ადამიანის უფლებების მიმოხილვა №2


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებების მიმოხილვა
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: აპრილი – ივნისი თბილისი 2002 მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ



1 ხელისუფლების პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში

▲ზევით დაბრუნება


(რეაგირება საერთაშორისო კრიტიკაზე და თანამშრომლობა უფლებადაცვით ორგანიზაციებთან)

განსახილველი პერიოდის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, საქართველოს ხელისუფლებამ კი გააგრძელა ტრადიციული პოლიტიკა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის სახელმწიფოების დასანახად ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად ცხადდება, ხელისუფლების რეალური პოლიტიკა კი ადამიანის უფლებების დარღვევისკენ არის მიმართული.

2002 წლის 18-19 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 74-ე სესიამ მოისმინა საქართველოს მეორე პერიოდული მოხსენება იმ ვალდებულებათა შესრულების შესახებ, რომელთა შესრულებაც საქართველომ იტვირთა „ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ ხელმოწერის შემდეგ. კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან ორი მოხსენება იყო წარდგენილი: სახელმწიფო მოხსენება, რომელიც წარადგინა რუსუდან ბერიძემ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში და ალტერნატიული მოხსენება, რომელიც მოამზადა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“.

კომიტეტის რეკომენდაციები უაღრესად მძაფრი და კრიტიკული იყო, ხოლო შეშფოთება თითქმის ყველა სფეროში არსებული მდგომარეობის მიმართ გამოითქვა:

შეშფოთებათა ძირითადი საგნები და რეკომენდაციები

1. კომიტეტი კმაყოფილებას გამოთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის გამო, მაგრამ შეშფოთებულია იმით, რომ არსებული კანონმდებლობა ზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.

2. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს პოლიციის განყოფილებებსა და ციხეებში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლის გამო, თვითმკვლელობისა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩათვლით. კომიტეტი შეშფოთებულია ციხეებში ტუბერკულოზით დაავადებულთა სიმრავლით.

ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაუდებელი ზომები, რათა დაიცვას ყველა დაკავებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება... უნდა უზრუნველყოს, რომ დაკავებულის სიკვდილიანობის ყველა შემთხვევა დროულად იქნეს გამოძიებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.

3. კომიტეტი კვლავ შეშფოთებული რჩება სამართალდამცავთა და სასჯელ-აღსრულებითი დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის გამო, რასაც ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი ხასიათი აქვს.

  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს წამების ყველა ფორმისა და მსგავსი მოპყრობის კანონმდებლობით დასჯა, როგორც სერიოზული დანაშაულისა, პაქტის მე-7 მუხლს შესაბამისად.

  • ხელისუფლებამ უნდა შექმნას ნებისმიერი თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ მოპყრობის მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რათა სრულად იყოს დაცული პაქტის მე-7 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მათი უფლებები.

  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უსამართლოდ მოპყრობის ყველა ფაქტის სათანადო გამოძიება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, დამნაშავეთა სამართალში მიცემა და დაზარალებულთა სათანადო კომპენსირება.

  • თავისუფლების აღკვეთისთანავე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გარანტირებული ადვოკატისა და ექიმის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა.

  • დაკავებული პირისაგან ძალისმიერი მეთოდებით მოპოვებული ყველა მასალა უნდა იქნეს სათანადოდ გამოძიებული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი სამხილად გამოყენება, თუ ის არ წარმოადგენს წამების სამხილს.

4. კომიტეტი აგრეთვე შეშფოთებულია იმ ვადით (72 საათი), რა ვადითაც პირი შეიძლება პოლიციის განყოფილებაში იყოს დაკავებული ბრალის წაყენებამდე. ის ასევე შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულს არა აქვს უფლება წინასწარი პატიმრობისას სასამართლოს მიმართოს დარღვეული უფლებებისა და ცუდად მოპყრობის საჩივრით.

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პატიმართა დროული ინფორმირება მათ წინააღმდეგ არსებულ ბრალდებათა შესახებ, როგორც ეს პაქტის მე-9 მუხლითაა განსაზღვრული. დაკავებულთ უნდა მიეცეთ უფლება, სასამართლოს წინაშე გაასაჩივრონ გამოძიების სტადიაზე მათ მიმართ არასწორი მოპყრობის ნებისმიერი ფაქტი, როგორც ამას პაქტის მე-7 და მე-14 მუხლები მოითხოვს.

5. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს იმ სირთულეების გამო, რომლებსაც ეჭვმიტანილები და ბრალდებულები აწყდებიან ადვოკატის ყოლის უფლებასთან დაკავშირებით...

6. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობა თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას და უზრუნველყოს მათი სამსახურეობრივი ვადის ხანგრძლივობა პაქტის მე-14 მუხლის შესაბამისად. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს მოსამართლის კორუმპირებულობის დოკუმენტირებული საჩივარის გამოძიება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, რომელიც შეძლებს სათანადო დისციპლინარული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

7. თუმცა კომიტეტი აღიარებს, რომ გარკვეულ პროგრესს აქვს ადგილი პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა თანასწორუფლებიანობის საკითხებში, ის მაინც შეშფოთებული რჩება, ვინაიდან ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტსა და საზოგადოებრივ თუ კერძო სამსახურებში მაღალ თანამდებობებზე მწირია.

8. კომიტეტი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობა პრობლემად რჩება საქართველოში.

9. კომიტეტი შეშფოთებული რჩება საქართველოში ქალთა ტრეფიკინგის პრაქტიკის არსებობის გამო.

10. თუმცა, კომიტეტი მიესალმება სახალხო დამცველის დანიშვნას, ის შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მისი ფუნქციები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და მისი რეკომენდაციების რეალურად განხორციელების შესაძლებლობა შეზღუდულია.

11. კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რელიგიის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ფაქტების ზრდასა და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების, განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეების, წინააღმდეგ ძალადობის გახშირებასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებამ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა უზრუნველყოს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, როგორც ამას პაქტის მე-18 მუხლი მოითხოვს. მან აგრეთვე უნდა:

  • გამოიძიოს და სამართალში მისცეს რელიგიური უმცირესობებზე ძალადობის დოკუმენტირებული ფაქტები;

  • დასაჯოს ამ დანაშაულებათა ჩამდენნი;

  • აწარმოოს საზოგადოებრივი განათლების კამპანია რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრების მიზნით და განათლების მეშვეობით აღკვეთოს რელიგიისა და რწმენის ნიადაგზე არსებული შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია.

18. კომიტეტი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საქართველოში შეადგენს 36 თვეს, ჩვეულებრივი თვრამეტთვიანი სამხედრო სამსახურისგან განსხვავებით;

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პირი, რომელიც შეგნებულად ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, შეძლებს ალტერნატიული სამოქალაქო საქმიანობის გაწევას, რომლის ხანგრძლივობასაც არ ექნება დისკრიმინაციული ხასიათი და არ აღემატება ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურის ვადას, როგორც ამას პაქტის მე-18 და 26-ე მუხლები მოითხოვს.

19. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ წინააღმდეგობების გამო, რასაც აწყდებიან უმცირესობები თავიანთი კულტურული, რელიგიური ან პოლიტიკური თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობების ეფექტური დაცვა დისკრიმინაციისგან და უნდა უზრუნველყოს ასეთი უმცირესობების მიერ საკუთარი კულტურისა და ენის თავისუფალი გამოყენება, პაქტის 27-ე მუხლის შესაბამისად.

20. კომიტეტი შეშფოთებულია არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა მიმართ ძალადობის ფაქტებით, განსაკუთრებით, თუ ეს უკანასკნელნი ადამიანის უფლებებს იცავენ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი დემოკრატიული ფუნქციები უსაფრთხოდ განახორციელონ.

21. კომიტეტი მოითხოვს ხელისუფლებისაგან ამ დასკვნითი შენიშვნების სათანადო ენებზე გამოქვეყნებას და შემდგომი პერიოდული მოხსენების საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებას, საქართველოში აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით.

22. კომიტეტის სამუშაო პროცესის 70-ე მუხლის მე-5 პარაგრაფის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია თორმეტ თვეში წარადგინოს კომიტეტის წინაშე ინფორმაცია კონკრეტული ზომების შესახებ, რომლებიც განახორციელა წინამდებარე დოკუმენტის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებში აღძრულ შეშფოთებათა აღმოსაფხვრელად.

23. კომიტეტი მოითხოვს ხელისუფლებისაგან მესამე პერიოდული მოხსენების წარდგენას 2006 წლის 1 აპრილისთვის.

გაეროს რეკომენდაციების პასუხად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ 1 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან უკვე გასცა განკარგულება, რათა მომზადდეს მთავრობის სხდომა, სადაც იმსჯელებენ „ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი გარანტიების შექმნაზე და მკაცრი შეფასებები მიეცემა მომხდარ ფაქტებს.“

სხდომა დაინიშნა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სხდომაზე დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის უფლება მოითხოვეს, პრეზიდენტმა რამდენჯერმე გადადო სხდომა და, საბოლოოდ, აღარ ჩაატარა.

სამაგიეროდ, კომიტეტის რეკომენდაციებზე რეაგირება პრეზიდენტმა შევარდნაძემ მორიგი, 2002 წლის 17 მაისის ¹240 ბრძანებულებით მოახდინა. ბრძანებულების სათაურია „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“. ბრძანებულების პრეამბულაში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ლაპარაკობს იმ ღონისძიებებზე, რასაც ხელისუფლება, თითქოს, ამ უფლებების დასაცავად ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ სპეციალური მოხსენებაც გააკეთა - „ადამიანის უფლებათა დაცვა - ქართული სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი“. მოხსენებაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ვერ დამალა თავისი აღშფოთება ალტერნატიული მოხსენებისა და მისი ავტორების მიმართ, რასაც გაეროს რეკომენდაციები მოჰყვა და ალტერნატიულ მოხსენებას „ჩრდილოვანი“ მოხსენება უწოდა.

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მსგავსი ბრძანებულებები გამოცა 2000 და 2001 წლებშიც, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. გასული წლის ანალოგიური ბრძანებულება 2002 წლის 18 იანვარს გაუქმდა „ღონისძიებების შესრულების გამო“, თუმცა, მისი გაუქმებიდან 3 თვის შემდეგ პრეზიდენტი იძულებული გახდა, ზემოთ ხსენებული ბრძანებულება გამოექვეყნებინა, სადაც შემსრულებლები ზუსტად იგივე უწყებები არიან, რომლებსაც წინა ბრძანებულება უნდა აღესრულებინათ.

პრეზიდენტის 17 მაისის ბრძანებულების პრეამბულაში ლაპარაკია იმ მიღწევებზე, რასაც, თითქოს, საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში: „საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ შეიქმნა ახალი კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური გარანტიების განხორციელებაში, სერიოზულად ამუშავდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. საქართველო მიუერთდა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციას, გახდა ევროპის საბჭოს წევრი და მიუერთდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ქვეყანაში განხორციელდა სასამართლო რეფორმა, აქტიურად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ მონაწილეობას იღებს მასმედია, სრულად მოწესრიგდა ადამიანის უფლებათა ძირითად დოკუმენტებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შესაბამისი მოხსენებების წარდგენა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება.“

ამის პარალელურად, ხელისუფლების პოლიტიკა განსახილველ პერიოდში მიმართული იყო სწორედ იმ ინსტიტუტებისა და ღირებულებების წინააღმდეგ, რომელთა არსებობაც ბრძანებულების პრეამბულაში ხელისუფლების წარმატებად არის მიჩნეული.

პრეამბულაში ლაპარაკია იმ „სირთულეებზეც“, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებობს. ეს სირთულეები, ფაქტობრივად, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციებიდან არის გადმოღებული: „...ადამიანის უფლებათა ქმედით დაცვაში კვლავ არსებობს სერიოზული სირთულეები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტების ზრდა, მრავლადაა საჩივრები წინასწარი დაკავების სტადიაზე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა დარღვევის გამო. კვლავ არის ფიზიკური შეურაცხყოფისა და წამების ფაქტები. ფინანსური სიძნელეების გამო ჯერ კიდევ მძიმე რჩება მდგომარეობა სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში.“

თავად ბრძანებულებაში ჩამოთვლილია ის ამოცანები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად:

1. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას (ნ.გაბრიჩიძე), დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა (რ.გილიგაშვილი) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (კ.ნარჩემაშვილი) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, გამოიძიონ და სასამართლოს გადასცენ რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ყოველი ფაქტი ამ მოქმედებებში დამნაშავე პირების დასჯის მიზნით; ჩაატარონ პირადი შემადგენლობის ტრენინგები ადამიანის უფლებათა სფეროში, განსაკუთრებით რელიგიური შეუწყნარებლობის დაუშვებლობის შესახებ;

ბ) უზრუნველყონ, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირის სხეულის დაზიანების ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდეს შესაბამისი მოკვლევა;

გ) დაუწესონ განსაკუთრებული კონტროლი წინასწარი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა-აღმოფხვრას და უზრუნველყონ ამგვარ მოქმედებებში მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემა;

დ) მოამზადონ წინადადებები დაკავების ნებისმიერ სტადიაზე დამცველისა და ექიმის მომსახურებით სარგებლობის უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად;

ე) აამაღლონ პროკურატურის, პოლიციისა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონე წამების თავიდან აცილების და პირთა წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან, დაცვის მიზნით ჩატარდეს ტრენინგები ექსპერტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის წამების ფაქტების შემოწმების და ამ ფაქტების შემდგომი დოკუმენტირების შესახებ პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად;

ვ) უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ იქნეს ინფორმირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების, მათ შორის, იმ უფლებების შესახებ, რომ საჩივრით მიმართოს მის მიმართ სასტიკი მოპყრობის თაობაზე, გაეცნოს წაყენებულ ბრალდებას, მიმართოს მის მიერ არჩეულ დამცველსა და ექიმს, შეხვდეს ოჯახის წევრებს;

ზ) განახორციელონ ეფექტიანი ზომები ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალებით ვაჭრობის ფაქტების, აღნიშნული მოქმედებების ჩამდენ პირთა სრულად გამოვლენისა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად; ამ კატეგორიის მოქმედებათა თავიდან აცილებისა და მეტი ინფორმირებულობის მიზნით, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩაატარონ ტრენინგები საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის გათვალისწინებით;

თ) ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინონ ანგარიშები განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ექვს თვეში:

ა) წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წამების ცნების „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და მოამზადოს კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სათანადო ცვლილებათა შეტანის თაობაზე;

ბ) მოამზადოს კანონპროექტი, ეთნიკური ან რასობრივი მტრობის, ან შუღლის გაღვივების, მოქალაქეთა ეთნიკური, ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი, ან არაპირდაპირი შეზღუდვის დანაშაულად აღიარებისა და ამ დანაშაულისთვის შესაბამისი სანქციების გათვალისწინების თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ;

გ) მოამზადოს კანონპროექტი თრეფიკინგის დანაშაულად გამოცხადებისა და შესაბამისი სანქციების გათვალისწინების თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) გაითვალისწინოს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ.

4. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.გამყრელიძე) მთავრობის სხდომაზე ორ თვეში წარმოადგინონ ინფორმაცია მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვების სოციალური მდგომარეობის მოწესრიგებისათვის განხორციელებულ ღონისძიებათა და ამ მიმართულებით შემდგომი მუშაობის გეგმების შესახებ.

5. საქართველოს განათლების სამინისტრომ ორ თვეში წარმოადგინოს მოხსენება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საშუალო სპეციალურ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ადამიანის უფლებათა სწავლების მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების შემდგომ ღონისძიებათა შესახებ.

6. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ ხელისუფლების არჩევით ორგანოებში ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ.

7. საქართველოს იუსტიციის საბჭომ (ზ.აბაშიძე) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, რომ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ძალადობრივი აქტების, წამებისა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულ პირთა საქმეები მიზანშეუწონელი გაჭიანურების გარეშე იქნეს განხილული სასამართლოებში და შეფასდეს შესაბამისი სტატისტიკა.

8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რუსუდან ბერიძეს.“

ბრძანებულების გამოცემის შემდეგ გასული თვენახევრის განმავლობაში მასში დასახული არც ერთი ამოცანა არ არის შესრულებული. პირიქით, საქართველოს ხელისუფლების ყოველი ქმედებიდან კარგად ჩანს, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრის მიზანს მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევა წარმოადგენს, სინამდვილეში კი მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით გეგმაზომიერად უარესდება.

გაეროს რეკომენდაციების პასუხად გაკეთებულ მოხსენებაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ისაუბრა იმ თანამშრომლობაზე, რაც არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის: ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში სულ უფრო მზარდ როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები - ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ქვაკუთხედი. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობა, რომლის ბევრი მაგალითი უკვე არსებობს, დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში უფლებადაცვითი გარანტიების განმტკიცებას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ამუშავებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.

მიუხედავად ამისა, უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პრეზიდენტის ნამდვილი დამოკიდებულება ამავე მოხსენებაში, რამდენიმე სტრიქონის შემდეგ გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა სამი ორგანიზაციის - „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“, თავისუფლების ინსტიტუტის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის - მიერ გაკეთებულ ალტერნატიულ მოხსენებას „ჩრდილოვანი“ მოხსენება უწოდა.

  • კანონპროექტი ქველმოქმედების შესახებ

უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება ჩანს იმ რეალურ პოლიტიკაში, რომელის გატარებასაც იგი ცდილობს. პრეზიდენტის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ისინი. პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხშირად გამოთქვამენ ბრალდებებს, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას „აბეზღებენ“ საერთაშორისო ასპარეზზე, თითქოს ისინი ტერორისტული ორგანიზაციებიდან ფინანსდებიან და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ, რომელიც გრანტების მიღებასა და ხარჯვაზე კონტროლის დაწესებას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, რაც ეს კანონპროექტი პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაიწუნა, კონტროლის პალატამ, პრეზიდენტის პოლიტიკური დაკვეთის პასუხად, ფინანსთა სამინისტროს ბრალი დასდო, რომ ის არ აკონტროლებს, თუ რა გრანტები შემოდის საქართველოში და როგორ იხარჯება ისინი. კონტროლის პალატის განცხადების საყრდენი პუნქტი იყო ბრალდება, თითქოს, საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „გაურკვეველი“ მიზნით მოიხმარეს თუ გაფლანგეს 483 მილიონი დოლარი, მაგრამ კონტროლის პალატამ სიჩქარეში იმის დაზუსტება ვეღარ შეძლო, ამ თანხიდან 475 მილიონი დოლარი შევარდნაძის ფონდს უნდა მიეღო საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციისგან და ამ ოპერაციას ფულის გათეთრების სუნი უფრო უდიოდა, ვიდრე რეალური დახმარების.

მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატის მითიური ბრალდება გაქარწყლდა, პრეზიდენტმა სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა შემოვლითი გზით - „ქველმოქმედების შესახებ“ კანონპროექტით - სცადა. ეს კანონპროექტი სახელმწიფო კანცელარიამ შეიმუშავა და ივნისის თვეში დაჩქარებული წესით შეიტანა პარლამენტში განსახილველად. კანონპროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო სექტორზე ორმაგი - ფინანსური და პოლიტიკური - კონტროლის დაწესებას, რომელთაგან პირველს ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს, მეორეს - იუსტიციის სამინისტრო.

თანაც, ეს კანოპროექტი არა მხოლოდ საქველმოქმედო ან არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ კერძო ბიზნესისა და ქვეყანაში საშუალო ფენის გაჩენის წინააღმდეგაც არის მიმართული. პროექტის თანახმად, გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, არადა, საქართველოში უამრავი გრანტია გაცემული წვრილი და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა თუ სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით.

  • მონიტორინგი წინასწარი დაკავების საკნებში

2001 წლის 15 მაისს კობა ნარჩემაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციას - „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ - 8 თვის ვადით მიეცა წინასწარი დაკავების საკნებში მონიტორინგის ჩატარების უფლება. ეს იყო ერთადერთი ნაბიჯი, რაც ხელისუფლებამ გადადგა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის პასუხად, უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. გადაწყვეტილების მიღებას ლობირება უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რუსუდან ბერიძემ გაუწია.

2 წამება, უკანონო დაკავება

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდში, პრეზიდენტის ბრძანებულების მიუხედავად, გრძელდებოდა დაკავებულთა სასტიკი წამება წინასწარი დაკავების საკნებში, ხოლო მწამებლები, უმეტეს შემთხვევაში, დაუსჯელნი რჩებიან.

