![]() |
ცხელი შოკოლადი №24 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბაბუაძე თამარ, კორძაია-სამადაშვილი ანა, სადღობელაშვილი ქეთი, კიკალეიშვილი სალომე, ლომაძე ნინო, დეხრავე ინგრიდ, ძანძავა ნინო, სუხიშვილი თამარ, გვახარია გიორგი, ყრუაშვილი ირა, მორჩილაძე აკა, ტურაშვილი დათო |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გარეკანზე: გოგი ალექსი-მესხიშვილი ფოტო: დავით მესხი ვიზაჟი: ანუკა მურვანიძე, სტუდია „გრიმ-მასკა“ ინტერიერი: შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი თებერვალი მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი ნინო სლეპჩენკო რედაქტორ-სტილისტი გაგა ლომიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე თამარ სუხიშვილი, ირა ყრუაშვილი, ნინო ლომაძე, ქეთი სადღობელაშვილი, ნინო ძანძავა ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე ნიკო ტარიელაშვილი, ბესო უზნაძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი, მამუკა ტყეშელაშვილი დიზაინი დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე რეკლამა გვანცა გუშარაშვილი, ნესტან ავალიანი დისტრიბუცია რატი ლორთქიფანიძე გამომცემელი M-publishing „ცხელი შოკოლადი“ „კინო-ცხელი შოკოლადი“ „ოზონი“ „დიალოგი“ შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲back to top |
ჩემმა 15 წლის დამ, სალომემ, მისთვის დამახასიათებელი კატეგორიულობით, გამკიცხა: „არ მომწონს შენი სვეტები. რა არის ეს „ამას ნახავთ, იმას ნახავთ ჟურნალში“ რომ გვიყვები?! მაგას ხომ მკითხველი სარჩევშიც ამოიკითხავს. შენ რამე სხვა დაწერე, ან შენს თავზე, ან სხვა ახალი და საინტერესო ამბები მოგვიყევი. გაიგეე?!“ სალომესთან თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა (გიცდიათ ოდესმე 15 წლის ადამიანის გადარწმუნება?!), ამიტომ პირობა მივეცი, შენი ხათრით, შემდეგ ნომერში, სწორედ ესე მოვიქცევი-მეთქი. ეამა. თან ძალიან.
პირობა პირობაა! მაგრამ, მართლა მგონია, რომ რაც ახალი და საინტერესო ვიცი, ყველაფერს „ცხელი შოკოლადი“ გიყვებათ (თან რა მაგარ ამბებს, რომ იცოდეთ? მე ვერ გიყვებით, პირობა მაქვს დადებული, მაგრამ აუცილებლად დაწვრილებით გაეცანით სარჩევს, და მერე ჟურნალს!)
ჰოდა, იმას გეუბნებოდით რომ, შემეყარა რაღაც უსაშველო გრიპის ვირუსი (და იმედია არა ფილტვების ანთება), 40 გრადუსიანი სიცხეებით, გულის წასვლებით, ხველებით და მოკლედ, თავმოყვარე ვირუსისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტიკით. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ძვირფასს ჟურნალს სტამბაში მიეჩქარებოდა და საქმე თავზე საყრელად გვქონდა, რედაქციას და შვილებს დავემშვიდობე და მოსავლელად, დედას ჩავბარდი. მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ „нет худа, без добра“-ო, ხომ გაგიგიათ? ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა! ჰოდა, რამდენიმე ისეთი კარგი საქმე ჩავიდინე, რისთვისაც სხვა დროს ვერ მოვიცლიდი.
სიამაყით გადავათვალიერე ჩემი ბიბლიოთეკა და თქვენთანაც უნდა მოვიწონო თავი. წიგნების დიდი ნაწილი ფანქრით გაკეთებული ჩანაწერებით არის აჭრელებული, ესე იგი, ეს ის წიგნებია, რომლებიც ნასწავლი მაქვს, ან რამდენჯერმე გადაკითხული. სრული ჟანრობრივი მრავალფეროვნებაა - პოლიტოლოგია, ეკონომიკა, კულტუროლოგია, კულტურული ანთროპოლოგია, ფოტოგრაფია, ისტორია, ანატომია, მათემატიკა, ლიტერატურა, ნაშრომები სხვადასხვა სოციალურ მეცნიერებებში. მოკლედ, რა ჩამოთვლის ჩემი უგზო-უკვლო განათლების ყველა მიმართულებას. მაგრამ ამ იზოლირების ჟამს აღმოვაჩინე, რომ ბევრი წიგნი მიყიდია, თაროზე შემომიდია და მისი წაკითხვა აღარც კი გამხსენებია. მაგალითად, კაფკას 50 გვერდიანი „მეტამორფოზა“ და მისივე „მამისთვის მიწერილი წერილები“. (არადა, როგორ მიყვარს წერილების და დღიურების კითხვა!) ვირჯინია ვულფის „ტალღებიც“ მიმვიწყებია, მიუხედავად იმისა, რომ ისიც კი მახოვს ჩემი საუნივერსიტეტო ქალაქის რომელ მაღაზიაში ვიყიდე ეს წიგნი. მარგარეტ უორსენერის მოთხრობები, ფუკუიამას ახალი ესეების კრებული. და ყველაზე სამარცხვინო ამბავი - წიგნის ბაზრობაზე შეძენილი აკა მორჩილაძის „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“, რომელიც ჩვენს ბევრ ერთგულ მკითხველს მწერლის ავტოგრაფით ხვდა საჩუქრად, არც კი გამიხსნია. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ერთ აღსარებად კმარა.
დავიწყე ამ წიგნების გადმოღება და კითხვა. ვკითხულობ და ვნეტარებ, დროებით მაინც. და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩემი ყველაზე დიდი „უძრავი ქონება“ ეს მტვერდადებული წიგნების თაროებია.
თქვენც რომ გრიპის ვირუსს არ დაელოდოთ იმისათვის, რომ წიგნის თარომდე მიხვიდეთ, ლიტერატურა „ცხელ შოკოლადში“ დაგხვდებათ, თან დიდი დოზით, თან მალხაზ ხარბედიასთან და ყველა იმ ავტორთან ერთად, ვინც წერს ლიტერატურას, უყვარს ლიტერატურა და ფიქრობს ლიტერატურაზე.
ჰა, სალომე, როგორია?!
(მგონი ბოლოში პირობა მაინც დავარღვიე, არა?!)
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲back to top |
თამარ ბაბუაძე
არასდროს მდომებია, ვყოფილიყავი შონ პენი. მაგრამ სიღნაღში თავი ზუსტადაც რომ შონ პენი მეგონა, ოღონდ აი, იმ ფილმში U-Turn-ი, ანუ „მოსახვევი“ რომ ჰქვია. სიღნაღი კი ზუსტად ის ქალაქი მეგონა, შონ პენის გმირი რომ ჩარჩება და გაიჭედება...
არა, მართლა არ ვიცი, არსებობს თუ არა საქართველოში კიდევ უფრო ლამაზი და უცნაური ქალაქი, ვიდრე სიღნაღია. ამ უცნაურობის მთავარი მიზეზი ორმაგი რეალობის განცდაა, რომელიც ამ ქალაქს დაუსრულებლად მოაქვს. ორმაგი რეალობის მთავარი მიზეზი კი, ერთი მხრივ, საბჭოური ნარჩენებისა და ძველთბილისური არქიტექტურის ნაზავია; მეორე მხრივ კი - სიღნაღის უცხოელი მკვიდრი ჯონ უერდმანი და მექსიკური რესტორანი. აქ თავს მუდამ დაბნეულად იგრძნობთ: აბა, სხვა რა მოგივათ, თუ ქიზიყელების ქეიფში ამერიკელი თამადა გეყოლებათ, საღამოს ყავის დალევას კი „პანჩო ვილაში“ შემოგთავაზებენ - სიღნაღის ძველ უბანში, ერთ ძველ სახლში მოწყობილ მექსიკურ რესტორანში...
ეს უცნაურობის განცდა განსაკუთრებით შებინდების მერე გაგიმძაფრდებათ, როცა კავკასიონს გრძელ, თეთრ ზოლად ღამის სიბნელეშიც გაარჩევთ, ქვევით ალაზნის ველი აბრჭყვიალდება, თვითონ მძინარე და მდუმარე ქალაქში კი ჩქამსაც ვერ გაიგებთ. ამ სიჩუმეში თქვენი ფეხის ხმაც საშინელ ხმაურად მოგეჩვენებათ და ფანტაზიები მერე ნახეთ. სიღნაღის ცარიელ ქუჩებში სეირნობისას ყველაფერი შეიძლება მოგელანდოთ: „კუკლუქს კლანის“ მაშხლებიანი პროცესიაც და კუთხეში, ხალიჩაზე ფეხმორთხმული კახელი მეგარმონეც, ჯოკონდას დაუდგენელი ხასიათის ღიმილიც და საშოვარზე გამოსული ვარდისფერი პანტერაც.
გგონიათ, გადავაჭარბე? ჩადით სიღნაღში და თავად ნახავთ. ხოლო თუ ასეც მოიქცევით, აუცილებლად მომიკითხეთ ჯონი - ძალიან საინტერესო და სიმპათიური ადამიანი, რომელიც უკვე ათი წელია სიღნაღში ცხოვრობს და მე მას რამდენიმე გვერდის იქეთ საფუძვლიანად გაგაცნობთ.
ასე რომ, შეხვედრამდე! სიღნაღში!
ანა კორძაია-სამადაშვილი
სალამი და პატივისცემა. დავბრუნდი. რაღა დაგიმალოთ, სულ არ მომეჩქარებოდა - სამოთხეებში ვიყავი.
ვიყავი იქ, სადაც მუხლამდე თოვლი დევს და ღამით ხეები ყინვისგან ჭრიალებენ. ვიყავი სახლებში, რომლებსაც ნაკელის აგურებით ათბობენ და ქალები ყოველ გაზაფხულზე ხელახლა ღებავენ ცისფერი საღებავით. ვიყავი იქ, სადაც საქართველოს საგანძურია დაცული, მთასთან, რომლისკენ მიმავალ ყველა გზაზეც ოდესღაც ციხე-კოშკები იდგა. იმ მხარეებში უცნაური სასმელი დავლიე, უმალვე დიდ ღუმელზე ასვლა და გამოძინება რომ მომანდომა, და ერთი კვირის თავზე თოვლის ვარდნის ხმაც ვისმინე - უცებ ჩამოცვივდა ხიდან, კაცმა არ იცის, რატომ. იქ მეგონა, რომ მთელი სამყარო ჩემს ხელთაა და კარგი იყო, თან ძალიან. მაგრამ რა გაეწყობა - ჩამოვედი და ამბებს გიამბობთ, იმის იმედად, რომ კვლავ სადმე წავალ, თქვენ კი ერთ დღეს ჩემი თვალით ყურება ძალიან მოგბეზრდებათ და თავად გაუდგებით გრძელ გზას.
„- ყური მიგდე, პეპი, - თქვა ტომიმ, - შობამ ხომ რახანია, ჩაიარა.
- მერე რა, - უპასუხა პეპიმ, - უბრალოდ, ჩემი ვილა ოდნავ ჩამორჩა, ძველი საათივით. მესაათეს უნდა მივუტანო, ზამბარა გამოუცვალოს, თორემ კიდევ უფრო ჩამორჩება.
- რა კარგია, რომ დრო ჩამორჩა, - თქვა ანიკამ.“
ეს, ცხადია, ჩემი ნაამბობი არაა, ასტრიდ ლინდგრენმა დაწერა. უბრალოდ, ტომი და ანიკასი არ იყოს, ძალიან მიხარია, რომ ჩემს სამშობლოში დრო ამცდარია და ისე მიდის, როგორც მოეპრიანება. სხვაგვარად ვერც შობას ვიზეიმებდი და ვერც ახალ წელს. ძალიან მიხარია, რომ ბესო უზნაძე და გიორგი ბანძელაძე ჩემი მეგობრები არიან. სხვაგვარად ვერც ჯავახეთში მოვხვდებოდი და ვერც ლეჩხუმში.
რაც წელი დაიწყო, სულ ბედნიერი ქალი ვარ. ვეცადე, ჩემი ბედნიერება თქვენთვისაც გამეზიარებინა. იქ, სადაც ვიყავი, სულ სიკეთეს მისურვებდნენ. ამასვე გისურვებთ თქვენც.
ქეთი სადღობელაშვილი
ვერ ვიტან ამ საავტორო სვეტის წერას. რა უნდა ვთქვა, დავიწყო პათეტიკურად და სნობურიც გავურიო? - ოოო! ისე ვღელავდი გოგი მესხიშვილთან შეხვედრისას? ის ხომ ყველას არ აჯილდოებს თავისი ყურადღებით. თუ მორალისტური დავიჭირო - მაინც რა არის ეს ქართული ხასიათი! ორჯერ ჩამეშალა დისკუსია, რადგან გამოახალწლევებული ქართველების 80%25 ალკოჰოლური ინტოქსიკაციით იყო დაცემული. ან იქნებ, ინფანტილიზმს მივმართო - ვაიმეე, რა კარგია, როცა ჩვენი ჟურნალის რედაქციაში ნაცნობ სახეებს ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ მაინც ვხვდები.
საავტოროც, სათავისოც და სასხვისოც იმ ორ მასალაშია თავმოყრილი, რომელიც ამ ნომერში იბეჭდება, სვეტიც ეგ არის და ბოძიც.
არა, არა, სვეტი მინდაო - მოითხოვს რედაქტორი. მოვითხოვო, ასე თქვა. სვეტი არა, ისა!
![]() |
3 შოკოლადი გირჩევთ |
▲back to top |
ხე
ძველი ბერძნები ჰყვებოდნენ, რომ მათ, ვინც ხეებს რგავენ და უვლიან, განსაკუთრებული სულები მფარველობენ - დრიადები. დრიადები უკვდავები არიან, და როგორც ყველა უკვდავს, ერთობ ჭირვეული ზნე აქვთ: თუ გადაწყვიტეს, რომ ხეებს ერჩით, აუცილებლად გადაგემტერებიან, და მათი მტრობა ცუდი ამბავია.
სახელი „გამადრიადა“ ორი ძველ-ბერძნული სიტყვისგან შედგება: „ერთად“ და „მუხა“. მუხის სულები, საოცარი საზოგადოება. დრიადებისგან განსხვავებით, გამადრიადები მოკვდავები არიან: ისინი ხესთან ერთად იბადებიან და კვდებიან.
როცა ვინმე ერისიქტონმა დემეტრას ტყეში მუხის მოჭრა ბრძანა, ტოტები გაფითრდა და ხიდან სისხლმა დაიწყო ჟონვა. ეს გამადრიადას სისხლი იყო. სიკვდილის წინ მან წმინდა ხის შეურაცხმყოფელი დაწყევლა: ის მარად მშიერი იქნებოდა, ვერასოდეს დანაყრდებოდა. რა დღე დაადგა ერისიქტონს! იმდენს ჭამდა, რომ დედამისს მისი ხალხში გამოჩენისა რცხვენოდა. ერისიქტონმა ყველაფერი ჩასანსლა, რაც კი სახლში მოიპოვებოდა, შეჭამა ჯორები, ძროხა, შეჭამა საბრძოლო ცხენი, კატა, მერე მათხოვრობა დაიწყო, მერე იქამდე მივიდა, რომ საკუთარი ქალიშვილი გაყიდა საჭმლის შესაძენი ფულის საშოვნელად, და საბოლოოდ საკუთარი სხეულიც შეახრამუნა. დრიადებთან ხუმრობა არ ვარგა.
. . .
ლეჩხუმში, სოფელ დერჩში, რომელსაც ასე რატომ ჰქვია, მაინც ვერ გავიგე, - მასპინძლები, ბანძელაძეები, დაუზარლად ერთობოდნენ ჩემს კითხვაზე, მამამ, სოსომ მითხრა, იტალიური „არივედერჩის“ ამბავიაო, ვაჟმა, გიორგიმ კი ბრძანა, ლეჩხუმში „დარჩის“ ნაცვლად „დერჩის“ ამბობენო - ასე თუ ისე, ამ სოფელში დგას მუხა.
ის ძალიან ბევრი წლისაა, რამდენისა - ეს არავინ იცის. სულ მცირე, სამ საუკუნეზეა ლაპარაკი. მექი ასათიანმაც კი არ იცოდა, ვინ და როდის დარგო, არადა, იმ კაცმა ბევრი რამ იცოდა, მუხა კი მთლად მის ეზოში იდგა, მისი მუხა იყო. შეიძლება, თქვენც იცით ეს ხე: „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ნანახი გაქვთ? ხომ გახსოვთ ის სცენა, აკაკის სავარძლით რომ მუხის გარშემო დაატარებენ? აი, სწორედ იმ მუხაზეა საუბარი.
ეს ხე აღარაა, უფრო კიოლნის კათედრალს ჰგავს. იწყება და არ მთავრდება. მის ფესვებში ალბათ მთელი სამყაროა ჩაბუდებული. მის შესახებ მე ვერაფერს გიამბობთ, თავად უნდა ნახოთ. შესაძლოა, არ გაღელვებთ ქარი ხაბარულა, რომელიც მხოლოდ ამ სოფელში უბერავს ხოლმე ალიონზე, იმის ნიშნად, რომ კარგი დარი იქნება; ვინ იცის, არც ღრმა ხეობები გიზიდავთ, არც ხვამლის მთა გაინტერესებთ და არც ის, თუ როგორია საქართველოს ოთხი კუთხის გზასაყარი - აბა, რა გითხრათ, ხალხი ჭრელია… მაგრამ მუხა! მის გამო ნამდვილად ღირს დერჩში ასვლა.
მგონი დიდად არ ტყუოდა ჩემი მასპინძელი: „დერჩი“ „დარჩის“ ნიშნავს. მგონი ამ გამადრიადამ ჩემი სულის ნაწილი წაიღო და მხოლოდ იქ ვიქნები მთლიანი, სადაც დიდი მუხა დგას. და ასე დავრჩი დერჩში, იქაურ გამადრიადაზე შეყვარებული.
„ცხელი შოკოლადი“ და მე, თქვენი მონა-მორჩილი, გირჩევთ: იმოგზაურეთ! ნახეთ ლეჩხუმი! ეგებ თქვენც დარჩეთ დერჩში…
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ნიკოლოზ ბახტაძე
„გალობანი სინანულისანი“
იცით „საავტორო სტუდიის“ არსებობის შესახებ? და მისი გამოცემული ცდების შესახებ? არა? კარგი, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით. მაგალითად, სხედხართ სახლში, თქვენი შვილი ტვინს გიბურღავთ და ოცნებობთ, რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ ეს ბავშვი გაჩუმდეს? გეტყვით რაც. აიღოთ და ჩაურთოთ cd - „ტელეფონით მოყოლილი ამბები“, სადაც ჯანი როდარის ზღაპრებია შესული, ანდა „ხუთკუნჭულა და ზღაპრები“, რომელიც სულ ცოტა ხანში, წიგნის და cd-ს სახით გამოვა. თქვენი ბავშვების არ ვიცი, მაგრამ თუ ცოტა დიდი ხართ და სკოლაში ჰაგიოგრაფიაზე გადახვედით, მაშინ აბოს, შუშანიკის და ხანძთელის ცხოვრებას შეგიძლიათ მოუსმინოთ ისევ cd-ზე. ან... ან ილიას „აჩრდილს“ თუ აკაკის „გამზრდელს“, რომელსაც თამარ გეგეჭკორი, ანა მირიანაშვილი და ვაკო კირკიტაძე კითხულობენ. მოკლედ, არჩევანი უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ერთ კვირაში კი, „საავტორო სტუდია“ და ამ ყველაფრის ერთ-ერთი ავტორი, ნინო ჯანჯღავა დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ საგუნდო ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ავტორმა ბგერის თეატრის მსახიობებთან ერთად ჩაწერა. ჰო, კიდევ იმას ამბობენ, რამდენიმე თვეში სოსო ნემსაძე კინომსახიობთა თეატრში „გალობანი სინანულისანის“ სცენაზე დადგმას აპირებსო. ასე რომ, ხომ ხედავთ, წინ უამრავი საინტერესო რამ გელით!
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
![]() |
4 კულტ-მიმოხილვა |
▲back to top |
XXV კადრი
ერთი ფოტოკონკურსის შესახებ გიამბობთ. კონკურსი, სახელად „XXV კადრი“, „ცხელი შოკოლადის“, ფოტოსამყაროსა და „რონიკოს“ მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, 40-ამდე მოყვარულმა ფოტოგრაფმა მიიღო. სტუდენტების 140-ამდე ნამუშევარი 16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა.
კონკურსის ჟიური კი „ცხელი შოკოლადის“ რედაქცია გახლდათ და გამარჯვებულებიც, 17 იანვარს სწორედ რედაქციამ დაასახელა.
ესენი არიან; პირველი ადგილის მფლობელი ალექსანდრე ნებულიშვილი, ფოტოთი „ჰიპები“. მეორე ადგილი - თაკო ბენიძე, რომლის პორტრეტმაც ასევე მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა. მესამე ადგილის მფლობელი კი მარიამ გაბათაშვილი გახლავთ.
პირველი სამი ადგილის მფლობელებს კონკურსის სპონსორებისაგან საჩუქრები გადაეცათ; ალექსანდრე ნებულიშვილს „რონიკოსაგან“ სათვალე ერგო, ფოტოსამყაროსაგან სამივემ მომსახურების 30%25-იანი ფასდაკლების ბარათი მიიღო, „ცხელი შოკოლადის“ საჩუქარი კი სწორედ ეს არის: მათი ნამუშევრები პირველად აქ ქვეყნდება. P.S. თუ გნებავთ კონკურსის ყველა მონაწილის ნამუშევარი ნახოთ, შემდეგ ელექტრონულ მისამართებს ეწვიეთ: www.shokoladi.ge; www.photocenter.ge; www.tsu.edu.ge, თავად ნახეთ. იქნებ ღირდა მონაწილეობა თქვენც მიგეღოთ, ვინ იცის, შეიძლება გაგემარჯვათ კიდეც.
ნინო ლომაძე
I ადგილი
II ადგილი
III ადგილი
ფერადი წარსული
თი-ბი-სი ბანკის სათავო ოფისი18 იანვარი. 18:00
ამ ფოტოებს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის 1909-15 წლებში, ვინმე სერგეი პროკუდინ-გორსკის მიერ, საქართველოში მოგზაურობისას არის გადაღებული. პროფესიით ქიმიკოსმა, მთელი თავისი კარიერა ფოტოგრაფიის განვითარებას მიუძღვნა. მან გადაღების საკუთარი მეთოდიც კი შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც ფოტო არა შავ-თეთრი, არამედ ფერადი გამოდიოდა. გადაღებისას სერგეი ლურჯ, წითელ და მწვანე ფილტრებს იყენებდა. ამის შედეგად მიღებულ სამ შავ-თეთრ ნეგატივს ერთ შუშის ფირფიტაზე ათავსებდა და „ჯადოსნური პროექტორის“ მეშვეობით, ფოტოზე ფერებს აცოცხლებდა. ეს ყველაფერი კი ზუსტად ერთი საუკუნის წინ ხდებოდა. სწორედ ამიტომაცაა, რომ როდესაც მის ფოტოებს ათვალიერებ, ზოგჯერ ფერის ხელოვნურობა გჭრის თვალს და ზოგჯერ შეჩერებული, ფერადი წარსულის ყურებით, საუკუნის დროინდელი სახეების თვალიერებას მოყავხარ აღტაცებაში.
ამ ფოტოგამოფენაზე - „ფერადი წარსული: სერგეი პროკუდინ-გორსკის 100 ფოტო“, რომელიც საქართველოს მინისა და მინერალური წყლის კომპანიის და თბილისში აშშ-ს სალჩოს მიერ არის ორგანიზებული, წარმოდგენილია ცაიშის (დარეჯანისეული) ხელნაწერები (XII-XVII საუკუნე); მათეს და მარკოზის სახარების (დარეჯანისეული) ხელნაწერები (XII საუკუნე). დაბოლოს, ეს იყო გამოფენა, რომლის გამოტოვება ნამდვილად არ ღირდა!
პრეზენტაცია
თი-ბი-სი ბანკის სათავო ოფისი
27 დეკემბერი. 18:00
თი-ბი-სის სათავო ოფისში კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის CD-ს, DVD-ს და ნოტების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბატონ ბიძინას შვილის, გოგი კვერნაძის ფერწერული ტილოებიც იქნა გამოფენილი. ცნობილი ქართველი კომპოზიტორისთვის ეს პირველი CD-ია, სადაც ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით შესრულებული კომპოზიტორის სიმფონიური მუსიკაა შესული. DVD-ში, კინომასალასთან ერთად მოისმენთ კომპოზიტორის საკონცერტო მელოდიებს, რომელთაც სხვადასხვა შემსრულებლები ასრულებენ. რაც შეეხება ნოტების კრებულს, რომელიც კულტურის სამინისტროს მეშვეობით გამოიცა, ბიძინა კვერნაძის 22 სასიმღერო ლირიკაა შესული. CD-ს და DVD-ს გია ყანჩელის სიტყვები აქვს წამძღვარებული.
მედეა
კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი
15 იანვარი. 18:00
მას ხან ციდან მოვლენილ ანგელოზს ეძახდნენ და ხან ღვთისნიერ პრინცესას, ხან ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას და ხან - ქართული კინოს სიამაყეს. მედეა ჯაფარიძეს - უმშვენიერეს, ნიჭით და სიკეთით აღსავსე ადამიანს ხომ ამდენმა პოეტმა უძღვნა ლექსი.
„მედეა შემოქმედია,
მიზეზთა უმიზეზოსი,
მოხიბლა იაპონია,
ნაგასაკი და ხესოსი,
მედეა მართლაც ბედია
თაბუკაშვილი რეზოსი...“
- ექსპრომტად უთქვამს გოგლა ლეონიძეს იაპონიიდან დაბრუნებული მედეასთვის, 1964 წელს, ერთერთ საღამოზე.
მისი სცენური სახეები - ჯულიეტასი, კლეოპატრასი თუ ცელქი გოგონა ჭრიჭინასი - უცნობია ჩემთვის და ჩემი თაობისთვის. თუმცა მის კინოროლებზე თაობები გაიზარდნენ და ფილმში „ქეთო და კოტე“ მის განუმეორებელ სილამაზეს დღესაც იგივე აღტაცებაში მოჰყავს ახალგაზრდა თაობა, როგორც მაშინ, 1948 წელს; ან თუნდაც „ბატი ტასიკოს თავგადასავალი“ რად ღირს, რომლის ანიმაციურ გმირს მისმა ხმამ გასაოცარი კოლორიტი შემატა?!
15 იანვარს, მარჯანიშვილის თეატრში, სწორედ იქ, სადაც მედეა ჯაფარიძეს უკანასკნელად დაემშვიდობა მთელი მაშინდელი საზოგადოება, მედეასადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა; სადაც ამ დღეს ზაფხულში გამოცემული წიგნის „მედეა ჯაფარიძე“ პრეზენტაცია და, თუ შეიძლება სიმბოლურად ასე დავარქვა, მედეას ცხოვრების პიესის ჩვენება გაიმართა. ოდესღაც ზაზა სიამაშვილს დიქტოფონზე ჩაუწერია მედეას მონაყოლი საკუთარ ცხოვრებაზე. სწორედ ეს მასალა დაამუშავეს მედეა და ლაშა თაბუკაშვილებმა (პიესა წიგნში, სხვადასხვა წერილებთან და მოგონებებთან ერთადაა შესული) და სცენაზე გია ბურჯანაძემ და ნანი ჩიქვინიძემ საოცარი სითბოთი გააცოცხლეს.
3 წელი ბალეტში
საგამოფენო დარბაზი „ქარვასლა“. 16 იანვარი. 18:00
ქართული საბალეტო დასის ცხოვრებაში, სამი წლის წინ, ბევრი რამ შეიცვალა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი დანიშნეს. ნინოს ძალისხმევით, თეატრის დასს სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილი წამყვანი მოცეკვავეები დაუბრუნდნენ; ქართულ დასთან არაერთმა გამოჩენილმა ქორეოგრაფმა თუ ბალეტმაისტერმა იმუშავა: ფრენკ ანდერსონი (დანიის სამეფო ბალეტი), მიხეილ ლავროვსკი, მარგარეტ ბარბიერი (კოვენტ გარდენის თეატრი), არაერთი საინტერესო საბალეტო დადგმის აღდგენით, თეატრის რეპერტუარი საგრძნობლად გაიზარდა და რაც მთავარია, თეატრის შენობასთან გასულს, დღეს ხომ ამდენი ახალი დადგმის მაუწყებელი აფიშა გხვდებათ.
ერთია შედეგი, ანუ ის, რაც თეატრში მისულ მაყურებელს ხვდება და მეორე - დაუღალავი, ურთულესი მუშაობის პროცესი, რაც დასის თითოეული წევრის და მათი რეპეტიტორების ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამ ყველაფრის, ანუ თეატრის სამწლიანი ცხოვრების ამსახველი ფოტოკადრები: სამუშაო პროცესი, სცენაზე გასვლამდე კულისებში სულგანაბული მოლოდინი, პრემიერები, რეპეტიციები, მოწვეულ ბალეტმაისტერებთან მუშაობა, დღის ბოლოსკენ, გადაღლილი სახეები და სხეულები - ფოტოგრაფ ლადო ვაჩნაძის 200-მდე შავ-თეთრ და ფერად ფოტოზეა წარმოდგენილი. ბალანჩინის ქორეოგრაფიების, „შოპენიანას“, „რომეო და ჯულიეტას“, დადგმების - „სიზმრები იაპონიაზე“ და „წამი გარდასახვამდე“ თუ სხვათა ამსახველ კადრებს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა „ქარვასლაში“.
დამთვალიერებელმა ლადო ვაჩნაძის მიერ შექმნილი დოკუმენტური მასალით, ამ ფოტო-ისტორიით, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაინახა თეატრის დასის სამწლიანი, დაუღალავი შრომის ამსახველი კადრები.
კიდევ ერთხელ სერგოზე
9 იანვარი. 18:00
მისი ცხოვრება მართლაც რომ ერთი დიდი, დაუჯერებელი ამბავივითაა, სადაც აბსურდი და ტრაგიზმი ერთ დიდ მთლიანობად იქცევა; სადაც მისი კინო ახალ კინოესთეტიკას ქმნის და თუნდაც ერთხელ ნანახი „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ სამუდამოდ გებეჭდება მეხსიერებაში. 9 იანვარს, სერგო ფარაჯანოვს 83 წელი შეუსრულდებოდა. უკვე 11 წელია, რაც ფარაჯანოვის ფონდის თავმჯდომარე, მანანა ჭყონია ყოველ 9 იანვარს მოკრძალებულ საღამოებს მართავს, სადაც მისი მეგობრები იკრიბებიან და კიდევ ერთხელ იხსენებენ მეზღაპრე სერგოს. სწორედ ამ მიზეზის გამო იყო, რომ ლალია მირ ალი-გიორგაძემ დააჩქარა ახალი სალონი-სახელოსნოს წესრიგში მოყვანა, სადაც რეჟისორის წლევანდელი იუბილე აღინიშნა. აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი: ლალიას (რუსთაველის თეატრის მხატვარ-მოდელიორი) ხელნაკეთი თოჯინები, სერგოს ნაჩუქარი პანო თუ სოლიკო ვირსალაძის ნივთები. ეს ხომ ის ადგილი უნდა იყოს, სადაც გასახსენებელ საღამოებს მოაწყობენ და არაერთი ხელოვანის საიუბილეო საღამოს გამართავენ.
ფარაჯანოვის ფონდის თაოსნობით, დღეს უკვე ფარაჯანოვის სახელობის ორი პრიზი არსებობს. ერთი პრიზი - ბროწეულის ფორმის მინანქრის ნაკეთობაა, რომლითაც კინემატოგრაფისტები საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჯილდოვდებიან და მეორე, პრიზი ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, რომლითაც წელს პირველად დაჯილდოვდნენ გოგი ალექსი-მესხიშვილი და რობერტ სტურუა. „მინდა მოვუბოდიშო სოფიკო ჭიაურელს და რეზო ჩხეიძეს, რომლებიც უდავოდ პირველები უნდა ყოფილიყვნენ, ვინც ფარაჯანოვის ფონდისგან ამ პრიზს მიიღებდა. უბრალოდ, რიგ მიზეზთა გამო, პირველებმა ეს პრიზი გოგი ალექსი-მესხიშვილმა და რობიკო სტურუამ მიიღეს.“ - განაცხადა მანანა ჭყონიამ.
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
![]() |
5 აქცენტი |
▲back to top |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
„ცხელი შოკოლადი - ლიტერატურა“
ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა. ამიტომ, თუ მეხსიერებას ცოტა დავძაბავ, ყველაფერს პირველადი ემოციით ვიხსენებ ხოლმე: ძალიან დიდ ლიტერატურულ ვაკუუმში გამომავალი ჟურნალი „არილი“, „ალტერნატივა“, გაზეთ „24 საათის“ დამატებები - „წიგნები“ და „ლიტერატურა“, შემდეგ წიგნის პირველი მაღაზიის გახსნაც და მერე წიგნების კითხვის მოდად გადაქცევა; პესიმისტების ფიქრები, რომ ცუდია, როცა წიგნის მაღაზიაში სიარული მოდა ხდება; ოპტიმისტების ფიქრები, რომ მერე რა, მთავარია ამ მოდურობაში ხალხმა წიგნის მაღაზიაში სიარულის კულტურა გამოიმუშაოს.
მერე თანდათან, ოპტიმისტებისა და პესიმისტების ფიქრებმა აქტუალობა დაკარგა, რადგან თითქმის ერთდროულად შეწყვიტა არსებობა ლიტერატურულმა ჟურნალებმა და გაზეთებმა, ხოლო იმ ფაქტს, რომ ხალხი წიგნის მაღაზიებში დადის, თვალი და გონება უკვე შეეჩვია, ჩვეულებრივ ამბად მიიღო; ანუ, მდგომარეობა თითქოს ერთ წერტილზე გაიყინა - ასე იცის ხოლმე ლიტერატურული პერიოდიკის არარსებობამ, ან მცირე რაოდენობით არსებობამ…
თუმცა, ყველაფერი ხომ დროებითია და რამდენიმე ხნის წინ, დიდი იმედი გამიჩნდა, რომ ლიტერატურულ პერიოდიკაში და შესაბამისად, ლიტერატურაში პროცესები კვლავაც ისეთივე სიმძლავრით დაიწყებს დუღილს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა. ეს ჩვენთან, „ცხელ შოკოლადში“ ორმაგად უხარიათ, რადგან ამ პროცესების სათავეში დღეს ჩვენი ჟურნალი დგას. 25 თებერვალს, როცა ჟურნალის მარტის ნომერს გადაშლით, ის შეცვლილი მოგეჩვენებათ. სრულიად მოულოდნელად, ნაცნობი რუბრიკებისა და ავტორების გვერდით, ჟურნალში ჟურნალს გადააწყდებით, უფრო სწორად - ახალ დიდ ბლოკს: იქ საკუთარი რუბრიკებითა და საკუთარი რედაქტორით, „ცხელი შოკოლადი - ლიტერატურა“ დაგხვდებათ. ბლოკის რედაქტორს, მალხაზ ხარბედიას „არილიდან“ და „წიგნებიდან“, ალბათ, უკვე იცნობთ. მისი „ცხელი შოკოლადი - ლიტერატურა“ კი ძველი და კარგად ნაცნობი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთების ტრადიციებზე დაიბადება და მკითხველს სრულიად ცინცხალ ლიტერატურულ შთაბეჭდილებებს შეთავაზებს. ცხადია, შეხვდებით კარგად ნაცნობ ავტორებსაც: ბესიკ ხარანაულს, ანდრო ბუაჩიძეს, ზაზა თვარაძეს, ირაკლი სამსონაძეს, აკა მორჩილაძეს, ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს, ზვიად რატიანს და სხვებს.
კიდევ რა... კიდევ ამ 16-გვერდიან დამატებაში ყოველთვიურად წავიკითხავთ ახალ თარგმანებს ყველა ჟანრში - პროზაში, პოეზიაში თუ ესეისტიკაში, გავეცნობით ახლადშექმნილ ქართულ ტექსტებსაც, იქნება ინტერვიუები - მწერლებთან და გამომცემლებთან, კითხვარი - იმ კონკრეტული მომენტისთვის არსებულ აქტუალურ ლიტერატურულ პრობლემაზე; საგანგებო რუბრიკაში „მწერალი მწერლის შესახებ“ კი ქართველი მწერლები დაწერენ ერთმანეთის შესახებ ესეებს. მალხაზის აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ავტორები ერთმანეთზე თითქმის არასდროს არაფერს არ წერენ და ეს მაშინ, როცა დასავლეთში ყველაზე კუდაბზიკა მწერლებიც კი კოლეგების შემოქმედებას ესეებით აფასებენ. ასე რომ, მალხაზ ხარბედია თავისი დამატებით შეეცდება ქართველი მწერლები ესეს წერას შეაჩვიოს. ჟანრული რუბრიკების გარდა, დამატებაში საავტორო რუბრიკებიც იქნება. ამ რუბრიკებს თვითონ მთავარი რედაქტორი და რამდენიმე მწერალი წარმოგვიდგენენ.
მე, პირადად, უკვე ვიცი, თუ როგორ დაკომპლექტდება პირველი დამატების სარჩევი. ყველაფერს აქ ვერ მოგიყვებით, უბრალოდ გეტყვით, რომ მარტის ნომერში დაიწყება უმბერტო ეკოს მოთხრობის, „ხეობის“ ბეჭდვა გაგრძელებებით, რომელიც ჟურნალ „ნიუ იორკერში“ დაიბეჭდა. მალხაზი ამბობს, რომ ეკოს მოთხრობებით ქართველი მკითხველი განებივრებული ნამდვილად არ არის. ჩვენ წაგვიკითხავს მისი რომანები, თეორიული ნაშრომები, მაგრამ მოთხრობები - თითქმის არსად დაბეჭდილა. ასე რომ - ესეც სიახლე!
გარდა ამისა, სარჩევში ამოიკითხავთ ჰაროლდ პინტერის გვარსაც, რომელიც თავის სანობელე ლექციას წარმოგვიდგენს. პოეზიის განყოფილებაში კი ჯუანშერ ტიკარაძის ახალი ლექსები დაიბეჭდება.
…ერთი სიტყვით, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ლიტერატურული პერიოდიკა გაცოცხლდა. თანაც პირდაპირ ჩემს თვალწინ - „ცხელი შოკოლადის“ წიაღში. ჩვენ ყველას მოგიზიდავთ - ყველას, ვისაც ლიტერატურა ძალიან გიყვართ.
ახალი რეალითი შოუ რუსთავი2-ზე
„დასი“ შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთობლივი პროექტია. რეალითი შოუს პრინციპით გადაღებული ახალი დოკუმენტური სერიული ფილმი ეთერში აპრილიდან გავა. კვირის განმავლობაში, „რუსთავი 2“ ხუთ დოკუმენტურ სერიას წარმოგიდგენთ, სადაც ნახავთ როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ ახალბედა მსახიობები ყველაზე თეატრალურ და ყველაზე შემოქმედებით სივრცეში, რასაც რუსთაველის თეატრი და მისი „სასტუმრო“ ჰქვია.
„შოუში მონაწილეთა შესარჩევად სამი ტური ჩატარდება. პირველ ეტაპზე მსახიობებს ჩვენ შევარჩევთ, მესამე ტურში კი ცამეტ მსახიობს უკვე თეატრის ხალმძღვანელობა დაასახელებს. ახალგაზრდა მსახიობები თორმეტი კვირის განმავლობაში ერთად იცხოვრებენ და ყოველ კვირას თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე „მინი სპექტაკლებს“ დადგამენ. „კვირის დავალებებს“ ისინი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან, რობერტ სტურუასგან მიიღებენ. ყოველდღიურად კი მონაწილეებს სტურუას ასისტენტი უხელმძღვანელებს,“ - ამბობს ვანო არსენიშვილი, „დასის“ პროდიუსერი.
სატელეფონო გზავნილების მეშვეობით, მაყურებელსაც ექნება საშუალება, ყოველ კვირას თავისი რჩეული გამოავლინოს. სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე „დასის“ მსახიობები შოუს დატოვების ერთ-ერთ კანდიდატს დაასახელებენ. რობერტ სტურუას კი „განწირული“ მონაწილის შოუში დატოვება შეეძლება, თუკი, ცხადია, ის ამას დაიმსახურებს.
არ არსებობს დაწერილი სცენარი. შესაბამისად, წინასწარ არაფერია განსაზღვრული. მთავარი პრინციპიც ესაა - სრული თავისუფლება. იმპროვიზებული სასცენო დადგმები, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მსახიობების სპონტანური გადაწყვეტილებები, რობერტ სტურუას მითითებები, შენიშვნები... მოკლედ, ახალგაზრდა მსახიობების თორმეტკვირიანი „არდადეგები“ ასეთი იქნება.
შოუში გამარჯვებულ მსახიობს კი მართლა შესანიშნავი ჯილდო ელოდება: ის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დასის წევრი გახდება. P.S. „დასის“ შემოქმედებითი ჯგუფი: მთავარი პროდიუსერი - გიორგი ხაბურძანია, პროდიუსერები - ვანო არსენიშვილი, ნინო ორჯონიკიძე, სოფო მეგრელიძე, მაია გუნაშვილი, გიორგი ლომსაძე; დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე კვატაშიძე.
ჯინა ლოლობრიჯიდა და სხვები
პიერ ლუიჯი პრატურლონის სახელს და გვარს იმ პერიოდში სრულად ვერავინ ამბობდა, მაგრამ კარგად მახსოვს, მთელ ქალაქს პირზე ეკერა ფრაზა: ნახე გამოფენა ქარვასლაში? ვიღაც იტალიელს იტალიური კინოს ოქროს ხანა სულ ფირზე გადაუტანია, ფელინი, მასტროიანი, მანიანი - ყველანი ქარვასლაში არიან, თან ძალიან მაგარი ფოტოებიაო. მგონი ლუიჯი ალესანდრო ჰქვია, თუ პიერ ლუიჯიო...
ეს მითქმა-მოთქმა შარშან მთელი ათი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ათი დღის განმავლობაში, ლუიჯი ალესანდროს თუ პიერ ლუიჯის გამოფენის სანახავად „ქარვასლაში“ 1500-ზე მეტი ადამიანი მივიდა.
მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა, მაგრამ იტალიური კინოს მიმართ ქართველების სიყვარულში იმდენად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მჯერა, მსგავსი ხმაური თბილისში 24 იანვრიდანაც ატყდება. ამჯერად „ქარვასლა“ გაცილებით იოლად წარმოსათქმელი სახელის მქონე ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოადგენს, მაგრამ თემატიკა კვლავაც საყვარელი და გამორჩეულია - რომის სინემაჰაუსი და კინემატოგრაფის დაუვიწყარი ვარსკვლავები.
ანჯელო ფრონტონი - ასე ჰქვია ფოტოგრაფს, რომელიც 1929 წელს დაიბადა, ფოტოკარიერა 1957 წელს დაიწყო, კინოსამყაროში 2000 წლამდე ტრიალებდა და სულ ფოტოკამერას აჩხაკუნებდა.
პირველი წარმატება ჯინა ლოლობრიჯიდას ფოტომ მოუტანა. ფრონტონის გამორჩეული სტილი რომ ჰქონდა, დიდმა რეჟისორებმაც მალევე შენიშნეს და ფოტოგრაფმაც თანამშრომლობა დაიწყო ეტორე სკოლასთან, ლუკინო ვისკონტისთან, რობერტო როსელინისთან, ფრანკო ძეფირელისთან, როჟე ვადიმთან...
ამიტომ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ „ქარვასლაში“ ფრონტონი მართლაც უდიდეს ვარსკვლავებს წარმოგვიდგენს. ამ გამოფენის ხილვა განსაკუთრებულ ესთეტურ სიამოვნებას მამაკაცებს მიანიჭებს: ფრონტონის მთავარი პერსონაჟები ხომ იტალიური და მსოფლიო კინოს ულამაზესი ქალბატონები არიან. პირველად ფოტოგრაფი ლოლობრიჯიდას სილამაზემ მოხიბლა. მაგრამ იმდენი მოახერხა - კადრი ისე ორიგინალურად შეკრა, რომ ლოლობრიჯიდას მანამდე არსებულ უამრავ ფოტოპორტრეტს შორის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწორედ ფრონტონის ფოტოა.
ლოლობრიჯიდადან მოყოლებული, ფრონტონი კინოს ყოველ მორიგ ლამაზმანთან შეხვედრისას მიზნად ისახავდა - მისთვის ახლებურად, სრულიად განსხვავებული რაკურსით შეეხედა, კინოვარსკვლავ ქალში უშუალობა დაენახა, მისი ხიბლის საიდუმლო ამოეხსნა და ფირზე სწორედ ეს გადაეტანა. როგორც თავადაც დარწმუნდებით, ფრონტონიმ ეს მოახერხა კიდეც: მის ფოტოებზე ყველა ქალის სახე ნაცნობია, მაგრამ ასეთი სოფი ლორენი, ან კლაუდია კარდინალე, ან ანა მანიანი, ან ჯეინ ბირკინი, ან ჯულიეტა მაზინა, ანდა ორნელა მუტი - არა მგონია, სადმე გენახოთ. ერთმანეთს ცვლიან: კატრინ დენევი, ანი ჟირარდო, ბრიჯიტ ბარდო, შარლოტა რემპლინგი, ჯერალდინ ჩაპლინი, ანუკ ემე, იზაბელა როსელინი, ავა გარდნერი, ოდრი ჰეპბერნი და ახალგაზრდა ვარსკვლავები - მონიკა ბელუჩი, ნასტასია კინსკი და თქვენ უამრავ საყვარელ კინოს და კინოროლს გახსენებენ. აქვე არიან მასტროიანი, რინგო სტარი, ჩარლზ ბრონსონი და სხვა კარგი კაცები და გიჩენენ კითხვას - ნუთუ ფრონტონის ვინმე გადაუღებელი დარჩა?
ამბობენ, რომ ესაა კინოს ყველაზე სრული ფოტოგრაფიული არქივი, რადგან ანჯელო ფრონტონი, თურმე, პირადად აარქივებდა და მართავდა საკუთარ შემოქმედებას.
ასე რომ, ანჯელო ფრონტონი - აბა, რა უნდა ამ სახელის წარმოთქმას და დამახსოვრებას? ბევრი არაფერი. ასე რომ, დაათვალიერეთ გამოფენა „ქარვასლაში“ და შემდეგ თამამად მოიწონეთ თავი თანაქალაქელებს შორის: „ნახე ფრონტონის გამოფენა? - ძალიან მაგარია! გირჩევ იჩქარო!“
P.S. პროექტს „ანჯელო ფრონტონი“ თბილისის ისტორიის მუზეუმში 24 იანვარს წარმოადგენს იტალიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თბილისის ისტორიის მუზეუმი.
![]() |
6 პრუსტის კითხვარი |
▲back to top |
კირა ანდრონიკაშვილი
ხელოვნებათმცოდნე, მსახიობი
როგორი წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?
სამოთხეს სიტყვა მიწიერი არ შეეფერება. ეს ის ადგილია, სადაც არ არის მტრობა და სიძულვილი, არის მარტო სიხარული და სიყვარული.
თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან?
ანტუან დე სენტ ეკზიუპერის პატარა უფლისწული.
თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი?
თამარ მეფე.
ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?
ვინც გმირულად უძლებს გასაჭირს და სწამს მომავლის.
თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ?
იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი.
თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება?
სიყვარული.
ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია?
მიწიერი ცხოვრებით ტკბობა.
თქვენი საყვარელი საქმიანობა?
დიასახლისობა და ბავშვების მოვლა.
არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?
ვიქნებოდი ექიმი ან მოდელიორი.
თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?
ოპტიმიზმი და თუნდაც პატარა სიხარულით ბედნიერების შეგრძნება.
რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?
ერთგულებას.
თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?
საქმის ბოლომდე არმიყვანა, თუ თავიდანვე არ გამომივა.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?
მტრობა, შური და სიძულვილი და რა თქმა უნდა, სტიქიური უბედურება.
რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?
ისევ საყვარელ საქართველოში.
თქვენი საყვარელი ფერი?
მწვანე.
თქვენი საყვარელი ყვავილი?
მინდვრის ყვავილები, ია და პეონი.
თქვენი საყვარელი ჩიტი?
იადონი.
ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპათიურად ხართ განწყობილი?
ლენინი.
რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოვებული?
ხატვის.
როგორ სიკვდილს ისურვებდით?
მინდა ნაზიარები ვიყო.
თქვენი დევიზი?
ადამიანების სიყვარული და სირთულეების გადალახვა.
რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
ახლობლების ცუდად ყოფნის და მათი ავადმყოფობის.
საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ?
ვერავის ვადარებ.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?
ბავშვურობა და სილაღე.
რა შემთხვევაში ცრუობთ?
როცა ვიცი, რომ არ ვიცრუო, სიმართლის თქმით ვიღაცა ინერვიულებს.
ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ საუბარში რომელ ფრაზებს იყენებთ?
არა უშავს, კარგად იქნები, ღმერთი დაგიფარავს და გაგაძლებინებს.
რას ნანობთ ყველაზე მეტად?
ვნანობ დაშვებულ შეცდომებს.
განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
ცოტა გონებასაც დავატანდი გრძნობას.
რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?
ჩემს შვილებს.
რაზე ოცნებობთ?
საქართველოს გაძლიერებაზე.
![]() |
7 დისკუსია |
▲back to top |
ენა და ლექსიკა
ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
1629 წლის 1 აგვისტოს რომის კათოლიკური სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების - „პროპაგანდა ფიდეს“ წევრმა აქილე ვენერიომ ხელი მოაწერა პაპ ურბან მერვისადმი „მიძღვნას“, რომელიც დაერთო ხსენებული საზოგადოების სტამბაში დასაბეჭდად გამზადებული, პირველი ქართულენოვანი ნაბეჭდი ტექსტების ყველაზე სოლიდურ გამოცემას: „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“. თითქოს ბუნებრივია ის ფაქტი, რომ პირველი ნაბეჭდი ქართულენოვანი წიგნი ლექსიკონი აღმოჩნდა, რომელსაც მოჰყვა „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“, 14 წლის შემდეგ კი ფრანჩესკო მარია მაჯოს „ქართული გრამატიკა“ დაისტამბა. საინტერესოა, რას უკავშირდებოდა იტალიელების ასეთი კეთილგანწყობა ქართული ენისადმი.
რომის კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებელ საქართველოში მოღვაწეობას დროებით მოვლენად არ განიხილავდა და მისიონერების საშუალებით ცდილობდა კათოლიციზმის გავრცელებას, რახან კარგად ესმოდათ თეორია - „თუ არ გესმის ენა ქვეყნისა, იქ მისიონერად ვერ გამოდგები“, თავიანთი გავლენის განსამტკიცებლად მისიონერთა ყოველმხრივ უზრუნველყოფას ცდილობდნენ. ქართული ენის ასათვისებლად მათ გრამატიკა და ლექსიკონები, საქადაგებლად კი ბიბლია და კატეხიზმოები სჭირდებოდათ. ამ ერთგვარი კულტურული თუ სარწმუნოებრივი ექსპანსიის დადებითი მხარე ის იყო, რომ ქართული ენის ნაბეჭდმა ლექსიკონმა, გრამატიკამ, ანბანმა და შრიფტებმა საქართველოს გზა გაუხსნა ევროპისაკენ, რომელსაც დიდი ხნით მოწყდა მანამდეც და მას შემდეგაც. გაცილებით მასშტაბური და დამანგრეველი აღმოჩნდა თურქეთის, ირანის, ოსმალეთის, არაბებისა და მოგვიანებით რუსეთის იმპერიის ექსპანსია, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ქართულ ცნობიერებაში, ეს ცვლილება პირველ ყოვლისა ენაზე აისახა.
რას გაუძლო ქართულმა ენამ, როგორია დღეს ჩვენი ენა და ლექსიკა, ჩაენაცვლა თუ არა ქართულთან მიმართებაში რუსულს ინგლისური, თავს ვიმკვიდრებთ თუ თავს ვიმცირებთ ბარბარიზმებისა და სლენგების ხმარებით, გამოხატავს თუ არა ჩვენი ლექსიკა ჩვენს აზროვნებას და გამოიწვევს თუ არა ორენოვნება გენეტიკური სტრუქტურის შეცვლას - დისკუსიაში მონაწილეობენ: პოეტი ბესიკ ხარანაული, ლიგვისტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ლელა ფიროსმანაშვილი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.
ქეთი - ის ქვეყნები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ექსპანსიით შემოდიოდნენ საქართველოში, ახდენდნენ თუ არა გავლენას ქართულ ენაზე, მათთან ურთიერთობამ გააღარიბა ჩვენი ენა თუ გაამდიდრა. წეღან ბატონი ბესიკი ამბობდა: „ნაზ ბულბულ ტანჯიკ“ ნიშნავს „ნაზი ბულბული იტანჯება“, არცერთი სიტყვა არაა ქართული, სპარსულიაო. ეგ კი არა, როგორც აღმოჩნდა, ქართველებს „ნამუსიც“ კი არ გვქონია ჩვენი.
ბესიკი - მე თუ მკითხავთ, საუკუნეების განმავლობაში ქართული ენა მდიდრდებოდა კულტურულ ერებთან ურთიერთობის შედეგად. თანაც, ქართველს აქვს ღვთისგან ბოძებული იარაღი, რომელიც შეაძლებინებს იმას, რომ კარგი შეითვისოს და ცუდი დაივიწყოს. უცხო ენა სხვადასხვა გზით შემოდიოდა და მკვიდრდებოდა. სპარსულ და არაბულ პოეზიაზე, სამეცნიერო ენაზე უარს არ ამბობდა ქართველი კაცი და ძალიანაც კარგს შვრებოდა. როცა ახალი საგანი შემოდის, ხალხი უფრო ეტანება ხოლმე არაქართულ სიტყვებს. მაგალითად, გაჩნდა ქვევრი, რომელსაც მოგვიანებით ხალხმა დაარქვა „ბოჭკა“, კაცმა რომ თქვას, რით არ არის ქართული ბოჭკა? მახსოვს იმაზეც დაობდნენ, რომ კავშირი, როგორც წინადადების წევრი, არაქართულია, აბა რატომ იწყება „ვეფხისტყაოსანი,“ „რომელმან შექმნაო“, ასევე ებრძოდნენ ქვეწყობილ წინადადებებს, ყველაზე სასტიკად საბჭოთა პერიოდმა იმოქმედა ქართული ენის განვითარებაზე. ენა არის როგორც საზოგადოების, ასევე ერთი კაცის აზროვნება, ამიტომაც განუწყვეტლივ ხდება თვითგანწმენდა, თვითრეგულირება, ძველის დავიწყება და ახლის შეძენა.
ბესიკ ხარანაული, ლელა ფიროსმანაშვილი, ზვიად ქორიძე, ქეთი სადღობელაშვილი
ზვიადი - თავისთავად ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ენა მდიდრდება სიტყვებით. როცა ექსპანსიით მოდის რომელიმე ქვეყანა, ის ცდილობს თავისი ენა გახადოს დომინანტი ამ სივრცეში, ებრძვის შენს ენას და ამკვიდრებს თავისას. ბუნებრივადაც ხდება ეს პროცესი. საკითხავია, რამდენად გაუადვილდება ჩვენს ენას შექმნას შესატყვისები ისეთი ახალი საგნისა, როგორიცაა კომპიუტერი, ან ისეთი მოვლენისა, როგორიცაა ინტერნეტი. პრობლემა ის კი არაა, რომ უცხო სიტყვები მკვიდრდება, არამედ ის, როგორი კონსტრუქცია მკვიდრდება, მეტყველება როგორი ხდება, ფრაზა როგორ იგება. ესაა მნიშვნელოვანი, თორემ დარწმუნებული ვარ, ჩვენც ბევრ ბარბარიზმს ვიხმართ ამ დისკუსიის დროს.
ბესიკი - სუფთა ენა რა არის, იცით? - ავიღე ქვა და გადავაგდე, ამაზე ხომ ვერ გაჩერდება ენა. ყველანაირი კულტურა და ცივილიზაცია ახდენს გავლენას, მთავარია, შენ როგორ მოირგებ ამა თუ იმ სიტყვას. ასანთს ადრე წუმწუმა ერქვა, ხალხმა მოძებნა და საჩქაროდ დაარქვა ასანთი. აგერ კომპიუტერიზაცია მოდის, რომელიც კაცობრიობის დიდი შენაძენია, ამას რომ ბრძოლა გაუმართო, ხომ იქნები ძალიან შეზღუდული, პირიქით, უნდა მიიღო და მოირგო. აქამდე განათლების წყარო იყო ლიტერატურა, არ ვიცი, XX საუკუნის ქართველი საზოგადოება აცნობიერებდა თუ არა იმას, რომ გალაკტიონის ენით მეტყველებდა, მაგალითად; „ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი“ პოეტურიც არის და სამეტყველოც. დღეს ლიტერატურა ყველაზე შორსაა ხალხისაგან.
ქეთი - როდის იყო ახლოს? რუსთაველი არც თავის დროს იყო მიღებული და დღეს რომ გაუგებარია ამ საზოგადოებისთვის, მგონი შუა საუკუნეებშიც არ ყოფილა ასე.
