ადამიანის უფლებების მიმოხილვა 2002 წლის ანგარიში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებების მიმოხილვა
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ თბილისი 2003



1 წინასიტყვა

▲back to top


გასულ წელს საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შელახვის კვლავ ბევრი ფაქტი აღინუსხა. ამასთანავე გამოქვეყნდა საკანონმდებლო და სარეკომენდაციო აქტები. წინამდებარე ანგარიშში ისინი შეჯამებული, ურთიერთშეთანხმებული და კლასიფიცირებულია. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მაგალითების რიცხვი სინამდვილეში გაცილებით დიდია. ყველას გამოვლენა და კვალიფიცირება სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ ხერხდება, მაგრამ რაც მოძიებული და შეკრებილია, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. საქართველო იმ ქვეყნების სიაში რჩება, სადაც პიროვნების უფლებებს პატივს არ სცემენ.

პიროვნების ღირსება და ხელშეუხებლობა ჩვენს ქვეყანაში არათუ დაცული არ არის, არამედ ხშირ შემთხვევაში გათელილი და იგნორირებულია. ეს ცხოვრებისა და მოქალაქეობის ნებისმიერი დარგის მისამართით ითქმის, მაგრამ ვითარება ამ მხრივ ყველაზე მეტად სარწმუნოებრივ სფეროშია გამწვავებული. განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გრძელდება, რაც სახელს უტეხს როგორც სახელმწიფოს, ისე მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც. პიროვნების უფლებათა დამთრგუნველებად გვევლინებიან როგორც ინდივიდები (ბ. მკალავიშვილი და მისთანათა რაზმები), ისე კოლექტივები. ბევრ შემთხვევაში მათ გვერდით სახელმწიფო და თავად პრეზიდენტი დგას, რასაც ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის გაჭიანურებული საქმეც ცხადყოფს. ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი თხოვნის, რეკომენდაციისა თუ გაფრთხილების მიუხედავად, ვითარების გაუმჯობესებისათვის ჯერჯერობით ქმედით ზომებს არ ღებულობს. ფაქტობრივად არაფერი კეთდება იმისათვის, რომ აღმოიფხვრას მორალური, სოციალური, პოლიტიკური, ეთნიკური და, რაც მთავარია, რელიგიური ჩაგვრის საფუძველთა საფუძველი - არასამართლებრივი, არასახელმწიფოებრივი, ცრუეროვნული და ცრუეკლესიური ცნობიერება, რასაც ჩვენს მოსახლეობაში ფართოდ აქვს ფესვები გადგმული.

წინამდებარე გამოცემის მთავარი მიზანი აღნიშნული მიზეზების გაცნობიერებაა.

2 ადამიანის მოტაცება

▲back to top


ოფიციალური მონაცემებით 1995 წლიდან 2001 წლის ჩათვლით საქართველოში დაფიქსირდა ადამიანის მოტაცების 269 ფაქტი, საანგარიშო 2002 წელს კი ადამიანის გატაცების 108 შემთხვევა აღირიცხა, გახსნილია 68 ფაქტი. თუმცა, გახსნილია, ძირითადად, ცოლად შერთვის მიზნით ქალის გატაცების ფაქტები.

წინა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2001 - 69 შემთხვევა, გახსნილია 59.
2000 - 33 შემთხვევა, გახსნილია 25.
1999 - 28 შემთხვევა, გახსნილია 19.
1998 - 29 შემთხვევა, გახსნილია 26.
1997 - 61 შემთხვევა, გახსნილია 53.
1996 - 52 შემთხვევა, გახსნილია 50.
1995 - 59 შემთხვევა, გახსნილია 37.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის მოტაცება სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, 2000 წლის 28 მარტს ფოთში იპოვეს მამაკაცის, მიშა სიგუას, გვამი. გაირკვა, რომ იგი იმავე წლის 20 მარტს გაიტაცეს ფულის გამოძალვის მიზნით. გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 20.000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. პოლიციამ გამტაცებლები დააკავა და მათი სასამართლო პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. დაკავებულთა მიმართ დარღვეულია წინასწარი დაკავების ვადები (13 დღე 72 საათის ნაცვლად), აღიარებითი ჩვენებების გამოძალვა მოხდა წამებით, რის შესახებ ექსპერტიზის დასკვნებიც მეტყველებს. ამ დარღვევებთან დაკავშირებით საქმე არ აღიძრა და არავინ დაისაჯა.

გატაცებების ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა არ არის სრული, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა გატაცებულთა ახლობლები ერიდებიან სამართალდამცავებთან კონტაქტის დამყარებას და ცდილობენ, გამტაცებლებთან პირადი კონტაქტის დამყარების გზით მოახერხონ გატაცებულების გამოხსნა.

ადამიანის მოტაცება გამოსასყიდის მიზნით, ერთი მხრივ, როგორც წესი, შემოსავლის წყაროა კრიმინალებისთვის, მეორე მხრივ, კრიმინალის ეს სახეობა ბიზნესში კონკურენტების გზიდან ჩამოცილებისა და მათთან ანგარიშის გასწორების საშუალებად გვევლინება. მაგალითად, 2001 წლის 7 ივნისს თბილისში გაიტაცეს არაბი ბიზნესმენი შაბელ ბაშარ ანუ. იგი გათავისუფლდა 2001 წლის 23 აგვისტოს. გატაცებული ამტკიცებს, რომ მის დაკავებაში კონკურენტი ფირმის წარმომადგენლები არიან ჩარეული. გამტაცებლები ჯერ არ არიან დაკავებული.

სახელმწიფო ვერ ახერხებს, რომ ადამიანები დაიცვას მოტაცებებისგან და აღკვეთოს დანაშაულის ეს სახეობა. მეტიც, ცნობილია ფაქტები, როცა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები თავად მონაწილეობენ ადამიანების გატაცებებში.

არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანთა მოტაცებებს სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. ამის შესახებ განცხადება თვით საქართველოს უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამაც გააკეთა. გატაცებულმა ესპანელმა ბიზნესმენებმა - ფრანცისკო როდრიგესმა და ანტონიო ტრევილიემ - ასეთი ბრალდება წაუყენეს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ უფროსს ლევან კენჭაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს კახა ბაკურაძეს. ამჟამად ორივე დასახელებული პირი გათავისუფლებულია თანამდებობიდან, მაგრამ არა რაიმე კონკრეტული ბრალდებით, არამედ, ტრადიციულად, „პირადი განცხადების საფუძველზე“. როდრიგესი და ტრევილიე 373 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტყვეობაში - 2000 წლის

30 ნოემბრიდან 2001 წლის დეკემბრამდე.

  • 2002 წლის 14 მაისს, გორში, დაახლოებით 23 საათზე, გაიტაცეს ძმები ალექსანდრე და გიორგი ხაჩიურები (მცხ. ქ.გორი, შარტავას ქ. N57) და მათი მეგობარი გოჩა დავითაშვილი (მცხ. ქ.გორი, არაგვის ქ. N35). გატაცებულები, გატაცების მომენტში, იმყოფებოდნენ ალექსანდრე ხაჩიურის კუთვნილ ავტომანქანა „კადილაკში“ რომელიც აღმოჩენილი იქნა გორის რაიონის სოფ. ლიცში, ცხინვალთან ახლოს. გატაცებულების გათავისუფლება გატაცებიდან მხოლოდ 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, 2002 წლის 26 ივლისს, მოხერხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა გამოსყიდვა 200 ათასი აშშ დოლარი დაჯდა.

  • 18 ივნისს, 18 საათსა და 30 წუთზე, თბილისის ცენტრში, იოსებიძისა და ცაგერის ქუჩის გადაკვეთაზე, პოლიციისა და სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოიტაცეს „აგრომრეწვბანკის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ინგლისის მოქალაქე პიტერ შოუ. მომტაცებლები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. პიტერ შოუს გატაცებას ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ. პოლიციის ფორმაში ჩაცმული 3 პირი უნიღბოდ იყო, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ 4 მომტაცებელს კი ნიღაბი ეკეთა.

25 ივნისს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის შემდეგ, „ჟურნალისტებთან გამართულ საუბარში საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მოტაცება პოლიტიკური მიზნით მოხდა და მასში ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ: ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკურ შეკვეთას. არ არის გამორიცხული, რომ შეკვეთა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან იყოს, თუმცა, მოტაცება პროფესიონალების შესრულებულია. ხელწერით იკვეთება, რომ ამ საქმეში სამართალდამცავები არიან ჩართული.

შს და უშიშროების სამინისტროების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად პიტერ შოუს კვალი პანკისის ხეობაში იქნა აღმოჩენილი და 6 ნოემბერს იგი 141 დღიანი ანუ ხუთთვიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. მან საქართველოში ბიზნესის გაგრძელება აღარ ისურვა და დაუყოვნებლივ სამშობლოში, ინგლისში, გაემგზავრა.

  • 25 ივლისს გაიტაცეს არასრულწლოვანი (15 წლის) გოგონა მარიამ გოგიშვილი, რომელიც საანგარიშო პერიოდში არ გათავისუფლებულა.

  • 16 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ქართული სამშვიდობო ბატალიონის ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ დურგლიშვილი. გატაცების მოტივებად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები სახელდება. ერთი ვერსიის თანახმად, გატაცება პოლიტიკური მოტივებით მოხდა, მეორე მხრივ კი გაჩნდა ვერსია, თითქოს დურგლიშვილი ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდა და მოტაცებაც სწორედ ამ ბიზნესში ჩართულ პირებს შორის ანგარიშსწორების საფუძველზე მოხდა. განსახილველ პერიოდში ზურაბ დურგლიშვილი არ გათავისუფლებულა.

2002 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა კრიმინალების მიერ გატაცებული ადამიანების გათავისუფლება. საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ვალერი ხაბუძანიამ და კობა ნარჩემაშვილმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად პანკისის ხეობაში იმყოფება კრიმინალების მიერ გატაცებული მინიმუმ ორი მძევალი, მათ შორის თითქმის ერთი წლის წინ გატაცებული ბერი ბასილ მაჩიტაძე. მიუხედავად ამისა, ბერი ბასილ მაჩიტაძის ადგილსამყოფელი და ბედი დღემდე არ არის გარკვეული.

3 წამება, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, დასჯა

▲back to top


ადამიანების წამება ყველაზე ხშირად პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში ხდება - მანამ, სანამ დაკავებულს პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებიდან იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანენ. ამაზე თუნდაც შემდეგი სტატისტიკა მეტყველებს:

2002 წლის იანვარში შს რაიონული განყოფილებებიდან და წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან ქ.თბილისის №5 იზოლატორში გადაყვანილი პატიმრებიდან სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა 21 პატიმარს, ქუთაისის №2 საპყრობილეში - 3 პატიმარს; თებერვალში მსგავსი დაზიანებები აღენიშნებოდა თბილისში 16-ს, ხოლო ქუთაისში - 2 პატიმარს; მარტში, შესაბამისად, 49 და 1 პატიმარს.

ამას ემატება ისიც, რომ დაკავებულთა ნაწილს საპყრობილეში გადაყვანის გარეშე ათავისუფლებენ, ნაწილს კი წამების კვალი არ ეტყობა, რადგან პოლიცია ცდილობს ისე აწამოს, რომ კვალი არ დატოვოს. არის შემთხვევები, როცა ნაწამები ადამიანები პოლიციის შიშით თვითონ ერიდებიან ამ ფაქტის გახმაურებას.

უფრო ხშირად წამების მიზანი დანაშაულის აღიარებაა. არის შემთხვევები, როდესაც წამება ფულის გამოძალვის მიზნით ხდება: პოლიცია ცდილობს, წამებით მიაღწიოს დანაშაულის აღიარებას, რის შემდეგაც საქმის აღძვრის მუქარით ხდება ფულის გამოძალვა.

2001 წლის 16 დეკემბრიდან სახალხო დამცველის ოფისში მუშაობა დაიწყო სწრაფი რეაგირების ჯგუფმა, რომელიც მონიტორინგს ატარებს პოლიციისა და სამხედრო კომენდატურის წინასწარი დაკავების ადგილებში. პროექტის მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანის უფლებების დარღვევა წინასწარი დაკავების საკნებში. ოღონდ, პროექტი თბილისის მხოლოდ ერთ - გლდანი-ნაძალადევის - რაიონის წინასწარი დაკავების საკნებზეა გათვლილი, სადაც, ტრადიციულად, ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მართალია, გამოძახების შემთხვევაში ჯგუფი აღნიშნული რაიონის მონიტორინგით არ იფარგლება და სხვაგანაც ატარებს შემოწმებებს, მაგრამ, მთლიანობაში, მისი მუშაობა არ არის ეფექტური. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ჯგუფი დღეში, საშუალოდ, 0,7 გასვლას ახორციელებს.

კონკრეტული ფაქტები

  • გია მინდიაშვილის საქმე

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ ომბუდსმენს თელავში განცხადებით მიმართა გია მინდიაშვილმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით. 2002 წლის 25 თებერვალს ყვარლის რაიონის პოლიციელებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს ამავე რაიონის სოფელ ენისელში მცხოვრები გია მინდიაშვილი. დაკავება ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოხდა. მინდიაშვილი ჯერ ავტომანქანაში სცემეს, შემდეგ ყვარლის პოლიციის განყოფილებაში. მას რამდენიმე პოლიციელი სცემდა მუშტებით, პოლიციის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ბიწკინაშვილმა კი მას თავში რამდენჯერმე ჩაარტყა პოლიციელის ხელკეტი.

პოლიციამ სცადა, მინდიაშვილისთვის ბრალი ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებაში დაედო, მაგრამ შემოწმების შედეგად მინდიაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა. მით უმეტეს, არ არსებობდა ეჭვის საფუძველი ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებით, ამიტომ პროკურატურამ მის მიმართ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. მინდიაშვილმა ცემის შედეგად მიიღო თავის ტვინის შერყევა და 60 პროცენტით დაკარგა მარცხენა თვალში მხედველობა.

საბოლოოდ, თავისუფლების ინსტიტუტის ჩარევის შემდეგ, მინდიაშვილი და პოლიცია ერთმანეთში მორიგდნენ: მინდიაშვილმა ჩივილზე ხელი აიღო; ამ საქმის გამო არავინ დასჯილა.

  • ილია ქოქიშვილის საქმე

2002 წლის 23 მარტს ვაკის რაიონის პოლიციამ დააკავა მოქალაქე ილია ქოქიშვილი. იგი 4 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ქოქიშვილი მხოლოდ 27 მარტს გაუშვეს იმ პირობით, რომ ქრთამს მიიტანდა პოლიციაში. მისი დაკავება მხოლოდ გამოშვების დღეს, 27 მარტით, გააფორმეს. ქოქიშვილის თქმით, ამ დღეების განმავლობაში პოლიციაში მას სცემდნენ და ცდილობდნენ, წამებით მიეღწიათ აღიარებისთვის, თითქოს იგი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, თან კოკა-კოლაში შერეულ ნარკოტიკს ასმევდნენ. ქოქიშვილის ცემაში განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს პოლიციის თანამშრომლებმა მიხეილ ჩივიაშვილმა, ილია ჩინჩალაძემ და დავით ტაბატაძემ. დღეს ეს პოლიციელები გათავისუფლებული არიან თანამდებობებიდან, მაგრამ არ არიან გათავისუფლებული სისტემიდან და გადაყვანილი არიან კადრების განკარგულებაში. სხვა სასჯელი მათ მიმართ არ განხორციელებულა.

  • გოჩა გობეჯიშვილის საქმე

2002 წლის 15 მარტს თელავის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო მოხმარების, შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს გოჩა გობეჯიშვილი. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ ომბუდსმენს თელავში განცხადებით მიმართა დაზარალებულის დედამ, თინა გობეჯიშვილმა. მისი თქმით, პოლიციას არ წარუდგენია ჩხრეკის ორდერი. ჩხრეკის დროს გოჩა გობეჯიშვილს მოწმეების თანდასწრებით ჩაუდეს ნარკოტიკი. თავისუფლების ინსტიტუტის ჩარევის შემდეგ პოლიციამ გობეჯიშვილი გაათავისუფლა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ჩივილზე უარი თქვა.

  • გიორგი ბრეგაძის საქმე

2001 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისში პოლიციამ დააკავა გიორგი ოთარის ძე ბრეგაძე, რომელიც დაავადებულია და დასმული აქვს დიაგნოზი „შიზოფრენია“. იგი აღრიცხვაზეა 1987 წლიდან. დაკავებული 2 დღე-ღამე ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში, 3 დღე-ღამე წინასწარი პატიმრობის საკანში და 5 დღე-ღამე N2 საგამომძიებო იზოლატორში, რითაც დარღვეულია წინასწარი პატიმრობის ვადები. ამ ხნის განმავლობაში ბრეგაძეს მხოლოდ ერთხელ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება. დედამისის ლ.ლორთქიფანიძის მოთხოვნის მიუხედავად, არ აჩვენეს ექიმ-ფსიქიატრს. ბრეგაძემ რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა. ციხის ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, იგი მხოლოდ დაკავებიდან მე-8 დღეს გადაიყვანეს ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

  • ზეზვა გულიაშვილის და დავით ზარიძის საქმე

2000 წლის 12 აპრილს ახალციხეში თავისუფლების ინსტიტუტის სამხარეო წარმომადგენლებს განცხადებით მიმართეს მოქალაქეებმა ზეზვა გულიაშვილმა და დავით ზარიძემ. გულიაშვილი და ზარიძე 2002 წლის 12 აპრილს დააკავეს ახალციხის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა. ორივე მათგანს გაუჩხრიკეს ბინა ორდერის წარდგენის გარეშე, შემდეგ ორივენი წაიყვანეს სამხარეო პოლიციის სამმართველოს შენობაში, სადაც ისინი სასტიკად სცემეს. ცემაში მონაწილეობდნენ პოლიციელი ვახტანგ გეწაძე და მაღალი, ჩასხმული, სახენაიარევი პოლიციელი. პოლიცია დაკავებულებს მავთულების მოპარვაში სდებდა ბრალს, მაგრამ ბრალდება არ დადასტურდა.

ამ ფაქტის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტმა სასწრაფოდ შეატყობინა საქართველოს შს სამინისტროს, რის შემდეგაც ორივე დაკავებული გათავისუფლდა. მოგვიანებით თავისუფლების ინსტიტუტმა წერილობითი განცხადებით მიმართა შსს გენერალური ინსპექციის უფროსს დავით ჯინჯოლავას, რათა შეესწავლა მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და წამების ფაქტი, რის შემდეგაც გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო საქმის შესწავლა, თუმცა ამ ფაქტის გამო არავინ დასჯილა.

  • ჯუმბერ ქირიას საქმე

9 აპრილს ხობის რაიონის პოლიციის შენობაში სასტიკად სცემეს სოფელ ხამისკურში მცხოვრები ჯუმბერ ქირია, რომელიც ცემის შემდეგ უგონო მდგომარეობაში დააგდეს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებული აღმოაჩინეს შემთხვევითმა გამვლელებმა, რომლებმაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ცემის ფაქტთან დაკავშირებით ქირიას თანასოფლელებმა 574 კაცის მიერ ხელმოწერილი განცხადება გაგზავნეს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, მაგრამ ამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყვა.

ხამისკურელების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა შუშანიამ, ნარკომანიასთან მებრძოლი განყოფილების უფროსმა რისმაგ კემულარიამ და სამძებროს ინსპექტორმა რუსლან ჭითავამ, საპროცესო კოდექსის სრული უგულებელყოფით, ღამის პირველ საათზე სახლიდან გაიყვანეს 45 წლის ჯუმბერ ქირია. იგი ხობის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც სასტიკად სცემეს და ღამის სამ საათსა და 30 წუთზე, თითქმის უგონოდ მყოფი, ქუჩაში დააგდეს. ქირიას სცემდნენ სხვადასხვა ბლაგვი საგნებით, სკამით, მუშტებით, რის შედეგადაც მას მთლიანად დალურჯებული ჰქონდა თვალები, მიიღო ტვინის მძიმე შერყევა და უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასევე დაზიანებული ჰქონდა კიდურები, აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები.

ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ 9 აპრილს, დილის 6 საათზე, საავადმყოფოში მიყვანილ ქირიას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის ჰემატომა, მრავლობითი ესკორაციები სახეზე და მუხლის სახსარზე, სისხლნაჟღენთი შუბლის მარჯვენა ზედაპირზე, თავის ქალის დახურული დაზიანება და ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნის მეშვეობით.

2002 წლის 23 მაისს თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებებით მიმართ შსს გენერალური ინსპექციის უფროსს დავით ჯინჯოლავას, საქართველოს გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჭიძეს, სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს და უშიშროების მდივნის თანაშემწეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რუსუდან ბერიძეს. 14 ივნისს შსს გენერალური ინსპექციის უფროსმა დავით ჯინჯოლავამ თავისუფლების ინსტიტუტს გასცა პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 23 მაისის განცხადების საფუძველზე სამინისტრომ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 2002 წლის 9 აპრილს ჯუმბერ ქირია ნამდვილად მიიყვანეს ხობის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და მისივე თხოვნით გადაიყვანეს საკუთარ სახლში. აქ მან თავის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს განუმარტა, რომ იგი სცემეს ხობის შს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა - კობა შუშანიამ, რუსლან ჭითავამ და რისმაგ კემულარიამ. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, დაზარალებულმა . ქირიამ კატეგორიული უარი განაცხადა მისი ჯანმრთელობის ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებაზე, უარის თქმის მოტივად კი აცხადებს იმ გარემოებას, რომ მას განცხადებით არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

შსს-ს პასუხში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი პოლიციელები კატეგორიულად უარყოფენ ხსენებულ ფაქტს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაზარალებულის მეუღლის ზინაიდა თათარაშვილის განცხადების საფუძველზე საქმე აღძრა ხობის რაიონულმა პროკურატურამ.

ამასთან, თავისუფლების ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯუმბერ ქირიას პოლიციიდან შეუთვალეს სხვადასხვა კაცის პირით, რომ არ მიეცა ჩვენება იმის თაობაზე, რომ ის სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ოჯახს უარეს დღეს დააყრიდნენ. თავისუფლების ინსტიტუტი დაუკავშირდა ჯუმბერ ქირიას, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას ადგილობრივი შავი სამყაროს წარმომადგენლები მიუგზავნეს და მუქარით აიძულეს, არ მიეცა ჩვენება და არ გაეგრძელებინა ჩივილი მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

  • იმედა ნატროშვილის საქმე

2002 წლის 25 თებერვალს თბილისის 115-ე და 71-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად ბარძაყში დაიჭრა 115-ე სკოლის მოსწავლე ბესიკ აზმაიფარაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩხუბში 115-ე სკოლის 30-მდე და 71-ე სკოლის 7 მოსწავლე მონაწილეობდა. 25 თებერვალს საღამოს 17 საათზე დააკავეს 71-ე სკოლის მოსწავლე იმედა ნატროშვილი, რომლის დაკავებაც გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოში 5 საათის დაგვიანებით, საღამოს 22 საათზე, გააფორმეს, რითაც დაირღვა წინასწარი დაკავების 72-საათიანი კონსტიტუციური ვადა.

ნატროშვილის ეჭვმიტანილად დაკავების დადგენილება გამოტანილია 25 თებერვალს 22 საათზე, ხოლო იგი ეჭვმიტანილად ცნობილი იქნა 26 თებერვალს დილის 9 საათზე, რაც ასევე უხეში დარღვევაა საპროცესო კანონმდებლობის.

გამოძიებამ ნატროშვილი, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე დატოვა, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. კერძოდ, აღიარების გამოძალვა მოხდა სასტიკი წამებით (ცემა, დენზე შეერთება), რომლის კვალიც სახელმწიფო ექსპერტიზამ ვერ დამალა. იმედა ნატროშვილის ეჭვმიტანილად დაკითხვისას დარღვეულია საპროცესო კოდექსის ათამდე მუხლი, მოწმე დავით ღვინიაშვილთან დაპირისპირების დროს - 14 მუხლი და ასე შემდეგ. შემთხვევის ადგილზე გაყვანის დროს მას უკვე ჰყავდა ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატი, რომელსაც არ მისცეს საქმეში მონაწილეობის უფლება და სახაზინო ადვოკატი გააყოლეს.

იმედა ნატროშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ 119-ე მუხლით - „სხეულის დაზიანება სასიკვდილო შედეგით“.

პოლიციამ არ გააფორმა ორი ახალგაზრდის - ღვინიაშვილის და მელქუაშვილის - დაკავების ფაქტი. გამოძიების მტკიცების საწინააღმდეგოდ, ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დანაზე აღმოჩენილი სისხლი აზმაიფარაშვილს არ ეკუთვნოდა, მაგრამ გამოძიებამ ეს ფაქტი დაუმალა საოლქო სასამართლოს, სადაც 24 მაისს სამთვიანი სასამართლო ვადის კიდევ 1 თვით გაგრძელების საკითხი იხილებოდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე კარლო ბზიშვილმა საპროცესო კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით მოახდინა საპატიმრო ვადის გაგრძელება, პროკურორმა ზურაბ საძაგლიშვილმა კი შესვენების დროს პირდაპირ თქვა - ღმერთმა არ ქნას ეს ბავშვი რომ გამართლდეს, რადგან მაშინ მე უნდა დავისაჯოო. ამ საუბარს თვით არასრულწლოვანი ნატროშვილიც ესწრებოდა.

იმედა ნატროშვილის ადვოკატებმა - მალხაზ ჯანგირაშვილმა და ნიკოლოზ გორდეზიანმა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას მიმართეს განცხადებით, რომლითაც მათ მოსამართლე ბზიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრა და იმედა ნატროშვილის, როგორც უკანონო პატიმრის, დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა პრესკონფენცია, მოძიებული მასალები გადაუგზავნა საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიას“, განცხადებით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას, რათა შეესწავლა მოსამართლე კარლო ბზიშვილის უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით შესული განცხადება.

19 ივნისს გლდანი-ნაძალადევის სასამართლომ, ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, იმედა ნატროშვილი გაათავისუფლა. ახლად აღმოჩენილ გარემოებად ჩაითვალა დაკავების 5 საათის დაგვიანებით გაფორმება და პროკურატურის მიერ ექსპერტიზის დასკვნის დამალვა. ქ.თბილისის პროკურატურამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ნატროშვილს დროებითი აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა.

  • მიხეილ ნერსესიანის საქმე

2002 წლის 1 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციის - „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ - ოფისს მიაკითხეს ახალგაზრდებმა, რომლებიც დღის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე დააკავეს. პოლიციელებმა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი, დაკავებულები თბილისის პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს, ერთ-ერთ მათგანს, მიხეილ ნერსესიანს, დანარჩენების თვალწინ ჰეროინი ჩაუდეს ჯიბეში, მისი მეგობრები კი გააფრთხილეს, თუ 2 საათში 500 დოლარს არ მოიტანთ, ნერსესიანს საქმეს აღვუძრავთო. მცირე ხნის ვაჭრობის შემდეგ პოლიციამ 500 დოლარი 300-მდე შეამცირა, გათავისუფლებულმა ახალგაზრდებმა კი საშველად არასამთავრობო ორგანიზაციას მიაშურეს. ისინი მოწმეების - ნანა კაკაბაძისა და გელა ნიკოლეიშვილის - თვალწინ ტელეფონით ევაჭრებოდნენ პოლიციელებს, 50 დოლარის შოვნაღა გვაკლია და ცოტა ხანი კიდევ გვადროვეთო. უფლებადამცველებმა ამ ფაქტის შესახებ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობეს.

  • ოსმან მადოიშვილის საქმე

ოსმან მადოიშვილი იმყოფება ქუთაისის №2 იზოლატორის საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სჭირდება ოპერაცია საშარდე ბუშტის. ოსმან მადოიშვილი ჭიათურის პოლიციამ დააპატიმრა 2002 წლის 22 მაისს, 25 მაისს ის გადმოიყვანეს ქუთაისის იზოლატორში, აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები: თვალებზე სისხლნაჟღენთები, ნაკაწრი ჭრილობები ფეხებსა და ხელებზე. ოსმან მადოიშვილი ამბობს, რომ ის ჭიათურის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, სცემდა ექვსი კაცი, მადოიშვილის თქმით, მან პოლიციელთა სახელები არ იცის, მაგრამ ყველა მათგანის ამოცნობა შეუძლია. მადოიშვილი დააპატიმრეს ქურდობისთვის. პატიმარი რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში სასჯელაღსრულების დაწესებულებების საავადმყოფოში იწვა, რის შემდეგაც ქუთაისის იზოლატორში გადაიყვანეს. მადოიშვილის თქმით, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უთხრეს, რომ მათ არ შეუძლიათ მისთვის ოპერაციის გაკეთება, რადგან არც სპეციალისტები ჰყავთ და არც ფული აქვთ. ქუთაისის იზოლატორის საავადმყოფოს ექიმის თქმით, მადოიშვილს ოპერაცია აუცილებლად უნდა გაუკეთდეს, მას ღია ჭრილობა აქვს, საიდანაც სისხლი სდის.

  • ეთერ პავლოვსკის საქმე

2002 წლის 20 დეკემბერს თავისუფლების ინსტიტუტეს ახალციხის წარმომადგენლობას მიმართა მოქალაქე ეთერ პავლოვსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე ვლადიმერ პავლოვსკი 19 დეკემბერს დააკავეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურის თანამშრომლებმა. საფუძველი: ბრალად ედება ტყვია-წამლისა და ფეთქებადი საშუალებების შენახვა.

როგორც ეთერ პავლოვსკიმ განაცხადა, ტყვია-წამალი და ფეთქებადი საშულალებები, 40-მდე აკს-ის სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნები და ფ-1 სისტემის ხელყუმბარა პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკის შედეგად მათი სარდაფის მეზობელ სარდაფში აღმოაჩინეს.

დაკავებულის მეუღლის თქმით, აღნიშნული ნივთები მათ არ ეკუთვნით და აღნიშნულ ადგილას ნებისმიერს შეეძლო დაეტოვებინა. არსანიშნავია, რომ პავლოვსკების ოჯახი სასაზღვრო ჯარის დახურულ სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს (ვლადიმერ პავლოვსკი თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეა).

ვლადიმერ პავლოვსკი მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტის საქმეში ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. მას და მის მეუღლეს ჩაუტარდათ კონსულტაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მიმდინარეობს საქმის მონიტორინგი.

  • ემზარ ჩხიკვაძის საქმე

18 ივნისს გორის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ინსპექტორმა ემზარ ჩხიკვაძემ სცემა თავისი მეზობელი, 60 წლის ნოდარ ქისიაშვილი, მცხოვრები ქ.გორში, ყიფიანის ქ.33/2-ში. ცემის მიზეზი გახდა მეზობლური შელაპარაკება. როგორც დაზარალებული აცხადებს, ჩხიკვაძე მას სადარბაზოში დაუხვდა, მთელი ძალით დაარტყა ხელი, წააქცია და კიბეებზე დააგორა. ამ ფაქტის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა აცნობეს შს პოლიციის სამმართველოს. ამასთან, გამოჩნდა მეორე მომჩივანი, ქეთევან აწკურანაშვილი, მცხ. ქ. გორში, ყიფიანის ქ.33/2-ში, რომელიც აცხადებს, რომ 2002 წლის 16 ივნისს მისი მეუღლე გოჩა აწკურანაშვილი და ემზარ ჩხიკვაძე შელაპარაკდნენ ერთმანეთში. შელაპარაკების მიზეზი ბავშვების ჩხუბი გახდა. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც, ქეთევან აწკურანაშვილის თქმით, ჩხიკვაძემ იარაღი ამოიღო და გაისროლა გოჩა აწკურანაშვილის მიმართულებით. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომუბდსმენმა მიხეილ ქარელმა გადაამოწმა შს პირველი განყოფილების იარაღის აღრიცხვის ჟურნალი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩხიკვაძის ტაბელური იარაღი ამ დროს პოლიციაში ინახებოდა, რაც ნიშნავს, რომ ჩხიკვაძემ გასროლა არატაბელური იარაღიდან მოახდინა. თავისუფლების ინსტიტუტმა ეს ფაქტიც აცნობა შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოს. ამჟამად ჩხიკვაძე დროებით გათავისუფლებულია თანამდებობიდან და მისი საქმე შესასწავლად გორის რაიონის პროკურატურას გადაეცა. ქეთევან აწკურანაშვილი აცხადებს, რომ პოლიციიდან მათი ოჯახის მიმართ ხორციელდება ზეწოლა და მუქარები, თუმცა, თავს იკავებს იმ პირთა ვინაობის დაკონკრეტებისგან, ვინც მას და მის ოჯახს ემუქრება.

  • ფულის გამოძალვა გორის პოლიციაში

2002 წლის ივნისში ქ.გორში შმაგის ქუჩაზე მცხოვრები ამირან მჭედლიშვილი დააკავა გორის პოლიციამ. მას ბრალად მანქანის გატაცება წაუყენეს. მჭედლიშვილი აცხადებს, რომ პოლიციელებმა იგი სასტიკად სცემეს, თუმცა, პოლიციელთა ვინაობას არ ასახელებს. მისი თქმით, საგამოძიებო ნაწილის უფროსმა ლომიძემ მას 1200 დოლარი გამოსძალა და დაჰპირდა, რომ თავდებობით გაუშვებდა. ლომიძემ საქმე „ვერ გააკეთა“ და მჭედლიშვილს პატიმრობა შეუფარდეს. ლომიძე დაჰპირდა, რომ საოლქო სასამართლოში მაინც „გაუკეთებდა საქმეს“, მაგრამ ვერც იქ გააკეთა. მჭედლიშვილის ოჯახის წევრებმა ფულის უკან დაბრუნება მოითხოვეს. მათ ფულის ნომრები ჩაწერილი ჰქონდათ. ლომიძემ, საბოლოოდ, ფული დააბრუნა.

  • ბუხუტი გოტიაშვილის საქმე

2002 წლის 20 ივნისს გორის რაიონის სოფელ გორიჯვრის მოსახლეობამ დააკავა ტყიბულის რაიონის მკვიდრი ბუხუტი გოტიაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილი იქნა გორიჯვრის ეკლესიის გაქურდვაში. გოტიაშვილს მოპარული ნივთები თან ჰქონდა. დაკავების დროს გოტიაშვილი სოფლის მაცხოვრებლებმა სცემეს. ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ იგი ფსიქიურად დაავადებულია, პატრონი არა ჰყავს, არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა გორში, მოპარული ნივთები კი, თითქოს, ტომარაში ჩალაგებული გზაზე იპოვა. საქმეს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.

21 ივნისს დაკავებული გოტიაშვილი მოინახულეს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა მიხეილ ქარელმა და ია მეფარიშვილმა. ამ პერიოდში მას დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა, რადგან წნევამ აუწია. მორიგე პოლიციელმა რეზო მელაძემ გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა, მაგრამ ექიმებმა მოსვლაზე უარი თქვეს. მას შემდეგ, რაც მეორედ დარეკა დროებითი დაკავების საკნის უფროსის მოადგილემ იუზა კლდიაშვილმა, სასწრაფოდან უპასუხეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიდოდნენ, თუ საწვავის, წამლისა და მომსახურების თანხას აუნაზღაურებდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანა არ მოვიდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 17 მაისის №240 ბრძანებულების „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“ თანახმად, დაკავების ნებისმიერ სტადიაზე დამცველისა და ექიმის მომსახურებით სარგებლობის უფლების რეალიზაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ეს მოთხოვნა არ სრულდება. ამ მხრივ ბუხუტი გოტიაშვილის საქმე გამონაკლისს არ წარმოადგენს. თავისუფლების ინსტიტუტის გორის რეგიონულმა წარმომადგენლებმა 2002 წლის 22 ივნისს გორის შს სამმართველოს უფროსის უშანგი მგელაძის თანხმობით შეამოწმეს დროებითი დაკავების საკნების მდგომარეობა და დაკავების სარეგისტრაციო ჟურნალები. 2002 წლის 1 იანვრიდან 21 ივნისამდე ჟურნალში რეგისტრირებულია 171 დაკავებული. მათგან 4 დაკავებულზე იქნა გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, ყოველ მათგანს ჩაუტარდა ამბოლატორიული სამედიცინო მკურნალობა, მაგრამ არც ერთ დაკავებულს არ მიეცა კანონით გათვალისწინებული უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალება. ამგვარი მოთხოვნა არც დაკავებულებს წამოუყენებიათ. ეს დაკავებულები იყვნენ: ქრისტესიაშვილი ვახტანგ (დააკავეს 21.01.02); ტეტუაშვილი იაკობ (170.03.02); ოქროპირიძე ნოდარ (20.03.01); კვიწინაძე ზვიად (31.03.02).

იმ პოლიციელებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაკავებულთა ცემასა და წამებაში, უმეტეს შემთხვევებში დანაშაულისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ. მაგალითად, 2000 წლის სექტემბერში ახალციხის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადნენ არასრულწლოვანები ვალერი სოტროვსკი და ნიკა გახარია. მათ აღიარეს, რომ მონკავშირის მაღაზიიდან სანადირო თოფი და ტყვიები მოიპარეს. პოლიცია ცემით ცდილობდა, არასრულწლოვანებს კიდევ რამდენიმე გაუხსნელი დანაშაული აეღოთ თავის თავზე. იმავე წლის ოქტომბერში სოტროვსკიმ და გახარიამ ამოიცნეს 4 დამნაშავე პოლიციელი, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. ასევე შეჩერდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს 4 პოლიციელის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომლებმაც 1998 წელს ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა. ყველა ეს პოლიციელი განაგრძობს მუშაობას.

პოლიციელების მხრიდან ადამიანის ცემისა და წამების ბევრი ფაქტი რჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე, რადგან მოსახლეობა დაშინებულია პოლიციის ძალადობისგან. 2000 წლის ოქტომბერში ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, რეგიონული პოლიციის ოთხმა მთვრალმა თანამშრომელმა სცემა ორი ახალგაზრდა. როცა ახალგაზრდებს მაშველები გამოუჩნდნენ, მათ შორის ქალებიც, პოლიციელებმა ჯერ მათაც დაუწყეს ცემა, შემდეგ კი სროლა ატეხეს. ერთმა ტყვიამ მოქალაქის ბინაშიც შეაღწია, მაგრამ მეორე დღეს არც ერთმა მოქალაქემ არ ინდომა ჩვენების მიცემა და ექსპერტიზაზეც ყველამ უარი თქვა. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დამნაშავეები სამსახურიდან დაითხოვა, მაგრამ როგორც კი ნაცემ მოქალაქეებს დაზიანების კვალი გაუქრათ, დამნაშავე პოლიციელებმა კვლავ ჩვეულებრივად გააგრძელეს მუშაობა.

არ სრულდება პრეზიდენტის 17 მაისის ბრძანებულების ის მუხლი, რომელიც შს მინისტრისა და გენერალური პროკურორისგან ითხოვს, რომ განსაკუთრებული კონტროლი დაუწესდეს წინასწარი დაკავების ადგილებში პირთა წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენააღმოფხვრას. ამ ბრძანებულებამ უნდა უზრუნველყოს ამგვარ მოქმედებებში მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემა, რაც არ სრულდება. მეტიც, პროკურატურა და შსს მაშინაც კი უკეთებენ იგნორირებას ამ მოთხოვნას, როცა წამების შესახებ ექსპერტიზის დასაბუთებული დასკვნა არსებობს. მაგალითად, 23 ივნისს გადაცემა „60-მა წუთმა“ გადასცა დაკავებულთა წამების რამდენიმე შემთხვევა, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება.

თავისუფლების ინსტიტუტმა ხელშეკრულება გააფორმა „60 წუთთან“, რათა არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ამჯერად თავისუფლების ინსტიტუტმა გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა განცხადებით: გაირკვეს, თუ რა ხდება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც „60-მა წუთმა“ 23 ივნისს გადასცა, კერძოდ:

  • ზურაბ ღუღუნიშვილი, 20 წლის სტუდენტი, რუსთავის პოლიციამ დააკავა აპრილის თვეში და ყაჩაღობის აღიარება მოსთხოვა. ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის თქმით, იგი ჯერ დენით აწამებს, შემდეგ აირწინაღი ჩამოაცვეს სახეზე, ხელები გაუკავეს და ძელზე დაკიდეს 6 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ პატიმარმა აღიარა, რასაც მისგან მოითხოვდნენ, მაგრამ წამებისგან შეისვენა თუ არა, გადათქვა. ამის შემდეგ იგი კვლავ მიუერთეს აპარატს. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის სამსახურის უფროსის მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ალექსანდრე ღუღუნიშვილს დაზიანებები აქვს ორივე კოჭის მიდამოში და ნახეთქი - ქვედა ტუჩის არეში, რომელიც გამოწვეულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ფეხის თითებზე შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო ელექტროდენის მოქმედებით. წამების ფაქტთან დაკავშირებით ადვოკატმა პროკურატურას მიმართა, მაგრამ ამაოდ.

  • რამაზ შულაია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო განყოფილებამ 21 მაისს დააკავა. სამინისტროს მე-6 სართულზე ის აწამეს და ქურდობის აღიარება მოსთხოვეს. როსტიაშვილის თქმით, ისიც იგივე მეთოდით აწამეს: სახეზე აირწინაღი ჩამოაცვეს სასუნთქი გზების გადაკეტვის მიზნით, მას დამწვარი აქვს ხელები, ფეხებზე ჩაუქრეს ანთებული სიგარეტი, რაც ფოტოებზე ჩანს. ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დაადასტურა წამების კვალი. მისი თქმით, პატიმარი მასთან საუბარში აღწერდა, როგორ აკვნეტდნენ კანს ფრჩხილებიდან საკვნეტით, მერე აირწინაღი ჩამოაცვეს და პერიოდულად თითებს უკეტავდნენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-6 სართულზე აწამეს ბადრი ხუნდაძეც. ის კალაძის გატაცების საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. როცა ხუნდაძე მეხუთე საპყრობილეში გადაიყვანეს, ექიმმა დააფიქსირა ელექტროტრავმა.

  • დედოფლისწყაროს პოლიციაში აწამეს თელაველი ბეჟან უთაშვილი, რომელიც სამ შვილს ზრდის, თვითონაც ინვალიდია და მშობლებიც ინვალიდები ჰყავს. პოლიციამ მისი ჩანთა მოწმისა და ორდერის გარეშე გაჩხრიკა, უთხრეს, ნარკოტიკი აღმოგაჩნდაო, სცემეს და ნარკოტიკის ამოღების ოქმზეც მოაწერინეს ხელი.

  • ლია არჯევანიშვილი მედიკო მეზვრიშვილისა და დალი აბაშიძის წინააღმდეგ

1995 წელს ლია არჯევანიშვილის, მცხ. თელავში, მაჩაბლის ქ. 600, სახლს თავს დაესხნენ შეიარაღებული ყაჩაღები. მათ სასტიკად სცემეს ლია არჯევანიშვილი და მისი 8 წლის ბავშვი, გათოკეს ისინი, ბავშვს პირში ჩვრები ჩაუტენეს, ყელთან კი ხანჯალი მიუტანას და დაკვლით ემუქრებოდნენ. ამის შემდეგ ბავშვი დაავადდა და დღემდე მდგომარეობიდან ვერ გამოსულა.

თავად ლია არჯევანიშვილს მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანება და ტვინის შერყევა იმდენად მძიმე ფორმით, რომ მას 2 თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ყაჩაღებმა არჯევანიშვილი პოლიციის ხელკეტებით სცემეს. თავდამსხმელებმა ოჯახიდან წაიღეს ფული და ძვირფასეულობა. ლია არჯევანიშვილი აცხადებს, რომ მან თავდამსხმელები ამოიცნო, კერძოდ, ესენი იყვნენ: გია ხიზანიშვილი (მეტსახელად „ფუჩეჩა“, პარლამენტის წევრის, დალი აბაშიძის დისშვილი); ზაალ ზაალიშვილი (გია ხიზანიშვილის სიძე); ზაზა აბაშიძე (დალი აბაშიძის ძმისშვილი, თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე) და სხვები.

ლია არჯევანიშვილი აცხადებს, რომ ყაჩაღებს მფარველობენ პარლამენტის წევრი დალი აბაშიძე და თელავის გამგებელი მედიკო მეზვრიშვილი, რის გამოც ისინი დღემდე დაუსჯელები არიან და თანამდებობებზე მუშაობენ.

  • სარინგულ ბაშირ ყზი ყარაჯალის გამგებლის წინააღმდეგ

2002 წლის 25 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის თელავის რეგიონულ ოფისში შევიდა თელავის რაიონის სოფ. ყარაჯალაში მცხოვრების სარინგულ ბაშირ ყზის განცხადება. განცხადების თანახმად, 2001 წლის დეკემბერში ყარაჯლის გამგეობის თავმჯდომარემ - საფარ სულეიმანოვმა - თამამ ბაშირ ყზის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლი თვითნებურად, დამოუკიდებლად, კანონის უხეში დარღვევით გადააფორმა თამამ ბაშირ ყზის უგზო-უკვლოდ დაკარგული მეუღლის - ალიხან ალიევის სახელზე, ხოლო თამამ ბაშირ ყზის ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე (ორი შვილი და მშობლები) დატოვა მემკვიდრეობის გარეშე.

გამგეობის ამ კანონსაწინააღმდეგო აქტის შემდეგ ალიხან ალიევის სახელზე გადაფორმებული სახლი კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დავით ჯორჯაძემ აუქციონის წესით მიაკუთვნა მედიკო კუშტანაშვილს იმ ვალის ანგარიშში, რომელიც ალიხან ალიევს მართებდა მედიკო კუშტანაშვილისათვის. კუშტანაშვილმა სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახლიდან ალიხან ალიევის გამოსახლება. თუმცა, ალიხან ალიევი სახლიდან გამოსახლებულია 1989 წლიდან. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, კუშტანაშვილს ჩაფიქრებული აქვს არასრულწლოვანის, ჟასმინ ალიევის, ბინიდან გამოსახლება.

თავისუფლების ინსტიტუტმის რეგიონულმა ომბუდსმენმა და კოორდინატორმა ეს საქმე შეისწავლეს და მიიჩნიეს, რომ ყარაჯლის გამგებელმა, საფარ სულეიმანოვმა, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ძალაუფლების გადამეტება. ამასთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტმა განცხადებით მიმართა თელავის რაიონის პროკურორს ვაჟა მაღრაძეს, გადასცა მოკვლეული მასალები და სთხოვა, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე. პროკურორმა, მასალების გადახედვის შემდეგ, სიტყვიერი განცხადება გაკეთა, რომ მოკვლეული მასალები სრულიად საკმარის საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად.

თავისუფლების ინსტიტუტი ამ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა საფარ სულეიმანოვსაც, რომელიც თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ მას ბინის გადაფორმების უფლება ჰქონდა. თავისუფლების ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც პროკურორმა თავისუფლების ინსტიტუტის განცხადების საფუძველზე დაიბარა საფარ სულეიმანოვი და ჩვენება ჩამოართვა, სულეიმანოვი მივიდა თელავის რაიონის გამგებელთან მედეა მეზვრიშვილთან და დახმარება სთხოვა. მეზვრიშვილმა დახმარებაზე უარი უთხრა („რამდენჯერ უნდა გიშველოო“), თან უხეშად აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა (ხელი გაარტყა).

საფარ სულეიმანოვმა, როდესაც დარწმუნდა, რომ მეზვრიშვილისაგან დახმარებას ამაოდ ელოდა, სარინგულ ბაშირ ყზის თანასოფლელები სამჯერ მიუგზავნა, - თქვენი სახლიდან რაც ქონება წავიღეთ დაგიბრუნებთ, დაგიმატებთ 10000 დოლარს, ოღონდ პროკურატურიდან საჩივარი გამოიტანეო. სულეიმანოვის მიერ გაგზავნილმა პირებმა ბაშირ ყზისაგან უარი მიიღეს.

