდი „არველაძეს“ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მოუხშირა. რაც ქალაქის ცენტრში ძველი სტადიონის დემონტაჟი მოხდა, მას შემდეგ ზღვისპირა ქალაქი კეთილმოწყობილი საფეხბურთო მოედნის გარეშე დარჩა. მართალია, ბათუმს უმაღლეს ლიგაში გუნდი არ ჰყავს და ბათუმის „დინამო“ პროფესიულ ფეხბურთს გასულ წელს გამოეთიშა, მაგრამ ახალი სტადიონის მშენებლობაზე საუბარი აქტიურად მიდის.
ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დაინტერსებულია ამ საკითხით და ფონდი „არველაძეც“ ჩაერთო ამ საქმეში. „AMSTERDAM ARENA ADVISORY“-ასე ქვია იმ კომპანიას, რომელმაც ბათუმის ახალი სტადიონის ციფრული ესკიზი უკვე დაამზადა, თუმცა ეს საბოლოო ვარიანტი არ არის.
ბათუმის მთავარი არქიტექტორის ზვიად ბურჭულაძის თქმით, ქალაქს დაუმტკიცდა გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ყველა ის მიმართულება, თუ სად რა ნაგებობა უნდა განთავსდეს ქალაქში და გეგმაში სტადიონის საკითხიცაა შესული.
დედაქალაქის გარდა თანამედროვე სტანდარტის სტადიონი არცერთ ქალაქში არ არის, ზესტაფონს თუ არ ჩავთვლით. ზღვისპირა ქალაქში კი ამის მშენებლობა აუცილებელი კომპონენტია. რამდენ ხანში ექნება ქალაქს ახალი სტადიონი და რამდენად რეალიზებადია ეს პროექტი?
სიმართლე გითხრათ კონკრეტული გადაწყვეტილება ამის თაობაზე ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ეს იდეა დიდი ხანია გვქონდა. ქალაქს ნამდვილად უნდა გააჩნდეს ნორმალური სტადიონი და ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად. ქალაქის გენერალურ გეგმაში, რომელიც წელს დამტკიცდა, შესულია უნივერსალური სტადიონის მშენებლობაც. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჰოლანდიური კომპანიის მიერ შექმნილი ესკიზებისა, საბოლოო ვარიანტი და გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არსებობს. თუ როგორი უნდა იყოს სტადიონი ამას სპეციალისტები გადაწყვეტენ. თანამედროვე სტადიონის მშენებლობა ორი ძირითად მიმართულებას ემსახურება: ჯანსაღი თაობის აღზრდა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. როცა ამის გეგმა და სურვილი არსებობს, შესაძლებლობაც გამოჩნდება და ქალაქს მართლაც ექნება უნივერსალური სტადიონი.
გეგმის მიხედვით როგორი სტანდარტის სტადიონის მშენებლობაა ნავარაუდევი?
სტადიონი ფიფას სტანდარტების იქნება, მაგრამ იგივე ფიფას გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ არსებობს ოლიმპიური სტადიონები, რომლებსაც მხოლოდ ორ მხარეს აქვს ტრიბუნები. იგივე მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონს ოთხი ტრიბუნა აქვს, მაგრამ ცალ მხარეს არის გადახურული. სრული მაკეტი ჩვენი სტადიონისა არ არის ჯერ ჩამოყალიბებული. ბათუმს ოლიმპიური სტადიონი სჭირდება, სადაც სპორტის სხვა სახეობებშიც შეჯიბრის გამართვა იქნება შესაძლებელი.
ახალი სტადიონის ადგილმდებარეობა და ტრიბუნებზე ტევადობა როგორ არის გათვლილი?
ბათუმი პრინციპში პატარა ქალაქია და ტევადობის მხრივ ძალიან დიდ სტადიონზე საუბარი სერიოზული არც უნდა იყოს. როდესაც შენდება სტადიონი ყოველთვის ჩნდება მოთხოვნა და ეს პროექტშიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ამ სტადიონის ირგვლივ ინფრასტრუქტურა განვითარდეს. მთელი ჩემი ცხოვრება მსგავს პროექტებს შევალიე და ტრიბუნების ტევადობა, პირველ რიგში ქალაქის მასშტაბის მიხედვით არის გასათვალისწინებელი.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, სულ რამდენიმე ბირთვია ზღვისპირა ზოლზე, სადაც მთლიანად სპორტული კომპლექსები უნდა განთავსდეს. სავარაუდოდ არის ზღვისპირეთის ახალშემოერთებული ტერიტორიები ან ვფიქრობთ ანგისას ყოფილი სტადიონის ადგილას ახალმა დაიდოს ბინა. ისე ერთ ფაქტსაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ მაინცდამაიც სტადიონი ზღვისპირა ზოლზე გაშენდეს ამის მოთხოვნაც არ არის.
ყოფილ სტადიონს რა ხარვეზები ჰქონდა?
ფიფას ეგიდით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, გაფართოების არეალი არ ჰქონდა. იგივე შეიძლება ითქვას ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზეც. ძალიან ცუდ ადგილას არის განთავსებული. როცა ტარდება საკლუბო თუ სანაკრებო დონის ოფიციალური შეხვედრები, ნახევარი ქალაქი პარალიზებულია. გულშემატკივრებს მანქანების დაყენება თავისუფლად უნდა შეეძლოთ და ამის გამო მთელ მსოფლიოში მკვიდრდება ტენდენცია, რომ სტადიონი რაც შეიძლება დიდ ტერიტორიაზე განათავსონ. საწვრთნელი ბაზისთვის ყოფილი სტადიონის ადგილმდებარეობა იდეალური იყო. არის მეორე მხარეც, პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებილია მოქალაქეთა უსაფრთხოების საკითხიც.
ბათუმს დღეისათვის არ ჰყავს ძლიერი საფეხბურთო კლუბი, მაგრამ მსოფლიოში იმის გამოცდილებაც არსებობს, რომ ახალი სტადიონის მშენებლობის შემდეგ ზოგიერთ გუნდებს სერიოზული წარმატებები ჰქონიათ. სტიმულისთვის ეს პროცესი, მყარი ნაბიჯია.
ლაშა გოგილავა
![]() |
9.10 ყოფილი „ბასკო“ და დღევანდელი ბათუმი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ პირველი სუპერ ლიგის ჩემპიონატი, ვაჟთა შორის, 1991 წელს ჩაატარა და თერთმეტ საკალათბურთო კლუბს მოუყარა ერთად თავი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მონაწილე თბილისის „დინამოს“, გამოცდილების და კვალიფიკაციის მაღალი დონის წყალობით, ეროვნულზე პაექრობა არ გასჭირვებია. პირველი სუპერ ლიგის ოცი შეხვედრიდან, ოცივე წარმატებით დაასრულა და ამავე წელს ჩემპიონიც გახდა. მეორე წელს კი, საკალათბურთო ჩემპიონატზე თბილისის „ვითა“ აღზევდა და საქართველოს პირველობაზე ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მომდევნო ხუთ წელიწადში მან შეინარჩუნა. ქართულ საკალთბურთო გარემოს ბათუმის „ბასკო“ მერვე ეროვნულ ჩემპიონატზე (1998-99წწ-ში) შეურთდა და იმავე წელს სპეციალისტთა ყურადღებაც მიიქცია. ბათუმელმა კალათბურთელებმა, 13 საკლუბო გუნდიდან ყველაზე ღირსეულად იასპარეზეს და თბილისის „ვითას“ ხუთწლიანი საჩემპიონო ტიტული ამავე წელს აართვეს. ამის შემდეგ ბათუმის „ბასკო“ ჩემპიონობას, მეცამეტე ერვოვნული ჩემპიონატის ჩათვლით ფლობდა. მხოლოდ მეთორმეტე ჩემპიონატზე ცოტა დააკლდა უმაღლეს საფეხურს და ვერცხლის პრიზიორი გახდა ამავე წელს. 2003 წელს ბათუმის „ბასკომ“ საქართველოს თასის ფინალური შეხვედრაც მოიგო. ქართული კალათბურთის ისტორიაში, თბილისის „ვითასთან“ ერთად ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ბათუმის „ბასკო“ გახლავთ. თუმცა წარმატებას-წარუმატებლობაც მოსდევს და მეცამეტე ეროვნული ჩემპიონატის (2003-2004 წწ.) დასრულების შემდეგ, „ბასკო“,საქართველოს საკალთბურთო ჩემპიონატს გამოეთიშა. ქვეყნის პირველობაზე წარმატებებს „ბასკომ“, ზურაბ ტომარაძის, პაველ გოოგესა და ნუგზარ კანდელაკის მთავარი მწვრთნელობისას მიაღწია.
