საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №4 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა აპრილი, 2006 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ.1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲back to top


რეზონზნსი, 1.04.06
ნინო ფრანგიშვილი
საქართველოს საპატრიარქო სომხეთში მდებარე ქართულ ეკლესიებს ითხოვს

სტატია ეხება ყოველთა სომეხთა პატრიარქის გარეგინ II-ის მომავალ ვიზიტს საქართველოში და იმ პრობლემებს, რომლებიც, ავტორის ვარაუდით, წამოიჭრება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან მისი შეხვედრის დროს. კერძოდ კი: 1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ იმ 6 ეკლესიის ბედს, რომლის სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიისათვის გადაცემასაც სომხური მხარე დიდი ხანია დაჟინებით ითხოვს და 2. ქართული ეკლესიის ბოლო დროს გაცხადებულ კონტრმოთხოვნა - სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული ქართული ტაძრების და მონასტრების გადაცემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს იურისდიქციაში. გაზეთის ცნობით, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრების ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხზე საპატრიარქოსთან უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც სომხური ეკლესიის წარმომადგენლები ჩართულნი არ არიან. ამ კომისიის წევრი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე აცხადებს: „აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ისინი რაიმეს ითხოვენ ჩვენც გავაქს რაღაც მოსათხოვი. ის, რომ ახტალა ქართული იყო და ლორე ისტორიულად საქართველოა, ეს სადაო არ არის.“ ვარდოსანიძის აზრით, ეკლესიების მემკვიდრეობაში გადაცემა მეცნიერების შრომის შედეგად და კონსრტუქციული დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

უფრო რადიკალურია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე: „თუ სომხური მხარე მზადყოფრნას გამოთქვამს მათ ტერიტორიაზე და ასევე იერუსალიმში არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნების შესახებ, ...რომლებიც საუკუნეების უკან სომხების ხელში აღმოჩნდა, შეიძლება მოლაპარაკება შედგეს“ - აცხადებს იგი.

ახალი თაობა (კვირიდან კვირამდე), 16.04.06
ნათია ხურცილავა
ეკლესიას დაახლოვებით ის ფუნქცია აქვს, როგორც საავადმყოფოს და აფთიაქს

ჟურნალისტი ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალრი ლობის“ თავმჯდომარეს გიორგი ანდრიაძეს, რომელიც უკვე მერამდენედ აყენებს საკითხს კაპელანის ინსტიტუტის შემოღებაზე ქართულ ჯარში. მისი სიტყვებით, ეს ინსტიტუტი ხელისუფლების მიერ „იგნორირებულია“, ისევე როგორც მოძღვრის ინსისტიტუი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში: „დღეს სატელევიზიოდ ხდება მღვდლების ციხეში თუ ჯარში გამოჩენა, რომ ხალხს ეგონოს, რომ ისინი იქ არიან“, - ამბობს ანდრიაძე.

ხვალინდელი დღე, 20.04.06
ლალი პაპასკირი
სომხური მხარე ან თანასწორად გველაპარაკოს, ან ვერაფერს მიაღწევს

ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ ლიდერთან გიორგი ანდრიაძესთან წინ უძღვის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის ვიზიტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში და იმ პრეტენზიებს, რომლებსაც სომხური ეკლესია საქართველოს უყენებს: რელიგიურ ორგანიზაციათა შესახებ კანონის არარსებობას, რაც გაურკვეველს ხდის სომხური ეკლესიის სამართლებლივ სტატუსს და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ექვსი სომხური ტაძრის დაბრუნებას სომხური ეკლესიისათვის.

ანდრიაძე ეთანხმება იმას, რომ ე.წ. ტრადიციულ კონფესიებს - სომხურს, კათოლიკურს, ებრაულს და მუსლიმანურს - იურიდიული სტატუსი დღეს არ გააჩნიათ, ვინაიდან ისინი კერძო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებას, როგორ ამას ადმინისტრაციულ კოდექსში შარშან შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, თავისთვის შეუფერებლად თვლიან. აქვე ანდრიაძეს გაუმართლებლად მიაჩნია, რომ ტრადიციული ეკლესიები „განუზომლად დიდ სტატუსს ითხოვენ, ლამის საქართველოს ეკლესიის თანაბარს - ხომ შეიძლება ცოტა ნაკლები მოითხოვონ“.

