![]() |
ცხელი შოკოლადი №19 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბაბუაძე თამარ, ტურაშვილი დათო, კიკალეიშვილი სალომე, გვახარია გიორგი, თოლორდავა კახა, ნავერიანი სანდრო, კორძაია-სამადაშვილი ანა, ცხადაია მანანა, შავერდაშვილი შორენა, მარი გიორგი |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი პროდიუსერი მარიტა ჭანჭალეიშვილი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი/ელენე ნავერიანი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე ვიზაჟი აუკა მურვანიძე რეკლამა: ნატა ფედოსეევა/გვანცა გუშარაშვილი/ნესტან ავალიანი დისტრიბუცია რატი ლორთქიფანიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძე სანდრო ნავერიანი სანდრო კაკულია მანანა ცხადაია გიორგი ლობჟანიძე გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com |
![]() |
1 ჩვენი ავტორები |
▲back to top |
თამარ ბაბუაძე
ძალიან მინდა, მე ვიყო შენ. ხო, აი შენ, ვისაც უშუალო კავშირები არ გაქვს რედაქციებთან და ჩვენი შრომის შედეგს სრულიად მიუკერძოებლად მოიხმარ. აი, როგორც 15 წუთის წინ მოხდა: შენ ჟურნალების სტენდიდან გადმოიღე „ცხელი შოკოლადი“, იგრძენი ჟურნალის სუნი და უკვე სარჩევსაც გადახედე. ძალიან მინდა, ვიყო შენ იმიტომ, რომ მინდა, ოდესმე ჟურნალის შიდა სამზარეულოში კი არ ვიტრიალო, აი, შენს „მიუკერძოებელ“ სავარძელში მოვკალათდე და გემრიელად ჩავუჯდე:
მხატვარი ცოლ-ქმარი ვეფხვაძეების დაუვიწყარ Family Aff air-ს, ანუ ოჯახურ საქმეს.
ვნახო, როგორ ცხოვრობს ჩემი საყვარელი მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე.
მინდა, რომ არც გიორგი ლიფონავას ვიცნობდე, ანამ გამაცნოს თავისი ტექსტით სწორედ ახლა.
მინდა, სრულიად არაჟურნალისტურად აღვფრთოვანდე: ვაა, ეს რა მაგარი სათაურია - „კაცი, რომელიც დასცინის“; აბა, ერთი ვნახო, ვინ ვის დასცინის-მეთქი და ასე გავიცნო ვიქტორ შენდეროვიჩი.
მინდა ისიც, რომ სხვას დაეწერა ინგრიდ დეხრავეზე, რათა გამეგო - მაინც ასე შემძრავდა ინგრიდის ისტორია? უცნობთან შეხვედრასაც სიამოვნებით გადავულოცავდი სხვას, რათა მივმხდარიყავი: ვთქვი რამე ახალი უცნობზე, რომელსაც მთელი ქვეყანა იცნობს?
შენს სავარძელში, ალბათ, სულ სხვა გემო ექნებოდა დანარჩენ „ცხელ შოკოლადსაც“...
უი, უკაცრავად, შენ უკვე აღარ ზიხარ შენს სავარძელში, არამედ ზღვის ნაპირას, შეზლონგში ხარ მოკალათებული? მით უმეტეს! მით უმეტეს მინდა, ვიყო შენ. მაგრამ არ ვარ. თან „ცხელი შოკოლადის“ ყველა ტექსტი უკვე წაკითხულ-გადამოწმებული მაქვს და ახლა სულმოუთქმელად ველოდები შენს აზრს ჟურნალის შესახებ, რომელიც, იმედი მაქვს, თუ აღფრთოვანებული არა, უბრალოდ დადებითი მაინც იქნება, რადგან: ასეთ შემთხვევაში შენ კვლავაც დაელოდები 25 რიცხვს, რათა ისევ შეჩერდე ჟურნალების სტენდთან და შეიგრძნო „ცხელი შოკოლადის“ ფურცლების არომატი.
მანამდე კი იქნებ, ჩვენც ჩავეშვათ მოწყვეტით რომელიმე ზღვის სანაპიროზე გაშლილ შეზლონგზე, რათა თავიდან დავიმუხტოთ მზის ენერგიით, და მერე ისევ იმ „სამზარეულოში“ დავბრუნდეთ, სადაც 25 სექტემბრისთვის უამრავ სიურპრიზს მოგიმზადებთ და საიდან გამოღწევაზეც ცოტა ხნის წინ ვოცნებობდი.
მოკლედ, არა, გადავიფიქრე. მე მინდა ვიყო მე!
დათო ტურაშვილი
მგონი ავადმყოფობაა, რომლის სახელიც არ ვიცი, მაგრამ მაშინაც კი, როცა დანამდვილებით ვიცი, რომ უნდა გავწვალდე, თავს მაინც ვერ ვიკავებ და ინტერნეტში მონატრებული სამშობლოს ახალ ამბებს მაინც ვუყურებ. ალბათ, სადომაზოხისტური მიდრეკილებები (თუნდაც სულ მცირე დოზით) ნებისმიერ ჩვენგანში არსებობს და აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს ესპანეთში „კურიერის“ ყურებას, რომელიც მხოლოდ საშინელებების ჩამონათვალია და ეს ყველას მშვენივრად მოგვეხსენება. მშვენივრად ვიცი, რომ მხოლოდ ხასიათი გამიფუჭდება და ნერვები მომეშლება, მაგრამ თავს მაინც ვერ ვიკავებ ხოლმე. თუმცა ყველგან და ყველაფერში არის გამონაკლისი და ასეთი სასიამოვნო გამონაკლისი ერთხელ „კურიერშიც“ მოხდა. მართალია, ერთადერთი შემთხვევა იყო, მაგრამ ამ კადრების დავიწყება შეუძლებელია და ამიტომაც ვერ ვივიწყებ.
შევედი ერთხელ „რუსთავი-2“-ის მისამართზე, გავხსენი „კურიერი“ და რას ვხედავ - დგას პარლამენტარი ხათუნა გოგორიშვილი წმინდა მდინარე იორდანეში და წლების მანძილზე გაყალბებულ საარჩევნო ბიულეტენებს იორდანეს ტალღებს ატანს. სიხარულისგან ცრემლები ვერ შევიკავე, რადგან მე რომ ხათუნა გოგორიშვილი გამყალბებელი და ჩვენი შვილების მტერი მეგონა, თურმე ყველაზე კეთილშობილი მოვლენაა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. თურმე, წლების მანძილზე გაყალბებულ საარჩევნო ბიულეტენებს საგულდაგულოდ ინახავს და მონანიების მიზნით აგროვებს.
და როცა ისრაელში სააღდგომოდ მოხვედრის შესაძლებლობა მიეცა, ეს გაყალბებული ბიულეტენები თვითმფრინავით თელ-ავივში ჩაიტანა, იქიდან კი მდინარე იორდანემდე გადაზიდა (მონანიების მიზნით) და კმაყოფილმა, ბედნიერმა და ვალმოხდილმა წმინდა მდინარის ტალღებს გაატანა.
მთავარი სინანულია და პირადად ხათუნა გოგორიშვილს, ამ ნაბიჯის გამო, ყველა გაყალბება ვაპატიე, მათ შორის ჩემი ცხოვრების გაყალბებაც, რომელსაც, ალბათ, იორდანე არ ეღირსება და აქვე, რომელიმე ადგილობრივი მდინარე უხმაუროდ წაიღებს...
სალომე კიკალეიშვილი
საშინელებაა, მაგრამ წლის ბოლოსკენ, გაზაფხული-ზაფხულის თვეების შემდეგ, საკუთარ თავში ერთი უსიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე. მგონი ერთი კარგი გოგონა სალომედან, ქალ-კიბორგად ვიქეცი!!! აზრების მაგივრად, ფოლდერებში ჩაწყობილ ფაილებს ვინახავ, სამყაროს ფოტოშოფიდან ვუყურებ და სულ მეშინია, ყველაზე უდროო მომენტში არ გადავიწვა-მეთქი. მაგრამ ზოგჯერ რაღაც უცნაურობები მემართება და ამქვეყნიურ ცხოვრებასაც ვუბრუნდები ხოლმე. ასე, მაგალითად:
ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა სვეტის დაწერის კანდიდატებში მოვხვდი, რომ რა გითხრათ... თვალები ცრემლებით ამევსო, მუხლები ამიკანკალდა, ხელებმა არაკონტროლირებადი მოძრაობები დაიწყეს და იმ მომენტში ორი სიტყვის გადაბმა რომ შევძელი, ჩემს თავს ჰერკულესის ტოლფას გმირობად ჩავუთვალე.
ჰერკულესი - მაშინ გამახსენდა, როცა ალმოდოვარის ბოლო ფილმი ვნახე და თავი ძლიერ, ყველაზე ძლიერ ქალად ვიგრძენი. ვიგრძენი, ან შევეცადე მეგრძნო.
ცრემლები - მაშინ შევნიშნე, როცა ანტონ ბალანჩივაძის „შეჰერეზადას“ ჩავხედე თვალებში და მისი პატარა ტკივილი ჩემს მინორულ განწყობასთან გაერთიანდა.
ბედნიერი კი მაშინ ვიყავი, როცა ვეფხვაძეებს ვესტუმრე და მათი ოჯახის და ურთიერთობების შემყურე, ახალი ენერგეტიკით დამუხტული წამოვედი. ოთარის და იას love story-ს ვუსმენდი და შიგადაშიგ, ერეკლეს მერწყულობაზე მეღიმებოდა.
ამ ნომერში ბევრი რამის თქმა მინდოდა, სვეტში - ბევრის მოყოლა.
რაც ვთქვი, ვთქვი... რაც მინდოდა მომეყოლა... ბოლომდე ვერ მოვყევი. რატომ? ხომ იცით, სვეტის დაწერის კანდიდატებში რომ მოვხვდი, თვალები ცრემლით ამევსო, მუხლები ამიკანკალდა და ხელებმა არაკონტროლირებადი მოძრაობები დაიწყეს-მეთქი. ჰოდა, წავალ, სანამ დროა, სანამ მთლად გადავმწვარვარ და თქვენდამი სიყვარულით სულ ჩავფერფლილვარ.
ჩემი კომპიუტერის არ იყოს, ერთი გემრიელი რესტარტი მეც ხომ მჭირდება?!
გიორგი გვახარია
აქ, პრაღაში ყოფნისას, განსაკუთრებით დავაფასე ერთწლიანი SCHENGEN VISA, რომელიც ზამთარში, „ბერლინალეზე“ გამგზავრების წინ მოვიპოვე.
ჩეხეთი ამ მაგიურ ზონაში ჯერ არ შეუყვანიათ, მაგრამ „ზონაში“ შესვლის უფლება თუ გაქვს და კაფკას ლაბირინთებში ხეტიალი თუ ძალიან მოგწყინდა, აუცილებლად უნდა აიღო მატარებლის ან ავტობუსის ბილეთი და რომელიმე „შენგენს“ ეწვიო. განსაკუთრებით, თუ ადამიანი, რომელზეც ყველაზე ბევრს ფიქრობ, ოდესღაც ამ ზონაში დაიბადა.
ზიგმუნდ ფროიდი, მაგალითად.
როცა თბილისში ვითარება განსაკუთრებულად ირევა, ფროიდი მაგონდება ხოლმე. მაგრამ ფსიქოანალიზის მამის აჩრდილი წელს მუდმივად დამყვება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სიტუაცია მუდმივად არეულია (ე.ი. ხალხი მუდმივად ცდილობს, არასრულფასოვნების კომპლექსისგან გათავისუფლდეს), მეორეც - პროფესორი 150 წლის გახდა და მეც, ასევე არასრულფასოვანმა არსებამ, რომელიც ვერ ელევა შავ მაისურს, წარწერით „ფსიქო“, გადავწყვიტე ჟურნალისთვის „ცხელი შოკოლადი“ ფროიდზე მორიგი „შედევრი“ შევქმნა.
სტატია დამთავრებული მქონდა, როცა გამახსენდა ჩემი სანუკვარი პასპორტი, რომელშიც მაგიურ ზონაში შესვლის უფლებაა აღნიშნული. და სად უნდა წავიდეს ამ დროს კაცი, რომელიც მთელი წელია ზიგმუნდზე ფიქრობს? რა თქმა უნდა, ვენაში, ფროიდის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად...
იმდენად დასათვალიერებლად კი არა, რამდენადაც სუვენირების საყიდლად.
ამბობენ, ასეთი უცნაური სუვენირები მსოფლიოს არცერთ მუზეუმში, არცერთ სექს-შოფში არ იყიდება.
ხვალ ვენაში მივდივარ. ფროიდის სუვენირებს ვიყიდი.
მერე თბილისელმა მებაჟეებმა რომ დამაპატიმრონ „პორნოგრაფიის გავრცელებისთვის“?
ვითომ გამოვა ქუჩაში ვინმე ჩემს დასაცავად?
კახა თოლორდავა
„ჰერბი ჰენქოქი მთელი კონცერტის განმავლობაში საათზე იყურებოდა“! „ჰენქოქი ბოლომდე არ დაიხარჯა“! „ჰენქოქმა თავისი ძველი „ვეშჩები“ არ დაუკრა! - ამ და ამნაირ ფრაზებს ჰენქოქის კონცერტის შემდეგ ბევრისაგან მოისმენდით. ძალიან ბევრისაგან. მუსიკაზე სიტყვა არავის დაუძრავს. საბოლოო ჯამში, რამდენადაც მივხვდი, ჰენქოქმა უმრავლესობის იმედები ვერ გაამართლა. პირველ რიგში კი, ალბათ იმიტომ, რომ უმრავლესობას ის ჰენქოქი არ მოასმენინა, ვისაც ისინი იცნობენ და ელოდნენ. თბილისში ჰენქოქმა ის ჰენქოქი წარმოადგინა, რომელიც მსოფლიო ტურნეს იმიტომ არ აწყობს, რომ მსმენელს თავისი ძველი ჰიტებით მოაწონოს თავი. მას ეს, უბრალოდ, არ აინტერესებს. ის ცოცხალი, მოქმედი მუსიკოსია და არა რეპერტუარს ამოფარებული ვარსკვლავი; მას ნამდვილად აინტერესებს ის მუსიკაა, რომელიც მას აი, ახლა, ამ წუთს ესმის. ამ წუთს კი მას ის მუსიკა ესმის, რომელიც არაა ჯაზი, არც „ფიუჟენი“ თუ სხვა რამ და საერთოდ, არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც აქამდე უკეთებია. სამაგიეროდ, ესაა მუსიკა, რომელიც „მშვიდი ცურვით“ კვეთს აფრიკული, ევროპული და ამერიკული მუსიკალური ტრადიციების ფარგლებში ხელოვნურად შექმნილ ფორმალურ ბარიერებს და სავსეა სევდიანი ბენინური მოტივებით, ქალური საწყისით, საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილით და მედიტაციით. ასეთი მუსიკის მოსმენა და აღქმა კი საკმაოდ ძნელია, როდესაც დარბაზში ცხელა და მსმენელს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, თუ როგორ მუსიკას მოისმენს.
„თქვენ თხუთმეტი წუთი გაქვთ“, - მითხრა ჰენქოქმა ინტერვიუს დაწყების წინ. ვიცოდი, რომ მას მხოლოდ მუსიკაზე საუბარი არ უნდოდა. არ იცოდა, რომ მე ეს ვიცოდი და ამიტომაც, ჩვენმა საუბარმა საათზე მეტხანს გასტანა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას არცერთხელ არ დაუხედავს თავის უზარმაზარ, შავციფერბლატიან საათზე. დარწმუნებული ვარ, რომ თუ მან სცენაზე ყოფნისას მართლაც დახედა საათს, არა იმიტომ, რომ დროულად დაემთავრებინა კონცერტი. ის ამ სიშორეს ვინმესათვის შეურაცხყოფის მისაყენებლად ან ფულის გასაკეთებლად არ ჩამოსულა. აქ იმ მუსიკის დასაკრავად ჩამოვიდა, რომელიც ახლა, ამ წუთს ესმის. ეს კი სერიოზული არგუმენტია მსმენელის სასარგებლოდ და იმას ნიშნავს, რომ მსმენელს ენდობა, მუსიკის მსმენელს.
სანდრო ნავერიანი
ექსტრიმი მაგარია.
თხილამურები კიდევ უფრო.
ექსტრიმი თხილამურებით ხომ საერთოდ!
ავსტრიაში ან შვეიცარიაში რომ ვცხოვრობდე, ალბათ, შუა ივლისში თხილამურებით სრიალი ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, მაგრამ არც ავსტრიაში ვცხოვრობ და არც შვეიცარიაში - საქართველოს მთების შვილი ვარ და თან ძალიან გაკვირვებული, გახარებული, ნასიამოვნები და ბედნიერი. საქმე ისაა, რომ სულ რაღაც სამი დღის წინ, როცა თქვენ აქ, თბილისში იხრუკებოდით (ძალიან კი განვიცდიდი ამ ამბავს, მაგრამ აბა, რა შემეძლო გამეკეთებინა?), მე, ალექსანდრე ნავერიანი, უშბის პლატოზე სხვადასხვა ტელევიზიის, ჟურნალის თუ გაზეთის ჟურნალისტებთან ერთად, თხილამურზე ვიდექი და ზღვის დონიდან 4000 მეტრის სიმაღლიდან ვეშვებოდი. ესე იგი, თქვენზე ათჯერ მაღლა ვიყავი და თქვენზე ათასჯერ დიდ სიამოვნებას ვიღებდი.
ვიცი, რომ გახარბებთ, მაგრამ ამას განგებ ვაკეთებ - მინდა, რომ თქვენც განიცადოთ ეს გრძნობა და ერთხელ თქვენც მითხრათ: შენ რო თბილისში იხრუკებოდი, მე ზღვის დონიდან 4000 მეტრის სიმაღლიდან ვეშვებოდი თხილამურებითო. ერთი სიტყვით, ძალიან მაგარია ექსტრიმი.
მართალი გითხრათ, ეიფორიაში ვარ და სულ გადამავიწყდა ბატონი ვიქტორი, ანატოლევიჩი. შენდეროვიჩზე გეუბნებით, აი, 118-ე გვერდზე რომ იწყება, სანდრო ნავერიანი რომაა ავტორი და ილუსტრაცია ელენე ნავერიანისა აქვს. წაიკითხეთ, ნახეთ, ტექსტი შეიძლება ვერაფერი ბედენა გამოდგეს, მაგრამ თავად რესპონდენტია საინტერესო ადამიანი, ბევრ საინტერესოს ამოიკითხავთ. ერთი სიტყვით, ნახეთ და რა ვიცი, იქნებ მოგეწონოთ კიდეც.
P.S. „ცხელი შოკოლადის“ სტაფს: ცოტა ექსტრიმი და ადრენალინი თქვენც გჭირდებათ. მესმის, რომ საქმე უპირველეს ყოვლისა, მაგრამ სამწუხაროდ, კლავიატურის წკაპუნის შედეგად, ადრენალინის მოზღვავებას ვერასოდეს იგრძნობთ.
![]() |
2 ART-ი |
▲back to top |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ახალი ჟურნალი „კინო“
კინოთეატრი „ამირანი“.
6 ივლისი. 19:00.
გიყვართ კინო?
გაინტერესებთ კინო?
მაშინ წაიკითხეთ „კინო“!
ქართულ მედია-სივრცეს ხომ ახალი ჟურნალი შეემატა; ყოველკვარტალური, შავ-თეთრი „კინო“; რომელიც ჟურნალმა „ცხელი შოკოლადი“ და გამომცემლობა „ემ ფაბლიშინგმა“, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამოსცა.
ჟურნალის პრეზენტაცია კინოთეატრ „ამირანში“, „Voulez Vous“-ს პრიზების გათამაშებით, პედრო ალმოდოვარის ფილმის, „დაბრუნების“ მსოფლიო პრემიერის წინ გაიმართა; ანუ მანამ, სანამ მოწვეული სტუმრები ესპანელი რეჟისორის ბოლო ფილმს ნახავდნენ და პენელოპა კრუზის ახალი იერის თუ იმიჯის დანახვაზე, გენიალურ ანა მანიანის გაიხსენებდნენ; კიდევ ერთხელ დატკბებოდნენ ალმოდოვარის ფერებით და მისი მარტოსული, ძლიერი ქალების შემყურე, თითოეულ ქალს, ყველაზე უსუსურსაც კი, თავი ყოვლისშემძლე „ჰერკულესი“ ეგონებოდა.
„კინო“ - ეს არის ქართული და მსოფლიო კინოსიახლეები, კინემატოგრაფისტთა ინტერვიუები, ახალი კინოსცენარები, დისკუსიები და საინტერესო რუბრიკები, რომელსაც „კინოს“ ავტორები და კინომცოდნეები შემოგთავაზებენ; ეს არის მივიწყებული ვარსკვლავები და ახალი, უცნობი სახეები... კინოს ისტორიის ფრაგმენტები და ახალ ფილმებზე დაწერილი რეცენზიები.
ჟურნალის ავტორები და მისი მთავარი რედაქტორი გოგი გვახარია, ორი თვის მანძილზე შრომობდნენ, რომ თქვენთვის „კინო“ შეექმნათ; ახალი შავ-თეთრი „კინო“, რომელიც თუ თავისი არსებობით დიდად ვერ დაეხმარება ქართულ კინოს, იქნებ მისთვის თვალების ახელა მაინც შეძლოს.
ამას ნამდვილად შევეცდებით, გპირდებით.
P.S. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ცხელა და სიცოცხლეც აღარ გიხარიათ, ნუ დაიზარებთ და აუცილებლად შეიხედეთ ჯიხურებში, სიცხისგან გათანგულ გამყიდველს ახალი ჟურნალი „კინო“ მოთხოვეთ. ნახეთ, გადახედეთ... რა იცით, იქნებ თქვენც მოგეწონოთ ჩვენი „კინო“?!
„დაკარგულები“
გალერეა „უნივერსი“
30 ივნისი. 17:00.
ძალიან დაცხა, არამარტო ქუჩაში, არამედ გალერეა „უნივერსის“ დარბაზებშიც. მრავალი სხვა გამოფენისგან განსხვავებით, ვერნისაჟზე მობრძანებული საზოგადოება საპატიო წრის დარტყმით არ შემოფარგლულა და ქუჩაში „სიგარეტის მოსაწევად“ გამოსულთა რაოდენობაც უჩვეულოდ მცირე იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი - ნუ გამიჯავრდება თბილისელი ხელოვნების მოყვარული საზოგადოება, მე თვითონ ვარ ასეთი, - რომ ყველა დაუზარლად წაიკითხავდა ყველა ტექსტს, ყველა ნამუშევართან კარგა ხნით ჩამოდგებოდა და გასვლისას, ფეხბურთის ნაცვლად, „ფიგურატივისტების“ შესახებ ილაპარაკებდა.
„ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წარმომადგენლებს, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ ლევან მინდიაშვილს, ტატო ახალკაციშვილს, მალხაზ დათაშვილსა და ირაკლი ბუგიანს, კონცეპტუალური გამოფენა საქართველოში აქამდე არ ჰქონიათ. და აი, პროექტი „დაკარგულები“, რომელიც დამოუკიდებელი კურატორის, სოფო კილასონიას ავტორობით და ორგანიზებით განხორცილედა.
ეს არის ხელოვნება, რომელიც არაა მოწყვეტილი დღევანდელობას და არაა შენიღბული სალონური ესთეტიზმით. არც ექსპოზიციაა რამდენიმე მხატვრის ნამუშევართა ერთობლიობა. როგორც თავად აღნიშნავენ, მათ შექმნეს ერთიანი ინსტალაცია, რომელსაც საერთო არსი და იდეა აერთიანებს, უბრალოდ, ამ კონცეპტუალურ მთლიანობას სხვადასხვა მხატვრული ამოცანა დაუსახეს.
ვის როგორ, მე კი ყველაზე მეტად „გოგოების ოთახი“ მომეწონა. მალხაზ დათაშვილის ქანდაკება, ლამაზი და ცოტა სევდიანი გოგო, ტატო ახალკაციშვილის და ლევან მინდიაშვილის ქალები... ამ უკანასკნელის ქალებთან მიმართებაში ობიექტური ვერაფრით ვიქნები, თუ გამოფენაზე მიბრძანდებით - და ამას ძალიან გირჩევთ, - თავად მიმიხვდებით, რატომ.
ვულოცავთ სოფო კილასონიას და „ფიგურატივისტებს“, და დიდი მადლობა. მეტი მაინც არაფერი მეთქმის.
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ცოტა მხატვრობა, ცოტა თამაში...
„ქვილთის გალერეა“.
25 ივნისი. 18:00.
მოდით, ცოტა შორიდან დავიწყებ და ერთ-ორ სიტყვას ამ ახლად გახსნილ გალერეაზეც გეტყვით. „ქვილთის გალერეა“ ის გალერეაა, რომელმაც ეს ფუნქცია, თავისდაუნებურად, სრული შემთხვევითობის წყალობით შეიძინა; მაშინ, როცა მხატვარმა ირა ლავრინენკომ ახალ ბინაში დროებით დაკიდა ნამუშევრები. მაგრამ სიტყვა „დროებითი“ „სამუდამოთი“ შეიცვალა და სახლი - სახელოსნო-გალერეად გადაიქცა. ასე რომ, დღეს ამ სახელოსნო-გალერეის პრეზენტაცია და ტექსტილის მხატვრის, ნინო კუპრავას ნამუშევრების ჩვენებაა.
„აი, ეს არის პერსონალური გამოფენა, ასეთი საშინელება ყოფილა,“ - მითხრა ნინომ მას შემდეგ, რაც ხალხში ძლივს გამოიკვლია გზა და ჩემთვის აბსოლუტურ „ჩინურზე“ - აბრეშუმის ქაღალდზე შესრულებულ თავის ნამუშევრებზე მომიყვებოდა: „ეს საშინელება მაშინ დამემართა, როცა აბრეშუმის ქაღალდი ვისწავლე. 2000 წელს ჩვენი ჰოლანდიელი მეგობარი ჩამოვიდა და ეს ტექნიკა გვასწავლა. ისე, ჩემთვისაც ჩინურია, იმიტომ, რომ სულ აბრეშუმთან გაქვს საქმე. კოკონიდან ვაკეთებ ფირფიტას, ძაფს არ ვართავ, მაგრამ... კეთდება ეს ფირფიტები, მერე აწყობ ნამუშევარს. აი, ეს ნახატი სულ ასეთი, შეღებილი ფირფიტებითაა აწყობილი. ჩემთვის საინტერესოა ის, რომ ნამუშევრის შექმნას, ძალიან გრძელი მოსამზადებელი პროცესი უძღვის წინ. და მასალასაც შენ თვითონ ქმნი, ყველაფერს შენ აკეთებ. თავიდანვე მე ვარ. და აი, როცა უკვე მუშაობას იწყებ... ვერ მოგიყვები რას ჰგავს... ცოტათი თამაშია, ცოტათი ხატვა, ცოტათი კიდევ რაღაცა... ეს ჩემთვის საუკეთესო საქმიანობაა.
P.S. ისე, დათვალიერების დროსაც ასევე იყო - ცოტა მხატვრობა, ცოტა თამაში, ცოტა... ცოტა კიდევ რაღაცა... რაღაც კარგი.
ზღვა, მზე და არტი კაფეში
აჭარა. კვარიათი. „რაკუშკებიანი კაფე“.
ივლისი.
გინდათ ცოტა შეგშურდეთ?
კიი?
ძალიან, ძალიან?
თან ჯერ კიდევ თბილისში ხართ?
მეც. ამიტომ მოდი, მომყევით, ერთად შეგვშურდეს და ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვების გავიზუალებისას, თვითონ ნახეთ რა მოგვივა:
დასვენება, კვარიათი, ლურჯი ზღვა, კაშკაშა მზე და „რაკუშკებიანი“ კაფე...
ოოო, მაგარია, არა?!
თუ ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ხართ, მაშინ იმედი მაქვს გემახსოვრებათ, ცივი ზამთრის ერთ-ერთ ნომერში, შოკოლადური story-ს გმირი ნათია ბოლქვაძე. აი ის, მთელი ზამთარი თავის სახელოსნოში ჩაკეტილი რომ აკეთებს ჭრელა-ჭრულა სამკაულებს და ზაფხულობით, დასასვენებლად ჩასულებს კვარიათში, მისივე „რაკუშკებიან“ კაფეში, მინი გამოფენა-გაყიდვას რომ უწყობს.
ხოდა, ახლა სწორედ ის დროა, როცა ნათია კაფეში მორიგ არტს მართავს და იქ შესულ კლიენტს ჭერში ჩამოკიდებულ, საკუთარი ხელით ნაკეთ სამკაულებს სთავაზობს; სამკაული „პოეზიის“ გვერდით, რომელზეც საყვარელი რომანტიკოსების ლექსების ფრაგმენტები უწერია, ნაციონალური „კვარიათი“ ჩამოუკიდია, და იქვე ახლოს, მისი ახალი მძივები ეგვიპტე-აფრიკის თემატიკით იწონებენ თავს. სადღაც ქვემოთ კი, ფრიდა კალოს თემაზე გაკეთებული მშვენიერება კიდია და... მოკლედ, კაფე კი არა, მინი არტ-გალერეაა. ხო, ზუსტადაც რომ მინი არტ-გალერეაა აჭარის ყველაზე, ყველაზე ექსტრავაგანტური ადამიანისგან.
X-treme 4000 მეტრზე ზღვის დონიდან
გაგანია ივლისში, თბილისის ქუჩებში თხილამურებით სიარული გამვლელ-გამომვლელის გაკვირვებას იწვევდა, მაგრამ მათ საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ ექსტრემალი ჟურნალისტები სვანეთში სასრიალოდ მიდიოდნენ.
17 ივლისს სხვადასხვა ჟურნალის, გაზეთის, ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტებით გაძეძგილი „მარშრუტკა“ სვანეთისკენ დაიძრა. მანქანაში მსხდომთ ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებდა, მაგრამ მთავარი დამაკავშირებელი იყო ექსტრიმი. ერთი სიტყვით, მანქანაში ექსტრემალები ისხდნენ და სვანეთში მიდიოდნენ, სადაც მათ უშბის პლატო და მყინვარები ელოდებოდა. უშბის პლატოზე, სამთო სათხილამურო სპორტში ჟურნალისტების შეჯიბრი უნდა გაიმართოს.
მოგეხსენებათ, სვანეთი ძალიან შორს არის, ძალიან. ჰოდა, 11 საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ჩავიდნენ მესტიაში და საქართველოს ყველაზე სახელოვანი და, სამწუხაროდ, დაუფასებელი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლში დაბინავდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორებმა - სპორტის ზამთრის სახეობათა დეპარტამენტმა, ფესტივალმა „ნიამორი“, მესტიის რაიონის გამგეობამ და კომპანიამ „რუსული ალკოჰოლი“ - 18 ივლისს დაგეგმილი შეჯიბრი ვერ ჩაატარეს, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამინდი არ უწყობდათ ხელს. ამიტომაც ის დღე ჟურნალისტებმა მესტიის თვალიერებაში გაატარეს: იყვნენ მუზეუმში, მიირთვეს მჟავე წყალი, ნახეს მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი... ერთი სიტყვით, არავის მოუწყენია. ერთი კია, ყველას უშბის პლატოსკენ მიუწევდა გული.
19 ივლისიც ზუსტად ისეთი მოღრუბლული იყო, როგორიც 18. ჟურნალისტებს შორის პატარა უიმედობაც გაჩნდა - საერთოდ რომ არ გამოვიდეს ამინდი, მაშინ რაღა ვქნათო. მოწყენილობას კლდეზე ცოცვაში გამართული შეჯიბრით გაუმკლავდნენ, რომლის გამარჯვებულიც ჟურნალი „ანაბეჭდის“ რედაქტორი გოგი ახალკაცი გახდა.
დაღამდა და ცაზე კვლავ არცერთი ვარსკვლავი არ ჩანდა - ისევ მოღრუბლული იყო. მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს - ხვალ როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, მაინც ავალთ და შეჯიბრს ჩავატარებთო.
20 ივლისს, დილიდანვე შეუდგნენ აღმართს. გზა გრძელი და რთული იყო. თან თხილამურებს, ბათინკებს და ზურგჩანთებს მიათრევდნენ. შიგადაშიგ ისეთ ნისლში შედიოდნენ, თითს თვალთან ვერ მიიტანდი, მაგრამ ხომ გაგიგიათ - მთავარია მონდომებაო. აი, ეგრე, მოინდომეს და ავიდნენ. მონდომებული ექსტრემალების წინააღმდეგ ამინდმაც ვერაფერი გააწყო და მზეც გამოვიდა.
შეჯიბრი ჩატარდა. ყველა მონაწილის სახეზე რაღაც დიდი სიამოვნება იხატებოდა, „დროების“ ოპერატორი კი კამერით დარბოდა და ყველას ეუბნებოდა, გრძნობებზე მელაპარაკე, რას ფიქრობ, როგორი შეგრძნებაა 4000 მეტრის სიმაღლიდან რომ ეშვებიო. ამავე ოპერატორმა იმდენი მოახერხა, რომ საბოლოოდ, ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს, როგორც შეჯიბრის „ჩაინიკი“. ისე, მაგრად კი გაუხარდა.
შეჯიბრის გამარჯვებული კი გახდნენ: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაზეთი „ახალი ვერსია“, ჟურნალები „ანაბეჭდი“ და „ცხელი შოკოლადი“, „იმედი“ (კერძოდ, „დროება“), გაზეთი „24 საათი“ და საერთოდ ყველა, ვინც კი შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა, ყველა ორგანიზატორი, სპონსორი, მაყურებელი (ამ შეჯიბრს ჩეხი მაყურებელიც კი ჰყავდა), მასპინძელი და ყველა გულშემატკივარი, რომლებიც ზოგი იქ იყვნენ, ზოგიც აქ - თბილისში.
ისე კი, ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“ (სანდრო ნავერიანი);
II ადგილი - კომპანია „ერნსტ & იანგი“ (ზვიად მემარნიშვილი);
III ადგილი - ჟურნალი „ანაბეჭდი“ (გოგი ახალკაცი);
თბილისში წამოსვლის წინ კი, ორგანიზატორები დაგვპირდნენ, მომავალ წელს შეჯიბრი ბევრად უფრო მასშტაბური იქნება და, საერთოდ, ტრადიციული გახდებაო.
![]() |
3 უსმინეთ უცნობს |
▲back to top |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
სანამ საგურამოში ჩავიდოდი
„თქვენ უსმენთ რადიო „უცნობს“, ეგაა პრობლემა“. თუ ეგ არაა პრობლემა? ვერასდროს ვერ გავიგე, რას ამბობს. ახლაც მივდივართ საგურამოში და 98.0 FM-ზე კიდევ ერთხელ მახსენებს უცნობი, რომ რადიო „უცნობი“ ამომიჩემებია. მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. უცნობმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ თვითონ უცნობიც ამოვიჩემე. თან როგორი ამოჩემება ვიცი?! ჯაჭვის რგოლებივით ვაბამ ერთმანეთს ასოციაციურ ფიქრებს. ახლაც: მოქალაქე უცნობზე ფიქრებიდან აფრიკულ ნიღბებამდე ჩავაღწიე, მერე „პაპილონიც“ გამახსენდა, „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“-ც და ლეონარდო დი კაპრიოც კი - „დამიჭირე, თუ შეგიძლია“. მაგრამ როცა საგურამოდან წამოვედი, დავასკვენი, რომ განსხვავება ჩემი ფიქრების ასოციაციურ დინებასა და რეალურ უცნობს - გია გაჩეჩილაძეს - შორის ძალიან დიდია. უცნობიც იმალება, მაგრამ ტემპი გაცილებით ნელი აქვს. ის გარბის, მაგრამ აქვეა, თან - არც ისე აქვე. ეს „დამალობანას“ თამაშის უცნობისეული სტილია.
სანამ უცნობი მართლა უცნობი იყო:
„ერთადერთი, რაც ბავშვობიდან არ მიყვარდა, იყო სიბნელე. ლევანი ჩემზე წელიწადნახევრითაა უფროსი და ბავშვობაში ასე ერთობოდა ხოლმე: ერთი ოთახი გვქონდა. საღამოობით გამოიტანდა სკამებს, რომ ვერ დავმჯდარიყავი, სინათლეს ჩამიქრობდა და გარედან ჩამკეტავდა. მე ასანთებ ღილაკს ვერ ვწვდებოდი და ვიჯექი სიბნელეში, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი კოშმარი. მერე, ამავე მიზეზის გამო, ლიფტში ჩაჯდომაც შემზიზღდა“.
არადა, ნიღაბშიც ძალიან ბნელა, კულისებშიც ჩამოწვება ხოლმე სიბნელე, და სამალავებსაც უშუქობა სჩვევია. გიას კი ბავშვობიდან გამოყოლილი შიშის მიუხედავად, ბიოგრაფიის სხვადასხვა ქვეთავში სამივეს მოსინჯვა მოუხდა - ნიღბისაც, კულისებისაც და სამალავებისაც. რაც ყველაზე პარადოქსულია, ყველაზე დიდი კომფორტიც ამ სამმა მიანიჭა და ეს, ეტყობა, ბავშვობიდან გამოყოლილი მეორე ახირების ბრალია: „მთელი ბავშვობა შტაბებს და სამალავებს ვაშენებდი - ეზოებში, სახლის სახურავებზე, ხეებზე. ვაკეში რაც ეზო იყო, ყველგან ჩემი შტაბი მქონდა - ანუ, ყოველთვის, თავიდანვე, დამალობანა იყო ჩემი მთავარი თამაში. სულ ვიმალებოდი და მეძებდნენ. დამალული ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
საყვარელი ნიღბებიც სულ მქონდა. განსაკუთრებით მიყვარდა უცხოეთიდან ჩამოტანილი ნიღბები. მამაჩემს ჩამოჰქონდა ხოლმე. ეს ახირება დღემდე გამომყვა. ერთი პერიოდი იმდენი ნიღაბი დამიგროვდა, რომ მერე ყველა გავაჩუქე. სამახსოვროდ ვჩუქნი ხოლმე საყვარელ ადამიანებს.
საერთოდ, ხომ არის რაღაც ნივთები, რომელთანაც საკუთარ პიროვნებას აიგივებ? ჩემთვის ასეთი ნივთი სამია: ნიღაბი, ხელჯოხი და ქუდი - არცერთის გარეშე არ შემიძლია“.
იმ ხანაში, როცა უცნობი ჯერაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, ფრინველებისაც ეშინოდა. „ერთხელ, ახალ წელს, ბებიაჩემმა სკოლიდან მომიყვანა, საპირფარეშოში მინდოდა ძალიან. გავაღე კარი და თურმე, იქ საცივისთვის დასაკლავად გამზადებული ინდაური დაუბამთ. საშინელი შესახედავი იყო. გავაღე კარი და ინდაურის სახე შემომეფეთა. ყვირილით გამოვვარდი და მას მერე, ფრინველებს ვერ ვიტან.
საერთოდ, ჩვენს სახლში სულ მხიარულება იყო ხოლმე - ძირითადად, ჩემი ძმის დამსახურებით. მეც ცელქი ბავშვი ვიყავი. ყველა თამაშს ერთად ვთამაშობდით - „შვიდ ქვასაც“ და „ომობანასაც“.
მერე, ინტერესებს შორის, ერთი იღბლიანი დამთხვევა მოხდა: მუსიკის და დამალობანას სიყვარული გაერთიანდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ უცნობი. თუმცა, ეს მერე იყო. მანამდე უცნობი ვერც მუსიკალურ სკოლაში სიარულს იტანდა:
„შვიდწლედი დიდი ტანჯვით დავამთავრე, დიდი ომით და დავი-დარაბით. პედაგოგები ჩემზე ამბობდნენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო. რა ვქნა, პატარა ვიყავი და გართობა მინდოდა. რომ არა დედაჩემი და მამიდაჩემი (მუსიკალურ ათწლედში ასწავლიდა), მუსიკას, ალბათ, საერთოდ თავს დავანებებდი. ოჯახურმა გარემომ მართლა შემიწყო ხელი. დედა მიყვებოდა ხოლმე, თურმე ჩვენს სახლში სუფრებზე დებ იშხნელებსაც უმღერიათ, მუსიკალური ოჯახი ვყოფილვართ და ამან მიშველა. მუსიკის განხრით რაღაცის გაკეთება რომ შემეძლო და მინდოდა, ამას მოგვიანებით მივხვდი. მანამდე ჩემი პირველი ლექსი დავწერე“.
მოკლედ, ეს ის პერიოდი იყო, როცა უცნობი მართლა უცნობი იყო. მას მხოლოდ ვაკეში აშენებული შტაბების „წევრები“, სკოლის და მუსიკალური შვიდწლედის პედაგოგები და ნათესავები სცნობდნენ. მერე დადგა დრო, როცა უცნობმა პროფესია აირჩია და დამალობანას თამაში სცენაზე განაგრძო. გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვდა, თემურ ჭიჭინაძესთან, მალხაზ ქვრივიშვილთან, მერაბ ნინიძესთან, ნანუკა ხუსკივაძესთან, ნანა შონიასთან, მაია ფაჩუაშვილთან, ირაკლი მაჭარაშვილთან ერთად.
„ის დრო ძალიან მენატრება. სულ სამი წელი ვითამაშე სცენაზე, ბევრის გაკეთება ვერ მოვასწარი, საშინელი დრო დაემთხვა - 9 აპრილი, თბილისის ომები და რატომღაც, თამაშის ხალისი დავკარგე. მაგრამ ყველა როლი და გასტროლი ძალიან კარგად მახსოვს. ერთხელ, მთელი თეატრი პეტერბურგში ვიყავით გასტროლზე, რამდენიმე სპექტაკლი წავიღეთ. დიდები „კავკასიურ ცარცის წრეს“ თამაშობდნენ, ჩვენ - „სამანიშვილის დედინაცვალს“ და „ამაღამ მგონი იქნება ქარი“. თბილისში ფეხმძიმე ცოლი მყავდა დატოვებული, დღე-დღეზე ბავშვს ველოდებოდით. „სამანიშვილში“ არის დასკვნითი სცენა, როცა იღება უზარმაზარი კარი, შემოდის კირილე (ზაზა პაპუაშვილი) და პლატონს (მერაბ ნინიძე) ახარებს, ბიჭია, ბიჭიო და მერე საერთო მხიარულება და ერთი ღრიანცელი იწყება. ერთხელაც, ამ სპექტაკლს პეტერბურგელი მაყურებლისთვის ვთამაშობთ. მე სცენაზე ვარ - ვარლამიას, დებილი სოფლელი ბიჭის როლში. ყველანი ველოდებით, როდის გაიღება კარი და როდის ახარებს კირილე პლატონს ბავშვის გაჩენას. ეს წუთიც დადგა. შემოვარდა ზაზა პაპუაშვილი, მაგრამ მერაბს გვერდი აუარა, ჩემთან მოვარდა და შესძახა, ბიჭო, გოგოა, გოგოო! თურმე, თბილისში ნინომ იმშობიარა, ირინა გაჩნდა და მე ეს ამბავი სცენაზე მახარეს. რუსებმა, ცხადია, ვერაფერი გაიგეს, ტექსტი მაყურებლისთვის ჩვეულებრივად თარგმნეს. უბრალოდ, ცოტა დამაბნეველი ის იყო, რომ ვარლამია უცებ მთავარ როლში აღმოჩნდა...
