![]() |
ცხელი შოკოლადი №51 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ლომაძე ნინო, შავერდაშვილი შორენა, სუხიშვილი თამარ, ჩიხლაძე დავით, ხატიაშვილი თეო, ნავერიანი სანდრო, კოვზირიძე დავით, გვახარია გიორგი, კორძაია-სამადაშვილი ანა, რურუა ნიკოლოზ, ბუხრიკიძე დავით, ქურდაძე პაატა, გეთიაშვილი რეზო, ბერძენიშვილი ლევან, მაისურაძე გიორგი, ღოღობერიძე ლანა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ივლისი 2009 გარეკანზე: მაკა მიქელაძე ფოტო: დავით მესხი მთავარი რედაქტორი ნინო ლომაძე აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი: გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი: ნინო სვანიძე კორექტორი: ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: თამარ ბაბუაძე, გიორგი მაისურაძე, სალომე კიკალეიშვილი, დავით ბუხრიკიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნავერიანი, დავით ჩიხლაძე, თეო ხატიაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი გვახარია, შორენა შავერდაშვილი, ლანა ღოღობერიძე, რეზო გეთიაშვილი, დავით კოვზირიძე, თამარ სუხიშვილი. ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, მარიკა ქოჩიაშვილი, ქეთო ცაავა ილუსტრაცია: მაია სუმბაძე დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა: ლელა შუბითიძე სარეკლამო გაყიდვები: ნესტან ავალიანი დისტრიბუცია: ზვიად შენგელია გამომცემელი: შორენა შავერდაშვილი გამომცემლობა: შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ.: 912326 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სხვა გამოცემები: ლიბერალი, ბიზნესიადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები, დიალოგი, თიბისი და თიბისელები. სტამბა: შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140, ტელ.: 357002 ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება გამომცემლობის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲back to top |
ეს არის „ცხელი შოკოლადის“ ივლისის ნომრის სვეტი, ჟურნალში შეცდომით დაიბეჭდა წინა ნომრის რედაქტორის სვეტი. ბოდიშს გიხდით ამ შეცდომისთვის.
- რატომღაც თავისუფლებაზე მაშინ ვიწყებთ ლაპარაკს, როდესაც სალაპარაკო სხვა არაფერი რჩება, უხერხული სიჩუმე რომ ჩამოვარდება ხოლმე, - ამბობს სებასტიანი, ჩემი გერმანელი მეგობარი, - ამინდის ამბავია მოკლედ.
- მაგარი აქტუალური თემა ყოფილა თქვენთან ამინდი, - ბრაზობს ავღანელი ნასიმი. და სასწრაფოდ რაღაც ჰორორს გვიყვება საკუთარი მონაწილეობით, რასაკვირველია თავისუფლების კონტექსტში. სებასტიანი თავის გამართლებას ცდილობს, - რა ვქნა, ასეა. ამ თემაზე ინტელექტუალური წიაღსვლები უსაქმურ ბურჟუებს უყვართ. დიდი ტანჯვაა მათი მოსმენა, მოწყენილობისგან ეგრევე მთქნარება მიტყდება ხოლმე.
- როგორი კატეგორიულები ხართ? - საუბარში ერთვება მიშელი, თან „ნიუ-იორკ თაიმსს“ ზანტად ფურცლავს, აშკარად არ მოსწონს მოსაწყენი ბურჟუას იარლიყი - ყველას თავისი თავისუფლება, სიმართლე და, ბოლოს და ბოლოს, ამინდი აქვს. რა მოგივიდათ? - ისე, თავისუფლებაზე ლაპარაკს საოცრად უხდება თბილ-თბილი კრუასანები... ყავასთან ერთად... ნასიმი მანიშნებს, - ოთახიდან გავედითო. გავდივართ.
- წყობიდან გამომიყვანეს, - აქეთ-იქით დარბის და ხელებს იქნევს. ამათ უნდა გვასწავლონ ჭკუა? ესენი არიან „პირველი მსოფლიოს“ მოქალაქეები?
ეს საუბარი თამარ სუხიშვილის „ყურმოკრული დიალოგებით აწყობილმა ამბავმა“ გამახსენა. თუკი ერთხელ მაინც მოხვედრილხართ საერთაშორისო კონფერენცია-სემინარზე, აუცილებლად მოისმენდით რამე ამდაგვარს - თავისუფლებაზე, მრავალფეროვნებაზე, ჰუმანიზმზე.
რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი „ევროპიდან“, ეშველებათ რამე ირანში? - პათოსით. და ისევ ნასიმი გამახსენდა (რომელიც ადრესატთა ნუსხაში ვერ ვიპოვე. არც გამკვირვებია). წარმოვიდგინე როგორ აღშფოთდებოდა ასეთ წერილზე და როგორ გულით გალანძღავდა ბურჟუა ევროპელებს, სადღაც ზემოდან, ჭოგრიტით რომ აკვირდებიან მოვლენებს. მერე ფინჯან ყავაზე, თავაზიანად გაუზიარებენ ერთმანეთს ინტელექტუალურ თვალსაზრისებს და „მსოფლიოსევდაგანცდილები“ მშვიდად დაიძინებენ.
მაგრამ არც ასეა საქმე. მიშელისთვის საყვარელმა ეგზიუპერიმ მხოლოდ ერთი თავისუფლება იცის და ეს გონის თავისუფლებაა. ამიტომ, თუ კარგად დაფიქრდები, მიხვდები, რომ ეს „გლამურიც“ მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ მოდის. და ის, რაც ნასიმს ასე აბრაზებს და თან ასე ძალიან უნდა, საკუთარ ქვეყანაში რომ ჰქონდეს, „ბურჟუებად ქცეულმა“ ევროპელებმა თავად მოიპოვეს.
ნინო ლომაძე
მოგვწერეთ, editor@shokoladi.ge
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲back to top |
შორენა შავერდაშვილი
ერთმა მწერალმა მითხრა, - რაც უფრო შეზღუდულია საზოგადოება, მით უფრო მორალისტურიაო. ალბათ ასეა. რაც უფრო თავისუფალია ქვეყანა, მით მეტად გაძლევს შანსს, იყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარ, იმაზე მეტი, ვიდრე ხარ. თავისუფალი ქვეყნებიცა და ადამიანებიც ამით არიან ძლიერები. ისინი ნაკლებად განიკითხავენ და ცდილობენ, ადამიანები იარლიყების მიღმა დაინახონ, მაშინაც კი, თუ ეს იარლიყები სამართლიანია.
ჩემი გულწრფელი სურვილი იყო, სხვების შეფასებები გვერდზე გადამედო, მომესმინა ნიკასთვის და გამეგო, როგორ გადადის ადამიანი ერთი მოცემულობიდან, მეორეშე, ერთი რეალობიდან - სხვა რეალობაში, რას აღწევს და რის ხარჯზე. ვისაც ინტერვიუსთვის შევხვდი და რურუაზე კარგი არაფერი ჰქონდათ სათქმელი, ღიად არავინ დამელაპარაკა. ამიტომ ტექსტში მნიშვნელოვანი კომენტარების მხოლოდ ნაწილი დარჩა, დარჩა ის, რასაც ანონიმურობამ ლეგიტიმურობა არ დაუკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ისტორიის მოყოლა მინდოდა თქვენთვის, არ ვარ დარწმუნებული, რომ ნოკოლოზ რურუას პროფაილი, რომელზეც დაახლოებით 3 თვე ვმუშაობდი, მისი ცხოვრების ყველა განზომილებას მოიცავს. შესაძლოა, ეს სტატია ერთი ვერსიაა, ვერსია, რომელსაც ნიკა თავად გვთავაზობს.
ვიღაცას შეუძლია სხვისი განკითხვა, ვიღაცას - არა. თავისუფლება კი იმათ მხარეზეა, ვინც არ განიკითხავს. მე არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ გავაკეთე.
თამარ სუხიშვილი
- სად მიდიხართ?
- დიდ ბრიტანეთში.
- მიზანი?
- როიტერის სააგენტოს ტრენინგზე მივდივარ, - ვპასუხობ დაუფარავი თვითკმაყოფილებით და, რაღა დაგიმალოთ, ჩემი ამაღლებული განწყობის ადეკვატურ რეაქციასაც ველოდები.
- ჰმ!..
სტამბოლის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის მოხელე საქართველოს რომელიღაც მოქალაქის პასპორტს უემოციოდ ჩაჰკირკიტებს. მწვანე ფერის დოლბანდის ნიღაბი და ხელთათმანები უკეთია. მეც მოვინდომე რა თავის მოწონება! ამისთვის როიტერის ტრენინგი ისევე საეჭვოდ ჟღერს, როგორც ღორის გრიპის ვირუსი, ანდა ტრეფიკინგი. ისე, რა ამათი საქმეა, რისთვის მივდივარ. ეს ხომ ტრანზიტული ფრენაა, - ცოტას ვბრაზობ, უფრო ჩემს თავზე, მაგრამ მაინც ვიღიმები. უკვე ლონდონის ხალხმრავალ აეროპორტში ვარ. აქ არავის ეშინია ღორის ვირუსის. სასტუმროში პატარა ავტობუსით მივდივართ.
ავტობუსის მძღოლი მხიარული და მოლაპარაკე ბიჭია, როგორც ჩანს, საშინელებათა ამბების ტრფიალი. ჰოდა, დიდი გატაცებით გვიყვება და გვიყვება ნისლიანი ალბიონის ბურუსით მოცული და ჩახლართული ისტორიების ტყუილსა და მართალს.
ცალი ყურით ვუსმენ ენაგაკრეფილ მძღოლს და თან ტრენინგის მასალებსა და განრიგს ვათვალიერებ.
უკვე ხვალ დილიდან ერთკვირიან ახალ ცხოვრებას შევუდგები, როგორც თომსონ როიტერის ფონდის პროგრამის მონაწილე. ძალიან ამაყი ვარ. ცოტა ხანს მაინც ვიცხოვრებ იმ გარემოში, სადაც ბევრ ჩემნაირ უცხოქვეყნელს კიდევ ერთხელ ასწავლიან და შეახსენებენ ჟურნალისტის ღირსების ყველაზე არსებით მახასიათებელს - აზროვნების პატიოსნებას, რაც მართალი სიტყვით უნდა აისახოს.
მერე? მერე - არაფერი: მართალი სიტყვის სივრცეში თითქოს აღარავის უნდა მოაფიქრდეს ჟურნალისტისათვის ბოიკოტის გამოცხადება, სირცხვილის კორიდორის ორგანიზება და სხვა მორალური წნეხები, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მართალი სიტყვის სივრცეში ყველას არ ეცხოვრება. აკი შევიტყობ კიდეც, რომ ცოტა ხნის შემდეგ ჩემს მშვენიერ სამშობლოში, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, როიტერის ქართველი ოპერატორიც მამაპაპურად და ლაზათიანად დაჟეჟეს და თან კადრებიც წაუშალეს.
მანამდე კი ლონდონის ერთკვირიანი შეკრების მონაწილეთა დიალოგების ფრაგმენტები მინდა შემოგთავაზოთ, რომლებიც ძალიან თბილად ჩაიწერა ჩემს მეხსიერებაში.
![]() |
3 კავკასიის როკ-ფესტივალი |
▲back to top |
მიმოხილვა
ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
2-13 ივნისს ვაკის პარკის სცენაზე „33ა“ კავკასიის როკფესტივალი ჩატარდა, სადაც აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ჯგუფები გამოვიდნენ. კარგი ამინდის და ასეთი კონცერტების ნაკლებობის მიუხედავად, მაყურებელი ბევრი არ იყო. შეიძლება ამას ბილეთის ფასიც განაპირობებდა - 10 ლარი. თუმცა, არც სხვა მიზეზებია გამორიცხული.
როგორც პროგრამის წამყვანმა, ლადო ბურდულმა შეგვახსენა, ეს ფესტივალი 2005 წლიდან ტარდება და მას არაერთხელ მიუნიჭებია სიხარული თბილისის როკის მოყვარულებისთვის. აქ თავს იყრის მთელი ამიერკავკასიის, ასევე რუსეთისა თუ ევროპის თანამედროვე მუსიკალური გამოცდილება.
მაგრამ მიუხედავად საპროგრამო განაცხადებისა, ფესტივალი არარსებულს ვერ წარმოაჩენს. არარსებულია არა ბენდები, არამედ სწორედ ის ატმოსფერო და სივრცე, რაც მათ შეიძლება აერთიანებდეთ, თუნდაც ამ ფესტივალზე, და ის, რასაც როკმუსიკის კულტურა შეგვიძლია ვუწოდოთ. კულტურა კი წაკითხვას ნიშნავს, კითხვის კულტურას ანუ კონტექსტების წარმოებას და კვლავ წარმოებას, მარტივ ენაზე - შეფუთვას, რაც მხოლოდ სპონტანური სიცოცხლის სიყვარულით არ იქმნება.
ფესტივალზე გამოსული ბენდები მაღალი არტისტულობით არ გამოირჩეოდნენ და, საერთოდ, ირაკლი ჩარკვიანის მერე ქართულ როკ-კულტურას ტრაგიკულად მოაკლდა შარმი. ეს ალბათ პირველ რიგში იმის ბრალია, რომ როკ-მუსიკა აღარ აღიქმება კულტურად. ის უბრალოდ მუსიკად მიიჩნევა თვითონ შემსრულებლებისა და ასევე პროდიუსერების მიერ. ან შეიძლება ეს საერთოდ ზოგადი ტენდენციაა და აქ საქართველო არაფერ შუაშია; ანუ, როგორც ედუარდ ლიმონოვი ზუსტად აღნიშნავს, „სექს პისტოლსის“ ბასისტის სიდ ვიშესის სიკვდილთან ერთად ნამდვილი როკ-კულტურის ეპოქა საბოლოოდ დამთავრდა 1978 წელს. და დღეს უფრო, ვიდრე ადრე, ეს მხოლოდ გასაყიდი ბრენდებია, რაც შეიძლება გვიზიდავდეს; გასაყიდი, გასართობი შოუ, რასაც ალის კუპერიც შეეგუება და დამწყები მუსიკოსიც.
მაგრამ ასეა თუ ისე, კულტურის აღიარება მაინც მოგვიწევს. სხვანაირად, ვერ გავუნაწყენდებით იმ თბილისელ მაყურებელს, რომელიც სიამოვნების მიღების იმავე მიზნებით შარდენის ქუჩას მიაშურებს კარგად შეფუთული პროდუქტის, ჯაზის მოსასმენად.
თვითონ მუსიკას რაც შეეხება, პირველ დღეს საინტერესო იყო რომანტიკული, მელოდიური და კარგი არანჟირების მქონე ჯგუფი „ტელესკოპი“ და „ლაბირინთი“ სამტრედიიდან, რომელიც ჰარდ როკს ასრულებდა. მეორე დღის პროგრამა უფრო დინამიურად გამოიყურებოდა: ფესტივალზე გამოვიდა ჯონ ბარი დაიკი, გერმანელი არტისტი, რომელმაც „კრაფტვერკის“ დრამერს ვოლფგანგ ფლურს ერთხელ ისეთი ინსპირაცია გადასცა, რომ მან „კრაფტვერკის“ დაშლის შემდეგ პირველად აიღო ხელში ჯოხები და მასთან ერთად დაიწყო ცოცხალი შესრულება. ამ დღეს „მი ენდ მაი მანკის“ გამოც ელოდებოდა აუდიტორია. ფესტივალის მეორე დღეს ქუთაისური ჯგუფი ხსნიდა პროგრამას შემაშინებელი სახელწოდებით „სომალი“. შემდეგ იყო ბათუმური ჯგუფი „პლასტიკზ“, „მი ენდ მაი მანკი“ და „ვიტამინი“.
ალბათ დღეს რომ როკ-კულტურა ისევ საგანმანათლებლო სტატუსითაა, მხოლოდ ფესტივალებისა და ლეიბლების ბრალი არაა. ირაკლი ჩარკვიანს ეს პრობლემა არ ჰქონია, და არც დღეს ექნება ზურა ჯიშკარიანს. მთავარი მსხვერპლის გაღებაა - კონტექსტების წაკითხვა; ანუ კულტურას, თუ პირდაპირი მნიშვნელობით კითხვას, პირველ რიგში, ბევრი დრო სჭირდება. სამწუხაროდ, სურვილებისა და ინსპირაციების მიუხედავად, კარგი პროდუქცია არც იქმნება და არც იყიდება.
![]() |
4 კონცერტი NUMBAR 1-ში |
▲back to top |
მიმოხილვა
ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
30 მაისს შარდენის №1-ში არცთუ დიდი ხნის წინ გახსნილი ექსკლუზიური ბარის NumBar One სახურავზე მაისის ღამის ღია ცის ქვეშ ტექნო პოპის და ელექტრონული ექსპერიმენტული მუსიკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, დრო გაეტარებინათ ისეთ საინტერესო ახალგაზრდა მუსიკოსებთან, როგორიცაა „სპანდერა და კომპარტია“ და „ბეიბი ნიუზ“. მართლაც დიდი აუდიტორია შეგროვდა, თუმცა ყველა ვერ ახერხებდა შემოსვლას „ფეის“ და ასაკის კონტროლის გამო; 25 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებს ბარის სახურავზე მოხვედრის არანაირი შანსი არ ჰქონდათ.
ბარის მენეჯმენტის ეს გათვლა, კონცერტს მშვიდ და პოსტპანკისთვის დამახასიათებელ დეკორატიულ და არა აჟიტირებულ გარემოში ჩაევლო, არა მხოლოდ უსაფრთხოების მოთხოვნილებებს პასუხობდა, არამედ მართლაც თვით აქ წარმოდგენილი მუსიკოსების შესანიშნავ თანამედროვე აპლომბს ეხმიანებოდა - ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მშვიდ და ნიჰილისტურ თეატრალურობას, კიტჩისა და გლემის კომბინაციას.
მუსიკალურად ორივე ჯგუფი დამაჯერებლად პასუხობდა თანამედროვე მუსიკისა და კულტურის რანგს. „სპანდერა და კომპარტია“ უფრო მონოტონურ ლუპებზე აგებდა საკუთარ ჰარმონიას, სადაც სინთეტიკური ბგერა ნატურალურ ვოკალთან იყო შეერთებული. კომპიუტერზე შექმნილი ეს სინთეტიკური ჟღერადობა კიდევ უფრო ხისტი ტონებით იყო წარმოდგენილი, რაც სათამაშო ელექტრონულ ელფერს აძლევდა მას და ცოტა ძნელად ასატანსაც ხდიდა ბგერის პრიმიტიულობისა და ვაკუუმის გამო.
მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს შეზავება საინტერესო იყო, როგორც გამართლებული ექსპერიმენტი, სადაც სიმღერის ემოციები ინტელექტუალურ პლანზე გადადის და მიუხედავად დიჯეის უწყვეტ მოძრაობებში რევოლუციური თუ სოციალური კრიტიკის ნიშნების ამოკითხვისა, აუდიტორია მაინც უფრო ერთობოდა, ვიდრე ჩართული იყო.
„ბეიბი ნიუზმა“ წარმოადგინა ელექტრონული პოპის სხვა მხარე. მიუხედავად იმისა, რომ უხვად იყო ამბიენტი ანუ სივრცობრივი მუსიკა და ალეატორიკა, მისი ლირიკული და ჰიპნოზირებული მუსიკა ულამაზეს სიმღერებად და სიმღერის ქარგებად გარდაიქმნებოდა. ნამდვილად, „ბეიბი ნიუზი“ უფრო ლირიკული ბენდი აღმოჩნდა და შესანიშნავად შეესაბამებოდა ჩვენ თავებს ზემოთ ღამის ცის უსაზღვრობას და მთვარესაც და ქვემოთ, თბილისური ხეების ჩრდილებქვეშ დარჩენილ, ღამის ანტურაჟით აჟიტირებულ ან მშვიდად მოსეირნე ადამიანებსაც.
„ბეიბი ნიუზიც“ ორი მუსიკოსისგან შედგება. გრინჩი თავის ლეპტოპზე სიუჟეტურ შამანურ რიზომას ქმნის წვიმის წვეთებიდან დაწყებული, პლანეტებით და დავიწყებული პეიზაჟებით დამთავრებული, როგორც ნიუ ეიჯის ჯადოქარი. მისი ვოკალური შესრულების მანერა ძალზე მგრძნობიარე და რომანტიულად ატონალური იყო - ახალი შანსონიეს შესაძლებლობის დადასტურება, რომელიც კამერულ, ბარის სიტუაციაში სწორედაც რომ თავის ადგილს ნახულობს - როგორც დიჯეი, როგორც არტისტი და პოეტი ერთდროულად. მისი უცვლელი კომპანიონი და, შეიძლება ითქვას, თანაიდეოლოგი, ზურაბ ჯიშკარიანი, ანუ ზომბი, სადღაც მის ზურგს უკან იყო, მერე კი შეუმჩნევლად გამოვიდა წინ, როგორც ახალი ტიპის შოუმენი, რომელსაც ჩინური, ნათურებიანი ხმალი ეჭირა ხელში - ასევე, სრულიად არაპათეტიკურად, როგორც უბრალოდ ნიშანი - ნიშანი კიტჩის და გლემის, ნიშანი იდეის და პოეტის.
შოუ შედგა - კარგი დასვენების შესანიშნავი შანსი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ან როგორც იმის დადასტურება, რომ ანდერგრაუნდში თუნდაც დასვენებისთვის მოწყობილი შოუ უკეთესად კეთდება, რადგან აქ უჩუმრად უკეთესი შოუმენებიც არიან.
![]() |
5 ბგერა, რომელიც მხოლოდ აქ არის |
▲back to top |
მიმოხილვა
25 მაისს რუსთაველის თეატრში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი მოეწყო. გამოჩენილ ქართველ პიანისტთან ერთად, რომელთან შეხვედრასაც 12 წელი ელოდა ქართველი მაყურებელი, აუდიტორიის წინაშე წარდგა ცნობილი ფრანგი დირიჟორი ლორან პეტიჟირარი. კონცერტის პროგრამაში იყო ბეთჰოვენის №1 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, მენდელსონ-ბარტოლდის №4 იტალიური სიმფონია და გაბრიელ ფორეს საორკესტრო სუიტა „მასკები და ბერგამასკები“. 25 მაისს გამართული კონცერტი ორმაგი ზეიმი იყო მუსიკის ქართველი თაყვანისმცემლებისთვის, რადგან მათ საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ უდიდეს ფრანგ თანამედროვე კომპოზიტორსა და დირიჟორს ლორან პეტიჟირარს. კონცერტი გაბრიელ ფორეს „მასკები და ბერგამასკებით“ გაიხსნა, რომელსაც თავად ავტორმა დელიკატური უწოდა და დებიუსის ტრადიციას მიაკუთვნა. ჟანრულად ეს განსაზღვრება სწორი იყო, რადგან ეს არა მხოლოდ ე.წ. მსუბუქი კლასიკური მუსიკის ნიმუში აღმოჩნდა, არამედ იმ ფრანგული დელიკატური, მოდერნისტული არტისტულობის ტრადიციის გაგრძელებად მოგვევლინა, რომელსაც სათავეში სწორედ კლოდ დებიუსი და ერიკ სატი ედგნენ. აქ მელოდიური ან ადამიანური უფრო მთავარია და არა ღვთაებრივი ჰარმონიის ძალა, ამიტომაც იყო „მასკები და ბერგამასკები“ ასეთი ფერწერული და, შეიძლება ითქვას, კაპრიზულიც კი. მელოდიურის ასეთ გამოკვლევას კი პეტიჟირართან რაღაც თეატრალურობაც ახლავს, თითქოს მისი ნაწარმოების ქარგები მხიარული თუ მოწყენილი გროტესკული პერსონაჟები არიან. მართლაც, ეს ნაწარმოები დრამატული ინტენციის მქონეა და ის დაწერილია, როგორც დივერტისმენტების მუსიკა დრამატული აქტებისთვის.
ლორენ პეტიჟირარის, როგორც დირიჟორის პერფორმანსი, მაყურებლისთვის ცალკე მოვლენა იყო. მენდელსონის შესრულებისას მისი პოეტური ექსპრესია მთელ დარბაზს გადაედო. ის არა მხოლოდ ორკესტრს ხელმძღვანელობდა, არამედ თავად მუსიკას თითქოს ხილულს ხდიდა მაყურებლისთვის.
კონცერტი თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროსა და „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ (რომელსაც საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობს) მხარდაჭერით და „თიბისი ბანკის“ გენერალური სპონსორობით მოეწყო.
ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
ტაიმაუტი
„აქ საქართველოა...“
11 მაისს „მაგთის“ ადმინისტრაციულ ოფისში ახალი პროექტის „აქ საქართველოა...“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო ამ დროისთვის უკვე დასრულებული სამი მიკროფილმი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული პატარა კინოისტორიაა. ფილმები აკა მორჩილაძის მოთხრობების მიხედვით აჭარაში, შატილსა და კახეთშია გადაღებული.
პროექტის ყველა ფილმზე ერთი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს. ფილმების სცენარი აკა მორჩილაძის ნაწარმოებების მიხედვით იქმნება, რეჟისორი გახლავთ გიორგი ებრალიძე, ოპერატორი ილია ვაჩნაძე, მხატვარი კოტე ჯაფარიძე კომპოზიტორი კი მიხეილ მდინარაძე. პროექტზე მუშაობა არ დასრულებულა. მალე „მაგთი“ „ნეოსტუდიასთან“ ერთად საქართველოს კიდევ ექვს მხარეში გადაღებულ კინოისტორიას შემოგვთავაზებს.
![]() |
6 გამოფენები |
▲back to top |
მიმოხილვა
ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
ლალი ბაიას გალერეაში
„ბაია გალერეაში“ წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია „ლალი“, რომელიც „ცნობილი უცნობი პერსონას“ პროექტის ფარგლებში ემა ლალაევა-ედიბერიძის (1904-1991) ნამუშევრებს გვაცნობდა. აქ გამოფენილი იყო ულამაზესი აბსტრაქტული ტილოები - ქართველი მოდერნისტი მხატვარი ქალის ერთგვარი კამეები, რომლის სახელიც დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებული გვქონდა. მისი შემოქმედების მეორედ აღმოჩენა მხოლოდ 21-ე საუკუნეში გახდა შესაძლებელი და ეს უკვე ლალის (ამ სამუშაო ფსევდონიმს ირჩევდა თავად ავტორი) მეორე პერსონალური გამოფენაა.
პირველი გამოფენა 2001 წელს „ძველ გალერეაში“ მოეწყო. მხატვარი მრავალმხრივ სამხატვრო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდა ფერწერისა, მას აქვს სათეატრო ნამუშევრები, გაფორმებული აქვს წიგნები, თანამშრომლობდა მრავალ ჟურნალთან თუ გამომცემლობასთან და იყო ტანსაცმლის დიზაინერიც. თუ ქართული ავანგარდის ისტორიას საკუთარი ცარიელი ფურცლების შევსება სურს, მან აუცილებლად ლალიც უნდა გაიხსენოს და შეისწავლოს. ის ითვისებდა სხვადასხვა მიმდინარეობას, როგორიცაა კუბიზმი, კონსტრუქტივიზმი თუ ფუტურიზმი, მეგობრობდა „ცისფერყანწელ“ პოეტებთან. თუმცა, როგორც ჩანს, მისი სამხატვრო პოზა ზომიერზე მეტად მორიდებული იყო და ჩრდილში ყოფნას თავადვე შეუწყო ხელი; შეიძლება ეს იმ ტენდენციის შედეგიც იყოს, რამაც 30-იანი წლებიდან საბჭოთა საქართველოში ყოველივე ავანგარდისტული მარგინალურად აქცია.
ყოველ შემთხვევაში, მისი შემოქმედების ეს ხილული კომპონენტები - არაპრეტენზიულობა, დეკორატიულობა, ზომიერი ესთეტიკური ეკლექტურობა, თუნდაც ულამაზეს, ძვირფას ქვასთან დაკავშირებული მისი სახელის დაშაქრული ხაზგასმა - ეს მსუბუქი ჰარმონია დღეს ლალის ულტრათანამედროვე ხელოვნების ყველა ღირსეული ნიშნით ამკობს და მხოლოდღა მე-20 საუკუნის რომელიმე ერთ მოდერნისტულ წარმომადგენლად არ ტოვებს.
თბილისის ანდერგრაუნდის ფრანგული იერსახე
როგორც ანონსში ვიუწყებოდით, 11-30 მაისს ქალაქ ნანტში ელოდნენ გამოფენას „თბილისის ანდერგრაუნდი“, შალვა ხახანაშვილის და არნო კონტრერასის კურატორობით. გამოფენას უნდა წარმოედგინა ფოტოარქივები, ფილმები, აფიშები და სხვა მემორაბილია თბილისის პარალელური და ავანგარდისტული ხელოვნების სცენიდან - იმ მასალიდან, რაც 30 წლის მანძილზე შეიქმნა და დაგროვდა. თანაც, რაც უნდა მოულოდნელი იყოს, ნანტში გამართული ე.წ. არაოფიციალური ხელოვნების ეს ექსპოზიცია ოფიციალურად აღნიშნავდა და ეხმიანებოდა ნანტის და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავს.
ანდერგრაუნდის თემატიკისთვის მოულოდნელზე მეტი აღმოჩნდა ისიც, რომ გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა ილია ჭავჭავაძის წიგნის „ლექსების და პროზის“ გასტონ ბუაჩიძისეული ფრანგული თარგმანის პრეზენტაციით, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით არის გაფორმებული. შემდეგ გაიმართა ოფიციალური ინაუგურაცია, სადაც პროექტის გახსნას მიესალმნენ ნანტის ვიცე-მერი ჟან-მარკ აირო, თბილისის მერი გიგი უგულავა და სარბრუკის თანა-მერი ფრანკ ორანი. პირველი დღე ასეთივე ეკლექტიკურ რეჟიმში, მრგვალი მაგიდით დამთავრდა თემაზე „ევროპისა და საქართველოს თანამშრომლობა“.
12 მაისს მოეწყო ე.წ ქართული კაფე, თავისუფალი სადისკუსიო შეხვედრა, რაღაც ფიროსმანის „სამოვარის გარშემოს“ მსგავსი, სადაც სხვადასხვა ისტორიითა და მოგონებებით შეიკრიბნენ და მსჯელობდნენ პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, მხატვრები თემო ჯავახიშვილი და ნიკო ცეცხლაძე, მუსიკოსი ლადო ბურდული და გალერისტი ნინო მეტრეველი.
ასოციაცია ნანტი-თბილისის პრეზიდენტმა გასტონ ბუაჩიძემ აუდიტორიას შესთავაზა დისკურსი, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილის და დავით კაკაბაძის შემოქმედებას საფრანგეთის კონტექსტში განიხილავდა.
თემატიკასთან სრული აცდენა იყო თბილისის ანდერგრაუნდის პროექტის დახურვა ქართული პოლიფონიური ანსამბლის „მზე შინას“ საზეიმო კონცერტით.
მოკლედ, ამ გამოფენის უნებლიე შინაარსობრივი გზავნილი იმდენად მარტივია, რომ კომენტარს აღარც საჭიროებს: ანდერგრაუნდი საქართველოში ალბათ ჯერ კიდევ ცოცხლობს. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი არეული კულტურული ინდექსებისა და უზრუნველი დეფინიციების ქართულ ეპოქაში დასაშვებია, რომ ის სულაც აღარ არსებობდეს.
ყოველ შემთხვევაში, თბილისის ანდერგრაუნდის ისტორია, თუ ვინმეს როდესმე მართლა დასჭირდა, ჯერ კიდევ აღმოსაჩენია; და არა მხოლოდ აღმოსაჩენი - მის ირგვლივ საინტერესო კვლევის ჩატარება ნამდვილად შესაძლებელია.
STOP WAITING GEORGIA
ქარვასლაში 12-19 ივნისს მიმდინარეობდა გამოფენა ინგლისური სახელწოდებით Stop waiting Georgia. სოფია ჩერქეზიშვილის ნამუშევარი იმავე სახელწოდებით - შარაგზაზე მარტოდ მჯდომი და უაზრო ლოდინით დაღლილი პატარძალი - არა მხოლოდ ცენტრალურ ადგილას იყო გამოფენილი, არამედ თვით ამ ჯგუფური გამოფენის აფიშაზეც იყო აღბეჭდილი. შინაარსი კი ის არის, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ვიღაც ჩვენთვის უცნობი სასიძოს ლოდინი, რომელიც ამდენი ხანია, არ ჩანს; ანუ დროა, ვიზეიმოთ ან დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ, ადამიანურ და სასიამოვნო ცხოვრებას.
ცხოვრება კი მართლაც პარადოქსულია და ვიდრე ჩვენი თანამედროვე მხატვრები არ მიხვდებიან, რომ ეს მხოლოდ აქტივისტური ხელოვნება არაა პოლიტიკური თუ სოციალური განცხადებებით, და რომ თვით აბსტრაქციონიზმის მექანიზმი, როგორც სამუშაო სტრატეგია, უკვე საკმაოდ დამუშავებული და მოძველებულია, მანამდე მას მართლაც მოუწევს პოლიტიკურის უკან ჩანჩალი და მუდმივად მასზე რეაგირება.
თანამედროვე ხელოვნება თავის არსით არ არის რეაქციული, ის პროაქციულია. თუნდაც მისი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიის სახელი გავიხსენოთ - აქციონიზმი. დღეს კი ამას, მგონი, პოლიტიკოსები უკეთ ახორციელებენ, მათი ყოველი გამოვლინება სიმულაკრასა და აქციონიზმს უკეთესად წარმოაჩენს, ვიდრე ჩვენი თანამედროვე მხატვრობა, რომელსაც ომის თემასთან დაკავშირებით რევოლვერისა და, ვთქვათ, საქართველოს რუკის გადაღება და გამოფენა ესთეტიკური კომუნიკაციის დიდ მიღწევად ეჩვენება.
პარადოქსულია ცხოვრება და პარადოქსულია ჩვენი თანამედროვე კულტურის ბედიც - ის ელოდება, რომ პოლიტიკური თუ სხვა ანგაჟირებისთვის მას ძვალს გადაუგდებენ. ხშირ შემთხვევაში, ეს ასეც ხდებოდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ მისი ეს ანგაჟირება მოსწონდათ. უბრალოდ იმიტომ, რომ მასში სინათლეს ეძებდნენ, ელოდნენ და ეს სწყუროდათ; და როდესაც საბოლოოდ ყველა დარწმუნდება, რომ მას ამის უნარი არ გააჩნია, ალბათ მაშინ ძალაუნებურად დამთავრდება ეს პატარძლური მოლოდინიც და, უბრალოდ, ყველა თავის საქმეს გააკეთებს პატიოსნად.
ფორმულა მარტივია: ვერ ვთხოვდები იმიტომ, რომ ასე ვაზროვნებ და ასე ვაზროვნებ იმიტომ, რომ ვერ ვთხოვდები. მაგრამ ვის ელოდება საქართველო, ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ აღარ ელოდოს და თავის თავს მიხედოს. ან როგორ უნდა მიხედოს თავს თანამედროვე მხატვრობამ, იქნებ სოჰოს გალერეის გახსნით თბილისში? ამ კითხვებზე პასუხები ალბათ არსებობს და მათ მაშინ გავიგონებთ, როდესაც მათი ჩამახშობელი ხმაური შეწყდება. ეს ხმაური კი ქვემეხების სულაც არ არის.
გამოფენაში მონაწილეობდნენ თეა თელია, ირინა გაბიანი, ლიზა ოსეფაშვილი, ერნა დოლმაზოვა, ნინო ბინიაშვილი, მაკა ბატიაშვილი, ლევან კაკაბაძე და სოფია ჩერქეზიშვილი.
![]() |
7 კინო |
▲back to top |
მიმოხილვა
ავტორი: დავით ჩიხლაძე
ბრიტფესტი რუსთაველის თეატრში
1-5 ივნისს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა ბრიტანული ფილმების ფესტივალს დაეთმო. ქართველ მაყურებელს საშუალება მიეცა, ენახა თანამედროვე ინგლისური კინოს რამდენიმე საუკეთესო ნიმუში.
ფესტივალი გახსნა შეინ მიდოუსის ფილმმა „ეს ინგლისია“. ფილმი რეჟისორის პირად გამოცდილებას ეფუძნება და მოგვითხრობს 1983 წლის ისტორიას ერთი პრობლემური პატარა ბიჭის, 11 წლის შონის შესახებ. ის დაუმეგობრდება სკინჰედების ჯგუფს, რომელიც მას თანასკოლელებისგან მის მიმართ გამოვლენილ აგრესიას აარიდებს და რაღაცნაირად ოჯახსაც შეუცვლის. შინ მას მხოლოდ ომში დაღუპული მამის სურათი ელოდება და დედასთან ფორმალური კომუნიკაცია. მალვინასავით ჩაცმული პანკი გოგონა, მეტსახელად სმელი, მისი შეყვარებულის როლსაც კი თამაშობს, რათა ბიჭს გარემოსთან ადაპტირება გაუადვილოს.
მოგვიანებით ციხიდან რასისტული შეხედულებების მქონე მათი უფროსი მეგობარი, კომბო გამოდის და ჯგუფის უწყინარ, ჰიპსტერულ იდეოლოგიას რასისტული გავლენის საშიშროება ემუქრება. ისინი ინგლისში არსებული მწვავე ეკონომიკური და უმუშევრობის პრობლემების გამო პაკისტანელ ემიგრანტებს ადანაშაულებენ და გმობენ მოღალატე, ანტინაციონალურ მთავრობას არგენტინასთან გამართული ომის მსხვერპლისთვის. კომბო ტიპური სკინჰედი არ არის, ის ექსტრემალური მემარჯვენე პერსონაჟია, თუმცა მას ეს შეიძლება საკუთარი არეული ცხოვრების პრობლემებიდან გამოსავლად ეჩვენება, მაშინაც კი, როდესაც მეგობარი ქალი სიყვარულზე უარით პასუხობს.
კრიზისი მატულობს და ბოლოს, ციხიდან გამოსული აგრესიული კომბო მხოლოდ პატარა შონის ვაჟკაცური მხარდაჭერის ანაბარაღა რჩება. მაგრამ, შონიც მიხვდება, რომ მეგობრობას და მამის ხსოვნას ასეთი მყვირალა ლოზუნგები და ბრუტალური აგრესია არ სჭირდება და რომ არც პაკისტანელები არიან დამნაშავე. ფილმის ბოლოს შონი ზღვის ნაპირთან მიდის და ინგლისის ნაციონალურ დროშას ტალღებს გაატანს.
მიუხედავად მრავალი მნიშვნელოვანი წარმატებისა, შეინ მიდოუსი თავს დღემდე რეგიონულ რეჟისორად მიიჩნევს და ეს ნამდვილად უფრო მოსწონს, ვიდრე დედაქალაქელობა. „ეს ინგლისია“ 2008 წლის საუკეთესო დამოუკიდებელ, ბრიტანულ ფილმად აღიარეს. შეინ მიდოუსი ბრიტანული კინოს ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. კრიტიკოსები მას ე.წ. „ხელსაბანის რეალიზმის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ, თუმცა მცირე პოსტმოდერნისტული გადახრებით. 1998 წელს ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე შეინ მიდოუსმა 27 წლის ასაკში საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ევროპული ფილმითვის კრისტალის ვარსკვლავი მოიპოვა.
„ბრიტფესტი 2009“-ზე ნაჩვენები იყო კიდევ 4 ძალიან საინტერესო ფილმი: ჯონ კროულის „ბიჭი ა“, მაიკ ლის „უდარდელი“, სტივენ მაკქუინის „შიმშილი“ და სოლ დიბის „ჰერცოგი ქალი“.
ეს ფესტივალი მხოლოდ ბრიტანული კლუბის წევრებისათვის იყო განკუთვნილი და ამიტომ გარკვეული ელიტარულობის ელფერიც დაჰკრავდა. თუმცა, ნაჩვენები ფილმები იმდენად აქტუალური იყო საქართველოსა და ალბათ ნებისმიერი სხვა ქვეყნის რეალობისთვისაც, რომ სასურველი იქნებოდა, ასეთი ჩვენებები ფართო აუდიტორიისთვის ჩატარებულიყო; როცა ადამიანი უბრალოდ კინოში წავა, ახალი, შინაარსიანი ფილმის სანახავად და სულაც არ ექნება იმის შეგრძნება, რომ წვეულებაზე იმყოფება; თანაც, ასეთი ჩვენებებით შეიძლება პატარა შონთან ერთად ჩვენს სამშობლოსაც ეშველოს.
კინოლაბი ვარშავაში
ივნისში ვარშავაში იხსნება ფესტივალი „ტრანსკავკასია“, სადაც თბილისის გალერეის „ნიუ არტის“ კურატორი და მფლობელი რუსიკო ოატი ქართულ ექსპერიმენტულ ფილმს და ვიდეო არტს წარადგენს. ჩვენება 26 ივნისს არის დაგეგმილი „კინოლაბში“. „ტრანსკავკასია“ ერთადერთი ფესტივალია, რომელიც კავკასიის ქვეყნების მულტიდისციპლინურ თანამედროვე ხელოვნებას აჩვენებს ევროპაში. ქართული პროექტი წარმოდგენილი იქნება სახელწოდებით: All & Now: Moving Reality.
ჩვენება 2 ბლოკად იქნება გაყოფილი, რომლებსაც პირობითი სახელწოდებები აქვს: „მოძრავი რეალობა“ და „მოძრაობა რეალობისკენ“. ნაჩვენები იქნება სოფია ჩერქეზიშვილის, კოკა რამიშვილის, ნიკო ცეცხლაძის, კოტე ჯინჭარაძის, ნიკო ლომაშვილის, ანა რიაბოშენკოს, კოტე სულაბერიძის, თეა თელიას, გელა კინწურაშვილის, თემო ჯავახიშვილის, ილიკო ზაუტაშვილის, მანანა დვალის, უშანგი ხუმარაშვილის ვიდეო და ფილმები, რომლებსაც ინგლისურ ენაზე სუბტიტრები დაედება.
ფესტივალი 25 ივნისიდან 5 ივლისამდე გრძელდება; ასევე ნაჩვენები იქნება გელა ბაბლუანის და ოთარ იოსელიანის ფილმები.
პარალელურად, მოეწყობა გამოფენა, სადაც აზერბაიჯანელ და სომეხ მხატვრებთან ერთად გამოფენილი იქნება ქართველი მხატვრების: შალვა კობალაძის, არჩილ თურმანიძის, ელენე რაქვიაშვილის, კონსტანტინე მინდაძის, ვატო წერეთლის, ნინო ლომაძის, გიო სუმბაძის, მაია სუმბაძის და მიხეილ გოგრიჭიანის ნამუშევრები.
![]() |
8 ყველა, როგორც ერთი - მამულისა და სარწმუნოებისთვის! |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: თეო ხატიაშვილი
ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი
პოლიტიკურად დაძაბული გაზაფხული ყოველდღიურად, ზოგჯერ დღის განმავლობაში რამდენჯერმეც კი, წამოატივტივებდა ხოლმე ამა თუ იმ პრობლემას, რომელიც არა იმდენად კრიზისულ პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, რამდენადაც ამ ფონზე კიდევ უფრო გამოაშკარავებულ და გამძაფრებულ საზოგადოებრივ ვნებებს, დავაზუსტებ - პუბერტატის მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებისა, რომლის ღირებულებათა შკალაზე ყველაფერი ერთმანეთში არეული და გაურკვეველია, რომელიც გვაროვნულ-ნაციონალისტური რიტორიკით ლაპარაკობს დემოკრატიაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე - სხვისი და სხვაგვარი სიტყვისადმი სრული მიუღებლობით ან უკეთეს შემთხვევაში იგნორირებით, უფლებების შელახვასა და დაუცველობაზე - სხვისი უფლებებისადმი სრული უპატივცემულობით და ა.შ.
„ტელე-იმედის“ ეთერით გასული ერთი რეპორტაჟი, რომელსაც უფრო კონკრეტულად განვიხილავ, ჩემი აზრით, ძალზე ტიპურია და აჩვენებს პრობლემის კომპლექსურ სახეს, რომელიც უკავშირდება ინსტიტუციებს, მედიასა თუ საზოგადოების განწყობებს. სკანდალურ ინფორმაციაზე ორიენტირებული ტელევიზი(ებ)ის (არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, რომელი არხი იყო, რამდენადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, რეპორტაჟი ტიპურია ჩვენი რეალობისთვის) ყურადღების ცენტრში ამჯერად გურიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგო მოექცა, რომლებსაც უყვართ როკი, აცვიათ „სხვანაირად“ და ინტერესებიც („ორიენტაციის“ მსგავსად - ამ თემას კიდევ დავუბრუნდები) „არატრადიციული“ აქვთ. მათი სხვაგვარობა უკვე საკმარისია, რომ ისინი „სატანისტებად“ და „ლესბოსელებად“ მოინათლონ; ერთი კვირით სოფლიდან გაუჩინარება კი სკოლის „თავმოყვარეობას საბოლოოდ ლახავს“ და მასწავლებლების ნაწილი მოითხოვს, რომ ისინი სკოლიდან გააძევონ. თუმცა თავად ოჯახებსაც აღარ უნდათ იმ სოფელში დარჩენა.
რეპორტაჟზე საჯარო რეაგირება, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში შეკრებილი ორი-სამი ათეული ადამიანის გარდა, არავის მოუხდენია, არც განათლების სამინისტროს, არც პრეზიდენტს, რომელიც ამ ფაქტიდან ცოტა ხანში ლამის თავად ხელმძღვანელობდა მძიმე დამწვრობის მქონე პატარა ბიჭის იეღოველი მშობლებისგან „გამოხსნის ოპერაციას“, როგორც თავისი სამწყსოს თითოეულ წევრზე მზრუნველი ხელისუფალი, არც ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის ზეობაზე წუხან დილა-საღამოს და ვერ (თუ არ) აცნობიერენ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის, არც სახალხო დამცველის...
ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენის ოფისს და კერძოდ ბავშვთა უფლებების ბიუროს უფროსს მერი მაღლაფერიძეს ძალზე ლოგიკური და, ერთი შეხედვით, სამართლიანი პასუხი აქვს. მისი აზრით, ადამიანის, მით უმეტეს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ასეთი საჯარო დისკუსიით გამოტანა პრობლემას მხოლოდ ამძიმებს, თანაც როცა სიუჟეტში დაუზუსტებელი ფაქტებია მოყვანილი. „ეს არის უმწვავესი პრობლემა, რომელმაც გამოამჟღავნა ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმი, რომლითაც აღნიშნული სიუჟეტი მომზადდა. მათ ასეთი ქმედებით დაარღვიეს როგორც ადამიანური ქცევის დაუწერელი კოდექსი, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ნორმები“. სავსებით ვეთანხმები ქალბატონ მერის. რამდენჯერ გვინახავს, ფაქტობრივად, მითქმა-მოთქმაზე აგებული მსგავსი სიუჟეტები ხანგრძლივი მსხვილი ხედებით, სახელისა და მისამართის ზუსტი მინიშნებებით... ამის საპირისპიროდ, ომბუდსმენის ოფისი შეისწავლის ფაქტებს (დარწმუნებული ვარ, გულდასმით და ობიექტურად), რომელიც თაროებზე შემოდებულ თაბახის ფურცლებსა და მათ ყოველწლიურ მოხსენებაში აისახება; „პუბერტატის“ საზოგადოების მახსოვრობაში კი, რომლის ცნობიერება უმეტესად მედიით არის კონსტრუირებული, რჩება ორი „სატანისტი-ლესბოსელი“ გოგო, რომელიც უნდა მოიკვეთოს. ამ შემთხვევაში, არ მგონია, მნიშვნელობას (და პასუხისმგებლობას) მოკლებული იყოს ომბუდსმენის საჯარო შეფასება, თუნდაც იმის აღნიშვნით, რომ ფაქტს დაზუსტება და შესწავლა სჭირდება; მით უმეტეს, რომ ბატონი სოზარი ადამიანის უფლებების პოლიტიკური ხასიათის დარღვევებზე „შეუსწავლელადაც“ აკეთებს მეყსეულ განცხადებებს; მით უმეტეს მნიშვნელოვანია იმ საზოგადოებაში, რომელიც მუდმივად ითხოვს „ცნობადი ადამიანებისგან“ პოზიციის „დაფიქსირებას“ და რომელიც საჭიროებს იმის ახსნას, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში (რომლის აშენება რიტორიკის დონეზე თითქოს ყველას უნდა) როკის მოსმენა „სატანისტი-ლესბოსელი“ გოგოსთვის ისეთივე უფლებაა, როგორც ხალხური საკრავების წრეზე სიარული.
ჩემი აზრით, ერთი მხრივ, რეპორტაჟი და, მეორე მხრივ, მასზე რეაქცია (თუ ურეაქციობა) ძალიან მკაფიოდ აჩვენებს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხის ორ ასპექტს - 1. როგორ ხდება რაღაც თემების „გამოტოვება“ ხალხში მათი არაპოპულარულობის გამო; 2. როგორ ხდება ადამიანის სტიგმატიზირება. პრობლემის გაანალიზების თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა, გოგოები მართლაც იყვნენ თუ არა სატანისტები და ლესბოსელები („არატრადიციული ორიენტაციის“ წარმომად გენლები, როგორც მოიხსენია ისინი რამდენჯერმე ჟურნალისტმა. ამ ტერმინით ხაზი ესმება, რომ არსებობს რაღაც სხვა - „ტრადიციული“/მიღებული/“ჩვეულებრივი“, რის საშუალებითაც უკვე ხდება ამ ადამიანთა გამოყოფა „ნორმალური“ სოციუმიდან). საზოგადოებაში არსებობს დეტერმინაციული ჯაჭვი, რომელიც, ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში, ავტომატურად ვრცელდება. სხვანაირად იცვამ, სხვანაირად იქცევი, სხვა მუსიკას უსმენ, სხვანაირ საჩუქრებს ჩუქნი მეგობარს - ე.ი. ხარ ჰომოსექსუალი, სატანისტი (ან იეღოველი) ანუ არამართლმადიდებელი, „სოროსელი“, „გადამთიელი“, „ურჯულო“ და ა.შ.
ბოლო წლებში სულ უფრო აშკარად იკვეთება ჩვენი საზოგადოების ქსენოფობიურ საზოგადოებად ჩამოყალიბების ტენდენცია, სადაც განსაკუთრებით მწვავედ სექსუალური და რელიგიური ფობიები იჩენს თავს. სოფლის სკოლის მასწავლებელთა ნაწილი გოგონების მიმართ სრულიად ლოიალურად არის განწყობილი და მათ გარიცხვას ეწინააღმდეგება. ერთ-ერთმა მათგანმა მათი გამართლება ასე სცადა: ისინი ამბობენ, რომ არ არიან სატანისტები, ჩვენ მართლმადიდებლები ვართო. საინტერესოა, რა აზრის იქნებოდა „ლიბერალი“ მასწავლებელი, გოგონებს რომ ეთქვათ, რომ სატანის მიმდევრები არიან და/ან ერთმანეთი უყვართ?
ერთ აზრზე სწორების (ტოტალიტარული) მოთხოვნილება ვრცელდება საზოგადოების ყველა დონეზე, როგორღაც ერთიანდება ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგთან და შეუთავსებადობის უხერხულობა სრულიადაც არ იგრძნობა: ხელისუფლებას აკრიტიკებ? ე.ი. მოღალატე და აგენტი ხარ, იმიტომ, რომ დღეს გარეშე მტრის საფრთხის წინაშე მდგარ სამშობლოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ერთიანობა. არ მიდიხარ მიტინგზე და „საკნების ქალაქი“ წარსულში დაბრუნებას გაგონებს? ე.ი. „მიშისტი“ ანუ ისევ და ისევ მოღალატე, მშიშარა, იეღოველი ხარ, რომელიც ანგრევს ყველაფერ ქართულს, ებრძვის მართლმადიდებლობას. სიმპტომატურია, რომ ბოლო წლებში ჩვენი ლექსიკიდან, ფაქტობრივად, ამოვარდა სიტყვა „ქრისტიანობა“ - ყველაზე უფრო მარლთმადიდებელი/ქრისტიანი ხალხი შესაშურ არაქრისტიანულ შეუწყნარებლობას იჩენს განსხვავებულის მიმართ.
ცოტა ხნის წინ ტელევიზიით რომელიღაც პოლიტიკოსი დებდა ფიცს, - ზანგსაც კი დავუდგები გვერდით ჩემი ქვეყნის გადასარჩენადო. ისე თქვა ეს „ზანგს“, რომ მთელი გული ამოაყოლა; ხვდები, რამხელა თავგანწირვაა ეს ფაქტი პროფესიაგვერდზეგადადებული პატრიოტისთვის.
პოლიტიკური გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ფრთიანი ლოზუნგი იყო „ჯერ სამშობლო, მერე პროფესია!“ არაპროფესიონალიზმი რომ სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამ სიუჟეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა (და არა მხოლოდ ჟურნალისტების, მასწავლებლებისაც). იქნებ სამშობლოს სიყვარული განსაკუთრებული პროფესიაა, რომელიც სადღეგრძელოებში, მითოლოგიური ისტორიებით თავმოწონებაში, „წინ დავით აღმაშენებლისკენ“ იდეოლოგიაში, პირჯვრისწერასა და მოდური მოძღვრების მრევლად ყოფნაში ვლინდება?.. „ჭეშმარიტება უფრო დიდიაო“. ჩაქოლეს... ჭეშმარიტება, რომელთანაც არჩევანის თავისუფლებით მიდიხარ.
![]() |
9 ლოცვა-კურთხევა! ლოცვა-კურთხევა! ლოცვა-კურთხევა! |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: სანდრო ნავერიანი
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინმე პაატა თექთუმანიშვილი გოლგოთის „ინციდენტის“ გამეორებას აპირებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. თუმცა, 20 საუკუნის წინ მომხდარი ამბებისგან განსხვავებით, ბატონი თექთუმანიშვილი ჯვარზე გაკვრას ნებაყოფლობით გეგმავს. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ქუთაისში „შეაჭედინოს“ გოლგოთის ჯვრის ზუსტი ასლი, მოიკიდოს ზურგზე და ქუთაისიდან თბილისამდე, კერძოდ რუსთაველის გამზირამდე მხრებით ჩამოიტანოს, აღმართოს პარლამენტის წინ და ზედ ეცვას. რატომ აპირებს ამის გაკეთებას ბატონი პაატა? არც მეტი არც ნაკლები, ის ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და იქამდე იქნება ჯვარზე გაკრული, სანამ სააკაშვილი არ გადადგება. მე კი ვიცი, რომ სააკაშვილი ვადის ამოწურვამდე არსად არ გადადგება და ბატონ პაატასაც თუ გიორგი გაჩეჩილაძისნაირი გამძლეობა და მოთმინება აღმოაჩნდა, 2013 წლამდე პარლამენტის წინ ჯვარზე იქნება გაკრული და საქართველოს ტურისტულ რუკას კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატება - ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ჯვარზე გაკრული ადამიანი. წარმომიდგენია, როგორი სიამაყით ვუჩვენებ ჩემ უცხოელ სტუმარს ამ ღირსშესანიშნაობას, რის შემდეგაც ის უახლოესი რეისით გაფრინდება ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
ხუმრობა იქით იყოს და, ყველამ კარგად ვიცით, ბატონმა პაატამ თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა თუ შეძლო, მიმტევებელი და კაცთმოყვარე „ქართველი ხალხი“ მას დააჯერებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამად არ ღირს და ჩამოხსნიან ჯვრიდან. ასე თუ არ მოხდა, ბუნებრივი მოთხოვნილებები მაინც ხო შეაწუხებს და იძულებული გახდება, ჩამოეხსნას ხოლმე.
დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ტელევიზორში მოვისმინე, რომ გაიხსნა რაღაც ლოკალური თეატრალური ფესტივალი, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიმართება (სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ გამიჩნდა სურვილი დამეწერა ამ თემაზე). ამაში არაფერი საგანგაშო არ იქნებოდა, რომ არა - საყოველთაო ლოცვა-კურთხევა, ყველაფრის ლოცვა-კურთხევა: ჯიპების ლოცვა-კურთხევა, მაღაზიების ლოცვა-კურთხევა, ეკონომიკური პროგრამების ლოცვა-კურთხევა, სტადიონების ლოცვა-კურთხევა, წამოწყებების და იდეების ლოცვა-კურთხევა...
ლოცვა-კურთხევა, ლოცვა-კურთხევა, ლოცვა-კურთხევა!
საყოველთაო ლოცვა-კურთხევა საქართველოში სპეკულირების ძალიან კარგ და მომგებიან მეთოდად იქცა. უკლებლივ ყველა - სამოქალაქო თუ პოლიტიკური საზოგადოება, სპორტსმენები, მუსიკოსები და მელომანები, „კინოშნიკები“ თუ დიასახლისები, ყველა სპეკულირებს ლოცვა-კურთხევით და, ზოგადად, რელიგიით. რელიგიით სპეკულირება გახდა ჯოკერი, რომელიც საშუალებას იძლევა, მიღებული პერსონა იყოთ იქაც კი, სადაც არ გწყალობდნენ.
ჩემი აზრით, ყველაფრის ლოცვა-კურთხევის აქტუალურობა გამოიწვია იმის შიშმა, რომ თუ არ დგახარ ეკლესიის მხარეს, დარჩები მარტო. ზედა, ქვედა და კარის მეზობლები, რომელთაც სახლები ნაკურთხი აქვთ, გაგრიყავენ სამეზობლო „ერთობიდან“, ერთმანეთში შენზე იჭორავებენ, სადარბაზოში ან ეზოში თუ რამე ცუდი მოხდა, შენ უკურთხებელ სახლს დააბრალებენ, იმას, რომ ეშმაკი გაზის მხარზე... ჭორაობას ხშირად მათი შვილებიც ისმენენ, მერე თქვენ შვილს ეზოში თამაშისას წამოაძახებენ, - შე ურჯულოო, - მერე თქვენი შვილი თქვენზე გაბრაზდება, - ყველა ბავშვი ნაკურთხია ეზოში და მე რატომ არაო, - და ათასი ეგეთი წვრილმანი, რის გამოც საბოლოოდ შეიძლება საცხოვრებლის შეცვლაც დაგჭირდეთ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ საცხოვრებლის შეცვლაც არაფერს მოგცემთ, იმიტომ, რომ იქაც ზუსტად ის მეზობლები დაგხვდებიან, უბრალოდ სხვა ჰაბიტუსებით. ასე რომ, აკურთხეთ, აკურთხეთ ყველაფერი, მეზობლებიც აკურთხებინეთ და ისინიც დაისვენებენ თქვენგან და თქვენც - მათგან. მერე კი მშვიდად შეგეძლებათ, რომელიმე მარხვის დასრულების შემდეგ მათთან ერთად ნაკურთხ სუფრაზე გემრიელი ხორცეულობა მიირთვათ. ასე რომ, აკურთხებინეთ...
ლოცვა-კურთხევის პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ვთქვათ, თქვენ შეიძინეთ სარეცხი მანქანა, რამე, სუპერ-სარეცხი მანქანა. ოჯახის დიასახლისს ერთი სული აქვს, როდის შეყრის სარეცხს ავტომატში და დააბზრიალებს, მაგრამ რაღაც აჩერებს, უხილავი ძალა არ აძლევს საშუალებას, რომ სარეცხი გარეცხოს. რა ხდება? რა და, სარეცხი მანქანა არ არის ნაკურთხი. სასწრაფო წესით, ოჯახის ბურჯი ჯდება თავის უკვე ნაკურთხ შავ ჯიპში, რომლის გაბარიტებიც დაახლოებით მისივე სახლის ზომისაა, რომელსაც უკან მიკრული აქვს ბოლნური ჯვრის სტიკერი და მიდის მოძღვართან. გზად, შიგადაშიგ იცავს საგზაო წესებს, ძირითადად კი წითელ შუქზე არ აჩერებს - საღვთო საქმეზე მიდის და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება - პოლიცია არ გააჩერებს... უხილავი ძალა ეხმარება... როგორც იქნა, მივა მოძღვართან და მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ თავის გასაჭირზე მოუყვება. ამასობაში, რას აკეთებს დიასახლისი? რას და ფუსფუსებს, სუფრას შლის, სამარხვო გემრილობებს აწყობს ზედ და „მორწმუნე“ მეგობრებს ურეკავს, - მოდით, მოდით, მამაო მოვა სულ მალე. სანამ დიასახლისი ფუსფუსებს, ოჯახის ბურჯი მამაოს ელოდება, როდის მოიცლის, როდის დაასრულებს თავის საქმეს... და აი, როგორც იქნა, მოძღვარი შავ ჯიპში ზის მძღოლის გვერდით, შავ ჯიპში, რომელიც თვითონვე აკურთხა ცოტა ხნის წინ. უკანა სავარძელზე კი მორჩილი/სტიქაროსანი იოანე, რომელსაც ხელში ლოცვა-კურთხევისთვის საჭირო ატრიბუტიკით სავსე ქეისი უჭირავს. შავი.