სარინგულ ბაშირ ყზიმ, განცხადების შემოტანის პარალელურად, სთხოვა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს, სასამართლო პროცესებს დასწრებოდნენ. თავისუფლების ინსტიტუტმა მას ადვოკატიც უშოვა - თამილა ჩულაშვილი და თვითონაც ყველა სასამართლო პროცესს ესწრებოდა. 26 მაისს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ბაშირ ყზის სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შეკრებილი მასალების საფუძველზე თელავის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საფარ სულეიმანოვის წინააღმდეგ, ხოლო თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლების დახმარებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება აწარმოვა.

  • უსაფუძვლო დაკავებები გორის რაიონში

28 ივლისს გორსა და გორის რაიონში თბილისის „სპეცნაზის“ მონაწილეობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი ოპერაცია. პოლიცია აცხადებს, რომ ოპერაციის დროს ამოღებული იქნა დიდძალი იარაღი და დაკავებული იქნა 11 ძებნილი. ამავე დროს, „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ოპერაციიის დროს მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, დაკავებული 11 პირიდან 8 უსაფუძვლო დაკავების გამო გათავისუფლდა. ოპერაციის დროს სასამართლოს სანქციის გარეშე გაიჩხრიკა უამრავი ოჯახი.

1. 28 ივლისს ღამის 4 საათზე პოლიცია თავს დაესხა ქ.გორში მელიქიშვილის ქუჩა N13-ში მცხოვრებ ნანული ოდიშვილის სახლს, უკანონოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე მოახდინა სახლისა და თავად ნანული ოდიშვილის პირადი ჩხრეკა. ნანული ოდიშვილი პოლიციელთა ვინაობას ვერ ასახელებს, რადგან მათ სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.

ჩხრეკის მიზეზად პოლიციამ დაასახელა ნანული ოდიშვილის შვილი, გოჩა ოდიშვილი, რომელიც, პოლიციის უფროსის, დავით ბეხრაძის თქმით, იძებნება ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტებისთვის. პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნანული ოდიშვილს, რის შემდეგაც ექსპერტმა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება დაუდგინა. ოდიშვილი აცხადებს, რომ მისი სახლიდან პოლიციამ წაიღო 10.000 დოლარი და ოქროულობა. ნანული ოდიშვილი არის ხვიჩა ოდიშვილის დედა, რომელიც 1995 წელს შსს მე-6 სართულიდან იქნა გადმოგდებული.

ნანული ოდიშვილის ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან თვითონაც განიცდის ზეწოლას და მას ემუქრებიან, რომ თუ არ გაჩერდება, ერთ მშვენიერ დღეს მას მტკვარში დამხრჩვალს იპოვიან. მამუკა ნოზაძემ ამასთან დაკავშირებით წერილებით მიმართა პოლიციის სამმართველოსა და პროკურატურას.

2. 28 ივლისს პოლიციამ დააკავა ვოვა კოშკაძე, მცხოვრები ქ.გორში, მარაბდელის ქ N7. კოშკაძის თქმით, მას მანქანაში ჩაუდეს იარაღი. დაკავების დროს წაართვეს მობილური ტელეფონი (სონი), რომელიც მას არ დაუბრუნეს. კოშკაძე წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც სასტიკად სცემეს. მისი თქმით, იგი სცემეს კრიმინალური პოლიციის უფროსმა რეზო კლდიაშვილმა, პოლიციელებმა მიშა ხუმარაძემ და რეზო ზერეკიძემ. იგი გაათავისუფლეს 28 ივლისს, საღამოს 8 საათზე.

  • კობა სეხნიაშვილის საქმე

9 აგვისტოს გორის პოლიციამ დააკავა ქ.გორში სადგურის ქუჩაზე მცხოვრები კობა სეხნიაშვილი, რომელსაც ბრალად ედება იარაღის უკანონოდ ტარება. თავად სეხნიაშვილი იარაღის ტარებას უარყოფს და აცხადებს, რომ გადაჭრილი თოფი თავად პოლიციამ ჩაუდო ჯიბეში დაკავების დროს. მისი თქმით, ქ.გორის შს სამმართველოში მიყვანის დროს იგი სცემა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა რეზო კლდიაშვილმა, თან ცხვირწინ იარაღს უტრიალებდა, მოკვლით ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. სეხნიაშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და იგი მე-5 იზოლატორში გადაიყვანეს.სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სეხნიაშვილს დაწესებულებაში გადაყვანის დროს სხეულის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

ქ. გორის შს სამმართველოს უფროსის დავით ბეხრაძის თქმით, სეხნიაშვილი ფაქტზე იქნა დაკავებული (იგულისხმება იარაღის ქონა), ამასთან, მას ყაჩაღობაშიც ედება ბრალი. რეზო კლდიაშვილმა ცემის ფაქტი სასტიკად უარყო და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა, ცემის პრაქტიკა პოლიციაში დიდი ხნის წინათ გადავარდაო.

  • პაატა ჭელიძის საქმე

6 ივლისს ქუთაისის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს პაატა ჭელიძე და მისი მეგობარი. კაფედან გამომავალ პაატა ჭელიძეს მხარი გაჰკრა პოლიციელმა, ხოლო ამის გამო ამტყდარი კამათის შემდეგ პოლიციელებმა ახალგაზრდები პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ისინი სასტიკად სცემეს. მშობლები აღიარებენ, რომ მათ პოლიციის თანამშრომელ ქარქაშაძეს 500-500 აშშ დოლარი მიუტანეს და დაკავებულები გამოაშვებინეს.

  • იგორ გულის, კობა და კახა კვერნაძეების საქმე

8 სექტემბერს ქუთაისის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს 3 არასრულწლოვანი - კობა და კახა კვერნაძეები და იგორ გული. პოლიცია დაკავებულებს ფერადი ლითონის მოპარვის მცდელობაში სდებდა ბრალს.

11 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე კვერნაძეებმა განაცხადეს, რომ სახაზინო ადვოკატი გიორგი დვალიშვილი, მოსამართლე ზურაბ ყვავაძე და პროკურორის თანაშემწე გელა გოგლიჩიძე მათზე ახდენდნენ ზეწოლას, რათა მათ ეღიარებინათ ფერადი ლითონის ქურდობა. ამ საქმეში არ არსებობს დაზარალებული მხარე, რომელიც, წესით, ქალაქის მერია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ჩივის.

სასამართლო პროცესს დაესწრნენ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები გოჩა ჩხეტია და ნინო ღაჭავა და პოლიციაზე მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი გიორგი ჯიბლაძე. თავისუფლების ინსტიტუტის დახმარებით დაკავებულებმა აიყვანეს კერძო ადვოკატი ირაკლი მახათაძე, რომლის მცდელობითაც მოსამართლე რეზო სულწაძემ ეჭვმიტანილებს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე კვერნაძეებმა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეატყობინეს, რომ მათი აყვანის დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დაჭრა მათი მეგობარი იგორ გული, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. კობა კვერნაძემ სასამართლოს დერეფანში ამოიცნო პოლიციელი, რომელმაც იგორ გულს ესროლა.

იგორ გულის, კობა და კახა კვერნაძეებისა და თვითმხილველთა გამოკითხვით შემდეგი სურათი დაიხატა: სამივე არასრულწლოვანი საკუთარი სახლების მახლობლად, საქვაბის ეზოში, ეწეოდა სიგარეტს, როცა ეზოში პოლიციელები შემოვარდნენ ავტომობილით და ყვირილით - არ გაინძრეთ, თორემ გესვრითო. შეშინებული ბავშვები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. კობა კვერნაძის თქმით, იგი საქვაბის ეზოში საპირისპირო მხრიდან შემოსულმა პოლიციელმა დააკავა და ამ დროს დაინახა, თუ როგორ უმიზნებდა ერთ-ერთი პოლიციელი იგორ გულის პისტოლეტს ავტომობილის „კაპოტზე“ ჩამომჯდარი. მან ამ დროს გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა იგორ გულის მიწაზე დაცემა. იგორ გული და კობა კვერნაძე პოლიციელებმა ჩასხეს ავტომობილში და წაიყვანეს ავტოქარხნის საავადმყოფოში. ბავშვების მონათხრობით, პოლიციელებმა სიმთვრალის გამო გზაში სამჯერ შექმნეს საავარიო სიტუაცია. ისინი ბავშვებს აფრთხილებდნენ, რომ არ გაეთქვათ იგორ გულის იარაღით დაჭრის ფაქტი.

საავადმყოფოში მოსულმა ბავშვების ნათესავებმა და მეზობლებმა განაცხადეს, რომ პოლიციელები ხშირად ახორციელებენ რეიდებს საქვაბის ეზოში ფულის გამოძალვის მიზნით. აღნიშული ჩვენებები დაფიქსირდა „კურიერის“, „მე-9 არხის“, „პირველი არხის“ ტელეჟურნალისტების მიერ.

იგორ გულის დედის, ჟანა გულის თქმით, ოპერაცია გააკეთა ტრავმატოლოგმა მირიან მეფარიშვილმა. ოპერაციის მიმდინარეობის დროს პოლიციელები ხშირად შედიოდნენ საოპერაციოში, ოპერაციის შემდეგ კი მათ ექიმი წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. მეორე დღეს ექიმი მირიან მეფარიშვილი იგორ გულს ეუბნებოდა, რომ მას ხელზე ჭრილობა მიყენებული ჰქონდა არა ტყვიით, არამედ - შუშით.

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები იგორ გულის საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ იმერეთის სამხარეო პროკურორის მოადგილეს გურამ გვენცაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ პოლიციელები და ი.გულის მშობლები მორიგდებოდნენ, საქმეს მსვლელობა არ მიეცემოდა. 12 საქტემბერს იგორ გულის ქუთაისში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რასაც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 13 სექტემბერს კი თავისუფლების ინსტიტუტის დახმარებით იგორ გული განმეორებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად ჩამოიყვანეს თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრში. ცენტრის დირექტორის, მაია ნიკოლაიშვილის თქმით, გაკერილი ჭრილობის ექსპერტიზა რაიმე შედეგს არ მისცემდა, ამიტომ განმეორებითი ექსპერტიზა აღარ ჩატარებულა. სამაგიეროდ, მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ავადმყოფობის ისტორიიდან ჩანს, რომ ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული. ნიკოლაიშვილის თქმით, თუ სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, იგი დაესწრება სასამართლოს ექიმის დაკითხვის მიზნით.

  • ვლადიმერ ფარულავას საქმე

2002 წლის 15 მაისს ვლადიმერ ფარულავა საკუთარი სახლის ეზოში დააკავეს შს ქუთაისის სამმართველოს ნიკეას პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა. იგი ადგილზე გაჩხრიკეს, რაზედაც არ შედგა ოქმი, შემდეგ მიიყვანეს ნიკეას პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიწერა ჩხრეკის ოქმი. მასში აღნიშნულია, რომ ფარულავას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, თუმცა, დაკავების ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, ჩხრეკის დროს ფარულავას ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

მეორე დღეს, როცა ვლადიმერ ფარულავას დედამ შვილს პოლიციის განყოფილებაში მიაკითხა, დაინახა, რომ დაკითხვის ოთახიდან გამოსული ვლადიმერი, რომელსაც ორი პოლიციელი მოათრევდა, სასტიკად იყო ნაცემი. ცემის ფაქტს თვითონ ვლადიმერიც ადასტურებს თავის ჩვენებებში.

ქუთაისის იზოლატორის ექიმის დათვალიერების ოქმში აღწერილია შემდეგი სახის დაზიანებები: მარცხენა თვალის წარბის ქვეშ სისხლნაჟღენთი ფუფხით, ტუჩების მარცხენა არეში სისხლნაჟღენთი ფუფხით, ხელის მტევნებზე ნაკაწრი ჭრილობები. ვლადიმერ ფარულავას განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში იგი სცემა პოლიციის თანამშრომელმა გიზო გველესიანმა. მანვე ვლადიმერს მაგიდაზე დაუდო მარიხუანა და აიძულა, მოეწერა ხელი დაკითხვის ოქმისთვის, რომელშიც დაფიქსირებული იყო, თითქოსდა, „ფაქტი“ ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი.

  • ალექსი გვალიას საქმე

ალექსი გვალია 2002 წლის 23 ივნისს დააკავეს ხონის პოლიციის თანამშრომლებმა ლადო ჩარგეიშვილმა, გია აკობაძემ, ალეკო ხაჭაპურიძემ და გია ბუაძემ იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით. დაკავებულის თქმით, დაკავების ადგილზე ჩხრეკა არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. სამაგიეროდ, გვალიას განმარტებით, მანქანაში ჩასმის დროს მას შარვლის ქამარში ჩაუდეს რაღაც ცივი საგანი, ერთ-ერთი პოლიმციელი კი შარვლის უკანა ჯიბეში უფათურებდა ხელებს. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ის გაჩხრიკეს დაკავების ადგილიდან წამოყვანილი 3 მოწმის თანდასწრებით. ჩხრეკისას ქამრიდან ამოუღეს გადაჭრილი თოფი, უკანა ჯიბიდან კი ნარკოტიკი „მარიხუანა“..

ალექსი გვალიამ, რომელიც ამ ფაქტამდე ორჯერ არის ნასამართლევი, ადვოკატის აყვანაზე უარი თქვა.

ქუთაისის იზოლატორში ბრალდებულმა ალექსი გვალიამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როცა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოინახულეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. გვალიამ არ შეასრულა თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლების თხოვნა, შეეწყვიტა შიმშილობა და განაცხადა, რომ იგი უკანონოდ დააკავეს და მანამ იშიმშილებდა, სანამ აღმკვეთ ღონისძიებას არ შეუცვლიდნენ. გვალიამ 70 დღე იშიმშილა, საიდანაც 10 დღის განმავლობაში პირი ჰქონდა ამოკერილი. 1 აგვისტოს ალექსი გვალია ინახულეს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. მათი თხოვნის მიუხედავად, გვალია არ დათანხმდა შიმშილობის შეწყვეტას, სამაგიეროდ დათანხმდა ადვოკატის აყვანას, რაშიც მას თავისუფლების ინსტიტუტი დაეხმარა.

16 სექტემბერს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული კოორდინატორი გოჩა ჩხეტია შევიდა ქუთაისის იზოლატორში და სთხოვა ექიმს, გაეცა ცნობა ალექსი გვალიას ჯანმრთელობის შესახებ. ცნობა იმავე დღესვე გაეგზავნა ხონის სასამართლოს, სადაც შედგა პროცესი ა.გვალიას აღმკვეთი ღონისძიების პოლიციის ზედამხედველობით შეცვლის თაობაზე. ხონის სასამართლომ ა.გვალიას აღმკვეთი ღონისძიება პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალა.

  • გაგა ჟორჟოლიანის საქმე

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის მაცხოვრებელი გაგა ჟორჟოლიანი ქუთაისის პოლიციამ დააკავა ხბოს ქურდობისთვის. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ წარმომადგენლებთან საუბრის დროს მან განაცხადა, რომ დაკავების დროს იგი სცემა პოლიციელმა, მეტსახელად „ყბამ“. გაგა ჟორჟოლიანი დაავადებულია ნევროზით. სხვა პატიმრების თქმით, იგი მთელი ღამეები ყვირის და კანკალებს, საავადმყოფოს კი არა აქვს მედიკამენტები, რის გამოც მას მკურნალობა არ უტარდება.

  • გიორგი იობიძის საქმე

გიორგი იობიძე ქუთაისში ნაცემი 4 სექტემბერს იპოვეს ქუჩაში, ცემისგან გონებამიხდილი მთელი ღამით ქუჩაში ეგდო. გიორგი იობიძის აღწერის მიხედვით ის ავტოქარხნის პოლიციელმა სცემა. პოლიციელი მას, როგორც დედამისი ამბობს, კაფედან გამოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით 5 სექტემბერს თავისუფლების ინსტიტუტმა ჩაატარა მრგვალი მაგიდა, რის შემდეგაც პოლიციამ შეძლო დაზარალებულთან საერთო ენის მონახვა და შერიგება.

  • მონიტორინგი წინასწარი დაკავების საკნებში

1 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა კოორდინატორებმა, გოჩა ჩხეტიამ და ნინო ღაჭავამ, იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ზაზა ძნელაძესთან შეთანხმებით დაათვალიერეს იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაში განთავსებული წინასწარი დაკავების საკნები. საკნებში სისუფთავის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. სარკმელზე გაკრულია მეტალის წვრილად დახვრეტილი ფირფიტა, რომელიც ჰაერის და შუქის შემოდინებას საკანში აფერხებს.

  • ნაცემი პატიმრები ცემის ფაქტს არ აღიარებენ

ძალიან ხშირად პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში ნაცემი პატიმრები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გადაყვანის შემდეგ არ აღიარებენ ცემის ფაქტს. მაგალითად, ივლისის დასაწყისში თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მეხუთე საპყრობილეში სხეულის დაზიანებით შეიყვანეს ორი პატიმარი. ორივე მათგანს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე, რაც იარაღის უკანონო შენახვას, ტარებას და გადაზიდვას მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრე თაბაგარი 29 წლისაა. მას აღენიშნებოდა ცხვირის არეში მარცხნივ ექსკორაცია დაფარული შინდისფერი ფუფხით, ზურგის არეში მრავლობითი ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები, მარჯვენა მტევნის მეორე და მეხუთე თითზე ექსკორაციული წერტილები, მარჯვენა წვივზე დაახლოებით 3-4 სანტიმეტრის სიგრძის ექსკორაცია, დაფარული შინდისფერი ფუფხით. მარჯვენა მუხლზე სისხლნაჟღენთი. თავად თაბაგარმა განმარტა, თითქოს დაზიანებები დაკავებამდე მიიღო.

ქალაქის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდანვე მოხდა ტარიელ მახარობლიძის გადაყვანა. იგი 28 წლისაა, აღენიშნება მარცხენა მაჯის სახსართან მედიალურად დაახლოებით 4-3 სანტიმეტრის სიგრძე ექსკორაცია, დაფარული შინდისფერი ფუფხით. მარჯვენა მხარზე სისხლნაჟღენთი, წვივზე ექსკორაციული წერტილი, მარცხენა თვალბუდის არეში მოწითალომოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი.

მახარობლიძეც, ჩვეულებისამებრ, განმარტავს, რომ დაზიანებები დაკავებამდე მიიღო.

  • მურთაზ ლანჩავას საქმე

ქუთაისის პოლიციამ 2002 წლის ივნისში დააკავა 40 წლის მურთაზ ლანჩავა, როგორც ბინის ქურდობაშია ეჭვმიტანილი. 28 ივლისს ლანჩავამ ქუთაისის იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა, 1 აგვისტოს კი პირი ამოიკერა. 5 აგვისტოს ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტს დახმარებისთვის მიმართა მურთაზ ლანჩავას დედამ, დოდო ლანჩავამ. მისი თქმით, მურთაზ ლანჩავა ადრე ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო ნასამართლევი. პოლიცია მურთაზ ლანჩავას ყოველთვიურად „აწერდა“ ფულს, ხოლო როცა მან ფული აღარ მიუტანა პოლიციელ არწივაძეს, რომელიც ქუთაისის შს სამმართველოს ავანგარდის განყოფილებაში მუშაობს, ამ უკანასკნელმა ლანჩავას ქურდობა დააბრალა და იგი ამ ბრალდებით დააკავა.

  • კახა ჩოგოვაძის საქმე

14 ნოემბერს ზესტაფონის რაიონის პოლიციამ ამავე რაიონის სოფელ ღორეშაში დააკავა კახა ჩოგოვაძე და კახა ცანავა, რომლებიც ოთხ სხვა პირთან ერთად ადამიანის მოტაცებაში არიან ეჭვმიტანილი. 15 ნოემბერს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ წარმომადგენელს ქუთაისში გოჩა ჩხეტიას დაუკავშირდა კახა ჩოგოვაძის მეუღლე მაკა რუხაძე, რომელმაც აცნობა, რომ ზესტაფონის პოლიციაში სასტიკად სცემეს მისი მეუღლე და იგი იმდროისთვისაც ზესტაფონის შს სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა.

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული კოორდინატორი გოჩა ჩხეტია და პოლიციის მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს წევრები გიგა შუშანია და გივი ჯიბლაძე იმავე დღეს გაემგზავრნენ ზესტაფონში, სადაც ზესტაფონის რაიონის პროკურორის, ვასილ მაკარიძის დახმარებით ინახულეს ორივე დაკავებული, ამასთან, მათთან გასაუბრების შესაძლებლობაც მიეცათ. კახა ჩოგოვაძის თქმით, პოლიციელებმა თვითონაც და კახა ცანავაც სოფელ ღორეშაში დაკავების ადგილზევე სცემეს. პოლიციის სამმართველოში მყოფმა ექიმებმა განმარტეს, რომ კახა ჩოგოვაძეს აქვს ტვინის შერყევა, გატეხილი აქვს ქვედა ყბის ძვალი, აქვს მარცხენა წინამხრის ძვლების მოტეხილობა, გატეხილი აქვს რამდენიმე ნეკნი და აქვს სისხლნაჟღენთები სხეულზე. ამის შემდეგ კახა ჩოგოვაძე ზესტაფონის რაიონულ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა კახა ცანავასაც, ოღონდ, მან არ აღიარა, რომ ეს დაზიანებები მას პოლიციამ მიაყენა.

  • ტალახაძის, ცუცქირიძის და მჭედლიძის საქმე

2002 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში ახალციხის პოლიციამ დააკავა სამი არასრულწლოვანი - ნოდარ ტალახაძე (18 წლის), ალეკო ცუცქირიძე (17 წლის) და ზურაბ მჭედლიძე (17 წლის). დაკავებულების მიმართ პროკურატურაში ქურდობის ბრალდებით აღიძრა საქმე. 12 ოქტომბერს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ წარმომადგენლებს დახმარებისთვის მიმართეს დაკავებულების მშობლებმა - მარიამ ტალახაძემ, ჟენია ცუცქირიძემ და თამარ მჭედლიძემ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიციაში არასრულწლოვანებს ცემით აიძულებდნენ, მიეცათ აღიარებითი ჩვენება. ამასთან, პროკურატურაში დაპირისპირების დროს მთავარმა მოწმემ ვალერია ცალქალამანიძემ, რომლის ჩვენების საფუძველზეც წაუყენეს ბრალდება აღნიშნულ პირებს, უარყო საკუთარი ჩვენება და განაცხადა, რომ ეს ჩვენება პოლიციაში ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედები ქვეშ იძულებით მისცა.

თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ცემის ფაქტი ვერ დადასტურდა, რადგან მას შემდეგ ორი კვირა იყო გასული და დაკავებულებს ცემის კვალი აღარ ეტყობოდათ. თავისუფლების ინსტიტუტის თხოვნით, საქმეში ადვოკატი ჩაერთო.

  • რაგულ ბერიძის საქმე

2002 წლის 31 ოქტომბერს მოგვმართა რაგულ ბერიძემ და დახმარება გვთხოვა. რაგულ ბერიძის თქმით მისი ძმა რაინდი ბერიძე ეჭვმიტანილია ქ. ახალციხეში 2000 წლის 2 თებერვალს ჩადენილ მკვლელობაში. საქმეს ხაშურის სატრანსპორტო პროკურატურა იძიებს. მიუხედავად იმისა, რომ რაინდი ბერიძე უკვე ორი წელია პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი. ახალციხის რაიონის მოსამართლემ საქმე გამოძიებაში დააბრუნა ხარვეზების გამო (ძირითადი მოწმე დაკითხული არ ყავს პროკურატურას). პროკურატურამ გაასაჩივრა მაისურაძის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში, სადაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

  • უკანონო ჩხრეკა

თავისუფლების ინსტიტუტის ახალციხის რეგიონალურ ოფისს 2002 წლის 10 სექტემბერს მომართა ქალბატონმა ლიანა მიხეილის ასულმა თარხნიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლას ახდენენ პოლიციის თანამშრომლები ვახტანგ გეწაძე და იური მელიქიძე, რათა რაიმე საბაბით დააჭერინოს მაზლი - სუდაძე გია, რომელიც იძებნებოდა. ლ.თარხნიშვილის ბინას, ძებნილის დაპატიმრების საბაბით, ჩხრეკენ კვირაში რამოდენიმეჯერ, ხშირად ღამის 3-4 საათზე. ჩხრეკის დროს არც ერთხელ რაიმე დოკუმენტი (ნებართვა ჩხრეკაზე) არ წარუდგენიათ. ამას გარდა ადგილი ჰქონდა ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებასაც თარხნიშვილის ეზოში. პოლიციის წარმომადგენლებმა (გეწაძე, მელიქიძე) ესროლეს და დაჭრეს ძაღლი, რომელიც მათ სახლში არ უშვებდა (აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა 2002 წლის 16 აგვისტოს ღამის 5 საათზე). ლიანა თარხნიშვილის განცხადებით, მას პოლიციის თანამსრომელი ვახტანგ გეწაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და ციხეში დაჭერით ემუქრება, თუ ის „არ წავა და არ მოძებნის გია სუდაძეს და პოლიციას არ ჩააბარებს“. უკანონო ჩხრეკა და შანტაჟი გაგრძელდა მანამ, ვიდრე ძებნილი არ დააკავეს. დაზარალებული ქალბატონისათვის ბოდიში არავის მოუხდია.

  • თელავის პოლიციის საეჭვო უმოქმედობა

2002 წლის 21 ოქტომბერს თავისუფლების ინსტიტუტის თელავის ოფისში თელავის რაიონის სოფ. ყარაჯალაში მცხოვრებ ველია მაჯით ოღლი აშიროვის განცხადება შევიდა. მას 1997 - 2000 წლების განმავლობაში ,,მუხიანგორის“ საზაფხულო საძოვრებიდან 4 სული კამეჩი და 5 სული ძროხა დაკარგვია. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ იგი 1997 წლიდან მიმართავს თელავის რაიონის პოლიციასა და პროკურატურას, მაგრამ უშედეგოდ.

ველია აშიროვი თვლის, რომ ირღვევა მისი უფლებები და ითხოვს დახმარებას. ამ საქმესთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მიმართეს თელავის რაიონის პოლიციის უფროსს - ლევან მწყერაძეს. პოლიციამ აღნიშნული საქმის გამოძიება ვერ შეძლო, რის გამოც ვ.აშიროვი თავს უფლებაშელახულად მიიჩნევს.

  • შეკრების ძალისმიერი მეთოდებით აღკვეთა

ქუთაისის არსამთავრობო ორგანიზაციათა სახლში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის თემა იყო: ქუთაისის მე-2 იზოლატრის წინ 29.10.2002 წ. ადამიანთა ჯგუფის შეკრების აღკვკთა. მრგვალი მაგიდას ესწრებოდნენ პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრები, პოლიციის სამმართველოს უფროსი თემურ ნოზაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ადვოკატები: დალი სულაქველიძე, მანანა აფხაძე და შეკრების მონაწილე პირები.

ქუთაისის მე-2 იზოლატრის წინ ადამიანთა ჯგუფის შეკრების მიზეზი იყო პატიმრის ხვიჩა აფხაძის უკუნონო პოტიმრობა, რომელსაც აპროტესტებდნენ პატიმრის ნათესავები და ახლობლები. მათ (ოცდაათამდე პირმა) ქუთაისის მე-2 იზოლატრის წინ დილის 10 საათზე გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი. დაახლოებით 14 საათზე და 30 წუთზე თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი გოჩა ჩხეტია და „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ დირექტორი გივი ჯიბლაძე შევიდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით იზოლატორის ადმინისტრაციასთან. იქ იმყოფებოდნენ გურამ ტუღუში, პენიტენციურ დაწესებულებებზე ზედამხედველი პროკურორი ოლეგ გრძელიძე, ადვოკატი დალი სულაქველიძე, რომლებიც მსჯელობდნენ ხვიჩა აფხაძის პატიმრობის კანონიერების შესახებ. დაახლოებით 15 საათზე და 30 წუთზე გ. ტუღუშს ტელეფონით შეატყობინეს ქუთაისის საოლქო სასამართლოდან 2 პატიმრის გაქცევის შესახებ. მან დალი სულაქველიძეს მიმართა თხოვნით, ციხის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით დაეშალა შეკრებილი ჯგუფი. ადვოკატი მანანა აფხაძე ჩავიდა შეკრებილი ჯგუფის დასაშლელად. გ. ტუღუშმა გადარეკა ქუთაისის პოლიციის უფროსთან თემურ ნოზაძესთან, რათა უზრუნველეყოთ საზოგადოებრივი წესრიგი და ქუჩის სავალი გზის გაწმენდა.

რამდენიმე წუთში პოლიციელებმა მიკროავტობუსში ხალხი ძალის გამოყენებით ჩასვეს. 12-მდე ადამიანი მიყვანილ იქნა პოლიციის პირველ განყოფილებაში, საიდანაც საღამოს 11 საათზე გაუშვეს.

მრგვალ მაგიდაზე თემურ ნოზაძემ პოლიციის მოქმედება ციხის წინ გამართული შეკრების აღკვეთის დროს გაამათლა, დაეყრდნო რა „კანონს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლს.

მან განმარტა, რომ შეკრების მოთავეებს არ გაუფრთხილებით ქალაქის ხელმძღვანელობა, გადაკეტეს ციხესთან მისასვლელი გზა, არ იყვნენ მოშორებული ციხის შენობას 20 მეტრით და ხელს უშლიდნენ ციხის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას.

ასეთი არგუმენტაციის შემდეგ ადვოკატს მხოლოდ ერთი პრეტენზია დარჩა პოლიციელების მიმართ, რომ მათ შეკრების აღკვეთის დროს მიმართეს ძალის ზედმეტად გამოყენებას, თუმცა კონკრეტული ფაქტები გარდა ერთი შეკრების მონაწილის გახეული სვიტრისა ვერ წამოყენა.

  • შიმშილობა ქუთაისში

11 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს მოქალაქეებმა: ერმალო ლანჩავამ და მარინა დახუნდარიძემ. მათ ორი დღე იშიმშილეს. შემდეგ პოლიციამ იძულებით გამოიყვანა სასამართლოს შენობიდან. მარინა დახუნდარიძე ამბობს, რომ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიცია და სასამართლოს თავმჯდომარე მოშიმშილეებს შენობაში აქციის შეწყვეტას „შეკრებებისა და მანიფისტაციების შეასახებ“ კანონის მოშველიებით თხოვდნენ. ერმალო ლანჩავამ და მარინა დახუნდარიძემ უნდობლობა გამოუცხადეს მოსამართლეებს: დურმიშხან ჟორჟოლიანს და მურთაზ მეშველიანს. ლანჩავამ მოითხოვა ჟორჟოლიანის მიერ მის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გადამოწმება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

ლანჩავასა და ს-ს „ელექტრომექანიკოსს“ შორის დავა 18 ათასი ლარის თაობაზე მიმდინარეობს. სასამართლომ 1999 წელს „ელექტრომექანიკოსს“ დააკისრა ლანჩავას სასარგებლოდ ამ თანხის გადახდა. ლანჩავა ქარხნის თანამშრომელი იყო. მას საწარმომ ვერ გადაუხადა შესრულებული სამუშაოს საფასური, ამიტომ გადასცა დანადგარი. ლანჩავამ ეს დანადგარი ვერ გაყიდა, ამიტომ საწარმომ შესთავაზა, რომ თვითონ გაყიდდა და თანხის 80%-ს მისცემდა. ლანჩავა დასთანხმდა. „ელექტრომექანიკოსმა“ დანადგარი გაყიდა, მაგრამ ლანჩავას თანხა არ გადაუხადა.

ამჟამად საწარმოს დირექციამ სასამართლოს ახალ აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადებით მიმართა. დურმიშხან ჟორჟოლიანი ამ განცხადებას განიხილავდა 8 ნოემბერს. სასამრთლო სხდომას ლანჩავას მხარდამჭერები დახუნდარიძე და ნუგზარ ერაგია ესწრებოდნენ, დახუნდარიძე, როგორც მსმენელი, ხოლო ერაგია, როგორც წარმომადგენელი. პროცესის მიმდინარეობისას ლანჩავას და მის თანმხლებ პირებს, როგორც თვითონ ამბობენ, ეჭვი გაუჩნდათ, რომ მოსამართლე ელექტრომექანიკოსის სასარგებლო გადაწუვეტილების გამოტანას აპირებდა, ამიტომ მას უნდობლობა გამოუცხადეს. მოსამართლე ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამის შემდეგ მათ მოსამართლეს და სამართალწარმოების პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩაშალეს პროცესი, რასაც თავად დახუნდარიძე და ერაგია უარყოფენ. მათი თქმით, სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მათ მოსამართლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მარინა დახუნდარიძის თქმით, მან მხოლოდ ჩაილაპარაკა: როგორც მე წამართვეს უკანონოდ პრივატიზებული ბინა, ისე უნდათ მოექცნენ ლანჩავასაცო. დახუნდარიძის თქმით, მოსამართლემ ამ ჩალაპარაკების შემდეგ შესვენება გამოაცხადა. მოსამართლე ჟორჟოლიანმა კი სასამართლოს თავმჯდომარეს და პოლიციას შეატყობინა, რომ პროცესი ჩაუშალეს. სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით დახუნდარიძისა და ერაგიას მიმართ ქუთაისის პროკურატურაში 10 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 11 დეკემბერს ქუთაისის პროკურატურის გამომძიებელმა ავალიანმა ნუგზარ ერაგიას დაპატიმრების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მარინა დახუნდარიძეს უშველა იმან, რომ ცხრა შვილის დედაა. 12 დეკემბერს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ერაგიას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მან ქუთაისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის საკითხი აიცილა, რადგან თანამშრომელთა დიდი ნაწილი, მათ შორის თავმჯდომარე, გამოძიებამ დაკითხა. 13 დეკემბერს ნუგზარ ერაგიამ იზოლატორში, ხოლო დახუნდარიძემ სახალხო დამცველის რწმუნებულის ოფისში შიმშილობა დაიწყეს. ნუგზარ ერაგიას კონსტიტუციის 42-ე მუხლი იცავს.

4 მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

▲back to top


2002 წლის 1 აპრილისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში 7800 პატიმარი იხდიდა სასჯელს. ამ ციფრის დაზუსტება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა და მსჯავრდებულთა პასპორტიზაცია ჩაატარა. პასპორტიზაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა. მანამდე კი ითვლებოდა, რომ საქართველოს 8000-ზე მეტი თავისუფლებააღკვეთილი პირი ჰყავდა. ამჟამინდელი მონაცემი ბოლო წლების მონაცემთან შედარებით შემცირებულია.

ზოგადად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პატიმრების ცემა და წამება შედარებით ნაკლებად ხდება, ვიდრე წინასწარი დაკავების საკნებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსგავი შემთხვევები იქაც ფიქსირდება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ამის მაგალითები გამოვლინდა გეგუთის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრების თქმით, დაწესებულების უფროსი ირაკლი გაბუნია, რომელიც 2002 წლის იანვარში დაინიშნა დაწესებულების ხელმძღვანელად, სცემდა მათ, სძალავდა ფულს, ოჯახის წევრების თანდასწრებით აყენებდა შეურაცხყოფას, ხმამაღლა ლანძღავდა და აგინებდა მათ.

პატიმარ შალვა მარკოზაშვილის თქმით, გაბუნიამ მას მოსთხოვა, რომ პატიმრების ქცევის შესახებ მასთან მიეტანა ინფორმაცია, ხოლო უარის მიღების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და „გაფუჭებით“ (ჰომოსექსუალისტებთან ჩამწყვდევით) დაემუქრა. პატიმარმა გოგიტა ბობოლაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი გაბუნიამ, ამავე მიზეზით, სასტიკად სცემა იგი და თავზე შუშა გადაამტვრია.

ირაკლი გაბუნია პატიმრებს არ აძლევდა საშუალებას, ესარგებლათ მათთვის კანონით მინიჭებული შეღავათით - პირობითი ვადამდელი გათავისუფლებით. ზოგადად, პატიმრები, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე წარდგენისთვის გარკვეულ ქრთამს თითქმის ყოველთვის იხდიან, ოღონდ ირაკლი გაბუნიამ ეს თანხები მკვეთრად გაზარდა. პატიმრების თქმით, ეს თანხა გაბუნიას პერიოდში სამჯერ და მეტადაც გაიზარდა - 200 ლარიდან, დაახლოებით, 500-800 ლარამდე.

გარდა ამისა, ირაკლი გაბუნიას ბრძანებით ნახევრად ამოქოლეს პატიმრებისთვის საჭმლის მისაწოდებელი სარკმელი, რის შემდეგაც ამ სარკმელში საჭმლის ქვაბით შეტანა შეუძლებელი გახდა. ასევე განახევრდა ღია ცის ქვეშ ხანმოკლე შეხვედრებისთვის მოწყობილი ტერიტორია და სხვა.

იუსტიციის სამინისტრომ გადაამოწმა დამოუკიდებელი კონტროლის საბჭოს წევრების მიერ შეგროვებული ინფორმაცია და დადასტურდა, რომ ირაკლი გაბუნია ნამდვილად არღვევდა კანონს, აჭარბებდა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, რის გამოც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა.

  • მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

2002 წლის 20-22 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს დამოუკიდებელი კონტროლის საბჭომ ჩაატარა მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ქსნის ტუბდაწესებულებაში. მონიტორინგი ორ ძირითად მიზანს ისახავდა: შეესწავლათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან შექმნილი ადგილობრივი კომისიების მუშაობა და თავად დაწესებულებებში არსებული ვითარება.

მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი კომისიები, ძირითადად, მხოლოდ ფორმალურად არსებობენ, მათი წევრების უმრავლესობა არ იყენებს მათთვის კანონითა და დებულებით მინიჭებულ უფლებებს და არ ახორციელებს საჭირო მონიტორინგს. საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს კომისიის წევრები ლაპარაკობდნენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რომ ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ., მაგრამ ამგვარი განცხადებები იშვიათად სცდებოდა ზოგადი მსჯელობის სფეროს და მოკლებული იყო კონკრეტულ მაგალითებსა და სტატისტიკას. საბჭომ რეკომენდაცია მისცა იუსტიციის მინისტრს, განახლდეს ადგილობრივი კომისიების შემადგენლობა და კომისიების ფორმალური წევრები აქტიური მოქალაქეებით შეიცვალონ.

მონიტორინგის შედეგად გამოჩნდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ზოგადი სურათი. ერთ-ერთი რეალური პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც, საბჭოს წევრების აზრით, მარტივად შეიძლება და რაც გააუმჯობესებს მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ბიუჯეტისა და მომარაგების დეცენტრალიზაციაა. ეს შეეხება როგორც სურსათით მომარაგებას, ისე სხვა პროდუქციასაც. მაგალითად, აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების საწვავით უზრუნველყოფისთვის 400 ლიტრი ბენზინი იყო გამოყოფილი, საიდანაც 200 ლიტრი ამ საწვავის დაწესებულებამდე მიტანაში დაიხარჯა. მომარაგების დეცენტრალიზაცია მსგავს პრობლემებს მთლიანად მოხსნის, ამასთან, გააადვილებს მონიტორინგს, რადგან, თუ, ვთქვათ, დაწესებულების ხელმძღვანელი საკვებად უვარგის პროდუქტს შეიძენს, ადვილი დასადგენია, ვის უნდა მოეთხოვოს ამის გამო პასუხი, რაც უფრო ძნელია მაშინ, როცა მომარაგება ცენტრალიზებული წესით ხდება და საქმეში ბევრი რგოლია ჩართული. თავად იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ 2003 წლის იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებები თანდათან გადავლენ მომარაგების დეცენტრალიზებულ სისტემაზე.

  • მონიტორინგი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

2002 წლის აგვისტოში პრესაში გამოქვეყნდა მასალები, რომელთა თანახმადაც ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ანტისანიტარიაა გამეფებული, არიან მორიელები, რომლებსაც პატიმრები საჭმელშიც კი პოულობენ. 1 სექტემბერს, ამ მასალების საფუძველზე, თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა, ნინო ღაჭავამ და გოჩა ჩხეტიამ, დაწესებულების დირექტორთან გურამ ტუღუშთან შეთანხმებით, ჩაატარეს მონიტორინგი იზოლატორში. თავად ტუღუშმაც დაადასტურა, რომ დაწესებულებაში ნამდვილად არიან მორიელები, თუმცა უარყო მათი საჭმელში მოხვედრის შესაძლებლობა. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საკნები და გაესაუბრნენ პატიმრებს.

1 სექტემბერს გოჩა ჩხეტია და ნინო ღაჭავა შევიდნენ ქუთაისის იზოლატორში სანიტარული და საყოფაცხორებო პირობების მონიტორინგის ჩასატარებლად და ციხის ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერეს იზოლატორის ეზო და კანალიზაციის სისტემა. გაზეთ „ალიაში“ დაფიქსირებული ფაქტი კანალიზაციის წყლის ეზოში დაღვრის შესახებ გურამ ტუღუშს არ უარყვია, მაგრამ, მისი თქმით, ამგვარ შემთხვევებს თავად პატიმრები იწვევენ, რომლებიც საკნებში კანალიზაციის მილებში პოლიეთილენის პარკებს და ბოთლებს აგდებენ. ეზოში დგას წყლის ავზები, რომლებიც შემოტანილი წყლით ივსება და წყალი იქედან მიეწოდება პოლიეთილენის ბოთლებით პატიმრებს საკნებში. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ის საკნები, რომლებიც რემონტდება და რომლებშიც სანიტარული პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, აგრეთვე ქალთა საკანი. ამ საკანს მხოლოდ ერთი სარკმელი აქვს, რაც არ არის საკმარისი შუქის შემოსვლისა და განიავებისთვის საკნის საკმაოდ დიდი მოცულობის გამო.

პატიმრებმა, როგორც ქალებმა, ისე მამაკაცებმა, დაადასტურეს საკანში მორიელების არსებობა, თუმცა, ამავე დროს, საკვებით კმაყოფილება გამოთქვეს. რამდენიმე საკანში პატიმრებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ისინი რამდენიმე თვეა დასაბანად არ გაუყვანიათ, რაც გურამ ტუღუშმა უარყო. რამდენიმე საკნის პატიმრებმა ასევე გამოთქვეს პრეტენზია, რომ საკნის სარკმელზე მჭიდროდ მოფარებული მეტალის ჟალუზები არ იძლევა ჰაერით საკმარისად განიავების საშუალებას. გურამ ტუღუში დაეთანხმა ამ პრეტენზიას, მაგრამ, მისი თქმით, არასაკმარისი დაფინანსება სიტუაციის გამოსწორების საშუალებას არ იძლევა.

სამზარეულოში სანიტარული-ჰიგიენური ნორმები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. გამოკითხვისას გაირკვა, რომ პატიმრებს არ მიეწოდებათ პრესა და წერილების დასაწერად საჭირო ფურცლები, რაც ადმინისტაციამ უსახსრობით ახსნა. სამედიცინო პუნქტში ოთახების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ პუნქტი ვერ მარაგდება საკმარისად მედიკამენტებით.

  • აფეთქება მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

2002 წლის 11 აპრილს, გამთენიისას, აფეთქება მოხდა ავჭალის მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აფეთქების შედეგად მსჯავრდებული მევლუდ ფერაძე გარდაიცვალა, კახა ბაბუნაშვილი კი დაიჭრა. 16 აპრილს ავჭალის კოლონიაში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა - ცივი იარაღით იქნა მოკლული პატიმარი ზურაბ გოგბერაშვილი. იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა დაწესებულების ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ინციდენტის შემდეგ ჩაატარა ფართომასშტაბიანი ჩხრეკა და დიდი რაოდენობით ცივი იარაღი ამოიღო.

19 აპრილს იუსტიციის სამინისტროში ჩატარებულ მოსმენაზე ხმამაღლა ითქვა, რომ აფეთქება ნარკობიზნესთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მე-9 დაწესებულება წარმოადგენდა საპატიმრო ადგილების ნარკოტიკებით მომარაგების ცენტრს, რაშიც თავად დაწესებულების ადმინისტრაციაც იყო ჩართული. არაოფიციალური ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემაში ნარკობიზნესს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები აკონტროლებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფაქტი არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის იყო უცნობი. ეს, თუნდაც, იქიდან დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ ელდარ გოგბერაშვილის ოთახში მოხდა პირველი აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყვა, დაწესებულების ხელმძღვანელმა ალეკო გზირიშვილმა სასწრაფოდ გაარემონტებინა ოთახი, სადაც აფეთქება მოხდა, რათა აფეთქების კვალი დაემალა. აფეთქებიდან ორიოდე საათის შემდეგ აფეთქების ადგილი ინახულა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაატა მხეიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მას აფეთქების კვალი არ შეუმჩნევია, თუმცა, მისი არშემჩნევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

აფეთქების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ელდარ გოგბერაშვილი სასჯელაღსრულების პირველ დაწესებულებაში გადაიყვნა, თითქოს უსაფრთხოების მიზნით, თუმცა თავად გოგბერაშვილი ამტკიცებდა, რომ მის სიცოცხლეს სწორედ აქ ემუქრებოდა საფრთხე. სასამართლომ პირველ დაწესებულებაში 1 წლით გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამ გადაწყვეტილებას, რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევა, პატიმარს არც აცნობდნენ. გოგბერაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და 25 ივნისს უზენაესმა სასამართლომ იგი მე-9 დაწესებულებაში დააბრუნა. თავად გოგბერაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ადმინისტრაციამ იგი კრიმინალური სამყაროს დაკვეთით გადაიყვანა პირველ დაწესებულებაში, რადგან მისი სიცოცხლის ხელყოფა იქ უფრო ადვილი იქნებოდა. გოგბერაშვილის მოკვლას ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ცდილობენ.

  • ბავშვთა დაწესებულება ავჭალაში

2002 წლის 30 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა დაწესებულება ხონიდან, სადაც ის 1 წლის წინ იქნა გადატანილი, ისევ ავჭალაში დაბრუნდა. საანგარიშო პერიოდისთვის დაწესებულებაში 26 არასრულწლოვანი იხდიდა სასჯელს. არასრულწოვანთა ახალი დაწესებულება, სხვა დაწესებულებების ფონზე, გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება: გარემონტებული შენობა, სუფთა ეზო, პატარა სკვერი, ცხელი წყალი, საშხაპეები და ფეხბურთის მოედანი. შენობა სამინისტროს სპეცსახსრებით გარემონტდა და 130 ათასი ლარი დაჯდა.

  • ზურაბ გოლობიანის, დავით ასატუროვის და მამუკა გოგინაშვილის საქმე

24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინახულეს სამი არასრულწლოვანი - ზურაბ გოლობიანი, დავით ასატუროვი და მამუკა გოგინაშვილი. სამივე მათგანი მძიმე დანაშაულის ჩადენაში არის ეჭვმიტანილი, თუმცა, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ მათი დაკავება კანონისა და დაკავებულთა უფლებების დარღვევით მოხდა. თავად არასრულწლოვანები და მათი მშობლები აცხადებენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს სცემა ეჭვმიტანილები და მათი ოჯახის წევრები, ცდილობდა მათგან ფულის გამოძალვას, ადგილი ჰქონდა ნარკოტიკების „ჩადებას“ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს დაირღვა პროცესუალური ნორმები.

სამი არასრულწლოვანიდან ორი - ასატუროვი და გოგინაშვილი - ცეცხლსასროლი იარაღის მოპარვისა და შენახვის ბრალდებითაა დაკავებული. ასატუროვი ასე აღწერს მისი დაკავების ფაქტს:

„შემოვარდნენ სახლში, დედაჩემი, ჩემი და და მე მცემეს. ჩაცმული არ ვიყავი და… რაღაცეები დაიწყეს. სამმართველოს თანამშრომლები არიან. სახელი-გვარი არ ვიცი, მაგრამ სახეზე ვიცნობ. ერთ-ერთი მაღალი, მსუქანი კაცი იყო...“

დაკავებამდე ორივე არასრულწლოვანი ერთად მუშაობდა და ოჯახს თავისი შრომით ინახავდა. მესამე არასრულწლოვანი, ზურაბ გოლობიანი, პოლიციამ სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის მომენტში დააკავა. მისი თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში მას მარიხუანით სავსე პარკი დაახვედრეს და იძულებით დააწერინეს ჩვენება, თითქოს მან ეს პარკი სადღაც იპოვა.

