ენერგეტიკა №6


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხორბალაძე თამარ, ტაბატაძე თამარ, ანთია გიორგი, ლიპარტელიანი გვანცა, ლეჟავა დავით
თემატური კატალოგი ენერგეტიკა
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სფეროში ჩანართი №6 აპრილი რედკოლეგია: თამარ ხორბალაძე, გიორგი კალანდაძე, დავით ლეჟავა, ნინო ამონაშვილი, თამარ ტაბატაძე პროექტი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი 0108, გრიბოედოვის 23, ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84, ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge, www.liberty.ge



1 ხელისუფლება პოპულარული ნაბიჯებისათვის მზადაა

▲back to top


არგადახდები ქვეყნის ენერგოსექტორს ანგრევს

თამარ ხორბალაძე

0x01 graphic

„სამწუხაროდ, ქართველებს თუ შუქი არ გამოურთე, ფულის გადახდას ვერ ხვდებიან. მეც ზუსტად ასე ვარ - სანამ „თელასი“ შუქს არ გამომირთავს, დენის საფასურის გადახდა არ მახსენდება...“ - ეს ფრაზა მინისტრმა გილაურმა მაისის მიწურულს, პარლამენტართა წინაშე წარდგომისას წარმოთქვა.

ეს, ერთი შეხედვით, საკმაოდ არაპოპულარული განცხადება საკმაოდ კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, საფუძვლიანად ფესვმომაგრებულია და რისი მიზეზიც მხოლოდ საზოგადოების სოციალური შეჭირვება არ არის.

ფაქტია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის კულტურა არ არსებობს. ელექტროენერგია, ერთის მხრივ - დღეს საკმაოდ ძვირი გახლავთ, მეორეს მხრივ კი - ვერა და ვერ აღიქმება პროდუქტად, რომლის მოხმარებისთვის ისევე უნდა გადაიხადო საფასური, როგორც, მაგალითად, მაღაზიაში პურის ყიდვის დროს.

ელექტროენერგია - როგორც პროდუქტი

„ელექტროენერგია ისეთივე პროდუქტია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ბევრ ქვეყანაში ელექტროენერგიის საფასურს წინასწარ იხდიან - მაგალითად ისევე, როგორც მობილური ტელეფონების შემთხვევაში - ყიდულობენ ბარათს და სარგებლობენ ელექტროენერგიით გადახდილი საფასურის ამოწურვამდე“, - ამბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი შოთა გვენეტაძე. მართალია, სხვა პროდუქტისგან განსხვავებით, ელექტროენერგიის თავისებურება ის გახლავთ, რომ: ძირითადად საქართველოს რეგიონებში 100 პროცენტიანი გადახდის მიუხედავად, 24 საათიანი ელექტრომომარაგების გარანტიები შექმნილი არ არის. შესაბამისად, მოსახლეობის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელობა საქართველოში არ ფასდება, ლოგიკურიცაა და ობიექტურ რეალობასაც ასახავს, თუმცა ყველა მედალს, მოგეხსენებათ, ორი მხარე აქვს. ელექტროენერგეტიკულ სექტორში არგადახდებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია კი ძალიან ემსგავსება შეკრულ წრეს, საიდანაც გამოსავალის მოძებნა თუ რეალურად გსურს, სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

თუმცა მანამ, სანამ ამ ნაბიჯებზე მოგახსენებთ, ორიოდე სიტყვით გადახდებისადმი საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ, რაზეც ადრეც ვწერდით: საუბარია იმაზე, რომ ქართული მოსახლოება ვერ აღიქვამს ელექტროენერგიას პროდუქტად, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, უნდა გადაიხადო:

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი რესპონდენტების უმრავლესობის განცხადებით (62 პროცენტზე მეტი), თუ ისინი აღმოჩნდებიან მაღალ ტარიფსა და 24 საათიანი ენერგომომარაგების არჩევანის წინაშე, 24 საათიან ელექტრომომარაგებას აირჩევენ, რესპონდენტები 24 საათიანი ენერგომომარაგების შემთხვევაში მათ მიერ გადახდილი თანხის მაქსიმალურ ზღვრად რეალურ ფასებთან შედარებით საკმაოდ მიზერულ თანხებს ასახელებენ:

გამოკითხულ რესპონდენტთა 4,8 პროცენტი ამბობს, რომ 24 საათიანი ენერგომომარაგების შემთხვევაში იმ თანხის მაქსიმუმი, რომლის გადახდასაც შესძლებდა მისი ოჯახი, არის - 5 ლარი. რესპონდენტთა 24,1 პროცენტის აზრით, თანხის მაქსიმუმი არის 10 ლარი. 15,7 პროცენტი ასახელებს - 15 ლარს, 17,6 პროცენტი - 20 ლარს და მხოლოდ 5,5 პროცენტი ასახელებს მაქსიმალურ თანხას - 30 ლარს.

კიდევ უფრო მიზერულია რესპონდენტთა უმრავლესობის მიერ, მაგალითად, ზამთრის სეზონში გადახდილი თანხები, განსაკუთრებით კი თბილისის მიღმა „დარჩენილ“ საქართველოში:

თბილისში ზამთარში ელექტროენერგიისთვის 5 ლარამდე გადასახადს იხდის მომხმარებელთა 9,1 პროცენტი, 10 ლარამდე გადასახადს - 18 პროცენტი, 15 ლარამდე - 38,5 პროცენტი, 20 ლარამდე - 14,3 პროცენტი.