სახლში მისულ ოჯახის ბურჯს და მამაოს ქედმოხრილი დიასახლისი და ოჯახის „მორწმუნე“ მეგობრები ეგებებიან. ოჯახის ბურჯი ცდილობს, მამაოს გზა გაუთავისუფლოს და პირდაპირ ურჯულო სარეცხი მანქანისკენ მიჰყავს. იოანე ამოალაგებს ატრიბუტიკას და იწყება ლოცვა-კურთხევის პროცესი. სავალდებულო, ზოგად ლოცვას მოჰყვება ტექსტი: ღმერთო, შენ მიეცი ძალა სარეცხ მანქანას, უანგაროდ რეცხოს ამ ოჯახის სარეცხი, მუდამ ღვთის ძალით ეტრიალოს და ერთხელაც არ გაეჭედოს, ლაქა არ დაეტოვებინოს მონა ზეზვას (ოჯახის ბურჯი), მხევალი მზიას (დიასახლისი) და მონა ზოროს (ზეზვას და მზიას ვაჟი, რომელიც სახლში არ არის, არ აინტერესებს ეგეთი ამბები, მაგრამ დიდი ხის ჯვარი მაინც უკიდია გულზე) პერანგებზე, შარვლებზე, კაბებზე, წინდებზე, ბიკინებზე და ტანგებზე, პიჯაკებსა და „ნორკის შუბებზე“...
ამის შემდეგ კი, მობრძანდით, მამაო... დაბრძანდით... და თანასუფრელები იწყებენ ამბების მოყოლას - ძირითადად იმ სასწაულებს იხსენებენ, რომლებიც, პირადად არა, მაგრამ მათი მეგობრის მოძღვრის მრევლიდან ერთ-ერთს მოუყოლია ვიღაც ურჯულოზე, რომელიც ამ სასწაულის შემდეგ მოქცეულა სინათლისკენ. ერთორ სიტყვას გარყვნილ ახალგაზრდობაზეც იტყვიან, მინი-იუბკებზე, გაღეღილ პერანგებზე, ადამიანებზე, რომლებმაც ეკლესიაში წირვის დროს გაიცინეს, სატანურ ნიშნებზე, რომელიც უკვე ყველაფერზეა გამოსახული; და ამ საუბარ-საუბარში გავა დრო. შემდეგ მოძღვარი იტყვის, - წავედიო. გასვლის წინ კიდევ ერთხელ დალოცავს ოჯახს, მორჯულებულ სარეცხ მანქანას და წავა.
იმედია, დაახლოებით მაინც შეგექმნათ წარმოდგენა, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისათვის, რომ სარეცხი მანქანა აკურთხოთ. თავისთავად უფრო დიდ დროს მოითხოვს სახლის კურთხევა, ახლად ნაყიდი სააგარაკე მიწის, სოფლის, ქალაქის და ავტონომიური რესპუბლიკის.
იმის გათვალისწინებით, რომ 21-ე საუკუნეში დრო ბევრად უფრო ძვირად ფასობს ვიდრე ნებისმიერ გასულ საუკუნეში, შემომაქვს საინტერესო წინადადება, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც, ძალიან დიდ დროს დაზოგავს ორივე მხარე - მოძღვარიც და მონა-მხევალნიც. ჩემი წინადადება ასეთია: დაიწეროს საკურთხებელი საგნების ლოცვები. მაგალითად, აგარაკს, კორპუსის ბინას, საკუთარ სახლს, დაცვის ჯიხურს, კარავს, საკანს, ფარდულს, ბოსელს, საქათმეს, საჯინიბოს, ჰქონდეთ ერთი და იგივე ლოცვა, რადგან ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის საცხოვრებელს წარმოადგენს. ამიტომაც დაიწეროს ერთი ლოცვა საცხოვრებელზე, შემდეგ მსუბუქი ავტომობილებისთვის, მსუბუქი და მძიმე ჯიპებისთვის, ავტობუსებისთვის, ტრამვაისთვის, თვითმფრინავისთვის, ვერტმფრენისთვის, ტრაქტორისთვის, ურემისთვის, ურიკისთვის, მარხილისთვის დაიწეროს ერთი ლოცვა, ისევ იმ მიზეზით, რომ ყველა ეს ჩამოთვლილი ტრანსპორტის საშუალებაა. და ასე, დანიშნულების მიხედვით გამოვყოთ ყველა საგანი და მათ ჰქონდეთ ერთი საერთო ლოცვა. რაც შეეხებათ ცხოველებს, ჩემი აზრით, საჭიროა მათი პირდაპირი წესით მონათვლა. მას შემდეგ, რაც ეს ლოცვები დაიწერება, გაკეთდეს ნიმუში იმდენ თაბახის ფურცელზე, რამდენიც დასჭირდება ლოცვას, გაკეთდეს PDF ფაილი, დაესვას საპატრიარქოს ბეჭედი, მღვდლის ხელმოწერა და ვისაც კი რამის კურთხევა მოუნდება, ლოცვა-კურთხევის დოკუმენტს პირდაპირ ელექტრონული ფოსტით მიიღებს საპატრიარქოსგან. შემდეგ ამ ფაილს ამობეჭდავენ, ჩასვამენ ჩარჩოში და კედელზე ჩამოკიდებენ ხატების გვერდით. ვინც თავმდაბალია, ის ლოცვა-კურთხევის დოკუმენტს უჯრაში შეინახავს, ან სადმე, სადაც ადამიანის თვალი ვერ დაინახავს. რაც შეეხება ნაკურთხ წყალს, ამ პრობლემის მოგვარების იდეაც მაქვს - კვირაში ერთხელ ვაკურთხოთ პირდაპირ თბილწყალკანალის ფილტრები და აუზები და, როდესაც საპატრიარქოდან ლოცვა-კურთხევის დოკუმენტი მოგვივა, ონკანს მოვუშვებთ, ხელს დავისველებთ და ვაპკურებთ დოკუმენტს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ დროს დაგვაზოგინებს ლოცვაკურთხევის ასეთი მეთოდი.
იგივეს გაკეთება შეიძლება მობილური ტელეფონითაც: თქვენ რეკავთ სპეციალურ ნომერზე და კომუტატორი, რომელსაც მღვდლის სანდომიანი ხმა აქვს, გესალმებათ: ღმერთმა დაგლოცოთ, შვილო ჩემო... და მერე იწყება ჩამონათვალი: თუ თქვენ გინდათ სატრანსპორტო საშუალების კურთხევა, აკრიფეთ ღილაკი ერთი... შესაბამისი ღილაკის დაჭერის შემდეგ კომუტატორი გეუბნებათ: თქვენი სატრანსპორტო საშუალება ნაკურთხია... თქვენთან გამოგზავნილია - SMS შეტყობინება... უბრალოდ, ამ ვარიანტში ის არის უხერხული, რომ კურთხევის დამადასტურებელი საბუთი მხოლოდ SMS-ის სახით გექნებათ.
მოკლედ, ამ პროცესს რომ ნაკლები დრო დასჭირდეს, გამოსავალი ნამდვილად არსებობს, უბრალოდ, ამ სიახლეს ცოტა დახვეწა სჭირდება და ამას ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს. ამისათვის საჭიროა დისკუსიები, საკურთხებელი საგნების სრული, ამომწურავი ნუსხა (იმისათვის, რომ შემდეგში რამე გაურკვევლობას არ ჰქონდეს ადგილი და, ავტოფარეხის ლოცვა-კურთხევის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად, კვიცის ნათლობის დოკუმენტი არ მოგივიდეთ) და, რაც მთავარია - იმის ჟინი, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი ნაკურთხი იყოს.
![]() |
10 მიკი მაუსი |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: დავით კოვზირიძე
გახსოვთ მეორე „ლაღიძე“? ახლა, მგონი, არც ერთი აღარაა, მაგრამ ადრე ორი იყო - ერთი რუსთაველზე, სარდაფში, საიდანაც ამოსული გრძელი რიგის კუდი ყოველთვის გარეთ თავდებოდა და სადაც მარინა ორი თითით ატრიალებდა ღვინით სავსე ჭიქას. უკეთეს თავშესაფარს შატალოზე ვერც ინატრებდი.
მერე მეორეც გაიხსნა - ახალი „ლაღიძე“ ძველ თბილისში, ანჩისხატის გვერდით, სადაც დღეს ცოტა შეუხედავი სასტუმრო დგას. ეს უფრო დიდი, ნათელი და „სვეცკი“ სახაჭაპურე იყო, დიდი აივნით, გოგოშკებით და ლამაზი ხედით. აქ გამოჩნდა პირველად ორი შოკისმომგვრელი ბრენდი - ლიმონათი „შოკოლადი ნაღებით“ და სულ ცოტა ხანში - უგემრიელესი ბანანის ნაყინი, რომელიც ტორტის კრემივით იყო და ზევიდან თხილსაც აყრიდნენ. ბევრმა მაშინ გაიგო პირველად ბანანის გემო. გვერდითა შესასვლელში კი ჩუმად მსხლის სპეცჩამოსხმა ლიმონათიც იყიდებოდა, საცობით და თავზე შემოხვეული თხელი ფოლგით. „ცეკას ლიმონათს“ ეძახდნენ.
ამ „ლაღიძის“ უკან, პატარა ქუჩაზე, იტალიური ეზოს პირველ სართულზე ასევე ჩუმად იშოვებოდა მაგარკოლოფიანი „პალ მალი“ (სამი მანეთი), „სუპერბაზუკა“ (მანეთი) და მარილიანი მზესუმზირა (ხურდები). ეს იყო დესერტი და თუ ამ მარშრუტს გაივლიდი (ლაღიძე-ეზო), ანუ გქონდა თუმანი, კაცი იყავი კაცური და თუ „გაზაფხულშიც“ ნახავდი „ფანტომასს“ და „რამეს სროლებზე“, რაღა შენ და რა - მონაკოს პრინცი.
დაახლოებით ოცი წლის წინ იმ ეზოდან გამოსულ მე და ჩემს მეგობრებს ვიღაც გადამთიელ მთვრალ „ვზროსლებთან“ („პალ მალზე“ მიდიოდნენ) კონფლიქტი მოგვივიდა. მიუხედავად ასაკში და ჯანში დიდი სხვაობისა, მაგრად ვიჩხუბეთ. აი, ძალიან მაგრად. და გაიქცნენ. მერე ნელ-ნელა ჩვენც დავიშალეთ და ზუსტად ამ დროს, შებინდებისას სამი ტიპი დაგვადგა: ერთი ნაცემი, მეორე კანონიერი ქურდი და მესამე, ქურდის ასისტენტი. ეს ის დროა, როცა ქურდის სიტყვას ისეთი წონა ჰქონდა, როგორიც დღეს - პატრიარქისას, როცა კაი ბიჭები პამიდორს არ ჭამდნენ და, „მგლის ბილიკის“ გარდა, არაფერს კითხულობდნენ.
დაიწყო ამ ქურდმა ლაპარაკი, აღარ ჩერდება, იყენებს უცხო რუსულ ჟარგონებს, ჩაიცუცქება-გადააფურთხებს-ასისტენტი მოკიდებულ სიგარეტს მიაწოდებს - წამოდგება, თან გამოხედვას ამკაცრებს და შეტევაზე გადმოდის. რეზიუმე ასეთი იყო: ეხლაო, ესო (ნაცემი), სათითაოდ აგარტყამთო, თქვენ ხელს არ გაანძრევთო, მერე ბოდიშს მოიხდით და დავიშლებითო. თქვა და ჯინსის ქურთუკი შეიხსნა. შეიხსნა და იცით, მაისურზე რა ეწერა დიდი ასოებით? - MICKEY MOUSE!!!
ამ წარწერამ ჩემ ცხოვრებაში პირველი უზარმაზარი დოგმა ისროლა ნაგვის ყუთში და სულ რამდენიმე წამში მიკი მაუსი, მისი თაყვანისმცემელი ხელქვეითი და კიდევ უფრო ნაცემი „ნაცემი“ თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ. ეს იყო რევოლუცია! გადატრიალება ჩვენი, პატარა ბიჭების გონებაში, თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლის პირველი ნაბიჯი. ჩვენ მაშინ ბერლინის კედელზე უფრო დიდი კედელი გადავანგრიეთ და გავიგეთ ყველაზე გემრიელი, თავისუფლების გემო.
მას შემდეგ სულ ვცდილობ, რომ ნებისმიერ სტერეოტიპს თავისი „მიკი მაუსი“ ვუპოვო. პრინციპში, ბევრი ძებნა არცაა აუცილებელი, ისედაც გამოჩნდება, უბრალოდ, დრო მიაქვს ბევრი. თუმცა საქართველოში დოგმა ძალიან ადვილად იკიდებს ფეხს, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი პასუხისმგებლობის თავიდან მოშორება, სხვაზე გადატანაა. არიან ქურდები? ვემორჩილებით ქურდებს! არიან მხედრიონელები? ვემორჩილებით მხედრიონელებს! არიან კომუნისტები? ვაშა შენებას! არიან ბრიყვი პოლიტიკოსები? მათი სათამაშოები ვხდებით! არის საპატრიარქო? აბა, ვინმემ გადაბრუნებულის თქმა გაბედოს! სერიალები გადის? ვუყუროთ. მარაზმატიკული ტელევიზიები გვაქვს? მერე რა. ოპოზიცია არაფრის მაქნისია? სამაგიეროდ კარგად ილანძღება. მთავრობაში ბევრი არასამთავრობო კაცია? ოპოზიციას კი ჯობნიან... და ვართ ასე, ვეჩვევით ჭაობში ყოფნას და მხოლოდ მაშინ ვიწყებთ იქიდან ამოძრომისთვის ფაფხურს, როცა ყელამდე ვეფლობით. არ ჯობია, თავიდანვე გვერდი ავუაროთ? როგორ არა, მაგრამ „მიკი მაუსი“ სწრაფად მოძრაობს და დროზე უნდა დაინახო. ხოლო როცა დაინახავ, თვალი კი არ უნდა გააყოლო, უნდა გაეკიდო და სდიო მანამ, სანამ საბოლოოდ არ დაიკარგება.
ამას წინათ პრაღის აეროპორტში აღმოვჩნდი. გადაჯდომისთვის ბევრი დრო მქონდა და დავიძინე. გვერდით რაღაც ინტერნაციონალური ჯგუფი მხიარულობდა, ბიჭები და გოგოები, და მათი ხმაური ძილში ჩამყვა, ოღონდ ტრანსფორმირებულად და სხვადასხვა დიალექტ-ინტონაციით. სიზმარში ასეთი ხმები გავიგე: „გამოწვევებს უნდა გავუძლოთ, არ უნდა ჩამოვიშალოთ“ (ვთქვათ, ფინურად), „ეგ არის უზურპატორი, კაციჭამია პრეზიდენტი“ (მონღოლურად), „ეკლესიებს გვინგრევენ, ხალხო!“ (იყოს იტალიურად), „მთელ მსოფლიოს დავანახოთ...“ (აქ ესპერანტო გაქაჩავს), აი, კოტდივუარულ „გიიივიიიიიიი“-ზე კი გამეღვიძა. ისინი ისევ იცინოდნენ და მე ბედნიერი ვიყავი, რომ ვიყავი იქ და მივდიოდი იქ, სადაც მიკი მაუსი უბრალოდ მულტფილმის გმირია.
![]() |
11 დამშვიდობება სამოთხესთან (კანის კინოფესტივალი - პოსტ ფაქტუმ) |
▲back to top |
წერილი კანიდან
ავტორი: გიორგი გვახარია
რკინიგზის სადგურზე, ერთ მხარეს ჟან გაბენის პორტრეტი რომ ამშვენებს რენუარის „ადამიანი-მხეციდან“, მეორე მხარეს კი ძმები ლიუმიერების სურათი, აიპოდი გავირჭე ყურში და დავიწყე იმ მუსიკის ძებნა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ჩემ განწყობილებას.
ფესტივალი დამთავრდა. დასრულდა წითელი ხალიჩის კიბეზე დღეში მინიმუმ სამჯერ ასვლა-ჩამოსვლა - ვიღაცისთვის საოცნებო, ჩემთვის კი საზიზღარზე საზიზღარი რიტუალი (კიბე, საერთოდ, ჩემი „პირადი მტერია - გინდა წითელი ხალიჩით იყოს მორთული, როგორც კანში, და გინდა გააფთრებული ლომების ქანდაკებებით, როგორც ოდესაში). დასრულდა ჩიტების ჭიკჭიკში გაღვიძება, ყავის სმა დილის 7 საათზე (პირველი საფესტივალო ფილმის სეანსი კანში დილის ცხრის ნახევარზე იწყება), ცხელ-ცხელი კრუასანები, პალმების ხეივანში სეირნობა და ყოველდღიური არჩევანი - მართლაც რომ ლაჟვარდისფერი ზღვა, თუ ბნელი კინოდარბაზი, რომელშიც წლის საუკეთესო ფილმებს უჩვენებენ.
„არჩევანში ცხოვრება“ ჩვენი ცხოვრების წესია. ეგ არის, რომ საქართველოში, როგორც წესი, ცუდსა და უარესს შორის გვიხდება არჩევანის გაკეთება. პირადად მე მივეჩვიე ამას.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ პლანეტაზე არსებობს ადგილი, სადაც უნდა აირჩიო კარგი და „კიდევ უფრო კარგი“, სადაც ლაპარაკობენ უცხო, მაგრამ შენთვის გასაგებ ენაზე... სადაც დღე-ღამეში 6 საათი ძილი გყოფნის; უფრო მეტიც, ხანდახან ისე ხარ აფორიაქებული, ისე გიხარია ცხოვრება, რომ საერთოდ არ გეძინება.
დავწერე ერთხელ „ცხელ შოკოლადში“, - ჩემი ცხოვრება ყოველწლიურად ორ ნაწილად დაიყო-მეთქი - კანამდე და კანის ფესტივალის შემდეგ. მთავრდება ფესტივალი, კატალოგებიდან, კინოჟურნალებიდან ამოჭრილ სტატიებს, ფოტოებს ვტენი ჩემოდანში, მივდივარ რკინიგზის სადგურზე თუ ნიცის აეროპორტში (აიპოდით ყურში) და ჩემ თავს ვეკითხები, ნეტა ეს წელიც მალე გაივლის? მალე დადგება მაისი? მექნება ამ სამოთხეში ჩამოსვლის ფული?
ჰო, მოლოდინში უფრო სწრაფად გადის წელი. მაგრამ ეს არ მადარდებს - მთავარია, კანში კიდევ ერთხელ მოვხვდე და კიდევ ერთხელ მქონდეს საშუალება, გავაკეთო არჩევანი კარგსა და კიდევ უფრო კარგს შორის... იმ ორს შორის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში - კინოსა და ზღვას შორის.
კადრი ფილმიდან „შეწყვეტილი ამბორი“
კადრი ფილმიდან „თეთრი ბაფთა“
კადრი ფილმიდან „ანტიქრისტე“
არ ვიცი, მომეწონებოდა თუ არა კანის ფესტივალი ამ თუნდაც ათი წლის წინ რომ მოვხვედრილიყავი მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმზე... ალბათ უფრო არა... როცა სისხლი კარგად ჩქეფს და როცა ბრძოლაში ხედავ ნეტარებას, საეჭვოა, აღფრთოვანდე აქაურობით - სმოკინგებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილი წყვილებით, რომლებიც ერთი საათით ადრე გროვდებიან ფესტივალის სასახლესთან, რათა სურათი გადაიღონ და მერე, სახლებში დაბრუნებისას, მეგობრებთან და ნათესავებთან იამაყონ, იქ ვიდექი, სადაც ცოტა ხნის წინ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ გაიარესო... არა, რა თქმა უნდა, არ მომეწონებოდა აქაურობა - სახედაჭიმული ქალები და კაცები, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან კანში იმ იმედით, რომ პროდიუსერები შეამჩნევენ და „შედგება“ მათი კინოკარიერა. არ მომეწონებოდნენ ეს კინოფანატები, რომლებიც ათასობით კილომეტრს გადიან, ადგილს იკავებენ ფესტივალების სასახლესთან, რათა საყვარელი მსახიობი „ლაივში“ დაინახონ. გამაღიზიანებდა ეს სიძვირე, ეს ხელოვნურად შექმნილი გლამურის ატმოსფერო და, რაც მთავარია, ვერ ავიტანდი საფრანგეთის ქალაქს, სადაც ათასში ერთხელ თუ დაინახავ არაბსა და შავკანიანს, საფრანგეთის იმ რეგიონს, რომლის მაცხოვრებლები წლების მანძილზე აძლევენ ხმას მოფაშისტო ლეპენსა და მის ნაციონალურ ფრონტს.
მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა სისხლი აღარ ჩქეფს ბრძოლისთვის... საერთოდ, ისე აღარ ჩქეფს, როგორც უწინ.
ვიღაცას ამ დროს შვილებთან და შვილიშვილებთან თამაში სიამოვნებს, ვიღაცას - სუფრაზე თამადობა.
მე - ზღვის ყურება, ცხელი კრუასანი და დიდ ეკრანზე კინოს ყურება.
ამ დროს აუცილებლად გაიაზრებ, რომ კანში გლამური საერთოდ არ გიშლის ხელს. მიხვდები, რომ ფესტივალი ეშმაკურადაა მოწყობილი - ერთი შეხედვით, მართლაც სმოკინგებსა და ბრილიანტებზეა აგებული... მეორე მხრივ, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფასადია. სინამდვილეში კანის ფესტივალი მხარს უჭერს მართლაც მაღალ ხელოვნებას და იშვიათად „ეარშიყება“ პოლიტიკურ კონიუნქტურას.
წელს, კანის 62-ე ფესტივალზე, პოლიტიკაზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დავიდა. ფესტივალის კონკურსი არანაირად არ ასახავდა ჩვენ დროს, რეალობას.
სადღაც ათი წლის წინ ეს დეკადენტურ-ესთეტური პროგრამა აუცილებლად გამოიწვევდა ჩემ პროტესტს. ნოსტალგიით გავიხსენებდი „ბერლინალეს“, რომელიც არა მარტო ანგარიშს უწევს პოლიტიკურ რეალობას, არამედ ზოგჯერ თავადაც მოქმედებს პოლიტიკაზე. მაგრამ პალმებიან სამოთხეში არა და არ გინდება პოლიტიკაზე ფიქრი. აქ ჩასვლის მეორე დღესვე ხვდები, რომ, ჰოი საოცრებავ, თბილისშიც კი არ გაინტერესებს რა ხდება. კი, რეკავ, მშობლებს კითხულობ. გიამბობენ, რომ ოპოზიცია 26 მაისისთვის ემზადება, რომ „სააკაშვილი რომშია“... რაღაცნაირად გულგრილი ხდები ამ ყველაფრის მიმართ და ბრაზდები, როცა ისე, სხვათა შორის, გეკითხებიან, - „მანდ კარგი ამინდია?“, „კარგი ფილმებია?“
REUTERS
პენელოპა კრუზი, კანი 2009
კადრი ფილმიდან „აჩეხვა“
კადრი ფილმიდან „აჩეხვა“
კარგი კი არა, ძალიან კარგი ამინდი იყო წლევანდელ კანის ფესტივალზე; კარგი კი არა, ძალიან კარგი ფილმები!
მაგრამ დრო აქაც სწრაფად გავიდა.
კინოფესტივალებზე ისედაც სწრაფად გადის დრო - მთელი დღე ბნელ დარბაზში ზიხარ. მაგრამ კანის წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით სწრაფად დასრულდა; ყველა ელოდა ამ შესანიშნავი ზეიმის ფინალს, ფესტივალის საზეიმო დახურვას, როცა იზაბელ იუპერის ჟიური გამარჯვებულებს გამოაცხადებდა, ანუ გაგვაცნობდა ჟიურის არჩევანს „კარგსა“ და „ძალიან კარგს შორის“.
24 მაისს, საღამოს, ჟურნალისტები ფესტივალების სასახლის გვერდით, დებიუსის დარბაზში შეგვყარეს, რათა დიდ ეკრანზე გვენახა დახურვის საზეიმო ცერემონიალი. ჩვენ უკან ვიღაც უცნაური ქალი იჯდა, რომელიც ყოველი გამარჯვებულის გამოცხადების წინ ერთსა და იმავე სახელს ყვიროდა - ელია სულეიმანი!
ელია სულეიმანი - პალესტინელი რეჟისორია, რომლის ფილმი, „წარსულის კვალი“, დახურვამდე 2 დღით ადრე უჩვენეს ფესტივალის კონკურსში. ანტიისრაელური პათოსით აღსავსე ეს სატირა, საეჭვოა, ოდესმე მოხვედრილიყო იგივე ბერლინის კინოფესტივალზე. მაგრამ კანში სულეიმანი ძალიან უყვართ და დიდად არ აღელვებთ მისი არაპოლიტკორექტულობა. სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას ბრიტანელ კენ ლოუჩზეც, რომელმაც კანის ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდა დიდ კინოფესტივალებს არ ჩართონ პროგრამებში ისრაელელ რეჟისორთა ფილმები ისრაელის „აგრესიის გამო პალესტინაში“... ამ განცხადებით კენ ლოუჩმა უამრავი ადამიანი გადაიმტერა კინოს სამყაროში. თუმცა კანის ფესტივალმა ლოუჩის არაპოპულარული განცხადება არ შეიმჩნია - დაამტკიცა კონკურსში ბრიტანული კინოს ახლა უკვე ვეტერანის ფილმი „ერიკის ძიებაში“, რომელიც ფესტივალის ბოლო დღემდე „ოქროს პალმის“ ერთ-ერთ კანდიდატად ითვლებოდა (კენ ლოუჩის ამ ფილმზე, ისევე როგორც ფესტივალის პირველ ნახევარში ნაჩვენებ ფილმებზე, იხილეთ „ცხელი შოკოლადის“ მაისის ნომერი).
კადრი ფილმიდან „დაუფასებელი ნაძირლები“
ეს ამბავი უკვე ასაკში შესულ ფოსტალიონზე (ვისღა სჭირდება ეს პროფესია?), ფეხბურთისა და ერიკ კანტონას ფანზე, რომელიც ცდილობს, აღადგინოს 30 წლის წინ გაწყვეტილი კავშირი საყვარელ ქალთან და მოაგვაროს თავისი შვილის „კრიმინალური პრობლემები“, გადაღებულია ინგლისური ფეხბურთის სტილში - კარგად გათვლილი დრამატურგიით, რომელშიც მოქმედება თითქოს „გრძელი პასებით“ ვითარდება - სიუჟეტის ხაზი წყდება და გარკვეული ხნის შემდეგ, მოულოდნელად ისევ „გამოიღვიძებს“ ხოლმე. ასე რომ, კენ ლოუჩს, რომელმაც ერთხელ უკვე მოიპოვა „ოქროს პალმა“ ფილმისთვის „ქარი წაგვიღებს“, მინიმუმ საუკეთესო სცენარისთვის განკუთვნილ პრიზს მაინც უწინასწარმეტყველებდნენ.
მაგრამ არა.
არც კენ ლოუჩი და მით უმეტეს - არც ელია სულეიმანი.
არც ალმოდოვარი. არც ჯეინ კემპიონი, თავისი „მანათობელი ვარსკვლავით“ (ეს იყო ერთადერთი საკონკურსო ფილმი, რომელიც ვერ ვნახე კანის წლევანდელ ფესტივალზე - პრინციპით „მაგ დედაკაცის კინოს არ ვნახავ!“... არადა, „მანათობელი ვარსკვლავი“ ფესტივალის ბოლომდე კრიტიკოსთა გამოკითხვების ერთ-ერთი ლიდერი იყო).
სამაგიეროდ, პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდა ფილიპინელი რეჟისორი ბრილიანტ მენდოზა - კაცი, რომელზეც სულ ვხუმრობდით, - ალბათ დიდი ძალისხმევა დასჭირდა „კინემატოგრაფიულ პოლიტბიუროში“ შესაძრომად-თქო.
ეს იმას ნიშნავს, რომ იზაბელ იუპერს ფილიპინელის ფილმი იმაზე, თუ როგორ ასახიჩრებენ, ნაკუწებად აქცევენ სუტენიორი-მევალეები მეძავი გოგოს სხეულს, უფრო მოეწონა, ვიდრე ალმოდოვარის, კენ ლოუჩის და, როგორც ამბობენ, უაღრესად ესთეტური და ლამაზი ჯეინ კემპიონის სურათები.
მენდოზას ფილმის სისხლიანი ტბების ფონზე ალმოდოვარი მართლაც ანაქრონიზმად გამოიყურება... მაგრამ თუკი იუპერს უყვარს სისხლი და პათოლოგია (როგორც ზოგიერთი ფრანგული გაზეთი ამტკიცებს), რა დაუშა ვა მაშინ ლარს ფონ ტრიერმა? რატომ გადასცა ასე „ცალყბად“ პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლარს ფონ ტრიერის ახალ მუზას, შარლოტა გინზბურგს?
კადრი ფილმიდან „ანტიქრისტე“
კადრი ფილმიდან „ციხე - ცხოვრების სკოლაა“
REUTERS
შარლოტა გინზბურგი, კანი 2009
იმ საღამოს, როცა კანში მიხაელ ჰანეკეს „თეთრი ბაფთა“ უჩვენეს, ე.ი. ფესტივალის დახურვამდე ორი დღით ადრე, ნათელი გახდა, რომ სწორედ ჰანეკეს ჰქონდა „ოქროს პალმის“ მოპოვების ყველაზე დიდი შანსი... და არა მარტო იმიტომ, რომ ჟიურის მისი საყვარელი მსახიობი ხელმძღვანელობდა; არც იმიტომ, რომ კანის კონკურსში წარმოდგენილ პირველი კლასის რეჟისორებს შორის მხოლოდ ჰანეკესა და ალმოდოვარს არ ეღირსათ აქამდე კანის ფესტივალის მთავარი პრიზი...
მთავარი ისაა, რომ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში „თეთრი ბაფთა“ ერთადერთი სურათია, რომელმაც თითქმის არავინ გააღიზიანა. სხვებს - ალმოდოვარის, ტრიერის, ლოუჩის, ტარანტინოს ახალ ფილმებს თაყვანისმცემლებიც გამოუჩნდა და ოპონენტებიც... და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოპონენტები - ამ რეჟისორების თაყვანისმცემლებს შორის... ჰანეკეს თითქმის სამსაათიან შავ-თეთრ კინოს კი მშვიდად უყურა ყველამ თავიდან ბოლომდე. თანაც „თეთრი ბაფთა“ შეიძლება ერთადერთი იდეოლოგიური ფილმია კანის 62-ე კინოფესტივალის კონკურსში - აგრესიისა და ბოროტების ანატომიის შემსწავლელი კინოოპუსი მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩრდილოეთ გერმანიის იდილიურ პროტესტანტულ სოფელზე, სადაც ყოველდღე დანაშაულები ხდება..
აღზრდის პრინციპები დღესაც ძველებური რჩება, - გვეუბნება ჰანეკე ამ ფილმით, რაც, ავსტრიელი რეჟისორის აზრით, ისევ ქმნის ფაშიზმის ჩასახვის საშიშროებას შუაგულ ევროპაში.
მოკლედ, აქტუალური ფილმია, განსაკუთრებით - ნერვიული კრიზისის ზღვარზე მდგომი იმ რეჟისორების ახალი ფილმების ფონზე, რომლებიც კანის წლევანდელ კონკურსში იყო წარმოდგენილი.
მე, პირადად, დიდი ხანია, მომბეზრდა მიხაელ ჰანეკეს მამხილებელმიმთითებელი პათოსი და მორალიზმი. მაგრამ ჩემთვისაც კი ცხადი იყო, რომ კანის ფესტივალი - მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მწყრალად იყო განწყობილი კონიუნქტურის მიმართ - არაფრით დაუშვებდა პრინციპულად აპოლიტიკური, პრინციპულად ასოციალური ფილმის გამარჯვებას. მით უმეტეს, ეკონომიკური კრიზისის ეპოქაში, როცა ფესტივალს რამდენიმე სპონსორი დააკლდა, ე.ი. როცა კანის კინოფორუმს არავინ უნდა გაეღიზიანებინა. მოგვიანებით პარიზში მიამბეს, რომ ჟიურის ორმა წევრმა, იზაბელ იუპერის ავტორიტარიზმის გამო, კინაღამ დემონსტრატიულად დატოვა კანის ფესტივალი... სხვათა შორის, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზეც შესამჩნევი იყო დაძაბულობა თავად ჟიურის წევრებს შორის; განსაკუთრებით მაშინ, როცა იუპერმა პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცა ამ ფესტივალის მართლაც რომ აღმოჩენას, ავსტრიელ მსახიობ კრისტოფ ვალცს.
რაღაცნაირი ზიზღნარევი ღიმილით გამოაცხადა ტარანტინოს ფილმის სათაური.
ეს გასაგებიცაა. მიუხედავად იმისა, რომ „დაუფასებელ ნაძირლებზე“ მუშაობა გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა (ტარანტინო, ათი წელია, ოცნებობდა ჰოლოკოსტის თემაზე ფილმის გადაღებას), საფრანგეთში ჯერ კიდევ შარშან გაჟონა ინფორმაციამ კონფლიქტზე, რომელიც მოხდა ტარანტინოსა და იუპერს შორის. აღმოჩნდა, რომ ტარანტინო აპირებდა ერთ-ერთ მთავარ როლზე დაემტკიცებინა იუპერი. სპეციალურად ჩავიდა პარიზში და დაურეკა.
„უკაცრავად, მაგრამ ეს პარიზია...აქ ასე არ ნიშნავენ შეხვედრებს. მე ერთი კვირა არ მეცლება - სხვა საქმეები მაქვს“, - უთხრა გაღიზიანებულმა იუპერმა
„არაა პრობლემა. დაგელოდებით. სინემატეკაში წავალ და ფილმებს ვნახავ“, - ძალიან მშვიდად უპასუხა ტარანტინომ შეხვედრა დანიშნეს. მაგრამ იუპერმა დააგვიანა. ტარანტინომ 15 წუთი იცადა... „ერთი მაგის დედაც... არ უნდა, ნუ უნდა“, - თქვა კვენტინ ტარანტინომ და იქაურობას გაეცალა.
შეხვედრის ადგილას მისულ იუპერს კვენტინ ტარანტინო აღარ დახვდა.
ჰოდა, გაბრაზდებოდა, აბა რა!
შეიძლება კანში სპეციალურად, „დაუფასებელი ნაძირლების“ სანახავად ჩასულმა ტარანტინოს თაყვანისმცემლებმაც გააღიზიანეს. დილის სეანსის დაწყებამდე თითქმის ნახევარი საათით ადრე დარბაზი მთლიანად გაივსო. როცა ძმები ლიუმიერების დარბაზის „გამომცხადებელმა ქალმა“ ტრადიციულად გვაუწყა, რომ სეანსი იწყება და უნდა გამოვრთოთ ჩვენი მობილური ტელეფონები, ტარანტინოს ფანებმა ტაში დაცხეს...
REUTERS
მიხაელ ჰანეკე და იზაბელ იუპერი, კანი 2009
მერე, როცა ტიტრები გამოჩნდა, დიმიტრი ტიომკინის მუსიკით 60-იანი წლების რომელიღაც ამერიკული ვესტერნიდან (რატომღაც მეგონა, რომ 30-იანი წლების საბჭოთა ფილმის მუსიკა იყო), წარწერით „კვენტინ ტარანტინო“, ტაში ფეხების ბრახუნში გადაიზარდა...
ვაიმე, ეს რა იყო! პატარა ბავშვებად ქცეული კინოკრიტიკოსები, რომლებმაც, შეიძლება, ტარანტინოს ახალი ფილმის პრემიერის მოლოდინში ღამე გაათენეს, ახლა კი სანატრელი წამი დაუდგათ.
გაღიზიანდებოდა, აუცილებლად გაღიზიანდებოდა მადამ იუპერი. აბა, რომელი კინოვარსკვლავი გადაიტანდა ამ... „ჩანაცვლებას“?! ნათელი გახდა, რომ დღეს ტარანტინო ფაქტობრივად ერთადერთი კინორეჟისორია, რომელსაც მსოფლიოში „ვარსკვლავად“ აღიქვამენ - დასდევენ, როგორც კინოვარსკვლავს, ავტოგრაფებს სთხოვენ, ქუჩაში ცნობენ...
ასეთ პატივს, ასეთ პოპულარობას რეჟისორები იშვიათად აღწევენ ხოლმე.
მხოლოდ მსახიობები... მათ შორის - ის ოთხი მსახიობი, რომლებიც ვიხილეთ კანის ფესტივალის წლევანდელ ჟიურიში, იზაბელ იუპერის ხელმძღვანელობით.
თანაც, ისევ იზაბელ იუპერის შემოქმედებით გზას თუ გავიხსენებთ, საეჭვოა, მიხაელ ჰანეკეს მუზას დაეფასებინა კვენტინ ტარანტინოს ეს ტუტუცობა. ჰო, ჰო „ტუტუცობა“ ყველაზე კარგი სიტყვაა! რა თქმა უნდა, ტუტუცობაა ასეთი თამაში ისტორიასთან, დროსთან, ენებთან.
ენა, მგონი, მაინც მთავარია. მეორე მსოფლიო ომის წლებში ამერიკელი და ბრიტანელი ებრაელები ჩადიან ევროპაში, რათა შური იძიონ ნაცისტებზე ჰოლოკოსტის გამო... ყველა პერსონაჟი თავის ენაზე ლაპარაკობს (თუკი ეს სურათი თბილისის ეკრანებზე დუბლირებული გამოვიდა, გირჩევთ, არ ნახოთ „დაუფასებელი ნაძირლები“... ამ ფილმის გახმოვანება „ნაძირლების“ განადგურებას ნიშნავს). ხშირად გადადიან ერთი ენიდან მეორეზე. იმისდა მიხედვით, როგორ აწყობთ. ენა გადაიქცევა ბრძოლის იარაღად. სიტყვები კი შეიძლება გამოილიოს ისე, როგორც ტყვია უთავდებათ ხოლმე ბრძოლის ველზე. ერთი შეხედვით, არც ესაა პრობლემა; სიტყვას შეიძლება ჩაენაცვლოს „კინოფაქტი“, ან, პაზოლინის ტერმინს თუ გავიხსენებთ, „კინემა“ - კინოსახე, რომელიც უფრო ტევადია და უფრო „პირველყოფილი“, ვიდრე სიტყვა. შემთხვევითი არ არის, რომ „დაუფასებელი ნაძირლების“ მთავარი, კულმინაციური სცენა კინოთეატრშია გადაღებული
მაგრამ ტარანტინო არც „კინემების ენას“ მიიჩნევს უკანასკნელ ჭეშმარიტებად. კინოხელოვნება ამარცხებს ფაშიზმს, მაგრამ ამ ბრძოლაში მსხვერპლად წირავს თავის ტაძარს - კინოთეატრს, რომელიც „დაუფასებელი ნაძირლების“ ფინალში ფეთქდება.
აღარც ენა, აღარც მამული, აღარც სარწმუნოება - აღარაფერი, რასაც ეყრდნობოდა ისტორია, რომელსაც აქამდე გვასწავლიდნენ; ისტორია, თავისი „მიზეზ-შედეგობრიობით“, „აქედან გამომდინარეთი“, კანონზომიერებათა ჯაჭვებით... სქემებითა და მითებით, განზოგადებებით, რაზეც კანის ერთერთი ყველაზე ძლიერი კინოფესტივალის გამარჯვებულმა, მიხაელ ჰანეკემ თავისი ფილმი ააგო.
სასიამოვნოა, როცა ჩვენი და ხელოვანის ეს „მითები“ ერთმანეთს ემთხვევა... როცა აღმოჩნდება, რომ მიხაელ ჰანეკეც ჩვენსავით ფიქრობს („ფაშიზმის მიზეზი ადამიანთა აღზრდის სისტემაშია“), რომ კანის ფესტივალის მნიშვნელობით მეორე პრიზის, გრანპრის ლაურეატი, ფრანგი რეჟისორი ჟაკ ოდიარიც ჩვენსავით ამტკიცებს, რომ „ციხე - ცხოვრების სკოლაა“ („წინასწარმეტყველი“)... კინორეჟისორისთვისაც სასიამოვნოა თაყვანისმცემელთა რიგები მისი ახალი ფილმის პრემიერაზე, და კანის კინოფესტივალის პალმები.
მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა რეჟისორის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ნაკლებად გაინტერესებს, რამდენად ჩაეწერები „ტენდენციაში“, ან რამდენად დააკმაყოფილებ შენ თაყვანისმცემლებს. ფრანსუა ტრიუფოს ეს მომენტი გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაუდგა, როცა სასაცილო შავ-თეთრი დეტექტივი, „გაუმარჯოს კვირას“ გადაიღო, ბუნუელს, ერიკ რომერს - ღრმა სიბერეში... ჩაპლინმა, მე თუ მკითხავ, თავისი ყველაზე თავისუფალი ფილმი, „რამპის ჩირაღდნები“ მაშინ გადაიღო, როცა შედევრს მისგან უკვე აღარ მოელოდნენ
ყოველთვის კარგი სინეფილი, მაგრამ არცთუ ისე კარგი რეჟისორი - კვენტინ ტარანტინო, რომლის ადრინდელი ფილმები, მე თუ მკითხავ, მტვს კლიპებს უფრო ჰგავდა, ბოლოს და ბოლოს ახერხებს გადაამუშავოს ეს დაგროვილი „სინეფილური ინფორმა ცია“ და მიაღწიოს მთავარს - თავისუფლებას...
დავარქვათ ამას „სიტუტუცე“. ბავშვური... ბავშვიც ხომ ასე ხედავს დროს? ასე ხედავს სივრცეს. ასე აღიქვამს ენებს. დავარქვათ „სიტუტუცე“ იმას, რაც ლარს ფონ ტრიერმა, პედრო ალმოდოვარმა წარმოადგინეს კანის ფესტივალზე... გული რომ გაუტეხეს თავიანთ ზოგიერთ თაყვანისმცემელს და პრიზების გარეშე რომ წავიდნენ კანიდან. იმაზე ხომ თითქმის ყველა თანახმაა, რომ არც „დაუფასებელი ნაძირლები“, არც „ანტიქრისტე“ და არც „შეწყვეტილი ამბორი“ არაა სტერილური კინო („ა ლა ჰანეკე“)... რომ ესაა დაღლილი, უკვე ასაკში შესული რეჟისორების კინო, მაგრამ კინო - თავისუფალი ადამიანების.
„ალმოდოვარს არ უნდა იმის აღიარება, რომ „მოვიდა ეპოქა“ წარსულს ჩაბარდა, რომ სამყარო შეიცვალა და შეიცვალა მისი კინემატოგრაფიც“, - წერს რომელიღაც ფრანგი კრიტიკოსი.
არ უნდა, რა თქმა უნდა. ამათთვის დადგა ცხოვრების ის ეტაპი, როცა „წარსული“ და „აწმყო“ აღარ არსებობს. ის ვეღარ ხედავს ამ „შეცვლილ სამყაროს“, რადგანაც თავისი გმირივით, ყოფილი კინორეჟისორივით, დაბრმავებულია.
დიდი ხნის წინ, 70-იანი წლების დასაწყისში ინდოელმა გენიოსმა სატიაჯიტ რეიმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ბრმა მხატვარზე, რომელსაც „შინაგანი მზერით“ დაარქვა.
რაღაც სამოთხის მსგავსს ხატავდა ეს კალკუტელი მოხუცი, ბავშვობის მერე რომ არ უნახავს სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ - გოლიათი-ჩიტებით, ხასხასა მწვანე ბალახით, რომელიც მთლად მზეს წვდება და პალმებით - ჩემი საყვარელი პალმებით.
ჰოდა, ამ საყვარელ პალმების ხეივანს რომ გაივლი, მართლაც რომ ლაჟვარდისფერ ზღვას შეხედავ და ყველაზე თავისუფალი რეჟისორების ფილმებს ნახავ, გეგონება თავი სამოთხეში, აბა, რა...
რაც უნდა იძახონ „ანტიქრისტეზე“, მარტო ფილმის პროლოგი, ჰენდელის მუსიკის ფონზე, გაყიდის და იყიდის მთელ „აქტუალურ კინოხელოვნებას“... როგორც უნდა ამტკიცონ, - კვენტინ ტარანტინომ კონიუნქტურული კინო გადაიღოო, - მარტო კრისტოფ ვოტცის ოსტატობა გაყიდის და იყიდის ჟიურის ოთხი წევრი-არტისტის, მათ შორის იზაბელ იუპერის მთელ შემოქმედებას... როგორი არგუმენტებიც უნდა მოიყვანონ პედრო ალმოდოვარის წინააღმდეგ, იმ სცენას, მართლა რომ წამომახტუნა სკამიდან კანში, ვერასოდეს შეედრება, რასაც ეგრეთ წოდებული „თანამედროვე კინემატოგრაფი“ ჰქვია.
პენელოპა კრუზის გმირი აბაზანიდან გამოვა და საწოლ ოთახში, თავის ჩაძინებულ საყვარელს - ასაკში შესულ ოლიგარქს შეხედავს. თავიდან შეეშინდება, - ეგონება რომ მკვდარია, გადაწყვეტს ხელით შეეხოს, შეანჯღრიოს. მაგრამ გადაიფიქრებს, - სიგარეტს მოუკიდებს და მიაშტერდება... იქნებ მართლაც მოკვდა? ამის სიკვდილი ხომ მისთვის ახალი, ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი იქნება? მერე ხომ აღარავინ შეუშლის ხელს, იცხოვროს თავისი ცხოვრებით?
სულ ერთ წუთს გრძელდება ეს სცენა, უფრო სწორად - პენელოპას საშუალო ხედი. მაგრამ რამდენი რამაა ნათქვამი, რამდენჯერ იცვლება განწყობილება! თანამედროვე კინომ, პოლიტიკური და იდეოლოგიური კონიუნქტურის ტყვე რომ გახდა, დიდი ხანია, დაკარგა ეს უნარი - სწორედ კინოს ენით გამოხატოს ადამიანთა გრძნობები. მათი ვნებები, მათი სისუსტეები.
თავის დროზე კონიუნქტურისა და მოდის მანიპულაციებისგან კვენტინ ტარანტინოს, პედრო ალმოდოვარს, ლარს ფონ ტრიერსაც უჭირდათ განთავისუფლება. წლევანდელ კანის ფესტივალზე ამ, თითქმის ერთი თაობის კინორეჟისორებმა, მოახერხეს გადაეღოთ კინო - კინოსთვის, და არა - კრიტიკოსებისთვის, ან - პუბლიკისთვის, ან - თუ გნებავთ, კანის ფესტივალისთვის.
უფრო მეტიც, წლევანდელ კანის ფესტივალზე 87 წლის კინოკლასიკოსმა, ალენ რენემაც კი გააკვირვა ყველა თავისუფლების რაღაც განსაკუთრებული განცდით, სილაღით, იუმორით თავის ახალ ფილმში „ველური ბალახები“. ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, როცა კინოხელოვნების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მას სპეციალური პრიზი გადასცეს, „ჰიროსიმასა“ და „მარიენბადის“ ავტორი, ალენ რენე გაჭირვებით, მაგრამ მაინც ავიდა სცენაზე და იზაბელ იუპერს სთხოვა, დაერღვიათ დაჯილდოების ცერემონიალის სქემა და სცენაზე ასვლის უფლება მიეცათ მსახიობებისთვის, რომლებიც „ველურ ბალახებში“ გადაიღო.
იუპერმა მაესტროს თხოვნა არ შეისმინა. მხოლოდ მსახიობების გვარები გამოაცხადებინა ცერემონიალის წამყვანს. სასწრაფოდ გადაუღეს სურათი ალენ რენეს და სცენიდან ჩამოიყვანეს.
იმ საღამოს დარბაზში არ ისხდნენ კენ ლოუჩი, პედრო ალმოდოვარი, კვენტინ ტარანტინო, ლარს ფონ ტრიერი - წლევანდელი კანის ფესტივალის და, შესაძლებელია, მთელი კინოსეზონის გმირები. მაგრამ კანი სწორედ მათი სახელებით აგრძელებდა სიცოცხლეს. რკინიგზის სადგურზე, სანამ აიპოდს ყურებში გავირჭობდი, მხოლოდ და მხოლოდ მათი გვარები მესმოდა. ჩემოდნებზე ჩამომსხდარი პარიზელი კინოკრიტიკოსები, სინეფილები, უბრალოდ, ჟურნალისტები გაცხარებულები კამათობდნენ უკვე ასაკში შესული, ცოტა არ იყოს ნერვიული, მაგრამ მაინც თავისუფალი რეჟისორების „ტუტუცობებზე“... დროდადრო საათზე იხედებოდნენ, მატარებელი რომ არ გამორჩენოდათ. გარშემო არ იყურებოდნენ. არავის მოსვლია თავში კანთან გამომშვიდობება. ბოლოს და ბოლოს არც ისე შორია პარიზიდან კანამდე. ჩასხდებიან მატარებელში, ლაჟვარდისფერი ზღვა და პალმების ხეივანი ძალიან თუ მოენატრათ, 5 საათში იქ არიან.
დამშვიდობების ეს გულისამაჩუყებელი რიტუალი მათ არა... მე უნდა ჩამეტარებინა.
ამიტომ აიპოდი გავირჭე ყურში, ვიპოვე მუსიკა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ჩემ განწყობილებას და უკანასკნელად შევხედე ჟან გაბენის სურათს „ადამიანი-მხეციდან“.
ახლა ერთი წელი მომიწევს მოცდა.
![]() |
12 ნიუტონის ქალი |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი, პირადი არქივი
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ, როცა მეგონა, რომ ორმოც წელს მიტანებული ადამიანები დარდისა და სიბერისგან კვდებოდნენ, როცა ვფიქრობდი, რომ დედამიწა იმისთვის ბრუნავს, რომ მე არ შევწუხდე და არსად დამაგვიანდეს, და მთელი სამყარო ჯინსის უკანა ჯიბეში მაქვს ჩატენილი. ნეტა იმ დროს!
მაშინ გავიგონე პირველად ერთი კაცისგან, რომ ამქვეყნად არსებობს გოგო, მაკა მიქელაძე, რომელიც ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე მიუწვდომელი ქალია. ანუ, იმდენად ლამაზი და იმდენად ნიჭიერია, რომ მასაც კი, რაღაც სასწაულად მაგარ კაცს - ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ეგონა - მისთვის არაფერი ჰქონდა შესათავაზებელი.
მაშინ ჩავთვალე, რომ გოგო მართლა მაგარი ყოფილა, კაცი კი - ბრიყვი, რადგან - ეგ ხომ ყველამ იცის: „არ არსებობენ აუღებელი ქალები; არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც იერიშის მიტანა არ შეუძლიათ“.
ეს ეპიზოდი ახლახან გამახსენდა, როცა აღმოჩნდა, რომ თავის თაყვანისმცემლების ქცევასთან დაკავშირებით მაკასაც იგივე სიტყვა ადგა პირზე: „უხარისხო“. ის კი არა, რომ ცუდი, ბილწი ან რამე სხვა. არა. უხარისხო. რა გულდასაწყვეტია.
მაკას ერთი გმირიც ამას ჩივის: „პირველი და უკანასკნელი მოულოდნელობა დათვი შემთხვევითობა იყო მხოლოდ და ნიშნის მოგება. რამდენჯერ ვცადე, რამე მსგავსის პროვოცირება მომეხდინა. ერთხელ სახლში ბუხარი დავახვედრე შვებულებიდან ჩამოსულს, თავის ძმაკაცებთან ერთად ბუხრის პრეზენტაცია მოვუწყვე, ერთხელ ოთხმეტრიან ჭერს რომ წვდებოდა, იმხელა პალმა დავახვედრე, ერთხელ... ყველაფერს ისე ღებულობდა, როგორც კუთვნილს. ერგებოდა“.
„და საერთოდ, - თქვა მაკამ, - ზოგიერთები წესიერად მოიქცნენ, თორემ გავუბაზრებ, რომ შიგადაშიგ ლექსების წიგნებს ვუძღვნი და ძალიან მიყვარს“.
. . .
„რატომ გამიშვი იმ ქალთან“? - შემომტირა ერთმა ახალგაზრდა ხელოვანმა, რომელიც მაკასთან თავის საქმეზე იყო მისული.
„რა იყო, დავიჯერო, გცემა?“
„არა, - ჩემი გულის გასახეთქად, - ბიჭი ცოტა დაიბნა, - მე მგონი, შემიყვარდა. დადგა ბუხართან და“...
„და რა?“ - ძალიან გავერთე.
„რა ვიცი... ნიუტონის ქალია“.
აი, ეს კი ხარისხიანი შედარება იყო. გახსოვთ, ჰელმუტ ნიუტონის „მოდიან“? 80-იანი წლების დასაწყისის მონუმენტური, შავ-თეთრი ფოტოსურათები, რომლებზეც ახალი, უჩვეულო ქალები იყვნენ გამოსახული: გამარჯვებულები, ძლევამოსილები, დიდი, ძლიერი, მაღალ ქუსლებზე მდგომი მზეთუნახავები. ისინი მოდიან, მათ ვერსად გაექცევი.
ისე, რატომ უნდა გაიქცე?
„- ხომ არ მივქარე რამე, ფრთები რომ გავშალე. განა იმ კაცისთვის, ცას რომ ციხეს ამჯობინებს, მიწაზე დანარცხება ღირდა“?
. . .
ამ საუკუნის გარიჟრაჟზე, პენ მარათონზე გამგზავრებისას, ვარაზისხევში მაღალი ქალი დავინახე - ცისფერი ჯინსი, ცისფერი პერანგი, შავი თმა. მერე, უკვე გემზე ტახტზე ჩამოჯდომა დავაპირე და მთხოვა, - მაგას ნუ მიზამ, სხვაგან დაჯექიო. ვაი? მერე მივხვდი: ფეხებს თავზე ხომ არ დამალაგებდა. სასაცილო ამბავი იყო. ვინაა-მეთქი ეს ქალი?
მითხრეს, რომ მაკა მიქელაძე. ექიმი, მსახიობი, ძალიან კარგი კაცის ცოლი, ორი პრინცესას - ანას და ელენეს დედა, პოეტი და მწერალი.
მაშინ მხოლოდ ერთი რამ მქონდა მისი წაკითხული: „ერთი მოთხრობა სექსის შესახებ“, „არილში“ დაიბეჭდა. ძალიან მომეწონა. გახსოვთ? ამბავი იმისა, თუ როგორ ხვდება ერთმანეთს ორი ადამიანი, როგორ უყვართ ერთმანეთი - მერე რა, რომ ძალიან, ძალიან ცოტა ხანი. დიდება ქართულ ენას! მიდით და გაიგეთ, ვინ იყვნენ: კაცი და ქალი, ქალი და კაცი, ქალი და ქალი, კაცი და კაცი... ერთი სექსის, არა, ერთი სიყვარულის ამბავი.
მაკას ვუთხარი, - არაჩვეულებრივი მოთხრობაა-მეთქი. იმის თქმაც მინდოდა, არაჩვეულებრივი გოგო ხარ-მეთქი, - მაგრამ მაშინ ვერ გავუბედე, ვიფიქრე, რამე უბედურება არ იფიქროს, ისედაც ჭირს-მეთქი ცხოვრება.
მერე მივხვდი, რომ სავსებით ნორმალურია და არაფერსაც არ იფიქრებდა.
მერე, როცა გოეთეს ინსტიტუტში ლაშა ბაქრაძემ ლიტერატურული საღამოები გამართა და ერთ-ერთის თემა „ეროტიკა ქართულ ლიტერატურაში“ იყო, მაკა გახლდათ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ პოსტმოდერნის ხანა (დღემდე ვერ გავიგე, როდის დაიწყო ან როდის დამთავრდა და საერთოდ, რა ჯანდაბაა - ა.კ.ს.) ავტორისა და მისი ნაწარმოების განუყოფლობას გულისხმობს. ის მაგიდის წინ დადგა და კომენტარი რომც არ გაეკეთებინა, ყველაფერი ნათელი იყო.
მაკა „ლოცვას“ კითხულობდა. დარბაზი მონუსხული უსმენდა.
„აი, ჩემი თვალები -
მთვრალები.
აი, ჩემი ტუჩები -
უძღები.
აი, ჩემი ველები -
გრაგნილები, გველები.
აი, ჩემი ბორცვები -
სავსე შენზე ოცნებით.
აი, ჩემი გული -
რთული
აი, ჩემი გონი -
დაკარგული, მგონი
აი, ჩემი სურნელი -
ულევი.
აი, ჩემი ტანი,
აი, შენი წამი.
შედი, შეიცანი
ამინ!“
„დღეს ამ ქალის მოყვარულთა კლუბი ჩამოყალიბდა“, - მითხრა საღამოს დასრულების შემდეგ მეგობარმა ქალმა.
„პირველად ნახე?“
„არა, პირველად მოვუსმინე“.
ისე, მეც პირველად მოვუსმინე და მას მერე ვკითხულობ მაკას ლექსებს. მანამდე მისი ხმა არ მესმოდა და, რაღა დაგიმალოთ, საერთოდ არ მესმოდა მისი.
ახლაც მიკვირს რაღაც-რაღაცები.
ჩვენ ერთი თაობის შვილები ვართ, იმ თაობისა, რომლისთვისაც „ომები გაუგებრად დიდხანს გრძელდებიან“. ჩვენ ყველას გვახსოვს „ტრიბუნისხელა ხარისხის ნიშანი - მუყაო ფიცრული. „არც ერთი მუქთახორა და გამცდენი ჩვენს გვერდით!“ „ხელები შორს საბჭოთა ვიეტნამისაგან!“ „ყველანი აცრებზე!“ „წინ კომუნიზმისაკენ! - სიირბიილით იარ!“ და მაინც, ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ იცის ამ ქალმა ზოგი რამ, რაც არაფრით არ უნდა იცოდეს.
რაღაცები ყველამ ვიცით, ჩვენც ყველას „ჩვეულებრივი ბანკეტი გვქონდა, ყველანი, როგორც შეგვეძლო, ისე ლამაზები ვიყავით, ერთმანეთს ვეპრანჭებოდით. საკუთარი თავით ვტკბებოდით, არ ვიმჩნევდით წვერ-ულვაშის და მკერდების ნაკლებობას და, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდით, რა სასაცილო იყო ჩვენი სურვილი, ვყოფილიყავით დიდები და სერიოზულები. ვიყავით პინგვინებივით შავ-თეთრი ბიჭები, თეთრცისფერ-ვარდისფერ-იასამნისფრად აშიფონებული გოგონები...“ კი, ეს მეც მახსოვს. ისიც გასაგებია, რატომ იცნობს მაკა იმ სამყაროს, რომლისაც, მე მგონი, ყველას საშინლად ეშინია: ის ექიმია, სულ ზეპირად იცის პალატის თეთრად მოციმციმე, დერეფნის მწვანედ მბჟუტავი და საოპერაციოს ცისფრად მოცრიატე სინათლეები, ის ადგილები, სადაც „წკაპ-წკაპ-წკაპ. წიკ-წიკ-წიკ. შშშ, ცცც, ბზზზ, ტუმ-ტუმ-ტუმ. დრო სულ სიკვდილისკენ მიდის“.
მაგრამ სხვა? თავად განსაჯეთ, მოთხრობიდან „პასუხი პასუხით“: „თმაზე ბიბლიოთეკის მტვერი და ზონის დაფლეთილი ჟურნალ-გაზეთები ნაიზუსწ - მქონდა. ცოდნები, დაპუსწიმ ნარკოტიკები როგორ არ შეიტენო, პაჩტი შენი მოკლული კაცი როგორ არ იტირო, პერედაჩით შემოგზავნილი შემწვარი ხორცის ნაპლივში ფხალი როგორ ჭამო, კანალიზაციიდან სუფთა როგორ გამოძვრე, აი, ამნაირების ცოდნები - მქონდა. „სვაბოდა მესტნიმ პაპუგაიამ“ დვეტისიაჩაპიტსოტლეტნი დავნოსტი - მქონდა. პრესტუპლენიეც მქონდა და ნაკაზანიეც და როგორც ვიბაზრე, იმედიც, მამენტ, იმედი ფუფლოა, მაგრამ რამანტიჩნი“.
ეს „პასუხი პასუხით“ ქართველი მწერალი გოგოების სიამაყეა: მაგარი პასუხი მაგარ მოთხრობაზე. დათო ქარდავას „რა გინდა, ქალბატონო?“ ხომ გახსოვთ? თუ არა, გადაიკითხეთ - იქ „ვიღაცა გამჭვირვალე ნაშა ფრენას აწვება და კინოს ბოლოს ისე იბრიდება, კაცი ვერ გაიგებს, რა ეტაკა“. ჰოდა, რა ეტაკა - ეს უკვე მაკამ გვიამბო.