  • ზეზვა გულიაშვილის და დავით ზარიძის საქმე:

2000 წლის 12 აპრილს ახალციხეში თავისუფლების ინსტიტუტის სამხარეო წარმომადგენლებს განცხადებით მიმართეს მოქალაქეებმა ზეზვა გულიაშვილმა და დავით ზარიძემ. გულიაშვილი და ზარიძე 2002 12 აპრილს დააკავეს ახალციხის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა. ორივე მათგანს გაუჩხრიკეს ბინა ორდერის წარდგენის გარეშე, შემდეგ ორივენი წაიყვანეს სამხარეო პოლიციის სამმართველოს შენობაში, სადაც ისინი სასტიკად სცემეს. ცემაში მონაწილეობდნენ პოლიციელი ვახტანგ გეწაძე და მაღალი, ჩასხმული, სახენაიარევი პოლიციელი. პოლიცია დაკავებულებს მავთულების მოპარვაში სდებდა ბრალს, მაგრამ ბრალდება არ დადასტურდა.

ამ ფაქტის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტმა სასწრაფოდ შეატყობინა საქართველოს შს სამინისტროს, რის შემდეგაც ორივე დაკავებული გათავისუფლდა. მოგვიანებით თავისუფლების ინსტიტუტმა წერილობითი განცხადებით მიმართა შსს გენერალური ინსპექციის უფროსს დავით ჯინჯოლავას, რათა შეესწავლა მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და წამების ფაქტი, რის შემდეგაც გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო საქმის შესწავლა.

  • ჯუმბერ ქირიას საქმე

9 აპრილს ხობის რაიონის პოლიციის შენობაში სასტიკად სცემეს სოფელ ხამისკურში მცხოვრები ჯუმბერ ქირია, რომელიც ცემის შემდეგ უგონო მდგომარეობაში დააგდეს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებული აღმოაჩინეს შემთხვევითმა გამვლელებმა, რომლებმაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ქირიას თანასოფლელებმა 574 კაცის მიერ ხელმოწერილი განცხადება გაგზავნეს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, მაგრამ ამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყვა.

ხამისკურელების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა შუშანიამ, ნარკომანიასთან მებრძოლი განყოფილების უფროსმა რისმაგ კემულარიამ და სამძებროს ინსპექტორმა რუსლან ჭითავამ, საპროცესო კოდექსის სრული უგულებელყოფით, ღამის პირველ საათზე სახლიდან გაიყვანეს 45 წლის ჯუმბერ ქირია. იგი ხობის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც სასტიკად სცემეს და ღამის სამ საათსა და 30 წუთზე, თითქმის უგონოდ მყოფი, ქუჩაში დააგდეს. ქირიას სცემდნენ სხვადასხვა ბლაგვი საგნებით, სკამით, მუშტებით, რის შედეგადაც მას მთლიანად დალურჯებული ჰქონდა თვალები, მიიღო ტვინის მძიმე შერყევა და უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასევე დაზიანებული ჰქონდა კიდურები, ჰქონდა სისხლჩაქცევები, რის შესახებაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა“.

ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ 9 აპრილს, დილის 6 საათზე, საავადმყოფოში მიყვანილ ქირიას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის ჰემატომა, მრავლობითი ესკორაციები სახეზე და მუხლის სახსარზე, სისხლნაჟღენთი შუბლის მარჯვენა ზედაპირზე, თავის ქალის დახურული დაზიანება და ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნის მეშვეობით.

ამასთან, „თავისუფლების ინსტიტუტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ჯუმბერ ქირიას პოლიციიდან რამდენჯერმე შეუთვალეს, არ მიეცა ჩვენება იმის თაობაზე, რომ ის სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ოჯახს უარეს დღეს დააყრიდნენ.

2002 წლის 23 მაისს თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებებით მიმართ შსს გენერალური ინსპექციის უფროსს დავით ჯინჯოლავას, საქართველოს გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს, სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს და უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში რუსუდან ბერიძეს. 14 ივნისს შსს გენერალური ინსპექციის უფროსმა დავით ჯინჯოლავამ თავისუფლების ინსტიტუტს გასცა პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 23 მაისის განცხადების საფუძველზე სამინისტრომ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 2002 წლის 9 აპრილს ჯუმბერ ქირია ნამდვილად მიიყვანეს ხობის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და მისივე თხოვნით გადაიყვანეს საკუთარ სახლში. აქ მან თავის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს განუმარტა, რომ იგი სცემეს ხობის შს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა - კობა შუშანიამ, რუსლან ჭითავამ და რისმაგ კემულარიამ.

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, დაზარალებულმა . ქირიამ კატეგორიული უარი განაცხადა მისი ჯანმრთელობის ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებაზე, უარის თქმის მოტივად კი აცხადებს იმ გარემოებას, რომ მას განცხადებით არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

შსს პასუხში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი პოლიციელები კატეგორიულად უარყოფენ ხსენებულ ფაქტს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაზარალებულის მეუღლის, ზინაიდა თათარაშვილის განცხადების საფუძველზე საქმე აღძრა ხობის რაიონულმა პროკურატურამ.

  • იმედა ნატროშვილის საქმე

2002 წლის 25 თებერვალს თბილისის 115-ე და 71-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად ბარძაყში დაიჭრა 115-ე სკოლის მოსწავლე ბესიკ აზმაიფარაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩხუბში 115-ე სკოლის 30-მდე და 71-ე სკოლის 7 მოსწავლე მონაწილეობდა. 25 თებერვალს საღამოს 17 საათზე დააკავეს 71-ე სკოლის მოსწავლე იმედა ნატროშვილი, რომლის დაკავებაც გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოში 5 საათის დაგვიანებით, საღამოს 22 საათზე გააფორმეს, რითაც დაირღვა წინასწარი დაკავების 72-საათიანი კონსტიტუციური ვადა.

ნატროშვილის ეჭვმიტანილად დაკავების დადგენილება გამოტანილია 25 თებერვალს 22 საათზე, ხოლო ეჭვმიტანილად ცნობილი იქნა 26 თებერვალს დილის 9 საათზე, რაც ასევე უხეში დარღვევაა საპროცესო კანონმდებლობის.

გამოძიებამ ნატროშვილი, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე დატოვა, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. კერძოდ, აღიარების გამოძალვა მოხდა სასტიკი წამებით (ცემა, დენზე შეერთება), რომლის კვალიც სახელმწიფო ექსპერტიზამ ვერ დამალა. იმედა ნატროშვილის ეჭვმიტანილად დაკითხვისას დარღვეულია საპროცესო კოდექსის ათამდე მუხლი, მოწმე დავით ღვინიაშვითან დაპირისპირების დროს - 14 მუხლი და ასე შემდეგ. შემთხვევის ადგილზე გაყვანის დროს მას უკვე ჰყავდა ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატი, რომელსაც არ მისცეს საქმეში მონაწილეობის უფლება და სახაზინო ადვოკატი გააყოლეს.

იმედა ნატროშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ 119-ე მუხლით - „სხეულის დაზიანება სასიკვდილო შედეგით“.

პოლიციამ არ გააფორმა ორი ახალგაზრდის - ღვინიაშვილის და მელქუაშვილის - დაკავების ფაქტი. გამოძიების მტკიცების საწინააღმდეგოდ, ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დანაზე აღმოჩენილი სისხლი აზმაიფარაშვილს არ ეკუთვნოდა, მაგრამ გამოძიებამ ეს ფაქტი დაუმალა საოლქო სასამართლოს, სადაც 24 მაისს სამთვიანი სასამართლო ვადის კიდევ 1 თვის გაგრძელების საკითხი იხილებოდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე კარლო ბზიშვილმა აპროცესო კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით მოახდინა საპატიმრო ვადის გაგრძელება, პროკურორმა ზურაბ საძაგლიშვილმა კი შესვენების დროს პირდაპირ თქვა - ღმერთმა არ ქნას ეს ბავშვი რომ გამართლდეს, რადგან მაშინ მე უნდა დავისაჯოო. ამ საუბარს თვით არასრულწლოვანი ნატროშვილიც ესწრებოდა.

იმედა ნატროშვილის ადვოკატებმა - მალხაზ ჯანგირაშვილმა და ნიკოლოზ გორდეზიანმა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ლადო ჭანტურიას მიმართეს განცხადებით, რომლითაც მათ მოსამართლე ბზიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრა და იმედა ნატროშვილის, როგორც უკანონო პატიმრის, დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა პრესკონფენცია, მოძიებული მასალები გადაუგზავნა საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიას“, განცხადებით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას, რათა შეესწავლა მოსამართლე კარლო ბზიშვილის უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით შესული განცხადება.

19 ივნისს გლდანი-ნაძალადევის სასამართლომ, ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, იმედა ნატროშვილი გაათავისუფლა. ახლად აღმოჩენილ გარემოებად ჩაითვალა დაკავების 5 საათის დაგვიანებით გაფორმება და პროკურატურის მიერ ექსპერტიზის დასკვნის დამალვა. ქ.თბილისის პროკურატურამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი ჯერ არ არის დანიშნული.

  • მიხეილ ნერსესიანის საქმე:

2002 წლის 1 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციის - „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ - ოფისს მიაკითხეს ახალგაზრდებმა, რომლებიც დღის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე დააკავეს. პოლიციელებმა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი, დაკავებულები თბილისის პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს, ერთ-ერთ მათგანს, მიხეილ ნერსესიანს, დანარჩენების თვალწინ ჰეროინი ჩაუდეს ჯიბეში, მისი მეგობრები კი გააფრთხილეს, თუ 2 საათში 500 დოლარს არ მოიტანთ, ნერსესიანს საქმეს აღვუძრავთო. მცირე ხნის ვაჭრობის შემდეგ პოლიციამ 500 დოლარი 300-ამდე შეამცირა, გათავისუფლებულმა ახალგაზრდებმა კი საშველად არასამთავრობო ორგანიზაციას მიაშურეს. ისინი მოწმეების - ნანა კაკაბაძისა და გელა ნიკოლეიშვილის - თვალწინ ტელეფონით ევაჭრებოდნენ პოლიციელებს, 50 დოლარის შოვნაღა გვაკლია და ცოტა ხანი კიდევ გვადროვეთო. უფლებადამცველებმა ამ ფაქტის შესახებ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობეს.

  • ემზარ ჩხიკვაძის საქმე:

18 ივნისს გორის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორმა ემზარ ჩხიკვაძემ სცემა თავისი მეზობელი, 60 წლის ნოდარ ქისიაშვილი, მცხოვრები ქ.გორში, ყიფიანის ქ.33/2-ში. ცემის მიზეზი გახდა მეზობლური შელაპარაკება. როგორც დაზარალებული აცხადებს, ჩხიკვაძე მას სადარბაზოში დაუხვდა, მთელი ძალით დაარტყა ხელი, წააქცია და კიბეებზე დააგორა. ამ ფაქტის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა აცნობეს შიდა ქართლის შს პოლიციის სამმართველოს.

ამასთან, გამოჩნდა მეორე მომჩივანი, ქეთევან აწკურანაშვილი, მცხ. ქ. გორში, ყიფიანის ქ.33/2-ში, რომელიც აცხადებს, რომ 2002 წლის 16 ივნისს მისი მეუღლე გოჩა აწკურანაშვილი და ემზარ ჩხიკვაძე შელაპარაკდნენ ერთმანეთში. შელაპარაკების მიზეზი ბავშვების ჩხუბი გახდა. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც, ქეთევან აწკურანაშვილის თქმით, ჩხიკვაძემ იარაღი ამოიღო და გაისროლა გოჩა აწკურანაშვილის მიმართულებით. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა მიხეილ ქარელმა გადაამოწმა შს პირველი განყოფილების იარაღის აღრიცხვის ჟურნალი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩხიკვაძის ტაბელური იარაღი ამ დროს პოლიციაში ინახებოდა, რაც ნიშნავს, რომ ჩხიკვაძემ გასროლა არატაბელური იარაღიდან მოახდინა. თავისუფლების ინსტიტუტმა ეს ფაქტიც აცნობა შიდა ქართლის პოლიციის შს სამმართველოს. ამჟამად ჩხიკვაძე დროებით გათავისუფლებულია თანამდებობიდან და მისი საქმე შესასწავლად გორის რაიონის პროკურატურას გადაეცა. ქეთევან აწკურანაშვილი აცხადებს, რომ პოლიციიდან მათი ოჯახის მიმართ ხორციელდება ზეწოლა და მუქარები, თუმცა, თავს იკავებს იმ პირთა ვინაობის დაკონკრეტებისგან, ვინც მას და მის ოჯახს ემუქრება.

  • ზემო ვერის მოსახლეობა პოლიციის წინააღმდეგ

თუ რა ხდება პოლიციის ბევრ განყოფილებაში, ამაზე მეტყველებს წერილი, რომელიც ზემო ვერის მოსახლეობამ სახალხო დამცველს, ნანა დევდარიანს მისწერა. მოსახლეობა ითხოვს, გაუქმდეს ზემო ვერაზე არსებული პოლიციის არაფრის მაქნისი და უსამართლო განყოფილება. წერილში ნათქვამია: გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება ვერის უბანში, რა ძალადობას აქვს ადგილი პოლიციელების მხრიდან, რას აღარ აკეთებენ ფულის გულისთვის, რას აღარ კადრულობენზეწოლა, სასტიკი ცემა, საშინელი და აუტანელი შეურაცხყოფები, ოჯახის აწიოკება, გინება და იმასაც კი ბედავენ, რომ, თუ სახლში არავინ იმყოფება, თვითნებურად, როგორც სურთ, ისე იჭრებიან.

პრეზიდენტის 17 მაისის ბრძანებულების თანახმად, დაკავების ნებისმიერ სტადიაზე დამცველისა და ექიმის მომსახურებით სარგებლობის უფლების რეალიზაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ეს მოთხოვნა არ სრულდება.

  • ბუხუტი გოტიაშვილის საქმე:

20 ივნისს გორის რაიონის სოფელ გორიჯვრის მოსახლეობამ დააკავა ტყიბულის რაიონის მკვიდრი ბუხუტი გოტიაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილი იქნა გორიჯვრის ეკლესიის გაქურდვაში. გოტიაშვილს მოპარული ნივთები თან ჰქონდა. დაკავების დროს გოტიაშვილი სოფლის მაცხოვრებლებმა სცემეს. ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ იგი ფსიქიურად დაავადებულია, პატრონი არ ჰყავს, არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა გორში, მოპარული ნივთები კი, თითქოს, ტომარაში ჩალაგებული გზაზე იპოვა. საქმეს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.

21 ივნისს დაკავებული გოტიაშვილი მოინახულეს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა. ამ პერიოდში მას დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა, რადგან წნევამ აუწია. მორიგე პოლიციელმა რეზო მელაძემ გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა, მაგრამ ექიმებმა მოსვლაზე უარი თქვეს. მას შემდეგ, რაც მეორედ დარეკა დროებითი დაკავების საკნის უფროსის მოადგილემ, იუზა კლდიაშვილმა, სასწრაფოდან უპასუხეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიდოდნენ, თუ საწვავის, წამლისა და მომსახურების თანხას აუნაზღაურებდნენ. საბოლოოდ, სასწრაფო დახმარების მანქანა არც ამის შემდეგ მოვიდა.

ბუხუტი გოტიაშვილის საქმე გამონაკლისს არ წარმოადგენს. თავისუფლების ინსტიტუტის გორის რეგიონულმა წარმომადგენლებმა, გორის შს სამმართველოს უფროსის, უშანგი მგელაძის თანხმობით, შეამოწმეს დროებითი დაკავების საკნების მდგომარეობა და დაკავების სარეგისტრაციო ჟურნალები. 2002 წლის 1 იანვრიდან 21 ივნისამდე ჟურნალში რეგისტრირებულია 171 დაკავებული. მათგან 4 დაკავებულზე იქნა გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, ყოველ მათგანს ჩაუტარდა ამბულატორიული სამედიცინო მკურნალობა, მაგრამ არც ერთ დაკავებულს არ მიეცა კანონით გათვალისწინებული უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალება. ეს დაკავებულები იყვნენ: ქრისტესიაშვილი ვახტანგ (დააკავეს 21.01.02); ტეტუაშვილი იაკობ (170.03.02); ოქროპირიძე ნოდარ (20.03.01); კვიწინაძე ზვიად (31.03.02).

არ სრულდება პრეზიდენტის 17 მაისის ბრძანებულების ის მუხლი, რომელიც შს მინისტრისა და გენერალური პროკურორისგან ითხოვს, განსაკუთრებული კონტროლი დაუწესდეს წინასწარი დაკავების ადგილებში პირთა წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა-აღმოფხვრას და უზრუნველყონ ამგვარ მოქმედებებში მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემა. მეტიც, პროკურატურა და შსს მაშინაც კი იგნორირებას უკეთებენ ამ მოთხოვნას, როცა წამების შესახებ ექსპერტიზის დასაბუთებული დასკვნა არსებობს. მაგალითად, 23 ივნისს გადაცემა „60-მა წუთმა“ გადასცა დაკავებულთა წამების რამდენიმე შემთხვევა, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება.

თავისუფლების ინსტიტუტმა ხელშეკრულება გააფორმა „60 წუთთან“, რათა მსგავსი შემთხვევები არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ამჯერად თავისუფლების ინსტიტუტმა გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა განცხადებით, რა ხდება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც „60-მა წუთმა“ 23 ივნისს გადასცა, კერძოდ:

  • ზურაბ ღუღუნიშვილი, 20 წლის სტუდენტი, რუსთავის პოლიციამ დააკავა აპრილის თვეში და ყაჩაღობის აღიარება მოსთხოვა. ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის თქმით, იგი ჯერ დენით აწამებს, შემდეგ აირწინაღი ჩამოაცვეს სახეზე, ხელები გაუკავეს და ძელზე დაკიდეს 6 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ პატიმარმა აღიარა, რასაც მისგან მოითხოვდნენ, მაგრამ წამებისგან შეისვენა თუ არა, გადათქვა. ამის შემდეგ იგი კვლავ მიუერთეს აპარატს. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის სამსახურის უფროსის, მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ალექსანდრე ღუღუნიშვილს დაზიანებები აქვს ორივე კოჭის მიდამოში და ნახეთქი ქვედა ტუჩის არეში, რომელიც გამოწვეულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ფეხის თითებზე შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო ელექტროდენის მოქმედებით. წამების ფაქტთან დაკავშირებით ადვოკატმა პროკურატურას მიმართა, მაგრამ ამაოდ.

  • რამაზ შულაია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო განყოფილებამ 21 მაისს დააკავა. სამინისტროს მე-6 სართულზე ის აწამეს და ქურდობის აღიარება მოსთხოვეს. როსტიაშვილის თქმით, ისიც იგივე მეთოდით აწამეს: სახეზე აირწინაღი ჩამოაცვეს სასუნთქი გზების გადაკეტვის მიზნით, მას დამწვარი აქვს ხელები, ფეხებზე ჩაუქრეს ანთებული სიგარეტი, რაც ფოტოებზე ჩანს. ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დაადასტურა წამების კვალი. მისი თქმით, პატიმარი მასთან საუბარში აღწერდა, როგორ აკვნეტდნენ კანს ფრჩხილებიდან საკვნეტით, რის შემდეგაც აირწინაღი ჩამოაცვეს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-6 სართულზე აწამეს ბადრი ხუნდაძეც. ის კალაძის გატაცების საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. როცა ხუნდაძე მეხუთე საპყრობილეში გადაიყვანას, ექიმმა პირდაპირ დააფიქსირა ელექტროტრავმა.

  • დედოფლისწყაროს პოლიციაში აწამეს თელაველი ბეჟან უთაშვილი, რომელიც სამ შვილს ზრდის, თვითონაც ინვალიდია და მშობლებიც ინვალიდები ჰყავს. პოლიციამ მისი ჩანთა მოწმისა და ჩხრეკის ორდერის გარეშე გაჩხრიკა, უთხრეს, ნარკოტიკი აღმოგაჩნდაო, სცემეს და ნარკოტიკის ამოღების ოქმზეც მოაწერინეს ხელი.

  • ლია არჯევანიშვილი მედიკო მეზვრიშვილისა და დალი აბაშიძის წინააღმდეგ

1995 წელს ლია არჯევანიშვილის, მცხ. თელავში, მაჩაბლის ქ.6, სახლს თავს დაესხნენ შეიარაღებული ყაჩაღები. მათ სასტიკად სცემეს ლია არჯევანიშვილი და მისი 8 წლის ბავშვი, გათოკეს ისინი, ბავშვს პირში ჩვრები ჩაუტენეს, ყელთან კი ხანჯალი მიუტანას და დაკვლით ემუქრებოდნენ. ამის შემდეგ ბავშვი დაავადდა და დღემდე მდგომარეობიდან ვერ გამოსულა.

