![]() |
ცხელი შოკოლადი №12 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, მორჩილაძე აკა, კორძაია-სამადაშვილი ანა, გვახარია გიორგი, კიკალეიშვილი სალომე, სუხიშვილი თამარ, ტურაშვილი დათო, ბაბუაძე თამარ, კაკულია სანდრო, ხერხეულიძე ლევან, ტარიალაშვილი ნიკო, მარი გიორგი |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე რეკლამების მენეჯერი: ნატა ფედოსეევა დისტრიბუცია: ნიკა ანთიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია სანდრო კაკულია აკა მორჩილაძე გიორგი კალანდია ნინი ჯიბლაძე დათო ტურაშვილი გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com |
![]() |
1 რედაქტორისგან |
▲back to top |
„ცხელი შოკოლადის“ ეს ნომერი, ერთდროულად, საახალწლო და საიუბილეოა და ამიტომ მისთვის ისეთი შემართებით დავიწყეთ მუშაობა, რომ ბოლოს დაახლოებით 100 გვერდის გვერდზე გადადება მოგვიხდა. თუმცა, ყველაზე მთავარს, რასაც ამ ნომერზე მუშაობისას მივხვდით არის ის, რომ „ცხელ შოკოლადს“ უკვე თავისი სახე და ხასიათი აქვს და დამატებით, არაორგანულ შესაკმაზებს უკვე ვეღარ ჰგუობს; ანუ, 1 წლის „ცხელმა შოკოლადმა“ ჩვენზე უკეთ იცის, რა უნდა და რა - არა.
საიუბილეოდ, თავს უფლება მივეცით და 25 დეკემბერს დაბადებული „ცხელი შოკოლადის“ ასტროლოგიური რუკა ავაგეთ. იმედია, ეგოცენტრიზმში არ დაგვადანაშაულებთ და მე-18 და მე-19 გვერდებზე თქვენც იხალისებთ.
საშობაო და საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ანა კორძაია-სამადაშვილმა საშობაო ამბები მოგვიმზადა. ამ ამბებისთვის კი „დებიუტის“ ფინალისტებმა ილუსტრაციები შექმნეს და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამაყობთ მათი ნამუშევრებით. `დებიუტში“ გამარჯვებული მწერლები და ფოტოგრაფები უკვე „ცხელი შოკოლადის“ მომავალი ნომრებიდან შემოგვიერთდებიან.
საგანგებოდ ამ ნომრისათვის, „ცხელი შოკოლადი“ ეწვია ნიუ იორკს - ქალაქს, სადაც წელიწადის ყველა დროს სიცოცხლის ზეიმია; ქალაქს, რომელიც თვითონ ქმნის დროს და ანგრევს სტერეოტიპებს; სადაც ყველაზე ამბიციური და თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ; ქალაქს, რომელიც ყოველთვის გელით! ნიუ იორკულ მუხტს გისურვებთ ყველას მომავალ წელს!
სპეციალურად ამ ნომრისთვის, გიორგი კალანდია და „ცხელი შოკოლადი“ გთავაზობთ დაუჯერებელ სპეც-პროექტს, „1906 - ასი წლის წინ“. 100 წლის წინ, რუსეთის იმპერატორის პირადი ფოტოგრაფის მიერ, უნიკალური ტექნოლოგიით გადაღებული ფერადი ფოტოები საქართველოში პირველად ქვეყნდება. ეს ფოტოები ყველაზე თანამედროვე ფოტოგრაფებსაც კი შეშურდებთ, აღარაფერს ვამბობ „რიგით“ მკითხველზე, რომელსაც მათი ნახვის შემდეგ, უამრავი კითხვა და აღფრთოვანებული შეძახილი წამოსცდება.
ამ ნომრის გმირებიც „ყველაზე მაგარი კაცები არიან!“ ზაზა პაპუაშვილი, ანუ „ბომბი რუსთაველის გამზირიდან“ და ცოტნე ჯავახიშვილი - ადამიანი, რომელმაც თითქმის ყველა ოცნება აისრულა. კიდევ ერთი „ძალიან მაგარი კაცი“ შემდეგი ნომრისთვის მოვიტოვეთ, თორემ შეგვეშინდა, რომ ქალ მკითხველებს სამუდამოდ დავაკარგვინებდით სიმშვიდეს.
ამ ნომერში არის ისიც, რაც ყველაზე მეტად გვინდა გისურვოთ - სიყვარული! ნიკო ტარიელაშვილის „kiss“-ის ნახვის შემდეგ, პირობას გაძლევთ, ყველა სიყვარულის ხასიათზე დადგებით. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელსაც ჩვენი ერთგულები დარჩებით.
ჩვენი ავტორები
აკა მორჩილაძე
ორი წლის წინათ, შობას, ქუჩაში დავდიოდი და იმ ძუნწი და მერე გულმოლბობილი სკრუჯის სახლს ვეძებდი.
ამ ამბის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დიკენსს ლამის დაწვრილებით აქვს აღწერილი ის მარშრუტი, სკრუჯის კანტორიდან მის პირქუშ ბინამდე რომ იდო, ლონდონი კი ისეთი ადგილია, სადაც ქუჩების სახელები იშვიათად იცვლება.
ვერ მივაგენი, ვერაფრით, მიახლოებითაც კი, თუმცა, რუკაც კარგი მქონდა და ქუჩების სახელებიც. თუმცა, რუკა სანახევრო გზაზე გამიწყდა ჯერ კიდევ სახლში, როცა მარშრუტს ვსწავლობდი, მაგრამ ფეხით მაიც წავედი.
ლონდონში ძალიან ადრე ღამდება, ხუთის წუთებზე უკვე სიბნელეა, თანაც სხვა რამეა, როცა შობის წინა საღამოა: გირლიანდები ციმციმებს, მაღაზიებთან ხალხის ჩოჩქოლია და პაბების დაორთქლილი ვიტრინებიდან თბილი სინათლე იღვრება.
მოკლედ, სკრუჯის სახლი ვერ ვიპოვე, მაგრამ მაინც კარგი იყო, რადგან ვიცოდი, რომ იმ საღამოს შეგრძნებები სამუდამოდ ჩამრჩებოდა გულში.
მგონი ასეც ხდება. უკვე ორი წელიწადი გავიდა და სულ მახსოვს, როგორ ბნელოდა და როგორი სინათლე იყო ოქსფორდ სტრიტზე.
ბევრი კი ვიბოდიალე. მერე ერთ დუქანში ჩავიმუხლე ლუდის დასალევად. როცა გინესს შეუკვეთავ, ჩამომსხმელი აუცილებლად სამყურას ხატავს ქაფზე. ამას ძალიან მოხერხებულად აკეთებს. ონკანიდან წვრილი ჭავლი მოდის... მოკლედ, მთელი ოსტატობაა. იმ გოგომ კიდევ გული დახატა ქაფზე. ესეც შობა საღამოს ამბავი იყო.
- ეს რისთვის მეთქი, - ვკითხე და სწრაფად და ჩაცინებით მომიგო:
- რა ვიცი, რაიმესთვის... ზოგჯერ სამყურაზე ლამაზია... არა?
ზოგჯერ. შობა საღამოს განსაკუთრებით.
ანა კორძაია-სამადაშვილი
საახალწლოდ ყველა დღესასწაულს ელის, თუ მთლად ზეიმს და სულის ცხონებას არა, კარგ საჩუქარს მაინც. მეც გადავწყვიტე, საკუთარ თავს დიდი საჩუქარი გავუკეთო, თან ისეთი, ჩემი ღრმა რწმენით, ყველა სხვა ქალსაც რომ გაუხარდება: „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერში არაჩვეულებრივი კაცის შესახებ გიამბობთ!
ის ნიჭიერია, მამაცი, მოსიყვარულე, მხიარული და რა ვიცი, რა აღარა - მოკლედ, საუკეთესო მამაკაცის ამბები „ცხელი შოკოლადისა“ და ანა კორძაია-სამადაშვილისაგან! ვაშა!
მასთან ურთიერთობის წყალობით იმდენად მოვგუნებიანდი, რომ „ჩინელის“ ამ ნაწილის მკითხველს ეჭვიც კი შეეპარება, ამხელა სინაზეებ-სიყვარულები ანამ დაწერაო? დიახ, მე დავწერე - როგორც მოგახსენეთ, ახალი წელი მიხარია და „შეძახილით ხე გახმაო“, იქნებ მართლა ეშველოთ რამე ჩემს საბრალო გმირებს, იქნებ იმათაც ეღირსოთ დიდი სიყვარული, შობა-ახალწელიწადის ხათრით მაინც. და როგორც ყველა თავმოყვარე სერიალში, „ჩინელშიც“ შეიცვალა მთავარი როლის შემსრულებელი. საახალწლოდ ახალი გაგა გვყავს, გიორგი ბაბალაშვილი. ძალიან მოგეწონებათ.
მაშ, ასე: გილოცავთ და მრავალს დაესწარით, ყველაზე კარგ კაცებთან, ყველაზე მოსიყვარულე ქალებთან და ცხადია, „ცხელ შოკოლადთან“ და ჩემთან ერთად.
გიორგი გვახარია
რა სისულელეა ეს ჰოროსკოპები!
აი, სულ მალე დასრულდება „მამლის წელი“, ე.ი. „ჩემი წელი“, რომელსაც კონფლიქტებისა და წყენის გარდა, არაფერი მოუტანია ჩემთვის.
ჰოდა, ამიტომ გადავწყვიტე აქედან გაქცევა საახალწლოდ. პარიზში წავალ! იქნებ იქ დამებედოს რამე კარგი!
ვიცი, რომ ესეც ილუზიაა, საკუთარი თავის მოტყუებაა, მაგრამ საცივსა და ინდაურზე, იდიოტურ საახალწლო გადაცემებსა და მთვრალებით გადატენილ თბილისის ქუჩებზე მეტად მგონი არაფერი მძულს ამ ქვეყანაზე. ამიტომ უნდა წავიდე. შორს, შორს აქედან!
თუმცა კონფლიქტებსა და წყენას თავისი მადლიც მოაქვს ხოლმე - გულდამძიმებულს და სევდიანს წერის სურვილი გიჩნდება.
ეს „ცხელი შოკოლადი“ კი იმ დროს გაჩნდა სწორედ, როცა გულდამძიმებულს რაღაც უნდა დამეწერა. ამიტომ ამიტანე, საყვარელო მკითხველო! „მამლის წელი“, ე.ი. „ჩემი წელი“ დასრულდება და შევეცდები, დროდადრო მაინც გაგამხიარულო.
პირველ კომპრომისზე უკვე მივდივარ. საახალწლო და საიუბილეო „ცხელ შოკოლადში“ ტყუილით, უფრო სწორად „ნახევრად ტყუილით“ ვასრულებ „ცრემლიან სათვალეს“. გადაშალე ახლა „ბნედიანების“ ბოლო გვერდი, უკანასკნელი აბზაცი წაიკითხე და იცოდე - ეს ფრაზა ჩემი საშობაო საჩუქარია. სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.
სალომე კიკალეიშვილი
სანამ ჩემს სვეტამდე მოხვალთ, მანამდე ცხრაჯერ მაინც ამოიკითხავთ, რომ ეს საიუბილეო ნომერია და თან საახალწლოცაა. და რომ, ეს ჩვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, და რომ ზოგი ესპანეთიდან, ზოგი ნიუ იორკიდან და ზოგი ლონდონიდან აგზავნის სვეტს.
მე, ჩემი „თბილისური“ სვეტით მოგესალმებით და ორიოდე სიტყვით, ორ მნიშვნელოვან ამბავზე მოგითხრობთ.
მაშ ასე. თემა №1 - ჟურნალი ერთი წლისაა:
ჟურნალი ერთი წლისაა, მაგრამ მე არ ვარ ამ ჟურნალთან ერთი წლის. ესეც არაფერი. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. როგორი იყო ეს თითქმის ერთი წელი? რთული. კარგი ამბებით, თავგადასავლებით, ბოლომდე „გადაწვებით“, უინტერესო და საინტერესო რესპოდენტებით, რედაქციაში კონფლიქტებითაც კი. როგორი მინდა იყოს? მადრიდში, პედრო ალმოდოვართან წავიდე ინტერვიუზე და იქიდან ემირ კუსტურიცას შევურბინო გადაღებებზე... ისე, ფიდელას ნახვაზეც არ ვიტყოდი უარს, კუბა და რამე...
თემა №2 - მალე ახალი წელია, მეგობრებო!!!
ნამდვილად მოგატყუებთ, რომ გითხრათ „ახალი წელი? ოო, მოიცა რა!“. დიდი სიხარულით ველი და როცა ახალი წლის ღამეს, ნოსტალგია-სენტიმენტალური ჰორმონები შემომაწვება ხოლმე, პატარა ბავშვივით სურვილების ჩაფიქრებასაც ვახერხებ. მჯერა, რომ ჩემი „მაიმუნობა“ ამჯერადაც კარგად შეეწყობა წლევანდელი წითელი ძაღლის წელს, და როდესაც ისიც ჩამთავრდება კითხვაზე - სალომე, როგორი იყო შენთვის 2006 წელი? ვიტყვი - ooh, what a wonderful world...
თამარ სუხიშვილი
როგორც იქნა, ცოტა ხნით დავაღწიე თავი ოქსფორდის ბიბლიოთეკების დარბაზებში შემოჭრილ ყრუ გუგუნს (აქაც ასფალტს აგებენ) და ღამღამობით ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ ქუჩის მაწანწალა გიტარისტის მიერ გამართულ სასიამოვნო, მაგრამ მაინც თავსმოხვეულ კონცერტებს.
ლონდონში ვარ. აქ წინასაშობაო დღეების განწყობა უკვე იგრძნობა. ბევრი ბოდიალის მერე, საღამო ხანს, ტემზის პირას გავედი და პირველსავე გრძელ სკამზე ჩამოვჯექი, ზედ ბიგ-ბენის პირდაპირ, ხიდის გადაღმა. სად იყო და სად არა, ერთი მაწანწალა გამოჩნდა (ასეთი იქნებოდა ალბათ ოლივერის მამა), ხიდზე გადაეკიდა და... გულზეც შემომეყარა: ამ წინასაკალანდო დღეებში თავს არაფერი აუტეხოს-მეთქი (მე ხომ გოგია უიშვილის ქვეყნიდან ვარ). ტყუილად ხომ არ ვიყავი ზაფხულში ეროვნული საგამოცდო კომისიის წევრი? უმალ ბედკრული გოგიას ბოლო სიტყვები გამახსენდა: „გღალატობ ოჯახო! გღალატობ ცოლ-შვილო! მე მივალ, ვთავისუფლდები და თქვენ გტიებთ სატანჯველში!...“ მაგრამ არა, არც თოფი დაუხლია, ე.ი. არც წყალში გადამხტარა და არც არაფერი. მშვენიერი გასართობი გამოძებნა - იპურჭყებოდა და იპურჭყებოდა მდინარეში (რაღა დაგიმალოთ და - ოსტატურად), დიდი აზარტული ვინმე ჩანდა, საოცრად ხარობდა, დროდადრო ტაშსაც შემოსცხებდა ხოლმე. გავიდა ათი წუთი, თხუთმეტი, ოცი... მე აღტაცებით შევყურებდი პიროვნების თავისუფლების ამ დიდებულ ზეიმს. აზარტი განელდა. მაწანწალა ახლა მხოლოდ მდინარეს უყურებდა, მე - მაწანწალას. მერე ვიღაცამ ყრუდ ჩაუსტვინა. მაწანწალამ ყურები ცქვიტა, წასვლის წინ ერთხელ კიდევ გადააპურჭყა და ჩქარი ნაბიჯით სხარტად შეერია სიბნელეს. წამოვდექი. სწორედაც რომ შესაფერისი ადგილია ფიქრისთვის, - რაღაც ამდაგვარი ეწერა საზურგეს. არც კი დამიხედავს, ისე დავჯექი, აქ ხომ ყველა სკამს შეგონებები აწერია. ალბათ რომანტიკოსთა იდეებით შთაგონებულმა რომელიმე მხატვარმა ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გადაწყვიტა მდინარის პირას ჩამდგარი სკამები ამ ტვიფრით გაელამაზებინა. მშვენიერი აზრია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რატომღაც არ გაამართლა (ალბათ, EU-ს მოქალაქე რომ არ ვარ, იმიტომ). ვერ გამომადგა მდინარის ნაპირი „ფიქრთ გასართველად“. მგონი - პირიქით, ნაფიქრიც წყალმა წაიღო. ნაფიქრი კი ისევ მაწანწალას თავის შექცევის ანუ პურჭყების მიზეზის ამოცნობის უშედეგო მცდელობა იყო; რისი თქმა უნდოდა ამ სიმბოლური აქტით დიდი ქვეყნის თავისუფალ მაწანწალას? - ვითომ, პურჭყის ღირსი ხარ, ცხოვრებავო?!
თუმცა არა! უცებ აზრი გამინათდა, პლანშე გამახსენდა, დ'არტანიანის მსახური. ის ხომ პორთოსმა აღმოაჩინა ტურნელის ხიდზე: წყალში მგზნებარედ რომ აფურთხებდა და ყურადღებით აკვირდებოდა, თუ როგორ კეთდებოდა წრეები წყლის ზედაპირზე. პორთოსის შეფასებით, ასეთი საქმიანობა სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის უდავო ნიშანი იყო. დ'არტანიანმაც ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე აიყვანა პლანშე მსახურად და, როგორც ვიცით, არ წაუგია.
ვითომ იპოვის ჩვენი მაწანწალა თავის დ'არტანიანს?!
მე უკვე ხიდზე ვიდექი და...
აი, სულ ეს არის. მართალნი იყვნენ ძველი რომაელები, პოეტი ვერ გახდები, პოეტად უნდა დაიბადოო. იმედია არ მიწყენთ და არც დამივიწყებთ.
დაბადების დღეს გილოცავთ!!! ოქსფორდიდან.
დათო ტურაშვილი
მადრიდში რომ ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადამეხადა მადლობა ესპანელებისათვის და როგორ გამომეხატა სანაცვლო პატივისცემა იმის გამო, რაც მათგან მივიღე. თუმცა, კარგა ხანს ვერაფერი მოვიფიქრე და ერთადერთი, რაც გავაკეთე (მადლიერების ნიშნად), ის იყო, რომ ესპანელებთან ერთად ვინერვიულე და ვიზეიმე იმ დღეს, როცა ესპანეთის სამეფო კარს პატარა ინფანტა შეეძინა.
ახლა აქაურ არქივებში იმ ესპანელების შესახებ ვეძებ და ვაგროვებ მასალებს, რომლებიც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს (სამოქალაქო ომის შემდეგ), საქართველოში გადმოსახლდნენ და ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ათეული წელი იცხოვრეს. მაგრამ ეს ყველაფერი მომავალ წიგნში იქნება და სანამ ჩემი სიყვარულისა და მადლობის ხმას მივაწვდენ, მინდა თქვენი ჟურნალის საშუალებით შობა და ახალი წელი მივულოცო ესპანელებს, რომლებიც ახლაც საქართველოში ცხოვრობენ. ერთმა თბილისელმა ესპანელმა მითხრა, რომ „ცხელ შოკოლადს“ კითხულობს და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი მილოცვა და ყველაზე კეთილი სურვილები დანარჩენებამდეც მიაღწევს და ამ ახალ წელს ცოტათი მაინც კმაყოფილი ვიქნები.
ბედნიერი კი მაშინ ვიქნები, როცა ქართველებიც დავიჯერებთ, რომ თავისუფლება ყველაზე ძვირფასი საახალწლო სურვილია და თავისუფალია მხოლოდ ის ქვეყანა, სადაც თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ.
ალბათ მომავალ წელს, რედაქციაშიც დათბება და რედაქციის რომელიმე თანამშრომელიც ცხელ ჩაის დამალევინებს, თუ დავბრუნდები და ათასობით ქართველივით არ გამიმეტებს დასაკარგად საკუთარი სამშობლო...
თამარ ბაბუაძე
წერა ტრაპიდან დავიწყე. ერთი იმის გაფიქრება მოვასწარი, თბილისის ზედხედი არც ამჯერად შეცვლილა-მეთქი; ისევ ისე…
მერე თავი ჩავღუნე და კლავიატურას ცეცხლი წავუკიდე.
ვიღაცამ მხარზე ხელი მომკიდა - შენი ჩემოდნები დაიკარგაო. რა-მეთქი? - და უსიტყვოდ ავუქნიე მხარი.
მეორემ მითხრა, ამდენი წერისგან სახე გაგითეთრდაო. უაზრო თვალებით შევხედე; წერა არც შემიწყვეტია.
მესამემ მითხრა, ამდენი ჯდომისგან კუზი გაგიჩნდებაო და კუზიან (თუ კუდიან) დედაბერს დაემსგავსებიო. კარგი ერთი, PPLLeaseee-მეთქი!
მეოთხემ მითხრა, რა გინდა, კერუაკს ეჯიბრები? ის მაგდენს რომ წერდა, ბენზედრინზე იჯდა და მისი აღგზნებული ტვინი კიდევ მეტს დაწერდა, თითები რომ დამორჩილებოდაო. ეგეც რომ არა, შენ რა გგონია, კერუაკის ერთმანეთზე გადაბმული თაბახები ერთად რომ შეკრიბეს და გამოფენაზე გაიტანეს, შენც ეგ დიდება გელისო? - ამ მეოთხემ ყველაზე გრძელი წინადადება მითხრა და ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიფიქრე - ეს რამდენს ლაპარაკობს-მეთქი.
ამწამს, მეხუთე მადგას თავზე. მომეცი ეგ აქ, სტამბაში მივდივართო. მარტო ამ მეხუთეს დაველაპარაკე და გაგიჟებული თვალებით ვთხოვე - მხოლოდ ორი პოსტ სკრიპტუმის უფლება მომეცი-მეთქი.
P.S. ნიუ იორკის უნახავი - ასეთი ადამიანი ორნაირია: ერთი, რომელიც ნიუ იორკში არასდროს ყოფილა და მეორე, რომელიც ყოფილა, მაგრამ „უნახავია“, რა. მაგრამ ეს მეორე „უნახავობა“ გოიმობას არ უდრის, ეს უფრო სენია, რომელიც შემეყარა და ისე განმიხილეთ, როგორც სნეული. ამასვე დააბრალეთ ის, რომ ამჯერად წერა დროებით შემაწყვეტინეს და „ცხელი შოკოლადის“ მეორე ნომერში კვლავაც...
P.P.S. ვინ კუზიანი კერუაკის ჩემოდნებიო?
სანდრო კაკულია
„გაუმარჯოს ნიჰილიზმს! წინ შეშინებული მომავლისაკენ“! - ასეთი წარწერა აღმოვაჩინე ჩემი სახლის ფასადზე. ვერ მივხვდი, მე დამიწერეს თუ უბრალოდ დაემთხვა? რა დაემთხვა? არ მიყვარს დამთხვევები იმიტომ, რომ უმეტესად დამთხვევებს შემთხვევები მოჰყვება ხოლმე და შემთხვევები კი ყველა შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა.
მეშინია დავწერო, რომ დამთხვევების მეშინია, მაშინ ფასადზე დაწერილ სიტყვებს გავამართლებ და დაემთხვევა იმას, რასაც საკუთარ თავს ვეუბნებოდი - მე დამიწერეს...
ყოველი მეოთხე ქალი ყოველი მესამე კაცის გენდერული მსხვერპლი ხდება. ნორმა ბეიკერი ზუსტად ის მეოთხე აღმოჩნდა! მაგრამ არავის გახსენებია პრეზიდენტი ჯონი იმ დღეს დალასის ხალხით გადაჭედილ ქუჩაში, რომელიც ასევე მსხვერპლი აღმოჩნდა - ქალის! ყოველი მეექვსე მამაკაცი განიცდის ფსიქოლოგიურ ტერორს ყოველი მეოთხე ქალისაგან, მაგრამ იმის გამო, რომ ჯონი ამ ქალისათვის მეშვიდე იყო, მას სხვანაირად გაუსწორდნენ.
ახალი წელი მოდის და ურჯულო ხომ არ ვარ, არაფერი ვინატრო. ჰოდა, მეც ვინატრებ, რომ შემდეგ წელს უფრო ნაკლები გენდერული მსხერპლი მენახოს, დამთხვევები და შემთხვევები ერთმანეთს აღარ დაემთხვეს, ფასადებზე უფრო სასიამოვნო მოწოდებები ვიხილო, თუ არადა, ის მაინც მიაწერონ, ვისთვის წერენ...
P.S. ეტყობა საახალწლო სურვილები გაცილებით ადრე იწყებენ ასრულებას. როცა სვეტი რედაქციაში მომქონდა, სახლის ფასადს ავხედე, თავში ნეგატიური ფიქრები წინასწარ გამზადებული მქონდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ორი სიტყვა გადახაზული დამხვდა - „ნიჰილიზმს“ და „შეშინებული“. ჰოდა, ასე შერჩა ჩემს სახლს წარწერა - გაუმარჯოს! წინ მომავლისაკენ!
![]() |
2 ცხელი შოკოლადის ჰოროსკოპი |
▲back to top |
ავტორი: ლევან ხერხეულიძე
როგორია 2004 წლის 25 დეკემბერს 15 საათსა და 30 წუთზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული „ცხელი შოკოლადი“?
პირველ რიგში, ცნობისმოყვარე და მოუსვენარია, ინფორმაციის მრავალფეროვნებაზე შეყვარებული ტიპია. ისრუტავს ყველაფერს, რაც ახალი, „ახალგაზრდული“, დინამიკური და საინტერესოა. ოდნავ ზერელედაც კი შეიძლება გამოიყურებოდეს, რადგან ძალიან შიშობს იყოს მოსაწყენი, ზედმეტად სერიოზული და ერთფეროვანი. ერთადერთი და უმთავრესი, რასაც ის საკუთარი თავისგან მოითხოვს - იყოს დაუდეგარი და მოქნილი.
ოდნავ ინფანტილურის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ბრწყინვალედ იცის, თუ როგორ გააფორმოს ეს თვისება ისე, რომ მოხდენილი, ზომიერად დიპლომატიური და საინტერესო ჩანდეს. სწორედ, ინფანტილურობა შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ის თვისება, რომელიც მას ბევრ მტერს თუ არა, კეთილმოსურნეს უჩენს და იცით რატომ? მათთვის ძნელი ასატანია, როცა სულ კარგ ფორმაში ხარ, თანაც იღბლიანი, მსუბუქია და ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს ზედმეტ ყურადღებას არ აქცევს.
ნებისმიერი სახის პერიპეტიებისა თუ დაძაბულობის გადალახვაში „ცხელ შოკოლადს“ ყოველთვის დაეხმარება დიპლომატიურობა; ხოლო ერთ-ერთი მათავარი როლი, რომელიც მას ცხოვრებაში დაეკისრება, არის შემრიგებლის, მომრიგებლის, ან თუნდაც, არბიტრის როლი, რასაც ის იდეალურად გაართმევს თავს. ნელ-ნელა მისი ეს ფუნქცია შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს და ყველა სხვა დანარჩენი დაჩრდილოს.
„ცხელი შოკოლადი“ საკმაოდ ორიგინალურია, როცა გადაწყვეტილებას იღებს; ამ დროს ის საკმაოდ იმპულსური და, იმავდროულად, ინტუიტიურია. არ უყვარს რუტინა და თავისუფლების შეზღუდვა, შეუძლია საკმაოდ ხშირად ცვალოს დასახული ამოცანები და, პრინციპში, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მიმართულებას აირჩევს საბოლოოდ. ეს თვისება მას საკმაოდ ქაოტურს ხდის, თუმცა, გამოკვეთილად შემოქმედებითსაც, რასაც ყოველთვის (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) აღფრთოვანებით შეხვდებიან მისი საქმიანი პარტნიორები, რომლებიც ყოველთვის მრავლად ეყოლება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ცხელ შოკოლადთან“ თანამშრომლობა არცთუ ისე ადვილი და ცოტათი სახიფათოც კია, რადგან მას აქვს თანდაყოლილი მიდრეკილება, დომინირებდეს ურთიერთობაში. მისთვის წარმოუდგენლად რთულია თანასწორობა, თუმცა თვითონ ამას არასოდეს აღიარებს. ამ ყველაფერთან ერთად, პარტნიორულ ურთიერთობებში ის, ცოტა არ იყოს, ზედმეტად პრაგმატული და ზოგჯერ უსაშველოდ კრიტიკულიც შეიძლება იყოს. თუმცა ყველაფერ ამას საკმაოდ მსუბუქი, სწორედაც რაღაცით ინფანტილური გარეგნული სახე შეიძლება ჰქონდეს; ასე რომ, მისი შინაგანი პრაგმატიზმი და კრიტიკულობა, შესაძლოა, თავიდან არც კი ჩანდეს.
„ცხელი შოკოლადი“ ყოველთვის ეცდება იყოს ნოვატორი და ექსპერიმენტატორი, მაგრამ მას შეიძლება არ ეყოს სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი თანმიმდევრულობა და მოთმენის უნარი. სამუშაოს შესრულებისას ის კარგი სტრატეგია. მან იცის, თუ როგორ მოიპოვოს ფული, აღსავსეა ენთუზიაზმით და ამაღლებული იდეებით. ამის მიუხედავად, მას შეიძლება აკლდეს იმ კონკრეტული საქმის ღრმა ცოდნა, რასაც აკეთებს. მას სძულს ლოდინი, სულ ჩქარობს, იზიდავს ყველაფერი კაშკაშა და ავიწყდება, რომ მომხიბვლელი ფორმა შინაარსის მაგივრობას ყოველთვის ვერ გასწევს. მას უნდა ახსოვდეს, რომ თემის ვრცლად გაშლა საკმარისი არ არის; და ისიც, რომ ვერც მომხიბვლელობა, ვერც ნოვატორობა და ვერც ორიგინალობა ვერ შენიღბავს და ვერ აანაზღაურებს სიღრმის უქონლობას.
სხვათა შორის, დახლზე ყოფნისას, ის ცოტა დაუცველი და ფრთხილია, ჰგონია, რომ არ არის საკმარისად კონკურენტუნარიანი, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისში, რადგან, თუ მოინდომებს, ის აუცილებლად დაიკავებს იმ ადგილს, რომელსაც იმსახურებს.
„ცხელმა შოკოლადმა“ კარგად იცის, რას ნიშნავს მომჭირნეობა; ზედმეტი ხელგაშლილობა მისთვის, ცოტა არ იყოს, უცხოა. თუმცა, ის არ არის ძუნწი, უბრალოდ, ყოველთვის ცდილობს იყოს ზედმიწევნით ეკონომიური. თანდათან და არა ერთბაშად, ის ფინანსურ წარმატებას მიაღწევს და საბოლოოდ, საკუთარი შრომით შეძენილი დიდი კაპიტალის მფლობელი შეიძლება გახდეს...
„ცხელ შოკოლადს“ ყოველთვის ექნება ზღაპრული ურთიერთობა უცხოეთთან. მისთვის წარმატების მიღწევა სწორედ ამაზე იქნება დიდად დამოკიდებული. რაც უფრო მეტი ენერგია დაიხარჯება მოგზაურობებსა და უცხოელებთან კავშირებზე, მით უფრო გაფართოვდება და გაიზრდება წარმატების შანსი.
წარმატებისთვის და ბედნიერებისთვის მას ყველა პირობა აქვს შექმნილი. იმედია, „ცხელი შოკოლადი“ გაითვალისწინებს რჩევებს, გამოიჩენს მეტ თვითკრიტიკულობას და კიდევ უფრო საინტერესო სახით მოევლინება თავის მკითხველს.
![]() |
3 ART-ი |
▲back to top |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
„Inside the academy“
სამხატვრო აკადემია
24 ნოემბერი. 14:00
ყველაფერი იმით დაიწყო, როცა სამხატვრო აკადემიის მულტიმედიის ჯგუფის მეხუთე კურსის სტუდენტებმა, მხატვარ ილია ზაუტაშვილის სახელოსნომ, გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა. გადაწყვიტა, ისევ იქ ეთქვათ სათქმელი, რაზეც და ვისზეც აპირებდნენ თქმას. სათქმელი არც ისე მოკრძალებული სათაურით - Inside the academy, ანუ შევეცდებით გითხრათ ყველაფერი, რაც აკადემიაში ხდებაო - საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა.
გიორგი გაგოშიძის და მელანო სოხაძის ორგანიზებული გამოფენა, სადაც მათი კურსელების ინსტალაციები იყო წარმოდგენილი, ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამოხატული საპროტესტო აქცია იყო: პოლიტიკაზე, თანამედროვე ესტრადაზე... აი, მაგალითად, ძველი სარეცხი მანქანა, რომელიც აუტანლად გრუხუნებდა, მაგრამ მაინც ვერ ფარავდა ქართული ესტრადის „ვარსკვლავების“ ხმას, გარშემო მიმოყრილ ფოტოებს ამონაშვილის ვნებიანი გამოხედვით თუ მეფარიძის მოდური სათვალით, ავტორის წარწერა ამშვენებდა - „გაცილებით სასიამოვნოა ჩემი დამტვრეული სარეცხის მანქანის ხმა, ვიდრე ჯეო პოპის“. თუმცა, აკადემიისათვის ყველაზე „მტკივნეული“ სწორედ მასზე გაკეთებული „მწარე“ ნამუშევრები აღმოჩნდა. მაგალითად მაია ბარიაშვილის 6 ფოტოდ წარმოდგენილი ამბავი, სადაც გემრიელი სალათის გარშემო, მხოლოდ ერთი დეტალი იცვლება - ჩანგალი, რომელიც ხან ზემოთ იყო და ხან ქვემოთ. მერე და რაო? მერე კი ისაო, რომ ეს პაროდიაა აკადემიაზე, რომელიც 6 წელი ასწავლის, და მხოლოდ გარეგნული ფორმა იცვლებაო...
ერთ-ერთმა „ინსტალაციამ“, კერძოდ კი ფოიეში, ჯაჭვად ჩამოკიდებულმა პრეზერვატივების ასხმამ, აკადემიის მეორე ნაწილი ისე გააღიზიანა, რომ გამოფენა თავ-პირის მტვრევით დასრულდა. პრეზერვატივი რომ დაგვიკიდეთ თავზე, რა გინდოდათ გეთქვათ? რამე ხომ არ გეშლებათო?! მოკლედ, კაცმა არ იცის, მხოლოდ ეს იყო ჩხუბის მიზეზი, რაც იმ დღეს მოხდა Inside the academy?!
„სამოთხის კარი „თი-ბი-სი“-ში
„თი-ბი-სი“ ბანკის საგამოფენო დარბაზი
25 ნოემბერი. 18:00
„პროექტის მიზანი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობიდან ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა. ეს არის მე-20 საუკუნის 10-20იანი წლების ხელოვნება, საქართველოში სახვითი ხელოვნების ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როდესაც ქართული კულტურა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების თანამონაწილე ხდება, ხოლო თბილისი - „ფანტასტიური ქალაქი“ - ავანგარდული ხელოვნების ცენტრი კავკასიაში“.
„თი-ბი-სი“ ბანკის, „ბაია გალერეა“ და გალერეა „ვერნისაჟის“ დახმარებით, საქართველოში პირველად შედგა, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთის კერძო კოლექციებსა თუ მუზეუმებში დაცული უნიკალური ექსპონატების ექსპონირება, გამოფენის კატალოგის და ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია.
ეს იყო იოსებ შარლემანის, დავით კაკაბაძის, ირაკლი გამრეკელის, ლადო გუდიაშვილის, კირილე ზდანევიჩის და კიდევ ბევრი სხვა, ორმოცამდე გამოჩენილი ოსტატის გრაფიკული, ფერწერული თუ სცენოგრაფიული ნამუშევრები. ეს იყო მოდერნიზმიდან - სოცრეალიზმამდე, ფუტურიზმიდან - ავანგარდამდე, ფერწერიდან - ფოტო და საარქივო მასალებამდე, გრაფიკული ჩანახატებიდან - დიდებულ სასცენო კოსტიუმებამდე...
დამთვალიერებელსაც საკმაო დრო ჰქონდა, ამ გრანდიოზული და ფეიერვერკული ეფექტის მქონე გამოფენის სანახავად, რადგან უნიკალური გამოფენა ბანკის საგამოფენო დარბაზში, სამი კვირის მანძილზე გრძელდებოდა.
ახლა ხომ თქვენც ხვდებით, რომ ამ საგანძურის სანახავად, მართლა სამოთხის კარი თუ დაგეხმარებოდათ. თუნდაც ის ბანკის შუშა-ლითონით აწყობილი სუპერ დამცავი კარი ყოფილიყო, რომელშიც თითოეულ დამთვალიერებელს, დაუსრულებელი ჩხრეკა-მაგნიტ-წრიპინის გავლა დაგვჭირდა.
„ხელოვანი და დრო - ანდრეი ტარკოვსკი“
კინოთეატრი „რუსთაველი“
24 ნოემბერი. 18:00
როდესაც წლების წინ, რუსი მსახიობი ნიკოლაი ბურლიაევი თბილისის ქუჩებში დასეირნობდა და ნატრულობდა - ეჰ, ნეტავ კიდე მეღირსოს ამ საოცარ ქალაქში ჩამოსვლაო... ეღირსა. ოღონდ 27 წლის შემდეგ, როდესაც კინომცოდნე დალი ოქროპირიძემ, პროდიუსერ ვიქტორია შტორმის დახმარებით, საღამოს გამართვა გადაწყვიტა - „ხელოვანი და დრო - ანდრეი ტარკოვსკი“. საღამოზე დიდი რუსი კინოხელოვანის ფილმის „ანდრეი რუბლიოვის“ ჩვენება გაიმართა და ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ბორისკას როლის შემსრულებელ მსახიობ ნიკოლაი ბურლიაევთან შეხვედრა მოეწყო.
საერთაშორისო კინოფესტივალის და თეატრალური ფესტივალის „Золотой Витязь“-ის დამაარსებელი ნიკოლაი ბურლიაევი ფილმის ჩვენებამდე, მაყურებელთან გამართულ საუბარში იმდენად „გაერთო“... რომ გაგრძელებული სიტყვის და შეზღუდული დროის გამო, დიდ ეკრანზე ტარკოვსკის ფილმის მხოლოდ მეორე სერია გავიდა. დარწმუნებული ვარ, კინოდარბაზში შეკრებილი საზოგადოების მთლიან ნაწილს თუ არა, უმრავლესობას მაინც ექნებოდა ნანახი რუსი კლასიკოსის ეს ფილმი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი გემრიელი ამოგმინვა-ამოოხვრის და „აუ რატო...“-ს გარეშე, მაინც არ დასრულებულა.
საუბარში გართულმა ბურლიაევმა კი აი, რა გვამცნო. ამიერიდან საქართველოში „Золотой Витязь“-ის წარმომადგენლობა გაიხსნება, რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი დალი იქნებაო. რას შემოგვთავაზებთ? რაც კი ფილმები გადის ჩვენს ფესტივალებზე, ყველას ნელ-ნელა ჩამოგიტანთ და განახებთო, და თქვენ რასაც შექმნით, იმას წავიღებთ და იქ ვაჩვენებთო. ძალიან კარგი, მაგრამ მანამდე, მის ორგანიზატორებს ამ ყველაფრის ორგანიზებისათვის დაფინანსება და საჭირო თანხები აქვთ მოსაძიებელი. საიდან? აბა, რა ვიცი. თუნდაც გულუხვი ქართველი ბიზნესმენებისგან.
ჟან პოლ გოტიე, ნანა და ნენე
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“
8 დეკემბერი. 17:00
როდესაც ზაფხულში, პარიზში, ყოველდღიურად მიხდებოდა რივოლიზე გავლა, თვალს უშველებელი სარეკლამო ბანერები მჭრიდა. ზედ გამოსახული მომხიბვლელი მეზღვაური მამაკაცების „უცნაური“ ქმედებები, ძლიერი სექსუალურობის და ვნების განცდა დიდი ხანი რჩებოდა მეხსიერებაში: კუნთმაგარი, თავგადაპარსული მეზღვაურები, რომელთაგან ზოგი ტუშით იღებავდა თვალებს, ზოგი კი ბაგეზე ისვამდა ტუჩის საცხს...
ეს, სკანდალური, მემამბოხე ჟან პოლ გოტიეს ახალი სუნამოს „გოტიე ორისათვის“ სარეკლამო ბანერებია. რომელიც უკვე 20 წელია, რაც მოდის სამყაროში ყველაზე „დიდ პროვოკატორად“ ითვლება.
8 დეკემბერს „ქორთიარდ მერიოტში“, საერთაშორისო ტრენინგების მენეჯერმა, ქალბატონ ოდელინ მორტიემ და „ისი პარიმ“, ზამთრის კოლექციის ახალი სუნამო „გოტიე ორისათვის“ სპეც. პრეზენტაცია გამართა. სადაც ქალბატონი ოდელინი, ისე ენერგიულად და „გემრიელად“ საუბრობდა ჟან პოლ გოტიესა და მის პროდუქციაზე, რომ იქედან გამოსული ან ხმამაღლა შეჰყვირებდი - მე გოტიეს ფანი ვარო, ან მთელი ღამე, მხოლოდ თეთრთმიანი გოტიე დაგესიზმრებოდა, სუნამოს ფლაკონებით ხელში.
სუნამო „გოტიე ორისათვის“ იყო საოცრად მაცდური სურნელების - ვანილის, ამბრის და მუსკუსის ნაზავი; „გოტიე ორისათვის“ ტანის საცხი, რომელსაც გოტიესეული მეთოდით ჯადოსნური მასაჟის კეთების და მოხმარების წესი მოჰყვება. ეკრანზე კოლაჟურად წარმოდგენილი გოტიეს ამაყი, თავისუფალი და გრაციოზული კოლექციები, საგანგებოდ „გოტიე ორისათვის“ ჟან ბატისტ მონდინოს გადაღებული სარეკლამო რგოლი, ეს იყო კუტურიეს ბავშვობის დროინდელი დათუნიები ნანა და ნენე, რომლებსაც მადონასთვის შექმნილი 90-იანების ჰიტი - წვეტიანი აბრეშუმის ბიუსტჰალტერი, გაცილებით ადრე ჰქონიათ ტანზე მორგებული, ვიდრე პოპ-დედოფალს.
ეს იყო უბრალოდ... სილამაზის და მშვენიერების საღამო გოტიესაგან.
თოჯინების ჯადოქარი
საგამოფენო დარბაზი „TMS“.
17 დეკემბერი. 19:00
ფაქტი: ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე „TMS“-ის საგამოფენო დარბაზი ახალი სტუმრისათვის მოემზადებოდა და დეკემბრის სუსხიან დღეს, საზოგადოებას გაუღებდა კარს - მობრძანდით და დატკბითო, ყველამ დიდი ხნით ადრე იცოდა, რომ მალე „TMS“-ში რაღაც ძალიან მაგარი გამოფენა უნდა გახსნილიყო.
მოკლე ბიო: თამარა კვესიტაძე, დაიბადა თბილისში. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის შესწავლის შემდეგ, მან რამდენიმე წელი იმუშავა ცნობილი ფრანგული მინის კომპანია „DAUM“-ში და ჟენევის ჟილბერ ალბერის მუზეუმში. მისი ზღაპრული თოჯინები ნანახი აქვთ: ნიუ იორკის, ვაშინგტონის და კიოლნის საგამოფენო დარბაზებში. თვითონ მათზე ბევრს არ ლაპარაკობს...
რეალობა თუ ირეალობა: ჭეშმარიტება იცი რა არის? ჭეშმარიტება ხელოვნებაში? როდესაც დამუნჯდები და მისი სიდიადის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ პოულობ და როდესაც გამოსვლასაც ვერ ბედავ - თითქოს ზიარება ბოლომდე არ დასრულებულაო.
ახლა თვალები დახუჭე და წარმოიდგინე: შენ ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ხარ, რომელსაც ტკბილად ჩაეძინა და სიზმრად საოცრებათა ქვეყანაში აღმოჩნდი. ჩაბნელებულ ოთახში გასაოცარი სილამაზის თოჯინები დგანან. ისინი მექანიკურად მოძრაობენ ლითონის თხელი თოკებით. ერთი სადაცაა გაფრინდება, ნაზად აფარფატებს ფრთებს, მეორე კაბაში „ჩადებულ“ მთელ ისტორიას გიყვება, რომელიც პერიოდულად იხსნება და ადამიანებზე, სიყვარულზე, ნოსტალგიაზე გიამბობს... ეს კაცი კი თევზის ფორმის ნავში ჩამჯდარა და სადღაც მიეჩქარება, უბრალოდ ერთი ნიჩაბი მოტეხილია და მივა კი, თავის ადგილამდე, თავის ოცნებამდე?! ხოლო თუ თვალებს გაახელ და ძველი ბერძნული ვაზასავით, ადამიანების ისტორიებით მორთულ იმ ჭაღს დაინახავ, ზემოთ თქმულის არ იყოს, ვეღარც სიტყვებს იპოვი და თვალის დახუჭვასაც ვეღარ გაბედავ - რომ გაახილო და აღარ დამხვდესო...
„ვოლსი - ფოტოგრაფია, აკვარელი, გრავიურა.“
გოეთეს ინსტიტუტი
24 ნოემბერი - 24 დეკემბერი.
„გიმნაზიის მიტოვების შემდეგ, მან სხვადასხვა პროფესია მოსინჯა. დირიჟორი ფრიც ბუში მასში მომავალ მევიოლინეს ხედავდა, მაგრამ 18 წლის ალფრედ ოტო ვოლფგანგ შულცე ცნობილ დრეზდენელ ფოტოგრაფ ქალთან იწყებს მუშაობას. 1932 წელს, 19 წლის ვოლფგანგი მოჰოი-ნადის რჩევით პარიზში მიემგზავრება და იქ ჩასვლისთანავე ფოტოგრაფად იწყებს მუშაობას. მან ერთ-ერთ ძველ ტელეგრამაში ამოიკითხა სახელი ვოლსი, რომელიც მისი ფსევდონიმი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, იგი მხოლოდ ამ სახელით აწერდა ხელს ყველა თავის ფოტოს, ფანქარითა თუ აკვარელით შესრულებულ ნამუშევარს“.