იცრუე, რომ დაბეჭდილზე ღელავ...
და არ გამცე, გეხვეწები, არსად
რომ პატარა გოგოსავით მწველად,
მომენატრა პაემანზე წასვლა,
რომ ამ ლექსის ბოლოს წერტილს არ ვსვამ...
მაკა მიქელაძე „უადრესატო“
. . .
ახლა, როცა ამეებსა ვწერ, ქართულენოვანი მკითხველი „საბას“ ნომინანტთა სიას ეცნობა. მაკა ორ ნომინაციაშია წარმოდგენილი: წლის საუკეთესო პროზაული კრებული - „წეროს ჯვარი“ და წლის საუკეთესო პოეტური კრებული - „ბარათი“. რა მოხდება - ჯერ არავინ იცის. ვნახოთ.
მე ის ვიცი მხოლოდ, რომ მაკა საბავშვო ლიტერატურასაც წერს. ისიც ვიცი, რომ რომანზე მუშაობს. ეს უკანასკნელი ცოტა მძიმე ამბავია: იყო რომანი და გაქრა. აი, ასე, კომპიუტერიდან გაქრა. მაკამ მითხრა, - კინაღამ ლოგინად ჩავვარდიო. მჯერა. მერე კი რომანმა გადაწყვიტა, რომ გაიცინა და ეყოფა, და კვლავ კომპიუტერში დაბრუნდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა.
ვფიქრობ, რომ თავის ახალ წიგნებში მაკა გასული წლის აგვისტოშიც დაგვაბრუნებს. არ დავწერ, რა მიამბო - თვითონ გეტყვით ცარიელი ქალაქების და ცარიელი ადამიანების ამბებს, როგორ იკარგება ყველანაირი საფიქრალი, როცა სახლთან მეხი და ჭურვები ეცემა და ზღვაში გასული გემებიდან მხოლოდ რამდენიმე ბრუნდება უკან... ამის და მსგავსების შედეგია, რომ მაკას შვილების საძინებელი ოთახი მისაღებშია გადატანილი და ფანჯარასთან, საიდანაც შეიძლება რამე ხიფათი შემოვარდეს, კარადა დგას. დღეს მაკას ამაზე ეცინება, თუმცა, ვაგლახ, სასაცილო არაფერია.
ახლა მეც აქ ვარ, ასი წლის სახლში, რომელიც ერთ გერმანელს თავისთვის აუშენებია. მერე ამ კაცს ქონების ჩამორთმევა არ აკმარეს, ჩანს, აბუჩადაც აიგდეს, რადგან იქვე შეასახლეს რაღაც ხუხულაში, და ის უბედური ყოველდღე ხედავდა, რას უკეთებდნენ მისთვის უცხო ადამიანები იმას, რაც ოდესღაც ასე უყვარდა და ეამაყებოდა. საბრალო.
ამჟამად ამ სახლის ბოლო სართულზე ცხოვრობს მაკა. თუ ძაღლმა არ შეგჭამათ - მთავარი მონსტრი მომკვდარა, მაგრამ არც მისი შემცვლელი ჩანს კარგი ზნისა - კიბეს აუყვებით, და როცა ბავშვების მოხატულ ბაქანს მიადგებით, იქ მაკას სამფლობელო იწყება. თან სხვენიც აქვს.
სხვენთა სხვენი. სხვენისსიმო! ბუხრით, თოჯინების თეატრით, ბიბლიოთეკით. რემონტი მან და მისმა გოგოებმა, ანამ და ელენემ თვითონ გააკეთეს და, შესაბამისად, ოთახი ათასგვარი მოულოდნელობითაა სავსე: ერთი ბოძი სანახევროდ შეუღებავთ, წყალს ჭერი თვითონ მოუხატავს, კუთხეში კი იატაკს გადაუწყვეტია, რომ თავად უკეთ მოეხსენება, რა უნდა იყოს ზედ გამოსახული...
„შენ გიყვარს ასეთი ამბები, - მეუბნება მაკა და შავ პიანინოზე მიმითითებს, - საგნების ისტორიები. ჰოდა“... ერთხელ მაკამ, მისმა დეიდაშვილმა გოგი ჭიჭინაძემ და მეგობარმა ლიზა ბაგრატიონმა კონკურსში გაიმარჯვეს, „სიმღერა თბილისზე“ იყო ასეთი. ტექსტი მაკამ დაწერა, მუსიკა - გოგიმ, ლიზამ იმღერა, და მერე ჯილდო გაინაწილეს. აი, ამ ფულით ყოფილა ეს პიანინო ნაყიდი.
„გინდა პიკანტური სუპი“? - მთავაზობს მაკა.
არა, ცხელა, წვნიანი არ მინდა, მაგრამ ისე, თეორიულად, ეგ როგორია?
აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი. უბრალოდ, გუშინდელი კომბოსტოს სალათა და ცოტა მჟავე პომიდორი აქვს და, შესაბამისად, პიკანტურია.
მაკა თვლის, რომ მაინცდამაინც კარგი დიასახლისი არაა, რადგან არც ტყემალს ხარშავს და არც მურაბებით აქვს კარადა გამოტენილი. საერთოდ, მიაჩნია, რომ თავის შვილებს დიდი მუყაითობის მაგალითს ვერ აჩვენებს, არც განსაზღვრულ დროს თავაუღებლად წერა ახასიათებს, არც რამე საქმეზეა გადამკვდარი. მე თუ მკითხავ, ანას და ელენეს ასეთი მაკა უფრო არგიათ - აბა, ვის რად უნდა სამსახურს ან მწერლობას გადაყოლილი დედა?
გოგოები - ორი მაკასნაირი - სიმღერის გაკვეთილიდან დაბრუნდნენ, წაიხემსეს და სახატავად წავიდნენ, მე და მათი დედა კი ვისხედით და ვჭორაობდით, სულ ყველაფერზე: კაცებზე და ქალებზე, რწმენაზე და ფარისევლობაზე, ომზე და მშვიდობაზე, ბავშვებზე... ცოტა მაკას მოთხრობა გამოგვივიდა:
„- შტაბი გახსოვს?
- დუდანას კურტკა?
- ოთარის ჩანთა.
- ვა-ხა-ხა-ხა.
- ჟურნალი რო დავწვით და საკლასო ოთახში ჩაგვკეტეს მთელი დღით.
- გრძელი კაშნეები იყო მაშინ მოდაში და ჩამოგვართვეს - მე-4 სართულის ფანჯრიდან არ გადაძვრნენო.
- გველესიანს რომ ზოოპარკში სირაქლემამ ბოლო სიგარეტი შეუჭამა.
- ანთებული.
- ვა-ხა-ხა-ხა...“
გულიანად ვიჭორავეთ, კარგი იყო. ოღონდ მივხვდი, რომ ვერასოდეს ჩავწერ ინტერვიუს მაკა მიქელაძესთან: სათქმელს თვითონაც მშვენივრად ამბობს. მაკა მწერალია, თან ისეთი - დავესესხები - რომ მწერალ ქალებს, მწერალ კაცებს და მწერლებსაც კი მოსწონთ.
მაკა მიქელაძე უხმაუროდ ცხოვრობს. კი სულ ამტკიცებს, - სულ სერიალში ვართო; თვითონ უფრო ნეორეალისტური ფილმის გმირია.
ის არც გარემოების საყვირის სახით გვმოძღვრავს, არც „ა კლასის ცნობადი სახეა“ და არც ხმამაღალი და სკან დალური რომანების მოქმედი პირი. მოკლედ, ძალიან ცოტას იტყუება.
როცა ვუთხარი, შენ შესახებ მაინც დავწერე-მეთქი, ტელეფონის ნომრები ჩამაწერინა: 913119 ან 913242.
„ეს რა არის“? - გამიკვირდა.
„თუ ვინმეს ჩემთან დალაპარაკება მოუნდა, აქა ვარ“, - მომიგო უბრალოდ.
ჰო, მაკა ხომ ფსიქოთერაპევტია.
ძალიან კარგი. ჟურნალი როცა გამოვა, დავრეკავ ამ ნომრებზე და შავ დღეში ჩავაგდებ მაკა მიქელაძეს. რაც ფობია და კომპლექსი მაქვს, სულ თავზე მოვახვევ. მწერლები და ფსიქოთერაპევტები ხომ ამისთვის არსებობენ: ყველაფერი მათ უნდა დააბრალო და მიაყარო, იმათ კი, უნდათ თუ არ უნდათ, უნდა აიტანონ.
ასე რომ, ამიტანე, მაკა ჩემო.
გოგო კინოდან
ბესო ხვედელიძე
მე ყველაფერი კარგად მახსოვს.
მახსოვს - მეშვიდე კლასში რომ
ვიყავი.
მახსოვს მეშვიდე კლასში რომ ვიყავი და ქუჩაში ხშირად ვხედავდი ერთ ძალიან და უცნაურად ლამაზ და თვალებამოღამებულ გოგოს.
მახსოვს, ვფიქრობდი, - ნეტა ვინაა
მეთქი...
მერე დადგა დრო და მე ის გოგო კარგად გავიცანი.
არა. კარგად გავიცანიზე მეტიც მოხდა მერე.
მე და მაკამ რომანი დავწერეთ ერთად.
ვეძებდი და ვიპოვნე.
დიდხანს ვეძებდი თან.
რთული ამბავია მოსაყოლად, მაგრამ რაც მთავარია, მოხდა, შედგა, გამოიცა...
რთულია ურთიერთობა ეგეთ ადამიანებთან და თან ერთობ საინტერესო.
ჩხუბები, გაბუტვები, თავზე დახურებები, აყალმაყალი - ამეების გარეშე ძნელია...
ერთი ათჯერ დავხოცეთ ერთმანეთი და მერე ისევ ათჯერ გავაცოცხლეთ.
ასე რომ - ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს!
P.S.
მაკა ყველაზე მაგარი გოგოა მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ.
![]() |
13 ძალაუფლება, როგორც ოქსიმორონი |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ყოველ პარასკევ დღეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, ბატონ ნიკოლოზ რურუას მიღების საათები აქვს. ეს სამინისტროს ახალი ტრადიციაა და, სამდივნოს გავლით, ამ დღეს მასთან ყველას შეუძლია მოხვედრა. ჩვენი შეხვედრებიც ერთ-ერთ ასეთ პარასკევს დაიწყო.
ვიდრე მინისტრის კაბინეტში სტუმრები ერთმანეთს ენაცვლებიან და სავარძელში მჯდომი ხელებდაკრეფილი ბატონი ნიკაც მათ ხაზგასმული ყურადღებით უსმენს, ოთახს ვათვალიერებ, რომელიც კომფორტული სახლის მისაღებს უფრო ჰგავს, ვიდრე მინისტრის კაბინეტს. სტუმრებისთვის განკუთვნილი მუქი ყავისფერი ტყავის სავარძლები ბუხრის პირდაპირ დგას. ბუხრის გვერდზეა წიგნების თაროც, სადაც რიჩარდ ავედონის, „მაგნუმის“ და სხვა უზარმაზარი ფოტოალბომების გვერდით, მუსიკალური ცენტრი და ბევრი კომპაქტ-დისკია თავმოყრილი. იქვეა ტორშერები, რომლებიც შებინდებისას ინთება. დღის ბოლოსკენ, რაც ამ სამინისტროს სტანდარტებით დაახლოებით 11-12 საათის მერეა, ირთვება მუსიკაც, ცხადია - ჯაზი.
თვალი ჟურნალების მაგიდაზე მოწესრიგებულ დასტებად დალაგებული წიგნებისა და ჟურნალებისაკენ გამირბის: „ამერიკის დამფუძნებელი მამები“, ეგონ შილე, კოლტრეინის „Tracing the Trane“, ამერიკელი საზოგადო მოღვაწეების გამოსვლები, მუსიკალური ჟურნალი „როლინგ სთოუნზი“, ყოველკვირეული „ნიუსვიქი“ და „ეკონომისტი“ და მამაკაცების ჟურნალი „ესქვაიერი“, სადაც, ინტელექტუალურ საკითხავთან ერთად, ქალების და დენდებისათვის განკუთვნილი აქსესუარების გამოფენაც არის ხოლმე. ნიკას ცხოვრებაში სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია.
მაგიდაზე, რომელთანაც ვჯდები და რომელიც მიღებებისათვის განკუთვნილი კუთხისაგან ცოტა მოშორებითაა, დევს წიგნი - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გამოცემული 1927 წელს, გამომცემლობა „სახელგამი“. როგორც ვიგებ, სამინისტროს ამ წიგნის ხელახლა გამოცემა უნდა, ზუსტად ისეთი ფორმით, როგორიც არის. მოგვიანებით შეარჩიეს გამომცემელიც - ბაკურ სულაკაურის და გია ქარჩხაძის გამომცემლობებს, პატარა და ალტერნატიული „სიესტა“ ამჯობინეს. გამოკითხვა
„საინტერესო ოთახი გაქვთ“, - აღვნიშნავ მე, როგორც კი მორიგი სტუმარი გადის.
„ამ ოთახის რემონტი არ იყო ჩემი სურვილი. რომ გადმოვედი, პატარა მიკროკლიმატი მოვიწყვე და დანარჩენზე არ მიფიქრია, - რა დროს ეგ არის-მეთქი. მაგრამ პრეზიდენტი იყო მოსული სტუმრად და შენიშვნა მომცა, - კულტურის სამინისტროა, უამრავი ხალხი მოდის და რას იფიქრებენ, რას ჰგავს ქვეყანა, მიხედე, სირცხვილიაო. ჩემი კაბინეტიდან ხომ არ დავიწყებდი რემონტს-მეთქი?! ზუსტად აქედან უნდა დაიწყოო. ნატო ყანჩელი შეესწრო ამ ლაპარაკს და, - მე გავაკეთებო, - შემომთავაზა. მოკლედ, დავთანხმდი. ისე, დიდი არაფერი შეგვიცვლია. ყვითელი კედლები და ჭუჭყიანი ლინოლიუმის იატაკი ეგო, კომუნისტური კაბინეტი, საშინელი ავეჯით, დიდი მაგიდით და კედლებზე დეპრესიული ფარჯიანით და ახვლედიანით. ნატამ ეგრევე შენიშნა, - აი, შენ საათს ლამაზი ციფერბლატი აქვს და კედლებიც შესაფერისად შევღებოთო. ჭაღებს და კედლის ოქროსფერ ლენტებს ხელი არ ვახლეთ. მომწონს ეს საბჭოთა, „სტალინური“ ამპირი, ფსევდოკლასიციზმი და შიგნით ეთნიკური რაღაცები ჩართული. ისე, ეს შენობა ბერიას დაპროექტებულია, ქვემოთ გვირაბია, რომელიც მდინარის ქვეშ გადის. ოთახში ბუხარი რემონტამდეც იყო, მაგრამ იმდენად ჭამდა ეს გარემო, რომ არ ჩანდა. რაც ახლა კედლებზე ფოტოებია, მე ავარჩიე“.
- ის ფოტო ხომ ბრესონია? - მივანიშნე ერთ ფოტოზე, რომელიც ალავერდის ფონზეა გადაღებული.
- კი, ბრესონია, რომელიც მამაჩემს თვითონ აჩუქა. ორიგინალი სახლში გვაქვს. ჩვენთან არის ნამყოფი. ცოტა ხნის წინ მისი ცოლი ჩამოვიდა, ჩემ მშობლებთან იყო, 20 წლის მერეც იცნო სახლი, დამჯდარა იატაკზე და გაუხსენებია ამბები. ორი დღის წინ კახა თოლორდავას ხელით გამომიგზავნა ბრესონის კიდევ ერთი ფოტო - ფიროსმანის ნახატების ფონზე ლუვრში დგას ფრანგული გვარდიის ოფიცერი, გამოფენის მცველი. მაგარი ფოტოა.
ფოტო: ბესო უზნაძე
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, დავით ნამგალაურთან ერთად, რურუას მინისტრად წარდგენის დღეს
კახა თოლორდავა მონაწილეა პროექტისა, რომელზეც ანრი-კარტიე ბრესონისა და რობერტ კაპას დაარსებული, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფოტოსააგენტოს, „მაგნუმის“ ფოტოგრაფებმა იმუშავეს. შედეგად გამოიცემა უზარმაზარი ფოტოალბომი საქართველოზე, სათაურით „ქართული გაზაფხული“.
ოთახში კიდევ ერთი, სამუშაო მაგიდაა, სადაც - ორი კომპიუტერი, მათ შორის ვერცხლისფერი „მაქბუქი“ დევს. მაგიდის უკან, ამ ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსანის მსგავსად, ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი კიდია. „ერთი იდეა, რომლითაც ვამაყობ, და რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად გავაკეთეთ, საუნივერსიტეტო სტიპენდიების პროგრამაა, რომელიც სრულად აფინანსებს ყველას, ვინც ჩვენ მიერ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით შერჩეულ რომელიმე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარებს. ამ ჩამონათვალში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები შედის. წარმოგიდგენია, რა მაგარია? ადამიანს რა მაგარ შანსს აძლევს, ცხოვრებას უცვლის. აი, ნახე“, - კომპიუტერთან მივყავარ. „Georgia. gov.ge“-ის ნაცვლად, სადაც უნივერსიტეტების ჩამონათვალი უნდა მაჩვენოს, თბილისის ფორუმის ვებსაიტი იხსნება.
- ნეტავ, ვინ იჯდა ჩემ კომპიუტერთან, მე არასოდეს შევდივარ ფორუმზე!
- რატომ? საინტერესოა...
- არა, არ მაქვს ამის დრო... აი, ნახე, შევარჩიეთ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრაცია, იურისპრუდენცია, ინჟინერია, სოციალური მეცნიერებები... და აი, უნივერსიტეტების ჩამონათვალი... ყველაზე მაღალრეიტინგული, „აივი ლიგის“ უნივერსიტეტებია: სტენფორდი, იეილი, ჰარვარდი, ემ-აი-თი. დიდი ხნის წინ ავიჩემე ეს იდეა და იქამდე არ მოვეშვი, სანამ არ გავაკეთეთ.
ამ ჩამონათვალშია ბრენდაისის უნივერსიტეტიც. „პატარა, ებრაული სკოლაა, მაგრამ მაგარი სამართლის ფაკულტეტი აქვს. ბრენდაისი მაგარი ტიპი იყო, ჩემი ძმაა, იცი მისი ბიოგრაფია? წარმოიდგინე 1920-იანი წლების ამერიკა, ძალიან არეული ახალგაზრდობა ჰქონდა. მერე ისწავლა და ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.
- ბატონო ნიკა, ანზორ ერქომაიშვილი გელოდებათ, შემოვიდეს? - ოთახში მდივანი შემოდის.
„ხანდახან მავიწყდება, რომ მინისტრი ვარ და როცა „ბატონო მინისტრო“-თი მომმართავენ, უცებ მენთება ხოლმე თავში ნათურა“, - მეუბნება რურუა, რომელიც კულტურის მინისტრად ირაკლი ალასანიას „გაერო“-დან წამოსვლის შემდეგ დაინიშნა და პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ბევრმა ორიგინალურ საკადრო სვლად აღიარა.
მინისტრთან შეხვედრები არასაჯაროა და სტუმრებსაც „ნდობით აღჭურვილ პირად“ მაცნობენ, ამიტომ ამ შეხვედრების შინაარსზე ვერაფერს მოგახსენებთ, მხოლოდ ერთი დღის სტუმრების სიას გაგაცნობთ: ნანა კვასხვაძე, ექსპერიმენტული თეატრალური დასის, „შიშველი თეატრის“ რეჟისორი, ანზორ ერქომაიშვილი, ნანა ალექსანდრია, ბუბა კიკაბიძე, დუტა სხირტლაძე, შოთა ხაბარელი და კიდევ რამდენიმე, ჩემთვის უცნობი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე სტუმრობდნენ მინისტრს.
თითოეული შეხვედრა მინიმუმ 45 წუთი გრძელდებოდა, რაც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გაწერილ არანაირ რეგლამენტსა თუ პროტოკოლში არ ჯდება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მოუსმინო. მანანა არჩვაძე იყო ცოტა ხნის წინ მოსული, ქალი - შეყენებული თოფი. მისაღებიდან ატეხა აყალმაყალი. მივიღე და მოვუსმინე. მაგრამ 15 წუთის მერე მიხვდა, რომ აღარ სჭირდებოდა ჩხუბი და დაწყნარდა, გახდა ჩვეულებრივი ადამიანი“, - ეს ისტორია ნიკამ რამდენჯერმე მოჰყვა, ძირითადად მტრულად განწყობილი ადამიანების განიარაღების და კომუნიკაციის მნიშვნელობის კონტექსტში. ზოგადად, ბევრს ისმენს, ცოტას და ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობს და ხშირად ინიშნავს რაღაცებს შავ „მოლესკინში“, რომელიც ყოველთვის ხელთან ახლოს აქვს.
ქეთუსია იგნატოვა შემოდის. მას ნიკასთან 5-წუთიანი კონფიდენციალური შეხვედრა აქვს. ვიგებ, რომ მინისტრის მრჩეველია.
„დღეს რამდენიმე კარგი იდეა მოვიდა, არა?“ - მეუბნება ნიკა საუბრის დასრულების შემდეგ. კარგ იდეებში გულისხმობს „დუტა ფროდაქშენის“ და გიორგი ოვაშვილის სტუდიის ერთობლივ პროექტს „რუსი მოდის“. ეს ათი ათწუთიანი ნოველისაგან შემდგარი ფილმი უნდა იყოს, ათი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელმაც რუსული ოკუპაცია გამოიარა. ქართულმა მხარემ, ანუ კულტურის სამინისტრომ, ქართული ნოველის გადაღების და ათივე სცენარის შექმნის ხარჯები უნდა დაფაროს. პროექტზე პრინციპული თანხმობა დუტამ 10 წუთშივე მიიღო. დეტალებზე კი რამდენიმე დღის შემდეგ გაგრძელდა საუბარი, ამჯერად უკვე ახლად გარემონტებულ სააქტო დარბაზში, რომელიც მინისტრის კაბინეტის გვერდითაა. „ომის შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერი დაპატარავდა, უცებ მივხვდი, როგორი მყიფეა ჩვენი მონაპოვარი. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ჩვენი თავისუფლება, უფლებები. თითქოს ქალაქიც დაპატარავდა, ქუჩებიც. ამიტომ, ეს კარგი იდეაა. მტერი სულ უნდა გვახსოვდეს“.
ფანჯრიდან ავლაბარი ჩანს. ერთადერთი სამების ეკლესიაა ორსართულიანი ლანდშაფტიდან სრულიად ამოვარდნილი. ნიკაც, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ფანჯარასთან მოდის და ისევ ხმადაბლა იწყებს ლაპარაკს: „ოთარ იოსელიანმა მითხრა პარიზში, … სვეტიცხოვლის პატარა ფოტო ამოიღო უბის ჯიბიდან და ამიხსნა, რომ სამება სვეტიცხოვლის თაღების სიმეტრიას იმეორებს, ოღონდ სვეტიცხოვლის თაღები ერთმანეთის ასიმეტრიულია, რაც პერსპექტივის შეგრძნებას იძლევა, სამება კი სვეტიცხოვლის მხოლოდ ასლია და აქ ეს თაღებიც ზუსტად ერთმანეთის პარალელურია, რის გამოც იკარგება ეკლესიის სივრცული აღქმა. იცოდი? მე - არა“.
შემდეგი სტუმრის მოლოდინში ვაგრძელებთ ლაპარაკს. „იცი, რისი გაკეთება მინდა? ქალაქში რაც ყრუ კედლებია, დიდი და მახინჯი, რაზეც ძირითადად სარეკლამო აბრები არის ხოლმე გამოფენილი, აი, ეს კედლები მინდა გრაფიტით მოვახატვინოთ, ქალაქს ფერს და ხასიათს მისცემს. ხომ არ იცნობ სტენსილის ოსტატებს?“. ასეთს ერთადერთს ვიცნობ და მიროს ნომერს ვკარნახობ.
ნიკას კიდევ ერთი იდეაა ქართული კლასიკური ლიტერატურის ათტომეულის გამოცემა. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს სუბსიდირებული ხელოვნება ვეღარ იარსებებს, აღარ გაგრძელდება სოციალისტური რეჟიმიდან გამოყოლილი პრაქტიკა, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ის დარგები, რომლებიც, საბაზრო ეკონომიკას რომ მივანდოთ, უბრალოდ გაქრება. რაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ის უნდა შევინარჩუნოთ. დავით გურამიშვილი, სულხან-საბა, „ვეფხისტყაოსანი“, იგივე ალექსანდრე ყაზბეგი - არ შეიძლება ბაზრის ამარა დავტოვოთ. ვასილ ამაშუკელის ფილმი, „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც 1912 წელს არის გადაღებული, აკაკის სიკვდილამდე 3 წლით ადრე, პირველი ფილმია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი ფილმია მსოფლიოში. დღეს კი ის კინოსამყაროს არ აინტერესებს. ამ წუთას კინოსამყაროს აინტერესებს „მოგზაურობა ყარაბაღში“, ან სპილბერგის რაღაც ბლოკბასტერი. ამ დროს ეს ფილმი იფერფლება და რესტავრაცია სჭირდება. ვფიქრობ, რომ მისი გადარჩენა უკვე ჩვენი საქმეა“.
შემოდის ბუბა კიკაბიძე და მეც ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ამჯერად კანის ფესტივალის სამზადისზეა საუბარი, სადაც ქართული ფილმები უნდა წაიღონ. ასევე, კულტურის მინისტრმა მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უნდა ამცნოს, რომ საქართველოში კინოწარმოება უკვე ძალიან მალე გათავისუფლდება გადასახადებისაგან. ეს ნიკას პირადი ინიციატივაა და ცდილობს, დეტალურად ამიხსნას, რატომ იქნება კინოგადასახადების გაუქმება რევოლუციური შედეგების მომტანი. „ქართული კინო, როგორც ბრენდი, რომ არ არსებობდეს, კინოს გადასახადებისაგან გათავისუფლების პროექტი, შესაძლოა, არ იყოს კარგი იდეა. მაგრამ როცა გყავდა ვასილ ამაშუკელი, მიხეილ კალატოზიშვილი, იოსელიანი, აბულაძე, შენგელაიები და ახლა უკვე - გელა ბაბლუანი, ეს ნიშნავს, რომ კინო გამოსდის ამ ხალხს, გვაქვს ამის ნიჭი და ამ ტრადიციას გადარჩენა სჭირდება. აქ რომ 8-10 უცხოური ფილმი ან კო-პროდუქცია გაკეთდეს, ეს იძლევა საშუალებას, რომ წელიწადში 5-6 ქართული ფილმი დაემატოს. და გარწმუნებ, ამ 5-6-დან ერთი მაინც იქნება ისეთი, რომელიც ფესტივალებზეც გავა და წარმატებასაც მოიპოვებს“.
თუმცა, ამ პროექტს ჰყავს კრიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კორუფციისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში პრივილეგირებული სფეროს გაჩენა არ არის კარგი იდეა. „პროფესიული ელიტების შექმნის იდეა საფრთხილოა, იზრდება ახალი კორუფციის კერების გაჩენის საშიშროება. თან ეს ერთადერთი ბიზნესია, სადაც მისი გარემოცვა ფიგურირებს. გაუაზრებელ და სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება მგონია“, - ამბობს ერთ-ერთი კრიტიკოსი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.
„ეს კონტრარგუმენტი, რომ რატომ კინო და სხვა სფერო - არა, ძალიან სუსტია. მაგალითად, ქართული თეატრი, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის თეატრი, იდგმება სცენაზე. ქართული და, მაგალითად, ინგლისური თეატრების სცენები კი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ, როცა კინოსცენა მთელი ქვეყანაა, თავისი ცით, ზღვით, მთით, ბარით და უდაბნოთი. განათება, მსახიობების შერჩევა, მონტაჟი, კოსტიუმები, სპეციალური ეფექტები - ამ ყველაფრის სწავლა შეიძლება. ბულგარელებმა, უნგრელებმა, ავსტრალიელებმა, ზელანდიელებმა ყველაფერი ბოლო 20 წელიწადში ისწავლეს და ჩეხებმა „ოსკარიც“ აიღეს. მოკლედ, ქართულ კინოშიც არის ეს შესაძლებელი. ძალიან გაძვირდა კინოწარმოება და თუ იაფ მოედანს შექმნი, ამ მოედანზე აუცილებლად მოვლენ. ეს არის მარტივი ლოგიკა, რომელიც იმუშავებს“, - მიხსნის ნიკა.
უკვე მოგვიანებით, რურუას სატელევიზიო სიუჟეტებში მოვკარი თვალი, კანის კინოფესტივალის დროს, წითელ ხალიჩაზე. ფესტივალის შემდეგ გაზეთ „24 საათშიც“ გამოქვეყნდა მასთან ინტერვიუ, რომელსაც ფოტოც ახლდა: მზის სათვალით, სმოკინგში გამოწყობილი კულტურის მინისტრი მობილურით ხელში პალმების ხეივანში დგას.
შესაძლოა, ამ გლამურული ანტურაჟის გამოც, ნიკა ადვილად ხიბლავს ადამიანებს, მათ შორის მტრულად განწყობილებს: „ჯაზი, კერუაკი, კონიაკი, კოლტრეინი… ეს გარეგნული ხიბლი სერიოზულად მუშაობს, მაგრამ ზუსტად ორი დღის შემდეგ ქრება“, - მეუბნება ნიკას ერთი ნაცნობი. რაც მუშაობს - ხაზგასმული თავაზიანობა და მოსმენის უნარი - მას კარგ სამსახურს უწევს. იმ პარასკევ დღეს მისი კაბინეტიდან ყველა კმაყოფილი გავიდა.
ჩემი მეორე სტუმრობა სამინისტროში ბექა გოჩიაშვილის კონცერტის დღეს დაემთხვა. ბექა 14 წლის ვირტუოზი ჯაზმენია, რომელსაც კულტურის სამინისტრო ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში, ჯულიარდში აგზავნის სასწავლებლად. მოგვიანებით ბექა თავის მასწავლებელთან, თამაზ ყურაშვილთან ერთად ვნახე. ამერიკისთვის საბუთების შეგროვება იყო საჭირო და ნიკა აკვალიანებდა. ისმენდნენ კონსერვატორიაში გამართული კონცერტის ჩანაწერსაც და ჩემთვის გაუგებარ კომენტარებს აკეთებდნენ. შევატყვე, რომ ბექას და მის მასწავლებელს ნიკა განსაკუთრებულად მეურვეობს. „იცი, თათუზი ვინ არის? უმაგრესი მუსიკოსია. ჰქონდა შანსი, რომ წასულიყო და ძალიან მაგარი კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ არ წავიდა და დარჩა აქ. მისი კომპაქტ-დისკი მინდა გამოიცეს, ქართული ჯაზის ანთოლოგია. ჩანაწერების გაწმენდაში სანდრო ყანჩელი დაგვეხმარება. ერთი სული მაქვს, როდის იქნება“.
ჯაზი ნიკას ყოველდღიურობის მუდმივი ფონი და თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შეუძლია ლაპარაკი. „ფოლკ რადიოში“ მიჰყავს ყოველკვირეული საავტორო გადაცემა, „ჯაზის კოლექციები“. ამ მასალაზე მუშაობის პერიოდშივე სტუმრობდა „მუზას“, კლასიკური მუსიკის რადიოს, სადაც ორსაათიანი ინტერვიუ ჰქონდა რადიოს წამყვანთან, სანდრა რულოვსთან, მის მიერ შერჩეული ჯაზური კომპოზიციების ფონზე. „მისმინე, თუ გეცლება, - ყოველთვის ასეთი უწყინარი შეტყობინებებით მაცნობდა ნიკა რადიოგადაცემების დროებს, მაგრამ ორთვიანი ჯაზური ინექციების შედეგად თითქმის წარმატებით დამთავრდა ჩემი ინდოქტრინაციაც - „რა ჰქვია ჰერბი ჰენკოკის იმ კომპოზიციას?“ და „summertime-ის რომელი ვერსია იყო?“ ახლა უკვე მე ვსვამდი კითხვებს და ნელ-ნელა უფრო გასაგები ხდებოდა, რაზე ლაპარაკობდნენ დილის 3 საათამდე ნიკა და თათუზა.
მოახლოებულ 9 აპრილზე ლაპარაკის დაწყებამდე მუხლებზე ბლოკნოტი დაიდო, სადაც სავარაუდოდ უკვე ჩანიშნული ჰქონდა, რისი თქმა უნდოდა. „24 საათისთვისაც“ აპირებდა სტატიის დაწერას და ემზადებოდა.
- მიტინგის დანიშვნა შენი პირადი, შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის გარე მტერთან ბრძოლის და ერთიანობის დღეს დიდი უზნეობაა. ამ დღეს უცხო ძალასთან იბრძოდა საქართველო. ხალხი დაიხოცა, წითელი არმია მშვიდობიან დემონსტრანტებს ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით დაერია, 19 ადამიანი დაიღუპა. არ შეიძლება ამ ისტორიული დღის პრივატიზება. ეს იგივეა, რელიგიურ დღესასწაულზე ეკლესიის ეზოში რომ დანიშნო მიტინგი, რადგან იცი, რომ იქ ბევრი ხალხი მოვა. დაახლოებით იგივეა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ობამას ამერიკაში 11 სექტემბერს მიტინგი რომ მოუწყო. რა გამოდის, რომ მთელ ამ ტრაგედიას რაღაცნაირად უსინდისოდ, მდაბიური თავხედობით ეტმასნები. ის, რომ პოლიტიკური ბრძოლა უნდა ადამიანს და რაღაცებში არ ეთანხმება ამა თუ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს ნორმალური პროცესია და ამაზე არანაირი გაბრაზება, გაუცხოება და გაღიზიანება არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. მაგრამ, როცა შიდაპოლიტიკური ბრძოლა გადადის რაღაც ყალბ, თვალთმაქცურ, ფსევდოპატრიოტული ღირებულებებით სპეკულირებაში, ვთვლი, რომ ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა და არ არის პოლიტიკური ბრძოლის მისაღები სახე. დაახლოებით ისეთივე „ემოციური პორნოგრაფიაა“, როგორც ტერმინი „ვაზი გაჩეხეს“. არავის ვაზი არ გაუჩეხავს, და საერთოდ, იმდენი ხარისხიანი ღვინო კეთდება დღეს საქართველოში, როგორც არასდროს. ეს იგივეა, როცა ადამიანებმა „ჩარეცხილების“ სტატუსი მოირგეს, „წამებულების“ პოზაში დადგნენ და პოლიტიკური ქულების დაგროვებას შეუდგნენ. ამ დროს არავის ეს ტერმინი კონკრეტული ადამიანების მისამართით არ გამოუყენებია. ასეთი უსინდისობები არ მომწონს, რა თქმა უნდა, და მაღიზიანებს.
მინისტრის კაბინეტში დათო ცხადაძესთან ერთად, ობამას ინაუგურაციის მოლოდინში
2009 წლის კანის კინოფესტივალზე
ასევე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ადამიანებზე პერსონალური თავდასხმები. თავისთავად საკაბელო ტელევიზიების არსებობაში არ არის პრობლემა, მაგრამ იმ მასშტაბით, იმ კილოკავით, იმ შეურაცხყოფებით და ცილისწამებებით, რომელიც ერთი „რეალითი“ შოუდან გაისმის - სრულიად მიუღებელია. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ესეთი გადაცემა უბრალოდ არ იარსებებდა. ეს არის სიძულვილის ენა და არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება. სიტყვის თავისუფლება არის უფლება, მაგრამ არა ულიმიტო. ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება ბოროტად გამოყენებული უფლებაა, რომელიც რეალურად არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, არამედ სხვა დემოკრატიულ უფლებებსაც საფრთხის ქვეშ აყენებს.
საზოგადოებამ უნდა თქვას, რომ ეს არ გვინდა, ამაზე კონსენსუსი უნდა არსებობდეს, მაგრამ ჯერ მანდ არა ვართ. რაღაც ნაწილი უყურებს ამას, მოსწონს, ერთობა, გულს იფხანს, მაგრამ არ ისმის იმათი ხმა, ვინც იტყვის, - კაი რა, აღარ გვინდა ეს საზიზღრობაო. ამას ამ წუთას პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვერ გააკეთებს. არ იქნება სწორი. ეს საზოგადოებამ უნდა გააპროტესტოს.
- სატელევიზიო მედია რომ ყოფილიყო უფრო თავისუფალი და სხვა გადაცემები გამოხმაურებოდნენ იმ პრობლემებს, რაც ადამიანებს გულწრფელად აწუხებთ, იქნებ ეს პოლიტიკური შოუც არ გამხდარიყო ასეთი რეიტინგული და გულის მოსაფხანი?
- მითხარით ერთი, გულის მოსაფხანი ტელევიზია რომელი იცით მსოფლიოში? CNN გულს ფხანს ვინმეს? ზოგიერთი ჩვენი გადაცემა კი არის ყველანაირი რეგულაციებისგან და ეთიკური ნორმებისგან თავისუფალი გადაცემა, სადაც ადამიანს უნდა დედას გაგინებს, უნდა ცილს გწამებს, უნდა გაფურთხებს. ტელევიზიის მასობრივი ზომბირების ინსტრუმენტად ქცევას და სამოქალაქო კონფრონტაციის გაღვივებას არაფერი ამართლებს. შეიძლება ამით უბრალოდ უბედურებები დაატრიალო ნებისმიერ ქვეყანაში. მე თავისუფლებას და ქაოსს ერთმანეთში არ ავურევდი. ჩვენთან კი ბევრ ადამიანს ეს ორი რამ ერთმანეთისგან ვერ განუსხვავებია. თავისუფლება განსაზღვრული წესებით თამაში და ამ წესების შიგნით პროგნოზირებადი მოქმედებების ერთობლიობაა. ესაა ჩემთვის პოლიტიკური თავისუფლება. მიუღებელია როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის ტირანია. ამიტომ ტარდება ხოლმე არჩევნები. ბევრი ამ ყველაფერს შეგნებულად თუ შეუგნებლად ეწინააღმდეგება და ებრძვის“.
ნიკას უყვარს თავისუფლებაზე ლაპარაკი. რევოლუციამდე გამოცემული აქვს პატარა ბროშურა, „10 ნაბიჯი თავისუფლებისათვის“, სადაც პოლიტიკური მოღვაწეების მოკლე ციტატებია თავმოყრილი. რურუა ასევე ავტორია წიგნისა „თავისუფლება და კანონი“, რომელიც „24 საათში“ გამოქვეყნებული სტატიების ნაკრებია. ხმამაღლა ამოვიკითხე მისი რამდენიმე მოსაზრება.
- აი, ჰაველი ამბობს, - ძალაუფლებამ ძალიან შემცვალა, ყავასაც აღარ ვიდუღებ ჩემითო.
- მე არც არასოდეს ვიდუღებდი ყავას, - მთელი სერიოზულობით მიპასუხა ნიკამ. ჰო, თავისუფლებასა და ძალაუფლებაზე რურუა არ ხუმრობს.
ნიკა ჯონ სკოფილდთან და „ისტერნ პრომოუშენთან“ ერთად
პარლამენტში
9 აპრილს, დღის ბოლოს შევეხმიანე და ვკითხე, - როგორ მიდის საქმეები თქვენკენ-მეთქი. ისე, როგორც ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიას შეეფერებაო, - მიპასუხა.
ისევე, როგორც ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიას შეეფერება, ნიკას მოსაზრებები და პოლიტიკური ინსტინქტები, ლინგვისტიკაც კი, სრულად ემთხვევა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების რიტორიკას. განსაკუთრებით მაშინ, როცა დიქტოფონია ჩართული. ომზე, რუსეთზე, პატრიოტიზმზე, რეიგანზე, ლიბერალიზმსა თუ რევოლუციური ხელისუფლების გამოწვევებსა და შეცდომებზე ნიკა ისევე გპასუხობს, როგორც დანარჩენი მთავრობა. ხელისუფლებაში დღემდე თვლიან, რომ არ შეიძლება ერთი გუნდიდან განსხვავებული მოსაზრებები ისმოდეს. არც შიდასახელისუფლებო დებატები ხდება საჯარო. შედეგად ვიღებთ მონოლითურ, თავის თავში ჩაკეტილ პოლიტიკურ სისტემას და იდენტურ გზავნილებს. ნიკასთან თითქოს ამაზეც ვთანხმდებით, მაგრამ არასაჯაროდ.
ასევე ვთანხმდებით, რომ რურუასა და სხვებს შორის არსებობს რამდენიმე თვალშისაცემი განსხვავებაც, მათ შორის - ტემპერამენტული. ის უფრო დინჯია და ფრთხილი, ვიდრე „რეფორმატორებად“ წოდებული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. „მე არა ვარ ექსტრემისტი. მარათონელი ვარ. ვცდილობ, არ ვიყო სპრინტერი, თუმცა სულწასულობა არ მაკლია. ტემპერამენტით ალბათ სპრინტერიც ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ ამ იმპულსებს მოვერიო და გრძელვადიან რამეებზე ზრუნვა ვარჩიო. დღევანდელ საქართველოში ეს უფრო სწორია“, - მეუბნება ნიკა. მისი დამოკიდებულებაც რეფორმებისა და, ზოგადად, პოლიტიკისადმი უფრო რევიზიონისტური და ზრდილობიანია, ვიდრე რადიკალური. რურუას შემთხვევაში, უფრო მეტად მუშაობს სლოგანი - „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“.
„მჯერა, რომ ზოგ შემთხვევაში, რეფორმის რეფორმაა აუცილებელი. თავისთავად რეფორმა, როგორც კონოტაცია, ყოველთვის დადებითია, მაგრამ რეალობაში ეს შეიძლება პირიქით იყოს. გავიმეორებ ერთი ჭკვიანი კაცის ციტატას: „თავისუფლების და პროგრესის სული ის სულია, რომელიც თავის სიმართლეში ძალიან არ არის დარწმუნებული“. თუ ასი პროცენტით ხარ შენ თავში დარწმუნებული, როგორც წესი, გეშლება ხოლმე. ამიტომ, გვერდიდან საკუთარი თავის ყურება მომწონს და ვთვლი, რომ უნდა ვიაროთ წინ, მაგრამ უნდა ვიაროთ ფრთხილად. მირჩევნია, გადავდგა ორი ნაბიჯი და სწორი მიმართულებით, ვიდრე ცხრა ნაბიჯი და არ ვიცოდე, სად მივდივარ. მესმის, რომ ხანდახან უნდა გარისკო, არაპროგნოზირებად სიტუაციებშიც არ უნდა დაკარგო გადაწყვეტილების მიღების შანსი. ეს აუცილებელია, განსაკუთრებით რეფორმატორისთვის“.
თუმცა იმ დღეს ნიკას გადაწყვეტილება არ იყო გაბედული რეფორმატორის გადაწყვეტილება. მის კაბინეტში შევესწარი უნივერსიტეტებში სპორტული განათლების კვოტების აღდგენის ინიციატივის განხილვას. რურუა და გოკა გაბაშვილი ბჭობდნენ, თუ სად და როგორ უნდა იღებდნენ სპორტსმენები და, ზოგადად, სპორტის სფეროში მომუშავე ადამიანები განათლებას. გოკა ამტკიცებდა, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტისათვის აკადემიური განათლების მიმართულების შენარჩუნება წყალში გადაყრილი დოტაცია და მხოლოდ სოციალური ხარკის გადახდის ტოლფასი იქნებოდა. იქვე იყო პარლამენტის წევრი, სპორტსმენი გიორგი ასანიძეც, ვისაც ეს ინიციატივა პარლამენტში უნდა დაეცვა. ნიკა უსმენდა გოკას არგუმენტებს და ასანიძის პასუხებს და ბოლოს შუალედურ გამოსავალზე შეჩერდა: უმჯობესია ფიზკულტურის ინსტიტუტიც შევინარჩუნოთ და ფაკულტეტი სხვაგანაც დავნერგოთო. ამით თავს ავარიდებთ კიდევ უფრო მეტ განაწყენებულ ადამიანს და საქმეც გაკეთდებაო.
- საჭირო იყო ეს კომპრომისი?
- იოლია გვერდიდან ლაპარაკი, როცა პოლიტიკური ვალდებულება არა გაქვს. როცა არა მხოლოდ რეფორმებზე, არამედ ამ რეფორმების შედეგებზეც და ამ რეფორმების გაგრძელების შანსზეც აგებ პასუხს, უნდა იფიქრო არა მხოლოდ იმაზე, რას ამბობ, არამედ როგორ ამბობ. არა მხოლოდ იმაზე, რას აკეთებ, არამედ როგორ აკეთებ. უნდა იფიქრო სტილზე და არა მარტო შინაარსზე. ის, რაც შეცდომით კეთდებოდა, უნდა გაჩერდეს, დიახ, და ამ გამოცდილებისაგან რაღაც უნდა ვისწავლოთ.
კამათის დროს, ტონი ეცვლება; „რ“-საც უფრო გამოკვეთილად ამბობს, სიტყვებსაც კბილებს შუა ცრის.
- მაგალითად?
- უამრავი რეფორმა იყო, რასაც რეფორმა ერქვა და სისულელე იყო. მაგალითად, ლოტოტრონი სრული სისულელე და მარაზმი იყო და უნდა შეჩერდეს. მერე რა, რომ ჩვენი ინიციატივა იყო. ასევე ვთვლი, რომ სისულელეა მუსიკალური სასწავლებლების გაუქმება, იმიტომ, რომ მუსიკალური შვიდწლედიდან არასოდეს არ გამოდის ადამიანი პროფესიულად ისე მომზადებული, რომ კონსერვატორიის სტუდენტი გახდეს; ანუ, ფაქტობრივად ჩაჭრილია მუსიკალური სწავლების შუა რგოლი და თუ მუსიკალური კარიერა გინდა, დღევანდელი მოცემულობით შენ ამას ვერ შეძლებ. ამიტომ რეფორმები არ გაჩერებულა, უბრალოდ გამოცდილება მოგვემატა და უფრო ვფრთხილობთ. ოდნავ დავმძიმდით იმ რაღაცებით, რაც გადავიტანეთ.
- პოლიტიკური კრიზისებით?
- პოლიტიკური კრიზისები - ეს ემოციური შეფასებებია. გამოცდილებით, გამოცდილებით დავმძიმდით. მე ვთვლი, რომ ადამიანი არასდროს წყვეტს ზრდას, თუ მან ეს იცის და თუ მას სჯერა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. ამერიკაში ჩემი თანაკურსელი, ჩემზე 20-30 წლით უფროსი, ისეთივე ენერგიით სწავლობდა მისთვის მესამე თუ მეოთხე პროფესიას, როგორც მე. თუმცა, ეს ამერიკაში იყო. რომ დავინახო, რომ არაფერი აღარ მინდა, არაფერი აღარ შემიძლია და ყველაფრის მეშინია - ისედაც ვწვალობ, არ მომწონს ეს საქმე, პოლიტიკაში ყოფნა არ არის ჩემთვის სასიამოვნო - ერთი დღეც არ გავჩერდებოდი აქ. ამას ფარისევლობის გარეშე ვამბობ, ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ“.
ნიკასთან საუბრების დროს ხშირად მიფიქრია, რომ გულწრფელია, ან ცდილობს, გულწრფელი იყოს. „ლიბერალიზმმა შექმნა ყველაფერი, რაც მიყვარს: ლიბერალიზმმა შექმნა ამერიკის კონსტიტუციაც და ელა ფიტცჯერალდიც, სილიკონ ველიც და სპილბერგიც“, - გამოთქმით ამოიკითხა ეს „საუნბაითი“ თავის „მოლესკინიდან“, როცა თავისუფალი ქვეყნების მიღწევებზე ვლაპარაკობდით. მაგრამ სამინისტროს ინიციატივებს, რომელიც ჩვენი ფილოსოფიური საუბრების პარალელურად ხორციელდებოდა, უცებ გამოვყავდი მაღალფარდოვანების ბურუსიდან და ორმაგი რეალობის პირისპირ ვრჩებოდი. ხელისუფლების შეცვლისაკენ მომართული ტელეარხების პროპაგანდას, სადაც მთავარი მოქმედი პირები „ჩარეცხილებად“ შერაცხული „ინტელიგენცია“ იყო, ხელისუფლებამ ერთ მშვენიერ დღეს „სხვა ინტელიგენცია“ დაუპირისპირა. პარლამენტის თავმჯდომარე და კულტურის მინისტრი ტელეკამერების წინ „ინტელიგენციის წარმომადგენლებს“ შეხვდნენ. ინტელიგენცია ინტელიგენციის პირისპირ. ბევრი ვიკამათეთ.
მისი მთავარი არგუმენტი ამ პოლიტიკურ ტაქტიკაზე ასე ჟღერს: „არის რაღაც ინტერესები, რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ რაღაც დონეზე გასათვალისწინებელია, რადგან ამ ინტერესებს უკან უდგას ინტერესთა ჯგუფები. შესაძლოა, ეს რეგრესული ინტერესები და რეტროგრადული ინტერესთა ჯგუფები იყვნენ, მაგრამ მათი ინტერესების გათვალისწინება კომპრომისის ხარჯზე უნდა მოხერხდეს. დემოკრატია ეგ არ არის?! ჩემი სურვილია, რომ ეს რეტროგრადული ინტერესთა ჯგუფები არ დომინირებდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ თუ არა აქვთ განცდა, რომ ამ თამაშის წესებში თავისი ინტერესის დაკმაყოფილების შანსი აქვთ, ისინი სხვა თამაშს ითამაშებენ. ყველაზე რადიკალურ მაგალითს მოვიტან - ასეთმა ჯგუფებმა შეიძლება მეხუთე კოლონის ფუნქცია შეითავსონ. ამიტომ, ისეთ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვართ, პოლიტიკური სისტემა ინკლუზიური უნდა იყოს და არა ექსკლუზიური, გამრიყავი. უკომპრომისობა ხანდახან მთელ პროექტს აყენებს საფრთხის ქვეშ. ეს მე ბევრჯერ მიგრძვნია და მჯერა, რომ ეს ასეა“.
მოკლედ, ნიკა თვლის, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში სხვანაირად ვერ ჩაერთვები, რომ მოწინააღმდეგეს მისივე მეთოდებით უნდა დაუპირისპირდე. „გეუბნებიან, - ინტელიგენცია ჩვენიაო. შენ უნდა უთხრა, რომ ეს ასე არ არის. თავისივე ენაზე უნდა ელაპარაკო ამ ხალხს, მათ სხვა ენა არ ესმით“. თუმცა, ჩემთვის ხელისუფლების და „ელიტების“ ურთიერთობის ეს ფორმები მძიმე წარსულთან ასოცირდება და ვერანაირად ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ის კომპრომისია, რომლის შედეგდააც პროგრესი იზეიმებს; ისევე, როგორც მიჭირს გავიგო რურუას რამდენიმე ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება - მაგალითად მწერალთა კავშირის დაბრუნება ძველი კავშირელებისათვის. ნიკას ამაზეც აქვს თავის არგუმენტები, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ვთანხმდებით.
კრიტიკულ მომენტებში, პრეზიდენტი პასუხისმგებლობას კონკრეტულ პოლიტიკოსებს აკისრებს და მათ სამსახურიდან ითხოვს ხოლმე. 2007 წლის ნოემბრის შემდეგ „რადიკალი რეფორმატორების“ მარგინალიზება მოხდა და საჯარო ასპარეზზე ნაციონალური მოძრაობის „ახალი ტალღის“ ლიდერები გამოვიდნენ. თუმცა რეალურად არ შეცვლილა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა. არასაჯარო საუბრებში ჩანს, რომ ამ ვიწრო წრეში ყველას თავისი როლი აქვს. მაგალითად, გიგა ბოკერია „შიგნით“ ყველაზე მეტს „ჩხუბობს“ (ამას მისი ოპონენტებიც აღიარებენ), მაგრამ მერე სრულად იღებს პასუხისმგებლობას ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის იმაზეც, რასაც არ ეთანხმება. რურუას როლს კი ასე მიხსნიან: „ომის შემდეგ ის გარკვეულწილად მიშას ფსიქოთერაპიით დაკავდა და, ამ როლის გამო, უფრო მეტად დაუახლოვდა მას“. თანაგუნდელებმა იეჭვიანეს, მაგრამ მათი განაწყენება იმან გამოიწვია, რომ „ომის შემდეგ რამდენჯერმე დაარღვია გუნდური თამაშის წესები, მესამე პირში დაიწყო ლაპარაკი. თავნებური რაღაცები აქვს ხოლმე შიგადაშიგ“. თუმცა, სერიოზული იდეოლოგიური დისონანსი ნიკასა და სხვებს შორის, როგორ ჩანს, მაინც არ არსებობს.
ამ თემაზე ნიკასაც ველაპარაკე.
- რა როლს თამაშობთ ამ ხელისუფლებაში? გარდა თქვენი, როგორც კულტურის მინისტრის, უშუალო ფუნქციებისა?
- არ ვიცი, როლების გადანაწილებას მე არ შევსწრებივარ, მაგრამ ჩემი მეგობრები ის ხალხია, ვისთან ერთადაც ხელისუფლებაში მოვედი და დღემდე მაქვს ის პრივილეგია, რომ მათ უმრავლესობასთან ვიმეგობრო, მიუხედავად ბევრი არასასიამოვნო მომენტის, კამათისა და ადამიანური წყენისა, რომელიც ერთმანეთისთვის მიგვიყენებია. მე არ მიჭირს ადამიანთან ურთიერთობა, თუ ვხედავ, რომ ის იდეალისტია. ასეთი იდეალისტები, საბედნიეროდ, ჰყავს ჩვენს ქვეყანას. თუ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიქნები, ძალიან გამიხარდება. ამ პროცესში მონაწილეობა სასიამოვნოა, ემოციური უკუგებაც აქვს და ბევრ არასასიამოვნო რაღაცას გადაწონის. ბევრ ტანჯვას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას მოაქვს, ბევრ მორცხვობას, უხერხულობას, წარუმატებლობის შეგრძნებას, ბევრ ტკივილს, რომელსაც იღებ და ეს გარდაუვალია. მაგრამ ეს არის ცხოვრება - გამოწვევაა და გამბედაობის ტესტია. ჩემს ერთ-ერთ პირველ ესეს ერქვა ასე - „გააზრებული გამბედაობა“, ეს არის ის, რისიც მჯერა. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაუაზრებელი გამბედაობა ყველაზე მეტად დაგჭირდეს.
- უკვე მერამდენედ ახსენეთ, რომ ხელისუფლებაში თავს არ გრძნობთ კომფორტულად. რა გიქმნით ამ დისკომფორტს?
- სულ იმის განცდა გაქვს, რომ რაღაც ვერ გააკეთე, რომ მეტი შეგიძლია, მომზადებული არა ხარ, რომ ზარმაცი ხარ და უფრო ნაკლებად ზარმაცი უნდა იყო, უფრო მეტი უნდა იაზროვნო, უფრო მეტი უნდა გაბედო. შესაძლოა, უბრალოდ ეგეთი დროა. საქართველო თავის განვითარების ისეთ ეტაპზეა, რომ დღეს ხელისუფლებაში ყოფნა მეტ ენერგიას და თავდადებას მოითხოვს, ვიდრე, ვთქვათ, ფინეთში, სადაც კულტურის მინისტრი ცოტა უფრო კომფორტულად გრძნობს ალბათ თავს. მე რომ ამერიკელი, ან ფინელი, ან ჩეხი ვიყო, სხვა პროფესიის ადამიანი ვიქნებოდი. გადავიღებდი კინოს, ვეცდებოდი რამე დამეწერა, ხელოვნებას მივყოფდი ხელს. ჩემი ყველაზე თამამი ოცნებები არტთან არის დაკავშირებული, შემოქმედებით პროცესთან. თუ ოდესღაც რაღაც დავწერე და გადავიღე, ეს ვიცი, რომ გამაბედნიერებს. იმედია, ამის დროც მოვა.
- თქვენ მითხარით, იმედია ხვდები, რომ საქართველოში ძალაუფლება ოქსიმორონიაო. რას ნიშნავს ეს?
- არ არსებობს პატარა ქვეყანაში ძალაუფლება. პატარა ქვეყანაში ძალაუფლება პასუხისმგებლობაა. ძალაუფლება ნიშნავს, ძალაუფლებას ვიღაცებზე. შეიძლება საკუთარ ოჯახში დატკბე ძალაუფლებით? ასეა ესეც. შესაძლოა, მას სხვა ეპოქაში ჰქონდა თავის ხიბლი, იმპერიაში იმპერატორი ალბათ გრძნობდა ძალაუფლებას, ჩინგის ხანი და ნაპოლეონი ალბათ გრძნობდნენ ამას, მაგრამ დემოკრატიაში ძალაუფლება ისე არის შებოჭილი, იმდენი მხრიდან, რომ მთელ ხიბლს კარგავს. პოლ ვალერი ამბობდა, - ძალაუფლებას, მისი ბოროტად გამოყენების გარეშე, არანაირი ხიბლი არა აქვსო. მე როგორ უნდა გამოვიყენო ძალაუფლება, თეატრის დასს მოვუხსნა დაფინანსება, თუ რომელიღაც მწერალს გადავეკიდო და მისი წიგნები დავწვა?!
- თუნდაც, რატომაც არა?! უამრავნაირად შეიძლება ძალაუფლებით ტკბობა, როგორც თქვენ ამბობთ, იმ „პატარა ძალაუფლებითაც“, რომელიც გაქვთ.
- აბსურდია! ერთადერთი მსიამოვნებს, როცა რაღაც გამომივა, ისიც ცოტა ხნით. ძალიან ვისიამოვნე, როცა ოკუპაციის მუზეუმი გავაკეთეთ, როცა პარლამენტში მუშაობისას სამხედრო ათტომეული გამოვეცით. ძალიან ვისიამოვნე კინოსთან დაკავშირებით ამ გადასახადების სისტემის შეცვლის თაობაზე პოლიტიკური თანხმობა რომ მივიღე. ვიცი, რომ ძალიან მესიამოვნება, თუ ცისფერ გალერეას გავარემონტებთ და ის თანამედროვე გალერეა თუ მუზეუმი გახდება, სადაც ჩემს შვილებს მივიყვან და, ვთქვათ, გოიას ვაჩვენებ. მაგრამ ამას ძალაუფლებასთან არა აქვს კავშირი, დამიჯერე. დღეს საქართველოში ძალაუფლებას არ მოაქვს არანაირი ემოციური გრატიფიკაცია. ყოველდღიურ რუტინაში არაფერი სასიამოვნო არ არის. ნახავენ ჩვენი ოპოზიციონერებიც, ოდესმე ხომ გახდებიან ხელისუფლება?! რაც უფრო პატარა ძალაუფლება გაქვს, მით უფრო მაგრად ეპოტინები და მოგწონს ეს. ამ დროს ძალაუფლება ილუზიაა და ცუდია, თუ არა გაქვს გააზრებული, სინამდვილეში რა საფრთხეები ახლავს და რა პასუხისმგებლობა.
ნახე, გუშინ, როგორი წინდები ეცვა? - მითხრეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გოგოებმა, როცა, მოსაცდელის ნაცვლად, მათ ოთახში გადავწყვიტე ნიკას დავლოდებოდი. „ფანტასტიური გემოვნება აქვს. თან ყოველთვის უცნაური ფერის პერანგები აცვია, მაგრამ არამყვირალა. ყოველთვის კარგ ფორმაშია. თან იცი, რომ რაღაცებს გვაკითხებს? - მითხრა სოფომ. მინისტრის ფანკლუბის წევრებმა, რომლის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 20 წლისაა, უამრავ ასეთ დეტალზე გამიმახვილეს ყურადღება.
მახსენდება წინა დღეს მოსული შეტყობინება - ერთი ჰკითხე, ნინა წკრიალაშვილი რას აკეთებს მანდო. ამ კითხვით ნიკა აღარ შევაწუხე. ნინა ივენთ-მენეჯერია და არცთუ ურიგოო, - განმიმარტეს სამინისტროში.
ქალები და ზოგადად ურთიერთობები ის თემაა, რომელზეც ნიკა ყოველთვის თავის ინიციატივით იწყებს ლაპარაკს.
„დენიროს ფილმია ერთი, „Bronx Tales“. იქ არის ასეთი დიალოგი, იტალიელი მაფიოზი ასწავლის პატარა ბიჭს: მთელ შენს ცხოვრებაში სულ სამ მაგარ ქალს შეხვდებიო და უხსნის, როგორ უნდა გამოსცადოს, მაგარი ქალია თუ არა.
ქალს რომ მანქანის კარს გაუღებ და ჩასვამ, ვიდრე მანქანას შემოუვლი და შენ კართან მიხვალ, ქალმა უნდა დაგასწროს და კარი შიგნიდან თვითონ უნდა გაგიღოს, აი, მაშინ არის მაგარი ქალიო. ამას ფილმში „სანის ტესტი“ ჰქვია. მოკლედ, ეს სანის თეორიაა. ჩემი თეორიაა, რომ მაგარი ქალები არსებობენ, უბრალოდ სამზე მეტი გხვდება“, - ჰყვება ნიკა და თან ეცინება.