თავად ლია არჯევანიშვილს მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანება და ტვინის შერყევა იმდენად მძიმე ფორმით, რომ მას 2 თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ყაჩაღებმა არჯევანიშვილი პოლიციის ხელკეტებით სცემეს. თავდამსხმელებმა ოჯახიდან წაიღეს ფული და ძვირფასეულობა. ლია არჯევანიშვილი აცხადებს, რომ მან თავდამსხმელები ამოიცნო, კერძოდ, ესენი იყვნენ: გია ხიზანიშვილი (მეტსახელად „ფუჩეჩა“, პარლამენტის წევრის, დალი აბაშიძის დისშვილი); ზაალ ზაალიშვილი (გია ხიზანიშვილის სიძე); ზაზა აბაშიძე (დალი აბაშიძის ძმისშვილი, თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე) და სხვები.

ლია არჯევანიშვილი აცხადებს, რომ ყაჩაღებს მფარველობენ პარლამენტის წევრი დალი აბაშიძე და თელავის გამგებელი მედიკო მეზვრიშვილი, რის გამოც ისინი დღემდე დაუსჯელები არიან და თანამდებობებზე მუშაობენ.

  • სარინგულ ბაშირ ყზი ყარაჯალის გამგებლის წინააღმდეგ

2002 წლის 25 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის თელავის რეგიონულ ოფისში შევიდა თელავის რაიონის სოფ. ყარაჯალაში მცხოვრების, სარინგულ ბაშირ ყზის განცხადება. განცხადების თანახმად, 2001 წლის დეკემბერში ყარაჯლის გამგეობის თავმჯდომარემ - საფარ სულეიმანოვმა - თამამ ბაშირ ყზის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლი თვითნებურად, კანონის უხეში დარღვევით, გადააფორმა თამამ ბაშირ ყზის უგზო-უკვლოდ დაკარგული მეუღლის - ალიხან ალიევის სახელზე, ხოლო თამამ ბაშირ ყზის ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე (ორი შვილი და მშობლები) დატოვა მემკვიდრეობის გარეშე.

გამგეობის ამ კანონსაწინააღმდეგო აქტის შემდეგ, ალიხან ალიევის სახელზე გადაფორმებული სახლი იმ ვალის ანგარიშში, რომელიც ალიხან ალიევს მართებდა მედიკო კუშტანაშვილისათვის, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, დავით ჯორჯაძემ, აუქციონის წესით მიაკუთვნა მედიკო კუშტანაშვილის. კუშტანაშვილმა სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახლიდან ალიხან ალიევის გამოსახლება. თუმცა, ალიხან ალიევი სახლიდან გამოსახლებულია 1989 წლიდან. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, კუშტანაშვილს ჩაფიქრებული აქვს არასრულწლოვანის, ჟასმინ ალიევის, ბინიდან გამოსახლება.

თავისუფლების ინსტიტუტმის რეგიონულმა ომბუდსმენმა და კოორდინატორმა ეს საქმე შეისწავლეს და მათ მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე მიიჩნიეს, რომ ყარაჯლის გამგებელმა, საფარ სულეიმანოვმა, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ძალაუფლების გადამეტება. ამასთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტმა განცხადებით მიმართა თელავის რაიონის პროკურორს ვაჟა მაღრაძეს, გადასცა მოკვლეული მასალები და სთხოვა, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე. პროკურორმა, მასალების გადახედვის შემდეგ, სიტყვიერი განცხადება გაკეთა, რომ მოკვლეული მასალები სრულიად საკმარის საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად.

თავისუფლების ინსტიტუტი ამ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა საფარ სულეიმანოვსაც, რომელიც თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ მას ბინის გადაფორმების უფლება ჰქონდა. თავისუფლების ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც პროკურორმა თავისუფლების ინსტიტუტის განცხადების საფუძველზე დაიბარა საფარ სულეიმანოვი და ჩვენება ჩამოართვა, სულეიმანოვი მივიდა თელავის რაიონის გამგებელთან მედეა მეზვრიშვილთან და დახმარება სთხოვა. მეზვრიშვილმა დახმარებაზე უარი უთხრა („რამდენჯერ უნდა გიშველოო“), თან უხეშად აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა (ხელი გაარტყა).

საფარ სულეიმანოვი როდესაც დარწმუნდა, რომ მეზვრიშვილისაგან დახმარებას ამაოდ ელოდა, სამჯერ მიუგზავნა თანასოფლელები სარინგულ ბაშირ ყზის, რომელსაც უთხრეს - თქვენი სახლიდან რაც ქონება წავიღეთ, დაგიბრუნებთ, დაგიმატებთ 10000 დოლარს, ოღონდ პროკურატურიდან საჩივარი გამოიტანეთო. სულეიმანოვის მიერ გაგზავნილმა პირებმა ბაშირ ყზისაგან უარი მიიღეს.

სარინგულ ბაშირ ყზიმ, განცხადების შემოტანის პარალელურად, სთხოვა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს, სასამართლო პროცესებს დასწრებოდნენ. თავისუფლების ინსტიტუტმა მას ადვოკატიც უშოვა - თამილა ჩულაშვილი და თვითონაც ყველა სასამართლო პროცესს ესწრებოდა. 26 მაისს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ბაშირ ყზის სარჩელი დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პროკურორმა სთხოვა თავისუფლების ინსტიტუტს, მიაწოდონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა ისიც დაურთოს მოკვლეულ მასალებს, რის შემდეგაც უკვე საქმესაც აღძრავს.

3 მდგომარეობა სასჯელაღსრულების სისტემაში

▲ზევით დაბრუნება


2002 წლის 1 აპრილისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში 7800 პატიმარი იხდიდა სასჯელს. ამ ციფრის დაზუსტება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა და მსჯავრდებულთა პასპორტიზაცია ჩაატარა. პასპორტიზაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა, მანამდე კი ითვლებოდა, რომ საქართველოს 8000-ზე მეტი თავისუფლებააღკვეთილი პირი ჰყავდა. ამჟამინდელი მონაცემი ბოლო წლების მონაცემთან შედარებით შემცირებულია.

  • აფეთქება მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

11 აპრილს, გამთენიისას, აფეთქება მოხდა ავჭალის მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აფეთქების შედეგად მსჯავრდებული მევლუდ ფერაძე გარდაიცვალა, კახა ბაბუნაშვილი კი დაიჭრა. 16 აპრილს კი ავჭალის კოლონიაში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა - ცივი იარაღით იქნა მოკლული პატიმარი ზურაბ გოგბერაშვილი. იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა დაწესებულების ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ინციდენტის შემდეგ ჩაატარა ფართომასშტაბიანი ჩხრეკა და დიდი რაოდენობით ცივი იარაღი ამოიღო.

19 აპრილს იუსტიციის სამინისტროში ჩატარებულ მოსმენაზე ხმამაღლა ითქვა, რომ აფეთქება ნაკრობიზნესთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მე-9 დაწესებულება წარმოადგენდა საპატიმრო ადგილების ნარკოტიკებით მომარაგების ცენტრს, რაშიც თავად დაწესებულების ადმინისტრაციაც იყო ჩართული. არაოფიციალური ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემაში ნარკობიზნესს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები აკონტროლებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფაქტი არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის იყო უცნობი. ეს, თუნდაც, იქიდან დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ ელდარ გოგბერაშვილის ოთახში მოხდა პირველი აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყვა, დაწესებულების ხელმძღვანელმა ალეკო გზირიშვილმა სასწრაფოდ გაარემონტებინა ოთახი, სადაც აფეთქება მოხდა, რათა აფეთქების კვალი დაემალა. აფეთქებიდან ორიოდე საათის შემდეგ აფეთქების ადგილი ინახულა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაატა მხეიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მას აფეთქების კვალი არ შეუმჩნევია, თუმცა, მისი არ შემჩნევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

აფეთქების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ელდარ გოგბერაშვილი სასჯელაღსრულების პირველ დაწესებულებაში გადაიყვნა, თითქოს უსაფრთხოების მიზნით, თუმცა, თავად გოგბერაშვილი ამტკიცებდა, რომ მის სიცოცხლეს სწორედ აქ ემუქრებოდა საფრთხე. სასამართლომ პირველ დაწესებულებაში 1 წლით გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამ გადაწყვეტილებას, რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევა, პატიმარს არც აცნობდნენ. გოგბერაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და 25 ივნისს უზენაესმა სასამართლომ იგი მე-9 დაწესებულებაში დააბრუნა. თავად გოგბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ადმინისტრაციამ იგი კრიმინალური სამყაროს დაკვეთით გადაიყვანა პირველ დაწესებულებაში, რადგან მისი სიცოცხლის ხელყოფა აქ უფრო ადვილი იქნებოდა. გოგბერაშვილის მოკვლას ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ცდილობენ.

  • ბავშვთა დაწესებულება ავჭალაში

2002 წლის 30 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა დაწესებულება ხონიდან, სადაც ის 1 წლის წინ იქნა გადაყვანილი, ისევ ავჭალაში დაბრუნდა. ამ დროისთვის დაწესებულებაში 26 არასრულწლოვანი იხდიდა სასჯელს. არასრულწოვანთა ახალი დაწესებულება, სხვა დაწესებულებების ფონზე, გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება: გარემონტებული შენობა, სუფთა ეზო, პატარა სკვერი, ცხელი წყალი, საშხაპეები და ფეხბურთის მოედანი. შენობა სამინისტროს სპეცსახსრებით გარემონტდა და 130 ათასი ლარი დაჯდა.

  • პოლიცია არღვევს არასრულწლოვანთა უფლებებს

24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინახულეს სამი არასრულწლოვანი - ზურაბ გოლობიანი, დავით ასატუროვი და მამუკა გოგინაშვილი. სამივე მათგანი მძიმე დანაშაულის ჩადენაში არის ეჭვმიტანილი, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ მათი დაკავება კანონისა და დაკავებულთა უფლებების დარღვევით მოხდა. თავად არასრულწლოვანები და მათი მშობლები აცხადებენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს სცემა ეჭვმიტანილები და მათი ოჯახის წევრები, ცდილობდა მათგან ფულის გამოძალვას, ადგილი ჰქონდა ნარკოტიკების „ჩადებას“ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს დაირღვა პროცესუალური ნორმები.

სამი არასრულწლოვანიდან ორი - ასატუროვი და გოგინაშვილი - ცეცხლსასროლი იარაღის მოპარვისა და შენახვის ბრალდებითაა დაკავებული. ასატუროვი ასე აღწერს მისი დაკავების ფაქტს: „შემოვარდნენ სახლში, დედაჩემი, ჩემი და და მე მცემეს. ჩაცმული არ ვიყავი და… რაღაცეები დაიწყეს. სამმართველოს თანამშრომლები არიან. სახელი-გვარი არ ვიცი, მაგრამ სახეზე ვიცნობ. ერთ-ერთი მაღალი, მსუქანი კაცი იყო …“

დაკავებამდე ორივე არასრულწლოვანი ერთად მუშაობდა და ოჯახს თავისი შრომით ინახავდა. მესამე არასრულწლოვანი, ზურაბ გოლობიანი, პოლიციამ სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის მომენტში დააკავა. მისი თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში მას მარიხუანით სავსე პარკი დაახვედრეს და იძულებით დააწერინეს ჩვენება, თითქოს მან ეს პარკი სადღაც იპოვა.

4 ადამიანის გატაცება

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდში ადამიანის გატაცება კვლავ რჩება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად. ამასთან, ეჭვს იმის შესახებ, რომ ადამიანის გატაცებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მათში სამართალდამცავი სტრუქტურები მონაწილეობენ, უკვე უმაღლესი თანამდებობის პირებიც გამოთქვამენ (მაგ. უშიშროების მინისტრი

ვალერი ხაბურზანია).

  • 2002 წლის 14 მაისს, გორში, დაახლოებით 23 საათზე, გაიტაცეს ძმები ალექსანდრე და გიორგი ხაჩიურები (მცხ. ქ.გორი, შარტავას ქ.¹57) და მათი მეგობარი გოჩა დავითაშვილი (მცხ. ქ.გორი, არაგვის ქ.¹35). გატაცებულები იმყოფებოდნენ ალექსანდრე ხაჩიურის კუთვნილი ავტომანქანა „კადილაკით“, რომელიც აღმოჩენილი იქნა გორის რაიონის სოფ. ლიცში, ცხინვალთან ახლოს. ავტომანქანაში ნაპოვნია სისხლის რამდენიმე ლაქა და შეინიშნება შებრძოლების კვალი. გამტაცებელთა ვინაობა არ არის დადგენილი. საქმეს გორის რაიონის პროკურატურა იძიებს.

  • 18 ივნისს, თბილისში, 18 საათსა და 30 წუთზე, თბილისის ცენტრში, იოსებიძისა და ცაგერის ქუჩის გადაკვეთაზე პოლიციისა და სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოიტაცეს „აგრომრეწვბანკის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ინგლისის მოქალაქე პიტერ შოუ. მომტაცებლები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. პიტერ შოუს გატაცებას ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ. პოლიციის ფორმაში ჩაცმული 3 პირი უნიღბოდ იყო, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ 4 მომტაცებელს კი ნიღაბი ეკეთა.

25 ივნისს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ საუბარში, საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურზანიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მოტაცება პოლიტიკური მიზნით მოხდა და მასში ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკურ შეკვეთას. არ არის გამორიცხული, რომ შეკვეთა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან იყოს, თუმცა, მოტაცება პროფესიონალების შესრულებულია. ხელწერით იკვეთება, რომ ამ საქმეში სამართალდამცავები არიან ჩართული.

ამ ფაქტამდე მსგავსი ბრალდება ყველაზე მკვეთრად პანკისის ხეობაში გატაცებულმა ესპანელმა ბიზნესმენებმა, ფრანცისკო როდრიგესმა და ანტონიო ტრევილიემ გამოთქვეს. ესპანელმა ბიზნესმენებმა გათავისუფლების შემდეგ გატაცებაში ბრალი დასდეს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელს, ლევან კენჭაძეს და შსს თბილისის სამმართველოს უფროსს, კახა ბაკურაძეს.

პიტერ შოუს მოტაცება არ არის გახსნილი, ისე, როგორც გაუხსნელია დღემდე მომხდარი ადამიანის გატაცების არაერთი ფაქტი. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის, მაია ნიკოლაიშვილის თქმით, ბოლო დროს პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში ნაწამებ პირთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათგან ფეხბურთელ კახა კალაძის ძმის გატაცების აღიარებას ითხოვდნენ.

5 ჯარისკაცთა და წვევამდელთა უფლებები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ხელისუფლებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა გაეროს რეკომენდაციები და ალტერნატიული სამხედრო სამსახური 36 თვიდან 24 თვემდე შეამცირა, თუმცა, ის მაინც აღემატება ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურს, რომელიც 18 თვე გრძელდება. ზოგადად, წვევამდელებისა და ჯარისკაცების უფლებები საქართველოში ყველაზე მასობრივად ირღვევა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოს ჯარიდან 2000-მდე ჯარისკაცია გაქცეული.

სამხედრო პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 1994-2001 სამხედრო პროკურატურის ორგანოებში თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე აღიძრა 35 სისხლის სამართლის საქმე, ხოლო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე - 113 სისხლის სამართლის საქმე. მშვიდობიან პერიოდში დაღუპულია 148 სამხედრო მოსამსახურე.

  • 26 მაისს თავისუფლების ინსტიტუტმა თელავში ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე „წვევამდელის უფლებები“. შეხვედრაზე მოწვეულმა სამხარეო პროკურორმა ავთანდილ შაკიაშვილმა აღიარა, რომ მას ასამდე ახალგაზრდა ჰყავს გაწვეული კანონის დარღვევით, წინასწარი უწყების გაგზავნის გარეშე, პირდაპირ ქუჩიდან აყვანილი ან სახლიდან ძალით წაყვანილი. „მ ეს ახალგაზრდები ქუჩას მოვწყვიტე და გზაზე დავაყენე, მე რომ არ ვყოფილიყავი, ისინი სამშობლოს დაკარგული ჰყავდა - ასეთი იყო სამხედრო კომისრის პოზიცია. კომისრის თქმით, მან იცის, რომ ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ მას „ასე მიაჩნია სწორად“ და იმიტომ იქცევა ასე. შეხვედრაზე ავთანდილ შაკიაშვილმა პირობა დადო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩართავდა გამწვევი კომისიების შემადგენლობაში და მათ უფლებას მისცემდა, დამკვირვებლის სტატუსით გაეკონტროლებინათ კომისიების მუშაობა, მაგრამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ მან პირობა არ შეასრულა. მეტიც, მან გააფრთხილა კომისარიატების წარმომადგენლები, ფრთხილად ყოფილიყვნენ თავისუფლების ინსტიტუტთან და მორიდებოდნენ მის წარმომადგენლებთან კონტაქტს.

  • 2002 წლის 22 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ ომბუდსმენს გორში მიხეილ ქარელს მოუვიდა ჯარში გაწვევის უწყება, თუმცა, მას 2002 წლის სექტემბრამდე გადავადებული აქვს გაწვევა. შიდა ქართლისა და გორის რაიონის გაერთიანებული სამხარეო სამხედრო კომისარმა, პოლკოვნიკმა პაატა ჭელიძემ ოფიციალური წერილით აცნობა თავისუფლების ინსტიტუტს, თითქოს მიხეილ ქარელს ჯარში გაწვევა გადავადებული ჰქონდა სტუდენტობის გამო, ხოლო 2001 წლიდან იგი ექვემდებარებოდა გაწვევას. თავისუფლების ინსტიტუტმა სამხედრო კომისარიატში წარადგინა 1998 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, გოგი რაზმაძის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც მიხეილ ქარელს, როგორც სოფელ ტყვიავის საკრებულოს წევრს, გადავადებული ჰქონდა გაწვევა 2002 წლის სექტემბრამდე.

სამხედრო კომისარიატი ცდილობს, გაწვევის მუქარით აიძულოს მიხეილ ქარელი, შეწყვიტოს უფლებადაცვითი საქმიანობა, რაც გამოჩნდა შემდეგი ფაქტიდან: 2002 წლის 7 ივნისს მიხეილ ქარელმა გორის კომისარიატს გაუგზავნა მიმართვა, რომლითაც მოითხოვა წვევამდელთა რაოდენობა, აგრეთვე იმ პირთა ვინაობა, ვინც გაწვევისგან გათავისუფლდნენ და იმ პირთა ვინაობა, ვისაც გაწვევა გადაუვადეს. 12 ივნისს სამხედრო კომისარმა პაატა ჭელიძემ მოთხოვნას შემდეგი წერილით უპასუხა: ბატონო მიხეილ, ჩემი რჩევა იქნება, მობრძანდეთ სამხედრო კომისარიატში და გაარკვიოთ თქვენი დამოკიდებულება სამხედრო სამსახურთან და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენ საკითხებზე.

სამხედრო კომისრის მოქმედებას, გარდა იმისა, რომ იგი არღვევს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, შეიძლება მიეცეს შანტაჟის კვალიფიკაცია

  • თავისუფლების ინსტიტუტის ჩარევის შედეგად, 2002 წლის 2 მაისს ვანო სოღროევი ხელმეორედ გაატარეს სამედიცინო კომისიაზე. კომისიამ დაადასტურა, რომ სოღროევი არ ექვემდებარება (სიმაღლე - 147 სმ. წონა - 43 კგ. დაავადებული აქვს კუჭ-ნაწლავი და თირკმელები) ჯარში გაწვევას და იგი გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან. სოღროევმა, სანამ თავისუფლების ინსტიტუტს მიმართავდა, არაერთხელ მიმართა ზემდგომ ინსტანციებს, მაგრამ უშედეგოდ. იგი 2002 წლის 24 იანვარს გაიწვიეს ჯარში.

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადების საფუძველზე თელავის რაიონის სამხედრო პროკურატურამ უკანონო გაწვევის გამო საქმის შესწავლა დაიწყო. კახეთის სამხარეო კომისარმა ავთანდილ შაკიაშვილმა თავისუფლების ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოღროევის გაწვევა პირადად მისი შეცდომა იყო და თუ ამ შეცდომის გულისთვის მას დასჯიან, მზად არის დაისაჯოს.