გორში 5 ლარს იხდის - 21,3 პროცენტი, 10 ლარამდე - 35 პროცენტი, 15 ლარამდე - 19,3 პროცენტი, 20 ლარამდე - 15 პროცენტი. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა რუსთავში.

სამაგიეროდ, ფოთში 5 ლარამდე იხდის 64 პროცენტი, 10-მდე - 21 პროცენტი. ქუთაისში 30 პროცენტი 15 ლარამდე გადასახადს „სწვდება“, ზუგდიდში კი გამოკითხულთა უმრავლესობის - 84 პროცენტის მიერ გადახდილი თანხა 5 ლარს არ აჭარბებს.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ასეთი შედეგების მიზეზი, ერთის მხრივ - საზოგადოების მძიმე სოციალური მდგომარეობაა, რაც, მაგალითად, თბილისის შემთხვევაში მომხმარებელთა ერთ ნაწილს ელექტროენერგიის დაზოგვას აიძულებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის შემოსავლების სტატისტიკური მაჩვენებელი ნათელყოფს, რომ მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს პირველი რიგის გადასახადად არ მიიჩნევს.

არადა, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კერძო დარგობრივი ინტერესებისთვის, ან თუნდაცთავად მოხმარების მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით, არამედ - ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.

ელექტროენერგიის საფასური - ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კომპონენტი

როგორც ენერგეტიკის მინისტრი, ისე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბრის დროს აუცილებლად არის ხაზგასასმელი ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე საქართველო „ჩამოკიდებულია“ რუსეთისა და სომხეთის ენერგოსისტემებზე, საიდანაც ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 500-500 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას ყიდულობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასური ერთ კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე 2,6 ცენტია, სომხეთიდან კი - 2,75 ცენტი, ცხადი ხდება, რომ ყოველწლიურად საქართველოს მილიონობით დოლარის გადახდა უხდება რუსული და სომხური ელექტროენერგიის ყიდვისთვის, გასულ წლებში არსებულმა არგადახდებმა კი ქვეყანა უკვე გახადა რუსეთზე და იგივე სომხეთზე(თუმცა განსხვავებული მასშტაბებით)არა მხოლოდ ენერგეტიკულად, არამედ - ფინანსურადაც დამოკიდებული.

ამას ემატება ის გარემოება, რომ ქვეყნის გენერაციის სისტემა მეტად მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოება შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მინიმალურად უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგომომარაგებას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ მწარმოებელი არ არის დაინტერესებული წარმოებული ელექტროენერგიის გაზრდით, რადგან წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულად, მუდმივი არგადახდების გამო, იზრდება მისი დანაკარგებიც. გარდა ამისა, იგივე არგადახდების გამო, სისტემას არ აქვს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საშუალებაც.

მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო თანხების არსებობის პირობებში ვარდნილჰესის 100 მეგავატიანი მუშა სიმძლავრის მინიმუმ 70 მეგავატით გაზრდა არის შესაძლებელი, შაორჰესის მუშა 18 მეგავატის - 9 მეგავატით, გუმათჰესის 22 მეგავატის - 17 მეგავატით, ლაჯანურჰესის 25 მეგავატისთვის - 10 მეგავატით, ენგურჰესის 660 მეგავატისთვის - 260 მეგავატის, ხრამჰესის 50 მეგავატისთვის - 50 მეგავატის, ძევერულჰესის 60 მეგავატისთვის - 20 მეგავატის და ასე შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო თანხების არარსებობა ქართულ წარმოებას მინიმუმ 30 პროცენტით ამცირებს, რაც ქართულ ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე კიდევ უფრო ზრდის.

მუდმივი არგადახდები პირდაპირ „ურტყამს“ არა მხოლოდ მწარმოებლის, არამედ - დისტრიბუტორის ჯიბესაც. ამასთანავე ამ უკანასკნელს არ აძლევს საშუალებას, განახორციელოს ინვესტიციები სადისტრიბუციო ქსელის გასაუმჯობესებლად, აღრიცხვის მოსაწესრიგებლად, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის არც ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხია სათანადო დონეზე, არც - მისი საფასურის ამოღების მაჩვენებელი და არც სამართლიანობის პრინციპი, ანუ მომხმარებლის ინტერესებია დაცული.

არაპოპულარული ნაბიჯები

ყველა ზემოთ მოხსენიებული და ბევრი სხვა არგუმენტიც ცხადყოფს, რომ არგადახდები ელექტროენერგეტიკული სისტემის კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი ხელის შემშლელი ფაქტორია. ამიტომ ზომები, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მიზნით ხორციელდება, საკმაოდ რადიკალურიცაა და მკაცრიც. მაგალითად, თბილისში, სადაც ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პრობლემა, ძირითადად აღრიცხვიანობის მოწესრიგების წყალობით, ყველაზე ნაკლებად დგას - („თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამოღების მაჩვენებელი თბილისში 85 პროცენტს აღწევს), ამ დღეებში არგადამხდელთა, უფრო სწორად - ელექტროენერგიის დამტაცებელთა დასჯის საკმაოდ მკაცრი ზომები ამოქმედდა.“

კერძოდ, 1 ივნისიდან დედაქალაქის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასმა“ ელექტროენერგიის დატაცების ფაქტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას დაიწყო.