- ანუ, მხოლოდ რაოდენობაში არ ეთანხმებით სანის?
- ჰო, მარა ხარისხში ვეთანხმები, რომ არსებობენ მაგარი ქალები. როგორც კი მაგარ ქალს შევხვდი, მივხვდი, რომ მაგარი იყო. პირველი მაგარი ქალისგან ის ვისწავლე, რომ სხვა მაგარი ქალებიც არსებობენ, - იცინის ნიკა, - ისინი ბევრნი არიან და ყოველთვის გხვდებიან. შესაძლოა პატარ-პატარა პაუზებით, მაგრამ გხვდებიან. თან მაგარმა ქალებმა ყოველთვის იციან, რომ მაგრები არიან. ვიღაცებმა შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ხვდებიან. ეს ძალიან გულისამაჩუყებელია.
კარგა ხანს არ ვიცოდი, რომ ქალებთან ურთიერთობა ასეთი მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო, - თან ტრაბახობს და თან თავმდაბლობს ნიკა.
ამჯერად კულტურის მინისტრი მშობლებთან ცხოვრობს. „პირადი ცხოვრება აღარ ვიცი, რა არის. ცოლს რომ გავშორდი, ის სახლი, რომელიც გავაკეთეთ, სოფოს დავუტოვე, იქ ჩემი ბავშვები იზრდებიან. ჩემი სახლი შენდება და ალბათ 2011 წლამდე არ იქნება. ამიტომ, აბა, რა პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი?
ცოტა ხნის წინ ესპანეთში ვიყავი საქმიანი ვიზიტით. ერთ-ერთ საღამოს ბარში წავედით. სერიოზული პუბლიკა იყო, დიდი ბიძები ისხდნენ, სიგარებს აბოლებდნენ, ხარხარებდნენ, ერთობოდნენ, სვამდნენ. როგორი მოსაწყენია ეს ყველაფერი, წავედით აქედან-მეთქი, - ვთქვი. 5-10 წუთი ვისიამოვნე, მომეწონა ეს განწყობა და გარემო, მაგრამ ამის ნაწილად ვერ გადავიქეცი, შეიძლება იმიტომ, რომ ფხიზელი ვიყავი. 300 გრამი ვისკი რომ დამელია, შესაძლოა, სხვა ჭკუაზე დავმდგარიყავი, მაგრამ არ მიყვარს არასიფხიზლე, არ მოქმედებს ჩემზე კარგად. დაბინდული რომ მაქვს გონება, არ მომწონს ეს მდგომარეობა, ცუდად ვხდები. ამიტომ, არ მიყვარს არც სასმელის წრუპვა და არც არანაირი გაბრუება. ამის გამო, აღარ ვსვამ ხოლმე“.
თუმცა, როგორც ჭეშმარიტ დენდის, ნიკას უყვარს ღვინის გემო და ლამაზეტიკეტიანი ღვინოების დაგემოვნება.
ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში არ მეგულება მეორე ადამიანი, ვისზეც ამდენ მითიურ ამბავს ჰყვებოდნენ. თუ 80-იანი და 90-იანი წლების საქართველოს მხოლოდ აკა მორჩილაძის, თაბუკაშვილების თუ ლაშა ბუღაძის მოთხრობებიდან და რომანებიდან იცნობთ, რურუაზე მოყოლილ ისტორიებსაც ამ არარეალური წარსულის ნაწილად აღიქვამთ. მაგრამ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი მიყვება, „ისეთ უბანში გავიზარდე, რომ მინდოდა თუ არა, თავში უამრავი ამბავი დაილექა, საშინელიც და სიმპათიურიც. ამიტომ ადრიდანვე ვისწავლე, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უნდა შემენახა. მითები ცოტაა, უმეტესი სინამდვილეა. უბრალოდ, მე გამიჭირდება მორალისტობა-განკითხვა. ყველას თავისი წილი კოშმარი აქვს გულში, ვიღაცას შეუძლია ასეთ დროს სხვის კოშმარზე ილაპარაკოს, ვიღაცას - არა“.
თავად ნიკასთვის არ არის იოლი წარსულზე ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, დამეთანხმა, როცა ვუთხარი, თქვენი ბიოგრაფია, რამდენადაც ის მე წარმომიდგენია, ძალიან ჰგავს ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიას-მეთქი. „ოღონდ არ ვიცი, ეს რამდენად საამაყო ისტორიაა. რაც ჩემმა ქვეყანამ სხვადასხვა ეტაპებზე გაიარა, ყველგან ვიყავი ჩაჩხერილი“.
- გინდათ, ქრონოლოგიურად მივყვეთ? საიდან დავიწყოთ?
ფეხებს მაგიდაზე აწყობს, სავარძელში უფრო ღრმად ეშვება და თხრობას ძალიან ფროიდიანული მომენტიდან იწყებს.
- ჩემი ცხოვრება იწყება რაღაც გაურკვეველი გრძნობებიდან, რომელიც მახსოვდა დაბადებამდეც. ეს მეხსიერება შეგრძნებითია, რომელიც დაბადებამდე მეხსიერებაზე ლაპარაკობს. ეს კომფორტის, თუ ძალიან მაგარი სიამოვნების, გაყუჩების, რაღაც ნირვანას მსგავსი შეგრძნებებია, რომელსაც ალბათ მუცელში ვგრძნობდი და ახლაც, ამ ცხოვრებაშიც მიმეორდება შიგადაშიგ. ინტიმური რაღაცაა, მაგრამ გახსოვს. შესაძლოა ძილში, შეიძლება ძილ-ღვიძილის ზღვარზე.
სტოპ-კადრებად მახსოვს ბებიას და ბაბუას რომ დავყავდი ბიჭვინთაში, 2 წლის ვიქნებოდი ალბათ. მერე მახსოვს მამაჩემი და როგორ იღებდნენ ჩვენ სახლში რაღაც ფილმს. რაღაც მოკლე ჩართვა მოხდა, განათების აპარატურასთან დაკავშირებული, ტკაცანი იყო საშინელი და მახსოვს, რომ ტირილი დავიწყე. მახსოვს ბევრი კაცი, ერთმანეთში რომ ირეოდა და რაღაცას იღებდა.
მერე მახსოვს უკვე 6-7 წლიდან, ჩემი ძმა როგორ მოიყვანეს სახლში.
ძალიან ვინერვიულე, რომ ყურადღება სხვა ტიპზე გადავიდა და არ მომეწონა. ერთხელ აბანავებდნენ, რაღაც მომენტში მარტო დატოვეს, მივედი და დიდი ჭიქით ცხელი წყალი დავასხი. ჩაბჟირდა ტიპი, ვერ ამოისუნთქა და მახსოვს, რომ მაგრად მომცხეს.
მერე ბაღი მახსოვს, ბაღში ერთი გოგო მომწონდა. ის გოგოც მახსოვს, პუტკუნა იყო. ბაღის მასწავლებლების სახელები მახსოვს, მახსოვს ფაფა და კომპოტი და მწყინდა, ბებიაჩემი და დედაჩემი გვიან რომ მოდიოდნენ ჩემ წასაყვანად. ტრაგიკული სცენები იყო, მეგონა, რომ დამტოვეს.
მერე იყო სკოლა, 53-ე. მახსოვს ერთი ჩემი სკოლელი - უცნაური ბავშვი იყო, მერე სულიერად დაავადებული ადამიანების კლინიკაში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალა. მასწავლებელს უთხრა ერთხელ, - ნუნუ მასწავლებელო, თქვენ ლომი ხართო. მერე რომ დავაკვირდი, მივხვდი, მართლა ჰგავდა ლომს.
ცოტა მოუმზადებლად გამიშვეს სკოლაში და შოკში ჩამაგდო პირველმა შთაბეჭდილებამ. თუმცა, მომწონდა სკოლის ჩანთა, ფანქრები, რვეულის სუნი, „პენალი“, წიგნები. მასტიკის და ნახერხის სუნიც მახსოვს. ეგრევე მივხვდი, რომ სკოლა ყველანაირად განსხვავებულია ბაღისგან. სკოლა უკვე მკაცრი ინსტიტუცია იყო, გამიჩნდა განცდა, რომ საშიში სიტუაციაა, უფრო მეტია სანერვიულო და პასუხისმგებლობაც გაქვს. ეს ყველაფერი ერთ დღეს ვიგრძენი და ცოტა დავითრგუნე, მაგრამ 3 გაკვეთილში დამავიწყდა.
მეექვსე კლასამდე კარგად ვსწავლობდი. მერე ალგებრაში ვერ გავიგე რაღაც ამოცანა, ვერ ამიხსნეს კარგად, არც მე ვიკითხე და გული ავიცრუე. თან მათემატიკის მასწავლებელი კარგად ირტყმევინებოდა. ჩემთვის არ დაურტყამს არასოდეს, მაგრამ მახსოვს, თმების წიწკვნები და ყურის აწევები. რვა წელი 53-ეში ვსწავლობდი. მერე მუსიკალურ ტექნიკუმში გადავედი, რომელიც ფიქტიურად დავამთავრე, მაგრამ რეალურად იქ არაფერი მისწავლია.
- მახსოვს თქვენი ერთი რეპლიკა - ეგ სკოლა, 53-ზე თქვით, დასახურიაო.
- ჰო, ყველაფერი იყო, სკოლის გარდა. ცუდი სკოლა იყო, სრულიად სეგრეგირებული. კლასებს აკომპლექტებდნენ მამების და დედების სოციალური კუთვნილების მიხედვით, მოპყრობაც შესაბამისი იყო. ჩვეულებრივი ხალხი სხვაგან, მინისტრების შვილები - სხვაგან, მდიდარი და ცნობილი ხალხის შვილები - სხვაგან. მე სადღაც პრივილეგირებულ კლასში ვიყავი, მამაჩემი მხატვარი იყო. ვიყავი იქ, სადაც ქურთები არ იყვნენ. ითვლებოდა, რომ ის კლასი, სადაც ქურთები არიან, ცუდი კლასია და იქ არ უნდა მოხვდე. ამის გარდა, სკოლა ასოციალური გარემო იყო. ზედა კლასებში - სიგარეტის მოწე ვა, მარიჰუანა, დანის ტარება, ჩხუბი სხვა სკოლელებთან, სრულიად უაზრო. მერე მეც ჩავები ამ ფერხულში. ტრადიცია იყო ასეთი, ეს მე კი არ მომიგონია. ტრადიცია იყო სრულიად იდიოტური აგრესია ერთმანეთის მიმართ, ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობდა შეჯიბრის სხვა ფორმა. მერე ამ ყველაფერმა საშიში სახე მიიღო, ვიღაცებმა ვიღაცებს დანები დაჰკრეს.
- მეც 53-ში ვწავლობდი. ჩემი კლასელი გოგოების უმრავლესობა მეცხრე კლასში გათხოვდა, ძირითადად - ვერელ ბიჭებზე. ბიჭებიდან კი 25 წლამდე საღსალამათმა ძალიან ცოტამ მიაღწია.
- ჰო, ჩემ დროსაც ეგრე იყო. მთავარი ისაა, მივხვდი, რომ არსებობდა ორი რეალობა. ერთი - მოსაწყენი, ყალბი, ფარისევლური, სწორი პრინციპებით შელამაზებული, ვითომ სიკარგესა და წესიერებაზე ორიენტირებული, და მეორე, ნამდვილი რეალობა, რომლისაც ყველას სჯეროდა, ვინც პირველის ნიღბით ოპერირებდა, მაგრამ რეალურად სხვანაირი იყო; ანუ, ცხოვრების ოფიციალური ვერსია ძალიან განსხვავდებოდა მისი ნამდვილი ვერსიისგან და ამას მივხვდი ძალიან ადრე, 12-13 წლისა. თუმცა, ტყუილთან შეჯახების პირველი შოკი ბაღში მქონდა. ბაღიდან მოვედი და დედაჩემს და მამაჩემს მოვუყევი, რომ იყო ერთი საყვარელი ბავშვი, რომელიც გაიზარდა, ძალიან დიდი კაცი გახდა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ბავშვები უყვარდა. ეს ბავშვი პატარა, საყვარელი, ბუთხუზა, ოქროსფერთმიანი, ხუთოსანი ვალოდია იყო, მსოფლიოს ყველა ბავშვის ქომაგი. მოკლედ, სიტყვა-სიტყვით გავიმეორე ის, რაც ბაღის მასწავლებელმა მასწავლა. და უცებ, მამაჩემმა მაჯახა, ყველანაირი პაუზის გარეშე, - ეგ ყველაფერი, ნიკუშ, ტყუილია და აღარ დავინახო, რომ მეორედ გაიმეოროო. ისე მეწყინა, რომ ტირილი დავიწყე. დედაჩემმა მამაჩემს შეუღრინა, - ბავშვს რატომ ანერვიულებო, - ხელში ამიყვანა და ოთახიდან გამიყვანა. ვტიროდი შეურაცხყოფისგან. მახსოვს, მასწავლებელმა სურათებიც გვიჩვენა, სიტყვა „ლენინი“ არც კი უხსენებია. ის პატარა ვალოდია იყო, რომელიც შემიყვარდა. არ ვაჭარბებ, გულამოსკვნილი ვტიროდი, ალბათ ვალოდიასთან ერთად გამოვიგლოვე ბევრი რამ, რაც მერე კიდევ უფრო უნდა მწყენოდა. ეს ხდება 4 ან 5 წლის ასაკში, მარა დღესაც მახსოვს ეს ბოღმა.
ეს გაორებული, შიზოფრენიული რეალობა სულ იჩენდა ხოლმე თავს. იყო გაზეთში გადახვეული წიგნები, სადღაც შეტენილი, რომლებსაც, როგორც კი გამოვიღებდი, - შედე ახლავეო, - მეუბნებოდნენ - ძველი „სამიზდატის“ წიგნები იყო. ამასობაში გავიგე, რომ მამაჩემის ბაბუა, ვის სახლშიც ჩვენ ვცხოვრობდით, სადღაც წაუყვანიათ და კომუნისტებს დაუხვრეტიათ. მივხვდი, რომ კომუნისტები მართავენ ქვეყანას და ისინი არიან ცუდები. კარგები კი სადღაც სხვაგან, ძირითადად ამერიკაში ცხოვრობენ, სადაც არ გვიშვებენ, იმიტომ, რომ იქ არ დავრჩეთ. თუმცა, ამას მიზანმიმართულად არავინ მასწავლიდა. ეს ყველაფერი თავისთავად დაილექა, იმ ამბებიდან და ანეკდოტებიდან, რასაც ჩვენთან ჰყვებოდნენ. მერე გავიგე, რომ ბაბუაჩემის მსგავსად, კარგი მწერლებიც დაუხვრეტიათ. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი ფასადი ტყუილია. წითელი დროშების ფრიალი და აღლუმზე სიარული სირცხვილია და მამაჩემი არასოდეს არ წავა აღლუმზე და სხვები, ვინც დადიან, მიჰქარავენ.
- მერე რა ხდება?
- მერე რა ხდება… აბა, რა გითხრა?! მერე ტექნიკუმში გადავედი, რომელიც სულ სხვა უბანში იყო. პრინციპში, გამრიცხეს სკოლიდან, რაღაც გამოცდა არ ჩავაბარე თუ ვერ ჩავაბარე. რაღაცნაირად მომიშორეს თავიდან, როგორც ძნელად აღსაზრდელი ბავშვი. მოკლედ, ჩავაბარე მუსიკალურ ტექნიკუმში. ეს უბრალო ფორმალობა იყო. მუსიკალური შვიდწლედი კი მქონდა დამთავრებული, ფორტეპიანოს განხრით, მაგრამ სასწავლებელში რომ ჩაგებარებინა, რაღაც რეპერტუარი უნდა დაგეკრა. ამას ვეღარ ვასწრებდი, ამიტომ ავდექი და ჩემთვის სრულიად ახალ ინსტრუმენტზე, ბასზე ჩავაბარე. თათუზა მამეცადინებდა, რომელმაც ერთ თვეში რაღაც ნაწარმოებები მასწავლა. იქამდე ბასი ნანახიც არ მქონდა, მაგრამ რადგან ჯაზი მიყვარდა, რაღაცნაირად ვიხალისე.
მაგრამ რა იყო, იცი? აღმოვჩნდი სულ სხვა უბანში, სულ სხვა სოციუმში, რომელიც არც კი ვიცოდი, რომ არსებობდა. მე ვერაზე ვცხოვრობდი, ეს სკოლა კი სანზონაში იყო. თავიდან რაღაც პერიოდი ხომ უნდა მევლო? ჰოდა, ეს იყო სადღაც შორს, მეტროს ბოლო გაჩერებაზე, მეტროდან კიდევ 5 გაჩერება ავტობუსით უნდა წავსულიყავი და ცოტა დავიშოკე, სერიოზული სოციალური გამოწვევა იყო ჩემთვის (იცინის). უცნაური ხალხი, უცნაური გოგოები, სხვანაირად ლაპარაკობდნენ, სხვანაირი „ლ“-ებით. ჩემი თანაკლასელები, კლარნეტისტები, მაგალითად, კვირაობით ქორწილებში უკრავდნენ.
რაღაც პერიოდის შემდეგ აღარც მანდ აღარ დავდიოდი. გადავწყვიტე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, სრულიად შეგნებულად. დავიწყე მომზადება რაღაც საგნებში და ჩავაბარე პირველივე წელს. მაგრად გამიხარდა, მაშინ ეს დიდი ამბავი იყო. ვნერვიულობდით, ნიშნებს ველოდებოდით. მაგრამ როგორც კი ჩავაბარე, ნელ-ნელა საბჭოთა კავშირის დაშლის ამბები, ეროვნული მოძრაობა, მიტინგები დაიწყო. გავიგე, რომ მერაბ კოსტავა გამოვიდა ციხიდან. მამაჩემისგან სულ მესმოდა, რომ არის ეგეთი ტიპი, მისი მეგობარი, ზის ციხეში და მაგარი გაუტეხელია, განსხვავებით ზვიადისგან, რომელიც გამოვიდა და „მოინანია“. მაგარი სირცხვილი იყო.
კოსტავა მახსოვს, ჩემ სახლთან დადიოდა, ჩემ ქუჩაზე ცხოვრობდა.
ყველაფერი თითქოს ჩემ თვალწინ ხდებოდა. თან ვიყავი ჩართული ამ ამბებში, თან არა. ჩემი ამბები სულ მქონდა, ჩემი სამყარო მქონდა, ამისგან დამოუკიდებელი.
ეს ის პერიოდია - მიყვარდა „სამოსელი პირველი“ და არ მიყვარდა „ერთხელ ამერიკაში“. არ მესმოდა, ეს მაქსი რატომ არის ასეთი ნაბიჭვარი და ეს ნუდლსი რატომ არის ვითომ კარგი და იდიოტი. ფილმის მონტაჟიც ვერ გავიგე. გელა ბაბლუანი მამაჩემის მეგობარი იყო და „უძინართა მზეში“ პატარა როლიც მაქვს. ციხიდან რომ გამოდის და ჩხუბი რომ ატყდება, იქ ერთ-ერთი მე ვარ. გადახოტრილი და საშინლად მახინჯი.
- „მხედრიონის“ პერიოდი როდის იყო?
- ახლა რასაც „მხედრიონის“ პერიოდად მოიხსენიებენ, მე მაშინ უკვე ამერიკაში ვიყავი. ჯაბას გაცილებით ადრე ვიცნობდი. ვიცოდი, რომ პროფესორი იყო და თეატრმცოდნე. მე რომ დავიბადე, ჩვენ მეზობლად თურმე ჯაბას სიდედრი ცხოვრობდა. დედაჩემმა მითხრა, - შენი დაბადება ჯაბამ და სუსკიამ (მისმა ცოლმა) მოგვილოცესო. მაშინ პირველად გაუგიათ ჩემებს, რომ არსებობდა ეგეთი კაცი. მერე უკვე თეატრალურში ვნახულობდი ხოლმე და ვიცოდი, რომ ეს ჯაბა იოსელიანია, ოდესღაც ლეგენდარული ქურდი, რომელმაც ქურდობას თავი დაანება და პროფესორი და საინტერესო მწერალი გახდა.
მხედრიონზე და ჯაბაზე თავად ნიკა მეტს არაფერს ჰყვება. მოგვიანებით მამუკა ხერხეულიძისგან ვიგებ რამდენიმე დეტალს. ისევ ჯაბა იოსელიანის წიგნში „სამი განზომილება“ ვკითხულობ, რომ სამოქალაქო ომის დროს ნიკა დაჭრილი ყოფილა: „ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში, ცალკეული შეჯახებების სახით ომი გრძელდება. ვფიქრობ, ეს მანევრული ფანდი ხომ არ არის ჩვენი ძალების გაფანტვის მიზნით. ვიბარებ გია სვანაძეს. ვეუბნები, არავითარ შემთხვევაში არ აჰყვენ, საალყო ძალებიდან არ მოხსნან ბიჭები და არ მოდუნდნენ. ჩვენი მხრიდან უკვე ბევრნი არიან დაჭრილები: ნიკუშა რურუა, დათო ხაჟომია. გვარდიელებშიც: ზაზა ჩაჩუა, უმძიმესად არის დაჭრილი კახა გველესიანი. გადარჩენის შანსი ცოტაა. დღეს მოგვიკლეს მხედრიონის მშვენება, უჭკვიანესი, ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი, სანდრო შაიშმელაშვილი - ჩვენი „სკილეტა“. მის დღიურებში ერთი ასეთი ბრძნული აზრია: „ცხოვრება ნასკვია. ვიდრე მას გამოხსნი, მთავრდება კიდეც“.
რამდენი ასეთი ისტორია იქნება ნიკას და ამ ქვეყნის ზარდახშაში, რომელსაც ნიკა არ ჰყვება.
- მერე რაღაც შემემთხვა, ჩხუბი მოხდა ხმაურიანი, ეს ჯერ კიდევ პატიაშვილის და კომუნისტების პერიოდია,1988-89 წლები. მილიცია მეძებდა და ცოტა ხნით სვანეთში წავედი, მესტიაში, - აგრძელებს ნიკა.
ნიკა რურუა, 5 წლის
- როგორც ვხვდები, სვანეთი თავისუფლების კუნძულივით იყო.
- ვცხოვრობდი, როგორც ჩვეულებრივი სვანი, როგორც იქაური მასპინძლის ოჯახის წევრი. დავყვებოდი საქონლის არეკვა-ჩამორეკვაზე, სათიბში მივდიოდით. სახლში იცოდნენ, რომ კარგად ვარ, მაგრამ უნდა დავმალულიყავით, სანამ თბილისში საქმე ჩაეწყობოდა. ჰოდა, მე და ჩემს სვან ძმაკაცებს მაგარი მიდიმოდი გვქონდა, ღამეებს ვათენებდით, ვიპრანჭებოდით. ისე, ვისთანაც მოგვივიდა ეს კონფლიქტი, მერე შევრიგდით.
დავბრუნდი და დავიწყე ისევ თეატრალურში სიარული, მაგრამ ბრახ! და მოხდა ეს 9 აპრილი, რამაც სრულიად არია სწავლის პროცესი. ისევ ავუშვით. პროფესორებიც აღარ დადიოდნენ, ჩვენ დავდიოდით, ვისხედით კაფეში, ვსვამდით, მაგარ დროს ვატარებდით. იქ გოგოები, ბიჭები, პრანჭვა-გრეხვა, გამოყვანაგაყვანა, დაბადების დღეები. მაგარი დრო იყო, კარგად მახსოვს ჩემი სტუდენტობა. მაგრამ ჩვენ წინ სახელმწიფო იშლებოდა და ახალი აღარ შენდებოდა. სრული ქაოსის განცდა იყო.
…მახსოვს, ქაქუცას სურათები იყო გამოტანილი. მაშინ ვნახე ახლოს ზვიადი პირველად. სხვათა შორის, მამუკა ახლდა ხერხეულიძე, სადღაც მიდიოდნენ ჩქარი ნაბიჯით, ოცკაციანი ჯგუფი. შთამბეჭდავი იყო. რაღაც აქტიურობა იყო, საქმეში იყო ყველა. ჩვენც დავდიოდით, მე და ჩემი ახალშეძენილი სვანი ძმაკაცები. რამდენიმე სიმღერა მახსოვს, „შავლეგო“ და „ჩემო კარგო ქვეყანა“. მერე ამ რეპერტუარს „ტიტებიც“ დაემატა.
9 აპრილს მთელი ღამე დავბოდიალობდით, მეც იქ ვიყავი, მთლად ეპიცენტრში, არ ვიცი, როგორ გადავრჩით. ქაშუეთის კუთხეში ვიდექით, ფარიანი ტიპებიდან ზუსტად ხუთ ნაბიჯში. რაღაც მოლოდინის განცდა გვქონდა, დღისით ორმა „ბეტეერმა“ გაიარა, ძალის დემონსტრირება იყო. ვცადე შეხტომა, მაგრამ ჩამოვვარდი. გინება მივაყოლეთ.
მეორე დღეს ისევ რუსთაველზე წავედი, მაგრამ უკვე აღარ გაგვიშვეს, ქვედა ქუჩები შეკრული იყო. მახსოვს, უზბეკი ტიპები იდგენენ, სულ სხვა ტომელები, ჯარისკაცის ფორმაში, საშიშები.
მერე დასცხეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა. ყველაფერი ხდებოდა მიტინგზე, ქუჩაში, სპონტანურად. მეც ვიდექი იქ ერთი-ორჯერ.
მერე აღმოჩნდა, რომ ერთ მხარეს ზვიადია, მეორე მხარეს - ყველა დანარჩენი. მახსოვს კოსტავას გასვენება, ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მე პანაშვიდზე არ წავსულვარ. ერთ გოგოსთან მქონდა პაემანი, ალექსანდრეს ბაღში ვისხედით და მახსოვს, ხალხი ჯგუფებად მიდიოდა გასვენებაში. ამ გოგოს ვუთხარი, - არ მინდა გასვენებაში წასვლა-მეთქი. არც მეო, - მიპასუხა. მივხვდი, რომ ზედმეტი მოგვივიდა, ყველაფერი უცებ დაძველდა და გაიაფდა.
ჰო, კიდევ ერთი ამბავი მახსოვს: ზვავები რომ იყო სვანეთში, სვანების ნაწილი ჩაასახლეს ბოლნისში, სადაც ადგილობრივი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის ჩხუბი მოხდა. მოვიდა ჩვენი სვანი ძმაკაცი ჩვენთან და გვეუბნება, - თათრები გვიხურებენ, წავიღოთ თოფები და ჭკუა ვასწავლოთო. წავედით და წავედით ვინ: მე, მწერალი გურამ გეგეშიძე, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მერაბ კოსტავა, ეს სვანები და სხვები. აი, ასეთი ჭრელი საზოგადოება ჩავედით ბოლნისში, რომ გაგვეხურებინა იქაურებისთვის, რომლებიც პარალელურ რეჟიმში, ვითომ, ეგრეთ წოდებულ ბორჩალოს ავტონომიას ითხოვდნენ. მახსოვს „სიდენიების“ ქვეშ თოფები გვქონდა დამალული, მანქანების გრძელი კოლონა ვიყავით. სრული სიგიჟე და გროტესკი იყო, ნაწყვეტი კუსტურიცას ფილმიდან.
გზადაგზა ვაჩერებდით და ადგილობრივ მოსახლეობას მზრუნველი ტონით ველაპარაკებოდით. ამ ყველაფრის მეთაურები ზვიადი და მერაბი იყვნენ. აზერბაიჯანელები არც გვინახავს, ძირითადად ექსკურსია გამოგვივიდა. ერთადერთი, რაც ვნახეთ, ღობეზე მწვანე საღებავით დაწერილი „ბორჩალი“ იყო და მახსოვს, აღვშფოთდით. იმ დღესვე დავბრუნდით თბილისში.
ზვიადის არჩევიდან ცოტა ხანში მის დიქტატორობაზე დაიწყო ლაპარაკი. მერე გავარდა ამბავი, რომ ოსეთში არეულობა დაიწყო და კორტებზე ვაჟკაცი, თბილისელი ბიჭები იკრიბებიან და მიდიან ქართული სოფლების დასაცავად. ცოტა ხანში თქვეს, რომ ჯაბა იოსელიანი და ვიღაც ბიჭები არიან. ჯერ სახელიც არ ჰქონდათ. მოკლედ, გვიან გავიგე, რომ არსებობს ეგეთი ჯგუფი, მხედრიონი, რომელიც ოსეთში დადის და ქართულ სოფლებს იცავს.
„მოდი, ცოტა ხნით შევისვენოთ, აჩიკო და ვახო არიან მოსულები“, - მითხრა ნიკამ და საათს შეხედა, უკვე ღამის პირველი იყო დაწყებული. დიდი სიამოვნებით გამოვრთე დიქტოფონი და ღრმად ამოვისუნთქე.
ვახო ბაბუნაშვილს და აჩიკო გულედანს პრეზიდენტის ევროპასთან ურთიერთობის პირადი მრჩეველი, რაფაელ გლუქსმანიც მოჰყვა. დღის წესრიგში, ქუჩის აქციებზე, „საკანზე“, ობამასა და ღია საზოგადოებაზე სჯა-ბაასის შემდეგ სამდღიანი მუსიკალური ფესტივალის, „Tbilisi Open Air“ დაგეგმვა იყო, რომელიც საქართველოს მიერ ბოიკოტირებული „ევროვიზიის“ პარალელურად უნდა გამართულიყო. ათანხმებდნენ საორგანიზაციო დეტალებსა და ბიუჯეტს. რაფაელი ევროპიდან ჟურნალისტების ჩარტერული რეისით ჩამოყვანას გეგმავდა. ფესტივალი შარდენზე უნდა გახსნილიყო.
ცხადია, შეხვედრა საათზე ნაკლები არ გაგრძელებულა.
- თუ დაიღალეთ, სხვა დროს გავაგრძელოთ, - შევთავაზე მე.
- არა, არ დავიღალე. რა დაგვრჩა?
- აფხაზეთი და ამერიკა. სავალდებული მოსათხრობია.
- ეს იყო ერთი დიდი, დეპრესიული გამოცდილება, სადაც წავედი უბრალოდ ვალდებულების გამო, ვგრძნობდი, რომ სხვანაირად არ შემიძლია. მეორე მხრივ, ჩასვლის დღიდან ვიცოდი, რომ ომი აფხაზეთში კარგად არ დამთავრდებოდა. სამხედრო თვალსაზრისით, სრულიად მოუმზადებელი ვიყავით, ვგრძნობდი ჩემ უსუსურობას, რომ არ შემეძლო არაფრის შეცვლა. ვხედავდი იმ აბსურდულ სიტუაციას, რასაც ეს ომი წარმოქმნის და, ამავე დროს, ვხედავდი თავდადებულ ხალხს, ნამდვილ პატრიოტებს ჩემ გვერდით.
საშინლად დეპრესიული ვიყავი, არ ვიყავი კარგად. არ მახსოვს ოდესმე მეტრაბახოს, რომ ომში ვიყავი. კი, მსიამოვნებს, რომ არ გავექეცი ამას, მაგრამ საშინელი გასახსენებელია ეს ჭუჭყი. ომიც ისეთი იყო, არაინტენსიური და გაწელილი. ომის დროს მთელი წელი იქ ვიყავი, რამდენჯერმე ჩამოვედი თბილისში, 3-4 დღით, აზრზე მოსასვლელად. ბოლოს დამემართა სიყვითლე და ბოლო ერთი თვე აქ გავატარე. მე რომ არ ვიყავი, მაშინ აიღეს სეპარატისტებმა სოხუმი. მე ეს არ მინახავს, ჩემი ძმა იყო იქ.
- ამერიკაში როდის წახვედით?
- ეგრევე. მალევე. 1994-ში. ჩამოვედი და მივხვდი, რომ უნდა წავიდე. მაქვს სურვილები და არა მაქვს ამ სურვილების შესრულების ინსტრუმენტი. ვხედავდი, რომ გამოუვალი სიტუაცია იყო. ჩემ ფუნქციას აქ ვერ ვხედავდი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მინდოდა განვითარება და აქ ჩიხი იყო.
ეტყობა, მაინც დაიღალა ნიკა და იმ ღამეს, მეტი აღარ გვილაპარაკია. თუმცა შევხვდი მამუკა ხერხეულიძეს, რომელიც ნიკას „ფრონტელი“ მეგობარია და ამ პერიოდზე ლაპარაკი მასთან გავაგრძელე.
ნიკა და მამუკა ერთმანეთს სვანეთიდან იცნობენ და მას შემდეგ მეგობრობენ.
„მე და ნიკას რაღაცნაირად თავიდანვე ბევრი საერთო გვქონდა. ჩვენი ოჯახებიც ჰგავდნენ ერთმანეთს. ცოტა გულუბრყვილოა, ჯერა, რომ ნაძირლებისგანაც შეიძლება რაღაც გამოვიდეს. რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩემი ნათქვამი მერე წინ დახვედრია.
აფხაზეთის ომის დროს ვერ მოვხვდით ერთად, სხვადასხვა დანაყოფებში ვიბრძოდით. 93 წელი იყო. უკვე სოხუმს უტევდნენ. უნდა გადავფრენილიყავით, სხვანაირად იქ ვერ მოვხვდებოდით. ავისხით იარაღები და წავედით აეროპორტში, მაგრამ არ იყო ფრენა. და ასე ყოველდღე, აეროპორტში მივდიოდით დილის 7 საათზე და ვერ მივფრინავდით. ერთ დღესაც გავიგეთ, რომ სოხუმი აიღეს. ძალიან ტრაგიკულად გვახსოვს ორივეს ეს დღეები და თითქოს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა იქ დაბრუნება, იარაღით ან, იმედია, მშვიდობით.
ძალიან უცნაურ დროს წავიდა ამერიკაში. მაშინ წავიდა, როცა ზენიტში იყო. თუ ძალაუფლების ტრფიალი იყო, მაშინ ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ წავიდა. გამიხარდა, ვიცოდი, რა ჭაობს დააღწევდა თავს. თუ ერთხელ მაინც გავლილი გაქვს ეს გზა, იცი, რომ ან ქურდული კონიუნქტურის ნაწილი უნდა გამხდარიყავი, ან აჯანყებული. ერთხელ მაინც თუ დაიცავდი შენ პოზიციას, დაღდასმული იყავი. თუ ერთხელ მაინც შეხვიდოდი ამ სამყაროში, ბოლომდე უნდა გასულიყავი. სულ ამ ომებში ვიყავით ჩართული, სადაც ძალიან რთული იყო გადარჩენა. არსებობისთვის გვიწევდა ბრძოლა და იარაღი რომ არ გვქონოდა, ვერ გადავრჩებოდით.
ამერიკიდან სულ მირეკავდა და სა ათობით ვლაპარაკობდით. შუაღამისას რეკავდა, წამოვხტებოდი მძინარე, დავჯდებოდი სავარძელში, ვეწეოდი და საათობით ვუყვებოდი ამბებს. არც ერთხელ არ დაუწუწუნია, მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა. არ არის ადვილი წახვიდე და ცივ ქვაზე დასახლდე, მაგრამ სოფო ძალიან ჭკვიანი შეხვდა. რთული წლები ჰქონდა, თან თავის თავს იყო შერკინებული. თუ ამოიჩემებს რამეს, ბოლომდე მიყავს. ამიტომ ვცემ ძალიან დიდ პატივს. თავის თავს მოუგო.
ამერიკიდან რომ ჩამოვიდა, თითქოს თავიდან სწავლობდა ყველაფერს. ვისთან უნდა დაეჭირა საქმე და ვისთან - არა, რა უნდა ეკეთებინა. საშინელი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, „ბუკვაედია“, ფუნდამენტურად უდგება ყველაფერს. რომ ჩამოვიდა, მითხრა, - მოდი, დავწეროთ, როგორ გადავარჩინოთ ეს ქვეყანაო. ამოიღო შავი ბლოკნოტი და დავიწყეთ წერა. გადავწყვიტეთ, რომ რამე გაზეთთან უნდა დაგვეწყო თანამშრომლობა და თანამოაზრეების სია შევადგინეთ. მივადექით ეროსის. ეროსის უკვე გადაწყვეტილი ჰქონია გაზეთის გაკეთება და ცოტა ხანში „24 საათიც“ გამოვიდა. ნიკუშა სამართლის ჩანართს აკეთებდა. მერე გამოვუშვით სამი წიგნი, „რევკომის“ ბიჭების კრებული, ოთარ ჭილაძის „გოდორი“ და ნიკას „თავისუფლება და კანონი“. რევოლუციური მარათონისთვის მთელი წელი ვემზადებოდით, შევქმენით „დაუმორჩილებლობის კომიტეტი“, დავდიოდით რეგიონებში და ვარიგებდით ამ წიგნებს. მიზანი რა იყო - უნდა შეცვლილიყო სისტემა და უნდა დავბრუნებულიყავით სოხუმში. მერე შევყევით და შევყევით, პასუხისმგებლობის აღება იყო საჭირო“.
ამ საუბრის შემდეგ მამუკას უკმარისობის გრძნობა დარჩა, - ხომ იცი, არ შემიძლია ასეთი რაღაცებიო და იმეილიც მომწერა. „ულისეში არის ასეთი ფრაზა - „ჯერ ირლანდია, სტივ“. ეს ჩვენი პაროლია. ვართ გიჟურად ოპტიმისტები, ჩვენი პროგნოზებიც, როგორც წესი, მართლდება. მე და ნიკა ერთად გავფრინდებით სოხუმში, სადაც მაგარ რადიოს გავხსნით, ოღონდ ჯერ ვერ ვთანხმდებით, რა მუსიკა უნდა იყოს. რთულ ჯაზს, რომელსაც ის უსმენს, მე ზეიკიძის რეპერტუარს ვეძახი - ერთი მწამებელი პოლიციელი იყო შევარდნაძის დროს. არა უშავს, კომპრომისამდეც მივალთ“.
როცა სოხუმში დაბრუნებაზე იწყებენ ლაპარაკს, სულ მეშინია, რომ ეს დაბრუნება ომს ნიშნავს. ამიტომ ნიკას და მამუკას ოპტიმიზმი მზაფრავს. რთულია, მიხვდე, სად რაციონალიზმია, სად - პროპაგანდა და სად - დამარცხებული ერის სინდრომი.
ზოგს სჯერა რურუას ცვლილების, ზოგს - არა. ერთმა მითხრა, - ის ყველა დროში იმ ფორმებით იბრძვის ძალაუფლებისათვის, რა ფორმებიც იმ დროისთვის უფრო მისაღებიაო. სხვები მიიჩნევენ, რომ ნიკამ სრულიად რაციონალურად, გააზრებულად გადაწყვიტა თავისი ცხოვრების შეცვლა და ამისათვის წარმოუდგენელი ძალისხმევა გაიღო. ეს მიზანდასახულობა და ნებისყოფა ჩემთვისაც თვალშისაცემია. მის სხვა ცხოვრებას კი მხოლოდ წამიერად თუ მოკრავ თვალს, ერთ გამოხედვაში, როცა ხვდები, რომ სადღაც ძალიან შორიდან იყურება. ჩემთვის უცხო, მაგრამ ამ ქვეყნისათვის კარგად ნაცნობი წარსულიდან.
ნიკას რომ ვკითხე, - ვინ გიცნობთ ყველაზე კარგად, ვისთან ღირს ჩემი შეხვედრა-მეთქი, - მამუკა და ჩემი ყოფილი ცოლი, სოფოო, - მიპასუხა. „მართალი უთქვამს“, - გაეცინა სოფოს და ყავის მოდუღებას შეუდგა. სოფო მაღალია და ძალიან ლამაზი.
სოფომ და ნიკამ ამერიკაში 8 წელი გაატარეს ერთად. ტყუპებიც, ლიზა და მარიამი, იქ გაჩნდნენ. ამიტომ, სოფოს ამერიკაზე ვეკითხები.
„ვცდილობ, არ ვიმსჯელო ადამიანებზე მხოლოდ წარსულით. ჩემთვის ადამიანი არის ახლა. ნიკუშამ არაორდინალური ცხოვრება გაიარა, რომელმაც კვალი ალბათ დატოვა მასში, მაგრამ ამერიკაში ის მაქსიმალურად გარდაიქმნა“.
ამერიკაში წასვლამდე სოფოს და ნიკას ბუნდოვანი, არაკონკრეტული მიზნები ჰქონდათ. „უბრალოდ ვხვდებოდით, რომ ეს თვითდამკვიდრების, საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა იყო, - იხსენებს სოფო, - საქარველოსთან ემოციური მიჯაჭვულობა მიზანდასახულობაში გადაიზარდა. უკუკავშირი საქართველოსთან არასოდეს დარღვეულა“.
წასვლის გადაწყვეტილება სოფომ მიიღო. „მიზნის მიღწევის ბევრად უფრო ცივილიზებულ მეთოდებს მივაგენით, მივეჩვიეთ წესრიგს. ნიკუშამ ჩასვლამდე არც ერთი სიტყვა არ იცოდა ინგლისურად. ინგლისური ისწავლა, ჩოგბურთის თამაში დაიწყო, ვარჯიშობდა. მერე უკვე მუშად მუშაობდა და გამოცდებისთვის ემზადებოდა. მე უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა ჩემი კარიერისთვის, მაგრამ სულ საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრით ვიყავი დაკავებული“, - ამბობს სოფო ცოტა გულდაწყვეტით.
„ჰო, ეგრე იყო, - აგრძელებს ნიკა მოგვიანებით, - დავიწყე ინგლისურის სწავლა. ჩავაბარე სამართლის სამაგისტრო პროგრამის მისაღები გამოცდა, LSAT (საშინელი გამოცდაა), მაგრამ იმ წელს უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი. მეორე წელს, უკვე წინა წლის შეძენილი გამოცდილებით, გამოცდების ნიშნები და იდეალისტური განაცხადი ათ სხვადასხვა უნივერსიტეტში შევიტანე. ველოდები პასუხს.
ჩემი დაბადების დღეა, 17 მარტი, მაცვია რეზინის ხელთათმანები, მიკეთია წინსაფარი და ვრეცხავ რაღაც დიდ ქვაბს. უცებ სამსახურში რეკავს ტელეფონი. მენეჯერმა დამიძახა, - ვიღაც ქალი გირეკავსო. Happy birthday - მეუბნება. გმადლობთ-მეთქი. კიდევ გამიმეორა, - გილოცავთ დაბადების დღეს, თქვენთვის კარგი საჩუქარი გვაქვსო. სულ დავიბენი. მგონია, რომ რაღაც სატელეფონო ლატარეაა, კინაღამ დავუკიდე ყურმილი. ერთი წუთი, ერთი წუთი, არ წახვიდეთ, გირეკავთ, რომ მოგილოცოთ, რომ თქვენ მიღებული ხართ სამართლის სკოლაშიო. სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. ჩემმა ამ რამდენიმეწლიანმა წვალებამ შედეგი გამოიღო და მიმიღეს კალიფორნიის რომელიღაცა სკოლაში. გავვარდი ეზოში, ნაგვის ბუნკერებთან ვიდექი და ცრემლებს ვიწმენდდი. მაგარი მომენტი იყო. ეგრევე სოფოს დავურეკე. ჰოდა, მერე იმ 10-დან კიდევ 7-მა სკოლამ მიმიღო. შევარჩიე ის სკოლა, რომელმაც წინა წელს უარი მითხრა. რევანში ავიღე. ასე რომ, ეგრეა, ახალგაზრდა ადამიანებმა უნდა იცოდნენ...“
რომ ყველაფერი შესაძლებელია? - ვაწყვეტინებ მე.
არა, არა, ეგრე არ არის, ყველაფერი არ არის შესაძლებელი. თავისით არაფერი არ ხდება. თუ მაგრა გინდა, აი ის, რაც მაგრა გინდა, თუ იმისკენ მიდიხარ, აი ეგ ხდება შესაძლებელი. ფორდის ქალიშვილს ჰკითხეს, ყველაზე მაგარი საჩუქარი მამათქვენისგან რა იყო, - მემკვიდრეობა თუ რაღაც სხვაო. ამ ქალმა უპასუხა, ყველაზე მაგარი საჩუქარი იყო წარწერა საშობაო ნამცხვარზე - „მიუხედავად იმისა, რისი გჯერა შენ, შეძლებ თუ ვერ შეძლებ, ორივე შემთხვევაში მართალი ხარ, რადგან გჯერა“. მოკლედ, მთავარია ის, რისიც გჯერა. ამერიკაში მივხვდი, რომ ეგ არის რწმენა. ამერიკამდეც მაგ რწმენით წავედი, მივხვდი, რომ მე ეს შემიძლია. I can do it. არ ვიცი, ეს საიდან მაქვს, ალბათ ხასიათის ამბავია. ამერიკა, იმიტომ, რომ თავისუფალია, კი არ გთრგუნავს, გაძლიერებს. იმ ქვეყანამ მომცა ეს. გამაძლიერა. და მე მინდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც იყოს ეს განცდა. რომ ადამიანები ერთმანეთს კი არ ასუსტებდნენ, კი არ აკომპლექსებდნენ, აძლიერებდნენ.
ზოგადად, თავისუფლება არსებობს, თავისუფალი სივრცე არსებობს, თავისუფალი სამყარო არსებობს. მე მინდა, რომ ეს განცდა - დაცულობის, სიმშვიდის, თავისუფლების - იყოს ჩემს ქვეყანაშიც. აი, ეს მინდა. მე ისედაც ვგრძნობ ამას და მინდა, რომ სხვებმაც გაიგონ. ოღონდ, თავისუფლების ეს შეგრძნება „იქ“ შემთხვევითი არ არის, მიზანმიმართულად იშრომეს ამისათვის. ჩვენთან კი ადამიანები ინერციით, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, პირველყოფილი ინსტინქტებით ცხოვრობენ. ძალიან ეგოცენტრულები და შეშინებულები არიან. ერთმანეთს უღრენენ იმიტომ, რომ სხვისი ეშინიათ. ეს არათავისუფალი საზოგადოების პირველი ნიშანია, როცა ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან. მარტივი ნდობა არ არსებობს, ზოგადი ნდობა, ზოგადი სიმშვიდე, ზოგადი თანხმობა არ არსებობს მარტივ ღირებულებებზე. ჩვენთან არ არსებობს გაუბანძებელი ჭეშმარიტებები. ინსტინქტურად ჰგონიათ, რომ ბოლო თავშესაფარი ამ წუთას რელიგია და ეკლესიაა და ცდილობენ, რომ ამას ჩაებღაუჭონ. ამ დროს ეს იმისთვის არ გამოდგება. აქ განათლების, პოლიტიკური სისტემის არარსებობის პრობლემაა, მაგრამ ამ სისტემებსაც ადამიანები ქმნიან“.
აქ სოფო მახსენდება: „შინაგანი თავისუფლების განცდა ჩვენს საზოგადოებას არა აქვს. ჩვენი ხელისუფლებაც ამ საზოგადოების ნაწილია. თითქოს მათაც ეშინიათ თავისუფლების. ეს ქალაქიც კარგავს სახეს, ძალაუფლებისთვის ბრძოლის პლაცდარმად იქცა. თითქოს დავკარგე შეხება აქაურობასთან, ნავსაყუდელი ვერ ვიპოვე. ყველაფერი ობობის ქსელივით დაიქსაქსა“.
ამის გამო, სოფომ ისევ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, ამჯერად კახეთში მიდის, თავის ოჯახთან ერთად. „ახალი საქართველო უნდა აღმოვაჩინოთ. ავაშენეთ სახლი, გვექნება პატარა მეურნეობა და ბევრი დრო მნიშვნელოვან რაღაცებზე საფიქრალად. ბავშვებიც მიხვდებიან, რომ აქვთ არჩევანი, რომ სხვანაირი ცხოვრებაც არსებობს“, - ამბობს სოფო და თვალები უნათდება.
სოფო ახალი თავისუფლების კუნძულის საძებნელად მიდის. ნიკა კი მინისტრის კაბინეტში, ბუხართან ზის და ისევ თავისუფლებაზე ლაპარაკობს:
„როგორც კი ტანკები გავა აქედან, თავისუფლება იფეთქებს, ჩეხეთშიც ასე მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანებს შორის სოლიდარობაა, ვისაც ეს ესმის. ამ სივრცის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
მიშა დიქტატორი არ არის. თავის მინუსები აქვს, მაგრამ მისი მიზანი დიქტატორობა არ არის, დამიჯერეთ. აი, ჩვენი ოპონენტების უმრავლესობა კი სხვა ხალხია. ენის გარდა, მათთან საერთო არაფერი მაქვს. ეს ენაც, მგონია, რომ სხვა არის. სხვა ეპოქის ადამიანები არიან. რაღაც მოხდა ჩვენ შორის, ის სხვა ცივილიზაციაა, მე - სხვა. გეთანხმები, რომ თავისუფლება თუ გულწრფელად არ გინდა, აზრი არა აქვს. მაგრამ ის, ვინც არაგულწრფელია თავის მიზნებში, მისივე პრობლემაა. მისთვისვეა ეს კონტრპროდუქტიული, მათი მიმდევრების რიცხვიც პატარავდება.
ბოლო-ბოლო, არ არის საინტერესო, ვინ ვარ მე. ჩემდამი ეს ცნობისმოყვარეობა მაინც არასწორი მითოლოგიით არის განპირობებული. ჩემი მინისტრობა და ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანია. უფრო საინტერესოა ისეთი რაღაცები, რაც ახალგაზრდებს შთააგონებს.
ის, რასაც შენ დაწერ, თან გულწრფელი უნდა იყოს, თან ვიღაც უნდა გააძლიეროს. მე შემიძლია, ვიყო ინსპირაციული. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ ამას. მე შემიძლია ადამიანების მოტივირება, იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ მოტივირებული. ინსპირაცია გადამდებია, ჩემზეც ასე მოქმედებს სხვისი. მჯერა სიკარგის, მჯერა, რომ ის არსებობს. ამაში ამერიკა დამეხმარა, თუმცა ბავშვობიდან იდეალისტი ვიყავი. სიკეთის იმიტომ კი არ მჯერა, რომ სიკეთეა და კარგია და ასწორებს. აი, რაც კარგია და ასწორებს და მომწონს, მჯერა, რომ ის ასევე ძლიერია და აქვს აზრი, რომ მას იცავდე და მისთვის იბრძოდე. სიკეთე არ არის კონტროლის იარაღი, სიკეთე არსებობს როგორც ჰიპოსტაზი, როგორც თავისთავადი მოცემულობა ადამიანში. ადამიანში ნაბიჭვრობაც არის, ცხოველური, ველური, მტაცებლური რაღაცები. თუ იდეალიზმისგან დაიცლები, ცუდი ცხოველი ხდები, ყველაზე საშიში მტაცებლებში და ყველაზე საცოდავი. მაგრამ თუ სიკეთეს არ ჩაკლავ, სულ გაქვს შანსი, რომ ეს კარგი გაზარდო და უკეთესი გახდე.
მეც რომ ვუყურებ, ბევრი სისულელე მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, ჩემი თავისთვის ბევრჯერ ნაღალატები, მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა მონანიების. ძალიან ადვილი იყო, რაღაც მომენტში დამეჯერებინა, რომ აი, ეგა ვარ, რაცა ვარ. და ისეთივე გამოუსადეგარი ვყოფილიყავი ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის, როგორც ვიყავი. რეზო გაბრიაძემ მითხრა, - ჩემთვის იქამდე სრულიად უცნობმა კაცმა, დიდი ხანი ვილაპარაკეთ - იცი რაო, მთავარია, ადამიანს და ადამიანობას ემსახუროო. იგივე მითხრა, რასაც ელინგტონი ამბობს ზავინულის დისკზე „My people“. და ეს არ ნიშნავს, რომ ერთხელ გეძლევა ამის შანსი. არა, ამის უფლება და შანსი გაქვს ყოველთვის, მილიონნაირი დაცემის და შეცდომის მერეც“.
![]() |
14 ახალბედა N21 |
▲back to top |
ისტორია
რეჟისორ ბიძინა ყანჩაველის ევროპული არტ-მარში
ავტორი: დავით ბუხრიკიძე
ბიძინა ყანჩაველი
...ბარო, დავით (კითხვა-ძახილის ნიშანი). რა გითხრა, მე არა მიშავს, კარგად ვარ. ახალი და განსაკუთრებული არაფერია. შრომა-გასწორების კოლონია არ დასრულებულა, ინსპირაციის წყაროს ისევ ყველგან და ყველაფერში ვეძებ. ასე რომ, შეგრძნებები და ინტუიცია გაფაციცებული მაქვს (სმაილი). თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულს მაინც ახალი იდეები მოაქვს. ვიყავი მიუნჰენში. ახლახან დავბრუნდი ბარლინში, სადაც დედამიწაზე ყველაზე მეტი სიმწვანე და ჟანგბადია (მოცეკვავე კაცუნა). უკვე მოგწერე, რომ ვმუშაობ სცენარზე და ჩემს პროდუსერთან, პიერთან ერთად - ვიღებ ახალ ფილმს. ალბათ 2-3 თვე კიდევ დამჭირდება და დავასრულებ.
სათაური დაზუსტებული არა მაქვს. „პეპლების მილენიუმი“ ან „თეთრი პლანეტა“ პირობითი სახელწოდებაა. თუმცა პირველი ვარიანტი უფრო მომწონს და შეიძლება დავტოვო. მინდა მულტიპლიკაცია, გამოსახულება და მუსიკა ისე შეერთდეს, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. არ ვიცი, დიორ ლიგეტის (დიდი თანამედროვე უნგრელი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა სტენლი კუბრიკმა გამოიყენა ფილმში „2001“ - დ.ბ.) მუსიკალური პასაჟები რა დოზით დავტოვო. მუსიკა, ხმაური და სიჩუმე აუცილებლად ზუსტი პროპორციით უნდა იყოს დაცული, თორემ მაყურებელს მალე მობეზრდება (ბევრი წერტილი).
ჰო მართლა, გული მწყდება, რომ ზამთარში ბერლინის ფესტივალის დროს, მიუნჰენში მაინც ვერ ჩააღწიე (ნაღვლიანი სახე). „შტატსოპერაში“ დორის დორიეს (ცნობილი გერმანელი რეჟისორი ქალი, რომელიც თანაბარი წარმატებით მუშაობს კინოსა და თეატრში - დ.ბ.) „რიგოლეტო“ ფანტასტიური დადგმით ისევ რეპერტუარშია. მგონი, ჯილდას უკვე შენი საყვარელი კრისტინე შეფერი მღერის (ცერი მაღლა). დორისის სპექტაკლი ფილმ „მაიმუნების პლანეტის“ ასოციაციებით არის შთაგონებული, რაც არ მიკვირს... ხულიგანი ქალია (გული, სმაილი). მარტო პროგრამითაც კი დარწმუნდებოდი ამ რეჟისორის ფანტაზიაში, მეტზე რომ არაფერი ვთქვა.
ხომ იცი, მიუნჰენი ძალიან სნობური და ბურჟუული ქალაქია, ბერლინთან შედარებით. ვერდის ყველაზე ცნობილი ოპერის გაშარჟება-გაშაყირება დორისს ძვირად დაუჯდა - კონსერვატორმა პუბლიკამ და მუსიკოსების დიდმა ნაწილმა რეჟისურა მიწასთან გაასწორეს, მაგრამ არტ-პუბლიკას, მემარცხენეებსა და ჟურნალისტების ნაწილს მაგრად მოეწონათ (ტაში, სმაილი).
საქართველოს შესახებ ახალი რამე მომწერე: რა მოხდა, ვინ რა ჩაიდინა. ვინ ამაღლდა, ვინ დამდაბლდა... (მაგრამ მეილის ეს ფრაგმენტი უკვე საინტერესო აღარაა, რადგან საკუთარი თავის შესახებ უმსგავსო და უსარგებლო ამბების ხალისით წერას არც ვაპირებ - დ.ბ.).
ახლა უფრო მოკლედ და გასაგებად: ჩვენი ელექტრონული მიმოწერა და ურთიერთობა კინორეჟისორთან და სცენარისტთან, ბიძინა ყანჩაველთან, რომელიც ბერლინში 2002 წლიდან ცხოვრობს და ფილმებსაც იღებს, უკვე წლების განმავლობაში გრძელდება. ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორის სტილიც და სათქმელიც სრულიად განსხვავებულია თანატოლი ხელოვანებისგან, რადგან იგი არ ცდილობს, მეინსტრიმი როგორმე ხელოვნებად გაასაღოს, ან პირიქით - არტი კომერციულ სანახაობად აქციოს; პირიქით, მისი ფილმები: „ახალბედა №21“ (1999), „მიმაგრებულები მიწაზე“ (2002), „მუდმივი სამალავი“ (2003), „ექსტრემა“ (2004), „შვიდნახევარი ქალი“ (2006), „6 სურათი სამყაროზე“ (2007) - თითქოს გაბრუნებთ 20-იანი წლების კინემატოგრაფის ექსპერიმენტულ და ძიებით სავსე ხანაში. სიურრეალისტური თხრობით, გამოხატვის სრული თავისუფლებით, თვითკმარი ესთეტიზმით, ვიზუალური ძიებებით, საგანგებო თუ ხაზგასმული არაკომერციულობით...
34 წლის კინორეჟისორს ბერლინის არტ-წრეებსა თუ კინოსამყაროში საკმაოდ კარგად იცნობენ, თუმცა საქართველოში მისი შემოქმედების შესახებ გაცილებით ცოტა რამ იციან და ნაკლებად წერენ. როგორც იქნა, გასულ წელს მისი ნახევარსაათიანი ფილმი „6 სურათი სამყაროზე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ „პრომეთეს“ არასაკონკურსო პროგრამაში ორჯერ უჩვენეს, ხოლო გოეთეს გერმანული კულტურის ინსტიტუტმა მოაწყო მისი ყველაზე ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „შვიდნახევარი ქალის“ ჩვენება. რეჟისორის შესახებ გაცილებით მრავალფეროვან და საინტერესო ინფორმაციას გაეცნობით დასავლურ მედიაში, ვიდრე საქართველოში, და ამისათვის ინტერნეტის თვალის გადავლებაც საკმარისია.
თანამედროვე ვიდეო-არტის მეტრმა, რეჟისორმა მეთიუ ბარნეიმ, რომელმაც ბიორკის სიმღერების უცნაური და შთამაგონებელი კლიპები გადაიღო, ასეთი ფრაზაც კი თქვა ბიძინა ყანჩაველის „შვიდნახევარი ქალის“ ნახვის შემდეგ: „უბრალოდ გამაოგნა ამ არაჩვეულებრივმა, რვაწუთიანმა სიურრეალისტურმა ფილმმა. ორიგინალურია, ოდნავ მომნუსხავი და უფრო სიზმრისეული... აღფრთოვანებული ვარ მისი მახვილგონივრული თხრობით, გამოსახულებით, ძალიან ზუსტი ირონიით; გამბედაობით, ტალანტით, თავისუფლებით - არასდროს დათანხმდეს კომერციულ კომპრომისზე, რაზეც ადრე თუ გვიან ბევრი ცნობილი რეჟისორიც თანხმდება.
ცნობილმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა კი ბერლინში, ერთ-ერთ კინოჩვენებაზე, ფილმის ნახვის შემდეგ მადლობა გადაუხადა ქართველ რეჟისორს „წარუშლელი, შთამაგონებელი, კულტურული ასოციაციებით დატვირთული შთაბეჭდილებისათვის“.
კადრი ფილმიდან „ექსტრემა“
კადრი ფილმიდან „ექსტრემა“
2007 წელს ბერლინში, დავიდ გალოს ცნობილ კერძო გალერეაში „შვიდნახევარ ქალს“ რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩვენებდნენ. ცნობილი ფრანგულ-გერმანული ტელეარხის - „არტეს“ დაკვეთით რამდენიმე დასა ვლეთ ევროპელ რეჟისორთან ერთად ბიძინა ყანჩაველმაც გადაიღო ფილმი. ერთადერთი, რაც ამ პროექტს, ანუ პატარა, 8-10-წუთიან ფილმებს აერთიანებდათ, არის პირველივე ფრაზა - „მე გასაღები დავკარგე“. ყველა ფილმი სწორედ ამ წინადადებით იწყება. უნდა ითქვას, რომ ნაირგვარი ავანგარდისტის მფარველმა „არტემ“ 2007 წელს ეს საინტერესო პროექტი სამჯერ უჩვენა. ქართველი რეჟისორი კი ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპელი აღმოჩნდა, რომელიც დასავლელი კოლეგების „მარაქაში“ საფუძვლიანად გაერია.
საერთოდ, ფილმს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში, როგორც გერმანიაში, ისე სხვა ქვეყნებში.
