ევროკავშირი და საქართველო ახალ რეალობაში: საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიების ხედვები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სადისკუსიო მასალების სერია (მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი)
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სადისკუსიო მასალების სერია №1 FORUM:POLITIK caucasus Institute for Peace Democracy and Developmend www.cipdd.org Regionalprogramm Politischer Dialog Sűdkaukasus ოქტომბერი 2008



1 ევროკავშირი და საქართველო ახალ რეალობაში: საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიების ხედვები

▲back to top


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ევროკავშირი კონფლიქტის მთავარ მედიატორად იქცა. პრეზიდენტ სარკოზის მიერ შემუშავებული გეგმისა და სხვა ნაბიჯების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის როლი კავკასიის რეგიონში. ევროკავშირის მონიტორები უკვე აკვირდებიან სარკოზის გეგმის შესრულების მიმდინარეობას. ასევე, ევროკავშირმა საქართველოს რეკონსტრუქციისათვის 500 მლნ ევროს დახმარება აღუთქვა.

როგორია საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიების ხედვები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით? რა მნიშვნელოვან თემებს გამოჰყოფენ პარტიები ამ თანამშრომლობაში? რა ნაბიჯები უნდა გადადგას თავად საქართველომ, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირთან დაახლოებას?

ამ საკითხებთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს წამყვანი პოლიტიკურ პარტიებისა1 და ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

პარტიების ხედვები

ზოგადად, საქართველოს წამყვან პოლიტიკურ პარტიებში არსებობს კონსენსუსი, რომ (1) საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს და (2) ევროკავშირი არის საქართველოს ბუნებრივი პარტნიორი.

ლეიბორისტული პარტიის ხედვით:

  • რუსეთთან ღია დაპირისპირებამ მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს და ეროვნული კატასტროფის წინაშე დააყენა. ამ ვითარებაში, ევროკავშირის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და ლეიბორისტულმა პარტიამ ჯერ კიდევ 10 აგვისტოს მოუწოდა ევროკავშირს, რომ მედიატორის ფუნქცია ეკისრა რუსეთ-საქართველოს შორის.

  • საქართველო იზიარებდა და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და უნდა გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა. ლეიბორისტული პარტია, რომლის იდეოლოგიური საფუძველი უნივერსალური ევროპეიზმია, მიიჩნევს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობები.

  • ლეიბორისტული პარტიის მხრიდან, ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული წინადადებაა სავიზო რეჟიმის გამარტივება.

  • ლეიბორისტული პარტია მოელის, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს საერთაშორისო დონეზე 15 ოქტომბერს, ჟენევის შეხვედრაზე, სადაც საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მომავლის საკითხის განხილვა დაიწყება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვით:

  • ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს სარკოზის გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს, ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება და მოვლენათა ნებისმიერი განვითარება არის მოსალოდნელი. ამ კუთხით, ევროკავშირის მედიატორის როლს საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა ენიჭება.

  • რუსეთ-საქართველოს ომმა გავლენა იქონია საქართველოს ყველა პოლიტიკურ მიმართულებაზე, მათ შორისაა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, რომელიც შეიძლება დაიყოს ნორმალურ და ექსტრაორდინალურ ნაწილებად. უნდა ითქვას, რომ ზოგადად, ეს ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა.

  • ურთიერთობის არსებული ფორმატების (სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა და პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება) გარდა, შესაძლოა მოხდეს საქართველოს EsDP (European Security and Defense Policy) ამათუიმ ფორმით მიერთება.

  • საქართველომ, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის, უნდა შეასრულოს ENP-ში გათვალისწინებული პუნქტები. ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი პრიორიტეტი - კანონის უზენაესობა და დემოკრატიის განვითარება. მართალია, დემოკრატია არ არის სრულყოფილი საქართველოში, მაგრამ დემოკრატიზაციის პროცესი მიმდინარეობს და არსებობს შესაბამისი ნება ხელისუფლებაში. დემოკრატიული განვითარება არის საქართველოს პასუხი დღევანდელ გამოწვევებზე.

  • ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით პარლამენტი ამჟამად მუშაობს შემდეგ საკითხებზე: (1) გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე საერთაშორისო დოკუმენტთან მიერთება; (2) გაეროს ანტიკორუფციული კონვენცია, რაც ვაჭრობის გამარტივებას დაედება საფუძვლად, (3) ვაჭრობის პრეფერენციული სისტემის განვითარება.

  • ევროკავშირის მიმართ მნიშვნელოვანი მოლოდინებია:

    • ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატის გაფართოება;

    • ლიდერის ფუნქციის აღება კონფლიქტების მოწესრიგებაში;

    • ფინანსური მხარდაჭერა (გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად 500 მლნ ევროს მოცულობის პაკეტის დამტკიცება საქართველოს რეაბილიტაციისთვის), რადგან, ომის შედეგად ინვესტიციების კლების გამო, ფინანსური დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის;

    • სავიზო რეჟიმის გამარტივება.

კონსერვატიული პარტიის ხედვით:

  • მართალია, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროპულ არჩევანზე, მაგრამ ხელისუფლებაში არ არსებობს შესაბამისი ნება, ის მხოლოდ ფორმალურად იღებს ინტეგრაციის ხელისშემწყობი ნაბიჯების შესრულების ვალდებულებებს და არ იზიარებს შესაბამის რეკომენდაციებს: შეუსრულებელია ENP-ს ფარგლებში არსებული მთელი რიგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის საკითხებთან მიმართებაში; 7 ნოემბრის შემდეგ ევროკავშირის (ევროპარლამენტის) მიერ მოწოდებული რეკომენდაციები განხილულიც არ არის; ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში არ იყო გათვალისწინებული; ეუთოს რეკომენდაციების 5 იანვრის არჩევნების შემდეგ წარმოდგენილი, არ იყო გათვალისწინებული. ასევე, იგნორირებულია სხვა ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები თვითმმართველობაზე, სასამართლოს რეფორმაზე და .აშ.

  • აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა დაინახა ის, რაც სამოქალაქო საზოგადებისთვის და ოპოზიციისთვის ნათელი იყო: აღმშენებლობის ერთადერთი გზა დემოკრატიული განვითარებაა. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამაც განაცხადა ახალი დემოკრატიული ტალღის შესახებ. თუმცა, საეჭვო ხდება მისი შესრულება.

  • ორმხირვი ურთიერთობების განვითარებისთვის: (1) უნდა გადაიხედოს საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და მოხდეს მათი შესრულების უზრუნველყოფა შესაბამის ვადებში; (2) უნდა შეიქმნას დადებითი ტენდენციები მთელ რიგ საკითხებში (არჩევნები, თვითმმართველობა და ა.შ); (3) უნდა დაწესდეს მონიტორინგის ფორმატი საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე (მაგ. დაინიშნოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, პარტიებთან და საზოგადოებასთან).

  • ევროკავშირმა უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა თუ როგორ აპირებს ევროპული ღირებულებების დანერგვას და დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში.

რესპუბლიკური პარტიის ხედვით:

  • საქართველომ დღეს დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი, რომელიც წინა წლებში ჰქონდა. დღევანდელი ღრმა კრიზისი განაპირობა არა მხოლოდ რუსეთის აგრესიამ, არამედ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულობამ, აშშ-ში ბუშის ადმინისტრაციის შეცდომამ, რომელმაც ცალსახად და უპირობოდ დაუჭირა მხარი არსებულ ხელისუფლებას და ევროკავშირის არასაკმარისმა ჩართულობამ საქართველოში მიმდინარე პროცესებში.

  • დღეს საქართველოს სუვერენიტეტის ერთი ნაწილი რუსეთის ხელშია, ხოლო მეორე დასავლეთის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია.

  • უნდა მოხდეს საგარეო ურთიერთობების შიდა პოლიტიკასთან სინქრონიზება. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა, ჩართულობა და მონაწილეობა საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური დიალოგის უზრუნველსაყოფად. შესაძლოა დიალოგის ფორმატი შემდეგნაირად განისაზღვროს: ოპოზიცია, ხელისუფლება და ევროკავშირის წარმომადგენელი.

