![]() |
თავისუფლება № 1 (25), იანვარი, 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: საყვარელიძე ფრიდონ, კოტეტიშვილი ირაკლი, კობახიძე ბასილ (დეკანოზი), კუბლაშვილი კოტე, დატო ლო ენცო |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge |
![]() |
1 არჩევანი - ჩვენ |
▲back to top |
ფრიდონ საყვარელიძე
ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი სამართლიანობის წინააღმდეგ
შენ, ძმაო, არც ნათესავი იცი და არც ახლობელი!?
თანამედროვე ქართული გამონათქვამი
ზოგი რამ კორუფციის შესახებ
კორუფცია საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაა პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით. მისი ტიპური გამოვლინებებია მექრთამეობა, საჯარო საკუთრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება კერძო ინტერესებში, ინტერესთა კონფლიქტი და ა.შ. როგორც წესი, კორუფციაზე საუბრისას იგულისხმება, რომ ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე მაინც სახელმწიფოს წარმომადგენელია ან ასრულებს სახელმწიფოს მიერ მასზე დელეგირებულ ფუნქციებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კორუფცია შეიძლება ყვაოდეს როგორც ღარიბ, ისე მდიდარ, აგრეთვე როგორც დემოკრატიული, ისე არადემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყანაში. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ კორუფციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ცვლილებებში, რომელიც იაპონიის მთავრობაში განხორციელდა. კორუფციის შესაფასებლად ყველაზე სერიოზული დაბრკოლება საზოგადოებისაგან მისი დაფარულობაა, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ რაღაც სკანდალი არ აგორდება. კორუფციის მოძლიერების ერთ-ერთი ინდიკატორია მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობა. ასე მაგალითად, ყველაზე მეტად კორუმპირებული ქვეყნები იმით ხასიათდებიან, რომ ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლების სათავეში ერთი და იგივე პარტია ან პარტიები იმყოფებოდნენ ან იმყოფებიან. ,,სამთავრობო ვადა“ ის კრიტერიუმია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
ექსპერტების აზრით, დემოკრატიული ხელისუფლების შემთხვევაში სახელმწიფოს ფუნქციონირებაში კორუფციული გადაცდომები (პრაქტიკულად - გამონაკლისების გარეშე) იწყება მაშინ, როდესაც ერთი მთავრობა ხელისუფლების სათავეშია ორი ვადის განმავლობაში, ანუ 8-10 წელი, ხოლო ჩინოვნიკების უმრავლესობა ინიშნება და არ ირჩევა. ნაკლები რისკია ამ მხრივ ,,პასუხისმგებლური დემოკრატიის“ პირობებში, სადაც მთავრობა ხელისუფლებაში 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფება. რისკის ყველაზე დიდი საფრთხეა იმ ქვეყნებში, სადაც სუფევს ერთპარტიული სისტემა და ავტარქია. ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რიცხვს Transparency International-ის1 ვერსიის მიხედვით, მიეკუთვნებიან აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, არაკორუმპირებულებს კი - ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოები: ფინეთი, დანია, შვედეთი და ნორვეგია.
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში კორუფციამ რუსეთშიც არნახულ დონეს მიაღწია და ტოტალური ხასიათი შეიძინა. ჩამოყალიბდა ბიზნესის, კრიმინალისა და ხელისუფლების შერწყმის მყარი ტენდენცია, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების ლიდერები აქტიურად შეიჭრნენ ხელისუფლებაში (ამის გამო ჯორჯ სოროსმა რუსულ კაპიტალიზმს ,,ყაჩაღური“ უწოდა). ანალიტიკოსების აზრით, კორუფციას რუსულ ეკონომიკაში სისტემური და, როგორც ხშირად ამბობენ, ,,მაროდიორული“ ხასიათი აქვს.
კორუფციის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკურ და საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კორუფციის დონის პირდაპირპროპორციულია საზოგადოების კრიმინალიზაციის ხარისხი და კლანურობა, რის შედეგადაც ბიზნესი სახელმწიფოში წარიმართება არა კანონის, არამედ ,,გაგების“ ფარგლებში, რაც მას სრულიად არაპროგნოზირებადს ხდის და ინვესტორისათვის თავისთავად მაღალი რისკის საფრთხეს შეიცავს.
უმძიმესი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოშიც. კორუფციის არსებულმა დონემ ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფო ინსტიტუტების რეალური ქმედუნარიანობა. ამ ვითარების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ის, რომ სახელმწიფო ვერ აგროვებს გადასახადების მინიმალურ რაოდენობასაც კი; მნიშვნელოვნად ფერხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება; ქვეითდება საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი; მოსახლეობას ეჭვი შეაქვს საქართველოში არაკორუმპირებული, პატიოსანი ხელისუფლების არსებობის თვით შესაძლებლობაში; მკვეთრადაა გამოხატული ნდობის დეფიციტი დემოკრატიული, საბაზრო და სამართლებრივი რეფორმებისადმი; ილახება საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟი.
კორუფციასთან ბრძოლისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის წინააღმდეგ საგანგებო ზომების მოთხოვნა და ამ პრობლემით პოლიტიკური მანიპულირება ხშირად ყოფილა დემოკრატიის უარყოფისა და ავტორიტარული რეჟიმების დამყარების იდეოლოგიური ფონი. ამიტომ ანტიკორუფციული ღონისძიებები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ,,კუდიანებზე ნადირობის“ სოციალური ატმოსფეროს შექმნა და გარანტირებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ის აზრი, თითქოს ავტორიტარული რეჟიმები უფრო ეფექტურად ებრძვიან კორუფციას, ვიდრე დემოკრატიული, საფუძველსაა მოკლებული: თავიანთი დახურულობის გამო ავტორიტარული რეჟიმები უკეთ ნიღბავენ კორუფციის ფაქტებს, ხოლო მათი საქმიანობის გაუმჭვირვალობა და უკონტროლობა თავისთავადაა კორუფციის გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
კორუფციის ზემოთ ნახსენებ ფორმებთან ერთად გავრცელებულია მისი რბილი, ანუ არაკრიმინალური გამოვლინებები, რომლებიც კომუნისტურ ეპოქაში ,,პროტექციონიზმის“ სახელით იყო ცნობილი. საზოგადოება შეგუებულია და არ აღიქვამს მას დანაშაულად, ვერ ხედავს მის კავშირს კორუფციის კრიმინალურ გამოვლინებებთან.
ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი
● უცნობი უახლოვდება ავსტრალიელი აბორიგენების დასახლებას. მასთან მიდის უხუცესი და კითხვებს უსვამს. თუ მოგზაური დასახლების რომელიმე წევრის ნათესავი აღმოჩნდება, მას შესვლის ნებართვას აძლევენ, თუ არა და, კლავენ.
● როდესაც ნიგერიული ტომი საკუთარი ტერიტორიის გაფართოებას გადაწყვეტს, შეტევის ობიექტად აუცილებლად იმ მეზობელ ტომს ამოირჩევს, რომელიც მისი ყველაზე შორეული ნათესავია.
● სადღაც მოსკოვში ან ნიუ-იორკში წარმატებული ბიზნესმენი საკუთარ ფირმაში ეძებს კარგად ანაზღაურებად სამუშაოს... ძმისშვილისათვის.
რა აერთიანებს ამ შემთხვევებს?
პასუხი მარტივია - ნეპოტიზმი2.
მსგავსი მოვლენაა ფავორიტიზმი3 და მისი სახესხვაობა - შიდაჯგუფობრივი ფავორიტიზმი4.
ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის უმაღლეს დონეზე გამოვლინების მოწმენი იყვნენ; იგივე სურათი გვაქვს დღეს დსთ-ს სივრცეში, ოღონდ ყველაფერი კიდევ უფრო მკვეთრად, ხანდახან - უტიფრადაა გამოხატული; ამის მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ ბორის ელცინის სახელგანთქმული ოჯახი (არსებითად - საფინანსო-პოლიტიკური კლანი), ან აზერბაიჯანის უკანასკნელი მოვლენები, როდესაც აწ განსვენებულმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელისუფლება საკუთარ შვილს - ილჰამს - გადააბარა (,,დინასტიური“ ხელისუფლების დასამკვიდრებლად მზადდება ნიადაგი ცენტრალური აზიის ზოგ ქვეყანაშიც).
როგორც გავლენიანი გაზეთი ,,Financial Times“ ამტკიცებს, უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა გულნარა ქარიმოვამ, უზბეკეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, ორი წლის განმავლობაში შესძლო მსხვილი ბიზნეს-იმპერიის შექმნა. მან ეს არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჰოლდინგური კომპანიების მეშვეობით მოახერხა. ერთი მათგანის დახმარებით ქალბატონმა ქარიმოვამ ხელში ჩაიგდო მობილური კავშირის უმსხვილესი კომპანია, მეორეთი უმსხვილესი კუვასაის ცემენტის ქარხნის აქციები იგდო ხელთ. უნდა აღინიშნოს, რომ მავანი ამგვარი ბიზნეს-იმპერიის შექმნაში პოზიტიურ მომენტსაც ხედავს: ხომ შესაძლებელია, რომ უზბეკეთის ეკონომიკაში ლიბერალური რეფორმების გატარება ახლა უკვე თავად პრეზიდენტის ქალიშვილის ინტერესებში აღმოჩნდეს?
ყაზახეთში, რომელიც მდიდარია ნავთობისა და გაზის რესურსებით, ოპოზიცია რეგულარულად ამხელს პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს იმაში, რომ მან უფლება მისცა უახლოესს გარემოცვას, ქალიშვილებისა და სიძეების ჩათვლით, დაეკავებინათ საკვანძო ადგილები ქვეყნის პოლიტიკურ, საფინანსო და საქმიან წრეებში.
ყირგიზი დისიდენტები კი აცხადებენ: ყველაზე მომგებიანი საწარმოები პრეზიდენტ ასკარ აკაევის ნათესავებს ეკუთვნითო.
თურქმენეთში, რომელსაც აღმოსავლური ტირანიის გამოვლინებების თვალსაზრისით მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი გამორჩეული ადგილი უჭირავს, საფარმურატ ნიაზოვის ნათესავების სახელი მიენიჭათ წლის თვეებს.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ ამაღლებს ამ ქვეყნების იმიჯს დასავლეთში, მაგრამ, ამასთან ერთად, ეს ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-სა და რუსეთის პარტნიორები არიან. ამიტომაც, როგორც ზოგიერთი მიმომხილველი აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოებრიობა თვალს ხუჭავს ისეთ ,,უმნიშვნელო“ ცოდვებზე, როგორიცაა ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი პრეზიდენტების ნათესავებთან მიმართებაში.
არსებობს სხვა მოსაზრებაც: თუ დასავლეთი ზურგს შეაქცევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, როგორც ამბობენ - ,,დაბალი ეთიკური სტანდარტების“ გამო, მაშინ რუსეთი, რომელიც, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ასეთ მოვლენებს უფრო შემწყნარებლურად შესცქერის, სიამოვნებით დაიკავებს გამოთავისუფლებულ ადგილს. ამასთან ერთად, როგორც არ უნდა მალავდნენ დასავლური ქვეყნების მთავრობები თავიანთ ნამდვილ გრძნობებს, ისინი მაინც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან, როდესაც მათ ბრალს სდებენ დინასტიების მხარდაჭერაში იმ ქვეყნებში, რომლებიც მათი პოტენციური (თუ მოქმედი) მოკავშირენი არიან. თუკი ასეთი ბრალდებები გაგრძელდება, ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას წამყვანი ინვესტორების ქმედებებზე.
იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ბოლო ხანებში სერიოზული დანაკლისი განიცადა: ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ საიქიოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები - კეიძო ობუტი და ნობორუ ტაკესიტა. მიუხედავად ამისა, ახალარჩეული პარლამენტის ქვედა პალატის წევრთა სიებში ეს გვარები ისევ ფიგურირებს. ობუტის შემთხვევაში ეს მისი 26 წლის ქალიშვილია, ტაკესიტოს შემთხვევაში კი - უმცროსი ძმა. ეს იაპონიაში სულაც არ გახლავთ გამონაკლისი; პარლამენტარების 30 პროცენტი (დაახლოებით 140 წევრი) დეპუტატობის მანდატს ,,მემკვიდრეობით“ იღებს. პრობლემა აქ გვარების განმეორებაში კი არ არის, არამედ დებიუტანტების პოლიტიკური გამოცდილების არარსებობაშია.
რა არის ეს? ნეპოტიზმი? თავად მემკვიდრეობით პარლამენტარები ასე არ ფიქრობენ - არავის უკვირს, როდესაც პროფესია მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგალითად, კაბუკის თეატრში. ამაში მართლაც არაფერია საკვირველი, რადგანაც მსახიობების შვილები კულისებში იზრდებიან, სუნთქავენ ,,თეატრის ჰაერით“, ბავშვობიდან ეჩვევიან თეატრალურ ტრადიციებს და ა.შ. მაშ, ვინ უნდა გამოვიდეს მომავალში სცენაზე, თუ არა ისინი? ჩვენც ხომ ბავშვობიდან ვაგროვებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მამების ოფისებში, - მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქალიშვილს კაკუეია ტანაკის.
თუმცა ცინიკოსების მტკიცებით, აქ საქმე ისაა, რომ იაპონიაში პარლამენტარის სავარძლის დასაკავებლად სამი ,,ბან“-ია საჭირო - ,,ძიბანი“ (ადგილებზე სახელისუფლებო ბერკეტების კონტროლი), ,,კანბანი“ (ცნობადი გვარი) და ,,კაბანი“ (ფინანსები); ამ სამი ,,ბან“-ის ფლობა თითქმის ავტომატურად უზრუნველყოფს პირის არჩევას საკანონმდებლო ორგანოში. ,,მემკვიდრეობით პარლამენტარებს“ აქ საქმე უადვილდებათ; მათ უკვე აქვთ ცნობადი გვარები და მოწესრიგებული კავშირები საფინანსოეკონომიკურ წრეებში. დანარჩენი - ტექნიკის საქმეა.
ნეპოტიზმი, ფავორიტიზმი და საკადრო პოლიტიკა
კადრების სწორად შერჩევა დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის სწორად გადაჭრა მომავალი წარმატებების საფუძვლიანი წინაპირობაა; ამ სფეროში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას კი ხშირად არათუ ათწლეულები, არამედ ეპოქები სჭირდება. კადრების შერჩევისას მნიშვნელოვანია მოსამსახურის საქმიანი თვისებების, ტალანტის, პატიოსნების შეფასება მისი თანამდებობრივი შესაბამისობის, დაწინაურებისა თუ ხელფასის მომატებისას.