ბიუჯეტის სასარგებლოდ ფიზიკური ან იურიდიული პირების დაჯარიმებას კომპანია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ 2004 წლის 29 დეკემბერს მიღებული ცვლილებისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 მარტის ¹3 დადგენილების საფუძველზე ახორციელებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის თანახმად, წარმოების ლიცენზიანტის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის დატაცება, ე.ი. ელექტროენერგიის მოხმარება მისი აღრიცხვისგარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, ჯარიმით დაისჯება. ფიზიკური პირისათვის ჯარიმა - 600 ლარი, იურიდიული პირისა და დაწესებულებისთვის 5000 ლარი იქნება. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1200 ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულების - 15000 ლარით.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება ენიჭება „თელასს“, როგორც ენერგოსექტორის ლიცენზიანტს.კომპანია, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, სათანადო პირს სამართალდარღვევის ოქმს შეუდგენს, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეცემა. სასამართლოს მიერ დადგენილ თანხას სამართალდამრღვევი პირი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდის. რეფორმის სხვა დონეზე იმყოფება დღეს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“.

დღეს კომპანია კომუნალური გამრიცხველიანების პროექტს ახორციელებს. ეს პროექტი სატრანსფორმატორო პუნქტებში, საიდანაც ელექტროენერგია დაახლოებით 100-მდე აბონენტს მიეწოდება, კომუნალური მრიცხველის დამონტაჟებას გულისხმობს.

თითოეული აბონენტი ელექტროენერგიის საფასურს კომუნალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით, თანაბრად იხდის. ტრანსფორმატორზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს უწყდება.

0x01 graphic

ცხადია, ეს „თანასწორობა“ მომხმარებელთა უფლებებს აშკარად არღვევს, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ამ დარღვევის ფონზე მიღწეული საშემოსავლო მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია:

როგორც „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში“ აცხადებენ, კომუნალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებამ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლების შემცირება გამოიწვია. ენერგოკომპანიაში ამბობენ, რომ გამრიცხველიანების დაწყებიდან (მიმდინარე წლის აპრილი) დღემდე ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი საშუალოდ 30%25-ით შემცირდა, ხოლო დენის საფასურის ამოღების მაჩვენებელი საშუალოდ 50%25-ით გაიზარდა. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კომუნალური ელექტრომრიცხველების დამონტაჟება 30 ივნისისთვის დასრულდება. ამ ეტაპზე მრიცხველების 75 პროცენტი უკვე დამონტაჟებულია. ენერგოკომპანიის ინფორმაციით, მოხმარების მაჩვენებლების კლება ენერგოკომპანიის მკაცრმა პოლიტიკამაც განაპირობა, რაც არგადამხდელი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს.

მოსახლეობა იძულებულია, შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარება, რადგან მას თითოეული მოხმარებული კილოვატსაათი ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უწევს. კომუნალურ გამრიცხველიანებამდე, როდესაც მოსახლეობა ფიქსირებულ გადასახადს იხდიდა, ელექტროენერგიას არ ზოგავდა, - აცხადებენ ენერგოკომპანიაში და ვარაუდობენ, რომ გამრიცხველიანების დასრულების შემდეგ, ივლისიდან მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

როგორც მინისტრი გილაური აცხადებს, კომუნალური მრიცხველების დაყენების შემდეგ ქვეყანაში ინდივიდუალურ მრიცხველებსაც დააყენებენ. ცხრა დიდ ქალაქში (თბილისის გარდა) წელს ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებაც დასრულდება. ბიუჯეტში გათვალისწინებულია სათანადო თანხები, 20 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა - ნაწილობრივ. ინდივიდუალური მრიცხველები უფასო იქნება, თუმცა უშუალოდ მათი დამონტა- ჟება მოსახლეობას 30 ლარამდე დაუჯდება, დამონტაჟებისათვის გადახდილი თანხა კი შემდგომში მოსახლეობას ელექტროენერგიის სახით დაუბრუნდება.

ასეთი „თანადაფინანსების“ აუცილებლობა, ხელისუფლების თქმით, ენერგოსექტორში არსებულმა სტატისტიკამ გამოიწვია: ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „თელასს“ თბილისის გამრიცხველიანებისთვის მომხმარებლის რაოდენობაზე 1,5-ჯერ მეტი მრიცხველის ყიდვა უხდება, რადგან მომხმარებელი, რომელიც მრიცხველს სადისტრიბუციო კომპანიის საკუთრებად თვლის და თავად მის დასაყენებლად თანხებს არ იხდის, ამ მრიცხველს, საკმაოდ ხშირად, განზრახ აზიანებს. რაც შეეხება „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიერ დაყენებულ მრიცხველებს - სამინისტროს ინფორმაციით, მათთან მრიცხველების დაზიანების შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. რა ეფექტს ელის ხელისუფლება ამ პროცესისგან? გილაური აცხადებს, რომ გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შემდეგ, სრულად იქნება შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რა ენერგიას მოიხმარს მოსახლეობა და როგორია რეალური გადახდისუნარიანობა ქვეყანაში. მინისტრი აქვე საზოგადოებას დახმარებასაც სთხოვს:

საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ თუ ელექტროენერგიის საფასურს არ გადაიხდის, ენერგოსისტემაში დღეს არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელი იქნება, - ამბობს იგი.

