თავისუფლება № 2 (14), თებერვალი, 2003


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ზურაბიშვილი დავით, კინგი მარტინ ლუტერ, თევზაძე გიგი, საყვარელიძე ფრიდონ, ჯონსი პიტერ
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2003
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია © თავისუფლება თავისუფლების ინსტიტუტის გამოცემა ყველა უფლება დაცულია WWW. LIBERTY.GE თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ჩემი ოცნებაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ერი გამოიღვიძებს და მის მიერვე აღიარებული მრწამსის მიხედვით იცხოვრებს: ,,ჩვენთვის უდავოა ჭეშმარიტება, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორად შექმნა.

მე ვოცნებობ, რომ ერთ დღეს დაბლობი ამაღლდება და მთა დადაბლდება, ქვა-ღორღი გავაკდება და მრუდე გზა გასწორდება, ოდესმე ღვთის დიდება გაცხადდება და ყველა ძე ხორციელი ერთად იხილავს ამ სასწაულს.

ეს არის ჩვენი იმედი. ამ რწმენით გამოთვლით იმედის ქვას უიმედობის კლდიდან. ამ რწმენით, ჩვენ შევძლებთ, ერთად ვილოცოთ, ერთად ვიბრძოლოთ, ერში არსებული დისონანსი ძმობის მშვენიერ სიმფონიად ვაქციოთ, ამ რწმენით მოვიხადოთ სასჯელი და დავდგეთ ერთად თავისუფლებისათვის, იმ იმედით, რომ ოდესმე ვიქნებით თავისუფლები.

მარტინ ლუთერ კინგი

ერთი მხარე იძახის, სამართალი ძალააო და მეორე - ძალაა სასამართლო, ასე დაყენებული საქმე მარტო ინგლისს კი არ შეეხება, არამედ მთელს ქვეყნიერებას, მთელს კაცობრიობას, რომლის სვე-ბედი თითქმის იმაზეა დამოკიდებული თუ, ამ ორში რომელი აზრი გაიმარჯვებს და რომელი დაედება საფუძვლად კაცთა ცხოვრებისა და კაცთა ერთმანეთში მოთავსებას.

ღობე, მარტო იმ მიზეზით, რომ დაბალია, არა დროს არ უნდა გადალახულ იქმნასო, ყველასა აქვს ღვთის ნიჭი არსებობისა და ამ ნიჭისაგან არავინ არ უნდა იყოსო გამოკლებული მარტო იმ მიზეზით, რომ მე ღონიერი ვარ და ის კი უძლურიო. აქ შუამავალი, მოციქული, მარტო სიმართლე და სამართალი უნდა იყოსო და არა სხვა რამე.

ილია ჭავჭავაძე

2 ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის ანუ სამართლიანობა საზღვრებს გარეშე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით ზურაბიშვილი

წინამდებარე პუბლიკაციებს, ერთი შეხედვით, ბევრი არაფერი აქვთ საერთო.

დოქტორ მარტინ ლუთერ კინგი უმცროსის ,,ჩემი ოცნება“ - სიტყვა თქმული მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე, 1963 წლის 28 აგვისტოს, ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან გამართული საპროტესტო მიტინგის დროს.

ილია ჭავჭავაძის წერილების ციკლი ,,ინგლის-ირლანდიის ურთიერთობების გარშემო“ - სხვადასხვა პერიოდულობით დაბეჭდილი მცირემეტრაჟიან ქართულ გაზეთ ,,ივერიაში,“ 1886-89 წლებში.

პირველი - მსოფლიოში სახელგანსმენილი, რასობრივი თანასწორობის იდეის და, ზოგადად უფლებადაცვითი თემატიკის კლასიკად ქცეული გამოსვლა; მეორე - საქართველოშიც კი, ბევრისთვის უცნობი პუბლიცისტიკა ეროვნული კლასიკოსის მემკვიდრეობიდან.

განსხვავებული პუბლიკაციების განსხვავებული ავტორებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდნენ და სხვადასხვა მიზნები ჰქონდათ.

ილია ჭავჭავაძე - ქართველი, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი.

ერთი აფრიკიდან ჩამოყვანილი ზანგი მონების შთამომავალი, მეორე - ფეოდალი და გვაროვნული არისტოკრატი.

დოქტორი კინგი მეოცე საუკუნეში ცხოვრობდა, თავადი ჭავჭავაძე - მეცხრამეტეში.

მარტინ ლუთერ კინგის ოცნება მის სამშობლოში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ყველა მოქალაქის თანასწორობა იყო, ილია ჭავჭავაძის სანატრელი მიზანი - საქართველოს დამოუკიდებლობა, ოდეს ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის...

და მაინც მათ შორის არის რაღაც საერთო - ის, რაც საერთოდ უდევს საფუძვლად თავისუფლებისა და თანასწორობის იდეას, რასობრივ ასპექტზე იქნება ლაპარაკი, ეროვნულზე, რელიგიურზე თუ სოციალ-ეკონომიკურზე. ეს არის სამართლიანობის გრძნობა.

მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი და ილია ჭავჭავაძე იმ ისტორიულ პიროვნებათა რიგს მიეკუთვნებიან, რომელთა ცხოვრებას და მოღვაწეობას სწორედ ეს გრძნობა წარმართავს. ეს არ არის ადვილი არჩევანი - ყოველდღიურ პრაქტიკაში აბსტრაქტულ უსამართლობას კი არ აქვს ადგილი, არამედ ეს ეხება სრულიად კონკრეტულ ადამიანებს და სამართლიანობისათვის ბრძოლა წინააღმდეგობაში მოდის სრულიად კონკრეტული, როგორც წესი, ფრიად გავლენიანი პირებისა თუ ჯგუფების ინტერესებთან.

მარტინ ლუთერ კინგი, მისი თანამედროვე შავკანიანი ამერიკელის კვალობაზე, საკმაოდ უზრუნველყოფილი გახლდათ, შეეძლო წყნარად ეცხოვრა, დამტკბარიყო კომფორტული ყოფით, არ გამოსულიყო საჯარო პროტესტით მიტინგებზე და დემონსტრაციებზე და მხოლოდ აკადემიური სტილის პუბლიკაციებით დაკმაყოფილებულიყო.

ილია ჭავჭავაძესაც შეეძლო მშვიდად შეეშნო თავადური ყოფა, საჯაროდ არ დაპირისპირებოდა მის წოდებაში დამკვიდრებულ კონფორმიზმს და იმპერატორის სამსახურში ჩამდგარს არც ჩინ-მედლები მოაკლდებოდა და არც ფული.

ორივე მათგანმა სხვა გზა აირჩია, ორივე წინ აღუდგა იმას, რაც ჩვეულ ყოფად, ლამის ნაციონალურ ტრადიციად მიიჩნეოდა და შემთხვევითი არ არის რომ ორივეს ტრაგიკული აღსასრული სხვა წილად.

წინამდებარე პუბლიკციებსაც სამართლიანობის პათოსი აერთიანებს, გაცნობიერება იმისა, რომ წესი ყველასათვის ერთი უნდა იყოს და დაუშვებელია ადამიანის დაჩაგვრა იმის გამო, რომ მისი კანის ფერი, წარმომავლობა, ეროვნება თუ აღმსარებლობა სხვანაირია. გაცნობიერება იმისა, რომ უსამართლოდ ჩაგრულისადმი გულშემატკივრობა, ყველა წესიერი ადამიანის მოვალეობაა.

ეს ეხება მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ამერიკას, მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბრიტანეთს და ეს ეხება ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის საქართველოსაც, რადგან სამართლიანობას არ შეიძლება ჰქონდეს საზღვრები. ის, რაც სამართლიანია, აქტუალური და თანამედროვეა ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის.

3 ჩემი ოცნება (ისტორია)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარტინ ლუტერ კინგი

28 აგვისტო, 1963 წელი

საუკუნის წინ ერთმა დიდმა ამერიკელმა, რომლის სიმბოლურ ჩრდილშიც ახლა ჩვენ ვდგავართ, ხელი მოაწერა ,,გათავისუფლების დეკლარაციას.“ ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მანათობელ შუქურად იქცა უსამართლობით ჩაგრული მილიონობით შავკანიანი მონისათვის და ტყვეობის წყვდიადი ბედნიერი სინათლის მოლოდინით შეუცვალა, მაგრამ ასი წლის შემდეგაც ჩვენი საზოგადოება ტრაგიკული ფაქტის წინაშეა - შავკანიანი დღესაც არ არის თავისუფალი.

რასობრივი სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის ბორკილების გამო, შავკანიანის ცხოვრება ასი წლის შემდეგაც კვლავ არასრულფასოვანია. ასი წლის შემდეგ, მატერიალური სიუხვის ოკეანეში, შავკანიანი კვლავ სიღარიბის კუნძულზე ბინადრობს. ასი წლის შემდეგ შავკანიანი კვლავ ამერიკელი საზოგადოების კუთხეშია მიყუჟული და საკუთარ მიწაზე თავს დევნილად გრძნობს.

ჩვენ დღეს აქ სწორედ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ერთხელ კიდევ გავუსწოროთ თვალი შემაშფოთებელ სინამდვილეს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს თამასუქის გასანაღდებლად ვეწვიეთ. როდესაც ჩვენი ქვეყნის ფუძემდებლები ქმნიდნენ კონსტიტუციისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესანიშნავ სტრიქონებს, ისინი ხელს აწერდნენ ყოველგვარ თამასუქს, რომელიც ყველა ამერიკელს ამ დოკუმენტის მემკვიდრედ აღიარებდა.

ეს იყო დაპირება ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების ხელშეუხებელ უფლებაზე. დღეს უკვე ცხადია, რომ ამერიკამ ვერ გაუნაღდა თამასუქი თავის შავკანიან მოქალაქეებს. ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა თავისი წმინდათაწმინდა მოველეობა, ქვეყანამ შავკანიანებს უბოძა ყალბი ჩეკი, რომელიც უკან დაგვიბრუნდა წარწერით ,,არ არის საკმარისი თანხა.“ ჩვენ არ გვჯერა, რომ სიმართლის ბანკი გაკოტრდა. არ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაზღვრო შესაძლებლობების ბანკში არასაკმარისი თანხაა.

ჩვენ აქ მოვედით, რათა მოვითხოვოთ თავისუფლებისა და სამართლიანობის თამასუქის დაუყოვნებლივი განაღდება. ჩვენ მოვედით ამ წმინდა ადგილას და გვინდა შევახსენოთ ამერიკას, რომ დრო აღარ ითმენს, აღარ არის დრო ოცნებისა და განცხრომისა, ფიქრისა და განსჯისა! დადგა დრო, თავი დავაღწიოთ სიბნელეს, სეგრეგაციას და დავადგეთ რასობრივი სამართლიანობის გზას! დადგა დრო, შესაძლებლობათა კარი ყველასათის გაიხსნას! დადგა დრო, რასობრივი უსამართლობის ქვიშის ფუძე ძმობის მყარი საძირკველით შევცვალოთ.

ჩვენი ქვეყნისათვის დამღუპველი იქნება, თუ არ გავაცნობიერებთ, რომ ცვლილებები გადაუდებელია, შავკანიანთა ნება კი - ურყევი. შავკანიანთა სამართლიანი უკმაყოფილებით დამძიმებული ცხელი ზაფხული არ მიიწურება, ვიდრე არ მოვა თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის ჰაერით გაჟღენთილი შემოდგომა. 1963 წელი დასაწყისია და არა დასასრული. ვინც თვლის, რომ ზანგებს უბრალოდ ემოციისაგან დაცლა სჭირდებათ და სხვა არაფერი, სჯობს, ილუზიისაგან გათავისუფლდეს. ვიდრე შავკანიანს ჩამორთმეული აქვს მოქალაქეობის უფლება, ამერიკის სიმშვიდე და მოსვენება არ ეღირსება. აღშფოთების ტალღა სამართლიანობის ნათელი დღის გათენებამდე არ დაცხრება და ამ ქვეყნის საძირკველს მოარყევს, თუმცა, ერთი რამ მაინც მინდა ვუთხრა სიმართლის ტაძრის ზღურბლზე მდგარ ჩემს ხალხს: კანონიერი ადგილის დამკვიდრების პროცესში ჩვენ თავად არ უნდა ჩავიდინოთ უკანონობა. თავისუფლების წყურვილს ნუ მოვიკლავთ სიძულვილითა და ღვარძლით შეზავებული სასმელით.

ჩვენი ბრძოლა მოწესრიგებულად და ღირსეულად უნდა წარვმართოთ, ჩვენი პროტესტი ფიზიკურ ძალადობამდე არ უნდა დაკნინდეს, პირიქით, უნდა მივაღწიოთ ფიზიკური და სულიერი ძალების დიდებულ შერწყმას.

ეს საოცარი საბრძოლო შემართება, ახალი ძალით რომ მოედო შავკანიანთა თემს, ყველა თეთრკანიანს როდი უცხადებს უნდობლობას. ბევრი ჩვენი თეთრკანიანი ძმა დღეს აქ ჩვენს გვერდითაა და კარგად ესმის, რომ მათი ბედი და თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ბედთან და თავისუფლებასთან.

ცალ-ცალკე ჩვენ ვერ ვივლით, უნდა ვიაროთ იმ პირობით, რომ წინ მივდივართ და უკან დასახევი გზა არ გვაქვს. სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლებს ხშირად გვეკითხებიან: ,,როდისრა დაცხრებით?“ ჩვენ მანამდე ვერ დავცხრებით, სანამ მგზავრობით დაღლილი სხეულების ქალაქის სასტუმროებში მოსვენება არ შეგვეძლება. ვერ დავმშვიდდებით, სანამ შავკანიანებს მხოლოდ ერთი გეტოდან მეორეში გადაადგილების უფლება აქვთ. ვერ დავწყნარდებით, ვიდრე მისისიპელ შავკანიანს ხმის უფლება არ მიეცემა, ხოლო ნიუ-იორკელი ზანგი არ ირწმუნებს, რომ არჩევნებში მის მონაწილეობას აზრი აქვს. არა და არა, ჩვენ არ დავკმაყოფილდებით და ეს ასე იქნება მანამ, სამან სიმართლე მდინარედ არ დაიღვრება და სამართლიანობა მძლავრ ნაკადად არ გადმოსჩქეფს.

კარგად ვიცი, რომ მრავალმა თქვენგანმა განსაცდელისა და უბედურების ქარცეცხლი გამოიარა. ზოგი თქვენგანი ახალი გამოსულია ვიწრო საკნებიდან, ზოგიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ეძებდა თავისუფლებას და იქ ხან დევნის, ხან კიდევ პოლიციის დაუნდობლობის მსვერპლი ხდებოდა. დიახ, თქვენ მოწამეობრივი ტანჯვის გზა განვლეთ. ახლა კი განაგრძეთ იმ რწმენით სვლა, რომ დაუმსახურებელი ტანჯვა ხსნის გზაზე გაგვიყვანს.

დაუბრუნდით თქვენს მისისიპის, ალაბამას, ჯორჯიასა და ლუიზიანას. დაუბრუნდით ჩრდილოეთის ქალაქების გეტოებსა და ჯურღმულებს. დაუბრუნდით იმის იმედით, რომ მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს და შეიცვლება კიდეც. უიმედობის მორევმა ვერ უნდა ჩაგვითრიოს.

მინდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, რომ არსებული სირთულეებისა და უიმედობის მიუხედავად, მე მაინც ვოცნებობ და ჩემი ოცნება სათავეს ამერიკული ოცნებიდან იღებს.

ჩემი ოცნებაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ერი გამოიღვიძებს და მის მიერვე აღიარებული მრწამსის მიხედვით იცხოვრებს:

,,ჩვენთის უდავოა ჭეშმარიტება, რომ ღმერთმა ყოველი ადამიანი თანასწორად შექმნა.“

ჩემი ოცნებაა, რომ ჯორჯიის მთების მეწამულ კალთებზე მონათა და მონათმფლობელთა შვილები ოდესმე ძმურად შემოუსხდებიან სუფრას.

ჩემი ოცნებაა, რომ მისისისპის უკაცრიელი შტატი, სადაც ჩაგვრა და უსამართლობა ბატონობს, ოდესმე თავისუფლებისა და სამართლიანობის ოაზისად იქცევა.

ჩემი ოცნებაა, ჩემმა ოთხმა შილმა იცხოვროს ისეთ საზოგადოებაში, რომელიც მათ პიროვნული თვისებებით შეაფასებს და არა კანის ფერით.

ეს არის დღეს ჩემი ოცნება.

ჩემი ოცნებაა, რომ ალაბამას შტატში, სადაც ამჟამინდელი გუბერნატორის ბაგეებიდან სიძულვილი და გესლი ინთხევა, ოდესმე მდგომარეობა სასიკეთოდ შეიჩვლება და პატარა შავკანიანი გოგო-ბიჭები და-ძმასავით ხელჩაკიდებულნი ისეირნებენ თეთრკანიან თანატოლებთან.

ეს არის დღეს ჩემი ოცნება.

მე ვოცნებობ, რომ ერთ დღეს დაბლობი ამაღლდება და მთა დადაბლდება, ქვა-ღორღი გავაკდება და მრუდე გზა დასწორდება, ოდესმე ღვთის დიდება გაცხადდება და ყველა ძე ხორციელი ერთად იხილავს ამ სასწაულს.

ეს არის ჩემი იმედი. ამ რწმენით ვბრუნდები სამხრეთში. ამ რწმენით გამოვთლით იმედის ქვას უიმედობის კლდიდან. ამ რწმენით ჩვენ შევძლებთ, ერთად ვიშრომოთ, ერთად ვილოცოთ, ერთად ვიბრძოლოთ, ერში არსებული დისონანსი ძმობის მშვენიერ სიმფონიად ერთად ვაქციოთ. ამ რწმენით მოვიხადოთ სასჯელი და დავდგეთ ერთად თავისუფლებისათვის, იმ იმედით, რომ ოდესმე ვიქნებით თავისუფლები. ეს იქნება დღე, როდესაც ყველა ღვთის შვილი ერთად იმღერებს და ამ სიმღერაში ახალ შინაარსს ჩადებს:

,,ჩემო ქვეყანავ, თავისუფლების ტკბილო სავანევ, შენ გიმღერი. მიწავ, სადაც ჩვენი მამები განისვენებენ, პილიგრიმთა ლტოლვის ადგილო, დაე, შენი ყველა ფერდობიდან რეკდეს თანასწორობის ზარი!“

და თუ ამერიკას სურს გახდეს დიადი ერი, ეს სიტყვები სინამდვილედ უნდა აქციოს.

დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა ნიუ-ჰემფშირის მიუწვდომი მწვერვალებიდან!
დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა ნიუ იორკის ძლევამოსილი მთებიდან!
დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა პენსილვანიის ალეგანის მთებიდან!
დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა კოლორადოს თოვლიანი ქარაფებიდან!
დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა კალიფორნიის მომაჯადოებელი მწვერვალებიდან!
დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა ჯორჯიის კლდეებიდან!
დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა ტენესის ლამაზი მთიანეთიდან!
დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა მისისიპის ყოველი გორაკიდან!
დაე, რეკონ თავისუფლების ზარებმა ყოველი მხრიდან რეკონ!