ბესიკი - სხვათა შორის ეგ საკამათოა, „ვეფხისტყაოსანში“ უამრავი უცხო სიტყვაა, ანდა ის ანდაზები, რუსთაველი რომ ხმარობს, ყველა მისი გგონიათ?
ქეთი - მოდით, ჩვენს სადისკუსიო თემას ნუ დავშორდებით და გპირდებით ერთ დისკუსიას რუსთაველის თემაზე. ისევ ენას რომ მივუბრუნდეთ, ორგანულად იღებს თუ არა ქართული სინტაქსი უცხო სიტყვებს?
ლელა - დღევანდელი ქართული ენის სინტაქსი არაორგანულია, ეს არის აბსოლუტურად რუსული კალკი, ქართულ ენას სულ სხვანაირი სინტაქსი აქვს. ერთ ისტორიულ პარალელს გავიხსენებ. იმ დროს, როცა საქართველოში ბაგრატის ტაძარი შენდებოდა, ნორმანებმა ბრიტანეთი დაიპყრეს და იქ იმდენ ხანს დარჩნენ, რამდენ ხანსაც არაბები საქართველოში, თვითონ ისინი ვიკინგები იყვნენ, მაგრამ ფრანგული კულტურა ჰქონდათ ათვისებული. ამ კულტურის მიღებით კი ბრიტანეთმა პროგრესი განიცადა. ანგლოსაქსური, კელტური ძირძველი სიტყვები განიდევნა და ინგლისურ ენაში 80%25 ფრანგული ლექსიკა შევიდა, თუმცა გრამატიკა იგივე დარჩა. როგორც ადამიანებს, ასევე ერებს, თავიანთი ბედისწერა აქვთ. ერის ბედისწერა გადადის ენის ბედისწერაში. ერის ისტორია, მისი დაცემა და აღზევება, რა თქმა უნდა, მოქმედებს ენაზე. ინგლისელებისათვის ცეზარის მიერ ბრიტანეთის დაპყრობაც პროგრესული იყო, აუშენეს, გაუკეთეს ყველაფერი, ექსპანსიაც კი მათ ბიძგს აძლევდა განვითარებისათვის. ჩვენთვის ექსპანსიები დამღუპველი აღმოჩნდა, რადგან ყველაფერი ეკონომიკისა და პოლიტიკის მოშლით მთავრდებოდა, ეს მომენტი აკნინებდა ქართულ კულტურას, ამიტომაც მოხდა ენების ჩანაცვლება. კულტურების ურთიერთშეღწევადობა სხვა რამეა და ერთი კულტურის მეორით ჩანაცვლება - სულ სხვა.
ქეთი - ჩვენი მშობლების თაობა ისე არ ისაუბრებდა ქართულად, თუ რუსულ ფრაზეოლოგიას არ გაურევდა, რაც კარგ ტონად ითვლებოდა, იგივეს იმეორებს შვილების თაობა, იმ განსხვავებით, რომ რუსულს ინგლისური ჩაუნაცვლეს. შესაძლებელია უცხო სიტყვას ითხოვდეს ესა თუ ის კონტექსტი, მაგრამ როცა სრულიად უსაფუძვლოდ ხმარობენ უცხო სიტყვებს, დიდი ბოდიში კატეგორიულობისათვის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება უკულტურობის გამოვლენა უფრო მგონია.
ლელა - ყველა ერს დაემართა მსგავსი რამ. ფრანგებმა და იტალიელებმა ენის დაცვის მთელი სისტემები შექმნეს, მაგრამ სადაც შედის ამერიკული დოლარი, იქ შედის ამერიკული ცხოვრების წესი, ამერიკანიზმები, გამოთქმები, ორიენტაცია არა ბრიტანულ ინგლისურზე, არამედ ამერიკულზე. მე არასოდეს ვხმარობ ცხოვრების წესის მაგივრად „ლაიფ სტაილს“. მოვლენის მაგივრად „ივენტს“ ხმარობს ის, ვინც უნდა გიჩვენოს, რომ იცის ინგლისური, მათთვის ეს თვითდამკვიდრების ხერხია, ჩემთვის კი - არასრულფასოვნების კომპლექსი.
ზვიადი - ვიღაც ამბობს, რომ „ფართიზე“ მიდის, ვიღაც „ტუსოვკაზე“, ვიღაცა ქეიფში, თუმცა ქეიფიც არაა ქართული, არაბულია. ვინ, როგორ და რას ამბობს, ეს არის ამ პიროვნების ხასიათის მაჩვენებელი. დარწმუნებული ვარ, ნორმალური საზოგადოება ასე არ მეტყველებს.
ქეთი - როცა ასეთი მეტყველების კულტივირებას ახდენენ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, ასეთივე ენით მეტყველებენ ე.წ. გავლენიანი ადამიანები, პოლიტიკოსები და რაც მთავარია, ჟურნალისტები, ეს უკვე აღარ არის ამა თუ იმ ადამიანის პრობლემა.
ზვიადი - ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ფრაზის ის კონსტრუქცია, რომლითაც საუბრობს ჟურნალისტი. რომ ავიღოთ შუასაუკუნეების ტექსტები, იგივე ლიტერატურა, ვნახავთ, რომ მაშინ ასეთი ძლიერი არ იყო ვნებითი გვარი, რომელიც მოგვიანებით რუსულმა დაამკვიდრა. დღესდღეობით აბსოლუტურად უსუბიექტო ენა გვაქვს, რამაც დაანგრია ქართული ზმნა. როცა ამ ენით საუბრობს ჟურნალისტი, ძნელია მისი გაგება. ქართველ ჟურნალისტებში მოდური გახდა სიტყვები: გაჟღერდა (სიტყვა არ ჟღერს, მუსიკა ჟღერს), მიღებულ იქნა, გაყიდვაშია, დაფიქსირდა და ა.შ. როცა ამას ამბობს ტელევიზია, რადიო, პრესა, უკვე ადამიანი, რომლის ფსიქიკაზეც მოქმედებს ასეთი ფრაზეოლოგია, იგივეს იმეორებს. თუ გახსოვთ, ჩვენს ბავშვობაში, ქუჩაში აჩერებდნენ ხალხს და კომენტარს თხოვდნენ, ფრაზას ვერ ამბობდნენ, წინადადებას ვერ უყრიდნენ თავს, სათქმელს ვერ გადმოსცემდნენ - ამ პრობლემამ ფორმა იცვალა და ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სათქმელს ვერ გეუბნებოდნენ, დღეს თავად დადგნენ კამერებთან.
ბესიკი - ხალხი ტელევიზიით ნათლდება, მაგრამ ეს განათლება კი არა, ცხოვრების შეცვლაა ინფორმაციით. შესაძლოა, ტელევიზიის ენა აღმოჩნდეს მთავარი ბოროტება. ჩემს ახალგაზრდობაში „ტო“-ს ის ხმარობდა, ვინც თავისთავს „კარენოის“ ეძახდა. თამაზ ჩხენკელი და არჩილ სულაკაური, რომლებიც მართლა „კარენოები“ იყვნენ, არ ხმარობდნენ „ტო“-ს, რომელიც ერთი პერიოდი გაქრა, ახლა ისევ დაბრუნდა და ტელევიზიაში მთავარ შორისდებულად იქცა. ეტყობა, არავინაა პატრონი. მართლია, ახალი ენა იქმნება, მაგრამ უცხო სიტყვებზე მეტად მაწუხებს სიტყვა „რამეთუ“, იმიტომ რომ ვინც „რამეთუს“ ამბობს, ის მეტს იღებს თავისთავზე, ვინც „გაჟღერდას“ ამბობს, ის ზის იმ თავის „გაჟღერდაში“. საფრანგეთში დააწესეს აკრძალვების მთელი ნუსხა, რომლისთვისაც ჯარიმებს იხდიან. მთელი თვე ვიყავი საფრანგეთში და ერთი უცხოური სიმღერა ვერ მოვისმინე რადიოში, იმიტომ, რომ აკრძალულია. 15 წუთი შეიძლება უცხოური სიმღერა, მეტი არა. აქ კი ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ვისაც როგორ უნდა, ისე ახურებს.
ზვიადი - თუ ჩვენ ეგეთ კვოტირებას დავიწყებთ, სიმახინჯეებით აივსება ქართული ენა, თვითონ დაიწყებენ სიმღერის წერას და ამას ჯობია, ისევ უცხოურს ვუსმინოთ.
ბესიკი - ისიც უნდა ითქვას, რომ ენა წააწყდა ახალ ცხოვრებას, ახალ ყოფას, ახალ საუკუნეს. ამდენი ახალი არასოდეს შემოვარდნილა ასე ერთბაშად, ყველაფერს ხომ ენაში უნდა მოქცევა, ხან ისე დაგვემართება, ხან - ასე, მთავარია, ღირებულის გადარჩენა შევძლოთ.
ქეთი - ენის დაცვის კომუნისტური მეთოდები რომ მიუღებელი იყო, ფაქტია, საინტერესოა, რას ეყრდნობა ევროპული სისტემები.
ლელა - ინგლისურში, მაგალითად, ჟურნალის ენა სხვაა, ლიტერატურის ენა სხვა, გაზეთისა და რეკლამის ენა აბსოლუტურად სხვა. ჩვენ უმდიდრესი ენა გვაქვს, მაგრამ საშინლად სტიქიური და მოუწესრიგებელი, ევროპელები ხვეწენ თავიანთ ენას. „ეკონომისტს“ რომ წაიკითხავ, ან „ფაინენშელ ტაიმსს“ ან „ტაიმსს“ და „გარდიანს“, გაგიჟდები, როგორ აქვთ ამ პატარ-პატარა სტატიებში დაწნეხილი და თავმოყრილი მხატვრული, კრიტიკული, გამომსახველობითი ენა, ეს იმიტომ, რომ სხვანაირად არ გაძლევს საშუალებას კაპიტალისტური წყობა, თიშავს ყველაფერს, რაც ზედმეტია. ჩვენთან სხვა ურთიერთობებია და ვერ ვაგდებთ, ვერ ვიშორებთ ზედმეტს, ამიტომაც გვაქვს ჩენჩო. დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლია უკეთესი ქართულით იმეტყველოს ტელევიზიასა და რადიოში, უკეთესად წეროს ბეჭდურ მედიაში, მაგრამ ეს ადამიანები არავის სჭირდება. არ არის კრიტერიუმები, ამიტომაც იმკვიდრებენ თავს ის ადამიანები, ვინც ამბობს: „ივენტები“, „ფართები“, „დანსინგები“.
ბესიკი - ერთი გამაგებინეთ, ეს ჰედლაინი რა არის?
ქეთი - სათაური.
ბესიკი - მერე რა სჯობია სათაურს, ჰედლაინი?
ზვიადი - „დანსინგი“ და „ჰედლაინი“ რა თქმა უნდა ცუდია და ყურს ჭრის, მაგრამ ჩემთვის ბევრად მიუღებელი იყო ფრაზა, რომელიც მოვისმინე ტელევიზიით, დღეს რომ მოდაშია, ისეთი ტოპჟურნალისტისაგან. ესვენა ჩეჩენი მეთაური და ჟურნალისტმა გვამცნო: ეს გვამი რუსლან გილაევს ეკუთვნოდა.
ლელა - იმიტომ, რომ ჟურნალისტმა არ იცის, რა არის გვამი, რა არის ცხედარი, მიცვალებული, მკვდარი, მოკლული და დიდი ბოდიში, ჩაძაღლებული, მას არა აქვს ენის კომუტატიური შეგრძნება და იმიტომ.
ქეთი - დღევანდელი სასაუბრო ენა გადავიდა ლიტერატურაში და იქცა ლიტერატურის საგნად. თითქოს სატირას აკეთებენ ჩვენი თანამედროვე მწერლები, მაგრამ თავისდაუნებურად ამკვიდრებენ ისეთ სლენგურ ენას, რომლითაც შემდგომ ახალგაზრდობა საუბრობს.
ბესიკი - ფრანგი მწერალი სელინი იყო შეურიგებელი მტერი ფრანგული ენის შელახვისა და ხელყოფის. კაცს, რომელსაც შეეძლო კარგად ყოფილიყო, სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული ენის მდგომარეობით, იქ მთელი საზოგადოებაა მობილიზებული ფრანგული ენის სიწმინდისათვის, ჩვენთან მსგავსიც არაფერია. საუბარში ხანდახან წამომცდება ხოლმე სლენგი და ცუდად ვხდები, ისე მეჯავრება მთელი ჩემი ფრაზა. წერისას არა, იქ სულ შემართული ვარ ხოლმე. ჩვენთან საზოგადოების გამწყრალი ნაწილი არ არსებობს, „ჩემი დედაო“ - სულ იძახიან. ახლა უფრო ელასტიური გახდა ეს ფრაზა, რომელსაც ვერაფრით გადაეჩვია ჩვენი საზოგადოება.
ქეთი - ქართულში მანამდეც არსებობდა ფრაზა - „დედა შემერთოს ცოლადა.“
ბესიკი - მაშინაც, ერთი-ორი თუ ამბობდა, მაგრამ ლიტერატურამ ამოქაჩა, ყაზბეგმა დაწერა და დარჩა. როცა ამბობთ, ლიტერატურას სხვა ძალა აქვსო, მართალია, ამიტომაცაა საჭირო გამეცადინება, რადგან დაწერილს ვერ წაშლი.
ქეთი - ჩვენს ლიტერატურაში თვითდამკვიდრების ერთ-ერთ ფორმად იქცა სკაბრეზიც. ავტორი, რომელსაც არავინ კითხულობს, სკაბრეზით უცბად ხდება პოპულარული და მშვენივრადაც იყიდება.
ბესიკი - გულახდილად გეტყვით, რომ ყველაზე ძნელი სკაბრეზის ხმარებაა. იმისათვის, რომ არ დარჩე იმ ავადსახსენებელ სიტყვებში, საჭიროა დიდი მხატვრული ნიჭი. ამას აკეთებდნენ ხალხურ პოეზიაში, მაგრამ ნახეთ როგორაა, თუშების, ფშავლებისა და ხევსურების მეტყველება ნაქსოვივითაა, იმიტომ, რომ იქ პოეზიაა წინწამოწეული. ფრანგმა სიმბოლისტებმა შეუქმნეს ფრანგებს ენაო, ამბობენ. იქნებ ჩვენი ენაც პოეტებმა შეგვიქმნეს.
ლელა - მე, როგორც ფილოლოგი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს სალიტერატურო ენა აღარ არსებობს, ამიტომაც ხდება ქუჩური ლექსიკით ჩანაცვლება, ეს იმის ბრალიცაა, რომ აღარ არსებობს გმირი. ვინაა გმირი - ვერაფრით გაარკვია ქართულმა ლიტერატურამ.
ზვიადი - ბოლო 40-50 წლის მანძილზე საქართველოში იქმნებოდა კარგი ლიტერატურა, მაგრამ მან ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია იმ ენისთვის, რომელიც დაამკვიდრა კონსტანტინე გამსახურდიამ და რომლითაც ჩვენ გვზარდეს. რევიზიას კი არ ვიწყებ, იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ილიას, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის წმინდა სალიტერატურო ენა დაიჩრდილა, 60-იანელებმაც ვერ შეცვალეს ძირეულად გამსახურდიას ენა.
ქეთი - იგივე რობაქიძის ენა, ყალბი და მანერული.
ზვიადი - მაგის ნამსხვრევებია ის, რომ დღეს ვიღაცა გამოვა და უსახური სახით ეთერში დაგიწყებს საუბარს: ვითარმედ, რამეთუ, დაღაცათუ, იგავმიუწვდომელი და ა.შ. ენას მარტო ხალხი არ ქმნის, ენას ქმნის ჟურნალისტი, ის იურისტი, რომელიც კანონებს წერს, პარლამენტარი, რომელიც რიტორიკულ სკოლას ამკვიდრებს, იმიტომ, რომ მას აქვს ტრიბუნა და ჰყავს აუდიტორია. პოლიტიკა სხვა, ირეალურ ენას ქმნის, რომელშიც გაუგებრად უნდა იცხოვრო.
ქეთი - ენა ხომ ის სივრცეა, სადაც ვლინდება აზროვნება. რა აზროვნებაც გვაქვს, იმ ენით ვმეტყველებთ.
ლელა - ბერგსონი ასე განმარტავს ენას: ადამიანს ყველაფრის კეთება შეუძლია ერთბაშად, სხვა არის ტვინის, ნერვული სისტემის მოქმედება, როცა ის ამ ყველაფერს ივიწყებს. ადამიანის აზროვნება სელექციურია, მას შეუძლია ერთბაშად იყოს მთელი გონი და მთლიანად აღიქვას სამყარო, რომელიც არის ანთროპოსოფიური. ამას გარდა, ადამიანი არის ცხოველი, რომელსაც სჭირდება არსებობის შენარჩუნება, მასში კაშხალივით შედის უზარმაზარი სამყარო და იმ მილიდან, რომელსაც ცნობიერება ჰქვია, გამოდის პატარა, მოწანწკარე წყარო. სწორედ ეს არის ენა, ადამიანის თავდაცვის სისტემა, იმისათვის, რომ დარჩეს ფსიქიკურად ჯანსაღი, შეინარჩუნოს არსებობა, არ მოკვდეს და შიგნიდან არ აფეთქდეს. თუ ჩვენ გავაუბრალოებთ და გავავულგარულებთ ბერგსონის ამ ფორმულირებას, მივალთ იმ აზრამდე, რომ ადამიანი თავისი სოციალური გარემოს მიხედვით ცვლის დისკურსს. მაგალითად, შევარდნაძის დისკურსი იყო მარქსისტული, ამას ვერაფერს მოუხერხებდი, დღეს ამ ენაზე მეტყველებს ნინო ბურჯანაძე, რომელიც მარქსისტული დისკურსით გელაპარაკება. არსებობს ქრისტიანული დისკურსი, ვინც არ უნდა იყოს მოძღვარი, ის ამ დისკურსში გელაპარაკება. საერთო ჯამში, დისკურსშია საქმე. თუ ამას დავწურავთ და სოციალურ პლასტში გადავიყვანთ, ვნახავთ, როგორ მოქმედებს სოციალური გარემო და ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არის აბსოლუტურად სოციალური, ადამიანებს სლენგების ხმარებაც სჭირდებათ სოციალური თვალსაზრისით. მე ჩემმა სოციუმმა შემიქმნა ის ენა, რომლითაც ვმეტყველებ, ვიღაცას თავის სოციუმში სჭირდება თავის დამკვიდრება იმ ენით, რომელზეც მეტყველებს. ამისაგან დაზღვეული არცერთი ერი არ არის. დღეს, XXI საუკუნეში, ერთი და იგივე ეროვნების სხვადასხვა სოციალური კლასი უფრო ცუდად უგებს ერთმანეთს, ვიდრე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ვითომ ღია საზოგადოებაში ერთი სოციალური პლასტი სხვა ენაზე მეტყველებს, მეორე - სხვა ენაზე.
ქეთი - აქვს თუ არა ქართულ ენას ისეთი მარაგი, რომ სხვისი არაფერი დასჭირდეს, გარდა იმ საერთაშორისო ტერმინოლოგიისა, რომლის შეცვლა ხშირ შემთხვევაში კომიკურ ელფერს იძენს, მართლა „ყელფანდურას“ ვერ დაარქმევ ვიოლინოს და „ცისთქვეფიას“ - ვერტმფრენს.
ბესიკი - სულხან-საბა თქვენც წაგიკითხავთ და მეც მიკითხავს, როგორც მხატვრული ნაწარმოები, ახლაც არის ხალხი, ვინც ენით ტკბება, ენა უყვარს. არა მგონია, ქართული ენა სამუზეუმო გახდეს, მთავარია, ხალხი ისე არ დამჭლევდეს, რომ ხმას ვეღარ გამოსცემდეს. საერთო ჯამში რომ ვთქვათ, ექსპანსიები კი იყო, მაგრამ რა უქნა ქართულ ენას ან რუსულმა, ან სპარსულმა. სპარსული ლიტერატურა ხომ ძალიან დიდია, მაგრამ რუსთაველს ვერ გადმოაბიჯა. არადა, რუსთაველი რომ არ დადგომოდა წინ, შეიძლება მომხდარიყო ჩანაცვლება, „სპარსული ენის სიტკბომან მასურვა მუსიკობანიო“ - ეს ხომ ისეთი ხალხის ნათქვამია, რომელთაც საქართველოსათვის ჩვენხელა ხმლები უქნევიათ.
ქეთი - ახლა ვინ უნდა დავაყენოთ, რომ არ გადმოგვაბიჯონ?
ბესიკი - ახლაც რუსთაველი უნდა ვიკითხოთ. რომ იცოდეთ, უნიჭობასაც თავისი მოსავალი აქვს. წელს თიანეთში ერთი ვაშლიც არ ება ხეებს. უნიჭობა ისეთივე მოსავალია, როგორც ბარაქიანი მოსავალი, არაფერი არაა მუდმივი. სხვათა შორის, ვაჟა ფშაველა 1901 წელს ამბობდა: საზოგადოებაში და პრესაში დღეს ხშირია ენის შებღალვაზე საუბარი და ვიცი, მომავალშიც ასე იქნებაო. კარგია, დღესაც რომ გვანაღვლებს ენის ბედი, მაგრამ სულ ტყუილად ვფორიაქობთ. თუ დაკვირვებიხართ, ბავშვი რომ ჰყავს პატარა გოგოს და ისე ვერ უჭირავს, როგორც ბებიამისს, მოუქნელია, გაუწაფავი, მაგრამ ბავშვი ნელ-ნელა იზრდება, ის გოგოც ქალდება, ასევეა საზოგადოება და ენა. განა რამდენი სიტყვაა ინგლისურში, ყველა ჩვენთან რომ გადმოვიდეს, ხალხი მაინც გაფილტრავს ეგეთ ენას.
ლელა - ენა არის ცოცხალი ორგანიზმი, სხეული. როგორც საკუთარი თავს ვერ გადავაკეთებთ, ასევე ვერაფერს მოვუხერხებთ ენას. ნიკო მარი თვლიდა, რომ ქართული ენა მსოფლიური ენაა, დღეს ის უბრალოდ დაუხვეწავია და სტიქიური. კარგია, რომ ევროპული განათლების სისტემა შემოგვაქვს, რადგან, როგორი რეტროგრადული მენტალიტეტითაც არ უნდა გაზარდო შვილი, ის მაინც თავისი თაობის შვილი იქნება. სხვა ეპოქის შვილებს სხვანაირი განთლება სჭირდებათ, რადგან არავინ ასხამს ძველ ტიკებში ახალ ღვინოს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს მასობრივი კომუნიკაცია არ მოსწონთ იმიტომ, რომ ძალიან სტრუქტურიზებული და სტანდარტიზებულია, უნდა მოხდეს ყველაფრის სტანდარტიზაცია, რადგან სტიქიურად არაფერი ვითარდება.
ზვიადი - ვიღაცას გადავაბაროთ ის, რომ ენა მისი მისახედია, არ ვიქნებით მართალი, არაფერი მისახედი არ სჭირს ამ ენას, უბრალოდ, ყველამ უნდა ვისაუბროთ ქართულად. დაიხვეწება ეს ენაც, შეიქმნება მაღალი რანგის ლიტერატურაც, დარჩება ისეთიც, რომელიც მხოლოდ სკაბრეზით გავა ფონს. მთავარია, ადამიანებმა ისწავლონ ქართულ ენაზე აზრის გამოთქმა და რაც ყველაზე მთავარია, იფიქრონ მშობლიურ ენაზე. სანქციებით ენის დამკვიდრება შეუძლებელია, ეს უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევს, სახელმწიფო პოლიტიკაც უნდა იყოს განსაზღვრული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკა ისაა, როცა მმართველი საუბრობს იმ ენაზე, რომელ ენაზეც საუბრობს ძირითადი მოსახლეობა. ეს არის მშობლიური ენა. როცა ყველაფრის სტრუქტურირებაზე ვსაუბრობთ, ეგეც მთავარია.
ბესიკი - ისევ იმას ვუბრუნდები, რომ ქართული ენა ვერავინ წააქცია, ვერც ნასესხებმა სიტყვებმა დააკლო რამე. ამასობაში, რამდენი ენა დაიღუპა, ქართული კი ზმნამ შეინახა. თვითონ ზმნა რა არის, ქართული აზროვნების პროდუქტია, ზმნის ერთ ფორმას უამრავი რამის გამოთქმა შეუძლია მაშინ, როცა სხვა ენაში მთელი წინადადებაა საჭირო. ზმნის მიხედვით რომ დავახასიათოთ ქართველის ბუნება, რამდენიმეპირიანი კი გამოდის, მაგრამ ამავე დროს მრავალმხრივია, მოქნილი, ფართო სულის, შინაგანი გრძნობების მქონე. ისე, ქართველი ქალები ხან სპარსულად კრუსუნებდნენ, ხან რუსულად, მაგრამ ვერც რუსთაველს დააკლეს ვერაფერი და ვერც ბარათაშვილს. ქართულ ენას ფეხებსაც ვერ მოჭამენ, სიმართლე თუ გინდათ, ეს არის.
დისკუსია გაიმართა
ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“
![]() |
8 პრომოუშენი |
▲back to top |
მწერალი და მისი მთარგმნელი
თბილისი-ამსტერდამი-ანტვერპენი და უკან:
ავტორი: ინგრიდ დეხრავე
ფოტო: პოლ და ანემარიკე ფლემინგი
როცა ინგრიდ დეხრავე 1999 წელს ბელგიიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა და ქართული ენის შესწავლა დაიწყო, ერთ-ერთმა თბილისელმა მეგობარმა წასაკითხად ერლომ ახვლედიანის მოთხრობების კრებული „ვანო და ნიკო“ შეურჩია. წაკითხვის მერე, ინგრიდი ერლომს გასაცნობად ესტუმრა, და „ვანო და ნიკო“-ს თარგმნა გადაწყვიტა. 2003 წელს „ვანო და ნიკო“ ამსტერდამის ერთ-ერთ გამომცემლობაში, „Voetnoot“-ში, ნიდერლანდურ ენაზე გამოქვეყნდა. ეს არის პირველი წიგნი, რომელიც ქართულიდან ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა. 2006 წლის ნოემბერში კი ერლომ ახვლედიანი და მისი მთარგმნელი, ინგრიდ დეხრავე ნიდერლანდებსა და ბელგიაში მიიწვიეს. იქ ინგრიდ დეხრავეს მიერ ნათარგმნი და შედგენილი მეორე წიგნის - ერლომ ახვლედიანის ნაკლებად ცნობილი მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნს ნიდერლანდურად „ამბავი კაცისა, რომელმაც თავი დაკარგა“ ჰქვია. ორივე წიგნის თარგმანი ფლანდრიის სალიტერატურო ფონდმა დააფინანსა. გთავაზობთ, ინგრიდ დეხრავეს სამოგზაურო შთაბეჭდილებებს. თუ ინგრიდის ქართულ ენაზე დაწერილ მესიჯებს, იმეილებს და განცხადებებს არ ჩავთვლით, ეს ტექსტი მისი დებიუტია.
წიგნის პრეზენტაცია ამსტერდამში,
ნიდერლანდები, 2006 წელი
სიზმარი და მგზავრობა
ერლომის თავი ჰაერში ფარფატებს. ალიონის სინათლე თვითმფრინავის სალონში შემოდის და ერლომის სახეს ანათებს. ჩვენს წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ერლომმა წიგნი მათხოვა. ოთხი წელია, რაც მპირდება, რომ მათხოვებს. სამოცდაათიან წლებში ერთმა გერმანელმა ლიტერატორმა, სახელად ადოლფ ენდლერმა, საქართველოში იმოგზაურა, რომ კარგად გაეცნო ის ქვეყანა, რომლის პოეზიაც გერმანულ ენაზე უნდა ეთარგმნა. თბილისში ამაყ და ამბიციურ მწერლებს შეხვდა. უფრო დიდი სიმპათიით აშკარად მუშებისა და სოფლელების მიმართ განეწყო. თუმცა, გაიცნო ერთი გამონაკლისი: მისი თქმით, „ბოჰემური დენდი ერლომ ახვლედიანი“.
ოთხი წელია, ერლომი აპირებს, რომ სამოცდაათიან წლებში გერმანელი ლიტერატორის მიერ დაწერილი წიგნი მათხოვოს, რათა ქართულად ავუხსნა, მასზე იქ რა წერია. ახლა ერლომის თავს მიღმა ახალი დღე თენდება, და მის პროფილს ნათლად ხაზავს. ამ წიგნის წაკითხვამდე აზრად არ მომივიდოდა, რომ ეგრეთ წოდებულ „ბოჰემურ დენდის“ ლიტერატურულ მოგზაურობაში წავიყვანდი. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ სხვისი წარსულიდან ბევრ რამეს სწავლობენ. ამ ფართოდ გავრცელებული სიბრძნის გაზიარება მეუხერხულება და თავის წარსულზე ვერავის ვერაფერს ვეკითხები ხოლმე. ერლომზე ვიცი, რომ მწერალი და სცენარისტია; რომ თავისი მორიდებით და თავმდაბლობით სხვის გულს ათბობს. აი, ჩვენი მისიაც დასავლეთ ევროპაში: ხალხის გულის გასათბობად ჩავდივართ. ერლომის ძილის წინ საკითხავი მოთხრობები უნდა მოვყვეთ. „ვანო და ნიკოს“ წინასიტყვაობაში წერია: „მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოლილ ფიქრებში ჩამეძინება.“
ადოლფ ენდლერის 1976 წელს გამოცემული წიგნის ყდაზე ფანქრით დახატული მთიანი ლანდშაფტი იშლება, რომელზეც წვერიანი და თვალდახუჭული კაცის თავი ფარფატებს. ერლომს სამოცდაათიან წლებში წვერი ჰქონდა? მე ოთხი წლის ვიყავი. 2006 წლის 4 ნოემბრის გამთენიისას კი, ერლომი და მე თვითმფრინავში გვერდიგვერდ ვსხედვართ: ერლომი ისვენებს და მე, მისი პროფილის დანახვაზე, იმედი მაქვს, რომ ეს მგზავრობა, რომელზეც ის ძლივს დავითანხმე, მას კი არ ავნებს, არამედ გაამხნევებს და გაახარებს.
ერლომი, საშა სვოლიკოვა - მეორე წიგნის სლოვაკელი მხატვარი და ინგრიდი
ამსტერდამის აეროპორტ სკიპჰოლში ჩვენი თვითმფრინავი დაჯდა, და მასპინძელი მანქანით ძველ ქალაქში გვატარებს. სტუმრის სტატუსის გარდა, თარჯიმნის როლიც დამაკისრეს. არც კითხვებში ვერევი და არც პასუხებში. დისტანციას ვიცავ. ხან კითხვა, ხანაც პასუხი უადგილოა: კულტურათაშორისი განსხვავებები გვაბნევს, ოღონდ ეს ხელს არ გვიშლის. ერლომი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანია, მასპინძელი კი ჩვენი კომუნიკაციის თავისებურებებით ერთობა და ყოველდღიურობიდან განიტვირთება. კულტურათაშორის განსხვავებებთან შეხება ჩემთვის პროფესიად იქცა.
ქალაქის ვიწრო ქუჩებში და ხიდებზე მასპინძელი დიდ ამერიკულ მანქანას ოსტატურად ატარებს და იმ ძეგლების, შენობების და პარკების ისტორიას გვიხსნის, რომელსაც გვერდით ჩავუვლით. ქალაქი ამსტერდამი ცარიელია: შაბათის ადრიანი დილაა და ამსტერდამელები დატვირთული სამუშაო კვირის მერე ისვენებენ. ჩვენ ჯერ-ჯერობით მხოლოდ უსულო საგნებთან გვაქვს საქმე. მასპინძელი: „ეს შენობა ეროვნული ბანკია, სარდაფში სახელმწიფო ოქრო დევს. ყაჩაღური თავდასხმის შემთხვევაში, სარდაფი წყლით შეივსება“-ო. ნიდერლანდები ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს და ბიბლიური სიბრძნე - სისუსტით ვარ ძლიერიო, - დევიზად გაიხადა. მასპინძელი: „ამ ქალაქის ალაყაფის კართან კი ქალაქში შემოტანილ საქონელს წონიდნენ.“
ნახევრადმძინარენი, ამ ძველ და ცარიელ ქალაქში დავდივართ. ნიჭიერ მასპინძელს დავყავართ და ისტორიული ცენტრის გულში პატარა და მყუდრო კაფეში ლუდზე გვპატიჟებს. მრგვალ მაგიდაზე შუშის ჭურჭელი დგას, შიგნით სანთელი მკრთალად ანათებს. მასპინძელი ჯერ ჰოლანდიურ ლუდს გვასინჯებს, მერე გერმანულს აყოლებს: ლეგენდარული ბელგიური ლუდით კი ჩემთან ვახშამზე გაგიმასპინძლდებითო. ერლომი ჭურჭელს დიდი ყურადღებით აკვირდება და გვეკითხება, ეს რა არისო? აქ სანთელს ანთებენ სიმყუდროვისთვის-მეთქი. ერლომი დაფიქრდება: სილამაზეს იმაში ვხედავ, რომ ორი უსულო საგნიდან სიცოცხლე იქმნებაო.
ერლომმა უკვე თბილისელი მეგობრებისგან იცის, რომ ნიდერლანდებში ფარდები არ უყვართ. კაფეში ვიტრინაში ვსხედვართ და გამვლელებს ვათვალიერებთ, ისინი კი ჩვენ გვიყურებენ. კაფეს რომ ვტოვებთ, გზას ფეხით ვაგრძელებთ, ჩვენს ვიტრინას ჩავუვლით და ვხედავთ: მრგვალ მაგიდას, სანთლის შუქზე ყვითლად განათებულ ჭურჭელს და ჩვენს ანარეკლს. ამსტერდამის ჯადომ მოგვიცვა. ერლომის მოთხრობაში „ამბავი კაცისა, თავი რომ დაკარგა“, კაცი შინ მიდის და მიხვდება, „რომ თავად აღარ იყო; მის ადგილას სარკეგაცრეცილი ძველი კარადა იდგა.“ რამდენიმე საათია, რაც ამსტერდამში ჩამოვედით. თავი კი უკვე დავკარგეთ.
ქალაქის გაცნობის მერე, სასტუმროსკენ მივემგზავრებით. სასტუმროს შენობა დიდი ხნის წინ, ამსტერდამის პორტის შუაგულში აშენდა და მეზღვაურთა თავშესაფარი იყო. მოგვიანებით ახალი ფუნქცია შეიძინა და არასრულწლოვანთა ციხედ იქცა. დიდი ხანია, რაც ამ უბანმა პორტის ფუნქცია დაკარგა და ყველამ მიატოვა, ნარკომანების, ლოთების და კრიმინალების გარდა. ჩვენი სასტუმროს უბანი, წლების მანძილზე, საშიშ და არასასურველ ადგილად ითვლებოდა, სანამ ურბანისტებმა ახალი გეგმები არ ჩამოაყალიბეს. ახლა სამიოდე წელია, რაც სასტუმროს უბანში უახლესი არქიტექტურის ნიმუშები აშენდა. ქუჩები და ფასადები თითქოს მუსიკალური პრინციპითაა დალაგებული. რაც აშენდა, წყალში ირეკლება. ხიდები ფეხით მოსიარულეთათვის მოპირდაპირე მხარეებს ლექსივით აკავშირებს. როცა ღამდება, განათება ცალკე სივრცულ განცდას ქმნის.
ღამდება. მასპინძელმა აგვიხსნა, სადაც ცხოვრობს: სასტუმროდან ათი წუთის სავალიაო. მის სახლს ვეძებთ. ვიკარგებით. მაღალ, ცისფრად განათებულ კორპუსებს და დაბალი, უფარდო, დიდფანჯრებიანი სახლების რიგებს გავივლით. მესოპოტამია გვახსენდება. მასპინძლის ოჯახის გაცნობით და დაპირებული ბელგიური ლუდით ვტკბებით. ბევრი სიარულის და დათვალიერების მერე მივედით იქ, სადაც მშვენიერი ვახშამი და სასიამოვნო საუბარი გველოდა. სასტუმროში დაბრუნებისას, ერლომი გვეუბნება, რომ ეს უბანი ნაცნობად ეჩვენება: სიზმარს რომ ვხედავ, სხვადასხვა სივრცეში ვხვდებიო. რასაც ამ უბანში ვხედავ, ერთ-ერთ ჩემს სიზმრისეულ სივრცეს ჰგავსო. ერლომს უხარია, რომ მისი სიზმრებიდან ნაცნობ გარემოში სეირნობს. აქ ჩამოვიყვანე და ახლა მის სიზმარში დავდივართ: „მოდიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ფიქრი მისი ჭიანჭველებისაგან იყო, ოცნება მისი ფრინველებისაგან იყო, სიმღერა მისი კენჭებისაგან იყო...“ ნეტა, როდის გაგვიშვებს ერლომი თავისი სიზმრიდან?
ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ერლომ ახვლედიანის
ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნი
წიგნები:
ERLOM ACHVLEDIANI
DE MAN DIE ZIJN HOOFD VERLOOR
Uitgeverij Voetnoot
Antwerpen/Amsterdam
ERLOM ACHVLEDIANI
VANO & NIKO
Uitgeverij Voetnoot
Antwerpen/Amsterdam
ინგრიდის ქართულ გამომცემლობა
Link-ში ერლომ ახვლედიანის
გამოცემული წიგნები:
ერლომ ახვლედიანი
„ვანო და ნიკო“
გამომცემლობა Link
თბილისი - 2005
ერლომ ახვლედიანი
„ამბავი კაცისა, რომელმაც თავი
დაკარგა“ და სხვა მოთხრობები
გამომცემლობა Link
თბილისი - 2007 წლის გაზაფხული
ერლომის მწერლობა
რამდენიმე საათიანი გზის მერე, ჩემს სამშობლოში მოვხვდით, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში. სცენაზე მწერალი და მისი მთარგმნელი სხედან. წინ ხალხი უსმენს. ქართულ ღვინოს წრუპავენ. მწერალი და მისი მთარგმნელი გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ. მთარგმნელი თარგმნის. მწერალს უკვირს, რომ ის ხალხი მწერალ ერლომ ახვლედიანთან შესახვედრად მოვიდა. ერლომი თავის თავს მწერლად არ თვლის. როცა სტუმრები ეკითხებიან, მაშინ რას წარმოადგენთო, პასუხობს: სცენარისტი ვარო. და მის მიერ დაწერილ კინოსცენარებს და მათი რეჟისორების სახელებს ჩამოთვლის.
შვიდი წლის წინ, საქართველოში, ქალაქ თბილისში გადმოვსახლდი. მანამდე ბელგიაში ვიზრდებოდი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ქართული ენის მასწავლებელი მოვძებნე და ერთი წელი ამ ენის შესწავლას მივუძღვენი. ჩემი ახალი სამშობლოს ენის დაუფლება ჩემი თავისუფლების და დამოუკიდებლობის გასაღები იყო. სწავლის პირველი წელი რომ შესრულდა, ერთმა თბილისელმა მეგობარმა ვეღარ მოითმინა და ერლომის კრებული „ვანო და ნიკო“ შემაჩეჩა. ქართული ლიტერატურის გაცნობის დროაო.
განათლებით მთარგმნელი ვარ და ნაჩუქარი კრებული რომ წავიკითხე, რასაკვირველია, გადავწყვიტე, რომ ქართულიდან ნიდერლანდურად მეთარგმნა. თარგმანი 2003 წელს ნიდერლანდურმა გამომცემლობამ გამოაქვეყნა. გამომცემელმა ერლომის მეორე წიგნის გამოცემა და ავტორის და მთარგმნელის მიწვევა გადაწყვიტა.
ამსტერდამს და ანტვერპენს შორის დამაკავშირებელ ტრასაზე ერლომი არკვევს, რომ ნიდერლანდების ყველაზე მაღალი „მთა“ 80 მეტრს არ აჭარბებს. ერლომი ჩაფიქრდება. ანტვერპენში ჩვენებურ მთას გაჩვენებმეთქი. 123 მეტრის სიმაღლის ტაძრის ძირში რომ ვდგავართ, ერლომს ვეუბნები: აი, მთა. სანამ ტაძრის საუნჯეს ვათვალიერებთ, მასპინძელი გარეთ გველოდება: რაც გავიზარდე, და მშობლიური სახლი დავტოვე, ეკლესიაში ფეხი აღარ დამიდგამსო. ტაძრის წინ მდებარე მოედანზე სპექტაკლი ტარდება: ორი მასხარა მაყურებლებს ართობს. შუასაუკუნეების ტრადიცია ისევ ცოცხალია.
უკანა გზაზე მასპინძლის მეგობარი ზის საჭესთან: თვითონ ძველი „სიტროენით“ დადის, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ძველი „სიტროენის“ ხანა გავიდა, და ახალი მანქანა უნდა იყიდოს, რომლითაც მასპინძელი ერთგულად და თავაზიანად გვატარებს. გული რომ არ გავუტეხოთ, ვადასტურებთ, რომ კარგი არჩევანია. ერლომს და მე არ გვინდა, რომ ვინმეს გული ვატკინოთ. სანამ ამსტერდამს მივუახლოვდებით, მეგობარი გვტოვებს და თავისი ძველი „სიტროენით“ სახლისკენ ბრუნდება.
შინ სასტუმროს თანამშრომელი შეწუხებული სახით გვხვდება: წყალი შემოვიდა და თქვენი ოთახები დაიტბორაო. ჩვენი აქ ყოფნის დროს იმდენი გველაპარაკნენ წყალზე, რომ არ გვიკვირს: ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა ქვეყანაში, სადაც ზღვა მიწაზე მაღლაა. სიამოვნებით გადავდივართ უფრო დიდ ნომრებში და ბოდიშით შემოთავაზებულ ჩაის და შოკოლადის ნამცხვარს მივირთმევთ. მწერალს და მის მთარგმნელს ნელ-ნელა სახლი გვენატრება და სახლში დარეკვა მოგვინდა: მწერლის ვაჟიშვილი შინ არის, მამას შეახსენებს, როგორი მობილური უნდა უყიდოს. მე კი მთარგმნელი, ქართული ენის მცოდნე ვარ. მელოდებიან ლექსიკონები, მაგიდა, კომპიუტერი, გათბობის გადაკეტილი ონკანები, მუსიკალური დისკების კოლექცია. აქ მოკითხვა უადგილოა.
მეორე დღეს მეორე პრეზენტაცია ტარდება, ამჟამად ამსტერდამში. ერლომს წარვადგენ, როგორც უზომოდ მორიდებულ და თავმდაბალ პიროვნებას, ლაპარაკი და ყურადღება რომ არ უყვარს. მაგრამ დღეს ბევრს და ხალისიანად ლაპარაკობს. ჩვენი გამოსვლის მერე, ნიდერლანდელი პოეტი სცენაზე ადის და აცხადებს, რომ ამიერიდან მხოლოდ ქართულად დაწერს - აღმოაჩინა, რომ ქართული ძალიან ლამაზი და ძლიერი ენაა. ახლახანს დაწერილ ლექსს ქართულად გვიკითხავს - ერლომის ერთ-ერთი მოთხრობის შთაგონებით დაწერილს. „დაკარგე თავი“ ახალი ლექსის სათაურია. ერლომი სხვა მწერლებს აწერინებს. უხარია. ენერგია გასცა და ენერგია დაუბრუნეს. შემოქმედებითი წრე გამთლიანდა.
ბლოკნოტი
ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ უცხო ქვეყანას კარგად ვერ გაიცნობ, სანამ მისი სოფლის ტალახში არ დადგები და ბოსლის ჰაერს არ ჩაისუნთქავ. ნიდერლანდების ურბანისტული ხატის გასამთლიანებლად ამსტერდამთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში ვიმგზავრეთ. ნისლიანი ზამთრის დღე იდგა. მასპინძლის მანქანაში სითბო ნელ-ნელა გროვდება და ფანჯრიდან დანახული ხედით ვტკბებით. ცნობილი ნიდერლანდური გამოთქმის მოწმეები ვხდებით: სამყარო ღმერთმა შექმნა, ნიდერლანდები კი - ნიდერლანდელებმაო. ქალაქში წყალი კალაპოტშია მოქცეული, მაგრამ აქ უკვე იშლება და ზეცას უერთდება.
ტბის ერთი ნაპირიდან დანიშნულების ადგილს ვუცქერთ: მეთევზეების უძველეს სოფელს, თავისი პატარა ხის, რაღაცნაირ მწვანედ შეღებილი სახლებით, პატარა ეკლესიით და პატარა პორტით. სამასი წლის წინ შექმნილ მიწაზე ვდგავართ და ამ სასწაულს აქედან ვუყურებთ (აქამდე ეს ადგილი მთლიანად წყლით იყო დაფარული, დღეს ხმელეთია, სახლები დგას და ქალაქის ნაწილია). ამსტერდამის მოსახლეობა და საქმიანობა იზრდება და სივრცე აღარ ყოფნის. წყლის ხმელეთად გადაქცევის ტრადიცია უკვე დიდი ხანია არსებობს.
მასპინძელს მანქანა მშენებლობის ტერიტორიაზე, მიწის ბილიკებზე დაყავს. უკანა გზაზე მშენებარე შენობებს შორის კოსტიუმში გამოწყობილი ქალების და მამაკაცების ჯგუფს ვხვდებით. ქარი მათ თმებს და შარვლებს აფრიალებს. ვინ არიან? ინვესტორები, ურბანისტული ტურისტები თუ გეოლოგები? მათი თმების და შარვლების ფრიალის დანახვაზე, კიდევ უფრო ღმად და თბილად ჩავძვერით მანქანის სავარძლებში. გზა სოფლისკენ რომ გავაგრძელეთ, ერთ უბეში გავაჩერეთ, დაბალ ჯებირზე ავცოცდით და შევამოწმეთ, წყალი მიწაზე რამდენად უფრო მაღალია. შემდეგ უბეში მასპინძელმა აგვიხსნა, რომ ამ ნაყოფიერ მინდვრებში ევროპის ბატების 70 %25 ჩამოდის ხოლმე და სამხრეთისკენ მგზავრობისთვის ემზადება.
ბოლო მოსახვევმა მეთევზეების სოფელში მიგვიყვანა. იქ, ძირითადად, მოხუცები და საბავშვო ეტლიანი ხალხი დადის ქუჩებში. ხის სახლები მწვანედაა შეღებილი და აბიბინებულ, სიმეტრიულად მოჭრილ ბალახში დგას. ამდენი სიმწვანე თვალებს მტკენს. შეკითხვაზე, ნუთუ მასპინძელს აქ გადმოსვლა არ სურს, ის გვპასუხობს: ახალი მოჭრილი ბალახის სუნს ვერ ვიტანო. ყველაფერი გასაგებია. თითქოს ღია ცის ქვეშ, მუზეუმში დავდივართ, ოღონდ დასახლებულში. მოსახლეობას ძირითადი შემოსავალი ტურიზმისგან აქვს, და სიმწვანე და თოჯინების სახლებში ცხოვრება არ ბეზრდება. ჩვენ, იმ შეგნებით, რომ აქ სასეირნოდ მოვედით და არა საცხოვრებლად, გულისრევის მსუბუქი შეგრძნების მიუხედავად, აქაურობის თვალიერება მაინც გვსიამოვნებს. სიურეალისტური სცენებით ვერთობით: როგორც ყველგან ნიდერლანდებში, აქაც ნაკადული მოედინება: მივყვებით და ერთ-ერთ მინიატურულ ხიდთან შვიდიოდე გედი შევამჩნიეთ. ძოვენ. სამივე გაშტერებული ვაკვირდებით გედების ძოვას. მაგრამ იქნებ ჩვეულებრივი მოვლენა იყოს? გედები ძოვენ. ძროხებიც ძოვენ. ჩვენი ვიწრო ბიოლოგიური ცოდნით, აქამდე ვერ გავარკვიეთ, რომ ორივე - გედიც და ძროხაც ძოვს. უვიცობა კი სახიფათოა: „- რამდენი დარჩითო? - ჰკითხა მელამ ნაბოლარას. - არც ერთიო, - უპასუხა მან. ნაბოლარამ ხომ თვლა არ იცოდა?! მელას უნდოდა ისიც გადაესანსლა, მაგრამ „არც არ იყო“, რას გადასანსლავდა?! სამაგიეროდ ნაბოლარამ გადასანსლა მელა, რადგან უვიცი დატოვეს და ისიც კი არ ასწავლეს, რომ წიწილას არ შეუძლია მელა გადასანსლოს.“
მთელი მგზავრობის დროს პირველად, ერლომმა შვილის ნაჩუქარი ბლოკნოტი ჟაკეტის ჯიბიდან ამოიღო. ერლომი ხმამაღლა წერს: „გედები ძოვენ“. ფრჩხილებში: „ინგრიდი“. ერლომი პირველი ადამიანია, რომელმაც ჩემი ნათქვამი ჩაწერის ღირსად ჩათვალა. გზას ვაგრძელებთ, და ვინაიდან ბლოკნოტი ხელში აქვს, ერლომი ჩაწერას აგრძელებს. მინიატურული ხიდების სახელებს ჩაწერს: ბეატრიქსის ხიდი, იულიანას ხიდი. ბლოკნოტს ხურავს და ისევ ჯიბეში იდებს. მანქანაში ვბრუნდებით და მეთევზეების სოფელს ვტოვებთ.
თავისუფლება ბარში
წიგნის პრეზენტაცია ანტვერპენში,
ბელგია, 2006 წელი
ამჟამად ერლომს და ჟურნალისტს შორის ვიკავებ ადგილს. მათ სამსახურში ვარ. ვთარგმნი. ჟურნალისტმა საბჭოთა დროს გამოცემული ფიროსმანის ალბომი ამოიღო ჩანთიდან. მხატვრის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმისთვის ერლომის მიერ დაწერილ სცენარზე ვსაუბრობთ. საუბრის დროს, ჟურნალისტის ყავის ფინჯანი ცარიელდება, ერლომის სიგარეტის კოლოფი ცარიელდება და თავი მათი სიტყვებით მევსება. იმავე დღეს ფიროსმანი ისევ გვახსენდება. ჩვენს ლიტერატურულ მოგზაურობას ამ გაზეთის ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუთი და რემბრანდტის, ვერმეერის და ვან გოგის ტილოების დათვალიერებით ვამთავრებთ.
ვან გოგის მუზეუმი იკეტება. ჩვენს მერე სტუმრებს აღარ უშვებენ. გარეთ დაბნელდა. სახლებში ანთებული ლამპები არხების წყალში ირეკლება. როგორც ბოლო სტუმრებმა, მუზეუმის დაცარიელებული დარბაზები შემოვირბინეთ. ზურგში დარაჯების მზერას ვგრძნობთ. ჩემს თანამგზავრს კი დროის შეგრძნება არ აწუხებს, და თითოეულ სურათს დიდი ყურადღებით ისრუტავს. დათვალიერების დროს, ერლომი ფიქრობს: ფიროსმანი ასეთ მუზეუმს იმსახურებდაო. ერლომის ნათქვამზე, ფიქრებში თავი თბილისის მუზეუმების დარბაზებში წარმოვიდგინე. ძველი მუზეუმების საბჭოთა პერიოდის ექსპოზიციებში შიგადაშიგ შევირბენ ხოლმე: ჭურჭლის ნამსხვრევები, აღარარსებული ცხოველის კბილი, იარაღის კოლექცია, თავის ქალები, რუქები, აბრეშუმის ქუდები და აღმოსავლური ხალიჩები, თოიძე, კაკაბაძე, ხატები, ახვლედიანი, გუდიაშვილი და ფიროსმანი. იქ თითქოს რაღაცას ვეძებ. რას - არ ვიცი. იქ დაკონსერვებულ ნოსტალგიას ვხვდები: ბზარებს, სურათების საკიდ თოკებს, გაყვითლებულ დერეფნებს, ფარდების უკან დარაჯების საჭმელს, ღუმელებს, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ მიტოვებულ ნივთებს და გაჩერებულ დროს.
ერლომი უკვე მომდევნო სურათის გასაცნობად წავიდა. მივყვები. ბოლოს ლიფტით გასასვლელთან ჩავდივართ, ჩაბარებულ პალტოს ვიღებთ, და ბნელ ქუჩებში ვიკარგებით. მასპინძლის და გამომცემლის ოჯახის წევრები გამოსამშვიდობებელ ვახშამზე, ფრანგულ რესტორანში გველოდებიან. ჩვენი წასვლის დრო ახლოვდება. ერთმანეთს ვუმტკიცებთ, რომ ძალიან ვისიამოვნეთ, ჩვენი მეგობრების საქართველოში ჩასვლის გეგმებს ვაწყობთ, ერლომს ახალი წიგნის დაწერას უსურვებენ, თარგმანს სიამოვნებით გამოვცემთო. რამდენიმე საათის მერე, ისევ სამნი დავრჩით: მასპინძელი, ერლომი და მე. ჩვენი გამოსამშვიდობებელი ვახშმის დანარჩენი წევრები შინ დაბრუნდნენ. ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა: შორი გზა, პატარა ქალიშვილის ძილის დრო. დამშვიდობებას რამდენიმე წვეთი ცრემლი მოჰყვება. კულტურათაშორისი განსხვავებები ზოგიერთს გულს უჩუყებს.
რესტორნიდან სასტუმროში მასპინძელი ფეხით გვაცილებს. განსაკუთრებული განცდით ერლომის სიზმრებიდან ნაცნობ უბანს ვემშვიდობებით. სასტუმროსთან მისვლისას მასპინძელმა ქართული თვისება გამოიჩინა: მშვიდობიან ღამეს კი არ გვისურვებს, ბარში ბოლო ჭიქის დასალევად გვპატიჟებს. სასტუმროს ბარის მაღალ სკამებზე ვისხედით. როგორც თარჯიმანი, შუაში ვიჯექი. რაც უფრო ცარიელდება ჭიქები, მით უფრო ღრმავდება საუბარი. ერლომი მასპინძელს ეკითხება, თუ იცნობს დახლს გარშემო მჯდომი ხალხი ერთმანეთს. ერლომის მხდალი კაცის ამბავი მახსენდება: „მხდალი კაცი იყო, ისეთი მხდალი, რომ შინიდან გასვლაც კი ეშინოდა.“ მერე ერლომს გვერდის მესამედი სჭირდება, რომ მისი მხდალი კაცი იქამდე მიიყვანოს, ათქმევინოს: „ვაითუ ჭერი ჩამოინგრეს და მეც შიგ მოვყვე, შინ რომ დავრჩიო.“ მასპინძელი ფიქრდება და პასუხობს, რომ არაო, ერთმანეთს არ იცნობენო. საღამოობით სახლებიდან სასეირნოდ გადიან და ბარში დასალევად შედიან. გვერდზე ვინ ზის, არ იცნობენ, და თუ სურთ, ერთმანეთს დაელაპარაკებიან, თუ არა - გაზეთს კითხულობენ, ლეპტოპზე მუშაობენ ან, უბრალოდ, სვამენ და წინ იყურებიანო. ახლა ერლომის დაფიქრების დროა: საოცრებაა, ბევრი უცხოურ ფილმს იგონებს, ხალხი ერთმანეთს შემთხვევით როგორ ხვდება, ამ შეხვედრას უამრავი თავგადასავალი როგორ მოყვებაო. ეს საქართველოში არ არსებობსო. ჩვენ მეგობრების და ახლობლების გარეშე ბარში არ დავდივართო. აქაური თავისუფლება კარგიაო. ბოლო ჭიქას ბოლომდე ვსვამთ, შემდეგ დილამდე ერთმანეთს ვემშვიდობებით და ნომრებში შევდივართ. დილაადრიან, მასპინძელი გასასვლელთან გველოდება და აეროპორტისკენ მივიჩქარით.
![]() |
9 კომენტარი |
▲back to top |
დიდი ჩინეთი მოდის
ავტორი: ნინო ძანძავა
სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება ყურს ზიზღნარევი წამოძახილები საქართველოში მოჭარბებული ჩინელების მისამართით. ხალხის ყურადღება მათ თბილისის ქუჩებში გამოჩენისთანავე მიიპყრეს, ეს კი დაახლოებით გასული წლის ზამთარში მოხდა - მაშინ, როცა ჩინელებმა რუსთაველის მეტროსადგურთან იაფფასიანი ჩუსტების გაყიდვა დაიწყეს. მაშინ ჩვენ პირველად ვნახეთ წყვილ-წყვილად და ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე ადამიანები უცხო მხარიდან, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში მაღალხარისხიანი თეთრეულით იყო ჩვენში ცნობილი და მიმზიდველი. ჰო, კიდევ ფაიფურით. სტერეოტიპი, რომელიც ჩინეთთან მიმართებაში მაშინ არსებობდა, დღეს ახალი სტერეოტიპით იცვლება. ვერ ვიტყვით, რომ ეს ცვლილება მტკივნეულია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებას უჭირს ფაიფურის ხელოვნებით სახელგანთქმული ჩინეთი და ის ჩინეთი, რომელიც ჩვენთან უხარისხო პროდუქციით და რაც მთავარია, ყვითელკანიანი რასის სახით მკვიდრდება, ერთმანეთთან გააიგივოს, რადგანაც პატარა მაღაზიის მფლობელი „ლილიპუტი და სუნიანი ჩინელი“ (მათ ასეთი ეპითეტებითაც იხსენიებენ) ხომ შეუძლებელია ძლევამოსილი, უსწრაფესი ეკონომიკური განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის სახეს წარმოადგენდეს.