2 გუმათელები უსამართლო მრიცხველების წინააღმდეგ

▲back to top


სადისტრიბუციო კომაპნია და მოსახლეობა ვერ შეთანხმდნენ

თამარ ტაბატაძე

პრობლემები, რომლებიც გამრიცხველიანების პროცესს თან სდევს, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 28 მაისს ქუთაისში გამართული მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის საჭირბოროტო საკითხების სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის წარმომადგენელთან ილია ელოშვილთან ერთობლივად განსჯის საშუალება მიეცა.

მოსახლეობის განცხადებით, გამრიცხველიანების არარსებობა რეგიონში ერთ-ერთ ძირეულ პრობლემას ქმნის. 20 მაისს „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობამ ჰიდროელექტროსადგურის ბლოკირება მოახდინა, რასაც რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა:

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა გუმათის დასახლებისთვის ელექტროენერგიის გარკვეული შეღავათებით მიწოდება იყო. მოსახლეობის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგური მათ როგორც მატერიალურად, ასევე ჯანმრთელობის მხრივ აყენებს ზიანს. ჰესებთან სიახლოვის გამო გუმათელებს ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში უწევთ ცხოვრება. ორ ჰესს შორის ცხოვრება განაპირობებს სინესტესა და რადიაციულ ფონს, რაც იწვევს გახშირებულ ასთმურ, ძვალსახსროვან და ტუბერკულოზით დაავადებებს. სწორედ ამ მიზეზთა გამო ადგილობრივი მოსახლეობა გარკვეულ შეღავათებს ითხოვს.

0x01 graphic

ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი პრეტენზია კომუნალურ მრიცხველებს უკავშირდება. გუმათჰესის მოსახლეობის მტკიცებით, ენერგოკომპანიამ მათ გაფრთხილების გარეშე გაუთიშა შუქი, რასაც წყლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა. მათი უმეტესი ნაწილი გუმათჰესისა და რიონჰესის კასკადებზე არიან დასაქმებულნი დახელფასიდან იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს, ხოლო პენსიონერებს პენსიიდან უქვითავენ 10 ლარს. მათი განცხადებით, ენერგოკომპანიამ ფიდერზე კომუნალური მრიცხველი დადგა, რომლის მიხედვითაც, ხდება გადასახადის ოჯახებზე გადანაწილება. მოსახლეობა ითხოვს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. ენერგოკომპანია მათ ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას სთავაზობს, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. ერთი მრიცხველის დამონტაჟება 200 დოლარი ღირს. მოსახლეობა ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითხოვს, რათა ინდივიდუალურად გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის აღრიცხვა და დაფარვა ინდივიდუალურადვე მოახერხოს. რადგან, მათი განმარტებით, კომუნალური მრიცხველის შემთხვევაში, საერთო თანხა თანაბრად ნაწილდება და არა ცალკეული ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, რაც არასამართლიან გარემოს ქმნის. მოსახლეობა სადისტრიბუციოკომპანიისგან ამ საკითხების დარეგულირებას მოითხოვს. ერთ კომუნალურ მრიცხველზე დაახლოებით 100 ოჯახია გაერთიანებული. გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული პრობლემები, ანუ ინდივიდუალური გამრიცხველიანების მოთხოვნით ბაღდათის მოსახლეობაც გამოდის, სადაც კომუნალურ მრიცხველებთან დაკავშირებით ანალოგიური პრობლემებია.

სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლის ილია ელოშვილის განცხადებით, არსებული მდგომარეობა, ანუ კომუნალური მრიცხველები იდეალური და საუკეთესო არ არის, თუმცა არსებულ პირობებში ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა ზუსტად მოხდეს გახარჯული ელექტროენერგიის აღრიცხვა. აღნიშნულ ტრანსფორმატორებზე კომუნალური მრიცხველების დამონტაჟება აპრილის მეორე ნახევარში მოხდა, რამაც ენერგოკომპანიას საშუალება მისცა, ზუსტად დაეფიქსირებინა მოხმარებული ელექტროენერგიის რეალური ხარჯი. მისი განმარტებით, სახელმწიფო კომპანიას ინდივიდუალურ მრიცხველთა დამონტაჟების საშუალება არ გააჩნია და ესმის, რომ თანხის მოსახლეობაზე თანაბრად გადანაწილება არ არის კარგი საშუალება, თუმცა, მისი თქმით, ასეთ პირობებში არსებობს რამოდენიმე ალტერნატიული საშუალება. კერძოდ:

1. ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომლის შემთხვევაში თითო მოსახლემ 200 დოლარი უნდა გადაიხადოს;

2. ძველი ინდივიდუალური მრიცხველების წესრიგში მოყვანა და შემდეგში მოსახლეობის მხრიდან მათი მაქსიმალური გაკონტროლება, რათა არ მოხდეს დატაცება;