თავისუფლების ზარის აჟღერება ყოველ სოფელსა თუ დაბაში, ქალაქსა თუ შტატში მოასწავებს იმ დღეს, როდესაც ყველა ღვთის შვილი - თეთრკანიანი თუ შავკანიანი, იუდეველი თუ წარმართი, პროტესტანტი თუ კათოლიკე - ხელიხელჩაკიდებული ერთად იმღერებს ძველ ზანგურ საეკლესიო საგალობელს:

,,თავისუფლება მეღირსა, თავისუფლება მეღირსა! მადლობა ყოვლისშემძლე ღმერთს, ახლა მე თავისუფელი ვარ!“

4 ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის გარშემო (1886-1889)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ილია ჭავჭავაძე

ტფილისი 16. 05. 1886

ირლანდიისათვის ცალკე პარლამენტის მიმნიჭებელ პროექტში გლადსტონმა ერთი იმისთანა მუხლი შეიტანა, რომელიც არ შეესაბამებოდა ლიბერალების დედააზრსა და მოძღვრებას და რომელიც, პირველი შეხედვით, აკვირვებს კაცსა. გასაკვირველი ეგ მუხლი მით უფრო არის, რომ იგი შეიტანა პროექტში იმისთანა წმიდა სისხლის ლიბერალმა, როგორიც გლადსტონია. ეს ამბავი მეტად აოცებდა ყველას და ვერავის ვერ აეხსნა. იგი მუხლი იმაში მდგომარეობს, რომ ირლანდიელთ ეძლევა საკუთარი ცალკე პარლამენტი დუბლინში და საერთო ინგლისის პარლამენტიდამ კი დათხოვნილი უნდა იყვნენ. ამ სახით, ირლანდიას თავის საკუთართა საქმეთა წარმოებაში სრული უფლება და ნება მიენიჭებათ და საერთო საიმპერიო საქმეების წარმართვაში კი ხმის ნება არ ექნებათ. აქ როგორღაც თავი ბოლოს არ ებმის.

საერთო საიმპერიო ხარჯის გაწერაში, სამხედრო საქმის მოწყობილობაში, საკოლონიო პოლიტიკაში და სხვა ამისთანა საყოველთაო საქმეში ირლანდია მოვალე იქნება დაემორჩილოს საერთო ინგლისის პარლამენტსა, საცა არც ერთი წარმომადგენელი და მოსარჩლე არ ეყოლება. იმისთანა ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, საცა არავითარი მოვალეობა, მკვიდრთათვის დადგენილი, მკვიდრთა დაუკითხავად შესაძლებელი არ არის, ეს საერთო პარლამენტიდამ გამოკლება ირლანდიელთა - ჭეშმარიტის ლიბერალობის წინააღმდეგია. გამოჩენილი რადიკალი ჩამბერლენი სწორედ ამ მუხლის გამო გადუდგა გლადსტონსა და სწორედ ამ მხრით იწუნებდა მის დიდებულს პროექტსა.

ყურადღების ღირსია აიხსნას, - რა მიზეზით და რა საბუთით თითქო უარ-ჰყო ამ შემთხვევაში ჭეშმარიტი დედააზრი ჭეშმარიტის ლიბერალობისა იმისთანა უანგარო და ლიბერალობისათვის თავდადებულმა კაცმა, როგორიც გლადსტონია.

მოგეხსენებათ, ინგლისსა ჰმართავს ორი დიდი დასი, ვიგებისა და ტორებისა. ინგლისის სვე-ბედის გამგებელი და მმართველი პარლამენტია, რომელშიაც ინგლისის ერს თავისი წარმომადგენელნი ჰყავს არჩევანითა. ეს ორი უდიდესი დასი, რომელთაც ხელთ უპყრია თითქმის მთელის ინგლისის სვე-ბედის წარმომადგენლობა, ერთი მეორეს ებრძვის ხოლმე იმ ანგარიშით, რომ პარლამენტში ერთმა მეორეზედ მეტი მომხრე იყოლიოს, ერთმა მეორეზედ მომეტებულად თავისი კაცები დასხას. ინგლისის ერი ამ დასების მოძღვრების მიხედვით თითქმის ორ თანასწორ ბანაკად არის გაყოფილი და ამიტომაც ძნელად მოხდება ხოლმე პარლამენტში ან ერთისა და ან მეორის დასის მომხრეებმა იმდენი კაცი გაგზავნონ თვისდა წარმომადგენელად, რომ რიცხვი ერთისა გაცილებით სჭარბობდეს მეორესა. პარლამენტი თითქმის ყოველთვის ისეა შემდგარი, რომ ერთი დასი მეორეს ცოტათითა სჭარბობს. ამისთანა გარემოებაში, - პარლამენტში, თუ მესამე რაიმე დასია, თუნდ რიცხვით თვითოეულს ზემოხსენებულს დიდს დასზედ მცირეც, ვისაც ეს მესამე დასი მიემხრობა, იგი მხარე დასძლევს ხოლმე, და ასე გამოდის, რომ ინგლისის სვე-ბედი იმ მესამეს, რიცხვით მცირე დასზეა დამოკიდებული. ამისთანა დასი დღეს ეგრეთწოდებული პარნელის დასია ინგლისის პარლამენტში, ესე იგი ირლანდიელთა დასი, რომელსაც სულ 86 კაცი ჰყავს. ირლანდიელნი, როგორც მოგეხსენებათ, ინგლისისაგან ძალიან გულნატკენები არიან და, რა თქმა უნდა, ყოველს საქმეში, რაც გინდა ინგლისისათვის საკეთილო იყოს, ან ხელს შეუშლიან ხოლმე, რადგანაც წინააღმდეგ დასს მიუდგებიან ან მიემხრობიან, და უმისოდ კი არა, რომ ირლანდიისათვის არა რაიმე არ დაათმობინონ. ერთმა დასმა, ვიგებისამ თუ ტორიებისამ, რაც უნდა ახალი საკეთილო და ინგლისის სახეირო კანონი და საქმე შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად, თუ პარნელისტები როგორმე არ გადმოიბირა, იმედი უნდა დაჰკარგოს კანონის გაყვანისა. ეს გარემოება მით უფრო საფრთხილოა და საფიქრებელი, რომ 86 კაცი ირლანდიელი ინგლისის პარლამენტში ისე მოქმედებენ პარნელის ბრძანებისამებრ, როგორც ერთი კაცი.

გარდა მაგისა, ესეც უნდა ვიქონიოთ სახეში, რომ რომელს დასსაც უნდა ეჭიროს სამინისტრო, ვიგები იქნებიან, თუ ტორიები, ინგლისში ისეთი შეურყეველი ჩვეულებაა, რომ თუ სამინისტროს კანონი და პროექტი არ მოუწონა პარლამენტმა და არ დაუმტკიცა, უნდა გადადგეს და სამინისტრო მეორე დასს დაუთმოს. ამ სახით გამოდის, რომ ინგლისის მინისტრის დამყენებელი და დამთხოვნელი თითქმის პარნელია, რომელიც ამისათვის თავის 86 ირლანდიელს დიდის ოსტატობითა ხმარობს. ამისი ცხადი მაგალითი ამას წინათ იყო, როცა გლადსტონი იძულებული გახდა გადამდგარიყო მინისტრობიდამ და სალუსბერისათვის დაეთმო მინისტრობა, და თითონ სალუსბერიც ამ ბოლო დროს გადადგა მინისტრობიდამ და კვლავ მთავარ მინისტრობა დაუთმო გლადსტონსა იმავე პარნელის მიზეზითა.

რა თქმა უნდა, ამისთანა ყოფას ვერ შეიშვნევდა დიდი ინგლისი; რა თქმა უნდა, ინგლისის უკეთესნი და შორმჭვრეტელნი კაცნი თავისის ქვეყნის სვე-ბედსა ასე ადვილად არ გახდიან სათამაშოდ 86 კაცის ხელში. აი იგი მიზეზი, აი იგი საბუთი, რომლის ძალითაც დიდმა გლადსტონმა, მოისურვა რა მიანიჭოს ირლანდიას საკუთარი პარლამენტი, საჭიროდ სცნა საერთო საიმპერიო პარლამენტში ხმა და წარმომადგენლობა აღარ მიეცა.

რადიკალი ჩამბერლენი, როგორცა ვსთქვით, წინააღუდგა უფრო ამ მხრით გლადსტონის პროექტსა, რადგანაც ამ პროექტმა მითამ მარტო დღევანდელს საჭიროებას ათაყვანა დედააზრი ლიბერალობისა. ამ მხრით, ჩამბერლენი, ჩვენის ფიქრით, გასამტყუნარი არ არის, და თითონ გლადსტონიც ბოლოს დროს დაჰყვა ჩამბერლენის აზრსა და გამოაცხადა, რომ ირლანდიელებს შეიძლება მიენიჭოს უფლება იყოლიონ საერთო საიმპერიო პარლამენტშითავისი წარმომადგენელნი, მხოლოდ იმ შემთხვევაში კი, როცა პარლამენტში გასარჩევი საქმე ირლადიასაც შეეხებაო. ჩამბერლენი მაინც აღარ მიემხრო გლადსტონს. საკვირველი ეს არის, რომ გამოჩენილი რადიკალი ჩამბერლენი დღეს გლადსტონს გადუდგა და ცალკე დასის მოთავედ კი არ შეიქმნა, არამედ მიუდგა ზომიერს ლიბერალს გარტინგტონს და ზომიერს კონსერვატორს სალუსბერის. ეს ცეცხლისა და წყლის ერთად შეყრა ყველას უკვირს და ჰფიქრობენ, რომ ჩამბერლენის, გარტინგტონის და სალუსბერის ერთმანეთთან მოთავსება ცხადი ნიშანია მისი, რომ დღეს ინგლისში გლადსტონს ებრძვიან დედააზრთა სახელით კი არა, არამედ პატივმოყვარეობა და ანგარიში კერძო პირთა. გარტინგტონმა ერთს კრებაზედ გამოაცხადა კიდეც, რომ თუ ვინიცობაა გლადსტონს ფეხი მოუსხლტა, მე ჩემის მეგობრებით (ჩამბერლენით და სალუსბერით?) ვიკისრებ სამინისტროს შედგენასაო. შესაძლებელია ესეც მოხდეს; ხოლო გლადსტონი დარჩება მინისტრად, თუ არ დარჩება, მისი სახელი იმოდენის დიდებით შეიმოსება, რომ კაცობრიობას ყოველთვის თავმოსაწონებლად ეხსომება.

ფილისი 19.05.1886

გლადსტონის პროექტი ირლანდიის პარლამენტის გამო თანდათან მომხრეებსა ჰპოულობს, რაც დრო გადის უფრო თანდათან ეჩვევა ინგლისის ერი მის დედააზრსა, და ის შიში, რომელიც პირველ ხანებში გამოიწვია ამ პროექტმა, თანდათან ნელდება და ჰქრება. დღეს თითქმის იმედიცა აქვთ, რომ პარლამენტი მიიღებს მაგ პროექტსაო, და თუ ეს გამართლდა, 1886 წელი იქნება მოწამედ ერთის უდიდესის აზრის ძლევამოსილობისა ქვეყნიერობაზედ. საქმე იმაშია, რომ ორმა ურთიერთის წინააღმდეგმა აზრმა ამ პროექტზედ უნდა გადატეხოს თავისი ხმალი და ამ გადატეხას თვისი ძალ-ღონე მთლად უნდა შეალიოს. ამ ორმა აზრმა თითქმის ორად გაჰყო მთელი ინგლისი; ერთი ნაწილი ერთსა ჰქადაგობს და ერთის სახელით იბრძვის და მეორე - მეორის სახელითა. ერთი მხარე იძახის, სამართალია ძალააო და მეორე - ძალაა სამართალიო. ასე დაყენებული საქმე მარტო ინგლისს კი არ შეეხება, არამედ მთელს ქვეყნიერობასა, მთელს კაცობრიობას, რომლის სვე-ბედი თითქმის იმაზეა დამოკიდებული თუ, - ამ ორში რომელი აზრი გაიმარჯვებს და რომელი დაედება საფუძვლად კაცთა ცხოვრებასა და კაცთა ერთმანეთში მოთავსებას.

ერთი მხარე იძახის, სამართალია ძალააო და მეორე - ძალაა სამართალიო. ასე დაყენებული საქმე მარტო ინგლისს კი არ შეეხება. არამედ მთელს ქვეყნიერებასა, მთელს კაცობრიობას, რომლის სვე-ბედი თითქმის იმაზეა დამოკიდებული თუ, - ამ ორში რომელი აზრი გაიმარჯვებს და რომელი დაედება საფუძვლად კაცთა ცხოვრებასა და კაცთა ერთმანეთში მოთავსებასა.

გლადსტონის პროექტი წარმომდინარებს იმ დედააზრიდამ, რომ სამართალია ძალა, რომ ყველაფერში, ყველგან კაცმა წინ სამართალი უნდა გაიმძღვაროს და ყოველს თვის მოქმედებას, ერთმანეთში განწყობას და მოთავსებას სამართალი უნდა სათავედა ჰქონდესო. ღობე, მარტო იმ მიზეზით, რომ დაბალია, არას დროს არ უნდა გადალახულ იქმნასო, ყველასა აქვს ღვთის ნიჭი არსებობისა და ამ ნიჭისაგან არავინ არ უნდა იყოსო გამოკლებული მარტო იმ მიზეზით, რომ მე ღონიერი ვარ და ის კი უძლურიო. აქ შუამავალი, მოციქული, მარტო სიმართლე და სამართალი უნდა იყოსო და არა რა სხვა რამე.

გლადსტონის წინააღმდეგი დასი, რომელსაც წინ უძღვის სალუსბერი, იმ მოძღვრებაზეა დამყარებული, რომ საცა ძალაა, იქ სამართალს ხმა და ხელი არა აქვსო. რადგანაც ირლანდია ჩვენ იარად აგვჩენიაო, მის მოსარჩენად თავს რაზედ ვიტკიებთო? ავიღოთ და როგორც ხორცმეტი ამოვჭრათ და გადავაგდოთო. ხომ ინგლისს ერთ ლუკმადაც არ ეყოფაო!.. თუ ამ სიტყვებით არა, ამ აზრით მაინც მოქმედობს კონსერვატორების მოთავე სალუსბერი. მან პირდაპირ გამოაცხადა ერთს კრებაზედ, რომ მარტო ძალადობა და მუშტია ამ საქმიდამ ჩვენი მხსნელიო და, თუ გაჭირდა, ავიღოთ და მთელი ირლანდია თავისის ქვყნიდამ ავყაროთ და კანადაში გადავასახლოთო. ამისთანა ბარბაროსულმა სიტყვამ ვერაფერი სამსახური გაუწია ამის მთქმელსა. ასე, რომ ამის გამო ათვალწუნებულმა და ძრახვით განკითხულმა სალუსბერიმ იგრძნო სიბოროტე თავისავე სიტყვისა და იძულებულ შეიქმნა გამოეცხადებინა გაზეთებში, რომ ეგ არ მითქვამსო. მეორე თანამოაზრე სალუსბრისა და მასთან მინისტრად ნამყოფი ჩერჩილი პირდაპირ და მოურიდბლად გაიძახის, რომ ინგლისის ერმა უომრად არ უნდა შეიწყნაროს გლადსტონის პროექტი, თუ ვინცობაა პარლამენტმა იგი მიიღო და დაამტკიცაო. გამოდის, რომ ჩერჩილი ძმათა შორის სისხლის ღვრასაც არ ერიდება. ოღონდ - კი გლადსტონის სამართლიანს და კაცთმოყვარულს დედააზრს გამარჯვება არ დარჩესო.

ღობე, მარტო იმ მიზეზით, რომ დაბალია, არასდროს არ უნდა გადალახულ იქმნასაო, ყველასა აქვს ღვთის ნიჭი არსებობისა და ამ ნიჭისაგან არავინ არ უნდა იყოსო გამოკლებული მარტო იმ მიზეზით, რომ მე ღონიერი ვარ და ის კი უძლურიო, აქ შუამავალი, მოციქული, მარტო სიმართლე და სამართალი უნდა იყოსო და არა სხვა რამე.

ამისთანა წინდაუხედავმა ქცევამ, თუ სიტყვამ კონსერვატორებისამ ბევრი ავნო თვით კონსერვატორებს და ბევრს აუხილა თვალი სასარგებლოდ გლადსტონის პროექტისა. ესეა თუ ისე, დღევანდელს გამწვავებულს ბრძოლას ინგლისში საქვეყნო მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ამ ბრძოლის შედეგს დიდის მოუთმენლობით და ნატვრით მოელის ყოველი კაცი. რა თქმა უნდა, ყოველის გონიერის კაცის გული გლადსტონისაკენ უფრო მიზიდება და სულით და გულით ნატრულობს მის გამარჯვებასა. საკვირვლიც არ არის: გლადსტონი იძახის, რომ სამართალმა და კაცთმოყვარეობამ უნდა განაგოს ქვეყნიერებაო და მისნი წინაღმდეგნი კი ჰყვირიან: მუშტი უნდა იყოს ქვეყნის გამგებელიო. ერთი ნუგეშის-მცემელია და მეორე კეტისა. ამ ორში ერთის ამორჩევას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.

ტფილისი 24.02.1889

ჩვენ მკითხველებს მოეხსნებათ, რომ დღევანდელ ინგლისის შინაურ პოლიტიკას ორად ჰყოფს ერთი დიდი ხნის საქმე, რომელსაც ირლანდიის საქმეს ეძახიან. ერთის მხრით სათავეში სდგას დაუღალავი მოხუცი გლადსტონი ლიბერალთა დასითა და მეორეს მხრით, ეხლანდელი სამინისტრო სალუსბერისა კონსერვატორებითურთ და იმ ლიბერალებითურთ, რომლნიც გლადსტონის დასს გადაუდგნენ ირლანდიის საქმის გამო და მიემხრნენ სალუსბერის დასსა. გლადსტონის დასი ჰთხოულობს, რომ ირლანდიელებს თვითმმართველობა მიეცეს და სალუსბერისა - კი ამას ეურჩება, და ეს ორი-სამი წელიწადია მთელი ინგლისის ყურადღება ამ ორ დასთა შორის კამათობაზედ არის მიქცეული. თვითოეული დასი სცდილობს თავისი სურვილი გაიყვანოს და დღეს, რადგანაც უფლება გამგეობისა სალუსებრის დასის ხელშია, რა თქმა უნდა, ეს დასი თავის სურვილისამებრ განაგებს ირლანდიის საქმესა. იგი ღონისძიებანი, რომელნიც აწ ხმარებულნი არიან სალუსბერის სამინისტროსაგან და რომელნიც ძალმომრეობას უფრო მოასწავებენ, ვიდრე სამართლიანს კანონსა, გულს უმღვრევენ როგორც თვით ირლანდიელებს, ისეც იმ კარგა მოზრდილს ნაწილს ინგლისის ერისას, რომლის წარმომადგენელი გლადსტონის დასია. ირლანდიის საქმეს თვით ირლანდიაშიაცა ჰყავს თავდადებული მომხრენი, რომელნიც, როგორც პარლამენტში, ისეც პარლამენტ გარეთ, ჰსცდილობენ ირლანდიის მწვავს საქმეს ირლანდიელთა სურვილისამებრ ბოლო მოეღოს. ამათ შორის ყველაზედ უფრო გავლენიანი და სახელოვანი კაცი დღეს პარნელია, რომელთანაც ძალიან დაახლოვებულია როგორც გლადსტონი, ისეც მისის დასის გამოჩენილნი კაცნი.

მას აქეთ, რაც ირლანდიის საქმის გამო დანიშნულმა საერთო არჩევანმა ჩააყენა პარლამენტში მომეტებული ნაწილი კონსერვატორთა დასის კაცნი, და მით გლადსტონი, მაშინდელი მთავარმინისტრი ინგლისისა, იძულებულ გახდა დასთხოვნოდა სამინისტროს და დაეთმო მთავარმინისტრობა სალუსბერისათვის, ირლანდიის საქმე დღითიდღე მეტს თანაგრძნობას ჰპოულობდა ინგლისის ერში. დამარცხებული დასი გლადსტონისა თავს არა ჰზოგავდა და დღედაღამ ჰქადაგობდა თავის მოძღვრებას ირლანდიის გამო და იმედს არ ჰკარგავდა, რომ დღეს იქნება თუ ხვალე, ინგლისის ერი გაიგებს, საით უფროა სიმართლე, შორსგამჭვრეტელობა, და მიემხრობა გლადსტონს. ამ იმედს საბუთები მიეცა; მრავალგვარი მიტინგები და ცალკე არჩევნები, რომლის მეოხებითაც ინგლისის ერი თავის სურვილს აცხადებდა, უფროს-ერთს შემთხვევაში გლადსტონის მომხრეობას იჩენდნენ.