  • ამავე პერიოდში თავისუფლების ინსტიტუტმა რამდენჯერმე მიმართა განცხადებით თელავის რაიონის სამხედრო პროკურორს, ილია ოთარაშვილს, რათა აღეძრა საქმე მამუკა ღარიბაშვილის უკანონო გაწვევასთან დაკავშირებით. პროკურორი უარს ამბობდა მიეღო განცხადება, რომლითაც თავისუფლების ინსტიტუტი ითხოვდა საქმის აღძვრას მამუკა ღარიბაშვილის უკანონო გაწვევასთან დაკავშირებით. მამუკა ღარიბაშვილი მისი ძმის, მალხაზ ღარიბაშვილის სახელით გაიწვიეს ჯარში და ძმის ნაცვლად 2 წელი ამსახურეს. მას შემდეგ, რაც თავისუფლების ინსტიტუტმა დაზღვეული წერილით მიმართა ოთარაშვილს, რომელშიც, განცხადებასთან ერთად, ღარიბაშვილის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლებიც იყო, იგი იძულებული გახდა საქმე აღეძრა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მამუკა ღარიბაშვილი უკვე დაიკითხა.

მამუკა ღარიბაშვილი 1997 წლიდან ითხოვდა მისი საქმის შესწავლას, მაგრამ უშედეგოდ.

  • 2002 წლის 23 მაისს „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონულ წარმომადგენლებს ახალციხეში განცხადებით მიმართა წვევამდელმა ლევან მესხიძემ. ლევან მესხიძეს, რომელიც ქალაქში არ იმყოფებოდა, მაისის განმავლობაში სამჯერ მიაკითხა სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელმა დავით წიკლაურმა, რომელიც ეძებდა მესხიძეს და სახლის გაჩხრეკის ნებართვას ითხოვდა, თუმცა, მესხიძეს უწყება არც ერთხელ არ მისვლია. მესამე მისვლის დროს მესხიძე სახლში დახვდა კომისარიატის წარმომადგენელს და განუცხადა, რომ იგი წინააღმდეგია ყველანაირი ძალადობის და მზად არის ალტერნატიული სამხედრო სამსახურისთვის.

მას შემდეგ, რაც კომისარიატის წარმომადგენელი მას პოლიციის ძალით დაემუქრა, მესხიძემ „თავისუფლების ინსტიტუტს“ მიმართა განცხადებით და „თავისუფლების ინსტიტუტის“ დახმარებით დაწერა განცხადება, რომლითაც ალტერნატიული სამსახური მოითხოვა. თელავის სამხედრო კომისარიატმა მესხიძე ალტერნატიული სამსახურით ვერ დააკმაყოფილა და საერთოდ გაათავისუფლა ჯარიდან.

  • 2002 წლის 30 აპრილს საქართველოში მყოფი ამიერკავკასიის საჯარისო დაჯგუფების რიგითები ლეონიდ ფილიპენკო და დიმიტრი კოგტიევი სამხედრო ნაწილიდან ქალაქში გაიპარნენ. გაპარვის შემდეგ ისინი სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს დაუკავშირდნენ იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელშიც მათ სამხედრო ხელმძღვანელობა ამყოფებდა. ფილიპენკოს და კოგტიევს გაქცევამდე 5 დღის განმავლობაში არ სძინებიათ, რადგან მორიგეებად იდგნენ. დგომისგან ისე ჰქონდათ დასიებული ფეხები, რომ ჩექმებსაც ვერ იცვამდნენ, სისტემატურად სცემდნენ, ხან ფილ ტრიანი სიგარეტის მოტანას ავალებდნენ, ხან ფულის შოვნას, სიტყვებით „რაჟაი ბაბკი“. რიგითი კოგტიევი, მაგალითად, სცემეს იმის გამო, რომ ადრე გამოდიოდა სასადილოდან და ერთ-ერთმა „სტარიკმა“ (მეტსახელად „კარეეც“) იფიქრა, რომ საკვების დამატება უნდოდა. მანამდე ტუალეტში მას სცემეს წიხლებით, რის შემდეგაც დაახლოებით 40 წუთი ეგდო ტუალეტში. ხოლო რიგითი ფილიპენკო საწოლის რკინის სარტყლით სცემეს იმის გამო, რომ უნდა ეშოვნა მაგიდის ჩოგბურთის ბურთი და ვერ იშოვა. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ღამის საათებში მთვრალი „სტარიკები“ მათ ხელისგულებზე ქამრის ბალთით ურტყამდნენ სრულიად უმიზეზოდ, თითქოს აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარების მიზნით.

ოფიცრებმა იცოდნენ ყველაფერი. ისინი „აღმზრდელობითი სამუშაოს“ ჩატარების დროს რიგითებს „განუმარტავდნენ“, თითქოს, თუ ისინი დატოვებდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიას, აუცილებლად აღმოჩნდებოდნენ ქართველების ხელში და მათ მონებად აქცევდნენ. ხშირად მათ ზემდეგი ატარებდა ნაწილის გარეთ ნაგვის გაწმენდაზე, ან ტვირთის გადმოსატვირთად. ნაწილში დაბრუნების ეშინიათ, რადგანაც დაბრუნების შემთხვევაში მათ ჯერ „სტარიკები“ სცემენ, შემდეგ კი სასადილოში მომუშავე ზემდეგი, ვინმე „ახოტნიკი“ (ახოტნიკოვი). ხელფასები არც ერთხელ არ მიუღიათ, ხელს აწერდნენ უწყისზე და შემდეგ აძლევდნენ ხანგრძლივი ვადის მქონე მოსამსახურეს.

6 სამოქალაქო თავისუფლებანი

▲ზევით დაბრუნება


6.1 სიტყვისა და პრესის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ჟურნლისტებზე ზეწოლის ფაქტები განსაკუთრებით წინაარჩევნო პერიოდში გახშირდა.

  • ვიტალი ხაზარაძე `'ახალი გაზეთის'' წინააღმდეგ

არჩევნების წინ ქუთაისში „ახალმა გაზეთმა“ (რედაქტორი ია ბობოხიძე) გამოაქვეყნა ჟურნალისტ მაია მეცხვარიშვილის სტატია სათაურით „არ გვინდა ფინიში“ („ახალი გაზეთი“ №27): სტატიის ერთმა აბზაცმა პარლამენტის წევრის, ვიტალი ხაზარაძის, აღშფოთება გამოიწვია. სტატიაში ქუთაისის მერობის კანდიდატის, კოტე ბარქაიას შესახებ ნათქვამი იყო, რომ მისი (კოტე ბარქაიას) საარჩევნო გარემოცვა ბონდო შალიკიანისა და ვიტალი ხაზარაძის ერთობლივი აჩრდილით მისთვის ანტირეკლამა უფროა, ვიდრე რეკლამა და გამარჯვების პერსპექტივა.

ვიტალი ხაზარაძემ ეს ფრაზა საკუთარი პატივისა და ღირსების შელახვად მიიჩნია. 25 მაისს, დაახლოებით 21.00 საათზე ხაზარაძე „ახალი გაზეთის“ მთავარ რედაქტორს, ია ბობოხიძეს დაუკავშირდა და „მოქალაქეთა კავშირის“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის (რომლის ლიდერიც ვიტალი ხაზარაძეა) ოფისში სთხოვა მისვლა ჟურნალისტ მაია მეცხვარიშვილთან ერთად. ოფისთან მისულ ჟურნალისტებს პირველად ბონდო შალიკიანი და გოგი ქელაბაქიანი დახვდა, შემდეგ კი „საქმის გარჩევაში“ კიდევ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ჟურნალისტებიც - დარეჯან გაბუნია და ეთერ ნაცვლიშვილი.

ვიტალი ხაზარაძემ ჟურნალისტებს ულტიმატუმი წაუყენა: 5 დღის ვადას გაძლევთ, რომ ამავე გაზეთში, ამავე ფორმით მომიხადოთ ბოდიში, თორემ თმები, რომლებიც ისედაც თხლად გაქვთ თავზე, ყალყზე დაგიდგებათ, თავებს გარტყმევინებთ ერთმანეთზე, ისეთ რამეს დაგმართებთ, ბებიები რომ იქნებით და შვილიშვილი გაგახსენებთ.. ხაზარაძე დაემუქრა ჟურნალისტებს, რომ გაზეთის ერთ სპეციალურ ნომერს გამოაშვებინებდა, სადაც ია ბობოხიძისა და მაია მეცხვარიშვილის რეპუტაციის შემლახავი პროვოკაციებით შეთითხნილი სტატიები და მათივე პორნოსურათები იქნებოდა მოთავსებული.

  • ბონდო შალიკიანი ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძეს ემუქრება

30 მაისს, ღამის 11 საათზე ქუთაისელმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბონდო შალიკიანმა, რომელიც შეიარაღებული დაცვის თანხლებით იყო, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძეს და უშვერი სიტყვებით აგინა მას, შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა: ცოტა ფრთხილად იყავი, თორემ ამ ქალაქში გავლა მოგენატრება, ხომ იცი, შენი განადგურება არ გამიჭირდებაო.

თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტების გამო განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს და მათგან დაუყოვნებელი რეაგირება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო პროკურატურის გამომძიებელმა აკაკი ზაქარიაძემ ხუჯაძის საქმესთან დაკავშირებით საქმის არაღძვრის დასკვნა გამოიტანა, რადგან, მისი ზეპირი განმარტების თანახმად, ფაქტი ვერ დადასტურდა. არაძღვრის დადგენილების მიღების შემდეგ თავისუფლების ინსტიტუტი აპირებს, ზვიად ხუჯაძეს მის გასაჩივრებაში დაეხმაროს.

  • გაზეთმა ქუთაისი P.S. სასამართლო მოიგო

2002 წლის 30 მაისს გაზეთმა „ქუთაისი P.S.“ და ჟურნალისტმა თინათინ დვალიშვილმა მოიგეს სასამართლო პროცესი ქუთაისის ვიცე-მერის, ონისე უგრეხელიძის წინააღმდეგ. უგრეხელიძემ პატივისა და ღირსების შელახვის გამო შეიტანა სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ საჯაიამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა 2001 წლის 19 დეკემბერს და სარჩელი დააკმაყოფილა. საოლქო სასამართლომ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად ისევ პირველ ინსტანციაში დააბრუნა.

  • სროლა რუსთავი 2-ის ოფისზე

ტელეკომპანია რუსთავი-2-ზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა: „ვის უნდა 20 ათასის“ სამუშაო ოთახს 14 მაისს, საღამოს, დაახლოებით 21 საათსა და 15 წუთზე, საკმაოდ შორი მანძილიდან ესროლეს. შსს-მ გასროლა შემთხვევითობას დააბრალა.

  • ვალერი ასათიანი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ

თბილისის საოლქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო პროცესი -კულტურის ყოფილი მინისტრი ვალერი ასათიანი ტელეკომპანია „რუსთავი-2-ისა“ და გადაცემა „60 წუთის“ წინააღმდეგ. „60 წუთმა“ მთელი გადაცემა მიუძღვნა იმას, თითქოს ვალერი ასათიანმა რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა და ორი ადამიანი მოკლა. ასათიანმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანა სასამართლოში და პატივის, ღირსებისა საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის 10 მილიონი დოლარი მოითხოვა, რასაც გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფის მოთხოვნაც ერთვოდა.

„60 წუთის“ ხელმძღვანელმა აკაკი გოგიჩაიშვილმა, ასევე, 10 მილიონი მოითხოვა ვალერი ასათიანისაგან გოგიჩაიშვილის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების გამო. პროცესში ჩაერთო ირაკლი კერესელიძე, რომელსაც 1995 წელს 2 პიროვნების მკვლელობისათვის 20 წელიწადი აქვს მისჯილი და რომლის მონაყოლსაც დაეფუძნა „60 წუთის“ ხსენებული გადაცემა.

  • ისლამ საიდაევის საქმე:

საქართველოს სპეცსამსახურებმა 2002 წლის 22 მარტს თელავში დააკავეს ჩეჩენი ჟურნალისტი ისლამ საიდაევი და საქართველოს მოქალაქე, სოფელ დუისის მცხოვრები ზურაბ ხანგოშვილი. მათ ბრალად „საერთაშორისო ტერორიზმში“ მონაწილეობა წაუყენეს, ბრალდების ერთადერთ საფუძველს კი ის წარმოადგენდა, რომ ისინი ორივენი თებერვლის თვეში დაბრუნდნენ მექადან, სადაც მოსალოცად („ჰაჯის“ შესასრულებლად) იყვნენ ჩასულები. ისლამ საიდაევს ადვოკატი სევდია უგრეხელიძე იცავდა.

25 ივნისს, წინასწარი პატიმრობის სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ შეცვალა აღმკვეთი ღონისძიება. ამ შუამდგომლობას პროკურატურამაც დაუჭირა მხარი, რადგან ბრალდების გამამყარებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა.

  • ინფორმაციის თავისუფლების დარღვევის ფაქტები:

სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოები სისტემატურად არღვევენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციის თავისუფლებების მოთხოვნას. ეს დარღვევები განსაკუთრებით თვალშისაცემი საქართველოს რეგიონებშია. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, ხშირად, ადმინისტრაციული კოდექსის არცოდნაა.

  • 2002 წლის 29 მარტს „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონულმა ომბუდსმენმა ახალციხეში, ამირან მესხელმა, განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის შს სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია სამმართველოს პირადი შემადგენლობის, ფინანსურ ასიგნებათა მოცულობისა და ფინანსების ფაქტობრივი ხარჯვის შესახებ. სამხარეო პოლიციამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, თითქოს აღნიშნული ინფორმაცია „პროფესიულ საიდუმლოს“ წარმოადგენს.

  • 2002 წლის 13 მაისს „თავისუფლების ინსტიტუტის“ სამხარეო წარმომადგენლებმა თელავში წერილით მიმართეს სამხარეო პოლიციის უფროსს ზურაბ ტუშურს და მოსთხოვეს იმ ადამიანების სია, რომლებიც 1997 წლიდან დღემდე არიან მოტაცებული, აგრეთვე სტატისტიკური მონაცემები 2001-2002 წლებში დაკავებული პირების შესახებ და დაკავების მოტივები. პოლიციამ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

  • ● 2002 წლის 16 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა ქუთაისში, გოჩა ჩხეტიამ, წერილით მიმართა ქუთაისის შს სამმართველოს უფროსს ნ.ნოზაძეს შემდეგი ინფორმაციის მისაღებად:

1. 2002 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 31 აპრილამდე რამდენი პირი იქნა რეგისტრირებული ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული შს სამმართველოებისა და განყოფილებების მიერ დაკავებულ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალში.

2. მათგან რამდენი იქნა გადაყვანილი წინასწარი დაკავების საკანში და რა ვადაში.

შს სამმართველომ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა. ზემოთქმული შემთხვევების გამო თავისუფლების ინსტიტუტმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ზემდგომ ორგანოს, შს სამინისტროს, რომელმაც საკითხი ინფორმაციის გაცემის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამავე დროს, შს სამინისტრო თავად არღვევს ადმინისტრაციულ კოდექსს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც კანონი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას ითვალისწინებს, თავისუფლების ინსტიტუტს რამდენიმე დღის დაგვიანებით აძლევს პასუხს.

გამონაკლისს წარმოადგენს გორის რაიონის შს სამმართველო, რომლის ხელმძღვანელი უშანგი მგელაძე ინფორმაციის გაცემას ხელოვნურ ბარიერებს არ უქმნის.

ინფორმაციის მიღება ყველაზე მეტად ჭირს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც კატეგორიულად ამბობენ უარს, რომ მიღებული განცხადება რეგისტრაციაში გაატარონ. როგორც წესი, ისინი ითხოვენ, რომ განცხადება პროკურატურის გარეთ დამაგრებულ საფოსტა ყუთში იქნეს ჩაგდებული. ამგვარი პრობლემა შს სამინისტროშიც დგას, ოღონდ, იქ ამ წინააღმდეგობის გადალახვა შედარებით ადვილია.

6.2 გაერთიანების თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც საკმაოდ ბევრ შეზღუდვას უწესებს რელიგიური ნიშნით შექმნილ გაერთიანებებს და მკვეთრად ზღუდავს ახალი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობას.

2002 წლის აპრილში რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შეზღუდვის ახალი მოთხოვნა წამოაყენა პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან „მოუწოდა“ ისანი-სამგორის სასამართლოს თავმჯდომარეს, აკაკი ბაქრაძეს, თავი დაანებოს „სექტების დაკანონებას“. ამჯერად ლაპარაკი იყო „სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაციის“ რეგისტრაციის გაუქმებაზე, რომელმაც პირველი რეგისტრაცია 1995 წელს გაიარა, ხოლო ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წელს.

გაერთიანების თავისუფლების დარღვევის ყველაზე ბევრი შემთხვევა პროფკავშირების საქმიანობაში გვხვდება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული გაერთიანების თავისუფლება იცავს, ერთი მხრივ, ინდივიდის პოზიტიურ უფლებას, დაუბრკოლებლად შექმნას გაერთიანება ან შეუერთდეს უკვე არსებულ გაერთიანებას, მეორე მხრივ კი - ინდივიდის ნეგატიურ უფლებას, არ იყოს რომელიმე გაერთიანების წევრი. არავის აქვს უფლება, აიძულოს ინდივიდი, გახდეს რომელიმე გაერთიანების წევრი, ან გაერთიანების წევრობაზე უარის თქმის გამო წაართვას ის უფლებები, რომლებიც კონვენციით არის გარანტირებული.

საქართველოში ირღვევა პროფესიულ კავშირებში გაერთიანების როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური უფლება, რაც ყველაზე მკაფიოდ მასწავლებელთა პროფკავშირების მაგალითზე ჩანს. ამჟამად განათლების სფეროში ორი გავლენიანი პროფკავშირი მოღვაწეობს. „განათლების მუშაკთა პროფკავშირი“ ყოფილი საბჭოთა პროფკავშირის სამართალმემკვიდრეა და 140 ათასამდე წევრს აერთიანებს, მის ალტერნატივას კი დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობა“ წარმოადგენს, რომელსაც 4000-მდე წევრი ჰყავს.

მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა 1997 წელს სრულიად სპონტანურად დაიწყო: ხელფასის 6 თვით დაგვიანებით აღშფოთებულმა რამდენიმე ქუთაისელმა მასწავლებელმა წამოიწყო საპროტესტო აქცია, რომელსაც მოგვიანებით სხვა მასწავლებლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეთა უმრავლესობას წარმატების იმედი ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქცია გამარჯვებით დამთავრდა, მასწავლებელთა აქტიურობაც გაიზარდა. 1998 წელს ქუთაისელი პედაგოგების ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, რომელიც 2000 წელს დამოუკიდებელ პროფკავშირად გადაკეთდა, 2001 წლის 3 აგვისტოს კი ავტორიტეტული ორგანიზაციის, „საერთაშორისო განათლების“, წევრი გახდა.

„სოლიდარობის“ წევრი მასწავლებლების უფლება - თვითონ აირჩიონ მათთვის სასურველი პროფკავშირი - ხშირად ირღვევა. „სოლიდარობაში“ გაერთიანებული ბევრი მასწავლებლის პროფკავშირული საწევრო დღემდე ერიცხება „განათლების მუშაკთა პროფკავშირს“, რადგან ისინი ავტომატურად ითვლებიან ამ ორგანიზაციის წევრებად, თუმცა, მასში გაწევრიანების მოთხოვნით განცხადება არასდროს დაუწერიათ.

„განათლების მუშაკთა პროფკავშირის“ ადგილობრივი ლიდერები ყველანაირი მეთოდით ცდილობენ, ხელი შეუშალონ მათ რეგიონებში „სოლიდარობის“ დამკვიდრებას, რაც, ხშირად, პრესის ფურცლებზეც აისახება. მაგალითად, რეგიონული გაზეთ „ბორჯომის“ 2001 წლის 9 მარტის პუბლიკაციაში განათლების მუშაკთა პროფკავშირის ბორჯომის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე გივი ჩუბინიძე წერს: სოლიდარობა ალტერნატიული, ოპოზიციური პროფკავშირული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ პროფკავშირულ ორგანიზაციას. მას არავითარი თანხები არ გააჩნია განათლების მუშაკთა დასახმარებლად და ფინანსურად სხვაზეა დამოკიდებული, რის გამოც ის უპერსპექტივოა. ვთხოვ რაიონის ყველა სკოლის პედაგოგს და ტექნიკურ პერსონალს, ნუ წამოეგებიან ოპოზიციური პროფკავშირული ორგანიზაციის ანკესზე, რომელიც ცრუ დაპირებებით ცდილობს თავისი ორგანიზაციის წევრთა გაზრდას...

