ევროპის კავშირი (საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი) №1 (4), იანვარი-მარტი, 2004


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ბიულეტენი მოამზადა: შოთა უტიაშვილმა. დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio. იანვარი-მარტი



1 2004-2006 წლებში ევროკავშირი საქართველოს 28 მილიონ ევროს გამოუყოფს

▲back to top


ევროკავშირი და საქართველო

3 იანვარს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ ხელი მოაწერეს „ეროვნულ ინდიკატურ პროგრამას 2004-2006 წლებისათვის.“ პროგრამაში აღწერილია ევროკავშირის „ტასისის“ პროგრამის ფარგლებში 2004-2006 წლების განმავლობაში საქართველოსათვის დახმარების გაწევის ზოგადი მიზნები და საშუალებები. ინდიკატური პროგრამა მხარს დაუჭერს ევროკავშირის სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას და მის წინსვლას საბაზრო ეკონომიკისა და განვითარებული დემოკრატიისაკენ.

0x01 graphic

სახელმწიფო მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ტორბენ ჰოლცე. ფოტო: რუბენ რუხკიანი

ევროკავშირის 2004-2006 წლების დახმარება სამ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. ესენია (1) კანონის უზენაესობის, სწორი მმართველობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა არასამთავრობო სექტორის გაძლიერების ჩათვლით, (2) სიღარიბის დაძლევა, დახმარების დაუცველ ფენებზე მიმართვა, განსაკუთრებით რაიონებში; აგრეთვე უზრუნველყოფა იმისა, რომ ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისათვის; (3) სტაბილურობის და უსაფრთხოების მხარდაჭერა ისეთი ღონისძიებების საშუალებით, რომლებიც ემსახურება ნდობის განმტკიცებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და მათ მოგვარებას. პროგრამის სრული ბიუჯეტია 28 მილიონი ევრო.

პირველი პრიორიტეტული სფერო რამოდენიმე პროგრამას მოიცავს. მათთვის 11.5 მილიონი ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული. ერთ-ერთი პროგრამა არის ,,პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ განხორციელება და გულისხმობს ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებას, ჰარმონიზებას; აგრეთვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციულ და ინსტიტუციური რეფორმირებას და მისი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ადრე მიღებული კანონების აღსრულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონტექსტში. პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების „ქართულ-ევროპული“ ცენტრი ის ძირითადი ინსტრუმენტია, რომელიც პროგრამით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას ემსახურება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე პროგრამა, რომელიც გულისხმობს სასამართლო და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირებას. ,,უშიშროების და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების კონცეფციის“ და სისხლის სამართლის ახალი კოდექსის შემუშავება არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რათა საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს.

პირველი პრიორიტეტული სფეროს მესამე მნიშვნელოვანი ელემენტი არის სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება. პროგრამის ორი ძირითადი ამოცანა ამ მიმართულებით არის არასამთავრობო სექტორის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობის ზრდა.

თანამშრომლობის მეორე პრიორიტეტული სფერო არის გარდამავალი ეტაპის სოციალური შედეგების დაძლევა. ამ სფეროში სამი კონკრეტული პროგრამის განხორციელებისათვის ბიუჯეტი 12.5 მილიონ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. პირველ რიგში განხორციელდება საცდელი პროექტები საქართველოს სოფლებში და მათი სამიზნე იქნება სიღარიბის დაძლევა. დახმარება გაეწევა თვით ადგილობრივ ჯგუფებს, რათა მათ თვითონ გადაჭრან არსებული პრობლემები. ევროკავშირი დაეხმარება გაჭირვებულ ფენას და შეეცდება მცირე და საშუალო მიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას და ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.

ამ პრიორიტეტული სფეროს უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მთავრობის სოციალური პროგრამების ეფექტიანობის გაზრდა. ევროკავშირი შეეცდება შექმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ დახმარება მივიდეს მის მიმღებამდე. გარდამავალი ეტაპის სოციალური შედეგების დაძლევისას ევროკავშირი წვლილს შეიტანს ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში. სხვა დონორებთან ერთად, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკთან და ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების ფონდთან ერთად ევროკავშირი მონაწილეობას მიიღებს პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეაბილიტირებაში, ამასთან 4 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი პოსტკონფლიქტურ ზონებში რეაბილიტაციის პროექტებისათვის.

როგორც 2003-2006 წლის ევროკავშირის საქართველოს მიმართ სტრატეგიის ამსახველ დოკუმენტშია მითითებული, მიუხედავად ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო დონორების მასშტაბური დახმარებისა ,,საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გრაფიკს.“ საქართველოში გარკვეული ჩამორჩენა იგრძნობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის და დესტაბილიზაციის საკითხებში. თუმცა, ახალი პრეზიდენტი და მთავრობა წინსვლის დიდ იმედს იძლევიან.

ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილის თქმით: ,,დღევანდელმა მთავრობამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება და ინტეგრირების პროცესის თანდათან გაღრმავებას გულისხმობს. ევროკავშირის სხვა პროგრამებთან ერთად ,,ტასისი“, როგორც ძირითადი პროგრამა, საქართველოს მთავრობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი საპროგრამო დოკუმენტის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ - განხორციელებაში დაეხმარება.“

ბატონმა ჰოლცემ აღნიშნა: „დღევანდელი ინდიკატური პროგრამა გამოხატავს ევროკავშირის მზადყოფნას დაეხმაროს საქართველოს; ის უფრო ღრმა პოლიტიკური ურთიერთობების პრიორიტეტებს ეხმიანება და ელის, რომ თითოეული პროექტი წვლილს შეიტანს ერთობლივად დასახული მიზნების მიღწევაში.“

ინდიკატური პროგრამის საფუძველზე შემუშავდება უფრო დეტალური სამოქმედო პროგრამები. სამოქმედო პროგრამებში განისაზღვრება კონკრეტული პროექტები და მათი დაფინანსება იმ პრონციპებზე დაყრდნობით, რომლებიც ინდიკატურ პროგრამაშია მოცემული.

„ტასისის“ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სრულად შეესაბამება იმ მიზნებს, რომლებსაც „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს. 1999 წელს ძალაში შესული ეს შეთანხმება უფრო ფართო და ღრმა თანამშრომლობის საფუძველს ქმნის ვიდრე ტექნიკური დახმარების უბრალო პროგრამა. 2002 წელს „ტასისის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის 10 წლისთავი შესრულდა. 1992-2003 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარება 385 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 84 მილიონი ევრო „ტასისის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში გამოიყო.

2 თავისუფალი არჩევნები და მშვიდობიანი დიალოგი საქართველოში

▲back to top


ევროკავშირი და საქართველო

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებდა თვალს იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ, მარტში განვითარდა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჰეიკი ტალვიტი საქართველოს 16 მარტს ეწვია, მაშინ, როდესაც ცენტრალურ მთავრობასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

0x01 graphic

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტი. ფოტო: რუბენ რუხკიანი

ბ-ნი ტალვიტი შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ მინისტრს ჟვანიას და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს. მან ორივე მხარეს უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, განცხადება გააკეთა კავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ირლანდიამ, რომელშიც ნათქვამია: ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას.ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისაგან, რომლებმაც, შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს. ის მოუწოდებს როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისში, ისე ხელისუფლებას ბათუმში განაგრძონ დიალოგი უმაღლეს დონეზე, რათა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისათვის და იქნება საქართველოს ინტერესებში. ევროკავშირი მზადაა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ხელი შეუწყოს ამგვარი გამოსავლის მოძებნას... ევროკავშირი მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ პრინციპებსა და კანონის უზენაესობას და შექმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების სათანადოდ მოსამზადებლად.

0x01 graphic

ჰეიკი ტალვიტი და თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობის შემსრულებელი ჰოლანდიის ელჩი ჰარი მოლენაარი. ფოტო: რუბენ რუხკიანი

აჭარის კრიზისის განმუხტვამ რეგიონში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახადა. ევროკავშირი ყურადღებით ადევნებდა თვალს საარჩევნო კამპანიას. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი მიესალმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს:

ევროკავშირი მიესალმება ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებელთა მისიის წინასწარ დასკვნებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების თაობაზე.

დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნებმა აჩვენა სანაქებო წინსვლა წინა არჩევნებთან შედარებით და რომ ამ არჩევნებით საქართველო მიუახლოვდა ეუთო-სა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს. ევროკავშირი ასევე მიესალმება დამკვირვებელთა მისიის დასკვნას, რომ, აჭარის გამოკლებით, გაუმჯობესდა ხმის მიცემის საიდუმლოების დაცვა და მედიას მიეცა თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა. ევროკავშირი აღნიშნავს დამკვირვებელთა მისიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის ხელისუფლებამ არ გამოავლინა რეგიონში ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარების რაიმე სურვილი, სახელმწიფო ტელევიზიამ ვერ მოახერხა არჩევნების გაწონასწორებულად გაშუქება და კვლავინდებურად, ერთმანეთისაგან მკაფიოდ არ იყო გამიჯნული სახელმწიფო და პარტიული სტრუქტურები. იმედი გვაქვს, რომ საქართველო გაითვალისწინებს დამკვირვებელთა მისიის მიერ გამოთქმულ შენიშნვებს და კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ეუთოსა და ევროპის საბჭოსთან ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის მიზნით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს სირთულეების დაძლებაში ევროკავშირის სხვადასხვა მექანიზმებისა და პროგრამების მაქსიმალური გამოყენებით. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან სიმშვიდე და მიაღწიონ წინსვლას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

31 მარტს ბ-ნ ტალვიტიმ გამართა სპეციალური პრეს-კონფერენცია, რომელზეც წარადგინა აღნიშნული განცხადება და შეაჯამა კავკასიაში თავისი ორკვირიანი ვიზიტის შედეგები.