ამ გარემოებამ ძალიან დააფიქრა კონსერვატორები და უეცრად კონსერვატორთა გაზეთ Times-ში გამოტყვრა, რომ ვითომ პარნელი და, მაშასადამე, მისი მომხრენი, თავისი მოწონებითა და ქებით აქეზებდნენ კაცისკვლას ირლანდიაშიო. 1882წ. ირლანდიაში მოჰკლეს სტატსსეკრეტარი კავენდიში და მისი თანაშემწე ბორკი. Times-ი ამბობდა, ვითომ პარნელს მოსწონებოდეს ეს ამბავი და მკვლელთათვის ქება შეეთვალოს წერილით. Times-მა ამის დასამტკიცებლად დაჰბეჭდა წერილი, ვითომც პარნელისაგან მიწერილი. რასაკვირველია, ეს ამბავი სახელს უტეხდა როგორც თვითონ პარნელსა, ისეც მის მიერ მოძღვრებულ საქმესა, და ამ სახელგატეხილს კაცს და მის საქმეს მთლად გაუგრილდებოდნენ ინგლისელნი, თუ ეს გამართლდებოდა. ამ გზით ევნებოდა თვით ირლანდიის საქმესა, მის ამტეხელს გლადსტონსა და მის დასსა, რადგანც კაცისკვლით წარმართული საქმე ყველასათვის თავზარდამცემია და შეუწყნარებელი და თვით ამის მომქმედნი კაცნიც შესაზარელნი არიან.

პარნელმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ყოველივე ეგ ტყუილია და თითონ წერილებიც, Times-ში დაბეჭდილი, ყალბი წერილებია, სხვისი დაწერილია და არა ჩემიო. პარნელმა და ირლანდიის საქმის მომხრეებმა მაშინვე სთხოვეს მთავრობას - პარლამენტის კომისია დაინიშნოს ამ წერილების ამბის გამოსაძიებლად, მაგრამ სალუსბერის მორჩილმა უფროს ერთმა ნაწილმა პარლამენტისამ ეს არა ჰქმნა, თითქმის წელიწადზე მეტი ხანი გაიყვანა და მხოლოდ მას შემდეგ მთავრობამ დაჰნიშნა სამსჯავრო კომისია. ამ კომისისამ ეხლახან გაათავა საქმე და გამოჩნდა, რომ წერილი, რომელსაც Times-ი აბრალებდა პარნელს, ამ გაზეთს უყიდნია ვიღაც პიგოტისაგან ეს პიგოტი გაიტეხინა პარნელის ვექილმა და დღეს სასამართლოს ხელში აქვს პიგოტის მიერ დაწერილი განცხადება, რომ Times-ში დაბეჭდილი წერილი ტყუილია, მე შევთხზე და მევე მივამსგავსე პარნელის ხელსაო. ამბობენ, ეს პროცესი გაზეთს Times-ს ნახევარ მილიონად დაუჯდაო. ხოლო საქმე ის-კი არ არის, ვის რამდენად დაუჯდა ეს უცნაური საქმე, საქმე ის არის, რომ ამისთანა საძაგელი ამბავი თავზედ დაატყდა მთელს კონსერვატორთა დასსა, რომელიც პარნელის პროცესისაგან მოელოდა თვის გაძლიერებას და მოწინააღმდეგეთა პირქვე დამხობასა.

როცა ბრალმდებელმა 14 თებერვალს სასამართლოს წინაშე გამოაცხადა, რომ მე მომივიდა წერილი პიგოტისა და იგი აცხადებს, რომ მე შევადგინე ტყუილი წერილი პარნელის სახელობითაო, მაშინ ადგა ვექილი პარნელისა და სთქვა:

,,უმორჩილესად ვთხოვ ყოვლად უპატივცემულესს მსაულებს, ხელი შეუწყონ მართლმსაულებას გამოამხილოს იდუმალი ხვანები და ინტრიგები. შეუნდობარი ხელის დაფარება იქნება, თუ მართალს დამნაშავეებს ღონე მიეცემათ სასამართლოს ხელიდამ გაუძვრნენო.

ეხლა საქმე იმაზეა მიმდგარი, რომ ცხადად დამტკიცდეს Times-ისა და პიგოტის სიყალბის ურთიერთობა, და აგრეთვე ურთიერთობა სიყალბისა და მის დიდებულების მინისტრებისა. ამ გზით უნდა გამომხილდეს სააქვეყნოდ ის საზიზღარი შეთქმულება, რომელიც განსაკუთრებით იმისათვის არის მოგონილი, რომ ავნონ პარნელსა და მასთან ერთად ირლანდიის საქმესაცაო.

ყოველ ამასთან ისიც გამოჩნდა, რომ პიგოტი სადღაც გააპარეს და გადაჰკარგეს. ეს მით უფრო გულს უმღვრევს და სწყინს ინგლისის ერსა, რომ სამი კაცი ჰყოლია პიგოტს მთავრობის მიერ ჩუმად მიჩენილი,რომ არსად არ დაემალოს სამართალსა. ამ პიგოტის უეცრად გაქრობაზედ პარნელის ვექილმა სთქვა :

,,არ ვიცი გაზეთ Times- რას იტყვის, რომ პიგოტი ასე უეცრად გაჰქრა და ჩვენის მხრით-კი ამას ვიტყვით, რომ მოვითხოვთ ამ გამოძიებას თავისი გზა და დასასრული მიეცეს, რადგანაც პიგოტის ზურგთ უკან სხვაც ბევრია აფარებულიო.

ამ სახით გამოდის, რომ კონსერვატორები არაფერს ავზნეობას არ ჰთაკილობდნენ, ოღონდ-კი საქმე წაეხდინათ ირლანდიელებისა და ლიბერალებისათვის. ბოლოს ისე მოუხდათ წადილი და დანაპირები, რომ სხვისათვის გათხრილს ორმოში თვითონვე ტყაპატყუპით ჩასცვივდნენ. ეს ამბავი უქმად არ ჩაუვლის სალუსბერის სამინისტროს. გლადსტონელნი პირველ შემთხვევაშივე პარლამენტში მოითხოვენ ამის პასუხს და არავინ იცის, რით გათავდება ეს აბრუგატეხილობა ეხლანდელი სამინისტროსი. ადვილად საფიქრებელია, საქმე იქამდე მივიდეს, რომ ეხლანდელი პარლამენტი დათხოვნილ იქმნას, ახალი საერთო არჩევნები დაინიშნოს და ამ მხრით ეკითხოს ინგლისის ერს, რას ჰფიქრობს ამისთანა საქმეთა მსვლელობაზედ და ვისი მომხრეობა სურს, გლადსტონისა, თუ სალუსბერის დასისა.

ჩვენ ის საოცარი და საზიზღარი ამბავი, რომელიც პარნელის პროცესმა გამოაქვეყნა, ისეთის მნიშვნელობისა გვგონია, რომ იგი ანდერძს აუგებს სალუსბერს და მის მომხრეებსა. ბევრი ხანი არ გაივლის და ლიბერალთა დასი მიწვეულ იქნება ინგლისის საქმეთა გამგეობისათვის და სახელოვანს მოხუცსგლადსტონს ისევ მთავარმინისტრის ტახტზედ ვნახავთ ინგლისში. თუ ეს მოხდა, მაშინ პოლიტიკამ მთელის ევროპისამ ამ შემთხვევას უნდა შეუფეროს თავისი ავკარგიანობა და მიმართულება, რადგანაც ინგლისი იმ მდგომარეობაშია დაყენებული ორად გაყოფილ ევროპის შორის, რომ ამ ორ ნაწილში ის დაიჭერს ხელში ევროპის საქმეთა მსვლელობის სადავეს,რომელსაც ინგლისი მიემხრობა; და რას და ვის ემხრობა გლადსტონი და მისი თანამოაზრენი, ეგ ხომ წინათვე ყველამ კარგად იცის.

5 საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიგი თევზაძე

სიმულაციის განმარტება: სიმულაცია, ანუ სიმულაციური პროცესი, სიმულირების საშუალებით მიიღება. სიმულაცია ისევე მოქმედებს, როგორც თავად ის, რისი სიმულირებაც ხდება. ოღონდ საფუძველი და დასაყრდენი, რომელიც გააჩნია იმას, რისი სიმულირებაც ხდება, სიმულაციას არა აქვს. სიმულაციური პროცესი მთელი ძალებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ სიმულაციის უკან შესაბამისი საფუძვლი და დასაყრდენი იმალება. ასე რომ, სიმულაცია არაფერს არ ფარავს, პირიქით, ის ცდილობს აჩვენოს იმის არსებობა, რაც არ არის. ცალკეული შედეგების მიხედვით შეუძლებელია განასხვავო სიმულაცია და ის, რისი სიმულირებაც ხდება. მათ შორის განსხვავება მხოლოდ პროცესების, ხდომილებების და მათი შედეგების კავშირში ჩანს.

მასმედია და პოლიტიკური სისტემა

საქმის ვითარება, როდესაც პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შორის კავშირის და ინტერაქციის ლომის წილი მასმედიას ეკუთვნის, მუშაობს საქართველოში, ისევე, როგორც ყველა არადემოკრატიულ, დემოკრატიისაკენ მიმავალ და უკვე დემოკრატიულ ქვეყნებში.

საქართველოში მასმედიის და პოლიტიკური სისტემის ურთიერთობის ისტორია სამ პუნქტად

მათ, ვისაც საქართველოში კომუნისტური რეჟიმის 70 წლის განსაკუთრებული ნოსტალგია აქვთ, შეუძლიათ საერთოდ არ წაიკითხონ ეს თავი, და შესაბამისად, მთლიანად წიგნიც.

საქართველოში მასმედიისა და პოლიტიკური სისტემის დღევანდელი კავშირი ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა და მნიშვნელოვანი, თუმცა მცირეხნიანი ისტორია აქვს. ეს ისტორია სამ ეტაპად შეიძლება წარმოვადგინოთ:

1. კომუნისტური რეჟიმის პერიოდი, როდესაც გაზეთი და ტელევიზია პარტიის და მთავრობის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების მიმანიშნებელი და რუპორი იყო (სახელმწიფო გაზეთების ტირაჟები ასეულ ათასობით იზომებოდა, ერთადერთი სახელმწიფო ტელევიზია ფარავდა ქვეყნის დიდ ნაწილს).

2. ნაციონალისტური მმართველობის პერიოდი, როდესაც ტელევიზია კვლავ ძველ, კომუნისტური ხანიდან გამოყოლილ ფუნქციას ასრულებდა, ხოლო პრესის ბაზარზე გამოჩნდნენ ოპოზიციური გაზეთები, რომელთა ტირაჟები, მართალია ვერ უტოლდებოდა კომუნისტური ხანის სახელმწიფო გაზეთების ტირაჟებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი შესყიდვა და გამოწერა ნებაყოფლობითი იყო, საკმაოდ სერიოზულ რიცხვს აღწევდა.1

3. დემოკრატიული პერიოდი, ანუ დრო ნაციონალიზმზე ორიენტირებული ხელისუფლების გაგდებიდან დღემდე, როდესაც არასახელმწიფო ტელევიზიების და გაზეთების რიცხვი განუზომლად იზრდება არჩევნების წინ და მცირდება არასაარჩევნო პერიოდში, და როდესაც თავისუფალი გაზეთების (არა ყვითელი პრესის) საერთო ტირაჟი დღეში ძალიან მცირეა.2

ცოტაოდენი თეორია

სქემა, რომელიც აღწერს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მასმედიის ურთიერთობას ყველა პერიოდისათვის, იქნება ეს კომუნისტური, ნაციონალისტური, კლანური თუ დემოკრატიული მმართველობა და საზოგადოება, ერთი და იგივეა: აღწერაში სულ ხუთი ელემენტი მონაწილეობს, რომელთაგანაც ორი ძირითადია და თანამედროვე სოციალური სამყაროს ორ ძირითად კომპონენტს - პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებას წარმოადგენს. დანარჩენი სამი - ორი მთავარის - პოლიტიკური ძალის და საზოგადოების - გაშუალებით და ინტერაქციით არის მიღებული. ეს ელემენტებია:

პოლიტიკური ძალა;

საზოგადოება;

პოლიტიკური შემთხვევა;

მასმედია;

საზოგადოებრივი აზრი.

მასმედიას პოლიტიკური შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მიაქვს საზოგადოებასთან; საზოგადოება რეაგირებს ამ ინფორმაციაზე; ამ რეაგირებას ჰქვია საზოგადოებრივი აზრი; საზოგადოებრივი აზრი არის საფუძველი და ორიენტირი პოლიტიკური ძალებისათვის; საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე პოლიტიკური ძალები იღებენ გადაწყვეტილებას და თავიანთ ქმედებას გარკვეული მიმართულებით წარმართავენ, ანუ პოლიტიკური შემთხვევების მოდელირებას ეწევიან. ეს სქემა, რომელიც პოლიტიკური შემთხვევის, საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკური პრიორიტეტების და საბოლოოდ მთლიანად სოციალური სისტემის ჩამოყალიბებას აღწერს, უნივერსალურია ნებისმიერი მმართველობისა და პოლიტიკური წყობისათვის.

0x01 graphic

ეს სქემა პოლიტიკური ძალის და საზოგადოების ურთიერთობის პროცესის აღწერას ისახავს მიზნად: სხვადასხვა მიზეზის გამო არ და/ან ვერ არსებობს უშუალო კავშირი პოლიტიკურ ძალასა და საზოგადოებას შორის. ამის მიზეზები ბევრია - საზოგადოების სივრცეში განაწილებიდან დაწყებული, კომუნიკაციის ტიპების მრავალფეროვნებით დამთავრებული. იმისათვის, რომ ეს კავშირი შეიქმნას, უნდა წარმოიშვას საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი და პოლიტიკური შემთხვევების სპექტრი.

თეორია + რამდენიმე კონკრეტული მაგალითი და ისევ ცოტაოდენი თეორია

ეს სქემა მუშაობდა საქართველოში, მასმედიისა და პოლიტიკური ძალების ურთიერთობის ყველა ეტაპზე: ამ სქემას იყენებდა კომუნისტური მმართველობა, ანუ საკუთარ გადაწყვეტილებებს აქვეყნებდა მასმედიაში (მაგ., გაზეთი ,,პრავდას“ ანდა ,,კომუნისტის“ პირველ გვერდზე, საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში). ეს გამოქვეყნება-გამოცხადება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელი დირექტივა იყო. საზოგადოებრივი აზრიც მალევე გამოიხატებოდა პარტიული ხელმძღვანელობის მიერ

დადგენილი რეპრეზენტატორპიროვნებების საგაზეთო სტატიებით და საეთერო გამოსვლებით. შემდეგ ამას გარკვეული პოლიტიკური შემთხვევა მოსდევდა და შედეგად იმ საზოგადოებას და საზოგადოებრივ ვითარებას ვიღებდით, რომელიც მმართველობისთვის მოხერხებული და მისაღები იყო. ამ შემთხვევაში მასმედია ასრულებდა მხოლოდ პროპაგანდისტის და გზავნილის მატარებლის ფუნქციას. ამავე სქემას იყენებდა საქართველოში ნაციონალისტური ხელისუფლებაც და დემოკრატიული ძალებიც მთელ მსოფლიოში ამ სქემაში ,,სხედან“. სახელმწიფოში პოლიტიკური ძალების ძლიერი დაპირისპირებისას მასმედიას საზოგადოების მხრიდანაც მისდის იმპულსი, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ეს იმპულსი ოპოზიციური პარტიების მიერ არის გენერირებული. ასე რომ, სქემის პრინციპი არ იცვლება: სქემაში ,,პოლიტიკური ძალა“ რჩება თავის ადგილზე. უბრალოდ არა-დიქტატორულ პირობებში ამ გრაფის ქვეშ რამდენიმე პოლიტიკური მიმართულება უნდა ვიგულისხმოთ. სქემიდან და მისი განმარტებებიდან ჩანს, რომ მასმედიას პოლიტიკური შემთხვევის ჩამოყალიბებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს: მასმედია არის აუცილებელი სფერო,რომელშიც გარკვეულმა გადაწყვეტილებამ უნდა გაიაროს და

ჩამოყალიბდეს, როგორც პოლიტიკურიშემთხვევა, რომელიც შემდეგ, როგორც პოლიტიკურ ძალებზე, ასევე საზოგადოებრივ აზრზე იმოქმედებს, ხოლო შედეგად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სურათს მოგვცემს.

ამრიგად, მასმედიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის შიგნით ძალაუფლების გადანაწილების პროცესში. თუ აქამდე ჩამოთვლილ მიმართებებს, რომლებსაც მასმედია წარმოშობს, დავუმატებთ მის გავლენას საარჩევნო კამპანიების დროს, ფარულ რეკლამას, პოლიტიკური ძალების ღია თუ ქარაგმულ მხარდაჭერას, ადვილი გასაგები ხდება, რატომ ექცევა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მასმედიის წარმომადგენლებთან კონტაქტს დიდი ყურადღება. ეს ყურადღება განსაკუთრებით შესამჩნევი და ხელშესახებია ,,ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებში, რომელთა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება.

ეს ყურადღება ადვილი ასახსნელია: ახალი დემოკრატიის ქვეყნებში ძალაუფლების და გავლენის სფეროების გადანაწილება ახლა მიმდინარეობს. პოლიტიკოსებსა და მასმედიის წარმომადგენელთა ურთიერთობის დაწერილი თუ დაუწერელი ნორმებიც ახლა ყალიბდება. ამიტომაც, ბუნებრივი და გასაგებია ამ ქვეყნების მმართველი თუ ოპოზიციურ ძალების სურვილი საკუთარი გავლენის ქვეშ მოიქციონ მასმედია, და ამას თუ ვერ მოახერხებენ, სიმპათიით მაინც განაწყონ თავიანთ მიმართ. აღწერილ სისტემას საფუძვლად უდევს პრინციპი, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ პოლიტიკური ალღოთი გრძნობს: დემოკრატიულ ანდა დემოკრატიულობასთან მიახლოებულ მმართველობაში მასმედიის განწყობა გადამწყვეტია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის და შესაბამისად ყოველი კონკრეტული პოლიტიკური ძალის კეთილდღეობისათვის.

ამ პრინციპის შემუშავების ისტორიული ჭრილი შეიძლება ძალიან საკამათო იყოს. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს პოლიტიკური ძალა საზოგადოებასთან კავშირს ამყარებს ძირითადად და უმეტეს წილად მასმედიის საშუალებით, იქნება ეს პარტიის შექმნა, რომელიმე პარტიული აქციის გახმაურება თუ სხვა.

მასმედიის მთავარი ნიშანი და მისი დაკმაყოფილების პროცესი საქართველოში

ყოველივე ზემოთქმული ეხება პოლიტიკური ძალის პოზიციას და დამოკიდებულებას მასმედიასთან. იმისათვის რომ პოლიტიკური ძალის მოლოდინი გაამართლოს, თავად მასმედია მხოლოდ ერთ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს; ეს პარამეტრი პოსტულატური ფორმით შემდეგნაირად ფორმულირდება:

მასმედიის ყოველ სუბიექტს უნდა შეეძლოს საკუთარი საინფორმაციო საშუალებებით მოქალაქეების მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მოცვა;

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მასმედიის სუბიექტს არა ჰყავს საკმარისი აუდიტორია, პოლიტიკურ ძალას (ანუ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელ პოლიტიკურ ფიგურებს) არ უნდა აინტერესებდეს მასთან ურთიერთობა.

ამ პარამეტრის დაკმაყოფილებას საქართველოში მხოლოდ ზოგიერთი ტელეკომპანია თუ ახერხებს. საქართველოს სახელმწიფო არხები მეტრული დიაპაზონის საშუალებით ფარავენ ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს, ჯერ-ჯერობით არსებობს ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც მეტ-ნაკლებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანამგზავრული კავშირის გამოყენებით ვრცელდება, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროით3. დანარჩენი ტელევიზიები, როგორც წესი, წარმოადგენენ მხოლოდ დედაქალაქის და მისი თანამგზავრი უბნების თუ დასახლებების სამაუწყებლოგასართობ ობიექტებს. ზოგიერთი მათგანი თბილისის ყველა უბანსაც კი ვერ მოიცავს.