„უსათაურო“, „თმის კონა“, „ქალაქი ხე“, „საშვილოსნო“, „ყური“ - ეს გერმანელი ფოტოგრაფის და მხატვრის, ვოლსის გოეთეს ინსტიტუტში გამოფენილი აკვარელსა და ტუშში შესრულებული მომცრო ზომის, სიურეალისტური თუ ზოგან ექსპრესიონისტული მოტივებით გაჯერებული ნამუშევრების სათაურებია. ერთი შეხედვით, გადახლართული ხაზებით შექმნილი სტრუქტურებით და თავისუფალი კომპოზიციებით, ის თითქოს გაურბის ყოველგვარ კონკრეტულობას. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ავტორს არასდროს დაურქმევია სახელები საკუთარი ქმნილებებისათვის. ეს მოგვიანებით, მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა.
ვოლსის ფოტოების უმეტესი ნაწილი 1932-38 წლებშია შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტოები რამდენჯერმე გამოფინეს, ფოტოგრაფი ვოლსი მხოლოდ 1978 წლიდან გახდა ცნობილი, გამოფენების საშუალებით. ისევე როგორც მხატვრობაში, აქაც არაფერია კონკრეტული. ფოტოში ის თითქოს ცდილობს, ყოფით საგნებს და ნივთებს ახალი სიცოცხლე, ახალი ჟღერადობა შესძინოს. თუნდაც, ეს კაფე-ბარის მაგიდა ან მაგიდაზე უდიერად დაყრილი თევზები იყოს.
![]() |
4 „ბომბი რუსთაველის გამზირიდან“ |
▲back to top |
ზაზა პაპუაშვილი
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
სტილისტი: მაცაცო ჭინჭარაული
როცა თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, თავი ხარი ეგონა. ხარი კორიდაზე.
როდესაც პატარა იყო, ჩუმად აკვირდებოდა სპექტაკლის შემდეგ, უკანა გამოსასვლელიდან გამოსულ მსახიობებს... ხოლო როდესაც თვითონ გახდა წამყვანი მსახიობი, და სპექტაკლის შემდეგ, თეატრის უკანა გამოსასვლელიდან გამოდის ხოლმე, ჩუმად იყურება აქეთიქით - რა იცი, იქნებ ვინმე მეც მიყურებსო...
მორიგი გასტროლიდან/დაბრუნებულს, რუსულმა პრესამ „ბომბი - რუსთაველის გამზირიდან“ უწოდა...
როცა თვითონ დაიწყო სპექტაკლის დადგმა, ასე მითხრა, ახლა იტყვიან, აუუ, ზაზას რა ავარდნია თავში, გაიგე?! რეჟისორობა დაუწყიაო...
ინტერვიუზე შეხვედრისას, თუნდაც რამდენიმედღიანი შაკიკი უსაძაგლებდეს სიცოცხლეს, ყოველგვარი პოზიორობის და „რა ვიცი, რა გითხრა“-ს გარეშე „გიბრეხვებს“ ყველაფერს.
საუბრისას, ასე გგონია, უკიდეგანო ენერგიით დამუხტულ თუხთუხა ვულკანს უყურებ, რომელიც ჰა და ჰა, აი, ახლა ამოხეთქავსო...
ზარი მეგობართან
„- ოუ, მე ვარ. როგორ ხარ? იცი, რა გამახსენე... „იასამანში“, ბოლოში, ვინაა ბოზი?
- არტემა!“
არტემ! შე ბოზო!
იმ დროს, ანუ ჩემს არც ისე შორეულ ბავშვობაში - „არტემ! შე ბოზო!“-თი მისალმებაც კი შეიძლებოდა. არ არსებობდა ადამიანი, დიდი თუ პატარა, მაღალი თუ დაბალი, რომელსაც, სულ მცირე, ერთხელ მაინც არ ექნებოდა ნანახი რუსთაველის თეატრში „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“. იმ პერიოდის „ნაცრისფერი“ თბილისის ყველაზე აქტუალური ამბების: წამლის ხარშვა, „დვიჟენიები“ და „პრიხოდის“ ნახვაზე, ის კატეგორიაც თავმომწონედ დადიოდა, რომელიც სხვა დროს, თეატრის ხსენებაზე ჯიბეებში ხელებჩაყოფილი, ოდნავ მოჭუტული თვალებით და განსაკუთრებით, ბოლო თანხმოვანზე დასმული მახვილით გეტყოდა - „მეეე? თიატრში რა მინდა! ბიჭო?!“.
სწორედ მაშინ, სპექტაკლის ბოლოს, ზაზა პაპუაშვილის გმირის - ბაჩოს პარტერისკენ გასროლილი ფრაზა - „არტემ! შე ბოზო“ მოზარდთა ლექსიკონის ნომერ პირველ სიტყვად იქცა. ზაზა პაპუაშვილი კი ნომერ პირველ მსახიობად.
„ჰამლეტი“, „მეთორმეტე ღამე“, „გოდოს მოლოდინში“, „ქალი-გველი“... თითოეული მისი შესრულებული როლი გამახსოვრდება. გამახსოვრდება თამაშის მანერით, მოძრაობით, გასაოცარი სცენური მომხიბვლელობით...
ფართო მაყურებლისთვის სწორედ „იასამნიდან“ იწყება ზაზა პაპუაშვილი;
თეატრომანებისათვის - ცოტა უფრო ადრე, „ბედნიერი ბილეთით“;
„ცხელი შოკოლადის“ მკითხველისთვის - ახლა და ამ წუთას.
ოი, ზაზას დადგმა დაუწყია, გაიგე?!
თანმიმდევრულად: გაოცდა, დაიბნა და შეეშინდა, როდესაც შარშანდელი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, რობერტ სტურუამ ბათუმში, სპექტაკლის, „დარისპანის გასაჭირის“ ერთად დადგმა შესთავაზა.
- „ბ-ნ რობერტს სთხოვეს, რომ ბათუმის თეატრს კონსულტანტის რანგში ჩადგომოდა. ისიც დათანხმდა და შემომთავაზა, ერთად ხომ არ გვემუშავაო. რასაკვირველია ძალიანაც დავიბენი, გავოცდი, მაგრამ დროზე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, ფიქრის დრო არ იყო. ეს გარკვეულწილად რისკიც იყო, მაგრამ მე თვითონაც რისკიანი ვარ და არ მიყვარს უკან დახევა. რამდენიმე მიზეზის გამო დავთანხმდი: ჯერ ის, რომ თეატრი რემონტის გამო, რამდენიმე წლით იყო გაჩერებული და იქ წასვლა ჩემთვის ტრენაჟი, ფორმაში ყოფნის ტოლფასი იყო. მერე, ამ წინადადებას დავთანხმდი არა იმიტომ, რომ ხვალ ან ზეგ ჩემს პროფესიას, მსახიობობას დავანებებ თავს. არა. ცნობისმოყვარე ვარ, ყველაფრის ინტერესი მაქვს და მინდოდა, განსხვავებულ ამპლუაში მომესინჯა თავი; მენახა, რა ხდება სცენის მიღმა.
ბევრ სირთულეს წავაწყდი, ბევრი რამ უნდა გამომეცადა: მოთმინება, მსახიობების მწყემსვა, მათი დაინტერესება, იდეის სწორი მიწოდება, ამოცანის შესრულება. კარგა ხანს ვერ ვჯდებოდი პარტერში - იქ, სადაც რეჟისორი ზის ხოლმე. მოკლედ, იყო რაღაც შებოჭილობა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა და იმისა, რომ არ ვარ „ბულკი“ ხასიათის, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა დასთან.
არადა, იცი რა მაგარ აზარტში შევედი?! ზამთრის პერიოდში გვქონდა რეპეტიციები, ციოდა, არ იყო სინათლე, ვიჯექი სახლში და სანთლის შუქზე ვწერდი, მონტაჟს ვაკეთებდი, მერე ყველა როლს სათითაოდ ვთამაშობდი. ვსინჯავდი, რა უნდა მომეთხოვა მეორე დღეს მსახიობისგან. იმდენად ჩაციკლული ვიყავი, რომ ღამე ვერ ვიძინებდი, ტვინი სულ ჩართული იყო, ვერ ვთიშავდი - სულ პიესა, გმირები, ტექსტი... აუ, უკვე მძულდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, იყო მინუსებიც. როდესაც ბ-ნ რობიკო არგენტინიდან ჩამოვიდა და ამ პროცესში ჩაერთო, შენიშვნები მომცა, თეორიული ხარვეზები აღმოაჩინა. ბუნებრივია, ამას ველოდი კიდეც.
ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა მსახიობს არ სჯერა შენი, არ გისმენს, არ „გემორჩილება“. კარგად ვიცი, რომ თუ არ დამაინტერესა რეჟისორმა და თან რაღაც სისულელეს მეპრუტუნება, არაფერი გამოგვივა. ამიტომ, რასაკვირველია, ეს შიშიც იყო. არანაირი გარანტიებით არ მივსულვარ - გამოვა? გამოვა. არ გამოვა - არ გამოვა. არადა, როგორია „არ გამოვა“?! ზოგჯერ ვეღარ ვზომავდი, სად უნდა შემესვენებინა და თორმეტ-თოთხმეტსაათიან რეპეტიციას ვატარებდი. სანამ რომელიმე მსახიობი არ მეტყოდა - ბ-ნო ზაზა, ორი წუთით გავალ, სიგარეტს მოვწევ რა...
მაგრამ ამ ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც... სწავლა, მოწაფე - აი, ასეთ პროცესს და არა - აი, ზაზა ჩავა და დადგამს ისეთ სპექტაკლს... რომ ყველას გააოცებს. ეს არ არის პირდაპირ დამოუკიდებელი ნამუშევარი. მართალია არანაირი პრაქტიკა არ მქონია, და ძალიანაც კარგად ვიცი, როგორ მიიღებდა ამას ჭორიკანა თბილისი. პირში თქმას მაინცდამაინც ვერავინ გამიბედავს, მაგრამ რად მინდა ქილიკი. ძალიან კარგად წარმომიდგენია, რას და როგორ იტყვის
რამდენიმე ადამიანი - „ოი, ზაზამ დადგმა დაიწყო?“, „ეგღა გვაკლდა, რა!“, „ხედავ როგორ განაგლდა? მაგას რეჟისორობა მოუნდა?“, „თავში ხომ არ აუვარდა? ერთი ვნახოთ, რას გააკეთებს?!“... მართალი გითხრა, მათი აზრი ნაკლებად მაინტერესებს და ფეხებზეც მკიდია! როცა ცხოვრება რაღაც შანსს გაძლევს, რატომ არ უნდა სცადო? თან, როდესაც ისეთი პიროვნება გთავაზობს, როგორიც რობერტ სტურუაა. ჩემთვის მთავარია, ჩემს თავთან ვყოფილიყავი მართალი, არ ვიტყუებოდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი. არტისტი ვარ და მსახიობებს ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს ვკარნახობდი, რაც მენანებოდა, ჩემთვის მინდოდა დამეტოვებინა.
მერე, მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი მომენტია, რომ მსახიობს რეჟისორობა უცდია ან პირიქით... მაგრამ აქ... ჩვენ ხომ ყველაფერს სნობურად ვუყურებთ, სწორედ ეს სნობიზმი, ქაჯობა და გოიმობა გვჭამს! ვერანაირ პროდუქციას ვერ ვქმნით, მაგრამ შეგვიძლია ვაქილიკოთ ერთმანეთი. მინახავს, პარტერში მჯდომი ცუდი მსახიობი როგორ განიხილავს კარგი მსახიობის, დავუშვათ, არც ისე კარგად ნათამაშებ როლს. და საკმარისია თვითონ დადგეს სცენაზე, რომ აბსოლუტური პროფანია. მაგრამ, რატომღაც სწორედ მას ეხსნება პროფესიული გემოვნება და კრიტიკული აზროვნება. თვითონ კი ვერაფერს ქმნის. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც ურჩევნია, არც დიდი შეცდომა დაუშვას, არც დიდი გამარჯვება მოიპოვოს, რაღაც золотая серединка უჭირავთ. მაგრამ ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ეს серединка?! განსაკუთრებით თეატრში. თუ თანამდებობაზე ხარ, კიდევ გავიგებ, ხმა არ უნდა ამოიღო, მონა ხარ. მაგრამ თუ თეატრში ხარ და მონა ხარ და თან არც ხმას იღებ... მჩვარი ყოფილხარ!
ამიტომ მე ყოველთვის მირჩევნია დიდი მარცხი, ან დიდი გამარჯვება!“
როგორც ხარი კორიდაზე
სულ არ თვლის მარცხად იმას, რომ თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ორი წელი დასჭირდა, და ისიც ძლივს მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ბავშვობა სხვადასხვა შემოქმედებით წრეზე დადიოდა, პირველ წელს ოსტატობაში ქულები დააკლდა. მეორე წელსაც ალბათ იგივე ელოდა, რომ არა იმ წელს მიღებული სახელმწიფო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თეატრალურ ინსტიტუტში, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიაში ჩაბარების მსურველებს, გარკვეული რაოდენობის ქულები დაუმატეს. ზაზაც ასე აღმოჩნდა თავისუფალ მსმენელად გია ანთაძის და გულსუნდა სიხარულიძის ჯგუფში.
- „ჩემი პირველი როლი „ბედნიერ ბილეთში“ შევასრულე. ეს იყო იმ ეტაპის დამთავრება და შეჯამება, რაც ოთხი წლის მანძილზე გავიარე. მუშაობა, შრომა, წვალება - რაც პედაგოგებმა მასწავლეს. იმ სტილში მუშაობა, როგორიც მომწონს. „ბედნიერი ბილეთი“ იმ 12-14 საათიანი რეპეტიციების, პირადად ჩემი და გულსუნდას გამარჯვება იყო.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, როცა თეატრში დავიწყე მუშაობა, საშინლად ვიტანჯებოდი. უჩვეულო ნერვიულობა და ღელვა ვიცოდი. თუ მეორე დღეს სპექტაკლი მქონდა, მთელ ღამეს ხომ ვათენებდი, როდის გათენდებამეთქი, და თან სხვა ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდი. იცი რას ვგავდი?... ხარს, ხარს კორიდაზე - დიდი, დაფეთებული თვალებით. ძალიან ვიტანჯებოდი. ამ ტანჯვაში ალბათ შვიდი წელი გავატარე. და მერეღა ვიფიქრე, კაცო, რისთვის ჩავაბარე, სატანჯველად?! ცოტა სიამოვნებაც ხომ უნდა მიიღო შენი საქმისგან. ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, ხომ არ მოვუსვა აქედან-მეთქი. როდესაც სამაგიდო რეპეტიციიდან დიდ სცენაზე პირველად გამოვედი და მიმოვიხედე... კუჭი ამეშალა და სახლში გავიქეცი. აქ? გამოვიდე? მეე? აქ ან გიჟები გამოდიან ან არ ვიცი-მეთქი. ყოველთვის, როცა სპექტაკლს ვუყურებდი, ხელები მიოფლიანდებოდა... გადატენილი დარბაზი... რა გამბედაობა უნდა გეყოს, რომ აქ, სცენაზე გამოხვიდე! ლაპარაკი აღარ იყო იმაზე, რომ ხმა ამოგეღო და მაყურებლისთვის თავი მოგეწონებინა?!
მერე, რაღაცნაირად, შეხვედრა ისეთ რეჟისორებთან, ისეთ მსახიობებთან... ყველაფერმა ამან დამაჯერებლობა შემმატა... მაგრამ ის ღელვა მაინც არ მავიწყდება. ახლაც რომ გავიხსენებ ხოლმე რომელიმე როლს, მიკვირს, როგორ არ მოვკვდი, როგორ გავუძელი, როგორ გადავედი ერთიდან მეორეზე... ამ დროს კი, როდესაც პროცესში ხარ ჩართული, ვერაფერს გრძნობ - დროს, ტკივილს ვერ გრძნობ. უბრალოდ, რაღაც ვნებით ხარ შეპყრობილი.
მიკვირს, როდესაც მსახიობები კარგად ხსნიან თავიანთ პროფესიას. მე... ვიბნევი. ჩემს გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, წამიკითხავს ის ჩანაწერები, რაც მიკეთებია - დღიურის წარმოება რომ ჰქვია, ის. საშინელ უინტერესობად მომჩვენებია და გადამიყრია - რა არის ეს?... ვისი დაწერილია?... ხშირად მეკითხებიან - და თქვენი საოცნებო როლი? ვერ ვხვდები. ყველა როლს ერთნაირად ვკითხულობ და რა არის, რა სისულელეა?!... მხოლოდ, როცა იმ პროცესში შედიხარ, მერე იხსნება გმირი შენთვის. მერე ჩადიხარ მის სიღრმეებში, რეპეტიციებზე იბადება. მთავარია, რას მიუსადაგებ, როგორ გააკეთებ, რას იტყვი! საოცნებო როლი, რა? ესე იგი, დამჯდარხარ და გიმუშავია მასზე თუ?!“.
ყველაფერი, რაც კი ცხოვრებაში გინახავს, განგიცდია, თვალი მოგიკრავს, პროფესიის ტომარაში უნდა იყრებოდეს და პირდაპირ მიდიოდეს სცენაზე. მაყურებელმა კი ამ დროს უნდა იფიქროს - რა მაგრა თამაშობს იმ ეპიზოდში, რა მაგრა მელაპარაკება ჩემს თავზე... უნდა გაოცდეს, რომ თუ ღალატია, რა მაგარი ღალატია; თუ შეყვარებულია, რა მაგარი შეყვარებულია; თუ ნარკომანია - რა მაგარი ნარკომანია...“
„სველი იასამნის“ წარმატების შემდეგ, ხშირად უკითხავთ - და თქვენ, ბატონო ზაზა? მართლა? არ დაგვიმალოთ, ზოგჯერ მაინც, არა? არც ზაზას დაზარებია მეასეჯერ ერთი და იგივე პასუხის გაცემა - არა, მე კარგი ქეიფი მირჩევნია.
„ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მე ძალიან კარგი ბიჭი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთულ სკოლაში გავიზარდე, რთული უბანი იყო, ისე მოხდა, რომ იქითკენ არ წავსულვარ“.
ჩაიხედავ სარკეში და - აა, გეშინია?!
„ყველაფერი კინოდან დაიწყო. ვგიჟდებოდი, რა მაგრები იყვნენ მსახიობები, როგორ ვარდებოდნენ ცხენებიდან წყალში, როგორ ამოდიოდნენ იქიდან... ძალიან მომწონდა მათი პარტნიორი ქალები. დავდიოდით სკოლაში და ვათვალიერებდით ჟურნალებს მათი ფოტოებით...“
ცხოვრებაში ერთადერთხელ იყო სკოლის „შატალოზე“ და ისიც გოგოებს „გადააბრალა“, აგვიყოლიეს და რა გვექნა, წავედით კინოში და ნაყინები ვჭამეთ, არაფერი საინტერესოო. „არასდროს ვიყავი წარჩინებული, არც ისეთი ვყოფილვარ - აუ, ეს ბავშვი მოგვაშორეთო. ქუჩაში ბოდიალს, სკოლაში მერჩივნა ყოფნა, მშვენიერ დროს ვატარებდით. ზომიერად იყო ყველაფერი: ჩხუბი, სიყვარული. ბავშვობაში მკვეთრად გამოხატული ძველი ბიჭი ნამდვილად არ ვყოფილვარ.“
არ ჰქონდა მნიშვნელობა, ცუდი იყო თუ კარგი, ნებისმიერი სპექტაკლის ნახვა შეეძლო. ოღონდ მერე, წარმოდგენის დამთავრებისას, ჩაბნელებულ პროსპექტს კი არ ჩაუყვებოდა ჩქარი ნაბიჯით, თეატრის უკანა გამოსასვლელთან მიირბენდა, ჩუმად, რომელიმე კუთხეში დადგებოდა და გასუსული აკვირდებოდა - აი, როგორი ყოფილა სინამდვილეში ეს მსახიობი... როგორ გამოდის, ჯდება მანქანაში. ქოქავს და... მიდის. ეს ისე მკაფიოდ დაამახსოვრდა, რომ დღეს, როდესაც რუსთაველის თეატრის უკანა გამოსასვლელიდან თვითონ გამოდის, სანამ საკუთარ ავტომობილში ჩაჯდებოდეს და დაქოქავდეს... ჩუმად, თითქოს თავისთვის, ისე იყურება გარშემო და... იქნებ სადმე შენც მოჰკრა თვალი ვიღაც ბიჭს, რომელიც თავისთვის დგას და გიყურებს. გიყურებს ისე, როგორც შენ იდექი და უყურებდი. უყურებდი და თან ოცნებობდი...
„ასეთი პატარა ზღაპრები ხშირად ამხდენია ცხოვრებაში. მაგრამ ადამიანი ხომ სახედარი ხარ, და ბოლომდე არ აფასებ ყველაფერს. სახლიდან გამოდიხარ და სად მიდიხარ? თეატრში, სპექტაკლზე. მიხვალ მანქანით და ვიღაც იტყვის - აა, აი ეს მსახიობი მოსულა. მერე შედიხარ თეატრში... თეატრში შემოსვლას თავისი კანონები აქვს. ხშირად გამოვსულვარ სახლიდან ღრენა-ჩხუბით, მაგრამ თეატრის კარს გააღებ თუ არა - ალალაილა, ალალაილა... სანამ შეხვალ, ყველაფერი უნდა მოიცილო, რაც გაწუხებს, გადააგდო. დაჯდე სარკესთან და რა გიშლის ხელს? რატომ ხარ ასე? რატომ ხარ ასე? რა გიშლის? რა გიშლის? ის მიშლის, ეს მიშლის.. არადა, ეს ყველაფერი უცებ, უცებ უნდა გადაყარო. ზოგჯერ მალევე ახერხებ, ზოგჯერ საერთოდ ვერა. რომ გაიჭედები ტანკივით... რადიოში მაყურებლის ხმა გესმის, თან - ზაზა, ზაზა, ვიწყებთ! ზაზა, მოემზადე! მესამე ზარამდე 2 წუთი დარჩა! ამ დროს გული ბამ-ბიმ, ბუმ-ბომ, ჩაიხედავ სარკეში და - აა, გეშინია?!!!
ხდება ხოლმე, რომ ბედნიერი გამოდიხარ სპექტაკლიდან. ზოგჯერ ხოშმოკლული ხარ, გამოდიხარ, ჯდები მანქანაში და გინდა გაიქცე, გაიქცე სადღაც შორს...“
კალოტკები
„რაც დრო გადის, ვხვდები, რომ პრაგმატული ადამიანი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის მიჭირდა რაღაცეების დაგეგმვა, შეძენა, მაღაზიაში სიარული. თუ ვიღაცამ არ წამიყვანა ან არ მოიტანა... არ შემიძლია. ამ მხრივ, ყველაფერს მეუღლე იღებს თავზე. იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ვიპრანჭები. არა, არ შემიძლია რა! ცოტათი ზარმაცი ვარ. დავუშვათ, მანქანას „კალოტკები“ აქვს გამოსაცვლელი, აუუ, რა ამბავს დავხატავ... მთელ ტრაგედიას შევქმნი. ესე იგი, ახლა უნდა ადგე, წახვიდე, იყიდო და მერე გამოცვალო!!! ამ დროს რა უნდა?! არაფერი. მიყიდია და წამში გამომიცვლია. რა გინდააა? რატომ ნერვიულოობ?
თუ ისე დაემთხვა, რომ ორი დღე მაინც არსად ვარ გასასვლელი, სულ სახლში ვარ. ვწევარ, მიყვარს წოლა. ბავშვები თავზე გასხედან, დახტიან. ჯერ მომწონს, ათი წუთის მერე ვმყრალდები და მოშორება მინდა. ამას სახლში ცოტა იუმორით უყურებენ. მართალია, ზოგჯერ ზედმეტი მომდის და ვაწყენინებ ხოლმე მათ.
ადრე სულ კარდაკარ მიყვარდა ბოდიალი, ახლა პირიქით. რა მინდა გარეთ, საცობებია, უბედურება! არა, ასაკი არაფერ შუაშია. არანაირი ასაკობრივი შეგრძნებები არ მაქვს. ამას კომპლექსი არ მალაპარაკებს. უბრალოდ, აღარც 18 წლის ბიჭივით ვფიქრობ, და არც 18 წლის ასაკში რომ შეცდომებს ვუშვებდი, იქიდან ვარ შორს. არც „ბომონდშჩიკი“ ვარ და არც „ტუსოვშჩიკი“.
ჩემთვის მიყვარს ყოფნა, სხვის ჯიბეში არ მიყვარს ყურება, არც სხვის ჭიქაში. შეიძლება მარტივად დამაჯერო რაღაც, შეიძლება დავიციკლო და მტრისას... შეიძლება კონფლიქტიც წამოვიწყო. უცნაური ცვილებები მახასიათებს. არ ვარ დეპრესიული, და მალევე ვძვრები ამ მდგომარეობიდან. მაგრამ, ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ცუდ ხასიათსაც და მოწყენილობასაც ადამიანები განაპირობებენ, რაც მათთან ურთიერთობის დისკომფორტის გამო მექმნება. ცუდად ყოფნიდან გამოსავალი ისაა, რომ მიზეზი უნდა ახსნა - რატომ?.“
ნაცარქექია
„უკან გახედვას არ ვაპირებ. ამას იმ პერიოდისთვის ვინახავ, როცა ბუხარს მივუჯდები და ნაცრის ქექვას დავიწყებ. მინდა, ყოველი დღე მოულოდნელი და ახალი იყოს. მინდა, რომ გარშემო ყველა ჯანმრთელი იყოს. ვფიქრობ ბავშვებზე, არ მინდა რაიმე თავს მოვახვიო, პირიქით, მინდა ცხოვრებაში საკუთარი არჩევანი გააკეთონ და მათ მოვუარო, მივყვე ამ არჩევანში, რაღაც მაგალითი დავანახო ჩემი, ჩემი მეგობრების. მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან სახლში ყველა ზღაპრებზე ვზრდით, სისულეებს ვუყვებით და როგორც კი გარეთ გადიან... იბნევიან. პირდაპირ თუ არა, სახის გამომეტყველებით მაინც გეუბნებიან - რა ზღაპრებს მიყვები? ცხოვრება სულ სხვაა. ის გეუბნება, რომ უნდა იყაჩაღო, იყო ბანდიტი, უნდა მოიპოვო ვიღაცაზე გავლენა...
მინუსები
„სიყვარული ვენახში“? კრეტინობა იყო. როცა სცენარი წავიკითხე, ვიფიქრე რაღაც გამოვა, მოკლემეტრაჟიანი საშაყირო ფილმი იქნება-მეთქი. არ გამოვიდა. ჩემი მინუსია, რა. თუ საკუთარ თავს მინუსები არ დაუწერე, ისე არაფერი გამოვა, ვერ ითამაშებ. ცხოვრებისგან განსხვავებით, კამერის წინ ასჯერ იტყვი სტოპს და თავიდან დაიწყებ. ცხოვრებაში კი ისე მიექანები, რომ... რას გადააკეთებ? რამდენი რამე მინდა ბიოგრაფიიდან ამოვხიო, გადავაგდო, დავწვა.“
როცა ქალთან გაქვს ურთიერთობა...
მეორე ქორწინება, მეუღლე თინა ალექსიშვილი და სამი შვილი: ჯაბა, ტასო და ნინო. ასეთია დღეს ზაზა პაპუაშვილის ოჯახური დეკლარაცია. „იცი რა... მართალი გითხრა, ქალებზე ხშირად მეცვლება შთაბეჭდილება. მართალია, ქართველი ქალები კრიტიკას სხვანაირად აღიქვამენ ხოლმე და ბრაზობენ, მაგრამ მაინც. ხუმრობით ვამბობ, თუმცა ზოგჯერ სერიოზულადაც მიფიქრია - ქალები სულელები არიან-მეთქი.
ხან მათი პრიმიტივიზმი მაცვიფრებს, ხან - მათი დაუფიქრებლობა... ზოგჯერ მაკვირვებს მათი მოთმინება, მაგიჟებს მათი სილამაზე...
არ მომწონს, როცა ქალსა და მამაკაცს შორის სქესი გაურკვეველია. ფიზიოლოგიურად ის კაცია ან ეს ქალი, მაგრამ ვერ ასხვავებ. ამაში ქალის განაზებულ ლაპარაკს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმ მარგალიტს, რომელიც უნდა ჰქონდეთ. არ მესმის, რა უნდათ ფემინისტ ქალებს? კოსმოსში გაფრინდნენ? - გაფრინდნენ. პრემიერ მინისტრები გახდნენ? - გახდნენ. პრეზიდენტებიც გახდნენ, ფეხბურთელებიც და მეტი რაღა უნდათ?
არ ვამბობ: ქალი სამზარეულოში და კაცი გაზეთით ხელში, ასეთ პრიმიტიულ სქემაზე არ ვსაუბრობ. ხშირად მივხმარებივარ მეუღლეს, სარეცხის გაფენასა თუ საჭმლის მომზადებაში. არანაირი კომპლექსები არ მაქვს, უბრალოდ, რაღაც შეგრძნება უნდა იყოს, რომ მე კაცი ვარ, ის - ქალი; ქალი, რომელიც უნდა მავსებდეს. თუ ის ჩემნაირად იგინება, ჩემნაირად სვამს და მანქანასაც ჩემნაირად ატარებს, რაზე ველაპარაკო? რა გრძნობებზე?
იცი რა, როცა ქალთან, ჭეშმარიტ ქალთან გაქვს საქმე, შენც სხვანაირი ხდები - მაგარი! მაგარი ცოლი მყავს, გვიყვარს ერთმანეთი და მინდა ელემენტალურად ბედნიერები ვიყოთ, ჩვენც და ჩვენი შვილებიც.
უთვალავჯერ არა, მაგრამ ბევრჯერ მყვარებია. ყოფილა, რომ დაწყებულა ურთიერთობა და უცებ მივმხვდარვარ, რომ არა! ან მომბეზრდა და აღარ გამიგრძელებია. მალევე დამთავრებულა ისე, რომ არც კი დაწყებულა. გულიც უტკენიათ და გულიც მიტკენია. არ ვარ ანგელოზი.
მაგრამ მაინც, ეს კაცებიც კარგი ლენჩები არიან, რომ ამბობენ - აი, ქალი „დავკერე“... ვერც კი ხვდებიან, რომ აქეთ არიან „დაკერილები“. რადგან მაინც მგონია, რომ дамы приглашают кавалеров.
ერთზე შევთანხმდეთ, დევნა არაფრით არ შემიძლია. დევნა, გაბოროტება, მაინც ჩემი იქნები - არა, რა. გინდა ერთად ყოფნა? - კი ბატონო. არა? ჰოდა სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
10 წლის შემდეგ?
„ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. თუმცა, მინდა მეტად შეიცვალოს, გამრავალფეროვნდეს ცხოვრება. ტემპერამენტის და სურვილების შესაბამისად, ძალიან ჩაკეტილად ვცხოვრობთ. როგორც არასდროს, ისე ვფიქრობ იმაზე, რომ მინდა ფული ვიშოვო... არა, ლამბორჯინზე არ ვოცნებობ. უბრალოდ, არ მინდა ფიროსმანივით მოვკვდე კიბის ქვეშ. არ მინდა სიბერეზე საუბარი, ეს ძნელი შესაგუებელია ჩემთვის. ვიცი, რომ არ ვიქნები „ბულკი“ მოხუცი... ვიმოგზაურებ? არა მგონია. ვერ ვიტან ხელჩაკიდებულ სიარულს, აპარატებით, შორტებით და შავი სათვალეებით რომ დადიან და ყველა ტურისტი ერთმანეთს რომ ჰგავს. არა. მე, მინდა დიდი ენერგია მქონდეს ამბოხის, რაღაც ახლის შექმნის. არ მინდა გაზულუქებულ მოხუცს დავემსგავსო. თავგადასავლები მინდა. თავგადასავლები? რას ამბობ? რამდენიც გინდა. უბრალოდ, ეს რაღაც სპონტანურად გახსენდება ხოლმე, და როცა ყვები, თან უნდა ითამაშო, თან უნდა აკეთო რაღაცეები. ამის მოყოლა კი... დაახლოებით, გაზეთში ამოკითხულ ანეგდოტს ჰგავს.
მესიჯი
„არ მიყვარს ინტერვიუები, და ვერიდები. ვგიჟდები, როცა ერთი ადამიანი 11 ჟურნალს მისცემს ინტერვიუს და მერე, ყველა ერთადაა გამოფენილი. სულ მაინტერესებს, რა აქვთ ამდენი სალაპარაკო? რა უცხოვრიათ ამდენი, რომ ერთი ინტერვიუ არ იკმარეს?!
მესიჯს რაც შეეხება, არ ვიცი, არ მინდა ლოზუნგივით გამომივიდეს. რა? გამოფხიზლდით... იარეთ თეატრში თუ... ზოგჯერ ისეთი უგემოვნო მაყურებლი მოდის, რომ გული გისკდება. თითქოს ვერავის ვერაფრით ვერ ვშველით. ამ ქალაქში ყველა ერთმანეთს დაემსგავსა.
ინდივიდუალიზმია ნაკლები. ყველა ერთნაირად ლაპარაკობს, ერთნაირად მეტყველებს, გახარებაც ერთნაირი აქვთ, შეცხადებაც... რა არის ეს რაღაც „ტუსოვკები“, ახალგაზრდული კავშირები... მკვეთრად გამოხატულ ინდივიდს არანაირ „კოლექტივიზმში“ ყოფნა არ შეუძლია. როცა 200 კაციან გაერთიანებაში ხარ, მაშინ ასე ხდება: გამარჯვებაა? დაფნის გვირგვინი ყველაზე ნაწილდება, დამარცხებაა? ესეც ყველაზე ნაწილდება. აქ კი არაფერი გეხება, ხარ და არც ხარ! ასეთ უნიათო კოლექტივიზაციაში ყოფნას არ სჯობს, დიდ გამარჯვებას საკუთარი შრომით მიაღწიო?!.“
მსახიობი, რომელსაც სპექტაკლის დადგმა შესთავაზეს
- „ერთ ლექსს, რომ დაწერ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პოეტი ხარ. ჩემს თავს რეჟისორს არ დავარქმევ. ამას უფრო ჰქვია - მსახიობი, რომელსაც სპექტაკლის დადგმა შესთავაზეს. დღეს, „დარისპანის გასაჭირს“ თბილისში, რუსთაველის თეატრში ვაკეთებ და სავარაუდოდ, იანვრის ბოლოსთვის იქნება მზად. მართალი გითხრა, გამიჭირდა აქ მუშაობა. ყველაფერი რაღაცას მახსენებს, გონებით ხან სად ვარ და ხან - სად. მახსენდება მთელი ჩემი ბავშვობა, რომელიც თეატრში მაქვს გატარებული, ჩემი პირველი გამოსვლა სცენაზე... ამ დროს ვზივარ პარტერში, ველაპარაკები ჩემს კოლეგებს, ვლაპარაკობ განათებაზე, შემოდიან სცენის მუშები და მახსენდება, როცა მე თვითონ ვიყავი სცენის მუშა... მახსენდება თუ როგორ ვოცნებობდი ამ ზღაპრულ სამყაროზე, თეატრზე... და მეტი რა გითხრათ... თეატრში ვარ... ზღაპარში, დიდ ზღაპარში...“
P.S.
ტასო, ჯაბა, ზაზა, თინა და პატარა ნინო. 20/12/2005
![]() |
5 KISS |
▲back to top |
სპეც-პროექტი
ავტორი: ნიკო ტარიალაშვილი
![]() |
6 საშობაო ამბები |
▲back to top |
სპეც-პროექტი:
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
საახალწლო ზღაპარი, რომელიც მამუკა ბერიკამ მიამბო
- ხომ იცი, პირველად ცა ჩინეთში ააშენეს.
- რანაირად?
- ლამაზად. ჩვენი ხომ ფირუზისაა, ჩინური - იასპის. ეგ გრძელი ამბავია. ცა პირველად ჩინეთის თავზე ააშენეს, მზე იაპონიის თავზე ამოვიდა, ამიტომ ჰქვია ჩინეთს ცისქვეშეთი და იაპონიას - ამომავალი მზის ქვეყანა.
- აჰა.
- ჰო. ჰოდა, ცისქვეშეთის იმპერატორმა აღმოაჩინა, რომ ადამიანები რიცხვებს ძნელად იმახსოვრებდნენ და გადაწყვიტა, წლებისთვის ცხოველების სახელები დაერქმია. მაგრამ როგორ? ამქვეყნად ხომ უთვალავი ცხოველი არსებობს, ყველას სახელს როგორ დაარქმევდა, რიცხვების არ იყოს, ვინ იქნებოდა ამის დამმახსოვრებელი... ამიტომ მან გადაწყვიტა, ერთ დღეს ყველა ცხოველი და ფრინველი შეეკრიბა და შეერჩია, ვინ იქნებოდა წლის ცხოველი და ფრინველი.
შეკრიბა დიდმა იმპერატორმა ცხოველები და მათგან თორმეტი წლის ცხოველი გახდა. ვინც ვერ გახდა, სევდიანად წაჩანჩალდა თავის გზაზე, დანარჩენები კი ძალიან გაამაყდნენ და გაიბღინძნენ.
ერთი ის იყო, რომ რჩეულებსაც კი ჩხუბი მოუვიდათ. ასე, ხარი აღშფოთდა, თაგვი ვინ მიგდია, რომ მისი წელი ჩემსაზე ადრე დგებაო?
„ნახეთ, რამხელა ვარ, როგორი რქები მაქვს, როგორი ჩლიქები, როგორ მოხდენილად ვიქნევ კუდს. ჩემს იმედადაა მთელი კაცობრიობა, მე რომ არა, ადამიანებს შიმშლით ამოხდებოდათ სული. მე ძალიან მაგარი ვარ, ტყუილად კი არ მქვია ხარი, სიხარული ვარ, სიხარული ისაა, რაც ხარისგან მოდის...“
პრინციპში, ხარი არ ტყუოდა, სად ხარი და სად - თაგვი... მაგრამ თაგვი აწრიპინდა და თქვა:
„არაფერიც! მე უფრო დიდი ვარ. თუ ჩემი არ გჯერათ, აი, წავიდეთ და ადამიანებს ვკითხოთ. წლები ხომ, ბოლოს და ბოლოს, ადამიანებისთვისაა და არა ჩვენთვის. ჩვენ რა...“
„ეგეც მართალია,“ თქვა იმპერატორმა, და ყველანი უახლოესი სოფლისკენ დაიძრენ. წინ ხარი მიდიოდა, იმას ყველა ხედავდა, დანარჩენები კი, იმპერატორის ნებით, უხილავები იყვნენ.
- ეგ იმპერატორი რა, ჯადოქარი იყო?
- აბა, რა! ნამდვილი იმპერატორი ჯადოქარი უნდა იყოს, ბრძენი, მოწყალე, გულუხვი და უჩინარი.
ჰოდა, ხარის დანახვაზე ყველა ადამიანმა თქვა:
„რა ლამაზი ხარია! როგორი ლამაზი რქები აქვს! ნეტა, ასეთი ხარი მომცა!“
„აი!“ - თქვა ხარმა, „ხომ ხედავთ, როგორი მაგარი ვარ?“
ამ დროს თაგვმა ისკუპა და ხარს ზურგზე შეახტა.
„ვაი!“ - აყვირდნენ ადამიანები. „რამხელა თაგვია! რამხელა თაგვია!“
თაგვმა იმპერატორს ამაყად გადახედა და იმასაც რაღა დარჩენოდა, აღიარა, რომ თაგვი ხარზე დიდი იყო - დემოკრატი კაცი იყო, ხალხის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის...
მოკლედ, ამ თორმეტ რჩეულშიც დიდი დაგა-დაგა იყო გამართული, განსაკუთრებით კი ერთმანეთს მამალი და დრაკონი დაეტაკნენ.
საქმე ისაა, რომ იმ შორეულ დროს მამალს, ყველა სიკეთესთან ერთად, თავს ლამაზი, გრეხილი რქები უმშვენებდა, დრაკონს კი პატარა, მელოტი თავი ჰქონდა. არჩევნების წინა დღეს დრაკონმა მამალს საქათმეში მიაკითხა და უთხრა:
„როგორი ლამაზი ხარ! აუცილებლად აგირჩევს იმპერატორი, შენისთანა მშვენიერ ფრინველს როგორ ვერ შენიშნავს!“
დრაკონი მლიქვნელი იყო და ეშმაკი, მამალი კი - შტერი, კი ლამაზი და რქიანი თავი ჰქონდა, მაგრამ ერთი ციცქნა, და ერთი ციცქნა ტვინი ჰქონდა შიგ. ამიტომ მან სასწრაფოდ დაიჯერა, რომ ულამაზესი იყო და დრაკონს მოწყალედ უთხრა:
„შენც რა გიშავს“.
„რაღა რა მიშავს,“ ამოიოხრა დრაკონმა. „ნახე, რა საზიზღარი თავი მაქვს, თავი კი არა, ურჩხულია. ჰოდა, ვიფიქრე, რქები რომ მქონდეს, ძალიან მომიხდებოდა. ცოლი მე არ მყავს, რომ ვინმემ თქვას, რქიანიაო... ისე, შენზე არ ამბობენ ხოლმე? ხომ იცი, იმპერატორს უთქვამს, მხოლოდ ზნეობრივად მდგრადი ოჯახებიდან ავირჩევო წელიწადებს...“
მამალი ძალიან შეშფოთდა და თავის ქათმებს გადახედა. დედლები აღელდნენ და დრაკონს შეუტიეს, აბა, რას ბოდავო, მაგრამ, ხომ გეუბნები, მამალი ბრიყვი იყო და იფიქრა, ვისა აქვს შარის თავიო, და თავისი რქები დრაკონს გადაულოცა. ღვთის წინაშე, ეს ამბავი ორივეს მოუხდა, მამალსაც და დრაკონსაც.
მაგრამ მეორე დღეს დრაკონის წელი მამლის წელზე ადრე გავიდა! ძალიან იდარდა მამალმა და მეორე დილას დრაკონის სახლთან, ყვითელ მდინარესთან მიკაკანდა:
„ძმაო დრაკონო, დამიბრუნე ჩემი რქები!“
შენც არ მომიკვდე. დრაკონს რქები საშინლად მოეწონა, სხვებმაც მოუწონეს და აბა, ამას დათმობდა?! ამიტომ განაბული იწვა ფსკერზე და მხოლოდ იმას ფიქრობდა, ნეტა დროზე ჩაგიწყდეს, მამალო, ეგ საშინელი ხმაო.
მას აქეთია, დრაკონი დედამიწაზე აღარავის უნახავს, ეშინია, რომ მამალი რქებს მოამტვრევს. მამალი კი ყოველ დილას იძახის:
„ძმაო დრაკონო, დამიბრუნე ჩემი რქები!“
ოღონდ მამლურ ენაზე იძახის. მამლურს უამრავი დიალექტი აქვს, ამიტომ ეს სიტყვები ყველა ენაზე სხვადასხვანაირად ჟღერს. ქართულად „ყიყლიყოა“, გერმანულად „კიკრიკი“... შეიძლება, დრაკონს, უბრალოდ, შინაარსი არ ესმის და რქებს იმიტომ არ უბრუნებს. კაცმა არ იცის.
ისე, ამ წელს მამალი ცოტა მიჩუმებულია, მისი წელია და არ სცალია რქებისთვის სანერვიულოდ, პრანჭვით სკდება. მომავალი წლიდან კი ძაღლი მოვა და ისევ გამწარებით აყივლდება, თან აურევს, ხან ნოტები დაავიწყდება, ხან ტექსტი...
ილუსტრაცია: თინათინ სამადაშვილი
„დებიუტის“ ფინალისტი
ამბავი, რომელიც ბიძინა მაყაშვილმა მიამბო
როგორ აღმოჩნდა ის კაცი დუბნაში, სრულიად გაუგებარია. შესაძლოა, კარგი სპეციალისტი იყო, მაგრამ რუსული სიტყვა არ იცოდა, კახელი ბრძანდებოდა.
ის იყო სოფლიდან, სადაც, ანეკდოტის თანახმად, აფიშა იყო გაკრული:
„ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს - შექსპირის „ოტელო“. ოტელოს როლში - მიხო. დეზდემონა: ორშაბათს - მარო, სამშაბათს - ელო, ოთხშაბათს...“
დღეს ეს კაცი დასავლეთ ევროპის ერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობს და მხოლოდ მოსავლის ასაღებად ბრუნდება ხოლმე მშობლიურ სოფელში.
მაშინ კი, დუბნაში ყოფნისას, საახალწლოდ სახლში დარეკვა და შინაურების მოკითხვა განიზრახა. საბჭოთა დრო იყო, საქალაქთაშორისო საუბარი უნდა შეგეკვეთა, სხვაგვარად არ გამოვიდოდა.
და მანაც დარეკა. „საქართველო“ კი გაიგეს, მაგრამ მისი სოფლის დასახელება - თოხლიაური - ვერა, და ტელეფონისტმა სთხოვა, ასო-ასო მიკარნახეო.