გაერო-ს გენერალური მდივნის პირად წარმომადგენელთან, ქ-ნ ტალიავინისთან ერთად, ბ-ნი ტალვიტი 29 მარტს აფხაზეთს, ხოლო 31 მარტს აჭარას ეწვია.

ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურთან, ასლან აბაშიძესთან შეხვედრის დროს განიხილეს არჩევნების ჩატარებისა და ზოგადად, ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობები.

აფხაზეთში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი კი მიეძღვნა იმის განხილვას, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშეწყობა იმ პროექტების დახმარებით, რომლებიც ხელს უწყობენ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. მან აღნიშნა, რომ ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, კომისიის სპეციალური დელეგაცია იმყოფებოდა აფხაზეთში. ბ-ნ ტალვიტიმ მოუწოდა აფხაზურ მხარეს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა გაერო-ს ფარგლებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესში.

და ბოლოს, ბ-ნ ტალვიტიმ შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირში ირლანდიის თავმჯდომარეობის დასასრულამდე კომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის საჭოს „ახალ სამეზობლო ინიციატივაში“ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩართვის შესახებ.

3 ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში ეხმარებიან

▲back to top


თანამშრომლობა

დეკემბერში, ეუთო-ს მაასტრიხტის სამიტზე დადებული პირობის შემდეგ, ევროკავშირმა სწრაფი ნაბიჯები გადადგა საქართველოში არჩევნების ჩატარების დასახმარებლად და გაერო-ს განვითარების პროგრამას 2 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკავშირის ფინანსური დახმარება მოხმარდა როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებს. იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამამ შეასრულა, განხორციელდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობის წესის გადახედვა, ცესკო-ს დახმარება არჩევნების შედეგების სწრაფი დამუშავების სისტემის შექმნაში, შესყიდულ იქნა ის ნივთები, რომელიც საჭირო იყო არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ლოგისტიკისა და კომუნიკაციების კუთხით. პარალელურად, ევროკავშირმა დააფინანსა ამომრჩეველთა განათლების პროგრამა, რომელიც გამოცდილმა ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აი-ფეს-მა განახორციელა.

0x01 graphic

ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ტორბენ ჰოლცე (მარცხნიდან მეორე) და გაეროს მისიის ადგილობრივი წარმომადგენელი ლანს კლარკი (მარჯვნიდან მეორე). ფოტო: რუბენ რუხკიანი

საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარება დიდი ხანია უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა, რასაც ერთხმად აღნიშნავდნენ დამკვირვებლები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. არჩევნების შედეგების სისტემური გაყალბება, სამწუხაროდ, ერთნაირად ახასიათებდა როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებს. ვითარების შეცვლა 2003 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც მანიპულირებამ სახალხო გამოსვლები გამოიწვია და ეს ყველაფერი „ვარდების რევოლუციაში“ გადაიზარდა.

0x01 graphic

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. ფოტო: რუბენ რუხკიანი

27 თებერვალს „არჩევნების მედია ცენტრში'' ჩატარდა პრესკონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ტორბენ ჰოლცე, და გაერო-ს ადგილობრივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის ადგილობრივი წარმომადგენელი, ელჩი ლანს კლარკი ესწრებოდნენ. ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების გარდა, კავშირის წევრმა ქვეყნებმაც მნიშვნელოვანი თანხები გადარიცხეს საქართველოს საარჩევნო დახმარების პროგრამის ფონდში. ამ პროგრამის ბიუჯეტმა, რომელიც ეუთო-მ განახორციელა, 4 მილიონ ევროს გადააჭარბა. აღნიშნული 2 მილიონიდან 700 ათასი ევრო 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს მოხმარდა, დანარჩენი კი - 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებს.

ბ-ნ ჰოლცემ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ახლახანს მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უმნიშვნელოვანესია საქართველოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მარტის არჩევნები დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ განვითარებას და ამიტომაც საერთშორისო საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს და ყველა მომავალი არჩევნები იყოს დემოკრატიზაციის გზაზე წინ გადადგმუილ ნაბიჯი“.

გაერო-ს განვითარების პროგრამა აგრძელებდა საქართველოს საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო პროცესებისადმი ტექნიკური დახმარების გაწევას. „2003 წლის ნოემბრის არჩევნებით ქართველმა ხალხმა ძალზე მტკიცედ განაცხადა, რომ იგი მოელის, რომ ამიერიდან არჩევნების ჩატარების ხარისხი საქართველოში რადიკალურად გაუმჯობესდება. ევროკავშირის დაფინასებული და გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ ამიერიდან საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნორმა იყოს და არა გამონაკლისი“ - აღნიშნა ბ-ნ ლანს კლარკმა.