  • პატიმრების შიმშილობის აქციამ კანონიერი ქურდის გათავისუფლება გამოიწვია

ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ზაალ მახარობლიძე, მეტსახელად „გლეხოვიჩი“, 11 აგვისტოს დააკავა ქუთაისის პოლიციამ. მას პოლიცია ბრალს სდებს პოლიციის თანამშრომლის, გიორგი ჯიქიას, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მახარობლიძემ ერთ თვეზე მეტი დაჰყო იზოლატორში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც მახარობლიძემ, რომელიც თავს უკანონო პატიმრად თვლიდა, გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქცია მოაწყო იზოლატორში. მას სოლიდარობა გამოუცხადეს პატიმრებმაც, რომლებმაც მახარობლიძის გათავისუფლების მოთხოვნით ორი დღე იშიმშილეს. ზაალ მახარობლიძის შიმშილობის აქცია საოლქო სასამართლოში სასამართლო პროცესს დაემთხვა, რომელმაც 20 სექტემბერს აღმკვეთი ღონისძიება პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალა.

საოლქო სასამართლოს მოსამართლემ რეზო სულწაძემ გაიზიარა მახარობლიძის ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის ახალაღმოჩენილი გარემოებები, რომელთა მიხედვით, მტკიცებულებები პროცესუალური ნორმების დარღვევით აქვს მოპოვებული პოლიციას. საქმეში ცრუმოწმეები ფიგურირებენ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სისხლის სამართლის საქმე მახარობლიძის მიმართ ძიების პროცესში შეწყდება, რადგან არ არსებობს დანაშაულის ნიშნები. ადვოკატის თქმით, ის მოითხოვს პოლიციელების - ზაზა მაჩიტაძის, გიორგი როხვაძის, გიორგი ჯიქიას (მათ დააკავეს გლეხოვიჩი) და ექიმ დანელიას დასჯას, რომელმაც თითქოს ნაცემ პოლიციელს ცნობა მისცა. ცრუ მოწმეები, გოგიბერიძე და ვარდოსანიძე, ადვოკატის თქმით, პოლიციის სტაჟიორები არიან. ადვოკატის თქმით, უნდა დაისაჯონ ის მოსამართლეებიც, რომლებმაც აღმკვეთი ღონისძიება განიხილეს. ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, მოსამართლეები იმას აკეთებდნენ, რასაც პოლიცია უბრძანებდა.

ადვოკატმა ორჯერ მიმართა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თხოვნით საოლქო სასამართლოს. ზურაბ როსტიაშვილის თქმით, მოსამართლე სულწაძეს აღმკვეთი ღონისძიება პირველ განხილვაზე უნდა შეეცვალა, როცა მოწმე გოგიბერიძემ აღიარა, რომ პოლიციის სტაჟიორი იყო. როსტიაშვილი და საქართველოს პატიმართა თანამეგობრობის პრეზიდენტი ლალი აფციაური ირწმუნებიან, რომ ზემოთ დასახელებული პირების დასჯას მიაღწევენ.

  • კანონიერი ქურდი რევაზ გვიშიანი საოლქო სასამართლომ გაათავისუფლა

წყალტუბოში მცხოვრები კანონიერი ქურდი რევაზ გვიშიანი ანუ „პეტროვიჩი“ 21 აგვისტოს დააკავა წყალტუბოს პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-შეძენისთვის. 3 სექტემბერს საოლქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება მას პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალა. გვიშიანის გათავისუფლების საფუძველი გახდა შემდეგი გარემოებები: ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარდა. საქმის მომკვლევმა დაკითხა მოწმეები, რომლებიც ჩხრეკას ესწრებოდნენ, მაშინ, როცა მას ამის უფლება არ გააჩნდა, რადგან საქმე წარმოებაში არ ჰქონდა.

  • ხვიჩა აფხაძის საქმე

2002 წლის ოქტომბრის ბოლოს ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა განსასჯელმა ხვიჩა აფხაძემ. 4 ნოემბერს აფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გართულდა და მას გადასხმები გაუკეთეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან შიმშილობა გააგრძელა. აფხაძე 2001 წლის 3 თებერვალს დააპატიმრეს. მას ბრალი ედებოდა ირაკლი აფხაძის მკვლელობაში, რომელიც გვიშტიბის ქვის კარიერის დარაჯი იყო. ხვიჩა აფხაძის ადვოკატი დალი სულაქველიძე აცხადებს, რომ ხვიჩა აფხაძე უკანონო პატიმარია, წელიწადი და ცხრა თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატის თქმით, დარღვეულია საპატიმრო ვადები. ხვიჩა აფხაძე სამტრედიის სასამართლომ გაასამართლა, რომელმაც ტრაქტორის ქურდობის ნაწილში ბრალდება მოუხსნა, ხოლო მკვლელობის ნაწილში საქმე ხელახალ გამოძიებაში დააბრუნა. 30 ოქტომბერს იზოლატორთან აფხაძის ნათესავებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს, მაგრამ პოლიციამ აქცია დაშალა. პოლიციელებმა იძულებით ჩასვეს ტრანსპორტში აქციის მონაწილეები და იზოლატორის ტერიტორიას მოაშორეს.

  • წყლის დეფიციტი ქუთაისის საპატიმროში

4 ნოემბერს ქუთაისის იზოლატორს, დირექტორის გურამ ტუღუშის თხოვნით, თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური წარმომადგენელი გოჩა ჩხეტია ეწვია. დირექტორმა განმარტა, რომ ერთი კვირაა, რაც ციხეს წყალი არ მიეწოდება; პატიმრებს არ ჰყოფნით სასმელი წყალი და ვერ ხერხდება ტუალეტების ჩარეცხვა. ჩხეტია ტელეფონით ესაუბრა ქუთაისის მერიის წყალის და ენერგეტიკის სამსახურის უფროსს თემურ ყურაშვილს, რომელმაც უთხრა, რომ ციხის ადმინისტრაციას ჯერ არანაირი თანხა წყლით მომსახურების არ გადაუხდია. გ. ტუღუშის განმარტებით კი იუსტიციის სამინისტრო კომუნალური მომსახურების ხარჯებს ციხეს არ ურიცხავს.

05.11.2002. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლობის ინიციატივით ციხის ადმინისტაციულ შენობაში მოეწყო პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრო 30-მდე ჟურნალისტი. გ. ტუღუშმა ისაუბრა ციხეში არსებულ სოციალურ პრობლემებზე. მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ დგას წყლით მომარაგების პრობლემა. ფაქტიურად პატიმრებს არ ჰყოფნით სასმელი წყალი.

გ. ჩხეტიამ აღნიშნა, რომ პატიმრისთავის წყლის არმიწოდება შეიძლება განხილულ იქნას წამებად და არაადამიანურ მოპყრობად. თუ სახელმწიფოს არ შეუძლია პატიმრის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან გადაანაწილოს პატიმრები სხვა დაწესებულებაში, ან გაათავისუფლოს ისინი. გ. ჩხეტიას ინიციატივით და მოთხოვნით პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს დაათვალიერებინეს ციხის საკნები და მისცეს მათ პატიმრებთან გასაუბრების უფლება. პატიმრებმა დაადასტურეს, რომ მათ სასმელი თითქმის არ მიეწოდებათ და განმკითხავიც არავინაა.

  • რელიგიური ლიტერატურის განადგურება გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

21 ოქტომბერს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული კოორდინატორი გოჩა ჩხეტია, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დირექტორი გივი ჯიბლაძე და ქრისტიანული საზოგადოება „მშვიდობის მაუწყებელის“ პრეზიდენტი ომარ საცერაძე შევიდნენ გეგუთის კოლონიაში. მათთან საუბრისას კოლონიის დირექტორმა ედემ ზამბახიძემ აღნიშნა, რომ კოლონიას ყველაზე მწვავედ უდგას სამედიცინო მომსახურების საკითხები, ფაქტობრივად არა აქვს სამედიცინო პუნქტი და ბიუჯეტში ჩასმული არ არის პატიმართა სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რათა საჭიროების შემთხვევაში პატიმარი გადაიყვანონ ქუთაისის საავადმყოფოებში სამკურნალოდ.

საღამოს 9 საათზე ომარ საცერაძის თაოსნობით, მისივე მოტანილი აპარატურით, პატიმრებს უჩვენეს მხატვრული ფილმი „ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა“. ფილმის ჩვენების შემდეგ ომარ საცერაძემ ე.ზამბახიძეს გადასცა რელიგიური ლიტერატურა: ახალი აღთქმა და ფსალმუნები, ბროშურები - „იესო ჩვენი ბედისწერაა“, „წერილი შენთვის“ და „საუკუნო სიცოცხლე უფლის ჯილდოა“, რომელთა პატიმრებისთვის დარიგების სურვილი თვით ე. ზამბახიძემ გამოთქვა.

მოგვიანებით, 11 ნოემბერს, გეგუთის კოლონიაში ფილმის ჩვენების დროს შეტანილი რელიგიური ლიტერატურა: წიგნები - იოანეს სახარება - 500 ცალამდე, ახალი აღქმა და ფსალმუნები - 5 ცალი, ბროშურები - იესო ჩვენი ბედისწერაა - 15 ცალამდე, წერილი შენთვის -50 ცალამდე, საუკუნო სიცოცხლე უფლის ჯილდოა - გაურკვეველი რაოდენობით განადგურებულ იქნა კოლონიის ადმინისტრაციის მიერ.

ამის შესახებ ეცნობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებეზე ზედამხედველ პროკურორს ოლეგ გრძელიძეს. მან გადარეკა გეგუთის კოლონიაში სიტუაციის გასარკვევად ედემ ზამბახიძესთან. ო. გრძელიძემ ტელეფონზე საუბრის შემდეგ დაადასტურა კოლონიის ადმინისტრაციის მიერ აღნიშნული ლიტერატურის აქტით განადგურების ფაქტი იმ მოტივით, რომ კოლონიის მოძღვარის (სახელი-გვარის გარკვევა ვერ მოხერხდა) განმარტების თანახმად ყოველივე ეს თითქოს „იეღოვური ლიტერატურა“ იყო.

5 ჯარისკაცებისა და წვევამდელების უფლებები

▲back to top


საქართველოში მოქმედებს დისკრიმინაციული კანონი ალტერნატიული სამსახურის შესახებ. ამ კანონის თანახმად, ალტერნატიული სამსახურის ვადა 1/3-ით აღემატება ჩვეულებრივ სამხედრო სავალდებულო სამსახურს - 24 თვე 18 თვის ნაცვლად. საანგარიშო პერიოდის დასაწყისში ეს სხვაობა გაცილებით მეტი იყო და ალტერნატიული სამსახურის ვადა ორჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივ სამსახურს - 36 თვე 18 თვის ნაცვლად. ცვლილება კანონში მას შემდეგ შევიდა, რაც გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა, 2002 წლის მარტში, მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლებას დისკრიმინაციული კანონის გამო.

საქართველოს ხელისუფლებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა გაეროს რეკომენდაციები და ალტერნატიული სამხედრო სამსახური 36 თვიდან 24 თვემდე შეამცირა, თუმცა, ის მაინც აღემატება ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურს. ზოგადად, წვევამდელებისა და ჯარისკაცების უფლებები საქართველოში ყველაზე მასობრივად ირღვევა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოს ჯარიდან 2000-მდე ჯარისკაცია გაქცეული.

სამხედრო პროკურატურის ინფორმაციით, 1994-2001 წწ-ში სამხედრო პროკურატურის ორგანოებში თვითმკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღიძრა 35 სისხლის სამართლის საქმე, ხოლო მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე - 113 სისხლის სამართლის საქმე. მშვიდობიან პერიოდში დაღუპულია 148 სამხედრო მოსამსახურე.

2002 წლის განმავლობაში სამხედრო პროკურატურის ორგანოებში შევიდა 47 განცხადება და შეტყობინება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, რომელთაგან 11 განცხადება-შეტყობინებაზე აღიძრა 11 სისხლის სამართლის საქმე. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება 17 მასალაზეა გამოტანილი. 16 განცხადება გადაგზავნილია ქვემდებარეობით განსახილველად. 3 მასალაზე შემოწმება მიმდინარეობს.

სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული სამხედრო სამსახურით იმ წვევამდელებს, ვისაც ამისი სურვილი აქვთ. წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კანონი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესახებ, არაერთი შემთხვევა იყო, როცა ის პირები, რომლებიც რაიმე მიზეზის გამო ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს ითხოვდნენ, გაასამართლეს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბრალდებით. ყველაზე ხშირად ამ კატეგორიაში ხვდებოდნენ იეჰოვას მოწმეები. 2002 წელს ამ მხრივ ვითარება შედარებით გამოსწორდა, თუმცა, პრობლემები მაინც არის.

წვევამდელთა უფლებების დარღვევა მხოლოდ ალტერნატიულ სამსახურთან არ არის დაკავშირებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც წვევამდელებს, რომლებსაც წინასწარ არ მიუღიათ გაფრთხილება, სახლებში უვარდებიან და ასე მიჰყავთ გასაწვევ პუნქტებში, ან აჰყავთ ქუჩიდან და ა.შ. 2001 წლის საშემოდგომო გაწვევის დროს მონიტორინგის ჯგუფმა მხოლოდ თელავში 36 ასეთი შემთხვევა დააფიქსირა. არის შემთხვევები, როდესაც ჯარში იწვევენ ისეთ ახალგაზრდებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით გაწვევა არ ეკუთვნით:

  • 2002 წლის 24 იანვარს, წინასწარი გაფრთხილებისა და უწყების გაგზავნის გარეშე, თელავის კომისარიატის წარმომადგენელმა ავთო შაკიაშვილმა სახლიდან წაიყვანა წვევამდელი ვანო სოღროევი. ამ დროს ვანო სოღროევი კუჭ-ნაწლავის დაავადებით იყო ავად. ამასთან, ვანო სოღროევის სიმაღლეა 147სმ, წონა - 43 კგ. კანონის თანახმად, 150 სანტიმეტრზე ნაკლები სიმაღლის და 48 კილოგრამზე ნაკლები წონის წვევამდელის ჯარში გაწვევა არ შეიძლება.

თავისუფლების ინსტიტუტის ჩარევის შედეგად 2002 წლის 2 მაისს ვანო სოღროევი ხელმეორედ გაატარეს სამედიცინო კომისიაზე. კომისიამ დაადასტურა, რომ სოღროევი ჯარში გაწვევას არ ექვემდებარება (სიმაღლე - 147 სმ.; წონა - 43 კგ. დაავადებული აქვს კუჭ-ნაწლავი და თირკმელები) და იგი გათავისულდა სამხედრო სამსახურიდან. სოღროევმა, სანამ თავისუფლების ინსტიტუტს მიმართავდა, არაერთხელ მიმართა ზემდგომ ინსტანციებს, მაგრამ უშედეგოდ.

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადების საფუძველზე თელავის რაიონის სამხედრო პროკურატურამ უკანონო გაწვევის გამო საქმის შესწავლა დაიწყო. კახეთის სამხარეო კომისარმა ავთანდილ შაკიაშვილმა თავისუფლების ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოღროევის გაწვევა პირადად მისი შეცდომა იყო და თუ ამ შეცდომის გულისთვის მას დასჯიან, მზად არის დაისაჯოს. საბოლოოდ, სამხედრო პროკურატურამ, საქმის შესწავლის შემდეგ, სოღროევის საქმესთან დაკავშირებით საქმის არაღძვრის დადგენილება გამოიტანა.

  • თელაველი მამუკა მიხეილის ძე ღარიბაშვილი 1995 წლის 31 ოქტომბერს გაიწვიეს ჯარში მისი ძმის მალხაზ ღარიბაშვილის მაგივრად. მალხაზ ღარიბაშვილი გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში 1995 წლის მაისში. იგი გაანაწილეს გორის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც მან თვითნებურად დატოვა. ამის შემდეგ მამუკა ღარიბაშვილი ძმის მაგივრად გაიწვიეს. მისი მტკიცებისთვის, რომ იგი მამუკა იყო და არა მალხაზი, ყურადღება არავის მიუქცევია.

  • მამუკა ღარიბაშვილმა ექვსი თვე გორის სასწავლებელში იმსახურა და 18 თვე - 22-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონში. 1997 წლის 31 ოქტომბერს მან თელავის კომისარიატში წარადგინა მისი ძმის სამხედრო ბილეთი, რომელიც კომისარიატში დაიკარგა. მამუკა ღარიბაშვილი ვერ იღებდა პირადობის მოწმობას, პასპორტს, მართვის მოწმობას და ვერ იწყებდა მუშაობას. იგი 1997 წლიდან ითხოვდა მისი საქმის შესწავლას, მაგრამ უშედეგოდ. მან რამდენჯერმე მიმართა თელავის რეგიონის სამხედრო კომისარს ა. ჯიშიაშვილს, რომელმაც არანაირი ზომა არ მიიღო. თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით წერილით მიმართა თელავის რაიონის სამხედრო პროკურორს ილია ოთარაშვილს, რომელმაც რეაგირებაზე უარი თქვა.

თავისუფლების ინსტიტუტმა ასევე რამდენჯერმე მიმართა განცხადებით თელავის რაიონის სამხედრო პროკურორს ილია ოთარაშვილს, რათა მას საქმე აღეძრა მამუკა ღარიბაშვილის უკანონო გაწვევასთან დაკავშირებით. პროკურორი უარს ამბობდა მიეღო განცხადება, რომლითაც თავისუფლების ინსტიტუტი ითხოვდა საქმის აღძვრას. მას შემდეგ, რაც თავისუფლების ინსტიტუტმა დაზღვეული წერილით მიმართა ოთარაშვილს, რომელშიც, განცხადებასთან ერთად, ღარიბაშვილის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლებიც იყო, პროკურატურამ გაამზადა მამუკა ღარიბაშვილის სამხედრო ბილეთი, თუმცა, საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით არ აღიძრა.

26 მაისს თავისუფლების ინსტიტუტმა თელავში ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე „წვევამდელის უფლებები“. შეხვედრაზე მოწვეულმა სამხარეო პროკურორმა ავთანდილ შაკიაშვილმა აღიარა, რომ მას ასამდე ახალგაზრდა ჰყავს გაწვეული კანონის დარღვევით, წინასწარი უწყების გაგზავნის გარეშე. მისი თქმით, ეს წვევამდელები პირდაპირ ქუჩიდან აჰყავდათ ან სახლიდან მიჰყავდათ ძალით: მე ეს ახალგაზრდები ქუჩას მოვწყვიტე და გზაზე დავაყენე, მე რომ არ ვყოფილიყავი, ისინი სამშობლოს დაკარგული ჰყავდა. პროკურორმა იცის, რომ ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ მას „ასე მიაჩნია სწორად“ და იმიტომ იქცევა ასე. შეხვედრაზე ავთანდილ შაკიაშვილმა პირობა დადო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩართავდა გამწვევი კომისიების მუშაობაში და მათ უფლებას მისცემდა, დამკვირვებლის სტატუსით გაეკონტროლებინათ კომისიების საქმიანობა, მაგრამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ მან პირობა არ შეასრულა. მეტიც, მან გააფრთხილა კომისარიატების წარმომადგენლები, ფრთხილად ყოფილიყვნენ თავისუფლების ინსტიტუტთან და მორიდებოდნენ მის წარმომადგენლებთან კონტაქტს.

  • 2002 წლის 22 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ ომბუდსმენს გორში მიხეილ ქარელს მოუვიდა ჯარში გაწვევის უწყება, თუმცა, მას 2002 წლის სექტემბრამდე გადავადებული აქვს გაწვევა. შიდა ქართლისა და გორის რაიონის გაერთიანებული სამხარეო სამხედრო კომისარმა, პოლკოვნიკმა პაატა ჭელიძემ ოფიციალური წერილით აცნობა თავისუფლების ინსტიტუტს, თითქოს მიხეილ ქარელს ჯარში გაწვევა გადავადებული ჰქონდა სტუდენტობის გამო, ხოლო 2001 წლიდან იგი ექვემდებარებოდა გაწვევას. თავისუფლების ინსტიტუტმა სამხედრო კომისარიატში წარადგინა 1998 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის გოგი რაზმაძის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც მიხეილ ქარელს, როგორც სოფელ ტყვიავის საკრებულოს წევრს, გადავადებული ჰქონდა გაწვევა 2002 წლის სექტემბრამდე.

სამხედრო კომისარიატი ცდილობს, გაწვევის მუქარით აიძულოს მიხეილ ქარელი, შეწყვიტოს უფლებადაცვითი საქმიანობა, რაც გამოჩნდა შემდეგი ფაქტიდან: 2002 წლის 7 ივნისს მიხეილ ქარელმა გორის კომისარიატს გაუგზავნა მიმართვა, რომლითაც მოითხოვა წვევამდელთა რაოდენობა, აგრეთვე იმ პირთა ვინაობა, ვინც გაწვევისგან გათავისუფლდნენ და იმ პირთა ვინაობაც, ვისაც გაწვევა გადაუვადეს. 12 ივნისს სამხედრო კომისარმა პაატა ჭელიძემ მოთხოვნას შემდეგი წერილით უპასუხა: ბატონო მიხეილ, ჩემი რჩევა იქნება, მობრძანდეთ სამხედრო კომისარიატში და გაარკვიოთ თქვენი დამოკიდებულება სამხედრო სამსახურთან და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენ საკითხებზე.

სამხედრო კომისრის მოქმედებას, გარდა იმისა, რომ იგი არღვევს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, შეიძლება მიეცეს შანტაჟის კვალიფიკაცია.

  • 2002 წლის 23 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ წარმომადგენლებს ახალციხეში განცხადებით მიმართა წვევამდელმა ლევან მესხიძემ. ლევან მესხიძეს, რომელიც ქალაქში არ იმყოფებოდა, მაისის განმავლობაში სამჯერ მიაკითხა სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელმა დავით წიკლაურმა, რომელიც ეძებდა მესხიძეს და სახლის გაჩხრეკის ნებართვას ითხოვდა, თუმცა, მესხიძეს უწყება არც ერთხელ არ მისვლია. მესამე მისვლის დროს მესხიძე სახლში დახვდა კომისარიატის წარმომადგენელს და განუცხადა, რომ იგი წინააღმდეგია ყველანაირი ძალადობის და მზად არის ალტერნატიული სამხედრო სამსახურისთვის. მას შემდეგ, რაც კომისარიატის წარმომადგენელი მას პოლიციის ძალით დაემუქრა, მესხიძემ თავისუფლების ინსტიტუტს მიმართა განცხადებით და თავისუფლების ინსტიტუტის დახმარებით დაწერა განცხადება, რომლითაც ალტერნატიული სამსახური მოითხოვა. თელავის სამხედრო კომისარიატმა მესხიძე ალტერნატიული სამსახურით ვერ დააკმაყოფილა და საერთოდ გაათავისუფლა ჯარიდან.

  • 2002 წლის 30 აპრილს საქართველოში მყოფი ამიერკავკასიის საჯარისო დაჯგუფების რიგითები ლეონიდ ფილიპენკო და დიმიტრი კოგტიევი სამხედრო ნაწილიდან ქალაქში გაიპარნენ. გაპარვის შემდეგ ისინი სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს დაუკავშირდნენ იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელშიც მათ სამხედრო ხელმძღვანელობა ამყოფებდა. ფილიპენკოს და კოგტიევს გამოქცევამდე 5 დღის განმავლობაში არ სძინებიათ, რადგან მორიგეებად იდგნენ. დგომისგან ისე ჰქონდათ დასიებული ფეხები, რომ ჩექმებსაც ვერ იცვამდნენ, სისტემატურად სცემდნენ, ხან ფილტრიანი სიგარეტის მოტანას ავალებდნენ, ხან ფულის შოვნას, სიტყვებით „რაჟაი ბაბკი“. რიგითი კოგტიევი, მაგალითად, სცემეს იმის გამო, რომ ადრე გამოვიდა სასადილოდან და ერთ-ერთმა „სტარიკმა“ (მეტსახელად „კარეეც“) იფიქრა, რომ საკვების დამატება უნდოდა. მანამდე ტუალეტში მას სცემეს წიხლებით, რის შედეგაც დაახლოებით 40 წუთი ეგდო ტუალეტში. ხოლო რიგითი ფილიპენკო საწოლის რკინის სარტყლით სცემეს იმის გამო, რომ უნდა ეშოვნა მაგიდის ჩოგბურთის ბურთი და ვერ იშოვა. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ღამის საათებში მთვრალი „სტარიკები“ მათ ხელისგულებზე ქამრის ბალთით ურტყამდნენ სრულიად უმიზეზოდ, თითქოს აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარების მიზნით.

ოფიცრებმა იცოდნენ ყველაფერი. ისინი „აღმზრდელობითი სამუშაოს“ ჩატარების დროს რიგითებს „განუმარტავდნენ“, თითქოს, თუ ისინი დატოვებდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიას, აუცილებლად აღმოჩნდებოდნენ ქართველების ხელში და მათ მონებად აქცევდნენ. ხშირად მათ ზემდეგი ატარებდა ნაწილის გარეთ ნაგვის გაწმენდაზე, ან ტვირთის გადმოსატვირთად. ნაწილში დაბრუნების ეშინიათ, რადგანაც დაბრუნების შემთხვევაში მათ ჯერ „სტარიკები“ სცემენ, შემდეგ კი სასადილოში მომუშავე ზემდეგი ვინმე „ახოტნიკი“ (ახოტნიკოვი), რომლის სიმაღლეც ორ მეტრს აღემატება. ხელფასები არც ერთხელ არ მიუღიათ, ხელს აწერდნენ უწყისზე და შემდეგ აძლევდნენ ხანგრძლივი ვადის მქონე მოსამსახურეს.

2002 წლის 5 აგვისტოს შს და თავდაცვის მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი ბრძანება „2002 წლის საგაზაფხულო გაწვევის გეგმა-დავალების შესრულებისა და სამხედრო ძალების დაკომპლექტებისთვის გასატარებელ ერთობლივ ღონისძიებათა გეგმა.“ დოკუმენტში ნათქვამია: დაევალოთ რაიონების შსს ორგანოებს სამხედრო კომისარიატების თანამშრომლებთან ერთად აწარმოონ ძებნა და იძულების წესით წარმოადგინონ გამწვევ კომისიაზე ის წვევამდელები, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო ძალების რიგებში გაწვევას.

თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის რეგიონული ოფისის მიერ დაფიქსირებული იქნა რამდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, პოლიციამ ძალით წარადგინა წვევამდელები სამხედრო კომისარიატებში, სადაც მათ გადაახდევინეს 200-200 ლარი და გაათავისუფლეს ერთი წლით. პოლიციას წვევამდელები იძულების წესით აჰყავს სახლებიდან, ქუჩიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ. მაგალითად, მხოლოდ ერთ დღეს, 2002 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის შს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 12 წვევამდელი მიიყვანეს კომისარიატში, სადაც მათ 200-200 ლარი მოსაკრებელი გადაახდევინეს და გაწვევა ერთი წლით გადაუვადეს.

წვევამდელებმა, რომელთა უფლებებიც დაირღვა, უარი თქვეს, ადმინისტრაციული წესით გაესაჩივრებინათ მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რადგან, მათი თქმით, ჩივილი არ შეესაბამება „კარგი ბიჭების“ ტრადიციებს. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები ამ ფაქტებთან დაკავშირებით შეხვდნენ ქუთაისისა და იმერეთის მხარის სამხედრო კომისარს ტრისტან გორდაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციის ამგვარი ქმედება კანონიერ საფუძველზე ხდება და თავდაცვისა და შს მინისტრების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ეფუძნება. ამავე დროს, პოლიციის ძალით წარდგენილი წვევამდელები აცხადებდნენ, რომ მათ წინასწარ უწყებები არ მიუღიათ, რაც თავისუფლების ინსტიტუტის შემოწმებითაც დადგინდა. გორდაძის თქმით, მან პოლიციას 349 წვევამდელის გვარი გადასცა, რომლებიც იძულების წესით უნდა მიიყვანონ პოლიციაში, თუმცა, მისივე თქმით, მათ შორის შეიძლება ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც ძნელად თუ დაუმტკიცებ, რომ სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ, რადგან ისინი უწყებას არ იბარებენ და ხელს არ აწერენ. კომისარი აცხადებს, რომ კომისარიატის თანამშრომლებს წვევამდელები და მათი ოჯახის წევრები ემალებიან ან უხეშად ხვდებიან და უწყებას არ იტოვებენ. პოლიციისთვის მიმართვის უფლება სამხედრო კომისარიატს მხოლოდ მას შემდეგ აქვს, როცა წვევამდელი ოთხჯერ მიიღებს უწყებას და მაინც არ გამოცხადდება გამწვევ კომისიაზე.

  • 10 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ კოორდინატორს გოჩა ჩხეტიას ტელეფონით დაუკავშირდა მოქ. გიორგი ჯიბლაძე. მისი თქმით, იმ დროს მასთან სახლში იმყოფებოდნენ ქუთაისის კომისარიატის და პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ იძულების წესით წაეყვანათ კომისარიატში მისი ძმა მიხეილ ჯიბლაძე. ჩხეტიამ განუმარტა, რომ აღნიშნული ქმედება პოლიციელების მხრიდან იყო უკანონო და მას შეეძლო უარი ეთქვა კომისარიატში წასვლაზე, ხოლო თუ ეს განმარტება პოლიციისათვის საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ დამატებით დაკავშირებოდა და იგი პირადად მივიდოდა მასთან სახლში. რამდენიმე წუთში გ. ჯიბლაძე კვლავ დაუკავშირდა გოჩა ჩხეტიას და აცნობა, რომ მისი კანონიერი მოთხოვნა დააკმაყოფილეს პოლიციის და კომისარიატის წარმომადგენლებმა.

6 დარღვევები გამწვევი კომისიის მუშაობაში

▲back to top


თავისუფლების ინსტიტუტმა მონიტორინგი ჩაუტარა გამწვევი კომისიების მუშაობას, სადაც გაირკვა, რომ კომისიების სხდომებს არ ესწრებოდა წევრთა ნახევარზე მეტი და წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კანონის თანახმად, კომისიაში უნდა იყვნენ ქირურგი, თერაპევტი, ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი, ოკულისტი, ოტოლარინგოლოგი და სტომატოლოგი. მონიტორინგის დროს კომისიის შემადგენლობაში მხოლოდ სამი ექიმი იყო - ქირურგი, ოკულისტი და ფსიქიატრი, თუმცა, დოკუმენტებში კომისიის შემადგენლობა სრულად იყო შევსებული. ფსიქიატრ მარგარიტა ობოლაძის თქმით, ექიმებს 4 წლის ხელფასი არა აქვთ მიღებული და ამიტომ არ ესწრებიან კომისიის სხდომებს.

გაწვევის სფეროში არსებულ პრობლემებთან და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტმა ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციების სახლში, ჩაატარა მრგვალი მაგიდა, რასაც ესწრებოდნენ: ქუთაისის სამხედრო კომისრის მოადგილე თეიმურაზ ზვიადაძე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი არჩილ დევიძე, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების უფროსი თამაზ ხუნდაძე, ქუთაისის ინსტიტუტების სტუდენტური კავშირების თავჯდომარეები, უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, წვევამდელები და ჟურნალისტები.

მრგვალ მაგიდაზე დამსწრე სამხედრო კომისარიატისა და პოლიციის წარმომადგენლები დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ ზემოთ ხსენებული ბრძანების შესრულების დროს ნამდვილად ირღვევა კანონი, მაგრამ, მათი თქმით, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლება არა აქვთ, არ დაემორჩილონ მინისტრების ბრძანებას. ამასთან, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ საჭიროა გამარტივდეს გაწვევის წესი. კერძოდ, უწყების ოთხჯერ გაგზავნის აუცილებლობა ძალიან ართულებს წვევამდელების გაწვევის პროცედურას. გარდა ამისა, კომისარიატის წარმომადგენელთა თქმით, კანონმა უნდა დაარეგულიროს ისეთი შემთხვევები, როცა კომისარიატის წარმომადგენლებს კარებს არ უღებენ, ან უწყებაზე ხელს არ უწერენ.

ამასთან, სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელთა თქმით, კომისარიატში თავისუფლების ინსტიტუტის სტუმრობის შემდეგ, კომისრისა და ქალაქის მერიის ძალისხმევით, უკვე შექმნილია შრომითი ალტერნატიული სამსახურისთვის 50 ადგილი და წვევამდელთა მიმართვის შემთხვევაში ისინი ჩაირიცხებიან ამ სამსახურში.

კომისარიატის წარმომადგენლებმა პასუხი ვერ გასცეს კითხვას, რატომ არ ესწრებიან ექიმი-სპეციალისტები გამწვევი კომისიის სხდომებს, თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ რამდენიმე წელია, რაც კომისარიატების მუშაობა არ დაფინანსებულა.

  • ჯარისკაცი დადაში წერეთელი სამხედრო ნაწილიდან გაიქცა

2002 წლის აგვისტოს თვეში ქუთაისის 21-ე მოტოლმსროლელი ბრიგადიდან გაიქცა ჯარისკაცი დადაში წერეთელი. გაქცევის მიზეზად ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები იქცა. კერძოდ, დადაში წერეთლის თქმით, საწოლში დაწოლა, სიბინძურის გამო, შეუძლებელი იყო, ამავე მიზეზით დაესია ტილები, პური არ იჭმეოდა, რადგან მას გული არ ჰქონდა გამომცხვარი და ა.შ. გაქცეული ჯარისკაცი ნათესავებთან დაიმალა, რომლებიც შემდეგ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ თუ გაქცეული ჯარისკაცი ნაწილში დაბრუნდებოდა, მის საქმეს აღარ გადასცემდნენ პროკურატურას, თავად მას კი შაბათ-კვირას სახლში გაუშვებდნენ.

  • ალექსანდრე ეცადაშვილის უკანონო გაწვევა

თავისუფლების ინსტიტუტს განცხადებით მიმართა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მცხოვრებმა ალექსანდრე ეცადაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ არის ჯარში გავწეული. მის მიმართ საექიმო კომისიას გაცემული აქვს ორი საექიმო დასკვნა, რომელთაგან პირველი დასკვნით (02.02.2002) იგი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად არის ცნობილი, მეორე დასკვნით კი (15.02.02) - ვარგისად. ამასთან, ალექსანდრე ეცადაშვილი სწავლობს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსზე, დაუსწრებელ განყოფილებაზე, რის გამოც მას გადავადება ეკუთვნის სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით.

ეტიაშვილმა სასწავლებლიდან ცნობა არ წარადგინა კომისარიატში, რის გამოც იგი გაწვეული იქნა ჯარში და ამჟამად თბილისში მსახურობს, სადაც იგი ავად გახდა და სამხედრო ნაწილში მკურნალობდა. სამხედრო კომისარი პაატა ჭელიძე აცხადებს, რომ ეცადაშვილი კანონიერადაა გაწვეული და თუ იგი სამხედრო ნაწილს თვითნებურად დატოვებს, მას დეზერტირად გამოაცხადებენ და მისი საქმე პროკურატურას გადაეცემა.

  • ზურაბ ბანძელაძის პრეტენზიები

ზურაბ ბანძელაძე განაწილებით მოხვდა შინაგანი ჯარის ნაწილში, რომელიც ქუთაისში, ავტოქარხანაში, არის დისლოცირებული. ზურაბ ბანძელაძემ რამდენიმე წლის წინ მარცხენა მუხლის არეში მიიღო ჭრილობა, რამაც, ჯარში ფიზიკური დატვირთვის გამო, თავი შეახსენა. ის უჩიოდა ძლიერ ტკივილებს მუხლის არეში, აქედან გამომდინარე კი ეწყებოდა თავის ტკივილებიც. ზურაბ ბანძელაძე უჩიოდა ნერვულ დაძაბულობასაც. მან ჰოსპიტალში დაწოლა მოითხოვა, რაზეც სამხედრო ნაწილის უფროსობამ უარი უთხრა. ამის შემდეგ ზურაბ ბანძელაძე თვითნებურად წამოვიდა სამხედრო ნაწილიდან, ხოლო წამოსვლიდან მესამე დღეს დახმარებისთვის მიმართა თავისუფლების ინსტიტუტს. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლების კონსულტაციის შემდეგ ზურაბ ბანძელაძე სამხედრო ნაწილში დაბრუნდა და დაწერა განცხადება ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით. ამის შემდეგ მისი პრობლემა გადაიჭრა და სამხედრო ნაწილის უფროსობამ ბანძელაძე ჰოსპიტალში გადააგზავნა.

  • საქართველოს სამხედრო პროკურატურის მონაცემები 2002 წლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხაზით გაწეული მუშაობის შედეგები

საქართველოს სამხედრო პროკურატურის მიერ 2002 წელს სამხედრო ნაწილებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით აღძრული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5 საქმე წარმართულია სასამართლოში განსახილველად, მათ შორის 4 საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, 1 საქმე სასამართლოს განხილვის სტადიაშია. ერთი სისხლის სამართლის საქმე გამოძიების სტადიაშია. აღნიშნულ საქმეთა და მასალათა განხილვა შემდეგ სურათს იძლევა:

- 2002 წლის 10 იანვარს მთავარ სამხედრო პროკურატურაში შემოსულია უჩა მარღიანის განცხადება ეროვნულ სამხედრო აკადემიაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, რის შედეგადაც მან მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

აღნიშნულ ფაქტზე 2002 წლის 15 იანვარს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც დამთავრდა გამოძიება და 2002 წლის 04 თებერვალს აღიძრა საქმე ჯარისკაც დავით ნიგურიანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. ეს საქმე განსახილველად გაიგზავნა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში. საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

- 2002 წლის 22 მაისს მთავარ სამხედრო პროკურატურაში შემოვიდა ადვოკატ დავით მოლოდინის განცხადება მისი დაცვის ქვეშ მყოფი სულიკო სინჯარაძის ცემის ფაქტზე, რაზედაც 2002 წლის 06 ივნისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით. აღნიშნული სს საქმის წარმოება შეწყვეტილ იქნა 2002 წლის 01 სექტემბერს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

- 2002 წლის 24 მაისს მთავარ სამხედრო პროკურატურაში შემოვიდა პაატა გრძელიშვილის განცხადება სერჟანტების: გოგოლაძისა და კობაიძის მიერ მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. აღნიშნულზე 2002 წლის 17 ივნისს აღიძრა სს საქმე სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით და 389-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. გამოძიების შემდგომი წარმართვის მიზნით საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა თელავის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში. ამჟამად საქმე გამოძიების სტადიაშია.

- 2002 წლის 10 აპრილს თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში სამხედრო კომენდატურიდან შემოვიდა შეტყობინება რიგითი ჯარისკაცის ნიაზ მამედოვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 124-ე მუხლის II ნაწილით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში 2002 წლის 11 აპრილს აღიძრა სს საქმე. დადგენილია, რომ მამედოვმა დაზიანება მიიღო ვაზიანში რუსეთის ჯარების მიერ დატოვებული საბრძოლო ჭურვების აფეთქების შედეგად და გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმის წარმოება აღნიშნული ფაქტის მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყვეტილი იქნა სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტით.

- 2002 წლის 02 აპრილს თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში მიღებული იქნა მასალები სამხედრო კომენდატურიდან რიგითი ჯარისკაცის ვიტალი ცხადაძის მიერ ჯარისკაცის გ.ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე, რაზედაც აღიძრა სს საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 387-ე მუხლის II ნაწილით. საქმეზე შეჩერებულია გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტით, ბრალდებულის ძებნის მოტივით.

- 2002 წლის 25 აპრილს თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში შინაგანი ჯარების სამმართველოდან გადმოგზავნილი იქნა მასალები 15 სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის მიტოვებისა და რიგითი ჯარისკაცის ავთანდილ ოქროიანის ცემის ფაქტზე, რაზედაც 2002 წლის 25 მაისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 386-ე მუხლის II ნაწილით. სს საქმის წარმოება შეჩერებულია სსსკ-ის 29-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტით, ძებნის მოტივით.

- 2002 წლის 02 თებერვალს გორის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რიგითების: შ. მაზიაშვილისა და ლ.ქოქაშვილის მიმართ გ. ილურიძის პატივისა და ღირსების დამცირებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. საქმეზე 2002 წლის 30 აპრილს დამთავრდა გამოძიება, რომელიც განიხილა გორის რაიონულმა სასამართლომ. გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

- 2002 წლის 19 მარტს გორის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლ.სამხარაძის, კ. გოგოძის, კ.ჭანტურიასა და კ.ძირკველაშვილის მიმართ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების დროს ხულიგნური ქვენაგრძნობით ზ. ლობჟანიძისა და ა. ამუნაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე. საქმეზე დამთავრდა გამოძიება 2002 წლის 29 მაისს, რომელიც განიხილა სასამართლომ. გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

- 2002 წლის 10 ივნისს თელავის რეგიონელ სამხედრო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლაშა ლომიძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 386-ე მუხლის II ნაწილის „ა“ პუნქტით. გამოძიებით დადგენილია, რომ რიგით ლ.ლომიძესა და რიგით ალ.ჯავახიშვილს, მსახურობდნენ რა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო რაზმ „ლაგოდეხში“, №1 საგუშაგოზე ყოფნის დროს ერთმანეთთან მოუვიდათ კამათი. ლ. ლომიძემ ალ. ჯავახიშვილს თავის არეში ორჯერ ჩაარტყა ბალთიანი ქამარი, რის შედეგადაც უკანასკნელმა მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა ტვინის შერყევით და სხვა დაზიანებები. საქმეზე დამთავრდა გამოძიება. საქმე განსჯადობის მიხედვით წარიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში 2002 წლის 16 აგვისტოს. გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

- 2002 წლის 24 მაისს თელავის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში აღიძრა სს საქმე დავით ბადურაშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით და III ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით. გამოძიებით დადგენილია, რომ შინაგანი ჯარების №2066-ე ნაწილის მეთაურმა, კაპიტანმა ბადურაშვილმა რიგით ჯარისკაცს ი. ზაქარეიშვილს მიაყენა შეურაცხყოფა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. საქმეზე დამთავრდა გამოძიება, რომელიც ქვემდებარეობით 2002 წლის 20 ოქტომბერს წარიმართა თბილისის საოლქო სასამართლოში და განხილვის სტადიაშია.

- ვაზიანის რეგიონული სამხედრო პროკურატურის წარმოებაშია თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს მე-11 მოტომსროლელთა ბრიგადის 113-ე ბატალიონის ოფიცერთა მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებით დადგენილია, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების რიგითი ჯარისკაცი ა. ზამანოვი 2002 წლის 07 თებერვალს სამხედრო ნაწილის სასადილოში განწესით იმყოფებდა. მასთან ლეიტენენტი რ. ცარციძე მივიდა და სთხოვა, რათა რიგით ყურბანოვს გაყოლოდა წყლის მოსატანად. ზამანოვმა უთხრა უარი, ვინაიდან ზამანოვიც და ყურბანოვიც ერთად იყვნენ სასადილოში მორიგედ განწესში. ამის გამო ლ-მა რ. ცარციძემ ფეხი დაარტყა ზამანოვს მარცხენა ხელში და მიაყენა სხეულის დაზიანება.

- ბაირამობის დღესასწაულზე აზერბაიჯანელი ეროვნების ჯარისკაცებმა, რომელთა რიცხვი ნაწილში 17-ს შეადგენდა, გადაწყვიტეს სახლებში წასვლა, რის შესახებაც სთხოვეს ბატალიონის მეთაურს, კაპიტან ზ. კალანდაძეს. მეთაური დათანხმდა მათ იმ პირობით, თუ ჩამოიყვანდნენ სამ სულ ცხვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ერთად არ ამსახურებდა, გადაიყვანდა ცალ-ცალკე სხვადასხვა ნაწილებში. რიგითმა მ. ფაშაევმა, ამხანაგებთან მოლაპარაკების შემდეგ, მეთაურს მოახსენა, რომ შეძლებდნენ მხოლოდ ორი ცხვარის ჩამოყვანას. ზ. კალანდაძე მათ დაეთანხმა და 2002 წლის 15 მარტს გაუშვა ისინი 10 დღიან შვებულებაში. იმის გამო, რომ 2002 წლის 25 მარტს ს. აბასოვმა და მ. ფაშაევმა ორის მაგივრად ჩამოიყვანეს ერთი ცხვარი, ზ. კალანდაძემ დაუწყო მათ შევიწროვება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2002 წლის 26 მარტს აზერბაიჯანელმა რიგითმა სამხედრო მოსამსახურეებმა შეკრიბეს 80 ლარი და მეთაურს სარდარ აბასოვის ხელით გაუგზავნეს. აღნიშნული თანხა ერთი ცხვრის სანაცვლო იყო. 2002 წლის 27 მარტს ს. აბასოვთან, როდესაც იგი სხვა აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა, მივიდა სერჟანტი ლაშა ჯინჭარაძე და მოსთხოვა ფულის გადაცემა, რაზედაც მიიღო უარი, რის შემდეგ ლ. ჯინჭარაძემ ამოიღო ჯიბიდან დანა და ასეთი მუქარით აიძულა ს. აბასოვი, 80 ლარი მისთვის გადაეცა.

- 2002 წლის მარტის დასაწყისში კრწანისის სასწავლო ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს კუთვნილი თებერვლის ხელფასი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ეროვნების ჯარისკაცებმაც. ლ-ტმა რ. ცარციძემ, ჯარისკაც მ. ბაირამოვის მეშვეობით, 16 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის კუთვნილი ხელფასიდან შეკრიბა 5-5 ლარი, სულ 80 ლარი იმ მიზნით, რომ მათთვის იყიდდა სხვადასხვა დასახელების პირად ნივთებს, მაგრამ მეორე დღეს აღნიშნული თანხით ორი კოლოფი ბრიტვა, ორი ცალი პირის საპარსი მოწყობილობა და ერთი ცალი საპონი შეიძინა. რაც შეეხება ს.აბასოვს, ამ უკანასკნელმა თავისი წილი თანხა არ გადასცა რ.ცარციძეს, რის გამოც ამ უკანასკნელმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2002 წლის მარტში ლეიტენანტმა რ.ცარციძემ ს.აბასოვს განმეორებით ორჯერ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, როდესაც უკანასკნელმა მას ხელის ტკივილის გამო სთხოვა გაეშვა ჰოსპიტალში ან სახლში. 2002 წლის 19 ნოემბერს აღნიშნული სს საქმის გამოძიების მიზნით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი გამომძიებლების: გ. მაკარაძისა და ლ. ზაალიშვილის შემადგენლობით, ჯგუფის ხელმძღვანელი რეგიონული სამხედრო პროკურორის მოადგილე რ. ნუროშვილი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

7 სიტყვისა და პრესის თავისუფლება

▲back to top


2002 წელს ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის რამდენიმე მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ერთი მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტზე, რომელიც ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრებას ისახავს მიზნად. პროექტი ცილისწამებისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; თანაც, პროექტის თანახმად, გაცილებით მკაცრად ისჯება თანამდებობის პირის მიმართ ცილისწამება, ვიდრე რიგითი მოქალაქის მიმართ.

ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ არველაძემ მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების პროექტი, რომელიც თანამდებობის პირის ცილისწამებისთვის ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს პროექტი პარლამენტარის საკანონმდებლო ინიციატივის სახით განსახილველად უკვე დაეგზავნათ პარლამენტის კომიტეტებს და ამჟამად მიმდინარეობს მისი განხილვა.

მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტმა პირველი წაკითხვით ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო კანონპროექტი „სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ“, რომელმაც ევროსაბჭოს ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მას შემდეგ ეს კანონპროექტი შეჩერებულია და პარლამენტი მის მიღებას არ აპირებს.

