ცხელი შოკოლადი №9


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, კიკალეიშვილი სალომე, კორძაია-სამადაშვილი ანა, გვახარია გიორგი, ბაბუაძე თამარ, დექტორი დავიდ, მესხი დავით, კერეტი ეტგარ, ტურაშვილი დათო, თარხნიშვილი ვანიკო
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნატა ფედოსეევა არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე დისტრიბუცია: მიხეილ მამუჩიშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი დათო ტურაშვილი გიორგი გვახარია ეტგარ კერეტი გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com



1 რედაქტორისგან

▲back to top


0x01 graphic

მიხარია, რომ შემოდგომა დადგა და „ცხელი შოკოლადის“ ახალი ნომრისათვის კვლავაც ვწერ „რედაქტორის სვეტს“. ამ ნომრის სპეც-პროექტზე მე მომიწია მუშაობა და გულწრფელად გეტყვით, რედაქტორობაზე სასიამოვნო „ცხელი შოკოლადისთვის“ წერილების წერა ყოფილა. კარგი იქნება, თუ თქვენც სიამოვნებით წაიკითხავთ ჩანაწერებს ისრაელზე, მწერალ ეტგარ კერეტზე, რეჟისორ დოვერ კოსაშვილზე, პოლიტიკოს შიმონ პერესზე და, რაც მთავარია, დაათვალიერებთ ფოტო ესეებს იერუსალიმზე. დავიდ დექტორი უკვე 30 წელია იერუსალიმში ცხოვრობს და თითქმის ყოველდღე იღებს ფოტოებს. მესხი და მე კი მხოლოდ ორი დღით ვესტუმრეთ იერუსალიმს და მისი ფოტოები მისივე სიზმრების გაგრძელებას ჰგავს. მოკლედ, ეს ყველაფერი თავად უნდა ნახოთ.

ოთარ იოსელიანის ახალი ფილმის სამთვიანი გადაღებებიდან, როგორც იქნა, დაგვიბრუნდნენ ნიკო ტარიელაშვილი და გადაღებების „ოფიციალური დამკვირვებელი“ სალომე კიკალეიშვილი. ნიკოს, სალომეს და „ცხელი შოკოლადს“ აქვთ პატივი წარმოგიდგინონ იოსელიანის ახალი ფილმის (რომლის პრემიერაც, სავარაუდოდ, ზაფხულში შედგება) „ბაღები შემოდგომით“ ექსკლუზიური ფოტო-პრემიერა!

თამარ ბაბუძე რომ „love story“-ების დიდოსტატი იყო, ეს „ცხელი შოკოლადის“ მკითხველმა ალბათ უკვე იცოდა. მაგრამ უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ რუსუდან ლორთქიფანიძესაც თუ გაახსენებდა თავის შეყვარებულობის ხანას, ამას ნამდვილად არ მოველოდით.

ყველაზე სახალისო სიახლე ჩვენს ჟურნალში ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი საჟურნალე სერიალია. „ჩინელი ანუ ინატრე რამე“ ერთი ამოსუთქვით იკითხება და მისი პერსონაჟები შეიძლება გეცნოთ კიდეც. ნესტან ნიჟარაძე, იგივე ლიზა, რეალურ ცხოვრებაში ფოტოგრაფი და ჟურნალისტია, ჩვენს სერიალში კი სიმდიდრის მაძიებელი, არცთუ ისე დაზუსტებული პროფესიის ქალი. ზურა ალავერდაშვილი, ოპერატორი და ფრიად წარმოსადეგი ყმაწვილი, ანამ ქალების წარუმატებელ მუსუსად და პესიმისტად აქცია. სერიალში სხვა პრსონაჟებიც არიან, მაგრამ აბა, ყველაფერს წინასწარ ხომ ვერ მოგიყვებით!

ბოლოსთვის შემოვიტოვე „ცხელი შოკოლადის“ ყველაზე სერიოზული სიახლე.

დებიუტი ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსია და მისი მიზანი ახალი, საინტერესო ავტორების წარმოჩენაა. კონკურსის სამ კატეგორიაში (მწერლობა, ფოტოგრაფია და ილუსტრაცია) უკვე ვიწყებთ კონკურსანტთა ნამუშევრების მიღებას. გამარჯვებულები ფულად პრემიებთან ერთად, „ცხელი შოკოლადის“ სამუშაო კონტრაქტებსაც მიიღებენ. ჩვენი პარტნიორები - ტელეკომპანია „იმედი“ და რადიო „უცნობი“ განსაკუთრებულ პრემიებსაც დააწესებენ. დაჯილდოების ცერემონიალი 25 დეკემბერს, ზუსტად „ცხელი შოკოლადის“ დაბადების დღეს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციისათვის ჟურნალის გადაფურცვლა ან ჩვენი ახალი (ჯერ კიდევ დაუმთავრებელი) ვებ გვერდის (www.shokoladi.ge) მონახულება მოუწევთ.

„ცხელ შოკოლადს“ იხილავთ თბილისის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზეც, რომელიც 4 ოქტომბერს იხსნება.

მოკლედ, თავს აღარ მოგანატრებთ და ახალი ნომრის გამოსვლამდე, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით.

შორენა ავერდავილი

2 ჩვენი ავტორები

▲back to top


0x01 graphic

სალომე კიკალეიშვილი

კარგია დასვენება. თან, კარგი დასვენება. მით უმეტეს, თუ ეს ხანგრძლივი სამუშაო პერიოდის შემდეგ ხდება. თან, რაც შეიძლება საინტერესო ადგილას, მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების და ემოციის ფონზე. მაგალითად... პარიზში; მაგალითად... გადაღებებზე. ოთარ იოსელიანის გადაღებებზე. ხოლო თუ ეპიზოდურ როლშიც ამოჰყავი თავი, ხომ... ნუ, იტყვი, ერთი რუსული გამოთქმისა არ იყოს, „приятное с полезным“-ო, ზუსტად ისე ყოფილა შენი საქმე.

ანუ, საინტერესო ამბები ნახე? ნახე. კინოში გამოჩნდები წამით? (რა თქმა უნდა, თუ რეჟისორის მოქნეულ მაკრატელს არ შეეწირე) ალბათ გამოჩნდები. და ჟურნალისთვის მასალასაც ჩამოიტან. თან როგორს? ექსკლუზიურს. მეტი რაღა უნდა ინატროს კაცმა? სრული ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია.

გადაღებები ყოველთვის საინტერესო და ძალიან „ცოცხალი“ პროცესია. მთელი თავისი სირთულეებით, პრობლემებით და საინტერესო იმპროვიზაციებით. მით უმეტეს, როცა საინტერესო რეჟისორთან, საინტერესო ქვეყანაში აღმოჩნდები. ზიხარ შენთვის, განმარტოებით (რადგან იქ, როგორც წესი, ყველა თავის საქმეშია ჩაფლული) და აკვირდები ყველაფერს: როგორ აწყობენ საჭირო დეკორაციას, როგორ მუშაობს რეჟისორი მსახიობებთან; როგორ დგას საწყალი ხმის ასისტენტი ანტუანი უზარმაზარი, მძიმე ჯოხით, რომელსაც ბოლოში ვეებერთელა ბუსუსა მიკროფონი აქვს ჩამოცმული; რას აკეთებს ხმის რეჟისორი ჟერომი, რომელსაც ძალიან არ უყვარს ემირ კუსტურიცასთან ბოლო ფილმზე მუშაობის შესახებ საუბარი (თავისი მიზეზები აქვს კაცს!)...

მოკლედ, მოსაყოლს რა გამოლევს?!... ხომ გითხარით, ემოციებით და შთაბეჭდილებებით დახუნძლული ვარ-მეთქი. მთავარია, არაფერი არ დამავიწყდეს და მოგიყვეთ, თორემ...

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

ერთ მაწანწალას ჰკითხეს:

- არა გრცხვენია, ასეთი ჭუჭყიანი პერანგი რომ გაცვია?

- გაისვარა და რა ვქნა? - უპასუხა მაწანწალამ.

- გარეცხე! - მიუგეს მას.

- მერე კიდევ გაისვრება, - უპასუხა მაწანწალამ.

- მერე კიდევ გარეცხავ, - დაარიგეს კეთილისმსურველებმა.

მაწანწალას გაეცინა:

- ნუთუ გგონიათ, რომ ღმერთმა ამქვეყნად იმისთვის გამაჩინა, რომ პერანგი ვრეცხოო?

ჩემო ძვირფასებო! ნუთუ გგონიათ, რომ ამქვეყნად იმისთვის ვართ გაჩენილი, რომ ვიმუშაოთ და ვისაც არ დაეზარება, ყველამ ნერვები გვიშალოს? არა და არა! ჩვენ უნდა გავერთოთ და ვიხალისოთ, და სერიალად წოდებული დაუმთავრებელი ამბავი ამის საუკეთესო საშუალებაა. ის გონების დაძაბვას არ ითხოვს, მის კითხვას ცოტა დრო მიაქვს, - სამაგიეროდ, ბლომად საჭორაო მასალას იძლევა. და, რაც მთავარია, „ჩინელი“ მუდამ სიხარულით აგივსებთ გულს, რადგან დანამდვილებით ვიცი: სხვისი სისულელე ყოველთვის გვახარებს, თუნდაც იმ პრინციპით, რომ თავი ნაკლებად სულელები გვგონია.

მე კი ისიც ძალიან გამეხარდება, თუ მკითხველი თავადაც ინატრებს რამეს. თავად ნახავთ - ჩემს საყვარელ, ბრიყვ გმირებსაც კი ყველა სურვილი უსრულდებათ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ მათაც, ჩვენი არ იყოს, ვერ გაუგიათ, რა უნდათ...

0x01 graphic

გიორგი გვახარია

კბილი როცა მტკივა, სულ მიქელანჯელო მახსენდება ხოლმე.

14 წლის მიქელანჯელო ბუონაროტიმ, მოქანდაკე ბერტოლდოს მოწაფემ, მასწავლებლის ეზოში ბებერი ფავნუსის თავი დაინახა და გადაწყვიტა, მარმარილოს ასლი შეესრულებინა. როგორც კი სამუშაო დაასრულა, სახელოსნოში ლორენცო ბრწყინვალემ შემოიარა, შეხედა მიქელანჯელოს ასლს და უთხრა, ფავნუსი კი დააბერე, მაგრამ დაგავიწყდა, რომ ბებერებს ასეთი ლამაზი კბილები არ აქვთო. მიქელანჯელო არ დაიბნა, ამოუგდო თავის ფავნუსს ერთი ზედა კბილი, ღრძილში კი დიდი ნახვრეტი გაუკეთა.

ჩვენს რედაქტორზე ვფიქრობდი. ნეტა უყვარს მიქელანჯელო? თუ უყვარს, გაუგია, ალბათ, მისი სიტყვები - ადამიანის ფეხი ბევრად უფრო კეთილშობილურად გამოიყურება, ვიდრე ჩექმაო... რაც იმას ნიშნავს, რომ ნახატი, თუ გნებავთ უბრალო ხაზი, ყველაზე კეთილშობილურია ხელოვნებაში - უფრო ლამაზი, ვიდრე ფერადი სურათი; უფრო წარმტაცი, ვიდრე დასრულებული და გრანდიოზული ტაძარი.

რაც იმას ნიშნავს, რომ ესკიზი - ხელოვნების მეფეა, ნონ ფინიტო კი - კულტურის არსი.

ჰოდა, რატომ არ შეიძლება ესკიზები, დაუსრულებელი სტატიები ვწეროთ „შოკოლადისთვის“? რა საჭიროა ორნამენტები, ჩახვეული ფრაზები, დეკადენტური ჩუქურთმები? რატომ უნდა დავკარგოთ დრო? მით უმეტეს, როცა ისე გტკივა კბილი, რომ ლამის თვითონ გაიკეთო ღრძილში ნახვრეტი.

თვითონ გაიხვრიტო ღრძილი, რადგან შვილი არ გყავს ჯოგების მფარველად, ფავნუსად რომ გაქციოს.

თვითონ გაიხვრიტო, რადგან ექიმთანაც ვერ მიდიხარ - არ გცალია, სტატია უნდა დაწერო „შოკოლადისთვის“!

0x01 graphic

თამარ ბაბუაძე

სარედაქციო Brainstorming-ის დრო რომ დგება, საშინელი ნევროზი მიპყრობს. ვნერვიულობ, რომ დამიმთავრდებიან - ერთხელაც იქნება და ადამიანები ამომეწურება, ვეღარავიზე ვეღარ დავწერ; იმიტომ, რომ აღარავინ დარჩება საინტერესო. ამ ნერვული შეტევის საფუძველს ხშირად თვითონ ჩვენს ქალაქში ვპოულობ. და როცა ამ ქალაქის წარმოდგენას მოვინდომებ ხოლმე, თვალებს დავხუჭავ და მეტეხის და ვახტანგ გორგასლის ძეგლის ნაცვლად, ვხედავ უბრალო წრეს, რომელზეც ქრონიკულ რეჟიმში მოძრაობენ ადამიანები. ისინი იცვლიან ერთმანეთს, იცვლიან პოზებს, ფრაზებს, ტანსაცმელს, და ერთხელაც არ უჩნდებათ მიმართულების/ტენდენციის გამოცვლის სურვილი.

როცა დახუჭული თვალების სიბნელეში ამ წრე-ქალაქს ვხედავ, ფეხებითაც რომ ჩამომკიდონ, არავისზე დაწერის სურვილი არ მიჩნდება.

ახლაც ასე იყო. მაგრამ კიდევ კარგი, ნერვული შეტევის საღამოსვე ვაჟას კვარტლებში, ერთ აივანზე აღმოვჩნდი, წითელ ჭიქაში ჩასხმული შავი ღვინით. სამი გოგო სამ ისტორიას ყვებოდა - ყველაზე ბანალურ სათქმელს სიტყვებით, ყველაზე უთქმელს - ჭიქის ტუჩთან მიტანით და თითო ყლუპი ღვინით. კვარტლებში შუქი ენთო და ფანჯრებს მიღმა, ადამიანები თავიანთ ისტორიებში თავიანთ როლებს თამაშობდნენ. ჩუმ ღამეში ყნოსვას იმდენი საინტერესო ამბის სუნი სცემდა, რომ ახლა, ამ წამს, გადავწყვიტე ცოტა რამ მაინც ვთქვა იმ საღამოს გაფიქრებულიდან:

მიხარია, რომ:

ნევროზი მართლა ნევროზი ყოფილა და თბილისში მაინც რჩებიან ადამიანები, რომელთაც გეომეტრიული ფიგურები საერთოდ არ უყვართ, თბილისურ წრეზე სიარული ხომ - საერთოდ.

საინტერესო ადამიანებს ამქვეყნად არაფერი დალევს.

განწყობის თეორია მაგარია!

რელაქსი - კიდევ უკეთესი!

ნიუ იორკი და კუს მთის რეზერვაცია - საერთოდ! თუმცა, ეს ზედმეტი იყო, ამაზე ცოტა მოგვიანებით, ორიოდე „ცხელი შოკოლადის“ შემდეგ. საინტერესო ისტორიების და ადამიანების კასკადი მერე (წა)იკითხეთ.

ვინ თქვა, გათავდებიანოოო?

3 არქიტექტორი რექტორი

▲back to top


ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე/ოჯახის პირადი არქივი
ტექსტში გამოყენებულია ფრაგმენტები გოგა ბერიძის ნამუშევრებიდან

0x01 graphic

რომში არის ერთი უბანი, სახელად პარიოლი. ის თბილისური ვაკესავით ექსკლუზიურ დასახლებად არის ჩაფიქრებული. პარიოლის განსაკუთრებით დიპლომატები და ფინანსურად წარმატებული რომაელები წყალობენ. სასტუმრო „ლორდი ბაირონი“ - უბნის ერთ-ერთი მშვენება კი ტურისტებს ასეთი ფრაზით იზიდავს ხოლმე: თქვენ რამდენიმე ნაბიჯი გაშორებთ ბორგეზეს მუზეუმსა და ბორგეზეს პარკს. აქვეა ესპანეთის მოედანიც. მოკლედ, ცენტრში ხართ, მაგრამ თან ქალაქის ხმაურისგანაც დაცულად გრძნობთ თავს.

პარიოლიში ბევრი ლამაზი პიაცა და მყუდრო ქუჩაც შედის. ერთ-ერთი მათგანია ქუჩა, სახელად ლიმა, იგივე ვია ლიმა. მოქმედება, რომელზეც ქვევით გიამბობთ, სწორედ ვია ლიმას შვიდ ნომერში მდებარე სახლში მოხდა.

ღამის 11 საათი იყო. სასტუმრო ოთახის ფანჯრებიდან შუქი გამოდიოდა. ცოლ-ქმარი ტელევიზორს უყურებდა. შვილიშვილებს უკვე ეძინათ. ბარგი თითქმის ჩალაგებული ჰქონდათ. სამ დღეში ელჩს დიპლომატიური მოღვაწეობის ვადა ეწურებოდა და თბილისში ბრუნდებოდა. ამ უკვე ძილისკენ გადახრილ დროს, მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. გაბმული ზარი საერთაშორისოს ჰგავდა. „ვინ უნდა იყოს? თბილისში პირველი საათია“. ზურაბ ჟვანია რეკავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ელჩმა ყურმილი დაკიდა და დაბნეულმა თქვა, „ხვალ დილას თბილისში უნდა ვიყო, ჩემს კანდიდატურას უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე წარადგენენ”.

რუსუდან ლორთქიფანიძისგან ინტერვიუების აღება იმ დილიდან დაიწყეს. მისი ერთ-ერთი პირველი ფრაზა „არაფერი ვიცი, გუშინ ღამით დამირეკეს, და დღეს დილას ჩამოვედი“ - ბევრისთვის, უბრალოდ, უცნაურად, ბევრისთვის კი, სენსაციურადაც ჟღერდა. ამავე ფრაზითა და ერთბაშად დაბნეული, მშრალი, მაგრამ თავაზიანი ღიმილით გახდა რუსუდან ლორთქიფანიძე ცნობილი სახე.

0x01 graphic

ის არის:
სტატუსით - რექტორი;
აზროვნების ფორმით - არქიტექტორი.

მისი სამსახურეობრივი გარემო: უნივერსიტეტი, რომლის კარგი დროც იყო - სავსე აუდიტორიები, ცხელი რადიატორები და მასტიკიანი ნახერხით ჭუჭყიანი ფეხსაცმლისგან დაცული იატაკი;

უნივერსიტეტი, რომლის აწმყოც არის: შინაგანი და გარეგანი რემონტი.

მიკროგარემო: კაბინეტი ტყავაკრული ორმაგი კარით, მასიური ხის მაგიდითა და მასიური ხის სავარძლით. რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს - ღიად დეკლარირებულ ძალაუფლებას და საამისოდ შექმნილ განზრახ დამთრგუნველ ინტერიერს ვერ იტანს. თავის ძლიერებას დემოკრატიაში ხედავს, კომფორტს - თანამედროვეობაში. ამიტომ, ზუსტად იცის, როგორ კაბინეტში იმუშავებდა სიამოვნებით. კაბინეტის პროექტის შესახებ ყველასთან დიდი ხალისით ვერ საუბრობს, მაგრამ ხვდება, უცხოელები მშვენივრად გაუგებენ და რამდენიმე ხნის წინ, ამერიკელ სტუმარს დეტალურად აუწერა საკუთარი ჩანაფიქრი. ეს პროექტი რა დაჯდებაო, დაინტერესდა ამერიკელი, სულ ცოტა - 25 ათასიო, - უპასუხა. მაგრამ სამუშაო ოთახს ჯერ ვერ განაახლებს - „უნივერსიტეტში იმდენი რამეა შესაცვლელი, კაბინეტით ვერ დავიწყებ“.

ოჯახური გარემო: ცხოვრობს ბაბუის აშენებულ სახლში მეუღლესთან, ასევე არქიტექტორ გოგა ბერიძესთან ერთად, უფროსი შვილი, ეკა ოჯახთან ერთად იტალიაში ცხოვრობს, სანდრო ოჯახთან ერთად - თბილისში.

რექტორის სახლს სიძველე გამოფენილ ნივთებსა და ფოტოებზეც ეტყობა. ეს გარემოა, რომელიც უყვარს და დიდ პატივს სცემს, თორემ წარსულის რელიქვიებს განგებ არასდროს ინახავს, ყოველთვის წინ იყურება, ან დღევანდელი დღით ცხოვრობს.

ოჯახის განსაზღვრება: „თუ არქიტექტურული ტერმინოლოგიით გნებავთ, ჩემი ოჯახი მონოლითურია. ჩვენ ერთმანეთთან საერთო ინტერესები გვაკავშირებს; არა ყოველდღიური, არამედ ცხოვრებისეული ინტერესები, რაც არის ხელოვნება, კარგი წიგნების კითხვა, საინტერესო ხალხთან ურთიერთობა. ამით ყოველთვის განებივრებულები ვართ. ჩვენს ოჯახში ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვაქვს. ვერ ვიტან, როცა მშობლები შვილებში თავიანთ არარეალიზებულ ოცნებებს დებენ. შვილს, ცხადია, ბევრი რამ უნდა მისცე, მაგრამ არჩევანის საშუალება უნდა დაუტოვო“.

დღეს ამ მონოლითური ოჯახის სტუმრები ვართ. სახლში სიხალვათეა. მათ თბილისურ ცხოვრებას შვილები „აცდენენ“. შინ რექტორს მეუღლე ელოდება ხოლმე. „ოჰ, მოხვედი, რუსიკო?“ - ეს ფრაზა გაღებულ კართან, ხშირ შემთხვევაში, გვიან საღამოს გაისმის. რექტორი შინ შებინდებისას ბრუნდება. მაგრამ ამაში არაფერია უცხო. დღევანდელ რექტორს ყოველთვის ჰქონდა თავისი საქმე. მცირეწლოვან ბავშვებთან დარჩენას ხშირად ქმარი კისრულობდა, ცოლი იტალიური არქიტექტურის საკვლევად რომს თვეობით სტუმრობდა, მანამდე კი ასპირანტურის კურსებს მოსკოვში გადიოდა. ეს ყოველთვის შეთანხმებულად ხდებოდა, ოჯახური სკანდალების და მინიმალური გაღიზიანების გარეშეც.

როგორც ჩანს, ცხოვრების ასე აწყობაში ცოლ-ქმარს პროფესია დაეხმარა; პროფესია, რომელიც მათთვის აზროვნების ფორმად იქცა (კორბუზიეს ამ ფრაზას რუსუდან ლორთქიფანიძე ყველაზე ხშირად იმეორებს ხოლმე). და რადგან რექტორიც და მისი მეუღლეც კარგი არქიტექტორები არიან, წარმოიდგინეთ იმ სახლისა და ოჯახის სიმყარე, რომლის საძირკვლის ჩაყრაზეც ერთბაშად ორმა არქიტექტორმა იმუშავა - რუსუდან ლორთქიფანიძემ და გოგა ბერიძემ.

ახლა ისინი გოგას სახელოსნოში სხედან, ორიგინალში მწვანე, დღეს კი დაძველებული და დაფხაჭნილი სამუშაო მაგიდის გარშემო. სხედან და ჩართული დიქტოფონის გასაგონად, ერთად განვლილი ცხოვრებიდან ისეთი რაღაცეების გახსენებას აპირებენ, რომ როგორმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის love story დამაწერინონ.

არადა, სიყვარულამდე შორია, გზად ისევ ის სიტყვა - არქიტექტურა გვეღობება. მხსნელად გოგა ბერიძე გვევლინება: „რუსიკო, სულ თემიდან უხვევ. ამ დიქტოფონს შენი ცხოვრება აინტერესებს“.

რუსუდანი: „აჰ, მართლა, რა გაინტერესებდათ?“

გოგა: „მაგ ამბის ჩვენ-ჩვენი ვერსიები გვაქვს. ჩვენ-ჩვენ ვერსიას მოგიყვებით, თუ გნებავთ“.

0x01 graphic

Recording (სტუდენტობა)

რუსიკო: ჩვენ ერთად ვსწავლობდით. პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველი კორპუსი ხომ გახსოვთ, აი, გარედან მომრგვალებული და შემინული რომ არის? შენობის ეს მრგვალი ნაწილი მეხუთე-მეექვსე სართულებს ემთხვევა. ეს ჩვენი, არქიტექტორების ტერიტორია იყო. გაერთიანებული ორი სართულის უზარმაზარ ჭერსა და უზარმაზარ სივრცეს მხოლოდ ანტრესოლები ჰყოფდა. ამ არასტანდარტულ გარემოს, არქიტექტურის ფაკულტეტის საპროექტო ერქვა. იქ, სამუშაო მაგიდებზე, სტუდენტები თავისუფლად ტოვებდნენ სამუშაო იარაღს - საქაღალდეებს, ტუშებს, სახაზავებს, ფანქრებს, თავს ისე გრძნობდნენ, როგორც შემოქმედებით სახელოსნოში. ირაკლი ციციშვილი უნიკალურ გარემოს გვიქმნიდა. საბჭოთა კავშირის გარეთ ნანახი ძეგლების შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას გვაწვდიდა, მოსკოვიდან დაბრუნებული პედაგოგებიც ნოვაციებით მოდიოდნენ. თან, ჩვენი ჯგუფები პატარა, მაქსიმუმ 15-კაციანი იყო. იცით, არქიტექტურა რაღაცნაირად ინდივიდუალურ სწავლებას მოითხოვს, ჩვენ ეს გვქონდა.“

გოგა: „ისევ გადაუხვიე. მოკლედ, წარმოიდგინეთ, 60-იანი წლები იყო, 60-იანელები იწყებდნენ მოღვაწეობას, ახალი ტენდენციები იკვეთებოდა, სხვანაირი კინო კეთდებოდა... და რადგან არქიტექტურაც ხელოვნების ნაწილია, ეს სიახლეები ჩვენთანაც იგრძნობოდა.

0x01 graphic

როგორც რუსიკომ გითხრათ, გარემოც სრულიად განსხვავებული გახლდათ. დიდი დარბაზი ექვს ნაწილად იყო დატიხრული. მე თუ ლექციაზე ხმამაღლა დავიწყებდი ლაპარაკს, ტიხრის მეორე მხრიდან მაჩუმებდნენ: „გოგა, ხმადაბლა!“ - ძალიან გულითადი დამოკიდებულება გვქონდა. უფროსი არქიტექტორები უმცროსებს ვეხმარებოდით. ახლა ყველაფერი კომპიუტერით კეთდება და იხაზება, მაშინ ხელით ვხაზავდით, ფერებს ვაზავებდით, ვღებავდით. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ე.წ. „კაი ხელს“. მე „კაი ხელი“ მქონდა და ბევრ სტუდენტს ვეხმარებოდი. აი, ამ სოუსში თუ ბულიონში მოვიდა ეს ქალბატონი ჩვენთან.

ჩემს კურსზე ოთხი-ხუთი მაღალი ბიჭი სწავლობდა, კალათბურთელები. ვმეგობრობდით. თან, არც მე ვიყავი პატარა. ეს ჩვენი ჯგუფი გოგოების ყურადღებას სულ იქცევდა. მე ვფიქრობ, რომ რუსიკო მჩანგლავდა, თვითონ გეტყვით, რომ მე ვჩანგლავდი.“

რუსიკო: „საერთოდ, ასეა. რომ გგონია, ის შენი აღმოჩენაა, შეიძლება პირიქით იყოს; შეიძლება, პირველმა თვითონ შეგამჩნია. მე მოსვლისთანავე ვიცოდი, რომ უფროს კურსზე იყო ერთი გოგა ბერიძე, რომელსაც კარგი ხელი ჰქონდა და ნიჭიერი სტუდენტი იყო. ერთხელ რაღაც პროექტი გავაკეთე, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვუძებნე ანტურაჟი. გოგამ ძალიან ლამაზი ბაობაბის ხე დამიხატა. როცა განხილვის დრო დადგა და პროექტი ირაკლი ციციშვილს ვაჩვენე, ერთი შეათვალიერა ნახაზი და მკითხა: „საიდან არის ეს, из тысячи и одной ночи, или из Гоги Беридзе?“ მე აღარ დავუმალე და ვუპასუხე: Из последней.

0x01 graphic

0x01 graphic

გოგა: „მოკლედ, ჩვენი ურთიერთობა იქ დაიწყო. საერთო ექსკურსიებზე დავდიოდით, ძეგლებს ვათვალიერებდით, ინსტიტუტში მისულები, წინა საღამოს ნანახ ფილმებზე ვმსჯელობდით.

მაშინ ამას „პრასმოტრს“ ეძახდნენ. მე კინოსტუდიის ეზოში ვცხოვრობდი და „გრიმიორშა“ მეზობელი მყავდა. მივიდოდა მასთან ლეილა აბაშიძე და ლაპარაკში დაუდევრად ეტყოდა: Сегодня будет просмотр. მორჩა, ეს ამბავი მისი წასვლისთანავე ყველამ იცოდა. კინოსტუდიის ეზოს ერთ ნაწილში გისოსები გვქონდა გადაღუნული. ვთქვათ, იმ საღამოს „რვანახევარს“ აჩვენებდნენ. დრო რომ დგებოდა, გაღუნულ ღობეში ვძვრებოდით და შევდიოდით. პირველად რომ რუსუდანი იქ ვნახე, მესიამოვნა, გონებაში პლუსი დავუწერე - „ა, ესე იგი, აქაც დადის“. მეორე „პრასმოტრზე“ კი, ცხადია, უფრო დიდი ხალისით წავედი. ფილმის ნახვის შემდეგ იწყებოდა მსჯელობა, კამათი.“

რუსიკო: „ჩვენი ურთიერთობის საფუძველი სწორედ ეს იყო. შეხედულებების თანხვედრა, საერთო ინტერესები, ბევრი სასაუბრო თემა, ბევრი საერთო. კინოსტუდიის ჩვენებებს არც მე ვაცდენდი. თუმცა, სხვებთან შედარებით, პრივილეგირებული აღმოვჩნდი და ამ ფილმების უმრავლესობა უკვე ნანახი მქონდა. საქმე ის გახლავთ, რომ 16 წლის ვიყავი, როცა ჩემი და რუს დიპლომატზე გათხოვდა და საცხოვრებლად პრაღაში გადავიდა. 17 წლისამ დაბადების დღე იქ გადავიხადე და პრაღა ჩემი ზაფხულების განუყოფელი ნაწილი გახდა. ასე რომ, საზღვარგარეთი ჩემთვის უცხო არასოდეს ყოფილა. მუდამ ჩამომქონდა დისკები, წიგნები.“

გოგა: „არადა, როგორი აკრძალული იყო? რუსიკოს სიძეს პირდაპირ ეკითხებოდნენ ხოლმე: Вы Набокова не везете? ის დამაჯერებელი სახით პასუხობდა, რომ არა. არადა, ჩანთაში ედო.“

რუსიკო: „შინაგანადაც თავისუფალი ვიყავი. ამიტომ, ერთხელ ჩემს დასთან აგარაკზე, ჰამაკში სოლჟენიცინის გადაშლილი წიგნი დამრჩა. ქალაქში რომ დავბრუნდით, ეს მერე ვთქვი. ჩემი და შეშფოთდა, მისი მეუღლე ხომ დიპლომატი იყო და სოლჟენიცინი ჰამაკში - ნამდვილად არ შეიძლებოდა. მახსოვს, სასწრაფოდ ტაქსი გამოვიძახეთ, ჩაჯდა და წიგნის წამოსაღებად წავიდა.“

გოგა: „კინოსტუდიაში ხომ ვუწერდი პლუსებს, მერე გავიგე, რომ ერთი მომღერლის სიმღერები უყვარდა ძალიან.“

რუსიკო: „ნეთ ქინგ ქოულის.“

გოგა: „ხო, მეც მახსოვდა, ნეთ ქინგ ქოული. მოკლედ, ჩავიწერე კასეტაზე, მეგობარს პატარა მაგნიტოფონი გამოვართვი და უნივერსიტეტში წავიღე. დარბაზში ჩავრთე, ყველგან გაისმა - ანტრესოლებში, ტიხრებში. რუსიკომ რომ გაიგო, მაშინვე გარეთ გამოვიდა და მე შევრჩი. მერე სულ ასე იყო - ვრთავდი ქოულს, რუსიკო გამოდიოდა აუდიტორიიდან და კინოში მივდიოდით, ეგ იყო ჩვენი პაროლი.“

რუსიკო: „მეორე კურსიდან ვმეგობრობდით. მშობლები ამას გაგებით ხვდებოდნენ. სადაც ვისვენებდი, გოგა ყოველთვის იქ ჩამოდიოდა ხოლმე.“

გოგა: „რატომაც არა. რა, მარტო თქვენია ლიკანი?“

0x01 graphic

0x01 graphic

რუსიკო: „არა, რატომ, მეც ხომ ჩამოვდიოდი ბათუმში.“

გოგა: „ერთხელ უარესიც გავაკეთე. მაშინ რუსიკოს და იყო ჩამოსული მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღით. ყაზბეგში წასვლა მოინდომა. მთელი ოჯახი წავიდა. საგზაო სამინისტროში ვმუშაობდი, ვიტრიალე, ვიტრიალე, მაგრამ ამაოდ - სამსახურს ვერ გავაცდენდი, ყაზბეგშიც უმიზეზოდ ხომ ვერ ჩავიდოდი. უცებ ფასანაურში გამოჩნდა საქმე. მინისტრის მოადგილემ, გოგი ჩახავამ რაღაც პროექტის ნახვა მოინდომა. წავედით. გზაში მძღოლს ვთხოვე, რამენაირად ყაზბეგში ვერ ამიყვან-მეთქი? შეიცხადა, ყაზბეგამდე იცი მაინც, რა გზაა დარჩენილიო? მაგრამ იქნებ, რამე ვქნათო. იდეა წამოვიდა, გუდაურისკენ გავისეირნოთო. ჩავედით, გავაჩერეთ, გადავიხედეთ, გეგმებზე ვისაუბრეთ. გოგიმ თქვა, იქნებ სადმე ვისადილოთ კიდეცო. და ამ დროს საქმეში მძღოლი ჩაერთო, აქვე მაგარი ხინკალი ვიციო. ეს „აქვე“ ყაზბეგი იყო. ბოლოს ჩავედით კიდეც. გოგი ჩახავა და რუსუდანის მამა ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ჩვენი დანახვა კი გაუკვირდათ, მაგრამ კარგად მიგვიღეს. იმ საღამოს კონიაკით დავთვერი და რუსუდანის მამამ აღარ გამომიშვა, სასტუმროში დამტოვა. შეიძლება, ხვდებოდა კიდეც რაღაცას, მაგრამ არაფერი მაგრძნობინა.“

რუსიკო: „ამ მხრივ ყოველთვის თავისუფლებას ვგრძნობდი. ჩემი და ძალიან ლამაზი იყო და ოჯახი მის მოვლა-პატრონობაზე ზრუნავდა. მე თითქმის არ მზღუდავდნენ.“

გოგა: „ბოლოს, ჩვენი მეგობრობა ქორწინებით დასრულდა. სახლში მივედი და ხელი ვთხოვე. თუმცა, მანამდე იყო საინტერესო - გათხოვება არ უნდოდა.“

რუსიკო: „ამ ნაბიჯის გადადგმა მართლა ძალიან გამიჭირდა. ბოლოს მაინც იმიტომ გადავწყვიტე, რომ მივხვდი, გოგა ჩემს თავისუფლებას პატივს სცემდა. თავიდანვე, ბავშვობიდანვე ასე მჯეროდა, რომ თავისუფლებისთვის ვიყავი დაბადებული. ამის წართმევის უფლება არავის ჰქონდა. გოგას ეს არასდროს უცდია. ის ყოველთვის პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებებს.“

0x01 graphic

Recording (იტალია)

გადაწყვეტილებები კი ყოველთვის რადიკალური იყო და ხშირად ფრენას უკავშირდებოდა. არქიტექტურა - აზროვნების ფორმაც იყო და ცხოვრების წესიც - მის გარეშე ვერც ოჯახური ცხოვრება წარმოედგინა. ეს ქმარმა იცოდა. ამიტომ „ოჯახის უზენაესმა საბჭომ“ დადებითი დასკვნა გამოიტანა: 1 წლის ეკა თბილისში მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დარჩა და დედა მოსკოვში, ასპირანტურაში სასწავლებლად გაუშვა.

რუსიკო: „70-იანი წლები საერთოდ ფენომენი იყო. თავისუფლების პირველი ნიშნები მაშინ გაჩნდა, თავისუფალი აზრის მასობრივად გამოთქმაც მაშინ გახდა შესაძლებელი. მახსოვს, ჩემი სიძის მოტანილი საშვებით, დასთან ერთად, მოსკოვში აბსტრაქციონიზმის გამოფენაზე წავედი. პირველი ასეთი გამოფენა ტრაქტორებით გადათელეს, მერე მაინც დაუშვეს - ვითომ არ ებრძოდნენ სიახლეს და ექსპოზიციის გამართვის უფლება მხატვრებს მეფუტკრეობის პავილიონში მისცეს. გარეთ -35 გრადუსი ყინვა იყო და საათნახევრიანი რიგი. დაცვის ჯარისკაცებს ჩვენზე თბილად ეცვათ, ჩვენ კი გმირულად ვიდექით, ვკანკალებდით და ველოდით, როდის მოგვიწევდა გამოფენაზე შესვლის დრო. დაცვა კი დაგვცინოდა: Любители искусств.

უამრავი სასიამოვნო შთაბეჭდილებით ვარ სავსე. საერთოდ, ამ მხრივ, „ლაქი“ მეთქმის. არ ვიცი, ასეთ ბედნიერ წუთებს ვიმსახურებ ხოლმე, თუ ავანსად მეძლევა და მერე უნდა დავამტკიცო დაკისრებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებით...“

გოგა: რუსიკოს მოსკოვში ყოფნისას, ბავშვებთან მე ვიყავი. რუსიკოს სახლში ვცხოვრობდი. ბატონი რეზო, რუსიკოს მამა ჩემთვის მაგალითი იყო. თავდაუზოგავი კაცი გახლდათ და მისი ეს თავდადება ჩემზეც გადმოდიოდა. ეკას და სანდროს ყურადღებას არ აკლებდა, დილას ადრე დგებოდა, არაფერი ეზარებოდა. ასეთ გარემოში ბავშვების გაზრდა, ცხადია, რთული არ იყო“.

0x01 graphic

„დემოკრატი ვარ, ამიტომ ვერ ვიტან, როცა თავისუფლებას მიზღუდავენ“ - ცხადია ამ ფრაზის ავტორისთვის არც იტალიაში წასვლა დაუშლია ვინმეს.

პედაგოგების გაცვლითი პროგრამის შესახებ 1980 წელს გაიგეს. ისე არასერიოზულად მოეკიდა საკითხს, რომ იტალიური ენის საფუძვლიანად შესწავლაზე არც უფიქრია. ეგონა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით ასარჩევ პედაგოგებს შორის ვერ მოხვდებოდა. არადა, მეორე ტურში გავიდა. გასაუბრებისთვის

ერევანში გამოიძახეს. მეუღლეც თან გაჰყვა, მანქანით წავიდნენ, გზად ღირსშესანიშნავი ძეგლებიც მოინახულეს და პატარა მოგზაურობასავით გამოუვიდათ. ერევანში რუსუდანის გადაბირება სცადეს: რატომ მიდიხართ იტალიაში, იაპონიაში რატომ არ გინდათ - იაპონია ხომ თანამედროვე არქიტექტურის შესასწავლად საუკეთესო ადგილიაო. მის დაბნევას ცდილობდნენ, რომ როგორმე პროგრამიდანაც მოეხსნათ. ბოლოს, „ქმრის კოზირი“ გამოიყენეს. ნამდვილად გიშვებთო? - დაეჭვებით ჰკითხეს. ერთ-ერთმა არქიტექტორმა მთავარ ინტერვიუერს მოახსენა, როგორ არა, უშვებს, გარეთ დგას და გულშემატკივრობსო. მან კი არ დაიჯერა, შემოიყვანეთო. Кто тут Беридзе? - გააკითხეს ქმარს, შეიყვანეს და დაჟინებით გაუმეორეს: Да вы точно подпишете, точно отпускайте?. მაშინ ეკა და სანდრო 11 და 9 წლის იყვნენ.

რუსიკო: „იტალიაში მარტო ყოფნის პერიოდს როცა ვიხსენებ, ტარკოვსკის „ნოსტალგიის“ ერთი მომენტი მახსენდება. მთავარი გმირი იტალიაში ბაბუის კვალის მოსაძებნად ჩადის - ჩაკეტილი სივრციდან თავისუფალ სამყაროში გადის, ხვდება ადამიანებს, იკვლევს წარსულს, ეძებს პასუხებს, თან მშვენიერი თარჯიმანი ქალი დაჰყვება, რომელიც გარემოს ათვალიერებინებს. ერთხელ ქალი ტოსკანას მხარეში, რომელიღაც პატარა ეკლესიაში შევა, მაგრამ მთავარი გმირი არ შეჰყვება, ის თავისთვის ამბობს: Как мне надоела смотреть на этой красоте в одиночестве. მეც დავდიოდი და სულ ეს განცდა მდევდა თან. ყველაზე მეტად მინდოდა, ამ ადგილების ნახვის სიამოვნება ოჯახის წევრებთან ერთად განმეცადა“.