ლამაზი, ფერწერული, დეკორაციული მაგრამ უჰაერო და უსასრულო კორიდორი „შვიდნახევარ ქალში“ იქცევა მოტიტინე შიშველი ქალებისა და მთავარი გმირის - ახალგაზრდა, დეპრესიული მამაკაცის ურთიერთობის „ლაბირინთად“. მეორე მხრივ, ეს არის სამყარო, რომელშიც ყველაფერი ხელოვნური და ლამაზია, მაგრამ ყველაფერი ფიქციაა. ლურჯად შეღებილ ლაბირინთში გასასვლელს ვერავინ პოულობს. მამაკაცს, შესაძლოა, კლაუსტროფობია აქვს, ან ათასი კომპლექსი ჭირს. იქნებ ამიტომაც ხოცავს მის სამყაროში მოულოდნელად შეჭრილ, თავხედ ქალებს პატარა და კარგად გალესილი ნიჩბით, რაც უფრო რეჟისორის „შავი იუმორით“ შთაგონებულობაზე მიუთითებს.
„არტ-მაგაზინი“ (ბერლინი):
„რა არის ეს? სიურრეალისტური სიზმარი, პაროდია ძალადობასა და პორნოგრაფიაზე, თუ თანამედროვე ზღაპარი დეპრესიულ, ქალთმოძულე ხელოვანზე, რომელიც ქალებს უმიზეზოდ უსწორდება? ნებისმიერ შემთხვევაში, უამრავი კითხვა თუ აზრი გებადებათ, როცა ეს რვაწუთიანი, დახვეწილი და ძლიერი ვიზუალური ზემოქმედების მქონე ფილმი მთავრდება. „შვიდნახევარი ქალი“ არღვევს ტრადიციულ ნარატიულ თხრობას და თანამედროვე ვიდეოხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. რეჟისორი ახერხებს ოქროს შუალედის მოძებნას ტრადიციულ კინოთხრობასა და ვიზუალურ ხელოვნებას შორის და, მცირე დროის მიუხედავად, სოციალური და სექსუალური იდენტობის დაკარგვის შიშს იკვლევს...
თანამედროვე ადამიანის უსუსურობა, ჩაკეტილობა და მღელვარება სოციალური უპასუხისმგებლობის წინაშე სიმბოლურადაა გადმოცემული ქალის სიშიშვლის დემონსტრაციითა და დაკარგული გასაღების ძებნით, რაც სქესთა შორის „დაკარგულ“ ურთიერთობას უფრო წააგავს. სინამდვილეში ეს ადამიანური ურთიერთობის და გაუცხოების ლაბირინთია, საიდანაც გასასვლელი არ არსებობს. რეჟისორი ზუსტად გამოხატავს თანამედროვე ხელოვნების კრიზისულ ატმოსფეროს და უაზრობამდე მისულ ფიზიკურ ურთიერთობებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ერთი შეხედვით უემოციო, დისტანციური თხრობა და მეტაფიზიკური იუმორი, რომელიც ამბავს სიზმრისეულ თამაშად გარდაქმნის“.
კინოს ისტორიაში უკეთ გაწაფულები ფილმში „შვიდნახევარ ქალი“ ალბათ რუსი რეჟისორის, ალექსანდრ ბარნეტის ულამაზესი მუნჯური ფილმების გარკვეულ გამოძახილსაც დაინახავენ (სწორედ ბარნეტის ფილმებში გამოჩნდა პირველად ლეგენდარული მსახიობი ვერა ხალოდნაია). მითოლოგიითა და ლიტერატურით შთაგონებულებს უფრო „ლურჯწვერას“ ასოციაციები აღეძვრებათ. ვიღაცებს აუცილებლად გაახსენდებათ გამომწვევი, ეპატაჟური და ლამის აღმაშფოთებლად თავისუფალი რეჟისორი ალეხანდრო იოდოროვსკი, რომლის ეროტიზმი და ირონია უსამართლოდ ჩაიკარგა თანამედროვე კინოს ისტორიაში. სხვათა შორის, თავად ბიძინა ყანჩაველი არ მალავს, რომ მისი შემოქმედების თაყვანისმცემელია და არც მისი ფილმების გავლენას უარყოფს.
კადრი ფილმიდან „6 სურათი სამყაროზე“
კადრი ფილმიდან „ახალბედა N21“
მარტივ და საფუძვლიან კითხვაზე: თუ ევროპაში ბიძინა ყანჩაველის ფილმებს სხვადასხვა კინოფესტივალებზე (ობერჰაუზენი, რომი, ზაგრები, ოლდენბურგი, ნანსი, ლუნდი, ბოლონია) წარმატებით უჩვენებენ, ხოლო გერმანული და ფრანგული ტელეარხები სიამოვნებით უთმობენ ეთერს, რატომ ვერ მოხვდა მისი თუნდაც ერთი ფილმი ქართულ ტელეარხებზე ან რომელიმე კინოთეატრში - ლოგიკური პასუხი არ მომისმენია. თავის გამართლება არაკომერციულობის მიზეზით ნებისმიერ დროს და ვითარებაში შეიძლება და, სიმართლე ვთქვათ, ეს უკვე სასაცილოა და მომაბეზრებელიც.
მაშ ასე, რიგითი ქართველი ბიძინა ყანჩაველი. დაიბადა ქუთაისში, 1974 წელს. დაამთავრა ყოფილი პირველი გიმნაზია, სადაც აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ნიკო მარი, ვლადიმერ მაიაკოვსკი და სხვა საინტერესო ხალხი სწავლობდა. ჯერჯერობით ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დერეფანში რეჟისორის ფოტო ან პორტრეტი სახელოვანი წინაპრების გვერდით არ კიდია. „ისე, რა იცი, ჯერ ახალგაზრდა ვარ, ბოლომდე დაუფასებელი შემოქმედი... ყველაფერი წინ მაქვს“, - ამბობს საკუთარ თავზე და იუმორი არასდროს ღალატობს. უსამართლობა იქნებოდა, არ გვეთქვა, რომ თავის დროზე, როცა დაწყებით კლასებში სწავლობდა, წარჩინებულთა დაფაზე მაინც ეკიდა მისი ფოტოსურათი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზკულტურის გაკვეთილზე, აღნაგობის გამო, მწყობრში სულ ბოლოში იდგა.
დაახლოებით 18 წლის ასაკში მიხვდა, რომ ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სადაც მასალათა გამძლეობას სწავლობდა, ხელოვნებასთან მაინც ვერასდროს გადაიკვეთებოდა, ინსტიტუტი მიატოვა და 1995 წელს თეატრალურ ინსტიტუტში, ჯერ კინომცოდნეობის, შემდეგ კი სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა.
„პირველი ფილმი, რომელმაც მართლა გამაოგნა, იყო რეჟისორ ბერნარდო ბერტოლუჩის „მეოცე საუკუნე“. თუმცა მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომავალში კინორეჟისორი გავხდებოდი. და მაინც, ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი მამაჩემს, რამაზ ყანჩაველს მიუძღვის. იგი ხელოვნების კარგი მცოდნე და მოყვარულია.
იმ პერიოდში თეატრითაც ვიყავი გატაცებული, ვწერდი პიესებს. დავდგი ოთხი სპექტაკლი ქუთაისში. მათგან ორი რუსთავის თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღაბზე“ იყო წარმოდგენილი და პრიზებიც დაიმსახურა. გარკვეული სითამამე შემმატა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ყურადღებამ. ერთხანს ბატონ რეზო გაბრიაძესთანაც გავდიოდი მასტერ-კლასს, მის მიერ დაარსებულ ფანტასტიურ მარიონეტების თეატრში.
სწორედ ამის შემდეგ ჩავაბარე კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, ბატონ რეზო ესაძის ჯგუფში. გაბედულება ცოტა მომემატა პირველი ფილმის გადაღების შემდეგ, რაშიც ჩემი პედაგოგისა და ოსტატის, რეზო ესაძის დიდი წვლილიც იგულისხმება“.
მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი ფილმი „ახალბედა №21“, რომელიც დამწყებმა რეჟისორმა უახლოესი ადამიანების - გიზო ბერაძისა და გივი ყანჩაველის თანადგომით გადაიღო, 1999 წელს რომის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის“ გრანპრით აღინიშნა. ეს უდიდესი სტიმული აღმოჩნდა შემდგომში ფილმების გადასაღებად. მიუხედავად იმისა, რომ „ახალბედა №21“ უკვე არარსებულ ქარხანაშია გადაღებული, პოსტსაბჭოთა საქართველოს ფანტომური ტკივილები იკითხება. დაბნეული ახალბედა სამხედრო მოსამსახურე თითქოს კაფკიანურ აბსურდში ხვდება - „ქაღალდის კომბინატში“, სადაც გეჩვენებათ, რომ სამოქალაქო თავდაცვის კურსებს გადიან.
კადრი ფილმიდან „შვიდნახევარი ქალი“
კადრი ფილმიდან „შვიდნახევარი ქალი“
აბსურდის, თეატრალურობის, შიშისა და ქაოსის ატმოსფერო გარკვეულ მხატვრულ სამყაროს ქმნის, რაშიც რეჟისორული ხელწერა და თავისებურება იკითხება. იგი უფრო დახვეწილ ფორმებს ღებულობს ფერად და დეკორაციულ ფილმში „დამაგრებულები მიწაზე“, სადაც უკვე სამყაროსა და სიყვარულის პარალელური ნგრევის მოტივები ვითარდება. ცხადი, მაგრამ ფერებით შენიღბული ეს ფილმი-სიზმარი თუ ფილმი-კოშმარი უფრო ექსპერიმენტული კინოსკენ იხრება. დამდგმელი ჯგუფი (რეჟისორი - ბიძინა ყანჩაველი, ოპერატორი - ნუგზარ ნოზაძე, მსახიობები - ნინო ყრუაშვილი, თემო ნაცვლიშვილი, თამილა ლასხიშვილი) თითქოს ერთი ამოსუნთქვით „კითხულობს“ ამ ბიბლიურ ანტიზღაპარს, რომელშიც კარგი ფინალი არ არსებობს.
პირობითი დეკორაციები და აბსტრაქტული პერსონაჟები რეჟისორის სათქმელს გარკვეულ ბუნდოვანებას ანიჭებს. თუმცა განზოგადება მაღალი ემოციური და ფერწერული „გრადუსის“ ხარჯზე ხდება... გამომწვევი თეატრალურობა და ფერწერულობა სტილს უფრო ნიშნავს, ვიდრე ნაკლს.
2002 წელს რეჟისორი გერმანიაში მიემგზავრება და იღებს ფილმს „მუდმივი სამალავი“, სადაც დასავლური პრობლემები სამხრეთულ მგრძნობელობას ერწყმის. ბერგმანის ფილმის ენით რომ ვთქვათ, ეს არის „ცოლქმრული ცხოვრების სცენები“, სადაც ახალგაზრდა წყვილი - ქალი და მამაკაცი ეგზისტენციურ და სექსუალურ კრიზისში ნებით ექცევა. თუმცა კონფლიქტის მიზეზებს სულ სხვაგან ეძებენ. ვიდეოსა და კინოს ზღვარზე გადაღებული ფილმი გამოირჩევა გერმანელ მსახიობთა შესანიშნავი ნამუშევრითა და მსხვილი ხედებით.
ამას მოჰყვა „ექსტრემა“ - პატარა, მაგრამ საკმაოდ რთული და თეატრალური ხერხით გადაღებული ფილმი, რომელიც იმდენად ექსტრემალური გამოდგა, რომ რეჟისორს თითქმის სამი წელი მოუხდა მუშაობა. ეს არის ადამიანი-მსახიობის, ადამიანი-ნიღბის ბრძოლა სოციალურ გარემოსთან, რომელშიც პიროვნება ერთი შეხედვით მარცხდება, მაგრამ საკუთარ თავისუფლებას იცავს. ფილმში რეჟისორმა ემიგრანტი რუსი მსახიობი გადაიღო, რომელიც დაახლოებით იგივე პრობლემებს აწყდებოდა ცხოვრებაში, რასაც მისი გმირი ფილმში. ამდენად, პიროვნების იდენტიფიცირების თემამ უფრო მნიშვნელოვანი და განზოგადებული მნიშვნელობა შეიძინა.
2007 წელს ბავარიაში, ლუდვიგსბურგის სკოლაში გადაიღო ფილმი „შვიდნახევარი ქალი“, რომელიც „არტეს“ დაკვეთით შეიქმნა და რომელმაც რეჟისორს სხვადასხვა ჯილდო, პრიზები თუ შემოქმედებითი წარმატება მოუტანა; ერთი წლის შემდეგ კი - ფილმი „6 სურათი სამყაროზე“, რომლის პრემიერამ ბერლინის „თეატერჰაუზში“ წარმატებით ჩაიარა. ამ ექსპერიმენტული ფილმის შინაარსის გადმოცემა ისევე რთულია, როგორც სიზმრის ახსნა და მოყოლა ან ექსპრესიონისტული ნახატის რეალისტური ხერხებით ახსნა. ფილმის სამი ფერი (ლურჯი, მწვანე და წითელი) სრულებით არ ატარებს სოციალურ ან პოლიტიკურ დატვირთვას. ექვსი ეპიზოდის პერსონაჟები რაღაც ბიბლიური ტანჯვისა თუ ცოდვის ტყვეობაში არიან. საერთოდ, ფილმის ვიზუალური ზემოქმედება, ხატები და ატმოსფერო მაყურებლისგან სრულიად ახლებურ წაკითვას გულისხმობს.
ახალი ფილმის - „პეპლების მილენიუმის“ სცენარზე მუშაობა ბიძინა ყანჩაველმა თავის პროდიუსერთან, პიერ დუსტთან (რომელთანაც, უკვე დიდი ხანია, მუშაობს) 2008 წელს დაიწყო, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო, სცენარი რამდენჯერმე შეცვალა. შემდეგ გადაღება ცოტათი დაგვიანდა..., ამჟამად კი ფილმზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და „თეთრი პეპლებით“ დასახლებული პლანეტა, ლიგეტის მუსიკის თანხლებით, მალე ახმაურდება. უკვე გამოცდილი, მაგრამ მაინც „ახალბედა №21“ არტ-ჰაუზს არ ღალატობს.
![]() |
15 მერე, რა! |
▲back to top |
სპეცპროექტი
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: CANDY CACTUS
მანგრები იქ ხარობენ, სადაც ნებისმიერი სხვა ხე იღუპება: მარილიან წყალში, მწველი მზის ქვეშ. ისინი ტროპიკული სანაპიროების სადარაჯოზე დგანან. ისინი გარემოს ათასგვარი განსაცდელისგან იცავენ და უამრავ სულიერს აძლევენ თავშესაფარს. ისინი რომ არა, ჩვენი დედამიწა სულ სხვანაირი, ბევრად უფრო ულამაზო, ღატაკი და უბედური იქნებოდა.
ბედნიერება სულაც არ ნიშნავს, რომ არანაირი უბედურება არა გჭირს. ბედნიერება სულ სხვა ამბავია: თუ გიხარია, ბედნიერი ხარ.
მოდი, გავიხაროთ! გავიხაროთ, რომ ცოცხლები ვართ. რომ მზე ამოვიდა. რომ ყველა ბავშვი არაჩვეულებრივია. რომ ვიღაცას ვიღაცა უყვარს და ჩვენც აუცილებლად ვეყვარებით. გავიხაროთ, როგორც ჩანდყ ჩაცტუს-ის ფოტოპროექტის გმირებს უხარიათ - პატარა, მოღიმარ, არაჩვეულებრივ ადამიანებს.
ისინი რომ არა, ჩვენი დედამიწა სულ სხვანაირი, ბევრად უფრო ულამაზო, ღატაკი და უბედური იქნებოდა.
ძალიან მარტივი კერძია: ლობიოს მსგავს დიდ მარცვლებს ათასგვარი სუნელი უნდა მოაყარო, ზედ ლიმონი დააწურო - და სულ ესაა. უბრალოდ, ყველას არ გამოსდის, რადგან ამ საქმეს ლამაზი დახლი, კოხტა ჯამები და დამასკოელი ბატონი მეჰთის მადლი სჭირდება.
ბატონი მეჰთი თავის საქმეს დიდი გულისყურით ეკიდება. ხუმრობა ამბავია?! - თითო ულუფა, რომელიც კაცს ისე ანაყრებს, რომ მერე მთელი დღე საჭმლის გახსენებაც არ უხარია, ძალიან ძვირია - ჩვენი ფულით 20 თეთრი ღირს!
ამ დიდ, დიდ მანქანას შეუძლია, რიზედან ძალიან შორს წაგიყვანოს, ქვეყნის დასალიერში, თუნდაც სტამბოლში. ცოტა სანერვიულო ამბავი კია - ეხუმრები, ამხელა სახლი რომ დაიძრება და გაგიტაცებს? მაგრამ მაინც კარგია.
მრავალი წლის წინათ ტიგროსის ნაპირზე ჰასანქეიფი იყო აღმართული: ძველისძველი სასახლეები, დიდებული მეჩეთი, კლდეში ნაკვეთი სახლები და აი, ეს ხიდი. ხიდიცაა და ხიდიც!
1116 წელს ფარეთინ ყარაასლანის მიერ აგებული შედევრისა დღეს ნანგრევიღა დარჩა. თურმე ოდესღაც ამ ხიდს ცალკეული ნაწილები ხისა ჰქონია, და როცა ჰასანქეიფს მტერი შეუტევდა, ქალაქელები ამათ მოაშორებდნენ ხოლმე, და მტკიცედ იდგა აუღებელი ციხე-სიმაგრე, ჰასანქეიფი...
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჰასანქეიფის დიდება დავიწყებას მიეცა, როგორც ჩანს, სამუდამოდ.
რამდენიმე წლის წინათ ილისუს წყალსაცავის შენება დაიწყეს. როცა ის აშენდება, ჰასანქეიფი აღარ იარსებებს. მართალია, მსოფლიო ამბოხდა, მეცნიერები, გარემოს დამცველები და სხვანი აღშფოთდნენ - და რა? მშენებლობის მესვეურებმა ბრძანეს, - ქალაქს დავშლით და სხვაგან, ეროვნულ პარკში გადავიტანთო, - მაგრამ ეს არავის მოსწონს და არავის სჯერა.
...მანამდე კი ფარეთინ ყარაასლანის ხიდის ნანგრევებზე სახლი დგას - პატარა, ბრიყვული, ძალიან ლამაზი სახლი, რომელშიც ადამიანები ისევე ცხოვრობენ, როგორც მე და თქვენ. მათაც უხარიათ, მათაც სწყინთ, მათაც უყვართ და ეჯავრებათ, უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებით, არ წუწუნებენ, არ მოთქვამენ, და არ ფიქრობენ იმაზე, თუ რას უქადით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ილისუს წყალსაცავის არსებობა - რა დროს ეგაა! ჯერ ჰასანქეიფში მზე ჩადის, აგრილდა, და ცხოვრება მშვენიერია.
წალკაში უამრავი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ლამაზი მხარეა, მაგრამ, - სამოთხეაო, - ვერ დააბრალებ - მძიმე ჰავაა, ან ძალიან ცხელა, ან ძალიან ცივა, ჭირს...
მასპინძელი ქალბატონი სომხურ ენაზე ლექსს კითხულობდა. ეს ლექსი თავად დაწერა და მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა, მადლიერი იყო, რომ მან პენსია დაუნიშნა.
ქალბატონი გამოთქმით კითხულობდა და, როგორც ჩანს, მეუღლეს ძილი დაუფრთხო.
„მომისმინე, - უთხრა კაცმა, - იცი, რა საშინელი სიზმარი ვნახე? ვითომ შენი ქათამი დამაფრინდა და კორტნა დამიწყო! აქ არ მჯდარა?! კიდევ კარგი, გამაღვიძე“.
მერე ოჯახის უფროსი გადატრიალდა და კვლავ ტკბილად დაიძინა.
კლდეკარი აქვეა, თბილისიდან ორ ნაბიჯში. ეს გოგონა კლდეკარელია, თბილისიდან ორ ნაბიჯში ცხოვრობს, მაგრამ ქალაქში არასოდეს ყოფილა.
კაცმა რომ თქვას, რად უნდა? კლდეკარში უფრო სუფთა წყალია, უფრო საამო ჰაერი, უფრო ლამაზი ტყე. კლდეკარში დედ-მამა ცხოვრობს და, აბა, მათზე მეტად გოგონა ვის ეყვარება? თეთრ ცხენზე მჯდომი უფლისწული კი სწორედ იმიტომაა ნამდვილი რაინდი, რომ თავის საოცნებო, ყველაზე კარგ გოგოს უცხო სამეფოში ჩააკითხოს. მაგალითად, კლდეკარში.
რა არის საჭირო ბედნიერი სიბერისთვის? კარგი დარი, თუთუნი, ერთი მუჭა ნიგოზი და ბევრი შვილიშვილი, რომლებსაც ძალიან უყვარხარ.
ზემო აჭარაში, თხილვანასა და კალოტას შორის მცხოვრებ ბატონს ეს ყველაფერი უკვე აქვს და, როგორც ჩანს, მეტი არც არაფერი უნდა.
ერთი ბრიყვული სიმღერა იყო, დაახლოებით, ასეთი შინაარსისა: „იქ რა დაგიკარგავს, პატარავ? იქ შიმშილია“.
კამბოჯაშიც, ცოტა არ იყოს, შიმშილია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ პატარა, ლამის ქვაბისხელა კამბოჯელს სამზარეულოს მაგიდაზე აღმოჩენილი გაუგებარი ნივთი ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე რომელიმე ოლიგარქის შვილს - ძვირფასი სათამაშო. ბავშვებმა ყველაზე კარგად იციან საინტერესო სისულელეების ფასი.
რა კარგი დარია! რა ლამაზი მაისური მაჩუქეს! როგორი ტკბილი, ტკბილზე ტკბილია ბიძიას ჩამოტანილი საზამთრო! თან, შეგიძლია გემრიელად მიირთვა, როგორც შენს გულს გაუხარდება, ხელებიც დაისვარო და კურკებიც გადმოაფურთხო, იმიტომ, რომ გორელოვკაში ნერვებს არავინ აგიშლის და არავინ გეტყვის, - სუფრასთან როგორ იქცევი, ბიჭო, წესიერად ჭამეო.
ბოშური ნათქვამია: „თუ უბედური ბავშვის ნახვა გინდა, მდიდარი კაცის კართან მიდიო“.
ვიღაცას უთქვამს, - ჯავახეთის ზეგანი მეორე ციმბირიაო, - და მწარედ შემცდარა. რა შედარებაა! დალოცვილ ციმბირში ხალხი ყოველთვის ცხოვრობდა, აქ - არასოდეს, სანამ ღმერთმა დუხობორებს არ უბოძა ეს მიწა და ეს პური, დუხობორი პაპას მიერ გამომცხვარი.
ნახეთ, როგორი პურია! ზუსტად ისეთი, ლოცვაში რომ სთხოვენ ხოლმე უფალს მის იმედად მყოფი ადამიანები.
ლაოსელ ძროხას არავინ აწყენინებს. ის ძროხაა, ანუ დედა და თან ცოტა ნახევარღმერთი. ლაოსი დიდი კეთილდღეობით არ გამოირჩევა, მაგრამ ძროხას მაინც არავინ შეჭამს, რადგან იმის მოკვლა, ვის რძესაც სვამ, სხვა თუ არაფერი, უმადურობაა.
თავის ღვთაებრივ ბუნებაში დარწმუნებული ქალბატონი ძროხა ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა: მან იცის, რომ წუმპე მხოლოდ ერთი შეხედვითაა წუმპე, სინამდვილეში კი იქ ლოტოსი ყვავის.
![]() |
16 SOS!!! ექსკლუზიური უბანი |
▲back to top |
iსაქართველო
URBAN REACTOR
www.ureactor.blogspot.com
სივრცე, როგორც საზოგადოების იდეოლოგიის მაფორმირებელი ერთ-ერთი ფაქტორი, ამავე საზოგადოებაში გაბატონებული ღირებულებების და თავად საზოგადოების რაობის ყველაზე თვალსაჩინო და ზუსტი მაჩვენებელიც არის. ამ ღირებულებებს მიღმა იგი ზედმიწევნით ასახავს დომინანტურ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ტენდენციებს და მათ დინამიკასაც. (perifrazi Lefebvre, H. Production of Space).
GAED COMMUNITY - ქართულ სიტყვიერებაში, საბედნიეროდ, ჯერ არ დამკვიდრებულა. პირდაპირი გაგებით, ყველაზე მიახლოებული განმარტება არის „იზოლირებული საცხოვრებელი უბანი“, მაგრამ თუ ტერმინს ქართულ რეალობასაც მივუსადაგებთ, მაშინ უფრო გასაგებად ჟღერს - ექსკლუზიური საცხოვრებელი უბანი. თუმცა, სანამ ქართულ რეალობაზე გადავიდოდეთ, ჯერ თავად ფენომენის შესახებ...
იზოლირებული საცხოვრებელი უბანი წარმოადგენს კერძო საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებულ ტერიტორიას, რომელიც შემოღობილი და დაცულია მაცხოვრებელთა მყუდროების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უმეტეს შემთხვევებში, ასეთი ტერიტორია აღჭურვილია ზედამხედველობის კამერებით, ხშირ შემთხვევაში, ასევე, ემსახურება დაქირავებული დაცვა. მაღალი კლასის ან „ელიტური“ საცხოვრებელი კვარტალი ხშირად უზრუნველყოფილია სხვა ავტონომიური ფუნქციებითაც: სპორტული მოედნებით, საცურაო აუზებით, კლუბით, საბავშვო ბაღით და სხვა. ასეთი უბნების სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია ახლომდებარე სავაჭრო-სარეკრეაციო ცენტრი (Shopping mall), რომელიც თანამედროვე ურბანული სივრცის კიდევ ერთ ატრიბუტად ჩამოყალიბდა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განაშენიანების რეალური სამშენე ბლო ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს მომხმარებლის კონკრეტული სეგმენტის მიხედვით, ეს დიდად არ მოქმედებს მყიდველთა ენთუზიაზმზე. მათ უმრავლესობას ასეთი საცხოვრებელი კვარტალი უკეთესი სოციალური სტატუსის დამკვიდრების საშუალებად მიაჩნია. პრესტიჟის, სოციალური სტატუსისა და უსაფრთხოების თუნდაც მხოლოდ მოჩვენებითი გამოხატულება ის ელემენტებია, რაც იზოლირებულ საცხოვრებელ უბნებს საზოგადოების თვალში სასურველ საცხოვრებელ გარემოდ აქცევს. ასეთ შეხედულებას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საზოგადოების პრივილეგირებული წევრები უპირატესობას ანიჭებენ ექსკლუზიურ უბნებში ცხოვრებას. შესაბამისად, საზოგადოების შემეცნებაში მკაფიოდ იდება მიჯნა უბნის შიგნით და გარეთ მაცხოვრებელთა შორის: შიგნით - უსაფრთხოება, ქონება, პრივილეგია, გარეთ - ქაოსი.
ამ სახით დანახული იზოლირებული საცხოვრებელი უბნები სოციალური უთანასწორობის, საზოგადოების პოლარიზაციის სივრცით მანიფესტაციას წარმოადგენს და, თავის მხრივ, განაპირობებს მისი მაცხოვრებლებისა და გარესამყაროს ურთიერთობის სპეციფიკას. ეს უბნები თავისუფალი ბაზრის მიერ დამკვიდრებული მომხმარებლური კულტურის პროდუქტია და ერთგვარად ხელს უწყობს მომხმარებლურ ცხოვრების წესს და მისგან გამომდინარე სოციალურ ურთიერთობებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც გადანაწილებულია იდეალურ, უსაფრთხო „კუნძულებს“ შორის მანქანით გადაადგილებაზე, ადგილი არ რჩება სხვა რეალობისთვის. რეალობისთვის, რომელიც სავსეა სიღატაკით, ავადმყოფობით, მტვრით, ნაგვით და ყველაფერი იმით, რისი დანახვაც ექსკლუზიური უბნების კეთილსინდისიერ მაცხოვრებლებს უბრალოდ აღარ სურთ.
თუკი განვაზოგადებთ, ექსკლუზიური და იზოლირებული საცხოვრებელი უბნები ბევრი სხვადასხვა ფორმით შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩვენ გარშემო. ხშირ შემთხვევებში ასეთ უბნებს ფიზიკური ღობე არ გააჩნიათ, თუმცა ისინი საზოგადოებას ისევე მიჯნავენ, როგორც ტიპიური Gated Community.
ვიღაცისთვის საზოგადოების ასეთი სეგრეგაცია შეიძლება ყოვლად ნორმალური, დამსახურებული და მისაღები მოვლენაა. ვიღაცისთვის ეს ხელსაყრელი ახალი პროდუქტი და ფინანსურად მომგებიანი „სიკეთეა“. ამ „სიკეთის“ საქართველოში დანერგვის შესახებ „სასიხარულო“ ინფორმაციას ქართული საზოგადოება უკვე ეცნობა თვალისმომჭრელი სარეკლამო კამპანიებიდან. სარეკლამო აბრები აღფრთოვანებით გვამცნობენ „თანამედროვე“, „ელიტური“, „ექსკლუზიური“ მშენებლობების შესახებ და „უსაფრთხო“ და „ჯანმრთელი“ ცხოვრების გარანტიას გვთავაზობენ. დაქირავებული დაცვა, კონსიერჟი, ძიძებით მომსახურებაც კი!!! ყველა ეს საოცნებო სიკეთე უკვე ჩვენ ხელთაა, თუმცა ვიდრე ამ ახალ მოდას ჩვეული ენთუზიაზმით ავიტაცებდეთ, ალბათ ჯობს დავფიქრდეთ ამ „სიკეთის“ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ალბათ ჯობს, გავიხედოთ ყოველდღიური რუტინის მიღმა და დავინტერესდეთ იმ პროცესებით, რაც ასეთი უბნების გაჩენას განაპირობებს და იმ ცვლილებებით, რასაც ასეთი ცხოვრების წესის ფართოდ დანერგვა უქადის საზოგადოებას და ურბანულ სივრცეს.
20 მაისი, 2009
![]() |
17 რაფაელის სახარება |
▲back to top |
iსაქართველო
პაატა ქურდაძე
www.paatakourdadze.blogspot.com
საქართველოში წიგნებზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არაფერს. ამიტომ ქართული ლიტერატურა ნელ-ნელა კარგად ბალზამირებულ მიცვალებულს ემსგავსება, რომელიც თავის უკანასკნელ და სამუდამო სარეცელში არცთუ ისე ცუდად გამოიყურება.
რაფაელ გლუქსმანისა და მიხეილ სააკაშვილის, „მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით“, იმ წიგნების რიცხვს განეკუთვნება, რომელზეც, საქართველოსი არ იყოს, არ საუბრობენ, არ წერენ, არც კარგს, არც ცუდს... ეს ის წიგნია, რომლის მსგავსებსაც გამოცემიდან ორიოდე წლის შემდეგ ბუკინისტების შესასვლელებში იმ კალათებში წააწყდებით, რომელსაც აწერია „ ყველაფერი 2 ევროდ“, რაც გასაკვირი ალბათ თავად ბატონი გლუქსმანისთვისაც არ უნდა იყოს; იქნებ გულში ოცნებობდეს კიდეც, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა გაიგოს საფრანგეთში იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავა კალამმომარჯვებულ მდივნად საქართველოს ვარდისფერ პრეზიდენტთან... უკვე წინასიტყვაობაში თვითონვე თადარიგს იჭერს:
„ზოგიერთი ალბათ პროპაგანდის მცდელობაში შეიტანს ეჭვს. მე ასეთებს ვეტყვი, რომ ჩემი „ფერადი რევოლუციების“ მხარეს ანგაჟირებამ არა მხოლოდ იმის საშუალება მომცა, პირველს მიმეღო გულახდილი ახსნა-განმარტებები, არამედ აგრეთვე საშუალება მომცა, დამესვა უხერხული და გამაღიზიანებელი კითხვები არასრულყოფილი, არადამაჯერებელი და კრიტიკას დაქვემდებარებადი დემოკრატიის პრეზიდენტისათვის. თქვენ შეგიძლიათ არ ჩათვალოთ დამაჯერებლად ზოგიერთი მისი პასუხი, მაგრამ მოსმენას ისინი უდავოდ იმსახურებენ“. (რაფაელის სახარება. წინასიტყვაობა)
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორასგვერდიანი თავისუფლების ბიბლია 2008 წლის ნოემბერში გამოიცა. ომიდან სამ თვეში. მე ყოველთვის მაკვირვებდნენ ადამიანები, რომლებიც ასე სწრაფად, პატარა ნამცხვრებივით აცხობენ წიგნებს...
ჩემთვის ამ ნაწარმოების მთავარი ინტრიგა წინასიტყვაობის ეს აბზაცია. მართლაც საინტერესოა, როგორ მოახერხა რაფაელ გლუქსმანმა გამაღიზიანებელი კითხვების დასმა კაცისთვის, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტთა მთელი არმია ასეთი კითხვებით უიმედოდ დასდევს, უკვე 5 წელია. და საერთოდ, საინტერესოა, რას თვლის გლუქსმანი არასასიამოვნო და გამაღიზიანებელ კითხვებად? სწორედ ეს ინტრიგა გახდა მიზეზი, რის გამოც, ერთ-ერთი იშვიათთაგანი გავხდი, ვინც ეს წიგნი ბოლომდე წაიკითხა.
იშვიათად მინახავს, ადამიანს ასე ხალიჩასავით გაეფინოს კითხვები ინტერვიუერისთვის. ამას უდავოდ საბჭოთა ჟურნალისტიკის დიდი გამოცდილება სჭირდება, რაც რაფაელ გლუქსმანს არანაირად არ შეიძლება გააჩნდეს, ამიტომ პასუხი მარტივია. ჩემი აზრით, ის გარკვეული დროის განმავლობაში უბრალოდ იწერდა პრეზიდენტის საუბრებს, რომლებიც შემდეგ „დაამონტაჟა“ და ბოლოს კითხვებიც შეუსაბამა. შემიძლია ალალბედზე გადავფურცლო წიგნი და რამდენიმე შემთხვევით მოხვედრილი კითხვა გადაგითარგმნოთ. თავად დარწმუნდებით, რომ მათგან არც ერთი არ არის ისეთი, რომელიც სააკაშვილს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.
აი, მაგალითად, ამონარიდი წიგნის სულ პირველი გვერდებიდან, თავიდან, რომელსაც „ომი“ ჰქვია.
რ.გ. შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ დღეები, რომლებიც კონფლიქტს წინ უძღვოდა? რა მომენტში იფიქრეთ, რომ ომი მზადდებოდა? მ.ს. მანამდე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადამწყვეტი დარტყმა აფხაზეთიდან წამოვიდოდა. წინა თვეებში, რუსების მზადების შემხედვარე, ყველა ვვარაუდობდით, რომ აგვისტო ცხელი თვე იქნებოდა; ასევე - იალტის სამიტზეც, სადაც ბევრი რუსი იყო წარმოდგენილი, პუტინისტიც და ანტიპუტინისტიც, ყველა საქართველოსთან გარდაუვალ ომზე ლაპარაკობდა. ისე მესალმებოდნენ, როგორც სიკვდილმისჯილს. და ბოლოს, რუსების მიერ აგვისტოში კრიზისების შექმნის მიდრეკილება, როცა დასავლეთში ყველა არდადეგებზეა. თუმცა ასეთ მღელვარებებს მიჩვეულნი ვიყავით.
ჩემს მეუღლესა და შვილებთან ერთად იტალიაში, სპაში ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ შესაძლოა, რაღაც სახიფათო მზადდებოდა. ეს ივლისის ბოლო იყო. ჯერ ჩემმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ორასი რუსული ტანკი აფხაზეთში შედიოდა. ვუბრძანე, რეაგირება არ მოეხდინა და უბრალოდ შეეტყობინებინა ამერიკელებისა და ევროპელებისთვის რუსების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების ეს მორიგი დარღვევა.
მოვითხოვე, რომ არანაირი პროვოკაციის წინაშე უკან არ დაგვეხია; მით უმეტეს, აფხაზი სეპარატისტები ჩვენთან კონტაქტში შემოვიდნენ, რომ გავეფრთხილებინეთ: რუსები მათ დროდადრო უბიძგებდნენ, ჩვენი მესაზღვრეებისთვის კანტიკუნტად ესროლათ. ისინი გვთხოვდნენ, თუ პრორუსული დაჯგუფებები ჩვენ ხაზს შეუტევდნენ, რეაგირება არ მოგვეხდინა.
ამ დროს ოსეთში სიმშვიდე იყო. სეპარატისტებს შორის რამდენიმე ანგარიშსწორება მოხდა, მაგრამ ისეთი არაფერი, ჩვენ რომ დაგვმუქრებოდა. ჩვენ ამ დაძაბულობას აღვიქვამდით ბანალურ მაფიოზურ ბრძოლად რუსული ფულის გასაყოფად. შემდეგ სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვიდან დაბრუნდა, სადაც, როგორც მან განაცხადა, მოსკოვისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის კულტურული ურთიერთობების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი დაბრუნებისთანავე ქართულ პოლიციასა და ოს მილიციას შორის შეტაკებები დაიწყო. ჩვეულებრივ, ჩვენი საპასუხო სროლის შემდეგ მილიციონერები ყოველთვის აწყნარებდნენ სიტუაციას. ამჯერად კი საპასუხო სროლამ არაფერიც არ დააწყნარა.
მოვლენების განვითარებას ტელეფონით განვიხილავდით. ამავდროულად ვემზადებოდით სექტემბრისათვის, რომელიც ღირსშესანიშნავი მოვლენებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული: პირველად საქართველოს ისტორიაში ნატო-ს სამიტით, დიკ ჩეინის ვიზიტით და თბილისში პოლ მაკარტნის დიდი კონცერტით... ყოველივე ამის შემდეგ, ერთ დღეს ვრთავ რუსულ ტელეარხს და ვგებულობ, რომ ქართველები ომისთვის ემზადებიან. რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი ამტკიცებდა, რომ ჩვენ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, უკვე გვქონდა 8 აგვისტოსთვის კონფლიქტის დაწყების გეგმა. ეს სიურრეალისტურად გამოიყურებოდა, იმ დროს, როდესაც მე იტალიაში, სპაში ვიყავი, სხვათა შორის უამრავი რუსის გარემოცვაში, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრები კი არდადეგებზე - ზოგი ესპანეთში, ზოგიც საბერძნეთში ...
ამ ტიპის პროპაგანდის მიმართ უნდობლობა ნასწავლი მაქვს. ამიტომ 1 აგვისტოს გადავწყვიტე შემემოკლებინა ჩემი შვებულება იტალიაში და და თბილისში დავბრუნებულიყავი. როდესაც ჩამოვედი, ათასობით ოსი მილიციელი ქართულ პოლიციას უტევდა. ეს უკვე სერიოზულად გამოიყურებოდა. ჩვენ თავდაცვის მინისტრს დავურეკე და ვთხოვე, მარბელადან რაც შეიძლება სასწრაფოდ ჩამოსულიყო. მან სცადა აეხსნა, რომ ბილეთის გადაცვლა ნამდვილი თავსატეხი იყო, რომ ეს ყველაფერი უფრო რუსული ბლეფი იყო. მე დავაძალე და შემპირდა, რომ მეორე დღეს, დილას გამოფრინდებოდა. საბოლოოდ ის მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა... ეს რომ აგიხსნათ, თუ როგორ ვემზადებოდით ამ მომენტში ომისთვის: ჩემი თავდაცვის მინისტრი შვებულების დამატებით დღეებს იპარავდა...(რაფაელის სახარება. 1-ლი თავი: ომი. 20-21გვ.)
აი, ასე შეიკრიბა 3 აგვისტოს, როგორც იქნა, თბილისში ჩვენი სახელისუფლო, და განსაკუთრებით თავდაცვის აპარატი. უნდა ითქვას, ომს სულზე მოუსწრეს... პრინციპში, ეს ომიც ისე სწრაფად დამთავრდა, რომ თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს შვებულების ერთი-ორი დღე კიდევ რომ „მოეპარა“, ომი შეიძლება მარბელას მზიან პლაჟზე, ტელეფონით ხელში შეზლონგზე წამოკოტრიალებულს „გადაეგორებინა“. როგორც
პრეზიდენტი აღნიშნავს, მთელი ხელისუფლება ევროპის კურორტებზე იყო გაფანტული (იმედი მაქვს, არა იაფფასიან კემპინგებში). როგორც ჩანს, ომისთვის მათ სულაც არ ეცალათ. საერთოდ, რა უსინდისობაა, რა დროს ომი იყო ამ შუა აგვისტოში... ხომ შეიძლებოდა სექტემბრამდე დაეცადათ, სადღაც პოლ მაკარტნის კონცერტსა და თბილისობას შორის, შემოდგომის რომელიმე მოსაწყენ წვიმიან დღეს...
ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი თუ მართლაც ასე მოხდა და ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მართლაც უამბო რაფაელ გლუქსმანს, ტექსტის ამ ფორმით გამოქვეყნება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ფრანგი მეგობარი ან აბსოლუტურად არაკომპეტენტურია პროპაგანდაში, ან საერთოდ, მისი მეგობარი კი არა, მტერია. არის კიდევ მესამე ვარიანტი, რომ ბატონი გლუქსმანისთვის ჭეშმარიტება მეგობრობაზე მაღლა დგას... რაშიც მე სერიოზულად მეპარება ეჭვი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ წიგნს წმინდა წყლის, თუმცა დაბალი ხარისხის პროპაგანდად ვთვლი.
არანაკლებ საინტერესოა წიგნის მეორე თავი „საბჭოთა ახალგაზრდობის წლები“, სადაც ასევე აბსოლუტურად ახალ, დღემდე უცნობ ფაქტებს ვგებულობთ პრეზიდენტის ცხოვრებიდან.
მაშინ, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი ჯო დასენს უსმენდა, იხსენებს ყოფილი პატარა ბიჭი: „მარა (მარა ჭავჭავაძე, ფრანგულის მასწავლებელი) თავისთან კასეტაზე ჩაწერილ ივ მონტანის „მკვდარ ფოთლებს“ „პარიზის ცის ქვეშ“... და ჟილბერ ბეკოს „ნატალის“ მასმენინებდა... ამ ორ ანდერგრაუნდის მომღერალთან შეხების საშუალება იმხელა შოკი, არისტოკრატულობის ნიშანი და სიამოვნება იყო...“ ( რაფაელის სახარება. მე-2 თავი:საბჭოთა ბავშვობა.გვ.61)
ბატონ გლუქსმანს შევახსენებ, რომ 1967 წელს დაბადებული მიხეილი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, 1975-1977-1980 წლების ამბებს იხსენებს; აგრეთვე ვეტყოდი, რომ ამ დროს ჩვენ, ჯო დასენსა და მირეი მატიეს კი არა, Led Zeppelin-ის Physical Graffiti და Pink Floyd-ის The Wall-ს ვუსმენდით; უფრო წინ წასულები კი - Sex Pistols-ს და The Clash-ს, ხოლო ნამდვილი ოფიციალური „ანდერგრაუნდის“ წარმომადგენელმა, მუსიკალურმა ტელეკრიტიკოსმა, ჟენია მაჭავარიანმა ერთხელ სადღაც ნაშოვნი პანკების კლიპებიც კი გვაჩვენა გადაცემაში „ეს ესტრადაა“. ამ გადაცემის ეთერში გაშვების დროს თბილისის ქუჩები ისე ცარიელდებოდა, თითქოს კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული... თუმცა მე ამას საბჭოთა როკ ნ როლის საათს უფრო დავარქმევდი.
საერთოდ, ჟილბერ ბეკო არავითარი ანდერგრაუნდი არ ყოფილა, არც ივ მონტანი. არც თბილისში, და მით უმეტეს - არც პარიზში. თუ არ ჩავთვლით ამ უკანასკნელის მიმართ საჭოთა პარანოიკი იდეოლოგების წყენას: ის როგორც მეფე ისე მიიღეს მოსკოვში, მან კი, „უმადურმა“, პარიზში დაბრუნებისთანავე არცთუ სასიამოვნო სიმართლე თქვა თავის მოგზაურობის შესახებ წითელი სტუმართმოყვარე ბარბაროსების ქვეყანაში... მას შემდეგ გასტროლებზე აღარ იწვევდნენ. საბჭოთა მშრომელ ქალთა მასა კი უგონოდ იყო მასზე შეყვარებული, ამიტომ მინდა დავარწმუნო ახალგაზრდა გლუქსმანი, რომ მისი მოსმენის „არისტოკრატული პრივილეგია“, შუა აზიელი ქალბატონი ჭავჭავაძისა და პატარა მიხეილის გარდა, სულ ცოტა, ყოველ მეორე საბჭოთა კოლმეურნესა და ზეინკალ ქალს ჰქონდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეტყობა, კარგად იცის, როგორ შეძრას სულიერად პატიოსანი, დასავლელი ინტელექტუალი, რომელ ღილაკს რა დროს დაჭიროს თითი. მას უნაკლო CV აქვს, რომელიც რაფაელ გლუქსმანს არავითარ კითხვას არ უჩენს: ის უსიტყვოდ ენდობა თავის კავკასიელ ზარატუსტრას, რომელიც, ჩემი აზრით, წიგნის ამ ეპიზოდში გულუბრყვილო გლუქსმანს, ხალხურად რომ ვთქვათ, უბრალოდ აშაყირებს. მაგალითად, როდესაც თავისი ცხოვრების ამ ბუნდოვანი, მაგრამ ფრანკოფონული და ანტისაბჭოთა პერიოდის შესახებ ლაპარაკს ასეთი აბზაცით იწყებს:
მ.შ. ჩემი ბიძა დიპლომატი იყო. ის ამერიკაში მოღვაწეობდა და მთელ თავის დროს საბჭოთა რეჟიმის კრიტიკაში ატარებდა, ისევე, როგორც იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც გარს მეხვია... (რაფაელის სახარება. მე-2 თავი:საბჭოთა ბავშვობა.გვ.55)
როგორც ჩანს, ბატონ პრეზიდენტს მხედველობაში თავისი ბიძა, საბჭოთა კავშირის დამსახურებული დიპლომატი, ბატონი ექს-ამხანაგი ალასანია ჰყავს, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა დიპლომატიას წარმოადგენდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. რაზეც უნდა, დავენაძლევები ბატონ ახალგაზრდა გლუქსმანს, რომ პრეზიდენტი ცილს სწამებს ბიძამისს საბჭოთა რეჟიმისადმი მოღალატეობრივ საქმიანობაში: ის პატიოსანი ჩეკისტი იყო. სხვანაირად ამდენ ხანს არავინ გააჩერებდა თავისუფლებისა და სამართლიანობის საერთაშორისო მექაში.
რ.გ. თბილისში, მოზარდობის ასაკში იცოდით თუ არა დიდი დისიდენტების არსებობის შესახებ? მიგიწვდებოდათ თუ არა ხელი მათ ხელნაწერებზე? აყოლილი იყავით თუ არა მათ ბრძოლას?
მ.ს. რა თქმა უნდა. სახაროვი, სოლჟენიცინი, ბუკოვსკი ჩემთვის ნამდვილი გმირები იყვნენ. მახსოვს მარამ, როგორც ყოველთვის მარამ, ერთხელ ალექსანდრ სოლჟენიცინის „კიბოს კორპუსი“ (Раковый корпус) გადმომცა, რომელიც სიგარეტის ქაღალდზე იყო გამოქვეყნებული, როგორც საერთოდ ყველა იატაკქვეშა ტექსტი. ეს დღე სამარადისოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში სალი ქვით ამოკვეთილი. ეს ჩემთვის ლიტერატურული და პოლიტიკური აღმოჩენა იყო. კითხვა მის ბინაში დავიწყე, შემდეგ თან წამოვიღე. ქუჩაში ვკითხულობდი აღგზნებისაგან ცრემლებით სავსე თვალებით. იმდენად შთანმთქა ამ საოცარმა ტექსტმა, რომ შეიძლებოდა სულაც მანქანას გავესრისე.(რაფაელის სახარება. მე-2 თავი:საბჭოთა ბავშვობა.გვ.63)
უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ ტექსტის კითხვისას ცუდად ჩაცმული პატარა საბჭოთა ინტელექტუალი, სათვალიანი ებრაელი ბიჭი დამიდგა თვალწინ, ვიოლინოთი ხელში, მოსკოვის ჭუჭყიანი თოვლით გალესილ ქუჩაში. საბედნიეროდ, პატარა მიხეილი, სავარაუდოდ, ანტისაბჭოთად განწყობილი დიპლომატი ბიძის გამოგზავნილი „ლევისებით“ დახეტიალობდა ალბათ მზიან თბილისის ქუჩებში, რა თქმა უნდა, ვიოლინოს გარეშე, და ამერიკული საღეჭი რეზინით გამოტენილი პირით. სანამ ეს ჩვენი გულანთებული დისიდენტი საბჭოთა არმიაში სამსახუროდ არ გაუშვეს, იმავე ბიძის რჩევით, თანაც როგორც ამბობენ, არც მეტი, არც ნაკლები - „კაგებეს“ ნაწილში. თუმცა ბატონ გლუქსმანს არც ამჯერად მოსდის აზრად, კითხვა დასვას, როგორ მოხდა, რომ ლამის ანა ფრანკივით იატაკქვეშ გაზრდილი დისიდენტი მიხეილი ორი წლით თავისი საყვარელი ბუკოვსკის, სოლჟენიცინისა და სახაროვის მწვალებლების სამსახურში ჩადგა, თანაც შუა პერესტროიკის დროს. გლუქსმანს არც მესამე თავის წერისას გახსენებია სააკაშვილის საბჭოთა წარსული, როდესაც ხელისუფლებისათვის მებრძოლი თაობების კლასიფიკაციას აკეთებს:
მ.ს. საქართველოში ხელისუფლებისათვის სამი თაობა იბრძვის. ისინი, ვინც ბრეჟნევის ეპოქაში გაიარეს ფორმაცია და საბჭოთა ეპოქაში მუშაობდნენ; ისინი, ვინც განათლება მიიღო სსრკ-ს ბოლო წლებში, მაგრამ არასოდეს უმუშავიათ საბჭოთა ატმოსფეროში - როგორც მე; და ისინი, ვინც საერთოდ არ იცნობს საბჭოთა კავშირს, რომლებსაც არც კი ახსოვთ, რომ ჩვენ რუსული ჩექმის ქვეშ ვიყავით ოცზე ნაკლები წლის წინ.
სააკაშვილი აცხადებს, რომ: „სსრკ-ს დანგრევის შემდეგ მოსული თაობა იყო, არის და დარჩება ამ ქვეყნის რეფორმების ძრავად ( რაფაელის სახარება. 3 თავი: რევოლიუცია.გვ.91) საინტერესოა, რა ხნის ბავშვები ჰყავს მხედველობაში? ჩემი ანგარიშით, ისინი ოც წელზე ნაკლების გამოდიან.
როგორც ვხედავთ, ორივე მწერალს კიდევ ერთხელ დაავიწყდა სულ ოცი გვერდის წინ სააკაშვილის ცხოვრებაში ქვით ამოკვეთილი მოგონებები თავისუფლებისადმი სწრაფვის შესახებ; ან იქნებ მათ მართლაც ჰგონიათ, რომ, სააკაშვილის გარდა, ყველანი ნათელ კომუნიზმს ვაშენებდით, და ამიტომ მხოლოდ მას ეპატიება „კგბ“-ს ჯარსა და კიევის დიპლომატიის ინსტიტუტში მიღებული საბჭოთა ფორმაცია, რომელსაც თვითონ რატომღაც განათლებას ეძახის? და ნეტარ მორწმუნე რაფაელი უსიტყვოდ ეთანხმება. ალბათ ამ საუბრის ჟამს ორივენი მდინარე მტკვრის პირას სეირნობდნენ ფეხშიშველები, ფეხის დაუსველებლად რიყესა და აბანოთ უბანს შორის, 2008 წლის შემოდგომის, ერთ თბილ, ხავერდოვან თბილისურ საღამოს...
სააკაშვილი-გლუქსმანის მისტიციზმითა და სიმბოლოებით სავსე ამ მითოლოგიურ „შედევრზე“ დაუსრულებლად შეიძლება ხალისი და გართობა, ოღონდ ვეჭვობ, რომ ეს წიგნი ამ მიზნით იყოს დაწერილი. ამიტომ მისი ადგილი, როგორც გითხარით, ბუკინისტების იმ კალათებშია, რომლებსაც აწერია „ყველაფერი 2 ევროდ“, თუ შეევაჭრებით, იქნებ 1 ევროდაც დაგითმონ.
15 მაისი, 2009
![]() |
18 ყურმოკრული დიალოგებით აწყობილი ამბავი |
▲back to top |
ესეი
ავტორი: თამარ სუხიშვილი
„ყველა რეპორტაჟი ხალხის შესახებ მოგვითხრობს. ჟურნალისტი არ უნდა მოერიდოს
რეალობის ასახვას, რაგინდ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს რეალობა. მაგრამ
ჟურნალისტი ასევე უნდა ეცადოს, რომ თავისი ქმედებით ტკივილი არ მიაყენოს
საზოგადოებას“.
ნაწყვეტი თომსონ როიტერის ფონდის ეთიკის სახელმძღვანელოდან
- როდესაც განსაკუთრებულად მძიმე სიუჟეტების ასახვაზე მიდგება საქმე, კარგად დაფიქრდით, როგორ იგრძნობდით თავს, თქვენ რომ ყოფილიყავით ამ ამბის გმირი და ეს სტატია თქვენზე რომ დაეწერათ? - კითხვას სვამს ტრენერი. ოთახში ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდება. მერე ნელნელა მსჯელობას იწყებენ.
ტრენინგი „როიტერის“ ოფისში ტარდება, ლონდონში. ათამდე მონაწილეა; სულ ჟურნალისტები, ნაირფერი და ნაირგვარი არადემოკრატიული ქვეყნებიდან; დღის თემა ჟურნალისტიკის ეთიკაა. დავალება ასეთია: ორ ჯგუფად უნდა დაიყონ: „კაი ბიჭები“ და „ცუდი ბიჭები“. „კაი ბიჭები“ სანიმუშო საინფორმაციო სააგენტოს განასახიერებენ და ამ სააგენტოსთვის ეთიკის კოდექსის შექმნაზე მუშაობენ, „ცუდი ბიჭები“ საეჭვო რეპუტაციის საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლები არიან და, შესაბამისად, საკუთარი იმიჯის შესაფერის ეთიკის პრინციპებს აყალიბებენ.
- არანაირი შელამაზება, არანაირი გაყალბება, არანაირი... - მსჯელობენ „კაი ბიჭები“.
- დაწერე, ჩვენ ვგიჟდებით ჭორებზე, ვიღებთ ქრთამებს, სამუშაოს დროს დაშვებულია ალკოჰოლური სასმელი, სიგარეტი და ნარკოტიკები, ვინაიდან მხოლოდ ასე იბადება გენიალური იდეები, - ისმის დიდი ხორხოცი „ცუდი ბიჭების“ გუნდიდან.
- არანაირი პოლიტიკური სიმპათიები, ჟურნალისტი არ არის მხარე, ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ბალანსს, დაუშვებელია ძალიან ახლო ურთიერთობები რესპონდენტებთან, მით უმეტეს, მაღალჩინოსნებთან.
- ეს რას ნიშნავს, ინტიმურ ურთიერთობებს? - კითხულობს ვიღაც.
- ჰო, აბა! - არის პასუხი.
- რა საშინელებაა, უკვე აღარ მომწონს „კაი ბიჭებში“ მუშაობა, - აპროტესტებს ისევ ის ვიღაც.
- მგონი, „კაი ბიჭებში“ ბუნტია. ჰა, ძნელია „კაი ბიჭობა“? - ქირქილებენ „ცუდი ბიჭები“.
თამაში დასასრულს უახლოვდება. მერე შედეგებს დააჯამებენ: რა არის ის აუცილებელი ეთიკური ნორმები, რაც ჟურნალისტმა უნდა დაიცვას?
ჟურნალისტური ეთიკა არ არის მეცნიერება, - ვკითხულობთ „როიტერის“ ეთიკის სახელმძღვანელოს შესავალში. ეს ეფუძნება ჩვენს გამოცდილებას და იმ საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებს, რომელშიც ვიზრდებით და ვცხოვრობთ. ეთიკა ვერ გვასწავლის, თუ რა არის სწორი და რა - არასწორი. ყველაფერი ასეთი მარტივი რომ იყოს, ჩვენ ჟურნალისტებისათვის უნივერსალურ კანონებს ჩამოვაყალიბებდით.
დგება დრო, როცა ჟურნალისტმა უნდა აწონ-დაწონოს და შეაფასოს სიტუაცია: რა საშუალებებით მოიპოვოს სიმართლე და რას მოიტანს შედეგად სიმართლის თქმა? სწორედ აქ შემოდის თამაშში ეთიკა.
აი, თუნდაც ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური დილემა: უნდა გაავრცელოს თუ არა ჟურნალისტმა ინფორმაცია, რომელმაც, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს?
„როიტერი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჟურნალისტური ეთიკის საკითხებს. „როიტერის“ სააგენტოში ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები საგანგებო დოკუმენტის სახითაც არის ჩამოყალიბებული. დოკუმენტს Trust Principles (ნდობის პრინციპები) ჰქვია. მათ შორის დასახელებულია ის სამი ძირითადი პრინციპი, რომელთა გარეშეც ჟურნალისტიკის არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელია: დამოუკიდებლობა, პატიოსნება და მიუკერძოებლობა. თითქოს რა მარტივადაა ყველაფერი, არა?!
- როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ამ პრინციპების დაცვას თქვენს ქვეყანაში?
- ჰმმმ...
ეს კი ის ღირებულებებია, რომელთა დაცვა „როიტერის“ ყველა ჟურნალისტის მოვალეობაა: ყოველთვის დაიცავით სიზუსტე, ყოველთვის გაასწორეთ შეცდომა საჯაროდ, დაიცავით ბალანსი და იყავით მიუკერძოებელი, გამონაგონი და პლაგიატი დაუშვებელია, არ გადაიხადოთ ფული და არ აიღოთ ქრთამი და ა.შ.
- თუმცა ეთიკურ დილემებს ხშირად მაინც შეჰყავს ჩიხში ჟურნალისტები.
- რა თქმა უნდა, ასეა. ამ კითხვებზე ხომ ცალსახა პასუხი არ არსებობს.
- ეგრეა. მზა რეცეპტი არ გვაქვს. ყოველი კონკრეტული შემთხვევა საკუთარ კონტექსტში უნდა იქნას განხილული.
- შენ თავს უნდა ჰკითხო, როგორი იქნება ეს სამყარო, ყველა ჩემსავით რომ მოიქცეს?
- ზოგჯერ ეთიკური დილემის გადაჭრის გზა ასეთია: არ უნდა დაწერო, თუ სხვა გამოსავალი არ არის.
- არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ის, რასაც წერ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული უნდა იყო, რომ შეგიძლია პასუხი აგო საკუთარ ნაწერზე.
- უბრალოდ უნდა ენდო შენს ჟურნალისტურ ინსტინქტს...
- მართალია, ყნოსვის ტესტიც უნდა დაიხმარო. თუ ამ ამბავს ცუდი სუნი უდის...
* * *
ერთ ქვეყანაში დემონსტრაციებია, მეორეში - კონტრაბანდის ზეიმი, მესამეში დიქტატურა სულ უფრო მზარდად იკიდებს ფეხს, მეოთხეში ოპოზიციის ცნობილი ლიდერი დააპატიმრეს, მეხუთეში - იქაც დემონსტრაციებია, მეექვსეში - ისევ კონტრაბანდა...
- თქვენთან რა მდგომარეობაა? - ეკითხება ერთი მეორეს.
- აი, ეგეთი რა... - პასუხობს მეორე და კითხვას უბრუნებს, - თქვენთან?
- აი, ჩვენთანაც ეგრე რა... - პასუხობს პირველი და დასძენს, - მაგრამ ჩვენთან ხალხს არ ხოცავენ, მარტო სცემენ, ჯერჯერობით.
დილაა. „როიტერის“ სააგენტოს ოფისში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ჟურნალისტები გრძელ მაგიდას უსხედან და ტრენინგის დაწყებას ელოდებიან.
- იცოდეთ, რომ მე მასწავლებელი არ ვარ, ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვარ - თქვენსავით, და ყველანაირად ვეცდები, რომ ჩვენი ლექციები მოსაწყენ სასკოლო ლექციებს არ დაემსგავსოს, - ამბობს ტრენერი, სასიამოვნო გარეგნობის მხიარული და ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდა ქალი და იღიმება.
კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, - აგრძელებს, - აქედან არაფერი არ გავა, აქ თქვენი უსაფრთხოება დაცულია, ამ კედლებს ყურები არა აქვთ. რაც ამ კედლებში ითქმება, აქვე დარჩება. მოდით, ყავა დავლიოთ და ერთმანეთი გავიცნოთ.
აქ ჩართვას გავაკეთებ. რასაც ვყვები, ყველაფერი ნამდვილ ამბებს ეფუძნება, მაგრამ ეს ნამდვილი ამბები შეგნებულადაა არეული ერთმანეთსა და გამონაგონში. პერსონაჟებიც გამოგონილები არიან. რა თქმა უნდა, ჯობდა, ყველაფერი ისე დამეწერა, როგორც იყო - რეალური ამბები რეალური გმირებით. მაგრამ ჩვენ ხომ პირობა დავდეთ, რომ ყველაფერი ერთი პატარა ოთახის კედლებში დარჩებოდა.
ჰოდა, ეს ამბავი შემთხვევით ყურმოკრული, თუ კარგად მიყურადებული დიალოგებით ავაწყვე. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, რა გამოვიდა. მგონი, „ცუდი ბიჭების“ სააგენტოს ჟურნალისტს დავემსგავსე.
* * *
ტრენინგზე დაწყებული დიალოგი საღამოს ლუდხანაში გრძელდება. სასმელისა და ხმადაბალი მუსიკის თანხლებით, უფრო გულღიად.
- რა კარგია, რომ გაგიცანით. მეგონა, მარტო ჩვენ გვქონდა ასეთი პრობლემები ხელისუფლებასთან, თურმე თქვენთანაც ასე ყოფილა. რა სასიამოვნოა, - ამბობს ერთი.
- კი მაგრამ, რა არის ამაში სასიამოვნო?
- არა, მაპატიეთ. სწორად ვერ გამიგეთ. კი არ მიხარია, თქვენ რომ ასეთი პრობლემები გაწუხებთ, უბრალოდ, სოლიდარობის ამბავია. მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ ამ დღეში.
- აა, მესმის, მესმის.
- ერთი ამათ დამიხედე, რა შეხმატკბილებული საუბრობენ. მე მეგონა, ერთმანეთს ჩაქოლავდნენ.
- რატომ?
- პოლიტიკის გამო. ვერ ხედავ, მაგათ ქვეყნებს შორის რა ხდება?
- არა, რას ამბობ, აბა უყურე.
- ჰო, მაგარია. ძალიან გამიხარდა. წესით, ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ეგრე არაა ხოლმე.
- ნეტა შპიონი თუ არის ვინმე ჩვენს შორის?
- შპიონი?
- ჰო, ჰო. რა გიკვირს, ასეთ ინტერნაციონალურ შეხვედრებზე ყოველთვის არის ხოლმე ერთი-ორი კაი შპიონი.
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა...
- ტყუილად გეცინება.
რას გაიგებ, ჯეიმს ბონდს თითქოს არავინ ჰგავს.
უკვე ტემზის სანაპიროზე სეირნობენ. ფოტოებს იღებენ და პოლიტიკურ ანეკდოტებს ჰყვებიან. სასიამოვნო სიგრილეა.
- შენ ქვეყანაში ვეღარ დაბრუნდები?
- ვერა, სანამ ისინი არიან.
- სამწუხაროა.
- არა უშავს. რას ვიზამ, ოდესმე დავბრუნდები.
- ახლა რას აკეთებ?
- ვტკბები ამ ცხოვრებით. აბა, რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ. ცხოვრება გრძელდება.
- აი, ეს მომწონს.
მდინარიდან ქარი წამოუბერავს და პრობლემებსაც თან გაიყოლებს. ვიღაც ღრმად ჩაისუნთქავს და ხმამაღლა ამბობს: რა უცნაურია. რამდენი თავისუფლებაა ამ ქალაქში.
- რა შპიონივით იყურები, - ისმის გოგონას კისკისი.
- ნეტა მართლა თუ არის ჩვენს შორის შპიონი? - კითხულობს მეორე გოგონა (ჰო, ეჭვი ფინთი რაღაცაა).
- ნეტაი ერთი შენ, არის და იყოს, - გაეპასუხება მესამე.
- იცი, ჩრდილოეთ კორეადან ასეთ შეკრებებზე ორ-ორნი ჩადიან ხოლმე.
- მართლა?
- მართლა. ან ორი, ან არც ერთი. აბა თუ მიხვდები, რატომ?
- ჰმ, ესე იგი, გადავრჩით, ჩრდილო კორეადან არავინ ჩამოსულა.
* * *
მოდით, დღეს ერთმანეთთან ინტერვიუები ჩავწეროთ, მერე, ამ ინტერვიუების საფუძველზე, თქვენი რესპონდენტები წარმოგვიდგინეთ. ასე უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. თან სახალისოც იქნება, - წინადადება შემოაქვს ტრენერს.
ტრენერის წინადადებას მაშინვე აიტაცებენ. კითხვებს ბოლო არ უჩანს, დრო ამოიწურა, აბა დავიწყოთ, - ისმის ტრენერის შეძახილი ასე ნახევარი საათის შემდეგ.
- ეეჰ, არადა, ახლა დაიწყო ყველაზე საინტერესო ამბები.
- მოგესალმებით, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი რესპონდენტი, ბატონი X. ჟურნალისტი გახლავთ. უკვე ათი წელია ამ სფეროში მუშაობს. ჟურნალისტის პროფესია ბავშვობიდან აინტერესებდა. პირველი სტატია სკოლის კედლის გაზეთში გამოაქვეყნა...
- გამარჯობა, ეს ქალბატონი X-ია. ადრე ტელევიზიაში მუშაობდა. ახლა ყოველკვირეულ ჟურნალში უცხოეთის ამბების მიმომხილველია...
- მშვენიერია. მაგრამ ნუთუ ამ ადამიანებს პირადი ცხოვრება არა აქვთ? არც ჰობი? არც სხვა ინტერესები? - ღიმილით კითხულობს ტრენერი.
- უი, ეგ სულ დამავიწყდა მეკითხა.
- მეც დამავიწყდა.
- რას ბრძანებთ, რაღა დროს პირადი ცხოვრებაა, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა, - თითქოს ქილიკობს და არც ქილიკობს ვიღაც.
მერე შესვენება იწყება, რა თქმა უნდა, ყავით. ყავის სმა ჟურნალისტისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც ეთიკური ნორმების დაცვა. ყველა ქვეყანაში ასე ყოფილა.
ვიღაცა აფეთქების ისტორიას ჰყვება.
- სულ ახლოს აფეთქდა ჩემს სამსახურთან. იქვე, ლამის ორ ნაბიჯში. ვტაცე კამერას ხელი და გავიქეცი. ჩავაჩხაკუნე თუ არა, პოლიციამ ჩამავლო: შენ აქ რა გინდაო.
- კამერა ჩამოგართვეს?
- ჰო, არ შეიძლება გადაღებაო.
- რატომ?
- ეგრეა. ყველა მედია საშუალებას სახელმწიფო აკონტროლებს, მათი ნებართვის გარეშე ინფორმაციასა და ფოტოებს ვერ გაავრცელებ.
- ეგ რაღა უბედურებაა?
- ხალხზე ზრუნავენ, სხვადასხვა ვერსიის კითხვით არ გადაიღალონო.
- მგონი, მალე ჩვენს მედიასაც ეგ ბედი ეწევა, - ჩაიბურტყუნებს ვიღაც.
- ლონდონშიც გამაჩერეს აეროპორტში, - აგრძელებს, - არ მეგონა, საბაჟოზე ფოტოების გადაღება რომ არ შეიძლებოდა. ეტყობა, ტერორისტი ვეგონეთ. მერე ავუხსენი, ვინც ვიყავი. ბოდიში მოვუხადე, არ ვიცოდი-მეთქი და გამომიშვეს.
- ამ უბანში ფრთხილად იყავი. ბიზნესცენტრია და საგანგებო დაცვა დგას. ყველგან კი არ შეიძლება ფოტოს გადაღება.
- მაგის ქვეყანაში რა მოხდა, გაიგეთ? - ჩურჩულებენ კუთხეში, - პროდემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი დაიჭირეს. ყველაზე საშინელ ციხეში ჩაუსვამთ, ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ხვრელს ეძახიან თურმე იმ ადგილს. ამბობენ, შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონო.
- რა საშინელებაა.
- ჰო.
- მაგათთან სამხედრო დიქტატურაა, არა?
- შინ როდის ბრუნდები? - ფანჯარასთან მაგიდას ორნი უსხედან.
- სამწუხაროდ, ვერ დავბრუნდები.
- ვერა? რატომ? რეჟიმის გამო?
- ჰო, - თავს აქნევს. ერთ-ერთმა სააგენტომ ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა. მე მოვუყევი, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, მერე ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა დამირეკა, სკოლაში ვსწავლობდით ერთად, ახლა იმათზე მუშაობს. ახლავე ადექი და აქედან წადიო. იმან გადამარჩინა.
- გამოიქეცი? - თავს უქნევს, - უკვე ორი წელია, აქ ვარ. თავშესაფარი მომცეს.
- მერე შენი ოჯახი? საფრთხე არ ემუქრებათ?
- მამა რომ მომიკვდა, ორი წლის ვიყავი, დედა რომ მომიკვდა - სამის. ბიძაჩემთან ვიზრდებოდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება. აქეთ რომ გამოვიქეცი, ბიძაჩემს მიაკითხეს. იმანაც ეგრე უთხრა: მე რა ვიცი, რას აკეთებს ჩემი ძმისშვილი, რაც გაიზარდა, თვალით აღარ მინახავსო, - და შეეშვნენ. ბიძაჩემიც მაგათზე მუშაობს.
- იმედია, ოდესმე ჩახვალ.
- ჰო, იმედია, რაღაც შეიცვლება. ჩვენ გვჯერა ცვლილებების, - იმეორებს ობამას სიტყვებს.
რაღაც ძალიან გაიწელა ეს ყავის სმა.
* * *
არასოდეს არ გააკეთოთ საკუთარი გამოთვლები და გაანგარიშებები. რაც უნდა კარგად იცოდეთ მათემატიკა, მერწმუნეთ, აუცილებლად დაუშვებთ შეცდომას, - ღიმილით გვაფრთხილებს ტრენერი, - მხოლოდ ის ციფრები დაასახელეთ, რასაც რესპონდენტი გეტყვით. ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს: ჟურნალისტი+მათემატიკა=კატასტროფა.
- რა შესანიშნავია, - ეს ფრაზა ჯგუფში დიდ გახალისებას იწვევს. ყველას ახსენდება ასეთი კატასტროფის საკუთარი მაგალითი.
- ჰო, ჰო, ციფრებთან ხუმრობა არ შეიძლება, - ამბობს ერთი.
- არც ციფრებთან და არც ფაქტებთან, - პასუხობს მეორე.
მერე დიდი დისკუსია იწყება: პატარა უზუსტობები, ცდომილებები და ამ ცდომილებებით გამოწვეული სკანდალები.
მაგალითისთვის დედოფლისა და მიშელ ობამას შეხვედრას იხსენებენ. ჟურნალისტებში ერთი აურზაური რომ ატყდა, - როგორ გაბედა პრეზიდენტის მეუღლემ და დედოფალს ხელი გადახვიაო. კადრები კარგად რომ დაატრიალეს და დააკვირდნენ, მერე კი მიხვდნენ თავიანთ შეცდომას.
- აი, ჰუგო ჩავესმა კი მართლაც გაიწია დედოფლისკენ საკოცნელად, - ისმის კომენტარი სიცილით.
- უყურე შენ ჰუგო ჩავესს...
* * *
- ეს რა ჩანთა გიჭირავს? ჰარი პოტერის ჩანთით დადიხარ ამხელა კაცი?
- ჰო. ამას მთელი ისტორია აქვს. ეს ჩანთა ფილმის პრეზენტაციაზე მაჩუქეს, პატარა ჰარისთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მაშინ. ისე ძვირფასი საჩუქარი კია, რას ფიქრობ, უარი უნდა მეთქვა?
- არა, რატომ. ეს ხომ სუვენირია.
- ჰო, მაგრამ ნამდვილი ტყავია და არცთუ იაფფასიანი საჩუქარია.
- არა, არა, მაინც სამახსოვრო სუვენირი გამოდის.
- რა ვიცი, ძალიან გამოსადეგი კია.
- ისე, საჩუქრების საკითხი ძალიან საფრთხილოა.
ისევ ჟურნალისტური ეთიკის საკითხებს უბრუნდებიან.
- ოდესმე შენთვის ქრთამი თუ შემოუთავაზებიათ?
- არა, მაგის ბედი ვინ მომცა.
- ერთხელ მობილური ტელეფონების მწარმოებელი დიდი კომპანიის პიარ მენეჯერმა ჟურნალისტები შეხვედრაზე მიიწვია. ამ შეხვედრიდან ყველა უკანასკნელი მოდელის მობილური ტელეფონით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ჩემს გაქუცულ ტელეფონს რომ დავხედე, ვიფიქრე, - ნეტა მეც წავსულიყავი ამ შეხვედრაზე-მეთქი.
- ჩვენთან კიდევ რა ხდება, იცით? ჩვენ ხომ კარგი ფეხბურთელები გვყავს. ამ ფეხბურთელებს ცნობილი კლუბები ყიდულობენ და, შესაბამისად, ანაზღაურებაც სოლიდური აქვთ. ჰოდა, ეს ჩვენი ჟურნალისტები სულ გამათხოვრდნენ. მიდიან ამ ფეხბურთელებთან და ფულს სთხოვენ, - ამდენი და ამდენი მომეცი და ჟურნალის გარეკანზე მოგათავსებო. ეს ფეხბურთელებიც ისე უყურებენ ამ ჟურნალისტებს, როგორც... რა გითხრა...
- წარმომიდგენია, რა რეპუტაცია ექნებათ.
- აზიაში წავედი რეპორტაჟის გასაკეთებლად. რესპონდენტმა ძვირფასი სამკაული გამომიგზავნა საჩუქრად. უკან დავუბრუნე. ასეთი საჩუქრების მიღების უფლება არ გვაქვს. ის რესპონდენტი მას მერე აღარ მინახავს. ვიცი, რომ ძალიან ნაწყენი დარჩა.
- სტატია ის-ის იყო დასაბეჭდად უნდა ჩაგვეშვა, რომ იქ, ზემოთ დამიბარეს. კაბინეტში რომ შევედი, იმ ტიპმა ფულის შეკვრა გადმომიღო და მითხრა, ახლა ან ამას აიღებ და სტატიას გააქრობ, ან კიდევო და... ცინიკურად გადმომხედა.
- მერე?
- არაფერი, ავიღე ფული და წამოვედი. ისე, კაი ფული კი იყო.
- არა უშავს, ეს ეთიკურ ქრთამად გეთვლება.
- კარგი რა?
- რას იზამ, ხომ გახსოვს, რა გვასწავლეს: ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ჟურნალისტური სიუჟეტი.
* * *
- რა ცუდი პროფესია გვაქვს, არა? არავის არ უყვარს ჟურნალისტები. თქვენთან რა, უყვართ?
- არა მგონია, მაგრამ მგონი, ცოტა ეშინიათ.
- ჰო, ეგ კი.
- ერთხელ მახსოვს, ქუჩაში რეპორტაჟს ვაკეთებდი და ხალხი ისე ცუდად შემხვდა, ვიღაც ჟურნალისტზე იყვნენ განაწყენებულნი; არადა, სულ არ ვიცნობდი იმ ჟურნალისტს. რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველა ჟურნალისტი ერთმანეთს იცნობს და ყველა ერთნაირია.
- ის ფილმი გახსოვს? მგონი კუსტურიცასია. ასეთი კადრია: ომიდან დაბრუნებულ ბიჭს ჟურნალისტი გადაეღობება წინ მიკროფონით; ეს ბიჭი კი, პასუხის გაცემის ნაცვლად, კამერის წინ საჯაროდ დააბოყინებს. გული მერევა თქვენზეო, რა...
- ჰო, ბევრი ეგრე ფიქრობს. სამწუხაროდ, ზოგჯერ მართლებიც არიან. რა, ყველა სიმართლეს ამბობს?
- არა, რა თქმა უნდა. თუმცა ამ სიტყვას მაინც ავერიდებოდი. ვინ იცის, სად არის სიმართლე? მოდით, ასე ვთქვათ, სიზუსტე. სიზუსტე უნდა დავიცვათ.
- მართალია, სიზუსტე. სიზუსტე და ბალანსი.
- ჰო, თუმცა თქმა ადვილია.
- რას ვიზამთ, უნდა ვეცადოთ.
- ცუდია.
- რა?
- ტრენინგი რომ დამთავრდა და ერთმანეთს რომ უნდა დავემშვიდობოთ.
- ეგ კი.
- როგორ თქვა იმ დღეს ჩვენმა ტრენერმა? რაღაც მაგარი ფრაზა თქვა.
- კი, კი, ნამდვილი ოქროს ციტატაა. ჟორა ბლოკნოტშიც კი ჩავიწერე: „ჟურნალისტი უფრო მეტია, ვიდრე ეროვნება“.
- ჰო, მაგარია.
- ზოგი ამბობს, - ვიდრე რელიგიაო, - მაგრამ მე ეროვნება უფრო მომწონს.
- ჰო, მგონი მეც.
ტემზის სანაპიროს მივუყვები. უკვე შინ დაბრუნების დროა. ტრენინგიდან გამოყოლილი ფიქრები წამომიტივტივდება გონებაში. დამოუკიდებლობა, პატიოსნება და მიუკერძოებლობა... რა არის თითქოს ახალი ამ სიტყვებში ჩემი ქვეყნის შვილისთვის, სადაც სასკოლო ქრესტომათიული ჭეშმარიტება „მართლის თქმის პრინციპია“ და სადაც ყველა მოკვდავმა ისიც სხაპასხუპით იცის, რომ „სიმართლის მთქმელს ცხენიც შეკაზმული უნდა ჰყავდეს“. ეს ორი მტანჯველი მორალური ცოდნა მარადიულად იბრძვის ადამიანში და რომელი რომელს გადასძალავს, ეს თავად მასზეა დამოკიდებული. თუმცა, ძველ რომაელებს ესეც უთქვამთ, „ჟამსა ბრძოლისასა დუმს სამართალი“.
![]() |
19 უკანასკნელი კატერინენფელდელები |
▲back to top |
ესეი
რეპორტაჟი არარსებული ქალაქიდან
ავტორი: რეზო გეთიაშვილი
ბოლნისი-კატერინენფელდი-ლუქსემბურგი-ბოლნისი - ეს არც ტურისტული მარშრუტია და არც ავიარეისი. ეს ერთი ქალაქის ისტორიაა.
„ამ ისტორიას ასე მარტივადაც ვერ მოყვები“, - იწყებს 85 წლის კლარა ვალკერი, რომელსაც კატერინენფელდელი ქალბატონები სტუმრობენ - მარგარიტკა, სოფო, სედა, ირა, იულია...
* * *
მარტივი მოცემულობაა - ერთი ქვეყნის ერთ ქვე-ქვეყანაში არის ერთი ქალაქი, რომელშიც დგას ერთი სახლი, სადაც ერთი გოგონა ცხოვრობს. ერთ დღეს ეს გოგო შეიძლება სახლიდან გამოვიდეს და ქალაქიდანაც წავიდეს.
თუმცა შეიძლება ქალაქიდან ისე წავიდეს, რომ სახლიდან არც კი გამოვიდეს. ვთქვათ, თვითონ ქალაქი წავიდეს. უფრო სწორად, წაიღონ. ბუნებრივია, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, ვთქვათ, 3 დღე.
ასეთ სახლში დარჩენა ძნელია და აქედან გაქცევასაც დრო უნდა, ვთქვათ, 30 წელი.
რას იზამ, სახლები და ქალაქები კი არა, ვარსკვლავებიც ქრებიან. მაგრამ გაივლის კიდევ 30 წელი და ღრმად მოხუცებული კლარა ვალკერი უკან დაბრუნებას გადაწყვეტს - ქალაქში, რომელიც არ არსებობს.
კლარას, სედას, მარგარიტკას, სოფოს, ირას და იულიას მშობლიური ქალაქი 1941 წელს წაართვეს. ამის შემდეგ ორი დაბრუნებაა - ბოლნისიდან მშობლიურ შტუტგარტში და შტუტგარტიდან - მშობლიურ ბოლნისში (კატერინენფელდში). ახლა ისინი წიგნების, ფოტოების, ასწლოვანი ნივთებისა და დიდი ხნის წინ წასული შმიდტების, ბენცების და კრომერების სამყაროში ცხოვრობენ. ჯერ პრინცესა კატერინას, შემდეგ კი როზა ლუქსემბურგის სახელით მონათლული პატარა გერმანული ქალაქიც მათ მოგონებებშიღა ცოცხლდება.
კატერინენფილდი, საკვირაო დღესასწაული, 1932 წელი
6 წლის კლარა ვალკერის სახლიდან მთავარ ქუჩაზე გასასვლელად როზა ლუქსემბურგის და კარლ ლიბკნეხტის ქუჩების გადაკვეთა მოგიწევთ. ლუქსემბურგის ქუჩის ბოლოში უზარმაზარი სახლი შეძლებულ მეღვინე შმიდტს ეკუთვნის. შმიდტის სამსართულიანი მარანი საქვეყნოდაა ცნობილი. მეზობლად თავისივე ძმები ჰყავს - ფრანცი და ფრიცი. ოდნავ ქვემოთ ძმები ვიდმაიერების არყისა და კონიაკის ქარხანაა. ამ უზარმაზარ შენობაში ცხენი გაჭენდება. რაც ირგვლივ სოფლებში ყურძენი მოდის, სულ ესენი ყიდულობენ, საკუთარი ტექნოლოგიით ამუშავებენ და დედაქალაქში, თავიანთ მაღაზიებში ყიდიან.
გარტენშტრასეს ცაცხვებისა და კაკლების ხეივანში შეძლებული ხალხი ცხოვრობს. დღეს კლარას იქით არც მიუწევს გული; არც კლარას და არც სხვა კატენირენფელდელებს. პირიქით, გარტენშტრასედანაც აქეთ მოდიან, რადგან კლარას სახლი ყველაზე ლამაზი ქალაქის ყველაზე ლამაზ ადგილზეა. აქ პარკია, სილამაზითა და ყვავილების მრავალფეროვნებით მეორე ადგილს რომ იკავებს (სად და რა მასშტაბით - არავინ იცის).
დედას უკვე სადღესასწაულო ტანსაცმელი აცვია, ძმებიც პატარა ჯენტლმენებივით გამოწყობილან. მამა თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლი პოლკის ორკესტრში კაპელმეისტერად მსახურობდა და ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. მისგან კლარას მუსიკალური ნიჭი გამოჰყვა და ლუთერანულ ეკლესიაში, სადაც გერმანიიდან ჩამოტანილი ულამაზესი ორღანი უკრავს, სიმღერის ნებაც დართეს.
დღეს კვირადღეა და პარკიდან დიდი სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული გერმანული მარშები ისმის. ორკესტრს რაიდენბახი დირიჟორობს, შამქორიდან რომ ჩამოსახლდა. ორკესტრის ლოჟასთან გუმბათი, საცეკვაო მოედანი და სკამებია. ქვევით (სადაც 70 წლის შემდეგ ჩოგბურთის მოედანს მოაწყობენ) ჯაზს უკრავენ. ახალგაზრდობაც აქ იკრიბება.
პარკში, „მწვანე მოედანთან“ და „წითელ კლდეებთან“ მოწყობილ სამ სცენაზე სამი ორკესტრი ერთდროულად იწყებს დაკვრას და ექო ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადადის. არხის კამკამა წყალში თევზები დაცურავენ. წყალი ისეთი სუფთაა, დალევაც შეიძლება. თუმცა, უფრო გემრიელი წყარო „წითელ კლდესთანაა“. მაშავერაზე ცემენტის ახალი, ლამაზი ხიდია.
დღეს უბრალო ტანსაცმლით ვერავის ნახავთ. ვერც სამუშაო დღეებში ნახავთ, ვინმემ სადღესასწაულო ტანსაცმელი ჩაიცვას. კაცებისთვის მკერავი კაცები კერავენ, ქალებისთვის - ქალები.
პარკში ღვინოს არ სვამენ. ღვინოს ყოველდღე სვამენ, საპურეზე ღვინის დოქი დგას და უღვინოდ პურს არავინ გატეხავს. დიდი კამპანიებიცაა, სადაც ღვინო წყალივით მოდის. საჭმელებიც გემრიელი აქვთ, განსაკუთრებით, გამოყვანილი ძეხვეული და ტკბილეული. დიდი და ხმაურიანი ქორწილები იციან. ყველაზე დიდი და ხმაურიანი კი მოსავლის აღების დღეა, როცა ეკლესია ყვავილებით, ხილით, მარცვლეულით და ბოსტნეულით ირთვება. ვისაც რა აქვს, ამ „გამოფენაზე“ გამოაქვს.
საღამოს მუნჯური კინოს სეანსია. ერთი თვეა, რაც ფილმები პიანინოს თანხლებით გადის. კინოდარბაზი, ცხადია, სავსე იქნება. ხალხი ცდილობს, ისე დაისვენოს, რომ მთელი კვირა ეყოს. ხვალიდან მძიმე მუშაობა იწყება.
აქაც ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტადაა გათვლილი. სარწყავი გრაფიკის ბარათი უკვე მიიღეს და ნაკვეთი დათქმულ დროს უნდა მოირწყას. თამბაქოს ბრიგადა მოსავლის ასაღებად მინდორში დილის 3-4 საათზე გავა, დილის 9 საათზე დაბრუნდება, საღამოს 4 საათამდე დაისვენებს და მერე დაღამებამდე იმუშავებს. ამიტომაცაა, რომ აქ არავის უჭირს. აქაური ღვინო, პორტვეინი, არაყი, კონიაკი, თამბაქო, კაკალი, თაფლი, მატყლი, მარცვლეული და ხილი - მთელ საქართველოში იყიდება.
შვაბების „აღთქმული ქვეყანა“
1808 წელს გერმანელი მწერალი და მოგზაური იულიუს ფონ კლაპროდი იმერეთის დედოფალ ანას სტუმრობდა. დედოფალმა შვაბიიდან რამდენიმე ასეული კაცის იმერეთში ჩამოსახლება სთხოვა. მისი გათვლებით, ეკონომიკაში გათვითცნობიერებული შვაბები ადგილობრივ მეწარმეობას ააღორძინებდნენ.
გეგმა არ განხორციელდა. თუმცა, სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ შვაბები საქართველოში საკუთარი ფეხით ჩამოვიდნენ, თანაც გაცილებით მეტნი, ვიდრე იმერეთის დედოფალი წარმოიდგენდა.
„აღთქმული ქვეყნის“ მაძიებელ შვაბთა კონფესია ბადენ-ვუთენბერგიდან (დედაქალაქი - შტუტგარტი) კავკასიისკენ 1817 წელს დაიძრა.
„მეორედ მოსვლის“ შიშით შეპყრობილი ადამიანების დანიშნულების ადგილისთვის დანგრეული ტფილისი, მშენებარე ტიფლისი და მეწარმეობის იდეა არ ივარგებდა, რასაც ვერ ვიტყვით მიტოვებულ, ნაყოფიერ მიწებზე, თბილისის სიახლოვეს უფასოდ რომ იშოვებოდა.
გრძელი გზის დასრულების კიდევ ერთი მიზეზი მალარიაც უნდა ყოფილიყო, რის გამოც, ქვემო ქართლის მშრალ კლიმატს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებოდა.
თუმცა, გადამწყვეტი როლი მაინც ბოლნურმა ჯვარმა, ვაზის ჩუქურთმებმა და კელტიბერულმა სიმბოლოებმა ითამაშა, რაც შვაბებს ქართველმა ბერებმა აჩვენეს. ტრაუბენბერგი, ანენფელდი, მარიენფელდი, გეორგსფელდი, ლისპეიტალი, ვალჰაიმი, როზენფელდი და, რა თქმა უნდა, კატერინენფელდიც სწორედ ბოლნისის სიონის (და არა - თბილისის) სიახლოვეს დაარსდა.
ლეგენდის მიხედვით, „აღთქმულ ქვეყანაში“ მოხვედრილ შვაბებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ. მერე დიდი წვიმა მოვიდა, მდინარე მაშავერა ადიდდა და ნაპირზე ოქრო გამოიტანა. ღვთისგან ბოძებული სიმდიდრე ქალაქის მშენებლობისთვის მოიხმარეს და სულ მალე იქაურობა „ზღაპრად აქციეს“.
* * *
1826 წლის 27 აგვისტო - მირზა-ხანმა კატერინენფელდი მიწასთან გაასწორა. ქალაქი დაეცა, ხალხი გაწყდა ან მონად გაიყიდა.
1829 წელი - კატერინენფელდს პუშკინი ეწვია და რაც თან ჰქონდა, ყველაფერი მშენებარე ქალაქს შესწირა.
1854 წელი - კატერინენფელდში დიდი ლუთერანული ეკლესია აშენდა.
ეკლესია 1942 წელს დაშალეს და ორღანიც ბავშვებმა სათამაშოებად დაინაწილეს. მანამდე მთელი კატერინენფელდი ყაზახეთში გადაასახლეს.
20-ტონიანი მუხის კასრებიც გაქრა და ჭაჭის საწნეხი ხელნაკეთი დანადგარებიც. ეკლესიის ადგილზე ჯერ კინოთეატრი, შემდეგ - თეატრი, ბოლოს კი სპორტკომპლექსი მოეწყო. სასაფლაოც დაინგრა, მისი ლამაზი ღობე, ჭიშკარი და პატარა ეკლესიაც, სადაც მიცვალებულებს ლოცვებს უკითხავდნენ. ახლა აქ გაზ-კანტორაა. დარჩა ძველი შადრევანი და აივნებიანი, ჭანჭიკებზე აწყობილი მუხის სახლები. დარჩა სტადიონიც, სადაც ერთ დროს გერმანელების გუნდი თამაშობდა.
კლარა ვალკერი: „ჩვენი ცხოვრება ომმა დაანგრია. ყველაფერს ომი ანგრევს. რასაც საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით განადგურდა“.
დიდი გადასახლება
გადასახლება 1941 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და სამ დღეში ქალაქი მთლიანად დაიცალა. გადარჩა სულ რამდენიმე, მათ შორის, კლარას ოჯახიც, რომელიც მამის არმიაში სამსახურის გამო დაინდეს.
გადარჩნენ ბერიას შვილის აღმზრდელი ალმენტინგერებიც. თუმცა, დროებით. ბერიას გასამართლების შემდეგ ისინი უზბეკეთში გადაასახლეს.
შმიდტები დააპატიმრეს. ფრანცი ციხეში მოკვდა, ფრიცი კი არხანგელსკში აღმოჩნდა. 1956 წელს ბოლნისს მისი „ჩონჩხიღა“ ესტუმრა. როგორც კლარა იხსენებს, ძვალი და ტყავიღა იყო და მხოლოდ 46 კილოგრამს იწონიდა.
კლარა ვალკერი: „ხალხს არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. სახლიდან არაფერი წაუღიათ. ძაღლებიც კი ჯაჭვებზე დატოვეს, მშიერი საქონელი ქუჩებში ბღაოდა. სულისშემძვრელი იყო. დედა რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ გადასასახლებლად მომზადებულიყო. მესამედ რომ მოვიდნენ, მახსოვს, პურს აცხობდა და მოსულებს „დაემუქრა“, - მე წავალ, მაგრამ ჩემი შვილები აქ დარჩებიანო“.
გადასახლებულთა ერთი ნაწილი გზაზე დაიხოცა, ბევრმა პირველი წლების გაჭირვებას ვერ გაუძლო. თუმცა, მაინც გადარჩნენ. მალე ყაზახეთიდან წერილები მოვიდა. ლუქსემბურგში გაიგეს, რომ კატერინენფელდელები ცოცხლები არიან. 1970-იანი წლებიდან მათ გერმანიაში დაბრუნების საშუალება მიეცათ. კლარაც შტუტგარტში გაემგზავრა, სადაც ეკლესიის ქოროში მიიწვიეს.
დაბრუნება
წლების შემდეგ კლარა ვალკერი ბოლნისში ჩამოვიდა და კატერინენფელდელების ისტორიები ახლა უკვე შტუტგარტიდან ჩამოიტანა:
„ჩვენებურებს დღე აქვთ დათქმული, „სკოლის მეგობრების შეხვედრის დღეს“ ეძახიან, იკრიბებიან და სულიკოს მღერიან. ერთმანეთს არ კარგავენ, არც ჭირს აკლდებიან, არც მხიარულებას.
ვინც საქართველოში დაიბადა, უკვე მოხუცი პენსიონერები არიან, ყაზახეთში დაბადებულ თაობას კი კატერინენფელდზე წარმოდგენა არა აქვს; უზრუნველად ცხოვრობენ და სხვა იდეალებზე აღარ ოცნებობენ“.
და კიდევ...
კატერინენფელდელმა მუსიკოსმა კრომერმა თავისი საქმიანობა ყაზახეთშიც გააგრძელა და გერმანიაშიც. თავის საქმიანობას არც კურტ ბილდინგმაიერი ღალატობს - ნოიშტატსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ღვინის ქარხნები აქვს და მასთან მისულ ქართველებს ჩურჩხელებითაც კი უმასპინძლდება.
ფრიც შმიდტიც ცოცხალია - სწორედ ის ფრიცი, რომელიც 1956 წელს ბოლნისს ჩონჩხის სახით გამოეცხადა.
![]() |
20 ჟორა |
▲back to top |
ესეი
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი
ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი
ჟორა, იგივე გიორგი პავლეს ძე ხომიზური, იგივე ერნესტ გარაევი, იგივე ნეკობა, იგივე აპარეკ გულაგური, იგივე ოცდაექვსი, დიდი ამერიკელი პოეტის, კარლ სენდბერგის მიერ აღწერილი სებასტიან ბახისა არ იყოს, რიცხვების კაცი იყო, ზვიად გამსახურდიას თარგმანით რომ ვთქვათ,
იგი იშვა დედამიწაზე რიცხვთა შესაცნობად.
მან შეუფარდა ათიანებს ხუთიანები,
დააკავშირა, შეაყვარა მათ ურთიერთი,
სარეცელი უქმნა ზიარი.
ჟორას შეეძლო დღის სამის თხუთმეტ წუთზე შეწუხებულს მოერბინა და მშფოთვარედ ეთქვა, ერთ წუთში შენ ქრისტეს ასაკამდე დაგრჩება ზუსტად ერთი მილიონი წუთი! მასვე შეეძლო, ღამით გაეღვიძებინე და ეხარებინა, ზუსტად ორმოცდაოთხ წამში განთავისუფლებამდე დაგრჩება 44 444 444 წამი!
მან გააღვიძა ორიანები, ოთხიანები, განუფრთხო მათ ძილი ყრმობისა, კვლავ შეულოცა და დააძინა.
თითქმის მთელი ზონა ჰყავდა რიცხვების ბუქსირზე აყვანილი და ექვს და ცხრანიშნიანი რიცხვებით დარეტიანებული, მოულოდნელი და უცნაური სტატისტიკით გაბრუებული და დატერორებული. ბუნებრივია, ამოდენა მოცულობის სამუშაოთა შესასრულებლად მუდმივად რაღაცას წერდა და ანგარიშობდა. არათუ ყველა პატიმრის დაბადების დღე, არამედ მათი მეუღლეებისა და შვილების დაბადების დღეები, ყველა პოლიტიკური პატიმრის (არა მხოლოდ ჩვენი ზონის, არამედ პერმის პოლიტიკური ზონების პატიმრებისაც) დაპატიმრებისა და განთავისუფლების დღე, ბუნებრივია, ზეპირად იცოდა. მაგალითად, იცოდა, რომ 21 მაისი არის ანდრეი სახაროვის, მაშა ხომიზურის, მიშა სკრიპკინისა და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დაბადების დღე, რომ ეს არის წელიწადის 141-ე (ნაკიან წლებში 142-ე) დღე, რომ ჩვ.წ. 878 წელს სწორედ 21 მაისს სირაკუზი დაიპყრო მუსულმანმა სულთანმა, რომ 1674 წელს ამ დღეს არისტოკრატებმა იან სობეცკი პოლონეთის მეფედ და ლიტვის დიდ ჰერცოგად აირჩიეს, რომ 1972 წლის 21 მაისს მიქელანჯელოს „პიეტა“ რომის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სულიერად აშლილმა უნგრელმა ვანდალმა, სხვათა შორის, გეოლოგმა (ამას, როგორც გეოლოგი, მაგრამ სულიერად ნორმალური, ხაზს უსვამდა) ლასლო ტოთმა დააზიანა და ასე შემდეგ; მის უკიდეგანო ცოდნას არც დასაწყისი ჰქონდა, არც დასასრული. უზარმაზარ გამოთვლით მანქანასავით სულ ჩართული იყო, ანგარიშობდა და ანგარიშობდა თავდაუზოგავად. რაც მთავარია, ამ ანგარიშში იყო სიზუსტე, ოღონდ რას ემსახურებოდა ეს ხისტი სიზუსტე, არავინ იცოდა. არავინ უწყოდა, რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამა თუ იმ მოვლენამდე დარჩა ამდენი ან იმდენი წელი, საათი, წუთი ან წამი. თუმცა, რა ნათქვამია, რომ არავინ უწყოდა - თვითონ ჟორამ ხომ უწყოდა.
მან უწყოდა სიყვარულის, ბედის რიცხვები,
მან უწყოდა, ვით შეიქმნა და შეკავშირდა ვარსკვლავეთი, ზღვა და ხმელეთი რიცხვთაგან.
ზოგადად რიცხვების კაცი იყო, ყველა რიცხვი შვილივით უყვარდა, მაგრამ ერთი რიცხვი განსაკუთრებით დაებედა. ეს იყო ოცდაექვსი. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი ოცდაექვსი ბაქოელი კომისრის საბჭოური მითის გაცამტვერებას მიეძღვნა: ამ მითში აბსოლუტურად ყველაფერი საბჭოთა პროპაგანდის მიერ შეთხზული ტყუილი აღმოჩნდა და ამან მაშინ სრულიად ახალგაზრდა და მისტიკისადმი არამედეგ მკვლევარზე, შეიძლება ითქვას, ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა: ჯერ ერთი, ოცდაექვსი ბაქოელი კომისრიდან დახვრეტილი ოცდაშვიდი აღმოჩნდა, მეორეც - მათ შორის მხოლოდ ცხრა ყოფილა კომისარი, საკუთრივ ბაქოელი ყოფილა ორი და ა.შ. იმდენი იკვლია ოცდაექვსი ბაქოელი კომისრის მითი, იმდენი იძახა შაჰუმიანი-ჯაფარიძეაზიზბეკოვი-ფიოლეტოვი (თან თურმე სომეხ-ქართველ-აზერბაიჯანელ-რუს ბოლშევიკთა ყალბი ლიდერობაც ინტერნაციონალიზმისადმი მიძღვნილი ხარკი და მითი ყოფილა, ნამდვილი ლიდერები შაუმიან-ჯაფარიძე-კორგანოვ-პეტროვი ყოფილან), რომ ამ მართლა თარს რიცხვს ვეღარ მოშორდა: ყველგან შავბნელი ოცდაექვსი და მისი პირქუში მოადგილე, საბედისწერო ცამეტი ელანდებოდა; ხომიზურის ტელეფონის ნომერი ერევანში ხომ 26-ით იწყებოდა, ციფრების ჯამიც ოცდაექვსი იყო; ნომერი გამოუცვალეს - ციფრების ჯამი 26 დარჩა; კიდევ ერთხელ გამოუცვალეს და ციფრების ჯამი იგივე დარჩა! („მისტიკა!“ - გულწრფელი მღელვარებით ამბობდა ჟორა). ჩემი თბილისის ტელეფონის ნომერს ოცდაექვსამდე ერთი დააკლდა! წელიწადი ხომ ორჯერ ოცდაექვსი კვირისგან შედგებოდა! ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს ხომ სამჯერ ოცდაექვსამდე ზუსტად სამი წელი დააკლდა! მოკლედ, როგორც რუსები იტყვიან, опять двадцать... шесть!
ბოლოს და ბოლოს ჟორას მოყვარულმა საზოგადოებამ ჩვენ ბანაკში, რიცხვ ოცდაექვსისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და ერთგულების გამო, ოცდაექვსი გაუტოლა ახალ რიცხვით მუდმივას, ერთ ხომიზურს, რომელიც აღნიშნა ლათინური მთავრული ასოთი H, ხოლო შესანიშნავი პოლიტპატიმრის, მათემატიკოს-ტოპოლოგ ვადიმ ანატოლის ძე იანკოვის ძალიან რთული დამატების მიხედვით, ერთ მეშვიდედს ეწოდა ერთი ჟორიკი და იგი აღინიშნა ლათინური ნუსხური h ასოთი (ლათინური ასოების შეთავაზება ჩემგან მომდინარეობდა). იანკოვის დამატების სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ მან რიცხვ ოცდაექვსში ციფრები შეკრიბა (მიიღო რვა), შემდეგ მიღებულს ერთი გამოაკლო (მიიღო შვიდი) და შემოიღო ერთი მეშვიდედი ანუ ჟორიკი. განსაკუთრებული სირთულე ის იყო, რომ კითხვაზე, ის ერთი რატომღა გამოაკელიო, იანკოვს მოჰქონდა თვითნაკეთი გრიფელის დაფა და უშველებელი სტილუსი, სამი საათი წერდა, შლიდა, ჩხუბობდა, ამტკიცებდა და ყვიროდა, - ასეც თუ ვერ გაიგეთ, მე არაპროფესიონალებისთვის მეტი დაღეჭვა აღარ შემიძლიაო. ამის შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ ბანაკში შედარებით დაბალი საგანმანათლებლო ცენზის მქონე სამხედრო დამნაშავეებმაც კი იცოდნენ, რომ წელიწადი შედგება ზუსტად ორი ხომიზური და ერთი ჟორიკი (2H1h) კვირისაგან, რომ ბრეჟნევმა სამ ხომიზურს სამი წელი დააკლო, რომ 1985 წლის პირველი იანვრის მონაცემებით ჟორას, ლევან ბერძენიშვილს, ჯონი ლაშქარაშვილს და რაფაელ პაპაიანს თითო ხომიზური კბილი ჰქონდათ, ხოლო 1986 წლის 1 იანვრის მონაცემებით, აღნიშნულ პირებს უკვე ერთად ჰქონდათ ორი ხომიზური კბილი, რომ ცამეტი თარსია, რადგან არა სრული, არამედ მხოლოდ ნახევარი ხომიზურია, რომ ჩვენ ბანაკში ბილწსიტყვაობის ჭეშმარიტი და საყოველთაოდ აღიარებული ჩემპიონი, საბჭოთა პოლივიტამინების - უნდევიტისა და დეკამევიტის შემოქმედი, არნოლდ არტურის ძე ანდერსონი ორი ხომიზური წლისა იყო, როცა ნახევარი ხომიზური მიესაჯა დეკამევიტის ფორმულის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საკუთარი ძმისთვის გადაცემისათვის, რომ ჩვენ მიერ შესაკერი ხელთათმანების დღიური ნორმა იყო სამნახევარ ხომიზურს პლუს ერთი (92 წყვილი) და ა.შ.
ჟორას მტკიცებით, ჩვენი პოლიტიკური ზონის ალფანუმერული გამოსახულებაც ЖХ 385/3-5 უნდა წაგვეკითხა, როგორც Жора Хомизури 1+1+(ეს Ж და Х არისო)+3+8+5+3+5 = 26 ანუ ჟორა ხომიზური ხომიზური, როგორც ჰომო საპიენს საპიენს.
იმ პერიოდში გიორგი ხომიზურს, როგორც დისიდენტს, ჩვენი ზონის გარდა, არავინ იცნობდა; ძალიან ვიწრო გეოლოგიურ სამეცნიერო წრეებში იცნობდნენ როგორც ნავთობქიმიისა და გაზის მრეწველობის ინსტიტუტის ვარსკვლავს, ძალიან კარგ გეოლოგს და გეოსინკლინალიების შესახებ დაწერილი მოზრდილი მონოგრაფიის ავტორს, მაგრამ მთელ საბჭოთა კავშირში დისიდენტი ან მოდისიდენტო კაცი არ მოიძებნებოდა, ერნესტ გარაევი და მისი წიგნები რომ არ ცოდნოდა.
ერნესტ გარაევი მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი იყო (ფსევდონიმები ბლომად ჰქონდა, სტალინმოძულე „ნეკობა“ - არა-კობადან დაწყებული და, მისი აზრით, მშობლიურ-ხევსურულად გაფორმებული „აპარეკ გულაგურით“ დამთავრებული). სწორედ ერნესტ გარაევის ფსევდონიმით ჰქონდა იატაკქვეშეთში გამოცემული წიგნები „სკკპ ხელმძღვანელობის ისტორია (ფაქტები კომენტარების გარეშე)“, „მითი ოცდაექვსის შესახებ (ოცდაექვსი ბაქოელი კომისრის ნამდვილი ისტორია)“, „დიდი ტერორის ქრონოლოგია“. მე ვეხუმრებოდი, - სახელ ერნესტს შენ ჰემინგუეის სიყვარულის გამო არ დაირქმევდი, აშკარად შენი ტროცკისტულ-მემარცხენე წარსულიდან გამომდინარე, ერნესტო ჩეგევარას სცემდი-მეთქი პატივს, - მაგრამ არასოდეს მეთანხმებოდა, თუმცა დიდ წინააღმდეგობასაც არ მიწევდა.
გიორგი ხომიზური, ქართველი კაცი, ბაქოში დაბადებული, დედის მიერ ბავშვობაში მიტოვებული, სახალინზე გადასახლებული, ამაყი და მარტოხელა ქართველი მამის მიერ გაზრდილი, მოსკოვში ერთი ხომიზური წელი ნაცხოვრები და ერევანში 1982 წელს დაპატიმრებული, გაუტეხელი მებრძოლი იყო. იმ ორასოთხმოცდასამი მილიონ რვაასოცდაოთხი ათასი წამის განმავლობაში, რომელიც საბჭოთა „კაგებეს“ გადაწყვეტილებით, ბანაკებსა და გადასახლებაში უნდა გაეტარებინა, მერყეობისთვის ერთი წამიც არ დაუთმია. ექვსი წელი მკაცრი რეჟიმის ბანაკი და სამი წელი გადასახლება ჰქონდა მისჯილი; მის თანამოსაქმეს, რაფაელ პაპაიანს შესაბამისად - ოთხი და ორი. მათი მესამე თანამოსაქმე საერთოდ საეჭვო გარემოებებში დაუძვრა მართლმსაჯულებას, მაგრამ ჟორა ედგარს, როგორც განათლებულ კაცს, მაინც პატივისცემით მოიხსენიებდა. საინტერესო კი იყო, რომ ორი სომეხი და ერთი ქართველი დისიდენტისგან შემდგარი ერევნული დაჯგუფების ხელმძღვანელად სომეხმა ჩეკისტებმა უყოყმანოდ ქართველი ანტისაბჭოელი აღიარეს - ჟორა ამბობდა, - ჩეკისტი ხალხია, სტალინის ფასი ეცოდინებათ, ქრისტიან კავკასიელებში ლიდერი ვინ იქნებოდა, კარგად ხვდებიანო.
ქართველებს და სომხებს სამეურნეო-სამეგობრო „სამხრეთ კავკასიის ხალხთა ქრისტიანული ფედერაცია“ გვქონდა ჩამოყალიბებული (კაცმა რომ თქვას, შეიძლებოდა სიტყვა „ქრისტიანული“ არ დაგვეხარჯა, რომ ძალიან ცუდი კაცი, ჯაშუში და სს-20 რაკეტის ნახაზების იუგოსლავიაში ამერიკელებისთვის მიმყიდველი ახპერ რაჯაბოვი ასევე სამხრეთ კავკასიელი, აზერბაიჯანელი არ ყოფილიყო. ასე რომ, სიტყვა „ქრისტიანული“ რაჯაბოვისთვის ფედერაციის კარის ჩასარაზად იყო განკუთვნილი, ხოლო ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით აზერბაიჯანიდან არავინ ჩაუსვამთ, რომ ცუდი ახპერი კარგი აზერბაიჯანელით შეგვეცვალა). ფედერაციაში ფედერატების ფინანსური ინტეგრაციის დონე ისეთი მაღალი არ იყო, როგორც ებრაულ ქიბუცში (თვეში ხუთ მანეთს საკუთარი ჭკუით „ვხარჯავდით“), მაგრამ თვეში ერთხელ „ლარიოკში“ პროდუქტების შეძენისას ფედერაციის წევრებს შორის გარკვეული კოორდინაცია მაინც ხდებოდა.
ფედერაციას თავისი კონსტიტუცია ჰქონდა. კონსტიტუციის მამა და ერთადერთი ავტორი იყო გიორგი ხომიზური. ბუნებრივია, არსებობდა ამ კონსტიტუციის წერილობითი ტექსტი, დაწერილი ჟორას მიერ რუსულ ენაზე და თარგმნილი რაფაელ პაპაიანის მიერ სომხურ და ლევან ბერძენიშვილის მიერ ქართულ ენებზე (ჩემი იდეა, ეს ტექსტი ლათინურ და ძველ ბერძნულ ენებზეც გვეთარგმნა, ჟორას სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა, ეს თქვენი სათამაშო არ არის, კონსტიტუცია სერიოზული დოკუმენტიაო). სამივე ტექსტი მხოლოდ ორიგინალის სახით არსებობდა და ჟორასთან ინახებოდა, მაგრამ იურიდიული ძალა მხოლოდ რუსულ და ქართულ ვარიანტებს ჰქონდა, რადგან პაპაიანს რუსული სკოლა და ტარტუს უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ჟორა მის სომხურს არ ენდობოდა. კონსტიტუციის მიხედვით, კონფედერაციას მეთაურობდა უხუცესი ანუ სტარეიშინა (ჩისტოპოლის ციხიდან ჰენრიხ ოვანესის ძე ალთუნიანის ჩვენს ბანაკში გადმოყვანამდე ფედერაციაში ასაკით ყველაზე უფროსი ჟორა იყო) და ამ თანამდებობაზე შეიძლებოდა არჩეულიყო მხოლოდ გიორგი პავლეს ძე ხომიზური (ასე ეწერა კონსტიტუციაში: „უხუცესის თანამდებობაზე ასარჩევად შეიძლება დასახელდეს მხოლოდ გიორგი პავლეს ძე ხომიზურის, 1942 წლის 9 თებერვალს დაბადებულის ქ. ბაქოში, ქართველის, კანდიდატურა; მხოლოდ გიორგი პავლეს ძე ხომიზური, ქართველი, დაბადებული 1942 წელს ქ. ბაქოში, შეიძლება აირჩიონ უხუცესის თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი პავლეს ძე ხომიზური აცილებას მისცემს თავის კანდიდატურას, ფედერაციის წევრები ვალდებული არიან, იგი აირჩიონ ფედერაციის უხუცესად“. ამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, არცთუ ისე დემოკრატიული დებულების დასაბუთებაში მოტანილი იყო: ქართული ხალხური სიმღერის „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“ (ჟორასეულ რუსულ ვარიანტში ეწერა „Грузин, саблю доставай“) სატექსტო ნაწილი, სტალინის ბიოგრაფიის თბილისური პერიოდის რამდენიმე ეპიზოდი, განსაკუთრებით, კობასა და კამოს ურთიერთობის ამსახველი მომენტები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ ამ არაკანონმორჩილ მოქალაქეთა შორის მკაცრი სუბორდინაციის არსებობას და ზოგი სხვა, ასეთივე მყარი და დამაჯერებელი არგუმენტი).
ფედერაციის კონსტიტუციის მიხედვით, უხუცესის არჩევნებს წინ უძღოდა წინასაარჩევნო პერიოდი, რომლის დროსაც უხუცეს-სტარეიშინას უნდა მოესყიდა ამომრჩევლები თითო ჭიქა ნამდვილი ჩაით (ერთი ასანთის კოლოფი შავი ბაიხის ჩაი ერთ ლიტრ წყალზე, ყენდება თერმოსში თხუთმეტი წუთის განმავლობაში, შემდეგ ხდება მისი „დაქორწინება“, ანუ თერმოსიდან ჭიქაში გადმოსხმა და ისევ თერმოსში ჩასხმა ზუსტად სამჯერ და დანაკარგების გარეშე, სწორედ ამ დროს იძენს ჩაი ნამდვილ გემოს) და თითო სრული ღერი (როგორც ცნობილია, პატიმრებს ჩვევად აქვთ სიგარეტის ორად გატეხვა) „პრიმა“ სიგარეტით. ჩვენ ლარიოკში „პრიმა“ ძვირი იყო, თხუთმეტი კაპიკი ღირდა (ამავე ფასად ერთი კოლოფი წეკო მოდიოდა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ფილტვების გაშავების უნარით ბარე ათჯერ აღემატებოდა კოლოფ „პრიმას“ და ამდენად, პატიმართა საერთო აღიარებით, უფრო ეფექტიანად, რენტაბელურად და ქმედუნარიანად იყო მიჩნეული).
არჩევნების დღე კვირა იყო (ანუ არჩევნები წელიწადში ორ ხომიზურჯერ ტარდებოდა) და სტარეიშინას ჩაი ერთი ღერი „პრიმის“ თანხლებით იმართებოდა ყოველ შაბათს, საღამოს 8 საათზე - შაბათი საერთოდ სამოთხე იყო, მუშაობა (ცალ - ანუ ცერათითა და რეზინის „ნალადონნიკიანი“ ხელთათმანების კერვა) თორმეტამდე, შემდეგ აბანო (ტაშტებით, გოვზებით ანუ აბანოს კუტალებით და გამოზოგილი სარეცხი საპონით, აბა შხაპი, შამპუნი და მისთანები ხომ არ იქნებოდა ევროატლანტიკურ ციხესავით), შემდეგ კინო (ძირითადად, სტალინზე, პიონერებზე, კომკავშირლებსა და კომუნისტებზე, თუმცა ერთხელ შეცდომით ბერგმანის „ფანი და ალექსანდერი“ შემოეპარათ), შემდეგ სტარეიშინას ჩაი და ბოლოს სავალდებულო საინფორმაციო გადაცემა „ვრემია“ პოლიტბიუროს დადგენილებით, უთვალავი ტრაქტორით, კომბაინით, მუდმივი მიწისძვრით იაპონიაში და უსაშველო ტორნადოებით ამერიკაში.
შაბათობათა ეს შესანიშნავი ტრადიცია დროებით შეწყდა 1986 წელს, როდესაც ჟორა რამდენიმე თანაზონელთან ერთად მორდოვეთის დედაქალაქ სარანსკის იზოლატორში გადაიყვანეს. ამ გადაყვანის მიზეზი მარტივი იყო, ეს იყო ე.წ. გამოცდა რძით და კვერცხით ანუ ფუფუნებისა და განცხრომის ელემენტებით ანტისაბჭოთა ადამიანის ფსიქიკის შერყევა-შემოწმება.
ჟორა ვერ „გამოსცადეს“, რადგან ბავშვობიდან ვერ იტანდა რძეს, ხოლო კვერცხის გულზე ისეთი ალერგია ჰქონდა, რომ ვერც ერთ ნამცხვარს ვერ ეკარებოდა. პირველ დღეს რომ ჟორას და მის თანამოსაკნეს, პეტერბურგელ მიხეილ ტოლსტიხს რძე მოუტანეს, ჟორას თავისი ჭიქა უკან გაუბრუნებია, - რძეს არა ვსვამო. ამის შემდეგ თურმე ტოლსტიხი მთელი დღე საყვედურობდა, - შენ არ სვამ, მაგრამ მე ხომ ვსვამო. ჟორას თავისი შეცდომა უღიარებია, მაგრამ მეორე დღეს კვერცხზე უთქვამს უარი, - ალერგია მაქვსო. ტოლსტიხი ისევ აღელვებულა, - მე ხომ არა მაქვს ალერგიაო! აქ ჟორა გამწარებულა და უთქვამს, - ტოლსტიხ, შენი ხათრით შეიძლება რძე „შევიყვარო“, მაგრამ კვერცხზე ნუ მომაწვები, ჯერ ერთი, პრინციპის საკითხია და მეორეც, ყოველდღე ორი კვერცხი თავისი ქოლესტერინით შენ ჯანმრთელობას დაღუპავსო. მოკლედ, ვერ გაუგიათ ერთმანეთისთვის ემოციურ და პრინციპულ ქართველსა და ცივსისხლიან და არცთუ ისე პრინციპულ ნევისპირელს. დიდი მეგობრები არასოდეს ყოფილან, მაგრამ ზონაში რომ დაბრუნდნენ, გამარჯობის მეტი სიტყვა აღარ უთქვამთ ერთმანეთისთვის.
სხვათა შორის, ჟორას რომ კვერცხის გულზე ალერგია ჰქონდა, დიდხანს არც მე ვიცოდი, ან საიდან უნდა მცოდნოდა, კვერცხს და ამისთანა ცილოვან საშინელებას ვინ მოგვაშავებდა?! 1986 წელს, 23 ოქტომბერს დიდი დაბადების დღე გადავიხადე - ხუთი სამხრეთკავკასიელი ფედერატის გარდა, „დემოკრატები“ - პიტერელი მიხაილ პოლიაკოვი, მოსკოველი ვადიმ იანკოვი და თვითმფრინავის გამტაცებელი არენბერგი მოვიწვიე. ზღაპრული სუფრა მქონდა: ცხელი ჩაი კაცზე ხუთ-ხუთი ძალიან პატარა და მრგვალი კამფეტით, თევზის პაშტეტ „ვოლნას“ ბუტერბროდები (მესამეული ცხობის შავ პურზე) და, როგორც ზაქარია, იგივე ჯონი ლაშქარაშვილი იტყოდა, „პროგრამის ლურსმანი“ - აჭარული ხაჭაპური, გამომცხვარი გრიშა ფელდმანის სახელგანთქმულ ღუმელში (ინგრედიენტებად გამოყენებულ იქნა იმავე წლის 9 მაისს მიღებული თეთრი პური, რომელიც თვეთა განმავლობაში მეცნიერულად გავახმე, შემდგომ დავფქვი, უფრო სწორად დავნაყე და ცომად მოვზილე, ჯონი ლაშქარაშვილის მიერ ავადმყოფობისას არშეჭმული და უფრო შავი დღისთვის შენახული კარაქი, ინგა ქარაიას მიერ სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ წელიწადში ერთხელ რომ გვეკუთვნოდა, იმ ხუთკილოიან ამანათში გამოგზავნილი გამხმარი სულგუნის ფრაგმენტი და ორ კოლოფ წეკოში გადაცვლილი კვერცხის ფხვნილი). განაწილების დროს ჟორას კვერცხიანი ნაწილი მოუწია და არენბერგს შესთავაზა, - შენს უკვერცხოში გამიცვალეო, - და როცა ამ უკანასკნელმა უარი სტკიცა, ხომიზურმა თავხედური ტყუილი იკადრა, - ეს საკვები ტრადიციულად ღორის ხორცით მზადდებაო, - და მართლმორწმუნე იუდეველი არენბერგი სუფრიდან გაგვექცა (რაც მართალია, მართალია, ეს კაცი ჟორას თავიდანვე არ მოსწონდა და მერე მართლა გარეწარი აღმოჩნდა - ჩვენი თანაზონელის, უპატიოსნესი მიშა რივკინისთვის სასჯელის დამატებაში მოეხმარა ადმინისტრაციას). სწორედ ამ დროს გავიგეთ ჟორას ალერგიის ამბავიც. არენბერგის ნაჭერი კი პოლიაკოვმა და იანკოვმა ხუთწუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ თავაზიანად გაინაწილეს.
საშინელი (სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია) და დაუოკებელი ენთუზიაზმით სწავლობდა ქართულს, მაგრამ ძალიან უჭირდა. კითხვა ერთ კვირაში ისწავლა, ერთ თვეში მრგვლოვანს და ნუსხურს კითხულობდა. მრგვლოვანი ანბანის შესახებ მოცულობითი თეორია შექმნა (რა თქმა უნდა, ოცდაექვსს აქაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა), გამალებით თარგმნიდა გალაკტიონს (დარდობდა, - არ გამომდისო, - ან ვის გამოსვლია, მაგრამ ქართულად დააყოლებდა: „ისევ ვდგებოდი და მივდიოდი“ და ხელახლა თარგმნიდა), საათობით შეეძლო რუსთაველის ციტირება ზაბოლოცკის თარგმანით - ეს წიგნი ერევნის იზოლატორიდან მოყოლებული ჰქონდა და არავის ათხოვებდა. ჯერ რუსულად იტყოდა:
Что ты вертишь нас и крутишь, бессердечный мир земной?
Всякий, кто тебе поверит, будет сетовать со мной.
Ты откуда нас приводишь, где сровняешь нас с землей?