რაიონული გაზეთ „ბაღდათის“ 2001 წლის აპრილის ნომერში რაიონის განათლების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დ.გიორგიძე წერს: [სოლიდარობის წევრები] ყოველდღიურად დადიან რაიონის სკოლებში და თავიანთ განცხადებებს ავრცელებენ. მათ შეძლეს მასწავლებელთა ერთი ნაწილის გადაბირება, მაგრამ არ ითვალისწინებენ, რომ მათი მოღვაწეობა ხანმოკლე პერიოდს მოიცავს, რადგან მარტო დაპირება როდემდე შეიძლება... ისინი აჯერებენ პედაგოგებს, თითქოს მათ ამერიკის თავისუფალი პროფკავშირები უწევს აქტიურ დახმარებასა და მხარდაჭერას, მაგრამ ეს ხომ არაფერია. ამერიკა იაღოველთა სექტასაც კი აფინანსებს და მათ მოქმედებასაც აქტიურად უჭერს მხარს, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული?.. ძვირფასო პედაგოგებო! ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. მალე დარწმუნდებით, რომ მოტყუებული დარჩებით. სკოლის დირექტორებს ვურჩევ, სწორი მიმართულება მისცენ თავიანთ კოლექტივებს.

სკოლის დირექტორები და რაიონის განათლების გამგეები ამგვარი მოწოდებების გარეშეც სერიოზულ გავლენას ახდენენ პედაგოგების ნებაზე - გაერთიანდნენ მათთვის სასურველ პროფკავშირში ან არ გაერთიანდნენ არსად. ამგვარი ზეწოლის მაგალითი ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ტიპური განცხადებიდანაც ჩანს:

საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი
პროფკავშირის სოლიდარობის თავმჯდომარეს
. ღურჭუმელიძეს
ზესტაფონის მთპ სოლიდარობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის
მერაბ ქაშაკაშვილის

ახსნა-განმარტებითი ბარათი

ჩვენს რაიონში თავისუფალ პროფკავშირს, „სოლიდარობას“, შემდეგი პრობლემები აქვს: ჩვენი შეტანილი განცხადება ოფისთან დაკავშირებით დღემდე დაუკმაყოფილებელია, პასუხი არ მიგვიღია; ფერხდება საწეროების გადარიცხვა, განათლების მუშაკთა პროფკავშირი ზეწოლას ახდენს დირექტორებსა და ბუღალტრებზე; დღემდე „სოლიდარობის“ ანგარიშზე თანხა არ გადარიცხულა.

განათლების მუშაკთა პროფკავშირი ავრცელებს ხმებს, თითქოს „სოლიდარობის“ წევრები სექტანტური ჯგუფების წევრები არიან, რაც თითოეული მართლმადიდებელი ქართველისთვის და, კერძოდ, პედაგოგოსთვის დიდი შეურაცხყოფაა.

20. 06. 2001 წ.

სოლიდარობის თავმჯდომარეს
ქნ. მანანა ღურჭუმელიძეს
ბაღდათის მთპ- თავმჯდომარის
ნოდარ კოხოძის

ახსნა-განმარტებითი ბარათი

საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი „სოლიდარობის“ ბაღდათის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა 2000 წლის აგვისტოში. მასწავლებელთა უმრავლესობას სურს, გაწევრიანდეს ჩვენს ორგანიზაციაში, მაგრამ მათზე არის გარკვეული ზეწოლა, რათა არ დატოვონ ძველი პროფკავშირი. ამ მიზნით გვივრცელებენ ათასგვარ ჭორებსა და ხმებს. კერძოდ: თითქოს ჩვენი ორგანიზაცია არის იეღოველთა სექტა და შეცდომაში შეგვყავს მასწავლებლები; აგრეთვე, თითქოს, ჩვენ გვაფინანსებენ საზღვერგერეთის ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მოწადინებული არიან, ჩვენს ქვეყანას ზიანი მიაყენონ და დაანგრიონ.

განათლების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ადგილობრივი გაზეთით უკიჟინებს პედაგოგებს და დირექტორებს, რომ ჩვენს ორგანიზაციას მომავალი არ აქვს და აფრთხილებს დირექტორებს, გამოაღვიძონ მასწავლებლები და არ დაუშვან მათი „გზის არევა“.

ზოგიერთი დირექტორი შეგნებულად არ აკეთებს საწევრო გადარიცხვებს ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე, რითაც გარკვეულ სიძნელეებს გვიქმნიან.

საქ. მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი
სოლიდარობის თავმჯდომარეს
-. მანანა ღურჭუმელიძეს
მარტვილის მთპ სოლიდარობა თავმჯდომარის
შორენა იობიძის

მოხსენებითი ბარათი

მარტვილის რაიონში ორგანიზაცია შეიქმნა 2000 წლის 6 ოქტომბერს. ამ დღიდან 1 იანვრამდე წევრთა რაოდენობა გაიზარდა 105-მდე. ამან გამოიწვია განათლების მუშაკთა პროფკავშირის აგრესია. განათლების მუშაკთა პროფკავშირმა დაიწყო ჩვენი წევრების ინდივიდუალური დაკითხვები და დაშინებები, რასაც მხარს უჭერდნენ რიგი დირექტორები. მასწავლებლებმა ამ ზეწოლას ვერ გაუძლეს და ისინი ძველ პროფკავშირებში გადავიდნენ

„განათლების მუშაკთა პროფკავშირი“ დღესაც ამ მეთოდით გვებრძვის და ცდილობს, არ გადმოგვირიცხოს საწევრო ანარიცხი. ცდილობს ასევე გაავრცელოს სხვადასხვა გაგონილი ამბები, რითაც ფიქრობენ, ავტორიტეტი შეულახონ ქალბატონ მანანას და პირადად მე.

10. 05. 2001 წ.

საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი
პროფკავშირის სოლიდარობა თავმჯდომარეს
-. მანანა ღურჭუმელიძეს

ბორჯომის მთპ- თავმჯდომარის

მოხსენებითი ბარათი

ბორჯომში მთპ-ის ჩამოყალიბების შემდეგ სკოლაში, გაკვეთილის დაწყებამდე, თანამშრომლებს მოვუთხრობდი თავისუფალი პროფკავშირის დაფუძნების შესახებ, მაგრამ სამასწავლებლოში შემოსულმა განათლების განყოფილების გამგემ უხეშად შემაწყვეტინა - აქ რა აგიტაციას ეწევიო. როცა სხვა მასწავლებლებიც ჩაერივნენ, მან ჩემთან ცალკე დალაპარაკება არჩია და დირექტორის კაბინეტში ვისაუბრეთ. მე შევეცადე ამეხსნა საქმის ვითარება, მაგრამ უშედეგოდ. განაწყენდა იმის გამო, რომ ბორჯომში მთპ ჩამოყალიბდა მისი ბრძანების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვევით ავუხსენი ჩვენი ორგანიზაციის კანონიერების შესახებ, დაიჟინა, რატომ მე ან დირექტორს არ გვკითხეთ, ორგანიზაციას რომ ქმნიდითო; მე მხოლოდ ერთ, განათლების მუშაკთა პროფკავშირს ვცნობ და თქვენ არ მოგემსახურებითო...

საქ. მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის
თავმჯდომარეს -. მანანა ღურჭუმელიძეს,
მარტვილის რაიონის მთპ თავმჯდომარის
სულიკო იობიძის

განცხადება

28 სექტემბერს ვიყავი ნახურცილაოს ცხრაწლიან სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი ჩაშლილია საერთოდ. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ მარტო მასწავლებლების ინტერესების დამცველი არ ვართ. არ შეიძლება მასწავლებლების ინტერესებს ვანაცვალოთ აღსაზრდელების ბედი.

აღნიშნულ დღეს მთპ „სოლიდარობის“ რიგებში გაწევრიანდნენ ცისანა შელაია, ნაზი ქადარია და ნარგიზა ჯგერენაია. იმ დღეს სკოლაში დირექტორი არ იყო. მეორე დღეს დირექტორმა თამაზ ქადარიამ განცხადების ფურცლები დახია, მასწავლებლები დააშინა და დააბრუნა განათლების მუშაკთა პროფკავშირში.

29. 10. 2001.

იყო შემთხვევები, როცა „სოლიდარობის“ აქციები ხელისუფლებამ პოლიციის დახმარებით აღკვეთა. მაგალითად, 2000 წლის ივნისში პოლიციამ გზა გადაუკეტა მიკროავტობუსს, რომლითაც „სოლიდარობის“ წევრები ბაღდათის რაიონში მიდიოდნენ მასწავლებლებთან შესახვედრად, მანქანიდან ჩამოყარა ისინი და არ მისცა ბაღდათში ჩასვლის საშუალება. ამ დროს „სოლიდარობის“ წევრებს თან ახლდა ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის წარმომადგენელი, კონგრესის განათლების კომისიის წევრი და პრეზიდენტ კლინტონის მრჩეველი განათლების საკითხებში, პატრიცია დენ სლო.

მეორე მხრივ, განათლების ორ პროფესიულ კავშირს შორის კონკურენციამ დადებითი შედეგიც გამოიღო: „განათლების მუშაკთა პროფკავშირმა“ ამჟამად მუშაობა დაიწყო კოლექტიური ხელშეკრულების მომზადებაზე, რომელიც სახელმწიფოსა და მასწავლებლებს შორის უნდა დაიდოს. ამ ხელშეკრულების თანახმად, მასწავლებლის ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ შეიძლება იყოს.

6.3 აღმსარებლობის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდში ნათლად გამოჩნდა ტენდენცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რელიგიურ უმცირესობათა მიმართ: ერთი მხრივ, პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი ადმინისტრაცია აკეთებენ სპეციალურ განცხადებებს რელიგიური შეუწყნარებლობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი ცდილობენ, კანონიერი სახე მისცენ რელიგიურ უმცირესობათა დევნის იმ პრაქტიკას, რაც საქართველოში ფაქტობრივად ხორციელდება.

პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ანტიექსტრემისტული განცხადებები, როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის სახელმწიფოთა იმ კრიტიკის საპასუხოდ კეთდება, რაც სულ უფრო მძაფრ ტონალობას იძენს. მაგალითად, 2002 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის წევრი 16 სენატორისა და კონგრესმენის წერილი, რომლებიც ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, პირდაპირ სდებენ ბრალს პრეზიდენტ შევარდნაძეს და მის ხელისუფლებას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევაში. წერილში ნათქვამია:

ჩვენ შეწუხებული ვართ რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების მიმართ ორგანიზებული ძალადობრივი აქტებით და გვინდა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება თქვენი მთავრობის აშკარა უუნარობის გამო, ბოლო მოუღოს თავდასხმებს და უზრუნველყოს ადეკვატური ზომები. ასეთი უხეში დარღვევების დაშვება აზრს უკარგავს საქართველოს, როგორც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ გთხოვთ თქვენ, გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები ყველა ქართველის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

უკვე ორ წელზე მეტია, რაც ბრბო თავს ესხმის რელიგიური უმცირესობებს. პოლიცია ხშირად უარს ამბობს შეაჩეროს თავდამსხმელები ან მონაწილეობს კიდეც ძალადობაში. 1999 წლის ოქტომბრიდან იეჰოვას მოწმეების მიმართ ადგილი ჰქონდა დაახლოებით 80 თავდასხმას, რომელთაც უმეტესად ხელმძღვანელობდა განკვეთილი მართლმადიდებელი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი. სხვა რელიგიური უმცირესობებიც გახდნენ მკალავიშვილის სამიზნე, მათ შორის, ორმოცდაათიანელები, ევანგელური ეკლესია და ბაპტისტთა კავშირის სამლოცველო. ჩვენ გვაქვს მოხსენებები იმის შესახებ, რომ რელიგიურ სამსახურებს თავს დაესხნენ, ადამიანებს ათრევდნენ თმებით, სცემდნენ მუშტებით, ხელკეტებით და ფეხებით. იეჰოვას მოწმეების ავტობუსები შეჩერებულ იქნა და მათ თავს დაესხნენ. დღევანდელი დღისთვის ეს აგრესიული აქტები რჩება დაუსჯელი, მიუხედავად იმისა, რომ 700-მდე საჩივარია შეტანილი.

იმ დროს, როდესაც 2002 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებამ მკალავიშვილის და ერთ-ერთი ლეიტენანტის მიმართ ორი თავდასხმისთვის სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ გარკვეული იმედი მოგვცა, ეს იმედიც ძალიან მალე გაქარწყლდა. საქმე, რომელიც გადაეცა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს, აღძრულია მცირე დანაშაულებისთვის, რაც შეეხება ძირითად მოსმენას, მისი გადადება მოხდა ხუთჯერ მკალავიშვილის ბრბოს გამო, რომელიც, ხანდახან, ასეულობით ადამიანს ითვლიდა და გარს ერტყმოდა სასამართლოს შენობას. რადგან პოლიცია უარს ამბობდა უზრუნველეყო შესაბამისი უსაფრთხოება, ადვოკატებმა ითხოვეს სასამართლოს დახმარება, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოებისთვის საკმარისი იყო ათი პოლიციელი, იმ დროს, როდესაც მკალავიშვილის მომხრეების სასამართლოზე დასწრება არანაირად არ იზღუდებოდა...

ცხადია, საქართველოს მთავრობას შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი უსაფრთხოება ასეთი შეკრების დროს, მაგრამ თქვენი მთავრობა არ იღებს ეფექტურ ზომებს, რათა შეაჩეროს პიროვნებები და ჯგუფები რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის გამოყენებისგან. მკალავიშვილის და, აგრეთვე, სხვა კრიმინალების მიერ განხორციელებული აგრესიისათვის წინააღმდეგობის გაუწევლობა მუდმივად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო, ბოლო მოუღოთ ამ თავდასხმებს და, საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხელი შეუწყოთ და დაიცვათ რელიგიის თავისუფლება. ჩვენ გთხოვთ, უზრუნველყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მოქმედებებში მხილებული პირების დასასჯელად, ჩაატაროთ სერიოზული გამოძიება, რითაც ცხადი გახდება, რომ ასეთი ძალადობა შეწყნარებული არ იქნება.

წერილის გამოქვეყნებისთანავე, 20 მაისს, ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მომხრეებმა ჯერ აშშ საელჩოსთან მოაწყვეს აქციები, შემდეგ სახალხო დამცველის ოფისთან, პრეზიდენტს კი ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობითა და დესტაბილიზაციით დაემუქრნენ.

2002 წლის 9 ივნისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამოქვეყნა ამერიკელი კონგრეს მენებისადმი მიმართული საპასუხო წერილი. შევარდნაძემ მორიგ ჯერზე დაგმო რელიგიური ექსტრემიზმი და პირობა დადო, რომ მიიღებს ყველა ზომას ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ოღონდ, ამავე წერილში პრეზიდენტმა სცადა, საზოგადოებას გადააბრალოს რელიგიური ექსტრემიზმის წარმოშობა, ექსტრემისტთა დაუსჯელობა და შეუწყნარებლობის პროპაგანდა, რაც მთლიანად სახელმწიფოს დამსახურებაა. პრეზიდენტი წერს:

...მე ბევრჯერ შევხებივარ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: მკაცრად ვგმობ რელიგიურ ექსტრემიზმსა და რელიგიით მოტივირებულ ნებისმიერ ძალადობას. ასეთი გამოვლინებანი აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. საქართველო მუდამ ამაყობდა თავისი ტოლერანტობით და ეს ტრადიცია მომავალშიც აგრძელდება.

რომ აგიხსნათ, თუ რამ განაპირობა რელიგიურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის გამოვლინება, მიზანშეწონილად მიმაჩნია, განვმარტო ამ მოვლენის მიზეზები. საქმე ის არის, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში და თვით ქართველი ერის გადარჩენაში. ეს დამოკიდებულება ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ეს არის მიზეზი, რატომ აქვს ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელიც აღიქმება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედად და ერის კულტურული და ისტორიული ტრადიციების დაცვის საფუძვლად. საქართველოში ცხოვრობენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ასიათასობით მაჰმადიანი, გრიგორიანელი, კათოლიკე, იუდეველი, რომლებთანაც მართლმადიდებლებს, ისევე, როგორც თვით ქართულ სახელმწიფოს, სერიოზული პრობლემები არ ჰქონია და არა აქვს.

რაც შეეხება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების შემოსვლას საქართველოში, ეს შედარებით ახალი მოვლენაა და ბევრი რამ ჩვენთვის მოულოდნელი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად განეწყო არატრადიციული რელიგიური ჯგუფების მიმართ, რადგან, მათი აზრით, ეს ჯგუფები მოწოდებული არიან, შეარყიონ სახელმწიფოს საძირკველი. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ დრო გვჭირდება ასეთი მენტალიტეტის შესაცვლელად და, დარწმუნებული ვარ, ეს დროის საქმეა მხოლოდ.

მჯერა, ეს არის ძირითადი პირობა რელიგიურად მოტივირებული ექსტრემიზ მის აღმოსაფხვრელად და იმ შემწყნარებლობის აღსადგენად, რომელსაც ზემოთ შევეხე. მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული რელიგიური ჯგუფების საქმიანობა სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი კანონის მიღებით.

ცხადია, არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ძალადობრივი აქტების გასამართლებლად. ყოველი ასეთი აქტი დანაშაულია და ისჯება კანონმდებლობით. პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული. იგივე ითქმის სამართალდაცვის ორგანოების თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და არ აღკვეთენ დანაშაულებრივ მოქმედებებს, რა მოტივითაც უნდა იყოს ჩადენილი ისინი.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველა ღონეს იხმარს, რათა აღმოფხვრას რელიგიურად მოტივირებული ექსტრემიზმის ყველა შემთხვევა. შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია და მომავალშიც მიიღება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისა და მათი დასჯისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად...

უნდა ითქვას, რომ შარშან, 2001 წლის 22 მარტსაც გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება №222 „დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც პროკურატურას, სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, ბოლო მოეღოთ რელიგიური მოტივით ჩადენილი ძალადობისთვის და მიეღოთ საგანგებო ზომები დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით. შედეგი არც ამ ბრძანებულებას მოჰყვა.

პრეზიდენტის 9 ივნისის წერილის გამოქვეყნებას კვლავ მოჰყვა ბასილ მკალავიშვილის აქციები. 10 ივნისს მკალავიშვილმა საჯაროდ დაწვა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“ და ანათემას გადასცა სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი: „წყეული იყოს, სამუდამოდ მოკვეთილი, შიშითა და ოხვრით დადიოდეს ქვეყანაზე და მისი წყევლა შვიდ თაობაზე გადადიოდეს…“ - საჯაროდ გაჰყვიროდა მკალავიშვილი.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ რელიგიური უმცირესობების არსებობით გამოწვეული შეშფოთება უფრო მკვეთრად გამოხატა 2002 წლის 20 მაისის რადიოინტერვიუში. პრეზიდენტმა რელიგიური ექსტრემიზმის აღმოფხვრა რელიგიის შესახებ კანონის მიღებას დაუკავშირა, თუმცა, დღეს საქართველოში არსებული რელიგიური ექსტრემიზმი და რელიგიურ უმცირესობათა დევნა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და მას რაიმე კავშირი რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან არა აქვს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა რელიგიური ექსტრემიზმის არსებობა „არატრადიციული“ რელიგიური მიმდინარეობების საქმიანობითა და კანონის არარსებობით გაამართლა:

ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის მოქმედება, ხშირ შემთხვევაში, ხელყოფს ადამიანის უფლებებს, რაც ჩვენი საზოგადოების, მათ შორის, ინტელიგენციის, საქართველოსათვის ტრადიციულ რელიგიათა მიმდევრების სამართლიან შეშფოთებას იწვევს...

ამ სფეროში მრავალი პრობლემის მიზეზი სწორედ კანონის არარსებობაა. ჩემი თხოვნით იუსტიციის სამინისტრო მუშაობს კანონის ასეთ პროექტზე. სასურველია, ეს საქმიანობა წარიმართოს საზოგადოების, სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლების მონაწილეობით... [კანონი] სათანადო იურიდიულ გარანტიებს შეუქმნის რელიგიურ უმცირესობებს, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით. კანონი დაიცავს ადამიანებს ყოველგვარი ზემოქმედებისა და ძალადობისაგან ტრადიციული რელიგიის მიმდევართა, თუ პირიქით, რელიგიური უმცირესობის, სხვადასხვა მიმდინარეობის მხრიდან...