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ კულტურის შესახებ ყველაზე ზუსტ წარმოდგენას წიგნებში ამოკითხული ან ინტერნეტში ნავიგაციის შედეგად მიღებული ინფორმაციით მიიღებენ, თვალს გადაავლებენ ქვეყნის მონაპოვარს ხელოვნების სხვადასხვა დარგში, გასინჯავენ ამ ერის სამზარეულოს და ა.შ. მათი აზრით, შემეცნების პროცესში სულაც არ არის მნიშვნელოვანი ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება. არადა, ეს ხომ კულტურასთან შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ისეთი, როცა ეგზოტიზაციის საშიშროება ყველაზე ნაკლებია. თუმცა, ქართველებს ისევე, როგორც ბევრ სხვა ერს, გვიყვარს ეგზოტიზაცია და მითების შექმნა. მითს კი ყოველთვის ან ცალსახად დადებითი, ან ცალსახად უარყოფითი შეფასება ეძლევა. ბევრისთვის სწორედ ამაშია მითის მომხიბვლელობა.
ქართველები არა მხოლოდ უცხოების შესახებ ქმნიან მითებს, არამედ საკუთარ თავთან მიმართებაშიც. ერთ-ერთი ასეთი მითია ის, რომ ჩვენს ერს ტოლერანტულობის განსკუთრებული უნარი აქვს. ეს მოსაზრება ეროვნებებთან დამოკიდებულების ასპექტშიც ძალიან დამკვიდრებულია. ამასთან დაკავშირებით საუბრობენ, წერენ, იღებენ ფილმებს, მათ შორის დოკუმენტურ ფილმებს (დათო ჯანელიძის „მეიდანი - სამყაროს ჭიპი“, სახელოსნო ვარანის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმი „ჩვენთან ვერაზე“ და ა.შ.). ამ მხრივ, ერთერთი ყველაზე გახმაურებული ბოლოდროინდელი შემთხვევა ზურაბ ჟვანიას უკავშირდება. ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისას, იგი იძულებული გახდა განემარტა, რომ დედამისი სომეხი იყო და რომ ეს ფაქტი მას სირცხვილის გრძნობას არ გვრიდა. ილია ჭავჭავაძესთან მიმართებაშიც კი არსებობს ჭორი, რომლის მიხედვითაც ილიას სომეხი დედა ჰყავდა. რა თქმა უნდა, ეს ჭორი ეროვნული მოღვაწის სახელის შებღალვის მიზნით შეიქმნა და მისმა დამცველებმა თუ თაყვანისმცემლებმაც თავიდანვე ნეგატიურ ინფორმაციად აღიქვეს, როგორც ჭავჭავაძის მისამართით გამოთქმული საყვედური. ქართველები სომეხი დედის ყოლას ძნელად თუ აპატიებენ ვინმეს. წარსულშიც და დღესაც ეროვნული კუთხით დისკრიმინაციის მაგალითები მართლაც რომ უხვად მოიძებნება. არადა, სიყალბე, რომელიც სხვა არაქართველი ერების მიმართ ქართველების ძმური სიყვარული ჰქვია, უფრო და უფრო ღრმა ფესვებს იდგამს და ყოვლისმომცველი ხდება.
დაბრკოლება, რომელსაც ქართველი საქართველოში ოდითგანვე მცხოვრებ არაქართველ ხალხებთან და, ზოგადად, უცხო ერებთან ურთიერთობაში აწყდება, სავარაუდოდ სწორედ შიშს ეფუძნება. ამ შიშს გენეზისის ხანგრძლივი, ისტორიულად ბუნებრივი და არგუმენტირებული განვითარება აქვს და იმას გულისხმობს, რომ „ის“, ვიღაც, სხვა მოვა, ადგილს დაიმკვიდრებს და დამიპყრობს (ამაში, თავისთავად, რამხელა ეროტიკაა!). შიში, რომელიც არათავისუფალ საზოგადოებებს ახასიათებს, ჩვენში კარგა ხანია პარანოიის სტადიაში გადავიდა. ამიტომ იქნებ უკეთესიც იყოს ამ გრძნობის ფარული სიძულვილის სახით მაინც გამოვლენა, ცნობიერში გადმონაცვლება. იქნებ იმის შემდეგ შეგიყვარდეს, როცა ვაღიარებთ, რომ უცხო გვძულს. თუმცა, სიყვარულის ქადაგება ამჯერად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის გააზრება, რომ სიყვარული გაქრა. უფრო და უფრო რთული ხდება არაჩვენნაირის მიღება, შეთვისება, მისით გამდიდრება.
თბილისის ფორუმზე გახსნილ თემას „ჩინელები საქართველოში“ (ამ პორტალის მომხმარებლების მხრიდან) ძალიან მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. შეფასებები, ძირითადად, უარყოფითი ხასიათის იყო. გამოითქვა აზრი, რომ უნდა შეიქმნას მოიერიშე ჯგუფები, რომლებიც ამ „ვიწროთვალიანებს“ თავიანთ კომერციულ საქმიანობაში ხელს შეუშლიან (პერიოდულად ვიტრინების მსხვრევა, „მოლოტოვის კოქტეილი“ და ასე შემდეგ). მსგავსი აგრესიის მიზეზი კი ისევ და ისევ არის შიში იმის გამო, რომ მალე „კოსოგლაზები“ საქართველოში მთელი თავიანთი სანათესაოს ჩამოყვანას დაიწყებენ და ელვისებური სისწრაფით გამრავლდებიან. ჩინელებისადმი სიძულვილის მიზეზს ზოგი მეცნიერულად ხსნის და ამბობს, რომ მათი გამოჩენა ნებისმიერი დემოგრაფიული მონაცემების მქონე ქვეყანაში საფრთხეს ქმნის, რადგან მიზანი ყველგან ერთია - ქვეყნის ექსპანსია. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: „გვინდა თუ არა, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ქართველი ადამიანი იყოს ვიწროთვალება და დაბალი?“ ასეთი ფსევდოპატრიოტული შემართების, ალბათ, მე-20 საუკუნის ცნობილ ფაშისტებსაც კი შეშურდებოდათ. ბევრს „ვიღაც აზიატებთან“ ათქვეფა ყველაზე დიდ უბედურებად და გარდაუვალ საფრთხედ ესახება, თუკი „დამპალი ჭირის“ მოშორების საშუალებებზე ფიქრს დღესვე არ დავიწყებთ.
ისტორიულად, ქართველები უფრო იოლად გასცემდნენ, ვიდრე იღებდნენ. ხოლო როცა ადამიანს გაცემის უნარი აქვს, ეს იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ის კეთილია. „რასაცა გასცემ, შენია, რას არა, დაკარგულია“ პრაგმატიზმის და გამორჩენის ნახვის აუცილებლობის შეგრძნების შესანიშნავი მაგალითია. უანგარო გაცემის უნარი კი სინამდვილეში ძალიან იშვიათი უნარია. ამ საკითხს შეიძლება ორგვარი ახსნაც მოვუძებნოთ. პირველი: როცა ადამიანი გასცემს, ის ასევე იტოვებს იმის გარანტიას, რომ რაღაც თვითონაც რჩება; ხოლო როცა ხვდება, რომ დასარჩენი არაფერი აქვს, გაცემას ძნელად თანხმდება. არსებობს მეორე მნიშვნელოვანი მომენტიც. ჩინელების გამოჩენასთან დაკავშირებით წამოწყებულ ერთ-ერთ საუბარში უფრო უხეში ფორმით წარმოთქმული ასეთი აზრი მოვისმინე: ქართველებს ყოველთვის ურჩევნიათ საკუთარი თესლის უცხო საშოში ღვრა, ვიდრე უცხო თესლის საკუთარ წიაღში ტარება და განვითარება, რადგან ამ უკანასკნელის მონელება აუტანლად რთული ხდება. ქართველი დედა სხვაზე არ უნდა იხარჯებოდეს, ის მხოლოდ ქართული ნაყოფის მატარებელი შეიძლება იყოს.
ჯობია ჩვენს ქვეყანას თავს დაესხან და უცხო თესლის ადამიანებმა ქართველი ქალები ძალით დაისაკუთრონ, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა, ვიდრე მათ საკუთარი ინიციატივით, სრულიად მშვიდობიან გარემოში შავკანიანი, ვიწროთვალება თუ სხვა „სახის“ ბავშვების გაჩენა დაიწყონ. ამიტომ, ქართველს ურჩევნია გაუპატიურების შედეგად გაჩენილი ბავშვი ჰყავდეს, ვიდრე უბრალოდ ნაბუშარი. მას უყვარს, როცა აუპატიურებენ. ასე უფრო იოლად ახერხებს თავის გამართლებასაც და სხვისთვის „ცოდვის“ გადაბრალებასაც. ამით ხომ საშუალება ეძლევა, რომ საკუთარ თავს და ინტროსპექციას გაექცეს.
არაქართველთან ბიოლოგიური ურთიერთობა (როგორც თავდაცვის მექანიზმის რღვევის საშიშროება) მხოლოდ მტრულ კონტექსტში განიხილება. ამიტომ ქართველს უჭირს მტრებისგან თუ მტრობისგან დაცლილი ურთიერთობის ანალიზი. ამაში დარწმუნდებით, თუკი ფორუმზე გახსნილ თემას თავიდან ბოლომდე წაიკითხავთ, რაც, ცოტა არ იყოს, ძნელია და მკითხველში მაზოხისტური იმპულსების არსებობას მოითხოვს. თუმცა, ვინც ამ სირთულეს დაძლევს, შემდეგ ჭეშმარიტად მამულიშვილურ მოწოდებასაც გადააწყდება: „მეგობრებო, ნუ გააფორმებთ ფიქტიურ ქორწინებებს ჩინელებთან და ნუ მისცემთ მოქალაქეობის მიღების შანსს“! ხოლო წმინდა მოვალეობის აღსრულებისა და „ჩინელთა მაღაზიების ვიტრინების მსხვრევის ფონზე, ქართველი დედები ყრმა ამირანებს დააძინებენ“.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფიქტიურ ქორწინებაზე მაინც არცერთი ქართველი მამაკაცი არ იტყოდა უარს, თუკი საცოლისგან რამდენიმე ათას დოლარს მიიღებდა. გარდა ამისა, ჩინელი ქალები „კაიქალობის“ და მაჩო მამაკაცების დადებითი შეფასების ორ მთავარ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებენ: გემრიელ კერძებს ამზადებენ და მორჩილები არიან. ფორუმის მამრობითი სქესის მომხმარებელთა შორის, მათ სახელი სხვა თვისებებითაც გაითქვეს: „შესანიშნავ მასაჟს აკეთებენ ეგ სულწაწყმედილები“, „მანიკიური და პედიკიურიც კარგი იციან“, „საოცრად პედანტები არიან“ და „გამრავლების რაღაც დიდი საიდუმლო აქვთ, რომელსაც არ გვიმხელენ“.
ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ჩინურ საქონელს, არამედ თავად ჩინელებსაც (ამ შემთხვევაში ქალებზეა საუბარი) მოხმარების ობიექტებად განიხილავენ. იაფფასიან ჩინელ მეძავებთან ორგიების მოწყობის და ჩინური ბორდელების გახსნის იდეამ უკვე არაერთს მოუღიტინა თავში. ასე რომ, ჩინეთიდან მომავალი საფრთხის პოლიტიკური ასპექტების განხილვამ ეროვნული ფორუმის ვირტუალურ გვერდებზე, თემის დასასრულს, სექსუალური პროვოცირების ხასიათი მიიღო და ერთ-ერთი მომხმარებლის თქმისა არ იყოს, „მწყურვალე ქართველი მამრების მიერ ჯერთ მოუპოვებელი აბსტრაქტული ჩინელი ქალების გადანაწილების სტრატეგიების შემუშავებაში გადაიზარდა“. თუმცა, საფრთხის დროულმა შეგრძნებამ არც აქ დააყოვნა და კაცები ამჯერად ტროპიკული ვენერიული დაავადებების შემოტანის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ.
მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამა თუ იმ ერთან არამეგობრული დამოკიდებულება ოდესმე შეიძლება მის აქტიურ დევნაში გადაიზარდოს (ეს ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ მაინც დასაშვებია), არამედ ის, რომ გულწრფელობის კოეფიციენტი არ მატულობს. რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ, რომ პირფერი შოვინისტები ვართ, თუკი ეს სიმართლეა, და რომ ზურგსუკან კეთილ სიტყვაკაზმულობას ხშირად გინება ცვლის.
![]() |
10 წერილი იტალიიდან |
▲back to top |
იტალიური არდადეგები
ავტორი: თამარ სუხიშვილი
ფოტო: პირადი არქივი
მილანის კათედრალი ფოტოგამოფენა დანტეს ქუჩაზე იაპონელი ტურისტები ბრერის პინაკოთეკის ფონზე
მგონი გამეორება გამომდის. წინა ნომერში ჩემი შარშანდელი საახალწლო მოგზაურობის ამბავი გიამბეთ. ეს ამბავიც ნაწილობრივ საახალწლოა, ოღონდ უკვე წლევანდელი. მაგრამ საქართველოში ასეთი გამეორება ალბათ არავის გააოცებს. ჩვენ ხომ წელიწადში ორ ახალ წელს (და ორ შობას) ვზეიმობთ და ერთმანეთის მიყოლებით ორი საახალწლო პუბლიკაცია რატომ გაუკვირდებათ? წერილის გმირებიც ისევ ჩემი მეგობრები არიან, ჩემი არააქაური თანაკურსელები (ვიღას ახსოვს აქაურები?!), რომელთა წრეშიც წლევანდელ ახალ წელს შევხვდი. რადგან შინაარსი იგივე დარჩა (ახალი წელი), ამიტომაც შევეცადე, ფორმა შემეცვალა, ჩემი და ჩემი მეგობრების წერილები (ელექტრონული, რა თქმა უნდა) შევკრიბე და ამბავიც ავაწყვე. ახლანდელ დროში, როცა რომანი SMS-ებით უკვე დაწერილია, ასეთი ფორმა დიდი სიახლე ვერ არის, მაგრამ რას იზამ, მეც უფრო მარტივად გამოვძვერი. ჩემი მეგობრები კი, იმედია, მაპატიებენ, მათი წერილები დაუკითხავად რომ გამოვამზეურე. თუმცა უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ ამას საერთოდ ვერ გაიგებენ.
ჯესიკას წერილი
ბოდიშს გიხდით ჩემი იტალიური ინგლისურისათვის. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით. ეს წელი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული იყო. ხვალ შინ ვბრუნდები - იტალიაში მივდივარ. გემშვიდობებით. ჯერ არ წავსულვარ და უკვე მენატრება აქაურობა, პირველ რიგში - თქვენ. იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ ბევრი თქვენგანი შესაძლოა ვეღარც კი ვნახო.
სანამ წავალ, ჩემს მეზობლებს მინდა ვუთხრა ორიოდე სიტყვა. რას იტყვი, ჰანს, ნუთუ არ მოგენატრება ჩემი წუწუნი და ლანძღვა? რა, განა ღირსი არ იყავი? შენი გოგოების წივილ-კივილი მთელ საერთო საცხოვრებელს არ გვაძინებდა. ვინც არ იცოდა, დაე, ახლა გაიგოს, როგორი მაგარი ბიჭი ხარ. მომინდომა აქ ორგიები გაგანია სწავლის დროს.
ბობ, ახლა ვინღა მეტყვის შენნაირ კომპლიმენტს: ჯესიკა, შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ მთელ მეორე სართულზე, იცი რატომ? იმიტომ, რომ შენ ამ სართულზე ერთადერთი გოგო ხარ.
შადრევანი მილანის ციხე-სიმაგრეში
რაღაც გული ისე ამიჩუყდა, რომ იქნებ საძაგელი ჯონიც კი მომენატროს. თუმცა არა, შანსი არაა.
ალექსანდრე, ნომინაცია „არაჩვეულებრივი ადამიანი“ რომ არსებობდეს, ამ პრიზს ნამდვილად შენ მოგცემდნენ. ელეონორა, ალექსანდრეს გაუფრთხილდი. ის მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანია.
მირკო, სამწუხაროდ, ძალიან გვიან გაგიცანი და ახლა გული მწყდება, რომ დიდი დრო არ გაგვიტარებია ერთად.
პაოლო, ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ და შენგან ალბათ შესანიშნავი მეცნიერიც დადგება, მაგრამ მგონი პროფესია უნდა შეიცვალო. განა არ ჯობია, შენი მეცნიერული მიდრეკილებანი საზოგადოების ინტერესებს შესწირო? (არ ვღადაობ, მართალს გეუბნები) უშენოდ ჩვენ ხომ ძალიან მოწყენილები ვიქნებით.
ტომი, მგონი ყველაზე თავხედი იტალიელი ხარ. გუშინაც ვიხსენებდით მე და მერი ლექციის ბოლოს შენი ცნობილი გამოსვლის ამბავს: „პროფესორო, ერთი ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს თქვენთან და საერთოდ, ჩემს მიერ დასმული ყველა შეკითხვა უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია.“ თანაც აღარ იკითხავთ, ამას ვის ეუბნება? პროფესორ სმიტს, მთელი აკადემია შიშითა და კრძალვით რომ ძრწის მის წინაშე.
ძალიან მიხარია, რომ ასე დავმეგობრდით და იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, ოღონდ არა ბიბლიოთეკის ჩუმ დარბაზებში. ახლა კი წერტილი უნდა დავსვა, თორემ უკვე ძალიან მოვიწყინე. მაპატიეთ, ყველას სახელი თუ არ ჩამოვთვალე, სამაგიეროდ ყველას ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, და ყველას გელოდებით იტალიაში, მილანში.
ჩემი წერილი
მილანში ნისლია. ფრენა გადაიდო. ჰოდა, ვენაში ვარ გაჩერებული და ნისლის გადაყრას ველოდები. იმათ რა ენაღვლებათ, ახლა ხომ ვიცი, ყავას სვამენ და ჩემზე ჭორაობენ: რა საშინელი ზოზინაა, აქაც ისევე აგვიანდება, როგორც სემინარებზეო. ჰოდა, ვფიქრობ ამაზეც, ნისლზეც და კიდევ უფრო მეშლება ნერვები. ვენის აეროპორტში ერთ ქალბატონს გადავეყარე. იმან კიდევ ცალკე ნერვები ამიშალა: ასეთი რამე გაგიგიათ, - რატომ ცხოვრობ ამ საქართველოში, რა მოგწონსო. მე ვინც ვიცი, ახალგაზრდებს არავის უნდათ აქ გაჩერებაო. აი, ჩემს შვილებს აქეთ გამოხედვაც არ უნდათო, რაზეც მე ბებიაჩემის საყვარელი ანდაზა გამახსენდა და კმაყოფილებით ვუპასუხე: ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო. ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, ქალბატონი რუსულენოვანი იყო, მან, რა თქმა უნდა, ქართული ხალხური სიბრძნე ვერ გაიგო და საუბრის თემაც ბუნებრივად შეიცვალა. ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით იმაზე, რომ „სობაკა დრუგ ჩელოვეკა“.
მილანის სავაჭრო გალერეა მილანში ძაღლებსაც მოდურად აცვიათ კაფე Sforzesco-ს დიასახლისი
ძაღლებს მილანში ძალიან თბილად აცვიათ. თბილად და მოდურად. წითელ და ვარდისფერ ჟილეტებში გამოწყობილი ჩვენი ოთხფეხა მეგობრები კმაყოფილებით დააბიჯებენ მოდის დედაქალაქის საახალწლოდ მორთულ ქუჩებში.
იტალიელები ამბობენ, რომ მილანი ყველაზე ნაკლებად იტალიური ქალაქია. ეს არც განსაკუთრებული კომპლიმენტია და არც უარყოფითი ეპითეტი. მართალია, მილანი გრანდიოზული ქალაქი არ არის, მაგრამ ის მაინც მეგაპოლისია, თანაც არც ისეთი უზარმაზარი და ქაოტური, საკუთარი მასშტაბებით რომ დაგზაფროს, ალბათ ამიტომაც მომწონს ეს ქალაქი.
ჩვენ ამ მეგაპოლისის მეორე წრეზე ვცხოვრობთ. ქალაქი წრიული დაგეგმარებით არის გაშენებული. ამიტომ ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ დაიკარგები, უბრალოდ შეიძლება დიდხანს მოგიწიოს წრეზე სიარული. პირველი წრე ცენტრია. მესამე წრიდან თუ გახვედით, ჩათვალეთ, რომ ქალაქიდან გასულხართ.
მაგრამ ქალაქიდან გასვლა ჯერ ადრეა. მილანის ბრერის პინაკოთეკა, „ლა სკალა“ (გარედან ხომ მაინც უნდა შევავლო თვალი), მილანის ციხე-სიმაგრე, სადაც უამრავი რამ ინახება, მაგრამ ტურისტულ მოდას აყოლილი მნახველები ძირითადად ლეონარდოს მოხატული კედლის ძლივს შემორჩენილი ფრაგმენტებისა და მიქელანჯელოს დაუმთავრებელი პიეტას სანახავად დადიან... ეგვიპტური განყოფილების ნახვაც გინდათ? - გვეკითხება ტომი. შენ? - ვუბრუნებთ კითხვას. მე არა, - აცხადებს კატეგორიულად. და შიგ რა არის? არ ვიცი, რა უნდა იყოს, ალბათ ორი ადამიანის მუმია და ერთიც - კატის.
მუმიების ნახვის სურვილი რატომღაც არავის აქვს. თანაც ამ ახალი წლის დღეებში. რესტორანში მივდივართ. El Brellin ჰქვია. ჩემი აქაური მეგობრები ამბობენ, რომ ყველაზე „სვეტსკი“ რესტორანია და მეც სხვა რა გზა მაქვს, უნდა დავუჯერო.
კალაძის რესტორნის მონახულებაც კი მინდოდა, მაგრამ თვითონ იმ დროს თბილისში იყო და...
საახალწლო სამზადისი მილანის ქუჩებში
მერის წერილი
რა უცნაურია, მილანის მაღაზიებში ფასდაკლებები არ არის. ჯესიკას ვეკითხები და არ იქნებაო, როცა დათბება, ზამთრის კოლექციაზე ფასდაკლებები მერე დაიწყებაო. გამოდის, რომ დავრჩი ასე მილანური მოდით ჩაუცმელ-დაუხურავი. სხვა რა გზა მაქვს, დავდივარ და ვიტრინებს ვათვალიერებ. პინაკოთეკაში წასვლა დამეზარა. რაღა დროს ბელინი და ვერონეზეა. მე თანამედროვე ხელოვნება უფრო მიზიდავს: მოდილიანი, არმანი, დოლჩე... (ხო არაფერი ავურიე?) რა საშინელებაა. ყველაფერი მომწონს. მაგრამ რად გინდა?! ჩემს ჭიას მაინც გავახარებ, შევდივარ მაღაზიებში და ხან არმანის კაბას ვიზომავ, ხან - გუჩის. რა მენაღვლება... გამყიდველები მაინც მიღიმიან და მადლობასაც მიხდიან. ახლა ეტროს კოლექციას დავადგი თვალი. ნამდვილი შედევრია. როგორი ფერთა გამაა?! (ხო კარგადა ვთქვი?!)
ღმერთო ჩემო, როგორ მინდა ერთი მილიონერი, მაღალი, სიმპათიური… განსაკუთრებით ამ ახალი წლის დღეებში და აქ - მილანში, სადაც ვეღარ გავიგე, რა ხდება, მგონი სულ მდიდრები ცხოვრობენ.
ჩემი წერილი
პაოლო აღშფოთებულია. რატომ უნდა გინდოდეს მუმიასთან ერთად სურათის გადაღება. ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ ის იაპონელ ტურისტებზე ბრაზობს. ამის მერე აკვიატებული ფრაზა გვაქვს: როცა ვინმე ჩვენიანი ფოტოაპარატის ჩხაკუნის ზღვარს (ეს ზღვარიც, რა თქმა უნდა, პაოლომ დააწესა) გადააჭარბებს, იაპონელ ტურისტს ვეძახით. სულელური გართობაა, მაგრამ მაინც ვერთობით.
ისე, აქ ვერ დავეთანხმები ჩემს ძვირფას მეგობარ პაოლოს. მუმიების მიმართ მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ორი წლის ასაკში ჩემი საყვარელი ლექსი გალაკტიონის „სარკოფაგიდან დგება მუმია“ იყო. ერთხელ დედა რომ გავაბრაზე და მითხრა: იცოდე, მოვკვდებიო, მითქვამს: არა უშავს, შენგან ჰერბარიუმს გავაკეთებმეთქი. ჩემი ერთ-ერთი ადრეული ჟურნალისტური სტატიაც მუმიას უკავშირდება, კერძოდ: გიორგი ავალიშვილის მოგზაურობის ერთ ამბავს, ეგვიპტეში 1200 ოქროდ სარკოფაგი რომ შეიძინა და როგორც იოანე ბატონიშვილი ლაღობით გვიყვება თავის „კალმასობაში“, საზღვარზე რომ გაეტარებინათ, მუმია თავის მიცვალებულ ბებიად გაასაღა.
გენუას ქუჩებში ფაბრიციო დე ანდრეს მუსიკალური მაღაზია
კიდევ ერთი გასართობი გავიჩინეთ. თუმცა ის ჩვენ არ გამოგვიგონია. მირკომ გაიხსენა, რომ ამას მგონი სწორედ მის სამშობლოში - გერმანიაში ჩაეყარა საფუძველი. სანტა კლაუსების გათავისუფლების კამპანიას ვგულისხმობ. ჰოდა, ჩვენც სანტა კლაუსების გათავისუფლების ჯგუფი შევქმენით და გადავწყვიტეთ, სახურავებზე ჩამოკიდებული საბრალო სანტა კლაუსები გადაგვერჩინა და ჩვეულებისამებრ ტყეში წაგვეყვანა.
მართალია, ეს გართობა ყველამ ძალიან ავიტაცეთ, მაგრამ ბოლოს სანტების გამოსახსნელად სახურავებზე აბობღება, რა თქმა უნდა, ყველას დაგვეზარა და ეს გართობაც მალევე გადაგვავიწყდა. მირკოს სულ ასეთი გიჟური იდეები მოსდის ხოლმე თავში. ძალიან მაგარი ტიპია. გაგანია გამოცდების დროს უცებ დაარტყამდა ხოლმე და ზღვაში მთელი კვირით იკარგებოდა. ამიტომაც მირკო პოლო შევარქვი.
ჩემი წერილი
ეს ამბავი მაშინ გავიგე, მილანს რომ ვათვალიერებდით და ქუჩების სახელებს რომ ვკითხულობდით. ერთ გაყოლებაზე ქუჩებს სულ მწერლების სახელები ჰქვია - ევრიპიდეს ქუჩა, ქსენოფონტის ქუჩა... მეორე გაყოლებაზე - იულიუსისა და სხვა მეფეკეისრების (ანტიკური ლიტერატურის საგამოცდო ბილეთებივით ვკითხულობ ამ წარწერებს), ქუჩების ერთ წყებას იტალიის ქალაქების სახელები ჰქვია. ტომი იქვე განმარტავს: მე მგონი, ყველა ქალაქია, გარდა რომისა. ჰო, რომის ქუჩა მილანში არ არსებობს, მილანი არ ცნობს რომს. როგორც მილანის მკვიდრნი ამბობენ, იტალიის ნამდვილი დედაქალაქი მილანია და ის პირველობას რომს არ დაუთმობს.
მეთევზეების უბანი გენუაში
ჩემი წერილი
დანტეს ქუჩაზე დიდხანს დავხეტიალობთ, იმდენ ხანს, სანამ სიცივეს გავუძლებთ. ეს ქუჩა მარტო თავისი სახელწოდებით არ იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას, ულამაზესი ქუჩაა, თანაც ყველაზე ხალხმრავალი, ხალისიანი, ძვირფასი კაფე-ბარებით და სახელგანთქმული ფოტოექსპოზიციით. ამ ქუჩაზე ცოცხალი გამოფენაა - იტალია ცნობილი ფოტოგრაფების თვალით. ჰოდა, სანამ სიცივეს ვუძლებთ, ამ გამოფენას ვათვალიერებთ, მერე კი კაფე Sforzesco-ს ვაფარებთ თავს. ტომი ამბობს, რომ ეს მილანის ყველაზე ცნობილი კაფეა და რადგანაც ტომი ნამდვილი გურმანია, ჩვენც ბრმად ვენდობით. ცხელი შოკოლადი ხომ ამ დროს პირდაპირ მისწრებაა (ისეც და ასეც). კაფეს დიასახლისი შესანიშნავი ქალბატონია. მუდამ კეთილგანწყობილი, არასოდეს დაგიყეფებთ, თუნდაც სუფრაზე წითელი ღვინო დაგეღვაროთ, და პოზირებაზეც ხალისით თანხმდება.
დანტეს ქუჩიდან მილანის ტაძრისკენ მივდივართ. ეს კათედრალი მილანის სიმბოლოა. მის სახურავზე ასვლაც აუცილებელი რიტუალია. რა თქმა უნდა, ლიფტი მუშაობს, მაგრამ ჩვენ ფეხით ავდივართ (მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს). კიბეების თვლას ვიწყებ, მაგრამ მერე სათვალავი მერევა. რა კარგი ყოფილა, აქ პირველად ვარ, - ამბობს ტომი (ჩვენ რომ არ ჩამოვსულიყავით, რა გეშველებოდა?!). როგორც იქნა მშობლიური ქალაქი დაგათვალიერებინეთ, - იცინის ალექსანდრე. სახურავზე თბილა. ჩვენ კატებივით ვეფიცხებით მზეს და ვემშვიდობებით მილანს, რადგან ხვალ უკვე ფერარაში მივდივართ. ფრანჩესკამ გადაწყვიტა, ახალ წელს თავის საუნივერსიტეტო ქალაქში შეგვახვედროს. ვნახოთ.
ფრანჩესკას წერილი
ამას წინათ კიდევ ერთხელ გაუშვეს ანტონიონის Al di la delle nuvole, ფერარაშია გადაღებული. რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, აქ აღარ ვყოფილვარ. ცოტათი ვღელავ კიდეც. მეც ისე მემართება, როგორც სელინჯერის ბებერ გმირს, თავისი კოლეჯის ტუალეტში სტუდენტობის დროს ამოჩხაპნილ წარწერებს რომ დაეძებს. ახლა ცოტათი ვნანობ კიდეც, ძალიან წესიერი სტუდენტი ვიყავი და კედელზე არასოდეს არაფერი წამიწერია; არც კედელზე და არც ტუალეტის კარზე. რა დამემართა, ხომ არ დავბერდი?
რომეოს ვილა ფერარაში ფერარას წმინდა გიორგის კათედრალი
ბევრი არაფერი შეცვლილა. ფერარა ისევ ისეთია. ალბათ დაახლოებით ასეთივე იყო საუკუნეების წინათაც - წყნარი, მშვიდი. ქალაქს რომ ვათვალიერებდით, ვიღაც გამვლელმა გიდობა შემოგვთავაზა (პატარა ქალაქში მაინც უფრო ყურადღებიანია ხალხი). მთელი საღამო დაგვყვებოდა და გვიყვებოდა და გვიყვებოდა საინტერესო ამბებს, ბევრად უფრო საინტერესოს, ვიდრე ჩემი ისტორიის მასწავლებელი. ჩემდა გასაკვირად პოლიციელი აღმოჩნდა, საიდან უნდა სცოდნოდა ამდენი რამე იმ პოლიციელს?
ჩემი წერილი
ფრანჩესკამ ძალიან ინერვიულა, რომ საახალწლოდ ტრადიციული ოსპის გარეშე დავრჩით. მგონი, ცოტა ნაწყენიც დაგვირჩა, მაგრამ არ იმჩნევდა. არადა, რაც ჩვენ ის ოსპი თუ რაღაც ჯანდაბა ვეძებეთ, მაგრამ არსად არ იყო და რა გვექნა. ოსპის გარეშე ახალი წლის შეხვედრამ სიღარიბე იცისო, - სერიოზულად წუხდა (მე, გასაგები მიზეზის გამო, ამას ნაკლებად განვიცდიდი). სულ დაავიწყდა თავისი კომუნისტური მრწამსიც. განა ჭეშმარიტ კომუნისტს სიღარიბის უნდა შეეშინდეს ან განა ცრურწმენების უნდა სჯეროდეს? ამას გვასწავლიდნენ ჩვენი წინაპრები?!
მშვენივრად ვიზეიმეთ. მიტრო ჩამოვიდა და 30-კილოიანი ჩემოდანი ჩამოიტანა. ბურლაკებივით მივათრევდით იმ ჩემოდანს. მერე მიტრომ ყველა ერთად შეგვყარა და ჩემოდანი საზეიმოდ გახსნა. შიგთავსი ასეთი იყო: ერთი ჯემპრი და დანარჩენი - უკრაინული „ვოდკა“ (სხვას ყველას დიდი გაძლება მისცეს ღმერთმა, ჩემთვის კი რამდენიმე წვეთიც საკმარისი იყო და მეზობელი უკრაინა ჩვენს პრეზიდენტზე მეტად შემიყვარდა). მერე ისღა მახსოვს, რომ ყველას გვიხაროდა, ერთმანეთს ვულოცავდით. რას? - ჰო, ეგეც მახსოვს ბუნდოვნად. და ისიც მახსოვს, ფრანჩესკა და ტომი იდეოლოგიურად რომ შეეჯახნენ ერთმანეთს კომუნისტური თუ კაპიტალისტური მსოფლგაგების უპირატესობის მტკიცების თავგანწირული მცდელობით. მაშინ პირველად გამიხარდა, ამათი ენა რომ არ ვიცოდი, და სულ არ მენაღვლებოდა, რაზე ყაყანებდნენ. ამ პაექრობის მიზეზთა მიზეზი უკრაინელი მიტრო კი ბოთლით ხელში უწყინრად დაბარბაცებდა და გულწრფელად წუხდა: სულ იმ ოხერი ოსპის ბრალია ყველაფერი, ნუ გეშინია, ფრანჩესკა, შენც გექნება ვილა სარდინიაშიო. ისე კი ნუ იღელვებთ, კომუნისტებისა და კაპიტალისტების ადეპტების მწვავე ვერბალური შეჯახება ცივი ომის პოლიტიკაში არ გადაზრდილა. ნაბახუსევზე სასმელიცა და წყენაც ორივეს გამონელდა.
ქართული „მუკუზანი“ ბარ „ბრინდიზის“ ღვინის კოლექციაში, ფერარა ფერარას ქუჩები
ჩემი წერილი
ეს გზა რომში მიდის, - გადატანითი არა, პირდაპირი მნიშვნელობით გვიხსნის პაოლო, - პირველი დიდი მაგისტრალი, რომელიც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილს რომთან აკავშირებდა, ბენიტომ ააშენა. ამ სახელს ისეთი ფარული სიამაყით ამბობს, რომ მერის ბენიტო ქალაქის მთავარი არქიტექტორი მაინც ჰგონია (ყოველ შემთხვევაში, მუსოლინი არა). არა, სადღაც გულის სიღრმეში მაინც ფაშისტია ეს ბიჭი, - ქირქილებს ალექსანდრე. ყველანი ვიცინით, მერის გარდა, მერი გზას გასცქერის და თვალებს აფახულებს. არა, თქვენ იცინით და ეგ მართლაც ეგრეა, - აგრძელებს ალექსანდრე. საშიშია, მოერიდეთ! ისევ ვიცინით. ბენიტოს გზით გენუაში მივდივართ. მე ძალიან მიხარია, რადგან ვიცი, რომ იქ ზღვაა და სითბოა. რადიოში 16 გრადუსს აცხადებენ.
ალექსანდრე ფერარას ადგილობრივ გაზეთს ჩაჰკირკიტებს და სიცილით იგუდება. გაზეთის წამყვანი ინფორმაცია ასეთია: როგორ დაკარგა ფერარას ერთმა მაცხოვრებელმა საახალწლო საჩუქრებით სავსე კალათა. „ფერარა მსოფლიო მოვლენების ორომტრიალში“ - არ ჩერდება ალექსანდრე. თქვენ რა გესმით, ყველაზე მაგარი ქალაქია - იბუტება ფრანჩესკა.
ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა. წელს იტალიაში ორი სახის კუსტარულ შუშხუნებს ამზადებდნენ. ერთს „პროდის ფინანსური ანგარიში“ ჰქვია, მეორეს - „ზიდანის თავური დარტყმა“.
ჩემი წერილი
პაოლოს დესკტოპზე მეთევზეების დათოვლილი უბნის (თუმცა თოვლი იქ იშვიათად მოდის) ფოტოა წარწერით - დიდი გენუა. გენუელები ძალიან ამაყობენ თავიანთი ქალაქით და გული სწყდებათ იმაზე, რომ ჩვეულებრივ ქალაქს გენუელი და ვენეციელი ვაჭრების დაპირისპირებით უფრო იცნობენ და ბევრმა არც კი იცის, რომ გენუა ბაროკოს დედაქალაქია. თუ გინდა, რომ ბავშვობის ოცნება აისრულო და დროში იმოგზაურო, გენუაში უნდა წახვიდე: რუბენსის მოხატული ქუჩიდან უცებ მე-19 საუკუნეში გადადიხარ, შეგიძლია მე-11 საუკუნეშიც გადაუხვიო, სადღაც ფაშისტური არქიტექტურაც გაიელვებს, მერე ისევ შუა საუკუნეებში ბრუნდები. დადიხარ სასახლეებში და ათვალიერებ ფრესკებს. მერე დაუყვები ვიწრო ქუჩებს, რომლებიც სავსეა ნარკობარიგებითა და მეძავებით, ძალიან შრომისმოყვარენი კი ჩანან - უჩვეულოდ ადრე იწყებენ სამუშაო დღეს. მერე პორტიდან ისმის გემის საყვირის ხმა და ყველაფერი ერთმანეთში ირევა - თევზის, ზღვის მარილისა და ზეთიანი პურის სუნი... ქუჩიდან უცებ მე-19 საუკუნეში გადადიხარ, შეგიძლია მე-11 საუკუნეშიც გადაუხვიო, სადღაც ფაშისტური არქიტექტურაც გაიელვებს, მერე ისევ შუა საუკუნეებში ბრუნდები. დადიხარ სასახლეებში და ათვალიერებ ფრესკებს. მერე დაუყვები ვიწრო ქუჩებს, რომლებიც სავსეა ნარკობარიგებითა და მეძავებით, ძალიან შრომისმოყვარენი კი ჩანან - უჩვეულოდ ადრე იწყებენ სამუშაო დღეს. მერე პორტიდან ისმის გემის საყვირის ხმა და ყველაფერი ერთმანეთში ირევა - თევზის, ზღვის მარილისა და ზეთიანი პურის სუნი...
ქალაქ პორტოფინოს სანაპირო
ნებისმიერი გენუელი აუცილებლად წაიტრაბახებს, რომ გენუა უძველესი ქალაქია, რომ ყველაფერი, რაც კარგია იტალიაში, გენუიდან მოდის, რომ აქ დაიბადა პაგანინი, აღარაფერს ვიტყვი იმ მხატვრებზე, აქ რომ ხატავდნენ და ხატავდნენ. აუცილებლად განახებთ იმ ადგილს, სადაც იტალიელი მოგზაური, წარმოშობით გენუელი კოლუმბი დაიბადა. თუმცა ეს ჩვენი ქრისტეფორე სულ ცოტათი (რამდენიმე ათეული წლით) უფრო ადრე დაბადებულა, ვიდრე ეს შენობა ააშენეს, მაგრამ რა უჭირს?! გენუელებისგან აუცილებლად მოისმენთ ლეგენდებს გენუის ფეხბურთის გუნდზე - ის პირველი ფეხბურთის კლუბი ყოფილა იტალიაში, 1891 წ. შეუქმნიათ. მართალია, ახლა დიდ ვერაფერ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მთელ იტალიაში ყველაზე გადარეული გულშემატკივრები ჰყავს. და კიდევ, აქაურებს ძალიან ეამაყებათ მომღერალი და კომპოზიტორი ფაბრიციო დე ანდრე, რომლის ლექსებს თურმე სკოლაში ასწავლიან და რომლის თაყვანისმცემლებისთვის გენუელებს საგანგებო მუსიკალური მაღაზია გაუხსნიათ. ამ მაღაზიიდან ისე ვერ გამოხვალ, თუ შთაბეჭდილებების წიგნში რამე არ ჩაწერე. მეც ვწერ რაღაცას, ქართულად. - რა ჩაწერე? - სიცილით მეკითხება ტომი, - წადით თქვენი, უკვე თავი მომაბეზრეთო?
გენუის დროშის ამბავი არ უნდა გამომრჩეს: გენუელებს წმინდა გიორგის დროშა აქვთ, თეთრ ფონზე წითელი ჯვრით. ზუსტად ისეთივე, როგორიც ინგლისის დროშა. დღესაც მოწმის სიამაყით ჰყვებიან, როგორ მიჰყიდეს ეს დროშა ინგლისელებს მე-12 საუკუნის ბოლოს, 1190 წელს. ეს იმიტომ, რომ ინგლისის გემებს მეკობრეთა თავდასხმა აერიდებინათ. გენუის ძლევამოსილ საზღვაო ფლოტს კი თვით თავზეხელაღებული მეკობრეებიც დიდ პატივს სცემდნენ.
ესეც დროშის ამბავი. ვინ არ იამაყებდა ასეთი ამბით.
პორტოფინოს ნავსადგური
ჯესიკას წერილი
ხომ გეუბნებოდით, ჩვენი მოგზაურობის ბოლოს ნამდვილ ზღაპარში წაგიყვანთ-მეთქი? ხომ მართლაც ზღაპარში ვიყავით? ვიცი, რომ ყველა ჩემსავით რომანტიკოსები არ ხართ, მაგრამ ამას ვერ უარყოფთ. როგორც პლინიუს უფროსი გვეუბნება, ეს პატარა ქალაქი - პორტოფინო რომაელებს დაუარსებიათ და სახელი Portus Delphini - დელფინების პორტი იმიტომ დაურქმევიათ, რომ აქ უამრავი დელფინი ბინადრობდა. ახლა დელფინების რა მოგახსენოთ, ტურისტები კი - იცოცხლეთ, თანაც სულ მდიდარი ტურისტები. აი, აქ თუ იპოვის მერი თავის სანუკვარ მილიონერს...
თქვენი არ ვიცი და მე კი არასოდეს დამავიწყდება პორტოფინოს მზის ჩასვლა და ზღვის პეიზაჟი. აბა, ბედნიერი მგზავრობა.
ძალიან გამიხარდა, რომ ჩამოხვედით. იმედია, კიდევ ჩამოხვალთ და კიდევ შევხვდებით ერთმანეთს სადმე რომანტიკულ ადგილას და არა ბიბლიოთეკაში. კიდევ რა გითხრათ? - ისევ ველოდები ჩემი სტიპენდიის პასუხს, Contra spem spero - იმედი არ ჩანს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს (ჩემი ლათინური რამეში ხომ უნდა გამოვიყენო), რამეს მოვახერხებ, ბოლოს და ბოლოს სადმე ბარში მუცლურს ვიცეკვებ და საკუთარ PHD-ს დავაფინანსებ. აბა, დროებით!
ტომის წერილი
სალამი იდიოტების ბრიგადას! მაგარი იყო არა? მომავალ ახალ წელზე რას იტყვით? მირკოსთან ხომ არ წავსულიყავით გერმანიაში? რატომ გერმანიაში? იმიტომ რომ იქ არასოდეს ვყოფილვარ. მოკლედ, შევთანხმდით. თქვენი აზრი არ მაინტერესებს.
არ დაიკარგოთ, მოიწერეთ ხოლმე. ხვალიდან უკვე სამსახურში გავდივარ. თქვენკენ ახალი რა არის?
ძალიან გთხოვთ, გრამატიკული შეცდომების გასწორება არ დამიწყოთ და ნერვები არ ამიშალოთ.
აბა, ჰე!
P.S. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, არა, ჯერ ნუ, რომ გაბრწყინდება, მერე ჩამოდით!
![]() |
11 ცხოვრების წესი |
▲back to top |
გამარჯობა, მე ჯონი ვარ, სიღნაღიდან
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: დავით მესხი
დილაა. უფრო სწორად, დილის ბინდ-ბუნდია. 7-ს აკლია 15 წუთი. მაღვიძარას ზარმა ნამთვრალევი თავი ლამის ამიფეთქოს. არადა, უნდა ავდგე: ჩემი და, დარწმუნებული ვარ, მესხის ცხოვრებაშიც ყველაზე ადრეულ საათზე დათქმულ ინტერვიუზე მივდივარ - რვაზე იქ უნდა ვიყოთ. სიზმრებისგან ნახევრად თავდაღწეული ვიცვამ ყველაფერს, რაც მაბადია და სიცივესთან შესაგუებლად აივანზე გავდივარ. მაგრამ იქვე ვშეშდები: ნახევრადგახელილი თვალებითა და ტკივილისგან გადიდებული თავითაც კი ბოლომდე აღვიქვამ სურათს: ჩემთან ახლოს, ოღონდ მარცხნივ, ოდნავ ნისლსა და დილის ბინდბუნდში გახვეული სახურავები და წაგრძელებული ეკლესია ჩანს, მათ ფონზე კი, საითაც არ უნდა გავიხედო - მარცხნივ, მარჯვნივ, წინ თუ მაღლა - ყველგან ერთ დიდ საოცრებას ვხედავ: ჩანს დილის მზისგან გაწითლებული კავკასიონი. ყველგან, აბსოლუტურად ყველგან, მთელ ჰორიზონტზე კავკასიონია, მის ქვევით - ნისლიანი ალაზნის ველი - გრძელი და შორი. იმდენი ჰაერი და სიჩუმეა გარშემო, რომ უკვე მარტო კი აღარ ვსუნთქავ და ვდუმვარ, თვალითაც კი ვხედავ უამრავ ჰაერსა და ალაზნის ველის სიჩუმეს. ეს უცნაური ემოცია ერთბაშად მაფხიზლებს და ფიქრის უნარის ძლივს დაბრუნების შემდეგ, ჯერ კიდევ გაშტერებული, პირველ ფიქრად მეფიქრება: „აქ, ამ ქალაქში სიამოვნებით დავბერდებოდი“.
. . .
ათიოდე წლის წინ, დაახლოებით მსგავსი ემოცია ამერიკელმა მხატვარმა, მოსკოვში სურიკოვის ხელოვნების ინსტიტუტში განათლებამიღებულმა ჯონ უერდემანმა განიცადა. მან თავის პირველ სიღნაღურ დილას, გორაკზე მდგარ სასტუმროში გაიღვიძა. კახურ ქეიფში წინა ღამით გამოთრობილმა წესიერად არც იცოდა, სად იყო. აივანზე გავიდა. საშინელი პახმელიისგან დამძიმებული თავი, მთქნარებ-მთქნარებით ძლივს აწია და თვალი გაუსწორა თუ არა კავკასიონს, ფიქრის უნარის ძლივს დაბრუნების შემდეგ, ჯერ კიდევ გაშტერებულმა, პირველ ფიქრად გაიფიქრა: „მე აქ ვრჩები“.
. . .
ჰოდა, მე და მესხი ახლა ამ ჯონ უერდემანს ვსტუმრობთ. სანტა ფეში გაზრდილი და ვირჯინიაში ნაცხოვრები ჯონი სიღნაღში გვმასპინძლობს. ჩემი დილა რვა საათზე იწყებაო, აი, ამ ქუჩასო - ქვაფენილიან, ვიწრო აღმართზე გვანიშნებს, აქეთ-იქედან გადმოკიდებული ხის რიკულებიანი აივნებით - ალიონზე ძალიან საინტერესო შუქი ადგება ხოლმეო. ეს შუქი რომ დავიჭირო, ადრე ვდგები, მოვდივარ, აღმართის თავში ვშლი მოლბერტს და ვხატავო. მოდი, დღე ჩვენც იქედან დავიწყოთო.
მეც და მესხიც გულის სიღრმეში ძალიან არაპუნქტუალურები ვართ, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, სიღნაღში ჩასახლებულ, მაგრამ მაინც ამერიკული პუნქტუალობითა და გრაფიკით მცხოვრებ ჯონთან ჩვენი ეს თვისება გამოვამჟღავნოთ და დათქმულ ადგილას, დათქმულ დროზე ცოტა ადრეც კი მივდივართ.
ქალაქში კაცის ჭაჭანება არ არის. პრინციპში, სამარისებურ სიჩუმეს განთიადს ვერ დავაბრალებთ, რადგან ამ ქალაქში თითქმის არასდროს არავინ არ დადის და სიცოცხლის ნიშან-წყალი არც სახლებსა და ეზოებს ეტყობა. დაბნელების მერე კი საერთოდ ჩქამი არ ისმის. ამ დროს, ამ ქალაქში მარტო ჩვენ ვხმაურობთ.
. . .
მოკლედ, ჩუმი და ცივი დილაა. ქვაფენილის ბოლოში, ცისფერ ნისლში გახვეული, მოლბერტითა და ხელში ფუნჯებით ჯონი დგას. აი, სიურეალიზმი! - ვფიქრობ იმ დილას პირველად და მერე, ჯონთან ერთად გატარებული მთელი იმ ერთი დღის განმავლობაში, კიდევ რამდენჯერ ვიმეორებ ამ ფრაზას, ვერც დავთვლი.
ჯონის ზურგს უკან ვდგევარ და ქურდულად ვიჭყიტები ტილოზე. ის აივნებს ხატავს და შიგადაშიგ ამბობს: „ამ ქუჩის ბოლოს, კუთხეში ვანო სარაჯიშვილის სახლი დგას, მერე იქვე, სოლომონ დოდაშვილის სახლსაც დაგანახებთ“. გაოცებისგან პირს ვაღებ და სურვილი მიჩნდება, თბილისში ჩასულმა ბავშვებს შორის ქუჩის გამოკითხვა ჩავატარო: ბავშვებო, აბა, ვინ იყო სოლომონ დოდაშვილი?“ ჯონმა კიდევ ბევრი რამ იცის ისტორიული შემოსევების, ქალაქის აშენების, საბაგიროს გაყვანის, ახლო-მახლო სოფლების, ქიზიყში ჩამოსახლებული სვანების და კიდევ ბევრი წმინდა ქართულ-კუთხური თემის შესახებ. „რატომ არ უნდა ვიცოდე? აქაური ვარ, ათი წელია, აქ ვცხოვრობ“.
ქეთევანი ჯონის მეუღლე და ნამდვილი სულიერი მეგობარია.
. . .
აქ ცხოვრებამ ჯონი მრავალმხრივ შეცვალა. ლაპარაკში ეს ამერიკულ-ქიზიყური აქცენტის შეზავებით გამოიხატა („ხალხოო, მოდით, თქვენც დასხედით სუფრასთან“ - შეუძლია უცებ თქვას ჯონმა), ყოფით ქცევებში - თამადობის, ჭაჭისა და ღვინის დაყენების შესწავლით, ძმა-ბიჭების გაჩენით, ხოლო სულიერ ცხოვრებაში - მართლმადიდებლობის აღმოჩენით.
„სულიერებას ყოველთვის ვეძებდი - კათოლიკურ ეკლესიაშიც და ინდურ მედიტაციებშიც. მერე მოსკოვში რუსი მართლმადიდებელი მეგობრები გავიჩინე. საქართველოში ჩამოსვლისას კი ერთმა მეგობარმა მთხოვა, ბავშვი მომენათლა. თელავის ფერისცვალების ეკლესიაში წავედით, მაგრამ გაირკვა, რომ მონათვლის უფლება არ მქონდა. მოძღვარმა მკითხა, ოდესმე ხომ არ გიფიქრია მართლმადიდებლობის მიღებაზეო. ფიქრით როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ასე სპონტანურად მოვინათლო-მეთქი? მაინც ასე მოხდა: იმ დღეს ჯერ მე მოვინათლე და ხუთი წუთის შემდეგ მეგობრის ბავშვი მოვნათლე.
მალევე მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთევანმაც სერიოზულად დავიწყეთ ერთმანეთზე ფიქრი. მისმა მოძღვარმა ჩემთან შეხვედრა მოისურვა. ერთად წავედით ალავერდში მოძღვრის სანახავად. ვისი მანქანით მოხვედიო, ჰკითხა მოძღვარმა ქეთევანს, ჩვენი ნივითო - უპასუხა ქეთევანმა. მოძღვარმა კი იხუმრა - ახლა ვნახავთ, შენიც არის თუ არა ეგ ნივაო და ჩემთან ერთად განმარტოვდა. ყველაფერი გამომკითხა. ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით. ბოლოს ქეთევანს უთხრა, კარგი, იყოს ეგ ნივა შენიცო… რამდენიმე წლის წინ, როცა მეუფე ნიკოლოზი ბოდბის მღვდელმთავარი იყო, სტიქარი შემიკერა. უკვე 6 წელია, სტიქაროსანი ვარ“.
. . .
რამდენიმე წლის წინ მოქცეული ჯონი ბევრ მართლმადიდებელზე უკეთესი მორწმუნეა, სტიქაროსნის მოვალეობას ალავერდში ასრულებს. ბოდბის მონასტერში კი ისე შინაურ კაცად ითვლება, რომ დედები ტაძრის გასაღებსაც ანდობენ. ჯონიც დილას - სანამ მონაზვნები ისვენებენ - ტაძარში შედის და ხატავს.
და ამ დილასაც, როცა მხატვრის მოსაწონი შუქი ქვაფენილიან დაღმართს სცილდება, მანქანაში ვსხდებით და ბოდბის მონასტერში მივდივართ. დრო ათ საათამდე გვაქვს. ბოქლომს ხსნის და ტაძარში შედის. შიგნით ბნელა, დღის შუქი ვიწრო, ვიტრაჟებიანი ფანჯრებიდან ზოლებად ჩამოდის. ჯონი რამდენიმე სანთელს ანთებს, მერე ისევ მოლბერტს შლის და საკურთხევლის დეტალებს ხატავს.
ეს ჯონის სახელოსნოა. დასრულებული და ჯერაც დაუმთავრებელი ტილოები, ოჯახური ფოტოები კედლებზე, საყვარელი წიგნები და მაგარი ყავა - რას აღარ აღმოაჩენს აქ ცნობისმოყვარე ადამიანი.
ეს შავი მასალაა, რომელსაც ერთი დიდი ტილოსთვის გამოიყენებს. აი, მალე მივალთ სახელოსნოში და ამ ტილოსაც ვნახავთ. ჯონის ფერწერა მშვიდია, აშკარად ეტყობა რუსული იმპრესიონიზმის კვალი. ჯონი ამ სკოლის დიდი თაყვანისმცემელი და წარმომადგენელია. სანამ სურიკოვის სახელობის ინსტიტუტში მოხვდებოდა, მთელ შტატებში სახელგანთქმულ სამხატვრო აკადემიაში, მერილენდის ინსტიტუტის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. „იქ დიდი სიგიჟე იყო. ზოგი პროფესორი ნამდვილი პანკი იყო, ხო იცი, ყვითლად შეღებილი თმებით, დახეული ტანსაცმლით.“ ჯონს კი კლასიკური განათლების მიღება უნდოდა. ამიტომ მოიპოვა ცნობები ევროპული აკადემიების შესახებ და ყველაზე მეტად გულმა სურიკოვისკენ გაუწია. მოსკოვში ინსტიტუტის ადმინისტრაციის გაუფრთხილებლად ჩავიდა, იღლიაში რულონებად დახვეული ამორჩეული ტილოები ჰქონდა გაჩრილი. ეგ იყო და ეგ. უცხოელი სტუდენტების განყოფილებაში სმისგან ცხვირგაწითლებული და სახედასიებული რუსი დახვდა. დიდი ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა, არა მგონია მიგიღონო - უთხრა, მაგრამ ზემოთ საბჭოა შეკრებილი, მაინც ვიკითხავო. ჯონს ტილოები გამოართვა და ზევით ავიდა. ცოტა ხანში სირბილით ჩამოვიდა, სწრაფად ამოდი, გეძახიანო. ჯონიც პირდაპირ საბჭოზე შეუშვეს - სიგარეტის კვამლით გაბუღულ ოთახში, პიჯაკებიანი და სათვალეებიანი პროფესორების გარემოცვაში. „თქვენ ჩემს სახელოსნოში იქნებით“ - უთხრა ჯონს ვიღაც უცხო კაცმა. „ასეთ დამოკიდებულებას არ ვიყავი მიჩვეული. ამერიკელები ყველაფერს თვითონ ირჩევენ და მეგონა, რომ პროფესორიც თვითონ უნდა ამერჩია, მაგრამ აღარაფერი აღარ ვთქვი. მთავარია, მიმიღეს და თან მერე დამამშვიდეს, რომ აკადემიის ყველაზე კარგ პედაგოგს - ვლადიმერ ზაბელინს ავუყვანივარ.“ მერე ჯონი პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც სურიკოვის ინსტიტუტი დაამთავრა.
. . .
ტაძრიდან რომ გამოვდივართ, გარეთ უკვე ნათელი, სუსხიანი და მზიანი დილა გვხვდება. კავკასიონსაც ბუნებრივი ფერი დაბრუნებია - მარტივი ბელეტრისტიკის ენაზე ბოლომდე ვერაფრით რომ ვერ გამოხატავ, ისეთი. ისევ სიღნაღში ვბრუნდებით, ჯონის სახელოსნოში. პირველ საათამდე იქ მუშაობს. ეზოში შეშას ჩეხავს და ღუმელს ანთებს, მეზურნესავით ბერავს ლოყებს და ნაკვერჩხალს აღვივებს. აი, ის ტილოც - ბოდბის დედების ცხოვრებიდან. მაგრამ ახლა ჯონი ერთ სოფლურ პეიზაჟზე მუშაობს - ერთი ქალი თონეში ცეცხლს ანთებს, მეორე - ტილოს რეცხავს, კუთხეში, ხის ძირში, კატა თვლემს. რას გრძნობ ამ ტილოს რომ უყურებო - გვეკითხება. სიმშვიდეს ვგრძნობ - ისევე როგორც აქ, სიღნაღში ყოფნას შეეფერება ეს სიტყვა ყველაზე მეტად.