საწინააღმდეგო მოვლენაა ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი, რომლის პირობებშიც ხდება საქმიანი თვისებების ნიველირება და დაწინაურებას მხოლოდ გარკვეული ოჯახების ან ჯგუფის წევრები ახერხებენ. ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის გამოვლინებებით იღუპება ყველაფერი: ოჯახი5 (ფავორიტიზმი ოჯახში სიძულვილს ბადებს), სკოლა (უცოდინარი მასწავლებელი - გაუნათლებელი მოსწავლე), ეკლესია (უზნეო მოძღვარი - ასეთივე მრევლი), არმია (ლაჩარი მეთაური - დამარცხებული არმია), ხომალდი (უვიცი კაპიტანი - ჩაძირული ხომალდი), და ბოლოს - თავად სახელმწიფო. რაც უფრო ძლიერადაა ქვეყანაში გამეფებული კასტური სულისკვეთება, მით უფრო წარუმატებელი იქნება ყველა საკადრო ცვლილება. კორუფცია დანიშვნების სისტემის სრულ კომპრომეტირებას ახდენს. როგორია ამ მოვლენების მსოფლმხედველური საფუძველი?
ეგალიტარისტები6 და ინდივიდუალისტები
უხეშად რომ ვთქვათ, ასეთი საფუძველი სულ ორია - ეგალიტარისტული და ინდივიდუალისტური. მოკლედ განვიხილოთ თოთოეული მათგანი.
ეგალიტარისტები ვერ იტანენ გამორჩეულობას, ტალანტს, სხვის უპირატესობას. ისინი გვერდს უვლიან მას, ცდილობენ არ შეიმჩნიონ, მუდამ მზად არიან ეჭვი შეიტანონ მასში, დასცინონ ან უკანა პლანზე გადაიყვანონ ინტრიგით ან ცილისწამებით. ისინი განსაკუთრებულად არიან მიდრეკილნი ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმისაკენ და ცდილობენ ავანსცენაზე უნიჭო, უზნეო, მაგრამ მორჩილი და ერთგული ხალხის გამოყვანით, რომლებიც, როგორც წესი, მათი წრიდან არიან, მოახდინონ ნიჭისა და გამორჩეულობის გადაფარვა. ისინი სიცოცხლეს უწამლავენ ნებისმიერ ტალანტს და თუკი მიზანს ამგვარად ვერ აღწევენ, მზად არიან ,,მოულოდნელი” სიკვდილის შემთხვევაში მდუღარე ცრემლით დაიტირონ ისინი და საფლავზე ძეგლიც დაუდგან. ეგალიტარისტები ესწრაფვიან ადამიანებს შორის ტრაფარეტული მსგავსების მიღწევას და კლავენ ყოველგვარ ინდივიდუალიზმს. აქედან გამომდინარე, ეგალიტარიზმი და მისი მთავარი გამოვლინებები - ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი - დილეტანტიზმის დამკვიდრების მთავარი ფაქტორია! ეს კი თავისთავად ერის გონებრივი განვითარების დამაბრკოლებელია.
ეგალიტარიზმი უპასუხისმგებლო, შურით (შური არს მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა - საბა) და შურისძიებით აღსავსე, მატერიალისტური, რევოლუციური და სოციალისტური მსოფლმხედველობაა. ის არად დაგიდევთ, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულნი ვართ, რომ არასდროს, მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა და არც იქნება ვინმე ასეთივე აზრებით, მისწრაფებებით, ოცნებებით; მაგრამ სწორედ ამიტომ ვართ თანასწორნი და ამიტომ უყვარს ღმერთს თითოეული ჩვენგანი.
მათი ანტიპოდები არიან ინდივიდუალისტები, რომლებსაც არ სჯერათ არა მარტო ხელოვნური და ძალადობრივი გათანაბრების (საბჭოური уравниловка), არამედ ბუნებრივი თანასწორობისაც7. პირიქით, ისინი ყველგან ხედავენ ბუნებრივ უთანასწორობას, აფასებენ ადამიანთა სულიერ მრავალფეროვნებას და ფიქრობენ, რომ თანასწორობა შურიანი და შეზღუდული ადამიანების გამონაგონია. უთანასწორობაში არა მარტო არაფერია საშიში, არამედ ის ბუნებრივიცაა. ამასთან, რადგან ადამიანები განსხვავებულები და თავისთავადები არიან, სამართლიანობა მოითხოვს, რომ მათ მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება გვქონდეს. ამ მსოფლმხედველობას ახასიათებს პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა, ის ბუნებრივი და ორგანულია. პოლიტიკურად ის ესწრაფვის საუკეთესო ადამიანების შერჩევას - იქნება ეს არჩევნების, თუ დანიშვნის გზით.
ფაქტი ერთია - ავადმყოფი არ ივარგებს ჯარისკაცად, სუსტი არ უნდა მუშაობდეს მაღაროებში - ეს მას სწრაფად დაღუპავს, ისევე, როგორც არ შეიძლება გარყვნილ ,,გუვერნანტკას“ ბავშვების აღზრდა მივანდოთ, უსინათლო მიკროსკოპთან დავსვათ, ღვთის მგმობი ადამიანი კი მღვდლად ვაკურთხოთ. ასევე არ შეიძლება და დანაშაულიცაა ყაჩაღი ჩინოვნიკად დავნიშნოთ, ჯაშუშებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში იმუშაონ, ყალბი ფულის მჭრელებმა კი - ხაზინაში; არ შეიძლება ლაჩარი მარშალი იყოს, პარტიული ინტრიგანი კი - კანცლერი.
ამრიგად, როდესაც ადამიანის ტალანტი, საქმიანი თვისებები და პატიოსნება არ ემთხვევა მის სოციალურ სტატუსს, ვიღებთ ვითარებას, როდესაც გენიოსი შეიძლება შიმშილობდეს (ტან-ფეხ შიშველი დავდივარ,/ცოლს არ მიცვია კაბაო), უვიცი მინისტრად გაძვრეს, თაღლითი კი საბანკო კონსორციუმს ხელმძღვანელობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟიმი არამდგრადია და ამ ეპოქაში საუკეთესოთა შერჩევა არ მოხდება, რომ პატიოსნებას და ტალანტს არ აქვთ გზა ხსნილი და რომ სოციალური რყევებია მოსალოდნელი. სახელმწიფო, რომელიც კადრების შერჩევის ასეთ მანკიერ გზას ადგას, სუსტია და ხშირად - განწირულიც. სინამდვილეში უნდა ვესწრაფოდეთ, რომ დასანიშნი ადამიანი ხალხს თავისიანად და პატივსაცემად მიაჩნდეს, რომ ის აზროვნებდეს არა პარტიული, კლასობრივი, პროვინციული, არამედ სახალხო-სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. და როდესაც ადამიანის პიროვნული მონაცემები და მისი სოციალური სტატუსი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ხდება პროგრესული გარდაქმნები, მნიშვნელოვნად მცირდება კორუფცია, ვითარდება ეკონომიკა, მეცნიერება და კულტურა. აუცილებელია საერთო რწმენა იმისა, რომ დამნიშვნელი ან ამრჩევი ნამდვილად საუკეთესო ადამიანებს ეძებს და ცდილობს, დანიშნულებზე გაცემული უფლებამოსილებები შეესაბამებოდეს მის პიროვნულ მონაცემებს.
ასე რომ, როგორც იტყვიან, არჩევანი - ჩვენ.
____________________
1. Trabsparency International - კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია. ვებსაიტის მისამართია: http://www.transparency.org
2. ნეპოტიზმი - ლათინურიდან ნეპოს, მოთხრობითი ბრუნვა ნეპოტის - შვილიშვილი, ძმისშვილი, რომის პაპების მიერ შემოსავლიანი თანამდებობების, უმაღლესი სასულიერო წოდებებისა და მიწების ნათესავებისათვის დარიგება, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული 15-16 სს-ში; ამ გზით ამაღლდნენ პაპის სანათესაოდან შემდგომში ძლევამოსილი გვარები (ბორგეზე, ლუდოვიზი, ბორჯია და სხვები). თანამედროვე ტერმინოლოგიით, ნეპოტიზმი გულისხმობს თანამდებობების დაკავებას უპირატესად ნათესავების მიერ საერთო და სამართლიანი წესრიგის საწინააღმდეგოდ.
3. ფავორიტიზმი - სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფავორიტების მფარველობა და მათი დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ ამ სამსახურის შესაბამისი არც უნარი და არც ცოდნა.
4. შიდაჯგუფობრივი ფავორიტიზმი - ადამიანის მისწრაფება, მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს პირველ რიგში იმ ჯგუფის წევრებს, რომელსაც თავად განეკუთვნება.
5. ოჯახურ ფავორიტიზმს რელიგიაც უარყოფითად და სახიფათოდ აფასებს. წმინდა წერილში მოთხრობილია, თუ როგორ გამოარჩია იზრაელმა შვილებს შორის იოსები და მას ფერადი ტანსაცმელი შეუკერა ,,და ნახეს ძმებმა, რომ მამას იოსები ყვალაზე მეტად უყვარდა და შეიძულეს ის... (შესაქმე - 37:3-4)
6. ფრანგულიდან - Egalite - თანასწორობა.
7. აქ არ იგულისხმება თანასწორობის ლიბერალური გაგება, რომლის მიხედვითაც, ჯერ ერთი - კანონები ერთნაირი უნდა იყოს ყველასათვის; მეორეც - ყველას თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე. თუმცა, სამწუხაროდ, თანასწორობის ამგვარი გაგებაც მოთხოვნილებაა და არა რეალობა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვისწრაფოდეთ ამგვარი თანასწორობისაკენ.
![]() |
2 ,,საფუძვლიანი ეჭვი“ უსაფუძვლო ქონებაზე |
▲back to top |
ირაკლი კოტეტიშვილი
დღეს, როდესაც პრაქტიკულად თავიდან იწყება საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს მშენებლობა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი ყველა მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კორუფციასთან, ანუ იმ სენთან ბრძოლას, რომელსაც შეეწირა წინა მთავრობა. აქედან გამომდინარე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის შემუშავების ტენდენციების განხილვა.
საქართველოში არასოდეს არსებულა ისეთი კანონი, რომელიც ეფექტურად დაიცავდა სახელმწიფოს კორუფციისაგან. ერთის მხრივ, არ არსებობს კორუფციის წინაააღმდეგ ბრძოლის რაიმე სპეციალური კანონი, ხოლო მეორეს მხრივ, ყოველი კანონი, რომელიც ეხება საჯარო მოხელეს, თავისთავად შეიცავს კორუფციის როგორც საფრთხეს, ისე მის წინააღმდეგ მიმართულ მექანიზმებს. საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ასე თუ ისე ეხმიანება ანტიკორუფციულ თემას, რეალურად მოიცავს საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წელს მიღებულ კანონს ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა დაკორუფციის შესახებ“ და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსების რამდენიმე მუხლს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა კანონმა ვერ შეასრულა მისი ფუნქცია. ამის მიზეზი ცხადია, იყო ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობა, ებრძოლა ამ სენის წინააღმდეგ, და მეორეს მხრივ, ის, რომ ამ კანონებში არ იყო ჩადებული ქმედითი ანტიკორუფციული მექანიზმები.
წინა ხელისუფლების პირველი (და სამწუხაროდ, უკანასკნელი) მცდელობა - ანტიკორუფციული საკანონმდებლო ინიციატივით გამოსულიყო - იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, რომელმაც 2001 წელს საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი ,,თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებული ქონების სახელმწიფოსათვის აბრუნების შესახებ“.
რა საკანონმდებლო სიახლეებს სთავაზობდა საზოგადოებას ეს კანონპროექტი?
პირველ რიგში, პირთა რა წრეს ეხებოდა აღნიშნული კანონპროექტი?
კანონი ვრცელდებოდა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელ პირზე და მათ მოადგილეებზე, დაწყებული საქართველოს პრეზიდენტიდან და დამთავრებული კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირით.“
რა წესით უნდა მომხდარიყო თანამდებობის პირისათვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და მისი სახელმწიფოსათვის დაბრუნება?
იმ პირობებში, როდესაც არც ერთ სამართალდამცავ უწყებას არ გააჩნდა კეთილი ნება, ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონპროექტი რიგით მოქალაქეებს ანიჭებდა უფლებამოსილებას, სასამართლოში შეეტანათ ანტიკორუფციული სარჩელები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მნიშვნელოვანი ცვლილება შეჰქონდა თავად სამოქალაქო-საპროცესო და ადმინისტრაციულ-საპროცესო სამართალში: კანონპროექტის II მუხლის (კ) პუნქტის მიხედვით, პირს უფლება ენიჭებოდა, შეეტანა ანტიკორუფციული სარჩელი, მიუხედავად იმისა, ირღვეოდა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში მისი უფლებები და ინტერესები, ანუ პირს შეეძლო შეეტანა ე. წ. actio popularis ანუ სარჩელი ხალხის სახელით. ხოლო შეტანიდან ერთი თვის ვადაში ნებისმიერ პირს შეეძლო ჩართულიყო თანამოსარჩლედ. სწორედ ეს იყო კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე.
კანონპროექტს ასევე თან ახლდა სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის მთელი პაკეტი. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება. ნაფიც მსაჯულებს უნდა განეხილათ ყველა ანტიკორუფციული სარჩელი. ერთის მხრივ, ეს გაზრდიდა ამ ტიპის სასამართლო საქმეებისადმი საზოგადოების ნდობას და მეორეს მხრივ, თავად საზოგადოება გადაწყვეტდა იმას, იყო თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი კორუმპირებული.
რომელი სასამართლო განიხილავდა ანტიკორუფციულ სარჩელს?
იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი სასამართლო საქმეების განხილვის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობდა, კანონპროექტი ანტიკორუფციული სარჩელების პირველი ინსტანციით განხილვას ავალებდა ოთხ სასამართლოს (აჭარისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები); ხოლო ბოლო ინსტანციად - უზენაესს სასამართლოს.
ვის ეკისრება ქონების უკანონობასა და ხარჯების დაუსაბუთებლობაზე მტკიცების ტვირთი?
ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირადი არაქონებრივი უფლებების შელახვისათვის წარმოებულ სასამართლო საქმეებს თუ არ ჩავთვლით, ქართულ სამოქალაქო-საპროცესო სამართალში ანტიკორუფციული სარჩელების განხილვა პრაქტიკულად ერთადერთი დავა იქნება, სადაც მტკიცების ტვირთი მოპასუხის ანუ თანამდებობის პირის მხარეზეა. ანუ კონკრეტული თანამდებობის პირი ვალდებული გახდება, დაამტკიცოს მისი ან მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიერ: 1) სადავო ქონების კანონიერება; 2) ქონების დასაბუთებულობა; 3) ხარჯების დასაბუთებულობა.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა ასევე ანტიკორუფციული სარჩელის შეტანისათვის ხანდაზმულობის ვადების არარსებობა. ეს საშუალებას იძლეოდა სარჩელი წარდგენილიყო არა მარტო პირის თანამდებობაზე ყოფნისას, არამედ მის მიერ საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუ ერთ სასამართლო პროცესზე ვერ დადასტურდებოდა კონკრეტული ქონების უკანონობა, მომავალში გამოირიცხებოდა იგივე ქონებაზე სარჩელის შეტანა. გამონაკლისს წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამოვლენა, ხოლო ანტიკორუფციული სარჩელის სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ დაიშვებოდა მოპასუხის ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისება ან რაიმე ვალდებულებით დატვირთვა.