პრეზიდენტის ასეთი განცხადებები, აღიქმება, როგორც პირდაპირი მოწოდება რელიგიურ უმცირესობათა დევნისა და შევიწროებისკენ. ამიტომაც არის, რომ განსახილველ პერიოდშიც გრძელდებოდა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებები, რაც ისევე დაუსჯელი დარჩა, როგორც წინათ.

მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2002 წლის 17 მაისის ¹240 ბრძანებულებით იუსტიციის სამინისტროს დაავალა, შეემუშავებინა და 15 ივლისამდე მისთვის წარედგინა კანონპროექტი რელიგიის შესახებ. სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“, რომლის მიღებაც სერიოზულად გაართულებს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.

  • კანონპროექტი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ

პროექტი, დეკლარირების დონეზე, აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას რელიგიისადმი მათი დამოკიდებულების მიუხედავად, რელიგიური გაერთიანებების დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან და მათ თანასწორობას კანონის წინაშე, ამასთან აცხადებს, რომ კანონმდებლობით უნდა იქნას უზრუნველყოფილი სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება და უნდა დაწესდეს პასუხისმგებლობა მისი დარღვევისთვის. მაგრამ, ამ ზოგადი დეკლარაციის შემდეგ კანონპროექტი სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს რწმენის თავისუფლებას. კანონპროექტის მეოთხე მუხლში - „სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება“ - იუსტიციის სამინისტროს შემოაქვს „არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის“ ცნება: დაუშვებელია არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი - რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისადმი ანდა კონფესიისადმი ახალი წევრების მიზიდვის მიზნით მატერიალური ანდა სოციალური შეღავათების შეთავაზება ან იგივე მიზნით პირზე ფსიქიკურ- იდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის განხორციელება მისი მხრიდან აშკარად გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე (მუხლი 4,7).

მოცემული ფორმულირებით იზღუდება სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მოიცავს რელიგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში, საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას - გამომჟღავნოს თავისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით. არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის ცნების შემოტანით იზღუდება როგორც რელიგიის ან რწმენის თავისუფალი გამომჟღავნებისა და სწავლების თავისუფლება, ისე რელიგიური გაერთიანებების უფლება, გამოიჩინონ სოციალური აქტივობები, კერძოდ, ჩაატარონ საქველმოქმედო საქმიანობა, რადგან ამგვარი საქმიანობა ყოველთვის შეიძლება მოინათლოს არაკეთილსინდისიერ პროზელიტიზმად. ფაქტობრივად, პროექტის ეს მუხლი ეწინააღმდეგება მე-19 მუხლს, რომლის თანახმადაც რელიგიურ გაერთიანებებს უფლება აქვთ, ეწეოდნენ საქველმოქმედო საქმიანობას როგორც უშუალოდ, ისე კავშირების (ასოციაციების) და ფონდების მეშვეობით.

რაც შეეხება ამ კონტექსტში „იდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის“ გაჩენას, ეს აბსოლუტური ნონსენსია და ნათლად აჩენს სახელმწიფოს სურვილს, სრულად გააკონტროლოს და, სურვილის შემთხვევაში, კანონის საფუძველზე შეზღუდოს ან სულაც აკრძალოს ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის აქტივობა, რომელიც მიმართულია საკუთარი რწმენის სწავლებისა და გავრცელებისკენ.

პროექტის თანახმად, არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი შეიძლება გახდეს რელიგიური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი, თუმცა, კიდევ უფრო სახიფათოა პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, კოდექსს უნდა დაემატოს 155-1 მუხლი, რომლის თანახმადაც არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

პრაქტიკულად, კანონით იმის განსაზღვრა, რატომ ეხმარება ერთი ადამიანი მეორეს - ახალი წევრების მიზიდვის მიზნით თუ, უბრალოდ, კეთილი ნების გამო, შეუძლებელია. არსებული ფორმულირებით კი, ადამიანი შეიძლება 2 წლით აღმოჩნდეს ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მან ქველმოქმედების გაწევა გადაწყვიტა. ეს მაშინ, როცა ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები, ასეულობით ადამიანის ცემის, დაზიანების, სხვისი საკუთრების განადგურებისა და მითვისების მიუხედავად, არათუ არ დასჯილან, არამედ ხელისუფლება არც ცდილობს, აღკვეთოს მათ მიერ კანონის დარღვევა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონის ეს მოთხოვნა პირდაპირ შეიძლება გახდეს ხელისუფლებისთვის არასასურველი რელიგიური მიმდინარეობების შეზღუდვის საფუძველი, მაშინ, როდესაც ხელისუფლების „პროტექტორატის“ ქვეშ მყოფ რელიგიურ გაერთიანებებს ეს არ შეეხება.

აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს შეიცავს პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, კოდექსის 199-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: რელიგიური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის მიერ რელიგიური გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციისგან თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ფაქტობრივად, კანონპროექტის ხსენებული მუხლის თანახმად, თუ რომელიმე რელიგიური მიმდინარეობა ეცდება, რომ რეგისტრაციის გარეშე წარმართოს თავისი საქმიანობა, ის კანონის საფუძველზე უნდა დაისაჯოს. ამით, რეალურად, იზღუდება როგორც რწმენის თავისუფალი გამომჟღავნების შესაძლებლობა, ისე ახალი რელიგიური მიმდინარეობის გაჩენის შანსი. კანონპროექტის თანახმად, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისთვის საჭიროა, მინიმუმ, 50 მიმდევარი პირის ხელმოწერა მათი გვარის, სახელის, მოქალაქეობის, დაბადების თარიღისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით. ანუ, ფაქტობრივად, თუკი გაჩნდება ახალი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც ჯერ არა ჰყავს 50 მიმდევარი, მას ეკრძალება საქმიანობის წარმართვა - სწავლება, რიტუალების შესრულება და სხვა. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, 50 მიმდევრის გაჩენაც სათუო ხდება და შეუძლებელს ხდის ახალი რელიგიური მიმდინარეობის გაჩენას, ან ამ მიმდინარეობის ლიდერებს აიძულებს, მოღვაწეობის დასაწყისშივე კანონის დარღვევით წარმართონ თავიანთი საქმიანობა.

ასევე დისკრიმინაციულია პროექტის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც რელიგიური გაერთიანება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს არანაკლებ 50 წლის განმავლობაში, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისას თავის დასახელებაში შეიტანოს სიტყვა საქართველო, საქართველოს და მისგან ნაწარმოები სიტყვები“. თავისთავად, არავის აქვს უფლება, სიტყვა „საქართველოს“ მონოპოლიზება მოახდინოს, მისი გამოყენების უფლების შეზღუდვა კი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ახალ რელიგიურ მიმდინარეობებს. თანაც, ეს ეწინააღმდეგება იმ რელიგიურ პრინციპს, რასაც ქრისტიანული ტრადიცია ეფუძნება: ეკლესია, მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ტერიტორიული პრინციპით არსდებოდა და თითოეულ ეკლესიას სახელი იმ ტერიტორიის მიხედვით ეწოდებოდა, სადაც ხდებოდა მისი დაფუძნება.

პროექტი ითვალისწინებს იმ რელიგიური მიმდინარეობების შეზღუდვას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად (მუხლი 1271), ისეთი რელიგიური ჯგუფის ორგანიზება ანდა ხელმძღვანელობა, რომლის მიერ რელიგიური შეხედულებების (მრწამსის) ქადაგების, რელიგიური რიტუალის შესრულების ანდა დაცვის მიზეზით განხორციელებული საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

რეალურად, ამ ნოვაციის საფუძველზე თავისუფლად შეიძლება აიკრძალოს „იეჰოვას მოწმეების“ რელიგიური მიმდინარეობა, საბაბად კი, ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის გადასხმაზე უარის თქმა. დღევანდელ საქართველოში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ პროექტში ამ მუხლის გაჩენა სწორედ „იეჰოვას მოწმეების“ არსებობასთან არის დაკავშირებული და მათი შეზღუდვისკენ არის მიმართული, თუმცა, სხვა პოლიტიკური კონიუნქტურის არსებობის შემთხვევაში კანონის იგივე მუხლი შეიძლება სხვა რელიგიური მიმდინარეობების მიმართაც იქნეს გამოყენებული.

კანონპროექტი ზღუდავს გაერთიანების თავისუფლებას, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ეროუპული კონვენციის მე-10 მუხლით. კერძოდ, პროექტის თანახმად, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისთვის, მინიმუმ, 50 კაცის ხელმოწერაა საჭირო, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისგან თავის არიდება კი კანონით ისაჯება. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს სპეციალური საბჭოს შექმნას, რომელიც გადაწყვეტს, ვის შეიძლება მიენიჭოს რელიგიური გაერთიანების სტატუსი და ვის - არა. თანაც, პროექტში არაფერია ნათქვამი იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც საბჭოს წევრებმა უნდა იხელმძღვანელონ. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ეს პროექტი სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას.

კანონპროექტის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფო რელიგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია შეიძლება თუ არა დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური გაერთიანება. კანონი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს, რა განსაზღვრავს ორგანიზაციის რელიგიურობას და ვინ შეიძლება იყვნენ ექსპერტები, ამდენად, კანონის ეს მოთხოვნაც საკმაო საფრთხეს შეიცავს, რომ რელიგიურ მიმდინარობათა უფლებები შეიზღუდება.

  • გურამ შარაძე უპატრონო მოხუცებულთა სახლის წინააღმდეგ

2002 წლის 2 მაისს პარლამენტის წევრი გურამ შარაძე და მისი ორმოცამდე მიმდევარი თბილისთან ახლოს, სოფელ ზურგოვანში მშენებარე უპატრონო მოხუცებულთა სახლს მიუვარდნენ და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. უპატრონო მოხუცებულთა სახლს საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბეთელი“ აშენებს.

გურამ შარაძემ მშენებლობის დამტკიცებული გეგმა მოითხოვა, განაცხადა, რომ ამოიწერდა პროექტის ავტორებისა და ნებართვების გამცემთა გვარებს და მათ პასუხს მოსთხოვდა, რადგან, მისი თქმით, „ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ყიდის...“

ერთი წლის წინ, 2001 წლის აპრილში ამავე მშენებლობას ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები მიუვარდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს მშენებლობის გაჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მშენებლობის დარბევით დაიმუქრნენ. მცხეთის რაიონის პოლიციამ მაშინ მშენებლობის დაცვაზე უარი განაცხადა.

მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოხუცებულთა სახლი 40-მდე უპატრონო მოხუცებულს უნდა მოემსახუროს.

  • იეჰოვას მოწმეების შეკრება სოფელ ორთაშენში

2002 წლის 16 ივნისს გორის რაიონის სოფელ ორთაშენში იეჰოვას მოწმეების 2000-კაციანი შეკრება მოეწყო. ამ შეკრების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღება მოსთხოვა, რათა მსგავსი თავყრილობები სხვა დროს აღარ გაიმართოს, გორისა და სამთავისის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) კი ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობით ახსნა ის ფაქტი, რომ ორთაშენში ამ შეკრების ჩატარება შესაძლებელი გახდა.

თავისუფლების ინსტიტუტის გორის ოფისის წარმომადგენლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გორის რაიონის შს სამმართველოს უფროსი უშანგი მგელაძე ამ შეკრების შემდეგ დაიბარეს შს სამინისტროში და საყვედური უთხრეს იმის გამო, რომ მან შესაძლებლობა მისცა იეჰოვას მოწმეებს, ხსენებული შეკრება ჩაეტარებინათ.

საქართველოს საპატრიარქომ იეჰოვას მოწმეების შეკრებას „პროვოკაციული ქმედება“ უწოდა, საპატრიარქოს პრესცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ცხოვრებაძემ კი, ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: რასელისტთა (იეჰოვას მოწმეების) სურვილია, ასეთი თავყრილობებით ხელოვნურად გამოიწვიონ ურთიერთდაპირისპირება საზოგადოებაში და გააჩაღონ ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია, რომელიც აქამდე მხოლოდ მკალავიშვილის დაჯგუფებასთან კონფლიქტით შემოიფარგლებოდა.

ამ ეტაპზე გორის რაიონში თავიდან იქნა აცილებული საზოგადოებაში ძალადობრივი ურთიერთდაპირისპირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასელისტთა მსგავსი თავყრილობები მომავალშიც ასეთივე შედეგით დასრულდება, ვინაიდან, ამ სექტის წარმომადგენელთა აშკარად გამომწვევი მოქმედება საქართველოს მოსახლეობაში სულ უფრო მზარდ პროტესტს იწვევს. ამავე დროს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მათ მიერ პროვოცირებული კონფლიქტების მიზანია, მოაჩვენონ თავი საერთაშორისო საზოგადოებრიობას დევნილებად და ჩაგრულებად, და, ამავე დროს, შელახონ საქართველოს, როგორც ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ამ დესტრუქციულმა სექტამ უნდა შეწყვიტოს აგრესიული ქმედობა. აღმსარებლობის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აღნიშნული სექტის პროვოკაციულ გამოხდომებთან და პარპაშთან. საქართველოს საპატრიარქო, როგორც ყოველთვის, კვლავაც მიუღებლად თვლის ძალისმიერ მეთოდებს, მაგრამ, ამავე დროს, აცხადებს რეალური საფრთხის შესახებ - რასელისტთა მსგავსი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია უმართავი პროცესების განვითარება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნულ სექტას.

ორთაშენის შეკრებამდე იეჰოვას მოწმეებს სურვილი ჰქონდათ, რომ ანალოგიური შეკრება თბილისში, სპორტის სასახლეში ჩაეტარებინათ, მაგრამ მათ ხელისუფლებამ ამის ნება არ მისცა. ამ შეკრების წინააღმდეგ აქტიურად გაილაშქრეს საქართველოს საპატრიარქომ, ბასილ მკალავიშვილმა და დეპუტატმა გურამ შარაძემ. საპატრიარქოს აზრით, ამგვარი შეკრებების აკრძალვა რელიგიის შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს: იეჰოვას მოწმეები პროვოკაციულად იქცევიან, რათა კონფლიქტში ჩაითრიონ მოსახლეობა და დარაზმონ უცხოეთის ქვეყნების საზოგადოებრივი აზრი, თითქოს მათ დევნიან, მაშინ როდესაც სწორედ ჩვენ ვერ დაგვიცავს თავი რასელისტებისაგან. და ყოველივე იმის ბრალია, რომ პარლამენტს დღემდე არ მიუღია კანონი რელიგიის შესახებ. ეს კანონი დროულად უნდა იქნას მიღებული, სანამ საშიში სექტების თავყრილობები მძიმე შედეგებით არ დასრულებულა, - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა გიორგი ანდრიაძემ.

სამაგიეროდ, 2002 წლის 19 ივნისს გურამ შარაძემ თბილისის სპორტის სასახლეში გამართა მოქალაქეთა შეკრება დევიზით „გადავარჩინოთ მართლმადიდებლობა“. შეხვედრაზე იყვნენ ბასილ მკალავიშვილი, მისი მიმდევრები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. შეხვედრას, ხანგრძლივი რეკლამირების მიუხედავად, დაახლოებით, 2000 კაცი დაესწრო, რითაც გამოჩნდა, რომ უკიდურეს ექსტრემისტულ იდეებს საქართველოში არცთუ ბევრი მიმდევარი ჰყავს.

  • სასამართლომ ბასილ მკალავიშვილი გაათავისუფლა

2002 წლის 1 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოში გაიმართა პროცესი, რომელსაც უნდა გაერკვია, რა აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებდნენ ბასილ მკალავიშვილს 2002 წლის 10 მარტს პოლიციელთა დაკავებისათვის. საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა - წინასწარი პატიმრობა სამი თვის ვადით - და ძალაში დატოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება: აღმკვეთ ღონისძიებად პოლიციის ზედამხედველობის შეფარდება.

პროცესის მიმდინარეობის დროს მკალავიშვილის მრევლი, დაახლოებით 200- მდე ადამიანი, საოლქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბა და იქ ელოდა მოსამართლე ომარ ჯორბენაძის გადაწყვეტილებას. ეჭირათ ორი ტრანსპარანტი: „სტუდენტები მხარს ვუჭერთ მამა ბასილს“ და „არ დავუშვებთ მამა ბასილის დაპატიმრებას“. მკალავიშვილს იცავდნენ ადვოკატები - ქართლოს ღარიბაშვილი და ხათუნა სალუქვაძე. გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურატურიდან ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ მერაბ გალოგრე და ზურაბ საძაგლიშვილი.

მკალავიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით - „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, რომელიც 5 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. დანაშაულს ამძიმებს აღნიშნული ქმედების ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ან ორი და მეტი პირის მიერ. ასეთ შემთხვევაში სასჯელი 3-დან 10 წლამდეა.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სასამართლო განხილვისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და, ამდენად, მოსამართლეს საერთოდ არ ჰქონდა საჩივრის განხილვის უფლება; კერძოდ, სასამართლო პროცესი დაიწყო საოლქო სასამართლოში ბრალდების მიერ შუამდგომლობის წარდგინებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ. 72 საათი გავიდა 1 აპრილს, დღის 12 საათზე. პროცესი კი ერთი საათის დაგვიანებით, 13 საათზე დაიწყო.

გარდა ამისა, მკალავიშვილს უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიება სხვა საქმის გამო: შარშან ვაკე-საბურთალოს სასამართლომ მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა. ადვოკატ ხათუნა სალუქვაძის თქმით, ორჯერ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ შეიძლება და, თუ ეს საკითხი ბრალდებულის მიმართ კვლავ წამოიჭრა, იმავე სასამართლომ უნდა განიხილოს, ვინც პირველმა შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიება.

მოსამართლე ომარ ჯორბენაძემ არ გაიზიარა ადვოკატთა არც ერთი არგუმენტი და, ამის მიუხედავად, ძალაში დატოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული მოსამართლის, იამზე მარიამიძის გადაწყვეტილება მკალავიშვილისთვის პოლიციის ზედამხედველობის შეფარდების შესახებ. ჯორბენაძეს თავისი არგუმენტი ჰქონდა, კერძოდ, ის, რომ მკალავიშვილი აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. სასამართლო ითვალისწინებს ამ გარემოებას და მიიჩნევს, რომ დაპატიმრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ორივე პროკურორი ღიმილითა და ყოველგვარი პროტესტის გარეშე შეხვდა. საქართველოში შეიქმნა პრეცედენტი, რომ პოლიციელთა დაკავება, მათთვის ტანსაცმლის შემოძარცვა და იარაღის წართმევა შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

  • ბასილ მკალავიშვილი პირველი სტერეოს წინააღმდეგ

2002 წლის 7 მაისს, 17.30 საათზე ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ოფისს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მკალავიშვილის მომხრეები შეიარაღებულები იყვნენ. თავდამსხმელები კვლავ ითხოვდნენ ევანგელისტური ხასიათის რელიგიური გადაცემის შეწყვეტას. ისინი ფიზიკურად შეეხნენ ტელეკომპანიის კომერციულ დირექტორს ნიკო მჭედლიშვილს და მოკვლითაც დაემუქრნენ. ტელეკომპანიაზე პირველი თავდასხმა ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მომხრეებმა 2002 წლის 25 იანვარს მოახდინეს. მკალავიშვილი და მისი მრევლი იმუქრებოდნენ, რომ თუ ტელეკომპანია ხსენებულ გადაცემათა ციკლს არ შეწყვეტდა, მის ქონებას გაანადგურებდნენ.

ტელეკომპანიის ეზოში წესრიგის დასაცავად მისული პოლიციის რაზმის ხელმძღვანელი, წოდებით პოლკოვნიკი, ბასილ მკალავიშვილს ხელზე ემთხვია და მისთვის ხელის შეშლა არც უფიქრია.

  • დეპუტატი ლევან პირველი იცავს ბასილ მკალავიშვილს

ბასილ მკალავიშვილის დასაცავად ხმამაღალი განცხადება გააკეთა დეპუტატმა ლევან პირველმა. იდეა, რასაც ის კაცი [ბასილ მკალავიშვილი] ემსახურება, თითოეული ჩვენგანის განსახორციელებელია, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. რატომღაც ვეგუებით იეღოველებს და მათ დამანგრეველ იდეოლოგიას. ასეთ ვითარებაში მამა ბასილია ერთადერთი კაცი, რომელიც იბრძვის და რომელიც ყოველთვის ვეღარ იბრძოლებს ჩვენ მაგივრად... [მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას] არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ. მე მოვითხოვ, პირველ რიგში, საქართველოში არსებული სექტანტების წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თუ ეს სექტანტები დაისჯებიან, მერე მამა ბასილს პირადად მოვუწოდებ, ცოტა წესიერად მოიქცეს. სახელმწიფო თუ შეასრულებს თავის ფუნქციას, მამა ბასილს აღარ დასჭირდება ასეთი ქცევა.