პროექტის მთავარი მიზანი იყო გაეწია იურიდიულ-ტექნიკური, ისევე როგორც მატერიალური დახმარება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის, რათა მას უკეთ შეძლებოდა არჩევნების მიუკერძოებლად, საერთაშორორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ამომრჩევლებს უკეთესად გაეგოთ საარჩევნო პროცესი და უფრო მეტი ნდობა ჰქონოდათ მის მიმართ.

0x01 graphic

მომზადების პროცესში. ფოტო: რუბენ რუხკიანი

რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, პროექტის ფარგლებში შემუშავდა სწრაფი საინფორმაციო სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა არჩევნების შედეგები სწრაფად, გამჭვირვალედ და საიმედოდ გადაეცეს ადგილობრივი საარჩევნო კომისიებიდან ცენტრალურში, საიდანაც ის მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს მიეწოდება. მატერიალური დახმარება მოიცავდა საოფისე აღჭურვილობას, საკანცელარიო საქონელს, დაცულ საარჩევნო ფორმებს, საკომუნიკაცო აღჭურვილობას შედეგების დამუშავებისა და გადაცემისათვის და ა.შ. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არჩევნების ეფექტიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო აი-ფესის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა განათლების პროექტი, რომელიც 2003 წლის სექტემბრიდან ძირითადად რაიონებში ხორციელდებოდა, მათთვის ვისაც ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი საარჩევნო ინფორმაციაზე.

0x01 graphic

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ტორბენ ჰოლცე და ჰოლანდიის საელჩოს პირველი მდივანი იოს ვიგანდი ესწრებიან მომზადებას ტაბახმელაში. ფოტო: რუბენ რუხკიანი

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო საზოგადოების ამ მრავალმხრივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას.

4 ევროკავშირი 7.5 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარებისათვის

▲back to top


თანამშრომლობა

ევროკავშირი დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში. ეს დახმარება შეადგენს 7.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს სამი წლის განმავლობაში (2003-2006). პროექტი ითვალისწინებს დახმარების გაწევას როგორც რეგიონების ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას და ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის რეფორმირებას (2.5 მილიონი ევრო). პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე კახეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დახმარებას, კერძოდ, პირველადი ჯანდაცვის აღჭურვას და პირველადი ჯანდაცვის არსებული ინფრასტრუქტურის და მასთან დაკავშირებული წყლის და ენერგომომარაგების სისტემების გაუმჯობესებას; მოხდება, აგრეთვე, ექიმების, ექთნების და ჯანდაცვის მენეჯერთა დახელოვნება, შეფასდება ჯანდაცვის მუშაკთა და მოსახლეობის მოთხოვნა ინფორმაციაზე, განათლებასა და კომუნიკაციაზე (5 მილიონი ევრო).

0x01 graphic

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამირან გამყრელიძე და პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი ადრიანა ლონგონი პროექტის პრეზენტაციაზე. ფოტო: რუბენ რუხკიანი

23 იანვარს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა კახეთის პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეგიონული გენერალური გეგმის პრეზენტაცია. პროექტის მიზანია დაეხმაროს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვისათვის გამიზნული რესურსების განაწილების ეფექტიანი სისტემის შემუშავებაში კახეთის რეგიონისათვის. ევროკავშირის მხარდაჭერით ქართველი და ევროპელი ექსპერტების მიერ ექვს თვეში შემუშავებული გენერალური გეგმის პროექტი პირველი ნაბიჯია, რომელიც დაეხმარება ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის სრულფასოვანი სისტემის შემუშავებაში.

ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო ჯანმრთელობის მომსახურების უშუალო განმახორციელებლიდან გარდაიქმნა პოლიტიკის გამტარებელ, დამგეგმავ და ჯანდაცვის მარეგულირებელ ორგანოდ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა პირველადი ჯანდაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც საფუძვლად უდევს პირველადი ჯანდაცვის და ზოგადი/საოჯახო მედიცინის განვითარებას საქართველოში. პირველადი ჯანდაცვის სამოქმედო გეგმა მოითხოვს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. მათი ფუნქციების გაუმჯობესებას და პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების დახვეწას.