შეშის ღუმელზე ნალექიან ყავას ხარშავს, პატარა, თურქულ ფინჯნებში გვისხამს და ხატვას აგრძელებს. კედელზე გრაფიკი აქვს გამოკრული: 8-დან 10-მდე - პეიზაჟები, 10-დან 1-მდე სახელოსნო, 1-დან 2-მდე სადილი სახლში, 2-დან 5-მდე - სახელოსნო. ესე იგი, ჯონი არაფერს აზვიადებს: მეგაპოლისური ხმაურისგან გაქცეული, ალაზნის ველისა და კავკასიონის გარემოცვაში მართლა ამერიკული გრაფიკით ცხოვრობს.
„ბევრი თავისუფალი დრო რომ მაქვს და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა რომ შემიძლია, ძალიან მომწონს. ამის უფლებას თავს იმიტომ ვაძლევ, რომ ჩემი ნახატები დასავლეთში ხშირად იყიდება. სურიკოვის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მამაჩემის სურვილით და მონდომებით, როცა სურიკოვი დავამთავრე, ნიუ იორკის არტ ექსპოზე ჩემი სამი პედაგოგისა და რამდენიმე ჯგუფელის ნამუშევრები გავიტანეთ. ეს ის ადგილია, სადაც არტ-დილერები ტილოებს ყიდულობენ, მერე არტ-ბაზარზე თავიდან რომ გაყიდონ. ყველას გასაოცრად, პირველივე საათში თითქმის ყველა ჩვენი ტილო გაიყიდა. მას მერე მამაჩემი არტ-დილერობით სერიოზულად დაინტერესდა და ჩემს დედინაცვალთან ერთად, ჯეიმსის მდინარის სანაპიროზე კერძო გალერეაც გახსნა. გალერეას ჩემი შვილის სახელი ჰქვია - „ლაზარე გელერი“. იქ რუსული იმპრესიონიზმისა და რეალიზმის ნიმუშები იყიდება, მათ შორის ჩემიც ბევრია.“
საუბარსა და ხატვაში პირველი საათიც მოდის. ჯონი შინ გვეპატიჟება, ერთსაათიან სადილსა და შესვენებაზე.
. . .
ამ სახლში ჯონი ბევრი რამით ამაყობს. და ისედაც, მართლა ყველაფერი საამაყო აქვს ჭიშკრიდან დაწყებული, სარდაფით დამთავრებული. ხის რიკულებიანი აივანი, ხის დერეფანი, ძველებური გერმანული შეშის ღუმელებით გამთბარი საძინებელი, საბავშვო და სალოცავი ოთახი. კედლებზე - ჩანგები, ჩოხები, გამხმარი სუნელები და ყვავილები. აგურის კედლებიანი დიდი სამზარეულო და ჯონის მთავარი საგანძური: მარანი. ამ მარანში ჯონი უკვე ისეთ ღვინოს და ჭაჭას აყენებს, რომ სიღნაღელ მასწავლებელსაც აოცებს. ეს ძველი საწნახელი სოფელში იყიდა და აღადგენინა, ეს თუნგებიც, ძველი, რკინის სკივრი და ხის ზარდახშაც მისი კოლექციის ნაწილი გახდა. მარანში გრძელი ხის მაგიდა დგას - ზუსტად ისეთი, წინა საუკუნეებში დიდგვაროვან, ჩოხოსან ქართველებს რომ ექნებოდათ. მაგრამ დღეს ამ მაგიდის გარშემო ჯონი კრებს სტუმრებს დიდ დღესასწაულებზე და ხალისით და სიმღერით თამადობს დიდ სუფრებს.
„მაშინ ვმღერი, როცა ნასვამი ვარ. აი, ქეთევანი და მისი ძმა შალვა მღერიან არაჩვეულებრივად. ქეთევანი სიმღერის წყალობით გავიცანი. თავიდან, სიღნაღში რომ ჩამოვედი, ბევრს არავის ვიცნობდი. თან ცუდი პერიოდი იყო - უშუქობა, უწყლობა. მზის ამოსვლისას ვდგებოდი, ვხატავდი, მზე ჩადიოდა და ვწვებოდი. ერთხელაც, ქუჩიდან შემოსულმა სიმღერის ხმამ ლოგინიდან წამომაგდო. ქეთევანი, მისი ძმა და მეგობარი სახლისკენ მიდიოდნენ და მღეროდნენ. უკან ავედევნე.…იმ ღამეს ერთ საოცარ ადგილას მოვხვდი - დილამდე ერთ ოჯახში ვისხედით, ვსაუბრობდით და ვმღეროდით. შემდეგ მე და ქეთევანის ურთიერთობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა.“ ახლა მათ ორი შვილი - ლაზარე და გვანცა ჰყავთ. ორმაგ - კახურამერიკულ რეალობაში რომ ვართ, ეს ბავშვებთან ურთიერთობაში კიდევ უფრო იგრძნობა. სიღნაღში დაბადებული ლაზარე უაქცენტოდ ლაპარაკობს ინგლისურად. მამის კისერზე მჯდარი გვანცა კი სტეფანწმინდიდან სახლისკენ გზაზე ხშირად უმღერის „მოციმციმე ვარსკვლავს“ ინგლისურად. ესეც რომ არა, ბავშვების ოთახში „ვარსკვლავთა ომების“ DVD დისკების მთელი კოლექციაა. ლაზარე - ჯორჯ ლუკასის ფილმების დიდი ფანია ისე, როგორც ჯონი ყოფილა - ბავშვობაში.
. . .
სამზარეულოში ვსადილობთ. ის ფაქტი, რომ სიღნაღში ვართ, კიდევ უფრო სიურეალისტური ხდება: წინ გაქიზიყელებული ამერიკელი გვიზის და ქართულად გვთხოვს, გადავიღოთ - იტალიური სალათი, მაროკოული ბრინჯის კერძი, კახური მწვადი და ბოლოს - მსუყე და გემრიელ სადილს ნამდვილი იტალიური ესპრესო დავაყოლოთ.…
ეს კიდევ არაფერი - გასტრონომიული სიურეალიზმი საღამოს, სიღნაღური პეიზაჟების დათვალიერების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრდება: ჯონს მექსიკურ რესტორანში მივყავართ, რომლის მეპატრონეც მისი ცოლის ძმა, შალვაა. „პანჩო ვილა“ სიღნაღში რამდენიმე თვეა არსებობს, მისი სტუმრები კი ძირითადად უცხოელები არიან, მაგრამ ჯონი ამბობს, რომ მალე, ალბათ, უცხოური კერძების გასინჯვას კახელებიც მიეჩვევიან. მესხი „პანჩო ვილას“ ვერაფრით ელევა. უკვე თბილისისკენ გზაზეც კი „ნაჩოები“ და მექსიკური ქათამი აკერია პირზე…
. . .
ჯონი „პანჩო ვილაში“ ხშირად დადის. აქ, არასამუშაო საათებში, ქეთევანის ხალხური სიმღერების ანსამბლი „ზედაშეც“ გადის რეპეტიციებს. ჯონი ამ ანსამბლის მენეჯერია. გასტროლების განრიგს უგეგმავს და არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში. სწორედ ჯონის დამსახურებაა ის, რომ „ზედაშე“ საშემოდგომოდ გასტროლზე შტატებში წავა. ამ მოგზაურობის დროს კი ჯონი არა მხოლოდ მენეჯერი, მძღოლი და თარჯიმანიც იქნება.
ჯონი ბევრს სვამს და კარგ სადღეგრძელოებს ამბობს, მაგრამ მეორე დილას ადრე ადგომა მაინც არ უჭირს. თუ არ ხატავს, ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „ჯლეხასთან“ ერთად ვარჯიშობს და ხან „ხორუმს“ ცეკვავს, ხან „სვანურს“, ხანაც ხმლებს იქნევს. ამიტომ, თავისი „ტოიოტას“ ჯიპის საბარგულში ხშირად უდევს ჩანთა - ქართული ცეკვის ფორმითა და საცეკვაო ხმლით.
. . .
სანამ სახელოსნოდან სახლამდე გადის გზას, ჯონი მეგობრებსაც ხშირად შეუვლის ხოლმე. ზოგი ქუჩაში ხვდება - მაგალითად, „ზედაშეს“ ანსამბლის წევრი და ძმაკაცი - სვანი შერგილი, ანდა დავითი - კაცი, რომელიც ძველი ქართული მეთოდით ქსოვს ხალიჩებს. მის სახელოსნოში ჯონი აუცილებლად შეივლის ხოლმე. „სიღნაღი ერთადერთი ადგილია, სადაც ხალიჩის ქსოვის ქართული ტრადიციაა შენარჩუნებული“ - ამბობს ჯონი და მერე დავითს ერთი ხალიჩის მოქსოვას თხოვს.
. . .
„მე ამ ქალაქში სიყვარულით ვცხოვრობ და რასაც ვაკეთებ, ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ. მგონია, რომ ყველაფერი სიყვარულით უნდა იყოს გაკეთებული, და არა უშავს, თუ პრიმიტიული გამოვა, რადგან მთავარია, ყოველი წუთი სიყვარულით იყოს სავსე“ - ჯონი ამ ტონით მსგავს თემებზე ყოველთვის სიამოვნებით საუბრობს, მაგრამ შინ, სამზარეულოში, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით შემთვრალს, კიდევ უფრო ეხსნება მსჯელობის მადა:
„ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ჰქონდეს ჩარჩო. თუ ამ ჩარჩოს ბოლომდე არღვევ, იხსნება და ჩნდება „მე“. და ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ „მე ვარ ყველაზე დიდი“. როცა ეს „მე“ დიდია, სულიერებისა და ღმერთისთვის ცოტა ადგილი რჩება. მე კი ეს არ მომწონს. მირჩევნია ჩარჩოში ვიმუშაო და ჩემზე უფრო დიდის, თუნდაც დიდი ტრადიციის ნაწილი ვიყო.“ ჯონისთვის ეს ტრადიცია, რომლის ნაწილადაც თავის თავს მოიაზრებს - ქართულია.
. . .
ჩვენ მოვდივართ, ჯონი თავის ქალაქში რჩება. თუ სიღნაღში ჩახვალთ, დღესაც ნახავთ მას, იღლიაში ამოჩრილი მოლბერტით სახელოსნოში რომ მიდის; ხოლო თუ ცოტასაც მოიცდით, სიღნაღს მოგვიანებით ეწვევით, ჯონი თავის სახელოსნოში მუდმივმოქმედ გალერეასაც დაგახვედრებთ. ერთ დიდ ოთახში ქართული ექსპონატების გამოფენა იქნება, მეორეში - ჯონის ნახატების. ესეც კიდევ ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობა სიღნაღის რიკულებიანი აივნების, ქალაქის მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული ძველი კედლის, სტეფანწმინდის, ქვევით გაწოლილი ალაზნის ველის და მექსიკური „პანჩო ვილას“ შემდეგ. სიურეალიზმი და ორმაგი რეალობის მუდმივი განცდა მერე ნახეთ!
![]() |
12 ერთი შეხედვით პირქუში... |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: დავით მესხი
ბერტოლდ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა დამდგმელი მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი რუსთაველის თეატრი
„ცარცის წრე“ 30 წელზე მეტია გადის, ბოლოს და ბოლოს დამთავრდება მაგის ისტორია. სხვა ხალხის საქმეა შეინახონ ის, რაც დარჩა.
უხეშად გათლილი ფიცრებით შემოღობილი და დაძონძილ-დაკემსილი ჯვალოს ფარდებით დახურული მოედანი. სიჩუმეში ფეხაკრეფით მიმავალი უცნაური მთხრობელი, ხელისგულებზე თვალები რომ ახატია, ალაყაფის კარიდან ურდულს აძრობს და... გია ყანჩელის მუსიკასთან ერთად, სცენაზე მოხეტიალე კომედიანტების ჭრელი გუნდი შემოიჭრება. ზოგიერთი ნიღბებშია ბერიკებივით, ზოგიც თეთრად შეთხუპნული სახით ან უგრიმოდ, ბუნებრივად. დიდგვაროვნები და გლეხები, ჯარისკაცები და მათხოვრები, ძლიერები და სუსტები, კეთილები და ავაზაკები. მოკლედ, ყველა, ვინც შეიძლება ერთმა ქვეყანამ, ერთმა ქალაქმა, ბაზრის ერთმა მოედანმა დაიტიოს. ის აცვიათ, რაც გააჩნიათ, იმას ამბობენ, რაც იციან. „კავკასიურის“ ბალაგანი (იყიდეთ რამე!), ტროასეული ცხენის ბუტაფორიით... ანდა, ნატიფი სამყარო, სადაც მართლა დომინანტურია დეკორაცია, კოსტიუმები, ნიღბები, ატრიბუტიკა - ფერადოვანი „ქალი-გველი“. ან „ჰამლეტის“ ლიანდაგები და ჯარისკაცული, უხეში ბათინკები („სატირიკონში“, კონსტანტინ რაიკინის შესრულებით), ანდა, „ვენეციელი ვაჭრის“ ცივი, მკაცრი, კომპიუტერიზებული გარემო, რომელიც საკუთარ თავს ანგრევს („ეტ სეტერას“ თეატრი იყო ჩამოსული, კალიაგინი თამაშობდა შეილოკს); ანდა „დონ ჟუანი“ და „ჩემი პატარა ქალაქი“, მიშა თუმანიშვილის სივრცეში. ოცჯერ მაინც მექნება ნანახი. რა ვიცი, რატომ ვნახე. თუ გულწრფელად ენდობი, კარგი სპექტაკლი ისე მიგიკრავს, როგორც მაგნიტი - რკინას.
თუკი თეატრი არ გიყვართ, სპექტაკლებზეც მხოლოდ პრესტიჟულობისთვის ან საერთოდ არ დადიხართ, თუ არასოდეს გიგრძვნიათ იმ გარდამავალი წამებისა და წუთების მისტიურობა, რომელშიც სცენოგრაფია მანამ გაქცევს, სანამ მსახიობები სცენაზე გამოვლენ, მაშინ ვერც ის კაცი დაგაინტერესებთ, რომელსაც ახლა უნდა შევხვდეთ. ვისაც თეატრის მიზიდულობა საკუთარ „ტყავზე“ გამოუცდია, ის წამომყვეს თეატრის მხატვართან, გოგი ალექსიმესხიშვილთან.
„მე საერთოდ გულგრილად მუშაობა არ შემიძლია, ყოველთვის მსურს, სპექტაკლში ჩავაქსოვო ის, რაც მიყვარს და ისიც, სხვათა შორის, რაც არ მიყვარს.“
(არ უყვარს სიტყვა სცენოგრაფი. კინოში რა, კინოგრაფი არსებობსო? - ამბობს).
გენეალოგიური შტოს შესახებ - მესხიშვილი უძველესი გვარია, მათი წინაპრები ამილახვრები ყოფილან, შემდეგ მესხეთიდან გადმოსახლებულან და მესხიშვილებად ჩაწერილან. სამეფო კარზე დიდად დაწინაურებულ გვარში ბევრი სასულიერი პირი, კალიგრაფი და პოეტი გახლდათ. გამოჩენილი მწიგნობარი დავით რექტორიც მესხიშვილი იყო. ანჩისხატი და ძველი შუამთა მესხიშვილების საგვარეულო ეკლესიებია. „პაპისპაპას, ალექსის, ერთ-ერთი შემოსევის დროს ანჩისხატი გადაურჩენია და ჯილდოდ უთხოვია - ჩემი სახელი დაუმატეთ გვარსო. მას შემდეგ, ალექსი-მესხიშვილებად გვიხსენიებენ. პაპაჩემი ჟორდანიას მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო, რომელმაც პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია შეიმუშავა. იმდენად ძლიერი ვექილი იყო, რომ არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ წაუგია, მათ შორის იყო სტოლერმანის გახმაურებული საქმეც. ბაბუაჩემის მამა იყო ცნობილი მსახიობი ლადო მესხიშვილი, რომლის სახელსაც ქუთაისის თეატრი ატარებს. მამაჩემი ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი იყო, დედაც არქიტექტორია. ჩემი ძმა ბერლინში ცხოვრობს, ბავშვთა კარდიოქირურგია. ერთი და გერმანიაშია, მეორე აქ არის (ლადო მესხიშვილმა მეორე ოჯახი შექმნა ლანა ღოღობერიძესთან). მეუღლე მაკა მიქაძე პროფესიით ჟურნალისტია, ჩემი შვილი ქეთუთა ამერიკაში ჟურნალს რედაქტორობდა, ახლა შვეიცარიაშია. სულ ეს არის.
- როგორ უცბად ჩაამთავრეთ, სიტყვაძუნწიც ამას ჰქვია.
- მეტი რა გითხრათ, ბევრი რამ ვისწავლე ბებია-ბაბუასგან. საერთოდ, ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“
იმ წელს, ომი რომ დაიწყო, ლადო ალექსი-მესხიშვილისა და თინათინ ფანიაშვილის ოჯახში ტყუპები დაიბადნენ, გოგი და ლადო. სკოლის ასაკამდე დუშეთის ჰოსპიტალში მივლინებულ ექიმ-გინეკოლოგთან, ბებია ქეთევანთან იზრდებოდნენ, ამიტომაც დღემდე უყვარს მთა, ბუნება და ხეტიალი. ბავშვობიდან ხატავდა, მამამ სერგო ქობულაძესთანაც კი მიიყვანა და მისი ნახატები აჩვენა. სამხატვრო აკადემიაში მოსახვედრად სამი წელი დასჭირდა, დიდი ნაცნობობა და ჩაწყობები იყოო - ამბობს. დავიჯერო, არავინ „იცნობდა“ მამამისს, რომელიც საქართველოს ჩემპიონი იყო კრივსა და სლალომში, მისი პროექტებით კი სპორტის სასახლე, ბიჭვინთის სასტუმრო კომპლექსი, ჭადრაკის სასახლე და მეტრო „თავისუფლების მოედანია“ აშენებული. ეტყობა, მესხიშვილების ოჯახი თავად ამბობდა ასეთ ნაცნობობით „სიკეთეებზე“ უარს.
1998 წელს გოგი მესხიშვილმა მიიღო პრემია - „წლის საუკეთესო სცენოგრაფიისათვის“ სპექტაკლში „ქალი-გველი“.
კარლო გოცი „ქალი-გველი“ დამდგმელი რეჟისორი: რობერტ სტურუა დამდგმელი მხატვარი: გოგი ალექსი-მესხიშვილი რუსთაველის თეატრი
მოკლედ, აკადემიაში სწავლას 8 წელი მოანდომა, ერთხელ კურსზეც დარჩა. სცენოგრაფია მხოლოდ ნახევარი წელი ისწავლა, რადგან სწავლების სისტემა არ მოეწონა და ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. წარმოიდგინეთ, 60-იანი წლებია, რკინის ფარდითაა ჩარაზული სსრკ, რომლის მიღმა ცხოვრობენ, მოძრაობენ, ბედნიერების უფლებას ბოლომდე იყენებენ, აქეთ კი თავისუფლების მოყვარულები ჩუმად, რადიატორებზე მიმაგრებულ ტრანზისტორებში უსმენენ „ამერიკის ხმას“, რენტგენის ქაღალდზე კონსპირაციულად იწერენ ჯაზს. რაღაც უცხო, შორეული შემოდის დახშულ სამყაროში.
„ჯაზს ვაგროვებდით. საფრანგეთიდან ნათესავი გვიგზავნიდა ჟურნალებს, რის გამოც კინაღამ კგბ-მ დაგვიჭირა. მაგ საქმეში ალიკა რონდელიც იყო ჩართული. რობიკო სტურუა ხშირად მოდიოდა ჩვენთან ჯაზის მოსასმენად. იმ პერიოდში საბავშვო თეატრის სპექტაკლისთვის გავაკეთე დეკორაცია. მერე ჩემი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა და რობიკომაც დამპატიჟა თეატრში. ეს იყო 1969 წელს. პირველი სპექტაკლი, რომელიც რობიკოსთან ერთად გავაკეთე, „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ იყო. ასე წავიდა და წავიდა, მიშა თუმანიშვილთან, თემურ ჩხეიძესთან, ოპერაში, უცხოეთში... რომ დაითვალო, 200-ზე მეტი დრამატული და საოპერო სპექტაკლი მაქვს გაფორმებული.“
საქართველოს გარდა, გოგი მესხიშვილმა არაერთი სპექტაკლი გააფორმა მოსკოვის, პეტერბურგის, ვენეციის, ლონდონის, პარიზის, ბოლონიის, მიუნხენის, თელ-ავივის, ბუენოს აირესის, ვაშინგტონის თეატრებსა და ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. პერსონალური გამოფენებით მოიარა მოსკოვი, მიუნხენი, ვენა, ბერლინი, სანტიაგო და ვენეცია.
- საქართველო და ამერიკა - ორი სივრცე საქმიანობის, ცხოვრების, ურთიერთობების. როგორია ამ ორ სამყაროს შორის მოქცეული კაცის ცხოვრება.
- ჯერ ვთქვათ, რომ ორი სხვადასხვა სისტემაა. საქართველო ჩემი სამშობლოა და მშობლიურ სიტუაციაში უფრო ადვილია ცხოვრებაც და საქმიანობაც. ამერიკაში დორტმუნდის უძველესი კოლეჯის პროფესორი ვარ, თეატრალური განყოფილების სტუდენტებს სცენოგრაფიას ვასწავლი. იქ სულ განრიგში ხარ, რადგან ყველაფერი გათვლილია - დროც და რეჟიმიც. საქართველოდან წასულისთვის ამ სისტემაში გადასვლა თითქოს რთულია, მაგრამ ჩემთვის ასე არ აღმოჩნდა, რადგან დისციპლინას მიჩვეული ვარ. განსხვავება ამ ორ სამყაროს შორის ისაა, რომ იქ უფრო მეტი შესაძლებლობებია, მსოფლიო გახსნილია, დიდი ინფორმაციაა. სხვა მხრივ, განსხვავებას ვერ ვხედავ, რადგან თუ ადამიანი ნიჭიერია და პროფესიონალი, იმის რეალიზება ბევრად ადვილია. ამერიკაში იმ დროს წავედი, როცა აქ გახურებული ომი იყო. „მხედრიონთანაც“ პატარა უსიამოვნებები მქონდა. იმ პერიოდში ჩემი მეგობარი ამერიკელი ქალი იყო ჩამოსული, მან ერთი წლით დაგვპატიჟა შტატებში. მშვენიერ პირობებში ვიყავით, შვილიც იქ შევიყვანე სკოლაში, მალე სამუშაო გამომიჩნდა და ასე დავრჩით ამერიკაში. იქ სწავლების ისეთი სისტემაა, რომ თუ შემოდგომაზე რაიმე სამუშაო არ მაქვს, აქეთ მოვდივარ.
„გული მწყდება, „ქალი გველი“ მიმდინარე რეპერტუარიდან რომ ამოიღეს, თუმცა რობიკო შემპირდა, აღვადგენო.“
- გამოდის, რომ იქ რეალიზებისთვის მიდიხართ, აქ კი სულის მოსათქმელად ჩამოდიხართ.
- საკმარისად რეალიზებული ვარ აქაც და იქაც. რაიმე თუ განმეორდა, თორემ უფრო მაღალი დონეები არ არსებობს.
- მეჩვენება, რომ ნივთების მიმართ რაღაც გამორჩეული დამოკიდებულება გაქვთ, თქვენს საშობაო გამოფენაზეც იგრძნობოდა, რომ ნივთებს ის შთაბეჭდილება მოაქვთ, რაც მანამდე, თუნდაც ბავშვობისას დაგიგროვდათ.
- მხატვარი თუ ხარ, ყველაფერს აკვირდები, მერე შიგნით ფილტრაცია ხდება, თუმცა ეს არ არის შეგნებული. როცა გამოფენას ან სპექტაკლს აკეთებ, შინაგანი მარაგი გეხმარება. ვაგროვებ ნივთებს, სათამაშოებს, წიგნებს, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც მომენტში შეიძლება საერთოდ არ გამოიყენო, შეიძლება უცებ ამოტივტივდეს მეხსიერებაში და თავი გაგახსენოს. ნაჭრების მიმართაც ასე ვარ. ქართული კოსტიუმი, ფრესკები, ათასი რაღაცაა, რომელიც რაღაც პირვანდელ, ბავშვობის შთაბეჭდილებებს უკავშირდება. ერთხელ, სოლიკო ვირსალაძემ, რომელიც მამას მეგობარი იყო, „ოტელოს“ პრემიერაზე დაგვპატიჟა, დღემდე მახსოვს ის შთაბეჭდილება, ვახტანგ ჭაბუკიანის თამაში და სოლიკოს სცენოგრაფია. ისიც კარგად მახსოვს, რა დამემართა, პირველად ყინწვისის ანგელოზის ფრესკა რომ ვნახე, ან სვანეთში რომ დავდიოდით მე და იურა გეგეშიძე. გოგი ოჩიაურს დავყავდით ფშავში, იქ სახლი ჰქონდა, თენგიზ მირზაშვილთან დავდიოდით სოფელში. ეს ყველაფერი შინაგანად გროვდება, მაგრამ ამის ანალიზს არ აკეთებ, რადგან მთლად ანალიტიკური თუა მხატვარი, შორს ვერ წავა. მარტო ნივთები კი არა, ყველაფერი ზემოქმედებს შენზე - პედაგოგები, პიროვნებები, ხალხი.
გოგი მესხიშვილის ნამუშევრების შეფასებისას ხშირად ამბობენ, რომ ის თეატრში ფერწერას ქმნის, ფერწერაში კი თეატრს.
- ყოველთვის ისეთი რანგის პროფესიონალებთან თანამშრომლობდით, ვისთან ერთადაც წარმატება, ფაქტობრივად, გარანტირებული იყო.
- ეგრე არ არის. ზოგჯერ მუშაობ, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ საბოლოოდ სპექტაკლი ისეთი არ გამოდის, როგორიც გინდოდა. მე ბედმა გამიღიმა, რადგან ძალიან დიდ ხალხთან მომიწია მუშაობა.
- ვთქვათ, მოვიდა დამწყები რეჟისორი და თანამშრომლობა შემოგთავაზათ, დათანხმდებით?
- თუ საინტერესოა, რატომაც არა? უნდა დაელაპარაკო. არ ვიცი, სწავლების დონე დღეს როგორია. მიშა თუმანიშვილს იმხელა ღვაწლი აქვს მსახიობებისა და რეჟისორების აღზრდაში, დღემდე დაუფასებელია. ასეთი რამ არავის გაუკეთებია.
- თავად როგორი პრინციპით მუშაობთ რეჟისორთან?
- მაგალითად, თემურ ჩხეიძე მეუბნება, მგონი, ეს პიესა საინტერესოა და წაიკითხეო. რობიკო უფრო რადიკალურად ექცევა პიესებს, ვიდრე თემური. ერთიორი შტრიხით მომიხაზავს ესკიზს და ვხვდები, რა სჭირდება - დიდი სივრცე.
- კონკრეტულად რას ითხოვს?
- არაფერსაც არ ითხოვს. რაღაცას მოვახლაფორთებ, მოვა, შეხედავს, ოოო - იტყვის, წავა, მერე დაგირეკავს... მოკლედ, ისეთი აქტიური ზეწოლა არ აქვს. საერთოდ, აქტიურად რომ აწვება რეჟისორი მხატვარს, შედეგი ყოველთვის ცუდია. ამდენი ხანი რომ ვიცნობთ ერთმანეთს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
- როგორც მახსოვს, სტურუამ „რიჩარდ III“-ის თქვენეული სცენოგრაფია დაიწუნა და ეს სპექტაკლი მირიან შველიძეს გააფორმებინა.
- მერე რა, მირიანი ერთ-ერთი უნიჭიერესი მხატვარია, რეჟისორმა ნახა, რომ მან ზუსტად მოძებნა ის გარემო, რომელიც სჭირდებოდა, ამაში ცუდი არაფერია. შურის გრძნობა თუ უჩნდება ადამიანს, ის დაღუპულია, არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი. სამაგიეროდ, მე „ცარცის წრე“ გავაკეთე, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“. რობიკოს პლიუსია, რომ ორივე ადამიანის გამოვლენა შეძლო.
- „ცარცის წრის“ იდეა როგორ მოვიდა?
- რუსი მხატვრის, გაგარინის ნახატია „თბილისური ბაზარი“. გაგარინი ადრეც მომწონდა. საქართველოში მოგზაურობდა და ფანტასტიკური ალბომები აქვს შექმნილი. მასალის ძებნისას, ამ ნახატს წავაწყდი და რობიკოს ვუთხარი, იქნებ ეს ყველაფერი ბაზარზე გათამაშდეს, სადაც ათასნაირი ხალხი ირევა, ერთმანეთშია აღრეული სხვადასხვა დრო და ეპოქები.
- შესაძლებელია თუ არა მხატვრის სცენოგრაფიულმა გადაწყვეტამ რეჟისორის ჩანაფიქრი შეცვალოს?
1989 წელს სერგო ფარაჯანოვის ფილმის, „აშუღ ყარიბის“ მხატვრული გაფორმებისათვის გოგი მესხიშვილმა მიიღო პრემია „ფელიქსი“, რომელსაც ევროპულ „ოსკარს“ უწოდებენ.
- თუ რეჟისორი ამაში თავისი კონცეფციის გადაწყვეტას ხედავს, მაშინ კი, თუ არა და გეუბნება - მოდი, ასე კი არა, ისე ვცადოთ, ეს ყველაფერი ურთიერთშეთანხმებაა. რეჟისორი და მხატვარი თანაავტორები არიან, იმპულსი მოდის რეჟისორისგან, შენ უნდა შეუწყო ხელი მის ხელწერას. აქ რობიკო და თემური, უცხოეთში კიდევ ბევრი დიდი რეჟისორი, ვისთანაც ვმუშაობ, ცდილობენ, არ გაჩერდნენ, თავიანთ ხელწერაში რაღაც სიახლე შეიტანონ. ყოველთვის ვითვალისწინებ იმას, რომ თანამედროვეობის სული არ დავკარგო. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტელექტის დონე, ვისთანაც ვმუშაობ. მაქვს პატარა ტესტები, რომლებსაც შევუგდებ ხოლმე რეჟისორებს; რობიკოსა და თემურს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
- რა ტესტებია ასეთი?
- რომელიმე მხატვრის სახელს ვუხსენებ, ან წიგნს, ან სხვა რაიმეს და თუ არავითარი რეაქცია არ აქვს, ვხდები, რომ რაღაც ისე ვერ არის; ანდა თუ რეჟისორი მოდის მოთხოვნით, მე ასეთი დეკორაცია მინდა და არა ისეთი, მასთან მუშაობა შეუძლებელია. ჩამოყალიბებულ ჩარჩოებს ვერ ვიტან.
- თითოეული მსახიობის პიროვნებას თუ ითვალისწინებთ კოსტიუმის შექმნისას?
- ეგ აუცილებელია, ხშირად მსახიობები საინტერესო წინადადებით მოდიან. რამაზ ჩხიკვაძე, მაგალითად, სანამ კოსტიუმს არ მოირგებს, არ მოისვენებს. აზდაკზე მუშაობისას, სულ ამბობდა, რაღაც მაკლიაო. როგორც კი დახეული ქუდი მოირგო, როლში ჩაჯდა. მსახიობს უნდა მისცე თავისუფლება, სხვანაირად არ გამოვა. კი არ უნდა იძახო - არა, როგორც დავხატე, ისე უნდა იყოს, არამედ გაითვალისწინო მათი მოთხოვნებიც, რადგან თუ მსახიობი პროფესიონალია, ის ყოველთვის საღად აზროვნებს. ზოგჯერ პატარა დეტალი წყვეტს ყველაფერს.
- მესხიშვილის ნამუშევრების შეფასებისას, ყველაზე ხშირად მომისმენია ფრაზები თქვენი დახვეწილი გემოვნების შესახებ.
- რაც არ უნდა გააკეთოს თეატრის მხატვარმა, მისი გემოვნება მაინც გამოსხლტება ხოლმე. არის შემთხვევა, როცა უგემოვნო დეკორაციაა გასაკეთებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამასაც გემოვნება სჭირდება. გემოვნების სწავლა შეუძლებელია. არც ის მგონია, გემოვნება ყალიბდებოდეს. ვფიქრობ, ეს შინაგანი, გენეტიკური თვისებაა. არის ხალხი, ვინც აბსოლუტურად გაუნათლებელია, მაგრამ ბრწყინვალე გემოვნება აქვს და პირიქით, ძალიან განათლებულია, მაგრამ საშინელი გემოვნების მქონე. შეიძლება ძალიან მოინდომო და ასწავლო, მაგრამ თუ უგემოვნოა, ის მაინც თავისას „გაარტყამს“. თეატრში გემოვნება მთავარია, თუმცა თვითმიზანი არ არის, გააკეთო ლამაზი სპექტაკლი. მთავარია ეგოისტური მომენტები არ გქონდეს - აი, მე და დანარჩენი არ მაინტერესებს. ყოველთვის უნდა გააკეთო ის, რაც მოცემულ მომენტში სჭირდება რეჟისორსა და მსახიობს.
უილიამ შექსპირი
„როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა დამდგმელი მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი რუსთაველის თეატრი
„მეცინება, როცა ამბობენ, შექსპირი ტრადიციულად უნდა დადგაო. ტრადიციულად როგორ, როგორც ეცვათ შექსპირის დროს?!“
- „ქალი-გველი“ რომ გავიხსენოთ, ასეთი სანახაობითი სპექტაკლი, სცენოგრაფიის მხრივ, უიშვიათესია. ისტორიულ მასალაზე როგორ მუშაობთ, ეპოქის, ეთნოგრაფიული დეტალების სულს მიჰყვებით, ინტუიციურად აგებთ თუ საკუთარ გემოვნებას ენდობით?
- „ქალი-გველი“ ფანტასტიკური სპექტაკლია იმ მხრივ, რომ ყველაფერი ხდება - ცეცხლია, მითები ურჩხულებზე, შუასაუკუნეების ადამიანების ცხოვრება. ამიტომაც მინდოდა, იქ ყოფილიყო აბსოლუტური თავისუფლება, კანონების გარეშე; ყოფილიყო აღმოსავლურ-დასავლურის შერწყმა, რადგან ვენეცია თუ იცი და კარლო გოცი, მიხვდები, რომ ეს ქალაქი გზაჯვარედინი იყო, სადაც აღმოსავლეთის და ქრისტიანული აღორძინების კულტურის დიდი შერწყმა მოხდა. საწყენია, რომ „ქალი-გველი“ რეპერტუარიდან ამოიღეს.
- დადგება დრო, როცა თეატრში აღარ იქნებით. რას გააკეთებთ, გარდა იმისა, რომ დახატავთ?
- რა ვიცი, თუ არ იქნება, არ იქნება, ათასი რაღაც მაქვს დაგეგმილი, თუ მოვასწრებ, გავაკეთებ.
- თეატრის ბუნებიდან გამომდინარე, ინტრიგები თუ შეგხებიათ. გულწრფელი იყავით რა, ნუ ჩაიკეტებით.
- არანაირ ინტრიგასთან არ მქონია შეხება. ინტრიგები თეატრში ყოველთვის გარედან იყო, მაშინაც, როცა მიშა თუმანიშვილის მოშორება უნდოდათ და ახლაც, როცა რობიკოს მოშორება უნდათ. სამარცხვინოა დღევანდელი ინტრიგები რუსთაველის თეატრის მიმართ, რადგან ხალხი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, ებრძვის მას, ვინც ქართულ თეატრს სახელი მოუტანა. ასე იყო სანდრო ახმეტელის დროიდან მოყოლებული. პირადად მე რა ინტრიგები უნდა მქონოდა, სპექტაკლს არ მომცემდნენ? გამაგდებდნენ? ეგეთი მომენტი არ მქონია. როცა საქმეს აკეთებ, ინტრიგისთვის დრო აღარ რჩება.
- სადღაც წავიკითხე დედათქვენის შეფასება: „გოგი ერთი შეხედვითაა პირქუში, თორემ ისე თბილი და გულისხმიერია“. გარედან მართლაც უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
- მართლა? „უკარება“ რას ნიშნავს, ვინ უნდა მივიკარო? ვინც არ მიყვარს, არ ვიკარებ და ვინც მიყვარს, ვიკარებ. ახალგაზრდებს ვეხმარები და ვასწავლი, რაც შემიძლია. არის ხალხი, ვისთანაც არ მინდა ურთიერთობა, ვიწრო წრე მყავს. მერეც, სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ სულ დაკავებული ვარ, მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებზეც ვგიჟდები.
- ვიცი, რომ სერგო ფარაჯანოვთან გამორჩეული მეგობრობა გაკავშირებდათ.
- უჰ, ფარაჯანოვს ჯერ კიდევ როდიდან ვიცნობდი, არ მახსოვს. კიევში რომ ჰქონდა გადაღებები, მის ფილმს „აშუღ ყარიბს“ ვაფორმებდი და იქ უფრო დავახლოვდით. თბილისში რომ დაბრუნდა, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა, ხან ვაჭმევდით, ხან ვასმევდით, ხან ქურთუკს უკერავდა ჩემი სიდედრი, ხშირად თავისი სტუმრებიც მოჰყავდა ხოლმე. ვინც არ იცნობდა, მისთვის ქალაქის გიჟი იყო და ვინც იცნობდა, დიდი რეჟისორი და პიროვნება. ეგეც წაშალეს, არც სახლი დაუტოვეს და არც არაფერი. არადა, ფარაჯანოვი უნიკალური პიროვნება იყო კინოსა და ქალაქის ისტორიაში. ასეთი თავისუფალი აზროვნების ადამიანი იშვიათად მინახავს, ბრწყინვალედ იცოდა ქალაქი. კინტოც იყო, ვაჭარიც, ხან ყიდდა, ხან ფილმებს იღებდა, გენიალურად ჰყვებოდა ამბებს. თუ გინდა ბაჟბეუქ-მელიქოვი გავიხსენოთ, დიდებული მხატვარი, მისი სახლიც დაანგრიეს. ფარაჯანოვს და ბაჟბეუქს კათალიკოსმა ვაზგენმა ერევანში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ არცერთი არ წავიდა, სულით და ხორცით აქაურები იყვნენ და იმიტომ. სულ რამდენიმე კაცი შემხვდა ცხოვრებაში, ასეთი ფანტასტიკური პიროვნებები. ერთ-ერთი როსტროპოვიჩია. მასთან ერთად მე და რობიკომ სამარაში „ივანე მრისხანე“ გავაკეთეთ, ორი თვე ვიყავით ერთად. გარდა იმისა, რომ გენიალური მუსიკოსი და პიროვნებაა, არაჩვეულებრივად ჰყვება თავისი ცხოვრების ისტორიას. ყოველ საღამოს რესტორანში დავდიოდით, დალევა უყვარდა და შოსტაკოვიჩზე, პროკოფიევზე, დიდ მუსიკოსებზე ყვებოდა, უდიდესი იუმორით გადმოსცემდა ამბებს, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. დიდ ხელოვნებას ეროვნება და საზღვარი რომ ჰქონდეს, თბილისიდან ვერსად გავალთ. როცა ხელოვნება მაღალ დონეზე ადის, ის საყოველთაოა და კონკრეტულ ერს აღარ ეკუთვნის. თუნდაც მუსიკა ავიღოთ - უმაღლესი დონე ხელოვნებისა. ის ფაქტობრივად ხელშეუხებელია, მარადიულია, რესტავრაცია არ სჭირდება, არ დაიხევა, საუკუნიდან საუკუნეში გადადის. ჩვენი ძველი საგალობლები დღემდე არსებობს. ამიტომაცაა ჩემთვის საინტერესო მუსიკალურ თეატრსა და ოპერაში მუშაობა. მუსიკა ისეთი ფენომენია, პატარა შეცდომას არ გაპატიებს, თეატრში ხარვეზი დაიმალება, მუსიკაში - არა.
„კლასიკაშიც კი თანამედროვეობის სული უნდა შეინარჩუნო.“
- როცა დეკორაცია და კოსტიუმები სამუზეუმო ექსპონატი ხდება და თეატრის გარდერობში ინაცვლებს, წლების შემდეგ, მათთან შეხებისას რაიმე განცდა თუ გაქვთ?
- ზოგჯერ გენანება, რომ ის სპექტაკლები აღარ გადის. „ცარცის წრე“ 30 წელია რეპერტუარშია. ბოლოს და ბოლოს, მისი ისტორიაც დამთავრდება, ასეთია თეატრის ბუნება. ახლახანს „ურიელ აკოსტა“ აღადგინეს, არ წავალ და არ ვნახავ, რადგან ვთვლი, რომ ამ სპექტაკლმა თავისი საქმე გააკეთა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გაქრა და დარჩა ლეგენდად.
- ხშირად გამიგია, რომ ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულია და ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოდიან, აქაური მაყურებლის გამორჩეულობის წინაშე თურმე ცახცახებენ. ასეთი შეფასება სიყალბე მგონია.
რობერტ სტურუა ასე იტყვის გოგი მესხიშვილზე: „მე მომწონს თეატრის მისეული - ოპტიმისტური, ამაღლებული, ფერადოვანი აღქმა, მისი ფანტასტიკური თეატრალობა, მუსიკალური, საბალეტო ფერწერულობა. მისი უნარი - ორგანულად და ჰარმონიულად დაუკავშიროს ერთმანეთს თითქოსდა შეუთავსებელი, მოგვაწოდოს ეპოქის ფაქიზი და ირონიული სტილიზება, იაზროვნოს და შეიგრძნოს საკუთარი შემოქმედება ზოგადკულტურულ კონტექსტში, ერთ ნამუშევარში მიაღწიოს კონკრეტულის საერთოსთან, ეროვნულის ზოგადსაკაცობრიოსთან, მარადიულის ისტორიულთან შეჯერება-შეპირისპირებას.“
- გერმანიაში გამიფორმებია სპექტაკლები და მინახავს გერმანელი მაყურებელი, რომელიც პიესით ხელში იჯდა პარტერში, იტალიაში სპექტაკლის დროს პარტიტურას მიჰყვებიან და ამოწმებენ. ჩვენთან იყო კარგი მაყურებელი და ახლაც შემორჩა, მაგრამ მასიურად გაუნათლებელი მაყურებელი გვყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ ჩვენს მდარე ტელევიზიაზე იზრდებიან. ეს ტელეარხები კი მხოლოდ აბრუებენ მაყურებელს და სისულელეებს აჭმევენ. ჩვენთან არაა ერთი არხი მაინც, რომელიც მაყურებელს ნამდვილ ხელოვნებას მიაწვდის... ცუდი გემოვნების გამომუშავება კი ძალიან ადვილია მასკულტურის მეშვეობით. მასკულტურამ ყველაფერი წალეკა, ახალგაზრდას შედარების საშუალება არ აქვს, აშკარად ნიჭიერი თაობა მოდის, მაგრამ დამკვიდრების ნაკლები შანსი აქვთ. აქ მწირი სამყაროა. გაუნათლებელ ერზე ადვილი დასაჩაგრი კი არაფერია.
- თაობების წყვეტა არ გაშინებთ?
- არ მომწონს ის, რომ უფროსები აღარ უნდათ. ამასწინათ ახლობელი შემხვდა, თავისი საქმის პროფესიონალი და მითხრა, სახლში ჯდომამ გამაგიჟაო. არასწორია თაობათა შორის ჯაჭვის გაწყვეტა. მართალია, ნაკადი ხან განიერია, ხან ვიწრო, მაგრამ კალაპოტს უნდა ჰქონდეს დატვირთვა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს. ნიჭიერს უნდა დახმარება, თორემ უნიჭო ისედაც იპოვის გზას.
- მოდით, გამოვიდეთ თეატრიდან.
- ძალიან მინდოდა მთაში წასვლა, მაგრამ დრო არ მქონდა. როცა დრო მაქვს, ბუნებაში ხეტიალი მიყვარს.
- სუფრები?
- რა ჯობია კარგ სუფრას, მეგობრებთან ერთად.
- პრაქტიკული თუ ხართ?
- რა ვიცი, კარგი ღვინის არჩევა ვიცი. მეღვინე მეგობრები მყავს და ცუდი ღვინო არასოდეს მომაქვს სახლში.
- შვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ძირითადად მეგობრული, თუმცა მასაც აქვს თავისი საიდუმლოებები.
- მარტოობა გჭირდებათ თუ გიყვართ?
- როცა ვმუშაობ, კი, მაგრამ თუ მეგობრები მოვლენ, კარს აუცილებლად გავუღებ. საერთოდ, სოციალური ტიპი არ ვარ, არც არანაირი პარტიის წევრი, დეპუტატი და აქტივისტი ვყოფილვარ. უფრო შინაგანად ვარ კონცენტრირებული. თუ ყველაფერს მიედ-მოედები, ვერაფერს გააკეთებ.
თბილისში, საშობაო არდადეგებზე ჩამოსულმა, თემურ ჩხეიძესთან იმუშავა ოპერის თეატრში და ლეონკავალოს „ჯამბაზები“ გააფორმა. გენერალური რეპეტიციის შემდეგ სცენაზე გადაღება ვთხოვეთ. მარტო ყოფნას ჯამბაზების კამპანია არჩია.
- ოჯახურ ბიუჯეტს ვინ გეგმავს?
- არავითარი ბიუჯეტი არ გვაქვს. ფშშშ - ასე მიდის და ქრება. ხან არის, ხან არა. ახალ წელს ამერიკაში ვხვდები, მაკა აქ რჩება. ქეთუთა შვეიცარიაში მიდის მეგობართან ერთად. მოსკოვში ვაპირებდი წასვლას, „მხატში“ სპექტაკლი უნდა გამეფორმებინა, მაგრამ რუსული ისტერიის გამო აღარ წავედი. უსირცხვილოდ იქცევიან, 24 საათის მანძილზე ტყუიან. რაც რუსებმა ქართველებს გაუკეთეს, არაფრითაა იმაზე ნაკლები, რაც თავის დროზე ებრაელებს დამართეს. თავისთავს უთხრიან ძირს. აფხაზები და ოსები კი ვერ ხვდებიან, რომ რუსეთი მათ მოსპობს და გადააგვარებს.
- რელიგიასთან რა მიმართება გაქვთ?
- ეკლესიური არ ვარ, ჯვარი მიკეთია და პირჯვარს ვიწერ. იატაკს რომ თავი ვურტყა, ეგრე არ არის. ვთვლი, რომ რელიგია, თუ ფანატიკოსი არა ხარ, ადამიანს შინაგან სისუფთავეს უნარჩუნებს. ჩვენს ულამაზეს ეკლესია-მონასტრებსაც ხომ სხვანაირი, დიდი სულიერების მქონე ხალხი აშენებდა და ხატავდა.
- ლიტერატურა და კინო?
- კარგად ვიცი რუსული და უცხოური ლიტერატურა, მაგრამ ვგიჟდები ვაჟა ფშაველაზე, სულ მგონია, რომ წარმოუჩენელი და გაუშიფრავია. მიყვარს ბარათაშვილი, გალაკტიონი. უფრო პოეზია მიყვარს. ასაკში რომ შედიხარ, სხვანაირად კითხულობ ლიტერატურასაც და სხვაგვარად გესმის ბევრი რამ. გალაკტიონი რომ ამბობს - „არის მკითხველი კარგი წიგნების და არის კიდევ გადამკითხველი“- ო, მე ასეთი გადაკითხვა არ შემიძლია. ფილმებიც ძველი, შავ-თეთრი მიყვარს, რაღაც გულუბრყვილო სისუფთავე რომ დაჰყვება. თანამედროვე კარგი ფილმებიც მომწონს, მაგრამ არა სპეც-ეფექტებით, ტექნიკურად გაკეთებული.
- რომელ დროში ისურვებდით ცხოვრებას?
- რომელ დროშიც ვარ, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც აღორძინების ხანა იყო ალბათ, ეგეთი გლობალისტური აფეთქება ყველა სახელოვნებო სფეროში - მუსიკაში, ლიტერატურაში, არქიტექტურასა და მხატვრობაში აღარც ყოფილა. ეგვიპტე, ჩინეთი, აცტეკები ხომ უდიდესი კულტურაა, მაგრამ რაც აღორძინების ხანის იტალიაში მოხდა, წარმოუდგენელი სიმაღლეა.
- იქნება კიდევ ასეთი აფეთქება?
- ეგ რომ ვიცოდე, ძალიან დიდ ფულს ვიშოვიდი. მსოფლიო განვითარება ხომ არაერთხაზოვანია, ცივილიზაციის წერტილების გადაადგილება ხდება. იქნებ მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.
- არ დაბერდა დედამიწა?
- არა, ჯერ ადრეა.
![]() |
13 დუხობორეცი |
▲back to top |
ისტორია
რა ქალი ხარ?
რა გქვია?
რაა შენი რწმენა?
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ბესო უზნაძე
მადლიერებით ტანია მოსკვიტინას და ყველა სხვას,
„ვისაც სიყვარულის ღმერთი სწამს და ვისი კანონიც ჭეშმარიტების კანონია“.
არც რელიგიათმცოდნე გახლავართ და არც დუხობორიეს ისტორიის მკვლევარი. როდის გაჩნდა დედამიწაზე პირველი დუხობორეცი - ვერც ამას მოგახსენებთ, და ვგონებ, ვერც ერთობ ცრუ მეცნიერება - ისტორია გაგცემთ მტკიცე პასუხს. თავად დუხობორცები ამბობენ, რომ ეს ნაპერწკალი იესო ქრისტეს დროიდან გადაეცემოდა თაობიდან თაობას, და საერთოდ - ციტატა: „ჩვენ ეს არ ვიცით და ეს არცაა ჩვენი საქმე. მხოლოდ ისაა ჩვენი საქმე, რომ ჩვენს სულებს მივხედოთ“.
ამ ხალხს დუხობორები (ან დუხობორცები, როგორც გაგიხარდებათ) 1785 წელს, გაჯავრებულ გულზე, ეკატერინოსლაველმა არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ უწოდა: აქაოდა, საეკლესიო სიწმინდეებს და ღმერთთან შუამავლებს რომ არ აღიარებენ, ამით სულიწმინდას ებრძვიანო. მაგრამ დუხობორებს ეს სახელი ძალიან მოეწონათ და თავისებურად განმარტეს - სულისთვის მებრძოლები, სულის მებრძოლები.
სულის მებრძოლებს არც საეკლესიო გადასახადების გადახდა მიაჩნდათ საჭიროდ - ვაი?! შესაბამისად, მათ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს. ყველაფერს არ მოვყვები, სხვა თუ არაფერი, „ცხელი შოკოლადია“ და ჰორორები არ ეკადრება. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ დუხობორების წამებით სიკვდილისთვის ვიღაც ძალიან ჭკვიანს სვეტში ჩასმა გამოუგონებია. სულ მარტივი ამბავია: ჰკითხავდნენ ადამიანს, რა კაცი ხარო, ის იტყოდა, დუხობორიო, და უმალვე საგანგებოდ ამ საქმისთვის აშენებულ, მაღალ სვეტში უკრავდნენ თავს. სვეტის ღრუში მსხდომნი დიდხანს ცოცხლობდნენ, თუ ძალიან არ გაუმართლებდათ და ზამთარი არ იყო, და როგორ ცოცხლობდნენ და ხავსით როგორ იფარებოდნენ... - გავაგრძელო?
1841 წელს დუხობორები ჯავახეთში ჩამოასახლეს, არა იმიტომ, რომ მათი კარგად ყოფნა უნდოდათ, არამედ იმიტომ, რომ ყველამ იცოდა: აქ, უსასტიკეს პირობებში, ვერავინ იცოცხლებდა და ისინიც ამოწყდებოდნენ. ითვლება, რომ დუხობორები იმისთვის გაწირეს, რომ მათ მღვდელი დამარხეს ცოცხლად.
ესეც ბურუსით მოცული ამბავია. ლეგენდა ჰყვება, რომ ტავრიის გუბერნიაში მცხოვრებლებს ბავშვი მოკვდომიათ და ვიღაც მღვდელს - ცხადია, ჩამოსულს, - აუჩემებია, გინდა თუ არა, წესი უნდა ავუგოო. დუხობორებმა, არ გვინდა, შეგვეშვიო, მაგრამ მთავრობამაც წერილი გამოგზავნა, მღვდლის გარეშე მიცვალებული არ დამარხოთო. როგორც ამ ამბის მთხრობელმა ქალმა მითხრა, მოთხოვნა ასეთი იყო: მაღარიჩით უნდა დაიბადო და მაღარიჩით უნდა მოკვდე (ქალბატონი ბოგდანოვკელია და რუსულისა და ქართულის გარდა, სომხურიც ჩინებულად იცის). ჰოდა, დუხობორებსაც უთქვამთ, აბა, მთავრობას როგორ შევეწინააღმდეგებითო, და მიცვალებული მღვდლის გარეშე არ დაუმარხავთ, უფრო ზუსტად - მღვდლიანად დამარხეს.
მათთვის საქართველოში მიწების ბოძებისთვის რუსეთის მთავრობას სამი ურემი ოქროს ფული გადაუხდია, და დუხობორებიც თავიანთი ახალი სამშობლოსკენ დაიძრენ.
თუ რა იყო თავდაპირველად ეს მიწა, ამას საუკეთესოდ დასახლებების ძველი სახელები აღწერს. საყვარელო თანამემამულეებო, ცოტა რუსული ხომ მაინც გახსოვთ? იყო სოფელი ტერპენიე, იყო დასახლება ხოლოდნოე, არის უბანი მოგილკები, და დღევანდელ გორელოვკას, სულ მარტივად, გორელოე ერქვა. დუხობორები იხოცებოდნენ, მათ ნადირი ჭამდა, ავადმყოფობა კლავდა, მაგრამ გაძლეს, გაძლეს და ხოლოდნოეს უწოდეს ბოგდანოვკა: ღვთის მიერ ბოძებული მიწა.
1991 წელს ბოგდანოვკა ნინოწმინდა გახდა. ნეტა, რატომ? ალბათ ჩვენი დიდი პატრიოტიზმის, ღრმა ეროვნული თვითშეგნების და ჭეშმარიტი ქრისტიანობის დასამტკიცებლად. ერთი ისაა, რომ ამ ადგილს არასოდეს რქმევია ნინოწმინდა. მას ერქვა ჯერ ხოლოდნოე და მერე ბოგდანოვკა, მანამდე - არაფერი. იქ არავინ ცხოვრობდა და სწორადაც იქცეოდა. იქ დღესაც არ შეიძლება ღამით დაბმული ძაღლის დატოვება - სოფლებში მგლები დაიარებიან და ჭამენ ხოლმე. იქ ჩვენი სტუმრობის ჟამს 23 გრადუსი ყინვა იყო. იქაურობა მაგადანია, თორმეტი თვე - ზამთარი, დანარჩენი - ზაფხული. იქ დუხობორები უნდა ამომწყდარიყვნენ და გადარჩნენ. და თუ ჯავახეთში აღარ იცხოვრებენ და თუ მათი დიდი გმირობის ამბავს დავივიწყებთ, ჩვენი სირცხვილი იქნება, სხვა თუ არაფერი.
დასალიერი
იმ დილას პირველად ვიყავი ჩემი ზომა-წონით და პროფესიით ტოტალურად კმაყოფილი: სამარშრუტო ტაქსში შესანიშნავად მოვეწყე, ბესო უზნაძის ცოდვით კი ქვები ტიროდნენ - დიდია და იტანჯებოდა; თან მისი ზურგჩანთა უშველებელი იყო, ჩემი 50-იანი წლების აბანოს ჩემოდანი კი - ციდა; ის ფოტოგრაფია და უმძიმეს აღჭურვილობას მოათრევდა, მე კი რა - ერთი ბლოკნოტი და მისი ჯანი...
ნინოწმინდაში, ცხადია, ყინავდა. ბესო მთელი გზა იძახდა, თოვლი მინდაო და აჰა, თოვლი, ყინული, ყინვა - ყველაფერი ის, რის გამოც ჯავახეთის ზეგანს „მეორე ციმბირი“ ჰქვია. „მე ბურიატიაში ვიყავი გათხოვილი,“ მიყვებოდა ჩვენი „მფარველი ანგელოზი“, ტანია. „და ნუ მასწავლიან, მეორე ციმბირი რომელია. ესაა ციმბირი, იქაური სიცივე რა მოსატანია…“
ბოგდანოვკიდან დუხობორების სოფლებამდე თითქოს შორი არაა - რვა კილომეტრი. ოღონდ სულ ტრამალია, დათოვლილი, ცივი, არანაირად არ მეამა მისი ფეხით გადაჭრის პერსპექტივა. გზად მელაკუდაც ვნახეთ, იმისი სულ არ მეშინია, მაგრამ მგლებიც ყოფილან, დაბინდებისას გამოდიან „საქმეზე“, და ტანიამ აგვიხსნა, თუ ქარბუქი დაიწყო, ჯობს სწრაფად დატოვოთ აქაურობა, თორემ შუაგზაში გაიჭედებითო.
მგლებისგან თავადასაცავად სოფელ ორლოვკას შესასვლელში ოთხი ძაღლი ცხოვრობს, აი, ისეთები, ზღაპრებში რომ იცავენ ხოლმე საგანძურს: დოლაბისთვალება, რკინისეშვებიანი. მათ მოსაგერიებლად ტანიამ, არც მეტი, არც ნაკლები, ნიჩაბი მოიმარჯვა, და სულ ასეთად მემახსოვრება: პატარა, წელში ამაყად გამართული, ძალიან მამაცი და თავდადებული გოგო, ტანია მოსკვიტინა. ზუსტად ისეთი გოგო, როგორიც დუხობორეცი გოგო უნდა იყოს.