რა შედეგები მოჰყვებოდა ანტიკორუფციული სარჩელის დაკმაყოფილებას?
(I) მოპასუხის უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, ასევე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი სახის სარგებელი, ამ ქონების მიმართ მესამე პირთა კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემოდა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი განკარგვა მოხდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელი გახდებოდა უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრებოდა ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.
(II) მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენდა ასევე ის, რომ მოპასუხის მიერ დაუსაბუთებელი ხარჯების გაწევის სასამართლო წესით დადასტურების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებული გახდებოდა, ჯარიმა გადაეხადა დაუსაბუთებელი ხარჯების ორმაგი ოდენობის მოცულობით.
(III) ანტიკორუფციული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანამდებობის პირი დაუყოვნებლივ თავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან.
(IV) კანონპროექტს ნაწილობრივ შეჰქონდა ასევე ცვლილებები სისხლის სამართლის პროცესში, რადგან ანტიკორუფციული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ეძლეოდა უფლება, მოპასუხის წინააღმდეგ კერძო ბრალდების წესით აღეძრა სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტებზე, სახელდობრ:
182-ე მუხლი (მითვისება ან გაფლანგვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. იგივე ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე);
332-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე);
333-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე);
337-ე მუხლი (სამეწარმეოსაქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე);
338-ე მუხლი (ქრთამის აღება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. ხოლო ქრთამის აღება: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ; ბ) დიდი ოდენობით; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე);
340-ე მუხლი (კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან სამას საათამდე ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე);
342-ე მუხლი (სამსახურეობრივი გულგრილობა, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე).
ანტიკორუფციული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფოსათვის დაბრუნებული ქონების რეალიზაცია განხორციელდებოდა ღია აუქციონზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მიღებული შემოსავლები წარიმართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ალბათ ლოგიკურია, რომ მაშინდელი ხელისუფლებისათვის კანონპროექტში არსებული ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების არსებობა გახდა სერიოზული შეშფოთების მიზეზი და შედეგად ეს საკანონმდებლო ინიციატივა ჩანასახშივე დაიბლოკა.
,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დღის წესრიგში დადგა საზოგადოების მიერ რევოლუციაში მონაწილე პოლიტიკური ძალებისათვის წინასაარჩევნოდ წარდგენილი ,,10 ნაბიჯის“ ცხოვრებაში გატარება. ,,ათ ნაბიჯში“ რიგით მეორე ადგილი (,,ლუსტრაციის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ) ეკავა თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებული ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ კანონის მიღების აუცილებლობას.
27 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შევიდა ანტიკორუფციულ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ცვლილებას რამდენიმე საკანონმდებლო აქტში (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო, ზოგად ადმინისტრაციულ და საგადასახადო კოდექსებში, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, პროკურატურის შესახებ ორგანულ და სახელმწიფო ბაჯის შესახებ საქართველოს კანონებში).
ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებული ქონების ჩამორთმევის სამართლებრივი მექანიზმების შემოღება. ამ მიზნით ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 27 იანვრით დათარიღებული ინიციატივა რამდენადმე განსხვავდება 2 წლის წინანდელი ვარიანტისაგან.
ცვლილებების მიხედვით, შედარებით გართულებულია რიგითი მოქალაქეების მიერ ანტიკორუფციული სარჩელის შეტანის მექანიზმი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს ემატება შემდეგი შინაარსის 2911-ე მუხლი, რომლის II ნაწილის მიხედვით,
,,სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირს, თუ თანამდებობის პირის უკანონო ქმედებით უშუალო და პირდაპირი ზიანი მიადგა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“,
ხოლო III ნაწილის მიხედვით,
,,თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიმართ, სარჩელი შესაძლებელია აღიძრას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მფლობელობაშია უკანონო და დაუსაბუთებული ქონება“.
ანუ ანტიკორუფციული სარჩელის აღძვრის პროცესში კანონმდებელი ორმაგ ბარიერს უქმნის მოქალაქეებს. პირველ რიგში, გაუგებარია, თუ რა არის ნაგულისხმევი ტერმინში უშუალო და პირდაპირი ზიანი. ამ ტერმინების შემოღებით უარს ვამბობთ 2 წლის წინ მომზადებულ კანონპროექტში ჩადებულa ctio popularis პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია უფლება, შეიტანოს ანტიკორუფციული სარჩელი იმ თანამდებობის პირთა მიმართაც, ვის ქმედებასაც არ მიუყენებია მისთვის უშუალო და პირდაპირი ზიანი. ამ პრინციპის ამოვარდნა და უშუალო და პირდაპირი ზიანის ცნების შემოღება ძალზედ ართულებს იმ მიზნის მიღწევას, რაც საერთოდ გააჩნია ამ იდეას. პრაქტიკულად, ამ ცნების შემოღებით მოსარჩლეს ანუ საქართველოს რიგით მოქალაქეს მოუწევს იმის მტკიცება, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის უკანონო ქმედებებმა მას უშუალო და პირდაპირი ზიანი მიაყენეს. ანუ ამის დასადასტურებლად მან უნდა წარუდგინოს სასამართლოს მტკიცებულებები ჯერ ერთი იმის შესახებ, რომ ა) თანამდებობის პირმა განახორციელა უკანონო ქმედებები და ბ) მეორეც, რომ ამ ქმედებებმა მას უშუალო და პირდაპირი ზიანი მიაყენეს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მტკიცების ასეთი მაღალი სტანდარტი სამოქალაქო პროცესში საერთოდ არ არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით,
,,სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით“.
ანუ საკმარისია, რომ მოსარჩლეს გააჩნდეს საქმის შედეგის მიმართ რაიმე ინტერესი, რომ იგი სათანადო მოსარჩლედ ჩაითვლება. შემოთავაზებული ცვლილებებით კი პრაქტიკულად იგნორირებულია ეს სტანდარტი და დადგენილია სამოქალაქო დავებს შორის ყველაზე მაღალი და რიგითი მოქალაქეებისათვის, ალბათ, გადაულახავი ბარიერი. უშუალო და პირდაპირი ზიანის ცნება არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციულ პროცესში (22-ე მუხლი) და ამას თავისი ახსნა გააჩნია, რაზედაც ამჟამად არ შევჩერდებით. გაუგებარია ასევე, თუ რას ნიშნავს ტერმინი საფუძვლიანი ეჭვი. პროექტიდან ნათლად არ ჩანს 1) რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ეჭვის საფუძვლიანობა; 2) სარჩელის განხილვის რა ეტაპზე უნდა დადასტურდეს ეჭვის საფუძვლიანობა; 3) პროცესში მონაწილე რომელმა მხარემ უნდა დაადასტუროს იგი. პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საფუძვლიანი ეჭვის არსებობა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესისათვის არის დამახასიათებელი, ხოლო სამოქალაქო პროცესში საერთოდ არ გვხვდება ასეთი მაღალი სტანდარტი. მეორე, თუკი ეჭვის საფუძვლიანობას სასამართლო შეამოწმებს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების სტადიაზე, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ მოსარჩლეს არ მიეცემა საშუალება, ზეპირად მოახდინოს მისი არგუმენტების დეკლარირება სასამართლოს წინაშე, რადგან მოქმედი საპროცესო კოდექსი სარჩელის მიღებას სწორედ ზეპირი განხილვის გარეშე ითვალისწინებს. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ასევე გაუგებარია, დაიშვება თუ არა ანტიკორუფციული სარჩელის წარმოებაში არმიღების შესახებ განჩინების გასაჩივრება.
კანონპროექტიდან საერთოდ ამოვარდნილია ,,დაუსაბუთებელი ხარჯების“ ცნება, და შესაბამისად, ვერც მოპასუხე (თანამდებობის პირი) აგებს პასუხს იმაზე, რომ მან გასწია ხარჯები, რომელიც აღემატება მისი, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის კანონიერ შემოსავლებს და რომლის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია.
ამოღებულია ასევე ანტიკორუფციული სარჩელების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის ნორმები.
გაუგებარია კანონპროექტის 2914-ე მუხლში მოცემული დებულება, რომლის მიხედვით,
,,თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ცნობს დაუსაბუთებლად, თუ საქმის წარმოების პროცესში, მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ქონების მოპოვებისათვის (შეძენისათვის) საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები“.
ა) უპირველეს ყოვლისა, ამავე ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციულ სარჩელებს პირველი ინსტანციით განიხილავენ საოლქო სასამართლოები (ანუ შესაბამისად კოლეგიები და არა ერთპიროვნულად მოსამართლეები), ამიტომ ტერმინის - ,,მოსამართლე“ ნაცვლად უნდა იყოს ,,სასამართლო“.
ბ) რაც შეეხება მოსარჩლე მხარის დავალდებულებას, რათა მან წარმოადგინოს ქონების დაუსაბუთებლობის შესახებ მტკიცებულებები - ეს პრაქტიკულად თავდაყირა აყენებს მთლიანად ამ იდეის ძირითად არსს, რომლის მიხედვით, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს (და შესაბამისად, წარადგინოს მტკიცებულებები) ქონების კანონიერება და დასაბუთებულობა, რადგან როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ,
,,თანამდებობის პირისათვის სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ნდობისა და მისი ხელისუფლებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, მიზანშეწონილია მტკიცების ტვირთი დაეკისროს სწორედ აღნიშნულ თანამდებობის პირს, ვინაიდან ნებისმიერი საჯარო თანამდებობა უპირველესად საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების მომენტებს შეიცავს“.
შემოთავაზებულ ცვლილებებში იგნორირებულია ასევე 2 წლის წინ მომზადებულ კანონპროექტში არსებული პრინციპი, რომლის მიხედვით, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო სარჩელის შეტანიდან ერთი თვის ვადაში ჩართულიყო თანამოსარჩელედ.
საკანონმდებლო ინიციატივით არ არის შენარჩუნებული ასევე კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც, ანტიკორუფციული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნებისმიერ პირს ჰქონდა უფლება, მოპასუხის წინააღმდეგ აღეძრა კერძო ბრალდების წესით სისხლისსამართლებრივი დევნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 332-ე, 333-ე, 337-ე, 338-ე, 340-ე, 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. ბოლო ვარიანტით, ეს უფლება დელეგირებულია მხოლოდ პროკურორზე. პროკურორს კი უფლება აქვს, შეიტანოს ანტიკორუფციული სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით (ქონების მითვისებით ან დაუსაბუთებელი ხარჯების გაწევით) ზიანი მიადგა არა ინიდივიდის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებს. ანუ ცალკე აღებული ფაქტი იმის შესახებ, რომ თანამდებობის პირს გააჩნია უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, არ წარმოადგენს საკმარისს საფუძველს პროკურორისათვის, რათა შეიტანოს ანტიკორუფციული სარჩელი. ამგვარი სარჩელების წარდგენის ტვირთი ძირითადად განაწილდება რიგით მოქალაქეებზე, თუმცა ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ეფექტური იქნება სარჩელების შეტანა მოქალაქეების მიერ.
წინგადადგმული ნაბიჯია კანონპროექტში თანამდებობის პირის ცნებაში იმ პირთა დამატება, ვისაც გააჩნია ხელმძღვანელი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იმ საწარმოში, სადაც სახელმწიფი ფლობს წილის (აქციათა) 50%25-ს ან მეტს.
ბუნდოვანია 2917-ე მუხლით განსაზღვრული ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგების დეფინიციები. I პუნქტის მიხედვით,
თუ სასამართლომ ქონება სცნო უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მოპასუხის ქონება მესამე პირთა ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი გადაეცემა სახელმწიფოს.
ანუ ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ჩამორთმეული ქონება უბრუნდება მის კანონიერ მესაკუთრეს. ამის საპირისპიროდ, II პუნქტში ვკითხულობთ,
თუ მოპასუხის ქონების შეძენის წყარო ან მისი კანონიერება ან დასაბუთებულობა ნაწილობრივ დასტურდება, სახელმწიფოს უბრუნდება ქონების ის ნაწილი, რომლის კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.
ანუ ქონების ის ნაწილი, რომლის კანონიერებას მოპასუხე ვერ ადასტურებს, უბრუნდება სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქონებას ჰყავს თავისი კანონიერი მესაკუთრე.
![]() |
3 ,,ქრისტიანული კაზუისტიკა“ და საქართველოს ხვალინდელი დღე |
▲back to top |
დეკანოზი ბასილ კობახიძე
არის თუ არა ეკლესიის მოვალეობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა?
საღვთო წერილსა და ეკლესიის მამათა ნააზრევში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს საკითხებს ინდივიდისა და საზოგადოების გარდაქმნის შესახებ, ე.ი. მოძღვრებას კოლექტივის (სოციუმის) გაუმჯობესების თაობაზე, რასაც შეიძლება ქრისტიანული სოციოლოგია ვუწოდოთ. ღმერთმა ადამიანი მოქალაქედ (,,პოლიტედ“), საზოგადო არსებად შექმნა. ამის თაობაზე ყველაზე ნათლად იგი თავად მეტყველებს, როდესაც ამბობს:
,,არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს...“ (დაბ. 2:13).
ასე დააღწია ადამმა თავი მარტოსულობას, შექმნა ოჯახი, შთამომავლობა და შეიქმნა საზოგადოება, რომლის თითოეულ წევრს, თითოეულ პიროვნებას, განუმეორებელი ადგილი, ღირსება და პატივი აქვს მინიჭებული. პიროვნება კი, რადგან შემკულია ღვთის ხატებითა და მსგავსებით და აღბეჭდილია ტრანსცენდენტურობით, ანარქიას ვერ გუობს და წესრიგისაკენ ისწრაფვის. წესრიგის საბოლოო მიზანი არის მშვიდობა, რაც სიკეთეა. ლაპარაკია საყოველთაო სიკეთეზე, რაც საზოგადოების ზოგად კეთილდღეობას გულისხმობს. ნორმალური ფსიქიკისა და ზნეობის ადამიანი, თუნდაც მდიდრად და ფრთაგაშლილად ცხოვრობდეს, საყოველთაო გაჭირვებისა და უბედურების პირობებში თავს ბედნიერად ვერ ჩათვლის. საზოგადო სიკეთე და ბედნიერება ქვეყანაში მაშინ დაისადგურებს, როდესაც კეთილდღეობას ყველა თანაბრად და თანასწორად ეზიარება (ეს იდეა, სხვათა შორის, კომუნისტებმა ქრისტიანებისაგან, კერძოდ ,,მოციქულთა საქმეებიდან“, ისესხეს). ამიტომ ეკლესია მორწმუნეებს შრომისმოყვარეობისა და პატიოსნებისაკენ მოუწოდებს, რასაც თან ახლავს, როგორც საყრდენი და საფუძველი, მოწოდება სამართლებრივი აზროვნებისა და კანონმორჩილებისაკენ.
ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ და რასაც ქრისტიანთა ზნეობრივი კრედო (კონსტიტუცია) ჰქვია, წინააღმდეგობრივ და მტრულ ურთიერთობაშია იმ მოვლენასთან, რასაც დღეს კორუფციას ვუწოდებთ.
,,კორუფცია“ ფართო ცნებაა და წახდენას, გაფუჭებას, დანგრევას, დარღვევას, ცდუნებას, გარყვნას, გახრწნას, მოსყიდვას, ფალსიფიცირებას გულისხმობს. ცხადია, საქმე იმ საზოგადო სენთან გვაქვს, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობისა და, ზოგადად, ლიბერალური საზოგადოების იდეას ძირშივე ებრძვის და ღრღნის. კორუფცია საზოგადოების დიდი ნაწილის გაღატაკებას იწვევს, რაც ბოროტებაა. პიროვნების სულიერი და გონებრივი განვითარებისათვის, რათა მან სულის ცხონებისათვის იზრუნოს, საჭიროა სათანადო გარემო, რომლის ერთ-ერთ ნაწილად ნორმალური მატერიალური პირობები ითვლება. კორუფციის თანამდევი შედეგებია: პატიოსანი ადამიანების დაჩაგვრა და ქონებრივად გაპარტახება, უზნეოთა და დამნაშავეთა გაამაყება და აღზევება, მათ მიერ მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება, კრიმინალური ბანდების, იგივე ,,კანონიერი ქურდების“, თარეში და კრიმინალური ცნობიერების მასშტაბთა გლობალური ველი, რაც მოქალაქეებს სიკეთისაგან აშორებს და ბოროტებისაკენ მიდრეკს. იქმნება მოჯადოებული წრე, რომლის გადალახვა დიდი პრობლემაა და რაც კეთილგონიერ ადამიანებს ბევრ საზრუნავს უჩენს.
კორუფციის წინააღმდეგ და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლაში ქრისტიანები პირველ რიგში ბიბლიას ეყრდნობიან. როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გამსჭვალულია სამართლებრივი საზოგადოების მშენებლობის იდეით. უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე, როგორც უშუალოდ, ისე წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით, კორუფციასთან ბრძოლის არა ერთსა და ორ მაგალითს გვიჩვენებს. გზები და მეთოდები, რითაც საღვთო წერილი დამნაშავეთა სამყაროს ებრძვის, არის შეგონება, მხილება და ანგარიშსწორება (სასჯელი).
სოციალური სამართლიანობის იდეებით ღრმადაა გამსჭვალული ღმერთთანმეტყველი მოსეს წიგნები. მე-2 რჯულში, კერძოდ, ნათქვამია:
,,ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს“ (24:14-15).
ჩვენი დროის თავაშვებულ კორუმპირებულებსაც გულისხმობს ესაია წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობს:
,,ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ, სიმართლისაგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს. ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ! რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ?“ (ეს. 10:1-3).
მეფე სოლომონის სიბრძნე კაცთა მოდგმის ზნეობრივი გარდაქმნის იშვიათ ძალას ფლობს. იგი შეახსენებს ყველა დროისა და ეპოქის დამნაშავეებს, რომლებსაც ღმერთი სწამთ, მაგრამ მათი სასოება შესაწირ ძღვენთა რაოდენობით და მატერიალური ხარისხით იფარგლება:
,,სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის... სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი. ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა... ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია, თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული“ (იგავ. 21:1,6-7,13).
ბრძენი ზირაქიც გვაუწყებს და ადასტურებს:
,,გასაკიცხია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისგან შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი.უღვთოთა შესაწირავს უზენაესი არ მიითვლის სათნოდ და არც მსხვერპლშეწირვათა სიმრავლე მიატევებინებს ცოდვებს. რაღა შვილის დაკვლა მამის წინაშე და რაღა მსხვერპლის შეწირვა ღარიბ-ღატაკის ქონებიდან. ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია“ (ზირ. 34:18-21).
ღია და სამართლიანი საზოგადოების იდეას მეტი სიცხადით ახალი აღთქმა ასაჩინოებს. იესო ქრისტეს პირველი ქადაგება, რომელიც მთაზე შედგა (მათე 5-7), შეიძლება ითქვას, ანტიკორუფციული სულისკვეთებითაა განმსჭვალული. მისი მთავარი პათოსი ,,სიმართლისათვის შიმშილი“ და სამართლიანობისაკენ მოწოდებაა. უფალს ესათნოება არა მსხვერპლი, არამედ წყალობა. სასუფეველში შევა არა უფლის სახელის ხშირ-ხშირად მხმობელი, არამედ უფლის ნების აღმსრულებელი, ე.ი. ის, ვისი ცხოვრებაც სიმართლითა და სათნოებითაა აღბეჭდილი; ვინც უფალს უფლისას მიაგებს და კეისარს კეისრისას (მათე 22:21). ცხადია, აქ (,,მიეცით კეისარსა კეისრისა“) პატიოსანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სამსახური იგულისხმება. ვინც სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს, უნდა დაისაჯოს. ესაა ღვთის ნება და განჩინება, რომელიც უსათუოდ უნდა შესრულდეს, - ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. ამისათვის კი, როდესაც სხვა გზა აღარ რჩება, ძალაც უნდა გამოვიყენოთ. გავიხსენოთ, რა დღე აყარა მაცხოვარმა ტაძრის კორუმპირებულ მოსამსახურეებს, რომლებსაც ,,სამლოცველო სახლი“ ,,ავაზაკთა ბუნაგად“ გადაექციათ. ხელმწიფის ბუნება იესომ სწორედ ამ დროს გამოიჩინა და ,,ტაძრის გამრყვნელნი“ ტაძრიდან გაყარა (მათე 21:12-13; მარკოზი 11:15-17; ლუკა 19:45-48; იოანე 2:13-17).
მეფე სოლომონი
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სული ეკლესიას თანდაჰყვა. მისი გამოვლინება ჯერ კიდევ მოციქულთა დროში გახდა აუცილებელი, რადგან კორუფციის ელემენტებმა პირველმორწმუნეთა შორისაც იჩინა თავი. ეს ელემენტებია პირის გატეხვა და მექრთამეობა, რომელთაგან პირველი ანანიამ და მისმა ცოლმა გამოავლინეს, როდესაც საზოგადო სალაროში შესატანი თანხის ნაწილი ,,მოტეხეს“ და გადამალეს (საქ. 5:1-11), და მეორე - გრძნეულყოფილმა სიმონმა, რომელმაც სულიერი მადლის, იგივე თანამდებობის, ყიდვა მოინდომა (საქ. 8:14-24). ერთმაც და მეორემაც პეტრე მოციქულის რისხვა დაიმსახურა. იმ დღიდან ეკლესიის იერარქთა მოქრთამვას სიმონია დაერქვა, რაც კორუფციის ერთ-ერთი სახეობაა. კორუფციის წინააღმდეგ სიტყვითაც და საქმითაც ეკლესიის თითქმის ყველა მამა და მასწავლებელი ილაშქრებდა. სოციალურ სამართლიანობასა და ქრისტიანის პატიოსნებაზე ბევრს წერდნენ იოანე ოქროპირი, გრიგოლ ნოსელი, ამბროსი მედიოლანელი და ნეტარი ავგუსტინე. წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრება და მოღვაწეობა ბევრწილად ხელისუფალთა უმსგავსობისა და უკანონობის მხილებასთანაა დაკავშირებული, რამაც მას აურაცხელი ვნება მიაყენა. მან დაგმო იმპერატორი და მისი გარემოცვა, რომლებიც ფუფუნებით ცხოვრებას მაშინაც კი არ იკლებდნენ, როდესაც სახელმწიფოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და ეპიდემიებმა და მიწისძვრამ უამრავი სული იმსხვერპლა. ამ დროს მეფემ და დედოფალმა გამართეს პომპეზური ბანკეტი, რომელზეც იგი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და პატრიარქი, პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. მისი ეს და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებანი გაჭირვებულთა და საპყართადმი სოლიდარობის გრძნობით იყო ნაკარნახევი, რომლის თანახმად, ეკლესიის წევრებმა ერთმანეთის ჭირი და სიხარული უნდა გაიზიარონ. საღვთო წერილის ჰუმანური პრინციპი, - ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ! (გალ. 6:2) კორუმპირებული იმპერატორობითი უდიდებულესობისათვის გაუგებარი აღმოჩნდა, რის გამოც მან მართლისმთქმელი მღვდელმთავარი 404 წელს კათედრიდან გადააყენა და საქართველოში გადაასახლა. ზნეობრივი ღვთისმეტყველებისა და ქრისტიანული სოციოლოგიის საკითხები წმ. იოანე ოქროპირმა ეკლესიის მამათა შორის ყველაზე უკეთ დაამუშავა. მისი თქმით, მარტო ის კი არ არის მძარცველი, ვინც სხვის ქონებას ითვისებს, არამედ ისიც, ვინც გლახაკთ და უპოვართ არაფერს უწყალობებს.
დანაშაულებრივი ცნობიერება და ქმედებანი არც ერთი ადგილობრივი ეკლესიისათვის არაა უცხო. სასულიერო მწერლობა, რომლის ერთ-ერთ უმდიდრეს დარგს ჰომილეტიკა წარმოადგენს, სავსეა კორუფციის თემაზე შექმნილი ქადაგებებით. როგორც ძველი, ისე ახალი ეპოქის ღვთისმსახურები მორწმუნეებს დღემუდამ შთააგონებენ, - ეშმაკობით და მზაკვრობით მოხელთებულ ძღვენს უფალი არ შეიწირავს!
აქვს თუ არა კორუფციას ადგილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში?
ამ კითხვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, საყოველთაო და გლობალური ანტიკორუფციული კამპანიის ჟამს. გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის რელიგიური დემოგრაფია, რომლის ოფიციალური თუ არაოფიციალური სტატისტიკა ასეთა: მართლმადიდებლად თავს მოსახლეობის 83%25 აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია. თუკი ასეა, ლოგიკურია დასკვნაც: სახელმწიფოს კრიმინოგენური ვითარების განსაზღვრასა და მორალური ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია (როგორც სამღვდელო იერარქია, ისე ერისკაცთა საზოგადოება) დღესდღეობით უდიდეს როლს ასრულებს.
,,რაც ერია, ის ბერიაო“ (შებრუნებითაც ითქმის, თუმცა არსებით ერთი და იგივეა). აქ სადავო არაფერია. ასეა სხვაგან და ასეა ჩვენ სინამდვილეშიც. რა ზნეობრივ სიმაღლეზეც ერისკაცები დგანან, იქნებიან ისინი პოლიტიკოსები, მეცნიერები, ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები, იმავე სიმაღლეზე დგანან სასულიერო პირები, იქნებიან ისინი დიაკვნები, მღვდლები თუ ეპისკოპოსები. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ერისკაცთა ავკაცობაზე საჯაროდ ლაპარაკი ტაბუირებული არაა, სამღვდელოთა ავკაცობაზე საჯაროდ ლაპარაკი კი ლამის ტაბუირებულია. ჩვენი სულიერი მამების დიდ ნაწილს სახარებიდან ყველაზე მეტად ის ადგილი მოსწონთ, სადაც ნათქვამია: ნუ განიკითხავთ! (მათე 7:1). ფიქრობენ, აქ ობიექტად მხოლოდ სასულიერო პირები მოიაზრებიან. ავიწყდებათ, რომ ეკლესიის ისტორია სავსეა უკეთურ მღვდელთა და მოვლენათა მხილებით. ამის დასტურად მარტო იოანე ოქროპირის ცნობილი ნაშრომის ,,მღვდლობის შესახებ“ გახსენებაც იკმარებდა, რომელშიც უამრავი ავი და ბნელი საქმეა წარმოჩენილი, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებიც ჩადიან. მათ შორის ბევრ ისეთ საქმეზეა ლაპარაკი, რომელთა ზოგადი სახელი დღეს კორუფციაა.
დაფარული არაფერია (მათე) და ფართო საზოგადოებრიობისათვის გზადაგზა მაინც ხდებოდა და დღესაც ხდება ცნობილი იმ კორუფციული მოვლენების შესახებ, რასაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიაში ადგილი ჰქონდა და აქვს. იქ ფულად-საკრედიტო, სამეწარმო და სავაჭრო მაქინაციათა თაობაზე ამა თუ იმ სახის ცნობებმა ჩვენს პრესასა და ეთერში ბოლო ათი წლის მანძილზე რამდენიმეჯერ გაიჟღერა. საერთოდ კი დუმილი მეფობდა, რაც ახლახან გაზეთმა ,,24 საათი“ დაარღვია. სათაურით ,,მრევლს გაცილებით მეტი უფლება აქვს ეკლესიაში, ვიდრე დღეს აძლევენ“ მან 2003 წლის 10 მაისს იმ დისკუსიის მასალები გამოაქვეყნა, რომელიც ინტერრელიგიურ, ანტიკრიმინალურ და ანტიკორუფციულ საბჭოს წევრებს შორის გაიმართა.
სოციოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა გიგი თევზაძემ დისკუსიის მონაწილეთა ყურადღება ერთ-ერთი სასულიერო პირის პოზიციაზე გაამახვილა. კორესპონდენტის კითხვას - ,,მკრეხელურია თუ არა აზრი, რომ ნაქურდალი ფულით ეკლესიის მშენებლობა მოუღებელია?“ - ხსენებული მღვდელი ასე პასუხობს:
,,ძალიან მკრეხელურია ასეთი აზრები. როდესაც უფალი შევიდა ლაზარეს სახლში და ლაზარეს ძალიან ძვირადღირებული ნელსაცხებელი აცხო, იუდამ უთხრა, რა საჭირო იყო ასეთი ძვირფასი ნელსაცხებლის ცხება, 300 დრაქჰანად გაგეყიდათ და გაჭირვებულებისთვის დაგერიგებიაო. იუდას გაჭირვებულები კი არ ადარდებდა, უბრალოდ, უფლისათვის დაენანა. ამიტომ არ შეიძლება მასე ლაპარაკი. მე ვისურვებდი, რომ ყველა კორპუსის წინ იყოს ტაძარი. ამიტომ, როცა მოპარული ფულით აშენებენ ტაძარს, ერთ რამეს გეტყვით - როდესაც ვინმე მოპარული ფულით აშენებს ტაძარს, არ შეეწირება, არამედ შეეწირება იმას, ვისგანაც ფულია მოპარული და სასუფეველში მათი გვარ-სახელები ჩაიწერება.“
ათი მცნება
მღვდლის პასუხი მართლაც უცნაურია. ჯერ ერთი, უფალმა კი არ სცხო ლაზარეს ნელსაცხებელი, არამედ ლაზარეს დამ, მარიამმა, სცხო უეალს (იოანე21:1-11). მეორე და მთავარი: როგორ შეიძლება, რომ უფალმა იმ კაცისაგან ,,შეიწიროს“, რომელიც, შესაძლებელია, ათეისტი და სულაც ,,ღვთის ფეხის მკვნეტელია“? აქ საგოდებელი გახლავთ ის, რომ მსგავსი ,,აზროვნება“ მხოლოდ ზემოხსენებულ სტრიქონთა ავტორს არ ახასიათებს. ამ ,,აზროვნების“ უკან მაგია და პათოლოგიური ცნობიერება დგას, რასაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ერშიც და ბერშიც, ღრმად აქვს ფესვები გადგმული. სწორედ ეს ფესვები ანოყიერებს იმ ლოგიკას, რომელსაც სხვას ვერაფერს დავარქმევთ, თუ არა ,,ქრისტიანულ კაზუისტიკას“. კაზუისტიკა კი, მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი ბოდვა არ გახლავთ, არც ნონსენსთა უბრალო კორიანტელი. მისი მეშვეობით უცხვირპირო ადამიანები, განსაკუთრებით - მღვდლები, ყველაფრის დამტკიცებას ახერხებენ და ზოგჯერ წარმატებითაც. ,,ქრისტიანული კაზუისტიკა“ ერთობ საშიში მოვლენაა.
ცრუმორწმუნეობა და კრიმინალური ცნობიერება ჩვენს ეკლესიაში ერთმანეთს შესანიშნავად დაუძმობილდნენ. ამას ათასი ჯურის კრიმინალის, კორუმპირებული ელემენტისა და ,,კანონიერი ქურდის“ მართლმადიდებელ ეკლესიაში ინტეგრირება ცხადყოფს. სასულიერო პირებს შორის პატივსაცემი გახდა ქურდი და მდიდარი ადამიანი. ჩვენთან, მაღალი იერარქიით დაწყებული, დაბალი იერარქიის ჩათვლით, მოხდა ღირებულებების პროფანაცია. საკითხავია: მდიდარი ადამიანები, რომლებიც, როგორც წესი, ხელმოჭერილობით გამოირჩევიან, მღვდლების მიმართ ასეთი ხელგაშლილები რატომ არიან? უეჭველია, შამანური შიშის გამო, ყველაფერი კარგად რომ ჰქონდეს, აქაც და იქაც, - ,,გადახდილი“ რომ ჰქონდეთ, როდესაც მივლენ იქ, საიქიოში.
ფაქტია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კორუფცია არსებობს. კონკრეტულ მაგალითებს, მათ კლასიფიკაციასა და მასშტაბებს არ ვეხებით. ვიტყვით მხოლოდ, რომ საქართველოს მომავლისათვის, მისი ეკონომიკის წინსვლისა და დემოკრატიზაციისათვის, მისი საერთაშორისო იმიჯისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის ზნეობრივ და ინტელექტუალურ კლიმატს, ამ ეკლესიის რიცხოვნობისა და ტრადიციული ავტორიტეტის გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
![]() |
4 ადამიანის ღირსება და მისი მნიშვნელობა |
▲back to top |
კოტე კუბლაშვილი
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 17
I. ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა მნიშვნელობა
საქართველოს კონსტიტუციით შექმნილი ახალი ქართული სახელმწიფო ეფუძნება თავისუფალი, დემოკრატიული წესწყობილებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ხელისუფლების უშუალოდ შემბოჭავი ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებებია (შემდგომში - ,,ძირითადი უფლებები“). ამ ნაშრომის მიზანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლების - ადამიანის ღირსების განხილვაა, მაგრამ თავდაპირველად აუცილებელია, გავეცნოთ ძირითადი უფლებების არსს, მათ მნიშვნელობას და ადგილს საქართველოს სამართლებრივ სისტემაში.
ა) ძირითადი უფლებების მნიშვნელობა უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იმით, რომ ზემოაღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლს. მასში მოცემული დებულება კონსტიტუციის უდიდესი მონაპოვარია. აღნიშნული დებულების მიხედვით, საქართველოს
,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.
ცხადია, რომ ამ დებულების საფუძველი, ისევე როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა ამღიარებელი სხვა ისტორიული დოკუმენტებისა, ბუნებითი სამართალია.
საქართველო აღიარებს ადამიანის უფლებებს, როგორც ადამიანის ბუნებრივ (ბუნებით) უფლებებს, რომლებიც მას აქვს იმიტომ, რომ ადამიანია. ეს უფლებები ადამიანის დაბადებასთან ერთად წარმოიშობა, ზოგიერთი მათგანი კი ჯერ კიდევ დედის წიაღში მყოფ ნაყოფსაც (nasciturus) აქვს. შესაბამისად სახელმწიფოს არ შეუძლია, წაართვას ან მიანიჭოს ისინი ადამიანს;
სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ამ უფლებებს და იმავდროულად უზრუნველყოს, დაიცვას ისინი. ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე,
მოქმედი სამართლის შემადგენელი ნაწილია, თავის მხრივ, უშუალოდ მოქმედებს და შესაბამისად ობიექტურ სამართალს წარმოადგენს,
განსხვავებით ზოგიერთი სხვა (მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რამდენიმე მხარის) კონსტიტუციისაგან, რომლებშიც ადამიანის უფლებები მხოლოდ პროგრამული, დეკლარაციული ხასიათისაა. ამასთან, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მიხედვით,
ამ უფლებებით შეზღუდულია არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ხალხიც,
რომელიც თავისი ნების გამოხატვისას ვალდებულია, გაითვალისწინოს ისინი და ყოველი კონკრეტული საკითხი მათ შესაბამისად გადაწყვიტოს. ძირითად უფლებებსა და სახელმწიფოს ნებისმიერ აქტს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ძალას კარგავს და არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ აქტად.
როგორც ცნობილია,
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს: საკანონმდებლო ხელისუფლება შებოჭილია კონსტიტუციით, უფრო კონკრეტულად - კონსტიტუციით შექმნილი და განმტკიცებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგით, აღმასრულებელი ხელისუფლება და მართლმსაჯულება კი - კონსტიტუციითა და მის შესაბამისად მიღებული კანონებით, ანუ სამართლით.
,,ხელისუფლების მბოჭავ“ ნორმებში, უპირველეს ყოვლისა, ისევ ადამიანის ძირითადი უფლებები უნდა ვიგულისხმოთ. სწორედ ისინი ბოჭავს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს. აღმასრულებელი ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს მოქმედი სამართლის ნორმებზე, ანუ კანონებზე, მაგრამ თვით ამ კანონების მიღებისას, საკანონმდებლო ხელისუფლება შეზღუდულია ძირითადი უფლებებით, რადგან ყველა კანონი სწორედ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს უნდა შეესაბამებოდეს. ასევე შეზღუდულია სასამართლო ხელისუფლებაც, რომელმაც ისე უნდა განმარტოს და გამოიყენოს კანონის ნორმები, რომ არ დაირღვეს ძირითადი უფლებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ საერთო სასამართლოები იყენებენ მოქმედ სამართალს, იხილავენ და წყვეტენ მოქალაქეთა შორის, მოქალაქეთა და სახელმწიფო ორგანოებს შორის დავათა უდიდეს ნაწილს. მათი გადაწყვეტის პროცესში სამართლის ნორმათა განმარტებისა და გამოყენების დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ კონსტიტუციის საფუძველზე ადამიანის ძირითადი უფლებებით შექმნილი ღირებულებათა სისტემა. საქართველოს კანონმდებლობით,
საქმის საპროცესო მხარე, თავად პროცესი, მოცემული საქმის შინაარსის შეფასება, გარემოებათა ანალიზი, სამართლის ნორმათა განმარტება და გამოყენება ყოველ კონკრეტულშემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ ესაბამისი საერთო სასამართლოს კომპეტენცია.
მაგრამ სასამართლო ვალდებულია, საქმეთა განხილვისას და კონკრეტულ ნორმათა გამოყენებისას, გაითვალისწინოს ძირითად უფლებათა მნიშვნელობა. ეს აუცილებელია იმ შემთხვევებშიც, როცა საქმე ეხება სამოქალაქოსამართლებრივ დავას ორ (ფიზიკურ თუ კერძო სამართლის იურიდიულ) პირს შორის. მიუხედავად იმისა, რომ, საყოველთაოდ გაბატონებული შეხედულებით, ძირითადი უფლებები უშუალოდ მოქმედებს მხოლოდ სახელმწიფოსა და მოქალაქეს და არა მოქალაქეთა (ან მოქალაქეთა და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა) შორის ურთიერთობებში, იმავე შეხედულების მიხედვით, ძირითადი უფლებები ავითარებს ე. წ. შუალობითი (არაპირდაპირი) მოქმედების ძალას ასეთ ურთიერთობებზე. შესაბამისად, ამ შემთხვევებშიც სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტება, გამოყენება და შეფარდება ორიენტირებული უნდა იყოს ძირითადი უფლებების მნიშვნელობასა და შინაარსზე. კონსტიტუციური ნორმები ირღვევა მაშინ, როცა სასამართლო გადაწყვეტილებაში იკვეთება ნორმათა განმარტებისას დაშვებული შეცდომა, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული ძირითადი უფლების მნიშვნელობისა და გამოსაყენებელ საკანონმდებლო ნორმებზე მისი ზეგავლენის ძალის, განსაკუთრებით კი ამ უფლებით დაცული სფეროს ფარგლების მცდარი შეფასებით. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: თუ სასამართლო ცდება და საქმის განხილვისას, მართებულად ვერ აფასებს ძირითადი უფლებების ნამდვილ შინაარსსა და სამართლის ნორმებზე მათი ზემოქმედების ძალას, ეს ნიშნავს, რომ საერთო სასამართლო, როგორც საჯარო ხელისუფლების მფლობელი, უყურადღებოდ ტოვებს ძირითადი უფლების მნიშვნელობას, ამის შედეგად მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კი არღვევს ამ უფლებას, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის კომპეტენტური სასამართლოს მიერ.
ბ) ძირითად უფლებათა შეზღუდვის საფუძვლები საქართველოს კონსტიტუციით არ არის დადგენილი ზოგიერთი ძირითადი უფლების შეზღუდვის საფუძველი. ასეთი ძირითადი უფლება აბსოლუტურად უზრუნველყოფილად ითვლება და სახელმწიფოს არც ერთ შემთხვევაში, თვით კანონის საფუძველზეც კი არ შეუძლია მისი შეზღუდვა. მაგალითად, ინტელექტუალური შემოქმედების ანუ ხელოვნების თავისუფლება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლებაა. კონსტიტუციით შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაზე: გავრცელება შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არღვევს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. რაც შეეხება თავად შემოქმედებით პროცესს, მასში ჩარევა და შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია. ასეთი აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს ისევ და ისევ მხოლოდ სხვა ძირითად უფლებასთან კონფლიქტის დროს, როცა კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა სწორედ აბსოლუტურად უზრუნველყოფილ ძირითად უფლებასთან კოლიდირებულ, არანაკლები მნიშვნელობისა და მოქმედების ძალის მქონე ძირითად უფლებას უნდა მიენიჭოს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ძირითადი უფლებების უმრავლესობა შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ამისათვის სახელმწიფომ უნდა დაიცვას რამდენიმე აუცილებელი პირობა. უპირველეს ყოვლისა, (1) შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, თავად კანონი და კანონის ნორმათა გამომყენებელი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ძირითადი უფლებების არსს. გარდა ამისა, თავად კანონი უნდა იყოს ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მისი ნორმები - ცხადი, კონკრეტული და არაორაზროვანი, კანონის ნამდვილი აზრი - ადვილად მისახვედრი და გასაგები, მისი დარღვევის შედეგები კი - ადვილად განჭვრეტადი; (2) კანონის საფუძველზე განხორციელებული ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისათვის. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს ამ აუცილებლობაზე (მაგალითად, 22-ე მუხლის მე-3 და 24-ე მუხლის მე-4 პუნქტებში), რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ძირითად უფლებათა შესაზღუდად დაეყრდნოს ზოგად აუცილებლობას;
შეზღუდვა გამოწვეული უნდა იყოს მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს, თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების შენარჩუნებისა და არსებობის აუცილებლობით.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ტერმინი ,,აუცილებელი“ არ არის ,,საჭიროს“ სინონიმი; მას ასევე არა აქვს ისეთი გამოთქმების მნიშვნელობა, როგორიცაა: ,,დასაშვები“, ,,მისაღები“, ,,საკმარისი“ ან ,,სასურველი“. თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილება, თავის მხრივ (როგორც ზემოთ აღინიშნა),
გამორიცხავს ყოველგვარ ტოტალიტარულ და ძალმომრეობით მმართველობას და წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის სისტემას. იგი ეფუძნება (უზენაესი) მოქმედი უმრავლესობის ნებას, შესაბამისად ხალხის თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და თანასწორობას.
ამ წყობილების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი კი კონსტიტუციით აღიარებული და კონკრეტიზებული ადამიანის უფლებების, უპირველესად - ადამიანის ღირსების, სიცოცხლისა და საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების პატივისცემაა; (3) კანონი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ძირითადი უფლების შეზღუდვა, აუცილებლად უნდა იყოს ზომიერი, ანუ უნდა შეესაბამებოდეს ზომიერების პრინციპს. ზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონს უნდა ჰქონდეს
(ა) ლეგიტიმური საჯარო მიზანი,
(ბ) უნდა იყოს გამოსადეგი (მიზნის მისაღწევად),
(გ) აუცილებელი (საჭირო) (მიზნის მისაღწევად) და
(დ) შესაბამისი (ანუ ზომიერი ვიწრო გაგებით).
გ) ძირითად უფლებათა ცნების ელემენტები როგორც ზემოთ აღინიშნა, ძირითადი უფლებები საქართველოს სამართლებრივი სისტემის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული მე-7 მუხლით, რომელიც ძირითად უფლებებს ,,უშუალოდ მოქმედ სამართალს“ უწოდებს. წმინდა სამართლებრივი ენით რომ ვთქვათ, ისინი ,,ობიექტურ სამართალს“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფოს კონსტიტუცია შეიცავს ძირითად უფლებებს მხოლოდ პროგრამის, რეკომენდაციების, მიზნების მნიშვნელობით.