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ „ბასკოელები“, მეთვრამეტე ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებაში ჩაერთვნენ მიმდინარე წელს. საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერ ლიგის მონაწილე ცხრა გუნდს შორის, ბათუმი უკვე საკუთარი ქალაქის სახელით თამაშობს. საკალთბურთო კლუბი „ბათუმი“, ყოფილი „ბასკოს“ სახელ-დიდებას ჯერ ვერ ამართლებს, მაგრამ ახალი კლუბი, „ბასკოელი“ ბათუმელების ინიციატივით ჩამოყალიბდა და თვით ეროვნულ ჩემპიონატის ოფიციალურ შეხვდერებსაც ენთუზიაზმით ატარებს. აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი შამილაძე, რომელიც აჭარის სპორტ-სკოლის დირექტორის მოადგილეცაა, ახალბედა კალათბურთელების ბაზისზე დიდ იმედებს ამყარებს. ბადრი შამილაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმის საკალთბურთო კლუბის ეროვნულ ჩემპიონატზე დაბრუნება, მომავალი სპორტსმენებისთვის სტიმულირებადი გახდა. ბათუმის სპორტ-სკოლაში ათასხუთასამდე მოსწავლე სპორტის სხავადასხვა სფეროში წვრთნებს გადის და მათ შორის, 1993-94 წელს დაბადებულ ჭაბუკთა საკალათბურთო გუნდი ვარჯიშებს აქ ატარებს. საკალათბურთო პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ბადრი შამილაძე გვესაუბრება.
„ბასკოს“ ხუთწლიანი ტრიუმფალური გამოსვლა ეროვნულ საკალათბურთო პირველობაზე და შემდეგ ამდენივე წლით ამ გუნდის გაუჩინარებამ, რა მდგომარეობა შექმნა? დღეისათვის რა ვითარებაა ამ მხრივ?
ბათუმში კალათბურთი ტრადიციული სფეროა და ამას დიდად ხელი „ბასკოს“ არსებობამ შეუწყო. აჭარაში და მთლიანად ქვეყანაში, „ბასკომ“, მიღწეული წარმატებებით, კარგი საკალათბურთო გარემო შექმნა. სხვას, რომ თავი დავანებოთ პროფესიული გუნდის შექმნამ, ბავშვთა საკალათბურთო ჯგუფების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მანამდეც გვყავდა ნიჭიერი ახალგაზრდული ჯგუფი, მაგრამ „ბასკომ“ ახლბედების მოზიდვას სპორტის ამ სფეროში, თავისი კვალი დაამჩნია. გარდა ამისა, „ბასკოს“ დამსახურებაა ის, რომ ჩვენ სპორტ-სკოლას მაშინ რემონტი გაუკეთდა და იდეალურ მდგომარეობაშია. ჩვენი ძალისხმევაა დღეს ამ ბაზას რომ ვინარჩუნებთ. საწვრთნელ ვარჯიშებს ყოფილი „ბასკო“ აქ ატარებდა და დღევანდელი „ბათუმიც“ წვრთნებს ამ დარბაზში გადის.
დღევანდელ მდგომარეობას ეროვნული ჩემპიონატის სუპერ ლიგაში, მთლად სასიამოვნოს ვერ ვუწოდებთ. ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ სასიხარულოა, რომ ბათუმელი კალათბურთელები პროფესიულ ლიგას დაუბრუნდნენ, მაგრამ ახლად შექმნილი გუნდი „ბასკოს“ მსგავსად ეფექტურად ვერ თამაშობს. ეს გუნდი, ძირითადად თავისი ხარჯებით ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატზე. კლუბის ხელმძღვანელმა ვანო მაისურაძემ, ტიტანური შრომა გასწია გარკვეული ფინანსური სახსრების მოსაძიებლად და შემდეგ ბიჭების ენთუზიაზმით, დავბრუნდით დიდ კალათბურთში. დღეს არის გარკვეული ტენდენციებიც, რომ სერიოზული მეპატრონე გამოუჩნდება ამ კლუბს და ძველ ღირსებასაც აღვადგენთ. ვფიქრობთ, რომ ის შეფერხება რაც ამ წლების განმავლობაში გვქონდა, უკვე წარსულს ჩაბარდა და არსებული სამომავლო ბაზისი გვაძლევს მომავალზე ფიქრის იმედს.
ბავშვთა საკალთბურთო ჯგუფები იძლევა ამის ოპტიმიზმს თუ აქცენტი სამომავლოდ მოწვეულ სპოტსმენებზე კეთდება?
გვყავდა ძალიან პერსპექტიული გუნდი (1992წწ.), რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პრიოზიორი გახდა და მეორე ადგილი დაიკავა ამ ასაკობრივ ჯგუფში. ამ ჯგუფიდან ორი მოთამაშე საქართველოს ნაკრებში მოხვდა, რის შემდეგაც დანარჩენები თბილისის სხვადასხვა კლუბებში გადავიდნენ. 1992წელს დაბადებული ჭაბუკთა გუნდი ეროვნულ ჩემპიონატზე ვერ გავიყვანეთ, რადგან ფაქტიურად გუნდი აღარ გვყავდა. შემოგვრჩა 1993-94 წელს დაბადებული ვაჟთა საკალთბურთო ჯგუფი და აქედანაც ოთხი მოთამაშე თავის ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ნაკრების წევრები არიან. ამ ჯგუფს პლეიოფში გასვლის შანსი აქვს და ცუდად არ გამოიყურება. ამათ გარდა გვყავს უმცროსი ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი (1995წწ-ბი), რომელიც პრაქტიკულად მარათონში წელს ჩაება. თორმეტი შეხვედრიდან, რვა გამარჯვებით დაასრულა და ეს ბავშვებიც იტოვებენ პლეიოფში მოხვედრის შანსს, გააგრძელონ ბრძოლა პირველობისთვის. შეიძლება იმ დონის არ არის ეს ბავშვთა ნაკადი, როგორიც „ბასკოს“ დროს გვყავდა, მაგრამ მაშინ კონტიგენტი იყო მრავალრიცხოვანი და ნიჭიერი მოთამაშეების არჩევის მეტი საშუალება გვქონდა. თუმცა ბავშვთა მთლიანი შემადგენლობა, მართლაც იძლევა სერიოზულ წარმატებებზე ფიქრის საშუალებას, მხოლოდ ჯერ გარკვეული კონდინციები უნდა გაიუმჯობესონ.
ამისათვის საჭიროა რესპუბლიკურ დონეზე ბავშვთა შეჯიბრებები გაძლიერდეს. სურვილი გვაქვს ამ წელს, ზაფხულში ბათუმში ჩავატაროთ საერთაშორისო ტურნირი და ამის შესახებ უკვე ვაწარმოებთ საუბარს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან. გვინდა ეს ტურნირი ნაკრებების დონეზე ჩატარდეს. ფედარაციის დახმარებით მოსაწვევ გუნდებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ წარმატებით მოგვარდა საორაგანიზაციო საკითხები, უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთის და რუმინეთის ნაკრები გუნდები შეიძლება ვიხილოთ. საერთაშორისო ტურნირი ჩვენი სპორტ-სკოლის დარბაზში, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ჩატარდება.
უმაღლესი ლიგის გუნდი, როგორც აღნიშნავთ თვითმყოფადი კლუბია, ბავშვთა საკალთბურთო კლუბების შენახვას რა ფინანსური წყაროებით ახდენთ?
უმაღლესი ლიგა, მაინც საკლუბო ჩემპიონატია და წესით სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს მთლიანად, რაღაც სუფსიდიებს თუ არ ჩავთვლით. ბავშვთა სპორტში მთლიანად სახელმწიფო ფინანსები უნდა იყოს და ამ მხრივ ბათუმის სპორტ-სკოლას სერიოზულ დახმარებას ბათუმის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო უწევენ. სოლიდური თანხებია გამოყოფილი შიდა და ღია პირველობების და საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად. მაგალითად, კალათბურთში ორი საერთაშორისო ტურნირია დაფინანსებული. ერთი უკვე ჩატარდა და ჩვენი კალათბურთელები ბულგარეთში იმყოფებოდნენ, მეორე კი, როგორც აღვნიშნე, ბათუმში მიმდინარე წელს იგეგმება. არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ უახლოეს პერიოდში კი არა, ძალიან მალე კალათბურთი ბათუმში სასურველ სახეს დაიბრუნებს.
გარდა ფინანსებისა, რა მხარეებია კიდევ მოსაწესრიგებელი, რომ ბათუმის პროფესიულ კალათბურთელთა კლუბმა, „ბასკოს“ წარმატებული გზა გააგრძელოს?
პირველადი წყარო, მაინც ფინანსებია და ამ საკითხის მოწესრიგების შემდეგ სწრაფ ტემპში ლაგდება ყველაფერი. დაწყებული სამწრვთნელო შტაბიდან, შემადგენლობით დამთავრებული ნამდვილ სპორტულ ფორმაში უნდა იქნას მოყვანილი, რასაც სერიოზული შეკრებებიც უნდა მოსდევდეს. სხვანაირად შედეგზე ფიქრი წარმოუდგენელია. ამ მხრივ სერიოზული ძვრებია, საქმეც დაწყებულია და ამას შედეგიანად დასრულება უნდა, რასაც აუცილებლად მივაღწევთ.