გოგოები
საოცარი ფოტოსურათი ვნახე, ვაგლახ, ცუდი ხარისხისა, ამიტომ ვერ გაჩვენებთ, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ: გუთანში რვა ქალია შებმული, მეხრეც ქალია. ეს დუხობორეცი გოგოები არიან, რომელთაც მამაკაცები აღარ ჰყავდათ.
1895 წელს, პეტრე-პავლობის ღამეს, ზემოთ, გამოქვაბულებთან, სადაც თორმეტი ბზა ხარობს და მოხუცები ჰყვებიან, იესო და მისი მოწაფეები ჰყავთო რჩეულებს ნანახი, დუხობორცებმა იარაღი დაწვეს. მათ ომი და კაცისკვლა არ უნდოდათ და ასე გამოთქვეს თავისი ნება.
საპასუხოდ გამოქვაბულებთან დამსჯელი რაზმი ავიდა. მათ მამაკაცები დახოცეს და იქაურ ქვებს დღესაც ატყვია სისხლის კვალი - წითელი ხავსი. შესაბამისად, კაცის საქმეც ქალებმა იტვირთეს, უფრო სწორად, გოგოებმა.
დუხობორეცი გოგოები სულ გოგოები არიან, მათ ასაკისა არაფერი ეტყობათ. პირველივე ქალბატონს, რომელსაც ვეწვიეთ, 1926 წელს დაბადებულ ანა გონჩაროვას, ვერაფრით დააბრალებთ, მოხუცია და მოტეხილიო. ქუჩაში შეგვხვდა, მისი სახლის წინ ყინვაში საწყლად მდგომებს.
„რას მიყურებ,“ შესცინა ქალმა ბესოს. „მოგეწონე?“
მე ვუთხარი, რომ ულამაზესი კაბა აცვია. მან მითხრა, ეს რამ მოგაწონაო - გაიპრანჭა, თორემ მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ულამაზესი იყო. მოიცა, ჯერ საზეიმოები ჩავიცვაო, და გაგვიძღვა სახლისკენ, რომლის კარზეც ბოქლომი ეკიდა.
ბოქლომიცაა და ბოქლომიც. გორელოვკასა და ორლოვკაში ქურდი არ ცხოვრობს და ბოქლომიც შესაბამისი აქვთ: ფერადი ქსოვილის ყულფი. გადასარევი თუ გინდა…
სულ მალე ქალბატონი ანა (რა ვქნა, ვერ ვეძახი ნიურა ბებოს; ის თუ ბებოა, აღარ ყოფილა საშველი) გამოწყობილი გამოცხადდა, და მაშინ მივხვდი, რომ მართალი იყო - ამჯერად ნამდვილად ლამაზები ეცვა.
ქვედაბოლო, კორსეტი, პერანგი, ქუდი - ყველაფერი ხელით შეკერილია, ხელით ჩამოქსოვილი, ხელით დაქარგული. „ასეთი კორსეტები,“ აგვიხსნა ანამ, „დუხობორეც ქალებს აცვიათ. გაცვია კორსეტი - დუხობორეცი ხარ, გაიხდი კორსეტს - აღარ ხარ დუხობორეცი…“ ეს კორსეტები თაობიდან თაობას გადაეცემა. მეც მინდა, მაგრამ სადაა…
მაგრამ მთავარი მაინც ქუდია. დუხობორეცის ქუდი მხოლოდ თავსაბურავი როდია. ეს სიმბოლოა, მთელი ისტორია.
მე: „რას ნიშნავს შენი ქუდი, ანა ფიოდოროვნა?“
ანა ფიოდოროვნა: „აბა, მე რა ვიცი?“
სამაგიეროდ, იცის პელაგეა ტერეხოვამ, რომელიც ანაზე უმცროსია, მაგრამ მეტი ახსოვს. „დავიბადე 1928 წლის დეკემბერში. რიცხვი არ ვიცი. 1931 წელს ტიფი დამემართა და სინათლე წამართვა…“ ბებია პოლიამ ამაყად დაიხურა დუხობორცების ქუდი და მოყოლა დაიწყო:
„აი, ეს შავი ხაზი მიწაა, ის დრო, როცა დუხობორცები იმალებოდნენ, როცა მათ სდევნიდნენ - ცუდი დრო. ეს ცისფერი ლენტი გზაა, ჩვენი გზები, რომლებიც გამოვიარეთ, სანამ აქამდე მოვიდოდით. ეს, ოქროსფერი, მზეა, და აი, ეს,“ - თითით ქუდის დამაგვირგვინებელ ყვავილზე მიმანიშნა, „განათებაა, დუხობორიეს ალიონი, როცა რწმენის ნება დაგვრთეს.“
РОДИМАЯ ЛУШЕЧКА
ქალს, რომლის სახელთანაც დუხობორცების ქუდის ყვავილი, დუხობორიეს ალიონია დაკავშირებული, ერქვა ლუკერია გუბანოვა, ლუშეჩკა, ნეტარი ლუშეჩკა, Родимая Лушечка - რა ვქნა, ვერ ვთარგმნი.
ლუშეჩკა ოცდასამი წლისა იყო, როცა დაქვრივდა. მისი ქმარი მართალი, ძალიან კარგი კაცი ყოფილა და ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ მეუღლეც ასეთივე ჰყავდა: ბრძენი, მოწყალე. ლუშეჩკას ჰქონდა „ცხოველი წიგნი“ (ან „ცოცხალი წიგნი“), დუხობორცების ზეპირსიტყვიერი წმინდა წერილი. ლუშეჩკა ძალიან სამართლიანი ქალი იყო და არავის ანებებდა სუსტების ჩაგვრას.
ასე, ის საშინლად ბრაზობდა ხოლმე, როცა მამაკაცები ქალებს ჩაგრავდნენ ან სულაც სცემდნენ. ასეთ კაცს ის სჯიდა: ერთი ღამით საქათმეში ამწყვდევდა. ხოლო თუ კაცი იმდენად თავხედი იყო, რომ მეორედაც ბედავდა თავისი მეუღლის წყენინებას, ლუშეჩკას განკარგულებით მას წელზე ბაწარს აბამდნენ და ურიკას გამობმულს ნელი ნაბიჯით დაატარებდნენ სოფელ-სოფელ: ნახეთ, ხალხო, ეს ის ბრიყვია, საქათმეში ღამისთევა რომ არ იკმარა და ისევ თავის ქალს ჩაგრავს!
ლუშეჩკამ დააარსა ობოლთა სახლი, რომელშიც ყველას შეეძლო ცხოვრება - მარტოხელა მოხუცებს, დაობლებულ ბავშვებს, ღატაკებს, მოკლედ, ყველას, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებოდა. ლუშეჩკა წინასწარმეტყველი იყო და მისი სიტყვები ყოველთვის მართლდებოდა.
ასე, ობოლთა სახლის შენებისას ლუშეჩკას ერთი კაცი, ივანე, ვანეჩკა ედგა მხარში. ვანეჩკა ძალიან ხელმარჯვე იყო, და ვინც არ დაიზარებთ და გორელოვკაში აბრძანდებით, აუცილებლად შეამჩნევთ, რა ლამაზია ხის აივნები, როგორი სიყვარულითაა გამოჭრილი ყოველი ჩუქურთმა. ეს ყველაფერი საბრალო ვანეჩკას ნახელავია.
ვანეჩკას ლუშეჩკა თავდადებით უყვარდა და ამიტომ ძალიან უკლავდა ხოლმე გულს მისი სიტყვები. „როგორ მიყვარხარ, ვანეჩკა. როგორი დიდებული ოსტატი ხარ. როგორ მებრალები, რომ იუდა იქნები, ჩემო ვანეჩკა, და დუხობორიეს და ჩემი ღალატი მოგიწევს…“ ძალიან სწყინდა ეს სიტყვები ვანეჩკას და იფიცებოდა, ამას არასოდეს ვიზამო.
საქმე ისაა, რომ ორად-ორმა ადამიანმა, ლუშეჩკამ და ვანეჩკამ იცოდნენ, თუ სად ინახებოდა დუხობორთა აღთქმული მიწის ნასყიდობის ქაღალდები. ლუკერია 1886 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა, ორმოცდახუთი წლისა, და საიდუმლოს ამიერიდან მხოლოდ ვანეჩკა იცავდა. მერე კი დრო შეიცვალა, შინაგან საქმეთა სახალხო კომისრებმა ვანეჩკას ორი ვაჟი დააპატიმრეს და მათ საფასურად ვანეჩკას დუხობორცების და ლუკერიას გაცემა და ძვირფასი ქაღალდები მოსთხოვეს.
ვანეჩკამ ობოლთა სახლში ბოძი დაშალა და სანუკვარი ზარდახშა ამოიღო. მას ეგონა, რომ ღალატის ფასად თავის ვაჟებს გადაარჩენდა, მაგრამ კომისრებმა გვარის გამგრძელებლები აღარ დაუბრუნეს. საბრალო ვანეჩკამ ობოლთა სახლში გაატარა დარჩენილი დღეები, ტირილსა და სინანულში.
„ამტყუნებდით?“ ვკითხე ბებოებს.
„არა, რას ამბობ,“ იყო პასუხი. „მაგას როგორ გავამტყუნებდით. ეგრე ეწერა. საბრალო ვანეჩკა…“
დუხობორ ქალებს გამტყუნება საერთოდ ნაკლებად სჩვევიათ. მე მგონი, უბრალოდ არ სცალიათ ასეთი რამეებისთვის. ქართველი გოგოს და დუხობორეცი ბიჭის სიყვარულის ამბავმა მე გამაცეცხლა, მათ კი იოლად მიამბეს - ასე ეწერათო… კარგია ასე. ნეტა მეც შემეძლოს.
მშვენიერი ვასილისა
თურმე ლუშეჩკასთან, ობოლთა სახლში, ერთი ბიჭი იზრდებოდა. კარგი ბიჭი იყო, გონიერი, წარმოსადეგი. ლუშეჩკა მას განსაკუთრებით სწყალობდა.
ერთხელ ლუშეჩკას კახეთში რაღაც საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი და მან ქართველებთან სწორედ ის, საამაყო ბიჭი გაგზავნა. იქ ყმაწვილს არ გაუმართლა - გოგო შეუყვარდა, თან თავადის ქალი. ქალსაც შეყვარებია, და წყვილი ერთად ჩამოვიდა გორელოვკაში.
„ძალიან კარგი გოგო იყო,“ მიამბეს ქალებმა. „ლამაზი-ლამაზი. ჩვენი კორსეტი ჩაიცვა, ჩვენი წესით იცხოვრა. სულ მალე ღმერთმა ორი შვილი გამოუგზავნა, ქალ-ვაჟი. მთელი თემი იმათ ბედნიერებას შევხაროდით.“
მაგრამ მერე ქალის ოჯახს მისი ადგილსამყოფელი გაუგია. კახეთიდან მამაკაცები ჩამოვიდნენ, ქართველი გოგო მოტყუებით გაიყვანეს სოფლიდან, შეაგდეს ცხენზე და გაიტაცეს.
…იქ ტრამალია და შორიდანაც ისმოდა ქალის ძახილი: ქმარს უხმობდა და თავისიანებს ეხვეწებოდა, შვილებს ნუ დამიობლებთო…
თავზარდაცემული ბიჭი ლუშეჩკას ეახლა და შეევედრა, დავედევნები, ხალხი გამაყოლე, ჩემი გოგო დამაბრუნებინეო. მაგრამ ლუშეჩკამ უთხრა:
„ეს შენი ბედი ყოფილა. უნდა დაითმინო. ჩვენ ცოტანი ვართ, ამ მიწაზე მოსულები. ქართველები ბევრნი არიან. ჩვენ სროლა არ გვბებია მართებს, თუ დაედევნები, ჩხუბი ატყდება, და შენს ქალსაც დაღუპავ და ყველა დუხობორსაც. დაითმინე.“
და ბიჭმაც დაითმინა, რამდენიც შეძლო. მერე კი… მოკლედ, მერე ობოლთა სახლში მისი და ქართველი თავადის ქალის ორი შვილი იზრდებოდა. ქალიშვილი ისეთი მშვენიერი იყო, ისეთი ლამაზი, როგორიც თემში არავინ ყოფილა: ლურჯთვალა, შავთმიანი. გოგონას ვასილისა ერქვა და ახლაც ასე იხსენიებენ: მშვენიერი ვასილისა.
როცა ამ ამბავს მიყვებოდნენ, ვფიქრობდი, ალბათ ბრაზობენ-მეთქი. ალბათ წყინთ, რომ ქართველებმა მათიანის სიძობა არ ისურვეს-მეთქი. მაგრამ არა. ძალიან ჩვეულებრივად ჰყვებოდნენ, ოღონდ ისეთი გრძნობით, რომ ობოლთა სახლთან, თოვლში, დუხობორ ქალებთან ერთად მდგომმა მწარედ ვიტირე, და საბრალო ბესო უზნაძე ვერაფრით მიხვდა, რა ჯანდაბა დამემართა - მან კი იცის, რომ შეყვარებულთა უბედურებები, რა ხანია, სულ აღარ მიჩუყებს გულს.
* * *
შობა ღამეს დუხობორი ქალები დაქარგულ სუფრაზე დგამენ დიდ, ფუმფულა პურს, მარილს და პატარა ჭიქას. ჭიქაში წყალს ასხამენ, კოვზით, ზუსტად იმდენ კოვზ წყალს, რამდენი სულიც სახლში ცხოვრობს. მეორე დილას იმავე კოვზით ითვლიან, რამდენი ადამიანი იზეიმებს მომავალ შობას - რამდენი კოვზი წყალიც დააკლდება, იმდენი დატოვებს მიწას.
იმედია, მომავალ შობას ისევ ყველანი დამხვდებიან. ლუშეჩკას დაუბარებია, რომ ამ მიწიდან არ უნდა წავიდნენ. აქაა მათი საფლავები, აქაა მხარე, რომელსაც ბოგდანოვკა ჰქვია - ღვთის მიერ დუხობორებისთვის ბოძებული მიწა. და ისიც უთქვამს ლუშეჩკას, რომ როცა ჯავახეთს ბოლო დუხობორეცი დატოვებს, დიდი მიწისძვრა მოხდება, წმინდა მთა გაიხსნება და წყალი წაიღებს დუხობორიეს, ჩვენი სამშობლოს ლამაზ მხარეს.
P.S. ბესო და მე მადლობელი ვართ ქალბატონ ირინა გინოსიანის, რომელმაც ორი უცხო უსასყიდლოდ შეგვიფარა და გვიმასპინძლა. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც შინ მიგვიწვია და ცალი თვალით მაინც დაგვანახა ჩვენთვის უცნობი, ჯადოსნური სამყარო.
![]() |
14 სამი ახდენილი ოცნების და ერთი წარმატების ამბავი |
▲back to top |
ისტორია
ზვიად ციკოლია
ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი, ვიტას ჩერნიაუსკასი
ეს ერთი ახალგაზრდა კაცის ისტორიაა, რომელსაც ძალიან საინტერესო პროფესია აქვს - ის სამრეწველო დიზაინერია და მას სახელად ზვიად ციკოლია ჰქვია. დიზაინი რომ მრავალნაირი არსებობს, ეს ყველამ ვიცით. სამრეწველო დიზაინი კი დანარჩენთაგან ყველაზე მასშტაბურია, უბრალოდ „დიდი“ სიტყვაა და ყველა „მოხმარების საგანს“ მოიცავს - ნამცხვრის, უთოს, ავტოკალმის, ჭურჭლის დიზაინით დაწყებული, მანქანის, მატარებლის, თვითმფრინავის, გნებავთ მფრინავი თეფშის დიზაინით დამთავრებული. არჩევანის დიაპაზონიც ამას ჰქვია!
მოდით, ჯერ მისი პორტფოლიო ვნახოთ, უკეთესად მივხვდებით ვისთან გვაქვს საქმე. ყდაზე ორი პატარა ბიჭის ფოტოა. გვერდით კი ასეთი წარწერა იკითხება: ზვიად ციკოლიას პერსონალური ნამუშევრები. პატარა ბიჭები მისი შვილები არიან - ბუბა და ივა... მერე კი მიდის: Reddot-ის დიზაინის ჯილდო, 2006 წლის კონკურსის გამარჯვებული მაჯის საათი; მერე გაზის გამათბობელი, უჩვეულო ფორმის სავარძელი, თითქოს ქვაზე დაყუდებული უფეხო დივანი, Peugeot 1007, Peugeot 307, Russo-Baltique Impression და მერე Rolls Royce-ის სპორტული კუპე - აი, ამ უკანასკნელთა შესახებ კი ასე ნაჩქარევად ვერ გიამბობთ. მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდებით, გრძელი და საინტერესო ისტორიაა. „Strong Vodka“, „Castel“, „Hertzog“, „ბორჯომის პროდუქტის“, „სამგორი ალკოს“, „APG“, „იოლი ჯგუფის“ ალკოჰოლური თუ მინერალური წყლების ბოთლები, კონცეპტ-პროექტები: Piaggio - მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანა, სპორტული ფეხსაცმელი, სათვალე და ათასი სხვა. დამეთანხმებით, შთამბეჭდავია!
რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, როგორც ხშირად ხდება, ბავშვობიდან იღებს სათავეს. ზვიადი ხატავდა, კონსტრუქტორებს აწყობდა, ყველაფერს ნაწილებად კი არა, უწვრილეს ნაწილაკებად შლიდა, მერე ხელახლა აწყობდა. კიდევ ცაში იყურებოდა და თვითმფრინავებს აკვირდებოდა, დიდ ავიაციაზე ოცნებობდა. წარმოსახვაში მიგ15-ებს, სამხედრო თვითმფრინავებს, რაკეტებს ხატავდა - მოკლედ, სულ დაფრინავდა. თან ისე სერიოზულად დაფრინავდა, უკვე ხუთი წლის ასაკში რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზე, თვითმფრინავის მოდელებს არჩევდა. ცაში ნაცნობ ხმას რომ მოკრავდა ყურს, უბრალოდ აიხედავდა და იქვე გეტყოდა, ეს TU 134 A, TU 147, იაკ 40 თუ კიდევ სხვა თვითმფრინავის მოდელი იყო.
მერე ვაჟა ფშაველას ქუჩაზე სამხედრო მუზეუმის არსებობის შესახებ გაიგო, სადაც სამხედრო ტექნიკა პირდაპირ ეზოში გამოეფინათ. მათ შორის ერთი თვითმფრინავი იყო, საოცნებო მიგ 15, თან ომგამოვლილი. დასათვალიერებლად წავიდა. მხოლოდ დათვალიერება როდი იკმარა, შებინდებისას თვითმფრინავის კაბინიდან ძლივს გადმოიყვანეს. მთელი ორი საათი გერმანელ მფრინავებს ებრძოდა; სანამ ყველა არ გაანადგურა, ვერ მოისვენა. მაგარი ნასიამოვნები კი დაბრუნდა შინ, გამარჯვებული.
იყო მაშინ ასეთი - „ნორჩ ტექნიკოსთა ცენტრალური სადგური“, წერეთლის ქუჩაზე; ავიასამოდელო, სატრანსპორტო ლაბორატორია, რადიო წრე, სამოდელო, ქიმიის, ფიზიკის ლაბორატორიები და კიდევ მრავალი სხვა სამოყვარულო წრე. ამ „სკოლაში“ ძველი საბჭოეთის 14 ცნობილი დიზაინერი გაიზარდა.
რუსო ბალტის Impression-ის მაკეტი
რუსო ბალტის Impression-ის დამზადება 2003 წელს მოსკოვში დაიწყო და 2005 წელს მიუნხენში დასრულდა.
„ნორჩ ტექნიკოსთა ცენტრალურ სადგურში“, რადიოს წრეზე ზვიადის უფროსი ძმა დადიოდა, საოცარ რამეებს აკეთებდა. მოგვიანებით ზვიადიც დაინტერესდა, ჯერ საფუძვლიანად გამოარკვია, რა ლაბორატორიები არსებობდა და, რაღა თქმა უნდა, ავიაცია აირჩია.
იქ დედასთან ერთად მივიდა. ავიასამოდელოს კარი შეაღო და აღტაცებისგან ადგილზე გაშეშდა. მასზე უფროსი ბიჭები, დაახლოებით მისსიგრძე თვითმფრინავს ვერცხლისფრად ღებავდნენ. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ბიჭი შეათვალიერა და დედას ანიშნა, ძალიან პატარაა, აქ ვერ მივიღებთო. ზვიადს კი გული არ დაწყვიტა და ანუგეშა, შენ სატრანსპორტო ლაბორატორიაში მიდი, იქ ყველაფერს გასწავლიან - მანქანების, თვითმფრინავების, მატარებლების აწყობას და ნახე როგორ მოგეწონებაო. გული კი მაინც დაწყდა, მაგრამ „სატრანსპორტო“ მართლა მოეწონა. „იქ ჩემი მასწავლებეისტორია ლი, მოგვიანებით კი ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი, ნოდარ ინჯია დამხვდა. ეს იყო უბრალოდ კარგი ადამიანი, თავის საქმეზე შეყვარებული კაცი, რომელიც საათობით გვეჯდა და გვესაუბრებოდა ყველაფერზე - კონსტრუქციებზე, მოდელებზე, ცხოვრებაზე. 2002 წელს, როცა „პეჟოსგან“ მეორე შეკვეთა მივიღე, ნოდარი გარდაიცვალა. უკვე მეორედ მოხდა ასე. ჩემი დიდი წარმატება და პარალელურად, უსაყვარლესი ადამიანის დაკარგვა - დროში ერთმანეთს დაემთხვა. 2001 წელს, როდესაც ასეთი სერიოზული შეკვეთა პირველად მივიღე და „პეჟომ“ სერიული წარმოებისთვის ახალი მოდელის ექსტერიერი დამიკვეთა, მამა გარდამეცვალა. ეს ორი ადამიანი ჩემი საუკეთესო შემფასებლები იყვნენ, ვისი აზრიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და ვისაც მართლა ვენდობოდი.“
რაღაც უცნაურად მუშაობდა. არ იყო თანმიმდევრული, პრინციპი - „თავიდან მარტივით დაიწყე და ნელ-ნელა გაართულე“ - მისთვის არ არსებობდა. პირველად ქაღალდის მანქანის მოდელი გააკეთა, მერე იყო ორწლიანი პაუზა და უცებ დიდი მოდელი გააკეთა, გამოფენაზე გაიტანა და პრიზიც მოიპოვა. ასეთი იყო.
დიდი ფიქრის და ორჭოფობის მერე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა. ერთხანს მსახიობობაც უნდოდა. დედა, მედეა ბუხრაძე, მსახიობი გახლდათ - მუცლით მოლაპარაკეებს რომ ეძახდნენ, თუ გახსოვთ (პირს რომ არ აღებენ და ლაპარაკობენ). სცენაზე თოჯინებით გამოდიოდა. მამა რეჟისორი იყო. მაგრამ ზვიადმა ნოდარ ინჯიას რჩევით, მაინც დიზაინერობა არჩია. სწორედ რომ მოიქცა, ამას მოგვიანებით დაგიდასტურებთ. თუმცა ვინ იცის, ეგებ მისგან მსოფლიოში განთქმული მსახიობი დამდგარიყო.
ის პერიოდი, რომელსაც ქართული დეპრესიის ხანა ჰქვია და ყველას კარგად გვახსოვს, ციკოლიების ოჯახმაც გამოიარა. ზვიადს ვირტუალური ესკიზების გასაკეთებლად და ტექნოლოგიური სიახლეების ასათვისებლად კომპიუტერი დასჭირდა. ერთ-ერთ გამომცემლობაში მივიდა და ბარტერი შესთავაზა: თუ ერთ კომპიუტერს დაუთმობდნენ, სამაგიეროდ წიგნების, ბროშურების - მოკლედ, მათი პუბლიკაციების დიზაინს გააკეთებდა. ისინიც დათანხმდნენ.
მერე იყო აეროგრაფები. აეროგრაფები საბჭოთა საქართველოში დიდი დეფიციტური პროდუქტი გახლდათ. მხოლოდ სპეკულანტებს ჩამოჰქონდათ, ისიც ხანდახან. ზვიადი მეგობრებს აეროგრაფების ჩარხების გაკეთებას სთავაზობს. ერთი აეროგრაფი 11 მანეთი უჯდებათ, 500-ად კი ყიდიან. ბიზნესიც ამას ჰქვია! ვინმე ამერიკელი ბიზნესმენი ინტერესდება, მაგრამ ამ მართლაც საოცარი ციფრების და, შესაბამისად, მათი მოგების წილის არ სჯერა, ახალგაზრდებს კი ცბიერ საქმოსნებად ნათლავს და უარით მიდის.
მალე ირკვევა, რომ გამომცემლობას აბრეშუმის ბადით ბეჭდვის აპარატურა აქვს, მაგრამ არ ჰყავთ სპეციალისტი, ვისაც მისი ამუშავება შეუძლია. ზვიადი სწავლობს ტექნოლოგიას და აამუშავებს. მალე კი აბრეშუმის ბადეზე ფოტოგამოსახულებასაც იღებს. ეს უკვე დიდი სიახლეა და გამომცემლობაც მრავალ ახალ კლიენტს იძენს.
„იცი რას ვაკვირდები? ცხოვრებაში რაზეც ვოცნებობდი, ნელ-ნელა ყველაფერი მისრულდება. ჩემი საყვარელი მანქანა Mini Cooper იყო და პირველი მანქანაც მინი კუპერი მყავდა. ჩემზე უფროსი ქალები მაინტერესებდა და ჩემი ცოლი ჩემზე 10 წლით უფროსია, ავიაციაზე ვგიჟდებოდი და 1993 წელს Air Georgia-ს მთავარი დიზაინერი გავხდი, ასე იყო სულ. Air Georgia-ს ამბავს მოგიყვებით. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილია და ვამბობ, რა მაგარი იქნება, ქართული ავიაკომპანია რომ დააარსონ და მაგალითად, Air Georgia დაარქვანმეთქი. დავჯექი მერე ჩემთვის და რაღაც ესკიზები გავაკეთე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო კომპანიის სიმბოლიკა. სულ მალე კი ტელევიზიით სარეკლამო განცხადებას ვისმენ: ავიაკომპანია ტრანს ეარ ჯორჯია აცხადებს რეისებს თბილისი - ფრანკფურტი - თბილისის მიმართულებით. ვა, ქართული ავიაცია! ვიღებ ტელეფონს და ვრეკავ. თქვენი კომპანიის სიმბოლიკის ესკიზები მაქვს, ხომ არ გაინტერესებთ, ვეკითხები. ირკვევა, რომ Air Georgia-ს დიზაინერის ვაკანსიაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული, ვადა კი მალე იწურება. სამხატვრო აკადემიაში ჩემს ხელმძღვანელთან, გია ლაფანაშვილთან ერთად, კონკურსში მონაწილეობას ვიღებ და ვიმარჯვებთ. მთავარი დიზაინერი ვხდები. ესეც ჩემი დიდი ავიაცია.“
ზვიად ციკოლია ივან შიშკინთან („რუსო-ბალტის“ დირექტორი) ერთად ვილა დ'ესტეს გამოფენაზე
ივან შიშკინი, ზვიად ციკოლია და „როლს როისის“ მთავარი დიზაინერი ალან შეპარდი
ფოტო: ვიტას ჩერნიაუსკასი
ფრანკფურტში ავტოსალონის გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება. Air Georgia-ს კი ფრანკფურტში პირდაპირი რეისები ჰქონდა. 1995 წელია, ზვიადი კომპანიის დირექტორს უფასო სამგზავრო ბილეთს სთხოვს და მიდის. თან ერთ დიდ საქაღალდეში ჩალაგებული თავისი ესკიზები მიაქვს. ერთი ესკიზი საქაღალდეში არ ეტევა და ზემოდან აკრავს, Bugatti-ს მოდელია, ზვიადის საყვარელი მანქანის ბრენდი. დადის ამ რვა კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე, საუკეთესო, ახალი მანქანის მოდელები სამ სართულზე რომაა გამოფენილი და აკვირდება ტენდენციებს, ახალ მიმართულებებს, ავანგარდულ დეტალებს - მოკლედ, სიახლეებს ეცნობა. მოულოდნელად ერთი გერმანელი ეძახის და თავისთან იხმობს. ზვიადმა გერმანული არ იცის, არც ინგლისური. ჟესტებით არტიკულირებენ. გერმანელი კაცი გულზე ხელს იკრავს და ამბობს: იოჰან დაუერ. ჟესტს ზვიადიც იმეორებს, ზვიად ციკოლია - ამბობს, მერე კი ერთმანეთს ხელს ართმევენ. იოჰანი საქაღალდეზე უთითებს, მაჩვენეო. ზვიადი დაბნეული აწვდის, კაცი ათვალიერებს, პერიოდულად მუშტზე ცერა თითის გაშვერით ანიშნებს, მაგარიაო. ზვიადი გაოცებისგან ხმას ვერ იღებს. ეს კაცი, არც მეტი და არც ნაკლები, „პორშის“ შვილობილი კომპანიის, Dauer Porsche-ის დამფუძნებელია, ძველი მრბოლელი. 22 ივნისს, ზვიადს ქალაქ ლემანში, რბოლებზე პატიჟებს, თანაც სთავაზობს, თუ ჩემთან მუშაობის დაწყება გინდა, პატარა გასაუბრებას მოგიწყობო. ზვიადი ვიზას მხოლოდ 2 ოქტომბერს იღებს და მაშინვე ურეკავს. დაუერი გაოცებული ეკითხება: თქვენს ქვეყანაში კალენდრები არსებობს? ერთი სიტყვით, ზვიადი ფრანკფურტში მიდის. იოჰან დაუერი პატარა ფსიქოლოგიურ გამოცდას უტარებს, მაგრამ ზვიადი ტესტს ვერ აბარებს. გამოცდილება გაკლიაო, უხსნის იოჰანი. რჩევებს აძლევს და თბილად ისტუმრებს: შეხვედრამდეო. „ამ შემთხვევის მერე გადავწყვიტე, ჩემთვის, დამოუკიდებლად მემუშავა და მომავალი ფრანკფურტის ავტოსალონზე 1:1 რეალური მასშტაბის „ბუგატის“ მოდელზე მუშაობა დავიწყე“.
Peugeot Alien-ის Concept Car-ი, 2005 წელი.
ზვიადი ფრანკფურტის მომავალი ავტოსალონისთვის მზადებას შეუდგება. 1997 წელს, გამოფენის ორგანიზატორებისაგან მოწვევა მოდის. 100 წლის მანძილზე პირველად, ფრანკფურტის ავტოსალონზე 42 ქვეყნის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშა ფრიალებს. ბუგატის concept car-ი ისევ Air Georgia-ს დახმარებით, ფრანკფურტში მიაქვს (concept car-ი მანქანის ახალი მოდელია, რომელიც შესაძლოა მრავალ ავანგარდულ დეტალს შეიცავდეს. აქ დიზაინერები თავიანთ პოტენციალსაც აჩვენებენ. concept car-ი გამოფენაზე გამოაქვთ და ბაზრის კონიუნქტურას ამგვარად აფასებენ. კოლექციონერების, პოტენციური მყიდველების, სხვადასხვა დიზაინერის, მოკლედ დამსწრე საზოგადოების აზრს სწავლობენ, ითვალისწინებენ და, შესაბამისად, სერიული წარმოებისთვის გარკვეულ დეტალებს, ან უბრალოდ, ისეთ დეტალებს ცვლიან, რომელთა გარეშეც მანქანის წარმოება უფრო იაფი დაჯდება). ზვიადი იძულებულია გაითვალისწინოს, რომ Air Georgia სამგზავრო თვითმფრინავია და შეზღუდული ზომის საბარგო კარი აქვს, მოდელის ერგონომიულ პარამეტრებსაც მხედველობაში იღებს და იდეალურ შუალედსაც პოულობს.
ფრანკფურტის ავტოსალონზე Bugatti-ს concept car-ი Lotus-ის, Lamborghini-ს, Brabus-ის მანქანებს შორის „დააბრძანეს“. Bugattiსა და Lotus-ის პრეზიდენტის, რომანო არტიოლის, ასევე BMW-ს, Volkswagen-ის დიზაინერების, სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლების ქათინაურები ზვიადისთვის პირველი აღიარება იყო. იქ გაიცნო საავტომობილო ბიზნესში ყველაზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანკარლო პერინი. „98-ში მე და ჩემი მასწავლებელი, გია ლაფანაშვილი პერინისთან სტუმრად ტურინში ჩავედით. ჯანკარლო იცით როგორი ვინმეა? მისი შეფასება დიზაინერთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღებია. ხდება ისეც, რომ პერინის რომელიმე ახალი ბრენდის მოდელის დიზაინი არ მოსწონს, მაშინ მოდელის დეტალებს ხშირად ცვლიან ხოლმე. ასეთი კაცია. ჰოდა, პერინის ვეუბნები, რომელიმე საავტომობილო სტუდიაში მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი. უცბად მეკითხება, „ლამბორგინის“ მოდელს გააკეთებო? მე მოულოდნელობისგან დიდ ულუფა ჰაერს ვყლაპავ და პატარა პაუზის მერე ვთანხმდები.“ „ლამბორგინის“ პრეზიდენტთან შეხვედრა მალე ვერ ხერხდება. ზვიადს ვიზის ვადა ეწურება, იტალიაში კი კონტრაქტს არალეგალურად არავინ გაუფორმებს. უკან ბრუნდება. ვიზას ერთი თვე სჭირდება - „ლამბორგინი“ ვიზას ვერ ელოდება. სევდიანი ამბავია.
1999 წელს, ზვიადი ფრანკფურტის ავტოსალონზე ისევ წავიდა. გამოფენაზე ისევ Bugatti-ს, ამჯერად ვირტუალური მოდელი წარმოადგინა. რომანო არტიოლის (Lotus-ის და Bugatti-ს პრეზიდენტი) მეშვეობით, ჯორჯეტო ჯუჯაროს შეხვდა (Giugiaro დიზაინის სტუდიის პრეზიდენტი). მანქანის დიზაინის გურუ, მე-20 საუკუნის საუკეთესო დიზაინერი - ასე იხსენიებენ მას სხვადასხვა პუბლიკაციებსა თუ ნაცნობების წრეში. ქათინაურებს ისევ იღებს, დიზაინის „მამები“ კი უკვე ინტერესდებიან, სად მიიღო განათლება ამ საბჭოეთის შვილმა.
2001 წელია, ზაფხული. ზვიადი ელექტრონულ ფოსტას ამოწმებს და პირად საფოსტო ყუთში ერთ უჩვეულო წერილს აღმოაჩენს. Peugeot-ის outsourcing-ის მენეჯერი ვარ, თქვენი საიტი ვნახე და პორტფოლიოთი მოვიხიბლე. სერიული წარმოებისთვის, ახალი მოდელის დიზაინი გვინდა თქვენ დაგიკვეთოთო. ზვიადს მეგობრების ხუმრობა ჰგონია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის Citroen-ის მთავარ დიზაინერს ურეკავს და ეკითხება, ამ სტუდიის არსებობის შესახებ რაიმე ხომ არ გსმენიაო. ნაცნობი დიზაინერი ურჩევს, წერილს სასწრაფოდ უპასუხოს. ზვიადი ასეც იქცევა და ერთ თვეში კონტრაქტის გასაფორმებლად პარიზში მიემგზავრება. დაკვეთილი ოთხი პროექტიდან ორი კეთდება: concept car სახანძრო მანქანისთვის და Peugeot 1007 მოდელის ექსტერიერი.
T-J ოთხადგილიანი თვითმფრინავი, 2006 წელი.
Air G ავიაკომპანიის Air Bus 360 მოდელისთვის გაკეთებული გრაფიკული დიზაინი, 2005წელი
Peugeot-ის 1007 „ცოცხალი“ მოდელის სანახავად, მეუღლესთან ერთად პარიზში მიემგზავრება. სხვათა შორის, ზვიადის მეუღლეც დიზაინერია, მოდელიორი მარინა ხორავა - ქართველი სტიუარდესების კოსტიუმების ავტორი. ადრე ხომ ვთქვი, ერთმანეთი დიდ ავიაციაში გაიცნეს-მეთქი. ჰოდა, დღეს ორი შვილი ჰყავთ. უფროსი, ბუბა 8 წლისაა და პატარა, ივა - 6 წლის. ივა ისე გავს მამას, გაგეცინება. ზვიადთან სტუმრობისას ივა აქტიურობს, ცდილობს ფოტოგრაფის ყურადღება მიიპყროს და დიდ სახატავ რვეულს ზედ მაგიდაზე შლის, თან კითხულობს, ფოტოს მეც ხომ გადამიღებთო. მარინა ამბობს, მამასავით კომუნიკაბელურიაო.
ზვიადი ნიცაში Toyota-ს მთავარ დიზაინერს, ვლადიმერ პერაჟკოვს ხვდება. პერაჟკოვი ერთ საინტერესო წინადადებას სთავაზობს: Bugatti-ს ახალი მოდელის შესაქმნელად კონკურსი ცხადდება და მიდი, მონაწილეობა მიიღეო. ზვიადი სიამოვნებით თანხმდება. Bugatti-ს ექსკლუზიური მოდელის შექმნის უფლებისთვის რუსული კომპანია A-level (მცირე სერიული მანქანების მწარმოებელი კომპანია) იბრძვის. მანქანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი კოლექციონერის დაკვეთაა. მაგრამ Volkswagen-ი მათ „ბუგატის“ სახელის გამოყენების უფლებას არ აძლევს (Bugatti-ს ბრენდის მფლობელი სწორედ Volkswagen-ია). A-level ახალ გზას პოულობს - ძველ რუსულ ბრენდს, რუსო-ბალტს (Russo-Baltique) ყიდულობს და კლასიკური Bugatti-ს მსგავსს, თანამედროვე მოდელს ქმნის. ზვიადის concept car კონკურსზე რუსო-ბალტის ბრენდის სახელით გამოდის. მოდელი კი ნამდვილი Bugatti-ია, იგივე სტილისტიკური მონაცემებია გამოყენებული, მხოლოდ ცხვირი აქვს შეცვლილი.
რუსო-ბალტი ძველი რუსული ბრენდია. რუსეთის მეფის კარზე, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფარეხების ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ქმნიდა. სულ ოთხი წელი იარსება და ამ მოკლე ხანში, მსოფლიოში ორი ყველაზე ცნობილი რბოლა მოიგო. კომუნისტური ეპოქის დაწყებისთანავე წარმოება გაჩერდა. ერთი საუკუნის შემდეგ კი, რუსო-ბალტის ბრენდი ისევ გააცოცხლეს და პირველი თანამედროვე მოდელის შექმნისთვის კონკურსი გამოაცხადეს.
ერთადგილიანი თვითმფრინავი „ლიზი“-ს მოდელი, 2006-2007 წელი
მეცხრე არხის სტუდიისთვის შექმნილი სავარძელი, 2003 წელი.
ქვა და ფოთოლი, 2005 წელი.
რბილი ავეჯის მოდელები, 2004 წელი
მეუღლე მარინა ხორავა, პარიზი, 2004 წელი.
ახლა ერთი საგულისხმო ამბავი უნდა ვახსენოთ, საპრიზო ფონდის შესახებ. პირველი ადგილის მფლობელის, ანუ გამარჯვებულის ფულადი პრემია 1000 დოლარია, მეორე ადგილის - 500, ხოლო მესამეს - 200. რუსო-ბალტის Impression მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია და სულ რაღაც მილიონნახევარი ევრო ღირს. აი, ბიზნესიც მართლა ამას ჰქვია!
„ჩემს ცოლს ვეუბნები, ახლა შეკვეთა არ მაქვს, Bugatti-ს ამდენი მოდელის ესკიზი მაქვს გაკეთებული, გავალ რა კონკურსში და ამ საახალწლოდ ერთ ორასდოლარიან პრიზს ხომ მაინც ავიღებ-მეთქი. შევთანხმდით და სამ კვირაში ესკიზები კონკურსზე გავაგზავნე. საახალწლოდ პრიზი მაინც ვერ ავიღე, მაგრამ თებერვალში გავიგე, რომ გავიმარჯვე. პერაჟკოვმა ეს ამბავი რომ მითხრა, დედაჩემთან ვიყავი, დიდუბეში. კაპიკი ფული არ მქონდა, რომ სახლში (ხილიანზე) მარშრუტკით მაინც წამოვსულიყავი. სულ ფეხით ვიარე; თუ არ ვცდები, 25 წუთში მივედი. მერე ერთი ნახევარი საათი ბავშვებთან ერთად ვიხტუნავე და მაინც ვერ დავმშვიდდი. იცი რა იყო? მართლა გავიმარჯვე.“
კონკურსში 125 დიზაინერი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ General Motors-ის, Peugeot-ის, Porsche-ის California-ს, Citroen-ის, Audi-ის დიზაინერები. 10 საუკეთესო შეარჩიეს. გამარჯვებული კი თვითონ დამკვეთმა, რუსეთში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მანქანის კოლექციონერმა, ვინმე ვიქტორ ტაკნოვმა დაასახელა. მერე პერაჟკოვმა უამბო: გამოფენილ ათ ესკიზს ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა, შენს ესკიზთან შეყოვნდა და დაგვიძახა - აი, ეს მინდაო, გვითხრა და წავიდაო. გამარჯვებაც ასეთი უნდა!
„მანქანის ახალი მოდელის დიზაინის შექმნისას შენი ახალი სიტყვა, ხედვა და აქამდე გამოუყენებელი დეტალების შეტანა ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ არ არსებობს პლაგიატი, ყველა შემფასებელი იმდენად ზედმიწევნით იცნობს ავტოინდუსტრიას, რომ სჯობს, ეს არ გააკეთო. ამიტომ, ძველის, კლასიკურის ბაზაზე სრულიად ახალი, თან კლასიკური ან პრაქტიკული და ავანგარდული მოდელის შექმნა ადვილი არ არის. თან ტენდენციებს უნდა იცნობდე, თან შენი საკუთარი სიტყვა თქვა.“
ივა და ბუბა ციკოლიები 2006 წელი
2003 წელს ზვიადს ერთი ბრიტანელი კოლექციონერი უკავშირდება, ისევ ინტერნეტით. Rolls Royce ექსკლუზიურ კუპეს უკვეთს. პარალელურად, საქართველოს „თბილავიამშენთან“ ერთობლივ პროექტზე მუშაობს - თვითმფრინავის ექსტერიერს და ინტერიერს, ასევე მათი დანარჩენი პროდუქციის დიზაინს აკეთებს.
მალე, 2005 წელს Russo-Baltique მოდელის დამზადება იწყება. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მანქანების გამოფენისთვის Villa d'Este-სთვის ემზადებიან. „ეს მართლა თავის ტკივილი და ტანჯვა იყო. ამ დროს დამკვეთები სრულ თავისუფლებას არ გაძლევენ. რაღაც ჩარჩოში მაინც უნდა ჩაჯდე. და წვალობ, ფიქრობ, როგორ შეიძლება ეს ისე გააკეთო, რომ მთავარ დეტალებს არ შეეხო; რომ მოდელმა ხიბლი არ დაკარგოს. მოკლედ, ურთულესი პროცესია. მარტივად რომ აგისხნათ, გეტყვით: უკანა ბორბლის ხუფის 2 სანტიმეტრით დაწევა მინდოდა, მაგრამ დამკვეთები ვერ დავითანხმე. იცით რატომ? ეს მათ ზედმეტი 60 ათასი ევრო უჯდებოდათ. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ.“
მოდელზე მუშაობა დასრულდა და 2006 წლის აპრილში მანქანის მფლობელი, დიზაინის სტუდიის წარმომადგენლები, მთელი სამუშაო ჯგუფი და, რაღა თქმა უნდა, ზვიადი იტალიაში, Villa d'Este-ს ელეგანტურობის კონკურსზე გაემგზავრნენ.
„გამოფენაზე ვიდექი და არანაირი ემოცია არ მქონდა, თითქოს ცარიელი ფიტული ვიყავი. ფოტოკადრებად აღვიქვამდი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. Alfa Romeo 8C Spider, Aston Martin, Ferrari 575 GTZ, Renault Altica, Masserati და ჩემი Impression, კრის ბენგლის (BMW), იან კამერონის (Rolls Royce-ის დიზაინერი), ალან შეპარდის (Rolls Royce-ის ინტერიერის დიზაინერი), პატრიკ ლე ქუმენტის (Renault) და ლორენცო რამაზოტის (Pin Infarina) თავმდაბალი სალამი, ქათინაურები და მანქანის ჩავლისას აღებული სალამი. სულ ეს იყო!“
მართლაც, სულ ეს იყო და დღეს მარჯვე რუსი კოლექციონერი მშვენიერ Impression-ს თავის ფეშენებელურ ავტოფარეხში ასვენებს. ზვიად ციკოლიას წარმატება კი ყველამ ერთხმად აღიარა. ჯანკარლო პერინის არაერთი პუბლიკაციაც სწორედ მას მიეძღვნა და ზვიადზე სერიოზულად ალაპარაკდნენ. მაგრამ ლაპარაკი ყველამ ერთნაირად იცის - თეთრმაც და შავმაც, დიდმა და პატარამ. გამოფენის მერეც ასე მოხდა. რუსო-ბალტის სერიული წარმოებისთვის ახალ შეკვეთაზე ზვიადთან შეთანხმდნენ. Vila d'Este-დან დაბრუნებულ A-level-ის წარმომადგენლებს კი კარში „დიდებული“ ჯუჯარო გამოეცხადათ, გამზადებული ესკიზებით და უფრო სარფიანი წინადადებით. რას გაუგებ ამ იტალიელებს, ზვიადთან შეთანხმებული ჰონორარი კი მაინც საიდან გაიგო? მოკლედ, ზვიადი შეკვეთაზე მაინც მუშაობს, მაგრამ მეორე პროექტი ჯუჯარომ „ჩაიბარა“.
დღეს ერთადგილიანი თვითმფრინავის მოდელის შეკვეთაზე მუშაობს. თვითმფრინავისთვის საჭირო კომპონენტების შეძენაში მამუკა ხაზარაძე დაეხმარა. ელექტრონულ ფოსტაზე კი საინტერესო წერილს დღესაც ელოდება. ალბათ, ვინმე კარგი შემფასებელი კაცი tsikolia.ge-ს ისევ წააწყდება, ზვიადის პორტფოლიოს დაათვალიერებს და ახალი მშვენებაც ასე შეიქმნება.
![]() |
15 სიკვდილის ანგელოზი |
▲back to top |
ისტორია
ენდი უორჰოლი
ავტორი: გიორგი გვახარია
ენდი ხომ გაზვიადების ოსტატი იყო. გაზვიადების და გამრავლების! მან არ ამოათრია მასების ქვეცნობიერიდან იქ „გაჭედილი“ ნაგავი?! ტომატის სუფის ქილა, მერლინისა და ელვისის პორტრეტები, მაო?
(ენდი უორჰოლი 20 წლის წინ გარდაიცვალა)
სარკე ჭუჭყიანია. ისევ ეზარება გაწმენდა.
ახალი მუწუკი ამოუვიდა სახეზე. გამორწყვისას (ამას ხელის დაბანაზე ხშირად აკეთებს) ოდნავ შესამჩნევი ხვრელიდან სქელი, ფაფისმაგვარი მასა გამოიყოფა. ნეკა თითით იწმენდს და ყვითელ სითხეს ათვალიერებს.
დღეს ავტოპორტრეტი უნდა დახატოს. ლიზ ტეილორმა დაურეკა წუხელ და შეუკვეთა. მუწუკებს, რა თქმა უნდა, არ მიახატავს. დარწმუნებულია, რომ მუწუკი დროებითი მოვლენაა.
მერე პარიკებს არჩევს. ფაფისმაგვარი მასით დასვარა თავისი ყვითელი პარიკი. არ წმენდს. ეს მოსწონს! ტანსაცმელსაც ხომ სვრის ასე. სკამზე სენ ლორანის ბუტიკში ნაყიდი შარვალი უკიდია, რომელსაც ყვითელი საღებავის ლაქა აქვს! ლიზ ტეილორთან შეხვედრაზე ამას ჩაიცმევს - დაე, ყველა დარწმუნდეს, რომ ენდი უორჰოლი დაბნეული, ფეთხუმი გენიოსია!
ისევ სარკეში იყურება. ერთი კვირის წინ ინტერვიუ მისცა იდიოტ ჟურნალისტ გოგოს, რომელსაც კითხვები წინასწარ მოსთხოვა. უთხრა, სარკეში როცა ვიყურები, სიცარიელეს ვხედავო.
მოატყუა. იმან კი დაიჯერა და ეს სიტყვები სათაურში გამოიტანა.
რას ქვია, ვერ ხედავს? რა თქმა უნდა ხედავს! დაღლილი მხატვრის დანაოჭებულ სახეს ხედავს. მაგრამ ასეთს არ დახატავს! მერე დასცინებენ, იტყვიან სათვალით იმალავს ბებერ თვალებსო.
ენდი უორჰოლს კი ყველაზე მეტად დაცინვის ეშინია. ბავშვობა როცა ესიზმრება - პიტსბურგის სკოლა, სადაც ფეხები უკანკალებდა, როცა დაფასთან იძახებდნენ, - ეგრევე ოფლში ეღვიძება. საზიზღარი თანაკლასელების ჟრიამულსა და ხორხოცს ვერ ივიწყებს და ვერ გაუგია, ნუთუ ასეთი სასაცილოა ეს სლოვაკური აქცენტი, რომელიც ვერა და ვერ მოიშორა? დღეს, როცა სახელგანთქმული გახდა, კრიტიკოსები ხომ წერენ, უორჰოლის აქცენტი მისი ინდივიდუალურობააო. აბა ის ბავშვები რაღას ერჩოდნენ?
სკოლა ერთი კვირის წინ ნახა სიზმარში. იმ ღამეს თავის „ფაბრიკაში“ ეძინა. მისი სახელოსნო, როგორც ყოველთვის, დათხუპნული გოგო-ბიჭებით იყო სავსე. ვიღაც მაგიდაზე იწვა და ხვრინავდა. დასაძინებელი წამლის ძებნა დაიწყო. სიბნელეში ვისკის ცარიელ ბოთლებს წამოკრა ფეხი. შეეშინდა. აღმოაჩინა, რომ ამდენ ხალხში არავის იცნობდა. სამზარეულომდე გზა როგორღაც გაიკვლია.
გაუხარდა, შუქი რომ დაინახა. კიდევ უფრო გაუხარდა, როცა ქერათმიანი ლიზა დაინახა - კალიფორნიელი გოგო, რომელიც თავის თავს „უორჰოლის მოწაფეს“ უწოდებდა. ლიზა ჭურჭელს რეცხავდა.
მოგეხმარებიო, უთხრა და სიზმრის მოყოლა დაიწყო.
რაღაცეები, რა თქმა უნდა, მოიგონა. უფრო სწორად, გაამძაფრა რაღაცეები! ენდი ხომ გაზვიადების ოსტატი იყო. გაზვიადების და გამრავლების! მან არ ამოათრია მასების ქვეცნობიერიდან იქ „გაჭედილი“ ნაგავი?! ტომატის სუფის ქილა, მერლინისა და ელვისის პორტრეტები, მაო? ამოათრია, გაზარდა, გააზვიადა, ვეებერთელა საგნად აქცია, გაამრავლა! ...
იმ გოგომ, იმ სულელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ამბობენ (ენდის ეს სიტყვა ჭირივით სძულდა), რომ თქვენ მორწმუნე კათოლიკე ხართო. საიდან გაიგო? იგი ხომ ყველაფერს აკეთებდა, რათა ანტიქრისტედ შეერაცხათ.
ქრისტე, მაგალითად, მოვაჭრეებს მივარდა ბაზარში და დახლები დაუნგრია. ენდი კი, პირიქით, მასებს მოუწოდებდა, მოიხმარეთ, მოიხმარეთო... მასებმა ქრისტე ჯვარს აცვეს. ენდის მოწოდება კი ესიამოვნათ - „სუპერვარსკვლავი“ უწოდეს!
ვინ უთხრა ამ შტერ გოგოს, რომ მორწმუნეა? როგორ შეიძლება მორწმუნემ ხატებს დაუწყოს ბრძოლა, ენდი უორჰოლივით? სახეებში ღმერთის სიმულაციას ბიზანტიელი მხატვრები ახდენდნენ, მაგრამ არა ენდი უორჰოლი! ღმერთი ხომ გამოუხატავი და გამოუსახავია. ის, რაზეც ვლოცულობთ, მხოლოდ და მხოლოდ ნიშანია, სიმბოლოა; კოკა-კოლას ბოთლია, რომელიც თანასწორობის ილუზიას ქმნის (კოკა-კოლას ყველა სვამს - ქვეყნის პრეზიდენტი, ლიზ ტეილორი და მათხოვარი, რომელმაც იცის, რომ მისი კოკა-კოლა არაფრითაა უარე სი პრეზიდენტის „კოლაზე“ - დაწერა სადღაც ენდიმ), დოლარის კუპიურაა და „კემპბელის“ სუფის ქილა - მშიერი კაცის სანუკვარი კერძი... სწორედ ესაა ჩვენი ხატები!
ნუთუ ეს სულელი ჟურნალისტი გოგოც კი მიხვდა, რომ მოხმარების ობიექტების ასეთი გაფეტიშება-გაზვიადებით ენდი უორჰოლი იგივეს აკეთებდა, რასაც იესო ქრისტე - სუპერმარკეტში (უკაცრავად, ბაზარში)? ოღონდ პოპ-არტის ღმერთი კი არ ანგრევდა, არამედ აძლიერებდა საქონელს... დეპერსონალიზებულმა ფეტიშმა (ობიექტმა აურის, ფასის გარეშე) უორჰოლის ნაწარმოებებში საკრალიზაცია განიცადა, რათა მერე, პუბლიკის ცნობიერებიდან განდევნილიყო.
განადგურება - გამრავლების გზით!
კათარზისი იყო ეს, აბა რა?!
აი, იმ ღამესაც, კალიფორნიელ ლიზას თავის ბავშვობას უყვებოდა და ცრემლი მოადგა. გაიხსენა, როგორ ერთობოდა ჯოჯოხეთიდან, ე.ი. სკოლიდან დაბრუნებული, სანაგვეში იქექებოდა, ფერად ჟურნალებს აგროვებდა, სურათებს ჭრიდა და ქმნიდა კოლაჟებს. მიკი მაუსს - ბეტმენისა და გრეტა გარბოს გვერდით აწებებებდა.
ამ დროს, ევროპაში იტალიელი ნეორეალისტები თავიანთ შედევრებს გროშებად იღებდნენ.
განა ენდიც იგივეს არ აკეთებდა?
თუკი საღებავის ფული არა გაქვს, შეაგროვე ნაგავი, იშოვე წებო და მაკრატელი. შედევრს აუცილებლად შექმნი, მთავარია, ირწმუნო, რომ ნამდვილი პოეზია ნაგვიდან იბადება. მერე კი გამოაცხადე - კულტურა მოკვდა, ხელოვნება სრულიად უძლურია თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე, დღევანდელი ხელოვ ნება ერთჯერადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. მოიხმარე და ნაგავში გადაუძახე!...
არა. კალიფორნიელ გოგოს ეს არ უთხრა. პირიქით, იმის მტკიცება დაუწყო, რომ ცრემლი, ტკივილი, გაუცხოება, მარტოობა დროებითია, წარმატება კი - ხელოვნების ყველაზე საინტერესო დარგი. ამ გოგომ, „ფაბრიკაში“ შეგროვილი გოგო-ბიჭების მსგავსად, უორჰოლის ბიოგრაფია ზეპირად იცოდა; როგორ დაამთავრა 1949 წელს კარნეგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, როგორ გადასახლდა ნიუ იორკში, როგორ დაიწყო თანამშრომლობა „ვოგთან“ და „გლამურთან“, როგორი სენსაცია მოახდინა 1962 წელს, კონსერვების ნახატების გამოფენაზე; როგორ დააარსა „ფაბრიკა“, მერე ჟურნალი „ინტერვიუ“ და როგორ ამოათრია ნაგვიდან ჯგუფი Velvet Underground.
ის-ის იყო ენდი თავის საყვარელ ისტორიაზე უნდა გადასულიყო, მოეყოლა, როგორი დეპრესია დაეწყო მას შემდეგ, რაც ტაქსის მძღოლს ერთდოლარიანი კუპიურის ნაცვლად, ასი დოლარი მისცა, თან დაუმატა, ხურდა დაიტოვეთო, ლიზამ გააწყვეტინა.
„რეკლამაში მუშაობა ურთიერთობის ნიჭს მოითხოვს. დამკვეთი უნდა შეაბა. როგორ ახერხებდით ამას?“
ენდიმ სიტყვა ბანზე აუგდო, ჯობია, შენს სექსუალურ ფანტაზიებზე მიამბოო...
კალიფორნიელი გოგო ამაზე უარს როგორ ეტყოდა! „ფაბრიკაში“ ხომ ხალხი სწორედ ამისთვის მიდიოდა ენდისთან - როგორც აღსარებაზე. გულს გადაუშლიდნენ ხოლმე. მერე აღარ ეშვებოდნენ. ვლადა კრეიცმანმა, სანამ არაფატის მეგობარს შეიყვარებდა, სისხლი გაუშრო, თავს მოვიკლავ შენთვისო. უორჰო ლის კიდევ ერთი საყვარელი, ედი სედჯვიკი „წამალზე შეჯდა“ მას მერე, რაც უორჰოლმა მიატოვა (ბოლოს „გაიპარა“ კიდეც). ფრედი ჰერკო, როცა უორჰოლმა როლისთვის დაიწუნა, ფანჯრიდან გადმოხტა. „ნეტა გავეფრთხილებინეთ, ფირზე აღვბეჭდავდით ამ თვითმკვლელობას“ - გამოაცხადა ენდიმ.