გაზეთების მდგომარეობა ბევრად უფრო სავალალოა. პოლიტიკურ-სოციალური დატვირთვის მქონე გაზეთები მხოლოდ თბილისში გამოდის. ეს ფაქტი ადვილად ასახსნელია: ძირითადი პოლიტიკური მოვლენები თბილისში ან მასთან მიმართებაში ხდება. 1998 წლის სექტემბერში, როდესაც ე.წ. ,,მეორე პოლიტიკური ცენტრის“ - აჭარის - ლიდერებმა გადაწყვიტეს იდეოლოგიური შეტევა წამოეწყოთ: მათ თბილისში ,,ახალი ქართული გაზეთის“ გამოშვება დაიწყეს და გაზეთის რედაქციაც თბილისშივე ჩამოაყალიბეს. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისში გამომავალი პოლიტიკურ-სოციალური დატვირთვის მქონე გაზეთების საერთო ტირაჟი დღეში არ უნდა აღემატებოდეს 25-35 ათასს. ეს ნიშნავს, რომ გაზეთების მკითხველები საქართველოს მოსახლეობის ორ პროცენტს თუ შეადგენს (იმის გათვალისწინებითაც, რომ გაზეთების მკითხველების რიცხვი რამდენადმე აღემატება მყიდველების რიცხვს). ამ ვითარებას ტექნოლოგიური საფუძველიც აქვს, როგორც ტელევიზიების, ასევე გაზეთების შემთხვევაშიც: თბილისში არსებული სტამბების დაბალი დონის გამო ვერ ხერხდება გაზეთების ოპერატიული გავრცელება და თბილისში გამოსული გაზეთი რეგიონში, საუკეთესო შემთხვევაში, შუადღეზე და შუადღის შემდეგ ჩადის. რაც შეეხება ტელევიზიას, როგორც ამბობენ, ყველა მეტრული არხი დაკავებულია, ხოლო თანამგზავრული ტექნოლოგიით გავრცელება საკმაოდ ძვირი ჯდება და არსებული ტელევიზიები ვერც მისი საფასურის გადახდას და ვერც შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ახერხებენ.

ზემოთქმულიდან ჩანს, რომ პოლიტიკური ძალისა და საზოგადოების ურთიერთობის უნივერსალური სქემიდან თითქოსდა ამოვარდნილია საზოგადოებასთან დამაკავშირებელი ვექტორები. ანუ, ვერ უნდა ხერხდებოდეს პოლიტიკური შემთხვევის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შექმნადა შესაბამისი უკუკავშირი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოში გაზეთებიც გამოდის და ტელევიზიებიც მუშაობენ: პოლიტიკური შემთხვევები აისახება როგორც გაზეთებში, ასევე სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებებში; რეაქციაც პოლიტიკური ძალების მხრიდან შესაბამისია; ხდება რეაგირება საგაზეთო პუბლიკაციებზე და საინფორმაციო სიუჟეტებზე, პოლიტიკური ძალები ცდილობენ მაქსიმალურად მეტი საინფორმაციო საშუალება შემოიყვანონ გავლენის სფეროში და ა.შ. სიტუაცია ისეთია, თითქოს საქართველოს მასმედიას ტოტალური გავლენა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობაზე. აქ უკვე მივადექით სიმულაციური პროცესის პირველი რიგის გამოხატულებას, ანუ საქართველოში არსებული ძალაუფლების მიერ წარმოებულ სიმულაციას:

სიმულაცია პირველი

საქართველოში საინფორმაციო საშუალებები დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკურ ძალებზე. ამავე დროს, ისინი, ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ეფექტურ დამცავ ძალადაც გვევლინებიან. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იქნება ეს გავრცელების არეალი თუ მცირე ტირაჟი, საქართველოს მასმედია ისევე ფუნქციონირებს, როგორც ყველა მასმედია: ახდენს გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, აყალიბებს საზოგადოებრივი აზრის ფენომენს, ქმნის პოლიტიკურ შემთხვევებს და ა.შ.

მაგრამ იმ სქემიდან, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ, საქართველოს მასმედიის შემთხვევაში საზოგადოების გრაფა ამოვარდნილი უნდა იყოს: ამას უნდა მიუთითებდეს ჩვენს მიერ მოტანილი საინფორმაციო საშუალებების გავრცელების და ქვეყნის გადაფარვის მაგალითები: თუ პოლიტიკურ-სოციალური საგაზეთო ინდუსტრია ვერ მოიცავს მოსახლეობის ორ პროცენტსაც კი, ხოლო ელექტრონული მასმედიიდან მეტნაკლებად სრულყოფილი გავრცელების მონოპოლისტი მხოლოდ სახელმწიფოა, მაშინ საზოგადოებას ძალიან მცირე დოზით უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია პოლიტიკური ძალების მოქმედებების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ეს მიწოდება არ უნდა იყოს საკმარისი საზოგადოებრივი აზრის შესამუშავებლად და პოლიტიკური ძალების და საზოგადოების ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

შესაძლებელია ეს ყველაზე ნაკლებად ეხება ტელევიზიებს, რადგანაც მათ ასე თუ ისე მოსახლეობა უყურებს, როდესაც ელექტროენერგია აქვს და ის, ასე თუ ისე, მოქმედებს საზოგადოებაზე. როგორც 1998 წლის სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა4 აჩვენა, რეგიონების პოლიტიკური სიმპატიები მეტ-ნაკლებად ემთხვევა დედაქალაქის რაიონების სიმპატიებს. ეს ფაქტი ალბათ იმით შეიძლება აიხსნას, რომ დედაქალაქში ბოლო დრომდე რეგიონების ბევრი მოსახლე ჩამოდიოდა. ეს პროცესი ძალიან აქტიური იყო კომუნისტური მმართველობის წლებში, შემდეგ ცოტათი შენელდა, მაგრამ ბოლო წლებში კვლავ გააქტიურდა კონფლიქტის ზონებიდან ლტოლვილების ხარჯზე. თანაც, გასათვალიწინებელა ისიც, რომ რეგიონიდან ცენტრისკენ მიგრაცია საქართველოში არ ნიშნავს რეგიონის დაცარიელებას. აქ უფრო მისვლამოსვლას აქვს ადგილი, ვიდრე მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას. ამიტომ თბილისში ჩამოსულთაგან უმეტესობას საკუთარ ფესვებთან კავშირები არ აქვს დაკარგული, აქტიურად მიმოდიან და, ბუნებრივია, გავლენას ახდენენ: ცენტრის ტელემაუწყებლობების გავლენით შეთვისებულ დედაქალაქურ განწყობებს რეგიონებში ავრცელებენ. ბუნებრივია, შეხედულებების მიმოქცევის ამ პროცესს პირიქით ეფექტიც აქვს. ტელეკომპანიებიდან პოპულარული პირველი სახელმწიფო არხის და ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებებია. ამ ფაქტის ასახსნელად ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ - როგორც ტრადიცია - პირველი სახელმწიფო არხის საინფორმაციო გადაცემა წლების განმავლობაში ერთსა და იმავე დროს გამოდის ეთერში და ერთი და იგივე სტრუქტურა აქვს, ასევე ხარისხი - ტექნიკური და სკანდალურობის ხარისხით ,,რუსთავი 2“-ს საინფორმაციო გადაცემებს პირველი ადგილი უჭირავს. სახელმწიფო პირველი არხის პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ ჯერ ერთი, რეგიონებში სხვა არაფერი არის, თუ არ ჩავთვლით რეგიონულ საკაბელო ტელევიზიებს, რომლებიც ძალიან მოისუსტებენ ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალით, და მეორეც, პირველი არხის გადაცემები წარმოადგენენ სამთავრობო ინფორმაციას. სხვა თბილისური ტელევიზიები მართალია ცოტა უკეთეს, მაგრამ მაინც თითქმის ისეთივე მდგომარეობაში არიან საზოგადოებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით,როგორც თბილისური გაზეთები.

მაგრამ, მიუხედავად ამ აშკარა შეუსაბამობებისა, პოლიტიკური ძალები ისე იქცევიან, თითქოს მასმედია მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს, მასმედიის წარმომადგენლები იქცევიან ისე, თითქოს ინფორმაცია პოლიტიკური შემთხვევების შესახებ საზოგადოებამდე მართლაც მიაქვთ. ამ თითქოს გამო ის უნივერსალური სქემა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, მუშაობს და შესაბამის შედეგებსაც იძლევა: გაზეთებში პუბლიკაციები და ცისფერ ეკრანზე გამოჩენა ძალიან ბევრს ნიშნავს პოლიტიკური ძალებისათვის: იცვლება გადაწყვეტილებები, ხდება ,,წილებზე“ უარის თქმა, წარმოებს პოლიტიკური ძალების შეჯახება და შერიგება, ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებებში დაპირისპირებების და ტალღების წარმოქმნა და ა.შ. ანუ, სქემა, რომელიც აღწერს და წარმოადგენს პოლიტიკური შემთხვევის ფორმირებას, უნაკლოდ მუშაობს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ უნდა მუშაობდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: საქართველოს პოლიტიკურ ძალთა, ანუ ძალაუფლების მფლობელთა და ამ ფლობასთან მიახლოებულებს შორის არსებობს გარკვეული თამაშის წესი, რომელსაც იზიარებს ყველა, ვინც კი ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზაზე დგას.

შესაძლებელია, და ალბათ ეს ასეცაა, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა უმრავლესობას არც აქვს განცობიერებული ამ თამაშის არსი და მნიშვნელობა. უბრალოდ, ასეა დადგენილი და ისინიც დინებას მორჩილად მიჰყვებიან. ეს თამაში და მოქმედების ეს მიღებული პარადიგმა სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სიმულაცია. ერთი შეხედვით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროცესში ყველაფერი თავის ადგილზეა და ყველა ელემენტი სახეზეა: არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც წარმოშობენ პოლიტიკურ შემთხვევებს, არსებობს მასმედია, რომელიც ამ შემთხვევების შექმნის მონაწილეა და რომელსაც მიაქვს ინფორმაცია საზოგადოებასთან, არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ასევე მასმედიაში გამოიხატება. წრე იკვრება და ვიღებთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სრულ სურათს.

საქართველოში, როგორც ვითარების აღწერამ გვიჩვენა, არსებობს ერთი ,,მაგრამ, რომელიც ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს სიმულაციად აქცევს: არსებული საინფორმაციო სივრცის და ბაზრის პირობებში შეუძლებელია საზოგადოების ამ პროცესში ჩართვა; ანუ, არსებული სამაუწყებლო საშუალებების და საგაზეთო ტირაჟების ფონზე საზოგადოება ვერ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესში. და, ფაქტობრივად, არც მონაწილეობს.

აქ ჩვენ ისევ მივადექით სიმულაციის კიდევ ერთ თვისებას: სიმულაციური პროცესი ისეთივე პროდუქტს გამოიმუშავებს, რის სიმულირებასაც ახორციელებს. ანუ, სიმულაციური და ,,რეალური“ პროცესების მიერ გამომუშავებულ პროდუქტებში განსხვავება არ არსებობს. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ეს პროდუქტები აბსოლუტურად იდენტურია: უბრალოდ, რეალური პროცესი შეიძლება ისე წარიმართოს, რომ შედეგად ისეთივე პროდუქტი მივიღოთ, როგორიც სიმულაციის შედეგად მივიღეთ.

ეს რაც შეეხება ცალკე, შესაბამისი გარემოდან იზოლირებულ შედეგებს. სისტემაში და ურთიერთკავშირში სიმულაციური პროცესის გზით მიღებულმა პროდუქტებმა პრინციპულად სხვა შედეგი უნდა მოგვიტანონ. თუმცა ამას შემდგომი ანალიზისას ვნახავთ.

ქართულ სინამდვილეში ამ კონკრეტულ სიმულაციურ პროცესში ყველა მონაწილე ელემენტია ჩაბმული: მასმედია თავს აჩვენებს, თითქოს გამოხატავს და წარმოქმნის საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკური ძალები მოქმედებენ ისე, თითქოს ის, რაც საინფორმაციო საშუალებებში ხვდება, მთლიანად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და თითქოს ეშინიათ მასმედიის. საზოგადოება, ანუ საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენელი, ისე იქცევა, თითქოს საზოგადოება არსებობს და აზრიც გააჩნია. პოლიტიკური შემთხვევის მონაწილეები მოქმედებენ ისე, თითქოს პოლიტიკური შემთხვევის შექმნაში მასმედია და შესაბამისად საზოგადოებრივი აზრიც მონაწილეობდეს.

ამ სიმულაციაში ყველას აქვს თავისი წილი, და ეს მონაწილეობა სულ უფრო და უფრო გულწრფელი ხდება. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის, თუ რა თანხებს ხარჯავენ პოლიტიკური ძალები მასმედიის სხვადასხვა საშუალებების გაკონტროლებაზე; ასევე ისიც, თუ რა ყურადღებას აქცევენ კონკრეტულ საინფორმაციო გამოშვებებს და რაოდენ ადეკვატურად რეაგირებენ გადაცემებზე თუ სტატიებზე.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა არის ამ სიმულაციური პროცესის აზრი, თუკი პოლიტიკური პროცესის სქემის მთავარი ელემენტი - საზოგადოება ამოვარდნილია და არ მონაწილეობს წრის შეკვრაში. აზრი განუზომლად დიდია და კვლავ ისეთივე, როგორიც არასიმულაციურ პროცესს ახასიათებს: პოლიტიკური ძალების მიერ ურთიერთკონტროლი და ურთიერთშეჯიბრი. რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად გამოქვეყნებული წერილი მოწინააღმდეგისათვის ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კონტროლდება გარკვეული ძალების მიერ. თვითონ პოლიტიკური ძალის შიგნით ასეთი პუბლიკაციები ინტერესების გადაჯგუფებას და პარტიის მმართველთა სიმპათიაანტიპათიის გამოწვევას ემსახურება. გარდა ამისა, ძლიერი პოლიტიკური ძალები საქართველოში ჯერ კიდევ არ არიან პოლარიზებულნი და ეს ჯერჯერობით ალბათ არც მოხდება. ამიტომ ყველასათვის მომგებიანია მეტ-ნაკლებად დემოკრატიული წესებით ითამაშოს და ჯუნგლების კანონებს არ დაუთმოს გზა.

ამ სიმულაციაში არა მარტო საქართველო, არამედ მასთან დაკავშირებული უცხოეთიც არის ჩართული. მაგალითად, ამას წინათ, დემოკრატი ჟურნალისტები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ სერიოზულ დასჯას, რომ კორუფციაში დადანაშაულებულმა უცხოელმა ბიზბნესმენებმა გაიგეს, რომ მათი საეჭვო საქმიანობის შესახებ სტატიები წამყვან გაზეთებში გამოქვეყნდა და წამყვანი ტელევიზიით გადაიცა. პარადოქსი ის არის, რომ, მათ რომც სცოდნოდათ ამ გახმაურების რეალური ფასი, რეაქცია იგივე ექნებოდათ: იმიტომ, რომ სიმულაციური გარემოს საქციელის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია და შესაძლებელია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგაზეთო-საეთერო პუბლიკაციებს ან არანაირი, ანდა ძალიან რეალური რეაქცია გამოეწვია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ამბებს სხვებიც [უცხოეთში] გაიგებდნენ და ,,იქ“ ძალიან რეალური პროცესები აღიძრებოდა.

შესაბამისად, ამ სიმულაციის მონაწილე ხდება ყველა ის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა აქვს და რომლისთვისაც საქართველო სასიცოცხლო ინტერესების სფეროს წარმოადგენს. ეს მონაწილეობა გამოიხატება თუნდაც ნებისმიერი საელჩოსა თუ უცხოური დაწესებულების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებით.

ამ კონკრეტული სიმულაციური პროცესების ტრიალში ყველა არის ჩაბმული. საქართველოში არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სივრცე. ერთიანი საინფორმაციო სივრცე გულისმობს, ერთის მხრივ, მოვლენების (ანუ შემთხვევების) განვითარებადობას, ხოლო, მეორეს მხრივ კი, ამ მოვლენების თანადროულობას. თანადროულობაში მე ვგულისხმობ ინფორმაციის გადაცემის ვადას, რომლის განმავლობაშიც გადაცემული და მიღებული გზავნილი არ ძველდება. ეს პრინციპი შეიძლება თვითონ საზოგადოების, როგორც ერთიანი ორგანიზმის განსაზღვრებას მივუყენოთ და ვთქვათ, რომ საზოგადოების საზღვრები შეიძლება დავადგინოთ იმ სივრცით, რომელშიც მი-მომდინარე და მიღებული ინფორმაცია არ აღიქმება როგორც ძველი.

ამ პრინციპით შეიძლება საზოგადოების ტიპებიც კი გამოვყოთ: მაგალითად, შუა საუკუნეების საზოგადოება, როდესაც ერთი კვირა, რომელიც ახალი ამბის თუ გზავნილის ცენტრიდან პროვინციაში ჩატანას სჭირდებოდა, არ აღიქმებოდა როგორც დაგვიანება. არ აღიქმებოდა თუნდაც იმიტომ, რომ გზავნილიც და ახალი ამბავიც ხდებოდა და ვითარდებოდა ინფორმაციის გადაცემის მანძილის და დროის გათვალისწინებით. დღეს ეს დრო ბევრად უფრო შემცირებულია და საათებით და წუთებით აღირიცხება.

საქართველოში საქმე ამ მხრივ შემდეგნაირადაა: რეგიონში მოვლენები საკუთარი (ასევე სიმულაციური) გზით ვითარდება და ინფორმაცია, რომელიც ძალიან ცოტა ტირაჟით ჩადის რვა-ცხრა საათის დაგვიანებით, ვეღარ მონაწილეობს პოლიტიკურ-სოციალური შემთხვევების კონსტრუირებაში. ეს რაც შეეხება გაზეთებს. ხოლო ტელევიზია ამოვარდნილია საინფორმაციო ყოველდღიური საშუალებებიდან, ერთის მხრივ, ელექტოენერგიის მწირი მიწოდების გამო, ხოლო მეორეს მხრივ, ცენტრალური ტელემაუწყებლობების ძირითადად თბილისში მიმდინარე მოვლენებზე და შემთხვევებზე დაფიქსირების გამო.

საზოგადოება, რომლის აუცილებლობასაც პოლიტიკური შემთხვევის სქემა მოითხოვს, სიმულირებულია და ჩანაცვლებული სიმულაციით, საზოგადოებით, რომელიც თავს აჩვენებს, თითქოსდა ერთიანი და ინფორმაციულად შეკრულია. ერთადერთი, რაც აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს, არის პოლიტიკური შემთხვევის სიმულაციის ყველგანმყოფი სისტემა, რომელიც ყველასათვის ნაცნობია და რომელიც ნელ-ნელა არსებობის პირობადაც კი იქცევა.

ახლა რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, რომელიც საინფორმაციო სივრცის აუცილებელი ელემენტია: საქართველოს საინფორმაციო წყაროებში არ არის დაცული მოვლენის განვითარების პრინციპი. ანუ, რომელიმე მოვლენა, რომელიც დგინდება საინფორმაციო საშუალებით, აღარ პოვებს გაგრძელებას, არ ხდება მისი ანალიზი, დამუშავება, შედეგების ჩვენება და ა.შ. მაგალითად, საქართველოს ევროსაბჭოში მიღების პროცესი საინფორმაციო საშუალებებში ფაქტიურად ორჯერ დაფიქსირდა.5 საქართველოს მოქალაქისათვის პოლიტიკური (და არა მარტო პოლიტიკური) მოვლენები უეცრად ჩნდებიან ხოლმე, ჯადოსნური კანონებით ამოყოფენ თავს საინფორმაციო საშუალებაში და მერე კვლავ ქრებიან. შესაძლებელია, ესეც პოლიტიკური შემთხვევების სიმულაციურობაზე მიუთითებს.

ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საინფორმაციო სივრცე ჩანაცვლებულია სიმულაციის სივრცით, რომელიც კვებავს საკუთარ თავს და საკუთარ ორბიტაში სულ უფრო და უფრო მეტ კომპონენტებს ითრევს. სიმულაციის ეს სივრცე ყველგან არის, ყველაფრისგამჭოლი და ფაქტიურად მარადიულია, რადგან სიმულაციურ გარემოში არ არსებობს ძალა, რომელიც სიმულაციის პერპეტუმ მობილეს გააჩერებს. საქართველოს სიმულაციური სივრცე თავისთავს თავად კვებავს, და რაც მთავარია, ეს სივრცე თვითონვე ხდება სხვა მოვლენების და შემთხვევების საფუძველი, იგი იტყუებს-ითრევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მინი-სოციალურ მოვლენებსაც, მათ ბაზისურ კონსტრუქციად და არსებობის აუცილებელ პირობად იქცევა.