გოგა: „პირველ ცდაზე ვერა, მაგრამ რუსუდანთან შემდეგ მეც ჩავედი. მზადება იყო ძალიან სასაცილო. აეროპორტში რუსიკო უნდა დამხვედროდა, მაგრამ ვაი და, გზაში ამცდენოდა - იტალიაში ხშირად იფიცებიან ხოლმე მძღოლები. მოძრაობის მთელი სქემა შევიმუშავეთ. ვისწავლე, როგორ უნდა მივსულიყავი სასტუმრომდე და იქ რუსიკო მეკითხა. იტალიური არ ვიცოდი და ამიტომ ტექსტი თან დავიმახსოვრე, თან ფურცელზე დავიწერე: „გამარჯობა, მე რუსუდან ლორთქიფანიძის ქმარი ვარ“. მეგობრები მაცილებდნენ, ერთ-ერთმა მკითხა, რუსუდანი რომ ვერ იპოვო აეროპორტში, მერე რას შვრებიო. როგორ თუ რას ვშვრები-მეთქი და ჯიბიდან საგულდაგულოდ შენახული ფურცელი ამოვიღე და წავიკითხე - Ciao, sono un marito di Rusiko Lortkifanidze. ეგ რას ნიშნავსო. რას და „გამარჯობა, მე რუსუდან ლორთქიფანიძის ქმარი ვარ“-მეთქი. ბევრი იცინეს - წარმოიდგინეს რომის აეროპორტში დაკარგული კაცი, რომელმაც არ იცის იტალიური, ვერ ხვდება სად მიდის და როგორ. სამაგიეროდ ახსოვს, რომ რუსუდან ლორთქიფანიძის ქმარია.“

0x01 graphic

რუსიკო: „კიდევ კარგი, არაფერი მომხდარა. მშვიდობიანად ჩამოვიდა. აეროპორტში შევხვდი, იმ საღამოს ერთ ლამაზ მოედანზე, პატარა რესტორანში ვივახშმეთ. ორი-სამი დღის შემდეგ, კიდევ მოვხვდით იმ მოედანზე და გოგა აღფრთოვანდა, რატომ აქამდე არ მომიყვანე აქ, ეს რომის უმშვენიერესი ადგილი ყოფილაო.“

გოგა: „უცხო ქალაქმა ასე იცის. რაც არ უნდა ზეპირად იცოდე მისი არქიტექტურა, რაც არ უნდა მდიდარი წარმოსახვის უნარი გქონდეს, ქალაქთან პირველი შეხვედრა მაინც დამაბნეველია. პირველი დღეები თითქმის არავის ახსოვს გაივლი რაღაც ადგილს, გაატარებ გონებაში, რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნდები და გგონია, რომ პირველად ხედავ. ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ძალიან ბევრია ტვინისთვის. თუმცა, რუსუდანი მოსვენებას არ გვაძლევდა. საშინელი გრაფიკი ჰქონდა შედგენილი, ვმგზავრობდით მატარებლით, ავტობუსით. საგანგებოდ ვყიდულობდით ე.წ. კილომეტრულ ბილეთებს, ვთქვათ, რომიდან პალერმოში მივდივართ, გზად რაღაც ლამაზ, პატარა ქალაქს შევნიშნავთ, ჩამოვალთ, დავათვალიერებთ, და ისევ გზას ვაგრძელებთ შემდეგი მატარებლით. ზუსტად ეს მიყვარს - როცა ქალაქს ჩემით აღმოვაჩენ. არასოდეს არ დამავიწყდება ვენეციაში ჩასვლა. იქ ჯგუფთან ერთად ჩავედი, მაგრამ მათთან ერთად კი არა, მარტომ ვიხეტიალე და მარტომ აღმოვაჩინე ქალაქი.“

რუსიკო: „ცალკე თემაა ჩემი იტალიური კვლევაც - თანამედროვე არქიტექტურა, რადგან მის ნიმუშებს რომში უიშვიათესად თუ შეხვდები. ხუმრობაც იყო ასეთი: სტუდენტს ეკითხებიან - რით ხართ დაკავებული? პასუხობს: თანამედროვე არქიტექტურას ვსწავლობ. კონტრ-კითხვა - და სად იპოვეთ აქ ეგეთი? მართლაც ასეა. ნიუ იორკში ყველაზე დიდი სიძველე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის შენობებია, 30-იან წლებში აშენებული ცათამბრჯენებია, რომში კი მართლა სანთლით არის საძებნი ახალი ფასადები. მაგალითად, ბოლო თანამედროვე შენობა იქ 1963 წელს აშენდა და ეს იყო ნაგებობა საინჟინრო ფაკულტეტის ეზოში. ამიტომ, რომში თანამედროვე არიქტექტურის კვლევა, თანამედროვე არქიტექტორებთან ურთიერთობის გარეშე, წარმოუდგენელია. იქ ის კი არაა მთავარი, შენობა როგორ გამოიყურება, უფრო მნიშვნელოვანია, რისი გაკეთება უნდოდა ავტორს, რას ფიქრობდა კეთების პროცესში - სწორედ ეს, მთლიანობაში არის ამ ერთი კონკრეტული შენობის გენეზისი. მე კი ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, რადგან შემეძლო ვმჯდარიყავი იმ ოთახში, სადაც ეს დიდი არქიტექტორები მუშაობდნენ. მაგალითად, მუშაობდა ალდო როსი, მე კი იქვე ვიჯექი, ვკითხულობდი წიგნებს, მივმართავდი რჩევისთვის. თან, ეს ცნობილი არქიტექტორები ყოველთვის გულისხმერები არიან მკვლევარების მიმართ; იციან, რომ ჩვენ მათი ხელოვნების მთავარი შემფასებლები ვართ და ამიტომ დახმარებას მაქსიმალურად ცდილობენ. ერთმანეთსაც პატივისცემით ეპყრობიან და ურთიერთობის თავისებური წესები აქვთ. მაგალითად, ალდო როსი და გუიდო კანელა არაფრით არ მიიღებდნენ ერთი და იმავე კონკურსში მონაწილეობას.

მე მათთან ეს მჭიდრო და საინტერესო ურთიერთობა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. საერთოდ, ბედნიერება უცნაური სიტყვაა, ეშინიათ ხოლმე მისი ხსენება. მე არ მეშინია. როცა ეს გრძნობა მოდის, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ.“

გოგა: „ისევ თემიდან უხვევ.“

რუსიკო: „რატომ? ესეც ხომ ჩემი ცხოვრებაა. ჩვენ ხომ არქიტექტურა გვაკავშირებს და მისდამი სიყვარული. სადაც არ უნდა ვიმუშაო და რაც არ უნდა ვაკეთო, მაინც არქიტექტორად ვრჩები. ეს ჩვენი ცხოვრების წესია, ჩვენი ხედვა - ჩემიც და შენიც.“

გოგა: „ისე, მართალია, პროფესია შეიძლება ცხოვრების და აზროვნების წესად გექცეს.

და ისიც შეიძლება, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაგებედოს. მაგალითად, იტალიასთან ჩვენ რაღაც უცნაური ბედი გვაკავშირებს. როცა რუსიკო იტალიაში პირველად ჩავიდა, ეკაზე იყო ფეხმძიმედ. მაშინ დასთან ერთად წავიდა, ტურისტული საგზური დის ქმარმა უშოვა, მაგრამ ჯგუფის ხელმძღვანელს დაუმალა, რომ ფეხმძიმედ იყო, თორემ არ გაუშვებდნენ. კარგად მახსოვს ერთი ფოტო - რუსიკო რომის ქუჩაში დგას, წითელი ლაბადა აცვია, მუცელში კი ეკა ჰყავს, ანუ გამოდის, რომ ეკა იტალიაში დაბადებამდე იყო. შემდეგ გავიდა წლები, ჩვენ იტალიაში ვცხოვრობთ და საშობაოდ ფეხმძიმე ეკა ჩამოვიდა - ანუ მისი სალომეც დაბადებამდე ესტუმრა ამ ქვეყანას. მახსოვს, პეტრეს ტაძარში საშობაო წირვას დავესწარით. ეკა ცუდად გახდა, გამოვედით, ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ერთი დანჯღრეული ტაქსი გავაჩერეთ და იმით წავედით შინ. მერე მესამე შემთხვევა მოხდა. რუსიკომ რიმინის კურორტზე საგზურები აიღო, ჩვენთვის, სანდროსთვის და სანდროს ცოლისთვის. საოცარი ადგილი იყო, შუაღამემდე გაღებული მაღაზიებით, ქუჩაში მოფუსფუსე ტურისტებით, რუსულ ენაზე მოლაპარაკე ვაჭრებით. სანდროს ცოლმა იქ, რიმინიში გააჩინა ჩვენი მეოთხე შვილიშვილი, პატარა გიორგი ბერიძე.“

რუსიკო: „იტალია მართლაც განსაკუთრებული თავია ჩემს ბიოგრაფიაში.“

გოგა: „თუმცა, მე, პირადად, რუსიკოს ელჩობამდე პერიოდი უფრო მიყვარდა. ელჩობის პერიოდმა კი, თითქოს იმის ილუზია შეგვიქმნა, რომ იქაურები ვიყავით, რაც მართალი არ იყო. თითქოს გყავს მანქანა, გაქვს სახლი, თითქოს ამ ქალაქში შენ რაღაც გეკუთვნის, აქაური ხარ. არადა, ხშირად ვხუმრობ ხოლმე, როგორ უნდა იცხოვრო ქალაქში, რომლის არცერთი „სკვაზნოი პადიეზდი“ არ იცი; როცა არასდროს გცოდნია, რა არის ამ შენობის უკან, ვინ ცხოვრობს იქ. სულ სხვაა, როცა მკვლევარის სტატუსი გაქვს და ახალ ქალაქს, უბრალოდ, აკვირდები; როცა მის დეტალებს იძიებ. რუსიკომ ეს შესანიშნავად გააკეთა. ყოველ ჩამოსვლაზე, შინ უამრავი წიგნით ბრუნდებოდა. ერთხელ 13 ყუთი წიგნი მოგვქონდა. გამოცემები სად აღარ გვეწყო - ყველის, კარაქის კოლოფებში, თოკებით გადაჭერილ ყუთებში. მოსკოვამდე უპრობლემოდ ჩამოვედით - თანხა ზედმეტ წონაზე არ გადაგვახდევინეს. მოსკოვში კი მდგომარეობა გართულდა, მაგრამ რუსიკომ იმარჯვა. ბატონო მაიორო, - თქვა პრინციპულად, - იტალიიდან ჩემი კვლევის შედეგი მომაქვს. შემიძლია, ეს ყველაფერი თქვენთან დავტოვო, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ აქედან პირდაპირ განათლების სამინისტროში წავალ, პირველ განყოფილებაში, იქედან კი დაგირეკავენ და პასუხს მოგთხოვენ. ამიტომ, გთხოვთ, თქვენი ტელეფონის ნომერი და სახელი მითხარით... უსიტყვოდ გაგვიშვეს თბილისში.“

რუსიკო: ჩემთვის კი ელჩობის პერიოდიც მნიშვნელოვანი იყო. მიყვარდა შენობაც, სადაც მაშინ საქართველოს საელჩო იყო განთავსებული. ეს მშვენიერი ადგილი ჩემი ჩასვლისთვის უკვე არსებობდა. ესპანეთის მოედანზე, პალაცო პიერეტი ზუსტად ის გარემო იყო, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოს შეეფერებოდა. ჩვენ არ გვქონდა რუსეთისხელა ამბიციები - მათი საელჩო 34 ჰექტარზეა გადაჭიმული, ვატიკანს ესაზღვრება, რომლის ტერიტორიაც, თავის მხრივ, 38 ჰექტარს ითვლის, და, ფაქტობრივად, სახელმწიფო ვატიკანსა და რუსეთის საელჩოს თითქმის თანაბარი ფართობი უჭირავთ. ჩვენ კი ასეთი ძვირფასი შენობა არაფერში გვჭირდებოდა, საქართველოსთვის საკმარისი იყო პატარა, ელეგანტური და გემოვნებიანი - რაც გვქონდა კიდეც.“

იტალიური მოგონებები რუსუდან ლორთქიფანიძის ბიოგრაფიაში არასდროს ილევა ისევე, როგორც იწყება და არასდროს ილევა თემა - არქიტექტურა. ამიტომ, ჯობია, გოგა ბერიძის პრინციპი გამოვიყენოთ: - „ეჰ, ისევ თემიდან ვუხვევთ“. ისევ იმ საღამოს დავუბრუნდეთ, როცა ვია ლიმას შვიდ ნომერში, საღამოს 11 საათზე მოულოდნელი ზარი გაისმა და ქალბატონ ელჩს ახალი ბიოგრაფიული თავის დაწყება ამცნო.

იმ დილიდან რუსუდან ლორთქიფანიძე ცნობილი სახე გახდა, მალე - რექტორი. „ზოგიერთმა ბელადი რექტორის სტატუსი მომაკერა. არადა, ასეთი არ ვარ. ძლიერება ჩემთვის ძალა არ არის. ძლიერება დემოკრატიაშია, როცა ადამიანის ვალდებულებები ლოგიკურად ნაწილდება საჭირო ხალხზე“.

მისთვის მონოლითური ოჯახიც კომფორტია, მაგრამ კომფორტს ეკლექტიკაშიც ხედავს. „ეკლექტიკა, როგორც პერიოდი, ძალიან მომწონს. ეს იმის ხელახალი გადამუშავებაა, რაც საუკუნის დასაწყისში იყო. როცა გააზრებული გაქვს, რომ მარტო ის კი არ არის შენი, რაც მშობლებმა დაგიტოვეს, არამედ შენია ყველაფერი ის, რაც მსოფლიოში მემკვიდრეობის სახითაა მიმოფანტული. წარსულის რელიქვიებს არ ვაგროვებ, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი დროის ადამიანი ვარ, თანამედროვე.“

ასეა თუ ისე, აზროვნების ფორმით არქიტექტორი რექტორი დღეს უნივერსიტეტის კაბინეტში ზის, მეუღლე კი დროდადრო საყვედურობს ხოლმე: „ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარდა ერთად მუშაობა.“ იგულისხმება პროექტები, რომელთაც გოგა ბერიძე ახლა დამოუკიდებლად ადგენს.

მას არც მდიდარი ბიბლიოთეკის ბედი ანაღვლებს. ნაბოლარა შვილიშვილმა, პატარა გოგა ბერიძემ არქიტექტორობის სურვილი უკვე გამოთქვა. განსაკუთრებით მოსწონს სახაზავი მაგიდა ბაბუის სახელოსნოში. ასე რომ...

ასე რომ, ქმრის ხმაში სევდა არ იგრძნობა, როცა თავის დიდ და დაფანტულ ოჯახსა და საქმიან რექტორ მეუღლეზე საუბრობს; და არც ახლაა სევდიანი, როცა შვილიშვილები იტალიაში ჰყავს; როცა ნაადრევად აცივდა, მოსაღამოვდა და ლორთქიფანიძეების ძველ სახლში ტელეფონი რეკავს:

„რუსიკო? არ გახლავთ, ბატონო, თბილისში არაა“.

„სად და ბოლონიაში. ბოლონიის პროცესს აკვირდება“.

„კვირის ბოლოს დარეკეთ. უმჯობესია, გვიან საღამოს“.

4 ოლეგ მიხეევი, ფოტოგრაფი

▲back to top


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტოსურათები გამოქვეყნებულია ოლეგ მიხეევის ნებართვით

0x01 graphic

0x01 graphic

ოდესმე, - ვიმედოვნებ, ასი წლის მერე, - სასტიკი სამსჯავროს წინაშე რომ წარვდგები და ნაირ-ნაირი ანგელოზები რომ მკითხავენ, კარგი რა გიქნიაო, ვიტყვი, ოლეგ მიხეევი აბრეშუმის ფაბრიკაში მივიყვანე-მეთქი. სწორედ აბრეშუმის ფაბრიკაში გახდა აგვისტოს ცხელ დღეებში თბილისში დარჩენილი საზოგადოება იმის მოწმე, თუ როგორ იღებდა სახელგანთქმული ფოტოგრაფი ორასი წლის წინათ შეკერილ-მოქარგულ ხევსურულ კაბებში გამოწყობილ თინათინ გორდელაძეს.

ოლეგ მიხეევი Commercial Break 2000-ის, ანუ პროფესიონალ ფოტოგრაფთა ჟურნალისა და FUJI- პროფესიონალთა ჯილდოს მფლობელია. 2001 წელს მან კოდაკის ოქროს პრემია დაიმსახურა, იმავე წელს ის ბრიტანეთის საუკეთესო პორტრეტისტ ფოტოგრაფად აღიარეს. ერთი წლის შემდეგ, ოლეგ მიხეევს FUJI- მოდის ფოტოგრაფის ჯილდო გადაეცა.

გახსოვთ, რეკლამა იყო ასეთი: ტალახში ჩაგდებულ ჩოგბურთის ბურთს გოგონას ნაზი ხელი დასწვდა. გოგონა სასოწარკვეთილი თამაშობს, გოგონას სათამაშო მოედანი ბადითა და გისოსებითაა შემოღობილი. , საბრალო გოგონა! როგორ მამაცურად ურტყამს ჩოგანს! , რა ტანჯვაა ბადეებისა და გისოსების გარღვევა!

მერე რა, რომ ამ გოგონას მოგებული სერიოზული თამაში არავის არასოდეს უნახავს. სამაგიეროდ, კოხტა სხეული აქვს, ტაკოზე ისე ლამაზად ადგას ადიდასის ფორმა! სამაგიეროდ, ტალახიდან ამოძვრა - საბჭოთა კავშირიდან!

ეს გულისამრევი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქეების მიერ - ამ შემთხვევაში ანა კურნიკოვას აღარ ვგულისხმობ, მშვენივრად მოახერხა ამ თემით სპეკულირება, - ისეთ დიდოსტატზეც გავრცელდა, როგორიც ოლეგ მიხეევია. ოლეგის თქმით, ის, რასაც ის ჟურნალებში კითხულობს ხოლმე და რასაც ავტორები მის ბიოგრაფიას უწოდებდნენ, არანაირად არაა მის ცხოვრებასთან დაკავშირებული - ის სულაც არ თვლის, რომ ტანჯვა-ვაებით მიაღწია წარმატებას. ბევრი იმუშავა - ეს მართალია, მაგრამ დანარჩენი...

გადამოწმებული მონაცემები ოლეგ მიხეევის წარმატების შესახებ >>>

თავისთავად, უცნაური მოვლენა კია - მაგადანელი ლონდონელი. მისი დაბადების ადგილი, „სტალინისეული შორეული აღმოსავლეთის ბეთლემი“, ჩემთვის ქვეყნის დასალიერია, სხვა სამყარო, შამანებისა და გულთმისნების სამყოფელი, სადაც, ერთი ძველი საბჭოთა სიმღერა რომ გავიხსენოთ, „თორმეტი თვე ზამთარია, დანარჩენი - ზაფხული“. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ოლეგ მიხეევი კი ფრიად რესპექტაბელური ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ძვირფასი მოდის ჟურნალების - Vogue, Vanity Fair, GQ, Harper's Bazaar, ID, The Face, L'Offi ciel, Elle, Jalouse, L'Opium, Ocean Drive, Oyster, Shoo Magazine, Hint Magazine, Gloss, The Sunday Times Style magazine გარეკანებს ამშვენებს. ის, თავის ცოლ-შვილთან ერთად, ლონდონში ცხოვრობს, დღემდე რუსეთის მოქალაქეა და მთელს მსოფლიოში მოგზაურობს.

1985-დან 1994 წლამდე ოლეგ მიხეევი ეკატერინბურგსა და ტოლიატიში ცხოვრობდა და ურალის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ „ვაზ“-ში მუშაობდა დიზაინერად. ერთ დღეს მან ლონდონის სამეფო სამხატვრო კოლეჯში სწავლა გადაწყვიტა და ამ საქმის გასარკვევად მოსკოვში მყოფმა, ბრიტანეთის საბჭოს მიაკითხა, სადაც კარგა ხანს უხსნიდნენ, ეგეთი არაფერი გაგვიგია, რას გვიყვებიო. მერე, როგორც იქნა, ინფორმაცია მოიპოვა და თავისი მონაცემები და ნამუშევრები ლონდონში გაგზავნა. უნდა ითქვას, რომ უზარმაზარი კონკურსი იყო - 34 ადამიანი ერთ ადგილზე.

მერე?

კარგა ხანს იორჭოფა, რომ მოგიყვე, დაწერო. მე ვუთხარი, აუცილებლად დავწერ-მეთქი. ხელი ჩაიქნია და განაგრძო.

შემდეგი ეტაპი იყო გასაუბრება, რომელიც ლონდონში უნდა გამართულიყო, იქ ჩასვლა კი, მოგეხსენებათ, არცთუ იოლია, სხვა თუ არაფერი, ფულია საჭირო. ოლეგს ფული არ ჰქონდა. მან გადაწყვიტა, ერთი ბანკისთვის მიემართა, რომელიც მხოლოდ იმ პრინციპით აირჩია, რომ იქ ნაცნობები ჰყავდა და თუ ფულს არ მისცემდნენ, მარტის ცივ დღეს ჩაის მაინც დაალევინებდნენ. ჩინურ ბუმბულის ქურთუკში გამოწყობილი, ის ბანკის კარს მიადგა - და იქ საოცრებები დაიწყო.

კარში აღმართულმა ავტომატიანმა ყარაულმა ჰკითხა:

- რისთვის მოხვედი?

- ფულისთვის, - მიუგო ოლეგმა.

- შედი.

შესასვლელში მჯდომმა გოგონამ ოლეგს უსმინა, უსმინა, ვერაფერი გაიგო და დაასკვნა:

- ა, საერთაშორისო ურთიერთობები?

- დიახ, - მიუგო ოლეგმა.

გოგონამ რაღაც კარზე მიუთითა. იქ, კაბინეტის მისაღებში, აუხსნეს, ბატონ ამას და ამას ჯერ მნახველი ჰყავს, დაელოდეო, და სანამ ელოდა, ვიღაც მამაკაცი დაადგა თავზე, უცვლელი კითხვით: „რისთვის მოხვედი?“

ოლეგმა თავისი ამბავი უამბო - რა ენაღვლებოდა, და ლონდონიდან გამოგზავნილი წერილიც აჩვენა.

- წამო, - უთხრა კაცმა და ოლეგი კაბინეტში შეიყვანა. იქ, კარისკენ ზურგშექცევით, კაცი იყო დახრილი, საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში რაღაცას ეძებდა. - ვადიმ, - დაუძახა ოლეგის გამცილებელმა. კაცი გაიმართა და ოლეგმა ის უმალვე იცნო.

ეს კაცი სუკელი გახლდათ, რომელმაც ოდესღაც „ვაზის“ ხელმძღვანელობას ოლეგ მიხეევთან დაკავშირებით მითითებები მისცა. ბრალდება იმაში მდგომარეობდა, რომ ოლეგი უცხოელებს თარჯიმნის დახმარების გარეშე ესაუბრებოდა, ანუ კაცმა არ იცის, რას. მაშინ ამ ამბავმა მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ სუკ-ის ბუა, სახელად ვადიმი, ოლეგს არასოდეს დავიწყებია - და აი, ისიც, ამხანაგი ვადიმი. მან ოლეგი, ცხადია, ვერ იცნო, ასეთი ალბათ ბევრი ჰყავდა ცხოვრებაში ნანახ-ჩაშვებული.

- ფული გჭირდება? - ჰკითხა მან. - რამდენი?

ბანკში მისვლამდე ოლეგს კარგად ჰქონდა შესწავლილიწიგნი „როგორ ვიცხოვროთ ინგლისში“, უკვე დაეთვალა, რისთვის რამდენი დასჭირდებოდა და გირვანქა სტერლინგებში დაასახელა თანხა. ამხანაგმა ვადიმმა ის დოლარებში გადაიყვანა და ფული ოლეგს ჩაუთვალა. პირდაპირ ჩაუთვალა, ჯიბიდან.

მას მერე ერთმანეთი არასოდეს უნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ ოლეგი მისთვის ფულის დაბრუნებას ეცადა. ამხანაგი ვადიმი, უბრალოდ, გაქრა. მერე ოლეგს უთხრეს, რა ხანია, რუსეთიდან წავიდა და შვეიცარიაში საკუთარი ბანკი აქვსო, შენ მაგისთვის ათასი დოლარის დაბრუნებაზე ნუ იდარდებო...

- აი, ასე გამოვიდა, რომ მთლად სუკ-ის ხარჯით ჩავედი ლონდონში, - ჰყვება ოლეგი. მართალია, ემიგრანტებთან ამაზე ლაპარაკს ერიდება, მეტისმეტად უცნაური ამბავია და თავის დროზე რეჟიმისგან გაქცეულ ხალხს, შეიძლება უსიამოვნოდ მოხვდეთო გულზე.

0x01 graphic

თინათინ გორდელაძე. თბილისი 2005 წელი.

0x01 graphic

კარმენ კროიცერი. ლონდონი 2002 წელი.

სასწავლებელში, გასაუბრებამდე, ოლეგს მოუწოდეს, ჯერ ცოტა ხანს გაიარ-გამოიარეო. იქ ერთი გოგოა, ლიზა, იმან რუსული იცის და ხმის გამცემი და გამცილებელიც გეყოლებაო.

კარგა ხნის ძებნის შემდეგ, ოლეგმა ერთი ფოტოლაბორატორიის კარი გააღო. იქ ძალიან შავკანიანი გოგო იჯდა, რაღაც სასაცილო ქუდით - ლიზა. ის ისეთ რუსულს ლაპარაკობდა, ყურები დაგიჭკნებოდათ, ყოველ მეორე სიტყვას გინებას აყოლებდა. გოგონა ნახევრად უკრაინელი ყოფილა და მხოლოდ დედასთან უწევდა რუსულად ლაპარაკი, დედა კი, როგორც ჩანს, ტკბილსიტყვაობით არ გამოირჩეოდა.

- გიკვირს, რომ ასეთი შავი გამოვედი? - გაუცინა ლიზამ. - დედა უკრაინელი მყავს, მამა - კუბელი, აღმოსავლეთ გერმანიაში დავიბადე...

გოგონამ ოლეგს ფასდაუდებელი დახმარება გაუწია. მან აუხსნა, რომ გასაუბრების დროს, უამრავ რამეს ჰკითხავდნენ, მაგრამ სინამდვილეში კომისიის წევრებს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ: ვინ გადაიხდის? გოგონამ ოლეგს ურჩია, დიდი ტყუილი თქვი, რომ მდიდარი ბაბუა გყავს ან რამე ეგეთი, შეძლებისდაგვარად დამაჯერებელიო.

მართლაც, გასაუბრების დროს, მუხანათური კითხვა დაისვა და ოლეგმა დიდებული ტყუილი თქვა: რომ სოროსის ფონდის პროგრამაში, რომელიც ხელოვნური ქალაქების მცხოვრებთა კულტურულ განვითარებას გულისხმობს, ტოლიატის ხელშეწყობაცაა დაგეგმილი, ის კი ტოლიატელია, თან ხელოვანი.

- რაღაც საშინელებას ვლაპარაკობდი, იმათ კი ერთმანეთს გადახედეს და ერთმა პროფესორმა თქვა: ჰო, არის რაღაცა ასეთი, ჯორჯი სწორედ გუშინ მიყვებოდა. ვიფიქრე: ღმერთო ჩემო, ესენი ყველანი ერთმანეთს იცნობენ...

დღეს ოლეგიც ყველას იცნობს, და თავისი ნაცნობ-მეგობარი ლორდებისა თუ უკანონო ემიგრანტების, სუპერმოდელების თუ დიდი გაქანების აფერისტების შესახებ, უამრავ ამბავს ჰყვება. უნდა ითქვას, რომ ეს საქმე, ფოტოგრაფიისა არ იყოს, შესანიშნავად გამოდის.

ქალები, სულ ნაირ-ნაირები >>>

- არის ვინმე, ვისი გადაღებაც ძალიან გინდა?

- ძალიან-ძალიან-მეთქი, ვერ ვიტყვი. მაგრამ ისე - რა თქმა უნდა. ახლა, საქართველოდან რომ წავალ, ლიზა ჯაგერთან უნდა ვიმუშაო, რაც, თავისთავად, ძალიან კარგია. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, თუ საქმე მიკ ჯაგერის მოდგმაზე მიდგა, მე ჯეიდის გადაღება მერჩივნა, უფრო თავხედია და უფრო საინტერესო. ადრე ლიზას დედასთან, ჯერი ჰოლთანაც მომიწია მუშაობა, მოხიბლული დავრჩი. ლიზა კი ლამაზი გოგოა, ეგაა და ეგ.

საერთოდ, თუ დაკვირვებიხარ, როკ-ვარსკვლავების ქალიშვილები სამოდელო ბიზნესში ხშირად მიდიან. თან, როგორც წესი, კარგები არიან. ასე, ჯეიდ პარფედი, „სტატუს ქვოს“ პარფედის გოგო - სულ სხვა დონეა, გონიერი ქალი, ძალიან მომეწონა. ინდია უოთერსი, „პინკ ფლოიდის“ უოთერსის ქალიშვილი, მამამისს ძალიან ჰგავს და ერთი შეხედვით, სამოქალაქო ომივით საშინელია, მაგრამ ასეთი შესანიშნავი მოდელი იშვიათად შემხვედრია.

საერთოდ, ცნება „ლამაზი“ დღემდე გაუგებარია ჩემთვის. გინახავს კარმენ კროიცერი? „ფენდის“ სახე. უგამხდრესია, გაძვალტყავებული, მკერდი საერთოდ არა აქვს, მაგრამ ამბობენ, რომ არნოლდ შვარცენეგერის შემდეგ, ავსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტი ის იყო. გარდა იმისა, რომ უზომოდ მიმზიდველი ქალია, ძალიან მაგრად მუშაობს.

ამ სერიას როცა ვიღებდით, ულტრაიისფერი განათებით, მისი თვალების ამბავი მედარდებოდა. სათვალე როცა ეკეთა, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ მერე უნდა მოეხსნა და მეშინოდა, რომ თვალებს დაიწვავდა. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ თვალდახუჭული იდგებოდა და ჩემს დაძახებაზე წამით გაახელდა ხოლმე. ასეც ვქენით და ერთხელაც არ ამცდარა, საუკეთესოდ მუშაობდა.

სუპერმოდელებს მე არ ვირჩევ. მოდელის დონე იმ ჟურნალის დონეს გააჩნია, რომლისთვისაც უნდა გადავიღო, ჟურნალზეა დამოკიდებული, იგივე კარმენ კროიცერი იქნება თუ ვინმე ნაკლებად ცნობილი მოდელი. მაგრამ არიან მოდელები, რომლებთან მუშაობაც ცალსახად არ მინდა. ვთქვათ, ნაომი კემპბელი. დედამისი სხვა საქმეა, პოდიუმზეც მინახავს და მასთან მიმუშავია კიდეც, ნაომი კი არ შემიძლია - მაგის კაპრიზების და ისტერიკების თავი არა მაქვს. თუ საქმე შავკანიან მოდელზე მიდგა, ერთხელ მიუნხენში ალეკ ვეკი უნდა გადამეღო და არ გამომივიდა - მე ხომ რუსული პასპორტი მაქვს და გერმანიის საელჩოში ძალიან გამამწარეს, ვიზა დროზე არ ჩამირტყეს და ჩემს ნაცვლად, ალეკთან სხვამ იმუშავა. როცა ნაომი ვიღაცეებს რასიზმში სდებს ხოლმე ბრალს, სულ ალეკი მაგონდება: ის ნამდვილი შავია, მთლად რომელიღაცა ტომიდან, თავის ქალაც უჩვეულო აქვს, მაგრამ ნაომისთანა სისულელეები არასოდეს უთქვამს.

სამაგიეროდ, ოლეგი მუდამ მზადაა, ჯოდი კიდთან ითანამშრომლოს, ისევე, როგორც ჯოდია მუდამ მზად, მიხეევთან ჰქონდეს საქმე. რა ნიშნით ჰყავს ეს მოდელი ამოჩემებული?

- ერთხელ, მახსოვს, დიდ თავყრილობაზე ვიყავით, ჯოდის ვიღაც ვიზაჟისტები დასტრიალებდნენ. „რა ხანია, ერთად აღარ გვიმუშავია!“ - მომაძახა ჯოდიმ. „ვქნათ რამე, ჰო!“ - გულწრფელად გამეხარდა.

როგორც წესი, ჯოდისგან ყველა რაღაცის გაკეთებას ცდილობს, ძირითადად, უცხოპლანეტელის ან მიბნედილი ლამაზმანისა. არადა, არაჩვეულებრივი გოგოა, მხიარული ადამიანი. თან ძალიან მუშაა და ზუსტად ესმის, რა უნდა გააკეთოს. შეიძლება ვიღაცას ტელეფონით აგინებდეს, ბოლო სიტყვებით, და მერე ბოდიში მოგიხადოს და „აბა, თქვი, რა გინდა?“ - და ზუსტად ის გააკეთოს, რასაც სთხოვდი. როცა ვიღებდი, საშინლად გაერთო და გახალისდა. პროფესიონალი მოდელია, ნამდვილი პროფესიონალი, მასთან მუშაობა მხოლოდ სიამოვნებაა. ჩვენ ვამხანაგობდით და ვცდილობდი, ჯოდი სწორედ ისეთი გადამეღო, როგორიცაა - ლამაზი ქალი, მაგრამ, პირველ რიგში, კარგი გოგო.

ერთხელ, მახსოვს, სტუდიაში შევდიოდი და კარში მითხრეს, აქ ჯოდი იქნება და გადაღება არ შეიძლებაო. უცებ ჯოდი გამოვარდა, ტიტლიკანა, და დასძახა, ამისთვის ყველაფერი შეიძლებაო…

გამოფენაზე, რომელიც „არსის“ საგამოფენო დარბაზში გაიმართა, მრავალნაირი ჯოდი კიდი ვიხილეთ: ქარაფშუტა გოგოც და სვაროვსკის ქვებით შემკული ზღაპრული მზეთუნახავიც...

ბეილები >>>

- ეს პალომა ბეილია, დევიდ ბეილის ქალიშვილი - ხომ იცი დევიდ ბეილი?

დევიდ ბეილის საუკეთესო ფოტოგრაფების ხანაში მოუწია მოღვაწეობა, რომლებიც არამარტო თავიანთი შემოქმედებით, არამედ ცხოვრების წესითაც იზიდავდნენ საზოგადოების ყურადღებას. ჯერ მარტო ისტენდელი ენტონი არმსტრონგ-ჯოუნსი რად ღირს: იმდენი იქროლა მოტოციკლეტით პრინცესა მარგარეტთან ერთად, სანამ ეს უკანასკნელი ცოლად არ ითხოვა და ლორდ სნოუდონი არ გახდა - უნდა ითქვას, რომ ამით მის ხელოვნებას არაფერი დაკლებია, კვლავ შესანიშნავ ფოტოგრაფად დარჩა.

და მაინც: თუ დევიდ ბეილის არ იცნობთ, 60-იანი წლების მოდის ფოტოგრაფიისა არაფერი გცოდნიათ და, როგორც ჩანს, დიდად არც როკის ტრფიალი ბრძანდებით. ის „ვოგისთვის“ ჯინ შრიმპტონს, ტვიგის და თავის ყოფილ მეუღლეს, კატრინ დენევს იღებდა; ითვლება, რომ მოდის ფოტოგრაფიაში სექსის ელემენტები სწორედ მან შეიტანა. ბეილი იღებდა თავის დროის უდიდეს მუსიკოსებს, ალბომიც არსებობს ასეთი - „დევიდ ბეილის როკ-ენ-როლის გმირები“.

გახსოვთ „Blow up“? ცისფერი ღია როლს-როისი და მსგავსები: ამ გმირის პროტოტიპი სწორედ დევიდ ბეილი გახლავთ. დღეს უკვე სამოცს გადაცილებულ ბეილის ულამაზესი ცოლები ჰყავდა - როზმარი ბრამბლი, კატრინ დენევი, მერი ჰელვინი, კეტრინ დაიერი (ეს უკანასკნელი ორმოცი წლისამ ითხოვა ცოლად, კეტრინი მაშინ თვრამეტისა იყო), და მისი საყვარელი მოდელების რაოდენობამ სამას სულს გადააჭარბა, რა უბედურებაა! დევიდი თავის გენიალობაში მტკიცედაა დარწმუნებული - ვერ ვიტყვით, რომ მთლად უსაფუძვლოდ.

აი, ასეთი კაცის შვილია პალომა ბეილი, რომელთან მუშაობაც არაერთ ფოტოგრაფს უცდია, მათ შორის თავის დიდ მამასაც და პოლ მაკარტნის ნახევრად ასულ მერისაც. ერთ დილას მას ჩვენს გმირთან, ოლეგ მიხეევთან ჰქონდა შეხ ვედრა დათქმული.

- სულ არ უნდოდა რამის გაკეთება. თავის არაბ ბოიფრენდთან ერთად მოვიდა, არა მგონია, მამამისი ძალიან კმაყოფილი ყოფილიყო. ეძინებოდა, ამთქნარებდა, ვერაფერს შეაგნებინებდი.

საბოლოოდ, ოლეგმა სხვა გზას მიმართა: პალომასთვის რამის ახსნაზე ხელი აიღო და უბრალოდ უთვალთვალებდა, - და გამოვიდა!

- კატასავით იყო. რაც არ უნდა ელაპარაკო, კატას ვერაფერს გააგებინებ, მხოლოდ ის შეგიძლია, რომ დააკვირდე...

ფოტოსურათების გამოქვეყნების შემდეგ, ოლეგს დევიდ ბეილის ასისტენტმა დაურეკა, მამა ძალიან კმაყოფილი დაგირჩაო.

ოლეგის კომენტარი:

- პირადად არაფერი უთქვამს, მაგრამ მაინც დიდი მადლობა...

ნამუშევარი და შემოქმედება >>>

ოლეგმა ამიხსნა, რომ ის, რასაც მე „არსის“ დარბაზში, ბრიტანულ-ქართული კულტურის პლატფორმის მიერ გამართულ გამოფენაზე ვხედავდი, მისი შემოქმედება კი არა, ნამუშევრებია - რუტინა. კარგი, რა! ოლეგს თავისი მეგობარი გაახსენდა, რომელმაც უთხრა, ეცადე, შენს პორტფოლიოს შეესაბამებოდეო.

- ეს ჩემი ნამუშევრებია და არა შემოქმედება, - თავი იმართლა ოლეგმა. - სინამდვილეში, სულ სხვანაირად ვიღებ. მე ქალების გადაღება დიდად არ მინდა. ნატურმორტები მიყვარს. მაგრამ რა ვქნა - დიდ ბრიტანეთში ძალიან ვიწრო სპეციალიზაცია არსებობს: თუ ერთხელ გაბრიყვდი და მაცივარი კარგად გადაიღე, გადაწყდება, რომ მაცივრების ფოტოგრაფი ხარ.

სამაგიეროდ, პორტრეტებში ძალიან მიმართლებს: ჯესი ნორმანიც მყავს გადაღებული, მაიკლ ნაიმანიც, მინიმალისტი კომპოზიტორი. მახსოვს, როცა ჩემთან იყო, იან ტერსენი ჩავურთე, მუსიკა „ამელიდან“, და მთხოვა, გამორთე, ნერვები მეშლებაო. თურმე, მანამდე მას შესთავაზეს ამ ფილმისთვის მუსიკის დაწერა და ჰონორარი მეტისმეტად დიდად რომ ეჩვენათ, ახალგაზრდა კომპოზიტორს მიმართეს, ტერსენს, და იმან ამ ერთი ფილმით გაითქვა სახელი.

0x01 graphic

ისე, ნაიმანს ჩემი ვალი აქვს - დამპირდა, ჟერარ დეპარდიეს გაგაცნობო, და დღემდე არ გაუცვნია. როცა საქმე საქმეზე მიდგა, დეპარდიეს შვილს უბედურება შეემთხვა, ფეხი დაკარგა და რა დროს ფოტოსურათები იყო. არადა, სულ ორი მსახიობის გადაღება მინდოდა ცხოვრებაში: მისი და კახი კავსაძისა. ახლა კი აქ, თბილისში, კახი კავსაძე გადავიღე - დაუჯერებელია! მანქანიდან რომ გადმოვიდა, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, ხომ არ ვეტყოდი, ჩემთვის ყველა დროის ყველაზე კარგი მსახიობი ხართ-მეთქი! შეხვედრამდეც საშინლად ვღელავდი და წარმოიდგინე, დანახვაზე რა მომივიდოდა!

- მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მოდელებს იღებ. ოლეგ მიხეევი - მოდის ფოტოგრაფი.

კი. საერთოდ, მოდას არაფერს ვერჩი, პირიქით. სასწავლებელში ვთვლიდით, რომ დიზაინერი, რომელსაც თავისი არაფერი აცვია, არაფრად ვარგა. ასე, დიპლომის დაცვისას, ორი პრობლემა ჰქონდა ყველას: რას დაიცავს და რაში, ანუ რა ეცმევა. მეც განიერი შარვალი შევიკერე, ტყავის ჰალსტუხი...

ის შარვალიც, რომელსაც გულმოდგინედ ვუღიმოდი - რა იცი ეშმაკებისა, იქნებ გული აუჩუყდეს და მაჩუქოს-მეთქი, - ოლეგის შეკერილი აღმოჩნდა, პატარა „ბერნინაზე“.

მაინც ვიჩუქებ იმ შარვალს! ნახავს ოლეგი „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერს, უთარგმნიან, შიგ რაც წერია, და იქნებ გამომიგზავნოს.

და ბოლოს: ამბავი, რომელსაც ვერც ოლეგმა გაუგო რამე და ვერც მე >>>

ერთხელ ტერენს დონოვანი იტალიაში იყო გადასაღებად წასული. ქუჩაში მას დანებით შეიარაღებულმა ოთხმა მამაკაცმა შეუტია - ჩვეულებრივი ყაჩაღები იყვნენ, ქუჩის ნაძირლები. ფოტოგრაფმა ერთს ცხვირი გაუტეხა, მეორეს - ლავიწის ძვალი, მესამეს ხელი მოამტვრია, მეოთხემ კი თავს უშველა და გაიქცა. უნდა ითქვას, რომ, საერთოდ, დონოვანი უწყინარი კაცი იყო, ყველაფერთან ერთად, ბუდიზმით გატაცებული; უბრალოდ, როგორც ჩანს, მეტისმეტად ეწყინა, რომ ვიღაც ბრიყვები დღისით-მზისით გაძარცვას უბედავდნენ. ჰყვებოდნენ, ქუჩა გამარჯვებულს აღტაცებით უკრავდაო ტაშს…

სულ მალე კი მათ, ვისაც ტერენს დონოვანი უყვარდა და საერთოდ, ფოტოგრაფია უყვართ, მედიამ ერთობ უსიამოვნო და უცნაური ამბავი აუწყა: ოსტატმა, რომელსაც ორმოცი წლის განმავლობაში მილიონამდე ფოტოსურათი ჰქონდა გადაღებული, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფად იყო აღიარებული, თავი მოიკლა. ყოველ შემთხვევაში, მისი მეუღლე გამწარებით ამტკიცებდა, სწორედ ასე იყო - გადაღების ადგილიდან უცებ წავიდა, თავის სტუდიაში დაბრუნდა და თავი ჩამოიხრჩო, იმიტომ რომ ასთმა ჰქონდა და წამლებს იღებდა, და იმ წამლებმა იცის ასეთებიო.

- ძალიან ძნელი დასაჯერებელია, - მიყვებოდა ოლეგი. - ტერენსს საამისო არაფერი ეტყობოდა. მაგრამ რას გაიგებ…

„რას გაიგებ“ - ოლეგის მიერ მოყოლილი მრავალი ამბის დასკვნად გამოდგება.

…ოლეგს ავუხსენი, რომ ქუჩის ძაღლებისა ძალიან მეშინია. აი, ის ნაგვის გროვაც ძაღლად მომეჩვენა და კინაღამ ბოძზე ავძვერი.

- ეკატერინბურგში უსქელესი მეეზოვე ქალი ძალაყინით ლეწავდა ყინულს. გარშემო ერთი ციდა ძაღლი უტრიალებდა. რომ ჩავუარე, თითქოს მეხი დამეცა ფეხში: მოცუნცულებულა ეს ცხოველი, საშინლად უკბენია და ისევ წაცუნცულებულა. ეტყობა, გიჟი იყო. მეეზოვე კი თავისას განაგრძობდა, ურტყამდა და ურტყამდა ძალაყინს.

მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და დიდად არ მინაღვლია, არც ნემსის გაკეთება მომსვლია აზრად. ახლა ვფიქრობ, რომ სულ იმ ძაღლის ბრალია, რომ ასეთი დავდექი. ვერ იყო ის ძაღლი ჯანმრთელად.

ნეტა ჩემთვისაც ეკბინა ასეთ გოშიას. რა იცი, როგორ წავიდოდა ჩემი საქმე.

P.S. ოლეგ მიხეევის გაცნობისთვის, ფოტოგადაღებებზე დასწრების უფლებისთვის და გამოფენის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული გალერეის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ ქეთევან კორძახიას.

0x01 graphic

5 სპეც-პროექტი: ოთარ იოსელიანი იღებს ახალ ფილმს

▲back to top


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

გადაღებები. ოპერატორი: უილიამ ლუბჩანსკი, რეჟისორი ოთარ იოსელიანი, რეჟისორი ჟული ბერტუჩელი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან. მსახიობი ლილი ლავინა

Silence! Moteur! Bip!

ფრაგმენტები გადაღების რამდენიმე დღიდან.

პიერ გრიზის პროდუქცია
ბაღები შემოდგომით
ოთარ იოსელიანის ფილმი
გადაღება: 11/07/2005-02/09/2005

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
ასისტენტები: პაოლო ტროტა, მარი ობერი

ოპერატორი: უილიამ ლუბჩანსკი
ასისტენტები: ირინა ლუბჩანსკი, ნიკო ტარიელაშვილი

განათება: ჯიმ ჰოუი
ასისტენტები: ნიკოლას ბლამპაინი, რაფაელ ვან სიტერენი

ხმა: ჟერომ ტიო
ასისტენტი: ანტუან მერსიე

დეკორაცია: მანუ დე შავინი
ასისტენტები: ივ ბროვერი, არნო როტი

კოსტიუმი: მაირა რამედან-ლევი, ადელაიდ გოსლინი

მთავარი მემონტაჟე: ოთარ იოსელინი
ასისტენტი: ევა ლენკიევიჩი

მუსიკა: ნიკო ზურაბიშვილი

გმირები და შემსრულებლები:

ვინსენტი - სევრან ბლანშე
არნო - ოთარ იოსელიანი
მატილდა - ლილი ლავინა
მარი - მიშელ პიკოლი....