„მთავრობის მზარდი მონაწილეობა და მისი წამყვანი როლი ჯანდაცვის სისტემის რეფორებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში. ეს მიზანი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა. ევროკომისია მზადაა ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს ახალ მთავრობას, დაეხმაროს მას პირველადი ჯანდაცვის სფეროს ეფექტიანობის გაზრდაში და მოახდინოს ინვესტირება პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში.“

ევროკავშირი დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში. ეს დახმარება შეადგენს 7.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს და მოიცავს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის რეფორმირებას და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას (2.5 მილიონი ევრო). პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე კახეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, კერძოდ, სისტემის აღჭურვას, არსებული ინფრასტრუქტურის და მასთან დაკავშირებული წყლის და ენერგომომარაგების სისტემების გაუმჯობესებას; მოხდება, აგრეთვე, ექიმების და ექთნების დახელოვნება, შეფასდება ჯანდაცვის მუშაკთა და მოსახლეობის მოთხოვნა ინფორმაციაზე, განათლებასა და კომუნიკაციაზე (5 მილიონი ევრო).

კახეთის რეგიონის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის აღჭურვის და ჯანდაცვის ობიექტების შეკეთების და მშენებლობის სამუშაოების ჩატარებამდე, მთავრობამ გადაწყვიტა ჯანდაცვის არსებული ინფრასტრუქტურისა და რესურსების ინვენტარიზაცია. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა მთავრობას ამ გადაწყვეტილებაში და მონაცემთა შეგროვების შემდგომ (2003 წლის სექტემბერ-ნოემბერში), ორგანიზაცია „გეოგრაფიკსთან“ ერთობლივი ძალისხმევით და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელდა მონაცემთა დამუშავება და მათი რუკებზე ასახვა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით. მოგვიანებით ევროპელ ექსპერტთა ჯგუფმა გარკვეული კრიტერიუმების გამოყენებით შეიმუშავა სარემონტო, სამშენებლო, ტექნიკური უზრუნველყოფის და კადრების მომზადებისათვის აუცილებელი ფინანსების გადანაწილების სტანდარტული სქემა. ამ სქემის მიზანია დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტროს შეიმუშავოს ჯანდაცვის ეფექტიანი მოდელი, რომელიც მაღალი ხარისხის და ხარჯების მხრივ ეფექტიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

კახეთის გენერალური გეგმის მაგალითი საცდელ პროექტადაა მიჩნეული და შესამუშავებლად იქნება გამოყენებული. ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა იმერეთის რეგიონით დაიწყება და მიზნად ისახავს სისტემაში არსებული ინფრასტრუქტურისა და რესურსების აღრიცხვას. სამომავლოდ ამგვარი სამუშაო ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში, რაც დაეხმარება მთავრობას დაადგინოს პირველადი ჯანდაცვის ობიექტების და მედიცინის მუშაკთა საჭირო რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაზღვროს ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობა.

2003 წლის 25 იანვარს ევროკავშირმა, მსოფლიო ბანკმა, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას პირველადი ჯანდაცვის მდგრადი სისტემის შემუშავებაში. მთავრობამ მსოფლიო ბანკიდან მიიღო 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი (ჯანდაცვის სესხი II), რომელიც მას პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნაში დაეხმარება.

0x01 graphic

პირველადი ჯანდაცვის გეგმის პრეზენტაცია. ფოტო: რუბენ რუხკიანი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

კოლეტ სელმანი, პროექტის მენეჯერი
ტელ: (995 32) 94 37 63
Colette.Selman@cec.eu.int

5 ერთად მომუშავე ევროპელები

▲back to top


ევროკავშირი დღეს

„ერთად მომუშავე ევროპელები“ - ასეთია ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის დევიზი. ირლანდია, რომელიც 2004 წლის 1 იანვრიდან შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, 30 ივნისამდე იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე. ირლანდია უკვე მეექვსედ ასრულებს ამ მოვალეობას. თავმჯდომარე ქვეყნის წოდება მან ანბანური რიგის მიხედვით, იტალიიდან გადაიბარა. ირლანდიის ევროკავშირის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა უეჭველად ევროკავშირის გაფართოებაა, რომელიც 1 მაისსაა დაგეგმილი. ამ დღეს კავშირს სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპის ათი ქვეყანა შეემატება, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიცხვი 25-ს, მოსახლეობის რაოდენობა კი 450 მილიონს მიაღწევს.

ეს დღე ირლანდიელებმა უკვე მონათლეს ,,შეხვედრის დღედ” და მის აღსანიშნავად ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში გრანდიოზული ზეიმების მოწყობას აპირებენ. ზეიმზე მიწვეული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ახლადმიერთებული და კანდიდატი ქვეყნების ყველა ახლანდელი და ყოფილი მეთაური. ევროკავშირში ირლანდიის მუდმივი წარმომადგენლის ენ ენდერსონის განცხადებით, ზეიმი იმისთვის ტარდება, რომ „თითოეულ ოჯახში დაისადგუროს იმ სიხარულმა, რომელიც ევროპის გაერთიანებამ გამოიწვია“.