სიმულაციური სივრცე უპირველეს ყოვლისა გვეუბნება, რომ ის ამავე დროს სივრცის სიმულაციაა. სივრცე განისაზღვრება, როგორც საგნების (პოლიტიკის და ინფორმაციის შემთხვევაში-მოვლენების) ერთმანეთის გვერდით განლაგებად. სივრცის სიმულაცია ნიშნავს, რომ კანონზომიერი კავშირი სივრცის ელემენტებს შორის არ არსებობს და რომ სივრცე მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითი დაჯახებების ხარჯზე6 ფუნქციონირებს.

მოვლენათა სიმულაციური ორბიტა სიმულირებს ყველაფერს: დაწყებული პოლიტიკური კონფლიქტით, დამთავრებული შეიარაღებული გამოსვლებით. ცნობილ მოჯანყესთან და აბრაგთან7 ჟურნალისტების გაზაფხულის ვიზიტმა ცხადყო, რომ მისი და მისი ძალიან მცირერიცხოვანი თანამებრძოლების დაპატიმრება ძალიან ადვილია. მაგრამ მოხდა ერთ-ერთი შესაძლებელი ინტერპრეტაცია, თითქოს მისი ტყეში ყოფნა ვინმეს სჭირდება: არამც და არამც: ეს კონკრეტული მოჯანყე ისეთივე სიმულაციური მოვლენაა, როგორც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი. მისი ყოფნა ისეთივე საშიშია, როგორც მყვირალა წერილი რომელიმე მინისტრის კორუმპირებულობის შესახებ. მაგრამ მისი დაპატიმრება რეალური, კონკრეტული ქმედებაა, რომელსაც კონკრეტული სასამართლო პროცესი მოჰყვება, ხოლო სასამართლო პროცესი ისეთი მოვლენაა, რომელიც ყოველდღე მოხვდება გაზეთებში და განვითარებადი შემთხვევის სახეს მიიღებს. ეს უკვე სახიფათო რეალობასთან მიახლოებას უდრის, რამაც შეიძლება სიმულაციის აწყობილ სიბრტყეში საშიში ხვრელი გააჩინოს

_____________________

1. მაგ. გაზეთი ,,დრონი“ - 70 000, ,,საქართველო“ - 50 000.

2. ექსპერტული შეფასებით, 25 000-დან 35 000-მდე მერყეობს.

3. ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა ,,კურიერი“ - 21.00 საათზე.

4. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ქართული ინსტიტუტის (GIPO) მიერ ჩატარებული კვლევები.

5. 1999 წლის 27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ტრანსლაციით და თანამდევი მოვლენებით, და 1999 წლის 27 აპრილს - სტრასბურგში საქართველოს დროშის აღმართვით.

6. საქართველოს შემთხვევაში - თუ ცენტრის და რეგიონის რაიმე მოვლენა შემთხვევით დაემთხვევა ერთმანეთს, ან, თუ ვინმე პიროვნება, საკუთარი გავლენის გამოყენებით დაამთხვევს მათ.

7. აკაკი ელიავასთან

6 ტოტალური თვალთვალის სამყარო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ფრიდონ საყვარელიძე

როგორც წინა წერილში აღვნიშნეთ (იხ. თავისუფლება №1(13), 2003წ.), მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ ადამიანის პირადი ცხოვრების თავისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. დღეს პრაივესი განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან კანონმდებლები აშკარად ჩამორჩებიან ტექნიკურ პროგრესს. ტერორიზმის საფრთხემ, განსაკუთრებით კი 11 სექტემბრის ტრაგიკულმა მოვლენებმა, აიძულა უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია, დაზვერვა, ბანკები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები თუ კერძო პირები, გამოეყენებინათ ვიდეოდაკვირვების, მონაცემთა ბაზების შექმნის, პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით ბიომეტრიული მეთოდების გამოყენების ლამის ტოტალური ღონისძიებები, რომელთა მიზანი მორალური და მატერიალური ფასეულობების დაცვა იყო. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ 11 სექტემბერი მხოლოდ იმპულსი გახდა ამ მეთოდების გამოყენების დასაჩქარებლად, თორემ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეთა მასობრივი თვალთვალის პოლიტიკა გაცილებით ადრეც წარმატებით გამოიყენებოდა.

ამ წერილის მიზანი არ არის პრაივესისათვის ხიფათის შემცველი ყველა ახალი ტექნოლოგიის მკითხველისათვის გაცნობა. ამას ტომები სჭირდება და, ბუნებრივია, ჩემს ძალებსაც აღემატება. თანაც სამეცნიერო პროგრესისთვის თვალის მიდევნებაც თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან სრულიად დასაშვებია, რომ სწორედ ამ წუთს, რომელიღაც პატივცემულმა ფირმამ ლუდის ქილაზე მინიატურული ვიდეოკამერის დამონტაჟების ახალი მეთოდი შეიმუშავა. ჩვენი მიზანია ინფორმაციის მოწოდება იმ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლებიც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. თანაც, ვინაიდან მიზეზთა გამო კანონმდებლების და კანონმდებლობის იმედად ვერ დავრჩებით, გვინდა პრაივესის დაცვის მეთოდებიც შემოგთავაზოთ. ჯერ კიდევ 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ხელი მოაწერეს პაქტს ეროვნული უშიშროების შესახებ, რომლის მიზანი იყო სპეცსამსახურების ურთიერთობების სტრატეგიის განსაზღვრა ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად. ხელშეკრულების თანახმად, ხუთმა ხელმომწერმა სახელმწიფომ მსოფლიო გავლენის ამდენივე სფეროდ გაყო და კონკრეტული ამოცანები დაინაწილა. მოხდა ტერმინოლოგიის, კოდური სიტყვების, ინფორმაციის ხელში ჩაგდების პროცედურების, რესურსების ხელმწისაწვდომობის სტანდარტიზაცია. ევროპარლამენტის მიერ მოზადებულ 1997 წლის ანგარიშში დადასტურებულია პროექტის - ,,Eshelon არსებობა, რომლის მეშვეობითაც აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოს, პრაქტიკულად მთელი კომუნიკაციური ქსელის კონტროლი შეუძლია საკვანძო სიტყვების მეშვეობით. შორს აღარ არის ის დრო, როდესაც შესაძლებელი გახდება ხმოვანი კომუნიკაციების ავტომატური სკანირება. ხმის ამომცნობი სისტემა Oratory რამდენიმე წელია გამოიყენება დიპლომატიური სატელეფონო საუბრების ხელში ჩასაგდებად და გასაანაალიზებლად.

0x01 graphic

სულ ახლახანს კი, 2002 წლის მიწურულს, პენტაგონის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ედვარდ ოლდრიჯმა (Edvard Aldridge) განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას მიზნად აქვს დაკვირვების გიგანტური სისტემის შექმნა სახელწოდებით Total Informacion Awareness, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამერიკის თითოეული მოქალაქის თვალყურის დევნება მისი საბანკო ანგარიშების, საკრედიტო ბარათებით შეძენილი საქონლის, ელექტროენერგიისა და სატელეფონო საუბრების ანგარიშების გაკონტროლების გზით. ოლდრიჯმა განაცხადა, რომ ეს ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა. სისტემის არსი ის არის, რომ მოხდება მონაცემთა სხვადასხვა ბაზის ურთიერთშეჯერება, რის საშუალებითაც თვალყურს მიადევნებენ მსხვილ ფულად ოპერაციებს, ავტომობილების დაქირავებას, ქიმიური პრეპარატების, იარაღის შესყიდვას და ა.შ. ამ პროექტის განხორციელება უსაფრთხოების დარგში პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციის ყოფილ მრჩეველს ჯონ პოინდექსტერს (John Poindexter) დაევალა, რომელიც თავის დროზე ,,ირანგეიტის“ სკანდალში იყო გარეული. ამ ცნობებმა სამოქალაქო უფლებების დამცავი ორგანიზაციების (American Civil Liberties Union) შეშფოთება გამოიწვია. 2002 წლის ნოემბერში მათ პრეზიდენტ ბუშს ამ პროექტის გაყინვა მოსთხოვეს. სულ ახლახანს, კერძოდ კი 2003 წლის 24 იანვარს, სენატმა პროექტის დაფინანსებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. თუ რა ხნით - არავინ იცის.

ანალოგიური სისტემა ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმაც შექმნეს, რომელსაც მოწინააღმდეგის შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაერთიანებული სისტემა (Система обьединенного учета данных о пративнике - СОУД) ეწოდა. აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს შორის СОУД-ის დაარსების თაობაზე ხელშეკრულება 1977 წელს გაფორმდა, მაგრამ სრული დატვირთვით ის 1979 წელს ამოქმედდა. საბაბი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშები გახდა. სისტემის პირველი ამოცანა უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი შესაძლო მტრული აქციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება იყო. საბჭოთა პერიოდში СОУД-ის მონაწილენი იყვნენ: სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, მონღოლეთი, კუბა, გდრ და ვიეტნამი. მონაცემთა ბაზაში თავს იყრიდა დოსიეები აგენტებზე, ჟურნალისტებზე, ,,მტრულ ორგანიზაციებზე“, დიპლომატებზე, ავიაკომპანიების წარმომადგენლებზე და ა.შ. მონაცემთა ბაზები მხოლოდ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების უმაღლესი ოფიცრობისთვის იყო ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ თემაზე ინფორმაციის მიღება 4 საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი, რაც იმ დროისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო. დღეს ამ სისტემას ძირითადად რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველო იყენებს.

უკანასკნელ ათწლეულში ინტერნეტი კომუნიკაციებისა და გამოკვლევების მნიშვნელოვანი საშუალება გახდა. ინტერნეტს სულ უფრო ხშირად იყენებენ კომერციული ოპერაციების ჩასატარებლადაც. მისი შესაძლებლობები, სისწრაფე და საიმედოობა მუდმივად იზრდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მოქნილი სტრუქტურა მაინც არ არის დაცული ხელისუფლების მხრიდან კონტროლისაგან. მსოფლიო ქვეყნების სამართალდამცავი სისტემები და უშიშროება ისეთი სისტემების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც მათ ელექტრონული ფოსტით გადაცემული ინფორმაციის, აგრეთვე ინტერნეტით გადაცემული ყველა სხვა ინფორმაციის ხელში ჩაგდების საშუალებას მისცემთ. ეს საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. უფლებადამცავი ორგანიზაციების აზრით ელექტრონული ფოსტის კონტროლი აბსოლუტურად არ განსხვავდება სხვისი ტრადიციული საფოსტო წერილების კითხვისა თუ ტელეფონების მოსმენისაგან. არადა, ზედმეტად ცნობისმოყვარეთაგან თავის დაცვა შესაძლებელია. კომუნიკაციების კონტროლის საწინააღმდეგო ქმედითი სისტემაა კრიპტოგრაფია. შეტყობინების დაშიფრვა იმგვარად ხდება, რომ მხოლოდ მიმღებს შეუძლია მისი გაშიფრვა და ინფორმაციის წაკითხვა. Pretty Good Privacy (PGP)1 ყველაზე ცნობილი კრიპტოგრაფიული პროგრამაა, რომლითაც 100000 მომხმარებელზე მეტი სარგებლობს, მათ შორის - უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიც.

0x01 graphic

ჟურნალი ,,ლაიფის“ გარეკანი, რომელიც ეძღვნება პრაივესის მზაკვრულ შემოჭრას ჩვენს ცხოვრებაში

0x01 graphic

ინტერნეტით სარგებლობისას ასევე შესაძლებელია მომხმარებლის მისამართის, საიტის დათვალიერების თარიღის და დროის დააფიქსირება. ზოგიერთი საიტი კი უფრო დეტალურ ინფორმაციას ითხოვს, რათა მუშაობის უფლება მოგცეთ. შესაძლებელია თვალყურის დევნება ინტერნეტში განხორციელებულ საქონლის შესყიდვაზეც. ასეთი ინფორმაციის შესყიდვით დაინტერესებულნი არიან მარკეტინგული ორგანიზაციები. ამ პრობლემის გადასაწყვეტად გაჩნდა ახალი ტექნიკური საშუალებები. არსებობს პროგრამები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, ანონიმური გახადოს მომხმარებლის მოძრაობა მსოფლიო ქსელში. ჩოოკიეს ტიპის ფილტრები დღეს ბროუზერების უმრავლესობაშია ჩამონტაჟებული. ანონიმური ,,ციფრული მოლარე“ კი საშუალებას იძლევა, რათა შეძენილ საქონელზე გადახდა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე მოხდეს.

თუ თავის მოტყუება არ გვსურს და მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა, უნდა ვაღიაროთ რომ ყოველდღიურად ჩვენ არაერთი ვიდეოკამერა, მიკროფონი, ,,ჟუჩოკი“ და სენსორი გვითვალთვალებს. მათი უმრავლესობა უსაფრთხოების მიზნითაა დამონტაჟებული, მაგრამ საკითხავი ისაა, თუ რამდენად კანონიერია მათი ასეთი საყოველთაო გავრცელება.

აი, ზოგიერთი მაგალითი. ციფრული ხელსაწყოების გაიაფებამ არა მხოლოდ მომხმარებლის კმაყოფილება, არამედ არასასურველი შედეგებიც მოიტანა. მოსახლეობამ, განსაკუთრებით იაპონიასა და ტაივანში ფარული ვიდეოკამერების შესყიდვა დაიწყო. წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რამდენი ეჭვიანი ქმარი, არაკეთილმოსურნე მეზობელი ან გაუკუღმართებული იუმორის მქონე მეგობარი შეისყიდის მომავალში ამ აპარატურას. ფაქტი ფაქტად რჩება - შპიონაჟის, მათ შორის ,,სამოყვარულო შპიონაჟის“ გავრცელებას ნოყიერი ნიადაგი აქვს.

უკანასკნელ ხანს უაიერისტები (სიტყვიდან ვოყეურისმ2) ვებ კამერებს ნუდისტურ პლაჟებზე ამონტაჟებენ. ამგვარი აპარატურა გამოსახულების რეალურ დროში გადაღებისა და გავრცელების საშუალებას იძლევა და ჩვეულებრივ ვიდეოკონფერენციების ჩატარებისათვის გამოიყენება. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც გადაღება ფარულად მიმდინარეობს და შემდგომში ინტერნეტით ვრცელდება, რაც ვებკამერების მფლობელთათვის სოლიდური შემოსავლის წყაროა.

ამას წინათ იტალიელი კარაბინიერები იძულებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გამოძიება, რათა დაედგინათ, თუ ვინ განათავსა საიტზე ნახევრად შიშველი ქალის ვიდეოგამოსახულება, რომელმაც საკუთარი თავი ინტერნეტის ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით აღმოაჩინა. დააპატიმრეს არა მარტო სასტუმროს მეპატრონე, სადაც ჩატარდა გადაღება, არამედ ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე და ავტოსადგომის მფლობელი, რომლებიც ასევე მალულად იღებდნენ შეყვარებულ წყვილებს.

გულშემატკივრები, რომლებიც 2000 წლის თებერვალში ქალაქ ტამპაში ამერიკული ფეხბურთის ფინალის საყურებლად მივიდნენ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ თითოეული მათგანი მატჩზე შესვლისას ვიდეოკამერაზე დააფიქსირეს. ამგვარად სურდა ფლორიდის პოლიციას ახალი სისტემის გამოცდა, რომელიც საშუალებას იძლევა, ათიათასობით ადამიანის გამოსახულება დამნაშავეთა ფოტოებს შეადარონ.

როგორ დავიცვათ თავი ,,ცნობისმოყარეთაგან“? ასე მაგალითად, ერთმა ამერიკელმა ინჟინერმა მაიკლ ნაიმარკმა3 (Michael Naimark) ლაზერული სხივის საშუალებით შექმნა ვიდეოკამერისაგან დაცვის საკუთარი მეთოდი, რომლის მოქმედების შედეგად შეუძლებელია გადაღებული მასალის დანახვა. სხვათა შორის, ამ მეთოდის გამოყენებაზე უკვე ფიქრობენ სახელგანთქმული ადამიანები პაპარაცებისაგან თავის დასაცავად. ამ მეთოდის გამოყენების პრობლემა მხოლოდ მის ლეგალურობაშია; ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, აკრძალულია სენსორების გამოყენება, რომლებიც საგზაო პოლიციის რადარებს ამოიცნობენ.

უკანასკნელ ხანებში სამეცნიერო პროგრესმა ბიომეტრიის არნახული წინსვლაც გამოიწვია. პოპულარული ბიომეტრიული სისტემებია: თვალის ბადურა გარსის სკანირება, ხელის გეომეტრიის გამოკვლევა, დაქტილოსკოპია, ხმის ამოცნობა და ა.შ.

აი, ბიომეტრიის პროგრესის ბოლო მაგალითები: ერთმა ამერიკულმა კომპანიამ შეიმუშავა აპარატი სახელწოდებით ,,Lumidigm და დაამტკიცა, რომ ჩვენ ორგანიზმის ერთადერთი და განუმეორებელი მახასიათებელი მისი განათებულობაა. ეს ხელსაწყო აანალიზებს თუ როგორ აირეკლავს ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა ფერის (სიხშირის) სინათლის სხივებს. როგორც ჩანს, კანქვეშა კაპილარები, მტვერი, ცხიმოვანი ფენის სისქე, ძველი ნაიარევი და ზოგიერთი სხვა ფაქტორი გავლენას ახდენს თითოეული ინდივიდუმის კანის არეკლვის სპექტრზე, რომელიც ყველა შემთხვევაში სხვადასხვა იქნება.

გამოკვლევაში 1000-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის ტყუპებიც იყვნენ. კონკრეტული პირისმახასიათებლები არც ერთ შემთხვევაში არ დაემთხვა სხვისას. ეს სისტემა უკვე გამოიყენება ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის საიდუმლო ლაბორატორიებში თანამშრომელთა ამოსაცნობად. მაგრამ ,,Lumidigm-ის შემქმნელები ამ სისტემის სხვაგვარ გამოყენებაზეც ფიქრობენ. მაგალითად, განზრახულია ე.წ. ,,გონიერი პისტოლეტის“ შექმნა, რომელიც მხოლოდ მაშინ გაისვრის, თუ მის სასხლეტს მფლობელი გამოკრავს ხელს. ასევე შეიძლება შეიქმნას ტელეფონები, ავტომანქანები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ჩაირთვება და ამუშავდება, როდესაც მასთან მუშაობას ,,ნებართვის მქონე“ პირი გადაწყვეტს.

უკვე არსებობს ასეთ პრინციპზე მომუშავე კომპიუტერები. იაპონურმა კომპანიამ Fujitsu Laboratories ბიომეტრიული აუტენტიფიკაციის ახალი ტექნოლოგია წარმოადგინა, რომლის მთავარი მახასიათებელია ადამიანის მაჯის სისხლძარღვოვანი ქსელი. კომპანიის პირმშოა სპეციალური კომპუტერული თაგუნა, რომელიც ამოიცნობს კომპუტერის მფლობელს. მიღებული შედეგის მიხედვით კომპუტერზე მუშაობა ან იქნება შესაძლებელი, ან არა. რას გვიქადის ეს და ხომ არ ხდება დისკრიმინაციის ახალი და დახვეწილი ფორმების შემუშავება?

ბიომეტრიული მეთოდების დანერგვას დასავლეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ისინი ამტკიცებენ, რომ ბიომეტრია ყოველი მოქალაქის ტოტალური იდენტიფიკაციისა და კონტროლის მექანიზმია, რაც სამოქალაქო თავისუფლებების დარღვევას იწვევს. ცხადია, რომ ნებისმიერი ბიოკოდი ბევრად მეტ ინფორმაციას იტევს, ვიდრე ეს კონკრეტულ ხელსაწყოს სჭირდება კონტროლისათვის. ვინ და როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, ხომ არ იქნება ის გამოყენებული მოქალაქეთა ელემენტარული უფლებების წინააღმდეგ?