ოთარ იოსელიანი ახალი ფილმის გადაღებას იწყებს. ბაღები შემოდგომით - სასცენარო სახელი ასეთია,და მერე ვნახოთ... შეიძლება შეიცვალოს კიდეც. გადასაღები ადგილები შერჩეულია. ფილმში მონაწილეობისმისაღებად, მსახიობები და არამსახიობები, ყველა მოწვეულია. გმირების ფოტოები სამუშაო კაბინეტში, ზუსტად საწერი მაგიდის პირდაპირ, დიდ დაფაზეა გამოკრული. კუთხეში, ფურცლებზე დახატულ რასკადროვკებთანერთად, სცენარის რამდენიმე ვარიანტი დევს. აქ ყოველი კადრი, კამერის დეტალური მოძრაობა და მსახიობის გადაადგილებაც კი სკრუპულოზურად არის გადმოცემული. ერთი სიტყვით, გზის ნაწილი გავლილია. მაგრამ ახლა, კიდევ უფრო რთული იწყება - გადაღებები.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

გადაღებები. ოთარ იოსელიანი, სევრან ბლანშე, მაიმუნა 'დიე

0x01 graphic

გადაღებები. ოთარ იოსელიანი და მანუ დე შავინი

გადაღებები. პარიზი. 2005 წელი.

ჯერ არ გათენებულა. რიჟრაჟია. მთელ ძალ-ღონეს ვიკრებ, რომ სწრაფად ავდგე, თვალები რაც შეიძლება ფართოდ გავახილო და დიდი ხანი გავჩერდე ასე - ექსტაზში შესული აფრიკელი გურუსავით. იქნებ ასე მაინც გამოვფხიზლდე. უნდა გამოგვიარონ. 15 წუთი და უკვე ქვემოთ ვართ. მარი ობერი, როგორც ყოველთვის, წარბებშეჭმუხნული ზის საჭესთან, პაოლო ტროტა კი შეუდარებელი იტალიური აქცენტით იწყებს ფრანგულად მოსალმებას:

- ςa vas?

- ςa vas.

ორჯერ გადაკოცნა. მანქანის დაქოქვის ხმა და წავედით. ამაზე მეტის თქმის თავი არავის გვაქვს. ყველანი ძალით და ჩქარ-ჩქარა ვაფახულებთ თვალებს. ჯერ კიდევ გამოფხიზლების პრობლემა გვაქვს.

ადგილზე მისულებს, გადამღები ჯგუფის თითქმის ყველა წევრი გვხვდება. ςa vas? ςa vas? - ისმის გაუთავებლად. წესის მიხედვით, ყველა ორ-ორჯერ კოცნის ერთმანეთს; ყვებიან, რა კარგად ეძინათ გუშინ, ან როგორ სტკიოდა ჟული ბერტუჩელის ზურგი, რომელიც დოკუმენტურ კინოს იღებს ამ გადაღებებზე და კამერით გამუდმებით თან დაჰყვება ბატონ ოთარს; განათების ასისტენტები აქეთ-იქით დააძუნძულებენ უშველებელ ნათურებს, 3 კაცი აწყობს კამერას და მეოთხე ე.წ. ბილიკს, ანუ „დაროჟკას“ აგებს. რეჟისორის ერთი ასისტენტი - აი ის, შეჭმუხნული წარბებით რომ დადიოდა, „მასოვკის“ ხალხს უხსნის, ვინ სად უნდა დადგეს, ვინ ვის პარალელურად უნდა დაჯდეს; იტალიელი პაოლო წინასწარ მომზადებული “რასკადროვკებით” დარბის... ყველა ერთმანეთში ირევა, აგებენ, ამაგრებენ, აწყობენ... მერე, ხსნიან და თავიდან აგებენ, ამაგრებენ, აწყობენ... რეჟისორი, ოპერატორი, გამნათებელი, დეკორატორი თავ-თავიანთი ჯგუფებით. ერთი მე ვარ რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებაში. არა, საერთოდ არ ვარ ჯგუფში. მარტო ვარ, ჩემთვის.

0x01 graphic

გადაღებები. პროდიუსერი მარტინ მარინიაკი და ოთარ იოსელიანი

დღეს ხიდის ქვეშ იღებენ. საერთო ხედით: ბომჟებს, კლოშარებს, შავკანიანებს და გაღატაკებულ მდიდრებს. დეკორაცია დიდად საჭირო არაა, რადგან ეს ნამდვილად კლოშარების ბუდეა. უი, უკაცრავად, სახლი - მუყაოს ყუთებით, დიდლაქებიანი საბნებით და ჭუჭყიანი ქვაბებით. რა თქმა უნდა, წინასწარვე შეუთანხმდნენ „მეპატრონეებს“. ამიტომაც, „სახლი“ ცარიელი დაგვხვდა. მაგრამ არა, მოიცადეთ, ერთ-ერთი ჯერ კიდევ აქაა. სანამ ოთარ იოსელიანი, ფილმის ოპერატორი უილიამ ლუბჩანსკი და გამნათებელი ჯიმ ჰოუი, ფურცლებით ხელში, დინჯად დააბიჯებენ და მსჯელობენ, ხოლო ფონად, ბევრი ასისტენტი ენერგიულად აწყობს გადაღებისათვის საჭირო ტექნიკას, „სახლის“ მეპატრონე ცალი თვალით გვათვალიერებს. ასისტენტების არ იყოს, ისიც ენერგიულად აკეთებს თავის საქმეს. დგას მზის სხივებარეკლილ სენასთან და აშკარად კმაყოფილი ფიზიონომიით, კბილებს იხეხავს. დინჯად იცვამს პიჯაკს და არისტოკრატის გამომეტყველებით, ველოსიპედზე ჯდება. პატრონის სტვენის გაგონებაზე, უცებ რეაგირებს ყუთში ჩამალული ძაღლი. ძვრება ძუნძგლიანი ყუთიდან, ერთი-ორს კარგად შეირხევა და წითელ წიგნში შეტანილი უიშვიათესი სამეფო ჯიშის საუცხოო ძაღლის მიხვრა-მოხვრით, ორივენი წამში ტოვებენ გადასაღებ მოედანს. ვერაფერს იტყვი, ასეთ იდეალურ წყვილს, იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი.

ცოტა არ იყოს, თემიდან გადავუხვიე, მაგრამ... იმდენი ხანი გრძელდება მომზადების პროცესი, რომ სხვა არაფერი გრჩება: ან უაზრო კითხვებით უნდა შეაწუხო ვინმე (რაც ნამდვილად არ ღირს), ან ზემოთ აიხედო და იმ ცნობისმოყვარე ტურისტთა ობიექტივში მოხვდე, ხიდს ზემოთ რომ დგანან და უთენია, ბედნიერი შეძახილებით, ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ - აქაოდა, პარიზი ხომ ვნახეთ, ვნახეთ, და გადაღებებსაც დავესწარითო...

0x01 graphic

0x01 graphic

კადრი ფილმიდან. ჟოსან ჟაკეტი, კომპოზიტორი ნიკო ზურაბიშვილი და სევრან ბლანშე

0x01 graphic

კადრი ფილმიდან. მიშელ პიკოლი

0x01 graphic

ნაცნობი კინო

- რა, მათხოვარი უნდა ითამაშო ფილმში? ოო, არა, რა! - გაისმა ერთ დღესაც ოპერატორ უილიამ ლუბჩანსკის სახლში. კარგი, - დათანხმდა რეჟისორი, - მაშინ შენ იქნები პასპორტდაკარგული პრინცი. აი, ასე გახდა ფილმის ოპერატორი ლუბჩანსკი უპასპორტო პრინცი, ხოლო ოთარ იოსელიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, არც არავინ გაუწია წინააღმდეგობა, ერთი უბრალო, ჩვეულებრივი მათხოვარი: გაუპარსავი წვერით, გაღეღილი პერანგით და ერთი ბოთლი წითელი ღვინით.

ფილმზე, როგორც ყოველთვის, ყველა „ძველი და თავისიანი“ მუშაობს: ოპერატორი, გამნათებელი, ხმა და, ბოლოს და ბოლოს, მსახიობებიც - წითელთმიანი ექსცენტრული ლილი ლავინა, დეკორატორი მანუ დე შავინი, მოდილიანის ნახატივით, ჭიაყელასავით აწოწილი, გამხდარი, გრძელკისერა კარპანტიე, კიდევ... კიდევ ბევრი ნაცნობი სახე. ოო, ეს უკანასკნელი კი, რომ იტყვიან, დელიკატესად მოვიტოვე - მიშელპიკოლი. მართალია, უკვე დაბერებული მუსიე პიკოლი სულ რამდენიმე დღე ბრძანდებოდა გადაღებებზე, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთელ ჯგუფს მისთვის ფოტო გადაეღო და გამჭოლი მზერით, ათასჯერ მაინც კარგად აეთვალ-ჩაეთვალიერებინა მსახიობი. ისე, ვნახოთ, თუ იცნობთ ფილმში პიკოლის. რატომ? რა ვიცი... თუ არა და... კარგი, ხო, თავიდან გადაათვალიერეთ შემსრულებელთა სია და მიხვდებით.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან

კადრი

დილიდან აქ ვართ, საავადმყოფოში. ვიწრო დერეფანში ყველა ერთმანეთს ეჯახება და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, გარეთ გარბის. წვიმს, მაგრამ ზედ მონათებულ პროჟექტორის სიმხურვალეს და საავადმყოფოს სუნს მაინც სჯობია. ჩემს უკან რამდენიმე ხანშიშესული ადამიანი დგას. რეჟისორს ელოდებიან. რამდენიმე დუბლის შემდეგ, მორიგი შესვენება დაიწყო, 5 წუთიანი - ერთს მოვწევ და მოვალ. გასასვლელში ძველი მეგობრები ხვდებიან

- ოთარ, აი, ჩვენც მოვედით. ისე, რა უნდა გავაკეთოთ?

- არაფერი ისეთი, მერე გეტყვი...

ეს კითხვა და პასუხი გადაღებებზე თითქმის იმდენჯერ გაისმა, რამდენი გადასაღები დღეც იყო. ასეთი დღე სულ 40 იყო. ანუ მიხვდით, რომ ძალიან ბევრჯერ.

თეთრი კეპი და ჯადოსნური სასტვენი ან ბაღები შემოდგომით

გადაღებები თავისი ტემპით და ფრანგებს რომ უყვართ, ისეთი ordre-ით ანუ წესით მიმდინარეობს. ყოველდღე რამდენიმე „რასკადროვკა“ უკუღმა იდება საწერ მაგიდაზე. ეს გადაღებულია. ზოგიერთი ეპიზოდის გარდა, ყველაფერს პარიზში იღებენ. ამიტომ, გადაღებაზე მისვლა დღის ნებისმიერ დროს შეიძლება. ხელში რუკა, ზედ გულდასმით დახატულ-აღწერილი მისამართი და მორჩა. კიდევ ფერადი ისრები, რომელიც გადასაღებ მოედანთან მიახლოებისას, ბოძებზე შემოხვეული გხვდებოდა: „Pierre Grise Productions. არ დაიკარგები. ფერადი ისრები ხან ძველი არქივის შენობასთან დაგხვდებოდა, ხან ზოოპარკთან, ხან მეტროსთან, ანდა ვენსანის ტყესთან...

0x01 graphic

კადრი ფილმიდან

0x01 graphic

კადრი ფილმიდან

0x01 graphic

0x01 graphic

კადრი ფილმიდან. სევრან ბლანშე

გადაღებისას, არავითარი ხმამაღალი ან უხეში სიტყვა, მაშინაც კი, როცა ასჯერ ნათქვამს მსახიობი პირიქით აკეთებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაღებას ხელი შეუშალოს - ამინდია.

თეთრი კეპი და სასტვენი ის ნივთებია, რაც მთელი გადაღებების მანძილზე, მუდმივად თან აქვს. „ხომ ხედავ, ერთს დაუსტვენ და ყველა ადგილზეა“ - მითხრა სასტვენის მორიგი, ყურისწამღები სტვენის შემდეგ. არავითარი ვოქითოქები, რაცია, ან რაღაც ამდაგვარი. ერთი უბრალო სასტვენი, ძლიერი ჩაბერვა და მორჩა. ჯერ კიდევ ტუჩებთან მიტანილი არ ჰქონდა ხოლმე, რომ მთელი ჯგუფი, ყურებზე ხელებაფარებული და თვალებმოჭუტული, გასუსული ელოდებოდნენ სტვენას. ცნობისთვის: სტვენა ორნაირია. ერთი წყვეტილი, - მოემზადეთ, ვიღებთ; და მეორე გაბმული - სიჩუმე, ვიღებთ.

დღეს, რაც დაგეგმილი იყო, ყველაფერი გადაიღეს. უბრალოდ, ბევრი სხვადასხვა სცენა გადაიღეს და... ძალიან დავიღალეთ. დაქანცული, ყველა ნელ-ნელა ლაგდებოდა, რომ რომიდან დაბრუნებულმა ვატო ანდღულაძემ ჩანთიდან ლიმონის და ვაშლის ლიქიორები ამოაცურა. ამის დანახვაზე, მთელი გადამღები ჯგუფი, ერთჯერადი ჭიქებით ხელში, გრძელ რიგში იდგა. თავისთავად, ამ კონკრეტრულ პროცესს შედეგიც მოჰყვა, და მაქსიმუმ 5 წუთში, ხის გადამამუშავებელი ცეხის შესასვლელთან, ხმამაღალი სიცილი და ზედმეტად აჟიტირებული მოძრაობები შეინიშნებოდა.

0x01 graphic

0x01 graphic

გადაღებები. რეჟისორი ოთარ იოსელიანი და ოპერატორი უილიამ ლუბჩანსკი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან. არპანტიე

0x01 graphic

კადრი

ბოლო დღეა. „ხლაპუშკა“ წარწერით: „ბაღები შემოდგომით“. 2005 წელი. რეჟისორი ოთარ იოსელიანი, - დღეს ბოლოჯერ დატკაცუნდა. რთული დღე იყო. კადრში ბევრი ადამიანია და ყველა ზუსტად გაანგარიშებულ დროში უნდა ამოძრავდეს. ერთმა ზუსტად ამ წამს უნდა გაიაროს, რომ მეორემ ფეხზე წამოდგომა მოასწროს; მესამე ამ ყველაფერს კარგად უნდა დააკვირდეს, რომ კამერის პანორამულ ბრუნვას გაჰყვეს და ამა და ამ წამში უნდა მოასწროს სადღაც შერბენ-გამორბენა... ამ ყველაფერს მარი და პაოლო აკონტროლებენ. აი, რატომაა მარი მუდამ წარბებშეჭმუხნული!

მზე ჩადის. ეს კადრი კი არ ვარგა. გადამღებ ჯგუფს შორიდან მომზირალი თვალები გაოცებით უყურებენ. ვერ გაიგეს, რატომ აწყობენ ყველაფერს, ერთს გადაიღებენ, მერე დაშლიან, გაირბენენ 20-40 მეტრს და ისევ დააწყობენ, იგივეს გადაიღებენ... მზე ჩადის-მეთქი და ბოლო კადრი არც ისე კარგი იყო. ხომ იცით, ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაღება შეაფერხოს - ამინდია.

გადაიღეს. მორჩა. დამთავრდა. გრძელი აპლოდისმენტები.

P.S. წინ კიდევ - მონტაჟია.

0x01 graphic

კადრი ფილმიდა

6 ბარაბაშკა

▲back to top


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი

ხომ იცი, თეატრს ბევრი ბარაბაშკა ჰყავს. ყველაზე
მნიშვნელოვანი ბარაბაშკები კი არტისტების შვილები
არიან. ისინი ისეთ რაღაცეებს ხედავენ და ამჩნევენ,
რასაც დიდები ვერასდროს დაინახავენ.

ყველა თეატრს, თავისი ბარაბაშკა ჰყავს.

თეატრის „ბარაბაშკა“?

ჰო, ჰო, თეატრის „ბარაბაშკა“.

ჩემი დღევანდელი მასპინძელიც „ბარაბაშკაა“. ოღონდ, არა ზოგადად თეატრის, არამედ კონკრეტულად - ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის. რად გვინდა ასე კონსერვატორულად, უბრალოდ - რუსთაველის თეატრის და მორჩა.

ჩემს „ბარაბაშკას“ ძალიან სევდიანი თვალები აქვს. დიდი, სევდიანი თვალები. ასე გგონია, მსოფლიო სევდას დაატარებსო. ვინ იცის? იქნებ ასეც არის, რადგან „ბარაბაშკები“ ხომ ბევრს არ ლაპარაკობენ. აი, დღეს გამოგვივიდა, თორემ... „ზოგჯერ ისეთი რაღაცეები მემართება, რომ... ხმასაც ვერ ამომაღებინებ. ნუ, არა და მორჩა.“

როგორც წესი, ყველა „ბარაბაშკას“ თავისი ისტორია აქვს;

პირადი ისტორია, რომელიც მისია, მხოლოდ და მხოლოდ მისი. შენ კი, თუ ძალიან მოგინდა მის ცხოვრებაში ქექვა, ჩაგახედებს, ოღონდ ცოტათი. მინიმალური სიღრმის მაჩვენებელ სქელ, წითელ ხაზთან კი... სტოპ, სტოპ. ნურას უკაცრავად. „ბარაბაშკებს“ ეს არ უყვართ!

და მაინც:

ისტორია მრგვალი ბაღიდან იწყება, სადაც აღმართზე დღესაც დგას ორსართულიანი აგურის სახლი. აქ, ბებიის სახლში, დეიდაშვილებთან ერთად იზრდებოდა. ყველაფერი ძველი და საგვარეულოა: ხის ბუფეტი, სკამები, დიდი მაგიდა... „გუვერნანტკების“ აღზრდილი ფრანგი ბებიის, ვარვარა მუსხელიშვილი-ზაგიუს მკაცრი დისციპლინა: პუშკინის კითხვით, აუცილებელი საზეპიროებით და კარნახების წერით. კიდევ, ფრანგული პასეანსებით. ეს ყველაფერი კი რუსულად, რადგან ბებიამ ქართული არ იცოდა, ფრანგული კი ბავშვებისათვის არასდროს უსწავლებია. რა იცი, რა გექნება მათგან საიდუმლოდ სათქმელი, ყველაფერი ხომ არ უნდა გაიგონ?!

საუზმე თავისი წესებით: პირველი, მეორე, ცივი, ცხელი და ა.შ. სადილიც ასევე, ვახშამიც... გვერდზე ოთახში, მუხის ყდაში ჩადებული სქელი წიგნი დევს - საგვარეულო შტოს შესახებ, თუ როგორ ეპარება სუფთა სისხლის ფრანგულ გენეალოგიას ქართველი მუსხელიშვილების გენეტიკა.

0x01 graphic

0x01 graphic

მშობლების დაშორება არ ახსოვს. არც არავითარი ტრაგედია არ ყოფილა. მამასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, ერთად არასდროს უცხოვრიათ. მოდიოდა, სასეირნოდ მიყავდა... ისე, როგორც ხდება ხოლმე. უბრალოდ, „ჩემი მეხსიერებით, მე დედას და კახოს ოჯახში დავიბადე. ეს ყოველთვის ასე იყო. ეს იყო ჩემი ერთი დედის და ორი მამის ამბავი.“

მართალია, ამ ისტორიაში ტრაგედია არც არავის დაუნახავს, ან რატომ უნდა დაენახა ის, რაც არასდროს ყოფილა?! მაგრამ, რაც არ უნდა ვთქვათ, ამ ისტორიით ერთი ადამიანი მაინც „დაზარალდა“. მორალურად „დაზარალდა“, რადგან ვერაფრით გაიგო, დიდების ახნა-განმარტება ერთ, მისთვის ყოვლად გაუგებარ საკითხზე. ნანუკას 4 წლით პატარა ძმა ირაკლი კავსაძე ყოველ ცისმარე დღეს, ერთი და იგივე კითხვით იღვიძებდა - „კაცო, რატომ დაათრევს ყოველდღე ჩემი და ნანუკა, ვიღაც ხუსკივაძის რვეულებს?“ რა ექნა? ვერაფერი გაეგო ამ ისტორიაში და... პასუხი მეასეჯერაც იგივე იყო - იმიტომ, რომ ნანუკა გვარად ხუსკივაძეა, სხვა მამა ჰყავს და ა.შ. არა, მაინც არა! რას ჰქვია სხვა მამა?! მამა ხომ კახოა!!! და ის ერთია!!! ბოლოს, როცა მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ იყო, ნანუკა „დანებდა“ და - „კაი, ჩემი რვეულები არაა, კლასელისაა, მთხოვა წამომიღეო და...“

ლირიული გადახვევა:

ინტერიერი. შავ-თეთრი კადრი. საოცრად ლამაზი ქალი როიალზე უკრავს და მღერის. ყველა განაბული უსმენს - ფარდას ამოფარებული ბოროტმოქმედი, სკამზე ჩამომჯდარი ფოსტალიონი და ტელევიზორის ეკრანის შემყურე მაყურებელიც. ნაზი, ქალური, საოცრად დახვეწილი - ასეთი ახსოვს ყველას დედა - ბელა მირიანაშვილი, კინოსა და თეატრის მსახიობი. რუსთაველის თეატრის მსახიობი.

„რატომ დავიწყე ფრანგულ ძირებზე ლაპარაკი? იმიტომ, რომ ჩემს გვარში, ყველა ძალიან ჯიშიანი ადამიანი იყო. ეტყობა, ხდება ხოლმე და... ჩემზე დაისვენა ბუნებამ. სულ სხვანაირი ვარ... არასდროს ვყოფილვარ ნაზი გოგო... ძალიან მიყვარდა ბიჭებთან თამაში, ისინიც გიჟდებოდნენ ჩემზე... სულ ბიჭურად ვიქცეოდი, ბიჭებსა და გოგოებს ვაკავშირებდი. სკოლაში ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვიყავი. მართალია, სულ ხუთებზე ვსწავლობდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მომწონდა ფიზიკა ან ქიმია. არა! უბრალოდ, წარმოუდგენლად მიმაჩნდა დაფასთან გასვლა და - მასწ, არ ვიცი გაკვეთილი... თან, ამ დროს, საშინელი ამრევი ვიყავი. მძაფრად მახსოვს ეს შეგრძნება, როგორ ვისხედით სულ მრგვალ ბაღში, რომელიც რაღაც სახლივით იყო ჩვენთვის. ვიჯექი არა სკამზე, არამედ საზურგეზე, ფეხები დასაჯდომზე მედო - როგორც ბიჭებს. გოგოები კი ნაზად ისხდნენ ხოლმე სკამზე.

მეორე ფრაგმენტი, რაც მახსენდება, ალბათ, უფრო რიტუალი იყო - 55-ე სკოლიდან სახლში წამოსასვლელი გზა. ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით, ვიღაცა ბორდიურზე მოდიოდა, ვიღაცა ვიღაცის ჩანთას მოათრევდა, ვიღაც ორი ნაბიჯით წინ მიდიოდა, წყვილად; დანარჩენები - უკან, ჯგროდ. იყო საქმეების გარჩევა... მერე ნელ-ნელა ვცოტავდებოდით, სახლებში ადიოდნენ.“

0x01 graphic

არ იფიქროთ, რომ რამე მოგეჩვენათ, თუ ერთ დღესაც მრგვალ ბაღთან ჩაივლით და იქ, სკამის საზურგეზე ჩამომჯდარი ნანუკა დაგხვდებათ. იცოდეთ, რომ არაფერი მოგჩვენებიათ, იმიტომ, რომ დღესაც მიდის ხოლმე და ჩუმად, ისე, რომ არავინ დაინახოს, ისევ ისე, ბიჭურად ჯდება ხოლმე საზურგეზე.

არსებობს რაღაც, სახელად ნოსტალგია. აგურის ძველი სახლის, სკოლასთან ჩავლის, ძველი ბუფეტის თუ მრგვალი ბაღის სკამების... არა, გარემოსი, უფრო სწორად.

„გარემო, ბავშვობა... სწორედ ამან ჩამომაყალიბა - მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის გრძნობით. მაგრამ თან ისეთი, როგორიც არ უნდა იყოს არტისტი! სითამამე არასდროს მექნება. მაქსიმალურად ვერიდები რაღაც შეკრებებს იმიტომ, რომ იქ ჩემს ფუნქციას არ ვგრძნობ. მირჩევნია შინ დავრჩე, ან მეგობრები მოვინახულო. თამამად ვერაფერს ვაკეთებდი! საშინლად მორცხვი ვიყავი, მუდამ. უბრალოდ, ახლა რაღაც გამოსავალი მოვძებნე, რაღაცეები ვისწავლე...

ყველაზე თავისუფალი მაინც სცენაზე ვარ. იცი, როდის აღმოვაჩინე ჩემთვის ეს პროფესია? როცა მივხვდი, რომ ცხოვრებისათვის რეალური ცხოვრება არ მეყოფოდა! მბეზრდება რეალობა - იყო მხოლოდ დიასახლისი, იარო მხოლოდ მეგობრებთან... სცენაზე ისეთ რაღაცეებს აღმოაჩენ საკუთარ თავში, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი. შუა ზღვაში გაგიცურია მარტოს? იგივეა.“

„ხომ იცი, თეატრს ბევრი „ბარაბაშკა“ ჰყავს. ყველაზე მნიშვნელოვანი „ბარაბაშკები“ კი არტისტების შვილები არიან. ისინი ისეთ რაღაცეებს ხედავენ, ამჩნევენ, რასაც დიდები ვერასდროს დაინახავენ”.

P.S. ვაა, ესე იგი, მეც ცოტათი „ბარაბაშკა“ ვყოფილვარ.

მომწოოონს.

არ ახსოვს, როდის მოხვდა აქ პირველად. ისე, საიდან უნდა ახსოვდეს? მაშინ ხომ ძალიან პატარა იყო. და თან ეს, პირველი შეხება, თითქოს არც დამთავრებულა. დღემდე გრძელდება. განვრცობითია, ნამდვილი continuous-ი.

სკოლიდან მოსვლა, გაკვეთილები, და უცებ რუსთაველის თეატრი. ბელა და კახო ხომ სულ იქ იყვნენ. გულის ბათქაბუთქი, კუთხეში გასუსული დგომა და სცენას მიშტერებული „ბარაბაშკას“ სევდიანი თვალები.

ამიტომაც, როცა ჯერი პროფესიის არჩევაზე მიდგა... არა, არჩევამდე საქმე არც მისულა. არჩევანი, ხომ იმას ნიშნავს, როცა ირჩევ რაღაცას და რაღაცას შორის? ჰო. ჰოდა, მაშინ გამოდის, რომ არც არაფერი აურჩევია. წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო. „როგორც ერთ დღეს, როცა ბავშვი ამბობს - იცი, მე დღეს მარტო წავალ სკოლაში. და მიდის.“

მითი, რომ ყველა მსახიობის ოჯახში გაზრდილი ბავშვი მსახიობი ხდება, 90%25 მართლდება. მაგრამ ის, რომ ყველა მსახიობი ამის საშინელი წინააღმდეგია და შვილები აუცილებლად ჩუმად აბარებენ ინსტიტუტში, ამ კონკრეტულ შემთხვევას ნამდვილად არ შეეფერება.

0x01 graphic

0x01 graphic

„დედა ბევრს არასდროს ლაპარაკობდა. მარტო იმას ამბობდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როცა ვიკითხე - აბა, როდის შეგვაქვს საბუთები-მეთქი, ორად ორი რამ მითხრეს: თუ ჩააბარებ, ჩააბარებ ახლა, იმიტომ, რომ მერე აღარ ჩააბარებო. საუკეთესო პედაგოგს, გიზო ჟორდანიას იმ წელს აყავდა ჯგუფი. მკაცრი მოთხოვნაც სწორედ ამის გამო ჟღერდა კატეგორიულად. და მეორე, იცოდე, რომ ძალიან გეტკინებაო. აქ ცოტა ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს. ამას მერე იგებ, როცა სულ გტკივა, გტკივა სპექტაკლის დაწყების, პრემიერის წინ, წარუმატებლობაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. მსახიობები ხომ თხელკანიანი ხალხია, რომელთაც ერთნაირად შეუძლიათ აღფრთოვანდნენ რაღაცით, თუნდაც საკუთარი შესრულებით, და ასეთივე ემოციით შეუძლიათ გული გაუსკდეთ.”

რას იფიქრებდა, რომ სწორედ აქ გამოადგებოდა პასუხისმგებლობის და მოწესრიგებულობის გრძნობით აღსავსე ადამიანს, ხუთოსნის დიპლომი! როცა გამოცდაზე გავიდა, მაინცდამაინც მაშინ გაიღვიძა მიძინებულმა ცუდმა თვისებამ - საშინელმა სიმორცხვემ და... ვერაფერიც ვეღარ ჰქნა. „აღარც მახსოვს, რას ვაკეთებდი. ერთი გავიგე - ეი, ნუ ბარბაცებო! ალბათ ვქანაობდი. პრაქტიკულად, ჩემმა ატესტატმა გადამარჩინა, რომელსაც მაშინ ყურადღება ექცეოდა. არაჩვეულებრივი შერჩევა გააკეთა გიზომ. დღეს თუ ვინმე კარგად აკეთებს თავის საქმეს, სულ ჩვენი ჯგუფია: ჭოლა, გოჩა კაპანაძე, ლევან ბერიკაშვილი, ნინო თარხან-მოურავი, ნანა შონია, მერაბ ნინიძე...

მთლად ხატოვანი გამოთქმა არ გეგონოთ, ზუსტად ასე იყო - ოთხი წელი სახლში არ ყოფილა. აბა, როდისღა უნდა ყოფილიყო, როცა დილის 9 საათზე დაწყებული ლექციები, ღამის პირველ საათამდე გრძელდებოდა? მერე კი ყველა ერთად, რომელიმეს სახლში მიდიოდა, გათენებამდე ჟრიამულობდნენ, დილის 9 საათზე ცივ წყალს სახეზე შეისხამდნენ და ისევ ლექციაზე მიდიოდნენ.

ახლა კი, გაააქტიურეთ წარმოსახვის უნარი; თუ გნებავთ, ცოტაოდენი ფანტაზიაც მიუმატეთ და წარმოიდგინეთ სცენა. უფრო სწორად, ეტიუდი, ქუჩაში გათამაშებული ეტიუდი. მთავარ როლებში: ნანუკა ხუსკივაძე და ლევან წულაძე (ჭოლა).

რუსთაველზე ხელკავით ორნი მოდიან. ძალიან სერიოზული გამომეტყველებით. ქალი და მამაკაცი. გამვლელის დანახვაზე, „მსხვერპლს“ უახლოვდებიან. მამაკაცი, მისალმების ნიშნად, თავს უხრის გამვლელს და უშველებელ შლაპას იხდის. უცებ ჭოლას ქერა ქოჩორზე დამაგრებული ნათურა (რატომ?) მოჩანს, რომელიც დამონტაჟებულია მისსავე ხელზე განთავსებულ ღილაკთან. მოულოდნელად, ნანუკა მას ხელს აჭერს. ნათურა ინთება და... მომყვებით? მერე ისევ იხურავს შლაპას, და, მორიგი „მსხვერპლის“ მოლოდინში, დინჯად აგრძელებენ გზას. ოღონდ, ძალიან სერიოზულად. სულ მალე, მათი ძლიერი ჯგუფი რუსთაველის თეატრმა მიიწვია და „მცირე დარბაზიც“ დაუთმო. თეატრის მოყვარულებს მალე ახალი საყვარელი ადგილი გაუჩნდათ. ხალხმა მათ „მცირე დასი” დაარქვა.

„მცირე დასი“ საქართველოს კუთხეებშიც ბევრს მოგზაურობდა და ევროპაშიც. დრო გადიოდა. ზემოხსენებული „სისულეები“ კიდევ უფრო მეტი და მრავალფეროვანი ხდებოდა. ამასობაში, მოვიდა დრო, როცა „პატარები“ „დიდებმა“ დაპატიჟეს და რუსთაველის თეატრის ორივე დასი ძირითადი და მცირე, ერთად წავიდა გასტროლებზე.

„რა გითხრა, ჩვენი „სისულეების“ კეთებისთვის რაც უფრო შორს ვიყავით, მით უფრო კარგი იყო. ესე იგი, ქუჩაში დეიდა და დედას მეგობარი არ შეგხვდებოდა. მაგრამ, როცა ძირითად დასთან ერთად დავდიოდით, მაშინ მოკრძალებულად ვიქცეოდით. უხერხული იყო, მკაცრად გვიყურებდნენ და შენიშვნებს გვაძლევდნენ... მაგრამ მაინც ხშირად ყოფილა, რომ შუა გასტროლისას, დირექციას საგანგებო კრება გაუმართავს - როგორც კი თბილისში დავბრუნდებით, ვერც ერთი მათგანი ვეღარ შემოვა თეატრშიო. დერეფნებში დაჭერობანას ვთამაშობდით, მთელი დასი ერთ ოთახში ვიკეტებოდით... კარგი იყო... მაგრამ რა არის, იცი? თანდათან ნელდება ხოლმე ეს ვნებათაღელვა იმიტომ, რომ ადამიანები ყოფით პრობლემებში იძირებიან. ეს კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ კანონზომიერია. ყველაზე მაგარი კი ისაა, როცა რაღაც ჩარჩოში ექცევი, მაგრამ ისე, რომ ინარჩუნებ იმ სიგიჟეს, ოღონდ სახეცვლილს; როცა თვალებში მაინც დარბიან ეშმაკები.

- ?

- მე ასეთ რაღაცეებს ხშირად ვაკეთებ, სალომე!

რუტინა.

დღე ოჯახური რუტინით იწყება. ნანუკა, კახო და შვილი აკა. რეპეტიციები დილით ადრე იწყება. ამიტომ უნდა მოასწროს საჭმლის მომზადება, სახლის მილაგება და ა.შ. - “არ მიყვარს ყოფითი საქმეების ჩამოთვლაო.

მერე გავრბივარ. ეს კარგია, რომ გავრბივარ. ესე იგი, საქმე მაქვს. როცა ასე არ არის, მაშინ ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ასეთ დროს, ოჯახურ საქმეს, რომელიც მიყვარს, ვეღარ ვიტან. რჩები სახლში. ესე იგი, რაღაცეების კეთება გიწევს... საშინლად არ მიყვარს, როცა რაღაცას იძულებით ვაკეთებ. დრო იხარჯება ყოფაზე, რომელსაც შედეგი არ აქვს. ძედმეტად სახლის დალაგება? არა!

ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვარ. ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე შემიძლია. რამდენჯერ მითქვამს - აი, ახლა ავტოპილოტზე ვირთვებიიი... და ვირთვები. აღარ შემიძლია, მაგრამ უნდა გავაკეთო. ესეც ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერში საშინელი მაქსიმალისტი ვარ, ბოლომდე ვიხარჯები, როგორც დრაკონი, რომელიც ჯერ დაიფერფლება, გაქრება და ჰოპ, უცბად ისევ გაჩნდება, მეც ეგრე ვარ. დრაკონის წელიწადში ვარ დაბადებული.“

ის, რაზეც ჯერ არ გვილაპარაკია. მაგრამ ვიცი, რომ გაინტერესებთ.

„აკას მამა ჩემი კლასელი იყო (გახსოვთ, სკოლიდან წამოსვლის რიტუალი, წყვილ-წყვილად დაწყობილი კლასი?). ერთ დღესაც ბაკურიანში გავიპარეთ. მერე დაიბადა აკა. მერე რაღაც აირია, როგორც ხდება ხოლმე. შეუღლებისთვის კარგი ასაკი იყო, მაგრამ ყოფა ზოგჯერ ისე გახრჩობს, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს. აქაც მოხდა და დავშორდით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი. არ ვიცი, როგორ იქნებოდა უკეთესი, მაგრამ რაც არის, ეს კარგია. ახლა მას ოჯახი ჰყავს, აკას კი - ორი მშვენიერი და. ისე, აკა 21 წლისაა და იმ დროს შემეძინა, როცა მე თვითონ ვიწყებდი ცხოვრების აღქმას. შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ. ზოგჯერ ჩემი კლასელიც კი მგონია.

ამას მეორე ქორწინება მოჰყვა, მაგრამ ამაზე არასდროს ვლაპარაკობ, საზოგადო განხილვის თემად არ მიმაჩნია.

ცხოვრებაში ყველაფერი იყო, მაგრამ მაინც არაფერს შევცვლიდი. მხოლოდ დადებითი ემოციებით ცხოვრება შეუძლებელია. დავტოვებდი ტკივილებს, თავგადასავლებს... უბრალოდ, არის რაღაცეები, რაც არ მიყვარს და პროტესტის გრძნობას აღმიძრავს. ის მხოლოდ სათაურის სახითაა ჩემს ცხოვრებაში და დანარჩენს, ანუ შინაარსს ვაგდებ; ოღონდ ისე, რომ თუ მკითხავ, იცნობ თუ არაო, შეიძლება დავფიქრდე. ესეც ჩემი მაქსიმალისტური ხასიათის ბრალია.”

ერთადერთი, რასაც „ბარაბაშკა“ არასდროს გაპატიებს - გულგრილობაა. ღალატი? არა, ღალატის შემთხვევაში ურთიერთობას წერტილს დაუსვამს და მორჩა. თან, ღალატს ხომ ყოველთვის აქვს თავისი მიზეზი. აი, გულგრილობა კი... „ეს უფრო დროში გაწელილი ღალატია, რომელიც არასდროს მთავრდება.“

კინო?

ალბათ, ცუდი არ იქნებოდა, კინოში რომ უფრო მეტი მემუშავა, მაგრამ მოგატყუებ, თუ გეტყვი, ამის ნაკლებობას განვიცდი-მეთქი. სულ ოთხ ფილმში მივიღე მონაწილეობა. კინოს რეჟისორებისათვის სანატრელი არტისტი არასდროს ვყოფილვარ. ამას სულ ვგრძნობდი და ალბათ ამიტომაც, არც მე მენატრება.

P.S. ნანუკ, ვინ ან რა იქნებოდი წინა ცხოვრებაში?

- არ ვიცი. იმიტომ კი არა, რომ არ მიფიქრია. არა. უბრალოდ, არ ვიცი, რა მიმართულებით უნდა ვიფიქრო.

0x01 graphic

7 მენეჯერი ოპერაში

▲back to top


ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

METRO-პოლიტენის MAN-ეჯერი

0x01 graphic

ლინკოლნ ცენტრის კარს უკვე ისე ავტომატურად აღებს, რომ აღარც ვაგნერის „ნიბელუნგების ბეჭედი“ ჩაესმის და აღარც ჩაიკოვსკი. სარეპეტიციო ოთახებიდან დერეფნებში ექოებად დალექილი საყვარელი არიები სთივენ ბრაუნისთვის მხოლოდ ყოველდღიური რუტინის ფონია. ამ ფონზე, მეტრპოლიტენ ოპერის მენეჯერი გაცილებით უფრო პროზაულ, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებს. ადმინისტრაციულ კურირებას უწევს ოპერის 6 დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, 400-მდე შემსრულებელს და სცენის მუშაკს ემსახურება; ადგენს გადატვირთული საოპერო სეზონის სრულ კალენდარს - კვირაში 5 წარმოდგენა და დღეში 11-მდე წარმოდგენის რეპეტიცია; ხელმძღვანელობს მხატვრული ადმინისტრაციის 30-მდე წევრს, რომლებთან ერთადაც კოორდინაციას უწევს დაგეგმვის პროცესს, თათბირებს, სეზონის ამსახველი მასალის შეგროვების პროცედურებს; ორ სხვა ადმინისტრატორთან ერთად, პასუხს აგებს გასტროლების ორგანიზებაზე, ადმინისტრირებასა და კოორდინირებაზე ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში კომპანიის 460-მდე წევრისთვის, 2-4 კვირის განმავლობაში; განკარგავს საშემსრულებლო ჯგუფების ყოველწლიურ საოპერაციო ბიუჯეტს, რაც ერთი წლის განმავლობაში, 20 მილიონი დოლარის მოგებას უდრის. ამდენი კონტრაქტის, დოკუმენტის, სატელეფონო ზარის, საბანკო ჩეკის და ვიზა ბარათის ქაოსში კი ხანდახან ისიც ავიწყდება, რომ ამ ყველაფერს საყვარელი მუსიკის - კლასიკური მუსიკის გამო აკეთებს.

მეტრპოლიტენ ოპერის მენეჯერს სთივენ ბრაუნს საქართველოში, ცხადია, მოვლენათა ასეთი დინამიკა არ უგრძვნია. მისი 18-დღიანი ვიზიტის განმავლობაში, ოპერის მთავარი შესასვლელი მჭიდროდ იყო დაგმანული, გვერდითა კარსაც ურდული ედო. ახალი სეზონის გახსნამდე, ოპერაში სიცოცხლე აშკარად თვლემდა. თუმცა, ეს პასიური გარემო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კულტურულ ელჩად გამოგზავნილი საოპერო მენეჯერისთვის სამუშაოდ იდეალური დრო აღმოჩნდა.

ვიზიტის ფარგლებში მოხდა ისიც, რაც პროგრამის შემდგენლებს გეგმით არ გაუთვალისწინებიათ: სთივენ ბრაუნს თბილისმა ის უნიკალური განწყობა დაუბრუნა, რომელსაც ნიუ იორკულ რუტინაში ჩაფლული, ხშირად ვეღარ განიცდის ხოლმე. თბილისის ოპერის მძიმე და ძველი ურდულით გადაკეტილი კარის შეღებამ ის იმ სამყაროში გადაიყვანა, რომელსაც სავიზიტო ბარათები, საბანკო ჩეკები და ხელმოსაწერი დოკუმენტები მხოლოდ ფონად აქცევს. აქ, ოპერის ვიტრაჟებიან ჰოლში, ფალიაშვილის „მოჩვენებასთან“ დიალოგიც ჩვეულებრივი ამბავი გახდა, დიდ ხელოვანთან, რეზო გაბრიაძესთან ხელოვნებაზე საუბარი კი - ცრემლისმომგვრელი სიამოვნება.

სთივენ ბრაუნი - მენეჯერი ოპერაში:

ინგლისური ტერმინის პირდაპირ თარგმანში თქვენი თანამდებობა ქართულად ასე ჟღერს - სცენის მენეჯერი. ეს ტერმინი ქართული სმენისთვის იმდენად უცხოა, რომ ყურს მჭახედ ხვდება და, აქედან გამომდინარე, მსგავსი საგანი არც ისწავლება.

თავიდან მეც მეგონა, რომ ჩემი ადგილი სცენაზე იყო და არა კულისებში. „სცენის მენეჯერი“ - ამ თანამდებობის ნაცვლად, მომღერლობაზე ვოცნებობდი. ამიტომაც შევედი ლონდონის მუსიკალურ სკოლაში. მყავდა ძალიან კარგი პედაგოგი, რომელიც ძალიან გულწრფელი და კარგი ადამიანიც იყო. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს, პირდაპირ განმიცხადა, რომ ჩემგან წარმატებული მომღერალი არ დადგებოდა. ეს საშინელი მოსასმენი იყო. სინამდვილესთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამის დროულად გაგება ძალიან დამეხმარა. შემდეგ რეჟისორობა მოვინდომე, მაგრამ ისიც გავიაზრე, რომ სანამ რეჟისორი გამოხვალ, უამრავი რამ უნდა ისწავლო. ლონდონის სამეფო ოპერის ცენტრში საგანგებო კურსებია, დიპლომი სცენის მენეჯმენტში სწორედ იქ ავიღე. სწავლის პროცესი სრულიად განსხვავებული იყო. სცენის მიღმა მუშაობას სწავლის პროცესშივე გვთხოვდნენ. ასე რომ, კულისებს მთელი თავისი შიდა სამზარეულოთი, ურთიერთობებითა და პრობლემებით თავიდანვე მივეჩვიე. ახლა, ამ გადასახედიდან, მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული - მუსიკა, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა და ჩემი ერთ-ერთი მთავარი ჰობი იყო, სამსახურად მექცა. ამიტომ ვოცნებობ იმ დროზე, როცა ჩემს საწყის წერტილს დავუბრუნდები, ოპერა ისევ ჩემი ჰობი გახდება, მე კი მუშაობას თეატრში განვაგრძობ - რეჟისორად. ძალების მაქსიმუმის დახარჯვა იქაც მინდა. ეს, სავარაუდოდ, მეტრპოლიტენ ოპერიდან წასვლის შემდეგ მოხდება.