ძირითადი უფლებები პერსონალურ პრეტენზიას (მოთხოვნას) წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუცია ადგენს: ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ დარღვეულია მისი ძირითადი უფლება, შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს (მ. 89, პ. 1, ქვპ. ,,ვ“). ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ძირითად უფლებებს პატივი უნდა სცენ არა მხოლოდ მათ, ვინც ვალდებულია (საჯარო ხელისუფლებამ), არამედ თვით ამ უფლებებით აღჭურვილმა ადამიანებმაც, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს დახმარებით შეუძლიათ, მოითხოვონ თავიანთ უფლებათა დაცვა და დაფასება. ამდენად, ძირითადი უფლებები სუბიექტური უფლებებია.
ზემოთქმულიდან უკვე იკვეთება ძირითად უფლებათა მთავარი არსი:
ძირითადი უფლებები, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსაგან ადამიანის დამცავი უფლებებია.
ისინი იცავს ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან მათი ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში ჩარევისაგან და ამით უზრუნველყოფს ადამიანებისათვის ცხოვრების (სახელმწიფოსაგან) თავისუფალ სფეროებს. ძირითადი უფლებები ბოჭავს სახელმწიფოს, სახელმწიფო ხელისუფლებას და გამორიცხავს იმას, რომ ხელისუფლებას ყველაფერის უფლება ჰქონდეს. თუ კარგად დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ძირითადი უფლებების ეს მიზანი (სახელმწიფოს შებოჭვა) მათი ისტორიული განვითარების თავისებურებიდან გამომდინარეობს და დღესაც მათ ტიპურ ფუნქციას წარმოადგენს.
ძირითადი უფლებები ავალდებულებს სახელმწიფო ხელისუფლებას.
ამ დებულების სამართლიანობა გამომდინარეობს ძირითადი უფლებების ისტორიული ფუნქციიდან, ზემოთ ციტირებული კონსტიტუციის მე-7 მუხლის ნორმიდან და პრაქტიკული მოსაზრებიდან. სახელმწიფოს ეს ვალდებულება მოქმედებს როგორც ნეგატიური (სახელმწიფოს მიერ რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება), ისე პოზიტიური (მოქალაქეთათვის სამსახურის გაწევა და მათი ძირითადი უფლებების აქტიური დაცვა) თვალსაზრისით. მაგალითად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს უფლება, თვითნებურად შეაწუხოს ან რაიმე უპირატესობა მიანიჭოს მოქალაქეს. აქვე შევნიშნავ: რაკი ძირითადი უფლებები სახელმწიფოს ზღუდავს და არა კერძო პირებს, მათ საჯარო უფლებებსაც უწოდებენ.
ძირითადი უფლებები კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია:
ადამიანები ფლობენ მრავალ სუბიექტურ უფლებას სახელმწიფოს მიმართ, მაგალითად, ზედმეტად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების, ანაზღაურების უფლებას, მაგრამ ეს არ არის ძირითადი უფლება. ძირითადი მხოლოდ ის უფლებებია, რომლებიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამდენად, მაგალითად, საქართველოში არ არსებობს შრომის ძირითადი უფლება, რადგან სათანადო ფორმულირება კონსტიტუციაში არ არის (კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტში მხოლოდ აღნიშნულია, რომ ,,შრომა თავისუფალია”). თუმცა, ბევრი მეცნიერის აზრით, კონსტიტუციის შესაბამისი უფლებები, რომლებიც არ არის შეტანილი ძირითადი უფლებების კატალოგში, მიუხედავად ზემოთქმულისა, მაინც შეიძლება ჩაითვალოს ძირითად უფლებებად, უფრო ზუსტად - ძირითად უფლებათა თანაბარ (მსგავს) უფლებებად.
დ) ძირითად უფლებათა დაჯგუფების პრინციპები
ადამიანის ძირითადი უფლებების დაჯგუფება სხვადასხვა პრინციპების საფუძველზე ხორციელდება. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია სახელმწიფო ხელისუფლებაზე ორიენტირების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ძირითად უფლებათა დაყოფის საფუძველია საკითხი,
თუ რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოითმინოს და რა არ უნდა გააკეთოს ვალდებულმა, ანუ სახელმწიფო ხელისუფლებამ.
აღნიშნული პრინციპის შესაბამისად შეიძლება გამოვყოთ:
1. თავისუფლების უფლებები
თავისუფლების უფლებების მიზანია, უზრუნველყონ ადამიანისათვის სახელმწიფოსაგან თავისუფალი სფერო. ამ უფლებებს ე. წ. ,,ნეგატიური სტატუსი“ აქვს, ანუ სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს არავითარი ინტერვენცია ადამიანიების ცხოვრებისა და საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში (status negativus). თავისი კანონებით სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მესამე პირიც პატივს სცემდეს ამ უფლებებს, რომლებსაც მიეკუთვნება: ადამიანის ღირსება, სიცოცხლის უფლება, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის, ინფორმაციის, აზრისა და პრესის, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებები.
2. სამოქალაქო უფლებები
ძირითადი უფლებების პირველი კატალოგები თავისუფლების უფლებებთან ერთად შეიცავდა ე. წ. სამოქალაქო (იგივე პოლიტიკურ) უფლებებს. სამოქალაქო უფლებებით, რომლებსაც ე. წ. ,,აქტიური სტატუსი” (status activus) აქვს, ხორციელდება ზემოქმედება სახელმწიფოზე. მაგალითად, პარლამენტმა უნდა მოითმინოს და აიტანოს ახალი არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დეპუტატების პარლამენტის წევრობის საკითხი. საყურადღებოა, რომ თავისუფლების უფლებები შესაძლოა ავტორიტარულ სახელმწიფოშიც არსებობდეს, რომელიც ხელისუფლების დანაწილებას არ ცნობს, მაგრამ სამოქალაქო უფლებების იქ არსებობა გამორიცხულია. უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო უფლებაა საარჩევნო უფლება. თუმცა ასევე ცხადია, რომ თავისუფალი არჩევნები მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა სახეზეა სიტყვის თავისუფლება, აზრისა და პრესის თავისუფლება, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებები.
3. სოციალური უფლებები
სოციალური უფლებების პირველი ფორმულირება მოხდა მე-19 საუკუნეში ე. წ. ძმობის სულის გავლენით. ამ უფლებებს ე. წ. ,,პოზიტიური სტატუსი“ (status positivus) აქვს და ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრების პირობები იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ეს სჭირდებათ. აქ უპირველესად იგულისხმება საკვები, ტანსაცმელი და საცხოვრებელი. ძირითად უფლებათა ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ აგრეთვე განათლების, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებები.
დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უნივერსიტეტებში დამკვიდრებული სასწავლო კურსის მიხედვით ძირითადი უფლებების უკეთ შესასწავლად მათი დაჯგუფება ხდება დაცული სამართლებრივი სიკეთის მიხედვით. ასეთი დაყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძირითადი უფლებების შინაარსის უკეთ გასაგებად, არამედ მათი დარღვევის შემოწმების პროცესისთვისაც. აღნიშნული დანაწილების მიხედვით გამოიყოფა:
(1) თავისუფლების უფლებები.
ძირითადი უფლებების უმეტესი ნაწილი ე. წ. თავისუფლების უფლებებს წარმოადგენს.
(2) თანასწორობის უფლებები.
თანასწორობის უფლებები წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო თანასწორად მოეპყრობა თავის მოქალაქეებს. დაუშვებელია ადამიანისათვის უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭება ან სხვებთან შედარებით მისი უარეს მდგომარეობაში ჩაყენება. სახელმწიფოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოეპყრას ადამიანებს უთანასწოროდ, როცა ამისათვის განსაკუთრებული საფუძველი აქვს (იურიდიულად ეს შეიძლება ასეც ვთქვათ: როცა სახელმწიფოს აქვს დიფერენცირების არსებითი საფუძველი). ამასთან, კანონის წინაშე თანასწორობა ვრცელდება ყველა სფეროზე;
(3) საპროცესო უფლებები;
საპროცესო უფლებები, რომლებსაც ,,მართლმსაჯულების ძირითად უფლებებსაც“ უწოდებენ, უპირველესად უზრუნველყოფს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, დაცვის უფლებას, აგრეთვე განსაზღვრავს დაკავებისას, დაპატიმრებისას და თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საფუძვლებს.
II. ადამიანის ღირსება - უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლება
1. შესავალი
ადამიანის ძირითად უფლებათაგან თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებული ადამიანის ღირსება. თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება კონსტიტუციის უზენაესი ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპია. კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი. ამ უნარიდან გამომდინარე, ყველა უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობით. საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური სფეროებისათვის ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სახელმწიფო ვალდებულია, ადამიანს ამისათვის შეუქმნას შესაბამისი პირობები და მისცეს თავისუფალი ცხოვრებისა და საქმიანობის საშუალება. სწორედ აქ არის თვითმმართველობისა და დემოკრატიის ფესვები.
2. დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,
,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.“
იმავე მუხლის მეორე პუნქტით კი,
,,დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება.“
კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლში მოცემული ძირითადი უფლების შინაარსისა და ამ უფლებით დაცული სფეროს განსაზღვრა მეტად რთულია. ფილოსოფიური მოძღვრებები მას სხვადასხვაგვარად განსაზღვრავდნენ. თუმცა უდავოა ის ფაქტი, რომ ,,ადამიანის ღირსება“ ისტორიულად მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ამის საფუძველი ადამიანის ღმერთთან მსგავსებაა:
,,შექმნა ღმერთმა კაცი სახედ თვისად, თავის ხატად შექმნა იგი”.
სწორედ აქედან გამომდინარე, ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ღირსება, ღირებულება, რის გამოც იგი არ შეიძლება იქცეს რაიმეს ობიექტად ან ინსტრუმენტად. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ადამიანი არასოდეს უნდა იქცეს მიზნის მისაღწევ საშუალებად, იგი ყოველთვის მიზანი უნდა იყოს.
აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ღირსების ძირითადი უფლებით დაცული სფერო მოიცავს
აბსოლუტურად ყველა ადამიანს. აქ ადამიანთა დიფერენცირება რაიმე ნიშან-თვისების მიხედვით დაუშვებელია. ღირსება ერთდროულად აქვს ქალს და კაცს, ბავშვს და მოხუცს, კანონმორჩილ მოქალაქეს და რეციდივისტს. თვით დედის სხეულში მყოფ მომავალ სიცოცხლესაც შეუძლია მოიხმოს საკუთარ უფლებათა დასაცავად ადამიანის ღირსება. ღირსება არ არის დაკავშირებული:
ა) უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობასთან;
ბ) ღირსების შეგრძნების შესაძლებლობასთან;
გ) შეგნებასთან, რომ ღირსების მფლობელი ხარ.
შესაბამისად, ღირსება აქვს როგორც ნაყოფს (nactivurus), ისე რაიმე ფიზიკური ნაკლით დაბადებულს და სულით ავადმყოფს. ადამიანის ღირსება ვრცელდება აგრეთვე გვამზე და გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნაზე. პატიმრებსაც, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან უმძიმესი დანაშაულებისათვის, აქვთ ღირსება.
როგორც აღინიშნა, ადამიანის ღირსების პატივისცემა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ადამიანი აღიარებულია საკუთარი პასუხისმგებლობის მქონე დამოუკიდებელ და თავისუფალ პიროვნებად. არავინ არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს საქმიანობის ,,შიშველი ობიექტი”. ადამიანის ღირსება დაირღვევა მაშინ, როცა მას დევნის, დამცირების, უფლების აყრის გზით მოეპყრობიან, როგორც საგანს. ამასთან, ღირსება არ არის ხელშესახები, ასევე არ შეიძლება მისი დაკარგვა. არც სახელმწიფოს შეუძლია, რაიმე პირობების არსებობისას, ადამიანს ღირსება მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოართვას და არც ადამიანი კარგავს ღირსებას თავისი უღირსი საქციელით, საქმიანობით თუ ცხოვრების სტილის გამო. სადაც კი არსებობს ადამიანი, იქვეა მისი ღირსებაც და არა აქვს მნიშვნელობა, ღირსების მფლობელს ესმის თუ არა ეს. ღირსების განსაკუთრებული, ფუნდამენტური მნიშვნელობა იკვეთება იმაშიც, რომ იგი არა მხოლოდ დამცავი ძირითადი უფლებაა (status negativus - სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს არავითარი ინტერვენცია ადამიანის ღირსებით დაცულ სფეროში, არ უნდა შელახოს ადამიანის ღირსება), არამედ მას ე. წ. ,,აქტიური სტატუსიც“ (status activus) აქვს - იგი სახელმწიფოსაგან მოითხოვს ადამიანების ელემენტარული სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფას. ადამიანებს არ შეიძლება მიენიჭოთ განსხვავებული (დაბალი და მაღალი რანგის) სამართლებრივი სტატუსი. სწორედ აქედან გამომდინარე, დაუშვებელია და ადამიანის ღირსების შელახვად ითვლება მონობა და რასისტული დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ღირსების ძირითადი უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნას. აქ იგულისხმება როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი, ისე სოციალური სისტემა. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი უნარის შესაბამისად, მიიღოს საჭირო განათლება და საკუთარი შრომით კანონიერად მოიპოვოს ის შემოსავალი, რაც აუცილებელია ღირსეულად ცხოვრებისათვის. აქედან გამომდინარე, ადამიანის ღირსების დარღვევად შეიძლება შევაფასოთ სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს რჩება ის შემოსავალი, რაც არ აძლევს მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას (მაგალითად, არ შეუძლია საკუთარი თავი და ოჯახი უზრუნველყოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით (შესაბამისი საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით და ა.შ.)) და აიძულებს არაკანონიერი გზით მოიპოვოს საჭირო შემოსავალი. ადამიანის ღირსების მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ჩანს აგრეთვე სისხლის სამართალში, სადაც ეს ძირითადი უფლება ადგენს სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობის საზღვრებს და ზღუდავს მას. სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი და შეესაბამებოდეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და დამნაშავის ბრალს; დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. დანაშაულის ჩამდენი პირი არუნდა იქცეს დანაშაულთან ბრძოლის შიშველ ობიექტად. ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი ინდივიდუალური და სოციალური პირობები შენარჩუნებული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ეხება სასჯელის აღსრულებასაც. ამ მოთხოვნის გამო უნებურად ჩნდება კითხვა:
სამართლიანია თუ არა სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთის დადგენა და გამოყენება?