ასეთი ცინიზმი თავადაც ძვირად დაუჯდა.
1968 წლის 5 ივნისს „ფაბრიკის“ კიდევ ერთმა ხშირმა სტუმარმა, ვალერი სოლანასმა რომელმაც ორი წლით ადრე მამაკაცების კასტრაციის მომხრეთა ასოციაცია დააარსა, დღისით, მზისით, ხალხით სავსე „ფაბრიკაში“ სამჯერ ესროლა ენდის. მერე მშვიდად გამოვიდა შენობიდან, იყიდა ვანილის ნაყინი და პოლიციელს უთხრა: „მე ენდი უორჰოლს ვესროლე“
ენდიმ ერთი წელი იწვალა. მაგრამ ამ დროსაც თავს იკატუნებდა, რომ არაფრის ეშინოდა. ექიმებს ხელოვნურ სუნთქვაზე გადაჰყავდათ. ის კი ყვიროდა, ნუ მიღუტუნებთ, მეცინება და მტკივაო.
მაგრამ ახლა, როცა სარკესთან დგას და მუწუკებს ებრძვის, უორჰოლი ამ ხალხს აღარ იხსენებს. იგი ლიზას კითხვამ ჩააფიქრა. მართლაც, როგორ მოახერხა ამდენი ხალხის შებმა?
დედის აჩრდილის დახმარებით? შეიძლება.
დედა ხომ ერთი და იგივეს უმეორებდა, ნუ გაბრაზდები შენს თანაკლასელებზე, აგრძნობინე მათ, რომ არაფრით განსხვავდებით ერთმანეთისგან. კი, შენ სხვანაირად მეტყველებ, სხვანაირი აქცენტი გაქვს. მაგრამ ამ პიტსბურგელ ბიჭებსაც ხომ აქვთ აქცენტი?
ასეც მოიქცა. ანჯეი ვარჰოლამ ნიუ იორკში ჯერ გვარი გადაიკეთა, მერე ღამის კლუბების მისამართები ამოიწერა და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო - არც ერთი „ფართი“ არ უნდა გამოტოვოს! მით უმეტეს, რომ ბავშვობიდან ღამურა იყო. მოგვიანებით ფილმსაც გადაიღებს ვამპირზე, რომელიც მზის პირველი სხივის მსხვერპლი ხდება.
სიბნელეში უფრო ადვილია წარმოადგინო თავი, როგორც ნივთი, როგორც საქონელი, „ღამით ყველა კატა რუხია“. ენდის სჯეროდა, რომ ადამიანები, ისევე როგორც საგნები, გამოხატვისკენ მიისწრაფვიან. ყველა საგანს და ადამიანს სურს, რომ დაინახონ - წაიკითხონ, დაარეგისტრირონ, გადაიღონ, გაამრავლონ. ადამიანებს არ უყვართ ისინი, ვინც მათგან განსხვავდება. გამოდის, სამყაროში, სადაც განსხვავება ნელ-ნელა ქრება, „არაფერი“ - ყველაზე იდეალურია, ყველაზე ლამაზია.
ამიტომაც უთხრა იმ ჟურნალისტ გოგოს, სარკეში როცა ვიყურები, სიცარიელეს ვხედავო.
დედამ ასწავლა იყოს ისეთი, როგორც ყველა. მერე კი, როცა სახელგანთქმული გახდა, როცა „სუპერვარსკვლავად“ მონათლეს, დედა დაივიწყა. მის დაკრძალვაზეც კი არ მივიდა. ხალხს არ უნდა დაენახა, როგორ ტიროდა ენდი უორჰოლი.
არადა, როგორ უყვართ ყურება? თვალიერება?
„ერთი მსახიობის გადაღება სრულიად საკმარისია. რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩემი მსახიობი ეწევა, ზის, ჭამს, ძინავს. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მივხვდი - კინოში ხალხი საყვარელი მსახიობის სანახავად დადის. ჰოდა, რატომ არ უნდა მივცეთ მაყურებელს ამის საშუალება?“
ასე ახსნა თავისი „ანტიფილმების“ სტილი - კინო ილუზიებისა და ალუზიების გარეშე, სადაც ყველაფერი ჰიპერტექნიკისა და ჰიპერეფექტის დონეზეა დაყვანილი. ამ სურათებში ჯო დ'ალესანდროც კი ნივთად აქცია. მერე ჯეინ ბირკინს მიადგა და სერჟ გინზბურგთან ერთად, უკვე სქესობრივი განსხვავებაც „გააუქმა“ ფილმში „მიყვარხარ, მე კი - არა“. ჯო დ'ალესანდრო აქ ჩამოყალიბებული, რეალიზებული გეია. მაგრამ პატარა ჯეინი შეუყვარდება, ბიჭურად შეკრეჭილი თმებით. როგორც ქალს, „ვერაფერს უშვრება“. მაგრამ ჯეინი გადმოტრიალდება და ჯო აღმოაჩენს, რომ ზურგიდან ყველა ერთნაირია - კაციც და ქალიც. ჯეინს ეტკინება.
„სერჟი ძალიან ღელავდა, როცა უორჰოლს გადაღებულ მასალას უჩვენებდა - წერს ბირკინი - რამდენჯერმე გავიდა კიდეც სამონტაჟოდან. იცოდა, რომ უორჰოლს სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა სიყვარულსა და სექსზე.“
სერჟ გინზბურგს, ეტყობა, გული უგრძნობდა. უორჰოლი ეროტიკულმა სცენებმა გააცოფა. რა არის ეს წივილ-კივილი? რატომ ტკენს?
„წარმოსახვითი სიყვარული ნამდვილ სიყვარულზე ბევრად უკეთესია. ძლიერი ვნება მაშინ იქმნება, როცა ორი არსება ერთმანეთს არ ეხება,“ - ასე დაწერა თავის წიგნში, თავის ნევროტულ ტექსტში, რომელიც თავიდან ბოლომდე მოგონილ დიალოგებზეა აგებული.
აი, ახლაც, სარკეში რომ იყურება და პარიკს ისწორებს, ახალ ტექსტზე ფიქრობს. ვის გაესაუბროს? იმ კალიფორნიელ გოგოს ხომ არა, ჭურჭელს რომ ურეცხავს და კომენტარის გარეშე აგროვებს „ფაბრიკის“ იატაკზე დაყრილ შპრიცებს?
მოსწონს ეს უემოციო გოგო. ეგ ნამდვილად არ შეაწუხებს.
„როცა ვატყობ, რომ ვიღაც შეყვარებულია ჩემზე, საშინლად ვნერვიულობ ხოლმე. პაემანს როცა მინიშნავენ, ისე ვღელავ, რომ მთელი ჩემი სახელოსნო თან მიმყავს - მინიმუმ ხუთი-ექვსი კაცი“ - ახალ წიგნში, ლიზასთან დიალოგში, ამ ფრაზას ისევ გაიმეორებს. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა შეიგნოს ამ ხალხმა, რომ უორჰოლი არ ცნობს კერძო საკუთრებას? მაგრამ არათანმიმდევრულობაში რომ დასდონ ბრალი? როგორ უნდა აუხსნას თუნდაც იგივე ჯეინ ბირკინს, როდისაა გულწრფელი - როცა „ქალის ხმარების“ წინააღმდეგ გამოდის, თუ მაშინ, როცა ამბობს, კარგია მხოლოდ ის, რისი მოხმარებაც შეიძლებაო? ანდა მერე, როცა მოკვდება, როცა მის ნივთებს ნახავენ - ანტიკვარულ ავეჯს, აღორძინების ეპოქის სურათებს, ხომ იტყვიან უორჰოლი გვატყუებდაო - სუფის ქილებს აღმერთებდა; არადა, თურმე, გაქნილი დეკადენტი და სნობი ყოფილაო?
რაც უნდათ, ის თქვან. სიმულაცია - მისი ხელოვნების არსია... და ამას უკვე ყველა მიხვდა. განა თვითონაც არ იციან, რომ ხელოვნებას აღარ სჯერა თავისი თავის და სიმულაციად, დაცინვად იქცევა? განა თვითონ არ დაწერეს ენდი უორჰოლის ნამუშევრებზე, ვერ იტყვი, რომ ადამიანის შექმნილია, უორჰოლს გაქრობის, განადგურების იმპულსი ამოძრავებს, ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ქვეყანაზე მისი კვალი არ დარჩესო?
ხელოვანი საზოგადოების მუწუკია. იგი ორივე ხელით უნდა მოჭყლიტო, სითხე გამოადინო და მერე კარგად დაიბანო ხელი, ამ ფაფისებრი მასის კვალი რომ გააქრო.
მაგრამ ენდის დაბანა ეზარება. დაე, ეს ლაქა პარიკზე დარჩეს. 1987 წლის 22 თებერვალს, როცა ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ ძილში გაიპარება, სწორედ ამ პარიკს ჩამოაცვამენ...
მაკიაჟს ჰოლივუდიდან სპეციალურად ჩამოყვანილი მხატვარი გაუკეთებს. მუწუკებს დაუფარავს. ტუჩებს შეუღებავს. ის სულელი ჟურნალისტი გოგო „ნიუ იორკ თაიმსში“ დაბეჭდავს ნეკროლოგს, რომელიც ასე მთავრდება: „უორჰოლის საუკეთესო ნამუშევარი თავად უორჰოლია“.
კალიფორნიელი ლიზა დაკრძალვაზე არ მივა. შეეშინდება, რომ ცრემლს ვერ შეიკავებს. ენდიმ ხომ ასწავლა - თუ გინდა, რომ გამოჩენილი გახდე, ხალხის ყურადღება არ უნდა მიიქციოო.
![]() |
16 სპეც-პროექტი |
▲back to top |
ძველი მეზობლები
ავტორი: ირა ყრუაშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ჩემი ძველი ეზო ამ გაუქმებული საფოსტო ყუთებით იწყება. კომპიუტერის ეპოქაში წერილებს აღარავინ წერს და ფუნქციადაკარგული საფოსტო ყუთებიც და ეს „დატანჯული“ კედელიც უბრალოდ მახსენებს - ძველ კეთილ დროს.
მეც მივატოვე ძველი ეზო რამდენიმე წლის წინ და საცხოვრებლად ნუცუბიძის ფერდობზე გადავედი (გავფართოვდით). არ იყო ადვილი ვიწროდ ცხოვრება ისევე, როგორც არ აღმოჩნდა ადვილი ფართოდ, მაგრამ უძველტფილისოდ ყოფნა.
უკვე მეშვიდე წელია ამ კორპუსში ვცხოვრობ და ისე რა ვიცნობ მეზობლებს, კანტი-კუნტად.
თეამ და თამუნამ (ჩემი მეზობლები არიან) სამშობიარო სახლის ერთ-ერთ პალატაში გაიცნეს ერთმანეთი (ორივეს ბიჭი შეეძინა). აღმოჩნდა, რომ ორივე მე-5 პლატოზე, მე-11 კორპუსში და, არც დაიჯერებთ - ორივე პირველ სართულზე ცხოვრობდა, ანუ კარის მეზობლები იყვნენ.
აბა ძველი თბილისი დაუშვებდა ამას?
ბიჭის დაბადების სიხარულს ერთი ეზო რას ეყოფოდა და მთელ უბანს წამში მოედებოდა.
ჩემი ცხოვრების მრავალი წელი ძველ თბილისში გავატარე და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ მხვდება, როცა აქ მონატრებული მოვდივარ: ჩემი და ჩემი უკვე გაზრდილი შვილების ბავშვობა, არაჩვეულებრივი მეზობლები (სულ ცოტა, შვიდი ეროვნების ხალხი ვცხოვრობდით და რაღაცა განსაკუთრებული ჩხუბი ერთადერთხელ მახსოვს, ისიც ქართველებმა დასცხეს ერთმანეთს), რა ვიცი, ყველა ქუჩა და შესახვევი, ყველა სახლი და აივანი; გამსკდარი გოგირდის წყლის მილიც კი ჩვენი ეზოს უკან - აივანზე ასე ნაცნობ და შეჩვეულ სუნს რომ აყენებდა. და კიდევ, სიყვარული და ყურადღება რომ მომენატრება, აქ მოვდივარ. როგორ მხვდებიან? - სწორედ ამ მეზობლებზე გიყვებით.
ეს ჩემი ძველი მეზობლის,როზას რძალია. სილამაზისა და მშვენიერების სურვილი სად არ ამოხეთქავს, თორემ ამ გაყინულ წყალში, იანვრის თვეში ეზოში რეცხავდე, თან მოსაცმელიც და „ფერჩატკებიც“ ჟოლოსფერი გეცვას, გაპრანჭული, მომლოდინე გოგოც ჟოლოსფერში გყავდეს გამოწყობილი და ბოლოს და ბოლოს, სარეცხი ტაშტიც იგივე ფერის - უბრალოდ გასაოცარია!
ისე, სარეცხი მანქანა და გაძლიერებული რეცხვის რეჟიმი ამ სილამაზეს დიდხანს შეუნარჩუნებდა, თანაც გული მიგრძნობს, ერთ სამ შვილს კიდევ გააჩენს - ღმერთმა გაუზარდოს!
ეს ჩვენი ქურთი ზინაა.
92-93 წლებში შუქი რომ გამოგვირთეს, გაზიც რომ არ გვქონდა და ძალიან დაბნეულებმა ეზოებში რომ დავიწყეთ ცეცხლის დანთება, სწორედ მაშინ, ზინამ სარდაფში „დენიკინის“ დროინდელი ნავთქურა აღმოაჩინა. (თურქებს ჯერ არ ჰქონდათ გაკეთებულ-გამზადებული წითელი და მწვანე ნავთქურები ჩვენთვის). უნდა გენახათ, ყოველ დილას ზინას კარებზე ჩაიდნიანი მეზობლების რიგი. ვსვამდით ცხელ ჩაის და ხელოვნებისა რა მოგახსენოთ, ისე კი ცოტ-ცოტას ვთბებოდით და უკეთეს მომავალზე ვლაპარაკობდით.
ამ, სულ ცოტა, ასწლიან ლამაზ კიბეს ბევრი ცელქი ბიჭის არბენა-ჩარბენა და ჩამოკონწიალება ახსოვს. ჩემს ბიჭსაც დარჩა სახსოვარი ამ კიბისგან - პატარა „შრამი“ შუბლზე.
გიორგი კი მყარად ვაჟკაცურად დგას.
ოლია ბებოს ხომ ამჩნევთ რა ლამაზია? ახალგაზრდობაში კი - ნუ იკითხავთ. ახლა ცივა. გაზაფხულზე, როგორც კი მზე გამოჩნდება, ოლია ბებო გადაათეთრებს ეზოს ქათქათა მატყლით, მიუჯდება წკეპლით და გაპენტავს. მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა აფუმფულებულ ლოგინში რომ დაიძინონ.
გიოს ადრე მარჩელოს ვეძახდით. მართალია გარეგნობით „სახედაღრეჯილ მეციხოვნეს - ბოღმისგან“ უფრო ჩამოგავს, ვიდრე მასტროიანის, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
გიო თემურ ბაბლუანმა „უძინართა მზეში“ ეპიზოდურ როლში გადაიღო. მართალია, მისი ნაღვაწი მერე რეჟისორის მაკრატელს შეეწირა, მაგრამ რა ვუყოთ მერე - მსახიობი ვერა, მაგრამ კარგი ბაბუა გახდა.
ამ სახლში ადრე ძია იოსკა ცხოვრობდა. ებრაელი იყო და, ბუნებრივია, ყისმათი და ვაჭრობის ნიჭი თანდაყოლილი ჰქონდა.
იმ გაციებულ-გაქვავებულ კომუნისტურ დროში ისეთ საოცრებებს გააჩენდა, კაციშვილი ვერ იგებდა, როგორ და რანაირად. მეზობლებთან - ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ვინ ვინ და ძია იოსკამ ნამდვილად იცოდა მეზობლის ფასი. დროდადრო თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდებოდა ძია იოსკას ჩამოტანილი ჩეხური ბროლისა თუ ვენეციური მინის ჭურჭელი. გვილამაზებდა ეს ჭურჭელი სახლებს მანამ, ვიდრე ძია იოსკა მუშტარს არ იშოვიდა და არ მიჰყიდდა, მაგრამ მალევე სხვა ჭურჭლით შეგვიცვლიდა და ასე მუქთა მშვენიერებით ვტკბებოდით.
„ჩაშვებისა რა მოგახსენოთ - პირიქით, „დანაშაულის“ თანამონაწილენი ვიყავით ყველანი. ჯინსის „პლაშჩები“ რომ შემოვიდა მოდაში, ერთი-ორი ძია იოსკას გასაყიდი „პლაშჩი“ ყველა მეზობელს გვეკიდა კარადაში. ჩვენს მეზობელ რეზოსთან ძია იოსკამ მშვენიერი გოგონები მიიყვანა „პლაშჩების“ მოსაზომად. სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი რეზომ და მზიამ.
მოგვიანებთ კი მშვენიერი ოჯახი შექმნეს. ორი შვილი ჰყავთ და საცაა ბებია-ბაბუა გახდებიან.
სწორედ მზიაა ამ ფოტოზე, მეზობელ მათანასთან ერთად.
ბულბულა შვილიშვილებს ზრდის, მისი მეუღლე ჰუსეინა კი ვერ მოესწრო ამ დროს. მოკვდა საწყალი.
ჰუსეინას სასმელი უყვარდა, ეს არ ჯდებოდა მისი რჯულის წესებში, მაგრამ არღვევდა - რა ექნა. სადღეგრძელოები კი უცნაური იცოდა. ყოველ შემთხვევაში, მე სხვაგან არ გამიგია - „ამ ჭიქით ტილიან თათრებს, კანტიკუნტა ქართველებს და ხარა-ხურა სომხებს გაუმარჯოს“-ო, იტყოდა საწყალი და ყველანი - თათრებიც, ქართველებიც, სომხებიც ღიღინ-ღიღინით ცლიდნენ ჭიქებს.
ერთხელ სიონში ვნახე. ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი. ჩემი გაოცებული სახის დანახვისას, თვითონვე უკითხავად მიპასუხა: „რა ვიცი, მაინც მგონია, რომ ღმერთი ერთია“-ო. თან, იმ ასაკში იყო, ბევრს რომ ფიქრობს ადამიანი. ისედაც ფიქრიანი კაცი იყო. აცხონოს ღმერთმა.
![]() |
17 ფოტო-პროექტი |
▲back to top |
ტფილისის ეზოები
ავტორი: ირა ყრუაშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ძველი თბილისის ქუჩებსა და ეზოებში ხეტიალი ერთი დიდი ბედნიერებაა. განსაკუთრებით, თუ ჩემისთანა თანამგზავრები გყავთ - სილამაზეს დანახვამდე გრძნობენ. დროით ჩაჟანგულ ფერებზე - „ნახე, რა ფერია“-ო, ძველისძველი აგურის დაბზარულ კედელზე - „ვაა, რა ბუნებრივი სილამაზეა“-ო, ფუნქციადაკარგულ კარზე, რკინის ჩუქურთმები პირვანდელი სახით რომ შემორჩენია, ლევანმა - „რა მაგარია, ეს გუგას უნდა მოვაპარინო კოტეტიშვილს“-ო.
სანამ ცივა და სახლებიდან ცხვირის გამოყოფა გეზარებათ, ამ პროექტით გაიხსენეთ, რა ლამაზი ქალაქი გვაქვს და კიდევ, რამდენი ხანია ფეხით არ გიხეტიალიათ.
ამ მზის ჩუქურთმების გამომყვან ოსტატს არსად ეჩქარებოდა ან უკეთესი რა უნდა ეკეთებინა? თაობებს სილამაზე დაგვიტოვა. სახლსაც კიბეები მკლავებივით გაუშლია და ამ გარემოში უნებურად ცოტათი უკეთესი ხარ, ვიდრე საერთოდ და სხვაგან.
ფიროსმანისეული განწყობა ხომ იგრძნობა? გგონია რომ ახლა, ამ წუთში მოლბერტი დაკეცა, ადგა და გავიდა. ამ მაგიდას კი „გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები“, ნიკალას შესანდობართან ერთად, როგორ მოუხდებოდა!
ვინ იცის, ამ კიბეებმა ვინ არ აატარ-ჩაატარა. ზოგი ალბათ რა ლამაზი იყო, ზოგი რა კეთილი, მდიდარი, ღარიბი - რა ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს უნდა გადარჩეს. ასე ნება-ნება, ლამაზ-ლამაზი ასასვლელები ყოველთვის დაგვჭირდება.
„ლამის სახლში შემოიჭრას“ და „ლამის წელზე შემომხვიოს ხელი“ - აქ აღარაფერ შუაშია. არავითარი „ლამის“. ეს უკვე მოხდა. საუკუნის წინ კი, რკინისაგან ამ საოცარი სილამაზის შემქმნელი ოსტატი, რაღა თქმა უნდა, აღარავის აღარ ახსოვს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რას ფიქრობდა: მას თქვენ (ე.ი. მომავალი) უყვარდით.
![]() |
18 თავისუფლების დღიურები |
▲back to top |
გურამ ოდიშარია
ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა - ლეკვი, დალმატინელი. სალომეს აჩუქეს ზაფხულში. ისე, უკვე დროა, სალომეს თავად ჰყავდეს საკუთარი შვილები. ის კი ლეკვებს დააწოწიალებს.
შევარქვით დეზი. სკოტ ფიცჯერალდის რომანის, „დიდი გეტსბის“ მომხიბვლელი ქალის - დეიზის ხათრითა და სიყვარულით.
1 იანვარი, ორშაბათი
და აი, 2007-იც დადგა. მზიანი დღეა. პირველად ვწერ „2007“-ს. არა, მგონი, ადრეც მიხსენებია ეს წელი, მაგრამ 2007-ში „2007“-ს პირველად ვწერ. კარგი წელი უნდა გამოდგეს: შვიდიანით მთავრდება. კიდევ 2+0+0+7=9. 9 შესანიშნავი რიცხვია. 7 და 9 ერთად დამაიმედებელია! ასეთია ჩემი მათემატიკა. ღმერთმა ქნას!
ამ დილით 8-ზე გავიღვიძე. ეკა ტალახაძის ზარს ველოდები „პიკის საათიდან“. გუშინ ასე დავთქვით: ახალი წლის პირველივე „პიკის საათში“ 2007 წელს მივულოცავთ რადიომსმენელებს. ცხრას რომ 10 აკლდა, ეკამ დარეკა. ვისაუბრეთ, სოხუმი გავიხსენეთ, ქალაქელი კოლორიტები, სოხუმელი „მარადონა“; ვიხუმრეთ კიდეც. უმრავლესობას ძინავს ასეთ დროს, მაგრამ ვიცით - ზოგიერთები მაინც გვისმენენ - სამზარეულოებში, მანქანებში, სხვაგანაც. სწორედ მათ მივულოცავთ ახალ წელს და იმათაც, რომლებსაც ახლა სძინავთ.
გუშინ, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩავრთე მობილური ტელეფონი და მეგობრებს დავურეკე. შევეცადე, მათთვის ახალი წლის მილოცვა დამესწრო. ბევრს დავასწარი, ბევრს - ვერა. ბოლოს ნაშუაღამევს - 3 საათზე დამირეკეს. შემდეგ ჩამეძინა.
დილით გია სიამაშვილს ვესაუბრე. გია ჩემს მომცრო წიგნს თარგმნის რუსულად. თუმცა წიგნი ჯერ ქართულადაც არ გამოსულა. წიგნს ასე შევარქვი - „გასაუბრება 10 წლის დღიურთან“. მცირე დღიურია.
დღეს სახლიდან არ გავალ. არც ხვალ. ტრადიციულად ახალ წელს სახლში ვხვდები მეუღლესთან და ქალიშვილთან - ცისანასთან და სალომესთან ერთად. თუმცა, ეს ახალი წელი სხვაა: ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა - ლეკვი, დალმატინელი. სალომეს აჩუქეს ზაფხულში. ისე, უკვე დროა, სალომეს თავად ჰყავდეს საკუთარი შვილები. ის კი ლეკვებს დააწოწიალებს. ლეკვი უკვე 7 თვისაა. შევარქვით დეზი. სკოტ ფიცჯერალდის რომანის, „დიდი გეტსბის“ მომხიბვლელი ქალის - დეიზის ხათრითა და სიყვარულით. ოღონდ ჩვენ - დეზი! დეზი იმიტომ, რომ, რომანის დეიზივით, ისიც არისტოკრატია.
ნაშუადღევს ბადრი წერედიანი მირეკავს - ახალგაზრდა რეჟისორი, თემურ ჩხეიძის შეგირდი. თურმე ბატონი თემური თბილისშია, მე კი უკვე პეტერბურგში მეგონა და ვაპირებდი, იქ დამერეკა. ავად გამხდარა. ვურეკავ ბინაში. ბატონი თემური მეუბნება, რომ ვერ დასწრებია „ჯამბაზების“ პრემიერას. „როგორ უნდა ვიყო, წარმოგიდგენია, - ამბობს ის - მე რომ პრემიერას ვერ დავესწრები?!“ თემურ ჩხეიძისნაირი ადამიანები თითოოროლანი თუ დადიან ამ ქვეყანაზე. ასეთი კაცები ავად არასდროს უნდა ხდებოდნენ და ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ. ღმერთო, ხელი მოუმართე წელს თემურ ჩხეიძესა და მის მსგავსებს!
წუხელ, ზუსტად 12 საათზე, მე და ცისომ შავი ღვინით სავსე ფუჟერები მივუწკრიალეთ ერთმანეთს. სალომე მეგობრებთან ერთად შეხვდა 2007-ის შემობრძანებას. მგონი, სადღაც გიგანტური ხაჭაპურის თუ ისეთივე გიგანტური გოზინაყის რეგიონში. 12 საათი, როგორც თითქმის ყოველ ახალ წელს, ლამაზი იყო: ოთახში, როგორც ცისომ დათვალა, 14 სანთელი გვენთო, გიზგიზებდა ბუხარი. გარეთ იყო ფოიერვერკები და თოფების ბათქა-ბუთქი. ამ ელვა-გრიალში დეზი საშინლად დაგვიშინდა, საძინებელში საწოლს ქვეშ დაიმალა და გამოსვლა არ უნდოდა. ვეხვეწეთ, ვევედრეთ, შევეცადეთ გაგვემხნევებინა, მაგრამ არ გვენდო, არ დატოვა თავისი „ციხე-სიმაგრე“. ცუდააა ჩვენი - ქართველების საქმე - როგორ არავინ გვენდობა? ახლა მათ რიგს დეზიც მიემატა. გრაფინია დეზი ვან ფონ დე დალმატინსკაია.
მოკლედ, დაიწყო 2007 წელი!
პირველი კოსმოსელი კაცის არ იყოს - Поехали!
2 იანვარი, სამშაბათი
დღესაც გრძელდება მოსალოცი ზარები, მესიჯები. სახლში დავრჩები, მიუხედავად რამდენიმე მიპატიჟებისა, არსად წავალ. სალომეც სახლშია. თურმე, მთაწმინდაზე შეხვედრია ახალ წელს, განა საგინესო ხაჭაპურთან. ახალი წლის დღესასწაული ფილოსოფიურიცაა: აჯამებ წინა წლის დღეებს, რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, რისი გაკეთება შეგეძლო უკეთ, სულ რამდენი დღე დაგამახსოვრდა 2006-ის 365-დან? გეგმავ ახალ, ამჯერად 2007-ს.
შარშან, როგორც იქნა, დავამთავრე ერთი წიგნის წერა. მეორე კი - მინი-რომანი, რომელიც ერთი წლის წინათ მოვნათლე კიდეც - „პრეზიდენტის კატა“ - ეს მერამდენე წელია, დაუმთავრებელია. გაზაფხულამდე უნდა მოვრჩე. პირობას ვდებ. ერთხელ კიდევ ვდებ ასეთ პირობას. მერე პიესის დაწერაც მინდა და კიდევ - ერთი წიგნის. აი, იმ წიგნის იმედი მაქვს ყველაზე მეტად. კიდევ ფამუქის წიგნები უნდა წავიკითხო - თურქი მწერლის ორჰან ფამუქისა და ბრაზილიელი პაულო კოელიოსი. კიდევ ათასი სხვა წიგნიც. რამდენი ხანია, კარგი წიგნი არ წამიკითხავს.
მორჩა, წელს დროს არ დავკარგავ სისულელეებზე! ეკონომიურად გამოვიყენებ 2007-ს, გავუფრთხილდები დროს, როგორც უდაბნოს მგზავრი - წყალს.
დღესაც არაფერს ვკითხულობ, არც ვწერ. ვწევარ დარბაზში, ბუხართან, ხელში ტელევიზორის პულტი მიჭირავს. საახალწლო განმარტოება და ტელევიზორი - ესეც ჩემი ტრადიციაა. გუშინ რამდენიმე ქართული არხი აჩვენებდა რიაზანოვის „Ирония судьбы или с легким паром“-ს. რუსული არხებიც აჩვენებდნენ. ამ ფილმთან ერთად ვბერდები. კარგი ფილმია, მაგრამ... დღეს 50-იანი წლების „ყვავილი თოვლში“ ვნახე. მარტივი, მაგრამ თეთრი ფილმი, თოვლიანი. ბორჯომი, ბაკურიანი. ახალი ფილმიც აჩვენეს - იქაც თოვლი, ბაკურიანი, ცემი. ორივეს ბოლომდე ვუყურე. ალბათ, თოვლი მომენატრა.
ცისო ამ ახალ წელს კომპიუტერთან უფრო მეტ ხანს ფუსფუსებს, ვიდრე სამზარეულოში. ასე ჯობია. მეუბნება, ვინ მილოცავს, ვინ რას მწერს. მიხარია, რომ მოსალოც წერილებს შორის ხუთი წერილი სოხუმიდანაა. ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ყველაზე შორეული ქალაქიდან. აქედან ვხედავ კიდეც, როგორ ხვდებიან იქ ახალ წელს და გულით ვულოცავ ყველა სოხუმელს 2007-ს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ყველა სოხუმელს: ვინც იქ ცხოვრობდა, ვინც ცხოვრობს და ვინც იცხოვრებს მომავალში.
წერილებს დღეს არ ვუპასუხებ, არც ხვალ. შემდეგ კვირას „ავმუშავდები“. მანამდე კი, მოდი, ასე ვილივ-ლივ-ლივ-ებ.
დღეს ფეხობაა. ცისომ, როგორც ყოველ სისხამზე, დეზი ეზოში გაასეირნა. ჰოდა, დაბრუნებულზე დეზიმ გვიფეხა. დეზი ჩვენი ბროლიაცაა. აქვე უნდა აღვნიშნო: დეზის ფეხობის პირველი წუთი ცისოს აქტიური პედაგოგიკით აღინიშნა: „დეზი, ნუ ჭამ ამდენ კანფეტს!“
საღამოჟამს დედაჩემმა დამირეკა: 31 დეკემბერს, ახალ წლამდე სამიოდე საათით ადრე, ჩვენი სიძე, გუგული მიმინოშვილი გარდაცვლილა - მამიდაშვილის ქმარი, წესიერი, პატიოსანი თბილისელი კაცი. ამ რამდენიმე წლის წინათ თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექტორი იყო. შემდეგ? შემდეგ კი - ტაქსისტი. 59 წლის კაცს გული გაუჩერდა, სამუშაოდან მოსული აბაზანაში შევიდა და... დედაჩემმა ასე მითხრა: არავის შეგვატყობინეს გუშინ მისი სიკვდილი, გაგვიფრთხილდნენ, არ უნდოდათ, ახალი წელი ჩაგვმწარებოდაო.
3 იანვარი, ოთხშაბათი
დილით „Малахов+“-ს ვუყურე. მალახოვსა და ლენა პროკლოვას - ჩვენთვის კარგად ცნობილ ლარისა ივანოვნას. ჩემს ასაკში უკვე გულისყურით უნდა მიადევნო კაცმა გადაცემებს ჯანმრთელობაზე. ისე, სხვათა შორის მაინც.
შემდეგ „სტუდია-რე“-დან დამირეკეს მამუკა ყუფარაძემ და ხვიჩა ლაბაძემ. ყოჩაღ, „სტუდია-რე“, უკვე მუშაობს, არც თავად ისვენებს, არც სხვებს ასვენებს. პირველი საათისთვის ხვიჩა ამოდის. ის წელს ჩვენი პირველი სტუმარია. ვსაუბრობთ, შავ ღვინოს ვსვამთ. ხვიჩა წუხს - ერთი თვის წინათ კავკასიური ნაგაზი დაეკარგათ - ბომბორა, სამი წლის. დღესაც ეძებენ. თურმე, როცა აქებდნენ: ნახეთ, რა კარგი ბიჭია ბომბორაო, თათს თვალებზე იფარებდა, თითქოს იმორცხვებდა. შემდეგ მე მახსენდება ომის ძაღლები. ძაღლის წელი უკვე დამთავრდა, ტახისა დაიწყო. ჩვენ კი ძაღლების ისტორიებს ვყვებით.
გარედან დროგამოშვებით ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები.
მერე ხვიჩა მიდის, ვზივარ ტელევიზორთან, პულტს ვაწრიალებ. რა კარგია ხანდახან ტელევიზორი: სხვებს ჰგონიათ, თითქოს უყურებ, სინამდვილეში კი ფიქრებით სულ სხვაგან ხარ.
რამდენიმე მეგობარი მირეკავს, სახლში მეპატიჟება. უარს ვეუბნები. არც არავის ვპატიჟებ სახლში. შეუძლოდ ვარ, მგონი, გავცივდი. ახალ წლამდე კი ხელი მტკიოდა. კიდევ - გადავიღალე შარშან. წელს ნაკლებად ტელევიზორის ყურება. და ნაკლებად დროის სულელურად ხარჯვა!
გუგული მიმინოშვილს ვიგონებ. უკანასკნელად ზაფხულში ვნახე. სამოცდაათი წლის კაცს ჰგავდა, საცოდავად გამოიყურებოდა. საერთოდ, ძალიან გულსევდიანი კაცი იყო. ყოველ წელს აყენებდა ღვინოს, ახარისხებდა და ნომრავდა N1, N2, N3. სამივე ღვინო კარგი ჰქონდა. N3 - „პატივსაცემი სტუმრებისთვის“, N2 - „ძალიან პატივსაცემი სტუმრებისთვის“, N1 კი - „განსაკუთრებული და ძალიან პატივსაცემი სტუმრებისთვის“. უკვე, ალბათ, ოთხი წელია, რაც მასთან სტუმრად არ ვყოფილვარ. ვნანობ. ეს როგორ არა მაქვს დრო! და ეს რამოდენა ქალაქში ვცხოვრობ!
4 იანვარი, ხუთშაბათი
დილიდანვე მირეკავს მიხო ბეროშვილი, „კავკასიური სახლიდან“. „კავკასიურიც“ მუშაობს! ყოჩაღ! არც თავად ისვენებს, არც სხვებს ასვენებს. დავთქვით ასე: 8-ში ან 9-ში შევიკრიბებით: მიხო, მე და ხოსე - იგივე გია ალავიძე - და ვიმუშავებთ დოკუმენტურ ფილმზე. მიხო, ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი შენთვის, თამრიკოსთვის, ბიჭისთვის. მერე ხოსეს ვურეკავ - ბედნიერი ყოფილიყოს!..
მიხო მეუბნება: „შენი წიგნი უნდა გამოვცეთ.“ - „რომელი წიგნი?“ - „პატარა წიგნი გქონია რაღაც დღიური, გია სიამაშვილმა გვითხრა“. აი, ძმობაც ამას ჰქვია, მიხო! აბა, მე სადა მაქვს წიგნის გამოსაცემი ფული?
მერე კარგა ხნის უნახავი მწერალი მირეკავს. მეუბნება, რომ სიცივის გამო ტუჩები დაუსივდა, ყოფილა ასეთი ალერგიაც - სიცივის. ისე, ღამე, დილა-საღამოს ყინავს. დღეები მზიანია, როგორც წესიერ ყინვებს ეკადრება. ტელეფონით საუბრისას ტუჩებდასიებული მწერალი წარმოვიდგინე და გამეცინა. მანაც - გატყობ, კარგ ხასიათზე ხარ, კარგი წელი ყოფილიყოსო.
არადა, დღეს ტელეფონის დღეა, ხან მობილური რეკავს, ხან - ბინის ტელეფონი. გაუმარჯოს იანვარს - პირველს, განუმეორებელს, მოკითხვებისა და მილოცვების, კაცთა გამაერთიანებელ, ყველაზე სატელეფონო-საიმეილო თვეს!
წერილებს ხვალ ვუპასუხებ.
ღამით ბუხარს ვანთებთ. დეზი რაც შეიძლება ახლოს წვება ცეცხლთან. უკვე შეეჩვია. როცა პირველად ნახა დანთებული ბუხარი, დიდხანს უყეფდა ცეცხლს, შეეშინდა. ასე ვართ ჩვენც - რაც უცხოა და უცნობი, მაშინავე უარვყოფთ, ძველი და მიჩვეული კი კომფორტული რამაა. უარვყოფთ ახალ აზრს, ახალი გადაწყვეტილებების შესაძლებლობებს, უარვყოფთ ერთმანეთის მსოფლმხედველობასაც. სულ ასე ყეფა-ყეფით ჩავამთავრეთ ძაღლის წელი. ამიტომაც უფრო გაქვავდნენ და ლამის მარადიულები ხდებიან ჩვენი ძველი პრობლემები.
5 იანვარი, პარასკევი
დღეს მოიღრუბლა. სადღაც, ალბათ, თოვს, მაგრამ თბილისში - არა. სიამოვნებით წავიდოდი ბულაჩაურში, მაგრამ დრო არ მაქვს. ზამთარიცა და ზაფხულიც სხვანაირია არაგვის პირას, ვაჟა-ფშაველას მხარეში. ასეთ დროს, იანვარში, თითქმის ყოველთვის მახსენდება ვაჟას საახალწლო მოთხრობები, ეთნოგრაფიული წერილები: როგორ იჭერენ თევზს არაგვში, როგორ ნადირობენ, როგორ ხვდებიან ახალ წელს...
დღეს ვაჟას წავიკითხავ.
რამდენჯერ მიფიქრია იმაზე, რომ კულა გლდანელის გარდა არავინ დახმარებია ვაჟას. სარაჯიშვილის, ზუბალაშვილების, სხვა ქველმოქმედების დროს... არ დახმარებიან. არც ფიროსმანს. სადღაც წავიკითხე, დიდი ჩინოვნიკების შვილებს ეხმარებოდნენ თურმე იმ დროს ხშირად. სასწავლებლად რომ მიდიოდნენ საზღვარგარეთ. ძალიან ბევრს სულ ტყუილად ახარჯავდნენ ფულს.
ტელევიზორი გადმოსცემს, რომ ენგურთან სროლები ყოფილა. ერთი ქართველი ჯარისკაცი მოკლეს. გვარად შარია, მეორე - დაჭრეს. ასეა, უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩვენი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ქრონიკულ, დროგამოშვებით ფეთქებად კონფლიქტად, რომელიც პერიოდულად შეიწირავს ადამიანებს. მთავარია, შეაჩერო და არ დაიწყო ომი, თორემ მერე ის არ მთავრდება.
ტელევიზორი გადმოსცემს ინფორმაციებს ხანძრებზე, ავიაკატასტროფებზე, თვითმფრინავის აფეთქებაზე, კონფლიქტების განახლებაზე... მოკლედ, დაიწყო 2007 წლის სისხლიანი სტატისტიკა.
ვწერ რამდენიმე წერილს და ვაგზავნი ელექტროფოსტით.
მირეკავს მეგობარი. მესაუბრება „ჯეოსტარის“ შარშან ჩატარებულ კონკურსზე. საინტერესო მოსაზრებები აქვს. მეუბნება, კარგი იქნება, თუ გოგი გვახარია თავის გადაცემაში მოაწყობს დისკუსიას „თბილისი და რეგიონები“. თბილისი მხოლოდ დედაქალაქია, თუ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიცაა? როგორია დღევანდელი თბილისი და თბილისელი რეგიონში მცხოვრების თვალში და პირიქით. მართლაც ძალიან საინტერესოა და იქნებ როგორმე შევთავაზო ეს იდეა გოგის.
ღამით ტელევიზორს ვუყურებ. ხან „კულტურას“, ხანაც „MEZZO“-ს. მღერის შესანიშნავი პლასიდო დომინგო. მღერის უშესანიშნავესი ანა ნეტრებკო - ნიჭიერი და ლამაზი უკრაინელი ახალგაზრდა მომღერალი, მისთვის უსამართლოდ შეუფერებელი გვარით - ნეტრებკო. რატომ ერთხელაც არ აჩვენებენ ჩვენი ტელეარხები ანა ნეტრებკოს? ან ამ საახალწლო გადაცემებში სად გაქრა ელეგანტური კლასიკა და რით ჩაანაცვლეს ის?
6 იანვარი, შაბათი
ნუცუბიძეზე დილიდან თოვს. უფრო სწორად, თოვლჭყაპია. კიდევ უფრო სწორად, დროგამოშვებით ცრის ცივი წვიმა. ჩემი ფანჯრიდან ნისლში წყნეთის გადათეთრებული გორაკები მოჩანს.
სოხუმიდან მეგობარი მირეკავს. გაიხარე, დაურ!
კარგა ხანია გათენდა 2007-ის პირველი მოწყენილი დილა, მაგრამ ხალხს ჯერ კიდევ ძინავს, ქუჩაში ზარმაცად მოძრაობს თითოოროლა მანქანა. მართლმადიდებლური კა ლენდრით ხვალ შობაა, დღევანდელი ღამე შობისაა.
12 საათზე გასვენებაზე უნდა წავიდე. 3 საათის შემდეგ თამარ ჩიქოვანს უნდა დავურეკო.
ასეთ წვიმიან-თოვლიან დღეებში ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, ძალიან ხშირად ძალაუნებურად ამეკვიატება ხოლმე გივი გეგეჭკორის მიერ თარგმნილი პოლ ვერლენის ლექსის სტრიქონები:
![]() |
19 ცრემლიანი სათვალე |
▲back to top |
გიორგი გვახარია
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
სისხლი და თესლი - 1988
ნაწილი მეთექვსმეტე
ფოტო: იური მეჩითოვი
„აი, დარდი!... თუკი გვახარიები და პეტრიაშვილები, საერთოდ, ქართველები, ერთმანეთს დაერევიან, თბილისი სომხებს დაგვრჩება!“ - იხუმრა სერგო ფარაჯანოვმა, როცა კინოს სახლში გამართულ დუელზე უამბეს. უფრო სწორად, გვახარიას გაცნობა შესთავაზეს.
მაესტრო ოხუნჯობის ხასიათზე იყო - „აშუღ ყარიბის“ გადაღება ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამდე მოასწრო. უფრო მეტიც, 88 წლის დასაწყისში ფილმის პრემიერა ბაქოში, თბილისსა და ერევანში თითქმის ერთდროულად გამართა. „აშუღის“ პირველი ჩვენების წინ, თბილისის კინოს სახლში, ფარაჯანოვმა განაცხადა, არაფერში არ ვარგიხართ, ქართველებო, ეს ქალაქი სომხებმა ავაშენეთო. მერე ერევანში წავიდა და სომხებს უთხრა, უნიჭოები ხართ, რომ არა ქართველები, რა გეშველებოდათო... და ბოლოს, ბაქოს ესტუმრა და აქაურებიც გალანძღა - რა გჭირთ, რატომ ვერ ელევით ამ ყარაბაღსო.
კინემატოგრაფისტებმა თბილისში, ერევანსა და ბაქოში ბევრი იცინეს და მაესტროს სულ „ბრავო“, „ბრავო“ უძახეს.
მაგრამ სამყაროს ბედს, სამწუხაროდ, კინემატოგრაფისტები არ წყვეტენ. თებერვალში ყარაბაღელმა სომხებმა სტეფანაკერტის ლენინის მოედანზე დიდი მიტინგი მოაწყვეს და აზერბაიჯანის შემადგენლობიდან ყარაბაღის გამოსვლა მოითხოვეს. 27 თებერვალს, სუმგაითში, აქაურმა ქალაქკომის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის დროშა ააფრიალა და ხალხი სომეხთა დასასჯელად გაიყოლია. სუმგაითის ხოცვა-ჟლეტას სომხებმა შურისძიებით უპასუხეს. საბჭოთა ტელევიზიამ აღიარა, რომ ეს იყო კონფლიქტი „ნაციონალურ ნიადაგზე“.
კავკასიური სისხლისღვრის ფონზე, თბილისელი სომხის მუსულმანური ზღაპარი „აშუღ ყარიბი“ მეტისმეტად არაადეკვატურად აღიქმებოდა. ფილმის ორნამენტული პრიმიტივიზმი კინოს პიონერის, ჟორჟ მელიესის კინოკადრების ასოციაციას უფრო ქმნიდა, გამოხატავდა სამყაროს საწყის მდგომარეობას, იმ სამყაროსი, რომელიც აქ განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე დღეს, როცა დედამიწა დაშლილია და დაქუცმაცებული. ფარაჯანოვის სამყაროს დაშლა და დანგრევა კი შეუძლებელია, რადგან ეს სამყარო საერთოდ არ არის აწყობილი.
„აშუღი“ იყო სერგო ფარაჯანოვის უკანასკნელი ცდა, კავკასიაში სისხლიღვრა შეეჩერებინა. მან ერთმანეთის გვერდით „მოათავსა“ განსხვავებული კულტურები, ისე, როგორც ხალიჩაზე. და თითქოს იმის მტკიცება დაიწყო, რომ შეხება ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე შეჭრა... შეხების ეროტიკა განსაკუთრებულია, რადგან აქ არავინ არავის არ ამცირებს. უფრო სწორად, არავინ იღებს სიამოვნებას სხვისი დამცირებით და არავის სიამოვნებს დამცირებულის როლში ყოფნა. „აშუღი“ ამ მხრივაც ევროცენტრიზმის თავისებური გამოწვევა გახდა. ყველაფერი ეს - ევროპული „არტწესრიგი“, მთავარითა და მეორეხარისხოვანით, მაღალითა და მდაბალით და „მენტალური წესრიგი“, პრინციპით - ვიღაც მართავს, ვიღაც კი მართულია, ფარაჯანოვისთვის სრულიად მიუღებელია. იგი უსამშობლო, უსახლკარო, ობოლი აშუღია. მისთვის დრო არ არსებობს. მისი სამშობლო - ადრეისტორიულ ეპოქაშია, როცა ჯერ კიდევ ქაოსი სუფევდა, როცა სული და სხეული ერთმანეთისგან არ გამოყოფილა, არც ფერი, არც სინათლე, არც ჩრდილი.
ჰოდა, სულერთი არ იყო ასეთი კაცისთვის, სად გაატარებდა დარჩენილ ცხოვრებას - თბილისში, ბაქოში, კიევში, მოსკოვში, თუ ციხეში?
ციხიდან რომ გამოვიდა, სამოთხიდან გამოძევებულს ჰგავდა. როცა „სურამის ციხე“ მოსკოვში უმტკივნეულოდ ჩაიბარეს, გაბრაზებულა, ცუდი კინო გადამიღიაო, ხოლო როცა 88 წლის გაზაფხულზე, პარიზში, პომპიდუს ცენტრში ქართული ფილმების ფესტივალზე მონაწილეობის უფლება მისცეს, ერთი ბარაქიანად დაამთქნარა და თავის ქურთ მეზობელს, იურა მგოიანს შესძახა, გაიხარე, გაიხარე ბიჭო, ფრანსუაზა საგანს გაგაცნობო (იურა აშუღის როლს თამაშობს ფილმში).
გაცნობაზე გამახსენდა. როგორც კი დელეგაციის შემადგენლობა დაზუსტდა, ჩემი დისერტაციის ოპონენტმა, ირა ძუცევამ მაესტროს უთხრა, შენთან ერთად, პარიზში გვახარია მოდის, ის ბიჭი, შენს გამო რომ ცემეს, არ გინდა გაგაცნოო?
დაუმთქნარებია და სწორედ მაშინ უთქვამს, თუ უნდათ, დაუხოციათ ერთმანეთი ქართველებს, რა ჩემი საქმეაო.
ჰო, ასე მოხდა, რომ შვიდკაციან დელეგაციაში ჩამრთეს. ფარაჯანოვისგან განსხვავებით, დავამთქნარე კი არა, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გავიგე, სიარულის მანერაც კი შემეცვალა... ზამთარში, როცა პომპიდუს ცენტრის გამომცემლობა დათანხმდა ქართული კინოსადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემასა და „ბობურში“ ასი ქართული ფილმის სამთვიან ჩვენებაზე, პარიზიდან შეტყობინება მივიღე. შემოდგომაზე საფრანგეთში! სიარულის მაგივრად, ფრენა დავიწყე. და არა მარტო იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი პირველი გასვლა „კაპიტალისტურ“ ქვეყანაში (ამ სიტყვას, „კაპიტალისტური“ ყოველთვის ბრჭყალებში ვსვამ). მთავარი მაინც საფრანგეთი იყო - „La douce France“, „ტკბილი საფრანგეთი“, რომელმაც ჩემი ჰოროსკოპის თუ ფრანგულის სომეხი მასწავლებლის ხელშეწყობით, თავადაც სამრეკლოზე შემჯდარ მამლად მაქცია. ჰო, ჰო, იმ მამლად, ჯერ ხმა რომ ააყოლა სამრეკლოს ზარებს, მერე კი, ამ ყიყლიყო-ყიყლიყოში მადა მოუვიდა და გადაწყვიტა თავად გამხდარიყო ხალხის გამომღვიძებელ-გამომფხიზლებელი.
ეს ფრანგული მამალი, ქვეყნის სიმბოლო, რომელმაც სამყაროს მზის ამოსვლა უნდა ამცნოს, პირველ რიგში მზის სისტემის ასოციაციას ქმნის. მზის გარშემო ტრიალზე აგებულია ქვეყნის სტრუქტურა და ამ ხალხის მენტალიტეტიც. ოკეანის ნაპირზე გაშლილი საფრანგეთი ვერა და ვერ იქცა „მეზღვაურების ქვეყნად“, როგორც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთი ცენტრისკენაა მიმართული. აქ ყველა პარიზში გარბის. მთელი მსოფლიო გარბის პარიზში.
თავად პარიზია წერტილი, რომლის გარშემო დედამიწა არ ტრიალებს, მაგრამ ის ყველაფერი კი ტრიალებს, რასაც „კულტურა“ ჰქვია.
კულტურა კი თავადაც სამრეკლოზე აფოფხებულ მამალს ჰგავს - უხეშად, უზრდელად, ზოგჯერ, უბრალოდ, უსინდისოდ ერევა იმის საქმეში, ვინც შექმნა ეს სამყარო; „მე მაინც შევძლებ ამ ხალხის გაკეთილშობილებას, მაინც გავანათებ წყვდიადს, მაინც გადავაქცევ დედამიწას სამოთხის ბაღად!“ - აჩემებული აქვს ამ ფრანგული მამალივით.
„ადამიანი - ბუნებით კეთილია!“ - გვიმტკიცებდა რუსო. ეს თქვა და თანასწორობის იდეალიზაციაც დაიწყო. „მამლის კულტურამ“ შექმნა საზოგადოება, რომელიც არ ცნობს ზეადამიანებს (გერმანელებისგან განსხვავებით), რომლისთვისაც სოცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე ყველაფერი, რაც „ღრუბლებში“ ხდება; რომელიც მზადაა სისხლი დაღვაროს, გილიოტინაზე გაუშვას მტერი, ოღონდაც „ძმობისა და თანასწორობის“ იდეა როგორმე შეინარჩუნოს.
ჰო, სწორედ გილიოტინა ახსენა სერგო ფარაჯანოვმა, როგორც კი პარიზში დადგა ფეხი.
„ამათ პირიდან ერთი ჰამბურგერი რომ გამოგლიჯო, ეგრევე რევოლუცია დაიწყება“ - ეს თქვა და ისევ საყვარელ თემაზე გადავიდა - მოსკოვის მაღაზიების დაცარიელებულ ვიტრინებზე დაიწყო ლაპარაკი.
მაესტრო ცუდ ხასიათზე იყო. მოსკოვში აშუღის როლის შემსრულებლისთვის საზღვარგარეთული პასპორტის გაცემაზე მოულოდნელად უარი უთხრეს. არადა, მოსკოვამდე მგზავრობისას ტვინი გაგვიბურღა - ნახავთ, რა მოუვათ ფრანგებს, იურას რომ დაინახავენო... ჩემი იურა ხომ ახალი ჰელმუტ ბერგერიაო. ოხუნჯობდა და ფრანგული მამლისა არ იყოს, ყველას ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. როცა არ გამოსდიოდა, იძულებული იყო, პროვოკაციაზე გადასულიყო.
მოსკოვის აეროპორტიდან სასტუმროში მიმავალ გზაზე, ვერაფრით შემოიყვანა კონტაქტში ტაქსის მძღოლი. ხან პარიზზე ელაპარაკა, თავის მეგობრებზე, ფრანსუაზა საგანსა და ივ სენ ლორანზე უამბო (ტრაბახობდა, აეროპორტში დამხვდებიანო), ხან ნინა ანდრეევა აშაყირა (ამ ანდრეევამ „პრავდაში“ წერილი გამოაქვეყნა, სათაურით „ჩემს პრინციპებს არ დავთმობ“, რომელშიც გორბაჩოვის წინააღმდეგ გაილაშქრა. იმხანად ეს სტატია „პერესტროიკაზე“ თავდასხმად აღიქვეს)... არა და არა. ტაქსის მძღოლი ხმას არ იღებდა. უკან მხოლოდ მაშინ მოტრიალდა, როცა ფარაჯანოვმა უთხრა, ვერ იცანი, ბიჭო? მანქანაში ყველაზე ლამაზი ქალი, ლიკა ქავჟარაძე გიზისო.
მოტრიალდა და დაამთქნარა.
მაესტრო, ცხადია, ამას ვერ გადაიტანდა:
- „Ты знаешь кто я? Я Сережа Параджанов!“
- „Не знаю такого.“
ასეთმა პასუხმა საერთოდ გააცოფა.
„Я в тюрьме сидел. Знаешь за что? За мужеложство!“
ამის მერე მძღოლმა კიდევ ერთხელ გამოიხედა უკან და უფრო ყურადღებით შეგვათვალიერა. ვერაფრით გაეგო, რატომ ვიცინოდით.
- „ახვარია. ეტყობა, „ლაზურნით“ გაივსო მუცელი!“ - განმარტა ფარაჯანოვმა.
„ლაზურნი“ - გადამდნარი ყველის სახელია. მოსკოვის გასტრონომების, მათ შორის ყველაზე გრანდიოზული მაღაზიის, ბროლის ჭაღებით მორთული „ელისეევსკის“ ვიტრინები სწორედ ამ „ლაზურნით“ იყო გაფორმებული. ოცდაათკაპიკიანი ყველის მინიატურული კოლოფებისგან სხვადასხვა სახის კონსტრუქციები ააგეს - პირამიდები, სამკუთხედები... 88 წელს საბჭოთა პროლეტარიატი „ლაზურნის“ ჭამაზე გადავიდა... უმუშევარი მაწანწალასავით პაზოლი ნის ფილმში „ცხვრის ყველი“. ხომ გახსოვთ? იმდენი ყველი შეჭამა მოშიებულმა, რომ ჯვარზე განუტევა სული.
ფარაჯანოვი პაზოლინის კავკასიელი ტყუპისცალი იყო. „ოიდიპოსი“, „დეკამერონი“ და განსაკუთრებით „მედეა“ პირდაპირ ქმნიდა ფარაჯანოვის „ადრეისტორიული ვნებების“ ასოციაციას. გვაგონებდა სამყაროს, სადაც დომინანტი ჯერ არ ჩამოყალიბებულა - არც რელიგიის, არც მეცნიერების, არც კულტურის სახით, სადაც არ იციან, რას ნიშნავს „მორალი“... და არა იმიტომ, რომ ამორალური არიან... უბრალოდ, არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა.
ასეთი მხატვრების ადგილი გამოქვაბულშია. რა უნდა აკეთონ მათ გაპრანჭულ პარიზში, სადაც კულტურის (ე.ი. მორალის?) დომინანტური როლი ცხოვრების ყველა სფეროში წარმოჩნდება - პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ყიდვა-გაყიდვის რიტუალში, სექსში...
ჭამაშიც კი. სიტყვას „გემოვნება“ აქ ალბათ ყველაზე ხშირად იმეორებენ, ისევე როგორც სიტყვას „Trop“… რაც მეტისმეტს, „ნამეტანს“ ნიშნავს. ამ სიტყვას ფრანგები ყოველთვის უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ.
ფრანგები ზომიერებაზე კარგავენ ჭკუას. ფარაჯანოვს კი ყველაფერი შეიძლება დააბრალოს კაცმა, ზომიერების გარდა. ამ გამოუსწორებელი ნარცისის ფილმებში პლასტიკური სიმდიდრე, პლასტიკური სიხარბე, პირველ რიგში, „კულტურული ხალხის“ გაღიზიანებას ემსახურება.
პარიზში მაესტრო ინსულინის ფლაკონებით ჩავიდა. დიაბეტი - გაუმაძღარი ხელოვანისთვის ცხოვრების ტვირთი გახდა. არადა, ნემსის გაკეთებაც კი არ იცოდა. ლათინური კვარტალის სასტუმროში, სადაც ფრანგებმა შეგვასახლეს, ხან ვინ და ხან ვინ უკეთებდა ნემსს.