0x01 graphic

პირველი დღე მეტრპოლიტენში. როგორი იყო ის?

ორი პირველი დღე მქონდა. პირველ მისვლაზე ხალხს, შენობას გავეცანი. ეს სახალისოც იყო. სამაგიეროდ, პირველი რეპეტიციის დროს, დაზაფრული ვუყურებდი სცენას. მახსოვს აუტანელი შიში და იმის გააზრება, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ საქმეს ჩემამდეც აკეთებდნენ, მე უნდა მეკარნახა რაღაცეები და ახალი იდეები მიმეწოდებინა.

ერთი სამუშაო დღე, ჩვენი სმენა ტერმინს ოპერის მენეჯერი უფრო რომ გაუშინაურდეს.

ყოველი სამუშაო დღე აბსოლუტურად დაცლილია იმ ემოციისგან, რასაც მუსიკასთან ასეთი სიახლოვის გამო, წესით, უნდა ვიღებდე. ეს ჩვეულებრივი სამსახურია. შემიძლია ისიც ვთქვა, ქარხანაში ვმუშაობ და შოკოლადს ვაწარმოებ-მეთქი. წელიწადში 220 წარმოდგენის დადგმა გვიწევს. და ვალდებული ვართ, ის 4 ათასი ადამიანი, რომლებიც ჩვენი წარმოდგენების სანახავად მეტროპოლიტენში ყოველ საღამოს მოდიან, მაქსიმალური ესთეტური სიამოვნებით უზრუნველვყოთ. ამისთვის ჩემი დეპარტამენტი, ქრონიკულად, გეგმებს წერს. შეიძლება ასეც მოხდეს: ვმუშაობდე წარმოდგენაზე, რომელიც 2 წლის შემდეგ უნდა გაიმართოს; მაშინ, როცა ჩემი ერთი ასისტენტი სამი თვის შემდგომ გეგმას წერდეს, მეორე ხელქვეითი - ორი კვირისას, მესამე - ორი დღისას. თანხების მოძიების პროგრამაშიც ჩართული ვარ, რაც გამუდმებულ ურთიერთობას გულისხმობს იმ ხალხთან, რომელთაც, სავარაუდოდ, მეტრპოლიტენის ფინანსური დახმარება სურთ. საგანმანათლებლო პროგრამებშიც ვმონაწილეობ. მოკლედ, ეს სულ სხვა ტიპის შრომაა, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს თეატრისა და მუსიკის მიმართ ჩემს პირად ემოციურ დამოკიდებულებასთან. ამიტომაც გითხარით, რომ მეტრპოლიტენიდან წასვლის შემდეგ, სწორედ ამ პირად ემოციებს უნდა მივხედო, რომელთაც, სამწუხაროდ, ყოველდღიური საქმიანობისგან ახლა ზედმიწევნით ვმიჯნავ.

საოპერო ექო, რომელიც მეტრპოლიტენის კედლებში ყველაზე ხშირად გესმით.

გულწრფელად გეტყვით, მომისმენია რამდენიმე მომღერლისთვის, რომელთა ხმასაც ავუტირებივარ და რომელთაც სცენის მუშებიც აუცრემლებიათ. ერთ-ერთი მათგანი იტალიელი სოპრანო რენატა სკოტო იყო. ის „მადამ ბატერფლაიში“ მადონას პარტიას ასრულებდა. დაუვიწყარი გახლდათ, ვუსმენდი და გარშემო სხვას აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა... ვიცი, ახლა ბევრი მსგავსი მოგონება წამომიტივტივდება მეხსიერებაში, რადგან ჩემი ასაკის ხალხს ხშირად ჩვევია თავმოწონება - ო, შენ ის უნდა გენახა; ო, შენ იმისთვის უნდა მოგესმინა. მე კი არ მინდა, ასე გამომივიდეს. პირიქით, სრულიად გულწრფელად და მთელი არსებით მშურს იმ ახალგაზრდის, რომელსაც ხელოვნების წვდომა შეუძლია და რომელიც, ვთქვათ, პირველად წავა „ტრისტანი და იზოლდას“ მოსასმენად. წარმოგიდგენიათ, რა სიამოვნება ელის მას წინ? მართლაც მთელი გულით მშურს იმ ახალგაზრდის, რომელსაც უყვარს ხელოვნება და პირველად მოისმენს შოპენის „მაზურკას“. გესმით, რას ნიშნავს შოპენის პირველად მოსმენა? ამ განცდას ხომ ხელმეორედ ვეღარასდროს დაიბრუნებ. მერე, უბრალოდ, ცოდნას გაიღრმავებ, შოპენის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლებს გაეცნობი, მაგრამ იმ განცდას და შემოქმედებით აღგზნებას, რაც პირველად პადერევსკიმ ანდა კისინმა შოპენის შესრულებით მოგანიჭეს, ვეღარასდროს აღიდგენ.

ასე იცის კარგმა კინომაც. „ბეჭდების მბრძანებელს“ რვა წლიდან ვკითხულობ. სიტყვა-სიტყვით ზეპირად შემიძლია მთელი თავების გახსენება. ამიტომ, არასდროს დამავიწყდება ის საშინელი მღელვარება, როცა ეკრანის წინ ვიჯექი და „მეფის დაბრუნების“ დაწყებას ველოდი. დიახ, 52 წლის, სრულიად სერიოზული კაცი იჯდა ეკრანთან და სიკვდილივით ეშინოდა ფილმის დაწყების, ნერვიულობდა - ნეტავი, პიტერ ჯექსონმა ხომ არაფერი გააფუჭა; ნეტავი, პერსონაჟები ზუსტად თუ გააცოცხლა. საბედნიეროდ, ხელთ საოცრად გაკეთებული ფილმი შემრჩა. ახლაც შემიძლია, ვიყიდო DVD, დავჯდე ტელევიზორთან და ფილმი თავიდან ვნახო, თან დისკზე ბონუსად მოყოლილი გადაღების პროცესი ვნახო, ინტერვიუებს მოვუსმინო, მაგრამ ფილმით პირველად ნახვის სიამოვნებას ხომ მაინც ვეღარ განვიცდი? ის მღელვარება აღარასდროს განმეორდება.

ამ ჯადოსნური წამის დაჭერას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჩვენს დროში აქვს. დროში, როცა ბავშვს გემოვნება საოცარი სისწრაფით უვითარდება; როცა მას სასურველი სიმღერის ინტერნეტიდან ჩამოტვირთვა წამებში შეუძლია. სისწრაფეს მიჩვეულ თაობას კი უჭირს რაღაც ისეთით იოლად დაინტერესდეს, რაც აღსაქმელად უფრო მეტ დროს მოითხოვს. ამიტომ ჩემს გოგონას ყოველთვის ვეუბნები ხოლმე - მოიცადე, ნუ ჩქარობ, ხედავ ამ კაცს? როცა საყვარელ წარმოდგენას უყურებს, ტირის. გესმის, რატომ ტირის? დაფიქრდი ამაზე.

ცხადია, პატარა ბავშვს პიკასოს „გერნიკას“ - მეოცე საუკუნის ხელოვნების ყველაზე გრანდიოზულ ნიმუშს ძალით ვერ შეაყვარებ. მაგრამ შეგიძლია, წაიყვანო მუზეუმში, დააყენო ტილოს წინ და უთხრა, ეს „გერნიკაა“ - ძალიან კარგი ტილო, მოდი, შევჩერდეთ ცოტა ხნით, შეხედე და დაუკვირდი.

0x01 graphic

და ბარემ - უკან, ბავშვობაში და თქვენი პირველი მუსიკალური შთაბეჭდილება.

სკოლაში იყო. ზუსტად რომელიმე კონკრეტული დღის გახსენება, ცხადია, მიჭირს, მაგრამ კლასიკური მუსიკით მართლაც ბავშვობიდანვე დავინტერესდი. პირველი, ვინც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ვაგნერი იყო. ჩემსა და ამ კომპოზიტორს შორის მაშინვე დამყარდა უხილავი ემოციური კავშირი და თან იმდენად ძლიერი, რომ დღემდე გრძელდება.

ასე რომ, არავითარი ბითლზი და როლინგ სთოუნზი, პირდაპირ ვაგნერი?

პირდაპირ კლასიკური მუსიკა.

პირველი ფირფიტა.

ჩემი პირველი დისკი ჩაიკოვსკი იყო. რატომ მაინცდამაინც ის, აღარ მახსოვს. ალბათ, მომწონდა. სხვათა შორის, ამ დისკს დღემდე ვინახავ.

კიდევ ერთი გამორჩეული ფირფიტა თქვენს კოლექციაში - აბესალომ და ეთერი. საქართველო ფალიაშვილმა აღმოგაჩენინათ?

არა, ზაქარია ფალიაშვილამდე ქართველ მედეას ვიცნობდი. ისტორიული წიგნების კითხვას ბავშვობაში მივეჩვიე. მაშინვე დავინტერესდი ერთი კონკრეტული რეგიონით - ხმელთაშუა ზღვისპირეთით, ბერძნული მითებით. კავკასიაც იაზონისა და მედეას ამბის გავლით, დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე. ცხადია, დავინტერესდი. რამდენიმე წლის წინ, ამერიკაში, დისკების მაღაზიაში რუსული ხმის ჩამწერი კომპანია „მელოდიას“ მიერ გამოშვებულ ფირფიტას წავაწყდი. საბჭოთა საოპერო ნიმუშებს შორის „აბესალომ და ეთერიც“ იყო. დისკი დაუფიქრებლად შევიძინე და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებმა პირველივე მოსმენისას საოცარი ემოციური მუხტით ამავსო. შემდეგ, ჩემი კოლეგა ესტუმრა საქართველოს. უკან ისეთი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა, რომ აქ ჩამოსვლის ინტერესი კიდევ უფრო გამიმძაფრა.

ჯონ გილგუდი, ლოურენს ოლივიე, პეგი ეშკროფტი - ეს ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც მუშაობა ხშირად გიწევდათ. თქვენი ყველაზე ძვირფასი ურთიერთობები, რომელთაც ოპერას უმადლით.

საინტერესო ის არის, რომ ამ დიდ ვარსკვლავებთან ურთიერთობა ყველაზე ადამიანური იყო, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეიძლება. გილგუდთან ერთად რესტორანშიც ვმჯდარვარ და ზუსტად ისე უშუალოდ გვილაპარაკია ძალიან ჩვეულებრივ თემებზე, როგორც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ. ეს დიალოგები ჩემთვის მართლაც უძვირფასეს მოგონებად რჩება. თუმცა, ის, რაც საქართველოში განვიცადე, ვერაფერს შევადარებ. რეზო გაბრიაძესთან შეხვედრას ვგულისხმობ. მას თეატრში ვესტურმე. ჯერ ვღელავდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ღმერთო, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე ქართული არ ვიცი, რეზოს ინგლისური ჩემს ქართულზე უკეთესი კი არის, მაგრამ მაინც ბოლომდე გასაგები - ვერა. არადა, რეალურად არსებული ენობრივი ბარიერის მიუხედავად, ჩვენს შორის მაშინვე ისეთი კავშირი შედგა, რომ ერთმანეთის გაგებას წამიერად ვახერხებდით. ვილაპარაკეთ თეატრზე, მსახიობებზე, სერვანტესსა და „დონ კიხოტზე“... მე მართლაც უამრავ საინტერესო ადამიანთან მქონია შეხება, უამრავ დიდ მსახიობთან და რეჟისორთან, მაგრამ რეზო გაბრიაძესთან დიალოგი სულ სხვა რამ იყო. ტირილი მინდოდა. ეს შეხვედრა არის ნამდვილი განძი, რომელიც საქართველოდან მიმაქვს.

ოპერა და ქალაქი. ქალაქისთვის, სადაც, მასკულტურის სახით, სექსი დიდ ქალაქში მეფობს, რამდენად ორგანული ნაწილია ოპერა?

ეს ურთიერთობები მედიის ექსპანსიამ ძირფესვიანად შეცვალა. პოპკულტურის მატიანე ხომ ყოველდღიურად იწერება - საზოგადოებებს ვიდეო და აუდიო ფირზე გადააქვთ ყველაფერი - ცეკვები, სიმღერები, საოპერო დადგმები, პიესები. ეს უსწრაფესი პროცესია და ადამიანმაც უფრო მეტი კულტურული მემკვიდრეობის ჩაწერა და დამახსოვრება რომ შეძლოს, უწყვეტად იგონებს ტექნიკურ ნოვაციებს. ეს პროცესი კი, გარკვეულწილად, ფულისთვის გამართულ რალის მაგონებს, - ფულისთვის, რომლის მოპოვება ხელოვნების ნიმუშთა შექმნის მიზნით სურთ.

და რაც უფრო მასობრივია ეს პროცესი, დიდი ხელოვნება მით უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ამ ფონზე კი, ხელოვნება კარგავს ერთ ორგანულ თვისებას - ექსკლუზივობას. ამიტომ ის, რაც ადრე იყო ექსკლუზიური ინტელექტუალური და ესთეტური სიამოვნების წყარო - ხალხი საგანგებოდ იპრანჭებოდა, მიდიოდა სპექტაკლის სანახავად - ახლა მასობრივი და ჩვეულებრივია. ოპერის მსმენელი ფიქრობს, რატომ უნდა წავიდე და ვნახო თბილისის ოპერაში დადგმული „აიდა“, როცა შემიძლია, ჩავრთო ტელევიზორი და ვუყურო ფილმად გაკეთებულ „აიდას“ ეგვიპტეში, პირამიდების ფონზე. ასე რომ, არა მხოლოდ ნიუ იორკს, არამედ, ზოგადად, ხელოვანებს და ხელოვნების მოყვარულებს უდგათ ცუდი დრო. და საკითხის ყველაზე პრობლემური ნაწილი, საბოლოო ჯამში, ფული კი არა, ხელოვნების მასკულტურად ქცევაა.

სცენა და პუბლიკა. განსხვავება მათ შორის ქალაქიდან ქალაქში.

პუბლიკა და სცენა - ეს კულტურის საკითხია. ის რაც შეიძლება მოეწონოთ საქართველოში, შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს ალასკაზე; ან ის რაც მიუღებელია ინგლისში, შეიძლება ამერიკაში მოეწონოთ. რამდენიმე ხნის წინ, ლონდონის სცენაზე ვნახე მიუზიკლი, რომლის მეორე აქტიც ვიეტნამში განვითარებული მოვლენების ამსახველი კლიპით იხსნებოდა. ნამდვილი ანტი-ამერიკული პროპაგანდა გახლდათ. ლონდონში ამ ანტი-ამერიკულმა მიდგომამ გაჭრა. ძალიან ძლიერი დადგმა გამოვიდა. შემდეგ სპექტაკლი ნიუ იორკში წაიღეს. მაინტერესებდა, იქ რა მოხდებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ ნიუ იორკისთვის პიესის პროპაგანდისტული ტონი შეარბილეს, კლიპი საერთოდ მოხსნეს. ასეთმა მიდგომამ გაამართლა. და რაც ყველაზე მეტად მაოცებს - სპექტაკლის ორივე ვარიანტი სრულყოფილი გამოვიდა, ორივე სიყალბისგან დაცლილი, ძლიერი ემოციური მუხტის მქონე და ბუნებრივი იყო.

როდის გახდება ოპერა ისევ ჰობი და როდის დაუბრუნდებით რეჟისურას?

ზუსტი თარიღები არ არსებობს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, შექსპირის ორიოდე პიესა დავდგი. ერთი „ჰამლეტი“ იყო, ორიგინალური მიდგომა ვცადე და სპექტაკლი ნიუ იორკის პუბლიკას მოეწონა. ახლა შემოთავაზება იბსენის პიესაზე მაქვს. ალბათ, გავაკეთებ. ისე, იმ პიესების მთელი ნუსხა არსებობს, რომელთა დადგმაც მსურს, მაგრამ ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობ და არც ვოცნებობ. ოცნება კარგია, როცა წინსვლაში გეხმარება, მაგრამ როცა ოცნების გარდა არაფერს აკეთებ, უკან-უკან მიდიხარ. ასე რომ, ფუჭ ოცნებას დიდი ხანია, შევეშვი. უბრალოდ, ვიცი, რომ მოვა დრო, როცა ბავშვობაში აღმოჩენილ უდიდეს ემოციურ კავშირს მუსიკასთან, კვლავაც აღვადგენ. ოპერა კვლავაც გახდება ჩემი ჰობი, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავარ.

P.S. ინტერვიუს ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში.

8 სპეც-პროექტი: ისრაელი

▲back to top


ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ისრაელი - ჩანაწერები

უნივერსიტეტში სწავლისას, კინაღამ ანტისემიტი გავხდი. ჩემს უნივერსიტეტში, ისევე როგორც ამერიკული კერძო უნივერსიტეტების უმრავლესობაში, ძალიან ბევრი ებრაელი სტუდენტი სწავლობდა. სხვა უნივერსიტეტების ებრაელი სტუდენტების მსგავსად, მათ თავიანთი კულტურული ცენტრი, „ჰილელი“ ჰქონდათ, რომელსაც, მაგალითად, ესპანურ ან აზიურ ცენტრებთან შედარებით, უნივერსიტეტი სამჯერ მეტად აფინანსებდა. ამიტომ, უნივერსიტეტის კამპუსის აჭრელებულ კედლებზე, ყველაზე ხშირად „ჰილელის“ აფიშებს ვაწყდებოდი, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებების, ლექციებისა და ფორუმების შესახებ იუწყებოდა. „ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ებრაული პერსპექტივა“. ან „ჰოლოკოსტი: ისტორიული ეკსურსი“; ან „ჯანსაღი ცხოვრების წესი: ებრაულად“; ან თუნდაც „დისკუსია: იუდაიზმი, როგორც ყველაზე თანამედროვე მოძღვრება“. ძალიან მიყვარდა „ზოგადსაგანმანათლებლო“ ლექციებზე სიარული. თან, 2 კარგი ებრაელი მეგობარი მყავდა და არ ვიზარებდი, დავდიოდი „ჰილელში“, ვისმენდი ამერიკის ცნობილი ებრაელი პროფესორების ლექციებს და მერე ჩემი ებრაელი მეგობრების გაცხარებულ დისკუსიას იმაზე, თუ მართლა რა საშინელი ბედი ჰქონდა ებრაელ ხალხს: დევნა, ჰოლოკოსტი, საკუთარ მიწაზე დაბრუნება და იქაც ომი. და მუდმივი შიში კვლავაც დევნისა და ჩაგვრისა.

ჩემს უნივერსიტეტში მუსულმანი, ქრისტიანი, ბუდისტი სტუდენტებიც სწავლობდნენ, მაგრამ უნივერსიტეტის უშველებელ სასადილოებში მხოლოდ პასექის დროს იდგმებოდა განსაკუთრებული დახლები „პასექის კერძებისათვის“.

როგორც მოგვიანებით შევიტყვე, უნივერსიტეტის „ჰომოსექსუალების, ბისექსუალებისა და ტრანსვესტიტების საკონსულტაციო ცენტრს“ საგანგებო განყოფილება ჰქონია მხოლოდ ებრაელი სტუდენტებისათვის.

0x01 graphic

0x01 graphic

მე მიკვირდა და ვერც კი ვაცნობიერებდი, თუ როგორ ნელ-ნელა მაღიზიანებდა ეს ყველაფერი. რატომ იყო მხოლოდ ებრაული ისტორია და გამოცდილება მნიშვნელოვანი? რატომ არასდროს გვსტუმრობდნენ პალესტინელი პროფესორები და არ გვიყვებოდნენ პალესტინელებზე? რატომ ჰქონდათ ჩემს მეგობრებს განსაკუთრებულობის შეგრძნება, მარტო იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ და რატომ მეუბნებოდნენ, შენ ვერასდროს გაისიგრძეგანებ ჩვენს ტრაგედიას, იმიტომ, რომ ებრაელი არ ხარო? ისიც მაბრაზებდა, რომ როცა ლექციებზე მოსმენილს ლიბანელებს ან იორდანიელებს ვუყვებოდი, საშინლად ბრაზდებოდნენ, - ეგ ეგრე არ ყოფილა, აბა ახლა ჩვენ გვკითხონო.

მხოლოდ ისრაელში ყოფნისას გამიქარწყლდა ცრურწმენები. იქ შევხვდი ებრაელებს, რომლებიც საკმაოდ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი როგორც ებრაული პოლიტიკის, ისე იმ დამოკიდებულების მიმართ, რომელსაც ებრაელების უმრავლესობა იზიარებს. ეს ადამიანები ძალიან დამეხმარნენ, რომ ცოტა უკეთ გამეგო ის ადამიანური გამოცდილება, რაც კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს აერიანებს; რომ ასევე სულისშემძვრელია პალესტინელის მონაყოლი, რომელსაც თავისი სახლიდან დევნიან, წარმოუდგენლად ცუდ პირობებში აცხოვრებენ და რომელიც კამიკაძეობით თუ გამოხატავს პროტესტს და მიიქცევს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას.

0x01 graphic

ისრაელში ყოფნისას, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ნაღმზე ზიხარ. ეს არის იქ ყოფნის პირველი და ქრონიკული შთაბეჭდილება. ყველა მაღალი შენობის, სასტუმროს, რესტორნის, სუპერმარკეტის, სადგურის, ავტობუსის გაჩერების, სანაპირო ზოლზე შესასვლელების წინ დგას დაცვა, რომელიც ყველა გამვლელს დაუზარებლად ამოწმებს და უჩხრეკს ჩანთას. მეგონა, რომ შეუჩვევლობის გამო, ეს პროცედურები სერიოზულ დისკომფორტს მხოლოდ მე მიქმნიდა, მაგრამ როგორც სხვების მონაყოლიდან გავიგე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მდგარი ფორმიანი დაცვის თანამშრომლები არც თელ-ავივის მკვიდრ მოსახლეობას აძლევს ამოსუნთქვის საშულებას. „თითქოს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჩვეულებრივად ცხოვრების უფლება არ გვაქვს; რომ საფრთხე ყოველთვის ახლოსაა. ამის გამო, ცხოვრებასაც ფატალისტურად ვუყურებთ“ - მითხრა კინოდოკუმენტალისტმა, რან ტალმა.

0x01 graphic

0x01 graphic

რან ტალმა სახლში მიგვიპატიჟა და თავისი ორი გახმაურებული დოკუმენტური ფილმი გვაჩვენა. ფილმი „ოცნების სახლი“ 5 ებრაული და პალესტინური ოჯახის ამბავს გვიამბობს, რომელთაც სახლის აშენება გადაწყვიტეს. ვითომ დიდი ვერაფერი მასალაა დოკუმენტური ფილმისათვის, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგ ხვდები, რომ სახლის შენება იმ მიწაზე, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება დანაღმულივით „აფეთქდეს“ და თან გაიყოლოს წლების განმავლობაში ნალოლიავები ოცნებები - გმირობის ტოლფასია. ამ ფილმის გმირები თვალს თვალში გიყრიან და ამბობენ: ეს ჩვენი მიწაა, ეს ჩვენი სახლია, ეს ჩვენი ოცნებაა და ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლიაო.

რანის მეორე ფილმი იმდენად მძიმე სანახავია, რომ შიგადაშიგ კასეტას ვაჩერებდით, დარაბებს ვხსნიდით და მზის შუქსა და სუფთა ჰაერს ვეხარბებოდით, რომ ცოტა სული მოგვეთქვა. მოქმედება პროზექტურაში ვითარდება და ფილმის ყოველი ახალი ეპიზოდი იწყება სცენით, სადაც მიმღები განყოფილების თანამშრომელი იმ დღეს მიყვანილი ადამიანების სიას კითხულობს. მერე ამ ადამიანების გვამებს კვეთენ და ვიგებთ, თუ რა შეემთხვა მათ. ყველაზე პოპულარული დახასიათებაა - „საწარმოო შემთხვევა“ და „ტერორისტული აქტის მსხვერპლი“. ისრაელის ყველა კამიკაძე, ტერორიზმის ყველა მსხვერპლი ამ პროზექტურაში ხვდება. რაბინიც აქ მოუყვანიათ. ამ ფილმში ისრაელის ისტორიას გარდაცვლილები ყვებიან“ - გვითხრა რანმა.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ისრაელის ძველი თაობისთვის ცხოვრება, რაღაც თვალსაზრისით, საკმაოდ სწორხაზოვანი იყო. მათ ერთი მიზანი და ერთი იდეოლოგია ამოძრავებდათ: ებრაელები თავიანთ აღთქმულ მიწას უბრუნდებოდნენ, არაფრისგან ქვეყანა უნდა შეექმნათ და თვითგადარჩენისთვის ებრძოლათ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ებრაელები კიბუცებში სახლდებოდნენ, ევროპულ სიონისტურ ლიტერატურას კითხულობდნენ, კოლექტიურად ზრდიდნენ შვილებს და ისრაელის ნათელი მომავლის სჯეროდათ. მათ იმდენი საერთო ჰქონდათ, რომ კულტურული თუ ეთნიკური განსხვავებების მიუხედავად, საზოგადოება ძალიან შეკრული იყო.

ახალი თაობა კი, გაცილებით უფრო მულტიკულტურული და დანაწევრებულია, ვიდრე ძველი. ზოგი პოლიტიზებულია, ზოგს საერთოდ არ ანაღვლებს პოლიტიკა. ზოგი მემარცხენე რადიკალია, ზოგი - მემარჯვენე. ახალგაზრდა ებრაელებს არ სჯერათ სიონიზმის და პალესტინელებთან ერთად ცხოვრებაშიც ვერ ხედავენ პრობლემას. მათ აღარ მოსწონთ მორალისტი მწერლები, რომლებიც სულ ჭკუას არიგებენ და მათგან მსხვერპლსა და თვითშეწირვას მოითხოვენ. ეთაყვანებიან ეტგარ კერეტს, - მწერალს, რომლის გმირებმაც ცოტა რამ თუ იციან დანამდვილებით. დღევანდელი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს ერთმანეთთან ურთიერთობაც კი არ აქვთ. მაგალითად, ისრაელში ერთ მილიონამდე რუსი ებრაელია, რომლებიც ებრაულად არც კი ლაპარაკობენ და არც აინტერესებს, რა ხდება ქვეყანაში. კითხულობენ რუსულ გაზეთებს, უსმენენ რუსულ მუსიკას და კითხულობენ რუსულ წიგნებს.

როგორც ეტგარ კერეტი ამბობს, ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალება ეძლევათ. ცუდია იმ მხრივ, რომ მათ აღარ აქვთ საერთო ღირებულებები.

0x01 graphic

ამონარიდი ეტგარ კერეტის ესედან:

„70-იან წლებში, ისრაელი საშინლად დეპრესიულ ხანაში აღმოჩნდა. ლიბანის ომი ახალი დამთავრებული იყო და გართობის თავი არავის ჰქონდა. აღარც ხალისით სავსე ჰანგებს აწყობდნენ ინსტრუმენტზე. მიუხედავად ამისა, გაღიზიანებას ის სევდიანი ბალადებიც იწვევდა, რომლებიც ომში დაღუპული ახალგაზრდა ჯარისკაცებისთვის იწერებოდა. ხალხი სევდიანი სიმღერების გუნებაზე იდგა, მაგრამ არა ისეთის, სამარცხვინო ომს რომ ეძღვნებოდა; ომს, რომლის დავიწყებაც ხალხს მთელი გულით სურდა.

ასე, სრულიად მოულოდნელად დაიბადა ახალი მუსიკალური ჟანრი: სამგლოვიარო სიმღერა მეგობრისთვის, რომელიც რელიგიური გახდა. ამ სიმღერების მთავარი გმირები ახლო მეგობარი მამაკაცი ანდა ვნებიანი ლამაზი ქალი იყვნენ. ერთ დროს, ისინი სიმღერის ავტორს სიცოცხლის ხალისით ავსებდნენ, მაგრამ მერე აუცილებლად ისეთი შემზარავი რამ ხდებოდა, რაც ამ მხიარულ და უდარდელ ადამიანებს შვებას რელიგიაში აძებნინებდა. ერთგული მეგობარი იზრდიდა წვერს და ბევრს ლოცულობდა, ვნებიანი ლამაზი გოგონა კი, თხემით ტერფამდე შარფში ეხვეოდა და სევდიან მომღერალზეც გულს იყრიდა. ახალგაზდები უსმენდნენ ამ სიმღერებს და ზანტად, ნაძალადევად ჰყვებოდნენ მელოდიას.

ლიბანის ომს მართლაც იმდენი ახალგაზრდა შეეწირა მსხვერპლად, რომ ცოცხლებს ერთადერთი რამ სურდათ - მკვდრები სამუდამოდ დაევიწყებინათ, იერუსალიმის შუაგულში, რომელიმე იეშივაში.

ხელახლადაბადებული, გარელიგიურებული ებრაელები მხოლოდ ახალი მუსიკალური ჟანრის მთავარი გმირები როდი ხდებოდნენ. ისინი პრესის განუზომელ ინტერესსაც იწვევდნენ. ყოველ მეორე თოქ-შოუში თითო-თითოდ იწვევდნენ ახლად გაეკლესიურებულ ყოფილ ცნობილ სახეს, რომელიც არ იზარებდა და პუბლიკას უყვებოდა, თუ როგორ არ ენატრებოდა განვლილი აღვირახსნილი ცხოვრება. სტუდიაში იწვევდნენ ახლადმოქცეული ცნობილი მოღვაწის ყოფილ მეგობარს, რომელიც მაყურებელს უამბობდა, თუ როგორ შეიცვალა მისი მეგობარი, რელიგიით დაინტერესების შემდეგ, და როგორ შეუძლებელი გახდა მასთან ლაპარაკი.

0x01 graphic

ზუსტად ასე დამემართა მეც. იმ წუთიდან, როცა ჩემმა დამ ღვთიური განგების გზა აირჩია, უბნის ცნობილი სახე გავხდი. მეზობლები, რომლებიც წინათ გამარჯობას ძლივს მეუბნებოდნენ, ახლა ჩერდებოდნენ და, თანაგრძნობის ნიშნად, ღონივრად მართმევდნენ ხელს. ფჰატის მეთორმეტე კლასელები, სულ შავებში ჩაცმული ბავშვები, მეგობრულად მიწვდიდნენ ხელს, მერე ტაქსის აჩერებდნენ და თელ-ავივის რომელიღაც დისკო-კლუბში მიდიოდნენ. გზაში ფანჯარას ჩამოსწევდნენ და ბოლო ხმით მომძახოდნენ, თუ როგორ წყდებოდათ ჩემს დაზე გული. თუ რაბინები რომელიმე შეუხედავ გოგოს გადაიბირებდნენ, კიდევ არაფერი. აი, თუ გოგონა ლამაზი იყო - სინანულით თავს აქნევდნენ - სად უნდა დაკარგულიყო მათი სილამაზე?!

0x01 graphic

2005 წლის თელ-ავივში არის ერთი ქუჩა, სახელად „შენხინი“. შენხინი თელ-ავივის ყველაზე „ალტერნატიული“ ქუჩაა, თავისი ელექტრონული მუსიკის მაღაზიებით და ღია კაფეებით. თელ-ავივის ბომონდის ნახვაც ამ ქუჩაზე შეიძლება, თუმცა ჩვენ ისინი განსაკუთრებით არ გვიძებნია. ვეძებდით და ვიპოვეთ Belle Sebastian-ის სინგლი, დავლიეთ საზამთროს ფრეში და ყველაზე ძველ წიგნის მაღაზიაში გადავეყარეთ წიგნს, რომლის გარეკანზეც ნიკა მაჩაიძის ფოტო იყო. გაგვეხარდა!

თუ ამ ქუჩაზე მოხვედრამდე ჩვენთვის ისრაელი იყო ქვეყანა, სადაც პოლიტიკა პოპკულტურაა და რელიგია - ვიზუალური ლანდშაფტი, შენხენის ქუჩაზე თავი ამსტერდამში გვეგონა. უბრალოდ, გაგვიკვირდა, რომ თელ-ავივი „ალაგ-ალაგ“ ძალიან ევროპული ქალაქი ყოფილა.

9 ეტგარ კერეტი

▲back to top


ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ეტგარ კერეტი ისრაელის ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა მწერალია. მისი მოთხრობების ოთხივე კრებული ისრაელში ბესტსელერი იყო, 17 ენაზე ითარგმნა და ევროპის ყველაზე პატარა წიგნის მაღაზიაშიც კი იყიდება. ეტგარის თითქმის ყველა მოთხრობაზე ფილმია გადაღებული და როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ის კაცობრიობის ისტორიაში იმ ავტორად შევა, რომლის ყველაზე მეტი ნაწარმოების ეკრანიზება განახორციელეს. მისი მოთხრობები უკვე თელ-ავივის სკოლებშიც ისწავლება, თუმცა მათი სასკოლო პროგრამებში შეტანა დღემდე განსჯის საგანია. ეტგარს ბინძური ლექსიკის, ძალადობის, ჟარგონისა და სექსის „ბოროტად“ გამოყენებისათვის აკრიტიკებენ. ბევრი ჰედონისტს, ნიჰილისტსა და ანტი-სიონისტს ეძახის.

ამ დროს ეტგარის პერსონაჟები არავის არაფერს ერჩიან. ერთმანეთს ბარში ეპატიჟებიან, ერთმანეთი ძალიან უყვართ. ხანდახან იმდენად უცნაურად, რომ შვილმა საყვარელი დედის ამოკვეთილი საშვილოსნო შეიძლება მუზეუმში განათავსოს. ხანდახან კი ეტგარის პერსონაჟები თავს იმდენად მარტო გრძნობენ, რომ შეიძლება პლასტელინის ხვრელში შეძვრნენ და იქედან პირდაპირ სამოთხეში მოხვდნენ. ზოგჯერ ისინი თავსაც იკლავენ, მაგრამ საიქიოში მოხვედრილები, ხვდებიან, რომ იქაც სამსახურში უნდა იარონ, კარგი ლუდის ბარი მოძებნონ და ლამაზი გოგოები როგორმე ლოგინამდე მიიტყუონ. ამიტომ, მოწყალე ღმერთს ისევ დედამიწაზე დაბრუნებას სთხოვენ, შეჩვეული და შეუჩვეველი ჭირის პრინციპის გამო.

ეტგარს კი ყველაზე მეტად თელ-ავივში, თავის პატარა, მყუდრო ბინის აივანზე ყოფნა უყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოლის ველოსიპედის ხმა ესმის. უყვარს ადამიანები, პაპარაცებიც კი, და ძალიან უნდა, სულ იქ იცხოვროს, სადაც თავის მშობლიურ ენაზე ილაპარაკებს. ეს ხომ ებრაელებისთვის დიდი ფუფუნებაა და იმას ნიშნავს, რომ ისრაელს ატომური ბომბი არ უნდა დაეცეს, პალესტინელებმაც თავის წილი მიწა მიიღონ და რამე ბიბლიური წარღვნის მსგავსმა სტიქიამ მთელი ქვეყანა ნანგრევებად არ აქციოს. ეტგარი ფატალისტი არ გეგონოთ. ის, უბრალოდ, ებრაელია. ძალიან უნდა მშვიდობა და ბევრი შვილი. უნდა 20 წლის მერეც ისეთი ბედნიერი იყოს, როგორც ახლა, იმისათვის, რომ თქვას: „თუ ეს ცხოვრება თამაშია, მე ის მოვიგე.“

0x01 graphic

ერთი ებრაული ოჯახის ამბავი

„ისრაელ-ლიბანის ომმა ჩვენი ოჯახი თავდაყირა დააყენა. 1982 წელს, იმის გამო, რომ არასრულწლოვანი ვიყავი, ომში არ წავსულვარ. ომში წაიყვანეს ჩემი ჯარგამოვლილი უფროსი და-ძმა. ჩემი და - დანა, არტილერიაში მსახურობდა და ორმოც ებრაელ ჯარისკაცს მეთაურობდა. ამათგან ოცდაათი მებრძოლი, ომის დაწყების პირველივე კვირას, შეტაკებისას დაიღუპა. მათ შორის იყო მისი საქმროც, რომელზეც მალე დაქორწინებას აპირებდა. ომიდან დაბრუნებულმა, მთლიანად შეცვალა ცხოვრება, რელიგიის შესწავლა დაიწყო და მალევე ულტრა ორთოდოქსი გახდა. ის ულტრა ორთოდოქსზევე გათხოვდა და ახლა თერთმეტი შვილის დედა, იერუსალიმის ყველაზე ძველ უბანში ცხოვრობს.

ჩემი ძმა ნემროდი ავიაციაში მსახურობდა და, სხვებთან ერთად, სირიულ ბომბდამშენებს ანადგურებდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს, მას ორი ადამიანი შემოაკვდა და ამან მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. დანას მსგავსად, ამ ფაქტმა ისიც ძალიან შეცვალა და ომის მერე, მემარცხენე რადიკალი და მშვიდობის აქტიური დამცველი გახდა. კომუნაში გადასახლდა, ბევრ მარიხუანას ეწეოდა და ბევრსაც ფილოსოფოსობდა.“

მოკლედ, ერთად შეკრული ოჯახი მარტივ მამრავლებად დაიშალა.

ჯარისკაცი კერეტი ჯოჯოხეთში ხვდება

ეტგარი ფიზიკას, მათემატიკას და კომპიუტერულ პროგრამირებას სწავლობდა. წიგნების კითხვა ძალიან უყვარდა, მაგრამ ლიტერატურის სწავლა თავში აზრადაც არ მოსვლია. წიგნების სწავლაზე დიდი სისულელე არაფერი ეგონა. ჯარში გაწვევამდე, უნივერსიტეტში ჩაბარება უნდოდა, საინჟინრო ფაკულტეტზე, მაგრამ ძმამ გააფრთხილა, უნივერსიტეტის მერე, 3 წლის ნაცვლად, 6 წელი მოგიწევს სამსახური; სჯობს, ჯერ ჯარი მოიშოროო. ასე რომ, წავიდა ჯარში... და თავი ჯოჯოხეთში ამოყო.

უფროსი ძმის მსგავსად, ეტგარიც ცუდი ჯარისკაცი იყო. სხვათა შორის, მისი ძმა ერთადერთი ადამიანი ყოფილა ისრაელის ისტორიაში, ვინც ჯარში კერპთაყვანისმცემლობისთვის გაასამართლეს.

„ლიბანში ყოფნისას, მას ერთი დიდი გადამცემი ანტენის დაცვა ევალებოდა. შტაბიდან მხოლოდ თვეში ერთხელ აკითხავდნენ და საჭმლით ამარაგებდნენ. დანარჩენი დრო სულ მარტო იყო და მოწყენილობისგან, არ იცოდა, რა ეკეთებინა. ერთ მშვენიერ დღეს ადგა, ფრთებიანი საფრთხობელა გააკეთა და ანტენაზე ჩამოკიდა. ოფიცრები რომ მოვიდნენ და ეს საინტერსო ნაკეთობა ნახეს, უთხრეს, შენ ამ ანტენას ეთაყვანებიო. ჩემმა ძმამ კი იუარა, მაგრამ აღარ დაუჯერეს. ჯარისკაცისთვის შეუფერებელი ქმედების, კერპთაყვანისმცემლობის, ცუდი მაგალითის მიცემისა და ისრაელის ჯარის შერცხვენისთვის გაასამართლეს.“

ეტგარსაც ჯარში ყოფნის პირველი დღიდან გაუფუჭდა რეპუტაცია. „დანაყოფიდან დანაყოფში მაგდებდნენ, ცუდი ჯარისკაცი ხარ და სხვებმა მოგარჯულონო. სულ 8 დანაყოფი გამოვიცვალე. თავიდან, ოფიცრის ასისტენტი ვიყავი, დიაგრამების ხაზვის დარგში. მერე ბანაკის დაცვა ჩამაბარეს, ამაშიც არ ვივარგე. პოსტზე სულ მეძინებოდა და გამომაგდეს. მერე სადამსჯელო რაზმშიც მომსინჯეს, მაგრამ ჩემგან ჯარისკაცების სისხლის გამშრობი არ გამოვიდა. ბოლოს, კომპიუტერულ განყოფილებაში გამამწესეს და იქ ცოტა არა მიშავდა რა, მარტო ვიყავი. ამ განყოფილებაში მოსახვედრად, ჩემი მეგობარი მომეხმარა. ისიც იქ მუშაობდა, მაგრამ ჯარში მსახურობის ვადის ამოწურვამდე, ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. წერა ამის მერე დავიწყე. მაშინ 19 წლის ვიყავი. ჯარი წერაში ძალიან დამეხმარა და პირიქით: წერა - ჯარის გატანაში. სისტემასთან მიმართებაში იმდენ წინააღმდეგობას ვგრძნობდი, რომ სათქმელი ბევრი მქონდა. რაც უფრო მეტს ვწერდი, მით უფრო ნაკლებს ვიბრძოდი. წერისას ვამბობდი, რასაც ვგრძნობდი და ეს საკმარისი იყო. არადა, თავიდან, ჯარში დიდი ენთუზიაზმით წავედი. მაგრამ ჯარში ორად-ორ რამეს გასწავლიან: როგორ მოკლა სხვები და როგორ მოემზადო სიკვდილისთვის. არადა, ეს ორი რამ არ არის ადამიანებისთვის ადვილი გასაგები. არავის უნდა სხვისი მოკვლა და არავის უნდა სიკვდილი. შარიც იქ იწყება, როცა ამბობ, რომ ეს უაზრობაა და შენ ამას არ გააკეთებ.“

0x01 graphic

დანა - ის, ვინც განგიკითხავს
და ნიმროდი - ჩვენ ავჯანყდებით

დანა რელიგიური გახდა. გაჰყვა ულტრა ორთოდოქსს, რომელიც ასევე ჯარგამოვლილი იყო. მასაც დანას მსგავსი დრამატიზმი ჰქონდა გადატანილი და ისიც ჯარის მერე გახდა რელიგიური. კარგი ადამიანიაო, ამბობს ეტგარი, უბრალოდ, მათი ოჯახი ზედმიწევნით ულტრა ორთოდოქსულია. ქმარი არ მუშაობს. ის მთელს თავის დროს სწავლას უთმობს. ამიტომ, ეკონომიურად, ძალიან დუხჭირად ცხოვრობენ. მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, თუ დასახლებაში ცხოვრობ, მაშინ ბინის ქირას არ იხდი.

„ჩემი და არ არის მემარჯვენე. ის ანტისიონისტია. ის ისრაელს ქვეყანადაც არ ცნობს. ამბობს, როგორ შეიძლება ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრს კიპა არ ეხუროს, ის არ არის ჩემი პრემიერ მინისტრი; საერთოდ, ვის დაკარგვიაო?! თუ ეტყვი, პალესტინაში იცხოვრე, პალესტინაში იცხოვრებს. ეს მას დიდად არ ადარდებს. ნაციონალისტური მისწრაფებები საერთოდ არ გააჩნია. ასე რომ, ამ დასახლებაში მხოლოდ იმიტომ გადასახლდნენ, რომ იქ იაფი იყო ცხოვრება.