აი კითხვები, რომლებიც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. პროტესტის მიზეზი ისიცაა, რომ ბიომეტრული სკანერები ადამიანებს საკმაოდ შორ მანძილზეც ამოიცნობენ. ასეთი სისტემების ქსელი კი შეიძლება ფარული თვალთვალისათვისაც გამოიყენონ. ძნელი სათქმელია რა მოხდება ხვალ, თუმცა კი ძლიერ სასურველია, რომ ბიომეტრიის დანერგვა შერჩევით მოხდეს; ადამიანს კი შეუნარჩუნდეს უფლება, საკუთარი ბიოკოდი პირველ შემხვედრს კი არ გაუმხილოს, არამედ მხოლოდ მას, ვისაც თავად ეს ადამიანი ჩათვლის საჭიროდ.

0x01 graphic

მოსასმენი აპარატურა, რომელიც ჩამონტაჟებულია ტელეფონის ყურმილში

0x01 graphic

აშშ ელჩი სსრკ-ში ჰენრი ქაბოთი გვიჩვენებს იმ მოსასმენ ჩიპს, რომელიც იპოვეს 1952 წელს მოსკოვში, აშშ საელჩოს შენობაში

0x01 graphic

სპეციალური კომპანიის წარმომადგენელი შენობაში ეძებს მოსასმენ აპარატურას

უკანასკნელ ხანში გაიყიდება სპეციალური ტესტერები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია იმის გაგება, იყენებდა თუ არა პიროვნება ნარკოტიკებს. ტესტერის ასამოქმედებლად საკმარისია ადამიანის ტანსაცმელზე გადავატაროთ სპეციალური მაადსორბირებელი საშუალება. აუცილებელი პირობა მხოლოდ ის არის, რომ ტანსაცმელი კავშირში უნდა იყოს გამოსაკვლევის კანთან. მაადსორბირებელი საშუალება ფერს იმის მიხედვით შეიცვლის, თუ რა სახის ნარკოტიკი გამოიყენა პიროვნებამ, ან გამოიყენა თუ არა იგი საერთოდ. ამ პროდუქტის გამოჩენამ გაცხოველებული პოლემიკა გამოიწვია. არის თუ არა ეს ტესტი პრაივესის დარღვევა? თუ ამას აკეთებენ მშობლები იმის დასადგენად იყენებენ თუ არა მათი შვილების ნარკოტიკებს - კანონი ამის საშუალებას იძლევა. ბავშვების ჯანმრთელობა პრაივესიზე მაღლა დგას; მაგრამ თუ ტესტის ჩატარება გაყრილი მშობლებისაგან ერთ-ერთს უნდა და თანაც მშობლის უფლებების დასაბრუნებლად, მაშინ? აი, მორიგი სადისკუსიო თემა.

ბევრი მოსამსახურე გრძნობს, რომ ხელმძღვანელები თუ სამუშაოს მიმცემები აკონტროლებენ მათ ყველა მოქმედებას და ზოგჯერ იმ ზღვარსაც სცილდებიან, კანონმდებლობა რომ აწესებს. და თუმცა არამართლზომიერი თვალთვალი მათი მხრიდან უკანონოა, მაინც გვინდა თვალთვალისაგან თავის დაცვის რამდენიმე მეთოდი შემოგთავაზოთ:

არასდროს იფიქროთ, რომ ვინმე თქვენს პრაივესის საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს;

როდესაც გინდათ დელიკატური, კონფიდენციური ან უბრალოდ სახიფათო ინფორმაციის გადაცემა, იყავით ძველმოდურნი და გამოიყენეთ ტელეფონი ან პირისპირ საუბარი;

თუ სამუშაო სახლში მიგაქვთ, ნუ გამოიყენებთ იმ კომპუტერს, რომელზეც ჩვეულებრივ მუშაობთ; მოითხოვეთ Notebook-ი ან თქვენი პერსონალური არქივი დისკეტებზე გადაწერეთ.

გამოიყენეთ დაშიფრვის და ქსელის ანონიმური გამოყენების პროგრამები; მთლიანად წაშალეთ კომპუტერიდან თქვენს მიერ დაწერილი და მიღებული წერილები.

ისევ ვიმეორებთ, რომ პრაივესი არასდროს მდგარა ამგვარი საფრთხის წინაშე, ვინაიდან ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, ნებისმიერ კონტაქტს მაღალიტექნოლოგიური ხელსაწყოების საშუალებით შეიძლება ვინც უნდა ის დააკვირდეს. როგორც ჩანს, გადაჭარბებული და პარანოიალურიც კი იქნება ფიქრი იმის შესახებ, რომ ყოველ ჩვენგანს, დღისით თუ ღამით ვიღაც გვითვალთვალებს, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ინდივიდის გარშემო არსებული ყველა ინფორმაცია შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს დაკვირვების გიგანტურ სისტემაში გაერთიანდეს და ხელისუფლებას მოემსახუროს.

დიახ, ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც შესაძლებელია ძალიან მალე დადგეს, ჩვენ აღმოვჩნდებით აბსოლუტურად გამჭვირვალე სამყაროში, სადაც არაფერია დამალული მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმეს დამალვა შეუძლებელია. მოგვეწონება ნეტა ასეთი მსოფლიო? თუ ცუდს არაფერს ჩაიდენ, მაშინ ხომ დასამალიც არაფერია - იტყვის წესიერი მოქალაქე და გარკვეულწილად მართალიც იქნება, ვინაიდან შეუძლებელია წინ აღუდგე სამეცნიერო პროგრესს და ეს ,,მშვენიერი“ დღე თავიდან აიცილო. არადა რამდენ ,,სიკეთეს“ გვპირდება ამგვარი მომავალი: აღარ იქნება ქურდობა, ე.ი. არც კარების ჩაკეტვა გახდება საჭირო, წინასწარ დაგეგმილ დანაშაულთა რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდება, ცოლქმრულ ღალატსაც ყველა შეურიგდება, რადგან დაინახავს, რომ უმრავლესობა მას არ თაკილობს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ასეთ ორუელისეულ სამყაროში აღარ დარჩება ადგილი პირადი ცხოვრებისათვის, სიყვარულის ახსნის განუმეორებელი სცენები საერთოდ დაკარგავს აზრს, ვინაიდან ამის შესახებ არამარტო გულისსწორი, არამედ მისი მშობლები, და-ძმები და სხვა შეყვარებულიც დიდი ხნით ადრე იქნებიან ინფორმირებულნი და, რაც მთავარია, ამ სამყაროში შეუძლებელი იქნება დაიწეროს ,,მე და ღამე”, ვინაიდან თავად საიდუმლოს ცნება აღარ იარსებებს. და რადგანაც ვერაგი ელექტრონიკა თითოეულ ჩვენს ნაბიჯსა თუ საქციელს გაშიფრავს, ისღა დაგვრჩება, ფილოსოფიური ღიმილით ყველას ყველაფერი შევუნდოთ, შევუნდოთ საკუთარ თავსაც და აბსოლუტური მორალური თავისუფლების ფონზე ვაკეთოთ ყველაფერი, რაც მოგვესურვება.

0x01 graphic

500 დოლარად შეიძლება შეიძინოთ პლასტმასის ზეთისხილის ნაყოფი (სურათზე მოცემულია ჭრილში) მასში ჩამონტაჟებული გადამცემით და კბილის ჩხირ-ანტენა. ამ საგნების მარტინიში მოთავსებით თავისუფლად შეიძლება სასმელის მირთმევისას წარმოებული საუბრის ნებისმიერ ადგილას გადაცემა

______________________

1. Pretty Good Privacy-ს ვებსაიტის მისამართია: http://www.pgp.com/, აქ შესაძლებელია თქვენი კომპუტერისათვის შესაბამისი კრიპტოგრაფიული სისტემის შერჩევა და გადმოტვირთვა.

2. სექსუალური გაუკუღმართება, რომელიც ეროტიკული სცენების ცქერის დაუოკებელი სურვილით გამოიხატება, უაიერისტებს ავადმყოფურად ცნობისმოყვარე ადამიანებსაც უწოდებენ.

3. მაიკლ ნაიმარკის ვებსაიტის მისამართია: www.naimark.net

7 უფლებები

▲ზევით დაბრუნება


პიტერ ჯონსი

თარგმნა: ელენე აგლაძემ

შესავალი

უფლებების ენა მრავალი საუკუნის მანძილზე ჩვენი მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური ლექსიკონის ნაწილს წარმოადგენდა. მისი ისტორია არ ხასიათდება უწყვეტი და აღმავალი განვითარებით, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა სხვა ეპოქასთან შედარებით დღეს ადამიანები თავიანთ უფლებებს გაცილებით მეტი ნივთისა თუ ქმედების მიმართ აცხადებენ, ვიდრე ოდესმე.

უფლებები ჩვენი სამყაროს იმდენად ჩვეული ნაწილია, რომ მათ გარეშე ადამიანის არსებობა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა ისტორიას ახსოვს დრო, როდესაც ეს ასე არ იყო. ცნობილია, რომ ანტიკურ ხანაში, არც ბერძნებს და არც რომაელებს უფლების კონცეფცია არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, არსებობდა სამართლიანი მოპყრობის იდეა, მაგრამ უფლებათა ჩვენებური გაგება, როგორც ჩანს, მათი მორალური აზროვნებისა თუ სამართლებრივი სისტემისათვის უცხო იყო. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთ თანამედროვე კულტურაზეც, სადაც ადამიანის უფლებათა იდეა დღესაც უცხო კულტურის იმპორტს წარმოადგენს. ამდენად მოსაზრება, რომ ადამიანებს ენიჭებათ რაღაც უფლებები, რომლებიც სხვებმა უნდა აღიარონ და პატივი სცენ, არ არის ადამიანის განუყოფელი და გარდუვალი თვისება. დავის საგანია ისიც, თუ როდის დაიწყეს ადამიანებმა ამგვარი ფიქრი. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ უფლების ცნება ევროპულ აზროვნებაში მე-14 საუკუნემდე არ ჩანს, თუმცა, ბოლო ხანებში თანამედროვე მეცნიერები ცდილობენ უფლებების გაჩენა მე-12 საუკუნით დაათარიღონ. აზროვნების ისტორიაში საერთოდ იშვიათია ამა თუ იმ ტენდენციის ზუსტი და ნათელი ,,დასაწყისის“ დაფიქსირება, ამდენად, უფლებების იდეის დაბადების ზუსტი თარიღიც, ალბათ, კიდევ კარგა ხანს დარჩება სადაო.

სამაგიეროდ სრულიად ეჭვგარეშეა ის პოპულარობა, რომელსაც ,,უფლებებმა“ დღეისათვის მიაღწიეს. უფლებების ცნება უკვე ჩვენი სამართლებრივი აზროვნების განუყოფელი ნაწილია და ცენტრალური ადგილი უჭირავთ მორალურ თუ პოლიტიკურ აზროვნებაში. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1948 წელს მიიღო. ის ფაქტი, რომ გაერომ, რომლის წევრებიც დაპირისპირებულ იდეოლოგიებს და ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ კულტურებს წარმოადგენდნენ, დეკლარაციის მიღება შეძლო, ადამიანის უფლებების საყოველთაოობაზე მეტყველებს. დეკლარაციას მოჰყვა 1966 წლის ორი პაქტი, რომლებშიც ადამიანის უფლებების კონცეფცია უფრო დეტალურადაა ჩამოაყალიბებული, კერძოდ, ერთი მათგანი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს აწესრიგებდა, მეორე კი - ეკონომიკურს, სოციალურსა და კულტურულს. გაეროს ეგიდით მოხდა ასევე სპეციალური კონვენციების მთელი სერიის მიღება, რომელიც ისეთ საკითხებს აწესრიგებს, როგორიცაა გენოციდი, მონობა, წამება, ლტოლვილთა უფლებები, რელიგიური და სექსუალური დისკრიმინაცია და ბავშვთა უფლებები.

გაეროს რეზოლუციების პარალელურად იქმნებოდა ადამიანის უფლებების რეგიონალური დოკუმენტები და ინსტიტუტები. 1950 წელს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და კონვენციის დებულებების დანერგვასა და განხორციელებაზე ზედამხედველობის მიზნით, დააარსეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ევროპული კომისია. 1948 წელს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია, ხოლო 1969 წელს მას რამდენიმე ლათინური ამერიკის სახელმწიფო მიუერთდა და კონვენციის ამოქმედების მიზნით დაარსდა სასამართლო, აგრეთვე სპეციალური კომისია. 1981 წელს აფრიკული ერთიანობის ორგანიზაციამ ადამინიასა და ხალხთა უფლებების შესახებ აფრიკული ქარტია მიიღო. ეს საერთაშორისო დეკლარაციები და მათთან დაკავშირებული ბიუროკრატიული მექანიზმები ხშირად არაეფექტურნი არიან და მეტად შეზღუდულ ზეგავლენას ახდენენ იმ ადამიანთა ცხოვრებაზე, ვისთვისაც ფაქტიურად შეიქმნენ, მაგრამ მათი არსებობა იმას მაინც ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა იდეას თანამედროვე პოლიტიკურ აზროვნებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.

ბოლო ათწლეულებში ადამიანის უფლებებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საგარეო პოლიტიკაშიც. ზოგიერთმა სახელმწიფომ მათი დაცვა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების წინაპირობადაც კი განსაზღვრა. თუმცა, ხშირად პოლიტიკური მიზნებით ადამიანის უფლებათა გამოყენების მცდელობა აშკარად შეუსაბამოა და ცინიზმს უფრო წააგავს.

ისტორიულად, ადამიანის უფლებები უფრო ძველი, ე. წ. ,,ბუნებითი უფლებების“ იდეისაგან მომდინარეობს. ამ თეორიისთანახმად, ადამიანები, როგორც ბუნებრივი ადამიანური ქმნილებები, გარკვეულ უფლებებს დაბადებიდანვე ფლობენ. ეს თეორია მოწოდებული იყო ინდივიდების პოლიტიკურად დასაცავად. ეს იყო გზა მტკიცებისა, რომ ინდივიდებს აქვთ უფლებები, რომლებიც არ უნდა დაირღვეს სხვათა მიერ. და რომელთა დაცვაც უნდა იყოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა. თუმცა მთავრობები თავად წარმოადგენდნენ ადამიანებისათვის უდიდეს საფრთხეს. ადამიანის ბუნებითი უფლებები წარმოდგენილი იყო, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების კონტროლი, მაგრამ დღესდღეობით უკვე პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირები გახდნენ ვალდებულნი პატივი სცენ მოქალაქეთა ბუნებით უფლებებებს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მმართველობას სერიოზული პრობლემები ექმნება.

ამდენად ადამიანის უფლებათა დოქტრინა გამოყენებულ იქნა იმისათვის, რომ გამართლებულიყო 1642-49 და 1688 წლების ინგლისის რევოლუციები. ამ დოქტრინითვე იყო გამართლებული და დაცული მეთვრამეტე საუკუნის ორი დიდი პოპულარული რევოლუცია: ფრანგული და ამერიკული. შეიქმნა ვირჯინიის უფლებათა დეკლარაცია (1776 წლის ივნისი) და შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია (1776 წლის ივლისი), რომელიც აცხადებდა ადამიანის განუყოფელ უფლებებს, მათ შორის, ხალხის უფლებას შეეცვალათ ან გაეუქმებინათ მათი უფლებების დამრღვევი მთავრობა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1791 წლის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია უფლებათა ბილის სახელით. ევროპაში ასეთივე ან შესაძლოა უფრო დიდი მნიშვნელობის დოკუმენტი იყო 1789 წლის ფრანგული რევოლუციის შედეგად გამოცხადებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. თანდათანობით უფლებათა კატალოგი თანამედროვე სახელმწიფოს კონსტიტუციური აპარატის სტანდარტულ ნაწილად იქცა.

უფლებათა მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში არ შემოიფარგლება მათი კონსტიტუციაში ან საერთაშორისო დეკლარაციებში შეტანით. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ზეგავლენას ჩვენს პოლიტიკურ თუ მორალურ აზროვნებაზე. დღეს ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს უფლების განცხადება ამა თუ იმ ქმედებაზე.

ჩვენ გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ, გამოვთქვათ თუ არა თავისუფლად ჩვენი აზრი, თავისუფლად ავირჩიოთ თუ არა ჩვენი პროფესია, მივიღოთ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, დავქორწინდეთ თუ არა, გავიკეთოთ თუ არა აბორტი, ვინადიროთ თუ არა, ვიმუშავოთ თუ გავიფიცოთ, ვისარგებლოთ თუ არა სამედიცინო მომსახურებით. თუმცა, ამ უფლებების არსებობა არ გულისმობს მათი განხორციელების მიზანშეწონილობას. როდესაც ვაფასებთ ამ უფლებებს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ არა იმით, თუ რა არის სასურველი, არამედ იმით, თუ რა არის მორალურად აუცილებელი. ეს ორი მომენტი ბევრს ერთმანეთში ერევა, ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანები ხშირად გამოხატავენ თავიანთ შეშფოთებას უფლებების არსებობის მიმართ.

განსხვავებით იმ მზაობისა და ერთსულოვნებისაგან, რომელიც ადამიანის უფლებების იდეის ზოგად დეკლარირებას ახლდა თან, მისი შინაარსის ინტერპრეტაციამ განსხვავებული მიდგომები წარმოშვა. უფლებების გაგება ხშირად ურთიერთ საპირისპიროც კია: უფლებებზე აპელირება ხდება როგორც კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ, ისე მათ დასაცავად, როგორც კანონმორჩილების მოთხოვნით, ისე კანონისადმი დაუმორჩილებლობის გამართლების მიზნით, როგორც უმრავლესობის ბატონობის დაკანონების, ისე უმცირესობის მიერ უმრავლესობის შეზღუდვისათვის, როგორც ძალის გამოყენების, ისე ძალადობის დაგმობის მიზნით. თუ ფილოსოფოსებს დავუბრუნდებით იმის გასარკვევად, თუ რომელი უფლებები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს და რომელი არა, ჩვენ ასევე მრავალ მიდგომას დავინახავთ. არ არსებობს ერთი შეთანხმებული თეორია უფლებების შესახებ, არსებობს მთელი სერია თეორიებისა, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ გზას ირჩევს და განსხვავებულ შინაარსს გვთავაზობს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ რომელიღაც უფლებაზე ვთანხმდებით, ეს თანხმობა შეიძლება უფრო მოჩვენებითი იყოს, ვიდრე რეალური. მაგალითად, ავიღოთ სიცოცხლის უფლება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი, ევთანაზია და მკვლელობა სამხედრო მოქმედებების დროს, ჩვენ ხშირად ამ უფლების განსხვავებული გაგებიდან ამოვდივართ. როგორც ამბობენ, გაერომ მხოლოდ მარტო იმიტომ შეძლო დეკლარაციაზე შეთანხმების მიღწევა, რომ უფლებების მეტად ზოგადი ფორმულირება მოახდინა, რათა განსხვავებულ ქვეყნებს, კულტურებსა და იდეოლოგიებს საშუალება ჰქონოდათ თითოეული მათგანი თავისებურად განემარტათ.

აკადემიურ ფილოსოფოსებს ხშირად გამოუთქვამთ ეჭვი უფლებების შესახებ, თუმცა აკადემიურ წრეებს გარეთაც ხშირია საუბრები, რომ ადამიანები მზადარიან უფლებების განცხადებისათვის და არ ითვალისწინებენ საპასუხო მოვალეობებს. ისინი არითვალისწინებენ იმ ტვირთს, შეზღუდვებს თუ დათმობებს, რომლებთანაც უფლებების გაცხადება არის დაკავშირებული. ხშირად ამბობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ადამიანები მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ მათ ვალდებულებებს, ვიდრე უფლებებს.