გაფართოებულ ევროკავშირს კონსტიტუცია ესაჭიროება. ირლანდიელებმა განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა სამთავრობათშორისო კონფერენციას, რომელიც კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობს, წარმატების მიღწევაში დაეხმარონ. გასულ წელს შეთანხმების მიღწევის მცდელობა ფუჭად დასრულდა. ამჟამად, ირლანდია აყენებს წინადადებას, რომ მოხდეს ახლანდელი მდგომარეობის შეფასება და ფრთხილი პირველი ნაბიჯებიც გადაიდგას. ესპანეთში მომხარდმა ტერორისტულმა აქტმა აიძულა ევროპა განსაკუთრებული ყურადღება ტერორიზმის საფრთხეზე გაემახვილებინა. „11 მარტს მადრიდში მომხდარი შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ტერორიზმის საფრთხე ყველას ემუქრება და იგი ევროკავშირისაგან ერთობლივ პასუხს მოითხოვს“ - განაცხდა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბერტი აჰერნმა - „დღეიდან ჩვენ უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები და ვიმოქმედოთ სოლიდარობის პრინციპით. მოგიწოდებთ, შევიმუშავოთ ერთიანი პოლიტიკა ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

გაფართოების შემდეგ ევროკავშირზე მსოფლიოს მთალიანი შიდა პროდუქტის 25%25 მოვა. ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი „ლისაბონის დღის წესრიგის“ განხორციელებაა, რომელიც მიზნად ისახავს 2010 წლისათვის ევროკავშირის გადაქცევას მსოფლიოს ყველაზე დინამიურ და კონკურენტუნარიან ეკონომიკად. სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ირლანდია ყურადღებას შემდეგ ამოცანებზე ამახვილებს:

● ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება; პრიორიტეტი მიენიჭება ინვესტირებას კაპიტალსა და ადამიანურ რესურსებში, ასევე კვლევასა და განვითარებას; ყურადღება მიექცევა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და საქონლის, კაპიტალისა და შრომის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმას

● კონკურენტუნარიანობის, როგორც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ძირითადი ინსტრუმენტის, ხელშეწყობა

● უფრო მეტი და უფრო უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუშახელისა და კომპანიების ცვლილებებთან ადაპტაცია, სოციალური დიალოგის, მუდმივი განათლების სისტემისა და სქესთა თანასწორობის პრინციპის დამკვიდრების მეშვეობით.

● მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. აქცენტი გაკეთდება გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სამოქმედო გეგმის განვითარებაზე.

ევროპის მოქალაქეთა უსაფრთხოება ირლანდიის კიდევ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ყველაზე გადაუდებელ ამოცანებს ამსტერდამის ხელშეკრულებითა და ტამპერეს საბჭოთი ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს, რომელიც საიმიგრაციო, თავშესაფრის და სასამართლო-საპოლიციო საკითხებში თანამშრომლობას ეხება. ამასთან ერთად, ირლანდია ეცდება ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ნარკოტიკებით ვაჭრობის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ.

ძალზე ფართოა ირალანდიის დღის წესრიგი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გაერო-სთან თანამშრომლობას სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით, სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას და კონფლიქტების თავიდან არიდებას. ირლანდია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებას საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ამაღლებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ირლანდია მხარს უჭერს ,,ახალი სამეზობლო ინიციატივის“ განმტკიცებას. ,,გაფართოების შემდეგ, ევროკავშირის სახმელეთო და საზღვაო მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობა 400 მილიონ ადამიანს მიაღწევს“ - აცხადებს ირლანდიის მთავრობა - ,,თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ირლანდია შეეცდება, ხელი შეუწყოს „ახალი სამეზობლო ინიციატივის“ ფარგლებში კავშირის სამხრეთ და აღმოსავლეთ მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას. ამ ურთიერთობებებს საფუძვლად დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაედება.

ირლანდიის თავმჯდომარეობისას ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეუერთდებიან თუ არა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ,,ახალ სამეზობლო ინიციატივას“.

დღეისათვის, ევროკავშირი ყველაზე მსხვილი დონორია მსოფლიოში როგორც ჰუმანიტარული, ისე განვითარებისაკენ მიმართული დახმარების თვალსაზრისით. კავშირს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, ხელი შეუწყოს გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას. თავმჯდომარის რანგში, ირლანდია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ე.წ. ,,ათასწლეულის ამოცანებს”, მათ შორის მთელ მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და ადამიანების თავისუფლების ხარისხის გაზრდას.

დაბოლოს, ირლანდიამ არაერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი. ,,ძალზე სასიამოვნო იყო, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის დასაწყისშივე საქართველოს მიერ დემოკრატიის გზაზე მიღწეული წარმატების მოწმე გავხდით“ - განაცხადა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში დიკ როშმა. - ,,უკანასკნელი მოვლენები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანები თავიანთ უფლებას თავისუფლად აირჩიონ ლიდერები. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც დემოკრატიას დახმარება სჭირდება, ირლანდია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარეზე დადგება“.