3. ოჯახებში სიმძლავრეების ინდივიდუალურად აღწერა, მათი დაანგარიშება და ამ ფორმით გადახდა, ანუ არსებული ყველა ელექტრომოწყობილობის აღრიცხვა, ხარჯვის დადგენა მათი სიმძლავრისა და მუშაობის საათების საფუძველზე, რის მიხედვითაც დადგინდება ის თანხა, რაც მომხმარებელმა გახარჯულ ელექტროენერგიაში უნდა გადაიხადოს. თუმცა, როგორც ელოშვილი განმარტავს, არც ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე მოსახლეობაარ თანხმდება და ამდენად, ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის კომუნალური მრიცხველის დაყენება. მისი განცხადებით, იგი გუმათის მოსახლეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღუდგენს ელექტროენერგიით მომარაგებას, როცა მოსახლეობა კომუნალურ მრიცხველზე არსებულ დავალიანების დაფარვას დაიწყებს, რაზეც დღესდღეობით მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებს. ელოშვილი დასძენს, რომ ენერგოკომპანია მომხმარებლებს მხოლოდ კომუნალურ მრიცხველზე აღნუსხული ელექტროენერგიის საფასურს სთხოვს და არა ძველი დავალიანების დაფარვას. ელოშვილის ცნობით, გუმათჰესის დასახლება ელექტროენერგიის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია რეგიონის მასშტაბით მაშინ, როცა გადახდის მაჩვენებელი აქ პრაქტიკულად მიზერულია. მისი განცხადებით, წლების განმავლობაში გუმათის მოსახლეობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ზამ- თრის პერიოდშიც კი 24 საათიანი მომარაგება ჰქონდათ მაშინ, როცა მეზობელი დასახლებები მწვავე ენერგოკრიზისს განიცდიდნენ.

მრგვალ მაგიდაზე სადისტრიბუციო კომპანიასა და „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

3 ცოტა რამ მომხმარებელთა უფლებებზე

▲back to top


როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედიქუჩის აქციებსა და ენერგოკრიზისს შორის

გიორგი ანთია

ელექტროენერგიის ნებისმიერი მომხმარებელი გეტყვით, რომ მისი უფლებები ირღვევა, მაგრამ მათგან აბსოლუტურ უმრავლესობას აუჭირდება ზუსტად განსაზღვროს, რას წარმოადგენს მათი, როგორც მომხმარებლის უფლებები და ვის უნდა მიმართოს მისი დარღვევის შემთხვევაში.

ცოტა ხნის წინათ დასავლეთ საქართველოს საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. რიგითი მომხმარებლები ქუჩაში გამოვიდნენ და ადგილობრივი ენერგოკომპანიისაგან ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ენერგოკომპანია მათ უფლებებს არღვევს, რაც პირველ რიგში, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაში გამოიხატება. აქცია ენერგოკომპანიის მიერ ე.წ. ურჩი გადამხდელებისათვის ენერგოსადენების ჩაჭრების დაწყებამ გამოიწვია. ასეთ დროს მომხმარებელსა და ენერგოკომპანიას შორის კონსენსუსის მიღწევა ალბათ შეუძლებელია. თუმცა, მეორე მხრივ, გასარკვევია, დაარღვია თუ არა ენერგოკომპანიამ მომხმარებლის უფლებები, როდესაც ელექტროენერგიის საფასურის ამოღების რადიკალურ ზომებს მიმართა.

ეს შემთხვევა ზუსტად ასახავს ქართველი მომხმარებლის შეხედულებას, რა დროს ირღვევა მათი უფლებები და როგორი მეთოდებითაა შესაძლებელი საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება. არც თუ შორეულ წარსულში მომხმარებელი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქვესადგურებზე იერიშის მიტანით ახერხებდა განსაზღვრული დროით დენის მიღებას. როგორც ადრე, ახლაც პასუხი ქუჩაში გამოსული მომხმარებლის მიმართ ერთია - ელექტროენერგია მხოლოდ მათ მიეწოდებათ, ვინც დენის საფასურს გადაიხდის. თუმცა უპასუხოდ რჩება შეკითხვა - როდის დაასრულებენ საქართველოში მომუშავე გამანაწილებელი ენერგოკომპანიები გამრიცხველიანებას და არის თუ არა ამ პროცესის უსასრულოდ გაჭიანურება მომხმარებლის უფლების დარღვევა?

პრაქტიკამ ცხადყო, რომ იქ, სადაც ინდივიდუალური მრიცხველებია დამონტაჟებული, მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს სრულად იხდის.

გამრიცხველიანების პრობლემის წინაშე საქართველოს ყველა გადამანაწილებელი კომპანია დგას. თბილისში, სადაც, ერთ-ერთი მონაცემით, ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებელი 70 პროცენტს უტოლდება, არსებობს უბნები, რომელთა მიმართაც „თელასი“ ელექტროენერგიის საფასურის ამოღების სხვა მეთოდებსაც მიმართავს. მაგალითად, თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები მომხმარებლის ნაწილი ელექტროენერგიის საფასურს არა ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების, არამედ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილი ნორმების საფუძველზე იხდის - წინასწარ დგინდება, რა სახისა და სიმძლავრის ელექტროხელსაწყო აქვს კონკრეტულ მომხმარებელს და დენის საფასურის მაჩვენებელიც ამ მონაცემების თანახმად გამოითვლება. ეს ყველაზე ნაკლებად სწორედ მომხმარებელს აძლევს ხელს, რომელსაც ურჩევნია ზუსტად იმდენი გადაიხადოს, რამდენსაც მოიხმარს. ამას ისიც ემატება, რომ „თელასი“ არ ჩქარობს თბილისის ამ უბნებში ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას, რომლის მეშვეობითაც ეს პრობლემა ავტომატურად მოგვარდებოდა და მომხმარებელიც ბევრად ნაკლებს გადაიხდიდა.