თავად ბასილ მკალავიშვილმა გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში (7 აპრილი, 2002 წელი, ¹ 94) სიამაყით აღნიშნა: [სექტანტებთან] ამ 7 წლიანი ბრძოლით შევძელი ის, რომ დღეს ისინი მრავალათასიან კონგრესებს ვერ მართავენ. მე ქართველ ერს დავანახე, რა საშიშროებას წარმოადგენს დღეს იეღოველთა სექტა. მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, როცა 1 აპრილს საოლქო სასამართლომ არ დამაპატიმრა. ყველას ეგონა, რომ დამაპატიმრებდნენ... როგორც კი გაიგეს, რომ ხალხი ჩამოვიდა სამაჩაბლოდან, ზუგდიდიდან, რუსთავიდან, შეგვიერთდა სტუდენტობა, შეეშინდათ და გადაწყვიტეს პატიმრობაში არ ავეყვანე.

  • ბასილ მკალავიშვილი იცავს სოსო ალავიძეს

2 აპრილს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ ბრალი დასდო თბილისის პოლიციის ყოფილ უფროსს სოსო ალავიძეს, რომ ის ბასილ მკალავიშვილს გადასცემდა ინფორმაცია, თუ სად აპირებდნენ იეჰოვას მოწმეები შეკრებების ჩატარებას.

სოსო ალავიძეს გამოექომაგა ბასილ მკალავიშვილი, რომელმაც განაცხადა, თითქოს მისი მრევლის წევრები იეჰოვას მოწმეების სახელით ურეკავდნენ ელენე თევდორაძეს და ასე იგებდნენ მათთვის საჭირო ინფორმაცია: ალავიძე არაფერ შუაში არის. ვაცხადებ, რომ უშუალოდ ელენე თევდორაძისგან ყოველ სამ დღეში ერთხელ ვგებულობდი სად, რა ხდებოდა. ამას ყველაფერს ადამიანის უფლებათა დამცველი თევდორაძე მატყობინებდა. ახლა იეღოველები თევდორაძეს აღარ ენდობიან და არც მე მჭირდება. მისგან ინფორმაციას ვეღარ ვგებულობთ, ამიტომ ვაცხადებ ჩვენს საიდუმლოს ხმამაღლა. ასე გაიშიფრა ჩვენი ელენე თევდორაძე, - განაცხადა მკალავიშვილმა 7 აპრილს „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ალავიძის გამოქომაგებით ბასილ მკალავიშვილმა კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ იგი სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებულად მოქმედებს.

ამავე ინტერვიუში ბასილ მკალავიშვილი კიდევ ერთხელ დაემუქრა სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს, უშიშროების მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში რუსუდან ბერიძეს, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებსა და „რადიო თავისუფლებას“.

  • დიდუბის პოლიცია რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ

2002 წლის 25 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციაში „ბაჰაის კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი საზოგადოების“ ერთ-ერთი წევრი არატრადიციული რელიგიური ორიენტაციის გამო სცემეს. საზოგადოების წევრებმა ამ ეტაპზე ფაქტის გახმაურებისგან თავი შეიკავეს.

  • ამბროლაურის პოლიცია ფილმი იესოს ჩვენებას კრძალავს

2002 წლის 19 აპრილს ქუთაისის სახარებისეული ეკლესიის რამდენიმე წევრმა ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში სკოლის ბავშვებს უჩვენა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ ნათარგმნი ფილმ „იესო“. იმავე დღეს პოლიციელებმა ადგილობრივ მღვდლებთან ერთად გზა გადაუკეტეს სახარებისეული ეკლესიის წევრებს და „საქმის გარჩევა“ დაუწყეს. ნასვამმა პოლიციელებმა მათ მიაყენეს შეურაცხყოფა და დაემუქრნენ, რომ მომავალში თუ მსგავს რამეს გაიმეორებდნენ, მათ „მოუვლიდნენ“. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბროლაურის განათლების განყოფილებაში დაიბარეს სოფელ ბუგეულის სკოლის დირექტორი ალეკო აბუთიძე და სოფელ სადმელის საშუალო სკოლის დირექტორი დავით კერესელიძე, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

  • გრძელდება კათოლიკეთა პროცესი პრეზიდენტის წინააღმდეგ

თბილისის საოლქო სასამართლოში გრძელდება პროცესი - დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირი „სავარდი“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკეებმა სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ 2001 წლის 18 დეკემბერს შეიტანეს. ისინი პრეზიდენტისგან ითხოვენ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, რომლითაც ქუთაისის კათოლიკური ეკლესია, სადაც ამჟამად მართლმადიდებლური მსახურება სრულდება, ისევ კათოლიკურ ეკლესიას დაუბრუნდება.

პირველ სასამართლო პროცესზე კათოლიკეებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც სადავო ეკლესიას იმერეთში მცხოვრები კათოლიკეები 1814- 64 წლებში აშენდებდნენ რომის პაპის დახმარებით, 1864-1939 წლებში კი ამ ტაძარში კათოლიკური მსახურება აღესრულებოდა და იგი „ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის“ სახელობის იყო.

5 აპრილის პროცესზე მოსამართლე ინგა თოდრიამ საქმეში მესამე პირად საქართველოს საპატრიარქო ჩართო. 31 მაისის პროცესზე პრეზიდენტის კანცელარიას და საპატრიარქოს უნდა წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც სადავო ეკლესია (ამჟამად იგი „ხარების“ სახელს ატარებს) მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიერად ეკუთვნის.

31 მაისის პროცესზე პრეზიდენტის კანცელარიამ და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია, რის გამოც პროცესი გადაიდო. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კათოლიკეებთან მოსალაპარაკებლად 5 თვე ითხოვეს, რასაც კათოლიკეები არ დათანხმდნენ. მიუხედავად ამისა, ივნისის განმავლობაში სასამართლო არც ჩატარდა და არც პროცესის ზუსტი ვადა განისაზღვრა.

7 პოლიტიკური უფლებები

▲ზევით დაბრუნება


მოქალაქეთა უფლება, შეცვალონ ხელისუფლება

2 ივნისს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა მოქალაქეთა ერთ-ერთი ძირითადი უფლების - ხმის მიცემის უფლების - უხეში დარღვევა, რაც, ძირითადად, არჩევნების არაორგანიზებულობამ განაპირობა. არჩევნების შემდგომ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება არჩევნებში არ ჩარეულა და რომ სახელმწიფო ორგანოებმა შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტი. სინამდვილეში, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან იყო საბოტაჟი, რამაც არჩევნების დღეს გამოიწვია სრული უწესრიგობა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე და, შედეგად, შეზღუდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლება.

ტექნიკურმა პრობლემებმა არჩევნების ჩასაშლად კარგი პირობები შექმნა. დროულად არ დაიბეჭდა და, შესაბამისად, საარჩევნო უბნებს დაგვიანებით მიეწოდა საარჩევნო ბიულეტენები. კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოიკრა ამომრჩეველთა სიები საარჩევნო უბნებში. ამომრჩეველთა უმეტესობას არ დაურიგდა ამომრჩევლის ბარათი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომელ უბანზე უნდა მიეცა ხმა კონკრეტულ ამომრჩეველს. თბილისში, ბევრ ამომრჩეველს, მათთვის მოულოდნელად, სხვა საარჩევნო უბანზე უწევდა წასვლა იმის გამო, რომ უბნიდან, სადაც იგი ტრადიციულად ხმას აძლევდა, მისი გვარი სხვა საარჩევნო უბანზე იყო გადატანილი. მაგალითად, საბურთალოს მე-12 საარჩევნო უბანი საბურთალოს ქუჩიდან ისე გადაიტანეს ბახტრიონის 24 ნომერში, რომ ამის თაობაზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ არაფერი იცოდა.

საარჩევნო სიების მოუწესრიგებლობამ (ძირითად სიებში არ აღმოჩნდა ამომრჩეველთა დაახლოებით 40%) ამომრჩევლებს არ მისცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, თუმცა, იმავდროულად, არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს შეუქმნა პირობები, გამოეყენებინათ ე.წ. „საარჩევნო კარუსელი“ და ამით ზეგავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, ფოთში „კარუსელის“ დატრიალების ფაქტზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ხოლო სამგორის რაიონში დააკავეს 15 პირი, რომელთაც წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები ჰქონდათ.

საარჩევნო სიებში არ იყო შეტანილი მთლიანი ქუჩები და საცხოვრებელი კორპუსები. ამასთან, სიებში შეყვანილი იყო უამრავი „მკვდარი სული“. მაგალითად, თბილისში, მთაწმინდის მე-2 საარჩევნო უბანზე, ძირითად სიაში შეტანილი აღმოჩნდა 20-ზე მეტი გარდაცვლილის გვარი. „მკვდარი სულები“ დაფიქსირდა ისნის რაიონის 1-ლ, მე-2 და მე-5 საარჩევნო უბნების სიებშიც.

ამომრჩეველთა სიების გაყალბების თაობაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა. ცსკ-ის თავმჯდომარის, ჯუმბერ ლომინაძის განცხადებით, ეს საკითხები წყდებოდა უშუალოდ საარჩევნო უბნების დონეზე შსს-ს საპასპორტო-სარეგისტრაციო და სხვა შესაბამისი უწყებების დახმარებით. დიდუბის მე-10 უბანზე არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა იმის გამო, რომ იქ, შეცდომით, ძირითად სიაში შეყვანილი იყო სხვა უბნის 900 ამომრჩეველი, რომლებიც იმავდროულად სხვა უბანზეც ფიქსირდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების წინ საერთაშორისო საარჩევნო სისტემების ფონდმა (IFES) შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებასა და ცსკ-ს საკუთარი ხარჯებით ამომრჩეველთა სიების გადამოწმება, თუმცა ეს წინადადება არავინ მიიღო. ფონდი საკუთარი სახსრებით აპირებდა პერსონალის დაქირავებას, ვინც უშუალოდ საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მოახდენდა ამომრჩეველთა რაოდენობისა და ვინაობის დაზუსტებას.

ხშირად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კონვერტზე არ არტყამდნენ ბეჭედს და არ აწერდნენ ხელს, რის გამოც ასეთი ბიულეტენები, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ბათილად ჩაითვალა. მაგალითად, ისნის რაიონში 31-ე უბანზე დაახლოებით 150 ბიულეტენსა და კონვერტს არ ჰქონდა ხელმოწერები და ბეჭედი. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში საარჩევნო ყუთები საერთოდ არ იყო დალუქული. დამკვირვებელთა საერთო შეფასებით, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა ხალხით, რომელნიც სათანადოდ არ იცნობდნენ საარჩევნო კოდექსს.

აღსანიშნავია, რომ რატომღაც საარჩევნო უბნები ძნელად მისადგომ და მისაგნებ შენობებში იყო განთავსებული და არა თბილისელებისათვის უკვე შეჩვეულ დაწესებულებებში. ახალ საარჩევნო უბნებს იმდენად ვიწრო და მოუხერხებელი ოთახები ეჭირათ, რომ არჩევნების ნორმალურად ჩატარება შეუძლებელი გახლდათ. ზოგიერთ საარჩევნო უბანში არ იყო გამოკრული მიმანიშნებელი აბრაც კი. მაგალითად, საბურთალოს რაიონის საოლქო საარჩევნო კომისია გამსახურდიას გამზირზე, „მართვის ინსტიტუტში“ მდებარეობდა, მაგრამ შესასვლელში აბრა გამოკრული არ იყო.

არჩევნებს თვალყურს ადევნებდა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სადამკვირვებლო დელეგაცია. როგორც ერთადერთმა ოფიციალურმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, კონგრესის დელეგაციამ სინანულით აღნიშნა, რომ მათი იმედები სამართლიან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გაცრუვდა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების არასათანადო მომზადებისა და გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღების გამო. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ჭეშმარიტად დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნებისათვის აუცილებელი ძირითადი პირობები.

არჩევნების დღესვე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ პრესკონფერენცია გამართა და პირველი განცხადებები გააკეთა მომხდარ დარღვევათა შესახებ. საზოგადოების პრესმდივნის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თვითდინებაზე მიუშვა. ორგანიზაციის დამკვირვებლებზე იყო ზეწოლა კომისიის წევრების, პარტიათა წარმომადგენლების და პოლიციელთა მხრიდან და ცდილობდნენ, არ მიეცათ საშუალება, ხმების დათვლის პროცესს დასწრებოდნენ. მაგალითად, ზუგდიდში, სადაც 21 უბანი იქნა დარბეული და ყუთები დამტვრეული, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელიც გაილახა.

ერთ-ერთი ძირითადი დარღვევა, რაც თითქმის ყველა საარჩევნო უბანში დაფიქსირდა, ის იყო, რომ დილის 7 საათზე არცერთი საარჩევნო უბანი არ გახსნილა. შესაბამისად, ბევრ ამომრჩეველს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. არჩევნები ჩაიშალა ხაშურში, რუსთავსა და ზუგდიდში მთლიანად; ჩხოროწყუს მე-13 საარჩევნო უბანში, რომელიც დაარბიეს; ახალქალაქის 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-4 უბნებში, საიდანაც გაიტაცეს საარჩევნო უბნის ბეჭდები; ვაკის 50-ე უბანში _ წყნეთში, საიდანაც ამომრჩეველთა სიები მოიპარეს.

ხაშურში არჩევნები ჩაიშალა იმის გამო, რომ თბილისიდან დროულად ვერ ჩაიტანეს საარჩევნო ბიულეტენები და სწორად არ შედგა საარჩევნო სიები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანქანას, რომელსაც რუსთავში 54 საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები მიჰქონდა, თბილისი-რუსთავის გზაზე შეიარაღებულმა 20 კაციანმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც მათ შეძლეს საარჩევნო ბიულეტენების გატაცება გაურკვეველი მიმართულებით. მომხდარით აღშფოთებულმა რუსთავის მოსახლეობამ მერიის შენობასთან საპროტესტო აქციები გამართა.

ზუგდიდში დილის 12 საათისთვის დაიწყო საარჩევნო უბნებზე შეტევა, რამდენიმე საარჩევნო უბანში დაამსხვრიეს საარჩევნო ყუთები. ზუგდიდში პოლიციამ არ იზრუნა, რომ უბნები დაცული ყოფილიყო. არჩევნების დღეს თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთში გია ბერულავა, რომელმაც ზუგდიდში არჩევნების ჩაშლაში პირდაპირ დაადანაშაულა ბადრი ზარანდიას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება. „რუსთავი-2“-ის ეთერით გასულ სიუჟეტში მკაფიოდ ჩანდა, რომ პოლიციის თანამშრომლები მშვიდად უსმენდნენ ბადრი ზარანდიას მუქარას, რომ მის მიერ დარბეული 4 საარჩევნო უბნის კვალად იგი სხვებსაც დაარბევდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ელგუჯა ჯამბურია მომხდარს გამოძიებას ანდობს: არჩევნები ჩაიშალა. ამისთვის ათასი მიზეზი არსებობდა, ბიულეტენები დაგვიანებით ჩამოიტანეს, ბეჭდები დალუქული არ იყო და .. არავინ დაშავებულა. რომ ამბობენ, რომ ვიღაცეები იარაღებს ატრიალებენ, ტყუილია. პოლიცია ნეიტრალური იყო. რატომ ჩაიშალა არჩევნები და ვინ არის ამ საქმეში დამნაშავე, გამოძიება გაარკვევს.

ანალოგიურად, დიდუბეში მე-13 უბანზე შეიჭრნენ დაუდგენელი პირები და გატეხეს საარჩევნო ყუთი, მაგრამ სამართალდამცავებმა „ვერ მოახერხეს“ მათი შეჩერება. ასევე დიდუბის მე-9 საარჩევნო უბანი მხოლოდ დილის 9-ის ნახევრისთვის გააღეს, დილიდანვე შეინიშნებოდა არეულობა. დაახლოებით ხუთი საათისთვის ეს უბანი დროებით დახურეს, რაც გამოწვეული იყო უცხო, იარაღიანი პირების შესვლით უბანზე. 6 საათისათვის კენჭისყრა ისევე აღდგა.

ბაღდათის რაიონში, ზეგნის თემის 1-ლ და მე-2 საარჩევნო უბნებზე, სადაც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე იყრიდა კენჭს, უშიშროებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საარჩევნო პროცესში ჩაერივნენ, საუბნო კომისიის წევრები გამოყარეს და მათ ნაცვლად საუბნო კომისიაში მეთვალყურეები დანიშნეს.

აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ზაურ თორდიას ცნობით, ცსკ-ს წარმომადგენელი ბუთხუზ ჯალაღონია და „აღორძინების“ ადგილობრივი ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ჩოჩია სცემეს. ხელი პირველად მათ მესამე უბნის თავმჯდომარემ, ნუგზარ ჭანტურიამ დაარტყა.

თბილისში, სამგორის რაიონის 42-ე უბანზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაილუქა საარჩევნო ყუთი და ამ უბნის ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღეს.

ხარაგაულის 1-ლ საარჩევნო უბანზე ყუთში 56 ბიულეტენი ჩაიყარა ხელმოწერებისა და ბეჭდების გარეშე. საოლქოს კომისიის გადაწყვეტილებით, ყუთი გაიხსნა და 56-ვე ბიულეტენი გაბათილდა.

2 ივნისის არჩევნები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აფხაზეთიდან დევნილებს პირველად მიაცათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება თავიანთი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, მაგრამ, დევნილთა დიდ ნაწილს არ მიეცა არჩევნების მონაწილეობის საშუალება. მაგალითად, საბურთალოს რაიონის მე-17 სარჩევნო უბანში მისულ სულიკო ძიძიგურს საუბნო კომისიის წევრებმა განუცხადეს, რომ დევნილები არჩევნებში არ მონაწილეობენო. შემდეგ მას უარის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ დევნილის მოწმობაში გაცემის თარიღი არაზუსტად ჰქონდა მითითებული.

გლდანის 22-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავჯდომარემ, ვალერი კარაპეტიანმა საარჩევნო უბანზე მისულ ხმის მისაცემად მოსულ 82 წლის ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველი 80 წელს გადაცილებული იყო. მოხუცს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ გორის ბიუროს ცნობით, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში კენჭისყრა ისე დაიწყო, რომ კომისიის წევრების ფუნქციების განაწილება არ მომხდარა კენჭისყრის წესით.

გორის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმა მისცეს თბილისში მცხოვრებმა თენგიზ სეხნიაშვილმა და დარეჯან ცხოვრებაშვილმა, რომლებსაც არ ჰქონდათ საარჩევნო ბარათები და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია პასპორტში. გორის მე-8 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა 4 ახალაგაზრდა, რომელთა ვინაობა ცნობილი არ არის. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ნადია ტატულაშვილმა ისინი, ყოველგვარი პირადობის მოწმობის გარეშე, შეიყვანა დამატებით სიებში და მიაცემინა ხმა. რამდენიმე წუთში შემდეგ, იგივე ახალგაზრდებიდან 3 კვლავ შეტრიალდა უბანზე. მათ ხელახლა მისცეს ბიულეტენები და მიაცემინეს ხმა. ამავე უბანზე არ მოხდა კომისიის წევრებს შორის კანონით დადგენილი წესით წილისყრა ხმის დამთვლელების დასადგენად. ეს ფუნქციები განაწილებული იქნა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ თვითნებურად, რის გამოც ხმების დათვლა დაიწყო ქაოსურად.

გორის მე-9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ისე დაიწყო, რომ კანონით დადგენილი წესით არ განაწილებულა კომისიის წევრების ფუნქციები და არ დათვლილა ბიულეტენებისა და კონვერტების რაოდენობა.

გორის მე-12 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული ბიულეტენების და კონვერტების დაუთვლელად დაიწყო. კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს მხოლოდ ანკეტის თავფურცლები აჩვენეს. კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ტატიაშვილმა კომისიის წევრებიდან ხმის დამთვლელები თვითნებურად, კენჭისყრის გარეშე შეარჩია. შერჩეულმა კომისიის წევრებმა ისე ქაოსურად დაიწყეს დათვლა, რომ კომისიის სხვა წევრებსა და დამკვირვებლებს საშუალება არ ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ ამ პროცესს.