დამატებითი ინფორმაციისათვის ირლანდიის თავმჯდომარეობის შესახებ, ეწვიეთ: www.ue2004ie

6 ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ვიზიტი ბრიუსელში

▲back to top


ევროკავშირი დღეს

ევროკომისიის მიწვევით ექვსი ქართველი და ოთხი სომეხი ჟურნალისტისაგან შემდგარი ჯგუფი 1 დან 5 დეკემბრამდე იმყოფებოდა ბრიუსელში. ვიზიტის მიზანი ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობის უკეთ გაცნობა იყო.

ეს სტუმრობა ქართველი ჟურნალისტებისათვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ,,ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდს დაემთხვა. ამან კი ჟურნალისტებს საშუალება მისცა თვალი ედევნებინათ იმ პირველი ნაბიჯებისათვის, რომელთაც ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ დგამდა. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეების პირველი კომენტარები, რასაც საქართველოში დიდი ინტერესით ელოდნენ. პრესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს.

0x01 graphic

ქართველი და სომეხი ჟურნალისტები ბრიუსელში. ფოტო: ანა აზატიანი

ვიზიტი კიდევ უფრო საინტერესო გახადა ბრიუსელში სომხეთის პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანისა და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, ნინო ბურჯანაძის ვიზიტებმა. ჟურნალიტებს მიეცათ იშვიათი შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ევროკომისიის პრეზიდენტს, რომანო პროდის, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ სოლანას, ნატო-ს მაშინდელ გენერალურ მდივანს, ლორდ რობერტსონს და ა.შ.. სოლანასთან შეხვედრის შესაძლებლობა ქართველ ჟურნალისტებს მოგვიანებით, მისი თბილისში ვიზიტის დროსაც მიეცათ.

ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ევროკავშირის ყველა ძირითად დაწესებულებაში, და ნატო-ს შტაბ-ბინაში სტუმრობას. ქართველ და სომეხ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ გამართულ რამდენიმე ბრიფინგს. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ, რამდენად სწრაფად და გამჭვირვალედ ხდება ინფორმაციის გაცემა.

ვიზიტის პირველივე დღეს ძალზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა ახალი სამეზობლო ინიციატივისა და საქართველოსა და სომხეთზე მისი გავლენის შესახებ, რასაც მოჰყვა საუბარი ევროკომისიაში საქართველოსთან და სომხეთთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელ პირებთან. საუბარი შეეხო ვარდების რევოლუციის გავლენას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

მეორე დღეს კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში. კარგადაა ცნობილი, რომ კავკასიელ ჟურნალისტებს არახელსაყრელ, ხშირად სახიფათო პირობებში უხდებათ მუშაობა. ფედერაციის წარმომადგენლებაც ძირითადად იმაზე ისაუბრეს, რა უნდა გააკეთოს თავად ჟურნალისტმა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად და რითი შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას მისი დახმარება.

ძალზე საყურადღებო შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტში კავკასიით დაინტერესებული დეპუტატების ჯგუფთან. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი დისკუსია, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოებასა და კავკასიის ადგილს ამ კონტექსტში.

ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ჰეიკი ტალვიტის, რომელმაც კავშირისა და სამი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, ჟურნალისტები შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპა-კავკასიის ენერგეტიკულ დიალოგზე მუშაობენ, პროგრამა „ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ევროპული ინიციატივის'' თანამშრომლებს. მთლიანობაში, ვიზიტი ძალზე ინფორმაციული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, და ჟურნალისტებს დაანახა, როგორ მუშაობს ევროკავშირის უამრავი სტრუქტურა ერთობლივად, საერთო მიზნების მისაღწევად.

0x01 graphic

ქართველი და სომეხი ჟურნალისტები ბრიუსელში. ფოტო: ანა აზატიანი

7 ევროკავშირი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის 1 მილიონ ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს

▲back to top


კონკურსი

ევროკავშირი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს დააფინანსებს. პროგრამის ძირითადი მიზანია სწრაფი რეაგირება მოახდინოს არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადებზე სამ პრიორიტეტულ სფეროში: კანონის უზენაესობის მხარდაჭერა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, წამების წინააღმდეგ ბრძოლა და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პროგრამით გამოყოფილი გრანტების საერთო ოდენობა 1 მილიონი ევროა.

19 მარტს ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ განაცხადა, რომ ევროკავშირი პროგრამის ,,ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადებს დააფინანსებს. მიკროგრანტების დასაფინანსებლად გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი 1 მილიონი ევროა.