2001-2002 წლებში გაიზარდა ხელისუფლების ზეწოლა დამოუკიდებელ მასმედიაზე. პრესის თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე გახმაურებული ინციდენტი 2001 წლის ოქტომბერში მოხდა, როცა უშიშროების სამინისტროს რაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ოფისში იმ ბრალდებით, თითქოს „რუსთავი 2“ გადასახადების გადახდას არიდებდა თავს. უნდა ითქვას, რომ საგადასახადო დარღვევებზე რეაგირება არ შედის უშიშროების სამინისტროს კომპეტენციაში. მაშინ საზოგადოებამ შეძლო სიტყვის თავისუფლების დაცვა და ამ სკანდალს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებიც გადაყვნენ, კერძოდ: უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე, შს მინისტრი კახა თარგამაძე და გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ტაქტიკა შეიცვალა და სიტყვისა და პრესის თავისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვაზე აიღო აქცენტი.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კარგ ბერკეტს წარმოადგენს საინფორმაციო საშუალებების ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს სარეკლამო ბაზარი ძალიან მცირეა (4,5 მლნ დოლარი) იმისათვის, რომ ამ ბაზარზე წარმატებულად იფუნქციონიროს რამდენიმე რადიო და ტელეკომპანიამ და გაზეთმა, ქვეყნის საგადასახადო სისტემა კი ხელს უშლის თავისუფალი მასმედიის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. ერთადერთი შეღავათი მინიჭებული აქვს ბეჭდვით პრესას, რომელიც გათავისუფლებულია ბეჭდვის დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ), ხოლო ელექტრონულ მედიაზე რაიმე შეღავათი არ არსებობს, რაც ხელს უწყობს პრესაში პოლიტიკური თუ კრიმინალური თანხების მოხვედრას.

საქართველო არ ასრულებს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებას, რომ სახელმწიფო ტელევიზია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემად გარდაიქმნას. სახელმწიფო ტელევიზიის ორი არხი და სახელმწიფო რადიოს ორი არხი წარმოადგენს მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღს ხელისუფლების ხელში. თანაც, სახელმწიფო ტელევიზია და რადიო ერთადერთი ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებია, რომელთა მაუწყებლობაც მთელი ქვეყნის ტერიტორიას ფარავს. ტელე-რადიო კორპორაციის გარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ და რამდენიმე გაზეთი.

2002 წლის 19 მარტს დაუდგენელმა პირმა ტყვია ესროლა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ოფისს. ტყვია გადაცემა „60 წუთის“ ოთახში შევარდა. ამ ფაქტამდე 4 დღით ადრე „60 წუთის“ ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფმა ფარული კამერით გააკეთა ჩანაწერი, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობას ეხებოდა. გადაცემის თანახმად, იარაღით ვაჭრობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილია. არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ სროლა სწორედ ამ ფაქტთან იყო დაკავშირებული, რამდენადაც იმ ადამიანებისთვის, ვისი საქმიანობის გამოძიებასაც ეს გადაცემა ისახავდა მიზნად, წინასწარ გახდა ცნობილი, რომ „60 წუთი“ ამ საქმეს იძიებდა. მიუხედავად ამისა, წითელაშვილი დღემდე არ არის დაკითხული. ამასთან, „60 წუთის“ ჟურნალისტების არაერთი თხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოები არ ატარებდნენ აუცილებელ ზომებს, რათა დაცული იყოს ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოწმის, აიუბ პაიკაევის სიცოცხლე, რომელსაც საფრთხე ემუქრება. მეტიც, საბოლოოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა თავად აიუბ პაიკაევი დააპატიმრეს, გადაცემაში მოყვანილ ფაქტებს კი რეაგირება არ მოჰყვა.

არსებობს პრესაზე სასამართლოს გზით ზეწოლის არაერთი შემთხვევა. ყველაზე მკაფიოდ ამგვარი ზეწოლა აჭარის რეგიონში ჩანს. 2002 წელს ორი სამოქალაქო საქმე აღიძრა „პრეს-კლუბი ბათუმის“ წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბრალდებით. პირველ შემთხვევაში მოსარჩელე იყო ადგილობრივი გაზეთი „აჭარა P.S.“, რომელმაც „პრეს-კლუბი ბათუმს“ უჩივლა გაზეთებში „ახალ ვერსიასა“ და „რეზონანსში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო. „ახალ ვერსიაში“ დაბეჭდილ წერილში - „აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს“ - „პრეს-კლუბი ბათუმის“ მიერ გამოკითხული 400 რესპონდენტიდან უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ აჭარის რეგიონში პრესა არ არის თავისუფალი, ხოლო „რეზონანსში“ დაიბეჭდა ინტერვიუ „პრეს-კლუბი ბათუმის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან ავთანდილ გადახაბაძესთან, რომელიც ინტერვიუში ამბობს, რომ აჭარაში პრესა არ არის თავისუფალი.

მოსარჩელემ, გაზეთმა „აჭარა P.S.-მა“ მიიჩნია, რომ ეს ორი პუბლიკაცია მის პატივსა და ღირსებას ლახავდა, სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხისგან 20 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა. სასამართლო პროცესის დროს მოსარჩელემ მოთხოვნილი თანხა 1000 ლარამდე შეამცირა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ მოთხოვნილი თანხის რაოდენობა 1000 ლარს არ აღემატება, იგი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

2002 წლის 13 მარტს აჭარის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბეჟანიძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. მოპასუხეს გაზეთ „აჭარა P.S.-ის“ სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა და გაზეთების „რეზონანსისა“ და „ახალი ვერსიის“ მეშვეობით საჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ მისცა არა იურიდიულმა პირმა „პრეს-კლუბი ბათუმმა“, არამედ კონკრეტულად ავთანდილ გადახაბაძემ, ხოლო „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ჰყავდა ავტორი, ამ პუბლიკაციის სათაური ეკუთვნოდა გაზეთის რედაქციას, ხოლო გამოკითხული 400 რესპონდენტი რეალურად არსებობს. „პრეს-კლუბი ბათუმმა“ სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მხარეები მორიგდნენ.

მეორე სარჩელი „პრეს-კლუბი ბათუმის“ წინააღმდეგ აჭარის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ შეიტანა 2002 წლის მარტში. სარჩელის შეტანა ისევ „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას უკავშირდება. სტატია სათაურიით - „ასლან აბაშიძის პოლიტიკამ საქართველოს თევზის მეურნეობას ტრაქტორებით გადაუარა“ - 2002 წლის 25 თებერვალი-3 მარტის ნომერში დაიბეჭდა. სტატიის ავტორი ანონიმია, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაინც „პრეს-კლუბი ბათუმს“ უჩივის, ოღონდ სარჩელში არ არის მინიშნებაც კი იმის შესახებ, თუ ვინ არის სტატიის ავტორი. სარჩელში ნაქთვამია, რომ სამინისტროს აღშფოთება ასლან აბაშიძის წინააღმდეგ მიმართულმა ცილისწამებებმა გამოიწვია. სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოცულობა ისევ სტანდარტულია - 1000 ლარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შელახული პატივისა და ღირსების გამო სასამართლო პროცესი წააგეს გაზეთმა „ქუთაისი P.შ.-მა“ და ჟურნალისტმა თინათინ დვალიშვილმა. მოსარჩელე არის ქუთაისის ვიცე-მერი ონისე უგრეხელიძე. პროცესი, მრავალგზის გადადების შემდეგ, 2001 წლის 19 დეკემბერს ჩატარდა მოპასუხეების დაუსწრებლად, რომელთაც საკუთარმა ადვოკატმა, გიორგი ბოლქვაძემ აცნობა, პროცესი გადავადებინეო. სინამდვილეში პროცესი დანიშნულ დროს ჩატარდა და, მოპასუხეთა დაუსწრებლობის გამო, მოსამართლე ვლადიმერ საჯაიამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და ვიცე-მერის სარჩელი დააკმაყოფილა.

გაზეთმა და ჟურნალისტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც 2002 წლის 30 მაისს გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად ისევ პირველ ინსტანციაში დააბრუნა.

რეგიონებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება თავისუფალ პრესაზე პირდაპირ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ახორციელებს ზეწოლას. ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს თელავის რაიონში, სადაც რაიონის გამგებლის, მედიკო მეზვრიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული სიუჟეტი თუ წერილი დაუსჯელად არ რჩება. რაიონის გამგებელს აქვს ბერკეტები, რომლითაც იგი ზეწოლას ახდენს საინფორმაციო საშუალებათა ხელმძღვანელებზე. დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც მეზვრიშვილის მიმართ კრიტიკული გადაცემის გაკეთების გამო ჟურნალისტს სამუშაოდან ათავისუფლებდნენ და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღადგენდნენ სამუშაოზე.

რეგიონებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, როცა საინფორმაციო საშუალებათა ხელმძღვანელები, უფრო ხშირად, ადგილობრივი ტელევიზიების ხელმძღვანელები, ესწრებიან გამგეობის სხდომებს არა როგორც ჟურნალისტები, არამედ, როგორც „რაიონული აქტივის“ წევრები. ისინი ერიდებიან ამგვარი „პრივილეგირებული“ მდგომარეობის დაკარგვას, რაც პირდაპირ აისახება სიტყვის თავისუფლების ხარისხზე.

  • თავდასხმა თავისუფლების ინსტიტუტზე

2002 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 13.30 საათზე, თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში შეიჭრა 15-მდე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა და ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე დაიწყო ოფისის დარბევა და ინსტიტუტის წევრების, მათ შორის გოგონების, ცემა. კომპიუტერთან ვიჯექი, როცა მოულოდნელად ოთახის კარი წიხლით შემოინგრა. არ გაინძრეთ, თქვენი დედა - ამ სიტყვებით ოთახში 5 ახალგაზრდა შემოიჭრა და ოთახში მყოფ გიგა ფრანგიშვილს და გიორგი მელაძეს, სანამ ისინი ადგომას მოასწრებდნენ, წიხლები და ხელკეტები დაარტყეს და ორივენი წააქციეს. მე შეშინებული წამოვხტი ფეხზე. არ გაინძრე, შენი დედა - ამ სიტყვებით მეც სკამი დამარტყეს მუცელში და კედელს მივეჯახე - იხსენებს დაზარალებული გოგონა, დალი ცქიტიშვილი.

ამ დროს თავისუფლების ინსტიტუტში სტუმრად იყვნენ ევროსაბჭოს ექსპერტები, დევიდ გლედვილი და დენის შემლა, რომლებიც ამ დარბევის მოწმენი გახდნენ. როცა დარბევა დაიწყო, შემეშინდა და ვცდილობდი, კარებზე ავეჯი ამეყუდებინა, რათა უცხოები შიგნით არ შემომეშვა, - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში დენის შემლამ მას შემდეგ, როცა ყველაფერი დამთავრდა. თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს იმ ოთახში შესვლა, სადაც გოგონების უმრავლესობა და ევროსაბჭოს ექსპერტები იყვნენ. ეს უკანასკნელნი არ დაიბნენ და კარების კარადებით გამაგრება მოასწრეს, სამაგიეროდ თავდამსხმელებმა სხვა ოთახები საფუძვლიანად დაარბიეს: ისინი მაგიდებიდან ყრიდნენ და კედელზე ახეთქებდნენ კომპიუტერებს და ტელეფონის აპარატებს, დაგლიჯეს ტელეფონის ხაზები, კასტეტებითა და ხელკეტებით სცემეს ინსტიტუტის 6 წევრი.

ეს ადამიანის უფლებათა დამცველებზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი შემთხვევაა, რასაც კი ყოფილ საბჭოთა კავშირში შევსწრებივართ - განაცხადა ამ ფაქტთან დაკავშირებით „ჰიუმან რაითს უოჩის“ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეთ ანდერსონმა - თავად ფაქტი კი ცხადად წარმოაჩენს, თუ რა ხიფათის წინაშე დგანან ადამიანთა უფლებების დამცველები საქართველოში.

18 ივლისს შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა საზეიმოდ განაცხადა, რომ საქმე გასხნილია და დარბევაში ქალაქ რუსთავში მოქმედი ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაცია „ჯვარი“ დაადანაშაულა. იმავე დღეს, მინისტრის საჯარო განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისის პოლიციის სამმართველოში პარადოქსული ამოცნობა ჩატარდა: დაზარალებულებმა - თამარ კინწურაშვილმა და სოზარ სუბელიანმა - ამოსაცნობად წარმოდგენილ ოთხ პიროვნებას შორის თავდამსხმელი ვერ ამოიცნეს. სამაგიეროდ, ამოსაცნობად წარმოდგენილმა ერთ-ერთმა პიროვნებამ, გიორგი დოინჯაშვილმა, სრულიად მოულოდნელად აღიარა, რომ 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტზე თავდასხმაში მონაწილეობდა და ხელი სოზარ სუბელიანისკენ გაიშვირა - სწორედ ეს იყო, ვინც მე სკამი მომიქნიაო.

გამოძიების თანახმად, დოინჯაშვილის ეჭვმიტანილად ცნობის საფუძველს, ერთი მხრივ, მისივე აღიარებითი ჩვენება წარმოადგენს, მეორე მხრივ კი მისი თითის ანაბეჭდი, რაც თავისუფლების ინსტიტუტის მონიტორზე იქნა ნაპოვნი. თავისუფლების ინსტიტუტის წევრები საქმის გახსნას ერთგვარი ეჭვით უყურებენ, მით უმეტეს, რომ დოინჯაშვილთან დაკავშირებით დარღვეული იქნა ეჭვმიტანილის პროცესუალური უფლებები - გამოძიებამ მის ადვოკატს, სერგო შეროზიას, ამოცნობაზე დასწრების უფლება არ მისცა. 19 ივლისს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ გიორგი დოიჯაშვილს 3 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საოლქო სასამართლომ იგი დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად საოლქო სასამართლოს ეზოში ბასილ მკალავიშვილისა და მისი მომხრეების რამდენიმე ასეულკაციანი მიტინგი მიმდინარეობდა, რომლებიც საოლქო სასამართლოს დარბევით იმუქრებოდნენ, თუ სასამართლო დოინჯაშვილს არ გაათავისუფლებდა.

თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის ფაქტს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. მათ ჩვენი დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ. არ მოეწონათ, რომ ნაძირალას ნაძირალა ვუწოდეთ -განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ. დარბევა დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საქართველოში მოქმედი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა. „თავისუფლების ინსტიტუტის დარბევით ექსტრემისტებმა მთლიანად საზოგადოებაზე მიიტანეს იერიში“ - განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა გიორგი ანდრიაძემ.

მეორე მხრივ, არსებობდა აბსოლუტურად განსხვავებული შეფასებებიც. მაგალითად, ექსტრემისტული მოწოდებებით ცნობილი პარლამენტარი გურამ შარაძე აცხადებდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სიხარულით შეხვდა თავისუფლების ინსტიტუტის დარბევას. უნდა ითქვას, რომ გურამ შარაძე და თანამოაზრეები დარბევის წინა პერიოდშიც აქტიურად ამზადებდნენ საზოგადოებრივ აზრს თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ. 4 ივლისს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია 21-ე საუკუნის წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს საქართველოს მტერი უწოდა და საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ამ ორგანიზაციის საქმიანობას შეისწავლის.

  • ვიტალი ხაზარაძე ახალი გაზეთის წინააღმდეგ

არჩევნების წინ ქუთაისში „ახალმა გაზეთმა“ (რედაქტორი ია ბობოხიძე) გამოაქვეყნა ჟურნალისტ მაია მეცხვარიშვილის სტატია სათაურით „არ გვინდა ფინიში“ („ახალი გაზეთი“ №27). სტატიის ერთმა აბზაცმა პარლამენტის წევრის, ვიტალი ხაზარაძის, აღშფოთება გამოიწვია. სტატიაში ქუთაისის მერობის კანდიდატის, კოტე ბარქაიას შესახებ ნათქვამი იყო, რომ მისი (კოტე ბარქაიას) საარჩევნო გარემოცვა ბონდო შალიკიანისა და ვიტალი ხაზარაძის ერთობლივი აჩრდილით მისთვის ანტირეკლამა უფროა, ვიდრე რეკლამა და გამარჯვების პერსპექტივა.

ვიტალი ხაზარაძემ ეს ფრაზა საკუთარი პატივისა და ღირსების შელახვად მიიჩნია და 25 მაისს, დაახლოებით 21.00 საათზე ხაზარაძე „ახალი გაზეთის“ მთავარ რედაქტორს, ია ბობოხიძეს დაუკავშირდა და „მოქალაქეთა კავშირის“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის (რომლის ლიდერიც ვიტალი ხაზარაძეა) ოფისში სთხოვა მისვლა ჟურნალისტ მაია მეცხვარიშვილთან ერთად. ოფისთან მისულ ჟურნალისტებს პირველად ბონდო შალიკიანი და გოგი ქელაბაქიანი დახვდა, შემდეგ კი „საქმის გარჩევაში“ კიდევ რამდენიმე ადამიანიც მონაწილეობდა, მათ შორის ჟურნალისტებიც - დარეჯან გაბუნია და ეთერ ნაცვლიშვილი.

ვიტალი ხაზარაძემ ჟურნალისტებს ულტიმატუმი წაუყენა: „5 დღის ვადას გაძლევთ, რომ ამავე გაზეთში, ამავე ფორმით მომიხადოთ ბოდიში, თორემ თმები, ისედაც თხლად გაქვთ თავზე და ყალყზე დაგიდგებათ, თავებს გარტყმევინებთ ერთმანეთზე, ისეთ რამეს დაგმართებთ, ბებიები რომ იქნებით და შვილიშვილი გაგახსენებთ.. ხაზარაძე დაემუქრა ჟურნალისტებს, პორნოგრაფიული გაზეთის ერთ სპეციალურ ნომერს გამოაშვებინებდა, სადაც ია ბობოხიძისა და მაია მეცხვარიშვილის რეპუტაციის შემლახავი სტატიები იქნება მოთავსებული.

  • ბონდო შალიკიანი ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძეს ემუქრება

30 მაისს, ღამის 11 საათზე ქუთაისელმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბონდო შალიკიანმა, რომელიც შეიარაღებული დაცვის თანხლებით იყო, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძეს და უშვერი სიტყვებით აგინა მას, შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა: ცოტა ფრთხილად იყავი, თორემ ამ ქალაქში გავლა მოგენატრება, ხომ იცი, შენი განადგურება არ გამიჭირდებაო.

თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტების გამო განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს და მათგან დაუყოვნებელი რეაგირება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო პროკურატურის გამომძიებელმა აკაკი ზაქარიაძემ საქმის არაღძვრის დასკვნა გამოიტანა.

  • სროლა რუსთავი 2-ის ოფისზე

2002 წლის 14 მაისს, საღამოს 21 საათსა და 15 წუთზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან საკმაოდ შორი მანძილიდან ესროლეს ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ოფისს, კერძოდ, გადაცემა „ვის უნდა 20 ათასის“ სამუშაო ოთახს. შსს-მ გასროლა შემთხვევითობას დააბრალა.

  • ვალერი ასათიანის და რუსთავი 2-ის საქმე

2003 წლის 3 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვალერი ასათიანის სარჩელზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის, ამ კომპანიის გადაცემა „60 წუთის“ ხელმძღვანელის აკაკი გოგიჩაიშვილისა და მსჯავრდებული ირაკლი კერესელიძის მიმართ (იხ. „ადამიანის უფლებების მიმოხილვა“, №2) პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო. საქმე ეხებოდა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელის თანახმადაც ვალერი ასათიანმა, თითქოს, რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა. მოსარჩელე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 მილიონ დოლარსა და გავრცელებული ცნობების უარყოფას ითხოვდა. საპასუხო სარჩელით, ასევე პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ამდენივეს ითხოვდა მოპასუხე აკაკი გოგიჩაიშვილიც.

საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვალერი ასათიანის სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.

  • ისლამ საიდაევის საქმე

საქართველოს სპეცსამსახურებმა 2002 წლის 22 მარტს თელავში დააკავეს ჩეჩენი ჟურნალისტი ისლამ საიდაევი და საქართველოს მოქალაქე, სოფელ დუისის მცხოვრები ზურაბ ხანგოშვილი. მათ ბრალად „საერთაშორისო ტერორიზმში“ მონაწილეობა წაუყენეს, ბრალდების ერთადერთ საფუძველს კი ის წარმოადგენდა, რომ ისინი ორივენი თებერვლის თვეში დაბრუნდნენ მექადან, სადაც მოსალოცად („ჰაჯის“ შესასრულებლად) იყვნენ ჩასულები. ისლამ საიდაევს ადვოკატი სევდია უგრეხელიძე იცავდა.

25 ივნისს, წინასწარი პატიმრობის სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ შეცვალა აღმკვეთი ღონისძიება. ამ შუამდგომლობას პროკურატურამაც დაუჭირა მხარი, რადგან ბრალდების გამამყარებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა.

  • თავდასხმა ტელეკომპანია ოდიშზე

27 სექტემბერს, დილის 7:30 სთ-ზე ტელეკომპანია „ოდიშის“ წინ მოგროვდა 15-მდე ჭირისუფალი და 30-მდე პოლიციელი. ისინი შეცვივდნენ ტელეკომპანიაში, შეამტვრიეს კარებები. ბრბოს წინ მიუძღოდა და განსაკუთრებით აქტიურობდა პოლიციელი რობერტ ჩიქობავა. ისინი დაერივნენ ტელეკომპანიის ოპერეტორებს და ჟურნალისტებს. გაანადგურეს თითქმის ყველაფერი, დაამტვრიეს აპარატურა, კომპიუტერები, კამერები და ა.შ. იგინებოდნენ და უწმაწური სიტყვებით ამკობდნენ ყველას, განსაკუთრებით ემა გოგოხიას და ჟურნალისტ მაია ღურწკაიას. პოლიციელებიდან განსაკუთრებით აქტიურობდნენ რობერტ ჩიქობავა, მურმან კაკულია, ბეგლარ ფონია და სერგო ჩაჩიბაია (ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, ელგუჯა ჯამბურიას მოადგილეები).

ტელეკომპანიის დარბევის შემდეგ სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილი პოლიციელები ემა გოგოხიას სახლში მივარდნენ (გოგოხია ამ დარბევების დროს ბათუმში იმყოფებოდა), იგინებოდნენ და ეძებდნენ მას. სახლში დაუხვდათ გოგოხიას დედა და შვილი, რომელთაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, კერძოდ, პოლიციის თანამშრომელმა ბეგლარ ფონიამ პირადად 5-ჯერ დაურეკა ემა გოგოხიას და ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

  • ზვიად ხუჯაძის საქმე

ადგილობრივი არჩევნების წინ, 2002 წლის 30 მაისს, ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძეს იარაღით ემუქრებოდა საკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი, ტელეკომპანია „ქუთაისის“ წილის მფლობელი და ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი ბონდო შალიკიანი (იხ. „ადამიანის უფლებების მიმოხილვა“, №2). ქუთაისის პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება გამოიტანა.

  • ცენზურა ქუთაისის ტელეკომპანიებში

საანგარიშო პერიოდში ადგილობრივმა ტელევიზიამ „ქუთაისი“, რომელიც ახდენს „რუსთავი 2-ის“ საინფორმაცი გადაცემა „ღამის კურიერის“ რეტრანსლაციას, ორჯერ გაწყვიტა ეს გადაცემა და მოჭრა „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელთა გამოსვლები. ეს მოხდა 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის შემდეგ დღეებში. ღამის კურიერის ნაცვლად ეთერში ფილმი ჩასვეს.

ამავე პერიოდში ტელეკომპანია „რიონში“ ჩატარდა კრება, სადაც ჟურნალისტ დავით ლიკლიკაძეს წაუყენეს ბრალდება, თითქოს ის არის იეჰოვას მოწმე, რადგან „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ ქუთაისში ორგანიზებულ შეხვედრებს ესწრება. ლიკლიკაძე სამსახურიდან არ დაუთხოვიათ, მაგრამ გაფრთხილება მისცეს, მსგავს შეხვედრებს არ დასწრებოდა. საუბარია მრგვალ მაგიდაზე, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა მოაწყო ქუთაისში 10 ივლისს და რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეძღვნებოდა.

  • დავა ქუთაისის პრესის სახლის გამო

ქუთაისის პრესის სახლი 2000 წელს დარეგისტრირდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის საწესდებო კაპიტალის 100%-ის მფლობელი არის სახელმწიფო. მეორე მხრივ, პრესის სახლის მეპატრონეობაზე პრეტენზიას აცხადებს 80 წლის გაზეთი „ქუთაისი“, რომელიც შენობაში მისი აშენების დღიდან არის განთავსებული. „ქუთაისი“ ადრე აღმასკომის გაზეთი იყო, ახლა დამოუკიდებელია. კონფლიქტისა თუ გაურკვეველი სიტუაციის გამო პრესის სახლის ხუთსართულიანი შენობა ბევრი გაზეთისთვის მიუწვდომელია, რამდენიმე ორგანიზაცია, მაგალითად, ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი და გაზეთი P.S. გამომცემლობის ერთ ოთახში არიან შეხიზნული. სამაგიეროდ, ამავე შენობაშია განათვსებული ნამცხვრების საცხობი, რიტუალების ბიურო, ტუალეტის ქაღალდის საამქრო და სხვა.

ამჟამად შენობაში განთავსებულ ყველა ორგანიზაციას იჯარის ვადა გაუვიდა და ისინი არაკანონიერად იკავებენ მას. ქონების მართვის ქუთაისის განყოფილება კონკურსის გამოცხადებას და ფართის ჟურნალისტებსა და რედაქციებზე იჯარით გაცემას გეგმავს, შენობაში მომუშავე მეწარმეები ფართობს არ თმობენ. ჟურნალისტები, თავის მხრივ, ითხოვენ, სახელმწიფომ საკუთარ ქონებას მოუაროს და კანონის დაცვით გასცეს ის პირველ რიგში ჟურნალისტებზე. ქუთაისის მერიამ პრესის სახლის დირექტორად დანიშნა მწერალი რეზო ნაჭყებია, მაგრამ მან ვერ შეძლო პრესის სახლში არსებული დაპირისპირების დარეგულირება.

8 რელიგიის თავისუფლება

▲back to top


საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან, მაგრამ ამავე დროს აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. ამავე დროს, კონსტიტუცია აღიარებს ნებისმიერი ადამიანის თანასწორობას განურჩევლად რასისა, კანის ფერისა... რელიგიისა, და ა.შ. მაგრამ, პრაქტიკაში ეს პრინციპები არ არის დაცული.

საქართველოში პერმანენტული ხასიათი მიიღო არამართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობების დევნამ და შევიწროებამ, რაზეც სახელმწიფო, უმეტეს შემთხვევაში, თვალს ხუჭავს, ხოლო ძალიან ხშირად კი დევნა სახელმწიფოს თანხმობით, წაქეზებით ან მონაწილეობით ხორციელდება; არ არის დაცული რელიგიურ მიმდინარეობათა თანასწორობის პრინციპი; სახელმწიფო ხელს უწყობს რელიგიური შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებას; ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები ან თვითონ არღვევენ რელიგიური უმცირესობების უფლებებს, ან რელიგიური შუღლის გამჩაღებლებად გვევლინებიან, ან რაიმე ფორმით ხელს უწყობენ რელიგიური შუღლის გაჩაღებას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში არამართლმადიდებელ მორწმუნეებზე შვიდასზე მეტი თავდასხმა განხორციელდა. თავდამსხმელები სახლებში და სალოცავებში უვარდებიან რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს, საჯაროდ წვავენ მათ რელიგიურ ლიტერატურას, ანადგურებენ მათ საკულტო საგნებს და სხვა სახის ქონებას, სცემენ მორწმუნეებს, რომელთაც ხშირად სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებსაც აყენებენ, ხელს უშლიან რელიგიური რიტუალებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებაში. პოლიცია, უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ არის ინფორმირებული ამგვარი აქციების შესახებ, ესწრება დარბევებს, მაგრამ არ ერევა კონფლიქტში და ხელს არ უშლის ექსტრემისტულ რელიგიურ ჯგუფებს, ხოლო ზოგჯერ თავადაც მონაწილეობს დარბევებში.

დარბევებს ყველაზე აქტიურად მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო დასიდან განკვეთილი მღვდელი, ბასილ მკალავიშვილი ახორციელებს, რომელიც ხელისუფლების აშკარა მხარდაჭერით და წაქეზებით სარგებლობს. წინა წლებში დაწყებული ეს ტენდენცია არც 2002 წლის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც რელიგიური უმცირესობების რამდენიმე დარბევა განხორციელდა.

  • სახარებისეული რწმენის ქრისტიანული ეკლესიის დარბევა

2001 წლის 23 დეკემბერს მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა დაარბიეს ერთ-ერთი ქრისტიანული პროტესტანტული მიმდინარეობის - „სახარებისეული რწმენის ქრისტიანული ეკლესიის - სიცოცხლის ხმის“ - მიმდევართა შეკრება. თუკი სხვა დროს დარბევა ქალაქის გარეუბნებში ან რაიონებში ხდებოდა, ამჟამად ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ განლაგებულ დარბაზში განხორციელდა, სადაც „სახარებისეული რწმენის ქრისტიანული ეკლესიის“ 200-მდე მიმდევარი რელიგიურ მსახურებას ასრულებდა. დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე დარბაზში შეცვივდა მკალავიშვილის 60-ამდე მომხრე, რომლებმაც შეკრებილებს ფიცრებითა და სკამებით დაუწყეს ცემა, დაამტვრიეს პროჟექტორი, წაიღეს მუსიკალური საკრავი „იამაჰა“, ეკლესიის წევრებს წაართვეს ჩანთები, ამოუტრიალეს ჯიბეები, რამდენიმე ადამიანს წაართვეს პასპორტი და სხვა დოკუმენტები.

დარბევა, დაახლოებით, 10-15 წუთი გაგრძელდა. მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, ენდი მამათელაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო და მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ავტომანქანის გამოძახება გახდა საჭირო. სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება რამდენიმე ათეულმა კაცმა მიიღო, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტი, ტრადიციულად, სათანადო რეაგირების გარეშე დატოვეს. ეკლესიის წინამძღვრის, კახა ძებისაშვილის თქმით, უბნის ინსპექტორმა მათ ურჩია, ექსპერტიზაზე უარი ეთქვათ, რადგან, მისი თქმით, „მსუბუქი დაზიანებების გულისთვის ექსპერტიზის გაკეთება არ ღირდა“. მეტიც, ძებისაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის №1 საავადმყოფოს ექიმებმა გაიგეს, რომ დაზარალებულები განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობის წევრები (სექტანტები) არიან, მათ შემოწმებაზეც უარი თქვეს.

თავად ბასილ მკალავიშვილმა და გლდანის ეპარქიის პრესცენტრმა დარბევის შემდეგ მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელეს: კულტურული დარბაზების მფლობელებს ვაფრთხილებთ, არ გამოუყონ სექტანტებს შენობის ფართობი ჩვენი სამშობლოსა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საქადაგებლად. აღნიშნული ეკლესიის წარმომადგენლები საანგარიშო წლის მანძილზე დამნაშავეთა დასჯას ამაოდ ელოდნენ.

  • ბასილ მკალავიშვილი ტელეკომპანია პირველი სტერეოს წინააღმდეგ

2002 წლის 25 იანვარს ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ დარბევა სცადეს. მკალავიშვილი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან „ევანგელისტური გადაცემის“ აკრძალვას ითხოვდა. ბასილ მკალავიშვილი ამ ფაქტამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ემუქრებოდა ტელეკომპანიას დარბევით, მათ შორის, საჯაროდაც, კერძოდ, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით. ამ მუქარით მან აიძულა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა, გადაცემა იმ დროისთვის გადაეტანა, როცა ყველაზე ნაკლები მაყურებელი ეყოლებოდა, მაგრამ მკალავიშვილი ამან არ დააკმაყოფილა და გადაცემის მთლიანად შეწყვეტა მოითხოვა.

„პირველი სტერეოს“ ხელმძღვანელებს ხსენებული გადაცემის შეწყვეტა საპატრიარქოშიც ურჩიეს, ოღონდ მუქარის გარეშე.

2002 წლის 7 მაისს, 17.30 საათზე ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ოფისს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მკალავიშვილის მომხრეები შეიარაღებულები იყვნენ. თავდამსხმელები კვლავ ითხოვდნენ ევანგელისტური ხასიათის რელიგიური გადაცემის შეწყვეტას. ისინი ფიზიკურად შეეხნენ ტელეკომპანიის კომერციულ დირექტორს ნიკო მჭედლიშვილს და მოკვლითა და ქონების განადგურებით დაემუქრნენ.

ტელეკომპანიის ეზოში წესრიგის დასაცავად მისული პოლიციის რაზმის ხელმძღვანელი, წოდებით პოლკოვნიკი, ბასილ მკალავიშვილს ხელზე ემთხვია და მისთვის ხელის შეშლა არც უფიქრია.

  • გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებისა და ბაპტისტების დარბევა თბილისში

2002 წლის 3 თებერვალს ბასილ მკალავიშვილმა და მისმა რაზმმა თბილისში, ვაშლიჯვარში მდებარე „გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების“ საწყობი დაარბია, სადაც ბიბლიური საზოგადოებისა და საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესიის ლიტერატურა ინახებოდა. ეს იყო ქართულად, სომხურად, ოსურად და ჩრდილოკავკასიის ხალხთა ენებზე დაბეჭდილი ბიბლიები და სახარებები, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის „ბიბლიური მოთხრობები“ და სხვა ბაპტისტური ლიტერატურა. მთლიანად განადგურებული ლიტერატურის ღირებულება 20 ათას ლარს აღემატებოდა. სამართალდამცავებმა არც ეს აქცია აღკვეთეს, არადა, უშიშროების სამინისტროში დარბევამდე 2 კვირით ადრე იცოდნენ, რომ ამის გაკეთებას აპირებდნენ.

  • ბასილ მკალავიშვილმა პოლიციელები დააკავა

2002 წლის 10 მარტს მკალავიშვილის ბრალდებებს კიდევ ერთი დაემატა - „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ (სსკ 143-ე მუხლი), რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10 მარტს მკალავიშვილმა და მისმა მომხრეებმა უკანონოდ დააკავეს 2 პოლიციელი, რომელთაც მიაყენეს ფიზიკუ რი შეურაცხყოფა, შემოახიეს ტანსაცმელი და წაართვეს იარაღი. დანაშაულს ამძიმებს ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც სასჯელის მოცულობას 3-დან 10 წლამდე ზრდის. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მოთხოვნა, ბასილ მკალავიშვილისთვის 3 თვის თავისულფების აღკვეთის შეფარდების შესახებ არც გლდანი-ნაძალადევის სასამართლოს მოსამართლემ იამზე მარიამიძემ დააკმაყოფილა და არც საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ომარ ჯორბენაძემ. სასამართლომ ბასილ მკალავიშვილს მხოლოდ პოლიციის ზედამხედველობა მიუსაჯა, თუმცა, პოლიციის ზედამხედველობა მას მანამდეც ჰქონდა დაწესებული.

სასამართლოს მსვლელობის დროს სასამართლოზე ხორციელდებოდა ღია ზეწოლა: მკალავიშვილის მომხრეებმა საოლქო სასამართლოს ეზოში ტრანსპარანტებითა და მეგაფონებით მოაწყვეს მიტინგი, სადაც ისინი ხელისუფლებას ემუქრებოდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მკალავიშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას ვერ გაბედავს. ბასილ მკალავიშვილს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ჰყავს მხარდამჭერები. ერთ-ერთი მათგანია რუსთავის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), რომელმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადა, რომ არავითარი შემწყნარებლობა არ შეიძლება არსებობდეს, განსხვავებული სარწმუნოების მიმდევრებთან ურთიერთობა მხოლოდ ომის გზით არის შესაძლებელი. მოგვიანებით ეპისკოპოსმა ათანასემ თავისი საჯარო გამოსვლისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა მისი სატელევიზიო გამოსვლა სრულად ჯდებოდა სხვა დროს მის მიერვე გაკეთებული განცხადებების და ქმედებების კონტექსტში: მიტროპოლიტი ათანასე არის ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჯვარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მათ შორის იურიდიულადაც. იგი იწონებს ბასილ მკალავიშვილის მოქმედებებს, ესწრებოდა გურამ შარაძისა და „იეჰოვას მოწმეების“ სასამართლო პროცესს და აქტიურად გულშემატკივრობდა გურამ შარაძეს, რომელიც სასამართლოსგან „იეჰოვას მოწმეებისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა. პროცესი გურამ შარაძის გამარჯვებით დამთავრდა.

2002 წლის დასაწყისში საგარეჯო-გურჯაანის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი) საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გამოვიდა პროტესტანტული ეკლესიების ალაგმვის მოთხოვნით. ზოგიერთ რელიგიურ მიმდინარეობას შეზღუდული აქვს ლოცვის, ღვთისმსახურების ჩატარებისა და რწმენის გავრცელების თავისუფლება. ამ პრობლემას ისეთი მიმდინარეობებიც აწყდებიან, რომელთაც საქართველოში მოღვაწეობის დიდი ხნის ტრადიცია აქვთ. მაგალითად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ილახება კათოლიკური ეკლესიისა და კათოლიკე მორწმუნეთა უფლებები.

  • კათოლიკეთა პრობლემები

ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით საქმე სასამართლომდეც მივიდა - 2001 წლის 18 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მეუფე გაბრიელე ბრაგანტინიმ, დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირის „სავარდის“ სახელით თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის, ედუარად შევარდნაძის წინააღმდეგ. სარჩელში ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოს კათოლიკეებს შეზღუდული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ვინაიდან არ ეძლევათ საშუალება, მსახურება ჩაატარონ ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა და წარმოადგენს. თბილისმა ეს საქმე ქუთაისში გადააგზავნა, სადაც დღემდე არ განუხილავთ. „სავარდის“ ხელმძღვანელობამ და ადვოკატმა გოჩა ტუკვაძემ ქუთაისში, სასამართლო პროცესის გაჭიანურების გამო, პესკონფერენცია მოაწყეს. გამოითქვა ღრმა შეშფოთება და გულისტკივილი, რადგან პროცესი ხელოვნურად იწელება.

სადაო ეკლესია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აიგო კათოლიკეების მიერ მეფე სოლომონ მეორის მიერ ნაწყალობევ მიწაზე და 1939 წლამდე ამ ეკლესიაში ლათინური კათოლიკური წესის მსახურება სრულდებოდა, რის შემდეგაც იგი კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა. მეოცე საუკუნის 80-იანი წლებში ქუთაისელმა კათოლიკეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით, დაებრუნებინა მათთვის ეკლესია, მაგრამ უარი მიიღეს. 1989 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ოქმით ეს ეკლესია გადაეცა მართლმადიდებელ მორწმუნეთა საზოგადოებას (ე.წ. ოცეულს), რომელიც იურიდიულად საპატრიარქოს ექვემდებარებოდა.

1990 წლის 12 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭომ გამოცა №183 დადგენილება, რომლის თანახმადაც ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებლური ეკლესიები, ყველა საკულტო ნაგებობა და უძრავმოძრავი ქონება საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა. ეს დადგენილება სამართლებრივად ვერ გავრცელდება სადაო ტაძარზე, რადგან იგი არასდროს წარმოადგენდა მართლმადიდებლური მღვდელთმსახურების ტაძარს და არქიტექტურული თვალსაზრისითაც კათოლიკურია. მიუხედავად ამისა, ხსენებული ეკლესია დღემდე მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, რომელიც უარს ამბობს მის დაბრუნებაზე.

მეტიც, ოფიციალურ მიმოწერაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მუქარის ტონს ურევს: საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი აწერს, ნათქვამია: ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოში კათოლიკეთა ადმინისტრაციას, ასევე ვატიკანსაც, რომ სადაოდ მიჩნეული ტაძრების საკითხი მოხსნილი იქნას დღის წესრიგიდან მართლმადიდებლებსა და კათოლიკეთა შორის საქართველოში არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი სამაგალითოა იმ პროცესებთან შედარებით, რასაც სხვა ქვეყნებში აქვს ადგილი. თქვენს მიერ დაყენებული საკითხები კი გამოიწვევს ურთიერთობის გართულებას.

ამ დავაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს დგას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. მეტიც, ხელისუფლება უარს ეუბნება კათოლიკურ ეკლესიას, გამოუყოს ახალი ეკლესიის ასაშენებელი ადგილი და მისცეს მშენებლობის ნებართვა. თანაც, ამ დავაში ხელისუფლება უხეშად არღვევს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვეს დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა მოთხოვნა, ხელისუფლებას გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც სადაო ეკლესია კათოლიკური ეკლესიის კუთვნილებაში გადავიდოდა. ამის შემდეგ კათოლიკეებმა სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ისინი ისევ პრეზიდენტისგან ითხოვენ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

თავისუფლების ინსტიტუტის იურიდიული კონსულტაცების შედეგად სარჩელი ნაწილობრივ შეიცვალა და მასში ჩაემატა მოთხოვნა, ბათილად იქნას ცნობილი „ქუთაისის ქალაქის მუშათა, გლეხთა და წითელ არმიელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის“ 1939 წლის 29 ივნისის დადგენილება. ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

ქუთაისში კათოლიკურ ეკლესიას ეზღუდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით დაცული რწმენის გამომჟღავნების თავისუფლება. ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის ინიციატივით 2002 წლის დასაწყისში რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში დაიწყო 20-წუთიანი საკვირაო გადაცემების გაშვება საქართველოს კათოლიკური ეკლესიის საქმიანობის შესახებ. გადაცემების დაწყების დროს რადიოს ეთიშებოდა ელექტროენერგია და, დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ ეძლეოდა. არადა, რადიოს ოფისი განთავსებულია სტამბის შენობაში, რომელიც მუდმივი ელექტროენერგიით მარაგდება. უბნის ჩამრთველ-გამომრთველი პულტი მხოლოდ იმერეთის ენერგოკომაპანიას გააჩნია. ამავე პერიოდში ქალაქის გვერდით უბნებს შეუფერხებლად მიეწოდებათ ელექტროენერგია.

ყველაზე ბევრი კათოლიკე სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, სადაც მათი რაოდენობა, დაახლოებით, 40-50 ათას კაცს შეადგენს. სამცხე-ჯავახეთში ორი ყოფილი კათოლიკური ეკლესია, სოფელ უდეში და სოფელ ივლიტაში, ამჟამად მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის. კათოლიკური ეკლესია ითხოვს ამ ორი ეკლესიის უკან დაბრუნებას. განსაკუთრებით მწვავე დავას იწვევს ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტას „წმინდა ჯვრის“ ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ 1292 წელს აშენდა კათოლიკეების მიერ და საქართველოში მეორე კათოლიკური ეკლესია იყო.

სოფელ ივლიტას 204 მაცხოვრებლიდან 155 კათოლიკეა, 19 მართლმადიდებელი და 30 სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი. 2002 წლის 4 მარტს სოფელ ივლიტას 200-ამდე მაცხოვრებელმა „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონულ ომბუდსმენს ახალციხეში მიმართა წერილით, რომელშიც ივლიტის ეკლესიასთან დაკავშირებული დავაა აღწერილი. წერილში აღწერილი ფაქტების თანახმად, 1992 წელს მართლმადიდებელმა მღვდელმა იოანე (შოთა) გელაშვილმა ცემენტით გალესა ის წარწერები, რომლებიც ეკლესიის წარმომავლობაზე მეტყველებდნენ, რის შემდეგაც ეკლესია მართლმადიდებლურად გამოაცხადა და კათოლიკეებს იქ შესვლა აუკრძალა. სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო წერილები გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე კოკოევს, მაგრამ პასუხი არც ერთ წერილზე არ მიუღია. ხალხმა სცადა, არ შეეშვათ მღვდელი ეკლესიაში, მაგრამ მღვდელმა იოანემ ეკლესიის კარები პოლიციის ძალით გააღებინა, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 90 წლის ქალს, ნინო ჩილინგარაშვილს.

სოფელ ვალეს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარს იეჟი შიმეროვსკის, რომელიც სოფელ ივლიტაშიც ატარებდა წირვა-ლოცვას, არაერთხელ დაემუქრნენ, რომ თუ სოფელს არ დატოვებდა და იქ წირვა-ლოცვის ჩატარებას არ მოეშვებოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ერთ-ერთი წირვის დროს მას მანქანის მინები ჩაუმტვრიეს.

კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირების ახალ მიზეზად ახალციხეში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის მცდელობა იქცა. 2001 წელს მღვდელმა იეჟი შეიმროვსკიმ და სოფელ არალის კათოლიკე მოძღვარმა ბერნარდინი სვიდერსკიმ ახალციხეში ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს. მათ გადაწყვიტეს, ეკლესია პრივატიზაციით შეძენილი დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე აშენებინათ, რასაც როგორც რაიონული და სამხარეო ადმინისტრაციის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპისკოპოსის წინააღმდეგობა მოჰყვა. ეკლესიის აშენების წინააღმდეგ განსაკურებით აქტიურობდნენ ახალციხის რაიონის გამგებელი კახა წერეთელი, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ნასყიდაშვილი, პარლამენტის წევრი ანზორ თამარაშვილი და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ახალციხის წარმომადგენლები.

2001 წლის 14 თებერვალს ქალაქ ახალციხის გამგეობამ კავკასიის სამოციქულო ადმინსტრატორს, ეპისოკპოს ჯუზეპე პაზოტოს მისწერა წერილი (№9), რომელშიც სწერს, რომ ქალაქის გამგეობას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსის ადგილას ეკლესია აშენდეს, რომ, თითქოს, ამ შენობის პრივატიზაცია კანონდარღვევით მოხდა, თითქოს, მშენებლობისთვის საჭიროა შეთანხმება საქართველოს საპატრიარქოსთან და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქგანაშენიანების სამმართველოსთან.

2001 წლის 5 მარტის №49 წერილით ახალციხის ქონების მართვის სამმართველომ დაადასტურა, რომ აღნიშნული ობიექტის პრივატიზაცია კანონიერად მოხდა, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი 2001 წლის 20 აპრილის N03=423 წერილით ადასტურებს, რომ სამინისტრო არ არის ეკლესიის მშენებლობის წინააღმდეგი აღნიშნულ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, 2001 წლის 16 მაისის №35 წერილით ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი და ქალაქის საკრებულო წინააღმდეგია კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის.

რაიონის გამგებელი კახა წერეთელი აცხადებს, რომ იგი აპირებს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი მშენებლობის წინააღმდეგ უკანონო პრივატიზებასთან დაკავშირებით. უფრო ადრე, 1998 წელს, როდესაც კახა წერეთელი ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მან საბაჟოზე უშუალოდ დააკავა იეჰოვას მოწმეების რელიგიური ლიტერატურა.

იგივე პრობლემების წინაშე დგანან ახალციხის რაიონში მცხოვრები კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარი ეთნიკური სომხები. ახალციხიდან 12 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ნაოხრებში 300 კათოლიკე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც სომხების ერზრუმიდან გადმოსახლების (1829წ.) შემდეგ აშენდა. ეკლესია დანგრევის პირასაა, რადგან საბჭოთა პერიოდში მურა ნახშირის ამოღებამ ეკლესიას საძირკველი გამოუთხარა. 2002 წლის მარტის დასაწყისში სოფლის მოსახლეობამ (გამგებელი ე.არახელიანი) განცხადება შეიტანა ახალციხის რაიონის გამგებლისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სამცხის ეპისკოპოსის, თევდორეს (თამაზ ამბროლაძის) სახელზე, რათა მათ ახალი ეკლესიის აშენების უფლება მიეცათ სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის, ს.კარაპეტიანის მიერ ეკლესიის ასაშენებლად ნაჩუქარ მიწაზე. სოფლის მოსახლეობამ როგორც რაიონის გამგებლისგან, ისე ეპისკოპოს თევდორესგან მშენებლობის თაობაზე კატეგორიული უარი მიიღო.