იმანაც დაიწყო: „თამარა, ოთარი...“ მესამე ასოზე დამსწრე საზოგადოება გაინაბა, ჩვენმა გმირმა კი გამოსავალი მონახა: „ხვთისო!“
მერე კი დაბნეულმა მოიხედა და მეგობრებს შესჩივლა:
„დამიკიდა...“
ილუსტრაცია: ვაჟიკო ჩაჩხიანი
„დებიუტის“ ფინალისტი
საშობაო ამბავი: ადგილი სამოთხეში
პაულო კოელო
მრავალი წლის წინათ, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთი წყვილი ცხოვრობდა, ძალიან ღარიბი, ერთი ქათმის ანაბარა. ისინი ერთი ქათმის დადებული კვერცხებით ირჩენდნენ თავს.
მაგრამ მაინცდამაინც საშობაოდ, ქათამი მოკვდა. ქმარს სულ რამდენიმე გროში ებადა, რაც საშობაო ვახშმისთვის ნამდვილად არ იყო საკმარისი, და მან დახმარებისთვის სოფლის მღვდელს მიმართა.
იმის ნაცვლად, რომ ფული მიეცა, მღვდელმა დაარიგა:
„ღმერთი არასოდეს მიხურავს კარს ისე, რომ ფანჯარა არ გამოაღოს. შენი ფულის პატრონი მაინც ვერაფერს შეიძენ, ჰოდა, გადი ბაზარზე და პირველივე ნივთი იყიდე, რომელსაც შემოგთავაზებენ. მე დავლოცავ ამ საქმეს და ვინაიდან შობა სასწაულების ჟამია, ისეთი რამ მოხდება, რაც შენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის“.
კაცი არ იყო დიდად დარწმუნებული, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ მაინც ბაზრისკენ გაეშურა. ერთმა ვაჭარმა შენიშნა, რომ უმიზნოდ დაიარებოდა და ჰკითხა, რას ეძებო.
„არ ვიცი. ფული დიდად არა მაქვს, მაგრამ მღვდელმა მითხრა, პირველივე ნივთი იყიდე, რასაც შემოგთავაზებენო“.
ვაჭარი ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ მაინც არასოდეს უშვებდა ხელიდან იმის საშუალებას, რომ რამე, თუნდაც პატარა მოგება ენახა. მან კაცის რამდენიმე გროში ჩაიჯიბა და სამაგიეროდ ქაღალდის ფურცელზე დაწერილი რამდენიმე სიტყვა მიაჩეჩა.
„მღვდელი მართალი იყო. მე კეთილი გული მაქვს და აი, ამ დღესასწაულზე ჩემს ადგილს მოგყიდი სამოთხეში. აი, დეედს! „
კაცმა ქაღალდი აიღო და წავიდა, ვაჭარი კი ამაყი იყო, რომ კიდევ ერთი სარფიანი გარიგება გაჩარხა. იმ ღამეს, როცა თავის მსახურებით სავსე სახლში დღესასწაულისთვის ემზადებოდა, მან ეს ამბავი თავის ცოლს უამბო, იმით კმაყოფილმა, რომ თავისი მკვირცხლი აზროვნების წყალობით კიდევ უფრო გამდიდრდა.
„სამარცხვინოა!“ უთხრა ცოლმა. „თან იმ დღეს როცა იესო დაიბადა! ახლავე მიაკითხე იმ კაცს და ქაღალდი დაიბრუნე, თორემ ამ სახლში საჭმელი აღარასოდეს გეღირსება!“
ცოლის რისხვით დაშინებულმა ვაჭარმა გადაწყვიტა, ისე მოქცეულიყო, როგორც ქალმა უთხრა. დიდი გაკითხვ-გამოკითხვის შემდეგ მან კაცის საცხოვრებელს მიაგნო. როცა შევიდა, აღმოაჩინა, რომ ცოუპლე მაგიდასთან იჯდა, რომელიც მთლიანად ცომპლეტელყ ბარე აპარტ ქაღალდის ფურცლით.
„იმიტომ მოვედი, რომ არასწორი საქციელი ჩავიდინე,“ თქვა ვაჭარმა. „აი, შენი ფული. დამიბრუნე, რაც მოგყიდე“.
„არასწორად არაფერი გაგიკეთებია,“ მიუგო კაცმა. „მე მღვდლის ნებას დავყევი და ვიცი: რაც თქვენგან ვიყიდე, კურთხეულია“.
„მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდის ფურცელია. სხვა თუ არაფერი, სამოთხეში თავის ადგილს ვერავინ ვერავის ვერ მიჰყიდის. თუ გინდა, ორმაგ ფასს დაგიბრუნებ“.
მაგრამ ღარიბ კაცს სასწაულების სწამდა და გარიგებაზე არ დათანხმდა. ვაჭარმა იმდენი ივაჭრა, სანამ თანხამ ათ ოქროს არ მიაღწია.
„არ მაწყობს,“ თქვა კაცმა. „ჩემი ცოლი რომ ისე ვაცხოვრო, როგორც ეკადრება, ასი ოქრო მჭირდება. შობა ღამისგან ამ სასწაულს ველოდები“.
ვაჭარი შეწუხდა და იცოდა რა, რომ თუ უფრო მეტად შეყოვნდებოდა, მის სახლში არავინ ივახშმებდა და არც შუაღამის წირვას დაესწრებოდნენ, ვაჭარი ვაჭრობას მორჩა, ასი ოქრო გადაიხადა და ქაღალდი დაიბრუნა. რამდენადაც წყვილი წერე ცონცერნედ, სასწაული მოხდა. სასწაული დატრიალდა ვაჭრის თავსაც, მან ცოლს შეუსრულა საწადელი. ვაჭრის ცოლი, თავის მხრივ, ეჭვებში ჩავარდა. მეტისმეტად მკაცრად ხომ არ მოექცა თავის ქმარს?
როცა შუაღამის წირვა დასრულდა, ვაჭრის ცოლი მღვდელს მიუბრუნდა და მთელი ეს ამბავი მოუთხრო.
„მამაო, ჩემი ქმარი ერთ კაცს შეხვდა, რომელმაც უთხრა, თითქოს თქვენ მისთვის გეთქვათ, წადი ბაზარზე და პირველივე ნივთი იყიდე, რომელსაც შემოგთავაზებენო. ჩემმა ქმარმა დაინახა, რომ იოლად იშოვნიდა ფულს და ფურცელზე დაუწერა, სამოთხეში ჩემი ადგილი მოგყიდეო. მე ჩემს ქმარს ვუთხარი, ამაღამ ამ სახლში ვახშამს ვერ ეღირსები, თუ იმ ქაღალდს არ დააბრუნებ-მეთქი, და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მან ამ ქაღალდში ასი ოქრო გადაიხადა. მეტისმეტი მომივიდა? შესაძლებელია, რომ სამოთხეში ადგილი ამდენი ღირდეს?“
„პირველ რიგში, შენს ქმარს იმის უნარი აღმოაჩნდა, რომ ამ, ქრისტიანული კალენდარის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, დიდი გენეროსიტყ გამოიჩინა. მეორე ისაა, რომ ის ღვთის იარაღი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც სასწაული დატრიალდა. შენს კითხვაზე პასუხად კი მოგახსენებ: როცა მან ზეცაში თავისი ადგილი რამდენიმე გროშად გაყიდა, მისი ადგილი ამდენიც არ ღირდა; ხოლო როცა მან ის ას ოქროდ დაიბრუნა, მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ცოლი გაეხარებინა, გარწმუნებ, მისი ფასი დიდად, დიდად გაიზარდა“.
(დევიდ მანდელის ჰასიდური ამბის მიხედვით)
იბეჭდება პაულო კოელიოს ლიტერატურული აგენტის ნებართვით და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორის, თინა მამულაშვილის წყალობით
ილუსტრაცია: ლადო ონიანი
„დებიუტის“ ფინალისტი
ამბავი, რომელიც ლაშა ბაქრაძემ მიამბო
მთები, ტბა... ორი ბრგე შვეიცარელი მამაკაცი ნავით მიცურავს.
ნიჩბებს ჩინებულად ხმარობენ. ნავი მისრიალებს. წყალში მთები ირეკლება.
ერთი დუმილს არღვევს.
„კარგია შობა,“ ამბობს ის.
კვლავ დუმილი. მხოლოდ ნიჩბების მოსმის ხმა ისმის. ოციოდე წუთში ისმის პასუხი:
„კი. სქესობრივი ურთიერთობაც კარგია“.
ნახევარ საათში პირველი მიუგებს:
„კი. მაგრამ შობა უფრო ხშირია“.
ასე მიცურავენ კამკამა ტბაზე, რომელშიც სამშობლოს მთები ირეკლება, და უხარიათ, რომ სულ მალე, ჰა-ჰა, სამ-ოთხ თვეში, შობის ბრწყინვალე დღესასწაული დადგება.
ილუსტრაცია: ელენე ნავერიანი
„დებიუტის“ ფინალისტი
ერთ შობა ღამეს
ანა კორძაია-სამადაშვილი
იმ მხარეს მხოლოდ ზამთარში შეეხედება, ისიც - საშობაოდ, ისიც - ჩემისთანასთვის, რომელსაც ბრიყვულად მიაჩნია, რომ თოვლიანი ზამთარი საოცრად რომანტიკულია და წვრილ ბურჟუათა ფანჯრებში გამოდგმული სანათურები კარგი სანახავია. ესეც პირველ შობას მეგონა, მერე კი... მაგრამ საშობაოდ რად უნდა დაგზაფროთ, მოდი, კარგს გიამბობთ.
კერძოდ, იმას, რომ იმხანად, ანუ იუგოსლავიის კონფლიქტის დროს, იმ მხარეში არამარტო ყოფილი საბჭოელები ჩასუნსულდნენ, არამედ კოსოვოელებიც ბლომად იყვნენ, საბჭოელებზე ბლომადაც კი. მათ შორის იყო ერთი მომხიბვლელი არსება, ლილიანა, შავი, გრძელცხვირა, ყოფილი კორდებალეტის მოცეკვავე და, როგორც ჩრდილოეთის მკვდირთა ავი ენები სისინებდნენ, სტრიპტიზის ვარსკვლავიც. ერთი ისაა, რომ ლილიანას ცეკვა ვერასოდეს ვნახე, სულ არ ეცეკვებოდა, დამლაგებლად მუშაობდა იმ სახლში, რომლის ყოფილ მფლობელსაც, როგორც ჩანს, მეტისმეტად უყვარდა ამერიკული კინო და ნატიფი ფსიქიკაც ჰქონდა - ერთ მშვენიერ დილას ნაგვის კონტეინერშიც იპოვნეს მკვდარი, თავი მოიკლა, და ვინაიდან სახლის მომდევნო მკვიდრებიც ვერ იყვნენ ყოჩაღად, იფიცებოდნენ, ახლაც აქაა, უბრალოდ, არ ჩანსო.
ლილიანამ ეს ამბავი, ცხადია, იცოდა და სულ არ უხაროდა, მაგრამ კოსოვოს მაინც ერჩივნა და ცხოვრობდა ასე, დიდი სახლის სიახლოვეს, პატარა, კოხტა კოტეჯში, ტყის პირას. დღისით სახლს ალაგებდა, ღამით კი კოტეჯში მიდიოდა და დაძინებას ლამობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა ხოლმე: სულ ბნელოდა, და ლილიანას დღე-ღამე აერია.
იმ ქვეყნის მკვიდრები შობა ღამესაც არ იფუჭებენ თავს, დროზე იძინებენ, და ამიტომაც იყო, რომ ლილიანას ერთიათად წაუხდა გუნება. კაი, დაალაგა, კაი, აალაგა, ჩახეხა, გარეცხა - მერე? წაჩანჩალდა თავის კოტეჯში და იმის გამო, რომ აღარ იცოდა, რა ექნა, ბანაობა გადაწყვიტა.
და აი, მყუდრო, თოვლში ჩაფლული მიდამო ქალის კივილმა შეძრა. ქალი კიოდა არაადამიანურ ხმაზე, უწყვეტლივ, და ჩემი თვალით ვნახე, როგორ გარბოდნენ ლილიანას კოტეჯისკენ აუღელვებელი ვიკინგები: ქალები გზადაგზა ღამის პერანგებში იბლანდებოდნენ და თოვლში ცვიოდნენ, მამაკაცები შარვლის ტოტში ფეხის გაყრას ლამობდნენ, ადამიანები ყვიროდნენ, ძაღლები ყეფდნენ, და ყველა ხმას ლილიანას სასოწარკვეთილი ძახილი ფარავდა.
პირველები კოტეჯში მამაკაცები შეცვივდნენ, მამაცურად - და ისინიც აყვირდნენ. არაფრით ჩამორჩებოდნენ ლილიანას. და არცაა გასაკვირი, რადგან მოცეკვავე დამლაგებლის საძინებელი ოთახის ფანჯარაში ჯოჯოხეთურ ქმნილებას ჰქონდა თავი შეყოფილი. ურჩხულს უგრძელესი, კიტრივით თავი ჰქონდა, გიგანტური რქები, პატარა, წითელი, ავი თვალები. ის დაუფარავი ინტერესით შესცქეროდა მოღრიალე არსებებს, შემდეგ კი ერთი ამოიხვნეშა, თავი გაიქნია და ტყეში გაბრუნდა, ტბისკენ, ტოტების ლეწვითა და თავის ქნევით.
„ცხენირემი ყოფილა!“ გაუხარდა ერთ ადგილობრივს. „მაგარი წელი ექნება ლილიანას! მაგას ბედნიერება მოაქვს!“
არ ვიცი, რა მოუტანა ლილიანას ცხენირემმა. ერთი კია, რომ მეორე დილას წიხლით ჩატენა ზურგჩანთაში თავისი ავლა-დიდება და სამშობლოში დაბრუნდა. მას მერე აღარც მინახავს და აღარც მისი ამბავი მსმენია. იმედია, გაუმართლა. მაინც საშობაო ზღაპარია და ხომ კარგად უნდა დავამთავრო...
ილუსტრაცია: გიორგი ცაგარელი
„დებიუტის“ ფინალისტი
![]() |
7 1906 ასი წლის წინ |
▲back to top |
სპეც-პროექტი:
ავტორი: გიორგი კალანდია
სომეხი და ქართველი ქალი ართვინში (ვაშინგტონის კოლექცია)
სერგეი პროკუდინი მამუკასთან (ვაშინგტონის კოლექცია)
ფოტოგრაფი სერგეი პროკუდინ-გორსკი
ფოტოები, რომლებიც თქვენს წინაშეა, საქართველოში პირველად იბეჭდება. ისინი 1909-1915 წლებს შორისაა გადაღებული და ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პირველი ნიმუშებია. ავტორი ჩვენში ნაკლებად ცნობილი სერგეი პროკუდინ-გორსკია. იგი რუსეთში დაიბადა და ბავშვობა საკუთარ მამულში, ფუნიკოვის მთაზე გაატარა. დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სადაც მენდელეევის ლექციებს ისმენდა. შემდეგ პარიზსა და ბერლინში ქიმიას ეუფლებოდა. 1898 წელს პროკუდინ-გორსკი „რუსეთის საიმპერატორო ტექნიკური საზოგადოების“ წევრი გახდა, სადაც ნოვაციური თეორია „ვარდნილი ვარსკვლავების (ვარსკვლავთა წვიმის) ფოტოგრაფირება“ შეიმუშავა.
1902 წლის 13 დეკემბერს გორსკიმ პირველმა გამოაცხადა ფერადი დიაპოზიტების შექმნის შესახებ, რომელიც სამფერი ფოტოს საშუალებით მიიღებოდა და მის მიერ გამოგონილი სენსიბილიზატორის გამო, პატენტი მიიღო კიდეც.
მალე იგი რუსეთის ხელისუფლებას გრანდიოზულ იდეას სთავაზობს, გორსკი მზადაა ფერად ფირზე იმდროინდელი იმპერია, მისი კულტურა, ტიპაჟები და ყოფა ასახოს. 1909 წელს ფოტოგრაფი ნიკოლოზ II-ს შეხვდა და მისგან საგანგებო ნებართვა მიიღო. იდეის განსახორციელებლად, გორსკის სპეცვაგონი გამოუყვეს და ხელმწიფის „ღრამოტა“ გადასცეს. მას ყველაფრის, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების გადაღების უფლება ჰქონდა.
სწორედ ამ პერიოდში ეწვია იგი საქართველოს, მან თითქმის ყველა რეგიონი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი და იმერხევიც კი მოიარა. გადაიღო ქალაქები, ქარხნები, ადამიანები, ტაძრები, ბუნება და თევზებიც კი (სულ 200-ზე მეტი ფოტო).
1917 წლის წლის რევოლუციის შემდეგ, გორსკიმ საკუთარ უნიკალურ კოლექციასთან ერთად, რუსეთი სამუდამოდ დატოვა, თუმცა ფოტოების ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში მაინც დარჩა. ისინი დადიანების სასახლეშია დაცული და მათი არსებობა მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას აქტების შესწავლის შემდეგ გახდა ცნობილი. ერთ-ერთ ნეგატივს დღემდე შემორჩა ავტორისეული წარწერა „С.Горск“. დანარჩენი ფოტოები აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება, რომლებიც 1948 წელს მემკვიდრეებისგან შეიძინეს. ამერიკული კოლექციის ძირითად ნაწილს უცხოეთში კარგად იცნობენ, ქართული ფირები კი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. ჩვენს პუბლიკაციაში ორივე კოლექციის ნიმუშები იბეჭდება, რაც არა მარტო მოყვარულთათვის, არამედ სპეციალისტებისთვისაც მოულოდნელობა იქნება.
ფერადი ფოტოგრაფიის გორსკისეული მეთოდი ბოლომდე არაა ამოხსნილი, თუმცა ცნობილია, რომ ავტორი ჩვეულებრივ შავ-თეთრ შუშის ფოტოფირებსა და საკუთარი კონსტრუქციის ფოტოაპარატს იყენებდა; ლურჯი, წითელი და მწვანე ფილტრების საშუალებით, იგი ერთსა და იმავე სიუჟეტს ერთმანეთის მიყოლებით ძალიან სწრაფად აფიქსირებდა. გადაღების შემდეგ, სამი შავ-თეთრი პოზიტივი გამოდიოდა, მათ გორსკი შესაბამისი სინათლის ფილტრითა და პროექციით აცოცხლებდა და ფერად სლაიდებს აჩვენებდა. ქაღალდზე ბეჭდვისთვის კი სამივე ფირი ერთმანეთს ედებოდა, ერთად მჟღავნდებოდა და ლითოგრაფიის საშუალებით იბეჭდებოდა.
სიტყვა ნამდვილად გამიგრძელდა, ფოტოების შემხედვარე ვგრძნობ, რომ საუბარი ზედმეტია. ამიტომ, ისღა დამრჩენია, ფერად წარსულში სასიამოვნო მოგზაურობა გისურვოთ.
> > >
დაღესტნელი დედა-შვილი საქართველოს მოსაზღვრე სოფელში (ვაშინგტონის კოლექცია)
დაღესტნელი ქალები საქართველოს მოსაზღვრე სოფელში (ვაშინგტონის კოლექცია)
ქართველი ქალი (ვაშინგტონის კოლექცია)
ბამბუკი „მოოზო“ ჩაქვში (ვაშინგტონის კოლექცია)
ბუხარელი ჩინოვნიკი (ვაშინგტონის კოლექცია)
სამარყანდელი ქალი (ვაშინგტონის კოლექცია)
გაგრა (ვაშინგტონის კოლექცია)
ეკატერინეს წყარო ბორჯომში (ვაშინგტონის კოლექცია)
ჩაქვის ჩინური ჩაის ფაბრიკის მეპატრონე ოსტატი ლაუ-ძენ-ძაუ (ვაშინგტონის კოლექცია)
ბერძენი ჩაის მკრეფავები ჩაქვში (ვაშინგტონის კოლექცია)
ბუხარის ემირი (ვაშინგტონის კოლექცია)
ნესვებით მოვაჭრე სამარყანდში, ან თბილისში (ვაშინგტონის კოლექცია)
თბილისი მამა დავითის მთიდან (ვაშინგტონის კოლექცია)
აქლემებით თბილისში (ვაშინგტონის კოლექცია)
კათოლიკე სომეხი ქალი ართვინში (ვაშინგტონის კოლექცია)
დაღესტნელი წყვილი (ვაშინგტონის კოლექცია)
ბორჯომის გაგზავნა იმპერატორთან, ბორჯომი (ვაშინგტონის კოლექცია)
მანქანით (ზუგდიდის კოლექცია)
![]() |
8 ამ მთისა და იმ ბარისა |
▲back to top |
ცოტნე ჯავახიშვილი
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ცოტნე ჯავახიშვილი სკოლის დამთავრების აღსანიშნავად. 1976 წელი.
„ცვლილებათა წიგნში“, რომლის მთლიანად წაკითხვის და მით უმეტეს, გაგების ყოველი მცდელობა მარცხით დამიმთავრდა, და თავს იმით ვინუგეშებ, რომ ის დიდ-დიდ სინოლოგებსაც არ ესმის მაინცდამაინც, ერთი ბრძნული წინადადება ამოვიკითხე, რომელსაც სულ წაღმა-უკუღმა ვატრიალებ: „ყველაფერი იცვლება“.
მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ზოგი რამ მხოლოდ მერე შეიცვლება, მერე, როცა ჩემთვის ამას აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება. მაგალითად, ცოტნე ჯავახიშვილი. ის არის მეცნიერი - ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე, - მთამსვლელი, მფრინავი და ძალიან კარგი კაცი. მეტი რაღა.
„თინანო ჩემო,“ მივმართე მის ქალიშვილს, თინათინს, „ცოტნე რომ მამაშენი არ იყოს, როგორ დაახასიათებდი, რა კაცია?“
ცუდი კითხვაა, წესით, სრულიად გაუმართლებელი, მაგრამ პასუხმა გაამართლა:
„სრულიად არარელიგიური ადამიანი, რომელმაც ბევრი ოცნება აისრულა“.
და მეც ვიფიქრე: ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება საახალწლოდ გიამბოთ, არის ამბები ადამიანისა, რომელმაც ბევრი ოცნება აისრულა: უნდოდა გამხდარიყო მეცნიერი - და გახდა; უნდოდა მთაში სიარული - მთამსვლელი იყო და დღემდე მთაში დადის; უნდოდა ფრენა - და გაფრინდა.
ცხადია, ცოტნე ჯავახიშვილი კვლავ ოცნებობს - და ამ ოცნებებსაც აისრულებს. აუცილებლად აისრულებს. აი, ნახავთ, თუ არა.
ცოტნე ჯავახიშვილი ნორჩი გეოლოგების შეკრებაზე. 1974 წელი.
ეს ტენდენცია, საკმაოდ ძლიერი, 80-იან წლებში დაიწყო, 90-იანებში კი პიკს მიაღწია: უნივერსიტეტებიდან და წმინდა წყლის კვლევითი ინსტიტუტებიდან ბიოტექნოლოგიურ „სექტორში“ ინტელექტის და ტექნიკური პერსონალის გადმოქაჩვა ხდებოდა. მეც ამ ტალღაში მოვყევი.
ამ პოლიტიკის შედეგიანობის დასამტკიცებლად რამდენიმე მაგალითიც საკმარისია. ასე, მოლეკულურ ბიოლოგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რევოლუცია სწორედ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში მოხდა: კერი მალისმა ე.წ. PCR, „პი-სი-არ“ ტექნოლოგია „გამოიგონა“ - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, რაშიც 1993 წელს ნობელის პრემიაც მიიღო (ქიმიაში). ამ მასშტაბისა თანამედროვე ბიოლოგიაში არაფერი მომხდარა, და არა მგონია, მალე მოხდეს.
თვით სიდნი ბრენერიც კი, ვინც თავის დროზე ფრენსის კრიკთან ერთად დაადგინა, რომ გენეტიკური კოდი ტრიპლეტურია, ბოლო ხანებში პატარა ბიოტექში მუშაობდა, „ლინქსი“ ერქვა (ნობელის პრემია ბრენერმა სხვებთან შედარებით გვიან, 2002 წელს მიიღო). მე გამიმართლა, მას არამარტო ჩვენს საერთო სემინარზე შევხვდი, არამედ ერთი პატარა, უმნიშვნელო მოხსენებაც კი გავაკეთე, როცა ის იქვე ოთახში იჯდა და ყურადღებით მისმენდა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო და თანაც დიდი სიხარული, რადგან როგორც ყველა ყოფილ საბჭოთა კავშირელ „ნევიეზდნოი“ სტუდენტს, ასეთ თავისუფლებაზე ადრე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო. თანაც მალისიც, კრიკიც და ბრენერიც სან დიეგოს ერთ პატარა ნაწილში - ლა ჰოიაში ცხოვრობდნენ და ხშირად „ჩანდნენ“ ხოლმე.
სან დიეგო ერთგვარი მექაა ბიოლოგებისა - პატარა ბიოტექ-კომპანიების, დიდი უნივერსიტეტის და გიგანტური ბიო-სამედიცინო კლინიკების და ინსტიტუტების ეფექტური ალიანსი. ე.წ. ჩემმა თაობამ (ჩემი ჩათვლით) მოღვაწეობა კალიფორნიის უნივერსიტეტებში დაიწყო, მერე კლინიკებში გადაინაცვლა და ბოლოს ბიოტექებში გააგრძელა.
ახლა რაზე ვმუშაობ? ამის დეტალურად აღწერა არ ღირს, და, პრინციპში, რადგან ჩვენი კომპანია კომერციულია, არც მაქვს უფლება, ოფიციალური ინფორმაციის გარდა რამე ვთქვა. ზოგადად: ეს არის გენომებისა და გენეტიკური კოდის მანიპულაცია ისე, რომ ხდება მისი „ექსპანსია“ და სიცოცხლე ახალ თვისებებს სელექტიურად იძენს „არაბუნებრივი“ ელემენტების დამატებით, უფრო სწორად-ჩამატებით.
ცხადია, კლონირება და მოლეკულური ტექნოლოგიები ასეთ საქმეებში უხვად გამოიყენება და რამდენიმე წლის წინ ჩვენ იმ პროტესტის ტალღაშიც მოვყევით, რასაც გაუგებარი კატეგორიის ხალხი - ძირითადად, კონსერვატორები, რელიგიის მიმდევრები და უსაქმურები - ენერგიულად აგორებდა. რა უნდოდათ, კარგად თვითონაც არ ესმოდათ, აი, რუსულად როა ნათქვამი, слышит звон да не знает откуда он, ეგრე იყო.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთი ჩემი კოლეგა და მეგობარი ტომ ბრეი და მე ადგილობრივ ტელევიზიაში აღმოვჩნდით, მაგრამ დისკუსია მალე ლანძღვა-გინებაში და მუქარაში გადაიზარდა. ჩვენ წამოვედით და ამიტომ მოწინააღმდეგეებისთვის ის უშედეგოდ დამთავრდა.
ეს ამბავი ეძღვნება გოგი დემეტრაძეს. ამერიკაში ახალი ჩასული ვიყავი, ვაშინგტონის ერთ-ერთ კოლეჯში. სამი სტუდენტი მყავდა - ერთი იაპონელი გოგო, მიკა, და ორი ამერიკელი ბიჭი - ჯეფი და დიკი, დიკი და ჯეფი კლასელები იყვნენ, სკოლაშიც ერთად სწავლობდნენ. ვსხედვართ ერთხელ ბაღში, ყავას ვსვამთ. კალათბურთზე და კრივზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ვინც კი გამეგონა, ყველა ვახსენე - კლეი და ფრეზერი და ფორმანი, მანილას ამბები, ჩემბერლენი და რასელი და ვესტი და მაჯიკა და ლარი და კიდევ სხვები, ბეიბ რუთიც კი. ყოჩაღ შენო, შემაქეს, როგორ გცოდნია სპორტის ამბებიო. გავთამამდი. აბა, თქვენნაირი ხომ არ ვიქნები, სპორტის ამერიკული სახეობების იქით რომ ვერ იყურებით-მეთქი. თავი ჩაქინდრეს, თან ყურადღებით მისმენდნენ - მაინც მათი პროფესორი ვიყავი. აი, ნამდვილი ფეხბურთი საერთოდ რომ არ იცით-მეთქი, აღარ გავჩერდი. მაგალითად, პელე გაგიგონიათ-მეთქი? - მკაცრად ვკითხე. პელე რომელი, დაბალი შავი მასტი რო არიო? - მკითხა დიკმა. „short black dude“ - ზუსტად ასე თქვა. ცოტა შევცბი, და თურმე ჯერ სადა ხარ. მაგასთან ფეხბურთი მითამაშიაო, მითხრა. პირი დავაღე. შემატყო, რომ არ დავუჯერე. აი, ჯეფს ჰკითხეო. ჯეფმაც დაუმოწმა, და სხვათა შორის დააყოლა - ბოლოს რომ ჩამოვიდა ჩვენთან, სკოლაში, კიდევ ერთი სათვალიანი, ხუჭუჭთმიანი გერმანელი ჩამოიყვანა, ბეკენრაღაცა გვარიო. დიკი პელეს გუნდში იყო, და მე იმ გერმანელისო. ეგენი სულ დაძრწოდნენ სკოლებში და ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშებოდნენო.
ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი გრძნობები კომკავშირლების მიმართ არ იყო გადამეტებული და რომ მართლები ვიყავით, როცა შუა პლეხანოვზე ანუ ჩვენს უბანში...
19 თებერვალი, 1981 წელი. ცოტა თოვლიც იდო, ციოდა. უნივერსიტეტის დარბაზში ფეხბურთს ვთამაშობდით. გვიან იყო უკვე. დაგვადგა თავს ჩვენი მეგობარი ლევან კარტოზია - მე საქორწინო მოგზაურობიდან ჩამოვედი და თქვენ კიდე თამაშობთო. რას ვიზამდით, ჩავიცვით, წავედით, მივედით.
გვეტაკა თამადა - ორ-ორი ჭიქით უნდა დალიოთო. რა მექნა. პირველი ჭიქის შუაში რომ ვიყავი, ვიგრძენი, ეს ამბავი უბრალოდ არ ჩაივლიდა. მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს, მგონი ძია ბიძინა ხუტა ოდიშარიასავით იძახდა - ჩაიდინეთ რამე დანაშაული, სანამ რამე შემიძლია, ჩაიდინეთო. როგორც იტყვიან - ისე შენ აგიხდესო...?! წამოვედით ფეხით - გია გიორგაძე, ლევან ბერძნიშვილი, მამუკა თოლორდავა და მე. გმირთა მოედანი სულ ღრიალით და ტალახიანი გუნდების სროლით გადავიარეთ, ხიდიც უკან მოვიტოვეთ, და მივადექით უზარმაზარ თეთრ პლაკატებს - ლენინი, ნამგალი, ქიურო, XXVI - ასეთი რაღაცეებით აწითლებულს. პლაკატებამდე თხუთმეტიოდე ნაბიჯში ასფალტი იყო გადათხრილი და კაი სასროლი ზომა-წონის ნაჭრები კოხტად ელაგა ტროტუარზე.
დღემდე ვერ დავადგინეთ ვინ იყო პირველი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს - ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. „კიდე ლენინი და პარტია? სად არიან ჩემი სექვოიები?“ რაღაცა ამდაგვარმა გამიელვა თავში და ორი ზუსტი სროლის შემდეგ უკვე ასფალტით ჩანგრეულ ადგილას მქონდა ხელი ჩაყოფილი და XXVI-ს ჩამონგრევას ვცდილობდი. ლევანი ნამგალსა და უროს დაეპატრონა, კოხტად „მოხსნა“ და კისერზეც კი დაიტრიალა. მოუხდა. გია და მამუკაც დაუზარებლად მუშაობდნენ, ლენინის თავი უკვე ძირს ეგდო. მე კიდევ ერთხელ დავიხიე უკან, ასფალტის ნაჭერი ავიღე და პლაკატის ზედა ნაწილიც ჩამოვიღე. ამ დროს მამუკამ დაიძახა - მანქანა გაჩერდა და უკან წავიდა პლეხანოვზე, ანუ „შესტოი“-სკენო.
„შესტოის“ ხსენებაზე გამაჟრიალა. დავაწექით ბაქოს ქუჩაზე, მაგრამ 24-ე სკოლას არც ვიყავით გაცდენილები, რომ მილიციის მანქანები უცებ ჩაგვიდგნენ წინ და უკან, გადმოხტნენ ძაღლები, შეგვყარეს მანქანებში, და ხუთ წუთში უკვე განყოფილებაში ვიყავით. კვახაძე - გვარიც კი მახსოვს გამყიდველის. თურმე დავუნახივართ და მილიციისთვის შეტყობინების მეტი ვერაფერი მოუფიქრებია, თვითონაც ნახევრად მილიციელი ყოფილა.
შეგვყარეს ერთ კამერაში ვიღაც ნარკომანებთან, ბადრიჯნის ქურდებთან და ვიტრინების მტვრეველებთან ერთად. გვერდზე კამერაში გეოლოგები ისხდნენ - სამგორელი ჩობანისთვის ცხვარი მოეპარათ. სახლებში არ დაგვარეკინეს. მოვიდა დილას მორიგე გოგოლაძე. რაღაცა დავთარი შეავსო, გვარებს და სამსახურებს გვეკითხებოდა. ბიოლოგი თუ ხარო, მითხრა, დანიელ პეტრუჩი გეცოდინება შენო. ვინა მეთქი, ძლივს ამოვიკნავლე. პეტრუჩი, იტალიელი ციტოლოგიო, ემბრიონი რო გაზარდა კოლბაშიო. აი, ასე იცის ტიბაანის ორ-ორი ჭიქით სმამ-მეთქი, გავიფიქრე.
პირველი მოკვლევა ვინმე სუქნიძემ ჩაატარა. კარზე ქი მიური ფანქრით ეწერა სუქნიძე - იმიტომ მახსოვს. მაგრამ „საწერ-კალამი“ სულ ორი ჰქონდათ და ამიტომ რიგრიგობით ვწერეთ ჩვენება.
მამუკამ სულ ბოლოს დაამთავრა. დაიწყო სუქნიძემ მამუკას ჩვენების კითხვა. რა არის ესო, აყვირდა უცებ. გმირთა მოედანი გადმოვსერეთო, ეწერა, - რა, იქაც დაამტვრიეთ რამეო?! მერე ეწერა, ანაზდად მილიციის მანქანა გამოჩნდაო - ეს რაღა არისო, და ამ დროს კარი წიხლით გაიღო და იმ ციცქნა ოთახში რუსლან მიქაბერიძე შემოვარდა. ამათ იჭერო შენო? დაიწყო ყვირილი. ამათნაირი ბიჭები ბევრი ხომ არ გგონიაო, ესენი რო ჩასხდნენ, გარეთ ვიღამ იაროსო, და მისთანები. რამ მოიყვანა, დღემდე არ ვიცი, არც ერთის ნაცნობი არ იყო, მაგრამ წელში კი გავიმართე, და ეგეთი მორალური მხარდაჭერა იმ დღეებში არავისგან მქონია. ისე წამოვედი, რომ მისთვის მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი.
მერე 10-10 მანეთით დაგვაჯარიმეს, ლენინი მეტი მაშინაც უკვე აღარ ღირდა, და ჩვენი და „შესტოის“ ურთიერთობა იმით დამთავრდა, რომ გოგოლაძემ გვითხრა, ფეხბურთის ბილეთები თუ დაგჭირდათ, არ მოგერიდოთო. მერე კი ინანა, მაგრამ ეგ ლევანს უნდა ჰკითხო, რატომ.
დათო და ცოტნე ჯავახიშვილები: „ალბათ წალკის მიდამოები ან ქსნის ხეობაა, უფრო ხშირად იქ დავდიოდით ხოლმე. ნადირობა მალე მომბეზრდა, თუმცა თივის სველ ზვინებში ღამისთევები და ტყე-ღრეში ხეტიალი ძალიან მიყვარდა. იაც და დათოც (დედ-მამა) გეოლოგები იყვნენ, მთელი ბავშვობა მათთან მაქვს გატარებული“.
11 სექტემბრის ორი მონაწილე, ხალიდ ალმიჰდარი, და ნავაფ ალჰაზმი. AMERICAN AIRLINES FLIGHT 77, BOEING 757, დაარტყეს პენტაგონს. ფრენის სწავლა მათ სან დიეგოში, მონტგომერის აეროპორტის ერთ-ერთ კლუბში დაიწყეს. მათი ინსტრუქტორი იყო რიკ გარცა, ჩემი, ასე ვთქვათ, მეგობარი.
ჩემი კონტაქტი ამათთან ის იყო, რომ აეროპორტში და კლუბის შენობაში ვხედავდი ხოლმე. მე და რიკი ხანდახან ერთმანეთს სტუდენტებს „ვუცვლიდით“ - გავრცელებული პრაქტიკაა ინსტრუქტორებს შორის, უფრო ტესტების წინ, შესამოწმებლად, მაგრამ ესენი მას ჩემთვის არ „მოუცია“, ტესტებამდე არც მისულან: რაღაც ელემენტები ისწავლეს, იფრინეს ცოტა ხანი, დაახლოებით თვენახევარი, თავადაც დაიტანჯნენ და ინსტრუქტორიც დატანჯეს, და წავიდნენ თავიანთ გზაზე. მერე რიკი ყვებოდა, გაზეთში სურათები რომ ვნახე, მერეღა დავიჯერე, რომ მართლა ისინი იყვნენო.
ერთ დროს მზად ვიყავი, ჩემი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საქმისთვის დამეთმო და თუკი რეფორმების შანსი იქნებოდა, ჩემი წვლილი შემეტანა, რომ მერე მე თავადაც უფრო თავისუფლად მეფრინა ჩვენს ლამაზ ცაში. მაგრამ საქართველოში ფრენის წესები იდიოტურ დონეზეა, თუმცა რუსეთთან ან სომხეთთან შედარებით მაინც წინ ვართ. ეს იმის გამოა, რომ არავის არაფრის შეცვლა არ უნდა, და ვისაც ეს ეხება, იმას სხვა პრიორიტეტები აქვს - ვერ გავამტყუნებ.
ამ დროს ჩვენთან არაჩვეულებრივი პილოტები არიან, ძალიან მაგრები. მაგრამ აი, ბათუმში, გასაცოდავებულ აეროპორტში გასაფრენად რაღაც „ფრენის გეგმას“ სთხოვენ, რატომ - აბსოლუტურად გაუგებარია. იგივეა თბილისის აეროპორტში, მაშინ როცა ასეთი დატვირთვის აეროპორტებს კონტროლი საერთოდ არ სჭირდება. არა მგონია, რომელიმეზე დღეში 50-ზე მეტი თვითმფრინავი ჯდებოდეს და ფრინდებოდეს.
არადა, გლობალიზაციის პროცესი წინ მიდის, და აქ იმაზე მეტად ჩამორჩენა, ვიდრე ვართ, არა ღირს. ავიაცია ერთერთი უნივერსალური „ენაა“ ქვეყნებსა და კულტურებს შორის საურთიერთოდ. მოკლედ, რასაც თავისუფალი ავიაცია ჰქვია, ის, ცხადია არ არსებობდა.
და აი, რამდენიმე წლის წინ, ამირან მანჯავიძემ შექმნა თავისუფალი ავიაციის პირველი, თავიდან ბოლომდე კერძო აეროპორტი. მშენებლობა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ შექმნით უკვე შეიქმნა, და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
ჩემი წვლილი ნატახტარში მინიმალურია და შემთხვევითი, საქართველოში მსგავსს ვერაფერს მოვაბამდი თავს, მეტსაც მოგახსენებთ - მართლა ვერ წარმომედგინა, რომ ამას ვინმე გააკეთებდა. ახლა კი აქ ისევე შეიძლება „სესნაში“ ჩაჯდომა, როგორც საკუთარ მანქანაში, და გაფრენა იქ, სადაც გაგეხარდება. ერთ საათში მესტიაში ხარ, გინდა დაჯექი, გინდა არა, გინდა ორი წრე დაარტყი ლამარიას, გინდა სამი... გუდაური, ყელის ტბის პლატო, ქსნის ხეობა, კახეთი, შირაქი, და თვითმფრინავიდან შეგიძლია დარეკო და კურდღელაურის აეროპორტთან რომ რესტორანია, ხინკალი და ქაბაბი შეუკვეთო: სანამ დაჯდები, შალვა მანამდე ჩაგიყრის. წინ ალაზნის ველი და კავკასიონი, უკან ხინკლები - ასეთი რამე ამერიკაშიც კი არ ხდება...
ჩემი პირველი სიყვარული საბავშვობაღისდროინდელია - მაკა მაჭავარიანი, არაჩვეულებრივი გოგო, მაშინაც ასეთი იყო და ახლაც ასეთია. საშინლად მიყვარდა, იმდროინდელ სურათებზე სულ გვერდით ვუზივარ.
მერე უნივერსიტეტშიც ერთ კურსზე ვიყავით, მთაშიც და ტყე-ღრეშიც ბევრი გვიხეტიალია, და დღემდე ახლო მეგობრები ვართ. მის მიმართ მთლად ბოლომდე გულგრილი მაინც ვერა ვარ.
მაკა სხვა არის ჩემთვის, სადღაც რაღაცაა თითქოს ჩარჩენილი, იმდროინდელი, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა რამ, რაც დამრჩა.
ალავერდი მიყვარს. ის ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე რაღაც ეკლესია. ისეთ ადგილას და ისე დგას, რომ მიუხედავად გრანდიოზულობისა, მაინც სისადავის სიმბოლოა, და მისი რელიგიური დანიშნულება ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ატრიბუტია. რატომღაც არასდროს მხიბლავდა არც სვეტიცხოველი, არც გელათი, არც სხვა რომელიმე ტაძარი ან ეკლესია, ბაგრატის, გერგეთის სამების, ალავერდის და გრემის გარდა. ამათ დანახვაზე ბავშვობიდან სული მეკვროდა ხოლმე. ოთხივე რაღაცით განსხვავებულია, ერთმანეთისგანაც და სხვა ყველაფრისგანაც. ალავერდი კი ისევე ასახავს თავის ეპოქას, როგორც თბილისის სამების უგემოვნო, ტლანქი, ახლადაშენებული ტაძარი - ფაცი-ფუცით ნაკეთები საქმეების დროს. იმ ქვეყანაში, სადაც გერგეთის სამება დგას, მას დიდი დღე არ უწერია, ძალდაუტანებლად გაქრება, ხალხი თავად დაშლის.
მაკა მაჭავარიანი, არაჩვეულებრივი გოგო, მაშინაც ასეთი იყო და ახლაც ასეთია. საშინლად მიყვარდა, იმდროინდელ სურათებზე სულ გვერდით ვუზივარ.
ბოლო-ბოლო, სამშობლო ყველას, ანუ ჰომო საპიენსებს, ერთი გვექნება.
სახეობა, ანუ კაცობრიობა, - რომელიც გინდა, ის უწოდე, - იქით მიდის, სადაც იქნება ერთი ენა, არ იქნება საზღვრები და პასპორტები. მივა თუ არა - ეს სხვა საკითხია, მაგრამ იმას კი მალე უნდა მიხვდეს, რომ საზღვარზე ვიზის გასინჯვა ბიოლოგიური ფუნქციაა, მგლები, ლომები, აფთრებიც ერთმანეთს სუნავენ ხოლმე - ჩემიანია თუ არაო.
ისე კი ლამაზი უნდა იყოს კოსმოპოლისი - მე ასე მგონია. ვაჟა ფშაველა, ბარათაშვილი და რუსთაველიც კოსმოპოლისის თავისებური „ლიტერატურული არქიტექტორები“ არიან.
პობედა და ბერმუდა - ერთი აუსრულებელი, ერთიც ასრულებული ოცნებაა. ერთხელაც გადავწყვიტეთ, ბერმუდაზე გავფრენილიყავით - ცხადია, არა იმ სისულელეების გამო, რასაც ბერმუდის სამკუთხედის შესახებ ჰყვებიან. სინამდვილეში ეს სამკუთხედიც არაა, ასეთივე წარმატებით იქ შვიდკუთხედის ან თუნდაც პირამიდის დანახვაც შეიძლება.
ჩემი ძველი მეგობარი ჯიმი ვიღაცის „მალიბუზე“ მუშაობდა, ახალ ინსტრუმენტულ და სანავიგაციო სისტემას აყენებდა. „მალიბუ“ ერთძრავიან თვითმფრინავებს შორის ერთერთო საუკეთესო მოდელია, ექვს ან რვაადგილიანი, კოხტა, სწრაფი. სწორედ სანავიგაციო სისტემის „გამოსაცდელად“ სჭირდებოდა ფრენა, დაახლოებით 700-800 მილზე, მე ზუსტად ამ მოდელზე საათები მქონდა დასაგროვებელი, რალიდან ასეთ მანძილზე კი სწორედ ბერმუდაა - 727 მილი (თუ არ ჩავთვლით ათასობით აეროპორტს კონტინენტზე). გადაწყდა, რომ იქ გავფრინდებოდით, ოკეანის თავზე, ერთძრავიანი, პატარა თვითმფრინავით.
ფორმალობები ჯიმმა მოაგვარა. თვითონ ფრენა სრულიად ჩვეულებრივი გამოდგა: სანავიგაციო სისტემას წამდაუწუმ ვთიშავდით და ისევ ვრთავდით, მაგრამ ლეგენდები სულ ტყუილი გამოდგა, მაგნიტური კომპასიც მშვენივრად მუშაობდა, ძრავაც, რადიოც, სატელიტური კავშირიც უწყვეტი გვქონდა, და ჩვენც კარგად ვგრძნობდით თავს. დავჯექით ბერმუდას TXKF აეროპორტში, ჩავასხით საწვავი. იქაურ საბაჟოსთან მცირე გაუგებრობა გვქონდა, და საღამოს გამოვფრინდით უკან.
უკან დაბრუნებისას თვითმფრინავის დასაჯდომი შუქი გადაგვეწვა და ცოტათი ჰიდრავლიკური სისტემა მოიშალა, მაგრამ სხვა სერიოზული არაფერი მომხდარა.