ჩემი ძმა მემარცხენე რადიკალია. ის ხშირად სტუმრობს ხოლმე ჩემს დას სადილზე. ნიმროდი ხშირად იმეორებს: ჩემს დასთან სტუმრობა ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა 1967 წლის საზღვრებს იქით, პოლიციასთან საჩხუბრად არ გადავდივარო. პოლიციასაც უკვირს, აქ დემონსტრაციის გასამართად არ მოხვედი? სად მიდიხარო. ისიც პასუხობს, არა, არა, ჩემს დასთან მივდივარ, სუფის საჭმელადო.“

0x01 graphic

ისეც ხდება, რომ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული კერეტები „პოლიტიკური მოკავშირეები“ ხდებიან ხოლმე. ცოტა ხნის წინ, იერუსალიმში, დანას სამეზობლოში, დემონსტრაციების მთელი სერია მოეწყო. იმ ადგილას, სადაც ულტრა კონსერვატორების აზრით, ძველი საფლავები იყო ჩამარხული, მთავრობას გზების აშენება უნდოდა. ადგილობრივ მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ბევრი დაიჭრა. საქმე ის გახლდათ, რომ ულტრა კონსერვატორებს დემონსტრაციის მოწყობაში ნემროდი დაეხმარა. რომ ჰკითხეს, რატომ ეხმარებოდა აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანებს, უპასუხა: ისინიც და მეც ანტი-სიონისტები ვართ და არც ერთს და არც მეორეს არ გვიყვარს პოლიციაო. უფრო გულწრფელად კი, ნიმროდს დანას დახმარება უნდოდა. ამიტომ ასწავლა დემონსტრანტებს, როგორ გადაეღოთ ის პოლიციელები, ვინც ბავშვებს სცემდნენ, ან როგორ შეეტანათ საჩივარი პოლიციელების წინააღმდეგ. მოკლედ, ასე იქცნენ დაპირისპირებული მხარეები მოკავშირეებად.“

ბავშვები მეთვრამეტე საუკუნიდან

დანას ღვთის მიერ მივიწყებულ უბანში ცხოვრება არ უნდოდა და კერეტების ოჯახი ყველაფერს ეცადა იმისთვის, რომ მას იერუსალიმში ეცხოვრა. „მე იქ ნამყოფი ვარ და გეტყვით, რომ იქ ზუსტად მეთვრამეტე საუკუნეა. არც ტელევიზორი აქვთ, არც რადიო, არც გაზეთები. ერთხელ ჩემი 8 წლის დისშვილი მაღაზიაში გავიყოლე. ცოტა მოშორებით მოგვიწია წასვლა და სანამ მე მისთვის საწუწნ კანფეტებს ვყიდულობდი, ის მეზობელ მაღაზიაში შეხეტიალდა და იქედან სასოწარკვეთილი გამოვარდა, იქ ერთ კაცს საფრთხე ემუქრება და უნდა უშველოო. გავყევი და რას ვხედავ, ტელევიზორში რაღაც ფილმია და კაცი ყვირის. ჩემმა დისშვილმა მიმითითა, უშველე რამე, ხომ ხედავ ადამიანი ყუთშია გამომწყვდეული და შველას ითხოვსო. მაშინ ნახა ტელევიზორი პირველად.“

ეტგარის დისშვილები დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე სკოლაში არიან. უფრო სწორად, როგორც ისინი ამბობენ, „ოთახში“ მხოლოდ ბიბლიასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობენ. იქ არ ასწავლიან არც მათემატიკას, არც ბიოლოგიას, არც ენებს. მხოლოდ რელიგიას.

„უცნაურია, მაგრამ მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად ვაკრიტიკებ მათი აღზრდის მეთოდებს, ვხედავ, რომ მას საინტერესოდ დადებითი მხარეებიც აქვს. სულელური ისტორიაა, მაგრამ ბებიამ ბავშვებს დაბადების დღისთვის დიდი, ბევრღილაკიანი სათამაშო თვითმფრინავი უყიდა. ერთ-ერთი სტუმრობისას, ბავშვებმა მკითხეს, გინდა ბებიას ნაჩუქარი თვითმფრინავით ვითამაშოთო? მეც დავთანხმდი და სათამაშო ოთახში შევყევი. მათ გადმოიღეს ყუთი, სადაც თვითმფრინავი იდო... და თითქოს მკვდარი ტარაკანა ყოფილიყო, იქიდან ზიზღით ამოიღეს თვითმფრინავი და გვერდზე გადადეს. თვითონ კი ყუთში ჩასხდნენ, ნიჩბები მოიმარჯვეს და გემში ვზივართო, გამომიცხადეს. ვკითხე, თვითმფრინავით რატომ არ თამაშობთ-მეთქი. არ მოგვწონსო, მიპასუხეს. არ მოგვწონს იმიტომ, რომ ღილაკს რომ დააჭერ თითს, თვითმფრინავი თვითონ ირჩევს, რა ხმა უნდა გამოსცეს, ჩვენზე არაფერია დამოკიდებულიო. ეს ყუთი კი, როგორც ამიხსნეს, მათ წარმოსახვაში შეიძლებოდა ყოფილიყო თვითმფრინავიც, გემიც, მატარებელიც - ყველაფერი, რაც მათ მოესურვებოდათ. ტელევიზორთან გაზრდილი ბავშვებისგან განსხვავებით, ეს ბავშვები შემოქმედები არიან. აზროვნებაც უფრო გახსნილი და ინდივიდუალური აქვთ. თუმცა, ყველაზე დიდ პრობლემას, რასაც მათ აღზრდაში ვხედავ, ის არის, რომ ულტრა რელიგიური ადამიანები სამყაროს ორ კატეგორიად ჰყოფენ: მორწმუნეები და ურწმუნოები. მერე მორწმუნეები ურწმუნოებს ქედმაღლურად უყურებენ და ანტიჰუმანიზმიც აქედან მოდის.“

0x01 graphic

ეტგარმა თავის დისშვილებთან დაკავშირებული კიდევ ერთი გულისგამგმირავი ამბავი მომიყვა: „ერთხელ საბავშვო წიგნი დავწერე და ჩემს დისშვილებს მივუძღვენი. საგამომცემლო სახლთან გაფორმებულ კონტრაქტში საგანგებოდ შევატანინე ერთი გრაფა, რომ ილუსტრატორი ერთადერთ ეგზემპლარში ყოველ კაც პერსონაჟს იერმულკებს დაუხატავდა, ქალებს კი დახურულ გრძელ კაბებს ჩააცმევდა. მაგრამ ჩემი დის რაბინს არც ეს ეგზემპლარი მოეწონა. აი, იმ რაბინს, რომელიც მას რელიგიური ჩვევების შესახებ აძლევს რჩევებს. მოთხრობა იყო მამაზე, რომლიც ცირკთან ერთად გაიქცევა. რაბინმა ალბათ ეს დეტალი ზედმეტად უპასუხისმგებლოდ ჩათვალა და მეც სხვა გზა არ მქონდა - კოშერის ეგზემპლარი, სწორედ ის, ილუსტრატორმა დიდი სიფრთხილითა და გემოვნებით რომ შეასრულა - უკან, თელ-ავივში წამოვიღე, ისე, რომ ბავშვებს ის არც კი გადაუფურცლავთ.

0x01 graphic

ფულით სავსე უჯრა

ეტგარის, ნიმროდის და დანას მშობლები საკმაოდ ლიბერალურები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოკოსტის დროს, ორივემ ოჯახი დაკარგა.

„საოცარი ადამიანები არიან. მამაჩემი თავის ხელფასს უჯრაში დებდა და გვეუბნებოდა, - აი, ფული აქ დევს. როცა დაგჭირდებათ, აიღეთ, მე ნუღარ მკითხავთო. 5 წლის ბავშვს ამ უჯრაში ხანდახან 800 დოლარიც დამხვედრია, მაგრამ მხოლოდ იმდენი ამიღია, რამდენიც ერთი ფუნთუშის საყიდლად მჭირდებოდა. ამ ექსპერიმენტის შედეგი ის იყო, რომ ჩემმა და-ძმებმა და მე მუშაობა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყეთ. ვგრძნობდით პასუხისმგებლობას, რომ იმ უჯრაში ფული ჩვენც უნდა ჩაგვედო.

ჩემი მშობლები თვითნასწავლები არიან, თითოეულმა 7-7 ენა იცის და ძალიან ბევრი წიგნი აქვთ წაკითხული. პატარაობისას, საბავშვო წიგნები მათ თვალითაც არ ენახათ. არც კი იცოდნენ მათი არსებობის შესახებ. ამიტომ, ყველა ზღაპარს, რომელსაც გვიყვებოდნენ, თვითონვე იგონებდნენ. მაგალითად, მამაჩემის ზღაპრების პერსონაჟები იყვნენ მეძავები, ანუ ქალები რომლებიც კაცებს ფულის საფასურად კოცნის უფლებას აძლევდნენ და ნარკომანები. მათ ყოველთვის უყვარდებოდათ ერთმანეთი.

სიმღერებსაც თვითონ იგონებდნენ. სკოლაში რომ წავედი, მივხვდი, რომ ყველა ზღაპარი და სიმღერა, რომელიც მე ვიცოდი, სხვებს არც კი გაეგონათ. ანდა, როგორ ეცოდინებოდათ ჩემი მშობლების გამონაგონი?!“

ფრიშმენის ქუჩის გაყოლებაზე

„ხშირად, როცა სიბრაზეს ან საკუთარი თავის სიბრალულს სასოწარკვეთამდე მივყავარ, გავდივარ ხოლმე ზღვაზე და ყველაფერი თავის ადგილას დგება. პროპორციები იცვლება და ხვდები, რამდენად უმნიშვნელოა ის პრობლემები, რომლებიც ამწუთას გაწუხებს.“

თელ-ავივში, ფრიშმენის ქუჩის გაყოლებაზე, პლაჟთან ახლოს, ერთი ისტორიული აუზია. ის აუზი კამიკაძეს აუფეთქებია და ახლა მის ადგილას მიწა სულ მოპრიალებულია. ამის მიუხედავად, ეტგარს ძალიან უყვარს ამ ადგილის სტუმრობა.

„მამაჩემს ერთი წესი ჰქონდა: რომ არ მოეწყინა, ყოველ 5 წელიწადში პროფესიას იცვლიდა. ხშირად ისეთ პროფესიას ირჩევდა, რაშიც მაინცდამაინც არ ვარგოდა. ის კარგა ხანი ამ აუზზე მუშაობდა ნაყინის გამყიდველად. ასე რომ, 5-დან 10 წლამდე მეც სულ თან ვახლდი და იქ ყველაზე პოპულარული ბავშვი ვიყავი. გოგოებს ნაყინით ვუმასპინძლდებოდი და ისინიც, სანაცვლოდ, სულ მკოცნიდნენ. კარგად ვცურავდი, სულ მზისგან გარუჯული ვიყავი, გოგოებისთვის კოკა-კოლებსაც არ ვიშურებდი. მოკლედ, გოგოები თავს დამტრიალებდნენ და მეფესავით ვცხოვრობდი. ამის მერე, მამაჩემმა პლასტიკური ბატარეების ქარხანა გახსნა და, მას შემდეგ, გოგოებს ჩემი დანახვაც აღარ უნდოდათ. მე მაინც მიყვარს ეს ადგილი იმიტომ, რომ ჩემი დიდების დღეებს მაგონებს.“

თელ-ავივში, ფრიშმენის ქუჩის გაყოლებაზე, უკვე 20 წელია სახეები არ იცვლება. ამ პლაჟზე მდიდრებიც დადიან და ღარიბებიც, უმუშევრებიც და მემარჯვენეებიც. არაბებიც დადიან პლაჟზე. სამხედროებიც. მაგრამ ყველა ეს ადამიანი, ტანსაცმლის გახდასთან ერთად, სოციალურ სტატუსსაც „იხდის“.

0x01 graphic

„ერთხელ ერთ ბიჭს გამოველაპარაკე და მერე დიდხანს გაგვიგრძელდა საუბარი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის იერუსალიმელი არაბი პოლიციელი ყოფილა. დიდი ვერაფერი ამბავია, მაგრამ ეს რომ თავიდან მცოდნოდა, შეიძლება არ დავლაპარაკებოდი, მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე, უამრავი რამ მეგულისხმა და დღეს ერთი ძალიან კარგი მეგობარი არ მყოლოდა. ამიტომ მიყვარს პლაჟი. ის თითქოს დასტურია იმისა, რომ ჩვენ, ყველას ერთად ცხოვრება შეგვიძლია.“

სპარსეთის ყურის ომის დროს, ებრაელებს სჯეროდათ, რომ პლაჟი ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. ქიმიური ბომბების ჩამოვარდნის შემთხვევაში, ისინი თურმე ან ზღვაშივე ფეთქდებოდნენ, ან ნაპირზე ცვიოდნენ და მათი ბოლი ზღვის ქარს უკანვე მიჰქონდა. ამიტომ ხალხი პლაჟზე არხეინად ირუჯებოდა. სხვათა შორის, ეტგარი მარწმუნებს, რომ კამიკაძე ტერორისტებმაც, პლაჟზე ვერცერთი წარმატებული ოპერაცია ვერ განახორციელეს. მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მაგრამ თვითონ პლაჟზე - არაო. პლაჟზე ნაღმებიც ყოფილა ჩამარხული, მაგრამ არ აფეთქებულა. ამიტომ ებრაელებს პლაჟი საკრალურ ადგილად მოუნათლავთ.

პირველი მკითხველი

ეტგარს ყველაზე ძალიან თავისი პირველი მოთხრობა, „მილები“ უყვარს. (იხ. გვ. 139) ეს მოთხრობა 19 წლისამ, ჯარში 40 საათიანი მორიგეობის დროს დაწერა. „როცა წერას მოვრჩი, წამკითხველი არავინ მყავდა. ბევრჯერ გადავიკითხე, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა. მინდოდა, სხვებსაც წაეკითხათ. განყოფილებაში კი აბსოლუტურად მარტო ვმუშაობდი. 25 საათით ლოდინი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი შემცვლელი ჯარისკაცი მოსულიყო. რომ მოვიდა, ვკითხე, მოთხრობა დავწერე, გინდა წაიკითხო-მეთქი. არაო, მიპასუხა. ძალიან შევეხვეწე, მაგრამ გინებით მომიშორა თავიდან. რა მექნა, მიუხედავად იმისა, რომ დილის 7 საათი იყო, ჩემს ძმასთან წავედი. დაფეთებულმა გამიღო კარი, რა მოხდა, რა მოხდაო. ვუთხარი, მოთხრობა დავწერე და ძალიან მინდა, რომ წაიკითხო-მეთქი.

გარეთ გამიყვანა, ჩემს შეყვარებულს სძინავს და არ გავაღვიძოთო. ძაღლიც გამოიყოლა. თან კითხულობდა, თან ძაღლს ასეირნებდა. ძაღლს გაჩერება და მოსაქმება უნდოდა და თოკზე ეჭიდებოდა, მიშველე რამეო. ჩემი ძმა კი ისე გაიტაცა კითხვამ, ვერც კი შეამჩნია ეს ამბავი და საწყალი ძაღლი ნახევარი გზა სულ ძალის-ძალად ათრია. კითხვას რომ მორჩა, გავჩერდით და მითხრა: ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზი და მაგარი მოთხრობა დაგიწერიაო. ამასობაში, ძაღლმაც მოისაქმა. ამ მოთხრობის სხვა ეგზემპლარი თუ გაქვსო? - მკითხა. კი-მეთქი, ვუპასუხე. ისიც ადგა და ამ ჩემი მოთხრობით ძაღლის მოსაქმებული აიღო და ნაგავში ჩააგდო. არასდროს დამავიწყდება ეს ამბავიც და ისიც, რაც მაშინ ვიგრძენი. ამ ქმედებაში რაღაც ძალიან მომეწონა. საერთოდ არ ვიყავი შეურაცხყოფილი. პირიქით, გამეხარდა, რომ ისეთი რაღაც დავწერე, რაც მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩა და სხვაგან დაილექა. ასეა, წაკითხული თავში გრჩება და მას ვერავინ წაგართმევს. განსაკუთრებით ჯარში, სადაც ყველაფერს გართმევენ.“

0x01 graphic

რა სარგებლობა მოაქვს უძილობას

„ჯარი რომ დავამთავრე, მშენებლობაზე ვმუშაობდი. უნივერსიტეტში სწავლის ფული არ მქონდა. შემომთავაზეს, სტიპენდიის მიღება მეცადა. იყო ასეთი ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც „განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულებს“ აფინანსებდა. გამიმართლა და მივიღე სტიპენდია. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დილაობით ადრე გაღვიძება მიჭირდა და დილის ლექციებზე სულ ვაგვიანებდი. ეს ჯარმა მიყო, სულ ღამის ცვლა ვიყავი და დღისით მეძინა. მოკლედ, ღამ-ღამობით ვწერდი, მაგრამ ჩვენებით არავისთვის მიჩვენებია იმიტომ, რომ ვისაც ვაჩვენე, არავის მოეწონა. ერთი წლის შემდეგ, შეიკრიბა კომიტეტი და ლექციებზე დაგვიანებებისა და გაცდენებისთვის, სტიპენდიის შეწყვეტა დამიპირეს. ამ პროგრამის ფარგლებში, ყველა სტუდენტს მრჩეველი ჰყავდა. ჩემი მრჩეველი ფილოსოფიის პროფესორი იყო. მას ძალიან მოვწონდი და მკითხა, რატომ არ დადიხარ ლექციებზე, რაშია საქმეო. მეც სიმართლე ვუთხარი, ღამე ვერ ვიძინებ და იმიტომ-მეთქი. რამე უფრო სერიოზული გასამართლებელი საბუთი უნდა მოვიგონოთ მე და შენ, რომ სტიპენდია შევინარჩუნოთო. გამომკითხა, რას აკეთებ, რამე ინტელექტუალურ ღონისძიებებში ხომ არ იღებ მონაწილეობასო. არა-მეთქი, ვუთხარი. აბა, ცხოვრებაში რას შვრებიო? მოთხრობებს ვწერ-მეთქი. აა, ძალიან კარგიო. მომიტანე შენი მოთხრობები, მე მათ ლიტერატურის პროფესორს გავუგზავნი და ეს ხომ უნივერსიტეტია, არავინ იტყვის, რომ შენი მოთხრობები ნაგავია. იტყვიან, რომ პოსტ-მოდერნისტულია, მეტა-ჰუმანისტურია, მოკლედ.. აუცილებლად დადებით რეცენზიას დაწერს. კომიტეტის შეკრებაზე, შენი დაცვის დრო რომ მოვა, მე ამ წერილს ვაჩვენებ, და ვიტყვი, აი, პოსტ-მოდერნისტულ მოთხრობებს წერს კაცი და რას ერჩითო. მოკლედ, ლიტერატურის იმ პროფესორმა დაწერა დადებითი რეცენზია და მეც შევინარჩუნე სტიპენდია.

უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა, იმ პროფესორმა რომ დამირეკა. ვერც კი ვიცანი. მითხრა, მე ის ვარ, წერილი რომ დაგიწერეო. შენი 3 მოთხრობა მაშინ წავიკითხე, ახლა გამომცემლობაში რედაქტორად დავიწყე მუშაობა და სხვა მოთხრობებიც ხომ არ დაგიწერიაო. 50 მოთხრობა მაქვს-მეთქი, ვახარე. მათი წაკითხვის მერე, დამირეკა და მითხრა, სამ თვეში შენი მოთხრობების კრებული უნდა გამოვცეთო.

ამიტომ, ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, თუ გინდათ, რომ თქვენი ნაწერები გამოსცენ, გვიან უნდა გაიღვიძოთ-მეთქი.

ჩემს პირველ წიგნს კარგი რეცენზიები მოჰყვა, მაგრამ ცოტა გაიყიდა. მე არ მესმოდა, ეს „ცოტა“ რას ნიშნავდა. ყველა ინტერვიუში ვტრაბახობდი, 800 წიგნი გაიყიდა-მეთქი. ჩემი გამომცემელი მიბრაზდებოდა, ნუ ამბობ ციფრს, საქმეს გვიფუჭებო. მე მიკვირდა, რატომ, 800 კაცი ცოტაა, მე ხომ არ ვიცნობ 800 კაცს-მეთქი?!

ამის მერე ტელევიზიაში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემაში დავიწყე მუშაობა. ჩემი მეორე წიგნიც მალევე გამოვიდა და 800 ცალის ნაცვლად, უკვე 80,000 ეგზემპლარი გაიყიდა. ეს ისრაელისთვის ძალიან ბევრია. ნიძლავიც მოვიგე. ჩემი გამომცემელი დამენიძლავა, შენი მეორე კრებული 2000 ცალზე მეტი თუ გაიყიდება, თელ-ავივის ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში დაგპატიჟებო. წიგნის გამოსვლიდან მეორე დღეს, უკვე რესტორანში ვისხედით.

არადა, არსებობდა მოსაზრება, რომ მოთხრობები ისრაელში არ იყიდებოდა. ამაში ალბათ დრომაც შემიწყო ხელი. 1994 წელს რაბინი ახალი არჩეული იყო. ხალხს მშვიდად და უკეთ ცხოვრების იმედი მიეცა. ხალხი ცვლილებებისთვის ემზადებოდა და განსხვავებულისა და ახლის მისაღებად განწყობილი იყო. 1993-1995 წლები ისრაელის ისტორიაში ყველაზე მშვიდი და დალაგებული წლები იყო. იქამდეც გიჟები ვიყავით, და მას მერეც გიჟებად დავრჩით. ახლა რომ დამეწყო წერა, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა და წარმატებულიც ვერ ვიქნებოდი.“

ეტგარ კერეტი ამოს ოზის წინააღმდეგ

ისრაელში ძალიან, ძალიან დიდხანს, მწერალ ამოს ოზის კულტი იყო. ომის ვეტერანი და „კიბუცნიკი“ ოზის გმირები სიმამაცით, ძალით და მიზანმიმართულობით, კიბუცისა და ჯარისათვის თავდადებით, ერთიანობისა და ერთი მიზნისკენ, ქვეყნის შენებისკენ სწრაფვით გამოირჩეოდნენ. ისრაელი ამ გმირებით დიდხანს ამაყობდა. ეტგარს კი სხვა დროში მოუწია ცხოვრება. დაიბადა 1967 წელს, სწორედ მაშინ, როცა ისრაელმა პირველად დაიწყო დასავლეთი სანაპიროს, ღაზას სექტორის და გოლანის მაღლობის დაპყრობა. შანამ ეტგარი სკოლას დაამთავრებდა, ისრაელი უკვე ლიბანის ომში იყო ჩართული. თუ ამოს ოზისა და მისი თაობის მწერლების პათოსი ქვეყნის გაერთიანება იყო, ეტგარ კერეტის თაობა სხვადასხვა ეთნიკურ და კულტურულ ჯგუფებად დაყოფილ ისრაელში სწავლობდა ცხოვრებას. მოკლედ, თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლით გადაღლილი ებრაელები ეტგარის აბსურდულმა, მაგრამ ძალიან ადამიანურმა გმირებმა მოხიბლა. მოხიბლა იმან, რომ მათ მწერალი ჭკუას აღარ ასწავლიდა.

0x01 graphic

„მე არ ვარ მორალისტი მწერალი. მე ყოველთვის ვწერ ებრაელებზე და პალესტინელებზე, სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებზე. უბრალოდ, არ ვაკეთებ დასკვნებს. ვყვები ამბავს. ისრაელში კი, როცა პოლიტიკურ მოთხრობებს წერენ, ყოველთვის პოლიტიკურად ცალსახა დასკვნებს აკეთებენ. მე მაქვს ერთი წიგნი, რომელიც პალესტინელ მწერალთან ერთად დავწერე. მან მითხრა: როცა ებრაელების ნაწერებს ვკითხულობ, ისინი ყოველთვის ამბობენ, „აი, ამას გრძნობს არაბი, აი, ეს უნდა არაბს. შენ კი ყოველთვის ამბობ: არ ვიცი, რას გრძნობენ ისინი; არ ვიცი, რა უნდათ მათ. მგონი, ეს უფრო გულწრფელია და რეალურიო. აქ კი პოლიტიკური მწერალი რომ გერქვას, აუცილებლად გურუს პიედესტალიდან უნდა დამოძღვრო „სულელი“ ხალხი. ვინ არის მართალი, ვინ - მტყუანი და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. როცა პოლიტიკურ მოთხრობას ვწერ, ვყვები, თუ როგორ შეიძლება შიში სიძულვილად იქცეს. მე ის ადამიანური გამოცდილება უფრო მაინტერესებს, როცა ადამიანი სიტუაციას ვერ ფლობს. ან როგორ შეიძლება კარგი და კეთილი ფიქრი რაღაც უარყოფითად იქცეს?! მე ჰუმანისტი ვარ და მჯერა, რომ ადამიანები, ძირითადად, კარგები არიან. ამიტომ, ვცდილობ გავიგო, რატომ გარდაიქმნებიან კარგი ადამიანები ცუდებად. ეს გარდასახვა უფრო მაინტერესებს, ვიდრე იმის მტკიცება, რომ ეს ცუდი ადამიანია და ის კარგი. ალბათ ამის გაცნობიერებაში ჩემი ოჯახი დამეხმარა. ვიცი, რომ შეიძლება ადამიანი ორთოდოქსების დასახლებაში ცხოვრობდეს და კარგი ადამიანი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს დას ბევრ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, ვიცი, რომ ის კარგი ადამიანია.

ასე რომ, აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ აპოლიტიკური მწერალი ვარ. უბრალოდ, ჩემი პოლიტიკა განსხვავებული პოლიტიკაა.“

20 წლის მერე

„10 წლის წინ რომ გეკითხა ეს, წარმოდგენაც კი არ მექნებოდა, როგორ მეპასუხა. მაგრამ ახლა, მგონი, ვბერდები და მომავალზეც უფრო მეტს ვფიქრობ. ხედვითაც უკვე ვხედავ, რომ აუცილებლად ისევ აქ ვიქნები. არ ვარ დარწმუნებული, რომ 20 წლის მერე ისევ დავწერ. ამაში არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული. ჩემი ახალი წიგნის გამოსვლის შემდეგ, სულ მგონია ხოლმე, რომ ეს ბოლო წიგნია. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ 20 წლის შემდეგ, ისევ აქ მინდა ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმედი მაქვს, ეს ქვეყანა ფაშისტურ ქვეყნად არ გადაიქცევა, ან არ დაინგრევა, ან ვინმე ატომურ ბომბს არ გვესვრის. მინდა, ისევ ჩემს ცოლთან ერთად ვიყო და მყავდეს შვილები.

თუ 20 წლის მერე ისევ ისეთი ბედნიერი ვიქნები, როგორც ახლა, ვიტყვი, რომ თუ ცხოვრება თამაშია, მე ის მოვიგე.“

10 დოვერ კოსაშვილი

▲back to top


ფოტო: პირადი არქივი

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ისრაელში თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვისაც „დაგვიანებული ქორწინება“ ნანახი არ ჰქონდეს. ამ ფილმმა ისრაელის კინემატოგრაფის ისტორიის ყველა რეკორდი მოხსნა. ისრაელში 100,000 კინოთეატრის ბილეთის გაყიდვა უკვე წარმატებად ითვლება. „დაგვიანებული ქორწინების“ 300,000 ბილეთი და ათასობით DVD და ვიდეო კასეტა გაიყიდა და ამით უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ყველაზე რენტაბელურ ფილმად იქცა. ამასთანავე, 2001 წელს დოვერის სადებიუტო ფილმმა ისრაელის კინოაკადემიის 9 უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა; 2002 წელს მონაწილეობა მიიღო კანის კინოფესტივალის ოფიციალურ ჩვენებაში; „ლოს ანჯელეს თაიმსმა“ „დაგვიანებული ქორწინება“ 2002 წლის ყველაზე საინტერესო ფილმად აღიარა და აღნიშნა, რომ მსოფლიო კინოს ახალი, უნიკალური რეჟისორი შეემატა.

სატელეფონო საუბრის მერე მივხვდი, წარმატების მიუხედავად, რატომ იყო მასზე ინტერნეტში მწირი ინფორმაცია. საკმაოდ სიტყვაძუნწია და თითოეულ შეკითხვაზე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ პასუხობს. თავიდან ეს ენობრივ ბარიერს დავაბრალე, ქართული კარგად ესმის, მაგრამ საუბრისას ფერხდება, სიტყვებს ეძებს. თუმცა ინგლისურზე გადასვლის მერე მივხვდი, რომ ენობრივი ბარიერი არაფერ შუაში იყო. დოვერს თავისი რიტმი აქვს და ის არასდროს ჩქარობს.

პირველად ჩვენი სასტუმროს ფოიეში შევხვდით. 15 წუთით დაიგვიანა, მაგრამ ჩვენს დანახვაზე ნაბიჯისთვის არ აუჩქარებია. სასხვათაშორისოდ გვითხრა, თელ-ავივის აღმოსავლეთით ვიყავი და საცობებში მოვხვდიო. ფანჯარასთან ჩამოვსხედით და საუბარი ახალი დაწყებული გვქონდა, რომ შეიცხადა, აქედან კარგი ხედია, მაგრამ ხმაურია, სხვაგან გადავსხდეთო. მე უსიტყვოდ დავმორჩილდი. ის იყო შეკითხვების ნუსხა მოვიმარჯვე, რომ თვითონ დამაყარა კითხვები: „როგორია ხალხის განწყობა საქართველოში? ადამიანები უფრო მეტად იღიმებიან? ოპტიმისტურად არიან განწყობილი? თუ ისევ იგინებიან? ისევ ბევრს სვამენ? პრეზიდენტი როგორია? მართლა აწუხებს ქვეყნის ბედი, თუ საკუთარ თავზე ფიქრობს? კორუფცია? მოევლო კორუფციას?“ შევეცადე დიპლომატიური პასუხები გამეცა და არ ვიცი, რამდენად დავაკმაყოფილე მისი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან თუ არ ვიყოჩაღებდი, ის უფრო საინტერესო წერილს დაწერდა ჩემზე, ვიდრე მე - მასზე.

0x01 graphic

0x01 graphic

ოჯახური ამბები

6 წლის იყო, როცა 1972 წელს მისი ოჯახი საქართველოდან ისრაელში გადაბარგდა. ემიგრაცია დოვერის ბიძის აკვიატება ყოფილა. მორწმუნე კაცი იყო და ისრაელში სიონისტური მოსაზრებების გამო უნდოდა დაბრუნება. დოვერის მამასაც შეუჩნდა: სჯობს წამოხვიდე, იქ უფრო იოლია ცხოვრება. თან, ჩვენს აღთქმულ მიწას დავუბრუნდებით და ვიცხოვრებთ ბედნიერადო. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, ისიც ამდგარა და მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად, ისრაელში ჩასულა. დოვერის ოჯახი დღემდე იქ ცხოვრობს, სადაც 70-იან წლებში ემიგრირებული ქართველი-ებრაელები დასახლდნენ - თელ-ავივიდან 30 კილომეტრის მოშორებით, უბანში, რომელსაც ბენეჰუდა ჰქვია.

ლანდშაფტის თვალსაზრისით, ბენეჰუდა ძალიან ჰგავს საქართველოს რომელიმე რაიონულ ცენტრს, მაგალითად, თელავს ან გურჯაანს. „აღჭურვილობით“ კი პატარა სამხრეთევროპულ ქალაქს ჩამოგავს, თავისი პატარა სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებით. რაჭიდან დოვერის ახლადჩამოსული ბიძაც ბენეჰუდაში ცხოვრობს.

დოვერის ბიძის მოსანახულებლად, ერთი ამბის გამო წავედით. ბიძამისი, თურმე, ქალების დიდი მუსუსი გახლდათ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ბევრი საყვარელიც ჰყოლია. ისრაელში ოჯახით გამომგზავრებისას, ამ ქალებს შორის ერთ-ერთ ყველაზე „წარჩინებულს“ ვერ შელევია და თვითმფრინავის ბილეთი მისთვისაც აუღია. ის იყო ოჯახითა და საყვარელი ქალით მხარდამშვენებული ღრუბლებში უნდა აჭრილიყო, რომ მეუღლემ რამდენიმე რიგით უკან მჯდომი ქალი იცნო და ასაფრენ ბილიკზე მდგარ თვითმფრინავში ისეთი სკანდალი მოაწყო, რომ „მორალური მკრეხელობისთვის“ ქმარიცა და მისი საყვარელიც თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და ასაფრენ ბილიკზე დატოვეს. ამ სკანდალის შემდეგ, დონ ჟუანმა ახალი თვითმფრინავის ბილეთისთვის საჭირო ფულის შეგროვება და თელ-ავივში ჩასვლა მხოლოდ 6 თვის თავზე მოახერხა. ამჯერად, გასაგები მიზეზების გამო, საყვარლის თან წამოყვანა ვეღარ გაუბედავს.

ახლა კი, ბენეჰუდაში, ტრიალ მინდორზე, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო კახური, ან თუნდაც რაჭული, დგას პატარა ქოხი, სადაც ბიძამისი გემრიელ პურს აცხობს, „ჩვენებური“ რეცეპტით და, სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულად ყიდის.

რაც შეეხება დოვერის მშობლებს, ისრაელში წასვლის მერე, ისინი კარგა ხანს მისტიროდნენ საქართველოს. სუფრის გარშემო საქართველოს ამბებსაც ხშირად ჰყვებოდნენ. ამის გამო, დოვერისთვის ეს ქვეყანა ძალიან ახლობელი და რომანტიული მხარე იყო და უკვირდა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, იქიდან სულ ცუდი ამბები ჩამოდიოდა. როგორ შეიძლება, ასეთ კარგ ქვეყანას ასე ცუდად წაუვიდეს საქმე, რუსეთის ბრალი იქნება ყველაფერიო, - წუხდა დოვერი. თუმცა, კოსაშვილების ოჯახი ახალ გარემოს ნელნელა შეეჩვია. ქართული ივრითულმა შეცვალა, ხაჭაპურები - ხაჭოს და პიტნის ფუნთუშებმა. კოსაშვილები ქართულ-საბჭოურ-პროლეტარული მემკვიდრეობის კომპლექსებისგანაც ნელ-ნელა გათავისუფლდნენ და თავს ისრაელის მეორეხარისხოვან მოქალაქეებად უკვე აღარ თვლიდნენ. დოვერმა თელ-ავივის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტები დაამთავრა. დოვერის ძმა ფოსტაში მუშაობს (როგორც დოვერმა დაბეჯითებით დააზუსტა), ოპერატიული გზავნილების განყოფილების უფროსად. უფროსი და კონდუქტორია, მაღაზია აქვს და გემრიელ ცომეულს აცხობს. პატარა და კი ჰომეოპათიას სწავლობს. ასე დამკვიდრდა ეს ოჯახი.

დოვერი 39 წლისაა, მაგრამ ცოლი ჯერ არ ჰყავს. სამაგიეროდ, ჰყავს - „როგორ ამბობენ? საყვარელი? თუ ნაშა? დანიშნული ჯერ არ არის...“ - მკითხა დოვერმა. მნიშვნელოვანი ლექსიკური დაზუსტებების შემდეგ, შევთანხმდით, რომ დოვერს შეყვარებული ჰყოლია.

0x01 graphic

შეყვარებული და ... 3 ძაღლი

დოვერის შეყვარებული 27 წლის სტუდენტია. თელ-ავივის უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობს. მან დოვერი პირველად ტელევიზორში ნახა და მერე თავის დაქალს უთხრა, აი, ეს ბიჭი მომწონს და ჩემთვის მინდაო. აღმოჩნდა, რომ მისი დაქალი დოვერის მეგობარს იცნობდა და შეხვედრაც შედგა.

უკვე სამი წელია ერთად არიან და 3 ძაღლთან ერთად, ერთ პატარა ბინაში ცხოვრობენ. „დედა და შვილები პირველი და მეორე მშობიარობიდან“ - აზუსტებს დოვერი.

„ჩემს შეყვარებულს რომ შევხვდი, ჩემი დის ძაღლი თან მყავდა. ურთიერთობის რაღაც ეტაპზე, ერთმანეთს დავშორდით. მას ჩემი დის ძაღლის წაყვანა მოუნდა. რა თქმა უნდა, სხვის ძაღლს ვერ მივცემდი და გული დავწყვიტე. სამაგიეროდ, ძაღლსაშენში წავედი და ლეკვი მოვუყვანე. ლეკვმა შეგვარიგა. მერე ჩვენმა ძაღლმა ორჯერ იმშობიარა და ახლა სამი ძაღლი გვყავს. ასე გავმრავლდით.“ - ჰყვება დოვერი.

გამრავლდნენ, მაგრამ მშობლები მაინც უკმაყოფილოები არიან. ნამდვილი რძალი და ნამდვილი შვილიშვილები უნდათ. აბა როგორ?

დაგვიანებული ქორწინება

ფილმი ზედმიწევნით ავტობიოგრაფიულია. ამიტომაც, სანამ გავაგრძელებდე, ფილმის სიუჟეტი მინდა მოგიყვეთ. როგორც დასავლელი კინოკრიტიკოსები ამბობენ, „ეს არის ფილმი საქართველოდან ემიგრირებული ქართულ-ებრაული ოჯახის კულტურულ დრამაზე. New York Times-მა „დაგვიანებული ქორწინება“ რომანტიულ-კომედიურ ჟანრს მიაკუთვნა, სადაც ფილმის მთავარი პერსონაჟი ტრადიციასა და სიყვარულს შორის არის გაორებული.

LA Weekly-ის აზრით, ეს არის ფილმი, სადაც „ქართველები თავიანთი ავეჯითა და ზიზილ-პიპილებით გამოძეძგილ ბინებში სხედან და, ძირითადად, სულ ქართულად ლაპარაკობენ“.

New Yorker თვლის, რომ ფილმის 13 წუთიანი სასიყვარულო სცენა იმდენად ინტიმური და რეალისტურია, რომ სხვა ფილმებში ნანახ სექსუალურ სცენებს იაფფასიან ისტერიად მოგაჩვენებთ.“ ესეც რომ არ იყოს, New Yorker აღაფრთოვანა სცენამ, სადაც ზაზა მადლიერების ნიშნად, მამამისს სასქესო ორგანოზე კოცნის და ეუბნება, გმადლობ, რომ ჩამსახეო.

Village Voice მიიჩნევს, რომ ფილმი აბსოლუტურად სენსაციურია და წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად შეიძლება ჩაითვალოს. მოკლედ, დასავლური რეცენზიები თავბრუდამხვევია, მაგრამ ფილმის რეალობა - გაეგზოტიკურებული.

ფილმის მთავარ გმირს, ზაზას მართლაც უყვარს მაროკოელი მარტოხელა დედა და მასთან ურთიერთობა ორივეს მარტოობას უქარვებს. მაგრამ 30 წლის ზაზას, რომელმაც თელ-ავივის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი უნდა მოიპოვოს და რომელსაც „თავი ჭკუით აქვს გამოძეძგილი“, ჰყავს მშობლები და ბევრი ნათესავი, ვისთვისაც ზაზას დაუქორწინებლობა ნამდვილი ტრაგედიაა.

0x01 graphic

სამწუხაროდ, ფილმის ფინალს ვეღარ მოგიყვებით, თავად უნდა ნახოთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბანალური სიუჟეტის მიუხედავად, ფილმი არაბანალურია იმიტომ, რომ მარტივი და არასწორხაზოვანი. „რომანტიული იდეალი უკვე თავისთავად ტრადიციაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში - არცთუ ისე საჭირო რამ. თუ ცხოვრებას სიყვარულის საზომით შეხედავ, ესე იგი, გიჟი ხარ. სიყვარული არ არის რეალობა. რეალობა არასოდეს ამბობს: „გიყვარდეს“. ეს შენი სიგიჟეა. ამიტომ ფილმი, ალბათ, სხვადასხვა ფორმის სიყვარულების ჭიდილია. კრიტიკა კი ამ ფილმში ნაკლებად არის. მე ძალიან მიყვარს ეს კონსერვატორი ხალხი და მინდა, თქვენც, აუდიტორიასაც შეგიყვარდეთ ისინი. თუ ეს ვერ შევძელი, ესე იგი, ჩავფლავდი“.

დაახლოებით ასე ყოფილა მის ცხოვრებაშიც. თელ-ავივის უნივერსიტეტში სწავლისას, მაროკოელი მარტოხელა დედა შეუყვარდა. ურთიერთობის გადამწყვეტ ეტაპზე, დოვერს მეგობარ გოგოზე ამბავი მოუყვა. ამ გოგოს ქართველი ჰყვარებია, მაგრამ მისი მშობლები შეყვარებულებს სახლში შეჭრიან და ისინი ერთმანეთისთვის დაუშორებიათ. თან განქორწინებული, თან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მათთვის ხომ სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. დოვერი მხოლოდ ამ ფილმის სცენარის წერისას მიხვდა, რომ მისმა საყვარელმა ეს ამბავი თვითონ გამოიგონა იმისთვის, რომ დოვერს რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. „ესე იგი“, - ვკითხე დანანებით, - „ცხოვრებაშიც ყოფილხართ ამ არჩევანის წინაშე?“ „საქმე მთლად მაქამდეც არ მისულა. მეც ხომ ტრადიციული ქართველი მუტრუკი ვარ.“ - მიპასუხა მან.

დოვერმა დასავლეთი კი მოხიბლა, მაგრამ თავისიანების, ქართველი-ებრაელი ემიგრანტების გული ვერაფრით მოიგო. ზედმეტად მკაცრი და დაუნდობელი ხარ, ჩვენ ეგეთები არ ვართო. „ისინი თვლიან, რომ თუ აჩვენებ, როგორები არიან, მათ რაღაცით აკნინებ. ამ დროს, დროა ჩვენც და სხვებმაც თვალი გავუსწოროთ ჩვენს რეალობას“. დოვერის ნათესავებს, რაღა თქმა უნდა, არც 12 წუთიანი სასიყვარულო სცენა მოეწონათ. „იცი, რა მითხრეს? კარგი, ფილმი ჩვენზეა, მაგრამ რა უბედურებაა 12 წუთი ყვერებგადმოყრილი კაცის ყურებაო? თითქოს ქართველებს სექსი არ ჰქონდეთ“.

ამბობენ, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი, ზაზა ძალიან ჰგავს რეჟისორს. დოვერმა შეიცხადა, „რას ამბობთ?! მართლა? ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ეს მსახიობი ისრაელის სექს სიმბოლოდ არის აღიარებული. სინჯების დროს, ის ზედმეტად ლამაზი მეჩვენა. თუმცა ჩანაწერი რომ ვნახე, მასში სხვა რაღაც დავინახე. გადავწყვიტე ისე გადამეღო, რომ მაქსიმალურად დამემახინჯებინა. ალბათ ამიტომ მგავს მე! მართალია, მის დამახინჯებას ძალიან შევეცადე, მაგრამ ის მაინც ჩემზე უკეთ გამოიყურება!

„ზაზას დედის როლს დოვერის დედა თამაშობს. ქალბატონ ლილის ფილმშიც ლილი ჰქვია. „უბრალოდ, ვერ მოვახერხე ისეთი მსახიობის პოვნა, ვინც დედაჩემს კარგად ითამაშებდა. მას საშინლად არ უნდოდა ფილმში გადაღება. დავემუქრე, თუ არ დამთანხმდები, კარიერას დამინგრევ-მეთქი. თუმცა, ჩემი რჩევა იქნება, არასოდეს გადაიღოთ დედათქვენი!“

გახმაურებული სასიყვარულო სცენის გადაღება დოვერისთვის ადვილი არ ყოფილა. „ყველაზე რთული ის იყო, რომ საშინლად მრცხვენოდა. მონიტორში თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თავი რომ ავწიე და მსახიობებს შევხედე, ავნერვიულდი. ასეთი სცენა თავისუფლად შეიძლება პორნოგრაფია იყოს, თუ მასში რაღაც ქვეტექსტი არ არის. ეს ქვეტექსტი კი ორი ადამიანის მარტოობაა“. კიდევ ერთი სირთულე ის იყო, რომ ფილმში დაკავებული მსახიობების ნაწილი პროფესიონალი მსახიობები იყვნენ, მაგრამ ქართული არ იცოდნენ. მეორე ნახევარი ქართულად კი ლაპარაკობდა, მაგრამ მსახიობობის არაფერი გაეგებოდა. „ამიტომ, გადაღებებისას, ზოგს ქართულს ვასწავლიდით, ზოგს მსახიობობას“.