მასპინძლებმა შემოგვთავაზეს, თუ გნებავთ „დაგაწყვილებთ“ და სასტუმროსთვის გამოყოფილ დარჩენილ თანახას ხელზე მოგცემთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ათასი ფრანკი მთელი ქონება იყო ჩვენთვის. მე ელდარ შენგელაიასთან შემასახლეს. ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო. დღე და ღამე არეული ჰქონდა. ღამ-ღამობით აბაზანაში შედიოდა და იქ კითხულობდა, სინათლეს რომ არ შევეწუხებინე.
ფარაჯანოვისთვის ეს ორი ხუთასფრანკიანი კუპიურა, ცხადია, არაფერი იყო. ინსულინის ფლაკონების გარდა, მისი ოთახი გავსებული იყო თბილისში ნაყიდი ძველმანებით, ხალიჩებით, ოქროსა და ვერცხლის სამკაულებით, რომლის გადმოტანა კონტრაბანდად ითვლებოდა. ყველაფერი ეს 7 დღეში უნდა გაეყიდა!
სასტუმრო დილიდან მისი თაყვანისმცემლებით ივსებოდა. ასეთი ბევრი იყო - მაესტროს გათავისუფლებისთვის თავის დროზე ხომ სწორედ ფრანგებმა იაქტიურეს. ლუი არაგონი დაემუქრა კიდეც ბრეჟნევს, რომ ლენინურ პრემიას უკან დაუბრუნებდა, თუკი ფარაჯანოვს არ გაათავისუფლებდნენ.
მაგრამ მაესტროს დიდად არ ანაღვლებდა ეს ხალხი. „L'Humanite“-ს მაშინდელ რედაქტორს ჩემს თვალწინ ეხვეწებოდა, მაგარი ქურქი მაქვს ჩამოტანილი, იქნებ შენს ცოლს უყიდოო. როცა კომუნისტური გაზეთის შეფმა უარი უთხრა, ფარაჯანოვი დაემუქრა, ჰოდა, არ მოვალ თქვენს ბანკეტზე, უჩემოდ ჩაატარეთო. თუმცა მაინც მივიდა. ფრანგებს მადლობა გადაუხადა, მერე კი „დევნილი გენიოსისთვის“ (როგორც აქ აღინიშნა) საგანგებოდ მოწყობილ კოქტეილზე ისევ ვაჭრობა დაიწყო, სათითაოდ მიმართავდა ყველას, მაგარი ქურქი მაქვს, იქნებ თქვენს ცოლს, ან საყვარელს შეუძინოთო.
მაგრამ გაფხეკილ ფრანგ კომუნისტებს „ნორკის შუბის“ ფული ვინ აღირსა?! ისევ მდიდრებს, ივ სენ ლორანსა და ფრანსუაზა საგანს უნდა ეყოჩაღათ. მოგვიანებით გამოირკვა, რომ მათაც ზრდილობიანი უარი უთხრეს. სენ ლორანმა ეტყობა იფიქრა, ძალიან უჭირსო და ძველმანებით სავსე უზარმაზარი ტომარა გამოუგზავნა.
ბოლოს და ბოლოს, ეს ძველმანებიც და ის ქურქიც მაესტრომ ფესტივალზე დასაქმებულ გოგოებს აჩუქა.
ქართველებს ფარაჯანოვის საქციელი, რა თქმა უნდა, აღიზიანებდათ. ვიღაცამ ისიც თქვა, ეგ ხელოვანი კი არა, სპეკულანტიაო.
ბუნებრივია, კოლეგებს შურდათ მისი. მათ ადგილას, მეც მეწყინებოდა, როცა ფესტივალის გახსნაზე, პომპიდუს ცენტრთან ფარაჯანოვის ავტოგრაფისთვის შეგროვილ ბრბოს დავინახავდი; გული დამწყდებოდა, რომ ქართული ფილმების სამთვიანი რეტროსპექტივა არა ჩემი ფილმით, არამედ „აშუღით“ დაიწყეს.
მაგრამ არ შემშურდებოდა. ყველაფერი, მაგრამ შური ნამდვილად არ მახასიათებს. ასეთ ვითარებაში ყოფნა ხომ ნებისმიერი ხელოვანისთვის „მადლია“. სწორედ ასეთმა ვითარებამ შეიძლება შეახსენოს ყველას, რომ ტკივილი, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ახლობლების ღალატი, მარტოობა - მხატვრის ცხოვრების ნაწილია. თუკი ეს გზა არ გაიარე, აღიარებას ვერასდროს ეღირსები.
ბრბო კი ყველგან ბრბოა. დღეს ქვებს გესვრის, ხვალ, შეიძლება ავტოგრაფი გთხოვოს და სიყვარული აგიხსნას.
მაგრამ ფარაჯანოვს პომპიდუს ცენტრთან შეგროვილი თაყვანისმცემლები, მგონი, დიდად არც ანაღვლებდა. სცენაზე როცა გამოგვიყვანეს, ლიკა ქავჟარაძე სიხარულისგან ატირდა, ნანა მჭედლიძეს, გულწრფელობისა და არტისტიზმის ერთიანობის ამ განსახიერებას, ბედნიერებისგან ენა ჩაუვარდა, მე ხომ, საერთოდ, ორი სიტყვა ვერ გადავაბი ფრანგულად. მაესტრო კი სევდიანი და ოდნავ დამცინავი მზერით შეცქეროდა დარბაზს. ალბათ, ისევ და ისევ იმ „შუბაზე“ ფიქრობდა, ამხელა გზა რომ ათრია და ვერ გაასაღა. არ ვიცი, რა თავში სახლელად ჭირდებოდა ფული? საჩუქრები უნდა ეყიდა მეზობლებისთვის? იურასთვის, რომელიც კაგებემ არ გამოუშვა, ან თუნდაც თავისი მუზისთვის, ლელა ალიბეგაშვილისთვის, რომელსაც „თბილისელ სილვანა მანგანოს“ ეძახდა? შესაძლებელია ქურქის გაყიდვის სურვილი, უბრალოდ, აზარტი იყო, ბუნდოვანი ვნება, რომელიც არაერთი ხელოვანის ცხოვრებაში გამოვლენილა სხვადასხვა სახით - ვიღაც ბანქოს თამაშობდა, ვიღაც პატარა გოგოებსა და ბიჭებს დასდევდა, ვიღაც ოპიუმს ეტანებოდა.
ფარაჯანოვმა ყიდვა-გაყიდვის რიტუალი აირჩია. ვაჭრობა მისთვის კონტაქტის, ურთიერთობის საშუალება გახდა.
„რა გაინტერესებს, ხუჭუჭა ბიჭო? როგორ უნდა გაერთო პარიზში?“ - მკითხა ფესტივალის გახსნის შემდეგ. ცოტა დავიბენი. როგორ თუ რა მაინტერესებს პარიზში?!
„ბაზრობა გაინტერესებს? შმოტკები? რესტორნები? გოგოები? გინდა ფრანსუაზა საგანი გაგაცნო?“
იმდენი ვიჩეჩე მხრები, რომ ხელი ჩაიქნია. დიდი ურჯულო ბიჭი ხარო, მითხრა და იმ შვიდ დღეში მხოლოდ ერთხელ დამიძახა, რაღაც ვერა ვარ კარგად, ჩემი მფარველი ანგელოზი, ლიკა ქავჟარაძე სასტუმროში არ არის, იქნებ მაღაზიიდან ჯემი ან კომპოტი მომიტანოო.
ვიცოდი, რომ მისთვის ტკბილეული არ შეიძლებოდა. მაგრამ წინააღმდეგობას როგორ გავუწევდი. ჯემები რომ მივუტანე, ეგრევე ფულის ძებნა დაიწყო... არადა, ფული უკვე საკმარისი მქონდა - მასპინძლებმა 3 თვით გამიგრძელეს აქ ყოფნა. საფრანგეთში დიდი მოგზაურობა და ლექციები მელოდა. ჰონორარის ნაწილი წინასწარ მომცეს.
ფულზე უარი რომ ვუთხარი, ძველმანებში ქექვა დაიწყო. მერე გაახსენდა, ა... შენ ხომ შმოტკები არ გაინტერესებსო. მაგიდაზე ქართული ფილმების რეტროსპექტივის პლაკატი ედო - ნატო ვაჩნაძე, ვარდით! აბსოლუტური კიტჩი, რომლის ავტორი თავად იყო. ამას ავიღებ-მეთქი, ვუთხარი. პასუხი არ გამცა. ტელევიზორის გადართვა დაიწყო და მთელი ქილა ჯემი შესანსლა. პარიზზე ვკითხე, მოგწონთ-მეთქი? არა, ძალიან მომწყინდა, თბილისში მინდაო.
აშკარად ეზარებოდა ლაპარაკი.
წლის ბოლოს, თბილისში როცა დავბრუნდი, რამდენჯერმე ვესტუმრე ფრანგებთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ ფრენა-ფრენით ავდიოდი მასთან, კოტე მესხის ქუჩაზე. მისი სახლი ყოველთვის სავსე იყო სნობებით, რომლებიც აიძულებდნენ ერთი და იგივე ელაპარაკა. ამ ხალხთან ურთიერთობამ, ეტყობა, სრულიად დაუკარგა დიალოგში შესვლის უნარი. სავარძელში იჯდა, ტკბილ ჩაის სვამდა და ხალხს აცინებდა.
ეს უკვე სულ სხვა ფარაჯანოვი იყო - კლოუნი, რომელიც მისი კიდევ ერთი კერპის, ფედერიკო ფელინის გვიანდელი ფილმების გმირს ჰგავდა. მაგრამ მე არც კლოუნები მიტაცებდა არასდროს, არც ცირკი და არც გვიანდელი ფელინი. სწორედ თბილისში მივხვდი, რატომ მოსწყინდა ასე საფრანგეთში. ჩემს საფრანგეთში. ეს არ იყო მისი ქვეყანა, მისი ესთეტიკა. მაესტრო უხერხულად გრძნობდა თავს ამ წვრილბურჟუაზიული ზრდილობისა და ზომიერების გარემოში. ისე, როგორც ზოგიერთი ფრანგი - მარკიზ დე სადი, ჟან ჟენე, სარტრი, კამიუ, სერჟ გინზბურგი... რა ვიცი, რა ჩამოთვლის ამ კარგ ხალხს.
ორი წლის შემდეგ, როცა სერგო ფარაჯანოვის სიკვდილის ამბავი გავიგე, უცბად გავიაზრე, რომ სნობი მე ვიყავი და არა ის უბრალო ხალხი, დღესა და ღამეს რომ ატარებდა მის სახლში, კოტე მესხის ქუჩაზე. ასეთი ადამიანის სიკვდილმა შეიძლება არამარტო დანაშაულის გრძნობა გაგიღვიძოს, არამედ გული დაგწყვიტოს - რატომ არ ვიყავი მის გვერდით, რატომ არ გავაკეთე ჩანაწერები, რატომ არ ველაპარაკე კინოზე, რეჟისურაზე, სილამაზეზე, კავკასიაზე?
სერგო ფარაჯანოვი არასდროს ყოფილა „ჩემი რეჟისორი“. არც ხალიჩები მიყვარდა არასდროს, არც თოჯინები, არც ძველმანები. მაგრამ არაერთხელ დავწერე უკვე - ის, რაც „შენი“ არ არის, უფრო საინტერესოა, უფრო მიმზიდველი. ყველა სნობი ასე ფიქრობს - ყველა, ვისთვისაც დედამიწა ერთი ცენტრის გარშემო ტრიალებს და ამ ცენტრს „კულტურა“ ჰქვია.
საფრანგეთში მოგზაურობისას, როცა სამ თვეში თითქმის 30 ფრანგული სოფელი და ქალაქი შემოვიარე, არაერთხელ დავფიქრებულვარ, რატომ უყვარდათ ფრანგებს ფარაჯანოვი? რატომ აიტაცეს ასე, რატომ იბრძოლეს მისი გათავისუფლებისათვის? როგორ შეიძლებოდა, ხალხს, რომელიც ყოველთვის აღმერთებდა სიზუსტესა და კონკრეტიკას, მოწონებოდა ფარაჯანოვის აბსტრაქტულ-სტატიკური სახეები? ხალხს, რომელმაც სივრცეს, მზეს, სიცოცხლის თესლს არაერთი შედევრი მიუძღვნა, შეყვარებოდა მაესტრო ფარაჯანოვის ბუტაფორიული სამყარო, უსიცოცხლო თოჯინები და სიკვდილის ნიღბები?
პასუხს მხოლოდ ორი წლის შემდეგ მივაგენი, როცა ერევნიდან სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალების ამბავი მოვიდა.
90 წელს საქართველოს ფარაჯანოვისთვის აღარ ეცლება. საქართველოში მხოლოდ „ჩვენიანებს“ დააფასებენ. უსახლკარო და ობოლ აშუღებს კი „ურჯულოებად“ გამოაცხადებენ. ამასობაში სომხები სერგო ფარაჯანოვის ნივთების, თოჯინების, კოლაჟების შეგროვე შეგროვებას დაიწყებენ და თბილისელ რეჟისორს ერევანში უზარმაზარ მუზეუმს გაუხსნიან.
ფრანგებს გაუკვირდებათ. როგორ ვერ შეინარჩუნეთ ეს კაცი, რატომ გააქციეთო.
ფრანგები ვერ გაიგებენ. უნდა ეცხოვრათ „პერესტროიკის“ ეპოქის საქართველოში და მაშინ მიხვდებოდნენ. უნდა ენახათ, როგორ იცვლებოდა თანდათან თბილისი, როგორ გადაიქცა კერპად ყველაფერი, რაც კუთვნილებითი ნაცვალსახელით, „ჩემით“ იწყება. უნდა დაენახათ, როგორ დასცილდა ქართულ კულტურულ სივრცეს უცხო და განსხვავებული.
არადა, რამდენი ჰქონდათ საერთო ქართველებს და ფრანგებს! როგორ შეეძლოთ, ერთდროულად ყოფილიყვნენ „კულტურული შოვინისტები“, რიტუალების, ტრადიციების ერთგულნი და ამავე დროს, უკიდეგანო, ზღვარდაკარგული სნობები, რომლებიც იმასაც კი აღმერთებენ, რაც არ ესმით, რაც მათ პრინციპებს აბსოლუტურად არ შეესაბამება. ამიტომაც, სწორედ ფრანგებმა აღმოაჩინეს და აღიარეს „ნეორეალიზმის ღალატისთვის“ იტალიიდან თითქმის გამოძევებული რობერტო როსელინი, ესპანეთში „ამორალურ მარაზმატიკად“ შერაცხული ლუის ბუნუელი. სხვებიც - ორსონ უელსი, ჩაპლინი, ელმაზ გიუნეი...
სერგო ფარაჯანოვი.
მაგრამ 88 წელს ჩვენ, ქართველები უკვე სნობიზმისგან „გავთავისუფლდით“. ჩვენ გული გვერეოდა უსახლკარო კინტოებსა და ყარაჩოღლებზე, ვაჭრებსა და „სპეკულანტებზე“. გული გვერეოდა კლოუნებზე.
და იცით რატომ?
ქვეყანაში ახალი ვაჭრები და კლოუნები მოვიდნენ. „ჩემი ვაჭრები“ და „ჩემი კლოუნები“.
![]() |
20 პირადი ენციკლოპედია |
▲back to top |
ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი
ფაუსტო
ფაუსტო ლისაბონელი ტაქსისტია. აპოლონიას სადგურზე გავიცანი. საკვირველია, მაგრამ ახლაც მაქვს მისი სავიზიტო ბარათი, თუ რამე დაგჭირდესო.
ლისაბონი რაღაცით ძალიან ჰგავს თბილისს; ან იმას, რაც გულში გინდა რომ თბილისი იყოს, ან იმას, რაც რომელიღაც სამყაროში თბილისი იყო.
ფაუსტო თქვენც ნანახი გყავთ ოდესღაც, შეიძლება 80-იანი წლების თბილისში.
აი, როგორ გამოიყურება: შავგვრემანი და შავ პერანგში, ღონიერი, თმიანი ხელებით და გაურკვეველი პატარა სვირინგით მკლავზე, შავი, აქა-იქ თეთრგარეული თმით, დიდი ოქროს ბეჭდით არათითზე... ხელი კი სიჩქარეების რიჩაგზე ცახცახებს.
ფაუსტომ არცერთი უცხო ენა არ იცოდა. საქმე კი ასე იყო, რომ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტაცია მქონდა ინგლის-საფრანგეთის თამაშზე, რომელიც ლისაბონის ლუჟის სტადიონზე იყო დანიშნული. მე პორტოში ვცხოვრობდი და ასე გამოდიოდა, რომ ლისაბონში ნაშუადღევს უნდა ჩამოვსულიყავი, უკან კი ბოლო მატარებელს ვეღარაფრით მოვუსწრებდი. ამიტომ, იქ რამე იაფი სასტუმრო უნდა მეპოვნა.
ეს ჩვეულებრივ დროს ძნელი არ არის, მაგრამ ლისაბონში 30 ათასზე მეტი ინგლისელი იყო და ძვირიან-იაფიანად, ყველაფერი დაკავებული იქნებოდა.
რომ ჩამოვედი და აპოლონიას წინ ტაქსის რიგში ჩავდექი, ფაუსტომ მომიწია. ჩავჯექი და ვუთხარი, სასტუმრო-თქო. რომელიო. არც რომელი, რომელიც იცი-მეთქი. მოკლედ, ვიწვალე, მაგრამ გავაგებინე და მიხვდა, ფეხბურთზე რომ ვიყავი. ვიარეთ, ვიარეთ, იქ შევედით, აქ გამოვედით. არ არი, ინგლისელები არიან. კაი წვალების შემდეგ, ერთ პანსიონს მიაგნო, ალმირანტე რეიშის ქუჩაზე.
შევედით, პანსიონია. შხაპი საწოლზე დევს. მომძვრალია. კი-არა, კი-არა და ამდენ ძებნას, ავიღე. პანსიონის პატრონი კაი ეშმაკის ფეხი იყო. ინგლისურიც იცოდა. დილით რა დროს მიდიხარ, მანქანას მოგიყვან სადგურამდეო. შვიდზე მოვდიოდი, პირველი მატარებლით. ამ ლაპარაკს ფაუსტომ ვერაგობა დაატყო და რაღაც უთხრა. კაი, კაიო იმანაც და ოთახის გასაღები მომცა. იქაურობა გაჭედილ იყო ინგლისელი ბიჭებით და მგონი ბრაზილიელი, სავარაუდოდ, მეძავი გოგებით.
წამოვედით მე და ფაუსტო, ჩანთა მივაგდე და ბარემ პირდაპირ ლუჟზე წავალ-მეთქი. მიმიყვანა იქაც და მივეცი ტკბილად. ვუთხარი, ხვალ დილით ექვსზე მომაკითხავ-თქო? კიო. კი არა, დღესაც მოგაკითხავ თამაშის მერეო. ვიფიქრე, თამაშის მერე სად ვიპოვი-მეთქი და ვიუარე. მოგაკითხავო, დაიჩემა. თურმე იცის, რო სახლში ვერ წამოვალ. არა, არა-მეთქი. კაი, დილით მელოდეო.
ის თამაში ძაან მაგარი გამოვიდა. მარა, ვაი იმის მერე სახლში წამოსვლას. არც მანქანა, არც ავტობუსი. ოთხი საათის შემდეგ, ავტობუსი მიგიყვანდა აპოლონიაზე და იქ კიდევ ტაქსი უნდა გეძებნა. ბევრი ვიმოგზაურე იმ ღამეს, უზომოდ. ინგლისელები დარბოდნენ და ამბობდნენ: რანაირი ქალაქია? ტაქსი არ არის. ათასობით ინგლისელი. სად არის ტაქსის გაჩერება? ბრწყინვალედ გვიპასუხა ერთმა პოლიცელმა: სადაც ტაქსის დაინახავ.
ღამე იყო. მივაბიჯებდით ჯგუფ-ჯგუფად. ეს აქეთა მხარე, ბენფიკას უბანი საერთოდ არ ვიცოდი. მაგრამ სწორად ვიარე, დავიღალე, მაგრამ ბარე ერთი საათის შემდეგ, ნაირგვარ ინგლისელებთან ერთად, ნაცნობ ადგილამდე მოვედი - პირველ მეტრომდე, რომელიც ძველი ნამყოფობიდან ვიცან. ჩავალ-მეთქი, დაახლოებით ვიცი ის ქუჩა, სადაც ჩემი პენსაო დგას, რუკას შევხედავ... და ამ დროს გამახსენდა, რომ ქუჩის გადაღმა ის სასტუმროა, რომელშიც ოთხი წლის წინათ ვცხოვრობდი. იმის წინ კი ყოველთვის ბარე ოცი ტაქსი დგას. „ალფა ლიშბოა“ ჰქვია. მაშინ მწერალი ვიყავი, იქ რო ვცხოვრობდი, ახლა მაწანწალა ჟურნალისტი ვარ. პენსაოში ვათევ.
„ლიშბოას“ წინ ტაქსები არ არის, დგას ორასი ინგლისელი და ხელებს იქნევენ. ასე, ათ წუთში ერთი ტაქსი მოდის. ღამის თორმეტი საათია.
ვიდექი კაიხანს, რიგი კი იყო, მაგრამ არასდროს გავიდოდა. წამოვბოდიალდი და გამოთვლით დავაწექი ძალიან დაღლილი. ერთგან გავჩერდი. პატარა ბენზოგასამართია და უკან კიდევ მთლად პატარა ავტოსახელოსნო. წინ პლასტმასის სავარძელში მოხუცი კაცი ზის. უკან ზანგის ბიჭი საქმიანობს. დავდექი და დავდექი. ვფიქრობ, გაიწოვს ამ ინგლისელებს მთელი ამხელა ქალაქიდან და ღამის ტაქსებიც მომრავლდება-მეთქი.
ის მოხუცი კიდევ დაკვირვებით მიყურებს, ზანგს რაღაცას ეუბნება და ჩემსკენ ათითებს. მსჯელობენ, რა მიჭირს. როგორ დამეხმარებოდნენ, არ ვიცი, მაგრამ გული კი შესტკიოდათ. ამის დაკვირვებაში ვარ და ტაქსი არ მოსრიალდა?! გადმოვიდა და ბენზინს ასხამს, ზანგს ეძახის. სწორად დავდექი, ბენზოგასამართია.
წამიყვანე-მეთქი აქ და აქ, ვეუბნები. არაო, ბენზინს ვასხამ დილისთვისო და სახლში მივდივარო. წამიყვანე-მეთქი და საათს მაჩვენებს. ამ დროს კიდევ მოხუცი მეძახის რაღაცას. ხელით მანიშნებს. მივტრიალდი და ტაქსიდან ქალი არ გადმოდის?! ჰაი, ძიავ, წამიყვანემეთქი. დაჯეო და ფაუსტოა. ვინ დაიჯერებს? არავინ არ დაიჯერებს. ამიტომ, აღარ მოვყვები. მოხუცი კიდევ ხელს მიქნევს, ზანგი იცინის შლანგით ხელში. იმიტომ, რომ ფაუსტო რაღაცას ეუბნება. ეტყობა, ეს ბითური მთელი დღე დამყავს და ვერ მოვიშორეო.
სამი ევრო. ზუსტად ხუთ წუთში მივედით. რაც გამეხარდა გადაქანცულს, სწორად მივდიოდი.
ეგრეა, დაუჯერე ფაუსტოს.
იმან ხო იცის, რაც მოხდება თამაშის მერე. თან ბენფიკას ბალელშჩიკი იყო. ლუჟი კიდევ ბენფიკას მინდორია. წინ ეუსებიოს ძეგლი დგას.
დილის ექვს საათზე მოსრიალდა ფაუსტო და ცარიელ ქუჩებში წამასრიალა. ისე, ბედმა გამიღიმა, ღამის ცარიელი ქუჩებიც ვნახე და განთიადისაც. დილით ზღვის სუნი იყო. ოკეანის, უფრო სწორად.
კარგად-მეთქი, ფაუსტო და ვიზიტკა გამომიწოდა. რაღაცნაირი ოდნავი ჩაღიმება იცოდა.
განთიადის სადგურზე ყველაზე მაგარი რამე კაფეა.
პორტუგალიაში ყავა იხარშებააააა...
შლოს სოლიტუდ
ერთი დრო იყო და შტუტგარტის შორიახლოს, შლოს სოლიტუდში ვცხოვრობდი. იქ ხელოვნების აკადემიაა გახსნილი და ოცდათხუთმეტ წლამდე ხალხს სტიპენდიებს აძლევენ: დაჯექი და აკეთე, რაც გინდა. თუ გინდა, ნურც ნურაფერს გააკეთებ.
ეს შლოს სოლიტუდი იქაურ ჰერცოგსა და ბადენ ვიუთემბერგის მიწის პატრონს, კარლ ოიგენს აეშენებინა. ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ, მარტოობის სასახლეო, ამას ნიშნავს და ვითომც ისე დაიღალა ამა სოფლის ამაოებით, რომ აიშენა და განმარტოვდა იქა. სასახლის აივნიდან რომ გაიხედავ, ლარივით გაჭრილი გზა მოჩანს
ქალაქ ლეონბერგისკენ. კაი ხედია, ჩემმა მზემ. ეს კარლ ოიგენი იმავდროულად უკიდურესი მექალთანე და ავხორცი კაცი ყოფილა, როგორც შეეფერებოდათ მეთვრამეტე საუკუნის მმართველებს. იმ არემარეში უამრავ გლეხის ქალს მისგან შვილი ჰყოლებოდა. დატანჯული ჰყოლია ხალხი, სადღა დამალვოდნენ, აღარ იცოდნენ. ნიჩივო სებე მარტოობის სასახლე. სახელი მატყუარაა ხოლმე. ჰოდა, იმ დროს თურმე გერმანიის ქვეყნებში ბანქოს სათამაშოდ დაეხეტებოდა ჯაკომო კაზანოვა. დიახ. კაზანოვას ძმა, როგორც მახსოვს, ისედაც რომელიღაც გერმანულ სამეფოში ცხოვრობდა, მხატვარი იყო და ლაიფციგში თუ არა, მგონი დრეზდენში უამრავი რამ აქვს მოხატული. თვითონ ჯაკომო კიდევ დადიოდა და თამაშობდა, სხვა რა უნდა ექნა? შუალედებში კიდევ იმ თავის ქალებში იყო გახლართული. კრედიტორებიც ხომ ბანქოს იმედით აძლევდნენ ფულს.
ჰოდა, კარლ ოიგენს გაუგია, კაზანოვა ჩამოვიდაო და თამაშიც შეუთავაზებია. ოღონდაც, რახანღა კაზანოვას ამბავი სცოდნია და თვითონაც ხომ ასეთი გახლდათ, ჯერ მეჯლისობა უნდა გაგიმართოო. რა გასაკვირია და მეჯლისობა სხვა არაფერი იყო, თუ არა უამრავი ხალხის დაპატიჟება, როგორც იტყვიან, ქალების მორეკვა სასახლეში და ასეთი რამეები, რასაც ფელინის „კაზანოვაშიც“ ვნახავთ, ოღონდაც კაზანოვას ლონდონურ ამბებთან დაკავშირებით. გარშემო სოფლებიდან და მამულებიდან საწოლები ისესხესო. ბარე ათასი საწოლიო.
ამ ამბავს მაგიტო კი არ ვყვები. საქმე სხვა არის. კაზანოვა ლეონბერგში მდგარა სასტუმროში და კარლ ოიგენს ეკიპაჟი რომ გაუგზავნია მის წამოსაყვანად, მთელი ეს ლარივით გაჭიმული გზა, ლეონბერგიდან გორაკზე წამომდგარ შლოს სოლიტუდამდე, მაშხალებით გაუნათებია. ყოველ სამ ნაბიჯში მაშხალა ენთოო.
მაშინ დიდი სასეირო რამ იქნებოდა. იმიტომ, რომ ღამით, სასახლის აივნიდან რომ გადამიხედავს და ელექტრონით განათებული ეს სწორი და გაჭიმული მსუბუქი თავდაღმართი რომ დამინახავს, არ დამვიწყებია.
ეს კაზანოვაც შეიფერებდა, გადმოდგამდა ფეხს ეკიპაჟიდან.
ბანქოსი კი არ ვიცი. ალბათ, კაზანოვა მოიგებდა. კარლ ოიგენს ისედაც ბევრი ფული ჰქონდა.
![]() |
21 პიესა |
▲back to top |
დათო ტურაშვილი
ილუსტრაცია: მამუკა ტყეშელაშვილი
საახალწლო პიესა
შავი კეტები
(ორმოქმედებიანი სევდა თეთრი იუმორის თანხლებით)
გაგრძელება
მოქმედი პირები (და არა მხოლოდ პირები):
დედა გოია - საროსკიპოს დიასახლისი და მფლობელი
მზია - საროსკიპოს სტაჟიანი თანამშრომელი
ზეზვა - პროფესორი (საროსკიპოს შემთხვევითი კლიენტი)
მედიკო -საროსკიპოს თანამშრომელი (ორი შვილის დედა)
ლოლა - საროსკიპოს თანამშრომელი (თანამშრომლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ქალი, მაგრამ ყოველთვის მაღალ ქუსლებზე, კლიენტების მომსახურების დროსაც კი)
ბატონი გურამი - საროსკიპოს მუდმივი კლიენტი
ქალი ჯანმრთელობა - გურამის მეუღლე
პოლიციელი - მუქთა კლიენტი
დეპუტატი - საროსკიპოს ხშირი სტუმარი
მაჩო - დაღლილი ახალგაზრდა კაცი
ბიჭი - შეყვარებული კლიენტი
ბოდღო ყვალთავა - (უნებლიე კლიენტი) და მისი ორი კაცი
მედიკო და ბატონი გურამი მდუმარედ სხედან ოთახში და მედიკო სიგარეტს ეწევა.
ბატონ გურამს თავი დაბინტული აქვს და ოხრავს:
ბატონი გურამი - იმ დღეს აქედან რომ წავედი, კიბეზე ისე ცუდად გავხდი, რომ პოლიკლინიკამდე ძლივს ჩავაღწიე
მედიკო - კიდევ კარგი რომ პოლიკლინიკა აქვეა
გურამი - აქვეა მაგრამ არ მიღებდნენ, ჩვენს რაიონს არ ეკუთვნითო
მედიკო - როგორ? აქვე დაგორდი და სხვა პოლიკლინიკაში ხომ არ წახვიდოდი
გურამი - მეც ეგ არ ვუთხარი? თავი ვერ გაგიტეხია კაცს ექიმების შიშით
მედიკო - სახელის გატეხას მაინც თავის გატეხა ჯობია, ბებიაჩემი სულ ამას მეუბნებოდა
გურამი - იცოდა რომ აქ მუშაობდი?
მედიკო - ბებიაჩემი ოცი წლის წინ მოკვდა, მაშინ მე ვინ მამუშავებდა საერთოდ, მამაჩემი უმდიდრესი კაცი იყო მთელს სამეგრელოში
გურამი - შეიძლება გული უგრძნობდა, ბებიები ყველაფერს ხვდებიან...
მედიკო - (ყურადღებას არ აქცევს ბატონი გურამის სიტყვებს და თავის ამბავს აგრძელებს) მამაჩემი მართლა დიდი ქონების პატრონი იყო, საკუთარი ტრაქტორებიც კი ჰყავდა იმ დროში, მაგრამ განსაკუთრებით თავისი ხარებით ამაყობდა - იმ უზარმაზარ ხარებს ჰქონდათ სპილენძის ფეხები
გურამი - სპილენძში ერთ დროს კარგი ფული კეთდებოდა
მედიკო - მერე ქვეყანა რომ აირია და ხალხმა ტროლეიბუსების ხაზების მოპარვაც დაიწყო სპილენძის გამო, მამაჩემის ხარებსაც მიადგნენ. ხარებს რაღაცას უკეთებდნენ, აძინებდნენ და იმ სპილენძის ჩლიქებს ახერხავდნენ...
გურამი - ალბათ თურქეთში მიჰქონდათ გასაყიდად
მედიკო - მაშინ საბერძნეთი ერქვა
გურამი - და ყველაფერი დაკარგეთ?
მედიკო - ერთადერთი, რაც მამაჩემისგან დაგვრჩა, ოქროს სასმისია, რომელიც იმიტომ ვერ წაიღეს რომ მამაჩემმა სადღაც გადამალა, მაგრამ ისე გადამალა რომ სხვებმა კი არა, მერე თვითონაც ვეღარ მიაგნო
გურამი - მერე?
მედიკო - მერე ეძებდა, სანამ ცოცხალი იყო, სულ ეძებდა, მაგრამ მაინც ვერ მიაგნო და თან გადაჰყვა კიდეც, მაგის დარდმა მოკლა,
გურამი - ნაღდი ოქრო იყო?
მედიკო - სუფთა ოქრო იყო
გურამი - დიდი სასმისი იყო?
მედიკო - ყველა განსხვავებულზე დიდი
გურამი - ამდენ ოქროს გადაყვებოდა აბა რა იქნებოდა
მედიკო - არა, ოქროს კი არ დარდობდა
გურამი - (გაკვირვებული) აბა რას?
მედიკო - ოქროზე მეტად სადღეგრძელოს დაკარგვას დარდობდა
გურამი - რას?
მედიკო - იმ სასმისზე სადღეგრძელო ეწერა
გურამი - (კიდევ უფრო გაკვირვებული) რა სადღეგრძელო?
მედიკო - საიდუმლო სადღეგრძელო
გურამი - ზეპირად რატომ არ ისწავლა?
(მოულოდნელად კარზე ვიღაც დააკაკუნებს და ბატონი გურამი ინსტინქტურად წამოხტება. მიუხედავად იმისა რომ არც გაუხდია, ასევე ინსტინქტურად, მაინც საგულდაგულოდ შეიკრავს ისედაც შეკრულ კოსტუმს. მედეა კი, უხალისოდ, ცალყბად დაინტერესდება დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობით).
მედიკო - ვინ არის? (პასუხი არ არის)
მედიკო - (ისევ უხალისოდ) ვინ არის? (პასუხი არ არის, ტომ...)
მედიკო - ვინ არის?
(მედიკო პასუხს აღარ დაელოდება, წამოდგება და კარს გააღებს. კარის გაღებისთანავე ოთახში ენერგიულად შემოაბიჯებს აშკარად ჯანმრთელი ქალი, რომელიც ბატონი გურამის ცოლი აღმოჩნდება და შემოსვლისთანავე ბატონ გურამს ისე სწრაფად მიუახლოვდება, რომ იმავე ოთახში სხვა ქალის არსებობას, არც შეიმჩნევს)
გურამის ცოლი - (ჩანთიდად ბინტს, ბამბასა და მალამოს ამოიღებს) ყველგან ასე უნდა გსდიო ბავშვივით? ხომ გასაგებად გვითხრა ექიმმა რომ საფენები ყოველ სამ საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ
(ცოლი ჯერ ძველ საფენს მოხსნის ბატონ გურამს და მერე მალამოსა და ბამბას საგულდაგულოდ დაადებს ქმარს და ბინტითაც ხელახლა შეუხვევს ჭრილობებს. დაბნეული და გაკვირვებული ბატონი გურამი ძალიან უხერხულად გრძნობს თავს და ამიტომაც საკმაოდ გაუბედავად მიმართავს თავის ცოლს)
ბატონი გურამი - აქ როგორ მომაგენი?
გურამის ცოლი - (ჩანთიდად წამალს ამოიღებს და მოულოდნელად მიმართავს მედიკოს) ერთი ჭიქით წყალი გენაცვალე, თუ შეიძლება
(გურამის ცოლი მიმართავს მედიკოს, ვისთანაც წუთის წინ ქმარს შეუსწრო, მაგრამ ისე მიმართავს, რომ მის არსებობას ამ ოთახში, კვლავ არ იმჩნევს)
ბატონი გურამი - მე შემოვიტან წყალს
(ბატონი გურამი წამოდგება, მაგრამ მედიკო მაშინვე მიხვდება რომ წყალი საუკეთესო მიზეზია ამ ოთახიდან გასასვლელად და კარებისკენ წავა)
გურამის ცოლი - (გურამს, როცა მარტონი დარჩებიან ოთახში) წამალი არ უნდა დაგელია? რომ გამოვარდები ხოლმე სახლიდან, ყველაფერზე მე უნდა ვიფიქრო?
ბატონი გურამი - აქ როგორ მომაგენი?
გურამის ცოლი - ანტიბიოტიკების დალევა ასეთ დროს აუცილებელია, მაგრამ გესმის ჩემი? გესმით ჩემი? ან შენ, ან შენს შვილებს?
ბატონი გურამი - აქ როგორ მომაგენი?
გურამის ცოლი - შვილებიც იმიტომ არ მიჯერებენ რომ შენ არაფერს მიჯერებ და ამას ხომ ისინიც ხედავენ...
(კარს მედიკო შემოაღებს წყლიანი ჭიქით ხელში და გურამის ცოლი ისე გამოართმევს მას ჭიქას რომ ამჯერადაც არ შეიმჩნევს მედიკოს არსებობას)
ბატონი გურამი - (მედიკოს) მადლობთ
(გურამის ცოლი ქმარს ენაზე წამალს დაუდებს და წყალსაც ისე მიაყოლებინებს, როგორც მხოლოდ ავადმყოფ ბავშვებზე ზრუნვისას იციან ხოლმე ქართველმა დედებმა)
გურამის ცოლი - (უფრო თავისთვის) ოღონდ შენი იყავი კარგად და ჩვენს შვილებს არაფერი მოაკლო და მე ყველაფერს ავიტან და ყველაფერს გავუძლებ. სადაც გინდა იქ იარე და რაც გესიამოვნება ის გააკეთე, ოღონდ მე ნუ დამანახებ და მე ნუ მეცოდინება. ოღონდ არაფერი მოგვაკლო და...
(გურამის ცოლი ცრემლებს ვეღარ იკავებს და სლუკუნით ტოვებს ოთახს, სადაც მხოლოდ ბატონი გურამი და მედიკო რჩებიან და სინათლეც ნელ-ნელა ქრება).
ბიჭი ზურგით ეყრდნობა ლოლას ზურგს და სიგარეტს კი ისე გემრიელად ეწევა, როგორც მხოლოდ სექსის შემდეგ უყვართ ხოლმე გაბოლება მწეველი მამაკაცების უმრავლესობას.
ლოლა - გახსოვს რა მკითხე?
ბიჭი - როდის?
ლოლა - ბოლოს რომ იყავი
ბიჭი - მაღალ ქუსლებზე?
ლოლა - არა. თანაც უკვე აღარ მაცვია (ლოლა მარჯვენა ხელით აწევს ორივე ფეხსაცმელს და ბიჭს ღიმილით აჩვენებს)
ბიჭი - რატომ! აღარ მოგწონს?
ლოლა - არც არასოდეს მომწონდა
ბიჭი - მაგრამ ყოველთვის გეცვა ხოლმე
ლოლა - კლიენტებთან ყოველთვის მაცვია
ბიჭი - მე აღარ ვარ შენი კლიენტი?
ლოლა - შენ უსახელო კლიენტი ხარ და თანაც უფლისციხელი
ბიჭი - რა გკითხე?
ლოლა - რატომ უყვარდებათ ქართველ კაცებს პუტანკები ასე ადვილად
ბიჭი - არ ვიცი. მითხარი
ლოლა - რომ გითხრა, გეწყინება
ბიჭი - მითხარი
ლოლა - ჯერ შენი სახელი მითხარი. რატომ არ მეუბნები?
ბიჭი - აფრიკაში რომ მივდიოდით...
ლოლა - (აწყვეტინებს) აფრიკაში რა გინდოდა?
ბიჭი - კილიმანჯაროზე მივდიოდით, მწვერვალზე
ლოლა - მთამსვლელი ხარ?
ბიჭი - ზოგჯერ
ლოლა - (ღიმილით) მერე?
ბიჭი - ჩვენ მივდიოდით ტანზანიის გზით და გაგვაფრთხილეს რომ ტანზანიაში დღემდე ცხოვრობს კანიბალების ერთი ტომი, რომელიც შეიძლება უცებ შეგხვდეს სადმე კილიმანჯაროს მისადგომებთან. შეგეშინდა?
ლოლა - რომელი კანიბალი შემაშინებს ბიჭო, კანიბალების მეტი რა მინახავს
ბიჭი - (გულწრფელად გაკვირვებული) სად?
ლოლა - აქ ძირითადად კანიბალები მოდიან. დედა გოიას ვეძახი ხოლმე საშველად, თორემ მთლიანად შემჭამდენ
ბიჭი - მეც კანიბალი ვარ?
ლოლა - არა, მთამსვლელი ხარ, შენ არ მითხარი?
ბიჭი - მე არ გეხუმრები
ლოლა - შენ არ მეხუმრები, მაგრამ მე რომ არ ვიხუმრო ზოგჯერ მაინც, აქ შეიძლება გავგიჟდე
ბიჭი - აქ ყოფნა რომ არ გინდოდეს, წახვიდოდი...
ლოლა - (აწყვეტინებს) ქართულად როგორ ჰქვია: კეტები თუ კედები?
ბიჭი - კეტები. კედები რუსულად ჰქვია
ლოლა - ესე იგი კეტები ქართულია?
ბიჭი - არც კეტებია ქართული, იმიტომ რომ მანადმე ეგ სიტყვა საერთოდ არ გვქონდა
ლოლა - რატომ არ გვქონდა?
ბიჭი - იმიტომ რომ კეტები არ გვქონდა.
ლოლა - (ღიმილით) შენ მთასვლელი ხარ თუ ენათმეცნიერი?
ბიჭი - ღამ-ღამობით კარავში სხვა რა საქმე მაქვს, როცა არ მეძინება, გავიხდი წინდებს, საძილეში ჩავთბები და ვფიქრობ...
ლოლა - წინდების გარეშე არ გცივა?
ბიჭი - ნასკები მაინც მაცვია. აი ხომ ხედავ, ადრე არც ეს სიტყვა გვქონდა ქართველებს და ნასკებსაც წინდებს ვეძახით, არადა ნასკი სხვაა და წინდა სხვა.
ლოლა - ნასკის შესატყვისი რატომ არ გვქონდა?
ბიჭი - იმიტომ რომ ნასკები არ გვქონდა
ლოლა - აბა გიორგი სააკაძეს რა ეცვა?
ბიჭი - (ღიმილით) შავი კეტები
ლოლა - შიშველ ფეხებზე?
(ბიჭს გაეცინება და ლოლას ლოყაზე აკოცებს, მერე ძალიან სერიოზულ სახეს მიიღებს და აშკარად რაღაც მნიშვნელოვანის თქმას დააპირებს, მაგრამ უცებ კარებზე დააკაკუნებენ, რასაც დედა გოიას აღშფოთებული ხმაც მოჰყვება):
დედა გოია - (გარედან) დრო უკვე გავიდა!
ლოლა - (წამოდგება და კარებთან მივა) ჩემი დრო მიდის, შენ რა გენაღვლება
დედა გოია - ხალხია მოსული
ლოლა - ჯგუფებს მე არ ვემსახურები
დედა გოია - არა გოგო, ქალები არიან, არასამთავროები, ჰუმანიტარული დახმარება მოგვიტანეს
ლოლა - ხომ იცი რომ სოიოს კატლეტებს ვერ ვიტან და ყველაფერი ნამდვილი მიყვარს
(ბიჭი წამოდგება და კიდევ ერთხელ აკოცებს ლოლას)
ბიჭი - მე წავედი, დედა გოიას ნუ გააბრაზებ
ლოლა - აფრიკის ამბავი?
ბიჭი - მერე მოგიყვები
ლოლა - მერე როდის?
ბიჭი - როცა მოვალ...
(მისაღებ ოთახში ყველანი ერთად არიან, საროსკიპოს სტუმრები - ფემინისტი ქალები სკამებზე სხედან, ხოლო მასპინძლები, საროსკიპოს თანამშრომლები, ფეხზე დგანან. მხოლოდ ლოლა ზის იატაკზე ფეხმორთხმით და უყურადღებოდ უსმენს მათ დიალოგს).
დედა გოია - (სტუმრებს) ჩაის ინებებთ თუ ყავას?
ერთ-ერთი ფემინისტი ქალი - მგონი პირდაპირ საქმეზე გადავალთ. უკვე გითხარით რომ ჩვენ ვართ ფემინისტური ორგანიზაცია და ვიბრძვით ქალთა უფლებებისათვის საქართველოში, ვიბრძვით თანასწორობისათვის, ვიბრძვით ძალადობისა და გენდერული ბალანსის დარღვევის წინააღმდეგ...
ლოლა - (აწყვეტინებს) და ჩვენ გიშლით ხელს?
ფემინისტი ქალი - ამის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ რადგანაც თქვენ ბრძანეთ, ეს იმას ნიშნავს რომ თვითონაც კარგად გესმით რა სამსახურს უწევთ მამაკაცებს, რომლებიც თქვენგან სიამოვნებას ყიდულობენ...
მედიკო - მაგრამ სიამოვნებას ჩვენც ვიღებთ მათგან, გარდა ფულისა
ფემინისტი ქალი - (გაოცებული) როგორ?
მზია - სხვადასხვანაირად. ისე ზოგმა კი იცის ხოლმე - ისე გეტაკება რომ სიამოვნებასაც არ დაგაცლის...
ფემინისტი ქალი - (აწყვეტინებს და დანარჩენ ფემინისტებს უფრო გაოცებული სახით გადახედავს) ჩვენ გვეგონა, კი არ გვეგონა, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით რომ თქვენი სახით თანამოაზრეებთან გვექნებოდა საქმე, რადგან თქვენ ყველაზე კარგად იცით თუ რა საზიზღარია ნებისმიერი მამაკაცი, ვისთვისაც ქალი მეორეხარისხოვანი ადამიანია...
მედიკო - ჩვენ მაგათთვის პირიქით ვართ
მზია - კი გვეზიზღებიან, მაგრამ მაგათ გარეშე აბა რა ვაკეთოთ
ფემინისტი ქალი - თქვენ მგონი ვერ გამიგეთ, ან მე ვერ აგიხსენით კარგად
დედა გოია - ისეთი კარგი მოსმენა იციან ჩემმა გოგოებმა
ფემინისტი ქალი - მე იმის თქმა მინდოდა რომ თუ ჩვენს უფლებებზე ჩვენ თვითონ არ ვიზრუნეთ, ქართველი კაცები ისევ გააგრძელებენ ოჯახურ ძალადობას ქალების წინააღმდეგ, ისევ ცემენ და ისევ დაჩაგრავენ ცოლებს
მზია - ჩვენთან პირიქითაა, ძირითადად ისეთი კაცები მოდიან აქ, ცოლებს რომ ვერ უძლებენ
მედიკო - პირიქით, ჩვენზე გიჟდებიან, ცოლები რომ აწუხებენ ხოლმე, აქ მოდიან და ჩვენ ვაწყნარებთ ხოლმე. საჩუქრებსაც გვჩუქნიან და შარშან ახალი წელი ერთად გავატარეთ. აქ ტევა არ იყო, იმდენი კლიენტი მოვიდა. იმდენი ვიცეკვეთ, რომ დედა გოიამ დილისკენ ბეჭი ამოიგდო და ასკურავასთან წავიყვანეთ, კიდევ კარგი სახლში დაგვხვდა...
დედა გოია - ალბათ წელსაც მოვლენ ჩვენი კლიენტები და ახალი წლის ღამეს ისევ ერთად გავატარებთ...
ფემინისტი ქალი - (მართლა ძალიან გაკვირვებული) ჩვენ კი გვეგონა რომ თქვენი უფლებები ილახებოდა, თქვენ შეურაცხყოფას გაყენებდნენ, გჩაგრავდნენ...
დედა გოია - როგორ გეკადრებათ, ამათ ვინმეს დავაჩაგრინებ? ეს ბეჭი მარტო ერთხელ კი არა მაქვს ამოგდებული და თანაც მარტო ცეკვისგან. რამდენჯერაც ვინმემ აქ რამე დააპირა, იმდენჯერაც ღრანჭებში მიიღო.
(დედა გოია მარჯვენა მუშტს შეკრავს და სტუმრების საჩვენებლად დაატრიალებს)
ფემინისტი ქალი - ჩვენ კი გვეგონა დახმარება გჭირდებოდათ და პრეზერვატივები წამოგიღეთ, მართალია ბევრი არ არის, მაგრამ რამდენიც შევძელით, იმდენი შევაგროვეთ ჩვენი დონორების დახმარებით...
დედა გოია - უი ღმერთიც გიშველით, თორემ მთელი ფული მაგაში გვეხარჯება. ადრე ერთი დეპუტატი გვამარაგებდა ხოლმე ოპტამ და იაფად, მაგრამ მერე ცოლმა გაუგო და კარგა ხანია საერთოდ აღარ გამოჩენილა. არადა ეს ქართველი კაცები, ხომ იცით ბავშვებივით არიან: ზოგმა მოხმარებაც არ იცის და წელავენ და ხეთქავენ, ზოგი ბუშტივით ბერავს და სკდება. იცით რამდენი გვიფუჭდება? რას ამბობთ, ღმერთიც გიშველით, დიდი მადლობა...
(გაკვირვებული სტუმრები ნაძალადევი ღიმილით ემშვიდობებიან მასპინძლებს და მხოლოდ ლოლა ზის გაუნძრევლად, თუმცა გასვლისას მაინც დააწევს სტუმრებს უპასუხო კითხვას):
ლოლა - ბოლოს როდის ისიამოვნეთ?
(როცა ოთახში მხოლოდ საროსკიპოს თანამშრომლები დარჩებიან, გაბრაზებული დედა გოია ლოლას მიმართავს):
დედა გოია - ხალხი დასახმარებლად იყო მოსული და არ შეგეძლო რომ მადლობა მაინც გეთქვა?
ლოლა - ჩვენ როგორ უნდა დაგვეხმარონ? დახმარება თვითონ უფრო სჭირდებათ
მზია - (აშკარად განმუხტვის მიზნით) მარჯვენა ხელისგული რომ გეფხანება, რას ნიშნავს?
მედიკო - ფული მოდის
მზია - მარცხენა?
მედიკო - ფული მოდის
მზია - და რა განსხვავებაა?
ლოლა - მარცხენა რომ გეფხანება, კონვერტირებადი ფული მოდის
მზია - ცხვირი რომ გეფხანება?
ლოლა - ესე იგი კაიფში ხარ...
(სინათლე ქრება და ინთება ოთახში, სადაც მზია გაოგნებული დაჰყურებს საწოლზე მიმოფანტულ უამრავ ფულს. მკითხველისა და მომავალი მაყურებლისათვის უკვე ნაცნობი კლიენტი მაჩო იქვე დგას ძალიან კმაყოფილი სახით და სიამოვნებით იფხანს ცხვირსა და ყვერებს მორიგეობით).
მზია - მთელი დღე ხელისგულები მეფხანებოდა, ვფიქრობდი ნეტა რა მჭირს-მეთქი
მაჩო - ხო შეგისრულე ჩემი დაიკო, ეს სულ შენია
მზია - გაგიჟდება ოთარი სიხარულისგან, ხვალვე გავუგზავნი ბილეთის ფულს
მაჩო - ოთარი ვინ არის?
მზია - ოთარი ჩემი ქმარია, ნიუ-იორკში ჩარჩა და უკან უნდა დავაბრუნო
მაჩო - ჩემი დაიკო, ამდენ ფულს იმიტომ გჩუქნი რომ ჩემს გარდა არავის მისცე
მზია - ჩემი ქმრის დარდი არ გქონდეთ, ამისთვის არ ჩამომყავს, მაგრამ სხვა კლიენტებს რა ვუყო, არ ვიცი, დედა გოია აქ აღარ გამაჩერებს
მაჩო - სხვა სამსახურს მე მოგიძებნი ჩემი დაიკო, მამაჩემი მთავარი ექიმია და ხო აზზე ხარ...
მზია - მამათქვენი ხომ იურისტია
მაჩო - ვინ გითხრა ჩემი დაიკო
მზია - მედიკომ მითხრა
მაჩო - როდის?
მზია - იმ დღეს, აქ რომ იყავით და ცოტა რომ გაგეპარათ
მაჩო - ჩემი დედას შევეცი თუ მე რამე გამეპარა
მზია - სულ ცოტა იყოო მედიკომ, ეტყობა რაღაცამ გაწყინათ
მაჩო - ეხლა მაგრა მაწყენინებ ჩემი დაიკო
მზია - თქვენი წყენინება სულ არ მინდოდა, დედა გოიაც სულ გვეუბნება რომ კლიენტი ყოველთვის მართალია და ეს არის კარგი მენეჯმენტის მთავარი საფუძველი...
მაჩო - მენეჯმენტის მეც მაგარი აზზე ვარ, უბანში წამალს მე ვანაწილებ
მზია - ვაიმე რამდენი წამალი დამჭირდა ამასწინათ კენჭის გავლა რომ მქონდა, მთელი ფული წამლებში დავხარჯე, მერე ვაშაძემ მიშველა, ღმერთიც გაახარებს...
მაჩო - სინათლე ჩავაქროთ და თან საქმეს მივხედოთ, ჩემი დაიკო
(მზია სინათლეს ჩააქრობს და სიბნელეში ისმის მათი დიალოგის, უფრო ხშირად კი მზიას მონოლოგის ხმა სექსის პარალელურად)
მზია - ჯვარი გწერიათ, მაგრამ თქვენც თუ რამე აგტკივდებათ, პირდაპირ ვაშაძეს უნდა მიაკითხოთ. მიხვალთ ქავთარაძეზე რომ ლეჩკომბინატია იქ და იკითხავთ დავით ვაშაძეს, რიგები კი არის ხოლმე, მაგრამ...რას აკეთებთ? არა, მანდ არა, ცოტა ქვემოთ, მიაგენით? ხო აი ეგრე...
მაჩო - მაცალე რა თუ ჩემი და ხარ!..
მზია - კი ბატონო, როგორც თქვენ გესიამოვნებათ, მე უბრალოდ დახმარება მინდოდა, ვიფიქრე არ გაწვალდეს-მეთქი. ასეთი შემთხვევები, სხვათა შორის, ძალიან ხშირია და ხშირად ვერ აგნებენ იმიტომ რომ ადრე ჭავჭავაძეზე რომ ლეჩკომბინატია, იქ იყო ვაშაძე და მერე გადავიდა ქავთარაძეზე...
მაჩო - (აწყვეტინებს) ცოტა შენც დამეხმარე და გაინძერი რა, ამდენ ლაპარაკს
მზია - კი გენაცვალე, აბა მე აქ რისთვის ვარ, აბა მე აქ სხვა რა საქმე მაქვს, თქვენ ისეთი პატივი მეცით, როგორ გადაგიხადოთ არც კი ვიცი. დედა გოია გაიგებს, თორემ სხვა კლიენტები რაღად მინდა. ამდენ ფულს თუ მომცემთ ხოლმე, სხვებს აღარც გავეკარები
მაჩო - ცოტა შენც იმოძრავე რა თუ ჩემი და ხარ
მზია - ა ბატონო. ექიმი კი მეუბნება ზედმეტ მოძრაობას მოერიდე, თირკმელებისთვის არ ვარგაო, მაგრამ თქვენ უარს როგორ გეტყვით, ოღონდ თქვენ ისიამოვნეთ და კენჭის გავლა თუ გამიმეორდა, აგერ არ არის დათო ვაშაძე? უიმე სულ სველი ხართ, საერთოდ ხშირად იცით ხოლმე ოფლიანობა?
მაჩო - გაჩუმდი რა შენი დედა მოვტყან!
მზია - კი ბატონო, სულ გავჩუმდები, მაგრამ საწყალი დედაჩემი რომ მოსწრებოდა ოთარის დაბრუნებას, როგორ გაუხარდებოდა. რომ იძახიან სიდედრებს სიძეები არ უყვართო, ტყუილი ყოფილა. ცხონებული დედაჩემი გიჟდებოდა ისე უყვარდა ოთარი. არც იცის დედაჩემის ამბავი, რომ ჩამოვიყვან, მერე ვეტყვი. არ ვუთხარი, რატომ უნდა მეთქვა, მე მგონი სწორად მოვიქეცი. თქვენ რაღას შვებით, ვეღარ დაამთავრეთ? მოვკდი, აღარ შემიძლია, მეც ხომ ადამიანი ვარ?!...
მაჩო - (დგება, სიბნელეში ტანსაცმელს ეძებს) სინათლე!
(მზია სინათლეს ანთებს და კარებისკენ მიმავალ მაჩოს ისე აცილებს რომ მაინც არ ჩერდება და ისევ ლაპარაკობს)
მზია - არ გადადოთ და აქედანვე წადით ვაშაძესთან, ახალგაზრდა კაცი ხართ და ყველაფერი წინ გაქვთ, მაგრამ არ აგერიოთ, ადრე იყო ვაკეში რომ ლეჩკომბინატია, იქ და ახლა უკვე ქავთარაძეზეა, საბურთალოზე გადავიდა, საბურთალო ხომ იცით სადაც არის?..
(მზია ისევ აგრძელებს ლაპარაკს, მაგრამ მაჩო უკვე წასულია, აღარაფერი ესმის და სინათლეც ისევ ქრება)...