პრინციპში, მოსაყოლიც არაფერია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ მეშინოდა. მართალია, ღია წყლის საავარიო ყველაფერი გვქონდა თან, ტივის, სატელიტური ტელეფონის, და მაშხალების ჩათვლით, მაგრამ მთელი გზა ჩვენს ქვემოთ გოლფსტრიმის თბილი წყლები იყო, თბილ წყლებში კი ზვიგენები ცხოვრობენ, მე კი ზვიგენების ძალიან მეშინია.
ჩემს ალპინიზმზე ახლა აღარც ღირს ბევრი ლაპარაკი. დიდი ხანია, თავი დავანებე, სწორედ მაშინ, როცა ჩემმა თაობამ სასიმაღლო ასვლები დაიწყო და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ასე რომ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება - პობედა - აუსრულებელი დამრჩა.
ოცნების გარდა, რაღაც მოვალეობასავით გრძნობაც იყო თითქოს - რომ იქ უნდა მივსულიყავი. დღეს მთელი ის წლები ერთ გრძელ, ლამაზ, წარმატებებით და დამარცხებებით, სიხარულით და ტკივილებით სავსე ასვლად მეჩვენება, და პატარ-პატარა სურათები ანუ ეპიზოდები უფრო მახსენდება ხოლმე, ვიდრე მთლიანი ასვლები.
კარგად მოსაგონარი, ცხადია, კარგ მთებზე ასვლები იყო - მყინვარწვერი, უშბა, შხელდა, ნაკრა, შხარა, ჭაუხები... ბევრ მთამსვლელს აქვს ერთი რომელიღაც ასვლა, მისთვის ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარი, და ხშირად ეს მთის სიმაღლეზე ან მარშრუტის სირთულეზე არ არის დამოკიდებული. მეც მაქვს ასეთი -კოშთან-თაუ მიჟირგის მყინვარიდან, წყვილში ვანიკო ვაშაყმაძესთან ერთად. ზუსტად ვერც ვიტყვი, რატომ ჩამრჩა სწორედ იმ ასვლის შთაბეჭდილებები ასე კარგად.
მთების სიყვარული, ცხადია, ბოლომდე გამყვება, ეს თვითონ მთებიდან მოდის, ამიტომაც არქმევნენ მთებს ლამაზ სახელებს, თითქმის ყველანი და ყველგან. აბა, გააღე პირი და თქვი: თეთნულდი, და მერე დაუგდე ყური საკუთარ ხმას…
მე მარლოუ ჰიუბერი მქვია. მე დავიბადე კანადაში და მზიურ სამხრეთ კალიფორნიაში 1999 წლის შემოდგომაზე გადავედი. 1983 წლის აგვისტოდან კანადაში მფრინავი ვიყავი. სან დიეგოში, ჩემი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს, Plus One Flying Club-ის წევრი ვარ.
მშვენიერი პარასკევის საღამო იყო, 2001 წლის 14 სექტემბერი. სამი დღე იყო გასული მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ 9-11 ნიუ იორკში ცათამბჯენები დაიქცა. ტრაგედიის გამო ყველანაირი ფრენა აკრძალული იყო.
მე გადავწყვიტე მონტგომერის აეროპორტში წავსულიყავი, სადაც საფრენი კლუბი იყო, და როცა იქ მივედი, ცოტნე ჯავახიშვილი შემხვდა.
ცა უღრუბლო იყო, ჰაერი არ იძვროდა. ჩინებული დღე იყო საფრენად. სასაცილოა, და როცა მე და ცოტნე პირველად შევხვდით ერთმანეთს, 30-ოდე წუთის შემდეგ, ფრენაზე აკრძალვა მოიხსნა. ცაში ბავშვებივით ავიჭერით, რომლებსაც ახალი სათამაშო მისცეს. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი გაფრენა იყო, თითქოს პირველები ვიყავით ცაში. მთელი ზეცა ცოტნეს და მე გვეკუთვნოდა, მაშინ როცა ჩვეულებრივ პარასკევ დღეს ცაში ასობით თვითმფრინავი დაფრინავს ხოლმე. ჩვენ ორინჯის საგრაფოში, ჯონ უეინის სახელობის აეროპორტში გავფრინდით და შემდეგ სან დიეგოში დავბრუნდით. სიურეალისტური იყო, დამაწყნარებელი და ბოლოს ვიტყოდი, რომ მშვიდობიანი. მე მგონი, მთელი ფრენის განმავლობაში ვიღიმებოდით.
ამ დღიდან მოყოლებული, აღტაცებული ვარ ჩემი ახალი მფრინავი მეგობრით, და ძალიან მსიამოვნებს მასთან ერთად ყოველი გაფრენა. ის პროფესიონალია და მის გარეშე არ მეღირსებოდა ის ღირსშესანიშნავი დღე. ამისთვის მე დიდად მადლობელი ვარ.
ვეჭვობ, რომ მსგავსი გამოცდილება სიცოცხლეში აღარ გვეღირსება.
პატივისცემით,
მერლოუ ჰიუბერი
კანადა
სადღეგრძელო, შესმული ნიუ მექსიკოს თეთრ ქვიშებში, მთვრალ ნავაჰოებთან ერთად. მათ თავიანთი ლექსი წამიკითხეს და თითქოს ვაჟა ვიცანი, მინდია, გველის მჭამელი. მერე მე „ალავერდობა“ ვუამბე და მათაც მშვენივრად გაიგეს.
გადა...ლო საქართველო, გული არ გაიტეხო - მალე ისევ დადგება კარგი დრო - ყოველთვის ასე ხდება ხოლმე. ახალი 60-იანი წლებივით დრო მოვა, და ისევ აფრიალდება ახალგაზრდული ჟინის და ხალისის იალქნები, ამას ვერაფერი შებოჭავს და შეაჩერებს, და რამდენიც არ უნდა ლანძღონ დღეს, ისევ იფეთქებს და გამობრწყინდება ახალი თაობა, ისევ გადაანგრევს ყველანაირ ზღუდეს და ჯებირს, და იქნება ისევ ერთადერთი და განუმეორებელი, ამაყი და თავნება, პირიმზესავით ყელმოღერებული - ეს ფენომენი თავისთვის არსებობს, თავისთავად, და ყველა და ყველაფერი რომ დაინგრევა, ეს ყველაზე ბოლოს წავა. ამას ვერც პოლიტიკურ, რელიგიურ ან ზნეობრივ კალაპოტში მოაქცევს ვინმე, ვერც დაგეგმავს, და ვერც თავიდან აიცილებს. როგორც მოპარულ ფაშატზე მომჯდარი გურამი თეთრი ალავერდისკენ, ისე მოქრის და მისი შეჩერების შეუძლებლობა მისსავე სილამაზესა და შინაგან თავისუფლებაშია ჩადებული. ცხენსაც მოკლავენ, გურამსაც ხანჯლებით გამოეკიდებიან, და ერთი წამით გამოფხიზლებული ხალხი ისევ ლოთობას და ღრეობას მიეცემა, მაგრამ ეს უცნაური გამოფხიზლება ემახსოვრებათ. აუცილებლად ემახსოვრებათ.
![]() |
9 MADE IN NEW YORK |
▲back to top |
სპეც-პროექტი:
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ნაწილი I
It Was a Cold and Wet December Day
When We Touched the Ground at JFK
ნიუ იორკში იმდენჯერ ვყოფილვარ, აღარც მახსოვს. პირველად იქ მერვე თუ მეცხრე კლასში ჩავედი. მაშინ ფილარმონიის პირდაპირ, ბუკინისტური წიგნების დახლზე, ნამდვილი „თამაში ჭვავის ყანაში“ ვიყიდე. ნამდვილი, ანუ არაადაპტირებული. მერე, ბედად, ავად გავხდი და ცხოვრებაში პირველად, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ინგლისური რომანი, ყოველგვარი შეკვეცებისა და გაადვილების გარეშე. მართალია თავიდან დიდ ლექსიკონში ქექვით სიცხიანი თავი და კისერი მტკიოდა, მაგრამ მერე უკვე ისე გამიტაცა ჰოლდენის 24-საათიანმა ნიუ იორკმა, რომ მუსიკასავით ვკითხულობდი: ტა-რა-რა-რა-რა-რა. პა-რარა-რა-რა-რა-რა-რა-რა. ტა-რა-რა-რა-რა-რა-რა-რა-რა-რა-რა-რა-რა-რა /That's all I'd do all day. I'd just be the catcher in the rye and all. I know it's crazy, but that's the only thing I'd really like to be/.
შემდეგ ქრონოლოგია ირევა. ამ ქალაქში ისე ხშირად დავდიოდი, რომ წლებს ვეღარ ვიმახსოვრებდი. ამიტომ მომიტევეთ, თუ რაღაც ავურიე და მოგატყუეთ, ჯერ სალ პარადისთან ერთად ვცხოვრობდი ნიუ იორკში და მერე მასთან ერთად დავადექი ამერიკულ გზებს დასავლეთ სანაპიროსკენ-მეთქი; მაშინ, როცა სინამდვილეში ჯერ ჰარლემში გაბრიელ გარსია ლორკას მეზობლად დავსახლდი და ყოველ დილას ველოდი მის ახალ ლექსს ნიუ იორკზე. არც ის მახსოვს, ზუსტად რომელი წელი იყო, როცა კვამლით სავსე მიწისქვეშა კლუბში დავჯექი შუაღამის ჯაზის მოსასმენად და არც ის, როდის „შევჯექი“ „ნიუ იორკერის“ მოთხრობებზე. ვერაფრით გავიხსენებ, როდის მიმღერა ლეონარდ კოენმა პირველად: First We Take Manhattan... მგონი, უორჰოლის ყველაზე სიმპათიური ქალების სიაშიც შევდიოდი და მგონი, ლუ რიდმა პირველად მე მომასმენინა თავისი New York-ის პირველი სიმღერა: Romeo had Juliette.
კიდევ რა არ მიკეთებია ამ ქალაქში, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვიხსენებ ყველაზე მეტად. კერძოდ იმას, თუ რატომ დავიწყე 1997 წლიდან JFK-ში აქტიურად სიარული. მახსოვს, ჯერ მოსაცდელ დარბაზში ვიჯექი ხოლმე, შემდეგ სხვა ქალაქების თვითმფრინავებში ავდიოდი. ილუმინატორიდან კი ამაოდ ვიყურებოდი - ქვევით, თავისუფლების ქანდაკებას მაინც ვერასდროს ვხედავდი (ახლა კი ვიცი, ამ ქალის დანახვა დიდი არაფერი სიამოვნებაა, ის უფრო ძველ, ყველაზე ცნობილ, მაგრამ ყველაზე მობეზრებულ ნაძვის ხის სათამაშოს ჰგავს).
მერე 2005 წლის რომელიღაც თვეს რომელიღაც აეროპორტის საპირფარეშოში სარკეში ვიყურებოდი და თვალებს ვიხატავდი, როცა რადიოში საოცარი სიმღერა დაიწყო, საოცარი ხმა მღეროდა ყველაზე მაგარ სიტყვებს, რომელიც ჩვენს ენაზე მოუქნელი თარგმანით ასეა: „ო, რა ლამაზი ხარ ამ ღამით, დამაბრმავებელი შუქების ქალაქში“. ანუ: Oh, You Look So Beautiful Tonight… In The City of Blinding Lights. და მერე: „ციცინათელებით ანთებული ქალაქი. მწერები რეკლამებს ცებზე გვიწერენ“, ანუ: A city lit by fi refl ies; They're advertising in the skies.
დანამდვილებით არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა, რომელი ქალაქის დამაბრმავებელი სინათლეები იგულისხმებოდა, მაგრამ ჩემთვის ეს ქალაქი იმავე წამს ნიუ იორკი გახდა. თან იმდენი ენერგია და ადრენალინი მოიტანა ხმამ, ტექსტმა და ბასებმა, მხოლოდ ნიუ იორკში რომ დაგჭირდება დასახარჯად. ამიტომ საპირფარეშოს ინციდენტის შემდეგ ჩავუთქვი და ავიხდინე: რვაწლიანი მცდელობის შემდეგ, JFK-დან, როგორც იქნა, გავაღწიე და 23 ნოემბრის ღამეს, ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, პირველად მეცა ნიუ იორკის სუნი, რომლის ბუკეტის გამოცნობაშიც ყველაზე გამოცდილ დეგუსტატორსაც შევეჯიბრები.
იმ ღამიდან დავიწყე ჩემი ყველაზე გაორებული მოგზაურობა; ერთდროულად ყველაზე Su და ყველაზე Re-ალისტური (ალისტურმა აქვე Ali G გამახსენა, Rekognize!). ეს მოგზაურობა ტვინსა და გულში წინასწარ ჩამონტაჟებულ რვა გიგაბაიტიან ჩიპზე ჩავწერე. ჩიპი თითქმის სულ გავავსე. ყველაფერი რომ გავატექსტო, იტყვით მანიაკიაო. ამიტომ ნაწყვეტებად ვჭრი და ვიწყებ ჩიპიდან კლიპებად დაყოფილი ინფორმაციის ჩამოტვირთვას:
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
კლიპი № NY Minute
JFK-ს შუშა დიდ სარეკლამო ბილბორდს ირეკლავს: „ჩადი ნიუ იორკში, ნიუ იორკულ წუთში“. ნიუ იორკული წუთი? მალე გაიგებ, რომ ობიექტურად არსებული დროის მონაკვეთების გარდა, არსებობს მისგან სრულიად დამოუკიდებელი საათები, წუთები და წამები, რომელსაც ჰქვია „დრო made in New York“. აქაური წუთი, ჩვეულებრივი წუთების მსგავსად, სამოცი წამისგან არ შედგება და შესაბამისად - მიფრინავს, კი არ გარბის.
კლიპი № სუნი
ვიღაცამ ახსენა სუნი. მხოლოდ ყველაზე გამძაფრებული ყნოსვის მქონე დეგუსტატორებმა იციან, რომ ნიუ იორკული სუნი შედგება შემდეგი სუნებისგან: მეტროს რელსების სუნს + ფეხსაცმლის ტყავის + პაპაია ჰოთდოგის + ნარსისო როდრიგეზის სუნამოს + პეპერონის + „სთარბაქსის“ ყავის + სველი ყინვის + პიტნის ჩაის + დარიჩინის და კიდევ მრავალი სხვა ცვალებადი და ნაკლებმნიშვნელოვანი სუნი. ამ ეგზოტიკურ არომატში ძნელია განსაზღვრო, რომელია გულის, შუალედური და ზედაპირული ნოტები. ამის განსაზღვრა უინტერესოცაა. უფრო საინტერესოა წარმოიდგინო, როგორ დგება ეს კომპლექსური სუნი და როგორ მადის აღმძვრელად ეხვევა ის ნიუ იორკულ იმიჯს: ტროტუარზე მიმავალ ქენეთ კოლის ფეხსაცმლით შემოსილ ფეხებს დროდადრო ქვევიდან ათბობს მეტროს რკინის გისოსებიდან ამოსული თბილი ოხშივარი. მეთოთხმეტე სთრითის კუთხეში ბიჭი მშიერი თვალებით ილუკმება ცხელი ჰოთდოგით. ყინვისგან გაწითლებული თითებით პაპაიას წვენის ჭიქა უჭირავს. „ჯოს პიცის“ ფანჯარაზე აკრული წარწერის - „აგურის ქურაში გამოცხობილი პიცა“ - მიღმა ხედავ, როგორ აცხობს აგურის უზარმაზარ ქურაში შეფი პეპერონის პიცას. „ბარნს ენდ ნოუბლის“ კართან დგას ქერა გოგო, მხარზე JAK-ის ჩანთა უქანავებს, გარშემო როდრიგესის სუნამოს აფრქვევს, ტყავის ხელთათმანით „სთარბაქსის“ ყავის მუყაოს ჭიქა უჭირავს, მობილურზე ლაპარაკობს და ყოველ მორიგ ფრაზაზე სველ ყინვას ეზავება ორთქლი. ესეც trademark NY სუნი, რომელიც ჰაერს გრინვიჩ ვილიჯიდან თუ უილიამსბურგიდან JAK-მდე მოაქვს, ავტომატურად გაღებული კარიდან გასვლისთანავე გაჯახებს ცხვირში, და მხოლოდ მერე ხვდები, რომ ამ ქალაქში ყოფნისას ამ სუნს შენი ყნოსვა ვერასდროს მოიშორებს.
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
კლიპი № ჰარლემში
სტერეოტიპები ინგრევა. ჰარლემში შიშისგან სისხლი არ მეყინება. ქუჩაზე ჩამსხვრეულფანჯრიანი მანქანა დგას, მაგრამ მაინც. ეს პირველი უბანია, რომელშიც მანჰეტენის ვესტ საიდის გადაკვეთის შემდეგ, პირველივე ნიუ იორკულ ღამეს ეთიოპიელი მხატვრის ფართიზე მივდივარ. პირდაპირ ტრაპიდან ჰარლემში, ჩემოდნებიანად, 12-საათიანი ფრენის შემდეგ, ძალიან სიმპათიური ეთიოპიელის დიდფანჯრებიან ლოფტში (მერე ვხვდები, რომ ლოფტი ერთ-ერთი იმ ტიპის სახლია, სადაც ნიუ იორკში ყველაზე კომფორტულად ვიგრძნობდი თავს).
- მე თოდი ვარ. კარგი რა, მართლა ნიუ იორკზე უნდა წერო? ღმერთო! ვგიჟდები შენზე!
- come here, baby, I'll give you a hug, aren't you jetlegged?
- სად მუშაობ?
- ღვინო გინდა თუ ლუდი?
- წამო, მოვწიოთ.
საპირფარეშოში აფრიკის დიდი რუკა კიდია. სკამზე, რომელზეც ვზივარ, ფერადი ქაღალდებია შემოხვეული და ზევიდან მუმიასავითაა დასკოჩილი. სურნელოვანი სანთლები ყველგან იღვენთება. ხალხს გვერდს ძლივს ვუქცევ. იდაყვი გვერდში - oops sorry, ვამბობ, თან ვიღიმები, რადგან ერთს ვხვდები ქვეცნობიერად: ყველას უნდა გავუღიმო და მივესალმო. თან შეუმჩნევლად და მორცხვად კი არა, აგრესიულად უნდა გავუღიმო, ისე, რომ შემნიშნოს - ასე მხოლოდ ნიუ იორკში იღიმებიან და ეს ღიმილი პირველივე ღამეს ვისწავლე. მაინტერესებს, იმ კარის იქით რა ხდება და ამიტომ ღიმილ-ღიმილით მივარღვევ ბრბოს. მაგრამ დაკეტილ ოთახთან უზარმაზარი შავკანიანი მეღობება შავი ქუდით და ძალიან თეთრი თვალის გარსით: - საით? იქ რიგ-რიგობით უნდა შეხვიდეთ გოგოები,… და მერე სანთლის შუქზე თეთრი თვალებით და კბილებით დიდხანს ხარხარებს. უკან ვბრუნდები. ისევ იდაყვები, ფეხსაცმლის წვერზე გადასხმული ღვინო, ბევრი და დაბნეული „excuse me“ და ძლივს - ცარიელი დასკოჩილი სკამი. ვჯები, ვიხედები სკამზე და სკოჩს ქვევით ვხედავ, თურმე 80-იანი წლების „ნიუ იორკ თაიმსის“ პირველ გვერდზე ვზივარ. ვზივარ და ვფიქრობ:
ფოტო: თამარ ბაბუაძე
ტრაპიდან ჰარლემში მოხვედრა ნიუ იორკში შესასვლელად ყველაზე უცნაური გზაა. JAK-დან პირდაპირ მეორე ბოლოში გავედი, ძალიან ღრმად შევტოპე და იქედან დავიწყე ქალაქის გამოცნობა - ბროდვეიზე დადგმული „მეფე ლომის“, ყვითე ლი ტაქსების და ტურისტული ბრბოების გვერდის ავლით.
თაიმს სკვერზე თვალშისაცემად გაფანტული ნიუ იორკული ორნამენტების ნაცვლად, ის აღმოვაჩინე, რომ ჰარლემში ადამ კლაიტონ პაუელის ბულვარი ბას გიტარისტ ადამ კლაიტონის სახელობის არ უნდა მეგონოს. და ისიც, რომ მის გვერდით მეორე ბულვარს მალკოლმ იქსის სახელი ჰქვია.
ვზივარ „ნიუ იორკ თაიმსის“ გადასკოჩილ პირველ გვერდზე, ყურებამდე ვიღიმები და პირველ ნიუ იორკულ ღამეს კმაყოფილი ვასკვნი: ტესტმა გაამართლა, ქალაქში მოკლე გზით შევედი. ჰარლემის ის ღამე მართლაც სიზმარივით დამრჩა და ამიტომ იყო, რომ მერე, მეტროს ყოველ სადგურზე ჰარლემ/uptown-ის წარწერის დანახვისას, სასიამოვნოდ მიჩქარდებოდა გულისცემა.
კლიპი № uptown girls, downtown girls
ერთი მანჰეტენის ზედა ნაწილია, მეორე - ქვედა და იქაური გოგოებიც ასე იყოფიან. ლოგიკას რომ გავყვეთ, ზევით მყოფები უფრო პრივილეგირებულად ითვლებიან, ვიდრე ქვევით:
Uptown-ში მდიდრული და ჩუქურთმიანი სახლების განათებულ ფოიეებში ფრაკებიანი პორტიეები დგანან და ყოველ მისალმებაზე ისეთ შეგრძნებას გიტოვებენ, თითქოს სახლში კი არა, სასტუმროში შედიოდე და რეგისტრაცია გქონდეს გასავლელი.
Downtown-ში ჭუჭყი, საგანგებოდ დახეული წინდები და საგანგებოდ გაჩეჩილი თმები, გალერეები, ახალი იდეები, პრეტენზიული მზერები, თვითგამოვლენის ლამის ისტერიული სურვილი; და თუ კარგად დაუკვირდები, სასტუმრო „ჩელსის“ მითებისა და ლეგენდების კვალს ქუჩის კუთხეებში კვლავაც შენიშნავ და თუ კიდევ უფრო კარგად დაუკვირდები, ამ კვალს გვერდზე ჩავლილი არტისტის მიღმურ გამოხედვაშიც ამოიკითხავ.
Uptown-ში კი სხვა ჰაერია. აქ ქერა და გრაციოზული გოგონები ისეთი რუდუნებით აძველებენ ლუი ვიტონის ჩანთებს, როგორც ფრანგები - ღვინოს. რადგან დაუწერელი კანონი ასეთია: ყალბი ვიტონის ჩანთა ფერს არ იცვლის, ნამდვილი ვიტონის ყავისფერი კი ხმარებაში იცვლება და გოგოებსაც ერთი სული აქვთ, როდის დაუძველდებათ ჩანთები, რომ მათი ორიგინალობით იამაყონ.
Downtown-ში ქერა, წითური, შავთმიანი გოგოები ერთმანეთს მხოლოდ ორიგინალობის შენარჩუნების სურვილით გვანან. მათ არაფერი არ მოსწონთ გემოვნებათა მეინსტრიმში და უსიტყვო, ირონიული მზერით ათვალიერებენ მანჰეტენელი გოგოების ტანზე მორგებულ ემილიო პუჩის კაბებს; კაბებს, რომელთაც ეს გოგონები ხორცის საწყობი უბნიდან მოდურ დისკო-რაიონად ქცეულ „მითფექინგ დისთრიქთში“ -12 გრადუს ყინვაშიც აფრიალებენ, კლუბების წინ კილომეტრიან რიგებში საათობით დგანან და დაუნდობელი დაცვის დასანახად, გამომწვევად საუბრობენ ბლუბერიზე.
ბლუბერი? - საქმიანი ნიუ იორკელების განუყრელი ნივთი - რაღაც 24-საათიანი მაუწყებლობის მსგავსი; რაღაც 24-საათიანი ნონსტოპ „ში“ რეჟიმი. „ში“ - ანუ იმეილ-ში და მობილურ ტელეფონ-ში. სულ ჩართული ხარ. „მომსახურების ზონიდან გასული“ - მსგავსი ცნება არ არსებობს.
კლიპი № ხიდები, ფიქრები
- ნეტა, როდის ხდები ნიუ იორკელი? როცა ამ ქალაქის ხმაური აღარ გაღიზიანებს და როცა განერვიულებული აღარ ფიქრობ, რომ ნიუ იორკი შენი სახლის ლოჯში ბოლო ხმაზე ჩართულ და ასე დატოვებულ ტელევიზორს გავს მაშინ, როცა შენ იქვე, სავარძელში დაძინებას ცდილობ?
ფოტო: ლევან ალფაიძე
თუ მაშინ, როცა ქუჩაზე გადასვლის აბსოლუტურად აქაურ მანერას ითვისებ? ეს მანერა არც თბილისურია, არც დანარჩენი ამერიკული. აქ დგახარ, ელოდები შუქნიშანს, მაგრამ თუ ხედავ, რომ გაძვრები, ძვრები - არღვევ იმიტომ, რომ გეჩქარება.
თუ მაშინ ხდები ნიუ იორკელი, როცა მეტროს რუკა აღარ გჭირდება და დროის, სივრცის და სისწრაფის აქაური მასშტაბით გაზომვას ეჩვევი? - რამდენიმემილიონიანი ბრუკლინიდან რამდენიმემილიონიან მანჰეტენზე 45 წუთში მიდიხარ და ისიც გახსოვს, რომ კიდევ რამდენიმე მილიონი ადამიანი ბრონქსში, ქუინსში და სთეითენ აილენდზეც ცხოვრობს? და ეს სიდიდეები, სიმრავლეები და კრებით ცნებებად შეკრული ადამიანები არ გაშინებს?
…დღეს წიგნის წამოღება დამავიწყდა და სანამ სთეითენ აილენდის ავტობუსი მანჰეტენამდე გამიყვანს, ამ სისულელეებზე ვფიქრობ. სხვა დროს მანამდე ვკითხულობ ხოლმე, სანამ ვერაზანოს ხიდს მივუახლოვდებით. ამ ხიდის ხედით ტკბობის შესაძლებლობას კი არასდროს ვუშვებ ხელიდან. განსაკუთრებით მიყვარს, როცა ავტობუსი რამდენიმესართულიანი ხიდის ბოლო სართულზე ადის და ხელისგულივით მიშლის წინ ბრუკლინს, თავისუფლების ქანდაკებას და შორს, ძალიან შორს - მანჰეტენის პატარა კუნძულს, რომელსაც უბრალოდ, სითი ჰქვია იმიტომ, რომ სითია და მორჩა - უნდა იცნო. ყოველდღე ხომ არ გადავივლი ვერაზანოს ხიდს? ყოველდღე ხომ არ ჩავატარებ ტვინის ჭყლეტის ამაო ცერემონიას, რომ როგორმე მოვძებნო რამე ნაკლებ ბანალური, ვიდრე ფრაზა - “რა მასშტაბებია!!!!” და უფრო ორიგინალურად ჩამოვაყალიბო ჩემი გულწრფელი ვნება, რასაც ნიუ იორკი მანიჭებს?
ოკეანისქვეშა გვირაბით უკვე ბრუკლინიდან მანჰეტენზე უნდა გადავიდეთ. და მაშინ მახსენდება, ჩანთაში მიდევს იმ შოტლანდიელი არტისტის ნიუ იორკული შთაბეჭდილებები, თბილისში ინტერნეტიდან რომ ამოვბეჭდე. და იმ გვირაბში ვიწყებ შთაბეჭდილებების კითხვას, რომელთაც სიამოვნებით მოვაწერდი საკუთარ სახელს:
„თავი ნიუ იორკელად მაშინ ვიგრძენი, როცა პარიზში ვიყავი. ნიუ იორკი ერთადერთი ქალაქია ატლანტიკის სანაპიროზე, სადაც ევროპელები სამშობლოს მწვავე მონატრებას ვერ ვგრძნობთ. ვსეირნობ სოჰოს ქვაფენილიან ქუჩებზე - უესტერი, გრინი, მერსერი - და თითქმის ისეთივე განცდა მაქვს, როგორც ედინბურგში, ანტვერპენში ანდა ბერლინში. არა, შეიძლება აქ უკეთესიცაა. ნიუ იორკი გარდაცვლილი და სამოთხეში მოხვედრილი ევროპაა. ნიუ იორკი კაფკას ოცნებაა ამერიკის შესახებ“.
ისე მომწონს ნიკის სიტყვები, აღარ ვიცი, ვის გავუზიარო. დიდი არჩევანი არც მაქვს: ჩემს გვერდით სკამზე ღიპიან კაცს შავი დიპლომატი ბარძაყებს შორის მოუქცევია და ხვრინავს. თან შემდეგი ჩემი გაჩერებაა. ჩავდივარ. მძღოლი თითქოს ჩემს შინაგან დისკუსიას უსმენდაო, კიბეებზე მზრუნველობით მაწევს: „კარგად იყავი, მემ! ბედნიერ დღეს გისურვებ“.
კლიპი № ლორა და NY Secrets
ამ გოგოს ლორა ჰქვია, წარმოშობით კანადელი სკულპტორია, ნიუ იორკის ყველაზე არტისტულ უბანში (ზოგი მას „ფსევდო ბოჰემურსაც“ უწოდებს), უილიამსბურგში ცხოვრობს და მანჰეტენზე, მიდთაუნში, წიგნების მაღაზიაში მუშაობს. ძველი ჟაკეტი აცვია და კომპლიმენტზე ასე გპასუხობს: „ეს ჟაკეტი? ხო, რა ვიცი, მეც მომწონს, რაღაც ძველმოდურია და იმიტომ“. ლორა სამსახურში ველოსიპედით დადის და მანჰეტენზე მოსახვედრად, ყოველდღე გადის ბრუკლინის ხიდს - „ჯერ არ ყოფილხარ ფეხით? კარგი, რა! ისე არ წახვიდე, აი, სად იგრძნობ ნიუ იორკს!“
ლორა მოქანდაკეა, მაგრამ დიდი გალერეების დაპყრობამდე დროს არ კარგავს და ნიუ იორკის თავისუფალი (და ამავე დროს ძალიან ცივი) ჰაერის სუნთქვის უფლება რომ მოიპოვოს, ხარკს ყველა დანარჩენი არტისტივით იხდის - სრული ყოველკვირეული განაკვეთით მუშაობს არა თავისი პროფესიით. თუმცა, ლორას მაინც გაუმართლა - მას თავისი სამსახური, წიგნების მაღაზია ძალიან უყვარს და უყვარს იმავე მიზეზის გამო, რა მიზეზითაც - თავისი ჟაკეტი - ძველმოდურია და იმიტომ.
ზედა მანჰეტენზე, პარკ ავენიუს კუთხეში, შუშის და ლითონის სვეტების შუაგულში დგას ერთი, აშკარად წინა საუკუნის შვიდსართულიანი შენობა, კონტექსტიდან ამოვარდნილი სათაურით: „არგოსი ბუქსი. ძველი და იშვიათი წიგნები და ანტიკური რუკები“ - დროშა ამ სახელწოდებით შესასვლელთან 1926 წლიდან კიდია. „არგოსი“ თავად არის გამქრალი ნიუ იორკის იშვიათი ექსპონატი.
ძველი ხის კარის შეღებისთანავე, ალერგიულებს გააღიზიანებს ათი ათასობით ძველი წიგნიდან წამოშლილი მტვერი. დაჟანგული ლიფტის კარს გაგიღებს ლიფტიორი და ისე დიდხანს დაგტოვებს ლიფტში, თითქოს, მეორე სართულის ნაცვლად, კრაისლერ ბილდინგზე ადიოდე. მეორე სართულზეც უძველეს რუკებთან უამრავი მტვრის ნაწილაკი ბინადრობს. თუ მათ სიმრავლეს გაუძლებ და ლორას ძველი ნიუ იორკის რუკებს თხოვ, დაჯექი და კიდევ უფრო შორს წადი წარსულში, ვიდრე უკვე ხარ. ა, არ იცოდი? ამ მაღაზიაში შემოსვლისთანავე, დროში უკან გადადიხარ. ხის ძველი კარი სასწაულებრივად ახშობს თანამედროვე ნიუ იორკის ხმაურს და მხოლოდ ძველი ფურცლების შრიალი და ლორას ხმა ჩაგესმის:
„50-იან წლებში აქ სულ წიგნის მაღაზიები იყო. შემდეგ უბანი მოდური გახდა, ქირის ფასმა იმატა და უმრავლესობამ ბიზნესი დახურა. მხოლოდ დებმა კოენებმა შეინარჩუნეს ადგილიც და ბიზნესიც და მამის, ლუის კოენის დატოვებულ წიგნების მაღაზიას ნიუ იორკის მაღალი საზოგადოების ეს სამი ცნობილი წარმომადგენელი დღემდე წარმატებით უძღვება“.
აქ ყველაფერი ძველმოდურია: კლიენტებთან ტელეფონით რეკავენ, წიგნებს ფუნჯით წმენდენ, წიგნების მარაგს მოხუცი მდიდარი ნიუ იორკელი ქალების ბიბლიოთეკიდან ამარაგებენ. „გარდაიცვლება ვინმე მდიდარი ბებია, მის შვილებს მისი ძველი წიგნები აღარაფერში სჭირდებათ და ჩვენ გვირეკავენ“. ასე გამდიდრებულ კოლექციაში მართლაც ყველაფერია - 1600-იანი წლებით დათარიღებულ წიგნებსაც შეგიძლია შეეხო ხელით და 1933 წელს გამოცემულ ოსკარ უაილდის კრებულსაც, რომელსაც გადაფურცლავ და შავი ფანქრით დაწერილ მიძღვნას წაიკითხავ: „ოდრის, სიყვარულით ენთონისგან. 1933 წლის 25 დეკემბერი“.
ნიუ იორკის ხელით დახაზული პირველი რუკები კი ძველი სითის რომანტიკას სრულად აღგადგენინებს. გაშლი მტვრიან დიდ გრაგნილებს და ნახავ, რომ სადაც დღეს გაპრიალებული ფეხსაცმლებითა და შავი პალტოებით უოლსტრიტელი საქმოსნები დადიან, წინათ იყო ქუჩები ასეთი სახელებით: წისქვილის ჩიხი, მარგალიტის ქუჩა, ალუბლის შესახვევი, მწვანე ქუჩა; ამ პატარ-პატარა ქუჩებს კი შუაზე ჰყოფდა ერთი ყველაზე დიდი და განიერი ქუჩა, რომელსაც ასეც ერქვა: Broad Way. დღეს ბროდვეი ერთად იწერება და სულაც აღარ ჩანს ფართო.
„არგოსი“ კი ის პლუსია, რომელიც კიდევ ერთხელ ეწერება ნიუ იორკს შემდეგი დამსახურებისთვის: ამ ქალაქს როკფელერ-ცენტრის ბრჭყვიალა დეკორაციებიც აქვს - სილამაზის ზედაპირული აღმქმელებისთვის და თავისი პატარა საიდუმლოებებიც, რომელთა ხიბლიც ისაა, რომ თავად უნდა აღმოაჩინო.
ფოტო: ირაკლი ავალიანი
კლიპი № შემოვლა
New York Like a Christmas Tree
Tonight The City Belongs To Me
ჩავედი, მესამე დღეს გავფრინდი, ერთი კვირის თავზე დავბრუნდი, ერთი კვირის შემდეგ ერთი დღით ისევ გავფრინდი და ისევ დავბრუნდი და ბოლოს, დიდი ხნით გამოვფრინდი. ანუ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სულ ექვსჯერ გადავუფრინე ნიუ იორკს თავზე და დავასკვენი: ნამდვილი ნიუ იორკელი რომ გახდე, შიდა საჰაერო რეისების განხორციელება აუცილებელია. სულ სხვაა, როცა შიდა ამერიკული რეისით ისევ უკან, ნიუ იორკში ბრუნდები. მაშინ ხვდები, რომ სახლში დაბრუნდი. ყვითელი ტაქსების ჩალმებიან მძღოლებს ფოიეში შინაურივით ესალმები და ეუბნები, არა, მადლობელი ვარ, არ მჭირდება ტაქსი, მეგობარს ველოდები; და აღარც გვერდზე მჯდომი ბიჭის გშურს, რომელიც შენს საოცნებო New School-ში სწავლობს და თვითმფრინავის დაფრენისას მეგობარს ურეკავს: „ჰეი, სთივი, რეისმა დაიგვიანა, ვერ ვასწრებ და გთხოვ, ჩემი წიგნები გამოიტანე, რა“.
ჰაერში ექვსივეჯერ ყოფნისას ნიუ იორკი სვაროვსკის ბროლის სათამაშოს შევადარე და ექვსივეჯერ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. მესამე ჩამოფრენის დროს, პირველი ჩამოფრენის სცენარი განმეორდა - ტრაპიდან ისევ ფართიზე აღმოვჩნდი, ოღონდ ამჯერად იქ, სადაც ბლუბერიანი და გოტიეს კაბებიანი მანჰეტენელი გოგოები -12 გრადუს ყინვაში კლუბების წინ რიგში იყინებიან. მოკლედ, „მითფექინგ დისთრიქთი“ და კლუბები Cielo, PM, One…
ეს მასკარადია, რომლის სცენარიც ყოველღამით უცვლელია. სადილი სადმე დაუნთაუნში, თუნდაც მაროკოულ რესტორანში, ჩილიმის თანხლებით, და შემდეგ კლუბების ჩამოვლა. თითებში კეკლუცად მოქცეული „კოზმოს“ ჭიქა და გასართობად გამოსული უამრავი უოლსტრიტელი, რომელთაც ჰალსტუხები უკვე მოუშვიათ, პერანგის სახელოები აუკაპიწებიათ და ნეტარებით უფათურებენ თავიანთ კრედიტ-ბარათებზე გაწაფულ თითებს უცხო გოგოების შიშველ მკლავებს, მერე ფავორიტებს მაგიდასთანაც პატიჟებენ. ეს გოგოებისთვის პატივია იმიტომ, რომ მაგიდა ძვირი ღირს და, როგორც წესი, მაგარი გოგო ხარ, თუ მაგიდიანი ბიჭები თავისთან მიგიწვევენ. Cielo-დან PM-ში გადაინაცვლებ, იქედან კიდევ სადმე სხვაგან. ბევრი გეტყვის, რომ ულამაზესი ღიმილი გაქვს და გთხოვს, კიდევ ერთხელ გაუღიმო. მერე თავზე დაგათენდება, გარიჟრაჟის კვალობაზე უცნაურად სავსე ქუჩებში ძლივს გაიკვლევ მანქანით გზას და ახლადგაცნობილ ბიჭებთან ერთად, საჭმელად წახვალ. მანქანის გასაჩერებელ ადგილს კვლავაც გაჭირვებით იპოვი, და რესტორანში შესვლის დროსაც მოცდა მოგიწევს. დილის სიცივე თავისას იზამს და ძალიან გესიამოვნება, როცა ულამაზესი მულატი ბიჭი ყავადნიდან ქაფქაფა ყავას დაგისხამს და მერე ბეკონიან ომლეტსაც მოაყოლებს - უკვე საუზმის დროა. „ძალიან მშიოდა“ - გადასძახებ მაგიდის მეორე მხარეს, თითქმის ყვირილით, იმიტომ, რომ გარშემო ბევრი ხალხი და დიდი ხმაურია. არადა, ჯერ მხოლოდ თენდება.
სახლში მისვლისას შენიშნავ, რომ უკვე განათებულ ცაზე რატომღაც მაინც კიდია დიდი მთვარე... მერე, როცა მძიმე ფარდები ვეღარ შეაკავებს შუადღის მზეს, გეღვიძება და ჩანთიდან ამოყრილ ნივთებს შორის უცხო სავიზიტო ბარათს შენიშნავ, მაგალითად ამას: პოლ ბეზოლო, „აკაშა ინთერ-თეინმენთი“... ძილისგან დასიებული თვალების მოფშვნეტა ვერაფერს გიშველის, მაინც მხოლოდ ბუნდოვნად გაიხსენებ, ვინ იყო ის და რა იყო გუშინ...
დღეს კი ჩაი გიშველის და არა უბრალო ჩაი, აუცილებლად მობის მწვანე ჩაი, რომელიც საგანგებოდ ნაბახუსევს მიიღება.
გაპრანჭული კლუბების და უოლსტრიტელი ბიჭების შემდეგ, მობი შვებით ამოსუნთქვაა. Teany Cafй მანჰეტენის ქვემოთა ისტ საიდზე ისეთ ქუჩაზეა გახსნილი, სადაც მუდმივად ჰიპური ნიავი უბერავს. ჩაცდები თუ არა ჰაუსტონს, მომენტალურად გეხსნება ფილტვები. თვითონ მობი ტურნეშია და ვერ ნახავ, თორემ შეიძლება, იქვე, ტროტუარზე მჯდარიყო - ამბობენ, ხშირად ზის ასეო. მისი კაფე ჩაი-ნიუ იორკს ნიშნავს, მაგრამ ინგლისურ სიტყვა Tiny-სთანაც იწვევს ასოციაციას, რაც პატარას ნიშნავს და ძალიან უხდება ამ პატარა ოთახს, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში სავსეა. საერთოდ, ორ ჩაის ვსვამ ხოლმე - „სისხლისფერ ფორთოხალს“ და „კარამელს“, მაგრამ დღეს მწვანე უნდა დავლიო - თავის ტკივილისთვის. პატარა მაგიდებზე სანთლები ანთია. გვერდით გოგო და ბიჭი სვამენ სანგრიას, აქეთ წითელთმიანი გოგო ზის და გრძელ ნაწნავს თავიდან იკრავს; იქეთ რამდენიმე მაგიდა შეუერთებიათ კორეელ თინეიჯერებს; წინ სამი გოგო ზის, ერთ-ერთის ძალიან ქერა თმა სანთლის შუქზე ისე ანათებს, რომ თაფლისფერი გადაკრავს, ტარო აქვს გაშლილი და მიბნედილი თვალებით მკითხაობს.
„იყო დრო, როცა შეგეძლო სოლო-ადამიანი ყოფილიყავი. მარტოს გევლო, მარტოს გეცხოვრა, მარტოს გამოგეცადა თავი რაღაცეებში. ახლა ნიუ იორკული რეალობა იმდენად კორპორაციულია, რომ ახალგაზრდებს პატარა სტუდიოს დაქირავებაც უჭირთ.“
იან ფრეიჟერი
კლიპი № ქარი, ცელოფნის პარკები და F Train
იან ფრეიჟერი ნიუ იორკში წლების წინ ოჰაიოს შტატიდან ჩავიდა, „ნიუ იორკერს“ თავისი ნაწარმოები მიუტანა, მაგრამ ქუჩიდან მისული, უკან გამოაბრუნეს. შემდეგ, როგორც ნიუ იორკში ხდება ხოლმე, საქმეში ნაცნობები ჩაერთნენ და ფრეიჟერი ჟურნალში მოხვდა. მას შემდეგ, ის ნიუ იორკში ცხოვრობს (მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გადასახლდა ნიუ ჯერსიში, მაგრამ თავის ქალაქთან კონტაქტი მაინც არ გაუწყვეტია) და ნიუ იორკზე წერს. წლების განმავლობაში შეგროვებული ნიუ იორკული მოთხრობები კი ნოემბერში წიგნად გამოსცა. „ბარნს ენდ ნოუბლში“ შეკრებილ აუდიტორიას ამ მოთხრობებიდან ერთ-ერთი, „ცელოფნის პარკები“ წაგვიკითხა. პუბლიკის უმრავლესობა თვითონ ნიუ იორკელები იყვნენ და ყველანი ერთად ვიცინოდით ფრეიჟერის უცნაურ ჰობიზე, რომელიც მას საყვარელ ქალაქზე მზრუნველობის გამო გამოუმუშავდა. მწერალი წლების განმავლობაში დადიოდა ქუჩებში და ქალაქს ხეებში გაჩხერილი ცელოფნის პარკებისგან წმენდდა. ეს ცალკე, გრძელი და სასაცილო ამბავია, რომელსაც დიდი სიამოვნებით წაგაკითხებდით, ჩემი და ჩემოდნების არანაკლებ საინტერესო ამბავი რომ არ მომხდარიყო, მაგრამ...
იან ფრეიჟერი კი უკვე იმ ასაკშია, როცა საყვარელ ქალაქთან წარსულიც აკავშირებს და მომავლის შეფასებაც შეუძლია. ძველი ნიუ იორკიდან მას ინდივიდუალური თავისუფლება ენატრება. „იყო დრო, როცა შეგეძლო სოლოადამიანი ყოფილიყავი. მარტოს გევლო, მარტოს გეცხოვრა, მარტოს გამოგეცადა თავი რაღაცეებში. ახლა ნიუ იორკული რეალობა იმდენად კორპორაციულია, რომ ახალგაზრდებს პატარა სტუდიოს დაქირავებაც უჭირთ. ოთახის ქირა უცხო ადამიანთან თუ არ გაიყავი, სხვანაირად ვერ იცხოვრებ. ნიუ იორკს უწინ კიდევ კრიმინალური ხიბლი ჰქონდა. შეიძლება, შუა ძილში ოთახში ვიღაც შემოსულიყო, ვიღაც რა - ქურდი... მიესალმებოდი და ძილს გააგრძელებდი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ნიუ იორკი მართლაც შეიცვალა, ძალიან კორპორაციული გახდა, მაგრამ ის მაინც ჩემი ქალაქია“.
იან ფრეიჟერს ძველებურად აქვს თავისი ექსკლუზიურად საყვარელი და ამოჩემებული ადგილები. ერთ-ერთია მეტრო და მისი ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი და არაპუნქტუალური ხაზი F train, რომელზეც იან ფრეიჟერი ძალიან კარგ მოთხრობას წერს.