  • ბაპტისტების პრობლემები ქუთაისში

2002 წლის 7 იანვარს ქ.ქუთაისში საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ინიციატივით საშობაო მესა უნდა ჩატარებულიყო ყრუ-მუნჯთა საერთო ბინის პირველ სართულზე არსებულ დარბაზში. მესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დარბაზში გამოცხადდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ვინაობის დასახელება არ ისურვეს და ბაპტისტებს მოსთხოვეს, მესა არ ჩაეტარებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარბევით დაემუქრნენ. ბაპტისტები იძულებული გახდნენ, სადღესასწაულო მსახურება ქუთაისის ბაპტისტური ეკლესიის ხუცესის, გურამ კაპანაძის სახლში ჩაეტარებინათ.

  • ბაჰაიტების პრობლემები კახეთში

2001-2002 წწ-ში კახეთის რეგიონში საკუთარი სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ ბაჰაისტებს, რომლებსაც ბრუშურებისა და წიგნების გავრცელება აუკრძალეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

  • რელიგიის სწავლების პრობლემები

ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო სკოლებში ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და ეკლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის პრინციპი. ბევრ სკოლაში „რელიგიის ისტორიისა და კულტურის“ გაკვეთილები რელიგიური პროპაგანდისთვის გამოიყენება, რასაც ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს მარხვისკენ მოუწოდებენ, გოგონებს ავალებენ, გაკვეთილებზე თავსაბურავით იარონ და აიძულებენ, მოშალონ შტრიხ-კოდები სასწავლო ნივთებზე იმ მოტივით, თითქოს შტრიხ-კოდები სატანისტური სიმბოლოებია. ამგვარი ინფორმაციები მოდის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი არის ქუთაისის №14 საშუალო სკოლა (მასწავლებელი მალვინა ჟორჟოლიანი).

არც თუ იშვიათად „რელიგიის ისტორიისა და კულტურის“ მასწავლებლები მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრების რეკომენდაციით ინიშნებიან, ან ამ მასწავლებლებს მხოლოდ სასულიერო სასწავლებლები აქვთ დამთავრებული. მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული საგნის სპეციალისტებს საგანი ჩამოართვეს იმის გამო, რომ ისინი მართლმადიდებლები არ იყვნენ. ასეთი შემთხვევა მოხდა დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში, სადაც მასწავლებელი ნუგზარ ვერძეული რწმენით ბაპტისტი იყო. რაიონის განათლების განყოფილების გამგის დავალებით მას საათები ჩამოართვეს, თუმცა, არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ ვერძეული, სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის ნაცვლად, საკუთარ მრწამსს უქადაგებდა მოსწავლეებს.

  • ხელისუფლების დესტრუქციული კურსი

რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდაში სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობა დადასტურდა ქუთაისში, სადაც მოპოვებული იქნა რამდენიმე წერილი, რომლებიც უშიშროების სამინისტროს იქაურმა წარმომადგენელმა, თამაზ დეკანოიძემ ადგილობრივ პრესას მიაწოდა. ამ წერილებში დახასიათებულია სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობების მოძღვრბა, რაც გაკრიტიკებულია „მართლმადიდებლური თვალსაზრისიდან“ და დახატულია სურათი, თითქოს ეს მიმდინარეობები საფრთხეს უქმნიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, რომ მათი წევრები თავს არიდებენ მოქალაქეობრივ ვალდებულებათა შესრულებას და სხვა. მაგალითად, ბაპტისტიზმისადმი მიძღვნილ წერილში ნათქვამია: ბაპტისტების დამახასიათებელი ნიშანდობლიობაა: ფიცის მიცემის უარყოფა, სამხედრო სამსახურის, სასამართლოს უარყოფა, უარყოფენ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, გააჩნიათ მიდრეკილება იუდაიზმისკენ... ბაპტისტებს გააჩნიათ მტრული დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიასთან, უფრო მეტიც, ისინი უარყოფენ მოციქულთა სწავლებას ეკლესიის შესახებ.

ამგვარი წერილები ხელს უწყობს რელიგიური ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებას, ხოლო როცა ამას უშიშროების სამინისტრო ახორციელებს, ჩნდება ეჭვი, რომ ეს სახელმწიფოს დაკვეთით ხდება. ხელისუფლების მხრიდან ექსტრემიზმის მხარდაჭერისა და წაქეზების მაგალითს წარმოადგენს ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორის, სიმონ მაჭავარიანის საქციელი, რომელმაც 2001 წლის აგვისტოში შეკრიბა ქ.რუსთავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პროკურორი მხარდაჭერას შემდეგი მიზნით ითხოვდა: მისი თქმით, პროკურატურაში შემოსულია საჩივრები საზოგადოება „ჯვარის“ წინააღმდეგ, რომელიც ახორციელებს რელიგიური უმცირესობების დარბევას, ანადგურებს მათ ქონებას და ლახავს მათ უფლებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, პროკურორმა მათ მოუწოდა, გამოეცხადებიანათ მხარდაჭერა საზოგადოება „ჯვარისთვის“, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული მასალების საფუძველზე მას მოუწევდა ამ საზოგადოების წევრების დაპატიმრება. რეალურად, პროკურორი ცდილობდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოეხდინა „ჯვარის“ მხარდამჭერი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რათა შემდეგ თავისი უმოქმედობა საზოგადოებრივი აზრით გაემართლებინა. ამ ფაქტის შესახებ „თავისუფლების ინსტიტუტმა“ ინფორმაცია მიაწოდა გენერალურ პროკურორს, მაგრამ რეაგირება, ჯერჯერობით, არ მოჰყვა.

სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმის წაქეზების მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთი პროტესტანტული მიმდინარეობის, „სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაციის“, ურთიერთობა საუწყებო დაცვის სახელმწიფო სამსახურთან. ასოციაცია თბილისის გარეუბანში, ხევძმარის ქუჩაზე, ოფისისა და სკოლის აშენებას აპირებს. მშენებლობის ნებართვა ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა 2000 წელს გასცა, მაგრამ მშენებლობის დაწყება დღემდე ვერ მოხერხდა, რადგან ტერიტორია არ არის დაცული ბასილ მკალავიშვილისა და მისი მომხრეების თავდასხმებისგან, რომლებმაც ერთხელ უკვე დაარბიეს აქაურობა. ასოციაციის გამგეობის წევრის, ეკლესიის პასტორის, ოლეგ ხუბაშვილის თქმით, საუწყებო დაცვის სამსახურმა უარი თქვა ამ მშენებლობის დაცვაზე, ისე როგორც უარი თქვეს დაცვის სხვა სამსახურებმაც.

  • ხელისუფლების პოლიტიკა რელიგიური ექსტრემიზმის მიმართ

საანგარიშო პერიოდში ნათლად გამოჩნდა ტენდენცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რელიგიურ უმცირესობათა მიმართ: ერთი მხრივ, პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი ადმინისტრაცია აკეთებენ სპეციალურ განცხადებებს რელიგიური შეუწყნარებლობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი ცდილობენ, კანონიერი სახე მისცენ რელიგიურ უმცირესობათა დევნის იმ პრაქტიკას, რაც საქართველოში ფაქტობრივად ხორციელდება.

პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ანტიექსტრემისტული განცხადებები, როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის სახელმწიფოთა იმ კრიტიკის საპასუხოდ კეთდება, რაც სულ უფრო მძაფრ ტონალობას იძენს. მაგალითად, 2002 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის წევრი 16 სენატორისა და კონგრესმენის წერილი, რომლებიც ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, პირდაპირ სდებენ ბრალს პრეზიდენტს შევარდნაძეს და მის ხელისუფლებას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევაში. წერილში ნათქვამია:

ჩვენ შეწუხებული ვართ რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების მიმართ ორგანიზებული ძალადობრივი აქტებით და გვინდა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება თქვენი მთავრობის აშკარა უუნარობის გამო, ბოლო მოუღოს თავდასხმებს და უზრუნველყოს ადეკვატური ზომები. ასეთი უხეში დარღვევების დაშვება აზრს უკარგავს საქართველოს, როგორც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ გთხოვთ თქვენ, გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები ყველა ქართველის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

უკვე ორ წელზე მეტია, რაც ხდება რელიგიური უმცირესობების მიმართ ბრბოს თავდასხმები. პოლიცია ხშირად უარს ამბობს შეაჩეროს თავდამსხმელები ან მონაწილეობს კიდეც ძალადობაში. 1999 წლის ოქტომბრიდან იეჰოვას მოწმეების მიმართ ადგილი ჰქონდა დაახლოებით 80 თავდასხმას, რომელთაც უმეტესად ხელმძღვანელობდა განკვეთილი მართლმადიდებელი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი. სხვა რელიგიური უმცირესობებიც გახდნენ მკალავიშვილის სამიზნე, მათ შორის, ორმოცდაათიანელები, ევანგელური ეკლესია და ბაპტისტთა კავშირის სამლოცველო. ჩვენ გვაქვს მოხსენებები იმის შესახებ, რომ რელიგიურ სამსახურებს თავს დაესხნენ, ადამიანებს ათრევდნენ თმებით, სცემდნენ მუშტებით, ხელკეტებით და ფეხებით. იეჰოვას მოწმეების ავტობუსები შეჩერებულ იქნა და მათ თავს დაესხნენ. დღევანდელი დღისთვის ეს აგრესიული აქტები რჩება დაუსჯელი, მიუხედავად იმისა, რომ 700-მდე საჩივარია შეტანილი.

იმ დროს, როდესაც 2002 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებამ მკალავიშვილის და ერთ-ერთი ლეიტენანტის მიმართ ორი თავდასხმისთვის სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ გარკვეული იმედი მოგვცა, ეს იმედიც ძალიან მალე გაქარწყლდა. საქმე, რომელიც გადაეცა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს, აღძრულია მცირე დანაშაულებისთვის, რაც შეეხება ძირითად მოსმენას, მისი გადადება მოხდა ხუთჯერ მკალავიშვილის ბრბოს გამო, რომელიც, ხანდახან, ასეულობით ადამიანს ითვლიდა და გარს ერტყმოდა სასამართლოს შენობას. რადგან პოლიცია უარს ამბობდა უზრუნველეყო შესაბამისი უსაფრთხოება, ადვოკატებმა ითხოვეს სასამართლოს დახმარება, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოებისთვის საკმარისი იყო ათი პოლიციელი, იმ დროს, როდესაც მკალავიშვილის მომხრეების სასამართლოზე დასწრება არანაირად არ იზღუდებოდა...

ცხადია, საქართველოს მთავრობას შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი უსაფრთხოება ასეთი შეკრების დროს, მაგრამ თქვენი მთავრობა არ იღებს ეფექტურ ზომებს, რათა შეაჩეროს პიროვნებები და ჯგუფები რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის გამოყენებისგან. მკალავიშვილის და, აგრეთვე, სხვა კრიმინალების მიერ განხორციელებული აგრესიისათვის წინააღმდეგობის გაუწევლობა მუდმივად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. ამიტომ ჩვენ მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო, ბოლო მოუღოთ ამ თავდასხმებს და საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ხელი შეუწყოთ და დაიცვათ რელიგიის თავისუფლება. ჩვენ გთხოვთ, უზრუნველყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მოქმედებებში მხილებული პირების დასასჯელად, ჩაატაროთ სერიოზული გამოძიება, რითაც ცხადი გახდება, რომ ასეთი ძალადობა შეწყნარებული არ იქნება.

წერილის გამოქვეყნებისთანავე, 20 მაისს, ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მომხრეებმა ჯერ აშშ საელჩოსთან მოაწყვეს აქციები, შემდეგ სახალხო დამცველის ოფსითან, პრეზიდენტს კი ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობითა და დესტაბილიზაციით დაემუქრნენ.

2002 წლის 9 ივნისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამოქვეყნა ამერიკელი კონგრესმენების საპასუხო წერილი. შევარდნაძემ მორიგ ჯერზე დაგმო რელიგიური ექსტრემიზმი, პირობა დადო, რომ მიიღებს ყველა ზომას ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ოღონდ, ამავე წერილში პრეზიდენტმა სცადა, საზოგადოებას გადააბრალოს რელიგიური ექსტრემიზმის წარმოშობა, ექსტრემისტთა დაუსჯელობა და შეუწყნარებლობის პროპაგანდა, რაც მთლიანად სახელმწიფოს დამსახურებაა. პრეზიდენტი წერს:

...მე ბევრჯერ შევხებივარ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: მკაცრად ვგმობ რელიგიურ ექსტრემიზმსა და რელიგიით მოტივირებულ ნებისმიერ ძალადობას. ასეთი გამოვლინებანი აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. საქართველო მუდამ ამაყობდა თავისი ტოლერანტობით და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

რომ აგიხსნათ, თუ რამ განაპირობა რელიგიურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის გამოვლინება, მიზანშეწონილად მიმაჩნია, განვმარტო ამ მოვლენის მიზეზები. საქმე ის არის, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში და თვით ქართველი ერის გადარჩენაში. ეს დამოკიდებულება ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ეს არის მიზეზი, რატომ აქვს ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელიც აღიქმება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედად და ერის კულტურული და ისტორიული ტრადიციების დაცვის საფუძვლად. საქართველოში ცხოვრობენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ასიათასობით მაჰმადიანი, გრიგორიანელი, კათოლიკე, იუდეველი, რომლებთანაც მართლმადიდებლებს, ისევე, როგორც თვით ქართულ სახელმწიფოს, სერიოზული პრობლემები არ ჰქონია და არა აქვს.

რაც შეეხება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების შემოსვლას საქართველოში, ეს შედარებით ახალი მოვლენაა და ბევრი რამ ჩვენთვის მოულოდნელი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად განეწყო არატრადიციული რელიგიური ჯგუფების მიმართ, რადგან, მათი აზრით, ეს ჯგუფები მოწოდებული არიან, შეარყიონ სახელმწიფოს საძირკველი. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ დრო გვჭირდება ასეთი მენტალიტეტის შესაცვლელად და, დარწმუნებული ვარ, ეს დროის საქმეა მხოლოდ.

მჯერა, ეს არის ძირითადი პირობა რელიგიურად მოტივირებული ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად და იმ შემწყნარებლობის აღსადგენად, რომელსაც ზემოთ შევეხე. მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული რელიგიური ჯგუფების საქმიანობა სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი კანონის მიღებით.

ცხადია, არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ძალადობრივი აქტების გასამართლებლად. ყოველი ასეთი აქტი დანაშაულია და ისჯება კანონმდებლობით. პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული. იგივე ითქმის სამართალდაცვის ორგანოების თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და არ აღკვეთენ დანაშაულებრივ მოქმედებებს, რა მოტივითაც უნდა იყოს ჩადენილი ისინი.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველა ღონეს იხმარს, რათა აღმოფხვრას რელიგიურად მოტივირებული ექსტრემიზმის ყველა შემთხვევა. შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია და მომავალშიც მიიღება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისა და მათი დასჯისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად...

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის მსგავსი ბრძანებულება (№222, „დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“) 2001 წლის 22 მარტსაც გამოვიდა, რომლითაც პროკურატურას, სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, ბოლო მოეღოთ რელიგიური მოტივით ჩადენილი ძალადობისთვის და მიეღოთ საგანგებო ზომები დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, მაგრამ შედეგი არც ამ ბრძანებულებას მოჰყვა.

პრეზიდენტის 9 ივნისის წერილის გამოქვეყნებას კვლავ მოჰყვა ბასილ მკალავიშვილის აქციები. 10 ივნისს მკალავიშვილმა საჯაროდ დაწვა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ და ანათემას გადასცა სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი: წყეული იყოს, სამუდამოდ მოკვეთილი, შიშითა და ოხვრით დადიოდეს ქვეყანაზე და მისი წყევლა შვიდ თაობაზე გადადიოდეს - საჯაროდ გაჰყვიროდა მკალავიშვილი.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ რელიგიური უმცირესობების არსებობით გამოწვეული შეშფოთება უფრო მკვეთრად გამოხატა 2002 წლის 20 მაისის რადიოინტერვიუში. მეტიც, პრეზიდენტმა რელიგიური ექსტრემიზმის აღმოფხვრა რელიგიის შესახებ კანონის მიღებას დაუკავშირა, თუმცა, დღეს საქართველოში არსებული რელიგიური ექსტრემიზმი და რელიგიურ უმცირესობათა დევნა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და მას რაიმე კავშირი რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან არა აქვს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა რელიგიური ექსტრემიზმის არსებობა „არატრადიციული“ რელიგიური მიმდინარეობების საქმიანობითა და კანონის არარსებობით გაამართლა:

ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის მოქმედება, ხშირ შემთხვევაში, ხელყოფს ადამიანის უფლებებს, რაც ჩვენი საზოგადოების, მათ შორის, ინტელიგენციის, საქართველოსათვის ტრადიციულ რელიგიათა მიმდევრების სამართლიან შეშფოთებას იწვევს...

ამ სფეროში მრავალი პრობლემის მიზეზი სწორედ კანონის არარსებობაა. ჩემი თხოვნით იუსტიციის სამინისტრო მუშაობს კანონის ასეთ პროექტზე. სასურველია, ეს საქმიანობა წარიმართოს საზოგადოების, სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლების მონაწილეობით... [კანონი] სათანადო იურიდიულ გარანტიებს შეუქმნის რელიგიურ უმცირესობებს, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით. კანონი დაიცავს ადამიანებს ყოველგვარი ზემოქმედებისა და ძალადობისაგან ტრადიციული რელიგიის მიმდევართა, თუ პირიქით, რელიგიური უმცირესობის, სხვადასხვა მიმდინარეობის მხრიდან...

პრეზიდენტის ასეთი განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად იგი სიტყვიერად ექსტრემიზმსაც გმობს, აღიქმება, როგორც პირდაპირი მოწოდება რელიგიურ უმცირესობათა დავნისა და შევიწროებისკენ. ამიტომაც არის, რომ განსახილველ პერიოდშიც გრძელდებოდა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებები, რაც ისევე დაუსჯელი დარჩა, როგორც წინათ.

მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2002 წლის 17 მაისის №240 ბრძანებულებით იუსტიციის სამინისტროს დაავალა, შეემუშავებინა და 15 ივლისამდე მისთვის წარედგინა კანონპროექტი რელიგიის შესახებ. სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“, რომლის მიღებაც სერიოზულად გაართულებს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.

  • კანონპროექტი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ

პროექტი, დეკლარირების დონეზე, აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას რელიგიისადმი მათი დამოკიდებულების მიუხედავად, რელიგიური გაერთიანებების დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან და მათ თანასწორობას კანონის წინაშე, ამასთან აცხადებს, რომ კანონმდებლობით უნდა იქნას უზრუნველყოფილი სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება და უნდა დაწესდეს პასუხისმგებლობა მისი დარღვევისთვის. მაგრამ, ამ ზოგადი დეკლარაციის შემდეგ კანონპროექტი სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს რწმენის თავისუფლებას. კანონპროექტის მეოთხე მუხლში - „სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება“ - იუსტიციის სამინისტროს შემოაქვს „არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის“ ცნება: დაუშვებელია არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი - რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისადმი ანდა კონფესიისადმი ახალი წევრების მიზიდვის მიზნით მატერიალური ანდა სოციალური შეღავათების შეთავაზება ან იგივე მიზნით პირზე ფსიქიკურ-იდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის განხორციელება მისი მხრიდან აშკარად გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე (მუხლი 4,7).

მოცემული ფორმულირებით იზღუდება სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მოიცავს რელიგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში, საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას - გამომჟღავნოს თავისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით. არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის ცნების შემოტანით იზღუდება როგორც რელიგიის ან რწმენის თავისუფალი გამომჟღავნებისა და სწავლების თავისუფლება, ისე რელიგიური გაერთიანებების უფლება, გამოიჩინონ სოციალური აქტივობები, კერძოდ, ჩაატარონ საქველმოქმედო საქმიანობა, რადგან ამგვარი საქმიანობა ყოველთვის შეიძლება მოინათლოს არაკეთილსინდისიერ პროზელიტიზმად. ფაქტობრივად, პროექტის ეს მუხლი ეწინააღმდეგება მე-19 მუხლს, რომლის თანახმადაც რელიგიურ გაერთიანებებს უფლება აქვთ, ეწეოდნენ საქველმოქმედო საქმიანობას როგორც უშუალოდ, ისე კავშირების (ასოციაციების) და ფონდების მეშვეობით.

რაც შეეხება ამ კონტექსტში „იდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის“ გაჩენას, ეს აბსოლუტური ნონსენსია და ნათლად აჩენს სახელმწიფოს სურვილს, სრულად გააკონტროლოს და, სურვილის შემთხვევაში, კანონის საფუძველზე შეზღუდოს ან სულაც აკრძალოს ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის აქტივობა, რომელიც მიმართულია საკუთარი რწმენის სწავლებისა და გავრცელებისკენ.

პროექტის თანახმად, არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი შეიძლება გახდეს რელიგიური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი, თუმცა, კიდევ უფრო სახიფათოა პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, კოდექსს უნდა დაემატოს 155-1 მუხლი, რომლის თანახმადაც არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

პრაქტიკულად, კანონით იმის განსაზღვრა, რატომ ეხმარება ერთი ადამიანი მეორეს - ახალი წევრების მიზიდვის მიზნით თუ, უბრალოდ, კეთილი ნების გამო, შეუძლებელია. არსებული ფორმულირებით კი, ადამიანი შეიძლება 2 წლით აღმოჩნდეს ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მან ქველმოქმედების გაწევა გადაწყვიტა. ეს მაშინ, როცა ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები, ასეულობით ადამიანის ცემის, დაზიანების, სხვისი საკუთრების განადგურებისა და მითვისების მიუხედავად, არათუ არ დასჯილან, არამედ ხელისუფლება არც ცდილობს, აღკვეთოს მათ მიერ კანონის დარღვევა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონის ეს მოთხოვნა პირდაპირ შეიძლება გახდეს ხელისუფლებისთვის არასასურველი რელიგიური მიმდინარეობების შეზღუდვის საფუძველი, მაშინ როდესაც ხელისუფლების „პროტექტორატის“ ქვეშ მყოფ რელიგიურ გაერთიანებებს ეს არ შეეხება.

აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს შეიცავს პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, კოდექსის 199-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რელიგიური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის მიერ რელიგიური გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციისგან თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით“.

ფაქტობრივად, კანონპროექტის ხსენებული მუხლის თანახმად, თუ რომელიმე რელიგიური მიმდინარეობა ეცდება, რომ რეგისტრაციის გარეშე წარმართოს თავისი საქმიანობა, ის კანონის საფუძველზე უნდა დაისაჯოს. ამით, რეალურად, იზღუდება როგორც რწმენის თავისუფალი გამომჟღავნების შესაძლებლობა, ისე ახალი რელიგიური მიმდინარეობის გაჩენის შანსი. კანონპროექტის თანახმად, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისთვის საჭიროა, მინიმუმ, 50 მიმდევარი პირის ხელმოწერა მათი გვარის, სახელის, მოქალაქეობის, დაბადების თარიღისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით. ანუ, ფაქტობრივად, თუკი გაჩნდება ახალი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც ჯერ არა ჰყავს 50 მიმდევარი, მას ეკრძალება საქმიანობის წარმართვა - სწავლება, რიტუალების შესრულება და სხვა. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, 50 მიმდევრის გაჩენაც სათუო ხდება და შეუძლებელს ხდის ახალი რელიგიური მიმდინარეობის გაჩენას, ან ამ მიმდინარეობის ლიდერებს აიძულებს, მოღვაწეობის დასაწყისშივე კანონის დარღვევით წარმართონ თავისი საქმიანობა.

ასევე დისკრიმინაციულია პროექტის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც „რელიგიური გაერთიანება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს არანაკლებ 50 წლის განმავლობაში, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისას თავის დასახელებაში შეიტანოს სიტყვა „საქართველო“, „საქართველოს“ და მისგან ნაწარმოები სიტყვები“. თავისთავად, არავის აქვს უფლება, სიტყვა „საქართველოს“ მონოპოლიზება მოახდინოს, მისი გამოყენების უფლების შეზღუდვა კი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ახალ რელიგიურ მიმდინარეობებს. თანაც, ეს ეწინააღმდეგება იმ რელიგიურ პრინციპს, რასაც ქრისტიანული ტრადიცია ეფუძნება: ეკლესია, მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ტერიტორიული პრინციპით არსდებოდა და თითოეულ ეკლესიას სახელი იმ ტერიტორიის მიხედვით ეწოდებოდა, სადაც ხდებოდა მისი დაფუძნება.

პროექტი ითვალისწინებს იმ რელიგიური მიმდინარეობების შეზღუდვას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად (მუხლი 1271), „ისეთი რელიგიური ჯგუფის ორგანიზება ანდა ხელმძღვანელობა, რომლის მიერ რელიგიური შეხედულებების (მრწამსის) ქადაგების, რელიგიური რიტუალის შესრულების ანდა დაცვის მიზეზით განხორციელებული საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

რეალურად, ამ ნოვაციის საფუძველზე თავისუფლად შეიძლება აიკრძალოს „იეჰოვას მოწმეების“ რელიგიური მიმდინარეობა, საბაბად კი, ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის გადასხმაზე უარის თქმა. დღევანდელ საქართველოში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ პროექტში ამ მუხლის გაჩენა სწორედ „იეჰოვას მოწმეების“ არსებობასთან არის დაკავშირებული და მათი შეზღუდვისკენ არის მიმართული, თუმცა, სხვა პოლიტიკური კონიუნქტურის არსებობის შემთხვევაში კანონის იგივე მუხლი შეიძლება სხვა რელიგიური მიმდინარეობების მიმართაც იქნეს გამოყენებული.

კანონპროექტი ზღუდავს გაერთიანების თავისუფლებას, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ეროუპული კონვენციის მე-10 მუხლით. კერძოდ, პროექტის თანახმად, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისთვის, მინიმუმ, 50 კაცის ხელმოწერაა საჭირო, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისგან თავის არიდება კი კანონით ისაჯება. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს სპეციალური საბჭოს შექმნას, რომელიც გადაწყვეტს, ვის შეიძლება მიენიჭოს რელიგიური გაერთიანების სტატუსი და ვის - არა. ამასთან, პროექტში არაფერია ნათქვამი იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც საბჭოს წევრებმა უნდა იხელმძღვანელონ. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ეს პროექტი სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას.

კანონპროექტის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფორელიგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია შეიძლება თუ არა დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური გაერთიანება. კანონი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს, რა განსაზღვრავს ორგანიზაციის რელიგიურობას და ვინ შეიძლება იყვნენ ექსპერტები, ამდენად, კანონის ეს მოთხოვნაც საკმაო საფრთხეს შეიცავს, რომ რელიგიურ მიმდინარობათა უფლებები შეიზღუდება.

  • გურამ შარაძე უპატრონო მოხუცებულთა სახლის წინააღმდეგ

2002 წლის 2 მაისს პარლამენტის წევრი გურამ შარაძე და მისი ორმოცამდე მიმდევარი თბილისთან ახლოს, სოფელ ზურგოვანში მშენებარე უპატრონო მოხუცებულთა სახლს მიუვარდნენ და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. უპატრონო მოხუცებულთა სახლს საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბეთელი“ აშენებს.

გურამ შარაძემ მშენებლობის დამტკიცებული გეგმა მოითხოვა, განაცხადა, რომ ამოიწერდა პროექტის ავტორებისა და ნებართვების გამცემთა გვარებს და მათ პასუხს მოსთხოვდა, რადგან, მისი თქმით, „ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ყიდის...“

ერთი წლის წინ, 2001 წლის აპრილში ამავე მშენებლობას ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები მიუვარდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს მშენებლობის გაჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მშენებლობის დარბევით დაიმუქრნენ. მცხეთის რაიონის პოლიციამ მაშინ მშენებლობის დაცვაზე უარი განაცხადა.

მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოხუცებულთა სახლი 40-ამდე უპატრონო მოხუცებულს უნდა მოემსახუროს.

  • ცემა რელიგიურ ნიადაგზე

ქუთაისის მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში დირექტორმა მოწაფე ბექა ბიბილეიშვილი სცემა. როგორც ბავშვი ყვება, დირექტორმა მას ჯერ სახეში გაარტყა, შემდეგ იღლიაში ამოიჩარა და თავში ურტყა. ბიბილეიშვილს ცხვირიდან და ყურიდან სისხლი წასკდა. ცემის შემდეგ იგი ოთახში დაამწყვდია. ბავშვმა მეორე დღეს თავისი კლასელის და ძმის,შალიკოს, დახმარებით, რომელიც ასევე ინტერნატში სწავლობს, მოახერხა დაკეტილი ოთახიდან გასვლა და ნათესავებთან მისვლა.

ბექა ბიბილეიშვილის ნათესავების თქმით, ბავშვს სახე ჩალურჯებული და დასიებული ჰქონდა. იგი რამდენიმე დღე ბებიის, დოდო მარგველაშვილის, სახლში იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში დირექტორს არც მოუკითხავს. როცა ბავშვის ნათესავები მივიდნენ დირექტორთან, მან იქით მიაყენა შეურაცხყოფა და, საბოლოოდ, ნათესავებსა და დირექტორს შორის საუბარი ჩხუბით დასრულდა. ამის შემდეგ, როგორც ბავშვის ნათესავები ამბობენ, დირექტორმა თავისი ნათესავი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართო საქმეში. თავიდან ბავშვის ნათესავები თანახმა იყვნენ, ფაქტის შესახებ პოლიციასა და პრესაში გაეცხადებინათ, მაგრამ ქურდების ჩარევის შემდეგ თავი შეიკავეს. როგორც თქვეს, ეშინიათ, რადგან ქურდული სამყაროს ჩარევის შემდეგ პოლიციაში წასვლა აღარ შეიძლება. თან იმის შიშიც ჰქონდათ, რომ ბევრი ხმაურის გამო დირექტორი ბავშვებს, ძმებს, ინტერნატში აღარ გააჩერებს.

ბავშვების დედა ორი წლის წინ გარდაიცვალა, მამა რუსეთში არის სამუშაოდ წასული. ბავშვები ინტერნატში მოხუცმა ბებიამ მიიყვანა. ნათესავებმა ტელეჟურნალისტებს, რომლებიც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მიიყვანეს, ჩაწერაზე უარი უთხრეს, თუმცა, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაზეთ „პოსტსკრიპტუმში“ მაინც დაიწერა ამ ფაქტის შესახებ. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ეს ამბავი პოლიციას და განათლების განყოფილებას შეატყობინეს.

ბექა ბიბილეიშვილის ცემის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა პოლიციის არასრულწლოვანთა ინსპექტორს თინათინ ღელეყვას, მან კი საქმის კურსში პროკურატურაც ჩააყენა. პროკურატურამ დაკითხა ბავშვი. პროკურატურის საქმეში ჩართვის შემდეგ დირექტორმა ბაშვის ბებიას და ნათესავებს დააწერინა ხელწერილი, რომ ბავშვი არ არის ნაცემი, სინამდვილეში კი მან ბავშვს მკურნალობის კურსი ჩაუტარა. იგი იმუქრება, რომ უჩივლებს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს ამ ფაქტის გახმაურების გამო (ვრცლად იხ. ჟ. „თავისუფლება“, 2002, №10 - ნინო ღაჭავას კორესპონდენცია).

22 ნოემბერს გამოჩნდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის და ფსიქოლოგთა დამოუკიდებელი ასოციაციის წარმომადგენელი სამი ქალბატონი. მათ აღნიშნეს, რომ ბექას ბებია სექტის წევრია და ამ ბავშვს სექტანტები იყენებენ თავიანთი ინტერესებისთვის. მათივე თქმით, სექტის წევრია დირექტორის ამირან ხუჯაძის მოადგილეც. ისინი ამბობდნენ, რომ ბექას ცემის შესახებ ხმები სასწავლებლის ყოფილმა პედაგოგმა ნაზი მიმინოშვილმა და დირექტორის მოადგილემ გამოიგონეს, დირექტორისთვის ზიანი რომ მიეყენებინათ. ეს ქალბატონები აშკარად იცავდნენ დირექტორს.

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მათ აუხსენა, რომ თუნდაც რომელიმე სექტის წევრი იყოს ბებია, ბავშვის ცემის უფლება დირექტორს არ ჰქონდა.

ბექას ბებიამ დაწერა საჩივარი პოლიციაში დირექტორის წინააღმდეგ. პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელმა დათო ჯანაშიამ ახსნაგანმარტება ჩამოართვა „პოსტსკრიპტუმის“ კორესპონდენტს მაგდა ჩინიჯიშვილს. ვინც ნახა ნაცემი ბავშვი და ადასტურებს, რომ ბექა ნამდვილად ნაცემი იყო, განათლების განყოფილების ბავშვთა ინსპექტორი მაგული გიორგაძეა. მასთან ნაცემი ბექა თვითონ ბებიამ მიიყვანა. ქალბატონები იმუქრებიან, რომ დაამტკიცებენ ბექას ნათესავების იეღოველობას.

  • იეჰოვას მოწმეების შეკრება სოფელ ორთაშენში

2002 წლის 16 ივნისს გორის რაიონის სოფელ ორთაშენში იეჰოვას მოწმეების 2000-კაციანი შეკრება მოეწყო. ამ შეკრების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღება მოსთხოვა, რათა მსგავსი თავყრილობები სხვა დროს აღარ გაიმართოს, გორისა და სამთავისის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) კი ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობით ახსნა ის ფაქტი, რომ ორთაშენში ამ შეკრების ჩატარება შესაძლებელი გახდა.

თავისუფლების ინსტიტუტის გორის ოფისის წარმომადგენლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გორის რაიონის შს სამმართველოს უფროსი უშანგი მგელაძე ამ შეკრების გამო დაიბარეს შს სამინისტროში და საყვედური უთხრეს იმის გამო, რომ შესაძლებლობა მისცა იეჰოვას მოწმეებს, ხსენებული შეკრება ჩაეტარებინათ.

საქართველოს საპატრიარქომ იეჰოვას მოწმეების შეკრებას „პროვოკაციული ქმედება“ უწოდა. საპატრიარქოს პრესცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ცხოვრებაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „რასელისტთა (იეჰოვას მოწმეების) სურვილია, ასეთი თავყრილობებით ხელოვნურად გამოიწვიონ ურთიერთდაპირისპირება საზოგადოებაში და გააჩაღონ ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია, რომელიც აქამდე მხოლოდ მკალავიშვილის დაჯგუფებასთან კონფლიქტით შემოიფარგლებოდა.

ამ ეტაპზე გორის რაიონში თავიდან იქნა აცილებული საზოგადოებაში ძალადობრივი ურთიერთდაპირისპირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასელისტთა მსგავსი თავყრილობები მომავალშიც ასეთივე შედეგით დასრულდება, ვინაიდან, ამ სექტის წარმომადგენელთა აშკარად გამომწვევი მოქმედება საქართველოს მოსახლეობაში სულ უფრო მზარდ პროტესტს იწვევს. ამავე დროს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მათ მიერ პროვოცირებული კონფლიქტების მიზანია, მოაჩვენონ თავი საერთაშორისო საზოგადოებრიობას დევნილებად და ჩაგრულებად, და, ამავე დროს, შელახონ საქართველოს, როგორც ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ამ დესტრუქციულმა სექტამ უნდა შეწყვიტოს აგრესიული ქმედობა. აღმსარებლობის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აღნიშნული სექტის პროვოკაციულ გამოხდომებთან და პარპაშთან. საქართველოს საპატრიარქო, როგორც ყოველთვის, კვლავაც მიუღებლად თვლის ძალისმიერ მეთოდებს, მაგრამ, ამავე დროს, აცხადებს რეალური საფრთხის შესახებ - რასელისტთა მსგავსი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია უმართავი პროცესების განვითარება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნულ სექტას.“

ორთაშენის შეკრებამდე იეჰოვას მოწმეებს სურვილი ჰქონდათ, რომ ანალოგიური შეკრება თბილისში, სპორტის სასახლეში ჩაეტარებინათ, მაგრამ მათ ხელისუფლებამ ამის ნება არ მისცა. ამ შეკრების წინააღმდეგ აქტიურად გაილაშქრეს საქართველოს საპატრიარქომ, ბასილ მკალავიშვილმა და დეპუტატმა გურამ შარაძემ. საპატრიარქოს აზრით, ამგვარი შეკრებების აკრძალვა რელიგიის შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს: იეჰოვას მოწმეები პროვოკაციულად იქცევიან, რათა კონფლიქტში ჩაითრიონ მოსახლეობა და დარაზმონ უცხოეთის ქვეყნების საზოგადოებრივი აზრი, თითქოს მათ დევნიან, მაშინ როდესაც სწორედ ჩვენ ვერ დაგვიცავს თავი რასელისტებისაგან. და ყოველივე იმის ბრალია, რომ პარლამენტს დღემდე არ მიუღია კანონი რელიგიის შესახებ. ეს კანონი დროულად უნდა იქნას მიღებული, სანამ საშიში სექტების თავყრილობები მძიმე შედეგებით არ დასრულებულა, - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა გიორგი ანდრიაძემ.

სამაგიეროდ, 2002 წლის 19 ივნისს გურამ შარაძემ თბილისის სპორტის სასახლეში გამართა მოქალაქეთა შეკრება დევიზით „გადავარჩინოთ მართლმადიდებლობა“. შეხვედრაზე იყვნენ ბასილ მკალავიშვილი, მისი მიმდევრები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. შეხვედრას, ხანგრძლივი რეკლამირების მიუხედავად, დაახლოებით, 2000 კაცი დაესწრო, რითაც გამოჩნდა, რომ უკიდურეს ექსტრემისტულ იდეებს საქართველოში არცთუ ბევრი მიმდევარი ჰყავს.

  • ბასილ მკალავიშვილის სასამართლო პროცესები

2002 წლის 1 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოში გაიმართა პროცესი, რომელსაც უნდა გაერკვია, რა აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებდნენ ბასილ მკალავიშვილს 2002 წლის 10 მარტს პოლიციელთა დაკავებისათვის. საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა - წინასწარი პატიმრობა სამი თვის ვადით - და ძალაში დატოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება: აღმკვეთ ღონისძიებად პოლიციის ზედამხედველობის შეფარდება.

პროცესის მიმდინარეობის დროს მკალავიშვილის მრევლი, დაახლოებით 200-მდე ადამიანი, საოლქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბა და იქ ელოდა მოსამართლე ომარ ჯორბენაძის გადაწყვეტილებას. ეჭირათ ორი ტრანსპარანტი: „სტუდენტები მხარს ვუჭერთ მამა ბასილს“ და „არ დავუშვებთ მამა ბასილის დაპატიმრებას“. მკალავიშვილს იცავდნენ ადვოკატები - ქართლოს ღარიბაშვილი და ხათუნა სალუქვაძე. გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურატურიდან ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ მერაბ გალოგრე და ზურაბ საძაგლიშვილი.

მკალავიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით - „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, რომელიც 5 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. დანაშაულს ამძიმებს აღნიშნული ქმედების ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ან ორი და მეტი პირის მიერ. ასეთ შემთხვევაში სასჯელი 3-დან 10 წლამდეა.

ადვოკატები აცხადებდნენ, სასამართლო განხილვისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და, ამდენად, მოსამართლეს საერთოდ არ ჰქონდა საჩივრის განხილვის უფლება; კერძოდ, სასამართლო პროცესი დაიწყო საოლქო სასამართლოში ბრალდების მიერ შუამდგომლობის წარდგინებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ. 72 საათი გავიდა 1 აპრილს, დღის 12 საათზე. პროცესი კი ერთი საათის დაგვიანებით, 13 საათზე დაიწყო.

გარდა ამისა, მკალავიშვილს უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიება სხვა საქმის გამო: შარშან ვაკე-საბურთალოს სასამართლომ მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა. ადვოკატ ხათუნა სალუქვაძის თქმით, ორჯერ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ შეიძლება და, თუ ეს საკითხი ბრალდებულის მიმართ კვლავ წამოიჭრა, იმავე სასამართლომ უნდა განიხილოს, ვინც პირველმა შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიება.

მოსამართლე ომარ ჯორბენაძემ არ გაიზიარა ადვოკატთა არც ერთი არგუმენტი და, ამის მიუხედავად, ძალაში დატოვა მოსამართლის, იამზე მარიამიძის გადაწყვეტილება მკალავიშვილისთვის პოლიციის ზედამხედველობის შეფარდების შესახებ. ჯორბენაძეს თავისი არგუმენტი ჰქონდა, კერძოდ, ის, რომ მკალავიშვილი აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. სასამართლო ითვალისწინებს ამ გარემოებას და მიიჩნევს, რომ დაპატიმრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ორივე პროკურორი ღიმილითა და ყოველგვარი პროტეტსტის გარეშე შეხვდა. საქართველოში შეიქმნა პრეცედენტი, რომ პოლიციელთა დაკავება, მათთვის ტანსაცმლის შემოძარცვა და იარაღის წართმევა შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

2002 წლის ოქტომბერში, ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ, დიდუბეჩუღურეთის სასამართლოში განახლდა ბასილ მკალავიშვილისა და პეტრე ივანიძის სასამართლო პროცესი. 25 ოქტომბერს განახლებულ სასამართლო პროცესზე, ჯერ კიდევ საქმის არსებით განხილვამდე, იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა დააყენა შუამდგომლობა განსასჯელების პატიმრობაში აყვანის მოთხოვნით, რადგან, მისი თქმით, ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები დღემდე თავისუფლად განაგრძნობენ იმ საქმიანობას, რის გამოც ისინი განსასჯელის სკამზე სხედან, მაგრამ მისი შუამდგომლობა არც პროკურორმა თენგიზ აბაშიძემ გაიზიარა და არც მოსამართლე შალვა კვარაცხელიამ.

მომდევნო შუამდგომლობა განსასჯელთა ბრალის დამძიმებას და მათი რიცხვის გაზრდას გულისხმობდა, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა: „სადმე გინახავთ, რომ ორი კაცი არბევდეს? დადიან ბრბოდ. აი, მკალავიშვილს აძლევენ, მაგალითად, პასუხისგებაში და ბრალის დადგენილებაში უწერიათ, რომ მკალავიშვილმა, ვთქვათ, ლომთათიძესთან, ვეჩეიშვილთან და ჩამოთვლილია - ამასთან, ამასთან ერთად, ჩაიდინა ეს. ვსვამ კითხვას: თუ ცნობილია, გიწერია - პროკურატურა ხარ თუ გამომძიებელი ხარ - დადგენილებაში გიწერია, რომ ამასთან, ამასთან და ამასთან ერთად ჩაიდინა ეს ყველაფერი, რატომ აძლევს მარტო მკალავიშვილს პასუხისგებაში და რატომ არ აძლევს დანარჩენებს პასუხისგებაში?“ - განაცხადა იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

25 ოქტომბრის პროცესზე განსასჯელთა მთავარმა ადვოკატმა ქართლოს ღარიბაშვილმა დაზარალებულებს შერიგება შესთავაზა. მოსამართლემ და ბრალმდებელმა, თავის მხრივ, მოუწოდეს დაზარალებულებს, რომ ეს წინადადება მიეღოთ. საბოლოოდ, 29 ოქტომბრის პროცესზე ღარიბაშვილის წინადადება ერთადერთმა დაზარალებულმა, გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერმა, მიხეილ სარალიშვილმა მიიღო. იგი 2001 წლის 10 მარტს დაზარალდა, როცა ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა ფოთის პორტიდან თბილისში მიმავალი სატვირთო მანქანა გააჩერეს და გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების კუთვნილი ტვირთი - 1500 ჰუმანიტარული საბანი და 1800 ცალი რელიგიური ლიტერატურა - ნაწილობრივ გაანადგურეს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შენობასა და სხდომების დარბაზს პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავდა, დარბაზში მყოფი განსასჯელები და მათი მომხრეები ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ დაზარალებულებს, პროცესზე დამსწრე უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს, ხოლო ზოგჯერ ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარით დარბაზიდან აძევებდნენ მათ, რასაც არც მოსამართლის, არც პოლიციისა და და არც დაცვის მხრიდან რეაგირება არ მოსდევდა. მაგალითად, 25 და 28 ოქტომბრის პროცესზე ბასილ მკალავიშვილის ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი ცემით ემუქრებოდა იეჰოვას მოწმეებსა და მათ ადვოკატებს, მოსამართლე შალვა კვარაცხელიას კი არც კი უცდია ამ მუქარის აღკვეთა. „ნუ ექნება იმ მეორე მხარეს - დაზარალებულ მხარეს - ნურც მღებრიშვილის იმედი, ნურც მიშა სალაძის იმედი, ნურც, რა ქვიან, ნარჩემაშვილის იმედი… ჯერ ერთი, ეგ ხალხი ჩვენს მხარეს არიან სუყველა და ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც ჩვენა ვართ“ - განაცხადა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ქართლოს ღარიბაშვილმა. მეტიც, 15 და 18 ნოემბერს გამართულ პროცესებზე ქართლოს ღარიბაშვილი ერთ-ერთი დაზარალებული მხარის - სააგენტო „ინტერმედიას“ - დამფუძნებლებს, მალხაზ რამიშვილსა და ზურაბ მირგატიას, მოსპობით, განადგურებითა და საქართველოდან გასახლებითაც ემუქრებოდა, თან საჯაროდ აცხადებდა, თუკი რომელიმე მათგანს ქუჩაში მოვკრავ თვალს, ავტომანქანით გადავუვლიო. დაზარალებული მხარეებიდან რამდენიმეს - გაზეთ „რეზონანსის“, რადიო „რეზონანსის“ და „რადიო 105-ის“ - წარმომადგენლებმა ბასილ მკალავიშვილთან შერიგება არჩიეს. ქართლოს ღარიბაშვილის თქმით, ამ შერიგებით ბასილ მკალავიშვილმა მიზანს მიაღწია, რადგან მხარეებს შორის დაიდო სიტყვიერი შეთანხმება, რომ ხსენებულ საინფორმაციო საშუალებებში ბასილ მკლავიშვილის საწინააღმდეგო მასალა აღარ გავა.

ამავე საინფორმაციო საშუალებების ყოფილი გამომცემელი მალხაზ რამიშვილი, რომელიც პროცესზე, ზურაბ მირგატიასთან ერთად, სააგენტო „ინტერმედიას“ წარმოადგენდა, შერიგების წინააღმდეგი იყო, რადგან, მისი თქმით, ბრალდებულები საკუთარი მოქმედების გამო არავითარ სინანულს არ ამჟღავნებენ. მისი თქმით, ასეთი შერიგება უზნეობასთან, ძალადობასთან და პრესაზე ზეწოლასთან შერიგებას უდრის, თუმცა, საბოლოოდ, გამოძიების მიერ დაშვებული შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომის გამო რამიშვილი და მირგატია იძულებულნი გახდნენ, შერიგებას დათანხმებულიყვნენ. როგორც აღმოჩნდა, გამოძიების თანახმად, „ინტერმედია“ დაზარალებულად ითვლება, მაშინ, როცა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული მხოლოდ ფიზიკური პირი შეიძლება იყოს და არა იურიდიული პირი. იურიდიული პირი შეიძლება იყოს მხოლოდ სამოქალაქო მოსარჩლე, მაგრამ „ინტერმედიას“ ძალიან გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ ბასილ მკალავიშვილის თავდასხმის დროს მას რაიმე მატერიალური ან მორალური ზიანი მიადგა - ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათი აქცია გაზეთ „რეზონანსის“ წინააღმდეგ იყო მიმართული და მათ საერთოდ არ იცოდნენ, თუ იმავე შენობაში „ინტერმედიასაც“ ჰქონდა ოფისი.