Только бог один заступник всем отвергнутым тобой!
მერე ქართულად დააყოლებდა - ვა, სოფელო...
კონსტანტინ ბალმონტის თარგმანს არ ცნობდა, - პრიმიტიულად ეგზალტირებული არისო; თვითონ კარგი პოეტია, მაგრამ რუსთველს თავის პრეტენციოზულ თარგმანში რაღაცნაირად თავს უყადრებსო, - ბრაზობდა; შალვა ნუცუბიძის თარგმანს საერთოდ არ აღიარებდა, - როგორ შეიძლება ფილოსოფიის ისტორიკოსმა ან თუნდაც ფილოსოფოსმა პოეტი თარგმნოსო, - ცხარობდა, - ქართული რუსულითაა დაწერილი, თანაც იმ სატანის (სტალინის) ხელი ურევიაო (ჟორასთვის დეტალურად მქონდა მოყოლილი ჩემი დიდი მასწავლებლისაგან, სიმონ ყაუხჩიშვილისგან განაგონი ისტორია შალვა ნუცუბიძის, მისი დის, თავად სიმონ ყაუხჩიშვილის, ვეფხისტყაოსნის, სტალინისა და, რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერიას შესახებ. ამ ისტორიაში ყველაზე პიკანტური ეპიზოდი ის კი არ იყო, რომ რუსთაველის ამხანაგ სტალინის მიერ მოწონებულმა რუსულმა თარგმანმა შალვა ნუცუბიძე და მასთან ერთად სიმონ ყაუხჩიშვილი ციხეს გადაარჩინა, ყველაზე მაგარი ისიც კი არ იყო, რომ ციხეს გადარჩენილი ქართველი მეცნიერები თავისთან საქეიფოდ ლავრენტი ბერიამ მიიწვია; არა, ყველაზე „ცხელი“ ამბავი ის იყო, რომ კარგად გამომთვრალ შალვა ნუცუბიძეს ვეფხისტყაოსნის თავისი თარგმანის ხელნაწერი ბერიასთან დარჩენია და ეს ორი ქართველი აკადემიკოსი ამხ. ბერიას თავზე რომ დადგომია, გაოგნებულ ლავრენტი პავლეს ძეს ისტორიული სიტყვა უთქვამს: ჩემგან სამშვიდობოს წასულები ცოტა მინახავს, მაგრამ სამშვიდობოდან ჩემთან თავისი ფეხით მოსულებს საერთოდ პირველად ვხედავო). ჟორა წმინდა სისხლის ანტისაბჭოთა კაცი იყო და რა გასაკვირი იყო, რომ დედამიწის ზურგზე სტალინზე მეტად არავინ ეჯავრებოდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროისა და ხალხის უდიდეს ლიდერზე, მსოფლიო პროლეტარიატის ბელადზე და გენერალისიმუსზე გიოგი ხომიზურს კვერცხზე უფრო დიდი ალერგია ჰქონდა. ჩვენ პატიმრობას ერთი დიდი თავისებურება ახასიათებდა. ჩვენ, არა საშინელ ოცდაათიან წლებში, არა ომის დროს, არა დისიდენტური მოძრაობის გარიჟრაჟზე, არა ბრეჟნევის „ზასტოის“ ეპოქაში, არამედ საბჭოთა დემოკრატიის, საჯაროობისა და გარდაქმნების ეპოქაში ვისხედით. „პრავდაში“ რომ სტალინისტები ერთ ამბავში იყვნენ, „ოგონიოკში“ დისიდენტების წრეებში ფრიად სახელგანთქმული „წერილი სტალინისადმი“ ქვეყნდებოდა. ერთ დღეს რომ ტელევიზიით საბჭოთა საინფორმაციო ბალანდას მოგვართმევდნენ, მეორე დღეს იმავე ეკრანიდან რონალდ რეიგანი ახალ წელს გვილოცავდა. გამოცდილი ხალხი ამბობდა, - ასეთ დროში ჯდომა ყველაზე აუტანელიაო. მე ვერაფერს ვიტყვი, სხვა დროში არ ვმჯდარვარ, მაგრამ ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილებს დაეჯერებოდათ.
მოკლედ, ვისხედით გლასნოსტისა და პერესტროიკის ეპოქაში. ამ ეპოქას კი, როგორც ყველა მნიშვნელოვან და გამორჩეულ ეპოქას, თავისი, სრულიად ახალი იმიჯის, განათლებული და ლიბერალი გმირები ჰყავდა. ერთერთი ასეთი გმირი იყო ვადიმ ვიქტორის ძე ბაკატინი, ცნობილი რეფორმატორი და ლიბერალი, რომელსაც ჩვენ სულ სხვა კუთხით გავეცანით. ჩვენთან კლუბ-სასადილოში სიტყვით გამოსვლისას იმხანად საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის კიროვის საოლქო კომიტეტის (ობკომის) პირველმა მდივანმა და შემდგომში შსს მინისტრმა და სუკის თავმჯდომარემ, ამხანაგმა ბაკატინმა მიწასთან გაასწორა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის მუხლით გასამართლებული დისიდენტები და ცაში აიყვანა ჩვენი მეზობელი განსაკუთრებული რეჟიმის მესამე ზონის მოსახლეობა - „პალასატნიკები“ ანუ ზოლიანები (ასეთი, განივზოლიანი „ფორმები“ ეცვათ), იგივე რეციდივისტები: მკვლელები და მძარცველები, თქვენთან შედარებით წესიერი ხალხია, პატრიოტები მაინც არიან, თავისი ქვეყნის წინააღმდეგ სიტყვა არ დაუძრავთო.
პერესტროიკის გმირის მიერ წარმოთქმული ამ ტირადის გაგონებაზე ჩვენი ზონის უფროსს, ალექსანდრ ალექსეის ძე შალინსაც კი მოეღუშა სახე, მაგრამ თავის სიმართლეში დარწმუნებული ბაკატინი არ იშლიდა და ისევ ისე აგრძელებდა. ჯერ ჯონი ლაშქარაშვილი წამოდგა და ურჩია, - ეგ პროსტინა (კლუბ-სასადილოს ეკრანს გულისხმობდა) გარეცხე, გენერალური მდივარი შავად გამოიყურება და სამშობლოს სიყვარულზე მერე ილაპარაკეო. მაგრამ ბაკატინმა ჯონის აქცენტს სწრაფად ვერ აუღო ალღო და - ვერ გავიგეო, - ჩაილაპარაკა. მაგრამ შემდეგ ჟორა წამოდგა და მთელი ხმით დაიძახა: რა თქმა უნდა, თქვენთვის მკვლელები და მძარცველები სოციალურად უფრო ახლოს არიან, თქვენაც ხომ იმავე საქმის ოსტატები ხართ, რისიც ისინიო. სახელგანთქმულ „ლიბერალს“ სახე შეეცვალა, ფერი დაეკარგა (როგორც შოთა იტყოდა, „ფერმიხდილი“ გახდა და როგორც ვიკტორ ნოზაძე განმარტავდა, წითელი ფერი გაუთეთრდა), როგორ ბედავთო, - წამოილუღლუღა და მთელი „დემოკრატიული“ ზონის ტაშის გრიალში კლუბ-სასადილოდან გაიქცა (ჯაშუშები, სამშობლოს მოღალატეები, ტერორისტები და სამხედრო დამნაშავეები, რა თქმა უნდა, ტაშს არ უკრავდნენ, მაგრამ დემოკრატები საკმარისად ვიყავით, რომ პატარა კლუბსასადილო ოვაციებით დაგვენგრია). ადმინისტრაცია სახელგანთქმული მესამე ზონის რეციდივისტებზე, მკვლელებსა და მძარცველებზე შეყვარებულ გაქცეულ ლიბერალს კუდში მისდევდა, მაგრამ ფერმიხდილი და შეურაცხყოფილი სუკის მომავალი ხელმძღვანელი და გორბაჩოვისეული საბჭოთა დემოკრატიის მომავალი გიგანტი ისეთი სვლით მიდიოდა, ზონის ადმინისტრაცია კი არა, ფეხმარდი აქილევსი ვერ დაეწეოდა.
ვადიმ ბაკატინმა ზონიდან გასვლა ვერ მოასწრო, რომ ДПНК (Дежурный помощник начальника колонии, კოლონიის უფროსის მორიგე მოადგილემ) ანუ დეპეენკა სურაიკინმა ჟორა ბარაკიდან გამოიხმო და შიზოსაკენ, საჯარიმო იზოლატორისკენ გაუძღვა. მთელი ზონა გამოეფინა: მიჰყავს სურაიკინს ჟორა ცუდი ციხიდან კიდევ უფრო ცუდ ციხეში. აქ მე თავი ვერ შევიკავე და მივუახლოვდი სურაიკინს.
- რა ხდება, სურაიკინ? - ვკითხე გაოგნებულ დეპეენკას (პატიმრისგან კითხვის დასმას ანუ გაუგონარ თავხედობას და, მით უმეტეს, ასეთ ფამილარულ მიმართვას ჩვეული არ იყო, მიმართვის ფორმალური სახე იყო „Гражданин начальник“ - „მოქალაქე უფროსო“). „დემოკრატი“ პატიმრები შემოგვეხვივნენ.
- შიზოში მიმყავს სასჯელმისჯილი ხომიზური გიორგი პავლეს ძე, - წესდების ფორმულებით მიპასუხა დაბნეულმა მაიორმა სურაიკინმა.
- რისთვის? - ჩავეკითხე მე.
- უხეშობისთვის, - მიპასუხა სურაიკინმა.
- მაიორო სურაიკინ, შენ და ბაკატინმა არ იცით, რა არის ნამდვილი უხეშობა. ყურადღებით იყავი, აი, ახლა იქნება უხეშობა: სურაიკინ, მე შენი დედა მ...
სურაიკინმა და იქვე აღმოჩენილმა კონტროლიორებმა, კისელიოვმა და ტრიფონოვმა სასწრაფოდ მიაბრძანეს ჟორა შიზოში და ჩემთან ისე სწრაფად დაბრუნდნენ, რომ თბილი ტანსაცმლის გადმოცემაც ვერ მოასწრეს მეგობარმა პატიმრებმა. შიზოში მეტი ადგილი არ იყო და მე და ჟორა ერთ საკანში მოგვათავსეს, მეორე საკანი მის თითქმის მუდმივ ბინადარს, ვიტაუტას შაბონასს ჰქონდა დაკავებული. შაბონასთან კი ვერავის შეასახლებდნენ, რადგან იგი უაღრესად საშიში საქმიანობით იყო დაკავებული: მთელი დღის განმავლობაში ბაკატინის საყვარელ მესამე ზონას დაუღალავად და ძალზე ხმამაღლა გადასცემდა ინფორმაციას პოლიტიკური პატიმრების შესახებ და არ ავიწყდებოდა პოლიტიკური მოთხოვნების დაყოლებაც: „თავისუფლება სიმართლისთვის მებრძოლ ლიტველებს: ალგირდას ანდრეიკას, იანის ბარკანსს, ვიტაუტას სკუოდისს! თავისუფლება დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქართველებს: ძმებ დავით და ლევან ბერძენიშვილებს, ზაქარია ლაშქარაშვილს!“ ასეთ კაცთან რომელიმე ჩვენგანის შეშვება როგორ შეიძლებოდა, (ცუდი პოლიტიკური გავლენა რომ მოგვეხდინა?!)
შემდგომში ზონის უფროსმა დიდი ხალისით წამაკითხა მაიორ სურაიკინის მოხსენებითი ბარათი. ზოშჩენკოს და ხარმსს შეშურდებოდათ, ისეთი მარგალიტი იყო. ყველაფერი აღარ მახსოვს, მაგრამ ჩემი და ჟორას ეპიზოდი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ჩემს მიერ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, როდესაც ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის სასჯელმისჯილი ხომიზური გიორგი პავლეს ძე, ქართველი, დაბადებული ქ. ბაქოში 1942 წელს, მიმყავდა შიზოში, მომიახლოვდა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის სასჯელმისჯილი ბერძენიშვილი ლევან ვალერიანის ძე, დაბადებული ქ. ბათუმში 1953 წელს, და მომმართა უხეშად, კერძოდ, შემდეგი სიტყვებით: „სურაიკინ, მე შენი დედა მ...“, მე ჩავთვალე, რომ ეს მან შეურაცხყოფის მიზნით გააკეთა - ქართველები მხოლოდ ამ მიზნით იგინებიან, რის გამოც, სასჯელმისჯილი ბერძენიშვილი ლევან ვალერიანის ძე, დაბადებული 1953 წელს ქ. ბათუმში, ქართველი, ჩავსვი შიზოში 15 დღით, რის უფლებასაც მაძლევდა კანონი“. სურაიკინის ეს მოხსენებითი ბარათი ჟორას წყალობით სიტყვა-სიტყვით დაისწავლა მთელმა ბანაკმა.
გათავისუფლების შემდეგ ჟორა რამდენჯერმე ჩამოვიდა თბილისში, თავისი ოჯახის წევრები - მეუღლე ნინა, ქალიშვილი მაშა და ვაჟი პავლიკა ჩამოგვიყვანა; ჩვენი მეგობრობა ჩვენ ოჯახებსაც სწრაფად გადაედო. თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლას აპირებდნენ. გასაკუთრებით ჟორას ვაჟი, პავლიკა აქტიურობდა, თბილისი მოსწონდა და ქართველობას იჩემებდა, მაგრამ ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა: ჟორას ცხოვრებამ კიდევ ერთი სასტიკი დარტყმა მიაყენა: პავლიკა 13 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ქალიშვილი მარიამი მონაზვნად აღიკვეცა.
ღრმად თავდაჯერებული ათეისტი (მისივე საყვარელი რუსთველის ტერმინით რომ ვთქვათ, „ჭკვიანი“ ანუ საზეო მიჯნურობას, ზეციურ საქმეს რომ ვერ მიხვდება, ისეთი), სულით ხორცამდე მატერიალისტი, რიცხვებისა და ფორმულების კაცი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი პავლეს ძე ხომიზური უკვე ჭარმაგ ასაკში შესული (ორ ხომიზურს პლუს ორი წლისა) თავისი ბრძოლით მოპოვებული ქართველობის განსამტკიცებლად მართლმადიდებლურად მოინათლა თბილისში, პატარა სამების ეკლესიაში. რიტუალში მონაწილე პირები - ნათლიაც (ამ სტრიქონების ავტორი) და მომნათვლელი მღვდელიც მასზე თითქმის ნახევარი ხომიზური წლით უმცროსები იყვნენ. და ეს ამბავიც, რა თქმა უნდა, ოცდაექვს აგვისტოს (ანუ ხომიზურ აგვისტოს, მერვე ანუ ოცდამეექვსე თვეს, 2+6=8) მოხდა.
![]() |
21 გმირი |
▲back to top |
საავტორო
ავტორი: გიორგი მაისურაძე
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
გმირის დაბადების მითოსი
„საით მიისწრაფი, გილგამეშ? სიცოცხლეს, რომელსაც ეძიებ, ვერ იპოვნი! როდესაც ღმერთებმა შექმნეს კაცთა მოდგმა, სიკვდილი დაადგინეს კაცთა მოდგმისათვის, სიცოცხლე კი თავიანთ ხელში დაიჭირეს“, - ამ სიტყვებით მიმართავს უკვდავების მაძიებელ გმირს - ურუქის მეფე გილგამეშს ღმერთი შამაში. ძვ.წ. მესამე ათასწლეულში შექმნილი კაცობრიობის ისტორიის ეს უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები აცნობიერებს ადამიანის სასრულობას და უკვდავების შესაძლებლობაზე პასუხის გაცემას ცდილობს. პასუხი კი საკმაოდ პესიმისტურია: ადამიანი მოკვდავია და მხოლოდ ღმერთებისთვისაა შესაძლებელი მარადიული სიცოცხლე. იმისათვის, რომ ადამიანმა უკვდავება მოიპოვოს, აუცილებელია, მან თავისი ადამიანური ბუნება დატოვოს და ღმერთად იქცეს. ამ გზას კი არა მხოლოდ მითოლოგები და ფილოსოფოსები, არამედ პოლიტიკოსებიც ეძებენ. უკვე თითქმის „გილგამეშის ეპოსის“ შექმნის ხანაშივე ერთმა ადამიანმა - აქადის მეფე ნარამსინმა ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადაჭრა: მან საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა! ამით კი არა მხოლოდ ხელისუფლების მქონე პიროვნების კულტს ჩაეყარა საფუძველი, არამედ უკვდავება ძალაუფლების სიმბოლოდ, მის მიზიდულობის ძალად იქცა. ძალაუფლების მქონე ადამიანი თამაშობს ღმერთს, საკუთარი უკვდავების ინსცენირებას აკეთებს და ასეთი თვითგამოსახვით სხვებსაც, თავის ქვეშევრდომებსაც აიძულებს მოკვდავ-ადამიანურ ბუნებაზე მისი აღმატებულობის დაჯერებას. მაგრამ ხელისუფლის უკვდავებისათვის მხოლოდ ინსცენირება არაა საკმარისი: აუცილებელია, იგი გარდაცვალების შემდეგ სხვა, ზეადამიანურ რანგში აღზევდეს და ასეთად ჩაიბეჭდოს ადამიანთა მეხსიერებაში. ამისათვის კი თავად ასეთი რანგის არსებობაა საჭირო, ანუ უნდა არსებობდეს ღმერთსა და ადამიანს შორის კიდევ ერთი, მესამე კატეგორიის არსება, რომელიც ხორციელის, მაშასადამე, მოკვდავის უკვდავად ქცევას შესაძლებელს გახდიდა. ამ შუალედური კატეგორიის არსებებს ძველი ბერძნები ჰეროსს უწოდებდნენ, რაც გმირად ითარგმნება. მეფე გილგამეში, რომელმაც სიცოცხლეში უკვდავება ვერ ჰპოვა, სიკვდილის შემდეგ იქცევა გმირად და ამით ეზიარება ადამიანთა ხსოვნაში მარადიულ სიცოცხლეს.
გმირები არიან ადამიანები, ანუ მოკვდავი არსებები, რომლებმაც ყოველი სულდგმულისათვის გარდაუალი ეს ბედისწერა გადალახეს და უკვდავება მოიპოვეს. ისინი საკუთარ არსებაში აერთიანებენ როგორც ადამიანურ, ასევე ღვთაებრივ ნიშან-თვისებებს. მითოლოგიებში საკმაოდ არაერთგვაროვანი ცნობებია გმირების წარმოშობის შესახებ: ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ისინი ცალკე სახეობად გაჩდნენ. ასეთია, მაგალითად, პრომეთე, რომელმაც იმ დროს ჯერ სრულიად უსუსურ ადამიანთა მოდგმას ღვთაებრივი საუნჯეები გაანდო და ისინი ცივილიზებულ არსებებად აქცია. უფრო მეტად გავრცელებული მოტივის მიხედვით კი, გმირები სისხლით ენათესავებიან ღმერთებს - მათი ერთ-ერთი მშობელთაგანი ღვთაებაა, მეორე კი - ადამიანი. ღმერთებთან „გენეტიკური“ კავშირით მათზე ზეადამიანური ძალები გადადის, თუმცა კი უკვდავთა რანგში ამაღლებისათვის ესეც არაა საკმარისი: მათ, როგორც თვით ყველაზე სახელოვანმა ჰერაკლემ, უკვდავება უნდა დაიმსახურონ, თანაც ისეთი საქმით, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომაც მათ გამორჩეულ ქმედებას განსაკუთრებული სახელი - გმირობა ეწოდება.
გმირობა ადამიანური შესაძლებლობების საზღვრების გადაბიჯებას ნიშნავს. ადამიანურობა კი მკაცრად განსაზღვრულ სამოქმედო არეალს, საზღვრებსა და ჩარჩოებს ითვალისწინებს, რომლის დარღვევის უფლება არც ერთ მოკვდავს არა აქვს, რადგანაც იგი ამით ღვთაებრივ განზომილებაში იჭრება და, ამდენად, „მწვალებლობს“, საკრალურ დანაშაულს სჩადის. თუმცა კი სწორედ ასეთი „დანაშაული“ თუ ნორმების უგულებელყოფა გმირს ადამიანურ ბუნებაზე ამაღლებს და გმირად აქცევს.
საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ გმირის ცხოვრება სხვადასხვა სახის „არანორმალურობებისაგან“ შედგება, რაც არა მხოლოდ მის სასწაულებრივ ქმედებებზე, გმირობებზე ვრცელდება, არამედ „არანორმალურია“ თავად გმირის ბიოგრაფიული დეტალები, რომლებიც ხშირად მისი მომავალი გმირობების წინაპირობებად გაიგება: ისინი ან რომელიმე უხილავი ღვთაებრივი ძალის მიერ ან ინცესტის შედეგად ისახებიან, ან არნასურვები და გადაგდებული ბავშვები არიან და ასეთი გარემოებები მათ მთელ შემდგომ ბედ-იღბალს განაპირობებს.
თითქმის ყოველთვის გმირის დაბადებას ან ზოგჯერ ჩასახვასაც კი წინ უსწრებს წინასწარმეტყველება, რომელიც მას, პიროვნულ განსაკუთრებულობასთან ერთად, რთულ და უჩვეულო მომავალს ჰპირდება: იგი გამორჩეულად ძლიერი იქნება და ამით საფრთხეს შეუქმნის იმათ, ვის ხელშიც ძალაუფლებაა. ამიტომაც მისი დაბადება უკვე გარკვეულ კონფლიქტს წარმოშობს არსებულ წესრიგთან, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა წინასწარმეტყველება არ ასრულდეს. მიუხედავად ამისა, გმირი გაივლის მრავალ განსაცდელს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყოველთვის გამარჯვებული გამოდის და მისთვის აღთქმულ ხელისუფლებას ეუფლება. გამეფებული გმირი კი საკუთარ დინასტიას აარსებს, რომლის წარმომადგენლებიც ასეთი წინაპრის მეშვეობით თავიანთ ღვთაებრივ წამომავლობას და, ამდენად, უკვდავებასთან ზიარებულობას იუწყებიან. ზოგიერთ მითში გმირობა პირდაპირ კავშირშია ძალაუფლებასთან. ანტიკური სამყაროს ყველაზე ტრაგიკული გმირია ოიდიპოსი, რომელიც თავისი გამჭრიახობით ურჩხულ სფინქსს ამარცხებს და ქალაქ თებეს მისგან ათავისუფლებს, რისთვისაც იგი მეფობით ჯილდოვდება. ამავე დროს ეს მითი ძალაუფლების პირველ „კრიტიკასაც“ შეიცავს: ოიდიპოსი, რომელიც, თუმცა უცოდინრად, კლავს საკუთარ მამას და ქორწინდება საკუთარ დედაზე, არის „ტირანი“, რაც ბერძნულად „მეფეს“ ნიშნავს. დემოკრატიული ცნობიერების ძველი ბერძნებისათვის ტირანი, ანუ მეფე არის ის, ვინც საკუთარ თავს ადამიანებზე მაღლა აყენებს და ღმერთებს უტოლებს. თუ გავიხსენებთ, რომ ღმერთებსაც ჰყავთ თავიანთი მეფე - უზენაესი ღმერთი, რომელმაც თავისი ძალაუფლება საკუთარი მამის ან წინაპრის მოკვლით ან დაძლევით მოახერხა, მაშინ გასაგები გახდება, რომ ტირანმაც, რომელიც თავს ღმერთს უთანაბრებს, მისი საქციელი უნდა გაიმეოროს - ძალის გამოყენებით ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება, მაშინაც კი, როდესაც იგი ამ ძალაუფლების ლეგიტიმური მემკვიდრეა. მაგრამ ოიდიპოსი არა მხოლოდ საკუთარი მამის მკვლელია, არამედ იგი საკუთარ დედასთან ინცესტის სიმბოლოდაცაა ქცეული. თავად ინცესტის სიმბოლური მნიშვნელობა ანტიკურ სამყაროში განსაკუთრებული ძალებისა და უნარების ფლობას, ზოგჯერ კი პირდაპირ ხელისუფლებას უკავშირდება. როდესაც მდინარე რუბიკონთან დაბანაკებულ იულიუს კეისარს საკუთარ დედასთან ინცესტი დაესიზმრა, მას სიზმრების ამხსნელებმა ასეთი ზმანება ხელისუფლების მოპოვების ნიშნად განუმარტეს. რუბიკონის გადალახვა რომში სამოქალაქო ომის დაწყებას და ხელისუფლების ძალით მოპოვების მცდელობას ნიშნავდა. დედა კეისრის სიზმარში რომს განასახიერებდა, რომელსაც მისი შვილი აუპატიურებს და ეუფლება. ამდენად, ერთმმართველი ტირანი საკუთარი სამშობლოს გამაუპატიურებელიცაა. ოიდიპოსი კი, რომელიც საკუთარ დანაშაულს გააცნობიერებს, ითხრის თვალებს, უარს ამბობს მეფის ძალაუფლებაზე და უსამშობლოო ყარიბად გადაიქცევა. მისი გმირობა გმირის მთავარი თვისებებისგან - სიძლიერისა და ძალაუფლებისგან გამიჯვნით გამოიხატება და ასეთი გზით იგი განსხივოსნებას, ანუ ღვთაებრივ რანგში ამაღლებას ახერხებს.
გმირი და ურჩხული
გმირობის ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური სიუჟეტია გმირის ურჩხულთან ბრძოლა და მისი განადგურება. ჩვეულებრივ, ურჩხული ბოროტების სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც სამყაროს შესაქმის მითებში ქაოსს განასახიერებს. დემიურგი ღმერთი კი ქაოსის დამარცხების შემდეგ ქმნის სამყაროს, რომლის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა კოსმოსი წესრიგსაც ნიშნავს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სამყარო ყოველთვის წესრიგთან იგივდება, რომელიც ქაოსითაა გარშემორტყმული. ქაოსი არის კოსმოსის, ანუ მოწესრიგებული სამყაროს სრული ანტიპოდი: უწესრიგობა, უფორმობა, არაცივილიზებულობა, რომელიც ადამიანთა პოლიტიკურ ცნობიერებაში უცხოსთან და მტერთან იგივდება. მაგალითად, ძველი ბერძნებისათვის ამ მტრულ, არაცივილიზებულ სამყაროს მკვიდრებს ბარბაროსები ეწოდებოდათ, ანუ ისეთი არსებები, რომლებიც ადამიანურ ენაზე, ე.ი. ბერძნულად, ვერ მეტყველებდნენ. ასეთ „ბარბაროსებს“ კი ბერძენი მითოლოგები და თვით ზოგიერთი ისტორიკოსიც კი ურჩხულებად გამოსახავდნენ.
მითოსურ სამყაროს სურათში ყოველივე უკეთურება ამ გარე ძალისგან, უმართავი სტიქიისაგან მომდინარეობს, რომლის ურჩხულად წარმოდგენაც ყოველივე განსხვავებულის, შეუსაბამოს თუ გაუგებრის დემონიზაციის საფუძველიცაა, რომელიც მუდამ სახის დაკარგვითა და გადაგვარებით ემუქრება ღმერთის შექმნილ სამყაროს და ამ ღმერთის რწმენით გაერთიანებულ ადამიანებს და ქაოსთან პერმანენტულ საბრძოლო მზადყოფნას საჭიროებს. ამ ბრძოლის მაგალითს კი სანიმუშო ზეადამიანები - გმირები იძლევიან, რომლებიც დემიურგი ღმერთის საქციელს იმეორებენ და ამით კოსმოგონიურ სიუჟეტს - ქაოსთან და ბოროტებასთან ბრძოლას - ადამიანებისათვის მისაბაძს ხდიან. გმირის იდეოლოგიური ფუნქციაც სწორედ ესაა: იგი არა მხოლოდ ღმერთსა და ადამიანს შორის შუალედური არსებაა, არამედ ადამიანში ღვთაებრიობის ნიმუში, რომელსაც უნდა მიბაძონ ადამიანებმა!
ასეთი მედიალურ-პროპაგანდისტული შინაარსი გმირმა პირველად ქრისტიანობაში შეიძინა, სადაც იგი, გამომდინარე ახალი რელიგიის პრინციპებიდან, წმინდანის ინსტიტუტად გარდაისახა. შესაბამისად, გმირობის სიუჟეტში ახალი მნიშვნელოვანი ელემენტი - მოწამეობა გაჩნდა, თუმცაკი ქრისტიანობას არანაირად უარი არ უთქვამს გმირობის ძალადობასთან კავშირზე, რაც ნათლად გამოიხატა ე.წ. მეომარ წმინდანთა კულტში, განსაკუთრებით კი - მათ შორის ყველაზე ცნობილ წმინდა გიორგის ლეგენდებში.
ადრექრისტიანული გადმოცემების თანახმად, გიორგი კაბადოკიური წარმოშობის მხედართმთავარი იყო, რომელმაც მიწიერ დიდებას სარწმუნოებისათვის თავდადება ამჯობინა: მიუხედავად სასტიკი წამებისა, მან არ უღალატა ქრისტიანობას და რწმენისათვის საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო მსხვერპლად. უძველეს ლეგენდებში ყურადღება გამახვილებულია წმინდანის მოწამეობაზე, რითაც ქრისტიანი თავად ქრისტეს მოწამეობრივ გზას იმეორებს, მაცხოვრის ასეთი იმიტაციით ადამიანურ ბუნებაზე მაღლდება და უკვდავებასთან ერთად ღვთაებრივ ძალასაც მოიპოვებს, რომელიც ღმერთის პრეროგატივით - სასწაულების მოხდენის უნარით გამოიხატება. ანუ მოწამეობის ფასი ღვთაებრივ ძალასთან თანაზიარებაა. როგორც წმინდა გიორგის ერთ-ერთ უძველეს ჰაგიოგრაფიულ თხზულებაშია ნათქვამი, წმინდანი დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის სახელს ადიდებს და მის რელიკვიებს, ანუ წმინდა ნაწილებს თაყვანს სცემს. ამით ერთგვარი ხელშეკრულება ფორმდება, ერთი მხრივ, ღმერთსა და მოწამე-წმინდანს შორის, რომელიც, საკუთარი მოთმინებისა და მსხვერპლის საზღაურად, სასწაულქმედების ძალას იძენს, მეორე მხრივ კი - წმინდანსა და მორწმუნეებს შორის, რომლის მიხედვითაც, წმინდანის თაყვანისცემა სარგებლიანობის ხარისხში გადადის.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ქცევასთან ერთად წმინდანის ინსტიტუტი თანდათანობით მთლიანად პოლიტიკურ-იდეოლოგიურ შინაარსს იღებს და როგორც ეკლესიის, ასევე საერო ხელისუფლების მთავარ ინსტრუმენტად გადაიქცევა. შესაბამისად, იცვლება როგორც ჰაგიოგრაფიების შინაარსი, ასევე - წმინდანთა იკონოგრაფიაც: სახელმწიფო რელიგიად აღზევებული ქრისტიანობა ისეთივე მეთოდებით უსწორდება ყველა სხვა სარწმუნოების მიმდევრებს, განსაკუთრებით კი წარმართებს, როგორც ზოგიერთი რომაელი იმპერატორი დევნიდა ქრისტიანებს. ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანთა ხსოვნაში განსაკუთრებული კვალი დატოვა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნამ, რის გამოც, ეს კეისარი ეკლესიამ მტრის ხატად აქცია და საკუთარი გმირი-წმინდანიც მის მკვლელად გამოაცხადა. წმინდა გიორგის ლეგენდებშიც სწორედ ამ დროს ჩნდება რომის იმპერატორი დიოკლეტიანე, რომელიც ერთ დროს თავის ერთგულ მხედართმთავარს ჯერ საპყრობილეში აგდებს, ხოლო შემდეგ სიკვდილით სჯის. მაგრამ გიორგი ცოცხლდება და წარმართ კეისარს მახვილით განგმირავს. ეს ცნობილი იკონოგრაფია, რომლის შინაარსსაც არაფერი საერთო ისტორიულ სინამდვილესთან არ აქვს, ქრისტიანული პოლიტიკური პროპაგანდის ერთ-ერთი პირველი ნიმუში და, შეიძლება ითქვას, პირველი პროპაგანდისტული პლაკატია, რომელიც ყველა ხელისუფალს, ვინც არ აღიარებს ქრისტეს რჯულს ან ხელს შეუშლის ქრისტიანობის გავრცელებას, სასტიკი შურისძიებით ემუქრება. წმინდა გიორგი, რომელიც არა ისტორიული პიროვნება, არამედ, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანის სინთეზით მიღებული ლეგენდარული ფიგურაა, კიდევ ერთ ტრანსფორმაციას IX-X საუკუნეებში განიცდის და სრულიად არქაული საგმირო მითოსის პარადიგმულ სიუჟეტს - ურჩხულის მოკვლას უბრუნდება. ეს სიუჟეტი კი ქრისტიანობაში, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, არა რომელიმე წმინდანის გმირობას, არამედ პირველ ქრისტიან იმპერატორ კონსტანტინეს უკავშირდება, რომელმაც საკუთარი თავის ურჩხულთან მებრძოლად და მის მკვლელად გამოსახვა ბრძანა. ეკლესიის მამა და ქრისტიანობის პირველი ისტორიკოსი ევსევი კესარიელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ამ სურათზე ურჩხული უღმრთო ტირანებს განასახიერებს, რომლებსაც ქრისტიანი კეისარი თავისი მახვილით მუსრავს. აქვე ქრისტიანი თეოლოგი პარალელს ავლებს „ძველ აღთქმაში“ აღწერილ ღმერთისა და ურჩხულ ლევიათანის ბრძოლასთან, რის ფონზეც ქრისტიანი იმპერატორი ღმერთის მიწიერ ანალოგად ცხადდება. ურჩხული, რომელიც სამყაროს შესაქმის მითებში ქაოსის გამოსახულება იყო, ქრისტიანობაში არაქრისტიანის, ქრისტიანობის მტრის აღმნიშვნელი ხდება, რომლის განადგურების სანქციასაც ურჩხულის მკვლელი წმინდანის ხატიც იძლევა. შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ წმინდა გიორგის კულტის აღზევება ჯვაროსნულ ლაშქრობებს უკავშირდება, რომელთა იდეოლოგიური კონცეფციაც ღვთის სახელით ურჯულოთა განადგურება და მათგან ქრისტეს საფლავის გათავისუფლება იყო. ყოველი ქრისტეს მეომარი კი, ვინც მზად იქნება იომოს და თავი გაწიროს ღვთის სახელით ბრძოლაში, დაჯილდოვდება სასუფევლით. ამით ქრისტიანობამ გმირის იდეალი თავგანწირვისა და მორჩილების სიმბოლოდ გარდასახა და მისი მეშვეობით გმირობის მასიურ რეპროდუქციას შეუდგა. უკვე X საუკუნეში ბიზანტიის ერთ-ერთი იმპერატორი მოითხოვდა პატრიარქისგან, რომ მას ყველა თავდადებული ჯარისკაცი წმინდანის რანგში აღეზევებინა და სხვა ჯარისკაცებისთვისაც სანიმუშოდ ექცია. თუკი ანტიკურ სამყაროში გმირები ადამიანების იდეალურ წარმოდგენას განასახიერებდნენ, ქრისტიანობამ გმირობა მარტვილობის იდეალს დაუმორჩილა და ქრისტესათვის თავგანწირვა მარადიული სიცოცხლის გზად გამოაცხადა.
ამასთანავე წმინდანების კულტმა, განსაკუთრებით კულტურულ პერიფერიებსა და სოფლის მოსახლეობაში პოლითეიზმის ელფერი შეიძინა: ისინი შეერწყა ლოკალურ წინაქრისტიანულ კულტებს და უკვე ადრეულ შუა საუკუნეებშივე ერთგვარ პარალელურ რელიგიად ჩამოყალიბდა. წმინდანებმა თემის მფარველის, სნეულებათაგან განმკურნებლის და სხვა მსგავსი მაგიური ფუნქციები შეიძინეს. ოფიციალური ეკლესია არათუ შეეგუა ასეთ ვითარებას, არამედ მან ერთ დროს სწორედ ეკლესიის მიერვე „წარმართობად“ შერაცხული რწმენა-წარმოდგენები შეითვისა და პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტად აქცია. ცალკეულ წმინდანთა კულტმა დროთა განმავლობაში უფრო ფართო მნიშვნელობაც შეიძინა და იგი ზოგჯერ მთელ სახელმწიფოზეც გავრცელდა, რომელიც უკვე პოლიტიკური თეოლოგიის სიმბოლურ გამომხატველად გარდაიქმნა. ასე, მაგალითად, როდესაც XIII საუკუნეში წმინდა გიორგი ინგლისის სამეფოს პატრონად გამოცხადდა, ეს ამ სახელმწიფოს პოლიტიკური განცხადება იყო: წმინდა გიორგის სიმბოლო ინგლისის სამხედრო-მესიანისტურ ორიენტაციას აღნიშნავდა. გარდა წმინდანთა ნაციონალიზაციისა, უკვე გვიან შუა საუკუნეებშივე ჩნდებიან ნაციონალური წმინდანები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტად პოლიტიკურ შინაარსს ატარებენ და თანდათანობით ახალი კოლექტიური ერთობის - ნაციის საინტეგრაციო ფიგურებად გარდაიქმნებიან. ასეთი სახეცვლილებით წმინდანის შარავანდედს ისევ გმირის დიდება ენაცვლება. სეკულარიზმის ხანამ, რომლის დროსაც ყოველივე ზეციურმა და ზებუნებრივმა გამიწიურება დაიწყო, პროფანული უკვდავების ახალი მძლავრი ფიგურები - ეროვნული და კულტურული გმირები დაბადა. გმირების თაყვანისცემა, მათი უსასრულო რეპროდუქცია და გმირობის პროპაგანდა ახალი მიწიერი და აქამდე ყველაზე მეტად ჰეროიკული რელიგიის - პატრიოტიზმის კულტმსახურებად იქცა.
გმირი ჰეროიზმის იდეოლოგიური რეპროდუქციის ხანაში
ნაციების, ანუ ერების გაჩენა უშუალოდ უკავშირდება იმ პროცესს, რომელიც სეკულარიზაციის სახელითაა ცნობილი. სეკულარიზაცია შუა საუკუნეების საკრალური წესრიგის რღვევას და მის აქამდე არალეგიტიმური თუ მარგინალური კატეგორიებით ჩანაცვლებას გულისხმობს. თუკი შუა საუკუნეებში ეთნიკურობას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და ადამიანთა ერთობის განმსაზღვრელი საეკლესიო ევქარისტიული კავშირი და ერთადერთი სუვერენის - მონარქისადმი ქვეშევრდომობა იყო, XVIII საუკუნიდან მოყოლებული სუვერენად თავად ხალხი იქცა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური და კულტურული ერთობის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შექმნას შეუდგა. თუმცა ამისათვის განსაკუთრებული გამომგონებლობა და ფანტაზიები არ ყოფილა საჭირო: სეკულარიზაციით, ერთი მხრივ, საკრალიზებული და ეკლესიით გამყარებული პოლიტიკური წესრიგი „პროფანულით“ შეიცვალა, ანუ ხელისუფლება ხალხის და არა ღვთის ნების გამომხატველად იქცა. მეორე მხრივ, უმაღლესი სუვერენისა და თაყვანისცემის სუბიექტის ადგილი სამშობლომ (მამულმა) დაიკავა და თავად იწყო გასაკრალურება. ამ ახალი რელიგიური წარმონაქმნის მასალად კი ისევ ქრისტიანული და ქრისტიანობას შერწყმული „წარმართული“ ნიმუშები იქნა გამოყენებული, რომელთაგანაც ორი ასპექტის გამოყოფა შეიძლება: პირველია ერის, ეროვნული იდენტობის პერსონიფიკაცია, მისი გაიგივება ამ იდენტობის განმსაზღვრელ ცალკეულ პიროვნებებთან, რომლებისგანაც ეროვნული პანთეონი აიგება. როგორც მრავალღმერთიან რელიგიებში ყოველ ცალკეულ ღვთაებას თავისი საკუთარი ფუნქცია აქვს და სამყაროს ამა თუ იმ ძალას გამოხატავს, ასევე ეროვნულ პანთეონში აღზევებული პიროვნებებიც სიმბოლურად ერის, როგორც გარკვეული რწმენა-წარმოდგენების სისტემის სხვადასხვა სფეროს განასახიერებენ: ერთნი არიან მისაბაძი და სანიმუშო მამულიშვილები, რომლებიც სამშობლოსათვის თავს სწირავენ, ხოლო მეორენი - „ერის მამები“, რომლებიც სამშობლოსათვის თავის გაწირვის მაგალითებზე კოლექტიურ მეხსიერებას და ამგვარად პატრიოტიზმის „თეოლოგიის“ შემქმნელებად წარმოჩინდებიან.
მეორე რელიგიური ასპექტი ტარიგის ქრისტიანული იდეიდან მომდინარეობს და ერთ მიზანს - თავგანწირვის რეპროდუქციას ემსახურება. მხოლოდ, თუკი ქრისტიანობაში ღმერთისათვის საკუთარი სიცოცხლის გაღება ზეციური სასუფევლის გარანტია იყო, პატრიოტიზმში ღმერთის ადგილს სამშობლო იკავებს, რომლისთვის დაღუპვა ერის ისტორიულ მეხსიერებაში გმირად შესვლას ნიშნავს. როგორც ქრისტიანობისათვის ამოსავალი ქრისტეს მოწამეობა და სიკვდილზე გამარჯვებაა, ასევე ერის ისტორიული ხსოვნაც მარტვილურ სტრუქტურას იმეორებს: ერი ტანჯვიდან იბადება და მტანჯველზე იმარჯვებს. ეს გამარჯვება კი გმირების მსხვერპლის ფასად მიიღწევა. გმირის სიკვდილი მისი აპოთეოზია, ანუ ღვთაებრივ რანგში ამაღლება, რომელიც არა მხოლოდ მის სახელს უკვდავყოფს, არამედ მის საფლავსაც საკულტო ობიექტად აქცევს. ამდენად, გმირობა უკვდავების სეკულარული ფორმაა, რომელიც წმინდანობას ენაცვლება. განსხვავებით წმინდანისგან, რომელიც ზენაციონალურია და მისი თაყვანისცემა ეთნიკური საზღვრებით არ შემოიფარგლება, გმირი ყოველთვის ერთი ერის კუთვნილებად რჩება, რომელსაც ეს ერი საკუთარი თავის სხვა ერებისგან გასამიჯნად, ხშირად კი მათ წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ გამოიყენებს.
გონებისა და პოზიტივისტური მეცნიერებების ხანად წოდებულ XIX საუკუნეში ჰეროიზმი, ისევე, როგორც მთლიამთლიანად ეროვნული ნარაციების თხზვა, ამ საუკუნის ყველაზე მეტად „ირაციონალური“ და მითოლოგიური სფეროა. ჯერ მთელი ევროპა, ხოლო შემდეგ მისი მიბაძვით თანდათანობით მთელ მსოფლიოში ახლადგაჩენილი ერები ეროვნული გმირების გამოგონებით, მათი ისტორიების შეკოწიწებითა და ქანდაკებებისა თუ მემორიალების აგებით არიან დაკავებულნი. ამ პროცესში კი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური მრწამსისა თუ ორიენტაციის ადამიანები მონაწილეობენ, რაც გმირების ფუნქციონალურ მრავალფეროვნებას წარმოშობს: გმირები ხან ტირანიას ებრძვიან, ხან უცხო დამპყრობლებს, ხანაც სამშობლოს დიდებისათვის თავად არიან დამპყრობლები. გმირის ფიგურის ხასიათი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად იცვლება, რაც კიდევ ერთხელ მის იდეოლოგიურ შინაარსზე მეტყველებს. პოლიტიკური განწყობა აჩენს ამ განწყობის გამომხატველ გმირებს, როგორც ამა თუ იმ იდეისა თუ იდეოლოგიის მატარებელ ფიგურებს, რომლებსაც ხელოვანები აიდეალებენ და ხოტბას ასხამენ, ხოლო პოლიტიკოსები მათ იდეოლოგიად გარდაქმიან და ხალხის საკუთარი მიზნებისაკენ მობილიზაციისათვის იყენებენ, სადაც მნიშვნელობა აღარა აქვს იმას, თუ რამდენად შეეშეესატყვისება ეს იდეოლოგია ამ გმირული ხატის შემქმნელი ხელოვანის ჩანაფიქრს. ამისი მიზეზი კი თავად გმირის ინსტიტუტშია საძიებელი, ანუ სრულიად მეორეხარისხოვანია ის კონკრეტული შინაარსი, რომელიც ამა თუ იმ გმირის ხატებაში ჩაიდება. გადამწყვეტი თავისთავად გმირობის, ჰეროიზმის იდეოლოგიური, შეიძლება ითქვას, მანიპულატორული ხასიათია. ესაა ჩარჩო, რომელშიც ნებისმიერი სურათი შეიძლება ჩაიდოს. ზემოქმედების ინსტრუმენტი კი სწორედ ჩარჩოა და არა ის ადამიანი, რომლის პორტრეტსაც მასში ჩააკრავენ. ყველაზე ამაღლებული და პათეტიური შინაარსის გმირთა ხატების უკანაც კი სხვა არაფერი იმალება, გარდა იდეოლოგიური სატყუარასი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ყოველთვის ხალხის მანიპულაციას ხმარდება. ამ თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არაა ქრისტიან წმინდანს, ეროვნულ გმირსა თუ წამებით მოკლულ საბჭოთა პიონერ პავლიკ მოროზოვს შორის: ისინი გამტარები არიან, რომელთა მეშვეობითაც ძალაუფლების სტრუქტურები ადამიანებს უკავშირდებიან, მათ ცნობიერებაში გარკვეულ იდეოლოგიას ამონტაჟებენ და მოცემული ნიმუშის მიხედვით ქმედებას და აზროვნებას აიძულებენ.
ზემოქმედების ეს ფორმა კი თავად ჰეროიზმის დისკურსში, მის ფსიქოლოგიურ ზეწოლის მექანიზმებშია ჩადებული: გმირი გამორჩეულობისა და განსაკუთრებული ძალის სიმბოლოა, მაგალითია იმისა, რომ ასეთი სიძლიერე ფასდება, ჯილდოვდება, რომლის ფონზეც ადამიანური ყოფა არასრულფასოვნებად გამოიყურება. გმირი საკუთარ თავში ორ ურთიერთსაპირისპირო მოდუსს - მიწიერ დიდებას და უკვდავებას აერთიანებს. განსხვავებით რელიგიური წარმოდგენისაგან, სეკულარული უკვდავება არ ნიშნავს ტრანსცენდენტულ, „მიღმა“ სამყაროში გადასვლას. მკვდარი გმირი მიწაზე რჩება და მონუმენტად და ხსოვნისა თუ თაყვანისცემის საგნად გადაიქცევა. მისი უკვდავების ხანგრძლივობა კი იმ პოლიტიკური იდეოლოგიისა თუ სისტემის პირდაპირპროპორციულია, რომლის საყრდენსაც ეს უკვდავი მკვდარი წარმოადგენს.
სეკულარული გმირი, წმინდანის მსგავსად, სიკვდილით აღწევს სრულყოფილებას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ეს სიკვდილი იძულებითია. ასეთ შემთხვევაში ის მსხვერპლია, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს უმაღლეს იდეალს სწირავს და მისი უკვდავების იდეა კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირდება განკითხვისა და შურისძიების ქრისტიანულ სიუჟეტს, რომელიც „ახალი აღთქმის“ ბოლო თავიდან - „იოანეს გამოცხადებიდან“ იღებს დასაბამს. რამდენადაც ამ თხზულების თანახმად, ქრისტე თავადაა მსაჯული და თავად სჯის ურწმუნოებს, ქრისტიანი წმინდანიც, როგორიცაა წმინდა მოწამე გიორგი, თავადვე იძიებს შურს თავის მკვლელებზე. სეკულარული გმირის შემთხვევაში, მისი სამსხვერპლო სისხლი სამშობლოს, ერს, რევოლუციას და ა.შ. ეწირება, რომლისთვისაც შურისძიება მისი თაყვანისმცემელი ადამიანების მოვალეობაა. გმირის თაყვანისცემა - მისი ტრიუმფით დაკრძალვა და განსაკუთრებულ ადგილას აღმართული საფლავი, რომელიც საზოგადოებრივ საკუთრებად ცხადდება, არა მხოლოდ სიამაყით, არამედ შურისძიების სურვილითაც აერთიანებს საზოგადოებას. რამდენადაც, წმინდანისგან განსხვავებით, გმირი ზებუნებრივ ძალებს არ ფლობს, მისი ძალა ადამიანებში მიმიკრიული უნარების, მიმბაძველობის გაღვივებაა, რომელსაც გმირი თავისი განმაცვიფრებელი დიდებითა და ტრიუმფით აღძრავს. სახელგანთქმულობა და დიდება წმინდანობის სეკულარული ფორმებია, რომლებიც ადამიანის ცნობიერებას კორუმპირებულს ხდის და იმ იდეოლოგიური სტერეოტიპის მიბაძვისკენ უბიძგებს, რომელსაც მას მთელი თავისი პათეტიკური თეატრალობით გმირობის დისკურსი სთავაზობს. მკვდარი გმირი, როგორც ზომბი, განაგრძობს არსებობას, რაც მისი უკვდავების ფორმაა. ასეთი ზომბი-გმირების მეშვეობით ძალაუფლება გმირობის მრავალტირაჟიან რეპროდუქციას ახდენს: პანთეონების მსგავსად, სადაც რჩეულთა რჩეულნი - ანუ გმირების „ორიგინალები“ განისვენებენ, ჩნდება მეორე და მესამეხარისხოვანი და ნაკლებპრესტიჟული, მაგრამ უფრო მრავალადგილიანი სასაფლაოები, რომლებიც ჯერ ისევ „პანთეონის“ ტიტულს ატარებენ. შემდეგი საფეხურია ვეტერანთა და ომში დაღუპულ ჯარისკაცთა, ე.წ. „ძმათა სასაფლაოები“, რომელიც საბოლოოდ I და II მსოფლიო ომების შედეგად ისეთ ინფლაციას აღწევს, რომ საკულტო ობიექტიდან გმირის სახელი მთლიანად ქრება და „უცნობი ჯარისკაცის“ სახით „სრულყოფილ“ საფლავად გადაიქცევა. „უცნობი ჯარისკაცის საფლავი“ ჰეროიზმის კრისტალური ფორმაა და ამ იდეოლოგიის საბოლოო მიზანს ააშკარავებს: საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღების, ანუ სიკვდილის თაყვანისცემა, რომელშიც ადამიანის ყოველგვარი იდენტობა, როგორც მისი სიცოცხლის აღმნიშვნელი, იკარგება და გარკვეული იდეოლოგიური ინფორმაციის მატარებელ მასრად, საომარ მანქანად ყალიბდება. სასაფლაოების იერარქია, რომელიც „ერის მამებისა“ და „ეროვნული გმირების“ უმაღლესი პანთეონით იწყება და უცნობი ჯარისკაცის საფლავად კრისტალიზდება, სახელის ინფლაციის დინამიკას აჩვენებს. ადამიანის ვინაობას, მის პიროვნულ სახეს გმირის შარავანდედი შლის, ანადგურებს და დროში ცვალებად იდეოლოგიურ ფორმულად გარდაქმნის. ამგვარ პროცედურებს არაფერი საერთო ხალხთან, მის ნება-სურვილთან თუ სიყვარულთან არა აქვს. ფრანგი ისტორიკოსი როჟე შარტიე, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის კულტურულ წანამძღვრებს იკვლევდა, შეეცადა ეჩვენებინა, რომ ვოლტერი, რუსო ან სხვა განმანათლებლები რევოლუციის იდეოლოგები კი არ იყვნენ, არამედ ისინი პოლიტიკოსებმა შერაცხეს ასეთებად და ამით საკუთარ წინამორბედებად და ეროვნულ გმირებად აქციეს. ამის საფუძველზე აღმოჩნდნენ ისინი ნახევრად მითოლოგიური გმირების გვერდზე, რომლებსაც უკვე ფრანგული პატრიოტიზმის თეატრში „დიდი ერის“ (Grande Nation) რეპრეზენტანტობა ევალებოდათ. მალე ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოს მოედო: პოლიტიკოსები და იდეოლოგები პოლიტიკური სიტუაციისა და მიზნების მიხედვით ქმნიდნენ ახალ-ახალ გმირებს და მათ მისაბაძობას ხალხს აჯერებდნენ. განსაკუთრებით პროდუქტიული ეს პროცესი ტოტალიტარულ რეჟიმებში, ყველაზე მეტად კი საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, სადაც პანთეონებში აღზევებულ ბელადებსა და გმირებს ცოცხალი, - საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური შრომის გმირებიც შეუერთდნენ. ამით გმირობა უკვე იურიდიულ ინსტიტუციად და იდეოლოგიური კორუფციის ფორმად იქცა.
გმირები „ოქროს აკვნის“ ქვეყანაში
„მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი, რომელსაც ვეძებ, ვისთვისაც ვსტირი?“
ილია ჭავჭავაძე
2005 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში პარიზიდან გადმოასვენა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი, რომელიც ორდღიანი ცერემონიის შემდეგ მთაწმინდის პანთეონზე დაიკრძალა. 1988 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში ახლად გამოჩენილმა ეროვნულმა მოძრაობამ ერთ-ერთ მანიფესტაციაზე იმ დროს სრულიად უცნობი ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი გამოიტანა, საქართველოში ახალ პოლიტიკურ ინსტიტუტს - ეროვნულ გმირს ჩაეყარა საფუძველი. თუმცაკი ამ ინსტიტუტის შემოსაღებად ვინმეს გმირად გამოცხადება ან თუნდაც მისი სადიდებელი თხზულებების შექმნა საკმარისი არაა და მას გმირად ინაუგურაციის საგანგებო რიტუალი - დაკრძალვა ესაჭიროება, რომელიც არა მხოლოდ გარეგნული ფორმალობაა, არამედ მისი ლეგიტიმურობის განმსაზღვრელიც. ანუ დაკრძალვის ცერემონიის მასშტაბურობა და მასში რაც შეიძლება მეტი ადამიანის მონაწილეობა გმირს გმირობის საერთოეროვნულ მანდატს ანიჭებს. პირველი ქართველი, რომელიც ოფიციალურად ეროვნულ გმირად შეირაცხა, იყო 1989 წელს დაღუპული ყოფილი პოლიტპატიმარი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კოსტავა, რომლის დაკრძალვამაც იმ დროს ყველაზე ხალხმრავალი მანიფესტაციის სახე მიიღო. 2007 წელს მრავალდღიანი პროცესიითა და კიდევ უფრო მასშტაბური პომპეზურობით საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში გადმოასვენა და მთაწმინდაზე დაკრძალა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც დამხობიდან 15 წლის შემდეგ ასევე ეროვნული გმირის შარავანდედით შეიმოსა. კოსტავაც და გამსახურდიაც იყვნენ მათი დამკრძალავი საზოგადოების თანამედროვე ადამიანები და, შესაბამისად, მათი ეროვნულ გმირთა პანთეონში აღზევება კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აღნიშნავდა: მერაბ კოსტავას მეშვეობით საქართველოში ეროვნული მოძრაობის დომინანტ პოლიტიკურ ძალად აღიარება მოხდა, ხოლო ზვიად გამსახურდიას მთაწმინდის პანთეონზე დაკრძალვით კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის არაერთმა ლიდერმა პირველი პოლიტიკური ნაბიჯები გამსახურდიას რეჟიმის წინააღმდეგ ბროლაში გადადგა, წარმატებით შეძლო მისი მომხრეებისა და მიმდევრების დიდი ნაწილის საკუთარ მხარეს გადაბირება. ამასთანავე მმართველმა პარტიამ საკუთარი თავი იდეოლოგიურად გამსახურდიას მემკვიდრედ და მისი საქმის გამგრძელებლად გამოაცხადა.
უფრო მრავალმნიშვნელოვანი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნულ გმირად შერაცხვა, რომელიც უკანასკნელ ოცწლეულში ქართულ ანტისაბჭოთა საგმირო ეპოსის განსახიერებად იქცა. რამდენადაც ეს პიროვნება არ ყოფილა ქართული კოლექტიური ხსოვნის ნაწილი, ბევრად ადვილი აღმოჩნდა მისგან მითოსის შექმნა, რაც ყველაზე ნათლად მისი დაკრძალვის გრანდიოზულ ცერემონიაშიც გამოვლინდა. ამასთანავე იგი პირდაპირ ჩაეწერა გმირის ურჩხულთან ბრძოლის იმ არქაულ სიუჟეტშიც, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური რიტორიკის ბირთვს წარმოადგენს, მაგრამ, სანამ ამ თემას განვავრცობდეთ, დავუბრუნდეთ ისევ ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვას, რომელშიც თანამედროვე ქართული ჰეროიკული იდეოლოგიის წარმომავლობის დანახვაც შეიძლება. გარეგნულად მთელი ცერემონია თითქმის პირდაპირ იმეორებდა საბჭოთა პარადების პომპეზურობას და კიჩურ პათოსს (განსაკუთრებით აღსანიშნავია სამების ტაძრის ეზოში დაჩოქების რიტუალი და პარალელურად ლამის ისტერიული ხმებით წაკითხული ლექსები და გმირის ბიოგრაფია, რომელიც პარტიული თუ კომკავშირული ყრილობების დასკვნითი კონცერტებიდანაა ცნობილი). სიახლე არა სტრუქტურა და ფორმა, არამედ მართლმადიდებლური და პატრიოტული სიმბოლიკის ის ნაზავი იყო, რომლადაც საქართველოში საბჭოთა ჰეროიზმი გარდაისახა. ასეთი ტრანსფორმაციის შედეგად შეიცვალა იდეოლოგიური აქცენტები, რომელთა გამომხატველად გმირთა ახალი ფიგურები მოგვევლინენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, როგორც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ 1924 წლის შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი, სააკაშვილის სამხედროპატრიოტული იდეოლოგიისა და ანტირუსულ-იმპერიალისტური განწყობის იდეალური სიმბოლო და ამდენად, ეროვნული გმირის ამ იდეოლოგიური ვერსიის განსახიერება აღმოჩნდა.
2003 წელს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლით საქართველოს ისტორიაში ახალი ჰეროიკული ეპოქა იწყება. ხელისუფლება XIX საუკუნის ევროპული ნაციონალიზმების სქემის საქართველოში გადმოტანას შეეცადა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ერთგვარი სეკულარული ფსევდორელიგიის ან, შეიძლება ითქვას, რელიგიურთან მიახლოებული სიმბოლური წესრიგის შექმნას გულისხმობს. ასეთი რელიგიურ-იდეოლოგიური წარმონაქმნი, ჩვეულებისამებრ, გმირების ფიგურებზე დგას. ასეთი გმირები ისტორიული თუ მითოლოგიური ფიგურებია ან ნაციონალიზებული წმინდანები, რომლებიც ფაქტობრივად ერთი ერის ან ქვეყნის მფარველად ან საკუთრებად ცხადდება. შემდეგ იდგმება მათი ძეგლები, იდეოლოგიურად ტრანსფორმირდება მათი ისტორიული თუ მითოლოგიურრელიგიური შინაარსებიც, რომელთა მიხედვითაც ეროვნული ნარაცია იქმნება - ანუ ეროვნული თვითშეგნებისა და მეხსიერების, სამყაროში მისი ადგილისა და დანიშნულების შესახებ ერთგვარი „მოძღვრება“. ეს მოძღვრება კი რელიგიურთან მიმსგავსებულ თვისებებს იძენს, წარმოშობს მთელ რიგ რიტუალებს, თაყვანისცემისა და ხსოვნის ადგილებს, რომელთა დანიშნულებაც ადამიანების გარკვეულ იდეოლოგიურ სქემაში მოთავსება და ამ სქემის მიხედვით მართვაა. რელიგიისა და პოლიტიკის რიტორიკულ ან რიტუალურ დონეზე ამგვარი დაახლოებით კი მიიღება ისეთი ჰიბრიდი, რომელიც
„პოლიტიკური რელიგიის“ სახელითაა ცნობილი. „პოლიტიკური რელიგია“ - ესაა ყოვლისმომცველი იდეოლოგია, რომელიც საკუთარ თავში სეკულარულ და საკრალურ სფეროებს აერთიანებს. ასეთი „რელიგიები“ პირველად გერმანულ ნაციონალ-სოციალიზმსა და სტალინის დროინდელ საბჭოთა კომუნიზმს ეწოდა, რომლებშიც პარტიულმა იდეოლოგიებმა რელიგიური შინაარსები შეიძინა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ნაციზმი ძველი გერმანული საგმირო ეპოსებისა და წარმართობის მოდიფიკაციას შეეცადა, ხოლო სტალინიზმმა ნიმუშად მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგიის მოდელები აიღო. სწორედ ეს ორი ტოტალიტარული სისტემა იქცა ყველაზე მეტად ჰეროიკულად, სწორედ მათ წარმოშვეს ყველაზე მეტი გმირის ხატება და ძეგლი. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში სტალინის დროს, რევოლუციონერი და პროლეტარი გმირების პარალელურად, გაჩნდა ისტორიულ და კულტურულ გმირთა ხატებიც, რომლებიც თანაბარ სიმაღლეზე აღმოჩნდნენ საერთო-საბჭოურ პანთეონში. სტალინის უშუალო თანამონაწილეობით შეიქმნა ქართული „კულტურული გმირების“, როგორც საქართველოს უმაღლესი კულტურული რეპრეზენტანტების - შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის კულტები. რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, სტალინისავე ინიცირებულია დავით აღმაშენებლის კულტი, რომელშიც იგი საკუთარი აბსოლუტიზმის ქართულ პროტოტიპს ხედავდა. დავით აღმაშენებელმა სწორედ საბჭოთა საქართველოში დაიკავა ყველაზე დიდი ქართველი მეფის ადგილი, რომელიც მანამდე ქართულ კულტურულ მეხსიერებაში თამარ მეფეს ეკავა. საბჭოთა ეპოქაშივე გავრცელდა საქართველოში ძეგლების დადგმისა და თაყვანისცემის ტრადიცია, სადაც ისტორიულ გმირთა გვერდით მითოლოგიური თუ გამოგონილი გმირების, მაგალითად, ქართლის დედისა და მზეჭაბუკის ძეგლებიც გაჩნდა. როდესაც პერესტროიკის ხანაში საბჭოთა იდეოლოგიამ, როგორც პოლიტიკურმა რელიგიამ, რღვევა იწყო, საქართველოში, ისევე, როგორც რუსეთში, მას ახალი ნაციონალისტურრელიგიური ჰიბრიდი ჩაენაცვლა, რომელზე საავტორო უფლებებისათვის კონკურენციას ერთნაირად შეუდგნენ მართლმადიდებელი ეკლესიაც და ნაციონალისტი პოლიტიკოსებიც. 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა პირველი ქართული სეკულარული პროექტის ავტორი ილია ჭავჭავაძე, რის შედეგადაც მან ქართველი ერის ფუძემდებლად და ერის მამად მიჩნეული პიროვნების, ანუ სრულიად სეკულარული ფიგურის საკრალიზაცია მოახდინა და ამით მისი საკუთარ დოგმატიკურ ავტორიტეტად მითავისება სცადა. ერთი წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ დააარსა პოლიტიკური პარტია „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“ და ამით უკვე საკუთარ პოლიტიკურ იდეოლოგიას საკრალურობის მანდატი მიანიჭა.