მოკლედ, გაიცანით - ესაა მიწისქვეშა ცხოვრება, რომელიც მიწისზედა ცხოვრების ანარეკლია, თავისი სართულებით, სიღრმეებით, თანმხლები მუსიკით და მუდმივი პერსონაჟებით. 23-ე ქუჩის მეტროს გვირაბში ფეხშიშველა ქალი მოდის, თვალები უციმციმებს და ღიმილით გეუბნება: „საყვარელო, შემთხვევით, ხომ არ გახსოვს, სად ვცხოვრობ?“ იქვე რომელიღაც ჯაზ სტანდარტის უნიჭო ვერსიას ასრულებს ვიღაც. იუნიონ სკვერის გაჩერებაზე პოსტ-პანკისეული გამომეტყველებით, მოკლეთმიანი გოგო მღერის, ბენდში გრძელთმიანი ბიჭები უკრავენ, მსმენელი მათ ყოველთვის ჰყავთ. მეტროში, სადაც ყველას ყოველთვის ეჩქარება, ამ ჯგუფის მოსასმენად მაინც დიდ ბრბოდ იკრიბება ხალხი; როცა მე-4 სტრიტის გვირაბში ყველანაირი ჯურის ადამიანთან ერთად დგახარ და მატარებელს ელოდები, დროდადრო, საიდანღაც საოპერო არია გესმის ექოდ. თავიდან თვითონ მომღერალს ვერ ხედავ, მერე ამჩნევ - კუთხეში დგას და მატარებლის რელსების სუნში თვალდახუჭული მღერის. 34-ე სტრიტის გაჩერებაზე „ბობ მარლი“ დგას მარტო და ზურგსუკან გაკრული პლაკა ტით - Music Under New York საბოლოოდ გარწმუნებს: ქალაქის მეტროს თავისი საუნდთრექი აქვს.
ბრუკლინის L ხაზის მატარებელი მიწაში ღრმად ჩადის. ღამის 12-ის ნახევარია, უილიამსბურგული ფართიდან სთეითენ აილენდზე ვარ წასასვლელი. L მატარებელს მანჰეტენამდე გავყავარ. ვაგონში მხოლოდ მე და ორი შავკანიანი ბიჭი ვსხედვართ. ცოტა მეშინია, მაგრამ შუშაში საკუთარი სახის ანარეკლს ვხედავ და ვცდილობ გამომეტყველება დავირეგულირო. მატარებელი შუა გვირაბში მოულოდნელად ჩერდება, დაახლოებით 3 წუთი ადგილიდან არ იძვრის. ბიჭებს მოუსვენრობა ეტყობათ და უკვე თვალიერებას მიწყებენ, 3 წუთის ნაცვლად რამდენი წელი გადის? დაახლოებით საუკუ ნის გასვლის შემდეგ, მატარებელი იძვრება. იუნიონ სკვერზე ამოვდივარ, ყინაააავს. ბროდვეიზე Cosi-ს წინ ვდგები და X1 ავტობუსს ველოდები. ნაცნობი მძღოლი ღიმილით მხვდება, ავტობუსში თბილა, აქა-იქ გვიანი მგზავრები თვლემენ. უკვე სახლში ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ერთი საათის მგზავრობა მელის. დროს არა უშავს, მერე რა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენი წამია ნიუ იორკულ წუთში. სამაგიეროდ, უკვე შევეჩვიე ერთსაათიან მგზავრობებს კუნძულიდან კუნძულზე. თან კიდევ ერთხელ გადავივლი ვერაზანოს ხიდს და უკან გამოვხედავ წყლის სიბნელეში აბრჭყვიალებულ მანჰეტენს. ნეტა, რამდენმა ნიუ იორკელმა იცის, რომ მანჰეტენი ინდიელების დარქმეული სახელია და ნეტა, რამდენმა ნიუ იორკელმა იცის, რას ნიშნავს ის?
„საღამო მშვიდობისა, მემ, ცივა გარეთ?“
კლიპი № ჩელსი
ჩელსი დიდი უბანია, GAP-ის მაღაზიაც აქვს, Dunkin Donut-იც და ძალიან მაგარი წიგნების მაღაზიაც. ამიტომ მეტროდან ამოსული, ამაოდ ცდილობ, იპოვო ის აურა, რითაც ჩელსია ცნობილი - გალერეები. ეს რაიონი ისე უეცრად იწყება, რომ ვერც ხვდები - არც უცნაური გამვლელები, არც ხმამაღალი მუსიკა, არანაირი არტისტული გამოვლინება. ჩვეულებრივ ურბანისტულ პეიზაჟში უცხო სხეული მხოლოდ ქუჩის თავზე გაკრული პლაკატია, რომელზეც წერია - „ხელოვნება დუმს, როცა ფული ლაპარაკობს“, ანდა: „ახალი ამბავი: ხელოვნებაში არაფერია ახალი“, ანდა: „არტ-დილერისთვის „კარგი“ ნიშნავს „გაყიდვადს“.
არადა, ეს სწორედ რომ არტ-დილერების უბანია, მეათე და მეთერთმეტე ავენიუების კვეთაზე ჩალაგებულ, 22-დან 26-ე ქუჩების ჩათვლით, თითოეული შემინული კარის მიღმა გალერეაა და ხელოვნებას ჰყიდის. პლაკატების ავტორი კი ფრანგი პატრიკ მიმრანია. თავისი პლაკატების ნახევრად სახუმარო პროექტს ის ჩელსის საგალერეო ქუჩებზე 2002 წლიდან ახორციელებს.
მოკლედ, ქუჩებზე მანქანებიც კი იშვიათად დადიან, ადამიანები ხომ - საერთოდ. მხოლოდ აქა-იქ დაინახავ სწრაფი ნაბიჯით ერთი კარიდან გამოსულ ბიჭს, რომელიც სწრაფივე ნაბიჯით მეორე კარში შედის. ამ კარების მიღმა კი ისეთი ინსტალაციებია, ისეთი ნახატებია, ისეთი მუსიკაა, რომ არავინ კივის, მაგრამ ყურში აშკარად ჩაგესმის ისტერიული კივილი. ასე მხოლოდ იდეების და შთაბეჭდილებების მოზღვავება აკივლებს ადამიანს.
ფოტო: თამარ ბაბუაძე
გაგოსიანის გალერეა და გიჟი ლოს ანჯელესელი არტისტის, მაიკ კელის სრულიად გიჟური ინსტალაციები მთელ საგამოფენო სივრცეს რომ იკავებს;
ტრეისი ემინის სენტიმენტალური ნაქარგები - განერვიულებული ქალის აცახცახებული თითებით თეთრ ქსოვილზე ამოქარგული სიტყვები: „ვგრძნობ შენს ღიმილს“; „განა მარტო სევდიანი ვარ, მარტოსულიც“; „ხანდახან ვფიქრობ შენზე, ხანდახან ვოცნებობ კიდეც“;
ჯოან ლინდერის ინსტალაციებით ვგრძნობ, შვება სითეთრეშია;
კრისტოფერ მელივა ლურჯ ზღვაში გასულ ბორანს მიხატავს და გაკრული ხელით მიწერს: „ნეტა, აქ იყო“.
მეთიუ მაქკაზლინი თეთრ აბაზანაში ბანაობისკენ მომიწოდებს; უფრო სწორად კი, მაჩვენებს, როგორი ეგზისტენციალური სენტიმენტები შეიძლება ჰქონდეს საშხაპეში მოშვებულ წყალს, აბაზანას, რომელიც შემოდგომის ფოთლებზე დგას; მუსიკას, რომელიც ლითონის პრიალა ზედაპირს ათბობს.
კარიდან კარში მეც მთვარეულივით ვიწყებ სიარულს, ერთ მრავალსართულიან შენობაში კი საერთოდ ვიკარგები. გაპრიალებული ლითონის დარბაზებში თითქმის მარტო ვბორიალობ, ხელის ფათურით ვეძებ ლიფტს და ნამდვილ, რეალურად არსებულ მზეს რომ ვხედავ ფანჯარაში, ვხვდები, ეს მხოლოდ შუადღის ძილის დროს მოგვრილი სიზმარი იყო; Daydream - როგორც მეთიუ მაქკაზლინი იტყოდა და ამ ძილს სამი ერთმანეთზე დაწყობილი მონიტორით დამიხასიათებდა.
გალერეიდან გამოვდივარ, უკან ვიტოვებ პატრიკ მიმრანის პლაკატს; ანუ ვიღვიძებ, და თავი აღარ მიგავს მაქკაზლინის მონიტორს. მეტროს ხმაური კვლავაც მიმანიშნებს, რომ რეალურ რეალობაში დავბრუნდი. აქედან E ხაზი მინდა, MET-ში მივდივარ.
კლიპი № ჩემი ისტორია
რაღაც ეს ჩაი არ მშველის, ნეტა მობი დამხვედროდა Teany-ში, თვითონ უკეთ ეცოდინებოდა, მაინც რომელი მწვანე დამელია.
ან იქნებ უილიამსბურგში უნდა წავსულიყავი? Fix-შიც მაგარი ჩაი აქვთ, პიტნის. იქ ჩემს ტახტზე სულ ერთი ბიჭი ზის ხოლმე, ქაფქაფა ჩაის სვამს და „ბრუკლინ რეილს“ კითხულობს - სქელ გაზეთს ხელოვნებაზე, პოლიტიკასა და კულტურაზე.
Fix-ში სანამ მიხვალ, ბნელი და ძველი ქუჩები უნდა გაიარო. ერთ-ერთ მათგანს სწორედ ახლა ვკვეთთ. მარცხნივ ვიყურებით, მანქანა არ მოდიოდეს. მანქანის ნაცვლად, აბსოლუტურად ჩაბნელებულ ქუჩას და ერთ განათებულ სახლს ვხედავთ. სახლი ძველია, წინ პატარა კიბეებით. ტროტუარზე დიდი ტრაილერი დგას, რომლის სიღრმეშიც კამერებს და აპარატურას ვარჩევ. ფასადს კი გარედან დიდი სიმძლავრის რამდენიმე პროჟექტორი ანათებს. შიგნით აშკარად რაღაცას იღებენ. ახლოს მივდივართ და მეჩვენება, თითქოს განათებულ და მიტოვებულ სპექტაკლზე აღმოვჩნდი. თითქოს, წარმოდგენა დამთავრდა, სცენის მუშას კი დეკორაციების აღება დაავიწყდა, თეატრი ისე დაკეტა და წავიდა. ხმაც არსაიდან ისმის, არც მანქანა, არც გამვლელი, და ამ სიჩუმეში აბსოლუტურად უხმაუროდ იღება განათებული სახლის კარი და გამოდის შავპალტოიანი მორცხვი კაცი - მორცხვი რომ არის, რატომღაც მაშინვე ვასკვნი. ძალიან მეცნობა. სახელის ნაცვლად, სიმღერა მახსენდება ფილმიდან, რომელშიც ეს კაცი თამაშობს: He's got the whole world in his hands; არც ამ კაცის სახელი, არც ფილმის, არაფერი, მხოლოდ ეს მელოდია. „რეზერვუარის ძაღლები“ - ყვირილით მახსენებს მეგობარი და ვედევნებით. სთივ ბუშემია - ტარანტინოს ყველაზე შერყეული მსახიობი. თავიდან გვეუბნება, ფილმს იღებენ, ვმონაწილეობ, კარგია, მაგრამ მერე კამერას შენიშნავს, სასწრაფოდ იწევს პალტოს საყელოს და ჩქარი ნაბიჯებით, ლამის გარბის.
Fix-იდან გამოსულებს თავიდან გვხვდება. შორიდან შეგვნიშნავს, შეეშინდება და მგონი, სულ სხვა ქუჩაზე შეუხვევს. რა იცის, რომ სადღაც ჯორჯიაში, რაღაც ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ მასზე მაინც დაწერენ იმიტომ, რომ ყველა ნიუ იორკელს ვარსკვლავთან შეხვედრის თავისი ისტორია უნდა ჰქონდეს მოსაყოლი. ახლა უკვე მეც მაქვს ჩემი.
კლიპი № დაბრუნება
იმას, რაც 2005-მდე იყო, ქრონოლოგიურად ვეღარ აღვადგენ. 2005-დან კი ახალი ნიუ იორკული რეზიუმეს შევსებას ვიწყებ. არსებობს გეგმა მაქსიმუმიც: ნიუ იორკში მეშვიდედ ჩაფრენა იმიტომ, რომ:
იმდენჯერ გადავიარო ფეხით ბრუკლინის ხიდი, სანამ კარგ, არაბანალურ შეფასებას არ მოვიფიქრებ იმ გულწრფელი ვნების გამოსახატად, რასაც ნიუ იორკი იწვევს;
იმდენჯერ ვიარო სთეითენ აილენდზე ბორანით, სანამ უგრანდიოზულესი სასიყვარულო ისტორია არ შემემთხვევა და მერე ქარისგან აფრიალებული თმითა და უძლიერესი eye-contact-ით ნამღერ ამ სიტყვებსაც ექნება აზრი:
Oh, You Look So Beautiful Tonight
In The City of Blinding Lights.
ნიუ იორკი ბევრნაირ შრედ იყოფა. მათგან ყველაზე ხილული სამია:
Ground zero/„ტყუპების“ მშენებლობის სივრცე;
Under-Ground/მიწისქვეშეთი;
Sky-Line/ცის ხაზი.
რთულია? არა, ეს ჯერ კიდევ მარტივია. სირთულე სიმბოლიკას და ორმაგ მნიშვნელობებს მოაქვს. იმას, როცა Ground zero-ს ხსენებაზე მარტო „ტყუპების“ ადგილს კი არ გულისხმობ, არამედ იმ მიწის ზედაპირს, რომელსაც სამი განზომილება აქვს და რომელზეც ნიუ იორკული ცხოვრება ვითარდება. ამავე მიწის ზედაპირის ქვევით და ზევით განლაგებულია ორმაგი მნიშვნელობის მქონე დანარჩენი ორი შრე - ცხადია, თავ-თავიანთი ორმაგი მნიშვნელობებით:
ანდერგრაუნდი ნიშნავს პირდაპირი გაგებით მეტროსაც და ირიბი გაგებით - დამკვიდრებული ფასეულობების ქვეშ დამალულ ნიუ იორკსაც.
სქაილაინი ნიშნავს იმ წრფესაც, რომელიც ცას და ცათამბჯენებს შორის გადის და ნიშნავს მანჰეტენის ეგოსაც - ის ცასთან საზღვარს ყველა სხვა ქალაქზე მაღლა ავლებს.
ვინც ნიუ იორკში თვითმფრინავით ჩადის, ქალაქის აღქმასაც ზევიდან იწყებს. ამიტომ ჯერ წარმოგიდგენთ მანჰეტენის ცის ხაზის ახალ ბინადარს - „ნიუ იორკ თაიმსის“ ცათამბჯენს, მის სახელგანთქმულ არქიტექტორს რენცო პიანოს და მის დიდ ფოტოგრაფს ენი ლეიბოვიცს.
>>>
![]() |
10 როგორ შენდება დრო |
▲back to top |
ენი ლეიბოვიცის ახალი რაკურსი
ფოტო: ენი ლეიბოვიცი
ავტორი: თამარ ბაბუაძე
შესვენებაზე ბრაიანტ პარკში შევიარე, სანამ ავტობუსიდან გამოყოლილი სითბო მეყოფა, გავისეირნებ-მეთქი. თორემ მერე, როცა ყინვისგან თანდათან კარგავ შეგრძნებებს, ქუჩებში ნებაყოფლობით მოსეირნე მხოლოდ ერთი მოდგმის ადამიანებს ხედავ - ტურისტებს.
მე ტურისტი არ ვარ. მე აქ ვმუშაობ; ანუ იმ ადამიანებში, რომელთაც -12 გრადუს ყინვაში მანჰეტენზე გვერდს ძლივს უქცევ, მეორე მოდგმას მივეკუთვნები - ადგილობრივებს. ჩვენ აქ უნდა ვიაროთ, იმიტომ კი არა, რომ ხვალ JFK-დან სახლში მივფრინავთ და დღეს თაიმს სკვერზე გასეირნება უნდა მოვასწროთ, თუნდაც ფილტვების ანთების ფასად; ჩვენ აქ უნდა ვიაროთ იმიტომ, რომ ვმუშაობთ და გამუდმებით გზაში ყოფნა ჩვენი ცხოვრების სტილია. თუ არ გჯერათ, აი, ბრაიანტ პარკში შესვლაც ვერ მოვასწარი, რომ ტელეფონის ზარი. ჯეინ პუკი რეკავს:
„ნიუ იორკ თაიმსის“ ახალი შენობის პროექტის სანახავად ორშაბათს ენი ლეიბოვიცი მოვა. დილას ათ საათზე ჟურნალისტებს გელოდებით. პრეს-რელიზს იმეილზე გამოგიგზავნით.
და მერე ორშაბათს: მეტროს კიბეებზე, ორთქლთან ერთად, შავკანიანი და თეთრთმიანი გაზეთის დამტარებელი ამოდის, გამვლელებს გაზეთებს აჩეჩებს და ბოლო ხმაზე გასძახის: „ნიუ იორკ დეილი ნიუსი“ უფასოოოოოდ“.
კარგი ერთი. გამატარეთ თუ შეიძლება, რა დროს „დეილი ნიუსია“. „ნიუ იორკ თაიმსის“ პრეზენტაციაზე მეჩქარება - ასეთია ნიუ იორკი, პრიორიტეტებს მნიშვნელოვანს, ნაკლებად მნიშვნელოვანს და სრულიად უმნიშვნელოს შორის აბსოლუტურად დაუნდობლად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თვითონ გადგენინებს - არ გჭირდება? მოიშორე, სწრაფად. „სთარბაქსის“ მუყაოს ჭიქაზე გამთბარი თითებით კარს „ნიუ იორკ თაიმსისვე“ ჟურნალისტი მიღებს და ერთად შევდივართ ზუსტად მშენებლობის გვერდით მოწყობილ პატარა ოთახში ენი ლეიბოვიცთან შესახვედრად.
- თქვენ საიდან ხართ? საინტერესოა. როგორ არის „ცხელი შოკოლადი“ ქართულად? მერე ჟურნალი მანახეთ, კარგი?
უცხოური პრესა მხოლოდ მე ვარ. გვერდით ქალი არქიტექტურული ჟურნალიდან არის, ანუ სულ ცათამბჯენებზე წერს. „ჰირსტის შენობა უკვე „ავაშენე“. ახლა „ნიუ იორკ თაიმსი“, - ხუმრობს.
გაზეთის ახალი პროექტი ნიუ იორკული მასშტაბებითაც ძალიან ამბიციურია. ზედ თაიმს სკვერთან, მერვე ავენიუზე, მე-40 და 41-ე ქუჩების კუთხეში 52 სართულიან რკინისა და შუშის ცათამბჯენს პარიზული პომპიდუს ცენტრის ავტორი, სკანდალური და ცნობილი რენცო პიანო აშენებს. იტალიელი არქიტექტორის დაქირავება უკვე დიდი სარეკლამო ტრიუკია. ნიუ იორკელებიც ყველაზე გაკვირვებული სახეებით სწორედ ამ პროექტზე ჭორაობენ: ტრამპ ტაუერის ისტორია უკვე მოძველდა. გავიგეთ, რომ მისი შუშის ფასადი ყველაზე ნაცრისფერ დღეებშიც კი რამპის ჩირაღდანივით ელვარებს. რენცო პიანოს სახელის გარდა, დაინტერესების მიზეზი ენი ლეიბოვიცია. ცნობილმა ფოტოგრაფმა მშენებლობის პროცესი უნდა აღბეჭდოს. 2005 წლის ივლისიდან 2007 წლის დასაწყისამდე ლეიბოვიცმა სართულ-სართულ უნდა აიწიოს ზევით, ცისკენ და შენობის გახსნის ჩათვლით, ყველა ეტაპი გადაიღოს.
[„დავინახე თუ არა მშენებლობა, მივხვდი, რომ ფოტო შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო და კადრიც გრაფიკული - აქ იმდენად კონკრეტული ხაზები და ფორმებია, რომ ფერი და ექსპერიმენტები უადგილოა. მერე, თანდათან, როცა რენცო პიანოს კერამიკის მილების წყალობით ფასადი მზის სხივებს აირეკლავს და სხვადასხვა ამინდსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ფერს მიიღებს, ცხადია, ფოტოებიც გაფერადდება“. ]
ენი ლეიბოვიცი
ფოტოების ნაწილი უკვე მზადაა. 7 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში მუშები 80-ზე მეტ ბილბორდად ქცეულ ფოტოს მშენებლობის წინ კიდებდნენ და დილას კმაყოფილი სახეებით უყურებდნენ, როგორ ჩერდებოდნენ გამვლელები ღია ცისა და თოვლის ქვეშ, ხარაჩოების წინ სახელდახელოდ მოწყობილი გამოფენის დასათვალიერებლად…
ენი ლეიბოვიცი გრაფიკული ქალია - მაღალი, გამხდარი, სახასიათო ცხვირით, შავი როლინგით, სათვალით და უშუალობით. მისი ფოტო-პროექტის პირველი სერიაც გრაფიკული გამოვიდა.
„სხვანაირად არც შეიძლებოდა. დავინახე თუ არა მშენებლობა, მივხვდი, რომ ფოტო შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო და კადრიც გრაფიკული - აქ იმდენად კონკრეტული ხაზები და ფორმებია, რომ ფერი და ექსპერიმენტები უადგილოა. სანახაობამ მაშინვე სებასტიაუ სალგადოს მუშები გამახსენა… მერე, თანდათან, როცა რენცო პიანოს კერამიკის მილების წყალობით ფასადი მზის სხივებს აირეკლავს და სხვადასხვა ამინდსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ფერს მიიღებს, ცხადია, ფოტოებიც გაფერადდება“.
ენი ლეიბოვიცი დღეს მხოლოდ ცათამბჯენებზე ლაპარაკობს, მაგრამ მე მაინც მისი ადამიანები მახსენდება. მით უფრო, რომ 8 დეკემბერმა ორიოდე დღის წინ ჩაიარა, სენტრალ პარკში ლენონის Imagine-თან კიდევ ერთხელ შეიკრი ინტენბნენ ფანები და მეც ლეიბოვიცის გადაღებულ ლენონზე იმ დღიდან ვფიქრობ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ პროექტამდე ენი ძალიან ცალსახად და პირდაპირ „ადამიანების ფოტოგრაფი“ იყო. თითქოს მისთვისვე გამოიგონეს ტერმინი პორტრეტისტი-ფოტოგრაფი, რადგან ლეიბოვიცი ყველაზე დიდი ინტერესით სწორედ პორტრეტებს იღებდა და მერე ჟურნალისტებს გატაცებით უყვებოდა, თუ როგორი მნიშვნელოვანია მისთვის თვითონ გადაღების პროცესი სწორედ ადამიანებთან კონტაქტის გამო: „ძალიან მიყვარს გადაღების დროს თვითონ ფოტოზე ლაპარაკი. არ მიყვარს თავის მოჩვენება, როცა ამინდზე ლაპარაკობ, ანდა „ნიქსის“ მატჩზე და ცდილობ, თავი მოიტყუო, რომ თითქოს ფოტოს არ იღებ. მგონი, სასაცილოა ასეთი მიდგომა: „არ გეგონოთ ფოტოებს ვიღებდეთ! საუბარს სხვა თემაზე გადაგიტანთ და ნახეთ, როგორ მოეშვებით!“ სხვათა შორის, ჯონ ლენონმა მასწავლა ფოტოს გადაღების დროს პირდაპირობა. თვითონ იყო ძალიან პირდაპირი, ზუსტი და ამით ყოველთვის მეხმარებოდა“.
ჯონ ლენონი მეხსიერებაში 8 დეკემბრის გამო წამოტივტივდა. მართალია, არასდროს მიოცნებია - ნეტა, იმ დღეს იმ ქალაქში ვიყო, სადაც ლენონი მოკლეს-მეთქი, მაგრამ ეს ოცნება ოცნების გარეშე ახდა და მერე იმ ფოტოგრაფსაც პირადად შევხვდი, ვინც ლენონის და იოკო ონოს ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო, თანაც ზუსტად 1980 წლის 8 დეკემბერს, იმ მომენტამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, სანამ ლენონი „დაკოტას სახლიდან“ გამოვიდოდა...
ენი ლეიბოვიცზე მოსაყოლი მის ყველა პერსონაჟს უამრავი აქვს - Vanity Fair-ის ყდაზე გამოკრულ ორსულ დემი მურსაც, მიკ ჯაგერსაც, ქლინთ ისტვუდსაც, ატლანტის ოლიმპიადის სპორტსმენებსაც და საერთოდ ყველა იმ ქალს, რომლებიც ლეიბოვიცმა სიუზან ზონტაგთან ერთად გაკეთებული წიგნის, „ქალებისთვის“ გადაიღო… რაც შეეხება „ნიუ იორკ თაიმსის“ ცათამბჯენს, ჯერჯერობით, მასზე მხოლოდ თვითონ ენი საუბრობს.
ჟურნალისტები ერთმანეთის კითხვებს ვსვამთ, იმდენად საერთოა ინტერესი:
- ასეთი გამოკვეთილი პროფილის შემდეგ, რატომ დაინტერესდით მშენებლობით?
„ლენდსკეიპი ყოველთვის მაინტერესებდა. არქიტექტურაც ჩემი საყვარელი სფეროა. თანაც ვგიჟდები ყველანაირ პროცესზე. უკეთესი გადასაღები არაფერია. აქ, ხარაჩოებ ზე კიდევ ერთი უნიკალური შანსი მეძლევა: შემიძლია გავჩუმდე, პროცესს დავაკვირდე და გადავიღო ის, რაც ჩემგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე ხდება; გადავიღო ქმნის პროცესი, როცა რაღაც თავის დასრულებულ ფორმას თანდათან, ჩემს თვალწინ იღებს. კიდევ ერთი რამ მაოცებს ძალიან: ამ პროექტზე მუშაობისას გავიაზრე, რომ დღესაც, 21-ე საუკუნეში, ცათამბჯენების ქალაქშიც კი, ადამიანები შენობებს ხელით აშენებენ, როგორც ძველ დროში იყო“.
ენი ლეიბოვიცს პირველივე შეხედვაზე ეტყობა, რომ მაგარი ქალია. მაგრამ სიმაღლის შიში ისეთი ფობიაა, შინაგან სიმხნევეს არ ექვემდებარება. კიდევ კარგი, ლეიბოვიცს ეს ფობია არ აღმოაჩნდა. თავიდან გაუჭირდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ „კრაისლერ ბილდინგის“ გასწვრივ საათობით დგომა და ნიუ იორკის ზევიდან ყურება უნიკალური მდგომარეობაა. თანაც, ადამიანები ამ სიმაღლიდანაც ძალიან საინტერესოები ჩანან. მანქანებით, შენობებით და ადამიანებით სავსე კადრი უფრო შეკრულია, მოქმედება კიდევ უფრო ინტენსიური, ქალაქის ხმაური - ზევით ექოდ ამოსული - უფრო რომანტიკული და მიმზიდველი.
[„ძალიან მიყვარს გადაღების დროს თვითონ ფოტოზე ლაპარაკი. არ მიყვარს თავის მოჩვენება, როცა ამინდზე ლაპარაკობ, ანდა „ნიქსის“ მატჩზე და ცდილობ, თავი მოიტყუო, რომ თითქოს ფოტოს არ იღებ. მგონი, სასაცილოა ასეთი მიდგომა. სხვათა შორის, ჯონ ლენონმა მასწავლა ფოტოს გადაღების დროს პირდაპირობა. თვითონ იყო ძალიან პირდაპირი, ზუსტი და ამით ყოველთვის მეხმარებოდა“... ]
ანი ლეიბოვიცი
შენობა უკვე შუამდეა მიყვანილი. როცა ენი 26-ე - ანუ, ჯერჯერობით ყველაზე მაღალ სართულზე - ადის, თავზე მუშების მსგავსად, ნარინჯისფერ ჩაჩქანს იხურავს, ხელთათმანებს იკეთებს და კამერას ყველა მიმართულებით ამუშავებს. ხარაჩოებზე ასვლის პირველ დღეს მუშებმა ეჭვის თვალით შეხედეს, ეგონათ, რომ ჩვეულებრივი ინსპექტორი იყო, მშენებლობაზე მუშების ყოფაქცევის და სამუშაო ეთიკის შესამოწმებლად მოსული - აბა, ვის არ ახურავს ჩაჩქანი, ვინ ისვენებს უდროო დროს. ფოტო-პროექტის ამბავი რომ გაიგეს, კიდევ უფრო გაიოცეს, მაგრამ ენი კონტაქტების ოსტატია, მეორე დღეს მშენებლობაზე უკვე გადაღებული ფოტოებით მივიდა, მუშებს თავიანთი პორტრეტები აჩვენა და დაუმეგობრდა. დღეს ბევრ მათგანს უკვე სახელებით ცნობს. „დღეს დილას რომ ავედი ზევით, სანტექნიკოსები მეხუმრებოდნენ, ჩვენი ფოტოები სადაა? რატომ არ გამოფინე? მათ უკვე თავიანთი გუნდის წევრად მიმიღეს, რაც რიგ შემთხვევებში კარგი სულაც არ არის. ყველას იმდენად თავისიანი ვგონივარ, რომ დარწმუნებულები არიან, ბლოკებით დატვირთული ამწეკრანის მოახლოება ინტუიციით უნდა ვიგრძნო. ამას წინათ, რომელიღაც დაფაზე ჩამუხლული, რაღაცას ვიღებდი, შემთხვევით გავიხედე უკან, ამწეკრანი მიახლოვდებოდა და წამით მოვასწარი თავის გაწევა. მაშინ მივხვდი: ოოო, ესე იგი, როგორც სტუმარს აღარავინ მიყურებს. ესე იგი, მეც აქ ვმუშაობ“.
„როგორ შენდებოდა ნიუ იორკი“ - ამ თემას უამრავი ვერსია, ვერსიებს კი უამრავი ავტორი ჰყავს, მარტინ სკორსეზეთი დამთავრებული. ბონო იმ ხელებს, ამერიკა რომ ააშენეს, ასე უმღერის: „უკაცური გორაკებიდან ლითონისა და შუშის კანიონებად აქციეთ; უზარმაზარი მინდვრებიდან - ციდან ჩამოშვებულ რკინის სვეტებად“. ჰოდა, გამოდის, რომ ნიუ იორკის მხოლოდ არქიტექტურას იმხელა მასშტაბები აქვს, რომ მსოფლიოს მეგა-ვარსკვლავი მასზე პათეტიკურ სიმღერას წერს, ყველაზე ცნობილი თანამედროვე ფოტო-პორტრეტისტი კი მორიგ მშენებლობას ძალიან ინტიმურ პროექტად განიხილავს.
თუმცა, თვითონ მშენებლობის ფოტოზე აღბეჭდვის იდეა გაცილებით უფრო ძველია და დაახლოებით იმ წლით თარიღდება, როცა U2-ს სიმღერის გმირები რკინის პირველ სვეტებს უშვებდნენ ციდან: 1930-იან წლებში კრაისლერ ბილდინგისა და იმფაიარ სთეით ბილდინგის მშენებლობას ლუის ჰაინი და მარგარეტ ბერკ-უაითი იღებდნენ. „ნიუ იორკ თაიმსის“ შთაგონებაც აქედან მოდის. მეხსიერებაში კი ყველას ერთდროულად გვიტივტივდება ძალიან ცნობილი ფოტო, რომელზეც ორიოდე წლის წინ „როიტერი“ ამბობდა, რომ ზუსტი ავტორი დღეს უკვე ცნობილი აღარაა: სადღაც ცაში, როკფელერის ცენტრის მშენებლობაზე, გადებულია რკინის მილი, რომელზეც მუშები სხედან, ფეხებს ჰაერში აქნევენ, სიგარეტს აბოლებენ და სადილობენ. ქვევით, ძალიან ქვევით კი, ბუნდოვან კადრად ჩანს მთელი ნიუ იორკი.
„ეს ფოტო პირველად ჩემი კარიერის სადღაც შუა გზაზე ვნახე. როგორც ყველა დანარჩენზე, ჩემზეც ძალიან იმოქმედა. ზევით, პიკზე ყოფნა ისეთი გრძნობაა, ვერაფრით აღვწერ. იმდენად სიურეალისტური ჩანს ნიუ იორკი, რომ ყველას გირჩევთ, ეს განიცადოთ“.
ჩვენც ვცდილობთ, ეს გრძნობა განვიცადოთ და გვერდზე შენობის სახურავზე ავდივართ, „ნიუ იორკ თაიმსის“ მშენებარე 26-ე სართულს რომ გავუსწორდეთ. სიურეალიზმიც იმავე სართულზე გველოდება. პიანოს ცათამბჯენი უკვე მეზობელ „ჰილტონ ჰოტელზე“ მაღალია, კიდევ ერთი ამხელა უნდა გახდეს! ქვევით, ლიფტთან შავკანიანი მოხუცი მეუბნება: - სად იყავი, ბოლო სართულზე „ნიუ იორკ თაიმსის“ შენობის სანახავად? მე აქ ათწლეულებია ვმუშაობ. და იცი, რომ აქ ადრე გაზეთის რედაქცია იყო? აი, ამ კარში რულონებად დახვეული გაზეთის ფურცლები შემოჰქონდათ…“ - ესეც დამთხვევა - „ნიუ იორკ თაიმსი“ ლოგიკურ მისამართზე უნდა განთავსდეს. ენი ლეიბოვიცი კი კიდევ ერთ დამთხვევაზე თუ რაციონალურ გადაწყვეტილებაზე გვიყვება: „ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ „ნიუ იორკ თაიმსის“ რედაქცია შენობის პირველ ნახევარს დაიკავებს. ეს რაღაც სიმბოლურად მეჩვენება - გაზეთი მიწასთან ახლოს იქნება და არა ზევით, ცაში გამოკიდებული. ანუ, პრესა ხალხს არ მოწყდება“.
კიდევ ერთი პრეს-ეფექტი: ლეიბოვიცის, პიანოს და „ნიუ იორკ თაიმსის“ საერთო პროექტს ორმაგი დატვირთვის მქონე სახელი აქვს: Building the Times, რაც ერთდროულად „ნიუ იორკ თაიმსის“ შენებასაც ნიშნავს და დროის შენებასაც. ენი ლეიბოვიცი ალბათ ამიტომაც არის ბედნიერი - ის ყველაზე საინტერესო პროცესს იღებს, პროცესს, რომელსაც ასე ჰქვია - „როგორ შენდება დრო“.
![]() |
11 ნიუ York-ელის ენობრივი ხრიკები |
▲back to top |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ჯეფ ჰაუთი ლექსებს ხატავს. ამას ვიზუალური პოეზია ჰქვია. ლექსების ხატვა ორმაგად ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ; მათ, ვისი თვალიც თანაბრად აღიქვამს ასოთა წყობის გარეგნულ სილამაზეს და მათ შინაარსს.
ვიზუალური პოეზია ჯეფ ჰაუთს არ გამოუგონია. ის აგროვებს, იცავს, იკვლევს და წერს. უკაცრავად, შემეშალა - ხატავს.
დღეს ჩელსიში, 24-ე ქუჩაზე პატარა საგამოფენო დარბაზს სტუმრობს. ამ მცირე სივრცეში მიმდინარე გამოფენა ჰაუთისთვის ისეთი მასშტაბურია, რომ თავის ინტერნეტდღიურში გამოფენაზე უზარმაზარ წერილს წერს. ხო, ამჯერად, წერს.
ვიზუალურ ლექსებს მიუჩვეველი თვალისთვის უცნაურად განლაგებული სიტყვების ლაბირინთში ყველაზე დამაინტრიგებლად სუ პინის პლაკატები ჩანს. სუ პინი ჩინელია, მაგრამ ნიუ იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს. თავისი ვიზუალური პოეზიისთვის ჩინურ იეროგლიფებს იყენებს, მაგრამ თუ დაუკვირდები, მიხვდები, რომ იეროგლიფების ფორმით ლათინური ასოები წერია, ლექსები კი - ინგლისურადაა დაწერილი“ - ჰყვება ჯეფი. თავიდან ძნელია დაიჯერო, რადგან აშკარად ხედავ, იეროგლიფებია, მაგრამ აყოლებ თვალს ჯეფის თითს და იეროგლიფების ნაცვლად კითხულობ: As There Is Nothing From The Past Where Does The Dust Itself Collect? ეს ხრიკია, რითაც პოეტი გეუბნება: თურმე, კულტურული ბარიერების დაძლევას არაფერი უნდა, უცხო კულტურები გამოცანაა, რომლის გამოცნობაც უბრალოდ უნდა მოინდომო იმიტომ, რომ თუ გაზარმაცდები, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, შენს კულტურასაც გაუუცხოვდე. სუ პინს ამ უცნაურ პოეტურ ენაზე კიდევ ბევრი საინტერესო აზრის გამოთქმა შეუძლია. ის ციდან ჩამოშვებულ ლექსებსაც წერს და ამისთვის საგამოფენო დარბაზის ჭერს ითვისებს (ზემოდან დაშვებული, ასოებით გაჭედილი გრაგნილები დაუვიწყარ ეფექტს ქმნის); 9/11-ს კი „მტვრიან ლექსებს“ უძღვნის. ასოებს პირდაპირ იატაკზე წერს და ფონად უდებს მტვერს, რითაც „ტყუპების“ დანგრევის შემდეგ, მთელი მანჰეტენი იყო დაფარული.
ჯეფ ჰაუთისთვის ჩინელი პოეტის მასიური პოეტური ინსტალაციები დიდი კვლევის მხოლოდ ერთი მცირედი ნაწილია. ეს კვლევა ჰაუთმა ბავშვობიდან დაიწყო და ჯერ ქვეცნობიერად, შემდეგ კი სრულიად ცნობიერად გაიაზრა, რომ „ენა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარია“.
ჰაუთი დიპლომატის ოჯახში დაიბადა, ამიტომ ვაშინგტონიდან აბარგების შემდეგ, ოჯახი მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. 45-ჯერ შეიცვალეს მისამართი. ამერიკული ქალაქების გარდა, ცხოვრობდნენ პორტუგალიაში, კანადაში, ბარბადოსში, ბოლივიაში, განაში. ამ ქვეყნების არქიტექტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბევრი იყო ეგზოტიკური, მაგრამ ჯეფს უფრო სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში გაბნეული ფურცლები და ფრაზები აინტერესებდა.
„ბავშვობიდანვე ძალიან ლამაზი კალიგრაფია მქონდა. ხატვაც მეხერხებოდა. ამიტომ, ოჯახთან ერთად რეალური მოგზაურობების პარალელურად საკუთარ ვოიაჟებსაც ვაწყობდი - ფურცლებში: ასოების ფორმებს ვუკვირდებოდი, ხაზებს, სიმრგვალეს, განლაგებას… დედა მიყვება, რომ ჯერ როცა წერა-კითხვაც არ ვიცოდი, საათობით ვაკვირდებოდი გაზეთებს, ყველაფერ ნაბეჭდს. ცხადია, ეს დეტალები მე თვითონ არ მახსოვს, სამაგიეროდ, მახსოვს შეგრძნებები: თავჩაქინდრული ჯდომისგან ნატკენი კისერი, ფურცელზე მიდებული ცხვირი, სკამზე გაშლილ გაზეთთან ჩამუხვლა, ფურცლის ფაქტურის შეგრძნება. მახსოვს ისიც, თუ როგორ გამოვუცხადე ერთ დღეს მშობლებს ვირჯინიაში, რომ ჩვენი გვარის პირველი და ბოლო ასო H ასო-ღობე იყო. აი, ასე H H H H H H H H H H H H H H H H H H „. მართლაც ხო გავს მესერს?
შემდეგ უკვე ლექსიკური ერთეულების მიმართ ინტერესი მოგზაურობამ გაამძაფრა. განაში საშინაო სკოლაში სწავლობდა და ძირითად დროს ხატვაში ატარებდა - ეს იყო ლექსების ხატვის წინა პერიოდი; პორტუში მონაზონმა მასწავლებელმა ასწავლა, რომ ციფრები შეიძლება ცხოველებივით დაწერო, მაგალითად, 2-იანი გედს მიამსგავსო; ბოლივიაში, ლა პაზში ასოები სამხრეთ ამერიკულ მისტიკაში გახვეული დახვდა; მაროკოში არაბული კალიგრაფია აღმოაჩინა.
„გადამწყვეტი აღმოჩენა მაროკოს ამერიკული სკოლის შენობაში გავაკეთე. ის წუთი რაღაც გამოცხადებასავით მახსოვს, თითქოს, თვალები ამეხილა. დერეფნის მახლობლად, სადაც ოსტატურად დავქროდი სკეიტბორდით, იმ დღეს ერთ ადგილას გავშეშდი. ედვარდ კუმინგსის ორი ლექსი წავიკითხე და შევნიშნე, რომ მისი „50 ლექსიდან“ 29-ეში პუნქტუაციის არც ერთი ნიშანი არ იყო გამოყენებული, არსად იყო მთავრული ასოები… და რა გამოდიოდა? ის, რომ პოეზიას გრძნობის გადმოსაცემად გაცილებით უფრო მეტი პოტენცია შესწევს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მედიუმს“.
დღეს ჯეფ ჰაუთი აფსთეით ნიუ იორკში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ნიუ იორკის თეატრის არქივში მუშაობს და ინტერნეტში საკუთარი ონლაინ-დღიური აქვს, სადაც თითქმის ყოველ საღამოს წერს ესეებს ვიზუალური პოეზიის შესახებ. საწერი მასალა არასდროს ელევა. სიტყვებზე დაკვირვება, მათგან ახალი ფორმების შედგენა - მისი ცხოვრების წესია და ამას უკვე გაუცნობიერებლად ყოველი დღის ყოველ წუთს, ნებისმიერი სხვა საქმიანობის პარალელურად, აკეთებს - კაფეში ცხელი შოკოლადის თანხლებით მეგობრებთან საუბრისას, სამსახურში თათბირზე ჯდომისას, შვილებთან თამაშისას.
აქედან გამომდინარე, ლექსიკური აღმოჩენები თუ უბრალოდ დაკვირვებები ყოველწამიერად კეთდება. ახლა რასაც გეტყვით, ძველია, მაგრამ საინტერესო:
„ლათინურ ანბანში არის სარკისებური პრინციპით შექმნი ლი ასოების ერთი შესანიშნავი კვარტეტი; ასოები, რომლებიც ერთმანეთის ცქერის დროს ერთმანეთს აირეკლავენ:
db
qp
…ასოთა ეს ჯგუფი ხშირად გვხვდება ადრეული ხანის ვიზუალურ ლექსებში. ლინგვისტური თვალსაზრისით, ეს ოთხი ასო აბსოლუტურად უმნიშვნელოა, ვიზუალური კუთხით კი გვაჩვენებს, რა სასწაულები იმალება ენაში: როგორ შეიძლება უმნიშვნელო ფორმამ დატვირთვა შეიძინოს… როგორ შეიძლება ასოებმა დროთა განმავლობაში ფორმა იცვალონ და ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე მოხაზულობები შექმნან…
ამ ოთხი ლინგვისტური ფორმით 1980-იან წლებში მეც დავწერე რამდენიმე ლექსი. იმავე ხანებში ეს ოთხეული რაღაც საკუთარ სიმბოლოდაც ვაქციე და ახლა ბევრისთვის ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარი ასოებით - dbqp - ვცდილობ გაჩვენოთ, თუ როგორ მაინტერესებს ენის ვიზუალური მხარე და როგორ მიტაცებს დამთხვევები“.
დამთხვევებს, ასოების არ იყოს, ჯეფ ჰაუთის მსგავსი ადამიანები ყველგან და ყოველთვის ეძებენ. და ეძებენ იმიტომ, რომ ბოლოს ისევ კულტურათა თარგმნის აუცილებლობის იდეა აღმოაჩინონ:
„ამას წინათ, ღამით, ბროდვეის სამხრეთისკენ მივუყვებო დი, როცა ბოლივია გამახსენდა. დაახლოებით სუნამოების უბანში ვიყავი, როცა ქუჩის კუთხეში კაცი შევნიშნე, იდგა და ანდურ ჩასაბერ საკრავზე უკრავდა. ეს ინსტრუმენტი ამერიკელების უმრავლესობას სწორედ აქ, ქუჩის კუთხეებში თუ უნახავს, ანდა ჯგუფ „ურუმბასგან“ ახსოვს, რომელიც ერთხანს პოლ საიმონთან ერთად უკრავდა. მე კი ეს ჰანგები ანდებიდან სხეულში მაქვს გამჯდარი. ეს მუსიკა ლა პაზიდან ჩამრჩა მეხსიერებაში და ყოველთვის მახსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს: ერთხელ ანდებში ჩაკალტავას მწვერვალისკენ კარვებით წავედით. მთის ძირში გავჩერდით, კარვები გავშალეთ და დავიძინეთ. მოულოდნელად მწყემსის სიმღერამ გამაღვიძა, ის ზუსტად ჩვენს ზევით, მთის კიდეზე იდგა და ჩასაბერ საკრავზე რაღაც ძალიან მარტივ სიმღერას მღეროდა, მუსიკა ჩაკალტავადან ქვევით მოგუდულ ექოებად აღწევდა…
არაფერი ვიცოდი ბროდვეის კუთხეში მდგარი სამხრეთ ამერიკელი ემიგრანტის შესახებ, მაგრამ დანარჩენი გამვლელებისგან განსხვავებით იმას კი მივხვდი, რომ მას ნამდვილი ანდური მუსიკისთვის რაღაც თანამედროვე შტრიხები მიემატებინა, რაც ძველ მელოდიას მთლიანად უცვლიდა ხასიათს. ეს დამატებული შტრიხები ამერიკული სმენისთვის იყო გათვლილი, ჩემნაირი გამვლელებისთვის, რათა მათთვის ანდური მუსიკა უფრო ადვილად აღსაქმელი გაეხადა. ამას გავრცელებულ ენაზე მარკეტინგი ჰქვია, ისე კი ბუნებრივი პროცესია, რომელმაც სამხრეთ ამერიკელ ემიგრანტს ასწავლა, თუ როგორ ეთარგმნა მშობლიური ენა უცხო ენაზე“.