  • დეპუტატი ლევან პირველი იცავს ბასილ მკალავიშვილს

ბასილ მკალავიშვილის დასაცავად ხმამაღალი განცხადება გააკეთა დეპუტატმა ლევან პირველმა. იდეა, რასაც ის კაცი [ბასილ მკალავიშვილი] ემსახურება, თითოეული ჩვენგანის განსახორციელებელია, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. რატომღაც ვეგუებით იეღოველებს და მათ დამანგრეველ იდეოლოგიას. ასეთ ვითარებაში მამა ბასილია ერთადერთი კაცი, რომელიც იბრძვის და რომელიც ყოველთვის ვეღარ იბრძოლებს ჩვენ მაგივრად... [მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას] არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ. მე მოვითხოვ, პირველ რიგში, საქართველოში არსებული სექტანტების წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თუ ეს სექტანტები დაისჯებიან, მერე მამა ბასილს პირადად მოვუწოდებ, ცოტა წესიერად მოიქცეს. სახელმწიფო თუ შეასრულებს თავის ფუნქციას, მამა ბასილს აღარ დასჭირდება ასეთი ქცევა.

თავად ბასილ მკალავიშვილმა გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში (7 აპრილი, 2002 წელი, N 94) სიამაყით აღნიშნა: [სექტანტებთან] ამ 7 წლიანი ბრძოლით შევძელი ის, რომ დღეს ისინი მრავალათასიან კონგრესებს ვერ მართავენ. მე ქართველ ერს დავანახე, რა საშიშროებას წარმოადგენს დღეს იეღოველთა სექტა. მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, როცა 1 აპრილს საოლქო სასამართლომ არ დამაპატიმრა. ყველას ეგონა, რომ დამაპატიმრებდნენ... როგორც კი გაიგეს, რომ ხალხი ჩამოვიდა სამაჩაბლოდან, ზუგდიდიდან, რუსთავიდან, შეგვიერთდა სტუდენტობა, შეეშინდათ და გადაწყვიტეს პატიმრობაში არ ავეყვანე.

  • ბასილ მკალავიშვილი იცავს სოსო ალავიძეს

2 აპრილს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ ბრალი დასდო თბილისის პოლიციის ყოფილ უფროსს სოსო ალავიძეს, რომ ის ბასილ მკალავიშვილს გადასცემდა ინფორმაციას, თუ სად აპირებდნენ იეჰოვას მოწმეები შეკრებების ჩატარებას.

სოსო ალავიძეს გამოექომაგა ბასილ მკალავიშვილი, რომელმა განაცხადა, თითქოს მისი მრევლის წევრები იეჰოვას მოწმეების სახელით ურეკავდნენ ელენე თევდორაძეს და ასე იგებდნენ მათთვის საჭირო ინფორმაცია: ალავიძე არაფერ შუაში არ არის. ვაცხადებ, რომ უშუალოდ ელენე თევდორაძისგან ყოველ სამ დღეში ერთხელ ვგებულობდი სად, რა ხდებოდა. ამას ყველაფერს ადამიანის უფლებათა დამცველი თევდორაძე მატყობინებდა. ახლა იეღოველები თევდორაძეს აღარ ენდობიან და არც მე მჭირდება. მისგან ინფორმაციას ვეღარ ვგებულობთ, ამიტომ ვაცხადებ ჩვენს საიდუმლოს ხმამაღლა. ასე გაიშიფრა ჩვენი ელენე თევდორაძე, - განაცხადა მკალავიშვილმა 7 აპრილს „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ალავიძის გამოქომაგებით ბასილ მკალავიშვილმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებულად მოქმედებს.

ამავე ინტერვიუში ბასილ მკალავიშვილი კიდევ ერთხელ დაემუქრა სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს, უშიშროების მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში რუსუდან ბერიძეს, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებსა და „რადიო თავისუფლებას“,

  • დიდუბის პოლიცია რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ

2002 წლის 25 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პოლიციაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ბაჰაის კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი საზოგადოების“ ერთ-ერთ წევრს არატრადიციული რელიგიური ორიენტაციის გამო. მას სცემეს, მაგრამ ამ საზოგადოების წევრებმა ამ ეტაპზე ფაქტის გახმაურებისგან თავი შეიკავეს.

  • ამბროლაურის პოლიცია ფილმი იესოს ჩვენებას კრძალავს

2002 წლის 19 აპრილს ქუთაისის სახარებისეული ეკლესიის რამდენიმე წევრმა ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში სკოლის ბავშვებს უჩვენა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ ნათარგმნი ფილმი „იესო“, რომელმაც საყოველთაო ინტერესი და მოწონწბა დაიმსახურა. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს მიეცა შემთხვევა, აღნიშნული სკოლის ორ მასწავლებელს გასაუბრებოდა. მათ ანონიმად დარჩენა ამჯობინეს, ვაი თუ ადგილობრივი ძალოვანების მხრიდან რაიმე ხიფათს გადავეყაროთო, მაგრამ აღიარეს: „არც ფილმში და არც მისი ჩვენების ინიციატორთა საუბარში მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენისა და ჩვენი ეროვნული კულტურის საწინააღმდეგო არაფერი ყოფილა; ანტიმართლმადიდებლური აზრები და მოწოდებები ვერავინ ვიგრძენით; ფიმსა და ლექციას საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა და ჩვენი მამაპაპური რჯულის მიმართ მან სიყვარული კიდავ უფრო გაგვიღრმავა“.

ამის მიუხედავად იმავე დღეს პოლიციელებმა ადგილობრივ მღვდლებთან ერთად გზა გადაუკეტეს სახარებისეული ეკლესიის წევრებს და „საქმის გარჩევა“ დაუწყეს. ნასვამმა პოლიციელებმა მათ მიაყენეს შეურაცხყოფა და დაემუქრნენ, რომ მომავალში თუ მსგავს რამეს გაიმეორებდნენ, მათ „მოუვლიდნენ“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბროლაურის განათლების განყოფილებაში დაიბარეს სოფელ ბუგეულის სკოლის დირექტორი ალეკო აბუთიძე და სოფელ სადმელის საშუალო სკოლის დირექტორი დავით კერესელიძე, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, - როგორ გაბედეთ არამართლმადიდებლების თქვენს სკოლებში შეშვებაო. ხსენებული მასწავლებლები იმასაც ადასტურებენ, რომ სამხარეო და რაიონული ხელისუფლების თანამშრომლები, რომლებმაც დირექტორები დატუქსეს, იწონებენ და აქებენ სოფელ ბოგეულის „მართლმადიდებლების“ საქციელს. ამ უკანასკნელებს ანუ, რომ დავაზუსტოთ, ბუგეულელების ერთ ჯგუფს მათ სოფელში ფილმ „იესოს“ შემომტანნი ყვირილით, გინებით და მუშტების ქნევით გაუყრიათ და მოწაფეებისა და მასწავლებლებისათვის მისი ნახვის საშუალება მოუსპიათ. ცხადია, ამ მენტალიტეტის მოქალაქეები არც მათი სკოლის დირექტურს დააყრიდნენ კარგ დღეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფილმის ჩვენების წინააღმდეგი არ ყოფილა.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ ხსენებული ფილმი ქართულად კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გახმოვანდა და მის პრეზენტაციას ფილარმონიაში 1989 წლის 8 დეკემბერს უწმიდესი და უნეტარესი მწყემსმთავარიც ესწრებოდა. მას ქების და მოწონების სიტყვები არ დაუშურებია [„ქართული ფილმი“, 1989, №49].

  • კათოლიკეთა პროცესი პრეზიდენტის წინააღმდეგ

თბილისის თბილისის საოლქო სასამართლოში გრძელდება პროცესი - დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირი „სავარდი“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკეებმა სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ 2001 წლის 18 დეკემბერს შეიტანეს. ისინი პრეზიდენტისგან ითხოვენ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, რომლითაც ქუთაისის კათოლიკური ეკლესია, სადაც ამჟამად მართლმადიდებლური მსახურება სრულდება, ისევ კათოლიკურ ეკლესიას დაუბრუნდეს.

პირველ სასამართლო პროცესზე კათოლიკეებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც სადავო ეკლესიას იმერეთში მცხოვრები კათოლიკეები 1814-64 წლებში აშენდებდნენ რომის პაპის დახმარებით, 1864-1939 წლებში კი ამ ტაძარში კათოლიკური მსახურება აღესრულებოდა და იგი „ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის“ სახელობის იყო.

5 აპრილის პროცესზე მოსამართლე ინგა თოდრიამ საქმეში მესამე პირად საქართველოს საპატრიარქო ჩართო. 31 მაისის პროცესზე პრეზიდენტის კანცელარიას და საპატრიარქოს უნდა წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც სადავო ეკლესია (ამჟამად იგი „ხარების“ სახელს ატარებს) მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიერად ეკუთვნის.

31 მაისის პროცესზე პრეზიდენტის კანცელარიამ და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია, რის გამოც პროცესი გადაიდო. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კათოლიკეებთან მოსალაპარაკებლად 5 თვე ითხოვეს, რასაც კათოლიკეები არ დათანხმდნენ. მიუხედავად ამისა, ივნისის განმავლობაში არც სასამართლო ჩატარდა და არც პროცესის ზუსტი ვადა განისაზღვრა (დამატებითი ინფორმაცია იხ. ზემ. გვ. 78).

  • 50-იანელების დარბევა თბილისში

2002 წლის ივლისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირმა და მათი მრევლის წევრებმა დაიწყეს 50-იანელთა ეკლესიის წევრების შევიწროება. თბილისში 50-იანელთა სამი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ-ერთს რუსულენოვან 50-იანელთა ეკლესია წარმოადგენს. მისი წევრები ბოლო 3 თვის განმავლობაში მათი მოძღვრის, ნიკოლაი კალუცკის სახლში იკრიბებიან - ნაძალადევის რაიონში, დავით გარეჯელის ქუჩაზე.

50-იანელებმა კერძო ბინაში მას შემდეგ დაიწყეს შეკრება, რაც ძველი შეკრების ადგილი - ე.წ. „კიროვის კლუბი“ - გაიყიდა. ნიკოლაი კალუცკის თქმით, მათ სცადეს, სადმე დაექირავებინათ ადგილი, მაგრამ ვერ შეძლეს. სადაც კი მივიდნენ, ძველი, გაპარტახებული შენობების მიქირავებაზეც კი უარი მიიღეს. ამის შემდეგ, 2002 წლის დასაწყისში, მათ ნიკოლაი კალუცკის სახლში მოაწყვეს სამლოცველო და იქ იკრიბებოდნენ.

ნიკოლაი კალუცკის თქმით, 2002 წლის ივნისის ბოლოს დავით გარეჯელის ქუჩაზე დასახლდა ახალგაზრდა მართლმადიდებელი მღვდელი, რომელმაც ქუჩის მაცხოვრებლებს შორის დაიწყო აგიტაცია - როგორ ითმენთ, რომ თქვენს ქუჩაზე სექტანტები იკრიბებიანო. 5-7 ივლისს რამდენიმე მართლმადიდებელმა მღვდელმა და მათი მრევლის წევრებმა, დაახლოებით 50-მა კაცმა, ლოცვის ჩაშლის მიზნით, პიკეტი მოუწყო ნიკოლაი კალუცკის სახლს. პიკეტი 5 ივნისს, საღამოს დაიწყო, როცა 50-იანელები უნდა შეკრებილიყვნენ. მოპიკეტეები არც შიგნით უშვებდნენ ვინმეს და არც გარეთ. ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ, 50-იანელებს შეკრება დაეშალათ და მომავალში სადმე სხვაგან შეკრებილიყვნენ. ზოგიერთი მოპიკეტე 50-იანელების ეთნიკურ წარმომავლობასაც შეეხო, თუმცა, კალუცკის თქმით, ამას მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა: „ნაციონალურ საკითხს ცალკეული პიროვნებები შეეხნენ, რომლებიც ამბობდნენ - დატოვეთ აქაურობაო - თუმცა, შემდეგ, თითქოს ახსენდებოდათო, მოდიოდნენ და ამბობდნენ - არ იფიქროთ, რომ ჩვენ ნაციონალურ საკითხს ვეხებით, თქვენ, რუსებს, შეგიძლიათ აქ თავისუფლად იცხოვროთ, ოღონდ შეკრებას აქ ვერ მოაწყობთო“.

სიტუაცია მეორე დღეს, 6 ივლისს საქმეში ერთ-ერთი პოლიციელი ჩაერთო. ნიკოლაი კალუცკის თქმით, პოლიციელმა მას პირდაპირ უთხრა, წაეთრიე შენს რუსეთში და იქ რაც გინდა ის აკეთეო, რის შემდეგაც იგი ქართულად უყვიროდა მოპიკეტეებს - მიდით, გადაუარეთ, სცემეთ, რაც გინდათ ის უყავითო. კალუცკის აზრით, ხსენებულმა პოლიციელმა, პრაქტიკულად, დარბევის პროვოცირება მოახდინა და წავიდა. ის პოლიციელი რომ არ ყოფილიყო, მოპიკეტეები, ალბათ, კალუცკის სახლშიც არ შეიჭრებოდნენ.

6 ივლისის საღამოს მოპიკეტეები 50-იანელთა წინამძღვრის სახლში შეიჭრნენ, იქ გამართული შეკრება ჩაშალეს, შეკრებილები გარეთ გამოყარეს და რამდენიმე ბიბლია დახიეს. ნიკოლაი კალუცკის მეუღლეს, 53 წლის ვერა კალუცკაიას ხელი ჰკრეს და კედელს მიახეთქეს. ვერა კალუცკაია, რომელიც 12 შვილის დედაა, მეორე დღეს ნერვიულობისგან ცუდად გახდა და საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. ნიკოლაი კალუცკიმ ასე აღწერა მოპიკეტეების მოქმედება: „კარის დახურვა ვერ მოვასწარი, როცა ისინი შემოიჭრნენ სახლში, შევარდნენ ყველა ოთახში, დააშინეს პატარა ბავშვები, რამდენიმე ადამიანს სახარებები გამოსტაცეს ხელიდან და დახიეს, დაიწყეს შეკრებილების გამოყრა გარეთ. მღვდელი, რომელიც მოპიკეტეებს მეთაურობდა, ყვიროდა, ხალხს არ დაარტყათ, მხოლოდ გარეთ გამოყარეთო… ამ დროს პოლიციაც მოვიდა.“

პოლიციამ რბევა შეაჩერა, მაგრამ მოპიკეტეები 7 ივნისს, დილას, ისევ შეიკრიბნენ და 50-იანელებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცეს. თავად პოლიციელებმა, თავის მხრივ, ინციდენტის გამოძიების ნაცვლად, მოსახლეობაში განცხადებების შეგროვება დაიწყეს, რომლითაც ითხოვენ, რომ აიკრძალოს 50-იანელების შეკრება კალუცკების ბინაში.

თავისუფლების ინსტიტუტმა დარბევის საშიშროებასთან დაკავშირებით წინასწარ აცნობა პოლიციას, მაგრამ პოლიციამ დარბევის თავიდან ასაცილებლად არაფერი გააკეთა. 7 ივლისს, როცა პოლიციის უბნის ინსპექტორი ლევან არჩვაძე მოსახლეობის განცხადებებს აგროვებდა, მან შემთხვევის ადგილზე მისულ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რაიმე სერიოზულ ინციდენტსა და ვინმეს შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. არჩვაძემ თავისუფლების ინსტიტუტთან საუბარში თქვა: „დაახლოებით ერთი თვეა, რაც დავით გარეჯელის 7 ნომერში თავს იყრიან ე.წ. ორმოცდაათიანელების სექტის მიმდევრები. ამის წინააღმდეგი წავიდნენ როგორც ამ ქუჩის, ისე სხვა ქუჩების მაცხოვრებლები. შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ მოვედით ამ ქუჩაზე, აღელვებული იყო ხალხი და ჩატარდა ყველაფერი, რომ იტყვიან, ყოველგვარი გართულების გარეშე - ადგილი არ ჰქონია არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას. აი ახლა, ჩვენ, პირადად, ვაკეთებთ საქმის მოკვლევას, თვითონ მაცხოვრებლების კოლექტიური განცხადების საფუძველზე, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან, რომ 50-იანელებმა შეკრება ჩაატარონ აღნიშნულ მისამართზე. ვიმეორებ - არავითარ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ ხალხი, ის 50-იანელთა მიმდევრები, არ შეუშვეს აღნიშნულ შენობაში და მოუწოდეს - თხოვნით, რა თქმა უნდა - რომ აღარ ყოფილიყო აქ შეკრებები.“

ლევან არჩვაძის სიტყვები გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს უფროსმა, თემურ ანჯაფარიძემაც დაადასტურა. ლევან არჩვაძის თქმით, მოსახლეობის პროტესტი არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ 50-იანელთა მისვლა-მოსვლა გარკვეულ ხმაურს იწვევს, არამედ, მისი თქმით, მოსახლეობას „სარწმუნოებრივ იდეოლოგიაზე აგებული პრეტენზიები“ აქვს. თავად კალუცკი ამბობს, რომ მის მიმართ მოსახლეობას არასდროს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა მანამ, სანამ სპეციალურად მოხდებოდა ვითარების დაძაბვა.

  • იეჰოვას მოწმეების დარბევა შიდა ქართლში

2002 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობდა შიდა ქართლში იეჰოვას მოწმეების დარბევის საინფორმაციო მომზადება. პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება მასმედიის საშუალებით იმის თაობაზე, თითქოს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში იეჰოვას მოწმეებმა წაბილწეს და შეურაცხყვეს მართლმადიდებლური ტაძარი და მართლმადიდებლური სიწმინდეები, ხოლო მთლიანად გორის რაიონი, თითქოს, იეჰოვას მოწმეებმა „წალეკეს“.

14 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები მიხეილ ქარელი და ია მეფარიშვილი ჩავიდნენ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, რათა შეესწავლათ, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიისა და მართლმადიდებლური სიწმინდეების შეურაცხყოფის შესახებ. ისინი შეხვდნენ სოფლის გამგებელს მიხეილ ახალკაცს, ეკლესიის მეზობლად მაცხოვრებელ მართლმადიდებლებს, სკოლის ისტორიის მასწავლებელს ბადრი რაზმაძეს და სოფელში მაცხოვრებელ იეჰოვას მოწმე მიხეილ გოგილაშვილს. ყოველმა მათგანმა განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს სოფელ მეჯვრისხევში ადგილი არ ჰქონია. მთლიანად მეჯვრისხევში 2500-მდე ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც იეჰოვას მოწმე 15-მდე ოჯახია.

იმავე დღეს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები ჩავიდნენ გორის რაიონის სოფელ ორთაშენში და შეხვდნენ სოფელში მაცხოვრებელ როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე მართლმადიდებლებს. ამ სოფელთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იეჰოვას მოწმე გახდა და ისინი ავიწროებდნენ მართლმადიდებლებს. ორთაშენში იეჰოვას მოწმეებს ნაყიდი აქვთ სახლი, სადაც ისინი პერიოდულად იკრიბებიან და ატარებენ თავიანთ სწავლებებს. სახლი ეკუთვნის იეჰოვას მოწმე დავით სამხარაძეს. სახლის ეზოში მოწყობილია სპეციალური სცენა, საიდანაც ხდება ბიბლიის განმარტება, არის მიკროფონი და ხმის გამაძლიერებლები. იქვე მოწყობილია სანათლავი. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ორთაშენელმა მართლმადიდებლებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ სოფელში იეჰოვას მოწმეების რიცხვი ძალიან გაიზარდა, რომ მათ ხელს უშლის იეჰოვას მოწმეების კონგრესები, მუდმივი ხალხმრავლობა და ის ხმაური, რაც ამ კონგრესებს მოსდევს.

ამავე დროს, გამოითქვა რელიგიური ხასიათის პრეტენზიებიც. მაგალითად, დათო სამხარაძის მეზობელმა, ყოფილმა იეჰოვას მოწმე თინათინ ბალიაშვილმა განაცხადა: არც დღე და არც ღამე მოსვენება არა მაქვს. ვისაც რა უნდა ის ირწმუნოს, მაგრამ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ახლა, როცა ორი დიდი დღესასწაული - „ფერისცვალება“ და „მარიამობა“ - მოახლოვდა, მით უმეტეს, რომ ზოგიერთები მარხვასაც ვინახავთ, ჩემს მეზობლად კონგრესის ჩატარება და ბიბლიის არასწორი კითხვა, რაღაც მუსიკების მოსმენა ჩემზე ცუდად მოქმედებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი უფლებების დარღვევა და ჩვენზე ზეწოლაა.“

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან საუბრის დროს იეჰოვას მოწმეებმა განაცხადეს, რომ აგვისტოში ისინი აპირებდნენ კონგრესის ჩატარებას ორთაშენში. მათ ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ განზრახული იყო კონგრესის დარბევა. დარბევის თავიდან ასაცილებლად იეჰოვას მოწმეებმა დახმარებისთვის მიმართეს გორის რაიონის გამგეობას და რაიონის პოლიციას, მაგრამ გამგებლის მოადგილემ ზაზა მებადურმა და რაიონული პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა გელა ცალქალამანიძემ უარი თქვეს მათ დაცვაზე, იმ მოტივით, რომ გორში გართულებულია კრიმინოგენული მდგომარეობა და პოლიციას დრო არა აქვს, დაიცვას იეჰოვას მოწმეების სამდღიანი კონგრესი.

16 აგვისტოს 30-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრებსაც შავი ტანსაცმელი ეცვათ და გულზე თეთრი ჯვრები ეკეთათ, შეიჭრნენ ორთაშენში იეჰოვას მოწმეების სახლში. თავდამსხმელებს შორის იეჰოვას მოწმეებმა 5 ადგილობრივი მართლმადიდებელი ამოიცნეს, რომელთა ვინაობაც იეჰოვას მოწმეებმა არ გაამხილეს. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ იეჰოვას მოწმეები მანუჩარ გიორგაშვილი, სოსო ხარშილაძე და შალვა მამფორია. თავდამსხმელებმა სახლის ორივე სართულზე დალეწეს ყველაფერი, რისი დალეწვაც შეიძლებოდა, ეზოში გამოიტანეს დიდი რაოდენობით ლიტერატურა და დაწვეს, სცემეს შალვა მამფორია, სხვებმა კი მიმალვა მოასწრეს. შემდეგ მიადგნენ მეზობელ სახლში მცხოვრებ იეჰოვას მოწმე ომარ კაველაძეს, გაიყვანეს ეზოდან და ცემა დაუწყეს. ომარის მეუღლემ, ნუნუ კაველაძემ სცადა მიშველება, რის გამოც ისიც სცემეს. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ნუნუ კაველაძეს ცემისგან დალურჯებული ჰქონდა ხელები. თავდამსხმელები მოვიდნენ იკარუსის ტიპის ავტობუსით, სახელმწიფო ნომერი „EO OAA 049”, რომელიც იქვე ელოდებოდა დარბევის დამთავრებამდე. სოფლის შესასვლელში იდგა საგზაო პოლიცია, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა დასახმარებლად გამოიძახეს, მაგრამ პოლიცია მათ არ მიეხმარა.

დარბევის შემდეგ ორთაშენში ვითარება ძალიან დაიძაბა. ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა აცხადებდა, რომ ისინი კარგად არიან ორგანიზებული და არ დაუშვებენ, რომ სოფელში მომავალში კიდევ ჩატარდეს იეჰოვას მოწმეების კონგრესები. მათი თქმით, მათ აქვთ საკმარისი რაოდენობის ტექნიკა, რათა გადაკეტონ სოფლის ყველა შესასვლელი. ორთაშენის მართლმადიდებელ მოსახლეობას გორის მოსახლეობაც სოლიდარობას უცხადებს.

23 აგვისტოს ორთაშენის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ სოფლის ცენტრში მოაწყო აქცია, რასაც დაესწრნენ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები მიხეილ ქარელი და ია მეფარიშვილი. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და აცხადებდნენ, რომ 16 აგვისტოს იეჰოვას მოწმეების დარბევის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან სოფლის ზოგიერთ მაცხოვრებელზე დაიწყო ზეწოლა იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობდნენ დარბევაში. შეკრებილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ საგამოძიებო დეპარტამენტის გორის განყოფილებისა და მისი უფროსის, ვანო სამხარაძის მიმართ, რომლებიც იძიებენ ამ საქმეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ პოლიციის მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება, სოფელში სიტუაცია უმართავი გახდება და ხელახლა დაარბევენ იეჰოვას მოწმეებს.

23 აგვისტოს შეხვედრაზე უნდა მისულიყვნენ რაიონის გამგებელი ზაზა კოშაძე და გამგეობის სხვა წევრები, მაგრამ დილიდანვე შეკრებილი მოსახლეობა საღამოს 5 საათამდე ამაოდ ელოდა მათ მისვლას. ზაზა კოშაძე იმ დღეს მსაჯის ფუნქციებს ასრულებდა გორის სპორტკომიტეტის დარბაზში, სადაც რაიონის გამგებლებს შორის მკლავჭიდში შეჯიბრი გაიმართა.

ორთაშენის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით გორის შს სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტმა (გამომძიებელი ზაზა მინდიაშვილი) საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) მხოლოდ ერთი პირის - საზოგადოება „ჯვარის“ თავმჯდომარის, პაატა ბლუაშვილის - მიმართ. საქმე უკვე გადაგზავნილია სასამართლოში, ოღონდ სასამართლო პროცესი განსახილველ პერიოდში არ დაწყებულა (მოსამართლე ალექსანდრე მარიამიძე).

  • იეჰოვას მოწმე წვევამდელთა პრობლემები ქუთაისში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებამ, რომლითაც იეჰოვას მოწმეთა ორ ორგანიზაციას რეგისტრაცია გაუუქმდა, პრობლემები შეუქმნა იეჰოვას მოწმე წვევამდელებს. იეჰოვას მოწმე წვევმდელს რომეო რობაქიძეს, რომელიც ალტერნატიულ სამსახურს ითხოვდა, ქუთაისის სამხედრო კომისარიატში ბეჭდიანი ცნობის მიტანა სთხოვეს იმის დასტურად, რომ ის ნამდვილად იეჰოვას მოწმეა. რობაქიძემ იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეების რეგისტრაცია გაუქმებულია, ამგვარი ცნობა ვერ წარადგინა, რის გამოც იგი ჯარში გაიწვიეს. რომეო რობაქიძის ახლობლები ამ ფაქტის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში აწყობდნენ აქციებს ქუთაისის სამხადრო კომისარიატის წინ, რის შემდეგაც სამხედრო კომისარი ტრისტან გორდაძე იძულებული გახდა, რომეო რობაქიძე სამხედრო ნაწილიდან გამოეწვია.

  • წყალტუბოში გედეონის საძმოს დარბაზი არ მიაქირავეს

სექტემბრის დასაწყისში ბიბლიის გამავრცელებელთა საზოგადოების „გედეონის საძმოს“ წევრები შეუთანხმდნენ წყალტუბოს საკონცერტო დარბაზის დირექტორს რომან დგებუაძეს, რომ 6 სექტემბერს მისგან იჯარით აიღებდნენ დარბაზს. „გედეონის საძმოს“ მიზანი იყო, გადაეცათ ინვალიდებისთვის ეტლები და ეჩვენებინათ ფილმი „ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა“. 6 სექტემბერს, დილას, „გედეონის საძმოს“ წარმომადგენელს, ომარ საცერაძეს რომან დგებუაძემ უარი უთხრა დარბაზის მიქირავებაზე, რადგან, მისი თქმით, მართლმადიდებელი ეპარქიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე დარბაზს ვერ მიაქირავებდა.

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები ამ ფაქტთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ წყალტუბოს საკრებულოს მდივანს გურამ სოფრომაძეს, რომელმაც პირად საუბარში „გედეონის საძმოს“ მიმართ კეთილგანწყობა დაადასტურა, მაგრამ საკითხის დარეგულირებაზე უარი თქვა, რადგან, მისი თქმით, ეს მის ძალებს აღემატება. რაიონის გამგებელმა მირზა ქორქაშვილმა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედას ან სატელეფონო საუბარს თავი აარიდა. საბოლოოდ, ფილმის ჩვენება და ინვალიდის ეტლების გადაცემა მოხდა ერთ-ერთი სანატორიუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ.

  • იეჰოვას მოწმეების დარბევა თელავში

2002 წლის 16 სექტემბერს, დღის პირველ საათზე, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში დაარბიეს იეჰოვას მოწმეების შეკრება. შეკრება იეჰოვას მოწმე ლილი წიფლაშვილის ბინაში ტარდებოდა. ბინაში შეიჭრა 5 ნიღბიანი პიროვნება, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთ-ერთ მათგანს კი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომელიც რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში. თავდამსხმელებმა დაარბიეს წიფლაშვილის სახლი, ჩაამსხვრიეს მინები, უშვერი სიტყვებით აგინეს შეკრებილებს, გაიტაცეს იეჰოვას მოწმეების ჩანთები და სასტიკად სცემეს იეჰოვას მოწმე კახა ბებისაშვილი, რომელმაც გონება დაკარგა. ბებისაშვილი მიიყვანეს სოფლის გამგეობაში, სადაც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ, მაგრამ მათ სასაცილოდ აიგდეს დაზარალებულები და განუცხადეს, ეს ფაქტი ჩვენ არ გვეხება და თელავის პოლიციას მიმართეთო.

საავადმყოფოში მიყვანილ ბებისაშვილს გარეგნული დათვალიერების შედეგად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ზედა ყბის, ლოყის არეში. გარდა ამისა, იგი უჩიოდა თავის ტკივილს და კისრის დაჭიმვითი ხასიათის ტკივილს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ დარბევა მოხდა სოფელ ნაფარეულის გამგებლის, ნოდარ ფარადაშვილის ინიციატივითა და მონაწილეობით. მათი თქმით, ადრე ხშირად ყოფილა შემთვევები, როდესაც ფარადაშვილი და მისი თანამშრომელი, ზურაბ ხოლუაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იეჰოვას მოწმეებს და მათ საჯაროდ გაშიშვლებით ემუქრებოდნენ. დარბევამდე მცირე ხნით ადრე ნოდარ ფარადაშვილი მივიდა იეჰოვას მოწმეების შეკრებაზე და დაემუქრა, თუ კიდევ შეიკრიბებით, ნახავთ რაც მოგივათო. დარბევის შემდეგ ლილი წიფლაშვილმა სთხოვა ფარადაშვილს, დახმარებოდა ჩანთის დაბრუნებაში, რადგან ჩანთაში მას წამლები ჰქონდა. ფარადაშვილმა უარი უთხრა, თან შეახსენა - აი, ამიტომ გაფრთხილებდითო, ხოლო როცა გაიგო, რომ იეჰოვას მოზწმეები ჩივილს აპირებენ, განუცხადა, სადაც გინდათ, იქ იჩივლეთ, მე არავისი მეშინიაო.

დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს განცხადებით, გამოეძიებინა საქმე. ადგილობრივი პოლიცია აიძულებდა დაზარალებულებს, გამოიტანათ საჩივარი და ეცადეთ თავდამსხმელებთან შერიგება. დაზარალებულებმა განცხადებამ არ გამოიტანეს, მაგრამ თელავის პოლიციამ მაინც საქმის არაღძვრის დადგენილება გამოიტანა. არაღძვრის მოტივი შემდეგი იყო: დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ მათ ხმით ამოიცნეს ის პიროვნებები, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ, პოლიციამ კი განაცხადა, რომ ხმის ამოცნობას მტკიცებულებად ვერ მიიღებდა...

  • იეჰოვას მოწმეების დარბევა რუსთავში

25 სექტემბერს, ნაშუადღევს, 15 ექსტრემისტი, . რუსთავისულტრამართლმადიდებლური ორგანიზაცია „ჯვრის“ წევრები, პაატა ბლუაშვილის ხელმძღვანელობით, ძალით შეიჭრნენ კერძო ბინაში, სადაც დაახლოებით 20 იეჰოვას მოწმე და მათი არა იეჰოვას მოწმე სტუმრები ბიბლიის შესასწავლად იყვნენ შეკრებილი. ორ იეჰოვას მოწმეს და ერთ არა იეჰოვას მოწმე დამსწრეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

  • იეჰოვას მოწმეების დარბევა თბილისში

29 სექტემბერს, ბრბო ქ. თბილისის დიღმის რაიონში, ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის სახლის წინ შეიკრიბა და გამვლელებს არ უშვებდა, რათა იმ შენობაში შესულიყვნენ, სადაც შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო. მათ კრებაზე დასასწრებად მიმავალ ხალხს ძალადობით წაართვეს ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და, სულ მცირე, ერთ პიროვნებას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

  • კავკასიის რელიგიურ მიმდინარეობათა ფორუმი

რელიგიური ექსტრემიზმის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება კიდევ ერთი ფაქტიდან ჩანს: უშუალოდ პრეზიდენტ შევარდნაძის ხელშეწყობით, კრწანისის რეზიდენციაში ჩატარდა კავკასიის რელიგიურ მიმდინარეობათა დიდი ფორუმი. გორისა და კასპის დარბევების შემდეგ ამ ფორუმის ორგანიზატორმა, ლელა ჯეჯელავამ გაზეთ „კვირის პალიტრისადმი“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ იეღოველთა პრობლემა მსოფლიოსთვის არახალია. კანადაში და ევროპის ბევრ სახელმწიფოში მათთან დაპირისპირება, თავის დროზე, სისხლის ღვრამდეც კი მივიდაყველა ნორმალურ ქვეყანაში ჯერ სახელმწიფო ინტერესს ადგენენ და მერე უსადაგებენ სხვა დანარჩენს, თუნდაც ტრადიციულ თუ არატრადიციულ რელიგიას. ჩვენთან კი, რატომღაც, პირიქით ხდება - იეღოველთა მოძრაობის დაჩაგვრა-არდაჩაგვრაზეა დამოკიდებული სახელმწიფო ინტერესები - ანუ, ვინ რა დახმარებას გამოგვიყოფს.

  • ოზურგეთში დაარბიესმართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში

2002 წლის 24 სექტემბერს და 6 ოქტომბერს, გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, დაარბიეს „მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში“, რომლის წევრები უკვე ხუთი წელია არ მიაკუთვნებენ თავს საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. საქართველოს საპატრიარქოს ისინი 1997 წელს გაემიჯნენ და ბოსტონის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შევიდნენ. შემოქმედში მათ დაახლოებით 30-კაციანი მრევლი ჰყავთ. მრევლის ერთ-ერთი წევრის, ფრიდონ უჩაძის, საკუთარ ეზოში მორწმუნეთა სახსრებითა და ძალისხმევით პატარა სამლოცველო შენდებოდა.

2002 წლის 24 სექტემბერს შემოქმედში საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე ჩავიდა. სამღვდელო პირებთან და მოქალაქეებთან შეხვედრის დროს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს კრიტიკის საპასუხოდ სიტყვა არ მისცეს, დარბაზი იძულებით დაატოვებინეს, ხოლო გარეთ გამოსვლისას, როგორც ამ ეკლესიის მღვდელმა ზურაბ აროშვილმა თქვა: მათ ნასვამი ადამიანები დახვდნენ, „რომელთაც მომზადებული ჰქონდათ ქვები, ღვინით სავსე ბოთლები. ეს ყველაფერი დაუშინეს ჩვენი მრევლის წევრის მანქანას, დალეწეს, დაამტვრიეს, ჩვენს მრევლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს და მათ ძლივს გამოასწრეს მოძალადეებს - გადარჩნენ“.

ზურაბ აროშვილს მიაჩნია, რომ აგრესიის წაქეზებას ხელი შეუწყო გიორგი ანდრიაძის მოწოდებამაც, რომლის შინაარსი თავად ანდრიაძემ ასე გადმოსცა: „არ შეიძლება მათ ააშენონ რაიმე ტაძარი; თუ ისინი თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ და რაღაც სხვა ტაძარს აშენებენ, საქართველოში ძალიან ბევრი სექტაა და ასეთ შემთხვევაში ისინიც ააშენებენ თავიანთ სამლოცველოებს. ეს იქნება პრეცედენტი საიმისოდ, რომ ყველამ თავ-თავისი სამლოცველო აშენოს“.

დარბევის მეორე დღეს, 25 სექტემბერს, თბილისიდან ოზურგეთში ჩასულ მღვდლებთან საუბრისას ოზურგეთის გამგებლის მოადგილემ მამაგეიშვილმა მკრეხელობა უწოდა სამლოცველოს მშენებლობას.

მრევლის წევრის, ფრიდონ უჩაძის ეზოში აშენებულ პატარა ბაზილიკას გადახურვაღა აკლდა. 25 სექტემბრის შემდეგ სოფელ შემოქმედში ავრცელებდნენ და მოქალაქეებს ურიგებდნენ ასეთი შინაარსის მოწოდებას: „6 ოქტომბერს, 10 საათზე, განგაშის ზარები სოფლის ცენტრში გვიხმობს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მშობლიური სოფელი და აწუხებთ დედაეკლესიის ბედი. მობრძანდით ყველა - დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, რათა ერთად ვებრძოლოთ სოფელში შემოჭრილ სატანას“.

საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს თანასოფლელებთან აქამდე ჩვეულებრივი, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. 6 ოქტომბერს შემოქმედში მხოლოდ ამ სოფლის მკვიდრნი არ შეკრებილან, ხალხი სხვა სოფლებიდანაც ჩამოიყვანეს. ამ შეკრებაზე სოფლის ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაერბია და დაენგრია მშენებარე ეკლესია, რაც განახორციელა კიდეც. ამ პროცესს ესწრებოდნენ ოზურგეთის პოლიციის უფროსი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც, უბრალოდ, თვალყურს ადევნებდნენ სოფლის მოსახლეთა ნაწილის ამ ქმედებებს.

  • ქუთაისის არქიტექტურის სამსახურმა ეკლესიის შენების ნებართვა არ მისცა მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში

„მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოში“ ქუთაისის არქიტექტურის სამსახურისგან მოითხოვა ეკლესიის მშენებლობის ნებართვა, რაზეც უარი მიიღო. უარის თქმის ერთ-ერთ მოტივად არქიტექტურის სამსახურმა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმება მიიჩნია. ქუთაისის მთავარი არქიტექტორის, თ. კვანტალიანის 2002 წლის 9 დეკემბრის წერილში ნათქვამია: . ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩის 21- ჩიხში გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთის შეძენა მოხდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის აუქციონის წესით და აღნიშნული მოთხოვნა წინასწარ იყო განსაზღვრული სააუქციონო პირობებში, ირგვლივ მდებარე განაშენიანების სტრუქტურიდან გამომდინარე. მითითებულ უბანში საზოგადოებრივი ან საკულტო ნაგებობის განთავსება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ტერიტორიის ფუნქციონალური დანიშნულების განსაზღვრის დროს, ხოლო თქვენს მიერ აღნიშნული ობიექტის მშენებლობის წინააღდეგია იქვე მცხოვრები მოქალაქეები, რაც დადასტურდა გასულ წლებში მშენებლობის დაწყების მცდელობისას, ამასთან, მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობას ორგანიზაციას უწევს საპატრიარქო, რომელთანაც, ჩვენთან არსებული ინფორმაციით, თქვენი მხრიდან შეთანხმება მიღწეული არ არის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო ვერ შევითანხმებთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საპროექტო დოკუმენტაციის საგეგმო დავალებას.

9 ხელისუფლების თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში

▲back to top


ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის სფეროში არასამთავრბო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების თანამშრომლობა არასრულყოფილ ხასიათს ატარებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგისთვის ყველაზე დახშული სფერო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკნებია. კიდევ უფრო რთულია მონიტორინგის ჩატარება სამხედრო ნაწილებში, სადაც მონიტორინგის ჩატარებაზე თვით პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესაც უქმნიან პრობლემებს.

ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაში დადებითი ძვრა მოხდა ახალი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის დანიშვნის შემდეგ. ყოფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძის დროს სამინისტრო კატეგორიულად ახდენდა იმ ფაქტების იგნორირებას, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მიაწოდებდნენ. 2001 წლის ბოლოდან სამინისტროს რეაგირება იმ შეტყობინებებზე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ან ჟურნალისტები აწვდიან, მკვეთრად გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, შსს რჩება უწყებად, სადაც ყველაზე მეტად ირღვევა ადამიანის უფლებები.

უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. იუსტიციის სამინისტროსთან არსებობს „საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭო“, რომელსაც აქვს ყველა საპატიმრო ადგილის მონახულების უფლება. გარდა ამისა, კანონის თანახმად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან არსებობს კომისიები, რომელთაც ასევე აქვთ მონიტორინგის და კონკრეტულ დაწესებულებაში შესვლის უფლება, თუმცა, თავად ეს კომისიები არასრულფასოვნად მუშაობენ და არასრულად იყენებენ კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებებს. ამაში ბრალი, ნაწილობრივ, თვით იუსტიციის სამინისტროს მიუძღვის, რომელიც აკომპლექტებს კომისიის წევრთა შემადგენლობას, ნაწილობრივ კი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ვერ შეძლეს სამინისტროსთვის კომისიის წევრობისთვის შესაფერისი პირების სიის მიწოდება.

იუსტიციის სამინისტრო რეაგირებას ახდენს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მასალებზე. მაგალითად, 2002 წლის 9 თებერვალს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრებმა შეამოწმეს გეგუთის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულება. მათ მიერ გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრომ გამოყო სპეციალური ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა ამ ფაქტების რეალობა და დაწესებულების უფროსი, ირაკლი გაბუნია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს ევროპის საბჭოს ექსპერტების იმ რეკომენდაციებს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმასთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ სამედიცინო დეპარტამენტი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტები ერთმანეთს გამიჯვნოდა და სხვადასხვა დაქვემდებარებაში ყოფილიყო. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო დეპარტამენტი გამოყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან და ეს ორი სტრუქტურა მინისტრის ორ სხვადასხვა მოადგილეს დაუქვემდებარა. ახალი მინისტრის, როლანდ გილიგაშვილის დროს, სასჯელაღსრულებისა და სამედიცინო დეპარტამენტები ისევ ერთ დაქვემდებარებაში მოექცა და ორივე სფეროს მინისტრის ერთი და იგივე მოადგილე, კახა კობერიძე კურირებს.

  • გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოხსენება და პრეზიდენტის რეაგირება ამ მოხსენებაზე

2002 წლის 18-19 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 74-ე სესიამ მოისმინა საქართველოს მეორე პერიოდული მოხსენება იმ ვალდებულებათა შესრულების შესახებ, რომელთა შესრულებაც საქართველომ იტვირთა „ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ ხელმოწერის შემდეგ. კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან ორი მოხსენება იყო წარმოდგენილი - სახელმწიფო მოხსენება, რომელიც წარმოადგინა რუსუდან ბერიძემ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში და ალტერნატიული მოხსენება, რომელიც მოამზადა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“.

კომიტეტის რეკომენდაციები უაღრესად მძაფრი და კრიტიკული იყო, ხოლო შეშფოთება თითქმის ყველა სფეროში არსებული მდგომარეობის მიმართ გამოითქვა:

შეშფოთებათა ძირითადი საგნები და რეკომენდაციები

1. კომიტეტი კმაყოფილებას გამოთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის გამო, მაგრამ შეშფოთებულია იმით, რომ არსებული კანონმდებლობა ზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.

2. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს პოლიციის განყოფილებებსა და ციხეებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო, თვითმკვლელობისა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩათვლით. კომიტეტი შეშფოთებულია ციხეებში ტუბერკულოზით დაავადებულთა სიმრავლით.

ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაუდებელი ზომები, რათა დაიცვას ყველა დაკავებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება... უნდა უზრუნველყოს, რომ დაკავებულის სიკვდილიანობის ყველა შემთხვევა დროულად იქნეს გამოძიებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.

3. კომიტეტი კვლავ შეშფოთებული რჩება სამართალდამცავთა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის გამო, რასაც ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი ხასიათი აქვს.

  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს წამების ყველა ფორმისა და მსგავსი მოპყრობის კანონმდებლობით დასჯა, როგორც სერიოზული დანაშაულისა, პაქტის მე-7 მუხლს შესაბამისად.

  • ხელისუფლებამ უნდა შექმნას ნებისმიერი თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ მოპყრობის მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რათა სრულად იყოს დაცული პაქტის მე-7 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მათი უფლებები.

  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უსამართლოდ მოპყრობის ყველა ფაქტის სათანადო გამოძიება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, დამნაშავეთა სამართალში მიცემა და დაზარალებულთა სათანადო კომპენსირება.

  • თავისუფლების აღკვეთისთანავე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გარანტირებული ადვოკატისა და ექიმის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა.

  • დაკავებული პირისაგან ძალისმიერი მეთოდებით მოპოვებული ყველა მასალა უნდა იქნეს სათანადოდ გამოძიებული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი სამხილად გამოყენება, თუ ის არ წარმოადგენს წამების სამხილს.

  • 4. კომიტეტი აგრეთვე შეშფოთებულია იმ ვადით (72 საათი), რა ვადითაც პირი შეიძლება პოლიციის განყოფილებაში იყოს დაკავებული ბრალის წაყენებამდე. ის ასევე შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულს არა აქვს უფლება წინასწარი პატიმრობისას სასამართლოს მიმართოს დარღვეული უფლებებისა და ცუდად მოპყრობის საჩივრით.

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პატიმართა დროული ინფორმირება მათ წინააღმდეგ არსებულ ბრალდებათა შესახებ, როგორც ეს პაქტის მე-9 მუხლითაა განსაზღვრული. დაკავებულთ უნდა მიეცეთ უფლება, სასამართლოს წინაშე გაასაჩივრონ გამოძიების სტადიაზე მათ მიმართ არასწორი მოპყრობის ნებისმიერი ფაქტი, როგორც ამას პაქტის მე-7 და მე-14 მუხლები მოითხოვს.

5. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს იმ სირთულეების გამო, რომლებსაც ეჭვმიტანილები და ბრალდებულები აწყდებიან ადვოკატის ყოლის უფლებასთან დაკავშირებით...

6. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობა თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას და უზრუნველყოს მათი სამსახურეობრივი ვადის ხანგრძლივობა პაქტის მე-14 მუხლის შესაბამისად. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს მოსამართლის კორუმპირებულობის დოკუმენტირებული საჩივარის გამოძიება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, რომელიც შეძლებს სათანადო დისციპლინარული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

7. თუმცა კომიტეტი აღიარებს, რომ გარკვეულ პროგრესს აქვს ადგილი პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა თანასწორუფლებიანობის საკითხებში, ის მაინც შეშფოთებული რჩება, ვინაიდან ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტსა და საზოგადოებრივ თუ კერძო სამსახურებში მაღალ თანამდებობებზე მწირია.

8. კომიტეტი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობა პრობლემად რჩება საქართველოში.

9. კომიტეტი შეშფოთებული რჩება საქართველოში ქალთა ტრეფიკინგის პრაქტიკის არსებობის გამო.

10. თუმცა, კომიტეტი მიესალმება სახალხო დამცველის დანიშვნას, ის შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მისი ფუნქციები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და მისი რეკომენდაციების რეალურად განხორციელების ძალაუფლება შეზღუდულია.

11. კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რელიგიის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ფაქტების ზრდისა და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების, განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეების, წინააღმდეგ ძალადობის გახშირებასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებამ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა უზრუნველყოს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, როგორც ამას პაქტის მე-18 მუხლი მოითხოვს. მან აგრეთვე უნდა:

  • გამოიძიოს და სამართალში მისცეს რელიგიურ უმცირესობებზე ძალადობის დოკუმენტირებული ფაქტები;

  • დასაჯოს ამ დანაშაულებათა ჩამდენნი;

  • აწარმოოს საზოგადოებრივი განათლების კამპანია რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრების მიზნით და განათლების მეშვეობით აღკვეთოს რელიგიისა და რწმენის ნიადაგზე არსებული შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია.

18. კომიტეტი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საქართველოში შეადგენს 36 თვეს, ჩვეულებრივი თვრამეტთვიანი სამხედრო სამსახურისგან განსხვავებით;

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პირი, რომელიც შეგნებულად ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, შეძლებს ალტერნატიული სამოქალაქო საქმიანობის გაწევას, რომლის ხანგრძლივობასაც არ ექნება დისკრიმინაციული ხასიათი და არ აღემატება ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურის ვადას, როგორც ამას პაქტის მე-18 და 26-ე მუხლები მოითხოვს.

19. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ წინააღმდეგობების გამო, რასაც აწყდებიან ეთნიკური უმცირესობები თავიანთი კულტურული, რელიგიური ან პოლიტიკური თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობების ეფექტური დაცვა დისკრიმინაციისგან და უნდა უზრუნველყოს ასეთი უმცირესობების მიერ საკუთარი კულტურისა და ენის თავისუფალი გამოყენება, პაქტის 27- მუხლის შესაბამისად.

20. კომიტეტი შეშფოთებულია არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, განსაკუთრებით, თუ ეს უკანასკნელნი ადამიანის უფლებებს იცავენ.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი დემოკრატიული ფუნქციები უსაფრთხოდ განახორციელონ.

21. კომიტეტი მოითხოვს ხელისუფლებისაგან ამ დასკვნითი შენიშვნების სათანადო ენებზე გამოქვეყნებას და შემდგომი პერიოდული მოხსენების საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებას, საქართველოში აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით.

22. კომიტეტის სამუშაო პროცესის 70- მუხლის მე-5 პარაგრაფის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია თორმეტ თვეში წარადგინოს კომიტეტის წინაშე ინფორმაცია კონკრეტული ზომების შესახებ, რომლებიც განახორციელა წინამდებარე დოკუმენტის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებში აღძრულ შეშფოთებათა საფუძველის აღმოსაფხვრელად.

23. კომიტეტი მოითხოვს ხელისუფლებისაგან მესამე პერიოდული მოხსენების წარდგენას 2006 წლის 1 აპრილისთვის.

გაეროს რეკომენდაციების პასუხად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ 1 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან უკვე გასცა განკარგულება, რათა მომზადდეს მთავრობის სხდომა, სადაც იმსჯელებენ „ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი გარანტიების შექმნაზე და მკაცრი შეფასებები მიეცემა მომხდარ ფაქტებს.“

სხდომა დაინიშნა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სხდომაზე დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის უფლება მოითხოვეს, პრეზიდენტმა რამდენჯერმე გადადო სხდომა და, საბოლოოდ, აღარ ჩაატარა.

სამაგიეროდ, კომიტეტის რეკომენდაციებზე რეაგირება პრეზიდენტმა შევარდნაძემ მორიგი, 2002 წლის 17 მაისის №240 ბრძანებულებით მოახდინა. ბრძანებულების სათაურია „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“. ბრძანებულების პრეამბულაში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ლაპარაკობს იმ ღონისძიებებზე, რასაც ხელისუფლება, თითქოს, ამ უფლებების დასაცავად ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ სპეციალური მოხსენებაც გააკეთა - „ადამიანის უფლებათა დაცვა - ქართული სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი“. მოხსენებაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ვერ დამალა თავისი აღშფოთება ალტერნატიული მოხსენებისა და მისი ავტორების მიმართ, რასაც გაეროს რეკომენდაციები მოჰყვა და ალტერნატიულ მოხსენებას „ჩრდილოვანი“ მოხსენება უწოდა.

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მსგავსი ბრძანებულებები გამოსცა 2000 და 2001 წლებშიც, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. გასული წლის ანალოგიური ბრძანებულება 2002 წლის 18 იანვარს გაუქმდა „ღონისძიებების შესრულების გამო“, თუმცა, მისი გაუქმებიდან 3 თვის შემდეგ პრეზიდენტი იძულებული გახდა, ზემოთ ხსენებული ბრძანებულება გამოექვეყნებინა, სადაც შემსრულებლებიც ზუსტად იგივე უწყებები არიან, რომლებსაც წინა ბრძანებულება უნდა აღესრულებინათ.

პრეზიდენტის 17 მაისის ბრძანებულების პრეამბულაში ლაპარაკია იმ მიღწევებზე, რასაც, თითქოს, საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში: საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ შეიქმნა ახალი კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური გარანტიების განხორციელებაში, სერიოზულად ამუშავდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. საქართველო მიუერთდა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციას, გახდა ევროპის საბჭოს წევრი და მიუერთდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ქვეყანაში განხორციელდა სასამართლო რეფორმა, აქტიურად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ მონაწილეობას იღებს მასმედია, სრულად მოწესრიგდა ადამიანის უფლებათა ძირითად დოკუმენტებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შესაბამისი მოხსენებების წარდგენა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება.

ამის პარალელურად, ხელისუფლების პოლიტიკა განსახილველ პერიოდში მიმართული იყო სწორედ იმ ინსტიტუტებისა და ღირებულებათა წინააღმდეგ, რომელთა არსებობაც ბრძანებულების პრეამბულაში ხელისუფლების წარმატებად არის მიჩნეული.

პრეამბულაში ლაპარაკია იმ „სირთულეებზეც“, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებობს. ეს სირთულეები, ფაქტობრივად, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციებიდან არის გადმოღებული: „...ადამიანის უფლებათა ქმედით დაცვაში კვლავ არსებობს სერიოზული სირთულეები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტების ზრდა, მრავლადაა საჩივრები წინასწარი დაკავების სტადიაზე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა დარღვევის გამო. კვლავ არის ფიზიკური შეურაცხყოფისა და წამების ფაქტები. ფინანსური სიძნელეების გამო ჯერ კიდევ მძიმე რჩება მდგომარეობა სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში.

თავად ბრძანებულებაში ჩამოთვლილია ის ამოცანები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად:

1. ეთხოვოს საქართველოს პროკურატურას (.გაბრიჩიძე), დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა (.გილიგაშვილი) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (.ნარჩემაშვილი) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

) მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, გამოიძიონ და სასამართლოს გადასცენ რელიგიურ უმციირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ყოველი ფაქტი ამ მოქმედებებში დამნაშავე პირების დასჯის მიზნით; ჩაატარონ პირადი შემადგენლობის ტრენინგები ადამიანის უფლებათა სფეროში, განსაკუთრებით რელიგიური შეუწყნარებლობის დაუშვებლობის შესახებ;

) უზრუნველყონ, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირის სხეულის დაზიანების ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდეს შესაბამისი მოკვლევა;

) დაუწესონ განსაკუთრებული კონტროლი წინასწარი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა-აღმოფხვრას და უზრუნველყონ ამგვარ მოქმედებებში მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემა;

) მოამზადონ წინადადებები დაკავების ნებისმიერ სტადიაზე დამცველისა და ექიმის მომსახურებით სარგებლობის უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად;

) აამაღლონ პროკურატურის, პოლიციისა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონე წამების თავიდან აცილების და პირთა წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან დაცვის მიზნით, ჩატარდეს ტრენინგები ექსპერტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის წამების ფაქტების შემოწმების და ამ ფაქტების შემდგომი დოკუმენტირების შესახებ პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად;

) უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ იქნეს ინფორმირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების, მათ შორის, იმ უფლებების შესახებ, რომ საჩივრით მიმართოს მის მიმართ სასტიკი მოპყრობის თაობაზე, გაეცნოს წაყენებულ ბრალდებას, მიმართოს მის მიერ არჩეულ დამცველსა და ექიმს, შეხვდეს ოჯახის წევრებს;

) განახორციელონ ეფექტიანი ზომები ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალებით ვაჭრობის ფაქტების, აღნიშნული მოქმედებების ჩამდენ პირთა სრულად გამოვლენისა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად; ამ კატეგორიის მოქმედებათა თავიდან აცილებისა და მეტი ინფორმირებულობის მიზნით პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩაატარონ ტრენინგები საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის გათვალისწინებით;

) ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინონ ანგარიშები განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ექვს თვეში:

) წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წამების ცნების წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგსაერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და მოამზადოს კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სათანადო ცვლილებათა შეტანის თაობაზე;

) მოამზადოს კანონპროექტი, ეთნიკური ან რასობრივი მტრობის, ან შუღლის გაღვივების, მოქალაქეთა ეთნიკური, ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი, ან არაპირდაპირი შეზღუდვის დანაშაულად აღიარებისა და ამ დანაშაულისთვის შესაბამისი სანქციების გათვალისწინების თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ;

) მოამზადოს კანონპროექტი თრეფიკინგის დანაშაულად გამოცხადებისა და შესაბამისი სანქციების გათვალისწინების თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (.მენაღარიშვილი) გაითვალისწინოს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ.

4. საქართველოს განათლების სამინისტრომ (.კარტოზია) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (.გამყრელიძე) მთავრობის სხდომაზე ორ თვეში წარმოადგინონ ინფორმაცია მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვების სოციალური მდგომარეობის მოწესრიგებისათვის განხორციელებულ ღონისძიებათა და ამ მიმართულებით შემდგომი მუშაობის გეგმების შესახებ.

5. საქართველოს განათლების სამინისტრომ ორ თვეში წარმოადგინოს მოხსენება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საშუალო სპეციალურ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ადამიანის უფლებათა სწავლების მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების შემდგომ ღონისძიებათა შესახებ.

6. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ ხელისუფლების არჩევით ორგანოებში ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ.

7. საქართველოს იუსტიციის საბჭომ (.აბაშიძე) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, რომ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ძალადობრივი აქტების, წამებისა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულ პირთა საქმეები მიზანშეუწონელი გაჭიანურების გარეშე იქნეს განხილული სასამართლოებში და შეფასდეს შესაბამისი სტატისტიკა.

8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რუსუდან ბერიძეს.

2002 წლის ბოლოსთვის პრეზიდენტის ბრძანებულებაში ჩამოთვლილი ამოცანების უმრავლესობა ან არ იყო შესრულებული, ან მხოლოდ ფორმალურად. მაგალითად: გრძელდებოდა ექსტრემისტული ჯგუფების მიერ რელიგიური უმცირესობების რბევა, ხოლო პოლიციასა და პროკურატურაში ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება არ მომხდარა; მდგომარეობა არ შეცვლილა წინასწარი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ხოლო ექიმითა და ადვოკატით სარგებლობის უფლება ისევ შეზღუდული იყო; დაკავებული პირებისთვის მათი უფლებების განმარტება სამართალდამცავ ორგანოებში მხოლოდ ღიმილს იწვევს და ამის პრაქტიკაში განხორციელება არ ხდება; საქართველოს სასამართლოებში, უშუალოდ სასამართლო პროცესებზე, გრძელდებოდა რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვა, მათ მიმართ მუქარა, მათი დამცირება, დაშინება და მათ მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა, რაც რეაგირების გარეშე რჩებოდა სამართალდამცავებისა და სასამართლოების მხრიდან და ა.შ.

გაეროს რეკომენდაციების პასუხად გაკეთებულ მოხსენებაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ისაუბრა იმ თანამშრომლობაზე, რაც არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის: ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში სულ უფრო მზარდ როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები - ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ქვაკუთხედი. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობა, რომლის ბევრი მაგალითი უკვე არსებობს, დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში უფლებადაცვითი გარანტიების განმტკიცებას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ამუშავებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.

მიუხედავად ამისა, უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პრეზიდენტის ნამდვილი დამოკიდებულება ამავე მოხსენებაში, რამდენიმე სტრიქონის შემდეგ გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა სამი ორგანიზაციის - „ყოფილი პოლიტპატიმრები - „ადამიანის უფლებებისთვის“, თავისუფლების ინსტიტუტის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის - მიერ გაკეთებულ ალტერნატიულ მოხსენებას „ჩრდილოვანი“ მოხსენება უწოდა.

  • პრეზიდენტის პრესსამსახურის რეაგირება ევროკავშირის კრიტიკაზე

საქართველოს ხელისუფლებამ საანგარიშო პერიოდში არ შეასრულა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აღებული ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2002 წლის 17 მაისის №240 ბრძანებულებაშია ჩამოთვლილი. მეტიც, თუკი ადრე ხელისუფლება ფორმალურად მაინც ახდენდა რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკაზე, საანგარიშო პერიოდში შეიმჩნევა ამ ტენდენციის უგულვებელყოფის ტენდენცია.

2002 წლის ივლისის ბოლოს ევროკავშირის წევრმა, ევროკავშირთან ასოცირებულმა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც გმობდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის ფაქტს. განცხადებაში ნათქვამია: ეს თავდასხმა, ისევე, როგორც საქართველოს სხვა არასამთავრობო თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტები, ძირს უთხრის სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებას საქართველოში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, როგორც ევროპის საბჭოსა და ეუთოს წევრმა ქვეყანამ, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს კანონიერი უფლება, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ მშვიდობიან საქმიანობაში კრიმინალური თუ ძალადობრივი აქტების შიშის გარეშე. მარცხი, რომელიც ხელისუფლებამ განიცადა, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე.

განცხადების პასუხად საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ ბონდო მძინარაშვილმა გააკეთა კომენტარი, რომელიც 25 ივლისს გამოქვეყნდა სამთავრობო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. კომენტარში კარგად ჩანს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში მაქსიმალურად არის დაცული ადამიანის უფლებები, მათ შორის რელიგიური უმცირესობების და არარამთავრობო ორგანიზაციების უფლებებიც: არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებს რომ თავისუფლება აქვთ საქართველოში, მსგავსი არ შეიძლება არსებობდეს არსად, არც ერთ ქვეყანაში. არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების ზრუნვის საგანია და თუკი ცალკეული დაჯგუფებანი ერთმანეთთან ანგარიშსწორებისას ძალადობის ფორმებს მიმართავენ, ეს უკვე კრიმინალის სფეროა და არა პოლიტიკისა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ იეღოველთა სექტის მიერ მართლმადიდებლური ხატებისა და სიწმინდეების ხელყოფა, თავიანთი რელიგიის ძალადობრივი ფორმებით გავრცელება და ადამიანებისათვის თავს მოხვევა შობს ადეკვატურ რეაქციას. კარგი იქნებოდა, ამაზეც თუ გაამახვილებდნენ ყურადღებას ჩვენთვის კეთილისმსურველები კრიმინალურ და ძალადობის აქტებს თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ნებისმიერ მშვიდობიან საქმიანობაშიც არაერთხელ შეუტანია დისონანსი და არა მგონია, თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებათა მარცხად გამოეცხადებინოთ ასეთი ფაქტი თუ ფაქტებისაქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე ეს ერთი ფაქტი დიდ გავლენას ვერ მოახდენს, თვით თავისუფლების ინსტიტუტის ავტორიტეტისა და სახელის გათვალისწინებითაც კი.

  • კანონპროექტი ქველმოქმედების შესახებ

უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება ჩანს იმ რეალურ პოლიტიკაში, რომლის გატარებასაც იგი ცდილობს. პრეზიდენტის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ისინი. პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხშირად გამოთქვამენ ბრალდებებს, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას „აბეზღებენ“ საერთაშორისო ასპარეზზე, თითქოს ისინი ტერორისტული ორგანიზაციებიდან ფინანსდებიან და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ, რომელიც გრანტების მიღებასა და ხარჯვაზე კონტროლის დაწესებას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, რაც ეს კანონპროექტი პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაიწუნა, კონტროლის პალატამ, პრეზიდენტის პოლიტიკური დაკვეთის პასუხად, ფინანსთა სამინისტროს ბრალი დასდო, რომ ის არ აკონტროლებს, თუ რა გრანტები შემოდის საქართველოში და როგორ იხარჯება ისინი. კონტროლის პალატის განცხადების ბრალდების საყრდენი პუნქტი იყო ბრალდება, თითქოს, საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „გაურკვეველი“ მიზნით მოიხმარეს თუ გაფლანგეს 485 მილიონი დოლარი, მაგრამ კონტროლის პალატამ სიჩქარეში იმის დაზუსტება ვეღარ შეძლო, ამ თანხის თითქმის 99 პროცენტი შევარდნაძის ფონდს რომ უნდა მიეღო საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციისგან და ამ ოპერაციას ფულის გარეცხვის სუნი უფრო უდიოდა, ვიდრე რეალური დახმარების.

მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატის მითიური ბრალდება გაქარწყლდა, პრეზიდენტმა სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა შემოვლითი გზით - „ქველმოქმედების შესახებ“ კანონპროექტით - სცადა. ეს კანონპროექტი სახელმწიფო კანცელარიამ შეიმუშავა და ივნისის თვეში დაჩქარებული წესით შეიტანა პარლამენტში განსახილველად. კანონპროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო სექტორზე ორმაგი - ფინანსური და პოლიტიკური - კონტროლის დაწესებას, რომელთაგან პირველს ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს, მეორეს - იუსტიციის სამინისტრო.

თანაც, ეს კანონპროექტი არა მხოლოდ საქველმოქმედო ან არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ კერძო ბიზნესისა და ქვეყანაში საშუალო ფენის გაჩენის წინააღმდეგაც არის მიმართული. პროექტის თანახმად, გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, არადა, საქართველოში უამრავი გრანტია გაცემული წვრილი და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა თუ სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით.

  • ფინანსთა მინისტრის ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლის შესახებ

2002 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა გამოცა ბრძანება N301, რომლის თანახმადაც საქართველოში დახმარების სახით შემოსული ფასეულობების (საქონლისა და ფულადი სახსრების) კანონიერებისა და გამოყენების მიზნობრიობის დადგენის მიზნით სამინისტროს თანამშრომლებისგან უნდა დაკომპლექტებულიყო მონიტორინგის ჯგუფი. ჯგუფს მონიტორინგი უნდა ჩაეტარებინა იმ ორგანიზაციებსთვის, რომელთა მიერ მიღებულ საქონელსა თუ ფულად სახსრებს სამინისტრომ მიანიჭა გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი. მასვე უნდა დაედგინა დახმარების სახით მიღებული სახსრების ათვისებისა და გამოყენების კანონიერება, აგრეთვე ხელშეკრულების ვადების დაცვა და სხვა.

ბრძანებულებას არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, თავისუფლების ინსტიტუტისა და ბიზნეს-სამართლის ცენტრის ძალისხმევის შემდეგ გააპროტესტეს მინისტრის ბრძანება, რის შემდეგაც სამინისტრომ უკან დაიხია და გამოცა ბრძანება N325, რომელიც 301-ე ბრძანებაში ცვლილებებს ითვალისწინებდა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბრძანება N325

2002 წლის 11 ოქტომბერი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის
301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის 343 ბრძანებულებით
დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულების

მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ) ქვეპუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №301 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში გრანტითა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით შემოტანილი საქონლის მონიტორინგის მიზნით ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამების და საბიუჯეტო დეპარტამენტებისა და საფინანსო სამსახურის თანამშრომლებისაგან შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: მალხაზ ლოლაშვილი, ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით გველიკაშვილი; ხვიჩილა ზურაბიანი.

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაევალოს მონიტორინგის ჯგუფს საქართველოში გრანტითა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით შემოტანილ საქონელთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში არსებული ინფორმაცია შეადაროს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში დაცულ ინფორმაციებთან.

ამასთან, 13 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული ნორმატიული აქტების პაკეტი გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ, მაგრამ ამ პაკეტს არ მიეცა შემდგომი მსვლელობა, რადგან, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა თქმით, ცვლილებები მათთან არ იყო შეთანხმებული.

  • მონიტორინგი წინასწარი დაკავების საკნებში

1. 2001 წლის 15 მაისს კობა ნარჩემაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციას - „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ - 8 თვის ვადით მიეცა წინასწარი დაკავების საკნებში მონიტორინგის ჩატარების უფლება. ეს იყო ერთადერთი ნაბიჯი, რაც ხელისუფლებამ გადადგა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის პასუხად უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. გადაწყვეტილების მიღებას ლობირება უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რუსუდან ბერიძემ გაუწია. პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსუდან ბერიძესთან ერთად მოინახულეს პოლიციის განყოფილებები, სადაც ჩაატარეს ტრეინინგები და დაათვალიერეს წინასწარი დაკავების საკნები.

ამ ღონისძიების ეფექტურ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მონიტორინგის მოლოდინში მოხდა საკნების დასუფთავება, თუმცა, ღონისძიების ერთჯერადობა გამოჩნდა მაშინ, როცა „ყოფილი პოლიტპატიმრების“ წევრებმა, ნანა კაკაბაძემ და გელა ნიკოლეიშვილმა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში სცადეს შესვლა წინასწარი შეთანხმების გარეშე, რადგან, მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროს იქ დაკავებულს აწამებდნენ. პოლიციამ უფლებადამცველებს პოლიციის შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.

2. თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით აგვისტოს თვეში მოეწყო უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან, შს მინისტრთან კობა ნარჩემაშვილთან და გენერალურ პროკურორთან ნუგზარ გაბრიჩიძესთან. მოხდა შეთანხმება, რომ შეიქნება პოლიციასა და პროკურატურაზე ზედამხედველობის საზოგადოებრივი საბჭოები. ეს ინიციატივა უფრო აქტიურად აიტაცა გენერალურმა პროკურორმა, ხოლო შს მინისტრმა თავი შეიკავა.

3. ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დადებითი პრეცედენტი გაჩნდა ქუთაისში, სადაც თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლების ინიციატივით ქუთაისის შს სამმართველოსთან შეიქმნა „პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო“. 16 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის კოორდინატორი გოჩა ჩხეტია შეხვდა შს ქუთაისის სამმართველოს უფროსს თემურ ნოზაძეს და შესთავაზა წინასწარი დაკავების საკნებში საზოგადოებრივი მონიტორინგის განხოცრიელება. ამასთან, წარუდგინა „წინასწარი დაკავების საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს“ დებულება. თემურ ნოზაძემ მოიწონა როგორც იდეა, ისე საბჭოს დებულებაც, რის შემდეგაც, 28 აგვისტოს გაიმართა საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა საბჭოს სამუშაო დებულება. საბჭოს დებულების თანახმად, საბჭოს 9 წევრიდან ორს ნიშნავს ქუთაისის შს სამმართველოს უფროსი, 7 წევრს კი არასამთავრობო ორგანიზაციები ნიშნავენ. საბჭოს საქმიანობის ფორმატი განსაზღვრულია საბჭოს ზოგადი დებულებით:

  • პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო ქუთაისში

1. ზოგადი დებულება

1.1. პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო (შემდგომში „პ.ს.მ.ს.“) არის მუდმივმომქმედი, საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ორგანო.

.... მიზანია:

- პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის და ურთიერთნდობის დონის ამაღლება;

- პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლება;

- პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევების ფაქტების შემცირება;

- პოლიციის ეფექტური საქმიანობისათვის გარემოს შექმნა.

.... ამოცანებია:

- პოლიციის საქმიანობის მონიტორინგი;

- სამოქალაქო განათლება;

- საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება.

პოლიციის საქმიანობის მონიტორინგი შეიძლება მიმართულ იქნეს შემდეგი პრობლემების გამოსავლენად და გამოსაწორებლად:

- წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა;

- უკანონო დაკავება, არასანქცირებული ჩხრეკა;

- ცეცხლსაროლი იარიღის გამოყენება, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობოს;

- ფიზიკური ძალის გამოყენება, როცა აუცილებლობა არ არსებობს;

- კონსტიტუციით გარანტირებული 72-საათიანი ვადის დარღვევა;

- „ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ“: გადამეტებული ჩხრეკა, ნარკოტიკის ჩადება;

- პოლიციელის მიერ კანონის დარღვევის იგნორირება;

- მშვიდობიანი თავყრილობების ძალის გამოყენებით დარბევა;

- დაკავებაზე და ჩხრეკაზე დამსწრე „პროფესიონალი მოწმეების“ გამოვლენა;

- უსახლკაროების, ახალგაზრდების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა; - პოლიტიკოსების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათ წინააღმდეგ გამოყენება.

სამოქალაქო განათლება გულისხმობს მოსახლეობისათვის გაცნობას, შეხვედრების ორგანიზებას, სამახსოვროების და ბროშურების დარიგებას.

საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება გულისხმობს პოლიციის მუშაკებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების და დამატებების პროექტების შემუშავებას პოლიციის მუშაობის ეფექტურობის ამღლების მიზნით.

1.2. „პ.ს.მ.ს.“ -ს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია:

ა) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

ბ) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

გ) კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ;

დ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენცია;

ე) პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები;

ვ) საქართველოს კონსტიტუცია;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ;

ი) საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ;

კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ზოგადი ადმინისტრაციული

საპროცესო კოდექსები.

2. ....- შემადგენლობა

2.1. პ.ს.მ.ს.-ს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის და პოლიციის წარმომადგენლები.

2.2. პ.ს.მ.ს.-ს წევრთა შემადგენლობა განსაზღვრულია 9 კაცით.

2.3. პ.ს.მ.ს.-ს წევრთა შემადგენლობას ამტკიცებს შ.ს. ქუთაისის სამმართველოს უფროსი.

3. ....- მუშაობის წესი

3.1. ....- ხელმძღვანელობს თავ-რე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.

3.2. პ.ს.მ.ს.-ს სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.

3.3. პ.ს.მ.ს.-ს სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

3.4 . პ.ს.მ.ს.-ს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება განსკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს თავმჯდომარის, წევრთა მესამედის ან შს სამმართველოს უფროსის თხოვნით.

3.5 . პ.ს.მ.ს.-სათვის სამუშაო პირობების შექმნას უზრუნველყოფს შ.ს. ქუთაისის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული პოლიციის ქვეგანყოფილებების ადმინისტრაცია.

3.6. პ.ს.მ.ს.-ს წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ:

- ჩაატარონ წინასწარი დაკავების ადგილების მონიტორინგი ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში წინასწარი გაფრთხილებისა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე;

- მოითხოვონ და მიიღონ ყველა საჯარო ინფორმაცია პოლიციის ორგანოებიდან;

- მოახდინონ რეაგირება პოლიციის წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრებზე;

- მოქალაქეთა საჩივრებთან დაკავშირებით აწარმოონ ფაქტების მოკვლევა;

- დაესწრონ დაკავებულების სამედიცინო ექსპერტიზას;

- წარუდგინონ პოლიციის ხელმძღვანელობას რეკომენდაციები;

- თავის მუშაობაში მოითხოვონ პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების ჩართვა.

3.7. ....- წევრები აღნიშნულ საქმიანობებს აწარმოებენ ანაზღაურების გარეშე.

ქუთაისის პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრები პერიოდულად ამოწმებდნენ ქუთაისის შს განყოფილებებს, ხვდებოდნენ პოლიციის ხელმძღვანელებს და ერთობლივად მსჯელობდნენ ცალკეულ პრობლემებზე. მაგალითად, 2002 წლის 24 ოქტომბერს მათ მოინახულეს ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილება და თათბირის ოთახში შეხვდნენ განყოფილების მთელ შემადგენლობას. საბჭოს წევრებმა პოლიციელებს გააცნეს საბჭოს შექმნის ისტორია, მიზნები და შემადგენლობა, რის შემდეგაც გაიმართა საუბარი პოლიციელებთან. მწვავე დისკუსია გამოიწვია „პროფესიონალი მოწმების“ გამოვლენის საკითხმა. პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი უნდობლობის გამო რთულია დაკავების ან ჩხრეკის დროს მოწმეების აყვანა, განსაკუთრებით ღამის საათებში. მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ საჭიროა კანონმდებლობაში ამ საკითხის დარეგულირება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადრე არსებული სახალხო რაზმელების ინსტიტუტის აღდგენა დიდად შეამსუბუქებდა მოწმეების პრობლემას. პოლიციელებმა ისაუბრეს პოლიციასა და საზოგადოებას შორის ჩატეხილი ხიდის, დაძაბული და მომქანცველი სამუშაო გრაფიკის, ცუდი ტექნიკური უზრუნველყოფის და საწვავის დეფიციტის შესახებ. მათ ასევე წამოჭრეს საკითხი, რომ სამედიცინო გამოსაფხიზლებლისა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობის არარსებობა ქმნის პრობლემებს და აღიარეს, რომ ქუჩაში ნაპოვნი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნებები სხვა განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე გადაჰყავთ, რადგან კანონით დაურეგულირებელ სიტუაციას გაურბიან.

  • პრესის კანონის მიღების პერსპექტივა

სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრის დროს სახელმწიფო მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ თვითონაც და პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციებიც მხარს დაუჭერდნენ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „პრესისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. ამავე საკითხთან დაკავშირებით, 16 სექტემბერს, თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივითა და IRIS-საქართველოს ეგიდით სასტუმრო „მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია - სიტყვის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში, რომელიც „სიტყვისა და პრესის თავისუფლების“ კანონპროექტის განხილვას მიეძღვნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თედო ისაკაძე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ფრაქციების თითქმის მთელი სპექტრი: დავით გამყრელიძე და დავით კოღუაშვილი (ახალი მემარჯვენეები), გიორგი ბარამიძე, ელენე თევდორაძე და ვასილ მაღლაფერიძე (გაერთიანებული დემოკრატები), ზურაბ ტყემალაძე და ვახტანგ ხმალაძე (მრეწველები), ზურაბ ადეიშვილი, კოტე კემულარია და ნოდარ გრიგალაშვილი (მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის), გიორგი თარგამაძე (ერთიანი საქართველო), ვაჟა ლორთქიფანიძე (ქრისტიანდემოკრატები), გოჩა პაიჭაძე (აღორძინება) და სხვები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ იმ პრინციპებს, რომლებიც თავისუფლების ინსტიტუტის კანონპროექტშია ჩამოყალიბებული და თავიანთი პოლიტიკური ნება ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერითაც დააფიქსირეს.

დეკლარაცია

პრესის თავისუფლება, დამოუკიდებელი მედიის არსებობა ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. თავისუფალი მედიის განვითარების ნიშნული, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებთან შედარებით, აშკარად უფრო მაღალია. მიუხედავად ამისა, მედიის, ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობათა დარეგულირება ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება. კერძოდ, არსებობს აშკარა წინააღმდეგობა, ერთის მხრივ, მედიის შედარებით თავისუფლებასა და ასევე შედარებით ლიბერალურ კანონმდებლობასა და, მეორეს მხრივ, ყოველდღიურ პრაქტიკას შორის, რასაც კონკრეტული სასამართლო პრეცენდენტების გარდა ხელისუფლების წარმომადგენელთა არაერთი გამონათქვამი და ინიციატივაც ცხადყოფს. აქედან გამომდინარე, სიტყვისა და პრესის თავისუფლება საქართველოში უფრო მტკიცე სამართლებრივ გარანტიებს საჭიროებს.

ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აგრეთვე მასმედიაში მყარი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების არარსებობა, რის გარეშეც არა მარტო წარმოუდგენელია მაღალპროფესიონალური ჟურნალისტიკა, არამედ პროფესიული ეთიკის დეფიციტი დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაციის საფრთხესაც შეიცავს.

ამავე დროს, ჩვენ ცხადლივ ვაცნობიერებთ, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლების სრულფასოვანი დამკვიდრების გარეშე პრინციპულად შეუძლებელია მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ამოქმედება და მდგრადი პროფესიულ-ეთიკური ნორმების ფორმირება.

ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უკვე გააკეთა. არჩევანი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების სასარგებლოდ. ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრული ვიქნებით ყოველი ჩვენგანი ამ პრინციპების დაცვისას. ეს არის ჩვენი ნებაყოფლობითი არჩევანი, რომელიც განმტკიცებულია იმ ვალდებულებებით, რაც საქართველომ იკისრა ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ვადასტურებთ რა ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებისადმი; ვაცხადებთ, რომ უნდა გაფორმდეს ერთგვარი სოციალური კონტრაქტი მედიას, საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის, რაც კონკრეტულად გამოიხატება შემდეგი აქტივობებით:

  • პოლიტიკოსები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ სიტყვის თავისუფლების მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნისკენ, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება.

  • სამოქალაქო სექტორი, მედიისა და უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ თვითრეგულირების მექანიზმების ფორმირებისა და ჟურნალისტური ეთიკის მყარი პრინციპების შემუშავებისკენ, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კოდექსი.

  • ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის რწმუნებულის მოხნას ითხოვენ

2002 წლის 14 ნოემბერს ქუთაისში მოქმედმა უფლებადაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმერეთის არამთავრობო ორგანიზაციათა სახლში მოაწყვეს პრეს-კონფერენცია და უნდობლობა გამოუცხადეს სახალხო დამცველის წარმომადგენელს იმერეთის მხარეში ქეთევან კანდელაკს. პრესკონფერენცია მოეწყო თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლობის ინიციატივით. პრეს-კონფერენციაზე წამოყენებულ იქნა კონკრეტული ბრალდებები სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიმართ, კერძოდ, - მის მიერ პატიმრების თხოვნების იგნორირების, ფულის გამოძალვის, მოქალაქეთა მიმართვების იგნორირების და ზოგიერთ საქმეში ტენდენციურობის შესახებ. ადამიანის უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახალხო დამცველის წარმომადგენლის არასაკმარისი და არაკომპეტენტური მუშაობის შესახებ. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა კოორდინატორმა ნინო ღაჭავამ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება თბილისში ჩამოიტანა სახალხო დამცველის ოფისში ჩასაბარებლად. სახალხო დამცველის ოფისის კანცელარია აღნიშნული განცხადების მიღებას მხოლოდ ნინო ღაჭავას კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დათანხმდა.

  • სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლთან“ ერთად შეიტანა. ამ სარჩელით სახალხო დამცველი ითხოვდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას კანონიერ საფუძველს უქმნის. კერძოდ, 1999 წლის 13 და 28 აპრილს, ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან ორი კვირის შემდეგ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა 289 ცვლილება, რომლითაც ერთი ხელის მოსმით გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის დემოკრატიული იმიჯი. რამდენიმე თვეში საპროცესო კოდექსში კიდევ რამდენიმე ათეული ცვლილება შევიდა, რითაც ანტიდემოკრატიულმა შესწორებებმა ამ კოდექსის თითქმის ნახევარი მოიცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის თქმით, იგი მას შემდეგ გახდა იძულებული, სარჩელით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როცა პარლამენტისადმი არაერთი მიმართვა უშედეგოდ დარჩა. კიდევ უფრო ადრე ამ შესწორებების გაუქმება და კანონმდებლობის ჰუმანიზაცია უფლებადაცვითმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ჰუმან რაითს ვოთჩმაც“ მოითხოვა, მაგრამ მათი მოთხოვნაც უყურადღებოდ დარჩა. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეეხო კანონმდებლობის იმ მუხლებს, რომელთა თანახმადაც პოლიციის მიერ პირველი 12 საათის განმავლობაში დაკავებულ ადამიანს არა აქვს სტატუსი და ადვოკატის ყოლის უფლება; ასევე, ადვოკატის შეზღუდვა, როცა მას დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შეუძლია თავის კლიენტთან განმარტოებით შეხვედრა.

საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი ჯარისკაცთა უფლებებსაც შეეხება, ოღონდ სარჩელის შინაარსი ამ შემთხვევაშიც ვერ გასცდა უკანონო დაკავების პრობლემას. ნანა დევდარიანი: „როცა ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფი გადიოდა ინსპექტირებაზე, გარდა პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებისა, ჩვენ ვამოწმებდით კომენდატურასაც და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ დაპატიმრებული არიან ჯარისკაცები: ზოგი 3 დღე-ღამით, ზოგი - 7 დღეღამით, ზოგი - 10 დღე-ღამით. ვიკითხეთ - რის საფუძველზე? იმიტომ, რომ კონსტიტუცია პირდაპირ გვეუბნება, რომ ამის უფლება მხოლოდ მოსამართლეს აქვს. გაირკვა, რომ ოფიცერს აქვს უფლება. მოვძებნეთ, რა ნორმატიული აქტით რეგულირდება ეს და გავარკვიეთ, რომ - 1994 წლის სახელმწიფო მეთაურის განკარგულებით. დამტკიცებულია წესდება და ამ წესდებაშია შეტანილი ნორმა, რომ ოფიცერს შეუძლია დააპატიმროს.“

სახალხო დამცველმა სცადა, ამ შემთხვევაშიც უფრო პირდაპირი გზით წასულიყო, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდა. ნანა დევდარიანი: „მე მივმართე პრეზიდენტს და მან დაავალა თავდაცვის მინისტრს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების მინისტრს, რომ მოეყვანათ ეს წესდება შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. არც ერთმა მათგანმა, 4 თვის განმავლობაში, ეს არ გააკეთა. რაკი არ გააკეთეს, მე ერთი გზა მქონდა დარჩენილი და შევიტანე საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს ანტიკონსტიტუციური მუხლები ამ სამხედრო წესდებიდან ამოვარდება და ეს არის უშუალო შედეგი სახალხო დამცველთან მოქმედი „სამხედრო პირთა უფლებების ცენტრის“ მუშაობის. მე არც კი დამიშვია ერთი წამითაც, რომ მსგავსი რამე შეიძლება ყოფილიყო: 1994 წელს რომ იქნა მიღებული წესდება, მაშინ კონსტიტუცია ჯერ არ იყო მიღებული, ხოლო 1995 წლიდან ეს ანტიკონსტიტუციური დოკუმენტი არის ძალაში.“

სარჩელის განხილვის ვადის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, როგორმე თავიდან აეცილებინა სასამართლო პროცესი, რადგან მისი პოზიცია თავიდანვე წამგებიანია: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა კანონმდებლობის დონეზეა აყვანილი, ხოლო სარჩელის არდაკმაყოფილება ხელისუფლების მორიგ კრიტიკას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ დეკემბრის დასაწყისში სახალხო დამცველს პარლამენტში სპეციალური შეხვედრა მოუწყვეს, სადაც სწორედ ეს საკითხები განიხილებოდა.

ნანა დევდარიანი: „სამუშაო შეხვედრა იყო გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის და სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით. მე მინდა გითხრათ, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ გოჩა პაიჭაძემ აბსოლუტურად ყველა მოსაზრება გაიზიარა. მათ შორის, იქ ერთი პუნქტი იყო დარჩენილი ჩემი რეკომენდაციებიდან, რომელიც არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და მან თქვა, რომ ეს შესწორება - უფრო ზუსტად, დამატება - შევა. კერძოდ, ეს ეხება წინასწარი დაკავების ადგილებში ექსპერტის შეშვებას და ამის პროცედურულ უზრუნველყოფას და საპროცესო კოდექსში ესეც დაემატება. მაგრამ რეაქცია იყო ძალიან მძიმე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მხრიდან. მათ განაცხადეს, რომ ჩვენ მათ, საერთოდ, უიარაღოდ ვტოვებთ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლაში და მაშინ, საერთოდ, დაიქცევა ქვეყანა: გაიზრდება ადამიანის გატაცებების რიცხვი, მკვლელობები და სხვა... მაშინ მე ლოგიკურად დამებადა კითხვა: კი, მაგრამ, დღეს ხომ ის კოდექსი არის, რომელიც თქვენთვის იყო სასურველი? დღეს რატომ გაიზარდა ადამიანის გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი, თუ ეს კოდექსით არის განპირობებული და არა რაღაც სხვა მიზეზებით? შეხვედრაზე ერთი ასეთი სურვილიც გამოითქვა: ხომ არ შევაჩერებდი ამ სარჩელებს, ან ხომ არ გამოვიტანდი მათ. და მაშინ პარლამენტი თვითონ შეიტანს ამ შესწორებებსო. მე ვუთხარი, რომ მე, რა თქმა უნდა, უკან ამ სარჩელებს არ გამოვიტან არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ, თუ პარლამენტს ამის განხორციელების სურვილი და ნება ჰქონდა, მას საამისოდ ზუსტად ორი წელი ჰქონდა, მაგრამ პარლამენტმა ეს არ გააკეთა.“

24 დეკემბერს სასამართლომ მხარეების პოზიცია და არგუმენტები მოისმინა, სასამართლოს მომდევნო სხდომა კი 25 დეკემბერს გაიმართება.

კიდევ რამდენიმე სიახლე, რომელიც ნანა დევდარიანის თქმით, თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტთან არის დაკავშირებული. კერძოდ, სახალხო დამცველის ოფისმა მიიღო ორი შენობა - ერთი თბილისში, სადაც თავად ეს ოფისი განთავსდება, მეორე კი - ქუთაისში. ნანა დევდარიანი: „კიდევ უფრო უკეთესი რამ მოხდა ქუთაისში, ეს არის დასავლეთ საქართველოს ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრისთვის მიცემული შენობა, ცალკე შენობა, ორსართულიანი, სადაც შეიძლება ასევე პრესკონფერენციების, შეხვედრების და სემინარების ჩატარება, როგორც ჩვენთან ხდება აქ, ცენტრალურ ოფისში. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთ საქართველოსთვის ეს სერიოზული პროგრესის მომტანი იქნება, ადამიანის უფლებათა კულტურის განვითარების თვალსაზრისით.“

გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისები გაიხსნა ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში და ეს ოფისები მიემატა უკვე მოქმედ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის ოფისებს. ნანა დევდარიანის თქმით, რამდენადაც თითოეულ რეგიონალურ ოფისში მხოლოდ 2 ადამიანი მუშაობს, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებენ ეფექტურად, თუ მჭიდროდ ითანამშრომლებენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუმცა დღემდე არსებული გამოცდილებიდან ჩანს, რომ ეს ყოველთვის არ ხერხდება. მაგალითად, ქუთაისში მოქმედმა უფლებადაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდობლობა გამოუცხადეს სახალხო დამცველის რწმუნებულს იმერეთში ქეთევან კანდელაკს, რადგან, მათი აზრით, იგი ნაკლებად იცავს ადამიანის უფლებებს. ნანა დევდარიანის თქმით, ამ მხრივ, იმერეთი გამონაკლისი არ ყოფილა, თუმცა, მისი აზრით, მდგომარეობა თანდათან სწორდება. ნანა დევდარიანი: „ჩვენი თანამშრომლები მიდიან ხოლმე, მაგალითად, რაულ ვალენბერგის ინსტიტუტში, ლუნში, და იქ გადიან სპეციალურ კურსებს და ტრენინგებს ადამიანის უფლებებში და ამან თვითონ აპარატიც ფეხზე დააყენა - მათ ისწავლეს ამ ინსტრუმენტების გამოყენება. აი, მე რომ ვიხსენებ, როცა მოვედი, რა დამოკიდებულებით იყვნენ ესენი - ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებდნენ, რისთვის არის ეს ინსტიტუტი მოწოდებული და რა სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ. ხანდახან იმ გზით მიდიოდნენ, რომ პროკურატურას უსწორებდნენ სამართლებრივ შეცდომებს.“

ნანა დევდარიანის აზრით, მდგომარეობის გამოსწორებაზე თუნდაც სახალხო დამცველის ოფისში შემოსული განცხადებების რაოდენობა მეტყველებს. ნანა დევდარიანი: „მე რომ მოვედი აქ, მოვიკითხე, რამდენი განცხადება იყო შემოსული. სულ იყო შემოსული 1500 განცხადება. გასული წლის მეორე ნახევარში, 6 თვეში, შემოვიდა 3918, ხოლო ამ წლის პირველ 6 თვეში 6770 განცხადებაა შემოსული. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მეტი დარღვევაა. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტმა ადამიანმა იცის, რომ უნდა მოვიდეს და 000თავისი მდგომარეობა გააპროტესტოს.“

თუმცა განცხადებების რაოდენობა ხელს არ უშლის სახელმწიფოს, სრულიად უკონტროლოდ და დაუსჯელად ხელყოს თვით ადამიანის ისეთი ძირითადი უფლებაც კი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება. ალექსანდრ ანდერსონის თქმით, ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი მიმდინარე წლის 28 აპრილს სოფელ დუისში დაფიქსირდა. ალექსანდრ ანდერსონი: „გასული წლის განმავლობაში საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მოახერხეს პანკისის ხეობის უმეტეს ნაწილზე კონტროლის დაბრუნება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, რადგან განვლილი წლების განმავლობაში პანკისი კრიმინალების თავმოყრისა და ადამიანების გატაცების ცენტრად იქცა. მაგრამ, ამავე დროს, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ქართველმა სამართალდამცავებმა დაუშვეს ადამიანის უფლებების არაერთი ძალიან სერიოზული და დაუშვებელი დარღვევა. ჩვენ, პირადად, დოკუმენტურად დავაფიქსირეთ ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვის 4 და სასამართლოს გარეშე ადამიანის დასჯის 1 შემთხვევა. 28 აპრილს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სოფელ დუისში დააკავეს მანქანა, რომელშიც იყო სამი არაბი და ერთი ახალგაზრდა პანკისელი ქისტი, ამ მანქანის მძღოლი. ეს ქისტი სამხედრო ფორმიანმა ადამიანებმა ადგილზევე დახვრიტეს - მას ხელბორკილები დაადეს და მუცელში ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა, ხოლო სამი არაბი „უაზის“ მარკის სამხედრო მანქანებით წაიყვანეს, რის შემდეგაც მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. არც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურას არ უღიარებია, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა, მაგრამ არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრავს ადამიანის გატაცებისა და მკვლელობის ფაქტზე. თუ ეს ოპერაცია მათ არ ჩაატარეს, მაშინ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო. მეტიც, ინგლისური ჟურნალის, „ტაიმის,“ ინფორმაციით, ეს ოპერაცია ჩაატარა საქართველოს უშიშროების სამინისტრომ, შეერთებული შტატების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.“

ნანა დევდარიანის თქმით, ქართველი სამართალდამცავები ადამიანის უფლებების მსგავს დარღვევებს პანკისში კი არა, თბილისშიც არ ერიდებიან. ამის მანიშნებელი იყო 7 დეკემბერს თბილისში ჩატარებული ოპერაცია, როცა ასეულობით ადამიანი უკანონოდ დააკავეს, აიღეს მათი თითის ანაბეჭდები და გაჩხრიკეს მათი საცხოვრებელი სახლები. ნანა დევდარიანი: „თითქოს განზრახ მიუსადაგა ვიღაცამ 10 დეკემბერს და წინასწარ გააკეთა ისე, რომ მიეძღვნა ადამიანის უფლებების დეკლარაციის საერთაშორისო დღისათვის. ჩემი აზრით, მოქმედება იყო მთელ რიგ შემთხვევებში უკანონო. ეს ეხებოდა ბინებში შესვლას, ეს ეხებოდა პოლიციაში წარდგენას - როგორც ეძახიან, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, დაკავებაა და სხვა არაფერი, ეს არის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ასე შემდეგ. ეს არ შეიძლება იყოს გაგებული ისე, თითქოს ჩვენ წინააღმდეგი ვართ ანტიკრიმინალური ოპერაციების ჩატარებისა. უნდა ჩატარდეს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ხარჯზე. დღეს მოვამზადე მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, რადგან მიმაჩნია, რომ პარლამენტის ორივე კომიტეტმა - ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და იურიდიულმა კომიტეტმა - სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მომხდარს, რამდენად კანონიერი იყო ჩვენი სამართალდამცავების მოქმედება, და იმსჯელოს მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხზე, თუ, რა თქმა უნდა, აღმოაჩენს, რომ უკანონობა იყო.“

ალექსანდრ ანდერსონის თქმით, კიდევ რამდენიმე სახიფათო ტენდენციაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება: ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახშირდა ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის ფაქტები, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივა - გამკაცრდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და გაუქმდეს ადამიანის უფლებების დაცვის ის მინიმალური მექანიზმებიც კი, რომლებიც მასშია ჩადებული - სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და იმ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში იკისრა.

10 ინფორმაციის თავისუფლების დარღვევის ფაქტები

▲back to top


სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოები სისტემატურად არღვევენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციის თავისუფლებების მოთხოვნას. ეს დარღვევები განსაკუთრებით თვალშისაცემი საქართველოს რეგიონებშია. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, ხშირად, ადმინისტრაციული კოდექსის არცოდნაა.

2002 წლის 29 მარტს „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონულმა ომბუდსმენმა ახალციხეში, ამირან მესხელმა, განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის შს სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია სამმართველოს პირადი შემადგენლობის საშტატო ერთეულების, ფინანსურ ასიგნებათა მოცულობისა და ფინანსების ფაქტობრივი ხარჯვის შესახებ. სამხარეო პოლიციამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, თითქოს აღნიშნული ინფორმაცია „პროფესიულ საიდუმლოს“ წარმოადგენს.