კარგი დრო იყო. უბრალოდ, მერე ყველაფერზე გული ამიცრუვდა. ერთმანეთის გაწირვა, ავტომატების მიშვერა - ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა, რომ არავისთან ურთიერთობა აღარ მინდოდა და ცოტა ხნით მოსკოვში გადავედი. მაგრამ ვფიქრობ, რომ სცენაზე ერთხელაც აუცილებლად დავბრუნდები. ძალიან მენატრება და იმიტომ. როდის? არ ვიცი, ჯერ მთლიანად რადიოში ვარ. თეატრს კი იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ მირჩევნია, იმ დროს დაველოდო, როცა მთლიანად თეატრისთვის მოვიცლი“.
როცა უცნობი ნაცნობი გახდა
„თუ საკუთარ თავთან გულწრფელი იქნები, მაშინ ალბათ იმასაც აღიარებ, რომ ჩვენს გარემოში ინტრიგას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხალხს ის აინტერესებს, რაც არ იცის. თვითონ დაუკვირდი და მიხვდები: მსმენელი სულ სხვა განცდით უსმენს შემსრულებელს, რომლის შესახებაც არაფერი არ იცის, ვიდრე, როცა იცის, ვინც უმღერის და მოსწონს. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: ვინაა, სად გაიზარდა, როგორი გარეგნობა აქვს, რა ტიპია საერთოდ. როცა ეს ყველაფერი შეფუთულია უცნობში, ძალიან დამაინტრიგებელია. ამას თანდათან მივხვდი. თავიდან კი, უბრალოდ, დამალვის სურვილი მქონდა. მინდოდა, გამეკეთებინა რაღაც, მაგრამ ისე, რომ არ ამტყდარიყო ყვირილი - შეხედეთ, ქართულ შოუბიზნესში ესა და ეს შემსრულებელი გამოჩნდა, ესა და ეს ჰქვია, ასეთი და ასეთია. მინდოდა, ყველაფერი ჩუმად მომხდარიყო, რადგან შინაგანად ვარ ასეთი - არ მიყვარს საკუთარი თავის აფიშირება. თანაც ყველაფერი ძალიან შემთხვევით, მაგრამ ამავე დროს ლოგიკურად მოხდა. აფხაზეთის ომში, პირველსავე დღეს, ჩემი ბავშვობის მეგობარი კოკა კლდიაშვილი დაიღუპა. მაშინ რუსეთში ვიყავი. ავიარეისები თბილისისკენ იშვიათად იყო და მატარებლით წამოვედი. ღამე ვერაფრით დავიძინე. ვბორგავდი, ვაგონიდან ვაგონში დავდიოდი და კოკაზე ლექსი თავისით დამეწერინა. მას მერე, ჩემთვის რაღაცეების წერა დავიწყე. ვწერდი იმაზე, რაც მაღელვებდა. სამწუხაროდ, ისეთი დრო იყო, როცა წიგნებს იშვიათად კითხულობდნენ, მაგრამ მაინც გამოვეცი ჩემი კრებული. და მერე გადავწყვიტე, ამ ლექსებისთვის მუსიკაც მომერგო, ოღონდ, როგორც უკვე გითხარი - არააფიშირებულად, ფარულად, ნიღბით“.
„ქვეყანაშია ფერები მუქი“ - სიტყვებიც მუქი იყო და ნიღაბიც, რომლის მიღმაც გია იმალებოდა. მოსკოვიდან ახალი დაბრუნებული იყო, თეატრიდან - წამოსული, საქმე არ ჰქონდა. რამე ხომ უნდა გაეკეთებინა? არავის შეთანხმებია. მანამდე, უბრალოდ, ლექსები ჯერ მეუღლეს წაუკითხა, შემდეგ - ახლობლებს, მაგრამ ვერც ისინი წარმოიდგენდნენ, თუ გია ამღერდებოდა. მას კი იდეა გაუჩნდა, დათო საყვარელიძეს დაურეკა და რუსთაველის თეატრში, სტუდიაში, სიმღერის ჩასაწერად მივიდა. ორივემ ძალიან ისიამოვნა. მერე კლიპი გადაიღეს და ყველანი ერთად, გიას მოთხოვნაზე ჩაფიქრდნენ - არ უნდა გამოვჩნდეო. მოდი, ბარემ ასეც დავტოვოთ და უცნობს დავირქმევო - თქვა გიამ და გახდა უცნობი, რომელზეც მალე მთელი ქალაქი ალაპარაკდა.
„არც მერე არ მინდოდა ნიღბის მოხსნა. მაგრამ წარმოიდგინე, 1997-98 წლებია. ქალაქში ისე ცოტა რამ ხდება კარგი, რომ ყურადღება უცნობი მომღერლის მიმართ ზედმეტად დიდია. ზოგს ჰგონია, რომ ცხვირი არ მაქვს, ზოგს ჰგონია, რომ ყოფილი პატიმარი ვარ. როცა რუსთაველის თეატრში შოუ ჩავატარე, მეგობრებმა მთხოვეს, ახლა კი უნდა თქვა, ვინც ხარო. ახლა ვფიქრობ, რომ ნიღაბი არ უნდა მომეხსნა, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი“.
თუმცა, თვითონ შოუში სხვანაირად მოხდა. იმ დღეს, უცნობის კონცერტზე რუსთაველის თეატრში შეკრებილ პუბლიკას კარგად ემახსოვრება: საღამოს დასასრულს, შავებში გახვეული უცნობი მომღერალი ერთ ნიღაბს იხსნის, ხალხს ჰგონია, რომ აი, ახლა დავინახავთ მის რეალურ სახესო, მაგრამ უცნობს ერთი შავი ნიღბის ქვეშ მეორე უკეთია... - ეფექტი დაუვიწყარი იყო. როგორც ჩანს, მაშინ გიამ უკვე იცოდა, ინტრიგის და, საერთოდ, უცნობის ფენომენის ფასი და დღეს ნაწილობრივ ამიტომაც ნანობს, რომ გამოჩნდა. გამოჩნდა და მისი მომდევნო კლიპებიც გაფერადდა. მუქი ფერები ჰოლივუდურმა შთაბეჭდილებებმა, აფხაზეთმა, მელოტმა კუმ თუ მატარებელმა შეცვალა. მუსიკა, რომელიც გიასთვის უბრალოდ ჰობია, წარმატებულ შოუბიზნესად იქცა, ნიღბიანი უცნობი - წარმატებულ შოუმენად. „მუსიკა ჩემთვის ჰობია. ჩემზე უკეთაც მღერიან სხვები და ჩემზე უკეთესი ვოკალური მონაცემები აქვთ. მე, უბრალოდ, ეს ფორმა ავირჩიე, ამ ფორმით ვამბობ სათქმელს - სულ ეგაა“.
„ნამდვილად არ ვარ პოპულარობაზე გაგიჟებული ადამიანი. უფრო პირიქით - არ მიყვარს, როცა ყურადღების ცენტრში ვექცევი. თუ სადმე შევდივარ და ვგრძნობ, როგორ მიყურებს ასი წყვილი თვალი, უხერხულობისგან სად წავიდე, აღარ ვიცი ხოლმე. იცი, უკვე თბილისმა დამღალა...“
ამიტომ, რამდენიმე წლის წინ, კიდევ ერთი სამალავი მოიგონა. ეს საქმე ხომ ბავშვობიდან ეხერხება. როცა მიხვდა, რომ აღარ უნდოდა, დილიდან თბილისურ ცხოვრებაში ყოფილიყო ჩართული - თავისი სატელეფონო ზარებით, შეხვედრებით, მანქანების ხმაურით, „რას შვრები, რას აპირებ, არ გამოხვალ?“-ებით, საგურამოში გადასახლდა. „პატარა და ინტიმურ გარემოში ყოფნა უფრო მომწონს, ვიდრე ბევრ ხალხში, იმიტომ, რომ სულ იმის შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცეებთან ძალით ვურთიერთობ. რა თქმა უნდა, მყავს სამეგობრო, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ადამიანს სულ თავის ოჯახთან მარტო დარჩენა და დაფიქრება სჭირდება. ფიქრი ჩემთვის ყველაზე მთავარია... ფიქრის საშუალებას კი საგურამო მაძლევს. ოთხი წელია, უკვე იქ ვცხოვრობ და ერთი დღეც არ მომნდომებია თბილისში დარჩენა. ყველაზე მშვიდად და კარგად იქ ვიღვიძებ. პრინციპში, ბუნებაში იწყება ყოველი ახალი დღე და თავიდანვე ისე ვარ მომართული, რომ იმ დღეს ყველაფერი კარგი უნდა მოხდეს. საგურამოში ტელეფონიც არ მაქვს, ტელევიზორსაც არ ვუყურებ. თუ ჩავრთავ - მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებს რუსულ არხებზე და ეგაა. ეზო მთლიანად ჩემი გაკეთებულია, სახლიც ზუსტად ისეთია, როგორიც ყოველთვის მინდოდა, რომ მქონოდა. ციხე-სიმაგრე? საგურამო მართლა ჩემი ციხე-სიმაგრეა, ჩემი ცოლით და შვილით, და გვერდზე ლევანის სახლით - ყველა ძვირფასი ადამიანი იქ მყავს“.
უცნობი „უცნობში“
„თქვენ უსმენთ რადიო „უცნობს“, ეგაა პრობლემა“ - მესმის დღეს დილასაც. უკვე საგურამომოვლილი ვარ და ვიცი, რადიო უცნობის კიდევ ერთი სამალავია. არ ვიცი, რიგით მერამდენე, სამაგიეროდ - ყველაზე კომფორტული, ყველაზე მყუდრო და ყველაზე ჯადოსნური.
„ხო, რა - იგივე თამაში გრძელდება. ზუსტად ეგ ჩემი ძველი თამაშია რადიოს გაკეთების მთელი იდეა. მაგარი ხიბლი აქვს რადიოს და დიდი სიმყუდროვე. ამაზე უკეთესს ჩემთვის, ალბათ, ვერაფერს მოვიფიქრებდი.
რადიოს ვუსმენ სულ, ყოველთვის და ყველგან. სადაც არ უნდა ჩავიდე, მესმის თუ არა ენა, სულ ჩართული მაქვს. ვგიჟდები უცნობ ხმებზე, უდიდესი ინტიმი მოაქვს ჩემთვის. მახსოვს, მოსკოვში ცხოვრების დროს, შემჯდარი ვიყავი ერთ გადაცემაზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რომელიღაც რადიოსადგურზე ღამე იწყებოდა. შუაღამის 12-დან 1-მდე ეთერში უცნობი გოგო იჯდა და პოლიტიკასა და სექსზე ლაპარაკობდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მანქანაში, ვინმესთან სტუმრად, ღამის კლუბში - ყველაფერს თავს ვანებებდი, ვპოულობდი რადიოს და ამ გოგოს ვუსმენდი. იმდენად დამაინტრიგებელი იყო მისი წაყვანის სტილი, რომ ვერაფრით ვწყდებოდი. მერე გავიგე, რომ თურმე მარტო მე არ ვარ ასე; ამ გოგოს ხათრით, მთელი მოსკოვი შუაღამის დადგომას ელის. მაგრამ მერე მთელმა ქალაქმა გაიგო, ვინც იყო ის, და მისი გადაცემის მიმართ ინტერესი უცებ გაქრა. ასეა - სანამ უცნობი ხარ, ინტრიგა ზენიტს აღწევს“.
ამ გადაცემამ უცნობზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თავის რადიოში ჭიჭიკო და ბიჭიკოს პროექტი გააკეთა და თბილისში კიდევ ერთხელ, 1997-98 წლების შემდეგ პირველად, ისევ გაჩნდა კითხვა - „ვინ არიან ისინი?“ ახლა კი ჭიჭიკო და ბიჭიკოს გადაცემის განახლებას, მისი სატელევიზიო ვერსიის გაკეთებასაც აპირებს - ოღონდ მაყურებლის წინაშე წამყვანები კვლავაც არ გამოჩნდებიან და მოსკოველი რადიოწამყვანის ეშხით, სრულიად ახალ პროექტსაც გეგმავს: „უცნობის“ ეთერში დაჯდება სასიამოვნო ხმის უცნობი გოგო და მსმენელს ყველანაირ თემაზე გაესაუბრება...
„რადიოში მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ყველაფერი მაქვს: უცნობის იდეა და გარშემო ადამიანები, რომლებთანაც საერთო ენას თვალდახუჭული, ხმის ამოუღებლად ვპოულობ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს“.
უცნობის ბოლო შტრიხები:
მოვდივარ საგურამოს მტვრიან გზაზე, ფონად 98.0 FM-ით და ვფიქრობ: რა ვნახე მის სამალავში? ის, რომ:
დღემდე თამაშობს დამალობანას, შტაბების ხანიდან მოყოლებული. ოღონდ არა ინფანტილურად, არამედ ყოველთვის გააზრებულად და ეფექტურად - ისე, რომ ამ თამაშში მასებსაც იოლად ითრევს. რა ჰქვია ამას? ქარიზმა? შეიძლება...
კიდევ ის, რომ რამდენიმე სამალავი აქვს, მათ შორის ყველაზე დიდები: საგურამო და რადიო.
ასოციაციურად საკუთარ თავს ყველაზე მეტად სამ ნივთს უკავშირებს: ნიღაბს, ხელჯოხს და ქუდს.
ბევრს ფიქრობს და მძიმე-მძიმედ. განწყობა ყოველთვის ეტყობა სახეზეც და ლაპარაკშიც. თუ არ უნდა, ნიღაბს, რომლის მიღმაც თავის ფიქრებს მალავს, არაფრით მოიხსნის.
მუსიკას საკუთარ ჰობად თვლის და უყვარს კარგი შოუები.
მიუხედავად იმისა, რომ რადიოს აფარებს თავს, ერთი გემრიელი და გრანდიოზული შოუს გაკეთება აუცილებლად უნდა. მაგალითად კი ყოველთვის ენდრიუ ლოიდ უებერის „კატებს“ ასახელებს. ეს მიუზიკლი რამდენიმე დიდ სცენაზე აქვს ნანახი, მათ შორის, ნიუ იორკშიც და ჰამბურგშიც; თანაც ჯერ კიდევ მაშინ, როცა საზღვრები არ იყო გახსნილი და დღემდე შთაბეჭდილების ქვეშაა.
უყვარს მოგზაურობა, ოცნებაშიც და რეალურადაც. როცა სეიშელის კუნძულებზე, იგივე სამოთხის კუნძულებზე ისვენებდა, გაოცებულმა აღიარა - თუ დედამიწაზე შეიძლება სამოთხე იყოს, ალბათ, მართლაც აქ იქნებაო - გარშემო სულ ოკეანე, არანაირი მიწა. კუნძულზე კი საოცარი ფერები, სტაფილოსფერი და ვარდისფერი ჩიტები, გიგანტური კუები და სულ სიმწვანე.
არ ეშინია თარსი რიცხვი 13-ის. დაბადებულია 13 მარტს და ჰგონია, რომ პირიქით - 13 მისთვის იღბლიანი რიცხვია. კაზინოში თამაში არ უყვარს, მაგრამ რამდენჯერაც ითამაშა, 13-ზე დადო და ზედიზედ დიდი თანხა მოიგო.
ძალიან მგრძნობიარეა მოვლენების და ადამიანების მიმართ, ბევრს ფიქრობს, რადიოში ინტრიგისა და უცნობის ფენომენისადმი სიყვარულს იკმაყოფილებს; სახლში, საგურამოში კი ყველანაირ ნიღბებს იხსნის, კედელზე კიდებს და კომფორტით ნეტარებს.
„რაც ვარ, ეს ვარ რა, რადიოშიც და სახლშიც. სახლში სიწყნარე მინდა, სიჩუმე მინდა და ინტიმი მჭირდება. წამოწოლა, ფიქრი და კითხვა, და ისიც ფიქრში. ვგრძნობ, რომ ტვინი სულ მუშაობს, ვერ ვითიშები და მგონი, ეს მღლის ყველაზე მაგრად. როცა მძინავს, მაშინაც ვამჩნევ, რომ ტვინს არ ძინავს“.
მოკლედ, წამზომი ჩართულია, უცნობი ფიქრობს. ფიქრებში კი ისეთი საინტერესო იდეები იბადებააა...
![]() |
4 გოგო love ფერმიდან |
▲back to top |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: დავით მესხი
ინსტალაცია I
ფერები
თეთრი. თეთრი ძალიან უხდება.
ამ ბოლო დროს, ხშირად აცვია თეთრი შარვალი და თხელი თეთრი მაისური. ამ ფერს ბევრნაირი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კი არის - გლოვა. ინდოეთში თეთრით გამოხატავენ ღრმა სევდას. და რადგან მისთვის ჩაცმაც და ფერიც დღიურივითაა - თეთრი ტანსაცმლითაც ისევე გვესაუბრება, როგორც დღიურში ჩაწერილი სიტყვებით.
წითელი. წითელი ძალიან უყვარს. თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს, ლამაზი წითელი კაბა ეცვა. ეს ქორწილის დღე იყო. კაბა მას დედამ შეუკერა. რუხის და ცისფერის კომბინაცია. მოცისფრო-რუხი ფერის თვალები აქვს. ხშირად აცვია რუხი კაბა ან ცისფერი მაისური, რომელიც თვალის ფერს ეხამება, სხვა ტონს აძლევს და მზერას კიდევ უფრო გამოკვეთილს ხდის. ბოლო ექვსი წელია, ამ რუხი თვალებით ქართულ ცხოვრებას აკვირდება და რადგან ყველაფრის შესახებ სკრუპულოზური აზრის ჩამოყალიბება უყვარს, პუნქტებად გვაფასებს ჩვენ - ჩვენი ყოფითი თუ ნაციონალური კულტურით.
ეს ინგრიდ დეხრავეს ფერებისა და განწყობების ინსტალაციაა. თუ არ იცნობთ, გაიცანით - გაქართველებული ბელგიელი გოგო. როგორც თვითონ ამბობს - საქართველოში სიყვარულისა და იდეალების გამო ჩამოსული; გამომცემლობა LINK-ის დამფუძნებელი; ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრის Media Art Farm-ის ანუ MAF-ის ორგანიზატორი და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის ავტორი.
მაგრამ ინგრიდ დეხრავე ამ დამსახურებების გარეშეც, უბრალოდ, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან საინტერესო თავგადასავლით. ეს თავგადასავალი კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა, ინგრიდს ბოლო დროს ერთი თვისება რომ არ დასჩემებოდა: წარსულში დაბრუნება არ სიამოვნებს; ყოველი დღის ბოლოს ჯდება და მთელი გულმოდგინებით შლის მეხსიერებას. ამიტომ ბევრი ფაქტი და მოგონება მისგან მართლაც ძალიან შორს დარჩა, მაგრამ რაღაცეები მაინც შემორჩა. ამიტომ გამოდის, რომ ის, რაც წაშლილი მეხსიერების სანაგვიდან ჩვენი შეხვედრების დროს მაინც წამოტივტივდა, ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ისიც გამოდის, რომ გულმოდგინებამ ვერ გაჭრა, ღილაკი RESTORE ინგრიდის მეხსიერებაში უწყვეტად მუშაობს და RECYCLE BIN-იდან მოგონებებს ძველ, კუთვნილ ადგილას მაინც აბრუნებს.
ახლა კი, ყურადღებით -
სანაგვიდან ამოქექილი ამბები:
ინსტალაცია II
გაქცევა ბავშვობიდან
ინგრიდი თავის ცხოვრებას ორ ნაწილად ჰყოფს, ვატომდე - ანუ საქართველომდე და ვატოს შემდეგ - ანუ საქართველოში. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, ეს მეორე ბიოგრაფიული თავიც ცალკეულ ქვეთავებად დაიყო. და გაჩნდა სიტყვათა შეთანხმება „მას შემდეგ, რაც“. „მას შემდეგ, რაც ვატომ გადაწყვიტა, რომ აღარ უნდოდა მეუღლეობა და სახლიდან, ნათესავების, მეგობრების წრიდან და საერთო საქმიდან გასვლა მაიძულა, სრულიად მარტო აღმოვჩნდი და ურთულესი არჩევანის წინაშე დავდექი...“ - ჰყვება ინგრიდი.
ნება ვატოსი იყო, არჩევანი - უკვე ინგრიდის. ის საქართველოში დარჩა და რადგან სიყვარულის უცნაური ნიჭით არის დაჯილდოებული - შეუძლია, კედლის ფაქტურაც გატაცებით შეუყვარდეს, ქუჩაში დაგდებულმა კენჭმაც მიანიჭოს ბედნიერება - თავიდან სიყვარულის საპოვნელად ძებნა გამოაცხადა.
მანამდეც ეძებდა, ვატო წერეთლის გამოჩენამდე - სულ. მის ყველაზე ძველ მოგონებაშიც კი ფუძე ძებნა და გაქცევაა... ინგრიდი 3 წლის თუ იქნება. გრძელი, ქერა თმა აქვს, მზეზე გახუნებული. ოჯახთან ერთად, ჩრდილოეთის ზღვის ნაპირას ცხოვრობს, პატარა, არ ნუვოს ტიპის სახლში, ზედ სანაპიროზე. ზღვის ტალღები სასიამოვნოდ შრიალებს.
ზაფხულია და გრილა. ინგრიდი კი ჩუმად აღებს კარს, გადადის ზღურბლს და მიდის. ჯდება გზაჯვარედინზე, საიდანაც თვალუწვდენელი მდელოები და გაშლილი გზა ჩანს. აქეთ-იქით სულ გზებია - შარაგზები, ორღობეები, მოჩანს ფართო გზებიც. ინგრიდს ჰგონია, რომ სახლიდან ძალიან შორს წამოვიდა და გაუთვითცნობიერებლად საშინლად უხარია რაღაც. „მეგონა, რომ ისე შორს წამოვედი, თითქოს მაშინვე საქართველოში ჩამოვედი. საერთოდ არ მახსოვს შიში. იყო დაძაბული, ბუნებრივი და ძალიან საინტერესო სიტუაცია“. შეშინებული მშობლები მალე პოულობენ ბავშვს - გზაჯვარედინზე მარტო ჩამჯდარს და გაყუჩებულს - და შინ აბრუნებენ.
თუმცა, შორეული ოცნებებისთვის ზღვა ხომ იქვეა. განსაკუთრებით ზამთრობით, როცა ნაპირზე მოდენილ ტალღებს ქიმები მოყინული აქვთ, როცა უბერავს ჩრდილოეთის ქარი, ქერა ნაწნავებს გიწეწავს და ოო, რამდენ საბაბს გაძლევს საოცნებოდ. დღემდე ასეა. მართალია, დეხრავეების სახლი, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, დაანგრიეს და მის ნაცვლად, ისეთივე უსახური კორპუსი წამოჭიმეს, როგორებსაც ბოლო დროს, თბილისში უხვად აშენებენ ხოლმე, მაგრამ ინგრიდი და მისი ოჯახის წევრები ამ პატარა ქალაქში ახლაც ხშირად ჩადიან; განსაკუთრებით ზამთრობით, როცა ისევ ისე, ტალღები ყინულის ნატეხებს დააცურებენ და ისევ ისე უბერავს ჩრდილოეთის სუსხიანი ქარი.
ინგრიდის მშობლები უბრალო ხალხია, „არც თავადები არიან, არც პროფესორები და არც მხატვრები“. არადა, გვარის გამო, თბილისში ანეკდოტურ სიტუაციებში ხშირად ვარდება ხოლმე. პრეფიქსი „დე“-ს გამო, ყველას ჰგონია, რომ „ვინმე გრაფის შთამომავალი ვარ“.
ინგრიდი ორივეს ჰგავს. დედა მხიარული, ძლიერი და ძალიან გახსნილი ადამიანია, მამა - უფრო ჩაკეტილი და მელანქოლიური. მათ უფროს გოგონასაც ორივე მდგომარეობა ახასიათებს.
ახლა, როცა ცდილობს პატარა ბელგიურ ქალაქებში გატარებული ბავშვობა გაიხსენოს, ცოტა იბნევა. „ხანდახან ვერ ვხვდები, რომელია პირადად ჩემი მოგონება და რომელი - ფოტოებიდან აღდგენილი“. ინგრიდს ფოტოების გადაღება არ უყვარს, არც არასდროს უყვარდა. დედა კი პირიქით - წლებია, ფოტოგრაფიით არის გატაცებული და სულ ცდილობს, შვილებს მოგონებები ფოტოებით დაუფიქსიროს. მაგრამ ბავშვების სიჯიუტეს ვერაფერს უხერხებს და ამიტომ დედის მიერ შედგენილ საოჯახო ალბომებში, რაც ინგრიდს და მის და-ძმას წლები ემატებათ, მით უფრო კლებულობს ფოტოების რაოდენობა.
„არადა, დათვალიერება და გახსენება კარგია. ეს ზამთარი შინ, ბელგიაში გავატარე (სხვათა შორის, რაც საქართველოში ვცხოვრობ, ასე ხანგრძლივად აქედან პირველად წავედი). ჩემმა ძმამ კარადაში ძველი სლაიდებით სავსე ყუთები იპოვა - ერთი პერიოდი, დედა სლაიდებით იყო გატაცებული. ამოვიტანეთ და კედელზე გავუშვით. ადრე ასე ხშირად ვიქცეოდით ხოლმე. ვსხდებოდით ერთ ოთახში კათხა ლუდით, ჭიქა ღვინით ან ყავით და პროექტორით კედლებზე გასული ზაფხულის ან ზამთრის სლაიდებს ვუშვებდით. თან მთელი ბავშვობის განმავლობაში, შინ ტელევიზორი არ გვქონდა და ეს სლაიდები პროექტორში ჩვენთვის ერთგვარი კინოც იყო“.
როცა იგივე „კინორიტუალი“ საქართველოდან დაბრუნებული ქალიშვილის პატივსაცემად დეხრავეების სახლში ამ ზამთარშიც მოეწყო, ინგრიდმა ერთი მივიწყებული ფოტო და შეგრძნება სრულიად შემთხვევით გაიხსენა. იპოვა სკოლაში გადაღებული ფოტო. ბავშვებს ზეიმი აქვთ. სკოლის ეზოში მშობლები და მასწავლებლები არიან შეკრებილი. მოკლე ტრუსებსა და მაისურებში გამოწყობილი პატარები კი ერთმანეთის მხრებზე დგებიან და კოშკს აშენებენ. თამაშია ეგეთი: ქვევით ექვსი ბავშვი დგება, მათ ზურგზე - ოთხი, მერე - ორი და სულ ბოლოს, სულ მაღლა დგას ყველაზე გაბედული და გამხდარი - ეს ინგრიდია! “არადა, ცხოვრებაში ძალიან მორიდებული ვარ. თავიდან, კონტაქტში შესვლა მიჭირს. ხანდახან აქაც უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, რადგან თურმე, თბილისელებისთვის ეგზოტიკური არსება ვარ. ეს მდგომარეობა კი ძალიან უჩვეულოა ჩემთვის. მაგრამ თურმე ბავშვობაში არც ძალიან მორიდებული ვყოფილვარ. ეს სკოლისდროინდელი და დავიწყებული ფოტო რომ ვნახე, ვიფიქრე კიდეც - ვაიმე, ხედავ? ყველაზე მაღლაც შემძლებია დგომა! თავის გამოჩენა! თურმე რა გოგო ვყოფილვარ! მერე ჩავფიქრდი და მივხვდი - როგორც ჩანს, ახლაც ვარ გამბედავი, მაგრამ ჩემში ამ თვისებას, როგორც განსაკუთრებულს, ვერ ვხედავ და ვერ ვაფასებ. გამბედაობა და წინსწრაფვა ქვეცნობიერად დამყვება. მოკლედ, ამ ფოტომ ბევრი რამე გამახსენა - ალბათ, ვიდექი იქ ყველაზე მაღლა, ტერფებით ვეყრდნობოდი ჩემი კლასელების მხრებს, წელში გამართული, მზერით - სივრცისკენ და ვოცნებობდი, რომ გამოვიდოდი დიდი მოცეკვავე, ან ბანკის დირექტორი...“
ინგრიდი ასეთია - ტყუილუბრალოდ არაფერს ამბობს. თითოეულ მოგონებას დასკვნა მოჰყვება, თითოეულ დასკვნას კი კონკრეტული ფაქტი უმაგრებს ზურგს. აი, თუნდაც, ახლა: გადაჭრით მეუბნება, რომ ვერ იტანს მწეველებს და არგუმენტად ისევ ცხადზე ცხადი მოგონება:
„მაშინაც სამი წლის ვიყავი, ისევ ზღვაზე. ძალიან მიყვარს ცურვა, ჩემი ზოდიაქოს ნიშანიც თევზებია. პლაჟიდან სახლში ფეხშიშველა ვბრუნდები. მოვდივარ უდარდელად და ისე, რომ ძირს არც დამიხედავს, ფეხი დავაბიჯე ჩაუმქრალ სიგარეტის ნამწვს. დღემდე მახსოვს ის საშინელი ტკივილი ფეხისგულზე. მას მერე, სულ ვფიქრობ ხოლმე - როგორ შეიძლება კაცი მწეველი გახდეს. ხომ შეიძლება, იმ დროს, როცა სიგარეტს გადააგდებ, ზღვიდან შინ მიდიოდეს პატარა, ნაწნავებიანი და ფეხშიშველა ინგრიდი და...“
რატომ ამდენი ფიქრი და ასეთი ლოგიკური აზროვნების უნარი? შეიძლება, არ დამეთანხმოთ, მაგრამ ყველაფერი, ჩემი აზრით, მაინც უტელევიზორობის ბრალია. წარმოიდგინეთ, პატარა ბელგიური სოფელი და სოფლის განაპირას, ძველი ფერმის ადგილზე მდგარი სახლი. გარშემო არცერთი სხვა სახლი, მხოლოდ მინდვრები, მინდვრები, მინდვრები და შორს - მთები (სინამდვილეში გორებია, მაგრამ ადგილობრივები მთებს ეძახიან), უკვე საფრანგეთის საზღვარი მოჩანს. ამ სახლში არ აქვთ ტელევიზორი. სამაგიეროდ, უკეთ ამჩნევენ და უფრო მეტადაც უსმენენ ერთმანეთს. საღამოობით, ბავშვები დედ-მამასთან ერთად სხდებიან და საუბრობენ, ბევრს მსჯელობენ. მართალია, ხანდახან ბავშვები სოფელში იპარებიან - „ტელევიზორებიან სახლებში“ შედიან და ჩუმად და ცოტა შურითაც უყურებენ სხვების დიდ ცისფერ ყუთს, მაგრამ ოჯახური საუბრები მაინც თავისას შვრება - „ამ დიალოგების დროს, სამივემ - მეც, დავიდმაც და ედითმაც ჩვენი ცხოვრებისეული პოზიცია ჩამოვიყალიბეთ და იოლი გზა არცერთმა არ ავირჩიეთ“.
ინსტალაცია III
გზა
„ცოტა ხნის წინ, მეგობარმა მითხრა, რომ თურმე ასობით ვაშლის სახეობა არსებობს. წარმოიდგინე? ასეულობით სახეობა აქვს მხოლოდ ვაშლს და ადამიანი რამდენნაირია? თან ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული. ბავშვობიდან ჩვენი სახლის ბიბლიოთეკიდან მახსოვს ერთი წიგნი, გარეკანზე სხვადასხვა რასის ადამიანები ეხატა, შიგნით კი თითოეული ქვეყნის ადამიანი და კულტურა იყო აღწერილი. მაშინ კითხვა არც ვიცოდი, მაგრამ ძალიან მომწონდა ადამიანების სხვადასხვა ტიპაჟის ყურება. ახლა ვხვდები, რომ განსაკუთრებით მხიბლავდა იემენელები და ინდოელები. ბევრ მოგზაურობაზე არასდროს მიოცნებია, არც ამ ქვეყნებში ვიქნებოდი ბედნიერი, მაგრამ შორიდან, ოცნებისთვის მარტო ეს ორი ქვეყანა მიზიდავს“.
არა, უცნაური საერთოდ არ არის, რომ გოგო, რომელსაც ტურისტული მოგზაურობა არ უყვარს, საქართველოში აღმოჩნდა. როცა ადამიანურ სახეთა ამ მრავალფეროვნებაზე ფიქრობს ხოლმე, ისევ ურჩევნია ცოტას იცნობდეს და კარგად, ვიდრე ფსევდო-მრავალფეროვნებას დახარბდეს და ხელთ ზედაპირული ცოდნა შერჩეს. ამიტომაც ამოიჩემა საქართველო მას შემდეგ, რაც ეს სახელი 12 წლის წინ პირველად გაიგო.
მანამდე კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სულ ძიებაში იყო. ჯერ კიდევ პატარა, ალბათ, ათიოდე წლის ნაწნავებიანი ინგრიდი, იდგა თავისი ოთახის ფანჯარასთან და ცდილობდა გაეხედა რაც შეიძლება შორს - ცხრა მინდვრის და ცხრა მთის მიღმა (მისი ფანჯრიდან ხომ მხოლოდ მთები და მინდვრები მოჩანდა). თვალით გადაელახა სივრცე და სადმე ძალიან შორს, იქ, სადაც მთის და ცის ხაზები ერთდება, წაწყდომოდა მეორე წყვილ თვალს, რომელიც მხოლოდ ინგრიდს დაინახავდა... არა, აქ ცოტა უტრირებაც არის, მაგრამ მართლა ასე იყო: „ბავშვობიდან ველოდებოდი განსაკუთრებულ ადამიანს, ვიდექი ფანჯარასთან, ვიყურებოდი შორს და ვიცოდი, რომ ეს ადამიანი შორი ქვეყნიდან უნდა მოსულიყო; ქვეყნიდან, რომლის შესახებაც არაფერი მეცოდინებოდა. ვგრძნობდი იმასაც, რომ ის ხელოვანი უნდა ყოფილიყო...“
სანამ ეს ადამიანი მოვიდოდა, ინგრიდმა ჯერ ძველისძველი საგალობლები იპოვა. ახალგაზრდობის წლებში აღმოაჩინა, რომ სოფელში, სადაც იზრდებოდა, სამ წელიწადში ერთხელ, გრეგორიანული საგალობლების საერთაშორისო ფესტივალი იმართებოდა. 700-კაციანი დასახლება ფესტივალის დღეებში უცხოელებით ივსებოდა. ინგრიდზე ამ ფესტივალებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თვითონაც მივიდა გუნდში და ამღერდა.
თუმცა, ძებნა პარალელურ რეჟიმში სულ გრძელდებოდა. სანამ ერთ საერთოდ არამშვენიერ დღეს, ერთ საერთოდ არამშვენიერ ქალაქში არ ჩავიდა. საარბრიუკენში ლინგვისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ინგრიდი საგანგებოდ გააგზავნეს - თუ ფრანგულ და გერმანულ ენებს სწავლობ, აი, შენ სტიპენდია და საფრანგეთი-გერმანიის საზღვარზე ისწავლეო.
ამ საზღვარზე გერმანიაში ყველაზე სევდიანი და მოსაწყენი ქალაქი საარბრიუკენი მდებარეობს. სტუდენტთა სახლი პატარა იყო, ათამდე ოთახი ჰქონდა, თითო ოთახში თითო ადამიანს უნდა ეცხოვრა, მაგრამ ცოტა ხანში ინგრიდმა შენიშნა, რომ რამდენიმე ოთახში იმაზე მეტნი ცხოვრობდნენ, ვიდრე შინაგანაწესით იყო გათვალისწინებული. ეს ადამიანები არავის ჰგავდნენ - ისეთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ლინგვისტ ინგრიდს სიზმარშიც რომ არ ჰქონდა მოსმენილი და ისე ხმამაღლა და მოურიდებლად მხიარულობდნენ, რომ... - ასე მოქცევა და ღრეობა არაფრით შეიძლებოდა.
ერთ დღესაც, ინგრიდი შინიდან გამოვიდა, მაღაზიაში სურსათი უნდა ეყიდა. წესით, ის დღე არაფერს განსაკუთრებულს არ ჰპირდებოდა, მაგრამ შემთხვევით ერთი პატარა და ცარიელი ქუჩის კუთხეში უცხო ბიჭს შეეფეთა. არაფერი, უბრალოდ შეეფეთა, გაიარა და ისევ შინ დაბრუნდა. ცოტა მოგვიანებით შენიშნა, რომ ის ბიჭიც მის სახლში ცხოვრობდა და ერთ-ერთი იყო იმ უცნაური გარეგნობის, უცნაური ენის და უცნაურად მხიარული კომპანიიდან, რომელიც ლოგიკური ფიქრების მოყვარულ ინგრიდს მუდამ აფიქრებინებდა: „ასე მოქცევა არ შეიძლება“.
მაგრამ ნელ-ნელა, ქუჩის კუთხეში მომხდარი შეხვედრიდან მალევე, ინგრიდი მიხვდა, რომ ქართველების კომპანია გადამეტებული უსაქციელობის გამო კი არ უნდა გაკიცხოს, არამედ უნდა შეუერთდეს მათ. ამიტომ კართან დასაკაკუნებლად აწეული ხელი ჩამოსწია და ქართველების გაცნობა დაიწყო. განსაკუთრებით დაუახლოვდა მხატვარს ვატო წერეთელს. მეგობრობა რომანში გადაიზარდა, ნაცრისფერი საარბრიუკენი სიყვარულმა გააფერადა. „ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, რადგან ისეთ ადგილას და ისეთ დროს შევხვდით ერთმანეთს, როცა ორივენი სრულიად დამოუკიდებლები ვიყავით. ორი ახალგაზრდა, სრულიად მარტო, უცხო ქალაქში. ეს ძალიან კარგი პირობაა იმისთვის, რომ ერთმანეთი საფუძვლიანად გაგვეცნო“.
შემდეგ ანტვერპენში დაბრუნდნენ. ვატო სწავლობდა, ინგრიდი მუშაობდა, ერთად ცხოვრობდნენ. „ერთხელაც არ მიგრძვნია, რომ უნდა ვითამაშო; რომ რაღაც უნდა ვთქვა და რაღაც დავმალო. თავიდანვე ისეთივე ვიყავი ჩემს ქმართან, როგორიც საერთოდ ვარ ხოლმე. მაქსიმალურად გახსნილი ურთიერთობა გვქონდა“. დილას ადრე დგებოდნენ, მატარებლით მიდიოდნენ სამსახურში, დღის ბოლოს ერთმანეთს ხვდებოდნენ. კაფეები, მეგობრები, ანდა შინ მარტო გატარებული მყუდრო საღამოები, საქართველოზე მოყოლილი ამბები, ოდნავ გაიდეალებული - მხოლოდ ის ამბები და დეტალები, რაც ვატოს განსაკუთრებით უყვარდა და ერთდროულად გაჩენილი კითხვა - საქართველოში ხომ არ გადავიდეთ?
პირველი ჩამოსვლა ინგრიდისთვის უჩვეულო იყო. 1995 წელი იყო. ძველი თვითმფრინავით მოფრინავდნენ, ბორტზე მყოფ ქართველებს კი მაინც საშინლად უხაროდათ რაღაც. ინგრიდი ფიქრობდა - რადგან ასეთი მხიარულები არიან, ალბათ მართლა სასწაულ ქვეყანაში მოვდივარ.
ვისაც კი ოდესმე თბილისის თავზე გადაუფრენია, ეს განცდა აუცილებლად ჰქონია - დედაქალაქია თუ რა? სად მოვდივარ? რა მელის? რადგან არცერთი ქალაქი არ ჩანს თვითმფრინავის ილუმინატორიდან ისე ხრიოკი, სევდიანი და უცხო, როგორც თბილისი. ამ ყველაფერს ინგრიდისთვის დაერთო ისიც, რომ თბილისში შუქი არ იყო და თვითმფრინავის ბილიკი სანთლებით იყო განათებული. მერე ვესტიბიულში გამოვიდნენ და ვატომ ინგრიდი სვეტთან დააყენა - აქ იყავი, მე ჩემოდნებს მოვძებნიო. ორი წუთიც არ იყო გასული საქართველოში ჩამოსვლიდან და ინგრიდს უკვე დაუგროვდა ორი მიზეზი, რის გამოც აქ დარჩენა არასდროს მოუნდებოდა: პირველი - უშუქობა და მეორე - საყვარელმა კაცმა ცხოვრებაში პირველად უთხრა, რომ მის გარეშე გააკეთებდა რაღაცას. „შეჩვეული ვიყავი იმას, რომ ყველაფერი ერთად უნდა გაგვეკეთებინა. ჩემს ქვეყანაში ასე მოხდებოდა - ცოლი და ქმარი ერთად წავიდოდნენ ჩემოდნების მოსაძებნად. მოკლედ, ცოტა ჩავფიქრდი...“
დიდი ხანი არც შემდეგი დასკვნების გამოტანას არ დასჭირვებია: ქართველები ორბუნებოვანი ხალხია. სტუმართმოყვარეობა ხუთიანზე იციან, ოღონდ მხოლოდ კედლებს შიგნით, საკუთარ სახლებში, გარეთ, გამვლელთა მზერაშიც კი იმდენი აგრესიაა, რომ ინგრიდი ფიქრობს - ნუთუ იგივე ადამიანები ჰყვებიან თან თავიანთ სტუმრებს? ეცოდებოდა ქალებიც. „ძალიან მორიდებულები იყვნენ, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო მათი ბუნებრივი მდგომარეობა. და კაცები? აბსოლუტურად ყველაზე მეგონა, რომ მაჩოობდა. ჩვენ ასეთ კაცებს მამლებს ვეძახით“.
თუმცა, 4 წლის და საქართველოში ხუთჯერ ჩამოსვლის შემდეგ, გადაწყვეტილება მაინც საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. ჩამოვიდა ჩემოდნებით და დარჩა. „მე აქ სიყვარულმა და იდეალებმა ჩამომიყვანა“.
სიყვარული გასაგებია - უყვარდა ვატო. იდეალებში კი შემოქმედებითი ცხოვრება იგულისხმებოდა. ინგრიდი მიხვდა, რომ საქართველო მას ფრთების გაშლის საშუალებას მისცემდა.
ქვეყანაში, სადაც ხელოვნება სარეველა ბალახივით ჰყვავის - ყოველგვარი ინფრასტრუქტურის, ორგანიზების და მენეჯმენტის გარეშე - ინგრიდისთანა გოგოსგან მოვლას მოითხოვდა. იდეალიც ეს იყო - შემოქმედებითი საქმე, ფესტივალების ორგანიზება, თანამედროვე ხელოვანების ხელშეწყობა, საგამომცემლო საქმე...