გორის 23-ე საარჩევო უბანზე ამომრჩეველთა სიებში ეწერა გარდაცვლილები და გორიდან დიდ ხნის წასულები. იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უპრობლემოდ შეჰყავდათ დამატებით სიებში.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ ახალციხის რეგიონული ოფისის წარმომადგენელთა შეფასებით, ახალციხეში მომხდარი დარღვევები ძირითადად საუბნო საარჩევნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არაკომპეტენტურობით და საარჩევნო კანონის არცოდნით იყო გამოწვეული (საუბნო კომისიების დაკომპლექტება, ფაქტობრივად, ბოლო ორ დღეში მოხდა). იმის გამო, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიათაგან და ბლოკებიდან რეალური ლიდერი არ იყო, არჩევნები ერთი რომელიმე ძალის სასარგებლოდ არ გაყალბებულა. ნებისმიერი დარღვევის ფაქტი კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრის მხრიდან რომელიმე კანდიდატის მიმართ პირადი სიმპათიით ან ნათესაური დამოკიდებულებით იყო გამოწვეული.

ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ახალციხეშიც არჩევნების დაწყებამდე ორი დღით ადრეც კი საარჩევნო უბნებში არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა სიები. ამომრჩევლის ბარათები რიგდებოდა სპონტანურად: ხშირად ოჯახში, სადაც ხუთი და მეტი სრულწლოვანი წევრი იყო, მიჰქონდათ ორი ან სამი ამომრჩევლის ბარათი. ამომრჩევლის სიებში რამოდენიმე წლის წინ გარდაცვლილი და საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასული პიროვნებები იყვნენ შეყვანილი. თითქმის ყველა საარჩევნო უბანში იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი, რომლებიც შემდგომ დამკვირვებლების და კომისიის წევრების მოთხოვნით გაიყვანეს. თითქმის არცერთ უბანში არ მომხდარა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების კენჭისყრით განაწილება (ვის უნდა ჰქონოდა ბეჭედი, ვის კონვერტები და ასე შემდეგ) და ბეჭდები თითქმის ყველგან საუბნო კომისიის თავმჯდომარეებმა მიითვისეს. ხმების დათვლის დროს საარჩევნო უბნების უმეტესობა დაკეტილი არ იყო, მასში თავისუფლად შედიოდნენ კანდიდატების მხარდამჭერები და ხშირად თვითონ კანდიდატებიც.

2002 წლის 3 ივნისს „თავისუფლების ინსტიტუტის“ თელავის რეგიონულ ოფისში შევიდა სოფელ ყარაჯალის დეპუტატობის კანდიდატთა ერთობლივი განცხადება (12 ხელმოწერა), რომლებიც მოითხოვდნენ, რომ იმ დარღვევების გამო, რომელიც ყარაჯალაში 2002 წლის 2 ივნისს არჩევნებზე მოხდა, მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიას გაებათილებინა არჩევნების შედეგები.

ამ 12 კაცს შორის, განცხადებას ხელს აწერდა ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ მუსაევი, რომელიც საკრებულოს წევრი გახდა. 4 ივნისს, მას შემდეგ, რაც „თავისუფლების ინსტიტუტის“ თელავის რეგიონულ ოფისში განცხადება შევიდა, ზურაბ მუსაევს ტელეფონზე დაურეკა უცხო პიროვნებამ და უთხრა, რომ სასწრაფოდ გამოცხადებულიყო თელავის რაიონის გამგეობაში. მუსაევმა შეხვედრაზე უარი განაცხადა, მაგრამ წავიდა თელავში და მანქანა გააჩერა ქალაქის ცენტრში, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც განთავსებულია საოლქო საარჩევნო კომისია. რამდენიმე წუთის შემდეგ, მუსაევს ორი უცნობი მამაკაცი მანქანაში ჩაუჯდა და მუქარა გაუმეორეს, თან დაურთეს, რომ თუ „თავისუფლების ინსტიტუტში“ სიარულს არ მოეშვებოდა, „ააორთქლებდნენ“.

8 უზენაესი სასამართლო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს უზენაესი სასამართლო, იმის ნაცვლად, რომ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის გარანტი იყოს, პირიქით, ადამიანის უფლებების დარღვევათა დაკანონების სამართლებრივ ინსტრუმენტად იქცა. უზენაესი სასამართლოს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომლებიც ადამიანის ფონდამენტურ უფლებებს შეეხება, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, რაც არა ერთი გადაწყვეტილებით დადასტურდა.

1. 2000 წლის 24 მარტის განჩინებით უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დააკანონა მშვიდობიანი რელიგიური შეკრების დარბევის შესაძლებლობა. პალატამ არ დააკმაყოფილა ევანგელური ეკლესია „მადლის“ წარმომადგენელთა სარჩელი, რომლებიც გლდანის რაიონის პოლიციის მიერ მათი მშვიდობიანი შეკრების დარბევის არაკანონიერად აღიარებას და პოლიციის მიერ კანონის დარღვევის აღიარებას ითხოვდნენ. გლდანის პოლიციამ 1999 წლის 29 მაისს თბილისში, გლდანის რაიონში დაარბია ევანგელური ეკლესია „მადლის“ აქცია. პოლიციამ სასტიკად სცემა ეკლესიის წევრები, მათ შორის ქალებიც, დაუმტვრია მათ საკრავები („იამაჰა“), მეგაფონი და სხვა. უზენაესმა სასამართლომ პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების შეწყვეტა, შეკრებილთა დარბევა, მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და მათი ქონების განადგურება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მეორე ნაწილით გაამართლა: როგორც კონვენციის მე-11 მუხლის მეორე ნაწილი, ისე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მშვიდობიანი შეკრების, მანიფესტაციის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, მოსალოდნელ ძალისმიერ მეთოდებს კონტრდემონსტრაციის გამოვლენისას. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა მოსალოდნელი ძალისმიერი მოქმედების გამოვლენას, რადგან შეკრების ადგილზე მივიდნენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ დაპირისპირებული პირი - მამა ბასილი და მისი თანამოაზრეები, - ამ ფორმულირებით გაამართლა უზენაესმა სასამართლომ პოლიციის მოქმედება.

2. 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ შეზღუდა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული გაერთიანების თავისუფლება, როდესაც დააკმაყოფილა პარლამენტარ გურამ შარაძის სარჩელი და რეგისტრაცია გაუუქმა იეჰოვას მოწმეების ორი ორგანიზაციას. ეს გადაწყვეტილება მთლიანად ჩაჯდა რელიგიურ უმცირესობათა დევნისა და შეზღუდვის იმ სცენარში, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ეს, თუნდაც, იმითაც დადასტურდა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დათანხმდა, პრიორიტეტულ საფუძველზე მოისმინოს იეჰოვას მოწმეების აპელაცია, რომელიც 2001 წლის 16 აგვისტოს იქნა შეტანილი.

3. 2002 წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არ არსებობს გაერთიანების თავისუფლება და საქართველოს მოქალაქეებს წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ოთხმა წევრმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ გაუქმებულიყო პარტიის ყრილობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეიქმნა დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა. გაუქმების საფუძველი, მათი აზრით, ყრილობის არადემოკრატიულად ჩატარება და მის მიერ არადემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება იყო.

სასამართლოს არ უმსჯელია, იყო თუ არა სათანადო მოსარჩელე ის 4 პიროვნება, ისე შეაჩერა ხსენებული ყრილობის გადაწყვეტილება, რითაც პარტიას, ფაქტობრივად, წაართვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ამომრჩეველს კი წაართვა არჩევანის თავისუფლება. ამის შემდეგ ლევან მამალაძის ჯგუფმა მოითხოვა, პარტიის სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლება მათი ჯგუფის წევრს, გელა კვარაცხელიას გადასცემოდა, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა, თუმცა, პარტიის მთავარი საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა, უფლებამოსილების გადაცემას მთავარი საბჭოს 34 წევრიდან მხოლოდ 14 აწერდა ხელს, რომლებსაც სახლებში ჩამოუარეს. თანაც, ხელმომწერთაგან ნაწილი ამ დროისთვის უკვე სხვა პარტიის წევრი იყო, ნაწილმაც საერთოდ უარი თქვა ხელმოწერაზე, მაგრამ სასამართლომ ეს არ გადაამოწმა, ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.

4. 2002 წლის 25 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ლევან ბერძენიშვილმა უნდა შეიცვალოს საკუთარი აზრი იმის თაობაზე, არის თუ არა კორუმპირებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი. არადა, ვანო ჩხარტიშვილის კორუმპირებულობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი ცალსახად არის გამოკვეთილი, რაც თუნდაც 2001 წლის ნოემბრის გამოსვლების დროს გამოჩნდა, როცა ვანო ჩხარტიშვილი იყო ერთადერთი მინისტრი არაძალოვანი მინისტრებიდან, რომელსაც საზოგადოებრივმა გამოსვლებმა გადადგომა აიძულა. მისი გადადგომის საფუძველი სწორედ ის გახდა, რომ საზოგადოებრივი აზრის მის კორუმპირებულობაში მყარად იყო დარწმუნებული. თავად მოპასუხემ, ლევან ბერძენიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ასე შეაფასა ეს გადაწყვეტილება:

ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი იმ რიგში, რაც ამ კედლებში გამოუტანიათ. მე, პირადად, აქ სამართლიანი გადაწყვეტილება საერთოდ არ მინახავს. ამავე დროს, მინდა გითხრათ: ხელმძღვანელი, ვინც ძალიან ტრაბახობს, რომ აქ სამართალი ძალიან მაღალ დონეზე მოაწყო - ბატონი ლადო ჭანტურია - მიმაჩნია, რომ არის იმავე დონის მოღვაწე, რა დონის მოღვაწეც არის ვანო ჩხარტიშვილი. ზუსტად ერთი და იმავე მენტალიტეტის ხალხთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, დაიცავენ ერთმანეთის უფლებებს. როგორც გავიგე, ბატონი ლადო ჩემგან მილიონ ლარს აღარ ითხოვს, მაგრამ რას ითხოვს, არ ვიცი. მე არ ვიცი, როგორ უნდა უარვყო, რა უარვყო. დამავალა, ხომ? აი, ვასრულებ დავალებას: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი მოიპარა, - იყო ჩემი ფრაზა. ახლა ჩემი ფრაზაა: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი არ მოიპარა. მაგრამ მოიპარა! შეიძლება მასზე მეტი მოიპარა სხვამ. არის ხალხი, რომელიც მაგაზე მეტს იპარავს. აქვე, ამ კედლებში, არიან ისეთები, რომლებიც ბევრს იპარავენ. მაგრამ ვანო ჩხარტიშვილი ქურდი და მომპარავია და მის ინტერესებს, სამწუხაროდ, იცავს უზენაესი სასამართლო.

9 სოციალური უფლებები

▲ზევით დაბრუნება


მოსახლეობის სოციალური უფლებები კვლავ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება. ამჯერადაც მხოლოდ რამდენიმე კერძო შემთხვევას მიმოვიხილავთ.

  • ყვარლის მოსახლეობა სატყეო დეპარტამენტის წინააღმდეგ

თავისუფლების ინსტიტუტის თელავის რეგიონულ ოფისში შევიდა დაბა ყვარელის 40 მოსახლის განცხადება. განმცხადებლებმა 1992-93 წლებში გაწმინდეს ყვარლის შემოგარენი, რომელიც სანაგვედ იყო ქცეული და ზედ ბაღჩები გააშენეს. ეს ტერიტორია ყვარლის სატყეოს ბალანსზე ირიცხებოდა. 2001 წელს ყვარლის რაიონის სატყეოს უფროსმა მებაღჩეების ნაწილთან გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულებები და მათ მიწის გადასახადი დაუწესა, რასაც ისინი სრულად იხდიდნენ. 2002 წლის აპრილში კი სატყეოს უფროსმა ანგი გავაშელიშვილმა მებაღჩეებს სასამართლოში უჩივლა სატყეოს ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის მოტივით.

2 მაისს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ მოუწოდა მოქალაქეებს, ეთხოვათ გავაშელიშვილისთვის ხელშეკრულებების გაფორმება, რაზეც იგი არ დათანხმდა. მაშინ მოსახლეობამ კოლექტიური განცხადებით მიმართა თავისუფლების ინსტიტუტს, რომლის რეგიონული ომბუდსმენი 20 მაისს შეხვდა ანგი გავაშელაშვილს და განუცხადა, რომ თუ იგი კანონის ფარგლებში არ იმოქმედებდა, მაშინ თავისუფლების ინსტიტუტი მის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირების სხვადასხვა ფორმებს მიმართავდა, რის შემდეგაც გავაშელიშვილმა სიტყვიერი თანხმობა განაცხადა, რომ სამწლიან ხელშეკრულებებს გააფორმებდა მოსახლეობასთან. ივნისის ბოლოს ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები თვალ-ყურს ადევნებენ პროცესს.

  • გორის ცენტრალური პოლიკლინიკის პრივატიზაცია

2002 წლის 14 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტის გორის ოფისს განცხადებით მიმართა გორის რაიონული საავადმყოფოს კოლექტივმა. ჯანდაცვის სამინისტროს 138 ბრძანებით უნდა გაუქმდეს გორის რაიონული საავადმყოფო. საავადმყოფოს გაუქმების საფუძველი, თითქოს, უნდა ყოფილიყო 2001 წლის სექტემბერის ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის განყოფილების (ხელმძღ ვანელი თ.დოლიძე) მიერ ჩატარებული შემოწმება, მაგრამ ამ შემოწმების დასკვნა არ აღმოჩნდა არც რაიონში და არც სამინისტროში. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებში შემცირებულია საავადმყოფოს დატვირთვის მაჩვენებელი, რათა იგი გასაუქმებელ დაწესებულებათა რიცხვში მოხვედრილიყო.

საავადმყოფოს პერსონალი დარწმუნებულია, რომ რაიონული საავადმყოფოს გასაუქმებელ დაწესებულებათა სიაში მოხვედრა შეგნებულად მოხდა: ეს საავადმყოფო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, კარგი შენობაა და პრივატიზაციისთვის სასურველ ობიექტს წარმოადგენს, მაშინ როცა ქალაქ გორის საავადმყოფო, რომლის გაუქმებაც არ არის ნავარაუდევი, პრივატიზაციისთვის ნაკლებად მიმზიდველია: იგი მდებარეობს უფრო მიუდგომელ, ჭაობიან ტერიტორიაზე, პირველი სართული წყლით არის სავსე და შენობა ავარიულია. ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დროს გორის რაიონული საავადმყოფოს წარმომადგენლებს სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაზარაშვილმა პირდაპირ განუცხადა, რომ მას არ აინტერესებს მონაცემები, უბრალოდ, მას უნდა ამ საავადმყოფოს გაუქმება და გააუქმებს კიდეც.

თავისუფლების ინსტიტუტი ამ საკითზე აგრძელებს მონაცემთა მოგროვებას.

  • ახალციხის რაიონის გამგეობა მასწავლებელთა ხელფასებს კერძო ფირმებს ურიგებს

ახალციხის რაიონის გამგეობა არღვევს კანონს, რომლის თანახმადაც ხელფასი დაცული მუხლების კატეგორიაში გადის და მასწავლებელთა ხელფასებით კერძო ფირმების ვალებს ისტუმრებს.

1995 წელს ახალციხის რამდენიმე საშუალო სკოლის შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. თანხის ანაზღაურება, როგორც რაიონის ხელმძღვანელობა აცხადებს, პრეზიდენტის ბრძანებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით უნდა მომხდარიყო. თანხის არ ჩაირიცხა და რაიონს სხვადასხვა სამშენებლო ფირმების ვალი, ჯამში, დაახლოებით, 100 000 ლარი ვალად დაედო. აღნიშნული დავალიანების გასტუმრება 2000 წელს დადგა „დღის წესრიგში“, როცა შეუძლებელი იყო იმის შემოწმება, შესრულდა თუ არა აღნიშნული თანხის შესაბამისი სამუშაო. რაიონის გამგეობა დათანხმდა დავალიანების გადახდას (ამ თანხაში დაგვიანებისთვის მოთხოვნილი კომპენსაცია - 28600 ლარიც შედის), თანხის ნაწილის გადახდა კი განათლების განყოფილების ანგარიშიდან მოხდა, რის გამოც მასწავლებლების სახელფასო დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა.

ამის პარალელურად, ახალციხეში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის პედაგოგთა სახელფასო დავალიანება, რომელიც 10 000 ლარს შეადგენს და რომლის გადახდაც რაიონის გამგეობას სასამართლო წესით დაეკისრა, დღემდე ჭიანურდება, რადგან გამგეობამ რაიონული სასამართლოს გასაწყვეტილება უკანონოდ ჩათვალა და საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. მასწავლებლები დარწმუნებული არიან, რომ რაიონის ხელმძღვანელობა „აღიარებს“ მხოლოდ იმ ვალებს, რომლებიც კერძო ფირმების სასარგებლოდ აქვს გადასახდელი და შესაძლებელია მათთან გარკვეულ გარიგებასაც ჰქონდეს ადგილი, ხოლო პედაგოგების სახელფასო დავალიანებას რაიონის ხელმძღვანელობა დავალიანებად არ თვლის და ყველანაირად ცდილობს, არ გადაიხადოს ან რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადოს მათი დაფარვა.

  • მოსახლეობა აპროტესტებს ქუჩის სახელის შეცვლას

თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ოფისს განცხადებით მიმართეს ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩის მე-5 შესახვევის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც შემთხვევით, ახალი სატელეფონო წიგნიდან შეიტყვეს, რომ მათი ქუჩისთვის სახელი გადაურქმევიათ და იგი, ამჟამად, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, ჯაბულო ფურცელაძის სახელს ატარებს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქუჩის სახელის გადარქმევა ადმინისტრაციული აქტია, რაც საჯაროდ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. ამასთან, ეს მათ მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება, რადგან პირადობის მოწმობებისა და ქუჩის ფირნიშების გამოცვლა თანხებთან არის დაკავშირებული.

მოსახლეობა წინააღმდეგია სახელის გადარქმევის და ქუჩისთვის ძველი სახელის დაბრუნებას ითხოვს.

  • სასამართლო პროცესი ახალციხეში

ახალციხის სასამართლოში გრძელდება პროცესი - ჰეპატიტით დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. „ა“ ჰეპატიტით დაზარალებული 425 პირი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას - ჯამში 248813 ლარს ითხოვს. უკვე ჩატარდა რამდენიმე მოსამზადებელი პროცესი. დაზარალებულთა ინტერესებს იცავს „თავისუფლების ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“.

სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება

საქართველოს რეგიონებში სერიოზულ პრობლემად რჩება სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა. 2002 წლის 30 აპრილს თავისუფლების ინსტიტუტის თელავის სამხარეო ოფისში განცხადება შეიტანა ლეილა ჯამარაულმა, მცხ. ქ.თელავი, ალაზნის გამზირი, №20. თელავის რაიონული სასამართლოს 1998 წლის აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე სოფელ ვარდისუბნის მაცხოვრებელს გელა ქურციკაშილს დაეკისრა ლეილა ჯამარაულის სასარგებლოდს 100 ლარის გადახდა, რაც დღემდე არ არის გადახდილი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტმა 7 ივნისს განცხადებით მიმართა კახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელს დავით ჯორჯაძეს. სააღსრულებო ბიურომ დაარღვია ადმინისტრაციული კოდექსი და ოფიციალური პასუხი დღემდე არ გაუცია, თუმცა, ზეპირი პასუხის თანახმად, ქურციკაშვილი არის რუსეთი მოქალაქე და მასზე არ ირიცხება რაიმე ქონება, რაც აძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

ასევე არ სრულდება თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქ.თელავის გამგეობამ საკოლმეურნეო ბაზრის დასავლეთით, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 1400 კვ.მ. ფართის ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს მოქალაქე აკაკი დავითაშვილის სასარგებლოდ. სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2002 წლის 13 მარტს, მაგრამ გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება. თავისუფლების ინსტიტუტმა 7 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებითაც მიმართა განცხადებით თელავის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს გ.პაპოშვილს, მაგრამ თელავის სააღსრულებო ბიურომ დააგვიანა ამ საკითხზე პასუხის გაცემა და ისევ დაარღვია ადმინისტრაციული კოდექსი. ზეპირი განმარტების თანახმად კი, ისინი იძულებული არიან, საქმეში სააღსრულებო პოლიცია ჩართონ და ძალით აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან თელავის გამგეობა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებაზე უარს ამბობს.