რაც შეეხება სომხური ეკლესიისთვის ტაძრების გადაცემას, ანდრიაძე ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის გზად „სომხური მხარის მიერ მის ტერიტორიაზე განთავსებული ქართული ეკლესიების აღიარებას“ მიიჩნევს. „როცა ეს მოვითხოვე, ერთი ამბვი ატყდა... ეტყობა მიაჩნიათ, რომ მარტო თვითონ აქვთ სომხური ტაძრების მოთხოვის უფლება და ჩვენ არა...“, - ამბობს ანდრიაძე.

ქრონიკა, 22-30.404.06
ლევან ცალუღელაშვილი
სააკაშვილი და უგულავა პატრიარქის ნების წინააღმდეგ

თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა კობა სუბელიანმა არ შეისმინეს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეის თხოვნა და გადაწყვიტეს წმინდა გიორგის ზურაბ წერეთელისეული ძეგლი თბილისში, თავისუფლების მოედანზე მაინც დაიდგას. ავტორი შეკითხვით მიმართავს, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების და ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელს, ქეთევან აბაშიძეს: რატომ არის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიუღებელი დედაქალაქის ცენრში წმინდანის ქანდაკების განთავსება? აბაშიძის განმარტებით, წმინდანის ქანდაკებამ ზოგი მართლმადიდებლები შესაძლოა კერპთაყვანისმცემლებად აქციოს: „ტაძარი სიმბოლურად უფლის სახლია, ამიტომ რაც ტაძარშია, მისი შემადგენელი ნაწილია და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, უფლის ტაძრის გარეთ არაფერი უნდა დარჩეს... როგორ ფიქრობთ, წმინდა გიორგის ქანდაკებას რომ ადამიანი გვერდით გაუვლის, პირჯვარს არ გადიწერს?... ნელ-ნელა ეს დამოკიდებულება ქანდაკების მიმართ, შესაძლოა, გარკვეულწილად რელიგიის სახით ჩამოყალიბდეს. ამ ქანდაკებაში კი, როგორც ცარიელ ჭუჭრელში, შესაძლოა ბოროტმა დაიბუდოს... თავისუფლების მოედანი რთული გზაჯვარედინია, ბოროტისათვის ხელსაყრელი ადგილია,“ - ბრძანებს ქ-ნი ქეთევანი.

ვერსია, 25.04.06; კვირის პალიტრა, 24-30.04.06; ახალი თაობა (კვირიდან კვირამდე), 16.04.06

გაზეთებში გამოქვეყნებულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეს სრული ტექსტი.

ალია, 25-26.04.06
მარიტა დამენია
ხელისუფლებასა და ეკლესაიას შორის დაპირისპირება მწვავდება