თვითთერაპია.

დოვერი ხუმრობს, კინოინდუსტრიაში მოსვლა ლამაზ მსახიობ ქალებთან ყოფნის სურვილის გამო გადავწყვიტეო. მაგრამ მერე მიხვდა, რომ მსახიობებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და კინოში მუშაობისთვის სხვა რამ უფრო დამაჯერებელი მიზეზი უნდა გამოენახა.

ისრაელის კინოინდუსტრია არც ისეთი აყვავებულია, რომ კინოფაკულტეტის ყველა სტუდენტმა იცოდეს, რა ბედი ეწევა მას. უბრალოდ, დოვერმა საკუთარი თავის ირწმუნა და თავს რეალური შანსი მისცა, რადგან ამ შანსს სხვისგან არ ელოდა. ამაში ისიც დაეხმარა, რომ მშობლები ანებივრებდნენ და მის პროფესიულ გადაწყვეტილებებში არ ერეოდნენ. „არ მახსენდება, რომ ჩემს მშობლებს ჩემთვის ლექციები ეკითხოთ სიცოცხლის საზრისსა და მორალზე. არ მახსოვს, რამე აეკრძალათ და დაეშალათ. მანებივრებდნენ, რადგან ყოველთვის იმაზე მეტს მაძლევდნენ, ვიდრე შეეძლოთ. მეც ბევრს ვითხოვდი.“

ბევრს თხოვს თავის მსახიობებსაც. მათგან ინიციატივები არ უყვარს. დოვერი თვლის, რომ კარგი მსახიობი ყოველთვის რეჟისორისგან ელის მითითებებს და პერსონაჟზე უფრო მეტის გაგებას მისგან ცდილობს.

როცა სცენარს წერს, ძირითადად, შინ მუშაობს. ეს დაახლოებით ერთი წელი გრძელდება ხოლმე. მერე გადის სახლიდან, იწყება ფულის შოვნის და გადაღებების ეტაპი და სახლი ენატრება. საპროდიუსერო კომპანიის შოვნას სინჯები მოჰყვება, სინჯებს - შეხვედრები, შეხვედრებს - გადაღებებისთვის მზადება, გადაღებებს - მონტაჟი, მონტაჟს - დისტრიბუცია და კრიტიკოსების კომენტარები. „მოკლედ, თერაპიას, სულ მინიმუმ, ოთხჯერ გავდივარ. ამიტომ, ფილმი რომ ეკრანზე გამოდის, უკვე ახალი პრობლემა მაწუხებს და მის გადასაჭრელად, ანუ ახალი სცენარის დასაწერად ვარ მზად. ასე გადავდივარ ერთი პრობლემიდან მეორეზე, ფილმიდან -ფილმზე. ასე ვმკურნალობ საკუთარ თავს.“

ახალი პრობლემა

დოვერის ახალი პრობლემა „ქიშტაა“. ეს არის ფილმი კაცზე, რომელსაც ქიშტა ჰქვია. ქიშტა ნიშნავს „ჯანდაბამდის გზა გქონია“, „თავი დამანებე“, „არ მინდა შენი ნახვა“. ამ კაცს არ უნდა სიკვდილი და ფიქრობს, რომ თუ მემკვიდრეობას დატოვებს, არ მოკვდება და რადგან მისი ნაყოფი გაგრძელდება. ფილმის მსვლელობისას, ქიშტა აღმოაჩენს, რომ შვილები, რომლებიც თავისი ეგონა, მისი არ ყოფილან. ამასობაში, ბავშვების ნამდვილი მამა ცდილობს, თავისი ქალიშვილის ქორწილი ჩაშალოს იმიტომ, რომ ის თავის ნახევარძმას მიჰყვება ცოლად. არადა, მათ სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი და ეს ფაქტი საერთოდ არ აღელვებთ. შეყვარებულებს განშორებას სიკვდილი ურჩევნიათ. ნამდვილი მამა კი ცდილობს ქიშტა დაარწმუნოს, რომ ქორწილი ჩაშალოს. ქიშტა წყვილის შეუღლებას ახერხებს, ბავშვების მამადაც თვითონ რჩება და სიკვდილსაც ამარცხებს. აი, ასე!

ეს დოვერის პირველი არაქართული ფილმი იქნება, მაგრამ ის ამ შეფასებაში არ მეთანხმება. მიიჩნევს, რომ მის ფილმებს საერთოდ არ აქვთ ეროვნება. დოვერი ყოველთვის უნივერსალურის ძიებაშია. რაღა თქმა უნდა, ის ხომ ფილოსოფიასაც ისეთივე წარმატებით სწავლობდა, როგორც რეჟისორის ხელოვნებას.

ამ სცენარის წერა დოვერმა უკვე დაამთავრა. ახლა იწყება საპროდიუსერო კომპანიის ძიების ეტაპი, სინჯები, შეხვედრები, გადაღებები, მონტაჟი, დისტრიბუცია, დიდი ეკრანი... და თითქმის გარანტირებული წარმატება. დოვერ კოსაშვილი ისრაელში ხომ უკვე თითქმის უპირობოდ უყვართ.

0x01 graphic

11 ფოტო ესეები

▲back to top


იერუსალიმი
ფოტო ესე

ავტორი: დავიდ დექტორი

0x01 graphic

ეთიოპელთა თემი ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უძველესია. ეთიოპელები მონოფიზიტები არიან, ანუ ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებენ, რაც ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერიის დროს, მწვალებლობად იქნა გამოცხადებული. დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსაგან განცალკევების გამო, ეთიოპურმა ეკლესიამ უნიკალური წეს-ჩვეულებები შეინარჩუნა. მათი რწმენის თანახმად, აღთქმის კიდობანი, რომელიც იერუსალიმის ტაძარში იყო დასვენებული, სანამ მას რომაელები დაანგრევდნენ, გადარჩენილია და ერთ ეთიოპურ ეკლესიაში საიდუმლოდ ინახება - გამორიცხული არაა, რომ ამ, იერუსალიმის ეკლესიაშიც კი.

0x01 graphic

რამადანი, ისლამური მარხვის წმინდა თვე. მუსლიმები ტაძრის მთაზე აღმართულ მეჩეთში ლოცვის შემდეგ ბრუნდებიან. ეს მეჩეთი მექასა და მედინას შემდეგ, ისლამის მესამე წმინდათაწმინდაა. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში ათასობით აღგზნებული ადამიანი იკვალავს გზას. ყვირილი, ხმაური - და ხმამაღალი პალესტინური მარშები. მოხუცმა უბრალოდ ვეღარ გაძლო და იქვე ჩამოჯდა.

0x01 graphic

ეგრეთ წოდებული უნგრული ეზო „მეა შეარიმში“, იერუსალიმის ყველაზე რელიგიურ უბანში. აქაური ებრაელები - აშქენაზები (ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულები) ჩაკეტილ თემებად ცხოვრობენ, თავიანთი სულიერი ავტორიტეტების მიმდევრები არიან და ცდილობენ, სახელმწიფო საქმეებში არ ჩაერიონ, ისე, რომ ისიც არ ერეოდეს მათ საქმეებში. მეა შეარიმის მცხოვრებლები იდიშზე ლაპარაკობენ და ისე იცვამენ, როგორც ასი წლის წინათ ეცვათ ხოლმე პოლონურ და ლიტვურ დასახლებებში.

0x01 graphic

ზამთარში, მოსკოველ სტუმრებთან ერთად, ძველ ქალაქში ვსეირნობდით. ჩვენს ჯგუფს ოდნავ ჩამოვრჩი და ჩემს თვალწინ ჩხუბი დაიწყო - არაბი ბიჭები შეასკდნენ ერთმანეთს. იქვე ვიდექი და კადრის აგებაღა დამჭირდა, ისე, რომ არც ცხვირ-პირში უთავაზებიათ და არც კამერა დამზიანებია.. რაღაცა კი გამოვიდა...

0x01 graphic

ძველი ქალაქი. არაბული ბაზრის გადახურული ქუჩები ღამ-ღამობით ცარიელდება და იქ სეირნობა ერთიორად საინტერესო ხდება, თუმცა უსაფრთხო არაა.

ძველი ქალაქის გალავანში ჩაკეტილი მთელი სივრცე მჭიდროდაა დასახლებული. აქ გვერდიგვერდ ოთხი უბანია განლაგებული: მუსულმანური, ქრისტიანული, ებრაული და სომხური. სამი რელიგიის წმინდა ადგილები ძველი იერუსალიმის კედლებშია მოქცეული. ვაჭრობის ინტერესები და სტაბილურობისკენ სწრაფვა მოქიშპე მხარეების ეროვნულსა და რელიგიურ ამბიციებს ეწინააღმდეგება

0x01 graphic

0x01 graphic

ისრაელში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ რუსეთიდან ჩასულები კითხულობენ - იქაური ჩვევაა, და რელიგიური მართლმორწმუნეები, რომლებსაც წმინდა წერილები მუდამ თან დააქვთ.

ეს ძია მოულოდნელად კეთილგანწყობილი იყო, თუმცა მართლმორწმუნეებს (ადგილობრივ სლენგზე მათ „დოსები“ ჰქვიათ), გადაღება არ უყვართ და ფოტოგრაფირების ნებასაც არავის რთავენ. ეს კაცი კი დავითის ფსალმუნებს კითხულობდა. ითვლება, რომ ეს საკითხავი განსაცდელისგან იხსნის.

0x01 graphic

ტრადიციის თანახმად, როცა მესია მოვა და მკვდრეთით აღდგომა მოხდება, პირველ რიგში, ამ სასაფლაოზე დაკრძალულნი აღდგებიან. ცხადია, ითვლება, რომ აქ თუ დაგკრძალეს, ძალიან გაგიმართლა. მიცვალებულის მოსანახულებლად მოსულნი, სასაფლაოზე ქვას დებენ.

300 სიტყვა იერუსალიმზე

რა შეიძლება ითქვას ქალაქზე, სადაც ოცდაათი წელი გაატარე და ვერც კი აცნობიერებ, გიყვარს თუ არა ის?

ერთხელ მესიზმრა, თითქოს ღამ-ღამობით ჩემი ქალაქი იერუსალიმი კი არა, სტამბული იყო. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, სტამბული, თუ როგორც წინათ ეძახდნენ - კონსტანტინოპოლი, ხომ ყოველთვის სატახტო ქალაქი იყო. იერუსალიმი კი, უხსოვარ დროს, იუდეველთა სამეფოს დედაქალაქი გახლდათ. მას შემდეგ, ის დიდხანს მიყრუებულ ქალაქად რჩებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ადმინისტრაციული თვალსაზრისით. მგონი, წმ. ავგუსტინედან მომდინარეობს „ციური იერუსალიმის“ ცნება. მაგრამ ამ ადგილის განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობა, სინამდვილეში, გავერანებული პროვინციული ქალაქის მდგომარეობასთან როგორღაც შეუთავსებელი იყო. ამის მიუხედავად, ის სამი აღმსარებლობის წარმომადგენელთა წმიდათაწმიდა ქალაქად ითვლებოდა. აქ სალოცავადაც მოდიოდნენ და მისთვის ომებსაც აჩაღებდნენ. ვითარება ოდნავ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ისრაელი 1948 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იერუსალიმით ახლა უკვე მას-მედია დაინტერესდა, მისმა სახელმა ახალი ამბების გამოშვებებშიც გაიელვა.

შეუძლებელია, ერთი ნახვისთანავე არ მოგხიბლოთ ბორცვებზე ლამაზად შეფენილმა იერუსალიმმა. ტაძრები, ძველებური ნეგებობები... მშვენიერია გალავანშემოვლებული ძველი ქალაქი, სადაც ევროპული ტიპის ნაგებობები უეცრად ქუჩების აზიურ სივიწროვეში გადადის. დადიხართ და ყოველ ნაბიჯზე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელს ხვდებით. და ეს ყველაფერი საკმაოდ ვიწრო სივრცეშია მოქცეული. ერთი სიტყვით, კოლორიტული ადგილია, მაგრამ აქ არასდროსაა სიმშვიდე. განასხვავებენ დასავლეთ იერუსალიმს, ანუ ებრაულ ნაწილს და აღმოსავლეთ იერუსალიმს, ანუ არაბულს, რომელიც 1967 წლამდე იორდანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ორივე მხარე უჩვეულოდ ერწყმის ერთმანეთს. მე არმონ ა-ნაცივში ვცხოვრობ - უბანში, რომელიც სამ არაბულ სოფელს ესაზღვრება. ერთ-ერთ მათგანში იაფი პროდუქტების საყიდლად დავდივარ. რა შეედრება, როცა ღამით აივანზე წევხარ და მუეძინის სიმღერას უსმენ. ეს ხომ ჩვენი ცხოვრების ისეთი სიამეთაგანია, რომლისთვისაც არავინ არაფერს გთხოვს.

სიდიდის თვალსაზრისით, იერუსალიმი თბილისს მოგვაგონებს. თუმცა აქ არც მდინარეა, არც მეტრო - ებრაული რელიგია მიცვალებულთა ძვლების შეწუხებას და მიწის წიაღის ხელყოფას კრძალავს. აქ თითქმის არასდროს თოვს. სამაგიეროდ, ზაფხულობით ხშირად აუტანელი სიცხეა. ზამთარში წვიმს... ქუჩებში სამენოვან წარწერებს შეხვდებით. სამი ათასი წლის მანძილზე, ბევრი რამ დაგროვდა. კიდევ უფრო მეტი მიწის წიაღშია ან განადგურებულია. დღესაც, ადამიანები იბრძვიან ამ ქალაქზე უფლებისათვის, მისთვის პირველობას ეცილებიან. ამბობენ, ივრითზე სახელწოდება „იერუსალიმი“ „მშვიდობის ქალაქს“ ნიშნავდა.

დავიდ დექტორი

სიზმარი იერუსალიმი
ფოტო ესე

ავტორი: დავით მესხი

0x01 graphic

სიზმარი იერუსალიმი

0x01 graphic

გამგზავრებამდე, ძილის წინ, ხშირად ვფიქრობდი ამ ქალაქზე: თუ როგორ მიმიღებდა ის და რის აღმოჩენას შევძლებდი იქ... თუმცა უკვე თელ-ავივში ვიყავი და ჩაწერილი გვქონდა რამდენიმე ინტერვიუ ახალგაზრდა ებრაელებს შორის ყველაზე პოპულარულ მწერალთან, საქართველოდან ემიგრირებულ ცნობილ რეჟისორთან და ნობელიანტ პოლიტიკოსთან... ვაკვირდებოდი დედაქალაქის ცხოვრებას. ვხვდებოდი, რომ აქაურობა არ ჰგავდა იმას, რაც იმ ქალაქში მელოდა. მისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. მასზე ვფიქრობდი და მესიზმრებოდა... „იერუსალიმი“.

ეს იყო სიზმრის გაგრძელება. აღმოვჩნდი იქ, სადაც გმირები და ბოროტმოქმედები თავიანთ ყოველდღიურ თავგადასავლებში ებმებიან. ეს ადგილები თითქოს ნაცნობიც იყო, მაგრამ მათი არსებობის არ მჯეროდა. იერუსალიმის ქუჩებში ბავშვობაში კარგად ნაცნობი ლეგენდების გმირებსაც აღმოაჩენ და აქამდე არნახულ სახეებსაც, რაც დღევანდელი ქალაქის იერს ქმნის.

სიძველე, ადგილები და კედლები, რომლებიც თითქოს სასწაულებრივად მოქმედებენ და თავად გაქცევენ მისტიური რომანის მონაწილედ.

ძველი ქალაქის აღწერას და ტურისტული მეგზურის ციტირებას თავს ავარიდებ. მე თვითონ არასდროს მიცდია, რომ მათი რჩევებით მესარგებლა. იქ ორ ჩემს მეგობარს შევხვდი, რომლებმაც მეგზურობა გაგვიწიეს.

საღამო ძველ ქალაქში მიღებული შთაბეჭდილებებისგან განსხვავდებოდა. კაფეში ვისხედით და ჩვენთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. უცნაური იყო სიძველის და თანამედროვეობის თანაარსებობა.

იმ დღეს დასაძინებლად მალე დავწექი. სასიამოვნო იყო შეგრძნება სიზმრის დასაწყისისა სიზმარში - „იერუსალიმი“.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

12 შიმონ პერესი: ისრაელის ნობელიანტი პოლიტიკოსი

▲back to top


ავტორი: შორენა შავერდაშვილი

0x01 graphic

თუ აღარ გახსოვთ, შეგახსენებთ. შიმონ პერესი ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია. უკვე 80 წელს გადაცილებული ყოფილი პრემიერი ჯერ კიდევ სამუშაო ფორმაშია, ყურადღებით ადევნებს თვალს ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „პერესის მშვიდობის ცენტრს“ ხელმძღვანელობს. ისრაელის სხვა ყოფილ თუ ამჟამინდელ პოლიტიკოსებს შორის, შიმონ პერესს ყველაზე ნაკლები ადამიანი აძაგებს. უფრო მეტიც, პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ პერესის გარეშე მშვიდობა ისრაელში უფრო რთული მისაღწევი იქნება.

ბატონ ყოფილ პრემიერ მინისტრს (ასე მიმართავენ მას მისი ხელქვეითები) ბევრი ჟურნალისტი სტუმრობს და მათ, ძირითადად, მისი პოლიტიკური შეფასებები აინტერესებთ ხოლმე.

- „ცხელი შოკოლადი“? საინტერესოა ...რა აინტერესებს ჩემგან „ცხელ შოკოლადს“?

- თქვენი ცხოვრება, ბატონო ყოფილო პრემიერ მინისტრო.

- სულ ეს არის?

- მგონი კი.

- მაშინ მე თქვენ გაჩუქებთ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნს და დარჩენილი დრო საქართველოზე ვილაპარაკოთ.

- კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ისრაელის ამბები უფრო გვაინტერესებს. გვაინტერესებს ამ გადმოსახედიდან, რით ამაყობს და რას ნანობს შიმონ პერესი.

- მე არაფერს ვნანობ, იმიტომ, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. გული მწყდება, რომ ბევრი რამის გაკეთება შემეძლო და ვერ გავაკეთე და ახლა სწორედ ამის კორექტირებას ვცდილობ. ვამაყობ იმით, რომ ყოველთვის იდეალისტი ვიყავი და ვცდილობდი, ადამიანების ცხოვრება გამეუმჯობესებინა. ვამაყობ იმითაც, რომ ჩემი შვილები გულწრფელი და შრომისმოყვარე ადამიანები არიან და წიგნებით გამოტენილ სახლებში ცხოვრობენ. ისინი არ ფიქრობენ, რომ მათ ქვეყანას მათი ვალი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან თავისი ქვეყნის მოვალეები. ისინი არ არიან პრივილეგირებული და არ ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული. რაც მთავარია, მათ იციან, რომ მე ვიცხოვრე იმისათვის, რომ რაღაცისთვის მემსახურა.

- ახალგაზრდა მწერალმა, ეტგარ კერეტმა მითხრა, ებრაელებმა ისრაელში ებრაელობა დაკარგეს და ეს გულდასაწყვეტიაო. მე ზუსტად არ მესმის, რას ნიშნავს ეს. იქნებ თქვენ ამიხსნათ?

- ებრაელი ხალხი განსხვავდება სხვა ხალხებისაგან. ისინი უკომპრომისო ხალხია. ებრაელი ერი ცვლილებების და სასწაულების ერია. მათ ღრმად სწამთ, რომ კაცობრიობის უკეთესობისაკენ შეცვლა შესაძლებელია. მთელი ებრაული ისტორია მორალურ კოდექსს ეფუძნება. მორალური პრინციპების გარეშე, ებრაელი ებრაელი აღარ არის და ამით ის სხვა ხალხებს ემსგავსება. ხშირად ეს მორალური უკომპრომისობა ძვირად გვიჯდება. მონობის დროს, მონობას ვეწინააღმდეგებოდით. ოკუპაციის დროს - ოკუპანტებს. ჩვენ ყოველთვის კარგად გვესმოდა ცხოვრების საზრისი. როცა სხვები მაღალ შენობებს აშენებდნენ, ჩვენ მნიშვნელოვან წიგნებს ვწერდით. 10 მცნება ხომ მთელი დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტია. ამავდროულად, იუდაიზმი ეკლესია არ არის. იუდაიზმი რწმენაა. ის არ ეფუძნება წესრიგს. ის რწმენაზეა აგებული. ჩვენ არ გვყავს გმირი. ჩვენ არ გვყავს მეორე ღმერთი. ადამიანი პირდაპირ უკავშირდება ღმერთს. პირველი ადამიანები არ იყვნენ ებრაელები, მაგრამ მეორე თაობა უკვე იყო. ებრაული ენა და კულტურა წმინდად ითვლება. თუ ქრისტიანებისთვის ეს მიწა წმინდა მიწაა, ჩვენთვის ის აღთქმული ქვეყანაა.

ამ დროს ისრაელის ახალი თაობა ივიწყებს ამ ყველაფერს. მათ მატერიალური ყოფა უფრო ანაღვლებთ, ვიდრე იდეალისტური. მათი ცხოვრება არ არის ამ ცნებებით გამსჭვალული და ეს მართლა გულდასაწყვეტია.”

არ ვიცი, ამასვე ფიქრობდა თუ არა ეტგარ კერეტი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის სამშვიდობო მოლაპარაკეკებებია, რომლისთვისაც შიმონ პერესმა ნობელის პრემია მიიღო. ამერიკული უნივესრიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე ამ მოლაპარაკებების ისტორია განსაკუთრებულ „ქეისად“ ისწავლება. მახსოვს, ჩვენს უნივერსიტეტშიც უნდა წაეკითხა შიმონ პერესს საჯარო ლექცია, მაგრამ ჯანმრთელობის გამო, ეს ვერ შეძლო. ამიტომ, ძალიან ვამაყობდი, ამ ამბავს პირადად მისგან რომ ვისმენდი.

0x01 graphic

„თავიდან ვიფიქრე, რომ იორდანიის მეფე ჰუსეინს უნდა შევხვედროდით. გეოგრაფიულად და ლოგიკურადაც სამკუთხედი ვართ: იორდანია, პალესტინა და ჩვენ. მეფე ჰუსეინს ჩუმად შევხვდით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. დანარჩენზე ლონდონში, მეფის და ჩემი საერთო მეგობრის სახლში ვისაუბრეთ. მახსოვს, ჩემი მეგობრის იურისტმა მეუღლემ მთელი ჩვენი „ამალა“ დაითხოვა და სადილიც თვითონვე მოგვიმზადა. სადილის ბოლოს, მეფეს ჭურჭლის გარეცხვა შევთავაზე. მან სიამოვნებით მიიღო ეს შეთავაზება, მაგრამ დიასახლისმა ეს საქმე არ დაგვანება, თქვენ უმჯობესია მშოდობაზე იზრუნოთო. მოკლედ, 8 საათი ვიჯექით და მოვილაპარაკეთ კიდეც. ეს ყველაზე საუკეთესო შეთანხმება იყო, რაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ, სამწუხაროდ, საპარლამენტო ხმების მხოლოდ 50 %25 იყო ჩვენი და ეს შეთანხმება ვერ გავიტანეთ. დღემდე მიმაჩნია და ძალიან ვწუხვარ, რომ ამით ჩვენ მშვიდობის მიღწევის ყველაზე რეალური შანსი დავკარგეთ.

მერე ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, სხვა გზა არ გვაქვს, პალესტინელებთან, არაფატთან მოგვიწევს მოლაპარაკება-მეთქი. „პალესტინელების გათავისუფლების ორგანიზაციიდან“ ბევრს ვიცნობდი, მაგრამ მათ ყველას ერთი საერთო თვისება ჰქონდათ: ყველა პრობლემისაგან იდეოლოგიას ქმნიდნენ, და ყველა არა-იდეოლოგიისაგან - გამოსავალს. ამიტომ მათთან კამათი უსასრულოდ გრძელდებოდა. სხვა გამოსავალი უნდა მეპოვა. უნდა მეპოვა ადამიანი, რომელიც მიწაზე დაეშვებოდა და რეალურად ეცდებოდა მოლაპარაკებას. ორივე მხარის არგუმენტები უკვე გასაგები იყო და ერთმანეთის დადანაშაულება უკვე დროის ფუჭად კარგვის ტოლფასი იყო. მოკლედ, შევარჩიე ადამიანი, ვისაც, გამოცდის მიზნით, ყველაზე რთული რამ ვთხოვე. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საერთაშორისო მოლაპარაკებებისათვის ჩვენ ჩვენი კანდიდატი უნდა წარგვედგინა, პალესტინელებს - თავისი. პალესტინელების რჩეული პალესტინის ეროვნული საბჭოს წევრი იყო და მოლაპარაკებებს დიდად ვერ გამოადგებოდა. ჩვენ კი, კანონის თანახმად, არაფატთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე ვერ გავიდოდით. ამიტომ, მე ჩემს რჩეულ აბუ ალას ვუთხარი, თუ მოლაპარაკება გინდათ, კაცი გამოცვალეთ-მეთქი. იმის მაგივრად, რომ მას სხვებივით ეთქვა, ეს შეუძლებელიაო, გვითხრა, ვცდიო. გამოუვიდა კიდეც. მეც მაშინვე ვთქვი, აი, ეს არის ის კაცი-მეთქი.

პრემიერ მინისტრი იცხაკ რაბინი იყო და ის ვაშინგტონში აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მე მას ვუთხარი, რომ არაფერი გამოუვიდოდათ, იმიტომ, რომ პალესტინელებთან ყველა შეხვედრის მერე, პრეს-კონფერენციას მართავდნენ. არადა, მოლაპარაკებებს ინტიმი სჭირდება. ეს იგივეა, შუა ქუჩაში სასიყვარულო ტრფიალის გამართვა მოინდომო. რაბინს ვუთხარი აბუ ალას შესახებ. მან არ დამიჯერა, მაგრამ მითხრა, კარგი, ჰა, სცადეო. ისე გამოვიდა, რომ ვაშინგტონის მოლაპარაკებები ჩაფლავდა, ოსლოს მოლაპარაკებებმა კი შედეგი გამოიღო.

0x01 graphic

მაგრამ ამისთვის, კანონის სანახევროდ დარღვევა მოგვიხდა, რადგან ჩვენი პარლამენტი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს გვიკრძალავდა. მე პირდაპირ მინდოდა მათზე გასვლა, მაგრამ რაბინმა მითხრა, ძალიან უცნაური იქნება, თავად შენ თუ დაარღვევ კანონსო. ამიტომ, მოლაპარაკებებზე ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი და იურისტი გავაგზავნე.

აბუ ალამ და ური სავირმა ძალიან მალე გამონახეს საერთო ენა. არავინ იცის, ისინი ერთმანეთს რაზე ელაპარაკებოდნენ. რომანტიულ თავგადასავალს ჰგავდა ეს ყველაფერი. მოწინააღმდეგე უნდა მოხიბლო, უნდა შეაცდინო, ცოტა უნდა წაუყრუო კიდეც, იმიტომ, რომ თუ ყველაფერს გაშიშვლებულს ნახავ, შეიძლება მადა დაგეკარგოს.

ოსლოს მოლაპარაკებები 1998 წლის აგვისტოში ხდებოდა. იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და ისედაც ცოტა ზედმეტად ემოციური ვიყავი. არაფატთან 8 საათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, შედგა მოლაპარაკება. აბუ ალა და ური სავირი შვედეთში იყვნენ, არაფატი - ტუნისში. მედიატორი ნორვეგიიდან ერთვებოდა. იმდენად კარგი სატელეფონო ხაზი იყო, რომ ყველაფერი მესმოდა: მესმოდა მათი შეძახილები, მათი ტანჯვა. ეს არასდროს დამავიწყდება. მშობიარობას გავდა ეს ყველაფერი. ტკივილი, იმედი. შეთანხმებას დილის 6 საათზე მივაღწიეთ.

ორი მხარის ხელმოწერების გაფორმების დღეს, ლიბანში ჰეზბოლასთან შეტაკებას ჩვენი 9 ჯარისკაცი შეეწირა. ხელმოწერის ცერემონიალის გადადება დავაპირეთ, მაგრამ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, რაბინმა თქვა, არა, მოვაწეროთ ხელიო. ამიტომ ცერემონიალი შამპანურების და ფურშეტის გარეშე შედგა.

ამის მერე, აბუ ალამ ცალკე შეხვედრა მთხოვა. ვიდრე რამეს მეტყოდა, ცრემლები წასკდა. იმდენი ემოცია ახლდა ამ მოლაპარაკებებს ... მაგრამ მისი რეაქცია მაინც გამიკვირდა.

ხალხი აკრიტიკებს არაფატს და სწორადაც იქცევა. ის პალესტინელების აჯანყების შეუდარებელი ლიდერი, მაგრამ პალესტინური სახელმწიფოს სრული კრახის მომტანი იყო. მაგრამ, ყოველთვის ვამბობ, რომ არ უნდა დავივიწყოთ ის გაბედული ნაბიჯები, რომელიც მან გადადგა. მაშინ, როცა იქამდე პალესტინელები მიწის 55/45-ზე გაყოფას არ სჯერდებოდნენ, არაფატი 1967 წლის შეთანხმებას დაეთანხმა, რომელიც პალესტინელებს მიწის 22 პროცენტს, ხოლო ჩვენ 78 პროცენტს გვაძლევდა. არ მეგულება სხვა პალესტინელი ლიდერი, რომელიც ამას შეძლებდა.”

- მაგრამ იცით, რაშია საქმე? თუ ომი აერთიანებს ქვეყანას, მშვიდობა ანაწევრებს მას. მშვიდობის მისაღწევად, კომპრომისებია საჭირო. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რატომ გაიღე ამხელა მსხვერპლი? რატომ წახვედი ამხელა კომპრომისზე? რატომ დათმე? ხალხი ვერ იტანს დათმობებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გარეშე მშიდობა არ არსებობს, ისევე როგორც კომპრომისების გარეშე არ არსებობს მშვიდობა კაცებსა და ქალებს შორის. ძალიან საფრთხილოა: თუ ბევრის მოგებას შეეცდები, შეიძლება პარტნიორი დაკარგო. რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობებში უნდა მოიგო მშვიდობა, და არა ქულა. თუმცაღა, ხალხი მაინც თავისას ამბობს: ზედმეტად ბევრი გაიღეო!

შიმონ პერესს თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი „ბრძოლა მშვიდობისათვის: მემუარი“ აღარ უჩუქებია, რადგან, როგორც გაირკვა, მისი ინგლისური თარგმანი ჯერ არ არსებობს. თუმცა, მალე იქნებაო, მანუგეშა.

მეც იგივე შემიძლია გითხრათ, რაც ბატონმა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მითხრა: თუ მისი ცხოვრება გაინტერესებთ, მისი წიგნი წაიკითხეთ. ახლა კი მხოლოდ იმ დანაბარებს გადმოგცემთ, რაც შიმონ პერესმა საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა: თუ ქვეყნის მომავალზე ზრუნავთ, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ!

13 მილები

▲back to top


ავტორი: ეტგარ კერეტი
თარგმანი: თამარ ბაბუაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

0x01 graphic

მეშვიდე კლასში რომ გადავედი, სკოლაში ფსიქოლოგი მოიყვანეს, მოსწავლეებისთვის ტესტები უნდა ჩაეტარებინა და ჩვენი შემგუებლობის ხარისხი განესაზღვრა.

შევედი. ფსიქოლოგმა წინ დამისვა და ოცი სხვადასხვანაირი ბანქო ერთმანეთის მიყოლებით სწრაფ-სწრაფად გადამიშალა. როცა ბოლოც მანახა, მკითხა, რა იყო ურიგო ან უცნაური ამ სურათებში. ვუთხარი, რომ არც არაფერი. მაგრამ ფსიქოლოგი გაჯიუტდა და პირველი ბანქო კიდევ ერთხელ მაჩვენა - ის, რომელზეც ბავშვი იყო გამოსახული. „აბა, რა სჭირს ამ სურათს?“ - მკითხა თავიდან. ხმა აშკარად დაღლილი ჰქონდა. მეც არ დავიზარე და თავიდან გავუმეორე, რომ სურათი მშვენიერი იყო და არც არაფერი სჭირდა. ამჯერად ჩემმა პასუხმა ისე გააცოფა, რომ გაღიზიანებულმა, შემომიტია: „რა, ვერ ხედავ, რომ ბიჭს ყურები არ აქვს?“ გულწრფელად რომ გითხრათ, ბანქო მეორედ რომ მაჩვენა, დავინახე, ბავშვს ყურები რომ არ ჰქონდა, მაგრამ რა ვქნა, მაინც ვფიქრობდი, რომ ურიგო ამ სურათს არაფერი სჭირდა.

გამოვედი. ფსიქოლოგმა დასკვნაში ჩამიწერა, რომ „აღქმის მწვავე მოშლილობით“ ვიყავი ავად.

მედურგლეთა სკოლაში გადამიყვანეს. იქ რომ მივედი, გაირკვა, რომ მტვერზე მქონდა ალერგია. ამიტომ ლითონის ნაკეთობების კლასში აღმოვჩნდი. ეს საქმე მშვენივრად გამომდიოდა, მაგრამ არ მომწონდა. გულწრფელად რომ გითხრათ, დიდად გატაცებული არც არაფრით ვიყავი.

სკოლა რომ დავამთავრე, მუშაობა დავიწყე ქარხანაში, სადაც მილებს ამზადებდნენ. ჩემს უფროსს ინჟინრის დიპლომი წამყვან ტექნიკურ კოლეჯში ჰქონდა მიღებული. მაგარი ტიპი იყო. რომ გეჩვენებინა უყურებო ბავშვის სურათი, ან რამე ეგეთი, წამში გამოიცნობდა.

სამუშაო საათების შემდეგ, მაინც ქარხანაში ვრჩებოდი და ჩემთვის ვერთობოდი - სხვადასხვა ფორმის მილებს ვაკეთებდი. ზოგი დაკლაკნილი, გრძელი გველივით მიხვეულ-მოხვეული გამოდიოდა. როცა მილი მზად იყო, მარმარილოს პატარა ბურთულებს ვაგორებდი ხვრელში. ვიცი, სულელურად ჟღერს და დიდად ამის კეთება არც მსიამოვნებდა, მაგრამ ჩემსას მაინც არ ვიშლიდი.

0x01 graphic

ერთ ღამეს ყველაზე რთული აგებულების მილი დავამზადე. ათასი კლაკნილით და კუთხით, და როცა მრგვალ ხვრელში მარმარილოს ბურთულა შევაგდე, დაიკარგა - მილის მეორე მხარეს აღარ გამოგორდა. თავიდან ვიფიქრე, რომელიმე დაკლაკნილ ნაწილში გაიჭედებოდა-მეთქი, მაგრამ როცა პირველის გზას ოცამდე სხვა ბურთულაც გავუყენე და არცერთი არ გამოჩნდა, მივხვდი, რომ ვცდებოდი - ისინი, უბრალოდ, მილის სიღრმეში ქრებოდნენ.

ვიცი, ყველაფერი, რასაც ვამბობ, სულელურად ჟღერს. უფრო სწორად, ყველამ იცის, რომ მარმარილოს ბურთები ასე უბრალოდ არ ორთქლდებიან, მაგრამ რა ვქნა, ერთი წამითაც არ მომჩვენებია უცნაურად ის, რომ მილის ერთ ბოლოში შეგორებული ბურთულები მეორე მხარეს არ გამოდიოდნენ. პირიქით, ჩემთვის ეს ძალიანაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. აი, მაშინ გადავწყვიტე ზუსტად ასეთივე ფორმის, ოღონდ ისეთი დიდი მილის გაკეთება, შიგ ადამიანი რომ შეტეულიყო. ეს ადამიანი მე ვიქნებოდი. შევძვრებოდი და მანამდე ვიგორებდი ხვრელში, სანამ მარმარილოს ბურთულასავით არ გავქრებოდი. ეს რომ მოვიფიქრე, ისე გამეხარდა, რომ ხმამაღალი სიცილი მოვრთე. მგონი, ეგ პირველი სიცილი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ის დღე იყო და ის დღე, სამსახურში გვიანობამდე დარჩენას მოვუხშირე. ვიჯექი და ლითონისგან ჩემი გიგანტური მილის ხვეულები გამომყავდა. ღამით ვმუშაობდი და დილას ნაწილებს საკუჭნაოში ვმალავდი. სულ ოცი დღე დამჭირდა. ბოლო ღამეს, ხვეულების შეერთებას ხუთი საათი მოვანდომე. მილმა ოთახის ნახევარი დაიკავა.

როცა თვალწინ ერთ დიდ კონსტრუქციად შეერთებული მილი გადამეშალა, რომელიც მარტო მე მელოდებოდა და მეტს არავის, ჩემი სოციოლოგიის მასწავლებლის სიტყვები გამახსენდა. ერთხელ ასეთი რამ გვითხრა: პირველი პირველყოფილი ადამიანი, რომელმაც ჯოხი აიღო ხელში, არც ყველაზე ძლიერი იყო თავის ტომში და არც ყველაზე გამჭრიახიო. დანარჩენებს, უბრალოდ, არ სჭირდებოდათ ჯოხი, მას კი - ძალიან. მას ჯოხი სხვებზე მეტად სჭირდებოდა, რათა თავი გადაერჩინა, საკუთარ სისუსტეს გაჯიბრებოდა და დაემარცხებინა.

არა მგონია, რომ გაქრობა მთელს დედამიწაზე ჩემზე მეტად უნდოდა ვინმეს. ამიტომაც გიგანტური მილი ზუსტად მე გამოვიგონე და არა რომელიმე სხვამ. მე და არა იმ ბრწყინვალე, დიპლომიანმა ინჟინერმა, რომელიც ამხელა ქარხანას მართავს.

მილში ძრომა ნელ-ნელა დავიწყე. აზრზე არ ვიყავი, მეორე მხარეს რა მელოდა. იქნებ, იქ, სიღრმეში უყურებო ბავშვები დამხვედროდნენ, მარმარილოს ბურთულების ბორცვებზე მოკალათებულნი. იქნებ. ცოტაოდენი მანძილის გავლის შემდეგ, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა ხვრელში. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახლაც აქ ვარ.

მგონი, ახლა ანგელოზი გავხდი. იცი, ფრთებიც მაქვს და ის მრგვალი წრეც თავზე. და აქ ასობით ჩემნაირია. როცა აქ მოვედი, ისხდნენ და მარმარილოს ბურთულებით თამაშობდნენ; იმ ბურთულებით, რამდენიმე კვირის წინ რომ შემოვაგორე.

ყოველთვის მეგონა, რომ სამოთხე იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, რომელთაც მთელი ცხოვრება წესიერად და პატიოსნად გაატარეს, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. ღმერთი ძალიან სულგრძელი და მოწყალეა და ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. სამოთხე მან იმ ადამიანებისთვის შექმნა, რომელთაც გულწრფელად არ შეეძლოთ მიწიერ ცხოვრებაში ბედნიერები ყოფილიყვნენ.

0x01 graphic

აქ მითხრეს, რომ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ, ღმერთი ისევ უკან აგზავნის - თავიანთი ცხოვრებით განმეორებით რომ იცხოვრონ. რადგან ასეა: ის ფაქტი, რომ მათ პირველ ცხოვრებას ვერ გაუძლეს, სულაც არ ნიშნავს, რომ მეორედაც ვერ შეეჩვევიან რეალობას. მაგრამ ისინი, ვინც ნამდვილად ვერ ეგუებიან მიწას, თავს ბოლოს აქ ამოყოფენ ხოლმე. თითოეულ მათგანს სამოთხემდე მისვლის საკუთარი გზა აქვს.

აქ პილოტებიც ვნახე, რომლებმაც მილში თავი ბერმუდის სამკუთხედზე გაკეთებული ზუსტი ლუპის შემდეგ ამოჰყვეს.

არიან დიასახლისებიც, რომლებიც სამზარეულოს კარადაში შევიდნენ, აქამდე რომ მოსულიყვნენ. და არიან მათემატიკოსებიც, რომელთაც კოსმოსში ტოპოლოგიური გამრუდებები გამოიგონეს და აქ მოსახვედრად, მასში გამოძვრნენ.

მოკლედ, იმას გეუბნებით, რომ თუ მართლა უიმედოდ უბედური ხართ მიწაზე, და თუ ყველა ცალ-ცალკე დაჟინებით გარწმუნებთ, რომ სენმა შეგიპყროთ და აღქმის მწვავე მოშლილობით იტანჯებით, აუცილებლად იპოვეთ აქამდე მოსასვლელი საკუთარი გზა. და როცა იპოვით, გთხოვთ, იქნებ ბანქო შემოგვაშველოთ, თორემ ეს მარმარილოს ბურთულები თანდათან გვბეზრდება.

0x01 graphic

14 ცრემლიანი სათვალე

▲back to top


მესამე ნაწილი 1973 / 74

გიორგი გვახარია

ადამი და ევა?

0x01 graphic

„თეატრი გასახდელიდან იწყება!“ - ბრძანა სტანისლავსკიმ.

კინოთეატრი - ტუალეტიდან იწყება! 1973 წლის ივლისიდან ვამტკიცებ ამას, მაგრამ ჩემს მოსაზრებას სერიოზულად არავინ აღიქვამს.

1973 წლის ივლისში, გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ხელისუფლების დადგენილება „რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენის სწავლების გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“.

თარიღი კარგად მახსოვს - იმ დღეს, კინოთეატრ „ნაკადულის“ ფეხსალაგში, დაახლოებით ნახევარ საათი გავატარე.

არა, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით პრობლემები არ მქონია. უბრალოდ, 1973 წლის იმ ცხელ დღეს წარმატებით განვახორციელე ოპერაცია, რომელიც მომავალში არაერთხელ გამიმეორებია კინოტუალეტებში.

ოპერაციის არსი მარტივია. ნებისმიერ კინოთეატრში, სადაც ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე ფილმს უჩვენებენ, უპრობლემოდ შეიძლება მისი ჩატარება; ყიდულობ ბილეთს ერთ სეანსზე; მერე, როცა ეკრანზე ფინალური ტიტრები ჩნდება და დარბაზში ჯერ კიდევ ბნელა, შესასვლელიდან გამოდიხარ, შედიხარ ფეხსალაგში და ახალი სეანსის დაწყებას ელოდები. საათი თუ არ გაქვს, არაფერია. ახალ სეანსზე მობრძანებული მაყურებელი, რომლისთვისაც კინო მართლა ტუალეტით იწყება, აუცილებლად შემოვა საპირფარეშოში. მერე გამოდიხარ მასთან ერთად ამაყი და საქმიანი, ბრუნდები დარბაზში და ახალ ფილმს უყურებ.

პირადად, რეკორდი დავამყარე 90-იანი წლების დასაწყისში, პარიზის ერთ კინოთეატრში, სადაც ყოველ სეანსზე ახალ ფილმს უჩვენებენ. 50 ფრანკად შეფასებული ბილეთით იმ დღეს 5 ფილმი ვნახე! ფრანგულ ადაბხანაში არავის შევუწუხებივარ.

მაგრამ პარიზის კინოტუალეტებში მართლა კუჭნაწლავი უნდა გაწუხებდეს, სეანებს შორის დრო რომ გაიყვანო. სულ სხვა იყო 1973 წლის საბჭოთა საქართველო, როცა ჩვენში ტუალეტის ქაღალდის ტოტალური დეფიციტი დაიწყო. ახლადდანიშნული შევარდნაძის ხელისუფლებამ უმალვე მიაგნო გამოსავალს - საზოგადოებრივ ფეხსალაგებში გაზეთები დაჭრეს და პირდაპირ უნიტაზებთან დაყარეს. ასე გადაიქცა საპირფარეშო მშვენიერ ბიბლიოთეკად, სადაც სეანსებს შორის „კომუნისტს“, „ზარიას“, „პრავდას“, „თბილისს“ წაიკითხავდით. საბავშვო კინოთეატრის, „ნაკადულის“ ტუალეტი გაზეთებით განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ყოველ შემთხვევაში, დაინტერესებული კაცი აქ გაზეთ „თბილისის“ დეფიციტურ ბოლო გვერდსაც გადაეყრებოდა და იმას მაინც შეიტყობდა, ვინ მოკვდა და ვის როდის ასაფლავებენ.