ჯეფ ჰაუთს სიტყვების ჟღერადობაც აინტერესებს და „ულისე“ ახსენდება: „ჯოისის klikkaklak-kaklaskaklopatzklatschab-batacreppycrottygraddagh-semmihsammihnouithappluddtapplad-dypkonpkot - ეს ასასოიანი სიტყვა სხვა არაფერია თუ არა ჩვეულებრივი შორისდებული, რომელიც შუშის მსხვრევის ხმას გადმოსცემს. სიტყვა „კ“-ებით საკმაოდ ხმაურიანად იწყება, მაგრამ თანდათან ხმაური ნელდება და kot-ით წყანრად მთავრდება…“
დასკვნის სახით, ჯეფ ჰაუთი ლექსების ხატვას ასე ხსნის:
„ჩვენ ყველას შეგვწევს ძალა, ენის ფიზიკური ფორმა შევცვალოთ და მაინც შევძლოთ ემოციის კომუნიკაცია. ეს ემოცია ხშირად არ არის ვერბალური, არ არის ჟღერადი, მაგრამ არის ნამდვილი. მე ვიცი, რომ პოეზიას შეუძლია ენის გამოცდა; პოეზიას ენის ისეთ ხრიკებში ჩათრევა შეუძლია, რომ ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა“.
…
„ლათინური ასოებით დამიწერე ცხელი შოკოლადი“ - მთხოვა ბოლოს. დიდხანს უყურებდა და ისე აკვირდებოდა, მეგონა, ლექსს წერდა (თუ ხატავდა). ერთი ვიზუალური ლექსი იქვე სახელდახელოდ რვეულშიც ჩამიხატა და მხოლოდ თბილისში დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი დიალოგისა და გალერეაში სტუმრობის შესახებ თავის ინტერნეტ-დღიურშიც ჩაწერა.
მისამართია http://dbqp.blogspot.com/. ჯეფ ჰაუთი იქ ყველა დაინტერესებულ ადამიანს ელის. თანაც თქვენ გაბედულად შეგიძლიათ შეიაროთ, რადგან უკვე იცით, თუ რას ნიშნავს ამ მისამართის პირველი ოთხი ასო: dbqp - სარკისებური პრინციპით შექმნილი ფორმები - ლექსიკური და აზრობრივი გარდაქმნების უსაზღვრო შესაძლებლობები…
![]() |
12 ესპანური ფოტომოთხრობები |
▲back to top |
ნაწილი II
დათო ტურაშვილი
სალსა და მერენგე
უნივერსიტეტის სახლში, ზუსტად ჩემი ოთახის თავზე, ორი კუბელი გოგონა ცხოვრობს, რომლებიც იმავე უნივერსიტეტში (სადაც მე ვეწამები), კინომცოდნეობას ეწაფებიან. ისინი გამხდრები, მაღლები, მხიარულები არიან და გამუდმებით, შეუსვენებლად ცეკვავენ (იმის პარალერულად), რასაც არ უნდა აკეთებდნენ: მიდიან - ცეკვავენ, ჭამენ - ცეკვავენ, ლაპარაკობენ - მაინც ცეკვავენ.
ერთადერთხელ ვნახე გაჩერებულები, როცა გავიცანი და მკითხეს, თუ რომელი ქვეყნიდან ვიყავი. ვუთხარი, რომ ვარ მიხეილ კალატოზოვის ქვეყნიდან (სხვა როგორ უნდა ამეხსნა კუბელებისთვის, რა არის საქართველო) და უცებ გაჩერდნენ, ცეკვა შეწყვიტეს და სიხარულისგან თვალები ისე გაუფართოვდათ, რომ ვიფიქრე, ვუდუ არ ამცდება-მეთქი და არც ამცდა:
რამდენჯერაც დამინახავენ, იმდენჯერ მკოცნიან და მადლობას მეუბნებიან მიხეილ კალატოზიშვილის გამო, რომელმაც 1963 წელს კუბასა და კუბელების შესახებ საუკეთესო ფილმი გადაიღო და მგონი, უფრო ლამაზი (ეკრანზე) არც არაფერი მინახავს. ისინიც იგივეს ამბობენ და კუბელებსაც უკვირთ, რომ მათთვის მანმადე უცნობ და პატარა საქართველოს თურმე ასეთი დიდი რეჟისორი ჰყოლია და ასეთი მდიდარი კულტურა ჰქონია. მე კი ის მიკვირს, რომ მათ არ იციან ფიდელ კასტროს საქართველოში ორჯერ ჩამოსვლის მიზეზი და მეუბნებიან, რომ ფიდელ კასტროს ბიოგრაფიაში არსად არის ნახსენები რომელიღაც საქართველო. რასაკვირველია, ბელადის ბიოგრაფებს „გამორჩებოდათ“ ბელადის ცხოვრების რომანტიული ეპიზოდი, როცა შეყვარებულმა ფიდელ კასტრომ ორჯერ მიატოვა ამერიკულ რაკეტებმიბჯენილი კუბა და ქართველი ქალის გამო, თბილისში ჩამოვიდა. იმ ქართველმა ქალმა კუბელი ბელადის ცოლობაზე, რა თქმა უნდა, უარი თქვა (ცოლგაშვებულიაო), მაგრამ ჩემს მეზობელ კუბელებს ამის შესახებ აღარაფერს ვეუბნები, რომ გული არ ვატკინო. კუბელებს ისედაც გული ტკივათ, ძალიან უჭირთ და ყველაფერი აკლიათ, მაგრამ მაინც ცეკვავენ, მაშინაც კი, როცა ტირიან და საკუთარი თვალით ვნახე ერთი მათგანი, ჩვენი სახლის პირველ სართულზე, საერთო ტელეფონთან, რაღაც ცუდი ამბის გამო, ყურმილმიდებული რომ ტიროდა, მაგრამ მაინც ცეკვავდა...
ფოტო: ალექსანდრე თარხნიშვილი
ხიხონი
ვისაც ჰემინგუეის ესპანური პერიოდი უყვარს, იცის, რომ პაპა ერნესტოს მადრიდში, ერთი ამოჩემებული კაფე ჰქონდა, სახელად „ხიხონი“.
„ხიხონი“ ძველი იბერიული სოფელია ასტურიასში, ჩრდილოეთ ესპანეთში, საიდანაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მადრიდში ჩამოსულმა ასტურიასელებმა ესპანეთის დედაქალაქში კაფე გახსნეს და თავისი მშობლიური სოფლის სახელი დაარქვეს. თუმცა „ხიხონი“ ახლა უკვე ქალაქია და ხიხონში ალბათ არავინ იცის, რომ ანალოგიური ტოპონიმი საქართველოშიც არსებობს. საბჭოთა საქართველოში, თითქმის ბოლო პერიოდამდე, ასეთი სახელწოდების პაპიროსიც სწორედ იმიტომ იყიდებოდა და ახალგაზრდებს თუ არა, უფროსი თაობის ქართველ მწეველებს ნამდვილად ახსოვთ ქართული „ხიხონი“.
მადრიდული „ხიხონი“ კი XX საუკუნის დასაწყისში (და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროსაც კი), ძალიან პოპულარული კაფე იყო მწერლებისა და მხატვრებისათვის, ვინც აქ იმიტომ იკრიბებოდა, რომ (ჭიქით ხელში) დროებით მაინც დავიწყებოდათ პოლიტიკოსების მიერ არეული, მოწამლული დროება. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ დროებითი დროება და წერდნენ, წერდნენ ერთი და იგივე კაფეში: ერთ კუთხეში ერნესტ ჰემინგუეი და იქვე, რამდენიმე მაგიდის იქით - ანტონიო მაჩადო. დიდ ამერიკელ მწერალსა და დიდ ესპანელ პოეტს ერთი და იგივე ამბავი აქვთ აღწერილი, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში კაფე „ხიხონში“ მოხდა.
ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და იმ დღეს შეიძლება ერთმანეთისთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ, მაგრამ ორივემ მიაქცია ყურადღება ძალიან ლამაზ, ახალგაზრდა ქალს, რომელიც „ხიხონში“ შემოვიდა, ყავა შეუკვეთა და ფანჯარასთან დაჯდა. პოეტი და მწერალი მიხვდნენ, რომ ეს ლამაზი ქალი აქ ვიღაცას ელოდა და ის ვიღაც მისი შეყვარებული უნდა ყოფილიყო. ქალი იმდენად ლამაზი ჩანდა, რომ შეუძლებელი იყო, ის პოეზიით ან პროზით ყოფილიყო დაინტერესებული და ამერიკელი მწერალი და ესპანელი პოეტი იმასაც მიხვდნენ, რომ ამ ქალთან გაარშიყებას აზრი არ ჰქონდა. ერთადერთი, რითიც თავი დაიმშვიდეს ის იყო, რომ ლამაზ ქალთან პაემანზე მისთვის შესაფერისი, კარგი ადამიანი მოვიდოდა. შეყვარებული კაცი მართლაც კარგი ადამიანი აღმოჩნდა (მწერლები ამას მისი დანახვისთანავე მიხვდნენ) და ამოისუნთქეს. ორივემ ჩათვალა, რომ სხვისი ბედნიერებითაც შეიძლება იყო ბედნიერი და როცა ის შეყვარებული კაცი თავის შეყვარებულ ლამაზ ქალს კოცნიდა, ორივე ფიქრობდა, რომ თვითონ კოცნიდნენ ქალს, რომელმაც არ იცოდა, რომ იმ დღეს კაფე „ხიხონში“ ანტონიო მაჩადო და ერნესტ ჰემინგუეი ისხდნენ და წერდნენ.
კაფე „ხიხონი“ ახლაც არსებობს, მაგრამ აქ მწერლები აღარ დადიან...
ფოტო: ალექსანდრე თარხნიშვილი
მანუ ჩაო
როცა მადრიდის „რეალი“ იგებს, „რეალის“ გულშემატკივრები მადრიდის ერთ-ერთ მთავარ, სიბელესის მოედანზე იკრიბებიან და მთელი ღამე საყვარელი გუნდის გამარჯვებას ზეიმობენ. 2003 წელს, როცა „რეალმა“ ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გახარებულმა მადრიდისტებმა ნაყოფიერების ქალღმერთ სიბელესს თითი მოატეხეს. მადრიდის შეშინებულმა მერიამ დაზიანებულ ძეგლს ღობე შემოარტყა და ქალღმერთს რესტავრაცია გაუკეთა, მაგრამ იმ დღის შემდეგ სიბელესის მოედანზე „რეალის“ არცერთი გულშემატკივარი აღარ გამოჩენილა, რადგან მადრიდის სახელოვან საფეხბურთო კლუბს აღარაფერი მოუგია.
ამიტომაც სიბელესი მისივე სახელობის მოედანზე მარტო ზის და ქალღმერთის სიმშვიდეს ზოგჯერ ის ხალხი თუ არღვევს, ვისი უფლებების დაცვასაც, აგერ მერამდენე წელია, ომახიანად უმღერის დაბოლილი მანუ ჩაო. ისინი არიან ბოლივიელები, სალვადორელები, კოლუმბიელები ან სამხრეთ ამერიკის რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც მადრიდულ სლენგზე, გაღმელებს უწოდებენ და ამ შემთხევევაში (რასაკვირველია), მათი ოკეანისგაღმური წარმომავლობა იგულისხმება. თუმცა მანუ ჩაოს დაცვა მათ აღარ სჭირდებათ და პირიქით - ახლა ესპანელები ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი სამხრეთ ამერიკელი კრიმინალებისგან და ამ მოვლენის არსებობა უკვირთ კიდეც. თუმცა გასაკვირი არაფერია იმაში, რომ რამდენიმე საუკუნის წინ დაპყრობილი ხალხების ჩამომავლები იმ სახელმწიფოებს მიადგნენ, საიდანაც მათი წინაპრების ომი და სიკვდილი მოვიდა. ასე ხდება საფრანგეთშიც და რუსეთშიც და უკვალოდ არაფერი ქრება და თუნდაც საუკუნეების წინ გაღებული ცუდი ენერგია, აუცილებლად ბრუნდება იქ, საიდანაც ეს ენერგია მოდის და მოდიოდა. რუსებსაც სულ ტყუილად უკვირთ მოსკოვსა და რუსეთში არსებული კავკასიური კრიმინალური ელემენტის, რადგან ეს (ქვეცნობიერად) უკან დაბრუნებული ომია იმ დაპყრობითი პოლიტიკის გამო, რომელსაც საუკუნეების მანძილზე რუსეთი აწარმოებდა და ახლაც აწარმოებს...
მანუ ჩაო კი კუბაზე, ესპანურ ოჯახში გაზრდილი (წარმოშობით) ფრანგია, რომელიც ახლა დუმს, სწორედ ახლა დუმს, როცა ოდესღაც დაპყრობილი არაბები დამპყრობელ საფრანგეთში დაბრუნდნენ და უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე, ათი ათასზე მეტი მანქანა დაწვეს. თუნდაც შორეული, თუნდაც ოდესღაც ჩადენილი ბოროტება და ძალადობა მაინც ბრუნდება და ღმერთმა ქნას, მადრიდში, სიბელესის მოედანზე, მხოლოდ „რეალის“ გულშემატკივრები ამტვრევდნენ ქალღმერთს კიდურებს.
თუმცა „ბარსას“ რა უნდა მოუხერხონ, არავინ იცის...
წვიმა
ესპანელებზე ზრდილობიანები მხოლოდ სამეგრელოში ცხოვრობენ, მაგრამ ესპანელების ზრდილობა და კეთილგანწყობა მაინც დაუჯერებელია და ესპანელები ერთმანეთს იმდენჯერ ესალმებიან, რამდენჯერაც დღის განმავლობაში ხვდებიან. რამდენჯერაც ხვდებიან, იმდენჯერ ერთმანეთს კოცნიან (თანაც ორჯერ: ჯერ ერთ, მერე მეორე ლოყაზე) და რამდენჯერაც კოცნიან, იმდენჯერ პატივისცემით მოიკითხავენ ერთმანეთს და წარმატებებს უსურვებენ. დამშვიდობებისას (თუნდაც ერთი საათით განშორების შემთხვევაშიც), ისევ თავიდან კოცნიან ერთმანეთს და ისევ ორ-ორჯერ. ერთმანეთს კოცნიან არა მხოლოდ მეგობრები და ნათესავები, არამედ ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანებიც და თუ გაგაცნეს ვინმე ესპანელი გოგო ან ქალი, მაშინვე ორჯერ უნდა აკოცო, უზრდელობაში რომ არ ჩამოგერთვას და თუ იციან (ან მიხვდნენ), რომ ესპანელი არა ხარ, უხერხულად რომ არ იგრძნო თავი, მაშინვე, გაცნობისთანავე თვითონ გკოცნიან. მოკლედ, მთელი დღის მანძილზე (ესპანეთში), უფასოდ და უანგაროდ, შეგიძლია სიამოვნება მიიღო და თუ კოცნა არ გიყვარს, სახლიდან არ უნდა გახვიდე, რადგან მინიმუმ ერთი კოცნა (უფრო სწორად - ორი), მაინც არ აგცდება.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი, თუ შემთხვევით ვინმემ მხარი გაგკრა (ან ფეხზე დაგაბიჯა, რაც იშვიათია), ისე გულწრფელად მოგიხდის ბოდიშს, რომ ტირილი მოგინდება და მოგინდება დაივიწყო გაბოროტებული, აგრესიული რუსები მოსკოვის რომელიმე ტრანსპორტიდან (მაინც რომ გახსოვს), რადგან ორასი წელი საკმაოდ ბევრია იმისათვის, რომ დაივიწყო და გადაეჩვიო.
თუ რამე გაინტერესებს ან გჭირდება ესპანეთში, შეგიძლია ნებისმიერ გამვლელს ჰკითხო და ის ნებისმიერი გამვლელი (როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე), თან გადაგყვება და ამას ისე მონდომებულად, ხაზგასმული კეთილგანწყობითა და ზრდილობით აკეთებს, რომ შეუძლებელია ეს ხალხი და ეს ქვეყანა არ შეგიყვარდეს.
მაგრამ ამ ხაზგასმული ზრდილობიანობისა და თავაზიანობის პარალელურად, ესპანეთში არსებობს ბილწსიტყვაობა, რომელიც ესპანური მეტყველების (უკვე) განუყოფელი ნაწილია და ესპანეთში ბილწსიტყვაობა უზრდელობად არ ითვლება. გინება (ყოველი ფეხის ნაბიჯზე) არა მხოლოდ ქუჩაში ისმის, არამედ ტელეეკრანიდანაც (ნებისმიერ არხზე) და ესპანელები (დიდებიცა და პატარებიც, ქალებიცა და კაცებიც), ჩვეულებრივი საუბრის დროსაც კი, ძალიან ხშირად უწმაწურობენ. ისინი ჩვეულებრივად, მშვიდად ხმარობენ (ნებისმიერ თემაზე ლაპარაკისას) სასქესო ორგანოების ესპანურ სახელწოდებებს და ერთმანეთსაც (ხშირად) ასევე მიმართავენ.
ადამიანი (თითქმის) ყველაფერს ეჩვევა და თუ დასაწყისში (შენი ყურისთვის) ცოტა უცხოა მადრიდული ლექსიკონის თავისებურებანი, სულ მალე აღარც შენ გაკვირვებს რომელიმე ესპანურ ტელეარხზე მოსმენილი ფრაზა (ახალი ამბების ბოლოს), ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას: ხვალ წვიმა იქნება, ამის დედა მოვტყან...
როცა ამ ფრაზას ამბობს გადაცემის წამყვანი, სოლიდური ასაკის ქალი, ხვდები, რომ მას ძალიან არ უყვარს წვიმიანი ამინდი, მაგრამ თავს იმით იმშვიდებ, რომ მადრიდში მართლა იშვიათად წვიმს...
ფოტო: ალექსანდრე თარხნიშვილი
მარჩა
მარჩა ხალისობის სახელია მადრიდში, რომელიც ესპანელ ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვართ და მარჩა ყოველ პარასკევს, შუაღამისას იწყება.
ისინი დგანან გრძელ რიგებში ღამის კლუბებისა და დისკოთეკების შესასვლელებთან და მათ არ ცივათ ზამთარშიც კი, რადგან რამდენიმე სპირტიანი კოპა უკვე მიღებული აქვთ და რაც მთავარია, შაბათ-კვირას „სწავლა არ არის“. გოგოები სიცივეს ბიჭებზე უკეთ იტანენ, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ყინვაშიც კი, ზაფხულის თხელი კაბები მოსავთ და მაინც ძალიან, ძალიან ბედნიერი სახეები აქვთ. მარჩაზე წასვლა მადრიდულად სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, როცა როგორც იქნა შიგნით შეაღწევენ, იმ კლუბსა თუ დისკოთეკაზე მაინც არ დარჩებიან. დალევენ, იცეკვებენ და სხვაგან გადაინაცვლებენ, აუცილებლად გამოიცვლიან ადგილს და ქუჩა-ქუჩა ივლიან დაღლამდე, გათენებამდე, სანამ დილის კაფეები არ გაიხსნება, რომ ბედნიერმა ესპანელებმა ცხელი შოკოლადი მიირთვან, ჩუროსთან ერთად...
მართლა არ მშურს მათი ბედნიერების.
არ მშურს მათი სილაღისა და სიყვარულის, თავისუფლებისა და სიმდიდრის, ვარსკვლავებისა და ფეხბურთელების, მანქანებისა და კურორტების... არ მშურს მათი.
ერთადერთი, ვისიც მშურს - მათი ბებიებია, აქ, ესპანეთში და, საერთოდ, ევროპაში.
მართლა მშურს მათი ბებიების, რომლებიც საღამოობით კაფეებში სხედან დაქალებთან ერთად, ყავას მიირთმევენ და მასლაათობენ. მშურს მათი მოვლილი ბებიების, რადგან ჩვენი გაწამებული ბებიები მახსენდება და საშინლად ვბრაზობ, რომ მათ ეს უბრალო, ჩვეულებრივი სიამოვნებაც არ ეღირსათ...
პენსიაზე გასული ბებიაჩემი მაინც შრომაში მოკვდა. ბავშვობაში მისი პენსიით ნაყიდი კანფეტების გემო ახლაც მახსოვს. მახსოვს, რომ პაპაჩემს ყოველ საღამოს ფეხებს ბანდა თავისი დაკოჟრილი, რძისფერი ხელებით და ნეფეს ეძახდა. პაპაჩემი გაგიჟებით უყვარდა - როგორც თვითონ ამბობდა, ყვავილივით ლამაზი კაცი და ქმარი. ბებიების დანახვისას, ყოველთვის ბებიაჩემი მახსენდება - ჩემი საბრალო, არაფემინისტი ბებო...
ფოტო: ალექსანდრე თარხნიშვილი
ცხრათვალა მზე
მადრიდის ერთ-ერთ უძველეს და უმთავრეს მოედანს მზე ჰქვია და ესპანეთის მზესაც იმდენი კარი აქვს, რამდენიც - ქართულს. ჩვენი ცხრათვალა მზესავით, მადრიდის მზესაც ცხრა ქუჩა უერთდება და ეს საკრალური ციფრიც ამ მოედანზე, იმ ძველი ათვლითი სისტემის კვალია, რომელიც იბერიელებს ოდესღაც ჰქონდათ. ცხრა მთის იქით თუ ცხრა წყარო გეგულებათ, ესეც ძველი მადრიდის დასაწყისია, რადგან ქალაქის დაარსება აქ, საუკეთესო წყაროების არსებობამ განაპირობა და მადრიდში ახლაც, ონკანის წყალიც წყაროს წყალივით გემრიელია. ქალაქ დილიჟანისა და ქალაქ სანფრანცისკოს მცხოვრებლებს ალბათ არ ეწყინებათ, მაგრამ მადრიდის წყალი საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა მოედანზე, რომელსაც მზისკარი ჰქვია, წყალს არავინ სვამს. ამ მოედანზე ძირითადად ღვინოსა და შამპანურს მიირთმევენ ყოველ 31 დეკემბერს, როცა ახალი წელი შემობრძანდება ხოლმე და თუ გინდა, რომ მომავალი ახალი წელი შენთვის ბედნიერი იყოს, შუაღამის დადგომამდე თორმეტი მარცვალი ყურძენი უნდა შეჭამო. მადრიდელები სწორედ ამ მოედანზე ხვდებიან ყოველ ახალ წელს, ყურძნის მტევნებით ხელში და უკეთესი მომავლის იმედით, გათენებამდე მღერიან და ცეკვავენ. სწორედ აქ, ამ მოედანზე შეხვდა შარშანდელ ახალ წელს საქართველოს მოქალაქე ზაზა ხელაია, რომელმაც (ასევე საქართველოს მოქალაქის) მიშა ახვლედიანის რჩევით, თორმეტი ყურძნის მარცვალი შეჭამა იმ იმედით, რომ დამდეგი ახალი წელიწადი სიხარულის, ბედნიერებისა და წარმატების მომტანი იქნებოდა მისთვის. თუმცა წარმატების მიღწევას მხოლოდ ყურძნის ჭამა რომ არ შველის, ამაში ზაზა ხელაია უკვე იანვრის ბოლოსვე დარწმუნდა, როცა უკვე თორმეტი ათასის ოდენობის თანხა ჰქონდა კერძო და საზოგადოებრივი პირებისაგან ნასესხები და მაინც კმაყოფილი იყო. მეტიც - მადლობელიც კი იყო ესპანელი ხალხისა, რომ მხოლოდ თორმეტი მარცვალი შეჭამა და მთელი წლის განმავლობაში თავს იმით იმშვიდებდა, რომ სხვა ტრადიციის შემთხვევაში (მეტი რომ შეეჭამა), მეტი პრობლემები ექნებოდა. თუმცა ზაზა ხელაიას მზის მოედანზე მაინც (ყოველი შემთხვევისთვის) აღარ გაუვლია და უკეთესი მომავლის იმედით, მადრიდის სულ სხვა უბანში გამაგრდა. თვითონ მოედანს კი მასზედ განაწყენებული ადამიანი არ გაკვირვებია, რადგან მზის მოედანს უფრო დიდი ტკივილებიც ახსოვს და ეს მოედანი ისეთივე მნიშვნელობისაა ესპანელებისთვის, როგორც თავისუფლების მოედანი თბილისში, სადაც ტკივილი და სიხარული ისევე ცვლიდა ერთმანეთს, როგორც ახლა ცვლის და სანამ მხოლოდ თავისუფლების მოედანი გაქვს და არა თავისუფლება, ჯერ ისევ გძულს ამ მოედნის ყველა აივანი და მადრიდის მზის მოედანზეც არის აივანი, საიდანაც პოლიტიკოსები დემონსტრანტებს მიმართავენ. აქაც მიმართავენ ხალხს დაპირებებით და სიტყვებით, რომლებიც მიტინგების დროს სწორედ აქ იკრიბებიან - მადრიდის მერიის შენობის წინ, მზის მოედანზე, სადაც 1805 წელს ფრანგებმა აჯანყებული ესპანელები დახვრიტეს, როგორც რუსებმა დახვრიტეს ქარველები ჩვენი თავისუფლების მოედანზე 1905 წელს - ერთი საუკუნის შემდეგ.
მაშინ ესპანელები სხვაგანაც დახვრიტეს (როგორც ჩვენ) და გოიამ დახვრეტის სცენები დახატა, თუმცა ესპანეთი მაშინ ქალებმა გადაარჩინეს - ესპანელმა ქალებმა სიმღერა დაწერეს, რომელსაც ყველგან მღეროდნენ, სანამ ესპანეთის ფრანგი, დამპყრობელი მმართველი არ გაგიჟდა. ფრანგი მმართველი იყო ნაპოლეონის ძმა, რომელიც ესპანეთის ისტორიაში შევიდა, როგორც პეპე ბოტეია, რადგან ის ჯერ გალოთდა (დარდისგან) და მერე გაგიჟდა. ის გააგიჟეს ესპანელი ქალების კადისურმა სიმღერებმა, რომელთა მოსმენასაც ვერ გაუძლო, რადგან იმ სიმღერის ტექსტი ძალიან უწყინარი იყო და ესპანელი ქალები მღეროდნენ იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებდნენ გრძელი ესპანური თმების დასახვევად ფრანგულ ბომბებს. პეპე ბოტეიამ ამ სიმღერას ვერ გაუძლო და ფრანგებმა ესპანეთი დატოვეს.
თუ რუსები ჯარებს არ გაიყვანენ საქართველოდან, ალბათ ქართველი ქალებიც დაიხვევენ თმებს რუსული ბომბებით და პეპე ბოტეია საქართველოდანაც წავა...
ფოტო: ალექსანდრე თარხნიშვილი
რასტრო
„რასტრო“ ნაკვალევს ნიშნავს და იმ ადგილს ჰქვია მადრიდში, სადაც ყოველ კვირას ესპანეთის ყველაზე ცნობილი ბაზრობა იმართება.
აქ ოდესღაც ღორების სასაკლაო ყოფილა და სისხლის კვალიც კარგა ხანს დარჩენილა, რადგან ღორის დაკვლა მადრიდის სხვა უბნებში (სადაც მუსულმანები ცხოვრობდნენ), დედაქალაქის გამათავისუფლებელი, ქრისტიანი მეფის ბრძანებით, აკრძალული იყო. ესპანელი მეფეების სურვილითვე, XVI საუკუნიდან რასტროზე ბაზრობა გაიხსნა და დღემდე არსებობს, როგორც მადრიდის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. მეტიც - მადრიდელები ფიქრობენ, რომ ქალაქს მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს ქალაქი, თუ მას ისეთი ბაზრობა აქვს, სადაც ყველაფერი იყიდება, რაც კი ადამიანს სჭირდება ან არ სჭირდება. რასტრო ისეთივე მოვლენაა მადრიდისთვის, როგორც პორტობელო ლონდონისთვის და ყოველ კვირას იგი ესპანეთის დედაქალაქის ყველაზე ცოცხალი, ყველაზე ხალხმრავალი ადგილია. აქ ისეთი ძველი ნივთები შეიძლება ნახო, რომელთა არსებობა აღარც კი ახსოვს კაცობრიობას და ის მადრიდელები, რომლებიც რაიმეს ყიდვას არც აპირებენ, მაინც მიდიან რასტროზე და ყოველ კვირას ღია ცის ქვეშ უფასოდ ათვალიერებენ საკუთარ ისტორიას...
რასტროზე ყველაფერი იყიდება და ყიდიან არა მხოლოდ ვაჭრები, არამედ ისინიც, ვისაც ფული სჭირდება და იძულებულია სახლიდან ზოგჯერ ძალიან ძვირფასი და ანტიკვარული ნივთიც კი გამოიტანოს გასაყიდად. თუმცა რასტრო მაინც იაფია და გამონაკლისების გარდა, კვირაობით აქ შეიძლება ნებისმიერი, თუნდაც ძალიან სახელოვანი მადრიდელი ნახო. შეიძლება ნახო ძველი იბერიული ბეჭედიც (იბერიული ორნამენტებით), რომელსაც გაღიმებული პენსიონერი ყიდის და მაშინვე მიხვდე, რომ მას სულაც არ ეღიმება. შეიძლება ნახო არტურო რებერტეც, რომელიც ისეთ წიგნს ეძებს რასტროს ბუკინისტებში, სხვაგან რომ არსად ეგულება და ის არასდროს დაწერს წიგნს თბილისზე, რადგან მას ასეთი ქალაქი არსად ეგულება.
რებერტე მადრიდელი არ არის, მაგრამ იცის, რომ ძველი მადრიდული გაგებით, ქალაქს უნდა ჰქონდეს ისეთი ადგილი, როგორიც რასტროა, როგორიც მშრალი ხიდია თბილისში და თუ მშრალი ხიდის ბაზრობა გაქრება, ქალაქიც გაქრება და მხოლოდ თბილისი დარჩება ის, რაც არის - ვითომ ქალაქი...
![]() |
13 ოთხი პოლუსი |
▲back to top |
ავტორი: სანდრო კაკულია
ილუსტრაცია: გიორგი მარი
ეს ამბავი ერთმა ჩემმა მეგობარმა მიამბო. უბრალოდ, მას მერე იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ აღარ მახსოვს, პირველ პირში ყვებოდა თუ მესამეში?... მე გადამხდაო თუ მის კიდევ რომელიმე ნაცნობს. ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი აქ არის და ის მეგობარიც, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იყიდის ამ ნომერს.
ლაპლანდია. 24 დეკემბერი. 22:35 წთ. (დასავლეთი)
ხის სახლის მეორე სართულზე რბილ სავარძელში თბილად იჯდა. რაღაც მთის მსგავსი სიმაღლიდან, პატარა, ყვითლად განათებულ სახლებს უყურებდა, მთვარეს - ნატურალურ ზომებში. ფიქრობდა, რომ ამაზე დიდი არც უნდა იყოს. ეს არის საუკეთესო არჩევანი. იმწუთას ეგონა, რომ არჩევანი მისი გაკეთებული თუ არა, გასაკეთებელი მაინც არის. ჰოდა, გააკეთა. აწი მთვარე მუდამ ამ ზომის იქნება. სხვისთვის არც უკითხავს... ანდა რისთვის უნდა ეკითხა? ნებართვა? რჩევა? არცერთი! ის ამბობს, რომ თავისუფალი ადამიანია და არჩევანსაც დამოუკიდებლად აკეთებს, ისე, რომ სხვას არაფერს ეკითხება, მაგრამ თუ იმ სხვამ რაიმე ჰკითხა, დაუფიქრებლად უპასუხებს, აზრიანზე უაზროდ და პირიქით, თუმცა - ღიმილით. თავისუფალი ადამიანია! ხის, გამთბარი ორსართულიანი სახლის მე-2 სართულზე, ასევე თბილ სავარძელში ზის და მთვარეს თავის გემოზე აყენებს.
„ახლავე დავისხამ ღვინოს“... ოთახში შებრუნდა, მართლაც ღვინო დაისხა, მაღალყელიან ჭიქაში... მოიცა, რას აკეთებ?! რად გინდა წითელი ღვინო? რა დროს ეგაა? მთელი ღამე თავის ტკივილი შეგაწუხებს, სხვა რამე დაისხი... გაბრუნდა. ისევ აივანზე დაბრუნდა, იმ სავარძელში, იმავე სახით, თავის ნელი ქნევით... ფიქრით - „მე ეს შევძელი“ - „I did it!“ - ფრაზა, რომელიც ავსებს, აგავსებს და ამსგავსებს... ადამიანებს.
თავისუფალი ადამიანია და ასეთი ადამიანის კმაყოფილი ღიმილი ყოველთვის განსხვავებულია. ზემოთ აიხედა, ამ ცის, ამ მიწის სანახავად არის ჩამოსული, ამდენი წელი ამისთვის იცხოვრა, მერე ამ ცხოვრებამ მაგრად იმიტომ აწვალა, რომ ახლა ამ წვალების სანაცვლოს მისაღებად ჩამოსულიყო. იმ ღიმილისთვის, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის ისწავლა. ეს შეიძლება მთელი ცხოვრება ამ წუთს ნატრობდა, ანდა ამ დღეს ელოდა, მასზე ოცნებობდა, მიზნად ისახავდა. ამ ღიმილის სწავლაც მაგრად უნდოდა. ჰოდა, აი, მიიღო, არის! „He did it!“ - სხვის მიერ შენი მისამართით წარმოთქმული ფრაზა, რომელიც გავსებს!...
ამ სახლს აივნები ოთხივე მხარეს ჰქონდა. საერთოდ, დასავლეთის მხარეს ჯდომა უფრო უყვარდა. ქალაქში საკუთარ სახლს აივანი მხოლოდ ერთი და ისიც დასავლეთის მხარეს ჰქონდა და იმის გამო, რომ სხვა მხარეს არასდროს მჯდარა, წარმოდგენა არ ჰქონდა სხვა მხარეებზე, მაგრამ დღეს იძულებულია აღმოსავლეთით იყუროს... ისიც იმიტომ, რომ უთხრეს, აქედან ყველაზე კარგად ჩანს და თანაც მზე სწორედ აღმოსავლეთიდან ამოდისო, ფულიც ზუსტად ამაში აქვს გადახდილი. მაგრამ რომ არ ეთქვათ, შეიძლება შეშლოდა და ინერციით ისევ დასავლეთს მიეზიდა, იქ დამჯდარიყო და როგორც მთელი 56 წელი განთიადის გარეშე იცხოვრა, გათენებას ახლაც კიდევ ერთხელ გამოტოვებდა. ზამთრის ეს მთვარე აღმოსავლეთით ჩადის. თუ ჩასვლა არ ნახა, ვერ მიხვდება, რომ მომდევნო დღე გათენდა, დღე როლზეც ოცნებობდა, ამ დღეზე ოცნებობენ? ეს კი...
აივანზე იჯდა და უყურებდა ლაპლანდიის უნაყოფო მიწებს, ჩრდილოეთის ნათებას - ცნობილ ნათებას. ცნობილი ნათება იყო და რომ არ ენახა, ისე ოცნება არ იქნებოდა. ცნობილი ადგილია და ამიტომ, თორემ ისე რა? რა არის ეს? ცივი, თოვლიანი ქვეყანა?! ლაპლანდია ქვეყანაა?.. ხომ ვთქვი, ღვინო თავს აგატკიებს, გაგაბრუებს-მეთქი? არ ისმენენ! თავისუფალ ადამიანებს სხვისი ხმა არ ესმით. სინამდვილეში ყრუები არიან. თავისუფალი ყრუები!
„დედამიწის ცენტრში ვარ“! ეს მოიფიქრა.. აი, ამწამს, ცოტათი დიდი ყლუპი მოუვიდა და ეტყობა სულ აურია. ჰგონია, რომ დედამიწის გულშია. ჰო, აბა პირდაპირ მის ღერძზე გიდგას ფეხი!... ჩვეულებრივ დასავლეთში ხარ! დასავლეთზე დგახარ და შენგან დედამიწის გული ძალიან შორია.
„ცენტრში ვარ“. თავისუფალი ადამიანები პლაგიატები არიან... ერთი და იგივეს ბევრჯერ იმეორებენ, თითქოს რთულ რამეს ამბობდნენ.
ცენტრში - „GLOBAL“
მისთვის საერთოა გული, აღმოსავლეთი, დასავლეთი და ის დარჩენილი ორი მხარეც. ერთია რა!... ეხლა კი, როცა ცენტრში ჰგონია თავი, კიდევ უფრო გააერთა ყველაფერი, გააერთიანა! გაა-GLOBAL-ა. მოსვა...
იაპონია. 25 დეკემბერი. იქაური დროით 06:04 წთ. (აღმოსავლეთი)
იაკო... მაკუნო ატი!
აქაურად გაიღიმა. ჯერ არ თენდებოდა, მაგრამ გათენდებოდა. ქრისტიანი იაპონელისათვის ახალი დღე თენდებოდა, ახალი მზე ამოდიოდა, თვალები ხელახლა უწვრილდებოდა. წინასწარ ოცოდა, რომ როცა მზე ამოვიდოდა, ჰორიზონტიდან ამოცურებული პირველივე სხივი ისე მოუჭუტავდა თვალებს, რომ მომდევნო სამი წუთი ვერაფერს დაინახავდა. მერე კი, როცა საბოლოოდ გაახელდა, გვიან იქნებოდა. მზის ამოსვლას გემოს ვერასდროს ატანდა. ახლაც, სიბნელეში, სპილენძის ნემსებზე დამდგარი, რკინის კორპუსის 89-ე სართულზე, მისაღებ ოთახში ზის და დიდი, ფართე შუშიდან აღმოსავლეთიდან ამომავალი მზის ამოსვლას ელოდა. დაბადების თვითონ არ სჯეროდა. დღესასწაული მისთვის ნაკლებად იყო სასაწაული. მშობლებმა ასე გაზარდეს, ასე ასწავლეს. უთხრეს, შეიძლება აიძულეს კიდეც, რომ ყოველი წლის ამ დღეს, პირი აღმოსავლეთისაკენ უნდა იბრუნოს და მანამდე გაშეშდეს, სანამ მზე არ ამოვა. ახლა ცალკე ცხოვრობს, მშობლები 8 წლის წინ გარდაეცვალა, ამან დაწვა და ერთ-ერთი რიგითი სახლის რიგითი სახურავიდან ქარს გაატანა. ასე დაუბარეს, ჩვენი ფერფლი აღმოსავლეთისკენ გააბნიეო. დედ-მამამ სურვილი აისრულა და მგონი, ახლა ამ გაშეშებულ ქრისტიან იაპონელზე უკეთ არიან. ეს კი ცუდად იმიტომ არის, რომ არ უნდა ამ სულელური წესის დაცვა. საერთოდ, არ უყვარს რაღაცის დაცვა. ბუნებას არასდროს იცავს.
ნანობს, რომ მშობლებისთვის იმქვეყნად ეს წესები არ გაუტანებია, იმ ქარისთვის უნდა გაეტანებინა, რომელმაც ფერფლი წაიღო, აი, მისთვის... სად? აღმოსავლეთისკენ?
არ უნდა, მაგრამ ვერც ხვდება, ყოველ წელს ერთი და იგივე რომ ხდება. მოდის, ჯდება, შეშდება და ელოდება. დასავლეთს ზურგშექცეული... 86-ე სართულზე.
ლაპლანდიიდან მას, როგორც აღმოსავლეთს, ისე უყურებდნენ, იქედან უნდა ამოსულიყო მზე - მომდევნო დღე.
ციდან. (ზემოდან)
როგორც ესაია წინასწარმეტყველთან წერია: „აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.“
ელოდებით მომდევნო დღეს? მთავარია კეთილი საქმეები აკეთოთ, ილოცოთ, მოინანიოთ... ყოველი დილა თქვენი დღისა უნდა დაიწყოს მოთმინებით, პატივისცემით, სიბრძნით... სიყვარულით, რომელიც ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება. დაიწყეთ დილა ფიქრით!
ჭიანჭველებს არასდროს სძინავთ და მთელს ცხოვრებას შრომაში ატარებენ, ასევე უნდა იცხოვროთ თქვენ ყველამ. იძინეთ, თუმცა ამ ძილში ნურასდროს დაივიწყებთ სიყვარულს, ნუ გაგეპარებათ დრო უაზრო საქმეებში, ნუ მოსწყდებით მთავარს, თორემ დაიჯერებთ ბოროტების სიკეთეს, და რომ მიწის ქვეშ ცხოვრება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მის ზედაპირზე.
იცოდეთ, ყოველთვის, როცა ჩემზე გაიფიქრებთ, მე თქვენს გვერდით ვიქნები; ყოველთვის, როცა შველა დაგჭირდებათ, იცოდეთ, რომ თქვენს უკან ვდგავარ; როცა გამხნევება დაგჭირდებათ, მე თქვენ გაგამხნევებთ; როცა მთხოვთ, თქვენ მიიღებთ ჩემგან წყალობას. როცა ილოცებთ, წარმომიდგინეთ, რომ თქვენს წინ ვდგავარ, იმ ოთახში, თქვენს ტანსაცმლის კარადასთან, კართან, ან სარკესთან, თქვენს მოსასმენად ჩამოვალ. თქვენ კი ისე დამელაპარაკეთ, როგორც თქვენს უახლოეს მეგობარს, გამანდეთ თქვენი დარდები და მე დაგეხმარებით. მოინანიე ცოდვები და მე მოგიტევებ მათ, აივსე სიყვარულით და მაშინ იცოდე, რომ ამაღლდები საუკუნოდ. ნუ ჩაბარდები ბოროტებას, თორემ შენი სული, ხორცთან ერთად, მიწად იქცევა.
მიწიდან. (ქვემოდან)
რა ხდება? რა არის ეს? რას ელოდებიან? ამხელა დროს ამ ყურებაში ნუ კარგავთ. ე... შენ 86-ეზე, ისუნთქე მაინც. თუ შეაკვდი მაგ მზეს, რაღა აზრი აქვს? არა, არა, გამაგიჟებენ. ახლა აქ სასწრაფოდ წვიმა უნდა გავუშვა, თავსხმა, არა, ვერ.. ცოდოები არიან, გული დაწყდებათ და იტყვიან, რომ უბედურები არიან, და რომ ღმერთმა ისინი მიატოვა იმიტომ, რომ ნახევარი საათის წინ ილოცეს და ყოველივე სიკეთესთან ერთად, უფალს კარგი ამინდიც შესთხოვეს. თოვლით, რა თქმა უნდა (ეს დღე უთოვლოდ თითქოს არავის უნახავს). მე კი.. მოიცათ, მერე მეც ეგ არ მინდა? ეე..! რაებს ვაკეთებ? რას ვამბობ? ნერვები მეშლება, ასე რომ სხედან! გამოფხიზლდით. რას ელოდებით? ჩვეულებრივი დღეა რა... გუშინაც ასეთი იყო, დღესაც და ხვალაც ზუსტად ასეთი იქნება. მართალს გეუბნებით! დამიჯერეთ! ყრუებო! თუ ამოგარტყით ახლა აქედან წიხლი და შეგაქანეთ, მერე ხომ გამოფხიზლდებით და მომაქცევთ ყურადღებას? ..მერე რატომ არ ვაკეთებ? რაღაც მჭირს... მეც უნდა გამოვფიზლდე... რატომ ვემუქრები და ვერ... აუუუ, არა!!! ახლა დღეს მთელი დღე ასე ვიქნები, ვილაპარაკებ, ვილაპარაკებ, მაგრამ ვერაფერს გავაკეთებ. ვერ ვიტან ამ დღეს, მეზიზღება!
რა ვქნა ახლა მე? არა, გამაგიჟებენ. ერთხელაც იქნება და ...უუხ... ვერ ვამბობ... საშინელი დღეა. კალენდრიდან უნდა ამოვშალო. სად არის კალენდარი? ეი, შენ ბენედიქტე, მომეცი ერთი შენი კალენდარი... ისეთი, უკან რომ არაფერი ეხატოს. დავიღალე ამდენი ფრთიანებით. სად არის ჩემი ფრთები.?...
ამ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვართ - (ბაძავს ადამიანის ხმას) ერთად, ერთად კი არა, იმდენად შორს ხართ, რომ ჩემს მიერ ნაქები ტექნიკური განვითარება რომ არა, წლობით არ ნახავდით ერთმანეთს! თქვენთან განქორწინების ინიციატორები ახლა ხომ უკვე ქალები არიან? ჰაჰა... ელოდეთ, ელოდეთ... და მაგ მზის მაგივრად, ერთხელ იქნება და მიწიდან ამოხეთქილ ლავას იხილავთ და როგორც ვეზუვმა დაფარა პომპეი, ისე დაიფარებით თქვენც! იმას, ზემოთ რომ უსმინო, ვერ ხედავთ რაებს ლაპარაკობს? ჭიანჭველებს გადარებთ. წარმოგიდგენიათ? თქვენზე და რაღაც მახინჯ მწერებზე ერთნაირად საუბრობს. სად ადამიანი და სად - ჭიანჭველა. მე თქვენ ასე არასდროს მოგმართავთ...