თან ხომ არ გავიწყდებათ - ინგრიდი მუდამ რაღაცას ჰყვება, ჩაცმითაც კი. ის ამბობს, რომ მისი მთავარი საქმე თხრობაა ყველა დამკვიდრებული თუ გამოგონილი წესით. ამიტომაც არის, რომ ინგრიდი უკვე წლებია, ლექსებს წერს (ჯერ-ჯერობით თავისთვის), იცვამს ისე, რომ ამითაც ამბავს ჰყვება და, რაც მთავარია, მისი თითოეული არტ-პროექტიც თხრობაა. შეიძლება გახსოვდეთ კიდეც იგივე „აპენდიქსი“ - აქცია მხატვრების მონაწილეობით კავკასიის თემაზე. რატომ „აპენდიქსი“? კარგად უსმინეთ: „ამ ტერმინს რამდენიმეგვარი დატვირთვა აქვს: გავრცელებული სამედიცინო თვალსაზრისით, აპენდიქსი ორგანიზმისთვის მავნეა და ის უნდა ამოიჭრას. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის, რაღაც გაგებით, კავკასიაც აპენდიქსია - არაფრის მაქნისი და აქედან გამომდინარე, მისავიწყებელი ან თავიდან მოსაშორებელი. მეორე მნიშვნელობით, აპენდიქსი ადამიანის იმუნიტეტისთვის არის კარგი, ანუ გამოდის, რომ არც კავკასიაა გადასაგდები რეგიონი. მესამე მნიშვნელობით - აპენდიქსი საშიშია. თუ გასკდა, ადამიანის ორგანიზმს საფრთხეს უქმნის. ესე იგი, რა გამოდის? რომ კავკასია საშიში რეგიონიცაა - თუ არ მიხედავ და მოუვლი, აქ ბომბი შეიძლება აფეთქდეს. მხატვრები სწორედ ამ მიმართულებით ვამუშავეთ. ის, რაც მათ თქვეს, ჩემი ნაფიქრი და ჩემი სათქმელი იყო“.
ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო „ეკოტოპია“. ინგრიდის თემა ისევ კავკასია გახლდათ, ოღონდ ამჯერად ბუნების ჭრილში. აზერბაიჯანელი, სომეხი, ქართველი და გერმანელი მხატვრები ამიერკავკასიის ბუნებაზე მხატვრულ განაცხადს აკეთებდნენ... აქაც ინგრიდი ლაპარაკობდა და ამიტომაც მითხრა: „მე ხომ არტ-აქციების მენეჯერი ვარ და უშუალოდ ჩემს შემოქმედებით პროდუქტს არ ვფენ. ამიტომ, ჩემთვის გამოფენების კეთებაც ლექსების წერაა, ანუ ისევ ისე - თხრობა. გამოფენას კუნთი უნდა ჰქონდეს, ტენდენცია, ამ საქმეში ჩართულ ადამიანს კი, პირველ რიგში - პოზიცია“.
ასეა, უტელევიზორო ბავშვობის ხანიდან გამოჰყვა - მსჯელობის საოცარი უნარი, ლამაზად დაწყობილი და გამართული ფიქრებით საუბრის ნიჭი და ზუსტი დასკვნები. და ახლა, დასკვნის სახით, მეუბნება: „თუმცა, მოსმენაც მიყვარს, ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობით საკუთარს და სხვის შემოქმედებას ვუხსნი სიყვარულს, ფაქტობრივად, საქართველოს ვუხსნი სიყვარულს და პასუხს ველოდები“.
ინსტალაცია IV
პატარა კულტურა
ერთ-ერთ შეხვედრაზე რომ მოვიდა, ლაპარაკი დაიწყო და უცებ გაჩერდა, მოიცა, ტელეფონს გამოვრთავ, თორემ ხელს შეგვიშლისო. „აქაური კი გავხდი, მაგრამ უცხოპლანეტელის თვისებები მაინც შემომრჩა. მაგალითად, ეს - ტელეფონი რომ არ გამოვრთო შეხვედრაზე, არ შემიძლია“.
ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით ინგრიდიც და მეც. მე არ მქონდა კითხვა. უფრო სწორად, არ მინდოდა დამესვა კითხვა, რადგან საქმე ეხებოდა ინგრიდის ბიოგრაფიის იმ ნაწილს, რომლის მეხსირებიდან ამოშლაც მას ყველაზე მეტად სურს; ნაწილს, რომელსაც ყველაზე მეტად მოუხდება კომპიუტერის კლავიატურის ერთი ჯადოსნური შესაძლებლობების მქონე ღილაკი - DELETE. მაგრამ ინგრიდი რისი ინგრიდია, რომ ბევრი არ ეფიქრა და მაქსიმალური სიზუსტით არ ჩამოეყალიბებინა Recycle Bin-იდან ამოგდებული ფაილი, სახელად „გაყრა“ ისე, რომ ჩემს კითხვასაც არ დალოდებოდა.
ამ ფაილში, რომლის ზომა-წონაც ალბათ რამდენიმე კილობაიტით იზომება, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით მეტს მოიცავს, შემდეგი ტექსტი წერია:
„დადგა დრო, როდესაც ვატოს აღარ მოუნდა ჩემთან ერთად უღლის ტარება. როცა მას აღარ მოუნდა, რომ მეუღლეები გვერქმეოდა. ვერაფერს ვიზამდი. ძალიან დიდი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. ძალიან ღრმა ნაპრალში ჩავვარდი... ინგლისურად გადასარევად წერენ სიტყვა „კულტურას“ - დიდი და პატარა ასო „C“-ებით. დიდი „C“- თი დაწერილი კულტურა ერის კულტურაა. მე ამ კულტურაში ინტეგრაცია მოვახერხე, სხვადასხვა ხერხით მისი ნაწილი გავხდი. ვისწავლე ენა, წავიკითხე ქართული პროზა და პოეზია (ჩემი ქართულიდან ნიდერლანდურად ნათარგმნი წიგნები ნიდერლანდებში გამოდის), ვუსმინე მუსიკას, ფეხით მოვიარე უამრავი მხარე, გავიცანი სხვადასხვა კუთხის ქართველები, თბილისი ჩემი ქალაქი გახდა. ეს ყველაფერი მოვახერხე. სამაგიეროდ, გამაგდეს მეორე კულტურიდან, რომელიც პატარა ასოთი იწერება და რომელიც ყოფითი, ოჯახური კულტურაა. არადა, ძალიან მინდოდა ორივეში ერთნაირად ჩავრთულიყავი. ამისთვის ბევრი რამ გავაკეთე, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ვერ მოვახერხე. რაც მოვახერხე, ის ვერ დაფასდა. ამიტომ ძალიან დიდ და ღრმა ნაპრალში ჩავვარდი. ჩემთვის ყოველთვის ძალიან ადვილი იყო ჩემოდნების ჩალაგება და აქედან წასვლა, მაგრამ მაქვს მიზეზები, რის გამოც ამას არ ვაკეთებ. ეს მიზეზები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. პირველი ჯგუფია საქმიანი მიზეზები. მე ხომ აქ გამომცემლობა მაქვს, კიდევ ნიდერლანდური კულტურისა და ენის ცენტრი, ვუძღვები თანამედროვე ხელოვნების პროექტებს, და თუ ნაპრალში ჩავვარდი, ეს ყველაფერიც ჩემთან ერთად ნაპრალში ჩავარდება.
ჩემი არწასვლის მიზეზების მეორე ჯგუფია პირადული. იცი, როცა ქართველები ცუდ ხასიათზე არიან, თვითონვე მეუბნებიან ხოლმე: აქაურობა ჭაობია, ნამდვილი ჭაობი! მეცინება ხოლმე, მაგრამ მერე თანდათან მივხვდი, რასაც შეიძლება ეს გამოთქმა ნიშნავდეს. და თუ მეც, დანარჩენ ქართველებთან ერთად, ჭაობში ვარ, ესე იგი, ვერც ამოვალ ამ ჭაობიდან. ესე იგი, სასიცოცხლო ძალა აქვე უნდა ვიპოვო, ამავე ჭაობში. მით უმეტეს, რომ ჭაობის ფსკერზეც ხომ შეიძლება მარგალიტი იპოვოს კაცმა. ბაზალეთის ტბის ძირზეც ხომ დევს დამალული ოქროს აკვანი (ისე, ამ ბოლო დროს, ბაზალეთის ტბაც ნამდვილ ჭაობს დაემსგავსა. რამდენჯერაც ცურვა დავაპირე, იმდენჯერ ტანზე მიკრული წყლის მცენარეები ამომყვა). კიდევ ერთი თქმულება ვიცი, რომლის მიხედვითაც დედოფლის სასახლე კოლხეთის რომელიღაც ჭაობში უნდა იყოს დამალული. აი, ახლა სწორედ ამ მარგალიტებს ვეძებ. აქ ვრჩები და ისევ ძებნას ვიწყებ. ასე მირჩევნია, ვიდრე საქართველოდან გულნატკენი წავიდე. ამ ქვეყნის შესახებ ხომ საზღვარგარეთ ისედაც ხშირად კარგს არ ლაპარაკობენ. რატომ უნდა მიემატოს უარყოფითად განწყობილ ადამიანთა რიგებს კიდევ ერთი, ჩემი სახით?
კიდევ ერთს მივხვდი: აქ, საქართველოში, კაცს ისევე ეპყრობიან, როგორც წმინდა ძროხას ინდოეთში. შუა გზაზეც რომ იდგეს გაჯიქებული, არაფერსაც რომ არ აკეთებდეს, მასზე ცუდის თქმა მაინც არ შეიძლება. კაცს შეიძლება ყველაფერი აპატიო. მერე რა, რომ მისი აზრით, ურთიერთობის გამოსწორებაზე ლაპარაკი თურმე არაჯანსაღი დასავლური ჩვევაა. თუ კაცი ამბობს, აქ მიიჩნევენ, რომ ესე იგი, მართლაც ასეა.
მე ასე არ მგონია, მაგრამ მაინც აქ ვრჩები, რადგან იმასაც მივხვდი, რომ მცდელობის მიუხედავად, ვერც ის ორი მიზეზი წამართვეს, რის გამოც აქ ჩამოვედი - ჩემი იდეალებიც და ჩემი სიყვარულიც ჩემთანაა. მე ხომ აქ ერთი-ორი ძვირფასი და ახლობელი ადამიანიც მყავს, რომელთანაც უამრავ ძვირფას განცდას და მოგონებას ვიზიარებ. მაქვს კიდევ ერთი განძი - განსხვავებული სიყვარულის ნიჭი. შემიძლია სიყვარულად დავინახო კედლის ფაქტურა, შემიყვარდეს სუნი, შემიძლია მოვლენების მიმართ გამოვიმუშავო სიყვარული. ასე რომ, ვრჩები“...
ინსტალაცია V
მომავალი
ინგრიდის „ვრჩები“, ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდა თბილისში. ყველაზე დაგვიანებით გამეხარდა მე, რადგან ყველაზე ბოლოს ინგრიდი მე გავიცანი. უკვე მაშინ გავიცანი, როცა შორიდან ვიცოდი - მართლა რჩებოდა.
ინგრიდის „ვრჩები“, პირადად მისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში, დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებას, ბევრი ფიქრის და განსჯის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას და კიდევ - ერთ აღმოჩენას: “ქართველებს გაქვთ ერთი გამო- თქმა: რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო. მე ვიცი ჩემი მშობლიური ენა, გერმანული, ფრანგული, ინგლისური და ქართული, მაგრამ არ ვიცი, ქართული ენის შესწავლამ სხვა ადამიანად მაქცია თუ არა. ყველაზე დიდი გავლენა, რაც საქართველომ დატოვა ჩემზე, არის ის, რომ უკვე აღარსად აღარ ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. აღარც აქ და აღარც ბელგიაში. არასდროს მესმოდა ებრაელების. მაგრამ ახლა ვხვდები - როცა ფესვებს ვეღარ გრძნობ, სამაგიეროდ გძნობ შვებას. თავისუფლდები და სულ სხვა განზომილებები იხსნება შენთვის.
თუმცა, ცხადია, როცა უცხოელი სტუმრები მყავს, თბილისს ისე ვაცნობ მათ, როგორც ნამდვილი თბილისელი. ტრაფარეტული ტექსტების ნაცვლად, ვუამბობ ამბებს, მითებს, მიმყავს გარეუბნებშიც. მათ წინაშე ისე ვშლი ქალაქს, როგორც ხალიჩას. ხალიჩა ხომ უამრავი ძაფისგან იქსოვება, ის ხომ ძალიან ჭრელი ქსოვილია. ამ ქალაქსაც უამრავი ქსოვილი აქვს - დაფარულიც და ხილულიც“.
ინგრიდი ახლა სოლოლაკში ცხოვრობს და, როგორც თვითონ ამბობს, არავინ არ ცხოვრობს ისე თბილისურად, როგორც ის. ინგრიდის იტალიურ ეზოში ებრაელებიც ცხოვრობენ, ქართველებიც, სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. მერე ერთი უპატრონო ძაღლი შეეკედლათ და ახლა - ერთი ბელგიელი გოგოც ჰყავთ.
ინგრიდის სახლს ორი ეზო აქვს - წინა და უკანა და ძალიან ჰგავს რეზო გაბრიაძის დეკორაციებს. უკანა ეზოში დიდი ამბები ტრიალებს: მუდმივად ისმის ბავშვების ხმაური, ხის მაგიდასთან მსხდომი მონარდე მამაკაცების კამათლების კაკუნი და მუდმივად მოშვებული ონკანიდან წყლის წკაპა-წკუპი. „ხო, ამ ონკანის გამო, სულ მგონია ხოლმე, რომ ეზოში დიდი და ლამაზი შადრევანი მაქვს“.
მოკლედ, ინგრიდი დარჩა. ახლა საზაფხულო არდადეგებზე ბელგიაშია. ალბათ, იქ ისევ მოინახულებს თავის ჩრდილოეთის ზღვას - ზამთარში ტალღის ქიმები რომ ეყინება ხოლმე, თმას გააწეწინებს გრილ ქარს; ფინჯანი ყავით, ოჯახთან ერთად დაათვალიერებს პროექტორით კედელზე კინოკადრებად გაშვებულ ძველ ფოტოებს, მეხსიერებაში ამოატივტივებს იმას, რაც ამოტივტივების ღირსია და მერე ისევ თბილისში ჩამოვა, რათა ახალი მოგონებები დაიგროვოს - სულ ერთმანეთზე უკეთესები. და სწორედ ამ ახალი მოგონებების იმედად, უკვე მშვიდად ვარ მეც - დაე, წაშალოს ინგრიდმა ის, რაც წასაშლელია. ახალი და კარგი თავგადასავლების დასამახსოვრებლად ხომ ისედაც საჭიროა ხოლმე მეხსიერების დაცლა. შიგადაშიგ.
ჩვენი
სახლი წლების განმავლობაში კვებავდა იმედს, რომ სახლად იქცეოდა ის მაღალი თეთრი ფანჯრებიდან მთავაზობს მზის სხივს, როგორც დიასახლისი თიხის თასზე დაწყობილ არომატულ ხილს. ხალიჩები მიცოცავენ თეთრ კედლებზე, მოლოდინით მომჩერებია მათი ათასობით მესოპოტამიური თვალი.
ესაა ჩვენი სახლი მითხარი შენ და მეც ბავშვივით ყველა უჯრა გამოვაღე. ისინი სავსე იყო შენი ოჯახის წინაპრებით, უცნობი დროებიდან და მხარეებიდან რომ მოდიან. მუსიკალურ ყუთში ვცხოვრობდი ორმოცხმოვან გუნდთან ერთად, რომელიც შენი წარმომავლობის ხატებას უმღეროდა.
ახლა კი შემატოვე მიცვალებულებით სავსე სახლს, რომლებიც მე კიდეც შემიყვარდნენ. შენი ბაბუის გადაღებულ ფოტოს, საიდანაც დიდი სერიოზული თვალებით იცქირები, ისე ვინახავ თითქოს ბავშვი იყოს ჩვენი ვაჟი
ინგრიდ დეხრავე
თარგმანი ნიდერლანდურიდან:
დავით ღოლიჯაშვილი და ინგრიდ დეხრავე
2004 წ.
![]() |
5 ერთი დღე სახელოსნოში |
▲back to top |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი
მოკლე ანოტაცია მასზედ, თუ საიდან და რატომ დაიწყო ეს ყველაფერი:
„ცხელი შოკოლადი“. №15. ივნისის ნომერი.
ART-ის გვერდები.
ანტონ ბალანჩივაძე „ჰობი“-ში
გალერეა „ჰობი“.
3 ივნისი. 17:00
მისი ტილოები პირველად, ოთხი წლის წინ, „ქარვასლის“ საგამოფენო დარბაზის კედლებზე ვნახე და დამიჯერეთ, მას მერე სულ მენატრებოდნენ. მენატრებოდა ის სიწრფელე, გულუბრყვილობა, სისადავე და სიკეთე, რასაც ანტონ ბალანჩივაძის თითოეული ნამუშევარი ასხივებდა.
ანტონი ბავშვობიდან ხატავს, გამოფენებშიც მონაწილეობს და კონკურსებშიც. მოკლედ, ყველაფერი, როგორც წესია; სულ ცოტა ხნის წინ კი, მეგობრებთან ერთად, „Georgian Art Group“-ი დააფუძნა და კაფე-გალერეა „ტაპირი“ გახსნა.
დღეეს? დღეს კი...
ერთ დღეს სახელოსნოში ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. გაიღო კარი, შემოვიდა პატრონი, აქეთ-იქით მიმოიხედა და გადაწყვიტა, დღეს განსაკუთრებულ სტუმრებს ველოდები და ესე იგი, განსაკუთრებულად უნდა მივალაგო აქაურობაო. ყველაფერს შეძლებისდაგვარად სწრაფად მიუჩინა ადგილი, დიდი ფანჯრები გამოაღო, უკმაყოფილო სახით კიდევ ერთხელ გადახედა მზიურის და ხილიანის ტერიტორიაზე წამოჭიმულ ფერად-ფერად, ტორტებივით სახლებს, მერე ზიზღით დახედა ცისფრად შეღებილ რაფას (არადა, რამდენი ეხვეწა მუშებს, ოღონდ ეს ფერი არაო), და ხელის ერთი გადატრიალებით, კუთხეში მიყუჟული ციცქნა რადიომიმღებიც საჭირო ტალღაზე მომართა.
ამ დროს გარეთ...
ამ დროს გარეთ ძალიან ცხელოდა. მზე თავის მისიას ხუთიანზე ასრულებდა, დანგრეული სახანძრო შენობა საკუთარი მტვრით ისევ ისე, გულუხვად უმასპინძლდებოდა ფეხით მოსიარულეებს და ჩახუთული ავტობუსიდან გულშეწუხებული ხალხის უბედური სახეები ილანდებოდა; ამ დროს გოგონამ სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ჭავჭავაძის გამზირი და პირველივე თაღიან შესასვლელში სწრაფად შეუხვია. გზად, ერთერთ კედელზე, დიდი ხნის წინათ გაკრულ პლაკატს მოკრა თვალი. მართალია დეტალები არ დაამახსოვრდა, მაგრამ პლაკატს, რომელიც საზოგადოებას სიმფონიური კონცერტის შესახებ აუწყებდა, დიდი ასოებით დირიჟორის სახელი - ჯარჯი ბალანჩივაძე ეწერა. ამან კიდევ ერთხელ დააფიქრა - „ჰმ, ვკითხო რამე ბალანჩივაძეებზე? მამამისზე? ბაბუამისზე და დიდ ბაბუაზე? მოვაყოლო რამე მელიტონ, ანდრია და ჯარჯი ბალანჩივაძეებზე თუ... ანტონი ხომ პირველია, რომელმაც ოჯახის დაუწერელი კანონი - კომპოზიტორობა, ბავშვობიდანვე გააპროტესტა და სულ სხვა საქმეს მიჰყო ხელი...“ დაკლაკნილ, ოღრო-ჩოღრო გზას მიუყვებოდა და რაც უფრო უახლოვდებოდა ცისფერ, აწოწილ შენობას, მით უფრო თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ შეაღებდა კარს, თვალით იპოვიდა ანტონს, მიესალმებოდა, მერე ცოტა ხანი ისე, რამეზე დაუწყებდა ლაპარაკს. შემდეგ უკვე ჩანთიდან ამოიღებდა კალამს, პატარა ფურცელს, სუპერთანამედროვე დიქტოფონს, დააჭერდა ღილაკს REC და მორჩა... მთავარი გადალახული იქნებოდა.
ეს გოგო - მე ვარ.
ის - ანტონ ბალანჩივაძე.
„ერთ დღეს სახელოსნოში“ - ანტონის სახელოსნო, რომელიც ჩვენი სტუმრობისთვის საგანგებოდ დალაგდა. არადა, რაც არ უნდა ალაგო, სახელოსნო სახელოსნოა: მიყრილმოყრილი ფურცლებით, საღებავებით მოთხვრილი იატაკით, გუაშის თავმოხდილი ტუბებით, კედელზე გაკრული ნახატებით, ათასი საჭირო თუ გამოუსადეგარი ნივთით და, რა თქმა უნდა, კუთხეში მიწყობილი ერთი-ორი ცარიელი ბოთლით.
დიდი მონდომება სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ აქ ერთი-ორი უცნაური ნივთი აღმოაჩინო, მერე მის მფლობელს გაოცებული თვალებით ჰკითხო - ამას აქ რა უნდაო, და პასუხის შემდეგ, ახალი „უცნაურობის“ ძიება-თვალიერება განაგრძო.
„უცნაურობაა“, აბა რა, როცა დღისით, მზისით, მაგიდაზე შემოდებულ მილიონი წლის მოლუსკს აღმოაჩენ, არა?! მართალია, ამ საწყალს წარსული დიდების აღარაფერი ეტყობა, მაგრამ მაინც: ვეებერთელა, წითელ ტილოზე დადებული, მძიმედ ასვენია სახელოსნოს კუთხეში - „ჩემმა მეგობარმა მაჩუქა, ძალიან საინტერესო ადამიანია, არქეოლოგია. ისეთი რაღაცეები აქვს... ოქროს მუზარადი და უამრავი სასწაული ნივთი. საერთოდ, საქართველოში იმდენი რაღაცაა... მცხეთაში ხომ ნუ იტყვი, მაგრამ რად გინდა... არაფერს არ თხრიან... რაც ამოჰქონდათ კი... უნიკალური ნივთები თურქეთში გაჰქონდათ.“
მოლუსკის რა გითხრათ, ნაჩუქარია, მაგრამ არასდროს შეეძლო, გარეთ გამოტანილი ძველი ნივთებისთვის გულგრილად ჩაევლო. სწორედ ამის წყალობითაა, რომ მოლუსკის ახლო-მახლო გაურკვეველი წარმოშობის ძველისძველი სამაშველო რგოლია ჩამოკიდული, რომლის თავზე აცტეკების მზის კალენდარი ჰკიდია. არც სახლში, სარემონტო სამუშაობის შემდეგ დარჩენილი გაჯი დაავიწყდა; პატარა სკამზე ჩამოასხა და ისეთი მხიარული, აწყვეტილი ცხენის და ზედ ამხედრებული ასეთივე კაცის ქანდაკება გააკეთა, რომ მის შემხედვარეს, არ შეიძლება ყველაფერი არ დაგავიწყდეს და თუნდაც იმ უმსგავო ტორტ-სახლებს ბედნიერი სახით არ გახედო. კუთხეში კი, მეგობრის იაპონიიდან ჩამოტანილი სუვენირი დევს, რომელსაც თავისი ინდივიდუალური და სევდიანი ისტორია აქვს. ანტონის დიდი თხოვნა - იქნებ იაპონიიდან რაიმე ნაციონალური ჩამომიტანოო, - მეგობარმა „პირნათლად“ შეასრულა და ამომავალი მზის იმპერიიდან სუვენირი - გაქანებული რუსული „შკატულკა“ უბოძა, ზედ არყის ხის ფოთლებით და „ჩასტუშკების“ წამღერებით. ანტონს ჯერ კი დაწყდა გული - ეჰ, ეს რა წესი არისო, მაგრამ გამოსავალი მოძებნა და რამდენიმე წუთში, სუვენირს ნაციონალობა უპრობლემოდ შეუცვალა. ფოთლებს თეთრი საღებავით იეროგლიფები გადაახატა, მუსიკა - „ჩასტუშკა“ ამოაძრო და საპატიო ნივთების გვერდზე, როგორც სუფთა იაპონურ სუვენირს, ისე მიუჩინა ადგილი.
ფრაგმენტი სახელოსნოს კედლიდან
ჰო, ამ სახელოსნოს ერთი უცნაურობა ახასიათებს. აქ დრო ცოტა ხნით ჩერდება. აღარც მაჯაზე მორგებული საათის ისრებს ადევნებ წამდაუწუმ თვალს და აღარც სხვა საქმეები გახსენდება. სუფთა ბოჰემაა რა... ზიხარ მრგვალ მაგიდასთან, სხვადასხვა ფერში მოხატულ სკამზე, აფუილებ სიგარეტს, წრუპავ წითელ ღვინოს და თან სერიოზული ხმით მსჯელობ ხელოვნებაზე: მხატვრობაზე, ლიტერატურასა და მუსიკაზე... ვაგნერი თუ ბეთჰოვენი? რაფაელი თუ მიქელანჯელო? თუ... ლინოლიუმზე ხატვა. რატომაც არა? - „ჩვენთან იცი, როგორ ფასდება ნამუშევარი? თუ ტილოა, ზეთი და თან დიდი, ესე იგი, ყიდვა ღირს; ხოლო თუ პატარაა და თან შერეული ტექნიკა, ესე იგი მეტისმეტად არასერიოზულია. არ ვამბობ, რომ ზეთზე ვინმემ უარი უნდა თქვას; პირიქით, ჩემთვის ფერწერაში მთავარი ზეთის საღებავია. უბრალოდ, მასალა სიუჟეტს ხასიათით უნდა შეესაბამებოდეს და როცა რევოლუციას, სისხლს და დრამატულობას ხატავ, აქ შეიძლება სულ სხვა ტექნიკა გამოგადგეს; ანუ ფაქტურის საშუალებით, ნახატი შეგიძლია უფრო ეფექტური გახადო. დღეს ხომ უამრავი მასალაა, რაც ადრე არ იყო. შეგიძლია ლინოლეუმი მოჭრა და იმაზე დახატო. 21-ე საუკუნეა, მხატვრობამ ამასობაში უამრავი ეტაპი გაიარა: ფრესკები, მოხატვა, რენესანსი, იმპრესიონიზმი... ამხელა გზა გაიარა და ახლა უაზრობაა, აირჩიო რომელიმე ერთი და იმ სტილში ხატო. ვიღაცას მოსწონს რაფაელი; იწყებს ტექნიკაზე მუშაობას ისე, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს და დაემსგავსოს. არადა, ეს უკვე აღარ არის აქტუალური. იყო და მორჩა, დამთავრდა. ის ჭეშმარიტებაა, მაგრამ შენ შენს დროში ცხოვრობ და საკუთარი უნდა შექმნა. დღეს სხვა ემოციაა, სხვა შეგრძნებებია, სხვა საზოგადოებაა. არ უნდა შეგეშინდეს იმის, მოეწონებათ თუ არა, მიიღებენ თუ არა.
საქართველოში კი, ძირითადად, ის ნახატები იყიდება, სადაც ყვავილებია დახატული - ნახატები, რომელთაც ქორწილებში ან დაბადების დღეებზე ჩუქნიან ხოლმე ერთმანეთს.“
შერეული ტექნიკის და ფაქტურების ხსენებაზე, კიდევ ერთხელ გახედავ ნახატებს და ანტონის ფერად სამყაროში იწყებ მოგზაურობას. აბა, სხვანაირად როგორ იქნება, როცა „თინას“ შეხედავ, რომელზეც ყველა ეხუმრება, - თინა კი არა ჰიტლერია, ულვაშები რამ მიგახატინაო?! ანტონი კი მეათასეჯერ ხსნის, რომ ეს ჩრდილია, ჩრდილი! მერე „ახალ ზელანდიელს მწვანეში“ გახედავ და ამ დროს „მწარე სასმისისკენ“ გაგექცევა თვალი; ხოლო თუ ყურადღებით დაათვალიერებ კედლებს, 4 წლის წინ, მის პირველ პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილ „ჩიტსაც“ მოჰკრავ თვალს - ძალიან სევდიან, ბურთივით დამრგვალებულ ჩიტს. „სევდიანია? ჰო, ალბათ. იცი, ვინც კეთილია, ის აუცილებლად სევდიანი უნდა იყოს, სხვანაირად არ შეიძლება.
ახლა ახალი გამომცემლობა იხსნება, რომელიც კიპლინგის ზღაპრებს ქართულად აქვეყნებს და მე ილუსტრაციები გავაკეთე. ბულგარეთში იბეჭდება. იცი რომელი ზღაპრები... აი ის, სპილოს რომ ხორთუმი გაეზრდება, იცი?“
არტ-თერაპია,
მხატვრობა და ალტერნატივა
- ანტონ, როგორ ხარ?
- კარგად, გმადლობ;
- რას აკეთებ, მუშაობ?
- კი, ასათიანზე;
- ???
ერთი პერიოდი, ეს კითხვა-პასუხი ანტონის ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური იყო, როცა ასათიანზე, ფსიქიატრიულში გახსნილი „არტ თერაპიის“ კედლების მოხატვა შესთავაზეს და იქაურები, ანტონის დანახვაზე, „ჩვენი მხატვარი მოვიდა“-ს ყვირილს იწყებდნენ.
- „ფსიქიატრიულში ახლად გახსნილი „არტ თერაპიის“ განყოფილების შესასვლელში დიდი, უშველებელი კედლის მოხატვა შემომთავაზეს. მაგრამ თან გამაფრთხილეს, ყველაფერი წყნარ, ნაზ ფერებში და, რაც მთავარია, არაკონტრასტული უნდა იყოს, სასურველია ერთ ფერში შეასრულოთო. ცოტა ფრთხილად დავიწყე, მაგრამ იცი, რა მემართება?!... დიდ სივრცეზე მუშაობისას, ვურევ და... ერთ ფერში ვაკეთებდი - მუქ მწვანეში, და თეთრ კედელზე ეს მწვანე ფიგურები მაგარ კონტრასტს იძლეოდა... მოკლედ, შევყევი, შევყევი და ისეთი მოძრავი რაღაც გამომივიდა, მე თვითონ თვალები აქეთ-იქით მიმდიოდა. ეს ამბავი დიდი სკანდალით და უბედურებით დამთავრდა. სამაგიეროდ, ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ლოგოდ ჩემი მოაჯირზე შემომჯდარი ჩიტი აუღიათ. არა უშავს, ესეც კარგია...“
სკანდალის რა მოგახსენოთ, მაგრამ ანტონის ცხოვრების კიდევ ერთი შემოქმედებითი ნაწილი დიდი გაუგებრობით დამთავრდა - „მამაჩემი მუსიკალურ-თეატრალურ წარმოდგენას, „ჯადოსნურ ფლეიტას“ დგამდა და დეკორაციისთვის უშველებელი, კედლისხელა ტილოს მოხატვა გადაწყვიტა. ერთ-ერთ მხატვარს სთხოვეს, ნაწილი მან გააკეთა, დანარჩენის შევსება კი მე მთხოვა. გავაკეთე. ორივენი ძალიან კმაყოფილები ვიყავით. ასე ამბობდა - შედგა ჩვენი თანამშრომლობა და მოდი, ეს ტილო შევინახოთო. შემდეგ, ამ ამბავში მამაჩემის მეგობარი კოკა რამიშვილი ჩაერთო, რომელმაც ტილოზე თავისი წვლილის შეტანა შემოგვთავაზა. კოკა უფრო ალტერნატიული მხატვრობის ამბავშია და... მივედით მეორე დღეს და რას ვხედავთ? სადაა ჩვენი ნახატი? კოკას მთლიანად თეთრი საღებავი გადაუსვამს და ქვემოთ შავი საღებავი მიუსხამს - რას ამბობთ? ასე გაცილებით ჯობიაო.“
იცით, რა მოსწონდა ბავშვობიდან ამ პროფესიაში? რომ ხარ მშიერი, ლოთი მხატვარი, რომელსაც სიკვდილის მერე აღიარებენ. ხშირად უფიქრია, რა სჯობს, შეძლებული საქმოსანი თუ მშიერ-მწყურვალი მხატვარი; ხელოვანი, რომელიც აკეთებს იმას, რაც მოსწონს და უნდა... მოდილიანი, ვან გოგი, ფიროსმანი... მოკლედ, ამ ყველაფრის წარმოდგენით საშინლად იხიბლებოდა. თუმცა, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდა აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩაბარებას და ყარამან ქუთათელაძესთან 3 წლიან მოსამზადებელ პერიოდს გაივლიდა, მის ცხოვრებაში ძალიან აქტიურად და ყოვლად უიმედოდ არსებობდა მუსიკა, რისი გაგონებაც, ამ გვარის, ბალანჩივაძეების სპეციფიკიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გაგაკვირვებდათ.
მუსიკა = სკოლა. რატომ?
- „ოჯახური მომენტი მქონდა - მუსიკა, მუსიკა და მუსიკა. ფორტეპიანოზე დავდიოდი და ისეთი მასწავლებელი მყავდა, რომელიც სულ ხელებზე მირტყამდა. ბოლოს უკვე შეშინებული ვუკრავდი, ყოველ წამს მეგონა, აი, ახლა მოვა და ისევ ჩამარტყამს-მეთქი. მახსოვს, როგორ მტკიოდა მაჯები. ვფიქრობდი, როგორ გავიზრდებოდი, გავხდებოდი კომპოზიტორი... ეს რაღაც მოვალეობასავით იყო. უბრალოდ, ერთხელაც, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი და არ მინდა! რატომ უნდა ვუკრავდე?! რატომ?! მამაჩემიც, იცი, როგორი კაცია? არ არსებობს რამე კარგი გითხრას, თუ მართლა ძალიან კარგი არ არის; ანუ, წახალისების მომენტი გამორიცხული იყო - „გააჩუმეთ ეს ბავშვი! რა საზიზღრობას უკრავს! ვაიმე, ყურებიი...“ ჰოდა, მივხვდი, რომ არა! არ მინდა! თავი რომ დავანებე, სულ მიჩიჩინებდნენ - აი, გაიზრდები, ინანებ და მერე გვიანი იქნებაო. არადა, ისე მიხარია, ასე რომ მოვიქეცი, როგორც... სკოლა რომ დამთავრდა! ჰო, ზუსტად ისე. ვერ ვიტანდი სკოლას... სულ მეუბნებოდნენ - დაამთავრებ და ნახე, როგორ მოგენატრებაო. მენატრება კი არა, დღესაც, სკოლის ბავშვები რომ მირეკავენ, წამო სკოლის შეკრებაზე ან ბანკეტზეო, - რას ამბობ? არ მინდა, არა! სკოლა რომ დავამთავრე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო... ისე მიკვირს, როცა ეს პერიოდი ენატრებათ...“
სკოლის ამბავში, ბედი ნამდვილად არ სწყალობდა. ჯერ იყო და მისი სკოლა, რატომღაც, ყოველ წელს იცვლიდა შენობას; ანუ, ხან მთაწმინდელი, ორთაჭალელი და ხან კიდევ რომელიღაც უბნელი ხდებოდა და მერე გერმანიაში გააგრძელა სწავლა, სადაც მამამისის კონცერტების წყალობით, მთელ ოჯახს მოუწია გადასახლება - „წარმოიდგინე, შევედი კლასში და ყველა ჩამწკრივებული დამხვდა. რიგ-რიგობით მოდიოდნენ, ხელს მართმევდნენ და: - იოჰანეს; - ანტონი, სასიამოვნოა; - კრისტიან; - ანტონი სასიამოვნოა; - ოლივერ; - ანტონი, სასიამოვნოა... საშინელება იყო, მთელი კლასი ასე გამეცნო. ყველა ზედმეტად მოწესრიგებული იყო, საკუთარი „პაიოკებით“ და ა.შ. გავგიჟდი. ერთი მე გამოვდიოდი ყველაფრის ამრევი“.
სკოლა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა მუსიკასთან, დილის 8 საათზე, ყველასთვის ერთადერთი და უწმინდესი გაკვეთილით - ფლეიტაზე დაკვრით იწყებოდა. შევდიოდი დილით და ყველა ჩამწკრივებული, გაბერილი ლოყებით და ფლეიტით მხვდებოდა. არ ვიცი, რისი დამსახურებით, გენმა თავისი ჰქნა თუ რა, მაგრამ ანტონი ფლეიტით პირში არასდროს მდგარა სკოლელებთან ერთად. ის დირიჟორის ამპლუაში, ამაყად იქნევდა ხელებს. ახალ სკოლაში, თავის დამკვიდრების საკუთარი მეთოდი ჰქონდა - „უფროსკლასელები პანკები იყვნენ და ყოველთვის სკოლის შესასვლელში იდგნენ. ისეთი უხერხული იყო მათ შორის გავლა და აი, რა მოვიფიქრე: კალამს გადავახატე სიგარეტი, და შესვლისას, გავირჭობდი პირში და ისე ჩავივლიდი ხოლმე. რა ვიცი, ალბათ, იმათაც ეგონათ, ეს რა მაგარია, მე-7 კლასელია და სკოლაში სიგარეტით დადისო... რაღაც ნერვიულად აღიქვამდნენ ყველაფერს. მაგალითად, ერთხელ ოჩოფეხები გავაკეთე და კლასში ისე შევედი... მერე...“ მერე კინაღამ წესიერი გერმანელი ბავშვები დაღუპა და მილიციაში ამოაყოფინა თავი. მატარებლის ბილეთის საფასურის გადახდას ფულის შეგროვება სჯობიაო - ამ პერსპექტივით მოხიბლა კლასელები, და ერთ-ერთი მორიგი ჯგუფური გასეირნებისას, ბოროტ ბიძია კონდუქტორს გადაეყარა. დიდი სკანდალი ამტყდარა, მთელი სკოლა ფეხზე დამდგარა და... და იდეის ავტორი, „დაზარალებული“ ბავშვების მშობლებმა სადილზე დაპატიჟეს. იქ წყანარად და უემოციოდ აუხსნეს, რომ ეს ცუდია და რომ ის, ანუ ანტონი საზიზღარი ადამიანია. მართალია, მეორედ უკვე სადილის გარეშე დამთავრდა ყველაფერი, როცა მთელი კლასი გაყინულ ტბაზე სასრიალოდ წაიყვანა. და გრიფიტის „გზა აღმოსავლეთისკენ“ გინახავთ? აი ის, ლილიან გიში რომ გდია შუა წყალში, ყინულის ნატეხზე და განწირული რომ ითხოვს შველას? არა, არა, კინაღამ, კინაღამ ასე დამთავრდა. უბრალოდ, ბავშვები დროზე გადმოიყვანეს და მერე, ერთი შვარცენეგერი დეიდა-polizei მისულა ანტონთან საქმის გასარჩევად - ისეთი სერიოზული polizei, სამი კაცი რომ ჰყავდა მოკლული და რამე.
პარიზში მინდა
პარიზი მაშინ შეუყვარდა, როცა დიუმას ფურცლავდა და მუშკეტერებთან ერთად, თვითონაც ათასგვარ ფათერაკსა და თავგადასავლებში ეხვეოდა. მისი ფავორიტი დ'არტანიანი არასდროს ყოფილა, „გულის სიღრმეში ეს დ'არტნანიანი ყოველთვის დიდი მამაძაღლი მეგონა“-ო. სამაგიეროდ, მშვენივრად აიგივებდა საკუთარ თავს დინჯ ათოსთან, რასაც დამაჯერებლად ასაბუთებს: „ათოსი გრაფი იყო, ვინმე უბრალო მუშკეტერი-პოლიციელი კი არა“. მერე კი, როდესაც მის მეხსიერებაში მჭიდროდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს: სიღარიბე, მშიერი ლოთი მხატვარი და სიკვდილის შემდეგ აღიარება, აბა რომელ ქალაქზე უნდა ეოცნება? - პარიზზე, რა თქმა უნდა.
„არ გინდა ფული, არაფერი, ეგ დაივიწყე. მოკიდე შენს ნახატებს ხელი, ჩადი, იპოვე რომელიმე ხიდი და მის ქვეშ დაიძინე. მერე ერთი-ორი ბოთლი ღვინოც იყიდე და ხალხსაც ასე, თავისით გაიცნობ.“ - დაარიგა ყარამან ქუთათელაძემ. ანტონს ეს რჩევა არათუ გაკვირვებია, პირიქით, საკუთარი ოცნების რეალიზების შესაძლებლობა კიდევ უფრო ნათლად დაინახა, გზის ფული შეაგროვა და მეგობრებთან ერთად, იღლიაში ნახატებამოჩრილი, პარიზში წავიდა. მაინცდამაინც სუფთა ადგილი ვერ იპოვა ხიდის ქვეშ, ამიტომ, მეგობრებთან ერთად, ერთსაწოლიანი, პატარა სტუდიო იქირავა და ამითაც კმაყოფილი, დასახლდა. ასე ეგონა, პარიზის ყოველი კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა და დიუმას გმირებთან ერთად, უკვე მერამდენედ მოგზაურობდა ნაცნობ ქალაქში - „დასაწყისში იცი, როგორი შეგრძნება მქონდა? რომ პარიზმა არ მიმიღო. ტურისტს ვგავდი, რასაც ვერ ვიტან, მთელი დღე წინ და უკან დავდიოდი და ფეხით ვტკეპნიდი გრძელ მანძილს ლუვრიდან ეიფელამდე, ელისეს მინდვრებიდან „ლა დეფანსის“ ახალ ტრიუმფალურ თაღამდე. შევდიოდი გალერეებში, სადაც ეწერა, რომ აქ გამოფენილი იყო პიკასო, მოდილიანი, შაგალი... და უკან საკუთარ ნახატებთან ერთად გამოვდიოდი. ბოლოს, გადავწყვიტე, რომ სრული იდიოტიზმია, ამხელა გზა გამოიარო და ვერ გააკეთო ის, რისთვისაც ჩამოხვედი. ერთ ვიწრო ქუჩაზე გავედი, სადაც ყველაზე მეტი გალერეაა, შევაღე ერთ-ერთის კარი, სადაც სეზანი იყო გამოფენილი, მივედი მეპატრონესთან და ნამუშევრები ვაჩვენე. - ოო, კარგიო, - მითხრა, - დამიტოვე შენი მისამართი და 2007-ში ჩემს გალერეაში გამოგფენო. დავუწერე კოორდინატები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ მომიშორა. ეს 2004 წელს მოხდა. ცივად გამოვედი. ცოტა ხნის წინ, დილით სახლში ვიღაც კაცი მოვიდა - გამიღეთ, ფოსტალიონი ვარო. ვუღებ და რაღაც კონვერტს მაწვდის. კონვერტში კონტრაქტია - „მუსიე ანტონ ბალანჩივაძესო...“ და ა.შ. და ა.შ. ასე რომ, იმ ქალს არ მოვუტყუებივარ.“
GAG და „ტაპირი“
GAG - „Georgian Art Group“-ის აბრივიატურაა - მხატვართა და ბიზნესმენთა კავშირის სახელი, რომლის შექმნის იდეა ანტონს პიკასოს მუზეუმიდან გამოსულს და მონმარტრზე, იმპრესიონისტ მხატვართა კაფეებთან სეირნობისას მოუვიდა. „ტაპირი“ კი ის კაფე-გალერეაა, რომელზეც GAG-ის წევრები ყველაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, და მხატვართა, პოეტთა და... მოკლედ, ხელოვან ხალხთა საყვარელ ადგილად უნდა ექციათ. რაც შეეხება სახელწოდებას - ტაპირი, ეს ერთი უშნო ცხოველის სახელი ყოფილა. და როგორც ანტონის მამა, ჯარჯი თავის დახატულ ნებისმიერ ცხოველს ტაპირს არქმევს და სულ გაიძახის - რა ჰქვია? როგორ, რა? ტაპირი; ისიც ტაპირი! ეეს? ესეც ტაპირია! - ანტონს კაფესთვისაც ეს ერთობ უცხო ჟღერადობის სახელწოდება მიუცია.