გაცილებით რთულია ვითარება რეგიონებში, სადაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებელი, თბილისთან შედარებით, თითქმის სამჯერ დაბალია. „გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ პრობლემის მოგვარება ე.წ. კომუნალური მრიცხველების გამოყენებით სცადა. ასეთ დროს მომხმარებელთა განსაზღვრული ჯგუფის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ერთი მრიცხველის მეშვეობით აღირიცხება. ხშირად აბონენტები იყოფენ მრიცხველზე ნაჩვენებ ხარჯს, რის გამოც ერთნაირად იხდის ყველა მომხმარებელი - ისიც, ვინც ბევრ დენს ხარჯავს და ისიც, ვინც ეკონომიას აკეთებს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელთა უფლებები უკვე მასობრივად ირღვევა. თანაც აბონენტებს არჩევანი, ფაქტობრივად, წართმეული აქვთ - ენერგოკომპანიის მიერ შეთავაზებული პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში, მათ უდენობა გარანტირებული აქვთ.

0x01 graphic

ელექტროენერგეტიკაში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ფუნქცია კანონით „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ (მუხლი 15 პრიმა) საზოგადოებრივ დამცველს აქვს დაკისრებული. მას სახალხო დამცველის მიერ შერჩეული საკონკურსო კომისია ირჩევს. ენერგოომბუდსმენს კანონი ადვოკატის ფუნქციებსაც აკისრებს. საზოგადოებრივი დამცველი აქტიურად მონაწილეობს როგორც ელექტროენერგიის ტარიფისა და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობის ნორმატიული ბაზის შემუშავების პროცესში, ასევე ენერგოკომპანიასთან დავებში ინდივიდუალური მომხმარებლების ინტერესებსაც იცავს. იქნება ეს დავა არასწორად დარიცხულ თანხაზე, კომპანიის მხრიდან შედგენილ აქტზე, ზიანის ანაზღაურებაზე, უხეშობაზე, უსამართლოდ დენის გამორთვაზე თუ სხვა პრობლემებზე.

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოვალეობაა:

1. დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები;

2. შეაფასოს მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა შედეგები;

3. გამოვიდეს მხარედ მომხმარებელთა სახელით მარეგულირებელ ორგანოში;

4. გაეცნოს ყველა იმ დოკუმენტაციას თუ მასალას, რაც კანონით ნებადართულია მარეგულირებელი კომისიისათვის გასაცნობად;

5. წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში;

6. მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახური წარმოადგენს რეგულირების შემადგენელ საქმიანობას და მისი დაფინანსება ხდება სემეკში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. სემეკმა საზოგადოებრივი დამცველის სამსახური 2004 წელს 80 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსა.

0x01 graphic

შარშან სემეკის საზოგადოებრივი დამცველის აპარატში 160 წერილობითი განცხადება შევიდა, რომელთა დიდი ნაწილიც ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა. განცხადებები, ძირითადად, რეგიონებიდან შევიდა. როგორც ენერგოომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, არარეგისტრირებული მომართვების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ მეტი იყო. გაირკვა, რომ მომხმარებლებისათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო შემდეგი საკითხები:

  1. 1.ძველი ფიქსირებულად დარიცხული ელექტროენერგიის დანახარჯის გადაანგარიშების შესაძლებლობა ახალი მრიცხველის ჩვენების მიხედვით;

  1. ბინის ყიდვა-გაყიდვის დროს ბინაზე რიცხულ დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემები;

  1. მომხმარებლისა და ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობების საკითხი მრიცხველიდან ბინის კარამდე კომუნიკაციებთან დაკავშირებით;

  1. ელექტროენერგიის არასანქცირებულ მოხმარებაზე ახალი კანონმდებლობით გამკაცრებული და მოსალოდნელი ჯარიმები;

  1. ომისა და სამხედრო ვეტერანებისათვის წინა წლების შეღავათებთან დაკავშირებული საკითხი;

  1. კომპაქტურად ჩასახლებულ ლტოლვილთა მიერ უმრიცხველოდ გახარჯული ელექტროენერგიის გადაფასების საკითხი;

  1. მოსალოდელი სატარიფო ცვლილებები.

თუმცა სემეკის საზოგადოებრივი დამცველის აპარატში კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. საქმე ისაა, რომ ფაქტობრივად არ არსებობს ენერგოკომპანიისა და აბონენტის ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა. თანაც, არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას საქართველოში საკუთარ აბონენტებთან არა აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელშიც ორივე მხარის უფლება-მოვალეობები იქნებოდა განსაზღვრული. ამდენად,მომხმარებელს საკუთარი უფლებების დაცვისათვის მოქმედების არეალი საკმაოდ შეზღუდული აქვს.

მომხმარებელს საზოგადოებრივი დამცველისთვის საჩივრით მიმართვა მისთვის ყველა მისაღები ფორმით შეუძლია, იქნება ეს სატელეფონო შეტყობინება, წერილი თუ სხვა. საჩივრის შემოტანის ფორმალურ მხარეს მნიშვნელობას არ ვაქცევთ, - აცხადებს საზოგადოებრივი დამცველი დავით ებრალიძე, რომელიც ამ პოსტს საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტის ამოქმედებიდან იკავებს. თუმცა, სასურველია, რომ პრეტენზიით მომხმარებელმა ჯერ იმ ენერგოკომპანიას მიმართოს, რომლის აბონენტიც თავადაა. ბოლო დრომდე ანალოგიური სამსახური მხოლოდ „თელასს“ ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუკი აბონენტმა და ენერგოკომპანიამ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მომხმარებლის უფლებათა დაცვის პროცესში უკვე საზოგადოებრივი დამცველი ერთვება. არც თუ ისე იშვიათად, ენერგოომბუდსმენს მომხმარებლის უფლებების დასაცავად სასამართლოსთვისაც მიუმართავს.