აღნიშნულ კითხვას პასუხი შეიძლება გავცეთ კონკრეტული სასამართლო საქმის საფუძველზე:
მაგალითი 1: სამართლის ერთ-ერთმა ცნობილმა პროფესორმა, რომელიც იმავდროულად საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი თავისი კლიენტის სახელით, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. იგი სარჩელში მოითხოვდა სასჯელის ამ ზომის გაუქმებას. მისი აზრით, უვადო თავისუფლების აღკვეთა არღვევდა ადამიანის ღირსებას, რადგან ამით ადამიანი მთელი სიცოცხლე ოთხ კედელს შორის იქნებოდა გამომწყვდეული, ვეღარ შეძლებდა საკუთარი პიროვნების განვითარებას და როგორც ინდივიდი, სიცოცხლეშივე მკვდარი იქნებოდა, რადგან იცოდა, რომ საერთოდ არ ჰქონდა გათავისუფლების რეალური, სამართლებრივი შანსი. პროფესორის აზრით „შეწყალების პრინციპი ამ მოთხოვნას შეესაბამება, ხოლო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს შეწყალების პრინციპის სამართლის ნორმის დონეზე აყვანას.“ სასამართლომ განიხილა საქმე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ეს სასჯელი წარმოადგენს ადამიანის ღირსების უმძიმესს დარღვევას, მაგრამ მისი არსებობა დასაშვებია, თუ იმავდროულად დამნაშავეს ექნება შანსი, გარკვეული დროის შემდეგ ისევ მოიპოვოს თავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსთხოვა კანონმდებელს, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეეტანა ნორმა, რომლის მიხედვითაც, დამნაშავე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეიძლება გათავისუფლებულიყო 20 წლის შემდეგ, შესაბამისი პირობების არსებობისას (თუ მას არა აქვს განსაკუთრებით მძიმე ბრალი და ა. შ.). კანონმდებელმა ეს მოთხოვნა შეასრულა (იგივე ნორმა არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: ყოველ ადამიანს აქვს ღირსება, რის გამოც დაუშვებელია, იგი იყოს რაიმე საქმიანობის ობიექტი ან ინსტრუმენტი.
ადამიანი არასოდეს არ შეიძლება იყოს საშუალება მიზნის მისაღწევად, იგი ყოველთვის მიზანი უნდა იყოს.
3. დაცულ სფეროში ჩარევა
მიუხედავად ზემოხსენებული იმპერატიული მოთხოვნისა, ადამიანი არცთუ იშვიათად მაინც ხდება საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და სამართლის ნორმების, რომელთაც იგი უნდა დაემორჩილოს, შიშველი ობიექტი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსების ძირითადი უფლების დარღვევად.
აუცილებელია, ამ ყოველივეს თან ახლდეს გარემოება, რომლის გამოც ადამიანი განსაკუთრებული ზეგავლენის ქვეშ ხვდება, რაც პრინციპულად ეჭვქვეშ აყენებს მისი, როგორც ინდივიდის, სუბიექტის ხარისხს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების ფუნდამენტური მნიშვნელობა, მისი უზენაესი ღირებულება არ უფასურდება დაცულ სფეროში მსუბუქი ჩარევით.
ადამიანის ღირსების დარღვევა ხდება ამ უფლებით დაცულ სფეროში მხოლოდ მძიმე ჩარევის დროს.
ნაკლები ინტენსივობის ღონისძიებები კი, რომლებიც მხოლოდ დროებით გავლენას ახდენს და რომელთა მიზანი სულაც არაა ადამიანის დამცირება, არ არღვევს ადამიანის ღირსებას.
მაგალითი 2: ესპანეთში წარმოებდა გამოძიება ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენა. დაკავებისას მას ჰქონდა ულვაშები და ქერად შეღებილი თმა, ასევე რამდენიმე ყალბი პასპორტი, რომლებშიც იგი სულ სხვა სახით (განსხვავებული წვერითა და ულვაშებით, ვარცხნილობითა და თმის ფერით) იყო წარმოდგენილი. მოწმეებთან დაპირისპირების მიზნით გამომძიებელმა ბრძანა, ეჭვმიტანილის სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალით შეეღებათ მისთვის თმა, საერთოდ, გრიმიორების დახმარებით ეჭმიტანილს უნდა მიეღო ისეთი იერი, როგორითაც იგი მოწმეებმა ნახეს. მიუხედავად დაკავებულის წინააღმდეგობისა, მას რამდენჯერმე (დაპირისპირების რაოდენობის შესაბამისად) შეუცვალეს იერი, სპეციალური საშუალებებით მიაკრეს ულვაშები, წვერები, შეუღებეს თმა და შეუცვალეს ვარცხნილობა. დაკავებულის საჩივრის განხილვის შემდეგ კომპეტენტურმა სასამართლომ განმარტა, რომ აქ არ მომხდარა ადამიანის ღირსების შელახვა, რადგან: გამომძიებლის მიერ მიღებული ზომები იყო (1) ნაკლები ინტენსიურობის და (2) დროებითი ხასიათის, (3) არ წარმოადგენდა ბრალდებულს შიშველ ობიექტად და (4) მიზნად ისახავდა არა მის დამცირებას, არამედ მძიმე დანაშაულთა გახსნას. დროთა განმავლობაში, დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა მდიდარი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე გამოიკვეთა შემთხვევათა ჯგუფები, რომელთა დროსაც ირღვევა ადამიანის ღირსება. ესენია:
● (რასისტული) დისკრიმინაცია, რომელიც დისკრიმინირებული პირის ადამიანობას უარყოფს;
● მონობა, ადამიანებით ვაჭრობა;
● წამება, არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობა, ფიზიკური სასჯელი;
● ე. წ. ტვინის გამორეცხვა, ფსიქიკური წამება ანჰიპნოზი;
● სისტემატური დამცირება და შეურაცხყოფა;
● ფიზიკური და სულიერი სიმშვიდისა და ერთიანობის მასობრივი შელახვა და დარღვევა;
● საარსებო მინიმუმის ხელიდან გამოცლა (მაგალითად: ძალიან მაღალი, არასამართლიანი გადასახადებით);
● გამოუვალ, უიმედო მდგომარეობაში ჩაყენება;
● ინდივიდის მიმართ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის მასობრივი უარყოფა;
● ადამიანის გენებზე კანონსაწინააღმდეგო კვლევების ჩატარება;
● ბავშვის მიჩნევა ზიანად;
● ღირსების შემლახველი მოწოდებებისა და შეხედულებების გავრცელება.
დასკვნა:
ყოველ ადამიანს აქვს ღირსება; ეს ღირსება გამომდინარეობს ადამიანად ყოფნისაგან.
ღირსებას ადამიანს არ ანიჭებს სახელმწიფო (პრეზიდენტი, პარლამენტი ან სასამართლო). იგი იმანენტურია ადამიანად ყოფნისათვის. ადამიანის ღირსების ძირითადი უფლებით გარანტირებული დაცვა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე.
III. ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება
1. შესავალი
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის ძირითადი უფლებები საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. კონკრეტულად ამ უფლების შესახებ კონსტიტუცია არაფერს ამბობს, მაგრამ, როგორც აღინიშნა, იგი გამომდინარეობს უპირველესად ადამიანის ღირსების, აგრეთვე სიცოცხლის ძირითადი უფლებებიდან; გარდა ამისა, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების საფუძველი, რომლის მიხედვითაც,
,,დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
მიუხედავად ამ დებულებისა, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება შინაარსობრივად გაცილებით ფართო და მრავლისმომცველია, არ შემოიფარგლება მხოლოდ წამებისა და სასტიკი მოპყრობის აკრძალვით და იმდენად მნიშვნელოვანი ძირითადი უფლებაა, რომ აუცილებელია მისი განხილვა ღირსების ძირითად უფლებასთან ერთად, თუმცა როგორც ცალკე, დამოუკიდებელი ნაწილის.
2. დაცული სფერო
ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება არის ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე. იგი, სიცოცხლის უფლების მსგავსად, დამცავი უფლებაა და, უპირველეს ყოვლისა, იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. გარდა ამისა, იგი იცავს ადამიანს ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან, რომელიც ტკივილს იწვევს და ამით უთანაბრდება ფიზიკურ დაზიანებას. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, თვითმფრინავების ხმაური, რომელიც იწვევს მშვიდი ძილის დარღვევას, აგრეთვე ფსიქიკური ზემოქმედება ადამიანზე. საინტერესოა, რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული (სასამართლოში წარსადგენი შესაბამისი სარჩელის არარსებობის გამო) საკითხი, შეესაბამება თუ არა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობა არის ,,ადამიანის სრულყოფილი ფიზიკური, სულიერი და სოციალური არსებობა“ და არა მხოლოდ ავადმყოფობისა და დაზიანებებისაგან თავისუფალი ყოფნა.
3. დაცულ სფეროში ჩარევა და ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი
ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითად უფლებაში, ანუ ადამიანის ფიზიკურ მთლიანობაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე და მხოლოდ ზომიერების პრინციპის დაცვით. ასეთ ჩარევებს ადგილი აქვს, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს, როცა აუცილებელია ჩადენილი დანაშაულის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა. ზომიერების პრინციპი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოითხოვს, რომ ჩარევა იყოს აუცილებელი, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი და არსებული ეჭვის სიძლიერით გამართლებული. სისხლის აღება, როგორც წესი, დასაშვებია, თუ ეს კეთდება (საკმარისი ეჭვის დროს) ექიმის მიერ და მიმართულია იმ ფაქტების დადგენისაკენ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის საქმისათვის. ამის საპირისპიროდ ტვინისა და ზურგის სითხის ამოღება წარმოადგენს მძიმე ფიზიკურ ჩარევას, რომელიც დასაშვებია მხოლოდ მძიმე სისხლისსამართლებრივი ბრალდების დროს, პირის ქმედუნარიანობის დასადგენად და არა უმნიშვნელო დელიქტების გახსნის მიზნით. ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც უკეთესს (ან ისეთივე) შედეგს იძლევა და იმავდროულად ნაკლებად არღვევს პირის ფიზიკურ მთლიანობას. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დღეისათვის საუკეთესო ტექნიკური საშუალების - კომპიუტერული ტომოგრაფიის და არა ძველი სამედიცინო საშუალებების გამოყენება, რომლებიც მძიმედ არღვევს ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითად უფლებას. კომპიუტერული ტომოგრაფია ასევე არ არის დაკავშირებული პირის ჯანმრთელობის რისკთან.
დაუშვებელია ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროზე ირიბი ზემოქმედება. ასეთია, მაგალითად, მდგომარეობა, როცა არსებობს აშკარა და კონკრეტული საფრთხე, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობას შეიძლება მძიმე ზიანი მიადგეს ან იგი შეიძლება გარდაიცვალოს სასამართლო პროცესებზე სიარულითა და ფიზიკური გადატვირთვის გამო. თუმცა ჯანმრთელობის დარღვევის ყოველგვარი საფრთხე არ იწვევს პროცესის შეჩერებას. საკითხი - გაგრძელდეს თუ არა პროცესი - უნდა გადაწყდეს ყველა გარემოების შეფასებით და გათვალისწინებით, განსაკუთრებით დანაშაულის სიმძიმის, პროცესის გაგრძელების სავარაუდო ვადისა და პირის ჯანმრთელობის დარღვევის განგრძობითი თუ დროებითი ხასიათის მიხედვით.
ასეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა დგას სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დროებითი ან ხანგრძლივი შეჩერების საკითხი. მაგალითად, საცხოვრებელი ფართის დაცლის შესახებ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება მოქირავნის მიმართ, რომელიც მძიმედ არის ავად და რომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გამოსახლების შემთხვევაში აშკარა საფრთხე დაემუქრება, დაუშვებელია.
მაგალითი 3: 60 წლის მოხუცმა მოქირავნემ წააგო სასამართლო დავა მესაკუთრესთან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაევალა საცხოვრებელი ფართის დაცლა, სადაც 3 წელი ცხოვრობდა. მოგვიანებით მოხუცმა მიიღო შეტყობინება, რომ ფართის დაცლა მოხდებოდა იძულებით. მან მოითხოვა ფართის იძულებითი დაცლის მოთხოვნის გაუქმება, ვინაიდან დიდი ხანია დაავადებული იყო მძიმე ენდოგენური დეპრესიით, რისგან განკურნებისთვისაც მხოლოდ თერაპიული ჩარევა არ იყო საკმარისი, თანაც დაავადებას თან ახლდა გულის ფუნქციონირებისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევები. ამასთან, ამ წლების განმავლობაში მოხუცს ჰქონდა თვითმკვლელობის სამი მცდელობა და მისი გადარჩენა სტაციონარული მკურნალობით მოხერხდა. საცხოვრებლის (ოთახის) დაკარგვის შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო მძიმე ფსიქიკური დარღვევები და თვითმკვლელობის მუდმივი საფრთხე. აღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, მოქირავნეს გადაუვადეს საცხოვრებლის დაცლის ვადა 7 თვით. თუმცა ამ ვადის შემდგომი გაგრძელება რაიონულმა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უარყვეს, მიუხედავად მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობისა. სასამართლოთა გადაწყვეტილებებით, დაირღვა მოხუცის ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება, რადგან თუ მოქირავნის მიერ მითითებული საფრთხე მართლაც არსებობდა და მისი აცილება მხოლოდ ფართის დაცლის გადავადებით იყო შესაძლებელი (როგორც ჩანს, ეს მართლაც ასე იყო, რადგან მოხუცს ჰქონდა დამამტკიცებელი საბუთები საავადმყოფოდან), მაშინ მისი აღსრულება კიდევ დიდი ხნით უნდა გადავადებულიყო.
![]() |
5 პალერმოს ,,კულტურული რევოლუცია“ და ქალაქის ადმინისტრაციის განახლების პროექტები |
▲back to top |
ენცო ლო დატო
სიცილიის აღორძინების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
(დასასრული. დასაწყისი #12 (24))
გადაწყდა, რომ პირველი ინაუგურაციის ცერემონიალის პროგრამა, რომელიც 1995 წლის 7 თებერვალს დაიგეგმა, სიმბოლიზმით ყოფილიყო დატვირთული. მაგალითად, საზეიმო სამფეროვან სამოსში გამოწყობილი მერი მოსწავლეებს სხვადასხვა ისტორიულ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. მოსწავლეები მშობლების როლში გამოდიან, რომელთაც მივიწყებულ მონუმენტებს შვილებივით უნდა მოუარონ. თითოეული სკოლა წარმოადგენს მოსწავლეს, რომელსაც ირჩევენ თანაკლასელები. მათ გადასცემენ მედალს ,,პასუხისმგებლობისათვის“, რომელზეც გამოსახულია პალერმოს სიმბოლო, ოქროს არწივი და მერის მიერ ხელმოწერილ სიგელს. დაჯილდოების ცერემონია ,,ნათლიების“, 1992 წელს მოკლული მაგისტრატების დების, მარია ფალკონესა და რიტა ბორსელინოს თანდასწრებით ტარდება, რადგანაც აღნიშნული პროექტი სწორედ ჯოვანე ფალკონეს, ფრანჩესკა მორვილიოს, პაოლა ბორსელინოს და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, ვინც პალერმოს თავისუფლებას შესწირა თავი. ერთი სიტყვით, ამ პროექტის მიზანია აუხსნას სკოლის მოსწავლეებს, რომ ეს არ არის არც უბრალო სასკოლო დავალება და არც მხოლოდ გასართობი ღონისძიება, არამედ იმ დეგრადაციიდან ხელახალი დაბადების პროცესი, რომელიც გაბატონებულმა უკანონობამ წარმოშვა.