  • საქართველოს შეუძლია იყოს ევროკავშირის პარტნიორი. ის არ არის მხოლოდ პრობლემების შემქმნელი ქვეყანა, რომელიც განუწყვეტლივ ითხოვს დახმარებას. ევროკავშირმა მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს მას.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ხედვით:

დღეს ევროკავშირის როლი უფრო მნიშვნელოვანი გახდა შემდეგ სამ სფეროსთან მიმართებაში:

  • ეკონომიკური და სავიზო ასპექტი - ახალი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, თავისუფალი ვაჭრობა, ახალი ბიზნესპროექტების განვითარება, სავიზო რეჟიმის გამარტივება;

  • დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა - ძალაუფლების განაწილება ხელისუფლების შტოებს შორის და კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა; მედიის თავისუფლება, მათ შორის ახალი ტელესუბიექტების შექმნა; სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება; დიალოგის მხარდაჭერა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის;

  • კონფლიქტური რეგიონები - სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია და რეაბილიტაცია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხედვები საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე:

  • სამწუხაროდ, კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია ვერ მოხერხდა, მათ შორის ევროკავშირიც არ აღმოჩნდა მზად დროული პრევენციისათვის;

  • ევროკავშირში არსებობს სრული ერთსულოვნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, სამშვიდობო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით;

ინტეგრაციისა დემოკრატიზაციის პროცესთან დაკავშირებით:

  • საქართველო ევროპის ნაწილია, მაგრამ მხოლოდ ღირებულებების გაზიარება არ არის საკმარისი სრულყოფილი ევროინტეგრაციისთვის. საჭიროა ევროპული სტანდარტების დანერგვა;

  • საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. აგვისტოს შემდეგ ახალი თავი გადაიშალა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში;

  • დღევანდელი კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა. დიალოგი მისასალმებელია, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, დიალოგის ორგანიზება გარედან;

  • დემოკრატიზაცია გრძელვადიანი მიზანია და კრიზისების მიუხედავად მიღწევადია;

  • მნიშვნელოვანია რეგიონული ფორმატების, მათ შორის შავი ზღვის აუზში, გამოყენება.

შეჯამება

მრგვალმა მაგიდამ აჩვენა, რომ პარტიებს შორის არსებობს სრული კონსენსუსი (1) ევროკავშირთან დაახლოების, (2) საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის აუცილებლობაზე და ამ მიზნით შიდაპოლიტიკური დიალოგის წარმოებაზე. ამასთან, ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ პარტიას შორის აზრთა სხვადასხვაობაა არსებულ ვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. მაშინ, როცა მმართველი პარტია დემოკრატიზაციის ახალ ტალღაზე ბევრ იმედს ამყარებს, ოპოზიციური პარტიები საუბრობენ მოჩვენებით დემოკრატიზაციაზე და აგვისტოს მოვლენებს სახელმწიფოებრივ კატასტროფად აფასებენ.

ევროკავშირთან მიმართებაში იკვეთება, რომ დეკლარირებული ღირებულებითი თანხმობის მიღმა, ჯერაც არაა ნათლად გამოკვეთილი სტრატეგიული ხედვები თუ კონკრეტული პოლიტიკური თემები. საკითხები, რომელიც პარტიულ დისკურსში პრევალირებს (სავიზორეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, დემოკრატიის მხარდაჭერა და ა.შ.), მოცემულია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ფორმალურ დოკუმენტებში ან შემოტანილია ამ დისკურსში ძირითადად ევროპის მხრიდან. შესაბამისად, ამ საკითხებზე არ იკვეთება პარტიებს შორის პოზიციათა მნიშვნელოვანი განსხვავება.

ნაწილობრივ, ეს საკითხი შეიძლება უკავშირდებოდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში კონდიციონალობის და ე.წ. „საბოლოო წერტილის“ არარსებობას. საქართველოს პოლიტიკურ ელიტას ვერ ექნება დიფერენცირებული ხედვები, ვიდრე დიფერენცირებული არ გახდება თავად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები. მართალია, ევროკავშირის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის აგვისტოს შემდეგ გაიზარდა, მაგრამ იგი ჯერაც არაა იმ მნიშვნელობის, რომ ვისაუბროთ ევროკავშირზე, როგორც საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელ ფაქტორზე.

_____________________________

1 მრგვალ მაგიდაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა პარტიები. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ლეიბორისტული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიანულ-დემოკატიული მოძრაობა.