უფლებები და მოვალეობები ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდნენ და თუ მათ შორის დისბალანსია, ეს იმისდასტურია, რომ prima facie (თავისთავად, საწყისში), მათ მორალურ წარმოდგენებში შეუსაბამობები არსებობს. საინტერესოა, რომ თვით ის არგუმენტაცია, რომელთანაც უფლებების განხორციელება არის დაკავშირებული, ზოგიერთისათვის მიმზიდველია და ზოგიერთისათვის კი პირიქით. ქალთა მოძრაობამ ძალიან ფართოდ და ეფექტურად გამოიყენა უფლებების ენა, თუმცა დღეს მისი ზოგიერთი წევრი ვარაუდობს, რომ ეს ენა შეუსაბამოა მათი სქესისათვის, მათი აზრით უფლებების ძალიან ძლიერი და აგრესიული ენა, მამაკაცზე ორიენტირებულ სამყაროს ეკუთვნის და ფემინიზმი უნდა ეცადოს თავი აარიდოს მას. იმავდროულად ის ადამიანები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთობისა (community) და სოლიდარობის იდეალებს, ადამიანთა უფლებებში ინდივიდუალიზმისა და დაქსაქსვის ტენდენციებს ხედავენ და მიაჩნიათ, რომ ისინი საზოგადოების მჭიდროდ შეკვრას და ინტეგრაციას აბრკოლებენ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად წინააღმდეგობრივია ადამიანის უფლებების გაგება, მათ მიმართ უფრო პოზიტიურად განწყობილი ჯგუფები კამათობენ უფლებების მოცულობაზე, შინაარსზე, მორალურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, მაშინ, როდესაც უფრო ნეგატიურად განწყობილები ცდილობენ შეასუსტონ უფლებების გავლენა ჩვენს აზროვნებაზე.

უფლებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც თავისი შინაარსით, ისე მნიშვნელობითაც. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება და ფუნდამენტური თავისუფლებები, უდიდესი მნიშვნელობისაა, ხოლო სხვა უფლებები, მაგალითად უფლება, აირჩიო რომელი სარეცხი ფხვნილი იყიდო, შეიძლება თავისი შინაარსით საკმაოდ ტრივიალური იყოს.

მე შევეხები ,,დიდ“ უფლებებს, ე.წ. ბუნებით ან ,,ფუნდამენტურ“ უფლებებს, იმ უფლებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს მორალურ და პოლიტიკურ აზროვნებას. შევეცდები მათი ფართო კუთხით წარმოჩენას და ასევე შევეცდები გვერდი არ ავუარო ყველა იმ წინააღმდეგობას, რომლებსაც ისინი მოიცავს. ზოგიერთი თანამედროვე ავტორი ხშირად საკმარისად არ ითვალისწინებს იმ ბოროტებას, რომელმაც აიძულა ხალხი გაეცხადებინა ეს უფლებები. უფლებების იდეები არ განვითარებულა მხოლოდ ინტელექტუალური მიმართულებების სახით, ეს იყო რეაქცია ადამიანთა ტანჯვასა და უსამართლობაზე. ამდენად, მათი აღიარებისათვის ძალიან სერიოზული მიზეზები არსებობს. ამავე დროს უფლებები თავადაც განაპირობებენ მრავალ პრობლემასა და სირთულეს და მათი იგნორირება უფლებების ,,მეგობრების“ მხრიდან არ შეიძლება იყოს გამართლებული.

უფლებათა კვლევის ანალიზს უფლების ცნების განმარტებით დავიწყებ. (ქვემოთ ძირითადად განვიხილავ უფლების ცნებას). ჩვენ ყოველდღიურ საუბარში უფლებებს იმდენად ხშირად და დარწმუნებით ვხმარობთ, რომ მათ შინაარსზეც უნდა ვიყოთ შეთანხმებული. ამ ტერმინის იურიდიული და სასაუბრო დატვირთვა ხშირად განსხვავებულია.

იურისტ ავტორებს შორის დიდი ხანია აღიარებულია, რომ ერთი ,,უფლების“ ცნების ქვეშ სხვადასხვა მინიჭებები (entitlement) იგულისხმება. საუკუნის დასაწყისში (1919) უესლი ჰოუფილდმა სამართლებრივი უფლებების კლასიკური ანალიზი ჩაატარა და მიუთითა, რომ ცნება “უფლება” სამართლებრივ ურთიერთობებში ოთხი განსაზღვრული ტიპის მიმართ იხმარება. ესენია:

1. ,,მოთხოვნის უფლებები”. დავუშვათ ა და ბ დებენ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ბ ვალდებულია ა-ს გადაუხადოს გარკვეული თანხა. ა-ს უჩნდება უფლება ამ თანხაზე, ისევე როგორც ბ-ს ეკისრება საპასუხო ვალდებულება გადაუხადოს ა-ს ეს თანხა. ჰოუფილდმა ამ უფლებას უწოდა უფლება ,,თავისი პირდაპირი (მკაცრი) მნიშვნელობით“, მაგრამ უფრო ხშირად მას უწოდებენ “მოთხოვნის უფლებას”, რამდენადაც იგი ადგენს მოთხოვნას ერთი მხარის მიერ მეორის მიმართ. მოთხოვნის-უფლებები ყოველთვის წარმოადგენენ მოთხოვნებს სხვათა მიმართ, ამიტომ ისინი ყოველთვის არსებობენ ვალდებულებებთან შესაბამისობაში. ვალდებულების გარეშე ამ ტიპის უფლებათა არსებობა წარმოუდგენელია.

2. თავისუფლების უფლებები. წარმოვიდგინოთ, რომ მე ვაცხადებ, რომ მაქვს უფლება ჩავიცვა ისე, როგორც მსურს. აქ ცნება ,,უფლებას“ სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს. მტკიცების ტვირთი აქ არის არა ის, რომ სხვებს ჩემს მიმართ რაღაც ვალდებულება აქვთ (თუმცა ზოგჯერ ესეც დასაშვებია), არამედ ის, რომ მე არაფერს ვაშავებ იმით, რომ ჩემი სურვილის მიხედვით ვიცვამ. მე ვამბობ, რომ თავისუფალი ვარ ჩავიცვა ისე, როგორც მინდა, რადგანაც არ მაქვს ვალდებულება ჩავიცვა ან არ ჩავიცვა რაიმე განსაკუთრებული. ამიტომ ასეთი ტიპის უფლება იხსენიება, როგორც თავისუფლების უფლება.

3. უფლებამოსილებები. ახლა შევხედოთ ანდერძის ან ხმის მიცემის უფლებას. ჩვენ შეგვეძლო ეს განგვესაზღვრა როგორც თავისუფლების უფლება (ადამიანებს არ აქვთ რაიმე ვალდებულება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ან დაწერონ ანდერძი), ან როგორც მოთხოვნის უფლებები (სხვები ვალდებულნი არიან არ შეუშალონ ხელი ანდერძს ან ხმის მიცემას). თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს უფლებები ,,უფლებამოსილებებს“ წარმოადგენენ. მე მაქვს უფლება გავაკეთო ანდერძი იმიტომ, რომ სამართალი ქმნის იურიდიულ პირობებს, რომელიც შესაძლებელს ხდის ქონების გადაცემას ჩემი სიკვდილის შემდეგ. მე მაქვს უფლება მივცე ხმა იმდენად, რამდენადაც სამართლებრივად ,,უფლებამოსილი“, ანუ ,,აღჭურვილი“ ვარ მივცე ხმა არჩევნებში. ის, ვისაც სამართლებრივად ეს უფლება მინიჭებული არ აქვს, არ შეუძლია მისცეს ხმა.

4. იმუნიტეტები. იმუნიტეტის შემთხვევაში მე ვსარგებლობ უფლებით, არ ვიყო სხვისი ძალაუფლების (ხელისუფლების) სუბიექტი, არ ვემორჩილებოდე სხვას. ანუ მე დაცული ვარ სხვისი ძალაუფლებისაგან (ხელისუფლებისაგან). საზოგადოებაში, რომელშიც არ არსებობს სამართლებრივი დებულება განქორწინების შესახებ, პირს აქვს უფლება არ იყოს გაყრილი მეუღლისგან. ამ დროს მეუღლეებს არა აქვთ გაყრის ძალაუფლება (უფლებამოსილება), ანუ პირი სარგებლობს იმუნიტეტით არ იყოს განქორწინებული მეორე მეუღლის სურვილით.

ჰოუფილდი შეეცადა განესაზღვრა თითოეული ტიპის უფლების ზუსტი ხასიათი და გამოყო თითოეული სახის ,,კორელატიური“ და ,,საპირისპირო“ ელემენტები.

0x01 graphic

ჰოუფილდმა უფლება დაახასიათა, როგორც ურთიერთობა ორ მხარეს შორის. იგი თვლიდა, რომ ყოველი ტიპის უფლებისათვის უნდა არსებობდეს კორელატიური ცნება, რომელიც აღწერს მეორე მხარის მდგომარეობას ურთიერთობაში. თუ ა არის უფლების მფლობელი და ბ - მეორე მხარე ურთიერთობაში, როდესაც ა-ს აქვს მოთხოვნის უფლება, ბ- ს აქვს ვალდებულება; როდესაც ა-ს აქვს თავისუფლების უფლება გააკეთოს რაიმე, ბ-ს აქვს ,,არარსებული უფლება“ (ანუ, არავითარი მოთხოვნის უფლება), რომ ა-მ ეს არ გააკეთოს; როდესაც ა-ს აქვს უფლებამოსილება, ბ-ს აქვს პასუხისმგებლობა; როდესაც ა-ს აქვს იმუნიტეტი, ბ-ს აქვს უუნარობა (შეუძლებლობა) ანუ ,,არარსებული უფლებამოსილება“. ჰოუფილდის ,,საპირისპიროები“ უბრალოდ აღწერენ იმ მდგომარეობას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ტიპის უფლებას. სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ სახის უფლებებს, უნდა გავაკეთოთ რამდენიმე ზოგადი ხასიათის შენიშვნა ჰოუფილდის სქემაზე.

პირველ რიგში, ჰოუფილდი თვლიდა, რომ ,,უფლების ცნების ოთხი განსხვავებული გამოყენება გაურკვევლობებს იწვევდა. ამიტომ მან შემოიტანა წინადადება, რომ ,,უფლების ცნების გამოყენება შემოფარგლულიყო ,,მოთხოვნის უფლებებით, ან რასაც იგი თავად უწოდებდა ,,უფლებები პირდაპირი, მკაცრი და ზუსტი მნიშვნელიობით. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების უმეტესობა კვლავაც აღიარებდნენ ,,უფლების ოთხივე ტიპს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ენაში მის გამოყენებას უფრო შეესაბამება ამ ცნების ზოგადი ინტერპრეტაცია. მეორეს მხრივ, ჰოუფილდის ანალიზი ეხება სამართლებრივ უფლებებს და გაურკვეველია შეიძლება თუ არა იგი გამოყენებულ იქნას უფლების ცნების მიმართ არაიურიდიულ კონტექსტში. მეორე მომენტი: შეცდომა იქნებოდა ჩაგვეთვალა, რომ ყოველი გაცხადებული უფლება უნდა მოხვდეს ჰოუფილდის რომელიმე ერთ კატეგორიაში. მე უკვე ვაჩვენე, თუ როგორ შეიძლება ხმის მიცემის უფლება ერთდროულად იყოს უფლებამოსილება, მოთხოვნის უფლება და თავისუფლების უფლება. ამის მსგავსად, თუ მე მაქვს საკუთრების უფლება მანქანაზე, ეს უფლება თავისუფლად შეიძლება წარმოადგენდეს სხვადასხვა ტიპის უფლებების რთულ ამს. ტიპოლოგიურად ეს მოიცავდა:

) მოთხოვნის უფლებებს, რომ სხვებს თავი შეეკავებინათ ჩემი მანქანის დაზიანებისაგან ან მისი ნებართვის გარეშე გამოყენებისაგან,

) ჩემს თავისუფლების უფლებას, როგორც მანქანის მფლობელის უფლებამოსილებას გავყიდო მანქანა ან ნება დავრთო სხვებსისარგებლონ ამ მანქანით, და

) ჩემს იმუნიტეტს გადასცენ მანქანა სხვა პირს ჩემი ნებართვის გარეშე. სხვა სიტყვებით, ერთი უფლება შეიძლება იყოს რამდენიმე ტიპის უფლების ერთობლიობა.

მესამე, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ჰოუფილდი ემყარება იმ ვარაუდს, რომ ყოველი ტიპის უფლება და უფლების ყოველი რეალური მდგომარეობა დაიყვანება იმ ურთიერთობამდე, რომელშიც ორი მონაწილე არსებობს. ლოგიკურად, მან დაასკვნა, რომ ჩვენ გვაქვს იმდენი უფლება, რამდენ ადამიანთანაც გვაქვს ურთიერთობა, რომელთა მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნას უფლებები. ამდენად, თითოეულ ადამიანს აქვს იმდენი უფლება, რამდენი ადამიანიც არის მის გარშემო, რადგან თითოეული სხვა ადამიანი ვალდებულია არ დაარღვიოს მისი უფლებები, არ დაესხას მას თავს. - აქვს ერთი უფლება - მიმართ, ერთი - მიმართ, ერთი - და .. ანუ ჰოუფილდი ხაზს უსვამს იმ მომენტს, რომ ყოველი უფლება განიხილება გარკვეულ პირთა მიმართ. ახლა მოდით უფრო დეტალურად შევხედოთ თითოული ტიპის უფლებას.

მოთხოვნის უფლებები

გქონდეს მოთხოვნის უფლება გულისხმობს რომ, სხვას ან სხვებს შენს მიმართ შესაბამისი ვალდებულება აქვთ. მოთხოვნის უფლება აუცილებლად მიმართულია ერთი პირისა თუ პირების მიმართ, რომლებიც უფლების მფლობელის მიმართ შესატყვისი ვალდებულებით არიან დაკავშირებული. ,,მოთხოვნის უფლების“ შინაარსი მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მათი განსხვავებისათვის არსებობს საკმაოდ პრაქტიკული დაყოფა ,,პოზიტიურ“ და ,,ნეგატიურ“ მოთხოვნის უფლებებად. პოზიტიური მოთხოვნის უფლებები ეხება გარკვეული საქონელს და მომსახურებას. ეს სახელწოდება იმით აიხსნება, რომ გულისხმობს პოზიტიურ პასუხს შესაბამის ვალდებულების მქონე პირთა მხრიდან. მაგალითად, უფლება იყო დაცული, მიიღო კომპენსაცია ან უფლება მიიღო საკეთილდღეო შეღავათები. ნეგატიური მოთხოვნის უფლებებია: ჩაურევლობის უფლებები და ასე იწოდებიან იმიტომ, რომ მოითხოვენ მხოლოდ გარკვეული მოქმედებისაგან თავის შეკავებას, ანუ, სხვათა მხრიდან ნეგატიურ მოქმედებას. მაგალითად, უფლება არ დაგწამონ ცილი, არ დაგესხან თავს, არ წაგართვან კერძო საკუთრება და ა. შ..

მნიშვნელოვანია ასევე უფლებების დაყოფა პირთა წრის (in personam) და ობიექტის, ნივთის (in rem) მიხედვით. მას ხანდახან ,,რელატიურ“ და ,,აბსოლუტურ“ უფლებებად, ან ,,პერსონალურ“ და ,,რეალურ“ უფლებებად დაყოფასაც უწოდებენ. თუმცა, ეს იარლიყები შეიძლება ბევრი ვერაფრით დაგვეხმარონ მათი შინაარსის დადგენისათვის. მარტივად თუ ვიტყვით, უფლება in personam არის უფლება, რომელიც მიმართულია განსაზღვრული პირისა თუ განსაზღვრული ჯგუფის მიმართ, მაშინ, როდესაც, უფლება in rem მიმართულია ადამიანებისაკენ ზოგადად, ანუ აქ იგულისხმება ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. ტიპობრივად პოზიტიური მოთხოვნის უფლებებს შეესაბამება უფლებები in personam, ხოლო ნეგატიურ უფლებებს - უფლებები in rem. უფლება პოზიტიურ საქონელსა ან მომსახურებაზე და შესაბამისი ვალდებულება მიაწოდოს ეს საქონელი თუ მომსახურება, მიმართულია გარკვეული, კონკრეტული ინდივიდებისა ან ინსტიტუტების მიმართ. მაგალითად, უფლება, რომ ნაგავი იყოს შეკრებილი და გატანილი, არის პირის უფლება მიმართული სპეციალური ადგილობრივი ხელისუფლების ან ხელშემკვრელი მხარის მიმართ;მომსახურის უფლება, მიიღოს ანაზღაურება სამუშაოსათვის, არის უფლება მიმართული კონკრეტული დამქირავებლის მიმართ. ამის საპირისპიროდ, ჩაურევლობის უფლება ჩვეულებრივ მიმართულია ზოგადად ადამიანებისაკენ. მაგალითად, უფლება არ დაგესხან თავს ან უფლება არ დაგწამონ ცილი, ჩვეულებრივ, არის უფლება მიმართული ყველა გამვლელისაკენ. ამავე დროს, არსებობენ გამონაკლისები ამ დაწყვილებებისაგან. მაგალითად ,,კეთილი სამარიტელის“ კანონები, ანუ კანონები, რომლებიც ყველას აკისრებს ვალდებულებას, დაეხმაროს უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს, რომლებიც საშინლად გაღატაკებულნი არიან - ეს კანონები ქმნიან პოზიტიურ უფლებებს in rem. პოტენციურად გაღატაკებული პირი ღებულობს უფლებას მიიღოს პოზიტიური დახმარება მსოფლიოსაგან ზოგადად, ანუ პოზიტიური ვალდებულება იქმნება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ. სხვა ტიპის მაგალითი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც სასამართლო ადგენს განაჩენს, რომ პირმა თავი შეიკავოს გარკვეული სახის ქცევისაგან სხვა ინდივიდების მიმართ. ამ დროს ეს სხვა პირი ფლობს ნეგატიურ უფლებას in personam: მის მიმართ არსებობს ჩაურევლობის ვალდებულება კონკრეტული პირის მხრიდან. აქ ნეგატიური უფლება მიმართულია კონკრეტული პირისა თუ პირთა წრის მიმართ.

რამდენადაც მოთხოვნის უფლების ფლობა პირდაპირ უკავშირდება ვალდებულებას, უფლების შინაარსიც მთლიანად დაკავშირებულია ვალდებულების შინაარსთან. განსხვავებული ვალდებულება განსხვავებულ უფლებას გულისხმობს. მაგალითად, უფლებათა მრავალი დეკლარაცია მოიცავს ,,სიცოცხლის უფლებას“. ისინი, ვინც თანხმდებიან იმაზე, რომ ინდივიდები ფლობენ სიცოცლის უფლებას, როგორც ჩანს, ვერ თანხმდებიან, თუ რა ვალდებულებებს მოიცავს ეს უფლება. არის ეს მხოლოდ ის ვალდებულება, რომ ადამიანებმა არ მოკლან სხვები, თუ აქ იგულისხმება ის ვალდებულებაც (რომელიც, ჩვეულებრივ ეკისრებათ სახელმწიფოებს), რომ დაიცვან ადამიანები მკვლელობებისაგან, თუ ასევე იგულისხმება ის ვალდებულება, (კვლავ იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება), რომ მიაწოდოს ადამიანს სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება? თუ არსებობს უთანხმოება ვალდებულებების შესახებ შესაბამისად, უნდა იყოს უთანხმოება უფლების შესახებაც, იმიტომ, რომ უფლება არ იყო მოკლული, სულ სხვა ვალდებულებას გულისხმობს, ვიდრე უფლება დაგიცვან მკვლელობისაგან და ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავდება უფლებისაგან მიიღო სამედიცინო მომსახურება. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის უფლების განსაზღვრისათვის აუცილებელია კორელატიური ვალდებულების განსაზღვრა. უფლებას არ დაგესხან თავს, შეესაბამება ანალოგიური ვალდებულება არ განახორციელონ თავდასხმა, უფლებას იყო დაცული - ვალდებლება დაგიცვან, ხოლო უფლებას მიიღო სამედიცინო დახმარება - ვალდებლება მოგაწოდონ ეს დახმარება. სამივე მათგანი სინამდვილეში განსხვავებული უფლებაა და მათმა აღრევამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

თავისუფლების უფლებები

გქონდეს თავისუფლების უფლება, ნიშნავს იყო თავისუფალი საპირისპირო ვალდებულებისაგან. შესაბამისად, სამართლებრივად მე მაქვს თავისუფლებისუფლება გავაკეთო რაღაც X, თუ არ არსებობს კანონი, რომელიც მე მავალდებულებს საპირისპიროს. ამის მსგავსად, მე მაქვს თავისუფლების-უფლება არ გავაკეთო X თუ არ არსებობს ამის მავალდებულებელი კანონი. ხშირად თავისუფლების უფლებებს მოიხსენიებენ უბრალოდ როგორც ,,თავისუფლებებს“. მათ ,,ნებართვებსაც“ და ,,მოქმედების უფლებებსაც“ უწოდებდნენ. თავად ჰოუფილდი მათ ,,პრივილეგიებს“ უწოდებდა, მაგრამ ეს ტერმინი ცოტა დამაბნეველია და მას თავს ავარიდებთ.

