![]() |
ცხელი შოკოლადი №39 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ასათიანი ლიზა, კორძაია-სამადაშვილი ანა, ლომაძე ნინო, ტურაშვილი დათო, გაბუნია დათო, ცეცაძე მაია, მალენი მარკ, ლიკლიკაძე კობა, გვახარია გიორგი, ბლერი ტონი, სალდაძე მალხაზ, ბექიშვილი ნინო, კიკალეიშვილი სალომე, ბაბუნაშვილი ქეთი, ნავერიანი სანდრო, ღოღობერიძე ლანა, მაკარიძე დავით, მესხი დავით, მორჩილაძე აკა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ივნისი, 2008 გარეკანზე: ლადო ბურდული ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, ლანა ღოღობერიძე, მარკ მალენი, ნინო ლომაძე, სანდრო ნავერიანი, კობა ლიკლიკაძე, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ქეთი ბაბუნაშვილი, დავით მაკარიძე, დავით მესხი, კახა თოლორდავა, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი, ლიზა ასათიანი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.com |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲back to top |
უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პოლიტიკა ქრონიკულად ითხოვს ჩვენგან ხარკის გაღებას. ქრონიკულად გვახვევს თავს თავის აქტუალობას, მნიშვნელობას, სიმწვავეს. ყოველდღიურად სტრესში გვამყოფებს და ყოვლად მეასეხარისხოვანი პოლიტიკური სპეკულაციებითა და ძალაუფლებისათვის თამაშებით გვაზომბირებს. შესაძლოა, მხოლოდ ქართული პოლიტიკა დანაგვიანდა და გახდა იმდენად ერთფეროვანი და უინტერესო, რომ საპარლამენტო არჩევნების დღესაც კი, ობამა-ჰილარის პოლიტიკურ რევერანსებზე ვკითხულობდი სტატიებს და ძალიან მშურდა ამერიკელების, რომლებსაც საინტერესო არჩევანი აქვთ წინ. ჰო, და, მგონი, ცხოვრებაში პირველად მიხაროდა, რომ 21 მაისის საღამოს, მთელი ქალაქი „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაითედის“ ფინალზე ლაპარაკობდა. (საერთო ჯამში კი, დიდი ვერაფერი შეღავათია - პოლიტიკა და ფეხბურთი, მგონი, ერთნაირად აზომბირებს!)
ჩვენმა არჩევნებმა კი ჩაიარა, მაგრამ წინ არის ახალი თაობა, რომელსაც „ცხელი შოკოლადის“ ეს ნომერი ამაყად უხდის ხარკს.
„თაობა 13-19“ - ადამიანები, რომლებსაც მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ, ზოგი ამ მემკვიდრეობას აგრძელებს, უფრო მეტნი კი - სრულიად ახალი ადამიანები არიან, ცხოვრების წესით, აზროვნების ფორმით, შეხედულებებით, მიზნებით, ამბიციებით. ზოგიერთი მათგანი უკვე ამომრჩეველია, მაგრამ ვეჭვობ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მათ „თავისი კანდიდატი“ ჰყავდეთ. თუმცა, რას გაუგებ ამ ანარქისტებს?!
ჩვენი გარეკანის გმირი, ლადო ბურდულიც, სამი თვის დარიასთან ერთად, ხარკს უხდის სიცოცხლეს და მომავალს. სულ ამბობს - „გახსოვდეთ თქვენი ისტორია, გახსოვდეთ თქვენი გმირებიო“; მაგრამ, მგონი, მთელი ცხოვრება ცდილობდა მომავლის ადამიანი ყოფილიყო, გაესინჯა თავისუფლება და თავისი ისტორია მოეყოლა. ამიტომაც ლაპარაკობს სულ უსიყვარულობაზე, უსიცოცხლობაზე, სიყალბეზე და ფსევდოგმირებზე.
სტატიის ავტორი შესავალში ამბობს, მოუსმინეთ „ჩემო მშვენიერო ლედის“ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებაო.
მოვუსმინოთ ლადოს, მოვუსმინოთ „ბავშვებს“, მოვუსმინოთ „დრიმჰაკერებს“ და იქნებ, მართლაც მივხვდეთ, როგორები არიან მომავლის ადამიანები.
იქამდე კი:
ჩემო მშვენიერო ლედი
საღამო მშვიდობისა
მე მჯეროდა შენი
რომ შენ სიმართლეშიც ხარ
შენ ხარ იმაზე მეტი
ვიდრე ფიქრები მიყვებოდა ამას
შენ ხარ უფრო ტკბილი
ვიდრე სურვილებში გეხებოდი შენ.
ჩემო პატარა ლედი
ეს შეხება ხდება წერტილი
დასასრული ძველის
და დასაწყისი ყველაფერი ახლის
ეს ნიშნები დაემთხვა ერთმანეთს
და ეს გული ისევ გახდა ერთი
მე გიხსნი შენ ჩემს სამეფო კარებს სიტყვებით
დედოფალო ჩემო, კეთილი იყოს აქ მობრძანება შენი
ცივ ზამთრის ღამეს ერთ სხეულად შეკრული
ჩვენ ვუსმენდით ერთმანეთის გულის ფეთქვის ხმას
ცხელი სუნთქვით ვუთბობდით ერთმანეთს
სურვილებში გაყინულ ემოციურ ტყავს
და მხოლოდ დღეს მივხვდი რა მწყუროდა ამდენ ხანს
ო, ანგელოზო ჩემო,
ისინი ვერასდროს შეძლებენ შეგცვალონ შენ.
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲back to top |
ლიზა ასათიანი
ჩემი მოხეტიალე ბუნების გამო, ამჯერად იაპონიაში ამოვყავი თავი. და ეტყობა, ეს ჩემი პოსტ-იაპონიური ფაზაა, სადაც მინდა რომ დავინახო და დავაფასო ყველაფერი კარგი, რაც გარშემო ხდება. ცხოვრება ხომ ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ კარგი არ შეიმჩნიო. მადლობა მინდა გადავუხადო ორ პატარა ქართველ გოგონას, რომლებიც „ცხელი შოკოლადით“ ხელში, სადაც ჩემი სტატია იყო ლონდონზე, ჩემი რჩევით, ჩემს ლონდონურ საჩაიეში შემოეხეტა და, ასევე ჩემი რჩევით, რეზინის ჭიქაში ჩამოსხმული კაპუჩინო შეუკვეთა. შემთხვევით მეც იქ ვიჯექი და არ ვიცი რატომ, არ გამოველაპარაკე.
მოკლედ, იცით ვინც ხართ - დიდი მადლობა!
ანა კორძაია-სამადაშვილი
ვერ დავიბრალებ, რომ გასული თვე ჩემს ბიოგრაფიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. მარცხი მარცხზე. დიდი მოგზაურობა მქონდა დაგეგმილი - ჩამეშალა. არნახული პროექტი ჩავიფიქრეთ - ჩავარდა. ვიფიქრე, გავირუჯები და ბედნიერების ფერმენტებს ასე მაინც მივიღებ-მეთქი - და მთელი მაისი წვიმდა და წვიმდა! მაგრამ „ძაღლი ღელავს - ფანჯრიდან ხტება, ადამიანი ღელავს - გამოსავალს პოულობს“, და ვინაიდან თავი ჰომო საპიენსად მიმაჩნია, გამოსავალს მივაგენი - გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი განგებამ ჩემს სასიკეთოდ ჩაიფიქრა. ანუ: სხვა კონტინენტზე რომ წავსულიყავი, მასპინძელი ფსიქოპატი აღმოჩნდებოდა ან მალარია მომკლავდა; ინდუსტრიის ცენტრში სერიული მკვლელი მელოდა დაჟანგულ დაზგებში და ახლა პირში ჩალაგამოვლებული ზის - ეგეც მაგას! მზე კი რადიაქტიურია და ნაცარტუტად მაქცევდა.
მოკლედ, გადავრჩი! ვაშა! და აი, ტკბილად გეჟივჟივებით სიყვარულისა და ბოროტების შესახებ, იმის იმედად, რომ ჩემს ნაწერს მაინცდამაინც არ ეტყობა, თავში რა მირახუნებს და გულში რა ქარცეცხლი ტრიალებს იმის გამო, რომ ამ მაისმა უჩემოდ ჩაიარა...
ნინო ლომაძე
სპეცპროექტის იდეა პირველი ივნისის თარიღმა მოიტანა. თუმცა პროექტის გმირებად არა ბავშვები, არამედ ახალგაზრდები შევარჩიეთ. ასე გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში, სადაც უკვე მერამდენე წელია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დაბადებას ველოდებით, მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მათ, ვისაც სამოქალაქო ცნობიერება, წესით, სწორედ ახლა უნდა ჩამოუყალიბდეთ. ამ თაობის უკეთ გასაცნობად პროექტში თხუთმეტი ახალგაზრდის მოკლე ისტორიას მოვყვებით.
მე კი, სპეცპროექტს ვუძღვნი „ბავშვებს“, ვინც ახლა საკუთარი მომავლის გააზრებას ცდილობს; მათ, ვინც საკუთარი ცხოვრების წესისა და შეხედულებების დაცვის საფასურად, სოციუმის მძიმე წნეხის ქვეშ ცხოვრობს და დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან და ნორმებთან დაპირისპირების არ ეშინიათ; მათ, ვისაც აქვთ ამბიცია შეცვალონ მომავალი და მათაც, ვისაც ასეთ რამეებზე დაფიქრება ჯერ აზრადაც არ მოსვლიათ. მოკლედ, ამ პროექტს ვუძღვნი თაობას - 13-19.
დათო ტურაშვილი
ამ არჩევნების შესახებ არაფერს ვწერ, რადგან ჩემი არჩევანი, თორმეტი წლის რომ ვიყავი, მაშინ გავაკეთე და ახლაც ისევე მეზიზღება ყველა მოძალადე, როგორც მაშინ, ბავშვობაში და ახლაც მაშინდელივით დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლების ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
თავისუფლება კი განათლების გარეშე არ არსებობს და როცა ზაფხული ახლოვდება, ყოველთვის მისაღები გამოცდები მახსენდება ხოლმე და მგონი, ეს უფრო მნიშვნელოვანი არჩევანია, ვიდრე ნებისმიერი პარტია ან საარჩევნო ბლოკი. თუმცა, საბჭოთა საქართველოში მისაღებ გამოცდებს განათლებასთან კავშირი არ ჰქონდა, რადგან არჩევანს აბიტურიენტების ნაცვლად (ძირითადად) მშობლები აკეთებდნენ და ქართველებიც სტუდენტები (ძირითადად) იმიტომ ხდებოდნენ, რომ დიპლომები ჰქონოდათ. ქართველი მშობელიც ალბათ ერთადერთი იყო მსოფლიოში, რომელიც ფულს იმაში იხდიდა, რომ მისი შვილი დებილი ყოფილიყო, მაგრამ დიპლომი კი აუცილებლად უნდა ჰქონოდა. მთავარი იყო დიპლომი და არა განათლება და ამიტომაც, უმაღლეს სასწავლებლებში ისეთ შვილებსაც ტენიდნენ, რომლებსაც სწავლა საერთოდ არ უნდოდათ ან სწავლის ნიჭი საერთოდ არ გააჩნდათ.
საბჭოთა საქართველოს სტატისტიკაც შესაბამისი იყო და ოცი წლის წინ საქართველოში (პროცენტულად) გაცილებით მეტი სტუდენტი ირიცხებოდა, ვიდრე ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში ერთად, მაგრამ ახლა (ოცი წლის შემდეგ), ზემოთქმულის მიუხედავად, საქართველოში განათლებულ ადამიანს ვერ პოულობენ და ძალიან უკვირთ.
გასაკვირი კი სინამდვილეში არაფერია და არათუ ჭეშმარიტი პროფესიონალი, საარჩევნო სიაში ჩასაწერი კადრიც კი იშვიათია და დღევანდელი საქართველო ამ თვალსაზრისით, ზუსტად იმ მეტიჩრობის შედეგებს იმკის, ყოველ ზაფხულს რომ ავლენდნენ ხოლმე ჩვენი საბჭოთა მშობლები. მეტიჩრობა მოფერებით ჰქვია, თორემ სინამდვილეში ჩვეულებრივი სიმახინჯე იყო, როცა თბილისის მხოლოდ სამი უბნის აბიტურიენტებს ჰქონდათ განაღდებული სტუდენტობა მათი გავლენიანი მშობლების წყალობით ან ახლობლობით, რომელსაც ჩაწყობას ეძახდნენ. ფულის გადახდასაც ჩაწყობას ეძახდნენ და არა ქრთამის მიცემას და ასეთი მშობლები საქართველოში არა ასობით, არამედ ათასობით იყვნენ და ახლაც არიან.
როგორც ჩანს, ყველაზე რთული მაინც მენტალური ცვლილებებია და მართლა რომ სხვაგვარად წარმომედგინა, მაინც იგივე ხდება მისაღები გამოცდების დროს და იმ შენობების მისადგომებთანაც ისევ ელოდებიან აბიტურიენტ შვილებს დასიცხული მშობლები. უბედურებაც ისაა, რომ ახლაც უამრავ ქართველ მშობელს ისევ ფულის გადახდა ურჩევნია, ვიდრე სიცხეში დგომა და შვილების „წვალება“ და ალბათ ცნობიერების შეცვლასაც კიდევ ერთი თაობა დასჭირდება. ზაზა ხელაიაც ერთადერთია საქართველოში და ყველა აბიტურიენტის მშობელსაც ჭკუის სასწავლებლად, უბრალოდ, ვერ შეხვდება როგორც მაშინ, როცა მამამისი რექტორი იყო და მასთან საშუამდგომლოდ კი შვილი მოძებნეს. ზაზა ხელაიას რომ აუხსნეს თუ რატომ ეძებდა ის ხალხი მამამისს, ხელაია მაშინვე მიხვდა რა უნდა ექნა და იმ ხალხსაც სათქმელი პირდაპირ უთხრა - მამაჩემი მაგ ფულს მაინც არ გამოგართმევთ, თანაც ძალიან გაბრაზდება და ამიტომ ფული მე მომეცით და თქვენს დებილ შვილსაც მე მოვაწყობო. ასეთი ინფორმაციით უზომოდ გახარებულ იმ ხალხს, რასაკვირველია, მოწყობის დეტალების გარკვევა აღარ დაუწყია და ის თანხაც ზაზა ხელაიას გადასცეს. ზაზამ კი რასაკვირველია მამამისს არაფერი უთხრა (ფულს უკან დამაბრუნებინებსო) და მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავიდა. მაშინ ზღვა, მოგეხსენებათ, ასარჩევად გვქონდა, მაგრამ დათუნა ჭელიძე მაშინაც დიდი იყო, დიდი ნაპირები და ბევრი ქვიშა სჭირდებოდა გასათბობად და ამიტომ ბევრი იარეს და თბილისში რომ დაბრუნდნენ, მისაღები გამოცდები უკვე დამთავრებული იყო. ის ოროსანი აბიტურიენტიც უკვე დახვრეტილი ჰყავდა მიმღებ კომისიას და მისი გაოგნებული მშობლები კი ზაზა ხელაიას ეძებდნენ იმის გასარკვევად ჰქონდა თუ არა აზრი მიღებული ორიანების გასაჩივრებას. ხელაია არც კი იმალებოდა, რადგან დარწმუნებული იყო რომ მხოლოდ სიკეთეს მოუტანდა მისი საქციელი იმ აბიტურიენტსა და მის მშობლებს და მაინც, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უცნობ სატელეფონო ზარებს ქალის ხმით პასუხობდა: - ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, დაზიანებულია...
ამ წინადადებას ორჯერ იმეორებდა ხოლმე და შუაში კი ზუსტად იმას წარმოთქვამდა, რასაც მაშინ ატეესი აკეთებდა აბონენტის დაზიანების შემთხვევაში. სხვათა შორის, ზაზა ხელაია მართალი გამოდგა და იმ აბიტურიენტს შემდეგ წელს აღარ ჩაუბარებია, სოფელში დასახლდა, სახლი ჩადგა და ეზოში კი ისეთი კომბოსტოს მოყვანა დაიწყო, დიოკლეტიანესაც რომ შეშურდებოდა...
P.S. ზაზა ხელაია კიდევ ბევრი შედევრის ავტორია, მაგრამ ერთი მისი გენიალური ხუმრობის თვითმხილველი მეც ვარ და შეიძლება ამიტომაც ყველაზე ხშირად ეგ მახსენდება ხოლმე.
მაშინ „იბერვიზია“ ახალი გახსნილი იყო და ოპერატორსა და კამერასაც თბილისის ქუჩებში, როგორც იშვიათობას, ისე უყურებდნენ. მეტრო „დელისთან“ გადაღებას თვითონ ხელაია ხელმძღვანელობდა ომახიანად და ოპერატორსაც ხმამაღლა აძლევდა მითითებებს. იქვე ისხდნენ პენსიონერები და უცებ მათ გასაგონად ხელაიამ ცაში აიხედა საქმიანად და ჩიტებს მიმართა:
- აბა, მოემზადნენ ჩიტები!...
და უცებ საოცარი რამ მოხდა - ჩიტები, რომლებიც არეულად დაფრინავდნენ „დელისის“ თავზე, უცებ ერთად შეგროვდნენ და ზაზამაც ხმამაღლა იყვირა:
- აბა, წამოვიდნენ ჩიტები!
და ჩიტებიც ერთად წამოვიდნენ და ცოტათი რომ გაგვცდნენ, ხელაიამ უფრო ხმამაღლა იყვირა:
- არ ვარგა, თავიდან!
და მოხდა ისეთი სასწაული, მხოლოდ ზაზა ხელაიას გამო რომ მოხდებოდა - ჩიტები ისევ დაიშალნენ და ახლაც მახსოვს პენსიონერების გაოცებული სახეები და განსაკუთრებით კი ერთი მათგანის, რომელიც ფეხზე წამოდგა და შეშინებული უყურებდა ჩიტებსაც და ხელაიასაც...
p.s.p.s. ზაზა ხელაია ტელევიზორს აღარ უყურებს და ალბათ ვერ ნახავდა იმას, რაც გასულ ზაფხულს ჩვენ ვნახეთ ტელევიზიით მისაღები გამოცდების დროს.
ერთ-ერთი შენობის წინ მდგარი მშობლები, სიცხისა და ლოდინისაგან დაღლილები, იქვე ბალახზე იყვნენ მიწოლილები და მისაღები კომისიის ერთ-ერთი წევრი კი მეგაფონით, განწირული ხმით მოუწოდებდა იმ წამოწოლილ მშობლებს:
- ადექით ხალხო, ბალახებში გველებია, გვე-ლე-ბი!...
![]() |
3 კულტ-მიმოხილვა |
▲back to top |
TBC-ს დროით
მდიდარი მოქალაქეები, ხელოსნები, ქალები და კაცები, მოხუცები და ბავშვები, ლაბადიანი სტუდენტები და ფეხმსუბუქი ქალები - ყველა რატუშის წინ იყო შეკრებილი, ფეხისწვერებზე დგებოდა, კისერს იგრძელებდა. მისჩერებოდნენ ზღაპრულ საათს, ოცდაოთხი დანაყოფით, ოქროს რკალებით, წრფეებით, რიცხვებით და გასაოცარი ნიშნებით მორთულს, შესცქეროდნენ წრეს თორმეტი თანავარსკვლავედის გამოსახულებით, ქანდაკებებს და ბარელიეფების ჩუქურთმებს, და უკვირდათ...
როგორც კი ზემოთ, საათზე, ზარის ხმა გაისმა, მოედანზე უმალვე სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხის განსაცვიფრებლად, საათის ქვეშ ორი სარკმელი გაიღო და ერთ-ერთიდან მოციქულები გამოვიდნენ. ისინი ერთიმეორეს მიყოლებით დაიძრნენ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. თორმეტივენი იყვნენ, და ყოველი მათგანი მოედანს გადმოხედავდა ხოლმე. ბოლოს კი თავად იესო გამოვიდა და ბრბო აკურთხა.
ხალხი ქუდს იხდიდა და პირჯვარს იწერდა, ზოგი შიშით იშვერდა თითს კბილებდაკრეჭილი სიკვდილისკენ და ერთ ადგილას მცქმუტავი იუდასკენ - ის სიკვდილს სთხოვდა, ზარს ნუ ჩამოკრავ, ცოტაც მადროვეო. ხოლო როცა ზემოთ, სარკმელების თავზე, მამალი გამოჩნდა და ხმამაღლა დაიყივლა, ბრბო გახალისდა და სიცილი დაიწყო. და ყველა ერთხმად ადიდებდა პრაღაში და მთელს დედამიწაზე ყველაზე ლამაზი საათის შემქმნელს, ოსტატ განუშს.
მერე ბოროტმა ადამიანებმა იფიქრეს, განუში სხვა ქალაქში უკეთეს საათს გააკეთებსო, და ოსტატს თვალები დასთხარეს. საშინელი ამბავი იყო. განუში ვეღარ ხედავდა თავის ქმნილებას, მხოლოდ ის ესმოდა, როგორ მკაფიოდ და ზუსტად მუშაობდა მექანიზმი, როგორი უნაკლო საათი აჩვენებდა დროს უმადურ ადამიანებს. იდგა თავის შედევრთან უსინათლო, ავადმყოფი, უდროოდ დაბერებული ოსტატი - და გარეთ, კოშკის საათზე, სიკვდილმა ზარს ჩამოკრა. მაშინ ოსტატმა განუშმა წამით შეყო ხელი თავის მიერ აწყობილ უამრავ პატარა ბორბალსა და ქანქარაში. მექანიზმი ახრიალდა, აზრიალდა, ბორბლები უაზროდ ტრიალებდნენ, კოშკზე კი სიკვდილი ზარს რეკდა და რეკდა. მერე ზარი დადუმდა და მასთან ერთად სამუდამოდ გაჩერდა დიდოსტატის გული და მის მიერ გაცოცხლებული ამქვეყნად ყველაზე კარგი საათი.
ეს ძველი ჩეხური თქმულებაა, თუ არ მოგწონთ, ნუ დაიჯერებთ. მაშინ ნამდვილ ამბავს გეტყვით, იმას, რომ 1970-იანი წლების გარიჟრაჟზე ერთ ძალიან გაპრანჭულ რესტორანში ორი უსაშველოდ ჭუჭყიანი, დაუბანელი და დაუვარცხნელი ჰიპი შევიდა. მათ ძვირფასი ღვინო მოითხოვეს, ჯერ ერთი ბოთლი, მერე - მეორე. მიმტანი ძალიან შეწუხდა და თავის უფროსს შესჩივლა, ეს ხალხი გადამხდელს არ ჰგავსო.
„გადაიხდიან“, მშვიდად მიუგო გამოცდილმა უფროსმა, „შეხედე, იმას მაჯაზე როგორი საათი უკეთია“.
მე ვერასოდეს ვხედავ, ვის როგორი საათი უკეთია. საათებს კი ვხედავ, მაგრამ როგორია - ვერ ვხვდები. ერთადერთი, იმას მივხვდი, რომ 15 მაისს თბც ბანკის შენობაში ძალიან ძვირფასი და ძალიან საინტერესო საათები იყო გამოფენილი.
წარმოიდგინეთ: დედაქალაქში შვიდი საათი შესრულდა და უამრავი საათი ერთად ამღერდა! რეკდნენ, წკრიალებდნენ, უკრავდნენ, სარკმელიდან გუგული გადმოხტა - რა შესანიშნავია! ორგანიზატორებმა კი თქვეს, ყველა ერთ დროს არ რეკს, მექანიკურებია და წამებში ცდებიან ერთმანეთსო, მაგრამ ეს წამები არავის შეუმჩნევია. ან რა მნიშვნელობა აქვს - რა არის წამი იმ საუკუნეებთან შედარებით, რომლების განმავლობაშიც ეს საათები წიკწიკებდნენ.
ყველაზე უფროსი საათები მეჩვიდმეტე საუკუნისა იყო, ყველაზე უმცროსი - მთლად ჩვენი თანამედროვე. ჯიბის, ეტლის, გემის, კედლის, მაჯის საათები, ზოგი - ძალიან მორთული, ზოგი - ნაკლებად თვალშისაცემი, ზოგი - სასაცილო, ზოგი - უაღრესად სერიოზული. მაგრამ ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველა ერთადერთი და განუმეორებელია. სამწუხაროდ, გამოფენა დაიხურა, თბილისში კი, მოგეხსენებათ, საათების მუზეუმი არ არსებობს. არა მგონია, კოლექციონერებს, ვისი წყალობითა და ბანკის თანადგომითაც გამოფენა გაიხსნა, ჩვენი მასპინძლობის დიდი სურვილი ჰქონდეთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ ერთეულებმა ვნახეთ მოხუცი, ბრძენი და ცოტა ჯადოსნური საათები...
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი, ფოტო: ქეთო ცაავა
ბრავა, ელისო!
სახელი „ელისო“ ქართულ რეალობაში ორ ასოციაციას ბადებს, პირველი - ნიკოლოზ შენგელაიას ლეგენდარული ფილმია, მეორე - ლეგენდარული პიანისტი, ელისო ვირსალაძე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გვარი შეგიძლია არც კი ახსენო და მხოლოდ სახელით მოხსენიებას ფამილარობად არავინ ჩაგითვლის, რადგან ამ სახელის პატრონი ერთადერთი და განუმეორებელია.
3 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ელისომ დაუკრა. ბოლომდე გადაჭედილი დარბაზი სასწაულს ელოდა, სასწაულს, რომელსაც ელისოს შუბერტი ჰქვია. ელისოს თბილისური კონცერტები იმითაც გამოირჩევა, რომ იგი რეპერტუარს თითქმის არასოდეს არ იმეორებს, ბოლო წლებში პროკოფიევისა და მოცარტის კონცერტებით მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება, ამჯერად კი სოლო კონცერტი მთლიანად შუბერტს დაუთმო და რომანტიზმის ყველაზე ნაკლებად მოყვარულებიც კი აღფრთოვანებული დატოვა. ჩვენთან იშვიათია ასეთი ე.წ. პროფესიული სოლო კონცერტები, როცა პიანისტი ბოლომდე ერთგული რჩება მუსიკის, არ თამაშობს პუბლიკაზე და ახერხებს წარმოუდგენელს - გრძელი სოლო პროგრამა მთლიანად ერთი კომპოზიტორის ნაწარმოებებით შეადგინოს და არ იყოს მოსაწყენი. პირველი განყოფილების ექსპრომტებსა (ოპუსი 90) და პიესებს (ოპუსი 142) მეორე განყოფილების გვირგვინი, ლეგენდარული და ურთულესი ფანტაზია „მოხეტიალე“ მოჰყვა. სწორედ ის ფანტაზია, რომელიც ყოველთვის სვიატოსლავ რიხტერის სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა და რომლის შესრულებასაც ხშირად არ ურჩევენ ქალ პიანისტებს, აქაოდა, ძალა არ გეყოფათო. ელისომ ეს მითიური შიში სრულებით გააქარწყლა, ტექნიკურად უნაკლო, ბრწყინვალე შესრულებას არც ემოცია აკლდა და არც ცეცხლი. ქალი პიანისტების შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპს ანი ფიშერთან, მარტა არგერიხთან და ბევრ სხვასთან ერთად, ქართველი პიანისტიც აცამტვერებს. „მოხეტიალე“ ელისოს ხელში ნამდვილ მუსიკალურ სასწაულად იქცა: უკრავდა მოზომილი, გამორჩეულად ნიუანსირებული შესრულების მანერით, რაც ასე განასხვავებს ელისოს ამ პოპულარული ნაწარმოების ბევრი გამოჩენილი და „ხმაურიანი“ შემსრულებლისგან. ელისომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რომანტიკული მუსიკის დიდი ოსტატის სახელი დაუმსახურებლად არ მოუპოვებია. რომანტიზმის მისეული ინტერპრეტაცია არსად, არცერთი წამით არ გადადის მელოდრამატულობაში, ზედმიწევნით რაფინირებული და დახვეწილია. სწორედ ასეთი იყო 3 მაისს შესრულებული შუბერტი და ნამდვილად დამსახურებულად დაინგრა დარბაზი ტაშით. ბისზე გამოსული ელისო როალთან დაჯდა; დარბაზიდან მოხუცი ქალბატონის მიერ წამოსროლილ უკმაყოფილო რეპლიკას: „დაანებეთ თავი, რა დროს ბისია, დაიღალა საწყალიო“, ღიმილით უპასუხა და კიდევ ცოტა ხნით გაგვიგრძელა მუსიკალური სასწაული, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მუსიკით არასოდეს დაიღლება. ბრავა, ელისო!
ავტორი: დათო გაბუნია, ფოტო: გია გოგატიშვილი
ტაიმ-აუტი
GPC-ს ფარმაცევტული კონფერენცია
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია GPC-ს ძირითადი მიმართულება, მართალია, სამედიცინო პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუციაა, მაგრამ ამ კომპანიას წვლილი თანამედროვე ქართული სამედიცინო სამეცნიერო სივრცის განვითარებაშიც მიუძღვის. კონფერენციები, რომელთაც GPC მედიცინის მუშაკებს ინტენსიურად სთავაზობს, აქტუალურ თემებსაც ეხება და მათ პროფესიულ კვალიფიკაციასაც წაადგება.
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ონკოლოგიური დაავადებები აქტუალური სოციალური პრობლემაა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში დღესდღეობით 18 ნახევარ მილიონს აღემატება. ამ სავალალო სტატისტიკას თითქმის ყველა ქვეყანაში გამუდმებით ებრძვიან და კიბოს პრევენციის თუ ვაქცინაციის საშუალებებზეც ბევრს მუშაობენ.
22 აპრილს „ქორთიარდ მერიოტში“ GPC-ს ორგანიზებულ ფარმაცევტულ კონფერენციაზე, მომხსენებლებმა ბევრი ისაუბრეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ - საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის პრევენციის ძირითად ასპექტებსა თუ მის გამომწვევ მიზეზებზე. იმის გამო, რომ „მედიკოსების ენა“, მედიცინაში ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვის მაინც არცთუ ისე მარტივად გასაგებია, ამ დაავადების თავისებურებებსა და განვითარების ტენდენციებზე დაწვრილებით ვერ მოგითხრობთ, მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ ეს არ გახლდათ მხოლოდ დიდ ქრონომეტრაჟიანი ბანალური კონფერენცია. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, კიბოს რისკ-ფაქტორებზე აგებულ მოხსენებებს, დისკუსიაც მოჰყვა. სტუმრებისთვის ჩამორიგებულ სამახსოვრო საჩუქრებში მოთავსებული გამოკვლევის სქემა - პაპ-ტესტი კი სპეციალისტებს პაციენტის გამოკვლევისთვის საჭირო მასალის აღებაშიც დაეხმარება.
კომპანია GPC ტრადიციას სამომავლოდაც განაგრძობს, აქტუალურ თემებს ისევ ხშირად შეეხება და ქართულ ფარმაციაში კიდევ არაერთი სიახლის დანერგვასაც გეგმავს.
ავტორი: მაია ცეცაძე, ფოტო: ქეთო ცაავა
![]() |
4 კოკა-კოლა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმში |
▲back to top |
აქცენტი
ავტორი: მაია ცეცაძე
1995 წელს, როდესაც სამბის „დედოფალი“ - ტანია მარია თბილისის ფილარმონიაში კონცერტს მართავდა, დარბაზი თითქმის თავისუფალი იყო. 2002 წელს საქართველოში მისი მორიგი ვიზიტისას, უკვე ძალიან ბევრმა მსმენელმა ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობა მასთან ერთად იზეიმა და საკონცერტო განწყობა საყოველთაო ზეიმშიც გადაიზარდა. წელს კი, ქართველი მსმენელის მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“ ტანია მარიას საქართველოში მესამედ ჩამოიყვანს. უკვე მეთორმეტე წელია, რაც „ისთერნ პრომოუშენი“ თბილისში საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალს მართავს. მის დიდ საფესტივალო ოჯახს კი ათასობით ერთგული გულშემატკივარიც შემოუერთდა. ეს იმიტომ, რომ ყოველ წელს კომპანიის მიერ შემოთავაზებული მუსიკალური რეპერტუარი ჯაზის მოყვარულებისთვის ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება და „ისთერნ პრომოუშენის“ „ორბიტაზე“ არაერთმა მეგავარსკვლავმა გაიელვა.
წელს, 22-დან 24 ივლისის ჩათვლით, ბათუმში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სამი დღის განმავლობაში ჯაზის მოყვარული პუბლიკა, „კოკა-კოლა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ ფარგლებში, სამი სხვადასხვა მიმართულების ბენდს მოუსმენს. ბათუმის ჯაზფესტივალი რიგით მეორეა. შარშან თბილისის ფესტივალის შემდეგ, მისმა ორგანიზატორებმა, ჯაზ-ფესტივალი აჭარაში პირველად ჩაატარეს. წელს კი, ვინაიდან „ისთერნ პრომოუშენს“ სახელმწიფოსგან ფილარმონიის შენობა იჯარით აქვს აღებული და სარეკონსტრუქციო სამუშაოები თბილისში ფესტივალის ჩატარებას აფერხებს, თბილისის ნაცვლად ფესტივალი ბათუმში გაიმართება.
ფესტივალის ყველაზე დიდი სიურპრიზი მარკუს მილერი იქნება, რომელსაც ქართველი მსმენელი უკვე კარგა ხანია ელის. დიდი მცდელობის შედეგად „ისთერნ პრომოუშენმა“, როგორც იქნა, მუსიკოსის დაყოლიება მოახერხა და მისი ვარსკვლავური „ახირებების“ დაკმაყო ფილებასაც დროულად შეუდგა. 22 ივლისს ფესტივალს სწორედ მარკუს მილერი და მისი ბენდი გახსნიან.
მარკუს მილერი უკვე 30 წელია შემოქმედებით მწვერვალზე იმყოფება. თანამედროვე მუსიკისა და ჯაზის ლიდერი, მსოფლიოს ყველა დროის ბასგიტარისტთა ხუთეულშიც კი შედის. 2001 წლის გრემის ლაურეატი წარმატებულ პარტნიორობას უწევს თავის ბავშვობის კერპს, მაილს დევისსაც. რამდენიმე წელია, მისი ყურადღება ფილმების მუსიკალურმა გაფორმებამაც მიიპყრო და რამდენიმე ფილმისთვის მუსიკაც აქვს დაწერილი. დღეს კი, მუსიკოსს უფრო არტისტული პროექტები აინტერესებს. შარშან მან საკუთარ ბენდთან და ჯაზის ლეგენდებთან (ჰერბი ჰენკოკთან, დევიდ სენბორთან, მაკკოი ტაინერთან...) ერთად კრუიზიც კი მოაწყო, სადაც სპონტანურ ჯემსსეიშენებს, სემინარებს მართავდნენ, ინტერვიუებს ლეგენდარულ მუსიკოსებთან წერდნენ... მოკლედ, როგორც მარკუს მილერს უყვარს: ზღვას, მზეს და ერთგულ მსმენელს აქ ნამდვილად დაახვედრებენ.
მომდევნო საფესტივალო დღეს (23 ივლისს) ქართველი მსმენელი მისთვის ნაკლებად ცნობილ კუბურ ჯგუფს გაიცნობს. „Free Hole Negro“ ახალგაზრდა ანდერგრაუნდული ჯგუფია, რომლის ძირითადი მიმართულება ჰიპ-ჰოპ-სალსა გახლავთ და მათი მუსიკა კუბურ რითმზე აგებულ ესპანური რეპის ელემენტებსაც შეიცავს. ფესტივალის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ „Free Hole Negro“-ს ათკაციანი ბენდი ახალგაზრდული პუბლიკისთვის სასიამოვნო აღმოჩენა იქნება. ამ ჯგუფისგან ქართველი მსმენელი ჰიპ-ჰოპის, სამბა-მამბოსა და ცოტა ფანკის ელემენტებით „შეთხზულ“ ენერგიულ მუსიკას მიიღებს.
24 ივლისს კი, ბოლო საფესტივალო აკორდს ტანია მარიას კვარტეტი (Marc Bertaux - ბასგიტრისტი, Jean Tony Rabeson - დრამერი, Edmundo Carneiro - პერკუსიონისტი) აიღებს. ტანია მარიასთვის ქართულ პუბლიკასთან ურთიერთობა უცხო არ არის, თუმცა, აჭარაში ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება და უკვე ცნობილია, რომ მას ბათუმელებიც მოუთმენლად ელიან. ლათინური ელემენტების შემცველი რიტმული მუსიკა და ბრაზილიური სამბა ყველა თაობის მსმსნელს აამოძრავებს და საზღვაო გარემოსაც მოუხდება.
კონცერტები ბათუმის ბულვართან ყოფილ კლუბ „პროზაკის“ ტერიტორიაზე, ახლანდელ „მიუზიკ ჰოლში“ ჩატარდება. ნახევრადგადახურული დარბაზი (რომელიც თავისუფლად იტევს 1800-მდე კაცს) ბათუმური კლიმატის გათვალისწინებით შეარჩიეს. ლეგენდარულ სტუმრებს კი ქობულეთის ახლადაშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯორჯიან პალას ოტელი“ უმასპინძლებს. ამ სასტუმროს ფესტივალის ორგანიზატორები ფესტივალის ბაზასაც კი უწოდებენ, სადაც ის ჯგუფები, რომელთა ჩამოყვანასაც საფესტივალო დღეებში დამატებით გეგმავენ, სასტუმროში დაბინავებული სტუმრებისთვის საღამოობით ჯემსსეიშენებს გამართავენ.
შარშან „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე“ მოსახვედრად 80 ლარიანი აბონემენტით მსმენელს სამივე კონცერტზე შეეძლო დარჩენა. წელს ვარაუდობენ, რომ ბილეთები ცალ-ცალკე გაიყიდება, მაგრამ უწინდებურად სიმბოლურ ფასად. მაგალითად მარკუს მილერის მოსმენა შესაძლოა მაქსიმუმ 50 ლარი დაგიჯდეთ. ასეთ საჩუქარს კი ფესტივალის ორგანიზატორები სპონსორებს უმადლიან, რომელთაც საერთოდ ჯაზ-ფესტივალის არსებობაში ლომის წვლილი მიუძღვით. ფესტივალის სახელის ანუ გენერალური სპონსორი ისევ და ისევ „კოკა-კოლა“ გახლავთ. ერთ-ერთი სპონსორია „თიბისი ბანკი“, ფესტივალის ოფიციალური სპონსორი კი კომპანია „ჯეოსელია“. სხვა სპონსორებთან ერთად წელს ჯაზ-ფესტივალს მხარს აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერიაც უჭერენ.
ასეთი გახლავთ „კოკა-კოლა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ წლევანდელი მუსიკალური „მენიუ“ და თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ ზაფხული, გირჩევთ, ბევრიც არ იფიქროთ.
![]() |
5 მიყვარხარ, გარსევან! |
▲back to top |
შოკოლადი გირჩევთ
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
„ღვევი, დრე და ვანათი
არ ღირს ერთი მანათი...“
ხალხური მტკნარი სიცრუე
დილით ექვსზე გამეღვიძა - რატომ ღმერთი არ გაიცინებს! ამაყი გულმკერდისა და მეფური კუდის მფლობელმა მამალმა იყივლა და იყივლა, აღარ მორჩა. ქალაქელ ნევროტიკს არც მანქანების ხმაური მაღვიძებს და არც სკოლაში მიმავალი უზრდელი ბავშვების ღრიალი, მამალზე კი - აჰა! სრულიად ბრიყვული რეაქცია მქონდა.
ეს იყო ღვევში, თბილისთან ძალიან ახლოს, წიკლაურების სახლში, სადაც ცხენების ეშხით და რატი ერაძის წყალობით ამოვყავი თავი. რატომ გადავწყვიტე, რომ ცხენოსნობა ჩემი მოწოდებაა, ვერ გეტყვით. უბრალოდ, მიამბეს, რომ არსებობს თავლა და არიან კაცები, რომლებიც ჩემნაირებსაც სვამენ ცხენზე და აჰყავთ დიდგორზე. თუ ძალიან მაგარი ხარ, ცხრადღიან ლაშქრობასაც აწყობენ, თუ არაფრისმაქნისი აღმოჩნდი, ერთს მაინც გაგატარებენ, რომ დარწმუნდე: არაფრისმაქნისი ვარ და ჩემგან მხედარი არ გამოვა. და ვინაიდან ვფიქრობ, რომ ის, რაც ერთ ადამიანს შეუძლია, მეორისთვისაც შესაძლებელია, გავიხსენე ყველა ჩემი ნაცნობი იდიოტი, რომელიც ცხენს ჩინებულად დააგელვებს, დავივიწყე სხეულის მთლიანობის დარღვევის შიში, დავურეკე რატის და მან ღვევში წამიყვანა.
უწინ ეს დიდი დასახლება ყოფილა. აქ პური მოჰყავდათ. ოდესღაც სომეხი ბატონის საკუთრება - ღვევი, დღე, ვანათი და სხვა სოფლები წიკლაურმა შეიძინა - წიკლაურები ამ მხარეში რამდენიმე სხვა მთიულურ გვართან ერთად ორი საუკუნის წინათ ჩამოსახლებულან.
დღეს ეს პაწაწინა სოფელია, სულ რამდენიმე მოსახლე ჰყავს. სოფლის განაპირას დგას თავლა, საბჭოთა დროს - ფერმის შენობა, რომელიც მისმა ახლანდელმა მფლობელებმა სრულიად სავალალო მდგომარეობაში შეიძინეს: სანახევროდ დანგრეული, ნაგვით სავსე, ასეთი მიტოვებული შენობები უხვად შეგხვდებათ ჩვენს სოფლებში. ძველი დიდების იმ ნაშთებისგან განსხვავებით, ღვევის თავლა ამჟამად ჩინებულ მდგომარეობაშია. მას იცავს კავკასიური ნაგაზი ბაბილინა, რომელიც უშველებელია და კაციჭამიას ჰგავს, სინამდვილეში კი აბსოლუტურად უბოროტო, კეთილგანწყობილი არსებაა. აქ ცხოვრობენ ცხენები.
ცხენები ძალიან ლამაზები არიან - ევრიკა! ყოველ მათგანს თავისი ზნე აქვს, ზოგი შარიანია, ზოგი - ზარმაცი, ზოგი სულ წინ გარბის - ასეთი არ მინდოდა, ზოგი კი თვინიერია და სულ არ თვლის, რომ ახალბედა უნდა დაჩაგროს.
ასეთი ყოფილა გარსევანი.
ქედს ვიხრი თქვენი მოთმინების წინაშე, ბატონო გარსევან! ამხელა თავმოყვარე ცხოველმა აიტანა ის, რომ შიშისგან ცოტა გადარეული - კი არ ვიმჩნევდი ვითომ, მაგრამ ის ხომ მიხვდა! - და მხოლოდ მისი წყალობის იმედად მყოფი მხედარი ააცოცდა ზურგზე, და თან პრეტენზიებიც ჰქონდა: გაჩერდი, მარჯვნივ წადი, მოუხვიე, აბა, ცოტა ჩორთი... მართალია, დაუზარლად ვუხსნიდი, რომ ის ულამაზესია, რომ ასეთ კაცს საერთოდ არ ვიცნობ, რომ, აჰ, ბატონო გარსევან, ნუ შემაშინებ, გეხვეწები, ხომ ხედავ, ჩემი გამჭირვებია - მაგრამ ვინ ვიყავი, ბოლოს და ბოლოს, მასთან შედარებით, რომ გავკადნიერდი და ზურგზე დავაჯექი!
გარსევანმა კეთილად მატარა და ამიტომ მეორე დღეს, იმ ღირსშესანიშნავ დილას, როცა საკუთარი ნებით პირველად გამეღვიძა ალიონზე, მამაცად წავედი თავლისკენ, გარსევანისთვის „დილა მშვიდობისას“ სათქმელად, მის და კვირაცხოვლობის მადლის იმედად მყოფი. ვერ მომართვეს.
რატიმ თქვა, აი, მარგალიტა, ამაზე დაჯდებიო. ვაი. მარგალიტა, ხუთი წლის ქალი, რამდენიმე შვილის დედა, ლამაზი-ლამაზი - და უზარმაზარი. ვაი. მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ თუ რატის ჩემი დასახიჩრება მოუნდებოდა, ამისთვის ჩემი აქამდე ამოყვანა სულ არ იყო აუცილებელი, და დავჯექი. დავიძარით ტახტებისკენ.
ამ ველებზე თურმე იქაურ ბატონს ჰქონდა ზაფხულის რეზიდენცია. მშვენიერი გემოვნება ჰქონია ბატონს: იქიდან ისეთი ხედი იშლება! გზა ზღაპრების წიგნის ილუსტრაციას ჰგავს, თან ყველაფერი ყვაოდა, რატი ამბებს ჰყვებოდა. კარგი იყო. ოღონდ, გარსევანისგან განსხვავებით, მარგალიტამ დაასკვნა, რომ არ მოვწონვარ და ჩემს ტარებას თავლასთან ბალახის წიწკნა აჯობებს.
კი, ამიხსნეს, ყველა ცხენი ასეთია, თუ შანსი ექნება, აუცილებლად დაგიბრიყვებსო, ასე ნუ ელაპარაკები, ეგ კატა არაა, ცხენია, ქუსლი მაგასო, მაგრამ მარგალიტა აშკარად სხვა აზრისა იყო. მერე მითხრეს, კარგად იჯექიო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რაც მჭირდა: გავფუჭდი. ტახტებამდე კი ავედი და გოგოსთან მაინცდამაინც დიდი კონფლიქტიც არ მომსვლია, მაგრამ რომ ჩამოვქვეითდი, ვიფიქრე, რომ მარგალიტას იმედად ყოფნას საკუთარი ფეხების იმედად ყოფნა მერჩივნა.
ახლა კი ისევ მინდა ცხენზე. ოღონდ გარსევანზე. რა ვქნა, პირველი სიყვარულია. ჰოდა, გადავწყვიტე, ეს საქმე ვისწავლო და მერე ისევ წავიდე ღვევში. თუ თქვენც მოგინდათ - რა პრობლემაა. დაიმახსოვრეთ: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ღვევი, თუ არადა, რატის დაურეკეთ. ფასი - უაღრესად დემოკრატიული, მასპინძელი - საუკეთესო, მიდამო - ზღაპრული, ცხენები - ერთიმეორეზე კარგი.
ოღონდ გარსევანს ნუ მიეძალებით. რამე არ აწყენინოთ. ეგ ჩემი ცხენია.
![]() |
6 გილოცავთ, დედოფალო! |
▲back to top |
აქცენტი
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ნიკოლოზ კაპანაძესა და თამაზ დავარაშვილს აქვთ პატივი მოგიწვიოთ კაფე „ვაკანდაში“ დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავად. აუცილებელი პირობა - ნარინჯისფერი სამოსი ან აქსესუარი.
თუკი ნიკოლოზ კაპანაძეს ჰკითხავთ, სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე კარგად რა დღე გახსენდებაო, დაუყოვნებლივ გიპასუხებთ: „დედოფლის დაბადების დღე“. საუბარია ნიდერლანდების დედოფალ ბეატრისზე.
არა, არა, სამეფო წვეულებაზე ნიკოლოზი არავის მიუწვევია. უბრალოდ, გაუმართლა და ერთ 30 აპრილს ამსტერდამში იყო.
„იქ ამას „ნარინჯისფერ სიგიჟეს“ უწოდებენ, რადგან ჰოლანდიის სამეფო გვარის ფერი ნარინჯისფერია. ნარინჯისფერია დროშები, საჭმელი და სასმელი, უამრავ ადამიანს ნარინჯისფერის ტანსაცმელი აცვია და ათასგვარი სულელური და მხიარული აქსესუარი ამშვენებს. მითხრეს, რომ ზოგ პატარა შადრევანშიც კი ნარინჯისფერი წყალი მოჩქეფს...“
მაგრამ მთავარი სიხარული ნარინჯისფერი როდი ყოფილა - ნიკოლოზს მის მიმართ არანაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება არა აქვს. არც უამრავ კონცერტსა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე ზეიმს მოუხდენია მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება და არც ტურისტების სიუხვეს აღუფრთოვანებია. ნიკოლოზს, რომანტიკოსს, ფაქტი მოსწონს: მთელი ერი თავისი დედოფლის დაბადების დღეს აღნიშნავს! ნამდვილი დედოფლისა, ისეთის, ზღაპრებში რომ არიან! დედოფლობა რომ ეკუთვნით! და მან გადაწყვიტა, რომ ამ ზღაპრის ქალბატონის დღეობა თბილისელებსაც უნდა გვეზეიმა - ბოლოს და ბოლოს, დედოფლებს ხომ ეროვნება არა აქვთ, უბრალოდ, ცხრა მთას იქით ცხოვრობენ...
ნიკოლოზისგან განსხვავებით, მისი თანამოაზრე თამაზ დავარაშილი საქმეს პრაქტიკულად მიუდგა და ნიდერლანდების სამეფო კარის ოფიციალური გვერდი შეისწავლა - ზეიმი კარგია, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვუხდით დაბადების დღეს? იქ ეწერა, რომ ნიდერლანდების დედოფალი ბეატრისი (Beatrix), დედოფალ იულიანასა და პრინც ბერნჰარდის პირველი შვილი, 1938 წლის 31 იანვარს დაიბადა. ფაშისტური გერმანიის თავდასხმის გამო სამეფო ოჯახი 1940 წელს ჯერ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ოტავაში, და მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეძლო ჰოლანდიის მიწაზე დაბრუნება.
აღარ მოვყვებით, რომ პრინცესას საუკეთესო განათლება აქვს მიღებული. აღარ ჩამოვთვლით, რამდენი რამ შეისწავლა და რამდენ მეცნიერებას დაეუფლა - ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრე იყო, ბოლოს და ბოლოს, და არა ახლადგამდიდრებული მდაბიოს გოგო. ის ქველმოქმედი, გულისხმიერი პრინცესა იყო, ჭეშმარიტი მეფის ასული. მეუღლეც სათანადო ჰყავს - გერმანელი დიპლომატი კლაუს ფონ ამსბერგი, მისი და მომავალი დედოფლის ქორწინება მეფე-დედოფალმა და პარლამენტმა ერთხმად მოიწონეს და - კვლავ მეფური საქციელი - საქორწილო საჩუქრად მიღებული მთელი თანხა ახალშეუღლებულებმა საქველმოქმედო მიზნებისთვის გასცეს: უნარშეზღუდული ბავშვების მშობელთა ასოციაციებს დაურიგეს, ნაწილი კი ჰოლანდიის წითელი ჯვრის ხომალდის, Henri Dunant-ისთვის მედიკამენტების შეძენას მოხმარდა.
1980 წლის 30 აპრილს ბეატრისი დედოფალი გახდა. მას აქეთია, დედოფლის დაბადების დღე ოფიციალურად 30 აპრილს აღინიშნება: გარდა იმისა, რომ ეს დედოფალ ბეატრისის ტახტზე ასვლის დღეა, ამ დღეს დედამისი, იულიანაც დაიბადა. თან, თავად განსაჯეთ: განა არ ჯობს, სახალხო დღესასწაული 30 აპრილს გაიმართოს, როცა მზე ანათებს და ტიტები ყვავის? იანვარში ცივა... გარდა ამისა, დედოფალ იულიანასგან განსხვავებით, რომელიც თავისი სასახლის წინ, ფიცარნაგზე მდგომი ეგებებოდა ხოლმე თავის მოქალაქეებს, დედოფალი ბეატრისი ამ დღეს თავისი სამეფოს რამდენიმე ქალაქს მოინახულებს ხოლმე, სადაც მას ცეკვითა და აღლუმებით ეგებებიან.
აი, თბილისშიც რომ შემოევლო, აღმოაჩენდა, რომ ბამბის რიგში, კაფე „ვაკანდაში“, მისმა თაყვანისმცემლებმა ყველაფერი ნარინჯისფრად მორთეს. აღმოაჩენდა, რომ მხოლოდ მის სამშობლოში არ გამოეწყო ხალხი საგულდაგულოდ, რომ მხოლოდ მის ნიდერლანდებში არ იყო სასმელიცა და ტკბილეულიც ნარინჯისფერი. და იმასაც მიხვდებოდა, რომ სადღაც, ძალიან შორს, ცხრა მთას იქით, ხალხი დედოფალზე ოცნებობს, რომელთან მისულიც მის უსაზღვრო წყალობას მიიღებს, რომლის მფარველობაც ყველაზე ვრცელდება - მთავარია, იქამდე მიაღწიო და სთხოვო.
კარგი საღამო გამოვიდა. დედოფალი არ გვწვევია, მაგრამ მაინც.
![]() |
7 საფრთხე - ჰომოფობია |
▲back to top |
აქცენტი
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
17 მაისი ჰომოფობისათან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, 1 ივნისი კი მძიმე საბჭოურ მემკვიდრეობასთან ბრძოლას უკავშირდება: 2000 წელს ამ დღეს საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა. ამ ორ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის ფონდ „ინკლუზივის“ წარმომადგენლებს, ეკა აღდგომელაშვილს და პაატა საბელაშვილს მივმართეთ.
ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი „ჰომოფობია“ ასეა განმარტებული: „ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა“. ამ მოვლენათა ერთ რანგში განხილვა, ერთი მხრივ, მიგვანიშნებს იმ სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმების მსგავსებაზე, რომლითაც აღიწერება თვითოეული ეს მოვლენა და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ჰომოფობიასთან, როგორც საშიშ სოციალურ პრობლემასთან ბრძოლის მნიშვნელოვანებასა და აუცილებლობას.
ცხადია, „ფონდი ინკლუზივის“, როგორც ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობის დაძლევაა. ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიც სექსუალური ორიენტაცია და გენდერული თვითგამოხატვა არ იქნება დისკრიმინაციის საფუძველი. მოგეხსენებათ, დემოკრატიული, მდგრადი და სრულფასოვანი საზოგადოება წარმოუდგენელია ლესბოსური, გეი, ბისექსუალური ორიენტაციისა და ტრანსგენდერულ ადამიანთა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სოციალური ჯგუფის სრული ინტეგრაციის გარეშე.
2005 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ 17 მაისის გამოცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოიღო. გაეროში გაგზავნილ მიმართვას მაშინ 35 ქვეყნიდან ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლმა 10 000-ზე მეტმა აქტივისტმა მოაწერა ხელი. ამ მოთხოვნას, ცხადია, თავისი მიზეზები ჰქონდა. ჰომოფობიის გამოვლინების თვალსაზრისით, XX საუკუნე ერთერთი ყველაზე სასტიკი პერიოდია ისტორიაში. ჰომოსექსუალები იდევნებოდნენ და ისჯებოდნენ საბჭოთა კავშირში. ნაცისტურ გერმანიაში ამ ბრალდებით 100 000-მდე ადამიანმა საკონცენტრაციო ბანაკებში ამოყო თავი...
საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობის ხელახალი კრიმინალიზაცია 1934 წელს მოხდა. ამ პერიოდში, ჰომოსექსუალობასთან ბრძოლა ლამის სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილად იქცა. თუმცა, სტერეოტიპი „ჰომოსექსუალობის დასავლური წარმოშობის შესახებ, როგორც ბურჟუაზიის მორალური დეგრადაციის შედეგისა“, 70-იან წლებშიც კი საკმაოდ აქტუალური იყო (საინტერესოა, რომ 60-იან წლებში, ამერიკაში ლგბტ სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის დასაწყისში, ამერიკელები ჰომოსექსუალებს კომუნისტებად და საბჭოთა კავშირის აგენტებად თვლიდნენ, რომლებიც ცდილობდნენ „გაერყვნათ პატიოსანი ამერიკელი ახალგაზრდები“). ამ სიტუაციას ხშირად იყენებდნენ შანტაჟისა და დაშინებისათვის. საინტერესოა, რომ კანონი მხოლოდ მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირისათვის ითვალისწინებდა სასჯელს, ლესბოსელობა კი ფსიქიკურ გადახრად ითვლებოდა.
დღესაც, XXI საუკუნეში მსოფლიოს ოთხმოცდაექვს ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კანონითაა აკრძალული და ისჯება - ზოგ ქვეყანაში სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, ზოგან კი ადამიანებს სიკვდილით სჯიან. რაღა თქმა უნდა, ჰომოსექსუალობის ამოღება ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან და მისი დეკრიმინალიზაცია წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონის არარსებობის პირობებში, ლგბტ ადამიანები ხშირად ხდებიან საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის მსხვერპლნი. არათუ საქართველოში, სადაც არა მარტო ჰომოფობიის პროპაგანდა, არამედ რელიგიური შეუწყნარებლობისა და სექსიზმის გამოვლინებაც ბოლო პერიოდის წინასაარჩევნო პერიოდის უცვლელ ატრიბუტად იქცა, არამედ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც დიდი ხნის წინ მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, ყოველდღიურად აღინიშნება ძალადობის ფაქტები სკინჰედებისა, სხვადასხვა ნეოფაშისტური დაჯგუფებების მხრიდან. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის დაწესების მთავარი მიზეზი მსოფლიოში ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციის ამ და სხვა მრავალ ფაქტზე ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო ვარდისფერი სამკუთხედია, რომლის ისტორიაც ნაცისტურ რეჟიმს უკავშირდება. ბოშებთან და ებრაელებთან ერთად, ჰომოსექსუალები იმ „არასასურველ“ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, ვის განადგურებასაც ნაცისტები აპირებდნენ. კანონმდებლობის 175-ე პარაგრაფში, რომელიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს კრძალავდა, ჰიტლერის მიერ ცვლილებები იქნა შეტანილი, რომლის მიხედვით, ჰომოსექსუალური აქტის გარდა, იკრძალებოდა აგრეთვე კოცნა, ჩახუტება, ჰომოსექსუალური ფანტაზიებიც კი! კანონის დამრღვევები სასჯელს ციხეში იხდიდნენ, შემდეგ მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ. გამოტანილი განაჩენი მათ სტერილიზაციას ითვალისწინებდა, რასაც ხშირად კასტრაციაც სდევდა თან. 1942 წელს სასჯელი გაამკაცრეს და ჰომოსექსუალური აქტისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ.
საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმართა მარკირების თავისებური სისტემა ჰქონდათ - მწვანე სამკუთხედს კრიმინალური ელემენტები ატარებდნენ, წითელს - პოლიტპატიმრები, ერთმანეთის გადამფარავი ყვითელი სამკუთხედები, რომელთა კომბინაციაც დავითის ვარსკვლავს ქმნიდა, პატიმრის ებრაულ წარმოშობაზე მიუთითებდა. ვარდისფერ სამკუთხედს კი ჰომოსექსუალები ატარებდნენ. ბანაკების პატიმართა იერარქიაში ისინი ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგნენ.
ისტორიკოსებს ამაზე საუბარი არ უყვართ, ჩვენი ვარდისფერი სამკუთხედი კი, ამოტრიალებული, ძახილის ნიშნით, არავის აძლევს ისტორიის დავიწყების ნებას, რათა ეს ისტორია აღარასოდეს განმეორდეს.
![]() |
8 ვინ არიან ეს დამკვირვებლები? |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: მარკ მალენი
ინგლისურიდან თარგმნა რუსიკო ამირეჯიბმა
REUTERS
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები რომ ესწრებიან ხოლმე, ყველას მოეხსენება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას როგორ და რატომ აკვირდებიან ისინი. შეძლებისდაგვარად შევეცდები წარმოდგენა შეგიქმნათ მათ საქმიანობაზე.
ცივი ომის დასრულებამ დასავლეთის მდიდარ დემოკრატიულ ქვეყნებს, პირველ რიგში, აშშ-ს, საშუალება მისცა შედარებით ღარიბი ავტოკრატიული ქვეყნებისთვის დემოკრატიის მნიშვნელობა დაენახვებინათ. მდიდარ დემოკრატიათა რიცხვს ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და კორეაც განეკუთვნება, მაგრამ დომინანტი სახელმწიფოები მაინც აშშ, კანადა და ევროკავშირის ქვეყნებია. ქვემოთ მათ ევროატლანტიკურ ჯგუფად მოვიხსენიებ.
ხალხის ნების გამომხატველი არჩევნების ჩატარება დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ამავე დროს ძალზე რთული მხარეა. გასაგებ მიზეზთა გამო, სხვადასხვა მთავრობები თავიანთ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს ყოველთვის სამართლიანად აცხადებენ. ევროატლანტიკური ჯგუფის წინაშე დადგა ისეთი მეთოდის შემუშავების ამოცანა, რომელიც არჩევნების სამართლიანობის ხარისხს დაადგენდა. ამის საუკეთესო მეთოდად არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიების წარგზავნა მიიჩნიეს.
საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და ამჟამად მათი რამდენიმე ტიპი არსებობს: 1) შერეული დელეგაციები, რომლებშიც სხვადასხვა ორგანიზაციების ან ქვეყნების დამკვირვებლები შედიან; 2) ცალკეული ქვეყნების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან პარტიული დელეგაციები; 3) საელჩოების და სხვა ორგანიზაციების ცალკეული წარმომადგენლები; 4) ამა თუ იმ მთავრობის მიერ დაქირავებული ჯგუფები.
ამათგან ზოგი საჯაროდ აკეთებს განცხადებას დაკვირვების შედეგებზე, ზოგი - არა. მაგალითად, საელჩოების წარმომადგენლები თავს იკავებენ პირდაპირი კომენტარისაგან და ინფორმაციას არჩევნების შესახებ თავიანთ მთავრობებს წარუდგენენ ხოლმე. მათი მთავრობები ამ ინფორმაციის მიხედვით იქცევიან. მაგალითად, აშშ-ს საელჩოს დამკვირვებელთა ანგარიშის ხასიათმა განაპირობა ის, რომ პრეზიდენტმა ბუშმა არჩევნებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოულოცა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება.
ორი ჯგუფი შეიძლება გამოიყოს იმ დამკვირვებელთა შორის, ვინც საჯაროდ აკეთებს განცხადებას არჩევნების შესახებ: ტექნიკური და პოლიტიკური დამკვირვებლები. ტექნიკური ჯგუფი პროფესიონალი დამკვირვებლებისაგან შედგება. პოლიტიკური ჯგუფის წევრები, როგორც წესი, მოქმედი ან ყოფილი პარლამენტარები არიან. მათ კარგად ესმით არჩევნების პოლიტიკა, მაგრამ ხშირად არასრული წარმოდგენა აქვთ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკაზე, ვინაიდან მხოლოდ მცირე ხნით იმყოფებიან იქ. ამის მიუხედავად, მათ განცხადებებს ფორმალური თუ არაფორმალური გავლენა აქვთ არჩევნების საბოლოო შეფასებაზე თავიანთი ქვეყნების მხრიდან და ისინი ხშირად იყენებენ ამ გავლენას, ზოგჯერ აგრესიულადაც კი. ტექნიკურ დამკვირვებლებს კი არა აქვთ ამგვარი გავლენა, მხოლოდ ანგარიშის წარდგენა ევალებათ და მის დახვეწაზე არიან კონცენტრირებულნი.
ალბათ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო ჯგუფი ვენაში განთავსებული ეუთოს დამოუკიდებელი ნაწილია - ODIHR-ი (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი), რომლის შტაბ-ბინაც ვარშავაში მდებარეობს. ეუთომ ODIHR-ი სპეციალურად განათავსა სხვა ქალაქში, რათა მისი იზოლირება მოეხდინა ეუთო-ს პოლიტიკისა და ეუთო-ს წევრებისაგან. თუმცა, ODIHR-ის მისია ტექნიკური დამკვირვებლებისაგან შედგება, მას სათავეში პოლიტიკური ფიგურა უდგას. ეს ჯგუფი არჩევნებს გარკვეული კრიტერიუმებითა და მეთოდით აფასებს. ვინაიდან ეს ჯგუფი ყველა სხვა სადამკვირვებლო დელეგაციაზე უფრო მრავალრიცხოვანია ხოლმე, ჰყავს ყველაზე მეტი ტექნიკური ექსპერტი და, ამდენად, ფლობს სხვაზე მეტ კონკრეტულ ინფორმაციას, თანაც სხვებზე მეტ დროს ატარებს მოცემულ ქვეყანაში, ის მთავარ დამკვირვებლად ითვლება.
ODIHR-ს გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჰყავს რეგიონში. ისინი წინასაარჩევნო სიტუაციას აკვირდებიან და ანგარიშებსაც წერენ. ეს ანგარიშები საკმაოდ კრიტიკულია ხოლმე მაშინ, როცა ჯგუფი ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის პრობლემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მიუხედავად ამისა, ჯგუფი მაინც არ ამბობს უარს დაკვირვებაზე, ვინაიდან მათ მისიაზე უკვე საკმაო თანხაა დახარჯული.
უშუალოდ არჩევნების წინ 3-4 დღით ადრე ODIHR-ს ჩამოჰყავს დამკვირვებელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც დადიან საარჩევნო უბნებში და ყოველ მათგანში 20-30 წუთს რჩებიან ან, საუკეთესო შემთხვევაში, ესწრებინ ხმების დათვლას. მათ პროცესში ჩარევის უფლება არა აქვთ და, როგორც წესი, სასამართლოში არ ასაჩივრებენ დარღვევებს. ვინაიდან მათი ვიზიტი მოკლეა და კონკრეტულ სპეციფიკაში გათვითცნობიერებას ვერ ასწრებენ, მათი გაცურება საკმაოდ იოლია. თუკი მათ მაინც შეამჩნიეს რაიმე სერიოზული დარღვევა, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ გაყალბებას მასიური ხასიათი ჰქონდა.
ODIHR-ისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებზე დასწრება და იმის თქმა, რომ ბევრი დამკვირვებელი ჰყავდა, მაგრამ არჩევნების შესახებ ანგარიშზე მას პრაქტიკული გავლენა არა აქვს.
სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ანგარიშს წერენ, არიან ამა თუ იმ ქვეყნის დელეგაციის ან საპარლამენტო ასამბლეების (მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ან ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის) წარმომადგენელი პოლიტიკური დამკვირვებლები. მათ არჩევნებზე დაკვირვების რაიმე კონკრეტული მეთოდი არ გააჩნიათ და რაც უნდათ, იმას იტყვიან.
ევროატლანტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ძალიან უხარიათ, რომ არჩევნებზე დაკვირვების შანსი მიეცათ: მათი მისია მოკლევადიანია (ხშირად ერთ კვირაზე მოკლე), ათვალიერებენ ქვეყანას, ისმენენ ეგზოტიკურ საინტერესო ამბებს და თანაც ამაში ფულს იღებენ, ანუ დიდი ძალისხმევის გარეშე აკეთებენ რაღაც მნიშვნელოვანს მსოფლიოსთვის. ამავე დროს, ინფორმაციას იღებენ მოცემულ ქვეყანაზე.
ODIHR-ი ღონეს არ იშურებს, რათა ყველას აზრი გადმოიცეს კოორდინირებულ ანგარიშში, მაგრამ ეს ყოველთვის იოლი როდია. საკუთარ ქვეყნებში ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს ნაკლებად აღელვებთ ODIHR-ის მოთხოვნები. ხშირად ODIHR-ი მათგან მკაცრ შეფასებას ელის, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. ODIHR-ი ხვდება, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური დამკვირვებელი უკმაყოფილო დარჩა ანგარიშის მკაცრი ტონით, წავა და სატელევიზიო კამერის წინაშე გააკეთებს არჩევნების დადებით შეფასებას. ხოლო როცა მთავრობა ყველა ტელევიზიას აკონტროლებს, ეს „საერთაშორისო“ შეფასება არაერთხელ გადაიცემა სხვადასხვა არხზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით და მოლაპარაკებების შედეგად, ვიღებთ ხოლმე ნაკლებად მკაცრ ანგარიშს ან ვიღებთ რამდენიმე ანგარიშს, რომელთაგანაც ზოგი მკაცრია და ზოგი - არა. ნაკლებად მკაცრი ანგარიშები იმითაა განპირობებული, რომ მათ ბევრი, სხვადასხვა მოტივაციის და სხვადასხვა გამოცდილების ხალხი აწერს ხელს.
ზემოთ აღვნიშნე, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც იყვნენ. ისინი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, პოლიტიკოსები ან რიგითი თანამშრომლები არიან ხოლმე და ხშირად პირადი ურთიერთობები აკავშირებთ კანდიდატებთან. ამ დელეგაციებში შედიან როგორც პოლიტიკური, ისე ტექნიკური დამკვირვებლები. შეიძლება ითქვას, რომ მათ მეტად უადვილდებათ კოორდინირებული შეფასების გაკეთება ჯგუფის სიმცირის გამო, თუმცა, ზოგჯერ იძულებულნი არიან უარი თქვან კრიტიკულ შეფასებებზე, რომელთაც, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობის საკითხი, თუკი ამ ორგანიზაციას მოცემულ ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა. ამ შემთხვევაში, შეიძლება, მათი დაფინანსებაც შეიზღუდოს. ამიტომ ისინი ზოგჯერ რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერებად გამოიყურებიან ხოლმე. როგორც წესი, არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ადგილობრივ დამკვირვებლებთან.
ამათ გარდა, არსებობს ეგრეთ წოდებული მეგობრულად განწყობილი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მაგალითად, როცა დსთ-ს ჯგუფი სომხეთში აკვირდება არჩევნებს, მისი მიზანი არ არის არჩევნების რეალურად შეფასება. ასევე, ბალტიისპირეთის ზოგიერთი ქვეყანა საქართველოში სპეციალურ დელეგაციას გზავნის არა შეფასებების და კომენტარის გასაკეთებლად, არამედ ქვეყნის მხარდასაჭერად.
დაბოლოს, არსებობენ დაქირავებული დამკვირვებლები, მაგალითად ისეთები, რომლებიც ასლან აბაშიძემ 2001 წელს მიიწვია აჭარაში ევროსაბჭოს ერთი პატარა ბიუროკრატიული და საქმეში ჩაუხედავი ჯგუფიდან სახელწოდებით ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესი. ისინი ასლანის ხარჯით ტრაპიზონის (და არა თბილისის) გავლით ჩავიდნენ ბათუმში და არჩევნების დღეს საბავშვო კონცერტს დაესწრნენ. მეორე დღეს მათ ცოტნე ბაკურიას (იყო ასე თი, თუ გახსოვთ) ხელმძღვანელობით პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ საუკეთესო დრო გაატარეს აჭარაში და დარღვევები არ შეუმჩნევიათ. წარმოიდგინეთ, მათი ნათქვამის ქართული თარგმანის გადმოცემა აჭარის ტელევიზიით! ასეთი რამ იშვიათი მოვლენა არ გახლავთ. ერთი შეხედვით, მათ ნათქვამსა და უფრო სერიოზულ დამკვირვებელთა ნათქვამს შორის განსხვავებაც არაა. ამიტომაც, არ უნდა აკონტროლებდეს მედიას ხელისუფლება.
დამკვირვებლებზე ხშირად ხორციელდება ზეწოლა, რათა ანგარიში ხმების საბოლოო დათვლამდე გამოქვეყნდეს. ამას ხალხიც ელოდება და თვით დამკვირვებლებსაც სურთ მოითავონ საქმე და თავიანთ ქვეყნებში დროულად დაბრუნდნენ. ამის გამო დამკვირვებლები არჩევნების ღამესვე წერენ ხოლმე ანგარიშს დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებებისა და გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით. უფრო სერიოზული ანგარიშის წარდგენა მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ დამშეული მედია იოლად ახერხებს ნაკლები პასუხისმგებლობის მქონე ისეთი დამკვირვებლის პოვნას, რომელიც ოფიციალურ ანგარიშამდე გააკეთებს კომენტარს.
ODIHR-ის წესების მიხედვით, აკრძალულია პრესასთან საუბარი. მისი ანგარიში ყოველთვის სერიოზული განსჯის მერე იწერება, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ ინგლისურ ენაზე. თუ ქართულად თარგმნა ხდება ხოლმე, როგორც წესი, უხარისხოდ. ქვეყნის მთავრობას ხელი მიუწვდება ტელევიზიებზე და ისე ამოჭრის და დაამონტაჟებს ანგარიშს, რომ იოლად ქმნის სასურველ სურათს. მაგალითად, თუ ანგარიშში წერია, რომ, „ერთი მხრივ, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა და, ამდენად, შეიძლება წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს; მეორე მხრივ კი, ადგილი ჰქონდა მასობრივ დარღვევებსა და გაყალბებას“, მთავრობა სასწრაფოდ და ხმამაღლა გამოაცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩატარებულ არჩევნებს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ტექნიკურად ეს სიცრუე არ არის, თუმცა, დამკვირვებლებმა კარგიც თქვეს და ცუდიც, მთავრობა კი მხოლოდ კარგს აღნიშნავს.
ერთი რამ, რის გაგონებაც ხალხს სურს და რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები არასოდეს ახმოვანებენ, გახლავთ იმის შეფასება, მოახდინა თუ არა დარღვევებმა გავლენა საბოლოო შედეგზე. ამის თქმისგან თავის შეკავება აღიზიანებთ ქართველებს, მაგრამ მიზეზი გასაგებია. ნებისმიერ არჩევნებს ახლავს ნაკლოვანებები, მაგრამ იმის დაბეჯითებით თქმა, რომ მათ გავლენა მოახდინეს შედეგებზე, უფრო მეტ ინფორმაციას მოითხოვს, ვიდრე ვინმეს მოეპოვება. თანაც, ეს ძალიან საპასუხისმგებლო განცხადება იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამის განმცხადებლის ურთიერთობა მთავრობასთან იქვე დასრულდებოდა. ამას თითქოს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ აქვს. ბოლოს კი, იმას დავამატებდი, რომ ასეთი დასკვნის გაკეთება თვით ქვეყნის მოსახლეობის პრეროგატივა უნდა იყოს. საერთაშორისო დამკვირვებლები ღრმად არ უნდა ერეოდნენ არჩევნებში. მხარდაჭერასა და ჩარევას შორის, ანუ მიუკერძოებელ და მიკერძოებულ შემფასებლობას შორის განსხვავებას სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად ხედავენ და ამიტომ, საერთაშორისო დამკვირვებლები ფრთხილობენ, რაიმე არ შეეშალოთ.
ჩემი აზრით, ადგილობრივ დამკვირვებელთა აზრი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლოა არჩევნების შეფასებისას, განსხვავებით საერთაშორისო დამკვირვებლებისაგან, რომლებიც მხოლოდ ხმის მიცემას აკვირდებიან (რამაც შეიძლება არც გამოამჟღავნოს საკმაო ინფორმაცია). ადგილობრივი დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში არიან უბანში და უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ იქ განვითარებულ მოვლენებზე.
როდესაც ტარდება PVT (ხმების პარალელური დათვლა), ადგილობრივ, პარტიულ თუ უპარტიო დამკვირვებლებს მეტი საშუალება ეძლევათ დაასკვნან, მოახდინა თუ არა დარღვევებმა გავლენა შედეგზე. PVT-ის შედეგები შეიძლება შეუდარდეს ეგზიტპოლის შედეგებს, თუ ასეთი ჩატარდა. რამდენად სანდოა ეგზიტპოლის შედეგები? აქ პრობლემატურია ის, რომ ხალხი ზოგჯერ არ აღიარებს, რომ ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა, ვინაიდან მთავრობის შიში აქვს და დარწმუნებულია, რომ ეგზიტპოლებს მთავრობა ატარებს. ამ მხრივ PVT არ ქმნის პრობლემას, თუმცა, პრობლემად შეიძლება იქცეს არასწორად შერჩეული სტატისტიკური ნიმუში ან შედგების გამოცხადების არასწორი დრო. როგორც წესი, ხელისუფლება ყველაზე მეტ გაყალბებას დღის ბოლოს ახორციელებს, ხოლო სტატისტიკურად ეფექტური ნიმუშის შერჩევა კი საკმაოდ რთულია. მოკლედ, სწორად შერჩეული დრო და სტატისტიკური ნიმუში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, როცა საერთაშორისო დამკვირვებლები აუცილებლად ნეიტრალურები უნდა იყვნენ, ადგილობრივები შეიძლება რომელიმე კანდიდატს უჭერდნენ მხარს, თუმცა, არ უნდა მოიტყუონ და თვალი არ უნდა დახუჭონ უსამართლობაზე. შევარდნაძის დროს სპეციალურად არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მხარდასაჭერად ხშირად იქმნებოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რათა ხელისუფლებას მეტი დამკვირვებელი ჰყოლოდა უბნებში.
დაბოლოს, მინდა გთხოვოთ ყურადღება მიაქციოთ იმ ანგარიშებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება, ვინაიდან ისინი შეიცავს ბევრ დაწვრილებით ინფორმაციას. ამ წვრილმანებს დიდ ყურადღებას აქცევენ უშუალოდ არჩევნების მომდევნო დღეებში, მერე კი ივიწყებენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათში ყურადღებაგამახვილებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე არავინ ზრუნავს, შემდგომი არჩევნების მოახლოვებამდე, როცა მათ გამოსასწორებლად დრო აღარ რჩება. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი პარლამენტი პირველი იქნება საქართველოს ისტორიაში, რომელიც საარჩევნო კანონის ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე დროულად და გადაუდებლად იზრუნებს.
![]() |
9 ზემო აფხაზეთი - ომისა და მშვიდობის ზღვარზე |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: კობა ლიკლიკაძე, „რადიო თავისუფლება“,
სპეციალურად „ცხელი შოკოლადისათვის“
ზემო აფხაზეთი, 12-15 მაისი
ფრონტისპირა ზემო აფხაზეთში, 700 კომლით დასახლებულ კოდორის ხეობაში 8-9 მაისს ტყვარჩელისა და სოხუმის მხრიდან სერიოზულ თავდასხმას ელოდნენ. ამ განგაშის ექო ხეობაში უფრო მალე მიწყნარდა, ვიდრე ქართულ თუ უცხოურ მედიაში, რომლის წარმომადგენლებიც, „ცხელი ამბების“ მოლოდინში, მაისის დასაწყისში ზემო აფხაზეთს უტრიალებდნენ. თუმცა, კოდორის ხეობაში წინასწარდაგეგმილი სცენარით ორსაათიანი სტუმრობა, ოდნავ წარმოდგენასაც ვერ უქმნის ადამიანს ამ ომისა და მშვიდობის ზღვარზე მყოფი ხეობისა და მისი მცხოვრებლების ყოფაზე.
თავდასხმისა და მოსალოდნელი აგრესიის საშიშროება ზემო აფხაზეთის სოფლების მოსახლეობისათვის ერთგვარი ბუნებრივი ინსტინქტია. და ეს ინსტინქტი თავს ყოველ გაზაფხულზე, თოვლის დნობისთანავე იჩენს, როდესაც სეპარატისტული აფხაზეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტყვარჩელისა და სოხუმის მხრიდან სამხედრო პროვოკაციების ალბათობა იზრდება. ბოლო 14 წლის მანძილზე კოდორის ხეობამ 6-ჯერ მაინც მოიგერია სხვადასხვა მასშტაბის შეტევა. მაგრამ ყოველგვარი ინსტინქტი, ადრე თუ გვიან, იუმორში გადადის. სოფელ აჟარის სკოლის რუსული ენის მასწავლებელი, მოლდაველი ქალი ანა გურჩიანი-ტანევა ხუმრობით ამბობს, რომ მას მოსალოდნელი საომარი საფრთხის განსაზღვრის საკუთარი მეთოდი აქვს და თანასოფლელებიც ენდობიან:
„დედა, მეუბნება ჩემი უფროსი ბიჭი, რომელიც უკვე ორჯერ იყო გამოძახებული რეზერვში, - ნუ გეშინია, თუ სიტუაცია დაიძაბება, მე მაშინვე გამომიძახებენო. დიდი მადლობა, როგორ დამაწყნარემეთქი - ვპასუხობ. ასე რომ, რაკი არ გამოიძახეს, ესე იგი ყველაფერი რიგზეა, იმედი მაქვს.“
ამ იმედს ზემო აფხაზეთში მცხოვრებ 3000-მდე მოსახლეს რამდენიმე გარემოება უღვივებს: 2006 წლის ივლისიდან ხეობაში ფუნქციონირებს დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობა, ყველა სოფლის შესასვლელში პოლიციელთა გაძლიერებული პოსტებია განლაგებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს პოლიციის მოძრავი პატრული დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაადგილდება ფრონტისპირა ზემო აფხაზეთში, რომელსაც აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმს ერთი საათის სამანქანო გზა აშორებს. კავკასიონის უღელტეხილზე გადმოსასვლელებს კი სასაზღვრო პოლიციის 120 კაციანი რაზმი იცავს. ზემო აფხაზეთში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ძალებს კოორდინაციას პოლიციის პოლკოვნიკი სოსო ქარჩაიძე უწევს. მის განკარგულებაში 500-მდე პოლიციელია. ქარჩაიძის თქმით, ხეობა საიმედოდ არის დაცული და თუკი იქ ადრე ხშირი იყო შეიარაღებული საქმის გარჩევა, მკვლელობები და ვენდეტა, ბოლო ხანს არც ერთი მძიმე დანაშაული არ მომხდარა.
„ადრინდელთან შედარებით, წელიწადში 10-15 კაცი კვდებოდა. ორი წელია საერთოდ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. მოსახლეობის 90 პროცენტი დასაქმებულია.“
კოდორის ხეობა, 2008
REUTERS
იქით რუსეთია
ზემო აფხაზეთში რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი ცენტრალური და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის რამდენიმე პროექტმა შექმნა. გარემონტდა და აღიჭურვა აჟარის საავადმყოფო, სადაც ხეობის მცხოვრებლებს უფასოდ ემსახურებიან. გაიხსნა სახალხო ბანკის ფილიალი და აფთიაქი. ხოლო სოფლებში - საკენში, ომარიშარასა და მრამბაში ჰიდროელექტროსადგურები ამოქმედდა, ახლა ხეობის მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად და უფასოდ მიეწოდება. გარემონტდა სკოლები, სადაც პედაგოგები დროულად იღებენ ხელფასს და შემწეობას პურის ფქვილისა და სხვა პროდუქტების სახით. სოფელ აჟარის სკოლის პედაგოგი ეთერ ვიბლიანი ამბობს, რომ მოწაფეთა რაოდენობაც გაიზარდა:
„როგორ არა, ძალიან ბევრი ოჯახი დაბრუნდა, ძალიან ბევრი ოჯახი. ამიტომაა, შობადობა იზრდება და დაწყებით კლასებში უკვე არა უშავს - 16, 15, 14 ბავშვი სწავლობს. მოსახლეობაც კარგად დასაქმდა. მხოლოდ რამდენიმე ოჯახია, სადაც არ არიან დასაქმებული“, - მეუბნება ეთერ ვიბლიანი.
ზემო აფხაზეთში კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი ახალი 50-კილომეტრიანი სამანქანო გზის მშენებლობამ დაასაქმა, ეს გზა ზუგდიდის რაიონს ზემო აფხაზეთთან სამ საათში აკავშირებს. 12 მაისს, მეც, სწორედ ამ გზით მოვხვდი კოდორის ხეობაში. წინანდელი სახმელეთო გზისგან განსხვავებით, ახალი სატრანსპორტო კორიდორი უფრო კომფორტულია და დროს ერთიორად ამცირებს. ახლა ორხიდიანი მანქანით ზუგდიდიდან აჟარაში მოხვედრა სამ საათში შეიძლება. თუმცა, ახალ გზას აქვს ერთი ნაკლი, რის გამოც მის მშენებლობაზე ხელისუფლება თავს იკავებდა. ხაიშიდან საკენისკენ მიმავალი შემოვლითი გზა რამდენიმე მონაკვეთზე იმდენად ახლოსაა ტყვარჩელის რაიონთან, რომ იქიდან დივერსიული ჩასაფრებისა და თავდასხმის მოწყობა ძალიან ადვილია. სწორედ ამიტომაც, ყველაზე სახიფათო უბნებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების მოძრავი პატრული მოქმედებს.
„შარშან ოქტომბერში ჩვენმა რაზმმა კონტრდივერსიული ოპერაცია ჩაატარა, რათა აღეკვეთა მოსალოდნელი დივერსიული შეტევა ტყვარჩელთან დაბანაკებული რაზმის მხრიდან. მაშინ ორი რუსი ოფიცერი დაიღუპა, 12 აფხაზი კი ტყვედ აიყვანეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მტერს ამ გზის მიმართ ინტერესი აღარ აქვს და თავი დავიმშვიდოთ“, - მითხრა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, მალხაზ აკიშბაიამ.
ახალმა შემოვლითმა გზამ გააადვილა ვაჭრობა დანარჩენ საქართველოსთან და ფრონტისპირა ხეობაში მცირე მეწარმეობას შეუწყო ხელი. სწორედ მცირე მეწარმეობას მისდევს სოფელ აჟარის მკვიდრი დალი კვანჭიანი, რომელიც, ნათესავებთან ერთად, მეორე წელია პატარა ფიცრულ რესტორანს ამუშავებს.
დალი კვანჭიანმა წელს პატარა ფიცრულს კიდევ ერთი დაუმატა. წყალტუბოდან ხინკლის მომხვევი ამოიყვანა და ზაფხულის სეზონზე თბილისიდან და სხვა ქალაქიდან ამოსულ დამსვენებლებს, სვანური კუბდარის გარდა, ხინკლითაც გაუმასპინძლდება. დამწყები ბიზნესმენი ქალი მომავალ წელს საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზეც ფიქრობს და ხეობაში პირველი სასტუმროს აშენებაზეც. დარწმუნებულია, რომ მისი ბიზნეს-გეგმა რომელიმე პატრიოტ ბიზნესმენს აუცილებლად დააინტერესებს.
„60-კაციანი სასტუმრო გაკეთდება. სპორტსმენები მოდიან, დამსვენებელები მოდიან და სასტუმრო კი არ არის. აი, ახლაც როგორ უჭირთ - ყველა დარბის, რომ ოჯახებში დააბინავონ სტუმრები. წამგებიანი ნამდვილად არ იქნება და როცა ჩვენ და აფხაზები შევრიგდებით, საქმე უკეთესად წავა. აქ ისეთი წყლებია, ისეთი კურორტებია, რომ სულ უფრო მეტი და მეტი დამსვენებელი გვეყოლება.“
სოფელ აჟარში დიდი სამონასტრო კომპლექსი უნდა აშენდეს. ხეობის მკვიდრი სასულიერო პირი, მღვდელი გიორგი გურჩიანი, ვინც თავად ნახა ომის საშინელება, დარწმუნებულია, რომ სამონასტრო კომპლექსი რწმენისა და სიყვარულის განმტკიცებას შეუწყობს ხელს და ხეობის მცხოვრებლებსაც დაეხმარება.
სოფელ აჟარის იმ ადგილიდან, სადაც წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობა იგეგმება, დაახლოებით 15 კილომეტრში სოფელი ქვაბჩარა და სოფელი ლათა მდებარეობს. სწორედ იქ გადის ფრონტის ხაზი აფხაზებსა და ქართველებს შორის და იქ არა ღვთის, არამედ ომის უმკაცრესი კანონებით ცხოვრობენ.
![]() |
10 „სამკუთხედი“, მელოდრამის გარეშე |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: გიორგი გვახარია
ფარისევლობა მეტ-ნაკლებად ყველგან და ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების ატრიბუტი და პოპულისტური რიტორიკა პოლიტიკოსისგან არავის უნდა უკვირდეს. მაგრამ საქართველოში პოლიტიკური ფარისევლობის „აღმასვლა“ ჩვენი თეატრალური ხელოვნების „დაღმასვლის“ პროპორციულად ხდება. არ ვიცი, რა მდგომარეობაშია ირანული თეატრი, მაგრამ რატომღაც მგონია, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც აკადემიური თეატრი, რომლის სცენაზე ოდესღაც „ცხვრის წყარო“ დადგეს, უარს ეუბნება რეჟისორს წარმოდგენის პრემიერაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ საპატრიარქოს არ მოსწონს (თუმცა არ უნახავს) ეს წარმოდგენა... და საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეჟისორი, თავის თავს მარსელ მარსოს მოწაფედ რომ მიიჩნევს, ეპატიჟება საპატრიარქოს წარმომადგენლებს სპექტაკლის „დახურულ ჩვენებაზე“, ჩაიბარეთ, ბატონო, ჩემი „წმინდა გიორგი“ და მერე თქვით თქვენი სათქმელიო.
ჰო, მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი თეატრი. დიდი ტრადიციების თეატრი. მაგრამ ტრადიცია - და ამაში, ალბათ, ჩვენი ეკლესიის ის მრევლიც დამეთანხმება, რომელსაც წმინდა გიორგის „რეიტუზებში“ გამოწყობა უხერხულად მიაჩნია - კულტურის ატრიბუტია და მის ჩაკვლა-განადგურებაზე ხელოვნების ერთი კონკრეტული დარგის კრიზისი ვერ იმოქმედებს. თეატრი შეიძლება გაქრეს კიდეც, როგორც ხელოვნების დარგი, შეიძლება აიკრძალოს, როგორც „წარმართული გადმონაშთი“, ან, როგორც „არაქართული მოვლენა“ (რა ვიცი, ოდესმე შეიძლება ასეთი აზრიც გაჩნდეს), შეიძლება, უბრალოდ, დაიხუროს თეატრები და ამ შენობებში ეკლესიები, ანდა, რესტორნები, სასტუმროები, საპრესკონფერენციო დარბაზები გაიხსნას, მაგრამ არტისტიზმის ვნება, თამაშის სურვილი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს კულტურაში - ეკლესიაში, ოჯახში, სუფრაზე, ქორწილში, „ტირილში“.
პოლიტიკაში.
პრინციპში, თავად თეატრალებს რომ ვკითხოთ, ქართულ თეატრს შეიძლება უჭირს, მაგრამ საგანგაშო არაფერია. კრიზისის ხსენება აღიზიანებთ. სპექტაკლებზე სრული ანშლაგიაო, მსახიობების ფან-კლუბები იხსნებაო, ხალხი რამდენჯერმე მოდის წარმოდგენის სანახავადო. რამდენიმე ასეთ პოპულარულ სპექტაკლს დავსწრებივარ და თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავეს ვასკვნიდი - თეატრი დღეს ტელევიზიას დაუახლოვდა, უფრო სწორად, ქართული ტელევიზიის „მხიარულ“ გადაცემებს, რომელსაც კვირაში ერთხელ (ზოგჯერ ორჯერაც) ამზადებენ. ერთ-ორს იხუმრებენ, შეიკუნტრუშებენ და პუბლიკაც კმაყოფილი დარჩება. თეატრშიც ასე ხდება - პრემიერები უკვე კვირაში ერთხელ (ზოგჯერ ორჯერაც) ეწყობა. აქაც კუნტრუშ-კუნტრუშია მოდაში... ამასობაში პოლიტიკოსებისთვის ერთი მნიშვნელოვანი ნიშა თავისუფლდება - თეატრი, რომელსაც „კათარზისზე“ აქვს პრეტენზია.
აი, საპარლამენტო არჩევნების წინ, „პრაიმტაიმშიც“ დაიდგა თეატრალური წარმოდგენები. როგორც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, „პრაიმტაიმის“ ჯგუფის წარმომადგენელმა, თამარ გორთამაშვილმა გვითხრა, გადაცემის ავტორებმა პარტიებსა და ბლოკებს შესთავაზეს თავად მოეფიქრებინათ წინასაარჩევნო შოუ-წარმოდგენები. ასე გადაიქცა „პრაიმტაიმი“ პოლიტიკური პერფორმანსების სერიად, რომელიც „დოუნანათი“ დაიწყო, ნაციონალების მართლმადიდებელ-საოჯახო კლიპებით გაგრძელდა და დაგვირგვინდა გია მაისაშვილის ზევით აწეული ხელებით (შესაბამისი შეძახილით „საქართველო გაფრინდება!“). თუმცა, კათარზისის შექმნის პრეტენზია მაინც ყველაზე მეტად გოჩა ფიფიას შოუში იგრძნობოდა - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული პოლიტიკის“ წარმოდგენა „ჩემო კარგო ქვეყანას“ კითხვით დასრულდა. სიმღერის ფონზე, რა თქმა უნდა.
ეს აღარ იყო კუნტრუში. შოუს ავტორებს, ეტყობა, სურდათ, თეატრალურ-მუსიკალურ პათეტიკის დასრულების შემდეგ ჟრუანტელდავლილ მაყურებელს მტკიცე გადაწყვეტილება მიეღო - ხმას მისცემს იმას, ვინც „ქართულ პოლიტიკას“ ქადაგებს.
ბევრს ეტირება სიყალბეზე. მელოდრამატულ სამკუთხედზე არაერთი ცხვირსახოცი დასველებულა. დიდი ხნის წინ, ერთ სანდომიან ქალბატონს ვკითხე, რატომ მოგწონთ ასე ინდური ფილმები-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? ცხოვრებისეულია და იმიტომო... ანუ, „ჟიზნენნიაო“...
რუსთავი 2-ის ახალი შოუ „სამკუთხედი“, წესით და რიგით, სწორედ მელოდრამის კანონებზე უნდა ყოფილიყო აგებული - კეთილი, რბილი ნინო ჯაფიაშვილი და კაპასი, ანჩხლი ეკა კვესიტაძე. ანდა, ადვოკატი - ჯაფიაშვილი, პროკურორი კი - კვესიტაძე. სხვა შემთხვევაში ლოგიკურად დაიბადებოდა კითხვა, „რატომ ჰყავს გადაცემას ორი წამყვანი?“ წესით და რიგით, იმ 30 წუთის განმავლობაში, რომელიც გამოყოფილია გადაცემისათვის, წამყვანებს თანაბრად უნდა დაენაწილებინათ დრო. ისე, როგორც სასამართლოზე.
უნდა ვაღიარო, რომ არ მიყვარს ასეთი ჟურნალისტიკა და არ მომწონს ჟურნალისტი, არც ადვოკატის და, მით უმეტეს, არც პროკურორის როლში. არც „ჰარდთოკის“, ანუ, „მძიმე საუბრის“ სტილი მეხატება გულზე, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთი გადაცემები ძალაუფლებით ტკბობის საშუალებას აძლევს ჟურნალისტს, რომლის მთელი ტაქტიკა ამ შემთხვევაში გამოჭერაზე უფროა აგებული, ვიდრე სიმართლის დადგენაზე. არც ცალსახად კაპასი და არც ცალსახად კეთილშობილი წამყვანები მანიჭებენ სიამოვნებას. საერთოდ, არ მიყვარს სამკუთხედები და მელოდრამები.
მაგრამ ცხოვრებაში ხშირად იქმნება სიტუაცია, როცა ადამიანმა საკუთარი გემოვნება უნდა დათმოს და მოვლენის მნიშვნელობა გაიაზროს კონკრეტული დროის კონტექსტში.
ჯერ ერთი, ის სამკუთხედი, რომელზეც, იდეაში, უნდა აგებულიყო გადაცემა, არ შეიკრა. როგორც წესი, აქ ეკა კვესიტაძე უფრო აქტიურობს. ყოველ შემთხვევაში, პროპორციის დაცვა ძირითადად ვერ ხერხდება. პრინციპში, ცოტა წარმოუდგენელიცაა როგორ უნდა მოხერხებულიყო ბალანსის დაცვა, როცა საქმე გვაქვს თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსთან - მედიისა და „ჟიზნენნი“ ჟანრის მოყვარულთა მანიპულაციის დიდი გამოცდილება რომ აქვს. ამ პოლიტიკოსებმა თავიდანვე გაიაზრეს, რა მიზნით იწვევდნენ მათ კვესიტაძე-ჯაფიაშვილი, უხერხული კითხვებიც იწინასწარმეტყველეს და გადაცემის შეზღუდული ქრონომეტრაჟი თავის სასარგებლოდ გამოიყენეს. პოლიტიკოსები შეგნებულად აგრძელებდნენ საუბარს, რათა წამყვანს ვერ მოესწრო კიდევ უფრო მწვავე კითხვაზე გადასვლა. ეკა კვესიტაძის ყოველი ცდა, გადასულიყო სხვა კითხვაზე, რესპონდენტის ერთი რეპლიკით სრულდებოდა, „თუ მაცლით, კარგი იქნება“... ამ შემთხვევაში გადაცემაში მოწვეული სტუმარი ორმაგად მოგებული რჩებოდა - „უფრო მწვავე“ კითხვას თავს არიდებდა, წამყვანები კი (განსაკუთრებით ეკა კვესიტაძე, რომელიც ნინო ჯაფიაშვილზე უფრო სწრაფია) გამოჰყავდა „ქოფაკი ქალების“ როლში... ანუ, აქვე, ჩვენს თვალწინ ცდილობდა „სამკუთხედის“ წამყვანების დისკრედიტაციას.
სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანები ხშირად თავად აძლევდნენ რესპონდენტს მათივე მანიპულაციის საბაბს. კახა კუკავასთან საუბარში, მაგალითად, აფხაზეთისა და ეუთოს თემაზე „ჩახვევამ“ შეუძლებელი გახადა სხვა კითხვების დასმა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მეტი „ქართულ-ჟურნალისტური კლიშე“ იგრძნობოდა გივი თარგამაძესთან საუბარში. მაგალითად, კითხვა „საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომაა გია როინიშვილი თქვენი პარტიის მესამე ნომერი?“ - აშკარად ამოვარდნილია „სამკუთხედის“ შინაარსიდან. რას ნიშნავს აქ „საზოგადოებისთვის“? დედაჩემისთვის, მაგალითად, არაა გაუგებარი. არადა, თავს „საზოგადოების წევრად“ მიიჩნევს. თუკი „სამკუთხედის“ ქვეტექსტი... ასე ვთქვათ - ხალხისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკე პოლიტიკოსების „მხილებაა“, თავად წამყვანებმა საიდან იციან, რა არის საზოგადოებისთვის გაუგებარი? იგივე შეიძლება ითქვას ამავე გადაცემაში დასმულ კითხვაზე „ვინ უნდოდა ქალბატონ ნინოს სიაში?“. კეთილი, კითხვას კიდევ გადაიტანდა კაცი, რომ არა თავად კითხვის შეფასება - „ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
ბუნებივი არ არის, იკითხოს რესპონდენტმა, რატომაა ეს მნიშვნელოვანი?... და ამ შემთხვევაშიც მოუგოს წამყვანებს?
„თარგამაძე ძალიან ღირსეულად მოიქცა, რომ ერთხელაც არ მიუთითა ქალბატონ ნევროზას პროფესიულ სტანდარტებზე“ - წერს თბილისის ინტერნეტფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელი, ამ შემთხვევაში გიორგი თარგამაძეზე.
„სამკუთხედზე“ აქ ორი თემაა გახსნილი - პოლიტიკის და მედიის განყოფილებაში. ორივეში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბეჭდავენ ხელისუფლების მომხრეები და ხელისუფლების ოპონენტები. ორივე ჯგუფი, ასევე იშვიათი გამონაკლისის გარდა, განსაკუთრებით მაშინ გაჯავრდება ხოლმე „სამკუთხედის“ წამყვანებზე, როცა მათ ფავორიტ პოლიტიკოსს მწვავე კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა. კვესიტაძე-ჯაფიაშვილზე განრისხებულებს აგონდებათ პროფესიული სტანდარტები (საოცარია, რომ მაინცდამაინც „სამკუთხედზე“ აგონდებათ), წერენ „უზრდელობაზე“, „ისტერიულობაზე“. არგუმენტები როცა ელევათ, მთლად, წამყვანების ოჯახურ მდგომარეობაზე გადადიან. ცხადი ხდება, რომ ეს ნახევარსაათიანი სამკუთხედი, რომელშიც არც მელოდრამატული ვნებებია, არც აფრიკის ტომებზე „ღადავი“, არც „დოუნანა“ და არც „კულუარებში ამბობენ“, რეიტინგული გადაცემაა, რომელიც მაგრად უშლის ნერვებს სრულიად საქართველოს.
ღიზიანდებიან, მაგრამ მაინც უყურებენ. ილანძღებიან, მაგრამ მაინც აინტერესებთ.
რადგანაც, „სამკუთხედში“ მართლაც სვამენ კითხვებს. ყოველ შემთხვევაში იმ კითხვებს, რომელსაც კვლავაც ერიდება პოლიტიკოსების (როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის) მანიპულაციის ქვეშ მყოფი ქართული მედია.
„თქვენ გაუშვით ოქრუაშვილი... რატომ გგონიათ, რომ მირცხულავას არ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები?“ - ეკითხებიან გივი თარგამაძეს... პასუხი მაინცდამაინც არაა დამაჯერებელი, რაც დაუყონებლივ აისახება ხელისუფლების მომხრეთა შეაფასებაში („რა კითხვაა ახლა ეს?“). „როგორ შეიძლება რუსეთისგან მიიღოთ უსაფრთხოების გარანტიები, როცა საქართველოს ტერიტორია ანექსირებულია?“ - ეკითხებიან ამჯერად გიორგი თარგამაძეს. პასუხი ისევ ბუნდოვანია და ახლა უკვე გიორგი თარგამაძის მომხრეებს აგონდებათ „ჟურნალისტური სტანდარტები“.
თუმცა, როგორც არ უნდა გაამართლონ თაყვანისმცემლებმა პოლიტიკოსები - ხელისუფლება იქნება, ეს თუ ოპოზიცია, - მათი ლიდერების, კერპების, თუ, უბრალოდ, ნაცნობ-მეგობრების დაბნეულობა მაინც აღიბეჭდება მაყურებლის ცნობიერებაში. აგრესია წამყვანებზე ამოიფრქვევა. გაუაზრებელსა და არაცნობიერში კი რჩება სახე საყვარელი პოლიტიკოსისა, რომელმაც გული გაუტეხა თავის ამომრჩეველს - ვერ გაუმკლავდა „კაპასი დედაკაცების“ შემოტევას... და, რაც მთავარია, მისთვის ჩვეული თეატრალურ-პოლიტიკური მონოლოგის დროს ხმაში „ბზარი“ გაეპარა.
დღევანდელ საქართველოში, შეიძლება, მეტისმეტად ძლიერია აკვიატებული განწყობების როლი იმისათვის, რომ ერთმა ნახევარსაათიანმა გადაცემამ (თანაც, ჯერ კიდევ ძალიან დაუხვეწავმა და ხანდახან, უბრალოდ, მოუმზადებელმა) ამომრჩეველს დაანახოს როგორ გაიჟღინთა ფარისევლობით, თვალთმაქცობით, ორმაგი სტანდარტებით იაფფასიან თეატრალურ სანახაობად ქცეული ქართული პოლიტიკური ცხოვრება. მაგრამ დღესდღეობით სწორედ „სამკუთხედს“ აქვს შანსი კრიტიკული გახადოს მაყურებელი.
რა ხდებოდა აქამდე? ჟურნალისტები თავს აწონებდნენ პუბლიკასაც და პოლიტიკოსებსაც. პოპულარულები ხდებოდნენ და მერე, მშვენივრად იყენებდნენ თავიანთ პოპულარულობას.
რა ხდება აქ? ჟურნალისტები აბრაზებენ პუბლიკასაც და პოლიტიკოსებსაც. მაინცდამაინც არ ანაღვლებთ „კაპასისა“ და „ქოფაკის“, თუ „უხმაუროსა“ და „პასიურის“ იმიჯი, არც ის, რომ მწვავე კითხვების მიღმა ვიღაც ხელისუფლების დაკვეთას ხედავს (თუკი ასეთი გადაცემა ხელისუფლების დაკვეთაა, ე.ი. არც ისე ცუდად ყოფილა საქმე ქვეყანაში). ჟურნალისტებს დიდად არ ანაღვლებთ „ფორუმის“ იუზერთა მართლაც რომ ისტერიულ-კაპასი რეპლიკები; რატომღაც მგონია, რომ მათ საერთოდ არ ანაღვლებთ საკუთარი „იმიჯი“. რა დროს იმიჯია, როცა „სამკუთხედში“ ფარისევლობას გამოეცხადა ომი?!
თუკი ქართული პოლიტიკური ცხოვრება ხელოვნურობისგან და თეატრალურობისგან განთავისუფლდება (ამისათვის კი თითოეული ჩვენგანის დაკვეთაა საჭირო), ჩვენს მედიასაც ეშველება და ჩვენს ხელოვნებასაც. მათ შორის თეატრსაც.
ვერც პოლიტიკოსები და მღვდელმთავრები გაბედავენ ასე აშკარად მედიისა და თეატრის საქმეებში ჩარევას.
ამ მშვენიერ პერსპექტივას როგორ არ უნდა შეწიროს ჟურნალისტმა „ხალხის სიყვარული“? აბა, სად გაგონილა კათარზისი მსხვერპლშეწირვის გარეშე?
![]() |
11 ის, რაც ვისწავლე |
▲back to top |
კომენტარი
ტონი ბლერი პრემიერ-მინისტრობისას მიღებულ გაკვეთილებს აანალიზებს
ავტორი: ტონი ბლერი
ჟურნალი „ეკონომისტი“
2007 წლის ივნისი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ათი წლის წინ რომ გეთქვათ ჩემთვის, პრემიერობის დიდ ნაწილს საგარეო პოლიტიკას დაუთმობო, ჯერ უბრალოდ გამიკვირდებოდა, მერე მცირედ შოკსაც მივიღებდი და ბოლოს, პოლიტიკური გაგებით ცოტა შევფუცხუნდებოდი კიდეც.
დღესაც კი საკუთარი კანდიდატურების დასახელებისას, პოლიტიკოსები საშინაო საკითხებზე არიან კონცენტრირებულნი. საგარეო პოლიტიკა ელექტორატის ხმებს იშვიათად გაგებინებს და უფრო პირიქით - იოლად გაკარგვინებს მათ. თუმცა, ამის მიუხედავად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ, ლიდერები ვალდებულნი ვართ, ვიაზროვნოთ, ვიშრომოთ და ვიმოქმედოთ საერთაშორისო მასშტაბით.
უკვე ათი წელია, ვაკვირდები, როგორ თანდათან იზრდება ეს ტენდენცია (ათი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ტერორიზმთან ბრძოლა მოგიწევსო, გავიგებდი და მხნედაც შევხვდებოდი ამ ამბავს, მაგრამ დავასკვნიდი, რომ ირლანდიის რესპუბლიკის ტერორიზმზე იყო საუბარი). დღეს უკვე გამყოფი ხაზი „საგარეოსა“ და „საშინაო“ პოლიტიკებს შორის საგრძნობლად მოშლილია. იგივე, კლიმატური ცვლილებების პრობლემა ავიღოთ - განვითარებული ქვეყნების პოლიტიკის ერთ-ერთი მწვავე საკითხი. ამ პრობლემის კაცობრიობისთვის სასიკეთოდ გადაჭრა ხომ მხოლოდ გლობალური, ერთიანი ქმედებით შეიძლება. დღეს უკვე ასეა - პაკისტანში მომხდარი ბრიტანეთის ქუჩებშიც ახდენს გავლენას. რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საშინაო პოლიტიკით მასობრივი მიგრაციის დარეგულირებაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაც დღეს უკვე გლობალიზაციის ნიშნით ვითარდება.
ესეც რომ არა, იცვლება თვითონ მსოფლიო წესრიგიც. სულ უფრო იზრდება ჩინეთის ეკონომიკური ძალაუფლება და შესაბამისად, წინა პლანზე გადმოდის მისი პოლიტიკური სიძლიერეც. საფრთხილო ხდება ინდოეთი. წარსულს ნელ-ნელა ივიწყებს იაპონია. რუსეთის აგრესიაც დღითი დღე მატულობს.
ამგვარ ეპოქაში კი საგარეო პოლიტიკა სულაც აღარ არის ის, რითაც საშინაო რეფორმების მძიმე ტვირთის ტარების პარალელურად, მოცალეობის ჟამს შეიძლება დაკავდე. ის უფრო შენი ქვეყნის სახე ხდება, რითაც მსოფლიოს წინაშე უნდა წარსდგე; რითაც სხვები აღგიქვამენ და რითაც, ნაწილობრივ, შენივე ქვეყნის თვითაღქმა და შეფასებაც ხდება.
ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ თანამედროვე მსოფლიოს განმსაზღვრელი თვისება ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება გახდა. მაგრამ, სინამდვილეში, ვერავინ ახერხებს, ამ ურთიერთდამოკიდებულების ფუნდამენტური ქვეტექსტი სწორად გააანალიზოს. ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ თითოეულ ჩვენგანს, როგორც ერთ კონკრეტულ ქვეყანას, საკუთარი ზუსტად ჩამოყალიბებული ინტერესი გვაქვს ყველაფერში, რაც დედამიწის ზურგზე ხდება. და ვინაიდან, საერთაშორისო მედია მნიშვნელოვან მოვლენებს პლანეტაზე მყისიერად ავრცელებს, გამოდის, რომ ომები დედამიწაზე წარმოებს როგორც ტრადიციული ხერხებით - სამხედრო ჩარევებითა და დიპლომატიით, ასევე პროპაგანდის, იდეებისა და ფასეულობების მეშვეობით.
სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, დავასკვენი:
1. უნდა იყო მოთამაშე და არა მაყურებელი
ბოლო ათი წელია, ბრიტანეთი ამ როლს კარგად ირგებს. ჩვენი მაქსიმალური ჩარევის გარეშე კარგა ხანია, არც ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხი არ ჩავლილა. ჩვენ ვცადეთ, შეგვექმნა ყველაზე გაფართოებული საერთაშორისო სტრატეგია, რომელიც მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას გააერთიანებდა და საერთო ფასეულობებზე იქნებოდა დაფუძნებული. ამიტომაცაა, რომ თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანი, აფრიკის სიღარიბის დასაძლევად გამოჩენილი საერთაშორისო ინიციატივა, მსოფლიო სავაჭრო მოლაპარაკებების შედეგები და კლიმატურ ცვლილებებზე მიღწეული შეთანხმებაა. ეს ნაბიჯები და გადაწყვეტილებები სხვების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, იმის აღიარებასა და გააზრებაზე, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ინტერესთა თამაში, არამედ ყველა იმ ღირებულების ბრძოლის ასპარეზიც, რასაც წარმოვადგენთ და რისთვისაც ვიბრძვით.
ეს გახლავთ ერთ-ერთი საბაბიც იმისა, თუ რატომ უნდა ჩავერიოთ და გავაკეთოთ ყველაფერი - თუ საჭირო გახდა, სამხედრო ოპერაციითაც - დაუცველ ადამიანებზე თავსდატეხილი გენოციდის, ტანჯვისა და საშინელი უსამართლობის აღსაკვეთად. ბოლო ათი წლის განმავლობაში ბრიტანეთი მსგავს სიტუაციაში ჩაერია ოთხჯერ: კოსოვოს, სიერა ლეონეს, ავღანეთისა და ერაყის ამბების დროს. თითოეულ შემთხვევაში, შემაძრწუნებელი ძალმომრეობის მქონე მმართველობა დაემხო.
კვირის დასაწყისში სიერა ლეონეს ვსტუმრობდი. ამ ხალხს დღესაც ტანჯვით გააქვს თავი, მაგრამ ახლა უკეთესი მომავლის იმედი მაინც აქვთ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს, ლიბერიის ბედიც, რომელიც ახლა უკვე მეტ-ნაკლებად დემოკრატიული გახდა. ეს კი ასე არ იქნებოდა, სიერა ლეონე განგსტერების საკბილოდ რომ დარჩენილიყო. აფრიკის ამ რეგიონის მსგავსად, კოსოვოს შედეგად ბალკანეთიც საგრძნობლად შეიცვალა. იქაურ ქვეყნებს ახლა შეუძლიათ საკუთარი მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ.
აქედან გამომდინარე, მართლა მაინტერესებს ხოლმე, როცა დარფურის საკითხზე ვსაუბრობთ, ნუთუ გულწრფელად გვჯერა, რომ თუ იქაური სიტუაციის შესაცვლელად ხელსაც არ გავანძრევთ, ძალადობა სუდანის საზღვარზე შეჩერდება? 1990-იანი წლების დასაწყისში ვერაფრით მოვიკრიბეთ ძალა ბოსნიის კრიზისში ჩასარევად. ვიდრე 250 ათასი ადამიანი არ შეეწირა კონფლიქტს, ვერ გავაცნობიერეთ, რომ ჩარევის გარდა სხვა გამოსავალი არ გვქონდა.
ამბობენ, რომ სადამის და თალიბანის რეჟიმების დამხობით - ორივე მათგანი ავტორიტარული, მაგრამ ასევე საკუთარ თავში წესრიგის შემცველი მმართველობა იყო - ავღანელებისა და ერაყელების მდგომარეობა გაუარესდა, ტერორიზმმაც უფრო მძლავრად გაშალა ფრთები. ეს მიმზიდველი, მაგრამ სახიფათო არგუმენტია. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ბოროტი ძალები ტერორიზმის გზით სასტიკ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, რადგან თავიანთ ქვეყანასა და ხალხს დიქტატურის დამხობის შემდეგ ფეხზე წამოდგომას არ დააცლიან, ამიტომ უკან უნდა დავიხიოთ, საკუთარი პრინციპების განხორციელებაზე უარი ვთქვათ და უდანაშაულო მოსახლეობა დიქტატორული მმართველობის ქვეშ დავტოვოთ? გამოდის, ჩვენ ნებას და ძალას - დავიცვათ ის, რაც გვწამს - განსაზღვრავს ჩვენივე მტრის ძლიერება და სისასტიკე. ვფიქრობ, საკითხისადმი ასეთი მიდგომით ვერასოდეს გავიმარჯვებთ.
ამიტომ ვასკვნი, რომ ჩვენ, ბრიტანელები, მაქსიმალურად უნდა ჩავერიოთ ყველა სხვა გარე პრობლემაში, რადგან ბოლოს ეს პრობლემები ჩვენივე მომავალზე იქონიებს გავლენას. საერთაშორისო მოქმედების სტრატეგიაც საკუთარ ღირებულებებზე უნდა ავაგოთ. ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, სხვების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, და ასევე სამართლიანობა და სამართალი.
2. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა კვლავაც უმნიშვნელოვანესია
აშკარად ვამჩნევ და ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს, გარკვეულ რეგიონებში, საზოგადოებას ინდიფერენტული და ხანდახან, მტრული დამოკიდებულებაც კი აქვს ალიანსის მიმართ, რომელსაც ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისთვის, როგორიც ჩვენი წარსულისთვის ჰქონდა. მსგავს დამოკიდებულებაში ვგულისხმობ არა მხოლოდ გახელებულ ანტიამერიკანიზმს მარცხენა სანაპიროს რიგ რეგიონებში - რაღაც გაგებით, მასთან გამკლავება შედარებით იოლიც კია. არამედ, ვგულისხმობ უფრო გაფანტულ, მაგრამ მზარდ იზოლაციონალიზმს ჩვენს მარჯვნივ თუ მარცხნივ. თუნდაც, ჩვენთან, ბრიტანეთში, არსებობს მედიისა და პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ევროპის ერთიანობას და, ამასთან ერთად, ამერიკისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება სურს - ანუ იმ ქვეყნისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომელიც ბრიტანეთისთვის მთავარი მოკავშირე უნდა იყოს. ეს ფაქტი პირდაპირ მაცოფებს. მსჯელობენ ჩინეთსა და ინდოეთთან ბრიტანეთის ახალ სტრატეგიულ ურთიერთობებზეც ამერიკასა და ევროპასთან ტრადიციული კავშირების გვერდის ავლით. კარგით, რა! თვალი გაუსწორეთ რეალობას! ცხადია, ჩვენ ორივე ზემოთ ხსენებულ ქვეყანასთან დავამყარებთ კავშირებს, მაგრამ მათთან ურთიერთობაში ხომ გაცილებით უფრო მეტ გავლენას შევინარჩუნებთ, თუკი, ზურგს ორი ძლიერი ალიანსი გაგვიმაგრებს.
ჩვენ, ევროპელები ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას: ნუთუ, ღირს კვლავაც ამერიკაზე დავამყაროთ მთელი იმედები? არადა, უმჯობესი იქნებოდა, კითხვა ასე შემოგვებრუნებინა: ამერიკის პოლიტიკური ლიდერები კვლავაც უყურებენ ევროპას, როგორც თავიანთ პირველ მეკავშირეს?
სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო, ზედმიწევნით ზუსტად აზროვნება გვმართებს. ევროპა და ამერიკა ერთსა და იმავე ფასეულობებს ემყარება. ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ამ ერთად ყოფნას კი ძლიერი ტრანსატლანტიკური ალიანსი სჭირდება. მას ასევე სჭირდება ძლიერი, ეფექტური და უნარიანი ევროკავშირი. სუსტი ევროპა სუსტი მეკავშირეა. ამიტომაც გვჭირდება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ძლიერი კავშირისა და თანამშრომლობის დამყარება და ეფექტური ევროინსტიტუტების განვითარება. დედამიწაზე, სადაც ჩინეთსა და ინდოეთს ევროკავშირზე სამჯერ დიდი მოსახლეობა ჰყავს, სხვაგვარი ფიქრი არათანამედროვე აზროვნებად მიმაჩნია.
3. იყავი ძალიან ზუსტი და პირდაპირი გლობალური ტერორიზმის მიმართ
ვშიშობ, რომ მსოფლიოს და განსაკუთრებით კი, დასავლეთის დიდ ნაწილს ამ საფრთხის შესახებ შემაძრწუნებლად მცდარი შეხედულება ჩამოუყალიბდა. თუ 11 სექტემბრის შემდეგ რაიმე შეცდომა დავუშვით, ის იყო, რომ ვერ გავიაზრეთ, რამდენად ღრმა და ყოვლისმომცველი იყო ტერორიზმის ფესვები. თალიბანის ხელისუფლების დამხობა შედარებით იოლი ჩანდა. თალიბანის იდეოლოგიის აღმოფხვრა - უფრო იოლი. ის, უკვე თაობებია, იზრდება. ემყარება ჭეშმარიტ, გულწრფელ რწმენას. ამ რწმენის მიმდევრები კი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენზე მეტი გამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობა გამოამჟღავნონ; მზად არიან, არ დაეცნენ სულით მაშინაც, როცა ჩვენ დავიღლებით: ნებისყოფა და მიზანმიმართულება შეინარჩუნონ მაშინ, როცა ჩვენ სხვა ათასი საზრუნავი გვაწევს ზურგზე (და მაშინ, როცა გვგონია, რომ ჩვენი გაგებით ფანატიკოსების რამდენიმე დაჯგუფება დასავლური ცხოვრების კომფორტს ვერაფერს დააკლებს).
საზოგადოება ზედმეტად აზვიადებს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის თითოეულ რეგიონში ექსტრემიზმი სხვადასხვაგვარად მჟღავნდება. მაგალითისთვის ისინი იშველიებენ ისტორიულ აბსურდს, რომ ირანის საეჭვო ელემენტები თალიბანთან არიან კავშირში. ისინი ამბობენ, როგორც არ უნდა იყოს საქმე, მათი იარაღი, რიცხოვნობა და კავშირები გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ჩვენი.
საკითხის ასე დასმა მთავარ აზრს გვაკარგვინებს. რევოლუციურ კომუნიზმსაც მრავალი სხვადასხვაგვარი გამოვლინება ჰქონდა. მანაც, თითქოს, საყრდენ ძალად უპერსპექტივოდ ცუდი ბიჭები აირჩია. მაგრამ ამ ძალასთან გამკლავებას ჩვენ მაინც ათეულობით წელიწადი მოვანდომეთ.
ახალ ტერორიზმსაც თავისი იდეოლოგია აქვს. ის ისლამის რწმენის დამახინჯებულ გაგებას ეფუძნება. მაგრამ მუსლიმურ სამყაროში ის მშვენივრად ეხმიანება მსხვერპლშეწირვის იდეასა და უკმაყოფილების გრძნობას. მის მეთოდებს ბევრი არ ეთანხმება. მაგრამ გაცილებით უფრო მეტი იზიარებს მის სენტიმენტებს. მსოფლიოს დამოკიდებულება მის მიმართ ძირეულად რეაქციულია. მაგრამ გლობალიზაციის ეპოქაში სულ უფრო მეტად კომპლექსური და სტრატეგიულია ტერორიზმის ცნება და მისი ძალის ახლებური გაგებაც.
ეს იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმმა შეიძლება შეაღწიოს ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც მშვიდობა სუსტდება და კონფლიქტის საფრთხე ჩნდება. ტერორის გამოყენებით იოლად არის შესაძლებელი მშვიდობის გარღვევა და კონფლიქტის გამოწვევა. მან იცის, რომ მედიის ეპოქაში, რომელიც მსოფლიოს გარშემო მყისიერი მოძრაობით ტრიალებს, ერთადერთი, რაც ითვლება, დარტყმაა. და არაფერს შეუძლია უფრო მეტი დარტყმის გამოწვევა, ვიდრე უდანაშაულოთა ხოცვას. ამ გლობალურმა მოვლენამ ისიც გაიაზრა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის პარალელურად სხვადასხვა სახელმწიფომ ყოველგვარი განზრახვის გარეშე შეიძლება კვებოს კიდეც ის.
მაგალითად ახლო აღმოსავლეთი მოვიშველიოთ - ტერორიზმი ახლა იქ ერაყის პროგრესს უშლის ხელს. ის აფერხებს ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ პროცესს. ის ლერწამივით არხევს ლიბანურ დემოკრატიასაც. ეს ყველაფერი, ცხადია, ყურადსაღები გარემოებებია. მაგრამ გაცილებით უფრო საგულისხმო და ყურადსაღებია ის ფაქტი, თუ როგორი წარმატებით მოახერხეს ტერორისტებმა, აღგვექვა რეალობა ისე, როგორც მათ სურდათ. მათ მოახერხეს, საკუთარი თავი ყველაფერში ჩვენვე დაგვედანაშაულებინა.
დაუსრულებლად შეიძლება ვიკამათოთ, რა იყო სწორი და რა არა სადამის რეჟიმის დამხობისას. მაგრამ რეალობაა ის, რომ თუ ალქაიდას (ერაყში სადამის დამხობამდე) ჩამოვაშორებდით ბაღდადსა და მის შემოგარენში განვითარებულ კონფლიქტს უბრალო მოქალაქეებზე მიმართული მანქანის ბომბებისა და ისეთი ტაძრების აფეთქების გარეშე, როგორიც იყო სამარას კათედრალი, სიტუაციის დამშვიდება ნამდვილად იქნებოდა შესაძლებელი. ამის დასტურია ანბარის პროვინციაში განვითარებული მოვლენები, სადაც ნელნელა, მაგრამ მტკიცედ სუნიტები ალ-ქაიდას უპირისპირდებიან. ბასრაშიც, ის, რაც ქალაქს წამლავს, ჯაიშ-ალ მაჰდისა და სხვა დაჯგუფებების ძალადობრივი და კრიმინალური ოპერაციები გახლავთ. ამ ოპერაციებს ირანის რეჟიმის წარმომადგენლები აფინანსებენ, მხარს უჭერენ და აღიარებენ. მოაშორეთ ალ-ქაიდა, მოაშორეთ დამღუპველი ირანული მოქმედებები და სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება, უფრო მეტიც - გარდაიქმნება კიდეც.
სიმართლეა ის, რომ ერაყის კონფლიქტმა მუტაცია განიცადა და გარდაიქმნა ძალად, რომელიც იმავე ელემენტებით საზრდოობს, ყველგან რომ პირისპირ ვეჯახებით. და ყოველივე ამის მიუხედავად, დასავლეთის დიდ და საგულისხმოდ დიდ ნაწილს, ურჩევნია ერაყიდან ჯარები გამოვიყვანოთ. სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი აზროვნების საშინელ დაჩლუნგებად, რასაც ტერორიზმმა მიაღწია. პალესტინის საკითხის ჩიხში მოქცევა ვისი ბრალია? დასავლეთის. ლიბანის შემთხვევაში - სადაც კრიზისს მიზანმიმართულად ისევ იგივე ძალა იწვევს - ვინ არის დამნაშავე? ისრაელი.
ეჭვგარეშეა, რომ ავღანეთშიც თალიბანი მხარდაჭერას და შეიარაღებას ისევ იმავე ირანული რეჟიმის წარმომადგენლებისგან იღებს. მათ გაკვეთილი სხვა ქვეყნებისგან მიიღეს. მათ სჯერათ, რომ თუ საკმარისი დოზით გამოიწვევენ ქაოსს, თუ საკმარისი რაოდენობით გაჟლეტენ დასავლელ ჯარისკაცებს, ჩვენს მორალურად გატეხვას შეძლებენ. სიტუაცია ისევ აირ-დაირევა. და თუ ასეც მოხდება, კრიზისის გამო პასუხისმგებლობას ისევ ავღანეთის მთავრობას და მის დასავლეთელ მეკავშირეებს დააკისრებენ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტერაქტები მოხდა მაროკოში, ალჟირში, პაკისტანში, ინდოეთში, იყო რამდენიმე დაკავება საუდის არაბეთში. არც ერთი დიდი ევროპული ქვეყანა არ სარგებლობს იმუნიტეტით. აფრიკაშიც, სუდანშიც, სომალშიც და ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად თანაცხოვრობენ, ტერორიზმი მაინც ცოცხლობს და აქტიურია.
ამ მრავალთავიან გველეშაპთან ბრძოლის გარდა სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. სადაც კი ის თავს წამოჰყოფს, იქვე უნდა წავაჭრათ. არ არსებობს მოთხოვნა, რომლის განხილვა და რომლის შესახებ მსჯელობაც ღირდეს. ტერორიზმი უნდა დავამარცხოთ. მორჩა და დამთავრდა.
4. უნდა დავიცვათ საკუთარი ფასეულობები
მხოლოდ სამხედრო და თავდაცვითი ღონისძიებებით მიზანს ვერ მივაღწევთ. ეს პოლიტიკური გამოწვევა გახლავთ. ტერორიზმი საკუთარ რიგებში მიმდევრებს ადამიანების ემოციებზე გავლენის მოხდენის საფუძველზე იღებს. მასთან დაპირისპირება მხოლოდ უკეთ და უფრო ღრმად გააზრებული, ნათლად ჩამოყალიბებული შემხვედრი ღირებულებებით შეიძლება.
თუმცა, ამას ვერ მივაღწევთ, ვიდრე საკუთარი ღირებულებების დაცვას არ ვისწავლით; ვიდრე არ ვიამაყებთ მათით და მათ დაცვას სრული თვითდაჯერებით არ შევუდგებით. არაფერია უფრო აბსურდული, ვიდრე ეცადო და ცნებები „დემოკრატია“ და „თავისუფლება“ დასავლურ კონცეფციებად გაასაღო ხალხში, მერე კი ძალ-ღონე არ დაიშურო ამ ღირებულებების იმ ხალხებსა და ქვეყნებზე გასავრცელებლად, ვისთვისაც ეს ყველაფერი ძალიან უცხოა. შეიძლება, მართლაც არსებობდეს მთავრობები, ვისთვისაც ეს კონცეფციები უცხოა. მაგრამ არ არსებობს ასეთი ხალხები. მითხარით, ვის მიუცია ხმა დემოკრატიის წინააღმდეგ? ან ვის უთქვამს, რომ საიდუმლო პოლიცია ურჩევნია სიტყვის თავისუფლებას?
ეს ღირებულებები ზოგადსაკაცობრიოა. ამიტომ ექსტრემისტთა იდეოლოგიას მეტი თვითდაჯერებით უნდა შევუტიოთ: მიუღებელია სახელმწიფოს ფუნქციების მათი რეაქციული გაგება; მათი სურვილი, ხალხს მშვიდობიან გარემოში განვითარების საშუალება მოუსპონ; მათი შეხედულებები ქალების შესახებ კი - აბსოლუტურად რეგრესულად მიმაჩნია. ჩვენ უნდა დავგმოთ არა მხოლოდ მათი ტერორისტული ქმედებების ბარბაროსული მეთოდები, არამედ უნდა შევუტიოთ მათ ცნობიერებაში დაგროვებულ წყენასაც დასავლეთის წინააღმდეგ. ამ პროცესში ფასდაუდებელი იქნება უფრო დაბალანსებული და ჭეშმარიტი ისლამის მხარდაჭერის მოპოვება და მისი გამოყენება ტერორიზმის წინააღმდეგ. არაფერია უფრო აბსურდული ჩემთვის, ვიდრე ის აზრი, რომ ავღანეთში თალიბანის, ხოლო ერაყში სადამის რეჟიმის დამხობა და მათი ჩანაცვლება გაეროს მიერ გაკონტროლებული არჩევნებით, რაღაც გაგებით მაინც, მუსლიმებს შეურაცხყოფს. უნდა გავიაზროთ, რომ ტერაქტებში მუსლიმებს სხვა მუსლიმები ხოცავენ და რომ მათი ეს ქმედება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ყურანი ქადაგებს.
მაგრამ, და ეს მძლავრი „მაგრამაა“, საკითხისადმი ასეთი მიდგომა მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებს, თუ ენერგიულად, ერთი ხელის დაკვრით და სამართლიანი მეთოდებით ვიმოქმედებთ. აი, სწორედ ამ ნაწილში მეჩვენება ხოლმე, რომ მემარჯვენეებისა და მემარცხენეების სტანდარტული პოლიტიკა ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს. პრობლემა ისაა, რომ მემარჯვენეები მართლები არიან თავისუფლების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენების იდეას რომ იცავენ; მემარცხენეები კი მართლები არიან, როცა სამართლიანობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.
საზოგადოების თვალში იმ იდეების დაკნინება, რომლებიც ტერორიზმს უმაგრებს ზურგს, მხოლოდ მაშინ გაამართლებს, თუ საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენი მოტივაცია სამართლიანობის პრინციპების დაცვაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტულად ამ პრობლემის გადაჭრის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მშვიდობის არარსებობა ზოგადად იწვევს ტრაგედიებს, რომელთაც შემდეგ ექსტრემიზმი სათავისოდ იყენებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რატომ ცდილობს ირანის რეჟიმის გარკვეული ნაწილი ხელი შეუშალოს საკითხის გადაჭრას და შემდეგ დაფიქრდით, თუ რატომ არის გადამწყვეტი პრობლემის მოგვარება.
ჩვენი გამოწვევა ზოგადსაკაცობრიო გამოწვევაა. საჭიროა, გვქონდეს საკუთარი მსოფლმხედველობა, არანაკლებ ნათელი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ საკუთარ ღირებულებებზე აღმოცენებული.
5. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღის წესრიგიც
მსგავსი დღის წესრიგის მნიშვნელობა ისაა, რომ საშუალებას გვაძლევს, ჩამოვაყალიბოთ მსოფლიოს საერთო ღირებულებათა სისტემა. ვგულისხმობ მსოფლიოს, სადაც ძალიან მალე ახალი ძალაუფლებები და ინტერესები აღმოცენდება, რომელთაც ექნებათ უნარი, დიდი გავლენა მოახდინონ მსოფლიოს მიერ ასარჩევ გეზზე. ასეთი მიდგომა, მომავალში, ექსტრემიზმის წინააღმდეგ აღმართულ ბასტიონად და, ამავე დროს, ცივილიზებულობისაკენ მომართულ ძალად წარმოგვიდგება, სადაც დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური წონა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ახლაა. გვჭირდება ნაყოფიერი და ძლიერი ბაზა, რომელიც ჩვენი ღირებულებებისადმი აშკარა და ხაზგასმულ დამოკიდებულებას დაეფუძნება. ეს ბაზა გარდაქმნის მსოფლიოს, რომელიც შეეცდება ეს უნივერსალური ღირებულებები გაითავისოს და სამოქმედო გეზად აირჩიოს.
ამასობაში, შინ
ეს წერილი საერთაშორისო მკითხველისთვისაა განკუთვნილი და ამიტომ, წამყვანი თემა მასში საერთაშორისო პოლიტიკა გახლავთ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო გაკვეთილის გახსენება საშინაო პოლიტიკიდანაც შეიძლება.
1. „ღია დახურულის წინააღმდეგ“ ისევე მნიშვნელოვანია დღევანდელ პოლიტიკაში, როგორც „მემარცხენე მემარჯვენეს წინააღმდეგ“. ერები სამაგალითოდ იქცევიან, როცა გამოხატავენ მზადყოფნას დანარჩენი მსოფლიოს წინაშე გახსნისთვის. გახსნაში ვგულისხმობ ღია ეკონომიკის წარმოებას, პროტექციონიზმზე უარის თქმას, უცხოური ინვესტიციების მიღებას, მოქნილი შრომის ბაზრის შექმნას. ეს ასევე ნიშნავს კონტროლირებული იმიგრაციისგან სიკეთეების მიღებას. ვიცი, თითოეული ქვეყნისთვის მიგრაცია პოლიტიკის მწვავე სადებატო საკითხია. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ლონდონი გაცილებით უფრო ძლიერი და წარმატებულია კონტროლირებადი მიგრაციის პროცესის წაქეზებით. იზოლაციონიზმი და პროტექციონიზმი საზღვრებს არ სცნობს, ჩვენს რეალობაში წარამარა ყველგან გვხვდება. ეს ღირებულებები იოლი და მარტივი გასაჟღერებელია, მაგრამ იმდენად უაზროა, რომ დიდხანს ვერ ძლებს.
2. სახელმწიფოს როლი იცვლება. დღეს მისი საფუძველი მოქალაქესთან პარტნიორობა უნდა იყოს, რაც, თავის მხრივ, ორივე მხარისთვის მთავარ უფლებად და პასუხისმგებლობად უნდა იქცეს. მოქალაქის ჩართულობა და მონაწილეობა ღრმა და საფუძვლიანი უნდა იყოს. საჯარო სამსახურებმაც ისეთივე რევოლუციური გარდაქმნის გზა უნდა გაიარონ - პროფესიულად, კულტურულად და ორგანიზაციულად - როგორიც კერძო სექტორმა.
ძველი, მონოლითური მეთოდები უნდა დაინგრეს. მომხმარებელს რეალური ძალა და შეღავათები უნდა მიეცეს, სისტემას კი - რეალური სტიმული და ჯილდო. მიზანი ერთი უნდა იყოს - საჯარო სამსახური მოქნილი და ბუნებრივი გზით უნდა ჩამოყალიბდეს, რეფორმა სისტემის შიგნით უნდა განხორციელდეს და არ უნდა იყოს მუდმივად ცენტრისგან თავსმოხვეული და დაძალებული. საჯარო სექტორის კავშირებს არ უნდა მიეცეთ უფლება, გადაწყვიტონ საჯარო სამსახურების ფორმა და ყალიბი.
ბრიტანეთის საჯარო სამსახურებში უზარმაზარი ინვესტიციები ჩავდეთ. მაგრამ ჯანდაცვის სისტემის კარს პარტნიორობისთვის მოხალისე კერძო სექტორსაც ვუღებთ. შემოგვაქვს ე.წ. შედეგებით განსაზღვრული გადახდის სისტემა, ვქმნით კონკურენციას და საავადმყოფოებს უფლებას ვაძლევთ, თვითმმართველ ორგანოებად ჩამოყალიბდნენ. ახალ აკადემიებსა და ნდობით აღჭურვილ სკოლებს გადაეცემათ სრული უფლება, დამოუკიდებელ ორგანოებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც არ გადაიხდიან გადასახადებს, და ამ საქმისთვის გარეშე პარტნიორები ეყოლებათ მიმაგრებული, მაგალითად ბიზნესკომპანიები, უნივერსიტეტები და საქველმოქმედო ფონდები, რომლებიც დაასპონსორებენ და მართავენ მათ.
3. სოცუზრუნველყოფის სისტემა იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობას ორივე მხარე იზიარებს - სახელმწიფო გასცემს დახმარებას, მოქალაქე კი იღებს დახმარებას და მიღებულს საკუთარი თავის დასახმარებლად იყენებს. საპენსიო რეფორმა, რომელსაც ბრიტანეთი ამ ეტაპზე ატარებს, წლების სვლასთან ერთად შეგვაქმნევინებს სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომი და სამართლიანი იქნება თითოეული თაობისთვის. ამ სისტემის მიხედვით, თითოეული მოქალაქე მიიღებს გარანტირებულ პენსიას, მაგრამ მას ასევე მოეთხოვება თვითონვე იზრუნოს იმაზე, რომ წინასწარ განსაზღვრული საპენსიო თანხა საკუთარი ფინანსებით თვითონვე გაზარდოს.
4. კანონი და წესრიგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის როლს სიტყვით ვაღიარებთ. აქამდე პროგრესულ ძალად ითვლებოდა ხალხი, რომელიც უარს ამბობდა ცრურწმენებსა და დისკრიმინაციაზე და ემხრობოდა მოსაზრებას, რომ კრიმინალში უმთავრესი ბიძგის მიმცემი სოციალური პრობლემები იყო. კონსერვატორები კი მიიჩნევდნენ, რომ კრიმინალი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დეფიციტით იყო გამოწვეული და ეს კამპანიაც დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტკორექტულობის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი.
დღეს საზოგადოება ცხადად ანსხვავებს ერთმანეთისგან კერძო ცხოვრების წესისგან წამოსულ პრობლემებს, რომელთაც ლიბერალურად უყურებს და კრიმინალს, რომელსაც, ცხადია - არა. ამას მე ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვას და კრიმინალის მიმართ მკაცრ პოზიციას ვუწოდებ. ის ანგრევს ტრადიციულ მემარჯვენე/მემარცხენე შეხედულებებს.
5. სოციალური გამონაკლისებიც საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. 1979 წლიდან 1997 წლამდე ბრიტანელების უმდიდრესი 20 პროცენტის შემოსავალი გაცილებით უფრო სწრაფად იზრდებოდა (2.5%25), ვიდრე უღარიბესთა 20 პროცენტის შემოსავლები (0.8%25). დღეს ეს სურათი ამოტრიალდა. 1997 წლიდან უღარიბესი მოსახლეობის შემოსავალი გაცილებით სწრაფად იზრდება (2.2%25), ვიდრე უმდიდრესთა შემოსავალი (2%25). მაგრამ ამ პროცენტებში ხელმოცარულთა, სოციალურად გარიყულთა მდგომარეობა არ აისახება. ღარიბების შემოსავლების ზევით აღმავალ დინებაში მათი გემი ვერ ჩაერთო. სოციალური გარიყულობის პრობლემა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დღესაც ძალიან აქტუალურია.
6. დაბოლოს, პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ, სამოქმედო გეგმა რადიკალურად შეცვალონ. მითოლოგიის პრინციპების მიუხედავად, პარტიები არ კვდება. საზოგადოებრივი ინტერესი პოლიტიკის მიმართ ისევე მძაფრია, როგორც ძველ დროში ოდესმე ყოფილა. ეს საფრანგე თის არჩევნების ბოლო შედეგებმაც გვაჩვენა: დაანახე საზოგადოებას ნამდვილი შეჯიბრი და ისინი გამოვლენ და ხმას მისცემენ რჩეულს.
თუმცა, პოლიტიკაც ისევე ემორჩილება ცვლილებების კანონებს, როგორც ყველაფერი დანარჩენი ამქვეყნად. პოლიტიკა დღეს ნაკლებ კლანურია. საზოგადოება მეტ ინტერესს პრობლემების მიმართ იჩენს, ვიდრე იდეოლოგიების მიმართ. პოლიტიკური ორგანიზების მექანიზმი თუ მოუქნელი და ხისტია, ის ვერ ამართლებს. საზოგადოების ყურამდე ინფორმაციის მიტანის ათასობით ახალი გზა არსებობს. დღეს ყველაფერზე მეტად პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ ხალხში ღიად გასვლა და მათი პროცესებში ჩართვა იმის ნაცვლად, რომ ოფისებში ისხდნენ და დაელოდონ იმ დროს, როცა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები თავად გაერთიანდებიან რაღაც სექტებში.
ასე რომ, ჩემი აზრით, პარტიის წევრობა თავისუფალი უნდა იყოს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი - ფართო და უფრო წარმომადგენლობითი, ინტერაქტიული და ინტერნეტ კომუნიკაციები კი ნორმად უნდა იქცეს. მოგიწოდებთ, გახსნათ ყველა გზა.
იმოქმედე თვითონ!
ასე შეიძლება ყველაზე მოკლედ და ლაკონურად იმის თქმა, რაც მმართველობის წლებში ვისწავლე. ამ გაკვეთილებს ჩემი შემცვლელისთვის განკუთვნილ რჩევებად, ცხადია, არ გავასაღებ. პირადად მე საკმაოდ გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჩემი წინამორბედები რეკომენდაციებს ჩემი მისამართით საჯაროდ იშვიათად გამოთქვამდნენ.
ამ პოსტზე სამსახური ისედაც საკმაოდ რთულია, და რადგან ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ჩემს შემცვლელს ვერაფერს შევთავაზებ მხარდაჭერის გარდა.
![]() |
12 მოზარდი - მოძალადე თუ მსხვერპლი |
▲back to top |
ინტერვიუ
ინტერვიუ მალხაზ სალდაძესთან
ესაუბრა: ნინო ბექიშვილი
როცა ტელეეთერით მორიგი სიუჟეტი გადაიცემა მოზარდთა მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომლებიც ხშირად წარმოუდგენელი სისასტიკითა და დაუნდობლობით ხასიათდება, საზოგადოებაც გააქტიურდება ხოლმე - გვახსენდება, რომ საქმე მთლად კარგად არ არის. შარშანდელი მოვლენების შემდეგ, როცა თითქმის ყოველ კვირა მოზარდების მიერ ჩადენილ ახალ-ახალი დანაშაულის შესახებ ვიგებდით, ყველა შეშფოთდა და დაინტერესდა, ამაზე საჯაროდ დაიწყეს საუბარი. შედეგად სკოლებში დაიდგა დეტექტორები, გამკაცრდა კანონი, გაიზარდა კონტროლი და, შესაბამისად, სასტიკმა დანაშაულმაც იკლო. მაგრამ, რამდენადაა ასეთი მექანიკური ქმედებები საკმარისი ამ პრობლემის გადასაჭრელად. ძალადობა და აგრესია სოციუმში რაღაც დოზით ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა დღევანდელი კანონის მიხედვით, 12 წლის ბავშვს, რომელიც, შეიძლება, ბოლომდე ვერც აცნობიერებდეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, სრულწლოვანთა კოლონიაში ზუსტად ისე მოუწევს პასუხისგება, როგორც ზრდასრულს? ვაცნობიერებთ კი, რომ ეს ბავშვი, უპირველესად, თვითონაა მსხვერპლი და მხოლოდ ამის შემდეგ, დამნაშავე?
თემა ძალიან ფართოა, მრავალშრიანი და ამოუწურავი. თუმცა, დღეს უფრო კონკრეტულ საკითხზე ვისაუბრებთ, კერძოდ - გარემოსა და მოზარდის ურთიერთობებზე. რამდენადაა გარემო ძალადობის და აგრესიის მაპროვოცირებელი, როგორია ეს გარემო, როგორ ხედავან მოზარდები თავს სოციუმში? რამდენად ვიცნობთ ჩვენ, უფროსები იმ სამყაროს, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ? ვესაუბრებით მალხაზ სალდაძეს, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს აღმასრულებელ მდივანს. 2008 წლის ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სტიპენდიანტის, ბატონი მალხაზის კვლევის საგანია გარემოს როლი მოზარდთა აგრესიასა და ძალადობაში.
- მოზარდები საკმაოდ ხშირად მიმართავენ აგრესიას და ძალადობას არა მხოლოდ უფროსებთან, არამედ, ერთმანეთთან ურთიერთობაშიც. ვისაუბროთ აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე.
- აგრესიის მიზეზები შეიძლება ძალიან ფართო სპექტრისა იყოს, დაწყებული, ვთქვათ, უშუალოდ მოზარდების ფსიქოლოგიური მახასიათებლებიდან, იმ სოციალური გარემოთი დამთავრებული, სადაც ცხოვრება უწევთ. ამ თემას ჩემი კვლევა უკავშირდება, ამიტომ აქცენტს სოციალურ გარემოზე გავაკეთებ: რა გარემოში უწევთ მოზარდებს ცხოვრება, უხდებათ თუ არა ძალადობის გამოვლენა და არიან თუ არა აგრესიულები თავისი თანატოლების ან, თუნდაც, უფროსების მიმართ. თუკი ვისაუბრებთ აგრესიაზე, და კონკრეტულად, ძალადობის გამოვლინებაზე, შეიძლება, ორი მომენტი გამოიკვეთოს - ძალადობა გარკვეული მიზნებისთვის, რასაც მოზარდები იყენებენ და მეორე - ძალადობა, როგორც თვითდამკვიდრების ინსტრუმენტი.
- პროკურატურის საიტზე დევს ეს მონაცემები და 2006 წლის შემდეგ, თითქოს, პირიქით, კლება შეინიშნება.
- სტატისტიკური მონაცემები არა მაქვს, მაგრამ რა მასშტაბები აქვს მოზრდთა დანაშაულს, ამის კარგი მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა საკანონმდებლო ცვლილება მიეღო, რომლის მიხედვითაც მოზარდებს 12 წლიდან, ისევე შეეფარდებთ სასჯელი, როგორც უფროსებს. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მოზარდებში აგრესია და ძალადობა შემაშფოთებლად გამოიკვეთა. ეს ბევრ იმ ქვეყანას ახასიათებს, სადაც მსგავსი მწვავე სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები მიმდინარეობს, საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. ზოგადად, ახალ სოციალურ ჯგუფში მოხვედრილი ინდივიდი იოლად ვერ ეწერება ამ გარემოში და შეიძლება, არჩიოს ძალადობა, ანუ ის ფორმა, რომელსაც გაუცხოებული ადამიანური ურთიერთობების სოციალური გარემო სთავაზობს. ეს, ძირითადად, მაინც სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული და სპეციფიკურ სოციალურ ჯგუფებს ეხება. ეხება იმათ, ვინც ყველაზე მოწყვლადნი არიან ამ ცვლილებების პროცესში.
მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობასა და აგრესიას ხშირად არა მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი მოზარდები მიმართავენ. აქ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ძალადობას და აგრესიას მოზარდი თვითგადარჩენისთვის იჩენს და რომ ოჯახი, შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს. თუ მოზარდების მიერ დედაქალაქის ელიტურ რაიონებში ჩადენილ გახმაურებულ მკვლელობებზე ვიმსჯელებთ, ძირითადად, ეს დანაშაულები ჩაიდინეს იმ მოზარდებმა, რომლებიც საკმაოდ უზრუნველყოფილი ოჯახებიდან იყვნენ. რითია ეს განპირობებული?
აქ, ალბათ, აუცილებლადაა გასათვალისწინებელი ის, რომ კომუნიკაციის საშუალებები, რაც ამ მოზარდებს გააჩნიათ და ის სივრცეები, სადაც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობენ, ვერ უზრუნველყოფს კმაყოფილებაზე ორიენტირებულ გარემოს. მოზარდი, რომელიც ჩართულია ამ ურთიერთობებში, თავს ვერ აღიქვამს სოციუმის სრულფასოვან წევრად.
წარმოვიდგინოთ ერთ ქვაბში, ერთ სივრცეში ერთმანეთისგან გაუცხოებული ადამიანების შეჯახება, რომელებმაც ერთმანეთს უპირატესობა ძალადობის გამოყენების გზით უნდა დაუმტკიცონ. შეჯიბრის ფაქტორი ნებისმიერ სოციალურ ურთიერთობაშია მოცემული, მაგრამ აქ რაში ეჯიბრებიან? არა, ვთქვათ, განათლებაში, სპორტში ან რაიმე კონკრეტულ საქმიანობაში, არამედ, როგორც წესი, სხვის დაჩაგვრას ცდილობენ. ცოტა უტრირებული ნათქვამია, მაგრამ მათ თვითონ უწევთ თვითგამოხატვის და თავის დამკვიდრების გარკვეული წესების მოფიქრება და გამოგონება.
თბილისს თუ ვგულისხმობთ, აქაც, როგორც ყველა ტრადიციულ საზოგადოებაში, არსებობს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც მედიაციას ეწევა, მაგალითად, უბანი. ამ ინსიტუტების მხრიდან გარკვეული პოზიტიური წვლილის შეტანა ხდება, ის მსგავსი ურთიერთობების მოწესრიგების პატარა ორგანიზებული სივრცეა. იქ იერარქიაა და ამ იერარქიაში გარკვეული ფიგურები ან ფიგურანტები არსებობენ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და შესაძლებლობა, მოარიგონ რაღაც სადავო საკითხები.
როდესაც ბავშვებს ვესაუბრებოდი, ერთი მხრივ გამოიკვეთა, რომ უბანი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში ურთიერთობებისთვის და ზოგადად ურთიერთობებისთვისაც. მაგრამ უბანი ხომ არ არის ერთადერთი სივრცე? მით უმეტეს, არსებობს სხვადასხვა უბანი. ხშირად ხდება ამ სხვადასხვა ჯგუფების, „უცხოების“ ერთმანეთთან შეხებაში მოსვლა და ამ დროს, მართლაც, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამას გააწონასწორებდა. აქ უკვე უშუალოდ ძალადობამდე შეიძლება მივიდეს საქმე. აქ ისეთი სოციალური ურთიერთკავშირებია, რომელთაც ნაკლებემოციური მუხტი გააჩნია, ლოიალობა „უცხოს“ მიმართ ამ ჯგუფს არა აქვს. და თუკი ხდება შეხება ერთმანეთისგან გაუცხოებულ ჯგუფებს შორის, სიტყვით და ვერბალური მორიგებით საქმე იშვიათად თუ დამთავრდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, „უცხო“ რამდენად აღიარებს ავტორიტეტულად იმ იერარქიას, რომელიც იმ კონკრეტულ ჯგუფშია ან რამდენად კმაყოფილად ჩათვლის თავს იმ შედეგით, რითაც საქმე დამთავრდება. უფრო მეტიც, სულ ახლახან უკვე კარგა ხნის წინ სკოლადამთავრებულმა, 25 წლის ახალგაზრდამ მოკლა თანაკლასელი სკოლის წლებისდროინდელი წყენის გამო. გარემო, შეიძლება, იმდენად აგრესიული იყოს ინდივიდის მიმართ, რომ ეს ფსიქოლოგიური ტრავმა ადამიანს უფრო დიდხანს გაჰყვეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ერთია მოცემულ დროით სივრცეში კონფლიქტის ძალადობრივი გზით მოგვარება და მეორეა, როდესაც მოზარდებს შორის აღმოცენებული პრობლემების გადაჭრა იმდენად ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ხდება, რომ ძნელი დასაჯერებელიც კია. მართალია, ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დაძაბულ და უარყოფითად დატვირთულ ემოციურ ფონთან გვაქვს საქმე.
- რა აიძულებთ მოზარდებს, ეს ნაბიჯი გადადგან?
- ამის მიზეზი ძალიან ბევრია: ბავშვი ოჯახში უნდა იღებდეს რაღაც ღირებულებებს. თუმცა, მაგალითად, დროის ნაკლებობის გამო, ხშირად ხდება ოჯახის როლის შევიწროება. თანაც, მოზარდს ურჩევნია თანატოლთა, თანასწორთა სივრცეში იურთიერთოს. უფრო მეტად ჰქონდეს შეხება ინფორმაციის მიღების და ანალიზის მშობლებისგან დამოუკიდებელ წყაროებთან - უბანთან და ქუჩასთან. ეს ორი სივრცეც უნდა გაიმიჯნოს, იმიტომ, რომ უბანი უფრო უშუალო პიროვნულ ურთიერთობებს გულისხმობს, ნაცნობობას, საერთო გამოცდილებას ემყარება და სწორედ აქედან იკვეთება იერარქიაც. ქუჩა უფრო ანონიმური სივრცეა. სადაც ასევე ხშირად ხვდებიან უცნობი მოზარდები ერთმანეთს. ბავშვებისგან მესმის ხოლმე ასეთი აზრი, რომ აგრესია იმათ მიმართ უნდა გამოიყენო, ვინც უცხოა, მოდის სხვა უბნიდან, ახდენს კონფლიქტის პროვოცირებას, მერე წავა და დაიკარგება, ვეღარ იპოვი და პასუხს ვერ მოჰკითხავ. ქუჩის სოციალური გარემო ანონიმური ხასიათისაა და მეტ გასაქანს აძლევს ძალადობის გამოვლინებას. ამის გარდა, არსებობს მეტასოციალური გარემოც, რომელიც ზოგადად, მოქმედებს მოზარდთა ქცევაზე. ესაა ის ინფორმაცია, რომელსაც მოზარდი გარემოდან იღებს, სადაც ესმის ძალადობაზე, ხედავს ძალადობას. შემდეგ ასეთ შემთხვევებს, როგორც წესი, უბანში განიხილავენ ხოლმე. საქმის არსს, ალბათ, ბოლომდე ვერ ხვდებიან, მაგრამ ამაზე საუბრობენ.
- ვისაუბროთ სკოლის როლზეც... სკოლში მასწავლებელთა მხრიდანაც აწყდებიან ძალადობას...
- სამწუხაროა, მაგრამ სკოლამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება - იყოს განათლების კერა. საინტერესოა, რამდენად აღიქვამს მოზარდი სკოლას, როგორც იმ სივრცეს, სადაც განათლება უნდა მიიღოს. გამიგია ასეთი აზრიც, რომ დღევანდელი თაობა გაუთავებელი ექსპერიმენტების მსხვერპლია. კარგად არ ვიცნობ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, არ ვიცი, რამდენად ხშირად იცვლებოდა სასწავლო გეგმები და რაზე იყო ორიენტირებული. ერთი რამ ნათელია - მოზარდთა შორის ძალადობას ხელს უწყობს ის, რომ სკოლის, როგორც განათლების მიმცემი სივრცის გააზრება, მოზარდებში დაბალია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ასეა. არის სკოლები, სადაც ასეთი განწყობა ნაკლებადაა, მაგრამ ბევრი სკოლა მოსწავლეების მიერ აღიქმება, როგორც მხოლოდ თანატოლებთან ურთიერთობის სივრცე, სადაც მასწავლებელი ზედმეტია, უცხოა. მოსწავლეთა დამოკიდებულებაც მასწავლებლის მიმართ ხშირად აგრესიულია. შეიძლება, მოზარდების რაღაც ნაწილს წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, რა უნდათ მომავალში, იცოდნენ, რა უნდა ისწავლონ იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ისინი განათლებას არა სკოლაში, არამედ სკოლის გარეთ, ძირითადად რეპეტიტორებთან იღებენ. ხშირად ბავშვებს საერთოდ არა აქვთ გააზრებული, რისი მიღწევა სურთ. აქ, ალბათ, სკოლაცაა დამნაშავე. განათლების, როგორც პრიორიტეტის საკუთარ ცხოვრებაში გამოკვეთა, დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც სწავლობ. თუკი ეს გარემო არ აძლევს სტიმულს, მოზარდი მთლიანად საკუთარ თავსა და ძალისხმევასაა მინდობილი. თვითონ უნდა განსაზღვროს, რა არის მისთვის პრიორიტეტული - უბრალოდ, იაროს სკოლაში და დრო ხარჯოს, ან სკოლაში იაროს და ისწავლოს. არიან ისეთებიც, ვინც სკოლაში არ დადის, მაგრამ შინ სწავლობს, რეპეტიტორებთან. ზოგიერთი, შეიძლება, სწორედ იმიტომაც არიდებდეს თავს სკოლას, რომ იქ აგრესიული გარემო ხვდება.
ბავშვები ამბობენ, რომ უფრო მეტად კონფლიქტები უფროსი თაობის მასწავლებლებთან მოსდით. ამას ასე ხსნიან - უფროსები ჩამყაყებულები და კომუნისტები არიანო. უცნაურია, მაგრამ ასეთი რამეც ხშირად ხდება - თუ მასწავლებელი განსაკუთრებით თბილი ტონით ელაპარაკება მოსწავლეს და მშობლისეულ მზრუნველობას იჩენს, ბავშვი თავს არაკომფორტულად გრძნობს, ეშინია, რომ თანატოლების თვალში ნაკლებად დამოუკიდებელი გამოჩნდება და ავტორიტეტს დაკარგავს. ამიტომ, შეიძლება, ბავშვმა მასწავლებელს თბილ სიტყვებზე აგრესიით უპასუხოს. სკოლაში საკმაოდ ხშირია ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც, როცა მასწავლებელი ცდილობს მოსწავლე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჩააყენოს. სკოლისადმი უნდობლობას ისიც განაპირობებს, რომ მოზარდებს ინფორმაციის მიღება, ცოდნის შეძენა, ვგულისხმობ, არა აკადემიურ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ისეთი გარე რეგულატორის გარეშე შეუძლიათ, როგორიც მასწავლებელია. მოზარდებისგან გამიგია ისიც, რომ ძალადობას ბავშვები უფრო მეტად დაბალ კლასებში ავლენენ. თვლიან, რომ მეგობრობა და დადებითი ემოციური მიბმა არ უმყარებთ მდგომარეობას. ხშირად, როდესაც ხდება რაღაც იერარქიის გამოკვეთა სკოლის გარემოში, როდესაც ესა თუ ის როლი ბავშვს დამკვიდრებული აქვს, მერე უკვე შეუძლია სხვა სტრატეგიები განსაზღვროს. ვთქვათ, ბავშვი მერვე კლასამდე დანით დადიოდა, რომ მის დომინანტურ პოზიციას არავინ შეხებოდა. მერე ექიმობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ ამისთვის სწავლაა საჭირო. ის სწავლას იწყებს. პრობლემები ყოველთვის იქმნება ხოლმე, როცა ბავშვი ერთი სკოლიდან მეორეში გადადის. ახალ გარემოში მოხვედრა ისევ ითხოვს თვითდამკვიდრებას მისგან და ამ დროს ყველა სხვა სტრატეგია ნიველირდება, გარდა ერთისა - უნდა დაიმკვიდროს თავი ან დაიცვას.
- როგორ იქცევიან გოგონები? ისინიც მიმართავენ აგრესიასა და ძალადობას?
- გოგონების საკითხი ცალკე უნდა განვიხილოთ. საინტერესოა, რომ მოზარდ თაობაში გენდერული როლების გარკვეულ გადააზრებასთანაც გვაქვს საქმე. ზოგჯერ გოგონები ისევე იქცევიან, როგორც ბიჭები. ამ დროს სერიოზული კონფლიქტებიც ხდება, იმიტომ, რომ ბიჭები უფრო ტრადიციული და კონსერვატული შეხედულებებისანი არიან და ვერ იტანენ იმას, რომ შეიძლება, ვიღაც მათ მიმართ უპატივცემულობას იჩენდეს ან ჰქონდეს პრე ტენზია, იყოს ისეთივე... ასეთ დროს არა მხოლოდ ვერბალური კონფლიქტები ხდება, არამედ ფიზიკურ ძალადობამდეც კი მიდის საქმე. არის კატეგორია გოგონებისა, რომლებიც სკოლის გარდა, სხვაგანაც სოციალიზირდებიან - ეს არის ისევ ქუჩა და უბანი. თუმცა, უბანი უფრო ნაკლებად. უბანთან მიჯაჭვულობა შეიძლება გამოიხატებოდეს მხოლოდ თავდაცვითი მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით, ეს ხდება ადრეულ ეტაპზე - სანამ ბავშვია, თანატოლ ბიჭებთან მეგობრული კავშირები უყალიბდება და როცა ქუჩაში, იმ უზარმაზარ ანონიმურ სივრცეში რაიმე პრობლემები შეექმნება, უბანი, შეიძლება, მისი დამცველი აღმოჩნდეს. ესეც კონფლიქტის წამახალისებელია ხოლმე და ძალადობის გამოყენებას არ გამორიცხავს. საკმაოდ ხშირად სწორედ გოგონები არიან იმ კონფლიქტების კატალიზატორის როლში, რომლებიც მკვლელობებით მთავრდება.
გოგონებსაც ისევე აქვთ თვითდამკვიდრების სურვილი, როგორც „მაგარ“ ბიჭებს. არის ჯგუფი გოგონებისა, რომლებსაც უნდათ იყვნენ თაყვანისცემის ობიექტები ან განსაზღვრავდნენ ემოციურ კლიმატს. ისინი უბნის და სკოლის „გამოსულ“ ბიჭებთან მეგობრობენ და ამაყობენ იმით, რომ ასეთი კავშირები აქვთ. თანაც გოგონები უქმნიან ბიჭებს ასპარეზს თავის დასამკვიდრებლად. როგორც მოზარდებისგან გავიგე, გოგონები, რომლებიც თანატოლების მხრიდან ხასიათდებიან, როგორც ყველაზე ლამაზები, ყველაზე უკეთ ჩაცმულები, დამოუკიდებლები, ნაკლებად არიან მიჯაჭულნი უფროსებს. ისინი ირჩევენ ხოლმე მსხვერპლს, ხდება სიტუაციის პროვოცირება, - როგორც წესი, დასცინიან. შემდეგ ამ კონფლიქტში ერევიან ბიჭები - ლიდერი გოგოს მხარდაჭერა ვალდებულებაა მეგობარი ბიჭების მხრიდან. აქ ძალადობის სპეციფიკურ სახესთან გვაქვს საქმე. ვეკითხებოდი ბავშვებს, როგორ ხდება ამ მსხვერპლის არჩევა და ბევრი პასუხი ასეთი იყო: მათ არ შეუძლიათ თავის დაცვა, ბუნებით გაუბედავნი არიან და არც კარგი კავშირები აქვთ - არ არიან უბანს მიჯაჭვულები, არ არიან უბნის იერარქიაში ჩაწერილი ბავშვები.
- რა როლს თამაშობს სწავლა, წარმატებული ბავშვებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი?
- აქაც სკოლას გააჩნია, ზოგიერთ სკოლაში ბავშვს არ უჩნდება სურვილი გამოავლინოს ცოდნა. მოზარდთა ჩამოყალიბებულ მიკროსოციუმში თანასწორობის დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. არ უნდა გამოირჩეოდე სხვისგან, იმ ჯგუფისგან, სადაც მიღებული ხარ. თუ არა ხარ მიღებული, ყოველთვის იქნები აგრესიის მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, სწავლობ თუ არა. გამიჭირდა იმის დადგენა, ამ სოციუმს ურთიერთნდობა უფრო გამოკვეთს თუ ინდივიდუალური თვალსაზრისით უნდობლობა. ინტერვიუს დროს ბიჭებს ვთხოვე ინდივიდუალურად შემხვედროდნენ. მათ კი მითხრეს, რომ ყველანი ერთად მოვიდოდნენ. ვინმეს მარტო რომ გაებედა მოსვლა ინტერვიუზე, ეს ჯგუფში უნდობლობას გააჩენდა. იმ ჯგუფში, რომელშიც ეწერები, აუცილებლად უნდა იყოს დაცული საერთო თანასწორობის პრინციპი - არ უნდა გამოირჩეოდე.
- ხომ არიან გამორჩეული ბავშვებიც?
- საერთოდ, ბავშვებს არ უყვართ საუბარი იმაზე, თანაკლასელების მხრიდან ხდებიან თუ არა ძალადობის მსხვერპლნი. განზოგადება ძნელია, თუმცა ტენდენციები შეიძლება გამოვყოთ. ჩემი დაკვირვებით, ასეთი ბავშვები მაინც გარიყულები არიან. სივრცეს ისინი სკოლის გარეთ, ინტრესების მიხედვით ეძებენ, ვთქვათ რეპეტიტორებთან, ან სპორტზე დადიან და იქ იჩენენ მეგობრებს. ხშირად ამ სივრცეს ინტერნეტი ქმნის. მოზარდს ვირტუალურ სივრცეში შეუძლია მოძებნოს თანამოაზრეები (შეიძლება, ასაკობრივი ჯგუფი არც იყოს გამოკვეთილი), ვისთანაც რაღაც ინტერესების გამო ურთიერთობს, ხშირად ასეთი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზრდება ხოლმე და აქ სოციუმის შემკვრელი ინტერნეტი ხდება.
- კვლევების მიხედვით, ყველა მოძალადე, ოდესღაც, თვითონ იყო ძალადობის მსხვერპლი. მნიშვნელოვანწილად - ოჯახში. საუბრობენ თუ არა ბავშვები ოჯახურ ძალადობაზე?
- უშუალოდ არ მქონია ამასთან შეხება. როგორც წესი, ოჯახურ ძალადობაზე საუბარს ბავშვები თავს არიდებენ. უცხო ადამიანის ჩარევას ოჯახის საქმეში ერიდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალადობას ოჯახის მხრიდანაც აწყდება და თანატოლების მხრიდანაც. ზოგჯერ იმხელაა კონფლიქტი გარემოსთან, რომ მოზარდი, შეიძლება, თვითაგრესიამდეც მივიდეს. იყო თვითმკვლელობის, თვითდაზიანების მცდელობებიც. მოზარდები ხშირად სწორედ იმიტომ იყენებენ აგრესიას და ძალადობას, რომ თავი დაიცვან ანალოგიური დამოკიდებულებებისგან სხვების მხრიდან. ოდესმე, ისინი აუცილებლად გამხდარან ძალადობის მსხვერპლნი, ოჯახს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც, თანატოლების მხრიდან. ოჯახის მიმართ აგრესიას მაშინ იჩენენ, როცა მშობლები ცდილობენ დაგეგმონ, დაარეგულირონ და გააკონტროლონ შვილების ცხოვრება პრიორიტეტებიდან დაწყებული, მაგალითად, რა პროფესია აირჩიოს, როგორი იმიჯი ჰქონდეს, სოციალური კავშირებით დამთავრებული. ამაზე პასუხი ოჯახური გარემოსგან გაუცხოება და თვითრეალიზაციის სივრცის სხვაგან ძიებაა. ოჯახის თანადგომის იმედი ნაკლებად აქვთ. მოზარდთა შორის აგრესიას სხვადასხვა სოციალური ფაქტორების ურთიერთგადაჯაჭვული სისტემა განაპირობებს.
![]() |
13 პლანეტა TOKYO და უკანასკნელი სამურაები |
▲back to top |
წერილი იაპონიიდან
ავტორი, ფოტო: ლიზა ასათიანი
21-ე საუკუნე ამ პატარა კუნძულზე, სადაც სულ რაღაც 120 მილიონი კაცი ცხოვრობს, ჩვენგან განსხვავებით, ორმოცდაათიოდე წლის წინ დაწყებულა.
იაპონიაში, კერძოდ ტოკიოში, წასვლა ჩემი და ჩემი მეგობრის სოფოს დიდი ხნის ოცნება გახლდათ და ამისთვის ჩემებურად კარგა ხანი ვემზადე. ჩვეულებრივ შევიძინე გზამკვლევი, სოფოსთან ერთად შევხვდით მეგობრებს, იმათ მეგობრებს და კიდევ მათი ბიძაშვილის მეგობრებს და წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩემი ხელჩანთა უკვე სავსე იყო დაჭმუჭნილ ფურცლებზე „ექპერტების“ მიერ მოწოდებული ინსტრუქციებითა და იაპონიაში გასატარებელი ერთი კვირის მკაცრი განრიგით.
განრიგით წასვლა, ალბათ, რუმინეთში შეიძლება. ამ მზადებაში, როგორც გაირკვა, მთავარი და ძალზედ მარტივი ფაქტი გამომრჩენია - მომავალში დრო კიდევ უფრო აჩქარებულია და ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ გისწრებს. ტოკიოში ვერავინ ვერ მოხვდება იქ, სადაც, თუნდაც, ორი თვის წინ სხვა ადამიანი მოხვდა. ქალაქი ისეთი შიშისმომგვრელი სისწრაფით იცვლება და ვითარდება, რომ უმეტესობა ადგილებისა ჩემი საამაყო ფურცლების ნაგლეჯებიდან ან დაკეტილი ან გადაადგილებული, ან უკვე მრავალჯერ სახეშეცვლილი დამხვდა. ამ ადგილებში რაც მოსახდენი იყო, უკვე მომხდარიყო და მათ აქტუალურობა დაეკარგათ.
და აი, ასე გავხდი მეც, 12-საათიანი ფრენის და საზარელი Jet legg-ის შემდეგ კიდევ ერთი მოსიარულე კლიშე - სრულიად დაკარგული. დაკარგული თარგმანსა და დროში.
როლში რომ ჩემთან ერთად შემოხვიდეთ, რამდენიმე უცნაური ფაქტი ტოკიოს ცხოვრებიდან, რათა მიგახვედროთ, რომ დაკარგულობა, ამ შემთხვევაში მეტაფორა არ არის და დავადასტურო, რომ აქ ჩემი პოეტურობა არაფერ შუაშია.
ქალაქის არც ერთ ქუჩას სახელი არ აწერია და არც ერთმა ძირეულმა და თავმოყვარე ტოკიოელმა არც ერთი ქუჩის სახელი არ იცის. ასე რომ, იაპონური მისამართი უფრო მათემატიკურ ფორმულას ჰგავს, ვიდრე მისამართს. მაგალითად - 32-78-17/3ა ტოკიო. აჰა, - აბა, თქვენ იცით.
თითოეული უზარმაზარი ცათამბჯენი, რომლის მისამართიც მსგავსი მათემატიკური ფორმულითაა აღწერილი, კიდევ რამდენიმე შიდა მიკრო ქალაქისგან შედგება, რამდენიმე ათეული სადარბაზოთი და, რა თქმა უნდა, რამდენიმე ათეული სართულით. და, სულ დამავიწყდა მეთქვა, თითოეულ ქუჩას კიდევ რამდენიმე სართული აქვს. არც ერთი შენობა შენობას არ ჰგავს. ის თანამედროვე ხელოვნების, დიზაინის და არქიტექტურის ბოლო მეტამორფოზა უფროა. ბევრი უნიჭიერესი დიზაინერი და არქიტექტორი წლების განმავლობაში იმაზე მუშაობდა, რომ შესასვლელი შესასვლელს არ გვანებოდა და, შესაბამისად, მისი პოვნა ურთულესი ამოცანაა. შენობებს არაფერი არ აწერია და შუშებიც ისეა დაბინდული, რომ ვერ დაინახო, შიგნით რა ხდება.
მოკლედ, პოეტურად კი არა, ისე იკარგები, რომ ბრაზისგან ტირილი გინდება.
იაპონია თავისი ძალზე უცნაური პროდუქტებით, ზეტექნოლოგიული გამოგონებებით და მათი კიდევ უფრო საეჭვო გამოყენების გზებით არის ცნობილი, რომელთა ნახევარზე მეტს, ალბათ ჩვენ, უბრალო მოკვდავნი ვერასდროს გავიგებთ. ეს სულ სხვა წერილის თემაა.
მარტივი, ყველასთვის გასაგები მაგალითი ტანსაცმლის საკიდია. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ტოკიოს სავაჭრო ქსელი 200 სხვადასხვა სახეობის ტანსაცმლის საკიდს სთავაზობს მომხმარებელს. ვის სჭირდება საკიდის 200 ნაირსახეობა, იქნებ, თქვენ მითხრათ, მაგრამ ქალაქი ერთი დიდი სავაჭრო ცენტრია, თავისი ბრჭყვიალა ნეონებითა და გაუთავებელი მუსიკალური და ტელერეკლამებით. შენობები ერთმანეთშია გადახლართული და ერთი კვირა ისე შეგიძლია გაატარო, რომ ქუჩაზე ფეხი საერთოდ არ დაადგა, ერთი შენობიდან მეორეში მოხვდე, საკიდების განყოფილების გვერდით უზარმაზარი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ან კინოთეატრი აღმოაჩინო და, რაც მთავარია, არასდროს არ დაიძინო, რადგან არაფერი არასდროს არ იკეტება. თუ, მაინცდამაინც, ძილი მოგერია, იმავე სართულზე სასტუმრო იპოვო, რომელიც საათობით ქირავდება, ცოტა წაუძინო, მწვანე ჩაი გადაკრა და სხვა სართულზე გააგრძელო კიდევ რამდენიმედღიანი მოგზაურობა.
ახალი ათასწლეულის აღსანიშნავად, 2000 წელს იაპონიაში მომავლის უნივერსიტეტი დაარსდა, რომელიც სტუდენტებს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს სთავაზობს. თუ რა დისციპლინებში, ვერაფრით მივხვდი. მათ მთავარ გვერდზე ამაყად გამოქვეყნებულმა მანიფესტმა მთლად დამაბნია: „ჩვენი სასწავლო პროგრამის მიზანია, გავზარდოთ პროფესიონალები, რომლებიც გზას გაუხსნიან ახალ ურთიერთობებს ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის“. ეს მანიფესტი მტკივნეული დასტურია იმისა, რომ რობოტიზაცია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში უკვე დაიწყო და ახლა უკვე ექსპერტები გვჭირდება, რომ ჩვენივე გამოგონებებთან საერთო ენა გამოვნახოთ. ტოკიო, როგორც მომავლის ლაბორატორია, რა თქმა უნდა, საუკეთესო მაგალითია ამისა. აბა, სად ნახავ კიდევ, ქუჩაში მოსიარულე და მომღერალ ამწეს, რომელიც პირდაპირ აეროპორტიდან გამოსულს შეგვეფეთა; ტაქსის, რომლის კარებიც ავტომატურად იღება და იკეტება (ჩვენ, თბილისის დანჯღრეული ტაქსის კარებებს მიჩვეულნი, მთელი ძალით მიჯახუნების გარეშე რომ არ იკეტება, უცხოპლანეტელებივით ვიქცეოდით), სიგარეტის ჯიხურს, რომელიც კომპიუტერის მეშვეობით ითვლის შენს სახეზე ნაოჭების რაოდენობას, რათა დაადგინოს, ხარ თუ არა სრულწლოვანი, და წყვეტს, მოგყიდოს თუ არა სიგარეტი და ა.შ.
იაპონელები, როგორც აღმოჩნდა, მუსიკისა და მუსიკალური გაფორმების დიდი მოყვარულები ყოფილან. ქალაქში ყველაფერს თავისი „საუნდტრეკი“ ანუ მისთვის კერძოდ დაწერილი კომპიუტერული მუსიკა აქვს. მეტროს თითოეული გაჩერება თავის გამორჩეულ მელოდიას გიმღერის. როგორც კი შუქნიშანზე მწვანე ინთება, ის ჭიკჭიკს იწყებს - გა-და-დიო რომ გაცნობოს, ყოველი შენობის შესასვლელი შემოგებების სიმღერას გიკრავს, და ყოველი ღილაკი თავის პატარა კონცერტს გიმართავს.
როგორც კი შანსი მოგვეცა, ნამდვილ ტოკიოურ და თანაც „ანდერგრაუნდ“ კონცერტზე მოხვედრისა, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გამოვეწყვეთ და გავეშურეთ. იმდენად შეჩვეული ვიყავი, რომ ყველაფერი სადღაც ზემოთ, რომელიმე ცათამბჯენის ლაბირინთშია შეყუჟული, ანდერგრაუნდ ანუ მიწისქვეშ ჩასვლამ, უკვე ძალიან გამაკვირვა. ბოლომდე გასაკვირვებლად, კლუბში შესვლამდე ფეხსაცმელიც გაგვხადეს. წითელ შესასვლელში ფეხსაცმლის ზღვის მიღმა - რომელიც ნამდვილ არტ ინსტალაციას ჰგავდა და თანაც ინტერაქტიულს, ჰირომი დაგვხვდა. ჰირომი ჩვენი მასპინძელი და კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. მისი მუსიკალური წარსული სრულიად მათემატიკურია - განათლებით მათემატიკოს და პროფესიით პროგრამისტ ჰირომის მუსიკა - მუსიკა კი არა, მუსიკალური დანადგარია. დანადგარი იღლიის ქვეშ თავსდება და ტანის მოძრაობის მეშვეობით მუსიკა იქმნება. წარმოდგენა უფრო პერფორმანსს ჰგავდა. მათემატიკოსი ჰირომი, 10 წლის ბავშვისთვის შესაფერის ტანისამოსში გამოწყობილი და რამდენიმე ლეპტოპით შეიარაღებული, დარბაზში იდგა. თავისი დანადგარი ნაქსოვ შალის ღუნღულა 8 ფენაში გაეხვია და ბოლო ხმაზე ყვიროდა - ისე მომწონხარ და ისეთი მორცხვი ვარ, რომ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო - შენი სახელი „დავგუგლო.“
პარადოქსია, იაპონია ძალიან ტრადიციული ქვეყანაა. აღმოსავლური ფილოსოფია და რელიგია ყველგან და ყოველთვის სადღაც აქვე, ამ ნეონით გაჟღენთილი ცათამბჯენების ქვეშ ტრიალებს. ტაძრები და ძენ ბაღები აქვე ჩუმად და მშვიდად არსებობს და თავის ფუნქციას უხმაუროდ ასრულებს. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, იაპონური ტრადიცია განუყოფელი და მოქმედი ნაწილია მისი აწმყოსი და მომავლისა და არა - ფუნქციადაკარგული ლამაზი დეკორაცია. გეიშები თავისუფლად დაიარებიან იაპონიის ქუჩებში, ისევე, როგორც ყველაზე თანამედროვედ გამოწყობილი თინეიჯერები. არც ერთია კონტექსტიდან და დროიდან ამოვარდნილი და არც მეორე.
იაპონიაში „საკურას“ ანუ ალუბლის ხის ყვავილობის დროს ჩავედით. სიფრიფანა ალუბლის ყვავილი - იაპონიის სიმბოლო, მისი ფილოსოფია და სიამაყეა. „საკურას“ დროს ყოველდღიური ცხოვრება წყდება და იაპონელები პარკებისკენ მიეშურებიან, ალუბლის ხის ქვეშ დგებიან და დიდხანს ტკბებიან სიფრიფანა ყვავილების ცვენით. „საკურას“ დროს თითოეულ ალუბლის ხეზე კამერა არის დამონტაჟებული და ყოველი საღამოს ახალი ამბები იწყება პატარა სიუჟეტით - თუ რომელი ხე აყვავდება ხვალ - რათა იაპონელებმა მიუსწრონ მის ყვავილცვენას. ალუბლის ხე ხომ მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი ყვავის. იაპონელებისთვის „საკურა“ სიცოცხლის დღესასწაული და ცხოვრების სიმბოლიკაა, სამურაებთან ასოცირებული. სამურაები - მეომრები, მოძღვარნი და პოეტები, მზად იყვნენ თავიანთი ალუბლის ყვავილობასავით ხანმოკლე ცხოვრება ჭეშმარიტების, სილამაზისა და საკუთარი მრწამსისათვის შეეწირათ, აღექვათ და დაეფასებინათ მშვენიერება ყველგან და ყველაფერში. „საკურა“ რეინკარნაციის, ცხოვრების მოკლეხნიანობის, თავიდან დაბადების სიმბოლოა.
იაპონელები თვლიან, რომ ნამდვილი სამურაები აღარ არსებობენ. მე კი მგონია, რომ თავად იაპონელები არიან მსოფლიოს უკანასკნელი სამურაები. მათი არსებობა სავსეა სიცოცხლისა და სილამაზის სიყვარულით, მოწიწებით და პატივისცემით ცხოვრებისა და ცოცხალ არსებათა მიმართ.
იაპონიაში რომ ჩავედით, ნახევარი იაპონია თეთრი ქაღალდის ნიღბებით ცხვირპირაკრული დაგვხვდა. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ საშინელი ეპიდემია გავრცელდა ქვეყანაში და მალე ყველანი ამოვიხოცებოდით. მერე ვიფიქრე, ალბათ, თავს გამონაბოლქვისგან იცავენ, რომ ფილტვები არ დაიზიანონ-მეთქი. მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ ეს ჩემი ლოგიკური განმარტება - მათ ფილოსოფიას მთლად არ ეთანხმებოდა. მართალიც აღმოვჩნდი. ლონდონში დაბრუნების შემდეგ გავარკვიეთ, რომ ნიღბები გაცივებულ ანდა ალერგიით დატანჯულ ხალხს უკეთია, რათა გარშემომყოფნი არ დაასნეულონ.
იაპონიაში ქურდობა წარმოუდგენელია და ტოკიო პირველ ადგილზეა, როგორც ყველზე უსაფრთხო მეგაპოლისი.
ურთიერთპატივისცება ისეთ ხარისხშია აყვანილი, რომ ტყუილი - დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ცნებაა. მარტივი მაგალითი - ყოველდღე, დღეში რამდენიმეჯერ, მეტროში მოსახვედრად, მე და სოფოს ბილეთის რამდენიმე შემოწმება უნდა გაგვევლო. ბილეთზე მგზავრის სახელი და მგზავრობის თარიღებია დაბეჭდილი. ყოველ ჯერზე, გამონაკლისის გარეშე, ყველა კონტროლიორი თვალებს ხრიდა, რომ არ წაეკითხა ჩვენი ბილეთის თარიღები და ჩვენს პატიოსნებაში ეჭვის შეტანით არ დავემცირებინეთ.
ალბათ, იკითხავთ, თუ იაპონელები ასეთი გასაოცარი ხალხია, იციან როგორ იცხოვრონ ჭეშმარიტი ფასეულებებით, იცხოვრონ 21-ე საუკუნეში სულიერი ცხოვრებით, დააფასონ და შექმნან არნახული სილამაზე, მაშინ მთელი ეს რობოტიზაცია და 200 ნაირსახეობა საკიდებისა რაღა შუაშიაო? რას ემსახურება ეს კონსუმერიზმიო?
პასუხი საკმაოდ მარტივია - იაპონელებისათვის ეს იაპონური ეკონომიკისა და ექსპორტის გაძლიერების გზაა - შესაბამისად, ქვეყნის სიძლიერისა და მუდმივი არსებობის გარანტია. ამ მარტივად ფორმულირებული სტრატეგიის რეალიზაციაში ყოველი იაპონელი უაღრესი მონდომებითა და მოწიწებით, ამაყად იღებს მონაწილეობას ყოველი დღის და წუთის განმავლობაში.
იაპონელებმა მოახერხეს შეექმნათ თავისი უნიკალური, პარადოქსული ფორმა თანამედროვეობისა და პოსტთანამედროვეობის შერწმისა. ჩვენთვის მსგავსი სინთეზი რთული გასაგები და აღსაქმელია. ერთერთი ჟურნალისტი ხუმრობდა, უცხოელები ყველაფერ გაუგებარს აქ ძენს ეძახიანო. სადღაც მართალია ალბათ, მაგრამ თუ მსგავსი სინთეზი გარდაუვალი მომავალია, მაშინ მე პოსტმოდერნიზმის იაპონური ვერსია ბევრად უფრო მიზიდავს, ვიდრე ტრადიციისა და სულიერებისგან დაცლილი მისი ამერიკული მაკდონალდსური სახესხვაობა.
![]() |
14 DON'T WORRY |
▲back to top |
წერილი ბანგლადეშიდან
ავტორი, ფოტო: სალომე კიკალეიშვილი
ვუძღვნი ნიკოლა სარკოზის და კარლა ბრუნის, რომლებიც ზუსტად ამ დროს, პარიზის დისნეილენდის ატრაქციონებზე სრიალებდნენ და დედამიწის ზურგზე არავინ და არაფერი ანაღვლებდათ. ისევე, როგორც მე, რომელიც სარკოზი-ბრუნისგან განსხვავებით, არა რკინაპლასტმასის, არამედ ბანგლადეშური ცხოვრების და მისი რეალობის საქანელაზე ვქანაობდი, დაკაში.
სატელეფონო ზარი ერთ-ერთ ტურ-ოპერატორთან.
- ალო, გამარჯობა, ბილეთი მინდა დავჯავშნო!
- სად მიბრძანდებით?
- დაკაში, ბანგლადეშში.
- ერთი წუთით დამელოდეთ.
15 წუთის შემდეგ:
- გვარი და სახელი მიკარნახეთ!
- სალომე კიკალეიშვილი.
- კიკა... კარგით, ბილეთი დაჯავშნილია და ორი კვირის შემდეგ იქნება აიღოთ, თორემ ჯავშანი მოიხსნება.
- კარგი, თარიღები ხომ სწორად ჩაწერეთ?
- დიახ, დიახ; არ ინერვიულოთ. ბილეთი დაკარამდე დაჯავშნილია.
- უკაცრავად?
- დაჯავშნილია, დაკარი.
- არა, იცით, დაკარი კი არა, დაკა, ბანგლადეში.
- დაკა?
- დიახ!
- ვაი... დამაცადეთ ერთი წუთი!
10 წუთის შემდეგ.
- დაკა? როგორ იწერება?
- დი, ეიჩ, ეი, ქეი, ეი...
პაუზა.
- კიდევ ერთხელ თუ შეიძლება...
- დი, ეიჩ, ეი, ქეი, ეი...
- ვაი... და... რამე რომ იყოს, დაკარში არ გინდათ წასვლა?
- ?
- გადმოგირეკავთ.
აბა, რა იცოდა იმ უჩვეულო სააგენტოს გოგონამ, რომ ხალხის რესპუბლიკა ბანგლადეშში მარტო იმ ფიქრით მივდიოდი, ინდოეთის გვერდზე არის და მის მიმართ არსებულ ჩემს უკიდეგანო ნოსტალგიას დროებით მაინც შემიმსუბუქებს-მეთქი. ინდოეთის არ იყოს, ამ შემთხვევაშიც აქტუალური იყო კითხვები აცრებზე, ტემპერატურაზე, ყოველი შემთხვევისთვის, ახლობლებთან ტრადიციული გამომშვიდობებებით და ა.შ. მართალია, საკმაოდ იხალისა ყველამ, როცა ვთქვი ბანგლადეშში, კინოფესტივალზე მივდივარ-მეთქი; მაგრამ, ცნობისმოყვარეობა რომ არა, შეიძლება, ახლა არც მე და არც თქვენ არ ვყოფილიყავით ამ ქვეყნად, ჰოდა, ამიტომაც, ბანგლადეშის კინოფესტივალზე, დიდი ცნობისმოყვარეობის შედეგად, ბოლო-ბოლო მაინც ამოვყავი თავი. ხალხის რესპუბლიკა ბანგლადეში, ბენგალიის ძველი რეგიონის აღმოსავლეთით მდებარეობს და ჩემს საყვარელ ინდოეთს ესაზღვრება. ისე, არა მარტო ესაზღვრება, არამედ, 1947 წლამდე მისი განუყოფელი ნაწილი იყო. ანუ მაშინ, როდესაც ინდოეთმა რის ვაი-ვაგლახით თავი დააღწია ბრიტანელებს და ქვეყანა ორად გაიყო: ინდოეთად და პაკისტანად. უფრო სწორად, დაყოფა რელიგიური ნიშნით მოხდა. დასავლეთი მხარე, სადაც ინდუსები ჭარბობდნენ, ინდოეთის ნაწილში დარჩა, ხოლო მუსლიმური სარწმუნოების მქონე მოსახლეობა, მთელი თავისი ტერიტორიებით, პაკისტანს შეუერთდა და აღმოსავლეთ პაკისტანად მოიხსენიებოდა. მაგრამ, ენობრივმა, ეთნიკურმა სხვაობამ და იმ დისკრიმინაციამ, რასაც ე.წ. აღმოსავლეთ პაკისტანელები განიცდიდნენ, ქვეყანაში დიდი არეულობა და საპროტესტო აქციები გამოიწვია, რასაც არაერთხელ მოჰყვა სისხლისღვრა. საბოლოოდ, 1971 წელს მათ დამოუკიდებლობას მიაღწიეს და მას შემდეგ, ეს ტერიტორია, ხალხის რესპუბლიკა ბანგლადეშად მოიხსენიება. 135 მილიონიანი მოსახლეობის 88 %25-ს მუსლიმები შეადგენენ და მსოფლიოს მუსლიმურ ქვეყნებში, თავისი სიდიდით, ბანგლადეში მეორე ადგილზეა. კარგი, ეს ყველაფერი მანამდეც ვიცოდი, მაგრამ, აი, რამადანის დღესასწაულზეც თუ ამოვყოფდი თავს და ბანგლადეშელი მღვდლის ბანაობას დავესწრებოდი, მართლა არ მიფიქრია. თან როგორ? ტიპური ტურისტული აღჭურვილობით - ფოტოაპარატით ხელში! საშინელება იყო, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
WELCOME TO BANGLA
- მალარიაზე ხომ აიცერი? მკითხა ჩემმა მასპინძელმა, ფესტივალის მარჯვენა ხელმა რეშმიმ, როგორც კი აეროპორტში უსასრულო ფრენისგან გასიებული ფეხები დავდგი. თვალები გამიფართოვდა, რა ჩემი ბრალია, ასჯერ ვიკითხე და არავის უთქვამს საჭიროაო. ჩემი გამომეტყველების შემყურე რეშმიმ უცბად შეარბილა ტონი და მითხრა, რომ სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე, აფთიაქში შევჩერდებოდით და კოღოს წამალს სასწრაფოდ (სიტყვა სასწრაფოდ მაინც დააყოლა) ვიყიდდით. თან გამიღიმა, რაც ცუდ ნიშნად მივიღე, არ მესიამოვნა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქ-ფარდულში ნაყიდ ტუბს გადახაზული და თვალებატრიალებული დიდი კოღო ეხატა და თან უშველებელი ასოებით ეწერა დღეში 3-ჯერ მიისხურეთო, ისტერიულად, იმდენჯერ მივისხი მთელს ტანზე, სანამ თავბრუსხვევები და „უფ, რაღაც ვერ ვარ კარგად, კედელს მივეყუდები“ არ დამეწყო.
ბანგლადეში არ ჰგავს ინდოეთს, დელის. ის საერთოდ არაფერს არ ჰგავს. ყოველ დილით, მთელი ქალაქი უცნაურ ბურუსში, ქალაქზე ჩამოწოლილ სქელ ნისლში იღვიძებს. გეჩვენება, რომ გაზის სუნს მიაქვს იქაურობა. არც ერთი შენობა თუ ნაგებობა, არ გიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის დასრულებულია, აშენებულია. გგონია, ძველ დროში მოხვდი და ყველაფერი დიდი ხნის წინათ, დიდი ომის, ტაიფუნის თუ მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ხალხი კი, ამ ნანგრევებში ცხოვრობს. დაკა უცნაური, გახუნებული ფერისაა... გახუნებული კი არა, უფერულია. მარტო ოფიციალურად დარეგისტრირებულ 300 ათასი ველო რიქშას აჭრელებულ საზურგეებს შემოაქვთ უფერულ ქალაქში სიცოცხლე. ის ძველ ბაბილონს უფრო ჰგავს, ვიდრე... არა, სიტყვა თანამედროვე არ შეიძლება ვიხმაროთ, უახლეს ისტორიაში არსებულ რომელიმე ქალაქს. ერთადერთი მშვენიერება, წყალში აშენებული პარლამენტის შენობაა, რომელთან ჩამოსული სტუმრის გატარება, თითოეული ბანგლადეშელისთვის მეტად საამაყო საქმეა. ეს ქვეყანა პარადოქსებითაა სავსე. მაგალითად, დაგმანული, დაბალი შენობა, რომელიც ზუსტად პარლამენტის გვერდზე წამოუჭიმიათ. -„ეს? ეს ციხეა,“ - მიხსნის რეშმი. - „ჩვენთან დიდი კორუფციაა. ჰოდა, ხან ვის იჭერენ და ხან ვის“. რაღაც შესასვლელ-გასასვლელივითაა, ჯერ ერთში შედიან, მერე მეორეში გადადიან. თან არ გეგონოთ, რომ ეს ერთეულებს ეხება: როგორც წესი, ამ გზას ბანგლადეშის მთავრობაში მოხვედრილი ყველა ადამიანი გადის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ან შეიარაღებულ სამხედრო პირებს ვხვდებოდით ან ტრანსპარანტებით „შეიარაღებულ“ ათასობით მომიტინგეს. მასობრივი დაპატიმრებების გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. მაგალითად, ფესტივალის გახსნაზე ქალაქის მერი, მშვენიერი ქალბატონი, მეორე დღეს რომ მოვიკითხეთ - უფ, ეგ ჩასვეს უკვეო - გვიპასუხეს. მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული კითხვა-პასუხი რამდენჯერმე განმეორდა, ჩვენ, ჩამოსულმა სტუმრებმა ფიცი დავდეთ, აღარასოდეს, აღარასოდეს დაგვესვა ეს შეკითხვა. მარტივია, - თუ ნახავ წინა დღეს გაცნობილ მასპინძელს, ხომ კარგი, თუ არადა.... მოკლედ, აღარ უნდა იკითხო სად არის, ისედაც ყველაფერი ნათელია.
ცხოვრების დონე ინდოეთზე გაცილებით დაბალია. მოსახლეობა კიდევ უფრო ღატაკია. შეუძლებელია, დაკაში ჩამოხვიდე და ყველა ჩამოსული ტურისტი არ გაიცნო, ქალაქში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადგილია, სადაც ჩამოსულები მისვლას და საღამოს გატარებას შეძლებენ. - „როგორ ვერთობით? როგორ და... რა ვიცი, აბა, ველო რიქშაში ვსხდებით ძმაკაცებთან ერთად და ქალაქში ვსეირნობთ. თუ წვიმს, უფრო კარგია. გივლია წვიმაში? მერე, სადმე დავსხდებით და ვჭორაობთ. ან... აქ ალკოჰოლური სასმელის დალევა ხომ აკრძალულია, ჰოდა, რამენაირად ვშოულობთ ხოლმე სასმელს და რომელიმესთან ავდივართ სახლში. ჰო, კიდევ კინოში დავდივართ, უბრალოდ... უცხოურ ფილმებს ხშირად ვერ ვნახულობთ, აკრძალულია. ადგილობრივ ფილმებს უწევს კონკურენციას და ამიტომ. თუმცა, ნებისმიერი ფილმის შოვნა შეგიძლია DVD-ზე.“ - მითხრა 23 წლის რომეომ. მაგრამ, უცხოურ ფილმებს კონკურენციის გამო კი არა, ქვეყანაში არსებული წარმოუდგენლად მკაცრი ცენზურის გამო კრძალავენ. ისიც კი გავიგე, რომ ვიღაც კაცი, ქალაქგარეთ მართავდა შემოტანილი ფილმების ჩვენებებს და კანონის დარღვევისთვის, ჩამოახრჩვეს. თუმცა, კანონი არავის წაუკითხავს, თვალითაც კი არ უნახავთ. „რა ვიცი, მგონი, არც არსებობს ოფიციალური წესდება უცხოურ ფილმებზე, მაგრამ რას იზამ? მთავრობას არ უნდა და მორჩა“. ცენზურა ბლოკავს ან თავიდან ამონტაჟებს ყველაფერს, სადაც ძალადობის ან სექსის სცენებია ნაჩვენები. ანუ, ნიჭიერ საბჭოთა ცენზორებსაც შეშურდებათ, ისეთი გახურებულია ცენზურა ბანგლადეშში. ცენზურა საფესტივალო ფილმებსაც შეეხო. უბრალოდ, ცენზორებმა საფესტივალო ფილმების ნახვა მხოლოდ ფესტივალის დაწყებისას დაიწყეს და ამიტომ, ფილმების განრიგის მაგივრად, კინოთეატრში შესასვლელ დაფაზე, რვა დღის მანძილზე მშვიდად ეწერა - TO BE ANNOUNCED.
ცხოვრებისეული პარადოქსი: ბანგლადეშური კინოფესტივალი
ხომ გახსოვთ, რომ ინდოეთში, კერძოდ კი ბომბეიში, არის ბოლივუდი, კალკუტაში - ტოლივუდი. ჰოდა, იცოდეთ, რომ დაკაში - დალივუდია.
მთელი მოგზაურობის მანძილზე კოღოებთან გაჩაღებულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ვინ ჩივის, ყველაზე დიდი უცნაურობა წინ მელოდა - ბანგლადეშური კინოფესტივალი. დამიჯერეთ, ასეთ რამეს ყველაზე აქტიური და ფესტივალებზე მოსიარულე კინომცოდნე თუ ჟურნალისტიც კი ვერსად ნახავს. ერთადერთი, რაც ამ ფესტივალისგან ვისწავლეთ ყველამ, იყო ფრაზა - don't worry, რომელიც ნებისმიერ დასმულ კითხვაზე გამზადებულ პასუხს წარმოადგენდა. და საერთოდ, ბანგლადეში, მგონი, ერთი დიდი don't worry-ია. საფესტივალო დღეების მსვლელობის მანძილზე, მე და ჩემი კოლეგები გულამოსკვნილები ვცდილობდით გაგვეგო - სად ვართ! რატომ ვართ! რისთვის ვართ! ბატებივით დავდიოდით წინ და უკან და უპატრონო ბავშვის თვალებით შევცქეროდით ჩვენს მასპინძლებს. მარტო ის ვიცოდით, რომ დილაობით სასტუმრო „ამბალა ინ“-თან მანქანა მოვიდოდა და შიგ უნდა ჩავმსხდარიყავით. აი, მერე უკვე სად გადაგვისვრიდა განგება და სად ამოვყოფდით თავს: კინოდარბაზში, რომელიმე ელჩთან მიღებაზე თუ სავაჭრო ცენტრში, არავინ იცოდა. ფესტივალის პროგრამის კატალოგი გამოფრენის წინა დღეს დაგვირიგეს, ამიტომ, მთელი რვა დღის მანძილზე ჟიურის წევრებისგან ისმოდა მხოლოდ - ახლა რას ვშვებით? - don't worry; რა ფილმს ვნახავთ? - don't worry; რამდენი ფილმია კონკურსში? - don't worry; ჩვენი ჟიურის მესამე წევრი სად არის? - don't worry; ჩამოვა? როდის? რაა, მალდივებზეა ელჩად და მალე ჩამოვა? - don't worry; კიდევ რა ფილმებია ფესტივალზე? როგორ, არ იცით? - don't worry. მართალია, შენობის შესასვლელში წითელი ხალიჩა იყო დაგებული და ჩვენს ყოველ შესვლაზე ხალხი ერთმანეთს კრავდა ხელს - გაატარეთ, მოდიანო, მაგრამ... რას ვიზამთ! იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები dvd-დან გადიოდა ეკრანზე და მაყურებელი ერთხმად კარნახობდა ხოლმე საპროექციოში მჯდარ კაცს - ჰო, ჰო, ცოტა ზემოთ... არა, არა, ქვემოთ და მარჯვნივ... ჰო, ჰო, მალადეც! კარგი, არც იმაზე ვიტყვით რაიმეს, შუა საკონკურსო ფილმის ყურების დროს, ფესტივალის დირექტორი აჰმედ მუსტაფა ზამალი რომ ჩამოგვივლიდა ხოლმე ჟიურის წევრებს - ჰე, აბა ადექით, ჰოლანდიის ელჩი გველოდება, სახლში წვეულებას მართავს, მაგ ფილმს მერე გაჩვენებთ, აბა, ტემპში, ტემპში ავდექით ყველაო. ან კიდევ - ახლა სავაჭრო ცენტრში გასეირნების დროა, ვის უნდა ლამაზი სარების და ბეჭდების ყიდვა? ჰა? ვის? - და... საკონკურსო ფილმი რომ გვაქვს სანახავი? - don't worry! როდესაც ჟიურის წევრებმა აღებული ვალდებულება შევასრულეთ და ტალანტ კამპუსის სტუდენტებისთვის თითოეულმა ორ საათიანი ლექციები წავიკითხეთ, მერე გავარკვიეთ, უფრო სწორად, კი არ გავარკვიეთ, გამომეტყველებაზე მივხვდით, რომ ოციდან ორმა სტუდენტმა იცოდა ინგლისური. გვიკითხავს რა, ჩვენთვის.
ესეც ბანგლადეშური კინოფესტივალი! კარგი, ქვეყანა ხომ მაინც ვნახეთ.
ბანგლადეში და სექსი
პოპულარული ბანგლადეშური რეკლამა:
სოფლელ ბიჭს ცნობილი მსახიობი მოჰყავს ცოლად. მთელი სოფელი გაოგნებულია. რა არის, ძმაო, შენი საიდუმლო? - ეკითხება ძმა. - ოჰ! - პასუხობს ახალდაქორწინებული კაცი. სადილისას, ბედნიერი ცოლი ხელით აჭმევს ქმარს, - ძმაო, რა არის შენი საიდუმლო? - ისევ კითხულობს უფროსი ძმა. - ოჰ! - ისმის ნაცნობი პასუხი. ოთახიდან ვნებიანი ხმები გამოდის, კარზე კაკუნი და - ძმაო, რა არის ბოლოს და ბოლოს შენი საიდუმლოება? - ოჰ! კარი ისევ იკეტება, მერე უცებ იღება და იქიდან ძმის ძლიერი ხელი მოსჩანს პრეზერვატივით! - აჰაა, ისმის კადრს მიღმა ცნობისმოყვარე ძმის ხმა.
რვადღიან ფესტივალზე, ცენზურის თუ ბანგლადეშური ფესტივალის თავისებურების გამო, ალბათ, 7-8 ფილმის ნახვა თუ მოვახერხეთ. ისიც ფაქტია, რომ ბანგლადეშურ კინოსთან შედარებით, ინდური ფილმები ჭეშმარიტი კინემატოგრაფიაა. ცენზურას გადარჩენილ ერთ ბანგლადეშურ ფილმში ორგაზმის საოცარი სცენა ვნახე. ეტყობა ცენზურამ ჩათვალა - შეიძლებაო! წარმოიდგინეთ, გიყვებიან რაღაც ამბავს, მოჩანს ქალი და კაცი, რომელთა მზერა ერთმანეთისკენაა მიმართული, შემდეგ მსხვილი ხედით მაგრად ჩაკიდებულ ხელებს ხედავ და უცბად, ისევ ისე, როგორც წუთის წინ, ჩაცმულ-მოკაზმულ იგივე წყვილს უყურებ, რომელიც სახლიდან გადის. ფანტაზია, ფანტაზია აამუშავეთ! მოსახდენი მოხდა და თანაც, ასე უცბად! ეს უკეთესია, ვიდრე იქვე მდებარე ერთი აზიური ქვეყანა, სადაც თურმე, ფილმების გაშვების დროს, საპროექციოში ერთი ბოროტი ცენზორი ზის, ხელში თაბახის ფურცლით. როდესაც ფილმში კოცნის სცენა იწყება, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ცენზორი ქაღალდს აფარებს აპარატს და გათეთრებული ეკრანის შემყურე გამწარებული მაყურებლის ღმუილს ისმენს. ამ ფაქტს ერთობ საინტერესო ახსნა მოუძებნა ბანგლადეშელმა საჯადმა - კარგი რა, ჩვენ კიდევ ეგ გვინდა, ისედაც ნახე, რამდენი ვართ! საუბარში მალაიზიელი შავ-შავი ულვაშა კაცი ჩაერთო, რომელმაც დააყოლა - აი, ჩვენთან, მალაიზიაში, საერთოდ სასტუმროებში უვარდება პოლიცია ხალხს. თუ ნახეს, რომ ქალი და კაცი ერთად შევიდნენ, კარებს შეუნგრევენ და ქორწინების დამადასტურებელ საბუთს ითხოვენ. ერთხელ ერთ ამერიკელ წყვილს შეუვარდნენ, რა თქმა უნდა (სიცილით დაამატა), არანაირი საბუთი არ გააჩნდათ იმ უბედურებს და ამერიკის საელჩო რომ არა, სულ ციხეში ამოვალპობდითო. საღამოობით, პოლიცია პარკებში სეირნობს და, როგორც წესი, დილამდე ბევრ წყვილს აგროვებსო. აბა, სხვანაირად როგორ გინდათო? - ჩაიცინა ულვაშებში. და ამ დროს - გაუმარჯოს თავისუფალ სექს და მასტურბაციას! - ხმამაღლა დაიძახა ჰოლანდიელმა პიტერმა, რაზეც ულვაშა კინაღამ დაიხრჩო, მოულოდნელი რეპლიკის გაგონებისას წყალი გადაცდა სასულეში.
- „ჩვენ არანაირი განათლება არ მიგვიღია სექსზე. ამიტომ ჩემს თაობაში, როდესაც ქორწინდებოდნენ, ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რა უნდა ექნა. დღეს ასე არ არის... მაგრამ სექსი ტაბუდადებული თემაა. ერთადერთი, საიდანაც ახალგაზრდებს რაიმე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, შავ ბაზარზე გამოტანილი პორნოგრაფიული ლიტერატურაა, სადაც ყველაფერი დამახინჯებულად არის წარმოდგენილი,“ - მითხრა, როგორც გამაცნეს, ბანგლადეშის ნომერ პირველმა ბიზნესმენმა, რომელიც საჭირბოროტო თემაზე გაჩაღებულ კამათს შეესწრო.
სხვათა შორის, ეს ლიტერატურა მეც ვნახე და დიდი არაფერი შთაბეჭდილება მოუხდენია ჩემზე. წიგნის ყდაზე ქალის ფოტო იყო, გრძელ, სადღესასწაულო კაბაში. ეს იყო და ეს.
ბანგლადეშური უცნაურობები
ჩაბნელებულ ფარდულში სიგარეტის საყიდლად ჩავედი. მალბორო გინდაო?; კი-მეთქი, ვუპასუხე და რაღაც უცნაურ წარწერიანი, სიგარეტის ლურჯი კოლოფი ვიყიდე. - ღერებით ჯობია იყიდო, ჩვენ სულ ასე ვყიდულობთ, რადგან ასე, გინდა არ გინდა, უფრო ცოტას ეწევიო - მითხრა საჯადმა.
კაფეში, ფოლგაში გახვეული ფოთოლი ვჭამე. ფოლგიანად. შიგნით რაღაცები ჩამიყარეს. - რა არის-მეთქი? - ჭამე რა, ნახე როგორ მოგეწონებაო. პატარა კაფედან რომ გამოვედი, მომეჩვენა, რომ სამყაროს სხვანაირად ვხედავდი, სახლები უფრო დაგრძელებულიყო, ხალხი გაწელილად მეტყველებდა და ეეე... - ვიფიქრე ჩემთვის. 2 წუთში მივხვდი, რომ ქოქოსის მსგავსი ხილის და სუნელების ნაზავი მიჭამია და მეტი არაფერი, ჰოდა გაწელილი სახლები წამში დალაგდა ადგილზე. მაგრამ პირველადმა წარმოსახვამ თავისი საქმე ქნა და იმდენად მოვეშვი, რომ აღარც ის ამბავი მანაღლებდა, ჩემს ფორთოხლის წვენში ორი დიდი ბუზი ერთდროულად რომ ჩაიხრჩო. ხოლო მას მერე, რაც ახალი წვენი მოვატანინე და წრუპვა გავაგრძელე, საჯადმა მეგობრულად მითხრა - შენ რა, გჯერა, რომ ის გადაასხეს და ახალი მოგიტანესო?! ჯანდაბა!
ბუზიანი გამაგრილებელი სასმელის შემდეგ, მასპინძლებმა გადაწყვიტეს ჩვენთვის პატივი ეცათ და სოფლებში წაგვიყვანეს სამოგზაუროდ. სოფელი, როგორც ასეთი, ჩვენი გაგებით, იქ არ არსებობს. ტროპიკულ ტყეებში აქა-იქ მიმალული პატარა ქოხები მოჩანს, რომლებიც ზედ მიწაზე დგას. ყოველ ორ-სამ ასეთ სახლს, შუაში დიდი დაგუბებული ტბა აქვს. ტბა საჭირო რამაა. გარეცხავ ჭურჭელს, ტანსაცმელს, ბოლოს და ბოლოს, თავს და ტანს დაიბანს მთელი ოჯახი. წყალი კი არ იცვლება, იმიტომ, რომ ის ტბაა. ამ ტყეებში პატარა და სასაცილო ბავშვებს შეიძლება წააწყდე, ჯგუფ-ჯგუფად დადიან ფეხშიშველები და უცნაური ადამიანების, ანუ ჩვენს დანახვაზე ჟივილ-ხივილით გარბიან სახლებში. მერე კი, ფანჯრებიდან თავებგამოყოფილი აგრძელებენ ჩვენს თვალიერებას
ერთ-ერთი სახლის ეზოში, დიდი სუფრა გაგვიშალეს. სპეციალურად ჩვენთვის ყველაფერს welcome დააწერეს, ოღონდ უკუღმა გააკრეს, არა უშავს. საჭმელები ხელით დაგვიყარეს თეფშებზე და ბებიაჩემი უზრდელურ ჭამას რომ ეძახის, ზუსტად ისე - თითებით ვჭამეთ: ბრინჯი, თევზის წვნიანი და რაღაც ფოთლები... მეორეთი - ბუზებს ვიგერიებდით. ყველა ღელავდა, ოჯახში, უფროსი ვაჟი უნდა მოსულიყო თავის ცოლთან ერთად. მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უკვე კანადის მოქალაქეები გამხდარიყვნენ და ეს, ერთი-ორად ზრდიდა ამ ოჯახის მიმართ პატივისცემას. ეზოში სქელი შავი კაცი შემოვიდა, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილ ასევე სქელ და შავ ქალთან ერთად. კაცი ინგლისურად მოგვესალმა და ცხრაჯერ მაინც გაგვიმეორა - მე კანადის მოქალაქე ვარო, ჩემი ცოლიცო. მერე ჯიბიდან i-phone ამოიღო, შორიდან დაგვანახა და გვკითხა - იცით კი, ეს რა არისო? ჩვენ იმედი არ გავუცრუეთ და ერთდროულად გავაქნიეთ თავები - არა-თქო. ამის მერე, სათითაოდ ჩამოგვიარა, ორ-ორი წუთით ყველას თვითონ შეგვირჭო ყურებში ყურსასმენები და ჯასტინ ტიმბერლეიკი მოგვასმენინა, - აი, აიო. თან პერიოდულად ვიღაცეებთან რეკავდა - ეს რეკავს კიდეცო. მერე თავისი კანადის მოქალაქე ერთი წლის შვილი დაგვანახა, რომელსაც შუბლზე დიდი, დიდი შავი ლაქა ჰქონდა. არადა, ეს ლაქები სხვა ბავშვებსაც შევამჩნიე და, რა თქმა უნდა, მისი წარმომავლობით დავინტერესდი. - ბოროტი სულების განსადევნად, პატარა ბავშვებს დიდ შავ ლაქას ვუკეთებთ შუბლზეო, მითხრა კანადის მოქალაქემ. ჩემთვის გავიფიქრე, კიდევ კარგი, ჩვენს შვილებს შუბლზე არ ვაწეპებთ გიშრებს-მეთქი. ისე, ჯასტინ ტიმბერლეიკზე გამახსენდა. რადგან გარეთ ზამთარია (ამ დროს კი გარეთ + 28-29 გრადუსია), ყველა ბანგლადეშელ მამაკაცს, წელს ქვემოთ ნაჭერი აქვს შემოხვეული, ზემოთ პერანგი აცვია, თავზე კი ჩამოფხატული ქუდი და ნაქსოვი კაშნე აქვს მოხვეული. ბანგლადეშელი ტიმბერლეიკელები არიან. Cool.
სოფლად სადილის შემდეგ, მეთევზეების ნავებით ვისეირნეთ. გინდა, გინდა და ვერ ხვდები რომ გინდაო! მიმტკიცეს და ნავში მომზადებული ბრინჯით ისე გამბერეს, რომ იქიდან ჩამოსვლაში, ოთხი კაცი მაინც მეხმარებოდა. მერე ყველა მეგობრულად დავემშვიდობეთ ადგილობრივებს და იქიდან სულ საპირისპირო გზით, ანუ „პროტივზე“ სიარულით ჩამოვედით დაკაში. რატომ, არ ვიცი. აქეთ მხარეს ტრასა ცარიელიაო, მითხრეს.
რეშმის, მგონი, ვაწყენინე. ვუთხარი, დელი ძალიან მომწონს და დელის ძველი ქალაქი ხომ საერთოდ... ასეთი არაფერი მინახავს-მეთქი. ეს ვთქვი თუ არა, სამ წუთში მანქანაში ჩამსვა და old town-ო გასძახა მძღოლს. დაკას ძველ ქალაქში ვართ. იგივეა. წვნიკა ქუჩები, 5-6 მილიონი ადამიანი გარშემო... ვნახე, როგორ აკეთებენ ნიჟარებისგან სამაჯურებს, რომელთაც გათხოვილი ქალები ატარებენ. მე ცოტა დავიბენი, ვერ გავიგე უნდა გამეკეთებინა თუ არა. არადა, როგორი მტვერი იდგა პატარა საამქროში... ამიტომ არის, რომ დაბინძურებული გარემოს გამო, ყველას ტუბერკულოზი ან ასთმა აწუხებს. არა, ძველი ქალაქის ერთ სახლში სტუმრობის შემდეგ, ყველა, მთელი დღე სულ ხველა-ხველებით ვლაპარაკობდით. არადა, ორი წუთით ავედით. ქვის მიხვეულ-მოხვეული კიბეები, ქვის ოთახები, სადაც თითო ოჯახი ცხოვრობს ასე, 9-10 კვადრატული მეტრი იქნება. ჭერი? ალბათ 1,5 მეტრის სიმაღლის. შიგნით არის საძინებელიც, სამზარეულოც და სხვა ყველაფერიც. თქვენ წარმოიდგინეთ, გემრიელად მოკალათებული გრძელბეწვიანი ძაღლის დანახვაზე - შენ აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო-მეთქი, მინდოდა მეთქვა. დაბალჭერიან სახლში შესვლისას, ლამის ოთხზე შევფოფხდით. რატომღაც, წინ მივდიოდი ბელადივით. უცბად მივხვდი, რომ აქ, სადღაც, ჭერი მაღლდებოდა და თავი ავწიე... ნეტა არ ამეწია. ვიღაც ბანჯგვლიანი, გასაპნული ბიძია იდგა, როგორც რეშმიმ მითხრა, ეს ჩვენი მღვდელია, თანაც, წინასწარმეტყველიაო. იდგა წინასწარმეტყველი და თვალებში მიყურებდა. დავიბენი. ზემოთ ავიდეთ, ბანაობას რომ მორჩება, მერე ვნახოთო. მღვდელი კი არა... მარტო იმიტომ ავედი ზემოთ, სხვა გზა არ მქონდა, უკან ბარბარა და პიტერი მაწვებოდნენ, რომლებიც ჩემ წინ გადაშლილ სურათს ვერ ხედავდნენ - რას ჩერდები, გაიარეო. კიბეებზე უხმოდ ავედით, ის პატარა ოთახები დავათვალიერეთ და სასტუმროში მინდა-მეთქი გამოვაცხადე. ყველა დამეთანხმა. უკან რომ ჩამოვდიოდით, უკვე საპონჩამობანილ მღვდელს გვერდზე ჩავუარეთ და ჩვენ გვაპატიეთ ძახილით გამოვარდით გარეთ.
- მოგეწონა ძველი ქალაქი?
- უფ, პირდაპირ საოცრებაა! - ვუპასუხე რეშმის.
გადავწყვიტე, რომ მეყო ბანგლადეშური კინო, საპნიანი მღვდლები, ველო რიქშით სეირნობა და სოფლებში საჭმლის თითებით ჭამა. ჩემს ბოლო ბანგლადეშურ დღეს, გარეთ მარტო გასეირნება გადავწყვიტე. ქუჩაში ბევრი ხალხი იყო. არ ვიცი რატომ. ვერ მივხვდი. მომიტინგეთა ნაკადი არ თავდებოდა და ყველა აჟიტირებული თვალებით რაღაცას გაჰკიოდა. ალბათ, კიდევ ვიღაცა დაიჭირეს მეთქი. დავდექი სასტუმროსთან და ნათხოვარი აპარატის (ჩემი ბანგლადეშში ჩასვლის მეორე დღესვე აორთქლდა) თვალიერება დავიწყე. თვალიერებით ისე გავერთე, რომ ვერ მივხვდი, როგორ აღმოვჩნდი ქუჩაში, ბრბოში. უკან შემოვტრიალდი და... სასტუმროს კარებზე და ფანჯრებზე ჩამოშვებული სქელი ჟალუზები დავინახე. ეე, რა ხდება-მეთქი, შევხედე კარისკაცს. - რას ამბობთ, მემ... ახლა ჟალუზის აწევა როგორ შეიძლებაო; - რატომ? რა ხდება?- ვიკითხე, მაგრამ პასუხისთვის აღარ მომისმენია, რადგან ვიგრძენი როგორ წამიყვანა ბრბომ სხვა მიმართულებით და ჩემ წინ, უამრავი, წელსზემოთ შიშველი კაცი დავინახე, რომლებიც მეტალის ბასრი ფირფიტების ასხმას ირტყამდნენ დასისხლიანებულ ზურგზე და მუჰამედ, მუჰამედს, რაღაც არაადამიანური ხმით გაჰყვიროდნენ. ისინი კი, ვინც თვითგვემით არ იყო დაკავებული, თავზე შავ ლენტა წაკრულები, სრულ აგონიაში კიოდნენ და დახტოდნენ. და მე, შუაში, აპარატით ხელში. არ ვაზვიადებ, მართლა ვიფიქრე, ეს უკანასკნელი კადრები იქნება, რასაც ჩემი ლაზერით ნაოპერაციები თვალები დაინახავენ-მეთქი. მომეჩვენა, არა, არ მომეჩვენა, ყველა მე მიყურებდა და ისე ყვიროდა მუჰამედს. მეც ვიყვირე, ჩუმად. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ბრბოში. პერიოდულად ვიღაცა ძალიან ახლოს გამივლიდა ხოლმე და მხარზე მხარს ძლიერად გამკრავდა. მერე კი... დაახლოებით ისე, ფილმებში რომ არის, უცბად ყველაფერი რომ ჩერდება და ხედავ მას, მხოლოდ მას, შენკენ მომავალს... დაახლოებით ასეთი ეფექტი იყო საჯადის და რეშმის გამოჩენა ბრბოში. მე მეძებდნენ. სასტუმროს კარისკაცს უთქვამს, იქ არის ის გოგო, უშველეთო. მათი დანახვა ისე გამიხარდა, რომ როგორც ბედკრული შვილი მშობლებს, ისე მოვუახლოვდი, თავი ნაზად დავადე მხარზე და აღმომხდა - თქვენთან მინდა.
ეს დღე არასდროს დამავიწყდება.
P.S. მომავალ ფესტივალზე ისევ დამპატიჟეს. ჩამოდიო. კი-მეთქი ვუთხარი. აეროპორტში 5 საათით ადრე მივედი და სულ არ მანაღვლებდა ის, რომ მერე დუბაის აეროპორტში 11 საათი უნდა მეყურყუტა. სახლში მინდოდა. ძალიან მინდოდა. დუბაიში, თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, თავი თიანეთი-ჟებოტას ავტობუსში მეგონა. მგზავრებს მუხლებზე სქელი ლეიკოებით შეკრული დიდი ყუთები და ჩანთები ედოთ. თავები ზედ ჰქონდათ მიყუდებული და ისე ეძინათ. ქართველმა კაცებმა სულ დამატებით ითხოვეს სასმელი და მერე ბორტგამცილებლებთან საუბრობდნენ - და მაინც რა გქვია? ვერ იტყვი თუ არ იტყვი? თუ არ მეტყვი, მე თვითონ წავიკითხავ, გულზე ხომ გაწერია... Don't worry-თქო გავიფიქრე, საზურგეს მივეყუდე და მოვეშვი.
![]() |
15 ესე იტყოდა ლადო |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: ქეთი ბაბუნაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, ლადო ბურდულის პირადი არქივი,
ილუსტრაციები ლადო ბურდულის დღიურებიდან
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ლადო ბურდული მეუღლესთან, ქეთისთან და დარიასთან ერთად
ჩვენ იოლად ვაკრავთ ადამიანებს იარლიყებს, რომელთა მოშორება, როგორც წესი, ძალიან რთულია. ლადოს შემთხვევაში ეს იარლიყები ბევრია: გიჟი, „ლუზერი“, ფუი, ეშმაკს (პირჯვრის გადაწერის თანხლებით)! და ა.შ. როცა ლადოს უსმენ, შეიძლება, მართლაც იფიქრო, რომ გიჟია, მაგრამ თუ ბოლომდე ამ აზრზე რჩები, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის არც მოგისმენია. თუ მართლა უსმენ, მიყვები, თუ ფიქრს იწყებ, მაშინ ხვდები, რომ მართალია, მაგარია, მნიშვნელოვანია. და ბოლოს აღიარებ, რომ გმირია. და რატომ გვიჭირს ასე ამის აღიარება?
როკ-ფესტივალებით, კონცერტებით, თავის სახლში მოწყობილი საღამოებით, მუსიკით თუ, უბრალოდ, თავისი ცხოვრებით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ლადომ შექმნა ის ალტერნატიული სივრცე, რომელიც ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები მოდიოდნენ დაცლილები დამთრგუნველი რეალობიდან და ივსებოდნენ იმედით, იდეებით, შექმნის და კეთების სურვილით. ლადო ბურდულის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაც სწორედ ეს არის - მან შეძლო იმ რეალობის შექმნა, რომელიც უპირისპირდებოდა კარჩაკეტილობას, სიყალბეს, ქუჩას, სტერეოტიპებს… და ეს რეალობა ბევრი ადამიანისათვის იქცა ჟანგბადისა და შთაგონების წყაროდ.
„გახსოვდეთ თქვენი ისტორია, გახსოვდეთ თქვენი გმირები“ - ასეთი მინაწერი აქვს ლადო ბურდულისა და ჯგუფ „რეცეპტის“ ძველი ალბომის ახალ გამოცემას. თუმცა, დავიწყების საშუალებას ლადო არ გაძლევს. ალბათ, არც ერთი ქართველი როკ-მუსიკოსი არ არის დღეს ისეთი აქტიური, როგორც ლადო. თითქმის ყოველკვირეულად აქვს კონცერტი, რომელსაც თვითონ „one man show“-ს არქმევს. უკრავს კლუბებში, ფაბებში, ქუთაისში, ბათუმში… მუშაობს ახალ პროექტზე სიმებიან კვარტეტთან ერთად…
გთავაზობთ რამდენიმე თვის მანძილზე ჩაწერილი საუბრების ფრაგმენტებს. ლადო ყოველთვის პირდაპირი და მკაცრია, ზოგჯერ ეგოცენტრული და წინააღმდეგობებით სავსეც. თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა, სიცოცხლის სიყვარულია. როკენროლი.
გთავაზობთ, მოუსმინოთ ლადოს. მერე კი გირჩევთ, კიდევ ერთხელ მოუსმინოთ „ჩემო მშვენიერო ლედის“ და მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
და ესე იტყოდა ლადო... სიყვარულზე
მე და ქეთი შევხვდით ერთმანეთს და მერე გაჩნდა დარია. ადრე წარმოდგენები სხვანაირი მქონდა, საერთოდ ყველაფერზე. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი ვიზუალურ ფორმებს, და მივხვდი, რომ, თურმე, სულიერი ფორმებიც არანაკლებ საინტერესოა. დავიღალე ამდენი პრეტენზიული ქალებით, სულ რაღაც რომ უნდათ და ძალიან რომ გაწუხებენ. ქეთი გავიცანი და გამიკვირდა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი არ უკვირს, ძალიან პირდაპირია და უბრალო, ბევრი პუდრი-პამადის გარეშე, რომელიც ცხოვრების წესით საერთოდ არ მგავს. უცებ აღმოჩნდა, რომ ვიპოვე მეგობარი, ვისაც აინტერესებს ისეთი თემები ჩემ შესახებ, რომლებიც აქამდე სხვას არავის აინტერესებდა. ჯერჯერობით ერთად ვართ და იმედია, ერთად ვიქნებით. კარგად ვარ და მივხვდი - სადაც კარგად ხარ, იქ უნდა დარჩე.
ალბათ, ცხოვრებაში დგება ასეთი ეტაპი, როცა მოთხოვნა ქალისადმი იცვლება. სანამ პატარა ხარ, სულ გინდა დედოფალი, ქერათმიანი, ცისფერთვალება, უბიწო, ტუალეტში რომ არ დადის, შენ რაც იცი, იმან რომ არ იცის და სულ გაკვირვებული თვალებით რომ გიყურებს. მერე დრო გადის, ყველაფერი იცვლება და უფრო ადამიანი გინდა, რომელიც უფრო ნაღდია, უფრო ადამიანურია და რომელიც უფრო ახლოსაა შენთან.
მე პატარა გოგოები სულ არ მევასება. სულ ვამბობდი, რომ ოღონდ ეს პატარა გოგოები არ იყვნენ ჩემს ცხოვრებაში და ამ ქვეყანაში გაჩნდნენ ნაშები, 27-28 წლის, ცხოვრება რომ ესმით და კარგად რომ ჟიმაობენ. მაგრამ მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში ეს არასდროს არ მოხდება, აქ ხომ ქალებს დაღვინებას და დამოუკიდებლობას არ აცლიან. ქალები ან ადრეულ ასაკში უნდა მოსპონ და გაანადგურონ, ან მეორე უკიდურესობაა, თუ ასაკი გადაუვათ, უნდა გაბოზდნენ და საზოგადოებისგან გარიყულები უნდა გახდნენ.
ამიტომაა, რომ ვერ გავშორდით თინეიჯერულ თამაშებს. აქ ცხოვრობ 25 წლამდე და მერე მკვდარი ხარ. სულ მინდა ეს შევცვალო. მინდა, რომ 60 წლის კაცმა 60 წლის ქალი მოიყვანოს ცოლად, მინდა გაიგონ, რომ სიყვარული არ არის მხოლოდ თინეიჯერების პრეროგატივა. ვინც ასე უყურებს სიყვარულს, მაგარი ანტიქრისტე და არარელიგიური ტიპია. მინდა, რომ ქუჩაში 70 წლის ქალები მინი იუბკებში ველოსიპედებით დადიოდნენ და ბედნიერები იყვნენ. ბევრი შეყვარებული მინდა ვნახო და მინდა, რომ ასაკი არ ჰქონდეს სიყვარულს და თინეიჯერობის შემდეგ სიყვარული გარყვნილებად არ ითვლებოდეს. მაგრამ აქ ფუძეშია რაღაც ვირუსი ჩადებული, თვითონ ხალხია ასეთი, ბავშვობაში იმდენი კომპლექსი აქვთ დაგროვილი, რომ სიყვარულის თავისუფლად მიღება არ შეუძლიათ.
მუსიკაზე
80-იანი წლები, მოვედი როკში. დამხვდა სცენა, სადაც ტიპები მღერიან ფარფლებს, პინკფლოიდებს და არავინ არ მღერის ქართულად. მარტო რამდენიმე კაცი და ისინიც ტერენტი გრანელის და გალაკტიონის ლექსებზე. ანუ როკში, რომელიც ყველაზე სოციალური მოვლენაა და რომელშიც ყველა ყვება იმას, რითიც ცხოვრობს, ამას აქ არავინ არ ყვებოდა, მოსაყოლი არაფერი არ ჰქონდათ, ყველა იყო სადღაც მისტიკაში. და პირველად მე დავიწყე ჩემი სულიერი მდგომარეობის მოყოლა. ეს უკვე დიდი კონფლიქტი იყო ამ ხალხთან. მე ეს შევძელი იმიტომ, რომ სხვა ბექგრაუნდი მქონდა და არ ვიზრდებოდი პინკფლოიდებზე და რაღაც სისულელეებზე. დავიწყე და მივედი იმ ჩინეთის კედელთან, რომელიც აქ დღემდე არსებობს. ეს არის ადამიანების გულგრილობა თავისი საქმის, თავისი პროფესიის მიმართ - გაუცნობიერებლობა, ზედაპირულობა და უსიყვარულობა.
მე და ქიშომ (ქიშო გლუნჩაძე) შევიმუშავეთ გეგმა და ვთქვით, რომ კორპუსებში კარდაკარ სიარულს და კონცერტების ტარებას აზრი არ აქვს და მივედით ტელევიზიაში. იქ დაგვხვდა ძალიან მშვიდი ხალხი, რომელთაც 500 რუჩკიან პულტზე მარტო ორის ხმარება იცოდნენ, დანარჩენი არც უცდიათ, სურვილიც არ გასჩენიათ. დავიწყეთ ამ ყველაფრის ჯერ ნგრევა, მერე შენება. დავიწყეთ მეორე არხზე გადაცემით „ოქროს ბიბილო“. მერე იყო გაყოფა-გამოყოფა, „მაესტრო“ და ასე შემდეგ. დიდი ბრძოლის შემდეგ „მაესტროზე“ გავაკეთეთ პირველი ჰიტ-პარადი. და ამით გაჩნდა რაღაც ახალი და ჯანმრთელი სივრცე ქვეყანაში და რა მოხდა - მოხდა ზუსტად ის, რაც თქვა ნიუ-იორკის მერმა: როგორც კი გავხდი მერი და დავიწყე კეთილი საქმეების კეთება, მოვიდა ბევრი კეთილი ადამიანი, კეთილი პროექტებით და დედა უტირა ყველა ჩემს კეთილ პროექტს. აი, ეს მოხდა აქაც. ჰიტ-პარადი როგორც კი გახურდა, უცებ გამოცოცხლდა ბევრი ტიპი, მებაჟეები და ვიღაც გაუგებარი ხალხი, ვინც მოიტანა 200 დოლარად ჩაწერილი საზიზღრობები და მოვიდა იქ, სადაც რაღაცას სიმწრით ვაშენებდით, ისიც დაანგრიეს და დღეს არაფერი აღარ არის. ის ხალხი, ვინც ტელევიზიაში იყო, იყვნენ პატარა ბიზნესმენები, თავისი პატარა მიზნებით, რომლებმაც ჩვენი რესურსი გამოიყენეს და ჩვენი იდეა მოკლეს.
ლადო რეპეტიციაზე
საქართველოში მუსიკის რენესანსი მოხდა მაშინ, როცა ალტერნატივა მოვიდა. მაშინ, როცა გაეძრნენ გიჟები და აუყენეს ამდენ იმპოტენტს, რომლებიც იდეით კი არა, მხოლოდ თავისი ფულებით მოვარდნენ და ყველაფერს დედა უტირეს. ამიტომაც იბობოქრეს მხოლოდ რამდენიმე წელი და დღეს ეგენიც აღარ არიან. ამ ხალხს საგანძური მუსიკაში კი არა, სულ სხვაგან აქვთ.
დღეს ქართულ შოუ-ბიზნესში იდეა და სცენა არ არსებობს, არ არსებობენ იდეური ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ. დარჩა არასწორი ხალხი. აი, მაგალითად FM სადგურები, 15 სადგური გვაქვს, არცერთი არ მუშაობს იმიტომ, რომ არასწორად აკეთებენ. იქ, სადაც არანაირი პროდუქცია არ იქმნება, ან თუ იქმნება, ისეთი სიაფანდი, რომელიც ერთ დღეში გიჟანგდება და ხელში გიქრება, ამდენი რადიო რა საჭიროა? ვის ატრიალებენ, რას ატრიალებენ, მაიკლ ჯექსონს უკეთებენ საქართველოში რეკლამას თუ რა იდეაა ამაში?
მე ახლა 44 წლის ვარ და ჩემი საქმისთვის არასდროს მიღალატია. თან რადიკალური ცხოვრებით ვცხოვრობ და ამ ქვეყნის მენტალიტეტს ვზრდი, ყველას ვეჭიდავები. ძალიან რთულია ასეთ ტიპად დარჩე. ადვილია, ამ ნაკვალევზე ფული აკეთო, ანუ ის აკეთო, რასაც დღეს შოუ-ბიზნესი აკეთებს. ქართულ შოუ-ბიზნესში იმიტომ არის ასეთი ვაკუუმი, რომ გმირები აღარ ჰყავთ, არავინ არ აკეთებს ამას იდეისთვის, არავინ არ ხტება და ჰოპს მერე არ ამბობს, ანუ არ არის ინფანტილურობა.
შოუ-ბიზნესშიც არის თინეიჯერების ასაკი. ყველაზე დიდი ბიზნესი კეთდება იქ, სადაც პატარა ბავშვებთან გაქვს საქმე, მშობლები კარგად იხდიან და იმიტომ. და მერე ეს ბავშვები სირები იზრდებიან. აქ რომ ველური დასავლეთის მსგავსად შენით სცადო, შენით გახურდე, ამაში ყველაფერი გიშლის ხელს.
წარმატებაზე
პატარა როცა ვიყავი, მე-9 კლასში, გადამიღეს ფილმში „მე მოვედი“, რის მერეც გოგოები საიდან აღარ მპოულობდნენ და მირეკავდნენ. მერე „საქორწილო საჩუქარში“ რომ ვითამაშე, ჩემი პერსონაჟის ბედი სოფლებში კრებებზე იხილებოდა და კოლექტივები წერილებს მიგზავნიდნენ. ანუ პოპულარობა ძალიან ადრე გავიარე. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც გააგიჟა წარმატებამ. ჩემი დამოკიდებულება ასეთია: როგორც კი სირები ტაშს დამიკრავენ, ესე იგი, რაღაცას ისე არ ვაკეთებ. სანამ ისინი მაგინებენ, მე ვიცი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.
ბავშვობაშივე მივხვდი, რომ წარმატება, პოპულარობა ადამიანს კლავს. არ ვთვლი, რომ წარმატებული ვარ. წარმატება უნდა იჩალიჩო, მაგრამ პარალელურად ეს წარმატება უნდა ანგრიო. როგორც კი ასეთი, სულიერად მსუქანი ტიპი ხდები, შენი დღეები დათვლილია. ხოლო როცა იწყებ ამის ნგრევას და ხალხს ფიქრს აწყებინებ, ეს ძალიან კარგი პროცესია.
აქ 17 წლის ბავშვები ისეთ მანქანებზე ზიან, რომლებზეც დასავლეთში ღვაწლმოსილი ტიპები ჯდებიან 60 წლის ასაკში. ან ტიპს 17 წლის ასაკში რომ მიიყვან და პირდაპირ დირექტორად დასვამ, რომელმაც არ იცის ეს სტრუქტურა როგორ აშენდა და ეს გზა არ გაუვლია, ის როგორ შექმნის რაღაც უკეთესს? არ შეიძლება, ახალგაზრდებს ასეთი პოპულარობა მისცე, იმიტომ, რომ მერე გაგიჟდებიან ან თავს მოიკლავენ. და როცა ასეთ ხალხთან მიდის ნაღდი ხალხი, მათ აგრესია უჩნდებათ, ხვდებიან, რომ ეს ნაღდია და ადრე თუ გვიან ეტყვის - შე, სიროო. ამიტომ თავიდანვე იშორებენ ეგეთ ტიპებს და ურჩევნიათ თავისნაირი ხალიავა როჟები მოდიოდნენ და დაინგრა ქვეყანა. მარტო მუსიკაში არ ხდება ეს. საქმე რომ წინ წავიდეს, ამას სჭირდება დიპლომები და გამოცდილება, რომელთაც ესენი ვეღარ აკრეფენ. შედეგად ყველაფერში კონკურენტუუნარო სივრცეა და მოთხოვნა ხარისხზე საერთოდ არ არის. არასწორი ხალხი არასწორ ადგილზე და მორჩა, ქვეყანა წინ ვერ მიდის.
სამშობლოზე
ერთ-ერთი პირველი მე წავედი ამ ქვეყნიდან, პერესტროიკის დროს, და იქ ცუდად ნამდვილად არ ვიყავი. მაგრამ მივხვდი, რომ რახან ღმერთმა მე აქ გამაჩინა, აქ ვარ საჭირო. და კიდევ არიან ჩვენი შვილები. თუ ყველა ნორმალური გაიქცა, ვინ უნდა ჰყავდეთ მათ მაგალითი - კრიმინალები, რომლებიც მოდის მიხედვით იცვლიან ჰალსტუხებს და სახის გამომეტყველებას, თუ იდეური ხალხი, რომლებიც თავის პრინციპებს იცავენ მთელი ცხოვრება?
სულ ვფიქრობდი, ამდენი განდონი რომ ცხოვრობდა 90-იანებში, რეიბანებით და წვერებით რომ დადიოდნენ, სად გაქრა ეს ხალხი? არსად, დღეს მათ უბრალოდ ჰალსტუხები უკეთიათ და თანამდებობები უკავიათ.
მე დავბრუნდი ერთი რამის გამო, სირთულეების არ მეშინია, პირიქით, ჩემთვის სადაც სირთულეა, იქ არის სიცოცხლე. არ შეიძლება, როცა შენი ქვეყანა ცუდადაა, გაიქცე და სხვის გაშლილ პურმარილზე დაჯდე, როცა შენი მოვალეობა აქ პურმარილის გაშლაა.
მთელი ბავშვობა რადიკალი ვიყავი, ახლა ცოტა შევიცვალე, დავიღალე. 38 წლის ასაკში დავდიოდი იროკეზი თმებით, 6 საყურე მეკეთა, ახლაც დავდივარ შორტებით და მილიონ ასეთ რამეს ვაკეთებ. და ეს იმისთვისაც, რომ ეს წვერებიანი მაიმუნები მიხვდნენ, რომ მე კი არა ვარ მშიშარა, თვითონ არიან მშიშრები, რომ სიყვარულს და თავისუფლებას ვერ მოერევა ადამიანი და ვერც ეს სინთეტიკური ადამიანები, დროებითი ნეშომპალები მოერევიან.
მანახეთ, ამ ქვეყანაში საყურიანი ბიჭები სად არიან, საყურიანი პოლიციელი ან პოლიტიკოსი, როკ-ენ-როლს რომ უსმენს ფლეიერში, სად არიან ასეთი ტიპები? ბიზნესში არიან? არა, იმიტომ, რომ რეპუტაციას უფრთხილდებიან, ყველა რეპუტაციაზე ლაპარაკობს. რა რეპუტაცია სჭირდებათ ამ სოფელში? ადამიანებს შეუძლიათ ისე იცხოვრონ, როგორც მე ვცხოვრობ და, ამავე დროს, შეძლონ აქ არსებობა? აი, მოდი, ყველაზე კაი ტიპებს ერთი საყურე დავკიდოთ, მეტი არაფერი. ის კი არ მოვთხოვოთ, რომ საზოგადოებას ესაუბრონ და გაატრაკონ. 2 კვირა შეძლებენ თავის უბანში არსებობას? ადამიანებს ძალიან უჭირთ იყვნენ განსხვავებულები, მათ რაღაც სისტემაში ერთფეროვანი ყოფა ურჩევნიათ. ჩემი არსებობით მათ გვერდზე, ხაზს ვუსვამ იმას, რომ რაღაც სხვაც არსებობს და ამაზე უამრავი ქვა და გინება მომხვედრია.
ჩემთვის გადამწყვეტი იყო, რომ მთელი ბავშვობა ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. მაშინ დავინახე, რომ მსოფლიო დიდია, რამდენი ლამაზი ხალხი ცხოვრობს, რომ უამრავი საინტერესო ადამიანი არსებობს. მერე მივხვდი, რომ რუსთაველის ქუჩა ვერ მომატყუებდა. დავინახე, რომ ადამიანად ყოფნა ძალიან უბრალო და მარტივია, და ამ ხალხმა როგორ გაართულა ეს იმით, რომ ამდენი ტყუილი და ზედმეტი ფუნქციები დაახვავა ზედ. არ არის ასე, ადამიანად ყოფნა ძალიან უბრალოა, ასეთ მატყუარა საზოგადოებაში კი - საშიში. იმიტომ, რომ მილიონს არ შეუძლია აღიაროს, რომ ერთია კარგი და მილიონი ცუდი, ურჩევნიათ, იფიქრონ, რომ ერთია ცუდი და მილიონი კარგი. ამიტომაც, აქ ნიჭიერი, გახსნილი და შემოქმედი ადამიანები ყოველთვის გარიყულები არიან. აქ ასეთი ადამიანების სასაკლაოა, ყველა დარგში, აქ იმხელა ტყუილებია ჩადებული ისტორიებით და ტრადიციებით. ტრადიცია თუ შენი მეგობარი არ არის, და თუ ის არ გეხმარება, რომ კაცი გაგხადოს, და თუ ის გთრგუნავს, მშიშრად გაქცევს და მონად, მაშინ ის ტრადიცია დასანგრევია. მშიშრებს კი ეშინიათ ტრადიციის შეცვლის და კერპთაყვანისმცემლები ხდებიან. შეჩვეული ჭირი სჯობს შეუგუებელ ხილს, ეს არის ამ ქვეყნის დევიზი.
სანამ აქ ბავშვები დამოუკიდებლად არ იცხოვრებენ, და დამოუკიდებლად არ შეაწყდებიან ცხოვრების სირთულეებს, დამოუკიდებლად არ ისწავლიან რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, სანამ თავისთვის საჭმელს არ გაიკეთებენ, ტრუსიკს არ გაირეცხავენ, სახლს არ დაალაგებენ, ანუ არ გააკეთებენ ისეთ რამეებს, რაც ძალიან ადამიანური და ნორმალურია ყველგან, სანამ ამას ვიღაც უკეთებს, უთარგმნის და უხსნის, მანამ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. სხვა შემთხვევაში, იზრდებიან პატარა დებილი ბავშვები, რომლებიც რეალურად არიან 50 წლის ტიპები, რომელთაც ყველაფერი ეზარებათ და დედა უნდათ. სექსის ეშინიათ, სიყვარულის ეშინიათ, თავისუფლების ეშინიათ, რისი არ ეშინიათ? სულ სექსზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ მრავლდებიან, სულ მხოლოდ სამი მილიონი ვართ. ესენი არიან გაორმაგებული ტიპები: მათში ცხოვრობს ერთი მეფე, რომელიც მხოლოდ თავის თავში არსებობს, და მეორე იდიოტი, რომელიც რეალობაში არის.
პროფესიონალიზმზე
წარმატებული ვარ იმიტომ, რომ 150 სიმღერა მაქვს დაწერილი, მაგრამ წარუმატებელი ვარ იმიტომ, რომ არც ერთი არ მაქვს ჩაწერილი. აქ დამოკიდებულება მუსიკის მიმართ სხვანაირია. შარშან ერთ სტუდიაში დავიწყე ალბომის ჩაწერა. 4 თვე ვმუშაობდი ისე, რომ ყოველ დღე ახალ სტრუნებს ვყიდულობდი. როცა უნდა გამეგზავნა ეს მასალა, მითხრეს 16 ბიტზე ჩაგწერეთო, ანუ მობილურით რომ ჩაეწერათ, დაახლოებით იგივე გამოვიდოდა. ანუ მთელი ეს შრომა წყალში ჩაიყარა. ამის შემდეგ 3 თვე ვიწექი და მხოლოდ ბალიში მისველდებოდა.
მუსიკა არის საუნდი, ტიპები აქ საუნდს ვერ აკეთებენ. ფესტივალი მაქვს და ტიპი, ხმის რეჟისორი დგას, სიგარეტს ეწევა და მე სცენიდან ვუყვირი: „ხმა მომეცი მონიტორებში“. აუწევს. „სრედნები მომეცი“. დაუწევს და ასე გრძელდება, სანამ მე არ დავუძახებ: „კაი, გეყოფა, კარგია აქ ყველაფერი.“ ამავე ფესტივალზე ჩამოვიდა „ვაბანკის“ ხმის რეჟისორი, ტიპი პულტთან რომ დაჯდა, თავი დახარა შოსტაკოვიჩივით და მთელი კონცერტი არ აუწევია. და ჩვენს ხმის რეჟისორს ვუთხარი, შე დედამოკლულო, შეხედე რას ნიშნავს საუნდ ინჟინერი-მეთქი.
ყველა ეს ხალხი, ფიდბეკი რა აქვთ, რა განათლებიდან ბაზრობენ? რომელ ხმის რეჟისორს აქვს ლიცენზია, რომ შეუძლია ამის კეთება? ვინ მისცა ეს ლიცენზია? რომელ მუსიკოსს აქვს იმის უფლება, რომ გიტარაზე უკრავდეს? ტიპებს რომ უთხრა, დო მაჟორის გამა დამიკარი, ოთხ თვლაზე, ვერ დაგიკრავენ. ბევრმა დო მაჟორი რა არის ვაფშე არ იცის. არ შეიძლება ამდენი თვითნასწავლი მუსიკოსი, ამდენი გენია მარტო ამ ქვეყანაში იყოს. ამიტომაც, არის ეს ტრაკების ტრაკული გზებით მიღწეული იოლი წარმატებების, შეუმდგარი ქვეყანა. ვიღაც რაღაცას გაყიდის, ვიღაც ერთ აკორდს ჩამოკრავს და მორჩა, მუსიკოსია, ბიზნესმენია, პოლიტიკოსია...
25 წლის პოლიტიკოსები, მანახეთ, სხვა რომელ ქვეყანაშია. ჯერ ხომ პრასტატა გადმოგდებული ტიპები იყვნენ, ახლა ისინი შეცვალა რადიკალურად განსხვავებულმა ტიპებმა დასიებული ყვერებით, გადმოგდებული თვალებით და პრიშჩიკებით. მე ამ თემაში ღრმად ვერ შევალ, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც მაგარი კატასტროფა ხდება. სულ მოდიან ტიპები და გვპირდებიან ძალიან სწრაფად რაღაცის მიღწევას და ვერ ხვდებიან, რომ ბედნიერება ასე სწრაფად არ მიიღწევა. ეს ნაცარქექიები სულ გვპირდებიან, რომ ბაყბაყ დევთან მივლენ, ქვას ყველით შეცვლიან და წვენს გამოუშვებენ. ვერა! ნაცარქექიას ზღაპარი ყველამ წაიკითხა, დევებმა წაიკითხეს ყველაზე ყურადღებით და მიხვდნენ, რომ ყველი გაქვს და ვეღარ მოატყუებ, და იმ სადგისსაც ვეღარ ჩაარტყამ, მოგტეხს მაგ ხელს.
ჩემზე ამბობენ, რომ აგრესიული და გიჟი ვარ. თუგინდ ასე იყოს, ფეხებზე მკიდია. მე ჩემი პატარა, წმინდა კუნძული მაქვს. იმაზე, რაც მიუღებელია, ვამბობ - არა. ამიტომ, არ ვერთვები არასდროს არც პოლიტიკაში, კომპრომისებზე წასვლებში და ჯიგრობების თამაშებში. ვიცი, რომ ეს ყოველთვის ბანალური ისტორიაა - ყველა ერთნაირად იწყება, ერთნაირად ვითარდება და მთავრდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ბევრი აქვთ ჩვენს მუსიკოსებს და განსაკუთრებით, ჩემზე პატარა თაობას. ანუ მათ პოზიცია კი არა, გადარჩენის ინსტინქტი აქვთ და ვერ ხვდებიან, რომ ხანდახან ეს ინსტინქტი ძალიან ცუდად მუშაობს. ჯობია, რაღაც პერიოდი იბრძოლო და პოზიცია გქონდეს, ვიდრე ყველა მოსულ მთავრობასთან, ყველა პონტში და ყველას თვალში ჯიგარი იყო. ასეთი სპეკულაციური მიდგომა მუსიკის და ყველაფრის მიმართ ძალიან ცუდია. რა ვიცი, მე მაგაზე ვერ ვკაიფობ.
როკზე
ჩემთვის იდეა ის არის, რომ ბევრი ბავშვი დღეს ნარკომანი არ არის და მუსიკას უკრავს, რომ ვიღაცას გაუჩნდა სურვილი გიტარა აიღოს და თავისი მუსიკა დაწეროს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ შემდგარი მუსიკოსი ვარ და ვახორციელებ პროექტებს. საქართველო ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ როკი მიიღოს. როკ მუსიკოსი არ არის მხატვარი, რომელიც შეიძლება სიკვდილის შემდეგ აღიარონ. ის მაშინ უნდა ხურდებოდეს, სანამ ფორმაშია. ტიპი არტისტიც უნდა იყო, პოეტიც, კომპოზიტორიც, რეჟისორიც, პიროვნებაც, გამტრაკებელი და ყველაფერი უნდა იყო, რომ შეძლო ამ ბეწვის ხიდზე გავლა. და თან ყველაფერმა ამან არ უნდა დაგამძიმოს.
ეს არ არის ელექტრონული მუსიკა, სადაც ტიპი სიგარეტით და ნაუშნიკით ხელში დისკებს ცვლის, როკი სხვა რამეა. აქ რთულია იყო როკ მუსიკოსი, რადგან სცენა საერთოდ არ არსებობს. და ეს საშინელებაა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს უკრავენ და საოცარ სიმპათიებს იწვენენ ჩემში. აქ ვერ ნახავ აქტიურ, 30 წელს გადაშორებულ წარმატებულ როკმუსიკოსს. ანუ მუსიკა ისევ რჩება თინეიჯერების გართობის დონეზე, როკ მუსიკამ ვერ შეიძინა სოლიდური სახე.
აქ რესპექტაბელურობის შეგრძნებას იძლევა ეს სიაფანდი ჯაზი, რომელიც ყველაზე მცირებიუჯეტიანია მთელ მსოფლიოში. აქ კი გონიათ, რომ ჯაზი ძვირია. მაგათ არავინ არ უხდის მილიონებს იმიტომ, რომ რამდენიმე ხურუშიანი ტიპის 12-ტაქტიან ბლუზში წვალება ამდენი არ ღირს. როკი ცოცხალია, ჯაზი მკვდარია.
აქ შაკირას კონცერტზე ხალხი ელოდებოდა ქართული პაპსას მსგავს კონცერტს, და ამ დროს იქ როკენროლშიკებმა რომ დაუკრეს, მაგრად დაიბნენ. ესენი არ არიან მიჩვეული როკის საუნდს და არ იციან, რომ როკი არის ყველაფრის ბექგრაუნდი. როკია ინგლისი და ამერიკა, ანუ ის, ვინც ტონალობას აძლევს ამ მსოფლიოს. არ შეიძლება ყველაზე პოპულარული მუსიკა საქართველოში ჯაზი იყოს, მსოფლიო ბევრად დიდია და ჩვენ გამონაკლისები არ ვართ, ვერავის მოატყუებ.
ან ელექტრონული მუსიკა, ამდენი იმპოტენტი, რომელთაგან არცერთს იდეის გულისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. მაგათ სჭირდებათ კომფორტული კლუბები, პატარა ხელფასი, პატარა დაბოლება და ეგ არის. პატარა სიცივე და მორჩა, აღარ უკრავს ტიპი. აქ ელექტრონულ მუსიკას ბექგრაუნდი არ აქვს. დასავლეთში რომ ჩადიხარ, იქ ეს მუსიკა ზუსტად აგიღწერს იქაურ სოციალურ და სულიერ მდგომარეობას. ესენი კი რას აკეთებენ, იქაური სულიერი მდგომარეობით უნდათ გელაპარაკონ აქ? მაგათი მუსიკა დღევანდელ ქართულ ცხოვრებაზე არ მიდის. და ქართველებმა ამ ელექტრონიკაშიც ყველაზე იმპოტენტური მიმართულება იპოვეს, მინიმალ ტეკი.
გარდაცვალება ადრეა, მკურნალობა გვიანია, ასე ვარ მეც. მე უკვე რა შემცვლის, სულ ასეთი დავრჩები, როგორიც ვარ. უბრალოდ, რაც ასაკში შევედი, უფრო პასივში მივდივარ და მეტ დროს ჩემს შემოქმედებას ვუთმობ, და ეს კარგია ჩემთვის. ჩემი შემოქმედების კეთება იმის თვის არ დავიწყე, რომ ხალხისთვის რაღაც მეთქვა, დავიწყე იმიტომ, რომ ჩემი თავი გადამერჩინა და ჩემი თავისთვის შემექმნა ის სივრცე, რომელშიც ბედნიერი ვიქნებოდი. და ეს სივრცე მაგარი გავაკეთე, ძალიან ლამაზი და ერთადერთი რაც ვიფიქრე, რომ იქნებ, კიდევ ვინმეს მოეწონოს, შემოვიდეს და თვითონაც იკაიფოს. ამიტომ მინდა, რომ ჩემი სიმღერები ჩავწერო. ეს არის რაც მინდა, მეტი არაფერი.
მომავალზე
ჯერ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ არავინ არ არის. სანამ ამას ვერ აცნობიერებ, მანამ მომავალი არასდროს არ გექნება. ამათ რად უნდათ მომავალი, ესენი ისედაც კარგად არიან. ჯერ უნდა გაიგო, რომ სირი ხარ, მერე უნდა ეცადო ამ მდგომარეობიდან გამოსვლას და მერე უნდა გაგიჩნდეს მომავალზე ფიქრი. ამ ტიპებმა, რომლებიც უკვე ნირვანაში არიან, როგორ უნდა ააშენონ მომავალი?
აქ ურჩევნიათ ამ ცრემლიანი სადღეგრძელოების თქმა, მაგრამ ამ სიაფანდობებით არავინ აღარ ცხოვრობს. დროა, რომ ყველამ ფართოდ გაახილოს თვალები და ბევრი იმოგზაუროს, და მიხვდება, რომ მარტო აქ კი არ არის ასე, ყველგან ყველა დედას თავისი შვილი უყვარს, ყველა ადამიანს თავისი ქალაქი უყვარს, ყველას თავისი ახლობელი უყვარს და ყველა ამათზე მაგრად გულაობს. ამ დროს საქართველო მართლა ლამაზია, აქ მაგარი ენერგიაა და ეს ხალხი ამას ვერ იყენებს. სულ ცუდად არიან, სულ პრობლემები აქვთ, სულ დაბრედილები არიან.
ამათ ჭირთ ვავა ტვინებში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვავა არც ახლა დაიწყო და არც ასე მალე არ დამთავრდება. ეს არის ფსევდო-ამბიცია, რომელიც ამ ქვეყანას ნაჭუჭში და ილუზიაში ამყოფებს. ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც დადებითი, და ამ ფსევდო რაღაცებით ვკლავთ მას.
ღამეა, მძინავს და ინგრევა ქალაქი, მეგონა ომი დაიწყო. გავიხედე და ქუჩაში ყვირიან ი-ტა-ლი-ა! ი-ტა-ლი-ა!. ფეხბურთში გაუმარჯვია იტალიას. ვერ გავიგე, იმათმა გაიმარჯვეს, მერე თქვენ რა, ლოგიკა სად არის? მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყოველდღე ვიგრიალოთ, ვიღაც სადღაც სულ იმარჯვებს. აი, ესეც დიდი ვავაა ტვინში.
ამდენი სპეკულაცია წარსულით არ შეიძლება. ერთი ინგლისელი გოგო იყო ჩამოსული და ვიღაცებს ვაცნობდი, ეს გაიცანი იმის შვილიშვილია, ეს იმის შვილია და ტიპი გაგიჟდა. დღეს ვინ არის გმირი და კაი ტიპი ის გამაცანიო, ვიღაცის ბაბუა და ბებია რაში მაინტერებს ან თქვენ როგორ გახსოვთო. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, პაპაჩემი ასეთი იყოო, ვინ დაამტკიცებს მაგას ან რა მნიშვნელობა აქვს. დღეს შენ ვინ ხარ, რეალ თაიმში, ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. შენ კიდევ ჩაცუცქული ხარ უბანში, ცხვირსახოცს ატრიალებ, ანუ მაგარი დარხეული გაქვს და ამის აღიარება არ გინდა. ეს წარსული როცა ასე ხელს გიშლის წინსვლაში, ცოტა ხნით უნდა დაივიწყო, მიხვდე რომ არავინ არ ხარ და რაღაც უნდა გააკეთო.
გმირებზე
აქ დროს შემოქმედებაშიც და ბიზნესშიც პოლიტიკა განსაზღვრავს, ის, თუ როდის მოვიდა პოლიტიკოსი და მოიყვანა თავისი ხალხი ყველგან. ეს დაიწყო 80-იანი წლებიდან, როცა ჩვენ გვეგონა, რომ რაღაც უკეთესი მოხდებოდა, მაგრამ, არა მგონია, რომ ჩვენ წინ წავედით. ეს ქვეყანა სულ უარესი, უარესი, უარესი და მატყუარა, მატყუარა, მატყუარა ხდება. და არავინ არ არის ოჯახში ისეთი, რომ მაგიდაზე მუშტი დაარტყას. მე კი ვარტყამ, ბაზარი არ არის, მაგრამ ჩემი მაგიდის გარშემო ძალიან ცოტა ადამიანი ზის.
სიაფანდი გმირები და ნაღდი გმირები ერთმანეთშია არეული. აქ ანგრევენ და მერე ვეღარ აშენებენ, ან სულ იმათზე ლაპარაკობენ, ვინც ოდესღაც რამე ააშენა. არავინაა მოქმედი გმირი. ყველა მოგიყვება ფეხბურთში ბურთი ვინ როდის გაიტანა ან დავით აღმაშენებელმა ბრძოლა როდის მოიგო, მაგრამ არავინ არ გიყვება თავის ისტორიას, ამისთვის საჭირო სიწრფელე არ ყოფნით. მე არ მაინტერესებს ეგ საკითხები და სტატისტიკა. მე მაინტერესებს შენ დღეს რა გტკივა, რა გაწუხებს და რა გავაკეთოთ, რომ გამოვასწოროთ. მაგრამ, ამ ქვეყნის გმირები ისინი არიან, ვინც იმას ლაპარაკობს რაც ამ საზოგადოებას უნდა, და არა ისინი, ვინც ამ საზოგადოებას გამოიწვევს და ხანდახან დააფიქრებს. საზოგადოებას ურჩევნია ტყუილი და ამ სატყუარას აწოვინებენ უკვე დიდი ხანია და მას სურვილიც არ უჩნდება, რომ ნაღდი დედის რძე მოწოვოს. ანუ სულ ონანიზმის ფაზაში იმყოფებიან, ონანისტებს კი ყოველთვის გაზვიადებული წარმოდგენა აქვთ სექსზე.
აქ მიდგომები სხვანაირია. ერთხელ მოსკოვში, რაღაც პაბში მქონდა კონცერტი და სკლიარის გიტარა მქონდა, სტრუნების გამოცვლა მინდოდა. მუსიკალურ მაღაზიაში რომ ვთხოვე, გაუკვირდა ტიპს, თქვენს გიტარაზე არ იცით სტრუნები როგორ უნდა გამოცვალოთო? ვუთხარი, რომ არ არის ჩემი გიტარა, „ვაბანკის“ სკლიარი როა, იმისია-მეთქი და უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. - Это гитара Александра Федоровича? და დამოკიდებულება როგორი ჰქონდა, იცი? როგორ მოეფერა გიტარას და მთხოვა - უთხარი, რომ მე გავაკეთეო. აქ რომ შეიტანო და უთხრა ეს ლადო ბურდულის გიტარააო, პირველი თუ არა მეორე წინადადება იქნება: იმ სირის გიტარა რამ აგაღებინა ბიჭო ხელში. ანუ ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულებაა აქ საკუთარი გმირებისადმი. აქ ოღონდ ვინმემ ვინმეზე თქვას ეს რა ყლეა, ის კი არა, რომ შემოგთავაზოს უკეთესი ვინ არის, არა, ის ყლეა და მორჩა.
საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ ძნელია შექმნას გმირები. მაგრამ მე ეს თავიდანვე გავაცნობიერე, თუ ქართულ ენაზე მღერიხარ, ამას მხოლოდ 3 მილიონი კაცი უსმენს, მათ შორის როკ მუსიკა უყვარს ჰა-ჰა 10 ათას კაცს, მათგან ფული კიდე რამდენს აქვს რომ იყიდოს და გამოდის 15-20 კაცი, ანუ ჩემი მეგობრები. და ამ მისიონერულ დოკუმენტს დიდი ხნის წინ მოვაწერე ხელი.
ის ხალხი, ვინც ადრე ჩემს კონცერტებზე იდგა, ბევრი არაა, მაგრამ კარგი ხალხი მოდიოდა, მათი უმეტესობა ან აქ აღარ არის, ან დაიხოცნენ ან არ ვიცი სად არიან. მე ბებია მყავდა, დარია გრიგორიევნა, 70 წლის იყო, როცა ერთხელ ცრემლმორეული დავინახე. მიზეზი რომ ვკითხე მითხრა, ყველა ჩემი მეგობარი წავიდა უკვე და მარტო დავრჩიო. აი, ასევე ვიტირე მეც, ოღონდ 29 წლის ასაკში. ასეა, დღეს ჩემი მეგობრები ვინ არიან, - ჩემი ძმის ტოლები, ჩემზე 10 წლით პატარები და ერთი-ორი ძველი ფრონტელი.
შვილებზე
პირველად რომ გავხდი მამა, მივედი და ვეკითხები ქალს, რომელიც ფორტოჩკიდან იყურებოდა - მაგ დროს სამშობიარო ციხესავით იყო, ყველას ერთნაირი ხალათები ეცვა, ყველა ერთნაირად შეშინებული იყო და ყველამ იცოდა, რომ რაღაც დიდი გააფუჭა და დააშავა. მოკლედ, ვეკითხები ამ ქალს, ვინ გამიჩნდა-მეთქი. და ატყდა ჩურჩული. მივხვდი, რომ იმ ქალს შეეშინდა ეთქვა ჩემთვის, რომ გოგო გაჩნდა. და პირველები ბებიაქალები მიხვდნენ, რომ სირი ვარ, იმიტომ, რომ გოგოს შეძენა ასე გამიხარდა. მოკლედ, თეჯი რომ გაჩნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ახლა უკვე ექოსკოპია არსებობს და გოგო რომ იყო ჩემი მეორე შვილი, თავიდანვე ვიცოდი. დარია დავარქვი, ჩემი გამზრდელი ბებიის სახელი. ადრე სულ არ ვაქცევდი ამ ვიღაცების სახელების დარქმევას ყურადღებას, მაგრამ მთელი გულით დავარქვი, ისე მიყვარდა ბებიაჩემი. და ერთს მივხვდი, რომ როგორ შვილებსაც ვაჩენ, ისეთ ვერც მუსიკას ვაკეთებ და ვერც ვერაფერს. და გადავწყვიტე, რომ სიბერეში შვილების გაჩენით დავკავდე. თან ამისთვის არც სპონსორი მჭირდება, არც პროდიუსერი, არც ჩამწერი სტუდია და გამოდის ყველაზე მაგარი სიმღერები და ალბომები.
![]() |
16 კომფორტისტები |
▲back to top |
ისტორია
ავტორი, ფოტო: სანდრო ნავერიანი
მოკლედ, URBAN CLUB-ი ინტელექტის ამაღლების და საღად აზროვნების გაკვეთილებია, რაც თავისთავად, ძალიან კარგია, არათუ ბათუმში, კეიპტაუნშიც და თბილისშიც ძალიან კარგი იქნებოდა.
ირაკლი ჩხეტია, ლევან ხუჯაძე, გიორგი ქათამაძე
ბათუმი ზაფხულს ელის. ამას, თუ ბათუმში ხარ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავ. იქაც რომ არ იყო, იცი - ბათუმი ყოველ გაზაფხულზე საზაფხულო სეზონისთვის ემზადება. ჯერჯერობით მაინც ასეა - ბათუმელები ძირითად შემოსავალს სწორედ ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ელოდებიან. ამიტომაც, ახალი სასტუმროები, ბარები, რესტორნები, დისკოთეკები და კლუბები ისეთი სისწრაფით ჩნდება, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ.
ქალაქის ასეთი დუღილის ფონზე ყველა სხვა საკითხი უკანა პლანზე გადადის, რაც არავისთვისაა გასაკვირი. გასაკვირი შეიძლება ის უფრო იყოს, რომ ბათუმის ბულვარის ცენტრში, „მწვანე ბარში“, სადაც, წესით, გარუჯული გოგო-ბიჭები უნდა თუხთუხებდნენ, რამდენიმე ათეული ადამიანი ზის და ფასბინდერის ან გოდარის რომელიმე ფილმს უყურებს, ან რობი კუხიანიძე უკრავს იმ რამდენიმე ათეული მსმენელისთვის, ან შოთა იათაშვილი კითხულობს თავის ლექსებს...
იქ, „მწვანე ბარში“ URBAN CLUB-ია.
ამ კლუბის არსებობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე. ამბავი სწრაფად და ხმაურიანად გავრცელდა. თუმცა, ვინც კი ამ კლუბის შესახებ რამე მითხრა, ვერაფრით გამაგებინა, რა არის URBAN CLUB. ასე, უბრალოდ ამბობდნენ, ესა და ეს კლუბიაო, დანარჩენს კი ჩემით უნდა მივმხვდარიყავი: საცეკვაო კლუბია, ქალთა კლუბი თუ ბოტანიკოსთა კლუბი.
ერთი სიტყვით, რაღა ბევრი გავაგრძელო და ახალი ამბის გაგებიდან რამდენიმე დღეში ბათუმში ამოვყავი თავი.
პირველად ლევან ხუჯაძე გავიცანი, მერე - ირაკლი ჩხეტია და ბოლოს - გიორგი ქათამაძე. ამ ბიჭებმა დააარსეს URBAN CLUB.
სანამ იმას შევიტყობდი, თუ რატომ გაუჩნდათ კლუბის დაარსების სურვილი, გავარკვიე, რა დატვირთვა აქვს URBAN CLUB-ს. საინფორმაციო ფლაერში წერია: „პროექტი თავისი სახელწოდებიდან - URBAN CLUB - გამომდინარე გულისხმობს კონკრეტული იდეების განხორციელებას იმ თვალსაზრისით, რომ ბათუმში წლების განმავლობაში პირველად, კონცეპტუალურად შეიქმნას ქართული ახალგაზრდული კულტურის მიკრო ფონი, რომელიც ღია იქნება ყველასათვის და გაითვალისწინებს პროექტის მონაწილეთა მიმდინარე შემოქმედებითი მომენტების წარმოჩენას, საზოგადოებასთან ღია, აქტიურ დიალოგს. ასევე შექმნას პრეცედენტი „ალტერნატივისა“, რაც მოწინავე პლურალისტური, ღია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა.“
მოკლედ, რომ ვთქვა, ის, რაც ზევით წერია, უბრალოდ, ინტელექტის ამაღლების და საღად აზროვნების გაკვეთილებია, რაც თავისთავად, ძალიან კარგია, არათუ ბათუმში, კეიპტაუნშიც და თბილისშიც ძალიან კარგი იქნებოდა.
არ ვიცი, ალბათ, ბათუმში იმართება სხვა საღამოებიც, ლიტერატურული, მუსიკალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, და ასეთი საღამოები თბილისშიც იმართება, მაგრამ არ მახსენდება თბილისური ჯგუფი ან ორგანიზაცია, გარკვეულ სივრცეში მუდმივად რომ ატარებდეს განსხვავებულ და საინტერესო საღამოებს. და თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ამას ფესტივალის სტატუსი აქვს მინიჭებული. URBAN CLUB-ი კი მკაცრად კლუბურ ხასიათს ატარებს, რაც დამფუძნებლების, სამი მეგობრისგან შემდგარ ჯგუფ „MIKROfonis“ დამსახურებაა.
რატომ შექმნეს URBAN CLUB-ი? პასუხი ბევრნაირი შეიძლება იყოს: ამ ადამიანებმა იგრძნეს, რომ საზოგადოებაში მსგავს საღამოებზე მოთხოვნა არსებობდა.
მოთხოვნა არაფერ შუაში იყო, მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, ალტერნატიული „გართობა“ შეეთავაზებინათ ახალგაზრდებისთვის.
საკუთარი მსოფლმხედველობის ასეთი ფორმით ჩვენება გადაწყვიტეს.
ამბიცია ჰქონდათ, რომ უკვე რაც იციან, დროა, სხვებსაც გააგებინონ.
ალბათ, ამ ვერსიებიდან კლუბის გახსნის წინაპირობა ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო, ზემოჩამოთვლილი მიზეზებიც და სხვა დანარჩენებიც. მართალია, ასეთი კლუბის დეფიციტს ბათუმში ადრეც გრძნობდნენ და უნდოდათ, ეს ნიშა კლუბის გახსნით როგორმე თვითონ შეევსოთ, მაგრამ მათი გაღვიძება და ამოქმედება მხოლოდ ღრმა დეპრესიამ შეძლო.
დეპრესია უკვე ყველასათვის მოსაბეზრებელი გახდა - ვეღარც გრძნობ, ხარ თუ არა დეპრესიაში. ყოველ შემთხვევაში, იმ ასი ადამიანიდან, რომელიც ამბობს, დეპრესიაში ვარო, 95-ის არ მჯერა. აღარც ის აზრია აქტუალური, რომ თუ დეპრესიაში არ ხარ, ვერაფერს გააკეთებ. დღეს ყველაფერი პირიქით ხდება, სრულიად თავისუფალი, ხალისიანი და ყოველ ახალ დღეზე შეყვარებული უნდა იყო, რამე ღირებული რომ შექმნა. თუმცა, ეს სამი ბიჭი, ასი ადამიანიდან იმ ხუთის რიცხვში შედიან, რომლებიც მართლა დეპრესიამ დააფიქრა, და მათი შთაგონება და სურვილები სადღაც, გზაჯვარედინზე გადაკვეთა. მათ მობეზრდათ უმოქმედობა, იმაზე ფიქრი თუ რამდენ საინტერესო რამეს გააკეთებდნენ, საშუალება რომ ჰქონოდათ. ჰოდა, ადგნენ და რისი საშუალება და შნოც ჰქონდათ, ის გააკეთეს.
ბიჭები რომ გავიცანი, რამდენიმე საათში ჩემ ცოლს ველაპარაკე, მკითხა, როგორი ტიპები არიანო. კი ვიცოდი, „ტიპებში“ რაც იგულისხმა, მაგრამ მე ვიზუალურად ავუხსენი: ერთი იესოს ჰგავს, მეორე - მოსეს, მესამე კი ბიძაჩემ ბატკას-მეთქი. ისე კი, ტიპები, როგორც საინტერესო ადამიანებზე ვამბობ ხოლმე, მაგარი ტიპები არიან - სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული (აქ უკვე ვიზუალურ მხარეს არ ვგულისხმობ). მას შემდეგაც კი, რაც ოთხი დღე ერთად გავატარეთ, სულ ვფიქრობდი, ამათ საერთო რა აქვთ-მეთქი. არ არსებობს საკითხი, რაზეც ერთნაირი შეხედულება ჰქონდეთ. ეგაა, რომ გრებენშიკოვი და ჯიმი მორისონი სამივეს მოსწონს, თორემ აჭარული ხაჭაპური ჯობია თუ აჩმა, საპრეზიდენტო მმართველობა თუ რესპუბლიკური - ამაზე ყოველთვის კამათობენ.
ბათუმში პირველი ორი დღე გადაუღებლად წვიმდა, მეც სახლში ან სადმე ბარში ვიჯექი და ურბანელებთან ერთად ლუდს ვსვამდი. ბევრს ვსვამდით. როგორც იქნა, გადაიღო, ღამე იყო, თორმეტს გადაცილებული, მაგრამ პლაჟზე გავედით - ძლიერი ქარი უბერავდა და ტალღებიც დიდი უნდა ყოფილიყო - მიყვარს ზღვის ღელვა და ამიტომაც გადავწყვიტე პლაჟზე გასვლა. ლევანმაც მხარი ამიბა, მიყვარს, როცა ზღვას ვუყურებ, განსაკუთრებით დასავლეთისკენ ყურება მიყვარსო.
ლევან ხუჯაძე ოქტომბერში ჩამოვიდა საფრანგეთიდან. წელიწად-ნახევარი იქ იყო და ფრანგულს სწავლობდა. სანამ საფრანგეთში წავიდოდა, პლაჟზე იჯდა და დასავლეთისკენ იყურებოდა. უყურებდა ღრუბლებს, რომლებიც დასავლეთიდან მოჰქონდა ქარს და ფიქრობდა, აზზე ხარ, ეს ღრუბლები სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში იყვნენ, მერე ჩეხეთში, ახლა კი აქ არიან. ძალიან უნდოდა ევროპაში წასვლა. წასვლა რბილი ნათქვამია, მას გაღწევა უნდოდა. ძალიან ბე ბევრი იწვალა იმისთვის, რომ აქედან გაეღწია, იმაზე ბევრი კი - იქ, სადაც გააღწია, მაგრამ ძლიერი აღმოჩნდა, იწვალა, განცხადებები აკრა ქუჩებში, გიტარაზე დაკვრას ვასწავლიო, რესტორანში ვიმუშავებ მიმტანადო, დავშლი და ავაწყობო და ასე იშოვა სამსახური. დაბრუნდა საქართველოში და ახლა ისევ გაღწევაზე ფიქრობს, ჯერ პლაჟზე არ ზის და დასავლეთიდან მომავალ ღრუბლებს არ შესცქერის, მაგრამ, შიგადაშიგ, ამოიოხრავს ხოლმე, წასვლა მინდაო. დეპრესიაშია.
ვისხედით მე და ლევანი პლაჟზე და ტალღებს ვუყურებდით. ზღვა ღელავდა, ირაკლი კი ჩვენ გვერდზე იდგა, ყურებში ყურთსასმენები ჰქონდა გარჭობილი და მუსიკას უსმენდა, ზღვისკენ კი იყურებოდა, მაგრამ მუსიკას ფეხს ისე აყოლებდა, აშკარად არ იყო ბათუმის პლაჟზე. სიგარეტს ეწევა ბევრს, ძალიან გამხდარია, უყვარს კარტოფილი ფრი და ბევრი ლუდი. ისიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. უკრაინაში იყო. იმასაც გაღწევა უნდოდა და გააღწია. მანაც მძიმე თვეები გაიარა და დაბრუნდა. ორივე დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ უფრო თავისუფლები იყვნენ, ვიდრე საქართველოში. მიზეზი ის იყო, რომ მობეზრდათ „შავი სამუშაოს“ კეთება, სხვაზე მუშაობა და თავის გატანაზე ფიქრი. თავისუფლების შეგრძნების გარდა ისინი გრძნობდნენ, რომ ასეთი თავისუფლება უფრო უკომფორტო არსებობა იყო და არა ცხოვრება, არადა, მათი მიზანი კომფორტული ცხოვრებაა - საკუთარ თავს კომფორტისტებს უწოდებენ. კომფორტი კი მათთვის, მაგარი მანქანის და ფეშენებელური ვილის გარდა, თავისუფალი შემოქმედება და აზროვნებაა. სწორედ ამის დრო და საშუალება არ ჰქონდათ საზღვარგარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ - თავისუფალი შემოქმდებისთვის ასპარეზი იქ უფრო დიდი იყო. ამიტომ, ისევ ბათუმში დაბრუნება არჩიეს, უასპარეზო ბათუმში, სადაც, თუ მოინდომებ, ადვილად არა, მაგრამ მაინც შეძლებ, ასეთი ასპარეზი შენით შექმნა.
ჩვენს გაცნობამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიძლება გახსოვდეთ კიდეც, ბათუმში ქსენოფობებმა (მათ ნეონაცისტებს ვერ ვუწოდებ იმიტომ, რომ უბრალოდ არ მჯერა საქართველოში ნეონაცისტების არსებობის) ებრაელების საფლავებზე სვასტიკები დახატეს. პოლიციამ დამნაშავეები ვერ იპოვა (ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის 10.05.2008), მაგრამ ვიღაც-ვიღაცები მაინც დაკითხა. დაკითხეს ირაკლიც, რომელიც სახლიდან აიყვანეს, ის ჩუსტებში იყო „გამოწყობილი“. დაკითხეს და გამოუშვეს, თან ორმოცი თეთრიც მისცეს, ავტობუსით დაბრუნდი სახლშიო. როგორც თვითონ ამბობს, მასზე ეჭვი იმიტომ აიღეს, რომ ადრე პანკობდა, პანკ-ჯგუფის „ლიდერი“ იყო, სადაც „ვოჟძს“ ეძახდნენ. თავისთვის ახურებდა, პანკურ მუსიკას უსმენდა, მასისგან ჩაცმულობით და თმის ვარცხნილობით გამოირჩეოდა... ერთი სიტყვით, ანდერგრაუნდიდან იყო ამომძვრალი, რამაც პოლიციელებს ეჭვი გაუჩინა.
ირაკლიმ მოიძრო ყურთსასმენები და მეუბნება, დაიჯერებ რო თორმეტი წელია, ზღვაში არ მიბანავიაო. ბათუმელია. არ უბანავია იმიტომ, რომ ეზარება პლაჟზე წასასვლელად მომზადება; პირსახოცის, ჩუსტების და გამოსაცვლელი ტანსაცმლის ჩანთაში ჩაწყობა; მერე პლაჟზე მისვლა, ცურვა, ცურვის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება, გაშრობა, გამოცვლა და უკან, სახლში დაბრუნება. ყველაფერი ეს იმიტომ ეზარება, რომ მერე აღარაფრის თავი აღარ ექნება. ისეთი დაღლილი იქნება, ფილმსაც კი ვერ ნახავს, რაც მის ცხოვრებაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და არც ხდება.
ირაკლიმ გაიკეთა ისევ ყურთსასმენები და ისევ ზღვისკენ გაიხედა, ოღონდ ზღვას არც უყურებდა და არც ლევანთან და ჩემთან ერთად იყო. დეპრესიაშია.
ვსხედვართ ლევანი და მე პლაჟზე და ტალღებს ვუყურებთ. ირაკლი ისევ ჩვენს გვერდზე დგას და ისევ რიტმულად აყოლებს ფეხს მუსიკას და ისევ არ არის ჩვენთან, გიორგი კი ცდილობს გაეთამაშოს ტალღებს, რომლებიც ნაპირისკენ მოიქაჩებიან, მაგრამ გიორგიმდე ვერ აღწევენ.
გიორგი ქათამაძე არსაიდან არ დაბრუნებულა. ის აქ არის დიდი ხანია. მასაც უნდოდა გაღწევა, მაგრამ შემდეგ, იმის გამო გადაიფიქრა, რა მიზეზითაც ლევანი და ირაკლი დაბრუნდნენ საქართველოში. თოჯინების თეატრის რეჟისორია. ბათუმში სწავლობდა. ცხოვრობს ქობულეთში და ბათუმში ბინას ქირაობს. ბევრი საქმე აქვს და ამიტომ ცხოვრობს ბათუმში, თორემ ერთხელ ისე გემრიელად ახსენა მშობლიური ქობულეთი და სახლი, საშინელი წვიმა რომ არ ყოფილიყო, ყველანი გავყვებოდით. ის ქობულეთში სახელოვნებო სკოლაში მსახიობის ოსტატობას ასწავლის. გიორგი MIKRO foni-ს სამეულიდან ყველაზე კომუნიკაბელურია. ძალიან ადვილად შემოდის კონტაქტში, ჯერ გაკვირდება, გისმენს. ასე, ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, შემდეგ რაღაცაში დაგიჭერს, საერთო ინტერესს აღმოაჩენს შენთან და იწყებს იმ თემაზე ლაპარაკს. თემას თემა ცვლის, ის კი აღმოჩენებს აკეთებს და გიკვირს, რომ ამ ადამიანთან ბევრი საერთო გაქვს - ინტერესები, მოსაზრებები, იდეები. ასე კი იმიტომ ხდება, რომ მას ყველაფერი აინტერესებს. არ ვიცი, შეიძლება, ძალიან კარგად რომ გავიცნო, მასზე სხვა წარმოდგენა შემექმნას, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემთვის გიორგი ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. არც კი მახსოვს, ოთხი დღის განმავლობაში რამდენჯერ გამიმეორა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდაო. ამას არაფრის გამო მეუბნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ამის საბაბს არ ვაძლევდი, მაგრამ ეტყობა, ის ხედავდა და, უბრალოდ, გრძნობდა რომ ეს უნდა ეთქვა.
ქარმა იმატა და ტალღებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. სანაპიროზე დავდიოდით, გიორგი წინ მიდიოდა, თავჩახრილი და ნელნელა უფრო უახლოვდებოდა იმ ზღვარს, სადამდეც ნაპირს მონარცხებული ტალღები აღწევდნენ. ცოტაც და ერთი ფეხი დაუსველდა. უცებ გამოცოცხლდა, შემოგვხედა, გაგვიცინა და ისევ განაგრძო გზა. ცოტა ხანში ისევ იგივე განმეორდა - ისევ თავჩახრილი მიდიოდა, როცა ტალღამ მოუსწრო. ოპტიმისტია, შეიძლება გამოუსწორებელი ოპტიმისტიც, მაგრამ ისიც დეპრესიაშია.
არადა, რატომ, დეპრესია ამჯერად რის გამო? ბიჭებს მიკრო ფონი ხო უკვე აქვთ - კლუბს ხელმძღვანელობენ და ამით ისიც მოპოვებული აქვთ, რაც მათი კომფორტის განმსაზღვრელი ნაწილია, ანუ თავისუფალი აზროვნების და შემოქმედებითი იდეების არენა. მაგრამ ეტყობა, დეპრესიას ახლა ის იწვევს, რომ ეს არენა აღარ აკმაყოფილებთ. ახლა მათ უკვე მაკრო ფონი სურთ, ზღვისპირა ქალაქის ნამდვილი ურბანისტული სააზროვნო სივრცე - კარგად ჩამოყალიბებული, მუდმივად განვითარებადი და ზრდადი ინტელექტუალი მოქალაქეების წრით, გაცხარებული მსჯელობებით დიდ შემოქმდებით პროცესებსა და საზოგადოებისთვის მწვავე საკითხებზე, დიდი იდეების და აზრების დაბადებით.
არადა, ამ ეტაპამდე ჯერ ისევ შორია, როგორც კონკრეტულად URBAN CLUB-ისთვის, ისე მთლიანად ყოველი მსგავსი მცდელობისთვის საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. URBAN CLUB-ი ჯერ ისევ მხოლოდ მოკრძალებული პროექტია, ზღვისპირა, საპორტო, მაგრამ მაინც ჯერაც განვითარებად ქალაქში, რომლის სამომავლო სახეც ახლა ყალიბდება. ჰოდა, ალბათ, დეპრესიასაც ეს შორი და აუცილებლად გასავლელი გზა და მოუთმენლობა იწვევს.
ის, რომ URBAN CLUB-ი ჯერაც მშენებარე ალტერნატიული კულტურის გზის დასაწყისში დგას, ჩემი აზრით, კიდევ ერთ პრობლემას აჩენს. ახლავე მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ:
როცა URBAN CLUB-ის პროგრამა პირველად ვნახე, იდეა მართლა ძალიან მომეწონა - ვიფიქრე, აი, ბიჭები ზუსტად იმ გზას დადგომიან, რაც ბათუმის მრავალფეროვან, თანამედროვე და ინტელექტუალურ ქალაქად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. რა კარგი დასაწყისია, ზუსტად შერჩეული მიმართულება-მეთქი. მაგრამ პროგრამაში ამოკითხული გვარები მაინც არ მესიამოვნა. აქაც ესენი-მეთქი? - გავიფიქრე და მივხვდი, რომ სნობიზმი ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, არ აქვს მნიშვნელობა - ეს საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილია თუ ხანშიშესული. აი, რა პრობლემას ვგულისხმობდი და რაში ვერ დავეთანხმე ბიჭების მიმართულებას - კლუბში მიწვეული სტუმრების არჩევაში. მათი არჩევანი ვერც მათ დეპრესიას დავაბრალე და ვერც იმ ფაქტმა დამამშვიდა, რომ დასაწყისისთვის სნობიზმსაც არა უშავს - სახადია და იქნებ, მათაც მოიხადონ, მთავარია, სისხლში არ გაჯდეს.
URBAN CLUB-ის ერთ-ერთი მიზანი უცნობი შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა და მათთვის ფართო საზოგადოებაზე გასვლის შანსის მიცემაა. ამის ნათელი მაგალითია ერთი ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც საზოგადოებამ სწორედ URBAN CLUB-ის საშუალებით გაიცნო, ბათუმის მერიამ კი რამდენიმე სიმღერის ჩაწერა შესთავაზა. რომ არა URBAN CLUB-ი, ვინ იცის, საერთოდ აღმოაჩენდა ვინმე ამ ახალგაზრდას თუ არა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ აშკარად შევატყვე, რომ URBAN CLUB-ს აქცენტი მაინც სულ სხვა ტიპის სტუმრებზე აქვს გაკეთებული. დამფუძნებლებმა URBAN CLUB-ის ლოკომოტივებად ის ადამიანები მოგვივლინეს, რომლებმაც წლების წინ თავის სფეროებში გარკვეული ნიშა მყარად დაიკავეს: ლაშა ბაქრაძე, ლაშა ბუღაძე, ბესო ხვედელიძე, რობი კუხიანიძე, გიორგი გვახარია, შოთა იათაშვილი, რატი ამაღლობელი... ორგანიზატორებმა URBAN CLUB-ის გაქაჩვა და სტუმრების მოზიდვა ამ ადამიანების საშუალებით დაიწყეს (ალბათ, მოტივით, რომ ცნობილი სახელები ყველანაირ საზოგადოებაში ჭრის, თუნდაც ამ ადამიანების ცნობადობა ვიზუალურ ან სახელით ნაცნობობას არ სცდებოდეს).
ერთი შეხედვით, ამაში ცუდი და გაუგებარი არაფერია: სადაც კინოზეა საუბარი, იქ გოგი გვახარიასაც უნდა ათქმევინო სიტყვა; პოეზიის ასმა საღამომ ისე არ უნდა ჩაიაროს, რატი ამაღლობელი თუ არ წაიკითხავს თავის ლექსს; ან როცა პანკ-ფესტივალს აწყობ, იქ რობი კუხიანიძეც აუცილებლად უნდა მიიწვიო, მაგრამ როდესაც URBAN CLUB-ის დაარსების ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა საზოგადოების გამოცოცხლება, რეალობასთან ადეკვატური აზროვნების ჩამოყალიბება და ძველი ფასეულობების გადაფასებაა, მაშინ, მიზანსაც შესაბამისად უნდა მიუდგე: მგონი, კარგად ნაცნობის მაგივრად, სიახლეები უნდა ეძებო, უცნობი, ახალგაზრდა მოაზროვნეები გამოავლინო, ერთმანეთს უნდა დააჯახო, ერთმანეთში აკამათო და ისე აძებნინო გამოსავალი, მისცე ტრიბუნა, რომ აზრი გამოთქვან, თუნდაც მცდარი ან გაუმართავი.
ურბანელმა ბიჭებმა ძალიან კარგად იციან, რომ ახალგაზრდობა მაშინ იქნება ძლიერი, როცა ის დროის ადეკვატურად იაზროვნებს და იმოქმედებს, როცა თავის ნაკლს აღიარებს და ამ ნაკლზე ხმამაღლა დისკუსიის გამართვაც არ მოერიდება, მიზანს დაისახავს და მიზნებზეც ხმამაღლა ისაუბრებს, რამეს შექმნის და სათანადო შეფასებას დაელოდება. ამას ბიჭები თავადაც ამბობენ, ამ დროს კი URBAN CLUB-ში წამყვან სტუმრებად „ქართველი ინტელექტუალების ბომონდს“ იწვევენ. ადამიანებს, რომლებსაც, ზემოთ რომ ვსაუბრობდი, ისეთ ახალგაზრდობასთან ნაკლები შეხება აქვთ. ასე მგონია, ეს ინტელექტუალური ბომონდი შიგნიდან არ იცნობს გარეთ დარჩენილ ახალგაზრდობას და არც ის იცის, რა ენაზე უნდა ელაპარაკოს მათ.
ალბათ, ამ ათასჯერ გადაღეჭილი გვარების URBAN CLUB-ის პროგრამაში ამოკიხვის შემდეგ გამიჩნდა განცდა, რომ ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი URBAN CLUB-ი აღარ მაინტერესებდა. არ მაინტერესებდა იმიტომ, რომ მათი კლუბის ყველაზე საინტერესო სტუმრები ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთა აზრი და პოზიციაც სრულიად საქართველომ მეტ-ნაკლებად უკვე იცის.
იმას არ ვამტკიცებ, რომ აღარ უნდა გავიხსენოთ და გავარჩიოთ „პასტორალი“, მაგრამ ვინ, თუ არა ჩემი თაობის ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს ეს ფილმი აღარ არის ბომბი, რომელიც თავის დროზე საზოგადოებაში ჩუმად აფეთქდა. ჩვენს დროს თავისი ახალი ბომბები აქვს და URBAN CLUB-მაც ისეთ ადამიანებს უფრო უნდა მოუსმინოს, რომელთა ავტორობითაც ანდა რომელთა სიახლოვესაც ეს ბომბები ფეთქდება. ანუ ვგულისხმობ ახალგაზრდებს, რომლებიც ანდერგრაუნდული წრეებიდან მოდიან, უამრავი შემოქმედებითი იდეა აწუხებთ და ბომბებსაც, ვინ იცის, საკმარისი სიმძლავრისას აფეთქებენ. ეს აფეთქებები კი დღემდე ფართო საზოგადოების მიღმა რჩება ზუსტად იმიტომ, რომ URBAN CLUB-ის მსგავსი სივრცეებიც კი ინტელექტუალური წრეების ვეტერან წარმომადგენლებს აქვთ გაჯერებული. ადამიანებს, რომლებიც ერთ დროს შეიძლება იყვნენ ალტერნატივა, მაგრამ ახლა მეინსტრიმში - ინტელექტუალური აზრის სტანდარტულ ნაკადში გადაინაცვლეს, ჩვენ კი ალტერნატივა დავკარგეთ.
ვინ, თუ არა ჩემი თაობის ადამიანებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ დღეს აღარც „ბოლო ზარია“ ახლანდელი თინეიჯერების სარკე და რომ დასავლურ ფასეულობებზე განყენებული საუბარიც უბრალოდ გაორებას იწვევს ახალ თაობაში და მეტს არაფერს. იქნებ URBAN CLUB-ი ზუსტად იმიტომ უნდა არსებობდეს ბათუმში, რომ თინეიჯერების ახალი სარკის პოვნა შეძლოს და მერე ამ სარკეში ბათუმელი ახალგაზრდობაც ჩაახედოს და მთელი შავიზღვისპირეთისაც? და იქნებ, იგივე ლაშა ბაქრაძის ნაცვლად, ეს ახალგაზრდები უნდა ვალაპარაკოთ არა მხოლოდ დასავლურ, არამედ ზოგადად ფასეულობებზე? რადგან მგონი, რომ ამ ტრადიციებსა და ფასეულობებს ზუსტად ის ბედი ელით, რასაც ეს ახალგაზრდები გადაუწყვეტენ. და ამ ფონზე, მინდა გკითხოთ, არ მოვუსმინოთ მათ?
თუმცა, ჰო, გეთანხმებით - შეიძლება, ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, კი მარა, თუ ზემოთ ხსენებული ინტელექტუალური ბომონდი ქმნის საზოგადოებას და საზოგადოებრივ აზრს, იქნებ, საჭირო იყოს კიდეც მათი მოსმენა, განსაკუთრებით კი რეგიონულ ქალაქებში, სადაც ხმა დედაქალაქიდან ისედაც ნაკლებად აღწევს. და კიდევ, ალბათ, იმასაც მეტყვიან, რას გადაეკიდე ამ „ბომონდს“, კარგიც არის ბათუმურ კლუბში გამოსასვლელად რომ ჩადიან, იქნებ ამით დეცენტრალიზაციის პროცესიც დაჩქარდეს, თუნდაც კულტურულ და სააზროვნო სივრცეშიო.
რა თქმა უნდა, მათი მოსმენა, URBAN CLUB-ში იქნება ეს თუ ღია ცის ქვეშ, შადრევანთან, ყველგან საინტერესოა. საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, ოღონდ, როცა მათ მიმართ ინტერესი ხუთოსანი მოსწავლემასწავლებლის ურთიერთობას ემსგავსება, მოწვეული სტუმრები კი - უალტერნატივონი არიან და მათ შეხედულებებსაც უაპელაციოდ, ბრმად იზიარებენ ჯერ სულ ახალი, დამწყები მოაზროვნეები, მაშინ უკვე შედეგი უარყოფითია.
რაც არ უნდა იყოს, ლევანმა, ირაკლიმ და გიორგიმ თავიანთ მიზანს მიაღწიეს - ბათუმში გააჩინეს ნიშა, რომელიც ათეული წელია, არ არსებობდა. არ არსებობდა ბოლო წლებში დამკვიდრებული რეალობის ალტერნატივა - რომ აჭარის ზღვისპირეთმა მხოლოდ ზაფხულის თვეებში დისკოთეკებზე, აჭარულ ხაჭაპურებზე, პლაჟზე ჩამოტარებული ფანტა-კოკა-კოლა-ბორჯომის ხარჯზე უნდა იცხოვროს, რომ აჭარის ზღვისპირეთს არ ჭირდება საკუთარი შემეცნების სივრცე. სივრცე, რომელიც თუნდაც ძალიან ემსგავსება თბილისურ სნობურ-კულტურულ სივრცეს, მაგრამ მაინც იქნება ათუხთუხებული ახალგაზრდების და ღამის კლუბების შემცვლელი და სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე აქტიური იქნება.
როგორიც არ უნდა იყოს და როგორი მინუსებიც არ უნდა ჰქონდეს, URBAN CLUB-ი დღეს ბათუმში სწორედ ამ სივრცეს და ნიშას იკავებს და ამიტომ არის მისი გახსნა და არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი. და მნიშვნელოვანია არა მარტო ბათუმისთვის. დღეს ხომ დისკოთეკების 90-იან წლებში აღებულ გეზს, კიდევ უფრო მატერიალისტური გეზი აგრძელებს - სავაჭრო ცენტრების მშენებლობა, ხუთვარსკვლავიანი, „ოლ-ინქლუზივ“ სასტუმრო-სამოთხეები, ბიზნეს-ცენტრები - ხელისუფლების სწორება ხომ აქეთკენაა. ცხადია, არც ესაა ცუდი, მაგრამ ალტერნატივის სახით ყოველთვის უნდა დარჩეს სივრცე, სადაც ადამიანი კრეატიულად იაზროვნებს და გათავისუფლდება შუშის ფასადებისგან, იაფი კრედიტების პროგრამისგან... სადაც წაიკითხავენ ლექსს და იფიქრებენ მხოლოდ იმ ლექსზე და არა ამ ლექსისგან მიღებულ ან მისაღებ შემოსავალზე... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ, მართალია, ახლა ეს ალტერნატიული კულტურის ნიშა ბათუმში, ისევე, როგორც თბილისში ხუთოსანი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას ჰგავს, მაგრამ ეტყობა, ეს გზაც გასავლელია. თუ ამ გზას ვერ გაივლის ბათუმი, ვერ მიაღწევს ნამდვილ შედეგს, როცა იქნება ნამდვილი ალტერნატივა და ნამდვილი ალტერნატიული კულტურა.
არ ვიცი, დასახული ჰქონდათ თუ არა ასეთი ფორმით მიზნის მიღწევა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: პროექტის დაფინანსება მაისის ბოლოს წყდება, მაგრამ ურბანელებს გადაწყვეტილი აქვთ რამენაირად გააგრძელონ პროექტი URBAN CLUB-ი. ამის შესახებ იმ ადამიანებმაც გაიგეს, ვინც მათ საღამოებს რეგულარულად ესწრება. მათი პირველი რეაქცია დამწუხრება იყო - არ უნდოდათ, კლუბი დახურულიყო, მაგრამ შემდეგ გამოსავალი იპოვეს. გამოთქვეს სურვილი, თავად დაეხმარონ ურბანელებს, საკუთარი ფინანსური და ადამიანური რესურსით. გადაიხადონ კლუბის საწევროები, გაუწიონ პროპაგანდა, კლუბის არსებობა გაავრცელონ არა მარტო ბათუმში... ერთი სიტყვით, წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი URBAN CLUB-ი არ შეჩერდება, შეჩერდება მხოლოდ ზაფხულში, როცა აჭარას დამსვენებელთა არმია მიაწყდება და დისკოთეკების გუგუნის დროს, უბრალოდ, შეუძლებელი გახდება ლექსების კითხვა, დისკუსიის გამართვა და ფილმის ყურება.
ურბანელებმა მიზანს მიაღწიეს. თუ თავიდან არ იცოდნენ, გაამართლებდა თუ არა პროექტი, არ იცოდნენ ბაზარი, არ იცოდნენ, საერთოდ საჭირო იყო მათი პროექტი თუ არა, სჭირდებოდა თუ არა საერთოდ ასეთი რამ ახალგაზრდებს, დღეს უკვე ზუსტად იციან, რომ პროექტი წარმატებულია და საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის „წევრების“ რაოდენობა ასს არ აღემატება, ის ნელ-ნელა პოპულარობას იძენს, უფრო აქტუალური ხდება, პერიოდული პრესა მათ საღამოებს აშუქებს...
გულწრფელად მიხარია, რომ მათ გამოუვიდათ სწორედ ის, რაც უნდოდათ და ის, რაც თავად აკლდათ, რაც ყოველთვის მიაჩნდათ, რომ საჭირო და აუცილებელია ადამიანის გაზრდისთვის - აზრის თავისუფლად და საზოგადოდ გამოხატვის საშუალება.
ალბათ, ყველაზე დიდი დოზით ამის ნაკლებობას განიცდიდნენ, ამიტომაც იყვნენ დეპრესიაში - მათ იდეებს და მოსაზრებებს უფრო ფართო არეალი სჭირდებოდა. ეს იყო მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი დანაკლისი და ახლა ახდენენ მის ანაზღაურებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს კომფორტისტებად თვლიან, არცერთს არ მონდომებია ბიზნესის წამოწყება, ბანკიდან დაბალპროცენტიანი კრედიტის გამოტანა, მიწის არენდით აღება და ათასი ეგეთი ვაჭრული ამბები. მათ გააკეთეს ის, რაც მათ და ბათუმს აკლდა და რისი არარსებობაც საზოგადო დისკომფორტს ქმნიდა.
![]() |
17 „შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!“ |
▲back to top |
პარიზული ჩანაწერები
ავტორი: ლანა ღოღობერიძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, ლანა ღოღობერიძის პირადი არქივი
სპექტაკლი „სტიქსი“, რეჟისორი რობერტ სტურუა, კომპოზიტორი გია ყანჩელი
დრო, მარად ცვალებადი, წარმავალი. დრო, რომელიც მიდის, თუ მიქრის.. შენი დრო, განგების ძალით შენთვის განკუთვნილი. რომელიც იწურება.
როგორ გადავარჩინოთ რაღაც ამ დროიდან, რომელშიც არასდროს აღარ ვიქნებით. ეს ადამიანის მარადიული ფიქრებია და ამ ფიქრებიდან ჩნდება სწრაფვა დროის შეჩერებისა. „შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ“! - ამას დიდი მწერალი მოითხოვდა. და თუ ჩაუღრმავდები, შეჩერების ღირსია ყველა წამი, ისიც, რომელიც რაღაც მნიშვნელობით არის სავსე, და ისიც, რომელშიც არაფერი არ ხდება, სულ არაფერი, უბრალოდ - წვიმიან დარში მზის სხივის ერთი გაელვება, ან სულაც პირქუში, ღრუბლიანი დღე, მაგრამ ის მაინც უმაღლესი მნიშვნელობით არის სავსე, რადგანაც ამ დღეში ხარ შენ! შენ არსებობ! შენ ცხოვრობ, სუნთქავ, მოძრაობ, რაღაც გადარდებს, რაღაც გიხარია, და ცხოვრება მიდის და ერთი, იდუმალი მნიშვნელობით, ანუ არსებობით სავსე წამი ცვლის მეორეს... შეჩერდი, წამო, შენ ისეთი მშვენიერი ხარ! მშვენიერი ხარ უკვე იმიტომ, რომ იყავი ერთხელ და არასოდეს აღარ განმეორდები. და დროზე ფიქრი მოულოდნელად ამოატივტივებს გონებაში ახმატოვას სიტყვებს:
მაგრამ გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ,
ამ ქვეყნად ვცხოვრობ უკანასკნელად,
და აღარასდროს მოგევლინებით,
არც ვით მერცხალი და არც ვარსკვლავი,
ზარების რეკვის ხმა გულსაკლავი,
წყარო ჩხრიალა, ღამის ჩრდილები,
ან ეს ლერწამი, ეს მე არა ვარ,
მე გეუბნებით დაუფარავად,
რომ აღარასდროს განვმეორდები,
და არც ქვითინით და არც გოდებით
აღარ დავუფრთხობ სიზმარს არავის.
(ჩემი თარგმანი)
და ისე მინდა ვუთხრა ჩემს ახლობლებს: მაგრამ გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ, ამ ქვეყნად ვცხოვრობ უკანასკნელად, და აღარასდროს მოგევლინებით... იმის იმედიც მაქვს, რომ ეს სიტყვები ირონიულ ღიმილს გამოიწვევს მათში!
5 მაისის „ლე მონდში“ დაიბეჭდა საინტერესო წერილი სათაურით „დატკბი დაუბრკოლებლად“. ვფიქრობ, რომ სტატიაში ბევრი რამ არის ჩვენთვისაც საყურადღებო. საზოგადოებას, რომელმაც ისტორიული კანონზომიერების ძალით, გაიარა ტოტალიტარიზმის 70-წლიანი ეპოქა და დღეს ჩაბმულია ლიბერალიზმისა და მონდიალიზაციისათვის დამახასიათებელ საპირისპირო ვნებათა ჭიდილში, ჯერ წინ დიდი და ძნელი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე ნამდვილ თანამედროვე ერთობად ჩამოყალიბდება. ამ გზაზე მნიშვნელოვანია იმათი გამოცდილების გაზიარება, ვინც ეს ძვრები ჩვენზე ადრე გადაიტანა. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში უებარია სიტყვის ძალა. ამის დასტურს დღევანდელ ფრანგულ რეალობაში ვხედავ. სიტყვა! ალბათ, არცერთი ერი არ ანიჭებს მას ისეთ მნიშვნელობას, როგორც ფრანგები. მეფეებს და საზოგადო მოღვაწეებს აქ უმთავრესად საქმეებით კი არ იხსენებენ, არამედ მათი გამონათქვამებით. მაგალითად, ყველა ფრანგმა არ იცის, რა გააკეთა ლუდოვიკო XIV-მ ქვეყნისთვის, ის კი ნამდვილად იცის, რომ მან თქვა, „სახელმწიფო - ეს მე ვარ;“ რომ ანრი მეოთხემ თქვა - „პარიზი ღირს მესად“, ფრანსუა პირველმა - „ყველაფერი დაკარგულია, ღირსების გარდა“, მარი-ანტუანეტამ - „თუ პური არა აქვთ, ჭამონ ფუნთუშა“, ფუშემ - „ეს უარესია, ვიდრე დანაშაული, ეს შეცდომაა“, ტალეირანმა - „მათ (ბურბონებმა) არაფერი არ ისწავლეს და არაფერი არ დაივიწყეს“, და ისევ ტალეირანის გამონათქვამი: „ბატონ შატობრიანს მიაჩნია, რომ დაყრუვდა, თუ მასზე არ ლაპარაკობენ“. 1974 წელს, საპრეზიდენტო დებატებისას, ჟისკარ დ'ესტენმა უთხრა მიტერანს: „თქვენ არ გაქვთ მონოპოლია გულზე“, და ფრანგები თვლიან, რომ ამ ფრაზამ მოაგებინა ჟისკარს არჩევნები. ისევე როგორც, 1988 წელს, ასევე დებატებისას, შირაქმა უთხრა მიტერანს: „დღეს არც თქვენ ხართ პრეზიდენტი, არც მე - პრემიერ-მინისტრი. ამიტომ ნება მომეცით, მოგმართოთ - ბატონო მიტერან“, რაზეც მიტერანმა უპასუხა, „თანახმა ვარ, ბატონო პრემიერ-მინისტრო!“ ირონიით გამსჭვალული ფრანგები ამბობენ, რომ ამ ენამახვილობამ განაპირობა მიტერანის გამარჯვება.
სიტყვა რომ ფრანგებისთვის ბრძოლის და დარწმუნების მთავარი იარაღია, ამას დღევანდელობაც ადასტურებს: დღეს საფრანგეთში წერს ყველა, პოლიტიკოსები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები თუ სხვა ცნობილი ადამიანები, წერენ არაცნობილები, რომლებიც ერთი წერილით და, მით უმეტეს, წიგნით ხდებიან ცნობილები. მერე ამ წიგნებზე იწერება სტატიები, იმართება დისკუსიები ტელეეკრანებზე და ბევრი წიგნი ბესტსელერად იქცევა. ვფიქრობ, გამოსახულების და შოუბიზნესის საყოველთაო მბრძანებლობის ეპოქაში განსაკუთრებულად მისასალმებელია წიგნის და სიტყვის ამგვარი კულტი. მართლაც რომ, პირველად იყო სიტყვა...
მაგრამ დავუბრუნდეთ თავიდან ნახსენებ სტატიას: „დატკბი დაუბრკოლებლად“. ავტორი წერს:
ანა კალანდაძისა და სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი საღამო ჰოლანდიაში, 2008
„ჰიპერთანამედროვე ადამიანი, რომლის არსებობის მიზანია ყოველთვის ჰქონდეს მეტი და განსაკუთრებული, ვალდებულია ტკბებოდეს. უცილებლად. ყველაფრით. არაფრით... თავისი ბედნიერებით, და ხანდახან, თავისი უბედურებით, რათა თავი დააღწიოს მას. დაიკმაყოფილოს სურვილები, მოიხმაროს. შენ შეგიძლია მიიღო ის, შეიბრალო, შეებრძოლო, „ჰიპერთანამედროვე“ არსებობს თავის „უფრო მეტი ღირებულების“ მოპოვების სამყაროში, მღელვარების გამწვავების ატმოსფეროში, რომელიც თან ახლავს ამ „უფრო მეტი ღირებულების“ ძიებას.“
ფსიქოანალიტიკოსი შარლ მელმანი ხატავს ოცდამეერთე საუკუნის დასავლელი ადამიანის პორტრეტს: „ვინც მოძრაობს უკომპასოდ, არ მიდის არავითარ დათმობაზე, გმობს უკანდახევას, უწონადი არსება, დღეს გამარჯვებული ლიბერალური საზოგადოების პროდუქტი, ის აღმოცენდა ორი კულტურის შეჯახების ნიადაგზე, ერთისა, რომელიც ემყარებოდა სურვილთა დათრგუნვას და წარმოშობდა ნევროზებს და მეორისა, რომელიც გვირჩევს მათ თავისუფალ გამოხატვას. ამ არსების დევიზია: გინდოდეს ყველაფერი, ამ წუთას, აქ და ყოველთვის, და განუსაზღვრელი რაოდენობით.
თავს ნუ მოიტყუებთ, განსაკუთრებულისკენ მიდრეკილება თავისთავად გულისხმობს სიამოვნების მიღების სიძნელეს. მარკეტინგის (ანუ ყიდვა-გაყიდვის) ცივილიზაცია მიმართავს ჩვენს მიდრეკილებებს ტკბობის უამრავი ობიექტისკენ (ნაწარმი, სამსახური, დაწინაურება), და ეს ლტოლვა ტკბობისკენ არის თავისთად ბიძგი დაუკმაყოფილებლობისკენ. ეს ყველაფერი იწვევს დეპრესიულ მდგომარეობას, რომელიც ყველას განგვი ცდია. და რაკი სამყაროში არაფერი იკარგება, აუცილებელი ხდება „კომპენსაციების ძიება“. ეს არის ტენდენცია, რომელიც გვაიძულებს დავრეკოთ ან გავგზავნოთ ესემესი, როცა არაფერი გვაქვს სათქმელი, ჩვენი დაუკმაყოფილებლობის გარდა“.
დღევანდელი დღის საკმაოდ შემაშფოთებელი სურათია დახატული, არა? და ჩვენც ხომ არ ვადგავართ ამ „სუპერთანამედროვე ადამიანის“ ჩამოყალიბების გზას? თუ ის უკვე ჩვენი საზოგადოების ორგანული ნაწილია?
ანა კალანდაძე, 2007
კარგი განწყობის და სიხარულის ერთერთი უებარი წყარო: ჩოგბურთი! ჩავეწერე ერთ მშვენიერ კლუბში ბავშვობიდან საოცნებო ბულონის ტყის განაპირას და ვთამაშობ! შაბათ-კვირას და სხვა დღეებშიც, როცა ჩნდება ამის შესაძლებლობა.
და კორტებზე კი ნამდვილად ყველაფერი გავიწყდება, ასაკიც, ცხოვრებისეული სიძნელეებიც, პირადი წუხილები და, წარმოიდგინეთ, საერთო (ანუ ქვეყნის) ტკივილებიც კი, სულ ცოტა ხნით მაინც!
პიერ დე კუბერტენი ამბობდა: თხილამურებით სრიალი იქნებ არ არის ნამდვილი ბედნიერება, მაგრამ ის მას ძალიან ჰგავს. ლადო (მესხიშვილი) ხშირად იმეორებდა ამ სიტყვებს პატარა კორექტივით: კუბერტენი ამბობს, რომ თხილამურებით სრიალი ძალიან ჰგავს ბედნიერებასო, მე კი ვფიქრობ, რომ ის არის ნამდვილი ბედნიერება. და მე სრულიად ვეთანხმებოდი კუბერტენის თუ ლადოს ამ განცდას: მართლაც ბედნიერება ხომ სხვა არაფერია, თუ არა გრძნობათა სისავსე და სიმძაფრე, და სწორედ ეს გრძნობები გიპყრობს, როდესაც დგახარ კოხტის წვერზე, გაჰყურებ შენ წინ გადაშლილ, თითქოს მირაჟიდან ამოზრდილ კავკასიონს, სუნთქავ მთის მაცოცხლებელ ჰაერს და მერე ეშვები დაბლა იმისათვის, რომ რამდენიმე წუთში ისევ შეჯდე საბაგიროზე და კვლავ მთელი არსებით შეიწოვო მთის, თოვლის, მზის სამყარო, რომელიც იმ წუთს უკვდავებასთან გაზიარებს. ეს მაშინ იყო, იმ შორეულ დროში, როდესაც ბაკურიანი და თხილამურები ლადოს და ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს შეადგენდა... ალბათ, უცნაურია, მაგრამ დღეს გრძნობათა ისეთივე სისავსის და ინტენსივობის განცდა მეუფლება ჩოგბურთის კორტზე! ხანდახან თვითონ მიკვირს, რა იწვევს ამ სიხარულს. ალბათ, აქ - ბულონის ტყე, იშვიათი გულმოდგინეობით მოვლილი კორტები, კლუბის მარად მომღიმარი პერსონალი და ასევე მომღიმარი და კეთილგანწყობილი მოთამაშეები, და მერე - თვითონ მოედანი, ხანდახან კარგად დარტყმული ბურთი, მუდმივად - სწრაფვა უკეთესისკენ, სხეულის ფლობა და სირბილი, და - უსათუოდ ახალგაზრდული შემართება, რაც ყველა ასაკის მოთამაშეს ერთნაირად ახასიათებს... თუმცა, განცდა იგივე იყო თბილისშიც, თელავშიც, ბათუმშიც, ყველგან, სადაც კი მითამაშია ეს უმშვენიერესი თამაში, რომელიც არსებობის წესებსაც გთავაზობს: ანუ ელეგანტურობას, წესიერებას, მოწინააღმდეგის პატივისცემას, სილამაზისკენ სწრაფვას. და კიდევ ერთი: ბულონის ტყის განაპირას გაშენებული ლონგშანის კლუბი კი იწვევს ჩემს აღფრთოვანებას, მაგრამ ნამდვილი სინაზით მიყვარს თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დინამოს საკმაოდ მოძველებული და მოუვლელი კორტები (თანხების სიმცირის გამო), ჩვენი „სენიორთა“ ანუ ასაკოვანთა კლუბი, თავისი მირიანით და ზაზათი, და ავთოთი, თავისი ტრადიციებით და ქართველებისათვის აუცილებელი აყალმაყალით, თავისი შეჯიბრებებით და მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვით! დინამოს კორტები, სადაც ოდესღაც არამ გერასიმოვიჩი (მეტრეველის და კაკულიას ბრწყინვალე მწვრთნელი) მისწორებდა დარტყმებს, სადაც ტარდებოდა უმაღლესი დონის შეჯიბრებები მეტრეველის და ნასტასეს მონაწილეობით, სადაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებდნენ ჩვენი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, დიდი ლადოდან დაწყებული პატარა ანამდე... და როდესაც ერთ დღეს გავრცელდა ხმა, რომ ვიღაცა ყიდულობს ამ ადგილს საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად და კორტებს სადღაც გარეუბანში გადაიტანენო, ნამდვილად გული გამიჩერდა! მაშინ თანამდებობის ერთ ჩემთვის ახლობელ პირს შევჩივლე, ასეთი საშინელი რაღაც თქვეს-მეთქი, და მან კი ძალიან მშვიდად მიპასუხა: და რატომ უნდა იყოს ჩოგბურთის კორტები მაინცდამაინც ქალაქის შუაგულში, ასეთ მშვენიერ ადგილასო, არ სჯობს, გაიყიდოს და თანხა ქალაქის ბიუ ჯეტში შევიდესო! გამიკვირდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ პრობლემის ასე შემობრუნება შეიძლებოდა. საკითხის არსი ხომ ისეთი ნათელია! დიახ, კორტები სწორედ აქ უნდა იყოს, კარგ ადგილას, სანაპიროზე, იმიტომ, რომ ყველაფერი არ უნდა ექვემდებარებოდეს ყიდვა-გაყიდვის კანონებს, იმიტომ, რომ კორტები და პატარა ტყის მსგავსი პარკი მის გარშემო ჰაერივით სჭირდებათ ბავშვებს და უფროსებსაც, რომლებიც აქ მუდმივად დადიან, რომ ის, უბრალოდ, ამშვენებს და ალამაზებს ქალაქს და, ბოლოს და ბოლოს, იმიტომ, რომ ეს თბილისის მშვენიერი ტრადიციაა, სილამაზის და კეთილშობილების დამამკვიდრებელი! ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, თუ ოდესმე, სანამ ცოცხალი ვარ, ეს საკითხი მართლა დაისმება, მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სანაპიროს კორტები თავის ადგილას დარჩეს.
გულუბრყვილო ილუზიაა? ვნახოთ. მე არ დამიკარგავს რწმენა იმისა, რომ ყველა პროგრესული თანამედროვე ტენდენციების დანერგვასთან ერთად, თბილისი თავის განუმეორებელ ტრადიციულ სახესაც შეინარჩუნებს. ანუ იმას, რითიც ის მართლაც უნიკალურია მსოფლიოს უმშვენიერეს ქალაქებთან შედარებითაც კი.
სპექტაკლი „სტიქსი“
სპექტაკლი „სტიქსი“
სპექტაკლი „სტიქსი“
სპექტაკლი „სტიქსი“
ცხოვრება ეფემერულია, მაგრამ ის, რომ შენ გაიარე ეს ეფემერული ცხოვრება, არის მარადისობის ფაქტი.
ამ ბოლო დროს ამეკვიატა ფიქრები დაკარგულ დროზე, არა ფილოსოფიურ, არა პრუსტის მიერ უკვდავყოფილ, არამედ კონკრეტულად ყოველი ჩვენგანის მიერ დაკარგულ დროზე. და მენანება ეს დრო, რომელსაც დაუფიქრებლად ვკარგავთ, ვკარგავთ მუდმივად, ყოველდღიურად, (თუნდაც ზედმეტი, არააუცილებელი ძილის სახით), როცა ვიცით, რომ ის მიდის, და რომ სულ ჩქარა ჩვენ მასში აღარ ვიქნებით.
მაია ფანჯიკიძემ, ჰოლანდიაში საქართველოს ელჩმა, მიმიწვია ანა კალანდაძის და სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილ საღამოზე ჰააგაში. საღამო მოაწყო საქართველოს საელჩომ და ჰოლანდიაში არსებულმა ბაგრატიონის ფონდმა.
პირველივე წუთებიდან - დადებითი ემოციები! ჩვენი საელჩო, მშვენიერი ჰოლანდიური სახლი - საქართველოს პატარა ნავთსაყუდელი ნიდერლანდებში. აქაურობას შემოკედლებული ადამიანები, დაკავებულნი თავისი საქმით და საქართველოს პროპაგანდით. მაია, უკვე ნამდვილი პროფესიონალი დიპლომატი და ენთუზიასტი, ნინო თარხანმოურავი და ეკა მხეიძე, ბაგრატიონის ფონდის ხელმძღვანელები, რომლებიც თარგმნიან ანა კალანდაძეს ჰოლანდიურ ენაზე(!), მაია ჩიჯავაძე, მხატვარი, დამკვიდრებული ამსტერდამში, ამ საღამოსთვის საგანგებოდ ჩამოსული გია ყანჩელი - მთელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, მისი მშვენიერი მეუღლე - ლულა, ნიკუშა შენგელაია თავისი ოჯახით...
დარბაზში - ჰოლანდიელები და ქართველები. ბევრი კარგი სიტყვა, ბევრი ემოცია... ნინო თარხან-მოურავმა, რომელიც ჩვენი შესანიშნავი მხატვრის და ჩემი ძალიან ახლობელი რეზიკა თარხან-მოურავის შვილი აღმოჩნდა, წაიკითხა საინტერესო მოხსენება ანა კალანდაძის შესახებ და მისი ლექსების თარგმანები,
ბირმა, 2008
REUTERS
ბირმა, 2008
REUTERS
გია ყანჩელმა და მე ვილაპარაკეთ სოფიკოზე და ანაზე, წავიკითხეთ ანას ლექსები. აჩვენეს სოფიკოს შესანიშნავი ფოტოების ვიდეოკოლაჟი, სადაც მისი სილამაზე მართლაც გამაოგნებელია, და ნაწყვეტები ფილმებიდან. …
„როდესაც გვტოვებს ის, ვინც თავისთავად ბრწყინვალებაა, შენ წინ უფსკრული კი არ ითხრება, არამედ უეცრად წამოიმართება მწვერვალი“, - ეს დაწერა ერთმა მარტინიკელმა მწერალმა ამ დღეებში გარდაცვლილ დიდ მარტინიკელ პოეტზე - ემე სეზერზე. „ზოგიერთების არსებობასთან დაპირისპირებისას, სიკვდილი სხვა არაფერია, აღმომჩენის გარდა და ეს მისი ერთადერთი გამარჯვებაა“.
ამ სიტყვებში დიდი და კარგად გამოთქმული სიმართლეა. ანა კალანდაძე დადუმდა და ეს სიჩუმე უეცრად აივსო მისი სტრიქონებით, მისი ტკივილებით და სიხარულით, მისი ნაღველით. რაზე ფიქრობდა ანა, როდესაც წერდა: „მიჯნურმა ჩემმა ჩემს მტერს ბაღის კარი გაუღო და შემოუძღვა ჩემს წალკოტში მონურად, მდაბლად“... იდგა ამ ხატის უკან რეალური პერსონაჟი, ან პერსონაჟები, თუ ეს იყო პოეტის განხიბლვა ზოგადად ადამიანურობისგან, ერთგულებისგან, სიყვარულისაგან? ხატი კი უძლიერესია: მონურად, მდაბლად, ალბათ, წელში მოკაკული და თავწახრილი, ღალატის გზაზე შემდგარი მიჯნური უღებს კარს მტერს და შემოჰყავს პოეტის, (თუ უბრალოდ ადამიანის) წალკოტში, და მაშინვე ირგვლივ ყველაფერი ჭკნება და ხმება და ბოლო ეღება სულის მბრწყინავ ზეიმებს. „არ შეველ ტაძრად უწმინდური სადაც შევიდა“... რამდენი სიმწარეა ამ სიტყვებში! არა მგონია, რომ ანასთვის უწმინდური მტერია, ეს, ალბათ, მიჯნურია, რომელმაც მტერს გაუღო ბაღის კარი, ვინაიდან ღალატი ბევრად უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე მტრობა!
მიჯნურმა ჩემმა ჩემს მტერს ბაღის კარი გაუღო … და შემოუძღვა ჩემს წალკოტში მონურად, მდაბლად. დაჭკნა შროშანი, გახმა ვარდი, დამდაბლდა დაფნა, მოეღო ბოლო სულის ჩემის მბრწყინავ ზეიმთა. არ შეველ ტაძრად, უწმინდური სადაც შევიდა, მიჯნურმა ჩემმა ჩემს მტერს ბაღის კარი გაუღო.
ანას ეს სიტყვები და კიდევ ბევრი სხვა თან მდევდა მთელი დღე და განსაკუთრებით ზღვის პირას... ეს ჩრდილოეთის ზღვა რატომღაც უფრო უსასრულო მეჩვენა და უფრო იდუმალი. აქ სივრცეს, მართლაც, არა აქვს საზღვარი... ტალღები წარმოიქმნება შორს, ძალიან შორს და მწყობრად განლაგებულნი, თეთრ, მოძრავ ზოლებად მოქრის ნაპირისკენ...…ალბათ, ასეთ ზღვაზე აქვს ნათქვამი პასტერნაკს:
Передо мною волны моря.
Их много. Им немыслим счет.
Их тьма. Они шумят в миноре.
Прибой, как вафли, их печет.
Гуртом, сворачиваясь в трубки,
Во весь разгон моей тоски
Ко мне бегут мои поступки,
Испытанного гребешки.
ვლადიმერ ნაბოკოვი, 1947
მიტერანის მეუღლე დანიელი, „დამალული სიყვარული“ ან პენჟო და უკანონო შვილი მაზარინი მიტერანის დასაფლავებაზე, 1995
დიდი ხანია მივხვდი, ჩემი სამყაროს აღქმა ყველაზე მეტად ზღვასთან არის დაკავშირებული. მიყვარს ის, რაც მუდმივად ცვალებადია და წარმავალი. არასდროს არ მხიბლავდა არაფერი, რასაც აზის მარადისობის დაღი. ახლა დავდივარ ამ ცივ და ოქროსფერ ქვიშაში და უცებ სულ სხვა ზღვა მიდგება თვალწინ. და სულ სხვა, ცხელ და მშობლიურ ქვიშაში მეფლობა ფეხი. ლიძავა. ჩემი ლიძავა. ამას ოდესღაც ახალგაზრდული მიამიტობით ვწერდი:
ლიძავა ჩუმი, ჩუმი ლიძავა,
ნაძვების ჩერო,
ალბათ შავი ზღვა შენი ძიძაა,
ლიძავა ჩემო...
შეხედე, ტყეა ღამეზე შავი,
ბნელი და ქუში,
მერე ზღვა დგება და ჩუმი თრთოლვით
შენ, მე და ლიძავას გვიხუტებს გულში.
ლიძავა. ბიჭვინთა. ახალგაზრდობა. სიყვარული. ტკივილი - პირადი, გადაჯაჭვული საერთოსთან. შეუძლებელია, იმ სანაპიროზე კიდევ ერთხელ არ გავიარო. იმ ზღვაში არ შევცურო. მიყვარს ის ზღვა, ჩვენი, „შავი“ და მაინც მყუდრო, და არა ეს, უსასრულობაში გაჭრილი და გაყინული. და პასტერნაკიც ჩვენს ზღვაზე წერდა! მართალია, არა ლიძავის, არამედ ქობულეთის სანაპიროზე, მაგრამ ამას ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა. ორივე შავი ზღვის სანაპიროა და ორივე - ჩვენი!
ამ ბოლო წლებში გია ყანჩელს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ვხვდები და ეს ყოველთვის სიხარულით მავსებს! გია - გარეგნულად ჯმუხი, უკარება, მაგრამ როცა მიუახლოვდები, თბილი და იუმორით სავსე.
ხელში მიჭირავს ასეთი პრეს-რელიზი იერუსალიმიდან: განათლების მინისტრმა, ვოლფის ფონდის თავმჯდომარემ, პროფესორმა იული თამირმა გამოაცხადა, რომ მსოფლიო მუსიკის ორმა გამოჩენილმა პიროვნებამ, ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა და იტალიელმა დირიჟორმა კლაუდიო აბადომ, გაინაწილეს 2008 წლის ხელოვნების პრიზი (100,000 დოლარი).
გია ყანჩელს უწოდებენ „მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორს, რომლის უნიკალური მუსიკა გამსჭვალულია დაუვიწყარი მშვენიერებით“. ჟიურის დადგენილებაში წერია: „მისი შესანიშნავი სიმფონიები მერყეობს სიურრეალისტურ სიმშვიდესა და ინტენსიურობის უმძაფრეს ამოფრქვევებს შორის. ყანჩელის მუსიკა გამოხატავს ადამიანური ემოციების მთელ გამას, ღრმა რელიგიურობიდან უნაზეს ემოციებამდე, ოპტიმიზმიდან პესიმიზმამდე. მისი მუსიკა აერთიანებს მისტიციზმის აურას და რეალისტურ ხედვას. უსასრულო სიღრმეების გამო, ყანჩელის მუსიკა იქცა უდიდესი გავლენის წყაროდ, განსაკუთრებით ახალგაზრდა კომპოზიტორთა თაობებისთვის“.
ამ ცოტა ხნის წინ გიამ მიიღო კოლორადოს სიმფონიური ორკესტრის და ლოს ანჯელესის ორკესტრის მთავარი დირიჟორის, ჯეფრი კაჰანის წერილი, სადაც წერია: „ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ პირველებმა შევასრულეთ შეერთებულ შტატებში თქვენი „სტიქსი“, ნაწარმოები, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როდესაც ის, მრავალი წლის წინ, მოვისმინე კანადაში. აუდიტორიამ ძალიან მძაფრად გამოხატა აღფრთოვანება. ჩემი კოლეგები და მე დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის დიდი და საოცრად მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც რაც შეიძლება მეტმა მსმენელმა უნდა მოისმინოს“... და შემდეგ წერილის ავტორი ეპატიჟება კომპოზიტორს „სტიქსის“ კიდევ ერთ პრემიერაზე, ამჟამად დენვერში.
ხომ გრძნობთ სიამაყეს იმის გამო, რომ გია ყანჩელი, ჩვენი თანამედროვე ქართველი მუსიკოსი, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად არის აღიარებული! ამას პოლემიკური ინტონაციით იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას მხოლოდ ბნელ ფერებში ხედავს და საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე ადამიანებს ნეგატიური ნიშნით აღიქვამს! მაგრამ გიამ ხომ თავისი სიმფონიების უმრავლესობა იმ შავბნელ დროში შექმნა, მაშინვე დაწერა რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლების და ბევრი სახელგანთქმული ქართული ფილმის მუსიკა. ვფიქრობ, დადგა დრო ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისას მოვიშოროთ კლიშეები და ყოველი ცალკეული მოვლენა სტერეოტიპების მოხმობის გარეშე გავაანალიზოთ.
მე კი გიასთან შეხვედრამ ნოსტალგიური გრძნობები აღმიძრა. კინოსტუდია, სამონტაჟო ოთახი, მუშაობა სამონტაჟო მაგიდასთან შუაღამემდე და ხანდახან - მთელი ღამითაც... ჩემი მუდმივი მემონტაჟე - სოფა, სიტყვის უთქმელად რომ გვესმის ერთმანეთის. მონტაჟის მუდმივი თანამგზავრი - ყავა, რომელსაც ჩვენი გოგოები დიდი ენთუზიაზმით ხარშავენ, რომელსაც განუზომელი რაოდენობით ვსვამთ და ამიტომ იმ საამქროში შესვლისას მაშინვე გცემს ყავის სუნი, ფირის სუნთან შერწყმული... გია სამონტაჟო მაგიდასთან, „გაუცინარი ხელმწიფე“, მარად შუბლშეჭმუხნილი, მაგრამ ის ისე ზუსტად გრძნობს კინომონტაჟის არსს, რომ ხანდახან, მთელ სცენებს მასთან ერთად ვამონტაჟებ, მისი მუსიკის კვალდაკვალ! და ეს ისეთი წარმტაცი პროცესია! მახსოვს ასეთი მომენტი: ვმუშაობდით „რამდენიმე ინტერვიუს“ მონტაჟზე. ვამონტაჟებდით სცენას, როდესაც სოფიკო მიდის ფოტოგრაფის - ჟანრი ლოლაშვილის სახელოსნოში. სცენა უსიტყვოა, ამიტომ მთავარი აქცენტი გადადის ხმაურებზე და მუსიკაზე. ვუყურებთ გამოსახულებას, ერთხელ, მეორედ, მესამედ. გიას დაწერილი აქვს მუსიკა სხვადასხვა სცენებისათვის - სხვადასხვა. დავუდეთ ეპიზოდს მისთვის დაწერილი მუსიკა და მოხდა რაღაც მოულოდნელი: შეიცვალა ტონალობა, სცენამ არასასურველი ჟღერადობა მიიღო. ეს ორივემ ერთნაირად ვიგრძენით, გიამაც და მეც. ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. და მე უცებ ყურში ჩამესმა სულ სხვა, ეგრეთ წოდებული „ქუჩის მუსიკა“, სოფიკოს ქუჩაში გავლებისთვის განკუთვნილი. და მომეჩვენა, რომ ის, ქუჩის ხმაურიანი მუსიკა, კარგად მიესადაგება ამ სრულიად საპირისპირო ემოციებით დატვირთულ, ინტიმურ სცენას. ვუმხელ ამ აზრს გიას, მას კიდევ უფრო ეჭმუხნება შუბლი. მაგრამ, როგორც ნამდვილად შემოქმედი ადამიანი, მეთანხმება, რომ ვცადოთ. და ჩვენ ვიწყებთ ექსპერიმენტს: ნოსტალგიური მუსიკის ნაცვლად, ვდებთ „ქუჩის“ მუსიკას, და ხდება პატარა სასწაული: ეპიზოდს ემატება დაძაბულობა, ემოციებს - ინტენსიურობა. ჟანრი უყურებს სოფიკოს, სოფიკოს კი თვალები ეხუჭება და იძინებს. ეს ძილი ნდობასაც გამოხატავს, მაგრამ ასევე გულგრილობასაც შეყვარებული კაცის მიმართ... ჟანრი უყურებს, ტკივილით, სასოწარკვეთით. ყანჩელის მძაფრი, რიტმული მუსიკა აძლიერებს ამ განწყობას. და უცებ გია შესძახებს: აი, აქ მაგარი აქცენტი მჭირდებაო! მე ვიბნევი: სცენა ისეა გადაღებული, რომ არაფერი არ არის აქცენტირებული, მხოლოდ სტატიკური პლანები, ორი ადამიანი, ოთახის სხვადასხვა კუთხეში, ერთი მძინარე, მეორე - კედელს მიყრდნობილი და უმოძრაო. საიდან ვიპოვო მუსიკისთვის საჭირო აქცენტი? და ამ დაძაბულობაში მიჩნდება პარადოქსული აზრი: მივაწებო მძინარე სოფიკოს კადრს სულ სხვა ეპიზოდის კადრი: სოფიკო ყვავილების გვირგვინით თავზე, ვირზე შემჯდარი, ლაღი და მომღიმარე, მოსეირნობს ტყეში ფოტოგრაფთან ერთად... აღელვებული ვეუბნები სოფას, მოძებნოს ის კადრი. ვჭრი ფირს და ოთახის ეპიზოდში, ზუსტად იქ, სადაც მუსიკა აპოგეას აღწევს, მძინარე სოფიკოს გვერდით ჩნდება ვირზე მოსეირნე სოფიკო! და მაშინვე იბადება განცდა, რომ ეს ჟანრის ემოციაა, რომ სწორედ ის ხედავს სოფიკოს არა დაღლილს, ძალაგამოცლილს, მიძინებულს, არამედ ლაღს და მომხიბლავს! გიას ეხსნება შუბლი, ის, მგონი, იღიმება კიდეც. და მეც... ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ! …
ამგვარად, გიასთან მუშაობისას და მის მუსიკაში ჩაღრმავებით, დაიბადა ფილმის ის მონტაჟი, რომელზეც მომავალში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. კერძოდ მაშინაც, როცა ფილმმა სან რემოში „გრანპრი“ მიიღო.
„დაწვას გადარჩენილი ნაბოკოვი“, ან „როგორ გადაურჩა ლაურა, ნაბოკოვის ბოლო ქმნილება, ცეცხლს“ - ამგვარი სათაურებით იბეჭდება წერილები ფრანგულ პრესაში. ისტორია კი ასეთია: სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ნაბოკოვმა დაიწყო წერა რომანისა, რომელიც პირობითად ასე შეიძლება ითარგმნოს: „ლაურა, ანუ სიკვდილი გასართობია“.
სიკვდილის წინ, საავადმყოფოში, ნაბოკოვმა ინტერვიუ მისცა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტს. მწერალი ამბობს, რომ ეს რომანი (იგულისხმება „ლაურა“) 50-ჯერ მაინც აქვს სხვებისთვის წაკითხული: „ჩემს ბოდვაში მე მას ხმამაღლა ვუკითხავდი პატარა წარმოსახულ აუდიტორიას, შეკრებილს შემოღობილ ბაღში. იქ იყვნენ ფარშევანგები, მტრედები, ჩემი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მშობლები, ორი კვიპაროსი, რამდენიმე მუხლმოყრილი მოწყალების და, და ოჯახის ექიმი, ისეთი მოხუცი, რომ ის თითქმის უხილავი იყო“. აი ასე, სულ უფრო და უფრო მეტად მოძალებული ავადმყოფობის პაროქსიზმში დაიბადა ეს რომანი, რომელიც ავტორმა ჯერ ვიზუალურად დაინახა და ცალკეული თავები ჩაწერა ფანქრით პატარა, დანომრილ მუყაოებზე. ის მათ აღიქვამდა, როგორც ფილმის ნეგატივს, რომელსაც მხოლოდ ქაღალდზე გადატანა აკლდა. ეს უნიკალური ტექნიკა აძლევდა ნაბოკოვს საშუალებას დაეწერა რომანი თანმიმდევრულად, თუ პირიქით, არეულდარეულად, თავისი ფანტაზიის მიხედვით. მერე ის ამ მუყაოებს კარტივით ათამაშებდა და ასე ყალიბდებოდა რომანის საბოლოო კომპოზიცია.
ეს კი მწერალმა ვეღარ მოასწრო. „ნაღველი შეწყვეტილი სიცოცხლის გამო არაფერია იმ ნაღველთან შედარებით, რომელსაც იწვევს შეწყვეტილი ხელნაწერი“, ამბობდა ნაბოკოვი. და, ალბათ, ამიტომაც დაუბარა თავის მეუღლეს გაენადგურებინა ნაწარმოები, თუ ის ვერ მოასწრებდა საბოლოო წერტილის დასმას. ქალმა ვერ აიღო თავის თავზე ეს მისია და მისი აღსრულება მათ ერთადერთ შვილს - დიმიტრის დააკისრა. დედის გარდაცვალების მერე დიმიტრიმ ამ უცნაური დილემით იცხოვრა: შეესრულებინა მამის უკანასკნელი ნება, თუ „შეეცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა“, როგორც წერს „ლე მონდი“.
თითქმის 30 წლის მანძილზე, ეს ხელნაწერი ინახებოდა შვეიცარიის ბანკში. მისმა რამდენიმე მკითხველმა დადო სიჩუმის ფიცი. დიმიტრი იღებდა ასობით წერილს მუდარით - არ გაენადგურებინა ნაწარმოები. მას ახსენებდნენ, რომ ნაბოკოვმა ორჯერ თვითონ კინაღამ დაწვა „ლოლიტა“, რომელიც უკანასკნელ წუთს მისმა ცოლმა - ვერამ გადაარჩინა.
დიმიტრი კი მაინც ყოყმანობდა. საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, კაფკას მემკვიდრეობის მაგალითმა მიაღებინა. „პროცესის“ ავტორი ასევე მოითხოვდა დაეწვათ მისი ხელნაწერები. როგორც ცნობილია, მაქს ბროდმა არ შეასრულა მწერლის ნება...
დღეს დიმიტრი ნაბოკოვი აცხადებს: „ახლა კი შემიძლია წარმოვიდგინო მამაჩემი, რომელიც თვალს მიკრავს, მიღიმის შორიდან და ქირქილებს, ხო, კარგი, კარგი, შეგიძლია დაბეჭდო“.
თვითონ დიმიტრი თვლის, რომ „ლაურა“ არის უზარმაზარი ორიგინალობის ნაწარმოები, ალბათ, ავტორის გენიის ყველაზე უფრო ბრწყინვალე გამოვლინება“. რომანის პერსონაჟები არიან - შესანიშნავი ნევროლოგი, დიდი ნიჭის და გაქანების, ძალიან, ძალიან მსუქანი და კომიკურობამდე უშნო კაცი, და მისი ახალგაზრდა თავქარიანი მეუღლე. კაცი გადაწყვეტს თავის მოკვლას, მაგრამ ეს ნამდვილი თვითმკვლელობა კი არ არის, არამედ იუმორით სავსე თვითგანადგურების თამაში. თავისებური შექცევადი თვითმკვლელობა. და კიდევ, როგორც ამბობენ და რაც მე ყველაზე უფრო მიზიდავს, წიგნი შეიცავს „თავბრუდამხვევ ფიქრებს სიკვდილზე“.
რომანის ბედი გადაწყდა. და ნაბოკოვის უამრავ მკითხველთან ერთად, მეც დიდი ინტერესით დაველოდები მის გამოსვლას.
ბირმის შემზარავი ტრაგედია, 100 000 დაღუპული ადამიანი, მილიონი - დარჩენილი უსახლკაროდ. და მაინც ამ სტიქიურ უბედურებაზე მეტად შემზარავია საქციელი ხელისუფლებისა, რომელიც ყველანაირ დაბრკოლებას უქმნის და ფაქტობრივად არ აძლევს ნებას ჰუმანიტარული დახმარების ინტერნაციონალურ ჯგუფებს შეაღწიონ ქვეყნის შიგნით. კუშნერმა სამხედრო დიქტატურის ამ მანევრებს „კატასტროფა კატასტროფაში“ უწოდა. ჰუმანიტარული დახმარებით სავსე ათასობით მანქანა და ამ საქმის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან უკვე რამდენიმე დღეა დგანან ბირმის საზღვრებთან და ელიან შესვლის ნებართვას, იქ, შიგნით კი იხოცებიან უწყლოდ, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები, განსაკუთრებით, ყველაზე სუსტნი მათ შორის - ბავშვები და მოხუცები. საფრანგეთი ცდილობდა მიეღებინებინა გაეროსთვის კონცეფცია: „მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა“, რომელიც შეაღებდა ბირმის კარებს, მაგრამ გადააწყდა წინააღმდეგობას ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რომელთაც ალერგია აქვთ გარედან ყოველგვარი ჩარევის მიმართ. და კიდევ ერთხელ, მსოფლიო ამტკიცებს თავის უსუსურობას რეჟიმის წინაშე, რომელსაც ბევრად უფრო ადარდებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე თავისი ხალხის სიცოცხლე.
საფრანგეთში არ ნელდება ინტერესი მიტერანის რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნების მიმართ. მასზე წერენ სტატიებს, წიგნებს, იღებენ ფილმებს. რამდენიმე დღის წინ პირველ არხზე აჩვენეს ბოლო დოკუმენტური ფილმი „მიტერანი. ოჯახის საიდუმლოებანი“. ფილმში მიტერანის ბოლო დღეებზეა საუბარი, მაგრამ მათ მიღმა იხსნება პრეზიდენტის ოცდაათწლიანი ფარული ცხოვრება. მისი დიდი, დამალული სიყვარული - ან პენჟო და ასევე მალულად დაბადებული და გაზრდილი შვილი მაზარინი. მიტერანის და ან პენჟოს ერთადერთი ერთად გადაღებული სურათი. რამდენი ემოცია და დრამა იმალება ამ ერთი გაცვეთილი ფოტოს უკან. და საერთოდ, საკვირველი ამბავია: დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუცია ავალებს იყოს გახსნილი თავისი ხალხის წინაშე, 30 წლის მანძილზე ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. საკვირველია ისიც, რომ საზოგადოებამ არცერთ ეტაპზე არ გაკიცხა თავისი პრეზიდენტი. არც მაშინ, მისი ძლევამოსილების ხანაში, როცა ელისეს სასახლიდან ჟონავდა სკანდალური ჭორები, და არც მით უმეტეს, მისი სიკვდილის მერე, როცა ყველაფერს აეხადა ფარდა. როგორც ჩანს, ადამიანები მიხვდნენ, რომ ამ გარეგნულად მსუბუქი საქციელის მიღმა რაღაც დიდი და ნამდვილი იმალებოდა. ისიც სათქმელია, რომ თვითონ ობიექტსაც ყოველთვის განსაკუთრებული ღირსებით ეჭირა თავი. არასდროს არ უცდია ჩრდილიდან გამოსვლა და წინა პლანზე წამოწევა და ამ საყოველთაო და ინტერვიუების და ოჯახური საიდუმლოებების ახდის ეპოქაში არ უთქვამს არცერთი სიტყვა პრეზიდენტთან მისი ურთიერთობის შესახებ. ადვილი წარმოსადგენია, რა თავდასხმები იქნებოდა მასზე ჟურნალისტების მხრიდან! მაგრამ ქალი დუმდა, როგორც მიტერანის სიცოცხლეში, ასევე მისი სიკვდილის მერეც, რამაც, სხვათა შორის, სკეპტიციზმით განთქმული ჟურნალისტებიც კი აღაფრთოვანა.
ამ ქალთან ერთად განახორციელა მიტერანმა თავისი პრეზიდენტობის უმაღლესი მისია, როგორც თვლიდა თვითონ, - ლუვრის გრანდიოზული რეკონსტრუქცია და განახლება და მის ეზოში შუშის პირამიდის აღმართვა. ანა მუზეუმის თანამშრომელი იყო, მიტერანმა ის პირველი დღეებიდანვე ჩააბა ამ უთამამესი პროექტის განხორციელებაში. დღეს მრავალრიცხოვან კომენტატორებს მიაჩნიათ, რომ ეს პირამიდა არის მიტერანის უდიდესი პოლიტიკური ამბიციების და ასეთივე სიყვარულის განსხეულება და, ამავე დროს, მეფური საჩუქარი ანას მიმართ.
სიკვდილის წინ ერთი თვით ადრე, მიტერანმა განახორციელა უკანასკნელი მოგზაურობა, ფაქტობრივად სიკვდილის გზაზე შემდგარი გაემგზავრა ეგვიპტეში - პირველად თავის სიცოცხლეში - საყვარელ ქალთან და შვილთან ერთად. მერე იყო ბოლო ახალი წელი, თავის კანონიერ ოჯახში. იმ ახალ წელს - ფოტოზე აღბეჭდილი პრეზიდენტის სახე - ტკივილის და ტანჯვის ნიღაბი. მან უკვე დიდი ხანია იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. მიტერანის პირადი ექიმის და მეგობრის მიერ მოთხრობილი ერთ-ერთი უკანასკნელი დიალოგი, სიმკაცრის და სიმტკიცის ერთგვარი მაგალითი. საუბარი მიმდინარეობს მანქანაში, ბოლო ანალიზების აღების მერე. მიტერანი: - მითხარი ზუსტად, რა მელის. ექიმი: - სიმსივნემ თითქმის მიაღწია ტვინს. ჩქარა შეაღწევს შიგნით. - რამდენ ხანში? - ერთ კვირაში, ათ დღეში. - როგორ მოხდება ეს? - ჯერ დაკარგავთ მხედველობას. მერე გადაგვარდება ტვინი. - ამ დიალოგის მერე მიტერანმა მიიღო გადაწყვეტილება დაეჩქარებინა სიკვდილი. უარი თქვა ყველა წამალზე და საჭმელზე. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. არ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, ტვინმა ვერ მოასწრო გადაგვარება. წავიდა მშვიდად და ნათელი გონებით. ბოლო დღეები გაატარა სახლში, სადაც მხოლოდ ან პენჟოს ჰქონდა მისვლის უფლება. შვილი, ჟან-კრისტოფი ყვება, როგორ მივიდნენ ერთ დღეს იმ სახლში ის და მისი დედა - დანიელი. წინასწარ იცოდნენ, რომ იმ დროს იქ არ იყო ანა. მიტერანმა გადმოსცა, რომ არ უნდოდა არავის ნახვა. შვილი დაემორჩილა ამ სურვილს, ცოლი - არა. და, როგორც მერე თვითონ უამბო შვილს, ის შევიდა ოთახში და დაწვა თავისი მომაკვდავი ქმრის გვერდით. ასე იწვა კარგა ხანს და ეჭირა მისი ხელი... მერე იყო გრანდიოზული დასაფლავება და ამ ტრაგიკულ სიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ოჯახს უნდა გადაეწყვიტა, რა ადგილი მიეჩინათ ან პენჟოსა და მისი შვილისთვის. დაბოლოს, დანიელ მიტერანმა მიიღო მისთვის უძნელესი, მაგრამ ყველაზე ნაღდი და კეთილშობილური გადაწყვეტილება. და მთელმა მსოფლიომ იხილა ამაღელვებელი კინოკადრები და ფოტოები დაკრძალვისა, სადაც გვერდიგვერდ დგანან ჭირისუფლები - დანიელ მიტერანი, მის მარჯვნივ - მისი ორი ვაჟი და მარცხნივ - მაზარინი და ან პენჟო. და მე მგონია, ყველამ აღიქვა ეს კადრები, როგორც ადამიანურობის უმაღლესი გამოვლინების - სიყვარულის ზეიმი.
ივრიში, ბერტელოს ქუჩაზე ელენ ლაროშის სახლის პატარა ბაღს აღვიქვამ, როგორც საჩუქარს, რომლითაც განგებამ დამასაჩუქრა. ალბათ, ასეთ ბაღს შესთხოვდა მარინა ცვეტაევა სიბერეში ღმერთს იმ ჯოჯოხეთის სანაცვლოდ, რომელშიც ცხოვრობდა. ეს კი მართლაც მშვენიერი ბაღია, სადაც ყვავილები სეზონის მიხედვით ცვლიან ერთმანეთს: ჯერ დიდხანს ყვაოდნენ ფერად-ფერადი „ანიუტას თვალები“, მერე მთელ ბაღს მოედნენ წითელი, ყვითელი და ჭრელი ტიტები... მერე აყვავდა ვარდის ბუჩქი, მერე - სხვადასხვაგვარი მინდვრის ყვავილები, მერე - თეთრად გადაიპენტა ჩემი ოთახის ფანჯრებს მობჯენილი ჟასმინის ბუჩქი... ბაღი, თავისი კედელზე გასული ხვიარათი, ნაძვის ტოტებდახუნძლული ხით და, რაც მთავარია, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, ხასხასა მოლით. დავდივარ ბალახზე და მახსენდება გალაკტიონის ცნობილი სტრიქონები, რომლებიც ჩემს გონებაში ასე იცვლის სახეს: „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა სიცოცხლე“ (სიცოცხლე მამულის ნაცვლად, ვინაიდან ეს ბალახი ჩემი მამულის არაა). და მეც ამ სიტყვებს ბუკვალურად ვასრულებ, დავდივარ ცვრიან ბალახზე და მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ეს არის სიცოცხლე! სიცოცხლე, ანუ ერთიანობა მიწასთან, ხესთან, ბალახთან, ცვართან, საერთოდ - ბუნებასთან. და არ მშორდება ფიქრი: რა ცოდოა თანამედროვე ადამიანი, რა შესაბრალისი ვართ ჩვენ ყველა, ურბანისტული ცივილიზაციის მკვიდრნი, ბეტონის, ასფალტის, მანქანის სამყაროს ტყვეები, ვისაც, უბრალოდ, შესაძლებლობა არა გვაქვს ცვრიან, ან თუნდაც გამომშრალ ბალახზე ფეხშიშველა სიარულისა!
საფრანგეთის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი - ტიერი მონბრიალი - ამბობს: „ყველანაირი გაანგარიშებების მიუხედავად ძნელია თქვა რაიმე გარკვეული კაცობრიობის მომავლის შესახებ, ვინაიდან ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელსაც გვთავაზობს ისტორია, არის ის, რომ სამყაროში მუდმივად ხდება რაღაც - გაუთვალისწინებელი და განუჭვრეტელი“ (ჟურნალი „ექო“).
![]() |
18 ადამიანი თავის ადგილას |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, მიშა მინდაძის პირადი არქივი
რეფორმატორი სკოლის დირექტორი მიშა მინდაძე
მიშა მინდაძე რომ გავიცანი, კიდევ ერთხელ დამწყდა გული და შემშურდა მისი ყოფილი და ახლანდელი მოსწავლეებისა - სკოლაში არასდროს მყოლია საყვარელი მასწავლებელი. ალბათ, ამიტომაცაა, დღემდე არ მიყვარს სკოლა. ხანდახან, როცა ჩემს სკოლასთან მიწევს ხოლმე ჩავლა, გული უსიამოვნოდ მეკუმშება. ეს შენობა ჩემთვის ყრუ და მკვდარი კედლებია, საიდანაც ჟრიამული კი ისმის ხოლმე, მაგრამ სიცოცხლე და ცოცხალი ურთიერთობები, მგონია, რომ დღესაც ისევე არ არსებობს, როგორც მაშინ, ჩემს ბავშვობაში. ამაზე პატარაობისას ბევრი არ მიდარდია, სკოლის გარეთ ნამდვილად მყავდა კარგი მასწავლებლები, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, იქაც ყოფილიყვნენ? ჰოდა, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ამიჩუყა გული ამ უცნაურმა და დაუდეგარმა კაცმა - მიშა მინდაძემ.
მიშა მინდაძე თვლის, რომ სწორედ სკოლაში იპოვა საკუთარი თავი და დღესაც იქაა - უკვე წელიწად-ნახევარია თბილისის ყველაზე დიდი, 161-ე სკოლის დირექტორია. თავად რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ, რომ მისთვის ყველაზე საუკეთესო პროფესია საგნის მასწავლებლობა და კლასის დამრიგებლობა იქნებოდა. ცოტა ბავშვია, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული საქმეები არ გაწუხებს, ხარ ბავშვებთან, გიყვარს და ისინიც სიყვარულით გპასუხობენ, ასწავლი და მათგანაც სწავლობ! ამგვარი ფუფუნების საშუალება დღეს მიშა მინდაძეს არა აქვს, ახლა სხვა საქმე აქვს გასაკეთებელი - ოდესღაც არსებული საბჭოთა სკოლა ქართულ სკოლად უნდა აქციოს, უნდა გააცოცხლოს. რაც იცის, მარტო ბავშვებს კი არა, მასწავლებლებსაც უნდა ასწავლოს. უნდა შექმნას პრეცედენტი იმისა, რომ ჩვეულებრივმა, უფასო საჯარო სკოლამ ბავშვებს კარგი განათლებაც მისცეს და თავისუფალი აზროვნება ასწავლოს.
„- ამას წინათ, ერთი ახლობელი იყო სკოლაში მოსული. განათლების მუშაკია. ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ იმაზე, რაც ამ წელიწადნახევარში გავაკეთეთ და თვითონ დავრჩი გაკვირვებული, თურმე, რამდენი რამ გაკეთებულა. განათლების კანონის კარგად ცოდნა ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ვაკეთებთ იმას, რასაც სხვა სკოლებში, უბრალოდ, ვერ ბედავენ, ეშინიათ, ყოყმანობენ. გადაჩვეულები არიან თავისუფლებას, არ იციან ამ თავისუფლების გამოყენება. ინსტრუქციებს ელოდებიან. განათლების კანონი, რომელზედაც მეც მომიწია მუშაობა, უპირველესად, იმას საშუალებას გვაძლევს, რომ თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხი გვქონდეს. მაგალითად, მეთერთმეტე კლასელები აქ კი არა, თბილისის არც ერთ სკოლაში არ დადიან, აცდენენ. ურიგდებიან მასწავლებლებს, მოდიან, წერენ საკონტროლოებს, მიდიან და ფაქტიურად, სასწავლო პროცესი თითქმის ყველგან ჩაშლილია. აქ ვცდილობთ შევცვალოთ სიტუაცია. თითოეულ მეთერთმეტე კლასში შევედით და ვესაუბრეთ ბავშვებს; გავარკვიეთ, ვის რომელი საგანი აინტერესებდა და კლასები ასე, ინტერესების მიხედვით დავყავით. გავუძლიერეთ რაღაც საგნები, საათების რაოდენობა გავზარდეთ. ქართული და ინგლისური უკლებლივ ყველას სჭირდება, ზოგს მათემატიკა უფრო აინტერესებს, ზოგს ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო საგნები. საათების გაზრდამ მოგვცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად დაგვეტვირთა ამ სკოლის მასწავლებლები და მოგვეყვანა ახლებიც.
მართლაც, კარგი პედაგოგები მოვიწვიეთ. ის პედაგოგები, ვისთან ერთადაც მიმუშავია, ვისაც კარგად ვიცნობ. ჩვენი მცდელობა დაინახეს ბავშვებმა და სკოლაში სიარული დაიწყეს. შედეგი იმისა, თუ რა ისწავლეს, ჯერ არ არის, მაგრამ დადიან სკოლაში, ინტერესი გაუჩნდათ. ახლა ჩემი მიზანია, გაწბილებულები არ დარჩნენ. მათ უკვე დაინახეს განსხვავება დამოკიდებულებაში და ეს უკვე მიღწევაა. უფროსკლასელებთან გაცილებით ძნელია, მათ უკვე რაღაც სტერეოტიპები აქვთ ჩამოყალიბებული. პატარებთან უფრო იოლია. მათი ინტერესების გათვალისწინებით ვაყალიბებთ სპორტულ კლუბს, ამხელა სპორტული ბაზაა და თითქმის ცარიელია სკოლა სამი საათის შემდეგ. გვექნება მხარეთმცოდნეობის კლუბი, წავლენ ექსკურსიებზე. ჩვენში, ექსკურსიებზე ძირითადად, საქეიფოდ დადიან ხოლმე, კი ბატონო, იქეიფონ კიდეც, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ, ის, რასაც ნახავენ, მერე უნდა განიხილონ, უნდა ისაუბრონ. ვაკეთებთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტუდიას. ნელ-ნელა ლაგდება ყველაფერი. დიდი სკოლაა, ძნელი არ არის, ოღონდ დრო უნდა.
დღეს სკოლებში რთული მდგომარეობაა. ჩემი მოსწავლეობის დროს, მოტივაციაც ჰქონდათ და მართლაც, შესანიშნავი პედაგოგები იყვნენ სკოლაში. ჩემი კლასის დამრიგებელი, ვანო ფანჯიკიძე, გასაოცარი კაცი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგაც ხშირად ვნახულობდით. ბევრი რამ მოგვცა, როგორც მზრუნველი მამა, ისე გვედგა გვერდით. ბუნებრივია, კარგი მასწავლებლები ყველა თაობაში იყვნენ და არიან, მაგრამ სკოლაში ისინიც მოხვდნენ, ვინც სხვაგან ვერსად იშოვა სამსახური. იმათ სკოლა ეზიზღებოდათ და იძულებული იყვნენ, ემუშავათ, სხვაგან არსად ივარგეს და სადმე ხომ უნდა დასაქმებულიყვნენ? ძალიან ბევრი სოფლიდან ჩამოვიდა, ადრე სოფლიდან ისინი მოდიოდნენ, ვისაც სოფლის ასპარეზი არ ჰყოფნიდა, კაცი რომ ტოვებდა სოფელს, სოფელი ტირილით აცილებდა. დღეს ბევრი შემთხვევითი ადამიანია სკოლაშიც და სხვაგანაც, ამან ბევრ რამეზე იმოქმედა, ამან შექმნა უგემოვნო ტელევიზია, უხარისხო გაზეთები. ის უხამსობა და უკულტურობა, რაც ტელევიზიიდან ჩანს, აქ, სკოლაში პირდაპირ, ზედაპირზე ძევს. გოგონები ხანდახან ისეთი ჩაცმულები მოდიან, ლილიპუტების ცირკში მგონია თავი. სხვა ათასი პრობლემაცაა: მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ძირითადად აგვყვნენ და მხარში დაგვიდგნენ, მაინც დაგვჭირდა მასწავლებლების მოწვევა, ძირითადად „გერმანული სკოლიდან“, მათი, ვისაც ვიცნობ და ვენდობი. ჩვენი მასწავლებლები კლასის კარს რომ მოიხურავენ, მშვიდად ვარ. ძალიან მინდა ის გამოცდილება, რაც იქ გვქონდა, გადმოვიდეს საჯარო სკოლებში. უპირველესად, არა პროგრამა, არამედ, სწორი დამოკიდებულება.“
ბატონმა მიშამ მითხრა, რომ მას ცხოვრებაში საოცრად უმართლებს - საჭირო დროს ყოველთვის ხვდება ერთგულ და კარგ ადამიანებს. გაუმართლა სულ თავიდანაც, როცა ძალიან თბილ გარემოში გაიზარდა. არადა, თითქოს ასე არც უნდა ყოფილიყო - მისმა მშობლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს 30-40-იანი წლების მთელი სიმძიმე. დედამისი, მერი ჯუღელი პატარა დაობლდა, მამამისი თბილისის მერი გახლდათ და 1935 წელს კაბინეტში მოწამლეს, 37-ში დაიჭირეს დედამისის დედაც და დახვრიტეს, თორმეტი წლის მერი კი სახლიდან გამოასახლეს. საშინელი დრო იყო, ხალხის მტრის შვილები სკოლაში ცალკე რიგში ისხდნენ. ამ ყველაფერს მარტო დარჩენილმა გოგონამ გაუძლო, ისწავლა და ძალიან მაღალი რანგის ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახდა. ბატონი მიშას მეორე ბაბუა ტყეში ემალებოდა კომუნისტებს. ამ მძიმე წლებგამოვლილმა ადამიანებმა შვილები სითბოთი და სიყვარულით გაზარდეს. გაუმართლა მაშინაც, როდესაც ბატონი გურამ რამიშვილი გაიცნო, კაცი, ვინც საბჭოთა დროს შეუძლებელი შეძლო - დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართული სკოლა დააარსა.
„- დღევანდელი მოზარდების თაობა პრინციპულად განსხვავდება ჩვენგან, არა იმიტომ, რომ ბავშვია სხვანაირი. იმიტომ, რომ ესენი სხვა პირობებში გაიზარდნენ. ჩვენ უბედნიერესი ბავშვობა გვქონდა. ჩვენი მშობლების თაობამ რა არ გამოსცადა საკუთარ თავზე - 37-იანი წლები, სამამულო ომი... გაჭყლეტილები, დაჩაგრულები იყვნენ და უცებ, მშვიდობიან პერიოდში გაუჩნდათ შვილები. მიუხედავად ამისა, მოახერხეს და ყველაფერი მისცეს შვილებს - თავისუფლება, დიდი სითბო და სიყვარული. მატერიალურ კეთილდღეობას არ ვგულისხმობ. მაშინაც უჭირდა ხალხს, მაგრამ მთავარი ნამდვილად არ გვაკლდა. დღევანდელმა თაობამ ომი ნახა, ნახა საშინელი 15 წელი, ისეთი წლები, რაც მაშინ, სამამულო ომის დროსაც კი არ გადახდენია საქართველოს, ნახა საშინელი რღვევა, ხოცვა და ნგრევა... და ისინი ნელ-ნელა გაემიჯნენ უფროსებს, გაგვიუცხოვდნენ, ეჭვის თვალით გვიყურებენ. დღეს შეიქმნა ორი საქართვლო - ბავშვების და უფროსების. არა პოლიტიკურად, არამედ, სწორედ ასაკობრივი ნიშნით დაიყო ქვეყანა. ეს ბავშვები სრულ ნიჰილიზმში არიან გაზრდილები, ვერ გიტანენ და სრულიად მართლები არიან. ჩვენ ვართ დამნაშავენი, ბავშვები უდანაშულონი არიან. თანაც, ამას ვერ ვაცნობიერებთ, ისევ ბავშვებისკენ ვიშვერთ ხელს. მათ ჩვენი ნდობა აქვთ დაკარგული - ეს ეხება მშობლებს, მასწავლებლებს, მთელ საზოგადოებას. ნდობის დაკარგვა ადვილია, აღდგენა - ძალიან ძნელი. ადვილად აღსაზრდელი ბავშვი საერთოდ არ არსებობს, ბავშვის გაზრდა ძნელია. აქ, ამ სკოლაში მძიმე სოციალური ფონია, ეს ხომ ჩვეულებრივი სკოლაა, უბანს ემსახურება. არიან მოსწავლეები, რომლებსაც არავინ ჰყავთ, ერთს საერთოდ მეზობლის ქალი უვლის, დედა რუსეთშია წასული. არიან ბავშვები, ვისაც არა აქვთ სახლი, არიან ისეთებიც, ვისაც უბრალოდ, შიათ. ხანდახან ვფიქრობ, ხუთი-ექვსი ბავშვი რომ არ იყოს, სკოლაში გაცილებით მშვიდი სიტუაცია იქნებოდა. სად გავყარო ეს ბავშვები? შეიძლება, ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ვინ მოუვლის ჩემზე უკეთ? რომ ვიცოდე, ასეთი ბავშვებისთვის არის რაღაც სპეციალიზირებული სკოლა, სადაც აღზრდიან, არაფერს დაუშავებენ, ადამიანებად აქცევენ, კი ბატონო, მაგრამ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს.“
ბატონი მიშას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახალ სკოლაში სწორედ ესაა - ნდობის მოპოვება. ბავშვს უნდა სჯეროდეს მასწავლებლის, უნდა ენდობოდეს მას. ამ ნდობის მოსაპოვებლად დირექტორი ხშირად ესაუბრება ბავშვებს. როგორც კი რომელიმე კლასში გაკვეთილი ცდება, თუ დრო აქვს, მაშინვე შედის და ელაპარაკება. ხანაც, ვისაც სჭირდება, ცალკე იბარებს თავისთან, კაბინეტში და იქ საუბრობენ. ბავშვებს თავიდან არ სჯეროდათ, უნდობლად უყურებდნენ, ნელ-ნელა მოდიან კონტაქტზე. ერთ-ერთის მშობელი დაუბარებია, და ძალიან წუხდა, სულ თავბედი ვიწყევლე, იმიტომ, რომ მივხვდი, ჩემგან რომ გაიყვანდა მამა შვილს, აუცილებლად სცემდა. ეს კაცი რომ ადრე მცნობოდა, სკოლაში როგორ დავიბარებდი, ისეთიც არაფერი დაუშავებია მის შვილსო.
„- შევდივარ ყველა კლასში და ველაპარაკები. იმაზე, რაც მაწუხებს, რაც არ მომწონს, იმაზეც, რაც მიხარია. ბავშვებთან არ უნდა დამალო არაფერი, უფროსი ვარ და უნდა ვარეგულირო ჩემი სიბრაზე, მაგრამ რომ გავბრაზდი, ეს უნდა დაინახოს ბავშვმა, რომ გამიხარდება, ისიც უნდა დაინახოს. ბავშვი ეგრევე ხვდება სიყალბეს. ის ჩემნაირი ადამიანია, პატარაა, მაგრამ ჩემნაირია, გამოცდილება აქვს ნაკლები. ესაა ჩვენს შორის განსხვავება. მიჭირს, მაგრამ ნელ-ნელა ვაგებინებ, რომ საკონტროლო იმისთვის კი არ მინდა, რომ რაიმეში გამოვიჭირო, არამედ, იმისთვის, რომ გავიგო, სად უჭირს, რომ მერე უკეთ დავეხმარო... ეშინიათ, არ მენდობიან. ამ სკოლაში მე მივდივარ ბავშვებთან, იქ, „გერმანულ სკოლაში“ ბავშვს რომ სჭირდებოდა, თვითონ მოდიოდა ჩემთან, მენდობოდა.. ბავშვებს სულ ვატარებდით ექსკურსიებზე. ვთვლი, რომ აღზრდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ეს გასვლები. იმიტომ, რომ ერთია კლასი, სადაც კეთდება საქმე. მეორე, როცა ურთიერთობ საკლასო ოთახს გარეთ. ეს ის გარემოა, სადაც ბავშვმა უნდა გამოავლინოს თავი და შენც გაგიცნოს, უნდა დაგინახოს, შენც ცოცხალი ადამიანი ხარ - ხან ძლიერი, ხან არც ისე. ორი ადამიანის ურთიერთობაა, ამას ემატება ერთად ყოფნის სიხარული, ბევრი რამის ნახვა, ემოციები, მხიარულება...“
თურმე, 161-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლები ძალიან გაკვირვებული დარჩნენ, როცა უფროსკლასელებმა რაღაც დააშავეს და ახალმა დირექტორმა მათ კი არ უყვირა, მუშტი კი არ უბრახუნა და დაემუქრა, უბრალოდ, დაისვა და დაელაპარაკა. ჩვენთან ბავშვებიც და მშობლებიც შეჩვეულნი არიან ამას - შეურაცხყოფის მიყენება ესმით, როგორც დასჯა, მხოლოდ ყვირილის და მუქარის ეშინიათ და ამას მოელიან დირექტორისგან. ასეთი სტერეოტიპია, რას ვიზამთ. ეს სტერეოტიპი ახლა არ გაჩენილა. დიდი ხანია, საქართველოში ასე ფიქრობენ ბავშვებიც და უფროსებიც. მიშა მინდაძე ამ სტერეოტიპს პირველად ოცი წლის წინ შეეჯახა, როცა მისი პირველკლასელი გოგონას მასწავლებელმა უთხრა - ბატონო, თქვენი შვილი არაფერს აკეთებს სკოლაში, მარტო ზის და ხატავსო. რა უნდა გაეკეთებინა 6 წლის ბავშვს, სექტემბერში გაკვეთილზე? წერა ჯერ არ იცოდა, ალბათ, მასწავლებელი უინტერესოდ ყვებოდა და ფიქრებში გართულმა, ხატვა დაიწყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ბატონმა მიშამ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა ეღონა. დასხდნენ გურამ რამიშვილი, ნინო რამიშვილი, კოტე გაბაშვილი და მიშა მინდაძე და გადაწყვიტეს, სკოლა გაეკეთებინათ. სკოლის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი გურამ რამიშვილი გახლდათ, სწორედ მან დაარწმუნა ბატონი მიშაც და სხვებიც, რომ სკოლაში წამოსულიყვნენ. დამოუკიდებელი სკოლის შექმნა საბჭოთა კავშირში დაუჯერებელიც კი იყო, მაგრამ დაიწყეს. დაიწყეს და გამოუვიდათ კიდეც.
იმ დღიდან რადიკალურად შეიცვალა ბატონი მიშას ცხოვრება. ფიზიკოსი, ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ვინც აპირებდა სამეცნიერო კარიერას გაჰყოლოდა, უცბად სულ სხვა გარემოში - ბავშვებთან აღმოჩნდა. თავიდან 51-ე სკოლაში ჰქონდათ ერთი ოთახი და მხოლოდ რვა მოსწავლე ჰყავდათ, წლის ბოლოს მათთან სამოცდაცამეტი მოსწავლე სწავლობდა. ორი წლის შემდეგ - ორიათასი ბავშვი. ასე შეიქმნა ის სკოლა, თბილისში ყველა „გერმანული სკოლის“ სახელით რომ იცნობს. თუმცა, ეს სკოლები გერმანული არასდროს ყოფილა. უბრალოდ, გაძლიერებულად ისწავლებოდა გერმანული ენა და ეს სახელიც იმიტომ დამკვიდრდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელთანაც ცოცხალი ურთიერთობა შეიძლებოდა, სადაც ახალგაზრდას სწავლა და განათლების მიღება შეეძლო. თანაც, იმ დროს თბილისში უკვე იყვნენ აღმოსავლეთ გერმანიაში განათლებამიღებული, ენის კარგად მცოდნე ადამიანები და სწორედ ისინი მიიწვიეს მიშა მინდაძემ და მისმა კოლეგებმა ახალ სკოლაში.
„- მაშინ, საქართველოში ქართული სკოლა არ არსებობდა, ადამიანი, პიროვნება იქ არავის აინტერესებდა. არ არსებობდა ქართული, ორიგინალური სახელმძღვანელოები. ერთადერთი, რაც ქართულ სკოლას განასხვავებდა დანარჩენი საბჭოთა სკოლებისგან, ეს იყო - ქართული ენა და ლიტერატურა და საქართველოს ისტორია ისწავლებოდა, მაგრამ ისიც სტანდარტულად, ჩარჩოებში. სხვა საგნებს საბჭოეთის ყველა რესპუბლიკაში ერთნაირად ასწავლიდნენ. მაგალითად, ფიზიკა ქართულად ისწავლებოდა, მაგრამ ცუდად ნათარგმნი, უინტერესო წიგნით. ამ ჩარჩოების გარღვევა გვინდოდა. იმ დროს სკოლა სრულიად უუფლებო იყო, მასწავლებელს ვერ მიიღებდი, თუ სამინისტროდან არ დანიშნავდნენ. არაფერს ვამბობ ფინანსურ მხარეზე. ჩვენ რამდენიმე პრინციპი ჩავდეთ - უპირველესად, შევეცადეთ, რომ ინდივიდი დაგვენახა თითოეულ მოსწავლეში. მოვიწვიეთ მაღალი რანგის სპეციალისტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, მოვიწვიეთ მამაკაცები. როგორც დედ-მამა სჭირდება ბავშვს ოჯახში, ასევე სჭირდება ქალი და კაცი მასწავლებელიც. მაშინ მასწავლებლობა არაპრესტიჟული პროფესია იყო. მაგრამ მალე ჩვენს სკოლაში მუშაობა გარკვეული წრის და ფენის ადამიანებისთვის სასიამოვნო და პრესტიჟულ პროფესიად იქცა. ძალიან ბევრმა გააცნობიერა, რომ მასწავლებლობა ქვეყნისთვის მსახურებაა, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმ ხალხისთვის გავაკეთეთ სკოლა, ვისაც არ შეეძლო ქრთამის მიტანა სკოლაში. არ შეეძლო იმიტომ, რომ არ ჰქონდა და ისედაც, მორალურადაც არ შეეძლო ამის გაკეთება. აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტია ასეთი ხალხი, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ბევრჯერ მშობლებმა გადაგვარჩინეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, გვერდით გვედგა მაშინდელი ცეკას მდივანი გურამ ენუქიძე. ხმამაღლა ამის თქმას ერიდებოდნენ, მაგრამ ჩუმად რაც შეეძლოთ, ყველაფერს გვიკეთებდნენ. ერთია თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, მეორე - ადამიანური. ისინიც ხვდებოდნენ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდით.
თავიდან ყველანი თანაბრად ვმუშაობდით, უბრალოდ, მე ყველაზე ადრე დავანებე თავი სამსახურს და ამიტომ გავხდი დირექტორი. გვქონდა სიძნელეებიც, ტრაგედიაც - ვაკო დვალიშვილის სიკვდილმა დაგვანგრია. სკოლები რომ დაიყო, მშვიდად ვიყავით. ვიცოდით, პეტრიაშვილზე სკოლას ვაკო დააყენებდა ფეხზე. მისი სიკვდილის შემდეგ, უზარმაზარი ვაკუუმი გაჩნდა, პატრიაშვილზე ერთ წელიწადში სამი დირექტორი მოვიდა და წავიდა, მართლა ძალიან გაგვიჭირდა. ბუნებრივია, გვქონდა შეცდომებიც, არ გვიფიქრია ადმინისტრირების გამართულ სისტემაზე. დღეს ჩვენი სკოლების ყოფილ მოსწავლეთა შორის ბევრი ძალიან წარმატებული და ცნობილი ადამიანია, რაც ძალიან მახარებს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში იფიქრეს, რომ სკოლის დირექტორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მენეჯმენტში ერკვევა. არადა, ეს ნამდვილად არ არის სამეურნეო თანამდებობა. რასაკვირველია, ამ ყველაფერში სკოლის დირექტორი უნდა ერკვეოდეს, მაგრამ მას, უპირველესად, ბავშვი და სკოლა უნდა უყვარდეს. უნდა შეეძლოს ურთიერთობები მშობელთან, მასწავლებელთან, ურთიერთერთობის აწყობის უნარი სკოლის დირექტორად მუშაობისას გადამწყვეტია. თავის საგანში შეიძლება არც იყოს ყველაზე მაგარი მასწავლებელი, მაგრამ პედაგოგი კი ნამდვილად უნდა იყოს. და მთავარი - დირექტორიც და მასწავლებელიც, თვითონ უნდა იყოს ბავშვი, არ უნდა ჰქონდეს დავიწყებული ბავშვობა. უნდა შეეძლოს, გაბავშვდეს, კი არ გაიდიოტდეს, გაბავშვდეს - ბავშვის პოზიციიდან შეხედოს რაღაცებს. და კიდევ, ხალისი არ უნდა დაკარგოს.“
მიშა მინდაძის მეუღლე ფისო სვანიძე თბილისში ძალიან ცნობილი სკოლის „ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელია. ეს ის სკოლაა, სადაც მოსწავლეებს დაბალი კლასებიდანვე ასწავლიან ფიზიკასა და ქიმიას, იაპონურსა და კიდევ რამდენიმე უცხო ენას. ბატონი მიშა ამბობს, რომ „ქართული სასწავლებელი“ მაინც განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებზეა გათვლილი, იქ ყველა ვერ ისწავლის. ჩემი სკოლა კი - ნებისმიერი ბავშვისთვისაა, ჩვეულებრივ ბავშვზე უნდა იფიქრო, განსაკუთრებით ნიჭიერები როგორმე მაინც იპოვნიან თავის გზა-კვალსო.
როცა „გერმანულ სკოლებში“ საქმე მეტნაკლებად აეწყო, მიშა მინდაძე სკოლიდან წავიდა და წლების განმავლობაში თბილისის განათლების სამმართველოს უფროსად მუშაობდა, სკოლისთვის კარგი საქმეების კეთება შეეძლო, თორემ, მაინდამაინც, არ მოსწონდა ჩინოვნიკობა.
„- მალევე მომბეზრდა. მძიმე სამუშაოა და უკუგება არა აქვს. სკოლაში სასიამოვნო ურთიერთობებია, იქ - მარტო უარყოფითი ემოციები. წამოვედი და 27-ე სკოლა გავაკეთე. დღეს, მით უმეტეს, აღარ მაინტერესებს არანაირი თანამდებობა - რეფორმის შემდეგ აღარ მჭირდება სამინისტროსთან ურთიერთობა. სკოლა დამოუკიდებელია. თუ რაიმე არასწორად გაკეთდება სკოლაში, მხოლოდ ჩემი ბრალი იქნება, სხვას ვერ დავაბრალებ. საბჭოთა სკოლა იდეოლოგიურად, არსობრივად დაფუძნებული იყო კოლექტიური აღზრდის პრინციპებზე. იმ სკოლაში არსებობდა კლასი, მთლიანობა, ინდივიდუალობის გამოხატვა ძალიან ძნელი იყო და არც არავის აინტერესებდა. დღეს კი, კლასი უნდა აღვიქვათ არა როგორც ერთი მთლიანობა, არამედ, როგორც ინდივიდებით დაკომპლექტებული სიმრავლე. თითოეულ ბავშვს უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად, თითოეული ბავშვისგან მივიღოთ მაქსიმუმი. ბავშვები არ შეიძლება ცალსახად, მხოლოდ ერთი მაჩვენებლით შევადაროთ ერთმანეთს. მნიშვნელოვანი ისაა, თავის თავს როგორ აჯობა ამ ბავშვმა. ეს ნელ-ნელა ინერგება, ესაა დღეს ჩვენი დევიზი. რაღაცას ვაღწევთ, რაღაცას ვერა. ბედნიერი ვარ, ჩვენი სკოლა რომ გვქონდა, სწორედ ამაზე იყო ორიენტირებული და ამაში გარკვეული გამოცდილება გვაქვს. გაუქმდა საავტორო სკოლები, აქ მე დავზარალდი. თუნდაც, ამბიციის გამო - საავტორო სკოლა მქონდა, რომელსაც ჩემი სახელი ეწერა და დღეს აღარ აწერია. სკოლები კი გაუქმდა, მაგრამ კანონმა დაუშვა საავტორო პროგრამები. სკოლა, ადმინისტრირება აღარ არის საავტორო, თორემ შემიძლია აქ, ამ სკოლაში გურამ რამიშვილის პროგრამით ვიმუშაო. ბევრი რამ, რისთვისაც ადრე ბრძოლა გვიხდებოდა, რაც ადრე აკრძალული იყო, დღეს დაშვებულია. სკოლა დამოუკიდებელია, მასწავლებელსაც დანიშნავ, პროგრამებსაც შექმნი, წიგნებსაც დაწერ. ისე, როცა ამ სკოლაში მოვედი, მაშინ მართლა დავაფასე ჩვენი სკოლები, ის სული, ის მთლიანობა რაც „გერმანულ სკოლას“ ჰქონდა.“
ლოტოტრონში მონაწილეობა არ მიუღია. როცა 161-ე სკოლაში ადგილი გათავისუფლდა, მაშინ განათლების მინისტრის მრჩევლად მუშაობდა და კახა ლომაიამ შესთავაზა, ხომ არ წახვალ ამ სკოლაშიო. ჯერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, მერე დირექტორების გამოცდები ჩააბარა და სწორედ იმ 20%25-ში მოხვდა, ვისაც ლოტოტრონი ასცდა, ვინც თვითონვე აირჩია სკოლები.
- თავისთავად, ამ ლოტოტრონის გაკეთება არ შეიძლებოდა, თან არც ყოფილა ამის საჭიროება, არც კანონი ითხოვდა ამას. უბრალოდ, ზედმეტი თავის ტკივილი აიცილეს თავიდან. ლატარია, ზოგადად, ობიექტურია, ჩაყავი ხელი, ამოიღე და, შენი ბედია. მაგრამ ეს ხომ ქარხანა არაა, აქ ადამიანებთანაა სამუშაო. ფეხბურთელი რომ მოდის და ფეხბურთის სკოლაში უნდა მუშაობა, მუსიკოსებთან ხომ არ გაუშვებ? აბსოლუტური ცინიზმი იყო, როდესაც განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა მესვეურმა თქვა, ყრუ-მუნჯების სკოლაში ყრუ-მუნჯს ხომ არ გავუშვებთ დირექტორადო. ასეთ სკოლებში სპეციფიკური ცოდნაა საჭირო. დიდი შრომა უნდა გაეწიათ, ოთხასი ადამიანი უნდა მიეღოთ, ენახათ, გასაუბრებოდნენ.
როგორც ჩანს, ამას მოერიდნენ. ისე, სამინისტროს მაინც გალანძღავდნენ. იმიტომ, რომ ადამიანები ობიექტურები ვერ ვიქნებით ერთმანეთის და, განსაკუთრებით, ხელისუფლების მიმართ. იყო კურიოზებიც. ერთ-ერთ გერმანულ სკოლაში გამოცდაჩაბარებული ქალბატონი მივიდა და მიხეილ ჯავახიშვილის სურათზე იკითხა, ეს კაცი ამ სკოლის დამაარსებელიაო? ისევე, როგორც კონსერვატორიაში არ წავა ადამიანი, რომელსაც სმენა არა აქვს, სკოლაშიც არ უნდა წავიდეს ის, ვისაც ძალიან არ უყვარს ბავშვები. რამდენიმე სკოლა გაძალიანდა, ჰქონდათ უფლება და არ აირჩიეს ეს ლოტოტრონით შეთავაზებული დირექტორები.“
თავიდან ბატონმა მიშამ არაფერი მითხრა იმაზე, რომ აფხაზეთში იბრძოდა. არც იმაზე, პირველი ჰუმანიტარული დახმარება სწორედ მას რომ შემოჰქონდა საქართველოში. მეორედ რომ მივაკითხე სკოლაში, სადღაც იყო გასული და კაბინეტში მისი კოლეგები დამხვდნენ. დრო ვიხელთე და მათაც გავესაუბრე, თამრიკო ამზაშვილი დღეს მიშა მინდაძის მოადგილეა:
„- 26 წლის ვიყავი, როდესაც მოვხვდი იმ სკოლაში, რომელიც ბატონმა მიშამ და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობდით სკოლაში, ჩემი შვილებიც იქ სწავლობდნენ. მახსოვს, მაშინ როგორ ვბაძავდით ბატონ მიშას, რამდენ რამეს ვსწავლობდით მისგან. ის ისეთ თავისუფალ და ჯანსაღ გარემოს ქმნის თავის ირგვლივ და მასწავლებელს იმდენად გაძლევს გაზრდის, თავისუფლად აზროვნების და მოქმედების საშუალებას, რომ შენც, ძალაუნებურად სწორებას მასზე იღებ. ჩემმა შვილებმა მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს არ იცოდნენ, რა იყო პიონერი და კომკავშირელი, არ იცოდნენ, რომ მასწავლებელმა შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს ბავშვს. მათ იცოდნენ, რომ მასწავლებლები მათი თანამოაზრენი და თანამშრომლები არიან. ამ სკოლაში ბავშვებს თავისუფალი და ლაღი აზროვნება ჩამოუყალიბდათ. ჩვენ ვთქვით - პრობლემური ბავშვი არ არსებობს. არსებობს პრობლემები, რომლებიც ამ ბავშვებს ბევრი მიზეზის გამო აქვთ წამოკიდებული ზურგზე და მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. მაშინ, 80-იანების ბოლოს, როცა ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო, გურამ რამიშვილმა დაგვავალა ორიგინალური პროგრამების შექმნა. დავიწყეთ სახელმძღვანელოების წერა. ბიოლოგი ვარ და როცა აღმოვაჩინე, რომ შემიძლია, მარტო ტარაკნის აგებულება კი არ ვასწავლო ბავშვებს, არამედ ვესაუბრო ცხოველთა ქცევაზე, ენდემურ მცენარეებზე, საბუნებისმეტყველო საგნებზე, სწავლების პროცესი სასიამოვნო და ბავშვებზე მორგებული გავხადო, - ეს ჩემთვისაც დიდი სტიმული იყო. ასეთ, ორიგინალურ სახელმძღვანელოებს ყველა საგნის მასწავლებელი ქმნიდა ჩვენთან. გვქონდა სირთულეებიც, წიგნებს ვერ ვბეჭდავდით, ქსეროასლებით გვიხდებოდა მუშაობა, მაგრამ სხვა შესაძლებლობები მაშინ არ იყო.
ASB-ზეც მინდა გითხრათ. ეს იყო პირველი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გერმანიიდან შემოვიდა საქართველოში. მიშა მინდაძემ გამოკვება ხუთივე „გერმანული სკოლის“ მოსწავლეები, ბავშვებს ყოველ თვე მიჰქონდათ პროდუქტი და ტანსაცმელი შინ. ამ დახმარების პროგრამით სოფელ ჯუთაში სამჯერ მოაწყო 400 ბავშვიანი, ორკვირიანი საზაფხულო ბანაკი, სრულიად უფასოდ. გვერდით ყოფილი მოსწავლეები დაიყენა. ისინი 400 გაჭირვებულ ადამიანთან, ინვალიდებთან და მოხუცებთან დადიოდნენ სახლში და არა მხოლოდ საკვები მიჰქონდათ, არამედ, ეხმარებოდნენ, ბანდნენ, უვლიდნენ. ისინი სულ სხვანაირ ადამიანებად გაიზარდნენ, სხვა გამოცდილება მიიღეს ამ ორგანიზაციაში მუშაობით. ერთხელ, სკოლაში რომ მოვიდა ტანსაცმელი, რაღაც-რაღაცები ბატონ მიშასაც გადავუწყვეთ და რომ მივუტანეთ, ძალიან შერცხვა. ასეთია, თავმდაბალია, სულ ცდილობს, უმცროსი კოლეგა, მით უმეტეს, ქალი, წინ წამოწიოს. ამ გენდერული პრობლემების მქონე ქვეყანაში, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც 161-ე სკოლაში მოვიდა ბატონი მიშა, და აქ ამდენი პრობლემა დახვდა მოსაგვარებელი, არ მიყოყმანია, ისე დავდექი მის გვერდით. ამ ადამიანმა იმდენი რამ მომცა, უფლება არ მქონდა, სხვანაირად მოვქცეულიყავი.“
მიშა მინდაძის ოცამდე ყოფილი მოსწავლე, სწორედ ამ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობამ გადაარჩინა აფხაზეთის ომში წასვლას. ისინი თვლიდნენ, რომ აქაც არანაკლებ საქმეს აკეთებდნენ. მაშინ მიშა მინდაძის მეგობარი, კოტე გაბაშვილი იყო ელჩად გერმანიაში. „გერმანული სკოლის“ მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით სწავლობდნენ და პირველი ჰუმანიტარული დახმარება სწორედ გერმანელმა მოსწავლეებმა გამოაგზავნეს. მოაწყვეს ასეთი აქცია - Kinder halfen Kinder, მოგროვეს რაღაცები და გამოუშვეს საქართველოში. სწორედ იმ დროს გერმანიაში სწავლობდნენ გოკა გაბაშვილი და გიგი უგულავა და სწორედ ისინი უწევდნენ კოორდინერებას ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოში გამოგზავნას. თანდათან, ამან ორგანიზებული სახე მიიღო. მოდიოდა დახმარება და ASB ანაწილებდა, არიგებდა ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში. ოცამდე დიდი ტრაილერით ჩამოდიოდა პროდუქტი და ჩასაცმელი. ჰქონდათ 2000 კაცზე სასადილო, საპატრიარქოს უკან კარავი იყო გაშლილი, იქ ექვსასი კაცი სადილობდა, ერთი სასადილო სათნოების სახლში იყო, ერთიც - ქავთარაძის ქუჩაზე. ბატონი მიშა მეუბნება, იქ ისეთი ხალხი დადიოდა, მრცხვენოდა შესვლა, რომ არ დავენახე და ვეცნეო.
მიუხედავად იმისა, რომ აქაც ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, აფხაზეთის ომს მიშა მინდაძე მაინც ვერ ასცდა:
„- ჩემი ყოფილი მოსწავლეები იბრძოდნენ, მე მასწავლებელი ვარ. უნდა მქონოდა ამ ბავშვებთან ლაპარაკის და ურთიერთობის უფლება. ჩემთვის ნაკლებ საინტერესო იყო ამ ბრძოლის პოლიტიკური სარჩული. საქართველო იბრძოდა, მე შემეძლო, უნდა წავსულიყავი და წავედი კიდეც. ჩვენი შენაერთი 27 სექტემბერს გადმოვედით სოხუმიდან ჭუბერზე. ომზე გაცილებით საშინელი იყო ეს გზა. ჯეკ ლონდონის ოქროს მაძიებლები რომ მიდიან საშინელ პირობებში, ხომ გახსოვთ? იქ ოქროსთვის მიდიოდნენ, აქ - სიცოცხლისთვის. სარაფნებში, მაისურებში ჩაცმული ადამიანები, ფუთებით, დაბნეული, გაყინული სახეებით, უაზრო თვალებით მიდიოდნენ. წამოვეწიე ერთ ქალს, რომელსაც ერთი წლის ბავშვი მოჰყავდა ხელით, მეორე, უფროსი, 9-10 წლის ბავშვი გვერდით მოჰყვებოდა. დავიღალეო ეუბნება ეს ქალბატონი უფროს შვილს, ცოტა ხანს შენ ატარე პატარაო. უფროსმა, არ შემიძლია, დავტოვოთო. სწორედ ამ დროს მეც წამოვეწიე, გამოვართვი ბავშვი და ცოტა ხანში, ეს ქალბატონი ვიღაც კაცზე მეუბნება - აი, ჩემი ქმარიო. მიდის კაცი, რომელსაც ერთ ხელში საკერავი მანქანა უჭირავს, მეორეში - ზეწარში გამოკრული ფუთა. დარწმუნებული იყო, დედა მიხედავდა ბავშვებს, ამან კიდევ, რაღაც გადაარჩინა ოჯახიდან. მისთვის სულერთი იყო, რა იქნებოდა ეს - ჩაიდანი, ქვაბი თუ რაიმე სხვა. ის რაღაცას აკეთებდა ოჯახისათვის. გონზე ძლივს მოვიყვანეთ, ძლივს დავაგდებინეთ საკერავი მანქანა ხელიდან და ბავშვი მივეცით. ბავშვი კი არ დაავიწყდა, იმ წუთებში სრულიად გათიშული იყო. გათიშული და სასოწარკვეთილი. მართლა საშინელება იყო ეს გზა. ჩვენს თავზე 60 კაცი აფეთქდა ცაში. ამან ისეთი კვალი დამიტოვა, რომ დღემდე მომყვება ის ემოცია, ვერ ვივიწყებ.
სკოლის და ბავშვების გარდა, როგორც მივხვდი, ბატონ მიშას ქეიფი უნდა უყვარდეს - ბევრი ფოტო აქვს ჭიქით ხელში გადაღებული. მის უზარმაზარ ფოტოარქივს რომ ვათვალიერებდით, ბოლოს თვითონვე გაუკვირდა, ეს რამდენი მიქეიფია, კაცოო! თვითონ იშვიათადაა ფოტოებზე. იმიტომ, რომ თვითონვე იღებს. სწორედ ფოტოარქივის თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ ქვეყნაშია ნამყოფი, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაშიც კი. ძალიან სახალისო ფოტოებიც მანახა, გერმანიაში, ტახზე ნადირობისას გადაღებული. წინა დღეს, როცა ვკითხე, ბავშვების და მასწავლებლობის გარდა რა გიყვართ-მეთქი, დიდხანს მელაპარაკა იმაზე, რომ მთელი საქართველო ფეხით აქვს მოვლილი, რომ შატილშიც და უშგულშიც ჯერ კიდევ მაშინ ავიდა, სანამ იქ სამანქანო გზას გაიყვანდნენ, რომ უამრავი მეგობარი ჰყავს საქართველოს ყველა კუთხეში, რომ ძალიან უყვარს მთაში მარტო სიარული და არაფერი მითხრა იმაზე, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქვს მოვლილი. ნეტავ, უცხოეთში მოგზაურობა არ უყვარს? თუ რატომ არ მითხრა? არ ვიცი, ეგებ, მოერიდა კიდეც, ტრაბახში არ ჩამეთვალოსო, ეგებ, სამშობლოში მოგზაურობა უფრო უყვარს? რას გაიგებ. ჰო, და კიდევ, რამდენიმე სურათი ზურაბ ჟვანიასთან და სხვა ცნობილი პოლიტიკოსებთან ერთად ჰქონდა გადაღებული. ეროვნულ მოძრაობაში თუ მონაწილეობდით-მეთქი ვკითხე და ასე მიპასუხა - მე სკოლაში ვიყავი და ვარო.
![]() |
19 HOMO INCOGNITUS |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: დავით მაკარიძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
გამოყენებულია ანა ტაბატაძის ილუსტრაციები
ამ ფაშისტურ, პოლიციურ სახელმწიფოში რომ გადარჩე, გაიფიქრა მან, უნდა იცოდე
გვარი, საკუთარი გვარი. ნებისმიერ სიტუაციაში.
ფილიპ ქინრედ დიკი, „ამღვრევა“
შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.
იოანე, 8-32
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფრისგან გათავისუფლდები და დამოუკიდებელი
გახდები, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უარს იტყვი საკუთარ თავზეც და ყოველივე
არსებულზეც; უფრო სწორად კი, მას შემდეგ, რაც ყველაფერს მოიკვეთ და
ყველაფრისაგან გათავისფლდები, შეძლებ ამაღლდე ღვთაებრივი წყვდიადის
ზებუნებრივ ნათებაში.
წმ. დიონისე არეოპაგელი, „მისტიკური ღვთისმეტყველება“
კარგად მახსოვს, რომ ბავშვობაში მასწავლიდნენ რა გვარის ვიყავი, რა ეროვნების და რომელ რელიგიურ კონფესიას მივეკუთვნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მოუნათლავი ვიყავი და მხოლოდ 14 წლისამ გავაკეთე არჩევანი საკუთარი რწმენის შესაბამისად. თუმცა, არავინ მასწავლიდა, რომ მთავარი საკუთარი არსებობის გაცნობიერების უნარია, და ყოველგვარი კუთვნილება, ჯანსაღი რომ იყოს, თავისუფალი არჩევანის შედეგად უნდა განხორციელდეს. მაშინ არ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ეს ყველაფერი სოციალური პროგრამირების ნაწილს წარმოადგენდა და სოციუმისთვის უფრო მნიშვნელოვანი კუთვნილების განცდის ჩამოყალიბება იყო, ვიდრე ინდივიდუალიზმის განვითარება.
მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, შეიცვალა გაბატონებული იდეოლოგია, სახელმწიფო, სადაც ვცხოვრობდი, მაგრამ არ შეცვლილა ის საბაზისო პროგრამები, რომლებითაც დღემდე ახალი ბიოკომპიუტერების ჩატვირთვა ხდება. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ტოტალიტარიზმზე და ფუნდამენტალიზმზე, ნაციონალიზმზე და გლობალიზაციაზე, მაგრამ ცოტა თუ ამჩნევს, რომ ყოფით დონეზე ყალიბდება ყველა ის ჩვევა, რომელიც ხელს უშლის ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრებას. ჩვენ ტოტალიტარულ გარემოში ვცხოვრობთ და მოგვწონს ეს თუ არა, ამით დიდი არაფერი იცვლება. მიკრო თუ მაკროკოსმოსის კვლევისას, თუ თავს დავანებებთ ინდულგირებას და რეალობას თვალებში შევხედავთ, დავინახავთ, რომ სანამ არსებობს სოციუმი, იარსებებს ყველაფერი ის, რაც ტოტალიტარული აზროვნების საფუძველს წარმოადგენს. ცნობიერი თანამშრომლობის საზოგადოების შექმნა ისეთივე უტოპიაა, როგორც სამოთხე დედამიწაზე. თუმცა, ეს, არა მგონია, პესიმიზმის საფუძველი იყოს. პირიქით - ეს საინტერესო გამოწვევაა მათთვის, ვისაც უნდა სხვანაირად შეხედოს რეალობას და თვითაქტუალიზაციის ახალ გზებს ეძებს.
- ოდესღაც, ჩვენზე ყველაზე - ცდებს ატარებდნენ. შემდეგ ექიმები გადაშენდნენ, როგორც დინოზავრები. და ჩვენ დავრჩით მარტო. ჯერ გაუგებარია, ექიმები მართლა გადაშენდნენ რაღაც შეცდომის შედეგად თუ ეს მათი მორიგი ხრიკი და ექსპერიმენტია. ასეა თუ ისე, ჩვენ - პაციენტები დავეუფლეთ მიტოვებულ ლაბორატორიას და ვაგრძელებთ დაწყებულ ექსპერიმენტებს.
ზურა ჯიშკარიანი, „პროგრამული უზრუნველყოფა №2013“
ისინი გამოწვევას უცხადებენ ძველ რეალობას და ახალ მსოფლიო წესრიგს. ისინი ცდილობენ გატეხონ საკუთარი წარმოდგენები და მოაწყონ რევოლუცია საკუთარ ტვინში. ისინი აგროვებენ არმიას და აცხადებენ, რომ არსებობდნენ მანამ, სანამ გაიგებდნენ ამის შესახებ.
- ერთი წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთ სახლში, ავთოს სახლში, ავთონომია გვერქვა... - ყვება ზურა ჯიშკარიანი, მეტსახელად Dreamhacker-ი. - ერთად გვეძინა, ერთად ვჭამდით, ერთ ფილმებს ვუყურებდით, ერთი ქალები და ერთი კაცები გვყავდა. შემდეგ მივხვდით, რომ ეს ყველაფერი უფრო პოლიკლინიკას ჰგავდა... ათასი ხალხი მოდიოდა და ავადდებოდა ამ იდეებით, ამ ვირუსებით და მიდიოდა. და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა „ლაბორატორია“ - არტ-ჯგუფი, მუსიკა, პერფორმანსები, ლექსები, სიზმრების გაცვლა, მეგობრობა, თრიფ-რეპორტები...
მათ უკვე იცნობენ ქართულ არტ-სივრცეში, თუმცა, ჯერჯერობით ახერხებენ არ შეერწყან მეინსტრიმს და შეინარჩუნონ თავისი უნიკალური კოდი. მათი კრედო თავისუფალი შემოქმედება და შეუზღუდავი ექსპერიმენტებია. ექსპერიმენტები საკუთარ თავზე და რეალობაზე.
ზურა: ჩვენი აზრით, ხელოვნება, რომელიც ცხოვრებაზე არ მოქმედებს და პიროვნებას არ ეხება, დიდი ხანია მოკვდა. ამიტომაც, ჩვენი ხელოვნება ნაწილობრივ გადადის მედიცინაში, ნაწილობრივ პოლიტიკაში და ა.შ. ჩვენ ერთმანეთში ვურევთ სხვადასხვა ფორმებს, ჟანრებს და ახალ ჰიბრიდებს ვქმნით. ეს ექსპერიმენტებია საკუთარ თავზეც, ურთიერთობებში, სექსში, სიზმრებში... თუნდაც ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პიროვნებას უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად ექსპერიმენტების თავისუფლება. რაც მეხება მე და ჩემს ნერვულ სისტემას, ეს არ არის არავის საქმე. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, რაც უნდა, ის გააკეთოს, თუ, რა თქმა უნდა, ეს სხვის თავისუფლებას ხელს არ შეუშლის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთონ ამ ექსპერიმენტებში. დღეს ექსპერიმენტების გარდა, ყველაფერი მოსაწყენია.
ბესო: ამ ექსპერიმენტებითაა შესაძლებელი მრავალფეროვნების შეტანა, როგორც ჩვენს პირად სამყაროში, ასევე, საერთოდ, რეალობაში.
ავთო: მიზანი, ალბათ, ისიცაა, რომ ურთიერთობები იყოს უფრო საინტერესო. ადამიანს როდესაც ხვდები, საინტერესოა სხვა კუთხით დაგანახოს ყველაფერი.
ზურა: ყოველი ეპოქის დასაწყისში, როდესაც ჩიხში იყო შესული ისტორია, ხელოვნება, მეცნიერება, პოლიტიკა, ექსპერიმენტების ხარჯზე ხდებოდა გამოსავლის მოძებნა... ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის დროსაც იქმნება მუტანტები, ეს ბუნების ექსპერიმენტია. ათიდან ცხრა იღუპება, მაგრამ ერთი აგრძელებს ევოლუციას. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სოციალური, კულტურული მუტაციებია. ჩვენ მუტაციებს ვქმნით, რომელთა მრავალფეროვნებაც დაეხმარება ადამიანებს პოსტაპოკალიპტურ ეპოქაში.
მათი მიზანი სოციალურ პროგრამირებასთან დაპირისპირებაა, და ამ ბრძოლის იარაღად ისევ სოციალური პროგრამირების ელემენტებს იყენებენ. კომპიუტერული კოვბოების მსგავსად, ცდილობენ შიგნიდან გატეხონ სისტემა, რომლის კვანძებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და რომელიც ადამიანების მართვითაა დაკავებული.
ზურა: ექსპერიმენტები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, შეიძლება იყოს მიმართული თვითშემეცნებისაკენ. მაგალითად, ამ ექსპერიმენტებით შეგიძლია აღმოაჩინო ის პროგრამები, რომლებიც ჩვენშია ჩაწერილი და ადრე ვერ ამჩნევდი. შემდეგ კი შეცვალო, შეცვალო სამყაროს შენეული აღქმა. მეორე მხრივ კი, ექსპერიმენტებს სიახლის საძებნელადაც ვატარებთ. ჩვენ შუასაუკუნეების ალქიმიკოსების როლს ვასრულებთ, ვატარებთ ბევრ სხვადასხვა ცდას, ერთმანეთში ვურევთ სხვადასხვა სუბსტანციას. შეიძლება ვცდებით, ალქიმიკოსებიც ხომ ეძებდნენ ფილოსოფიურ ქვას. მაგრამ, შეიძლება, უცბად, მენდელეევივით ახალი თეორია დაგვესიზმროს. მთავარი მიზანი კი, მაინც სტერეოტიპების ნგრევაა, რეალობის ნგრევაა. ეს იმას ჰგავს, როდესაც თეატრში ხარ და იცი, რომ ცა დეკორაციაა და ურტყამ, რომ ეს ცა ჩამოხიო. შენ ეს შეგიძლია, მაგრამ შემდეგ გადიხარ ამ სპექტაკლიდანაც. მთელი კაცობრიობა ამ სპექტაკლს უყურებს. მოწინავე ხალხები წინა რიგებში სხედან. აფრიკა კი უკანა რიგშია და ვერაფერს ხედავს.
პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: უფალო მიხსენი მე! იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?
მათე, 14:29-31
დაეჭვება გვათავისუფლებს ძველი პროგრამების ზემოქმედებისაგან, რწმენა კი გვეხმარება ახალი პროგრამების ჩატვირთვაში. კარგია თუ ყოველივე ეს საკუთარი ნებით ხდება. პროგრამები გვჭირდება სამოქმედოდ. მთავარი ის არის, რომ საკუთარ ბიოკომპიუტერში ჩატვირთული პროგრამების ქმედებაზე სრულად შეგვეძლოს პასუხისგება.
ზურა: ტვინი შეიძლება განვიხილოთ როგორც ბიოკომპიუტერი. ჩვენი ცხოვრების მანძილზე კი ვიძენთ გამოცდილებას, პროგრამებს, რომლებიც ამ კომპიუტერს ამუშავებენ. ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ პროგრამის გადაყენება, წაშლა, შეცვლა, განთავისუფლება.
- და როგორ თავისუფლდებით ამ პროგრამებისაგან?
ზურა: შენ იმართებ შიზოფრენიას და მიდიხარ საკუთარი თავის ტოტალურ დესტრუქციამდე. შენში უშვებ ყველა სისტემურ კოდს, და ატარებ, შემდეგ მათ ცვლილებას ნელ-ნელა იწყებ. იცვლი სოციალურ როლებს. დღეს პოლიტიკოსი ხარ, ხვალ მუსიკოსი, შემდეგ გეი, ფაშისტი, ანარქისტი. და სისტემა კარგავს კონტროლს. როდესაც ამას ბევრი ადამიანი აკეთებს, ჩნდება ტოტალური სოციალური ცვლა, ქაოსი. ეს ყველაფერი გნოსტიციზმთანაცაა დაკავშირებული. გნოსტიკოსების აზრით, ეს სამყარო არის ყალბი, სპექტაკლი, მატრიცა. ამ სამყაროს ღმერთიც ყალბია, სატანაა. ჭეშმარიტი ღმერთი ამ სამყაროს გარეთაა და მასთან დაკავშირების ორი გზა არსებობს. ერთია ასკეტიზმი, განდგომა და მეორე - ამ სამყაროს დანგრევაა, დესტრუქცია. ჩვენ მეორე გზას ვირჩევთ. ოღონდ ჩვენი დესტრუქცია არის ძალიან რბილი, არა რევოლუციური. ჩვენ, უბრალოდ, ვიმუშავებთ კორპორაციებში დღისით, და საღამოს ამ კორპორაციების კოდებს გავტეხავთ.
- იმისათვის, რომ რომელიმე პროგრამისაგან განთავისუფლდე, ის ჯერ უნდა აღმოაჩინო. როგორ ახერხებთ ამას?
ზურა: მემ-ალერგია, ეს ის რეაქციაა, რომელსაც შენი შიდა პროგრამები ავლენენ უცხო მემების - მენტალური ვირუსების მიმართ. მაგალითად, ჰომოფობია, ფაშიზმი, რადიკალური ანტიკომუნიზმი მემალერგიაა, შენი რეაქციაა უცხო პროგრამებზე. სწორედ ექსპერიმენტების საშუალებით, როდესაც შენ ცდი სხვადასხვა რადიკალურ კონცეფციებს, ალერგიული რეაქციით შეგიძლია აღმოაჩინო ის პროგრამები, რომლებიც შენშია ჩაწერილი. აი, მაგალითად, მიხვედი ფართიზე, სადაც ბევრი გეია, და უცებ აღმოაჩენ, რომ არ გსიამოვნებს ან გეზიზღება ეს ხალხი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰომოფობიის პროგრამა ჩატვირთულია. ამის შემდეგ, შეგიძლია, გამოიკვლიო რატომ, როდის მოხვდა ის შენში და როგორ შეგიძლია მისი გადაკეთება, ან დემონტაჟი.
ბესო: ან შეგიძლია ზოგიერთი პროგრამა შენ სასიკეთოდ გამოიყენო.
ზურა: თუმცა, რაში შეიძლება გამოიყენო ჰომოფობია ან ფაშიზმი, ძნელი წარმოსადგენია.
- და რა ინსტრუმენტები არსებობს ბიოკომპიუტერის გადაპროგრამირებისათვის?
ზურა: ბევრი სხვადასხვა მეთოდი არებობს. მაგალითად სტრესი, მედიტაცია, ალკოჰოლი აფერხებს, აჩერებს სასიცოცხლო პროგრა მების მუშაობას, ისეთ ინსტინქტებს, როგორიცაა თვითგადარჩენის ინსტინქტი და ამ დროს ადვილია ახალი პროგრამების შეყვანა ბიოკომპიუტერში. კიდევ რევოლუცია. ამ დროს მთელი მასების გადაპროგრამება მიმდინარეობს. აი, ავთო მაგალითად უძილობით თავისუფლდება.
ავთო: იყო პერიოდი, როდესაც ორი კვირის მანძილზე საერთოდ არ მეძინა, როდესაც უძილობის ამ დონეს აღწევ, ყოველდღიური პრობლემები აღარ გაწუხებს და ძალიან გიადვილდება შენს ტვინში რაღაცეების წაშლა, რაღაცეების ჩაწერა.
ზურა: ჯონ ლილიმ გამოიგონა სენსორული დეპრივაციის კამერა. როდესაც ახდენ ტვინის სრულ იზოლაციას გარეგანი იმპულსებისაგან, როგორიცაა ხმაური, სინათლე, სითბო და შეხება, იწყება ხილვები. და ამ დროს ადვილია ტვინში პროგრამების შეცვლა.
ჯონ ლილი და ტიმოთი ლირი იმ მეცნიერებს შორის იყვნენ, რომლებიც დაინტერესდნენ ადამიანის ბიოკომპიუტერის პროგრამირებით და თავისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ თემის კვლევას მიუძღვნეს. ისინი სწავლობდნენ მეთოდებს, რომელსაც სხვადასხვა რელიგიური თუ პოლიტიკური ორგანიზაციები იყენებდნენ თავისი ადეპტების სამართავად. ყველაზე მარტივი და ყველაზე ძლიერი იარაღი მდგრადი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოსაყალიბებლად - გამეორებაა. სიტყვიერი ფორმულების: ლოცვების, მანტრების და ლოზუნგების გამეორებას სწორედ ამ მიზნით იყენებენ. ეს ფორმულები სამუდამოდ ჩაიბეჭდება თქვენს გონებაში და ახალი ხედვაც ნელ-ნელა ყალიბდება. ხშირად, მსგავსი ჩვევების ჩამოყალიბება ყოფით დონეზე ხდება. იქნება ეს პირადი ჰიგიენის დაცვის რიტუალი, საზოგადოებაში ქცევის წესები თუ გემოვნება. უკვე ჩამოყალიბებულ სისტემაში ახალი პროგრამების შეყვანისას კი, იმუნური რეაქციის დასაძლევად და ძველი პროგრამული უზრუნველყოფის დროებით შესაჩერებლად ჰიპნოზი გამოიყენება, ან ქიმიური ნივთიერებებით ცნობიერებაზე ზემოქმედება, მაგალითად ალკოჰოლით და ნარკოტიკებით. თუმცა, უფრო ხშირად, ძველი პროგრამების გათიშვას ძლიერი სტრესითაც აღწევენ. მაგალითად, ფიზიკური ზემოქმედებით, ან მორალური შეურაცხყოფით. ფიზიკური ზეწოლით ასწავლიდნენ ბავშვებს ვისთვის და რისთვის უნდა მიექციათ ყურადღება საბჭოთა სკოლებში და მე-19 საუკუნის გიმნაზიებში.
„ჩვენ ყველანი ნეიროგენეტიკური რობოტები ვართ. და რაც არ უნდა უსიამოვნოდ გვეჩვენებოდეს ეს ფაქტი, სანამ არ ვაღიარებთ, ვერ გავთავისუფლდებით ჩვენი რობოტულობისაგან. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ვმართოთ ჩვენი ნერვული სისტემა და დამოუკიდებლად გადავაპროგრამოთ საკუთრი თავი“, აცხადებს ტიმოთი ლირი.
Accidental Lover BoyZ
http://www.myspace.com/accidentalloverboyz
Dream Laboratory
http://www.myspace.com/thedreamlaboratory
Nothing FM
http://www.myspace.com/nothingfmproject
Eva
http://www.myspace.com/allthisfuckindreamsforeva
KungFu Junkie
http://www.myspace.com/shaolindance
Monroe is Me
http://www.myspace.com/annieandparis
თუ თქვენ ტვინში შეყვანილია პრიმიტიული ცნობიერების პროგრამა, რომლის მიხედვითაც სამყარო მხოლოდ ორ პოლუსად: შავი-თეთრი, კეთილი-ბოროტი, ნათელი-ბნელი, რეალობაილუზია და ა.შ. იყოფა, მაშინ, რასაც თქვენ ფიქრობთ, ჭეშმარიტება გგონიათ, ხოლო რასაც თქვენი ოპონენტი ფიქრობს - ტყუილი. და პირიქით.
ტიმოთი ლირი, „ნეიროპოლიტიკა“
ტრადიციული პედაგოგიკის მთავარი პრინციპი რეალობის პოლარიზაციაა, როდესაც კარგად იცი, რა არის კარგი და რა ცუდი, რა არის მისაბაძი და რა გასაკიცხი. თუმცა, რეალობა გაცილებით მრავალფეროვანია და არჩევანის თავისუფლების მეტ ხარისხს გვთავაზობს. ამ ტრადიციის საკვანძო იდეა ავტორიტეტია, მოძღვარი, ლიდერი, პიროვნება, ინსტიტუტი, რომელიც ერთგვარი ორიენტირია ამ პოლარულ სივრცეში. „ლაბორატორიის“ წევრები ეჭვქვეშ აყენებენ ტრადიციული საზოგადოების ფასეულობებს და ილაშქრებენ ავტორიტეტების ტირანიის წინააღმდეგ.
ბესო: ჩვენ საზოგადოებაში არიან ავტორიტეტები, მაგალითად შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, რომლებიც ხელშეუხებელია. ამათი შენებური ინტერპრეტაცია არ შეგიძლია, არ გაქვს უფლება, და თუ ამას აკეთებ, სოციუმთან პრობლემები გექმნება.
ზურა: მაგალითად „მგზავრის წერილები“. არსებობს აზრი, რომ სანამ ამას ილია დაწერდა, უკრაინაში დაიწერა რაღაც მსგავსი. შენ რომ ადგე და განაცხადო, ილია პლაგიატიაო, ჩათვალე, რომ შენ გახდები ასოციალური პიროვნება, ქვეყნის მტერი. თითქოს ამით შენ ქართულ იდენტურობას ებრძვი.
ბესო: დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ავტორიტეტებთან ბრძოლაა.
- თქვენ არ გყავთ ავტორიტეტები?
ზურა: ავტორიტეტები კლასიკური გაგებით - არა. ჩვენ გვყავს პიროვნებები, ვისაც პატივს ვცემთ, ვისი აზრებიც ძვირფასია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ იდეებს უსიტყვოდ ვიღებთ და ყველაფერში ვეთანხმებით. პირიქით, ვეწინააღმდეგებით კიდეც და სხვის მიერ მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებიც არ გვაღიზიანებს.
ბესო: ამაში არაფერია ცუდი, იღებ ამ ადამიანებისაგან რაღაცას, რაღაცას არ იღებ.
ზურა: ადამიანი როდესაც იბადება, მას რაღაც გამოცდილება ხვდება წინ, რაც დარჩა, სხვა ადამიანების გამოცდილება. და იქიდან რაღაც უნდა მიიღო და რაღაც არა.
Paris Lee: სკოლაში დავწერე შუშანიკის დახასიათება. განსხვავებული კუთხით. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ შუშანიკის კონფლიქტი ქმართან ეჭვიანობამ გამოიწვია და არა რელიგიური მსოფლმხედველობამ, რადგან მაზდეანობაში, ქრისტიანობისაგან განსხვავებით, დაშვებული იყო მრავალცოლიანობა. და თან დავწერე, რომ შუშანიკის მაზოხისტური მოთხოვნილებებიც ჰქონდა. დირექტორის კაბინეტში დამიბარეს, სკოლიდან მაგდებდნენ. იმის მაგივრად, რომ შევექე, საკუთარი აზრი რომ გამოვთქვი და აეხსნათ რაში იყო ჩემი შეცდომა, უბრალოდ, გამკიცხეს იმის გამო, რომ გავბედე და განსხვავებული აზრი გამიჩნდა.
ზურა: არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თავად იმათ მიმართ, ვისაც სისტემა ავტორიტეტებად აცხადებს. პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს სისტემა იყენებს თავისი მიზნების განსახორციელებლად. მაგალითად, იგივე ბეროუზი და ბიტნიკების ფილოსოფია სისტემამ ძალიან კარგად გამოიყენა თავის სასარგებოდ. ბიტნიკების ცხოვრების სტილი კონტრკულტურაა თავისი არსით.
დღეს კი არსებობს ბიტ ლიტერატურა და მისი მიმდევრები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ბიტნიკებთან. ლოთი, ნარკომანი, პედერასტი და სახიფათო - ბიტნიკებისგან შექმნეს სიმბოლური ხატი, რომელიც კარგად იყიდება. ეს ეხება არა მარტო ბიტნიკებს. ბიტნიკებმა ფაქტიურად მოამზადეს ჰიპების მოძრაობა, ფსიქოდელიური და სექსუალური რევოლუციები. სწორედ „სექსუალური რევოლუცია“ და „sex, drugs, rock'n'roll“ გამოიყენა სისტემამ. ის, რაც მას უპირისპირდებოდა, სისტემამ მარკეტინგად და ფულის კონვეიერად გადააქცია. დატოვა მხოლოდ მიმზიდველი ხატები და აბსოლუტურად დაჩრდილა მისი სახიფათო და ანტიკულტურული შინაარსი. ეს შინაარსი კი მთავარია ამ სუბკულტურების აღსაქმელად.
ზურა: პაატა შამუგიამ გამოსცა ლექსების კრებული „ანტიტყაოსანი“, ეს იყო „ვეფხისტყაოსნის“ სხვანაირი გაგება, სექსუალური სცენებით და ეს-ემ-ესებით საუბარი. ალბათ, მეთორმეტე საუკუნეშიც აკეთებდნენ სექსს. ამის გამო დიდი სკანდალი ატყდა. ბევრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. ბევრს მოუწია კონფორმიზმის გამო ეთქვა, რომ ეს ცუდია. თუმცა იყო განსხვავებული აზრიც, რომელიც ამბობდა, რომ ეს ლიტერატურაა და ლიტერატურაში არ არსებობს ავტორიტეტები. ლიტერატურულ ტექსტს შეუძლია ყველაფერს შეეხოს.
ანა: ზუტად იმ დროს იყო „სველი წრეც“ და ტელეარხებზე გავიდა სიუჟეტები ამაზე.
ზურა: ყველაზე ცუდი კი ის არის საქართველოში, რომ, როდესაც მიზნად ისახავ მსგავს ლოკალურ სტერეოტიპებს ებრძოლო, გლობალურ მასშტაბში ძალიან უმნიშვნელო ფიგურად იქცევი. იმიტომ, რომ თუნდაც „სველი წრე“ ან „ანტიტყაოსანი“ საქართველოში სიახლეა, მაგრამ გლობალურად არაფერი არ არის. ჩემი აზრით, როდესაც არტს აკეთებ, სჯობს ორიენტაცია გქონდეს გლობალურ პრობლემებზე. არა აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ. ნიუ-იორკში თუ აქ. ნიუ-იორკში ცხოვრება, უბრალოდ, იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ბევრი გლობალური პროცესი იქ იწყება და სანამ ეს საქართველოში მივა, შეიძლება, შენ გვერდით ოთახში უორჰოლი ღმერთს ესაუბრებოდეს ტელეფონით. დღეს არსებობს ინტერნეტი, რომელიც თანამედროვე განვითარების ერთ-ერთი საფეხურია, აახლოებს, გამოცდილების გაზიარების საშუალებას გაძლევს, ამერიკა აქ ნატოთი კი არ უნდა მოვიდეს, არამედ ინტერნეტით. დღეს ინფორმაციული ომების დროა. დღეს რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო წინ ხარ. პროგრესის მხრივაც, არტის მხრივაც და მით უფრო მეტი ანალიზის უნარიც გაქვს. საბჭოთა კავშირი ინფორმაციაზე უარის თქმამ დაანგრია.
- და როგორ უყურებთ ცენზურას ინფორმაციის გავრცელებაზე? ჯერჯერობით ყველაზე ლიბერალურ სახელმწიფოებშიც კი არსებობს ზოგიერთი შეზღუდვა ამ მხრივ.
ზურა: ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს თავისუფლად. ყოველგვარი ცენზურის გარეშე. თუნდაც, იმ ფაშისტებს, რომლებსაც უკრძალავენ თავიანთი იდეების ინტერნეტში ქადაგებას, უნდა ჰქონდეთ ამის საშუალება. ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს არაფერი ფაშიზმიდან დაწყებული ბავშვების პორნოგრაფიით დამთავრებული. სისტემა მარტივი უნდა იყოს, თუ სხვას ფიზიკურად არაფერს უშავებ, მაშინ შენს ქმედებებში არაფერია შესაზღუდი. შენ პასუხს მხოლოდ შენს საქციელზე აგებ.
ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ჩვენი იდეა დესტრუქციისაკენ და ნგრევისკენაა მიმართული. სინამდვილეში იდეა გაცილებით პოზიტიურია. შეიძლება, პროცესში ამ იდეებმა რაღაცები იმსხვერპლოს, რაც სინამდვილეში ზედმეტია და რაზეც ხალხია ჩამოკიდებული.
ინფორმაციის თავისუფლების იდეა იმაშიც არის, რომ გავაგებინოთ ადამიანებს როგორ ებრძოლონ ვირუსებს, როგორ დაიცვან თავი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისაგან.
როდესაც ჯორდანო ბრუნომ განაცხადა, რომ დედამიწა მრგვალი იყო, ის დაწვეს, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულიყო. ეკლესია ხელს უშლიდა ინფორმაციის გავრცელებას. ეს უკვე აღარ იყო რელიგია. ეს იყო პოლიტიკა, რომელშიც რელიგიური ინსტიტუტები იყვნენ გადახლართულები. ჯორდანო ბრუნოს აღმოჩენა მთელ მაშინდელ სისტემას უქმნიდა საფრთხეს და ამიტომაც დაწვეს. ესეც ვირუსი იყო იმ დროს. ახლა კი ყველა ბავშვმა იცის, რომ დედამიწა მრგვალია.
„როდესაც მან იხილა გარემომცველი ქმნილებანი, და გარშემო მრავალი ანგელოზი, ისინი, ვინც მისი ძალისხმევით წარმოიქმნენ, უთხრა მათ: მე ვარ ღმერთი ეჭვიანი, და არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა. უთხრა რა ეს, მან აჩვენა ანგელოზებს, რომლებიც მის მახლობლად იყვნენ, რომ სხვა ღმერთიც იყო.“
იოანეს აპოკრიფი
ისევე, როგორც ჯორდანო ბრუნომ, ბევრმა სხვა განსხვავებულად მოაზროვნემ განიცადა რეპრესიები ისტებლიშმენტის მხრიდან. თუ შუა საუკუნეებში ერესისათვის კოცონზე წვავდნენ, დღეს შეშლილად გამოგაცხადებენ ან შეიარაღებულ ძალებს გამოიყვანენ შენს გასანადგურებლად, როგორც ეს „ადამის შტოს“ წინააღმდეგ გამოიყენეს. აივენ სტენგის „სუბგენიოსების ეკლესია“ ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, რომლებიც ინდივიდუმის დამოუკიდებლობის რეალიზაციის მეთოდებს იკვლევენ. ისინი ცდილობენ შექმნან და გაავრცელონ ალტერნატიული კონსპირაციული თეორიები და შუასაუკუნეების ერეტიკოსების მსგავსად, მრავალფეროვნება შეიტანონ იდეოლოგიურ ლანდშაფტში.
ზურა: ჩვენ „სუბგენიოსების“ მსგავსად ვავრცელებთ კონსპირაციულ თეორიებს. ეს თეორიებიც ინსტრუმენტებია სისტემის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ეს გიქმნის პარანოიას, შიშებს და ბევრს უჩნდება სურვილი გადაამოწმოს ეს თეორიები. ეს გიბიძგებს იყო აქტიური, და თან ეს გაბატონებულ თეორიასაც ანგრევს. რაც უფრო მეტი კონსპირაციული თეორიაა, მით უფრო მეტი პარანოიკი ჩნდება, რომელსაც აღარ სჯერა საზოგადოებრივი წარმოდგენების რადგანაც შეუძლია ისიც განიხილოს, როგორც კიდევ ერთი კონსპირაციული თეორია და ხედავს ყველა თეორიის პირობითობას, იქნება ეს პოლიტიკური, ისტორიული თუ საბუნებისმეტყველო თეორიები. ეს იმის საშუალებასაც გაძლევს, ერთ რაღაცას არ მიეჯაჭვო. იმიტომ, რომ როდესაც ერთ რამეს ეჯაჭვები, აღარ ვითარდები.
ჩვენ სოციალურ პროგრამირებას ვიყენებთ სოციუმის დასავირუსებლად. არსებობს სოციალური პროგრამირება ზემოდან, როდესაც შენ გაპროგრამებს სახელმწიფო, პოლიტიკური სტრუქტურები, და ქვემოდან, ე.წ. სამოქალაქო პროგრამირება, როდესაც ის, ვინც სისტემის განაპირას არის, ახდენს სისტემის პროგრამების ჩანაცვლებას. ეს იმ პირადი ურთიერთობებით ხორციელდება, რომლებსაც სისტემა ვერ აკონტროლებს. და ჩვენ შეგვიძლია ისეთი მენტალური ვირუსები გავავრცელოთ, რომლის შესახებაც სისტემა ვერაფერს გაიგებს. გრინჩთან სახლში, ასეთი ადგილი გვქონდა, Under Sky, ოაზისივით, დროებითი ავტონომიური ზონა, სადაც კონცერტებს ვატარებდით. იქ სხვა ხალხი მოდიოდა, ერთმანეთს აპროგრამებდა და ვირუსებს ავრცელებდა. ეს კონცერტებიც პროგრამირება იყო. სულ უფრო მეტი და მეტი ხალხი მოდიოდა სხვადასხვა სოციალური წრეებიდან, სხვადასხვა სისტემებიდან და საუბრობდა, მღეროდა, ხდებოდა აზრების ურთიერთგაცვლა.
ოდესღაც ჩვენ გვქონდა კოსმოსი. ჩვენ გვქონდა უზარმაზარი პლანეტა, ვარსკვლავების დათვლის შეუზღუდავი უფლებები, თვითნაკეთი გემები და ვარსკვლავთა რუკა. ჩვენთან ჩამოდიოდნენ მბრწყინავი ღმერთები სირიუსიდან და გვასწავლიდნენ მათემატიკას და ლუდის გამოყვანას. ოდესღაც ჩვენ გვქონდა კოსმოსი...
ზურა ჯიშკარიანი. „არალეგალური კოსმონავტიკის ზოგადი საფუძვლები“
- თქვენ მუდმივად აკეთებთ აქცენტს თქვენი ხელოვნების და სოციალური პროგრამირების კავშირზე. თუმცა, ნებისმიერი ხელოვანი სინამდვილეში სწორედ თავისი მაყურებლის თუ მსმენელის პროგრამირებითაა დაკავებული. რა არის მთავარი იმაში, რასაც აკეთებთ, გარდა იმისა, რომ ღიად აცხადებთ, რომ სოციალური პროგრამირებითა ხართ დაკავებულები?
ზურა: დღეს ყველა და ყველაფერი დაკავებულია უზარმაზარი სოციალური ურთიერთპროგრამირებით. რეკლამა აპროგრამებს მომხმარებელს, მომხმარებელი აპროგრამებს მეორე მომხმარებელს. სახელმწიფო და კერძო ინტერესები აპროგრამებენ რეალობას, რომელიც მზა სახით ხვდება ახლადდაბადებულ სუბიექტს. და თან ყველა მას არწმუნებს, რომ ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი რეალობა. სინამდვილეში, რეალობა იმდენია რამდენიც შეგიძლია წარმოიდგინო.
ჩემი ხელოვნება მოდის სწორედ სამყაროს ამ ქაოტურობის აღქმიდან, ინფორმაციულ ქსელში აკიდებული აპოკალიპსური ხილვებიდან. ასეთი ხელოვნება შედგება კონცეპტისგან, რომელიც ანადგურებს სპექტაკლს. იმათ, ვისთვისაც სპექტაკლი ერთადერთი რეალობაა, შეიძლება ჩათვალონ, რომ რაღაც მომენტში ეს აგრესიული ხელოვნებაა, სინამდვილეში, ეს არის ახალი საყრდენის ძიება იმ კატაკლიზმების შემდეგ, რომლებიც გამოიწვია ჯერ ღმერთის და მერე ადამიანის სიკვდილმა.
ბესო: ოთხი წლის წინ სამხატვრო აკადემიის სარდაფში პირველი საღამო გავაკეთეთ „მოჭრილი თითი და ოცთეთრიანი ბილეთი...“ ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც მსგავსი საღამოები ძალიან იშვიათად ტარდებოდა.
ზურა: დღეს ეს ცოტა მოდურიც კი გახდა. პაატამ მოიგონა „იმპერატივები“, მე მოვიგონე „ფსიქოტროპული პოეზია“. ეს ერთგვარი კაიფი იყო არტ-სივრცეზე. ისეთი პოსტულატების მოგონება, რომ ვერავის ვერ დაეწერა ასეთი პოეზია. მაგრამ არის ხალხი ვინც დღეს მაგას წერს.
ავთო: აქ კიდევ სხვა რამეზეა საუბარი. აი, ზურა რომ ამბობს, მოდური გახდაო. მხოლოდ ფორმები დარჩა. როგორც მუსიკაში იყო. დღეს რომ ამბობენ, კლასიკური როკი, 70-იანები, იგივე გამოხატვის ფორმა რჩება უბრალოდ...
ზურა: Accidental Lover BoyZ გრინჩის პროექტია. ეს ისეთი მუსიკაა, როგორსაც საქართველოში არავინ აკეთებს. ნოიზის, ფერადი თრიფ-ჰოპების და სხვადასხვა ალტერნატიული სტილების ნაზავი.
Paris Lee: და თან, იცი, როგორი რაღაცაა მუსიკაშიც? აქ აღარ გხვდება ინსტრუმენტი გიტარა, ინსტრუმენტი ვიოლინო. შენ უკვე ინსტრუმენტად ირჩევ მთლიან ჟანრს. და მაინც მნიშვნელოვანი ისაა, როდესაც ეს ტვინზე მოქმედებს. ეს მუსიკაც აღარაა. ეს უბრალოდ გაკონტროლებს, წარმოდგენის ნაცვლად ცერემონია მიგყავს.
ზურა: მუსიკასაც არ აკეთებ. აკეთებ აუდიო არტებს, პირად თრიპ-ჰოპების ჩანაწერებს. ამას განცდის გარეშე ვერ გააკეთებ. ეს განცდა კი იქმნება მთელი ამ სიტუაციებიდან, პირადი ურთიერთობებიდან, იქიდან, რაც ხდება მსოფლიოში, შენი წარმოდგენებიდან სამყაროზე, კოსმოსზე, სიზმრებზე, როგორი ამინდია გარეთ და როგორ გაგეღვიძა. ამის შედეგად იწყებ და აკეთებ. ჩვენი ხელოვნება ჩვენი ტკივილიდან მოდის. და მაყურებელსაც გადაეცემა ეს ტკივილი. მაგრამ ხელოვანი მაშინ ხარ, როდესაც შეგიძლია მთელი ეს პროცესი მართო, ეს ცერემონია წაიყვანო. როგორც შამანმა, რომელმაც იცის, როგორ მართოს ეს თრიფი.
- და რა არის ეს თრიფი?
ზურა: ეს მოგზაურობაა შიდა კოსმოსში, გარე კოსმოსში და უკან დაბრუნება. ამ მოგზაურობისას შენ გხვდება ბევრი არსება, ხილვა, პროგრამა. თრიფი გაძლევს გამოცდილებას, კოსმიურ გამოცდილებას. ყოველი თრიფიდან ბრუნდები ახალი ადამიანი, რომელსაც ახალი ურთიერთობები აქვს. ეს საშუალებას გაძლევს უფრო ადამიანური გახდე. იმიტომ, რომ ხვდები, კოსმიურ მასშტაბებში ეს სოციალური პროგრამები პირობითი და უმნიშვნელოა და უფრო კარგად განიცდი ადამიანურ სითბოს, სიყვარულს.
- გამოდის, რომ მოგზაურები ხართ. არ გეშინიათ, რომ ერთხელაც სადმე დაიკარგოთ?
ზურა: ჯობია თრიფში დაიკარგო, ვიდრე უაზრო ურთიერთობებში. ყველაზე ცუდი ამ მოგზაურობაში მხოლოდ ისაა, რომ შეიძლება ვერაფერი ვერ მიიღო.
დაწექი სახურავზე პირაღმა და იფიქრე კოსმოსზე. მიიღე კოსმოსი. მიიღე უსაზღვრო თავისუფლება, ენტროპია, ევოლუციური მეტამორფოზები, კოშმარები, ომები, ძილი, სიზმრები. კოსმოსი ჩვენი სამშობლოა... ეს არის საშო, სადაც მილიარდობით ვარსკვლავი, ცოცხალი არსება, ბაქტერია იბადება, სუნთქავს, ხედავს, გრძნობს, გამოსცემს ხმას, იცვლის სახეს და გენეტიკურ კოდს...
ზურა ჯიშკარიანი. „არალეგალური კოსმონავტიკის ზოგადი საფუძვლები“
![]() |
20 თაობა 13 - 19 |
▲back to top |
სპეც-პროექტი
ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: დავით მესხი
1 ივნისს, მსოფლიოს ოცდახუთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავენ.
თუმცა, ჩვენთან ახლა აქტუალური მხოლოდ არჩევნებია. წინა თუ პოსტსაარჩევნო რიტორიკამ და ლოზუნგებმა მთელი ჩვენი ყოფა მოიცვა და გაჩნდა განცდა, რომ ამქვეყნად, საარჩევნო ბიულეტენების, პარტიათა სარეკლამო ბილბორდებისა თუ დამატებითი სიების გარდა, აღარაფერია საინტერესო. სწორედ ამიტომ, ჩვენი სპეცპროექტის სტუმრებად პოლიტიკურად ყველაზე უხმო სოციალური ჯგუფი, ახალგაზრდები (და არა ბავშვები) შევარჩიეთ.
რას ნიშნავს თაობა 13-19? როგორია მათზე სისტემებისა და სოციუმის გავლენა და რას არის ის მემკვიდრეობა, რომელიც მათ სტერეოტიპებისა თუ ტრადიციების სახით ერგოთ? რა არის მათი ცხოვრების წესი? როგორ აღიქვამენ ახალგაზრდები მუდმივად გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ თუ საზოგადოებრივ განწყობებს და აქვთ თუ არა გააზრებული, რომ ამ ქვეყნის მომავალი არიან? რა მოსწონთ და რა აღიზიანებთ, რას ნიშნავს მათთვის თავისუფლება და როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს?
ჩვენს სპეცვპროექტს არც კვლევის ამბიცია აქვს და არც იმის პრეტენზია, რომ ქვეყნის მასშტაბით მოზარდების ზოგად სახეს ქმნის. თუმცა, პროექტი მეტ-ნაკლებად წარმომადგენლობითია და სხვადასხვა სოციალური ფენისა თუ ინტერესების მქონე 15 ახალგაზრდასთან ინტერვიუზეა აგებული.
ერთი სიტყვით, 1 ივნისს ვულოცავთ მათ, ვინც ყველაზე საინტერესო ცვლილებების, ხმაურიანი ამბოხისა და გამოწვევების ხანაშია.
P.S. ტექტებს სტილისტური ჩასწორების გარეშე გთავაზობთ.
გაგა მაისურაძე, 18
მე სკეიტერი ვარ. 14 წლიდან ვსრიალებ და სკეიტბორდინგი ჩემი ცხოვრების წესია. თავიდან ინტერნეტში ინსტრუქციებით ვცდილობდი ტრიუკების კეთება მესწავლა. ბევრს ვწვალობდით და ასე ნელ-ნელა დავხვეწეთ. ისე ეკონომიურზე ვსწავლობ. იქ სწავლა არ მომწონს. მომავალი წლიდან პროგრამირებაზე გადავალ თსუ-ში. ვიცი, იქაც ვერაფერს ვისწავლი, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემით შევძლებ რაღაცეების კეთებას. არსებობს სპეციალური საიტები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობას გასწავლის, მყავს პროგრამისტი მეგობრებიც და ასე ვაპირებ სწავლას.
თავისუფლება ნიშნავს სრულად აკეთო ის, რაც გინდა და არაფრით შეიზღუდო. არის ბევრი რამე, რასაც შეგნებულად არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ვიცი, რაღაც პრობლემები შემექმნება. მაგალითად, მომდის ხოლმე უცნაური იდეები თავში. აი, თუნდაც ნახევარი თავი თეთრად შევიღებო, ნახევარი შავად. ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ვჩხუბობთ მარტო იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონს მე რომ სკეიტზე ვდგავარ. მოვა ვიღაც და დაიწყებს გარკვევას თუ რატომ ვარ მე „ეგეთი“, „სხვანაირი“, სკეიტზე რომ ვდგავარ, ეგეთი რატომ ვარ. მერე გადადის ცინიზმში, თუ გაატარე, თავში წამოგარტამს, გეუზრდელება. ამიტომ ვცდილობთ პირველივე სარკაზმზე აგრესიით ვუპასუხოთ. ეს ჩხუბები ხანდახან კვირები, შეიძლება თვეც გაგრძელდეს. თუ ძალიან გართულდა ამბავი, მერე „ქუჩის ელიტის“ დახმარება ხდება საჭირო.
ამ აგრესიას აქვს თავისი მიზეზი. ეს, მგონია, იმის ბრალიც არის, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე კრიმინალებს რომ გაუჩნდათ ძალაუფლება. ისინი გახდნენ ეგრეთ წოდებული ელიტის ნაწილი. ეს ძალიან ცუდი ტენდენცია და მაგალითი იყო ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც აფხაზეთის ომის ნანგრევებში გაიზარდა. წარმატებული ადამიანი კრიმინალებთან ასოცირდებოდა. წარმატების მიღწევაც, მათი აზრით, მხოლოდ წართმევით და ძალადობით შეიძლება. ამიტომ არ მიკვირს ის, რაც დღეს ხდება. იმის მჯერა, რომ ამ ზეგავლენისაგან თავისუფალი თაობა ეხლა იზრდება, ისინი, ვინც ჯერ 6-7 წლისანი არიან და ამ ყველაფერს არ მოსწრებიან.
ისე, ძალიან რაც მინდა, იმას მაინც ვაკეთებ. პირსინგები და ტატუ რომ მინდოდა, რომელსაც მაინცდამაინც ქურდული მნიშვნელობა და ახსნა არ ჰქონდა, გავიკეთე. თმა მინდოდა გრძელი და მაქვს.
ბავშვობაში ბიოლოგია მიყვარდა და 12 წლისამ ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. კომპანიას „ფიტო დიზაინი“ ერქვა და ეზოების გამწვანებით, ინტერიერის ფიტო-დიზაინით იყო დაკავებული. მე კონსულტანტი ვიყავი, კლიენტებს მცენარეების შერჩევაში ვეხმარებოდი. მერე არსებობდა ასეთი არასამთავრობო ნაღმსაწინააღმდეგო ორგანიზაცია, სადაც ახალგაზრდულ მოძრაობაში ვიყავი. ვატარებდით აქციებს, ვაწყობდით კონფერენციებს, საქველმოქმედო აქციებს ნაღმების საწინააღმდეგოდ. მოვუწოდებდით მთავრობას და სახელმწიფო დაწესებულებებს არ გამოეყენებინათ ნაღმები.
პატრიოტიზმი ჩემთვის ორნაირია, ერთია, რაც სკოლაში მასწავლეს და მეორეა, რასაც მე განვიცდი. მიხარია, ჩემს ქვეყანაში რაიმე კარგი რომ ხდება. მინდა, რომ მეც მივიღო მონაწილეობა რაღაცის უკეთესობისაკენ შეცვლაში. მეც ხომ შემიძლია, მაგალითად რომელიმე სფერო უფრო განვავითარო. რაიმე სიახლე შემოვიტანო. ვამაყობ იმითაც, რომ მე პირველი სკეიტერი ვარ თბილისში და შეიძლება მთელს საქართველოშიც. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სკეიტბორდინგი ერთგვარ კულტურად მკვიდრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და მისდევს სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობას. საქართველოში, ვიცი, ეს ვერ გახდება ჩემი პროფესია, ვერ ვიშოვი ამით ფულს, რომ ოჯახი ვარჩინო, არ გამომივა, მოკლედ, პროსკეიტერობა. მაგრამ არა უშავს.
სალომე ტიმჩენკო, 15
არ მომწონს სკოლა. მასწავლებლებს არა უშავთ, ბავშვები არ მომწონს, იმიტომ, რომ ისეთები არიან, მთელი საქართველო როა, ერთნაირები - ინდივიდუალური არაფერი გააჩნიათ. სხვასაც ვერ აღიქვამენ ადამიანად. ზუსტად მაგათნაირი რახან არა ვარ, ვერ წარმოუდგენიათ ჩემთან მეგობრობა, მაგრამ რა ვქნა.. მე ვუკრავ კონტრაბასზე და იმას ვსწავლობ, რაც მაინტერესებს. ეს არის მუსიკა. მუსიკალურ ათწლედში კლასიკას ვსწავლობ, ისე პანკს ვუსმენ. სკოლაში ახლო მეგობრები არ მყავს, ისე ბევრი მყავს ძაან.
ჩემი მეგობრები თავისუფალი ადამიანები არიან. თავისუფლება ჩემთვის მასის გავლენისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს. მე ამ გავლენისაგან თავისუფალი ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მაინტერესებს და არ მადარდებს, რას ფიქრობენ სხვები. მთავარია, მე მომწონდეს და რაც მე მომწონს, ჩემი მშობლებისთვის და მეგობრებისთვის არასდროს არის რაღაც უცნაური და საოცარი.
არ მომწონს ისეთი ბიჭები „ბეზპრედელნიკებს“ რომ ეძახიან, ამ „ახევებზე“ რომ ფიქრობენ, ოდნავ განსხვავებულს დაინახავენ და გვერდზე გაჰყავთ საცემად. ისიც მაღიზიანებს გოგოებს ასეთი ბიჭები რომ მოსწონთ. მათი გულისთვის ბიჭები ერთმანეთს თავპირს რომ დაამტვრევენ, უხარიათ, იმიტომ, რომ ამ გოგოს ავტორიტეტი სხვების თვალში ეგრევე იზრდება.
ცოტა ხნის წინ ნახევარ თავზე თმა გადავიპარსე. ქუჩაში რომ დავდიოდი, ხალხს მაგარი რეაქცია ჰქონდა. ზოგი ამბობდა საწყალი, ალბათ, უპატრონოაო, ზოგი - მაგას ქეცი ჭირსო, ზოგი იგინებოდა, რა თაობა მოდის, ქართველებს გვარცხვენენო. რა უნდა მეთქვა, მეცინებოდა. მაგათი აზრი არასდროს მაინტერესებდა. სხვების გულისთვის ხომ არ გადამიპარსავს თავი, ამას ჩემთვის ვაკეთებ. მომწონს და იმიტომ.
იმ დღეს კლასელებთან ერთად ვიყავი სადღაც, მარხვაზე იყო თითქმის ყველა. რატომღაც მოვყევი, მეც მიმარხულია-მეთქი. შენ მარხვაზე როგორ უნდა იყოო, მითხრა ერთმა. რატომ, რანაირი ვარ-მეთქი, ვკითხე. აი, ეგრე სტერეოტიპულად აზროვნებენ, - რახან მე პირსინგები მაქვს და პანკს ვუსმენ, ე.ი. ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება მქონდეს. არადა კარგი გოგოა, ვერ მიხვდა უცებ რას მეუბნებოდა. მერე ბოდიში მომიხადა, მაპატიე, ასეთი რამე რო გითხარიო.
მეგობრებთან ერთად ვერთობი, მუსიკას ვუსმენთ, სადმე საინტერესო კონცერტი თუ არის და როკს უკრავენ, მივდივართ. ასეთი კონცერტები იშვიათად იმართება ხოლმე და ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, გახურდები და მთავრდება.
აქ არტი არ უნდათ, მუსიკაც, ესტრადა უფრო აინტერესებთ. ესტრადა მე არ მიყვარს, როკს ვუკრავ. სწავლასაც საქართველოში არ ვაპირებ, აუცილებლად წავალ სადმე. დავბრუნდები თუ არა, ეგ უკვე აღარ ვიცი. თუ შემეძლება აქ ის საქმე ვაკეთო, რაც მიყვარს, მაშინ ჩამოვალ, თუ არა და არა. მარტო იმიტომ, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არ ჩამოვალ. ეგეთი გადარეული პატრიოტიც არ ვარ.
ლუკა გობეჩია, 14
სკოლა არ მიყვარს, მარტო მე არა, ბევრს არ უყვარს. ბავშვებიც არ არიან ისეთები, როგორიც მინდა რომ იყვნენ. აღიზიანებთ ჩემი ჩაცმულობა, ის, რასაც მე ვუსმენ. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ისე მიყურებენ, თითქოს რაღაც უცხო ცხოველი ვიყო. მე უკვე შეჩვეული ვარ და აღარ მაინტერესებს სხვა რას ფიქრობს. მასწავლებლები არაფერს არ მეუბნებიან. ეს ხელბორკილი იმიტომ გვიკეთია, რომ ყველასგან გამოირჩევა. თან მოგვწონს და თან სხვებისგან გამოგვარჩევს.
თავისუფალი არა ვარ და მგონია, რომ საქართველოში არავინ არის თავისუფალი. იმიტომ, რომ სხვა მენტალიტეტის ხალხი ცხოვრობს. არ მაინტერესებს დიდად, მაგრამ მიწევს მაინც რაღაცეების გათვალისწინება. იქ სკოლა, იქ მშობლები. მამაჩემს და ჩემს ძმას არ მოსწონთ, როგორც ვიცვამ. უფროსი ძმა მეუბნება, რომ მე ასე არ უნდა ვიარო. ვეუბნები, გამოვიცვლები რამდენიმე წელიწადში და ასეთი აღარ ვიქნები-თქო. შეიძლება, ტანსაცმელი გამოვიცვალო, მაგრამ შინაგანად ისეთივე დავრჩე. შეიძლება, მომბეზრდეს და შევიცვალო კიდეც. სრულწლოვანი რომ გავხდები, წავალ საზღვარგარეთ სასწავლებლად. არქიტექტურა მაინტერესებს, ან კიდე შეიძლება რეჟისორი გამოვიდე. ოჯახში მითხრეს, რომ გაიზრდები, უცხოეთში გაგიშვებ სასწავლებლადო. იქ უფრო მეტ რამეს მივაღწევ ვიდრე აქ. ისე, ჯობდა ამერიკაში მეცხოვრა, იქ უფრო მეტი თავისუფლებაა. მაგრამ არა უშავს, აქაც კარგია.
გვანცა შალიკიანი, 14
სკოლაში ბოლო მერხზე ვჯდები, ჩემთვის. ათასში ერთხელ გაკვეთილს თუ მოვყვები, რაღაცეებს ვსწავლობ, გეოგრაფია მაინტერესებს. უფრო ბიჭებთან ვმეგობრობ. ჩემს სკოლაში გოგოებს ძირითადად ჩაცმა აინტერესებთ, მაგრამ მაინც ერთნაირად აცვიათ. მარტო მე დავდივარ ასეთი ჩაცმული. ეს ბოქლომი მომწონს და იმიტომ მიკეთია. ეს ჩაკეტილი გულის სიმბოლოა. ჩემი საყვარელი ადამიანი შიგნით ჩავკეტე... მაღიზიანებს ქუჩაში საშინელი თვალებით რომ მიყურებენ. ხანდახან მაგინებენ, დაურტყიათ კიდეც. რატომ ხარ აქ თუ არ ხარ ჩვენნაირი - მიზეზი ეს არის. ახსნასაც ვცდილობ მაგრამ არ ესმით. მივეჩვიე და ისე აღარ განვიცდი, ყურადღებასაც არ ვაქცევ. ორ წელიწადში ლონდონში მიშვებენ მშობლები სასწავლებლად. სწავლას რომ მოვრჩები, იქ საცხოვრებლად დავრჩები ალბათ. მშობლებსაც უნდათ იქ რომ დავრჩე. ჟურნალისტობას ვაპირებ.
დათო, 15
არ მინდა, ჩემი ფოტო რომ გავიდეს ჟურნალში. დამატებით პრობლემების შექმნა არ მინდა. ჩემი თავიც არ მომცემს მაგის უფლებას, რომ ჩემი ფოტო ჟურნალში დაიბეჭდოს. არ მინდა, ჩემი სახე ხალხმა რომ ნახოს. რატომ - არ ვიცი, მიჭირს ახსნა. არ მოსულა, რა. თუნდაც იმის გამო, რომ მაქვს რაღაც პრობლემები პოლიციასთან. ჩემს ფოტოს რომ ნახავენ და რაღაცეებს წაიკითხავენ, კიდევ მეტ პრობლემას შემიქმნიან, რათ მინდა?!
ეგრე ვცხოვრობ, ქუჩაში ვარ გაზრდილი და სხვანაირად ვფიქრობ. ამბიციური ვარ ცოტა. არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ვინმემ რამე დამიშავოს და მე იმას ერთი ზედმეტი სიტყვა შევარჩინო. ყოფილა ეგეთი შემთხვევა, მომხვედრია ხელი და სანამ იმათთვის უარესი პასუხი არ გამიცია, მთელი ღამე ვწოლილვარ და გამითენებია მაგაზე ფიქრში, რომ, შური მალე მეძია. დილიდან ღამემდე მიდევნია, საჭირო მომენტი რომ არ გამეშვა ხელიდან. შურს რო იძიებ, შეიძლება დაგიჭირონ, მაგრამ სამაგიეროდ, ისე იქნები, ამაყად.
მაგაზე ვფიქრობ, ჩემი საქციელით შეიძლება ჩემს თავსაც და ჩემს ოჯახს, მეგობრებს რაღაც ზიანი მივაყენო. მაგრამ ეგ მომენტი რომ დგება, ვიღაც შეურაცხყოფას რომ მომაყენებს, ისე გამოვდივარ წყობიდან, რომ მაგაზე უკვე აღარ ვფიქრობ. დამიჭრია ადამიანი ბევრჯერ, დანითაც და იარაღითაც. იმ მომენტში მარტო იმაზე მიფიქრია, რომ რაც შეიძლება მეტად დამეზიანებინა ის, ვინც მე გამამწარა.
კი, მიპატიებია კიდევაც. არ გამოდიოდა რო არ მეპატიებინა, ისეთი ხალხი ჩაერია. მაგრამ ღამე რომ ვწვებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი. სულ მაგაზე ვფიქრობდი. ჩემი ინიციატივით არასდროს არავისთვის არაფერი არ მიპატიებია.
ჩვენ არავის არ ვეხებით, ჩვენთვის ვართ. თუ დამიშავებენ, მეც ვუპასუხებ. არავისთვის, არასდროს ჩაცმის გამო, ან გარეგნობის გამო არაფერი მითქვამს. ვისაც რა უნდა, ის ჩაიცვას და ისე იცხოვროს. შეიძლება არ მომეწონოს, მაგრამ არაფერს ვეტყვი. აი, გეიები მეზიზღებიან. გეიპარადს ხო გეგმავდნენ. ეგ რო გაეკეთებინათ, ვისაც კი ვიცნობ და წესიერ ადამიანად აღვიქვამ, ყველა ერთად შევიკრიბებოდით, ჩავიდოდით პარკში და ვინც შეგვხვდებოდა, ყველას მაგრა ვცემდით. ხელით კი არა, ბიტით უნდა ცემო ეგენი. რო ვუყურებ, ყელში მიჭერს რაღაც, ისე მეზიზღებიან. ეგეთი ადამიანები, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემგან პატივისცემას ვერ დაიმსახურებენ.
ვერთობით, დავდივართ ყველგან, კინოში, ბარებში, რესტორნებში გოგოებთან ერთად. დაბადების დღეებს სუფრაზე აღვნიშნავთ, ვსხედვართ და სადღეგრძელოებს ვამბობთ, ერთმანეთს ვესიყვარულებით. მომწონს ერთმანეთს კარგ რამეებს რო ვუსურვებთ, თორემ, მარტო დალევა არ მსიამოვნებს. ტრადიციულ სადღეგრძელოებს ვამბობთ. ოჯახის, დედმამიშვილების, სამშობლოს. მერე რაც გულზე მომაწვება, იმას ვიტყვი.
კი, ვკითხულობ, იარაღების ჟურნალები მიყვარს.
ეს ეკლესიაც რაღაც ის გახდა ამ ბოლო დროს. მონასტრები ხომ საერთოდ, შეგხვდება ვინმე, კითხავ რას შვებიო და „მონასტერში ვიყავი, ძმაოო“, გიპასუხებს. ეკლესიის ეზოში ჯიპების შეყენებები და მამაოსთვის ძვირფასი საჩუქრების ჩუქნები. დაცვის ბიჭებით ეკლესიაში სიარული. ეგეთ რამეებზე მეცინება, ხანდახან მაღიზიანებს კიდეც. იშვიათად მივდივარ ხოლმე, მაგრამ თუ მივდივარ, ლოცვების მოსასმენად მივდივარ, რაღაცეებზე ვფიქრობ ხოლმე. ბევრჯერ რაღაც ისეთი გამხსენებია ლოცვის დროს, რაზეც მაგრა მინანია. რა ვიცი, მე ასე ვარ. თუ დადიხარ ეკლესიაში, მაშინ, რომ გამოხვალ იქიდან, რაღაც საშინელება აღარ უნდა გააკეთო. ამიტომ იშვიათად მივდივარ.
იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ სანამ ცოლს მოვიყვან, მინდა ჩემი რაღაც მქონდეს. ისედაც შევძლებ ჩემი თავის რჩენას, რომ არ ვიმუშავო. როგორ და ვიღაცეები მომცემენ. არა, არ ვთხოვ არავის, ისე მომცემენ. როგორ და ვეტყვი რომ მომცენ და მომცემენ. არა, ეგ თხოვნა არ არის. არსად წასვლას არ ვაპირებ. ოჯახს კი უნდა, რომ სასწავლებლად წავიდე, მაგრამ მე არ მინდა. უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ. რაც მე მინდა, იმ ცოდნას აქაც მივიღებ. თუ ძაან გინდა სწავლა, ყველგან შეძლებ. ძირითადად, იმიტომ ვსწავლობ, რომ დედაჩემს ვასიამოვნო. გაკვეთილებზე დავდივარ, დანარჩენი ისე ვცხოვრობ, როგორც მე მინდა.
მაკა კამარიძე, 17
ვსწავლობ საავიაციო უნივერსიტეტში, ვცეკვავ ლათინურ ცეკვებს. რაზეც ცეკვა შეიძლება, ყველაფერს ვუსმენ, ქართული ესტრადის გარდა.
მინდა სამსახური დავიწყო სწავლასთან ერთად, გამოცდილება რომ დავაგროვო.
ბოლომდე თავისუფალი მაშინ ვიქნები, როცა ჩემს თავს მთლიანად მე თვითონ უზრუნველვყოფ.
ადრე სულ ვფიქრობდი, ამას რომ გავაკეთებ, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები რას იტყვიან-მეთქი. ახლა ასე აღარ ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, იმაზე პასუხს მე ვაგებ, ამიტომ ყველანაირ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ.
არ მომწონს, როდესაც საკუთარ მეობას კარგავენ და სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან. სხვაზე შთაბეჭდილება რომ მოახდინონ, შეიძლება ისეთი რამე გააკეთონ, მიუღებელია რომაა პირადად მათთვის. ეს ჩემ გარშემო ძალიან ხშირად ხდება.
ვფიქრობ, წარმატების მიღწევა საქართველოშიც შეიძლება და ეს მარტო ქვეყნის მმართველებზე არ არის დამოკიდებული. ხალხზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. თუ ადამიანი არ გახდა უფრო მონდომებული, თუ ჩვენ თვითონ არ შევიცვალეთ, არაფერი გამოვა. ნებისმიერ ადგილას მიაღწევ წარმატებას თუ მართლა შეეცდები. ამერიკაში წარმატებული ადამიანები თუ ცხოვრობენ, ეს მარტო მთავრობის დამსახურებაა? თუ ხალხი არ მიხვდა, რომ ყველა საქმე ჩვენი გასაკეთებელია, არ იშრომა ბევრი და არ დაიხარჯა, ვინ იქნება მთავრობაში, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვერაფერს მივაღწევთ და ამ ქვეყანაშიც არაფერი შეიცვლება.
აჩო ჩხიკვიშვილი, 13
მუსიკა მიყვარს. მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობ, ვიოლანჩელოზე. როკს და ჯაზს გიტარაზე ვუკრავ. ცოტა ხნის წინ ჯაზ-ბენდში დავიწყე დაკვრა. მოკლედ, მუსიკა მაინტერესებს.
სკოლაში კარგად ვსწავლობ. ცოტა ხნის წინ, გრძელი თმა მქონდა და გაკვეთილიდან გამომაგდეს, მომიწია შეჭრა და ეხლა ასე მაქვს. როცა შემიძლია, სკეიტერებთან ერთად გავდივარ. მიყვარს გარეთ ხეტიალი.
ეს აკრძალვები ნერვებს მიშლის. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს. ეს თავისუფლების შეზღუდვაცაა. რას მიაღწევ მაგით, სექსს რომ უკრძალავ ქორწინებამდე ახალგაზრდებს?! ყველაზე ძალიან ძველბიჭობა და „სწერვა“ გოგოები მაღიზიანებს, თავისთავზე რო აქვთ დიდი წარმოდგენა. მაგათ აზრს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და ვცდილობ, ნეიტრალურად ვიყო მათთან.
არ მომწონს უსიყვარულობა. მინდა შეყვარებული მყავდეს, მარტოდ რომ არ ვიგრძნო თავი. რატომღაც უჭირთ გოგოებს შეყვარება. არ ვიცი რატომ.
BILLY, 15
ნეტში ნიკი მაქვს ასეთი, „ჩამოხეული ბილბორდები“, მეგობრებმა ნელნელა შემიმოკლეს და billy დარჩა. ყველა ბილის მეძახის.
წელს ვაბარებ და ძალიან ბევრს ვმეცადინეობ, მასწავლებლებთან დავდივარ. თუ დრო მაქვს, საღამოობით გავდივარ მოტოთი, მეგობრებს ვნახულობ, მუსიკას ვუსმენ. მუსიკას თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვუსმენ, შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკაში ვცხოვრობ. პანკ როკი მიყვარს. თეატრალურში ტურიზმზე ვაბარებ. ისე, სასწავლებლად სადმე სხვაგან მინდა წასვლა. კარგი განათლება რომ მივიღო, ჯერ იმიტომ. მერე, იქ მინდა ვიცხოვრო სადაც ბევრი, ბევრი, ბევრი მუსიკაა. იმიტომ, რომ აქ მუსიკა არ არის. დაბრუნებით აუცილებლად დავბრუნდები. რა ვიცი, დედა, მამა, მეგობრები. რაღაც უგულო უნდა იყო, ყველა რომ დატოვო და აღარ დაბრუნდე. აქეთ-იქით მინდა ვიარო, გზაში ვიყო.
ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ჩემთვის მთავარი რაღაცეებია მუსიკა, მოტოციკლეტი, ოჯახი და მეგობრები. ყველაზე კარგად მაშინ ვარ, მოტოთი რომ დავდივარ. წავალ ხოლმე ქალაქგარეთ და ვერთობი. ეს მოტოციკლეტი ჩემთვის იგივე ადამიანია. ამას კითხვა „რას“ არასდროს დავუსვამ, ეს ჩემთვის არის „ვინ“, სიგიჟემდე მიყვარს. 2 წლის წინ მშობლებმა დაბადების დღეზე მაჩუქეს. ვგიჟდები კატაობაზე - ველოსიპედით, როლიკებით და სკეიტით, არ აქვს მნიშვნელობა. ჩავიცვამდი ხოლმე როლიკებს, დავჯდებოდი ველოსიპედზე და ხან ერთით ვკატაობდი, ხან მეორეთი, დრო ტყუილად რომ არ დამეკარგა. ათასჯერ დავმტვრეულვარ, მაგრამ თავი არ მიმინებებია. თუ გინდა, ყველაფერს გააკეთებ. ჩემი სახლის სარდაფში მისრიალია როლიკებით და სკეიტით, ძალიან რომ მინდოდა.
მაღიზიანებს ქუჩაში პირდაღებულები რომ მიყურებენ. მერე რა, თუ მომაძახებენ რამე უსიამოვნოს, მეც მივაძახებ, უზრდელად კი არა, ისე მშვიდად. მითქვამს შენ შენს თავის თავს მიხედე და მეც ჩემს გზაზე წავალ-მეთქი. კიდევ ძალიან მაღიზიანებს ბევრი შავი შარვალი და გოგოები, უაზროდ რომ ლაპარაკობენ, რომ უნდათ მაგარი fashion-ები იყვნენ და არ გამოსდით.
მაგარი მოუსვენარი ვარ, სულ რაღაც აზრები მომდის თავში. 12 წლის ვიყავი, მეგობრებთან ერთად პირველი აქცია რომ ჩავატარე. ორგანიზატორი მე ვიყავი. „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“-ეს იყო ჩვენი დევიზი. არაფერი, ერთერთი სიგარეტის სარეკლამო ბილბორდიდან დავიწყეთ სვლა და რუსთაველის მეტროსთან გავჩერდით. გზაში, გამვლელებს ბუკლეტებს ვურიგებდით, 100 არგუმენტით - რატომ არ უნდა მოსწიო სიგარეტი. ბუკლეტების დაბეჭდვაში დახმარება თამბაქოს საწინააღმდეგო ერთ-ერთ ორგანიზაციას ვთხოვე, დამთანხმდნენ. მალე, მეორე აქციაც მოვაწყვეთ - ქუჩაში ვინც ეწეოდა, ვთხოვდით სიგარეტი ბუნკერში ჩაეგდო და სამაგიეროდ ჩუპა-ჩუპსს ვთავაზობდით. ეს ჩემი იდეა მერე მაგრა აიტაცეს, ასეთ აქციებს ეხლა ბევრი აწყობს.
ორი წლის წინ, კიდევ, ცხრა მეგობართან ერთად, საქველმოქმედო აქცია მოვაწყვეთ. ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკას მივმართეთ და დარბაზის დათმობა ვთხოვეთ. ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს ვმართავდით, გვქონდა პოეზიის, მუსიკის საღამოები, იყო დისკუსიები. ქუჩაში ბუკლეტებს ვარიგებდით და გამვლელებს საღამოებზე ვეპატიჟებოდით. ღონისძიებაზე დასწრება ფასიანი იყო. მოდიოდა ხალხი, დარბაზი ივსებოდა. შემოსული თანხით კი კლინიკაში ოცდაორ წლამდე ახალგაზრდებს ან სულ უფასოდ, ან ნახევარ საფასურად მკურნალობის საშუალება მივეცით. არ მახსოვს რამდენ ახალგაზრდას დავეხმარეთ.
ასეთი რამის გასაკეთებლად წელს დრო არა მაქვს, ვაბარებ. მერე მომივა კიდევ უცნაური იდეა თავში, აბა, ისე უაზროდ რა გამაჩერებს.
ერეკლე სალაყაშვილი, 15
დილას ვიღვიძებ 9-ის ნახევარზე და სკოლაში მივდივარ. აუცილებლად ვიგვიანებ და ძირითადად, მეორე გაკვეთილზე მივდივარ. ან საერთოდ არ მივდივარ, უფრო ხშირად არ მივდივარ, მეზარება.
ცოტა ხნის წინ, პირველ არხზე გავიდა ჩემი ინტერვიუ, სადაც მკითხეს, როგორი იყო ჩემთვის იდეალური ქალი. საშინელებები ვთქვი მაშინ; ვთქვი, რომ ქალს უნდა შეეძლოს დალევა და უნდა იყოს გოთი. რა იციან იმათ, რა არის გოთი. მეორე დღეს ისტორიის მასწავლებელმა დერეფანში გამაჩერა და ეგ რა გილაპარაკიაო, მკითხა. უბრალოდ, ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი-მეთქი, ვუპასუხე. შენ სკოლა შეარცხვინეო.
მთელი ერთი თვე დამრიგებელს კლასში რამე რომ არ მოეწონებოდა, ყველაფერს მე მაბრალებდა, რაღაცნაირი გაბრაზებული მიყურებდა სულ. ამ დროს, არასდროს კლასის აჯანყებებში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მაინტერესებს ეგეთი რამეები. სიუჟეტის მეორე დღეს რა დამავიწყებს, სკოლაში რომ მივედი და ყველა მე მიყურებდა - საშინელება იყო. სწავლით ჩემთვის ვსწავლობ. დავდივარ მასწავლებლებთან, მათემატიკაზე, ინგლისურზე. სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ აქ არა. შეიძლება აქ ჩავაბარო, ერთი წელი ვისწავლო და მერე წავიდე. წასვლით კი ნამდვილად წავალ. ოჯახმა მითხრა გაგიშვებთო. სკოლაში რა უნდა მასწავლონ? შემოვა მასწავლებელი, ტელეფონზე დარეკავს, ან რამე წასაკითხს დაგვიტოვებს და თვითონ გავა. ერთიორი კარგი მასწავლებელი კი გვყავს, ქართულში მაგალითად.
სკოლაში კარგად ვარ ყველასთან, კარგად ვესალმები და ვემშვიდობები, მეგობრობით არავისთან არ ვმეგობრობ. ისე, უფრო ხშირად მძინავს სკოლაში. მეძინება ხოლმე გაკვეთილებზე, მერე ვინც გვერდით მიზის, ის მაღვიძებს.
სკოლაში ადრე უფრო ხშირად ვჩხუბობდი. აგდებულად მექცეოდნენ. ისე, მოდიოდნენ, დაჩაგვრის ამბავში და რაღაც მიზეზებს იგონებდნენ, მაგალითად ის გოგო რატომ მოგწონსო მეუბნებოდნენ და მცემდნენ. არადა, არ მომწონდა. სკოლაში უფრო წყნარად ვიცვამ. იმდენჯერ მომცეს შენიშვნა, რომ დავიღალე. დამრიგებელი მეუბნებოდა, დირექტორი შენი გულისთვის მეჩხუბება და თუ ასე გააგრძელებ, შენთან ერთად მეც გამაგდებენო. ბოლოს ამომივიდა ყელში და გავიხადე. როგორ არ მიშლის ნერვებს. ვცდილობ პატარა დათმობებზე წავიდე. მერე მგონია შეიცვლება ეს ყველაფერი. ალბათ ჩვენითაც უნდა გავაკეთოთ რაღაცა, რომ რამე შეიცვალოს. ვაკეთებთ კიდეც.
რომ გავიხსენოთ, ოცი წლის წინ როკერი, ან საერთოდ, მასისაგან გამორჩეული ადამიანი სულ თითზე ჩამოსათვლელი თუ მოიძებნებოდა. დღეს უფრო მეტნი არიან. მართალია, უმეტესობა იმიჯისთვის იცვამს ასე, მაგრამ მაინც კარგია, რომ მათაც სხვანაირად აცვიათ.
მე და ჩემი მეგობრები მასისგან განსხვავებულად ვიცვამთ. ექსტრემალურ სპორტს მივყვებით, ზოგი გრძელ თმას ვატარებთ, მუსიკას ვუსმენთ. მე გიტარაზე ვუკრავ.
მაღიზიანებს ის, რომ ქვეყანაში ყოველ დღე აქციაა. მაღიზიანებს ხალხი, ვისაც ჰგონია, თუ ასე გაცვია, ესე იგი გეი ხარ, ან სატანისტი, ან უბრალოდ საშინელი ტიპი.
მინდა, სადმე სხვაგან ვიცხოვრო, უფრო თავისუფალი ვიყო და არავის აინტერესებდეს ჩემი არაფერი. მაგრამ თან არ მინდა ჩემი მეგობრების დატოვება. აქაც ასწორებს ყოფნა. მომწონს, ასე რომ ვცხოვრობ და ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც არ ვიცვლი ჩემს აზრს. მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა. ეს ბრძოლები რაღაც სტიმულსაც მაძლევს. ხანდახან, იმაშიც მეხმარება, რომ კარგად გავიგო მეთვითონ ვინ ვარ.
ახლა ჯგუფს ვაკეთებთ, პანკ როკს დავუკრავთ და ამ ყველაფერს დავუპირისპირდებით - ხალხის შეხედულებებს, ამ მენტალიტეტს და ყველაფერი განსხვავებულის მიმართ საშინელ აგრესიულ დამოკიდებულებას. იქნებ მუსიკით შევცვალოთ რამე ამ ქვეყანაში.
სანდრო, 15
ფოტოზე სახე არ უნდა გამოჩნდეს. ისე დაგელაპარაკებით, ფოტოს და გვარის გარეშე. რატომ და რომ დამიჭირონ? ციხეზე ბიჭები არიან. მერე რაღაც ლაპარაკი რო იქნება, უცებ გაიგებენ ჩემი ფოტო ჟურნალში რომ იყო და არაა წესი, რა. გამრიყავენ და რომც დამჩაგრონ, პასუხს ვერ გავცემ. ჩემი აზრის გამოხატვის უფლება როგორ არა მაქვს, მაგრამ ყველგან არა. ეგეთი რამეები სხვაგან შეიძლება, მაგრამ ეს საქართველოა და აქ კაცობა და ვაჟკაცობა სხვანაირად ესმით. შეიძლება რო დამიჭირონ, ვუშვებ, რატო არ ვუშვებ. რაღაცეები ხდება, ვჩხუბობთ ხოლმე.
საერთოდ, პოლიციასთან ყველანაირი თანამშრომლობა გამორიცხულია. ვთქვათ, ჩემი მეგობარი დაჭრეს, ხო? ის თავს დაჩაგრულად გრძნობს და უნდა რომ გამოჯანმრთელდება, გაამწაროს ის, ვინც დაჭრა. მე რო ის დამჭრელი პოლიციასთან ჩავუშვა, ჩემს მეგობარს შურისძიების შანსი აღარ რჩება. ეს ეგეთი კაცური წესებია. საქართველოში სულ იყო ეგეთი წესები. ქურდული არ არის, ეს კაცობაა. შურისძიება ჩემთვის კაცობაც არის. შეურაცხყოფას რომ მოგაყენებს, ორმაგად უნდა გასცე პასუხი, დაჩაგრული რომ არ დარჩე.
მაგ დროს არ ვფიქრობ, რომ ამ საქციელისთვის შეიძლება პასუხი ვაგო და დიდი მსხვერპლის გაღება მომიწიოს. არ ვფიქრობ და მორჩა. ეხლა შეიძლება ვიფიქრო, მაგრამ იმ დროს ეს არ გამახსენდება. ნუ, იძიებ შურს, წახვალ ამ პაბეგში, იქნები იქ ათი წელი და ჩამოხვალ მერე, რა.
საქმეზე რომ მიდიხარ, დაზოგვა არ არსებობს, არ ფიქრობ მაგაზე. მე თუ მკითხავ, შემთხვევით ხდება რომ გადარჩებიან ხოლმე, ღმერთი არ წირავს. ჩემი ხელიდან ვისაც დანა მოხვდება, ის მკვდარია ჩემგან. ეგრე რომ გავმწარდე? შეგინებაც საკმარისია. ჩხუბის დროს ეგრეა. ისე შეიძლება ადამიანმა გამამწაროს, რომ რამდენიმე წელი ვიცადო, მერე ვიპოვო და დავჭრა კი არა, სანამ არ მოკვდება, იქამდე ვუყურო. ეგრე ჯერ არავის გავუმწარებივარ. დაჭრით დამიჭრია. ვერ დამიჭირეს ფაქტზე. ვინც დავჭერი, იმან, რა თქმა უნდა, არ თქვა ვინ ვიყავი. არ მოსულა და იმიტომ... არაფერი. ჩემი მშობლები, ჩავარდნენ ისტერიკაში, ეს როგორ გააკეთეო. მერე დამშვიდდნენ, მეჩხუბნენ, რა. რა უნდა ექნათ მეტი, ხო არ ჩამაბარებდნენ? დამსაჯეს და სახლიდან არ მიშვებდნენ.
ხანდახან მიფიქრია, რომ ბიჭებთან ერთად ჯდომას და დროის ფლანგვას, ჯობია რომ წიგნი ავიღო და ვისწავლო. ეგ შეგნებული გვაქვს, რომ გაუნათლებლობით ვერაფერს მივაღწევთ. ისე, ძალიან სერიოზულ სწავლას არ ვაპირებ. რას ვაპირებ და ბიზნესი მექნება. რაღაც სწავლა როგორ არ არის საჭირო, მაგრამ გაგიჟებით არ ჭირდება ბიზნესს სწავლა. გაგიჟებით არც არაფერს არ ჭირდება სწავლა.
ჩემთვის ნამდვილი ქართველი ტრადიციების მიმდევარი ადამიანია ვაჟკაცი, თავს რომ არავის დააჩაგვრინებს და უმიზეზოდ თვითონაც არავის დაჩაგრავს. არ უნდა იცანცარო, ქუჩაში არ უნდა იყვირო, ისულელო. ჩემს სამშობლოს რომ დაჭირდეს, ომშიც წავალ. მაგრამ სამშობლოს სიყვარული მარტო ომში წასვლა არ არის. ბევრი რამე შეგიძლია შენი სამშობლოსთვის გააკეთო. აი, საზღვარგარეთ რომ წახვალ, ისე არ უნდა მოიქცე, რომ შენს ქვეყანაზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნათ. რომ მიდიან და ყაჩაღობენ, ჩემთვის მიუღებელია. არ მომწონს ჩვენს ქვეყანას რომ არცხვენენ. მეც მიყაჩაღია, მაგრამ საქართველოში. თავანი მქონდა ჩასატანი და ვიღაც არიფს ოქროს ცეპი წავართვი. ეგ სულ სხვა რამეა, ისინი იპარავენ იმიტომ, რომ მოიპარონ და მე იმიტომ წავართვი, რომ მჭირდებოდა.
გოგოებმა არ იციან ჩვენი ჩხუბების ამბები. გოგოებს ეგეთ რამეებს არ ვუყვებით. ისე, იშვიათად ვჩხუბობთ, ვცდილობთ, ლაპარაკით მოვაგვაროთ, ნუ, თუ ვინმე ხისთავიანი შეგხვდა, რას იზამ. ვერ ვიტან, ბიჭებმა ზოგჯერ რომ იციან ტრაბახი, ის ვცემე, ეს ვცემეო. გოგოებიც არიან, ვისაც ეგეთი ბიჭები მოსწონთ. მე ეგეთი გოგოები არ მომწონს.
გიორგი კამლაძე, 17
ყოველ დილით სამსახურში მივდივარ. „კვირის პალიტრაში“ ვმუშაობ და რუსულ და ქართულენოვან გაზეთებს ვყიდი. ადრე ბარმენად ვმუშაობდი.
„ჯეობარს“ რომ ვუყურე, ბარმენობა მაშინ გადავწყვიტე. მომეწონა როგორც მუშაობდნენ. კოლეჯში მინდა ჩაბარება მიმტანის პროფესიაზე.
ქუთაისიდან ვარ, ბებია ახლაც იქ ცხოვრობს. თბილისში ბინა მინდა ვიყიდო და ბებიაც თბილისში გადმოვიყვანო საცხოვრებლად. ამისთვის ფულს ვაგროვებ. ჯერჯერობით ტელევიზორი და დივიდი ვიყიდე და ნელ-ნელა შევაგროვებ ბინისთვისაც.
ისე რომ ვიცხოვრო როგორც მინდა, პროფესიაა საჭირო, მერე კი მონდომება, აქტიურად მოქმედება და ძალიან, ძალიან დიდი ნებისყოფა. ჩემით ვიპოვე ორივე სამსახური და რამდენიმე თვეა ვმუშაობ. ჩემთვის ეს უკვე წარმატებაა, რომ ვმუშაობ. ჯერჯერობით, იშვიათია, როცა 17 წლის ახალგაზრდამ ამ ასაკში უკვე იცის, რა უნდა და თავისი მიზნისკენ მიდის.
დათო ცეცხლაძე, 17
საავიაციო კოლეჯში ვსწავლობ, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარებ. არასდროს მყვარებია სწავლა, მაგრამ ვიცი, სხვა გამოსავალი არ არის. ხატვა უფრო მომწონს. ეგაა, რომ ამ ხატვით ვერ ვიცხოვრებ.
სპეციალურად ავირჩიე რთული ფაკულტეტი, რომ სულ დაკავებული ვიყო და სხვა რამეზე არ გადავერთო. იყო დრო, როცა სხვა წრეში ვტრიალებდი, ყოველ დღე ამ ჩხუბებზე დავდიოდი, ვიდექი ბირჟაზე და არაფერი არ მაინტერესებდა.
ბავშვობაში მეც არ მქონია ისეთი ავტორიტეტი სკოლაში, ხშირად მჩაგრავდნენ ხოლმე. ისე, გასართობად შეიძლება ვიღაცას თავში წამოერტყა, ან შეურაცხყოფა მოეყენებინა. ამიტომ მე თვითონ ქუჩაში რომ ვიყავი, მახსოვდა ეს განცდა და უსამართლოდ არავის მოვქცევივარ. გარეთ, ქუჩაშიც იმიტომ ვიყავი, რომ ამ ჩემს კომპლექსს რამენაირად მოვრეოდი და ასეც მოხდა. ეხლა ვსწავლობ.
ჩემი მეგობრები ზოგი დაიჭირეს, ზოგი ისევ ისე ცხოვრობს, ზოგმა სწავლას მოკიდა ხელი. არასრულწლოვანთა კოლონიაში არის ერთი მეგობარი. მაღაზიიდან 10 ლარის მოპარვისთვის 4 წელი მისცეს. 14 წლის იყო მაშინ, ეხლა 15-ის არის. უკვე ძალიან შეცვლილია, რომ მირეკავს, საშინელი აგრესიულია. სამი წლის მერე როგორი იქნება, არ ვიცი. ალბათ, კიდევ უფრო აგრესიული და გაბრაზებული. ადრე რომ ვხვდებოდი, სიხარულით სავსე იყო, უხაროდა ცხოვრება, მხიარული ტიპი იყო. მერე 10 ლარს კი არა, ყველაფერს იზამს, უკვე ლაპარაკობს კიდეც ამაზე, სიძულვილით და ბოღმით არის სავსე. მობილურის გაწევაზე, 10 და 30 ლარის მოპარვისთვის 4-5 წელს რომ აძლევენ, მერე ასეთები გამოდიან. იმათ, მერე ქუჩიდან სახლში ვეღარ აბრუნებენ, მორჩა. 4 წელი ისეთ გარემოში ცხოვრობდა, სადაც სულ ჩხუბები და საქმის გარჩევებია.
ჩემთვის რომ არ ეთხოვათ და სულ მაგაზე არ ელაპარაკათ, შეიძლება, არ მესწავლა. დედაჩემის დამსახურებაა სწავლა რომ დავიწყე. დამოუკიდებლობისთვის, ბოლომდე დამოუკიდებლობისთვის ჯერ პატარები ვართ, მგონი. გვჭირდება მშობლის ყურადღება, კონტროლი ცუდი სიტყვაა, ყურადღება უფრო.
პატარა რომ ხარ, ადვილად ეგები ყველაფერზე, ნარკოტიკზე, სიგარეტზე. უსაქმურობისგან თავის დაღწევის საშუალებაა, გართობაა. რამით ხო უნდა დაკავდე? კიდევ, უფროსები გაქეზებენ. ვისაც ნარკოტიკი აქვს, უფასოდ გთავაზობს, გასინჯავ, მოგეწონება და ასე. ჩემხელებს ძნელად იბირებენ, უფრო პატარებს, ასე 14-15 წლის ბიჭებს. ჩემს სკოლაში ასეთი რამეები სულ ხდებოდა.
ძალიან მინდა ისეთი სამსახური ვიშოვო, ოჯახის რჩენა რომ შევძლო. თუ რამეს გინდა მიაღწიო, ამისთვის თავი არ უნდა დაზოგო და შენს თავზე იმუშავო. მაგრამ ინსტიტუტს რომ დავამთავრებ, არ ვიცი შევძლებ თუ არა სამსახურის შოვნას. ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო. მინდა, რომ გარეთ გავდიოდე და არაფრის მეშინოდეს. არ მეშინოდეს, რომ ვიღაც მოვა და რამეს დამიშავებს, რამეს წამართმევს. თავისუფლება მინდა, რა.
ანა კობახიძე, 14
ალბათ, რაღაც უცნაური ნიჭი უნდა მქონდეს, ამ სკოლაში სწავლა რომ შევძლო. ჩემს კლასში ძალიან კარგი ბავშვები არიან, მაღალი ქულები აქვთ ყველაფერში და ამ დროს, არ იციან ინგლისის დედაქალაქი. აი, ასე გვასწავლიან. სკოლა საერთოდ სხვა სამყაროა ჩემთვის. ჩემს კლასელებს რაღაცნაირი, ცარიელი ცხოვრება აქვთ, არანაირი ინტერესები. მიჭირს მათთან ურთიერთობა. მეგობრებიც უფრო სკოლის გარეთ მყავს. უკვე ვფიქრობ იმაზე, რა მინდა ცხოვრებაში ვაკეთო და ჩემი მიზნები მაქვს.
ამჟამად, ჩემს მეგობართან ერთად რუსთაველის სარდაფში წარმოდგენას ვდგამ. მე ვცეკვავ, ვმღერი და თან რეჟისორი ვარ. ძალიან მინდა ეს თეატრალური წარმოდგენა კარგად გავაკეთო. ცოტაოდენი ფული დავაგროვო და პარიზში წავიდე, ტვინი რომ გავინიავო. არ მინდა ჩემი მშობლები მარტო იმისთვის მჭირდებოდნენ, რომ დამაფინანსონ. მეც შემიძლია უკვე რაღაცეების კეთება.
მე თავისუფალი ადამიანი ვარ. იყო თავისუფალი, სულ არ ნიშნავს, მაინცდამაინც, პანკი, გოთი, იმო, ან რამე ეგეთი იყო. არც ერთი ვარ, მაგრამ ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა.
ბევრი რამე არ მომწონს. არის ასეთი ტრადიციები და სტერეოტიპები, რომლებიც არავის აღარ სჭირდება. გაუთავებელი კამათი ქალიშვილობის ინსტიტუტზე, სექსუალური უმცირესობების მიმართ რაღაცნაირი აგრესიული დამოკიდებულება. არავის საქმე არ არის, ვინ როგორ იცხოვრებს. ყველა თვითონ ირჩევს თავის გზას. ვმეგობრობ რამდენიმე გეისთან და ვერ ვხვდები, რატომ უნდა მაწუხებდეს ის ფაქტი, რომ ჩემს მეგობარ ბიჭს ბოიფრენდი ჰყავს. რა მოხდა მერე? ამ ადამიანმა ასე გადაწყვიტა და მორჩა. ისიც გასაგებია, ეკლესია ამ აზრს რომ არ იზიარებს, ეს ბუნებრივია.
ამ დროს რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს არის ის, რაც ყველაზე დიდ ენერგიას მაძლევს. არ ვდგები ყოველ საღამოს დაძინებამდე ხატების წინ და ლოცვებს არ ვკითხულობ. შეიძლება, ეს ლოცვა ძილის წინ, გულში წავიკითხო. არც ქუჩაში, მარშუტკაში ვიწერ სხვის დასანახად პირჯვარს. არც გარეგნობაზე და არც ქცევაზე არ მეტყობა, რომ მართლმადიდებელი ვარ, ან კი რა უნდა დამეტყოს? ეკლესიაში სიმშვიდისთვის მივდივარ და არ ვფიქრობ და, მით უმეტეს, არ მეშინია, რომ ამას თუ არ გავაკეთებ, ღმერთი დამსჯის.
პატრიოტიზმზე და სამშობლოზე რომ ვლაპარაკობ, რატომღაც ეგრევე ჩვენი პრეზიდენტი მახსენდება. რა ვიცი, მგონი არ არის ეს ასოციაცია სწორი. კი, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამისთვის წავალ საფრანგეთში, კარგად ვისწავლი და ჩემს საქმეს ძალიან მაგრა გავაკეთებ. ჩამოვალ ხოლმე, წელიწადში ერთხელ, ორჯერ, შეიძლება უფრო ხშირადაც, იმიტომ, რომ მიყვარს აქაურობა, თუმცა, აქ ვიცხოვრებ თუ არა, ჯერ არ ვიცი. რატომ არ არის ეს ქვეყნის სიყვარული?
მიშო ანთაძე, 15
სკოლა მომწონს. ქართულ-ამერიკულ აკადემიაში დავდივარ და ვცდილობ, კარგად ვისწავლო. მომწონს ეს ინტერაქტიული სწავლის მეთოდი. გაკვეთილებზე მიდის დისკუსიები, განხილვები - ინგლისურში, მაგალითად რემარკს გავდივართ. ერთ თავს ვკითხულობთ და მერე რა თემებიც გამოიკვეთება, იმაზე ვსაუბრობთ.
თანატოლებში ბევრი რამე არ მომწონს. მაინც ცდილობენ წაიძველბიჭონ, ეს „სვეტსკობაც“ მაღიზიანებს. არ მიყვარს, როდესაც ყველანაირად ცდილობენ პოპულარულები გახდნენ და რაღაც სისულელეებს აკეთებენ. ასეთები, სამწუხაროდ, ბევრნი არიან. ურთიერთობა ყველასთან მაქვს, იმიტომ, რომ სხვადასხვანაირ ხალხთან რომ ურთიერთობ, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია ცხოვრება, ყოველთვის პოულობ და იგებ ახალს. მხოლოდ ძალიან რადიკალურ ძველ ბიჭებთან კონტაქტს ვერიდები. ხან გამომდის, ხან არა. ქუჩაში რომ მივდივარ, უცებ ვიღაცა - შენ ძმაო, როკერი ხარ? - გკითხავს, მერე შეურაცხყოფას მოგაყენებს. შეიძლება ჩემი ჩაცმულობის სტილი არ მოეწონოს. მაქსიმალურად ვცდილობ, არ ავყვე, მაგრამ თვითონვე მიყავთ იქამდე, რომ აღარ გამოდის თავის არიდება. მგონია, რომ ეს ხალხი ნაკლებად პროგრესულია, ერთ ადგილას არიან გაჭედილები. შეიძლება, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და ამის გამო არიან ასეთი აგრესიულები. შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობის ბრალიც არის.
მე ქუჩის რომანტიკა არ მაინტერესებს, ვკითხულობ, მიყვარს ლიტერატურა. ვონეგუტი და ბრედბერი ჩემი საყვარელი ავტორები არიან. ვუსმენ ფსიქოდელიურ მუსიკას, როკს და სხვა მიმართულებებსაც. სხვა ბევრ რამესაც ვუსმენ, იმიტომ, რომ თუ არ დაინტერესდი, შეიძლება, ვერასდროს მიაგნო იმას, რაც კიდევ უფრო მოგეწონება.
რელიგია მაინტერესებს თეორიულად, აგნოსტიკოსი ვარ - ანუ არც ვაღიარებ და არც უარვყობ. ძველ სკოლაში ამის გამო მოახერხეს და სატანისტი შემარქვეს. გამოდის, რომ თუ ქრისტიანი და, მით უფრო, მართლმადიდებელი არ ხარ, ე.ი. რაღაც სექტას მიეკუთვნები. ასე აზროვნება არ არის ჩემთვის თავისუფლება. თავისუფლება არჩევანის უფლებაა, ოღონდ გააზრებული არჩევანის გაკეთება უნდა შეგეძლოს. კიდევ თავისუფლება საკითხისადმი მრავალმხრივი მიდგომაა, სხვადასხვა ჭრილში განხილვა და გადაწყვეტილების ისე მიღება. აბა, აბსოლუტური დამოუკიდებლობა და, მით უფრო, აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს.
ტრადიციების დიდი მიმდევარი არა ვარ. არ მიყვარს ეს სუფრის ტრადიციაც, ჯდომა და უაზრო ჭამა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ სადღეგრძელო ადამიანებს იმისთვის სჭირდებათ, რომ დალიონ. შეიძლება ორიგინალში, ანუ ძველად, საიდანაც ეს ტრადიცია მოდის, სადღეგრძელოებს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. დღეს სხვანაირად არის, ვიღაც გამოთვრება და რაღაც სისულელეებს მოყვება, შენ კიდე უნდა იჯდე და უსმინო. მერე იჩხუბებენ.
მე მუსიკის მოსმენით, კითხვით, სკეიტბორდინგით, მეგობრებთან ერთად ყოფნით ვერთობი. ფსიქოლოგობა მინდა. სწავლის გაგრძელებას საქართველოში არ ვაპირებ. აქ მგონია, რომ შრომა ნაკლებად ფასდება, არაჯანსაღი კონკურენციაა, არ ხდება შენი პროფესიული ნიშნით შეფასება. მინდა დიდ წარმატებას მივაღწიო. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ბოლომდე შევძლო ჩემი ინდივიდუალიზმის შენარჩუნება და მასის ნაწილი არასდროს გავხდე.
სალომე შავერდაშვილი, 16
14 წლის რომ გავხდი, სანთლების ჩაქრობისას ჩავიფიქრე სადმე საქართველოს გარეთ წავიდე სასწავლებლად-მეთქი. ეხლა შვეიცარიაში ვსწავლობ „ტასისის“ სკოლაში. მალე უნივერსტეტის არჩევა მომიწევს. მინდა გამიმართლოს და ზუსტად იქ მოვხვდე, სადაც ჩემს პროფესიას მივაგნებ.
ქართულ სკოლაში მეტი საზუთხავი მქონდა, აზროვნება ნაკლებად მჭირდებოდა, ამერიკულ სისტემაში კი პირიქით არის. აქ ყველაფერს ვარჩევთ, ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ. აქ ხშირად მიწევს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ვცდილობ სხვებსაც ანგარიში გავუწიო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე ვარ დამოკიდებული. არანაირ შეზღუდვას, განსაკუთრებით ოჯახიდან, არ ვგრძნობ. თუმცა, შინაგანად ოპონირების განცდა მაინც მაქვს ხოლმე, ვცდილობ თავი არ დავკარგო და ზედმეტი არ მომივიდეს. რაც უფრო თავისუფალი ვარ, მით მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული გადადგმული ნაბიჯის მიმართ.
„ტასისი“ სავსეა ბუდისტებით, კათოლიკებით, მაჰმადიანებით და პროტესტანტებით. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ლუთერანია. ჩემი „roommate“კათოლიკეა და ჩემი ისტორიის მასწავლებელი - მაჰმადიანი. ახალ ადამიანებს რომ ვიცნობ, არასდროს უპირატესობას მათ აღმსარებლობას არ ვანიჭებ, პირიქით, მიხარია შესაძლებლობა რომ მეძლევა მეტი გავიგო მათ კულტურასა და ტრადიციებზე. საინტერესოა, რითი განვსხვავდებით ან რა გვაქვს საერთო.
ზოგადად რელიგიების ისტორია ძალიან მაინტერესებს. მე და ჩემი მეგობარი ჯენი (ჯენი თვითონ ლუთერანია) ხშირად ჩავუჯდებით ხოლმე და ვცდილობთ გავარკვიოთ რა ვართ, რისი და რატომ გვწამს. მგონია, რომ, ვიდრე რომელიმე რელიგიას საბოლოოდ მიიღებ, მანამდე რაც შეიძლება მეტი განსხვავებული უნდა ნახო და დააკვირდე. უნდა მიხვდე, რომელია შენთვის ყველაზე მისაღები და რომელთან შეგიძლია შენი თავი ყველაზე მეტად დააკავშირო. ისე, ეკლესიაში ვერ დავდივარ ხშირად. აქ არ არის მართლმადიდებლური ეკლესია და, სამწუხაროდ, როცა თბილისში ვარ, იმისდა მიუხედავად, რომ პატარა სამების ეკლესია ჩემი სახლიდან ზუსტად ათ ნაბიჯშია, იშვიათად ვახერხებ შესვლას. მაინც მგონია, რომ მთავარია ღმერთის გწამდეს და არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი იქნები, მუსულმანი თუ რამე სხვა.
აქაურობა თბილისს ბევრი რამით არ ჰგავს. მგონია, რომ საქართველოში სექსუალური თავისუფლებითვის ხალხი არ არის მზად, განსაკუთრებით ჩემხელა ბავშვები. გარემოა თვითონ ასეთი, ეშინიათ სხვისი სალაპარაკო და თითით საჩვენებელი არ გახდნენ. ბევრი ჩემი ქართველი მეგობარი ამაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავს. ეგრე არიან გაზრდილები და ვერ წარმოუდგენიათ, მგონი სურვილიც არ აქვთ, რომ შეიძლება შეყვარებულთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეთ.
აქ, სულ პირიქითაა. გოგოები კონტრაცეპტივებს ხმარობენ და მაშინ აქვთ სექსი შეყვარებულთან, როცა მოუნდებათ. ხანდახან, რამეს რომ მოვუყვები ხოლმე ქართველ გოგოებზე, გაოცებულები მიყურებენ, რა იყო, საქართველოში გოგოებს ტვინი არ აქვთო, მეკითხებიან. მგონია, რომ ადამიანი თვითონ თუ არის მზად სექსუალური ურთიერთობისთვის, უნდა გააკეთოს, გარემოსგან ყველანაირი ზეგავლენის მიუხედავად.
საქართველოში ყველა შენ საქმეში რომ ერევა და პირადი ცხოვრების საშუალებას არ გაძლევენ, ეგ მიშლის ნერვებს. ყველა გაკვირდება და გაკრიტიკებს, თავს მოვალედ თვლიან შეგაფასონ. „განსხვავებული“ არ მოსწონთ. არ მოსწონთ, როცა ვინმე მათ მიერ შემოფარგლულ საზღვრებში არ ჯდება. ასე მგონია, ჩემი თანატოლებისთვის ეს ყველაზე ძნელი და დამაბნეველია. ვეღარ გაიგეს, როგორ მოიქცნენ და რა გააკეთონ. პოლიტიკოსები გაჰყვირიან: „ევროპა ვართ, ევროპაო“, მაგრამ როგორც კი ვინმე „ევროპულად“ დაიწყებს მოქცევას, მაშინვე თავს ესხმიან, ქართველი ხარ და შენი ტრადიციები არ უნდა დაივიწყოო. მოკლედ, ორმაგი სტანდარტებია.
![]() |
21 პიონერული მანიფესტი კედელზე: ინტერვიუ მიროსთან |
▲back to top |
ფოტო-პროექტი
ავტორი, ფოტო: დავით მესხი
არტი თუ კრიმინალი?
მეორე მსოფლიო ომის დროს, სტენსილს, როგორც ხატვის ტექნიკას, პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებდნენ, რადგან საკმაოდ მარტივი დასამზადებელი იყო, სწრაფად კეთდებოდა და ვრცელდებოდა. ერთერთი პირველი სტენსილი, მაგალითად, გერმანელების მიერ შექმნილი მუსოლინის პორტრეტი იყო. 70-იან წლებში, ფრანგმა არტისტმა ბლეკ ლე რეტმა ნიუ-იორკში ყოფნისას, აღმოაჩინა გრაფიტი და გაუჩნდა სურვილი იგივე პარიზში გაეკთებინა, მაგრამ საფრანგეთი არ იყო ამერიკა. უნდოდა, რაღაც განსხვავებული ყოფილიყო, რაც უფრო მოუხდებოდა პარიზის არქიტექტურას და 1981 წელს, ახალი წლის დღეს, ქალაქში პირველი სტენსილი გამოჩნდა. ლე რეტმა პარიზს დაუბრუნა ვირთხები, ათასობით ვირთხა პარიზის კედლებზე, ერთადერთი თავისუფალი და პარიზისთვის ისტორიული ცხოველი. რა თქმა უნდა, ეს უკვე არტ აქცია იყო! დღესდღეობით, მისი ნამუშევრები, სხვა თანამედროვე სტენსილ არტისტებთან ერთად (მაგალითად, ბენქსი (Banksy), ინგლისში უკვე გალერეებში და თანამედროვე ხელოვნების ცენტრებშია, ქუჩებში არსებული ნამუშევრები კი შემინულია და დაცული.
არის ქალაქები და ადგილები, სადაც ამის კეთება აკრძალულია და არალეგალური, მაგრამ არსებობს სტენსილ არტისტების მანიფესტი, სადაც გარკვეული კანონებია ჩამოყალიბებული; მაგალითად, დაუშვებელია კერძო ტერიტორიებზე ხატვა ან დისკრიმინაციული შინაარსის მქონე სურათების კოპირება, ებრაელების საცხოვრებელ ადგილებში სვასტიკის ხატვა და ა.შ. სტენსილი მთლიანად ქუჩას ეკუთვნის და თავისუფალია. თუ გალერეაში მხატვრის ნამუშევარს ნახავს 50 ადამიანი, ქუჩაში მას ათასობით მნახველი ჰყავს.
მირო პირველია, ვისი ნამუშევრებიც თბილისის კედლებზე გამოჩნდა და ვინც ქუჩის არტის გამოფენა გახსნა. სტენსილებს გამთენიისას აკეთებს, ღამით ასეთი საქმიანობა კრიმინალს რომ არ ჰგავდეს. მის ნამუშევრებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს მნახველი ჰყავს, და რადგან მგონია, რომ ხალხი თავის გმირებს უნდა იცნობდეს, მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე.
აღმოჩენა
„პირველად, ოთხი წლის წინ ვნახე ინტერნეტში და ძალიან მომეწონა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება სტენსილის რეალისტურმა, თითქმის ფოტოგამოსახულებამ მოახდინა. თავად რეჟისორი და ოპერატორი ვარ და ეს იდეალური ჰობი აღმოჩნდა ჩემთვის. ორი წლის წინ, ჟურნალ „ოზონის“ დაბადების დღის დილას გავაკეთე პირველი სტენსილი თბილისში და შუადღეს, როდესაც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ივენთზე ამოვედი, ნაცნობები უკვე ქალაქში გამოჩენილ ნახატებზე საუბრობდნენ. ერთმა ჩემმა მეგობარმა არ იცოდა, ჩემი გაკეთებული რომ იყო და შთაბეჭდილების ქვეშ მითხრა, რომ ქალაქში რაღაც ნახა, რამაც ბავშვობა გაახსენა და მოულოდნელად გაახარა. ეს ჩემი თაობის სათამაშოს, „ელეკტრონიკის“ გამოსახულება იყო. ესეც მოულოდნელი ფითბექი!“
ყოველთვის დადებითი?
„სანამ ქალაქის კედლებზე გავაკეთებდი, ჩემი სახლის სადარბაზოში ვცადე ცდის ჩატარება. მამაჩემის რეაქცია მოულოდნელი იყო, ლამის სკანდალი დამატეხა თავს. მეზობლებმა სატანისტობაში დამდეს ბრალი. ძირითადი ინსპირაცია, მაინც, ჩემს ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებებია. მაგალითად, სახლში გვქონდა კინოს ლექსიკონი, საიდანაც თავში ჩამებეჭდა კადრები ფილმებიდან „ჟანა დ'არკი“ და „ექიმ კალიგარის კაბინეტი“. მეორე 20-იან წლებში გადაღებული ჰორორ ჟანრის ფილმია, ამიტომ, მეზობლების ასეთი რეაქცია არ გამკვირვებია. რაზეც მართლა მწყდება გული, ისაა, რომ ხშირად ვხედავ დამახინჯებულ, თვალებამოთხრილ, ვიღაცის ზედმეტსახელგადაწერილ ჩემს ნამუშევრებს.“
პრობლემები პოლიციასთან?
„არსებობს სტენსილის რეიტინგი - რამდენ ხანს გაძლო. ეს არ არის კარგის და ცუდის მაჩვენებელი. უბრალოდ, ფაქტად არსებობს. ერთ-ორ კედელს თუ არ ჩავთვლით, თბილისში ჩემი პირველად გაკეთებული სტენსილები თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ მუნიციპალიტეტს მათ განადგურებაში მონაწილეობა არ მიუღია. ლე რეტმა თქვა - ალბათ, მსოფლიოში 60 პროცენტს არ მოსწონს გრაფიტი და დაახლოებით, 40 პროცენტს - მოსწონს, მაგრამ, ამ 40 პროცენტიდან 60-ს არ აქვს სურვილი ნახოს იგი თავის კედელზე. თბილისშიც ასეა, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლე თუ გადაღებავს. ერთხელ, პოლიციამ სტენსილის გაკეთების დროს გამაჩერა და შენიშვნა მომცა, მაგრამ განმარტების შემდეგ საქმე უპრობლემოდ დავამთავრე.“
იდეა თუ დეკორი?
„საერთოდ, სტენსილს, თავისი პროპაგანდისტული წარსულის გამო, მემარცხენე პარტიები დღესაც იყენებენ პოლიტიკური იდეების გასავრცელებლად. მეც მქონია შემოთავაზებები დაკვეთით შემესრულებინა რაიმე, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, სხვა შემოსავლის წყარო მაქვს და სტენსილს მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი ჰობია. თუმცა, მქონდა სურვილი, როდესაც ნოემბრის ამბების შემდეგ ტელევიზიით გადმოსცემდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსების ჩანაწერებს, გამეკეთებინა ყურები კედლებზე, კედლებსაც ხომ აქვთ ყური? მაგრამ ჩემთვის სტენსილი სხვა დატვირთვას ატარებს, უფრო დიზაინერულს და კიდევ - რაღაცების გაფორმება მინდა. რაღაცით ეს საკუთარი ოთახის მოწყობის სურვილს ჰგავს. სტენსილებს, ძირითადად, იმ ტრაექტორიაზე ვაკეთებ, რა გზის გავლაც ყოველდღიურად მიწევს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმრავალ ადგილებში - ბევრმა რომ ნახოს. მინდა, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც გავაკეთო, მაგალითად ბათუმში. იქ ვარ, ვისვენებ და ვტოვებ რაღაცას ჩემგან, რასაც მერე სხვაც ნახავს.“
სასარგებლო საქმე
„ჩემამდეც იყო თბილისში რამდენიმე სტენსილი გაკეთებული, მაგრამ მე ვარ პირველი, ვინც სტენსილი გავაკეთე მასშტაბში. დიდი ფორმატი გაცილებით ეფექტურია. ძალიან მიხარია, როცა სხვების ნამუშევრებსაც ვხედავ. ესე იგი, არსებობს კიდევ ვიღაც, ვინც ჩემსავით ფიქრობს და დროს უთმობს თბილისის ქუჩებს, შემოქმედებითად აზროვნებს. დღესდღეობით, სტენსილის დედაქალაქად მელბურნი ითვლება. მთავრობაც ჩართულია, ეწყობა ფესტივალები, მოხატული ქუჩები ტურისტს იზიდავს და მაყურებელს რიგში დგომაც უწევს, რომ მთელი ეს პროცესი ცოცხლად ნახოს.“
თბილისი - მსოფლიოს ნაწილი
სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნისას, ქალაქების დათვალიერებისას, შთაბეჭდილებას კულტურულ ძეგლებთან ერთად, ქუჩებში არსებული უკვე ცნობილი არტისტების მიერ კედლებზე შესრულებული არტიც ტოვებს, ყურადღებას იპყრობს და ქალაქის სახეს ქმნის. მე ეს, ტურისტ-ფოტოგრაფს ძალიან მაინტერესებს. ქალაქის ამოცნობა კედლის ფრაგმენტით, თითქმის, შეუცდომლად შემიძლია. მიროს ნამუშევრებმა თბილისს ეს გრძნობა შემატა და ქუჩებში სეირნობა უფრო საინტერესო გახდა. ყოველთვის სიურპრიზივით გხვდება, იმ ადგილას, სადაც ადრე უსახური კედელი იყო.
უცნაურ და სასიამოვნო აღმოჩენებს გისურვებთ, გამოფენა გახსნილია!
![]() |
22 შეცდომის უფლების გარეშე |
▲back to top |
ფოტო-პროექტი
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
მაგიური, მისტიკური ნიშნები ოდითგანვე განსაკუთრებულ ადამიანებს, რჩეულებს ამშვენებდა - ქურუმებს, მეომრებს, ჯადოქრებს... როგორც კი ადამიანმა აღმოაჩინა, რომ უზარმაზარი და უსასრულო რამის ნაწილია, ტატუირებაც გაჩნდა, როგორც ამოუცნობთან დაკავშირების სიმბოლური გზა. ტატუირებულს ნაკლები ლაპარაკი უწევს - მისი სვირინგი თავად გვიყვება მის შესახებ.
კანქვეშ შეყვანილი საღებავების მეშვეობით სხეულის მოხატვის ხელოვნებას ტაიტელები ტატაუს უწოდებდნენ, რაც „ჭრილობას“, „დაღს“ ნიშნავს. ამ ნახატებს ათასგვარი დატვირთვა შეიძლება ჰქონოდა. ზოგი ავ სულებს აფრთხობდა, ზოგი - ავადმყოფობას, ზოგიც წარმატებული ნადირობის საწინდარი იყო. შეხედავდა ჩვენი წინაწინა-წინაპარი ახალგაცნობილის სხეულს და უმალვე მიხვდებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე - რომელი ტომის და გვარის შვილი იყო, რა ადგილი ეკავა თავის ხალხში.
ეგვიპტელ მუმიებსაც კი, რომლებიც ოთხი ათასი წლისანი არიან, სვირინგები ამშვენებს. ჰეროდოტე, ჰიპოკრატე, ქსენოფონტე - ყველა ჰყვება, რა ეხატათ ფრაკიელებს თუ ბერძნებს. ზოგი ხალხი სვირინგის ღირსად მხოლოდ წარჩინებული გვარის შვილებს თვლიდა, ზოგი კი ტატუს საიდუმლო მიმოწერისთვის იყენებდა: მონას გადაპარსავდნენ, თავზე წარწერას გაუკეთებდნენ და მერე, თმა რომ მოეზრდებოდა, დანიშნულების ადგილას გაუშვებდნენ ხოლმე. იქ მას, საბრალოს, კვლავ გადაპარსავდნენ და გაიგებდნენ, რომ...
მერე კი, როცა ქრისტიანობა გავრცელდა, მიიჩნიეს, რომ ტატუირება ცოდვაა - ნეტა, რატომ? და ევროპის მრავალ ქვეყანაში ის სასტიკად იყო აკრძალული. მწირებს კი მაინც ჰქონდათ ტატუები - ჯვრები, მონასტრების და წმინდა რელიკვიების გამოსახულებები. არალოგიკური ამბავია, მაგრამ ასე ყოფილა.
ყველაზე შესანიშნავი სვირინგები მეზღვაურებს ჰქონდათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც სამხრეთში უწევდათ ზღვაოსნობა. მეზღვაურებს სჯეროდათ, რომ გემის დაღუპვის შემთხვევაში ვერცერთი ზვიგენი ვერ მიეკარება კაცს, რომლის სხეულსაც ჯვარი ან - ჰოი, საოცრებავ! - საყვარელი გოგოს სახელი ამშვენებს. თუ ფეხზე მამალი გეხატა, ნამდვილად მიაღწევდი ნაპირს, თუ ღუზა ან დელფინი გქონდა ამოსვირინგებული, იღბლიანი კაცი იქნებოდი. ხოლო თუ მეზღვაურის სხეულზე კუს აღმოაჩენდით, მიხვდებოდით, რომ მან ეკვატორი გადალახა. ისე, კუს დიდი აღმოჩენა არ სჭირდებოდა - კაცები ამაყობდნენ და მას ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იხატავდნენ ხოლმე.
დანარჩენი „ცივილიზებული“ სამყარო კი თვლიდა, რომ ტატუირებული ადამიანი პრიმიტიულია, და ევროპელებმა თავისზე ათჯერ უფრო განვითარებული მაიასა და აცტეკების უძველესი ცივილიზაციების შვილები ველურთა კატეგორიას მიაკუთვნეს, ბნელებმა და სნობებმა. მათ ტატუ მონებისა და დამნაშავეების დაღად აქციეს: ბანქოს მოთამაშეებს ექვსკუთხედები ამოუსვირინგეს, ბრაკონიერებს - რქები, წარწერები ჰქონდათ მათ, ვისაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ან გააციმბირეს. ასეთი ხალხისა ეშინოდათ, მათთან საქმის დაჭერას ყველა ერიდებოდა, მოკლედ, ტატუ დაღი იყო, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით.
როგორც ჩანს, მავანთ ახლაც ასე ჰგონიათ - რომ ტატუირებული ან კრიმინალური ელემენტია (როგორი სიტყვაა: „ნაციხარი“), ან აგრესიული ნაძირალა, ან ასოციალური, იმთავითვე წარუმატებლობაზე ორიენტირებული ბედოვლათი.
სულაც არა.
როცა ირმა ასკურავას შეხვდებით, უმალვე მიხვდებით, რომ უბრალოდ ოსტატთან კი არა, ხელოვანთან გაქვთ საქმე. ის მხატვრების ოჯახში გაიზარდა და ჩანს, ამიტომაცაა მისი ნამუშევრები არა უბრალოდ სვირინგი, არამედ ნახატები. პირველი ნახატი პუმა იყო, ბეწვიანი - თავად განსაჯეთ, როგორია ბეწვის ხატვა, თან სხეულზე, თან შეცდომის უფლების გარეშე - სვირინგს ვერც წაშლი, ვერც გადააკეთებ, ვერაფერს უზამ: როგორიცაა, ისეთად დარჩება მუდამ, სანამ სხეული არსებობს.
სწორედ ამ პუმას დამსახურებაა ის, რომ ირმას დღეს უჩვეულო გამოსახულება ამშვენებს. ჩვენთვისაა უჩვეულო, თორემ ისინი, ვინც ტატუს ხელოვნების საიდუმლოებებში ერკვევიან, უმალვე მიხვდებიან: ეს ტატუს გასაკეთებელი მანქანაა, და ასეთი ტატუ იმის ნიშანია, რომ თქვენს წინაშე თვითმარქვია კი არა, ნამდვილი ოსტატი დგას. ირმას ეს ტატუ პუმას გამოსახულებითა და შეგირდის თვალშისაცემი ნიჭით აღტაცებულმა გიო შხვაცაბაიამ გაუკეთა, მას კი, თავის მხრივ, ტეხასში შვიდწლიანი სწავლების შემდეგ, ოსტატმა დეგომ დასდო ასეთი პატივი. ოღონდ გიოს „დიპლომი“ ხელზე აქვს, ირმას - თეძოზე.
დღეს ირმა უკვე ექვსი ტატუს მფლობელია. მისი და მისი მასწავლებლის ეს ნამუშევრები საუკეთესო რეკლამის მაგივრობას სწევს: შეხედავთ და იფიქრებთ, მეც კი მინდა ასეთი ტატუებიო. მხოლოდ მეუღლე ვერ აცდუნა ირმამ: ერთი ტატუ გაიკეთა მკერდზე და მორჩა, აღარ უნდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.
არა აქვს მნიშვნელობა, რა სქესის წარმომადგენელი და რა ხნისა ბრძანდებით - ტატუს გაკეთება მუდამ შეიძლება. ირმას ყველაზე ხნიერი კლიენტი ოთხმოცი წლის ქალბატონი იყო, რომელმაც პერმანენტული მაკიაჟი გაიკეთა. უბრალოდ - ქალების საყურადღებოდ - ჭკუა უნდა იხმაროთ და მაინცდამაინც მკერდი არ უნდა მოიხატოთ - გაგიკვირდებათ და დაწევა სჩვევია, და არც მუცლის მოსვირინგება ღირს - ერთხელაც იქნება, გაგეზრდებათ და ივლით მერე დეფორმირებული მშვიდობის მტრედით... მართალია, ტატუ 30 კილოგრამის მომატებას და კუნთის ხუთი სანტიმეტრით გაზრდასაც კი უძლებს, მაგრამ რა ძალა გადგათ.
ვუყურე ირმას და მის ნამუშევრებს, ვუყურე, ვუსმინე და მუხანათური აზრი შემომეპარა: მეც ხომ არ გამეკეთებინა ერთი ლამაზი ტატუ? კაცმა რომ თქვას, რატომაც არა? მხოლოდ ის მაშფოთებს, რომ ირმამ ამიხსნა: ერთი მაინც თუ გაქვს, ვეღარ გაჩერდები, კიდევ და კიდევ მოგინდებაო. რა ვიცი, ვითომ მინდა მე ახალი საეჭვო სურვილები?
![]() |
23 წიგნიდან იყო და არა იყო რა |
▲back to top |
უახლესი ისტორია
ავტორი: დათო ტურაშვილი
(გაგრძელება)
1988 წლის 26 მაისის დილას, სანამ იმდღევანდელი ფათერაკებიანი თავგადასავალი დაიწყებოდა, ენერგიულად შევაღე უნივერსიტეტის კომკავშირის მთავარი ოთახის კარი და მასპინძლებს ხმამაღლა, ომახიანად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე. მახსოვს მათი გაოცებული სახეები, საპასუხო სიჩუმე და ეჭვი იმისა, თუ კონკრეტულად რომელი მათგანი მყავდა ჩათრეული ეროვნულ მოძრაობაში. სიმართლე რომ ვთქვა, მიუხედავად ღია თუ ფარული დაპირისპირებისა და ხშირად რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, თვითონ უნივერსიტეტში ზოგიერთ კომკავშირელთან საკმაოდ ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები მაინც გვქონდა. კომკავშირელი აქტივისტების დახარისხებითაც იმთავითვე ვხალისობდით ხოლმე, რადგან მათ შორის მხოლოდ ერთეულებს სჯეროდათ, რომ კაცობრიობის ნათელი მომავალი მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციას უკავშირდებოდა. ბევრისთვის კი კომკავშირული ასპარეზი, უმოკლესი გზა და საშუალება იყო შემდგომი პარტიული კარიერისთვის და მათ გარდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც უბრალოდ არ იცოდა რა უნდა ექნა ზოგადად თუ კონკრეტულად და კომკავშირული მოღვაწეობით იქცევდა თავს.
შეიძლება ამის გამოც (სხვა მიზეზებთან ერთად) უნივერსიტეტის კომკავშირის ისტორია (სხვებთან შედარებით) მშვიდობიანად გასრულდა იმავე 1988 წლის ზაფხულში, როცა გიგა ამაშუკელმა კომკავშირის ბილეთების საჯარო აუტოდაფე მოაწყო ირაკლი ცინცაძესთან ერთად. თუმცა იყო რამდენიმე ალტერნატიული დასასრულიც და კომკავშირის ბილეთების ნაწილი (მაგალითად) მტკვარმა წაიღო კასპიის ზღვის მიმართულებით.
იმავე 1988 წლის სექტემბრის დასაწყისში, ისე საგრძნობლად გაიზარდა ხელისუფლებით უკმაყოფილო სტუდენტების რიცხვი რომ უკვე კომკავშირის აქტივისტებმაც დაიწყეს ფიქრი კომკავშირის ბილეთების გადამალვაზე და სასტუმრო საქართველოსთან მომხდარი შეტაკების შემდეგ კი - მათ უგზოუკვლოდ გაქრობაზეც.
იმ დღეს ფილარმონიისკენ იმიტომ წავედით, რომ ფილარმონიაში მიმდინარე კონფერენციაზე მოსკოვიდან ჩამოსულმა ევგენი პრიმაკოვმა მატყუარები გვიწოდა ქართველ სტუდენტებს და მილიციამ კი სასტუმრო საქართველოსთან გზა გადაგვიკეტა. ჩხუბი მაშინვე დაიწყო და მახსოვს გოჩა საითიძემ ისეთი მონდომებით იჩხუბა, რომ ტრანსპორტის მოძრაობაც შეფერხდა, გაჩერებული ტროლეიბუსებიდან კი მგზავრები შემოგვეშველნენ, თუმცა მილიციის კორდონი მაინც ვერ გავარღვიეთ. მაგრადაც გვცემეს, მაგრამ ვიყავით საშინლად კმაყოფილები, რადგან გავარღვიეთ მთავარი - შიში, რომელიც ჯერ კიდევ მასიურად არსებობდა საქართველოში და ევგენი პრიმაკოვის გინებით გული ვიჯერეთ.
მიუხედავად თბილისური წარმომავლობისა, ევგენი პრიმაკოვი ტიპიური იმპერიალისტია და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გაცილებით აგრესიულია საქართველოს მიმართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა რუსი. იმ დღესაც, როცა მაინც შევძელით მისი ნახვა და იმის თქმა, რასაც ვფიქრობდი მის შესახებ, მახსოვს მისი გაოგნებული სახე მოულოდნელობის გამო და ალბათ, ასეთივე გამომეტყველება ჰქონდა რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პირველად გაიგო, რომ ქართველი სიძე ეყოლებოდა. ევგენი პრიმაკოვის ის ქართველი სიძე ჩვენი მეგობარია და ჩვენებური ტრადიციისამებრ, მათ საქორწილო მოგზაურობას ჩვენი საერთო მეგობარი, თამაზ (იგივე კოკო) კაპანაძე ახლდა თან. პირველი ღამე კოკომ, ახალშეუღლებულთა სიახლოვეს, მეზობელ ოთახში გაატარა, სადაც ბოლთას სცემდა და ყოველ ათ წუთში ერთხელ ჩურჩულით უკაკუნებდა სიძეპატარძალს: აფხაზეთი არ დაგავიწყდეს, ბიჭო...
საბჭოთა არმია რომ დავით გარეჯის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსს ანგრევდა, ასეთი სისასტიკისა, არათუ ევგენი პრიმაკოვს, ჩვენს საყვარელ ლექტორებსაც არ სჯეროდათ და ერთხელ ჩვენმა ძვირფასმა დეკანმა, ცხონებულმა კორნელი დანელიამ მკითხა, რამე ნივთმტკიცება თუ გაქვთო. მაშინ უკვე ღამ-ღამობით ისროდნენ (ვითომ კვალის დასამალად) და მთელი ღამე უდაბნოს ქედზე ჩასაფრებულები იმ ადგილებს ვიმახსოვრებდით, სადაც რაკეტები ეცემოდა.
მერე დილით, რუსებმა რომ ვარჯიში დაამთავრეს, წინაღამითნასროლი რაკეტის ტიპის ერთ-ერთი „სნარიადი“ ამოვთხარეთ და თბილისში წამოვიღეთ. ასე, მხარზერაკეტაგადებული მივადექი კიდეც მშობლიურ უნივერსი ტეტს და მოპოვებული ნივთმტკიცება ბატონი კორნელის კაბინეტში ჩამოვდგი. ყველაფერს დაგიჯერებთ, ოღონდ ამას აქ ნუ დამიტოვებთო და ისევ ფიქრია ჩიხრაძემ მოიფიქრა - ეს სნარიადი ირაკლი ციციშვილს მივუტანოთო. ბატონი ირაკლი მაშინ ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო და ისიც პრიმაკოვივით არ იჯერებდა, რომ რუსები რამის დანგრევას იკადრებდნენ.
მივადექით სამსახურში და თვალები ისე გაუფართოვდა ჩვენი დანახვისას, რომ მდივანმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა და მერე გავიგეთ, რომ გულის ინფარქტი ჰქონდა. დედაჩემმა მე დამაბრალა ყველაფერი და რამდენჯერმე საავადმყოფოშიც გამაგზავნა ვაშლებით ხელდამშვენებული...
1988 წლის 21 და 22 სექტემბერს კი უნივერსიტეტის ეზო სავსე იყო სტუდენტებით და ორი დღის მანძილზე, მართლაც იმ დროისათვის გრანდიოზული მიტინგები იმართებოდა. უნივერსიტეტელების გარდა, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შემოგვიერთდნენ და უკვე იგრძნობოდა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ სწორედ იმ 21 სექტემბერს პირველად დავაფიქსირე ტენდენცია, თუ როგორ ცდილობდნენ უკვე გაჩენილი, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იმის ახსნასა და დამტკიცებას ხალხისთვის, რომ ამ აქციის ორგანიზატორები სწორედ და მხოლოდ ისინი იყვნენ და არავინ სხვა.
ხელისუფლება კი უკვე სერიოზულად შეშფოთდა, სერიოზულად იგრძნო საშიშროება იმისა, რომ სერიოზული მოძრაობა დაიწყო და ოქტომბერში ჯუმბერ პატიაშვილი კვლავ უნივერსიტეტს ეწვია.
უნივერსიტეტში იყო ერთი ლექტორი, რომელიც პატიაშვილს პირველი ეგებებოდა ხოლმე, უღიმოდა საჯაროდ და მის საამებლად, ზვიად გამსახურდიას ლანძღავდა. გამსახურდიას დროს ის ლექტორი (გვარის დასახელებისთვის მაინც ვერ ვიმეტებ) ზვიადის უკან იჯდა ხოლმე პრეზიდიუმში და შევარდნაძეს ლანძღავდა. შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ კი მე გადამიდგა ერთხელ უნივერსიტეტში და ბატონ ედუარდზე აუგს როგორ ბედავო და ქალივით დამწყევლა.
როგორც ჩანს, პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მონები კი რჩებიან და ჩვენი უბედურებაც სწორედ ეგ არის, რომ მონები ყოველთვის ახალ ბელადს თუ არა, ახალ პრეზიდენტს მაინც ეძებენ და თუ ვერ პოულობენ, თვითონვე ქმნიან...
1988 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში ჯუმბერ პატიაშვილის სტუმრობა, რამდენიმე დღის შემდეგ ტელევიზიით გადაიცა და მოსახლეობაში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ადამიანებისთვის, ვინც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ტოტალიტარულ გარემოში გაატარა, უბრალოდ, დაუჯერებელი იყო ის, რასაც ცისფერ ეკრანზე ხედავდა - ცეკას პირველ მდივანს ხმამაღლა, დღისით, მზისით ვიღაც სტუდენტები ეკამათებოდნენ და რაც ყველაზე მთავარი იყო, მათ იქვე, დარბაზში, ტრიბუნის მისადგომებთან არავინ ხვრეტდა. თავად უნივერსიტეტშიც, უფროს თაობას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა ჩვენს თავხედობაზე და მაინც იმედოვნებდა, რომ საბჭოთა რეალობა მარადიული და უსასრულო იქნებოდა.
ტელევიზიით უნივერსიტეტის შეხვედრის ჩვენებას ბუნებრივი შედეგი მოჰყვა - ხალხს, გარკვეულწილად, შიშის სინდრომი მოეხსნა და მიტინგების მსმენელთა და მონაწილეთა რიცხვი ი არნახულად გაიზარდა. ჯერ იპოდრომზე, 1988 წლის ნოემბრის ბოლოს კი რუსთაველის პროსპექტზე გამოსული ადამიანების რაოდენობა მართლაც დაუჯერებელი იყო. მთავრობის სახლის წინ ზღვად ქცეული ხალხის მასა, მართლაც უსასრულო იყო და პროსპექტის ორივე მხარეს ჩარიგებულ ჭადრებს სკოლის მოწაფეები და სტუდენტები ლექსებითა და მოწოდებებით აჭრელებდნენ. თავად აქცია კი წინა საღამოს, 22 ნოემბერს დაიწყო და აქციის ორგანიზატორები ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ. დასაწყისში რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა მხოლოდ, მაგრამ მათი რიცხვი კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა და როგორც მიკროფონში აცხადებდნენ ხოლმე, ბოლოსკენ მოშიმშილეთა რაოდენობამ ცხრაასს მიაღწია. მიტინგებს, ძირითადად, გია ჭანტურია უძღვებოდა და სიტუაციასაც თავად ხელმძღვანელობდა. ყოველ შემთხვევაში, სურვილი ლიდერობისა აშკარად ჰქონდა და მშვენივრადაც ართ მევდა თავს ამ რთულ ფუნქციას. განხეთქილება ეროვნულ მოძრაობაში ჯერ არ იყო სერიოზული და მიკროფონთან სხვა ლიდერებსაც ნახავდით დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ შიმშილობა, როგორც უკიდურესი ფორმა პროტესტისა, ალბათ მხოლოდ ციხეშია გამართლებული, როცა სხვა საშუალება ბრძოლისა აღარ არსებობს, ჩვენ მაინც გვიხაროდა ამდენი ბედნიერი სახის დანახვა.
სწავლა შეწყდა და ქალაქი პარალიზებული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პროსპექტზე ერთი მინაც კი არ ჩამსხვრეულა, არანაირი ექსცესი არ მომხდარა და ამ შინაგან დისციპლინასა და წესრიგს, როგორც ჩანს, თავად ის საოცრად ამაღლებული განწყობილება განაპირობებდა, რომელიც ადამიანებში აშკარად იგრძნობოდა. იგრძნობოდა ერთგვარი შიშიც ფინალისა, რადგან არავინ იცოდა, რითი გასრულდებოდა ყოველივე და მომავლის ბუნდოვანება ცოტა დაძაბულს ხდიდა სიტუაციას. თუმცა, ერთი შეხედვით ეს არ ჩანდა და პირიქით მხიარულება, სიმღერა და იუმორი თანამდევი აღმოჩნდა იმ დროისათვის მართლაც გრანდიოზული აქციისათვის.
სწავლა თითქმის ყველგან შეწყდა იმ ერთი კვირის მანძილზე, მაგრამ ქარხნები მაინც მუშაობდნენ და ყოველდღე (ძირითადად ირაკლი წერეთლის ინიციატივით და მოწოდებით) ხალხის უზარმაზარი მასა დაიძრებოდა ხოლმე ამა თუ იმ ქარხნის გასაფიცად. 25 ან 26 ნოემბერს (ზუსტად ვერ ვიხსენებ), უნივერსიტეტში, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეკრება უნდა გამართულიყო და ვაკის მხრიდან შენობას რომ მივუახლოვდი, რუსთაველიდან უნივერსიტეტისკენ მოძრავი ზღვა დავინახე.
გაოგნებული ვუყურებდი ხალხს, რომელიც ოცდამეთერთმეტე ქარხნის გასაფიცად მიდიოდა (ძალიან მხიარულად) და ვიღაცის რჩევით, უნივერსიტეტშიც შემოიარეს, ჩაუხვიეს ვარაზისხევში და კიბეებთან შეჩერდნენ. მერაბ კოსტავამ ომახიანად მიმართა სრულიად გადაჭედილ ვარაზისხევს:
- მეგობრებო, აქ, უნივერსიტეტში, ამ წუთებში განიხილავენ ხუდონჰესის მშენებლობის საკითხს, რომელიც არ უნდა აშენდეს!
ტაშის ხმამ მთელი ვერა და ვაკე შეაზანზარა და ისევ სამარისებური სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ეროვნული მოძრაობის ვიღაც (როგორც ჩანს ყველაზე გულწრფელმა) წევრმა მიამიტურად იკითხა: მაინც რომ ააშენონ?
ასეთი სიჩუმის მომსწრე მანამდე არ ვყოფილვარ და ამ საშინელ სიჩუმეში პაუზა (პასუხის მოლოდინში) უსაშველოდ გაიწელა.
- რომ ააშენონ? - კითხვა გაიმეორა მერაბ კოსტავამ, ცოტა ხანს იფიქრა, მერე, როგორც სჩვეოდა, მარჯენა ხელი ზეაღმართა და ომახიანად დასჭექა:
- თუ ააშენებენ, ჩვენ მაინც დავანგრევთ!
მახსოვს ადამიანთა უბედნიერესი სახეები, რომელთაც უსწრაფესად გადაჭრეს (ერთ-ერთი) ურთულესი პრობლემა და კმაყოფილები დაუყვნენ ვარაზისხევს ოცდამეთერთმეტე ქარხნის მიმართულებით. ჩვენც, ბედნიერი სახეებითა და კუნტრუშით გავყევით ათი ათასობით ადამიანს და აღარც გაგვხსენებია უნივერსიტეტში შეკრებილი მეცნიერებისა და სპეციალისტების აზრი, რადგან ხუდონჰესის პრობლემა ჩვენთვის, (მათ გარეშეც) უკვე მოგვარებული იყო.
იუმორი ფაბრიკა-ქარხნების გაფიცვასაც ახლდა თან, როცა შეშინებული დირექტორები თუ პარტკომები ასეთი მასის დანახვისას საწყობებში იმალებოდნენ და მათზე განაწყენებულ მუშებს კი ისინი იქიდან მუჯლუგუნებით ამოყავდათ. თავდახრილ დამნაშავეებს წარუდგენდნენ ხოლმე მოძრაობის ლიდერებს და ისინიც დირექტორებსა და პარტკომებს იქვე, რამდენიმე წუთში უხსნიდნენ დამოუკიდებლობის ყველა სიკეთეს. უკმაყოფილო მუშებს სხვადასხვა პრეტენზიები ჰქონდათ - ზოგს ხელფასი ეცოტავებოდა, ზოგს ბინას უგვიანებდნენ. ზვიად გამსახურდია, ჩვეული იუმორით, წერეთელთან აგზავნიდა ხოლმე უბინაოებს - თუ ჩვენი იდეებისთვის არ გცალიათ, სოციალურ პრობლემებს, გენაცვალე, აგერ ირაკლი კურირებსო...
მიუხედავად შიმშილისა, მთავრობის სახლის წინაც არ ეზარებოდათ ხუმრობა და ამაში არაბუნებრივი არაფერი იყო. თუმცა ოფიციალური პრესა სერიოზულად შეეცადა ჭორების გავრცელებას ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით და გაზეთ კომუნისტში ისიც კი დაწერეს რომ ღამ-ღამობით მოშიმშილეები ვნებებისაგან თავს ვერ იკავებენო. რასაკვირველია იმას გულისხმობდნენ რომ მოშიმშილეებს შორის (მათივე ენით რომ ვთქვათ) სექსუალურ კავშირებსაც ჰქონდა ადგილი და მაშინ სექსი ისეთივე დანაშაულად ითვლებოდა საქართველოში, როგორც ახლა სექსისაგან თავშეკავება. საბჭოთა ხელისუფლებას კი იმ პუბლიკაციით იმის თქმა უნდოდა, რომ რუსთაველზე სინამდვილეში პატრიოტები კი არ შიმშილობდნენ, არამედ სექსუალური მანიაკები და აღვირახსნილი სტუდენტები. ცხონებულმა ზურა საყვარელიძემაც იმ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, სრულიად უწყინარი ხუმრობა მოიგონა, ოღონდ თვითონ ისე ხუმრობდა ხოლმე ამაზე, რომ არც კი ეღიმებოდა. რომან გვენცაძე ყოველ დილით ხომ იბარებსო ზეპირ მოხსენებას იმ მორიგე მილიციელისაგან, ვინც წინა ღამეს რუსთაველზე დატოვეს მოშიმშილეებთან და ბატონი რომანი რომ შეეკითხება - აბა, გუშღამ რა ხდებოდაო, უფროსს ხომ არ მოატყულებს ის რიგითი მილიციელი და ალბათ სიმართლესაც „ჩესტის“ აღებით მოახსენებსო:
- ტყვნა და შიმშილი, უფროსო!..
![]() |
24 ცრემლიანი სათვალე |
▲back to top |
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
გიორგი გვახარია
ნაწილი ოცდამეთერთმეტე
2003
შოკოლადი და ვარდები
ეს რა მოუვიდა თბილისს? მგონი გადაავიწყდა ჟულიეტ, ან, როგორც უკეთილშობილესი ქალი, დეიდა მერცია ამბობდა ხოლმე - ჯულიეტ ბინოში.
დეიდა მერცია ჩვეულებრივი გამყიდველია ფალიაშვილის ქუჩის ჩვეულებრივ მაღაზიაში. არაჟანს ყოველთვის მასთან ვყუდულობდი. ლაშა ბაქრაძეს გაუკვირდა ერთხელ, არაჟნის გამო პლეხანოვიდან ვაკეში რატომ დადიხარო. მაგრამ ამდენი „სათვალის“ წამკითხველი კაცი (ან ქალი) მიხვდებოდა, ალბათ, რომ გვახარიასთვის მოვლით სიარული ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება არაჟანს - ყველაფერს რომ შეგიძლია მოასხა - მლაშეს, ტკბილის, მჟავეს გასანეიტრალებლად.
თუმცა აქ მთავარი არა არაჟანი და არც შედარებით იაფი მაღაზია, რამდენადაც გამყიდველისა და მისი მუშტრების კეთილგანწყობაა. სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით, აქ არასდროს უყურებდნენ ამრეზით „ფსიქოს“ წამყვანს, მორალს არ უკითხავდნენ. პირიქით, შაბათს გაშვებულ ფილმებს გატაცებით ურჩევდნენ და უკვეთდნენ კიდეც რაღაცებს.
განსაკუთრებით, დეიდა მერცია; ყოველთვის კოპწიად გამოწყობილი პატარა ქალი, ასე 65 წლისა - ქერად შეღებილი თმით, კოპწიაზე კოპწია ცხვირით და უზარმაზარი „ბროშკით“ ლურჯ ხალათზე. ერთხელ გამომიტყდა, „ფსიქოში“ დავრეკე კიდეც, მაგრამ აღარ მაცალე ლაპარაკი და დამიკიდეო.
რას ვაცლიდი?! ლუი მალის „ზარალის“ მერე დაურეკავს. ლიკა ნადარაია დატუქსა, რატომ მოიხსენიეთ აგდებით ბინოშის გმირი, რას ნიშნავს ეს „შავჩულქებიანი დედაკაციო“? (ჰო, ასე თქვა ზუსტად ლიკამ. უფრო მეტიც, ერთ „დამრეკავ კაცს“ პირდაპირ მიახალა, რამდენიმე გრამით მეტი თუ გაქვთ ქალებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს უნდა დაეპატრონოთო)
ლიკა მაგარია. ჩემსავით არ უყვარს ბინოში. ეგრევე მიხვდა, როგორ გააშაყირა მსახიობი ლუი მალმა, „ფამ ფატალის“ როლში რომ გამოიყვანა. ბინოში გოდარმაც შავ დღეში ჩააგდო. „დიდება მარიას“ გადაღებაზე დაუძახა და ეპიზოდური როლი მისცა. გადაღება დასრულდა, მაგრამ დებიუტანტმა სახლში წასვლა არ ისურვა - იდგა და აღფრთოვანებული უყურებდა მაესტროს. უხეშობითა და უზრდელობით სახელგანთქმულმა გოდარმა მიაძახა: „ნუ თვალთმაქცობთ, თითქოს გვეხმარებით. თქვენი გადაღება დასრულებულია!“
მაგრამ დეიდა მერცია არც აირონსია და არც გოდარი. ჩვეულებრივი, კოპწია ქალია, აფხაზეთიდან დევნილი. მას, ისევე როგორც მილიონობით ადამიანს ამ პლანეტაზე, მასსავით კოპწია ქალებს და კაცებს, გაგიჟებით უყვარს ელეგანტური ჟულიეტ ბინოში - მსახიობი, რომელიც, მისი თაყვანისმცემლების მტკიცებით, სულ „სინათლეს ასხივებს“, მსახიობი, რომელმაც ლეგენდარულ ლორენ ბეკოლს წაართვა „ოსკარი“. იმდენად უყვარს, რომ 2000-2002 წლებში „ჯულიეტის“ სურათიც კი ედო სალარო აპარატთან.
ქართველი გამყიდველები ცოტა მოგვიანებით მიაკრობენ სალარო-აპარატებს ღვთისშობლის ხატებსა და ჯვრებს. 2003 წელს ასეთი პრაქტიკა ჯერ არ იყო დანერგილი. პრინციპში, სალარო აპარატებსაც იშვიათად ნახავდით თბილისის მაღაზიებში.
2003 წლის შემოდგომაზე ჯულიეტ ბინოშის სურათი გაქრა დეიდა მერციას დახლიდან. ბინოშის ადგილი ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიკავა, უფრო სწორად ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პლაკატმა „საქართველო შევარდნაძის გარეშე“. არ არის გამორიცხული, კოპწია გამყიდველზე ჩემმა მანჭვა-გრეხვამ იმოქმედა. იმდენი ვუმტკიცე, ბინოში სიყალბის განსახიერებაა, კეთილშობილი ქალის სახე მიისაკუთრა, გემოვნება არა აქვს - თავის შვილს „რაფაელი“ დაარქვა-მეთქი... ისე შევუჭამე ტვინი, რომ დამიჯერა. შეიძლება იმოქმედა პაუზამ თავად ბინოშის შემოქმედებაში - ამ დროს „ლანკომის სახე“ მეორე შვილზე ფეხმძიმედ იყო და კინოში მუშაობაზე დროებით უარი თქვა.
ჩემი მანჭვა-გრეხვა 2000 წელს გადაღებულმა „შოკოლადმაც“ განსაზღვრა - ფილმმა, რომელშიც ბინოშს პირველად მოუხდა თავისივე „იმიჯის“ თამაში, ანუ იმ როლის განსახიერება, მილიონობით კოპწია ქალმა და მამაკაცმა რომ არგუნა. აქამდე მონაცვლეობით თამაშობდა მსხვერპლს („ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეში“) და ვნებიან მოძალადეს („ზარალში“), საყვარელი მამაკაცები ატყუებდნენ, მაგრამ მაინც გამონახავდა ხოლმე თავის თავში სიცოცხლის ძალას. მისი ეს გარდასახვა კიშლოვსკის „ლურჯში“ მრავალტანჯული ქალის მზერით დასრულდა. თანაც, პათეტიკური მუსიკის ფონზე.
პრინციპში, „შოკოლადის“ გენერალური რეპეტიცია ბინოშმა ერთხელ გაიარა - „ინგლისელ პაციენტში“. წარმოუდგენლად მოუხდა მედდის სახე. აი, ისეთი მედდისა, არა მარტო ნემსს რომ აკეთებს კარგად, არამედ „ტრენინგიც“ რომ აქვს გავლილი - როგორ გაიღიმოს და როდის გაიღიმოს, რათა მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას პაციენტს. ამერიკელებს მოეწონათ ასეთი ქალი. განსაკუთრებით იმით აღფრთოვანდნენ, რომ ელეგანტური მედდა ფრანგია, ე.ი. იმ კულტურიდანაა, რომელიც ყოველთვის ანიჭებდა უპირატესობას „კაი ცხოვრებას“ და მაქსიმალურ კომფორტს. აკი თავად დაამკვიდრეს კიდეც ეს სიტყვა - „ბურჟუა“, რომელსაც მერე კიდევ ერთი სიტყვა „პეტი“ დაუმატეს, რათა ერთმანეთისგან გაემიჯნათ „წვრილი“ და „მსხვილი“ ბურჟუები - ჩვენს კარგ ქართულ ენაზე რომ ვთარგმნოთ, „წვრილი“ და „მსხვილი“ ქალაქელები.
„შოკოლადში“ ბინოშის გმირი ქალიშვილთან ერთად ჩადის პატარა ფრანგულ ქალაქში და ამ „პატარა“ ბურჟუების გაკეთილშობილებას იწყებს. პრინციპში, ეს სამხრეთული ქალაქი უფრო სოფელს ჰგავს, მაგრამ მისი მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ქალაქში ცხოვრობენ.
ჩრდილოეთიდან (!) მოვლენილი მესია გახსნის ტკბილეულის მაღაზიას და გაყიდის შოკოლადს, რომელიც არა მარტო ნაზია და სწრაფად დნება პირში, არამედ ასხივოსნებს კიდეც სტერეოტიპებში დამხრჩვალ სამხრეთელ ადამიანებს.
მოკლედ, კეთილი ფერია გააძღებს ქალაქს შოკოლადით, ნონკონფორმისტ მაწანწალასაც მიაგნებს, ჯონი დეპის გმირის სახით და მასთან ერთად დაამარცხებს ბოროტ ქალაქის მერს და შუა საუკუნეებში ჩარჩენილ ეკლესიის მსახურებს.
მთელი ეს „შოკოლადის რომანტიკა“ ვიღაცისთვის შეიძლება სახელმძღვანელო გახდეს მცირე ბიზნესის დაწყებისთვის, ვიღაცას კი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაში დაეხმაროს. წითელფეხსაცმლიანი ბინოში აქ ხომ სოფლის მასშტაბის სუპერმენს ჰგავს, რომელიც ფსიქოანალიტიკოსის ტახტის ნაცვლად შოკოლადის ფილას იყენებს და იმარჯვებს კიდეც.
სხვათა შორის, „ფსიქოს“ მხურვალე დამცველმა, დეიდა მერციამაც მკითხა ერთხელ, ეგ წითელი ფეხსაცმელი რომ გაქვთ გადაცემაში, რისი სიმბოლოაო. მაგრამ არაფერი ვუპასუხე.
ჟულიეტ ბინოშზეც არ ვპასუხობდი, როცა მეკითხებოდნენ, რა დაგიშავა მაინც ამ ქალმაო. მხოლოდ ვიჭყანებოდი. და ვიგრიხებოდი.
ვერ ვპასუხობდი. არის რაღაცები, რაც გულში უნდა დაიტოვო. საიდუმლოდ. დროებით მაინც.
აი, მთელი ეს 2003 წელი რომ ავიღოთ, შევარდნაძის წასვლით „სახლში“... რუსთაველზე როცა იდექით და „გადადექის“ ყვიროდით, სადღაც, გულის სიღრმეში, ეჭვი ხომ მაინც გეპარებოდათ, რომ ისტორიის მორიგი თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟად იქეცით? დასავლეთ საქართველოდან დაძრული ავტოკოლონების შემყურეს გიხაროდათ, მაგრამ დროდადრო ხომ მაინც „ატორმუზებდა“ თქვენი აჩქარებული გული? ნაცემ და შეურაცხყოფილ ვახტანგ რჩეულიშვილს რომ ხედავდით, „ღირსია, ღირსიას“ რომ გაიძახოდით, გული ხომ სულ სხვას გეუბნებოდათ? ანდა, ბურჯანაძე-დემოკრატების აქტივისტი ყმაწვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ მიტინგზე, მერიის აივანზე რომ გაიძახოდა, დასავლეთიდან ყველაფერი კი არ უნდა გადავიღოთ, იქ კაცები კაცებს ცოლადაც ირთავენო, ცოტათი ხომ გაგიწვრილდათ ეს გაუგებარი და დაუმორჩილებელი ორგანო - გული?
მაგრამ ხომ შეინახეთ საიდუმლოდ?
მეცხრე სიმფონია შეასრულეს. გაისმა „ოდა სიხარულისადმი“ და კიშლოვსკის „ლურჯის“ ფინალისა არ იყოს, პათეტიკურმა ჰანგებმა ყველა აღაგზნო. ვინღა მიაქცია ყურადღება ორმაგ ვარიაციას ბეთჰოვენის მუსიკაში - ხიფათის მოტივს, რომელიც ბოლომდე მიყვება გამარჯვების ეიფორიას?
შეიძლება იგრძნო კიდეც ვიღაცამ, მაგრამ არ შეიმჩნია, საიდუმლოდ შეინახა.
გადაეხვიეთ ერთმანეთს მილიონებოო, და ჩვენც შევასრულეთ ეს მოწოდება. ჩვენც დავემსგავსეთ ახალგაზრდა კარამზინს, სიჭაბუკეში რომ ოცნებობდა - მაღალ მთაზე რომ შემეძლოს ასვლა და მთელი კაცობრიობისთვის დაძახება - „ძმებო, მოეხვიეთ ერთმანეთს“ და თუკი ცრემლიანი ხალხი მართლა გადაეხვევა ერთმანეთს, მშვიდად მივაბარებდი უფალს ჩემს სულსო.
იური ლოტმანი იხსენებდა ხოლმე კარამზინს, მოგვიანებით ისევ და ისევ ეს ორგანო - გული რომ აუცრუვდება თავის იდეალებზე. გერცენსაც იხსენებდა, დაჟინებით რომ ამტკიცებდა, კაცობრიობის მკერდი ასე თავისუფლად არასდროს სუნთქვადა, როგორც 90 წლის გაზაფხულზეო... სწორედ ეს გაზაფხული დასრულდება ომით და ტერორით, მილიონობით მსხვერპლით და არაადამიანური სისასტიკითო - დაასკვნის ლოტმანი.
დაასკვნის, მაგრამ არ გვეტყვის, ნუღარ იცხოვრებთ ილუზიებით, ნუღარ მოაწყობთ რევოლუციებს და ნუღარ შეგეშინდებათ, თუკი სიძულვილის სიძულვილს იგრძნობთ თქვენს თავში, თუკი მიხვდებით, რომ შეუწყნარებლები ხდებით თავად შეუწყნარებლობის მიმართო.
„თუ გინდათ, რომ თბილისს ერევანი დავარქვათ, მხარი დაუჭირეთ სააკაშვილ-ჟვანიას!“, „პოლიტიკაში უნდა დარჩნენ სისხლით და ხორცით ქართველები!“, „კმარა“ აფერისტმა ებრაელმა, ჯორჯ სოროსმა დააფინანსა!“, „რამაზ ჩხიკვაძე ოპოზიციას იმიტომ შეუერთდა, რომ მას მეუღლე მართავს. მეუღლეს „ნატაშა“ ჰქვია და იგი ებრაელია“...
ამეებს როცა გაიგებთ, ნუ შეგეშინდებათ რევოლუციის! მაშინაც კი, როცა საერთო ეიფორიასა და პათეტიკაში თქვენი აჩქარებული გული დროდადრო „ატორმუზებს“ ხოლმე. სილიკონტუჩებიან გოგოს როცა დაინახავთ, მიკროფონით ხელში, ახალგაზრდა რევოლუციო ნერებს რომ ჰკითხავს მრავალმნიშვნელოვანი სახით, „ბავშვებო, გამოტყდით, ვინ გაფინანსებთ?“, ნუ დაგაფრთხობთ ზიზღი, რომელიც მოულოდნელად აღმოცენდება თქვენს კეთილშობილ გულში.
„შეუწყნარებელი შემწყნარებლის“ ყველაზე ძლევამოსილ სახედ ლოტმანი ვოლტერს მიიჩნევს. ყოველწლიურად, ერთსა და იმავე დროს, ბართლომეს ღამის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ვოლტერი ავად ხდებოდა. 200 წელი აშორებდა იმ ღამეს, როცა კათოლიკებმა ამოჟლიტეს პროტესტანტები - ქალები, ბავშვები. ამის გაკიცხვა ფილოსოფიურად შეიძლებოდა. მაგრამ ვოლტერი ამ დროს ავად ხდებოდა - ისტორიის ეს სისხლიანი ღამე ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის. რცხვენოდა, რადგანაც მისი სინდისი, ჩვენი სინდისისგან განსხვავებით, ამ პლანეტაზე მცხოვრები მილიონობით კოპწია ქალისა და კაცის სინდისისგან განსხვავებით, დროსა და სივრცეში არ შემოისაზღვრებოდა.
რელიგიური ფანატიზმის მსხვერპლთ ვოლტერი პირადად იცავდა. ე.ი. თავის კაბინეტში, კალმით და ფურცლით კი არ ებრძოდა შეუწყნარებლობასა და უვიცობას, არამედ სასამართლოებში ჩიოდა - დასცინოდა სისხლისმსმელ მტერს და ტიროდა ძალადობის მსხვერპლთან ერთად.
ჰუმანიზმის დაცვა გაბედულობას მოითხოვს, ვაჟკაცობას მოითხოვსო - ამბობს ლოტმანი თავის ერთ ლექციაში. ინტელიგენტურობა ნიშნავს შეხედო შენს ქვეყანას გვერდიდან და რაც მთავარია, შეხედო შენს თავს გვერდიდან - შეგაწუხოს შენმა სულმოკლეობამ, დაგტანჯოს შენმა ბიწიერებამო.
„მეტირება, რომ ამ საზიზღარი ერის შვილი ვარ!“
ალბათ, ოდესმე მაინც გაგიმეორებიათ ვოლტერის ეს სიტყვები. გაგიფიქრიათ მაინც.
შეიძლება „შევარდნაძის ხალხიც“ იძახდა ამას ნოემბრის დღეებში. უყურებდა პარლამენტის დარბაზში სიმღერ-სიმღერით შევარდნილ რევოლუციონერებს და ტიროდა. უყურებდა „ფსიქოს“, რომლის წამყვანი დაჟინებით ცდილობდა „უსისხლო რევოლუციების“ პროპაგანდას და თავისთვის ფიქრობდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეიძლება.
-„ეგენი ყველანი უნდა გაყარო ამ ქვეყნიდან. ციხეში ჩაამწყვდიო!“
უმტკიცებდა დეიდა მერცია ასე 16-17 წლის ჟღალზე ჟღალ გოგონას, როცა დეკემბერში, კვირადღეს, არაჟანზე შევიარე მის მაღაზიაში. მე რომ დამინახა, ეგრევე გაისწორა „ბროშკა“ და წინადღის „ფსიქოს“ გარჩევაზე გადავიდა. ემზარ ჯგერენაიამ გული მატკინაო. არ მოეწონა ემზარის ნათქვამი: „ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა დაიწყოს რუსეთზე ლაპარაკი. ყველაფერი ისევ მაგათ არ უნდა დააბრალოს. აიღოს და მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთან“. დამემდურა, რატომ შეწყვიტეთ ზარები „ფსიქოშიო“, მინდოდა დამერეკა და მეთქვა, რომ რუსეთის აგენტებით სავსეა საქართველო და სააკაშვილი ყველას ვერ გაუსწორდებაო. მერე ასლან აბაშიძის წყევლა-კრულვაზე გადავიდა და იმ ჟღალ გოგონას უთხრა, ცოტა ტვინი გაანძრიე - მთელი მსოფლიო ქართველებზე ლაპარაკობს, ყველა ჩვენს ქებაშია, „სამაგალითო ნაციას“ გვიწოდებენ, შენ კი მამალაძეს იცავ და წუწუნებო.
აღარ მახსოვს, ედო თუ არა სალაროსთან ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პლაკატი. ბერლინის ფესტივალისთვის საბუთებს ვაგროვებდი და როგორც ყოველთვის, ამ დროს გაფანტული მქონდა ყურადღება.
ერთ რამეს გასწავლი, ძვირფასო მკითხველო. თუკი ვიღაცის მიმართ გაღიზიანებას გრძნობ, მაგრამ ვერა და ვერ ხვდები მიზეზს, ანდა, თუკი არ ხარ დარწმუნებული, რომ შენი გაღიზიანება სამართლიანია, მიმართე პროვოკაციას, „შეუგდე“ რამე თემა და დააკვირდი, როგორ მოიქცევა. ხომ შევთანხმდით უკვე - ჩვენ, ყველა, რეჟისორებიც და განუხორციელებელი რეჟისორებიც, გამოუსწორებელი მანიპულატორები ვართ.
- „დეიდა მერცია, ერთ თვეში ბერლინის ფესტივალზე მივდივარ. ჯულიეტ ბინოში ისევ დაბრუნებია კინოს. ამერიკულ ფილმში სამხრეთაფრიკელ ჟურნალისტს თამაშობს ბერლინშიც ჩამოვა ფილმის პრემიერაზე. ავტოგრაფი ჩამოგიტანოთ?“
- „ზანგის როლს თამაშობს?“ - გაიკვირვა დეიდა მერციამ და რუსეთის აგენტებზე მოინდომა საუბრის გაგრძელება. თან არაჟნის ქილას მირჩევდა, ვადაგასული რომ არ მოეცა.
- „არ მითხრა ეხლა, რომ ჟულიეტ ბინოში გიყვარს!“. ჰო, შენობით მომმართა რატომღაც ამ ჟღალმა გოგონამ, დეიდა მერციას „ბორჯომის“ ბოთლების დაწყობაში რომ ეხმარებოდა.
ჩემი დისშვილიაო, გამაცნო. შარშან კრასნოდარის უნივერსიტეტში ჩააბარა და სულ „გამირუსდა“, ჩამოვიდა ახლა და „ვარდების რევოლუციას“ მილანძღავსო. მაღაზიიდან გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ მაგიური ფრაზით გამაჩერა: „შენზე აბოდებს!“
მადლობა გადავუხადე, ჩავაწყვე ჩემი ხაჭო- არაჟანი და ვაშლის წვენები. მაგრამ ახლა უკვე კარებში გამაჩერა დეიდა მერციამ:
„- შენსავით ვერ იტანს ჯულიეტ ბინოშს!“
ჟღალ გოგონას უზარმაზარი ნაწნავი ჰქონდა გადაკიდებული. ისე მათვალიერებდა, რომ უხერხულიც იყო გაქცევა. თანაც, მერციას ვერ ვაწყენინებდი - ერთხელაც გაბრაზდებოდა და ვადაგასულ არაჟანს მომაჩეჩებდა.
„-კრასნოდარიდან დედაჩემს მაილი გამოვუგზავნე. საქართველო არ გენატრებაო, მკითხა. ჰოდა, მეც ვუპასუხე, შენ მენატრები მარტო და „ფსიქო“ - მეთქი“.
„მადლობა, მადლობას“ ძახილში აღარც ბინოში მახსოვდა და აღარც პოსტრევოლუციური ვნებებით ანთებული დეიდა მერცია. მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ თაყვანისმცემლისთვის გულის გატეხვა არ ივარგებდა - მადლობის ნიშნად ერთი-ორი წუთით მაინც უნდა დამეგრიხა მისთვის სახე და სხეული.
ჩემი თვალიერება-თვალიერებით, დეიდა მერციას „განყოფილებიდან“ გამოვიდა. ერთი თხოვნა მაქვს, შენი მაილის მისამართი მომეცი, რაღაც მინდა გამოგიგზავნოო. უჰ, ამაზე როგორ ვეტყოდი უარს. ვისთვის არ მიმიცია მაილი! სრულიად თავისუფალი ხარ ამ დროს - გინდა წაიკითხავ, გინდა არა, გინდა წაშლი და გინდა სათუთად შეინახავ.
თამუნას მაილი დიდხანს მქონდა შენახული. თუმცა არასდროს მიპასუხია და არც არავის გაუხსენებია ჩემთვის „რიჟა“ გოგოს არსებობა. დეიდა მერციას „გასტრონომი“ კარგა ხანია დაიხურა - იმ ადგილას ახლა რაღაც „სვეტსკი კაფე“ გახსნეს. თამუნა კი შეიძლება საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში და საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება ჩვენთან.
ჰო, თამუნა ერქვა. მაილის მისამართს იწერდა მაღაზიის „ფაქტურაზე“ და თან, ბინოშზე მოინდომა ლაპარაკი:
-„მერციკომ მითხრა, რომ ვერ იტან. იცი, როგორ გამიხარდა! აი, იქ, დახლზე, „ალპენ გოლდ“- ი დევს, ძაან უყვართ რუსეთში. მაგას მაგონებს. არადა შოკოლადის კარიკატურა უფროა!“
მეზარებოდა ბინოშზე ლაპარაკი. ეს „ალპენ გოლდი“ რა ჯანდაბა იყო, არ ვიცოდი. შოკოლადი საშინლად მიღიზიანებს ღრძილებს, ამიტომ მისი გემო აღარც მახსოვს. სხვათა შორის, ბერლინში, როცა ამჯერად უკვე ფილმის, „შოკოლადის“ ნახვის შემდეგ, ჩემს „კარონნი“ მანჭვა-გრეხვას მივმართე, ვიღაცამ ეს მითხრა სწორედ - შოკოლადი არ გიყვარს და იმიტომ იფურთხები ახლა ფილმზეო.
ჰო. ღრძილების ანთებას არა მარტო შოკოლადი, არამედ ასეთი კინოც იწვევს; თბილ საბანში რომ გაეხვევი, ბუხართან მოკალათდები, ჩაიდებ შოკოლადს პირში და დატკბები (მაგარი სიტყვა გვაქვს ქართველებს) „თაფლი-ქალით“, რომელმაც იცის, როგორ გამოასხივოს სინათლე თვალებიდან.
ამდენ სიტკბოს მარტო არაჟანი თუ გაანეიტრალებს.
თამუნას მაილი იმ საღამოსვე მომივიდა. ძალიან მიჭირს მისი სტილის აღდგენა - ქართულ-რუსულ-ინგლისურის ნაზავი იყო. ბეჭდვის დროს, ეტყობა, ნერვიულობდა, ამიტომ უამრავი ასო (განსაკუთრებით ხმოვნები) ჰქონდა გამორჩენილი. მინდოდა მხოლოდ წერილის შინაარსი გადმომეცა, მაგრამ ასე, ვერაფრით დაგაჯერებდი, ძვირფასო მკითხველო, რომ ჟღალნაწნავიანი გოგოს წერილმა მართლა ამაღელვა.
მოკლედ, დაახლოებით ასეთი მაილი იყო
„შენობით რომ მოგმართე, რა სახე გქონდა? ყოველთვის ვიცოდი, რომ დიდი წარმოდგენა გქონდა შენს თავზე, მაგრამ ასეთი ელემენტარული რაღაცა თუ გაგაღიზიანებდა, არ მეგონა.
„ფსიქო“ რომ ძალიან მიყვარს, ეს უკვე გითხარი. დედაჩემს რა შევუთვალე, ესეც გითხარი. ბუნებრივია, რომ გაგეხარდა. ყველას გაუხარდებოდა. თუმცა კომპლიმენტი რომ არ მეთქვა შენთვის და ჩხუბი დამეწყო, წარმომიდგენია როგორ გავარდებოდი მაღაზიიდან. არაფერია, კაცი ტელევიზორში როცა გამოდის და მთელ საქართველოს ელაპარაკება, არ შეიძლება გულწრფელი იყოს. გაპატიებ ამას.
მაგრამ იმას ვერ გაპატიებ, რომ ჩემი საყვარელი გადაცემა, დედაჩემივით რომ მენატრებოდა კრასნოდარში, პოლიტიკურ შოუდ აქციე და ამ „ოპერეტა-რევოლუციის“ იდეოლოგი გახდი. შენ გგონია, მართლა მნიშვნელოვნად შეიცვლება აქაურობა? გგონია აღარ იარსებებენ ბასილ მკალავიშვილები? აღარ გაარჩევენ ქურდულად საქმეებს? მართლა დარწმუნებული ხარ, რომ „საქართველო - შევარდნაძის გარეშე“ იქნება უსადღეგრძელო, უქორწილო, უპანაშვიდო ქვეყანა? მართლა უძველესი ევროპელი ხომ არ გგონია შენი თავი?“
არა, „ოპერეტა-რევოლუცია“, მგონი, არ დაუწერია. „გარდიანის“ სტატიას ერქვა ასე. უჰ, როგორ აღვშფოთდით ყველა მაშინ! აბა რას იტყვიან მემარცხენეებიო, ვიღაცამ გვითხრა და ჩვენ ხმა არ ამოვიღეთ. მხოლოდ ამ დაუმორჩილებელმა ორგანომ - გულმა გაგვკრა ისევ.
მაგრამ, რა დროს „გარდიანია“. ისევ თამუნას მაილს დავუბრუნდეთ
„ზაფხულში კეტრინ ჰეპბერნი მოკვდა...“
ეს ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი. საერთოდ, ჰეპბერნი დიდი ხნის მკვდარი მეგონა.
„... როგორი მაგარი ქალი ყოფილა. ყოველთვის სპენსერ ტრესის ცოლი მეგონა, ერთად არ ცხოვრობდნენ?.. თვითონ უთხოვია, ცოლს არ გაშორდეო. არ ვიცოდი, რომ სპენსერ ტრესის ყრუ-მუნჯი შვილი ყოლია. კეტრინი ეუბნებოდა, თურმე, ნუღარ მიაყენებ ტკივილს, არ გააგებინო ჩემი არსებობა - უკეთესია ტყუილში იცხოვროს, ვიდრე კიდევ უფრო მეტად დაიტანჯოსო. ამიტომაც მესმის ამ ხალხის - თავის თავს რომ იტყუებენ და უხარიათ საქართველოს გაბრწყინება. დეიდაჩემისაც მესმის - სოხუმში ბავშვებს ასწავლიდა სკოლაში, ახლა კი „სელიოდკას“ ყიდის. დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი სახლში დააბრუნებს.
მაგრამ შენ რაღა დაგემართა?
„მერე გრძელი სია იყო ფილმებისა, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. ცოტა სნობური, აქა-იქ საიდანღაც გადაწერილი... თუმცა ამ სიის „გაშიფვრაზე“ თავი არ მომიკლავს - ვცდილობდი მეპასუხა თამუნასთვის „რაღა დამემართა“, უფრო სწორად „რაღა დაგვემართა“...
და რატომ არ შეიძლება მიყვარდეს ის სახე, რომელიც ჟულიეტ ბინოშმა შექმნა „შოკოლადში“.
არა, პასუხის დაწერას არ ვაპირებდი. სხვათა შორის, მითხრა, პასუხი არ მომწეროო. ჩემთვის ვიჯექი კომპიუტერთან და ვფიქრობდი.
„არ უნდა ენდო დოგმებს, რიტუალებს, ტრადიციებს. ისინი ხომ ადამიანებმა მოიგონეს. ნუ გეშინია შეცვალო შენი ცხოვრება - ეს შენი ცხოვრებაა და მეტი, ასეთი აღარასდროს გექნება“ - ამ „მესიჯზეა“ აგებული ბინოშის მთელი ბენეფისი „შოკოლადში“ - წითელფეხსაცმელიანი ბინოშისა. რატომ უნდა გამაღიზიანოს, რატომ უნდა აღმაშფოთოს ასე „შოკოლადის ქალმა“, როცა თავადაც იგივეს ვაკეთებდი მთელი ამ 2003 წლის მანძილზე?
მანამდეც და ამის შემდეგაც.
არც ბინოშის გმირი, არც მე და არც მრავალი სხვა კოპწია გოგო- ბიჭი ამ პლანეტაზე, შოკოლადის ფილებით რომ ვცდილობთ სხვის მართვას, ავად არ ვხდებით ბართლომეს ღამის წლისთავზე... თანაც, ასეთი „ბართლომეს ღამე“ არაერთია ისტორიაში. მთელი ცხოვრება ავად ხომ არ ვიქნებით? ვინღა გააკეთებს საქმეს - ვინღა დაიკავებს მოძღვრის ნიშას?
ვინღა იამაყებს იმით, რომ „ზედმეტი გრამები“ აქვს - ზოგს თავში და ზოგს კიდევ სხვაგან.
![]() |
25 მეორე მავთული |
▲back to top |
ერთხელ ინ ჯორჯია
ავტორი: აკა მორჩილაძე
ერთი ჩემი მეგობარი, დაბადებული და გაზრდილი ქალაქ ქუთაისში, სრულიად გადასარევი ფოტოოსტატი საბჭოთა დროებაში, უფრო სწორად იმ ხანაში, როცა ეს ჩვენი კაგდატა ვ ამერიკე გამოჩნდა ქართველ ახალგაზრდათა წინაშე, ანეკდოტურ ისტორიაში გაეხვა. რაღა ანეკდოტი ეგ იყო, მაგრამ მაინც.
რახანღა ყმაწვილკაცი იყო იმ დროში, ყმაწვილს კი ზოგჯერ მოზომვა გაუჭირდება, კეთილ ხალხთან დაითრო და ერთი თავისი გულისვარდის მონახულება გადაწყვიტა. მეტად დამთვრალი ყოფილიყო და ამიტომ თუ დაემართა ასეთი რამ, რომ სადარბაზო აერია, სართული კი არ, და მოჰყვა ერთ მდუმარე კარზე კაკუნს.
რახან იმ კარს უკან არავინ იყო, არც გაუღეს, რამაც მისი, როგორც ნაქეიფარი კაცის შინაგანი აღშფოთება გამოიწვია. აბა, წარმოიდგინე, აგრერიგ გრძნობამორეული წამოსულხარ, გულისვარდი კი კარს არ გიღებს.
გულისვარდი ტკბილად მყოფობდა მეზობელ სადარბაზოში, თავის ნამდვილ ბინაზედ, ამ ჩემმა მეგობარმა კი მეტი ვეღარ შეიძლო, კაკუნს თავი ანება და კარი ტკბილად, მხრით შეიტანა.
საბჭოთა დრო იყო, კარები მაშინ დიდი სიმტკიცით, რკინა-ბეტონითა და საიდუმლო კლიტეებით არ იყო შემაგრებული. მაგალითად, ბებიაჩემს კარის დაკეტვისა რცხვენოდა, სულ ამბობდა, აბა, რა ცხოვრება მოვიდა, კარი უნდა ჩაკეტოო.
ჰო, მოკლედ, მიაწვა, შეიტანა და შევარდა კიდეც, მისი აზრით, გულისვარდის, ისე კი ვინმე უცხოს ბინაში და იქ რომ არავინ დაუხვდა, თვალით კი დიდად ვეღარ გაარჩია, რომ სხვაგან იყო, მიეგდო ტახტზე და დაიძინა.
ქართული კინოს სახელგანთქმულობის და სიმაგრის ეპოქაში ამ ამბავს სრულიად გასაგიჟებელი, რომანტიკული გაგრძელება ექნებოდა. გმირის თავგადასავალი, მთელი ამბავი, ირონია სუძბის ქართული გზა და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ქართული ცხოვრება გამოდგა და არა ქართული კინო, სადაც გზის მუშებს შეუძლიათ პეპლებს სდიონ.
ჩემი მეგობარი, ისევაც მთვრალი, ჯანჯღარითა და ერთი ამბით გააღვიძეს, წამოაჯინეს და სანამ თვალების მოფშვნეტას მოახერხებდა, ხელბორკილიც მოარგეს.
სახლში ბევრი ხალხი ირეოდა: ფორმიანები და უფორმოები. მაგიდაზე ქაღალდები გაეშალათ და რაღაცებს წერდნენ, იქვე ეგდო ტომარა, რომელშიაც რაღაც ტანსაცმელები ჩაეტენათ. ყველა უჯრა გამოეწიათ, კარადების კარები დაეღოთ.
ჰოდა, წამოაყენეს ეს ჩემი მეგობარი და ჩასვეს მანქანაში, რითაც გააქანეს განთქმულ ქუთაისის სამმართველოში, საიდანაც მოგეხსენებათ ნახევარი უხილავი ნაბიჯიც არ არის, თუ არ იყო, თავისი მხეცური რეჟიმით განთქმულ ქუთაისის ციხემდე, რომელიც ახლა დანგრეულია, მაშინ კი პირდაპირ გრგვინავდა თავისი აუტანლობით. იმ ციხეში კომბლებს გამაყუჩებელი წამლების სახელები ეწერა. ისე, გასართობად. კაცს რომ ცემდნენ, ეუბნებოდნენ, ანალგინს გასმევთო, ჰოდა, კომბალს ეწერა ანალგინი. საინტერესო რამე იყო, როგორც ეტყობა, ის ქუთაისის ციხე, სადაც ერთ კამერას დაფაც კი ამშვენებდა - აქ იჯდა ამხანაგი სტალინიო.
მაგრამ ამაზე სხვა დროს.
მოკლედ, რა იფხიზლა ამ საწყალმა კაცმა, გამოარკვია, რომ ბრალი ედება მოქალაქის პირადი ქონების ხელყოფასა და ქურდობაში და რახან წესიერი, უბრალოდ მთვრალი ყმაწვილკაცი გახლდათ, ამაზეც იტანჯა თურმე ფიქრში - ეგრე როგორ დავთვერიო, რომ იქიდან რაღაცების მოპარვა გადავწყვიტე, რა შავ ქვად მინდოდა იმათი კაბა-ხალათები, კაცი ფოტოგრაფიას მოსკოვში ვსწავლობ და წინსვლას დავეძებო.
თურმე კი, საქმე როგორ ყოფილა.
სახლის პატრონი რომ შინ მობრუნებულა, ჯერ შეტეხილი კარი, მერე კი მძინარე უცხო ვინმე უნახავს და უფიქრია, ამ მოქალაქეს თავის სიმთვრალეს და ჩემი კარის შემოტეხვას ვაზღვევინებ და რამეს გამოვრჩებიო.
სახლში გაქურდვის ინსცენირება მოუხდენია და მილიციაში დაურეკავს, მოდით, ჩემთან ქურდს სძინავსო, თან, რასაკვირველია მეზობლებიც შეუყრია, ნახეთ, ნახეთ ერთიო.
თავის მოკლე ჭკუით ამას უფიქრია, საქმეს წამოვიწყებთ, ამ ნაქეიფარ ყმაწვილკაცს ფულს ავართმევ, მილიციაც თავის წილს აართმევს და მოგებული დავრჩები, ის კი ციხეს დაუძვრება და ამით გაიხარებსო.
მოკლედ, ყველანი აქეთ გამოდგნენ ქურდები, ყმაწვილკაცი კი სხვისი კარის შეტეხვასა და იქ დაძინებაში თუ იყო დამნაშავე, თორემ სხვაში არაფერში.
მაგრამ სახლის პატრონმა, სხვანაირად კი დაზარალებულმა, ვერ გაითვალისწინა ორი ამბავი: ერთი, რომ ყმაწვილკაცს და მის ოჯახობას იმდენი ფული არ გააჩნდა, ყველანი რომ მაშინ არსებული საქრთამო ფასებით დაექრთამა და მეორეც, ქვეყანაში იმხანად მიმდინარეობდა კამპანია ქურდული ცხოვრების წესისა და ზოგადად ქურდობის, როგორც დანაშაულის წინააღმდეგ.
ეს ხმამაღალი კამპანია იყო, ტელეგადაცემებით, ქართული საბჭოთა ტელევიზიის ეთერში კუკურია თვალებას ხსენებით და იმხანად ქურდის, კატას გამოჩენით, ინტერვიუებით და მთელი ამბებით. ამასთან ერთად კი ის იყო, რომ საქართველოს უფროსობამ მოახერხა ასეთი რამ, რომ ქურდობისთვის გასამართლებულები სასჯელს საქართველოში აღარ მოიხდიდნენ, არამედ, რუსეთის განთქმულ ზონებში. თუ არ ვცდები, ასე იყო და ეს განსაკუთრებით რეციდივისტებს ეხებოდა, ანუ, მიზანი ის თუ იყო, რომ ქართული ზონები ქურდებს აღარ ემართათ.
რა გამოვიდა აქედან, არ ვიცი, მაგრამ ამ ჩემს მეგობარს სრულიად რომ წაუხდა საქმე, ალბათ მისახვედრია.
იმ ხელის მოთბობის სურვილით ანთებულმა დაზარალებულმა ვერაფერი იშოვა და ბოლოსკენ მგონი ნირწამხდარიც იყო, ასეთი სპექტაკლი რომ დადგა, ჩემს მეგობარს კი ხუთი წელიწადი მიარტყეს, ქურდობის რომელიღაც მუხლით და ქუთაისის ციხიდან უქურდოდ შთენილ წულუკიძის ზონაში უკრეს თავი, საიდანაც მალევე აღმოჩნდა კომის ავტონომიური რესპუბლიკის შრომა-გასწორების ტერიტორიებზე.
მთელს ამ უბედურებაში, მთელს საშინელ ჟანვალჟანობაში ყველაზე უცნაური ის იყო, რომ გამომძიებელმა მაინც მოახერხა რაღაც ქრთამის აღება პატიმრის მშობლებისგან, თუმცა სანაცვლოდ არაფერი გააკეთა: შეხედა, უბრალო და წესიერი ხალხიაო და ალბათ იფიქრა, რატომაც არაო.
ჩემი მეგობარი იქიდან მაშინ დაბრუნდა, როცა საქართველო უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და სწორედ ამ გამომძიებელს მიადგა, გამაგებინე, ის ფული რაში აიღეო. გამომძიებელმა ფული დააბრუნა.
მოგეხსენებათ, საქართველოა.
ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ ჩემი მეგობარი ოთხმოციანი წლების არაფორმალური, თუ დამნაშავეთა, სამყაროს ნამდვილი ექსპერტია. მე სხვა მეგობრებიც მყავს, ვინც დიდად გარკვეული იყო ამ საქმეებში, მაგრამ ისინი 80-იან წლებში არ მსხდარან.
ჰოდა, ამ კაცის სმენისას აუცილებლად იფიქრებ, რომ ქართულ საბჭოთა ტრადიციულ დამნაშავეთა სამყაროს კაგდატა ვ ამერიკე საერთოდ არ ახსოვს. არათუ გავლენა მოუხდენია, არამედ არც კი გაუგია ხეირიანად და არც უფიქრია ამ ფილმის შესახებ.
ფილმი იმისთვის შეიქნა ცხოვრების წიგნი, ვინც სწორედ მაშინ გამოდიოდა ქუჩის ასპარეზზე და ისიც თბილისის გარკვეულ უბნებში, დღეს რომ სასაცილო სახელს, ელიტურს უწოდებენ.
საერთოდ, ეს უცნაური სამყარო იყო საბჭოთა კავშირისთვის. თბილისის ელიტის შთამომავლების დაინტერესება ქუჩით. მთელს მსოფლიოში, თავზეხელაღებული, კანონისდამრღვევი, კრიმინალურად რთული ადგილები გარეუბნებშია, ანდა სპეციფიკურ უბნებში, საბჭოთა თბილისში კი, თუმც ტრადიციული ქურდული სამყაროს ცენტრები ნამდვილად არ იყო ელიტურ უბნებში, არამედ უფრო მტკვრის მეორე ნაპირზე და დასავლეთ საქართველოს ლეგენდარულ ქალაქებში, მაგრამ ეს ელიტური გარემო შობდა რაღაც განსაკუთრებულ კასტას, რომელიც ახლოს იყო იმასთან, რაც სრულიად არ იყო ელიტა. რატომ იყო ესა, ამის ფიქრი ნამდვილად შორს წამიყვანს და ახლა ეს ყველაფერი იმდენად მინავლულია, რომ არ მგონია, მისი ნჯღრევა საჭირო იყოს.
კაცი რომ ერთხელ ქურდობისთვის ციხეში ჩაჯდება, იმისთვის კინოთი მოტანილი რაღაც მოდელები საინტერესო არ არის. ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასე იყო, თორემ ქურდებმა 70-იანი წლებიდანვე იცოდნენ ყოველგვარი მოპარვის გარეშე ფულის შოვნა. მაშინ გავრცელებული სიტყვა იყო შეწერვა, რაც მგონი უკვე ვახსენე. ამიტომ, პერესტროიკის დროის პირველ რეკეტირებს არაფერი გამოუგონიათ, უბრალოდ, ფილმები ამ საქმის საკუთარ გონებაში მხატვრულ დონეზე ასაყვანად თუ იყო საჭირო და რაღაცების გადმოღებას ემსახურებოდა.
მაგალითად, ბიჭები ხშირად ძალით იქოქავდნენ თავს და სულ პატარა რამეზე ნამდვილ ისტერიკას აწყობდნენ. ეს ისტერიკა, რა თქმა უნდა, ძალის ჩვენებას გულისხმობდა. სულ პატარა რამის შეურაცხყოფად მიღება, ამაზე გადარევა, დანების ტრიალი და ასე შემდეგ. მგონი, ამ მხრივ, დღესაც დიდებული ვითარებაა.
ერთი ამბავი გამახსენდა: თბილისში რეკეტის ერთ-ერთი პიონერი და მისი მეგობარი, შაუ ქუჩაში დღისით ბენზინს იპარავდნენ ვიღაცის მანქანიდან. ის ხანა იყო, დამოუკიდებლობა რომ ცხადდება და ბენზინი ჭირდა. ეს რეკეტის პიონერი, თუ არ ვცდები, პროფესორის შვილი იყო. ჰოდა, ვიპარავთო, მისი მეგობარი მიამბობს და გადმოიხედა პატრონმა, ეგრე სამოცი წლის კაცმა, არცთუ ბრაზიანმა, წესიერები რომ არიან ისეთმაო და რას შვებით, შვილო, არა გრცხვენიათო? მეტი, გეფიცები არაფერი უთქვამსო, ჰოდა, რეკეტის პიონერმა არც აცია, არც აცხელა, შემოაგინა ქვემოდან სრულიად გადარეულმა და ესროლა და ესროლა, კიდევ კარგი ააცილაო.
ესროლა - მაშინ არ იყო ხშირი სიტყვა, თუმცა, მისი იშვიათსიტყვობა ბოლო თვეებს ითვლიდა. ამ მეგობარმა, ეს ამბავი იმიტომ მიამბო, რომ ეთქვა, რა თავზეხელაღებული იყო საწყალიო, ზადნი არ ქონდაო, მე კი ათას ამბავს შორის ალბათ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ეს ამბავი დაჩ შულცს ჩაება ჩემს ტვინში. ანუ, იმ დაჩ შულცს, როგორიც ის იყო, იმ დროისთვის ნანახ კოტონ კლაბში და მოგვიანებით ნანახ ბილი ბასგეითსა და სხვებში.
გარემოსთან აგრესიული დამოკიდებულება სამხრეთელ განგსტერებს მგონი დიდად არ ახასიათებთ. არც ჩვენს ტრადიციულ კრიმინალურ სამყაროს ახასიათებდა. მეტიც, ამ სამყაროს მკრთალი წინამორბედნი - აბრაგები, ფირალები და ყაჩაღები - სახალხო გმირებადაც კი ჩაითვლებიან.
ეს აგრესია დიდ ქალაქში დამკვიდრებისა უფრო იყო. საქმე იწყებოდა და ალბათ ხმაურით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, არ მგონია, რომა ამაზე ვინმეს ეფიქროს საგანგებოდ. უბრალოდ, ასე გამოდიოდა. მთელს ამ ისტორიებში ხომ განუზომელი ამპარტავნება ძევს.
ადამიანები დიდი საგის სათავეებთან იდგნენ და, ალბათ, მოქცევის ასეთ ხერხებს ამჯობინებდნენ.
მერე და მერე, ეს ღრიალა აგრესია განელდა და მხოლოდ აქა-იქ შეიმჩნეოდა. ის საჭირო აღარ იყო, რადგან ადამიანები ავტომატებით დადიოდნენ ქუჩებში და ბენზინი კი არა, პირდაპირ მანქანები მიჰყავდათ, თან ისე, რომ პატრონს კოხტად გადმოსვამდნენ ხოლმე იქიდან.
რა თქმა უნდა ეს არ იყო კაგდატა ვ ამერიკეს გარემო და არც ბიჭები იყვნენ ისეთი კოხტა მანერებიანი როგორებიც მაქსი და ნუდლსი არიან.
ამ ფილმს ეს უცნაურობაც აქვს: იმის პირობაზე, ვინც არიან, მანერები განგსტერებს უვარგათ, გემოვნება კი საზიზღარი აქვთ.
თავისუფალ სამაყროში ასეთი რამე მოსულა.
ახალგაზრდობაში ლარი ფლინტი ამბობდა, ჩემი ერთადერთი დანაშაული ჩემი მდარე გემოვნებააო.
ეს დაჩ შულცის ფილმებიც როგორღაც სწორედ იმ წლებში ჩნდებოდა.
ბილი ბასგეიტი, ომელიც დოქტოროუს რომანის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც ინასტრანკაშიც იბეჭდებოდა და მეორეც, მოკალი ჰოლანდიელი, თუ მოკალი დაჩი.
აი, სწორედ ეს ფილმი, რომელიც, როგორც მახსოვს, მენაჰემ გოლანმა თვითონ გადაიღო, მოულოდნელად ზუსტად და შთამბეჭდავად დამამახსოვრდა. ალბათ იმიტომ, რომ რაღაც წარმოუდგენელ, ეგებ გადამეტებულ პარალელებსაც კი ვგრძნობდი ჩვენს რეკეტის პიონერებთან.
დაჩ შულცი ასეთი იყო: ღრიალებდა. მაგრამ გოლანის ფილმში, ის, ციხიდან გამოსული, პირველსავე შემხვედრ ადამიანს სულ ტყუილად აჭამდა ცხვირს და დედის ნაჩუქარ ახალ პერანგს სისხლით მოთხვრილს მალავდა ლაბადის ქვეშ.
მოხვდება ხოლმე. რაღაც ჩვეულებრივი ფილმი და რაღაც ჩვეულებრივი წიგნი ისე უცებ მოხვდება დროს, სრულიად გაუგებარ, ერთი შეხედვით წარმოუდგენელ ადგილას, რომ გაგიკვირდება. თავის დროზე კაგდატა ვ ამერიკეც რაღაცნაირად მოხვდა, მგონი, ყმაწვილთა გემოვნებას და მათ ოცნებებს უპასუხა. თუმცა, კავშირი მაინც არ შედგებოდა, რაიმე საგანგებო რომ არ ყოფილიყო.
ეს კავშირი, მგონი, ორი სატელეგრაფო მავთულით ხორციელდებოდა. ერთი იყო თავისუფლების სურნელი და მეორე კიდევ წარსული, სადაც უნდა ვიპოვოთ კიდეც რაღაც დაფარული, რამაც ამერიკული კრიმინალური დრამები ჩვენს თარგს მოარგო.
ამ მეორე მავთულის პოვნა შეიძლება.
რატომღაც ასე მგონია, რომ თბილისის ელიტური უბნების ელიტურ ბიჭებს და მათთან კავშირში მყოფ ელიტურ უბნებში მცხოვრებ არაელიტურ ბიჭებს საბჭოთა საქართველოს ტრადიციული კრიმინალური სამყარო არ აკმაყოფილებდა.
შინაგანად, თორემ გარეგნულად ეს, მგონი, არავის გამოუხატავს სამოციანი წლების შემდეგ. სამოციან წლებში ქურდი და მისი სამყარო სულ სხვა სოციალური არეალის მომცველი იყო, ვიდრე 70-იანების ბოლოს და 80-იანებში. მათთან ჩხუბ-გარჩევანი ქუჩის ბიჭებს კიდეც მოსდიოდათ და კიდეც გამოსდიოდათ.
მე ამის დიდი მცოდნე არა ვარ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა საქართველოში კრიმინალური რევოლუცია მოხდა.
ის, პირველ რიგში, თვითონ კრიმინალურ სამყაროში მოხდა და მერე გავრცელდა ქვეყანაში.
ამან ბევრი რამ შეცვალა.
ამ შეუმჩნეველი რევოლუციის არსი ის იყო, რომ ქურდის ინსტიტუტი, რასაც ადრე რამკიანი ქურდი ერქვა, მერე კანონიერ ქურდს და კიდევ რამეებს ეძახდნენ, პროვინციებში გავრცელდა და მასობრივი ხასიათი მიიღო. რაც რომ წიგნები არ წამიკითხავს სტალინის დროის კანონიერ ქურდებზე, იქ არათბილისელი იშვიათად მიპოვნია. ანუ, თავიდან, თავშესაფარი დიდი ქალაქი იყო, დიდი ქალაქი კი ერთადერთი გახლდათ. მაგრამ აი, მოვიდა დრო და ქურდობა გავრცელდა. ამ ამბავში განსაკუთრებით სწრაფი და ხშირი დასავლეთ საქართველო გამოდგა. ქურდების რაოდენობამ ყველგან იმატა, მაგრამ რიგ ადგილებში უბრალოდ გაჩნდა. ზონებს ჩაბმულ ქალაქებში, ყმაწვილებში კრიმინალი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი არსი და მიდრეკილება გახდა.
ძველად ქურდები დაბალი სოციალური ფენებიდან იყვნენ. მხოლოდ გამონაკლისი პერსონაჟები მოიძებნებოდნენ, ვინც ცხოვრებამ ამ სამყაროში მოახვედრა და ეს კარიერა აარჩევინა. ეს, მგონი, ომის და სიდუხჭირის ბრალი იყო, მანამდე კი, რეპრესიებისა. ისე კი, ქურდები უპასპორტო და უსახლკარო ხალხი იყო, როგორც ერთ ძველ წიგნშია, მაგის მისამართი საბჭოთა კავშირია, ქალბატონო, მაგრამ როცა ეს ამბავი საქართველოში მასობრიობისკენ წავიდა, გაჩნდა ასეთი თქმულება, რომ ერთი განთქმული პროვინციელი ქურდი მომკვდარიყო და მის დაკრძალვაზე რუსეთიდან ძველი ყაიდის, ტელოგრეიკიანი ქურდები ჩამოსულიყვნენ.
ამათ ენახათ მისი დიდებული სახლ-კარი და გაოცებულიყვნენ, ეს რანაირი ქურდი ყოფილაო.
ამ თქმულებას ორნაირი გაგრძელება და დასაწყისი ჰქონდა.
ერთი, რომ თითქოს, ეს ქურდი მავან პატიოსან კაცს მოეკლა, რის გამოც ქურდულ სამყაროს ეს კაცი უნდა დაესაჯა, ანუ მოეკლა ქურდის ხელყოფისათვის. ჰოდა, თითქოს იმ რუსებს ეთქვათ, მოსაკლავი ყოფილა, ქურდს ქონება არ სჭირდებაო და ამით მკვლელი გადარჩენილიყო.
მეორე ვარიანტში მკვლელი არ ჩანდა, თუმცა, დასასრული კი გულისმკვლელი იყო - ის მდიდარი ქურდი კუბოშივე არაქურდად დატოვესო. უთხრეს იმ ტელოგრეიკიანმა ქურდებმა მკვდარს, ჩევნ თვალში არა ქურდი ხარო.
მოკლედ, შეიქმნა უზარმაზარი და უკიდეგანო სამყარო. უფრო სწორად, დაიბადა, იშვა. ჰოდა, ამ ნახსენებ ბიჭებს, უნდოდათ თუ არა, ამ სამყაროსთან კავშირი ჰქონდათ, გინდა მეგობრული თქვი, გინდა თანამშრომლური, გინდა ახსნა მოუძებნე, გინდა ნუ მოუძებნი. შინაგანად, ეს სამყარო, როგორც მთლიანობა, მათ არ აკმაყოფილებდათ.
შინაგანად, ალბათ გოიმურსაც ეძახდნენ, მაგრამ ხმამაღლა არ გამიგონია. თვითონ, საზოგადოების სულ სხვა ფენას ეკუთვნოდნენ და სულ სხვა განათლება ჰქონდათ, ქურდებში კი ბოლო ისეთი გამონაკლისები, რომლებიც მსგავსი ფენიდან მოდიოდნენ, აღარც არსებობდნენ. თითქმის. ორი-სამი გამონაკლისი, რა თქმა უნდა, ამინდს ვერ შეცვლიდა.
ჰოდა, ამ დროს შემოგვისწრო ამერიკულმა დრამებმა და, მგონი, გზაც გვიჩვენა. ამერიკა მაგიური სიტყვა იყო, ხო შევთანხმდით.
(გაგრძელება იქნება)