სტატია იწყება ორიოდე წლის წინათ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ქადაგების დროს წარმოთქმული სიტყვებით - „...მსოფლიოში თხუტმეტი მართლმადიდებელი ეკლესიაა და არსად სახელმწიფო ისე არ ერევა ეკლესიის საქმეებში, როგორც საქართველოში“. რა იმალება პატრიარქის ამ სიტყვების უკან? სტატიის ავტორის აზრით, პატრიარქის მთავარი თეზა ასეთია: ვინაიდან ვარდების რევოლუციამდე „იუნესკოს, გაეროს და სოროსის დაფინანსებულმა საერთაშორისო კვლევებმა“ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% მართლმადიდებელ ეკლესიას ენდობა, „ვარდების ხელისუფლებას დამფინანსებლებმა თავში ჩაუჭედეს, რომ ძალაუფლების განსამტკიცებლად ნდობის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ეკლესიის სადავეების ხელში ჩაგდების და მისი მეშვეობით ისევ სახელმწიფო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, მათი მმართველობა უფრო მყარი და მომგებიანი იქნებოდა.“ შემდეგ სტატიაში ჩამოთვლილია ის ხერხები, რომელსაც იყენებს ხელისუფლება, რათა ეკლესია მართოს: სტუდენტების ბუნტი სასულიერო აკადემიაში; მცდელობა დაევალდებულებინათ მღვდლები აღსარების საიდუმლოების დარღვევაში ამა თუ იმ პირზე კომპრომატის მიღების მიზნით; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტთა შეგზავნა ეკლესიებში (ჩიტაძის ქუცაზე მდებარე წმ. ნინოს ეკლესიაში, ავჭალაში ქეთევან წამებულის ტაძარში და სოფელ დიღომში, წმ. მარინეს ეკლესიაში) მღვდლების დაშანტაჟებისა და გადმობირების მიზნით. როცა, ავტორის აზრით, ამ მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო, ხელისუფლებამ სხვა ბერკეტები აამოქმედა: სახელმწიფო არ უბრუნებს ეკლესიას ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეულ ქონებას; „ფიქრიც კი ზედმეტად მიაჩნიათ“ თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიებზე მდებარე ქართული ეკლესიების დაბრუნებაზე და ზოგიერთ მათგანში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენაზე; მეტიც, ხელისუფლება მხარს უჭერს „ამ ბოლო დროს გააქტიურებულ სომხებს“, რომლებიც საქართველოში მდებარე ექვსამდე ტაძრის სომხური ეკლესიისათვის გადაცემას ითხოვენ; გარდა ამისა, ხელისუფლება მიესალმა სტამბოლში „ბერძნულ ტაძარში“ ქართული ეკლესიის ამოქმედებას, რომლის მღვდელი არა საპატრიარქოს, არამედ „კონსტანტინოპოლის ბერძენ პარტიარქს“ დაექვემდებარება; ხელისუფლება ასევე მიესალმა კიევში ქართული სათვისტომოსთვის ტაძრის გადაცემას, რომლის ქართველი მოძღვარი მოსკოვის საპატრიარქოსთან სქიზმაში მყოფ უკრაინის არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ექვემდებარება; ხელისუფლება არ ასრულებს საკონსტიტუციო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაგალითად, ეკლესია არ იყო ჩართული განათლების კანონის წერის პროცესში, არ არის შემოღებული კაპელანის ინსტიტუტი ჯარში, მოძღვრის ინსიტუტი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, საეკლესიო ჯვრისწერას არ მიეცა იურიდიული ძალა.

2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა

▲back to top


სააღდგომო ციკლის გამო ამ თვის ეკლესიურ პრესაში სხვა თემები ნაკლებად განიხილებოდა. ურაპატრიოტული სულისკვეთება და საქართველოს ისტორიის ჰეროიკული აღწერილობები ისევ შენარჩუნდა. ერთგვარ სიახლედ უნდა მივიჩნიოთ სასულიერო პირების გამონათქვამები, რომლებიც მოძღვრის სრული დიქტატისა და გაკერპების წინააღმდეგაა მიმართული..

სხვა კონფესიების მიმართ მკვეთრი შეფასებები არ გამოთქმულა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რადიკალიზმით გამორჩეული ჟურნალი ქვაკუთხედი, რომელიც მთლიანად შეთქმულების თეორიის ტყვეობაშია მოქცეული და თავისი პოზიციის დასტურად ყვითელი პრესიდან გადმობეჭდილი მასალების გამოქვეყნებასაც არ ერიდება ხოლმე.

2.1 საფრთხეები, რომელიც ემუქრება მართლმადიდებლობას

▲back to top


კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ქადაგებებს ლაიტმოტივად იმ ახალი საფრთხეების ხაზგასმა გასდევს, რომელიც დღეს მართლმადიდებლობას, და შესაბამისად, ქართველობას ემუქრება. 2 აპრილს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის კარიბჭის ტაძარში წარმოთქმულ ქადაგებაში, რომლის ტექსტს „საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს, კათოლიკოს-პარტრიარქმა ბრძანა: „დღეს მრავალი განსაცდელი ემუქრება ჩვენს სულიერებას, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ მტერი ნადირობს ჩვენს ხალხზე, ცდილობს სასუფეველს გამოსტაცოს ქართველი ადამიანი და ამისათვის სხვადასხვა მიზეზს მიმართავს, იგონებს თავისუფლებას, დემოკრატიას და სხვა. ... ბედნიერია ადამიანი, თუ ნამდვილად გაიგებს, რა არის თავისუფლება. თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს აღვირახსნილობას, არ ნიშნავს, რომ უნდა უარყო ათი მცნება, ათი ნეტარება, წმინდა მამათა და მსოფლიო კრებების დადგენილებანი, რომლებიც წინაპრებმა დაგვიტოვეს“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №14, 12-18 აპრილი, 2006).