2004 წელს ევროკომისიის წარმომადგენლობა მიიღებს განაცხადებს არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში მოვაწეობენ; აგრეთვე, მედიის სფეროში მოღვაწე კომერციული ორგანიზაციებიდან, თუკი მათ მიერ შემოტანილ განაცხადში აღწერილი საქმიანობა არაკომერციულია.

თავის გამოსვლაში ელჩმა ტორბენ ჰოლცემ თქვა: ,,სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან ეხმარება.“ არასამთავრობო ორგანიზაციების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლის შესახებ საუბრისას მან აღნიშნა: ,,მათ შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს თავიანთი უფლებების დაცვაში; ხელი შეუწყონ ისეთი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რომელიც უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. მათ შეუძლიათ, აგრეთვე, წინ აღუდგნენ სასტიკ მოპყრობას, გამართონ კამპანია ადამიანის უფლებების პრინციპების დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს პრინციპები პოლიციამაც და პროკურატურამაც დაიცვან.“

მიკროპროექტებთან დაკავშირებული წინადადებები შემდეგ სამ პრიორიტეტულ სფეროში უნდა იქნეს წარმოდგენილი:

. კანონის უზენაესობის მხარდაჭერა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

. წამების წინააღმდეგ ბრძოლა

. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა

განაცხადების შემოტანა შეუძლია ორგანიზაციას, რომლის სათაო ოფისი საქართველოში მდებარეობს, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციას რომელსაც სათაო ოფისი სხვა ქვეყანაში აქვს, მაგრამ საქართველოში ადგილობრივი დამოუკიდებელი დანაყოფითაა წარმოდგენილი. განაცხადში აღწერილი საქმიანობა საქართველოში უნდა განხორციელდეს. განმცხადებელს შეუძლია წინადადებების ინდივიდუალურად და კონსორციუმის შემადგენელი ნაწილის სახით შემოტანა. პროექტის ხარჯების მაქსიმალური ზღვარი, რომლის დაფარვა შესაძლებელია გრანტებით, 80%25-ია. გრანტებით დაფინანსდება პროექტები, რომელთა ფარგლებში სამუშაოები 18 თვემდე პერიოდის განმავლობაში გრძელდება. გრანტის მინიმალური ოდენობაა 10 000, ხოლო მაქსიმალური 100 000 ევრო. განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა 2004 წლის 14 ივნისი, 16 საათი თბილისის დროით.

,,ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში“ 1994 წელს ევროპარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. ამ პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს და დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ და მთელს მსფლიოში. პროგრამის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 100 მილიონი ევრო გამოიყოფა. პროგრამის მართვას ევროკომისია ახორციელებს.

მიკროპორექტების პროგრამის ადმინისტრირება უშუალოდ ევროკომისიის წარმომადგენლობების მიერ ხორციელდება, თვით საქმიანობას კი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. მიკროპროექტების ბოლო კონკურსისათვის, რომელიც საქართველოში 2003 წლის ივლისში გამოცხადდა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის 500 000 ევრო გამოიყო. ამ კონკურსში გამარჯვებულები უკვე შერჩეულია და ამჟამად მიმდინარეობს მათთან კონტრაქტების გაფორმება. ეს ორგანიზაციებია: ,,დემოკრატ მესხთა კავშირი,“ ,,ამქორი საქართველო“, უნარდაქვეითებულ ქალთა და უნარდაქვეითებულ ბავშვთა დედების ორგანიზაცია“, ,,რეგიონული ქსელი ბავშვებისათვის-კლარიტას XXI“, ,,შავი ზღვის ეკოაკადემია“, ,,სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“, კავშირი „რეგიონული კვლევის ცენტრი“, „ტრანსფარენსი ინტერნეშანალ-საქართველო“, ,,ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“ და ,,წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი ,,თანადგომა.“ კონტრაქტებს კონკურსში გამარჯვებულთათვის აპრილში მოეწერება ხელი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

იულია იაკობი, პროექტის მენეჯერი
ტელ: (995 32) 94 37 63
Julia.Jacoby@cec.eu.int

ტომას ლეგი პროექტის მენეჯერი
ტელ: (995 32) 94 37 63
Thomas.Legge@cec.eu.int

8 * * *

▲back to top


შემდგომი ინფორმაციისათვის:

ევროკავშირის ვებსაიტი: www.europa.eu.int

საბერძნეთი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა: www.eu2003.gr

ევროპის კომისიის საგარეოურთიერთობები: www.europa.eu.int/comm/external_relations/index.htm

„ევროპეიდის“ ვებსაიტი: http://europa.eu.int/comm/europeaid/

სტატიებთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ევროკომისიის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურს: თამარ მიქაძე Tamriko.Mikadze@cec.eu.int ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში ტელ: (995 32) 94 37 63; ფაქსი: (995 32) 94 37 68. 38, ნინო ჩხეიძის. 38, თბილისი 380002, საქართველო