2002 წლის 13 მაისს „თავისუფლების ინსტიტუტის“ სამხარეო წარმომადგენლებმა თელავში წერილით მიმართეს სამხარეო პოლიციის უფროსს ზურაბ თუშურს და მოსთხოვეს იმ ადამიანების სია, რომლებიც 1997 წლიდან დღემდე არიან მოტაცებული, აგრეთვე სტატისტიკური მონაცემები 2001-2002 წლებში დაკავებული პირების შესახებ და დაკავების მოტივები. პოლიციამ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

2002 წლის 16 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა ქუთაისში, გოჩა ჩხეტიამ, წერილით მიმართა ქუთაისის შს სამმართველოს უფროსს ნ.ნოზაძეს შემდეგი ინფორმაციის მისაღებად: 2002 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 31 აპრილამდე რამდენი პირი იქნა რეგისტრირებული ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული შს სამმართველოებისა და განყოფილებების მიერ დაკავებულ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალში, მათგან რამდენი იქნა გადაყვანილი წინასწარი დაკავების საკანში და რა ვადაში?

შს სამმართველომ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა.

ზემოთქმული შემთხვევების გამო თავისუფლების ინსტიტუტმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ზემდგომ ორგანოს, შს სამინისტროს, რომელმაც საკითხი ინფორმაციის გაცემის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამავე დროს, შს სამინისტრო თავად არღვევს ადმინისტრაციულ კოდექსს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც კანონი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას ითვალისწინებს, თავისუფლების ინსტიტუტს რამდენიმე დღის დაგვიანებით აძლევს პასუხს.

გამონაკლისს წარმოადგენს გორის რაიონის შს სამმართველო, რომლის ხელმძღვანელი უშანგი მგელაძე ინფორმაციის გაცემას ხელოვნურ ბარიერებს არ უქმნის.

ინფორმაციის მიღება ყველაზე მეტად ჭირს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც კატეგორიულად ამბობენ უარს, რომ მიღებულ განცხადებას დაუსვან ნომერი და თარიღი. როგორც წესი, ისინი ითხოვენ, რომ განცხადება პროკურატურის გარეთ დაკიდებულ საფოსტა ყუთში იქნეს ჩაგდებული. ამგვარი პრობლემა შს სამინისტროშიც დგას, ოღონდ, იქ ამ წინააღმდეგობის გადალახვა შედარებით ადვილია.

  • ამირან მესხელი მარინა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ

17 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა ამირან მესხელმა სარჩელი შეიტანა ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარინა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. სარჩელის შეტანა განაპირობა იმან, რომ მიუხედავად არაერთი თხოვნისა და წერილობით მიმართვისა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, მოეწოდებინა 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები და მონაცემები (ამომრჩეველთა რაოდენობა და სხვა) ყველა მოთხოვნა უარყოფილ იქნა იმ მოტივით, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იყო ვალდებული აღნიშნული ინფორმაცია მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. არადა, აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზუნველყოფს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არამარტო ორგანიზაციებისათვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ამიტომ ამირან მესხელმა, როგორც მოქალაქემ, მიმართა საარჩევნო კომისიას საარჩევნო მონაცემების მიღების მოთხოვნით, რაზედაც კვლავ უარყოფითი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც სარჩელი შეიტანა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 16 ივლისს განიხილა აღნიშნული საქმე და სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

დაკმაყოფილდეს სარჩელი. ახალციხის 37- საოლქო საარჩევნო კომისიამ /თავმჯდომარე . გაჩეჩილაძე/ მოსარჩლე ამირან მესხელს გადასცეს 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებული საოლქო კომისიის ქსეროასლები. ამავე დროს დაეკისროს მოპასუხე მხარეს, 37- საოლქო საარჩევნო კომისიას, მოსარჩლე ამირან მესხელის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯები 10 /ათი/ ლარი და ადვოკატის დახმარების გამო გადახდილი ხარჯი 150 /ას ორმოცდაათი/ ლარი.

  • თავისუფლების ინსტიტუტი სამხედრო კომისარიატის წინააღმდეგ (გაგრძელება) თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა ახალციხეში ახალციხის სამხედრო კომისარიატიდან მოითხოვეს ინფორმაცია წვევამდელთა სრული რაოდენობის შესახებ. კომისარიატმა ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, თითქოს აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა, არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც კომისარიატები ვალდებული არიან, შესაბამისი სიები ყოველი გაწვევის წინ საჯაროდ გამოიკრას კომისარიატის შენობაში. თავისუფლების ინსტიტუტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ახალციხის რაიონის სამხედრო კომისარიატის წინააღმდეგ შეიტანა ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო ინფორმაციის მოწოდების შესახებ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 30 აგვისტოს სარჩელი დააკმაყოფილა. განაჩენში ვკითხულობთ:

დაევალოს სამცხე-ჯავახეთის მხარისა და ახალციხის რაიონის გაერთიანებულ სამხედრო კომისარიატს მოპასუხე მხარეს დემოკრატ მესხთა კავშირის თავმჯდომარეს ამირან მესხელს მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია ასლების სახით ახალციხის რაიონში იმ წვევამდელთა შესახებ (გვარი, სახელი, მამის სახელი, ასაკი, მისამართი) რომლებიც ექვემდებარებიან გაწვევას, ანუ არა აქვთ გადავადება სწავლის გამო.

სახელმწიფო ბაჟი 10 ლარი გადახდეს მოპასუხე მხარეს და სამცხეჯავახეთის მხარის და ახალციხის რაიონის სამხედრო კომისარიატს.

სასამართლო სხდომაზე კომისარიატის წარმომადგენელი აქტიურად დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და იგი აღარ გასაჩივრებულა.

  • ადმინისტრაციული სარჩელი გორის პოლიციის წინააღმდეგ

24 ივლისს გორის სასამართლოში სასარჩელო განცხადება შეიტანა თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა მიხეილ ქარელმა შსს საგამოძიებო დეპარტამენტისა და შიდა ქართლის შს მთავარი სამმართველოს წინააღმდეგ შემდეგი მიზეზის გამო: საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გელა ტალახაძემ უარი უთხრა თავისუფლების ინსტიტუტს მოთხოვნაზე - გადაეცა მისთვის ინფორმაცია მაის-ივნისის თვეში დაკავებულთა რაოდენობის, ვინაობისა და სტატისტიკის შესახებ. პოლიცია მხოლოდ სტატისტიკის მოწოდებაზე დათანხმდა, დაკავებულთა ვინაობისა და ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, თითქოს, „დაკავებულთა ვინაობა და დემოგრაფიული მონაცემები კანონმდებლობით დახურულია“.

ანალოგიურ მოთხოვნაზე ანალოგიური პასუხი გასცა შიდა ქართლის შს სამმართველომ, რაც თავისუფლების ინსტიტუტმა ასევე სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ ეს სარჩელი დააკმაყოფილა.

  • დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ

დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა 2002 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს შალვა ხაჭაპურიძეს, რათა მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განხილული საქმეების შესახებ.

სასამართლომ დაარღვია საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული ვადები, რის შემდეგაც დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა საანგარიშო წლის 15 ივლისს განმეორებით მიმართა სასამართლოს კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულების თაობაზე. მას შემდეგ, რაც სასამართლომ განმეორებითი განცხადებაც უპასუხოდ დატოვა, დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად 13 აგვისტოს სარჩელი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა მამალაძემ, წერილით მიმართა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დაერთო ნება გოჩა ჩხეტიასათვის, მოეპოვებინა და გადაექსეროსებინა საჭირო ინფორმაცია. სამართლიანიბის აღდგენა მხოლოდ ამ გზით გახდა შესაძლებელი.

11 სოციალური უფლებები

▲back to top


სოციალური უფლებები საქართველოში ყველაზე ფართო დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება. მასობრივი ხასიათი აქვს შრომის, სოციალური დაცვის, ღირსეული ცხოვრების, ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და სხვა სოციალური უფლებების დარღვევას. წინამდებარე გამოცემაში სოციალური უფლებების დარღვევის მხოლოდ რამდენიმეკერძო შემთხვევას მიმოვიხილავთ.

  • სასმელი წყლის ხშირი დაბინძურება

საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის თბილისშიც, ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს სასმელი წყლის სისუფთავეზე, რის გამოც დარღვეულია მოსახლეობის უფლება, იცხოვრობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში და ჰქონდეს ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. 2001 წელს სასმელი წყლის დაბინძურების გამო ვირუსული “A” ჰეპატიტის ეპიდემიამ იფეთქა საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ეპიდემიამ განსაკუთრებულ მასშტაბებს საქართველოს ორ რეგიონში, ფოთში და ახალციხეში მიაღწია. 2002 წელს ვითარება არსებითად არ გაუნჯობესებულა.

  • ეპიდემია ახალციხეში

ახალციხეში ეპიდემიამ 2001 წლის სექტემბერში იფეთქა და პიკს ოქტომბერნოემბერში მიაღწია. მართალია, 2002 წლის დასაწყისისთვის ეპიდემია ჩაცხრა, მაგრამ დაავადებულები კვლავ არიან. ოფიციალური სტატისტიკით, 2001 წლის ოქტომბრის შემდეგ სულ დაავადებული იყო 487 ადამიანი. ეპიდემიის გავრცელებამდე ადგილობრივი სანეპიდსადგური რეგურალურად ამოწმებდა სასმელი წყლის მდგომარეობას და ატყობინებდა ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შტოს, რომ წყალში ფეკალური მასები ერევა და ეპიდემიის საშიშროება არსებობს, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერი გაკეთებულა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ ეპიდემიის გამომწვევი მიზეზებია:

  1. წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების თანმხვედრი დაზიანება და შესაბამისად სასმელი წყლის დაბინძურება.

  1. წყლის არარეგულარული ქლორირება

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

თავისუფლების ინსტიტუტისა და ახალციხეში მისი პარტნიორი ორგანიზაციის „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით მოქალაქეებმა მოამზადეს კოლექტიური სამოქალაქო სარჩელი ორხუსის კონვენციის საფუძველზე და 28 თებერვალს სასამართლოში შეიტანეს. 425 დაზარალებული, რომელთაც სასამართლოში 344 პირი წარმოადგენს, სახელმწიფოსგან ითხოვს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ერთ დაზარალებულზე, დაახლოებით, 600 ლარის, ჯამში - 248813.52 ლარის ოდენობით. მოპასუხეებად დასახელებულია ახალციხის რაიონის გამგეობა და ქალაქ ახალციხის გამგეობა, რომელიც არის შპს „წყალკანალის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი.

28 თებერვალს ახალციხეში „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონული კოორდინატორისა და ომბუდსმენის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო დაზარალებული მოქალაქეების საჯარო შეკრება ახალციხის კინოთეატრის შენობაში. შეკრებას 500-მდე ადამიანი დაესწრო, რომლებმაც შემდეგ მსვლელობა მოწყვეს სასამართლოს შენობის მიმართულებით.

ვირუსული ჰეპატიტის ეპიდემიის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულ პროკურატურაში (პროკურორი შოთა ჩილინგარაშვილი) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურის განმარტებით, გამოძიებას პრეტენზია აქვთ შპს „წყალკანალთან“, ქალაქ ახალციხის მერიასთან და რაიონულ გამგეობასთან, მაგრამ გამოძიება ჭიანურდება, რადგან ბევრი დაზარალებული ჯერ კიდევ მკურნალობს და მათი დაკითხვა ძნელდება. ამასობაში მოსამართლე ავთო თულაშვილს აცილება გაუკეთეს და საქმე ცირა მაისურაძეს გადაეცა. რამდენიმე სხდომა მოპასუხეთა ამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

  • ყვარლის მოსახლეობა სატყეო დეპარტამენტის წინააღმდეგ

თავისუფლების ინსტიტუტის თელავის რეგიონულ ოფისში შევიდა დაბა ყვარელის 40 მოსახლის განცხადება. განმცხადებლებმა 1992-93 წლებში გაწმინდეს ყვარლის შემოგარენი, რომელიც სანაგვედ იყო ქცეული და ზედ ბაღჩები გააშენეს. ეს ტერიტორია ყვარლის სატყეოს ბალანსზე ირიცხებოდა. 2001 წელს ყვარლის რაიონის სატყეოს უფროსმა მებაღჩეების ნაწილთან გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულებები და მათ მიწის გადასახადი დაუწესა, რასაც ისინი სრულად იხდიდნენ. 2002 წლის აპრილში კი სატყეოს უფროსმა ანგი გავაშელიშვილმა მებაღჩეებს სასამართლოში უჩივლა სატყეოს ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის მოტივით.

2 მაისს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ მოუწოდა მოქალაქეებს, ეთხოვათ გავაშელიშვილისთვის ხელშეკრულებების გაფორმება, რაზეც იგი არ დათანხმდა. მაშინ მოსახლეობამ კოლექტიური განცხადებით მიმართა თავისუფლების ინსტიტუტს, რომლის რეგიონული ომბუდსმენი 20 მაისს შეხვდა ანგი გავაშელაშვილს და განუცხადა, რომ თუ იგი კანონის ფარგლებში არ იმოქმედებდა, მაშინ თავისუფლების ინსტიტუტი მის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირების სხვადასხვა ფორმებს მიმართავდა, რის შემდეგაც გავაშელიშვილმა სიტყვიერი თანხმობა განაცხადა, რომ სამწლიან ხელშეკრულებებს გააფორმებდა მოსახლეობასთან. ივნისის ბოლოს ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები თვალ-ყურს ადევნებენ პროცესს.

  • გორის ცენტრალური პოლიკლინიკის პრივატიზაცია

2002 წლის 14 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტის გორის ოფისს განცხადებით მიმართა გორის რაიონული საავადმყოფოს კოლექტივმა. ჯანდაცვის სამინისტროს N138 ბრძანებით უნდა გაუქმდეს გორის რაიონული საავადმყოფო. საავადმყოფოს გაუქმების საფუძველი, თითქოს, უნდა ყოფილიყო 2001 წლის სექტემბერის ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის განყოფილების (ხელმძღვანელი თ.დოლიძე) მიერ ჩატარებული შემოწმება, მაგრამ ამ შემოწმების დასკვნა არ აღმოჩნდა არც რაიონში და არც სამინისტროში. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებში შემცირებულია საავადმყოფოს დატვირთვის მაჩვენებელი, რათა იგი გასაუქმებელ დაწესებულებათა რიცხვში მოხვედრილიყო.

საავადმყოფოს პერსონალი დარწმუნებულია, რომ რაიონული საავადმყოფოს გასაუქმებელ დაწესებულებათა სიაში მოხვედრა შეგნებულად მოხდა: ეს საავადმყოფო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, კარგი შენობაა და პრივატიზაციისთვის სასურველ ობიექტს წარმოადგენს, მაშინ როცა ქალაქ გორის საავადმყოფო, რომლის გაუქმებაც არ არის ნავარაუდევი, პრივატიზაციისთვის ნაკლებად მიმზიდველია: იგი მდებარეობს უფრო მიუდგომელ, ჭაობიან ტერიტორიაზე, პირველი სართული წყლით არის სავსე და შენობა ავარიულია. ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დროს გორის რაიონული საავადმყოფოს წარმომადგენლებს სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაზარაშვილმა პირდაპირ განუცხადა, რომ მას არ აინტერესებს მონაცემები, უბრალოდ, მას უნდა ამ საავადმყოფოს გაუქმება და გააუქმებს კიდეც.

თავისუფლების ინსტიტუტი ამ საკითზე აგრძელებს მონაცემთა მოგროვებას.

  • ახალციხის რაიონის გამგეობა მასწავლებელთა ხელფასებს კერძო ფირმებს ურიგებს

ახალციხის რაიონის გამგეობა არღვევს კანონს, რომლის თანახმადაც ხელფასი დაცული მუხლების კატეგორიაში გადის, მასწავლებელთა ხელფასებით კი ის, გამგეობა, კერძო ფირმების ვალებს ისტუმრებს.

1995 წელს ახალციხის რამდენიმე საშუალო სკოლის შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. თანხის ანაზღაურება, როგორც რაიონის ხელმძღვანელობა აცხადებს, პრეზიდენტის ბრძანებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით უნდა მომხდარიყო. თანხა არ ჩაირიცხა და რაიონს სხვადასხვა სამშენებლო ფირმების ვალი, ჯამში, დაახლოებით 100 000 ლარი ვალად დაედო. აღნიშნული დავალიანების გასტუმრება 2000 წელს დადგა „დღის წესრიგში“, როცა შეუძლებელი იყო იმის შემოწმება, შესრულდა თუ არა აღნიშნული თანხის შესაბამისი სამუშაო. რაიონის გამგეობა დათანხმდა დავალიანების გადახდას (ამ თანხაში დაგვიანებისთვის მოთხოვნილი კომპენსაცია - 28600 ლარიც შედის). თანხის ნაწილის გადახდა განათლების განყოფილების ანგარიშიდან მოხდა, რის გამოც მასწავლებლების სახელფასო დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა. გასული წლის მთელ მანძილზე ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, მგრამ ამაოდ.

ამის პარალელურად, ახალციხეში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის პედაგოგთა სახელფასო დავალიანება, რომელიც 10 000 ლარს შეადგენს და რომლის გადახდაც რაიონის გამგეობას სასამართლო წესით დაეკისრა, დღემდე დავალიანებად რჩება. გამგეობამ რაიონული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება უკანონოდ ჩათვალა და საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. მასწავლებლები გულგატეხილები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ პედაგოგების სახელფასო დავალიანებას რაიონის ხელმძღვანელობა დავალიანებად არ თვლის და ყველანაირად ცდილობს, არ გადაიხადოს ან რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადოს მათი დაფარვა.

  • მოსახლეობა აპროტესტებს ქუჩის სახელის შეცვლას

თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ოფისს განცხადებით მიმართეს ამავე ქალაქის ლადო ასათიანის ქუჩის მე-5 შესახვევის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც შემთხვევით, ახალი სატელეფონო წიგნიდან შეიტყვეს, რომ მათი ქუჩისთვის სახელი გადაურქმევიათ და იგი, ამჟამად, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, ჯაბულო ფურცელაძის სახელს ატარებს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქუჩის სახელის გადარქმევა ადმინისტრაციული აქტია, რაც საჯაროდ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. ამასთან, ეს მათ მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება, რადგან პირადობის მოწმობებისა და ქუჩის ფირნიშების გამოცვლა თანხებთან არის დაკავშირებული.

მოსახლეობა წინააღმდეგია სახელის გადარქმევის და ქუჩისთვის ძველი სახელის დაბრუნებას ითხოვს.

  • სოციალურ უფლებებს სასამართლო არღვევს

საქართველოს უზენაესი სასამართლო, იმის ნაცვლად, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი იყოს, პირიქით, ადამიანის უფლებების დარღვევათა დაკანონების სამართლებრივ ინსტრუმენტად იქცა. უზენაესი სასამართლოს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომლებიც ადამიანის ფონდამენტურ უფლებებს შეეხება, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, რაც არა ერთი გადაწყვეტილებით დადასტურდა.

1. 2000 წლის 24 მარტის განჩინებით უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ფაქტობრივად დააკანონა მშვიდობიანი რელიგიური შეკრების დარბევის შესაძლებლობა. პალატამ არ დააკმაყოფილა ევანგელური ეკლესია „მადლის“ წარმომადგენელთა სარჩელი, რომლებიც გლდანის რაიონის პოლიციის მიერ მათი მშვიდობიანი შეკრების დარბევის არაკანონიერად აღიარებას და პოლიციის მიერ კანონის დარღვევის აღიარებას ითხოვდნენ. გლდანის პოლიციამ 1999 წლის 29 მაისს თბილისში, გლდანის რაიონში, დაარბია ევანგელური ეკლესია „მადლის“ აქცია. პოლიციამ სასტიკად სცემა ეკლესიის წევრები, მათ შორის ქალებიც, დაუმტვრია მათ საკრავები („იამაჰა“), მეგაფონი და სხვა. უზენაესმა სასამართლომ პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების შეწყვეტა, შეკრებილთა დარბევა, მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და მათი ქონების განადგურება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მეორე ნაწილით გაამართლა: როგორც კონვენციის მე-11 მუხლის მეორე ნაწილი, ისე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მშვიდობიანი შეკრების, მანიფესტაციის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, მოსალოდნელ ძალისმიერ მეთოდებს კონტრდემონსტრაციის გამოვლენისას. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა მოსალოდნელი ძალისმიერი მოქმედების გამოვლენას, რადგან შეკრების ადგილზე მივიდნენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ დაპირისპირებული პირი - მამა ბასილი და მისი თანამოაზრეები. - ამ ფორმულირებით გაამართლა უზენაესმა სასამართლომ პოლიციის მოქმედება.

2. 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ შეზღუდა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული გაერთიანების თავისუფლება, როდესაც დააკმაყოფილა პარლამენტარ გურამ შარაძის სარჩელი და რეგისტრაცია გაუუქმა იეჰოვას მოწმეების ორი ორგანიზაციას. ეს გადაწყვეტილება მთლიანად ჩაჯდა რელიგიურ უმცირესობათა დევნისა და შეზღუდვის იმ სცენარში, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს. ეს, თუნდაც, იმითაც დადასტურდა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დათანხმდა, პრიორიტეტულ საფუძველზე მოისმინოს იეჰოვას მოწმეების აპელაცია, რომელიც 2001 წლის 16 აგვისტოს იქნა შეტანილი.

3. 2002 წლის ივნისის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არ არსებობს გაერთიანების თავისუფლება და საქართველოს მოქალაქეებს წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება. საქმის არსი შემდეგი იყო: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ოთხმა წევრმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ გაუქმებულიყო პარტიის ყრილობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეიქმნა დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა. გაუქმების საფუძველი, მათი აზრით, ყრილობის არადემოკრატიულად ჩატარება და მის მიერ არადემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება იყო.

სასამართლოს არ უმსჯელია, იყო თუ არა სათანადო მოსარჩელე ის 4 პიროვნება, ისე შეაჩერა ხსენებული ყრილობის გადაწყვეტილება, რითაც პარტიას, ფაქტობრივად, წაართვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ამომრჩეველს კი - არჩევანის თავისუფლება. ამის შემდეგ ლევან მამალაძის ჯგუფმა მოითხოვა, პარტიის სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლება მათი ჯგუფის წევრს, გელა კვარაცხელიას გადასცემოდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. უფლებამოსილების გადაცემას მთავარი საბჭოს 34 წევრიდან მხოლოდ 14 აწერდა ხელს, რომლებსაც სახლებში ჩამოუარეს. თანაც, ხელმომწერთაგან ნაწილი ამ დროისთვის უკვე სხვა პარტიის წევრი იყო, ნაწილმაც საერთოდ უარი თქვა ხელმოწერაზე, მაგრამ სასამართლომ ეს არ გადაამოწმა, ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.

4. 2002 წლის 25 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ლევან ბერძენიშვილმა უნდა შეიცვალოს საკუთარი აზრი ამის თაობაზე და ღიაროს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი არ არის კორუმპირებული. არადა, ვანო ჩხარტიშვილის შესახებ საზოგადოებრივი აზრი ცალსახად არის გამოკვეთილი, რაც თუნდაც 2001 წლის ნოემბრის გამოსვლების დროს გამოჩნდა, როცა ვანო ჩხარტიშვილი იყო ერთადერთი მინისტრი არაძალოვანი მინისტრებიდან, რომელსაც საზოგადოებრივმა გამოსვლებმა გადადგომა აიძულა. მისი გადადგომის საფუძველი სწორედ ის გახდა, რომ საზოგადოება მის კორუმპირებულობაში მყარად იყო დარწმუნებული. თავად კასატორმა, ლევან ბერძენიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ასე შეაფასა ეს გადაწყვეტილება: ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი იმ რიგში, რაც ამ კედლებში გამოუტანიათ. მე, პირადად, აქ სამართლიანი გადაწყვეტილება საერთოდ არ მინახავს. ამავე დროს, მინდა გითხრათ: ხელმძღვანელი, ვინც ძალიან ტრაბახობს, რომ აქ სამართალი ძალიან მაღალ დონეზე მოაწყო - ბატონი ლადო ჭანტურია - მიმაჩნია, რომ არის იმავე დონის მოღვაწე, რა დონის მოღვაწეც არის ვანო ჩხარტიშვილი. ზუსტად ერთი და იმავე მენტალიტეტის ხალხთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, დაიცავენ ერთმანეთის უფლებებს. როგორც გავიგე, ბატონი ლადო ჩემგან მილიონ ლარს აღარ ითხოვს, მაგრამ რას ითხოვს, არ ვიცი. მე არ ვიცი, როგორ უნდა უარვყო, რა უარვყო. დამავალა, ხომ? აი, ვასრულებ დავალებას: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი მოიპარა, - იყო ჩემი ფრაზა. ახლა ჩემი ფრაზაა: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი არ მოიპარა. მაგრამ მოიპარა! შეიძლება მასზე მეტი მოიპარა სხვამ. არის ხალხი, რომელიც მაგაზე მეტს იპარავს. აქვე, ამ კედლებში, არიან ისეთები, რომლებიც ბევრს იპარავენ. მაგრამ ვანო ჩხარტიშვილი ქურდი და მომპარავია და მის ინტერესებს, სამწუხაროდ, იცავს უზენაესი სასამართლო.

  • ლია ერგემლიძის საქმე

2002 წლის 20 ივნისს ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ გორიჯვრის მოსახლეობამ დააკავა ტყიბულელი ბუხუტი გოტიაშვილი, სცემა იგი და პოლიციას გადასცა (იხ. ზემ. გვ. 17). 21 ივნისს გორის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში ბუხუტი გოტიაშვილი ცუდად გახდა, რასაც ესწრებოდნენ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები. სასწრაფო დახმარების მანქანა, რამდენიმე გზის გამოძახების მიუხედავად, არ მოვიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით 16 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტი ადგილობრივი პრესის თანდასწრებით შეხვდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პერსონალს. სასწრაფოს მთავარი ექიმი ლია ერგემლიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კრების ჩატარებას, მაგრამ, საბოლოოდ, იძულებული გახდა, კრება ჩაეტარებინა.

კრებაზე გაირკა, რომ არსებობს საწვავისა და წამლების სარეზერვო მარაგი, ხოლო 21 ივნისის მორიგემ, სამკურნალო დარგში მთავარი ექიმის მოადგილემ მარინე ბეროზაშვილმა აღნიშნა, რომ მას ამის შესახებ არაფერი გაუგია და, ამიტომ, არც მოუთხოვია რეზერვიდან რაიმეს მიცემა. ბეროზაშვილის თქმით, მთავარი ექიმი ლია ერგემლიძე ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტს და მას არაფერში ახედებს.

კრებაზე თავისუფლების ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ფაქტების საფუძველზე მთავარმა ექიმმა ლია ერგემლიძემ 29 ივლისს საყვედური გამოუცხადა მარინე ბეროზაშვილს, რომელმაც საყვედური სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან, მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავარ ექიმს უნდა დაკისრებოდა, რომელიც მალავდა მედიკამენტებს და საწვავს. 19 აგვისტოს გაიმართა პროცესი. მოწმეებად გამოძახებულმა მედდებმა დალი ივანიშვილმა და ლალი თინიკაშვილმა განაცხადეს, რომ მთავარმა ექიმმა მათ პროცესზე წამოსვლის წინ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კატეგორიულად აუკრძალა სასამართლოზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ 1 სექტემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

მუქარა განმეორდა სასამართლო პროცესზეც, სადაც მთავარმა ექიმმა მედდებს აუკრძალა აზრის გამოხატვა, რაც დაფიქსირდა სასამართლო სხდომის ოქმში. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა კოორდინატორმა ია მეფარიშვილმა შეადგინა ოქმი, რომელზეც ხელი მოაწერეს მედდებმა დალი ივანიშვილმა და ლალი თინიკაშვილმა, ექიმმა მარინა ბეროზაშვილმა, ადვოკატმა ბესო კაიშაურმა, ჯანდაცვის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ჟუჟუნა წერეთელმა. ლია ერგემლიძემ და მისმა ადვოკატმა თამარ თედიაშვილმა ოქმზე ხელი არ მოაწერეს.

სასამართლო პროცესი გაგრძელდა 21 და 26 აგვისტოს. 26 აგვისტოს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ბეროზაშვილის სასარგებლოდ, მას მოეხსნა საყვედური და იგი აღდგა მთავარი ექიმის მოადგილის თანამდებობაზე. ამავე დღეს მთავარმა ექიმმა ლია ერგემლიძემ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში განაცხადა, თითქოს ია მეფარიშვილმა სასამართლოზე მოახდინა ზეწოლა და სასამართლოს არასწორი ჩვენება მისცა. 27 აგვისტოს ია მეფარიშვილმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში შეიტანა განცხადება. ამასთან, 19 სექტემბერს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს ქონების მართვის გორის სამმართველოს უფროსს გ. თოფშიჩვილს, რათა მას შეესწავლა ლია ერგემლიძის მოღვაწეობა, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ბრალს სდებენ ფინანსურ მაქინაციებში და ფინანსების უკანონო ხარჯვაში. პროცესი გადაიდო და ჯერაც არ დაწყებულა.

  • კიკვიძის ქუჩა ქუთგაზის წინააღმდეგ

ქუთაისში, კიკვიძის ქუჩის მაცხოვრებლების აცხადებენ, რომ ამ ქუჩაზე „ქუთგაზის“ წარმომადგენლებმა მოსახლეობიდან აკრიფეს თანხა საერთო მრიცხველის შესაძენად და დასამონტაჟებლად. თანხის აკრეფის და გადახდის შემდეგ ქუჩაზე დამონტაჟდა საერთო მრიცხველი და დაიწყო გაზის მოწოდება. ერთი თვის შემდეგ გაზის მოწოდება შეწყდა „ქუთგაზის“ მხრიდან იმ მოტივით, რომ თითქოს ქუჩაში არსებობდა ფარულად გადაყვანილი გაზის მილები. ბოლოს და ბოლოს, საერთო მროცხველების დასამონტაჟებლად ფულის აკრეფის პროესი შეწყდა, მაგრამ არ დაუბრუნეს თანხა იმათ, ვისგანაც აკრეფილი იყო.

  • მოსახლეობა გაზის გასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ

ქუთაისში ნიკეას ქუჩის ექვსი მაღალსართულიანი ბინის მაცხოვრებლები აპროტესტებენ მათი ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის ჩამომსხმელი პუნქტის აშენებას. ტერიტორია, სადაც პუნქტის მშენებლობის ნებართვა გასცა ქუთაისის არქიტექტურამ, ბინებიდან დაშორებულია 60-70 მეტრით. მშენებლობას კურირებს შპს „კონტრაქტი“, მესაკუთრეა პაატა მელქაძე. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, სოლიკო გაგუას თქმით, მან მშენებლობის ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც შესაბამისი სამსახურების დასკვნები მიიღო, რომელთა მიხედვით გაზის ჩამოსასხმელი პუნქტი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საჩინოს“ განცხადებით, ყველა სამსახურს, მაგალითად, გაზის ზედამხედველობის სამსახურს, დასკვნა არ გაუცია. არსებული დასკვნების სიზუსტესაც მოსახლეობა ეჭვის ქვეშ აყენებს. გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოყო კომისია იმის დასადგენად, არის თუ არა საშიში მოსახლეობისთვის პუნქტის აშენება. მოქალაქეთა თქმით, კომისია ჩამოვიდა, მაგრამ მათთან არ მისულა, კომისიას მასპინძლობა შპს „კონტრაქტმა“ გაუწია, ამდენად სამინისტროს დასკვნის ობიექტურობაშიც, რომელიც ჯერ ცნობილი არ არის, მოსახლეობას ეჭვი ეპარება. ამ საკითხთან დაკავშირებით 2 აგვისტოს ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციათა სახლში თავისუფლების ინსტიტუტისა და ანტიკორუფციული ასოციაციის „საჩინოს“ ინიციატივით მოეწყო მრგვალი მაგიდა.

წინასწარი მოკვლევით დადგინდა, რომ ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსს სულიკო გაგუას მშენებლობის პროექტი დამტკიცებული აქვს კანონით გათვალისწინებული რამდენიმე სამსახურის დასკვნის გარეშე. ნიკეას ქუჩის მცხოვრებთა წელიწადნახევრიანი პროტესტის მიუხედავად შპს „კონტრაქტი“ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ღამის საათებშიც ეწეოდა თხევადი გაზით გასამართი სადგურის მშენებლობას.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები, მასმედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი და ქალაქის სხვა სამსახურების ხელმძღვანელები. ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი სულიკო გაგუა ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოს მშენებლობის პროექტის დამტკიცება მოხდა კანონიერად, მაგრამ იგი პასუხს ვერ სცემდა კოკრეტულ კითხვებს. საბოლოოდ, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ისინი შპს „კონტრაქტს“ მშენებლობის უფლებას არ მისცემენ და, რაც აშენებულია, დაანგრევენ. თავისუფლების ინსტიტუტის წინადადებით, ისინი დათანხმდნენ, დავა სასამართლოს გზით გადაეწყვიტათ. უსამართლობით თავმობეზრებულმა და გულგატეხილმა მოსახლეობამ სასამართლოს არ მიმართა. აქციები შეწყდა.

  • სამუსიკო სკოლის პედაგოგები დირექტორის წინააღმდეგ

ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ მათი უფლებები ილახება. ისინი ზეწოლას განიცდიან დირექტორის მხრიდან, რომელსაც მხარს უჭერენ იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი და მერიის იურიდიული სამსახური. მასწავლებლების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლით ჭიანურდება გამოძიება სამუსიკო სკოლაში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ. დირექტორი ზანდა კიკვაძე ორი წლის წინ მერიამ დანიშნა კონკურსის წესით. კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ორი წელი დასჭირდა სასამართლოს, სანამ ამ საქმის განსჯადობას გადაწყვეტდა. მათი თქმით, კონკურსი კანონდარღვევით ჩატარდა. მოსარჩელე არის თინათინ კანდელაკი, რომელიც ასევე მონაწილეობდა კონკურსში, ხოლო კონკურსამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. თინათინ კანდელაკი და სკოლის რამდენიმე პედაგოგი მიიჩნევს, რომ სკოლაში მათი მუშაობა შეუძლებელი გახდა. მათი აზრით, სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემთხვევაში შეიძლება. ისინი დაცვას ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებისგანაც ითხოვენ.

თავისუფლების ინსტიტუტი დაეხმარე სკოლის პედაგოგებს, მათი მოთხოვნები პრესაში გაშუქებულიყო, რასაც მოჰყვა მუქარა და შეურაცხმყოფელი თავდასხმები ინსტიტუტის წევრების მიმართ. მიუხედავად ამისა, პრესაში გაშუქებამ დააჩქარა სარჩელის განხილვა და საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თინათინ კანდელაკის სარჩელი. მართალია, მან მერიის მიერ ჩატარებული კონკურსი კანონიერად ცნო, მაგრამ სამაგიეროდ, დააკმაყოფილა კანდელაკის მოთხოვნა დირექტორის გათავისუფლების საკითხში, რადგან მის შრომის წიგნაკში ყალბი ჩანაწერების არსებობა დადასტურდა. სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლეს მერიის იურისტი მიუვარდა, რომელიც უკმაყოფილო იყო გადაწყვეტილებით და პრეტენზიას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კანდელაკის სარჩელი.

  • ნუგზარ ერაგია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ

ნუგზარ ერაგია ელექტრომექანიკურ ქარხანაში მუშაობდა, საიდანაც გაათავისუფლეს შრომის დასციპლინის დარღვევის გამო. ერაგია მიიჩნევს, რომ ის უკანონოდ გაათავისუფლეს, ამიტომ მან 40-მდე სარჩელი დაწერა ქუთაისის სასამართლოში, მაგრამ მისი სარჩელების განხილვა ჭიანურდება. საბოლოოდ, ნუგზარ ერაგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით ილახება მისი პატივი და ღირსება და ასეთი მოსამართლეების დანიშვნის გამო საქართველოს პრეზიდენტს უჩივლა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, მოითხოვა მისგან ბოდიშის მოხდა და 1001 ლარის გადახდა. სარჩელის დაწერისკენ ერაგიას მოსამართლე ზურაბ ყვავაძის საქციელმა უბიძგა, რომელიც, მისი აზრით, პატიოსანი მოსამართლეა, მაგრამ არის გულმავიწყი, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ერაგია პრეზიდენტისგან მოითხოვს, უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოების კანონის შესაბამისად მუშაობა.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო, რადგან მოსამართლე საჯაიამ ჩათვალა, რომ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას.

  • ბაგა-ბაღის თანამშრომლები მერიის განკარგულების წინააღმდეგ

ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმელების კომბინატთან არსებული ბაგა-ბაღის დირექტორი და თანამშრომლები აპროტესტებენ მერიის განკარგულებას, რომლითაც ბაგა-ბაღის შენობა გადაეცა ნატო გენძეხაძეს უდედმამო ბავშვთა სახლის გასახსნელად, შენობაში კი არც ეს სახლი გაიხსნა და აღარც ბაღი ფუნქციონირებს. მასწავლებლები მერიისგან შენობის დაბრუნებას და გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. თავისუფლების ინსტიტუტი მათ სარჩელის მომზადებასა და პრობლემის პრესაში გაშუქებაში ეხმარება.

  • მისაღები გამოცდების მონიტორინგი გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტებში

19 ივლისს შიდა ქართლში თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა ომბუდსმენმა მიხეილ ქარელმა განცხადებით მიმართა გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს და, ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მოითხოვა უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების უფლება, რაზეც უნივერსიტეტების ხელმძღვანელობისგან მიიღო უარი. ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორატის პასუხის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ წესებში არსად არაა მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან დამოკიდებულების საკითხი, ხოლო გამოცდებზე გარეშე პირთა დასწრება „არა მარტო აბნევს და აღიზიანებს აბიტურიენტებს, არამედ შეურაცხმყოფელია თვით გამომცდელებისთვის“, რომ „სასწავლო დაწესებულება არაა საარჩევნო უბანი“ და ა.შ. ყოველივე აქედან გამომდინარე, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ გამოცდებზე დასწრების უფლებაზე.

გორის უნივერსიტეტის რექტორატის პასუხში ნათქვამია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული „მისაღები გამოცდების მიმღები საგამოცდო კომისიების შესახებ დებულება“ კრძალავს გამოცდებზე გარეშე პირების დასწრებას, გარდა საგამოცდო კომისიის წევრებისა.

25 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტმა რექტორატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა გორის რაიონულ სასამართლოში, ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა განცხადებით, მიეღო სპეციალური განჩინება, რათა გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს დაეშვათ თავისუფლების ინსტიტუტის წევრები მისაღებ გამოცდებზე დამკვირვებლებად.

სასამართლომ დააკმაყოფილა თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება და დაავალა ხსენებული უნივერსიტეტების რექტორებს, მისაღებ გამოცდებზე მეთვალყურედ დაუშვან თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ვიდეო და აუდიო აპარატურის გამოყენების უფლების გარეშე.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. 11 სექტემბერს, გამოცდების დამთავრების შემდეგ, გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი 26 ივლისს გამოცემული განჩინების თაობაზე, დააკმაყოფილა იგი და ძველი განჩინება გააუქმა.

  • სულხან ქობულაძე ქუთაისის ვიცე-მერის ონისე უგრეხელიძის წინააღმდეგ

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები შეხვდნენ მოქალაქე ს. ქობულაძეს. მისი თქმით, უკვე ერთ წელზე მეტია, ქუთაისის „ჭომის“ დასახლების მცხოვრებლები დახმარებისათვის მიმართავენ ქუთაისის ვიცე-მერს ონისე უგრეხელიძეს. ჭომის ტერიტორიაზე დაზიანებულია წყალსადენის მილი. დაზიანებული მილის ადგილას იღვრება ფეკალური მასები, რომლებიც ერევა სასმელ წყალს. ჭომის ტერიტორიაზე ონკანებიდან ხშირად გამოდიან ჭიები, იყო წყლით მოწამვლის ფაქტებიც.

ო. უგრეხელიძისადმი სულხან ქობულაძის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრობლემა დღემდე მაინც მოუგვარებელია. ს. ქობულაძემ აღნიშნა, რომ წყლის ბაქტეროლოგიური ანალიზის შედეგი მას სანეპიდსადგურის წარმომადგენლებმა არ უჩვენეს. აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ დაწერილა ადგილობრივ პრესაში.

თავისუფლების ინსტიტუტის კოორდინატორებმა ს. ქობულაძეს შესთავაზეს მრგვალი მაგიდის ორგანიზება ამ საკითხთან დაკავშირებით და პრობლემის შემდგომშიც მოუგვარებლობის შემთხვევაში სარჩელის შეტანა სასამართლოში, რაზეც ქობულაძე დათანხმდა. ამ რჩევის მიუხედავად. ქობულაძეს სარჩელი დღემდე არ შეუტანია, პრობლემაც მოუგვარებელია. ანალოგიური პრობლემა ქალაქის სხვა უბნებშიც დგას.

  • დავა ავტოფარეხის მშენებლობის გამო

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის №35-ში მცხოვრებმა 20-მდე ოჯახმა ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსარჩელეები ითხოვენ მერიის ნებართვის გაუქმებას საერთო სარგებლობის ეზოში ავტოფარეხის მშენებლობის შესახებ. ნებართვა 1998 წელს გაიცა და დავაც ამ პერიოდიდან მომდინარეობს. სარჩელის განხილვა გაჭიანურდა: საქალაქო სასამართლოდან საოლქოს გადაეგზავნა, საოლქოდან - უზენაესს. ამ უკანასკნელმა კი ისევ ქალაქს გადმოუგზავნა.

  • მარინა დახუნდარიძე იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულისა და ქუთაისის ვიცემერის წინააღმდეგ

თავისუფლების ინსტიტუტს დახმარება სთხოვა 9 შვილის დედამ მარინა დახუნდარიძემ. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 1992 წელს ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მერიასთან დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით დახუნდარიძეს საკუთრებაში გადაეცა ქუთაისში, ჩეხოვის ქ. 19-ში არსებული ამორტიზებული ბინა.

1993 წელს ქუთაისის ვიცემერის ონისე უგრეხელიძის, საბინაო სამმართველოს მმართველის ელდარ ქარქაშაძის და მერიის იურისტკონსულის მაია სვინტრაძის ხელმოწერილი საჩივრით გენერალურ პროკურატურაში შევიდა საჩივარი აღნიშნული ბინიდან მ. დახუნდარიძის გასახლების მოთხოვნით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი 1994 წელს. მ. დახუნდარიძის განმარტებით, გასაჩივრება მოხდა ქუთაისის იმჟამინდელი მერის, თემურ შაშიაშვილის დავალებით.

უკვე 10 წელია, მ.დახუნდარიძე სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით დადის სხვადასხვა ინსტანციებში. 1994 წლიდან დღემდე საკითხი შეისწავლა:

- ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ;

- იურისტებისაგან შემდგარმა ორმა ჯგუფმა;

- უზენაესმა სასამართლომ;

- საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ;

- მერიის პროგნოზირების ცენტრმა;

- ქუთაისის საკრებულოს რელიგიის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ;

- სახალხო დამცველმა;

- იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი კონტროლის საბჭომ.

აღნიშნული ორგანიზაციები და ჯგუფები ადასტურებდნენ მ. დახუნდარიძის მოთხოვნის კანონიერებას, მაგრამ თემურ შაშიაშვილის ზეწოლით საკითხი ვერ გადაწყდა. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულმა კოორდინატორმა გოჩა ჩხეტიამ შეისწავლა ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მაგრამ, რადგან საკითხის მოგვარების სამართლებრივი გზები ამოწურულად მოეჩვენა, დახუნდარიძეს ურჩია, შიმშილობა მოეწყო ქუთაისის ახალი მერის, ნუგზარ ფალიანის მისაღებში. აქციის დაწყების თარიღად შეარჩია 11 სექტემბერი - ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მერის შეხვედრის თარიღი.

დღის 14 საათზე დანიშნული შეხვედრის წინ მ.დახუნდარიძე გამოცხადდა ნუგზარ ფალიანის მისაღებში და დაიწყო შიმშილობის აქცია. გოჩა ჩხეტიამ მერთან შეხვედრის დაწყებისთანავე დასვა მ.დახუნდარიძის საკითხი. ფალიანმა მოისმინა და დახუნდარიძეს დახმარება აღუთქვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, საკითხის მოგვარებამდე შიმშილობის აქცია არ შეეწყვიტა.

19 სექტემბერს ქუთაისის მერიამ მ.დახუნდარიძე ოროთახიანი კაპიტალური ბინით დააკმაყოფილა. ამჟამად დახუნდარიძე უკმაყოფილობას გამოთქვამს თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ, რადგან, მისი თქმით, მას უფრო დიდი ბინა ეკუთვნოდა.

  • მევლუდ ბობოხიძის საქმე

მევლუდ ბობოხიძე მუშაობდა წყალტუბოში, სანატორიუმ „მეტალურგში“. სანატორიუმის დირექტორმა ბობოხიძე სამსახურიდან გაათავისუფლა, რაც ამ უკანასკნელმა სასამართლოში გაასაჩივრა. ბობოხიძემ სასამართლო პროცესი მოიგო და თავი აღიდგინა სამსახურში. მოგვიანებით ბობოხიძეს დირექტორთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რადგან სამსახურში აღდგენის შემდეგ სანატორიუმში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ სტრუქტურებს. ამ გართულებული ურთიერთობების გამო ბობოხიძე სამსახურიდან წამოვიდა. მან დარღვევების შესახებ მასალები გამოძიებას გადასცა, მაგრამ, მისი აზრით, გამოძიება შეგნებულად აჭიანურებს საქმის გამოძიებას.

  • კოლექტივის მიერ პიროვნების უფლებათა ხელყოფა

ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრის თანამშრომელი ნანა კუჭუხიძე იძულებულია სამსახური დატოვოს. მიზეზი კათედრის გამგის ლალი გოგისვანიძისა და კათედრის თანამშრომლების მიერ მისი დისკრიმინაციაა. 7-13 ოქტომბრის გაზეთ „პოსტსკრიპტუმში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც ლალი გოგისვანიძის კორუმპირებულობაზე იყო საუბარი. ნანა კუჭუხიძე არის გაზეთის რედაქტორის ნათესავი, ამიტომ კათედრის გამგემ ჩათვალა, რომ გაზეთს ინფორმაცია მიაწოდა ნანა კუჭუხიძემ. თავის ეჭვს არც ლალი გოგისვანიძე ფარავს და არც კათედრის სხვა თანამშრომლები. ეს ეჭვი მათ დააფიქსირეს მაშინ, როცა რედაქციას მთელი კათედრა მიუვარდა მასალის გამოქვეყნების შემდეგ. მასალაში ინფორმაციის წყარო მითითებული არაა. ლალი გოგისვანიძე და კათედრის სხვა თანამშრომლები აცხადებენ, რომ იმ პიროვნების ადგილი, ვინც კათედრის შიდა სამზარეულო გამოააშკარავა, მათ გვერდით არ არის. ისინი ამბობენ, რომ კორუფციაში სხვა ლექტორებიც არიან გასვრილი და მარტო ლალი გოგისვანიძის შესახებ რატომ დაიწერა? მოკლედ, არ უარუყვიათ ის ფაქტები, რაც „პოსტსკრიპტუმში“ დაიწერა, მათი გაბრაზება გამოიწვია იმან, რომ დაიწერა. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ნანა კუჭუხიძეს ყველა თანამშრომელმა ზურგი შეაქცია, არ ელაპარაკებიან, გამარჯობასაც არ ეუბნებიან, როცა კათედრაზე შევა ნანა, დგებიან და მიდიან. ნანა ამბობს, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს, როცა კათედრაზე მიდის. ყველაფერ ამის შესახებ ცნობილია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისთვის - ამირან ხვადაგიანისთვის. მან არ თუ ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, ყოველ შემთხვევაში არ უცდია გაზეთში გამოქვეყნებული ფაქტების გადამოწმება.