სააღდგომო ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კიდევ ერთ საფრთხეზე ალაპარაკდა, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ კულტურას ემუქრება - გლობალიზაციაზე. „გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს ყველა იმ ხალხისა და კულტურის ასიმილაციასა, ზოჯერ სრულ გაქრობასაც, რომლებიც სათანადო იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს, ოღონდ ეს ახალი მოვლენა როდია... ისტორიულად ცნობილი ყველა დიდი იმპერია ცდილობდა განეხორციელებინა გლობალიზაციის მაგვარი პროცესი. დღეს კი ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო... ენა, მამული სარწმუნოება _ ამ სამ საგანძურს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ერის მთლიანობა და თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ“ - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა („საპატრიარქოს უწყებანი“, №16, 26 აპრილი - 3 მაისი, 2006).

ჟურნალი „ქვაკუთხედი“ გვთავაზობს „ქართული გზიდან“ გადმობეჭდილ ლაზარე ზაქარიაძის სტატიას - „უფალი მეფობს“, რომელიც დღევანდელი საქართველოს შიდაპოლიტიკურ პრობლემებს ეხება და მიზნად ისახავს ქართული სული, გარე ძალების დახმარებით „დადგმულობის, ინიცირების სულით“ ჩაანაცვლოს. „...ვინ გვმართავს ასე უსაშველოდ და ყოველგვარი სტრარეგიის გარეშე? იქნებ სწორედ ეს არის მთავარი სტრატეგია: საქართველომ დაიჩოქოს, ქართულმა ზნეობამ, ქართულმა ფესვებმა, ქართულმა სულმა?! სხვადასხვა ფსიქიური ანომალიის მქონე ადამიანების მართული და მიზანდასახული ზეაღსვლა სახელმწიფო იერარქიის უმაღლეს საფეხურებზე - ეს რაღა არის? მრავალპარტიული სისტემის დახლეჩილი ქართული სახელმწიფო ცნობიერება დაპირიპირების სულით სუნთქავს და ეს ყველაფერი ფინანსდება მსუყედ და მიზანმიმათულად... დამდგმელი ვინ არის, იკითხავ შენ და მე გიპასუხებ: დამდგმელი ბოროტია, რომელსაც არ სწყინდება ბოროტი სცენარების წერა. მით უმეტეს, რომ შემსრულებელი მრავლად ჰყავს ჩვენი სახით... რად გვინდა ის რეფორმები, ან განათლების, ან კულტურის სფეროში, რომელიც ჩვენს ქართველობას, ჩვენს მართლმადიდებლურ ფესვებს დაგვავიწყებს და წაგვაშლევინებს?!... როგორ შეიძლება ჩვენ მამათმავალნი და ცილისმწამებელნი ზნეობას გვასწავლიდნენ... დღეს ყველაზე მთავარი ბრძოლა გაძლება, სულიერი მკვიდრობა, რადგან ექსპანსიაც სულიერია. რა მანქანებით არ ცდილობენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის დარღვევას...“ - წერს ავტორი. („ქვაკუთხედი“№4, აპრილი, 2006).

„ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობა - ეს სულისა და ხორცის ერთობაა და როცა ეს ერთობა დაარღვიეს, მისტიურად სახელმწიფო მოკვდა.. იგი დღეს მკვდარია“ - ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს თავის პუბლიკაციაში „მორწმუნეთა სზოგადოებრივ საქმეებში პასიურობა ბოროტის მიერაა შემოგდებული“ - წმ. გიორგის კარის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი. მამა ლევანის რწმენით, საზოგადოებრივ პროცესებში მორწმუნეთა მონაწილეობა ათეისტებმა აღკვეთეს, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო გათიშეს ერთმანეთისაგან. „როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ეკლესია გამოყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოსაგან, აქ, სამწუხაროდ, იგულისხმება, რომ ეკლესია გამოყოფილია საზოგადოებიდანაც, რითაც არ დაუტოვეს მორწმუნე ადამიანს ადგილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში... სარწმუნოებრივ და საერო საქმეებს შორის მართლმადიდებლობისათვის არსებითი მიჯნა არ უნდა არსებობდეს... საზოგადოებრივ პროცესებში მორწმუნე ადამიანი კი არა, ათეისტი არ უნდა ერეოდეს, რათა თავისი მოღვაწეობით ქვეყანა კატასტროფამდე არ მიიყვანოს... თუკი ჩვენ ამ სფეროდან გავაძევებთ მართლმადიდებლებს, საზოგადოებრივი აზრი ათეისტური გახდება, რის გამოც ხელისუფლება ანგარიშვალდებული ამ აზრის წინაშე ხდება... შედეგად ვღებულობთ კიდეც ისეთ საზოგადოებას, როგორიც დღეს არის“, - წერს დეკანოზი („ქვაკუთხედი“№4, აპრილი, 2006).

წერილში „კოსმოპოლიტური იდეოლოგია“ ანონიმური ავტორი საქათველოში კოსმოპოლიტური იდეის გავრცელების ისტორიას მიმოიხილავს. თავდაპირველად კოსმოპოლიტიზმის გავრცელებას საქართველოში, მისი მოსაზრებით, რუსეთის „საიმპერატორო კარი“ ცდილობდა, რათა ამ გზით რუსეთის იმპერიაში შემავალი ერების სრული ასიმილაცია მოეხდინა. შემდგომ ეს იდეა ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა აიტაცეს, რომელთათვისაც „კოსმოპოლიტიზმი თვითმიზანს არ წარმოადგენდა, იგი ყოველგვარი ეროვნულის მოსასპობად იყო გამიზნული“. მაშინ, ავტორის სიტყვებით, „კოსმოპოლიტთა შავბნელ მიზნებს“ ილია ჭავჭავაძე და მისი დასი გადაეღობა, დღევანდელ საქრთველოში კი, რომელიც „უფსკრულისკენ მიექანება“, რადგან „აქტიურად არის ჩართული გლობალიზაციის პროცესში და კვლავ ქმნის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პრობლემას“, ეროვნული სულის გადარჩენის გარანტი მართლმადიდებელი ეკლესიაა. „ყოველ ჩვენთაგანს მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. ეს არჩევანი უნდა იყოს „გონებითი“ და არა „ყოფითი, სულისათვის და არა ხორცისათვის...,“ - წერს ავტორი და დასასრულ მკითხველს ახსენებს, „რომ მოვა ცოდვათა განკითხვის ჟამი...“ („ქვაკუთხედი»№4, აპრილი, 2006).

პუბლიკაცია „სულიერი თვალსაზრისით რა დგას სალარო აპარატების, პლასტიკური ბარათებისა თუ მონაცემთა ბაზაში უპოვართა რეგისტრაციის უკან?“, რომელიც ხათუნა საგინაშვილის მიერაა მომზადებული, თანამედროვე ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ნებისმიერი კონტროლის დაწესებას, ბიზნესის სფეროში იქნება ეს თუ მოსახლეობის აღრიცხვის პროცესში, ანტიქრისტეს მოსვლის შეგნებულ სამზადისად აცხადებს. პუბლიკაციის მიხედვით, ბიზნესის სფეროში კონტროლი „ანტიქრისტეს სისტემის ხერხემალია“, უნაღდო ანგარიშსწორება - „ანტიქრისტეს სისტემის პირველი ეტაპია“, ელექტრონული პასპორტები „ანტიქრისტეს ბეჭდის წინასახეა“ და ა.შ.

პუბლიკაციას ახლავს მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ აკაკი მელიქიძის კომენტარი. „ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ პერიოდში, როცა ჩვენს თვალწინ ხორცს ისხამს აპოკალიფსური მოვლენები... მთელი მსოფლიოს მასტაბით მიმდინარეობს პოლიციური კონტროლის სისტემის მშენებლობა, რასაც წინ უძღვის ეროვნული თვითმყოფადობის ყოველგვარი გამოვლინების შეგნებული დასუსტება („საქართველოს მოქალაქეებს პასპორტებში აღარც მამის სახელი, აღარც ეროვნება არ უწერიათ“). სწორედ ამ პროცესებში ცდილობენ მავანნი საქართველოს ჩათრევას, რასაც მექანიკურად მოჰყვება „666“ - სატანის რიცხვის შემცველი კოდებით იდენტიფიცირება“, -ამბობს მამა აკაკი და მოუწოდებს მორწმუნეებს უარი თქვან საბანკო ანგარიშსწორების პლასტიკურ ბარათებზე („ქვაკუთხედი“№4, აპრილი, 2006).

იმავე თემას ვარიაციაა ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული წერილი „კომპიუტერული მიკროსქემების სფეროში ინჟინერ-კონსტრუქტორის, დოქტორ კოლ სანდერსის წერილიდან“. სად და როდის გამოქვეყნდა ეს წერილი, უცნობი რჩება, მხოლოდ ქვესათაურში არის ასეთი მინაწერი: „1997 წ. ვაშინგტონის შტატი, ქალაქი სპოკანი.“ ინჟინერ-კონსტრუქტორი აუდიტორიას მსოფლიო შეთქმულების შესახებ აუწყებს. შეთქმულების ორგანიზატორი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოა („შემუშავებული აქვს პროგრამა „ფუნდამენტალისტი“) ხოლო მისი მიზანია „სახელი გაუტეხოს ქრისტიანობას“, „ებრაელი როტშილდმა“ მსოფლიო ბატონობისთვის „1775 წ. 12 კაცთან ერთდ შექმნა „13 საბჭო“, რომელიც მიეკუთვნება იეზუიტთა ორდენს“ და უკვე მთელ ევროპასა და ამერიკას აკონტროლებს. ამავე ინფორმაციით, კაცობრიობაზე სრული კონტროლის დასაწესებლად „მალე მთელ საერთაშორისო ქსელს მოიცავს მიკროჩიპების („თავსდება ეპიდემიოლოგიურ ნემსში“) ჩანერგვა ადამიანის კანქვეშ მისი ნების გარეშე („17 ათას ბავშვს გაუკეთეს კანქვეშა ფირფიტა სამი წლის წინ... 7 ათას ადამიანს შვეიცარიაში უკვე აქვს კანქვეშა ფირფიტა“...), მზადდება ე.წ. სმარტ-კარტები (ანუ ელექტრონული პასპორტები). ყოველივე ეს, ავტორის მტკიცებით, ანტიქრისტეს მოახლოვებული გამეფების ნიშნებია და აღწერილია წმინდა წერილში („ქვაკუთხედი“№4, აპრილი, 2006).

2.2 საქართველოს განსაკუთრებული გზა

▲back to top


წერილში „აღმაშენებლის სახელმწიფო არ იყო მოწყობილი სხვა ქვეყნის მიხედვით“, რომელიც ჟურნალ „ქვაკუთხედში“ გაზეთ „ჯორჯიან თაიმსიდანაა“ გადმობეჭდილი, მოძრაობა „ქართული გზის“ თავმჯდომარე, წმ. გიორგის კარის ეკლესიის მნათე, ალექსანდრე ყიფიანი იმ განსაკუთრებულ ტრადიციულ ქართულ გზაზე საუბრობს, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა - დავით აღმაშენებელმა, თამარ მეფემ, გიორგი ბრწყინვალემ - დაგვიტოვეს და რომელიც დღეს დავიწყებას მიეცა. „დღეს ქართველ კაცს აიძულებენ არ დაიცვას თავისი სახელმწიფო, მოაბეზრეს „პოლიტიკა,“ იმიტომ, რომ ყოველ ხუთ წელიწადში იცვლება სახელმწიფო გეზი, ვინაიდან ის დამოკიდებულია ერთ პიროვნებაზე, მასზე, ვინც სახელმწიფოს სათავეში დროებით მოდის...“ ყოველივე ამას ავტორი „უცხო ქვეყნების გავლენის აგენტთა მუშაობის შედეგად“ თვლის. მისი განმარტებით, მოძრაობა „ქართული გზის“ იდეალი „ქართული, მართლმადიდებლური, ეროვნული“ სახელმწიფო მოდელის აღდგენაა - „ქართული ბუნებისთვის მონარქია იდეალური წყობაა, რადგან თავად ქართული ბუნებაა განსხვავებული“ („ქვაკუთხედი“№4, აპრილი, 2006).

იმავე ჟურნალის სტუმარი, 80-90-ანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე, თვლის, რომ „წარმოუდგენელია ადამიანი იყოს ათეისტი, მაგრამ იმავდროულად ჭეშმარიტი პატრიოტი.“ თავის ინტერვიუში ისიც ქართულ სულზე საუბრობს, რომელიც „დღეს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ტრიალებს.“ გიორგაძის აზრით, ქართველებს არ სჭირდება ღირებულებათა იმპორტი, რადგან საქართველოს „თავისი ისტორიული ღირებულებანი, ქართული გზა გააჩნია... ჩვენი ქვეყანა კლასიკური მაგალითია მართლმადიდებლური ღირებულებების დამკვიდრებისა, რომელიც მოიცავს ზემოთხსენებულ თანამედროვე ცნებებს (საუბარი ლიბერალურ ღირებულებებზეა, რომელთაგან გიორგაძე, მხოლოდ ისეთი „საძაგლობის“ დაკანონებას ვერ ეგუება, როგორიცაა „სოდომური ცოდვა“ - რედ.)... ჩვენს გარშემო სამყაროში დიდი სულიერი კრიზისია და არავის მიბაძვა ჩვენ არ გვარგებს... ჩვენ სხვისგან არაფერი გვაქვს სასწავლი.“ 80-90-ანი წლების ეროვნული მოძრაობის კრახს გიოგაძე რწმენის ნაკლებობით ხსნის („ქვაკუთხედი“№4, აპრილი, 2006).

2.3 ქართული ენის საკრალიზაცია

▲back to top


ართული ენის დღის აღსანიშნავად გაზეთი „კანდელი“ აქვეყნებს მე-10 საუკუნეში იოანე ზოსიმეს მიერ გადაწერილ ჰიმნს „ქებაი და დიდებაი ქათულისა ენისაი“. ცნობილი პასაჟი ამ ჰიმნიდან იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობიობა ქართული ენით განისჯება, თითქმის კანონიკური ტექსტის რანგშია აყვანილი და მის ციტირებას ხშირად ვაწყდებით, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის, ისე სხვა სასულიერო პირების ქადაგებებში და ნაწერებში: „დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“ (კანდელი“№12, 14-20 აპრილი, 2006).

2.4 მოძღვრის ინსტიტუტეს შესახებ

▲back to top


მაშინ, როდესაც საეკლესიო და საერო პრესის საშულებით ზოგი სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მართლმორწმუნე ქრისტიანი სრულად უნდა დაემორჩილოს თავის მოძღვარს, ურბნისისა და რუისის მღვდელმთავარ, მეუფე იობის (აქიაშვილის) განმარტებით, სულიერი მამის ასეთი განდიდება მიუღებელია. ჟურნალ „კარიბჭესთვის“ მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს: „არის ხალხი, ვისაც თითქმის გაკერპებული ჰყავს სულიერი მამა. მის იქით ვერარაფერს ხედავს, თვით ღმერთსაც კი. ეს ფაქტობრივად კერპთაყვანისმცემლობაა, რაც, თავადაც ხვდებით, დამაბრკოლებელია სულისათვის... ზოგიერთი მოძღვარი სულიერ შვილს სხვასთან ზიარებას, ლოცვა-კურთხევის აღებას უკრძალავს. ეს უკვე, შეიძლება ითქვას, ეშმაკის მახეში გაბმაა, თანაც მოძღვრის მეშვეობით“ („კარიბჭე“№8, 21 აპრილი 2006).

იმავე თემას შეეხო თავის ინტერვიუში წმ. ნინოს ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი. თავმდაბლობაზე საუბრისას ის ამბობს: „...ის კი არა და, მოძღვარმაც არ უნდა დაჩრდილოს სხვები, თავი არ გააკულტებინოს თავის მრევლს. მრევლმა უფალი უნდა დაინახოს მოძღვრის ქცევაში, მის ქადაგებაში, მის სიტყვაში და არა მისი პიროვნება განადიდოს“ („დედაეკლესია“,№7, აპრილი, 2006).