მაგრამ ინკვიზიციები მაინც საჭიროა, მინდა რა... მანდ რომ სიკვდილით სჯიან, აქ სისხლის წვიმა მოდის. მიდით რა... განაახლეთ, ე-ე ბენედიქტ, ერთი შენ, მანდ, განმიახლე ეგ ინკვიზიცია, და კიდევ ერთი, მაგრად გთხოვ რა, ვლახეთის მმართველი წმინდანად მიკურთხე რა. არ მისმენს, ილოცე, ილოცე, რას გაიგებ მისგან... არა, ნერვები მეშლება. შეიძლება მე არ მისმინო და მუდმივად იმას ელაპარაკო, თან ისე, რომ იმან შეიძლება სიტყვაც არ გითხრას, პასუხი შეიძლება თვეობით არ გაგცეს, მაგრამ შენ მაინც ელაპარაკები... ასე გითხრეს, თუ არ დაელაპარაკები, დაისჯებიო. მე კიდე აქ ვარ, სულ აქ. რაც არ უნდა მკითხოთ, იმწამსვე გიპასუხებთ და არაფრისთვის არ დაგსჯით... პირიქით, მელაპარაკეთ, რამდენიც გინდათ... მაგარი ტიპია ეს ბენე (მოფერებით ასე ვეძახი)... ვითომ არ ესმის, როცა ველაპარაკები, მაგრამ სინამდვილეში ვიცი, რომ ესმის... ჰაჰა... გიჟდება, ხანდახან მთელი დღეები არ სძინავს, ელაპარაკება. მისგან რა უნდა გაიგო? შენ ხომ ისიც არ იცი, რომ მარკ ტვენს რომელიც შენ ასე ძლიერ მოგწონდა, სამუელ ლენგჰორნ კლემენსი ჰქვია? ზემოდან დიდ სიბრძნეს რომ იღებდე, მაშინ ალბათ ისიც გეცოდინებოდა, რომ ტინტორეტოს სინამდვილეში იაკოპო რობუსტი ჰქვია, ანდა ტიციანის გვარი ვეჩელიოა ისევე, როგორც არ იცი, რა ჰქვია სინამდვილეში ჟან გაბენს. შენ ხომ არც კი იცი, რომ მაგ პატარა რბილ სკამს, რომელზეც ახლა ხელები გიდევს და ლოცულობ, ფეხები დედოფალ ანასას მიუგავს. და სწორედ ამ ქალის დაგრეხილი ფეხები გახდა მიზეზი ასეთი ავეჯის შექმნისა.
მოშორდით ფანჯრებს, ნუ ელით კათარზისს, იმიტომ, რომ ერთდღიანი კათარზისი არ არსებობს! ეე, შენ სანტა-კლაუსს ხომ არ ელოდები?... სვი ეგ წყალ-წყალა ღვინო და იყურე ცაში. შეხედეთ, ნამდვილ იდიოტს ჰგავს. რა იყო, ჩრდილოეთის ნათებას ელოდები?
იყურეთ მაგ აღმოსავლეთით, ერთხელაც იქნება, მაშინ, როცა თქვენ თქვენს უღიმღამო სახეებს აღმოსავლეთით შეატრიალებთ, მზე დასავლეთიდან ამოვა და თქვენს წოლისაგან ზედმეტად დასვენებულ ზურგებს ისე დაწვავს, რომ... ააა! რა საშინელი დღეა. ეს ბავშვები? რა უხარიათ? კაი, ბავშვები კიდევ ჰო, მაგრამ ეს ზრდასრულებია... დედები, მამები, ბიძები, „ნიანკები“?!... უმეტესად რუსები... ეს რა არის? მოიცა, სად არის... აი, ზღვა და... რატომ უვლიან აქაურ ბავშვებს რუსის ქალები?...
თბილისი. 24 დეკემბერი. 23: 29 წთ. (შუაგული)
საერთო სახლის საერთო აივანზე იჯდა. აღმოსავლეთის მხარეს. არაფერს არ ელოდა. ისე იჯდა. ყოველდღე ასე ზის. აივანი საერთოა და დღეებიც. ასე რომ, არ უჭირდა „კომუნაში“ ყოფნა. რაც დაიბადა, მას შემდეგ, მას სულ რაღაც გაერთიანებებში უწევდა ყოფნა. ახლა აღარ ახსოვს ბოლოს რომელში იყო, მაგრამ ჰგონია, რომ დღესაც არის. სად, რის ანდა რა სახის გაერთიანებაშია, არ იცის, მაგრამ იცის, რომ არის; უნდა, რომ იყოს. შეჩვეულია და გადაჩვევა ჭირივით ეზარება. არა, კი არ ეზარება, არ უნდა, თორემ რომ მოინდომოს, ასეც იქნება.
მთელი ცხოვრება დასავლეთისკენ ზურგშექცევით იჯდა და ახლა რა? რატომ უნდა შებრუნდეს?... საათს დახედა.
„მალე იმათი შობა იქნება“. არ ელოდებოდა შობას, სხვისი შობა იყო და იმიტომ... არაფერში ადარდებდა. უბრალოდ, ყოველ წელს ასე ემთხვეოდა ხოლმე. სხვის შობას ძალაუნებურად აღმოსავლეთისაკენ შებრუნებული ხვდებოდა.
დასავლეთისაგან განსხვავებით, ზურგსუკან არც გამთბარი სახლი, არც წითელი ღვინო და არც... ვიინ? ვინ უნდა ელოდეს?
აქ, სადაც ეს ცხოვრობს, ბავშვებს რუსის „ნიანკები“ ზრდიან, ქალაქი რამდენიმე ნაწილად იყოფა და მერე ხალხს ამ ნაწილების მიხედვით ჰყოფენ, რომლებიც ისე მრავლდებიან, რომ ყოველ წუთს შეიძლება რომელიმე მათგანი ცალკე ერად გადაიქცეს. ეს ის ქალაქია, წარსულით მაგრა რომ ამაყობენ, მაგრამ აწმყოსთვის არაფერს აკეთებენ, იმიტომ, რომ ავიწყდებათ: ის წარსული ოდესღაც ვიღაცის აწმყო იყო და პირიქით, ეს აწმყო, ოდესმე წარსულად გადაიქცევა.
აღმოსავლური ორნამენტები, ფერები და ,,სერები“, მთის სერები! იზიდები, აზიზები და დეზერტირები! ტირები, ირმები და ფირმები, ზოგან დამჭკნარი იები! ვიღაც გიები და მზიები! ყველგან ლ-იები!
ეს ის ქალაქია, სადაც თავისუფლად შეგიძლია იყვირო:
- ვყიდი ბანანს და ვყიდულობ ბანდაჟს! ვყიდი ველოსიპედს და ვაშენებ ქალაქს, უცნაურობებით სავსე ქალაქს!
ზარმაცების ხაში! მათთვის, ვისაც ეზარება! მასწავლებლის სინდრომი: თუ იცინი, მას დასცინი:
- ლაბარტყავა, რა გაცინებს?
- არაფერი, მასწ!
- ჯანდარაძე, შენ რაღას იღრიჯები?
- მასწ, მე სულ არ გამიცინია!
- აბა ვიინ...?
- ზამთარაძე ცქმუტავდა და...
- ზამთარაძე ფეხზე!
- მასწ, ვერ ვდგები!...
- რატომ?
- მესხიამ ფეხები შემიკრა და...
- მესხია გაუხსენი ფეხები! ჩიჩიკაშვილი-ჩოფიკაშვილის დუეტი დაშალეთ სასწრაფოდ!... ბენდელიანი, რას მიყურებ?
- არაფერი, მასწ, ყველაფერი რიგზე გაქვთ!
- დატოვეთ კლასი!... შე ვირიშვილო, ადექი ფეხზე!... რა მოხდა?... რატომ ადექით?... დასხედით ახლავე!... ყველანი ერთად რატომ ადექით?
- თქვენ არ თქვით, ვირიშვილი ფეხზეო?!
ოპტიკა! თვალების ხელოვნური დაელმება, ქირურგიული ჩარევისა და ლაზერის გარეშე!
ვაჩენ ამნეზიას, ვენების გაგანიერებას და შვილს! განცხადებას მხოლოდ ერთი ადამიანი კითხულობს და ინტერესდება! მეორე დღეს მისვლას აპირებს, მაგრამ მისამართი ავიწყდება! მას ამნეზია აქვს! შვილი არ ჰყავს! უნდა შვილი!
შევაკეთებ ტელევიზორს და შემდეგ წავიღებ სახლში! ამ განცხადებას სამი ადამიანი ეხმიანება. მათ ტელევიზორის ხმაურმა ბოლო მოუღო! სამივემ ცხელი გულითა და ცივი ოფლით დაანარცხა ცისფერი ეკრანები იატაკისფერ იატაკზე და დაისვენა! შემკეთებელს ტელევიზორს სახლში ატანენ. შემკეთებელი კი მათ სანთებელას ჩუქნის! სანთებელას, რომელსაც დიდი, ძველბერძნული ასოებით აწერია: ფრთხილად, ცეცხლსაშიშია!
- ვაიმე, ექიმო, ჩემი ცოლი მშობიარობს! დროზე, ჩემი შვილი იბადება!
- რა იცი, რო შენია?
უცნაური სიჩუმე სამშობიაროს ფოიეში!
- უფროსო, რატომ გამაჩერეთ?
- მშია!... - ინსპექტორის შეღონებული სახე საქარე მინაზე.
გული წაუვიდა!
- ნახეთ, ნახეთ, თეთრი შარვალი აცვია! რა იდიოტია!.... ნახევრად გოგოების, ნახევრად ქართულად წარმოთქმული ფრაზები!
- დღეს ნეტავ მეტროში ვინ დამაბიჯებს?
- რამდენი ხანია ჯემალი არ მინახავს?!...
- მან რა, გნახა?
- აქედან გლდანში რა მიდის?
- ქარი!
- შენ სვანი ხარ?
- ეგ ანეგდოტია?
- სვანი ყოფილხარ!
- დღეს მარიოტი ვნახე!...
- კაი როჟაა?
რა სულელები არიან ეს ნახევრად გოგონები?! მაგრამ კარგები არიან! ჩვენები არიან და იმიტომ! ის ინსპექტორიც, მზარეულიც, აფთიაქარიც და ვირიშვილების კლასიც, სვანებიც და ექიმებიც, ფერებიც და სერებიც! გიებიც და მზიებიც! ხანდახან ლ-იებიც! ჩვენები არიან და ნუ გეშინიათ,
მზესაც ვუყვარვართ!...
სინამდვილეში ეს არც აღმოსავლეთია და არც დასავლეთი, შუაგულია, ამ კომუნისმოყვარულის საერთო სახლი საერთო აივნით, ზუსტად იმ წერტილშია, საიდანაც ერთხელაც იქნება და მზე ამოვა... პირდაპირ შუაგულიდან, შუიდან....
ბავშვმა თვალები გაახილა, და თავი დედის მხარეს სწრაფად გადააბრუნა.
- დედა, მეხუთე ელემენტს რატომ მიყვები?
ბავშვის ხმის გაგონებაზე დედა შეცბა.
-შენ არ გძინავს?
- არა.
- რატომ მერე? მეგონა, გეძინა.
- ეგეთი ზღაპარი რატომ მომიყევი?
- როგორი?
- მეხუთე ელემენტისნაირი.
- ეგ რა არის?
- ფილმი, იქაც ეგრეა, ოთხი რაღაც და მერე შუაში ის ქალი წვება და დედამიწა გადარჩება... ვინ არის ის შუაში?
- დაიძინე.
- მითხარი რა...
- დაიძინე!
- მეშინია.
- რისი?
- შენი.
-რატომ?
- მამააააა....
ოთახში მამა შემოვიდა.
- დედა საშინელებებს მიყვება.
- რას უყვები?
![]() |
14 ცრემლიანი სათვალე |
▲back to top |
გიორგი გვახარია
მეოთხე ნაწილი 1975/77
ბარიერი
„Детям до 16 лет запрещается!“ - მხოლოდ ქალაქ მოსკოვში თუ გაიგონებდა კაცი ამ ფრაზას კინოთეატრის კონტროლიორისგან.
არა... ზნედაცემულ ბავშვებს ზოგიერთ სხვა ქალაქშიც გადაეფარებიან ხოლმე ზნედაცული კარისკაცები, მაგრამ მხოლოდ მოსკოვის კინოთეატრში შეეძლო გაეჩერებინა 18 წლის თბილისელი სტუდენტი „ზასტოის ეპოქით“ გულშეჯერებულ დედაბერ-კონტროლიორს და დარბაზში არ შეეშვა.
მე, რა თქმა უნდა, არ ვგავდი 18 წლის კაზანოვას, 18 წლის გი დე მოპასანს, ან, თუნდაც ელვის პრესლის (ამავე ასაკში), რომლებიც ზნედაცულ დედაბრებსაც კი გაახსენებდნენ ხოლმე, რომ არსებობს ასეთი ცნება - „მამაკაცის სუნი“. მაგრამ ამ სექსუალურ შარლატანებთან ერთი რამ მაინც მაერთიანებდა - პასპორტი მედო ჯიბეში! სწორედ ის პასპორტი, რომელსაც ცუდმა, კარგმა და გენიალურმა პოეტებმა ლექსები მიუძღვნეს, რომელიც საშუალებას გაძლევდა შეგეღწია იმ კინოსეანსზე, სადაც ბავშვებს არ უშვებდნენ („არ არის მიზანშეწონილი“ - ასე ითარგმნებოდა ეს შეზღუდვა ქართულად, თუმცა საქართველოში ამ წესს არასდროს იცავდნენ).
მოსკოვის კინოფესტივალის ფილმებზე ბავშვები ვერ მოხვდებოდნენ. თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მომავალი თაობის „კინემატოგრაფიულ აღზრდაზე“ არ ზრუნავდა. დიდი ფესტივალის პარალელუ რად, „ლენინსკიე გორიზე“, 60-იანი წლების მიწურულს აშენებულ პიონერთა სასახლეში იმართებოდა საბავშვო ფილმების კინოფორუმი, რომელსაც ორი ჟიური ჰყავდა: ერთი - კინემატოგრაფისტებისა და მეორე - ბავშვების; უფრო სწორად, ფრიადოსანი ბავშვების, რომელთაც ფესტივალის დასრულების შემდეგ, თავიანთი ვერდიქტი უნდა გამოეტანათ.
მოსკოვის კინოფესტივალი, რომელსაც თავისი დევიზი ჰქონდა: „კინემატოგრაფის ჰუმანიზმისთვის, ხალხთა შორის მეგობრობისთვის“ გაგანია ზაფხულში, სრულიად ცარიელ ქალაქში ეწყობოდა ხოლმე, რათა ფესტივალის აბონემენტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა (აბონემენტების უმრავლესობას კრემლში არიგებდნენ) არ დაეჭვებულიყო და ეფიქრა, რომ მართლაც ყველაზე სამართლიან ქვეყანაში ცხოვრობდა.
თუმცა საბავშვო ფილმების ფესტივალზე მოხვედრა პრობლემა არ იყო. იმის შიშით, რომ აბონემენტებს ვერ გაასაღებდნენ და „ლენინსკიე გორის“ უზარმაზარი დარბაზი ვერ გაივსებოდა, ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად ჩამოჰყავდათ ქალაქის გარეუბნებიდან. პიონერთა და კომკავშირელთა რაზმებს ჰყავდათ თავიანთი ზედამხედველები, რომლებიც სეანსის დასრულების შემდეგ, საბჭოთა სკოლების მოწაფეებს „ესთეტიკური აღზრდის“ სეანსებს უტარებდნენ. თავისთავად, მათ ეს არ უნდა გაჭირვებოდათ - ამ პროგრამით ნაჩვენები ფილმები, როგორც წესი, დიდაქტიკურ ინტონაციაზე იყო აგებული.
მაგრამ გამონაკლისიც არსებობდა.
1975 წელს სწორედ საბავშვო ფილმების კონკურსში მოხვდა ფრანგული კინოს კლასიკოსის, ჟაკ ტატის ფილმი „აღლუმი“. გრძელფეხება და გრძელხელება ტატი „ლენინსკიე გორიზე“ თავისი ფილმის პრემიერას დაესწრო და სიტყვით მიმართა პიონერთა სასახლეში შეკრებილ საბჭოთა მოსწავლე-ახალგაზრდობას, რომელთა შორის მეც აღმოვჩნდი - თბილისის სამხატვრო აკადემიის 18 წლის სტუდენტი... საბჭოთა პასპორტით ჯიბეში.
„ჩემი ფილმი ცირკს ეძღვნება - ბრძანა „ფრანგ ჩაპლინად“ მონათლულმა ტატიმ (რომელსაც, სხვათა შორის, ჩაპლინი გულზე არასდროს ეხატებოდა) - „აღლუმი“ არ არის განსაზღვრული პასიური მაყურებლისთვის, რომელსაც სეანსის დროს ჩაეძინება ხოლმე. უნდა იაქტიუროთ, ბავშვებო, იყვიროთ, იხარხაროთ, ეკრანს ესროლოთ რამე, გინება თუ შეგიძლიათ, შეიგინოთ კიდეც!“
ამ ბოლო ფრაზაზე ტატის თარჯიმანმა გოგონამ, რომელსაც ეტყობა ჯერ არ ჰქონდა კაგებეში მუშაობის დიდი გამოცდილება, აშკარად წაიყრუა. თუმცა ახსოვდა, რომ ტატის, იგივე ტატიშჩევს, ცოტა ესმოდა რუსული, ამიტომ იძულებული იყო, დიდი რეჟისორის მოწოდება დაახლოებით მაინც ეთარგმნა.
რა იცოდა ბატონმა იულომ (ასეთი სახელი დაარქვა ტატიმ თავის გმირს, რომელსაც თვითონ ასახიერებს), რომ „აღლუმის“ მოსკოვურ პრემიერაზე მორეკილ ბავშვებს მხოლოდ ერთი ფრაზა შეეძლოთ ეყვირათ - „Всегда готов!“. თანაც, მხოლოდ და მხოლოდ პიონერულ თუ კომკავშირულ „ლინეიკაზე“ და არა პიონერთა სასახლის კინოდარბაზში.
მაგრამ დარბაზში მხოლოდ პიონერები არ ვისხედით. წინა რიგში თვალი მოვკარი წყვილს, რომელსაც ეგრეთ წოდებული „საფესტივალო ბირჟიდან“ ვიცნობდი - დაახლოებით 30 წლის შავგვრემანი ქალი ბირჟაზე, ე.ი. კინოთეატრ „როსიას“ წინ, პუშკინის ძეგლთან (სადაც ოფიციალურად ფესტივალის ბილეთებს ცვლიდნენ, არაოფიციალურად კი აბონემენტებით ვაჭრობდნენ), ისე იყო ხოლმე ჩაბღაუჭებული თითქმის ორჯერ უფროს, სულ მუდამ წვერგაუპარსავ ჭაღარა კაცს, თითქოს ეშინოდა, სადმე არ გაქცეოდა თავისი მონაპოვარი. ქართველებმა ამ წყვილს „ბნედიანები“ შევარქვით. ვიღაცამ თქვა, აფსუს, ამათ ანდრე ბაზენზე უკეთ იციან კინო, მაგრამ იმდენად არასიმპათიური ხალხია, იმდენს და ისე ჩქარა ლაპარაკობენ, მათი მოსმენა არავის უნდაო.
ანდრე ბაზენი არა ის... ტიპიური „კინოკლუბელები“ იყვნენ! პუშკინის მოედანზე სწორედ ასეთი ხალხი იკრიბებოდა - სნობები, რომელთაც ზეპირად იცოდნენ რეჟისორების გვარები; წვერგაუპარსავი, დაუბანელი კინომანები და სექსუალური თვალსაზრისით აშკარად არარეალიზებული ხალხი, რომლებიც მხოლოდ იმაზე მსჯელობდნენ, სად, რომელ ფილმში შეიძლე ბოდა გვეხილა „Голая баба“, ან, საერთოდ, ეროტიკული სცენა (რომელსაც მოგვიანებით, თუკი ამ ფილმს საბჭოთა კინოგაქირავებისთვის შეიძენდნენ, სპეციალური მაკრატლით უტირებდნენ ხოლმე დედას).
„ბნედიანებმა“, ეტყობა, ფრანგულიც იცოდნენ, რადგან როგორც კი დამწყებმა „კაგებეშნიცამ“ ჟაკ ტატის თარგმნა დაასრულა, სულ მუდამ წვერგაუპარსავმა დაბალ ხმაზე, მაგრამ მაინც „აღლუმის“ ავტორის გასაგონად წამოიძახა: „Переводите пожалуйста последнюю фразу!“. მაგრამ თარჯიმანმა აქაც წაიყრუა. ჟაკ ტატის რაღაც გადაუჩურჩულა და სცენიდან სულ ძალით ჩამოიყვანა.
მერე „აღლუმიც“ დაიწყო. ბატონი იულოს სტილიზებულმა მოძრაობებმა პიონერებზე მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ დატოვა. „ბნედიანები“ კი, იცოცხლე, გაახარა! როგორც კი შესავალი ტიტრები დასრულდა, ეგრევე ხორხოცი ატეხეს. სიბნელეში კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ ხმის ტემბრის ტალღოვანი მონაცვლეობით მივხვდი, რომ არა მარტო იცინოდნენ, არამედ ხტუნავდნენ კიდეც სავარძელში!
მათი სიცილი ჩვენც გადაგვედო, მე და ჩემს მეგობრებს, ირას და მიშას, რომლებიც ჟაკ ტატის ფილმის მოსკოვურ პრემიერამდე ერთი კვირით ადრე დაქორწინდნენ. მარწმუნებდნენ, ქორწილი ივლისში იმიტომ დავნიშნეთ, რომ ვიცოდით, ფესტივალზე მაინც ჩამოხვიდოდიო. აღარ მახსოვს რა უფრო გვაცინებდა - ბატონ იულოს თავგადასავალი ცირკში, მისი ამოვარდნილობა მექანიზებული სამყაროდან, რომელზეც ყოველთვის ქილიკობდა ჟაკ ტატი, თუ კინომანი წყვილის ხორხოცი.
ადგილები რიგის შუაში ჰქონდათ. ამიტომ წესრიგის დამცველებს „ბნედიანების“ კინოდან გამოყვანა ძალიან გაუჭირდებოდათ. ჩვენ კი გასასვლელთან ვისხედით. იმ დროს, როცა ბატონი იულო მეთევზისა და თევზის იმიტაციას მიმართავს, ერთი „მუჟიკი“ მოგვიახლოვდა, - ის, ვინც პიონერთა სასახლეში წესრიგზე აგებდა პასუხს და საკმაოდ ზრდილობიანად გვითხრა: „Спокойно, товарищи!“
ჩვენ კი გავჩერდით, მაგრამ სულ მუდამ წვერგაუპარსავი თავისას არ იშლიდა. ყველაზე ხშირად „დავაი, დავაის“ ყვიროდა. თანაც საკმაოდ უცნაურად, პაუზებით. სანამ მეორე „დავაის“ მოაყოლებდა, მასზე ჩაბღაუჭებული ქალბატონი რაღაც საოცარ ბგერას გამოუშვებდა ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ „აღლუმის“ ნახვის წინ, რეპეტიაცია გაიარეს სახლში.
გასასვლელში წესრიგის დამცველ მუჟიკს მეორე დაემატა, მეორეს - მესამე. არ აქტიურობდნენ, შუა რიგში არ შედიოდნენ, რადგან ჟაკ ტატი დარბაზში იჯდა. მსოფლიო კინოს კლასიკოსის განაწყენებას კი აქ ვერავინ გაბედავდა.
ვეღარავინ გაბედავდა.
ერთი კლასიკოსი ხომ კინაღამ გაანაწყენეს - ფედერიკო ფელინი. 1963 წლის ფესტივალზე, „რვანახევრის“ საკონკურსო ჩვენებაზე, ნიკიტა ხრუშჩოვმა ხვრინვა ამოუშვა, ფილმის დასრულების შემდეგ კი განაცხადა: „Бред Неврастеника“, რაც სრულიად საკმარისი აღ მოჩნდა იმისთვის, რომ ჟიურის თავმჯდომარე, გრიგორი ჩუხრაი ცეკაში გამოეძახათ და მკაცრად მიეთითებინათ, ფელინის ფილმი მთავარი პრიზით არავითარ შემთხვევაში არ დაეჯილდოვებინათ. ჩუხრაის ისიც უთხრეს, რომ ჟიურის სხვა წევრები იუგოსლავიიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ვიეტნამიდან გაფრთხილებული არიან და რომ „კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლების“, ე.ი. სტენლი კრამერის, ჟან მარესა და იტალიელი კრიტიკოსის, სერჯიო ამადეის 3 ხმა „ბრედ ნევრასტენიკას“ გასამარჯვებლად საკმარისი არ იქნებოდა. კიდევ ერთი წევრი იყო ჟიურიში - ყველასთვის უცნობი უზბეკი დოკუმენტალისტი, 70 წლის კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ფილმებს უზბეკი კომუნისტების წარმატებებზე იღებდა. ცეკაში იგი არ გამოუძახებიათ. ყველამ იცოდა, რომ ხრუშჩოვს, ამ კაცთან შედარებით, მართლა ანდრე ბაზენივით ესმოდა კინო.
ჟიურის სხდომაზე ჟან მარე თურმე იმუქრებოდა, ფელინის ფილმი თუ არ გაიმარჯვებს, დაჯილდოვების ცერემონიალზე არ მოვალო (არადა, ხრუშჩოვი ფესტივალის დახურვაზე მიბრძანებას სწორედ „ცოცხალი ჟან მარეს“ სანახავად აპირებდა). კიდევ უფრო კატეგორიული აღმოჩნდა სტენლი კრამერი, გენიალური „ნიურნბერგის პროცესისა“ და „ეს არის შეშლილი მსოფლიოს“ ავტორი, - კაცი, რომელსაც საბჭოთა კავშირში „პროგრესულ ამერიკელ რეჟისორად“ მიიჩნევდნენ. განრისხებულ კრამერს უთქვამს: „მე - მამაკაცი ვარ, ყოველ დილით წვერს ვიპარსავ. არ მინდა შემძულდეს ჩემი თავი, როცა სარკეში ჩავიხედავ. ამიტომ წარმატებას გისურვებთ, მე ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მივიღებ“.
ცეკას დავალებით, ჟიურის მთავარი პრიზი უნდა გადაეცათ საბჭოთა ფილმისთვის „გაიცანით ბალუევი“, რომელიც, ნიძლავს ვდებ, დღეს აღარავის ახსოვს.
უზბეკი სულ ჩუმად იყო. მოგვიანებით ჟან მარე მოიგონებს, რომ ჟიურიში ამ მოხუც კომუნისტს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ჟიურის სხდომაზე უზბეკი დოკუმენტალისტის არსებობა იმდენად დაავიწყდათ, რომ როცა ხმები ორად გაიყო, ჟან მარემ ახალი, ფარული კენჭისყრა მოითხოვა. იუგოსლაველს, რომელსაც „რვანახევარზე“ უთქვამს, პედერასტული ფილმიაო (ჟან მა რეს აბა რა მოეწონებოდა!), უზბეკისკენ მიუთითებია, ამ კაცს არ ეკითხებითო?
დიდი პაუზის შემდეგ, 70 წლის ხამზა უმაროვიჩი წამომდგარა და უთქვამს „Я голосую за... как его там?.. за Феллини“.
მოხუცს ვერ გაეგო, რატომ გადაეხვივნენ მას „კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლები“, რა უხაროდა ასე ჩუხრაის. იგი არც დაჯილდოვების ცერემონიალზე მისულა, როცა ფესტივალის მთავარი პრიზი ფელინის მისმა მარადიულმა ოპონენტმა, ლუკინო ვისკონტიმ გადასცა. ეჩქარებოდა თურმე, უზბეკეთის კომპარტიის ყრილობა უნდა გადაეღო. ჩაჯდა თვითმფრინავში, გაფრინდა ტაშკენტში და მოსკოვის კინოფესტივალი სირცხვილისგან იხსნა.
მორიგი სირცხვილის მოწმე ახლა მე ვხდებოდი - „ლენინსკიე გორიზე“. წესრიგის დამცველებს აქ ალიაქოთი რომ აეტეხათ, ჟაკ ტატი აუცილებლად გამოთქვამდა პროტესტს. და ამის შემდეგ, მსოფლიოს კიდევ ერთი რეჟისორი იტყოდა, ამ ქალაქში აღარასდროს ჩამოვალო.
„ბნედიანებმა“ იცოდნენ, რომ ტატი დარბაზში იყო, ამიტომ ისე იქცეოდნენ, თითქოს მართლაც დაავიწყდათ, რომელი ქვეყნის პასპორტს ატარებდნენ. ფილმის ყველაზე სასაცილო სცენაზე, როცა ბატონ იულოს ცხენი არ ემორჩილება (ცხენსაც და მხედარსაც თავად ტატი განასახიერებს), ეკრანის მიმართულებით ორი უზარმაზარი პომიდორი ისროლეს...
ღმერთო დიდებულო! განა მარტო ბუნება შეიძლება იყოს ლამაზი? განა მარტო პარიზმა, ბარსელონამ თუ გაგრამ შეიძლება მოხიბლოს ადამიანი? განა მარტო მარლენ დიტრიხის მშვენიერებამ უნდა დაგამუნჯოს?
თეთრ ეკრანზე მისხმული პომიდვრის წვენი! არ გინახავთ და ამიტომ ვერაფრით დამიმტკიცებთ, რომ ეს სურათი პარიზზე, ბარსელონაზე, თუ გაგრაზე, ან იგივე მარლენ დიტრიხზე ნაკლებად მშვენიერია!
თანაც, მხოლოდ ეკრანი რომ წარმოიდგინოთ, ზედ მისხმული პომიდვრის წვენით, მაინც ვერ ჩაწვდებით ამ სურათის მშვენიერებას. ჯერ ერთი, უნდა ხედავდეთ ჟაკ ტატის ფანტასტიკურად მოქნილ სხეულს, რომელიც დარბაზიდან ნასროლმა პომიდორმა თითქოს კიდევ უფრო ელასტიური გახადა... და, რაც მთავარია, უნდა გესმოდეთ ეს გამაოგნებელი სტერეოეფექტი - ცირკის ხმაური, დაუმორჩილებელი ცხენის ჭიხვინი ეკრანზე და „დავაი, დავაი!“ - დარბაზში, რასაც ბოლოს და ბოლოს, „ლენინსკიე გორიზე“ მორეკილი პიონერები აყვნენ და ჟრიამული ატეხეს. რას აღარ ესროდნენ ეკრანს, რომელზეც აქ, როგორც წესი, ლენინის კინობიოგრაფიებს, ფესტივალის დროს კი „აღმზრდელობით თემაზე“ გადაღებულ ფილმებს უჩვენებდნენ: კალმისტრებს, ფარგლებს, რვეულებს, მოსკოვის რუკას, ხუთკაპიკიანებს, ცელოფანის პარკებს - წარწერებით: „БАМ“, „30-летие Великой Победы“, „Союз-Аполлон“.
ჯერ ჟაკ ტატი გაიყვანეს (ეცინებოდა, მაგრამ მაინც მორჩილად გაყვა), მერე დარბაზი გაანათეს და „ბნედიანები“ ააყენეს. ის-ის იყო გასვლას აპირებდნენ, რომ იმ მუჟიკმა, ზრდილობიანად რომ მოგვცა შენიშვნა, მიშას სიცილს მოკრა ყური. „Эти тоже - с ними!“ - უთხრა მეორე მუჟიკს.
მერე ყველაფერი რაღაც წამებში მოხდა - გარეთ გაგვათრიეს, მანქანაში ჩაგვყარეს (გზაში ცოტა მოვასწარი „ბნედიანებთან“ ტატიზე საუბარი) და იქვე, მეტრო „ფრუნზენსკაიას“ მილიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს.
„Мальчишка свободен! Несовершенолетние нам не нужны!“ - დამინახა თუ არა, მაშინვე ბრძანა მილიციის უფროსმა, რომელიც იმხელა ლუკმებად კბეჩდა წითელ ვაშლს, რომ ნახევარი არ მესმოდა, რას ამბობდა.
პასპორტი, რა თქმა უნდა, არ დავაძვრე. ისიც არ მითქვამს, რომ ქართველი ვარ და აკადემიაში ვსწავლობ. მიშამ და ირამ, ცხადია, არ გამყიდეს... მხოლოდ მანიშნეს, გარეთ დაგველოდეო.
„ფრუნზენსკაიას“ სადგური დღესაც კოშმარად მახსოვს. ერთი სკამი არაა, კაცი რომ ჩამოჯდეს და ასე დაელოდოს მეგობრებს, რომლებიც მილიციამ უნდა დაკითხოს.
„ბნედიანი ქალი“ პირველი გამოვიდა. ხალხმრავალ ვესტიბიულში მაინც მომკრა თვალი და ეგრევე ჩემსკენ გამოემართა.
„Тебе сколько лет-то? Хорошо болтаешь о Висконти. Небось правда несовершенолетний? Ты что - вундеркинд что ли?“
რაღაცნაირად მითხრა. თითქოს მეკითხებოდა და თან, თვალს მიკრავდა, ერთს ამბობდა და სხვას მანიშნებდა, აი, ისე, ვისკონტის ფანები რომ ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს.
ჩვენ - ვისკონტის ფანებს პაროლები გვაქვს, რომელსაც ვერავის გავუმხელთ. ვისკონტი თუ მართლა შეგიყვარდებათ, ამ პაროლს თავად მიაგნებთ და აუცილებლად გიცნობთ, მივხვდებით, რომ „ჩვენებური“ ხართ!
მე ორმოცკაპიკიან „ესკიმოზე“ დავპატიჟე. დაახლოებით 15 წუთი ვიდექით, სანამ ირა და მიშა გამოვიდოდნენ. ამ თხუთმეტ წუთში „ბნედიანმა ქალმა“ ბანალური სახელით - „ნინა“, უამრავი რაღაც მიამბო. მის თხუთმეტწუთიან მონოლოგს კიდევ ისიც რომ დავუმატოთ, რომ ვისკონტის ფანებს ქვეტექსტებით გვიყვარს ერთმანეთთან საუბარი, ეს თხუთმეტწუთიანი ტექსტი, ფაქტიურად, დრო, რომელიც ორი „ესკიმოს“ შეჭმას სჭირდება (მეორე ნაყინზე თვითონ დამპატიჟა), სქელტანიან რომანს გაუტოლდება.
ნინამ აღიარა, რომ სულ მუდამ წვერგაუპარსავი, ე.ი. ბორისი, მისი საყვარელია. ზაფხულში ბორია, პროფესიით ფსიქიატრი, ცოლ-შვილს აგარაკზე უშვებს და ნინასთან, „ნოვიე ჩერიომუშკიში“ გადადის საცხოვრებლად, ერთმანეთი კლინიკაში გაიცნეს, როცა ნინას სერიოზული ნერვული კრიზი ჰქონდა (მიზეზი არ უთქვამს, იცოდა, რომ მაესტრო ლუკინოს სიყვარული ისედაც მიმახვედრებდა ყველაფერს). მერე ცოტა კინოზე ვილაპარაკეთ (ვისკონტიზე - არა!), ცოტა - თბილისზე. იშვიათად მიგრძვნია ასეთი ნდობა მოსკოველებისგან - სწორედ იმ დროს, ირა და მიშა რომ გამოვიდნენ, მითხრა, პარიზში ჟურნალი „კონტინენტი“ გამოვიდა, რამდენიმე ნომერი მაქვს, თუ გინდა, თბილისში გაგატანო.
ახლა უკვე ყველა მიშამ დაგვპატიჟა „ესკიმოზე“. გვიამბეს, როგორ შეავსებინეს რაღაც ქაღალდი, რომელშიც დააფიცეს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არასდროს მოიქცეოდნენ ასე (ნინას გაუკვირდა, მე რატომ არაფერი დამაწერინეს, მხოლოდ ახსნა-განმარტებით რატომ დაკმაყოფილდნენო). მილიციის უფროსი დიდხანს ადგენდა, ვიცნობდით თუ არა ამ წყვილსო, მერე შენზეც მკითხეს, ეს ბავშვი ვინ არისო. ვუთხარი, ჩემი ხარკოველი ნათესავი-მეთქი.
ბორისის დაკითხვა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. პრინციპში, მას 15 „სუტკა“ გამოწერილი ჰქონდა, რომ არა ჟაკ ტატის თხოვნა, ესროლეთ ეკრანსო. ბორისის თქმით, მილიციის უფროსი იმდენად იდიოტი აღმოჩნდა, რომ პიონერთა სასახლეში დარეკა და გადაამოწმა, მართლა მოუწოდა თუ არა ფრანგმა რეჟისორმა მაყურებელს, რომ დარბაზში პომიდვრები ესროლათ. ტელეფონზე როცა ლაპარაკობდა, სულ „ნეუჟელი, ნეუჟელის“ გაიძახოდა თურმე, ისე ანერვიულდა, რომ ლამის თავისი ვაშლის ყუნწი შემოეჭამა. მერე „აქტი“ შეადგინა, ბორისს ჯარიმა გადაახდევინა - 25 მანეთი, გამომშვიდობებისას კი მიაძახა: „Действительно, все психиатры чёкнутые!“
ერთმანეთს ისე დავემშვიდობეთ, რომ ნინასა და ბორისს მისამართები არ გამოვართვი. მეხსიერება თუ არ მღალატობს, ირამ მითხრა, არ გინდა ახლა ამათთან დაახლოება, კაგებე დასდევს. ამ ქალმა მილიციაში ისეთი ანტისაბჭოთა „რეჩი მოხია“, მიკვირს, რომ იქვე არ დააპატიმრესო. არც „კონტინენტის“ ამბავი გავახსენე ნინას. მეშინოდა წამოღება!
ან ვისთვის უნდა გადამეცა ეგ ჟურნალი თბილისში?
არც ზვიად გამსახურდიას ვიცნობდი და არც მერაბ კოსტავას. მათ შესახებ პირველად ბაბუამ მიამბო, ჩემმა ყოვლისმცოდნე გოგია პაპამ, 1977 წლის აპრილში, როცა გამსახურდია „ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის“ მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. არსებობს ამ სხდომის სტენოგრამა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილები, „ერის სინდისად“ მონათლული მწერლები გა გამსახურდიას „საბჭოთა ხელისუფლების დამხობის“ მცდელობისთვის ადანაშაულებენ. პრინციპში, ჩვენი მწერლები სიმართლეს ამბობდნენ - ქართველ დისიდენტებს მართლაც სურდათ საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. ამიტომ „ერის სინდისებს“, რომელთა უმრავლესობა ახლა, დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთ გრძნობს თავს საიქიოში, იმქვეყნის კარიბჭესთან პრობლემები არ უნდა შექმნოდათ - რაც იყო, ის თქვეს, არაფერი მოუგონებიათ. სხვა საქმეა, რომ ეს სტენოგრამა სრულიად საკმარისი გახდა 1977 წლის აპრილში მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას დაპატიმრებისა და გადასახლებისთვის. სხვა საქმეა, რომ „ერის სინდისის“ ეპითეტი თუ მოირგე, მერე კი ასეთი მძიმე ტვირთი იკისრე ცხოვრებაში, ჭკუა აღარავის უნდა ასწავლო, თორემ ადგება შენზე ბევრად უფრო უნიჭო, წერა-კითხვის უცოდინარი ღლაპი და რაღაცას წამოგაძახებს.
მაგრამ ქართველ მწერლებს ამ ღლაპების ჯერ არ ეშინოდათ. 1977 წელს კონსტანტინე ლორთქიფანიძემ დაასრულა დოკუმენტური მოთხრობა „რა მოხდა აბაშაში“. მთელი საბჭოთა კავშირი ლაპარაკობდა აბაშის ექსპერიმენტზე, რომელიც სოფლის მეურნეობაში კერძო საკუთრების დაშვებას გულისხმობდა. რუსები თვლიდნენ, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ხალხი ცხოვრობს; რომ აქ უკვე დაემხო კომუნისტური წყობა. ეტყობა, „ერის სინდისებიც“ იზიარებდნენ ამ მოსაზრებას, სჯეროდათ, რომ ქვეყანა „ბნედიანი დისიდენტების“ გარეშეც შეინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, როცა მას ედუარდ შევარდნაძე ჰყავდა სათავეში. ჩვენი სიმდიდრე განსაკუთრებთ რუსეთში გამოვლინდებოდა ხოლმე. აბა რომელი რუსი სტუდენტი შეძლებდა კალინინის პროსპექტზე, „დომ კნიგიში“ გამოფენილი სეზანის, პიკასოსა თუ დიუფის 50 მანეთიანი უცხოური ალბომების ყიდვას, თუ არა ჩვენ, ქართველები... რომელი რუსი სტუდენტი ისაუზმებდა, ისადილებდა და ივახშმებდა საბჭოთა მოსკოვის საუკეთესო რესტორნებში „ნაციონალში“, „მეტროპოლში“, „პრაღაში“, თუ არა ჩვენ, ქართველები... რომელი რუსი სტუდენტი „დაიშმოტკებოდა“ ჩვენსავით მაღაზიების - „ლაიფციგის“, „ბელგრადის“, „ვარშავის“ საქონლით და რომელი რუსი სტუდენტი შეიძენდა აბონემენტებს კინოფესტივალის დღეებში პუშკინის მოედანზე გამოფენილ სპეკულანტებთან! მხოლოდ ჩვენ, ქართველებს შეგვეძლო გვეშოვა ეს ბილეთები და კინოფესტივალის ყველაზე ელიტურ კინოთეატრებში „ილუზიონში“, „უდარნიკსა“ და კინოს სახლში მოსკოველი მეგობრებიც დაგვეპატიჟა.
1977 წლის მოსკოვის კინოფესტივალის აბსოლუტური ჰიტი გია დანელიას „მიმინო“ გახდა. კავკასიელი მაჩოს (უფრო სწორად, „მაჩოების“) ხილვამ წარმოუდგენელი სიამოვნება მიანიჭა რუსული საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილს - ქალებს. თუმცა კაცებმაც არ დაიკლეს. განსაკუთრებით მოეწონათ მხიარული ფილოსოფოსის, ხაჩიკიანის აი ეს ფრაზა: „Когда ему будет приятно, я буду чувствовать, что мне тоже приятно. А когда мне будет приятно, я тебя так довезу, что тебе тоже будет приятно“.
„მიმინომ“ სრულიად დაჩრდილა ფესტივალის კიდევ ერთი საკონკურსო ფილმი, რომელიც, წესით და რიგით, მოსკოვის კინოფორუმის დირექციას ბულგარული კინოს ჩინოვნიკებისთვის უკან უნდა დაებრუნებინა - ხრისტო ხრისტოვის „ბარიერი“. ფანტასტიკური ამბავი ასაკში შესულ კომპოზიტორზე, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს ულამაზესი ქალი, დოროტეა გამოეცხადება და ბარიერის გადალახვას, ანუ... გაფრენას შესთავაზებს, იმდენად მარტივად იშიფრებოდა, რომ დისიდენტების დევნისა და ეგრეთ წოდებული „დამსჯელი ფსიქიატრიის“ გააქტიურების ეპოქაში, „ბარიერის“ ჩვენება, უბრალოდ, საშიში იყო. მით უმეტეს, ფილმს კომუნისტური ქვეყნების კინემატოგრაფისთვის მიუღებელი ფინალი აქვს - დოროტეა, რომელმაც კომპოზიტორს ფრენის სურვილი გაუღვიძა, იღუპება... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ელდარ შენგელაიას „შერეკილებისგან“ განსხვავებით, ბულგარელ „ბნედიანებს“ ბარიერის გადალახვის უნარი ეკარგებათ.
მაგრამ „ბარიერი“ არა მარტო ფესტივალზე უჩვენეს, არამედ „ვერცხლის პრემიით“ დააჯილდოვეს („ოქრო“ - „მიმინოს“ ერგო), მოგვიანებით კი გაახმოვანეს და ეკრანებზეც გამოუშვეს. საქმე ისაა, რომ ბულგარელებს საბჭოთა კინოგაქირავებაში „კვოტა“ ჰქონდათ, რომლის დარღვევას ახლა უკვე კომუნისტი „ძმების“ განაწყენება შეეძლო. გარდა ამისა, „ბარიერში“ მთავარ როლს ინოკენტი სმოკტუნოვსკი თამაშობდა, რომელსაც ასევე „უფრთხილდებოდნენ“ კრემლის კულტურული ჩინოვნიკები... რაც მთავარია, პაველ ვეჟინოვის მოთხრობა „ბარიერი“, მას შემდეგ, რაც „ინოსტრანნაია ლიტერატურაში“ დაიბეჭდა, ხელიდან ხელში გადადიოდა - „ბარიერს“ კითხულობდნენ მეტროში, ფაბრიკა-ქარხნებში, პლაჟებზე - თითქოს ბარიერის გადალახვის, გაფრენის სურვილი მთელ საბჭოთა საზოგადოებას დაეუფლა. ამ მოთხრობის ეკრანიზაციის ჩვენებით კინოგაქირავებას შანსი გაუჩნდა, რომ 1977 წლის გეგმა გადაჭარბებით შეესრულებინა. გაფრენის სურვილი კი, არა უშავს.... მაინც ვერ გაფრინდებოდნენ.
„ბარიერი“ ფესტივალის პირველი ფილმი იყო, რომლის სეანსზე ბილეთის შოვნაც გამიჭირდა. პუშკინის მოედანზე მისვლა არ მინდოდა, ვგრძნობდი, რომ „ბნედიანებს“ გავურბოდი. თუმცა ღმერთი ამჯერად არ შემიწუხებია - ჯანდაბას მაგათი თავი, მივესალმები, მოვიკითხავ, მოვიმიზეზებ, რომ ფილმზე მეჩქარება და ჩემს გზას გავუყვები-მეთქი. ბორისი იქ არ დამხვდა. არც ნინა.
მეორე დღეს კიდევ დამჭირდა რაღაც ბილეთი. ისევ არ იდგნენ. ის-ის იყო მეტროში უნდა ჩავსულიყავი, რომ პუშკინის ძეგლის მხრიდან საშინელი კივილ-წივილი მომესმა. მეტროში ჩასვლის მსურველებმა სასწრაფოდ შეიცვალეს მიმართულება და ძეგლისკენ გაემართნენ. მეც უკან გავყევი ხალხს.