4 აუთვისებელი პოტენციალი

▲back to top


გვანცა ლიპარტელიანი

0x01 graphic

მოქალაქეთა კითხვებს პასუხობს პროექტის - „საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა ენერგეტიკის სფეროშიდირექტორი დავით ლეჟავა

ჩამოეწერება თუ არა მოსახლეობას ძველი დავალიანებები სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ?

მოსახლეობის წუხილი ამ თემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა გაჭირდება იმის თქმა, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველაფერი დამოკიდებულია თავად ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებზე, რომლებიც დღეს ამ ვალებს ფლობენ. შესაძლებელია, რომ თელასმა სულ სხვა სტრატეგია აირჩიოს, ხოლო გაერთიანებულმა სადისტრიბუციო კომპანიამ - სრულიად განსხვავებული.

თელასი პირდაპირ აცხადებს, რომ იგი არ აპირებს ამ ვალების ჩამოწერას და ოდესღაც დაიბრუნებს მოსახლეობიდან ამ ფულს. ხოლო რა ფორმით და როდის დაიბრუნებს, ეს საკითხი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვალების დაბრუნება თელასის მხრიდან, ალბათ, ბუნებრივიც არის, თუ აღნიშნულ საკითხს თელასის კომერციული და ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე შევხედავთ. პრინციპში, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ეს ვალი დაბრუნდეს, ანუ, ვინც ამ ვალის მფლობელია (ამ შემთხვევაში თელასი) - მან უნდა მიიღოს ფული, რადგან თავის დროზე, თელასი ვალიანად გაიყიდა. შესაბამისად, თელასს სრული იურიდიული უფლება აქვს, მოითხოვოს და მოახდინოს ამ ვალის მოსახლეობიდან ამოღება. ამ ურთიერთობებში, ალბათ, სემეკი არ უნდა ჩაერიოს, ხოლო სახელმწიფოს მიერ გარკვეული მონაწილეობა ამ პროცესში გაცილებით რეალურია. როგორც აღვნიშნე, არსებობს განსხვავებული პოზიციები გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიასა და თელასს შორის. სადისტრიბუციო კომპანია პირდაპირ არ აცხადებს, რომ აუცილებლად დაიბრუნებს ვალებს და გარკვეულწილად უშვებს იმ აზრსაც, რომ შესაძლოა ამ ვალების ჩამოწერაც, რადგან საკმაოდ ძნელია იმის გარკვევა, თუ ვის რამდენი დავალიანება აქვს. ანუ, ვისი მრიცხველი მუშაობდა სწორად ან არასწორად და ა.შ. არსებული 100 მილიონიანი ვალიდან, რომელიც ეი-ი-ეს თელასის მიმართ მომხმარებელს გააჩნდა, გარკვეულია მხოლოდ ის, თუ ვის მართებს ამ ორგანიზაციის 25 მილიონიანი ვალი. ანუ, ძნელად გასარკვევია, თუ ვისი გადასახდელია არსებული ვალი. მაგალითად, ფიდერზე დაფიქსირდა მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი, მაგრამ არავინ იცის, ამ მოსარგებლე რომელმა აბონენტმა რამდენი ელექტროენერგია მოიხმარა. შესაბამისად, ვალის ამოღება გართულებულია. ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების ფონზე შესაძლებელია, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ამ პროცესში, რადგან სხვა ობიექტური საშუალება აღნიშნული ვალის დაბრუნებისა, ძნელი წარმოსადგენია. გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია დღეს ამ ვალებს მოსახლეობას არ სთხოვს. მაგრამ, თუ გადაიწვა ტრანსფორმატორი და სადისტრიბუციო კომპანიას არ აქვს თანხები მის შესაკეთებლად, იგი ცდილობს, მოსახლეობის ხარჯზე მოახდინოს სისტემის რეაბილიტაცია. ასეთ შემთხვევაში თავად მოსახლეობას სთავაზობენ გადახდას, ხოლო გადახდილ თანხას მას ძველ ვალში უქვითავენ. ანუ, ამ შემთხვევაში კომპანია რაღაც ფორმით მაინც ახერხებს ვალის ნაწილის დაბრუნებას.

0x01 graphic

როდის შესძლებს მომხმარებელ თავად აირჩიოს ელექტროენერგიის მიმწოდებელი?