„სამგლოვიარო განცხადებები“ სოციალური თანასწორობის ერთადერთი გამოხატულება იყო საბჭოთა საქართველოში. პრივილეგირებული კომუნისტებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოებული ინტელიგენტებისა და პარიკმახერებისთვის „თბილისის“ ბოლო გვერდზე ზუსტად იმდენი იყო გამოყოფილი, რამდენიც უბრალო მოკვდავთათვის. დაინტერესებული მოქალაქე შეიტყობდა, ვინ არის, დავუშვათ, სიკინჭილაშვილის რძალი, რამდენი შვილიშვილი ჰყავდა ცხონებულ ზვიადაძეს, რომელ პოლიკლინიკაში მუშაობდა უდროოდ გარდაცვლილი თამილა, რომლის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავდნენ და თანაუგრძნობდნენ განსვენებულის ოჯახს.

იმ დღეს, 1973 წლის ზაფხულში, „ნაკადულის“ ტუალეტში ორ ფილმს შორის მომიხდა დროის გაყვანა. ერთი „დედინაცვალი“ იყო - პუტკუნა და წითელლოყება ტატიანა დორონინათი მთავარ როლში (თემა - „საბჭოთა დედინაცვალი - ყველაზე კეთილი და გულისხმიერი დედინაცვალია მსოფლიოში“), მეორე, იმდროინდელი კინოგაქირავების ჰიტი - „ქვიშის კარიერის გენერლები“, ჟორჟი ამადუს წიგნის მიხედვით გადაღებული სრულიად პრიმიტიული ფილმი, რომლის მუსიკას მთელი თბილისი თუ არა, მთელი პლეხანოვი მაინც მღეროდა. სეანსებს შორის, დაახლოებით ნახევარი საათი უნდა მეყურყუტა ტუალეტში. მაგრამ რა მომაწყენდა! გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს ხელისუფლება იუწყებოდა, რომ „1973 წლის 9 მაისს გაჩენილმა ხანძარმა, რომლის შედეგად ოპერის თეატრის შენობა ძლიერ დაზიანდა და დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან, დიდი გულისტკივილი... გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში“. შევარდნაძის ცეკამ მიიღო დადგენილება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის აღდგენის შესახებ, მისი გარეგანი ნაწილის შენარჩუნებით (ოპერის თეატრის დაწვას ზოგი მჟავანაძის მომხრეებს, ზოგიც მთლად ჭაბუკიანს აბრალებდა). ამავე გაზეთში წავიკითხე სწორედ რუსული ენის სწავლების გაუმჯობესების დადგენილება, რომლის შესახებ ბევრი ვიმსჯელეთ მე და ჩემმა ძველმა მეზობელმა, პლეხანოველმა ქეთინომ.

ახლა ქეთინომ სად წაიკითხა ეს დადგენილება, აღარ იკითხავთ? „კომუნისტის“ ტექსტს ისიც კინოტუალეტში გაეცნო. ოღონდ, ჩემგან განსხვავებით, არა სეანსის წინ და არა სეანსებს შორის, არამედ ტრადიციულად - შემორბენაზე!

0x01 graphic

ტუალეტში შემოირბინაო, ასე ამბობდნენ ქეთინოზე მეზობლები. საქმე ისაა, რომ სახლში, უფრო სწორად, ბარაკში, რომელსაც ჩემი აივნიდან კარგად ვხედავდი, ტუალეტი არ ჰქონდა. დედამისი დამლაგებლად მუშაობდა თევზის მაღაზიაში. მამა - არ მახსოვს. თუმცა დილიდან საღამომდე რომ მთვრალი იყო, ამას ქეთინო თვითონ აღიარებდა. თვითმხილველთა თქმით, ეზოში, ჩეჩმა ისეთი მოუწყობელი ჰქონდათ, რომ ზედმეტისგან განთავისუფლებას აქ გაჭირვებულიც გადაიფიქრებდა.

კაი ეშმაკი გოგო იყო ეს ქეთინო. მთელი ჩვენი სახლი ტერორში ჰყავდა. ვითომ სტუმრად მოდიოდა, ან წიგნი უნდოდა რამე, ან ფირფიტა (ბოლოს რომ ვნახე, „სუპერსტარის“ ჩანაწერი გამომართვა. მაგნიტოფონის „ბაბინაზე“ მქონდა). გეახლებოდა, ერთ-ორ სიტყვას გეტყოდა, მერე იკითხავდა, ტუალეტში შეიძლებაო და მოხერხებულად სარგებლობდა ჩეხურ კაფელში ჩასმული ფეხსალაგებით. სახლის გარშემო, კინოთეატრებში, მაღაზიებში, ვიღაცამ მითხრა, მარჯანიშვილის თეატრშიც კი, ხალხი მოთაფლული ჰყავდა; ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ეტყოდა და იქაურ ფეხსალაგში შეიპარებოდა ხოლმე. ჩემი ეზოს ბიჭები შაყირობდნენ, გრაფიკი აქვს შედგენილი, ვისთან და სად უნდა მოფსასო. თუმცა „გრაფიკის“ ამბავი ცოტა გადაჭარბებული მგონია. როგორი ბოროტია ეს ხალხი!

„რუსულ სკოლაში უნდა გადავიდე!“ - გამომიცხადა ქეთინომ სწორედ იმ დღეს, „ნაკადულში“ ცეკას დადგენილება რომ წავიკითხე. ის-ის იყო, უნდა მეკითხა, პრესას „ნაკადულის“ ტუალეტში ხომ არ გაეცანი-მეთქი, თავად დამასწრო, ეგ დადგენილება „კოლხიდაში“ (ასეთი კინოთეატრიც გვქონდა კამოს ქუჩელებს) წავიკითხეო. მერე დაჟინებით ამტკიცა, ქვეყანაში ახალი დრო დადგა, შევარდნაძე მოვიდა, თავადაც ჰყოლია რუსულის მასწავლებელი; რუსული თუ არ იცი, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ. მე კი არ მინდა, დედაჩემივით, მთელი ცხოვრება თევზის სუნი ამდიოდესო.

რუსული სკოლა მეზობლად, იცოცხლე, უხვად გვქონდა. სექტემბრიდან ქეთინო მეჩნიკოვის ქუჩაზე, 37-ე სკოლაში გადავიდა. ჩვენი ბიჭები, 23-ელები, ხშირად თამაშობდნენ ფეხბურთს აქაურ რუსულ-ქართულ-სომხურ „სასტავთან“. მე ფეხბურთის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ 37-ეს ფასადს გულისყურით ვათვალიერებდი ფრანგულის მასწავლებლის სახლის ფანჯრიდან, როცა გაფრანგებული სომეხი, თავის დროზე, მულტფილმების სტუდიის მხატვარი, „წუნა და წრუწუნას“ ერთ-ერთი შემქმნელი, დაახლოებით 60 წლის ქალბატონი ტანტ ნანიკი რომენ როლანის „ჟან კრისტოფს“ მაკითხებდა ხოლმე.

23-ეში ქეთინოს გადასვლა არავინ შეიმჩნია. არ ვიცი, რას ამბობდნენ მისი კლასელები (ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო), მაგრამ მე კი ძალიან დამაკლდა. და არა იმიტომ, რომ უსაშველოდ მოკლე კაბით დადიოდა სკოლაში და მაგრა გვართობდა ყველას, როცა კიბეზე ჩასაფრებულ ბიჭებს, ქვევიდან რომ უყურებდნენ მის ავლა-დიდებას, ქოქოლას აყრიდა ხოლმე, - წადით აქედან, თქვე „ანანისტებოო“... ქეთინო დამაკლდა, როგორც მსახიობი, რომელსაც ყველანაირი როლის შესრულება შეეძლო; მათ შორის ევასი... დიახ, ბატონო, სწორედ იმ ევასი, ბიბლიაში „ყოველი ცოცხალის დედად“ რომ არის მონათლული.

0x01 graphic

თუმცა ბიბლიის კითხვა ქეთინოს წასვლამდე დავიწყე. წმინდა წიგნით დავინტერესდი მაშინ, როცა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლაში დიდი სკანდალი მოხდა - ჩემმა კლასელებმა გიორგი ცხაკაიამ, ზაზა მიქაძემ და ზაზა აბაშიძემ (ეროვნული ბიბლიოთეკის დღევანდელმა შეფმა) ანტისაბჭოთა პროკლამაციები გაავრცელეს. სკოლაში უშიშროება მოვიდა - „რელიგიური პროპაგანდის“ გამო, ბიჭებს შავი დღე აყარეს. მაგრამ გადარჩნენ - ზაზა დოდო აბაშიძის შვილი იყო. მართალია, „ვერის უბნის მელოდიებში“, რომელსაც სწორედ იმ დროს უჩვენებდნენ ეკრანებზე, დოდოს პერსონაჟი მოგვიწოდებდა: „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!“, უშიშროება ასე ადვილად ვერ გაწირავდა პოპულარული მსახიობის ერთადერთ შვილს. ბიჭების ქმედება ახსნეს, როგორც „ბავშვური საქციელი“; დარწმუნდნენ, რომ მათ უკან არავინ იდგა და საქმეც ჩაიფარცხა.

კაგებეს თანამშრომლები წავიდნენ. მათ ნაცვლად კი გამოგვეცხადა სახელმწიფო ტელევიზიის საბავშვო პროგრამების მთავარი რეჟისორი, შოთა ქარუხნიშვილი, რომელმაც ტელევიზიის ახალ გადაცემაში, „ცხრაკლიტულში“ მონაწილეობა შემოგვთავაზა.

„ცხრაკლიტული“ - რუსული „კავეენის“ ქართული ვერსია იყო. რესპუბლიკის 9 სკოლაში იქმნებოდა გუნდები, რომელთაც „სადროშოები“ (!) ეწოდებოდა. ყოველი სადროშო 9 წევრს ითვლიდა და სათავეში „ალამდარი“ ედგა. „სადროშოები“ ერთმანეთს გამჭრიახობაში, ლიტერატურის, მუსიკის, მათემატიკის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, ასრულებდნენ ეგრეთ წოდებულ „საშინაო დავალებას“, ე.ი. დგამდნენ სპექტაკლებს ამა თუ იმ თემაზე. გადაცემა, ცხადია, იწერებოდა და ეთერში ყოველი თვის 9 რიცხვში, საღამოს ცხრის ცხრა წუთზე იწყებოდა. ფინალისთვის გამარჯვების დღე - 1974 წლის 9 მაისი იყო განსაზღვრული.

„ცხრაკლიტულში“ მონაწილეობაზე მაშინვე დავთანხმდი. ოქროს მედალზე ვიქაჩებოდი და გაკვეთილების გაცდენისთვის „ცხრაკლიტული“ არაჩვეულებრივი საშუალება იყო. რეპეტიციებს მოიმიზეზებდი, თვეში ერთხელ გამოცხადდებოდი გაკვეთილზე, მოამზადებდი იმ დღის დავალებას, ჩაარაკრაკებდი, მიიღებდი სანუკვარ ხუთიანს და მედალი გარანტირებული გქონდა. გატლეკილი ბიჭი ვიყავი, პიონერთა სასახლეშიც მქონდა არტისტობის გამოცდილება, ბავშვობაში ტელევიზიასთანაც ვთანამშრომლობდი (ერთ გადაცემაში „წიგნიქექიას“ როლი შევასრულე), ამიტომ ქარუხნიშვილმა პირველად მე მომმართა, შეადგინე „სადროშო“, მოუფიქრე გუნდს სახელი და ალამდარის როლიც იკისრეო.

ალამდარობაზე უარი ვთქვი. ასეთ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებდი. „მენეჯერობა“ ყოველთვის ჭირივით მძულდა. ვერასდროს ვუბრძანებ ვინმეს და „ტილი მენეჯერის“ ბრძანებას არც მე დავემორჩილები. აი, „სერი კარდინალობა“ კი, იცოცხლე, კარგად გამომდის! ყოველ შემთხვევაში, „ცხრაკლიტულში“ ხუთიანზე თუ არა, ოთხიანზე მაინც ჩავაბარე ეს გამოცდა.

„ხუთიანი“ სხვას ერგო - პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, რომლის სადროშოს „მზის შვილები“ ერქვა. ფინალში, 1974 წლის 9 მაისს „მზის შვილების“ ალამდარმა ჩვენს „მენეჯერს“, გიორგი ცხაკაიას კალათში ბურთების ჩაგდებაში მოუგო. ასე დაჯილდოვდნენ „ექსპერიმენტულის შვილები“ ტურისტული საგზურით უნგრეთში.

0x01 graphic

დიახ, სწორედ გიორგი ავირჩიეთ ალამდარად. მერე გუნდს სახელიც მოვუფიქრეთ - „ილია და...“, რომელიც ჟღერდა, როგორც „ილიადა“ და თანაც, ჩვენი სახელოვანი სკოლის სახელს ამართლებდა. ვიცოდით, რომ ილიას სახელით ტელევიზიას რაღაცეებს შევაპარებდით. მაგალითად, ეთერში ვიტყოდით, „რევოლუცია იმისათვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე“... ვერავინ შეგვეკამათებოდა, ილიას სიტყვებია! (კარგი იქნება, კონტრრევოლუციონერმა ქართველებმა დღესაც გაიხსენონ ხოლმე ეს სიტყვები)... ან კიდევ, „მგზავრის წერილების“ ერთ ნაწყვეტს გავიხსენებდით: „ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას“... რას გვეტყოდნენ? ჩვენ კი არა, ილია წერდა ამას.

საბჭოთა ცენზურა თავდაპირველად ერთადერთ სადროშოს შეეხო - 55-ე სკოლას და მის გუნდს „სამნი ძმანი კვადრატში, ანუ როგორც გენებოთ“! მას შემდეგ, რაც პირველი „ცხრაკლიტული“ ეთერში გავიდა, შოთა ქარუხნიშვილი ცეკაში დაიბარეს და გადაცემის დახურვით დაემუქრნენ. „რას ნიშნავს სამნი ძმანი კვადრატში?“ - უკითხავთ ბატონი შოთასთვის. „ცხრა ძმას“ - დაუფიქრებლად გამოუანგარიშებია ტელევიზიის რეჟისორს. „ვერ ხვდებით, ვის გულისხმობენ ეგ ვაკელი ბავშვები? ედუარდს, იპოკრატეს და ევგრაფ შევარდნაძეებს!“. ქარუხნიშვილი ცოტა დაბნეულა და პირობა დაუდია, ამიერიდან გუნდს „სამნი ძმანი კვადრატში“, ან „სამნი ძმანი კუბში“ ერქმევა, იმ „როგორც გენებოთს“ შეველევითო. ვაჭრობა დიდხანს გაგრძელებულა. ბოლოს „კვადრატიც“ ამოაღებინეს, „კუბიც“ და „სამნი ძმანი“ დატოვეს.

ვეჭვობ, ეგ სახელი 55-ე სკოლის გუნდის გამორჩეულმა სახემ, ლევან კიტიამ მოიგონა. ლევანი, ჩემსავით, მაგარი ავანტიურისტი იყო (ჩემსავით „მარტის თევზი“) და გიჟდებოდა კომუნისტების გაცურებაზე. ჩაწერების დროს, პლეხანოველები - ვაკელებს დავუმეგობრდით. თუმცა მეგობრობა - მეგობრობაა, სპორტი კი - სპორტი! „ცხრაკლიტულში“ რომ გაგვემარჯვა, პროფესიონალი რეჟისორი უნდა მოგვეწვია.

ჯერ თემურ ჩხეიძე მოგვიყვანეს. მაშინ მისი „ბერნარდა ალბას სახლი“ ანშლაგით იდგმებოდა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. შეგვხედა, დაგვათვალიერა, თქვენი დრო არა მაქვს, მაგრამ ახალგაზრდა, ნიჭიერ რეჟისორს მოგიყვანთ და ის დაგეხმარებათო. დაპირება შეასრულა და რამდენიმე დღეში მიშა ბუკია გაგვაცნო. მიშაზე ცნობები შევაგროვეთ - აღმოჩნდა, რომ იგი პირველი ქართული საბავშვო ოპერის, „დაუპატიჟებელი სტუმრების“ ავტორის, კომპოზიტორ ალექსანდრე ბუკიას შვილი იყო - იმ ოპერისა, ყვავილების გამანადგურებელი მახრებისა და უშიშარი პიონერების ბრძოლას რომ ასახავს. კარგ ხასიათზე როცა ვარ, მახრების მეფის არიას დღესაც სიამოვნებით ვმღერი ხოლმე. „მზე რომ არ ამო-დიო-დეს!“ - მგონი ბარიტონი უნდა მღეროდეს. მას კი მახრების გუნდი აყვება: „მეფეთ მეფე იქნებოდი, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა!“. 1950 წელს, ე.ი. სტალინის ეპოქაში დაწერილი ეს ოპერა მშვენივრად გამოხატავს ეპოქის განწყობილებას - კერძოდ, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას.

მაგრამ მამისგან განსხვავებით, მიშა ბუკია შევარდნაძის ეპოქაში ცხოვრობდა, სჯეროდა, რომ დრო შეიცვალა, რომ ახლა გადაკვრით, მაგრამ ყველაფრის თქმა შეიძლება.

სწორედ მიშას იდეა იყო „ცხრაკლიტულის“ საშინაო დავალებისთვის „ღვთაებრივი კომედიის“ ფრაგმენტის დადგმა. მოქმედი გმირები იყვნენ: 7 ანგელოზი, ადამი და ევა (ღმერთის ადგილი აღარ დარჩა)... ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი სადროშო. ანგელოზები ანბანის მიხედვით განვლაგდით, თუმცა მე, ბოლო ანგელოზს, რატომღაც „ანგელოზი ჭ“ მერქვა. ადამი - ცხაკაია იყო... აი, ევას პოვნა კი ძალიან გაგვიჭირდა ერთი უბრალო მიზეზით - ევას კანისფერი რეიტუზი უნდა ჩაეცვა და „სარცხვინელზე“, ფოთლის ნაცვლად, მოძრაობის ამკრძალავი ნიშანი, „კირპიჩი“ დაეკიდა. ევას ძებნაში, სწორედ ქეთინოს ნაკლებობა ვიგრძენი. ქეთინოს ბედით დავინტერესდი და შევიტყვე ამბავი, რომელმაც მოგვიანებით ხმალამოღებული ფემინისტი გამხადა.

ერთხელ, შუა გაკვეთილის დროს, საკლასო ოთახში რამდენიმე უცნობ ქალთან ერთად, სკოლის ექიმი შემოვიდა. მათ დიდხანს ათვალიერეს ჩვენი გოგოები და ყველაზე, როგორ დავწერო, არ ვიცი... ტანმოსულები გარეთ გაიყვანეს. ერთი საათის შემდეგ გოგოები დაბრუნდნენ. „შეგვამოწმესო“ - წამოსცდა ჩემთან ყველაზე უფრო დაახლოებულ თინიკოს.

ყოველთვის მაინტერესებდა, რაზე ლაპარაკობენ ქალები, როცა კაცები არ უშლიან ხელს. ეცვლებათ თუ არა ლექსიკა, მიმართავენ თუ არა ჟარგონს, ყვებიან თუ არა იმ დეტალებზე, რომელიც თან ახლავს მათ სხეულს კრიტიკულ დღეებში. როგორ ყვებიან ამას?

აი, ამ შემთხვევაშიც, გოგოებმა დაგვიმალეს, რომ ექიმებმა „ქალწულობა“ შეუმოწმეს. უფრო სწორად, ეს ამბავი კი გასკდა, მაგრამ ტექნიკურად როგორ შესრულდა, ამის შესახებ არაფერი გვითხრეს. ბიჭებიც არ დაინტერესებულან მაინცდამაინც. ერთმა მითხრა მხოლოდ, 37-ეში გოგო დაორსულებულა და ახლა სკოლებში სანიტარული ინსპექცია გამოაგზავნესო.

დაორსულებული გოგო ქეთინო აღმოჩნდა. მამამისს ისე უცემია, რომ ნაადრევი მშობიარობა დაწყებია. ბავშვი მკვდარი დაბადებულა. ამ დროს, ჩვენ უკვე საბურთალოზე ვცხოვრობდით. ამიტომ, იმ ხალხთან, ვისთანაც ქეთინო „შემოვლაზე“ დადიოდა ხოლმე, კონტაქტი აღარ მქონდა. იმდენიც ვერ გავბედე, რომ „ბარაკებში“ მივსულიყავი და ქეთინოს ამბავი გამერკვია. როგორი იყო ეს ბავშვი? გოგო თუ ბიჭი? ქეთინოსავით შავყვითელა, თუ ქერა? ვისგან გაუჩნდა? გააუპატიურეს? იქნებ თანაკლასელი შეუყვარდა? ან, თუნდაც, მასწავლებელი? იქნებ მორიგი „შემოვლის“ დროს დაზარალდა? მოგვიანებით გავარკვიე, რომ ამ სკანდალის შემდეგ, ქეთინო პროფტექნიკურში გადაიყვანეს, მერე ვიღაც სომეხზე გაათხოვეს და რუსეთში გაუშვეს. ჩემი „სუპერსტარი“, ალბათ, დედამისს დაუტოვა, თევზის მაღაზიის დამლაგებელს.

არადა, როგორ დამჭირდა ეგ „სუპერსტარი“! „ღვთაებრივი კომედიის“ ფონი უნდა ყოფილიყო. კერძოდ, ის ადგილი, ივონა ელიმანი როცა მღერის, „დახუჭე თვალები, დაიძინე, ყველაფერი კარგად იქნება“... სწორედ ამ დროს უნდა გამოეღვიძათ იატაკზე გაშოტილ ადამსა და ევას.

ბოლოს და ბოლოს, „სუპერსტარსაც“ მივაკვლიეთ და ევასაც. ეს როლი თამრიკო ბექაიას უნდა შეესრულებინა - უმშვენიერეს გოგოს, რომელიც, მგონი, სკოლის ყველა ბიჭს უყვარდა. ჩაწერამდე რამდენიმე დღით ადრე, „პრაგონზე“ შოთა ქარუხნიშვილი მოვიდა. კოსტიუმებში გამოვეწყვეთ. მე ფრთები დავიმაგრე, მაგრამ ცუდად - შუა სპექტაკლის დროს ჩამომივარდა. ფინალში კი, როცა სცენაზე ვაშლების წვიმა წამოვიდა, ერთი წითელი ვაშლი ისე ძლიერ დამეცა თავზე, რომ სიმწრისგან დავიყვირე.

წარმოდგენა რომ დავასრულეთ, დიდი, დიდი პაუზა გაიჩითა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პაუზა ჩემს ბიოგრაფიაში. მერე ქარუხნიშვილი მე, „სერი კარდინალს“ მომიტრიალდა, რაღაც სხვანაირად გამიღიმა და დაიღრიალა, „ვალერიანი, ვალერიანი!“

ეს არ იყო გაბრაზებული კაცის ყვირილი. უფრო ვერიკოს შეძახილს ჰგავდა: „ურიელ! ურიელ!“... ზუსტად ისე, 20-30-იან წლებში რომ თამაშობდნენ ხოლმე. ქარუხნიშვილის ეს შეძახილი იმდენად ყალბი და პათეტიკური იყო, რომ ვიფიქრე,

სპექტაკლი მოეწონა და შაყირობს-მეთქი... მაგრამ, როგორ გეკადრებათ! გვიბრძანა, რამე სხვა მოიფიქრეთ, თორემ პორნოგრაფიის პროპაგანდისთვის კომკავშირიდან გაგრიცხავენო („პორნოგრაფიის პროპაგანდა!“ - ეტყობა იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში) სპექტაკლი მთლიანად შევცვალეთ. მაგრამ „სუპერსტარი“ მაინც გავაპარეთ. მოგვიანებით სერგო ფარაჯანოვმა მიამბო, ცენზურასთვის რაღაც რომ შემეგდო, სხვა რამეზე გადავატანინებდი ხოლმე ყურადღებასო. ჩვენც ასე გამოგვივიდა. ქარუხნიშვილმა, როგორც ჩანს, არ იცოდა, ვის უმღეროდა ივონა ელიმანი. პირიქით, გვითხრა, ეს რა ლამაზი მუსიკა მოგიძებნიათო. იმხანად რობერტ სტურუამაც გამოიყენა „სუპერსტარი“ თავის „ყვარყვარეში“. მიუხედავად იმისა, რომ ეს როკ-ოპერა, როგორც იმპერიალიზმის პროპაგანდისტული იარაღი, სასტიკად იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში (კომუნისტების აზრი აბსოლუტურად დაემთხვა ეკლესიის პროტესტს), სტურუასაც დაუტოვეს უებერის მუსიკა.

0x01 graphic

და რადგანაც ამ ჭამა-ჭამაში მადა მოგვივიდა, გადავწყვიტეთ, არც ჩვენს პირველ წინაპრებზე გვეთქვა უარი. ადამისა და ევას ამბავი ყველას გვიტრიალებდა თავში. ფინალურ „ცხრაკლიტულზე“, რომელშიც სამი გუნდი გავედით - ჩვენ, „მზის შვილები“ და ბათუმის „მაჭახელა“, გადაცემაში, რომელიც 1974 წლის 9 მაისს უნდა გასულიყო ეთერში, დავალება მოგვცეს. თემას „ხელოვნება“ ერქვა. მე კი რა მინდოდა მეტი - აკადემიაში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი და არც არაფერი ვიცოდი ხელოვნების გარდა.

„მიქელანჯელო!“... - ისე ხმამაღლა ვიყვირე, რომ „მზის შვილებსაც“ მოესმათ ეს სახელი. რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი მიქელანჯელო, ჩემზე მრავალი წლით და ერთნახევარი დღით ადრე, ე.ი. 6 მარტს რომაა დაბადებული. ჩემსავით რომ სძულდა გართობა, დროსტარება, ხალხმრავალი შეკრებები.

გადავწყვიტე - თუ რელიგიის ეშინიათ, იყოს კულტურა! პავლე ფლორენსკი ხომ წერდა, კულტურა - კულტის ჩანაცვლებააო. თუ სულის უკვდავების არ სწამთ, იყოს სხეული მშვენიერი! პავლე მოციქულისა არ იყოს, „პირველად არა სულიერი, არამედ მშვენიერი, შემდეგ კი სულიერი“. ე.ი. პირველად - მიქელანჯელო, მერე კი სხვები.

ჩვენსას მივაღწიეთ. „ადამის შექმნა“ გავაცოცხლეთ. მე რაღაცეები ვილაყბე მიქელანჯელოზე, დანარჩენები კი „ადამის შექმნის“ პოზებში განლაგდნენ. ცხაკაიამ მშვენივრად განსახიერა მფრინავი ღმერთი, გოგოებმა - ანგელოზები. აი, ადამი ვინ იყო, ნამდვილად არ მახსოვს. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს; მთავარს მაინც მივაღწიეთ - სწრაფვას მოძრაობის გარეშე, ადამიანისა და შემოქმედის სრულ თანასწორობას; შეხებას, როგორც ურთიერთობის მთავარ პრინციპს... შეხებას და არა შეჭრას (მომავალში ცხოვრების კრედო რომ გავიხადე), თანასწორობას და არა დამორჩილებას. ისე კარგად გამოგვივიდა ეს ყველაფერი, ისე კარგად, რომ ჟიურის წევრებმა ტაში შემოკრეს.

ეს დავალება, სახელწოდებით „ხელოვნება“, მიქელანჯელოს ქანდაკებებით დავასრულეთ. გოგონებს ცოტა გაუჭირდათ. არაფრით დაგვმორჩილდა „მადონა კიბესთან“. 16 წლის იყო მიქელანჯელო, ეს ცივი ნამუშევარი რომ შექმნა. ამავე წლით თარიღდება მისი ბობოქარი „კენტავრების ბრძოლა“. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რატომაა „მდედრი“ ჩაცმული, მამრი კი შიშველი? „მადონა“ - კლასიკური, „კენტავრები“ კი ბაროკალური? ანდა რატომაა მიქელანჯელოს სონეტებში დედა-ღამე, სუსტი, ძალიან სუსტი, იმდენად სუსტი, რომ ერთ ჩირაღდანს შეუძლია დაარღვიოს მისი მყუდროება და მამა-მზე - აგრესიული, ძლიერი, ადვილად რომ „ედება“ ყველა სხეულს და წვავს მას?

როგორც ჩანს, იმხანად მაგრად მაწუხებდა ეს კითხვები. ამიტომაც ავირჩიე „ჩემთვის“ „ცხრაკლიტულის“ ფინალში მიქელანჯელოს იდუმალი სკულპტურა - „გამარჯვება“. გიორგი ცხაკაიამ სახეზე წვერები მიიწება და ფეხებთან დამიწვა. მე კი მუხლით შევდექი და რამდენადაც მახსოვს, ზუსტად გამოვხატე მიქელანჯელოსთვის დამახასიათებელი დინამიკა - ფიგურა თითქოს თავისუფლად იწყებს მოძრაობას და მოულოდნელად ჩერდება, რაღაც აფერხებს, აყოვნებს.

ვისზე გაიმარჯვა აქ ყმაწვილმა კაცმა? ვისია მოხუცის თავი? შვილმა მამა მოკლა? შვილი გამარჯვებას ზეიმობს, მამაზე უპირატესობას აღწევს და მოულოდნელად ფერხდება? იქნებ გრძნობს თავის დანაშაულს და ამიტომ აქვს ასეთი მზერა - ცივი და გაუცხოებული?

0x01 graphic

0x01 graphic

მიქელანჯელოს მამა ოცნებობდა, რომ შვილი სამოქალაქო სამსახურში ჩამდგარიყო, ბავშვმა კი „დაბალი ფენების“ სამყაროში შესვლა - ხელოსნობა, არტისტობა გადაწყვიტა, არ დაემორჩილა. 16 წლის ასაკში, როცა „მადონა კიბესთან“ და „კენტავრების ბრძოლა“ შექმნა, მამამ სასტიკად სცემა. მიქელანჯელო სახლიდან წავიდა - ქვას „დაესხა“ თავს და აიძულა, დამორჩილებოდა.

„თეატრალური არ გამაგონო, ხურუშიანი ხომ არ ხარ!“ - გამომიცხადა მამამ, როცა ოჯახში სერიოზულად დაისვა საკითხი, სად გამეგრძელებინა სწავლა. „ვგიკში არა, ბავშვი მოსკოვში სიფილისს აიკიდებს“ - ბრძანა მამის მამამ. არადა, 1974 წელს, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში კინოფაკულტეტი გაიხსნა. „მამების საბჭოს“ წინააღმდეგობა რომ არა, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარებდი და აღარ ავიკიდებდი არარეალიზებული კინორეჟისორის კომპლექსს, რომლისგანაც დღემდე ვერ გავთავისუფლებულვარ.

ჩემგან მიქელანჯელო არ გამოვიდა. მე მხოლოდ მისი იმიტაცია შევძელი ტელევიზიაში.

მე კი არა, ჩემზე უფრო თავისუფალმა ქეთინომაც ვერ მოახერხა. ქეთინოც ვერ გაუმკლავდა მამის მრისხანებას. საზოგადოებრივ აზრს შეეწირა ყველაზე მშვენიერი, ყველაზე უდანაშაულო არსება. როგორი იყო ნეტავ? გოგო იყო თუ ბიჭი? ქეთინოსავით შავყვითელა? ქერა?

15 ფოტომოთხრობა

▲back to top


ჩემი მეგობარი ეტგარ კერეტი

დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ყოველთვის, როცა ახლო აღმოსავლეთში რაღაც ხდება (და ეს რაღაც ძალიან ჰგავს ომს), ჩემი მეგობარი ეტგარ კერეტი მახსენდება, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. ის მწერალია და მისი სახელი ისრაელში ყველამ იცის (ვისაც წიგნების კითხვა უყვარს), მაგრამ ნებისმიერ ებრაელს, ვინც სადმე მხვდება, აუცილებლად ვეკითხები ეტგარის შესახებ და როცა კერეტის ხსენებისას, მათ აშკარად უბრწყინდებათ მრავალტანჯული ებრაული თვალები, მეც ბავშვივით მიხარია. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ მისი მოთხრობების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და შეუძლებელია ისრაელში ყველას მოსწონდეს ებრაელი მწერალი, რომელიც ცხოვრებასა და შემოქმედებაში ასეთი თავისუფალია. მაგრამ ისინიც კი, ვისაც აშინებს ან აღიზიანებს ეტგარ კერეტის თავისუფლება, ღიმილის გარეშე მაინც ვერ კითხულობენ ეტგარის მოთხრობებს და ერთადერთი, რაც არავისთვის არ არის საკამათო, მისი ნიჭია. ნიჭიერი ებრაელი, შეიძლება საერთოდ არ იყოს უცნაური მოვლენა, მაგრამ პირადად მაინც გამაკვირვა ამ ადამიანის უჩვეულო უნარმა - იყოს განსხვავებული იმ სივრცეში, სადაც ყველაზე დოგმატური დამოკიდებულებები არსებობს ფასეულობების მიმართ. ამიტომაც იქნებოდა (ალბათ ასეც იყო) შოკისმომგვრელი, ეტგარ კერეტის პირველი წიგნის გამოცემა ისრაელში, სადაც პალესტინელს მხოლოდ მტერი ჰქვია და ყოველ მესამე ებრაელს გრძელი ავტომატი ჰკიდია აგიტაციით დამძიმებულ მხრებზე. ვინც იარაღს თან არ ატარებს, შინ ინახავს და ეტგარ კერეტი რომ არ გამეცნო, რასაკვირველია პალესტინელების მხარეს ვიქნებოდი, რადგან სიმართლე იმდენია, რამდენიც ადამიანი ამ გაუყოფელ მიწაზე და სულაც არ მინდა ვიყო ბრძენი სხვის ომში, თუკი მგონია რომ სხვისი ომი, უბრალოდ არ არსებობს...

ეტგარ კერეტი კი 2001 წელს გავიცანი ამერიკაში, სადაც მწერლების სემინარზე დაგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ მაშინვე დავმეგობრდით, რადგან მაშინვე მივხვდი რომ ასეთი ახლობელი იქ, ოცდაათ მწერალს შორის, არავინ მყავდა. ცოლიც თან ჩამოიყვანა (მშვენიერი შიღა - როგორც თვითონ ეძახდა ღიმილით) და ღიმილის გარეშე ეტგარ კერეტი, არც მინახავს. მხოლოდ ერთხელ ვნახე დასერიოზულებული და ისიც 11 სექტემბერს, დილით, როცა ყველანი გაგვაღვიძეს (მთელი სასტუმრო) და ტელევიზორები ჩაგვირთეს, რომ საკუთარი თვალით გვენახა როგორ უტევდნენ ტერორისტები ნიუ-იორკის ტყუპებს. სემინარის მონაწილეები ერთ სართულზე ვცხოვრობდით და ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ დაუყონებლივ გავიყოფოდით და ევროპელები დავარბევდით აზიელებს ან პირიქით. ამიტომაც დერეფანში, ჩვენს ოთახებს შორის, რომელიღაც ამერიკული სპეცსამსახურის ხალხი ჩააყენეს და თვალს არ გვაშორებდნენ ეს ბრგე, კუნთმაგარი ადამიანები, სანამ ორგანიზატორები არ დავარწმუნეთ რომ ერთმანეთის დახოცვას ნამდვილად არ ვაპირებდით. (ორგანიზატორებთან მოსალაპარაკებლად ებრაელი ეტგარი და პალესტინელი პოეტი ჰასან ზაქატანი ერთად გავგზავნეთ და ამ ილეთმა, როგორც ჩანს, ამერიკელებზეც კი გაჭრა). საღამოსკენ სპეცსამსახურის ხალხი ჩვენი სასტუმროს დერეფანში აღარ იყო და ამოვისუნთქეთ, მაგრამ ნიუ-იორკში მომხდარი საშინელების გამო, ჩვენი სემინარის ენერგიაც შეიცვალა და მხიარული მწერალიც აიოვაში ძნელი სანახავი გახდა. ეტგარ კერეტმაც მოიწყინა და გაღიმებული მხოლოდ ერთი კვირის თავზე ვნახე, როცა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ მისი მოთხრობების შესახებ კრიტიკული წერილი დაიბეჭდა.

0x01 graphic

ჩვენი მასპინძლები, გამთენიისას, კარების ღრიჭოში, ძირითად ამერიკულ პრესას შემოგვიცურებდნენ ხოლმე და „ნიუიორკ თაიმსის“ ის ნომერი უკვე დილით მქონდა წაკითხული, მაგრამ ჩემს ებრაელ მეგობარს არაფერი ვუთხარი, არ ეწყინოს-მეთქი და გაზეთიც მონდომებით დავკეცე. რომ გავიფიქრე, იქნებ ვერც შეამჩნიოს-მეთქი, თვითონ მომიკაკუნა და სიცილით მითხრა - ნახე ამერიკელები როგორ მლანძღავენო და ჩემს ოთახში, გაშლილი გაზეთით ხელში, მშვენიერ შიღას შემოუძღვა. მშვენიერი შიღაც ისე იცინოდა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ქმრის გენიალურობაში, მაგრამ გენიალური ეტგარ კერეტიც ადამიანია და ამიტომ მაინც გამაკვირვა ეტგარის რეაქციამ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ წერილზე, სადაც მას სინამდვილეში კი არ აკრიტიკებდნენ, უბრალოდ ლანძღავდნენ. ლანძღავდნენ ალბათ იმის გამო, რაც მან 11 სექტემბრის შემდეგ, სპეციალურად ამ საშინელი ტერაქტისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე თქვა. მან გულწრფელად თქვა ის, რასაც ფიქრობდა - ტერორისტების მიერ გატაცებულ არცერთ თვითმფრინავში, ამდენ ამერიკელს შორის, არ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ თავდამსხმელებს, რომლებსაც თან პატარა ჯაყვების გარდა, არაფერი ჰქონდათ. ჩვენთანო, ისრაელშიო, ყოველ მესამე გაჩერებაზე, კბილებამდე შეიარაღებული ტერორისტი ამოდის ავტობუსში, მაგრამ იმ ტერორისტისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მძღოლები და მგზავრები, ერთმანეთს ეცილებიანო. ალბათ გამოცდილების ბრალიაო, - ბოლოს კი დაამატა ეტგარმა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, რადგან კერეტის შემდეგ მილეტა პროდანოვიჩი გამოვიდა სიტყვით და ბელგრადის დაბომბვაზე ისაუბრა. ამერიკელები სერბებს სამოცდათვრამეტი დღის მანზილზე ბომბავდნენ და ახლა მაინც ხომ ეცოდინებათ საჰაერო თავდასხმა რას ნიშნავსო. პროდანოვიჩის შემდეგ ვიეტნამელმა მწერალმა ითხოვა სიტყვა, მაგრამ კონფერენციის ორგანიზატორებმა შესვენება გამოაცხადეს და შესვენების შემდეგ კი ზრდილობიანად მოგვიბოდიშეს - კონფერენცია გაურკვეველი ვადით გადაიდოო და მართლებიც იყვნენ. ვიეტნამელს რომ იმის შესახებ მოეთხრო, რასაც ამერიკელები ვიეტნამში კადრულობდნენ, კონფერენციის მიწურულს ალბათ რეზოლუციის მიღება დაგვჭირდებოდა, ბინ ლადენის მხარდასაჭერად…

0x01 graphic

პოლიტიკურ თემებზე, იმ დღის შემდეგ, კონფერენცია აღარც მოუწვევიათ და პოლიტიკის შესახებ, საერთოდ აღარც უკითხავთ რამე რომელიმე ჩვენთაგანისთვის. სემინარიც ჩვეული რიტმით გაგრძელდა, მაგრამ ამერიკელებმა ეტგარ კერეტს მაინც არ აპატიეს ის, რაც სერბ ან ვიეტნამელ მწერალს შეეძლო ეთქვა, მაგრამ არა ებრაელს, რადგან ეტგარი ისრაელს წარმოადგენდა - ქვეყანას, რომელსაც ამერიკელები დედობრივი მზრუნველობით ეხმარებოდნენ და კერეტიც ამიტომ დასაჯეს. თუმცა ისეთი მწერლისთვის, როგორიც ეტგარ კერეტია, კრიტიკოსების (და მითუმეტეს ამერიკელი კრიტიკოსების) უარყოფითი აზრი, შესაძლოა სულაც არ მოქმედებდეს მის წიგნებზე უარყოფითად (ან დადებითად), რადგან დარწმუნებული ვარ რომ ეტგარისთვის მთავარი მაინც მკითხველია და არა კრიტიკოსი. მკითხველები კი მას ძალიან ბევრი ჰყავს და მისი წიგნები, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, რეკორდული ტირაჟებით გამოდის. მისი წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და ამ წიგნებს ყველგან კითხულობენ, რადგან მისი გმირები და პერსონაჟები ყველგან ცხოვრობენ, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი მკითხველიც, ეტგარ კერეტის მოთხრობებში, სწორედ იმ ადამიანებს პოულობენ, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ მათ არსებობას, უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. მწერალიც, ალბათ იმ ადამიანს ჰქვია, ვისაც უხილავის დანახვა შეუძლია და შეუძლია ისეთი სამყაროს შექმნა და აღმოჩენაც, რომელიც რეალურზე დამაჯერებელია, უფრო კეთილია და ლამაზი..

ეტგარ კერეტის საიდუმლოც, შეიძლება სწორედ სიყვარულია, რომელსაც მკითხველი ადვილად გრძნობს, რადგან ეტგარ კერეტს იმდენად უყვარს თავისი მოთხრობების გმირები - ადამიანები, ვის შესახებაც წერს, რომ მათ რეალურ არსებობაში მკითხველსავ ეჭვი არ ეპარება და მკითხველიც იჯერებს, რომ მწერლის მიერ მოგონილი ამბავი თუ პერსონაჟი უფრო ჰგავს სინამდვილეს, ვიდრე სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ..

საღამოობით, სემინარებისაგან თავისუფალ დროს, როცა სადმე ვსხდებოდით ხოლმე ჭიქებით ხელში, ეტგარ კერეტი ისეთი სიყვარულით ყვებოდა (ერთი შეხედვით დაუჯერებელ ისტორიებს), რომ ძალიან, ძალიან მომინდა მისი წიგნების წაკითხვა და როცა წავიკითხე, აღმოვაჩინე რომ ეტგარ კერეტს, ბავშვობიდან ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დავიბადეთ და გავიზარდეთ და ამერიკამდე ერთმანეთს არასოდეს შევხვედრივართ. ისიც აღმოვაჩინე, რომ ეტგარ კერეტი სწორედ ისე წერს, როგორც მე მინდა რომ ვწერდე. მინდა, რომ ეტგარივით ნიჭიერი ვიყო და ომი ისრაელსა და პალესტინას შორის მალე დამთავრდეს..

თუმცა ომი, რომელსაც ომს არ ეძახიან, ისევ გრძელდება და ყოველთვის, როცა ახლო აღმოსავლეთში რაღაც ხდება (და ეს რაღაც ძალიან ჰგავს ომს), ჩემი მეგობარი მახსენდება, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. მას ეტგარ კერეტი ჰქვია და ასეთი კარგი ადამიანი, მართლა იშვიათად შემხვედრია.

კარგი ქვეყანა კი ის არის, სადაც კარგი მწერლები ცხოვრობენ..