აღმოჩნდა, რომ მილიცია დაჟინებით ცდილობდა მანქანაში ჩაეტენა ათიოდე დემონსტრანტი, რომლებიც საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას აპროტესტებდნენ. დავინახე თუ არა ბორისი, სასწრაფოდ დავიმალე ხალხში. ვიცოდი, რომ მასთან გამოლაპარაკება საშიში იყო. თუმცა ჩემთვის მაინც არ ეცალა. დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას მილიციონერს, რომელმაც პლაკატი წაართვა და მანქანაში ძალით შეტენა.
ეს პლაკატი სულ რამდენიმე წამი ეგდო პუშკინის ძეგლთან. ქალის პორტრეტზე დიდი წარწერა გაეკეთებინათ: „Очередная жертва советской психиатрии“... დაბადების და გარდაცვალების წლებიც დაერთოთ - „1945-1977“. მაგრამ სურათი ისეთი უხარისხო იყო და თანაც მილიციონერმა ისე სწრაფად დაგლიჯა პლაკატი, რომ ქალის სახე ვერ გავარჩიე.
მგონი, ნინას არ ჰგავდა.
![]() |
15 ჩინელი ანუ ინატრე რამე |
▲back to top |
AUDIO
ჩინელი
- გინდა, პატეფონი ჩავრთო? - ჰკითხა ლილიმ გაგას. - „Брызги шампанского“, და ვიცეკვოთ.
- ნაღდი პატეფონი? - აღფრთოვანდა გაგა. - აი, ტრუბიანი?
- არა, გაგ, ის გრამოფონია, - აუხსნა ლიზამ.
- გრამოფონი გრამაფონშია, - ლილიმ თვალი ჩაუკრა და თაროსკენ დაიძრა.
„გამაგიჟებენ ეს ბებოები,“ ფიქრობდა ლიზა.
კედლიდან ლიზას ლილიკო დასცქეროდა, სულ ნორჩი, საკმაოდ ამპარტავანი სახით... მართალი იყო ლილიკო, მოხიბლავდა ჩე გევარას, აბა, რას იზამდა.
გვერდით - ზიზი. სტუდიური ფოტო: სკამი, შლაპა, კოხტად დაწყობილი ფეხები. მოიცა, რომელმა თქვა, მოცეკვავე ვიყავიო?
ლიზამ გადაწყვიტა, ეს საღამო შეძლებისდაგვარად შეერგო, ვოდკაც, ნამცხვარიც, პატეფონიც. კონიაკიც კი უნდოდა, მაგრამ ახლა მაგ ამბავს აღარაფერი ეშველებოდა. „ლიზა კონიაკს ვერ სვამს,“ - ვინ ეკითხებოდა ვირისთავ გაგას? ისე, მალაცა, გაგა, რას იფიქრებდა ლიზა, რომ ასეთი გულთბილი კაცი იყო. „ნეტა მარტოკა არ დავბერდე. ან სულ არ დავბერდე. მოვკვდე ახალგაზრდა და თავისუფალი... მგონი, ვთვრები...“
ა, ბროშკა...
სანამ ლილი პატეფონს ქოქავდა და გაგა ბრიყვულ კითხვებს უსვამდა, ზიზი გვერდით ოთახში გავიდა ფირფიტებისთვის, და ლიზაც გაჰყვა.
- ზიზი დეიდა, - დაიწყო მან, - ზიზი დეიდა, მე ეს ბროშკა ისე მომწონს, რომ მეტი არ შეიძლება. მაგრამ შემომხედე, რა ვიდზე ვარ, ან რა მაცვია, ან რა მახურავს - სად გავიკეთო? დამხვდება ვინმე და გამატყავებს. ზიზი დეიდა, ეს თქვენთან იყოს, ჰო? და თუ სადმე ისეთ ადგილას წავედი...
ნეტა, სად, ჰა?
ძალიან წვალობდა ლიზა. რას ბოდავდა, უფალმა უწყის. ქალს თვალს არიდებდა, აღარ იცოდა, ან რა ეთქვა, ან რა ექნა, ხან ფეხსაცმელი ითვალიერა, ხან...
ხან...
დედა!
ზიზი რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ ვიღას ესმოდა!
დედიკო!
დედა!
ტუალეტის მაგიდაზე იჯდა ხოტეი. ის. ჩინელი. ვარდისფერი. ხუთმილიონიანი. იკრიჭებოდა. ზურგით სარკეში ირეკლებოდა და ის ტომარაც ეკიდა ზედ, სამყაროიანი. ბოზი ვიყო. ხოტეი.
„რაღა ვქნა?“ ფიქრობდა ლიზა. „ხოტეი. ისაა. ვაიმე, დედიკო“. მერე ღრმად ჩაისუნთქა, გულსაბნევი ტომრიან ბერს გვერდში ჩამოუსკუპა და თქვა:
- რა ლამაზი რაღაცაა!
- ესა? ეს ხოტეია. არ იცი? მოღიმარი ბუდა. ამ ტომარაში ტკბილეული, ხილი და ნამცხვრები აქვს, ყველაფერს ბავშვებს ურიგებს.
- ა, უი, გამახსენდა. ჩვენცა გვყავს ასეთი, ოღონდ ზედ ბავშვები ღოღიალობენ.
„ახლა არ გააქანოს და არ მაჩუქოს, თორემ თავს მოვიკლავ,“ იფიქრა ლიზამ და თვითონ გაუკვირდა - რა ეტაკა?
ხოტეი იჯდა და სიცილით კვდებოდა.
. . .
გარეშე თვალისთვის ედიკა გიჟივით იქცეოდა. ეს უბედურება ერთხელ უკვე გამოვლილი ჰქონდა, როცა შორეულ კონტინენტზე არალეგალურად მცხოვრებს მარიხუანას მეტისმეტი მარაგი უპოვნეს - მიდი და უხსენი პოლიციას, რომ სულ შენთვის გინდა! იღორა მაშინ ედიკამ, არ ეკადრებოდა.
მოკლედ, ედიკა ციხეში მოხვდა, მარიხუანაზე - რა პაზორია! პირველი ერთი კვირა ერთ თაღლით ებრაელთან ბანქოს თამაშით გაერთო, მერე მოიწყინა და აყვირდა, დეპორტაციას მოვითხოვო, მერე კი შიმშილობა გამოაცხადა და ციხის ადმინისტრაციის თუ ვიღაც მსგავსის მიერ გიჟად იქნა შერაცხული. ედიკას ხელი სტაცეს და მინის საკანში მოათავსეს, რომ მისი არცერთი ქმედება შეუმჩნევლად არ დარჩენილიყო.
და ყველა დარწმუნდა, რომ ედიკა გიჟია. თუ ჭამდა, ითვლებოდა, რომ არაჯანსაღი მადა ჰქონდა. თუ არ ჭამდა, ითვლებოდა, რომ სულ გააფრინა და თავს იკლავს. თუ ბოლთას სცემდა, გაუფრენია. თუ სკამზე იჯდა, დეპრესიული ყოფილა. ჯერ საჯაროდ მოსაქმება რცხვენოდა და ჩათვალეს, რომ აკლია, მერე კი დაიკიდა და ჩაითვალა, რომ გაპირუტყვდა. მოკლედ, ჯოჯოხეთი იყო, და იმ ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული ედიკა სულ ბოლო სართულზე ქირაობდა ხოლმე ბინას, რომ ფანჯარაში არასოდეს არავის შემოეხედა. ეს რომ იქაურ ექიმებს გაეგოთ, მთლად დისერტაციას დაწერდნენ მისი ნაღრძობი ფსიქიკის შესახებ, მაგრამ ვერასოდეს გაიგებდნენ, დიდება ღმერთს. ისე, სამშობლოში არც მისი აკვარიუმში ჯდომის ამბავი სცოდნია ვინმეს, ამიტომ თქვენც ნუ გაუბაზრებთ.
იმ საღამოს ედიკას ფანჯარაში ნამდვილად ვერავინ შეიხედავდა - იმ სიმაღლეზე არცერთი სხვა ფანჯარა არ იყო და ნისლი იდგა ისეთი, ედუარდს ფარდების გადაწევითაც არ შეუწუხებია თავი. იმის ყურება კი, რაც ოთახში ხდებოდა, მეტ-ნაკლებად დალაგებულსაც გადარევდა, ჰა, თუ არ გადარევდა, კუჭს მაინც აუშლიდა ოდნავ: ოთახში მარტო მყოფი ედიკა ხელებს იქნევდა და გამალებით ჰყვებოდა რაღაცას, მაგიდაზე კი ძუა დახტოდა და მძივებს აცვამდა. თვითონ. ძუა. ლამაზი რამ კი გამოდიოდა. ვერაა, ხომ, კარგი ამბავი?
მაგრამ სინამდვილეში ედიკას მსმენელიც ჰყავდა და მძივსაც ჰყავდა ამცმელი - მაქსი. უბრალოდ, ედიკას გარდა არავისთვის არ ჩანდა და მიუხედავად იმისა, რომ ასეთებს უკვე შეჩვეული იყო, ედიკა სარკეს მაინც თვალს არიდებდა, რადგან იქ მხოლოდ თავად ირეკლებოდა, მაქსი - არა.
- სულ არ მინდა, რომ იპოვოს. - ოხრავდა ედიკა. - არადა, იპოვის. ძაან ნასტირნია.
- იპოვოს, რა გენაღვლება? - გაეპასუხა მაქსი.
- იპოვის და ინატრებს რამე სისულელეს. ხომ ვიცი. კარგი გოგოა ლიზავეტა, მარა დებილია...
- იქნებ არ ინატროს სისულელე?
- კაი, რა. მე მაგაზე ჭკვიანი ვარ, მარა ხომ ხედავ, სისულელე ვინატრე, და ვარ ასე, სულ ორმოცდახუთის.
- მერე, ცუდია?
- აბა, კარგია?
- რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა მაქსმა. - შენი საქმისა შენ იცი. მე რაც ამიხდა, მომწონს.
მაქსიმას მიწა უყვარდა. დედამიწა. ის უყვარდა, რომ ჯერ გაზაფხულია, მერე ზაფხული, რომ მთვარე ხან სავსეა, ხან სულ არ ჩანს, და მაშინ, როცა ჯერ კიდევ სხეული ჰქონდა - კი, კიბოიანი და ფუჭი, მაგრამ მაინც, - მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა: რომ არასოდეს წასულიყო მიწიდან. ინატრა და დარჩა.
- არადა, აუხდება, - წუხდა ედიკა. - ნაღდად აუხდება თავისი სიდებილე. ერთხელ ამოიჩემა, ოღონდ სიგარეტი გადამაგდებინა და ყველაფერზე სპასობნი ვარო. მეთქი, ჩუ, თორე დაგემართება კუჭის წყლული და მერე სიგარეტიც დაგავიწყდება და სხვა ყველაფერიც... ეეე...
- რა გითხრა, - მაქსმა ძუა ასანთით მოწვა. - მე რაც შემეძლო, ვქენი, მაგრამ მაგას, ეტყობა, კაცი არ ჰყოფნის, კიდევ უნდა რაღაცეები. ალბათ, ფული. მოგწონს? - და მძივი ხელში შეათამაშა.
- მაგრად. ძაან მაგარია. ჯიგარი ხარ. აი, ეს მოსწონდა მაქსს დედამიწაზე - პატარა სიხარულები. ვთქვათ, მძივი.
- გოგოს მოეწონება?
- იასნია, მაქსიმუმ! აფსუს, ვერ გადაგკოცნი! აი, მოვა და ნახავ! მაგრად გაუსწორდება.
სიყვარულით მაქსისაგან
გოგო, ანუ ჩვენი თათუთაც მაქსის საჩუქარი იყო, როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე ამაყად, საახალწლო საჩუქარი. მაშინ ედიკა ძველ უბანში ცხოვრობდა, იქაც ბოლო, მაგრამ მესამე სართულზე. ის სახლი ედიკას გულით მოსწონდა, მაგრამ წინ უზარმაზარი კორპუსის შენება რომ დაიწყეს, დათმობა მოუწია - უნდოდა ახლა ედიკას ათასი თვალი? არ უნდოდა. ის პროექტის ჩაშლას ეცადა და მშენებლებს რამდენიმე პოლიტიკურად აღგზნებული ქალი მიუქსია, ე.წ. ბეტეერები: ქალებო! დაგვენგრა ქალაქი! დაგვასკორა მთავრობამ და ხელისუფლებამ! მაგრამ ქრთამი ჯოჯოხეთსაც ანათებს, და ედიკას გულის გასახეთქად, სამშენებლო კომპანიამ მანდილოსნები უცებ დააშოშმინა. არადა, რა სახლი იყო...
ამ კარგი სახლის პირველ სართულზე ერთი გამოშტერებული დედაკაცი ცხოვრობდა თავის ქალიშვილთან და ხელიდან წასულ თინეიჯერ ვაჟთან ერთად. ედიკამ ბეტეერებისგან იცოდა, რომ დედაკაცი გამოშტერებული იყო, მისი ვაჟი - ხელიდან წასული, მაგრამ ის არ იცოდა, რომ ქალიშვილი ლამაზი ჰყავდა. უყოფაქცევო - კი, ეს უმალვე ჩაუკაკლეს, მაგრამ სილამაზისა არაფერი უთქვამთ. ჰოდა, უნდოდა ახლა ედიკას გამოშტერებული დედაკაცის უყოფაქცევო გოგო? არ უნდოდა.
...ედიკას არ უყვარდა ახალი წელი. მიაჩნდა, რომ იდიოტიზმია, და მიუხედავად იმისა, რომ ნაძვიც მორთო და გოზინაყიც გააკეთა, სულ არ უხაროდა - რაა, რო? იჯდა ედიკა, ტელევიზორს უყურებდა და პოპ-მომღერლების გოიმობის გამო სირცხვილით იწვოდა.
ამ დროს კარებზე ბრაგუნი გაისმა. არც ზარი, არც კაკუნი - ბრაგუნი. და ძახილი, მგონი, „მიშველეთ“, ზუსტად არ ვიცი.
კარს ვიღაც ბრგე ჯეელი ლეწავდა და ბღაოდა. როცა ედიკამ გააღო, უარესად დაიღრიალა და თავქვე დაეშვა, კიბეზე, და გზად კინაღამ წააქცია გოგო, ანუ თათუთა, ჭრელ, აღმოსავლურ ხალათში. მას ჰქონდა შესანიშნავი ვარცხნილობა და დასრულებული მაკიაჟი, ხელში კი უთო ეჭირა.
ედიკა გაერთო - ჰეჰე! ვინ ხარ, გოგო? შემო, რას დგახარ!
გოგო იყო მეზობლის გოგო, გაქცეული კაცი - მისი ყოფილი ლავერი, რომელიც გოგოს სძულდა და რომელიც დათვრა და საახალწლოდ კარს მიადგა, ჩიჩილაკით და შამპანურით, გოგო კი სხვა კაცს ელოდა და იპრანჭებოდა, და ამ დროს ეს ჩემისა მოეთრა და აღარ წაეთრა, და გაექაჩა, და ბებიამისისა.
- პროსტა, მეგონა, გარეთ გავარდებოდა, ამან კიდე გასასვლელში „აააო“ და ზემოთ ამოვარდა, და ახლაც „აააო“...
გიჟია, ჰო?
- არც შენ ხარ მთლად ჯანზე, - გაუცინა ედიკამ. - ეგ უთო ცხელია?
- ჰო, კაბას ვაუთოებდი.
- ვა! ლამაზი კაბაა?
- დავაი რა.
და გოგო კიბეზე დაეშვა. ედიკა კი კარში იდგა და იღიმებოდა.
კარი რომ დახურა და მობრუნდა, მაქსიმას შეეფეთა.
- შენ რაღა გიხარია? - ჰკითხა ედიკამ. თვითონ კი იცოდა, რაც გაუხარდა.
- მოგეწონა?
ე, რა ეშმაკურად უციმციმებს მაქსიმას თვალები!
- ჰეი, მაქსიმუმ! შე მაგარო! შენ იჩალიჩე?
- აბა, კარებთან ვინ დახვდა? იცი, რას ვიჯღანებოდი?
და ისე დაიჯღანა, ედიკაც კი შეშფოთდა.
- გილოცავ ახალ წელს, მაქსიმუმ!
- გილოცავ, ედუარდ. მრავალს დაესწარი. აფსუს, როგორ მიყვარდა ეს თქვენი გოზინაყი...
. . .
- მაგარი იყო, არა?
მოდების სახლთან იდგნენ. გაგა ცალ ფეხზე ხტოდა - შესცივდა ბავშვს.
- რა იცეკვეს ბებოებმა, არა? ისე, შენც რა მაგარი ფოქსტროტი გცოდნია?! მალაცა, ლიზ!
- მისმინე, - ლიზამ სიგარეტი მოიქნია. გაგას ხმა არ მოეწონა და ახლოს მივიდა. - კაროჩე. შენი ხოტეი ლილიზიზის ტუალეტზე დგას. ააჰ! ტუალეტში კი არა, ტუალეტზე. პატარა ოთახში. ვნახე. მარიშკამ დატოვა ალბათ. აღარ მოგიწევს რიგაში თრევა...
- აღარ მოგვიწევს. მე მარტო სად წავიდოდი. მაიცა, და
მერე?
- მე რა ვიცი.
- გოგო, იქ რატომ არ მითხარი?
- რაა რო?
- ეგეც მართალია...
ლიზამ ახალ ღერს მოუკიდა.
- ჰა? რა ვქნათ?
- რომ ვთხოვოთ, არ მოგვცემენ?
- ბიჭო, ღორობაა. მოტყუება, მოპარვა, ყელის გამოჭრა და რაღაც ეგეთები სხვებთან მოსულა. ამათ ვერ გავუკეთებ.
- ჰო, რა, ლიზო! არ გავუტეხოთ, ჰო? გინდა, მოვუყვეთ და წილში ჩავსვათ?
- შენ მე დედა ტერეზა ხომ არ გგონივარ!? ერთი მითხარი, რამდენი გირჩევნია, ორნახევარი თუ იმის ნახევარი?
- ორნახევარი რა?
- ააჰ!.. - ლიზამ სიგარეტი ისევ გადააგდო. - მილიონი! ეს ტაქსები სადღა ტრაკშია? ბლიად! შენც რა სიყვარულები და ფოქსტროტები აგიტყდა! რა ვუყო ახლა ამ ბებოებს?
- ლიზ, - გაგამ ხელი გაუყარა. - მოდი, მაგაზე ხვალ ვიფიქროთ.
ახლა ვოდკა, ემოციები, ხო აზრზე ხარ...
- მართალი ხარ. კაი. წამო, ფეხით წავიდეთ.
ამქვეყნად ყველაზე ზარმაცმა გაგამ ლიზას უსიტყვოდ დაუქნია თავი და პლეხანოვიდან სოლოლაკისკენ ფეხით და აწვნენ.
ლამაზი ღამე იყო. ვორონცოვის ხიდზე გადასვლისას გაგამ ხმა ამოიღო:
- ჩემები აქეთ ცხოვრობდნენ, ვორონცოვზე. სულ აქ ცხოვრობდნენ.
მე კარენნოი თბილისელი ვარ.
- დიდი პაპა მეთულუხჩე გეყოლებოდა, - უთხრა ლიზამ, ოღონდ უბოროტოდ.
- ალბათ. მეთულუხჩე რა არი?
- წყალს იღებდნენ მტკვრიდან და მერე ქალაქში დაატარებდნენ და ჰყიდდნენ.
გაგამ პატივისცემით შეხედა.
- რა იცი, წაიკითხე?
- არა, პაპა გურგენამ მიამბო.
- სომეხი ბაბუა გყავდა? - გამოცოცხლდა გაგა.
- არა, მეზობელი იყო. მე კარენნოი გორელი ვარ. დედულეთის ამბავში. იქით არ ვიცი.
- ა. იასნია.
„ისე, რა მოხდა რო? არც არაფერი,“ ფიქრობდა ლიზა.
„ხვალ მოვიფიქრებ რამეს... ლამაზი ქალაქია. ნისლიც უხდება...“
- აქ კიდე სასტუმრო იყო, „ლონდონი“.
- „ლონდონი“ იქითაა, - გაგამ ხელით ანიშნა.
- ეგ ახლაა, ადრე აქ იყო. ჰამსუნი ცხოვრობდა.
- ეგეც გურგენამ გიამბო? - ის აღარ უკითხავს გაგას, ჰამსუნი ვინღააო.
- არა, წავიკითხე, „მადათოვში“.
- ა. აზრზე ვარ.
„იმდენი მოგხვდა,“ იფიქრა ლიზამ.
და რა მოხდა მერე, ალექსანდრეს ბარში, არავინ იცის, მეც კი, არადა, ლიზას ფიქრებსაც ვკითხულობ და გაგაც ზეპირად ვიცი. ერთი კია, რომ ორივე, შეუთანხმებლად, სკამისკენ გაეშურა, და ჩამოსხდნენ ასე, სულელებივით, ღამეში, სიცივეში, ნისლში, ხელიხელჩაკიდებულები, და ლიზას ისიც კი არ უფიქრია, სულ გავშტერდი ამხელა ქალი, რა დროს ჩემი ბაღებში კოცნაობააო...
- ლიზ, - დაიჩურჩულა გაგამ.
- რა იყო, - ჩურჩულითვე უპასუხა ლიზამ. ე, ნისლები, ნისლები...
- ლიზ, მოდი, დავიკიდოთ, რა!
- რა?
- აი, ის, ხოტეი. ჰა?
- რა დავიკიდო, შე უბედურო? ხუთი მილიონი?
აღსდექ, ლიზა! რა დროის სანტიმენტებია! ხომ გახსოვს, ყველა კაცი დებილია! წინ, ხოტეისკენ, ბედნიერებისკენ! ადე, ლიზო!
- ადექი!
- მოიცა!
- ადე, თორემ დაგემართება სისადავე და მეყოლე მერე ვარდივით!
- რაა? - გაგა დაფეთებული წამოვარდა.
- პრასტატიტი, ბრიყვო! ადე!
...
- ერთი გამაგებინა, სადაა ჩემი ჩუსტები? - ბურდღუნებდა ლიზა. - ან ის გამაგებინა, რანაირად არიან იმ ტუტუცი გოგოს ბებიები, ჰა?
- მე რა ვიცი, მარიშკა მეუბნებოდა, ბებიაჩემები არიანო, დასასვენებლად რომ მიდიან ხოლმე, გასაღებს მიტოვებენ ხოლმე, რომ ყვავილები მოვრწყა ხოლმეო.
ლიზა წელში გაიმართა.
- ვაი, წელი... მერე, რწყავდა?
- მეკაიფები?
- მიდი, კაცო... ჰო, სულ ყვავილებს რწყავდა თურმე.
ლაწირაკი ვირიშვილი... ბოზანდარა მაიმუნი... რას იკრიჭები?
სადაა ჩემი ჩუსტები?
- ძალიან მიყვარხარ, - უთხრა გაგამ.
აჰა. ესეც ასე.
- მიდი კაცო, - გაუწყრა ლიზა. მაგრამ ესიამოვნა. ძალიან ესიამოვნა ლიზოს.
...
- ძალიან მიყვარხარ, - უთხრა თათუთამ ედიკას და ლოყაზე აკოცა.
- მოგეწონა?
- მაგრად. ძაან ლამაზია, ედიკ. მიხდება?
- მაგრად. ყველაფერი გიხდება.
თათუთა კმაყოფილი ათვალიერებდა სარკეში თავის გამოსახულებას, პერანგს იღეღავდა, მძივს აჩენდა.
მაქსი ფანჯრის რაფაზე ტკბილად იზმორებოდა.
- მეც ძალიან მიყვარხართ, - თქვა მან, მაგრამ ვერავინ გაიგონა.
. . .
- ძალიან მიყვარხარ, - უთხრა ზიზიკომ ლილიკოს.
- მეც ძალიან მიყვარხარ, - უპასუხა ლილიმ.
- ხომ გეუბნებოდი, ყველა სურვილი ახდება-მეთქი.
- შენ საერთოდ ჭკვიანი გოგო ხარ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში>>>
![]() |
16 მუსიკა |
▲back to top |
ავტორი: გიორგი მარი
ELBOW
LEADERS OF THE FREE WORLD
Elbow: ჯგუფი, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი ჟღერადობით, ვოკალისტი Guy Garvey-ს ემოციური და მომხიბვლელი ტექსტებითა და საინტერესო ცოცხალი შესრულებით.
1990 წელს გიტარისტმა Mark Potter-მა, დრამერ Richard Juppy-სთან და ბასისტ Ryator Turner-თან ერთად, Guy Garvey-ს თავის ჯგუფ Soft-ში ვოკალისტობა შესთავაზა. 1997 წელს ისინი ჯგუფს სახელს უცვლიან, Elbow-ს არქმევენ და წერენ ალბომს, რომელიც სტუდიასთან უთანხმოების გამო ვერ გამოდის.
და აი, უკვე 2001 წელს, როგორც იქნა, გამოდის მათი პირველი ალბომი „Asleep in the back“, რომელიც Brit Awards-ზე ბევრ ნომინაციაზე იქნა წარდგენილი. შემდეგ, 2003 წელს გამოდის Elbow-ს მეორე ალბომი „Cast of Thousands“, რომელიც, ჩემი აზრით, საუკეთესოა მათ შემოქმედებაში. 2004-ში დაგეგმეს არაოფიციალური ტურნე კუბაში და გახდა პირველი ბრიტანული ჯგუფი, რომელმაც ჰავანას გარეთ კონცერტები ჩაატარა. 2005 წელს კი გამოვიდა მათი მესამე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით „The leaders of the free world“. დისკი თემატურად, როგორც Elbow-ს ყველა ალბომი, არის წარსულზე, დღევანდელობაზე და სურვილებით სავსე ოცნებებზე. მართალი გითხრათ, არცთუ ისე სევდიანად ჟღერს ეს ალბომი და რამდენიმე ძალიან მხიარული სიმღერაც კი არის, მაგალითად: „Forget Myself“ და „Leaders of the Free World“. ასე რომ, ეს ის ალბომია, რომლის მოსმენაც ნამდვილად ღირს.
ATHLETE
TOURIST
სამხრეთ ლონდონელთა ოთხეული Athlete ბავშვობის მეგობრებს აერთიანებს: Carey Willets (ბასი), Joel Pott (ვოკალი, გიტარა), Steve Roberts (დასარტყამი ინსტრუმენტი) და Wan Stall (კლავიში). Athlete 2000 წელს შეიქმნა, 2002 წელს ხელშეკრულება დადეს სტუდია Parlaphone-სთან. 2003-ში გამოდის მათი სადებიუტო ალბომი „Vehicles and animals“, რომელიც საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა და „Mercury Prize“-ზე იქნა წარდგენილი. 2005 წელს კი გამოვიდა მათი მეორე, უფრო მეტად ამბიციური ალბომი „Tourist“, რომელიც წინა ალბომისაგან საკმაოდ განსხვავებულია. ეს ალბომი თავისი აკუსტიკურ-ელექტრონული ჟღერადობითა და ფორტეპიანოს ლამაზი პარტიებით ყველაზე მეტად ალბათ Coldplay-ს წააგავს. თუმცა არც იმდენად, რამდენადაც ეს პირველი მოსმენისას შეიძლება მოგვეჩვენოს. თუ მათ Live-ს მოვუსმენთ, მივხვდებით, რომ Athlete საკმაოდ ინდივიდუალური და ნამდვილად ერთ-ერთი საინტერესო Indie (ბრიტ-პოპ) ჯგუფია.
P.S. აუცილებლად მოუსმინეთ სიმღერებს „Wires“, „Chances“ და „Twenty Four Hours“.
KASABIAN
KASABIAN
ბოლო რამდენიმე წელია, ალტერნატიულ მუსიკაში ერთგვარი რეტრო-აღორძინება მოხდა. ამის კარგი მაგალითია ჯგუფები: Franz Ferdinand, Strokes, Hives, Kings of Leon და სხვა, რაც ალბათ ძალიან საინტერესოა, რადგან ყველაფერი ახალი არცთუ ისე კარგად მივიწყებული ძველია.
ამ დროს კი, ჯგუფი Kasabian აბსოლუტურად სხვა ჟღერადობას გვთავაზობს. იგი უფრო მეტად 80-იანი წლების მანჩესტერულ ჯგუფებს მოგვაგონებს, როგორებიც არიან Inspiral Carpets, Happy Mondays და Stone Roses. ასევე, სიმღერის მანერით ჯგუფ The Verve-ს და Kula Shaker-ს ჰგავს. რაც შეეხება მუსიკალურ მიმართულებას, ეს ჯგუფი არის შუალედი Brit-Pop-სა და საცეკვაო, ე.წ. Dance-მუსიკას შორის. საბოლოოდ, ამ ყველაფერს, ალბათ, Dance-Rock ჰქვია.
Kasabian დაახლოებით 1999 წელს დაარსდა, თუმცა სადებიუტო ალბომი 2004 წლის მიწურულს გამოუშვეს. ალბომს ჯგუფისავე სახელწოდება აქვს. საკმაოდ კარგი და ადვილი მოსასმენია, განსაკუთრებით სიმღერები: „Cut Off“, LSF (Lost Souls Forever), „Processed Beats“ და „Club Foot“.
წიგნები
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ელემენტარული ნაწილაკები
მიშელ უელბეკის
რომანი
ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა
გამომცემლობა „არეტე“
„ელემენტარული ნაწილაკები“ მომავლის, 21-ე საუკუნის დასასრულის ადამიანის მიერაა დაწერილი. ავტორი ახალი ადამიანური რასის წარმომადგენელია, უკვდავი და უსქესო. ეს რომანი ამ ახალ ადამიანს არ ეძღვნება, ის მხოლოდ მისი არსებობის აუცილებლობის დასაბუთება გახლავთ.
წიგნი ორმოცი წლის მიშელ უელბეკმა 1998 წელს დაწერა. ამ რომანს მშვიდად შეგვიძლია „დასალიერი“ ვუწოდოთ. მის გმირებს უნდათ, რომ უყვარდეთ - და არ შეუძლიათ, უნდათ, რომ რამე გააკეთონ - და ვერ აკეთებენ. მისი ბოლომდე წაკითხვის შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში, ღრმად ჩაფიქრდებით, უარეს შემთხვევაში კი ხანგრძლივი, ყრუ დეპრესია დაგეწყებათ.
ავტორს ბევრი რამ, ზოგჯერ ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი სძულს. ყველაზე სასტიკი განაჩენი მან „სამოციანელთა“ ფილოსოფიას გამოუტანა - უელბეკი თვლის, რომ ის ლამის მთავარი მიზეზია ევროპული ცივილიზაციის დღევანდელი უბედურებისა. რომანში ასაკშეპარული ჰიპები გულისამრევი ბებრუხუნები და სასაცილო დედაბრები არიან, რომლებიც თავიანთ უკვე ფუჭ ცხოვრებას იოგას, ფსიქოდრამას და მსგავს გონებრივ მასტრუბაციას აყოლებენ. ზნეობრივი ბარიერების ნგრევის შედეგი ორგიებია, რომლებსაც სულ უფრო ნაკლები დაკმაყოფილება მოაქვს. გმირები უდროოდ კვდებიან - კიბო, კუდუსუნის ნეკროზი, ღვიძლის ციროზი...
გამომცემლობა „არეტეს“ მიერ გამოქვეყნებული „ელემენტარული ნაწილაკების“ მთარგმნელი ბ-ნი გიორგი ეკიზაშვილი გახლავთ. დიდებული და თავზარდამცემი წიგნია, და მათ, ვინც მასში მხოლოდ პორნოგრაფიასა და ცინიზმს აღმოაჩენს, შევახსენებ - ეს წიგნი ადამიანს ეძღვნება.
სალაღობო ტრფობანი
მილან კუნდერა
მოთხრობები
ფრანგულიდან თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა
გამომცემლობა „დიოგენე“
მილან კუნდერას რომანებს, ვგონებ, ყველა მეტ-ნაკლებად წიგნიერი ადამიანი იცნობს. ახლა კი, მთარგმნელ პაატა ჯავახიშვილისა და გამომცემლობა „დიოგენეს“ წყალობით, ქართულენოვან მკითხველს ოსტატის მოთხრობების კრებულზეც მიუწვდება ხელი.
ამ კრებულში შესულია მოთხრობები, რომლებიც ავტორმა ჩეხეთში 1959-1968 წლებში დაწერა. მათ შეიძლება კუნდერას პროზის ამოსავალი წერტილი ვუწოდოთ - ამით „იწყება“ მისი ცნობილი რომანები „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“, „უკვდავება“ და სხვ.
მსგავსი სიამოვნება, რა ხანია, არ მიმიღია. გარწმუნებთ: მოთხრობებს ვერ მოწყდებით, ისინი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, სასაცილოა და იმავდროულად ძალიან სევდიანი (ოღონდ არა გულის გასახეთქად). მოთხრობების გმირებს დიდი ხანია, იცნობთ, ასეთი მეგობრები გყავთ, ასეთი ადამიანები ყოველდღე გვხვდებიან. ერთი ისაა, რომ მხოლოდ კუნდერასთანა დიდოსტატი თუ შეძლებდა მათ შესახებ ასე თხრობას, რომ ცოლზე შეყვარებული მექლთანე სიმპათიას იწვევდეს, ტვინის და გულისგამაწყალებელი, უნიჭო კაციც კი გებრალებოდეთ...
საერთოდ, შვიდივე ამბავი უაღრესად ადამიანურია. ავტორი თავის გმირებს თანაუგრძნობს და არც მათი ქცევისა თუ ხასიათის ანალიზით ამძიმებს თხრობას.
არ ვიცი, რამდენად შთამბეჭდავი იქნებოდა ეს მოთხრობები, ცალ-ცალკე რომ წაგვეკითხა. ერთად ისინი შესანიშნავია. და როცა წიგნს დახურავთ, ორი გრძნობა აუცილებლად შემოგაწვებათ: გული დაგწყდებათ, წიგნი რატომ დამთავრდაო, და აუცილებლად მოგინდებათ სიყვარული.
ახალი თარგმანები
ლიტერატურული ალმანახი
„ახალი თარგმანები“
„დიოგენე“
ამ ალმანახის მეხუთე გამოცემას მკითხველი დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა და იმედია, ეს განწყობა არც ამ მოზრდილი ტომის წაკითხვის შემდეგ შეეცვლება. მთავარ რედაქტორთან, ბესო ხვედელიძესთან ერთად, სარედაქციო კოლეგიის წევრები - მაია ბადრიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, თამარ ლებანიძე, ლელა ხომერიკი და დავით ჯავახიშვილი სრულიად განსხვავებულ ლიტერატურას სთავაზობენ მკითხველს.
კრებულში წარმოდგენილი ცხრამეტი ავტორიდან ათი რუსულენოვანია, შესაბამისად, „ახალი თარგმანების“ ამ გამოცემას თამამად შეიძლება „რუსული“ ვუწოდოთ. ალმანახი ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ნათარგმნი ბორის პასტერნაკის ლექსებით იხსნება, ეს ნომრის ერთ-ერთი წამყვანი პუბლიკაცია გახლავთ. თეოდორ დოსტოევსკი თუ მაქსიმ ამელინი, ბორის პასტერნაკი თუ დმიტრი პრიგოვი - ეს სახელებიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, რუსული ლიტერატურის რაოდენ ფართო სპექტრს გვთავაზობენ ამჯერად ალმანახის შემდგენები.
რასაკვირველია, სხვა ქვეყნების ლიტერატურაც არ დავიწყნიათ, უბრალოდ, ყველა ავტორის ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ალმანახში თავმოყრილი თარგმანები, სპეციფიკის მიხედვით, რვა რუბრიკაშია განაწილებული. ასე რომ, ნებისმიერი თაობისა და გემოვნების მკითხველი იპოვის იმას, რაც მის გულს გაუხარდება.
მე კი ძალიან მეამა, რომ პრეზენტაციის დღეს ლიტერატურული ალმანახი ჟურნალისტებს საჩუქრად გადაეცემოდათ.
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ჯადოსნური კარუსელი
სად: კინოთეატრი „ამირანი“
როდის: იანვარი
რეჟისორი: დეივ ბორთვიკი, ჟან დიუვალი.
მოდის ახალი წელი...
იწყება რამდენიმედღიანი არდადეგები...
ყველაზე მეტად, ამ დღეებს პატარა ადამიანები ელიან...
მათ ხომ ჯერ კიდევ სჯერათ სასწაულების, საახალწლო ამბების და ჩუმად შემოპარული თოვლის ბაბუების...
იყო და არა იყო რა, იყო ერთი უმშვენიერესი მხარე დედამიწაზე, სადაც ყველა ბედნიერად ცხოვრებდა, რომ... ერთ დღესაც, ბოროტმა ზიბადმა პაწკუნა ქალაქი თავისი მაცხოვრებლებით, ცივი ყინულის საფარქვეშ მოაქცია. რატომ? რა ვიცი, ასე მინდაო.
მერე, არაჩვეულებრივი კომპანია შეიკრიბა - ჩვენ გადავარჩენთ სამყაროსო და ბოროტი ზიბადის დამარცხება გადაწყვიტა. ამისათვის მათ სამი ჯადოსნური ბრილიანტის თვლის შეგროვება სჭირდებათ. მერე კი: ლოკოკინა, დედოფალი, კურდღელი და ძაღლი ქვეყნის გადარჩენისათვის დაიწყებს ბრძოლას.
გამოუვათ? ალბათ. ეს ხომ კეთილი საახალწლო ზღაპარია.
P.S. ამერიკაში, ანიმაციური ფილმის სარეკლამო ბანერები მთელს ხმაზე „გაჰყვიროდნენ“ - იცით ვინ ახმოვანებს „მხიარულ კარუსელს“? კაილი მინოუგი, რობი უილიამსი და თვით ვანესა პარადიო.
კარგი, მაგრამ მერე ჩვენ რა?! აქ ან ზვიო იქნება, ან შონზო, ან რომელიმე ვნებიანი ხმის
მქონე ქართული ესტრადის ვარსკვლავი.
მიუნხენი
სად: კინოთეატრი „ამირანი“
როდის: იანვარი
რეჟისორი: სთივენ სპილბერგი
როდესაც 1972 წელს მიუნხენში ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, ეს თამაშები მთელს მსოფლიოს დაამახსოვრდა, რადგან იქ დატრიალებული ტრაგედიის სისასტიკემ ყოველი ადამიანი, თითოეული მოქალაქე შეძრა. პალესტინელ ტერორისტთა დაჯგუფებამ „შავი სექტემბერი“ ისრაელიდან ჩასული 11 ებრაელი ათლეტი დაატყვევა და შემდეგ სასტიკად გაუსწორდა.
ძალადობას ებრაელებისგან საპასუხო რეაქცია მოგვიანებით, მაგრამ მაინც მოჰყვა.
„ჩემთვის ეს ფილმი - ვედრებაა. ვედრება მშვიდობაზე“ განაცხადა „თაიმსთან“ ფილმის შესახებ მიცემულ ლამის ერთადერთ ინტერვიუში რეჟისორმა სთივენ სპილბერგმა, რომელმაც 2005 წელს შექმნილი „მიუნხენი“ 1972 წლის ტრაგედიას მიუძღვნა.
როგორც გაკვირვებული პრესა წერდა - „ვერ გავიგეთ, რატომ განაცხადა უარი სთივენმა ყოველგვარი პრეს-კონფერენციის მოწყობაზე და, საერთოდ, რატომ არ გვიყვება ფილმზე არაფერს, არც ტელევიზიით გამოდის, არც პრესის საშუალებით გვეკონტაქტება“...
- „იცით, რა? რა უნდა მოგიყვეთ, მთავარი მტერი აქ არც ებრალები და არც პალესტინელები არ არიან, მთავარი მტერი - შეუწყნარებლობაა. ამიტომ არც არაფერს ვიტყვი, არ მინდა მერე რომელიმე მხარემ რამე დამაბრალოს“ - განაცხადა სპილბერგმა.
- და საერთოდაც, მე ახლა თემებს ვეძებ და მომავალი ფილმის გადაღებას აბრაამ ლინკოლნის შესახებ ვაპირებ. ისეთ ბავშვურ კინოს კი, როგორიც „უცხოპლანეტელი“ და „ინდიანა ჯონსის თავგადასავლებია“, ცხოვრებაში აღარ გადავიღებო.
P.S. ნეტავი, რამ გაამწარა ასე ეს კაცი...
ნარნიას ქრონიკები
სად: კინოთეატრი “რუსთაველი”
როდის: იანვარი
რეჟისორი: ენდრიუ ადამსონი
„დამიჯერეთ, რომ „ნარნიას ქრონიკებს“ შეუძლია დაჩრდილოს „ჰარი პოტერი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“... „ფილმის პრემიერაზე კი თვით პრინც ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა უნდა მობრძანდნენ...“ - წერდა პრემიერის დღეს, 7 დეკემბერს „Hollywood Reporter“-ი.
ახალზელანდიელი რეჟისორის ახალ ზელანდიაში გადაღებული ფილმი „ნარნიას ქრონიკები“, ქლაივ ლუისის 7 ნაწილიანი სათავგადასავლო წიგნის პირველი ნაწილის, „ლომი, ჯადოქარი და ტანსაცმლის კარადის“ ეკრანიზაციაა. თუ არ იცით, არ გეგონოთ, რომ ქლაივი ის კაცია, რომელსაც როულინგის წარმატების გამეორება სურს და ამიტომაც დაიწყო მოზარდებისთვის მრავალტომიანი სათავგადასავლო წიგნების წერა. არა. ეს წიგნი პირველად 1950 წელს გამოვიდა, და საერთოდაც, მაშინ მეგობრები და გამომცემელი დიდხანს ეჯაჯგურებოდენ ლუისს - სერიოზული წიგნების ავტორობა და საბავშვო წიგნი, რა უბედურებაა!!! სერიოზული მწერლის რეპუტაციას შეგილახავსო...
მაგრამ ქლაივ ლუისმა, არამცთუ დაუჯერა კეთილ მრჩევლებს, ნარნიაში მომხდარ ამბებზე წიგნის კიდევ ექვსი ნაწილი გამოუშვა და ხალხში საბავშვო წიგნების საყვარელი, ირლანდიელი ბიძია კლაუსიკოს სახელიც დაიმკვიდრა.
ფრაგმენტი ფილმის ინტერნეტ-საიტიდან:
კითხვა: - „უკაცრავად, კი მაგრამ რატომ დაიწყეს ფილმის მხოლოდ ახლა გადაღება?“
პასუხი: - „ის ტექნიკური მხარე, რაც ლუისის წიგნის ეკრანიზაციას დასჭირდებოდა, 1993 წლამდე მსოფლიოში არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, მანამდე ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა“.
აუუუ, ესე იგი რა არის... 54 წელი მარტო ტექნიკური ევოლუციის მოლოდინში რომ იყვნენ...
![]() |
17 რადიო უცნობის ამბები |
▲back to top |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
რადიო - „უცნობი“, ხმები - ნაცნობი
იმედია, იმ გაჭირვებულთა კატეგორიას არ განეკუთვნებით, ვისაც მრავალი რევოლუციით მოპოვებული პრივილეგია, რვასაათიანი სამუშაო დღე არ ეხებათ, და, შესაბამისად, ნორმალური მოქალაქის სტატუსით ყოველ საღამოს, რვიდან ცხრა საათამდე, შანსი გაქვთ, ამოჩემებულ ტალღაზე მოისმინოთ, თუ რას ჰყვებიან ლაშა ბუღაძე და მისი სტუმრები იმის შესახებ, თუ რა გვჭირს, რის იმედი უნდა გვქონდეს და რა წყალში უნდა გადავცვივდეთ.
ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს გადაცემა არ მოგისმენიათ! თუ მაინც მოახერხეთ და ასეთ გაუგებრობაში ამოჰყავით თავი, გიამბობთ, რომ დრამატურგი ლაშა ბუღაძე ძალიან კარგი მოსაუბრე და მთხრობელია, უაღრესად კეთილმოსურნე, და მაშინაც კი, როცა გაუსაძლისი არსება ჰყავს დაპატიჟებული, მაინც ახერხებს რაღაცას და გადაცემა მაინც კარგი მოსასმენია ხოლმე. გარდა ამისა, მას ისიც გამოსდის, რომ მოწვეული ადამიანი მსმენელს საკუთარ ბრიყვულ აზრს ვერ ახვევს და, შესაბამისად, გადაცემა არც საზოგადოებისთვის მავნეა და არც განსაკუთრებით გამაბრაზებელი.
ისე, ჩემთვის რომ ეკითხათ და ბატონ ლაშას რომ თავად მოეთხრო, რა გვჭირს, რის იმედი უნდა გვქონდეს და რა წყალში უნდა გადავცვივდეთ, მეტი ენთუზიაზმით დავაყენებდი ხოლმე მიმღებს FM 98.0-ზე, მეტი ენთუზიაზმით დავძახებდი, ეგრე მაგათა, ლაშა ჩემო-მეთქი. რადგან გადაცემის ავტორი კი ბევრს ცდილობს, მაგრამ მავანთა სიბრიყვესა და უზრდელობას ზოგჯერ საზღვარი არა აქვს.
უკვე რამდენიმე კვირაა, გადაცემა ლაშა ბუღაძესთან ერთად ეკა კვესიტაძეს მიჰყავს ხოლმე. მაგრამ ვინაიდან ზემოთ ნახსენები რევოლუციის მონაპოვრები მე არ შემხებია, მისთვის ჯერ არ მომისმენია. იმედია, მოვისმენ - საახალწლოდ მაინც ხომ მექნება თავისუფალი საღამოები, და დარწმუნებული ვარ, მაგრადაც გავერთობი - მოგეხენებათ, ქალბატონი კვესიტაზე ფრიად მებრძოლი ქალბატონი გახლავთ.