(სინათლე ინთება ოთახში, სადაც მედიკო წევს და ქვედასაცვლის ამარა შემოსილი დეპუტატი კი სკამის ზურგზე გადაკიდებულ თავის კოსტუმს ყურადღებით აკვირდება. მერე კოსტუმის საყელოზე დახრახნილ დეპუტატის სამკერდე ნიშანს დააორთქლავს და ცხვირსახოცს ფრთხილად გადაუსმევს, მერე კი მაჯის საათს დახედავს და მედიკოსკენ შებრუნდება)
დეპუტატი - ერთსაც მოვასწრებთ
მედიკო - კი ბატონო, მაგრამ სულ ორი წუთი დამასვენეთ, ხომ შეიძლება და ხომ შეიძლება თან რაღაც გკითხოთ?
დეპუტატი - გისმენთ
მედიკო - ჩვენ საკმაოდ ბევრი კლიენტი გვყავს და იცით რა მაინტერესებს? აქ ვინც მოდის, ჯანმრთელი სტუდენტების გარდა, მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეუძლიათ და სრულიად მესმის მათი, ჩვენ ისეთი წლები გამოვიარეთ, არა დენი, არა გათბობა, ცისტიტი, პროსტატიტი...თქვენ კი, ღმერთმა გაძლება მოგცეთ, მაგრამ ყველასაგან განსხვავებული, ასე ვთქვათ ამ მხრივ ძალიან გამორჩეული ხართ ჩვენი სხვა კლიენტებისგან,...
დეპუტატი - (აწყვეტინებს) მაგრამ მე ხომ დეპუტატი ვარ და მევალება კიდეც ვიყო საუკეთესო
მედიკო - მაგრამ საიდან ამდენი ძალა და ენერგია?
დეპუტატი - ხომ გითხარით რომ მე დეპუტატი გახლავართ და პარლამენტის სხდომები ზოგჯერ მთელი დღის მანძილზე გრძელდება და შუადღის ძილი, ენერგიის აღსადგენად, საუკეთესო საშუალებაა. აი ერთხელ თქვენც სცადეთ დღისით დაძინება და ნახავთ მაშინვე როგორ იგრძნობთ ახალ ძალებს...
მედიკო - რას ამბობთ ბატონო, შუადღისას ძილს ვინ დამაცლის. ღამე ხომ არ გვძინავს და არ გვძინავს და ზოგჯერ დღისითაც იმდენი კლიენტი გვყავს, რომ ზედ მეძინება ხოლმე...
დეპუტატი - ასე როგორ შეიძლება, უნდა მიხედოთ თავს, თქვენ თუ არ იზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე, სხვა არავინ მოიცლის თქვენთვის, არავინ! დამიჯერეთ, სხვა არავინ იზრუნებს თქვენზე! მე დეპუტატი ვარ და ვიცი რასაც გეუბნებით
მედიკო - დიდი მადლობა რჩევისათვის, აქ ზოგჯერ ისეთი ხალხი მოდის, არც კი დაგელაპარაკებიან წესიერად, ნეტა ყველა თქვენსავით შეგნებული ადამიანი იყოს
დეპუტატი - რას ბრძანებთ, ჩვენი მოვალეობა ხომ სწორედ ეს არის: ვიყოთ ხალხთან რაც შეიძლება ახლოს. მართლა ისე კი არ არის, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ რომ პარლამენტში ფულის საშოვნელად მივედით. ფული მანამდეც იმდენი მქონდა რომ მთელ ოპოზიციას ვიყიდი რომ მოვინდომო, მაგრამ რად მინდა
მედიკო - მართალი ბრძანდებით, რად გინდათ, მე თქვენ გეტყვით და რამეში გამოგადგებათ რომელიმე. მე არ ვიცი რისი მაქნისია ოპოზიცია? ჩვენთან არ დადიან ხოლმე?!.. ისე გვაწვალებენ ხოლმე რომ ვერ წარმოიდგენთ, ზოგს ნისიადაც უნდა ხოლმე და ერთი ჩვენც გვკითხონ ნისიად როგორია ოპოზიციის მხარდაჭერა. თქვენ ხომ უმრავლესობაში ხართ?
დეპუტატი - რა თქმა უნდა, მე ყოველთვის უმრავლესობაში ვიყავი და ყოველთვის უმრავლესობაში ვიქნები. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ყოველთვის ხელისუფლებას დავუჭერ მხარს. მე ასე გამზარდეს, მე ოჯახში ვიზრდებოდი ზოგიერთებისაგან განსხვავებით და არა ქუჩაში
მედიკო - არ შეგვჭამეს ამ ქუჩა-ქუჩა წანწალით და მიტინგებით? თან რომ არ ეზარებათ ეს ქუჩაში დგომა. თვითონ არაფერს აკეთებენ და სხვას მაინც აცალონ ასფალტის დაგება და მერე ტკეპნონ რამდენიც უნდათ
დეპუტატი - ამას ყველას კი ვერ შეაგნებინებ, აბა თქვენ უნდა იყოთ აქ და ოპოზიციის ზოგიერთი ვაიდეპუტატი პარლამენტში? ისე თუ გიფიქრიათ დეპუტატობაზე?
მედიკო - ერთხელ გათხოვილი უკვე ვიყავი, ორი შვილიც მყავს, მაგრამ ჩვენი პროფესიის ხალხი მაინც ძირითადად სულ ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, ჩვენ მაინც სულ ოჯახურ კერაზე ვოცნებობთ, ნამდვილ სიყვარულზე, ყვავილებზე...
დეპუტატი - (აწყვეტინებს) მერედა ვინ გითხრათ რომ ოჯახის შექმნა ხელს შეგიშლით, პირიქით, ახალი არჩევნები ახლოვდება, ჩვენი სიით გახვალთ პარლამენტში, თქვენ იქნებით
დედა-დეპუტატი ზღვა გამოცდილებით
მედიკო - რას ამბობთ, ჩემი გამოცდილება თქვენ აბა რაში გამოგადგებათ
დეპუტატი - როგორ გეკადრებათ, თქვენ იმდენი რამ გინახავთ, იმდენი განსხვავებული შეგხვედრიათ
მედიკო - რას ამბობთ, არ გეწყინოთ, მაგრამ კაცები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ბოდიში და ყველას ერთნაირი აქვს
დეპუტატი - თქვენ ვერ გამიგეთ, მე იმას ვგულისხმობ რომ უამრავი განსხავებული ადამიანი გინახავთ და მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვთ
მედიკო - და რა უნდა გავაკეთო?
დეპუტატი - პიარს ჩაიაბარებთ, საზოგადოებასთან ურთიერთობას გაუძღვებით, ფაქტიურად იგივეს გააკეთებთ, რასაც ახლა აკეთებთ, ოღონდ იმის გარეშე, ხომ გესმით…
მედიკო - იცით რა? მიჩვევა ცოდნია და იმის გარეშე, შეიძლება ცოტა გამიჭირდეს
დეპუტატი - მაგრამ იმ დროს ხომ უკვე ქმარი გეყოლებათ
მედიკო - უი, სულ დამავიწყდა
დეპუტატი - (საათს დახედავს) უნდა გავიქცე, კომიტეტის სხდომა გვაქვს და ვერ გავაცდენ
მედიკო - ვაიმე, კიდევ ერთხელ რომ გინდოდათ, ვეღარ მოასწრებთ? სულ ჩემი ბრალია, ამდენი ვიქაქანე და მგონი შეგაწუხეთ კიდეც
დეპუტატი - არა უშავს, ამ დღეებში არდადეგები გვეწყება და ისე გამოვივლი რომ ყველაფრის დრო გვქონდეს
მედიკო - მალე გამოივლით?
დეპუტატი - აუცილებლად
მედიკო - მაშინ პროგრამა წამომიღეთ
დეპუტატი - რა პროგრამა?
მედიკო - თქვენი, პოლიტიკური პროგრამა, ხომ გაქვთ?
დეპუტატი - არ ვიცი, მაგრამ ვიკითხავ და თუ არის რამე, აუცილებლად წამოვიღებ
მედიკო - დიდი მადლობა
დეპუტატი - რისი მადლობა
(დეპუტატი მიდის, მედეა კი ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი სახით ემშვიდობება სტუმარს და სინათლეც ქრება)...
(ნახევრადგანათებულ ოთახში, ჩუმად სხედან ლოლა და ბიჭი და სიჩუმეს ბიჭი არღვევს)
ბიჭი - შეყვარებული ყოფილხარ?
ლოლა - (ღიმილით) აფრიკის ამბავს რატომ არ მიყვები?
ბიჭი - შეყვარებული ყოფილხარ?
ლოლა - შენ?
ბიჭი - მე ყოველთვის შეყვარებული ვარ
ლოლა - ასე ადვილია?
ბიჭი - ყოფილხარ შეყვარებული?
ლოლა - ერთხელ
ბიჭი - ერთხელ შეყვარებული ყველა ყოფილა
ლოლა - მეც ყველა ვარ
ბიჭი - შენ ერთადერთი ლოლა ხარ და სხვა ლოლა არც არასოდეს შემხვედრია
ლოლა - ლოლა ბებიაჩემს ერქვა და მართალი ხარ, ვერსად შეგხვდებოდა, შროშაში ცხოვრობდა, მაგრამ გზის პირას არ იდგა თიხის დოქებით, ამბობდა ქართულ მიწას ვერ გავყიდიო
ბიჭი - (ღიმილით) იმ ბიჭს რა ერქვა?
ლოლა - ვის?
ბიჭი - ვინც გიყვარდა
ლოლა - რა მნიშვნელობა აქვს
ბიჭი - მე თუ მგავდა
ლოლა - შენ არ გგავდა, პრეზერვატივს ვერ ხმარობდა
ბიჭი - არ გეხუმრები
ლოლა - არც მე გეხუმრები, აკადემიაში სწავლობდა ფერწერაზე და სალვადორ დალიზე გიჟდებოდა. სალვადორ დალი კი იცი რას ამბობდა?
ბიჭი - რას ხატავდა ვიცი, მაგრამ რას ამბობდა, არ ვიცი
ლოლა - სალვადორ დალი ამბობდა რომ პრეზერვატივით სექსი იგივეა, აირწინაღით ყვავილს რომ უსუნოო
ბიჭი - მე არ გეხუმრები
ლოლა - არც მე გეხუმრები, იმასაც ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჩემზე მეტად სალვადორ დალი უყვარდა
ბიჭი - მერე?
ლოლა - მერე არჩევანი გააკეთა და წავიდა
ბიჭი - მერე?
ლოლა - (ღიმილით) მერე შენ წახვედი აფრიკაში და აღარ მომიყევი კანიბალების ამბავი, ტანზანიაში რომ შეგხვდნენ
ბიჭი - არ შეგვხვედრიან, მაგრამ გაგვაფრთხილეს რომ შეიძლება შეგხვდნენო
ლოლა - ამის მოყოლა გინდოდა?
ბიჭი - (ღიმილით) არა. გაგვაფრთხილეს რომ თუ შეგხვდებიან, ღამე ცეცხლის პირას მიგიპატიჟებენ და რაზეც გინდათ ესაუბრეთ, ოღონდ თქვენი სახელები არ უთხრათო
ლოლა - რატომ?
ბიჭი - იმიტომ რომ ვისი სახელიც არ იციან, იმას თურმე არ ჭამენ, ასეთი ტრადიციის
ტომია
ლოლა - ამიტომ არ მეუბნები შენს სახელს? ნუ გეშინია, არ შეგჭამ...
ბიჭი - ერთ ამერიკელ ქალს ძალიან ეშინოდა კანიბალების, იქ გავიცანით კილიმანჯაროზე, ეშინოდა მაგრამ მაინც მოდიოდა ჰემინგუეის სიყვარულით.
ლოლა - მეც წაკითხული მაქვს
ბიჭი - ვიცი
ლოლა - მერე?
ბიჭი - თავიდან ჩვენც კანიბალები ვეგონეთ, მერე კი ძალიან დაგვიმეგობრდა, საქართველოზე ყველაფერს მეკითხებოდა დაწვრილებით და რითი დაგეხმაროთო, აღარ მოგვეშვა
ლოლა - ამერიკელებმა ეგრე იციან
ბიჭი - ბოლოს ძალიან რომ შეგვაწუხა ყველაზე მეტად რა გაკლიათ და რა გიჭირთო, გავეხუმრე სახანძრო მანქანები გვიჭირს და არ გვყოფნის-მეთქი
ლოლა - ხუმრობა შენც გიყვარს
ბიჭი - გამომართვა კოორდინატები და დაგვემშვიდობა. ჩვენც თბილისში დავბრუნდით და სამი თვის შემდეგ ფოთიდან დამირეკეს, თქვენ სახელზე სახანძრო მანქანა ჩამოვიდა ამერიკიდან და წაიყვანეთო
ლოლა - ალბათ აღარც გახსოვდა
ბიჭი - ის ქალი კი მახსოვდა, მაგრამ მაინც ხუმრობა მეგონა და ფოთიდან კი ყოველდღე მირეკავდნენ ჩამოდით და მანქანა წაიყვანეთო
ლოლა - და რა ქენი?
ბიჭი - მივედი მეხანძრეებთან და ვუთხარი ასეთი ამბავია და ამერიკულ სახანძრო მანქანას გჩუქნით-მეთქი და გაგიჟდნენ სიხარულისგან. თურმე მართლა არ ყოფნიდათ სახანძროები და მე რა ვიცოდი
ლოლა - ჩამოიყვანეს?
ბიჭი - თვითონ ჩამოიყვანეს ფოთიდან თბილისში და ახლაც ამერიკული ნომრები უკეთია, ყველაზე დიდი სახანძროა საქართველოში და ყველაზე დიდი გასაშლელი ბალიში აქვს. მეათე სართულიდანაც რომ გადმოხტე, თუ ქვემოთ ეგ ბალიში დაგახვედრეს, ვერაფერს გაიგებ, ისე დაფრინდები
ლოლა - არც შემეშინდება?
ბიჭი - რომ შეგეშინდება, უკვე გაღიმებულ მეხანძრეებს დაინახავ. იცი რა კარგი ხალხია, ადრე მეგონა რომ მარტო დომინოს თამაში იცოდნენ
ლოლა - ესე იგი მეხანძრეებს კარგად იცნობ და აქედან თუ გავიქცევი, სამსახურის მოძებნაში დამეხმარები
ბიჭი - სახანძროში ქალებს არ იღებენ
ლოლა - ესე იგი ფემინისტები მართლები ყოფილან, მაინც ირღვევა გენდერული ბალანსი
ბიჭი - შენ აქედან თუ გაიქცევი, სხვა სამსახურს მაინც მოგიძებნი
ლოლა - კეტების გარეშე როგორ გავიქცე?
ბიჭი - კეტები გექნება
ლოლა - ვინ მომიტანს, სანტა კლაუსი?
ბიჭი - არა, თოვლის პაპა
ლოლა - თოვლის ბაბუა?
ბიჭი - არა, თოვლის პაპა
ლოლა - იცის რომ შავები უნდა იყოს?
ბიჭი - თოვლის პაპამ ყველაფერი იცის
ლოლა - შენი სახელიც?
ბიჭი - ჩემი სახელიც
ლოლა - მე როდის მეცოდინება?
ბიჭი - აქედან რომ გაიქცევი...
(ბიჭი მიდის და სინათლე ქრება და ინთება იმ ოთახში, სადაც მზია და ზეზვა სხედან)
ზეზვა - (პროფესორი ფეხზე წამოდგება და ჩაახველებს) მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დღის გამო, თვითონაც არ ვიცი რა დამემართა
მზია - რას ბრძანებთ, პირიქით: მე გიხდით ბოდიშს რომ იმ დღეს ვერაფრით დაგეხმარეთ
ზეზვა - როგორ გეკადრებათ, ისე მიჭირდა აქ მოსვლა, მაგრამ რომ არ მოვსულიყავი და თქვენთვის ბოდიში არ მომეხადა, უბრალოდ არ შემეძლო
მზია - თქვენ საბოდიშო არაფერი გაქვთ, პირიქით: მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ იმის გამო რომ უარი გითხარით, იმიტომ რომ ჩვენ მოვალენი ვართ კლიენტის ნებისმიერი სურვილი შევასრულოთ, ზომოიერების ფარგლებში, რასაკვირველია
ზეზვა - დიახ, იმ დღეს მე ზომიერებამ მიღალატა, არადა მეცნიერისთვის მთავარი, სწორედ ზომიერების გრძნობაა და თქვენი უარიც ჩემთვის, სრულიად გასაგებია
მზია - მგონი არასწორად გამიგეთ, მე თქვენ კი არ გითხარით უარი, არამედ საერთოდ ვერიდები ორალურ სექსს. ისეთი სიზმარი მაქვს ნანახი ათი წლის წინ, რომ იმის შემდეგ, შეუძლებელია ვინმემ ამაზე დამითანხმოს
ზეზვა - კარგად მესმის თქვენი
მზია - ჩემი ქმარიც ისე მთხოვდა ხოლმე ამ საძაგლობას პახმელიაზე როცა იყო: სისხლძარღვებს გამიფართოვებსო, მაგრამ რის უფლებასაც ჩემი სინდისი და პატიოსნება არ მაძლევს, იმას ვერაფრით გავაკეთებ
ზეზვა - რა თქმა უნდა, მართალიც ბრძანდებით
მზია - არადა სულ პახმელიაზე იყო ხოლმე
ზეზვა - რა ძნელია ქალისთვის
მზია - აბა კაცებს რა ენაღვლებათ, მთელი დღე იმაზე ფიქრობენ რა ჭამონ და რა დალიონ
ზეზვა - მე საერთოდ ძალიან უჭმელი ვარ
მზია - დალევაც არ გიყვართ?
ზეზვა - ძალიან იშვიათად, თუ რაღაც განსაკუთრებული დღეა, აუცილებლად დავლევ ხოლმე, თუმცა ქართული სუფრის ტრადიცია ძალიან მიყვარს
მზია - მაშინ აუცილებლად უნდა მობრძანდეთ ჩვენთან ახალი წლის ღამეს
ზეზვა - ახალ წელს სახლში უნდა შევხვდე
მზია - მერე მობრძანდით, თქვენზე კარგი თამადა ვინ იქნება, ასეთი ინტელიგენტი თამადა ვის ეყოლება ჩვენს გარდა?!..
ზეზვა - მუსიკა იქნება?
მზია - რა თქმა უნდა
(მზია ამ ბოლო ფრაზას სიხარულით წამოიყვირებს, სინათლე ჩაქრება და იმწამსვე აინთება ოთახში, სადაც ახალი წლის დადგომას ყველანი ერთად ზეიმობენ: საროსკიპოს თანამშრომლები მხიარულად ცეკვავენ მუსიკის ხმაზე, რომელიც ბოლომდეა აწეული და სტუმრები კი, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, ამ საროსკიპოს კლიენტები, სუფრასთან სხედან გარდა თამადისა, რომელიც ფეხზე დგას და ძალიან მთვრალია. თამადა რასაკვირველია ბატონი ზეზვაა, პროფესორი, რომელსაც ჰალსტუღი მხარზე აქვს მიფენილი, ხოლო გულისპირი ღვინისაგან დასველებული. ერთადერთ, ვინც აქ არ არის, შეყვარებული ბიჭია, რომელიც ლოლას შავ კეტებს შეპირდა).
ზეზვა - (აგრესიულად, თან ქანაობს) გამორთეთ ეს ჯოჯოხეთი და ყველამ მე მომისმინეთ, როცა სადღეგრძელოს ვამბობ!
დედა გოია - რა მოხდა ბატონო ზეზვა, იხალისონ ახალგაზრდებმა, ახალი წელია
ზეზვა - ახალ წელს დისკოტეკა მე არ გამიგია, ახალ წელს გამიგია ქართული სუფრა
პოლიციელი - ამ ახალგაზრდებს აღარც ტრადიციები უნდათ, აღარც უფროსები იციან
ბოდღო ყვალთავა - (განუყრელ ჩოხაში) სულ დაგვაჯვეს თავზე
ბატონი გურამი - ნი ტო სემდისიატ შესტოიში, ნი ტო სედმოიში, ხაბაროვსკში ვართ ბიჭები და იქ ვხვდებით ახალ წელს...
მაჩო - ხაბაროვსკის დედას შევეცი, შარშან ამსტერდამში ვიყავით ახალ წელს მე და გიორგა ნაკაშიძე, ხო სუ მაგას იძახდა გიორგა რო ერთი ამსვა-დამსვა და ამსტერდამში ჩამსვაო და შარშან ახალ წელს აი მაგარი შევუსრულე...
ზეზვა - (მაჩოს აწყვეტინებს) შენ ბიჭო დალიე სტალინის სადღეგრძელო თუ ეგეც გამოტოვე!?
მაჩო - სტალინის არა კაგანოვიჩის
მზია - ბატონო ზეზვა, ოღონდ ამას ნუ დააძალებთ რა, ძალიან გთხოვთ
პოლიციელი - (მაჩოს) შენხელა რომ ვიყავი დღეში რამდენჯერმე ვსვამდი სტალინის სადღეგრძელოს
ლოლა - ახლა ვინ გიშლით?
ზეზვა - დიახ გვიშლიან, ჩვენც გვიშლიან, სტალინის სადღეგრძელო არ დალიოთო, ქრთამები არ აიღოთო, ყველანი პიდარასტები გავხდეთ?!
ლოლა - თქვენ ცოტა გაგიჭირდებათ
დედა გოია - გისმენთ ბატონო ზეზვა, ბრძანეთ სადღეგრძელო და ყველანი გისმენთ
გურამი - სემდისიატ ვასმოი გოდია და მე და ჩემი ცოლი მურმანსკში ვართ სვადებნიში, აქედან დარეკა და კაი სასტუმრო გაგვიკეთა ცხონებულმა მიხაკო ორაგველიძემ
ზეზვა - დიდი კაცის, მიხაკო ორაგველიძის თამადობით, ვინც ამ ახალ წელს ვერ მოესწრო, ყველას ხსოვნა იყოს
(ყველანი ფეხზე დგებიან და ისე მიირთმევენ ღვინოს, მაჩოს კი მზია ეხმარება ადგომაში და მის ჭიქას კი თვითონ ცლის)
ბოდღო ყვალთავა - ამ სადღეგრძელოზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება
პოლიციელი - სწორია
ზეზვა - დიახ და მე მინდა ჩვენს შვილებს გაუმარჯოს, მომავალ თაობას, ვისაც ჰყავს
დედა გოია - აი მედიკოს ორი შვილი ჰყავს
მედიკო - ისე მინდოდა ჩამომეყვანა ახალ წელს, მაგრამ სოფელში თოვლი მოვიდა გუშინწინ და არაფრით აღარ წამომყვნენ
პოლიციელი - ჩემი ბიჭი ჯერ ჩვიდმეტი წლისაა, მაგრამ უბანში უკვე ისეთი ავტორიტეტი აქვს, რომ ღმერთმა გაუმარჯოს! თანაც მარტო თავის ხელებში კი არა, მაგაზე დიდებიც უკვე მაგარ პატივს ცემენ...
დეპუტატი - (პოლიციელს) ბიჭი თუ გყავს ისე უნდა გაზარდო რომ კაცი დადგეს, აბა რა, გენაცვალე ჯიგარში! ჩვიდმეტი წლის ბიჭები ვიცი მარტო წიგნზე და კომპიუტერზე რომ ფიქრობენ, მაგათგან რა უნდა გამოვიდეს. შენ ბიჭს ვენაცვალე ყვერებში, მოდი გაკოცო!
(ბოდღო ყვალთავა მონდომებით კოცნის პოლიციელს, რომელიც ძალიან ამაყი და ბედნიერია კარგი შვილის გამო)
გურამი - ხოდა მურმანსკში ვართ სვადებნიში მე და ჩემი ცოლი და სასტუმროს რესტორანში საღამოობით ცეკვავენ ვარიეტეს ქალები ვილნიუსიდან...
ბოდღო ყვალთავა - თელავის ინტურისტის სასტუმროში იყო ხოლმე რიგის ვარიეტე, რა ქალები ყავდათ რომ მახსენდება, რა ქვეყანა დაგვინგრიეს ამ პიდარასტებმა
ზეზვა - ოცდაჩვიდმეტ მანეთად ჩაფრინდებოდი მოსკოვში, კონიაკს ჩაიტანდი, ლუბოი საქმეს გააკეთებდი და საღამოს ყველა ქალი შენი იყო. ქალებს გაუმარჯოთ! თქვენ გაგიმარჯოთ, სულ ასეთი ლამაზები იყავით და ყველას გისურვებთ ქალურ ბედნიერებას!
ლოლა - ქალური ბედნიერება რომელია?
(ლოლას, რომელსაც ეღიმება, არავინ პასუხობს და მისთვის ქალებს არც სცალიათ, რადგან ყველანი ძალიან კმაყოფილები უქნევენ თავებს (მადლობის ნიშნად) ფეხზე მდგომ კაცებს, რომლებიც მათ ადღეგრძელებენ და განსაკუთრებით კი ფემინისტი ქალი აქტიურობს, რომელიც მთვრალია და ყველას ნაცვლად, სამადლობელს იხდის).
ფემინისტი ქალი - ვაიმე, დიდი მადლობა და ღმერთმა ერთი დღე არ გვაცოცხლოს თქვენს გარეშე. გამოგიტყდებით და ჩვენს ორგანიზაციას იმისთვის აფინანსებენ რომ კაცებმა ქალები არ დაჩაგრონ, მაგრამ კაცი თუ მამაკაცური არ იქნება, კაპიკია იმის ფასი. კაცი უნდა იყოს ძლიერი და მე მინდა თქვენც ისეთი ძლიერები იყოთ ყოველთვის, როგორებიც ხართ...
(ფემინისტი ქალი, ღვინით სავსე ჭიქას, უც ნაურად დაატრიალებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაცლის. მერე ცარიელ ჭიქას ცერა თითზე ამოიტრიალებს ნიშნად იმისა რომ ბოლომდე დალია და კაცებს არ ჩამორჩა)
ბოდღო ყვალთავა - შენი ჭირიმე!
(შემოსასვლელიდან ზარის ხმა ისმის და დედა გოია კუნტრუშით წავა კარის გასაღებად. მალევე დაბრუნდება ყუთით ხელში და იმ ყუთს ლოლას გადასცემს)
ლოლა - რა არის?
დედა გოია - არ ვიცი, საჩუქარია ალბათ, ვიღაცას გამოუგზავნია შენთვის ქურთი მარატიკას ხელით
ლოლა - ეგ ვინღაა?
დედა გოია - პირველ სართულზე რომ ქურთები ცხოვრობენ, იმათი ბიჭია, ლოლას მიეცით და ფანჯრიდან გადმოიხედოსო.
(ლოლა ფანჯარასთან მივა, გადაიხედავს და გაიღიმებს. მერე ავანსცენაზე დადგება და ყუთს გულში ჩაიკრავს. ამასობაში მაჩოს უკვე წასვლა უნდა, მაგრამ თამადა არ უშვებს მას და სუფრის დანარჩენი წევრებიც კიდევ ერთხელ არიან აღშფოთებულები ახალგაზრდობის გადაგვარებით).
ზეზვა - ამ სუფრის მიტოვების უფლებას არავის მივცემ!
დეპუტატი - რა უზრდელობაა მართლაც
მაჩო - უზრდელობა რა შუაშია ბიძაჩემო, ჩემი დედას შევეცი თუ მაგრა არ მაგვიანდებოდეს
ბოდღო ყვალთავა - აი ასე ვთმობთ ტრადიციებს ყოველდღიურად
პოლიციელი - ჯერ საქართველოს სადღეგრძელოც არც დაგვილევია
მზია - (ჯერ თამადას, მერე დანარჩენ კაცებს) გაუშვით რა, ვერ სვამს, თორემ ისე გიჟდება საქართველოზე, ძალიან უყვარს
დეპუტატი - თუ უყვარს, მაშინ დალიოს
(ბატონი ზეზვა ბარბაცით გავა, შემოსასვლელ კარს გადაკეტავს და ოთახში გასაღებით დაბრუნდება)
ზეზვა - არ დალევს და არ გავუშვებ აქედან
მაჩო - ჩემი დედას შევეცი თუ დავლიო
(ბატონი ზეზვა გასაღებს დემონსტრაციულად, ყველას დასანახად გადაყლაპავს და ჭიქას მაღლა ასწევს)
ზეზვა - არ დალევ და ვერ წახვალ! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლო საქართველოს! (ჭიქას ბოლომდე გამოცლის) ასე მტერი დაეცალოს!
დედა გოია - (აშკარად შეწუხებული) სხვა გასაღები არცა გვაქვს
(კაცები აღფრთოვანებულები არიან თამადის საქციელით და ბატონ ზეზვას რიგ-რიგობით კოცნიან. ავანსცენაზე მდგარ ლოლას კი, შავი კეტები უკვე აცვია და ისეთი ბედნიერია საახალწლო საჩუქრით, რომ არც კი იცის ოთახში რა ხდება. ოთახში კი დიდი არეულობა იწყება, რადგან მაჩომ უკვე დანა გახსნა და თამადის დასაჭრელად მიიწევს, თუმცა ეს არც ისე ადვილია რადგან დანარჩენები, შეშინებულები, მაგრამ მონდომებულები მაინც ცდილობენ სიტუაციის დაშოშმინებას. ლოლა ყურადღებას არ მიაქცევს არავის და ოთახში გაივლის და გამოივლის. რამდენჯერმე კმაყოფილი დახედავს თავის შავ კეტებს და კარების გაღებას შეეცდება და როცა აღმოაჩენს რომ კარები დაკეტილია, ისეთი ხმით იკივლებს, რომ ყველანი გაჩერდებიან)
ლოლა - კარები გააღეთ!
დედა გოია - (ხედავს რომ ლოლა ძალიან აღელვებულია და მის დამშვიდებას ცდილობს) გასაღები არა გვაქვს, თამადამ გადაყლაპა
(ბატონი ზეზვა კმაყოფილი დაიტყაპუნებს მოშიშვლებულ ღიპზე თითებს და მერე იმ თითებით ლოლას საჰაერო კოცნას გაუგზავნის)
ლოლა - გააღეთ კარები! (ლოლას ხმაში ბრძანების კილოც ისმის და აშკარა ისტერიკაც)
დედა გოია - დამშვიდდი, რა მოგივიდა, დილით გავაღებთ, ხომ იცი რომ კარები რკინისაა და მაინც ვერ გავტეხავთ
ლოლა - მივდივარ
დედა გოია - დილით წახვალ, რაღა დარჩა, ან გული აერევა, ან რაღაცა იქნება
ლოლა - სულ მივდივარ, სამუდამოდ
მზია - (ჩურჩულით) გაიქეცი ლოლა, გაიქეცი...
(ლოლა ფანჯრისკენ წავა, ფანჯარას გამოაღებს და ფანჯრის რაფაზე ისე სწრაფად ახტება, რომ ვერავინ მოასწრებს რეაგირებას და ყველანი გაშეშებულები, მხოლოდ თვალებით თხოვენ რომ ეს არ გააკეთოს, მაგრამ უკვე გვიანია)
ლოლა - ფუ მეზიზღებით, თქვენი დედა მოვტყან!
(ლოლა შეტრიალდება, მერე ერთხელაც მოიხედავს და ფანჯრიდან გადახტება. ყველას ერთდროულად აღმოხდება ყმუილის მაგვარი ხმა და მზია მუხლებზე დადგება, დანარჩენები კი ისევ გაუნძრევლად არიან და ვერავინ ბედავს ფანჯარასთან მისვლას. სიჩუმეში მხოლოდ ვიღაცის ჩურჩული ისმის - მეშვიდე სართულია... სიჩუმე კი დიდხანს გრძელდება, გრძელდება მანამ, სანამ კარზე ვიღაც არ დააბრახუნებს და ეს ხმა ყველას გამოაფხიზლებს)
დედა გოია - (გაუბედავად, თან პოლიციელს გადახედავს) ვინ არის?
(მე ვარ - ჩაკეტილი კარის იქით აშკარად ქალის ხმა ისმის, რომელსაც ბატონი გურამი იცნობს)
გურამი - ჩემი ცოლია
(გურამი კარებთან მივა და მათ დიალოგს დანარჩენები გასუსულები უსმენენ)
გურამის ცოლი - ფანჯრიდან სახანძრო დავინახე ამ კორპუსთან და ასე, ხალათში გამოვიქეცი
გურამი - რა სახანძრო?
გურამის ცოლი - ქვემოთ სახანძრო იდგა და ისე შემეშინდა.…ხომ კარგად ხარ გურამ?
ბავშვებსაც უნდოდათ წამოსვლა, ნანულისთან დავტოვე
გურამი - ხანძარია?
გურამის ცოლი - ყველას ხანძარი გვეგონა, მაგრამ ხუმრობა ყოფილა, ვიღაცას შეყვარებულის მოსატაცებლად სახანძრო მოუყვანია...
(მზია წამოხტება, ფანჯარასთან აჩქარებით მივა და გადაიხედავს. მერე შემობრუნდება, ცრემლებს მოიწმინდავს, ხმამაღლა გაიცინებს და ყველას იმ მოძრაობას უჩვენებს ორივე ხელით, რომელსაც გოლის ავტორი ფეხბურთელები აკეთებენ ხოლმე როცა ძალიან, ძალიან ბედნიერები არიან. მუსიკასაც თვითონ მზია ჩართავს და გიჟურად ცეკვას იწყებს, დანარჩენები კი რიგ-რიგობით, მაინც შეშინებულები უახლოვდებიან ღია ფანჯარას და მხოლოდ მაშინ ეცვლებათ სახეები, როცა ხვდებიან, რომ ამ სამყაროში კიდევ ერთი თავისუფალი ადამიანი დაიბადა)...
დასასრული და ფარდა
![]() |
22 ფილმები და წიგნები |
▲back to top |
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ჰოლივუდლენდი
კინოთეატრი „რუსთაველი“
რეჟისორი: ალენ კულტერი
1959 წლის 16 ივნისს, კუნთმაგარი, სპორტული აღნაგობის ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ რივზი საკუთარ სახლში, ტყვიით განგმირული იპოვეს. ეს მკვლელობა, ისევე როგორც ბევრი სხვა, ჰოლივუდში, ბოლომდე გამოუძიებელი, ბურუსით მოცული დარჩა. ჰოდა, როგორც იცით, ადამიანებს უყვართ ამოუხსნელი, ნისლში გაფანტული ისტორიები და ამიტომაც, ჰოლივუდელი დებიუტანტის, ალენ კულტერის სამიზნეც „სუპერმენის“ პირველი სატელევიზიო სერიალის მთავარი როლის შემსრულებლის, ჯორჯ რივზის ცხოვრება გახდა.
ჰოლივუდში ცხოვრებამ ხომ შეიძლება დიდი პოპულარობა მოგიტანოს, ხოლო სიკვდილმა ჰოლივუდში - ლეგენდად გაქციოს. ამერიკაში, 50-იან წლებში მომხდარი ნამდვილი ამბავი და რივზის როლის შესასრულებლად 20 კილოთი მომატებული ბენ აფლეკი - ასეთია „ჰოლივუდლენდის“ მოკლე ისტორია.
ბაბილონი
კინოთეატრი „ამირანი“
რეჟისორი: ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ
ამ ფილმს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ხვდა წილად კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მთავარი პრიზის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატადაც კი მოიაზრებოდა. სულ რამდენიმე დღის წინ, ფილმმა „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა. სამი დრამატული ისტორია დედამიწის სამ სხვადასხვა კონტინენტზე - იაპონიაში, მაროკოში და ამერიკამექსიკის საზღვარზე ხდება.
ერთი შეხედვით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბები საბოლოოდ ერთ მთლიანობად იკვრება და ემოციურად დატვირთული ისტორიები, საოცრად რთულ და დაძაბულ სანახაობას წარმოადგენს. ასე რომ, გირჩევთ „21 გრამის“ რეჟისორის, ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს „ბაბილონის“ ნახვას, სადაც ბრედ პიტს, ქეით ბლანშეტს, გაელ გარსია ბერნალს და კოძი იაკუსეს იხილავთ.
HANNIBAL RISING
კინოთეატრი „ამირანი“
რეჟისორი: პიტერ ვებერი
ის ლიტვაში, 30-იან წლებში დაიბადა. 40-იან წლებში, როცა ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, ნაცისტებმა თვალწინ ამოუხოცეს მთელი ოჯახი. 20 წლის ასაკში საფრანგეთში გაიქცა, რომელიც მალევე დატოვა და საბოლოოდ ამერიკაში დაფუძნდა. პროფესიად - ფსიქიატრობა აირჩია და... და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო...
ეს ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი და გახმაურებული ფილმის სინოფსისია. ფილმი, რომელიც კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გმირის, ჰანიბალის ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს. იქედან გამომდინარე, რომ 70-ს გადაცილებული სერ ენტონი ჰოპკინსი არც ისე სახარბიელო სანახავი იქნებოდა 20 წლის ბიჭის როლში (ფილმი ხომ ახალგაზრდა ჰანიბალზე გვიყვება), ამიტომ მთავარ როლს დიორის სახე, ვინმე გასპარ უილელი ასრულებს, რომელსაც, თუ კინოკრიტიკოსებს დავუჯერებთ, ამ როლის შემდეგ უდიდესი აღიარება და წარმატება ელოდება. მგონი ურიგო სანახავი არ იქნება იმის გაგება, თუ რატომ გახდა ერთი ლიტველი ბიჭი კაციჭამია, საშიში მონსტრი. სხვათა შორის, ჰანიბალის დედას ფილმში რუსული კინოს ვარსკვლავი ინგებორგა დაპკუნაიტე თამაშობს.
ფილმები - რეცენზია
გაბრაზებული დედის წერილი
ჯეიმს ჯონდი, ანუ სამ ტანცუიუ, სამ პაიუ ქართულად
- „თქვენმა ხმამ ისე მომხიბლა, გადავწყვიტე ეს საიდუმლო თქვენთვის გამენდო“ - ამბობს „ჯეიმს ჯონდის“ ფილმის გმირი ქართულად.
- „თქვენმა ხმამ ისე შემაწუხა, გადავწყვიტე ეს სათქმელი ხმამაღლა გამენდო თქვენთვის“ - ვამბობ მე, ასევე ქართულად.
წარმომიდგენია, რა სახეები ექნებოდათ „ჯეიმს ბონდის“ შემქმნელებს ანდა იმ საწყალ იან ფლემინგს, რომლის რომანის მიხედვითაც გადაღებული ბონდის თავგადასავლების უამრავი სერია არსებობს და რომლის წარმოუდგენელმა პოპულარობამ მსოფლიო მოსახლეობა ერთ დიდ ბონდიანად აქცია, ერთხელ მაინც რომ მოესმინათ მათი ზე-გმირის, სუპერგმირის, ლამის მითოლოგიური, კულტადქცეული აგენტ 007-ისთვის, რომელიც ქალს ეუბნება - პური მშია, ქალьო! წამო, გავიგულьაოთ! თან ყველაზე მთავარი ისაა, რომ ასო - „ლ“ განსაკუთრებულად, ვანო ჯავახიშვილისეულად უნდა წარმოთქვათ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე სამწუხარო წინაა... სიამოვნების ექსტაზში ჩავარდნილი მაყურებელი ამას აპლოდისმენტით შეხვდება!
ეს პრობლემა დიდი ხანია დგას საქართველოში. ჰო, პრობლემა, იმიტომ, რომ როცა მრგვალ მაგიდას ვაწყობთ, გავკივით და სხვებს უგემოვნო სპექტაკლების დადგმაში ვდებთ ბრალს, როცა იმაზე ვაწყობთ გაცხარებულ გამოსვლებს, რომ ტელევიზიით ღამე, ეროტიული სცენების ამსახველი ფილმები გადის და ეს ჩვენს შვილებზე ცუდ გავლენას ახდენს, მოკლედ რომ ვთქვათ - რყვნის, თურმე (ნუ, ასეთი ფილმების მამა ვინცაა, თქვენ თვითონაც კარგად იცით), მაშინ არავის ახსენდება კინოთეატრში გაურკვეველი ადამიანების მდაბიური, უგემოვნო დიალოგებით ქართულად გახმოვანებული კინო და ანიმაციური ჩვენებები, სადაც დიდი თუ პატარა, ზვიოს უტრირებულ ქართლურ აქცენტს უსმენს და მდარე - ამას ჟარგონსაც ვერ უწოდებ, ისეთი შეთითხნილი ფრაზებით იკვებება.
მადლობა ღმერთს, იმ დრომ ჩაიარა, როცა კინოთეატრებში სავაჭრო ცენტრები იყო გახსნილი, ანდა გაყინულ, გაქუცულ დარბაზში გიწევდა ხარვეზებით გაშვებული ფილმის ყურება. მართალია, ახლა ეს პრობლემა უკვე გადაიჭრა, სამაგიეროდ უარესი გაჩნდა. რას ვიფიქრებდი, რომ გალიპლიპებულ დარბაზში ჯდომისას იმ ძველ, ჩემს ბავშვობაში ჩაბეჭდილ გაქუცულ, ბინძურ შენობას ვინატრებდი, სადაც არ დამჭირდებოდა ჩემი შვილისთვის ახსნა, თუ რატომ ეუბნება მისი საყვარელი ანიმაციის გმირი, ეშვებიანი მამონტი - მენი მეორეს, სახელად ნარგიზას (!) - წამო, არ გინდა შევჯვარდეთ-ო! რატომ გადის ანიმაცია მუნჯი ფილმივით, ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი ეფექტების და „ხმაურების“ გარეშე, მარტო იმიტომ, რომ ყოფილი „კვნ“-შჩიკების მდარე ლაზღანდარობას უსმინო?!
ისე, შეიძლება გამღიმებოდა ჩემთვის, ეს ამბავი სადმე, მაგალითად თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტას ადგილობრივ კლუბში რომ მომხდარიყო (არ გეგონოთ ამ მხარეს რამეს ვერჩოდე, ისე, მაგალითისთვის დამჭირდა, ესაა და ეს) - ხალხი თავის ჭიას ახარებს, თვითშემოქმედებით არის დაკავებული-მეთქი, ვიფიქრებდი, მაგრამ ნურას უკაცრავად... ეს ხომ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ (ისე, რაღა ერთ-ერთ, როცა სულ ორია!) დიდ კინოთეატრში, დიდ დარბაზში, გაძეძგილ დარბაზში ხდება, რომელსაც წარმოიდგინეთ, ფილმის 2-კვირიანი მსვლელობის მანძილზე რამდენი ადამიანი ნახულობს! და როგორც ჩანს, ამას ბოლო არც არასდროს ექნება!
თურმე ნუ იტყვი და რას წვალობდა თავის დროზე რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ერთ დღეს რიჩარდ მესამე იყო და მეორე დღეს - ბაბაჯანა; მედეა ჯაფარიძე, რომელიც ხან კლეოპატრა იყო მარჯანიშვილის სცენაზე და ხან - ბატი „ბატი ტასიკოში“; ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლია ელიავა, გურამ საღარაძე, ლეილა ძიგრაშვილი... ეტყობა აქ არ იციან, რომ ფილმებს და ანიმაციას მთელს მსოფლიოში მსახიობები ახმოვანებენ! პროფესიონალი მსახიობები. და მერე რა, თუ რომელიმე გმირს ორიგინალში რობერტ დე ნირო ახმოვანებს, იგივეს რუსეთში ოლეგ ტაბაკოვი და აქ ზვიო! ან შონზო! გახმოვანება, რომელიც ლამის ცალკე პროფესიაა - ურთულესი პროფესია - ხომ ასეთი ადვილი ყოფილა! შეკრებ ძმაკაც-მეგობრებს, ერთიორ ნაცნობ ხმას, მაგალითად ნინი ბადურაშვილს ან ლელა წურწუმიას და მიდი... ვინაა პასუხის მომთხოვი? ის, ვინც DVD-ებს ყიდულობს და ტელევიზიით გაკეთებული ანიმაციური ფილმის ანონსისას ბავშვს ვერ უხსნის, თუ რატომ არ შეიძლება კინოში წასვლა, თუ ის გაცურებული ფილმის შემქმნელი, რომელმაც არც კი იცის რა დღეში აგდებენ მის ნამუშევარს? აქ მხოლოდ უნიჭო გახმოვანებაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმ საკუთარი ინტერპრეტაციით და „ფანტაზიით“ შექმნილ დიალოგებზე, რომლებიც არა მხოლოდ ასამარებს ნამუშევარს, არამედ მავნესაც ხდის საზოგადოებისათვის.
განათლების სფეროში რეფორმებს ვაწყობთ და კინოში ვასწავლით, რომ სიგარეტს პაპიროზი ჰქვია, ავტოსადგომს - სტაიანკა, წვენს - სოკი და საერთოდ, ანიმაცია რომ გვერდზე გადავდოთ, მათ ერთი დიდი კალიბრის ტყვია დაახალეს ბრიტანელ აგენტს და სამუდამოდ დაასამარეს, ნაგავ სანახაობად აქციეს ბონდის ბოლო სერია; „ზოროს ნიღაბი“ ზვიოს ნიღაბად გადააკეთეს და ზღაპრული, გამოგონილი, ბავშვის სამყარო უჯიშო „ღადაობად“ აქციეს. ანუ, მათივე ენაზე რომ ვთქვათ, სამ ტანცუიუ, სამ პაიუ უკვე მერამდენე წელია, კიდევ ერთხელ ითამაშეს და არაერთი მხატვრული თუ ანიმაციური ფილმი თვითშემოქმედებით მიწასთან გაასწორეს. როგორც ჩანს, ამაზე ზრუნვა არც არავის აღელვებს და ამისთვის არც არავის ცხელა. ამის გამო არავის რცხვენია, არც მაყურებელს, არც კინოთეატრის ხელმძღვანელობას და რაღა თქმა უნდა, არც მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კინოთეატრის გახსნისას გაბადრულები ჭრიდნენ საზეიმო წითელ ლენტს.
არადა, ეს პრობლემა ძალიან მარტივად შეიძლება გადაიჭრას. ამ უგემოვნობის შეწყვეტით ხომ თქვენც დაისვენებთ და მეტი დრო დაგრჩებათ ცხოვრების სიამ-ტკბილობაში გასატარებლად და ჩვენც აღარ ვიგრძნობთ თავს ასე შეურაცხყოფილად.
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
წიგნები - რეცენზია
ავტორი: თამარ ბაბუაძე
MAID IN TIFLIS
აკა მორჩილაძე
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2007 წ.
მგონი სათაურზევე შეატყობდით, რომ ამ წიგნს ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ, რადგან ავტორი ისევ იქ გვაბრუნებს, სადაც უმისოდაც ვიხარშებით - ჩვენს მშობლიურ - თბილისურ ამბებში. ამ სამყაროში ყველაფერი არა მხოლოდ ნაცნობი, არამედ პირადად ჩვენია. წიგნის გმირებიც ჩვენ თუ არა, ჩვენიანები მაინც არიან...
წიგნის ყდაზე ბევრ კარს შენიშნავთ. რატომ? ჩამოსწიეთ სათითაოდ ყველას სახელური და მიხვდებით, რომ თითოეულ კარს ცალკე ამბავში შეჰყავხართ. Maid in Tifl is უამრავი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ამბის მიქსია. მართალია თავიდან ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ თითქოს რომანს სულ ორი მთავარი გმირი ჰყავს - ბარნოველი სვეტსკი ბიჭი ლევიკო, რომელიც უკვალოდ ქრება და მისი მეგობარი, პლეხანოველი, ნარკომანი მოგელა. მაგრამ ეს ორი პერსონაჟი მხოლოდ სატყუარაა. მას შემდეგ, რაც მოგელა ლევიკოს პირად ნივთებში მისი საყვარლების ტელეფონის ნომრებს იპოვის - თანაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ამ ქალებს შემდეგ ძმაკაცის საფლავის სანახავად თბილისში ჩამოიყვანს - აი, იქედან იწყება ისტორიების მთელი კასკადი. ქალები თავიანთ რომანებს ჰყვებიან და ამ მონაყოლში როგორ სასიყვარულო ისტორიას აღარ გებულობს მკითხველი: მოგელასა და შირაზის ვარდისასა და ვარსქენისა და შუშანიკის რომანსაც კი!.. შიგადაშიგ ავტორი თავის თეორიებსაც გვთავაზობს, მაგალითად ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიც ქართველი კაცის რუსი ქალებისადმი ლტოლვის ისტორიული მიზეზებია...
იმასაც შენიშნავდით, რომ სათაური წიგნს მხოლოდ ინგლისური აქვს. ალბათ, სიტყვა maid-იც გეცნოთ, მაგრამ ცოტა არასწორად დაწერილი. თუმცა, ესეც სპეციალურად. ეს სიტყვების თამაშია. maid - უნდა გაიგოთ, როგორც ქალი და როგორც მომხდარი. ასე რომ, ეს მინიშნებაა ქალურ ისტორიებსა და იმაზე, რომ ავტორი წმინდა წყლის თბილისურ ამბავს გვთავაზობს.
მგონი, საკმარისად დაგაინტრიგეთ. ამიტომ აუცილებლად დაელოდეთ წიგნს, ჩაუჯექით მორჩილაძის ახალ რომანს და შეეცადეთ ამ არაჩვეულებრივი რომანის კთხვის განმავლობაში მაინც შეხედოთ საკუთარ თავსა და ქალაქს გვერდიდან…
ნიკოლო მიწიშვილი
ლექსების კრებული
გამომცემლობა „ინტელექტი“. 2006 წ.
თუ ამ წიგნს მართლა მიაქცევთ ყურადღებას წიგნის მაღაზიის თაროზე, იმასაც შენიშნავთ, რომ ავტორის ადგილას მხოლოდ სახელი წერია: ნიკოლო... ეს ძალიან კარგ ჩანაფიქრად მეჩვენა; ძალიან კარგი იქნება, თუ თანამედროვე მკითხველი ისე გაიცნობს ამ დავიწყებულ სიმბოლისტ პოეტს, რომ მას მხოლოდ სახელით მოიხსენიებს.
ნიკოლო მიწიშვილის ლექსების პირველი კრებული თბილისში 1922 წელს გამოიცა. მეორე კრებული სტამბულში გამოვიდა. მერე მიწიშვილი ემიგრაციაში წავიდა და პარიზში გამომავალ ქართულ გაზეთებში აქვეყნებდა ლექსებსა და მინიატურებს. იქვე ჩამოაყალიბა 13-კაციანი „ქართველ ხელოვანთა კავშირი“ - ელენე ახვლედიანთან, ქეთევან მაღალაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, მიხეილ ჭიაურელთან და სხვებთან ერთად. შემდეგ თბილისში დაბრუნდა და აქ განაგრძო წერა. თუმცა, 1937 წელს ისიც დახვრიტეს. 7 მაისს მიწიშვილი მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე გამოვიდა და თავისი თამამი გამოსვლით ყველა გააოცა. მიწიშვილი 2 ივნისს დააპატიმრეს და 13 ივლისს დახვრიტეს. დაახლოებით ერთ კვირაში იმავე შენობაში თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა, მერე დააპატიმრეს მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძეც...
ერთი სიტყვით, ნიკოლო მიწიშვილის გახსენება და ახლოს გაცნობა ნამდვილად ღირს. იქნებ მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ და ლექსებმა ისე შეგძრათ, რომ ამ პოეტს ძალიან დაუახლოვდეთ და მართლაც მხოლოდ ასე მოიხსენოთ: „ნიკოლო...“
რადიარდ კიპლინგი
აი, როგორ და რატომ
თარგმანი: ნელი საყვარელიძე, თამარ ჯაფარიძე
მხატვარი: ანტონ ბალანჩივაძე
გამომცემლობა: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. 2007 წ.
კიპლინგიც იმავე გამომცემლობის საჩუქარია. იმავე მიზნით - პატარებისთვის და ჩვენთვის - ბავშვობის გასახსენებლად. ქართულად კიპლინგი ბავშვობაშიც მქონდა. სწორედ იქედან შევიტყვე, როგორ გაუხდა მარტორქას ნაოჭიანი კანი, როგორ გაუჩნდა ვეშაპს ყელი, რატომ აქვს სპილოს გრძელი ხორთუმი და რომელი იყო პეპელა, რომელმაც ფეხები დააბაკუნა... მოკლედ, ეს ბავშვური აღმოჩენების დრო კარგი იყო. მაგრამ მახსოვს, იმ წიგნს ილუსტრაციები არ უვარგოდა დიდად. აი, ახალი გამოცემა კი ანტონ ბალანჩივაძემ გააფორმა. და როცა ეს წიგნის ყდაზე წავიკითხე, მაშინღა მივხვდი, რომ კიპლინგს ყველაზე მეტად სწორედ ანტონის ნახატები მოუხდებოდა. ასეცაა. გადაშალეთ და თავად დარწმუნდებით. თან ის პირველი, ბავშვური აღმოჩენებიც გაიხსენეთ - მშვენიერი ტექსტისა და მშვენიერი ილუსტრაციების თანხლებით.
ალექსანდრე პუშკინი
„ზღაპარი მეფის მკვდარი ასულისა და შვიდი დევგმირისა“
თარგმანი: არჩილ სულაკაური
მხატვარი: ალექსანდრე ბერდიშევი
გამომცემლობა: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. 2007 წ.
რამდენიმე დღის წინ შუქი წავიდა, ჩემმა მეგობარმა, რომელიც რუსული ლიტერატურის თავგადაკლული მოყვარულია, პუშკინის ტომები მოითხოვა. იმდენად გავოცდით, რომ უხმოდ დავმორჩილდით და მერე, მთელი საღამოს განმავლობაში ვუსმენდით სანთლის შუქზე წაკითხულ ზღაპრებს, რომელთა შორისაც ესეც იყო: „ზღაპარი მეფის მკვდარი ასულისა და შვიდი დევგმირისა“. Царь с царицею простился, В путь-дорогу снарядился, И царица у окна Села ждать его одна. - ასე იწყებოდა რუსულად. ქართულად კი პუშკინის ზღაპარი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ბავშვობას ახსენებს, არჩილ სულაკაურმა თარგმნა. ვისაც მისი ლექსები წაკითხული აქვს, ნამდვილად დაიჯერებს, რომ სულაკაურისეული პუშკინის თარგმანიც ძალიან კარგი იქნება. ასე რომ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ამ პატარა ზღაპრის წიგნს მაღაზიების დახლებზე - ვინ იცის, იქნებ კიდევ წავიდეს შუქი და სანთლის თანხლებით ბავშვობის გახსენებას კი აბა, რა შეედრება... თან შეძლებთ, რომ ჯერ რუსულის უცოდინარი პატარებიც შეახედოთ ზღაპრების სამყაროში.
მალხაზ ხარბედია
პირადი ბიბლიოთეკა
გამომცემლობა „არეტე“. 2006 წ.
„პირად ბიბლიოთეკასო“ ორი დიდი წინაპარი ჰყავსო - ხორხე ლუის ბორხესიო და უმბერტო ეკოო, - წერს ავტორი წინასიტყვაობაში და თავისი წიგნის შინაარსს ასე გვიხსნის: ეს არის რაღაც საშუალო სალაღობო რეცენზიებსა და მოკლე წინასიტყვაობებს შორისო. პირადად მე ვერ გეტყვით, ამ ჟანრს - „პირად ბიბლიოთეკას“ უფრო სპეციფიკურ ენაზე როგორი განმარტება აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი წიგნი მართლაც სალაღობოდ იკითხება.
მალხაზ ხარბედია ცნობილი ბიბლიოფილია, იმდენი წიგნი აქვს წაკითხულ-გადამუშავებული, რომ ხშირად მიჩენს ხოლმე კითხვას: „ამას რატომღა კითხულობ?“ თუმცა, თავის კრებულში, რომელსაც დიდი ხანია ამზადებდა, მხოლოდ ნარჩევ-ნარჩევი წიგნების შესახებ დაწერილი ტექსტები შეიტანა. თუ წიგნს გადაშლით და წერილებს გადახედავთ, შეიძლება ბევრი მათგანი გეცნოთ კიდეც, რადგან ეს წერილები 2003 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გაზეთ „24 საათში“ იბეჭდებოდა. და თუ რომელიმე მათგანი წაგიკითხავთ, ამ წიგნში სათაურითვე იცნობთ. ესეც რომ არა, ყოველთვის საინტერესოა გაიგოთ, რას ფიქრობს „პროფესიონალი მკითხველი“ - ანუ ლიტერატორი იმ წიგნების შესახებ, რომლებიც თქვენც წაგიკითხავთ. ასეთი წიგნები კი მალხაზ ხარბედიას „პირად ბიბლიოთეკაში“ უამრავია: კენ კიზის, ჰერმან მელვილის, ჯერომ სელინჯერის, პატრიკ ზიუსკინდის, პერეს-რევერტეს, ჯონ მაქსველ კუტზეეს და სხვათა ჩათვლით.
![]() |
23 რადიო „უცნობის“ ამბები |
▲back to top |
ქალის სურნელი
რადიო „უცნობი“ ყოველდღე, დღეში ოთხჯერ გთავაზობთ ახალ გადაცემას „ქალის სურნელი“. გადაცემაში ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ქალებს და არა მხოლოდ მათ დააინტერესებს. მაგალითად, რუბრიკიდან „სარკის წინ“ გაიგებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ კარგად და როგორ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა. ასევე მოისმენთ რჩევებს პროფესიონალი კოსმეტოლოგებისა და ვიზაჟისტებისგან. რუბრიკაში „ჯანმრთელობა“ - ყველაფერია თქვენი ჯანმრთელობისთვის: სწორი კვება და დიეტები. ცალკე რუბრიკები ეთმობა კარიერას, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, მოდის ისტორიას, ცნობილი დიზაინერების რჩევებს ყველაზე აქტუალურ ტენდენციებზე, ასევე კულინარიას და მის ისტორიას.
უსმინეთ ყოველდღე: 10:45, 12:45, 15:45, 21:15.
შაბათს: 12:30, 13:30, 17:30, 21:30,
კვირას: 10:30, 11:30, 13:30. 20:45 (განმეორებები).