დღეისათვის საქართველოში ოთხი ძირითადი მიმწოდებელი მოქმედებს. ესენია: „თელასი“ თბილისში, „სინათლე“ კახეთში, „აჭარა“ აჭარაში და გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს დარჩენილ რეგიონებში. იყვნენ და ჯერ კიდევ არიან მცირე ლიცენზიანტებიც. გარდა ამისა, არსებობს ბაზარი, რომელსაც ჰყავს პირდაპირი მომხმარებელი, ანუ კერძო პირებს ელექტროენერგიის ყიდვა პირდაპირ ბაზრიდანაც შეუძლიათ. დღეს მოსახლეობას არჩევანის საშუალება არა აქვს. სამინისტროს პოზიცია ასეთია: ბაზარი ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს და მოხდეს ორმხრივ კონტრაქტებზე გადასვლა, რათა მომხმარებელმა და მიმწოდებელმა ერთმანეთი „იპოვონ“. თეორიულად ეს ძალიან კარგია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ასეთი რამ მოხდება - სახელმწიფოს უკვე აღარ შეეძლება ასე მარტივად მანიპულირება და სოციალური ინტერესების დაკმაყოფილება. ამის საშუალება უკვე აღარ იქნება. გარდა ამისა, ეს პროცესი სხვა სირთულეებსაც გამოიწვევს. სახელდობრ: საუკეთესო გადამხდელები და საუკეთესო კომპანიები ერთმანეთს იპოვიან და არსებული ენერგოდეფიციტი ძირითადად ცუდ მომხმარებლებზე გადანაწილდება. სახელმწიფოც ამ შემთხვევაში ვერაფერს გახდება და „ცუდი“ მომხმარებლის სოციალურ ინტერესებს ვერ დაიცავს. ამიტომ, დღეს პირდაპირ ასეთ ურთიერთობებზე გადასვლა, ალბათ, მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, პრინციპში თუკი ჩვენ მივაღწევთ ისეთ მდგომარეობას, რომ მეტნაკლებად მიუახლოვდება ის ურთიერთობები საბაზრო ურთიერთობებს, მაშინ მართლაც შეიძლება გადასვლა ამ ორმხრივ ხელშეკრულებებზე. დღეს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიმწოდებლის არჩევის საშუალება ნამდვილად არ გააჩნია.

უნდა სარგებლობდნენ თუ არა შეღავათებით ჰიდროელექტროსადგურთან ახლოს მცხოვრები ადამიანები?

ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი არგუმენტები არსებობს. ძირითადად მსგავს მოთხოვნებს კერძო საკუთრებასთან (მაგალითად, ტერიტორია, სადაც ჰესია განლაგებული გარკვეული პირის საკუთრებას წარმოადგენდა და სხვ.) ან ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები უმაგრებს ზურგს. მოსახლეობის მენტალიტეტი, რომ ჰესთან სიახლოვეს ცხოვრების გამო მათ აუცილებლად უნდა ისარგებლონ შეღავათებით, იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ აღნიშნული კატეგორია გარკვეული პერიოდი 24 საათიანი, უწყვეტი ელექტრო მომარაგებით სარგებლობდა. დღესდღეობით, როდესაც ამ პრობლემის მოწესრიგება თანდათანობით ხდება და შესაბამისად, შეზღუდვები ამ ხალხზეც ვრცელდება, პრობლემამ მეტი აქტუალობა შეიძინა. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი შეღავათები არ არის დაწესებული, ანუ ყველა მოსახლეზე იდენტური სტანდარტები ვრცელდება. რაც შეეხება მაღალი ძაბვის ხაზების მიმდებარე ტერიტორიებს, ამ შემთხვევაში გასარკვევია, ჯერ მოხდა ხაზის გაყვანა და შემდეგ მოსახლეობის მიერ სახლის აშენება, თუ პირიქით.

მოთხოვნა შეღავათების შესახებ, როგორც წესი, მიმართულია ხოლმე ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიების მიმართ, რაც მათი საქმე არ არის. ეს შეღავათები არ არის ენერგეტიკოსების გადასაწყვეტი და თუკი საკითხი დაისმება, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იმუშაოს. თუმცა არა მგონია, ისეთ სერიოზულ ზიანზე იყოს საუბარი, რომ ეს გახდეს შეღავათების დაწესების მიზეზი. ასეთი უმნიშვნელო უპირატესობების მიხედვით, ალბათ, მოსახლეობის გრადაცია არასწორია. ხოლო კონკრეტული ზიანის შემთხვევაში კი, ალბათ, ურთიერთობები სასამართლოს გზით უნდა დარეგულირდეს.

ქვეყნის მთლიანად გამრიცხველიანების შემთხვევაში, იქნება თუ არა საკმარისი რესურსი მოსახლეობის ელექტრო ენერგიით სრულად დასაკმაყოფილებლად?

პოტენციალი იმისა, რომ საქართველოში მკვეთრად გაიზარდოს ელექტრო ენერგიის მოწოდება ნამდვილად არსებობს. მაგრამ არის მეორე საკითხი - იქნება კი უფრო მეტი მოთხოვნა დენზე, ვიდრე დღეს არის? ანუ, როდესაც გამრიცხველიანება სრულად განხორციელდება, ეს მკვეთრად შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას. როდესაც მოქალაქე არ იხდის ან იხდის გარკვეულ ფიქსირებულ თანხას მოხმარებულ ელექტროენერგიაში, ანუ როდესაც მრიცხველი არ არსებობს - მოხმარება გაცილებით მეტია, ვიდრე მრიცხველის არსებობის შემთხვევაში.

0x01 graphic

სხვადასხვა შეფასებებით, გამრიცხველიანება, როგორც წესი, ორჯერ ან ოთხჯერ ამცირებს ხოლმე ელექტროენერგიის მოხმარებას. შესაძლებელია, რომ ის მიწოდება, რაც დღეს არსებობს, საკმარისი არ აღმოჩნდეს, მაგრამ თუკი საქართველოში გადახდა გაუმჯობესდება, იარსებებს რესურსები რეაბილიტაციისა და იმპორტისთვისაც. პოტენციალი იმისათვის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს, საქართველოში არსებობს.