16 ჩინელი ანუ ინატრე რამე

▲back to top


ერიალი

0x01 graphic

ავტორი: ანა-კორძაია სამადაშვილი ფოტო: ლევან ხერხეულიძე, დავით მესხი, ნიკო ტარიელაშვილი მონაწილეობდნენ: ლიზა - ნესტან ნიჟარაძე, გაგა- ზურაბ ალავერდაშვილი, მარიშკა - ნატალია მანჯგალაძე, მაქსი - გიორგი ლიფონავა

© M Publishing საავტორო უფლებები დაცულია.
ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.

0x01 graphic

ლიზა

ლიზა - სწორედ იმდენი წლისა, რამდენისასაც ჰგავს. განათლებით ფოტო-, ხელოვნებათ- თუ რაღაცმცოდნე - დანამდვილებით უცნობია და, კაცმა რომ თქვას, უმნიშვნელოც. უყვარს ფული და დარწმუნებულია, რომ ოდესმე აუცილებლად გამდიდრდება.

0x01 graphic

გაგა

გაგა - ფრიად ახალგაზრდა, დაუდგენელი პროფესიის ადამიანი. უყვარს ქალები და ქალებსაც უყვართ ხოლმე, ცოტ-ცოტა ხნით. ყოველთვის ყველაფერი ეზარება და, ყველა სიკეთესთან ერთად, საშინელი პესიმისტია.

დასაწყისი

ძალიან ლამაზია ხოლმე საყელომოფლაშული სვიტერი, რომელზეც ქურთუკის ბუმბულია აკრული და ქალს საქათმეში ნახმარს ამსგავსებს; ოდესღაც თავმოსაწონი, ახლა კი აქერცლილი ფეხსაცმელი - კაცი იფიქრებს, ფეხბურთი ითამაშაო; გრძელი კაბით დაფარული, მცოდნე თვალისთვის კი აუცილებლად ხილული თვალწასული წინდა და, რასაკვირველია, გაჩეჩილი თმა, რომ ცოტა გიჟის იერიც გქონდეს - ნონკონფორმიზმი და მსგავსი ჭკვიანური ამბები არაფერ შუაშია: იმ საღამოს „აპოლონიაში“ მჯდომი ელისაბედი, ახლობლებისთვის - ლიზა, რომელსაც ერთი თვის წინ დასრულებოდა, მისი აზრით, უკანასკნელი თავდავიწყებული რომანი, და იმის გამო, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომანთან ერთად ყველაფერი დამთავრდაო, მხოლოდ ჩვევის გამო იცვლიდა საცვალს, ჩვევის გამო იხეხავდა კბილებს და არც თავისი საცხოვრებლისა თუ აზრების დალაგებით შეუწუხებია თავი - რაა, რო… იჯდა ლიზა კაფეში და ოდესღაც საყვარელთან, ფოტოგრაფ გაგასთან ერთად ბოლო, არცთუ სარფიანი გარიგებიდან მორჩენილით, არაყს სვამდა და მწვანე ჩაის აყოლებდა, თან ზუსტად იცოდა - არც სასმელი ეყოფოდათ და არც ფული, და თავის ექს-კომუნალკაში დაბრუნებულს, დილანდელი ყიყლიყოს და ნიუტონის ქალების გარემოცვაში უნდა ეტირა, არა უფულობისა თუ მიუღებელი საზოგადოების, მოახლოებული სიბერისა და დიდი მარტოობის, არამედ იმის გამო, რომ სხვა რა ექნა, არ იცოდა.

0x01 graphic

0x01 graphic

ჯერჯერობით კი გაგა და ლიზა არაყს სვამდნენ და ჩაის აყოლებდნენ, და გაგა ოცნებობდა.

- მინდა ორი ცოლი. ერთი ქერა და ერთი შავი. წარმოიდგინე: მივდივარ სახლში და ეს ორი რაღაცას ბლატაობს. დავარტყამ მუშტს…

- არ დალეწო.

- მოიცა. დავარტყამ მუშტს და: Кто в доме хозяин!

- ერთს ხომ მაგრად უბრახუნებ...

- რა, არა?

- მოიცა, რა.

- მოიცა, რა, არა?

- დალეწავ და შენ გადაიხდი.

გაგა დასევდიანდა.

- წამოვალ, რა, შენთან?

- მოიცა, რა. - გაგაღა მაკლდა, ფიქრობდა ლიზა. გაგა და მისი ისტერიჩკა ცოლი. უჰ, ეს რა გაახსენდა! ჩამოასხა. - სიკვდილივით ხარ, რა. როცა გელოდი, ერთხელაც არ მოხვედი, მაინცდამაინც ახლა გამოხტი, სულ რომ არ მიხარია შენი დანახვა. ხომ ვამბობ, სიკვდილივით ხარ. კაცი-ვიბრატორი. - აკრიფა ლიზამ! - რა ხეირი შენგან, ბლიად, არყის ფულიც არ გაქვს, ორი წელი გეხვეწე, ყვავილი მაინც მაჩუქე, ბლიად, მაინცდამაინც საფლავზე უნდა მოიტანო? არა! მაცადე, ვთქვა!

- მიდი, დალიე!

- აბა, შენ ხომ არ დაგიტოვებ!

- ჰოდა, დალიე!

- გაგვიმარჯოს.

ცუდადაა ჩემი საქმე, ფიქრობდა ლიზა. რაღა დროს გაგაა.

- გავიდეთ?

- მეც მოვდივარ?

- აბა, რჩები?

* * *

გაგა ამაყად გორავდა ტახტზე და ხანდახან კმაყოფილი გახედავდა ხოლმე ძველი დიდების ნაშთში, დიდ სარკეში თავის ანარეკლს. თავის დროზე ლიზასთვის ისეთი სისულელე ჰქონდა ნათქვამი, უარესი რომ არ შეიძლება, და ლიზა უშვილობას სულ ამას აბრალებდა: წოლისას სარკეში თუ ირეკლები, ბავშვი არ ისახებაო, ფენშუი თუ რაღაც მსგავსი უბედურება. მაგრამ სარკე იქ საიმედოდ იდგა და ტახტიც მძიმე იყო და თუმცა ლიზა ჯანს არ უჩიოდა, მათი გადაჩოჩებ-გადმოჩოჩება ძალიან ეზარებოდა.

გაგა იწვა და მსჯელობდა.

- კარგი გოგო ხარ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რატომ დავდივარ შენთან. თმა - მოუწესრიგებელი, ფეხები - გაღუნული, ლექსიკა - საზიზღარი...

- მთავარი დაგავიწყდა: ცელულიტის სტადია „ა“.

- რაა?

- არაფერი, განაგრძე, მაგრად მსიამოვნებს. და კიდევ გაგიჩითავ სამსახურს.

- გაჩერდი!

- ვაი? რატომ?

- იმიტომ, რომ მწყინს.

- რას ამბობ!

ისე, გაგას მართლა სწყინდა ხოლმე, საწყალს.

პრინციპში, გაგა კარგი ბიჭი იყო, ცოტა აუტანელი, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ლიზას მისი ყვავილები და არყის ფული ათასი წელი არ სჭირდებოდა და არც გაგას გამოსვლები უკლავდა გულს - გაერთოს ბავშვი, თავისი გასჭირვებია. ახლა - განსაკუთრებით.

თურმე, გაგაკოს დიდი უბედურება იმ დილით დაიწყო, რომ მისმა ლამაზმა ცოლმა სახლში ერთი ჭრელი, პრიალა ჟურნალი მიიტანა - ასეთებს სულ ეზიდებოდა, კროსვორდებს ხსნიდა და ჰოროსკოპებს კითხულობდა ხოლმე.

- ძაან ინტელექტუალი გყავს.

- გველო.

ამჯერად ირინას მოყვითალო პრესით გატაცება საბრალო გაგასთვის საბედისწერო გამომდგარა. რა დასამალია და იმ ჭერქვეშ არც მანამდე ყოფილა დიდი სიამტკბილობა. ლიზა ვერაფრით ვერ ხვდებოდა, საერთოდ, რა პრინციპით შეუღლდა ეს ორი ადამიანი, მაგრამ ახლა რა პრინციპით თანაცხოვრობდნენ - ეს ზუსტად იცოდა: გაგა კარგი კაცი იყო, თვინიერი. მისი ცოლი, თავისი მძაღე ხასიათის გადამკიდე, უკეთესს ვერასოდეს იშოვიდა, გაგა კი ხვდებოდა, რომ სხვა ნაღდად ვერავინ გაუძლებდა - მეტისმეტად უთავბოლო არსება იყო. სახლში ტრიპერის გარდა, არასოდეს არაფერი შეუტანია, ლიზას აქამდეც ასჯერ ეყოლებოდა კიბეზე დაგორებული.

იმ წყეულ ჟურნალში, ათასგვარ სისულელესთან ერთად, ერთი დაჭყანული ქანდაკება იყო დაბეჭდილი. ქვეშ ეწერა: „გაზეთი „საუტ ჩაინა მორნინგ პოსტი“ იუწყება, რომ ჩინური ფაიფურისთვის სარეკორდო თანხად - 5,7 მილიონ ამერიკულ დოლარად - ჰონგკონგის აუქციონზე გაიყიდა ძველებური ფიგურა, ბედნიერების ღმერთის, ხოტეის გამოსახულება. ის დამზადებული იყო მანჯურიის დინასტია ცინის (1644-1911 წ.წ.) იმპერატორ ციანლუნის მმართველობის დროს (1739-1799 წ.წ.). ნაზი ცისფერი ფაიფურისგან დამზადებული ფიგურა ლონდონელმა კოლექციონერმა შეიძინა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. ვარაუდობენ, რომ იგივე პიროვნება ფლობს გაყიდული ხოტეის ვარდისფერ ტყუპისცალს, რომლის კვალიც 1945 წელს, დრეზდენში დაიკარგა“.

- მერე, ირინოჩკასაც მოუნდა ხუთმილიონიანი ნეცკე? და დარიშხანი ვენაში?

- ჰქონდა, ბლიად, ის ნეცკე! დრეზდენელი. არ დაკარგულა. დრეზდენიდან ბაბუაჩემმა წამოიღო, ომის დროს, საშამ, ძაღლი დააკვდა სულში!

- რაა?

- მქონდა-მეთქი! ვარდისფერი. იდგა პიანინოზე, იკრიჭებოდა. მე კიდე მარიშკას ვაჩუქე და ირას ვუთხარი, გატყდამეთქი და მაშინ სულ ეკიდა და ახლა სულ ჟოპარუკი მიძახა და წამოვედი. ლიზა ჩამოჯდა.

- ჩვენს მარიშკას?

- ჰო.

- პატარას?

- ჰო.

- უთხარი შენს ცოლს, რომ მარიშკას აჩუქე?

- არა, გიჟი ვარ?

- ვინმეს უთხარი?

- შენ.

- კიდე?

- შენ-მეთქი.

- ხუთი მილიონი!

- Yes!

- ვაი, შე უბედურო!

- ჰო, რა ვქნა ახლა!

- აჩუქე, ხომ? შე უბედურო! მარიშკას! ლაწირაკს!

- ჰა, მორჩი!

- რა - მორჩი? ხუთი მილიონი! მარიშკას! შე ბოზო!

- ეჭვიანობ, ელო?

- გაწი ხელი! აქ რას მიზიხარ, ბლიად! სადაა მარიშკა?

- მგონი, რიგაში.

- მერე? იალა რიგაში! ვაი, გაგა, შე უბედურო!

0x01 graphic

მარიშკა

მარიშკა - ნორჩი, მხიარული არსება, რომელმაც ზუსტად იცის, რაც უნდა: მოგზაურობა, ბევრი ფული და დიდი სიყვარული - ეს უკანასკნელი ისე, დამატების სახით.

ოოო, მარიშკა!

- „ხოტეი, ერთ-ერთი ბედნიერების შვიდ ღმერთთაგან, ურთიერთობის, მხიარულების და კეთილდღეობის ღმერთი. ის განსაზღვრავს ადამიანთა ბედ-იღბალს და ოცნებებს ასრულებს. ამბობენ, თუ ხოტეის ფიგურას მუცელზე სამასჯერ მოუსვამ ხელს და კარგ რამეზე იფიქრებ, ჩანაფიქრი აუცილებლად შეგისრულდებაო“. მაშ, ასე, ჩემო ლამაზო, ჯერ სამასსამასჯერ მოვუსვამთ მუცელზე ხელს და დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.

- ჯერ მუცლამდე მივიდეთ.

- ეგეც მართალია.

შერიგების აღსანიშნავად, გაგამ ჯიბეზე ხელი გაიკრა, უფრო სწორად, მინიმარკეტის ლიკასთან დაიდო ვალი, რომელთანაც ჩუმ-ჩუმად დაძვრებოდა კიდეც - ეგონა, რომ ჩუმ-ჩუმად, თორემ ის ლიკა და ლიზა ხშირად არჩევდნენ ხოლმე მისი სქესობრივი ქცევის თავისებურებებს. თავიდან ლიზა, ცოტა არ იყოს, ბრაზობდა, მერე კი ჩათვალა, რომ ლიკასთან მოგორავე კაცის გამო ღელვა არ ღირდა, გორავს და იგოროს, რა ვქნა...

ახლა გაგა სამზარეულოში ფუსფუსებდა. საწყალი, ერბოკვერცხის შეწვას და სალათის გაკეთებას ცდილობდა, საეჭვო ფერისა და წარმოშობის პომიდორს კანს აცლიდა.

- რას წუწაობ? - ლიზა, ენციკლოპედიის უზარმაზარი ტომით ხელში, სავარძელში იჯდა და გაგას ხელსაც უშლიდა და ნერვებსაც.

- ნაღვლის ბუშტს ურტყამს.

- აა. „ფშენიჩნაია“ უხდება. პამიდორი რამ გაყიდინა?

- მოდი, ეგ სავარძელი ოთახში გავიტანოთ, ჰა?

- რატომ? ხომ გემრიელად ზიხარ ხოლმე? ჩემო ლამაზო! მისმინე: „ხოტეი კონკრეტული პერსონაჟია, რომელიც ჩინეთში მეათე საუკუნეში ცხოვრობდა: პატარა, მსუქანი ბერი, სახელად ცი ცი, რომელიც დიდი ტილოს ტომრითა და კრიალოსნით სოფელ-სოფელ დადიოდა. ლეგენდის თანახმად, სადაც ის ჩნდებოდა, ადამიანებს წარმატება ეწვეოდათ ხოლმე, ჯანმრთელები იყვნენ და მდიდრები“.

- რაღა ჩემთან ვერ ივარგა.

- რა გინდა, მარიშკა ხომ კარგი იყო, შე დამპალო.

- ჰო, - დაეთანხმა გაგა.

ლიზამ რაღაცა ჩაიბურდღუნა და განაგრძო:

- „თუ ვინმე ჰკითხავდა, ტომარაში რა გაქვსო, ის პასუხობდა: მთელი სამყარო“. ხუთი მილიონი. ჩემი კაი.

- მეტი.

- არა, გადასახადები?

- დაგვბეგრავენ?

- აბა, რა?

- საიდან გაიგებენ, რომ გვაქვს?

- ის ფული, რა, მუთაქაში უნდა შეინახო?

- ოო.

გეგმა მარტივი იყო:

1. ვიპოვოთ მარიშკა.

2. წამოვიღოთ ხოტეი.

3. ვიპოვოთ ლონდონელი კოლექციონერი.

4. გავყიდოთ ხოტეი.

5. ფული დავამღეროთ.

ეს უკანასკნელი პუნქტი ყველაზე სასიამოვნო განსახილველი იყო, გაგამ სწორედ ამ თემის გავრცობა გადაწყვიტა, მაგრამ არ გაახარეს: ელისაბედი პრაქტიკული ქალი ბრძანდებოდა და უმალვე ახსნა, რომ გრძელი გზა პირველი ნაბიჯით იწყება, ანუ მარიშკათი.

0x01 graphic

ქვეთავი მათ საყურადღებოდ, ვინც მარიშკას არ იცნობდით:

მიუხედავად იმისა, რომ ლიზა თავის ყოფილ პადრუგას სულ შტერად და კიდევ რაღაც-რაღაცეებად იხსენიებდა - როცა საქმე ვინმეს ლანძღვას ეხებოდა, ფაშისტური გამოსვლებისაც აღარ ერიდებოდა და წინაპართა ეროვნებასა და ვინაობასაც კი გადაწვდებოდა ხოლმე - ეს ჩვენი მარიშკა არანაირად არ იყო შტერი, - სულ პირიქით, და მისი გონებრივი შესაძლებლობები არც იყო ლიზას სალაპარაკო, ლიზასგან განსხვავებით, საბოლოოდ მშვენივრად უშველა თავს.

მარიშკას უფროსი ძმა, ერთი შეხედვით, უაღრესად რესპექტაბელური ახალგაზრდა, ჯადოქარი იყო, მჩხიბავი თუ შავი მაგიით გატაცებული თუ რაღაცა მსგავსი უბედურება, ზუსტად ეს არავინ იცოდა და დღეს ჭეშმარიტებას, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვეღარ გამოვიკვლევთ, რადგან გერას - ლიზამ ისიც არ იცოდა, სინამდვილეში რა ერქვა ამ ოქროს, გერმანი, გერონტი, ჰერბერტი თუ რა - თავისი გატაცება ძვირად დაუჯდა: გაგიჟდა და უკანასკნელი ჭორების თანახმად, სადღაც კრასნოდარის ფსიქო-ნევროლოგიურ კლინიკაში იჯდა, ცივ და ბნელ ოთახში.

ლიზას გაგიჟებულ-გაუბედურებული გერა წამითაც არ შესცოდებია, რადგან ოდესღაც, მარიშკას მთლად ყმაწვილქალობის დროს, ის დაიკოს მედიუმად იყენებდა, ჩვენი ლამაზი ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში არსებულ ტბასთან, სავსემთვარობაზე დაათრევდა ხოლმე და თავისნაირ ბნელ ტიპებთან ერთად, რაღაცეებს აკეთებინებდა, რას - არ ვიცით. იმ შავ ტბაზე კარგი რომ არაფერი ხდებოდა, ლიზა დარწმუნებული იყო, რადგან ყოველი ასეთი გასვლის მერე, მარიშკა ჩიოდა ხოლმე, სულ ობობის ქსელები მელანდება და რაღაც ჩრდილები დამდევენო.

ააა! ლიზას მსგავსი ჯადო-მადოებისა ძალიან, საშინლად, პათოლოგიურად ეშინოდა.

მარიშკამ თავს სრულიად შემთხვევით უშველა - ლიზას საყვარელ, ცისფერთვალა მევიოლინესთან მიხედა საქმეს, მაინცდამაინც ლიზას დივანზე, და რადგან ამის შემდეგ მედიუმად აღარ ვარგოდა, გერამ ერთი ძალიან მაგრად ცემა და სახლიდან გააგდო, რის შედეგადაც ლიზავეტა უბედური იძულებული გახდა, სკანდალით გაძევებული საყვარლის ადგილი, ანუ ტახტი, მარიშკასთვის დაეთმო და პატარა გოგოზე ეზრუნა კიდეც. მართალია, ამით ერთი გამარჯვება ნამდვილად მოიპოვა - მევიოლინე გააცოფა, მაგრამ თვითონაც ძალიან გამწარდა: მარიშკასთან ერთად ცხოვრება ლიზასთვის ბევრი ვერაფერი სიხარული იყო, და იმ ცისფერთვალა ბიჭთან მშვენივრად გრძნობდა ხოლმე თავს. ჯანდაბა მარიშკას.

მაგრამ არა უშავს. არც თავად ლიზა იყო ქართული ზნეობის დედა, ერთი-ორი ტალახიანი საქმე თვითონაც ჰქონდა ჩადენილი, ამიტომ მოღალატე მუსიკოსი იოლად დაივიწყა და სწორედ იმხანად გადაეყარა გაგას. და თურმე ეს დამპალიც მარიშკასთან დაეთრეოდა! გაგა, შე დამპალო!

კაი, დავუბრუნდეთ მარიშკას. იმის მერე, რაც მრავალი ბინა და მრავალი ფიტნეს კლუბი მოიარა - აერობიკის მასწავლებელი იყო (მეტი მაინც არაფერში ვარგაო, სისინებდა ლიზა, რომელიც თვითონ აერობიკაშიც არ ვარგოდა, მარჯვენა მუხლში რაღაცა ჩაწყვეტილი ჰქონდა და მოწმენდილ ცაზე უვარდებოდა ხოლმე), იმის მერე, რაც წმინდა ნიკოლოზის ხატზე დაიფიცა, ერთი წელი არაფერს დავლევო, და იმის მერე, რაც საქმროდ წოდებულმა მამრმა 7 კილოიანი სიამის კატა გაულახა - თვითონ მარიშკას ვერ დაეწია, ცქვიტი გოგო იყო და გაასწრო, - მარიშკამ ლიზას კარში ბარათი გაარჭო, წავედი მეო, და წავიდა. სადღაც. როგორც ახლა გაირკვა, რიგაში. ლაწირაკი უძახე და - აჰა! დამპალ მარიშკას ეს დამპლი გაგასთვის უთქვამს. გაგასთვის, ლიზასთვის - არა! ო, გაგა, შე დამპალო! ვერ გამოკითხე, კონკრეტულად სად და ვისთან მიეთრეოდა? სად ვიპოვო ახლა მარიშკა?

- ვინ გვყავს, ჩემო სიცოცხლე, რიგაში?

- არავინ, - ანუგეშა გაგამ.

ცუდია, იფიქრა ლიზამ. ძალიან ცუდია. მოიცა!

- მაქსიმა სადაა?

- მიწაში. - უპასუხა მშვიდად გაგამ. ამჯერად სავარძელში ის იჯდა და დანაყრებული და ჩამთბარი, ტკბილი ძილის მოლოდინში, ჩინებულად გრძნობდა თავს.

გაგას არ უნდოდა მარიშკას ძებნა, გაგას უნდოდა სითბო და სინაზე, მაგრამ ლიზა ხომ უფასოდ არაფერს აღირსებდა... ახლაც სულ ტყუილ-უბრალოდ უშლიდა ნერვებს: რა ხოტეი, რა რიგა, შე საწყალო ლიზა.

მაინც რა სულელი გოგოა, ფიქრობდა გაგა.

- მოკვდა მაქსიმა.

- არ გადამრიო! რატომ?

რაღა რატომ?

0x01 graphic

მაქსი

მაქსი - დაუდგენელი ეროვნების არსება, გაურკვეველი ასაკისა, რომელსაც მხოლოდ სიხარული მოაქვს, მეტი ვერაფერი.

თუკი მაქსს არ იცნობდით

თქვენ არ იცნობდით მაქსიმას? მაქსს, მაქსიმუმს, ოქროს ბიჭს ყველა იცნობდა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდიოდა თბილისში, გოგირდის აბანოებში დადიოდა და გაგა სულ დასცინოდა, ბოროტი, აღა მაჰმად ხანსაც ეგონა, გოგირდი მიშველისო, მაგრამ მაგ საქმეს უკვე არაფერი ეშველებაო.

იმ ავადსახსენებელი წლის ზამთარში, როცა ჩერნობილი აფეთქდა, მაქსმა იმხანად ჯერ კიდევ ნორჩსა და მხიარულ ლიზას უამბო, რომ სადღაც, ჯანდაბაში, ბალტიისპირეთის რუხ მიწაზე, ერთი სახლი ეგულებოდა, ძველი, ნესტიანი და დამპალი, და რომ ამ სახლის ყიდვა უნდოდა, მოახლოებული სიბერის მშვიდად გასატარებლად - ოცდაათს გადაცილებული იყო და ძალიან ღელავდა.

მაქსიმა, საბჭოთა კავშირის სექსუალური რევოლუციის პიონერი, ვერასოდეს ვერაფერს იყიდდა, თავი მძივების აცმით გაჰქონდა და სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ქალებთან თანაცხოვრებით გადიოდა ფონს - აჭმევდნენ, ასმევდნენ და სადმე აძინებდნენ ხოლმე. თუმცა ვერ ვიტყვით, მაქსი ქალებს ჩაგრავდაო - პირიქით, იმის უმადური არავინ დარჩენილა, თბილი, ალერსიანი კაცი იყო, თან ხელმარჯვე, აგერ, ლიზასაც კი მოუხატა ჭერი - ნათურის ირგვლივ მერცხლები მაქსის ნახელავი იყო, და ლიზას მაქსი სულ აგონდებოდა: თუ კარგ გუნებაზე იყო, გაღვიძებული გულით ლოცავდა ხოლმე, შენ გაიხარე, მაქსო, თუ გაჯავრებული ახედავდა, ათასგვარ ოხრობას უსურვებდა - მოკლედ, დღე არ გასულა, გულაღმა მწოლ ლიზას მაქსი არ ეხსენებინა, ხან ისე, ხან ასე...

მერე მაქსი გაქრა, რაც არავის გაკვირვებია, მაგრამ ისეთი დაბრუნდა, რომ ყველა გაოგნებული დარჩა: დაგრეხილი თითებით, უზარმაზარი სათვალით, გამხდარი-გამხდარი. მაქსმა ორი დღე რეაქტორთან იმუშავა, ჩერნობილში, ფული აიღო, სახლი იყიდა და სულ მალე აღმოაჩინა, რომ სახლი აღარ უნდოდა, აღარც ქალი უნდოდა, აღარც მძივების აცმა შეეძლო და აღარც ჩიტების ხატვა. მაქსმა სახლი გამოკეტა და კვლავ გზას გაუდგა, იმ იმედით, რომ გზაში მოკვდებოდა და არა ბალტიისპირეთის რუხ მიწაზე, ძველ, ნესტიან და დამპალ სახლში.

მას მერე კიდევ დიდხანს იარა და ლიზას აზრადაც არ მოსვლია, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ, მრავალი წელი გავიდა და ახლა თვითონ იყო იმ ასაკში, როცა სიბერის შიშით შეპყრობილი მაქსიმა აქ, ამ ოთახში, ამ მაგიდაზე შემოდგმულ სკამზე მდგომი, მერცხლებს ხატავდა და თავისი საოცნებო თავშესაფრის შესახებ ყვებოდა.

- ძალიან მეცოდება, - თქვა ლიზამ. - ძალიან. ნათელი დაადგეს. მე ძალიან მიყვარდა მაქსიმა.

- მეც. მოდი, კიდევ ერთ ბოთლს ამოვიტან, ჰა? ან, თუ გინდა, შენ ამოიტანე.

მაინც რა ღორი ხარ, იფიქრა ლიზამ.

- კაი. იჯექი.

... დიდძალი არყის ბრალი იყო თუ რისა, ძნელი სათქმელია, მაგრამ საღამო შედგა და გაგას ფშვენა-ხვრენის მიუხედავად, ლიზას ტკბილად, ტკბილად ჩაეძინა.

მაგრამ სულ ცოტა ხნით.

- ბებოები! - აბღავლდა გაგა. - ბაბუშკინები! აეეე! ლიზა წამოხტა და შუქი აანთო.

- რა ბებოები? - ლიზამ გამხეცებაც ვერ შეძლო, ძალიან დაფრთხა. - სად ხედავ?

- ბებოები! ბებო, ლიზა, ბებო!

გიჟია, ფიქრობდა ლიზა.

გაგიჟდა.

ვაიმე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში>>>

17 წიგნები

▲back to top


ავტორი: თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

თეონა დოლენჯაშვილი

იანვრის მდინარე
მოთხრობები
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2005 .

ბოლოს და ბოლოს, როდის იწყება ამ ქალაქში ახალი სეზონი? წიგნების მაღაზიებს ეს ჯერ მხოლოდ მოზღვავებულ სასკოლო სახელმძღვანელოებზე ეტყობათ. საზაფხულო თვლემა ნაბეჭდ ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში სექტემბრის ბოლომდე გრძელდება და იძულებული ვარ, ძველ გამოცემებში დავიწყო ქექვა და გადავამოწმო, იქნებ წინა ჯერზე რამე საინტერესო გამომრჩა?

და, თქვენ წარმოიდგინეთ, გამომრჩენია: რიო დე ჟანეირო - „იანვრის მდინარე“ და მისი ავტორი თეონა დოლენჯაშვილი. დებიუტანტი მწერლების მოზღვავების ფონზე, მისი კრებული აშკარად ყურადღების ღირსია. ვინც სარჩევს გადაშლის და მოთხრობების სათაურებს ჩაიკითხავს, გაახსენდება, რომ რამდენიმე მათგანი სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში წაუკითხავს. პირადად მე, „ლიანა, ვერა, ნორიკო“ მეცნო. წიგნიც ამ მოთხრობამ შემაძენინა და მერე უკვე დიდი ემოციით წამაკითხა პირველივე ტექსტი - „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე“.

თუ „ლიანა, ვერა, ნორიკო“-ში აღწერილმა შემოდგომის ბაღმა ერთი კონკრეტული ბაღი გამახსენა ქიაჩელის ქუჩაზე, დანარჩენ მოთხრობებში მსგავსი გეოგრაფიული ლოკალიზება ვერაფრით მოვახდინე. თეონა დოლენჯაშვილის გმირები ისეთები არიან, კრიტიკოსები რომ უეროვნებოს უწოდებენ. მათი ეროვნების დადგენა მართლაც ძნელია, მაგრამ სხვა მსგავსი გმირებისგან განსხვავებით, ეს ადამიანები მკითხველს ახალი, გლობალური სახლის არსებობას შეახსენებენ. ამ სახლში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთმანეთზე უფრო ახლობელი და ორგანული რამ არის: ტელევიზორი, ტერაქტი, კარნავალი და კლონი. ლოკალიზებას და გმირების ნაციონალური ნიშნით გამორჩევას ავტორი თქვენ განდობთ. მთავარია, „იანვრის მდინარეში“ შეცურვა შეძლოთ და ეს პროცესი მოგეწონოთ.

0x01 graphic

იუსტაინ გორდერი

სოფის სამყარო
რომანი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2005 .

მეორე, არცთუ ისე ახალი წიგნი, რომელიც არცთუ ისე ახალი გამოცემაა არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ, ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურაში. გორდერის „სოფის სამყაროს“ განხილვა და გაანალიზება ევროპამ 90-იანი წლებიდან დაიწყო. მას შემდეგ, ნორვეგიულად დაწერილი წიგნი 60-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და არა მხოლოდ ნორვეგიის ბესტსელერი გახდა, არამედ „ნიუ იორკ თაიმსისაც“, მისი ავტორი, ოსლოელი 53 წლის მამაკაცი კი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თანამედროვე სკანდინავიელ მწერლად იქცა.

რეცენზენტები წიგნის ყოველ ახალ დამატებით გამოცემაში საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ გორდერისგან ასეთ პოპულარობას წინასწარ არავინ ელოდა. რით დააინტერესა 14 წლის სოფი მსოფლიომ? ალბათ, კითხვამ - „ვინ ხარ შენ?“ და კითხვაზე პასუხის ძიების მიზნით, სხვადასხვა ფილოსოფიური მიდგომის განხილვამ. ავტორი ხომ იწყებს ანტიკური მითებით, მოდის ფროიდის დრომდე და დიდი აფეთქებით ასრულებს.

წიგნს მეორე სათაურიც აქვს: რომანი ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. ეს რომანი პატარა სოფის სარკეში ჩახედვით და ფილოსოფოსობის მარტივი მცდელობით იწყება - სარკეში ვისაც ვხედავ, მე ვარ? თუ ვინმე სხვა? რა ჰქვია მას? რას შეცვლიდა ის ფაქტი, მას სხვა სახელი რომ ერქვას? შემდეგ კითხვები რთულდება და სოფის სამყარო სულ უფრო საინტერესო ხდება. თუ ჩემსავით, თაროზე ახლა შენიშნეთ იუსტაინ გორდერის წიგნი, გირჩევთ შინ წაიღოთ.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიული ტექსტის გაქართულებაზე დავით აკრიანმა და ნოდარ მანჩხაშვილმა იზრუნეს. რედაქტორი: ნოდარ ლადარია.

0x01 graphic

სახიობა

თანამედროვე დრამატურგია
(პიესების კრებული)
საგამომცემლო ცენტრი ხომლი
2005 .

თუ უკვე შეიძინეთ „არეტეს“ მიერ დაბეჭდილი თანამედროვე პიესების კრებული, „ხომლის“ გამოცემას მაინც ნუ აუვლით გვერდს. შემდგენელი თამარ აბრამიშვილი თანამედროვე დრამატურგიის მართლაც გამორჩეულ ნიმუშებს გვთავაზობს:

ედვარდ ოლბს თეატრის მოყვარულები ორი ცნობილი პიესის - „ამერიკული ოცნება“ და „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“ გამო სცემენ დიდ პატივს. კრებულში წარმოდგენილი „რა მოხდა ზოოპარკში“ კი 1958 წელს დაიწერა და ჯერ ბერლინის, შემდეგ ნიუ იორკის სცენებზე დაიდგა.

განსაკუთრებული წარდგენა არც ჰაროლდ პინტერს სჭირდება. ამჯერად ასმათ ლეკიაშვილი ცნობილი ინგლისელი დრამატურგის „წარსულს“ წარმოგვიდგენს.

შემდეგ - შარლოტ კიტლი და მისი „დედამ მითხრა, არ გაბედო“, რომელიც ლონდონის ეროვნულ სცენაზე მეოცე საუკუნეში დადგმულ 100 საუკეთესო პიესას შორის შევიდა.

აქვეა ნორვეგიელი ჯონ ფოსე და პიესა „ჩვენ არასდროს დავშორდებით“, რომელიც ევროპული სცენების ერთ-ერთი ფავორიტი სპექტაკლია.

შემდეგ მოდის ჟან-ლუკ ლაგარსი და „მიუზიკ ჰოლი“. ლაგარსი, სიცოცხლის მანძილზე, სხვა რეჟისორებს თავისი პიესების დადგმის ნებას არ აძლევდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ეს ტექსტები სცენიდან არც ჩამოდის.

კრებული გერმანელი მარლენ შტრეერუვიცის და ფრანგი ნატალი საროტის პიესებით სრულდება.

ფილმები

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

რევოლვერი

სად: კინოთეატრი ამირანი
როდის: ოქტომბერი
რეჟისორი: გაი რიჩი

რა გითხრათ? ამ ფილმის პრემიერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მივიდოდი, თუ ვინმე მანიაკი... მაგალითად, ხელებს და ფეხებს გადამამტვრევდა.”

დედა, ცოლი და, უბრალოდ, მომღერალი მადონა.
2005 წელი. ტორონტოს საერთაშორსო
კინოფესტივალი.

ვერაფერს იტყვი. დედა მადონა ცდილობდა, რომ საყვარელი ქმრის, გაი რიჩის ბოლო ფილმზე ერთი-ორი კარგი სიტყვა ეთქვა ჟურნალისტებისთვის, მაგრამ ეს, რბილად რომ ვთქვათ, ყოვლად უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა ეს სვეტი მადონას არ ეხება და ამიტომ, პირდაპირ გადავალ სათქმელზე და გეტყვით:

ფილმის გმირი, ჯეიკ გრინი - აუტანლად აზარტული ადამიანია. ფული მართლაც ბევრი აქვს. ერთ დღეს, ბანქოს სათამაშოდ, მას დიდ ბოსთან, მაჩასთან დაპატიჟებენ, ოღონდ ერთი პირობით: აუცილებლად უნდა წააგოს. დიდ ბოსთან ხომ ყველა აგებს?!

მაგრამ რიჩი რაღა რიჩი იქნებოდა, რომ თავდაყირა არ დაეყენებინა ყველაფერი. ამიტომაც... გრინი პატიოსნად მიდის ბოსთან, ლას ვეგასელ მაფიოზს ბოლომდე გამოუსუფთავებს ჯიბეებს და არც უცენზურო სიტყვებს დააკლებს. აი, ასე.

ასე რომ:

განგსტერები,

აზარტული თამაშები,

ტყუილი,

და

action.

0x01 graphic

მექანიკური ფორთოხალი

სად: კინოდარბაზი ამარკორდი
როდის: ოქტომბერი
რეჟისორი: სტენლი კუბრიკი

ისინი ოთხნი იყვნენ: ალექსი, პიტი, ჯორჯი და დიმი.

შავი ქუდებით და თეთრი ტრიკოებით.

მიირთმევნდნენ რძეს, უსმენდნენ ბეთჰოვენს...

და ზოგჯერ...

კლავდნენ, თავს ესხმოდნენ, აუპატიურებდნენ.

„მექანიკური ფორთოხალი” ინგლისელი მწერლის, კომპოზიტორის და კრიტიკოსის, ენთონი ბერჯესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი რომანია. ინდივიდის და სახელმწიფოს ურთიერთობა, ახალგაზრდა დამნაშავის ისტორია და ძალადობა, რომელიც შობს ძალადობას, კინოს ისტორიაში ყველაზე ნათლად, სწორედ კუბრიკმა დაანახა მაყურებელს.

უენდი კარლოსის ელექტრონული მუსიკა.

ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია.

კორსაკოვის „შეჰერეზადა“.

როსინის „სევილიელი დალაქი“...

და კუბრიკის შეუდარებელი ფსიქოპატები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი ძალიან ადრე მაქვს ნანახი, შთაბეჭდილება და ემოცია დღესაც მძაფრია. ეს ხომ ახალგაზრდა კანონდამრღვევის ისტორიაა, რომელიც ციხეში ხვდება და თანხმდება, გაიაროს სახელმწიფო ექსპერიმენტი; უფრო სწორად, „სარეაბილიტაციო“ ექსპერიმენტი, რომელიც მას ნორმალურ ადამიანად აქცევს. ძალადობიდან ძალადობამდე, სისასტიკიდან სისასტიკემდე. 1971 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც არასდროს კარგავს თავის ჟღერადობას და აქტუალურობას.

ერთი კი ბოლომდე გაუგებარი რჩება - ვინ არის ნორმალური ამ სამყაროში?

0x01 graphic

თბილისის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი პრომეთე

სად: კინოთეატრები ამირანი, რუსთაველი,
კინოს სახლი.
როდის: 4-9 ოქტომბერი

4 ოქტომბერს, კინოთეატრ „ამირანში“, გიორგი შენგელაიას ფილმი „მოდიოდა მატარებელი“, საზეიმოდ გახსნის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალს „პრომეთე“. 6 დღის განმავლობაში, ფესტივალზე 100-მდე ნამუშევარი: დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ანიმაციური ფილმი იქნება წარმოდგენილი.

პროგრამა: „ჰორიზონტები“, „პანორამა“, „ევროპული კინოს ფორუმი“...

კვირეული: თანამედროვე გერმანული, შვედური, თურქული ფილმის...

ნაჩვენები იქნება: ავსტრიული, კორეული, ჩინური, რუსული არასაკონკურსო ფილმები...

12 საკონკურსო ნამუშევარი...

კანის, ბერლინის და სხვა კინოფესტივალთა გამარჯვებული ფილმები... (იხ. გვ. 138)

წლევანდელ „პრომეთე“-ს სამი ჟიური შეაფასებს. ესენია: ძირითადი; სერგო ფარაჯანოვის სახელობის და პირველად, ფესტივალის ისტორიაში, დამოუკიდებელ კრიტიკოსთა ჟიური „ფიპრესი“.

სიახლეა ისიც, რომ წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში სამი ქართული ფილმი იღებს მონაწილეობას; იმართება მერაბ კოკოჩაშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენება და წიგნის პრეზენტაცია; გაიმართება არაერთი საინტერესო საღამო და შეხვედრა ფესტივალის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებთან.

კინოფესტივალი „პრომეთე“ 9 ოქტომბერს, კინოთეატრ „ამირანში“ ჟული ბერტუჩელის პრიზირებული ფილმით „რაც ოთარი წავიდა“ დაიხურება.

18 რადიო უცნობის ამბები

▲back to top


0x01 graphic

0x01 graphic

„კი მაგრამ, რა დაწესებულებაა ეს?!“ - გავიფიქრე, როგორც კი კარი შევაღე. უამრავი უცნობი ადამინი დამხვდა. ყველა რაღაცით იყო დაკავებული - ზოგი კომპიუტერთან იჯდა, გოგოები ფურცლებით ხელში აქეთ-იქით დარბოდნენ... და შესვლისთანავე ყველამ ისე გამომხედა, ვიფიქრე, რამე ხომ არ მჭირს-მეთქი. დავიბენი. დაჯექიო, მითხრეს. გვერდზე გახედვაც ვერ მოვასწარი, რომ სკამიც იქვე გაჩნდა. „თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში“ - მითხრა ერთ-ერთმა. მინდოდა მეთქვა, - სიამოვნებით, ოღონდ ცოტა გამიჭირდება, ჩემს სახლში ამდენი ხალხი არ ტრიალებს-მეთქი, - მაგრამ გადავიფიქრე; იმიტომ, რომ იმავე კაცმა თვალით სასიამოვნო გარეგნობის გოგონას ანიშნა, „ამას მიხედეთო“.

გოგონა - ყავა შაქრით თუ უშაქროდ?
მე - გმადლობთ, ორი თუ შეიძლება.
გოგონა- ორი ჭიქა თუ ორი კოვზი?
მე - რა თქმა უნდა, კოვზი.

მადლობის თქმას ვაპირებდი, რომ მაგიდაზე მოხატული ფინჯანი გაჩნდა...

(ისმის ხვრეპის ხმა)
„ეუფ“, მაგარია...

დავდივარ ასე, ოთახიდან ოთახში, ყავით ხელში, „როგორც საკუთარ სახლში“, ჩუსტები-ღა მაკლია. ერთ ოთახში ადამიანების ჯგუფი დგას და იცინის. მეც მათთან ერთად დავდექი და ვიცინი - რაზე, თვითონაც არ ვიცი. და მაშინღა გამახსენდა, რისთვის მოვედი, როცა ვიღაც „ნაუშნიკებწამოცმულმა“ კაცმა ჭიჭიკო თუ ბიჭიკო მოიკითხა. მეც მაგათ ვეძებ-მეთქი, ვთქვი, მაგრამ ვინ მოგისმინა?! ამიტომ ჩემი ყავის ჭიქით ხელში, ისევ ოთახიდან ოთახში დავიწყე სიარული. წარმოიდგინეთ, როგორ გამეხარდა, როცა ერთ ოთახში ძველი ნაცნობები, - თანაც ორი, - ვნახე. გამოველაპარკეთ ერთმანეთს და ვკითხე, ჭიჭიკო და ბიჭიკო ხომ არ იცით სად უნდა ვნახო-მეთქი. ერთმანეთს გადახედეს, მერე ისევ მე გამომხედეს, უცნაურად გაიღიმეს და იქვე მდგომ გოგოს რაღაც ანიშნეს. გოგომ ხელი დამავლო და მიკროფონებიან ოთახში ისე აღმოვჩნდი, თვითონაც ვერ მივხვდი. მაშინვე სკამზე დამსვეს... ოთახში ისევ ის დიდი ხნის ნაცნობები შემოვიდნენ. როგორც კი ხმა ამოიღეს... ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. „აი, თურმე ვინ ყოფილან ჭიჭიკო და ბიჭიკო“ - გავიფიქრე და გამეღიმა. ალბათ თქვენც გაინტერესებთ, ვინ არიან ისინი... დარწმუნებული ვარ, თქვენც იცნობთ მათ. ესენი ხომ... მაგრამ ამ დროს მიკროფონს მაჩეჩებენ ხელში. არც კი ვიცი, რას ვლაპარაკობ... ისმის მუსიკა, სხვათა შორის, კარგი...

და როცა თავში ისევ პირველმა კითხვამ - „რა დაწესებულებაა ეს?!“ - გამიელვა, უკვე ჩემს „ჭოჭინაში“ (ავტომობილში) ვიჯექი, დავქოქე, ჩავრთე რადიომიმღები და ნაცნობი ხმა გავიგონე: „უცნობი FM-ი ამოვიჩემეეე“...

ააა!!!

P.S. ისე, კარგად დაფიქრდით, იქნებ ჭიჭიკო და ბიჭიკო, სულაც თქვენი მეგობრები აღმოჩნდნენ... ვწუხვარ, მაგრამ მათ ვინაობას ვერ გაგიმხელთ. თუ ეცდებით, იქნებ რამე გამოგივიდეთ.

ვანიკო თარხნიშვილი