ლაშა გოგილავა
![]() |
9.11 „AIBA“ კატეგორიის არბიტრი პეკინის ოლიმპიადაზე |
▲ზევით დაბრუნება |
პეკინის 29-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მონაპოვარმა სარეიტინგო მონაცემები მკვეთრად გააუმჯობესა და ამ ოლიმპიადაზე მონაწილე 204 ქვეყანას შორის, საქართველომ 27-ე ადგილი დაიკავა. ყოველ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყანა შედეგებით წინ მიიწევს და სრულიად შესაძლებელია მომდევნო, ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველო საუკეთესო ოცეულში ვიხილოთ.
ქართველი სპორტსმენების გარდა სარეიტინგო მაჩვენებლის ზრდას შეიძლება ხელი ქართველმა არბიტრებმაც შეუწყონ იმ მხრივ, რომ ამ პატარა ქვეყნიდან პეკინის ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ორი არბიტრი იყო მიწვეული: ჭიდაობაში ელდარ მაჩაიძე და კრივში ზურაბ ტიბუა დასახელდნენ, რომლებმაც პეკინის ოლიმპიადის საგზური სპორტსმენების მსგავსად ლიცენზირების გავლის შედეგად მოიპოვეს. ფოთელი ზურაბ ტიბუა, რომელიც კრივში საქართველოს ნაკრების წევრი იყო 1978-82 წწ-ში, საქართველოსა და საკავშირო ტურნირების მრავალგზის პრიზიორია. 1992 წელს დააფუძნა მოკრივეთა კლუბი „ლიდერი“ და 1995 წელს ევროპის სამოყვარულო კრივის ასოციაციამ, მას ევროპის „EABA“-ს კატეგორიის მსაჯის წოდება მიანიჭა. 1996 წლიდან საქართველოს მსაჯთა კოლეგიის თვამჯდომარე გახდა, ხოლო 1997 წელს მსოფლიოს კრივის საერთაშორისო ასოციაციამ, მსოფლიოს „AIBA“-ს კატეგორიის მსაჯის წოდება მისცა.
ზურაბ ტიბუას ბიოგრაფიული მონაცემებიდან ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რადგან ის კრივის გარდა ფოთში, მთლიანად სპორტის სფეროს კურირებს და საქართველოს სხვა რეგიონებისა თუ ქალაქებისგან განსხვავებით სპორტის სფერო კულტურის სფეროსგან გამოყოფილად, ცალკე უწყებად აქვს შექმნილი. 1999-2002 წწ-ში ზურაბ ტიბუას ინიციატივით მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ ბაზაზე შეიქმნა ფოთის კრივის სპეციალიზებული სკოლა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ბაზაა. პეკინის ოლიმპიადის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში საერთაშორისო კრივის ფედერაციის „AIBA“-ს მიერ ის პერსონალურად იყო მიწვეული მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოსკოვში, თუმცა აგვისტოს მოვლენების გამო მან უარი განაცხადა რუსეთში გამგზავრებაზე.
„საერთაშორისო არენაზე ფოთელი სპორტსმენების წარმატება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მე ვარ სპორტის წარმატებული სამსახურის უფროსი“, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჩვენთან ზურაბ ტიბუამ და დასძინა, ფოთი სპორტულ ცენტრად უნდა იქცესო.
სპორტული ოჯახი
ოთხი წელია რაც სპორტის სამსახურს ვკურირებ და შიდა ორგანიზაციული საკითხებიდან დაწყებული, სპორტის სხვადსხვა სფეროების განვითარების მიმართულებით ყველაფერი შევცვალეთ. მინდა ჩვენდა სასიხარულოდ აღვნიშნო, რომ მიუხედავად ფინანსური კრიზისისა ქალაქის ხელმძღვანელობამ სპორტის განვითარებაში 800 000 ლარი ჩადო. და ეს არის ყველაზე დიდი დაფინანსება, სხვა რეგიონებთან შედარებით. შეიძლება დედაქალაქს უფრო მეტი ფინანსები ჰქონდეს ამ მხრივ, მაგრამ მაცხოვრებელთა მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ ფოთს უკეთესი შედეგი აქვს. მხოლოდ ფოთშია სპორტის სამსახური ცალკე, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის უწყებებს გამოეყო. კრივზე, რომ არაფერი ვთქვათ სპორტის სხვა სფეროებშიც დიდია წარმატებები, წყალმოთხილამურე გენადი ქორალია ევროპის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ასევეა ნიკო კუციაც, რომელიც გასულ წელს ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ფოთი არის ერთ-ერთი მკვებავი საქარათველოს ნაკრების სპორტსმენების შემადგენლობით. 1996 წლის ატლანტის ოლიპმიადაზე პირველი ფოთელი იყო კობა გოგოლაძე, რომელმაც კუბელ გონსალესს მოუგო და შემდეგ ხელის ტრავმის გამო მეოთხედფინალში დამარცხდა. სიდნეის ოლიმპიური თამაშები ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ამ საერთაშორისო არენაზე ორი სპორტსმენით ჭანტურია და ხურცილავათი წარსვდექით. ვლადიმერ ჭანტურიამ ისეთი ბრძოლა მოუგო ჯაგაევს, რომ ნოკდაუნში ჩააგდო, რის შემდეგაც უზბეკი სპეციალისტებიც მიყვებოდნენ, რომ ასეთ შედეგს არ ელოდნენ. ჭანტურია ამ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ათენისა და პეკინის ოლიმპიდაზეც ორ-ორი სპორტსმენის მონაწილეობით გამოვიჩინეთ თავი.
პრობლემები გვაქვს ბაზებთან დაკავშირებით და ამ მხრივ სანიჩბოსნო ბაზას გამოვყოფ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ადრეულ წლებში. საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდები წვრთნებს ამ ბაზაზე ატარებდნენ. გვაქვს მცირე სანიჩბოსნო ბაზა, რომელიც მართვეს ბალანსზე ირიცხება. პრობლემა დგას წყალთხილამურების სახეობაში. 1991 წელს ფოთმა ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეს ბაზა კერძო მესაკუთრისაა და შეიძლება ითქვას, რომ სხვის ბაზაზე ვვარჯიშობთ, თუმცა თვითონ მეპატრონე რომან მელია წყალსათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტია და ეს გვიადვილებს მუშაობას. წყალთხილამურებისთვის სპორტსმენები ზაფხულობით თბილისიდან ჩამოდიან და წვრთნებს გადიან. ფაქტიურად
ფოთში სპორტის მხრივ ერთი დიდი ოჯახია შექმნილი.
პეკინის ოლიმპიადა
როგორც ყველა სპორტსმენმა, პეკინის ოლიმპიადაზე მოსახვედრად ლიცენზირება გავიარე და 34 რჩეულ მსაჯთა შორის მეც მოვხვდი. იყო ასეთი პიროვნება პეკინის ოლიპმიადაზე, საქართველოდან, სპორტის ამ სახეობაში ერთადერთი არბიტრი ვიყავი. ოლიპმიადაზე ელდარ მაჩაიძეც იყო მსაჯი ჭიდაობაში და ეს მისთვის მეორე ოლიმპიადა გახლდათ, რადგან დღეს ჭიდაობა ყველაზე პოპულარული სახეობაა საქართველოში. ლიცენზირება დაიწყო ჩიკაგოდან, როგორც მოკრივეებს ისე მსაჯებს შორის და მეორე ეტაპი იტალიაში გაგრძელდა. მესამე ბარიერი ათენის სალიცენზიო ტურნირი გახლდა და დაგროვილი ქულებით მოვხვდი პეკინის ოლიმპიდაზე, თუმცა თეორიული და პრაქტიკული სემინარები პეკინში შედგა. კრივის საერთაშორისო ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ტაილანდელი ჩინკ კიუ ვბუ ჰყავს და მინდა გითხრათ, რომ ამ კაცის მოსვლის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა კრივში. ხარვეზები ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის , მაგრამ საგრძნობლად შემცირდა რაღაც მიზეზთა გამო არსებული სპორტსმენების დაჩაგვრა. წლების განმავლობაში კრივი ოთხრაუნდიანი ორწუთიანი ბრძოლებით განისაზღვრებოდა და ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ახლა პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. კრივის ორთაბრძოლები სამრაუნდიანი გახდება სამწუთიანი პაექრობებით.