ილია ჭავჭავაძე, რომელმაც საკუთარ პოეტურ თხზულებებში პირველი ქართული ჰეროიკული დისკურსი შექმნა, თანაბრად იქცა ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი მართლმადიდებლური და ნაციონალისტური იდეოლოგიების მიკერძოებული ინტერპრეტაციების მთავარ სამიზნედ. ილია ჭავჭავაძისეული გმირის პოეტური ხატი მისი თანადროული ევროპული მეამბოხე და თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის ფიგურის ანალოგიითაა შექმნილი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს მამულისათვის სწირავს. ამ ხატების ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯვა ნებისმიერი სამხედრო-პატრიოტული იდეოლოგიის ინსტრუმენტად ქცევის შესაძლებლობას იძლევა. ყველაზე მეტად საბედისწერო კი ილიას მიერ შექმნილი „ბაზალეთის ტბის“ პოეტური მითი აღმოჩნდა, რომლის თანახმადაც, ბაზალეთის ტბის ძირას თამარ მეფის მიერ ჩადგმულ ოქროს აკვანში უცნობი ყრმა უნდა იწვეს, „ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი“. ეს მითო-პოეტური ხატება უკვე საბჭოთა საქართველოში ყოველგვარ ლიტერატურულ კონტექსტს მოსწყდა და წაკითხული და გაგებული იქნა პოლიტიკურ-რელიგიურ წინასწარმეტყველებად, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ზეგმირი, მესია უნდა ეშვა. ეს მესია ჯერ სტალინთან გაიგივდა, პოსტსაბჭოთა ხანაში კი უკვე, ერთი მხრივ, გამსახურდიას პოლიტიკური მესიანიზმის, მეორე მხრივ კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაციონალისტური თეოლოგიის წყაროდ იქცა, რომელთა შემაჯამებელი დაგვირგვინებაცაა სააკაშვილის სამხედრო-პატრიოტული ჰეროიზმი და მისი ოპოზიციის სრულიად ოდიოზური საგმირო-რელიგიური პათეტიკა. ასე ჩამოყალიბდა მრავალმხრივ იდეოლოგიზირებული და გაყალბებული „ოქროს აკვნის“ პოეტური ალეგორია იმ აგრეგატად, რომელიც გმირების, წმინდანებისა და მესიების უსასრულო ტირაჟებს აწარმოებს, რის შედეგადაც XXI საუკუნის საქართველო მითოლოგიურ და მითოლოგიზირებულ არსებათა ბრძოლის თეატრად გადაიქცა, სადაც მსახიობებმაც და მაყურებელმაც რეალობასთან კავშირი, ფაქტობრივად, დაკარგეს და ამ სპექტაკლსაც დასასრული აღარ უჩანს.
![]() |
22 „პირველად იყო სიტყვა“ |
▲back to top |
საავტორო
ავტორი: ლანა ღოღობერიძე
მარტოობის განცდა პარიზში, ელენ ლაროშის მშვენიერ სახლში, მის ბაღში, რომლითაც განგებამ დამასაჩუქრა. „ამ ჯოჯოხეთის და ბოდვის გამო გთხოვ, სიბერეში ბაღი მაჩუქე, ბაღი, ეული, როგორც მე თვითონ“, - ეს იყო მარინა ცვეტაევას ოცნება, რომელსაც აღსრულება არ ეწერა. მე კი აი, ბაღიც მარგუნა ბედმა. ახლა, ამ გაზაფხულზე, როცა ყველა ყვავილი ერთდროულად ყვავის, ის ნამდვილ წალკოტად არის ქცეული, და მეც ყოველი ახალი კვირტი სიხარულით მავსებს... და კიდევ, არსებობა ერთ მომხიბვლელ ქალაქში, რომლის ყოველი უბანი, ყოველი ქუჩა, ყოველი ხიდი ყოველ წუთას გთავაზობს აღმოჩენებს, სადაც ასეთი ცოცხალია კულტურული ცხოვრება თავისი სპექტაკლებით, გამოფენებით, ფილმებით, კონცერტებით... და მაინც, მარტოობა, უცნაური არსებობა შვილების გარეშე, შვილიშვილების გარეშე, ნამდვილი მეგობრების გარეშე, ანუ იმათ გარეშე, ვინც შენ ცხოვრებას შეადგენს. არსებობა უთბილისოდ, უყაზბეგისქუჩოდ, უთავბოლო, განუჭვრეტელი, არეულ-დარეული პოლიტიკის მიღმა, მუდმივ სტრესში მყოფი საზოგადოების მიღმა, არსებობა შენი მიწის სურნელის გარეშე.
და მარტოობაში გამძაფრებული ფიქრი - რისთვის მოვედით ამ ქვეყნად, საიდან მოვედით ან საით მივდივართ. ადამიანის მარადი მისწრაფება - გაიაზროს, ახსნას და სიტყვიერად ჩამოაყალიბოს თავისი არსებობის საიდუმლო.
... მე კი ვერაფრით ვერ მიპოვნია
სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს.
ეს ოთარ ჭილაძის სტრიქონებია. ძიება არსის და მისი გამომხატველი სიტყვის, ნათქვამი პოეტის მიერ და ამიტომაც გულში ჩამწვდომი. როგორ ვიპოვოთ „სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს“?
ამ ლექსში ასეთი სტრიქონებიც არის:
და რასაც ვხედავ, პირველად ვხედავ,
არ არსებობდა თითქოს აქამდე,
არც გზა, რომელიც გვირაბში შედის,
არც ხე, რომელიც უნდა აყვავდეს...
და კიდევ:
მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ...
სიტყვის ძალა, ან სიტყვის მაგია. ქალის ხელი, რომელიც შეცდომით დევს კაცის დაღლილ ხელზე და რომელიც თვითონ ხვდება თავის შეცდომას. რადგანაც ყველაფერი უკვე იყო და დასრულდა, რადგანაც ვეღარაფერს მოსთხოვ ვნებებს, „რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს“. იგივე აზრი ბლოკს სხვა სიტყვებით აქვს თქმული:
Bсе это было, было, было,
Свершился дней круговорот,
Kакая ложь, какая сила,
Тебе прошедшее вернет.
ბავშვობიდან ასე იყო: უეცრად რომელიმე პოეტი შემოიჭრებოდა ჩემში და რაღაც ხნით მთელ სულიერ სივრცეს ეპატრონებოდა. ბავშვობაში ეს ჩვენი „ლიტერატურული წრის“ ბავშვების კოლექტიური გატაცებები იყო, ერთ-ერთი ჩვენგანი აღმოაჩენდა რომელიმე პოეტს, და მერე ყველანი რამდენიმე თვის მანძილზე გარეთ და შინ, ერთად და ცალ-ცალკე მას ვკითხულობდით. უფრო სწორად, უბრალოდ ვკითხულობდით კი არა, ეს პოეტი გარკვეული დროით ჩვენი არსებობის განმსაზღვრელი ხდებოდა. ასე გვქონდა ერთი დიდი პერიოდი - ბლოკის, მერე - გალაკტიონის, მერე - სულ ახალგაზრდა, და ამიტომ ჩვენთვის ასეთი ახლობელი ანა კალანდაძის; მერე, თანდათან ეს გატაცებები უფრო ინდივიდუალური და ინტიმური გახდა. უიტმენი, თაგორი, ვაჟა-ფშაველა, მერე - პასტერნაკი, ახმატოვა, უფრო გვიან - ცვეტაევა, მერე - ვერლენი, ბოდლერი, ელუარი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს პოეტები ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებს ასახიერებენ.
და აი, ახლა დადგა ახალი ეტაპი - აპოლინერის! ეს ფრანგი პოეტი რაღაც განსაკუთრებით ახლობელი გახდა ჩემთვის. თითქოს ის ჩემი თანამედროვეა, ჩემი ტოლი და ჩემ სათქმელს ამბობს, თუმცა რეალურად, ის 1918 წელს, 38 წლის ასაკში ომში მიღებული ჭრილობისა და ტრეპანაციის მერე დასუსტებული, „ისპანკით“ გარდაიცვალა. პოეტი - ნოვატორი, რომელმაც პირველმა შემოიტანა ფრანგულ პოეზიაში ვერლიბრი და ლექსი პუნქტუაციის გარეშე და რომელსაც ძეგლი პერლაშეზის სასაფლაოზე პიკასომ დაუდგა. ვკითხულობ და ვთარგმნი, ვთარგმნი და ვკითხულობ... და როგორც სხვა დროსაც მომხდარა თარგმნის დროს, მიჩნდება არცთუ ძალიან მოკრძალებული ფიქრი, რომ ამ სტრიქონებს კი არ ვთარგმნი, არამედ თვითონ ვწერ, რომ ეს ლექსები სულ უბრალოდ ჩემშია დაბადებული და ხორცშესხმული!
და რატომ ფეთქავ შენ გულო ჩემო
ვით ნაღვლიანი მეთვალყურე
მე თვალს ვადევნებ ღამეს და სიკვდილს
„ვით ნაღვლიანი მეთვალყურე მე თვალს ვადევნებ ღამეს და სიკვდილს“... ეს ნამდვილად ჩემი დღევანდელობის განცდაა! ან გააზრება სიყვარულის, როგორც ყოვლისმომცველი მოვლენის, რომელიც ბუნებრივად ერწყმის სიკვდილს:
და ჩავიდოდა მზე წუხილით და დანანებით
და სიყვარული სისხლისაგან დაიცლებოდა
ღამე ამკობდა შემოდგომის ცას ვარსკვლავებით
და აქ ჩვენს ფერხთით ჩუმად კვდებოდა
თვალგახელილი წინ მიქროდა მატარებელი
და ქარის ქროლვას ქროლვით ებრძოდა
კვდებოდა ღამე უბით ცოდვის მატარებელი
და ასე ჩვენი სიყვარული სიკვდილს ერწყმოდა
ან სტროფები მისი საყოველთაოდ ცნობილი ლექსიდან „მირაბოს ხიდი“:
მირაბოს ხიდისქვეშ მიცურავს სენა
და ეს სიყვარული
და მე მახსენდება განვლილი დღენი
დიდი ტკივილი და მერე სიხარული
დე დადგეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
არ წყდება დღეთა და კვირათა დენა
და არ დაბრუნდება
არც ეს სიყვარული სიმწრით დაღდასმული
არც დრო გარდასული
მირაბოს ხიდისქვეშ მიცურავს სენა
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
გიიომ აპოლინერი - ეს მართლაც მთელი სამყაროა, უცნაური, აპოკალიპტური სამყარო, სადაც „ნაცემ-ნაგვემი მათხოვრები უვლიან დავლურს“, სადაც „ქუჩებს ატყვია შარშანდელი წვიმის სისველე“, სადაც პოეტი ხედავს „წყლის წვეთების ფაქიზ საყელოს ამ დამხრჩვალ ქალს რომ ყელზე მძივად გამოადგება“, სადაც ცის ლაჟვარდში „დაფრინავს ქორი და დასცქერის იმ ქონდრისკაცებს ვისაც არასდროს და არავინ არ ყვარებიათ“, სადაც „ნახევრად მკვდარი ანგელოზები თავს აფარებენ დანისლულ სივრცეს“... სადაც
ჩამოკრა ზარი განგებამ
ქარი ჩასახლდა ყანაში
უიმედობის თარეშში
დასრულდა ყველა თამაში
ზარი ჩამოკრა განგებამ
ამ „უიმედობის თარეშით“ თითქოს შენც უიმედობაში უნდა ჩაეფლო, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად პირიქით ხდება: დიდი პოეტის მიერ თქმული სიტყვა ისეთ განცდებს და ფიქრებს გაზიარებს, ისეთ მშვენიერებას გთავაზობს, რომ თვითონაც ნეტარებასა და ბედნიერებაში იძირები. და სწორედ ეს არის სიტყვის ძალა, რომელსაც ძალუძს შექმნას სასწაული!
და მარტოობაში აღმოცენებული ყველა ამ ფიქრიდან ბუნებრივად იბადება ოცნება, რომლის აღსრულებასაც, ვიცი, რომ ვერ მოვესწრები. ოცნება კი ასეთია: ჩვენ დამშვიდებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში აღარ არსებობენ არავითარი „ისტები“ - უბრალოდ ასეთი ცნებაც არ არსებობს, საზოგადოება არ არის გახლეჩილი ერთმანეთისადმი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ნაწილებად, არ არის მოცული არც სიძულვილით და არც კერპთაყვანისმცემლობით, ფანატიზმი, ექსტრემიზმი, ფუნდამენტალიზმი წარსულის კუთვნილებად არის ქცეული, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივად აღიქმება ყველა მოქალაქის მიერ; სხვას, შენგან განსხვავებულს მტრად კი არ აღიქვამ, არამედ მოყვარედ, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის პოლიტიკა მეორე (ან იქნებ მეათე) პლანზეა გადასული, ისინი ბუნებრივი მოთხოვნილებებით ცხოვრობენ, ანუ აინტერესებთ შვილების განათლება, ახლობლების და საკუთარი ჯანმრთელობა, მეგობრებთან, და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, უყვართ ბუნება და ზრუნავენ მასზე. ზოგი ტენისს თამაშობს, ზოგი დარბის, ხელისუფლება კი მუდმივად მათი ცხოვრების დონის ამაღლებითაა დაკავებული; ქვეყანა არის დიდი ევროპული ოჯახის ბუნებრივი და ღირსეული წევრი, მას არა აქვს ტერიტორიული პრობლემები, ვისაც უნდა დასასვენებლად ბიჭვინთაში მიდის...
ალბათ თქვენც გინდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, არა? მაშინ მოდით, და ყოველმა ჩვენგანმა რაღაც გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს! აი, ამის კი ნამდვილად მჯერა - დიახ, ჩვენ შეგვიძლია! (ობამას ლოზუნგი - ყეს, წე ცან!), ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ხელით შევქმნათ ჩვენი მომავალი, ოღონდ ამისათვის გონიერებასაც უნდა მოვუხმოთ.
და ისევ ამომიტივტივდა აპოლინერის სიტყვები:
და ვერასოდეს დაამარცხებს გარიჟრაჟს ბინდი
მოდით გავოცდეთ საღამოებით მაგრამ ვიცოცხლოთ სისხამი დილით
მოდით დავცინოთ მარადისობას ვით ქვას ან ოქროს
და დავიბანოთ ეს ხელები გიჟმაჟი ტალღით
ვიდრე დაშრება ქვეყანაზე სულ ბოლო წყარო
შევხვდი ფრანგული პენკლუბის თავმჯდომარეს - სილვესტრ კლანსიეს და რუსული პენკლუბის თავმჯდომარის მოადგილეს, არკადი ვაქსბერგს, ერთად ვისადილეთ ქართულ სახლში. ფრანგი სტუმარი აღფრთოვანებული იყო სახლითაც, რომელიც პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო უბანში, ლათინურ კვარტალში მდებარეობს, ქართული დეკორითაც და, რაც მთავარია, სამზარეულოთი, რაც ყოველთვის აჟღერებს ჩემში პატრიოტულ სიმებს, მით უმეტეს, რომ ვიცი: ფრანგებისთვის ქვეყნის კულტურაზე ყველაზე უკეთ მისი სამზარეულო მეტყველებს. (ამის საუკეთესო დასტურია ის, რომ სარკოზი ცდილობს, შეიტანოს ფრანგული სამზარეულო მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში). ვაქსბერგი, რომელიც არაერთხელ ყოფილა საქართველოში, ამაყობდა თავისი გათვითცნობიერებულობით და სიამოვნებით აცხადებდა კერძების სახელებს, - ეს ხაჭაპურია, ეს კი ფხალიო! ვილაპარაკეთ ფრანგული პენკლუბის პროექტზე, ქართველი და რუსი მწერლების კოლოკვიუმზე პარიზში, ფრანგი მწერლების მონაწილეობით. პენკლუბი აპირებს ასევე თითო მწერლის მოწვევას ინგლისიდან, გერმანიიდან, ალბათ, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან. იმედი მაქვს, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება შედგეს. სურვილი გვაქვს, ჩავაბათ პროექტში იუნესკო, რათა კოლოკვიუმი იუნესკოს და პენკლუბის ეგიდით გაიმართოს, თავისთავად გასაგებია, ეს მას მეტ წონას მისცემს. ლაპარაკი იყო ასევე ქართველი მწერლების ნაწარმოებების თარგმნაზე და საფრანგეთში გამოცემაზე, რაც დიდ ენთუზიაზმს იწვევს ჩემში. ეს ხომ მართლაც მუდმივი პრობლემაა - პატარა ქვეყნის ლიტერატურის მსოფლიო ასპარეზზე გატანა და, მართალი გითხრათ, ჩემს მისიას აქ შესრულებლად ჩავთვლი, თუ ეს იდეა რეალურად შეისხამს ხორცს.
საუბრისას ბევრჯერ ახსენეს ვინმე ალექს ბლოკი, წლების მანძილზე ფრანგული პენკლუბის თავმჯდომარე და ამჟამად საერთაშორისო პენკლუბის საპატიო თავმჯდომარე. წუხდნენ, რომ ვერ მოიფიქრეს მისი მოწვევა, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ის კოლოკვიუმის მთავარი ორგანიზატორი იქნება. ალექს ბლოკი... ეს სახელი და გვარი რაღაცას მეუბნებოდა და უეცრად გამახსენდა: 1969 წელი, დეიდაჩემის მოწვევით შვილებთან ერთად ვარ პარიზში. საბჭოთა უსახური და სტერეოტიპული სინამდვილის პირმშო, მოწყურებული ამ უცხო, მიმზიდველი და თავისუფალი სამყაროს გაცნობას, ახალგაზრდა რეჟისორი, რომელსაც აქ, ამ მომაჯადოვებელ ქალაქში ყველაფერი აოცებს და აღაფრთოვანებს. მაშინაც, პარიზში ყოფნისას, როგორც ახლა, ვაკეთებდი ჩანაწერებს, და ერთ-ერთი ჩანაწერი სწორედ ამ ალექს ბლოკთან სტუმრობას ეხება! ეს ფაქტი ნამდვილ მღელვარებას იწვევს ჩემში, როგორც ყოველთვის მოულოდნელად გაცოცხლებული წარსული... ჩემი ემიგრანტი „აპატრიდი“ დეიდები, მათი გაუხარელი ცხოვრება, მუდმივი ფიქრი და ოცნება დამოუკიდებელ საქართველოზე, რასაც ვერცერთი ვერ მოესწრო... წელს დიდხანს ვეძებე მათი საფლავები ლევილში - ბოკასი ვნახე, ქეთოსი კი ვერა, თუმცა თითქოს ნამდვილად ვიცოდი, სად იყვნენ დასაფლავებული ქეთო და მისი მეუღლე - ვანიჩკა ასათიანი... ასე გულდამძიმებული წამოვედი ლევილიდან... და აი, უცებ - ალექს ბლოკი, რომელთანაც უნდა ვითანამშრომლოთ! არც მიკვირს, იმიტომ რომ მას მაშინაც აინტერესებდა საქართველო. იმ მიღებაზე ჩემ გვერდით იჯდა მწერალი ლეონ გიუი, 80-ს გადაცილებული, ჭაღარა კაცი, რომელიც 1936 წელს ანდრე ჟიდთან ერთად იყო საქართველოში და რომელმაც ჩემი დანახვისთანავე შესძახა: საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობსო! ჩემი იმდროინდელი ჩანაწერი: „დიდი სითბოთი ლაპარაკობდა პაოლოზე და ტიციანზე. გამაოცა იმან, როგორ ახსოვს ყველაფერი, ყველა ადგილი, სადაც იყო - წინანდალი, თბილისის ქუჩები. პაზოლინიზე ვლაპარაკობდით, კანიბალებზე, ის სერიოზულად ამბობდა, - რატომაც არა, გავსინჯავდი ადამიანის ხორცს, საინტერესოა, რა გემო აქვსო. ეშმაკის თუ გჯერათო, - ეკითხებოდა ყველას მართლაც ეშმაკური ღიმილით. მე მჯერაო, ასეთი არეულობა იმიტომ არის, რომ ეშმაკს ასე უნდაო“... ჩემ პირდაპირ იჯდა პოეტი ბოფუა, თურმე დაპატიჟებული იყო ჩვენთან, რუსთაველის დღეებზე და პროტესტის ნიშნად უარი უთქვამს, - დიქტატურის ქვეყნებში ხელისუფლების დაპატიჟებით წასვლა ნამდვილად არ შეიძლება, მაშინ გამოდის, რომ სისტემას ეთანხმებიო. მე ვარწმუნებდი, - ხელისუფლებისთვის სულ ერთია, თქვენ ჩახვალთ თუ არა, ხალხისთვის და ინტელიგენციისთვის კი ამას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა-მეთქი. ის არ მეთანხმებოდა, - მე ამას სხვებისთვის კი არ ვაკეთებ, პირადად ჩემთვისო. იყო იმ წვეულებაზე ცნობილი ფრანგი მწერალი, ნატალი საროტი - ახლა გავიგე, რომ ალექს ბლოკი ძალიან ახლოს იყო მასთან... საერთოდ ის წვეულება განსაკუთრებით იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ჩემთვის ყველაფერი ახალი და უჩვეულო იყო. ბლოკების სახლიც, ძალიან ვიწრო და ოთხსართულიანი, პირველ სართულზე - მისაღები ოთახით და ტერასით, რომელიც შიდა ეზოში გადიოდა... ასეთი მიღებაც არასოდეს მენახა - საღამოს კაბებით, სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილზე - მისი სახელით და გვარით, საკუთარი გვარის აღმოჩენაც საგანგებო ვერცხლის პატარა დასადგამზე გასაოცარი რამ იყო საწყალი საბჭოთა მოქალაქისთვის! და აი, ახლა, 40 წლის მერე უნდა შევხვდე თითქოს არარსებობიდან ამოტივტივებულ ძველ ნაცნობს - ალექს ბლოკს და ერთად ვიმუშავოთ საერთო პროექტზე.
ვნახე ბოლოხანს მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე მეტად გახმაურებული, ინგლისელი რეჟისორის - დანი ბოილის ბომბეიში გადაღებული ფილმი, რომელმაც ახლახან 8 ოსკარი მიიღო - „სლამდოგ მილიონერი“. „სლამდოგის“ მიახლოებითი თარგმანია „გლახაკთა ქალაქის ძაღლები“, ანუ მთლიანად სათაური, ასევე მიახლოებით, შეიძლება ასე ითარგმნოს: „გლახაკთა ქალაქის მილიონერი“. ისტორია იმის შესახებ, როგორ იგებს ცნობილ სატელევიზიო თამაშში - „ვის უნდა მოიგოს მილიონები“ - მილიონებს ერთი საწყალი, ობოლი, ინდოელი ბიჭი უბრალოდ იმიტომ, რომ ცხოვრების მწარე გამოცდილება კარნახობს სწორ პასუხებს, და კიდევ იმიტომ, რომ მას გაშმაგებით უნდა გამდიდრება. უკიდურესი სისასტიკის სცენები, გიჟური რიტმი, ერთმანეთზე გადაჯაჭვული სიყვარული, დანაშაული, გამარჯვება, მკვლელობა, გულისამაჩუყებელი „ჰეპი ენდი“, ყველაფერი ეს ერთად ქმნის ნამდვილ საფუძველს მასობრივი მაყურებლის მისაზიდად და ოსკარების მისაღებად. თუმცა, ამავე დროს, არის ფილმში ნამდვილი ხელოვნების ნიშნებიც, ეს ძირითადად ეხება ბომბეის ე.წ. „სლამდოგის“, ანუ ისევ და ისევ გლახაკთა ქალაქის შემაძრწუნებელ და, ამავე დროს, რაღაც გაგებით, რომანტიკულ ყოველდღიურობას, ინდოელ პატარა ბიჭებს, რომლებიც იშვიათი ძალით და გულწრფელობით ასრულებენ ორი ძმის როლს, რომელთაგან ერთი იღუპება და მეორე კი, კარგი და კეთილშობილი, მილიონერი ხდება. არის ამ ისტორიაში დიკენსიდან მომდინარე მოტივები - ბავშვები, გადაშვებულნი ხიფათებით სავსე ცხოვრებაში; აქვეა ბოროტების განსახიერება - ობოლ ბავშვთა სახლის დირექტორი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, კარგად მომღერალ ბავშვებს თვალებს თხრის, რომ მათი სიმღერა უფრო მომგებიანი იყოს; და მოულოდნელი მფარველი ანგელოზებით, მაგალითად - პოლიციის კომისრით, რომელიც უჯერებს ჯამალს და ათავისუფლებს. ყველაფერი ეს ერთად გახდა იმის მიზეზი, რომ ინდოეთმა ჯერ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ფილმში ქვეყნის ასეთი გაუსაძლისი სიღატაკეა ნაჩვენები, ხოლო ოსკარების მიღების შემდეგ დამოკიდებულება სურათისადმი რადიკალურად შეიცვალა - ინდოელმა კრიტიკოსებმაც და ხელისუფლებამაც ეს ოსკარები ინდოეთის კინოს გამარჯვებად მიიჩნიეს და ლოს ანჯელესიდან დაბრუნებულ ბავშვებს, რეალობაშიც სლამდოგის მაცხოვრებლებს (მათი ბედნიერი სახეები ცერემონიალზე მართლაც ამაღელვებელი იყო) ნამდვილი ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს.
ფრანგმა კინოკრიტიკოსებმა და მაყურებელმა „ცეზარით“ დააჯილდოვეს დასტინ ჰოფმანი შემოქმედების ერთობლიობისთვის. და ვინაიდან მე ის მართლაც უბრწყინვალეს მსახიობად მიმაჩნია, მომინდა გავაცნო ჩვენ მკითხველს „პარი მატჩისთვის“ მიცემული მისი ინტერვიუ. შეკითხვა: როდესაც საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ხელოვნებისა და ლიტერატურის რაინდთა ორდენის კომანდორის წოდება მოგანიჭათ, თქვენ ატირდით. ხშირად ტირით? პასუხი: გამუდმებით. ვტირი იმდენივეს, რამდენსაც ვიცინი. 71 წლის ვარ, ამ ასაკში ვეღარ იკავებ ემოციებს. გუშინ საღამოს ვკითხულობდი ერთ რომანს, სადაც ავტორი ჰყვება, როგორი იყო მისი ქორწინების დასაწყისი, სანამ ყველაფერი ცუდად წავიდოდა და როგორ უმღეროდა მაშინ თავის გოგონას ძილისპირულს. ამან ამაღელვა, გამახსენა დრო, როცა ჩვენი ბავშვები პატარები იყვნენ. და მე ვუთხარი ჩემ თავს, რომ ვერ ვაფასებდი ღირსეულად იმ ძვირფას წუთებს, რომლებიც არასდროს დაბრუნდება. მე იმდენ რამეს ჩავუარე გვერდით... როდესაც ბერდები, თავს განდეგილად აღიქვამ. ამერიკაში 40 წლის მსახიობი ქალები გადასაგდებად მიაჩნიათ. შეკითხვა: - მაგრამ არა კაცები! - ჩვენ პირობით ვარსებობთ. თუ შენი კარიერა თოფით ხელში განახორციელე, იგებ რამდენიმე წელიწადს. პრობლემა ისაა, რომ მე არა ვარ არც ჰარისონ ფორდი და არც შონ კონერი. - შეკითხვა: - ამიხსენით, რატომ მორბიან ამერიკელი ვარსკვლავები თავქუდმოგლეჯილი, როგორც კი პარიზში ჯილდოს გადასცემენ. რა გხიბლავთ ასე საფრანგეთში? - არ ვიცი. სამაგიეროდ, ვიცი ერთი რამ: ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ ფრანგებს ისინი სძულთ. მე კი მგონია, რომ საქმე უარესადაა: ფრანგებს მთელი ქვეყნიერება სძულთ, ერთმანეთით დაწყებული! (კვდება სიცილით). შეკითხვა: - პირველი, რასაც სთხოვთ ღმერთს, როდესაც სამოთხეში აღმოჩნდებით? - ოცდაათ სანტიმეტრს და სხვაგვარ გარეგნობას….. ასეთია ეს სხარტი და ენამოსწრებული ინტერვიუ. და რაკი დარწმუნებული ვარ, რომ „ადამიანი - ეს სტილია“, აშკარად მომწონს ადამიანი, რომელსაც ეს სტილი ავლენს.
არაერთხელ დამბადებია ეჭვი: რატომ მიჩნდება სურვილი, თან დაუოკებელი, დავწერო ის, რაც განმიცდია, რითიც ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, რაც მახარებს და მაწვალებს, ხანდახან ძალიან ინტიმური განცდებიც კი; რა არის ეს, შენიღბული ეგზჰიბიციონიზმი, თუ კომუნიკაბელური ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, სხვებთან ურთიერთობის წყურვილი? და აი, ახლახან გადავაწყდი მონტენის ნათქვამს თავისი „ესეების“ წინასიტყვაობაში: „მე ვუძღვნი მას (წიგნს) ჩემი ნათესავების და ახლობლების კომფორტს: იმას, რომ როდესაც დამკარგავენ (რაც ჩქარა დაემართებათ), მათ შეძლონ აღმოაჩინონ ჩემი ზოგიერთი თვისება და განწყობა, და ამ გზით გახადონ უფრო სრული და ცოცხალი თავიანთი წარმოდგენა ჩემზე“. მართალი გითხრათ, ძალიან გულზე მომხვდა ეს, 1595 წელს ფრანგი ფილოსოფოსის მიერ დაწერილი სიტყვები, რაც ჩემს ეჭვებზე ერთგვარ პასუხად მივიჩნიე. ისიც გამახსენდა, როგორ მსიამოვნებს, როდესაც ვხედავ, როგორი ინტერესით კითხულობს ჩემი მოგონებების წიგნს, თუ ჩანაწერებს ლადო, ჩემი უფროსი შვილიშვილი, და საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი წიგნიც და ეს კოლაჟიც უმთავრესად ჩემი შვილიშვილებისათვის არის განკუთვნილი, თანაც იმ მომავალში, როცა „ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას, დიდებულია, გარდვიქცევი უცებ წინაპრად“ (ეს სტრიქონები რეზო თაბუკაშვილმა დაწერა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე). ასე რომ, ჩემო პატარებო, ლადო, ანა, სანდრო, გიო და ლანა, სხვა გზა არა გაქვთ, როცა თქვენ გვერდით აღარ ვიქნები, წაიკითხეთ ჩემი ნაწერები და გამიცანით! მეც, როგორც წინაპარი, ზემოდან გადმოგხედავთ და დაგიქნევთ ხელს.
„დემონური წყვილი ხელოვნების ზეციურ წიაღში“ - ასეთია ქვესათაური უტრილოსა და მისი დედის - სიუზან ვალადონის - ერთობლივი გამოფენისა, რომელიც გაიხსნა მადლენის მოედანზე და რომელიც დილიდან საღამომდე გადავსებულია მაყურებლით. საერთოდ ეს აქაურობის ერთ-ერთი ის მხარეა, რომელიც ჩემში ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევს - უნდა ნახოთ, რა ხდება ყველა საინტერესო კულტურულ მოვლენასთან დაკავშირებით! „პიკასოსა და მეტრების“ გამოფენაზე ხალხი საათობით იდგა რიგში, ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მოგვიანებით ღამის სეანსებიც დაუმატეს და ხალხის ნაკადი ღამითაც არ წყდებოდა. შესაშურია, არა? მაგრამ დავუბრუნდეთ უტრილოსა და მის დედას. თავისი სილამაზით განთქმული სიუზან ვალადონი, მონმარტრის მუზა, ბევრი დიდი მხატვრის - დეგას, რენუარის, ტულუზ ლოტრეკის, პიუვის დე შავანის მოდელი და საყვარელი, თუმცა იმ დროს არავინ იცოდა, რომ ის იმავდროულად მათი მოწაფეც იყო. „სიუზანმა ისწავლა მხატვრობა შიგნიდან, როგორც ლაბორატორიის ცხოველმა, რომელიც ამ გზით დაეუფლა მედიცინას“. კრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევენ მის მხატვრობას, ამიტომაც დღეს პარიზის პინაკოტეკაში ერთად არის გამოფენილი დედის და შვილის ასამდე ტილო. ისინი გვიამბობენ ნორმას აცდენილ დედა-შვილზე, „სიღატაკის ორ ყვავილზე, რომელთაც ჰქონდათ ტალანტი, შეექმნათ ხელოვნება იმისგან, რაც ასე ჰგავს უბედურებას“. სიუზანი, მარტოხელა მრეცხავი დედის შვილი, გამოიქცა რელიგიური სასწავლებლიდან, სადაც ის მიაბარა დედამ, და თავის ბუნებრივ ადგილსამყოფელად ქუჩა აღიარა. ბუნებით პროვოკატორი, მშვენიერი სიუზანი დადიოდა მოკლედ შეჭრილი თმით და კაცის ფეხსაცმელებით, ყველგან და ყველაფერში ებრძოდა ცხოვრების დადგენილ ნორმებს. თავის სახელოსნოში ჰყავდა თხა, რომელსაც აღეჭინებდა თავის „ცუდ“ ნაწარმოებებს. და ხატავდა...… თავიდან ცარცით ტროტუარებზე, მერე ტილოებზე. ხატავდა იმდენად კარგად, რომ ერთხელ სიტყვაძუნწმა დეგამაც კი გაიმეტა მოულოდნელი ქათინაური: „თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ“. გადადიოდა სახელოსნოდან სახელოსნოში, ადრეულ ასაკში უცნობი მამისგან გაჩენილი შვილი ფაქტობრივად მიტოვებული ჰყავდა. და მორისიც გაიზარდა ქუჩაში, როგორც ამბობდა ვლამინკი: „ყველანაირი სისასტიკე, ავხორცობა, სიხარული, მწუხარება, ქუჩისა და „ბორცვის“ (ასე ეძახდნენ მაშინ მონმარტრს, ლ. ღ.) პატარა ბაღების მთელი პოეზია ცოცხლობს უტრილოს ტილოებზე“. საბოლოოდ მხატვარმა დატოვა „ბორცვი“, თუმცა არასდროს დავიწყებია იგი. „იქ, მაღლა, ყველანი იდიოტები არიან, - ამბობდა სევდიანი ღიმილით, - მაგრამ მე ერთი საწყალი ტიპი ვარ და საათი არ გავა, რომ „ბორცვზე“ არ ვიფიქრო“. 14 წლის ასაკიდან მორისი უკვე ალკოჰოლიკია. დაეხეტება ქუჩა-ქუჩა, ღრიალებს, მღერის, იგინება, და ამავე დროს ხატავს, ხატავს თავის სინაზით და სისუფთავით სავსე, გამჭვირვალე ტილოებს. 21 წლის ასაკში უტრილო პირველად ხვდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მას მერე ეს დაწესებულება მისი ხშირი ადგილსამყოფელია, საიდანაც ის ასევე ხშირად იპარება. ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც ამ დროს საკმაოდ შეძლებულ კაცზეა გათხოვილი, მონმარტრის ბორცვზე, დედა შეძლებისდაგვარად მფარველობს, ხშირად ხატავს მის პორტრეტებს. და აი, ერთ დღეს მორისმა მოიყვანა სახლში თავისი საუკეთესო მეგობარი, მხატვარი, ქერათმიანი, მომხიბვლელი გარეგნობის ანდრე იუტერი. და მშფოთვარე სიუზანს ერთი ნახვით და თავდავიწყებით შეუყვარდა ეს, ოცდაერთი წლით მასზე უმცროსი ბიჭი, მისი შვილის მეგობარი, გაშორდა ქმარს და დასახლდა მასთან ერთად. უახლოესი ადამიანებისგან მოტყუებული, ეჭვიანობით შეპყრობილი მორისი ისევ გადაეშვა ქუჩურ, უთავბოლო ცხოვრებაში, ისევ სვამდა, აწყობდა დებოშებს და თან, … დადგა თავისი მოლბერტი ქუჩაში, მონმარტრის შუაგულში და კვლავ შეუდგა ხატვას... „ბორცვის“ მაცხოვრებლები გაოცებით შესცქეროდნენ თავის საკუთარ ლოთს, მათ წიაღში შობილ „იტრილოს“, რომელიც უეცრად მხატვრად გადაიქცა! ის კი იდგა შუა ქუჩაში და სულმოუთქმელად ხატავდა, ხატავდა თავის განუმეორებელ ტილოებს, „ბორცვის“ ქუჩებს და სახლებს...
და აი, ეს გამოფენაც! ის ისეთი ამაღელვებელია, ტილოებზე აღბეჭდილი ამ საკვირველი დედა-შვილის ბნელი ვნებათაღელვითა და წმინდა აღმაფრენით სავსე ცხოვრება! „შეუძლებელია, წარმოიდგინო უტრილო და სიუზანი ერთმანეთის გარეშე, მაგრამ მათი დრამა ისაა, რომ ისინი მუდმივად უმწარებდნენ ერთმანეთს სიცოცხლეს“, - წერს ჟან ფაბრი, მორის უტრილოს მორალურ უფლებათა მფლობელი. ისინი არ ეკუთვნოდნენ არც ერთ სკოლას, არ ჰქონდათ არავითარი თეორია; გულწრფელი და შთაგონებული მხატვრები არ განიცდიდნენ რაიმე გავლენას, მათთვის მხატვრობა - ერთადერთი და საბოლოო განსაწმენდელი იყო და „ბორცვი“ - მათი შთაგონების წყარო. ალბათ, სწორედ ამიტომ, მათ აქციეს მონმარტრი ფერწერის დედაქალაქად.
მისმა ჟესტმა შემოიარა მთელი მსოფლიო: ჯორჯ ბუშზე „ფეხსაცმლით თავდასხმის“ ავტორის პროცესი გაიხსნა 19 თებერვალს ბაღდადში. მას 15 წლით ციხე ემუქრება. და ამავე დროს მუნთაზერ ალ ზაიდის ფერხთით წევს მთელი ერაყი! ჩვენმა მკითხველმა, ცხადია, იცის, რომ 2008 წლის 14 დეკემბერს ერაყელმა ჟურნალისტმა ესროლა ფეხსაცმელი ჯორჯ ბუშს მისი ბოლო პრესკონფერენციის დროს ბაღდადში. მე საინტერესოდ მომეჩვენა არა თვითონ ფაქტი, არამედ მისი საყოველთაო მედიატიზირება და შედეგები. „ეს არის ერაყელების დამშვიდობების კოცნა, ჩვენი ქვრივების, ჩვენი ობლების, და ყველა ჩვენი მოკლულის სახელით“, - თქვა „ტყორცნის“ ავტორმა. მოულოდნელი იყო თვითონ ბუშის რეაქცია, რომელმაც მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას, გადაჭარბებით არ შეაფასოს ეს ფაქტი და იუმორის გრძნობაც გამოამჟღავნა: „ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მისი ზომა 10 იყო“ (ანუ ძალიან დიდი, ჩვენებური 44 თუ 46)! დღეს თვითონ დაპატიმრებული ავტორი მთელ ერაყში გმირად არის აღიარებული. და არა მარტო ერაყში; ეგვიპტედან პალესტინამდე, ინდონეზიისა და პაკისტანის ჩათვლით, ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში მის დასაცავად. მუნთაზერ ალ ზაიდი იქცა მთელი მსოფლიოს დაჩაგრულთა კერპად. პოეტები წერენ ლექსებს მის სადიდებლად. შეიქმნა ასობით თამაში და გასაყიდი ნივთი. ტელევიზიამ დაამტკიცა, რომ კარგად ნასროლი ფეხსაცმელი მეტია, ვიდრე ომის საშინელებათა ათასი კლიშე და ათიათასი არგუმენტირებული სარედაქციო წერილი. მაგრამ ყველაზე სახალისო ამ ისტორიაში მაინც ის არის, რომ პირველად მსოფლიოში ფეხსაცმელს დაუდგეს ძეგლი! ცნობილმა ერაყელმა მოქანდაკემ - მაით ალ ამარიმ - ბრინჯაოსა და შუშისგან შექმნა უზარმაზარი ფეხსაცმლის ქანდაკება! ხელისუფლებამ მაშინვე მოინდომა მისი დემონტაჟი, მაგრამ ხალხი აღდგა მის დასაცავად, ვინაიდან დღეიდან ფეხსაცმელი პროტესტისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
ეს სულ რამდენიმე თვის წინ ხდებოდა: ავსტრალიის ხალხით გადაჭედილი სტადიონის შუაგულში, პოდიუმზე იდგა ფედერერი - ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ნომერი, ტენისის მოყვარულთა ნამდვილი კერპი - და გულამოსკვნილი ტიროდა.
ეს ისეთი საინტერესოა - ეს მუდმივი ვნებათაღელვა ტენისის პლანეტაზე! თვითონ თამაშის გარდა, ჩემში უდიდეს ინტერესს იწვევს ამ შერკინების ემოციური მხარე, ადამიანის ვნებების ასეთი მწვავე გამოვლინებები. მოგების წყურვილი და მასთან გადაჯაჭვული მოგების შიში, სიამაყე, სიხარული, ბედნიერება, სასოწარკვეთილება, კეთილშობილება, სიმწარე - ტენისის კორტები ყველა ამ ადამიანური ვნების მუდმივი სარბიელია. მისი უმწვავესი გამოვლინება სწორედ ავსტრალიის „დიდი შლემი“ იყო, ფედერერის და ნადალის დაპირისპირება ფინალში და ფედერერის, უკვე მერამდენე წაგება! მაშინ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი - კრისტიან დესპონი - წერდა: „არც ერთ კაცს არ დაუღვრია ამდენი ცრემლი დამარცხების გამო. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ დამარცხება. ეს დაუმორჩილებელი, სულის სიღრმიდან მომავალი ქვითინი გამოხატავდა ჩემპიონის მომთხოვნელობას საკუთარი თავის მიმართ, მოვალეობის გრძნობას უამრავი ფანის წინაშე და მომავლის მოლოდინსაც. გუშინ ესთეტი ვერ გახდა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე და ამ საერთო იმედგაცრუებას მან დაუმატა საკუთარი აღშფოთება“.
დამსწრენი ამბობდნენ, რომ ის ბავშვივით ტიროდა.
ისევ დესპონის წერილიდან: „ამ ცხოველური სიმარჯვის წინაშე ფედერერმა კიდევ ერთხელ - მესამედ - წააგო „დიდი შლემის“ ფინალი. ეს არ იყო მისი არც ფიზიკური და არც ხარისხობრივი დასუსტება, უბრალოდ, ესთეტი, ელეგანტურობის არბიტრი გამოვიდა დამამცირებლად წაგებული ადამიანურ ბრძოლაში. ნადალი ძალადობს მასზე, იმორჩილებს, ანადგურებს, კლავს... მერე იშვიათი გულწრფელობით ეხვევა, რომ შეასუსტოს მისი მწუხარება“. „როჯერ, მაპატიე ამ საღამოს გამო“, - ამბობდა მართლაც აღელვებული ნადალი.
მაშინ ფედერერს „დიდი შლემის“ 13 ტიტული ჰქონდა მოპოვებული, მას უსწრებდა მხოლოდ სამპრასი, თავისი 14 ტიტულით. სწორედ ეს იყო ფედერერის მიზანი - გატოლებოდა სამპრასს და გაესწრო მისთვის და ამგვარად გამხდარიყო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. თამაშის წინ ხუმრობდა: „უნდა შევხვდე ნომერ პირველს და, როგორც იცით, ეს ჩემთვის რაღაც ახალია“. ჩემი აზრით, არის რაღაცა ქვეშეცნეული, ღრმად ირაციონალური იმ ჰიპნოტურ მიზიდულობაში, რომელსაც ახორციელებს ნადალი თავის უფროსზე. ეს არის ძალის ზემოქმედება გონიერებაზე, მიმწოლობისა - დახვეწილობაზე, გლადიატორისა - ესთეტზე... „დაუმატეთ ამას მირკას (იმ დროს ფედერერის მრავალი წლის მეგობარი, ამჟამად - მეუღლე, ლ.ღ) შეყვარებული თვალები, ანთებული ვედრებისა და გაშმაგებული რწმენის ნაპერწკლებით! არა, ეს ღამე ვერ იქნება ისეთი, როგორც ყველა სხვა“, - წერდა ჟურნალისტი.
იყო მომენტი, მეორე სეტის შუაში, როცა ფედერერმა იგრძნო დამამცირებელი კაპიტულაციის მოახლოვება და შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა - გამოამჟღავნა არტისტული სრულყოფილება, სპონტანური აღმაფრენა, რისკის ძალა. მაგრამ მეხუთე სეტში ეს ვეღარ მოახერხა, ნადალის ცხოველურმა ჟინმა თავისი გაიტანა. ფედერერმა გულღია ღიმილით ჩამოართვა ხელი გამარჯვებულს, მე კიდევაც ვიფიქრე, რა საოცარი თავშეკავების უნარი აქვს-მეთქი, მერე ორივე ფინალისტი გამოიძახეს კორტზე ჯილდოს მისაღებად და სიტყვის სათქმელად, ფედერერმა მოიმარჯვა მიკროფონი და... ხმა ვერ ამოიღო. ასე იდგა უსიტყვოდ, აშკარად ჩანდა, როგორ ებრძოდა საკუთარ თავს, უზარმაზარი სტადიონი სულგანაბული შესცქეროდა... ფედერერი იღიმებოდა და დუმდა... ძალიან დიდხანს, თითქოს უსასრულოდ. და როცა საბოლოოდ გადაწყვიტა ხმის ამოღება, სიტყვების ნაცვლად, ცრემლები წასკდა, დაუოკებელი ცრემლები... მერე ასე იდგა განაბული მაყურებლის წინ, მიკროფონით ხელში და ქვითინებდა... როგორც ბავშვი... ნადალი შეუდარებელი იყო. ის ჯერ უხერხულად თავჩაქინდრული, როგორც დამნაშავე, წრიალებდა მოშორებით, სახეზე გულწრფელი მღელვარება ჰქონდა აღბეჭდილი, მერე მივარდა თავის ხუთიოდე წუთისწინანდელ მოწინააღმდეგეს, გადაეხვია თვითონაც აცრემლებული და რაღაცებს ეუბნებოდა ჩუმად. ფედერერი უღიმოდა და თავს უქნევდა, ცრემლები კი თითქოს თავისთავად მოედინებოდა სახეზე. ბოლოს ნადალმა აიღო მიკროფონი და მთელი სიტყვა ფედერერს მიუძღვნა: „შენ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ხარ, როჯერ! დარწმუნებული ვარ, რომ შენ კიდევ დაამყარებ მსოფლიო რეკორდს. როჯერ, მაპატიე ამ საღამოს გამო“... საბოლოოდ ფედერერი მეორედ მივიდა მიკროფონთან და მოახერხა სიტყვის წარმოთქმა: „შენ ეს დაიმსახურე, ბიჭო, შენ კიდევ ერთხელ ითამაშე ფანტასტური ფინალი, გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს ამ სეზონში და მას მერეც“. ნადალმა კი თქვა მატჩის მერე: „როდესაც ამგვარ მწუხარებაში ხედავ მოწინააღმდეგეს, რომელიც ამავე დროს შენი მეგობარია, ეს სიხარულს გინახევრებს“. ნადალის ფანი და ჟურნალისტი - აპოლინი - კი წერდა: „ოცნება, ეს სამყარო, რომელიც მიედინება თქვენ თვალწინ, უეცრად ქრება და ეს ყოველთვის წარღვნაა. აპოლინი კოცნით გიმშრალებს ცრემლებს, როჯერ“!
ამ დრამატული მოვლენების მერე ფედერერმა ისევ გამოთქვა თავისი მტკიცე გადაწყვეტილება, ითამაშოს „დიდი შლემის“, თუ შლემების მოგებისათვის. მე კი მახსენდებოდა ნიცშეს სიტყვები: „მან, ვინც არ მოგკლათ, გაგხადათ უფრო ძლიერი“ და ვფიქრობდი: იქნებ ამ საქვეყნო ტრაგედიის და დაუფარავი ტირილის შედეგად ფედერერი მართლაც უფრო მაგარი გახდა თავისი მენტალიტეტით, და სწორედ ამიტომ ის დაბრუნდება კორტზე უფრო ძლიერი და უკანასკნელ „დიდ შლემამდე“ ითამაშებს თავისი ოცნებისათვის.…
და აი, დღეს ეს მოვლენაც შედგა! ფედერერმა მოიგო „როლან გაროსი“, ანუ მე-14 „დიდი შლემი“, და ამით გაუტოლდა სამპრასს და ამავე დროს აგასის, რომელსაც ერთადერთს ჰქონდა მოგებული ოთხივესაფარიანი ტურნირი. „გუშინ მაესტროს გადაეცა მუშკეტერების თასი, რომელიც მიაგებს პატივს ელეგანტურობის სიმბოლოს და თვით სრულყოფილობის იდეას, როგორიც არასდროს უნახავს ტენისის კორტს. გუშინ ის გადავიდა იმ გიგანტების კატეგორიაში, როგორიც არიან პელე თუ მუჰამედ ალი. თუმცა როჯერ ფედერერს არ სჭირდება ვინმესთან შედარება. ის, სულ უბრალოდ, ლეგენდაა“, - წერს „ექიპი“. ფინალში მან დაამარცხა სოდერლინგი, რომელმაც რამდენიმე ტურის წინ მოუგო ნადალს. მატჩის შემდეგ ნადალმა თქვა: „ფედერერი არის ის, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ტიტულს“. ზუსტად ამავე სიტყვებით შეაფასა ტურნირი მაკენროიმ და დაუმატა: „ფედერერი გიჟდება ტენისის თამაშზე, ეს არის მისი სიცოცხლის სიყვარული. ის უსათუოდ მოიგებს კიდევ ერთ უიმბლდონს“. ამელი მორეზმო: „მე აქ იმისთვის მოვდიოდი, რომ მენახა, როგორ იწერებოდა ისტორია“. ანდრე აგასი, რომელმაც გადასცა თასი გამარჯვებულს: „მატჩის წინადღეს ვთქვი, რომ ჩვენ ალბათ დიდი ისტორიული წუთის მომსწრენი გავხდებით“. ხოლო თასის გადაცემისას უთხრა როჯერს: „ეს შენი ბედისწერა იყო. შენ ის დაიმსახურე“. სოდერლინგის მწვრთნელი, მაგნუს ნორმანი: „ჩემთვის ფედერერი ყველა დროის უდიდესი მოთამაშეა. ასეთი სინატიფე და ასეთი კაცი! კულისებში ყველას, ყველას უნდოდა, რომ მას მოეგო „როლან გაროსი“. მრავალათასკაციანი სტადიონი, როგორც ერთი, ფეხზე იდგა და სკანდირებდა: როჯერ! როჯერ! როჯერ! ის კი მუხლებზე დაეცა და ასე გამოხატა თავისი ბედნიერება. მერე, პოდიუმზე კი ისევ ვერ შეიკავა ცრემლი, მაგრამ მხოლოდ ერთი...
ფედერერის ინტერვიუდან: „მთელი თამაშის დროს ტვინში დაქროდნენ გიჟური ფიქრები: რა მოხდება, თუ მოვიგე? რა მნიშვნელობა ექნება ამას? რას მოვყვები მერე? შედეგი იყო ის, რომ მესამე სეტის დასაწყისიდან ძალიან ვნერვიულობდი. ბოლო გეიმი კი საშინელი იყო, ფაქტობრივად ვეღარ ვთამაშობდი, ერთი იმედიღა დამრჩა, რომ მას ოთხი შეცდომა დაეშვა. ემოციურად ეს ამერიკულ მთებს ჰგავდა. შეკითხვა: - რა იფიქრეთ მატჩბოლის მომენტში? - ჯერ ერთი, რომ ბურთი არ გადმოსცდა ბადეს! იმ მომენტში, როდესაც მოწინააღმდეგის ბურთი ბადეს ხვდება, შენ იცი, რომ ყველაფერი დამთავრდა, ოღონდ ჯერ ვერ ხვდები, რას იზამ, შემოირბენ მოედანს, თუ დავარდები მიწაზე, თუ... არაფერს არ გააკეთებ. მე ხშირად მაქვს ერთი და იგივე რეაქცია - მუხლებზე დაცემის, როგორც უიმბლდონში, როცა სამპრასს მოვუგე... ჩემთვის ეს განცდის გამოხატვის, გამარჯვების შეგრძნების საუკეთესო საშუალებაა. შეკითხვა: - რა იფიქრეთ, როდესაც ნადალი გავარდა ტურნირიდან? - ვიცოდი, რომ ჩემი შანსები გაიზარდა. მაგრამ არ ვოცნებობდი ამაზე, ეს არ არის ჩემი სტილი. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ხალხი ისევ ისე პატივს სცემდეს ნადალს, რომელმაც აქ ზედიზედ ოთხი ტურნირი მოიგო! ეს საოცარი რეკორდია“...
მართალი გითხრათ, არასოდეს წამიკითხავს გამარჯვებულის ასეთი გულწრფელი ინტერვიუ, რომლის მიღმა ასე აშკარად ჩანს ძლიერი და კეთილშობილი პიროვნება.
თანდათან სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რა მნიშვნელობის მოვლენაა ობამას მოსვლა მსოფლიოს პოლიტიკაში. მის გამოსვლას კაიროში 4 ივნისს სულგანაბული ელოდებოდა მუსლიმური სამყარო, და არა მხოლოდ ის. როდესაც მოვლენა შედგა, ისრაელელმა ჟურნალისტმა განაცხადა: „მთამ შვა მთა“ (ნაცვლად გავრცელებული გამოთქმისა „მთამ შვა თაგვი“). როგორც ამბობს ჩემ მიერ ამ ჩანაწერებში არაერთხელ ციტირებული ჟან დანიელი, „ლე ნუველ ობსერვატორის“ მთავარი რედაქტორი: „ობამა დარჩა ობამად. შთაგონებული ჰუმანისტი, შეუდარებელი ორატორი, და ჩვენი ეპოქის ერთერთი იშვიათი სახელმწიფო მოღვაწე“.
გამოსვლის წინ ობამამ უთხრა „ნიუ იორკ თაიმსის“ კორესპონდენტს, რომ ის აპირებს, შესთავაზოს სარკე დაპირისპირების ყველა მონაწილეს, ანუ დააყენოს ყველა საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე. და ეს მართლაც ასე მოხდა.
კაიროს გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, არა იმის გამო, რომ ის გვაუწყებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ორიენტაციის ძირეული ცვლილების გამო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიზანია, დაასრულოს 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების მერე დაბადებული ჯვაროსნული ომის იდეა. მისი სურვილია, დაარწმუნოს მაჰმადიანები, რომ არავინ იბრძოლებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ მათ გარეშე, და რომ უნდა დასრულდეს ტერორიზმის ასოცირება ისლამთან. (სწორედ აქედან გამომდინარეა ის მნიშვნელობა, რასაც ობამა ანიჭებს თურქეთს ევროპაში).
მან, პირველმა ამერიკის პრეზიდენტთა შორის, ილაპარაკა პალესტინელების ტანჯვაზე. „ამერიკა არ შეაქცევს ზურგს პალესტინელების კანონიერ მისწრაფებას ღირსების, პროგრესის და საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისადმი“. მაჰმადიანებისთვის ეს რადიკალური ცვლილებაა ამერიკის ადმინისტრაციის მენტალიტეტში. ამავე დროს, ობამა არ შედრკა და მილიონობით მუსლიმის წინაშე პატივი მიაგო ებრაელი ერის ტანჯვასა და უფლებებს.
დასკვნა, რომელიც გამომდინარეობს კაიროს გამოსვლიდან: სამი მონოთეისტური რელიგიის (ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი) და დემოკრატიის მოწოდებების შედეგად შეიძლება მსოფლიოში დამყარდეს საყოველთაო ჰარმონია და მშვიდობა. ეს შეიძლება უტოპიად იქნას აღქმული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიულად სწორედ ამგვარ უტოპიებს მივყავართ რეალური პროგრესისაკენ. უახლოეს წარსულში რობერ შუმანის და ევროპის სხვა ფუძემდებლების უტოპიურმა იდეებმა საფუძველი დაუდო გერმანიისა და საფრანგეთის საუკუნოებრივი მტრობის დასრულებას და ევროკავშირის დაარსებას. კაცობრიობის გადარჩენის შანსი „ცივილიზაციათა შეჯახება“ კი არაა, არამედ - ცივილიზაციათა ურთიერთგაგება და კავშირი. ვფიქრობ, რომ ამგვარი უტოპია საბოლოოდ უსათუოდ გაიმარჯვებს, ვინაიდან მიუხედავად ყველა დამანგრეველი დემონისა, რომელიც ბინადრობს ჰომო საპიენსის სულში, მასში ყველა სხვა ინსტინქტზე ძლიერი მაინც თვითგადარჩენის ინსტინქტია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ იდეებს ქადაგებს გამორჩეული პიროვნება და მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტი.
დაბოლოს, ჩემი პირადი იმედები:
გასაგებია, რომ ობამასთვის რუსეთს თავისი როლი აკისრია ამ საყოველთაო ჰარმონიის დამყარების პროცესში, გასაგებია, რომ ის რუსეთსაც უწვდის ხელს თანამშრომლობისათვის. ნაკლებად მისაღებია, რომ ეს ჯერჯერობით მოთხოვნათა წაყენების გარეშე ხდება. მაგრამ მე მგონია, რომ ეს დროებითი მოვლენაა და განპირობებულია იმით, რომ ობამას არ შეუძლია ყველა ქვეყანას ერთდროულად დაუყენოს პირობები და რუსეთი ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტი არ არის. საბოლოოდ კი წარმოუდგენელია, ამერიკამ დათმოს მთელი რეგიონი - კავკასია, ვინაიდან ეს მისი სერიოზული გეოსტრატეგიული დამარცხება იქნება და უარი თქვას თავის პრინციპებზე - ყველანაირად ხელი შეუწყოს საბჭოთა კავშირიდან გამოსული ქვეყნების დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დამკვიდრებას. ჩემი იმედი ემყარება ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის, ერთი მხრივ, პრაგმატულობას და, მეორე მხრივ, იდეურობას - ანუ ჰუმანისტური და სამართლიანი იდეებისადმი მიდრეკილებას. ამიტომაც მჯერა, რომ ჩქარა დადგება მომენტი, როცა ობამა სარკეში რუსეთსაც ჩაახედებს.