მოსწავლეები თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ ამ პროექტში და მალე მასწავლებლებიც აიყოლიეს. მასწავლებლები დახმარებას უწევდნენ მოსწავლეებს როგორც კვლევის ჩატარების, ისე ინფორმაციული და ვიზუალური მასალის მომზადების მხრივ.
როცა ამ მონუმენტების საჯარო მონახულების დრო დგება (მაისში, ბორსელინოსა და ფალკონეს ხსოვნის დღეს), მოსწავლეები გიდების როლში გამოდიან და მეგზურობას უწევენ ათასობით პალერმოს მკვიდრსა თუ ტურისტს, რომელთაც აქვთ საშუალება, ისიამოვნონ განახლებული მონუმენტის ხილვით. სწორედ ამ დროს შეიძლება შევაფასოთ პროგრამის მასშტაბურობა და საგანმანათლებლო ეფექტი. მოსწავლეები ანთებული თვალებით ჰყვებიან ისტორიას, ლეგენდებს, საუბრობენ ,,მათი“ მონუმენტის არქიტექტურული თუ კულტურული თავისებურებების შესახებ. ისინი ბედნიერნი არიან იმით, რომ მათ აღმოაჩინეს მიჩქმალული და დათრგუნული საკუთარი ქალაქის ისტორია.
მოსწავლეების ზეწოლისა და ადგილობრივი პრესის მიერ ამ ზეწოლის გაშუქების შედეგად, სხვადასხვა ისტორიული შენობების (როგორც კერძო, ასევე საჯარო) მფლობელები, თანხმდებოდნენ მათ მფლობელობაში არსებული ისტორიული ძეგლების მთლიანად განახლებასა და საზოგადოებისათვის გახსნაზე.
პროგრამის ფარგლებში, რომელშიც 25 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მოხდა 160 მონუმენტის გახსნა, მათ შორის ეკლესიების, ციხეების, კერძო და საზოგადოებრივი ისტორიული ადგილების, კოშკების, სკოლების, ნეკროპოლების (უძველესი სასაფლაოები), თეატრების, რკინიგზის სადგურების, პარკების, შადრევნების ქუჩების და მთელი უბნების ჩათვლით. პროექტების განხორციელებაში მონაწილეობდნენ მოხალისეები, მაფიის საწინააღმდეგო მოძრაობები, სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ასოციაციები, გამყიდველები, ხელოსნები და სხვა სფეროებში დასაქმებული ხალხი, ასევე თავად მონუმენტების მფლობელები.
1996 წელს, განათლების დეპარტამენტმა გამოსცა წიგნი, სახელწოდებით ,,იმედის ფერები“, რომელშიც წარმოდგენილი იყო პალერმოს ერთ-ერთი ყველაზე ,,რისკიან“ ზონად მიჩნეული უბნის მაცხოვრებელი, დაწყებითი სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები, აზრები და იდეები 1992 წელს მაფიის მიერ ჩადენილი მკვლელობების თემაზე.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ,,სკოლა აგებს მონუმენტს“ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და პროდუქტიული პროექტი, როგორც სოციალური, ისე კულტურული თვალსაზრისით. ის ზედმიწევნით შეესაბამებოდა რეგიონის რეალობას, სკოლებისა და მოსწავლეთა მოთხოვნილებებს და წარმოადგენდა კანონიერების, სამოქალაქო სულისა და დემოკრატიის უჩვეულო ერთობლიობას.
ის, თუ რამდენად ღრმა და პერმანენტული ეფექტი აქვს აღნიშნულ საგანმანათლებლო მიდგომას, განაპირობებს თუ არა იგი პასუხისმგებლობითა და სამოქალაქო ცნობიერებით განმსჭვალული ახალი თაობის მოქალაქეების ფორმირებას, ცხადი გახდება ხვალ, როცა დღევანდელი მოსწავლეები მოზრდილები გახდებიან. მეორეს მხრივ უკვე შეიძლება შეფასდეს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა პრიორიტეტულ სფეროებში გაწეული ,,აღმშენებლობითი“ პროცესი, რომელმაც, ხშირად გასაოცრად სწრაფად მოახდინა გავლენა მრავალი პალერმოელის მენტალურ დამოკიდებულებასა და ქცევაზე.
ყველაზე ხილვადი შედეგები მაინც საქალაქო განახლების პროექტებმა გამოიღეს. ამ მიმართულებით ხალხის ნდობის და თანამშრომლობისადმი მზაობის მოსაპოვებლად, ქალაქის ადმინისტრაცია ცდილობდა, დაერწმუნებინა მოქალაქეები ფაქტებით, რომ დრო, როცა ცვლილებები ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად არაფერი შეცვლილიყო, წავიდა. ათწლეულების განმავლობაში ადმინისტრაციის არაეფექტურობამ, პოლიტიკურმა კორუფციამ და მაფიის რეკეტმა ქალაქის დაღმასვლა გამოიწვია. ქალაქის დამგეგმარებლებს საშუალება მიეცათ, გამოეცადათ, ერთის მხრივ, რამდენად პასუხობდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ქალაქის კონკრეტულ მოთხოვნებს და მეორეს მხრივ, თავად მოქალაქეების რეალური ნება, წვლილი შეეტანათ ქალაქის განახლების პროცესში.
გამოწვევა უაღრესად რთული იყო. წლების განმავლობაში, მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ განუვითარდათ გარკვეული ,,არარელევანტურობის“ გრძნობა და სამოქალაქო საზოგადოების თავისებური გაგება, რამაც ქალაქის გარეგნული სახის მიმართ მათ დამოკიდებულებაზეც კი იქონია გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი იყო გასული მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, ომის შედეგად მიყენებული ნგრევის ნიშნები ახლაც თვალსაჩინო იყო. თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი მაინც ქალაქელთა მორალური დეგრადაცია გახლდათ. შედეგად, უიმედო და სასოწარკვეთილ პალერმოელთა უმრავლესობას დიდი ხანია დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი პროტესტის გამოხატვის უნარი.
მიუხედავად ამისა, 1992 წელს მაფიის მიერ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობებით პროვოცირებული ცნობიერების რევოლუციის შედეგი ბევრად უფრო შორსმიმავალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავად პალერმოელებს წარმოედგინათ. რესტავრაციის სხვადასხვა პროექტებში მათმა მონაწილეობამ ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სიძნელეთა გადალახვისა და საბოლოო წარმატების მიღწევის თვალსაზრისით.
საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მოპოვებული დიდი რეზონანსის გამო განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მასიმოს ოპერის განახლების პროექტი, რომელიც პალერმოს ისტორიული ცენტრის დეპარტამენტმა, ვიცე-მერის ემილიო არუჩის ხელმძღვანელობით განახორციელა.
თვით საკათედრო ტაძრისა და ნორმანდიულ სასახლეზე მეტად, პალერმოს არქიტექტურულ სიმბოლოს მასიმოს ოპერა წარმოადგენს, რომელიც 1875-1897 წლებში არქიტექტორ ფილიპე ბაზილეს მიერ არის აგებული და პარიზისა და ვენის ოპერების შემდეგ ევროპაში სიდიდით მესამეა. ოპერა 1974 წელს დაიხურა, თავდაპირველად ექვსი თვით და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების საბაბით. თუმცა, პალერმოს ეს სიამაყე შემდგომი 23 წლის მანძილზე დახურულ იყო და ქალაქის მმართველობის არაეფექტურობის, პოლიტიკური კორუფციისა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე მაფიის ინტერესების ზეობის სიმბოლოდ იქცა. ქალაქმა ოპერა საკუთრებაში მხოლოდ 1995 წელს დაიბრუნა და რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც თაეტრის პალერმოელი ხალხისთვის დაბრუნებას ითვალისწინებდა, სწორედ ამ დროს დაიწყო. მასიმოს ოპერაზე მეურვეობა უმაღლესმა და დაწყებითმა სკოლამ აიღო და მოსწავლეების მონდომების შედეგად აღდგენის პროცესში პრაქტიკულად მთელი ქალაქი ჩაერთო. თეატრი სულ მალე, 1997 წელს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ოპერის გახსნა ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც ქალაქის ახალმა ადმინისტრაციამ პალერმოს განახლებისა და აღორძინების მიმართულებით გადადგა.
ორლანდოს მერობის პირველი და მეორე ვადების დროს (იგი 1997 წელს მეორედ აირჩიეს ხმათა უმრავლესობით, პირდაპირი წესით) ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ყოველმა პროექტმა შეცვალა ცალკეულ ინდივიდთა დამოკიდებულება საკუთარი თანაქალაქელების მიმართ, საკუთარი ქუჩის, სამეზობლოს, შენობებისა და მონუმენტების ჩათვლით.
XVI საუკუნის სანტა მარია დელო სპასიმოს გოთიკური კომპლექსი კალსა, რომელიც მეოცე საუკუნეში სამშენებლო ნარჩენების საყრელად ქცეულიყო, ადმინისტრაციამ 1995 წელს ხელახლა აღადგინა და ქალაქის ერთ-ერთ კულტურულ ცენრტად აქცია.
ბევრისთვის უჩვეულო იყო, რომ ქალაქში, სადაც არაეფექტური ბიუროკრატიისა და პოლიტიკური მერყეობის გამო, ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო სახსრების ფლანგვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, სახსრები აღმშენებლობის პროცესზე იხარჯებოდა. ორლანდოს ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი თავად მოქმედების ტაქტიკა იყო: ეს იყო მოქალაქეთა აქამდე არნახული ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. ადამიანები, ვიზეც ახალი პროექტები გავლენას ახდენდა, პირდაპირ მონაწილეობდნენ მათ განხორციელებაში სხვადასხვა შეკრებების, დისკუსიებისა და შეხვედრების გზით.
მოქალაქეთა მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, 2000 წელს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ გარემოსდაცვით საკითხებზე საკონსულტაციო რეფერენდუმი ჩაატარა.
უნდა აღინიშნოს სპორტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდა ახალგაზრდების ჯგუფების მაფიის შესაძლო გავლენისგან დაცვა და სიამაყის გრძნობის ჩამოყალიბება ჯანსაღ გარემოში არსებობის გამო, სადაც სამართლიანი შეჯიბრისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები ბატონობს. სწორედ ეს კონცეფცია ედო საფუძვლად სპორტის დეპარტამენტის მიერ წამოწყებულ მრავალ ინიციატივას, მათ შორის მაფიის გავლენის ტერიტორიებად მიჩნეულ პალერმოს ოპერის შენობა ადგილებში სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და ტურნირების ორგანიზებას.
პალერმოს ოპერის შენობა
შეიძლება ითქვას, რომ ორლანდოს ადმინისტრაციის მიერ წამოწყებულ გარდაქმნის პროცესში, კულტურის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ,,პალერმოს რენესანსი“ ნიშნავდა 1992 წლის რევოლუციური გარდაქმნის მომენტის გამოყენებას და ამ ენერგიის გარდაქმნას პოზიტიურ და პროდუქტიულ ქმედებებში. დაღმასვლიდან განახლებისაკენ, იზოლაციიდან ერთიანობისაკენ, კორუფციიდან გამჭვირვალეობისაკენ, მაფიოზური კულტურიდან კანონიერების კულტურამდე, სკეპტიციზმიდან ნდობისაკენ, სიბნელიდან სინათლისაკენ - სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობდა მთელი ქალაქი. ამასთან, ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობდა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტი, არამედ, სამოქალაქო საზოგადოების ყველა რგოლი (სასულიერო პირები, ასოციაციები, სკოლები, პრესა, პროფკავშირები და სამთავრობო დაწესებულებები), რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივითაც მოქმედებდნენ.
ქალაქის განახლების პროცესის პარალელურად, საგრძნობლად შემცირდა ჩადენილი დანაშაულებების, განსაკუთრებით კი ისეთი მძიმე დანაშაულის მაჩვენებელი, როგორიცაა მკვლელობა. მაგალითად, თუ 80-იან წლებში და 90-იანი წლების დასაწყისში პალერმოში საშუალოდ წელიწადში 200 მკვლელობა ხდებოდა, 1994-1999 წლებში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 14, 14, 6, 6, 9 და 11-ს შეადგენდა. პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა დაპატიმრებების რაოდენობა. სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ბოლოდროინდელი გამოკვლევის შედეგად, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში, პალერმოს დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ცხადია, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მაფია, დანაშაული და კორუფცია ერთბაშად გაქრა. პალერმოში კანონიერების სრულ დამკვიდრებამდე კვლავ ბევრია გასაკეთებელი, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში მიყენებული ჭრილობების ერთბაშად განკურნება შეუძლებელია. თუმცა, ის, რაც გაკეთდა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. წარმატებას საფუძვლად დაედო სამი მთავარი კომპონენტი: სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, ებრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან; ქალაქელების შემართება, გათავისუფლებულიყვნენ სხვადასხვა, მათ შორის ფსიქოლოგიური, შეზღუდვებისაგან, რომელსაც მათზე მაფია ახდენდა; და ადგილობრივი მთავრობის ნება და უნარი, ხელი შეეწყო სამოქალაქო მოძრაობებისთვის და ყოფილიყო ანგარიშვალდებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე.
ლეოლუკა ორლანდო
მაფიისათვის სასიცოცხლო სივრცისა და არსებობის საშუალებების მოსპობამ, არაპირდაპირი გავლენა მოახდინა ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე. მაგალითად, უკანასკნელ დროს დაიწყო ქალაქის ტელეკომუნიკაციების სისტემაში უზარმაზარი ინვესტიციების დაბანდება ცნობილი ფირმების მიერ. მეტიც, მალე პალერმო იქცევა ოპტიკურბოჭკოვანი სისტემა ,,ნაუტილუსის“ ერთ-ერთ ცენტრად, რომელმაც მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი უნდა მოიცვას.
,,ინვესტორთა მზარდი ინტერესი, რასაკვირველია უკავშირდება უსაფრთხოების იმ გრძნობას, რომელსაც მათ დღეს ქალაქი სთავაზობს,“ - აღნიშნავს მერი ორლანდო.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ,,პალერმოს რენესანსი“, წარმოადგენს მთელი დემოკრატიის გარკვეულ თერაპიას, რომელიც საუკუნეებს ითვლის, მაგრამ ხშირად მივიწყებულია. და თუ ვინმე იტყვის, რომ ამგვარი თერაპია უსარგებლოა იქ, სადაც ორგანიზებული დანაშაული მძლავრობს, პალერმოს გამოცდილება საპირისპიროს უჩვენებს.
თარგმნა გიორგი კანდელაკმა