პრინციპში შესაძლებელი იქნებოდა ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობა, რომელშიც ყველაფერი რაც ნებადართული არ არის, აკრძალულია. მაგრამ ჩვეულებრივ სამართლებრივი სისტემები საპირისპირო პრინციპით მუშაობენ: ადამიანებს აქვთ ყველაფრის გაკეთების თავისუფლება, რაც აკრძალული არ არის. სწორედ ამიტომ, ადამიანის თავისუფლების უფლებების ჩამონათვალი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მოთხოვნის უფლებების. ამ ჩამონათვალში შედის ერთდროულად ისეთი უფლებები, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, ჩაატაროს რელიგიური რიტუალი და უფლება დააარსოს ნებისმიერ ადამიანთან ერთად გაერთიანება. ამავე დროს, ეს უფლებები მოიცავენ უფრო ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებსაც, როგორიცაა ადამიანის უფლება აირჩიოს როგორ შეღებოს საკუთარი კარი, აირჩიოს ღებვისათვის ნებისმიერი ზომის ფუნჯი და ა.შ. ადამიანის ყველა მოქმედება, რომელიც არ არის აკრძალული კანონის ძალით, წარმოადგენს სწორედ ჩვენს თავისუფლებებს, თუმცა, ჩვენ იშვიათად ვუწოდებთ მათ უფლებებს, მანამ სანამ ეს უფლებები არ შეილახება. მაგალითად, თუ მე მთხოვენ ჩამოვთვალო ყველა ჩემი უფლება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დავასახელო საკუთარი კარის შეღებვის უფლება, მაგრამ თუ ჩემი მეზობელი საყვედურს მომცემს იმის გამო, რომ კარი ვარდისფრად შევღებე, ვუპასუხებ, რომ სრული უფლება მაქვს რა ფერითაც მინდა, ისე შევღებო ჩემი კარი. არსებობს სტოლჟერის მოსაზრება, რომ თავისუფლების უფლებებს ,,თავდაცვითი უფლებები“ უნდა ვუწოდოთ, რადგან ყველაზე ხშირად მათი გამოყენება სწორედ სხვათა უკმაყოფილებებისა და საყვედურებისაგან თავის დასაცავად გვიწევს.

ზოგადად თავისუფლების - უფლებები არსებობენ იმდენად რამდენადაც არ არსებობს საწინააღმდეგოს დამდგენი ზოგადი წესები და კანონები. მაგრამ ეს უფლებები შეიძლება კონკრეტული ხასიათისაც იყოს. მაგალითად, მე ვფლობ მიწის ნაკვეთს და, შესაბამისად, მაქვს სხვების მიმართ მოთხოვნის უფლება არ გადაკვეთონ ჩემი ტერიტორია ნებართვის გარეშე. მაგრამ თუ მე უარს ვიტყვი ჩემს მოთხოვნის უფლებაზე იმით, რომ თქვენ მოგცემთ უფლებას გადმოკვეთოთ მიწა სათანადო რწმუნების გარეშე, თქვენ უკვე ფლობთ თავისუფლების უფლებას ჩემს მიწაზე, რომელსაც სხვები არ ფლობენ. თავისუფლების უფლებები შეიძლება ასევე გათვალისწინებული იყვენენ კანონის მიერ მინიჭებული თავისუფლებების სახით. ასე, მაგალითად, მე, ჩვეულებრივ, მეკრძალება ძალადობის გამოყენება სხვების მიმართ, მაგრამ თუ თავს დამესხმიან, კანონი მანიჭებს თავისუფლების უფლებას გამოვიყენო ძალა თავდაცვის მიზნით. მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით, თავისუფლების უფლებებს, როგორც წესი, არ უკავშირებენ ვაკდებულებებს. თუ მე მაქვს თავისუფლების უფლება გავაკეთო X, ეს არ გულისხმობს, რომ მე ვალდებული ვარ გავაკეთო X, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ სხვები ვალდებულნი არიან არ შემიშალონ ხელი ამ თავისუფლების განხორციელებაში. განსხვავება თავისუფლების უფლებებსა და ნეგატიური მოთხოვნის უფლებებს შორის ხშირად დამაბნეველია და გაუგებრობებს იწვევს. იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ ეს მომენტი, განვიხილოთ ერთი მაგალითი. ფეხბურთში ყველა მოთამაშეს აქვს ,,უფლება“ გაიტანოს გოლი. ეს უფლება თავისუფლების-უფლებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის წესების თანახმად ყველა მოთამაშე თავისუფალია გაიტანოს გოლი. ეს არ არის მოთხოვნის უფლება. ეს რომ მოთხოვნის უფლება ყოფილიყო, სხვა მოთამეშეებს სავარაუდოდ ექნებოდათ გოლის გაშვების კორელატური ვალდებულება, რაც აბსურდია. ხდება პირიქით: როგორც მოთამაშეს აქვს თავისუფლების-უფლება გაიტანოს გოლი, მის მოწინააღმდეგეებსაც, თამაშის წესების შესაბამისად, აქვთ თავისუფლების უფლება დააბრკოლონ და ხელი შეუშალონ მას გოლის გატანაში. ამდენად, ერთი მოთამაშის თავისუფლების უფლება გაიტანოს გოლი. შეიძლება თანაარსებობდეს სხვათა თავისუფლების უფლებასთან დააბრკოლონ გოლის გატანა.

მოვიტანოთ სხვა მაგალითი, რომელიც თავის დროზე გამოიყენა ჰარტმა. ინგლისური სამართლის თანახმად, მე მაქვს უფლება ვუყურო ჩემს მეზობელს ბაღის ღობის მიღმა, თუმცა არ ვარ ვალდებული ეს გავაკეთო. ეს უბრალოდ თავისუფლების უფლებაა და არ გულისხმობს, რომ ჩემს მეზობელს აქვს კორელატური ვალდებულება იყოს ყურების ობიექტი. თუ იგი გადაწყვეტს, რომ აამაღლოს ბაღის ღობე, რათა თავი აარიდოს ჩემს მზერას, ეს მისი თავისუფლების უფლება იქნება. ამ მაგალითიდანაც კარგად ჩანს, რომ მე შეიძლება მქონდეს თავისუფლების უფლება გავაკეთო რამე ისე, რომ სხვები არ იყვნენ ვალდებული არ დააბრკოლონ ჩემი უფლების განხორციელება. თუ იგივე აზრს ჰოუფილდის სიტყვებით ვიტყვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი ბ-ს არ აქვს მოთხოვნის უფლება, რომ ა ასე არ მოიქცეს, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბ-ს არ აქვს თავისუფლების უფლება დააბრკოლოს ა-ს ქმედება.

საქმეს უფრო ართულებს და ზოგჯერ დაბნეულობასაც იწვევს ის, რომ თავისუფლების უფლებები ხშირად თანაარსებობენ მოთხოვნის უფლებებთან ერთად. მე ვახსენე, რომ ფეხბურთში მოთამაშე თავისუფალია, აქვს თავისუფლების უფლება შეაჩეროს ოპონენტი გოლის გატანისაგან. მაგრამ ამავე დროს, მას არ შეუძლია წააქციოს იგი ან თუ მეკარე არ არის, შეეხოს ბურთს ხელით. ეს ქმედებები აკრძალულია ფეხბურთის წესებით. ამ დონეზე სავარაუდო გოლის გამტანის თავისუფლების უფლება - გაიტანოს გოლი - დაცულია მთელი რიგი მოთხოვნის - უფლებებით - არ იქნას დაბრკოლებული გარკვეული გზით. ამდენად, როგორც ჰარტი ამბობს, თავისუფლების უფლებები ხშირად არსებობს მოთხოვნის უფლებების დამცველ პერიმეტრში. თავისუფლების-უფლება შეიძლება თანაარსებობდეს ორ ან მეტ მოთხოვნის უფლებასთან ერთად, რაც ნაწილობრივ ან მთლიანად ხდის შესაძლებელს მის განხორციელებას. ჰარტი ვარაუდობს, რომ თავისუფლებაზე, როგორც უფლებებზე საუბარი მარტო იმშემთხვევაშია გამართლებული, თუ ისინი ამგვარი დაცვით სარგებლობენ. თუმცა, რეალურად იმდენი კანონი არსებობს ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს დასარეგულირებლად, რომ რთულია აღმოაჩინო ერთი თავისუფლების უფლებაც კი, რომელიც სრულიად დაუცველი იქნება მოთხოვნის უფლებებისაგან.

ყველაზე შიშველი და დაუცველი სახით ეს უფლებები არსებობდნენ ჰობსის მიერ აღწერილ ,,ბუნებით მდგომარეობაში“ ამ დროს არ არსებობდა სამართლებრივი ხელისუფლება, რომელიც აიძულებდა ადმიანებს განეხორციელებინა რაიმე ვალდებულება. შესასამისად, ადამიანები სარგებლობდნენ აბსოლუტური თავისუფლებით, რაც, იმავე დროს, გულისხმობდა, რომ ისინი მოკლებულნი იყვნენ მოთხოვნის უფლებებს, რადგან არავის გააჩნდა რაიმე ვალდებულება. ხშირად თვლიან, რომ რახან თავისუფლების უფლებებს არ შეესაბამება რაიმე ვალდებულება, ისინი უმნიშვნელონი არიან. ეს დიდი შეცდომაა. თავისუფლების უფლება სინამდვილეში გულისხმობს ჩვენს არჩევანს გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ, ვიყოთ თუ არ ვიყოთ, და, თუ გამოკითხვას ჩავატარებთ უფლებების შესახებ, ჩვენ დავინახავთ რომ თავისუფლების- უფლებებს აშკარა პრიორიტეტი ექნებათ მოთხოვნის-უფლებებთან.

უფლებამოსილებები

სამართლებრივი უფლებამოსილება ჩვეულებრივ განიმარტება როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა შეცვალო სამართლებრივი ურთიერთობები და დამოკიდებულებები. ასეთ უფლებამოსილებებს, ჩვეულებრივ, უფლებებს უწოდებენ. ესაა უფლება გააფორმო კონტრაქტი, გაყიდო ან იყიდო საკუთრება, შეადგინო ანდერძი, დაქორწინდე ან გაეყარო, ხმის მიცემის და სასამართლოში ჩივილის უფლება. ამგვარი უფლების მფლობელი სამართლებრივად აღჭურვილია შეცვალოს, ზეგავლენა მოახდინოს გარკვეულ საქმეზე, ოპერაციაზე. თუ იგი ამ უფლებას არ ფლობს, ეს ნიშნავს, რომ მას სამართლებრივად არ შეუძლია განახორციელოს ეს მოქმედება. მაგალითად, რომ არ ყოფილიყო სამართლებრივი დებულებები ანდერძის შედგენის შესახებ, ადამიანები მაინც შეძლებდნენ თავიანთი სურვილების გამოთქმას იმის შესახებ, თუ ვის უნდა დარჩენოდა მათ ქონება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ სამართლებრივად ისინი ვერ შეძლებდნენ უძრავი ქონების გადაცემის უზრუნველყოფას.

უფლებამოსილება, ჩვეულებრივ, ყველა მოქალაქეს გააჩნია. თუმცა, ძალიან ხშირად ისინი ენიჭებათ ზოგიერთ კონკრეტულ ადამიანს და არა სხვებს. ეს მომენტი მნიშვნელოვნად ასხვავებს უფლებამოსილებებს სხვა ტიპის უფლებებისაგან. მოსამართლეს აქვს უფლება უხელმძღვანელოს სასამართლო პროცესს, პარლამენტის წევრს აქვს უფლება კენჭი უყაროს რაიმე კანონს, ექიმს აქვს უფლება გამოუწეროს პაციენტს წამლის რეცეპტი. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, არცერთი ამ უფლებათაგანი არა მაქვს, იმიტომ, რომ არ ვარ სამართლებრივად აღჭურვილი გავაკეთო ის, რასაც ექიმები, მოსამართლეები და პარლამენტარები აკეთებენ. მე შეიძლება გამოვხატო აზრი კანონის შესახებ, მაგრამ თუ შესაბამისი პროცედურით არა ვარ არჩეული საკანონმდებლო ორგანოში, კონსტიტუციურად უუნარო ვარ დავუჭირო ან არ დავუჭირო მხარი ამ კანონს კენჭისყრისას. მე შეიძლება დავწერო ფურცელზე წამლის სახელწოდება, მაგრამ თუ კვალიფიცირებული ექიმი არა ვარ, ეს არ ჩაითვლება სამედიცინო რეცეპტად. იგივე შეიძლება ითქვას უფრო ნაკლებად ექსკლუზიურ უფლებებზე, როგორიცაა ხმის მიცემის ან განქორწინების უფლება. საზოგადოებაში, რომელიც არ ითვალისწინებს განქორწინებას, მე სამართლებრივად აკრძალული კი არ მაქვს გაყრა, არამედ სამართლებრივად მოკლებული ვარ საშუალებას გავეყარო. ასე, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელება შეიძლება იურიდიული დებულების არარსებობამ დააბრკოლოს. ამით უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მოთხოვნისა და თავისუფლების უფლებებისაგან. ტიპობრივად, რა თქმა უნდა, უფლებამოსილებები თანაარსებებენ მათთან. მაგრამ ყველა შემთხვევაში, უფლებამოსილების უფლებების არსებობა დამოკიდებული იქნება უფლებამოსილების დამოუკიდებელ არსებობაზე. მაგალითად, საზოგადოებაში, რომელშიც მე არა მაქვს მინიჭებული უფლება ხმა მივცე არჩევნებში, საკითხი იმის შესახებ ვარ თუ არა თავისუფალი მივცე ხმა ან არიან თუ არა სხვები ვალდებული არ დამაბრკოლონ, უბრალოდ აღარ წარმოიშვება.

ჰოუფილდის სქემაში უფლებამოსილების კორელატიურია პასუხისმგებლობა. იყო პასუხისმგებელი, ნიშნავს ექვემდებარებოდე სხვის უფლებამოსილებას (ძალაუფლებას).

სიტყვის ჩვეულებრივი გამოყენებისაგან განსხვავებით, აქ სიტყვა ,,პასუხისმგლობა” არ მოიცავს რაიმე ტვირთს ან აუცილებლად უარყოფითს. უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სხვისთვის უსარგებლოდ, ისე სასარგებლოდაც, მაგალითად, როდესაც ერთი ადამიანი სხვას ჩუქნის საკუთარ ქონებას.

იმუნიტეტები

ფლობდე იმუნიტეტს, გულისხმობს არ ექვემდებარებოდე სხვის ძალაუფლებას (უფლებამოსილებას). ჰოუფილდის ანალიზში იმუნიტეტებს შეესაბამებათ უფლებამოსილებები, ისევე როგორც მოთხოვნის უფლებებს - თავისუფლების უფლებები. ფლობდე თავისუფლების უფლებას, ნიშნავს იყო თავისუფალი სხვისი მოთხოვნის უფლებისაგან. ფლობდე იმუნიტეტს, ნიშნავს იყო თავისუფალი სხვისი უფლებამოსლებისაგან. ამდენად, იმუნიტეტის საპირისპიროა პასუხუსმგებლობა, ხოლო კორელატივი უუნარობა, ანუ შუძლებლობა: თუ ა ფლობს იმუნიტეტს, ბ-ს აქვს კორელატიური უუნარობა, ანუ არ გააჩნია უფლებამოსილება.

იმუნიტეტების ყველაზე ნათელი მაგალითებია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. მაგალითად, შეერთებული შტატების კონსტიტუცია გარკვეულ საკითხთა წრეს ტოვებს კონგრესის კომპეტენციის მიღმა და ამით იმუნიტეტებს ანიჭებს აშშ-ს მოქალაქეებს ამ საკითხებში. თუ კონგრესი შეეცდება მიიღოს კანონი, რომელიც, უზენაესი სასამართლოს აზრით, იჭრება ამ იმუნიტეტების სფეროში, ეს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება. იგი დაკარგავს ძალას იმიტომ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება გადააჭარბებს იმ საზღვრებს, რომლებსაც მას კონსტიტუცია ანიჭებს. ამდენად, ამერიკის მოქალაქეები გარკვეული უფლებებით, როგორიცაა სიტყვის, პრესის, რელიგიის და თავისუფლად შეკრების თავისუფლება, სარგებლობენ ჩამოყალიბებული კონსტიტუციური იმუნიტეტების სახით. თუმცა, იმუნიტეტები შეიძლება უფრო პატარა მნიშვნელობის უფლებებსაც მოიცავდნენ. თუ მე ვფლობ ქონებას და, შესაბამისად, უფლებამოსილებას გავყიდო იგი, მე ასევე მაქვს უფლება (რაც არის იმუნიტეტი), რომ იგი არ გაიყიდოს სხვის მიერ. ისეთ საზოგადოებაში, როგორიცაა ირლანდია, სადაც ბოლო დრომდე არ არსებობდა სამართლებრივი დებულება განქორწინების შესახებ, ადამიანები მოკლებულნი იყვნენ განქორწინების უფლებას, მაგრამ ამავე დროს ისინი სარგებლობდნენ უფლებით არ განქორწინებულიყვნენ, ანუ სარგებლობდნენ გაყრისაგან იმუნიტეტით მათი პარტნიორთა მხრიდან.

იმუნიტეტები, თავისუფლებების მსგავსად, არსებობენ იმდენად, რამდენადაც არ არსებობენ საპასუხო უფლებამოსილებები. ამიტომ, ისევე როგორც თავისუფლებები, ისინი ღია კატეგორიას წარმოადგენენ, ანუ არ ამოიწურებიან რაიმე კონკრეტული ჩამონათვალით. ზუსტად ისე, როგორც ჩემი თავისუფლებები მოიცავენ ყველაფერ იმას, რაც კანონით აკრძალული არ არის, ჩემი იმუნიტეტები მოიცავენ ყველა იმ საკითხს, რომელშიც მე არ ვექვემდებარები სხვის უფლებამოსილებას. ისევე როგორც თავისუფლებების შემთხვევაში, იმუნიტეტებსაც, ჩვეულებრივ, არ მოვიაზრებთ უფლებებად, მანამ სანამ სხვა არ შეეცდება გაგვაკეთებინოს რაიმე, რისი უფლებაც მას არა აქვს. ჰოუფილდის ანალიზი გვაჩვენებს, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უფლებებზე, ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, თუ რა ტიპის უფლებაა ეს. არის ეს მითხოვნის უფლება, თავისუფლების უფლება. უფლებამოსილება, იმუნიტეტი, ან მათი რაიმე კომბინაცია? განსხვავებული უფლებები განსხვავებულ მნიშვნელობებს გულისხმობს და როდესაც ჩვენ განვიხილავთ ისეთ უფლებებს, როგორიცაა მუშაობის უფლება, გაფიცვის უფლება, ან თვითგამორკვევის, თვითრეალიზაციის უფლება, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ფორმის უფლებებად მოვიაზრებთ ჩვენ მათ. თუმცა, თითოეული მათგანი მაინც ერთი გენის სხვადასხვა სახესხვაობას წარმოადგენს. ჰოუფილდის ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთისაგან განვასხვავოთ განსხვავებული ფორმის უფლებები, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი გვაქვს, თუ რა აქვთ მათ ერთმანეთში საერთო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში