![]() |
ერთად ჩვენ შევძლებთ №5 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კოპალეიშვილი ვალერი, ქამაშიძე ქეთევან, ბერია ლიანა, მოსაშვილი ნათია, პეტრიაშვილი გოჩა, ღუნაშვილი ფიქრია, აფჰოფი ქელი |
თემატური კატალოგი ერთად ჩვენ შევძლებთ |
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010, ივლისი რედაქტორი: დოდო ჭუმბურიძე; ფოტო და დიზაინი :ნათია ზედელაშვილი; კორექტურა: ნათია დაღელიშვილი; წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერითმის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვის გზით“ განმახორციელებელი პარტნიორები. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.“ © გაზეთი მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ |
![]() |
1 რამდენად ინფორმირებულები არიან დევნილები მათთვის აქტუალურ საკითხებზე |
▲back to top |
რუბრიკა:აქტუალური საკითხები
ჩვენი გაზეთის ძირითადი მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე. პირად საუბრებში დევნილები აღნიშნავენ, რომ სხვა პრობლემების მსგავსად, მათთვის პრობლემას წარმოადგენს ინფომაციის სიმცირე. გაზეთის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ჯგუფი თავგამოდებით ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ გვსურს, გამყარდეს საკომუნიკაციო ხიდი დევნილსა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის.
ჩვენი რუბრიკის სტუმარია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ვალერი კოპალეიშვილი.
ბატონო ვალერი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს შორის ინფორმაციის გავრცელების რა ფორმას მიმართავს და როგორ ფიქრობთ, რამდენად ინფორმირებულები არიან ისინი მათთვის აქტუალურ საკითხებზე?
- ინფორმაცია - ეს ისეთი რამაა, რომელზე მოთხოვნილება მუდმივად მაღალია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მუდმივად აწვდის ინფორმაციას, შეიძლება ითქვას, რომ ეს უწყვეტი პროცესია; ვამზადებთ და ვავრცელებთ ლიფლეტებს, ბროშურებსა და სხვა ბეჭდვით საშუალებებს. დევნილებს, პირველ რიგში, ვაწვდით ინფორმაციას მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით. მაგალითად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმასთან“ დაკავშირებით დავბეჭდეთ ბუკლეტი, რომელიც გავრცელდა ყველა დასახლებაში, ანალოგიურ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი პრივატიზაციასთან, დევნილთა უფლებებთან დაკავშირებით და ა.შ.
თუმცა არის კონკრეტული პროექტები, რომელთა ფარგლებში გამოცემული ბუკლეტები სამიზნე ჯგუფებში რიგდება, ხდება ინფორმაციის გავრცელება. მაგალითად, რეგისტრაციასა და სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავავ-რცელეთ მხოლოდ 2008 წლის ომის შემდგომ ცხინვალიდან დევნილებში იმიტომ, რომ მათთვის იყო ეს საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანი.
გარდა ამისა, სამინისტოში ფუნქციონირებს მისაღები და ცხელი ხაზი, რომლის ნომერია (+995 822) 43 11 00. დევნილებს შეუძლიათ, დარეკონ საქართველოს მასშტაბით და მიიღოს მათთვის საჭირო ინფორმაცია. დევნილები ხშირად მოგვმართავენ მათთვის პრობლემური საკითხების განსახილველად და მოსაგვარებლად.
ზემოაღნიშნულის გარდა, სამინისტროს წარმომადგენლები სისტემატურად ვმართავთ პირად შეხვედრებს, გავდივართ ობიექტებზე სიტუაციის უკეთ შესწავლის მიზნით. ლტოლვითა და განსახლების მინისტრი ბატონი კობა სუბელიანი სისტემატურად მართავს შეხვედრებს დევნილებთან ამა თუ იმ საკითხის შესახებ. პირადი შეხვედრები გვეხმარება იმის გამოკვეთაში, როგორ წარმოუდგენიათ თავად ამა თუ იმ პრობლემური საკითხის მოგვარება. როდესაც დევნილებთან მიმართებაში რაიმე პრობლემა იჩენს თავს, ინფომაციის მიწოდებისსაუკეთესო საშუალებაა პირადი შეხვედრა. ჩვენთვისაც უკეთესია სიტუაციის ადგილზე შესწავლა.
ამასთან, ყოველდღიურად ახლდება სამინისტროს ელექტრონული მისამართი (www.mra.gov.ge), რომელზეც ყველა ის ინფორმაცია თავსდება, რაც დევნილებს ეხება. სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე არსებობს კითხვა-პასუხის გვერდიც, სადაც დევნილები გვიგზავნიან კითხვებს და მათ ელექტრონულად ვპასუხობთ.
- როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით რა არის დევნილთა ძირითადი პრობლემები? -
დევნილებს, ძირითადად, აქვთ საცხოვრებლის პრობლემები, მაგალითად, კომპაქტურ ჩასახლებაში რომ ცხოვრობს დევნილი და ეს კომპაქტური ჩასახლება ეკუთვნის სახელმწიფოს ან კერძო მფლობელს, ეს დევნილისთვის უკვე პრობლემაა. დევნილმა არ იცის, რამდენი ხანი მოუწევს ცხოვრება აღნიშნულ დასახლებაში. აქედან გამომდინარე, ვერ ახოციელებს ინვესტირებას. დევნილისათვის ძნელია ობიექტის მართვა, რომლის მესაკუთრე ეკონომიკის სამინისტროა. პირველ ეტაპზე საჭიროა საცხოვრებელი ფართების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა, ხოლო შემდეგ დღის წესრიგში დგას მისი კეთილმოწყობა, სახურავი და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ვზრუნავთ, დევნილი თავად ვერ შეძლებს გადახურვას ან საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, რადგან ყოველივე ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძირითადად, დევნილებს ეს პრობლემები აწუხებთ; სხვა პრობლემები, ხშირ შემთხვევაში, არ განსხვავდება ქვეყანაში მცხოვრები არადევნილი მოახლეობის პრობლემებისაგან. არის პრობლემათა ჩამონათვალი, რომელიც დევნილსა და არადევნილს შესაძლოა ერთნაირად აღელვებდეს. მაგალითად, რომ მოდის დევნილი და მეუბნება: „ჩემს შვილს უმაღლეს განათლებას ვერ ვაძლევ“. განათლება ჩვენთან უფასოა იმ ბავშვებისათვის, ვინც წარმატებულები იქნებიან. წინააღმდეგ შემთხევვაში, ოჯახმა უნდა მოიკლოს და ჩადოს თანხა ბავშვის განათლებაში. ეს საკითხი მარტო დევნილებს არ ეხება.
მოკლედ, რომ დავუბრუნდეთ საკითხს, დევნილისათვის პრობლემაა, თუ ის ნაქირავებ ბინაში იხდის გადასახადს ან ცხოვრობს ნათესავთან. თუ ჩვენ მათ მივცემთ საკუთარ ფართს და შევუქმნით პირობებს, დევნილთათვის პრობლემა მოგვარდება. მე, პირადად, პრობლემას ვხედავ დევნილთა განსახლებაში.
- როდის იგეგმება განსახლების პროცესის დასრულება?
- თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა განსახლებაზე იმდენად ვართ აქცენტირებულები, „გვავიწყდება“ მათი დაბრუნება. რაც არ უნდა გავუკეთოთ დევნილს, მას ურჩევნია საკუთარ სახლში დაბრუნება და ეს ბუნებრივიცაა. ჩევნ ვცდილობთ, რომ დევნილს ნორმალური ცხოვრების პირობები შევუქმნათ.
რაც შეეხება განსახლების საკითხს, სანამ ამის საჭიროება იარსებებს, მანამდე იდგება დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი. ძირითადად, პროცესი დასრულდება 2013 წლისათვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისათვის განსახლების საკითხი მოგვარებულია, იქ ახლა სხვა სახის საჭიროებებია - დღის წესრიგში დგას მათი ინტეგრაცია. რაც შეეხება დევნილებს, ძითითადად, ისინი უკვე ინტეგრირებულები არიან (გამომდინარე იქიდან, რომ დიდი დრო გავიდა).
- იგეგმება თუ არა დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა?
- არა, დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ სქემებზე, სადაც დევნილები უფრო ინტეგრირებულები იქნებიან სოციალურ პროგრამებში. თუ დევნილს სჭირდება დახმარება, უმჯობესია, სტატუსიდან გამომდინარე კი არ დავეხმაროთ, არამედ სოციალური პროგრამები შევთავაზოთ. ჩვენ ვცდილობთ არსებული კანონის ფარგლებში დევნილთა უფლებების მაქსიმალურად დაცულობის უზრუნველყოფას.
- რამდენ იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს დევნილის სტატუსი?
- დაახლოებით 250 000 იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს დევნილის სტატუსი, მაგრამ, გარდა ამისა, გვყავს დევნილები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და არა აქვთ სტატუსი, მათ არ მოუმართავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის. სტატუსის გარეშე დევნილობაში ცხოვრობს დაახლოებით 250 000-ზე მეტი ადამიანი, რადგან საზღვარგარეთ არიან. ჩვენ, ბუნებრივია, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ვერ ვზრუნავთ, მაგრამ მუდმივად ვმსჯელობთ მათი უფლებების დაცვაზე.
- გეგმავს თუ არა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გადახედოს საკომუნიკაციო სტრატეგიას დევნილთა ინფორმირების გაუმჯობესების მიზნით? -
ჩვენ გვესმის, რომ დევნილს აქვს დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილი, რადგან ინფორმაცია საკმარისი არასდროსაა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას დევნილებთან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კომუნიკაციის ყველა საშუალებას მიმართავს იმისათვის, რომ დევნილმა მიიღოს საკმარისი ინფორმაცია.
![]() |
2 დევნილები და ახალი სამოქმედო გეგმა |
▲back to top |
საქართველოს ხელისუფლებამ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია 2007 წლის 2 თებერვალს მიიღო. მის შექმნაში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფართო სპექტრი იყო ჩართული, მათ შორის - გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, ლტოლვითა დანიის საბჭო და ა.შ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა დევნილთა ახალი ტალღა, რამაც, ცხადია, ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ხელისუფლება. როგორია დღეს სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რა პრობლემებია უპირველესად გადასაჭრელი და რა არის დაგეგმილი - ამ თემებზე ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში გამართულ დისკუსიაზე ვისაუბრეთ.
დისკუსიაში მონაწილეობენ: ვალერი კოპალეიშვილი (საქართველოს ლტოლვლთა და განსახლების სამინისტრო), ქეთევან ქამაშიძე (გაერო-ს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატი) ლიანა ბერია („თანხმობა“) და ნათია მოსაშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია)
მოდერატორები: ეთერ ყამარაული, პაატა საბელაშვილი
პაატა საბელაშვილი: რას მოიცავს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა?
ვალერი კოპალეიშვილი: სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი სახელმწიფო სტრატეგიის იპლემენტაცია იყო, 2008 წლის ივნისში, ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დაწყებამდე მივიღეთ. გეგმის ფარგლბში უნდა მომხდარიყო დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობა, მათთვის ღირსეული პირობების შექმნა, რაც განსახლების გრძელვადიან გადაწყვეტას, სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და დევნილთა ინფორმირებას გულისხმობდა. ცხადია, აგვისტოს ომმა სრულიად გაუთვალისწინებელი სირთულეების წინაშე დააყენა ქვეყანა. მაგრამ ამ ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას მალევე, სამ თვეში პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის პროგრამა შევთავაზეთ. 2008 წლის დეკემბრიდან უკვე დაიწყო ჩასახლებები. 2009 წლის იანვრიდან კი ისევ დავუბრუნდით სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც, უნდა გადაგვეჭრა შემდეგი პრობლემები: განსახლება, რომლის მიზანი დევნილებისთვის საკუთრების გადაცემაა, ორი სცენარით ხორციელდება. პირველი - კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს დაუკანონდათ დაკავებული ფართები და მეორე - მათთვის, ვისაც საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, სახელწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი ფართობის მოძიება, მათი რეაბილიტაცია ხდება. ასევე იგეგმება ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ეს პროცესი 2009 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარებულები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებლით.
სულ ახლახან, 2010 წლის მაისში სამოქმედო გეგმა კიდევ ერთხელ განახლდა. გეგმაზე სამეთვალყურეო საბჭო მუშაობს, და წარმოდგენილია სახელმწიფო უწყებები - რეგიონული განვითარების სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონიმიკის სამინისტრო; ასევე - დონორი ორგანიზაციები, ამერიკის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოები და სხვ.
ცხადია, სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გეგმა ითვალისწინებს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპაქტური ჩასახლების ცენტრების შენობების დაკანონებას, არამედ - კერძო საკუთრებაში არსებული ნაგებობების დევნილებისთვის გადაცემასაც. სახელმწიფო დევნილს სწორედ საცხოვრებელს სთავაზობს და არა თანხას, კომპენსაციის სახით, რადგან ჩვენი მიზანია დევნილთა ინტეგრაცია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ისინი საკუთრებაში ფლობდნენ საცხოვრებელს.
პაატა საბელაშვილი: ვინ იყო ჩართული სტრატეგიის შემუშავებაში?
ქეთევან ქამაშიძე: დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია პირველი პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც სახელმწიფომ დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავა. გაერო-ს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატი სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესში სხვა ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული. სამოქმედო გეგმამ დააკონკრეტა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გადატარდეს დევნილთა საკითხების გადასაწყვეტად. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს დროდადრო სჭირდება განახლება, რადგან დროის გასვლის შემდეგ ახალი საჭიროებები იჩენს თავს.
სახელმწიფომ საერთაშორისო დონორთა დახმარებით განახორციელა მრავალი ღონისძიება, მაგრამ დღეს, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი რამ მომავალში სწორედ სახელწიფო ბიუჯეტმა დააფინანსოს, რადგან სავარაუდოდ, დონორთა ჩართულობა ისეთი დიდი აღარ იქნება, როგორც ომის შემდგომ ადრეულ ეტაპზე.
ვალერი კოპალეიშვილი: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და იმ შენობების რეაბილიტაცია, რომელიც მათ გადაეცემათ საკუთრებაში, სწორედ სახელმწიფო თანხებით ხორციელდება. 500 ობიექტი, რომელთან ნაწილიც გარემონტდა, უკვე გადაეცათ დევნილებს, ეს საკმაოდ დიდი რესურსია. გარდა ამისა, სახელმწიფო უარს ამბობს უძრავი ქონების გაყიდვაზე, და მათ დევნილებს გადასცემს. შენობების გამოსყიდვა კერძო მესაკუთრეებისგან არასოდეს მომხდარა დონორთა თანხებით, ამას სახელმწიფო აკეთებს. ლიანა ბერია (არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობა“): სტრატეგიის შემქნაში დიდი როლი შეიტანა დევნილთა საზოგადოებამ და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდა. სახელმწიფო სტატეგია და სამოქმედო გეგმა დევნილების აძლევს შესაძლებლობას, საკუათარი პრობლემების მოგვარების გზები დაინახონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოცხალი დოკუმენტია და საჭიროებების მიხედვით შეიძლება შეიცვლოს.
ნათია მოსაშვილი (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია): სამოქმედო გეგმა იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დევნილების პრობლემების გადაჭრაზე ყველა დაინტერესებულმა მხარემ ერთად იმუშაოს. ჩვენ ბენეფიციარებთან ვმუშაობთ, გვყავს სამიზნე ჯგუფები, ხშირად ვხვდებით მათ და გვაქვს საშუალება, მათი პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ და მერე ისინი სახელმწიფო უწყებებს წარვუდგინოთ. პროცესი თანდათან უფრო ცოცხალი ხდება. სამეთვალყურეო საბჭოს ფარგლებში შექმნილია ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ საკითხებზე. პროექტში შვიდი პარტნიორი ორგანიზაცია გვყავს და გარკვეულ პასუხისმგებლობას ყველანი ვინაწილებთ. მიუხედავად ამდენწლიანი მუშაობისა, ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი.
პაატა საბელაშვილი: მზად არიან თუ არა მუნიციპალიტეტები, თავის თავზე აიღონ შენობების რეაბილიტაცია?
ვალერი კოპალეიშვილი: დევნილებმა სულ ცოტა ხნის წინ დაიკანონეს ბინები, მათი დამოკიდებულება შეიცვალა, დაინახეს პერსპექტივა და უკვე დაწყეს ორგანიზება საერთო პრობლემების მოსაგვარებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტები ერთმანეთისგან განსხვავდება. ცხადია, თბილისის მუნიციპალიტეტი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე - რომელიმე პატარა სოფლის მცირე საკრებულო. ამიტომ, სახელმწიფოს ჩართულობაც სხვადასხვანაირია. რეგიონებში ყველა ობიექტს, რომელიც დევნილებს გადავეცით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა რემონტების ჩათვლით. ჯერჯერობით სახელმწიფო მაინც ბევრ რამეს აკეთებს ცენტრალიზებულად, იქნება ეს გამრიცხველიანება თუ შენობების გამაგრება.
პაატა საბელაშვილი: დევნილებისათვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფონდის კოლექტიური მართვის რა გამოცდილება არსებობს მეზობელ სახელმწიფოებში?
ლიანა ბერაია: ამხანაგობების თემა სომხეთში განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული. ჩვენთანაც შეიქმნა ამხანაგობების შესახებ კანონი და თბილისში უკვე კარგი პრაქტიკა აქვთ ამხანაგობებს. ზოგ კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ამხანგობები უკვე შეიქმნა და მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით ხდება რაღაც პრობლემის გადაჭრა. ამხანაგობამ რომ იმუშაოს, ამისთვის საჭიროა გარკვეული სასტარტო პირობები, შენობა უნდა შეკეთდეს, მოხდეს გამრიცხველიანება, მოგვარდეს კანალიზაცია. ჯერჯერობით რეგონებში ამ მხრივ საქმე არ დაძრულა.
პაატა საბელაშვილი: როგორ არეგულრებს სტრატეგია სოციალურ საკითხებს, მაგალითად, განათლებასთან, ჯანდაცვასთან, სოციალურ პროგრამებში ჩართვასთან დაკავშირებით?
ვალერი კოპალეიშვილი: სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიზანია დევნილთა ინტეგრაცია, რაც, ცხადია, მარტო განსახლებას არ გულისხმობს, მაგრამ ხშირად განსახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა მათი ინტეგრაციისთვის.
ლიანა ბერია: სტრატეგიაში ეს საკითხები გაწერილი არ არის, თუმცა, ეკონომიკურ ბლოკში საუბარია დასაქმების პროექტებზე, რაიმე ხელობის შესწავლაზე, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე პროექტი, რაც დევნილთა დასაქმებას მოაგვარებდა.
ქეთევან ქამაშიძე: გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა დევნილებს ესაჭიროებათ ინტეგრაცია. მათ უნდა ჰქონდეთ შემოსავალი და შეეძლოთ ოჯახების რჩენა. განსახლების პროგრამის დამთავრების შემდეგ მათ განათლებისა და რაიმე ხელობის შესწავლის პროგრამები უნდა შევთავაზოთ. უპირველესად უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფის განსაზღვრა და მათი საჭიროებების მიხედვით პროგრამების შეთავაზება. სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის სპეციალური პროგრამები, მაგალითად: მარტოხელა დედებისათვის და სხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პოზიტიური ნაბიჯია.
პაატა საბელაშვილი: რა ახალი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დადექით სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში და როგორ მოძებნეთ მოგვარების გზები?
ვალერი კოპალეიშვილი: სამინისტროს მუდმივად აქვს ურთიერთობა დევნილებთან. სულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 1600 ობიექტი გვაქვს, მათ შემოვლას დიდი დრო და ენერგია სჭირდება. სამინისტროს თანამშრომლები და მინისტრიც მუდმივად დავდივართ დევნილებთან, რადგან მათთან ურთიერთობაში პრობლემები უკეთ ჩანს და შემდეგ უკეთ ხერხდება მათი მოგვარება. სამოქმედო გეგმა განახლებადია, მაგრამ ყველაფერი ზუსტად გაწერილი ვერც ამ გეგმაში იქნება. ამისთვის არსებობს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები, სადაც უფრო დეტალურად არის აღწერილი პრობლემები, ეს შიდა მოხმარების დოკუმენტებია პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან საურთიერთოდ.
ლიანა ბერია: თავიდან ინფორმაციის ნაკლებობამ დევნილებში გარკვეული უნდობლობა გააჩინა. მათ არ იცოდნენ, პრიტავიზაცია კარგი იყო თუ არა, ეშინოდათ. იყო პრობლემები, როცა საოჯახო ნომრების მიხედვით გაიცემოდა კომპენსაცია და არა ფაქტობრივად - მაცხოვრებლების მიხედვით. თუმცა, მოგვიანებით შეიქმნა კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს და გამოსავალი იძებნება. შენობები, რომლებიც დევნილებს დაუკანონდათ, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა და დევნილებმა უკვე იციან, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ და არა - დევნილთა და განსახლების სამინისტროს.
პაატა საბელაშვილი: რა კეთდება დევნილების ინფორმირებისთვის და როგორ აშუქებს მედია დევნილებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს?
ქეთევან ქამაშიძე: სამეთვალყურეო საბჭოსთან შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც დევნილთა ინფორმირებაზე მუშაობენ. გამოიცა და დევნილებს დაურიგდათ ბროშურები, სადაც დეტალურადაა განხილული პრივატიზაცის საკითხები, რათა დევნილებს ჰქონდეთ ნათელი ინფორმაცია, თუ რას სთავაზობს მათ სახელმწიფო.
ვალერი კოპალეიშვილი: ბროშურების შარშანდელ გამოცემებს წელს ვანახლებთ და დევნილებს ვაწვდით. გარდა ამისა, მათთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინტრუმენტია პირადი შეხვედრები. ორი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა სამინისტროში - შეიქმნა დევნილთა მისაღები და ამუშავდა ცხელი ხაზი, რომლის ოპერატორები აღჭურვილები არიან უახლესი ტექნიკით, შექმნილია სპეციალური პროგრამები, სადაც დევნილების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. ამან ნამდვილად გააუმჯობესა მათთან კომუნიკაცია. მას მერე, რაც ცხელი ხაზი ეფექტურად ამუშავდა, ხალხის ჩოჩქოლი სამინისტროსთან არ მინახავს. აღსანიშნავია, რომ რეგიონებსაც იგივე წვდომა აქვთ ამ სისტემასთან და მომსახურების ხარისხი იქაც ეტაპობრივად გაიზრდება.
მართლაც, დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ მასმედია დევნილების თემებით დავაინტერესოთ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში უამრავი რამ გაკეთდა, რაც მედიას არ გაუშუქებია. ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ. ახლა იგეგმება ჟურნალისტების ტრენინგი, სადაც მათ უკეთ გავაცნობთ სამოქმედო გეგმას და იმ საკითხებს, რაც დევნილებისთვის მნიშვნელოვანია. უნდა გაიზარდოს ჟურნალისტების ინფორმირების დონე, რათა მათ ადეკვატურად შეძლონ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება.
![]() |
3 დეას იურიდიულ - საკონსულტაციო სამსახური |
▲back to top |
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეაში ფუნქციონირებს უფასო იურიდიულ-საკონსულტაციო სამსახური, რომელიც ასოციაციის ბენეფიციართათვის აწარმოებს კონსულტაციებს მათთვის მნიშვნელოვან და გაურკვეველ საკითხებზე, რაც ასევე გულისხმობს მათი საჭიროებებისამებრ სხვადასხვა სახის დოკუმენტაციებისა და საბუთების მომზადებას, ინფორმაციის მიწოდებას მათ უფლებებსა და მოვალეობებზე სხვადასხვა სფეროში, დაკავშირებას სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორთან, კონკრეტულ პროექტებში ჩართვას და სხვ.
ასოციაციის იურიდიულ-საკონსულტაციო სამსახურის მიერ ოფისში, ასევე ადგილზე გასვლების, ბენეფიციართაგან შემოსული ცნობებისა და სხვა სახით მოპოვებულდაგროვებული მონაცემების საფუძველზე წარმოებს მონაცემთა ბაზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მათი პირადი მონაცემების, საჭიროებებისა და დიაგნოზის გათვალისწინებით. აღნიშნული ბაზა პერიოდულად განახლებადია და ივსება შემოსული ახალი მონაცემებით. მისი წარმოება მნიშვნელოვნად ამარტივებს ასოციაციის მიერ სხვადასხვა სახის პროექტებში ბენეფიციართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართვას მათი საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ასოციაციის მონაცემთა ბაზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რაც, თავის მხრივ, მათ შორის ურთიერთკოორდინაციას უწყობს ხელს.
იურიდიული სამსახური აქტიურადაა ჩართული ასოციაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებში, რომლებიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გარემოს - ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას მათი განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით. ამ მხრივ იურიდიულმა სამსახურმა დადგენილი სტანდარტებისა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე კონსულტაციები გაუწია სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებს მათ შენობა-ნაგებობათა ინფრასტრუქტურის აღნიშნული კუთხით დადგენილ სტანდარტებთან მიახლოების საქმეში. თანამშრომლობა-რეკომენდაციები წარმოებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ საგზაო და სხვა სახის მშენებლობებთან და ასევე ძველ შენობანაგებობათა რემონტთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულმა საქმიანობებმა, სხვადასხვა უწყებებისადმი გაგზავნილმა მიმართვებმა, განცხადებებმა თუ შენიშვნის წერილებმა გამოიღო შესამჩნევი შედეგი როგორც შესაბამისი სახელისუფლო უწყებებისაგან, ასევე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთაგან. გამგეობის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულმა სამსახურმა ცალკე შეამოწმა ქალაქში არსებული და აგრეთვე მშენებარე ობიექტები შშმ პირთა (ძირითადად, ეტლით მოსარგებლეთა) შეღწევადობა-ხელმისაწვდომობის ნიშნით დადგენილი სამშენებლო სტანდარტების დაცულობაზე.
ასოციაციის იურიდიული სამსახური აქტიურად ჩაერთო ასოციაციის მიმდინარე პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ განხორციელებაში, რამაც თავისი სპეციფიკური მიმართულება მისცა იურიდიული სამსახურის საქმიანობას კონკრეტულად დევნილ მოსახლეობასთან ურთიერთობისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალიზაციის კუთხით.
პროექტის განხორციელებიდანვე იურიდიულმა სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების მცხოვრებთათვის გასწია სხვადასხვა სახის უფასო იურიდიული კონსულტაცია, რომლის ოდენობამ მთლიანობაში 2 000-ს მიაღწია. კონსულტაციები წარმოებდა როგორც დევნილებთან გასვლითი შეხვედრების, ასევე ოფისში ვიზიტის, სატელეფონო კავშირისა და წერილობითი სახით. განსაკუთრებით ხშირი და ნაყოფიერი გამოდგა ურთიერთობა სამსახურსა და შერჩეულ სათემო ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი საკითხები და პრობლემები როგორც სოფლად, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე თითქმის იდენტურია ფაცხოვრებო, სოციალური, საგანმანათლებო, სამართლებრივი და სხვ. აღნიშნული საკითხები მუშავდება პროექტის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით. ერთობლივი საქმიანობის შედეგად გამოვლენილი პრობლემების სისტემატიზაციის საფუძველზე გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა სხვადასხვა შინაარსის საკითხები, რომლებზეც ადეკვატური პასუხის მისაღებად და შემდგომში ადრესატებისათვის (ბენეფიციარებისთვის) მისაწოდებლად ასოციაცია დეას იურიდიულ-საკონსულტაციო სამსახური უკავშირდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა თუ შესაბამისი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, კომპანიებს როგორც ოფიციალური მიმართვის, ასევე სატელეფონო კავშირის სახით. იყო შემთხვევები, როდესაც იურიდიული სამსახურის მეშვეობით, დევნილთათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სახის საკითხებში გარკვევის მიზნით ასოციაციაში შედგა შეხვედრა ამა თუ იმ უწყების წარმომადგენლებთან. სულ აღნიშნული პერიოდის მანძილზე საკონსულტაციო სამსახურის მიერ ბენეფიციართა როგორც პირად, ასევე თემებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე შედგა, მომზადდა და, შესაბამისად, გადაიგზავნა 140-ზე მეტი მიმართვა, წერილი თუ განცხადება, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტთან, სხვადასხვა სამინისტროებთან, პირველ ლედისთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ა.შ.
ასოციაციის წარმომადგენლებთან საუბარში კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელ-თანამშრომლებმა გამოთქვეს მზადყოფნა კანონის ფარგლებში დასმული საკითხების გადასაწყვეტად, თუმცა, როგორც საკუთრივ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებში გამოვლინდა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებისა და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არაადეკვატურად რეაგირებენ მათ მიერ დასმულ საკითხებზე. არის შემთხვევები, როდესაც განუსაზღვრელი ვადით ჭიანურდება სახელმწიფო უწყებების სახელზე გაგზავნილ მიმართვებზე პასუხი. ერთი და იგივე საკითხზე რამოდენიმეჯერ გასვლის შემდეგ, მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე მათ ან არავინ ხვდებათ, ან ღებულობენ შეუსაბამო და ზოგჯერ შეურაცხმყოფელ პასუხს. თავის მხრივ, აღსანიშნავია მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში თავიანთი უფლებებისა და მოვალეობებების შესახებ არსებული ბუნდოვანი წარმოდგენა, გაუთვითცნობიერებლობა სხვადასხვა საკითხებში - დევნილთა დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის მიმართოს კუთვნილი დახმარებების მისაღებად, დარღვეული უფლებების დასაცავად. მათ ასევე არ იციან, თუ კონკრეტულად რა სახის დახმარებები და შეღავათები ეკუთვნით კანონით, მწირი წარმოდგენა აქვთ სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე არსებულ სოციალურ და სხვა სახის პროგრამებზე. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან ნაწილმა აღნიშნა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების საჭიროება და აუცილებლობა. ამ მხრივ მათთან კონსულტაციების შემდეგ, ასოციაციის იურიდიულმა სამსახურმა რიგ საკითხებზე, კერძოდ „ინფორმაციის საჯაროობა და მისი ხელმისაწვდომობა“, ასევე „დევნილთა სტატუსი, უფლებები და შეღავათები“ მოამზადა და ჩაატარა სემინარები ადგილზე, შერჩეულ თხუთმეტ თემში თემის მობილიზატორებთან და პროექტის ოფიცრებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ სემინარების მიმდინარეობისას კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა პრობლემური საკითხები და რიგი კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც სხვადასხვა სახის საბუთების მოწესრიგებასთან იყო დაკავშირებული. გამოსაყოფია ფაქტები, როდესაც აფხაზეთიდან გარკვეულ მიზეზთა გამო, ახლად გადმოსულ დევნილებს არ გააჩნდათ არანაირი დოკუმენტაცია. დღევანდელი მდგომარეობით, ასოციაციის იურიდიული სამსახურისათვის ცნობილი მსგავსი საკითხები მოგვარებულია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონულ სამმართველოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ოფისში ჩატარებული შეხვედრების, სემინარების, კონსულტაციების შედეგად დევნილი მოსახლეობა და ასევე გარკვეულწილადმანსპინძელი თემის წარმომადგენლები უკვე ასოციაციისა და კერძოდ მისი იურიდიული სამსახურის დაუხმარებლად, დამოუკიდებლად ცდილობენ სახელისუფლებო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში გარკვევას და, ზოგადად, სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვას. თავის მხრივ, დევნილი მოსახლეობის გააქტიურებისა და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში რიგი ინიციატივები წამოვიდა ადგილობრივი ხელისუფლებისგან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროექტებისა თუ დაგეგმილი საქმიანობების პრეზენტაციისას დევნილი მოსახლეობის მიწვევითა და ჩართვით, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ სტიმულს წარმოადგენს მათთვის.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და დევნილ მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა, მათთან ყოველდღიური კონტაქტი წარმოადგენს როგორც ამ ორ მხარეს არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოების ამ ნაწილს შორის ნდობის გაღრმავების, ასევე მათ საზოგადოებრივად გააქტიურებასთან დაკავშირებული საქმიანობების წახალისებას, მათ გათვითცნობიერებას საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში, რაც პირდაპირი წინაპირობაა მათი ინტეგრაციისათვის.
![]() |
4 იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედი გეგმის განახლებული ვარიანტი |
▲back to top |
2010 წლის 19 მაისს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტი 2010 წლისთვის, რომელშიც ნათლად ჩანს სახელმწიფოს სტრატეგია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართებაში.
სამოქმედო გეგმის განახლების აღსანიშნავად და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ლტოლვილთა დანიის საბჭო 2010 წლის 28-30 ივნისს გეგმავს 3-დღიანი ღონისძიების ჩატარებას სახელწოდებით: „იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებები“.
მიზნები
ღონისძიების მიზნები:
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის გადაჭრის უზრუნველსაყოფად საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრის ჩართვა;
2. სამოქმედო გეგმის შესწორებული ვარიანტის ფარგლებში კონკრეტულ საკითხებზე დისკუსიების წარმოება და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების შესახებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღების სტიმულირება, რომლებიც არსებულ ფაქტებს ეფუძნება;
3. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესის გაძლიერება და მათი უფრო მეტად ჩართვა დევნილთა მიმართ წარმოებულ პოლიტიკაზე გამართულ დისკუსიებში.
კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა-დახარისხება და პრიორიტეტების მინიჭება
დღესდღეობით იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ის ნაწილი ხორციელდება უმეტესწილად, რომელიც კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილებისათვის საცხოვრებელი პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას გულისხმობს. თუმცა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, დევნილთა ნახევარზე მეტი - 47 000 ოჯახი - კერძო სექტორში ცხოვრობს, რაც შეიძლება გულისხმობდეს ნათესავთან ცხოვრებიდან მოყოლებული, ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრებით დამთავრებული.
პრეზენტაციის დროს მიმოხილულ იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრება კერძო სექტორში და დაჯგუფება მათი საცხოვრებელთან დაკავშირებული მდგომარეობის ტიპები იმის მიხედვით, საცხოვრებელთან დაკავშირებული რა პრობლემა აქვთ და როგორ შეიძლება მათი მოგვარება. გარდა ამისა, დაისმება საკითხი იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საცხოვრებელ ადგილებში განსახლებასა და დაბინავებასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის დროს განხილული მონაცემები შეგროვილ იქნა ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ. საბჭომ კერძო სექტორში განსახლებული 400 დევნილის კვლევისა და თვისობრივი ინტერვიუების ჩატარების შედეგად შეაგროვა სამეგრელოს რეგიონში.
პლენარული სხდომის მიზანი იყო კერძო განსახლების ძირითადი ტიპების დასახელება და მათგან პრიორიტეტულის გამოყოფა, პრეზენტაციის დროს წარმოშობილი საკითხების განხილვა და კერძო განსახლების ძირითადი ტიპების შეტანა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპებში“ და უფრო ამომწურავ სამოქმედო გეგმის იმ ნაწილში, რომელიც კერძოდ განსახლებულ დევნილებს ეხება.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ ლტოლვილთა დანიის საბჭო შეიმუშავებს ანგარიშს, რათა მიღებული გამოცდილება გამოყენებულ იქნეს მომავალშიც.
იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის 2.3.1 პუნქტი ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ძირითადი პრინციპები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმირებულ და ნებაყოფლობით მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ჩართულობასა და ადამიანის უფლებათა პატივისცემასთან, უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კომპანიების საშუალებით. სხდომაზე დევნილთა სამართლებრივ და ინფორმაციულ საჭიროებებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე გამახვილდება ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღება დაეთმობა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების“ განხორციელებას, პრივატიზაციის პროცესს და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რეაბილიტაციის სტანდარტებსა და გასაჩივრების მექანიზმებს და დევნილთათვის იმ სამთავრობო მომსახურების გაუმჯობესება, რომელიც ინფორმაციას და იურიდიულ დახმარებას ეხება. პლენარული სხდომის ბოლოს ყურადღება გამახვილდება პოლიტიკასა და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე.
![]() |
5 განვითარების კომიტეტები |
▲back to top |
პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში, დევნილთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის და მათი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩამოყალიბდა განვითარების კომიტეტები მცხეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიცი პალიტეტებში.
განვითარების კომიტეტების შექმნის მიზანია ადგილობრივი პრობლემების განხილვა, მათი მოგვარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმების პროექტების მომზადება.
კომიტეტების წევრები არიან დევნილი მოსახლეობა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის წარმომადგენელები. ისინი მუშაობენ იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც აქვთ დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.
აღნიშნული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა არის კონკრეტული მუნიცი პალიტეტის განვითარების სტრატეგია.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას თვითმმართველობის რესურსების ეფექტური გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განვითარების კომიტეტის წევრებს პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით 12-18 მაისს დაბა ბაკურიანში ჩაუტარდა ტრენინგები თემაზე - „ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“. ტრენინგი ჩაუტარდა 56 მონაწილეს (მათ შორის იყო: 25 - დევნილი, 18 - ადგილობრივი თვირმმართველობის წარმომადგენელი და 13 - ადგილობრივი მცხოვრები).
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს:
1. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის არსი და შემუშავების პროცესი;
2. ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, ფუნქციები, კომპეტენციები და უფლებამოსილებები;
3. სტრატეგიული გეგმის განხორციელება და შეფასება;
4. პროგრამის ფორმირებისა და რეალიზაციისათვის ფინანსური რესურსების მოძიება;
5. ადგილობრივი რესურსების შეფასება და სტატისტიკის წარმოება ეკონომიკური განვითარებისათვის;
6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
7. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა. განვითარების კომიტეტის წევრთა ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები და დაესვათ შეკითხვები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ტრენინგებზე მონაწილეებსეძლეოდათ ჯგუფური დავალებები და სავარჯიშოები.
მონაწილეთა 70%25-ის მოსაზრებით, ტრენინგები შეფასებულ იქნა, როგორც საუკეთესო, ხოლო 30%25-ის შეფასებით, როგორც ძალიან კარგი, ხოლო 66%25 მიიჩნევს, რომ ტრენინგ-კურსზე განხილული საკითხები ძალიან გამოადგებათ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესში. ამასთან, მონაწილეთა 80%25 მიიჩნევს, რომ ტრენინგმა გააუმჯობესა მათი ცოდნა და პროფესიული უნარჩვევები. ხოლო ტრენინგის სამუშაო წიგნი და ჯგუფური დავალებები მონაწილეთა უმრავლესობის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
ტრენინგების დასასრულს, მონაწილეებსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც განისაზღვრა თანამშრომლობის მიზანი და შეთანხმების პირობები, კერძოდ:
„პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ორივე მხარე მიზნად ისახავს:
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობას;
2. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობასა და მონაწილეობას;
3. სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარების მიზნით სტრატეგიული გეგმების მომზადებას.“
ტრენინგის დადებითი შედეგია ხაშურისა და ქარელის მუნიცი პალიტეტების განვითარების კომიტეტების მიერ მუნიცი პალიტეტის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შესადგენად საკუთარი ინიციატივით მუშაობის დაწყება (წევრებმა დაინაწილეს საქმიანობები და დაიწყეს ინფორმაციის მოძიება, რომლის საფუძველზე უნდა შეიქმნას განვითარების გეგმები). აღნიშნული მეტყველებს მათ მაღალ ინტერესსა და მოტივირებულობაზე.
ამ ეტაპზე განვითარების კომიტეტის წევრები მუშაობენ მუნიცი პალიტეტში არსებული მდგომარეობის დახასიათებაზე და ამ მიზნით მოძიებული აქვთ სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია. ამავე დროს, მიმდინარეობს არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლა, რათა მოხდეს მუნიცი პალიტეტის შესაძლებლობების რაციონალური გამოყენება.
![]() |
6 გულის ქირურგიული სახელმწიფო პროგრამა |
▲back to top |
რუბრიკა: ჩემი ჯანმრთელობა ჩემი უფლებაა
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები ყოველწლიურად განიცდიან ცვლილებებს. წინა წელთან შედარებით, 2010 წელს ცვლილებები განიცადა კარდიოქირურგიის სახელმწიფო პროგრამამ (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ¹146/ნ). აქამდე პროგრამა მხოლოდ 60 წელს ზემოთ მყოფ პაციენტებს აფინანსებდა, 2010 წლიდან კი ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე ჩამოიწია. ასევე, უპირატესობა მიენიჭა პაციენტის არჩევანს - ის თავად ირჩევს მისთვის სასურველ სამკურნალო დაწესებულებას, სადაც მიიღებს საჭირო კარდიოქირურგიულ მკურნალობას.
გულის ქირურგიის 2010 სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს:
1. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობას;
2. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
3. კორონარულ ანგიოპლასტიკას.
აღნიშნული პროგრამით 2010 წლის 10 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ ისარგებლონ:
გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებულმა საქართველოს მოქალაქეებმა რომლებიც საჭიროებენ კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიებით დაავადებულმა 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საჭიროებენ კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
60 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საჭიროებენ კორონარულ ანგიოპლასტიკას.
პროგრამით განსაზღვრული მომსახურება მიეწოდება კარდიოქირურგიულ პაციენტს ე.წ. მოსარგებლეთა ვაუჩერიზაციის გზით, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებებს შორის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.
კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერის გაცემისა და მიმოქცევის წესი
მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროება კარდიოქირურგიული მკურნალობა (ზემოთ ჩამოთვლილი ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით), ინდივიდუალური ვაუჩერის მიღების მიზნით, პირველ რიგში, მიმართავს პროფილურ სამედიცინო დაწესებულებას. კლინიკა უფასოდ გასცემს პაციენტზე ან მის მეურვეზე ფორმა ¹IV-100/ა-სა და ანგარიშ-ფაქტურას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ოპერაციის დასახელება და საშუალო ღირებულება. შემდგომ ეტაპზე პაციენტი ან მისი მეურვე მიდის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში (თბილისი, რუსთაველის გამზირი 12), სადაც აღნიშნულ საბუთებთან ერთად უნდა წარადგინოს პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი.
კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერის (ბ ნაწილის) მიღების შემთხვევაში,
მფლობელს შეუძლია, აირჩიოს გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულება, სადაც ის ჩაიტარებს მკურნალობას. კარდიოქირურგიული მკურნალობა გაეწევა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ფლობენ სრულად შევსებულ ვაუჩერს (ბ ნაწილი).
დამატებითი შეკითხვებისათვის დაუკავშირდით ჯანმრთელობისა და სოციალური
პროგრამების სააგენტოს ცხელი ხაზზე:
(+995 32) 45 40 80,
(+995 32) 45 40 90
![]() |
7 ივნვალიდ ქალთა და ივნვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეასთან არსებული ინტერგირებული ახალგაზრდული კლუბი - დეა |
▲back to top |
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეასთან არსებული ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბი „დეა“ შეიქმნა 2008 წელს დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ (Oxfam GB) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საზოგადოება და ბიუჯეტის მონიტორინგი“ ფარგლებში.
კლუბის მიზანია თვითმმართველობის პრინციპების პოპულარიზაცია ახალგაზრდების წრეებში მათთვის თვითგანვითარებისა და თვითრეალიზაციის პირობების გაუმჯობესებისა და ახალგაზრდული ინიციატივების სტიმულირების გზით, კლუბში გაერთიანებული სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა ინტეგრაცია და შეკავშირება, ჩართვა ახალგაზრდული პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში, თავიანთი შესაძლებლობებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერება, ლიდერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინიციატივების სტიმულირება, სწორი ორიენტირება სუროგატული და ჭეშმარიტი ფასეულობების ფართო სპექტრში.
კლუბში გაერთიანებულნი არიან ადგილობრივი და დევნილი, შშმ ახალგაზრდები, აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები და სხვ. (25 წევრი), შექმნილია ჯგუფები ინტერესთა მიხედვით - ბიზნესი და ეკონომიკის საფუძვლები; მხარეთმცოდნეობის ჯგუფი, ახალგაზრდა შემოქმედთა და ჟურნალისტთა ჯგუფი.
კლუბში შექმნილია სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების პირობები, იგი ახალგაზრდებს სთავაზობს უფასო სერვისებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მოკლებულია კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის, ინტერნეტით სარგებლობის, უცხო ენების გაკვეთილების მიღების დაუფლების, ასევე თვითგანვითარებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო სხვა თანამედროვე უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას.
კლუბი აღჭურვილია თანამედროვე ფოტო-აუდიო-ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკით, ჩართულია ინტერნეტი, ფუნქციონირებს მინიბიბლიოთეკა, რომლის ფონდი განუწყვეტლივ ივსება თანამედროვე იურიდიული, ეკონომიკური, ისტორიული, მხატვრული, საცნობარო და სხვა ხასიათის ლიტერატურით; ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ პერიოდულ პრესას.
ახალგაზრდულ კლუბში დანერგილია თანასწორთა სწავლების მეთოდოლოგია თანასწორთა სწავლების პრინციპით კლუბის წევრებისათვის ორგანიზებულია:
1. ინგლისური ენის გაკვეთილები;
2. კომპიუტერული გაკვეთილები;
3. ფოტო-ვიდეო გადაღების ორთვიან კურსი;
4. შემოქმედებითი ჟურნალისტური მუშაობის საფუძვლების ორთვიანი კურსი.
ტრენინგები
კლუბი ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართულ ტრენინგ-სემინარებს, მაგალითად:
წარმატების მიღწევის ტრენინგი ახალგაზრდული კლუბის ლიდერებისათვის (ტრენინგის წამყვანი, პროფესორი - ნოდარ სარჯველაძე, ასისტენტი - ლიანა მგალობლიშვილი).
თვითმმართველობა და ბიუჯეტის მონიტორინგი (ტრენერი - გია ტოკლიკიშვილი, შოთა მურღულია).
პროექტის ციკლის მართვა - (ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ტრენერები - თამარ ცირეკიძე და ბესარიონ სულაბერიძე.)
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკანონმდებლო ბაზა და არჩევნების პროცედურული საკითხები (ტრენერი - კოალიცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი, პროექტის ექსპერტი მირანდა მესხი). ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა საქართველოში.
საზოგადოებრივი თანამონაწილეობა და სამოქალაქო მონიტორინგი და სხვ.
კლუბის წევრები სისტემატურად მონაწილეობენ აგრეთვე ასოციაცია დეასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში.
სემინარები
საპროექტო წინადადებების მუშავების ძირითადი საფეხურები, პრინციპები და დიზაინი;
საზოგადოებრივი სექტორის არსი, მისია და ძირითადი მახასიათებლები;
საჯარო ინფორმაცია და მისი მოპოვების გზები;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების რესურსები და პერსპექტივა;
ევროპული ქარტია ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ და სხვ.
კლუბში ტარდება კლუბური და საქალაქო დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ, მათ შორის, ახალგაზრდულ პრობლემებზე:
დემოკრატიული ღირებულებები, პიროვნებისა და ერის თავისუფლება, ქვეყნის პროგრესი და შემაფერხერბელი გარემოებები;
ელიტის როლის საზოგადოებაში;
თავისუფალი აზრი და სტერეოტიპული აზროვნება;
რა არის პროვინციალიზმი და რამდენად განსაზღვრავს მის წარმოშობას ცხოვრება პერიფერიაში;
ახალგაზრდობა და თვითმართველობა.
კლუბის მიერ განხორციელებული პროექტები:
„ჩვენი საგანძური“ - პროექტის მიზანი: კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული სულიერი და მატერიალური კულტურის ნიმუშებისა და მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას ღვაწლის პოპულარიზაცია; ფინანსური მხარდაჭერა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 2009.
ლიტერატურული კონკურსი „ოქროს პერგამენტი - 2009“ - პროექტის მიზანი: ნიჭიერი შემოქმედი ახალგაზრდების გამოვლენა და სტიმულირება; ფინანსური მხარდაჭერა - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოები
„ახალგაზრდობა და არჩევნები“ - პროექტის მიზანი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო პროცესში დარღვევების პრევენციის ხელშეწყობა ახალგაზრდა ამომრჩევლების გათვითცნობიერებისა და გააქტიურების გზით. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები მიიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არსსა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ძირითადი უფლებამოსილებების, არჩევნების პროცედურულ საკითხებზე მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა და ჩართვაზე საარჩევნო პროცესებში; შშმ პირთათვის ხმის მიცემის უფლების რეალიზაციის პირობების, მათ შორის საარჩევნო უბნების შეღწევადობის გაუმჯობესებაზე. ფინანსური მხარდაჭერა - ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო 2010 წ.
მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგში
ახალგაზრდული კლუბი ჩართულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონიტორინგში ახალგაზრდულ პროგრამებზე აქცენტირებით.
ტრენინგ-სემინარები, აქტიური ჩართულობა ასოციაცია დეასთან არსებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონიტორინგის საზოგადოებრივი კომიტეტის საქმიანობასა და ასოციაცია დეას სხვადასხვა მიმართულების პროექტებში მოხალისეობრივ საწყისებზე კლუბის წევრებს აძლევს უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას საბიუჯეტო პროცესთან, სამოქალაქო მონიტორინგთან, პროექტების მართვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
ინტერნეტფორუმი და კლუბური ინტერნეტტელევიზია
კლუბი მუშაობს თვითმმართველობის საკითხებისადმი მიძღვნილი ინტერნეტფორუმისა და კლუბური ინტერნეტტელევიზიის შექმნაზე კლუბის წევრთა ძალებით.
ეს მოაზრებულია როგორც ინფორმაციის გავრცელების დამატებითი არხი, რომელიც უფრო ინტენსიურად და ღრმად გააშუქებს ასოციაციის საქმიანობას სამოქალაქო განვითარების, სოციალურად დაუცველი ფენების, მათ შორის მარგინალური ჯგუფების პრობლემების აქტუალიზაციისა და თავად მათი გააქტიურებისა და ჩართვის მიმართულებით. „ხაზგასასმელია, რომ ინფორმაციით დაინტერესებისა და მისი აღქმადობის გაძლიერებისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ინფორმაციის თემატიკას, არამედ მიწოდების ფორმასა და საშუალებებს, დღევანდელ პირობებში ეს არის ინტერნეტი, რომელიც უფრო საინტერესოა და მიმზიდველი ახალგაზრდებისათვის; როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მაგალითად, თვითმმართველობის განვითარების საკითხების მიმართ ახალგაზრდების ინდიფერენტულობის დაძლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად იკვეთება ამ საკითხების განხილვა კონკრეტულ ახალგაზრდულ პრობლემებთან კავშირში, რასაც მოემსახურება კიდეც მომავალი ინტერნეტტელევიზია, რომლის საეთერო დრო იქნება სრულიად უფასო შემეცნებითი და გასართობ-შემეცნებითი საავტორო გადაცემებისათვის. ტელევიზია იხელმძღვანელებს თავისუფალი მედიის პრინციპებით და მაქსიმალურად ეცდება, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, მიაღწიოს უკუკავშირს - თანატოლების დაინტერესებასა და ჩართვას პრობლემათა იოდენტიფიკაციასა და მათ გადაჭრაზე მიმართული გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა დონეზე.
კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ ასოციაცია დეას პერიოდული გაზეთისათვის „ახალგაზრდობა და თვითმმართველობა“ მომზადებასა და გამოცემაში.
კონტაქტები
კლუბის წევრები ინტენსიურად მუშაობენ ინფორმაციის მოპოვებაზე სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ თვითმმართველობის ინსტიტუტებისა და თვითმმართველობაში ახალგაზრდების მონაწილეობის გამოცდილების შესახებ, ასევე ახალგაზრდულ კლუბებსა და გაერთიანებებთან კონტაქტების დამყარებაზე. ამ კონტაქტების შედეგია კლუბის წარმომადგენელთა მიწვევა ლვოვში ახალგაზრდული ორგანიზაციების საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის სექტემბერში.
მოხალისეობის ინსტიტუტი
კლუბის წევრები მოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობენ ასოციაცია დეას პიარკამპანიებსა და აქციებში, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობებში.
მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია დეას მიერ ზუგდიდში ჩატარებული გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი ბავშვის უფლებათა დაცვის კვირეულის - „მე მაქვს უფლება“ - ორგანიზებაში (კვირეული ჩატარდა ასოციაცია დეას ამავე სახელწოდების მიკროპროექტის ფარგლებში საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და გაეროს საინფორმაციო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით).
კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ ეტლების, ყავარჯნებისა და ხელჯოხების, აგრეთვე მედიკამენტების დისტრიბუციაში, რომელიც განხორციელდა ასოციაცია დეას, როგორც ჩეხეთის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ჩეხეთის განვითარების საგენტოს პროგრამის ფარგლებში. კლუბის წევრებმა ასოციაცია დეას წარმომადგენლებთან ერთად მოიარეს სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი და გადაადგილების შემამსუბუქებელი ეს საშუალებები და მედიკამენტები შინმიტანით გადასცეს რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში მცხოვრებ 400-მდე შშმ პირს.
გამოკითხვები
კლუბის წევრებს აქვთ გარკვეული გამოცდილება კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარებაში. მათ დამოუკიდებლად ჩაატარეს გამოკითხვები თვითმმართველობის სფეროში მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და გათვითცნობიერების დონის შესწავლის მიზნით.
ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული ერთ-ერთი აქტუალური პრობლემის გამგეობის რწმუნებულის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესწავლაზე მიმართულ გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა „კოალიცია თვითმმართველობისა და ადგილობრივი დემოკრატიისათვის“ პროექტის ფარგლებში.
ახალგაზრდები მოხალისეობრივ საწყისებზე აგრეთვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი გამოკითხვაში 2008 წლის აგვისტოს ომის აღქმისა და მასთან დაკავშირებით საზოგადოების შეხედულებების შესწავლის მიზნით. გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და ხორციელდება 3 პარტნიორი ორგანიზაციის - „Saferworld“- ის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელშეწყობით.
მიმდინარე ეტაპზე კლუბი აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობაში „თვითმმართველობის ევროპული ახალგაზრდული ქარტიის“ პოპულარიზაციაზე და ამზადებს წინადადებას/ინიციატივას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალგაზრდებთან მუშაობაში ამ ქარტიის სახელმძღვანელო დოკუმენტად მიღებისათვის.
ჩვენი კლუბი
„წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“
სოფო ეხვაია: „ზუგდიდში გავიზარდე, მშობლიური სოფლიდან ძალიან ახლოს და ამავე დროს ძალიან შორს, ყველაზე მეტად ამ პარადოქსს ენგურის ხიდზე ვგრძნობ - ნახევარს რომ გაივლი, ქარის ხმებს აფხაზეთის ხეთა შრიალი ერევა, მანამდე - სამეგრელოსი. ყველაზე მეტად მიჭირს იმის დანახვა, როგორ იცვლება ხიდზე ადამიანთა სახეები და სიარულიც კი. აფხაზეთის ნაპირთან მიახლოების კვალდაკვალ რაღაც მძიმე გაწვება გულზე, წელში გხრის, ერთმანეთში ირევა წუხილი, სინანული, შიში, ბრაზი, დაძაბულობა და, ყველაფრის მიუხედავად, სიხარულნარევი მღელვარება და შეგრძნება იმისა, რომ სახლში ბრუნდები. განცდების იგივე თანმიმდევრობით გადიხარ ამ გზას უკან, ზუგდიდისაკენ, რომელიც ასევე შენი სახლია, რომელსაც ასევე სიყვარულით უბრუნდები, და როგორც გალში დარჩენილი მშობლიური სახლის ნანგრევები ვერ გიხშობს ამ სიხარულს, ისე ზუგდიდში ვერ გართმევს ამ სიხარულს დევნილთა კომპაქტური დასახლების უბადრუკობა და უამრავი პრობლემა, რომელიც დევნილის ცხოვრებას ახლავს.
ესეც პარადოქსია, მაგრამ რაღაც ნიშნის მომგებ სიხარულს მგვრის ის, რომ ზუგდიდი ლამაზდება, რომ იგი, როგორც იქნა, ამოვიდა პარტახიდან და ნანგრევებიდან, ასე მგონია, ღამის ზუგდიდის ნახვა უსათუოდ დააფიქრებდა მათ, ვინც სხვისგან თავსმოხვეულ აზრებს აყოლილი, თავისივე ნამოქმედარის გამო დღენიადაგ ნასახლარებსა და ტანკების გრუხუნს შესცქერის ოდესღაც მშვენიერ ქალაქებსა და სოფლებში, რაც უნდა მტკივნეული იყოს ამაზე ფიქრი ჩვენთვის, დევნილებისთვის.
ყოველთვის ვამაყობდი დადიანების ულამაზესი სასახლეებით, ბევრჯერ მიფიქრია, როგორ გადაურჩა ეს ყველაფერი და განსაკუთრებით მასში დაცული საეკლესიო სიწმინდეები იმ დროს, როცა ეკლესიებს ანგრევდნენ, მორწმუნეებს დევნიდნენ, ხატებში მხოლოდ მატერიალურ ღირებულებას ხედავდნენ, ყიდდნენ, საპატიო სტუმრებს ჩუქნიდნენ და ა.შ., რაც წიგნებიდან ვიცი და უშუალოდ ჩემი ოჯახის უფროსი წევრებისგანაც მსმენია...
აკაკი ჭანტურიას სახელი პირველად კლუბში გავიგე, აღმაფრთოვანა მისმა თავდადებამ, დაუღალავმა შრომამ, შეუპოვრობამ. მთელი გულით ჩავები მისი ღვაწლის პოპულარიზაციაზე მიმართული პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში. ბარელიეფზე მუშაობის პროცესში ინტერვიუს ჩასაწერად ვეწვიე სკულპტორ რობერტ აბსანძეს, აკაკი ჭანტურიას ძველი ფოტოები მაჩვენა, ძალიან მივამსგავსე პეტრე ჭარაიას, რომელმაც თავის დროზე ასეთივე ამაგი დასდო გალის სიძველეთა შესწავლასა და გადარჩენას. როგორც ჩანს, ასეთ ადამიანებს სულთა ნათესაობა გარეგნულადაც ამსგავსებთ, სხვა სინათლე ადგებათ შუბლზე, თვალებიდან პატიოსნება, კეთილშობილება გამოსჭვივის. ახლა, როცა მუზეუმთან გავდივარ და მის ფასადზე ბარელიეფს აკაკი ჭანტურიას ვხედავ, თავს ვიჭერ ფიქრში, რომ ბოლოს მაინც დადგება დრო, როცა მე და ჩემი მეგობრები დეადან ან სულაც სხვა ქართველი გოგო-ბიჭები აუცილებლად აღვადგენთჩვენს გაპარტახებულ ღირსშესანიშნაობებსა და ძვირფას საფლავებს აფხაზეთში, იმიტომ, რომ ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“...
გვინდა, ხელახლა ვიპოვოთ ჩვენი თავი
სალომე მურუსიძე: „მე და ჩემი და კლუბში ორიოდე თვის წინ მოვედით, მისი არსებობა ნაცნობებისგან შევიტყვეთ და ახლა ასე სამგონია, ვიპოვე ის, რაც ძალზე მაკლდა - თანამოაზრეთა წრე, მეგობრულად განწყობილი ადამიანები თავად კლუბში და მის გარეთ, ასოციაციაში, რომლის ხელშეწყობით შეიქმნა კლუბი.
თითქმის თხუთმეტი წელი ვცხოვრობდით რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში, სადაც სამუშაოს, საარსებო სახსრების საშოვნელად წავიდა ჩვენი ოჯახი. მაშინდელი ზუგდიდი არ გვახსოვს, ძალიან პატარები ვიყავით, ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოგვიხდა აქ ჩამოსვლა, სულ ორიოდ თვე გავატარეთ ზაფხულში, როცა ჩვენი თანატოლები ქალაქიდან დასასვენებლად იყვნენ გასულნი და ვერავისთან მოვასწარით დამეგობრება. ამიტომაც ვითრევდით ფეხს, როცა დედამ საბოლოოდ გადაწყვიტა დაბრუნება რუსეთიდან. გვძლია იმან, რომ ასეთი იყო უკანასკნელი სურვილი ჩვენი მამისა, რომელიც ორი თვის წინათ გარდაიცვალა და ჩვენც ვიგრძენით, რომ ჩვენი ადგილი უცხოობაში აღარ იყო, მით უფრო, რომ ვითარება ქართველების გარშემო გართულდა. ყველაფრის თავიდან დაწყება ძნელია, ამდენი წლის მანძილზე სამშობლო გაგვიუცხოვდა, სიყვარულით, მაგრამ უფრო ცნობისმოყვარედ, უცხო ფრინველივით გვიყურებენ, ჩვენმა ბავშვობამ სხვაგან გაიარა, შინ ქართულად ვლაპარაკობდით, მაგრამ უცხო აქცენტი მაინც შემოგვეპარა. იქ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდით, არაფერს ვაკლდებოდით სასწავლებელში თუ მის გარეთ, აქ ნიადაგის მოსინჯვაში ვართ. კლუბში ჩემი უსიტყვოდ ესმით, არავისგან მოველი საყვედურს იმის გამო, რომ ლაპარაკში რუსულსაც ვურევ, თუმცა მესმის, რომ ეს ენა ახლა შეიძლება ბევრ მათგანს ყურს ჭრიდეს იქიდან გამომდინარე, რომ ამ ზაფხულს რუსულმა ტანკებმა და ბომბდამშენებმა კინაღამ ჩვენს თავისუფლებას გადაუარეს და არც მომავალში გვპირდებიან უკეთესს. მე რუსეთიც მიყვარს, იქ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები, ბევრი კეთილი ადამიანი, ვინც ცრემლებით გვაცილებდა, მაგრამ ჩემთვის ის ცრემლები უფრო ძვირფასია, რომლითაც აქ ნათესავები შემოგვეგებნენ. უცნაური დამთხვევაა, რომ ჩვენს კლუბს „დეა“ ჰქვია, სიცოცხლის დედის სახელი: მე და ჩემი დაც დედა საქართველოში ვართ და გვინდა, ხელახლა ვიპოვოთ ჩვენი თავი. კლუბი უკვე გვშველის ამაში.“
კლუბში გაცილებით მეტი მივიღე, ვიდრე წარმომედგინა
დათა აქუბარდია: „შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში ვსწავლობ, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
სტუდენტურ ცხოვრებას ბევრი სიხარული ახლავს, მაგრამ პრობლემებიც ბევრია. ახალმა დროებამ სასწავლო პროგრამებშირუსეთიბევრი რამ შეცვალა და ახალი წიგნების მოძიება ჭირს. საუკეთესო საშუალება ამ მხრივ ინტერნეტია, მაგრამ ინტერნეტკაფეებში სამუშაო პირობები არ არის, ხმაურია, სხვადასხვა ინტერესები, სიგარეტის ბოლი, გაუმართავი ტექნიკა, მომსახურებაც ძვირი ღირს, სისტემატური სარგებლობა სტუდენტის მწირი შემოსავლების იმედით თითქმის გამორიცხულია.
კლუბში პირველ რიგში ამის გამო მოვედი, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო პირობები, რომელსაც ასოციაცია დეა გვთავაზობდა კომპიუტერთან მუშაობას განუსაზღვრელი დროით და ინტერნეტით სარგებლობა უფასოდ, საგანგებოდ ჩვენთვის გამოწერილი პერიოდული პრესა და სპეციალური ლიტერატურა, სემინარებისა და ტრენინგების უწყვეტი ციკლი ჩვენთვის საინტერესო სფეროებში, შეხვედრები თვალსაჩინო სტუმრებთან, პროფესიონალებთან, კარგი პროექტების შექმნისა და განხორციელების შანსი...
ბევრი ჩვენგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს ან ნათესავებს არის შეკედლებული, და ბუნებრივია, მოკლებულია მეცადინეობის ნორმალურ პირობებს, ამდენად არც ის არის უმნიშვნელო, რომ აქ სითბო, სიმშვიდე და საქმიანი ატმოსფერო გხვდება, გიზიდავს მეგობრებთან საუბარი ბუხართან, ერთმანეთისგანაც ბევრს ვსწავლობთ, ზოგს ლიტერატურა ესმის სხვაზე კარგად, ზოგს ეკონომიკა და პოლიტიკა, ზოგს ხელოვნება და სპორტი. თავისუფლად შეგიძლია, გამოთქვა აზრი, დასვა კითხვები და პასუხი მიიღო, თავს მეგობრულ და კეთილგანწყობილ წრეში გრძნობ.“
![]() |
8 „პრობლემებს არ უნდა შეეპუო ცხოვრება გრძელდება“ |
▲back to top |
რუბრიკა ერთი გმირის ისტორია
ჩვენი რუბრიკის სტუმარი, გოჩა პეტრიაშვილი, დევნილია სოფელ ნულიდან, ამჟამად ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მისი მიზანსწრაფულობა განსაცდელში მყოფთ შეახსენებს, რომ პრობლემები ჩვენი ცხოვრების თანმდევია. „პრობლემებს არ უნდა შეეპუო, ცხოვრება გრძელდება“, - გოჩა პეტრიაშვილი.
- ბატონო გოჩა, როგორი იყო თქვენი ცხოვრება დევნილობამდე? მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ.
- დავიბადე ყოფილი ზნაურის რაიონში, სოფელ ნულში 1967 წელს. იმავე სოფელში დავამთავრე 8-წლიანი სკოლა, შემდეგ სწავლა გავაგრძელე ცხინვალის 141-ე პროფესიულ ტექნიკუმში, სასწავლებელი დავამთავრე წითელ დიპლომზე. შემდეგ მომიწია ჯარმა, მოვიხადე სავალდებულო, მაშინდელი რუსული ჯარი.
- სად მსახურობდით ჯარში? როგორი დამოკიდებულება იყო რუსებსა და ქართველებს შორის?
- ვმსახურობდი ქალაქ ბრიანსკში. დამოკიდებულება ძალიან კარგი იყო, სხვათა შორის, ქართველები, ვინც იმ დროინდელ ჯარში მსახურობდნენ, ყველა დამეთანხმება, რომ მაშინ ძალიან კარგად ვიყავით - შიშიც ჰქონდათ, რიდიც და პატივსაც გვცემდნენ.
ჯარიდან რომ დავბრუნდი, 1987 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვცადე გამოცდების ჩაბარება. მოგეხსენებათ, მაშინ განათლების სფეროში როგორი კორუფცია იყო, ფული მომთხოვეს გამოცდებში. გამოცდიდან გამომაგდეს იმისათვის, რომ მათემატიკის გამოცდაზე გვერდზე მჯდომმა მომაწოდა ფურცელი, მე დასახმარებლად მოვიხედე და ჩემი ნამუშევარი გადამიხაზეს. კი არ ჩავიჭერი, უბრალოდ გამოცდიდან გამომაგდეს. შემდეგ დავბრუნდი ქალაქ ბრიანსკში, სადაც ჯარში ვმსახურობდი. თავდაპირველად ჩავაბარე მოსამზადებელ განყოფილებაზე, ცოტა რუსული კი ვიცოდი, მაგრამ მიჭირდა სპეციფიკური საგნების სწავლა. 8 თვე ვსწავლობდი მოსამზადებელ კურსზე, შემდეგ ჩავირიცხე პირველ კურსზე, ჰიდრომელიორაციული ინსტიტუტის ჰესებია ჩემი სპეციალობა. 1993 წელს წარმატებით დავამთავრე ინსტიტუტი, სტიპენდია მუდამ მქონდა, ერთ დღეს რომ დაგეგვიანებინა ან ერთი გამოცდა ვერ ჩაგებარებინა, მაშინვე მოგვიხსნიდნენ სტიპენდიას. სტუდენტობა ცოტა რთული მქონდა, საქართველოში რთული სიტუაცია იყო, მიწევდა ჩამოსვლა, ჩემს სოფელში ომი იყო, ხშირად ჩამოვდიოდი ხალხს რომ არ ეთქვა, წავიდა რუსეთში და სოფელს ყურადღებას არ აქცევსო.
- თქვენ, ძირითადად, სწავლობდით 1987-1993 წლებში, როცა ოსებთან ომი უკვე დაწყებული იყო, იმოქმედა თუ არა ამან რუსებთან ურთიერთობაზე?
-ჩვენ ვიცოდით, რომ ოსები გვეომებოდნენ. გვიან მივხვდით რუსების ხრიკებს და მათთან კარგად ვიყავით. 1992-1993 წლებში უკვე რუსეთშიც გამოხატავდნენ აგრესიას კავკასიელებზე. ერთხელ ბაზარში ვიყავი, კარტოფილს ვყიდულობდი და ერთი მოხუცი ქალი მოვიდა და მითხრა, შვილო, ქართველი ხარო? რომ დავეთანხმე, წადი, გაიქეცი, რუსები მოდიან მთვრალი ბიჭები და შავგვრემნები ვინც ხვდებათ, ყველას სცემენო. გავიქეცი, წავედი - რას ვიზამდი?! თავს ზევით ძალა არ იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კარგი სამსახურიც შემომთავაზეს, სოფელი იყო კოკი, სადაც პრაქტიკებს გავდიოდით და იქ შემომთავაზეს მთავარი ინჟინრის თანამდებობა. მე ვუთხარი, რომ სახლში ჩავალ, ვნახავ იქ რა სიტუაციაა და დავბრუნდები უკან-მეთქი. წამოვედი დაღესტნელ ძმაკაცთან ერთად, დაღესტანში ვიყავით თითქმის ერთი-ორი კვირა, დავისვენეთ; შემდეგ მე წამოვედი სახლში, ძალიან რთული იყო მაშინ მგზავრობა, ბაქოს გავლით მოდიოდა მატარებელი. ვაგონებში უამრავი ხალხი იყო, ადგილი არ გვყოფნიდა და ფეხზე ვიდექით. რუსთავში გაჩერდა მატარებელი, თბილისამდე აღარ ჩამოვიდა. ჩემი ძმა ცხოვრობდა რუსთავში, ძმას ვნახავ და მერე დავბრუნდებიმეთქი. სახლში არავინ დამხვდა, მერე მეზობელმა დამიძახა, რომ შვილი დაეღუპა და სოფელში წავიდნენო. ძმისშვილი დამეღუპა, 17 წლის გოგო... გამოცდები ჩააბარა უმაღლესში, სოფელში იყვნენ ჩამოსულები, მდინარეში იბანავა, მენინგიტი დაემართა და დაიღუპა.
აღარ დავბრუნდი უკან ბრიანსკში, ვიფიქრე, მშობლები მოხუცები მყავს, ძმაც ავად გამიხდა, წნევამ დაარტყა შვილის გარდაცვალების შემდეგ და ფეხი დღემდე გაჩერებული აქვს. 1993 წლის ნოემბერში ჩემს სოფეში შემომთავაზეს მთავარი აგრონომის თანამდებობა და დავიწყე მუშაობა. 13 წელიწადი ვიმუშავე, შემდეგ ამ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოზიციაზე ვიყავი 2004-2009 წლებში.
2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდგ დამასახლეს ახალსოფელში და მე დამნიშნეს მამასახლისად. ძალიან რთული ობიექტი იყო - ჩასახლებული იყო 13 სოფლის მოსახლეობა, რომლებიც ერთმანეთთან შეურწყმელები იყვნენ. მოგეხსენებათ, როგორ ხდება ხოლმე, ჩხუბობდნენ კიდეც, მაგრამ მოვახერხე და ისე შევაყვარე თავი, რომ დღეს ახალსოფლელები ერთსოფლელები ვართ, ჭირსა და ლხინს ერთად ვიყოფთ.
- რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახალსოფელში?
- 100 ოჯახი ცხოვრობს, 357 მოსახლე (334 ადამიანი იყო და ამ ორი წლის განმავლობაში იმატა). შობადობაც კარგია და უკვე მიეჩვია ხალხი ადგილმდებარეობას. ჩემი მუშაობის პერიოდში იმდენს მივაღწიე, რომ მჭიდროდ ვთანამშრომლობდი არასამთავრობო ორგანიზაციებთორგანიზაციებთან. შემოდიოდა ჰუმანიტარული დახმარებები, სხვათა შორის, იძახდნენ ხოლმე, ყველაფერი ახალსოფელშია და რატომ ჩვენთან არ მოდის ეს დახმარებებიო. ვთანამშრომლობდით წარმატებულად, გაეროს სასურსათო პროგრამის დახმარებით შემოღობილია ყველა საკარმიდამო ადგილი. შემოვიყვანეთ სასმელი წყალი, რომელიც ძალიან ესაჭიროებოდა სოფლის მოსახლეობას, მარილიანი და გაფუჭებული წყალი გვქონდა, დასარეცხადაც კი არ გამოდგებოდა.
- გაეროს სასურსათო პროგრამის ფარგლებში დევნილთათვის გათვალისწინებული სასურსათო დახმარება დასრულდა. როგორ ფიქრობთ, ეს დევნილებს მძიმე ტვირთად დააწვებათ?
- დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ აღარ ვართ იმდენად ცუდ მდგომარეობაში, როგორც თავიდან. დევნილები დაასაქმა გაეროს სასურსათო პროგრამამ შემოღობვითი სამუშაოების განხორციელებისა და სარწყავი სისტემების გაკეთებისას. დევნილები თვითონ არიან დასაქმებულები და უხდიან თანხას, თან ჩვენთვის კეთდება ეს ყოველივე. აი ცოდონი არიან ისინი, ვისაც არც საპენსიო ასაკი უწევთ და არც მუშაობა შეუძლიათ. ახალსოფლის მოსახლეობას ამ მხრივ პრობლემები არა აქვთ.
- თავად თუ დაგიწერიათ საპროექტო წინადადება?
- მონაწილეობა მივიღე კონკურსში, რომელიც განახორციელა CARE-მა სოფლის ტექნიკის შესყიდვათან დაკავშირებით. კონკურსში გავიმარჯვე და ახალსოფელში ჩამოვაყალიბე არასამეწარმეო იურიდიული პირი, სადაც 7 ადამინია დასაქმებული და გვყავს ბელარუსის ტიპის ტრაქტორი თავისი გუთნით. პროექტის პირობა იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გვემუშავა და ესეც ვიქცევით. საპროექტო წინადადების მომზადებაში ძალიან დამეხმარა 2009 წლის დეკემბერში პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. ტრენინგები ახალგაზრდა ლიდერებისათვის სასარგებლო და ნაყოფიერი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ იმ დევნილებისთვისაც, ვისაც ტრენინგებში მონაწილეობა არ მიუღიათ და მე პირადად გავუზიარე იქ მიღებულ ცოდნა და გამოცდილება.
„ერთად ჩვენ შევძლებთ“ ძალძალიან კარგი პროექტია, ძალიან ბევრი რამ შევიტყვე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამჟამად ვარ ქარელის განვითარების კომიტეტის წევრი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით განვითარების კომიტეტების წევრები ვმართავთ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ამჟამად ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც ჩასმულია 2011 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში და ვცდილობთ, რომ არა მარტო დევნილ მოსახლეობას გაუუმჯობესდეს ცხოვრების პირობები, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც. ადგილობრივებსაც აქვთ პრობლემები, არანაკლებ უჭირთ, ვიდრე დევნილებს.
- პრობლემების მოსაგვარებლად ვის მიმართავთ?
-თუ რამე დაბრკოლებაა, ჯერ ახალგაზრდა ეკონომისტები მახსენდებით იმ იმედით, რომ დამაკვალიანებთ. თვენი ორგანაზიციის დახმარებით რამოდენიმე კვირის წინ ადამიანს ოპერაცია გაუკეთდა - დევნილს პრობლემები ჰქონდა სადაზღვევო კომპანიასთან, რომელიც არ ურიცხავდა ფულს, ეუბნებოდნენ, რომ ვადა აქვს გასული შენს პოლისს და ვერ დაგიფინანსებთო. საეა-ს დახმარებით მოხერხდა სადაზღვევოსთან ურთიერთობის გარკვევა, საბედნიეროდ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა.
- ანუ მოსახლეობაში მაინც არსებობს ინფორმაციული ვაკუუმი?
- ხალხში არ არის ინფორმაცია, ხალხმა არ იცის ვის როდის უნდა მიმართოს და ჩვენ უკვე თქვენი დახმარებით, თქვენი ტრენინგების საშუალებით ხალხს ვაყენებთ სწორი მიმართულებით, მათ მეტი იციან თავიანთ უფლებებზე და ვის რა უნდა მოთხოვონ. იმედი გვაქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით აშენდება ახალსოფლის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტიც გვეხმარება შეძლებისდაგვარად.
- რაში გამოიხატება მათი დახმარება?
- შეპირებულები არიან, რომ უნდა შეგვისყიდონ წყლის ავზი, რომელიც გამოადგება სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლისთვის. ხაშურის გამგებელი, ბატონი ილია ბურჯანაძე დაგვპირდა, რომ შეგვიძენენ რეზერვრეზერვუარს და დაგვიმონტაჟებენ.
![]() |
9 დაე მუდამ იყოს მზე |
▲back to top |
რუბრიკა:დევნილთა დასახლება
რუბრიკის მიზანია დევნილთა დასახლებაში არსებული სიტუაციის დეტალურად შესწავლა. ყველა დასახლებაში არის მსგავსი და განსხვავებული პრობლემები, ყველა დევნილს აქვს საკუთარი ტკივილიანი ისტორია. პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ჯგუფი ძალისხმევას არ იშურებს და ცდილობს, პრობლემურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს - სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებს - მიაწვდინოს ხმა, ვისაც ხელეწიფება მათი მოგვარება.
ფიქრია ღუნაშვილი ახალგორის რაიონიდანაა დევნილი და ამჟამად ფრეზეთის დასახლებაში ცხოვრობს. იგი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა: „სკოლაში მუშაობის 16 წლის სტაჟი მაქვს. ახალგორში ბაღა-ბაღშიც ვმუშაობდი. მყავს მეუღლე და ორი ბიჭი, ერთი მე-9 კლასელია, მეორე - მე-6, დადიან ფრეზეთის საჯარო სკოლაში. ძალიან უძნელდებათ სიარული წვიმის დროს, ცუდი გზაა და არ ჰყოფნით ფეხსაცმელი ერთ თვესაც კი. ფეხსაცმელს აღარ ვჩივი, ბავშვები მედარდება, რევმატიზმი არ გაუჩნდეთ. გაუსაძლის პირობებში გვიხდება ცხოვრება აქ პატარებსაც და დიდებსაც, განსაკუთრებით კი მოხუცებს“.
დევნილობაში ცხოვრების სირთულეებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მთავარია, სულით არ დაეცე და ცხოვრების გაგრძელება შეძლო. ფიქრია ღუნაშვილმა თავისი შეუპოვარი ხასიათი დევნილობაშიც გამოამჟღავნა და გადაწყვიტა, ორგანიზაციის „დავიცვათ ბავშვთა უფლებები“ მიერ ანიმატორის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. „აქ ადგილობრივად ჩატარდა კონკურსი, რამდენიმე ეტაპი გავიარე და გავიმარჯვე. ეს ყველაფერი დევნილობაში შევძელი. უკვე ერთი წელია, რაც ანიმატორად ვმუშაობ“, - ფიქრია ღუნაშვილი.
ფრეზეთის დასახლებაში ორგანიზაციამ „დავიცვათ ბავშთა უფლებები“ ბავშვთა გასართობი რეაბილიტაციის ცენტრისთვის ააშენა სპეციალური შენობა, ე.წ. ქოხი, რომელიც მდებარეობს დასახლების მე-6 რიგში. აქ ბავშვებს შეუძლიათ დასვენება და გართობა. ორგანიზაციამ ცენტრი აღჭურვა ინვენტარითა და მასალებით.
- ქალბატონო ფიქრია, რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ბავშვთა გასართობი ცენტრით სარგებლობა?
- დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მოსვლა 6-დან 18 წლამდე. ყოველდღიურად დაახლოებით 40-მდე ბავშვი მოდიოდა, ცენტრი 3-დან 6 საათამდე მუშაობდა და ბავშვებს შეეძლოთ, ეს პერიოდი გაეტარებინათ ჩვენთან. ბავშვები, ძირითადად, სკოლის მერე მოდიოდნენ, ფრეზეთის დასახლებაში 100-მდე ბავშვია.
- რას ითვალისწინებს გასართობი პროგრამა?
- გართობა ეფუძნება ორგანიზაციის „დავიცვათ ბავშთა უფლებები“ სპეციალურად შემუშავებულ თამაშებს, იგი ითვალისწინებს გახურებას, მოდუნებასა და განტვირთვას. აღნიშნული თამაშები ეხმარება ბავშვებს პრობლემებიდან გადართვასა და დეპრესიული ფონის გადალახვაში.
- რამდენი ხანი გაგრძელდება აღნიშნული პროექტი?
ორგანიზაციამ „დავიცვათ ბავშთა უფლებები“ პროექტის დაფინანსება შეწყვიტა მაისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ კვალვ უმუშევარი დავრჩი, თუმცა მაინც ვმუშაობდი ივნისის შუა რიცხვებამდე, ახლა დროებით გაჩერებულები ვართ. რაც გაკეთდა, ძალინ კარგი იყო, უბრალოდ, საჭიროა ამის გაგრძელება. ვეძებთ სპონსორს, თუმცა ჯერჯერობით არავინ ჩანს.
ჩვენ არა მარტო ვართობთ დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს, არამედ ვცდილობთ მათი უფლებების დაცვას. სოციალური მუშაკი მოდიოდა და ესაუბრებოდა მათ ბავშვთა უფლებებზე...
ალბათ, ბავშვთა უფლებების დარღვევაა ისიც, რომ შუქი გამოგვაყვანინეს და შემდეგ გამოგვირთეს იმ მიზეზით, რომ არავინ ხართ გადამხდელიო. ცუდ ამინდში ბავშვები ვერც ხატავენ და ვერც ძერწავენ სიბნელის გამო.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- არ ვიცი რა გითხრათ, ალბათ, კვირაში ერთხელ მაინც გავაღებ ბავშვებისათვის ცენტრს და დაველოდებით რა იქნება. იმედი მაქვს, რომ სპონსორი გამოჩდება, ნეტა ვინაა მზად, გააკეთოს კეთილი საქმე ფრეზეთის დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისათვის.
იზა ბუნტური ახალგორის რაიონის სოფელ ქარჩოხიდანაა დევნილი, ფერზეთის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის 20 დეკემბრიდან ცხოვრობს: „მყავს მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი. ერთი შვილი სტუდენტია, მეორე დაოჯახე-ბულია, მესამე ბიჭი სკოლაში დადის. ჩემი სტუდენტი შვილი აქედან დადის სასწავლებელში იმიტომ რომ არ მაქვს საშუა-ლება ბინა ვუქირავო. ძალიან წვალობს ბავშვი, მაგრამ აბა რა ვქნა. დასახლებაში 7-8 სტუდენტია და თბილისში ყოველდღე დადიან. 7 საათზე დგება ჩემი შვილი სასწავლებელში წასასვლელად და შუადღეს დაბრუნებულს მეცადინეობის თავიც არა აქვს.“
- ქალბატონო იზა, ფრეზეთის დასახლებაში რა არის ყველაზე დიდი პრობლემა?
- ამის გარდა დასახლებაში არ არის წყალი, გზა, სათავსოები, არა გვაქვს შემოსავალი. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უმუშევრები ვართ. სკოლაში ბავშვები სველები მიდიან, აბანოები არ არის, ზამთარში გათბობა გვაქვს, მაგრამ ფასიანი.
- ელექტროენეგრგიასთან და გაზის გადასახადთან დაკავშირებით შეღავათები ხომ გაქვთ?
- კი შეღავათები არის, სულადობაზე არის 13 ლარი, მაგრამ საკმარისი არ არის, ზამთარში ვერ ვათბობთ ოთახებს. სხვა ლტოლვილებთან შედარებით, ჩვენ ყველაზე ცუდ პირობებში ვართ. სხვა დასახლებებიგან განსხვავებით, ჩვენ ყველაფერს მოწყვეტილები ვართ. ვერ გამიგია, ასე შორს რატომ დაგვასახლეს.
- სოციალური შემწეობების გარდა სხვა რა დახმარებას იღებთ ამჟამად?
სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 22 ლარს ერთ სულზე. ამის გარდა სასურსათო დახმარებასაც ვღებულობდით, რომელიც მაისიდან აღარ რიგდება. გაეროს სასურსათო პროგრამა ყოველთვიურად გვირიგებდა: 9 კგ. პურის ფქვილს, 1,5 კგ. ლობიოს, 600გრ. შაქარს, 4,5 კგ. მაკარონს, 1 ლ. ზეთი. ამ ყველაფრის შეწყვეტა სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის.
- მიწა რამდენად ნაყოფიერია, თუ მოგყავთ მოსავალი?
მიწაზე რასაც ვთესავთ არაფერი არ მოდის, შემოღობილიც არ არის, საქონელი შედის, ვერ ვაკეთებთ ვერაფერს. მოვახვნევინებთ, დათესავთ და ისევ საქონელი გვიფუჭებს. ადგილობრივი მოსახლეობა გვედავება თქვენ დაიკავეთ ჩვენი ადგილებიო და არავინ არ არის რომ ყურადღება მოგვაქციოს, გვითხრას რა არის ჩვენი და რა არა. სოფლის პირობებში დაგვასახლეს და პირუტყვი რომ მაინც გვყავდეს, ალბათ, უფრო ადგილად გავიტანდით თავს.
- თუ მიგიმართავთ თქვენი პრობლემებით შესაბამისი სტრუქტურებისათვის?
- ვისაც მივმართეთ ყურადღების მომქცევი არავინ არის. მხოლოდ არასამთავრობოები გვეხმარებიან, ისე ყურადღებას არავინ გვაქცევს. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომიტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ადმინტრაციული შენობისთვის სკამები რომ ამოგვიტანეთ, ძალიან გამოგვადეგა. პირდაპირ გეტყვით, რაიმე შეხვედრა რომ იმართებოდა, სახლებიდან მოგვქონდა სკამები რომ დამჯდარიყავით.
- ბევრ პრობლემაზე ისაუბრეთ და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა უმუშევრობა და უწყლობა, წყალი დასალევად უვარგისია, წვიმის წყალიც შიგ ჩაედინება, დაავადმყოფდა ხალხი, ბევრს თირკმელებიც აწუხებს. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც არის ის, რომ წყალი არ ვარგა დასალევად და რა თქმა უნდა უგზოობა. ვერ გამიგია, ასე შორს რატომ დაგვასახლეს.
![]() |
10 იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა |
▲back to top |
2010 წლის 11 მაისს, საქართველოს მთავრობის N575 განკარგულების თანახმად, მიღწეულ იქნა შეთანხმება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
I. ძირითადი მიზანი
1. შესავალი
1.1. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის 47-ე განკარგულებით ძალაში შევიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია (შემდგომში - სახელმწიფო სტრატეგია). სახელმწიფო სტრატეგიის დამატებამ, რომელიც მიღებულ იქნა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის N854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა (შემდგომში - სამოქმედოგეგმა) ეფუძნება გაეროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ საჭიროებათა ანალიზის შედეგად გამოვლენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს, ასევე, ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გზით გამოკვეთილ საჭიროებებს. სამოქმედო გეგმა მიღებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით. სამოქმედო გეგმა არის განახლებადი დოკუმენტი, რომელიც განიცდის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას არსებული ფაქტორებიდან გამომდინარე ცვლილებებსა და განახლებებს.
1.2. სამოქმედო გეგმა დამტკიცების შემდგომ ყოველკვარტალურად გადაიხედება და, საჭიროების შემთხვევაში, განახლდება დამოუკიდებელი შუალედური შეფასების საფუძველზე. ორივე მექანიზმი ინიცირებული იქნება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ყველა სხვა პარტნიორთან კონსულტაციის გზით. სამოქმედო გეგმაში ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
1.3. სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება.
1.4. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს ადეკვატურ გრძელვადიანი განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს. კონცეფცია ეფუძნება სახელმწიფო სტრატეგიის დამატებას და განხორციელდება სამ ეტაპად.
1.5. სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული სახელმწიფო სტრატეგიის გატარების ყველა მთავარი პრინციპი (თავი VI) სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებულ უფლებათა დაცვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის პროცესში, მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
1.6. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს ყოვლისმომცველ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებათ მათ ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.
1.7. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შეიმუშავებს და პერიოდულად განაახლებს ყოველწლიურ დეტალურ სამუშაო გეგმას სამეთვალყურეო საბჭოს მოთხოვნის გათვალისწინებით.
II. ამოცანები
2. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა
2.1. პირველი ეტაპი
2.1.1. კოლექტიური ცენტრების (სადაც ამჟამად ცხოვრობენ დევნილები) რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. კონკრეტულ შენობა-ნაგებობათა გარემონტების გადაწყვეტილების შემთხვევაში, კოლექტიური ცენტრების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემამდე უნდა განხორციელდეს ამ ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პირველი ეტაპი ითვალისწინებს კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას, სადაც ეს შესაძლებელია, და მათი დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაცემას.
პირველ ეტაპზე არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები;
ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან და შესთავაზებს დევნილებს.
დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ მუდმივი საცხოვრებელი და აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა, ან უარი განაცხადონ შეთავაზებაზე. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა უფლებაა, იცხოვრონ კანონით დადგენილი წესით დაკავებულ ფართობებში, რჩება ხელშეუხებელი კოლექტიური ცენტრების პრივატიზებისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე.
2.1.2. კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისა და პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობის მისაღწევად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გეგმავს კოლექტიურ ცენტრებზე მონაცემთა ბაზის განახლებას, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელი ობიექტის რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემაა დაგეგმილი. ეს ინფორმაცია იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი დევნილებისთვის.
2.1.3. სხვა ალტერნატიული გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც არ გარემონტდება და/ ან საკუთრებაში არ გადაეცემათ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით განავითარებს და დანერგავს ალტერნატიული გრძელვადიანი საცხოვრებლის განაწილების ძირითად პრინციპებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც ასევე ეფუძნება დაუცველობაზე/მოწყვლადობაზე დაფუძნებულ კრიტერიუმებს ბენეფიციართა შერჩევისა და შემდგომი საცხოვრებელი ფართობების განაწილებისას.
2.1.4. საინფორმაციო კამპანია დაეხმარება დევნილებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, დაელოდოს თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას მათ კოლექტიურ ცენტრებში და ფართობის საკუთრებაში გადაცემას, თუ პირდაპირ გადაეცეთ საკუთრებაში, რადგანაც მათი კოლექტიური ცენტრი არ ექვემდებარება გარემონტებას. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს უფლება აქვთ იცოდნენ, აუცილებლობის შემთხვევაში, რა დონის რეაბილიტაცია სჭირდება მათ კოლექტიურ ცენტრს და ვის უნდა მიმართონ, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ და არაადეკვატურად შესრულდა.
2.1.5. ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება;
ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად (სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის N4 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით);
გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა;
დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადასაცემად (შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან);
ე) დევნილი ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს;
ვ) საბოლოო ეტაპზე, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.1.6. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2.1.7. რეაბილიტაციის პროცესს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში წარმართავს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და კოორდინაციას უწევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. რეაბილიტაცია მოიცავს შენობების გადახურვას, სანიტარიული პირობების გაუმჯობესებას, წყალმომარაგებისა და, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია, გაზმომარაგებით უზრუნველყოფას.
2.1.8. რეაბილიტაციის სტანდარტები, რომლებიც დაამტკიცა სამეთვალყურეო საბჭომ 2009 წლის 17 სექტემბერს და შემდეგ საქართველოს მთავრობამ ცნობად მიიღო 2009 წლის 30 ოქტომბერს, არის ამოსავალი დოკუმენტი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, ისევე, როგორც კოლექტიური ცენტრებისა და მიტოვებული შენობების რეაბილიტაციისას, ასევე ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აშენებისას.
2.1.9. გადაწყვეტილებები რეაბილიტაციის პროცესის თაობაზე მიღებულ იქნება დევნილთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, და სადაც შესაძლებელია, დაინტერესებულ დევნილთა მონაწილეობით. ამასთან, დაცული იქნება გენდერული თანასწორობა.
2.1.10. თანხები, ძირითადად, აკუმულირებულ იქნება სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც გამოაცხადებს ტენდერებს და გააფორმებს სათანადო ხელშეკრულებებს შემსრულებელ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან.
2.1.11. დამატებით, დევნილთა საჭიროებას მორგებული განსახლების პროექტები შემუშავებული და განხორციელებული იქნება თითოეული ეტაპის განმავლობაში. დევნილთა საცხოვრებელი საჭიროებები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება შეთავაზებული ვარიანტებიდან მათ მიერ ერთერთის არჩევის შემთხვევაში.
2.1.11.1. ამგვარი ალტერნატივები მოიცავს იმ კერძო ინვესტორების მიერ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების პრივატიზებას, რომლებიც დევნილებს შესთავაზებენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართობებს კერძო საკუთრებაში ან ფულადი დახმარების გაწევას (კომპენსაციის მიცემას) საცხოვრებლის შესაძენად. ამ შემთხვევაში პროცესი განხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სრული ჩართულობით, რათა დევნილები დაცულნი იყვნენ უკანონო გამოსახლებისაგან და უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ ადეკვატური კომპენსაციის მიღება მომავალი კერძო მესაკუთრისაგან.
2.1.11.2. „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე, განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის N¹4 განკარგულება ითვალისწინებს იმ დევნილთა გამოვლენას, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველნი არიან და აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები. მათთვის შემუშავებული და შეთავაზებული იქნება საჭიროებებს მორგებული განსახლების პროგრამები სოციალური ზრუნვის კომპონენტით.
2.1.12. კომპაქტური ჩასახლების ობიექტები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და გამოდგება საცხოვრებლად, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში გონივრულ ფასად (ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული განსახლების ღირებულება) შესყიდული იქნება სახელმწიფოს მიერ და დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში.
2.1.13. საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ დევნილებს ეძლევათ საშუალება, ჩამოაყალიბონ ამხანაგობები (სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობა), რომლებიც იქნებიან მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები და მიიღებენ დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების (სახურავის შეკეთება, სისუფთავის დაცვა და საერთო სარგებლობის ფართობის (სადარბაზო, ლიფტი) მოწესრიგება, ნარჩენების გატანა, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და სხვ.) გადაწყვეტაში.
2.1.14. ალტერნატიული გრძელვადიანი განსახლების პროექტების შედგენისა და განხორციელებისათვის ჩატარდება მიზანმიმართული გამოკვლევები რეგიონების მიხედვით და მათზე დაყრდნობით მომზადდება დევნილების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ საჭიროებებს მორგებული განსახლების პროექტების განხორციელებას. ამ თვალსაზრისით კონკრეტული ზომები იქნება მიღებული, რომ დევნილების მონაცემთა ბაზაში შევიდეს ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა ამჟამინდელი/ ზუსტი მისამართი.
2.2. მეორე ეტაპი
2.2.1. მეორე ეტაპი მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებაც დაიწყო 2010 წლიდან. ამ პროექტების უკეთესი დაგეგმარების მიზნით საჭიროა დამატებითი ფინანსური სახსრების აკუმულირება და სათანადო საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც დაეფუძნება სპეციალური გამოკვლევის შედეგებს.
2.2.2. მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ძირითად ღონისძიებებს:
ა) იმ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებიც უარს იტყვიან კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში არსებული ფართობების საკუთრებაში მიღებაზე;
ბ) იმ დევნილების დახმარება, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ. კერძო სექტორში;
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი შენობების იდენტიფიცირება და რეაბილიტაცია;
დ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც დევნილები უკვე ცხოვრობენ, შესაბამისად, ინტეგრირებულნი არიან. ამასთან, ახალი საცხოვრებლების მშენებლობა არ განხორციელდება ქ. თბილისში.
2.2.3. დევნილთა გარკვეული კატეგორიების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ. „კერძო სექტორში“, სახელმწიფო დამატებით განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: ა) დევნილები, რომლებსაც გააჩნიათ უძრავი ქონება/უზრუნველყოფილნი არიან საკუთარი საცხოვრებლით - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით დადგინდება იმ დევნილთა ვინაობა, რომლებსაც გააჩნიათ უძრავი ქონება. შესწავლილ იქნება დევნილთა ეს კატეგორია და ფინანსური რესურსების არსებობის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გარემონტდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი სარეაბილიტაციო სტანდარტების შესაბამისად. ან, თუ დევნილ ოჯახს გააჩნია შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, მათ შესაძლოა გადაეცეთ სამშენებლო მასალა. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მარტოხელა დედების ოჯახებმა ამ პროცესებიდან უფრო მეტი სარგებელი მიიღონ; ბ) დევნილები, რომლებიც არიან ნათესავებთან/არანათესავებთან ან ნაქირავები აქვთ საცხოვრებელი ფართობი, რომელთაც არ გააჩნიათ სახლი, მაგრამ აქვთ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში - ამ კატეგორიის დევნილებს გაეწევათ დახმარება ინდივიდუალური საცხოვრებლის/კოტეჯების ასაშენებლად მათ მიწის ნაკვეთებზე სარეაბილიტაციო, სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად. ან, თუ დევნილ ოჯახს გააჩნია შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, მათ გადაეცემათ სამშენებლო მასალა. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მარტოხელა დედების ოჯახებმა ამ პროცესებიდან უფრო მეტი სარგებელი მიიღონ; გ) დევნილები, რომლებიც არიან ნათესავებთან/არანათესავებთან ან ნაქირავები აქვთ საცხოვრებელი ფართობი, რომელთაც არ გააჩნიათ უძრავი ქონება - სახელმწიფო შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად შეძლებისდაგვარად მოიძიებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც გარემონტდება და საკუთრებაში გადაეცემა ამ კატეგორიის დევნილებს, ან გადასცემს მიწის ნაკვეთს, სადაც აშენდება ინდივიდუალური სახლები/კოტეჯები სარეაბილიტაციო, სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად. ეს პროცესები განხორციელდება გენდერული თანასწორობის პრინციპების საფუძველზე; დ) დევნილები, რომელთაც მიიღეს ფულადი კომპენსაცია სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებამდე, მაგრამ ეს თანხა არ გამოიყენეს უძრავი ქონების შესაძენად - დევნილებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფულადი კომპენსაციის გაცემის პროცესი არ იყო ნებაყოფლობითი, ან თანხის ოდენობა იყო უსამართლო, შეუძლიათ გაასაჩივრონ და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სრულად შეისწავლის მათ საჩივარს და განხორციელდება სათანადო რეაგირება, თუკი მათი საჩივარი საფუძველს მოკლებული არ არის.
2.2.4. იდენტიფიცირება მოხდება იმ დევნილი ოჯახების, რომლებსაც არ სურთ საცხოვრებელი ფართობის მიღება, ვინაიდან მათ გააჩნიათ სათანადო შემოსავალი და სურვილი აქვთ თავად შეიძინონ საცხოვრებელი ფართობი. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება გარკვეული ფინანსური დახმარების გაწევა საცხოვრებელი ფართობის შეთავაზების სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევებში, ფულადი თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე ნაკლები იქნება. ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი განხორციელება დაიწყება მესამე ეტაპზე.
2.3. მესამე ეტაპი
2.3.1. მესამე ეტაპი მოიცავს 2011-2012 წლებს. ამ ეტაპზე განხორციელდება იმ დევნილთათვის დახმარების გაწევა, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას.
2.3.2. დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას (მაგ. გააჩნიათ საკუთრება), ფინანსური რესურსების არსებობის შესაბამისად შესაძლოა გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება. ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება ბოლო ეტაპზე.
2.3.3. მას შემდეგ, რაც განხორციელდება დევნილთა ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებები, მოხდება დევნილთა მიმართ სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმირება სტატუსიდან საჭიროებაზე. დევნილთა მხრიდან დახმარების მიღების მიზანშეწონილობა დაეფუძნება რაციონალურ, ნათელ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. ეს განხორციელდება რელევანტურ სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. არა სოციალური ხასიათის, არამედ დევნილის სტატუსზე დამყარებული დახმარება უზრუნველყოფილი იქნება გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პირებისათვის.
3. სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებები
3.1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის ¹854 განკარგულება მიზნად ისახავს დევნილების სოციალურ ინტეგრაციას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებას, სახელმწიფო დახმარების საჭიროებებზე მიმართვას, დაუცველი დევნილების მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებში ჩაბმას. როგორც საჭიროებათა ერთობლივმა და გლობალურმა ანალიზმა აჩვენა, სოციალური ინტეგრაციისა და თვითკმარობის შესაძლებლობების შექმნის ღონისძიებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია, და მხოლოდ მრავალსექტორიანი სტრატეგიული რეაგირებითაა შესაძლებელი ამ პრობლემების ეფექტიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტა.
3.2. სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ელემენტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მიზნობრივი სოციალური დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება, განათლების მიღების შესაძლებლობა, საარსებო წყარო და დასაქმება გენდერული თანასწორობის დაცვით. მოძიებულ იქნება მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რათა ხელი შეეწყოს ისეთი პროექტების განვითარებასა და განხორციელებას, რომლებიც მიზანმიმართული იქნება დევნილთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაციისაკენ.
დევნილები მიიღებენ სამედიცინო დახმარებას სახელმწიფო ჯანდაცვის პროექტების ფარგლებში. კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე ისინი მიიღებენ სამედიცინო დაზღვევას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროგრამიდან, ასევე მედიკამენტებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეიმუშავეს საკოორდინაციო მექანიზმი შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ინფორმაციის გაცვლა, ხარვეზების დადგენა დევნილთა სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფისას, პარტნიორებისაგან ორმაგ ღონისძიებათა აღკვეთა (მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, გაეროს სააგენტოები, დონორი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები).
3.3. დევნილთა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომელთა შედეგად გაიზრდება როგორც ქალაქად, ისე სოფლად მცხოვრები დევნილების დასაქმების დონე როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისათვის ეკონომიკური საქმიანობის საშუალებით. აღნიშნულ ღონისძიებათა მიზანია, გაიზარდოს დევნილთა თვითკმარობის დონე.
3.4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შეიმუშავა დევნილთათვის საარსებო წყაროების პროგრამების საკოორდინაციო მექანიზმი სამინისტროს პარტნიორ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საკოორდინაციო მექანიზმის მიზანია დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული და სახელმწიფოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საარსებო წყაროსთან დაკავშირებულ მიმდინარე ან დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციის შეგროვება. ეს საინფორმაციო მექანიზმი საშუალებას მისცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადვილად გამოავლინოს ხარვეზები დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ინტეგრაციაზე.
4. სამოქმედო გეგმის ფინანსური გათვლა და უზრუნველყოფა
4.1. განკარგულებას თანდართული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის რეალიზებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასებაში“ მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები და დამატებითი რესურსების მობილიზების საჭიროება.
4.2. განსახლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა მისაღებია, რაც შეუძლებელს ხდის სამოქმედო გეგმის წინასწარ ფინანსურ გათვლებს. დანართის მიზანია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის ფულადი სახსრების წინასწარი მობილიზება, ხოლო, უფრო დეტალური მონაცემები მზად იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს.
4.3. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს მთავრობის აქტიურ თანამშრომლობას. საჭირო ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას ადგილიუნდა ჰქონდეს თითოეულ ეტაპზე.
5. მართვა და კოორდინაცია
5.1. საერთო კოორდინაციას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საერთო მოქმედების კოორდინაციის მიზნით, რათა მოხდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეალიზება და განხორციელება. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროკომისია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი; სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სათათბირო ხმის უფლებით, ასევე არის არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო); სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლოა მოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად. სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანებით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, თითოეულ უწყებას და ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის ყველა დამსწრე წევრი.
სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა, სახელმწიფოზე დევნილთა დამოკიდებულების შემცირება, დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირება.
სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მოახდინოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების, კრიტერიუმების, პროცედურებისა და რეაბილიტაციის სტანდარტების შემუშავება, დამტკიცება და ა.შ. ასევე, აღნიშნულის თაობაზე სათანადო ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს გეგმებს და აყალიბებს პრიორიტეტულ მიმართულებებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული და დროში გაწერილი. სამეთვალყურეო საბჭოს დისკუსიები და გადაწყვეტილებები ეფუძნება კომპეტენტურ ტექნიკურ ექსპერტიზას, მონაცემებსა და რჩევებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებები მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ექსპერტჯგუფებს დაევალება ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და დროში გათვლილ ისეთ სპეციფიკურ დავალებათა შესრულება, რომლებიც აუცილებელია სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის (მაგ. სტანდარტების შემუშავება, სამართლებრივი საკითხები და სხვ.). სამეთვალყურეო საბჭო მუშაობს მიღებული სამუშაო აღწერილობის ფარგლებში და იკრიბება თვეში ერთხელ მაინც.
5.2. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელი იქნება განხორციელებული ღონისძიებების გამჭირვალობისათვის. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განახორციელებს პროექტების მონიტორინგს. სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფართოდ იქნებიან ჩაბმულნი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენასა და ამ პროგრამების განხორციელებაში..
![]() |
11 წარმატების ისტორია |
▲back to top |
მარინა კახნიაშვილი ამჟამად წინამძღვრიანთკარის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს (ე.წ. ტელევიზიის შენობაში), 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე თიღვის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნულში ცხოვრობდა. „მყავს მეუღლე, 3შვილი და 2 შვილიშვილი; კონფლიქტამდე ჩვეულებრივ ვცხოვრობდით, ყოველდღიური ყოფა არ გვიძნელდებოდა, ცხოვრებას თავს ვართმევდით“, - მარინა კახნიაშვილი. კონფლიქტმა ოჯახის ცხოვრების რიტმი დაარღვია და საჭირო გახდა ცხოვრების თავიდან დაწყება: „რადგანაც 14 წელი საცხობი გვქონდა, გადავწყვიტეთ, ისევ საცობის ბიზნესი წამოგვეწყო. ჩემი მეუღლე, ტარიელ ტაბატაძე, ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა“.
ოჯახი ცდილობს, ცხოვრების სიძნელეებს თავადვე გაუმკლავდეს: „მუდამ სხვისი დახმარების შემყურე ვერ იქნები“, - მარინა კახნიაშვილი. ბიზნესის დასაწყისშივე აღმოჩდა, რომ საცხობის ღუმელისათვის საჭირო იყო სამფაზიანი დენის კაბელის ცალკე გაყვანა. აღნიშნულ პრობლემას ოჯახი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებოდა.
30 მარტს ქ. მცხეთაში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, სადაც განხილული იქნა დევნილთა ჩასახლებებში არსებული პრობლემები და საჭიროებები. მარინა კახნიაშვილი მონაწილეობდა აღნიშნულ შეხვედრაში, სადაც მან ისაუბრა პრობლემებსა და საჭიროებებზე.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი - დავით ჭყონია. იგი მარინა კახნიაშვილს დაჰპირდა დენის კაბელის გაყვანას. „პირობა მართლაც დროულად შემისრულეს, აპრილის დასაწყისში უკვე გაიყვანეს კაბელი, რაც შესაძლებელს ხდის საცხობის ღუმელის ამუშავებას. დიდი მადლობა ახალგაზრდა ეკონომისტებს პრობლემის მოგვარებაში რომ დამეხმარეთ და საჭირო ადამიანს შემახვედრეთ“.
საცხობში მზადდება პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი, რომლის რეალიზაციაც ხდება წინამძღვრიანთკარის დასახლებაში (აღნიშნულ დასახლებაში 108 დევნილი ცხოვრობს). სამომავლოდ მფლობელები ნაწარმის სხვა დასახლებებში რეალიზაციასაც გეგმავენ.
ზემოთ აღნიშნული ოჯახის ისტორია იმითაც არის საინტერესო, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესებას და სხვებსაც ეხმარებინ - ამჟამად საცხობში დასაქმებულია 7 დევნილი ქალბატონი.
![]() |
12 მუნიციპალურ საბავშვო ბაგაბაღებში დევნილი ბავშვების კვების ხარჯების თანადაფინანსება |
▲back to top |
რუბრიკა:თვითმმართველობა
2010 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტი ახორიელებს პროგრამას „მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში დევნილი ბავშვების კვების ხარჯების თანადაფინანსება“.
პროგრამის დაფინანსების ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და შეადგენს 40 000 ლარს.
პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები:
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური;
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
პრობლემის აღწერა და მისი აქტუალობის დასაბუთება და განხორციელების პრინცი პები:
გორის მუნიცი პალიტეტის ტერიტორიაზე მრავალი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ეს რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 2008 წელს საქართველოში მომხდარი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. დევნილ ოჯახთა უმეტესობას ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ამჟამად დადიან გორის მუნიცი პალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში.
გორის ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, სრულ რეაბილიტაციასა და სოციალური დაცულობის გარანტიების შექმნას მათ ახალ საცხოვრებელ გარემოსა და საზოგადოებაში. ყოველივე ამ მიზნის მისაღწევად გორის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ საშუალებად ჩათვალა მოახდინოს იმ დევნილი ბავშვების კვების თანადაფინანსება, რომლებიც დადიან მუნიცი პალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში.
თანადაფინანსების მიღება:
თანადაფინანსებას მიიღებს ყველა დევნილი ბავშვი (შესაბამისი საბუთების წამოდგენის შემთხვევაში) რომელიც დადის გორის მუნიცი პალურ საბავშვო ბაღში.
კვების თანადაფინანსების განსახორციელებლად საბავშვო ბაღებმა დევნილი ბავშვების სია უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოხსენებით ბარათთან ერთად.
სიას დევნილი ბავშვების შესახებ თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ბავშვის დევნილობის მოწმობა;
მშობლის დევნილობის მოწმობა;
ბავშვის დაბადების მოწმობა;
თანადაფინანსების ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება დევნილი ბავშვების სიის დაზუსტების შემდეგ. გორის მუნიციპალიტეტი სავარაუდო გათვლებით საბავშვო ბაღებში კვების გადასახადის 50%25 დააფინანსებს (რესურსების არსებობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს).
პროგრამის მიზნები და მათი მიღწევის შეფასების ინდიკატორები:
1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება
2. დევნილების რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
3. სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა დევნილთათვის.
პროგრამის მიზნების მიღწევის შეფასების ინდიკატორად მიიჩნევა დაფინანსებული დევნილი ბავშვების რაოდენობა.
პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) რაოდენობა და კატეგორია
პროგრამით „მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში დევნილი ბავშვების კვების ხარჯების თანადაფინანსება“ სარგებლობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს. პროგრამით გათვალისწინებულია კვების თანადაფინანსება მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში. მათი რაოდენობა განისაზღვრება საბავშვო ბაღების და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
დამატებითი ინფორმაცია
სათანადო საბუთების არსებობის (დევნილის მოწმობა) შემთხვევაში თანადაფინანსებას მიიღებს ყველა დევნილი ბავშვი როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალიდან და ლიახვის ხეობიდან.
სქოლიოზით დაავადებული სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების სამკურნალო გამაჯანსაღებელი ჯგუფის დაფინანსება საცურაო აუზზე
2010 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას „სქოლიოზით დაავადებული სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების სამკურნალო გამაჯანსაღებელი ჯგუფის დაფინანსება საცურაო აუზზე“.
პროგრამის დაფინანსების ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და შეადგენს 12 000 ლარს.
პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები:
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური;
ა.ი.პ. „გორის საცურაო აუზი“.
პრობლემის აღწერა და მისი აქტუალობის დასაბუთება და განხორციელების პრინცი პები:
გორის მუნიცი პალიტეტში საგრძნობლად იმატა სქოლიოზით დაავადებული ბავშვების რიცხვმა, რომელთა მკურნალობის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ცურვის გამაჯანსაღებელი კურსი შეადგენს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სპორტის ეს სახეობა საკმაოდ ძვირადღირებულია, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყო გარკვეული თანხა სქოლიოზით დაავადებული დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საცურაო აუზზე გამაჯანსაღებელი 3-თვიანი კურსის გავლისათვის.
დაფინანსების მიღება:
დაფინანსებას მიიღებს სქოლიოზით დაავადებული დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვები. სოციალურად დაუცველი ბავშვის სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 70 001-მდე. თითო ბავშვს დაუფინანსდება 3-თვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი გორის საცურაო აუზზე, თვეში 12 ჩასვლა (კვირაში 3 დღე).
სქოლიოზიანი ბავშვების ჯგუფების შედგენა და განრიგი შემუშავდება საცურაო აუზის წარმომადგენლებთან ერთად.
დაფინანსების მიმღებმა ბენეფიციარებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ცნობა ექიმისგან სქოლიოზით დაავადების შესახებ (ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის მანძილზე);
ცნობა სოციალურად დაუცველის ან დევნილობის შესახებ (შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული), სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 70 000-ს;
დაბადების მოწმობა
ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ბენეფიციარს აუცილებლად უნდა ქონდეს გავლილი სქოლიოზისთვის საჭირო შესაბამისი სამკურნალო მასაჟის კურსი.
პროგრამის მიზნები და მათი მიღწევის შეფასების ინდიკატორები:
1. სოციალურად დაუცველი და დევნილი სქოლიოზიანი ბავშვების მკურნალობა;
2. საცურაო აუზის განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამის მიზნების მიღწევის შეფასების ინდიკატორებად მიიჩნევა გაჯანსაღებულ ბავშვთა რაოდენობა და საცურაო აუზზე მოსიარულე პირთა რაოდენობა.
პროგრამით მოსარგებლე პირ/თა (მომხმარებელთა) რაოდენობა და კატეგორია
პროგრამით „სქოლიოზით დაავადებული სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების სამკურნალო გამაჯანსაღებელი ჯგუფის დაფინანსება საცურაო აუზზე“ სარგებლობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და დევნილ სქოლიოზიან ბავშვებს ( რაოდენობა - 300 ბავშვი).
დამატებითი ინფორმაცია
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურში.
გორის საცურაო აუზზე ერთ ბავშვზე გათვლილი დაფინანსების თანხა (თვიური აბონიმემტი 40 ლარი) გათვლილია არსებული საბაზრო ფასის გათვალისწინებით და აუზის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული შეღავათების მიხედვით.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკეისრო ოპერაციებისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსება
2010 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას „სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკეისრო ოპერაციებისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსება“.
პროგრამის დაფინანსების ხორციელდება გორის მუნიცი პალიტეტის ბიუჯეტიდან და შეადგენს 45 000 ლარს.
პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური.
პროგრამის აღწერა, მისი აქტუალობის დასაბუთება და განხორციელების პრინციპები:
დემოგრაფიული საკითხების მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს სახელმწიფოსთვის. გორის მუნიციპალიტეტი თავის შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოახდენს გორის მუნიცი პალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკეისრო ოპერაციებისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსებას. მშობიარობის თანადაფინანსების თხოვნით 2009 წელს გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს თხოვნით მომართა 100-მდე მოქალაქემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა პროგრამის შემუშავება და შესაბამისი თანხის გათვალისწინება 2010 წლის ბიუჯეტში.
დაფინანსების მიღება:
დახმარების მიმღები არის სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომლის სარეიტინგო ქულაც შეადგენს 0-დან 100 000-მდე:
საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება (არა უმეტეს 450 ლარისა) მოხდება იმ მოქალაქეებითვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც შეადგენს 0-დან 70 000-მდე (აღნიშნული ქულის მქონე მოსახლეობას ფიზიოლოგიური მშობიარობა უფინანსდებათ სახელმწიფოსმიერ გადაცემული უფასო სადაზღვევო პოლისით, საკეისრო კვეთის საჭიროების შემთხვევაში კი გორის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოახდენს მის თანადაფინანსებას);
მოქალაქეებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც შეადგენს 70 001-დან 100 000-მდე მოხდება მშობიარობის (ფიზიოლოგიური ან საკეისრო) თანადაფინანსება 50%25-ით (არა უმეტეს 250 ლარისა).
თანადაფინანსების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სადაც მითითებული იქნება მისი სარეიტინგო ქულა;
ანგარიშფაქტურა სამშობიაროდან;
პირადობის მოწმობა;
განცხადება დაფინანსების თაობაზე.
პროგრამის (ქვეპროგრამის) მიზნები და მათი მიღწევის შეფასების ინდიკატორები:
1. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
2. სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის;
3. შობადობის წახალისება დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე მოსახლეობისთვის.
პროგრამის წარმატების ინდიკატორად ჩაითვლება მშობიარეთა ის რაოდენობა, რომელთა დაფინანსებაც მოხდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და ასევე ახალშობილთა რაოდენობა, რომლებიც დაიბადებიან პროგრამით დაფინანსების შემდეგ.
პროგრამით (ქვეპროგრამით) მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) რაოდენობა და კატეგორია
პროგრამით „სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკეისრო ოპერაციებისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსება“ სარგებლობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ქალბატონებს.
დამატებითი ინფორმაცია
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურში.
დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა უნდა მოხდეს მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ მაქსიმუმ 72 საათის (3 დღე-ღამე) განმავლობაში.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
2010 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტი ახორიელებს პროგრამას „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება“.
პროგრამის დაფინანსების ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და შეადგენს 30 000 ლარს.
პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური.
პრობლემის აღწერა და მისი აქტუალობის დასაბუთება და განხორციელების პრინცი პები:
დემოგრაფიული საკითხების მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს სახელმწიფოსთვის, გორის მუნიციპალიტეტიც თავის შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გორის მუნიციპალიტეტმა დაისახა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და ამით შობადობის წახალისება და სოციალურად დაცვის გარანტიების შექმნა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისათვის. პროგრამის ფარგლებში ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები, რომალთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ჩათვლით.
დაფინანსების მიღება:
დახმარების მიმღები არის სოცალურად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი 0-დან 18-წლის ჩათვლით (აქ ჩაითვლება ბავშვი, რომელიც საბუთების წარმოდგენისთვის იქნება 18 წლის).
დახმარება არის ერთჯერადი, გაიცემა წელიწადში ერთხელ, თითო ოჯახზე 300 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობა;
შვილების დაბადების მოწმობები
ანგარიშის ნომერი ბანკიდან.
პროგრამის მიზნები და მათი მიღწევის შეფასების ინდიკატორები:
1. მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება;
2. შობადობის წახალისება;
3. სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისათვის.
პროგრამის წარმატების ინდიკატორად ჩაითვლება ის 100 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც მიიღებს დაფინანსებას, ასევე წარმატებად ჩაითვლება გორის მუნიცი პალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შემდგომი დახმარებების პროგრამის უკეთესად შესამუშავებლად.
პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) რაოდენობა და კატეგორია
პროგრამით „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება“ სარგებლობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი (რაოდენობა - 100 ოჯახი, სავადაუდოდ, 700 ადამიანი). პროგრამით (ქვეპროგრამით) გათვალისწინებულია ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით.
დამატებითი ინფორმაცია
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურში.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები
2010 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტი ახორიელებს პროგრამას „სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები“.
პროგრამის დაფინანსების ხორციელდება გორის მუნიცი პალიტეტის ბიუჯეტიდან და შეადგენს 55 000 ლარს
პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური.
პრობლემის აღწერა და მისი აქტუალობის დასაბუთება და განხორციელების პრინციპები:
გორის მუნიცი პალიტეტმა ერთერთ მთავარ პრიორიტეტად დაისახა იმ ადამიანების დახმარება და თანადგომა, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - უსინათლოები, ინვალიდები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები, 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები.
დაფინანსების მიღება:
დახმარების მიმღები არის შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირები - 630 ადამიანი, უსინათლო - 155 ადამიანი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი - 240, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 115, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები - 48 ადამიანი, 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები.
მონაცემთა სია დაზუსტდება.
დახმარება არის ერთჯერადი, წარმოადგენს სარურსათო პაკეტს, დახმარებების გაცემა მოხდება სადღესასწაულო დღეებზე.
პროგრამის მიზნები და მათი მიღწევის შეფასების ინდიკატორები:
1. შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირების, უსინათლოების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდების, 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების გაწევა;
2. სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის.
პროგრამის წარმატების ინდიკატორად ჩაითვლება ბენეფიციართა ის რაოდენობა, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მიიღებენ დახმარებას, ასევე წარმატებად ჩაითვლება მსგავს ბენეფიციართა შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შემდგომი დახმარებების პროგრამის უკეთესად შესამუშავებლად.
პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) რაოდენობა და კატეგორია
პროგრამით „სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები“ სარგებლობა შეუძლიათ:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (რაოდენობა - 630);
უსინათლოები (რაოდენობა - 155);
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი (რაოდენობა - 240);
ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები (რაოდენობა - 115);
ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები (რაოდენობა - 48);
2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები (სია დაზუსტდება).
პროგრამით გათვალისწინებულია ერთჯერადი სასურსათო პაკეტი.
დამატებითი ინფორმაცია
ბენეფიციართა მოძიება მოხდა გორის შ.შ.მ. ინვალიდთა კლუბის თავმჯდომარის ქალბატონ თინა ბრეგვაძის, შიდა ქართლის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად საბაშვილის, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის დავით გურასპაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იფორმაციის მოგროვებასა და სიების შედგენაზე პასუხისმგებელია გორის მუნიცი პალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური.
![]() |
13 შემოსავლების გენერირება - ბიზნესის განვითარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის |
▲back to top |
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) 1995 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. ორგანიზაცია დაფუძნდა აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად საქართველოს ათასობით იძულებით გადაადგილებული მოქალაქის მხარდასაჭერად. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ცენტრმა „აფხაზეთმა“ განახორციელა მთელი რიგი პროგრამებისა - დაწყებული საგანმანათლებლო და მიკროსაფინანსო პროგრამებით, დამთავრებული გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებისა და განსახლების მხარდამჭერი პროგრამებით. ცენტრ „აფხაზეთის“ მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს 5000 პირდაპირ ბენეფიციარს წელიწადში.
ცენტრი „აფხაზეთი“ მუშაობს საქართველოს 5 რეგიონში: იმერეთის რეგიონი (ქუთაისი, წყალტუბო), სამეგრელოს რეგიონი (ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი, სენაკი), შიდა ქართლის რეგიონი (გორი, ქარელი, კასპი, ხაშური), ქვემო ქართლის რეგიონი (ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული, თეთრი წყარო) და თბილისი. ორგანიზაციის საქმიანობა იმართება სათაო ოფისისა (ქუთაისი) და 3 ფილიალის (ზუგდიდი, თბილისი და გორი) მიერ.
ამჟამად, ცენტრ „აფხაზეთის“ მთავარ პრიორიტეტს სოციალურ- ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამები მოიცავს შემოსავლის უზრუნველყოფის, ადვოკატირების, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების, დაცვისა და ქველმოქმედების განვითარების სფეროებს.
პროგრამის შესახებ
ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდი (Stichting Vluchteling) 1998 წლიდან თანამშრომლობს საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“. მათი ფინანსური მხარდაჭერით ცენტრმა „აფხაზეთმა“ დაიწყო მიკროსესხების პროგრამის განხორციელება. 2003 წლის შემდეგ ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდი, ძირითადად, ფოკუსირებული იყო შემოსავლების გენერირების პროგრამების მხარდაჭერაზე, რაც სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებულად შეჭირვებული დევნილებისათვის უპროცენტო სესხებისა და ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევების უზრუნველყოფით გამოიხატებოდა. 2004-2009 წლებში 1036-მა პირმა დაიწყო და განავითარა ბიზნესი მიღებული უპროცენტო სესხის საშუალებით.
„კრისტალის“ ისტორია
2003 წლისათვის ორგანიზაციის მიკროსესხების პროგრამამ განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ არსებული კონკურენტული გარემოს პირობებში შეუძლებელი იყო მისი სოციალური პროექტის სახით შენარჩუნება და გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. 2004 წელს მიკროსესხების პროგრამა გამოეყო ცენტრ „აფხაზეთს“ და დარეგისტრირდა დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტად - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“.
„კრისტალის“ ორგანიზაციული ისტორია წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მცირე ზომის, დონორებზე დამოკიდებული სოციალური პროგრამა რამდენიმე წელიწადში გადაიქცეს დინამიურად მზარდ, მომგებიან და პროფესიულ მიკროსაფინანსო დაწესებულებად.
2008 წელი
საქართველოში 10-წლიანი მოღვაწეობის შემდგომ ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდს გადაწყვეტილი ჰქონდა შემოსავლების გენერირების პროგრამის დასრულება. დონორის აზრით, პროექტს შესაძლებლობები საქართველოში უკვე ამოწურული ჰქონდა. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კი ყველაფერი შეცვალა და ცხადი გახდა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემოსავლების გენერირების პროგრამის ახალი ძალით ამოქმედების საჭიროება. 2009 წელს ცენტრმა „აფხაზეთმა“ დაიწყო ბიზნესის გენერირების ახალი პროექტი - „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასაქმებითა და ბიზნესით მხარდაჭერა“. მასში 1992-1993 წლის დევნილებთან ერთად ჩაერთნენ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული დევნილები და ე.წ. ,,ბუფერული ზონის“ სოფლები. პროექტმა გაამართლა და ცენტრი „აფხაზეთი“ შემოსავლების გენერირების პროექტს დღემდე ახორციელებს.
პროექტის განახლება
„პროექტი დაიგეგმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის საპასუხოდ. კერძოდ, იმ ათასობით „ახალი“ დევნილის დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი და შემოსავლის წყარო. განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებდა აგრეთვე ე.წ. „ბუფერული ზონის“ სოფლებში დაბრუნებული მოსახლეობა, რომლებსაც ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაუზიანდათ საკარმიდამო მეურნეობა, დაეკარგათ მოსავალი, პირუტყვი და დარჩნენ წარმოებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გარეშე“, - დათო გუჩუა, პროექტის მენეჯერი.
2009 წელს პროექტი მოიცავდა საქართველოს ოთხ ქალაქს - ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თბილისი - და „ბუფერული ზონის“ სოფლებს. პროექტის სამოქმედო გეგმის მიხედვით, გათვალისწინებული იყო უპროცენტო ბიზნესსესხებისა და აგროსესხების გაცემა. ამ წელს პროექტში ჩაიდო აგრეთვე ბენეფიციართა პროფესიული გადამზადების, დასაქმების ხელშეწყობის, ბიზნესტრენინგების ჩატარებისა და დასაქმების მიზნით ადვოკატირების კომპონენტები. შედეგებმა აჩვენა, რომ მიღებული უპროცენტო სესხები ბენეფიციართა მხრიდან მიზნობრივად იყო გამოყენებული. ბენეფიციარებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს მატერიალური მდგომარეობა. მიღებული პროფესიული გადამზადებისა და შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენებით კი ბენეფიციარებში იმატა დასაქმების შესაძლებლობამ. ეფექტური აღმოჩნდა ასევე აგროსესხების კომპონენტი „ბუფერული ზონის“ სოფლებში. სოფლის მოსახლეობამ მიღებული სესხით შესძლო საკუთარი მეურნეობის გადარჩენა და წლიური შემოსავლის გაზრდა.
2009 წელს პროექტის წარმატებამ განაპირობა 2010 წელს მისი განახლება. ამჟამად, პროექტი ხორციელდება საქართველოს 4 ქალაქში - ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თბილისი - და ე.წ. „ბუფერული ზონის“ 30 სოფელში. პროექტი მოიცავს უპროცენტო სესხების გაცემას ბიზნესის დამწყებთათვის და გამფართოებელთათვის. ამასთან, სესხის გაცემამდე ბენეფიციარებს უტარდებათ ორდღიანი ტრენინგი ბიზნესის მართვის საკითხებში.
პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
უროცენტო სესხების გაცემა ყველაზე მოტივირებული ყოფილი პროფესიული სწავლების „შეგირდებისათვის“ საკუთარი მცირე ბიზნესის წამოსაწყებად - საშუალოდ 400 ევროს ოდენობით.
უროცენტო სესხების გაცემა ბიზნესის „დამწყებთათვის“ - საშუალოდ 400 ევროს ოდენობით და ბიზნესის „გამფართოებელთათვის“ - საშუალოდ 800 ევროს ოდენობით.
აგროსესხის გაცემა ე.წ. „ბუფერულ ზონაში“ დაბრუნებული მოსახლეობისათვის - საშუალოდ 400 ევროს ოდენობით.
პროექტის ფარგლებში ერთი წლის მანძილზე საერთო ჯამში 284 უპროცენტო სესხი გაიცემა. პირველი ეტაპის სესხები უკვე გაიცა მაისში. მეორე ეტაპის სესხების გაცემა ივლისში დაიწყება. ცენტრი „აფხაზეთის“ ოფისები ოთხივე ქალაქში 5 ივლისიდან ელოდება განაცხა-დების მიღებას. პროექტის მიზანია ეკონომიკურ აქტივობათა სტიმულირება და შემდგომი მხარდაჭერა. ორგანიზაციის კარი ღიაა ბიზნესის დამწყებთა და გამფართოებელთათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)
დათო გუჩუა - პროექტის მენეჯერი ტელ.: (+995 32) 35 60 80; (+995 99) 30 12 24.
![]() |
14 დევნილთათვის აშენებული კოტეჯების მშენებლობის გამჭვირვალობა |
▲back to top |
რუბრიკა: დევნილთა უფლებები და მათი ინტერესების დაცვა
ჰანა მინტეკის ფოტოები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით
მომზადებული სტატია ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ანგარიშს: „კოტეჯური ტიპის დასახლებები ახალი დევნილებისთვის საქართველოში: ანგარიშვალდებულება დახმარებისა და მშენებლობის პროცესში“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა მონიტორინგი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისათვის აშენებული კოტეჯების მშენებლობის პროცესსა და ხარისხს ეხება. აღნიშნული ანგარიში მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, „გამ-ჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსათვის“ კოალიციის საქმიანობის ფარგლებში. კოალიციის მიზანია დონორი ქვეყნებისა და საერთა- შორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.
აღნიშნულ ანგარიშში განხილულია, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისათვის კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის პროცესი. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია მშენებლობის ხარისხზე, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელმა ინჟინერმა შეაფასა, ასევე მშენებლობაზე პასუხისმგებელ უწყებებზე, გაწეულ ხარჯებსა და ხელისუფლების მხრიდან მშენებლობის პროცესის ზედამხედველობასა და ამ კუთხით მის ანგარიშვალდებულებაზე. დასკვნით ნაწილში კი ხელისუფლებისა და დონორებისათვის შეთავაზებულია რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინონ 1990-იანი წლების დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ეტაპზე.
2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოს მთავრობამ 13 სხვადასხვა ადგილას ააშენა 3 963 ინდივიდუალური კოტეჯი იმ დევნილებისათვის, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნება ვერ შეძლეს. საშუალოდ, თითოეულ კოტეჯზე 27 800 ლარი დაიხარჯა. მათი მშენებლობა მსოფლიო ბანკის მაღალშეღავათიანი სესხებისა და ევროკომისიის გრანტებით დაფინანსდა. მთლიანად კოტეჯების აშენებასა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯა 133,3 მილიონი ლარი. ამ კოტეჯებში დღეს 13 876 ადამიანი ცხოვრობს.
კოტეჯების აშენებისა და შესაბამისი დაგეგმვის პროცესის დაწყებაზე გადაწყვეტილებები უსწრაფესად იქნა მიღებული. სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტები მთავრობას ომიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტ ხანში ჰქონდა დადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტორული პროექტები და შესაბამისი მიწის მოძიების სამუშაოები ამ დროისათვის უკვე ჩატარებული იყო. კონტრაქტების პირობების თანახმად, სამშენებლო კომპანიებს მაქსიმუმ სამ თვეში უნდა დაესრულებინათ სამშენებლო სამუშაოები. იმის გამო, რომ ახალი კოტეჯური დასახლებები ლამის ერთ ღამეში გაჩნდა, მათ მეტსახელად „სოკო სოფლებიც“ კი უწოდეს. დევნილების თბილისისა და გორის დროებითი საცხოვრებლებიდან (სკოლებიდან, ბაღებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებების შენობებიდან) კოტეჯებში გადაყვანა 2009 წლის იანვარში, ომის დაწყებიდან ხუთ თვეში, დაიწყო.
ახალ კოტეჯებში საცხოვრებელი პირობები შორს იყო იდეალურისაგან. პრობლემებს შორის ყველაზე აშკარა - სველი და ცივი ოთახები - დაგეგმვისა და მშენებლობის ტემპითა და სამშენებლო მასალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემებით აიხსნა. კედლების სისველის გამო კოტეჯებში არაერთი სხვა დეფექტი წარმოიქმნა, რის გამოც ქართულმა მედიამ და ბევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოტეჯური დასახლებები საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა. მაგალითად, „კოალიციამ დევნილთა უფლებების დაცვისათვის“ 2009 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში დაწერა: „ამ სახლების ხარისხთან დაკავშირებული სერიოზული ეჭვები და პრეტენზიები საინფორმაციო საშუალებების, ექსპერტებისა თუ თავად დევნილების მხრიდან საკმაოდ ხშირად ისმის“. იგივე ანგარიში მშენებლობის ხარისხის პრობლემებსაც აღწერს: „კოალიციის წევრებს სხვადასხვა დასახლებებში ჩასვლისას ხვდებოდათ საკმაოდ მძიმე სურათი: სახურავებიდან ჩამოსული წვიმის წყალი, ნესტისაგან დაობებული კედლები, დეფორმირებული იატაკი, ოთახებში ამოსული ბალახი, კარ-ფანჯრის ჩასმისას დარღვეული ჰერმეტულობა“. მსგავსი ბრალდებები, ბევრი მათგანი ფოტოებით გამყარებულიც, 2009 წელს არაერთ კონფერენციასა და სხვა საჯარო ღონისძიებაზეც გამოითქვა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ძირითადად, იმ საფრთხეს უსვამდნენ ხაზს, რომ, თუ კოტეჯების დაზიანება იგივე ტემპით გაგრძელდებოდა, რამდენიმე წელში ისინი საერთოდ დაინგრეოდა.
დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ჩართული უწყებები და ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წარმოქმნილი პრობლემები, მშენებლობის დროს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გარდაუვალი იყო. მსოფლიო ბანკის ურბანული მენეჯმენტის მთავარი სპეციალისტის აჰმედ ეივეიდას (რომელიც დაგეგმვის საწყის ეტაპზე და მოგვიანებით, კოტეჯების დაფინანსების პროცესში იყო ჩართული) თქმით, პრობლემების გამართლება შეიძლება: „ასეთი სწრაფი რეაგირების დროს მთავრობას უწევდა გარკევული ბალანსი მოეძებნა სამ რამეს შორის, ესენი იყო: ტემპი, ხარჯი და ხარისხი. თითქმის შეუძლებელია სამივე კომპონენტი მაღალ დონეზე იყოს“.
2010 წლის ზაფხულიდან დონორი ქვეყნები და ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, ისე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დიდი რაოდენობით ახალ თანხას გამოყოფენ. ახლანდელი მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2008 წელს კოტეჯების მშენებლობის ტემპს, რომელიც ლამის სინათლის სიჩქარეს უტოლდებოდა. იმისათვის, რომ სამომავლო ინვესტიციების წარმატებას ხელი შეუწყოს, ეს ანგარიში მშენებლობის პროცესსა და ხარისხთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად წამოწეულ პრობლემებს მიმოიხილავს.
კოტეჯების ხარისხის შეფასება დამოუკიდებელი ინჟინრის მიერ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დაიქირავა მოუკიდებელი ინჟინერი, რათა მას ახალი დასახლებების ხარისხი და მდგრადობა შეეფასებინა. თავდაპირველი შეფასებისას ინჟინერმა ის შეამოწმა, თუ რამდენად სწორი იყო ყველაზე მწვავე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კოტეჯები, უხარისხობის გამო, უკვე ნაწილებად იშლებოდა. 2009 წლის დეკემბერში, კონტრაქტით განსაზღვრული მშენებლობების საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კვლავ დაიქირავა მეორე დამოუკიდებელი ინჟინერი და მას დასახლებების ხელახლა შემოწმება სთხოვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარებითა და დამოუკიდებელი ინჟინრით დაკომპლექტებული ჯგუფი 2009 წლის მარტში, ორი დღის განმავლობაში, ხუთ დასახლებაში ჩავიდა (კარალეთში, ხურვალეთში, შავშვებში, სკრასა და ბერბუკში), ხოლო 2009 წლის დეკემბერში, ერთი დღის განმავლობაში (კარალეთში, ხურვალეთში, შავშვებსა და ახალსოფელში). ორივე ვიზიტის დროს ჯგუფებმა დევნილთა ხუთიდან რვა ოჯახამდე გამოიკითხეს. თითოეული გამოკითხვა 20 წუთიდან 1 საათამდე გაგრძელდა. ჯამში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დაახლოებით 60 ოჯახისაგან აიღო ინტერვიუ, ინჟინერმა კი თითქმის 30 კოტეჯი შეამოწმა ექვს სხვადასხვა დასახლებაში. ჯგუფებმა მხოლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მისი კონტრაქტორი კომპანიების მიერ აშენებული დასახლებები მოინახულეს.
ჯგუფებმა კოტეჯები შიგნიდანაც დაათვალიერეს და გარედანაც. დეფექტების გამოვლენის შემდეგ ისინი, დამატებითი განმარტებების მისაღებად, შესაბამისი კოტეჯების მცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ. მესამე დათვალიერებისას უცხოელმა ინჟინერმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, კოტეჯების ტექნიკური დიზაინი შეამოწმა.
დამოუკიდებელი ინჟინრის მიერ განხორციელებული ინსპექციის ძირითადი დასკვნები:
შემოწმებულ კოტეჯებში სტრუქტურული მდგრადობის პრობლემები არ გამოიკვეთა;
მარტში ჯგუფების მიერ ნანახ თითქმის ყველა სახლში სხვადასხვა სახის, არაუმნიშვნელო დეფექტები გამოვლინდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ამ დეფექტებს სახლების ბინადართა ცხოვრების პირობებზე აშკარა უარყოფითი ზემოქმედების ეფექტი აქვს (აქ იგულისხმება ობი კედლებსა და ჭერზე; დიდი ბზარები და ღარები კედლებში, რის გამოც კოტეჯებში ცივი ჰაერი შედის, რაც, თავის მხრივ, გათბობაზე დანახარჯებს ზრდის; დეფორმირებული იატაკები, რაც ასევე უშვებს ცივ ჰაერს და, გარდა ამისა, სახლებში ქვეწარმავლებისა და მღრღნელების შეღწევის საფრთხეს ქმნის);
პრობლემების უმრავლესობა გამოწვეულია არა მშენებლობის ჩქარი ტემპით, როგორც ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და სხვები თავიდან ვარაუდობდნენ, არამედ არქიტექტურული დაგეგმარების დროს დაშვებული შეცდომებით.
მშენებლობის პროცესი იმდენად სწრაფად წარიმართა, რომ არც ერთი ძირითადი სამშენებლო მასალა (განსაკუთრებით ცემენტი/ ბეტონი და ხე) კედლების შეღებვისა და კოტეჯებში ოჯახების შესახლების მომენტში ბოლომდე მშრალი არ იყო. ცემენტის საძირკველს გამოსაშრობად, კარგ ამინდში, დაახლოებით ორი თვე სჭირდება, თუმცა, ორი კვირის შემდეგ ის საკმარისად მყარია იმისათვის, რომ დამატებითი მშენებლობის სიმძიმეს გაუძლოს. ვინაიდან ყველა კოტეჯი დაახლოებით სამ თვეში აშენდა, ნახევრადმშრალ საძირკველში დარჩენილმა სისველემ სათბურის ეფექტი წარმოქმნა - მან შენობის ინტერიერში, კედლებსა და ჭერში გადაინაცვლა. იმის გამო, რომ სამშენებლო სამუშაოები ზამთარში ჩატარდა, გამოშრობის პერიოდი კიდევ უფრო გახანგრძლივდა. სხვა სამშენებლო მასალა, მათ შორის, იატაკებისა და სახურავებისათვის გამოყენებული ფიცრები და კედლების ასაშენებელი ცემენტის ბლოკები ასევე არ იყო ბოლომდე მშრალი.
ხის მასალა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოყო, რადგან მშენებლობის დროს, ფოთის პორტის დახურვის გამო, მისი იმპორტი შეუძლებელი იყო. სატყეო დეპარტამენტმა 38 859 კუბური მეტრი წიწვოვანი და 3 800 კუბური მეტრი ფოთლოვანი ხის დონაცია გააკეთა. ვინაიდან საქართველოში ხის გადამუშავებისა და გამოშრობის მძლავრი საწარმო არ არსებობს, მშენებლობაში გამოყენებული ხე ჯერ კიდევ ნედლი იყო.
2009 წლის დეკემბერში, დამოუკიდებელი ინჟინრის მიერინსპექტირების მეორე რაუნდის წინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ფირქობდა, რომ ზაფხულის განმავლობაში სამშენებლო მასალა კარგად გამოშრებოდა და მაღალი ნესტიანობით გამოწვეული პრობლემები მოგვარდებოდა. თუმცა, დეკემბერში ინჟინერმა და მკვლევარებმა კოტეჯების დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ ნესტიანობა ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. ბევრ კოტეჯში ობი ისევ იზრდებოდა, განსაკუთრებით, იმ ოთახებში, სადაც გათბობის მთავარი სისტემა არ იყო დამონტაჟებული. ერთ კოტეჯში ფანჯრის ქვედა კედლის სინესტე ხელის შეხებითაც იგრძნობოდა, თუმცა, კოტეჯების უმრავლესობაში ობის გამო კედლები უბრალოდ ცივი და გაშავებული იყო. დევნილები სამართლიანად შიშობენ, რომ ობი ჯანმრთელობის პრობლემებსა და სერიოზული ალერგიების საფრთხეს ქმნის. შენარჩუნებული ნესტიანობა იმაზეც მიანიშნებს, რომ კოტეჯებში ინსულაციის სისტემა გამართული არ არის. ერთმა დევნილმა თქვა, რომ ყოველი წვიმის დროს სახლის ერთ კუთხეში, იატაკიდან უცნაური სუნი ამოდის. ასეთი შემთხვევები ნედლი სამშენებლო მასალითა და მშენებლობის მაღალი ტემპით ვეღარ აიხსნება, ამიტომ მათი გამომწვევი მიზეზები კოტეჯების არქიტექტურულ დიზაინში უნდა ვეძებოთ.
კოტეჯების კედლები ბეტონის ბლოკებით არის აშენებული (რომლებიც წყლის, ცემენტის, ქვიშისა და მყარი მასალების, მაგალითად, ქვა-ღორღის შერევით არის დამზადებული) და მათში დარჩენილია მცირე სიცარიელეები, რაც წყალს (წვიმას ან გრუნტის წყლებს) აძლევს საშუალებას, რომ კაპილარული გზით ინფილტრაცია განიცადოს.
არსებობს მშენებლობის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც, ბეტონის ბლოკების გამოყენების შემთხვევაშიც კი, დანესტიანების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც საქართველოში ადრე ფართოდ გამოიყენებოდა (და ახლაც გამოიყენება), იმაში მდგომარეობს, რომ უნდა აშენდეს ბეტონის ძალიან სქელი, 50 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სისქის, კედელი. სინესტე გარედან კედლებში შედის, თუმცა მისი სისქე იმდენად დიდია, რომ შიდა მხარემდე ვერ აღწევს, თუმცა დევნილთა კოტეჯებში კედლის სისქე 20 სანტიმეტრს არ აღემატება.
ნიადაგში არსებული წყალი დანესტიანების კიდევ ერთი წყაროა. ამ შემთხვევაში დანესტიანება ვერტიკალურად ხდება და კოტეჯებს აზიანებს. ეს განსაკუთრებით მწვავე პრობლემას იმ კოტეჯებში წარმოადგენს, რომლებიც ბრტყელ, დაბლობ ზედაპირზეა აშენებული და სადაც დრენაჟის გამართული სისტემა არ არსებობს. ეს ბევრი კოტეჯური ტიპის დასახლების დამახასიათებელი ნიშანია. ვერტიკალური დანესტიანებისაგან დაცვის იაფი მეთოდი ბეტონის ბლოკების ფენებს შორის, იატაკის დონემდე, წყალგაუმტარი საფენების ჩაგებაა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაადასტურა, რომ კოტეჯების აშენებისას ასეთი საფენები არ გამოუყენებიათ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის განმარტებით, თითოეული კოტეჯის გარშემო დაგებულია ბეტონის საფარი, რომელიც ერთი მეტრის სიგანისა და რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმისაა. ეს სწორედ იმისათვის არის გაკეთებული, რომ წვიმის წყალი შენობის საძირკველში არ მოხვდეს. კოტეჯების მეორედ დათვალიერების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მვკლევართა და ინჟინრის ჯგუფმა აღნიშნა, რომ ბეტონის საფარების დიდ ნაწილში, ოთხივე მხარეს გრძელი ბზარები იყო გაჩენილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის თქმით, ეს ბზარები იმის გამო გაჩნდა, რომ დევნილები შეშას ამ ბეტონის საფარზე ჩეხავენ და გარდა ამისა, მასზე სხვადასხვა სიმძიმეებს ათავსებენ. ფონდის განმარტებით, კედლების დანესტიანების მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ბეტონის საფარების დაზიანებაა. დეკემბერში, საგარანტიო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ამ საფარების დიდი ნაწილის შეკეთება სამშენებლო კომპანიებს უკვე დასრულებული ჰქონდათ, თუმცა, როგორც „საერთაშორისო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მკვლევარებისა და ინჟინრის ჯგუფმა ნახეს, ზოგიერთი ადგილას შეკეთებული იყო საფარის მხოლოდ ქუჩისპირა მხარე, უკანა მხარე კი ისევ ისე იყო დატოვებული. ბევრმა დევნილმა, ვისაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ესაუბრა, არ იცოდა, რომ სახლის გარშემო დაგებული ბეტონი საფარის ფუნქციას ასრულებდა და ის უბრალოდ საძირკვლის ნაწილი ეგონა. ეს ააშკარავებს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რომელიც დევნილთა კოტეჯების მშენებლობაში ჩართულ საჯარო უწყებებს შორის ფუნქციების განაწილებას უკავშირდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ბენეფიციარებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი არ არის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კი, რომელიც, გარკვეულწილად, დევნილთა ომბუცმენის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, მშენებლობის მონიტორინგის მექანიზმები არა აქვს. შედეგად, არ არსებობს ანგარიშვალდებულების გამართული სისტემა, რომლის საშუალებითაც ტექნიკურ ექსპერტებსა და ბენეფიციარებს შორის ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლა მოხდებოდა. მაგალითად, დევნილები მიიღებდნენ ინსტრუქციას იმის შესახებ, რომ შეშა მათი სახლების წინ დაგებულ ბეტონის საფარზე არ დაჩეხონ.
ამჟამად მსოფლიო ბანკი, ევროკომისია და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, მუშაობენ ახალ ფინანსურ პაკეტზე, რომლითაც კოტეჯების თავდაპირველ დაგეგმვაში არსებული ხარვეზებით გამოწვეული დეფექტების გასწორება დაფინანსდება. სავარაუდოდ, შესაკეთებელი სამუშაოები 2010 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ჩატარდება, თუმცა, ჯერჯერობით არპაარის გადაწყვეტილი, კონკრეტულად რა სახის სამუშაოები შევა ამ პაკეტში და ჯამში რა თანხა დაიხარჯება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საქართველოს ხელისუფლებასა და დონორებს ურჩევს, რომ, როგორც მინიმუმ, ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდეს:
საწრეტები და სახლის კიდეებზე გადმოსული სახურავები: მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენებული არც ერთი კოტეჯის სახურავს არა აქვს წვიმის წყლისაგან დასაცავი საწრეტები. ამის გამო კოტეჯებში ვერტიკალური დანესტიანების პრობლემა იქმნება.
დანესტიანებისა და ობის პრევენცია: რთული სათქმელია, თუ რისი გაკეთება შეიძლება დანესტიანების პრობლემის გამოსასწორებლად. როგორც მინიმუმ, მნიშვნელოვანი იქნებოდა ექსპერტებთან კონსულტაციის გავლა იმის შესახებ, თუ რა გზები არსებობს ამ პრობლემის შედარებით დაბალ ფასად გადასაჭრელად, რადგან დროის განმავლობაში პრობლემა უფრო გამწვავდება. თან ეს საკითხი ენერგოეფექტურობასა და კოტეჯების გათბობის ხარჯებთანაც არის კავშირში.
ინსულაცია: ყველა იატაკი საჭიროებს მიწისაგან უკეთესად ინსულაციას, იატაკის ფიცრებს შორის არსებული ღარები ამოვსებას, ან მთელი იატაკის ლინოლეუმით ან სხვა საფარით დაფარვას. არსებული იატაკები დამზადებულია ხის საფარისაგან, რომელიც ქვემოდან რამდენიმე გრძელი ფიცრით არის გამაგრებული. იატაკის ფიცრებს შორის დიდი ღარებია, მათ ქვემოთ კი - მიწა. შედეგად, ერთი მხრივ, ღარებში ჰაერი მოძრაობს და, მეორე მხრივ, კოტეჯებში მღრღნელები და ქვეწარმავლები აღწევენ. მღრღნელები შესაძლოა ადამიანების უსაფრთხოებას დიდ პრობლემას არ უქმნიდნენ, მაგრამ, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ერთმა დევნილმა უთხრა, ისინი სახლში შენახულ საკვებ პროდუქტებს ჭამენ და აფუჭებენ. გაუმართავი ინსულაცია ენერგომოხმარებასა და შესაბამის ხარჯებზეც ახდენს დიდ გავლენას.
მშენებლობის პროცესისა და ხარჯების მიმოხილვა
კოტეჯური ტიპის დასახლებების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი უწყება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არ იყო. კონფლიქტის პერიოდში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არ ჰქონდა საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ კომპლექსური ჰუმანიტარული დახმარების პროცესი ეფექტიანად წარემართა. ზოგადად, ის ამ დროს ერთ-ერთ უფრო სუსტ სამინისტროდ მოიაზრებოდა. არაერთი მცდელობისა და მოთხოვნის მიუხედავად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დაედგინა, ზუსტად როდის იქნა კოტეჯების აშენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული და ვის მიერ. „საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრისN¹563 განკარგულება“ პასუხისმგებელ უწყებებად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და რეგიონული ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ასახელებს, თუმცა, ამ დადგენილებაში კოტეჯური ტიპის დასახლებების დაფინადასახნსების საკითხი ცალკე გამოყოფილი არ არის. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას, ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი წარმართავდა. სწორედ ის აცნობდა დონორებს კოტეჯების მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები უწევდნენ. კერძოდ, ისინი კურირებდნენ კოტეჯების დიზაინზე გამოცხადებულ ტენდერს, კოტეჯების ასაშენებლად, შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ადგილის შერჩევისა და საჭირო სახელმწიფო ფინანსების მოძიების პროცესს. კოტეჯური ტიპის დასახლებებისათვის ტერიტორიების შერჩევაზე, ძირითადად, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იყო პასუხისმგებელი. ის ამ საკითხზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად მუშაობდა. შერჩევის კრიტერიუმებად განისაზღვრა ის, თუ რამდენად შეძლებდნენ ამ ტერიტორიაზე დევნილები არსებობის დამოუკიდებელი წყაროების შექმნას და რამდენად იაფი დაჯდებოდა მშენებლობა. მაგალითად, შერჩეული ტერიტორიები ახლოს უნდა ყოფილიყო ისეთ ინფრასტრუქტურასთან, როგორიცაა გზები, წყალმომარაგების სისტემა და ა.შ. ასევე, ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო სასმელი წყალი და სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთები.
მშენებლობას ორი უწყება მუნიციპალური განვითარების ფონდი და მცხეთის მუნიციპსლიტეტი ხელმძღვანელობდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსათვის“ უცნობია, თუ რა მიზეზით გადანაწილდა ეს ფუნქცია ორ სხვადასხვა უწყებას შორის. დროის დაზოგვის მიზნით მუნიცი პალური განვითარების ფონდმა და მცხეთის მუნიციპალიტეტმა სამშენებლო კომპანიები, ღიას ნაცვლად, დახურული ტენდერის გზით შეარჩიეს (ჰუმანიტარული კატასტროფების დროს, ჩვეულებრივ, სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ფორმების გამოყენება მიღებულია, თუმცა, საუკეთესო პრაქტიკად კომპანიების წინასწარ დადგენილი სიის გამოყენება ითვლება). მუნიციპალური განვითარების ფონდმა თანამშრომლობა იმ კომპანიებს შესთავაზა, რომლებსაც, ფონდისა და მუნიცი პალიტეტის დავალებით, გარკვეული სამშენებლო სამუშაოები უკვე ჰქონდათ შესრულებული. ასეთი იყო, მაგალითად, შპს „ნიუ ენერჯი“, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა მცხეთის მუნიციპალიტეტთან დადებული კონტრაქტის ვალდებულებების შესრულება. ეს კონტრაქტი მცხეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ეხებოდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონტრაქტები 14 სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა. ამ კონტრაქტებზე კოტეჯების 32%25 (1 263 კოტეჯი) მოდის. თითოეულ კოტეჯზე საშუალოდ 27 183 ლარი დაიხარჯა. მცხეთის მუნიციპალიტეტმა კონტრაქტი მხოლოდ ერთ კომპანიასთან შპს „ნიუ ენერჯისთან“ დადო. მან კოტეჯების დარჩენილი 68%25 (2 799 კოტეჯი) ააშენა, თითო საშუალოდ 28 200 ლარად. მაშასადამე, მცხეთის მუნიციპალიტეტმა თითოეულ კოტეჯზე დაახლოებით 1 000 ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე მუნიციპალური განვითარების ფონდმა. შპს „ნიუ ენერჯიმ“ სამშენებლო სამუშაოებისათვის ათზე მეტი კერძო კომპანია დაიქირავა. „ნიუ ენერჯის“ მიერ აშენებული სამი კოტეჯური ტიპის დასახლება ყველაზე დიდი დასახლებებია. საერთო ჯამში, კოტეჯების აშენებაზე 110,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში არ შედის დამხმარე ინფრასტრუქტურის: გზების, წყალმომარაგების სისტემის, წყალგამტარი არხებისა და ა.შ. ხარჯები. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის ეს განსხვავება, სავარაუდოდ, არქიტექტურულ დიზაინში სხვაობებით არის გამოწვეული. ფონდს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გადასცა საერთო არქიტექტურული პროექტი, მცხეთის მუნიციპალიტეტმა კი კომპანია „არქიტექტურული ჯგუფი და პარტნიორები“ დაიქირავა, მას რამდენიმე პროექტის მომზადება დაავალა და მათგან ყველაზე ნაკლებად ძვირადღირებული აარჩია. წეროვნისა და კარალეთის დასახლებები, რომელთაგან პირველი მცხეთის მუნიციპალიტეტმა, ხოლო მეორე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა, ხარჯის მიხედვით, თითქმის ერთნაირია და ორივე მათგანი ე.წ. ურბანული ტიპის დასახლებებია, სადაც ტუალეტები კოტეჯების შიგნითაა.
გზები, წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია ცალკე კონტრაქტების საფუძველზე გაკეთდა. მათი საერთო ღირებულება 22,8 მილიონი ლარი იყო.
კანალიზაციის სისტემა და შიდა ტუალეტები მხოლოდ წეროვნისა და კარალეთი-წმინდაწყალის დასახლებებშია. ყველა სხვა დასახლებაში ტუალეტები კოტეჯებს გარეთაა (2010 წელს მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და USAID-ის დამატებითი ინვესტიციების შედეგად, ეს შეიძლება შეიცვალოს). კარალეთიწმინდაწყლის კანალიზაციის სისტემა დასახლების მშენებლობის საერთო ღირებულების დაახლოებით 5%25 დაჯდა (წყალმომარაგებისა და გზების ჩათვლით). წეროვანთან მიმართებაში იგივე ანალიზი არ გაკეთებულა, რადგან მცხეთის მუნიციპალიტეტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის“ დეტალური ხარჯთაღრიცხვა არ მოუწოდებია. თუმცა, როგორც ირკვევა, შპს „ნიუ ენერჯის“ მიერ აშენებულ დასახლებებში (საერთო კოტეჯების რაოდენობის 68%25; წეროვნის, წილკნისა და ფრეზეთის დასახლებები) გზებზე, წყალმომარაგებასა და კანალიზაციაზე დახარჯული ჯამური თანხა ცამეტივე დასახლებაში დახარჯული თანხის 80%25-ს შეადგენს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში
![]() |
15 შეხვედრები დევნილებისათვის აქტუალურ საკითხებზე |
▲back to top |
2009 წლის სექტემბრიდან „ოქსფამ დიდი ბრიტანეთი“ (Oxfam GB), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია (საეა), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და „ველფეარ ფაუნდეიშენი“ (Welfare Foundation) ახორციელებენ პროექტს იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართვის გზით“. საზოგადოება პროექტს იცნობს სახელწოდებით - „ერთად ჩვენ შევძლებთ“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (UE).
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დევნილი მოსახლეობის შეხვედრები მათთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებზე პასუხისმგებელ კომპეტენტურ პირებთან, ე.წ. პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან. დაინტერესებული მხარეების გამოვლენა ხდება სხვადასხვა მეთოდით. პირველი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდი დაინტერესებული მხარეების გამოსავლენად არის დევნილთა დასახლებებში მობილიზაციის ჯგუფის ვიზიტის დროს სასურველი კანდიდატურების გამოვლენა. დევნილებთან პირდპირი კომუნიკაციის გარდა, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ინფორმაციის წყაროდ ასევე იყენებს გაზეთის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ მიმართვის ბარათის მეშვეობით შემოსულ წერილებს, სადაც გაზეთის მკითხველი დევნილი მოსახლეობა ასახელებს მათთვის საინტერესო და სასურველ თემებს, ასევე სასურველი სტუმრის ვინაობას. მესამე მეთოდი დევნილთა დასახლებაში მისაყვანი სტუმრის შერჩევისას არის შემდეგი: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია არჩევს მოწვეული სტუმრების ვინაობას დევნილთა დასახლების წინაშე მდგარი პრობლემების შესაბამისად.
პროექტის დაწყებიდან დღემდე უკვე ჩატარდა დევნილებისა და დაინტერსებული მხარეების 5 შეხვედრა. პირველი შეხვედრა გაიმართა 2010 წლის 3 მარტს სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში. მოწვეული სტუმარი, ვერიკო ბიწაძე, წარმოადგენდა გორის გენდერულ რესურსცენტრს. დაინტერესებულ დევნილებს მიეწოდათ საკონტაქტოინფორმაცია იმ პროგრამებში ჩართვისთვის, რაც მათთვის საინტერესო და პრაქტიკულად გამოსადეგია, მაგალითად, კომპიუტერის სწავლების უფასო კურსები, უფასო კონსულტაციები გენდერის საკითხებზე, ა.შ. გარე აუდიტორიისაგან ყურადღებას მოკლებულმა დევნილთა დასახლებამ მიიღო შესაძლებლობა, გამოიყენა იგი მაქსიმალურადსაკუთარი პრობლემების გაჟღერებისთვის და მათი გადაწყვეტის გზების საძიებლად. მოწვეულმა მხარემ, თავის მხრივ, ჩაინიშნა საქაშეთის დევნილთა დასახლების ყველაზე მწვავე პრობლემები და დაჰპირდა დამსწრე საზოგადოებას მათ გაჟღერებას სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, ვისთანაც გორის გენდერულ რესუსრსცენტრს გააჩნია თავისი კონტაქტები და მუდმივი კავშირი.
დევნილებისა და დაინტერესებული მხარეების რიგით მეორე შეხვედრა შედგა 2010 წლის 19 მარტს ქალაქ გორში, ე.წ. ნარკოლოგიური კლინიკის შენობაში განთავსებულ დევნილთა კოლექტიურ ცენტრში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საზოგადოება „ბილიკის“ საქმიანობის გაცნობა დევნილებისათვის და მედიის დახმარებით დევნილთა საჭიროებების გაჟღერება.
დაინტერესებული მხარის რანგში შეხვედრას ესწრებოდა საზოგადეობა „ბილიკიდან“ მოწვეული სტუმარი მარიკა მღებრიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული მედიის წარმომადგენლები: თეა ახალკაცი გაზეთი -„ლომჭაბუკი“, ნინო შოთნიშვილი - „ხალხის გაზეთი“, საბა წიწიკაშვილი - გაზეთი ქართლის ხმა“.
შეხვედრაზე დასმული და განხილულ იქნა დევნილთა საერთო პრობლემები და საჭიროებები, ასევე საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცენტრის საქმიანობა და ის შესაძლებლობები, რითაც შეუძლიათ ისარგებლონ დაინტერესებულ დევნილებს.
დევნილთა მხრიდან დაისვა საკითხი და გაჟღერდა ინიციატივა საზოგადოება „ბილიკის“ მიმდინარე პროექტში მონაწილეობის შესახებ. ამ მიზნით მოწვეულმა სტუმარმა გაავრცელა ამომწურავი ინფორმაცია (საკონტაქო, პროცედურული საკითხები) პროექტებისა და მათში დევნილების ჩართვის შესახებ.
გარდა ამისა, დევნილების მხრიდან მომზადდა სპეციალური წერილი, რომელიც საეა-ს დახმარებით გადაეცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელს. წერილში ასახულია ამ კონკრეტული კოლექტიური ცენტრის პრობლემები და დახმარების საჭიროება.
აღსანიშნავია, რომ დევნილთა მიერ მომზადებულ წერილში აღწერილ პრობლემებს რეაგირება მოჰყვა. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საქველმოქმედო ორ-განიზაცია „ოქსფამ დიდ ბრიტანეთს“ (Oxfam GB), რომელმაც საკუთარ თავზე აიღო აღნიშნულ კოლექტიურ ცენტრში სავალალო მდგომარეობაში მყოფი კანალიზაციის სისტემის შეკეთებისათვის აუცილებელი თანხების გამოყოფა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ACF ასევე მონაწილეობს ამ პროცესში.
შეხვედრაზე მოწვეულმა ჟურნალისტებმა, გააშუქეს დევნილების მიერ დასმული პრობლემები.
რიგით მესამე შეხვედრა შედგა 4 მაისს ლაგოდეხში. დაინტერესებული მხარის რანგში შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი გიოეგი დევდარიანი, ლაგოდეხის ოფიციალური პირები და რეგიონული მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე, ერთი მხრივ, დასმულ და განხილულ იქნა დევნილთა საერთო პრობლემები და საჭიროებები და, მეორე მხრივ, - მათი გადაჭრის გზები.
გიორგი დევდარიანმა განუმარტა დევნილებს იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა თაობაზეც შეუძლიათ მიმართოთ რეგიონულ სამსახურს. დევნილების მხრიდან დაფიქსირდა ინიციატივა, მოამზადონ ოფიციალური წერილები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამსახურის სახელზე მათთვის საჭირო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაცია და სარემონტო სამუშაოების წუნი, დევნილთა რეგისტრაცია, ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები, შენობის სარდაფში წყალგაყვანილობის გაუმართაობის პრობლემა, სათავსოების საჭიროება ცენტრში მცხოვრები ოჯახებისთვის დევნილის შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები და სხვა დამატებითი ინდივიდუალური საკითხები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ დევნილ მოსახლეობასთან სხვადასხვა საკითხთან დაკაშირებით, მათ შორის, მიწის საკითხი, თანამშრომლობის საკითხი და სხვა სოციალური საკითხები. აღნიშნული შეხვედრა გაშუქდა ადგი-ლობრივ მედიაში.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას 2010 წლის ივნისის დასაწყისში მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა, კერძოდ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის, გიორგი დევდარიანის, ძალისხმევით მოხერხდა სარემონტო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „ნოვას“ დირექტორის რამაზ მჭედლიშვილის ადგილზე ჩაყვანა და პრობლემების ადგილზე იდენტიფიცირება. დღესდღეობით მიმდინარეობს დაზიანებული ოთახების ხელახალი რემონტი. ამასთან, კომპანია „ნოვამ“ უკვე განაახლა შენობის სარდაფში არსებული წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით იგეგმება სათავსოების აშენება დევნილებისათვის და იცვლება წყლის მიმწოდებელი დიდი მაგისტრალი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გეგმავს ვიზიტს იგივე ლოკაციაზე სიტუაციის ადგილზე შეფასების მიზნით. დაგეგმილია შეხვედრაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამშენებლო კომპანია „ნოვას“ ხელმძღვანელობის მოწვევაც. აღნიშნული ვიზიტი გაშუქდება ადგილობრივ მედიაში.
ორი შეხვდრა გაიმართა საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებსა და ფრეზეთის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შორის. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ფრეზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დასახლება, თავისი პრობლემებით, სიტუაციით, შესაბამისად, მეტი აქცენტი, სხვა დასახლებებთან შედარებით, სწორედ მასზე გაკეთდა. 2010 წლის მაისში ფრეზეთის დასახლებას ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ჟურნალისტები და ასევე ბრიტანეული საქვემოქმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ (Oxfam GB) დირექტორი ბარბარა სტოკინგი ეწვია. ორივე შეხვედრაზე გაჟღერდა დასახლების წინაშე არსებული პრობლემები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრებით შესაძლებელი გახდა, ფრეზეთის დასახლების პრობლემებისა და ზოგადად დევნილთა ყოფის პირობების საერთაშორისო დონეზე გაჟღერება.
რიგით მეექვსე შეხვედრა დევნილებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის 2010 წლის 8 ივნისს კასპის რაიონის სოფელ თელიანში შედგა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელით დევნილების მიერ დასმულ შეკითხვებს კომპეტენტურმა სტუმარმა ლევან კოკაიამ უპასუხა. შეხვედრაზე, ძირითადად, განხილულ იქნა დევნილთა რეგისტრაციასა და პერერეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე დამსწრე დევნილებმა მოიყვანეს კონკრეტული სიტუაციები და მაგალითები, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამინისტროს წარმომადგენლის რეკომენდაციები.
მსგავსი ტი პის შეხვედრები დაგეგმილია დევნილთა სხვა დასახლებებისთვისაც. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია კვლავ განაგრძობს დევნილთათვის საინტერესო და სასურველი სტუმრების გამოვლენასა და მათი შეხვედრის ორგანიზებას სხვა ლოკაციებზეც.
![]() |
16 გორის რეგიონალური საგანმანათლებლო ფონდი |
▲back to top |
„გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩამოაყალიბეს აშშ-ის „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებმა გორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2008 წლის სექტემბერში. ფონდის მიზანია 2008 წლის აგვისტოში რუსეთსაქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების მხარდაჭერა სასწავლო სტიპენდიებითა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებით. „გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდის“ შესახებ გვესაუბრა ფონდის დირექტორი - ქელი აფჰოფი.
- რამ განაპირობა „გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდის“ ჩამოყალიბება?
- ჩვენ „გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდის“ დაარსების საჭიროება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დავინახეთ, როდესაც გორის უნივერსიტეტის კონფლიქტით დაზარალებული ბევრი სტუდენტი ფინანსური პრობლემების გამო საფრთის წინაშე დადგა, რომ სწავლა შესაძლოა ვეღარ გაეგრძელებინათ. ჩვენ ასეთი სტუდენტების დახმარება გვინდოდა.
- დღესდღეობით რა არის „გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდის“ მისია?
- ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი ფონდის მისია და ამჯერად შიდა ქართლის რეგიონში მაცხოვრებელ სტუდენტებს ვთავაზობთ თანამედროვე და ინოვაციურ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიზმი საქართველოში ათეული წლის წინ დასრულდა, დღეს არსებულ საგანმანათლებლო სისტემაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი „საბჭოთა“ ნიუანსია. სტუდენტები სწავლის პროცესში ძალიან ბევრ მოძველებულ ინფორმაციას ღებულობენ. ამის პარალელურად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით სტუდენტებს დავეხმაროთ თავისუფალი აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა ჩამოუყალიბდეთ შემოქმედებითი, ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
- დევნილი ახალგაზრობა თუ არის თქვენი ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფი?
- თავდაპირველად, სასწავლო სტიპენდიები სწორედ დევნილ სტუდენტებს შევთავაზეთ. ჩვენ ასევე გვქონდა გარკვეული სასწავლო პროგრამები დევნილებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ჩვენი ორგანიზაციის სამოქმედო არეალი გაფართოვდა, ჩვენს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს გორის უნივერსიტეტის ნებისმიერი სტუდენტი.
- რომელი ორგანიზაციები არიან თქვენი პარტნიორები?
- ჩვენ ბევრ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი პარტნიორი იყო „ქალთა საერთაშორისო ფონდი“. მათი საშუალებით ჩვენ შევძელით გორის უნივერსიტეტის 5 სტუდენტის სრული დაფინანსება სასწავლო პროცესის დროს. გარდა ამისა, „გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდის“, სამხრეთ კაროლინისა და გორის უნივერსიტეტების ორგანიზებით 2010 წლის მარტ-აპრილში ჩატარდა „მეწარმეობის ტრენინგი“. მის ფარგლებში შეირჩა 16 ახალგაზრდა გორის უნივერსიტეტიდან. მათ ჩაუტარდათ 6 სესია ბიზნესგეგმების შედგენაში, მარკეტინგსა და ფასწარმოქმნაში. კურსის ბოლოს სტუდენტები დაიყვნენ 4 ჯგუფად, რომლებმაც ბიზნესგეგმები მოამზადეს. ტრენერთა გუნდის წევრებმა გამოავლინეს საუკეთესო ბიზნესგეგმა და ჯგუფის წევრები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
- გარდა ამისა, კიდევ რა სახის პროექტები გაქვთ განხორციელებული?
- ჩვენი ფონდის ინიციატივითა და „ევრაზიის ფონდის“ დაფინანსებით განვახორციელეთ პროექტი „ახალგაზრდები დევნილთა სამოქალაქო განვითარებისათვის“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის ლიდერული უნარ-ჩვევების გადაცემა. „პრაქტიკული სამართლის“ სასწავლო კურსის მეშვეობით ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ პრობლემის ეფექტური მოგვარების ხერხებს. 5-დღიანი სასწავლო კურსის განმავლობაში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს პროექტის მართვის, ფონდების მოძიებისა და სტრატეგიული დაგეგმარების უნარ-ჩვევები. მონაწილეები დაიყვნენ მინი-ჯგუფებად და შემაჯამებელ სესიაზე წარმოადგინეს სათემო განვითარების პროექტები. აღნიშნული პრეზენტაციებიდან შეირჩა ერთი პროექტი, რომელიც მცირე გრანტით „ევრაზიის ფონდის“ მიერ დაფინანსდა. აღნიშნული ტრენინგის მონაწილეები იყვნენ დევნილი ახალგაზრდები, ასევე გორის ადგილობრივი მაცხოვრებლები. ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული გზა ადგილობრივ თემებთან ინტეგრაციისათვის.
- როგორია თქვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმები?
- გორის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ხარისხის გასაუმჯობესებლად გვსურს, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები შევთავაზოთ ახალგაზრდებს. ეს სტუდენტებს ხელს შეუწყობს, მომზადებულები შეხვდნენ 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ჩვენი ორგანიზაცია ძირითად ფოკუსირებას ახდენს ბიზნესსწავლებასა და მეწარმეობაზე, რაც სტუდენტებს აძლევს უნარ-ჩვევებს, დაიწყონ მცირე ბიზნესი თავის რეგიონში.
გარდა ამისა, ამჟამად „ქალთა საერთაშორისო ფონდი“ და გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდი გორის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებს, სპეციალობის მიუხედავად, სთავაზობს სემესტრულ სტიპენდიას 2010-2011 სასწავლო წლისათვის. სტიპენდია სრულად დააფინანსებს სტუდენტის ერთი სემესტრის სწავლის გადასახადს შემდგომში კიდევ ერთი სემესტრით გაგრძელების პერსპექტივით. სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა. სამიზნე ჯგუფი არის სტიდენტთა ის კატეგორია, რომელსაც ფინანსური დახმარების საჭიროება გააჩნია: არის სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი ოჯახიდან, იძულებით გადაადგილებული პირი და სხვა, რომელსაც ასევე აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება. კონკურსის საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. სასწავლო სტიპენდიას მიიღებს ბუფერულ ზონებში მცხოვრები 3-5 სტუდენტი
![]() |
17 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) |
▲back to top |
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) დაარსდა 1951 წელს. იგი წარმოადგენს ძირითად მთავრობათაშორის ორგანიზაციას მიგრაციის სფეროში. ამჟამად IOM-ი აერთიანებს 118 წევრ ქვეყანას. ამასთან, 20 ქვეყანას გააჩნია დამკვირვებლის სტატუსი, ისევე როგორც ბევრ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას. IOM-ის პროგრამული ბიუჯეტი 2005 წლისათვის აღემატებოდა 1 მილიარდ აშშ დოლარს, საიდანაც ხდება 1 400-ზე მეტი აქტიური პროგრამისა და 100-ზე მეტ ქვეყანაში განთავსებულ 280 საველე ოფისში 5 000-ზე მეტი თანამშრომლის დაფინანსება.
IOM-ის მიზანია ჰუმანური და მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა საყოველთაო კეთილდღეობისათვის. ამ მიზნის მისაღწევად იგი მომსახურებას და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და მიგრანტებს. IOM-ის მუშაობა უზრუნველყოფს მიგრაციის მოწესრიგებულ და ჰუმანურ მართვას, მიგრაციულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას, მიგრაციული პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის გზების ძიებას და მიგრანტებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, იქნებიან ისინი ლტოლვილები, ადგილნაცვალი თუ სხვა იძულებით გადაადგილებული პირები. IOM-ის კონსტიტუცია აღიარებს კავშირს მიგრაციასა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას შორის და ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მიგრაციის მართვის ოთხ სფეროში მუშაობს:
1. მიგრაცია და განვითარება;
2. მიგრაციის ხელშეწყობა;
3. მიგრაციის მოწესრიგება;
4. იძულებითი მიგრაციის პრობლემის მოგვარება.
კომპლექსური საქმიანობები მოიცავს საერთაშორისო მიგრაციული კანონმდებლობის დახვეწას, პოლიტიკის შემუშავებასა და კონსულტაციებს, მიგრანტთა უფლებების დაცვას, ჯანმრთელობასა და გენდერულ საკითხებს. IOM-ი მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, მთავრობათაშორის და არასამთავრობო სტრუქტურებთან.
1995 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის მიგრაციის საკითხებზე მოლაპარაკების შედეგად, შეთანხმებულ იქნა, რომ IOM-ი დახმარებას გაუწევდა საქართველოს მთავრობას მიგრაციის მართვის ერთიანი და სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული პროგრამა ცნობილია, როგორც „მიგრაციის მართვის პოტენციალის განვითარების პროგრამა“, იყოფა ოთხ ნაწილად და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: პოლიტიკის განვითარება; საზღვრების მართვა და მიგრაციის საინფორმაციო სისტემები; ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები; კანონმდებლობა და შრომითი მიგრაცია, რომელიც აღნიშნულ ჩამონათვალს 1997 წელს დაემატა.
დევნილთა დახმარება
კრიზისის დაწყების პირველივე დღეებიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოახდინა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების აუცილებელი პირადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის მობილიზება მათი საშუალო და გრძელვა¬დიანი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
სლოვაკეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის მთავრობებიდან მიღებული მხარდაჭერით, IOM-ი დაეხმარა აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შემდეგი ღონისძიებების გატარებით: გადაუდებელი საჭიროების პირადი მოხმარების საგნების დარიგება, ზამთრისათვის მომზადება, დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრებში ზამთრისათვის მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ფსიქოსოციალური დახმარება და დასაქმებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და მიმართვის მომსახურება.
გლობალურ გამოცდილებასა და საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, აგრეთვე საქართველოში დღემდე განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობის გათვალისწინებით, IOM-ი მზად არის, გააგრძელოს და გააფართოვოს დახმარება საქართველოში კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და წინა წლების კონფლიქტების გამო იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად.
პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით, პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, გამოიყო დაფინანსება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად.
იძულებით გადაადგილებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა და დასაქმების ხელშეწყობა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 2009 წელს მოემსახურა დაახლოებით 300 იძულებით გადაადგილებულ პირს დასაქმებაზე ინფორმაციის მოძიებაში, კონსულტაციასა და მიმართვაში. იძულებით გადაადგილებულ პირებს გაეწიათ შემდეგი სახის დახმარება-მომსახურება:
იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაცია დასაქმებაზე ინფორმაციის, კონსულტაციისა და მიმართვის ცენტრის არსებულ მონაცემთა ბაზაში;
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კონსულტაციის გაწევა სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებში;
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება დასაქმების შესაძლებლობებთან/ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით;
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში მოქმედი პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის შესახებ;
სამუშაოს მაძიებელთა მონაცემების პირველადი დამუშავება და შერჩევა დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით და კანდიდატების წარდგენა დამსაქმებლებისათვის;
აღნიშნული კანდიდატებისათვის დახმარების გაწევა რეზიუმეს/CV მომზადებაში და მათი მიწოდება დამსაქმებლებისთვის.
სულიერი სიჯანსაღისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროგრამა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის
აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით 2009 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით IOM-მ დევნილთა რვა ახალ დასახლებაში განახორციელა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის შინაარსი მოიცავდა სამ ძირითად კომპონენტს:
1. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სულიერი სიჯანსაღისა და ფსიქოსოციალური სფეროსათვის დამახასიათებელი საჭიროებების კვლევა;
2. საგანმანათლებლო აქტივობები პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისა და ფსიქოსოციალური მომსახურების გამწევი პროფესიონალებისათვის;
3. საველე სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დასახლებებში.
პროექტის ფარგლებში IOM-მა განახორციელა სამი მოძიებითი მისია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა აქტორებთან თანამშრომლობით. პირველი მისია მიმართული იყო ფსიქოსოციალური საჭიროებებისა და ქართული კონტექსტისათვის შესაბამისი მიდგომების გამოკვეთაზე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მართებული პროგრამის დაგეგმარება. მეორე მისია განხორციელდა 2009 წლის სექტემბერში, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. ეს ინიციატივა მიზანმიმართული იყო დევნილთა მიმდინარე ფსიქოსოციალური საჭიროებების შესწავლასა და სამომავლო სამუშაოების მიმართულების გამოკვეთაზე. მესამე მისია მიზნად ისახავდა ჩატარებული საველე სამუშაოს შეფასებას, რომელიც თავად დევნილ მოსახლეობას უნდა მოეხდინა.
პროექტის განმავლობაში ჩატარდა ორი ტრენინგ-კურსი: „გამძლეობა, ძნელბედობით აქტივირებული რესურსები და ნარატიული მიდგომა“, ასევე „ტრენინგი ფორუმი თეატრის ტექნიკების შესახებ“. ამ საგანმანათლებლო აქტივობებისა და მუდმივი სუპერვიზიული შეხვედრების შედეგად, პირველადი ჯანდაცვის მუშაკებმა და ფსიქოსოციალური მომსახურების გამწევმა პროფესიონალებმა გაიმდიდრეს ცოდნა და განავითარეს პრაქტიკული უნარები, რაც მათ ხელს შეუწყობს ზემოთ ხსენებული მიდგომების განხორციელებაში.
დევნილთა რვა დასახლებაში ჩატარებული საველე სამუშაოები მოიცავდა ომის შედეგად მიღებული ტრავმული გამოცდილების გადალახვასა და სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე მიმართულ აქტივობებსა და პროექტებს, ესენია: ოჯახური პორტრეტების აღდგენის პროექტი, პერსონალურ ტრანსფორმაციაზე მიმართული სესიები, შემოქმედებითი ღონისძიებები, თონეების აშენების პროექტი, საქარე ზოლის
აღსამართად დაგეგმილი ალვის ხის ნერგების დარგვის პროექტი და მრავალი სხვა.
დევნილთა შეფასების მიხედვით, IOM-ს მიერ განხორციელებულმა პროექტმა პოზიტიური გავლენა იქონია და გამოითქვა ერთსულოვანი სურვილი ამგვარი პროგრამის შინაარსობრივი გამდიდრებისა და გაგრძელების შესახებ.
![]() |
18 როგორ ხდებოდა დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ხარჯვა? |
▲back to top |
„დევნილთათვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი სახლები და არასამართლებრივად ჩატარებული ტენდერები“ - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასება დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის გარშემო. დასკვნის თანახმად, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა, თუმცა საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით. აქედან გამომდინარე, საია შესრულებული სამუშაოების ეფექტურობასა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მგფ) კი აცხადებენ, რომ ფონდში ფინანსური და ტექნიკური აუდიტი ჩაატარეს ჯერ ევროკავშირის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმებმა. ორივე დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დასკვნების მიხედვით, არსებულ პირობებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობა და მიზნობრიობა დაცულად იქნა მიჩნეული.
21 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია ჩაატარა.
საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგი საზოგადოებას წარუდგენს იმის ზოგად სურათს, თუ როგორ, რა პრინციპებით, რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით ხდებოდა ჯამში გამოყოფილი 303 879 150 ლარის განკარგვა.
საია-ს ანგარიშში ასახულია დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი სახსრები.
დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით საქართველოს მთავრობამ ევროპის გაერთიანებასთან დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც იმ პირთა დახმარებას, რომელთა იძულებითი გადაადგილებაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით იყო გამოწვეული, ასევე - 1990-იანი წლების ომის შედეგად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობის.
ჩარიცხული თანხების ჯამმ შეადგინა 93 692 833,74 ლარი. საქართველოს მთავრობამ გამოყო თანხები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მუნიციპალური განვითარებისფონდისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის დევნილების საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით.
დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, ძირითადად, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდა. ამ პროცესში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგი პრობლემები გამოავლინა:
განმოყოფილ თანხმეზე მეტი ოდენობის ხარჯების გაწევა მუნიციპალიტეტების მიერ;
შეუსაბამობა ხელსეკრულებებზე თანდართული დოკუმენტების;
დაზიანებული (კერძო) სახლების ბილიტაციოდ გაწეული ხარჯების გადამოწმების სირთულე;
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კონტრაქტორებთან გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გარანტირების მექანიზმის გამოყენებას;
ხშირ შემთხვევაში არ სრულდებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისათვის დადგენილი 1-წლიანი გარანტიებიც.
სამშენებლო სამუშაოების უფრო მცირე ნაწილის შესყიდვა ტენდერების მეშვეობით განხორციელდა. უმეტეს პოზიციაზე უპირატესობა მოიპოვა ორმა კომპანიამ: შპს „ბლოკ-ჯორჯიამ“ და შპს „ნიუ ენერჯიმ“. მათ მიერ ათვისებულ ფინანსურ მოცულობაზე მოდის ტენდერების გზით განკარგული სახელმწიფო ფინანსური სახსრების თითქმის ნახევარი.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: „კომპანიები მოტივირებულნი იყვნენ, არარეალურად დაბალი ფასები წარედგინათ უპირატესობის მიღების მიზნით. მოგვიანებით, ყველა კონტრაქტში ხდებოდა დაახლოებით 2-დან 4-მდე ცვლილების შეტანა, რომლითაც იზრდებოდა ხელშეკრულების ღირებულება. ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში სატენდერო წინადადებით დადგენილი ღირებულება დაახლოებით 27%25-ით გაიზარდა, რაც მეტყველებს სახელმწიფო შესყიდვის რიგ ნაკლოვანებებზე. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვები უხარისხოდ და ზერელედ იქნა მომზადებული. დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი და არასრულყოფილი“, - ამონარიდი ანგარიშიდან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა თითოეული დასახლება და ანგარიშში ასახა მათი მდგომარეობა.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები.
მგფ-ს წარმომადგენელმა უპასუხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდებებს:
„ძალიან ბევრი ხარვეზი, რაზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საუბრობდა, გამოწვეულია, ძირითადად, სუსტი საპროექტო წინადადებებით. პროექტების ძირითად ხარვეზებს კი დროის სიმწირე და ფორსმაჟორული სიტუაცია განაპირობებდა.
„ძირითადი აქცენტი ანგარიშში კეთდება, იმაზე რომ ტენდერებს იგებდა კომპანია დაბალ ფასად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შემდგომში ხდებოდა თანხების გაზრდა, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს ყოველივე არის გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოს მოცულობის ზრდით. გამორიცხულია სხვანაირად ღირებულების ზრდა, თუ არა მოცულობის ზრდით. პირველად პროექტებში, რომელიც მოწოდებული იქნა მუნიციპალიტეტების მიერ, იყო ძალიან მიზერული სამუშაოები - მხოლოდ კარ-ფანჯრების გამოცვლა ან მხოლოდ სახურავის შეკეთება. შემდეგ თვითონ დევნილებისა და მუნიციპალიტეტების მოთხოვნით დაემატა შემდეგი სახის სამუშაოები - ყველა სახლში სველი წერტილის მოწყობა, კაფელისა მეტლახის დაგება, აღჭურვილობის დადგმა, კანალიზაციის გარე ქსელის მოწესრიგება და ა.შ. მე ვაღიარებ, რომ თავიდან ეს პროექტები სუსტი იყო. მოცულობა გაიზარდა სწორედ ჩამოთვლილი სამუშაოების გაზრდის გამო და არა - ფარული სამუშაოების გამო“, - აცხადებს თენგიზ ლაკირბაია, ტექნიკური სამმართველოს უფროსი.
დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიშის ავტორი, თამარ კორძაია: „განხორციელებული კვლევა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, დავასკვნათ, რომ მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები იქნა განხორციელებული, მაგრამ აღნიშნულ პროცესში ადგილი ჰქონდა მთელი რიგი მოთხოვნების დარღვევასა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ზერელედ შესრულებას. არსებულმა ხარვეზებმა საბოლოო ჯამში შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი გამოიწვია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შესრულებული სამუშაოების ეფექტურობასა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობას“.
საზოგადოება ბილიკი
საზოგადოება ,,ბილიკი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შიდა ქართლში, ქ. გორში. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებაა დაეხმაროს ყველა ბავშვს, მიუხედავად სოციალური, ეკონომიკური, ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა, რათა სრულიად იქნეს რეალიზებული თითოეული ბავშვის პოტენციალი.
საზოგადოება „ბილიკის“ მიზნები არის შემდეგი: ორგანიზება გაუკეთოს მოსწავლეახალგაზრდობის დასვენების პროცესს შემეცნებით-საგანმანათლებლო საქმიანობასთან კომპლექსში; დახმარება გაუწიოს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს და ხელმოკლე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა შვილებს და მათ მშობლებს; ბუნებასთან, გარემოსთან უშუალო და ინტენსიური კავშირით ხელი შეუწყოს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას; შეისწავლოს და გამოიკვლიოს საზოგადოების, მათ შორის, მოზარდებისა და ახალგაზრდების აზრი განათლების პროცესის შესახებ, ხელი შეუწყოს განათლების რეფორმის განხორციელებას; ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის მიერ საკუთარი უფლებების გაცნობის პროცესს და ხელი შეუწყოს მოზარდთა და ახალგაზრდათა სოციალურ დაცვას.
დღესდღეობით ორგანიზაციის დღის ცენტრი ემსახურება სამი კატეგორიის ბავშვებს: ბავშვები, რომლებიც ქუჩაში სავაჭროდ და სამათხოვროდ არიან გამოსულები; ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან (მათ შორის, დევნილები); ბავშვები შეფერხებული გონებრივი განვითარებით.
საზოგადოება ,,ბილიკი“ არის საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოს და ქალთა სამშვიდობო ქსელის წევრი. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ძალადობისაგან დაცვის შიდა ქართლის კომიტეტთან.
მიმდინარე ეტაპზე საზოგადეობა „ბილიკი“ ახორციელებს შემდეგ პროექტს : „ერთობა - მოზარდთა რესურს-ცენტრი“.
პროექტის დონორი ორგანიზაციები არიან: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ქეა ნორვეგია“, „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“, ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორი ორგანზიაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA).
პროექტის განხორციელების ადგილი: კარალეთის დევნილთა ჩასახლება. პროექტის მიზანი: 14-18 წლის დევნილი მოზარდებისათვის სამოქალაქო განათლების საკითხების სწავლება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა თანატოლებთან და ადგილობრივ საზოგადოებაში.
პროექტის ამოცანები: მოზარდების სამოქალაქო განათლების ცოდნის დონის ამაღლება; მოზარდების გააქტიურება და ხელშეწყობა ინტეგრაციაში თანატოლებთან და ადგილობრივ თემთან; დევნილი მოზარდების მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის გააქტიურება.
პროექტის განხორციების მიზნები: მოზარდების სამოქალაქო განათლების ცოდნის დონის ამაღლება, ტრენინგები მოზარდებისთვის; ბიბლიოთეკისა და ინტერნეტცენტრის ხელმისაწვდომობა. ამასთან, პროექტის მიზანია მოზარდების გააქტიურება და ხელშეწყობა ინტეგრაციაში თანატოლებთან და ადგილობრივ თემთან; კლუბური მუშაობა; აქციები და გასვლითი ღონისძიებების, ექსკურსიების მოწყობა. საზოგადოება „ბილიკი“ ასევე აქტიურად მუშაობს დევნილი მოზარდების მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის მიმართულებით, რაც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობას: ტრენინგებს მშობლებისათვის; მშობელთა და პედაგოგთა შეხვედრებს; საინფორმაციო შეხვედრებს ექსპერტებთან: სამედიცინო, იურიდიულ და დევნილთა პრობლემატიკაზე.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდით საკონტაქტო პირს, ნანა ფერაძეს. საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 270) 2 71 87, მობ.: (+995 55) 13 95 15
![]() |
19 ადამიანის სიცოცხლის მიზანი |
▲back to top |
რუბრიკა:ჩემი ტკივილი
ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მისით განპირობებულ არჩევანზე არის დამოკიდებული, როგორ წარმართოს საკუთარი ცხოვრება. ღმერთმა ადამიანს უბოძა ნიჭი, რომელიც მან თავის სიცოცხლეში უნდა გამოიყენოს. ადამიანის სიცოცხლის მიზანია, იცხოვროს თავისუფლად და ბედნიერად. მას, როდესაც ცხოვრობს არასასიამოვნო გარემოში, ეკარგება ცხოვრების აზრი, განცდა, მეგობრის ერთგულებისა და სამშობლოს სიყვარულიც. ამქვეყნად ყოველ ადამიანს აქვს თავისი გზა, მაგრამ მიზანი არის ერთი - „დაახლოება უფალთან“, ამიტომ ყოველმა ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი საუნჯე უნდა შეკრიბოს და დაუახლოვდეს უფალს. „ერთი ერთმა უნდა გადაარჩინოს“, არ მოიძებნება განსაცდელი, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.
ჩემო საყვარელო და მონატრებულო ნულელებო, ჩემო ხეობელებო, მე მესმის როგორი უსაზღვრო და უნაპიროა ჩვენი დაკარგული სოფლების მონატრება; თითოეული ჩვენგანი გულჩათხრობილი და სევდიანი დავდივართ; ყველაზე ბედნიერები მაშინ ვართ, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ბევრი ვეღარც კი გვცნობს. იბადებიან და იზრდებიან ახალი თაობები, ზოგი იღუპება კიდეც საკუთარი მიწა-წყლის ნატრულები, იკრძალებიან საქართველოს სხვადასხვა მხარეში. როგორ უმოწყალოდ გაგვანადგურა მტერმა?! თითოეულმა ჩვენგანმა ყოველთვის უნდა ავანთოთ სანთელი და ვილოცოთ, რათა შევძლოთ ჩვენს მიწაწყალზე დაბრუნება.
დავით აღმაშენებლის საუკეთესო თვისება იყო უფალზე მინდობა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი სარწმუნოების სადარაჯოზე.
ქართველი ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას! დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდება მხარში დგომა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მილიონ ნახევარზე მეტი ქართველი ემიგრანტი იმყოფება, 300 ათასზე მეტი კი ნარკოტიკებით ისპობს მომავალს. ცხოვრების გზა რთულია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, გავერიდოთ მას. სანამ პირში სული გვიდგას, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ცხოვრების შუაგულში ტრიალებდეს, იბრძოლოს ერის უკეთესი მომავლისათვის. ეს ჩემი და ჩემი თანატოლების წმიდათწმიდა ვალია, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც არ აღელვებს მამულის აწმყო და მომავალი.
საქართველო ღვთის მიერ ნაკურთხი ქვეყანაა, შორსაა განთქმული ქართველი კაცის სიმამაცე, გულუხვობა. ჩვენს ქვეყანას მრავალგზის განუცდია მტრის ძალადობის სიმძიმე, მაგრამ ქედი არასოდეს მოუხრია, ანგრევდნენ, მაგრამ ზღაპრული ფენიქსივით მაინც ფეხზე დგებოდა. ჩემი აზრით, ადამიანის სიცოცხლეს მაშინ აქვს აზრი, თუ იგი სამშობლოს ხალხს ემსახურება, ადამიანის მოვალეობაა ერთმანეთზე ზრუნვა, მოყვასის სიყვარული, ამასთან ერთად, სხვისი ნიჭის, ღირსების პატივისცემა. განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის - შეგნებული, ინტელექტუალური, განათლებული საზოგადოება ერის წინსვლის აუცილებელი პირობაა; ბოროტი ადამიანი, რაც უნდა დიდი ცოდნა და ჭკუა-გონება ჰქონდეს, განათლებული ვერ იქნება.
გულს ძალიან მტკენს, რომ ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ გაცივდა, ადრე უფრო დიდი სიყვარული იყო, ვიდრე ახლა. მე ყველას გირჩევთ, რომ დაიწყოთ ეკლესიური ცხოვრება, ჩემში ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში გავაგრძელე სწავლა. სულიერად მშვიდ გარემოში აღმოვჩნდი, გიმნაზიის რექტორი არქიმანდრიტი სტეფანე კორითელი ჩვენი სულიერი მამა და მოძღვარია. მოძღვრისგან სულის სიმშვიდესა და საზრდოს იღებ, ამიტომაც ძნელია მასთან განშორება, კარგია უფლის გზით სიარულს სიყმაწვილიდან რომ დაგაწყებინებენ: სტიქიურად, გაუაზრებლად ინფანტიურად კი არა, არამედ დედაენასთან ერთად, ბუნების კარის გაცნობისთანავე. ბავშვების წაკითხულ ლოცვებს დიდი ძალა აქვს.
რამდენი უმანკო სულია ირგვლივ. ღმერთო, ასეთებად დატოვე და ბოროტების ყვავილები არ მოაკრეფინო. მამა სტეფანემ უამრავი დევნილი ბავშვის მდგომარეობა მიიტანა გულთან, ყველანაირად შეგვიმსუბუქა ტკივილი და გაგვიქარწყლა დარდი. მე მინდოდა უფრო განმედიდებინა ეს ადამიანი, მაგრამ სიტყვები აღარ მყოფნის, რადგან დიდი სევდა და ნაღველი მომაწვა გულზე.
დევნილი სოფელ ნულიდან
მე-X კლასის მოსწავლე
ტაბატაძე ნინო
ცხოვრების დინება
ძნელია მიჰყვე ცხოვრების დინებას, როცა არ იცი სად მიჰყავხარ მას, მაგრამ საკუთარ მისწრაფებებსა და სურვილებს ლექსის სტროფებად თუ აყალიბებ, ეს უკვე შვებაა. ცხოვრების თავიდან დაწყების უნარს თუ აღმოაჩენ საკუთარ თავში, ე.ი. შენ გაიმარჯვე. არადა რთულია იყო პოეტი და გაუმკლავდე პრობლემებს, რომელიც ჯანმრთელობასა და ყოფით საკითხებს უკავშირდება.
ჩვენი რუბრიკის სტუმარი, პოეტი ქალბატონი, გიული ბეღელური, ამჟამად ლაგოდეხში ინტერნატის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. თავისი პირველი ლექსი დედას მიუძღვნა, დედის გარდაცვალებით დაგროვილი მონატრება და სევდა ლექსად ამოთქვა. დევნილობამდე სოფელ დისევში ცხოვრობდა: „ვცხოვრობდით ისე, როგორც ყველანი, არაფრით იყო განსაკურებული ჩვენი ყოველდღიური ყოფა. სამედიცინო განათლება მაქვს მიღებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ვმუშაობდი. 2008 წლის აგვისტოს ომმა ყველაფერი უარესობისაკენ შეცვალა. კიდევ უფრო გამირთულდა ფიზიკური მდგომარეობა - ხერხემალზე დისკი მაქვს ამოვარდნილი და საოპერაციოა, გადაადგილება მიჭირს. ოპერაციისათვის საჭირო თანხის მოგროვება ვერ შევძელი, დაახლოებით 2000 ლარი მჭირდება. ყოველთვიურად წამლებისათვის 150 ლარი მეხარჯება. ესეთია ჩემი ყოველდღიური საზრუნავი“. გიული ბეღელური ლექსების წერას დევნილობაშიც აგრძელებს: „სულ ვწერ, წერა არასდროს შემიწყვეტია“, შემდეგ დუმული... უდავოდ ძნელია პოეტის ცხოვრება დევნილობაში... ვგრძნობ, რომ უმჯობესია შევწყვიტო კითხვების დასმა და წავიკითხო მისი ლექსები:
ნუ ჩაშავდები სამშობლოს ცაო
მესმის წმინდა ხმა შენი გალობის,
მინდა მოგენდო სულით და გულით,
მაგრამ ვერ ვბედავ მოგიახლოვდე
გულს შემხევია შხამი და მუმლი.
ბრწყინავს მზე ქედზე კავკასიონის!
ისევ გაათბო მტკვარიც, რიონიც,
გადატვირთულა მთები ნიაღვრით
და მოუსვენრად შფოთავს ნიავი.
სამშობლოს მთებო, თქვენ რაღად სდუმხართ!
ხომ არ დაჰკარგეთ დიდების მუზა,
გთხოვთ, ინავარდოთ ღრუბლების ზღვაში
და არ დაუშვათ მათ ფსკერზე ღუზა.
მტრების სალხენად ნუ ჩაშავდები
შენ საქართველოს კაშკაშა ცაო!
ნუ დაინგრევი, გზას ნუ დაჰკარგავ,
შენ საქართველოს მთაო და ზღვაო.
ნუ მიეცემი სევდას, გოდებას!
დარდს ნუ დაიდებ გულზე ლოდებად,
გჯეროდეს, რომ არ გადავშენდებით,
ისევ გამოვზრდით შვილებს ლომებად.
რატომ?
როდესაც გიმზერ, რატომ
მიპყრობს სევდა და დარდი,
რად აღარ ჰყვავის შენს
გარშემო ედემის ბაღი,
რად არ იღიმის შენს
ბაღჩაში მაისში ვარდი
რატომ დაგატყო უსამართლო
ცხოვრებამ დაღი.
რად შემოხიდა შენს
გარშემო ბუნება შავით!
რად დაუხრიათ მდუმარებით
ტირიფებს თავ!
რატომ გაგწირა ბედისწერამ
ამაყი, ლაღი!
რატომ დაგასვა ლომისგულზე
შავბნელი დაღი.
რად დააქვრივეს უთვალავი
ცოლი და დედა,
რატომ გარგუნა მწარე
ხვედრი მუხთალმა ბედმა,
რით გაიხაროს ამის შემდეგ
გულმკვდარმა დედამ,
როგორ იცეკვოს ტბის პირებზე
მტირალმა გედმა.
რატომ ჩაგაცვეს, საქართველოვ,
შავი ძაძები!
რატომ აჟღერდა შენს მიწაზე
გლოვის ზარები,
რად დაიხოკა შენმა მთებმა
სიმწრით ღაწვები
რატომ გაგიბეს გულში სიმად
გლოვის ჯაჭვები.
გიული ბეღელური
![]() |
20 რუბრიკა: ადამიანები ისტორიით |
▲back to top |
ჯ. გ-ვა, 37 წლის:
სიზმრებში ვენახს ვუვლი, ჩემი სოფლის მდინარეში დავცურავ………
ნაღმზე აფეთქებას არა მარტო ფიზიკური ტკივილი მოაქვს, არამედ ფსიქოლოგიური წონასწორობის დარღვევაც. დღესაც ვერ გამოვსულვარ შოკიდან. ხშირად ოცნებებსა თუ სიზმრებში ვბრუნდები ჩემს სოფელში, მშობლიურ სახლში, დავდივარ, ვენახს ვუვლი, ყანას ვამუშავებ, მდინარეში ვცურავ, მეგობრებთან ვქეიფობ, ვცეკვავ... ძალიან ძნელია მწარე რეალობაში დაბრუნება - ჯანსაღი ჰაერის ნაცვლად დევნილის უბადრუკი სადგომის ნესტიან კედლებში ჩამდგარი შმორის სუნი, გაპარტახებული გარემო, მშიერი ბავშების ტირილი... კედელზე მიყუდებული პროთეზები და ის, რაც ჩემი ფეხებისგან დარჩა...
ჩემს ცხოვრებას ომმა გადაუარა და თითქოს ჩემი ფეხებივით შუაზე გახლიჩა. ჭექა-ქუხილის ბავშვობაშიც არ მშინებია, ვაჟკაცად მზრდიდნენ, ახლა კი უსიამოვნო შეგრძნებებს აღმიძრავს, მანერვიულებს შორეული სამშენებლო აფეთქებებიც კი, ინსტიქტურად გამირბის თვალი ეზოში მოთამაშე ბავშვებისაკენ...
1994 წელს ნაღმზე ავფეთქდი ენგურის ნაპირზე, როცა სოფელ ჭუბურხინჯში აფხაზებისა და რუსების შერეული რაზმების მიერ გადაბუგული სახლიდან გადმომქონდა შემთხვევით გადარჩენილ ფარდულში დატოვებული ძველი ნივთები, რომლებიც ადრე გამოუსადეგარი მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა, როცა ნულიდან ვიწყებდი ცხოვრებას ზუგდიდში, როგორც დევნილი, ძვირფასად ქცეულიყო ჩემთვის. ფეხები იქვე დავკარგე და დაიწყო ჩემი სამედიცინო და ყოფითი პრობლემების გრძელი ჯაჭვი, რომელიც არა და არ მთავრდება...
ინცინდენტი რომ შემემთხვა, 24 წლისა ვიყავი, ოჯახი ჯერ არ მქონდა შექმნილი. ყოველთვის მესმოდა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და, თუ არა გაქვს პერსპექტივა, იყო მისი მარჩენალი, შეიძლება არც ღირდეს მოეკიდო მას. მიუხედავად ამისა, ოჯახი მაინც შევქმენი. მყავს ორი გოგონა, უფროსს - ხუთი წლისას ეპილეფსია და მხედველობასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემა აქვს, განსაკუთრებული მოვლა და საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდება, დიაბეტის მძიმე ფორმით არის დაავადებული დედაც.
ყველაზე ძნელი უმწეობის განცდაა. უმუშევრობა დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რაღა უნდა ვთქვა ჩემზე და ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე - ორივე ფეხი ამპუტირებული მაქვს, არ გამაჩნია პირადი საკუთრება, მიწის ნაკვეთი, რომ შინამეურნეობა გავმართო ან სახლი ჩავდო გირაოდ ბანკში, კრედიტი ავიღო და ჩემი საქმე წამოვიწყო (შევიძენდი მობილურ მაცივარს, რომ ნაყინი გამეყიდა ქუჩაში ან მოვაწყობდი პატარა სავაჭრო ფარდულს...) სამწუხაროდ, სხვას ვერაფერს შევეჭიდები იმიტომ, რომ არა მაქვს საჭირო ცოდნა... თორემ რამე უკეთესსაც მოვიფიქრებდი.
...არადა, ბევრი რამ მეხერხება, ხელმარჯვე ადამიანად ვითვლები. გამუდმებით დავეძებ სამუშაოს, ზოგჯერ შემთხვევითი სამუშაო ჩამივარდება ხელში, ჩემზე ბედნიერი იმ დღეებში არავინ არის, მაშინ არც მტკივანი ფეხები მახსოვს...
ისე, მორიგი გადაუდებელი ოპერაცია მჭირდება, ჭრილობები საშინელ მდგომარეობაში მაქვს, გართულება მაღლა და მაღლა მიიწევს. სახელმწიფოს კი, ეტყობა, მოვბეზრდი, ჩვენთან როგორ არის - გაქვს შანსი, პირველი ოპერაცია გაგიკეთდეს სახელმწიფო ხარჯებით, მერე უკვე შენი პრობლემაა, ვის, რომელ ორგანიზაციას თუ კერძო პირს მიადგები ფინანსური დახმარებისთვის, რამეს შეძლებ თავად, ოჯახის წევრთა შემოსავლებით თუ წლობით იწვალებ დახმარების მოლოდინში...
მეც ვითმენ მოუთმენელს და, თუ დამცალდა, ველოდები უკეთეს დროს - იმედი მაქვს ქვეყანა ფეხზე დადგება და ბედის ანაბარა არ მიატოვებს თავის მოქალაქეებს.
ყვავილები დედას თექვსმეტი წლის შემდეგ
ამ დღეებში თამაშას ნეშტი გადმოასვენეს ენგურს გაღმიდან და ზუგდიდში მიაბარეს მიწას, თექვსმეტი წლის შემდეგ...
ისე მოხდა, რომ სიკვდილს გალის სოფელში შეხვდა, თუმცა მთელი ცხოვრება ოჩამჩირეში გალია, მერკულაში.
სოხუმი რომ დაეცა, სოფელს ორი მხრიდან შემოუტიეს აფხაზებმა, აფხაზებმა პირობითად, თორემ ტყვარჩელის ფრონტიდან მთიელთა შერეული რაზმები უტევდნენ, სოხუმის მხრიდან - კაზაკები და სომხები. ერთადერთი ვაჟი გაგანია ომში ეგულებოდა და სოფლის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ მეზობლებმა არ დააყენეს, რკალი შეიძლება ამაღამ შეიკრას და მერე ვეღარავინ გავაღწევთო აქედან.
სული ტკბილია, მაგრამ შვილზე ტკბილი არა... ნაშრომ-ნაამაგართან გამოთხოვებას, შესაძლოა, სიკვდილი ერჩივნა, მაგრამ უფრო შვილის ხათრით დათმო იქაურობა, გულიანი ბიჭი ჰყავდა, როგორც იტყვიან, ტყვიას კბილით იჭერდა. ისედაც ვერ არიდებდნენ ზედ სოფელზე გამავალ ფრონტის ხაზს, წელიწადნახევარი ლოგინში არ წოლილა, ორიოდ საათს თუ მოხუჭავდა თვალს და ისიც სანგარში.
სიტყვაძუნწი ბიჭი იყო, ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა სუფრაზე ლექსებითა და ბრტყელბრტყელი სიტყვებით გაჯერებულ სამშობლოს სადღეგრძელოებზე, მაგრამ ომმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ბიჭი ერთ-ერთი ყველაზე თავდაუზოგავი მეომარი აღმოჩნდა თანასოფლელთა შორის. თამაშამ იცოდა, ბიჭი თავს შეაკლავდა მტერს, დედას რომ რამე დაშავებოდა, ამიტომ საქონელი აუშვა, საქათმისა და საღორის კარები გამოაღო და ერთი პატარა ბოხჩით გაუდგა დევნილის მძიმე გზას.
შორს ვერ წავიდა, გალში შეეხიზნა ნათესავებს, რომელთაც ასევე მალე მოუხდათ სახლის დატოვება, მაგრამ იქიდან ფეხი აღარ გაუდგამს, რადგან შვილი აქედან უფრო ახლოს, მერკულის ტყეებში ეგულებოდა. მოთარეშეები რომ ამ სოფელსაც შემოესივნენ, სარდაფებიდან და ბაღებიდან გამორეკეს იქ დარჩენილი მოხუცები და ქალები, რომელნიც გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ შეიძლება ვინმეს დაენდოთ სიბერისა და ქალობისათვის. თამაშაც სხვებთან ერთად აწამეს, შემდეგ კი რაღაც სასწაულით გაქცეულსა და სახლში შეკეტილს ცეცხლი შემოუნთეს გარშემო. ბუჩქებში ჩამალული ადამიანები ხედავდნენ, როგორ ჩაიფერფლა სახლიცა და ქალიც. რამდენიმე დღის შემდეგ, ფერფლიდან წამოკრიფეს მისი სხეულის ნაშთები და იქვე, ეზოში მიაბარეს მიწას.
აფხაზეთის ტყეებში ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ბიჭმაც გადმოლახა ენგური და დედის ამბავიც აქ დაახვედრეს.
რამდენიმე მისი მცდელობა დედის საფლავამდე მიეღწია, წარუმატებლად დამთავრდა, ყოველთვის გადააწყდა ვიღაც, ვინაც მასში მეომარი ამოიცნო და ტყვეობას გაჭირვებით დააღწია თავი. ისევ დედა ,,მოვიდა“ მასთან. მოიძებნენ ღვთისნიერი ადამიანები, ვინც მიაკვლიეს თამაშას საფლავს, მალულად გათხარეს და ფაქიზად ჩაალაგეს ერთ ხელჩანთაში ის, რაც მისგან დარჩა და ენგურის ხიდთან ჩააბარეს შვილს.
ბიჭი მარტო აღარ არის, მშვენიერი ცოლ-შვილი ჰყავს, ახლობლების დახმარებით პატარა სახლიც შეიძინა ზუგდიდში. სწორედ ოჯახურმა კერამ და სითბომ გადაარჩინა გაუხეშებასა და ნიჰილიზმს, რომელიც ძალზე იოლად იდგამს ფესვებს ომწაგებული მეომრების ფსიქიკაში და უცხოეთის ქვეყნებში ცნობილია, როგორც ,,გაჯავრებული თაობის“, ,,დაკარგული თაობის“ ფენომენი. თუმცა რომანტიული ბუნებისა ნამდვილად აღარ არის, ცოლიც ისე შეირთო, რომ არასოდეს უფიქრია ყვავილების მირთმევაზე სიყვარულის დასტურად, რადგან თვლიდა, რომ ყველაფერი ისედაც ცხადია.
დედის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, მივა, ყვავილებს დაადებს გულზე, ფერხთით ჩამოუჯდება და ყვრიმალები უცემს... ფიქრობს თამაშაზე, რომლის ცხოვრება სულაც არ აღმოჩნდა თამაში, თუმცა ღირსეულად ატარა სოფლის პატიოსნება და დედის ტვირთი... იხსენებს მის დაშაშრულ ხელებს, პლანტაციასა და ყანაში ღრმად ჩაჭრილ მის ნამზეურს, გაუბედავ ღიმილს, რომელსაც მუდამ აჩნდა მარტოობის ტკივილისა და ქალური უმწეობის დაღი და ხიბლი, მეხსიერებაში ეძებს დედის თვალებსა და ხმას და პოულობს კიდეც, მაგრამ მერე ყველაფერი ისევ ოდას ადენილ კვამლსა და გადამთიელთა ხორხოცში ინთქმება და ეს მერამდენედ არღვევს ბავშვობაში მიცემულ პირობას - სიგარეტს სიგარეტზე უკიდებს.
ლ. შ-ია : მხოლოდ ცოცხლად დარჩენა არ არის მთავარი...
მესამე კლასში ვიყავი, როცა მეგობრებთან ერთად სკოლაში მიმავალ გზაზე დაგდებულ ბრჭყვიალა საგანს გადავაწყდი. მანქანის დეტალი თუ რაღაც ამის მსგავსი გვეგონა, კაფსულა-დეტონატორი აღმოჩნდა, როგორც კი შევეხეთ, აფეთქდა. მეზობელმა გოგონამ თვალები დაკარგა, მე ორივე ქვედა კიდური... საბედნიეროდ, სისხლში მოცურავეებს აფეთქების ხმაზე მოგვაშურეს გზად მიმავალმა უცნობმა ადამიანებმა. როგორც აღმოჩნდა, გალიდან ზუგდიდში მიემართებოდნენ ფეხით, პირველი დახმარება მათ აღმოგვიჩინეს, მე ქამრით გადამიხვიეს ფეხები, უფრო სწორად ის, რაც ჩემი ფეხებისგან დარჩა, რათა სისხლი შეეჩერებინათ. ერთმა ხელში ამიყვანა და სოფლის ცენტრისაკენ გამაქანა სირბილით. გონება არ დამიკარგავს და დღემდე ჩამესმის მისი გულისცემა, რადგან თავი მის გულთან მედო და ყვირილი - ნუ გეშინია შვილო, თვალები არ დახუჭო, თვალები არ დახუჭოო!
სოფლის ცენტრიდან მეზობლის ძველი მანქანით, რომელიც ყოველ წუთს ჩერდებოდა, ზუგდიდისაკენ წამიყვანეს. მახსოვს მეძინებოდა (ალბათ, სისხლის დაკარგვისაგან სისუსტეს ვგრძნობდი) და ისევ ჩამძახოდნენ, არ დაიძინოო, მაშინ გავიფიქრე, რომ დავიძინო, ალბათ, მოვკვდები-მეთქი და მარცხენა ხელით (მარჯვენა დაზიანებული მქონდა) ვიჭერდი უპეებს. კიდევ მახსოვს, დედაჩემის შეშლილი სახე და მეზობლები, რომლებიც ფეხით მოსდევდნენ მანქანას ხიდისაკენ. ხიდზე რუსმა ჯარისკაცებმა შეგვაჩერეს, ვერ გაგატარებთო, მაშინ მთელი სოფელი აყვირდა, ყველაფერს დავლეწავთ, შეგაკვდებითო. ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს, სადღაც გადარეკეს, მანქანაში რომ შეიხედეს და დამინახეს, ისინიც შეწუხდნენ, რატომღაც სხვა მანქანაში გადაგვსვეს და ხიდზე გადაგვატარეს. აქეთა მხარეს ქართველები დაგვხვდნენ და საავადმყოფოსაკენ გაგვაცილეს. ექიმები რომ მომეფერნენ, ცოტა გამიარა შიშმა და ვიფიქრე, აწი არ მოვკვდები-მეთქი. ფეხებზე დახედვის მეშინოდა და არ ვიყურებოდი, მაგრამ ხელიდან სულ სისხლი მოჟონავდა და ისევ ძილი მინდებოდა...
მერე იყო ოპერაცია, ნემსები, გადახვევები, მერე გავიაზრე, რომ ვეღარ ვივლიდი, ვეღარ ვითამაშებდი, ფეხები აღარ მექნებოდა და ღამ-ღამობით ტირილს მოვუხშირე, არავის ნახვა არ მინდოდა, დედასიც კი, იმიტომ, რომ სულ ძალით იღიმებოდა, ვითომც აქ არაფერიაო. ახლა ვიცი, რის ფასად უჯდებოდა მას ეს ღიმილი... ზუგდიდში ვეღარ გავჩერდით, მკურნალობამ ბევრი ფული მოითხოვა; დედამ და მამამ გადაწყვიტეს ისევ სოფელში, საბერიოში დაბრუნება, ბოსტანი მაინც გვექნებოდა, აფხაზებსაც ვეცოდებოდით, აღარ გვაწუხებდნენ, პირიქით, სოხუმში წამიყვანეს ტრენინგზე. იქ ფსიქოლოგიც იყო, კეთილად მიღიმოდა, მაგრამ მე რუსული არ ვიცოდი და საუბარი არ გამოგვივიდა.
სწავლა ვეღარ გავაგრძელე, ჩვენთან ტრანსპორტი არ მოძრაობს, უახლოეს სკოლამდე კი ხუთი კილომეტრია. პროთეზებით ასეთი მანძილის გავლა შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა დროდადრო გართულებულ სიტუაციაში გაქცევა და დამალვა ხდება საჭირო. ჯავშანტრანსპორტით გადათხრილ გზებსა და სოფლის ვიწრო ბილიკებზე ეტლიც უსარგებლოა. მართალი რომ ვთქვათ, სწავლის გაგრძელების აზრსაც დიდხანს ვერ ვხედავდი, ძალიან გამიჭირდა ჩემს ახალ მდგომარეობასთან შეგუება; მაღიზიანებდა საავადმყოფოების სუნი, როგორც გულგრილი, ისე თანაგრძნობის გამომხატველი სახეებიც, არავისი დანახვა, არაფრის გაგონება არ მსურდა... მერე დედა ზუგდიდის ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედების ორგანიზაციას დაუმეგობრდა... ძალიან გვეხმარებოდნენ, დედაც უფრო სხვანაირი გახდა, უფრო იმედიანი. შემდეგ მეც წამიყვანა შეხვედრებზე, ბოლოს კი - სულაც სამდღიან ტრენინგზე. თავდაპირველად ვშიშობდი, რომ თავს უხერხულად ვიგრძნობდი უცნობი ადამიანების გარემოცვაში, რომ გამიჭირდებოდა სახვევების გამოცვლა უცხო გარემოში, რომ ვინმეს ცუდად მოხვდებოდა თვალში ჩემი პროთეზები... მაგრამ... ჩავედი ერთი დღით და დავრჩი მთელი სამი დღე, შევიძინე მეგობრები, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, იქ სხვებთან ერთად ინვალიდი მოსწავლეები და სტუდენტებიც იყვნენ, ზოგი ჩემზე დათრგუნული, ზოგი პირიქით, ძალიან ლაღი, უკომპლექსო.
პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ სახლში დამალვით პრობლემებს ვერ დაემალები და, კაცმა რომ თქვას, არც ეს პრობლემებია უსაშველო.
ასოციაციაში დიდ ხანს ცდილობდნენ ჩემს ,,შეტყუებას“ ზუგდიდის სკოლაში, მაშინებდა უცხო გარემო, განსაკუთრებით ის, რომ ასაკით მეცხრეკლასელთა ტოლი წერა-კითხვას ძლივს ვახერხებდი. ჩემი სკოლაში წასვლა მთელი თავგადასავალია, ასოციაციამ განათლების სამინისტრო ჩარია საქმეში, მეურვე ოჯახში დამაბინავეს, კერძო მასწავლებლებსაც მიმაბარეს დამატებითი მეცადინეობებისათვის, სხვა პრობლემებიც მომიგვარეს და ასე გავხდი ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე. ადრე ექიმობაზე ვოცნებობდი, ეს მაინც, ალბათ, ბავშვური ოცნება იყო. სკოლასა და ახალგაზრდულ კლუბში კომპიუტერს მივეჯაჭვე, პროგრამისტის პროფესიამ მიმიზიდა, ერთი წელი თბილისში ვისწავლე, ისიც დეა-ს დახმარებით. პროგრამისტობა... სულ რაღაც სამი წლის წინათ გამართულად წერა-კითხვას ვერ ვახერხებდი და ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა მეგონა, ახლა ვგრძნობ, რომ მხოლოდ ცოცხლად დარჩენა არ არის მთავარი, ცხოვრება მაშინ არის მშვენიერი, როცა ნებისმიერ მდგომარეობაში ცდილობ იცხოვრო სისხლსავსე ცხოვრებით, ეს თავად პატრიარქმა მითხრა, როცა მასთან მიმიყვანეს. მედალს ორი მხარე აქვს, შეიძლება უცნაური გეჩვენოთ, მაგრამ ხანდახან, ისეთ მომენტებში, როცა ჩემდამი სიყვარულისა და ყურადღების ასეთ გამოვლინებებს ვხვდები, ვფიქრობ, რომ ნაღმზე აფეთქების შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე, შეიძლება უფრო საინტერესოც, ვიდრე მანამდე მელოდა.