ყველაზე დიდი წარმატება ამ ოლიპმიადაზე ჩემთვის ის იყო, რომ იმ 34 მსაჯიდან ფინალურ ასპარეზობაზე 11 არბიტრის არჩევა ხდება და ამ თერთმეტ სპეციალსტთა შორისაც მოვხვდი. პირველი ფინალური ორთაბრძოლა რინგზე მე გავხსენი, სადაც კუბელი და ტაილანდელი სპორტსმენები პაექრობდნენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კრივის სახეობაში ხუთი მსაჯი ვიყავით მიწვეული. საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის და ყაზახეთის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა ამ ოლიპმიადას და ჩემთვის ორმაგი პრესტიჟია, რომ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მომეცა. რაც შეხება ოლიპმიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს, ფოთიდან ორი სპორტსმენი ნიკა იზორია და კახაბერ ჟვანია იყვნენ პეკინში ჩასულები. ჩვენ მსაჯებს შეზღუდული უფლებები გვქონდა იქ და ჩვენი ბიჭების ორთაბრძოლებს მონიტორიდან ვაკვირდებოდი. კახაბერ ჟვანიამ ძალიან კარგად წარმართა პირველი რაუნდი და ამერიკელს ეპაექრა, რომელთანაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატი წააგო. ოლიმპიდაზე კი ქართველმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ეტყობა ჩემპიონის ტიტულმა მაინც ფსიქოლოგიურად იმოქმედა ჩვენებურზე. ნიკა იზორიასთვის კი ეს მეორე ოლიმპიადა იყო და პირველი ბრძოლაც მოიგო. შემდეგ უპირატესობა აზერბაიჯანელს დაუთმო და ეს უკანასკნელიც ოლიმპიური პრიზიორიც გახდა.
გზა ლონდონამდე
მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში მილანში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი კრივში და სპორტსმენების შერჩევას რესპუბლიკური ტურნირით მოვახდენთ. ლონდონის ოლიმპიადის წინ, ბუნებრივია დაიწყება სპორტსმენთა და მსაჯთა სალიცენზიო ტურნირები და მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ფიქრი იმაზე, რომ ფოთმა ლონდონის ოლიმპიადაზე 5-6 სპორტსმენი წარადგინოს ძნელი იქნება, რადგან ლიცენზიის მოპოვება არაა ადვილი, ამიტომ ისევ ვიბრძოლებთ ჩვენი ქალაქიდან ორი სპორტსმენი იყოს და ორივე ღირსეულად გამოვიდეს. იმედი გვაქვს, რომ ფოთელები ლონდონში სასურველ შედეგს მიაღწევენ.
ლაშა გოგილავა
![]() |
9.12 საქართველო სპორტულ საჭადრაკო სივრცეში |
▲ზევით დაბრუნება |
ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, რომელიც ხორციელდება ორ მოთამაშეს შორის. საქართველოს დიდიხანია იცნობენ სპორტულ საჭადრაკო სივრცეში, როგორც მოჭადრაკე ჩემპიონების ქვეყანას, მარტო ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრიას დასახელება რად ღირს... მაგრამ ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, სამეგრელოს, კერძოდ, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა „ნონაზე“ გვინდა გიამბოთ. ჩვენდა საამაყოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი ზუგდიდელია.
ნონა გაფრინდაშვილი ქართველი მოჭადრაკე დაიბადა ზუგდიდში 1941 წელს; ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა, სწორედ, ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონის (1962-78). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის (1962-1978).საერთაშორისო დიდოსტატის ქალთა (1976) და ვაჟთა (1978) შორის, სახელს ატარებს.
საჭადრაკო სკოლაში მარტის ერთ უჩვეულოდ ცივ დღეს მივედი ინტერვიუს ჩასაწერად. ფოიე სავსე დამხვდა ხალხით. მოხალისეებს მაგიდებზე ჭადრაკის დაფები გაეშალათ და ერთდროული პარტიები ჰქონდათ გაჩაღებული. ვიგრძენი, სუსხი, რომელიც გარედან შემომყვა, წამში გალღვა.
გეზი დირექტორის კაბინეტისკენ ავიღე. სამწუხაროდ არ დამხვდა.
ჩემი გიდობა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, ეროვნულმა ოსტატმა, ბატონმა გოჩა თორიამ ითავა. ერთ-ერთ ოთახში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგერი შოგირაძე მეცადინეობას უტარებდა ბავშვებს. მოგვიანებით კი ჩემთვისაც მოიცალა „ჭადრაკის მაესტრომ“.
- ზუგდიდში ჭადრაკის სექცია 1966 წელს გაიხსნა, ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლის ბაზაზე. სწორედ იმ პერიოდიდან ვარ მეც ამ სფეროში. ჩვენი საჭადრაკო ისტორია სულ ცოტა ნახევარ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდში არა ერთი წარმატება მოგვიტანია ქალაქისთვის. ერთი წლის წინ სახელი შევიცვალეთ და „საჭადრაკო სკოლა - ნონა“ გვქვია. მსგავსი სკოლები ფუნქციონირებს დღეს თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში...
- რამდენადაც მე ვიცი, სულ ახლახან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტური გაიმართა...
- დიახ, და შესარჩევ ტურში მონაწილეობას ღებულობდა ჩვენი საჭადრაკო კლუბის აღსაზრდელი გიორგი შონია (12-14 წლამდე ასაკი), რომელიც 2-4 ადგილზე გავიდა. გიორგი იტალიაში უნდა გაემგზავროს ევროპის ჩემპიონატზე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სკოლას ათამდე ასეთი საიმედო პერსპექტივის მქონე, ნიჭიერი აღსაზრდელი ჰყავს, რომლებმაც მალე შეიძლება საჭადრაკო ამინდი შეცვალონ საქართველოში. თუმცა ამას სახსრები სჭირდება, მართალია მთავრობა გვეხმარება, მაგალითად მუნიციპალიტეტის დახმარებით შევიძინეთ ჭადრაკის ახალი კომპლექტი, დაფები, საათები, მაგიდები და სკამები. უკვე ტურნირებსაც ვაწყობთ, რაც მოჭადრაკის პროფესიონალად გაზრდის წინაპირობაა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მცირეა „ზუგდიდური ჭადრაკის“ ასაღორძინებლად... საქართველოში დამსახურებული მწვრთნელები სულ თითზე ჩამოსათვლელები ვართ.
- ნონა გაფრინდაშვილი თუ სწვევია მისი სახელობის სკოლას?
- მხოლოდ ერთხელ გვინახულა წინასაარჩევნოდ!!!
- წლებია სპორტის ამ სახეობას ემსახურებით... გვიამბეთ თქვენს მოსწავლეებზე.
- წლების წინ, როცა ამ სკოლაში მოვედი, ჭადრაკი არც თუ ისე პოპულარული იყო. რა თქმა უნდა, ანდრია დადიანის ქალაქში ჭადრაკი უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მაგრამ მასიური სპორტი არ იყო... ჭადრაკს უფრო სამეფო კარისა და თავად-აზნაურთა წრეებში თამაშობდნენ. ამიტომაც უწოდებენ მას „არისტოკრატულ სპორტს“. თუმცა შემდეგ მასაშიც მოიკიდა ფეხი სპორტის ამ სახეობამ. მყავდა არაჩვეულებრივი შეგირდები: გიზო ჭურღულია - საერთაშორისო ოსტატი, ჩვენი გოჩა თორია, რომელიც ამჟამად თვითონ ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩვენს სკოლაში - საბჭოთა კავშირის დიდოსტატი, ეროვნული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია. სანდრო დგებუაძე ბელგიის საჭადრაკო ცხოვრებას ლიდერობს. ასევე მინდა გავიხსენო გია ჯანაშია და გიორგი აბსავა... ძალიან ნიჭიერი ახალი თაობაც მოდის. 100-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება ჩვენს სკოლაში ჭადრაკის ხელოვნებას. მესმის, რომ ასივე მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება, მაგრამ ჭადრაკი მათ სულიერად აყალიბებს და ბევრ ისეთ სულიერ თვისებას უვითარებს, რაც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისათვის. ჩვენი საჭადრაკო სკოლის კარები ყოველთვის ღიაა მოხალისეებისთვის, ხომ ხედავთ, როგორი გაცხოველებით თამაშობენ პარტიებს უფროსი თაობის ადამიანები... ამ დროს მწვრთნელთან გაკვეთილებს გადიან ამათი შვილები და შვილიშვილები... სიცოცხლე ჩქეფს... ვფიქრობ, სკოლა ნამდვილად აკეთებს თავის საქმეს.
… გარეთ გამოსულმა ვიგრძენი, რომ ძველებურად აღარ ციოდა.
სალომე ნაჭყებია
![]() |
10 ხელოვნება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ლიანა მიქიანი - ჭედური ხელოვნების ოსტატი - ხატმჭედი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი და ჯერჯერობით განუმეორებელი, ჭედური ხელოვნების ოსტატი-ხატმჭედი, ლიანა (ანა) მიქიანი, დაიბადა 1953 წლის 9 მარტს, გულირიფშის რაიონის სოფ. აჟარაში. თავდაპირველად იგი თბილისის თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ეზიარა ჭედურ ხელოვნებას, შემდეგ კი მოსკოვში მიიღო დიდი პროფესიული გამოცდილება. მისი დებიუტი, სწორედ ამ ქალაქში შედგა, ქართულ სათვისტომოში, არბატზე, რაც ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. ქართული საზოგადოებისთვის კი ლიანა მიქიანის ნამუშევრები 1994 წელს გახდა ხელმისაწვდომი. მისი პირველი გამოფენა საქართველოში თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა, რამაც მაშინათვე ჰპოვა დაინტერესება ფართო საზოგადოებაში. ნიჭიერი ხატმჭედის ნამუშევრებით მოიხიბლა საპატრიარქოც და კურთხევა მისცა მას ამ საქმიანობის გაგრძელებისათვის.
ლიანა მიქიანმა, თავისი მოღვაწეობის მანძილზე, მრავალი ძვირფასი ნაშრომი შემატა ქართული კულტურის ძეგლებს.
მისი ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ დიდი სამების ეკლესიაში. მასვე ეკუთვნის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიდი სახარების ყდის მოჭედვა, რომელიც ოქრო-ვერცხლითაა შემოსილი. დაგვიტოვა იშვიათი ნიმუში ოთხთავისა წმინდა სამების სიმბოლოთი შემკული, რომლის ანალოგი საქართველოში ჯერ არ მოიპოვება.
ჯვრის მამის რეზიდენციაში, სიონში, საპატრიარქოში, სხვადასხვა ეკლესიაში დაბრძანებულია მის მიერ მოხატული წმინდა გიორგის, მთავარანგელოზის, ღვთისმშობლის და სხვა ხატები. ამ ნიჭიერ ხატმწერს, უამრავი საერო ნაშრომიც აქვს შექმნილი, რომლებიც ეკლესიაში მისვლამდეა შესრულებული.
ლიანა მიქიანის სურვილი გახლდათ, თავისი დარჩენილი სიცოცხლე ეკლესიისთვის შეეწირა და მონაზვნად კურთხეულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ავტოკატასტროფის მსხვერპლი გახდა და უფლის მიერ იქნა ზეცად კურთხეული.
მოამზადა ლელა გიგლემიანმა
![]() |
10.2 ხელოვნების სიყვარული… |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი ქყეყნის მომავალი
ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენი ახალგაზრდა თაობის თვალებში იკითხება. ისინი თავისებურად გრძნობენ, უყვართ, ტკივათ, განიცდიან და აღიქვამენ სამყაროს, სულის სარკეს, მათში ჩახედვას კი ნუ ეცდებით, ჩუმად მოვუსმინოთ და მომავლის გზა გავუკვალოთ მხოლოდ, ცურვას კი თავადაც ისწავლიან ცხოვრების ოკეანეში…
ხელოვნება სულის სარკეაო, იტყვიან, სული კი მარადიული სწრაფვაა ზეციურისადმი, ფერებში ირეკლება ჩვენი გრძნობები, განცდები, ფიქრები... მახსენდება ერთი დიდებული ადამიანის სიტყვები, როდესაც აბიტურიენტი, შეშინებული თვალებით მივადექი უნივერსიტეტის კარებს, -მას ვისაც წიგნის მტვრის სუნი უგრძვნია, ნისლის ფერი შეუცვნია, გამოცდის არ უნდა ეშინოდესო,- დავიბენი, მაშინ ვერც ვიფიქრებდი თუ მსგავს დასკვნამდე მეც მივიდოდი, ან, საერთოდ, რა ფერია ნისლი? გრძნობის, განცდის, სევდის ფერი?!. აღქმა კი ხდებოდა სამყაროსი პირველად ფეხადგმული ბავშვის მსგავსად, მაგრამ ფიქრები ნაწილნაწილ იშლებოდნენ… მერე გადავდგი ნაბიჯი და… წლებმა თავისთავად ჩაიქროლეს… დღეს, როცა პატარა შემოქმედთა მიერ შექმნილ ნაწარმოებებს ვუყურებ, ვგრძნობ თუ როგორ გაუბედავად დგამენ პირველ ნაბიჯებს, მაგრამ ემოციებით დატვირთულნი, თითქოს ერთიანად მოძალებიათ გრძნობის ქარიშხალი და ჩუმი ოკეანის მდუმარებაც, პარადოქსული ფრაზების და ქცევების სუბლიმაცია.
ამჟამად სტუმრად გვყავს წყალტუბოს მესამე საჯაროო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე - სალომე ნადარაია:
„მიყვარს -მხატვრობა… ხელოვნება… ლიტერატურა…
მხატვრები? -რემბრანტი… ვან გოგი…
ვკითხულობ-პოეზიას, პროზას... ვაჟა, გალაკტიონი, ილია, ყაზბეგი, დიუმა, ოსკარ უაილდი...
ფერადია სამყარო და ფერების აღქმა მარტივ საგნებშიც თავისებურად შეიძლება''…
ჟურნალ „პრემიერი“ მზად არის კარი გაუღოს ჩვენი ქვეყნის პატარა ტალანტებს, მათ ვისაც უგრძვნიათ ხელოვნების, მხატვრობის, ლიტერატურის ძალა, მათ ვისაც შესწევს უნარი საკუთარი ხედვა გამოხატოს გარესამყაროსადმი და ამასთანავე არ ჩამორჩეს ჯანსაღი ცხოვრების რიტმს და სპორტული შემართებით მოიცვას ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი სფერო.
ლელა მირცხულავა
![]() |
10.3 ცის ხატება დედამიწაზე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიოს საინტერესო ამბები
ცის თაღის ქვეშ, - ვამბობთ ჩვეულებრივ, ცის თაღი მისი დედამიწასთან შეხების მთელი დიამეტრით შემოიფარგლება, როცა ადამიანი მზერას მაღლა აღაპყრობს.
როგორც კი ადამიანმა საკუთარ წარმოდგენაში ამქვეყნიური სამყარო ზეციურისგან განაცალკევა, იმთავითვე დაიწყო მატერიალური სიმბოლოების შექმნა მუდმივისა და სრულყოფილის გამოსახატავად. ერთ-ერთი მათგანი ზეცის დედამიწაზე აღმართული განსახიერება ანუ თაღია.
მეფეთა ზეცა
პირველ თაღოვან ნაგებობებს შუამდინარეთში დაახლოებით 15 ათასი წლის წინ აღმართული მეფეთა სამარხები წარმოადგენდა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ატრეს საგანძურის სამარხი მიკენში. უზარმაზარ ყორღანში მოწყობილ სამარხს გუმბათოვანი სახურავი ამშვენებდა. ყორღანის ქვის კედლებთან შეზრდილი და ერთგვარად გადრეკილი ჭერი განასახიერებდა მუდმივ ზეცას, რომელიც განსვენებულ მეფეს ჰფარავდა. თუმცა, მსგავსი თაღები არ ჩანდა მიწის ზედაპირზე, ისინი მხოლოდ გარდაცვლილ პატრონთა „მზერას ატკბობდნენ”.
პირველი და ერთადერთი
თაღი - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - შიგნიდან და გარედან ამობურცული ფორმების მქონე ერთგვარი ამობრუნებული თასი - დაახლოებით 2000 წლის წინ აღმართეს რომაელებმა. ანტიკური ხანის გუმბათოვანი როტონდის დიდებული მაგალითია რომის პანთეონი. იგი უნიკალურია ისტორიაში როგორც არქიტექტურული, ისე სიმბოლისტური თვალსაზრისით.
წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც შედის უზარმაზარ, აბსოლუტურად მრგვალ დარბაზში, რომლის ციკლოპურად სქელი კედელი არსად იტიხრება ფანჯრებით. შემოსულის თავთით აღმართულა მბრძანებლური და იმავდროულად სადღესასწაულო ნახევარსფეროს დიდებულება. მისი დიამეტრი 43 მეტრს აღემატება. დღისით მის მწვერვალზე ამოჭრილი ცხრამეტრიანი ფანჯრიდან (ოკულუსიდან) იღვრება მზის შუქი, რომელიც როტონდის სტატიკურ სივრცეში გიგანტური პროჟექტორის სხივის მსგავსად იჭრება. ღამით ოკულუსი დიდ ილუმინატორად გარდაიქმნება, რომლიდანაც ვარსკვლავიანი ცა მოჩანს. თვით პანთეონი კი ემსგავსება ქვის სფეროს - დედამიწას, რომელიც ბნელი კოსმოსის მარადიულობაში მიცურავს.
პანთეონის გუმბათი იდეათა ნამდვილი თავშესაფარია. ბერძნულად „პანთეონი” ნიშნავს ყველა ღმერთისადმი მიძღვნილ ტაძარს, ამიტომაც პანთეონის თაღი ყველა ღმერთის სამყოფელია. ამ ცაზე ბინადრობენ ბერძნული ზევსი, რომაული იუპიტერი, ქრისტიანთა სამსახოვანი უფალი, ებრაელთა იაჰვე, ძველეგვიპტური რა, ძველსპარსული მიტრა. დამოუკიდებელი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოკულუსს, რომლის მეშვეობითაც ამქვეყნიური სამყარო ზეციურს უკავშირდება.
პანთეონი რეალურად განასახიერებს პლატონიკოსთა სწავლებას ისეთ სრულყოფილ ფორმებზე, როგორებიც სფერო და წრეწირია.
სამყაროთა და საუკუნეთა მიღმა
ძველი რომიდან თაღი სხვადასხვა ცივილიზაციისა და რელიგიის კულტურებში გავრცელდა, მათ შორის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინ ევროპის ტერიტორიაზე წარმოშობილ კულტურებში, შემდეგ - ბიზანტიაში, მოგვიანებით - საქართველოში, ხოლო კიდევ უფრო გვიან - ქრისტიან სლავთა კულტურაშიც. ყველა ამ კულტურამ გაითავისა რომაული თაღთმშენებლობის ტრადიცია, შეუხამა რა მას საკუთარი ნაციონალური, რელიგიური თუ გეოგრაფიული თავისებურებანი.
ბიზანტიელებმა თავიანთი ქვეყნის აყვავების ეპოქაში შექმნეს ყველაზე ცნობილი, მასშტაბებითა და სრულყოფილებით გამორჩეული, ქრისტიანული წმინდა სოფიას გუმბათიანი ტაძარი კონსტანტინეპოლში. რომისთვის დამახასიათებელი კონსტრუქციათა დემონსტრაციულობა, მათი გასაგები და გამოკვეთილი ლოგიკა მასის დემატერიალიზაციისაკენ მისწრაფებით შეიცვალა. სივრცე უდიდესი მნიშვნელობით დაიტვირთა. ართმევს
რა ტაძარში შესულს რეალურობის შეგრძნებას, სივრცე უძირო ზღვასავით ნთქავს ადამიანს. სვეტები, თაღები, გუმბათები - ყველაფერი ეს თითქოს მხოლოდ სივრცისთვის არსებობს, სივრცისთვის, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ცისკენ ატყორცნილი მთავარი გუმბათის თაღი წარმოადგენს. 40 მეტრის სიმაღლიდან 32 მეტრი დიამეტრის მქონე თაღი ტაძრის მთელ ინტერიერზე ბატონობს და ყოველივეს დასრულებულისა და გენიალურობის ელფერს მატებს.
წმინდა სოფია ტაძრის სახით განსხეულებული მსოფლიოს ხატებაა. ეს ხატება ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა და ამით საკუთარი სიბრძნე გააცხადა. პროკოფი კესარიელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოველთვის, როცა ამ ტაძარში ვინმე სალოცავად შედის, იგი უმალვე ხვდება, რომ არა ადამიანის ძალისხმევითა და ხელოვანებით, არამედ ღვთის ნებით გასრულდა ეს საქმე...”, „ასე ჩანს, თითქოს ის (გუმბათი - რ. მ.) არ ეფუძნება მყარ ნაგებობას, არამედ მსუბუქი არქიტექტურის წყალობით ციდან დაშვებული ოქროს ნახევარსფეროთი ფარავს მისთვის განკუთვნილ ადგილს. გასაოცარი ხელოვნებით ურთიერთდაკავშირებული თაღები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს და თითქოს ეთერში დაცურავენ”. წმინდა სოფიას ტაძრის აგების შემდეგ გუმბათი მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრების აუცილებელ ელემენტად იქცა.
მეტწილად გუმბათიანია ქართული ტაძარიც, თუმცა გუმბათის არქიტექტორული „წონა” მართლმადიდებლურ ტაძარში უფრო მოკრძალებულია. გაძლიერებულია გუმბათის დაბოლოების როლი და მის ნაწილებს ხშირად ადამიანის სხეულის ნაწილების სახელი ჰქვია (გუმბათის თავი, გუმბათის ყელი და ა. შ.). საქართველოს მთაგორიან პეიზაჟს ტაძრები ისე ბუნებრივად ერწყმიან, თითქოს ზეცისკენ აწვდილ მწვერვალთა გაგრძელებას წარმოადგენენ.
თაღოვანი გუმბათის კლასიკური ფორმებით გამოირჩევა ბიჭვინთის ტაძარი.
ბიჭვინთის დოკუმენტირებული ისტორია ჩვენი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება, როცა რომაელებმა აქ ააგეს კასტელა ანუ სწორკუთხოვანი კოშკებიანი ციხესიმაგრე. ციხესიმაგრის კარიბჭეს, მსგავსად თვით რომის კარიბჭისა, მომრგვალებული მასიური ფასადი ჰქონდა. კასტელის გათხრებისას ნაპოვნია დიდი ქვის შენობის - პრეტორიის საძირკველი, რაც იმას მოწმობს, რომ პიტიუნტში იმ პერიოდში განთავსებული იყო ჩრდილოეთ კოლხეთის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელობა.
ბიჭვინთის ტაძარი უდიდესია აფხაზეთის ადრე შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლებში. ტაძარი ჯვარგუმბათოვანი, სამთაღოვანი და სამაფსიდიანია. მისი ზომებია 43,3X22,7 მმ. საშენ მასალად გამოყენებულია ქვა და აგური, რომლებიც ტაძრის აგებისას გეგმაზომიერადაა განაწილებული. ბიჭვინთის ტაძარი სავსეა ჰაერითა და შუქით. მის კედლებს ოდესღაც ამშვენებდნენ ულამაზესი ფრესკები, რომელთა ნაწილი ამჟამად მხოლოდ სატრაპეზოს შემორჩა. ყოველი აქ შემოსული იმთავითვე შეიგრძნობს, რომ ეს ტაძარი შექმნილია სადღესასწაულო ღვთისმსახურებისათვის.
მუსულმანური სამოთხის სიმბოლო
რომისა და ბიზანტიის კვალდაკვალ თაღი მუსულმანური მეჩეთების, მედრესეებისა და მავზოლეუმების განუყოფელ ნაწილად იქცა აზიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე - მოყოლებული თურქეთიდან ვიდრე ინდოეთამდე.
წმინდა სამლოცველო, რომელიც საოცარი რუდუნებით აერთიანებს იუდაისტურ, ქრისტიანულ და ისლამურ ღირებულებებს, გახლავთ „კლდის გუმბათი” (ყუბათ-ას-სახრას მეჩეთი) იერუსალიმში. სამლოცველოს გეგმა წრეა, რომელიც გარშემორტყმულია ორმხრივი რვაწახნაგოვანი არკადით. შიგნით, მასიური ოქროს ნახევარსფეროს ქვეშ, ინახება იმ კლდის ნატეხი, საიდანაც, ლეგენდის თანახმად, წინასწარმეტყველი მუჰამედი ზეცაში აიჭრა. ეს კლდე ძველ დროში დედამიწის ცენტრად ითვლებოდა. მუსულმანურ თაღს, როგორც წესი, ერთიანი ზედაპირი გააჩნია. იგი ყოველთვის ცილინდრზეა წამომართული და წაგრძელებული კონუსური სფეროს ფორმით ცის სივრცეში შეჭრის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი კონტურები მკვეთრად იძერწება კაშკაშა მზის ქვეშ უღრუბლო და მონოტონური ცის ფონზე. გარედან და შიგნიდან თაღი, ჩვეულებრივ, შემკულია სიმბოლური ორნამენტების ხალიჩით და მუსულმანურ სამოთხეს განასახიერებს.
ევროპაში დაბრუნება
დასავლეთ ევროპამ „დაივიწყა” თაღი დაახლოებით ერთი ათასწლეულის განმავლობაში. მისი დაბრუნება ევროპულ არქიტექტურაში მოხდა მხოლოდ მე-15 საუკუნეში, ქ. ფლორენციაში, სადაც 1417 წელს ქალაქის საბჭომ მოაწყო კონკურსი ფლორენციის მთავარი ტაძრის - სანტა მარია დელ ფიორეს დასრულებისათვის საჭირო საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. ამ მომენტისთვის ტაძრის მშენებლობა კარგა 100 წლის წინ იყო დაწყებული, თუმცა მისი ცენტრალური ნაწილი სახურავის გარეშე რჩებოდა. კონკურსში ფილიპო ბრუნელესკიმ გაიმარჯვა. მან ანტიკური წარსულის გამოცდილება გამოიყენა. მის მიერ შექმნილმა გუმბათმა მოხიბლა თანამედროვენი. ბრუნელესკიმ ახალი სიტყვა თქვა იმდროინდელ არქიტექტურაში. მან ზუსტად გათვალა ტაძრის გუმბათის „ნეკნების” დახრილობა და აგურის სრულიად ახლებურ წყობას მიმართა. ამის შემდეგ გუმბათიანი ეკლესიების პროექტირებისას რენესანსის არაერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა მიჰყო ხელი. მათ შორის იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი ოსტატები: რაფაელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, ბრამანტე, ანდრეა პალადიო. გუმბათიანი ტაძარი აღქმული იქნა, როგორც იდეალური ეკლესიის განსახიერება.
ევროპულ არქიტექტურაში რენესანსის ეპოქის დასასრულად ითვლება წმ. პეტრეს ტაძრის გუმბათი რომში, რომელიც 1588-1593 წლებში ააგეს. ტაძარი აიგო პირველი ქრისტიანული ბაზილიკის ადგილას წმ. პეტრეს სახელზე. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილას აწამეს მოციქული პეტრე ძველი რომის ეპოქაში. ბრუნელესკისაგან განსხვავებით, მიქელანჯელოს არ უცდია გუმბათის ძლიერებისა და დიდების დაფარვა, პირიქით, ხაზი გაუსვა მას, დრამატულად გამოავლინა არქიტექტურული კომპოზიციის ის ელემენტები, რომლებიც აღმასვლისა და სიმძიმის ორთაბრძოლას განასახიერებენ. წმინდა პეტრეს ტაძარმა საკუთარ თავში გააერთიანა არქიტექტურული შედევრისა და კათოლიკური ავტორიტეტის ნიშან-თვისებები. იგი მე-16-18 საუკუნეების ევროპაში უამრავი კათოლიკური ტაძრის მშენებლობის მაგალითად იქცა.
ნეოკლასიციზმის (მე-18 საუკუნის II ნახევარი) ეპოქიდან გუმბათი ერთგვარად „მოდაში” შემოვიდა. გუმბათს ადგამდნენ ყველაფერს - სასახლეებს, ბირჟებს, ბანკებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, ვილებს, გასართობ დაწესებულებებს. გუმბათმა დაკარგა საკრალური ღირებულებების გამოხატვის ექსკლუზიური უფლება და არქიტექტურული ლექსიკონის გაცვეთილ სიტყვად იქცა. მე-19 საუკუნეში, ამპირისა და ეკლექტიკის ეპოქაში, დიდებული გუმბათიანი ფორმებით უკვე საზოგადოებრივ და ადმინისტრაციულ შენობებსაც აგებდნენ. ერთ-ერთი მათგანია ბერლინის რეიხსტაღი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს ააგეს. მის მაგალითზე თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა არქიტექტურული ფორმა საზოგადოების ცვლილებასთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნანგრევებად ქცეულ რეიხსტაღს გენერალური რეკონსტრუქცია 1999 წელს ჩაუტარდა. მას ძველი ქვის გუმბათის ნაცვლად ახალი - მინისა და ლითონის სინთეზით ნაგები გამჭვირვალე გუმბათი დაადგეს. თუმცა ოკულუსი და მინის ჩარჩოების კვადრატულობა პანთეონისას მოგვაგონებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რეიხსტაღზე აღმართული მინის ნახევარსფერო ყველაზე ნაკლებად გამოხატავს ძალაუფლებას. იგი უფრო ადამიანური ცივილიზაციის ერთიანობისა და სიმყიფის განსახიერებაა.
გლობალური მსოფლიოს პირობებში
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან არქიტექტურაში ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართებამ საბოლოოდ დაკარგა მნიშვნელობა. გუმბათის კონცეფციის მსხვრევის ექსტრემალური მაგალითების პოვნა დასავლური პოსტმოდერნის არქიტექტურაში შეიძლება. ასე, მაგალითად, გუმბათის არქიტექტურული ფორმის იმიტაცია აიგო ლონდონში 21-ე საუკუნის შესახვედრად. სინამდვილეში „ათასწლეულის გუმბათი” (მილენიუმი) რკინის ანძებზე დამაგრებულ გიგანტურ ტენტს წარმოადგენს. რაც შეეხება თანამედროვე საკულტო არქიტექტურას, იგი ფაქტიურად წარსულის შტრიხებს იმეორებს. უამრავი თაღოვანი ასლისა და იმიტაციის შემხედვარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ რომის პანთეონის დროიდან გუმბათის ფორმამ საბოლოოდ ამოწურა თავისი შესაძლებლობები. თუმცა რეიხსტაღის ახალი გუმბათის მსგავსი მიღწევები ადასტურებს, რომ ეს ასე არ არის. ცხადია, შინაარსობრივმა აქცენტმაც რელიგიურიდან უფრო სოციალურისკენ გადაინაცვლა, მაგრამ გუმბათი დღემდე რჩება უნივერსალურ ფორმად, რომელიც მზად არის მოგვევლინოს ახალი ინტერპრეტაციების სახით ახალ გლობალურ მსოფლიოში.
არაფერია მარადიული ამ ცისქვეშეთში, თუმცა ვიდრე ცა ჩვენს თავზე უცვლელი რჩება, არ იცვლება ასევე ცასთან შეხების და მისი დედამიწასთან მოახლოების ადამიანური სურვილი.
მოამზადა რობერტ მესხმა
![]() |
10.4 „ასეთია ცხოვრება“ |
▲ზევით დაბრუნება |
სახალისო და საინტერესო, რეალური ისტორიები
ამბობენ, რომ საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული. ზოგი ლეგალურად, ზოგი კიდევ - იქაურ სამართალდამცავებს ემალება, ვაი, უკან, საქართველოში, აღარ გამაბრუნონო. არადა, გასაგებია იმ კაცის მდგომარეობაც. აქ ვერაფერი იშოვა, ოჯახს კი რჩენა უნდა. ამისთვის იქ ყველანაირ სამუშაოზე მიდის, ოღონდ კი აქ დარჩენილ ოჯახს თუ ახლობლებს წაეშველოს. იქ უბრალო შავ სამსახურშიც კი გაცილებით მეტს გიხდიან, ვიდრე აქ მთელი თვე ორ ადგილას მუშაობით. ახლა ამ ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გააძნელა ყოფა.
ბათუმში ჩასვლა ხშირად მიწევს, ამიტომ იქ ნაცნობ-მეგობრების საკმაოდ დიდი წრე მყავს. ჩემი მეგობრის ფრიდონ ქარდავას მეშვეობით ერთი ბრწყინვალე კაცი, პოეტი ბადრი თევზაძე გავიცანი. 90-იანი წლების სიდუხჭირემ ამ ლიტერატორ კაცს მეზღვაურის ფორმაც ჩააცვა და ფრანგი მაწანწალების ყოფა-ცხოვრებაც „გააცნო“, ვიქტორ ჰიუგოს „შერისხულების“ გარეშეც.
თავად ბადრი თევზაძეს მოვუსმინოთ:
„ამ ეკონომიკურმა გაჭირვებამ და კიდევ სხვა რაღაც პრობლემებმა არ დამაყენა სამშობლოში და აღმოვჩნდი საფრანგეთში. კარგა ხანი ქუჩაში ცხოვრების შემდეგ, ბინაშიც აღმოვჩნდი, მაგრამ ისევ დავკარგე საცხოვრისი და აი, დროებით ვცხოვრობ რუმინელ მაწანწალებთან ერთად ერთ მიტოვებულ სახლში. იქ რომ შევიპაროთ, მეზობლების დაუნახავად, დათქმული გვაქვს: ღამის 12 საათზე ვიკრიბებით ყველანი მეტროსთან, ერთად ვზვერავთ სიტუაციას და ყველანი ერთ წუთში უნდა გადავახტეთ ღობეს, ხოლო დილის შვიდის ნახევარზე უნდა დავტოვოთ „ჩვენი სახლი“. მოკლედ, ეს კონსპირაცია იმ დონეზე გვაქვს აყვანილი, რომ, თუ ვინმე დათქმულ დროს შეხვედრის ადგილზე მოსვლას დააგვიანებდა, მაშინ გადაწყვეტილი იყო, რომ ამ არაპუნქტუალურ კოლეგას ღამე სადაც უნდა და როგორც უნდა ისე გაეთია.
პარიზში ყოფნისას სორბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ოდილი გავიცანი. ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. საერთოდ, ფრანგებს ახასიათებთ ტოლერანტობა, თუკი იქ ერთი ადამიანი მეორესთან რაღაც საერთოს იპოვის, მერე აღარ ფიქრობს, რომ ერთი დირექტორია და მეორე ვიღაც სხვა. ანუ, ის „ავადმყოფობა“, რომელიც ზოგიერთს აქ ჩვენში „აწუხებს“, იქ ნაკლებადაა ფესვებგადგმული.
ერთ დღეს ქალბატონ ოდილს ესტუმრა ძველი მეგობარი, რომელიც იმჟამად ბურუნდის რესპუბლიკის (აფრიკული სახელმწიფოა ასეთი) კულტურის მინისტრად ყოფილა „დაწინაურებული“. ბუნებრივია, ჩემმა ფრანგმა მეგობარმა მეც გამაცნო ეს ღრმადპატივცემული ბატონი. ქალბატონმა ოდილმა მოისურვა ჩვენი მასპინძლობა და მე და ბურუნდიის კულტურის მინისტრი მდიდრულ იაპონურ რესტორანში ვახშამზე დაგვპატიჟა. საკმაოდ პრესტიჟული და ძვირი რესტორანია. იმასაც გეტყვით, რომ ამ სამი ი ნ ტ ე ლ ი გ ე ნ ტ ი ადამიანის „მსუბუქი“ ვახშამი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი ფრანგული ღვინის მირთმევით, 400 დოლარი დაჯდა. ისე, რაც მართალია, მართალია, სულ „კიმანოში“ ჩაცმული ოფიციანტები გვემსახურებოდნენ.
ქეიფი ცოტათი გაგვიგრძელდა, რესტორნიდან რომ გამოვედით უკვე პირველის ნახევარი იყო. ამათ დავემშვიდობე და საკუთარ თავს დავეკითხე: აქამდე კი იყავი პრინცი და ახლა, თუ იცით-თქო, სად-ღა უნდა გაათიო ღამე? ჯიბეში ფულიც აღარ მიდევს... ფულის ხსენებაზე გეტყვით: მე კი ვიცოდი, რომ ღარიბი ვიყავი და ამიტომ მეპატიებოდა არარაინდულად მოქცევა, მაგრამ ის ბურუნდის კულტურის მინისტრი ხომ, საერთოდ, ჩემზე ღარიბი აღმოჩნდა. მთელი დანახარჯი ქალბატონმა გადაიხადა. მე და მინისტრს ხელიც არ გაგვიტოკებია, მაგრამ ორივენი ხომ ვიყავით „დონეზე“?
ახლა კი, მდიდრულ იაპონურ რესტორანში ნაქეიფარი კაცი, ქუჩაში დავრჩი.
ფიქრში მყოფს, მომაგონდა, რომ პარიზში არის რამოდენიმე ადგილი, სადაც იკრიბებიან უბინაოდ დარჩენილი მაწანწალები, რომელთაც სადღაც მაინც ღამის გათევა სურთ. ამისთვის ისინი უკავშირდებიან სოციალური დახმარების სამსახურს. დარეკვა უფასოა, საშინელება ის არის, რომ ძალიან რთულია, მაგ ნომერზე რეკავს პარიზის ყველა თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მაწანწალა. შესაბამისად, ხაზი მუდამ დაკავებულია. ამიტომ საათობით გადაბმულად უნდა რეკო, რომ რაღაცნაირად მოახერხო ამ სამსახურთან დაკავშირება. თუკი გაგიმართლებს და დარეკავ, მაშინ შენს კოორდინატებს ჩაიწერენ და მოგაკითხავენ. ამიტომაც, ესე იგი, რომ აიცილონ ზედმეტი გადაღლა, ზედმეტი ლოდინი და ნერვიულობა, მაწანწალებს დათქმული აქვთ ადგილები, სადაც ერთად იკრიბებიან და რიგ-რიგობით რეკავენ სოციალური დახმარების სამსახურში. თუკი ერთი მოახერხებს დაკავშირებას, მაშინვე ყველა მისცვივდება ყურმილს სამსახურის თანამშრომელს აწერინებს მის ვინაობასა და კოორდინატებს.
უკვე საკმაოდ ციოდა და ქუჩაში დარჩენას ვარჩიე, ეს „არისტოკრატი“ კაცი ამ მაწანწალებთან წავჩანჩალებულვიყავი. მივედი და ვუცდი, როდის დარეკავს რომელიმე იღბლიანი სოციალური დახმარების სამსახურში. ვზივარ გზის კიდეზე ჩამოფლეთილსამოსიანი მაწანწალებით გარშემოხვეული და ვფიქრობ: აი, ახლა, ამათ რომ ვუთხრა, ერთი საათის წინ იაპონურ რესტორანში ვიქეიფე და „კიმანოებიანი“ ოფიციანტები მემსახურებოდენ-თქო, დამიჯერებენ?!..
თუმცა, ასეთია ცხოვრება: ავარდნა-დავარდნა…
კახა კვაშილავა
![]() |
10.5 „სულელების დღე” |
▲ზევით დაბრუნება |
გაზაფხულის შემოსვლას თან განსხვავებული ხალისი და სიმშვიდე მოაქვს, იღვიძებს ბუნება, სითბო, სასიამოვნო გრძნობები იღვრება ადამიანთა გულებში და ამ დროს, მეგობარმა შეიძლება „სიურპრიზი“ მოგიწყოთ, რაღაცეებში დაგაჯეროთ და მერე ღიმილით გითხრათ: „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!...“
პირველ აპრილს კი თავისი ტრადიციები აქვს. უამრავი ტრადიცია არსებობს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ხალხი მას მოწიწებით და სიყვარულით ინახავს. არამგონია არსებობდეს ადამიანი, რომელიც ღიმილის გარეშე შესძლებს იმ საყოველთაოდ ცნობილ ტრადიციაზე საუბარს, რომელზედაც მსურს ამ ეტაპზე თქვენი ყურადღების შეჩერება.
დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, „დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება - როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო”. პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, „სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული. სავარაუდოდ, თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი დიდ ბრიტანეთში უძველესი დროიდან დღესასწაულად აღინიშნება, 18-ე საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა. შოტლანდიაში კი იგივე დროს, მსგავს ტრადიციას გუგულებზე ნადირობას უწოდებდნენ, მახეში გაბმულებს კი - აპრილის გუგულებს. „სულელების დღის” ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშნები ჯეფრი ჩოსერის მოთხრობა „მონაზვნის მღვდლის ამბავშია” ნაპოვნი, სადაც ნახსენებია ორი გაბითურებული, რომლებიც „მარტის დადგომიდან ოცდაათი და კიდევ ორი დღის შემდეგ” გააბეს მახეში.
ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან გავრცელდა. 1508 და 1539 წლების სხვადასხვა ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ, რომ სულელების დღეს გაშაყირების ტრადიცია სწორედ პირველ აპრილს იყო დამკვიდრებული. საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ახალი წლის პირველ იანვარს ამ დღის აღნიშვნა ოფიციალურად დააკანონა. ჩარლზ IX-მ ეს ბრძანება ჯერ კიდევ 1564 წელს გასცა, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლამდე რამოდნიმე წლით ადრე. ასე რომ, ახალი წელიწადის დადგომის აღნიშვნა და საჩუქრების მომზადება უკვე პირველი იანვრის წესად გადაიქცა, რაც მანამდე აპრილის დასაწყისთან ასოცირდებოდა. თუმცა, არსებობდნენ ისეთებიც, ვისაც არ მოწონდათ ცვლილება და არ ეგუებოდნენ ახალი წლის თარიღის გადატანას. ამიტომ, დანარჩენი მოსახლეობა ამ ადამიანებს პირველ აპრილს „ყალბ” საჩუქრებსა და სხვა გასაშაყირებელ ნივთებს უგზავნიდა.
საფრანგეთში, თავის მხრივ, გაშაყირებულ ადამიანს poisson d'avril-ს უწოდებენ, რაც „აპრილის თევზს” ნიშნავს. ეს სახელი ალბათ იმით აიხსნება, რომ მზე, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ეტლს, სწორედ აპრილის დასაწყისში ტოვებს. ტრადიციულად, ფრანგები ამ დღეს ნაცნობ-მეგობრებს მკვდარ თევზებს უდებდნენ სკამზე; დღეს კი ნამდვილი თევზი ქაღალდისგან გამოჭრილმა თევზის ფორმებმა შეცვალა, რომლებსაც ბავშვები მეგობრებს ჩუმად ზურგზე აკრავენ ხოლმე.
თუმცა, მეოცე საუკუნეში და ახლა უკვე ოცდამეერთეში, მასმედიის და ინტერნეტის ხანაში, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით უკვე ერთი და ორი ნაცნობის კი არა, რამოდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანის მოტყუება გახდა შესაძლებელი!
მსოფლიოს, რა თქმა უნდა, არც საქართველო ჩამორჩა. 1 აპრილს ქართველები სიხარულით და სიყვარულით ხვდებიან. ხუმრობენ და აშაყირებენ ყველას და ყველგან: ქუჩაში თუ სახლში, სამსახურში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხუმრობენ ტელევიზიებიც და მასმედიების საშუალებებიც. თუ ვინმემ ძალიან კარგი ტყუილი მოიფიქრა, ამას ყველა აღფრთოვანებით ხვდება. საპირველაპრილო, ეფექტური და ამავდროულად დამაჯერებელი ტყუილის მოფიქრებას ადამიანები რამდენიმე დღით ადრე იწყებენ და შეიძლება ითქვას, რომ 1 აპრილი ის ერთადერთი დღეა, როდესაც მოტყუებული ადამიანი არათუ ცხარობს, არამედ სიცილით და გაგებით ეკიდება ამ პროცესს. ეს დღე იმდენად უწყინარი და სახალისოა, რომ მას სავსებით სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „სიცილის დღე”. სიცილი კი, როგორც ვიცით, ადამიანს აახალგაზრდავებს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს, ასე რომ, იცინეთ რამდენიც გინდათ და სადაც გინდათ და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ თქვენს მიერ მოწყობილი ოინისთვის ამ სიტყვების დესერტად დაყოლება „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია”...
დავით გონგლაძე