- GAG - ეს არის ნოსტალგია იმ ძველი მხატვართა კავშირებისა თუ თავშეკრებებისა, რაც დღეს აღარ იმართება და რაც ასე საჭიროა. მხატვარი თავის თავს შესაბამისობაში პოულობს, როცა შეუძლია შეადაროს თავი, ნახოს მისი თანამედროვეს ნამუშევრები, ჰქონდეს კავშირი. ამიტომ, ჩამოვედი თუ არა, მაკა ბატიაშვილს, ავთო გურგენიძეს, ქრისტინე კაკაბაძეს და ნინო მოსაშვილს დავუკავშირდი და შევქმენი რაღაც კავშირივით - GAG. თან ყველას სხვადასხვა ხელწერა გვაქვს და ვფიქრობ, ჩვენს შემოქმედებით ურთიერთობას ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. მერე კაფე-გალერეის შექმნის იდეა გაჩნდა, რაშიც ბიზნესმენები უნდა დაგვხმარებოდნენ. ძალიან მყუდრო, სახლივით კაფე, სადაც პერიოდულად გამოფენები, ხელოვან ხალხთა შეხვედრები გაიმართებოდა, და სადაც ყველაფერი, კედლების ამოშენებით დაწყებული, ზედ ჩამოკიდებული ნახატებით, - ჩვენი შექმნილი და გაკეთებული იყო. უბრალოდ, ერთი რამ ვერ გავითვალისწინე - რომ არ არსებობს ხელოვნება და ბიზნესი ერთად. ვინც ფინანსური დახმარება გაგვიწია, იმ ადამიანმა გაყიდა წილი. ვინც იყიდა, მერე ამ მეორემაც იგივე გააკეთა, და ბოლოს მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ აზრზე არ იყვნენ, რატომ და რისთვის დაიწყო ეს ყველაფერი, მარტო ფულზე ფიქრობდნენ. ამიტომ GAG-იც დაიშალა და „ტაპირიდანაც“ წამოვედით. გული როგორ არ მწყდება, ყველაფერი ჩვენი გაკეთებული იყო. მაგრამ არა უშავს, რამეს კიდევ მოვიფიქრებთ. მთავარი ისაა, რომ ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე...“
ამ დროს, მობილურ ტელეფონზე ჩვენი გზააბნეული ფოტოგრაფი დათო მესხი მირეკავს - ისა, მგონი, სადღაც სხვაგან ავედი. მოდი რა, მიშველე. მერე, მესხთან ერთად, კიდევ კარგა ხანი ვსხედვართ მრგვალ მაგიდასთან, ვწრუპავთ ღვინოს და ხელოვნების დარგებს ახალ თემას - ფოტოგრაფიას ვუმატებთ. მესხი დიდ დარბაზს პოულობს და ფოტოების გადასაღებად, „მსხვერპლი“ გაბრწყინებული თვალებით გაჰყავს. ჩემი მისია შესრულებულია, მესხის კი მხოლოდ ახლა იწყება.
დიდ დარბაზში ანტონი რაღაც არაკომფორტულად გრძნობს თავს. ეს აშკარად ჩვენი ბრალია. ხან ადექიო, ხან დაჯექიო, ხან აქეთ მოიხედეო. ფოტოებს კი არ გიღებ, ვითომ, ვითომ სასინჯებს ვაკეთებოოო, - ატყუებს მესხი. ანტონს კი არ უყვარს საკუთარ თავზე მიმართული ფოტოკამერა და რაღაც უხერხულად იშმუშნება. „ოოო, ამათ რთული თანამშრომლობა ექნებათ,“ - გავიფიქრე ჩემთვის და კარი გამოვიხურე.
გარეთ გამოვედი, სადაც ყველაფერი ისევ ისე დამხვდა, თითქოს დრო არც გასულაო; ისევ ისე მხურვალედ აჭერდა მზე და სახან-ძროც ისევ გულუხვად ჩუქნიდა მტვრის სუნს გამვლელებს. სუპერთანამედროვე დიქტოფონი ხელით შევამოწმე, ხომ ჩანთაშიამეთქი, ოღრო-ჩოღრო გზაზე ისევ შევავლე თვალი ნაცნობ პლაკატს და - ხედავ, როგორია? - ვკითხე, შენს თავს რა ფერში ხატავ-მეთქი. და არ მიპასუხა?! - არ გეტყვიო! ჰმ!
![]() |
6 სპეც-პროექტი: ფოტოგრაფების საყვარელი ფოტო |
▲back to top |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ისევე, როგორც წერა-კითხვის სწავლა შეუძლია ყველას, ფოტოგრაფირებაც ყოველი ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია: ერთი ფოტოაპარატი, გადასაღები ობიექტი და - ჩხაკ! ფოტო მზადაა. მაგრამ ეს ჯერ კადრი არაა. კადრი სხვა რამაა, უკვე ფასეული.
ისევე, როგორც ასოების გამოყვანა არ ნიშნავს მწერლობას, არც გამოსახულების მიღება ნიშნავს იმას, რომ მავანი ფოტოგრაფია. რაც არ უნდა კარგი კამერა მომცეთ, რამდენიც არ უნდა მიხსნათ ფოტოგრაფიის კანონები, ჩემგან ენი ლეიბოვიცი მაინც არ გამოვა.
მომდევნო გვერდებზე ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოებია. ისინი დღეს თბილისში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, და თუ ისე მოხდა, რომ მათ აქამდე არ იცნობდით - გაიცანით!
და აქვე მოგახსენებთ იმას, რაც თავადაც მოგეხსენებათ: რომ ნამდვილი ფოტოსურათის ავტორი მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს, და ფოტოების მიხედვით შეგიძლიათ იმაზეც იმსჯელოთ, თუ რა ხალხთან გაქვთ საქმე.
ისე, რაღაცმცოდნეები მუდამ სახალისო ადამიანები არიან ხოლმე. სრული სერიოზულობით ჰყვებიან, რას ფიქრობდა და რას გრძნობდა ავტორი ამა თუ იმ ნამუშევრის შექმნისას. ნეტა, რა იციან? ჰოდა, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ფოტოგრაფები თვითონ გვიამბობენ, რა და როგორ. რომ ათასგვარი ბრძნული თუ ბრიყვული აზრებით არ შევიწუხოთ თავი
ანკა ნიჟარაძე
ჩემი საყვარელი ფოტო გადაღებულია 2005 წელს, აგვისტოში, ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრაში. თავიდან დავინახე თეთრი კაბები, თეთრი კედლის ფონზე გაფენილი. თავისთავად უკვე ლამაზი იყო და გადასაღებად მოვემზადე. ამ დროს სახლიდან ბიჭი გამოვიდა, ვთხოვე, გადაგიღებ-მეთქი. ისიც ჩამოჯდა და გამიღიმა. სულ ეს იყო.
გურამ წიბახაშვილი
ეს კადრი იმ დროს გადავიღე, როცა პიონერები არსებობდნენ. ფირი ORWO-ა, გდრ-ში დამზადებული.
ამ ფოტოში ის მომწონს, რომ შიგ ბევრი შრეა. ჩვეულებრივი ფოტოსტუდია გადავიღე, მაშინ ასეთი ბევრი არსებობდა. ეს სტუდიები ფოტოგრაფიისადმი სიყვარულს მიმძაფრებდა, მეგონა, რომ იქ კეთდებოდა ფოტოგრაფია.
როგორ იჯდა წითელზე წითელყელსახვევიანი, როგორ გახდებოდა ის „იმიჯირებული“ - ძალიან გულისამაჩუყებელი იყო. აქ ხომ ყველაფერი ნაცრისფერია, გარდა იმ წითლისა, რომელსაც ფოტოგრაფი ქმნიდა.
დათო მესხი
ერთხელ ამ ბიჭმა მშობელს უამბო, რომ უცხოპლანეტელების შესახებ ჩვენი წარმოდგენა არასწორია. ასე, დედამიწაზე რომ დაჯდეს ვინმე უდაბნოში, გაიხედ-გამოიხედავს და ისიც იტყვის, რომ აქ სიცოცხლე არ არსებობსო...
ასე რომ, ამ ფოტოთი ან ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი, ან საერთოდ არაფერი.
ნიკო ტარიელაშვილი
No comment!
ნონო ანთაძე
ეს ფოტო გერმანიაშია გადაღებული. კომპოზიცია და ეს მუქი ფიგურები მომწონს.
მაშინ ამსტერდამის აკადემიიდან ექსკურსიაზე გერმანიაში წაგვიყვანეს. სადღაც, პარკში ვიყავით, და უცებ კოკისპირული წვიმა დაიწყო. ყველა დაიმალა, მხოლოდ ეს ორი ადამიანი დარჩა, ერთი ამერიკელია, მეორე - ნიდერლანდელი. მთლად გაიწუწნენ და სხვები რაღაცნაირად აღშფოთდნენსავით. არადა, ნაღდები იყვნენ და ფოტოც ასეთი გამოვიდა, ნაღდი.
სოფიო აბაშიძე
ჩემთვის ცხოვრებაში და ფოტოგრაფიაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია.
იური მეჩითოვი
1983 წლის ნოემბერში სერგო ფარაჯანოვი იღებდა ფილმს „სურამის ციხე“. ამ ფოტოს მხატვარი თავად რეჟისორია.
ამიტომ, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი და სერგო ფარაჯანოვის ერთობლივი ნამუშევარია.
იუსტინა მელნიკევიჩი
კადრი გადაღებულია 2003 წელს, ოჩამჩირეში. ეს უბრალო ხალხია, მუშები, რომლებიც რაღაც შენობას არემონტებდნენ.
სხვადასხვაგვარი ფოტოსურათები მომწონს, მაგრამ საერთოდ ფოტოგრაფიაში და ჩემს ნამუშევრებშიც ყველაზე მეტად ლაკონურობა და მინიმალიზმი მიყვარს. ეს კადრი ჩემთვის ძვირფასია იმიტომ, რომ აქ, მგონი, ამას მივაღწიე. გარდა ამისა, მშვიდია. უბრალოდ, ძალიან მიყვარს.
მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ფოტოგრაფი ვარ და ჩემს სათქმელს ჩემი ნამუშევარი უნდა ამბობდეს.
ლიზა ოსეფაიშვილი-ნემცოვა
ეს ფოტოსურათი დიდი სერიის ნაწილია მხოლოდ. მთელს ამ სერიაში შუქ-ჩრდილი მომწონს შიშველ სხეულზე.
იური ლობოდინი
არ მიყვარს ფოტოებისთვის კომენტარების წერა, განსაკუთრებით საკუთარი ფოტოებისთვის.
ახლაც გადავწყვიტე იმით შემოვიფარგლო, რითაც ანონიმური კომენტატორი ერთ-ერთ ფოტოსაიტზე გამომეხმაურა.
მგონი, ის ყველაზე ადეკვატურად გამოხატავს ჩემს ჩანაფიქრს: „თუ ლურჯს ზეცად მივიჩნევთ, ასეთი რამეები მხოლოდ სიზმრებში დაფრინავს...“
ბესო გულაშვილი
ფოტო ივნისის ბოლოს გადავიღე...
მიყვარს ახალი ფოტოები, სანამ შევეჩვევი და სანამ თავს მომაბეზრებს.
ალექსანდრეს ბაღში კოჭებამდე აუზი რომაა, ბავშვები ბანაობდნენ, იქვე ძაღლს
ბანავებდა ვიღაც.
ყველაფერი გოგი ცაგარელის ბრალია...
გოგისგან გადამედო და მონოკლი ერთად ავაწყვეთ.
ახლა დავდივარ და ასეთ „ნისლიან“ ფოტოებს ვიღებ.
წიბახა დამცინის, „ვაი, რა გეშველება, რა დღეში ჩავარდიო!“
ესაა და ეს.
ლევან ხერხეულიძე
საბა და სალი - 2005 წ. 24 მაისი.
საბა და სალი - ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის ტყუპები. წარმოიდგინეთ ოჯახი ოთხი მოუსვენარი, ცელქი ბავშვით, რომელთაგან თითოეულს აქვს არტისტული მონაცემები და უდიდესი სურვილი, სტუმრად მისულმა ფოტოგრაფმა სურათები გადაუღოს. ფოტოაპარატი თითქმის ყოველთვის თან დამაქვს და გიორგისთან ყოველი მისვლისას, აუცილებლად ვიღებდი ფოტოებს, თუმცა მაღალმხატვრული ფოტოების გადაღება თვითმიზნად არასოდეს მქონია. ერთხელაც გადავწყვიტე, ტყუპები ეზოში ჩამეყვანა და იქ გადამეღო. ორი წლის ბავშვები ცელქობდნენ, არ ჩერდებოდნენ, ხელიხელჩაკიდებულები დასეირნობდნენ, მე კი, აზარტში შესული, მათ დავდევდი და აპარატს განუწყვეტლად ვაჩხაკუნებდი. რაღაც მომენტში დაღლა ვიგრძენი და უკვე სახლში უნდა დავბრუნებულიყავით, როდესაც შემთხვევით ბავშვებისკენ მივიხედე და... ტყუპები ხელიხელჩაკიდებულნი იდგნენ - სახით ჩემსკენ და ზურგით მზისკენ, რომელმაც პატარების სხეულებს უცნაურად დიდი და მოულოდნელად ლამაზი ჩრდილები გამოაბა. ღილაკზე ერთი დაჭერა და მივხვდი, რომ ეს კადრი ჩემს საუკეთესო კადრებს შორის აღმოჩნდებოდა. ეს იყო მომენტი, როდესაც ფოტოგრაფი იჭერს ზუსტად იმ წამს, რომლის დადგმა, გათვლა ან ლოდინი წარმოუდგენელია...
![]() |
7 ახლა და აქ გიორგი ლიფონავასთან ერთად |
▲back to top |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
„...ამბობდნენ, ამბობდნენ მისტიკოსები, რომ იყო დრო, და ეს ლამაზი კაცი ფრაკით არ დადიოდა, არამედ ფართო, ტყავის ქამარი ერტყა, რომელშიც დამბაჩები ჰქონდა გაჩრილი, და კარიბის ზღვაში მისი თაოსნობით შავი ხომალდი ცურავდა, ადამისთავიანი შავი ალმით.
მაგრამ არა, არა! ტყუიან მაცდური მისტიკოსები! არ არსებობს კარიბის ზღვები, არ ცურავენ თავზეხელაღებული მეკობრეები, არავინ მისდევთ და ტალღას ზარბაზნის ბოლი არ ეფინება. არაფერი არსებობს და არც არაფერი ყოფილა...“
ჩემი საყვარელი წიგნიდან
იმ ნათელი დროიდან, როცა მეტს ვკითხულობდი და ნაკლებს ვწერდი, და საკუთარ თავზე მეტს ვმუშაობდი, ვიდრე საკუთარი თავისთვის, ჩვენს დილეტანტურ დროში დილეტანტურად გაგებული ტანტრა იოგას საბოლოო მიზანი მახსოვს: უნდა ვიყო ახლა და აქ. არა წარსულში, არა მომავალში, არამედ ახლა, ამ წამს, და ფიქრებს სადღაც სოხუმისკენ კი არ უნდა ავეკიდო, არამედ აქ გავაჩერო. გასხივოსნებას ვერ მივაღწევდი, ეგ იმთავითვე ვიცოდი, მაგრამ იმ იშვიათ წუთებში, როცა ეს საქმე გამომდიოდა, ნამდვილად ცოცხალი ვიყავი და მეტსაც მოგახსენებთ - ბედნიერი.
იმავე ბედნიერი ხანიდან მახსოვს, რომ მხოლოდ მრავალი, მრავალი დაბადების შემდეგ შეიძლება ცოცხალი არსება მიხვდეს, რომ ახლა უნდა იყოს და აქ, და რომ ასეთი სული ძალიან იშვიათია. ამან მანუგეშა - რომ მარტო მე არა ვარ წარსულით მოამაყე და მომავლის იმედად მყოფი ბრიყვი.
ამსიგრძე ამბავი იმიტომ გიამბეთ, რომ გიორგი ლიფონავა გავიცანი, და როგორც არამდგრადი ადამიანი, უმალვე წარსულში გადავვარდი, ზემოთ ხსენებულ კეთილ დროში. ვეჭვობ, ჩემი რესპონდენტი იმ იშვიათ სულთაგანია, რომელთაც მრავალი დაბადება უკვე გამოუვლიათ და ზემოთ ნახსენები ტანტრას მიზანი უკვე მიღწეული აქვთ, თან ისე, რომ არც ჭინჭრის ჭამით გალურჯებულა და არც არაჯანსაღ ექსპერიმენტებს აყენებს საკუთარ ფსიქიკაზე. უბრალოდ, ასეთია, და ჰა…
. . .
1993-94 წლებში, რომელთაც საქართველოსთვის სხივმფენსა და გაბრჭყვიალებულს ვერაფრით ვუწოდებთ, თბილისის ფილარმონიაში, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზსა და გრიბოედოვის თეატრში სანახაობასა და სიხარულს დანატრებული საზოგადოება, მეტწილად - ძალიან ახალგაზრდა, crazy situation-ის კონცერტებზე დაიარებოდა. ჯგუფი თავიდან უუ, ძალიან მძიმე მეტალს უკრავდა, ინგლისურად მღეროდა. შემდეგ ყმაწვილები ოდნავ მოლბნენ და ქართული ტექსტებიც შეურიეს. ამ ჯგუფის სოლისტი გახლდათ გიორგი ლიფონავა, იმხანად არასრულწლოვანი გოგოების სიტყვების ციტირება რომ მოვახდინოთ, „როგორი თვალებიიი!“ საშინელი ამბავია.
გიორგის მუსიკალური განათლება არ მიუღია, გიტარაზე დაკვრის სწავლაც კი ეზარებოდა და დასარტყამებს ურტყამდა, მაგრამ თავდადებული მელომანი იყო, უსმენდა ყველაფერს, სიხარულით და სიამოვნებით, და ეს მომავალში, ანუ სადღეისოდ, ძალიან გამოადგა. ოღონდ ეს მერე იყო. მანამდე ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და კინოსა და მისთანებზე ძალიან ნაკლებად ფიქრობდა.
უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მესამე კურსზე გიორგი ლიფონავა დაოჯახდა და, შესაბამისად, ოჯახი გაუხდა სარჩენი. მან ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა და იქ შესანიშნავი საქმით დაკავდა: კინოფირები ერთი კორპუსიდან მეორეში გადაჰქონდა. არა, ვაჭარბებ, სხვა საქმეც ჰქონდა: არქივისთვის კინოფირიდან ვიდეოკასეტებზე იწერდა ფილმებს და, მისი თქმით, ლამის ყველა ქართული ფილმი ნახა, რაც კი ოდესმე გადაუღიათ. ასე მოუნდა რეჟისორობა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩვენმა გმირმა თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე. ორწლიანი განათლების შემდეგ, მას, ჩანაფიქრის თანახმად, დიპლომი უნდა მიეღო, მაგრამ ვინაიდან იმხანად ყველას ცხრა პარასკევი ჰქონდა და დიდი ლოგიკურობით არც საგანმანათლებლო სისტემა გამოირჩეოდა, გიორგის მხოლოდ სერთიფიკატი მისცეს. მერე რა. ამის გამო არაფერი დაჰკლებია.
დღეს ის კმაყოფილია, რომ ფულს იმით შოულობს, რაც უხარია. ის ალბათ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლიპმეიკერია (ულამაზო სიტყვაა, მაგრამ რა ვქნა, სხვა რა ვუწოდო, არ ვიცი) - ბაკურ ბურდულის „ფეთქავს“ ხომ გახსოვთ? გიორგი ლიფონავამ გადაიღო, თან პრემირებულია; Young Georgian Lolitas-ის „Star“? ესეც გიორგის ნამუშევარია; და კიდევ ბევრი სხვა, სულ ნაირ-ნაირები, აღარ ჩამოვთვლი, რადგან მუსიკალური კლიპების ავტორის ამბავს კი არა, ერთი კარგი გიორგი ლიფონავას შესახებ გიამბობთ.
. . .
თავად ბრძანა, მე მოკლე ფილმები, პატარა კინო მიყვარს, როგორც ჩანს, ჩემი ტვინი ამგვარადაა მოწყობილიო. ძალიან თბილად იხსენებს თავის პირველ, შვიდწუთიან ფილმს, ფილმი ხმამაღალი ნათქვამიაო, ამბობს, მაგრამ მაინც. პატარა დეტექტიური ამბავი ყოფილა, „შეთქმულება“. მაგრამ სამომავლოდ, ოდესმე, - და მე ვიმედოვნებ, რომ მალე სძლევს დაზარებას, - დიდ ფილმსაც გადაიღებს. ოღონდ ეს ბლოკბასტერი და მსგავსი განსაცდელი არ იქნება - გიორგი ლიფონავას ასეთი რამეები სულ არ უყვარს.
ჩვენი გმირის ყველაზე საყვარელი ფილმების ათეული!
გამოკითხვა ჩაატარეს ანა კორძაიასამადაშვილმა და ჟურნალმა „ცხელმა შოკოლადმა“. დახმარებისთვის მადლობას მოვახსენებთ ნიკო ნერგაძეს, რომელიც მიხვდა, რომ როცა ვწყევლი, ჩემი ძუძუები ლოცავენ.
„ჩემი ბებია“
„არაჩვეულებრივი გამოფენა“
„მიმინო“
„იყო შაშვი მგალობელი“
„ბრალდების მოწმე“
„ტუტსი“
„როკო და მისი ძმები“
„მეხუთე ელემენტი“
„თეთრი კატა, შავი კატა“
„მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“
ამიტომაა ალბათ, რომ გიორგი ლიფონავა კინოთეატრებში თითქმის არ დადის. არადა, რა კარგია კინო, შუქი რომ ჩაქრება და დიდ ეკრანზე რომ ამბები ტრიალებს, სულ ცოტა ხანში რამდენი რამ ხდება! თუ კინოში რამე ნახა - კინოფესტივალების დროს და სულ ადრე, „გაზაფხულში“ რომ დადიოდა ბოლო სეანსებზე. „მენავთობე ქალები“, კლაუდია კარდინალე და ბრიჯიტ ბარდო. ვერაფრით გადაწყვიტა, რომელი უფრო მოსწონს, საერთოდ, დღემდე ვერ მიმხვდარა, ქერა ქალები უყვარს თუ შავგვრემნები.
საერთოდ, სანამ დაქორწინდებოდა, თურმე, სულ შეყვარებული იყო. ოღონდ ეს ამბავი ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან გიორგიმ ცოლი ოცი წლის ასაკში მოიყვანა.
გიორგიმ და ნუნუკამ ერთმანეთი დათო ჩიხლაძის პერფორმანსის თეატრში გაიცნეს. იქ, სარდაფში, გიორგი და მისი ჯგუფი გადიოდნენ რეპეტიციებს, დათო კი თავის დასთან მუშაობდა. დათოს დასის წევრი იყო ნუნუკაც. დათომ გიორგის ჯგუფიდან რამდენიმე ადამიანი „გადაიბირა“, გიორგიმ კი ექვსი თვის ნაცნობობის შემდეგ, ნუნუკა ცოლად შეირთო. მას აქეთია, ერთად არიან.
მხოლოდ ზოგჯერ ხდება ხოლმე რაღაცა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, მაგრამ თუ განგიცდიათ, აუცილებლად მიხვდებით: ერთგვარი déjà vu, როცა სრულიად არაფერშუაში მყოფ ადამიანთან მიმართებაში ჩნდება გრძნობა: „მე და მას ერთმანეთი გვიყვარდა. ან წინა დაბადებაში, ან სიზმარში, ან მაშინ, როცა სამი წლისა ვიყავი“. რა არის ეს - კაცმა არ იცის, მაგრამ ნამდვილად არსებობს. თქვენ არ გამოგიცდიათ?
. . .
გიორგი ლიფონავასთან ინტერვიუ ერთობ სასიამოვნო, მაგრამ უცნაური პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ არ ლაპარაკობს. მე მგონი, მე მეტი ვილაპარაკე. მისი თქმით, უფრო მეტად მსმენელია, ვიდრე მთხრობელი.
მე: ბავშვობის მოგონებები?
გიორგი: არა... უფრო სწორად კი, 70-იანი წლების ლურჯი და წითელი მანქანები.
ვაჰ... კარგი. მე ზღაპრები მიყვარს. ასეთი გარეგნობის მქონე კაცი, ჩემი მოკლე ჭკუით, მეზღაპრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის.
მე: ზღაპრებს გიყვებოდნენ?
გიორგი: არა... არა, კი, ბებიაჩემი ჰყვებოდა ხოლმე, ოღონდ ყველა ზღაპრის გმირი მამაჩემი იყო.
საერთოდ, კადრებივით ჰყვება, მაგრამ გაგებინებს, როგორ - არ ვიცი. ასე, მე ფეხბურთისა არაფერი გამეგება, მაგრამ სატელეფონო საუბრის დროს ისეთი სახით ილაპარაკა არგენტინის ნაკრების მარცხზე, რომ მეც კი მივხვდი - თავდადებული გულშემატკივარია.
მე: გულშემატკივარი ხარ?
გიორგი: 86-დან რომ შემიყვარდა დიეგო მარადონა... თეთრი და ცისფერი, ზოლიანი მაისურები...
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ გიორგი ლიფონავა ფეხბურთის გამო ასეთ დღეში მოექცეოდა. ამას თავადაც სწუხს, მაგრამ თავსზემოთ ძალა არაა.
. . .
ისე, ყველაფერი სულ სხვაგვარად აღმოჩნდა, ისე არა, როგორც მეგონა. კერძოდ: როცა პირველად ვნახე - სადღაც, წელიწადნახევრის წინანდელს გიამბობთ - მეგონა, რომ საძაგლად თავდაჯერებულ ადამიანთან მქონდა საქმე. ალბათ, სტერეოტიპის გამო: მაღალი, ქერა, ცისფერთვალება კაცი, იქვე ვიღაც თინეიჯერის აღფრთოვანებული წივწივი… მოკლედ, კაცი-ჯოჯოხეთი. ნურას უკაცრავად. აღმოჩნდა, რომ ის „ცხელი შოკოლადის“ მკითხველისათვის ნაცნობი სერიალის გმირს, კეთილ სულს - მაქსს ჰგავს, რომელიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არაა, რეალურად არსებობდა და მე ძალიან მიყვარდა. მხოლოდ გარეგნულად არ ჰგავდა ისე ძალიან, რომ დანახვისთანავე ენა გადამეყლაპა.
მაგრამ ეს მერე აღმოჩნდა. მანამდე გიორგი ლიფონავას, ჩემი გულის გასახეთქად და შურიანობის დასამტკიცებლად, სვირინგით მორთულს და ჩინებულ გუნებაზე მყოფს, მანქანაში ფრიად უჩვეულო მუსიკა ჰქონდა ჩართული და იქვე ფრიად უჩვეულო ამბავსაც ჰყვებოდა. კერძოდ, იმას, რომ თბილისის რომელიღაცა ბაზრობაზე მისმა ნაცნობებმა მშვენიერი მომღერალი აღმოაჩინეს, ეროვნებით ქურთი, და გადაწყვიტეს, რომ იმ სიმღერისთვის, რომლის მოსმენის პატივიც მხვდა წილად, კლიპი გადაეღოთ. გიორგიმ თქვა, რომ ყმაწვილის პროდიუსერი ძალიან გონიერი კაცია და ალბათ ის, გიორგი, ეცდება, თავადაც მოიწონოს ეს სიმღერა და კარგი რამ გააკეთოს.
სამწუხაროდ, ეს ამბავი არ შედგა. მაგრამ, სამაგიეროდ, მრავალი სხვა რამ გადაიღეს, მათ შორის ჩემი საყვარელი რეკლამა მუსიკალური ჟურნალის, „ოზონისთვის“. ხომ ნანახი გაქვთ? შესანიშნავია. გიორგიმ მოკრძლებით თქვა, ეს შემსრულებლების დამსახურებააო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არც მთლად ასეა საქმე.
. . .
მე: ბედნიერი კაცი ხარ?
გიორგი: არა მგონია. ბედნიერი ერთი წუთით თუ ვარ ხოლმე. ზღვაზე. როცა ქვიშა მეკრობა.
ათი წლისა იყო, როცა სოხუმში ჩავიდა. კარგი იყო, მხოლოდ ერთი რამ იყო ძალიან ცუდი - კარაქიანი გოგლიმოგლი, გაციებული იყო და დედა აძალებდა. მაგრამ უსაზიზღრესი კარაქიანი გოგლიმოგლი რა მოსატანია იმასთან, რაც სოხუმში ხდებოდა! გიორგი ამბობს, რომ მაშინ აღმოაჩინა თავისი დიდი სიყვარული: ზღვა და მზე. ახლა დამატებით ისიც იცის, რომ ზღვაზე ფრენბურთის მოედანიც უნდა იყოს, რომ მზეში ითამაშოს, ძალიან დასცხეს და ბედნიერი იყოს.
მე: შეგიძლია ზღვა აღწერო?
გიორგი: ???
მე: აი, გაიცანი ვიღაც უბედური ადამიანი, რომელსაც ზღვა არასოდეს უნახავს და უნდა გააგებინო, როგორია.
გიორგი ისე დაფიქრდა, რომ საუბრის თემის შეცვლა გადავწყვიტე - რატომ ვაწვალო…
ზღვასთანაა დაკავშირებული ორი მოგონება, რომლებიც სრულიად მოულოდნელად მიამბო. ერთი - ძალიან კარგი, მეორე - საშინელი.
მოდი, საშინელით დავიწყოთ, რომ მერე გაგვიხარდეს.
ერთ დღეს ზღვამ ნაპირზე ძროხა გამორიყა. ნამდვილი, მთლიანი, დიდი, მკვდარი ძროხა. მდინარემ ჩაიტანაო ზღვაში, მაგრამ რა ნუგეშია. სანაპიროზე მყოფნი აღშფოთდნენ, მოგვაშორეთო, და ძალიან ჭკვიანმა მაშველებმა ის ნავში ჩადეს, ზღვაში გავიდნენ - არც იმდენად შორს, რომ ხალხს ვერ დაენახა - და წყალში მოისროლეს. რამდენიმე დღის მერე, ძროხა ისევ გამოირიყა, მაგრამ ამჯერად უფრო საშინელი იყო, დანაწევრებული… უუუ… დელფინები წაეთამაშნენ ალბათ.
კარგი კი ის იყო, რომ ერთხელ, ალიონზე, როცა სანაპიროზე კაცი-დაბადებული არ ჭაჭანებდა, საბანაოდ გასულმა გიორგიმ სიღრმეში, ტივტივაზე ჩამოკიდებული ქალი აღმოაჩინა. არ იხრჩობოდა, მაგრამ ბევრიც არ აკლდა, ცურვა სცოდნია, მაგრამ შორს გასული შიშს აუტანია. გიორგი რომ მიუახლოვდა, ტივტივას ხელი უშვა და მის მხარდამხარ თავად გამოსცურა.
რა კარგია, როცა მფარველი ანგელოზი ხარ, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც.
. . .
საჩუქრად გიორგი ლიფონავას, ანა კორძაია-სამადაშვილისა და ჟურნალ „ცხელი შოკოლადისგან“, იმის გათვალისწინებით, რომ მზისა და ზღვის გარდა, ჩვენს გმირს ერთი სისუსტეც აღმოაჩნდა - აბანო.
დანამდვილებით ვიცით, რომ გიორგი გასული საუკუნის და თან ქალთა აბანოში ვერასოდეს მოხვდება, ხოლო ის, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ძალიან ეხმიანება მის მიერ „კადრებად“ მოყოლილ აბანოს ამბებს.
„აბანო!
თითქოს ჩვეულებრივი რამ არის…
აბანოში ბანაობენ, ტანს ისუფთავებენ; ასეა ყველგან და ყოველთვის. მაგრამ აბანო თბილისში…
…ეს ის დრო იყო, როცა აუზების ნაცვლად კლდე იყო ამოღრმავებული და აბანოში კი მაშხალები ენთო.
ქალების საერთო აბანოდ მხოლოდ ეგრეთწოდებული ციხის აბანო ითვლებოდა და არსად არ იყო ისეთი უწესობა, სივიწროვე და სიბინძურე, როგორც აქ. დღესაც, თუ სადმე ჩხუბი და ყაყანი ატყდება, იტყვიან: „ხოჯას აბანოა?“
აქ ყოველთვის ერთი ალიაქოთი იყო ხოლმე; ადგილებისთვის ატყდებოდა ჩხუბი, ჯიღჯიღი, დავიდარაბა; ჩხუბობდნენ ტოლჩებით, ქობინებით, ერთმანეთს ბუწუწებს აგლეჯდნენ, იწყევლებოდნენ; არ ივიწყებდნენ წინაპრებსაც: მკვდრებს საფლავიდან სთხრიდნენ, ცოცხლებს ქოქოლას აყრიდნენ; ერთი სიტყვით, მაშინ არავითარი გასართობი არ იყო და ეს ქალებიც „დიდის სიამოვნებით“ ატარებდნენ დროს აბანოში!
ამ ქალებისთვის უცხო იყო ცნობილი თქმა: „ბრძნად მეტყველება ვერცხლი არს წმინდა, ხოლო დუმილი - ოქრო რჩეული“. ისინი ლაპარაკობდნენ ყველაგან და ყოველთვის. ეს აბანოც მათი სალაყბო ადგილი იყო. არაბებს ანდაზაც კი აქვთ: „თუ ლაპარაკი გინდა, აბანოში წადიო!“
…მერე ჩაის სმა იწყებოდა. აბანოს ტანთგასახდელ დერეფანში უშველებელი სამოვარი იდგა. ეს ტიტლიკანა დედაკაცები ისხდნენ ამ სამოვრის გარშემო და მთელი დღე ჩაით ლოთობდნენ… წარმოიდგინეთ, ქალებსაც ჰყავდათ თავიანთი აშუღი - გერაგერმიშაანთ უსინათლო მაია, რომელიც თავისი სიმღერით ართობდა დასაპნილ და ინადადებულ ქალთა მარაქას. ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც!“
ესეც ჩემი საყვარელი წიგნიდან.
. . .
როცა ძალიან, ძალიან ბევრი წელი გავა, გიორგი ლიფონავა ცხოვრების დაისს სოხუმში გაატარებს. მისი სახლის ფანჯრიდან გამოჩნდება ზღვა, ხოლო თუ მოაჯირზე გადაიხრება - ალბათ, ფრენბურთის მოედანიც, რომ იქ მზეში ითამაშოს და ბედნიერი იყოს. დამპირდა, საღამოს ზოგჯერ გესტუმრებიო - მეც ხომ სოხუმში ვიცხოვრებ, მაიაკზე, ყველაზე ლამაზ სახლში.
რა კარგია, რომ გიორგი ლიფონავას ახლა და აქ ყოფნა ახასიათებს! ნამდვილად არ მისაყვედურებს მოხუცს, ოდესღაც „ცხელ შოკოლადში“ ჩემზე რა დაგიწერიაო…
P.S. გიორგი: დამავიწყდა! იმ ფილმებში ჩასვი „ლოლა მირბის“!
მე: კარგი.
სადაც ათი, იქ თერთმეტი. რა ბედენაა.
![]() |
8 Family Aff air ანუ ოჯახური საქმე |
▲back to top |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ოთარ ვეფხვაძე
პროფესიული მონაცემები:
1981-1990 - საქართველოს კინოკავშირის სტუდიაში დამზადებული რამდენიმე ფილმის დამდგმელი მხატვარი;
1984-1988 - ზურაბ წერეთლის მონუმენტური ხელოვნების სტუდიის დიზაინერი;
1987 - ექს-პრეზიდენტ გორბაჩოვის აგარაკზე რამდენიმე კერამიკული ქანდაკების და ლარნაკის დიზაინერი, მიუსერა, საქართველო;
1988 - მეტროსადგურ პეტროვსკა-რაზუმოვსკაიას დიზაინერი, მოსკოვი;
1988 - სასტუმრო „გუდაურის“ კერამიკული ნამუშევრების დიზაინერი, გუდაური;
1991 - ფენიქსის (არიზონა, აშშ) ხელოვნების ინსტიტუტში კერამიკული ხელოვნების პედაგოგი;
1990-1993 - თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკული ხელოვნების პედაგოგი.
სოლო გამოფენები:
1984 - ხელოვანთა სახლი, თბილისი;
1990 - მხატვართა სახლი, თბილისი; მოსკოვი-ნიუ იორკი;
Express Avant Garde Gallery, ნიუ იორკი;
1993 - ევროპის აკადემია, ოცენჰაუზენი, გერმანია;
1994 - თეატრი ჩრილლო, ესენი, გერმანია;
1995 - ბალდენის სასახლე, ესენი, გერმანია;
1998 - უოქს ბანკ ჰატინგენი.
ჯგუფური გამოფენები:
1981-1987 - ფაენზას საერთაშორისო კერამიკული გამოფენა, ფაენცა, იტალია;
1982 - სოციალისტური ქვეყნების კუარდრიენალე, ერფურტი, გერმანია;
პიკასოს სახელობის ვერცხლის მედალი, როგორც საუკეთესო ხელოვნების ნიმუშის ავტორს, ინტერიერისთვის კერამიკის ბიენალეზე ვალორიში, საფრანგეთი;
1984 - საბჭოთა კერამიკოსების გამოფენა, დიუსელდორფი, გერმანია;
1991 - მოგზაური გამოფენა: ედმონტონი, ალბერტა, კანადა, ჩიკაგოს ახალი ხელოვნების ფორმების საერთაშორისო გამოფენა - ჩიკაგო;
1992 - თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპელი კერამიკოსები, ფილადელფია, აშშ;
1995 - თამაშები მარადისობაში, გალერეა „ორიენტი“, თბილისი; ქართული გაზაფხულის პალიტრა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი;
1996-1998 - ქართული ხელოვნება, რაინურის ცენტრი, ესენი, გერმანია;
2000 - გენო უოქსის ბანკი, ესენი, გერმანია.
ია გიგოშვილი
პროფესიული მონაცემები:
1981 - სხვადასხვა წიგნის ილუსტრატორი;
1987 - კინოსტუდიაში დამზადებული ანიმაციური ფილმების დამდგმელი მხატვარი, თბილისი;
1985-1986 - სახელმწიფო ტელევიზიის სატელევიზიო გადაცემის დამდგმელი მხატვარი.
სოლო გამოფენები:
1984 - ხელოვანთა სახლი, თბილისი;
1991 - ქალაქის მერია, ჰამბურგი, გერმანია;
1993 - საარის გალერეა, საარბრიუკენი, გერმანია;
1993 - ევროპის აკადემია, ოცენჰაუზენი, გერმანია;
1993 - დაგსტულის სასახლე, ზაარლანდი, გერმანია;
1996 - მერვედის საავადმყოფო, დორდრეხტი, ჰოლანდია;
1999 - გალერეა „ორიენტი“ თბილისი.
ჯგუფური გამოფენები:
1982-1987 - ალფის კავშირის გამოფენების მონაწილე;
1984 - საბჭოთა და ქართული ხელოვნების ჯგუფური გამოფენების მონაწილე რუსეთში, ესტონეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ამერიკაში, იტალიაში;
1985 - ცხრა გრაფიკოსი მხატვარი, მოსკოვი;
1986 - კავკასიის რესპუბლიკების პირველი ბიენალე, თბილისი (ოქროს მედალი);
1987 - პრეს-გრაფიკოსების პირველი საერთაშორისო გამოფენა, მოსკოვი (პირველი პრიზი);
1992 - ჰაჩინსონის ხელოვნების ასოციაციის ყოველწლიური ბეჭდური შოუ, ჰაჩინსონი, კანზასის შტატი, აშშ;
1994 - ფრანს მასერეეფის ცენტრი, კასტერლი, ბელგია;
1995 - კობალტის ჯგუფი, ჰამბურგჰაუსი, ჰამბურგი, გერმანია;
1996 - ქართული ხელოვნება, რაინ რურის ცენტრი, ესენი, გერმანია;
1996 - კონკორანის ხელოვნების ინსტიტუტი, ვაშინგტონი, აშშ;
1997-1998 - საქართველოს ხელოვნება, რაინრურის ცენტრი, ესენი, გერმანია;
2000 - გენო უოქსის ბანკი, ესენი.
ვეფხვაძეებთან. თელეთის ქ. №4-ში.
- შენ მოყვები?
- რა ვიცი... შენც ხომ იცი; შენ დაიწყე...
- კარგი. ეს სახლი რამდენიმე მხატვრისაა და...
დაიცადეთ! დაიცადეთ! ცოტა ნელა, სად გვეჩქარება... მეც ხომ მინდა ხმის ამოღება! თორემ მერე მიდი და ჩაერთე, უადგილოდ და უინტერესოდ. გპირდებით, რომ სულ გავჩუმდები, ოღონდ მანამდე ცოტა მაცადეთ და სანამ ოთარი და ია თვითონ მოყვებიან საკუთარი თავის, ოჯახის და საქმეების შესახებ, მეც მინდა რაღაცეების მოყოლა და პატარა საიდუმლოს გამხელაც.
ჩვეულებრივი ამბავია, ინტერვიუზე წასვლის წინ, რესპონდენტების შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას კრებ; ერთი ორს ახლობლებშიც გაიკითხავ - რამე საინტერესო თქვენც ხომ არ იცითო, და წყნარად, - არა, ვიტყუები, - წყნარად არა, მაგრამ მიდიხარ რა. ეგაა და ეგ.
- „ვეფხვაძეები? არ იცნობ? აუუ, რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით ვეშვილებოდი“- ო... - მითხრა მეგობარმა თორნიკემ. ნაზად ჩამეცინა და ვიფიქრე, ნეტა ასეთი რა უჭირს; არადა, თითქოს კარგი მშობლები ჰყავს-მეთქი, მაგრამ... ეე, სად ხარ... ვეფხვაძეებთან ორდღიანი სეირნობის შემდეგ, აციმციმებული თვალებით დავეთანხმე თორნიკეს და პირველად ვინანე, რომ ინტერვიუზე სამჯერ და ხუთჯერ მისვლა არ შეიძლება.
ია გიგოშვილი და ოთარ ვეფხვაძე მხატვრები არიან, შვილებიანად მხატვრები. ჩემი ორდღიანი ვოიაჟის დროს, უფროსი შვილი გიორგი კომპიუტერს მიწებებული იჯდა ზედა სართულზე, საპატიო მიზეზით: ახალი ეკლესიისთვის კანკელის ესკიზს აკეთებდა. ერეკლე კი... ერეკლე ცალკე თემაა, დაუმთავრებელი კონსერვატორიით, აკადემიაში ჩაუბარებელი გამოცდებით, შუა ღამით ახალი ველოსიპედით თბილისი-ბორჯომის მარშრუტით და ახალი გატაცებით - „როგორ გახდე მეფუტკრე“. მეფუტკრეო?? ნუ გიკვირთ. ერეკლესგან ყველაფერია მოსალოდნელი. ისე, ეს ოჯახი ერთი დიდი ნაკრებია: ფერწერის, გრაფიკის, კერამიკის, დიზაინის, მინანქრის და ახლა უკვე მინაზე მუშაობის სპეციალისტების. ამ სახლის კედლებზე, ექსპოზიცია ახალი ნახატების მიხედვით, პერიოდულად იცვლება, თაროზე ახალ-ახალი მდედრობითი თუ მამრობითი სქესის კერამიკული ჭიქები იდება და იმ დროს, როცა საკუთარი ხელით გაკეთებულ სავარძელში, კერამიკულ ხელსახოცზე საკუთარ დაყენებულ ღვინოს შემოგთავაზებენ, გვერდზე ვიღაცა ხატვის, ესკიზების კეთების ან თუნდაც მეფუტკრეობის სპეციფიკის ათვისების პროცესში იქნება. კიბეებზე უცხო გარეგნობის ქალბატონი ჩაგივლის - ოჯახის სტუმარიაო, და მერე იმას დააყოლებენ - ხვალ ახალს ველოდებითო.
აღარც ის გაგიკვირდება, რომ მათი სახლი, რაღაც გარდამავალი ხიდივითაა სახლსა და სახელოსნოს შორის, რომლის ოთახებში ბოდიალი და საკუთარი ხელით გაკეთებული მინიატურული ნივთების, ავეჯის თუ მოხატული კედლების თვალიერება ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ სახლში ყველაფერი საკუთარი ხელითაა გაკეთებული და... სახლში კი არა, ნამუშევარში, ჰო, ნამუშევარში. ის ხომ ერთი დაუსრულებელი ნამუშევარია, რომელსაც რა იცი, ვინ და როდის გააგრძელებს, შეცვლის ან სულაც დაასრულებს; სახლი, რომელსაც ერეკლე „На лицо ужасные добрые Внутри“-ს ეძახის..
ჰოო, დამავიწყდა, ერთადერთი დისკომფორტი მწევლების საყურადღებოდ: შესასვლელ კარს წითლად გადახაზული ჩემხელა სიგარეტის „ნაკლეიკა“ ამშვენებს. ასე რომ...
მანამდე
ია
მანამდე ბევრი, ბევრი საინტერესო რამ იყო. აი, სანამ ერთმანეთს გაიცნობდნენ, გაბერილმუცლიანი იას შემხედვარე, მმაჩის ბიუროს ქალები სიბრალულით ახედავდნენ ოთარს - დარწმუნებული ხართ? თანახმა ხართ ცოლად მოიყვანოთო?; მერე წლებს ხატვასა და სხვადასხვა ქვეყნის სახელოსნოების სტუმრობაში გაატარებდნენ და ბოლოს, თელეთის 4 ნომერში, გიორგისა ერეკლესთან ერთად დასახლდებოდნენ.
იასა და ოთარის ცხოვრება, ერთმანეთის აღმოჩენამდე ცხოვრება, ორი განსხვავებული პოლუსივითაა:
ოთარი მთაში გაიზარდა. პატარა ღელესთან კოშკებს შენებით, საკუთარი დიზაინით შექმნილი პირველი სათამაშოთი და მეცხვარეებთან, ცხვარში სიარულით.
ია - ნაირ-ნაირ, ფერად-ფერად სხივებში; ხან რუსთაველის თეატრის სცენაზე, გამნათებლის მონათებული პროჟექტორის სხივი ჭრიდა თვალს და ხან მამასთან, ლაბორატორიაში აკვირდებოდა სასაცილოდ წვრილ, წითელ სხივს, რომლის ციმციმს სწრაფად აყოლებდა თვალს... კულისებში, უკვე მერამდენედ იწყებდა თვალებით დედის, იზა გიგოშვილის ძებნას, რომ მთელი დღის მონატრებული, სასწრაფოდ ჩახუტებოდა და მასთან ერთად, ეროსი მანჯგალაძის და სერგო ზაქარიაძის მონათხრობები კიდევ ერთხელ მოესმინა.
ია: რუსთაველის თეატრი ჩემი მეორე სახლი იყო, შეიძლება პირველიც. იქ ვთამაშობდი და მინდოდა თუ არა, ყველა რეპეტიციას და სპექტაკლს ვესწრებოდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემი დიდი ოჯახი. მაშინ ამას არ ვაფასებდი, იმიტომ, რომ მეგონა, ყველასთან ასე იყო და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. უყურო სერგო ზაქარიაძეს, გოგი გეგეჭკორს, ეროსი მანჯგალაძეს, რამაზ ჩხიკვაძეს, სალომე ყანჩელს... მუდმივი მძაფრი შეგრძნებები იყო, რომლისგანაც შეიძლება კალეიდოსკოპი აეწყოს. სულ ვიღაც ჩამოდიოდა, ათას საინტერესო ადამიანს ვიცნობდი... პიტერ ბრუკმა მისი ცნობილი სპექტაკლიდან „მაჰაბჰარატა“ კოსტიუმები გვაჩუქა, რომელიც სახლში გვაქვს. გასტროლებზე დედას მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თუ გავყვებოდი, უცხოეთში არ გამოვიდოდა. როგორ, ბავშვი მიგყავს? ესე იგი გინდა, რომ დარჩე, ხომ? არადა, დედას უცხოეთიდან ჰქონდა შემოთავაზებები: ამერიკიდან, საფრანგეთიდან... მაგრამ შინაგანად დიდი პატრიოტი იყო, საქართველო უყვარდა და წასვლაზე არასდროს უფიქრია. არა, მსახიობობა არასდროს მინდოდა. შეიძლება ბავშვობაში შემაშინა სირთულემ - მსახიობების ცხოვრების სირთულემ, თუმცა სირთულეებს არასდროს გავურბოდი. შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტი იყო, სცენის შიში. მახსოვს 5-6 წლის ვიყავი, სცენაზე გავედი, ცარიელ დარბაზში და ძალიან შემეშინდა სივრცის...
ამ დროს არსებობდა მეორე, სულ სხვა სამყარო; მამა, რომელიც მეცნიერი იყო, ერთ-ერთი კიბერნეტიკოსი, რომელმაც კიბერნეტიკის ინსტიტუტი დააარსა. მამაჩემს მივყავდი ინსტიტუტში და იქ ლაბორატორიაში დავძვრებოდი, კოლბებში რაღაცეებს ვურევდი. პირველი ჰოლოგრამა საქართველოში აღმოაჩინეს და ლაზერული დანადგარიც პირველმა მე ვნახე, მამასთან ლაბორატორიაში... ეს სხივები... ისე მახსოვს, ისე მომწონდა...
ოჯახი
ქვის საათი
მაგიდის კერამიკული ხელსახოცი
ოთარი: მამამისი წყნარ ოკეანეზე მუშაობდა - კოსმოსი და ოკეანის ურთიერთობა, დიდი ლაბორატორია იყო - გემებით, ვერტმფრენებით. გასაიდუმლოებული იყო.
ია: მერე... დედაჩემი მამას გაშორდა და ჩემს ცხოვრებაში მერაბ თავაძე გაჩნდა, რომელმაც კინოს სამყაროს მაზიარა. თენგიზ აბულაძის ფილმშიც კი ვითამაშე - „ყელსაბამი ჩემი სატრფოსათვის“. და სწორედ მაშინ, ფილმის ოპერატორმა ლომერ ახვლედიანმა მომნათლა. მერაბის ყველა ფილმში ვიღებდი მონაწილეობას, ორგანულად ასე ხდებოდა. დეკორაცია იყო თუ სხვა რამე...“
კინოში თამაშის გამოცდილება ოთარსაც აქვს. ცოტა ტრაგიკული, მაგრამ მაინც, როცა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „მწვერვალზე“, ერთი
ინგლისელი მთამსვლელის როლი შეხვდა. მთაში გაზრდილმა კაცმა კი გაიფიქრა - ეე, მთა... როგორ მომენატრა! ვითამაშებ, აბა რას ვიზამო, მაგრამ... კინო ხომ უამრავი დუბლი, ნებისმიერი ამინდი და „ახირებული“ რეჟისორია...
ოთარი: ფილმში მსახიობებად ინგლისელების ჯგუფი დაჭირდათ. ისეთი დრო იყო, ძალიანაც რომ გდომოდა, ინგლისელს ვერ ჩამოიყვანდი. მაშინ მთელი ჩარევები და ამბები დაგჭირდებოდა. ამიტომ ესტონეთიდან და ვილნიუსიდან რამდენიმე ადამიანი ჩამოიყვანეს, ანუ ქერა ხალხი... ჰოდა, მეც ამიყვანეს.
ია: ხო, ეს ხომ აქაური ქერაა...
ოთარი: მოკლედ, მაინცდამაინც ის ინგლისელი ვიყავი, ვინც კლდიდან ჩამოვარდება, ვერ მიშველიან და ჩემი გმირი კვდება ანუ მე რა...
ია: ისე happy end-ი რომ ყოფილიყო, ჯობდა, არა?!
ოთარი: ხო, ალბათ.
ია: ოთარის დედა პრემიერაზე ფილმს რომ უყურებდა, ტიროდა, ოთარი დაიღუპაოოო...
ოთარი: მართლა ძალიან რთული გადაღებები იყო, კასკადიორულ რაღაცეებს ვასრულებდი და მერე ბრმა ნაწლავის ოპერაციაც კი გამიკეთეს. წარმოიდგინე, ჩამოვარდნის სცენებს იღებდნენ და მთელი დღის მანძილზე, ფეხით ვიყავი ჩამოკიდებული. თან, მერაბს ასეთი ჩვევა აქვს, იღებს და იღებს დუბლებს. ჰოდა, 50 დუბლი მაინც გადამიღეს. მერე, როცა ბაკურიანში ვიღებდით, მერაბი ნამქერს ელოდებოდა - აი ისეთს, რომ უბერავს და სილუეტები ძლივს რომ მოჩანს... ზუსტად ეგეთი ამინდი დადგა. დამაგდეს თოვლზე - ეგრე იყო საჭირო - ნამქერი უნდა დაგედოს სახეზეო... ნამქერი მედება, ძველი იყინება და კიდევ ახალი ფენა მედება, თან დუბლებს იღებს მერაბი... ვაგდივარ თოვლზე... ერთი დუბლი, ორი დუბლი... გამეყინა სახე. რომ ავდექი, სახის ცალი მხარე გაქვავებული და გაწითლებული მქონდა. და იცი, იმის შემდეგ შევატყვე, რომ ნერვი ერთ მხარეს ცოტა ვერ არის...
ია: ოთარ, ხომ ხედავ... ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, მსხვერპლს!
ოთარი
ოთარი: იასგან განსხვავებით, სხვანაირი ბავშვობა მქონდა. ვიზრდებოდი და ხალხის ნამდვილი ცხოვრებით, ბიო ცხოვრებით ვიმუხტებოდი. ბავშვობა მთიულეთში გავატარე. ისეთ რაღაცეებს ვხედავდი, რაც დღეს აღარ არის, მხოლოდ ძველ ფილმებში თუ არის შემორჩენილი. წისქვილი, მეწისქვილეები, ფარდაგების მქსოველი ქალები, სკივრები... - ამ ყველაფერს ყოველთვის რაღაც ნისლში, დამტვერილს ვხედავ. ეს არის ის, რაც ვიცი, რაც განცდილი მაქვს. ძალიან ბევრი კონტრასტი იყო ცხოვრებაში. ჩემი პირველი სათამაშო თვითონ გავაკეთე - სიპის ქვას ერთ ადგილზე ძაფი მოვაბი და ეს იყო ჩემი მანქანა. ზემოდან დავყრიდი რაღაცეებს, მივათრევდი და ვაშენებდი. მიყვარდა წყაროზე, ხევთან მუშაობა; წყალი იყო, ქვები, ვიშა და ვაშენებდი და ვაშენებდი. ცხვარში დავდიოდი, მთელ ფარას, 300-400 სულს მანდობდნენ. მთაში საჭმელი ცხენით ამომქონდა. როცა საძოვრებზე მიდიან, თვეობით მიდიან და...“
ოთარ ვეფხვაძე. კერამიკა
აქ უსასრულობამდე შეუძლია გელაპარაკოს მთაზე, სუფთა, თავისუფლებით გაჟღენთილ ჰაერზე, დილის ცვარზე და უეცრად წამოსულ ზაფხულის ცივ წვიმაზე. დილით, მზეზე გასაშრობად მიფიცხებულ სამოსზე და საღამოობით კოცონზე, რკინის კასრში, ტყის პიტნით გაკეთებულ ცხელ-ცხელ ყაურმაზე... „ძალიან მკაცრი ცხოვრებაა, მაგრამ მიყვარს. ძალიან მიყვარს. ნაბადში მეძინა ხოლმე, წვიმაში. ღამე ცივა, ყველაფერი სველია, დღე აშრობ, აშრობ და არ შრება. რკინის კასრში გაკეთებული ყაურმა, ჟიპიტაურს რომ მიაყოლებ და მერე მთიულურს იმღერებ... უუფ, რა არის...
- რომანტიკააა... - ისმის გვერდზე ოთახიდან ერეკლეს რეპლიკა.
ოთარი მშობლებთან ერთად, ბორჯომში ცხოვრობდა. იას თქმის არ იყოს, სახლი საკმაოდ სტრატეგიულ ადგილას არის. ჯერ ერთი, ქვემოთ რომანოვების სახლია, რომლის ეზოს სტუმარი არაერთხელ ყოფილა ბურთით ამოიღლიავებული პატარა ოთარ ვეფხვაძე. მერე ყველა ჩამოსულ სტუმარს იმ ქუჩაზე უწევდა გავლა და მოგეხსენებათ, ბორჯომი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იყო. ამიტომ ტელევიზორში ნანახ არაერთ ცნობილ სახეს აუვლია ვეფხვაძეების კარ-მიდამოსთან. „მამას არასდროს არ უყვარდა მარტო ჭამა, ამიტომ გადადგებოდა ხოლმე აივანზე და ვინმეს თუ დაინახავდა - „ოპ, ოპ, მოდი აქ, მოდი, მოდი...“
ოთარი: მშობლები პედაგოგები მყავს. მამა ხატვას და ხაზვას ასწავლიდა, დედა - გეოგრაფია-ასტონომიას. ცოტა რთული იყო, მშობლები მასწავლებლები და მეც იმ სკოლაში. რუსული სკოლა იყო და დედას ნატალია ვასილიევნას ვეძახდი, სკოლაშიც და სახლშიც. დედა ძალიან მკაცრი პედაგოგი იყო და ჩემს მიმართ ორჯერ უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენდა. ჩემნაირად ვინც აბარებდა, იმას ხუთიანს დაუწერდა, მაგრამ მე - არა! მერე მეწყინა და ვუთხარი, რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ შენგან ხუთიანი მივიღო-მეთქი... გეოგრაფიულ-ისტორიული ნაშრომი ლიკანზეო - მიპასუხა. მართლა გავაკეთე, თავისი აკვარელური ჩანახატებით. მეოთხე სამმართველოზე, რომანოვების აგარაკზე, ისტორიულ მხარეზე მუზეუმიდან ამოვიღე რაღაცეები. დიდი ალბომი გამოვგზავნე პიონერთა სასახლეში, იქიდან წითელი დიპლომი მომივიდა და ის დიპლომი რომ ჩავაბარე ნატალია ვასილიევნას, ხუთიანი მერე მივიღე.“
ნატალია ვასილიევნა ძალიან კომუნიკაბელური ქალია. ძალიან. თუ მათ სახლთან ვინმე უცხოელი აივლიდა, ქალბატონი ნატალია გამოვიდოდა, გააჩერებდა და დეტალურად გამოკითხავდა, საიდან, კონკრეტულად რომელი კუთხიდან იყო მგზავრი. მერე ასევე დეტალურად მოუყვებოდა, რა უნდა გააკეთოს მათმა სახელმწიფომ უკეთესი ეკონომიური მდგომარეობის შესაქმნელად და თუ დრო დარჩებოდა, ერთ-ორ სიტყვას მათი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და მცენარეულობათა მდგომარეობაზე, ანუ სიმწვანეზეც ეტყოდა.
ოთარი: მეათე კლასში ვიყავი, რომ თბილისში წამოვედი. სად არ ვიცხოვრე: ავლაბარში, სოლოლაკში, ლოტკინზე, პლეხანოვზე და მოსკოვის გამზირზეც. არადა, იცი, როგორ მენატრება მთა... იქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რომ ჩავდივარ, სირბილი მინდება, მთებზე ასვლა...
ია: ახლა გუდაურში დადის.
ოთარი: ერთხელ ია სანადიროდ წავიყვანე და... დილით ხომ ადრე უნდა ადგე? მაგალითად, 4-ზე. ჰოდა...
ია: აი, ჩემი მინუსიც.
ოთარი: იასთვის 12 საათი რიჟრაჟია. ფილმებიც მაქვს გადაღებული; სახლში ვართ, ია წამოწოლილია, ძინავს. კამერით ახლოდან ვიღებ საათს - 12:15 და ჩუმად ვამბობ, ისე, რომ ინტრიგა შემომაქვს - ია, იაააა, საად არიან ბავშვებიიიი???... ია მეორე მხარეს ბრუნდება; მერე კიდევ - იიია, იააა... ისინი ალბათ მშივრები არიაან...
ია: არა, ასე არ იყო, მშივრები არ იყვნენ. დილით ადრე ავდექი, ვაჭამე, სკოლაში გავუშვი და მერე დავიძინე.
LOVE STORY
რა ვქნა და მიყვარს love story-ები. სენტიმენტალიზმის ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი და ყოველ ასეთ ისტორიას, როგორც ერთადერთს და განუმეორებელს, დიდი მონდომებით ვუსმენ ხოლმე. მერე, გეგონება თავად გადამხდა ეს ყველაფერიო, გაბრწყინებული თვალებით ვუყურებ მის გმირებს და ბანალურ კითხვებს ერთიმეორის მიყოლებით ვაყრი...
ია: ოთარმა მოყვეს, პირველად მან დამინახა. რაა? არა! ჯერ შენ დამინახე, მე მხატავდი.
ოთარი: აკადემიაში ჩვენი ოთახი ძალიან სტრატეგიულ ადგილას იყო. ფანჯრები აივანზე გამოდიოდა. ამიტომ, თან მუშაობდი და თან დეტალურად ათვალიერებდი, ვინ როდის გამოდიოდა და რას აკეთებდა. იას იქიდან ვაკვირდებოდი. ქვემოთ სპორტული დარბაზი იყო და იქ იას გარდა არავინ დადიოდა. ადრე ტანვარჯიშზე დადიოდა და იცი რას ვარჯიშობდა? წარმოიდგინე: უგრძელესი თმები, აი ასე რომ შვრებიან, ლენტებს რომ იქნევენ და ბურთებს ისვრიან... რა ვიზუალი იყო... მეც მეტი საქმე რა მქონდა, ვიდექი და ვუყურებდი; სულ დავიცენტრე, რა. სხვათა შორის, იზას პარიკი „კავკასიურ ცარცის წრეში“ სწორედ იას თმებისგანაა გაკეთებული. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს გავიცანი... ჩანახატებს ვაკეთებდი, ოღონდ ამას სულ ვაკეთებდი - სადმე რომ დავჯდებოდი, ეგრევე ჩანახატების კეთებას ვიწყებდი.
ია: იმიტომაც ასწავლიდი არიზონაში, სწრაფი ჩანახატების კეთებას...
მე გეტყვი, საღამოს გაჩერებაზე ვიდექი, საკმაოდ ბნელოდა. ვხედავ, გაჩერებაზე ვიღაც მხატავს, თან ვფიქრობ ამ სიბნელეში როგორ მხატავს-მეთქი... ოთარი იყო.
ოთარი: მერე როგორც ხდება. დავდიოდი იასთან, ვხვდებოდი. ჯარიდან რომ დავბრუნდი, შევუღლდით.
ია: ჯარში რომ მსახურობდა, ჩემთან სახლში სამხედრო ფორმაში მოდიოდა. ოჯახში პირველი ხარისხის კავალერი დავარქვით; სხვათა შორის, მერე მართლა მიიღო ეს მედალი. ტანკი მოხატე, ხო? თუ არა, თვითმფრინავი?
ოთარი: კი არ მოვხატე, გადავაკეთე.
ია: ხო, გადააკეთა.
ფოტო: ოთარ ვეფხვაძე. „დილა“ - ია და გიორგი
ოთარი: იას გულისთვის დამიჭირეს. ჩემთან, ჯარში რომ ჩამოვიდა, ნაწილში ხომ არ დავრჩებოდი...
ია: გააცდინა და დეზერტირი გამოვიდა.
ოთარი: არა, ია, დეზერტირი არ ვყოფილვარ. ჩათვალეს, რომ ნაწილში არ ვიყავი და დამიჭირეს...
ია: ციხეში ჩასვეს.
ოთარი: რა გინდა, ძალიან კარგ მდგომარეობაში, კარგ პირობებში ვიყავი...
ია: ის ციხე ისე მოხატა, რომ აღარ უშვებდნენ, აქ იყავიო. მერე ნაწილმა მოითხოვა - არა, ჩვენ გვჭირდება, აქ უნდა ხატოსო...
ოთარი: ჩემთვის სულერთი იყო, სად ვიქნებოდი. ხელოვნება ყველას სჭირდება. ჯარში მეტი რა საქმე მქონდა?! ფოტოების გადაღებაც იქ დავიწყე, გამოფენები გავაკეთე. ლაბორატორია, სახელოსნო მქონდა. ჯარისკაცების პორტრეტებს ვაკეთებდი... ჯარიდან ნოემბერში ჩამოვედი და იანვარში გიორგი შეგვეძინა. გახსოვს, 8 თვის ორსული რომ იდექი ხელის მოსაწერად, და როგორ გიყურებდნენ ის ქალები?! გამიმეორეს - თანახმა ხართ ცოლად მოიყვანოო... ეტყობა ფიქრობდნენ, რომ ძალით შემრთეს...
ია: ოთარი ეცოდებოდათ; ეგონათ, რომ არ უნდოდა და უარი ვერ თქვა...
ოთარი: ოო, მთელი ეს პერიოდი სად იყავი? ჯარში. ეე, აბა ეს საიდან? როგორ??? თან იას მეზობლები რა დღეში იყვნენ? ჯარში წასვლამდე ალბათ სულ სამჯერ დამინახეს, და უცებ ხედავენ, რომ აღარ მოდის - ვაა, ეტყობა მიატოვაა...
ია: ჩემს ოჯახს ბევრი მეგობარი ჰყავდა, და ყველას, რა თქმა უნდა, აინტერესებდა ცოლად ვის გავყვებოდი...
ოთარი: როგორც ვიცი, კანდიდატურები განსაკუთრებით ბევრი იყო...
ია: ეს ჯობია თუ ის... და უცებ ვიღაც ღარიბ კერამიკოსს გავყევი - ეს ეზოს ტრაგედია იყო. მთელი ეზო და ჩემი ნათესავები განიცდიდნენ - ეს ვის გაჰყვა ჩვენი იაო... და ერთი წლის მერე, ოთარი რომ გაიცნეს, ყველა ამბობდა - საწყალი ოთარი, ეს ვინ მოიყვანაო.
ოთარი: ერთი სასაცილო ეპიზოდი იყო. გამოფენა გვქონდა, სადღაც ვიყავით და რომ ჩამოვედით, „ვოლვო“ ჩამოვიყვანე. იმ დროს დიღმის მასივში, კინოსტუდიის სახლში ვცხოვრობდით. ერთი ანჟიკაა, სომეხი ქალი, ყველაზე ჭორიკანა ქალი მთელს ეზოში; მე კიდევ უბანში ცუდი იმიჯი მქონდა - ღარიბი მხატვარი, ფიროსმანი და რამე...
ია: ხოდა, ამ დროს, ეზოში ოთარი ვერცხლისფერი „ვოლვოთო“ შემოდის და ანჟიკა ფანჯრიდან ხმამაღლა, ოდნავი დანანებით ამბობს: - ვაა, აი ბედნი ხუდოჟნიკ!
ცხოვრება თავისი მინუსებით და პლუსებით
ოთარი: შემიძლია იას პლიუსები გითხრა, მინუსებს მართლა ვერ ვხედავ. რაც მაკლია, იმას იაში ვხედავ...
ია: რა გაკლია? ვერაფერს ვხედავ...
ოთარი: ნუ, არის რაღაცეები. ინი და იანი რომ ავსებს ერთმანეთს, ისეა. იას ძალიან კარგი ხასიათი აქვს, სულ იცინის; მე - ნაკლებად. მარტო რომ ვიყო, არც გავიცინებ და არც არაფერი, ვიქნები წყნარად და ვიმუშავებ. იას შეუძლია დასასვენებელი პროგრამა მოაწყოს; იტყვის, აი, ახლა აუცილებლად უნდა წავიდეთ აქა და აქ, ვიმოგზაუროთ... მე ეს არ ვიცი, მონოტონური მუშაობა, სულ რიტმში ყოფნა მიყვარს... როცა ზღვაზე პირველად ერთად წავედით, ერთი დღე დავისვენე; მეორე დღეს მეორე გვერდზე გადავბრუნდი, მესამეზე - ზურგზე დავწექი. მერე მოვიწყინე და სილაში შენება დავიწყე... დიდი მოცურავე არ ვარ, პატარაობაში დედაჩემი სულ უკან დამდევდა, რომ მტკვარში არ შევსულიყავი - ბავშვების იქ ჭყუმპალაობა ცუდად
მთავრდებოდა ხოლმე. ამიტომ კარგად ვერ ვცურავ.
ია: სამაგიეროდ, ის სახლი, რომელსაც ვქირაობდით, გაარემონტა, ფანჯრები შეუღება და პატრონს მიშენების ესკიზები გაუკეთა...
ოთარი: ჩემთვის ეს დროის კარგვაა; არ შემიძლია დასვენება. აი, ია რომ არ იყოს...
ია: არა, ვერ გაიგე, ახლა შენს მინუსებზე ყვები და ჩემს მინუსებზე უნდა ილაპარაკო. შენ კი პირიქით აკეთებ...
ოთარი: მინუსი? ხო, შენ რომ ერთი პერანგი შემიკერე.
ია: კაი, რა მოხდა. პირველად შევკერე.
ოთარი: იამ შემიკერა. უფრო სწორად, უნდოდა ჩემთვის პერანგი შეეკერა. ლამაზი მატერია იყო, მაგრამ ვერ ჩავძვერი, დაგრეხილი იყო.
ია: ეტყობა, თარგი არ იყო კარგი.
ოთარი: თარგიი?? ხო, ეტყობა. ჯარში იას, როგორც კონკიას, ფეხსაცმელები, „სანდალიკები“ შევუკერე...
ია: ხო, თან ლექსი დამიწერა და ქუსლში ჩადო.
ოთარი: ტყავისგან გავაკეთე და როგორც ბერძნული, ისე იკვრებოდა გრძელი თასმებით. ქუსლში ჩავუდე ლექსი, რომ გაგიცვდება, მერე წაიკითხე-მეთქი. მერე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ის „სანდალიკები“ ჩვენი სახლიდან გაქრა...
ჩემი საქმე, შენი საქმე - ასე არასდროს ყოფილა. იცი, როგორ არის? რასაც ია ვერ აკეთებდა, მე ვაკეთებდი. იამ აჭამა ბავშვს, ამის მერე ქალის ორგანიზმი გამოფიტულია და იძინებს. ხოდა, იმ დროს, ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა; საჭმლის მომზადება თუ ბავშვის ტანსაცმლის გარეცხვა. ვთვლიდი და ვთვლი, რომ თუ მამაკაცი ცოლის მოყვანას გადაწყვეტს, უნდა შესწევდეს ძალა, რომ მოუაროს. სხვის იმედზე არასდროს ვყოფილვარ. თუ ვინმეს უნდოდა, გვეხმარებოდა. და ისე, რომ ვინმე დაავალდებულო - არა.
მხატვრები ვართ და გამუდმებით უნდა ვიმუშაოთ... ბავშვს თავისი პერიოდი აქვს, მოვლა სჭირდება. ბავშვი რომ დაიბადა, ვიფიქრე, რომ ასე არ შეიძლება, ვერ გავჩერდები და უნდა ვიმუშაოთ-მეთქი. გიორგი კალთაში ჩავისვი და ხატვა დავიწყე. აკეთებ ფერწერას, ბავშვი კალთაშია; ხან დაიძინებს, ხან დაახველებს, დააცემინებს. თან ამ ყველაფერს უყურებს; მერე ჩარხზე თიხა ამომყავს... შეეხება, გაისვრება - ეს დიდი მადლია. ეს ყველაფერი მასზე გადადის. გიორგი 4 წლის იყო, პატარა ცხენი რომ გააკეთა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია; ამ გარემოში რომ გაიზრდება, მასაც ისევე დარჩება მეხსიერებაში დეტალები, როგორც მე ის წისქვილები, ფარდაგის მქსოველი ქალები...“
ამერიკა, მიჩიგანი და მინა
ფარდაგის მქსოველი ქალების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი დღევანდელი წყვილის მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება მიჩიგანის ტბა, ვინმე ჯერი კატანია, საუკეთესო გალერეების სახელები და მინის ბერვისგან დაბერილი ლოყები. სწორედ მაშინ, როცა მოწევის ამკრძალველ ნიშანს გვერდი ავუარე და სახლ-სახელოსნოში, ხელნაკეთ სავარძელში მოვკალათდი, ჯერ კიდევ ამოულაგებელ ყუთებში, მინის ჭურჭელი დავინახე. ცნობისმოყვარეობა მაშინვე დავიკმაყოფილე და მინასთან მუშაობის ტექნოლოგიასაც, დილეტანტის დონეზე, თეორიულად გავეცანი. ოთარის და იას ჩიკაგოში, მიჩიგანის ტბაზე ერთთვიანი ვიზიტი, ამ ახალ ჰობის თუ ხელობას - მინას უკავშირდება.
ოთარი: ერთმა ბიზნესმენმა მიგვიწვია, რომელიც ახალგაზრდობაში კერამიკოსი იყო. ძალიან უყვარდა ეს საქმე და დღემდე საერთაშორისო პროგრამებს აწყობს, ჯგუფებს ქმნის, მსოფლიოდან საუკეთესო კერამიკოსები ჩაჰყავს მიჩიგანის ტბაზე, სადაც უზარმაზარი ცენტრი აქვს, სახელოსნოებით და სასტუმროთი.
მინა-კერამიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი ხელით არასოდეს გამიკეთებია მინა. პოსტსაბჭოთა სივრცეში, საკუთარი ხელით არცერთი მხატვარი არ ამზადებდა მინას. ქარხანაში ხელოსანი ესკიზს აკეთებდა. ამ სტუდიის მფლობელი ჯერი კატანია გვასაწვლიდა. იცი რას ჰგავს მინა?... ლითონს, ლითონი და მინა ერთნაირი ტექნოლოგიაა; უნდა გააცხელო, გაადნო - სითხეა. ლითონი უნდა ჭედო, მინა - დაჭყლიტო, მაკრატლით მოჭრა, გაწელო. შეგიძლია შეაფერადო. რაც უფრო კარგად იგრძნობ ტექნოლოგიას, ფერს, შეიძლება რელიეფი მისცე და უფრო კარგი გააკეთო.
უამრავი გამოფენა ვნახე - სწავლების კურსი იმასაც ითვალისწინებდა, რომ საუკეთესო გალერეები, საუკეთესო მხატვრების ნამუშევრები დაგვეთვალიერებინა - დეილ ჩიხული, ტალია პიეტრა... ჩიხულიზე ისიც გავიგეთ, რომ მაინცდამაინც არ უყვართ, იმიტომ, რომ ნამუშევრებს სხვებს აკეთებინებს. იქ ერთი ისეთი კაცი შეგვხვდა, რომელიც... მოკლედ, მინაზე გიჟდება თურმე! ვაიმეე, მინააა!!! - აი, ასე ამბობს. ჩვენზე რომ გაიგო, უცხოეთიდან ჩამოსული მხატვრები არიან და თან მინას სწავლობენო, რაღაც საგანგებო ოთახები გაგვიღო და ვაშინგტონის მსოფლიო გამოფენაზე, მინის გამოფენაზე წასაღები ნამუშევრები გვაჩვენა. მინა რატომ? საინტერესოა და იმიტომ. ხელოვანს არ უნდა ქონდეს საზღვარი - რაც უფრო მეტ რამეს დაუეფლები, მით უფრო გაიზრდება დიაპაზონი.
ია: ზოგი თვლის, რომ თუ გრაფიკოსი ხარ, მარტო გრაფიკა უნდა აკეთო. რენესანსის დროს, ეს ნორმალური იყო, როცა ბევრ ტექნიკას ფლობდი. აქ კი... თუ მხატვარი ხარ, რა გინდა არქიტექტურასთან... ეს არ არის სწორი. ასე რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რენესანსი ორივეს მოგვწონს. ოთარი ბევრ რამეს აკეთებს, სახლების დიზაინსაც და ახლა ახალი შეკვეთაც აქვს, არა?
ოთარი: ბარათაშვილის ქუჩას ვაკეთებ - კონკიდან დაწყებული, ყავლაშვილის ძეგლამდე; გამწვანება, მცირე ფორმის ქანდაკებები... ისეთი ადგილი, ადამიანს დასვენება რომ შეეძლოს. პროექტი დამტკიცდა და ნელ-ნელა დავიწყებთ...
ნელ-ნელა კიდევ რაღაცეები დაიწყება. მაგალითად, ახალი ცხოვრება დიღომში, სადაც სულ მალე, ახალი სახელოსნო-სახლის მშენებლობა დამთავრდება. აქ ხომ სხვანაირად არ ხდება?! სახლიც და საქმეც ერთადაა! ხოდა, კერამიკის ცენტრი და ერთი გემრიელი ოჯახის საცხოვრებელიც ერთ ადგილას იქნება. მერე ყურძნის პირველი მოსავალიც მოვა და ახალ სახლში ყოფნას, ექსკლუზიური ვეფხვაძე-გიგოშვილის ღვინით აღნიშნავენ. კარზე ისევ მიაკრავენ მოწევის ამკრძალველ ჩემხელა ნიშანს... გიორგი ისევ კომპიუტერთან იჯდება, ესკიზების კეთებით გართული. ერეკლე?... ერეკლე არ ვიცი... შეიძლება იმ დროისთვის სადმე უკაცრიელი კუნძული იპოვოს და თავისი „მეფუტკრეობის“ შესასწავლი მასალით იქ გადასახლდეს... ოთარი და ია კი... ალბათ ისევ ერთად წავლენ სადმე, რამის შესასწავლად.
![]() |
9 საუბარი ლია სტურუასთან |
▲back to top |
ავტორი: მანანა ცხადაია
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
სარეცხის თოკზე გაბმული ბავშვის საფენები, საქორწილო კაბა და სუდარა - ამ ყველაფრის ერთად წარმოდგენა მხოლოდ ლია სტურუას შეუძლია. ამ ქალბატონმა - პოეტმა ასაკის ორიგინალური „არითმეტიკული ფორმულაც“ გამოიყვანა:
„ადამიანი სარკეზე უკეთ ჩანს მეორე ადამიანის თვალებში. ეს ითქმის განსაკუთრებით ახლობელ, ძვირფას ადამიანებზე და მგონია, ასაკი მომატებული წლებით კი არ განისაზღვრება, არამედ იმ ახლობლების რიცხვით, რომლებიც მიდიან, გტოვებენ, გენატრება, უიმედოდ გენატრება ისინი. თითო სიხარულს გაკლებს თითო ძვირფასი ადამიანის წასვლა და ეს სიხარულები გამრავლებული მოწყენილ დღეებზე, არის ადამიანის ასაკი.“ - მიკვირს, ასე ზუსტად როგორ უნდა ჩამოაყალიბო შენი ნაფიქრ-ნააზრევი მაშინ, როცა წყლის მილი გაგისკდა ბინაში (მას ხომ პანიკა აქვს ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლაზე) და ნახევარი დღე სანტექნიკოსის „მასპინძლობას“ მოანდომე. თუმცა, გამიმართლა - ბოლოს და ბოლოს მილი შეკეთდა და ჩემი საუბარი ქალბატონ ლია სტურუასთან შედგა.
თავიდანვე მითანხმებს ერთ რამეს - სიტყვა პოეტს კრებითი მნიშვნელობით იყენებს და ყველა შემოქმედს პოეტად მოიხსენიებს, იმიტომ, რომ მის საყვარელ ფოლკნერს მიაჩნია: ლიტერატურის ყველაზე სრულყოფილი ფორმა არის ლექსი, შემდეგ მოთხრობა და მხოლოდ მათ შემდეგ - რომანი. ეს შეთანხმება საუბრის დასაწყისშივე დაგვჭირდება.
- ქალბატონო ლია, თავს ვალმოხდილად გრძნობთ ქართული კულტურის წინაშე?
- როგორ მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიოს პოეტმა, თუ მიღწეულით დაკმაყოფილდება და ისე გააგრძელებს შემოქმედებას, შესაძლოა, ძალიან უყვარდეთ კიდეც, უმაღლეს ჯილდოებს ანიჭებდნენ, მაგრამ როგორც პოეტი, ის ვეღარ იარსებებს. ისევ ფოლკნერი წერდა: ადამიანმა შეიძლება უდიდეს ოსტატობას მიაღწიოს, მაგრამ მაინც არ უნდა გაჩერდეს; იქნებ, მიღწევების მერე უფსკრულში ჩავარდეს, მაგრამ თუკი იქიდან ამოსვლას მოახერხებს, ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, ის მწერალი კი - აშკარად დიდი მწერალი. ჩავარდნები, მერე ამოვარდნები, აფრენები, ძირს დაშვებები პოეტის სიცოცხლეა, თანაბარი და სწორხაზოვანი სიარული - მისი სიკვდილი.
- ბევრი გქონიათ ასეთი დაშვება?
- მქონია პერიოდები, როცა თავს ვიმეორებდი, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების უარეს წლებში იყო, ანუ იმ დროს (უხერხულია 21-ე საუკენეში ამის თქმა), როდესაც ხელები მქონდა გაყინული ისე, რომ ვერ ვწერდი, მენთო სანთელი, ნავთჩაცლილი ლამპა...
- პოეზიიდან გაქცევაზე თუ გიფიქრიათ მაშინ?
- პირიქით, პოეზიაში გაქცევაზე მიფიქრია. შენი სამყარო თუ არ გაქვს, შეიძლება, ვერც გადარჩე. იქ კი მარადიული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უპასუხო კითხვა მუდამ მელოდება: ვინ ვართ? საიდან მოვედით? სად მივდივართ? მგონი, ყველაზე მეტად ამ კითხვას პოეტები ვერ პასუხობენ. აი, ფიროსმანმა... რომ ვერ უპასუხა, იმიტომ შემოიყვანა ჟირაფი. საქართველოსთვის ხომ სრულიად უცხოა ეს ცხოველი, თავისი გრძელი ყელით და ჭორფლებით. ამით ამ ქალაქში თავის უცხოობას გაუსვა ხაზი. გალაკტიონი „თოვლის სამშობლოში“ ცხოვრობდა და არა მარჯანიშვილის ქუჩაზე; გოგენმა თითქოს ნაჯახით მოიკვეთა ოჯახი და სხვა ქვეყანაში წავიდა, წითელი მიწის და იისფერი ხეების დასახატად; ვან გოგმა მზის მდუღარებას მისცა თავი...
- ქვეყნიდან გაქცევაზეც არ გიზრუნიათ?
- ეგ გამორიცხულია! პარიზის ცენტრში არის ეგრეთ წოდებული ხელოვნების ქალაქი, სადაც ყოველ წელს, ორ-ორი თვით იწვევენ ხოლმე მოქანდაკეებს, კომპოზიტორებს, საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს. იმ მძიმე წლებში გვქონდა ეს ბედნიერება - იანვარ-თებერვალში, როცა საქართველოში ყველაზე რთული დღეები იდგა, ელგუჯას იწვევდნენ პარიზში, სადაც ის მუშაობდა, ფენდა თავის მოდელებს. ჰემინგუეის არ იყოს, „პარიზი ზეიმია, რომელიც მუდამ შენთან არის“, მაგრამ ჩვენთვის მაშინ ეს სინათლის ქალაქი იყო, პირდაპირი მნიშვნელობით. მე იმ „ზეიმშიც“ ვერ ვისვენებდი, ვშფოთავდი, წამდაუწუმ თბილისში ვრეკავდი. ეკა მეუბნებოდა: დედა, შეირგე მანდ ყოფნაო, მაგრამ ვერ შეირგებ, როცა შენი ახლობლები ცუდად გეგულებიან. ლექსშიც მაქვს: „თბილისში რომ ჩავალ და სიას ამოიკითხავენ, აბა, ვინ გადაურჩაო ამ ზამთარს, სუსტი ხმით ხომ უნდა წამოვიკნავლო, რომ მეც აქ ვარ - მე, რომელიც ყველა ჩემს ახლობელზე ძაფით ვარ გამობმული და ეს ძაფები რომ დამაჭრა, რაღა დარჩება ჩემგან?“
- მძიმე დროებამ ლექსების წერაზე ხელი ხომ არ აგაღებინათ?
- მადლობა ღმერთს, დღემდე შემიძლია წერა, რისი და როგორ - ეს მკითხველმა შეაფასოს. წერის პროცესში ბედნიერი ვარ. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს თავზე ყოფაში. იქ ბედნიერი ნამდვილად ვერ ვარ, განსაკუთრებით ელგუჯას გარდაცვალების მერე. ამას ახსნა აქვს: წეღან გაუსაძლის ფიზიკურ ყოფაზე მოგახსენეთ, რომელიც განადგურებს; რაც შეეხება სულიერს: საქმე ის არის, რომ პოეზიას სევდა, მინორი უფრო ქმნის. გალაკტიონს აქვს ერთერთი ასეთი ლექსი: „ორქიდეების მწყობრად იდგა მუქი შლეიფი, განაზებული ჩემი ფერმკრთალ სულის სიკვდილით“. არის თუ არა ეს ქრისტიანული რელიგიის საწინააღმდეგო განწყობა? არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ, გალაკტიონი შეძრულია იმ გარემოთი, რაც მის გარშემოა. ამ შემთხვევაში, პოეტი იმას აკეთებს, რაც შეუძლია - თითქოს პანაშვიდს უხდის გარდაცვლილ სულს, როგორც ადამიანს, როგორც მზეს, ხომ გახსოვთ: „მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეოდ, მზე მიიცვალა ღია თვალებით…...“ პოეტის სატკივარს თამაშის ელემენტი ამძაფრებს. მოგეხსენებათ, პოეზია თამაშიც არის. თითქოს გალაკტიონს უნდა, ადამიანი უკან, ისტორიამდელი წარსულისკენ მიახედოს.
ღვთისმოშიში ადამიანი გაიძახის - რწმენა გვინდა; „ფრთები, ფრთები გვინდა!“ - ყვირიან პოეტები; - რა დროს პოეზიაა, - ამბობს გაზულუქებული, ფულით ჯიბეებდატენილი ორატორი. საზოგადოების ასეთი გაორებაც მძიმე განწყობილებას ქმნის, წუთიერს ხდის ყოფას და არა მარტო პიროვნების მელანქოლიური ტემპერამენტი, ან დეპრესიული ბუნება, მით უმეტეს, ჩემსას - საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, გამძაფრებული მაქვს შეგრძნებები, თითქოს ნერვების დაბოლოებებით ვეხები სამყაროს და ეს ნერვები წათლილი ფანქრის წვერებივით წვეტიანია.
- ახერხებდით თუ არა კარგ ცოლობას, კარგ დედობას, კარგ კულინარობას?
- „კარგი“ ფართო ცნებაა. ალბათ, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, მაქსიმალურად ცდილობ, რაღაცეები დათმო და ასიამოვნო. ძალიან მომწონს, როცა ქალმა კარგად იცის საჭმლის კეთება. ეს არასოდეს ვიცოდი, არც მიყვარდა, მაგრამ, როცა ოჯახი მქონდა, სამზარეულოში ვტრიალებდი. რა თქმა უნდა, ვცდილობდი, აბა, რა უნდა მექნა?!
- ამაში თქვენს პოეტურ ბუნებას ადანაშაულებთ?
- არა, ეს ადამიანური ბუნებაა. ყოველთვის მოვნახავ დროს, რომ ჩემთვის შევიკეტო, „ბუნაგში“ ჩავჯდე და ვწერო... ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ელგუჯა მძიმედ იყო ავად. ისე ვუვლიდი, როგორც შემეძლო. ის კი მეუბნებოდა: დედას არ მოუვლია ჩემთვის ისე, როგორც შენო, იმიტომ კი არა, რომ ოდესმე ჩემს გრძნობაში შეპარვია ეჭვი. უბრალოდ, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ წარმოედგინა, თუ იმდენის გაკეთებას შევძლებდი, რისიც შევძელი. თვითონაც საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი საქმიანობის მიმართ. მახსოვს: გაფართოებული ინფარქტის მერე, ძვლივს გამოვიდა მდგომარეობიდან. ფაქტობრივად, საავადმყოფოში ვცხოვრობდით, გულიკო ჩაფიძის კლინიკაში. იქ დამირეკეს და მთხოვეს, ჭაბუა ამირეჯიბის იუბილეზე სიტყვით გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ელგუჯამ ეს საუბარი გაიგონა. ისე მძიმედ იყო, ვერც ლაპარაკობდა. არ ვიცი, როგორ ამოთქვა: თუ გინდა, რომ უკეთ გავხდე, წადიო და მაიძულა.
მგონია, რომ კარგი დედა ვიყავი, თუმცა, შეიძლება, არც იმდენად, იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და, ფაქტობრივად, დედამ გამიზარდა შვილი. ეკას ამის გამო სასაყვედურო აქვს. ისე კი, შვილთან მიმართებაში ძაღლის ინტუიცია მქონდა. გიჟდებოდა ხოლმე ელგუჯა: ვთქვათ სადმე ვართ წასულები და ეკა თბილისში გვყავს დატოვებული; ავწრიალდები, მოვიწყენ, დავრეკავ თბილისში და აი, თურმე რა - ეკას 37,5 აქვს...
მგონია, რომ ბევრად უკეთესი ბებია ვარ, ვიდრე დედა. ელენე ერთი გაღიმებით მჯობნის და ყველაფერს გადასწონის. ფრანგულ სკოლაში დადის და ძალიან მომწონს. მე ხომ ყოველთვის მინდოდა, ფრანგული მცოდნოდა და თითქოს ჩემს ოცნებას ელენე ასხამს ფრთებს.
- წეღან მითხარით თუ მომესმა, წვეულებაზე მივდივარო?
- დიახ, ბუნებით აქტიური ადამიანი ვარ და სუფრაც მიყვარს.
- თქვენი ფობია -- „სულ მეშინია, იმაზე უარესი არ მოხდეს რამე, რისი წარმოდგენაც მე შემიძლია“ - დასრულდა თუ გრძელდება?
- ეს უარესი ელგუჯას გარდაცვალებაა, მაგრამ ცხოვრებაში სხვაც ბევრი რამ ხდება: ადამიანი შეიძლება მრავალჯერ განიხიბლოს. ფობიები მაინცდამაინც არ მაწუხებს, მაგრამ ბოლო წლებში დილა ჩემთვის დღის ყველაზე ცუდი მონაკვეთი გახდა. მძინავს, იქნებ, კოშმარულ სიზმარსაც ვხედავ, მაგრამ ეს სადღაც შორს ხდება. მერე თენდება, ვიღვიძებ და ყველაფერი ცუდი თავზე მეყრება. ბავშვობიდან ახლომხედველი ვარ. პარიზში მეგობარმა ლინზები ჩამადგმევინა. ექიმმა „შუშის თვალების“ შესაგუებლად ორი საათით ქალაქში გამომიშვა და ჩემთვის ყველაფერი უცებ გამკვეთრდა. სამყაროს იმდენ ხანს ვხედავდი ბუნდოვნად, რომ ლინზებში ქალაქი ხაზებად დაიშალა და თავზე მემსხვრეოდა. პარიზის არანორმალურად ლამაზი, შუბლიანი სახლები პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდნენ. თითქოს გამსრისა ამ ყველაფერმა. სასწრაფოდ გადავყარე ლინზები და ჩემს ბუნდოვანებას დავუბრუნდი.
- წელიწადის დროებს შორის რომელი გირჩევნიათ?
- ძალიან მიყვარს გაზაფხული. შუა მაისში ვარ დაბადებული, გაზაფხული თავს უამრავ ტკივილს, ემოციურ არევდარევას მახვევს, მაგრამ მაინც საუკეთესო დროა - სიხარულის და სიგიჟეების დრო.
ზაფხულის ადამიანი ვარ, მაგრამ ზღვის და მზის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება მაქვს: ორივე ძალიან მიყვარს და ორივესი ძალიან მეშინია. უმზეობა არ შემიძლია, თუმცა ბავშვობიდან შაკიკი მაწუხებს და მზე თავს მტკენს. ამაზე ელგუჯა მეხუმრებოდა - აკი, მზე დედაა ჩემიო. ზღვა უსაზღვროა, უსასრულო. გხიბლავს, გატყვევებს, მაგრამ გემზე რომ მოვხვდე (რაც არასოდეს მოხდება) და ხმელეთი ვერ დავინახო, გავგიჟდები.
არ გაგიჟდება, რადგან გამთანგველ სიცხეში ზღვაზე კი არა, ჩვეულებისამებრ, ოცი დღით ლიკანში წავა. იქაურობა მისთვის აუცილებელია, იქ ყველაფერი იცის, არაფერი ეუცხოება. დაივლის და ნახავს:
„ის ხე იგივე ადგილზეა, კიდევ არ გამხმარა... მწვანე ხეებთან ერთ რიგში მოცალეობენ ჟანგისფერი ხეები, უკვე გამხმარი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ფეხზე დგანან, იმიტომ, რომ ხეები ფეხზე კვდებიან (მასაც რამდენჯერ უნატრია ასე სიკვდილი)... რაღაც ყვითელი ყვავილია იქ, რომელიც საღამოობით იშლება, შენს თვალწინ, რაც კინოფილმის შენელებული კადრებივით ხდება. მერე ერთ ადგილას მოუხვევ და აბრეშუმის ქოლგასავით გაიშლება იისფერყვავილებიანი ხე...“ ყველაფერი ეს მისთვის ამოსუნთქვაა საქმიანი, დასიცხული, მოურიდებელი ქალაქის მერე.
![]() |
10 არ დაიძინო! |
▲back to top |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
ამბობენ, მერწყულის ხანაში დრო აჩქარებულია და ვინც ვერ დაეწევა, გაგიჟდებაო. ამაზე პასუხად ზულეიხა, რომლის სახელიც სირინოზს ნიშნავს და რომელიც დიდად მორწმუნე ქალბატონი ბრძანდება, მირჩევდა, ყოველ დილით დროის იმამს დრო სთხოვე, და მაშინ ყველაფერს მოასწრებო.
ისედაც ყველაფერს მოვასწრებთ, რა პრობლემაა. სამუშაო ხომ მგელი არაა, ტყეში არ გაიქცევა. მით უმეტეს, რომ არსებობს ხანი, როცა დრო აღარ გარბის და სწორედ ისე მიედინება, როგორც ჩვენ გვინდა - დაისიდან ალიონამდე.
ღამით ყველა ერთნაირია - ლამაზიც და უშნოც, მდიდარიც და ღარიბიც. განსაკუთრებით, იმ კეთილ მხარეებში, რომლების შესახებაც ამ ორი წლის განმავლობაში „ცხელი შოკოლადი“ გიყვებოდათ. მთელი დღის განმავლობაში რესპექტაბელური სახეებით დავიარებოდით ევროპის გულში და ვცდილობდით, ძალიან საქმიანი ჟურნალისტები ვყოფილიყავით, რესპონდენტები „გაგვეხსნა“, ქალაქის სახე გვეჩვენებინა - მოკლედ, ვმუშაობდით, და ეს, ჩემგან არ გესწავლება, ბევრი ვერაფერი სიხარულია. მაგრამ მერე მზე ჩადიოდა და ჩვენც არასოდეს ვიძინებდით იმ ქალაქებში, რომლებსაც არასოდეს სძინავს.
უცხო მხარემ განსაკუთრებული, მწარე სიმარტოვე იცის, განსაკუთრებით ღამით. გადი გარეთ, არ დაიზარო, და აღმოაჩენ, რომ შენისთანა ფარვანები ძალიან ბევრნი არიან, და არასოდეს იქნები მარტო. ამ ღამეს გადააგორებ და მერე, მზის ამოსვლასთან ერთად, ყველაფერი ისევ კარგად იქნება.
თუ ღამეს ზურგს შეაქცევ და ჩათვლი, რომ რვასაათიანი ძილი სრულიად აუცილებელია, ბევრს დაკარგავ. თუნდაც, ღამეს. გამოძინებას, გარწმუნებ, მერეც მოასწრებ, როცა ძალიან მოხუცდები და აღარც სიყვარული მოგინდება და აღარც ზღაპრები.
არ დაიძინო, ჩემო საყვარელო! დაისიდან აისამდე მაინც.
![]() |
11 დაისიდან აისამდე |
▲back to top |
სპეც-პროექტი:
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
პარიზი:
მოდი, ჯერ ლათინურ კვარტალში წავიდეთ და ბერძნულ რესტორნებს ჩავუაროთ, წვრილ ქუჩაზე, მიჯრით რომ ჩაუწიკწიკებიათ და თითოეულ გამვლელს ხმაურით და თეფშების ფეხებთან მტვრევით - ხედავ, რა მდიდრები ვართ, არ გვენანებაო, - ასე რომ ეპატიჟებიან. მერე სენაზე ჩავიდეთ და პონტ ნოვით იმ პატარა კუნძულზე გავიდეთ, სადაც შეყვარებულები ჩახუტებულები სხედან და ერთმანეთის სიახლოვით თუ ფერდ ჭიქებში ჩადებული სანთლების სიმხურვალით ითბობენ გულებს; ღვინოს წრუპავენ და ჩამავალ ტურისტულ გემებს გაჰყურებენ. მერე ბოლომდე ჩავუყვეთ „მკვდარ“, „გაქვავებულ“ ლუვრს, სადაც ღამ-ღამობით, ყველა ნახატის თუ ქანდაკების სულები გადმოდიან და დიდ წვეულებას მართავენ.
თუ გინდა, საკრე კორის ტაძარში შევიდეთ და მონმარტრის ქვის სკამზე, კიდევ ერთხელ, შუა ღამით ჩამოვჯდეთ.
მერე კი... მოდი, მერე სულ ზემოთ ავიდეთ. სულ, სულ ზემოთ და იქიდან გადმოვხედოთ აციმციმებულ პარიზს...
პარიზს, სადაც არასდროს სძინავთ...
პარიზს, სადაც სულ უყვართ...
რა, არ გესმის??? embrasse moi vite! vite et pluis fort...
სალომე კიკალეიშვილი
პრაღა:
შეიძლება არსებობდეს რამე უფრო ზედგამოჭრილი სიყვარულისთვის, ვიდრე პარიზია? რამე უფრო თავბრუდამხვევი, ვიდრე ნიუ იორკია? რამე უფრო კარნავალისებური, ვიდრე რიოა?
თურმე სამივე ერთად შეიძლება შეცვალოს პრაღამ ერთ ღამეში.
მე მოცემული მქონდა ზუსტად ერთი ღამე პრაღაში და ამიტომ იქ გასატარებელი თითოეული ღამე იმ 12 საათში
გამოვცადე: კარლის ხიდზე შევდგი ფეხი და კუთხეში მდგარი გიტარისტი შემიყვარდა; ძველი ქალაქის მოედანზე, ტაძრებით გარშემორტყმულმა, ქალაქის დიდი საათის გუგუნში, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, თვალები დავხუჭე, ხელები გავშალე და დავტრიალდი. მთელი პრაღა ტრიალებდა გარშემო და თავბრუსხვევაც მაშინ ვიგრძენი. როცა შევნიშნე, რომ აქ ყველა ხიდზე და ქუჩის კუთხეში მღერიან, მივხვდი, რომ პრაღა კარნავალიცაა - რიოს სლავური ვარიანტი, სულ ოდნავ რომ მაინც ეტყობა პოსტსაბჭოური გემო.
პრაღის ღამე ჩემთვის ყველაზე სიურეალისტური განცდა იყო. არ ვიცი, თუ განმეორდება კიდევ...
თამარ ბაბუაძე
თელ-ავივი:
თელ-ავიველებისთვის პლაჟი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. პლაჟზე არ ფეთქდება ბომბები, არ დადიან კამიკაძე-ტერორისტები (თუ დადიან, მხოლოდ საბანაოდ). პლაჟზე ვერ მიხვდებით, ვინ არაბია და ვინ ებრაელი და თელ-ავიველებიც არხეინად ეფიცხებიან მზეს. შებინდებისას კი, პლაჟზე ზედმიწევნით ჩამწკრივებული სასტუმროების პირდაპირ, ნამდვილი ზეიმი იწყება, ისეთი, ყველაზე უდარდელ და უსაფრთხო ქალაქსაც რომ შეშურდება. გამოაქვთ უამრავი ფერად-ფერადი ნათურა, პატარა მაგიდები და ბევრი სასუსნავი. თელ-ავიველებიც იპრანჭებიან, ლუდს უკვეთენ, ნარგილეს ეწევიან, ზღვას გაჰყურებენ და ფიქრობენ, რა უმნიშვნელოა მათი ყოველდღიური პრობლემები და რა კარგი და მშვენიერია სამყარო.
ერთი ჟურნალისტურად დამღლელი დღის მერე, შენხენის ქუჩიდან მესხი და მე შინ პლაჟის გავლით ვბრუნდებოდით. დაღლილი ვიყავი, შვილი მენატრებოდა და დანა კბილს არ მიხსნიდა. მესხიც თავისთვის მოხეტიალებდა და ღმერთმა უწყის, რაზე ფიქრობდა. მაგრამ რატომღაც შევთანხმდით, რომ ჩვენც იქვე ჩამოვმჯდარიყავით და ნაყინი გვეჭამა. ჩამოვჯექით, სანაპირო ზოლზე მორბენალებს გავყურებდით, ვმუსაიფობდით და სულ ცოტა ხანში, ჩვენც ბანალური ფიქრი მოგვეძალა - რა უმნიშვნელოა ჩვენი ყოველდღიურობა და რა კარგი და მშვენიერია სამყარო.
შორენა შავერდაშვილი
ამსტერდამი:
ხომ იცი, მაქციები ღამით გამოდიან საქმეზე. შენ რომ გგონია, რომ ქალი ან კაცია, სინამდვილეში შეიძლება ჟენშენის ფესვია ან მელაკუდა! მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია, რომ ახლა ძალიან კარგი ქალი ან კაცია, და ხვალ დილით რას იზამს - ეგ აღარაა შენი სადარდებელი. ხვალემ იფიქროს ხვალისა.
ეს შუქი მატყუარაა, მაგრამ ყველა სიხარულით იტყუებს თავს. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ შენს წინ მჯდომი ქალი სწორედ ისაა, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი. უამბე, როგორი მშვენიერია და როგორ ძალიან გიყვარს, და გარიჟრაჟამდე მაინც იყავი მასთან ერთად. რაც გინდა, ის უთხარი - რომ გათენდება, მშვიდად შეძლებ იმის დაჯერებას, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო, მასაც დაესიზმრა და შენც.
ანა კორძაია-სამადაშვილი
სტამბოლი:
სტამბოლში დღეა და სტამბოლში ღამეა. როცა სტამბოლში ღამეა, ის თითქოს პატარავდება, პატარავდება და მოულოდნელ, ჯადოსნურ კარებთან მიყავხარ. ღამი ცხოვრება სტამბოლში თითქოს ისეთია, როგორც სხვაგან, ვინაიდან ღამის ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან. მაგრამ ის მაინც სხვაა, ვინაიდან სხვაა თვითონ სტამბოლი, რომლის ღამესაც კლუბებითა და ნაცნობი მუსიკით ვერ შემოვღობავთ.
გიო ახვლედიანი
ლონდონი:
აბსურდული ამოცანა - მოჰყვე ლონდონის შესახებ. ყველას თავისი ლონდონი აქვს... თუ თეატრალი ხარ, ზედ სცენაზე ხვდები; თუ პანკი, პანკების დედაქალაქში; თუ ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ეპიცენტრში; თუ ფლეიბოი ხარ, შიგ ჟურნალ „ფლეიბოიში“; თუ წიგნის ჭია - ერთ დიდ წიგნის საცავში და თუ ღამის ცხოვრება გიზიდავს - ლონდონი არც ამ შემთხვევაში გაწყენინებს - პაკბები, კლუბები, ქუჩები და შენნაირი ღამის ადამიანები - აისამდე არ იძინებენ. ლონდონში უბრალოდ ნამდვილად ცხოვრობ.
ლიზა ასათიანი
ვენა:
ვენაში, რატომღაც, მალე ღამდება. ქუჩები, უქმე დღეების გარდა, 11 საათისთვის ხალხისგან სრულად ცარიელდება... თუმცა, როგორც ყველა უდაბნოში, აქაც არის ოაზისი - ადგილი, სადაც თვალებდახუჭულს შეგიძლია რეალობად აქციო წარმოდგენები!
ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც: კლუბის ცენტრში დავდექი და თვალები ნელა დავხუჭე... და წინ გადამეშალა ქვიშა, ბედუინები, აქლემები და კარვები...
სანდრო კაკულია
ნიუ იორკი:
ჯერ ქვედა მანჰეტენზე, მობის კაფეში დაიწყო ჩაის სმით. მერე სანგრიაზე გადავიდა. სანგრიამ გაათამამა და საპირფარეშოში გასვლისას, ვითომ შემთხვევით და ამ დროს განზრახ ჩამოიგდო მხარზე „ბრეტელი“. გაჭრა... ერთად გამოვიდნენ მობის კაფედან და ერთად შეერივნენ ჯერ ქვედა მანჰეტენის არტისტულ ხმაურს, მერე ბროდვეის რეკლამების ნეონებს და ათას მათნაირ ერთჯერად თუ წლებით გამოცდილ წყვილს. თაიმ სკვერის ნეონები მითფექინგის კლუბებმა შეცვალა, გონება ელექტრონულმა მუსიკამ, ალერსმა და ალკოჰოლმა ერთიანად დაბინდა. ბოლო კადრად ახსოვს მისი მშრალი ტუჩების შეხებისას ცისკენ გაპარებული მზერით დაჭერილი დიდი მთვარე, უკვე ფერმკრთალ ცაზე...
ნაშუადღევს თავი უსკდებოდა. ალერსიანი ბიჭი კი ნიუ იორკის ღამის ნეონებს გაექროთ, მაგრამ მხოლოდ მეორე ღამემდე; და მასაც ისღა დარჩენოდა, ისევ დალოდებოდა დაისს და ისევ ეცადა წარმატებული ხერხი - შიშველი მკლავის შეთამაშება და მერე ღამის ნეონები, ბევრი ნეონი და ბევრი იმედი...
თამარ ბაბუაძე
კიოლნი:
აქ ყველაფერი დიდია, უზარმაზარი, განსაკუთრებით - ამსტერდამის შემდეგ. დიდია მამა რაინი, დიდია რესტორანში მორთმეული ულუფები, და „კიოლშიც“ დიდი, ბარაქიანი კათხებით მოაქვთ.
კიოლნის ტაძარი ჯერ ნისლში იკარგება, და მერე სადღაც, სულ მაღლა, ცაში, მისი შპილები მოსჩანს. ქალაქის მესვეურებს ის, როგორც ჩანს, გულით უყვართ, არ აბრჭყვიალებენ და არ აცისკროვნებენ. მთელი ქალაქი განათებულია, ის კი ბინდშია დანთქმული, როგორც ოდესღაც, უამრავი წლის წინათ, როცა გადაწყდა, რომ რაინის ნაპირას ყველაზე მაღალი ტაძარი უნდა აშენებულიყო.
დათოს გოთიკის აღარ ეშინია და კიოლნის ტაძარი მოსწონს.
- მესხ, მაგარია, არა?
- ჰო, მაგარია, - მეთანხმება მესხი.
ახლა ნივთებს სასტუმროში დავტოვებთ, მერე წავალთ და თითო „კიოლშს“ წავუქცევთ. სულ ერთი ღამით ვართ ჩამოსულები და აქაურობა ხომ უნდა შევირგოთ.
ანა კორძაია-სამადაშვილი
მოსკოვი:
სიტყვა „ბისტრო“ მოსკოვში ყველაზე აქტუალურია, და ყველაზე კარგად, სწორედ ამ ქვეყანაში იგებ მის მნიშვნელობას. აქ ყველაფერი „ბისტრო“ ხდება; „ბისტრო“ დადიხარ, სადგურში „ბისტრო“ კვეთ კრასნოსელსკაია-კრასნომოლსკაიას ხაზს; ამ წითელ ავტობუს-„ბისტროში“ „ბისტრო“ ჭამ და ინტერვიუებსაც „ბისტრო-ბისტრო“ რეჟიმში წერ.
მერე კი, როცა დღე „ბისტრო“ ჩაივლის, ჩაბნელებულ ქუჩაში გამოხვალ და რვეულში ჩამოწერილ გვარებში, კიდევ ერთ გვარს გადაუსვამ ხაზს - ჰოო, ესეც დავითრიეე... გასახურებელი ადგილის ძებნას იწყებ; იმ ადგილის, სადაც გათენებამდე შეიძლება ძიგძიგი; სადაც გაყინულ სხეულს მოხიტო
ჩაგიხურებს, საყვარელი მენთოლიანი სიგარეტის კვამლში გაეხვევი და ფერად-ფერადი განათების ჩრდილში, უცნობის დაჟინებულ მზერას დაიჭერ.
მმმ, ნამდვილი ნეტარება ხომ დაისიდან აისამდე იწყება. იწყება და მზის პირველი სხივის გამონათებისთანავე მთავრდება. მაგრამ ეგეც არაფერია... წინ ხომ კიდევ ბევრი, ბევრი დაისია...
აღარ დავიძინებ, საყვარელო! დაისიდან აისამდე მაინც!
სალომე კიკალეიშვილი
თეირანი:
თეირანი ღამით უსასოობის განცდას გიტოვებს, რადგან თითქოს გულს იხურავს და მთელი გიზგიზი შიგნით, სახლებში გადააქვს. ირგვლივ ყველაფერი ჩახჩახებს, მაგრამ ეს სინათლე მატყუარაა, რადგან ცხოვრება ღამის ჩადრქვეშ ისეა შეყუჟული, როგორც ულამაზესი ქალი, რომლის სილამაზესაც საბურველი კიდევ უფრო ამძაფრებს. მდორე მოძრაობაღა ამხელს ამ ქალის მთელ ვნებას, რომელიც მხოლოდ იმას მიეძღვნება ვისაც ქალი შეიყვარებს, ვისთვისაც მისი ჯადოსნური ჩადრი აიხდება...
გიორგი ლობჟანიძე
ბერლინი:
დღეს არც პარასკევია და არც შაბათი. მაშ, ჩემებს ხვალ კვლავ მძიმე დღე აქვთ, დროზე უნდა დაიძინონ. მე არ მეძინება და თან ხვალ მივდივარ. მატარებელში გამოვიძინებ.
მოაბიტზე, ბარის გამოღებული კარიდან, 90-იანების სიმღერა ისმის. უსასტიკესია, მაგრამ ძალიან მიყვარს:
„მე არ მიყვარხარ,
შენ არ გიყვარვარ,
აჰა, აჰა, აჰა!“
ძალიან კარგი, თორემ რაღა მექნა, თავდავიწყებით რომ შეგვყვარებოდა ერთმანეთი მე და იმ კაცს, ვისთან საჭორაოდაც ახლა ნახევარი საათის სავალში მივემართები.
იმედია, ჩვენი არსიყვარული იქამდე არ მივა, რომ მერე ღამის ავტობუსში არ ჩამსვას და არ მომაძახოს ის, რასაც მრავალი წელია, მომძახის:
„მალე ნახვამდის ალექსზე, ძაღლურ სიცივეში! ამბობენ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო ცივი იქნება!“
ჩემი არ იყოს, მასაც უყვარს „ბერლინი. ალექსანდერპლაცი“.
ანა კორძაია-სამადაშვილი
![]() |
12 კაცი, რომელიც დასცინის... |
▲back to top |
ავტორი: სანდრო ნავერიანი
ილუსტრაცია: ელენე ნავერიანი
მასზე ამბობენ, საინტერესო პაროდისტიაო.
იმასაც ამბობენ, კარგი პროზაიკოსიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ამ ხელისუფლებისთვის ნერვების აშლა ყველაზე კარგად შენდეროვიჩს გამოსდის, ვიქტორ ანატოლევიჩსო. კიდევ იმას ამბობენ, პოპულარული ტელეწამყვანიაო.
მოკლედ, ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ყველას და ყველაფერს არ უნდა დაუჯეროთ. დაუჯერეთ თქვენს თვალებს და არა ყურებს.
დაიბადა 58-ში.
კოლექტივიზმის ფასი საბავშვო ბაღში გაიგო.
სკოლა 75-ში დაამთავრა და თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ არ დაწყდა გული.
პირველი დიპლომით უმაღლესი კვალიფიკაციის კულტსაგანმანათლებლო მუშაკია, რის გამოც დღემდე აჟრიალებს.
1980-82 წწ. მსახურობდა საბჭოთა ჯარში, სადაც დედის გინებით ლაპარაკი ისწავლა. გადარჩა და დემობილიზაცია განიცადა, მაგრამ დღემდე აჟრიალებს (საერთოდ, ხშირად აჟრიალებს ხოლმე) სიტყვათა წყობაზე „სამხედრო მოვალეობა“.
სანამ წერას დაიწყებდა, ცოტას კითხულობდა...
არ უყვარს პრეზიდენტს.
და რადგან ებრაელია, ყველას ჰგონია, რომ სადმე აურაცხელი სიმდიდრე აქვს გადამალული.
მაშ ასე, ვიქტორ ანატოლის ძე შენდეროვიჩისა მინდა ვთქვა.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსთვის ვიქტორ შენდეროვიჩი არის ადამიანი, რომელიც ყოველგვარი მორიდების გარეშე, მასხრად იგდებს მათ; პრეზიდენტი პუტინი მთელი რუსეთის თვალში მარიონეტად გამოჰყავს და ბალალაიკის ჰარმონიული ჟღერადობის აკომპანემენტზე, პრეზიდენტს მიმსგავსებულ თოჯინას აცეკვებს... ერთი სიტყვით, შენდეროვიჩი ის კაცია, რომელიც რუსეთის მოწინააღმდეგე გარე ძალებმა დაიქირავეს, რათა მან მთავრობის პროვოცირება მოახდინოს. ასე რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ფიქრობს.
ჩვენი მეზობელი რუსეთის მოსახლეობისათვის (რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც საღად აზროვნებს) ვიქტორ შენდეროვიჩი ის კაცია, რომელიც სევდანარევი იუმორით აშუქებს იმას, რაც რუსეთში ხდება; არის უნიჭიერესი პაროდისტი; არის კარგი მწერალი, პუბლიცისტი, იუმორისტი, ტელეწამყვანი და ადამიანი. ასე რუსეთის მოსახლეობის ის ნაწილი ფიქრობს, ვინც საღად აზროვნებს.
ასე ფიქრობენ მასზე რუსეთში.
საქართველოში შენდეროვიჩზე სხვანაირი წარმოდგენა აქვთ, დაახლოებით ისეთი, როგორიც საღად მოაზროვნე რუსებს. ზოგს კი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ვიქტორ შენდეროვიჩი და მისი გვარის გამგონეები, გისწორებენ - შენდეროვიჩი კი არა, როსტროპოვიჩი, ან შოსტაკოვიჩიო.
2001 წელს ვიქტორ შენდეროვიჩი თბილისში ჩამოვიდა, გენიალური საღამო მოაწყო და წავიდა. ფაქტობრივად, ქართველების წარმოდგენა შენდეროვიჩზე ამ საღამოთი შემოიფარგლება და მინდა, მათი წარმოდგენა გავაფართოვო, უფრო გავაღრმავო.
შენდეროვიჩი, ასეა თუ ისე, რუსებმაც და საერთოდ ყველამ, ტელევიზიის საშუალებით გაიცნო. მას ჰქონდა საავტორო გადაცემები „Итого“ და „Куклы“. წინასწარვე გეტყვით, რომ ორივე გადაცემა ხელისუფლების პირდაპირი ბრძანებით დაუხურეს, ტელევიზიიდანაც გაუშვეს და შემდეგ ჭორებიც კი მოუგონეს, თავი რომ გაემართლებინათ. თუმცა, ეს არ უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო.
გადაცემა „Куклы“, როგორ გითხრათ, დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც ჩვენთან „დიდების ზღაპარი“, ან „დარდუბალა“ და „დარდუბალა 2“. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სოციალური პრობლემების იუმორით გადმოცემის დონე ქართული გადაცემებისას ბევრად აღემატებოდა.
მორიგი გადაცემის დასრულების შემდეგ (აღმოჩნდა, რომ ეს იყო უკანასკნელი „Куклы“, რომელიც ეთერში გავიდა), ვიქტორ შენდეროვიჩი თავის „კუკლიანად“ დაბლოკეს. და ეს იყო პირადად პუტინის გადაწყვეტილება - ვერ აიტანა, რომ მასზე, რბილად რომ ვთქვა, „ღადაობდნენ“.
„Итого“ რომელიმე კონკრეტული გადაცემის გამო არ დახურულა. ის იმიტომ დაიხურა, რომ ხუთი წლის განმავლობაში - 1997 წლის აპრილიდან 2002 წლის 12 იანვრამდე - ყოველი კვირის ბოლოს აშუქებდა რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებს, გადაწყვეტილებებს და ამას საკმაოდ კრიტიკულად აკეთებდა, რაც (რასაკვირველია) კრემლს არ აწყობდა და გადაცემაც დახურეს. თუმცა, შენდეროვიჩი თვლიდა და დღესაც თვლის, რომ ასეთი გადაცემისთვის რუსეთში იმხელა რესურსი არსებობს, რომ მათ გაკრიტიკებას ათი სიცოცხლე არ ეყოფა. ჰოდა, სწორად ამის გამო, დღეს ვიქტორ შენდეროვიჩს რადიო „Эхо Москвы“-ში ასევე საავტორო გადაცემა მიყავს - „Плавленый сырок“. მართალია, ამ გადაცემის აუდიტორია არ არის რვა მილიონი და ათჯერ და შეიძლება კიდევ უფრო მეტჯერ ნაკლებია, მაგრამ დროთა განმავლობაში, მსმენელთა რაოდენობა მატულობს და შენდეროვიჩსაც ეძლევა საშუალება რადიოში ის აკეთოს, რასაც ტელევიზიაში აკეთებდა.
შენდეროვიჩის ტელევიზიაში დაბრუნება მოსალოდნელია, თუმცა ნაკლებად შესაძლებელი. რუსეთის ყველაზე მეტად დემოკრატიულმა და დამოუკიდებელმა არხებმა - „RTVI“ და „REN-TV“ - მას საავტორო გადაცემის გაკეთება შესთავაზეს, მაგრამ ვიქტორს არ უნდა. არ უნდა იმიტომ, რომ იცის, დაუხურავენ. ისეთ გადაცემას კი, რომელიც ხელისუფლებას არ დაძაბავს, ის, უბრალოდ, ვერ გააკეთებს. ტელევიზიაში, რომელიმე სხვა პრეზიდენტის დროს დაბრუნდება, ხოლო ახლა, სანამ პუტინი პუტინობს, რადიოთი კმაყოფილდება და ჩემს კითხვაზე, „ავსებს თუ არა რადიო იმ სიცარილეს, რომელიც ტელევიზიიდან წამოსვლამ დაგიტოვათ“, სიცილით (შეიძლება ხარხარითაც) პასუხობს: „სიცარიელე? ჩემში არავითარი სიცარიელე არ არსებობს და არც არასოდეს მიგრძვნია...“ პასუხი იმდენად „მესიამოვნა“, გავწითლდი და ჩემი თავის მომერიდა, ასეთი სისულელე, როგორ ვკითხე-მეთქი. ალბათ, ახლა ჩემზე ფიქრობს, რომ თავში სიცარიელე მაქვს. სიცარიელეს კი არასოდეს იგრძნობს, თუ ოჯახი ყოველთვის გვერდით ეყოლება.
და კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ ტელევიზიაზე: „ტელევიზიონშჩიკები“ ხშირად ამბობენ: ტელევიზიის შემდეგ, ცხოვრების გაგრძელება რთულია, თუ ისევ ტელევიზიაში არ დაბრუნდიო. ვიქტორისთვის კი ტელევიზიის შემდეგაც გრძელდება ცხოვრება... რადიოში... და საერთოდ, ვიქტორისთვის მედია საზოგადოების მანიპულირების საშუალებაა, თუმცა ის ამ საშუალებას კეთილად იყენებს და საზოგადოებას საშუალებას აძლევს, დაინახონ ის, რაც რეალურად ხდება. ასე რომ, არანაირ დისკომფორტს არ განიცდის იმის გამო, რომ ტელევიზორში აღარ ჩანს. მას ისევე შეუძლია საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც აქამდე. საერთოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობას ის უადვილებს, რომ ებრაელია - მოგეხსენებათ, ბევრნი არიან ისეთი ავადსახსენებელი ადამიანები, ვისაც ებრაელებთან ურთიერთობა, ტაქტიანად რომ ვთქვა - გულს ურევს. მას კი, ეს საშინელი ტენდენცია ძალას და ურთიერთობის სურვილს მატებს.
რატომ არის, რომ ისინი ყველაზე მეტნი არიან იქ, სადაც დიდი ფული ტრიალებს? რატომ არის, რომ ისინი ბანკირების, ბიზნესმენების, ოლიგარქების, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების და ა.შ. ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენენ? და რატომ არ შეადგენენ ისინი უმრავლესობას, მაგალითად, ლითონგადამამუშავებელ წარმოებაში?
შენდეროვიჩს ებრაელობა არანაკლებ უშლის ხელს ცხოვრებაში, თუმცა „უშლის“ არასწორი ნათქვამია - მას ხელს უშლიან იმიტომ, რომ ის ებრაელია; იმიტომ, რომ ხოდარკოვსკის მეცენატობაზე (შესაძლოა ასე არც იყოს, მაგრამ ხოდარკოვსკიმ რუსეთის მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა) ხმამაღლა საუბრობს და მისი მხარდამჭერია; იმიტომ, რომ იცის: ისინი ყველაზე მეტნი არიან იქ, სადაც შემოქმედებითი შრომაა საჭირო - სასურველია ალკოჰოლიზმისა და ქსენოფობიის შეტევების გარეშე. ასეთი შრომა მართლაც დიდ ინტელექტს მოითხოვს (თუმცა, ბაბუამისი შავი მუშა იყო). ათასწლეულების განმავლობაში, ებრაელმა ერმა კარგად აითვისა და შეისწავლა, თუ როგორ უნდა შეუთავსოს შრომას ინტელექტი. ხშირ შემთხვევაში, ამის გაკეთება იძულებით და მათ მიერ მტრულად განწყობილ ერებს შორის უწევდათ. სწორედ ეს (ინტელექტი) არის იმის საფუძველი, რომ ყველა (ყოველ შემთხვევაში, უმეტესობა) ებრაელი დაკავებულია ისეთი რამით, რაც ხელებზე „მაზოლების“ გაჩენას არ იწვევს და მაღაროში მტვრის ყლაპვას არ მოითხოვს... „რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდა, არასოდეს ვითაკილებ არც მაღაროში და არც მტვირთავად მუშაობას, ანუ პატივს ვცემ ნებისმიერ სამუშაოს, რომელიც კეთილსინდისიერად სრულდება...“
ებრაელი უკანასკნელ ცენტს - თუმცა, ზოგისთვის „ებრაელის უკანასკნელი ცენტი“ დიდი ტყუილია - გაიღებს იმისათვის, რომ შვილს განათლება მისცეს, რადგან იცის, რომ განათლება დიდი შესაძლებლობების საწინდარია, დიდი შესაძლებლობები კი - დიდი ფულის, დიდი ფული კი - უზრუნველი ცხოვრების.
მისმა მშობლებმაც ასე გააკეთეს - გაიღეს უკანასკნელი კაპიკები - „რომელიც არ არსებობს!“ - იმისათვის, რომ ვიქტორს განათლება მიეღო და უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ ვიქტორს არ უნდა „დიდი ფული“, რადგან „დიდი ფული“ შემოქმედებითი შრომის - რაც ებრაელებს კარგად გამოსდით - სურვილს უკარგავს, რაც მის ცხოვრებას უაზროს გახდის. „არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ებრაელებს ბრწყინვალე ნიჭი აქვთ, შთამომავლობას ეთიკური სისტემის კოორდინატები გადასცენ, რომელიც ამ წიგნშია ჩადებული - წიგნს „ბიბლია“ ეწოდება. ყველას ვურჩევ წაიკითხოს. სულ ეს არის „საიდუმლოება“, რომელიც „გაგიმჟღავნეთ“. ასე რომ, თუ თქვენც ასე იცხოვრებთ, იმასვე მიაღწევთ, რასაც ებრაელები, მაგრამ არ გირჩევთ ებრალებივით „იოლი ცხოვრებით“ იცხოვროთ.“ - თქვა ვიქტორმა და ახლა სხვა თემაზე გადავიდეთო.
გადავიდეთ...
მოსკოვის გარეუბანში დაიბადა, ულამაზეს ადგილას - „ჩისტი პრუდ“-ში. ბაგა-ბაღი კარგად ახსოვს, სკოლა - უკვე გითხარით. ოლეგ ტაბაკოვის სტუდიაში სწავლობდა. შეწუხებული იყო იმის გამო, რომ შეიძლება თეატრალური ხელოვნება კარგად ვერ შეისწავლა და როცა კარგად შეისწავლა, მერე სხვა რაღაცამ შეაწუხა - უსამართლობამ და იმპერიალიზმისაკენ რუსეთის ლტოლვამ. პოლიტიკას თეატრალური „ბექები“ დაადო და შექმნა იუმორი, რომელსაც დღეს ზოგიერთი „შენდეროვიჩის პოლიტიკას“ უწოდებს.
შენდეროვიჩმა „შენდეროვიჩის პოლიტიკა“ გვერდზე გადადო და მწერლობას მიჰყო ხელი. ამ გადაწყვეტილებას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. კალმით ხელში შეძლო ის, რასაც ვერასოდეს ახერხებდა. „ნაწერი სამუდამოდ რჩება, საუკუნეებს უძლებს და წარმოიდგინე, ორი საუკუნის შემდეგ, ვიღაც გადაშლის შენს წიგნს...“ რა ვიცი, საუკუნეების წინ დაწერილმა სონეტებმა, რომანებმა, პიესებმა ჩვენამდე ისე მოაღწიეს, თითქოს არც არასოდეს არავის წაუკითხავს - სისადავე და მასში ახლის აღმოჩენის შანსი არ დაუკარგავს და ვინ იცის, იქნებ შენდეროვიჩის წიგნებმაც გაუძლოს საუკუნეებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მისი წიგნები - „Куклиада“, „Московский пейзаж“, „Куклы“, „208 избранных страниц“, „Семечки“, „В деревне Гадюкино - дожди“, „Цветы для профессора Плейшнера“ - დროსაც უძლებს, ბაზარსაც და მკითხველსაც. მხატვრულ ლიტერატურამდე და პუბლიცისტიკამდე (და ახლაც) არის „შენდევრები“. „შენდევრები“ დაახლოებით კოტე ყუბანეიშვილის „ეიფორიზმების“ მაგვარი ერთწინადადებიანი იუმორისტული და, ამავე დროს, მიზანმიმართული მტკივნეული აზრებია. ასე, მაგალითად:
Аве, Цезарь! Идущие в коммунизм приветствуют тебя!
შენდეროვიჩს კომუნიზმი და ის დრო, როდესაც კომუნიზმი ჰყვაოდა, ისევე უხარია, როგორც სკოლადამთავრებულს - ლექსი „წითელი ვაშლი გაგორდა, ვიქტორი სკოლაში გარბოდა“.
Бог есть, но он по ту сторону баррикад!
ღმერთი, რა თქმა უნდა, არსებობს და მისი სწამს, მაგრამ ის იქ არის, სადაც თვითონ და მისი ერი არ არიან. ბევრნი არიან ისეთები, რომელთაც ღმერთის სწამთ, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, ვისიც ღმერთს სჯერა - ეს ყველაზე მეტად ჩვენ გვეხებაო, მითხრა ვიქტორმა.
В россии чаша терпения измеряется стаканами.
შენდეროვიჩს მოთმინების „კრუშკა“ კი არა „ბოჩკა“ აქვს, რა ვიცი, ეგრე მითხრა და... და ჩემს ერს კი უფრო დიდი „ბოჩკაო“, ამდენს როგორ ითმენენ, ჩემამდე არ დადისო...
ჩვენ რუსეთის ფედერაციაში კი არა, მონარქიულ სახელმწიფოში, მეფის რუსეთში ვცხოვრობთო, შემომჩივლა. თვითონ კი მასხარაა, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს ნებისმიერ სამეფოში. მასხარა იმისთვისაა, რომ თავიანთსავე სისულელეებზე სხვები გააცინოს.
მათივე სისულელეები მრავლად არის მის წიგნებში და ეშინია, მწერლობაც არ აუკრძალონ, თუმცა თავს მწერლად არ თვლის, რუსეთში მწერლები ტოლსტოი და დოსტოევსკი იყვნენ, მე კი, ერთი პატარა ადამიანი ვარ, რომელსაც კარგად გამოსდის ამ ხელისუფლების ნერვების აშლაო, იმიტომ, რომ სიმართლეს ვწერო.
ხშირად იღებს წერილებს უბრალო მოქალაქეებისგან. წერილების შინაარსიდან გამომდინარე, ადრესატი პროკურატურა ან, უბრალოდ, მილიციის რომელიმე განყოფილება უნდა იყოს, მაგრამ წერილებს განმარტებები აქვს დართული: „ვიცი, რომ ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს და იქნებ თქვენ მაინც გამოგადგეთ რამეში - ვთქვათ, რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში...“
ლიტერატურას, სატირას, პაროდიას, იმ საქმეებს, რასაც აკეთებს, ცოტა ხნით ჩამოშორდა და საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ... რა თქმა უნდა, „ხელი შემიშალეს, ისე გამაჩერეს, ვერაფერს მივხვდი. თავიდან ყველაფრის ნება მომცეს, ხელმოწერების შეგროვების და, საერთოდ, ყველაფრის, რაც კი წინასაარჩევნო კამპანიას სჭირდება, მაგრამ ისე მომიხურეს დუმის კარი და ხმას ხმაზე ისე მპარავდნენ, ვერაფერს ვხვდებოდი...“ ასე რომ, ვიქტორ შენდეროვიჩის ოფიციალური პოლიტიკური ცხოვრება რამდენიმე წლით გადაიდო; იქამდე, სანამ პუტინს სხვა პრეზიდენტი არ შეცვლის. ერთი სიტყვით, როცა ტელევიზიაში დაბრუნებას მოახერხებს, პოლიტიკოსობაც მაშინ იქნება შესაძლებელი. თუმცა, სხვა პრეზიდენტის დროს შეიძლება მშვიდად იცხოვროს და თავისუფალი დრო გართობას დაუთმოს.
თავისუფალ დროს უსმენს მუსიკას, კერძოდ ჯაზს. ჯაზმენი ვარო, თქვა კიდეც. ტელევიზორსაც უყურებს, თუმცა არასოდეს აინტერესებს საინფორმაციო გადაცემები. ტელევიზორში ცხოველთა სამყაროს ან სპორტის შესახებ გადაცემებს უყურებს და ყოველი გადაცემის შემდეგ აღმოჩენებს აკეთებს, თუ რაოდენ უცნაურია ეს ცხოველთა სამყარო და უკვირს.
ერთხელ გაუკვირდა ისიც, როდესაც ქალიშვილმა უთხრა, ანთროპოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რაღაცის განხრითო. ის „რაღაც განხრა“ შვილმა კი იცის, მაგრამ ვიქტორმა - არა და როდესაც ბევრი თავისუფალი დრო ექნება, ამ პროფესიას დილეტანტის დონეზე მაინც აითვისებს. ჰყავს მეუღლე, რომელსაც, სხვათა შორის, უფრო მეტჯერ ვესაუბრე, ვიდრე თავად ვიქტორს - სახლში არ იყო და აბა, რა მექნა? მეუღლე ხშირად ეუბნება, ცოტა ფრთხილად იყავიო, მაგრამ ასეთი გაფრთხილების შემდეგ, ვიქტორი უფრო ენერგიული ხდება და უფრო შეუპოვრად „ღადაობს“ თავის პრეზიდენტზე და მის ამალაზე.
დღეს, ვიქტორ შენდეროვიჩი შვებულებაშია და ეს შვებულება სექტემბრამდე გაუგრძელდება. ისე კი მითხრა, ერთხელ ზუსტად ასე მოხდა, შვებულებაში გადიო, მითხრეს და აღმოჩნდა, რომ სამუდამო შვებულებაში მიშვებდნენ, თან უხელფასოში, მაგრამ ამჯერად არა მგონია ასე მოხდესო.
ერთი სიტყვით, შენდეროვიჩი სექტემბრამდე არც ტელეეკრანებზე გამოჩნდება და არც რადიოეთერში - რა თქმა უნდა, რუსებისთვის. და რაც შეეხება ქართველებს, შესაძლოა, შენდეროვიჩის ეს მცირე და ჩვეულებრივი პორტრეტი, რომელიც დავხატე, დიდი ხნის განმავლობაში უქმნიდეს მათ წარმოდგენას ამ უცნაურ კაცზე. ასე რომ, კარგად წაიკითხეთ და წარმოდგენა შეიქმენით.
თუმცა, ეს უკანასკნელი თხოვნამოწოდება, ალბათ, დასაწყისში უნდა მეთქვა... ახლა უკვე ერთი ფასი აქვს.
![]() |
13 ჰერბი ჰენქოქი |
▲back to top |
ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
თუ უფლებას მომცემთ თქვენივე ციტატით დავიწყებ. სულ რამდენიმე თვის წინ, განაცხადეთ: „უკანასკნელი წლების განმავლობაში, ღრმად გავაცნობიერე ის, რომ მუსიკოსი არ ვარ; ეს ისაა, რასაც ვაკეთებ და არა ის, რაც ვარ. მუდმივად მხოლოდ ადამიანი შემიძლია ვიყო.“ ამ ბოლო დროს, ისე ხშირად და ისეთი ენთუზიაზმით საუბრობთ ადამიანად ყოფნის მნიშვნელობაზე, თითქოს თქვენთვის რაღაც აქამდე უცნობი აღმოგეჩინოთ.
ბევრს ჰგონია, რომ მათი ყოფიერება მხოლოდ და მხოლოდ კარიერასთან დაკავშირებული ინტერესებით და მოცემულობებით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, ექიმებს, ბიზნესმენებს, მოცეკვავეებს თუ ინჟინრებს შეიძლება ეგონოთ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ექიმები, ინჟინრები, მოცეკვავეები და ბიზნესმენები არიან. სინამდვილეში კი, შეუძლებელია იყო ექიმი ან ბიზნესმენი 24 საათის განმავლობაში. მათ ჰყავთ ოჯახი, მშობლები და ნათესავები. შესაბამისად, ისინი თვითონ არიან შვილები, მშობლები, დები ან ძმები. საკუთარ შვილებთან და მშობლებთან კი 24 საათის განმავლობაში ნამდვილად ვერ იქნები მხოლოდ და მხოლოდ მხატვარი თუ ინჟინერი. როგორ შეიძლება მეგობართან ურთიერთობის დროს, მხოლოდ ბიზნესმენი ან ექიმი იყო? მაშასადამე, სიტუაციებიდან გამომდინარე, ჩვენ სხვადასხვა სახით ვახდენთ საკუთარი თავის მანიფესტაციას, როგორც მშობელი, შვილი, მეგობარი, ქვეყნის მოქალაქე და ასე შემდეგ, ხოლო ყოველივე ამის საფუძველი ჩვენივე ადამიანურობა, ჩვენივე ჰუმანურობაა. თუ მშობელი ხარ, პირველ რიგში, ადამიანი ხარ. თუ შვილი ხარ, ადამიანი ხარ და თუ ინჟინერი ხარ, ამ შემთხვევაშიც, პირველ რიგში, ადამიანი ხარ. ყოველივე ამის ღრმად გაცნობიერების შედეგად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ მუსიკას ჩემივე ადამიანურობიდან გამომდინარე შევხედავ, გაცილებით მეტს შევიგრძნობ. ჯერ კიდევ ახალგაზრდას და უმეცარს მეგონა, რომ პირველ რიგში მუსიკოსი ვიყავი და მერე ადამიანი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ყუთში ვიჯექი და იქედან ვუყურებდი სამყაროს და დანარჩენ ადამიანებს, თუმცა სულაც არ მიმაჩნდა, რომ ეს ასე იყო. როდესაც შენივე ადამიანურობას აცნობიერებ, იმ წამიდანვე ყველაფერი უსასრული ხდება. ადამიანი უსასრულოა. ის ამოუწურავია. ხალხს უკვირს, რომ ჩემი ყოველი ახალი ალბომი წინა და დანარჩენი მუსიკოსების ალბომებისაგან განსხვავდება. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებ ამას. პასუხი მარტივია, - მე გენიოსი არ ვარ; უბრალოდ, ადამიანი ვარ და ინსპირაციას ჩემივე ადამიანურობის ფაქტში და სიცოცხლეში ვპოულობ.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ცხოვრებიდან წამოსული იმპულსები უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვიდრე ნებისმიერი მუსიკალური ინსპირაცია?
აბსოლუტურად. ამაზე კარგად მე ვერ ვიტყოდი. დიახ, მუსიკის კეთების დროს, ყველაზე ძლიერ იმპულსს სიცოცხლე მაძლევს და არა თვითონ მუსიკა.
მუსიკა რეალობიდან ჩნდება და არა პირიქით.
კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც გამუდმებით იმეორებთ და რომელიც სრულიად უსარგებლო ხდება, როცა მას ზოგიერთი ადამიანი თუ ხელისუფლება იყენებს - სიბრძნე. რატომაა თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს სიტყვა?
ჩვენ ძალიან რთულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება. 21-ე საუკუნე რთული საუკუნე იქნება. რამდენი რამ მოხდა ამ უკანასკნელ ხანებში! მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებს არ ვგულისხმობ. ტექნოლოგია მუდამ დახვეწის და განვითარების პროცესშია, მაგრამ ყოველივე ამან მოიტანა ის, რაც ადრე არ გვქონდა, - ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა კაცობრიობის ისტორიაში. ესაა ინფორმაცია, რომელიც ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და მათი მეშვეობით გაჩნდა. ეს მარადიულობის ახალი ფორმაა, ვინაიდან ინფორმაცია უსასრულოა. ზედმეტი ინფორმაცია აშკარა პრობლემებს გვიქმნის. თუნდაც ინტერნეტი ავიღოთ. თუ წინათ ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი და ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია წიგნში მომეძებნა, ახლა უბრალოდ „დავა-GOOGLE-ებ“, ჩავბეჭდავ საჭირო სიტყვებს და მორჩა. ამიტომაც, ახლა ერთგვარი გამოწვევის პირისპირ ვდგევართ, - მოვახერხებთ თუ არა მთელი თავზე დამტყდარი ინფორმაციის ჩვენს სასარგებლოდ გადახარშვას? წინათ დეტალებზე ფიქრის დრო გვქონდა. ახლა ამის დრო აღარ გვაქვს. დღეს ვუყურებთ ტელევიზორს და თუ ინფორმაცია ომზეა, ვიგებთ, რომ ომის მსვლელობისას, ერთმა მხარემ ამდენიადამიანი დაკარგა, მეორემ კი ამდენი და ამდენი. ეს რომ მოგვწყინდება, სპორტზე გადავრთავთ და ვიგებთ, რომ ერთმა გუნდმა მოწინააღმდეგე გუნდს ამა და ამ ანგარიშით მოუგო. ამის შედეგად კი, ყველაფერი ირევა - სპორტული შეჯიბრის ანგარიში და ომში დაღუპულთა რიცხვი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სახის ინფორმაციაა - ერთი ცხოვრებაა, მეორე კი თამაში, მაგრამ ამის ღრმად გააზრების დრო აღარ გვრჩება; ამის მაგივრად, სხვა არხზე „ვხტებით.“ დღეს მსოფლიო სერიოზული ცვლილებების პროცესშია, გეო-პოლიტიკით დაწყებული და მედიცინით დამთავრებული. დღეს უკვე ადამიანის კლონირება შეგვიძლია. არადა, ბავშვობაში ამას მხოლოდ და მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ვნახულობდით. დღესყველაფერი ეს რეალობაა და სწორედ ახლა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ სად უნდა გაივლოს ზღვარი. ზღვარი კი ისევ და ისევ საკუთარი ადამიანურობის გაცნობიერებაა. სწორედ ამას ვუწოდებ სიბრძნეს. თუ სამყაროს ადამიანური თვალით აღქმის უნარი შეგწევს და დანარჩენი ადამიანების ბედზე გული შეგტკივა, მაშინ ყველაფერს სხვანაირად ხედავ. ამ დროს ხვდები, რომ შენთვის ყველაზე მთავარი „მე“ კი აღარაა, არამედ „ჩვენ.“ სიცოცხლე ჩვენ ვართ, სიცოცხლე ეს სამყაროა, ეს პლანეტა და თუ ყველა გადაწყვეტილებას საკუთარი ადამიანურობიდან გამომდინარე მივუდგებით, ბევრი რამ შეიცვლება; უკეთეს გადაწყვეტილებებს მივიღებთ პოლიტიკური არჩევნების თუ კანონების მიღების დროს. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, უკეთეს გადაწყვეტილებებს მივიღებთ მუსიკის კეთების დროს და ასე შემდეგ. ამის გაცნობიერება უკვე ცოდნა კი არა, სიბრძნეა.
რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკოსისათვის, რომ მას სოციალური პასუხისმგებლობა ჰქონდეს?
მუსიკა იარაღია. ის ადამიანებს ემსახურება. მუსიკოსი მსახურია, ისევე, როგორც ექიმი ან ადვოკატი. რას ვემსახურებით ჩვენ? ჩვენ სიცოცხლეს, ჩვენივე საწყისს, ადამიანებს ვემსახურებით. ეს ჩვენი დანიშნულებაა. აი ახლა, როგორც ადამიანი გესაუბრებით და არა როგორც მუსიკოსი. ვცდილობ, რომ ის ყურადღება, რასაც ჩემდამი, როგორც მუსიკოსისადმი იჩენს ხალხი, მათში ადამიანურობის წასახალისებლად გამოვიყენო. ვცდილობ მათსავე სიდიადეში დავარწმუნო ადამიანები. ესაა ის, რასაც ვგრძნობ... ნებისმიერი ადამიანი თავის საქციელზე პასუხისმგებელია. ფული, ძალაუფლება და პოპულარობა ცხოვრებაში მთავარი არაა. ყველაფერი ეს უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებებისაკენ სწრაფვის წასახალისებლად უნდა გამოვიყენოთ. უმაღლეს ღირებულებებს ვერც იყიდი და ვერც გაყიდი, მაგრამ, სამაგიეროდ, მათი გაცემის უფლება გეძლევა. ასეთი ღირებულებები კი არის სიმამაცე, გულახდილობა, ღირსება, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა... ამიტომაც, როდესაც სცენაზე გავდივარ, არ ვცდილობ, რომ დარბაზში შეკრებილ ხალხს მხოლოდ მუსიკალური კონცერტი მოვასმენინო; მინდა, რომ მსმენელს ახალი გამოცდილება შევძინო. ჩემი და სცენაზე ჩემთან ერთად მყოფი მუსიკოსების მოკრძალებული წვლილი ისაა, რომ შევძლოთ და მსმენელში იმის შეგრძნება გავაღვიძოთ, თუ რამდენად ძლიერია შემოქმედებითი მუხტი თითოეულ ჩვენგანში.
არაერთხელ გითქვამთ, რომ დღევანდელ იმპროვიზებულ მუსიკაში საჭიროზე მეტი ტესტოსტერონია და არასაკმარისი ქალური საწყისი. რატომაა თქვენთვის მნიშვნელოვანი მამაკაცური და ქალური საწყისების დაბალანსება მუსიკაში და როგორ ახერხებთ ამას?
ჯაზს თოთხმეტი წლის ასაკიდან ვუკრავ. მთელი ამ წლების განმავლობაში, ვამჩნევდი, რომ რაც უფრო ენერგიული და ხმამაღალი ხდებოდა მუსიკა, მით უფრო ნაკლებ ქალებს ვხედავდი დარბაზში. ეს განსაკუთრებით „ფიუჟენს“ ეხება. ის ჯაზის მძიმე როკი იყო. ერთი სიტყვით, ეს რომ შევამჩნიე, ერთ მშვენიერ დღეს ისიც გამახსენდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი თუ საზოგადო მოღვაწეთა უმრავლესობა კაცები იყვნენ და არიან. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს იდეები არა აქვთ. უბრალოდ, ხშირად მათ სერიოზულ საქმეებს არ აკარებდნენ. ეს ქალთა აშკარა დისკრიმინაციაა და ყველა ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. ყურადღების ცენტრში სულ მამაკაცები არიან. შედეგი სახეზეა. კარგად მოგეხსენებათ, ამას რაც მოყვა. სწორედ კაცებმა შევიყვანეთ მსოფლიო ჩიხში და გავამრავლეთ პრობლემები. ახლა კი მსოფლიოს ბალანსი, უფრო მეტი ჰუმანურობა ესაჭიროება. თუ მამაკაცებისთვის მსოფლიოს მართვის უფლების მინიჭებას ისევ გავაგრძელებთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გავჟუჟავთ ერთმანეთს. მაგალითისთვის, ავიღოთ თუნდაც რელიგიური ლიდერები. მათი უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ და არიან. შეხედეთ რამდენი პრობლემები შეგვექმნა რელიგიურ ნიადაგზე! დღეს ჩვენ, ამერიკელები, ჯიჰადზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ამერიკელები, თავიანთი ქრისტიანული კანონებით, არანაკლებ ზიანს აყენებენ მსოფლიოს. ამერიკელები ნაკლები ფუნდამენტალისტები ნამდვილად არ არიან. ეს ყველაფერი, უბრალოდ, შემაშფოთებელია და დამიჯერეთ, ამ ომს ვერავინ ვერ მოიგებს. მაგრამ მოდით, საუბრის თემას დავუბრუნდეთ; ის, რაც დღეს მსოფლიოს ესაჭიროება და რაც კაპიტალისტურ სამყაროს აკლია - ჰუმანიზმია. ჩვენ ჰუმანიზმი გვჭირდება და ქალებს ამის უნარი შესწევთ.
პირადად მე, არცერთი სტატია არ წამიკითხავს თქვენზე, რომელიც სიტყვა „ლეგენდით“ ან „ლეგენდარულით“ არ იწყებოდეს. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს ფაქტი თქვენი მუსიკის მსმენელზე ზედმეტ, არამუსიკალურ დატვირთვას ახდენს? ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ხომ არ შეიძლება თქვენმა „ლეგენდარულმა“ სტატუსმა ადამიანების ნაწილს თქვენი მუსიკის სმენისას ხელი შეუშალოს?
ნამდვილად არ ვიცი, ახდენს თუ არა ეს ზეგავლენას ჩემს მსმენელზე, მაგრამ ლეგენდა იმას ნიშნავს, რომ ბებერი ხარ! არა, ვხუმრობ. ჩემთვის მართლაც რომ პატივია, როდესაც ხალხი „ლეგენდას“ მიწოდებს, მაგრამ მათთვის ლეგენდა არ ვიქნებოდი, 25 ან 30 წლის რომ ვყოფილიყავი. ჩემს თავს ლეგენდად ნამდვილად არ აღვიქვამ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასე სერიოზულად აღიქვას თავი და საკუთარ თავს ლეგენდა უწოდოს? ან გენიოსი? არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთი გენიოსი მართლაც უწოდებდა საკუთარ თავს გენიოსს, მაგრამ ჩემთვის ეს უცხო და უხერხულიცაა. ნებისმიერ ადამიანში დევს რაღაც ისეთი მუხტი, რომელშიც მისი უსასრულო შესაძლებლობებია ჩადებული. ჩემს შემთხვევაში უაზრობაა იმის თქმა, რომ ყველაფერი გავაკეთე და ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწიე. უაზრობა იქნებოდა იმის თქმაც, რომ განვითარების უმაღლეს საფეხურს მივაღწიე და ამისთვის ჩემში არსებული პოტენცია მაქსიმალურად ამოვწურე. არადა, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ უკეთესად გახდომის და უწყვეტი განვითარების მცდელობის პროცესია. ვისზე უკეთესი შეიძლება გავხდე მე? არა შენზე ან იმაზე უკეთესი, არამედ საკუთარ თავზე უკეთესი! უაზრობაა საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებასთან შედარება. შენი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ შენსავე ცხოვრებას შეიძლება შეადარო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისაგან. სწორედ განსხვავება გაძლევს შანსს, რომ შენი განუმეორებელი წვლილი შეიტანო იმაში, რასაც სიცოცხლე ქვია. ყველა ადამიანს საკუთარი მისია აქვს. მესმის, რომ ძალიან რთულია თითოეული ადამიანის მნიშვნელობის ღრმად, ბოლომდე გაცნობიერება, მაგრამ ეს რეალობაა. 33 წლის წინათ, მქონდა ბედნიერება, ბუდიზმი აღმომეჩინა. სწორედ ბუდიზმის დახმარებით მოვახერხე ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების უფრო ნათლად დანახვა და შეფასება. ასე რომ, ყველაფერი, რასაც დღეს გეუბნებით, სწორედ ბუდიზმის დახმარებით განვითარების გზაზე მყოფი ადამიანის ნაფიქრალია.
თქვენ ამბობთ, რომ დაკვრის დროს მუსიკაზე არ ფიქრობთ. ხომ დგება ის მომენტი სცენაზე, როდესაც ხვდებით, რომ თქვენსა და სცენაზე მდგომ დანარჩენ მუსიკოსებს შორის რაღაც განსაკუთრებული ხდება. რა არის ამის ინდიკატორი?
ცოცხალი შესრულების დროს, დგება წუთი, როდესაც ჩემსა და ბენდის დანარჩენ წევრებს შორის რაღაც განსაკუთრებულ სინქრონიზაციას ვგრძნობ. ამ დროს, უბრალოდ ვცდილობ, მივყვე ამ მომენტს და ხელიდან არ გავუშვა ის. ამ დროს ინტელექტს ვივიწყებ ხოლმე და განსჯისაგან სრულიად ვთავისუფლდები. უბრალოდ ვცდილობ, ჩემში შემოჭრილ ნაკადს ხელი არ შევუშალო.
თქვენ თელონიუს მონქის ჯაზის ინსტიტუტთან არსებული საბჭოს თავმჯდომარე ხართ. რა განსაკუთრებულ მიზნებს ისახავთ ამ პოზიციაზე ყოფნისას?
წელს თელონიუს მონქის ინსტიტუტს არსებობის ოცი წელი შეუსრულდება. სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჩვენ, ვინც ამ ინსტიტუტში ვმოღვაწეობთ, ვიცით, რომ ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროგრამები აქ მოსწავლე ახალგაზრდებზე ზეგავლენას ახდენს. გვაქვს პროგრამები დაწყებით და საშუალო სკოლებში და, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჩვენს პროგრამებში მონაწილე ყველა ახალგაზრდა მუსიკოსობას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროგრამების ნაწილი ინსტრუმენტებზე დაკვრის უნარის ამაღლებას საერთოდ არ ითვალისწინებს. ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდების ყურადღება ამერიკის ისტორიის კულტურულ ასპექტებზე გავამახვილოთ; ჯაზი კი ამერიკის კულტურული ისტორიის ფუნდამენტია. ამერიკა ადგილობრივი ინდიელების და მონების ძვლებზე და სისხლზეა აშენებული. სწორედ მონებმა შექმნეს ის, რასაც დღეს ჩვენ ჯაზს ვუწოდებთ. ჯაზი ის მუსიკაა, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული მუსიკალური იმპულსების ზეგავლენით განვითარდა. მართალია ის მონათმფლობელობის პერიოდში შეიქმნა, მაგრამ ის მონობაზე კი არ გესაუბრება, არამედ ადამიანის იმ საოცარ უნარზე, როდესაც ის ყველაზე უფრო მძიმე სიტუაციას თავისთვის სასარგებლო გამოცდილებად აქცევს; ჯაზი პრობლემის შემოქმედებით ენერგიად ქცევის შესაძლებლობებზე, საწამლავის წამლად გადაქცევის აუცილებლობაზე გესაუბრება. ნებისმიერ ადამიანს შესწევს ძალა ასე მოიქცეს და ამიტომაც, ჯაზი შავკანიანთა გამოცდილების შედეგი კი არაა, არამედ ზოგადად ადამიანის გამოცდილების პროდუქტია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჯაზმა არსებობა გააგრძელოს, ვინაიდან ის ადამიანის სულს ესაჭიროება. ჯაზი ადამიანში უამრავ დადებით თვისებას ახალისებს: გუნდური მუშაობის პრინციპს, არ-განსჯის უნარს, გაცემის აუცილებლობას, კომფორტული ზონის მიღმა ფიქრისათვის აუცილებელ სიმამაცეს, ახალი ტერიტორიების დალაშქვრის სიმამაცეს, უნარს, რომ შენივე სისუსტის და სიმყიფის არ გეშინოდეს. მოკლედ, ადამიანის ყველა დიადი თვისება ჯაზის ნაწილიცაა. მონქის ინსტიტუტში აღმოვაჩინეთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჯაზი სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდებზე. ნიშნებიც უკეთესი აქვთ. სულ უფრო და უფრო მეტი სტუდენტი, ვინც კოლეჯში სწავლის გაგრძელებაზე არ ფიქრობდა, ინსტიტუტში კურსების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას იცვლიან. აი, ამითაა ჯაზი და თელონიუს მონქის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი.
„ჯაზი ამერიკაში დაგროვილი ენერგიის შედეგია“ - გერშვინის ეს სიტყვები თქვენი ალბომის „Gershvin's World“ ყდაზეა. დღესაც ყველაფერი წესრიგშია ამ მხრივ?
ეს ენერგია ჭარბადაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ცვლილებებია, რაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ხდება. პირველ რიგში, მუსიკალური ინდუსტრიის ძველი მოდელი დღეს უკვე სიკვდილის პირასაა. ის უკვე ვეღარ ახერხებს ფულის იმ გზით შოვნას, რა გზითაც ის ამას სულ რამდენიმე წლის წინათ ახერხებდა. მუსიკოსებისადმი და მათ მიერ შექმნილი პროდუქტისადმი ძველი მიდგომა დღეს უბრალოდ არააქტუალურია. სამაგიეროდ, უამრავი ახალი გზა ეხსნება ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომ საკუთარ პროდუქტზე უფლებებს თვითონ ფლობდნენ. ისინი უკვე ახერხებენ, რომ ინტერნეტის, საკუთარი ვებ- გვერდის ან კიდევ Apple I-tunes-ის მეშვეობით, მუსიკა დიდი კომპანიების დაუხმარებლად გაყიდონ. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ დღესდღეობით Starbucks-ი, ყავის მწარმოებელი კომპანია, თავისი ქსელის ყავის სახლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპაქტ-დისკებს და DVD-ს ყიდის. შეგიძლიათ ჩემი ბოლო ალბომი „Possibilities“ Starbucks-ში იყიდოთ. ეს მათთვის სრულიად ახალი ბიზნესია. ისინი აგრეთვე ეხმარებიან იმ ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებიც პატარა დამოუკიდებელ კომპანიებთან თანამშრომლობენ და პარტნიორულ საწყისებზე, მათი ალბომების გაყიდვას თავისი ქსელის მეშვეობით ცდილობენ. იცით კიდევ რა? დღესდღეობით სასტუმროების ზოგიერთმა ქსელმაც დაიწყო კომპაქტ-დისკების გაყიდვა. მოკლედ, უამრავი ახალი შესაძლებლობა ჩნდება იმისათვის, რომ მუსკოსებმა მსმენელს ხმა მიაწვდინონ. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებიც ბევრია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერი, რაც ახლა მოგახსენეთ, ჯაზის ახალი მსმენელის გაჩენას ემსახურება. ახალგაზრდებში ჯაზისადმი ინტერესის ზრდას აშკარად ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ჯაზს ამ მხრივ ნათელი მომავალი აქვს.
![]() |
14 ზიგმუნდ ფროიდი 150 |
▲back to top |
სიგარა ზოგჯერ მხოლოდ სიგარას ნიშნავს
ავტორი: გიორგი გვახარია
ილუსტრაცია: გიორგი მარი
ცოტა დაგვაგვიანდა; ფსიქოანალიზის მამის იუბილე მსოფლიომ 6 მაისს აღნიშნა.
აღნიშნა. თუმცა ფროიდის ქება-დიდებით თავი არსად მოუკლავთ. თვით პროფესორის სამშობლოში, ვენაშიც კი, დღესდღეობით ყველაზე „ძვირადღირებული პროფესიის“, ფსიქოანალიზის გამომგონებლის იუბილე ძალიან მოკრძალებულად იზეიმეს - ფსიქოანალიტიკოსები შეიკრიბნენ, ერთი-ორი სიტყვა თქვეს, შესვეს „ბაბუს“ სადღეგრძელო და დაიშალნენ.
ამბობენ, რომ ავსტრიაში „ფროიდისტებს“ მოცარტის თაყვანისმცემლებმა შეუშალეს ხელი - ფსიქოანალიზის ფუძემდებლის 150 წლისთავს წელს ხომ მოცარტის იუბილე დაემთხვა.
მოცარტი პროფესორ ფროიდზე არა მარტო ასი წლით უფროსია. მსოფლიოში მას ასჯერ მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს... შეიძლება გაცილებით მეტიც. ძალიან მომგებიანია დღეს თქვა, ვგიჟდები „ჯადოსნურ ფლეიტაზე“ და „ღამის სერენადაზეო“, ფროიდზე კი... მიყვარსო, იტყვი და რას მოიგებ? „ფროიდი ის არ არის, ყველგან და ყველაფერში სასქესო ორგანოები რომ ელანდებოდა?“ - აუცილებლად იკითხავს ვინმე. სხვებმა შეიძლება არაფერი იკითხონ, უბრალოდ გაუკვირდეთ. ფროიდის სიყვარული ხომ იგივეა, კაცს (ან ქალს) თავისი ფსიქოანალიტიკოსი რომ შეუყვარდეს.
კარგი ფსიქოანალიტიკოსი ამას არ დაუშვებს... ეს იქნება - მათი საყვარელი სიტყვა რომ ვთქვათ - „ჩანაცვლება“, რაც თითქმის იმას ნიშნავს, რომ პაციენტი ვერ განიკურნა.
ზიგმუნდ ფროიდი კაცობრიობის პირველი ფსიქოანალიტიკოსი იყო. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ იგი არ უყვარდა კაცობრიობას, და, როგორც გაირკვა, არც დღეს ეხატება დიდად გულზე. ეს „კაცობრიობა“, როგორც ვიცით, სინდის-ნამუსით არასდროს გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ჭკვიანი ხალხის მიმართ ჰქონდა ალერგია; ფროიდს, მაგალითად, ხან ლანძღვადნენ, ხან მის წიგნებს წვავდნენ, ქილიკობდნენ, ხან ამბობდნენ, რაღა დროს ფროიდიაო (განსაკუთრებით დღევანდელ ინტელექტუალებს უყვართ ეს ფრაზა), მაგრამ მის მოძღვრებას სიამოვნებით იყენებდნენ, როცა საქმეს ჭირდებოდა.
აი, მაგალითად, ახალთახალი ანეგდოტი:
„ფსიქოანალიტიკოსების დასკვნით, ჯორჯ ბუშს მხოლოდ ჰგონია, რომ ბინ ლადენის მოკვლა უნდა; სინამდვილეში, ქვეცნობიერად იგი მამა-ბუშის მოკვლაზე ოცნებობს. რატომ აწვალებს მაშინ მთელ მსოფლიოს, როცა შეუძლია თავის ოჯახში მოაგვაროს ეს პრობლემები?!“.
ესაა პოპ-ფროიდიზმი, რომელსაც კარგა მაგრად შეუკურთხებდა პროფესორი ფროიდი (ამბობენ, ხშირად იგინებოდაო). სულ იმას არ იძახდა, სიგარა ზოგჯერ მხოლოდ სიგარას ნიშნავსო? მაგრამ არა - ფორმულებისა და სქემებისმოყვარულმა კაცობრიობამ, რომელსაც, ტრადიციულად, ძალიან ეზარება ფიქრი, ფსიქოანალიზიერთ მარტივ სქემამდე დაიყვანა. ყველა სხვისი ანალიტიკოსი გახდა.
„ბუშმა თავის ოჯახში მოაგვაროს პრობლემები“.
პროფესორი ფროიდი იტყოდა, ბუშმა თავის თავში მოაგვაროს პრობლემები.. უფრო სწორად, პროფესორი ფროიდი გვეტყოდა, თქვენს თავში მოაგვარეთ პრობლემები და მერე ილაპარაკეთ სხვაზე.
საკუთარი თავის შეცნობა ძალიან საშიშია. თვითშემეცნების პროცესში, თითოეულ ჩვენგანს შავბნელი გზის გავლა გვიწევს. ფსიქოანალიტიკოსი მოძღვარი არ არის, მღვდელი არ არის, ეს გზა რომ გაგვინათოს, რათა ისე არ წავიქცეთ, რომ ვერასდროს შევძლოთ ადგომა. პირიქით, ფსიქოანალიტიკოსი კიდევ უფრო გვიბნელებს ამ გზას, წყვდიადში შევყავართ... იმ წყვდიადში, რომელსაც რეალობაჰქვია. სასტიკი, წინააღმდეგობრივი, ულმობელი რეალობა.
რეალობის შეგრძნების, რეალობაში დაბრუნების გარეშე, თითოეული ჩვენგანი ინსტინქტების, შიშის, ფანტაზიების, ცუდი სიზმრების ტყვე ხდება. ირაციონალური იმარჯვებს საღ გონებაზე. ასეთ შემთხვევაში, ძალიან ადვილი ხდება ჩვენი მართვა; ცუდი მშობლები, ცუდი მასწავლებლები, ცუდი ხელისუფლება (და ცუდი ფსიქოანალიტიკოსებიც) უფრო ადვილად გვინერგავენ მტრის ხატებს, გვაჯერებენ, რომ ჩვენი ნევროზების მიზეზი ვიღაც სხვაში, ვიღაც გადამთიელში უნდა ვეძებოთ - ჯორჯ ბუშში, ვლადიმერ პუტინში, იგორ გიორგაძეში, ჯორჯ სოროსში... ან, თუნდაც, ზიგმუნდ ფროიდში.
იმ სისტემებისთვის, რომელიც საზოგადოებრივი სტერეოტიპების დაცვაზე იგებოდა და სადაც ბელადის გაღმერთება, „ხალხის მამად“ ქცევა იდეოლოგიის არსს გამოხატავდა, სადაც ქცევის უნიფორმიზმი რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურებოდა, ფსიქოანალიზი, ცხადია, საშიში იყო. ფსიქოანალიზი ხომ პირველ რიგში ინდივიდუალიზებული საზოგადოების მენტალიტეტს ქმნიდა - ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრება გულისხმობს არა უსახურ მასადქცეულ საზოგადოებას, არამედ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას... ასეთი, „ზრდასრული ადამიანების“ კი ყოველთვის ეშინიათ ავტორიტარულ მამებს, ავტორიტარულ დედებს, ავტორიტარულ ბელადებს, ბიუროკრატებს და ბელადების მრჩევლებს, რომლებიც ფროიდიზმში თავიანთი როლის, თავიანთი კეთილდღეობის დაკარგვის საშიშროებას ხედავენ.
ფროიდმა კომფორტი დაურღვია კაცობრიობას, ისე, როგორც თავის დროზე - კოპერნიკმა.
კოპერნიკმა კაცობრიობას სხვა სამყარო, კოსმოსი უჩვენა. ფროიდი უფრო შორს წავიდა და კაცობრიობას საკუთარი თავი დაანახა.
როგორ შეიძლება ასეთი კაცის სიყვარული?!
![]() |
15 ნოველა „მსუქანა“ |
▲back to top |
ავტორი: ეტგარ კერეტი
ინგლისურიდან თარგმნა: თამარ ბაბუაძემ
ილუსტრაცია: გიორგი მარი
გაოცებული? ეგ კიდევ ცოტაა! განცვიფრებული ვიყავი. აბა, რა მოხდებოდა. ირჩევ გოგოს. დადიხარ პაემნებზე. ნახავ ერთხელ, შეხვდები მეორედ. დაპატიჟებ რესტორანში, წაიყვან კინოში, დღის სეანსზე. მერე ნელ-ნელა ხურდები. უკვე ერთადაც წევხართ. მაგარი დინამიკური სექსი გაქვთ და მალე გრძნობაც ჩნდება. და მერე, ერთ დღესაც გამოგეცხადება თვალცრემლიანი. რას შვრები შენ ამ დროს? რა თქმა უნდა, გულში იკრავ და თხოვ, დამშვიდდეს, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ გოგო არ ჩუმდება, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოდის ღაწვებზე და სლუკუნით ამბობს, რომ მეტის გაძლება აღარ შეუძლია; რომ თავის საშინელ საიდუმლოს ვეღარ დამალავს. არა, ეს საიდუმლოზე მეტია. მგონი, უფრო წყევლაა, ვიდრე საიდუმლო. დიდი ხანია, უნდოდა შენთვის ეთქვა, მაგრამ ვერ ბედავდა. ეს რაღაც მუდამ მძიმე ტვირთად აწვა მხრებზე და ახლა, უბრალოდ, უნდა გითხრას, უნდა გითხრას, მაგრამ ისიც იცის, რომ როგორც კი გეტყვის, მიატოვებ და სწორადაც მოიქცევი - ამთავრებს გოგო სათქმელს და მერე ახალი ძალით იწყებს ტირილს.
არ მიგატოვებ - ეუბნები შენ. არაფრით არ მიგატოვებ. მე შენ მიყვარხარ. შეიძლება ოდნავ განერვიულებულიც ჩანდე ამ სიტყვების წარმოთქმის დროს, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ ხარ. და თუნდაც იყო, მისი საიდუმლო არაფერ შუაშია. შენ მისი ცრემლები გაშფოთებს და სხვა არაფერი. შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და კარგად იცი, რომ ეს საიდუმლოებები, ქალებს ყელში ბურთივით რომ ეჩხირებათ, ძირითადად, ერთმანეთს ჰგავს. ისინი ასლუკუნებულები ჰყვებიან, რომ: ვიღაც ცხოველს მისცეს, ანდა მორმონს ჩაუგორდნენ ლოგინში, ანდა უფრო მარტივად - ვიღაცასთან სიყვარულში ფული გააკეთეს. ბოლოს ყველა გოგო ამ ფრაზამდე მიდის - იცი, მე ბოზი ვარ. მერე შენ კიდევ ერთხელ იკრავ გულში მას და ამშვიდებ, არა, არ ხარ ბოზი. არ ხარ; ანდა უბრალოდ ხმადაბლა დუდუნებ: ჩშშშშშშშშ... თუ არ ჩუმდება - ეს იმ შემთხვევაში.
გოგო კი აგრძელებს. არა, შენ ვერ ხვდები, არც იცი ეს რა საშინელი რამეა. ისე გარწმუნებს, თითქოს, გრძნობდეს, როგორ არ გაინტერესებს მისი საიდუმლოს მოსმენა მიუხედავად იმისა, რომ გულგრილობის დაფარვას მთელი ძალით ცდილობდი. ამიტომ კიდევ უფრო დამაჯერებელი ტონით არწმუნებ, რომ სადღაც, გულის სიღრმეში, შეიძლება რაღაც უსიამოვნო გრძნობაც გქონდეს, მაგრამ ეგ არაფერი. როგორც კი გამიმხელ ყველაფერს, ნახე, როგორ მოგეშვება - ეუბნები და გრძნობ, როგორ გაჭრა შენმა სიტყვებმა. თითქოს დაგიჯერაო, ერთი წამით შეყოყმანდება და მერე გეკითხება: რა იქნება, რომ გითხრა, ღამ-ღამობით ღიპიან, ბანჯგვლიან კაცად გადავიქცევი ხოლმე-მეთქი? კაცად, რომელსაც სქელი თავი და მხრები გაერთიანებული აქვს და კისერი არც უჩანს, ნეკა თითზე კი ოქროს ბეჭედს ატარებს? ჰა? მითხარი, მაინც გეყვარები? შენ კი ეუბნები, რომ რა თქმა უნდა, მაინც გეყვარება. აბა, სხვა რა უნდა უპასუხო? რომ არა, აღარ გეყვარება? ის ხომ უბრალოდ გცდის. აინტერესებს უპირობოდ გიყვარს თუ არა; გიყვარს თუ არა, ყველაფრის მიუხედავად. შენ კიდევ რისი მაგარი ბიჭი ხარ, ასეთები რომ არ გესმოდეს. ქალების მსგავს ხრიკებში ხომ მუდამ გამარჯვებული გამოდიოდი.
და, თითქოს, უცებ დამშვიდდაო, გრძნობ, როგორ დნება გოგო. მერე გაქვთ სექსი, პირდაპირ იქ - სასტუმრო ოთახში. სექსის მერე კი იქვე რჩებით. წევხართ მაგრად ჩახუტებულები, ტანით ტანზე მიკრულები, ის კი ჩუმად ტირის - უკვე დამშვიდებული, ტვირთმოხსნილი. ისე გრძნობით ტირის, რომ შენც გატირებს. დადექი და გამოიცანი, შენ რაღაზე ტირი. და ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, გოგო იმ საღამოს არსადაც არ მიდის. იქვე ეძინება. შენ კიდევ თვალგახელილი წევხარ და ზევიდან მის ლამაზ სხეულს დაჰყურებ, გარეთ ბინდი წვება, მერე საიდანღაც მთვარეც ჩნდება ცაზე და მის შიშველ ტანს ვერცხლისფრად აშუქებს ფანჯრიდან, თითოეულ ბუსუსს უფერადებს ზურგზე. უყურებ, უყურებ, გადის სულ რაღაც ხუთი წუთი და რას ხედავ - შენი გოგოს ნაცვლად, გვერდით ვიღაც მსუქანა, პატარა კაცუნა გიწევს. კაცუნა დგება, ზევიდან დაგყურებს, თან ეშმაკურად გიღიმის და უცნაურად იცვამს. მერე ოთახიდან გადის და შენც უკან მიყვები - გაოცებისგან ენაგადაყლაპული. ახლა მსუქანა უკვე საკუჭნაოშია, სქელი თითებით ტელევიზორის მართვის პულტი ჩაუბღუჯია და სპორტულ არხებზე დარბის. ფეხბურთის ჩემპიონატს აჩვენებენ. როცა ვიღაც ფეხბურთელი პასს მაზავს, კაცი იგინება. როცა გოლი გადის, დგება და, გამარჯვებული, უცნაური მოძრაობებით, პატარა, სასაცილო ცეკვას ასრულებს.
თამაში მთავრდება თუ არა, შენსკენ იხედება და გეუბნება, ყელი გამიშრა და მუცელი შიმშილისგან მიღმუისო. რა კარგი იქნება ახლა ცივი ლუდი, ხორცის მოზრდილ, კარგად შემწვარ ნაჭერთან ერთად, თავზე მოყრილი ხახვის რგოლებით. მაგრამ იქვე სწრაფად დასძენს, თუ არ გაქვს, არა უშავს, ღორის ხორციც წავაო. ისღა დაგრჩენია, მანქანაში ჩაისვა და თავისივე ამორჩეულ რესტორანში წაიყვანო. უკვე განერვიულებული ხარ, მაგრამ თან ვერაფერს აწყობ, არც იცი, სხვანაირად როგორ მოიქცე. შენი ბრძანებისა და კონტროლის ცენტრები, ალბათ, თვლემენ. გაოცებული კვლავ უხმოდ ქოქავ მანქანას, გვერდზე იხედები და კაცუნაც იქვეა - თავის ოქროსბეჭდიან კოტიტა თითს მუხლზე ათამაშებს. შემდეგ გზაჯვარედინზე, მსუქანა ფანჯარას წევს, თვალს გიკრავს და ბოლო ხმაზე უყვირის გოგოს ტროტუარზე, რომელიც აწეული ცერა თითით მანქანის გაჩერებას ცდილობს: ეი, პატარა, გინდა გართობა? მოდი, ჩაგვიჯექი...
მერე უკვე რესტორანში ხართ. მადიანად ილუკმებით შემწვარ და დაკეპილ ხორცს თავისი ოქროსფრად დაბრაწული ხახვის რგოლებით. მუცელი გასკდომაზე გაქვთ, ის კი ისევ ისე გემრიელად უქნევს ყბებს და თან პატარა ღორმუცელა ბიჭივით ხითხითებს. არა, შენც ჭამ, მაგრამ თან გონებაში ერთ ფრაზას იმეორებ
![]() |
16 ესპანური ფოტომოთხრობები |
▲back to top |
დათო ტურაშვილის
Fotos de Miguel Barahona
ჯადოქრების ქვეყანა
მადრიდის უნივერსიტეტის ხუთსართულიანი სახლში (სადაც ესპანელებმა ჩასვლისთანავე გამამწესეს), ასზე მეტი სტუდენტი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა მდედრობითი სქესისაა. ქალები ყველგან კაცებზე მეტნი არიან და მით უმეტეს უნივერსიტეტებში, მაგრამ მადრიდის უნივერსიტეტს (რატომღაც, განსაკუთრებით ეტანებიან და სწავლასმოწყურებულ გოგოებს შორის კი, ყველაზე გამორჩეულები კოლუმბიელები არიან. ესპანეთში იმდენი კოლუმბიელია, რომ ერთ მათგანს მაინც აუცილებლად შეხვდებით და რომელიმე კოლუმბიელ ქალს აუცილებლად გაიცნობთ მადრიდში, რადგან მათი სამშობლო ისეთი დაღლილია, როგორც ჩვენი და იქ დაბრუნებას არავინ ჩქარობს.
ვინც ჯერ ისევ კოლუმბიაში ცხოვრობს, ისიც ოკეანის გადალახვაზე ოცნებობს, მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიელებს გაგიჟებით უყვართ თავიანთი ქვეყანა და უსასრულოდ და მხოლოდ სიყვარულით შეუძლიათ სამშობლოზე საუბარი. ლაპარაკობენ ყველგან და ყოველთვის, მაშინაც კი, როცა კოლუმბიის ხსენება უადგილოა და იქაც კი, სადაც კოლუმბიაზე საუბარი ადამიანებს, უბრალოდ აფრთხობს. შეიძლება სწორედ ამან გამოიწვია კიდეც ჩემი განსაკუთრებული დაინტერესება ამ ქვეყნით, მაგრამ სხვა განსაკუთრებული მიზეზიც იყო და არის - ესპანეთში კოლუმბიის თემას ვერაფრით დაემალები, რადგან აქაურ ემიგრანტებს შორის კოლუმბიელები (რაოდენობრივად), პირველ ადგილზე არიან და გარდა ამისა, თუ მადრიდის რომელიმე ქუჩაზე ლამაზ გოგოს დაინახავთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის ლამაზი ქალი კოლუმბიელია...
თუმცა სინამდვილეში კოლუმბია არ არსებობს და გაბრიელ გარსია მარკესის სამშობლოს კოლომბია ჰქვია იმ პირველი ევროპელის პატივსაცემად, რომელიც გემით მიადგა ამერიკის ნაპირებს ხუთი საუკუნის წინ. ოქროს დახარბებულმა ევროპელებმა იმდენი სისხლი დაღვარეს ოქროს გამო, რომ სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა ახლაც სისხლისფერია და ტროპიკული კოლომბიის შხაპუნა წვიმაც კი, ევროპელების სისხლიან ნაკვალევს, დღემდე ვერ შლის. კოლომბიასაც ჯადოქრების ქვეყანა ჯერ კიდევ მაშინ დაარქვეს, როცა კონკისტადორები ვერაფრით მიხვდნენ, სად მალავდა ოქროს კოლომბიის ძირძველი მოსახლეობა. ინდიელები, რომლებიც მაშინ ესპანელებს დახვდნენ თავიანთი წინაპრების მიწაზე, ამ მიწისთვის ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა ცხენების გარეშე გამარჯვება, შეუძლებელი აღმოჩნდა (გოიკო მიტიჩის ცხენები გამოგონილი იყო) და კონკისტადორებმა ამერიკა დაიპყრეს. მაგრამ ამოწყვეტილი ინდიელების დედებმა, დებმა და ცოლებმა ოქროს ზოდები ისე გადამალეს, რომ მსურველები მათ დღემდე ეძებენ და დღემდე - უშედეგოდ. ამიტომაც არსებობს ლეგენდა, რომ კოლომბიელ ქალებს, წინაპარი ინდიელებისა და ესპანელების ჩამომავლებს, დღემდე ოქროსფერი კანი აქვთ, რადგან მათი წინაპარი ქალები ოქროს ზოდებს სხეულებში მალავდნენ. კოლომბიელი ქალების ჯადოსნურ თვისებებსაც დღემდე ამ ლეგენდით ხსნიან და კოლომბიაში დღემდე სჯერათ, რომ ქალს ნებისმიერი კაცის მოჯადოება შეუძლია და ამ მიზნით, ისინი ძველი ინდიელი ქალების მეთოდებს დღემდე იყენებენ. (ამ მეთოდებს შორის კოლომბიელები თურმე სისხლის ჩაწვეთების იმ უცნაურ ხერხსაც კადრულობენ, საქართველოშიც რომ გვსმენია და უბრალოდ გაგვცინებია, მაგრამ ინდიელების მოგონილი თუ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი). იმ ჩემს მადრიდულ სახლშიც შვიდი კოლომბიელი გოგო ცხოვრობს და შვიდივე ჯადოქარია, მაგრამ პირადად მხოლოდ იმ სამ მათგანთან ვმეგობრობ, რომლებსაც უფრო სანდომიანი სახეები აქვთ. თუმცა, ისინიც კოლომბიელები არიან (შესაბამისად, მათი ნდობა ბოლომდე მაინც არ შეიძლება) და როცა რომელიმე მათგანი ჩემი ოთახის კარზე აკაკუნებს (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის), სანამ კარს გავაღებ, ანტიჯადოებს მოვიმარჯვებ ხოლმე. თბილისიდან სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის წამოღებული ანტიჯადოები (ჩემი ცოლისა და ჩემი შვილების ფოტოები), როგორც წესი, წარმატებით მიცავენ, მაგრამ ზოგჯერ (თუ სიტუაცია რთულდება), წმინდა გიორგის პატარა ხატსაც ჩამოვხსნი ხოლმე გასაძლიერებლად, რომელიც ნათია ბასილაშვილმა ეგვიპტიდან, სინას მთის მონასტრიდან ჩამომიტანა. ეგვიპტელებისაგან განსხვავებით, კოლომბიელების ბევრი საიდუმლო, ძველი ინდიელების ცივილიზაციასთან ერთად, არ გამქრალა და არ დაკარგულა. თუმცა ზოგი ისეთი ცოდნა გაქრა, რომლის მიღწევას დღევანდელი მეცნიერებაც ამაოდ ლამობს და ერთადერთი, რითიც თავს იმშვიდებს, ძველკოლომბიური სტომატოლოგიური საიდუმლოს ამოხსნაა. ეს საიდუმლოც არქეოლოგებმა სულ ახლახანს ამოხსნეს, როცა კარტახენასთან (გათხრებისას) თავის ქალა აღმოაჩინეს, რომლის ქვედა ყბაში გაქვავებული კოკა იყო ჩარჩენილი. კოკას მარცვალს (როგორც მეცნიერებმა დაასკვნეს), კოლომბიელების წინაპრები სტომატოლოგიაში იყენებდნენ, ადგილობრივი ანესთეზიის მიზნით, დღევანდელი კოლომბიელები კი კოკასგან კოკაინს ამზადებენ და ამ ქვეყნის სახელის ხსენება მთელს მსოფლიოში, უამრავი ადამიანისთვის სწორედ კოკაინთან ასოცირდება. უამრავი ადამიანისთვის კოლომბია გაბრიელ გარსია მარკესის სამშობლოც არის, მაგრამ კოკაინი უფრო უყვართ ადამიანებს თუ ლიტერატურა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია და კოლომბიაც იმ სამყაროს ნაწილია, სადაც ადამიანი ისევ მთავარი გამოცანაა. თუმცა, კოლომბია მაინც სულ სხვაა და მხოლოდ კოლომბიაში შეიძლება ადამიანმა ისე დაამთავროს სიცოცხლე, როგორც ანდრეს ესკობარმა - ფეხბურთელმა, რომელმაც საკუთარ კარში გოლი გაიტანა. გოლი საკუთარ კარში რამდენს გაუტანია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატიდან შინ დაბრუნებული ფეხბურთელი ამის გამო ჯერ არავის მოუკლავს. 1994 წელს კოლომბიელები თვლიდნენ, რომ კოლომბიის ნაკრები ძალიან ძლიერი იყო და მნიშვნელოვანი წარმატებისთვის აუცილებლად უნდა მიეღწია, მაგრამ წარმატებისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა (როგორც ხდება ხოლმე) და კოლომბიელი ფეხბურთელები სამშობლოში გაცილებით უფრო ადრე დაბრუნდნენ, ვიდრე ამას რომელიმე კოლომბიელი მოელოდა. მაგრამ მათ შორის ერთი, მედეჯინელი მძღოლი უმბერტო კასტრო მართლა ვერ წარმოიდგენდა, რომ ავტოგოლის ავტორ ანდრეს ესკობარს (ვის გამოც კოლომბიური ოცნება ამ მატჩის დასრულებისთანავე გაქრა) მედეჯინის ერთ-ერთ ღამის კლუბში აღმოაჩენდა, ჩემპიონატის დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ. უმბერტო კასტრომ თვალებს არ დაუჯერა (როგორც სასამართლოზე თქვა) და ამიტომაც ჰკითხა ანდრეს ესკობარს ვინაობა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, ვინც იყო ეს კაცი, რომელიც ასე მხიარულად მიირთმევდა უკვე მერამდენე მარტინის. როცა ფეხბურთელმა თვითონ დაადასტურა ის, რაშიც მედეჯინელი მძღოლი ისედაც დარწმუნებული იყო, მაშინ უმბერტო კასტრომ ერთადერთი კითხვით მიმართა ანდრეს ესკობარს - რა უფლება ჰქონდა კოლომბიის კარში გატანილი ავტოგოლის ავტორს, ყოფილიყო ასეთი მხიარული, როცა მთელი კოლომბია დამწუხრებული იყო და ესკობარმა უხეშად, ცალყბად უპასუხა, რა შენი საქმეაო...
თუმცა, უმბერტო კასტროს მხრიდან, სინამდვილეში ეს არ იყო შეკითხვა, ეს იყო განაჩენი. მან იარაღი ამოიღო, ყველა ტყვია დააცალა ფეხბურთელს და ბარიდან გავიდა. ესკობარი ადგილზევე გარდაიცვალა და რამდენიმე დღის შემდეგ, მის დაკრძალვას ორასი ათასი ადამიანი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ, უმბერტო კასტროც დააპატიმრეს და სასამართლომ მედეჯინელ მძღოლს ორმოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასამართლოზე მისთვის არავის უკითხავს, საიდან ჰქონდა იარაღი, რადგან მედეჯინი კოკაინის მსოფლიო დედაქალაქია და ამ ქალაქში იარაღს ბავშვებიც კი ატარებენ. კოლომბიის დედაქალაქი კი ბოგოტაა, უფრო სწორად - სანტაფე დე ბოგოტა, სადაც ხშირად ცივა, რადგან იგი საკმაოდ მაღლა მდებარეობს და ადამიანები გასათბობად ცხელ ყავას სვამენ. კოლომბია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, როგორც ყავის მწარმოებელი ქვეყანა და ყავაც ყველას ყოფნის, მაგრამ ვისაც ყავა არ ათბობს, ისინი კოკაინსაც იმატებენ, რომელიც ამ ქვეყანაში ყავასავით იაფია. ყველაფერი დანარჩენი კი - ძვირია და კოლომბიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ძალიან ღარიბია და მხოლოდ იმიტომ არ შიმშილობს, რომ კოლომბია ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ამ სიმდიდრის სწორად მოხმარება და გამოყენება არის კიდეც ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა და ისინი დღემდე მართლა მისტიურ და მითოლოგიურ გარემოში ცხოვრობენ და კოლომბიელები ამაყობენ წარსულით და გაგიჟებით უყვართ თავიანთი ქვეყანა, რომელსაც აწმყო არ გააჩნია. ამ ქვეყნის მომავალიც არავინ იცის როგორი იქნება, რადგან კოლომბიური ამბიციები და ამპარტავნობა ამ ქვეყანას დღემდე ნაწილებად ჰყოფს და ამ ნაწილებს შორის იარაღით ბრძოლა ჯერაც არ დამთავრებულა...
როცა ჩემს კოლომბიელ მეზობელს (შვიდთაგან ერთ-ერთს) ერთხელ ვკითხე, კოლომბია როგორი ქვეყანაა-მეთქი, ზუსტად ისეთი, როგორიც მარკესის წიგნებშიაო - მიპასუხა და მგონი იქ მართლა ზუსტად ისე წვიმს, როგორც მარტოობის ასი წლის მანძილზე და ზუსტად ისე ქრება ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის, როგორც მხოლოდ კარგ ლიტერატურაში. კარგი ლიტერატურის კოლომბიელი ავტორები კოლომბიაში არ ცხოვრობენ და გაბრიელ მარკესივით სადღაც გარბიან, გაურბიან თავიანთ ქვეყანას, მაგრამ ამ ქვეყნის გარეშე ცხოვრება მაინც არ შეუძლიათ და მაინც მუდამ და უსასრულოდ, მხოლოდ კოლომბიაზე ლაპარაკობენ. ძნელია გერქვას კარგი მწერალი გაბრიელ მარკესის სამშობლოში, მაგრამ ასეთები მაინც არსებობენ კოლომბიაში და ერთ-ერთ კარგ კოლომბიელ მწერალს ხორხე ფრანკო ჰქვია. ამ ახალაგაზრდა კაცმა რამდენიმე წლის წინ დაწერა წიგნი „როსარიო ტიხერას“ და ამ წიგნის მიხედვით, ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს, რომლის მოქმედებაც კოლომბიურ ქალაქ მედეჯინში ხდება. ამ ქალაქს სხვა ენებზე მედელინი ჰქვია, მაგრამ თვითონ კოლომბიელები მედეჯინს ეძახიან და ალბათ ეს ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც არა მხოლოდ ცოცხლებს, არამედ მკვდრებსაც კლავენ...
ამ ფილმში სწორედ ამ უცნაურ რიტუალს ნახავთ და ნახავთ სამეგრელოსაც შორეულ კოლომბიაში და თუ საქართველოს აღმოჩენა გინდათ, ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. როცა გაგაოგნებთ კოლომბიელების ქართველებთან მსგავსება, კარგად დააკვირდით ფლორა მარტინესს (ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ქალს) და იქნებ მთავარი თუ არა, რომელიმე ქართული საიდუმლო მაინც ამოხსნათ...
(ერთმა იმ შვიდთაგანმა ისიც მითხრა - ამერიკელს ვერასოდეს შევიყვარებო და რასაც გულისხმობდა, სწორედ ამ ფილმის ნახვისას მივხვდი).
თუმცა მედეჯინი მხოლოდ კოკაინისა და სიკვდილის ქალაქი არ არის, და ამ ქალაქში ზოგჯერ იბადებიან კიდეც, ზოგჯერ ისეთებიც, როგორიც ფერნანდო ბოტეროა - ყველაზე ცნობილი კოლომბიელი მხატვარი და მოქანდაკე. არათუ კოლომბიაში, მთელს ლათინურ ამერიკაშიც, თანამედროვე მხატვრებს შორის, ბოტეროზე სახელოვანი არავინაა, მაგრამ ფერნანდო ბოტერო ევროპაში ცხოვრობს და თანაც კოლომბია მაინც არ ნიშნავს ლათინურ ამერიკას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილია. მაგალითად, კოლომბიაში არ უყვართ სიმონ ბოლივარი, რომელიც სამხრეთ ამერიკის განმათავისუფლებელია და ბოტეროს ბოლივარი არასოდეს დაუხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდო ბოტერო რეკორდსმენი პორტრეტისტია და ნებისმიერი ადამიანის პორტრეტი აქვს შექმნილი, ვისაც კაცობრიობის ისტორია იმახსოვრებს. ნებისმიერ ჩვენგანსაც ალბათ უნახავს ბოტეროს რომელიმე ნახატი და მისი რომელიმე მსუქანი ქალი, თუმცა თვითონ ფერნანდო ბოტერო ამბობს, რომ ის საერთოდ არ ხატავს მსუქნებს და ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ბოტეროს ქალები მსუქნები არიან. შუაგულ მადრიდშიც, კოლონის მოედანზე, ბოტეროს მიერ შექმნილი შიშველი ქალის ქანდაკებაც საკმაოდ მსუქანი მოგეჩვენებათ, მაგრამ მხოლოდ მოგეჩვენებათ, რადგან სინამდვილეში იგი ოდნავ პუტკუნაა, ნაღდი კოლომბიური ტრაკით. ამ ძეგლის მთავარი ღირსება მაინც მისი კონცეპტუალური შინაარსია - ფერნანდო ბოტერომ ეს ტრაკი ქრისტეფორე კოლომბის ძეგლის წინ დადგა, როგორც კონკისტას პასუხი. ესპანელ დამპყრობლებს სამაგიერო კოლომბიელმა მოქანდაკემ ასე უცნაურად გადაუხადა. დღევანდელი ესპანელები ლიბერალიზმს, დემოკრატიასა და თავისუფლებას უფრო მნიშვნელოვან ფასეულობად მიიჩნევენ, ვიდრე ძველ, იმპერიულ ამბიციებს. ამიტომაც ამ სკულპტურის დანახვისას, მათ უბრალოდ ეღიმებათ და გზას აგრძელებენ. კოლომბიელებსაც ეღიმებათ, მაგრამ ეს სხვა, უფრო კმაყოფილების ღიმილია და კოლომბიელები ამბობენ, რომ ფერნანდო ბოტეროს ასეთი ძეგლის დადგმა ბოგოტაშიც უნდოდა, ამერიკის საელჩოს წინ, მაგრამ არადემოკრატიულ კოლომბიაში ხელისუფლებამ თავის ყველაზე სახელოვან მხატვარს ამ იდეის განხორციელებაზე უარი უთხრა. მე კი იმ შვიდთაგან ერთ-ერთმა (ჩემს კოლომბიელ მეზობლებს ვგულისხმობ), როცა ძალიან გულახდილად მითხრა, ამერიკელს ვერასდროს შევიყვარებო, უკვე ვიცოდი, რომ ჯადოქრებსაც შეუძლიათ გულწრფელები იყვნენ. მეც გულწრფელად ვკითხე შვიდივეს ცალ-ცალკე და პასუხის მიუხედავად, ახლაც არ ვიცი, რად უნდოდათ კოლომბიელებს ამდენი კოკაინი, როცა ამდენი ლამაზი ქალი ჰყავთ და მგონი კოლომბიელი კაცები მართლა კოკაინით იცავენ თავს ადგილობრივი ჯადოქრებისგან. შეიძლება ეკლესიაშიც ამიტომ დადიან ასე ხშირად და კოლომბია მორწმუნეთა პროცენტული რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ძნელი სათქმელია, ჭეშმარიტ მორწმუნეობასთან რა კავშირი აქვს კოლომბიელის რელიგიურობას, მაგრამ არცერთი კოლომბიელი არ წავა კაცის მოსაკლავად ისე, რომ მღვდელს (წინასწარ) ტყვიები არ აკურთხებინოს. ასე, ნაკურთხი იარაღით ხელში ებრძვიან კოლომბიელები ერთმანეთს და მონდომებით ანგრევენ თავიანთ უმდიდრეს ქვეყანას, რომელიც გაგიჟებით უყვართ. ნებისმიერ ჩვენგანს კი, როგორც არ უნდა მოეჩვენოს, რომ ეს ქვეყანა მის გზააბნეულ სამშობლოს ჰგავს, კოლომბია მაინც ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაა, სადაც ყველაზე ლამაზი ჯადოქრები ცხოვრობენ... ლამაზი ქალები საქართველოშიცცხოვრობენ, მაგრამ ისინი ჯადოქრები აღარ არიან, რადგან ყველაზე მთვარი საიდუმლო მედეა კოლხმა საბერძნეთში წაიღო და მთავარი საიდუმლო იყო მარტივი და გენიალური - მედეას იასონი უბრალოდ შეუყვარდა. შეუყვარდა უანგაროდ და საქართველოში მთავარი ქალური ჯადოც სწორედ ეს იყო და როცა ოქროს საწმისი გაქრა, სიყვარულის ნაცვლად, ანგარებაც გაჩნდა და ოქროს საწმისთან ერთად, მთავარი საიდუმლოც დავკარგეთ. კოლომბიელმა ქალებმა კი ესპანელებს ოქრო არ გაატანეს და ყველა საიდუმლოც იმ მიწაზე დარჩა, სადაც სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შეიქმნა. ჩვენც ამ სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ვართ, მაგრამ რაც ქალებმა დაკარგეს, იმას კაცები ვერასოდეს დაიბრუნებენ. ჩვენს ქალებსაც ეტყობათ, რომ ჩვენ არაფრის დამბრუნებლები არ ვართ და ქართველ ქალებს (ქართველი კაცებისაგან განსხვავებით) ჯერ კიდევ შეუძლიათ ზღვების გადაცურვა. თანაც, აქ ორ-სამ ზღვაზეა საუბარი და მე კი, კოლომბიამდე რომ ჩავაღწიო, ოჯახი უნდა მივატოვო და ვინ იცის, რამდენი ზღვა უნდა გადავცურო. მართალია სხვა, საჰაერო გზაც არსებობს კოლომბიამდე, მაგრამ ჩემთვის დიდ ავიაციაში დაბრუნება, უკვე დაგვიანებულია.
არადა, ძალიან, ძალიან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ყველაზე ლამაზი ჯადოქრების ქვეყანა...
![]() |
17 მუსიკა |
▲back to top |
ავტორი: გიორგი მარი
HOPE OF THE STATES - LEFT
Indie rock ჯგუფი hopes of the States 2002 წელს ინგლისის ქალაქ Chichester-ში დაარსდა. ჯგუფი ექვსი წევრისაგან შედგება. მათი დღევანდელი შემადგენლობაა: Sam Herlihy (ვოკალი, გიტარა, კლავიშები), Anthony Theaker (გიტარა კლავიშები), Paul Wilson (ბასი), Mike Siddell (ვიოლინო, კლავიშები), Mike Hibbert (გიტარა). მან შეცვალა გიტარისტი Jimmi Lawrence-ი, რომელმაც 2004 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.
ჯგუფი 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც თავიანთი დემო ჩანაწერები სტუდია Planet Sound-ში გაგზავნეს და ძალიან მალე, შონყ BMG-სთან კონტრაქტი გააფორმეს. 2004 წელს გამოდის მათი პირველი ალბომი, სახლწოდებით Lost Riots, რომელიც ჩაწერილი იქნა ირლანდიაში და რუსეთში. ცოტა ხანში, ალბომი ბრიტანულ ოცეულშიც ხვდება. 2005 წელს Hope of the States ისევ შედის სტუდიაში და მუშაობას მეორე ალბომზე იწყებს, რომლის ჩაწერაც თითქმის მთელი წელი გაგრძელდა.
მეორე ალბომი, სახელწოდებით Left 2006 წლის ივლისში გამოდის, რომელიც საკმაოდ საინტერესო და წინა ალბომისაგან განსხვავებულია. ალბომი ცამეტი სიმღერისგან შედგება. მათ შორის არის სიმღერა Sing It Out, რომელიც singles სახით გამოვიდა და ბრიტანულ ჩარტებში ოცდამეათე ადგილას აღმოჩნდა. ალბომი, მთლიანობაში, საკმაოდ ნორმალური მოსასმენია. ცოტათი ჯგუფ Mogwai-საც კი წააგავს. კარგი track-ებია: Sing It Out, The Good Flight, Left და Four.
SHACK - THE CORNER OF MILES AND GIL
ინგლისური ჯგუფი Shack 1988 წელს ლივერპულში დაარსდა. მათი თავდაპირველი შემადგენლობა შემდეგნაირი იყო: Mick Head (გიტარა, ვოკალი), მისი ძმა John Head (გიტარა), Peter Wilkinson (ბასი) და Mick Hurst (დრამი).
Shack-ის პირველი ალბომი Zilch 1988 წელს გამოვიდა, მაგრამ არანაირი დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. შემდეგი ალბომი Waterpistol 1991 წელს ჩაიწერეს სტუდია Star Street-ში. ალბომი საკმაოდ წარმატებული ჩანდა, მაგარამ ჩაწერის დამთავრების შემდეგ, სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ეს ჩანაწერი დაიკარგა. ერთადერთი ასლი მათ პროდიუსერს, Chris Allison-ს ჰქონდა, რომელიც მას ლოს ანჯელესში, ნაქირავებ მანქანაში დარჩა. მხოლოდ რამდენიმე კვირაში იპოვეს ეს ალბომი, მაგარამ ჯგუფში დაწყებული უთანხმოების გამო, Shack დაიშალა. ბასისტმა Wilkinson-მა, თავის მეგობარ John Power-თან ერთად, საკმაოდ წარმატებული ბრიტ-პოპ ჯგუფი Cast შექმნა. Mick და John Head კი ჯგუფ love-ს შეუერთდნენ.
1995 წელს Shack-ის ალბომი Waterpistol მაინც გამოვიდა, რამაც ძმებ Head-ებს Shack-ის აღდგენის სურვილი ისევ გაუჩინა.
1999 წელს ისინი უშვებენ ალბომს HMS. fable, ხოლო 2003-ში - Here's Tom with the Weather.
2006 წელს Shack ხელშეკრულებას Noel Gallagher-ის ხმის ჩამწერ კომპანია „Sour Mash“-თან აფორმებს და უშვებს ახალ ალბომს, სახელწოდებით The Corner of Miles and Gil. ჩემი აზრით, ეს ალბომი მათი საუკეთესო ნამუშევარია და ყველას ვურჩევდი მოსმენას.
THE STILLS - WITHOUT FEATHERS
კანადური ჯგუფი The stills 2000 წელს შეიქმნა. ჯგუფის ოთხი წევრი Tim Fletcher (გიტარა, ვოკალი), Liam O'Neil (კლავიში), Olivier Crowe (ბასი) და Julien Blais ერთმანეთს თორმეტი წლის ასაკიდან იცნობენ. 2000 წელს The stills-ის შექმნამდე, ისინი სხვადასხვა კანადურ ჯგუფში უკრავდნენ.
2003 წელს ჯგუფის წევრები ნიუ იორკში გადადიან, სადაც უფრო მეტი წარმატება ხვდათ წილად. იმავე წელს, სტუდიასთან დადებული ხელშეკრულების შედეგად, უშვებენ EP-ს Rememberese-ს. მას მოსდევს უკვე სრული ალბომი, სახელწოდებით Logic will Break Your Heart. მასში შესულია სინგლები, როგორებიცაა: „Lola Stars and Stripes“ და „Still in Love Song“. ჯგუფი ამერიკული ჩარტების მეხუთე-მეექვსე ადგილებზე ხვდება და ტურნეს ისეთ ცნობილ ჯგუფთან ერთად აგრძელებს, როგორიცაა Yeah Yeah Yeahs.
2006 წლის მაისში გამოდის მათი მეორე სტუდიური ალბომი Without Feathers. ალბომი ამერიკული ჩარტების მეხუთე და ბრიტანული ჩარტების მეორმოცე ადგილს იკავებს. ალბომი წინასთან შედარებით უფრო მშვიდია და ჟღერადობით თითქოს ინგლისურ პოსტ-პანკს წააგავს. რაც შეეხება სიმღერებს, აღსანიშნავია: „Baby Blues“, „Oh Soplifter“ და „The House We Live In“.
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ეშმაკს აცვია პრადა
სად: კინოთეატრი „რუსთაველი“
რეჟისორი: დეივიდ ფრენკელი.
როდის: აგვისტო-სექტემბერი.
არ ვიცი, ეშმაკს აცვია თუ ვინ ჯანდაბას, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ, მოდის haute-სამყაროში ისეთი ამბები დატრიალდა...
თავიდან დავიწყებ. ჯერ იყო და ლორენ უაისბერგერმა წიგნი გამოსცა და ასე თქვა: ყველაფერს გეტყვით, რაც მოდის სამყაროში ხდება და რაც, დედას გეფიცებით, საკუთარი თვალით მაქვს ნანახიო; ანუ იმ ამბებს გულისხმობდა, როცა Vogue-ში ასისტენტად დაიწყო მუშაობა და haute-სამყაროში რაც ხდებოდა, ყველაფერი ექსკლუზიურად, რომ იტყვიან, პირველი ხელიდან ნახა. მერე იქიდან წამოვიდა და ეს წიგნი გამოსცა, რომელიც მსოფლიოს 27 ქვეყანაში ელვის სისწრაფით გაიყიდა და ერთ-ერთი ბესტსელერიც გახდა.
ჰოდა, თქვენ ხომ იცით, რომ სცენარისტების ამბავში გაჭედილი ამერიკელები ბესტსელერს ხელიდან არ უშვებენ, რომ ეკრანიზაცია არ გადაიღონ და თავი არ მოიწონონ - აი, რა მაგრობა გავაკეთეთო. ასევე მოიქცა დეივიდ ფრენკელიც და „ეშმაკს აცვია პრადა“-ს ეკრანული ვარიანტი შექმნა.
ფილმის გმირი კეთილი გოგონა ცნობილი და მოდური ჟურნალის რედაქციაში იწყებს მუშაობას და მისი რედაქტორის, მირანდას, იგივე მერილ სტრიპის მარჯვენა ხელი ხდება. ახალ სამყაროში გოგონას ცხოვრება მთლიანად იცვლება და... ყველაზე მთავარი მომავალი სეზონის აქსესუარები და ცოოლ ტანსაცმლის შეძენა ხდება; ანუ რაღაც გოგონა და კონკიას ამბავია.
მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფილმის გარშემო ატეხილი დავიდარაბა მთავარი გმირის, მერილ სტრიპის იმიჯს შეეხებოდა და - „რაღა დროს Gucci, Pucci, Dolce & Gabbana და Prada-ა, როცა Chloé, Marc Jacobs და Marni არსებობსო. მერე მერილ სტრიპს ბრალი დასდეს - სათანადო ქალის იმიჯი ვერ შექმენი, და რაღაც მეტისმეტად გავხარ Vogue-ს რედაქტორ ანა უინტორსო... რაზეც მერილ სტრიპი ძალიან გაბრაზდა - „უინტორსის დოკუმენტური სახის შექმნა არც მიფიქრია, და საერთოდ, მოდის სახლის არცერთი არსებული ქალბატონის ასლი არ გამიკეთებია. მე - მე ვარ“-ო. აი, ასე.
გარფილდი 2
სად: კინოთეატრი „რუსთაველი“.
რეჟისორი: თიმ ჰილი.
როდის: აგვისტო.
გახსოვთ ძველი ფილმი „ვინ მოკლა კურდღელი როჯერი“? ანიმაცია+ადამიანები, ძალიან საინტერესო და მხიარული ფილმი რომ იყო. პირველად რომ ვნახე, მერე ღამეები აღარ მეძინა იმაზე ნერვიულობით, თუ როგორ მოხვდნენ ერთ სივრცეში ნამდვილი და დახატული მსახიობები, და სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა მართლა თუ არსებობდა ისეთი სამყარო, სადაც მე და „მძინარე მზეთუნახავის“ პრინცი ერთად გავისეირნებდით ცხენზე?! ღმერთო... ცალი თვალით მაინც თუ შემაჭყეტდა ვინმე...
დღევანდელ ბავშვებს ასეთი აზრები არ აწუხებთ. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი. მაგრამ მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ გარფილდიც ნახატია, მზეთუნახავის პრინციც და კინგ-კონგიც ერთი დიდი სათამაშოა.
კარგი, ახლა რაც შეეხება ფილმს.
ეს „პრინცი და მათხოვარის“ ისტორიას ჰგავს, სადაც ლონდონში, სამოგზაუროდ წასული კატა გარფილდი სამეფო კარის კატას გაუცვლის ადგილს და... ხვდებით ხომ რა ხდება? ანუ, ეს გაბერილი ამერიკელი გარფილდი ლორდებში და უინსტონელ ინგლისურ ბულდოგთან, ესპანელ ხარ ბოლეროსთან, ფრანგ ბატ კრისტოფთან და მსგავს ვიღაცეებთან აღმოჩნდება; ხოლო ოდესღაც, მისი უბრწყინვალესობა, ნამდვილი პრინცი კატა ბრეკინ მეიერთან და ჯენიფერ ლავ ჰიუიტთან ერთად ივლის წმინდა ინგლისურ ფაბებში. მერე ვიღაც გარფილდზე ეჭვს აიღებს, ვიღაცას მისი მოშორება მოუნდება და... და დანარჩენს აგვისტოში, კინოთეატრ „რუსთაველში“ იხილავთ.
წიგნები
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ქალი - სახე და პრობლემა
ანთოლოგია
ორტომეული
გამომცემლობა „კავკასიური სახლი“
2006 წ.
ფემინისტებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ქალების აჩაგვრას, მათ ხელოვნურად ამოგდება/გამოყოფას მულტი-გენდერული სამოღვაწეო ასპარეზიდან არავინ აპირებს. ანთოლოგია, რომელზეც მოგითხრობთ, სულ საპირისპირო მიზნებს ისახავს - ქალის როლის, სახის, მისიის დადგენას მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული 21-ემდე. როგორც წიგნის რედაქტორი შოთა იათაშვილი წერს წინათქმაში, გენდერული კვლევები საქართველოში არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ეს ორ ტომად განაწილებული ანთოლოგია იმასაც ცხადყოფს, რომ ამ სფეროში უკვე ფრიად სერიოზული კვლევები მიმდინარეობს.
ანთოლოგიის პირველ ტომში დიდი გულისყურით და მონდომებით გახლავთ შეკრებილი ყველა ის ნაწარმოები, რომლებშიც გამორჩეული ქალები „მონაწილეობენ“. ზოგი ნაწარმოები სრული სახითაა მოცემული, ზოგიც - ვრცელი ნაწყვეტებით. „ოთარაანთ ქვრივიდან“ „ფატიამდე“ მივდივართ. გზად კი გავდივართ ყაზბეგის „ელეონორასაც“, ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიან დედაკაცსაც“, გიორგი ლეონიძის „მარიტასაც“, რეზო ინანიშვილის „მირანდუხტსაც“, ანა კორძაია-სამადაშვილის „ანასაც“ და თეონა დოლენჯაშვილის „ლიანა, ვერა, ნორიკო“-საც.
რაც მთავარია, ეს გახლავთ ძალიან კულტურულად შედგენილი ანთოლოგია, თავისი წინათქმით, სარჩევით და ბოლოს დართული ავტორთა ბიოგრაფიით. უფრო ღრმა ფიქრის მოყვარულებს კი ყუთში მეორე - „საფიქრალი“ წიგნიც უდევთ - ასევე ქალის თემატიკაზე აგებული ანალიტიკურ-მიმოხილვითი პუბლიცისტური ტექსტებით სავსე.
ასე რომ, იფიქრეთ ქალზე და იკითხეთ ქალზე - ასეთია ანთოლოგიის დედააზრი.
ირაკლი ჯავახაძე
„ობლიგაცია“
მოთხრობების კრებული
გამომცემლობა „საარი“
2006 წ.
წიგნის მაღაზიების თაროებზე ირაკლი ჯავახაძის რამდენიმე ძველი წიგნი დევს. მის ერთგულ მკითხველებს ემახსოვრებათ მცირე რომანიც „შავი სიის კავალრები“ და მოთხრობებიც, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში სულ იბეჭდებოდა. 2006 წელს გამოსული ახალი კრებული „ობლიგაცია“ კი ვიღაცას შეიძლება სულ ახალი ეგონოს და კარგ სააგარაკო საკითხავადაც შეარჩიოს, მაგრამ არც ასეა საქმე. კრებულში ძველი მოთხრობებიცაა შესული და შედარებით ახლებიც. თუმცა, ცხადია, ეს ნაკლი არ გახლავთ. გრილ აგარაკზე, ჰამაკის ხის ჩრდილში „აკრძალული ილეთიც“ მშვენივრად წაიკითხება, „კოლიაც“ და „ობლიგაციაც“ - ქრონოლოგიას, აბა, ვინ დაეძებს. წიგნში სულ ექვსი მოთხრობა შედის, მსუბუქად წასაკითხი, მაგრამ ოდნავ სევდიანებიც. სულ გახარებულები ისედაც ხომ ვერ ვიქნებით?! ასე რომ, თუ „საჰამაკე“ საკითხავს არჩევთ, „ობლიგაცია“ ზედგამოჭრილია.
გაგა ნახუცრიშვილი
„უცაბედად“
ლექსების კრებული
გამომცემლობა „საარი“
2006 წ.
წიგნი? როცა ამ წიგნს ხელში აიღებთ, უფრო სიტყვა „ბროშურის“ ასოციცია მოგივათ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა პირველი შთაბეჭდილება გატყუებთ. სულ 65-გვერდიანი კრებული ბოლომდე დაგანაყრებთ იმ საზრდოთი, რომლის მონიჭებაც მხოლოდ კარგ პოეზიას შეუძლია. სანამ „უცაბედად“ გამოვიდოდა არც ისე უცაბედად, გაგა ნახუცრიშვილის სამი კრებული იდო წიგნის მაღაზიის თაროებზე; 1996 წელს, შემდეგ 2000 წელს და ბოლოს 2002 წელს გამოსული. ბოლო კრებული 2002-დან 2006 წლამდე დაწერილ ლექსებს აერთიანებს, რომელთა ნაწილიც ესპანეთშია დაწერილი. თუმცა, საქართველოში თუ ესპანეთში, განწყობა ყველგან ერთნაირად ღრმაა - ბევრი სიყვარულით, ბევრი მარტოობით, სევდით, სიზმრებით და ფიქრებით სავსე. მოკლედ, არ ვიცი, მართლა შეიძლება თუ არა მხატვრული ლიტერატურის ასე კლასიფიცირება - საზაფხულო და საშემოდგომო საკითხავი, მაგრამ გარწმუნებთ, გაგა ნახუცრიშვილის ლექსების კითხვა ყველა სეზონზე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და, რა თქმა უნდა, ახლაც - აგვისტოს პაპანაქებაშიც. ნახეთ, როგორ გაგრილდეთ, მსგავსი სტრიქონებით: „ჰორიზონტს იქით წამო,/მარტოს გეყოფა ძილი,/შენი სინათლის გამო/არსებობს ჩემი ჩრდილი“.
![]() |
18 რადიო უცნობის ამბები |
▲back to top |
„უცნობის“ უცნობი პროექტის შესახებ
ხომ იცით, რომ ყოველი ახალი „ცხელ შოკოლადის“ ყიდვისას, როცა საინტერესო ამბებს ბოლომდე, თუ მთლად ბოლომდე არა, ნახევრამდე მაინც ჩაიკითხავთ და ბოლო გვერდზე გადაფურცლავთ, იქ აუცილებლად დაგხვდებათ რადიო „უცნობის“ ახალი ამბები და საინტერესო პროგრამების ანონსები.
ჰოდა, ახლა ამ საპატიო საქმის, ანუ „უცნობის“ ჯერ თქვენთვის უცნობი გადაცემების ანონსირება მე დამევალა, რასაც დიდი სიამოვნებით და რაც შეიძლება გემრიელად მოგაწვდით.
როცა საზაფხულო არდადეგები დამთავრდება, ანუ როცა სექტემბრის ზაფხულ-შემოდგომანარევი გაურკვეველი ამინდები დადგება და ქალაქის მონოტონურ რიტმს, საქმეებს და ოჯახებს დაუბრუნდებით, შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად მომართოთ ხოლმე თქვენი რადიომიმღები FM 98,0-ზე და ყოველდღიური რუტინა „უცნობის“ ახალი პროგრამის მოსმენით გაიხალისოთ.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა „უცნობის“ ახალი გადაცემა - „უცნობი ნომერი“; ანუ, თქვენ ხართ ცნობილი ჟურნალისტი, მომღერალი, მსახიობი ან... ან ვიღაც, მოკლედ, თითოეული ქართველისთვის ნაცნობი სახე. გირეკავთ ტელეფონი, ნომერი არ იწერება, მობილურის ეკრანზე მხოლოდ unknown call წერია... პასუხობთ და... იქიდან ისეთ სისულელეებს გეუბნებიან, რომ... დაიმახსოვრეთ! მთავარია არ დაიბნეთ და მთელი საქართველოს მასშტაბით არ მოიჭრათ თავი. რატომ? იმიტომ, რომ ეს ფარული კამერის მსგავსი გადაცემაა. უბრალოდ, რადიოში და მარტო ხმით. ჰოდა, თქვენს უცენზურო საპასუხო სიტყვებს თუ უადგილო გამონათქვამებს FM 98,0-ზე მთელი საქართველო მოისმენს.
P.S. ასე რომ, ფრთხილად, unknown call-ის დანახვაზე... რა იცით, ვინ გირეკავთ?!
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი