![]() |
თავისუფლება № 3 (15), მარტი, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გვახარია გიორგი, პაიჭაძე დავით, ფრიცი ჯონათან, პაპუაშვილი ნუგზარ, ფერაძე გრიგოლ (მღვდელი), ჯონსი პიტერ |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ნამუშევარი |
![]() |
1 პირადი ცხოვრება: საიდუმლო და ტყუილები |
▲back to top |
გიორგი გვახარია
მე არც იურისტი ვარ, არც სოციოლოგი და არც ფსიქოლოგი, თუმცა ისეთი პროფესია მაქვს, რომ პირადი ცხოვრების დაცვის პრობლემას არაერთხელ შევჯახებივარ ცხოვრებაში. და არა მარტო იმიტომ, რომ ,,შოუ-ბიზნესის“ სამყაროში არსებობა ძალაუნებურად გაიძულებს, ანგარიში გაუწიო საზოგადოების ცნობისმოყვარეობას. უბრალოდ, პირადი ცხოვრების თემა ყოველთვის აქტუალური იყო ხელოვნების იმ დარგში, რომელსაც მე ვემსახურები - კინოხელოვნებაში.
ცნობილია, რომ კინოში იდენტიფიკაციის მექანიზმი ხელოვნების ყველა დარგზე უფრო ეფექტურად იქმნება. კინოთეატრში, ბნელ დარბაზში, მაყურებელს არავინ უშლის ხელს, ,,იცხოვროს“ სურათის გმირთან ერთად, დაიჯეროს მისი არსებობა და მიბაძოს კიდეც მას. ხელოვნების ყველა სხვა დარგისგან განსხვავებით, კინო ახერხებს, მიაღწიოს ,,თანაარსებობის ეფექტს“, რომელიც გულისხმობს არა მარტო პუბლიკისა და მსახიობის, არამედ პუბლიკისა და ფილმის პერსონაჟის გაერთიანებას. ასე იქმნება მსახიობის ეგრეთ წოდებული ,,იმიჯები“, რომლის დანგრევა კინოვარსკვლავს, როგორც წესი, ძვირად უჯდება ხოლმე. ოთხი წლის წინ გარდაიცვალა დიდი ბრიტანელი კინომსახიობი დირკ ბოგარდი, რომელსაც ქართველი კინოს მოყვარულები იცნობენ, როგორც მთავარი როლების შემსრულებელს ლუკინო ვისკონტის ფილმებში. ბოგარდის გარდაცვალების შემდეგ პრესაში გამოქვეყნდა მისი პირადი წერილები, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ ბრიტანელი არტისტი ჰომოსექსუალისტი იყო. ბოგარდის ინგლისელმა თაყვანისმცემლებმა აღშფოთება ვერ დამალეს:
,,რატომ მალავდა მსახიობი თავის სექსუალურ ორიენტაციას, იგი ხომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობდა და არავინ აპირებდა ამის გამო მის დევნას?,“
გარდაცვლილ მსახიობს მხოლოდ კინოს თეორეტიკოსები გამოექომაგნენ; დასავლეთის ცივილიზაცია, რა თქმა უნდა, აღიარებს პირადი ცხოვრების თავისუფლებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს კინომსახიობის პროფესიის სპეციფიურობა - არტისტობა მისი ,,პურის ფულია“, მსახიობს განსხვავებული როლების თამაში უხდება, მაგრამ მაყურებელი იმახსოვრებს არა იმდენად კონკრეტულ როლებს, არამედ უფრო იმას, რაც ამ როლებს აერთიანებს. გარდა ამისა, ,,შოუ ბიზნესის“ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ პუბლიკა, როგორც წესი, არ მიჯნავს ერთმანეთისგან ,,ვარსკვლავის“ პირად ცხოვრებას და იმას, რასაც ,,ვარსკვლავი“ სცენაზე თუ კინოში აკეთებს. სპეციალისტების აზრით, საკმარისი იყო დირკ ბოგარდს თავისი ,,ორიენტაციის“ შესახებ ხმამაღლა განეცხადებინა, პუბლიკა უბრალოდ აღარ დაუჯერებდა მას, როცა ეკრანზე ,,ასპროცენტიანი ვაჟკაცის“ როლში მოგვევლინებოდა. არ დაუჯერებდა და მსახიობიც მაშინათვე დაკარგავდა პოპულარობას.
ხელოვანისთვის ,,იმიჯი“ პურია, ამიტომ ,,იმიჯის“ შექმნის პროცესი, ფაქტობრივად, არტისტის მთელი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. ყველა თავის გზას ირჩევს - ზოგი ,,იგონებს“ პირად ცხოვრებას და განუწყვეტლივ ცდილობს გაიშიშვლოს თავი პრესაში (როგორც დღევანდელ საქართველოში), ზოგი კი ყველანაირად ერიდება პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს. აქ ყველაფერი ხელოვანის ნიჭზე, გემოვნებაზე და ცხადია, მის პირად ცხოვრებაზეა დამოკიდებული. 5 წლის წინ ბერლინის კინოფესტივალზე, კატრინ დენევს, რომლის ერთი გმირი ფსიქოანალიტიკოსთან გადის სეანსებს, პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს:
,,თქვენ თვითონ თუ გყავთ ფსიქოანალიტიკოსიო.“
ფრანგი კინოვარსკვლავი ამ კითხვამ ძალიან აღაშფოთა, ეს ხომ ჩემი პირადი ცხოვრებაა, რა თქვენი საქმეაო. ჟურნალისტს გაუკვირდა, თუ გნებავთ, მე მკითხეთ და გიპასუხებთო.
,,მე არ მაინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება!“
- უპასუხა ფრანგმა მსახიობმა და ჟურნალისტებს ამერიკელი მოსამართლის, ლუის ბრანდეისის სიტყვა გაახსენა (წარმოთქმული 1928 წელს):
,,საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების უფლება - ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელსაც პატივს სცემს ცივილიზებული საზოგადოება.“
რა თქმა უნდა, როცა ადამიანის პირად ცხოვრებაზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ კონკრეტულად რომელ კულტურაში უხდება ადამიანს ცხოვრება. იმავე საფრანგეთში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უძველესი ტრადიცია აქვს. 1970 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ სპეციალური კანონიც კი მიიღო, რომელიც კრძალავს ადამიანის უნებართვო გადაღებას, მოსმენას და იცავს ინდივიდის სუვერენიტეტს (ერთი გამოკითხვით, ფრანგული საზოგადოების უმრავლესობა დღესაც დარწმუნებულია, რომ პრინცესა დიანას სიკვდილის მიზეზი ,,პაპარაცების“ ცნობისმოყვარეობა გახდა), რამდენიმე წლის წინ კვებეკის ფრანგულენოვანი პროვინციის ხელისუფლების მოთხოვნით, კანადაში მიიღეს ,,ადამიანის თავისუფლების ქარტია“, რომელშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ცალკეული ტექნიკური საშუალებები ადამიანის თვალთვალისთვის. უფრო მეტიც, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო კლინტონ-ლევინსკის ურთიერთობაზე მსჯელობდა, ფრანგულმა პრესამ ქილიკი დაიწყო. ფრანგული საზოგადოების უმრავლესობა ყოველთვის თვლიდა, რომ პირადი ცხოვრების უფლება აქვს ყველას, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ,,საჯარო პირსაც“ - პრეზიდენტსაც და, ჟურნალ ,,პოზიტივის“ ერთი მიმომხილველის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, ,,სირცხვილია მსჯელობა პრეზიდენტის სექსუალურ ვნებებზე“. იმ პერიოდში ჩატარებული ერთი სატელევიზიო გამოკითხვით, პრეზიდენტ კლინტონის რეიტინგი საფრანგეთში სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თავად ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, ,,პირადი ცხოვრების უფლება“ ახსნილია, როგორც ,,მარტო დარჩენის უფლება“ (right to be alone). თავის დროზე სწორედ შეერთებული შტატების ძალისხმევით მიიღეს ადამიანის უფლებათა კონვენცია, რომლის მერვე თავში ხაზგასმითაა აღნიშნული პირადი ცხოვრების დაცვის აუცილებლობა. შეერთებულ შტატებში პირადი ცხოვრების დაცვას იმდენად დიდ როლს ანიჭებენ, რომ საშუალო სკოლებში მასწავლებლებს ეკრძალებათ, ხმამაღლა გამოაცხადონ ამა თუ იმ მოსწავლის ნიშნები. სკოლის მოსწავლის აკადემიური მოსწრებაც კი აქ განიხილება, როგორც მისი ,,პირადი ცხოვრება“, რომელიც მხოლოდ მას და მისი ოჯახის წევრებს ეხებათ. 1968 წელს ზალცბურგში გამართულ სპეციალურ სიმპოზიუმზე სწორედ შეერთებული შტატების ინიციატივით კიდევ ერთხელ დაკონკრეტდა პირადი ცხოვრებისფენომენი; პირადი ცხოვრება ნიშნავს საკუთარი ნების მიხედვით, პირადი ცხოვრება გულისხმობს ოჯახურ ურთიერთობებს, პირადი ფოტოსურათების დაცვას არასანქცირებული ბეჭდვისაგან, პირადი მიმოწერის დაცვას და ა.შ. არავის აქვს უფლება, ადამიანისგან მიიღოს ინფორმაცია, რომელიც მის ინტიმურ ცხოვრებას ეხება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. ნუ დაგვავიწყდება, რაოდენ პოპულარულია შეერთებულ შტატებში ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის რომანი ,,1984“, რომელშიც ადამიანთა დევნა და თვალთვალი - ტოტალიტარიზმის ძირითად ატრიბუტად განიხილება. თავის დროზე, ამ რომანმა, შემდეგ კი ორუელის ,,1984“-ის ეკრანიზაციამ ძალიან აღაშფოთა საბჭოთა იდეოლოგები. ცხადი გახდა, რომ ფაშიზმის დამხობის შემდეგ შექმნილ რომანში ავტორი პირველ რიგში კომუნისტური სისტემის არსს გამოხატავდა. დღესაც ბევრს ახსოვს, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანის პირად ცხოვრებას პარტიულ და კომკავშირულ კრებებზე განიხილავდნენ ხოლმე, ახსოვს, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის უფლებაც კი წართმეული ჰქონდა - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მას ,,ანაწილებდნენ“ - სპეციალური კომისია ადგენდა, თუ სად უნდა ემუშავა მას. კოლექტივის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი კარგავდა თავისუფალი არჩევანის უფლებას, მას ეშინოდა ეცხოვრა თავისი ნების მიხედვით, ე.ი. დამოუკიდებლად გაეკეთებინა არჩევანი. კომუნისტურმა მანქანამ წარმატებით იმუშავა, რის შესახებ ისიც მეტყველებს, რომ ,,კოლექტიური ცნობიერება“ კვლავაც განსაზღვრავს ქართული საზოგადოების არსს. ფსიქოლოგები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ თავისთავადობის შიში (ანუ ,,თვითობის შიში“, როგორც ამბობდა იუნგი) დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ სოციუმში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ადამიანის პირადი ცხოვრების დაუცველობა არა მარტო ტოტალიტარული სისტემით, არამედ ,,კულტურული ტრადიციითაც“ შეიძლება ავხსნათ. რუსეთში, მაგალითად, პეტრე პირველის ეპოქაში, ხელისუფლება თავად წყვეტდა, თუ სად უნდა ესადილა, უფრო მეტიც, თუ სად და როდის უნდა გაეპარსა წვერი ადამიანს. რუსულ კულტურაში ,,საზოგადოებრივი მოვალეობა“ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა, ვიდრე ,,პირადი ცხოვრება“, ამ უკანასკნელს, ტრადიციულად, ,,საეჭვოდ“ მიიჩნევდნენ (რაც არ უშლიდა ხელს შენიღბული ჰედონიზმის მომძლავრებას). მოგვიანებით, რუსი ნაროდნიკები, დემოკრატებიც კი (მაგალითად, ჩერნიშევსკი) პირად ცხოვრებას - ,,მეშჩანურობის“ გამოვლენად მიიჩნევდა. რევოლუციის შემდეგ აშენებულმა ,,კომუნალკებმა“ ეს იდეოლოგია უკვე ყოფაში დაამკვიდრეს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ,,პირადი ცხოვრების“ დაცვას ქართული კულტურული ტრადიციებიც უშლიდა და უშლის ხელს - ეგრეთ წოდებული ,,მეზობლობის კულტი“, საცხოვრებლის ,,ღიაობა“, რომლითაც ყოველთვის ამაყობდნენ ქართველი ტრადიციონალისტები, მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ადამიანს, იცხოვროს თავისი პირადი ცხოვრებით. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის თვალთვალისა და კონტროლის მექანიზმები საგრძნობლად შესუსტდა, რეპრესიის მძლავრ ინსტრუმენტად იქცა საზოგადოებრივი აზრი, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყო ორმაგი მორალის დამკვიდრებას - ჩვენში ძალიან მომრავლდნენ ზნეობის მქადაგებლები, რომლებიც ხალხის გასაგონად ერთს ამბობენ, თავად კი სხვაგვარად ცხოვრობენ, მაგალითად, ცეცხლითა და მახვილით იბრძვიან პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინააღმდეგ, თუმცა ფარულად, სისტემატიურად სარგებლობენ მეძავების ,,მომსახურებით“... ცხადია, ამ შემთხვევაში თავისუფალ პრესას უჩნდება ცდუნება, აღბეჭდოს და საზოგადოებას დაანახოს ასეთი ადამიანების ჭეშმარიტი სახე, ე.ი. შეიჭრას მათ ,,პირად ცხოვრებაში“. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ ,,საჯარო პირზე“, რომლის შესახებ მრავალი ადამიანის აზრით, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს... და სწორედ ამ დროს წარმოჩინდება ხოლმე პრობლემის დელიკატურობა, ამ დროს ხდება ხოლმე ნათელი, რომ პირადი ცხოვრების დაცვის პრობლემა გარკვეულ წინააღმდეგობაშია სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვართან - პრესის თავისუფლებასთან. მართლაც საყოველთაოდ ცნობილი დებულება -
,,იქ, სადაც იწყება საზოგადოებრივი ცხოვრება, მთავრდება პირადი ცხოვრება.“
- ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ადეკვატური. თუ ადამიანი ხშირად ჩნდება ხოლმე, ვთქვათ, რომელიმე საინფორმაციო გადაცემაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია, პატივი არ ვცეთ მის პირად ცხოვრებას. ცოტა არ იყოს გაურკვეველია აგრეთვე დებულება, რომლის თანახმად, მედიას შეუძლია ჩაერიოს საზოგადოებრივი მოღვაწის პირად ცხოვრებაში, თუ იგი გავლენას ახდენს ამა თუ იმ საზოგადოებრივ მოვლენაზე. ეს დებულება მრავალნაირი ინტერპრეტაციისა და სპეკულაციის საბაბი ხდება ხოლმე. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული პრობლემის დელიკატური მხარე. დასავლეთში, მაგალითად, დიდი ხანია მსჯელობენ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანთა პირად ცხოვრებაში ,,შეღწევის“ საშუალებებზე, ლაპარაკია იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული ,,სათვალთვალო კამერები, რომელთაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით აყენებენ, დემოკრატიის ელემენტარული ნორმების დარღვევაა, ლაპარაკია ,,ფსიქოლოგიურ ტესტებზე“,რომელთაც ადამიანს სამუშაოზე მიღების წინ უტარებენ. გერმანიაში, მაგალითად, ასეთი ტესტირება კანონითაა აკრძალული. თუმცა, რატომ არ უნდა აინტერესებდეს სამუშაოს მიმცემს, მაგალითად, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი ბავშვები ქალს, რომელიც სამუშაოზე აჰყავთ, აქვს თუ არა საშუალება, დაუტოვოს ბავშვები ოჯახის სხვა წევრს და ა.შ?
იმისათვის, რომ კაცობრიობამ მიაღწიოს ბალანსს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის და ბოლოს და ბოლოს, გადაჭრას პირადი ცხოვრების დაცვის პრობლემა, ალბათ, არ იქნება საკმარისი მხოლოდ კანონმდებლობის სრულყოფა და სპეციალური ქარტიების შექმნა. ამისათვის თავად კაცობრიობა უნდა განვითარდეს. დასავლეთში ეს პროცესი სულ უფრო აშკარა ხდება. ცხადია, ყველა ადამიანს აქვს თავისი ჩვევები, სიმპათიები და ანტიპათიები, სისუსტეები, საიდუმლოები, გეგმები, ოცნებები, გატაცებები, ყველას აქვს თავისი ,,კუნძული“, რომელშიც ცდილობს არავინ ,,შეუშვას“ - არც მშობლები, არც მეგობრები, არც მეზობლები და მით უმეტეს, არც უცხო ხალხი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირადი ცხოვრება მაინც და მაინც გასაიდუმლოებული უნდა იყოს. არიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ყვებიან იმაზე, თუ რა ხდება მათ ოჯახებში, როგორ არიან შეყვარებულები და ა.შ. ინფორმაციას, რომელსაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით გასცემს, ,,კონფიდენციალური“ ეწოდება. ეს ლათინური სიტყვა ,,confidentia“ - ნდობას ნიშნავს. სოციოლოგები მტკიცებენ, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში ეს ,,კონფიდენციალური არე“ განუწყვეტლივ ფართოვდება, ე.ი. სულ უფრო მეტად იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, რომელსაც ენდობა თანამედროვე ადამიანი და პირიქით, სულ უფრო მეტად იზღუდება ეგრეთ წოდებული ,,პრაივესის “ არე (,,privacy“ - განმარტოებას, საიდუმლოს ნიშნავს).
1979 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ,,ოქროს პალმით“ აღნიშნეს ბრიტანელი რეჟისორის მაიკლ ლის ფილმი ,,საიდუმლო და ტყუილები“, რომლის გმირების, ერთი ჩვეულებრივი ინგლისური ოჯახის წევრების დრამას, მათ ნევროზებს, დათრგუნულობას განაპირობებს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ თითოეულ მათგანს მკაცრად აქვს გასაიდუმლოებული თავისი პირადი ცხოვრება (ინგლისური პრინციპით ,,ჩემი სახლი - ჩემი ციხე-სიმაგრეა“) და არც ერთი ეს ადამიანი არ ენდობა მეორეს. მაგრამ ფილმის მოქმედება ისე ვითარდება, რომ პერსონაჟები უბრალოდ იძულებულები ხდებიან, გადალახონ უნდობლობის ბარიერი, ,,გაეხსნან“ ერთმანეთს, რაოდენ მტკივნეული და, რაც მთავარია, რაოდენ სახიფათოც არ უნდა იყოს მათთვის ეს პროცესი. აღმოჩნდება, რომ აქ, ამ გარემოში, ადამიანები მზად არიან მიიღონ ერთმანეთი და პატივი სცენ ერთმანეთის სისუსტეებს, კომპლექსებს, ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს. კანის ფესტივალის პრესკონფერენციაზე მაიკლ ლიმ აღნიშნა, რომ შექმნა ერთგვარი უტოპიური სამყარო, რომელიც ,,უტოპიად“ მხოლოდ დღეს აღიქმება,
,,არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ეს უტოპია რეალობა გახდეს.“
მართლაც, ,,პირადი ცხოვრება“ ეს ისაა, რასაც ადამიანი თავად ქმნის, ე.ი. გარკვეული თვალსაზრისით ,,შემოქმედებაა“. არარეალიზებული, გაბოროტებული ადამიანი კი, ე.ი. ის, ვინც ვერ მოიწყობს პირად ცხოვრებას, საზოგადოებისთვის სასარგებლოს ვერ შექმნის. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა მოინდომოს, რომ ყოველმა მისმა წევრმა ისე იცხოვროს, როგორც მას საკუთარი სინდისი, გემოვნება, აღზრდა, საკუთარი ,,კონსტიტუცია“ კარნახობს. როცა კაცობრიობა ამას შეიგნებს და ტოლერანტული იქნება, ,,პირადი ცხოვრების“ პრობლემა უბრალოდ დაკარგავს აქტუალურობას. აღარ იქნება არც საიდუმლო, და არც ტყუილი.
თავისთავად ეს დიდი უტოპიაა. მაგრამ პროგრესს ხომ ყოველთვის მეოცნებეები, უტოპისტები ქმნიდნენ.
![]() |
2 წრუწუნა დაიბადა |
▲back to top |
ორიოდ სიტყვით 240-ეს შესახებ
დავით პაიჭაძე
2002 წლის 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება #240 ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ. პრეზიდენტის ბრძანებულებათა შესრულების ყველაზე პარადოქსული ნიმუში ამას წინათ ვიხილეთ ,,ღამის კურიერში;“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, მუნიციპალურ სკოლებზე დისკუსიისას, განათლების მინისტრს, ალექსანდრე კარტოზიას პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულებას უფრიალებდა და მუნათს სდებდა: ჩვენ ზუსტად ვასრულებთ მის ბრძანებებს და თქვენ - წინააღმდეგობას უწევთო.
მოკლედ, პრეზიდენტის ბრძანებულებებს, ჩანს ასეთი სვეც აქვთ: მათი ზედმიწევნით შესრულება არ შეუძლია იმას, ვისაც ეს უშუალოდ ევალება, ხოლო შესრულებით დაინტერესებულია ის, ვისაც პრეზიდენტზე კარგს ვერ დააცდენინებ...
საქმიანობა ადამიანის უფლებათა დასაცავად საქართველოში სიზიფეს რომას ჰგავს: ატარებ მონიტორინგს, ამზეურებ წამების ფაქტებს, ამხელ ჯალათ პოლიციელებს, ერთ ამბავს სტეხ, რათა წინასწარი დაკავების საკნიდან პატიმარი დროზე გაიყვანონ და უცებ - იმავე საკანში კაცი კვდება ან თუ დროზე გამოდის, ადამიანად აღარ ვარგა... თანაუგრძნობ სხვადასხვა კონფესიისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებს, გმობ რელიგიურ ძალადობას, საჯაროდ ლაპარაკობ ბნელეთის მოციქულებზე, იმედი გაქვს, ,,დასავლეთი“ პასუხს მოსთხოვს შენს ბედოვლათ ხელისუფლებას, მოქალაქეებსაც გააგებინებ, რომ სამების სახელით კაცის ცემა და თავის გადაპარსვა ცუდია და რად გინდა - მაინც მიგბეგვავენ, მინებს ჩაგიმსხვრევენ, წიგნებს დაგიწვავენ და მკივანი ხმითაც მიგაწყევლიან. ამ დროს პოლიციაც სადმე იქვე იქნება, ახლოს...
პრეზიდენტის ბრძანებულება წრიული სიმეტრიის ელემენტებს შეიცავს - მთავრდება იმით, რითაც იწყება: ესაა მოწოდება რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების დაცვისკენ. გარდა ამისა, პრეზიდენტი ბრძანებს, მოევლოს პატიმართა წამების პრობლემას, ტრეფიკინგს, მიუსაფარ და ინვალიდ ბავშვებს... ამ ყველაფერს ავალებენ და თხოვენ გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და განათლების მინისტრებს, საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის საბჭოს... სახელმწიფო უწყებებმა ყოველ ექვს თვეში შესაბამისი ანგარიში უნდა წარმოადგინონ.
აქცენეტებისა და მოცულობის მიხედვით, რაც რელიგიური უმცირესობისა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა პრობლემებს უკავია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, ნათელია, რომ შევარდნაძეს ამჯერად ადეკვატურად წარმოუდგენია, სად უჭირს ადამიანის უფლებებს ყველაზე მეტად საქართველოში. არავინ ამცრობს ტრეფიკინგის, ქალთა მიმართ ძალადობისა და მიუსაფარ ბავშვთა პრობლემების მნიშვნელობას. მაგრამ პირველი ორი, კიდევ კარგი, მოკლებულია ზღვრულ სიმწვავეს, ხოლო მესამის მოგვარებას სჭირდება არა მხოლოდ განათლებისა და სოციალური პოლიტიკის კორექცია, სახელმწიფო მოხელეთა გონება და ნება, არამედ ფულიც, რომლის ნაკლებობას, შეფარვით თუ აშკარად, გამუდმებით მიანიშნებს განათლების სამინისტრო თავის ანგარიშში.
სხვათა შორის, სახსრების სიმწირე ხშირად ის მიზეზია, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხსნის (მაგრამ არ ამართლებს!) წინასწარი დაკავების საკანში დაკავებულ პირთა 3 დღეზე მეტ ხანს ,,დაყოვნებას;“ ხან ბენზინი არა აქვთ იზოლატორში გადასაყვანად, ხან მანქანას ვერ შოულობენ. პრეზიდენტის წინაშე ანგარიშში მინისტრი ნარჩემაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ადრე დაკავებულები საპყრობილეში ვადის 10-15 დღის დაგვიანებით გადაჰყავდათ, ახლა დაგვიანება 1-2 დღეს არ აღემატება. ამასთან, 2001 წელს კანონიერი ვადების დარღვევით პოლიციის ორგანოებიდან 238 პატიმარი გადაიყვანეს, 2002 წლის 10 თვეში კი - 136.
სტატისტიკა, ციფრები და პროცენტები, ტრადიციულად, ჩვენი პოლიციის ძლიერი მხარეა. სტატისტიკით უბადლოდ და ხანგრძლივად ოპერირება შეეძლო კახა თარგამაძეს. უამრავი რიცხვია კობა ნარჩემაშვილის ინფორმაციაში, რომელიც მან N240 ბრძანებულების შესრულების შესახებ პრეზიდენტს წარუდგინა: აქ არის ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის ორგანოების ათეულობით დასჯილი თანამშრომელი, გენერალურ პროკურატურაში ამავე საფუძველზე გაგზავნილი 253 მასალა, დისციპლინური წესით დასჯილი 361 თანამშრომელი, 37, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 98 დათხოვნილი, ხოლო 72 თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი (აქედან 7 დასახელებულია), 62 ზოგჯერ მოულოდნელად შემოწმებული სამორიგეო იზოლატორი და ა.შ.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოქალაქეებს წინასწარი დაკავების საკნებში აღარ აწამებენ?
მორალურად არ შეურაცხყოფენ, არ აშანტაჟებენ, ფულს არ სძალავენ, არ სცემენ, ენასა და სასქესო ორგანოებზე დენს არ უერთებენ?
აღარ კლავენ ან არ მიჰყავთ თვითმკვლელობამდე?
პოლიცია იტყვის, რომ ასეთი ფაქტები შემცირდა, მაგრამ დასჯილ პოლიციელთა რიცხვის ზრდა, უკეთეს შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევათა გამოვლენას ნიშნავს და არა მათ შემცირებას. წინასწარი დაკავების საკნებიდან საპყრობილესა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაყვანილ პირთა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანებს პოლიციაში ისევე გვემენ, როგორც ყოველთვის. ამ სტატისტიკას იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, რომელსაც არ სურს, მიეწეროს პატიმართა წამება და მოუღლელად აღნუსხავს მისდამი რწმუნებულ სისტემაში პოლიციიდან გადაყვანილ პირთა დაზიანებებს. თავის მხრივ, ეს პირებიც ხშირად არ აღიარებენ, რომ პოლიციაში აწამეს ან ცემეს და აცხადებენ, რომ დაზიანებები დაკავებამდე ან დაკავების დროს მიიღეს ფეხის დასხლტომის შედეგად. კრიმინალური მორალის კატეგორიული იმპერატივი აქაც მოქმედებს: დე, გცემოს პოლიციელმა, მისი ჩაშვება მაინც ,,გრეხია“. ანაც, ფული უკვე გადახდილია, ინფორმაცია გაცემული, მეტ ბრალს აღარ აგკიდებენ და შენც ,,ივიწყებ“, რას გიშვრებოდნენ დაკავებიდან პირველ საათებში. ვისთვის პატიოსნება, ვისთვის პარადოქსი, ვისთვის კი ცინიზმია ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრსაც ეჭვი შეაქვს პოლიციიდან იუსტიციის სამინისტროში ვადების დარღვევითა და სხვადასხვა დაზიანებით გადაყვანილ პირთა სტატისტიკის სანდოობაში.
ნარჩემაშვილის ციფრები და პროცენტები ბევრს არაფერს ნიშნავს იმიტომაც, რომ დასჯილ პოლიციელთა უდიდესი ნაწილი შსს-ს სისტემაში აგრძელებს მუშაობას. იმათ გარდა, ვინც ორგანოებიდან დაითხოვეს, ყველა პოლიციაში რჩება. თანამდებობიდან გათავისუფლება არ მოასწავებს, რომ გათავისუფლებული პირი იმავე სისტემაში არ დაიკავებს ახალ თანამდებობას. ესეც არ იყოს, არსაიდან ჩანს, რამდენი პოლიციელის საქმე მივიდა სასამართლომდე და ვის რა განაჩენი გამოუტანეს, ანუ ვინ დაისაჯა ნამდვილად. პრეზიდენტსაც ვერ დავუკარგავთ - ამგვარ მონაცემთა წარდგენა ბრძანებულებაში მას არ მოუთხოვია.
სამაგიეროდ, მოითხოვა ერთი რამ, რაც, შეიძლება დავუშვათ, რომ სრულდება: ,,პროკურატურის, პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ასწრებენ სხვადასხვა სემინარებს, ტრენინგებს, მეცადინეობებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. მაგრამ სად არის კრიტერიუმი, რა არის ის ერთეული, რომლითაც გავზომავთ ძვრას პოლიციელთა ცნობიერებაში (ძვრას, უკეთ, უძრაობას ქცევაში, როგორც ვნახეთ, ,,დასჯილთა“ რაოდენობის ამსახველი ციფრებით აღწერენ)? თუ სემინარზე პოლიციელებს ქართველი ექსპერტები ელაპარაკებიან, პირველნი, წესისამებრ, უჩივიან უსახსრობას, დაუმსახურებლად ცუდ იმიჯსა და რეპუტაციას საზოგადოებასა თუ მედიაში, უხელფასობას, ხოლო თუ რომელიმე ექსპერტი შენიშნავს, რომ, ვთქვათ, რელიგიური უმცირესობის აგრესიისაგან დაცვა პოლიციის პირდაპირი ვალია, ჩვენს ხელარგოსნებს ეს ხშირად არ ესმით მათი ჰალალი პატრიოტიზმიდან გამომდინარე: როგორ, ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა ვიღაც სექტანტებისგან განა უფრო საშური საქმე არ არის? ან რას იზამ, თუ დაკავებული და ეჭვმიტანილი აშკარა დამნაშავეა და უბრალო დაკითხვით ვერ გამოტეხავ - უნდა მიბეგვო, აბა, ჯამში ხომ არ ჩაიხედავ, როგორც ერთმა ოპერმა მითხრა გასულ შემოდგომაზე?
ცხადია, ხელაღებით არ ვამტკიცებთ, რომ პოლიციის გაწვრთნა ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ კედელზე ცერცვის შეყრაა: არა, მუშაობა გამართლებულია, თუნდ სულ რამდენიმე ,,გზააბნეული ძალოვანი“ მოექცეს სამოქალაქო ღირებულებებზე. სხვათა შორის, ერთი პატარა შედეგი ასეთ მუშაობას (და ეგებ პრეზიდენტის ბრძანებულებასაც) უკვე მოჰყვა: პოლიცია უფრო კორექტული გახდა ადვოკატებთან და უფლებადამცავებთან ურთიერთობისას; როცა ისინი პროცესუალური დარღვევების ან ძალადობის ფაქტების მიკვლევას ცდილობენ, პოლიციელები ყოველთვის უხეშად აღარ იცილებენ თავიდან, არამედ, შესაძლებელი თავაზიანობის ფარგლებში, უზრუნველყოფენ ხოლმე ,,მიწვდომას ინფორმაციაზე“. შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებაში რამდენიმე კონკრეტული გვარი მაინც არის; აი, გენერალური პროკურორის ინფორმაციაში არ ახსენებენ არც ერთ სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში იმხილება. საერთოდ, ღირს იმ სტილისტური ,,ფიგურების” მოყვანა, რომლითაც პროკურატურა პრეზიდენტს უპატაკებს №240 ბრძანებულების შესრულებას: პროკურატურის მიერ ტარდება სათანადო ღონისძიებები, ტარდება გამსვლელი გაფართოებული სხდომები, გააქტიურდა ურთიერთთანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მოქმედებს ცხელი ხაზი, მდგომარეობა მიჩნეულია არასაკმარისად, დაუყოვნებლივ ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ღებულობენ აქტიურ ზომებს, სათანადოდ რეაგირებენ, უმოკლეს ვადაში უნდა დამთავრდეს და გრძელდება გამოძიება.
პროკურორის მოხსენებიდან ირკვევა, რომ შარშან ნოემბრის თვეში დაკავებულთა ცემა-წამების ფაქტებზე სისხლის სამართლის 20 საქმე აღიძრა, ხოლო 3 სასამართლოში წარიმართა.
ერთი ფრაგმენტი ამ ტექსტიდან სრულ ციტირებას იმსახურებს:
,,ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ, ქ. თბილისში გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის წინამძღვრის ბასილ მკალავიშვილისა და მის მომხრეთა მიერ გახშირდა რელიგიურ უმცირესობათა, კერძოდ, ,,იეღოვა“-ს (ასე წერენ! - დ.პ.) მოწმეთა დევნის ფაქტები. პროკურატურის ორგანოები კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ღებულობენ აქტიურ ზომებს, რათა განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანების მიმართ შეურიგებლობისა და შეუწყნარებლობის გაღვივება და სხვა ანალოგიური ხასიათის რეციდივები დაყვანილი იქნეს მინიმუმამდე.“
არავითარი აზრი არა აქვს ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანას. ორიოდ კითხვა: როდიდან იწყება მითითებული ბოლო პერიოდი ანუ როდის შენიშნა პროკურატურამ, რომ მკალავიშვილი ცუდად იქცევა და რამდენია ის მინიმუმი, სადამდეც პროკურატურამ გლდანელი გურუს დარბევები უნდა დაიყვანოს? ერთი შენიშვნაც: პროკურატურის ინფორმაციის კითხვისას გრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურორებმა მთლად კარგად ვერ გაიგეს, რას ითხოვდა პრეზიდენტი; შვიდგვერდიანი მოხსენების პირველ ორ გვერდზე ნუგზარ გაბრიჩიძე გართულებული კრიმინალური და ოპერატიული ვითარების, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდისა და საავტომობილო მაგისტრალებზე გახშირებული მკვლელობებისა და ყაჩაღობების შესახებ ლაპარაკობს. მე-5 გვერდიდან ის უპასუხებს პრეზიდენტის მოთხოვნას,
,,გამოიძიონ და სასამართლოს გადასცენ რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ყოველი ფაქტი ამ მოქმედებებში დამნაშავე პირების დასჯის მიზნით.“
,,რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი ყველა სამართალდარღვევის ფაქტი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ რეაგირებულია.“
- მოახსენებს გენერალური პროკურორი პრეზიდენტს და ხვდები, რა ძალა და ფასი აქვს ამ რეაგირებას, როცა პროკურატურამ ვერც ერთხელ ვერ დაარწმუნა სასამართლო, რელიგიური მოძალადეებისათვის ადეკვატური აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდებინა.
მაგრამ სასამართლოს როგორ დაარწმუნებ, ან რანაირად დაწერ ბრალდების ტექსტს, როცა მთელი 6 გვერდის მანძილზე ნათმენი გულისთქმა მეშვიდეზე ასე ამოხეთქავს:
,,მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ადმინისტრირებით ამ ურთულეს მოვლენასთან ბრძოლა დადებით შედეგს ვერ გამოიღებს, სასურველია მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიღებული იქნას კანონი რელიგიის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი დაძაბული ვითარების გაუმჯობესებას, განსაზღვრავს პასუხისმგებლობას სექტების უკანონო ქმედებისათვის.“
დიდი თავხედობა არ იქნება, ვივარაუდოთ, რომ პროკურატურა დისკრიმინაციული კანონის მომხრეა, რომლის ამოქმედება უწყებას თავის ტკივილს მოუხსნიდა - რელიგიურ უმცირესობათა დაცვას აარიდებდა. ამასთან, კანონიერების დაცვის გენერალური საზედამხედველო სამსახური შევიწროებულ რელიგიურ უმცირესობებში იეჰოვას მოწმეთა გარდა არავის ხედავს და ოპერირებს ტერმინით ,,სექტა”, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.
პრეზიდენტის ბრძანებულებაში ერთი ასეთი პუნქტიცაა:
,,მოამზადონ წინადადებები დაკავების ნებისმიერ სტადიაზე დამცველისა და ექიმის მომსახურების უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად.“
ამ შინაარსის განხორციელებას მიუახლოვდა ის, ვისთვისაც პრეზიდენტს არაფერი დაუვალებია: საქართველოს სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შესაბამისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ და ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები უნდა შეიტანოს.
ბრძანებულების შესრულებაში, სხვა უწყებებთან შედარებით, პირნათელია იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც, პრეზიდენტის მოთხოვნისამებრ, რამდენიმე ნორმატიული აქტის პროექტი მოამზადა. ახლა ძნელი სათქმელია, რა ბედი ელით მათ დარღვეულ და დაქსაქსულ პარლამენტში.
ერთადერთი, ვისაც პრეზიდენტი არაფერს არ სთხოვს და, მით უმეტეს, არ უბრძანებს, მოსამართლეები არიან. სასამართლო ხელისუფლების ცალკე შტოა, საქართველო - მშენებარე დემოკრატიის ქვეყანა. დემოკრატიის პირობებში კი პრეზიდენტი თავს უფლებას ვერ მისცემს, სასამართლოს თუნდაც მიანიშნოს, რომ მოძალადეთა დაუსჯელად პარპაში მისი დამსახურებაცაა.
მოკლედ, ქაღალდების ანუ ოფიციალური პასუხების დონეზეც კი ჩანს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების შესასრულებლად დიდად არ გარჯილან ისინი, ვისაც ეს უწინარესად ევალებოდა. ადამიანის უფლებათა გულშემატკივრებსაც ნამდვილად არ ეგონათ, რომ 17 მაისის შემდეგ მთები დაიწყებდნენ დრეკას და მშობიარობას. ასე რომ, წესისამებრ, წრუწუნა დაიბადა.
რაც შეეხება გაწეული საქმიანობის შეფასებას: ყველაზე ლიბერალური გამომცდელიც კი გაჭირვებულ სამიანს თუ აღირსებდა პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულებაში სამართალდამცავ სამსახურებს, ისიც იმიტომ, რომ იცის: ადამიანის უფლებათა დაცვა, როგორც საგანი, მათ არაფერში სჭირდებათ და დემოკრატიის იდეოლოგიურ დანამატად აღიქვამენ, როგორც საბჭოთა პერიოდში მეცნიერულ კომუნიზმს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - პრეზიდენტი ამ სამიანს დაწერს. მანამდე კი ახალი საშინაო დავალება:
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №68, 2003 წლის 4 მარტი
,,საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის განმტკიცების 2003-2005 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.“
როგორც იტყვიან, ad meliora tempora, უკეთეს დროებამდე.
![]() |
3 ფარული კორუფციის არაფარული დეტალები |
▲back to top |
,,60 წუთი“ კორუფციაზე, უზენაესი ,,60 წუთზე“
21 თებერვალს ,,თავისუფლების ინსტიტუტში“ ჩატარებულ პრეს კლუბის სესიას, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა, საზოგადოებაში ფართო რეზონანსი მოჰყვა. თემის აქტუალიზება სესიაზე ტელეკომპანია ,,რუსთავი-2“-ის პროგრამა ,,60 წუთის“ სასამართლო დავებისა და ფარული ჩაწერების საკითხის განხილვამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო ის ვიდეო ჩანაწერები, რომელთა მეშვეობითაც პროგრამა ,,60 წუთისს“ ჟურნალისტებმა სასამართლო სისტემასა და პოლიციაში კორუფციის ფაქტები ამხილეს. უფრო მეტიც, სასამართლომ იმ პოლიციელთა რეაბილიტაცია მოახდინა, რომლებიც სწორედ პროგრამა ,,60 წუთის“ გადაცემის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან.
უნდა მიიღოს თუ არა სასამართლომ მტკიცებულებად აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და რამდენად კანონიერია ფარული ჩაწერა? - დისკუსია, ერთის მხრივ, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებსა და მეორეს მხრივ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შორის სწორედ ამ საკითხებზე გაიმართა:
უზენაესი სასამართლო:
,,კანონის მუხლი, რაც უზენაესმა სასამართლომ ჩვენს საქმიანობაზე წარმოგვიდგინა, ოპერატიულ მუშაკებს ეხება. ჩვენ ჟურნალისტები ვართ, რომლებიც იცავენ საჯარო ინტერესს. საჯარო ინტერესი კი გულისხმობს, რომ მხილებულ იქნეს კორუფციისა და ქრთამის აღების ნებისმიერი ფაქტი. ჩვენი ყველა ფარული გადაღება ასეთ ფაქტს ამხელს.“
,,ახალი ვერსია“
24 თებერვალი, 2003
ნინო გვენეტაძე:
,,ჩვენ კანონს ვერ შევცვლით და ვერც დავარღვევთ. სისხლის სამართლის კოდექსში კი ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია. ფარული ჩანაწერები კი კერძო საუბარს აფიქსირებენ, კერძო საუბრის უკანონოდ ჩაწერა კი დანაშაულია.“
,,ხვალინდელი დღე“
22 თებერვალი, 2003
ნინო ზურიაშვილი:
,,რა თქმა უნდა, ჟურნალისტური მოღვაწეობა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა იდეაში იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გამოავლინოს სამართალდარღვევების, კორუფციის, დანაშაულის ფაქტები. ჟურნალისტის მიერ მოძიებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი, მაგრამ უნდა გადამოწმდეს, უნდა გამაგრდეს მტკიცებულებებით. თუ ჟურნალისტური გამოძიებისას მოპოვებული მასალა არ იქნება შემდგომ სხვა მნიშვნელოვანი დეტალებით გამტკიცებული, ის მტკიცებულების სახეს სასამართლოში ვერ მიიღებს.“
,,სასამართლო ქრონიკა“
24 მარტი, 2003
ნანა დევდარიანი:
,,ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, თუნდაც აბსოლუტურად კეთილშობილური მიზნით უფლება აქვთ ჩაერიონ ადამიანების პირად ცხოვრებაში, კერძო საუბრებში, ფარულად ჩაიწერონ ადამიანთა პირადი ცხოვრების ეპიზოდები და შემდეგ საზოგადოების წინაშე გამოფინონ. თუნდაც ეს უკავშირდებოდეს გარკვეული დანაშაულის გამჟღავნებას და კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას.“
,,სასამართლო ქრონიკა“
24 მარტი, 2003
ლევან რამიშვილი:
,,რომელი მოსამართლე მოგცემს სანქციას, რათა მის მიერ ქრთამის აღების ფაქტი ფარული კამერით დააფიქსირო! როდესაც ორ კაცში ქრთამის გადაცემა ხდება, მტკიცების სხვა გზა მე არ ვიცი. რამდენიც არ უნდა უთხრა ამ უწყების ხელმძღვანელებს, ვერაფრით ვერ უდასტურებ, ვიდრე არ უჩვენებ ტელევიზიით. მაგრამ მაინც არ უნდათ, რომ დაინახონ!“
,,ახალი ვერსია“
24 თებერვალი, 2003
ნინო გვენეტაძე:
,,თუ საუბარია იმ შემთხვევებზე, რაზედაც დღესდღეობით მიმდინარეობს დებატები, როდესაც კერძო საუბრების უკანონო ჩაწერაზეა საუბარი, ჩნდება კითხვა: რამდენად ატარებს ეს საუბარი კერძო ხასიათს. ანუ, როდესაც თანამდებობის პირი, თავისივე თანამდებობრივი ფუნქციების განხორციელებისას, რაღაც უკანონობას სჩადის, რამდენად არის ეს კერძო ხასიათის მოვლენა. თავისთავად, როდესაც თანამდებობის პირი თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ითხოვს ქრთამს, ეს არის თუ არა საჯარო განხილვის საგანი.
,,სასამართლო ქრონიკა“
24 მარტი, 2003
მერაბ ტურავა:
,,თუ ჩვენს მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს იურიდიული ძალა არ გააჩნიათ, მაშინ სასამართლომ ეს ჩანაწერები არც უნდა ნახოს. თუმცა, თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე ეს ვიდეოფირები აჩვენეს, მათზე თვალნათლივ ასახული ფაქტები კი იურიდიულად ძალას მოკლებულად აღიარეს.”
,,ხვალინდელი დღე“
22 თებერვალი, 2003
ნინო გვენეტაძე:
,,ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს პრობლემა, ნებისმიერმა ტელეკომპანიამ, ჟურნალისტმა მოიპოვოს ინფორმაცია. განსაკუთრებით, თუ ეს საჯარო მოხელეს ეხება. როდესაც ჟურნალისტი ახდენს საჯარო პირის ფარულ ჩაწერას, ჩვენთვის, სასამართლოსათვის, ამას მნიშვნელობა არა აქვს. იმ მომენტიდან, როცა პროკურატურა ამ ფარულ ჩანაწერს სასამართლოზე მტკიცებულებად წარმოადგენს, ჩვენ გარკვეული პრობლემები წარმოგვეშვება.“
„ახალი ვერსია“
24 თებერვალი, 2003
ვახტანგ კომახიძე:
,,კერძო საუბრის ხელყოფა არის დანაშაული ვის მიერაც არ უნდა იყოს იგი განხორციელებული.“
,,სასამართლო ქრონიკა“
24 მარტი, 2003
გიგა ბოკერია:
,,თუ ნებისმიერ პირს ექნება ამის უფლება, მაშინ რაღას აკეთებენ დევნის ორგანოები? არ შეიძლება მსგავსი გაუბრალოება ისეთი საკითხებისა, რაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ეხება.”
,,სასამართლო ქრონიკა“
24 მარტი, 2003
ლევან რამიშვილი:
,,თუ საჯარო მოხელე სახლში მირეკავს და ქრთამს მთხოვს, ეს საუბარი ხომ ჩემი პირადი ცხოვრების ნაწილია. მე მზად ვარ, სამართლის აღსრულების გამო საკუთარი პირადი ცხოვრება საჯარო გავხადო, ანუ მე საკუთარი სურვილით ვიზღუდავ პირად ცხოვრებას. ,,60 წუთს“ ფარული კამერა საკუთარი ნებით არსად დაუმონტაჟებია, ფარული კამერა დანაშაულის ადგილას მსხვერპლს საკუთარი ნებით შეჰქონდა, ამდენად, ეს სამხილი უკანონო გზით მოპოვებულად არ უნდა ჩაითვალოს.“
,,ხვალინდელი დღე“
22 თებერვალი, 2003
ნინო გვენეტაძე:
,,როდესაც სამართალდამცავი ორგანოები არიან უმოქმედონი და ეს უმოქმედობა საბოლოო ჯამში ერთგვარად განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლება უკიდურესად არაპოპულარული და დისკრედიტირებულია, - ამ დროს, ჟურნალისტი საკუთარი ინიციატივით აკეთებს საქმეს, რომელიც წესით სამართალდამცავი სტრუქტურის საკეთებელია. წესით და კანონით ჩვენს სამართალდამცველებს ერთი შეხედვით მადლობის მეტი სათქმელი არაფერი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, სახეზეა აბსოლუტურად საპირისპირო რეაქცია.“
,,სასამართლო ქრონიკა“
24 მარტი, 2003
ეს არის ის ძირითადი არგუმენტები, რომლებიც ქართულ მედიაში ფარული ჩაწერების თემაზე ფიგურირებდა. თუმცა, საკითხი მხოლოდ საგაზეთო პოლემიკით არ შემოფარგლულა - სამთავრობო გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ უზენაესი სასამართლოს განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც სამართალდამცველებს ,,60 წუთის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდებდა.
ამ საკითხით ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, როგორებიცაა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ), ბრიტანული ორგანიზაცია Article XIX და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI). პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ჯონათან ფრიცმა პრეზიდენტ შევარდნაძეს ,,60 წუთის“ შევიწროების გამო გაუგზავნა წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს
თქვენო აღმატებულებავ,
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტს, რომელიც წარმოადგენს ცნობილ ჟურნალისტთა, რედაქტორთა და მედიის აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანებას, სურს, გამოთქვას შეშფოთება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიმართულია ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,60 წუთის“ წინააღმდეგ და რომელიც, სასამართლო სისტემასა და პოლიციაში არსებული კორუფციის შესახებ მომზადებული გადაცემების გამო ,,60 წუთის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 მარტს, სამთავრობო გაზეთმა ,,საქართველოს რესპუბლიკა“ გამოაქვეყნა უზენაესი სასამართლოს განცხადება და პროკურატურას 60 წუთის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოუწოდა. აღნიშნული განცხადება მოჰყვა ,,60 წუთის“ 16 თებერვლის გადაცემას, რომელშიც ფარული კამერის საშუალებით, ნაჩვენები იყო კორუფციაში მხილებული სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს და შემდეგ კვლავ აღადგინეს თანამდებობებზე.
რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი ,,60 წუთის“ სითამამემ იმდენად გააღიზიანა, რომ მათ პროგრამის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კერძოდ, კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ასათიანმა სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც ,,60 წუთმა“-ის ბიზნეს-პარტნიორის მკვლელობაში დაადანაშაულა. დღეისათვის საქმეში, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს, ბ-ნი ასათიანი ცილისწამების ბრალდებით გადაცემისთვის 4.6 მილიონი აშშ დოლარის დაკისრებას ითხოვს.
სასამართლოსა და პროკურატურის მხრიდან განსხვავებული პოლიტიკური მოტივაციის არსებობის გათვალისწინებით, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი შეშფოთებულია, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თავისუფალი მედიის შევიწროების კამპანიის ნაწილი იყოს. ინსტიტუტს შეშფოთების საფუძველს აძლევს ისიც, რომ სახელმწიფო მედია რეგულარულად აკრიტიკებს ,,რუსთავი 2“-ს და ტელეკომპანიას მუშაობა მუდმივი ზეწოლის და დაშინების პირობებში უხდება.
რაც შეეხება სასამართლო ქმედებებს, ინსტიტუტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან გამოძიების მიმდინარეობისთვის მიმართულების ამგვარი მიცემა აბსოლუტურად მიუღებელია. სასამართლო სისტემა დამყარებული უნდა იყოს გამოძიების რგოლიდან სრული დამოუკიდებლობის პრინციპზე. გამოძიების პროცესში სასამართლოს ასეთი სახით ჩარევა შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი სთხოვს თქვენს აღმატებულებას, რათა გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და არ დაუშვას, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და პროკურატურის ანტიკონსტიტუციური ქმედებები.
ინსტიტუტი ასევე სთხოვს თქვენს აღმატებულებას, დაადასტუროს კორუფციის ფაქტების გამოვლენაში პრესის უდიდესი როლი. ხოლო იმისათვის, რომ პრესამ საზოგადოებისათვის ეს უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულოს, მას მუშაობაში სრული ჩაურევლობის გარანტია უნდა ჰქონდეს. ინსტიტუტი მოუწოდებს თქვენს აღმატებულებას იმგვარი ხელსაყრელი გარემოს შექმნისაკენ, რომელიც ამ ფუნდამენტური უფლების განხორციელებას უზრუნველყოფს.
პატივისცემით,
ჯონათან ფრიცი
დირექტორი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი
![]() |
4 წმ. გრიგოლ ფერაძე და მისი პირველი ქადაგება |
▲back to top |
ნუგზარ პაპუაშვილი
ახალი ეპოქის წმიდა მოწამის, საეკლესიო მოღვაწისა და მკვლევრის - გრიგოლ ფერაძის (1899-1942) - ბიოგრაფიასა და ლიტერატურულ მემკვიდრეობაში პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტებს ხშირად შევხვდებით. ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შემლახავი უღელი მან საკუთარი მხრებით ატარა და სუსხი იწვნია; იღვაწა, როგორმე სხვისთვისაც შეემსუბუქებინა ეს უღელი; იბრძოლა სამართლიანობის გამარჯვებისათვის და ამ ბრძოლას შეეწირა.
გრიგოლ ფერაძე დასავლეთ ევროპაში ცოდნის გაღრმავების მიზნით ჩავიდა, რათა სამშობლოს ამაღლებული კვალიფიკაციით დაბრუნებოდა. რვა წლის მანძილზე (1921-1929) იგი თეოლოგიისა და ფილოლოგიის მრავალ დარგს დაეუფლა, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და, გეგმისამებრ, გამოსამგზავრებლად მოემზადა, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ, ბევრი თხოვნისა და მუდარის მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცა; უარის მიზეზიც არ გააგებინა. ამასობაში მან დედის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, რამაც მისი არსება სულით ხორცამდე შეძრა. წმ. გრიგოლის წერილები პროფ. კორნელი კეკელიძისადმი, ვისმა რეკომენდაციებმაც მას სამეცნიერო ასპარეზი გაუკაფა, სავსეა ტრაგიზმით და ნოსტალგიით, რომ სამშობლოში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აღარ ეძლევა:
,,საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არა მაქვს. თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ... რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში, რა დავაშავე? შეიძლება სამეცნიერო კარიერას მთლად თავი დავანებო და საეკლესიო სამსახურს შევუდგე, სახლში ხომ მაინც არ მიშვებენ. მიზეზი არ იცი. მიუხედავად დიდი სიყვარულისა მეცნიერებისადმი, იგი სრულიად არ მაკმაყოფილებს.
,,გრიგოლ ფერაძე პოლიტიკურ ბატალიებში არასდროს ჩართულა და, როგორც მისი ნაწერებიდან ჩანს, მკვეთრ ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტურ განცხადებებსაც თავს არიდებდა. ასე რომ, უცხოეთში მის დარჩენას და ემიგრანტობას ობიექტური საფუძველი არ ჰქონდა. ეს პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ, მისი მოქალაქეობრივი უფლების იგნორირების გამო მოხდა, რასაც ახალგაზრდა შემოქმედი და მეცნიერი მტკივნეულად განიცდიდა.
სულიერი კრიზისის დაძლევაში მას ქრისტეს სარწმუნოება და ეკლესია დაეხმარა. 1931 წლის 18 აპრილს გრიგოლ ფერაძე ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს დიაკვნად ეკურთხა, იმავე წლის 25 მაისს კი პარიზის წმ. სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძარში - მღვდლად და პარიზის წმ. ნინოს ქართული ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. შემდეგ იგი არქიმანდრიტის ღირსებით შეიმოსა და თანაბარი მონდომებით იღვწოდა როგორც საეკლესიო, ისე სამეცნიერო სარბიელზე.
როდესაც ფაშისტების იდეოლოგიამ და ძალმომრეობამ ცივილიზებული მსოფლიო შეაზანზარა, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტში მსახურობდა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების კათედრის გამგედ და პროფესორად. იგი გესტაპომ დააკავა და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს ჩააბარა. კონკრეტული მიზეზი და მოტივი ცნობილი არაა. კალისტრატე სალიას თქმით, მისთვის კომუნისტებთან საიდუმლო კავშირი დაუბრალებიათ. ცნობილია აგრეთვე, რომ არქიმანდრიტი გაზის კამერაში ერთ-ერთი მრავალშვილიანი მსჯავრდებულის, ებრაელის, ნაცვლად საკუთარი ნებით შევიდა.
1995 წელს არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე საქართველოს საეკლესიო კრებამ მოწამეთა თანა შერაცხა და ხსენების დღედ 23 ნოემბერი ანუ, ახალი სტილით, 6 დეკემბერი განუწესა.
მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე ქრისტეს ეკლესიის დაყოფის ფაქტს მტკივნეულად განიცდიდა და ერთიანობის აღდგენის იმედს არ კარგავდა. იგი ეკუმენური მოძრაობის სათავეებთან დგას; მონაწილეობდა ვენისა და ლოზანის ინტერკონფესიურ კონფერენციებში (1926-1927) და იმ პოზიციას უმაგრებდა ზურგს, რომლის თანახმადაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები ერთი და იმავე სხეულის ორი ფილტვია. აი, მისი სიტყვები, წარმოთქმული ვენის კონფერენციაზე 1927 წლის 17 ივლისს: ,,ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. დადგება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს და რომელზეც ვერ ვიტყვით - ,,ისიც არსებობს“, რამეთუ ნამდვილად არსებობს და თავის მიზნებს და ამოცანებს ახორციელებს... ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა“ (თარგმანი მ. ქსოვრელისა. - ,,რელიგია“, 1992, №6,გვ.94).
ქადაგება, რომელსაც ქვემოთ ვაქვეყნებთ, წარმოთქმულია პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის გახსნის დღეს, - 1931 წლის 31 მაისს. ამ ეკლესიას ქართველი ემიგრანტები შეადგენდნენ - უფლებააყრილნი და სამშობლოდან გაძევებულნი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დრო შეიცვალა. განვიცადეთავიც და კარგიც. პრობლემები პრობლემებმა, ლტოლვილები ლტოლვილებმა შეცვალეს. ისევ გვესმის წინაპართა ნატერფალიდან აყრილთა და გაგდებულთა კვნესა. მრავლად არიან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლნი, ცალკეულ პირთა, კოლექტივთა თუ სახელმწიფოსაგან დათრგუნული ადამიანები. არ დაშრეტილა ტკივილი და ტანჯვის სიმძაფრე, რაც ქვემორე სტრიქონებს ახლავს.
ქადაგების ტექსტი წარმოდგენილია იმავე ეკლესიის ჟურნალში ,,ჯვარი ვაზისა“ (1931, №1). იგი შთაგონებულია მოქალაქეობრივ უფლებათა და თავისუფლებათა ხელშეუხებლობის იდეით, პიროვნებისა და ერის ზოგადსაკაცობრიო კონტექსტში რაობის, მათი დანიშნულებისა და ღირსების თეოლოგიური ასპექტით გააზრებისა და შემეცნების სურვილით. ამდენად, ამ დოკუმენტს როგორც ისტორიული და საღვთისმეტყველო, ისე საზოგადოებათმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მას ხელახლა ვაქვეყნებთ მცირედი აბრევიაციით.
![]() |
5 ქადაგება წარმოთქმული ქართულ მართლმადიდებელ წირვაზე პარიზში მაისის 31-ს 1931 წელს |
▲back to top |
ისტორია
მღვდელი გრიგოლ ფერაძე
სახელითა მამისათა და ძისათა
და სულისა წმიდისათა!
როგორც იყო ჯადოსნური წრე გაირღვა და ჩვენ გვეღირსა უცხოეთში - ათი წლის შემდეგ აქ ყოფნისა - ქართული წირვის მოსმენა პრიმიტიულ პირობებში: რასაკვირველია არა ისე, როგორც ვართ ჩვეული საქართველოში, საუცხოო ტაძრებში - სავსე ჩვენი ძველი ხატებით, გაწვრთნილ და გამოცდილ მგალობლებით; მაგრამ რაც დღეს არა გვაქვს, შეიძლება ის გვექნეს ხვალ. მომავალი ჩვენი მრევლისა და ეკლესიისა თითოეული თქვენგანის ხელშია და ჩემი პირველი თხოვნაა: დაგვეხმარეთ, რომ ჩვენ აქ, უცხოეთში, შეგვეძლოს საკუთარი სამლოცველოს, ჩვენი რელიგიური და კულტურული ცენტრის შექმნა. პირველი ქართული წირვა, ამოდენა პაუზის შემდეგ, ყოველ აქ დამსწრისათვის უნდა ყოფილიყო სავსე განცდებითა და მოგონებით ჩვენი წარსულიდან. ცენტრი ამ მოგონებებში უკავია იმას, ვინც ჩვენ პირველად დაგვასწავლა სახელი ღვთისა, ვინც ცდილობდა ჩვენში ჩაენერგა სიყვარული და შიში ღვთისადმი, ვისაც პირველად ხელდაჭერილი დაჰყავდა ჩვენი თავი ეკლესიაში - ჩვენი ქვეყნის მოწამეს - ჩვენ ქართველ დედას:
ძვალდამჭკნარი სხეული, ცრემლი ჩამოკვეთილი, ხშირად ჩამომსხვრეული, მუდამ ჩამოწვეთილი, სახე მხდარი, ხნიერი, ვედრებაში გართული, ლოცვა გულისხმიერი ზეცისკენ მიმართული...
დედის ოთახი ყოველთვის თბილი, დაბალ კედლებზედ ძველი ხატები. ხატის წინ სამი თაფლის სანთელი და ვერცხლით სავსე პატარა ქისა. ხატზე დოლბანდი და შარშანდელი ფოთოლდამჭკნარი წმიდა შტო ბზისა...
ასეთი მოგონებანი არიან მხოლოდ მოგონებანი, თუ გნებავთ - სასიამოვნო და ტკბილი.
რელიგიური განცდა ამგვარ მოგონებებს ვერ დაერქმევა; რელიგიურ განცდად იქცევა მოგონება მაშინ, როდესაც ადამიანი მასთანავე იგრძნობს, თუ რა დაჰკარგა და სიდიადეს ამ დანაკლისისა. და ამ მოგონებასთან ერთად აღმოხდება გულიდან ოხვრა:
საბრალო დედავ! ჩქარა გაჰქრა ჩემი მაისი და ბნელი ღამე, ოხ, რა ძნელი გასარღვევია!
მაგრამ რელიგიურ განცდას არ სწამს სიძნელე და რელიგიურად განწყობილი ადამიანი თვით უკუნეთშიაც ხედავს ღვთის ნათელს, გინდაც სიბნელით გარემოცულს და ტორტმანით, ნელი ნაბიჯით, გინდაც რომ გზაში ფეხი ათასჯერ დაუცურდეს ან ქვას წამოჰკრას, მაინც ისწრაფვის და იშვერს ხელს ამ ნათლისაკენ, ისე როგორც, თუ გნებავთ, ახალფეხამდგარი ბავშვი რომელიმე საგნისკენ, რომელიც მას იზიდავს.
რელიგიურია განცდა, როდესაც ადამიანი განიცდის, ერთის მხრივ, საშინელ წუთებს, წუთებს მარტოობისას, როს
მზე არ მზეობს იმისთვის, დარი არ დარობს დარულად,
და ამასთანავე, მეორეს მხრივ, მისი გულიდან აღმოხდება ჰიმნი გაჟღენთილი ღვთისადმი სასოებით:
ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე, მტერთა ძლევა, ზღვაზე ღელვა, ღამით მავნე განმარიდე.
რელიგიური განცდა არის ჩახედვა საკუთარ სულში, განცდა თავისთავის არარაობისა... და ღვთის მადლისა, რომელიც ავსებს ჩვენს სიცარიელეს, აშრობს უდაბნოს ჩვენში დაბანაკებულს, სპობს ან უსპობს საშუალებას მტერს ჩვენში დაბინავებისა და აძლევს ადამიანს ძალას მოქმედებისას, სიბრძნეს და გამჭრიახობას, სიმდაბლეს და სიმტკიცეს, სიყვარულს მტრისადმიც კი, ამაღლებს მას დღიურ, მიწიერ მისწრაფებებიდან და აძლევს საშუალებას გარჩევისას:
- რაა უკვდავი და რაა მოკვდავი, წარმავალი და წარუვალი...
აპოთეოზს რელიგიური განცდა აღწევს წინასწარმეტყველის სიტყვებში:
,,დეე ვაჟკაცნი დაეცნენ და ჭაბუკებმა დაჰკარგონ ძალა. ისინი კი, ვინც ესვენ უფალს, შეიმოსებიან ახალი ძალით,არწივის მსგავსად გაშლიან თავიანთ ფრთებს და მათ სიარულს არ დაემჩნევა დაღლილობა, მათ სირბილს - მტვერი.”
და თუ დღეს აქ, ამ წირვაზე, რომელიმე თქვენგანს ამგვარი ან ამის მსგავსი განცდა ჰქონდა, მერწმუნეთ, არც დღეს დაჰკარგავს მადლი თავის გზას და იესო მაცხოვარი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისათვის და მრევლისათვის მსხვერპლად შეიწირა, დაიბანაკებს და ინახ-იდგამს მასთან.
ჩვენ შევიკრიბეთ დღეს აქ სალოცავად და დაწყებული საქმისათვის ღვთისაგან კურთხევის გამოსათხოვრად. ჩვენი მიზანია, რომ მან მოგვცეს ძალა და უნარი, რათა აქ, უცხოეთში, შეგვეძლოს რელიგიური ცენტრის შექმნა ყველა გარდმოხვეწილი ქართველისათვის და ჩემი პირველი თხოვნაა თქვენდამი - ილოცეთ ამ დიადი მიზნის მისაღწევად; ილოცეთ, რომ ღმერთმან გარდმოგზავნოს თავისი მადლი იმ ქართველთა გულში, ვისაც ეს საქმე ცივად სტოვებს, ვინც ამ მიზნით დაინტერესებული არაა - აღჭურვოს და აღაფრთოვანოს მთელი ემიგრაცია ამ საქმისათვის. თვით ჩემი მოვალეობა არის მძიმე და ძნელი და გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, რათა შემეძლოს მე ჩემი სუსტი ძალით ამ მიზნის მიღწევა ოდნავ მაინც; რათა შემეწიოს იგი... როცა კაცობრივი წუთები, ეჭვები და ბრძოლა შემიპყრავს, რათა მან (უფალმა) მომცეს მე სული სიყვარულისა, სული მოთმინების და ისეთი ენა, რომ შემეძლოს თქვენში ცეცხლის ანთება, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელსაც თქვენ გამოიღებთ, მსხვერპლად კი არა, სრულიად ბუნებრივ და თავისთავად ცხად მოვალეობად გეჩვენოთ.
ჩვენ ვართ მართლმადიდებელნი. მართლმადიდებელ რუსეთის ბატონობამ ჩვენში და ეკლესიის პოლიტიკურ იარაღად ხმარებამ, თვით ჩვენმა გადაგვარებამ და რელიგიურმა მოუვლელობამ, თითქმის ერთ საუკუნეზე მეტია, ჩვენში შეგნება და სიყვარული მართლმადიდებლობისადმი დაასუსტა. ჩემი პირველი მოვალეობა არის და იქნება გითხრათ: - მართლმადიდებლობა იყო და არის უდიდესი განძი, რომელიც ჩვენ ერს ოდესმე ჰქონია; ამ განძისათვის მსხვერპლად იწირებოდენ ჩვენი წინაპრები, არჩევდენ ყოველგვარ შეურაცხყოფას და თვით სიკვდილს, უარყოფდნენ ფუფუნებას და თუ, გნებავთ, პოლიტიკურ სარგებლობასაც კი.
მართლმადიდებლობა არის თვითღირებულება -
მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც.
ჩვენ ვართ წევრნი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა. ჩვენი ერი თუ არსებობს დღეს ან აქვს რაიმე გასავალი მსოფლიოში, უნდა, პირველად ყოვლისა, უმადლიდეს ჩვენს ეკლესიას. მაგრამ თუ ეს ყველაფერი უწინ იყო, დღესაც ეკლესია არაა მუზეუმი: მღვდელი არ არის დაგვიანებული მგზავრი საშუალო საუკუნეებისა. ეკლესიამ თავისი დანიშნულება და როლი კი არ მოსჭამა, არამედ მისი როლის თამაშობა იწყება დღეიდან, იმ ხანიდან, რომელშიაც ყოველგვარი დიდი განძი ხურდავდება, რომელშიაც ერს დაეკარგა უმთავრესი იდეალები და მიწას ჩასცქერის, როდესაც ყოველგვარი უზნეობა და უპატიოსნობა სიწმიდის შარავანდედით იმოსება, მანქანა, ქარხანა და თვით სიმწვერვალემდე მიღწეული ბრძოლა არსებობისათვის ადამიანში ადამიანობასა ჰკლავს, დაქსაქსულ-დათნეულ პარტიებად დაყოფილი ჩვენი ერის ხსნა და გამოსავალი არ სჩანს, ყველაფერი გარეგნობით იმეცნება და სულიერ საუნჯეთ - იმ საუნჯეთ, რომელნიც ადამიანს აფაქიზებენ, ასპეტაკებენ, ამაღლებენ და ღვთაებას უახლოვებენ - ყოველგვარი ფასი და ღირსება დაეკარგათ. სწორედ დღესაა ეკლესია ვალდებული მედგრად აღიმაღლოს ხმა და, ჩემის მხრივ, უნდა მოგახსენოთ: ჩვენს ეკლესიას აქვს მომავალი, უკეთ - ჩვენ უნდა მივსცეთ მას მომავალი, თუ გვსურს ჩვენი ერის არსებობა. ეკლესია არაა მუზეუმი და მე ისე ნუ ჩამთვლით, როგორც მუზეუმის ობიექტს, არამედ როგორც მებრძოლს, რომელიც ეძებს მებრძოლებს თქვენი წრიდან - ღვთის მილიციას ჩვენი ეკლესიისათვის მომავლის შესაქმნელად...
ჩვენ ყველამ დავკარგეთ სამშობლო და ვართ გამორიყულნი უცხოეთში - ბაბილონის ნაპირზე, ტყვეობაში. უკვე ათი წელიწადია ვცხოვრობთ აქ. ბევრი განვიცადეთ და გამოვიარეთ, ავიტანეთ და კიდევ ბევრი გვაქვს ასატანი. ვიტანჯებით და მომავალიც შეიძლება მხოლოდ ტანჯვებს გვიქადდეს... მაგრამ უმთავრესი ტანჯვა იმაში კი არაა, იყო გამორიყული სამშობლოდან - ეს არაა, ბატონებო, უდიდესი ღვთის სასჯელი, არამედ ის: - იყო გამორიყული ადამიანური ღირსებიდან და პატიოსნებიდან.
ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი - მშობლებისაგან ნამკვიდრი, ადვილად მოგებული თუ ჩვენი ოფლით მონაპოვარი. დიახ, ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ამ ქვეყნად ხომ წარმავალია? ყველაფერი ჰქრება, ყველაფერს თავისი ფასი აქვს - იყიდება. ერთია განძი, რომელსაც ფასი არ დაედება, რომლისთვისაც თვით ღვთის ძემ, ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ, სიცოცხლე არ დაიშურა: ესაა ღირსება ადამიანისა და უკვდავება ადამიანის სულისა. ამ სულს, სულს ანგელოსთა უსპეტაკესს, უნდა ვემსახუროთ აქ, რომ დავიფაროთ იგი უმწიკვლოდ და უბიწოდ ათასგვარი განსაცდელისაგან.
და ბოლოს: ამ ათი წლის განმავლობაში სხვა ერთა შორის ცხოვრებამ ჩვენ დაგვანახა ჩვენი საკუთარი საუნჯე - სპეციფიური ქართული, შექმნილი ათას თაობათა მიერ ჩვენში - ჩვენი ქართული სული. ისიც ვნახეთ, რომ უცხოელისათვის ეს ჩვენი საკუთარი არავითარ ინტერესს არ იწვევს. მათ აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა, როგორც მდიდარი ბუნებით და განძეულობით. და იმდენად პატივს გვცემენ, რამდენადაც ჩვენ გვაქვს შანსები შინ დაბრუნებისა, რომ მათ მივცეთ საშუალება ჩვენში განძთა და მადანთა ექსპლოატაციისა. ჩვენი საკუთარი სული კი არის უკეთილშობილესი და უძვირფასესი ყოველგვარ მადანთა და საუნჯეთა. და ეს სულია, ბატონებო, ჩვენი ეკლესია. თუ გვაქვს რაიმე ეროვნული თავმოყვარეობა, ნუ გავიხდით ჩვენს სულს რომელიმე უცხოელის დახმარებაზე დამოკიდებულად, არამედ ჩვენ თვითონ მოვუაროთ მას. თუ გვსურს ადამიანური არსებობა, თუ გვსურს ჩვენი ელფერის შენახვა უცხოეთში, თუ გვსურს საფრანგეთის ან რომელიმე ერში არ გავითქვიფოთ, თუ გვსურს, რომ ემიგრაციამ რაიმე წარუვალი სამსახურის გაწევა შეძლოს ჩვენი სამშობლოსათვის, რომ მის აქ არსებობას რაიმე მიზანი გააჩნდეს - დაგვეხმარეთ, რათა ჩვენი საკუთარი სამლოცველო შევქმნათ... და ღმერთიც გვიშველის და დაგვეხმარება!
იესო ქრისტეს სახელით იქმნას ჩვენი მსახურების დასაწყისი. მან უპატრონა ჩვენს ერს და დაიფარა იგი მრავალ განსაცდელიდან, და დღესაც მისი მადლითა, წყალობითა და კაცთმოყვარებით სუნთქავს ჩვენი ერი და ეკლესია და მის მადლ-წყალობას და კაცთმოყვარებას, ბატონებო, უნდა შევავედროთ ჩვენი საქმე.
კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
![]() |
6 უფლებები |
▲back to top |
(გაგრძელება)
პიტერ ჯონსი
თარგმნა თამუნა ტაბატაძემ
თუ უფლებებს გააჩნიათ ამდაგვარი განსხვავებული ფორმები, მაშინ რა არის ის, რაც ყოველ მათგანს აერთიანებს და უფლებად აქცევს? რა საშუალებებით წარმოშობენ კანონები და სხვა სახის ნორმები უფლებებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით ორი ძირითადი მოსაზრება არსებობს. ერთი, ეს არის ,,სარგებლის“ თეორია, მეორე კი - ,,არჩევანის“ ანუ ,,ნების“ თეორია. ყველაზე კარგად მათ შორის სხვაობა ,,თანაფარდობის“ საკითხში ჩანს. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ყველა არსებული უფლებებიდან თანაფარდ ვალდებულებებს მხოლოდ მოთხოვნის უფლებები იწვევენ. იწვევენ კი ყოველთვის ვალდებულებები თანაფარდ უფლებებს? თუ არა, მაშინ რა განსხვავებაა უფლებებს შეწყვილებულ ვალდებულებებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რომლებიც უფლებებთან არ წყვილდება?
უფლება, როგორც სარგებელი
ჰოუფილდი ძალზე ცოტას მსჯელობს ამ საკითხზე. როდესაც თანაფარდობა ორმხრივია, ის უფლებებს და მოვალეობებს ურთიერთდამოკიდებულად განიხილავს. ანუ ყოველი ვალდებულებისთვის შესაბამისი მოთხოვნის უფლების არსებობას აღიარებს. მის მოსაზრებას სხვებიც იზიარებენ, მაგალითად ბენსამი. მისი აზრით, ყველა კანონი, ერთდროულად ქმნის უფლებებსაც და ვალდებულებებსაც. ყოველი კანონი იწვევს ვალდებულებას, ხოლო ყოველი ვალდებულება იქმნება იმისთვის, რათა ისარგებლოს პიროვნებამ, რომელსაც გააჩნია უფლება.
ბოროტმოქმედს აქვს ,,უფლება“, იყოს დასჯილი, რადგან სხვა შემთხვევაში, დანაშაულის გამოსასყიდად მას ალტერნატიული გზა არ გააჩნია და იძულებულია, დანაშაულის ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე ატაროს. ასევე, ბოროტმოქმედს ურჩევნია, მოითხოვოს სასჯელი, ვიდრე იძულებით გაიაროს თერაპიის კურსი, რომელიც ნაკლებად ,,განკურნავს“ მას. ამ შემთხვევებში, დასჯა ბოროტმოქმედისათვის მხოლოდ შემამსუბუქებელია და შედეგიც ,,შედარებით“ სარგებლის მომტანი. |
,,ამრიგად არ არსებობს კანონი, რომელიც არ მიესადაგება პიროვნებას ან უფლებას” (1970 ბ, გვ.220).
ფაქტობრივად, ბენსამი ორგვარად ახასიათებს ამ საკითხს: პირველი, ის აღიარებს, რომ კანონი შესაძლოა, შეიქმნას იმისთვის, რათა სარგებელი მისცეს სწორედ იმ პიროვნებას, რომელსაც აღნიშნული კანონი ვალდებულებას ახვევს თავს. ამგვარ ,,ეგოისტურ“ ვალდებულებებს უფლებების შექმნა არ შეუძლიათ (1970 ა. გვ. 206). მეორე, კანონმდებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მხოლოდ სარგებლის მომტანი კანონები, თუმცა, მათ შესაძლოა, ისეთი კანონებიც შექმნან, რომლებიც სარგებელს არავის მოუტანენ. ასეთი კანონით გამოწვეული ,,უსარგებლო“ ვალდებულებანი უფლებებს ვერ შექმნიან (1962, I I I , გვ.181, 221). თუმცა, ამ ორი გამონაკლისის მიუხედავად, ყოველი ლეგალური მოვალეობა შედეგად გვაძლევს უფლებებს - მიიჩნევს ბენსამი. მისი თვალსაზრისით, უფლება ძირითადად ,,სარგებლის“ მომტანია. ყოველი პიროვნება, რომელიც ვალდებულებიდან სარგებელს იღებს, გააჩნია უფლება. განსაკუთრებით მისაღებია იმ უფლებებზე საუბარი, რომლებიც ცხოვრების ძირითად არსზე გვანიჭებს უფლებებს, თუმცა, ცოტა უცნაურია ვისაუბროთ იმგვარ უფლებებზე, როგორიცაა უფლება, იყო დასჯილი და შიმშილობის უფლება. ეს შესაძლოა, იყოს ,,უფლება“, რომელიც ინდივიდს შეუძლია, საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ აღიქვას. არსებობს შემთხვევები, როცა ჩვენ ვსაუბრობთ დასჯასა და შიმშილობაზე, როგორც უფლების საგანზე. ბოროტმოქმედს აქვს ,,უფლება“, იყოს დასჯილი, რადგან სხვა შემთხვევაში, დანაშაულის გამოსასყიდად მას ალტერნატიული გზა არ გააჩნია და იძულებულია, დანაშაულის ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე ატაროს. ასევე, ბოროტმოქმედს ურჩევნია, მოითხოვოს სასჯელი, ვიდრე იძულებით გაიაროს თერაპიის კურსი, რომელიც ნაკლებად ,,განკურნავს“ მას. ამ შემთხვევებში, დასჯა ბოროტმოქმედისათვის მხოლოდ შემამსუბუქებელია და შედეგიც ,,შედარებით“ სარგებლის მომტანი. ასევე, თითქოსდა უაზრობაა ,,შიმშილობის უფლება“. თუმცა, ყველაფერი ნათელი გახდება, თუ ჩვენ ამ ფაქტს აღვიქვამთ, როგორც პიროვნების უფლებას, რომ სურვილისამებრ იშიმშილოს და არ მიუსაჯონ ძალადობრივი კვება. ორივე შემთხვევაში სპეციფიკური პირობები და განსაკუთრებული განხილვა ,,დადებითად“ წარმოგვიჩენს იმას, რაც ჩვეულებრივ ,,უარყოფითად“ არის მიჩნეული.
თუმცა, ბენსამის მოსაზრების მიმდევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ იგი გადაჭარბებულ შეფასებას აძლევს უფლებათა მნიშვნელობას. ბენსამი სხვის წინაშე ჩადენილ დანაშაულს სამ ტიპად ყოფს:
1) ,,კერძო“ დანაშაული, ჩადენილი ,,განსაზღვრული“ ინდივიდის მიმართ;
2) ,,ნახევრად საზოგად“ დანაშაული, ჩადენილი განუსაზღვრელი ინდივიდების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ და განასახიერებენ უბანს, ამხანაგობას ან მიეკუთვნებიან ამა თუ იმ ,,კლასს“ - მაგალითად, რელიგიურ ჯგუფს;
3) ,,საზოგადო“ დანაშაული, ჩადენილი საზოგადოების ყველა წევრის - განუსაზღვრელ ინდივიდთა მასების მიმართ. (1970ა, გვ.188-90)
ამ დანაშაულების მარეგულირებელი კანონები წარმოქმნიან აგრეთვე ვალდებულებებს. ამ ვალდებულებებით მოსარგებლე პირებს გააჩნიათ შესაბამისი უფლებები, იქნება ეს განსაზღვრული ინდივიდი, ინდივიდთა კლასი თუ საზოგადოება მთლიანად. მაგრამ შეგვიძლია კი ვიფიქროთ ვალდებულებებზე, რომლებიც მიმართულია ,,განუსაზღვრელ ინდივიდებზე“, ანუ საზოგადო სარგებელზე, როგორც უფლებების შემქმნელზე? ეს უაზროდ და უსაფუძვლოდ გამოიყურება. მოვალეობა, გადაიხადო გადასახადები ან დაიცვა საგზაო-სატრანსპორტო წესები, ან არ გაყიდო ნარკოტიკები, არის შექმნილი იმისთვის, რათა სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას, მაგრამ იგი არ არის გათვალისწინებული სპეციფიკური, ,,განსაზღვრული“ ინდივიდებისათვის.
ბევრი თანამედროვე თეორეტიკოსი იზიარებს ,,სარგებლის თეორიას.“ ისინი მიიჩნევენ, რომ მოვალეობა წარმოქმნის უფლებებს მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულად განსაზღვრული ინდივიდის ინტერესებს ითვალისწინებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვალდებულება ქმნის უფლებებს მხოლოდ მაშინ, თუ მას სარგებელი მოაქვს რამოდენიმე ინდივიდისთვის და არა ყველასთვის ერთად. ვალდებულება შეიძლება იყოს საზოგადოების ყველა წევრისათვის და კვლავ წამოქმნას უფლება. აქ მთავარია, რომ უფლებებს წარმოქმნის ვალდებულება, რომელიც სარგებელს აძლევს პირებს ინდივიდუალურად (მაგალითად, ვალდებულება, არ მიაყენო ვინმეს მორალური ან ფიზიკური შეურაცხყოფა და თანაფარდი უფლება - არ იყო შეურაცხყოფილი). ხოლო ვალდებულება, რომელიც შექმნილია იმისთვის, რათა ასარგებლოს ინდივიდები, როგორც კოლექტივის განურჩეველი წევრები, არ წარმოქმნის უფლებებს (მაგალითად, ვალდებულება, გადაიხადო გადასახადები). ამგვარად,ნეილ მაკკორმიკი მიიჩნევს, რომ
,,უფლების ძირითადი მიზანია, დაიცვას და დააკმაყოფილოს ინდივიდის ინტერესები და ქონება.” (1977, გვ. 192, 1982 ა)
ასევე დევიდ ლაიონსი თვლის, რომ პიროვნებას გააჩნია უფლება სხვა პიროვნების ვალდებულების შემწეობით მხოლოდ მაშინ, თუ ის არის
,,ამ ვალდებულებებით მიზანმიმართულად მოსარგებლე პირი.”
სარგებელის და განზრახულობის კომბინაცია შესაძლებლობას გვაძლევს, ვილაპარაკოთ უფლებების შესაბამის ვალდებულებებზე. ამგვარი ვალდებულებებია: არ შეურაცხყო, არ იძალადო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, არ ხელყო სხვისი საკუთრება და ვინმეს ზიანი არ მიაყენო.
მსგავსად ფიქრობს იოსებ რაციც. მისი აზრით:
უფლება და მოვალეობა არ არის უბრალოდ მედლის ორი მხარე. უფრო სწორად რომ ვთქვათ, უფლება ვალდებულების წარმოქმნის მიზეზია. |
,,თუ X-ს შეუძლია ჰქონდეს უფლებები, X-ის კეთილდღეობის ასპექტი არის საკმარისი მიზეზი, რათა ვალდებულებები დაეკისროს სხვა ადამიანებს.” (1986, გვ.166).
მაკკორმიკისა და ლაიონსის მსგავსად, უფლებების რაცისეულ განსაზღვრაში ცენტრალური ადგილი სარგებლობის მიღებას უკავია. თუმცა, ამ განმარტებას აქვს ორი დამახასიათებელი თვისება, რომელიც სპეციალურ აღნიშვნას მოითხოვს. პირველი, იგი განსაკუთრებით მიუთითებს, რომ უფლებები არ ქმნიან თანაფარდ ვალდებულებებს, რომლებიც უბრალოდ თანაფარდობაში არიან მათთან. უმჯობესია, უფლებები ვალდებულებების საფუძვლად მოვიაზროთ. უფლება და მოვალეობა არ არის უბრალოდ მედლის ორი მხარე. უფრო სწორად რომ ვთქვათ, უფლება ვალდებულების წარმოქმნის მიზეზია (ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ უფლება წარმოქმნის ვალდებულებებს). მეორე, რაცის აზრით, პიროვნებას აქვს უფლება არა იმიტომ, რომ ის არის გამიზნული მოსარგებლე, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სარგებელი არის საკმარისი მიზეზი, რათა ვალდებულება სხვას დააკისრო. ასე რომ, რაცი ირჩევს უფრო დისკრიმინაციულ შეხედულებას სარგებელსა და უფლებას შორის დამოკიდებულებაზე. უფლების ქონა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რათა მოვალეობამ პირდაპირ და გამიზნულად ვინმეს ინტერესი დააკმაყოფილოს. სარგებელი იმგვარი უნდა იყოს, რომ გაამართლოს სხვა პიროვნებისვალდებულების არსებობა.
ამრიგად, თუ ჩვენ დავუბრუნდებით კითხვას: როდის წარმოქმნის მოვალეობა მოთხოვნის უფლებას, სარგებლის თანამედროვე თეორეტიკოსების მიერ შემოთავაზებული პასუხი ამგვარია: მხოლოდ მაშინ, როცა ეს მოვალეობანი სპეციფიკური ინდივიდებისათვისაა სარგებლის მომტანი. სარგებლის თეორია ასევე გამოიყენება უფლების არსის განსაზღვრისთვის. კანონმა შესაძლოა, უზრუნველყოს ხალხის სარგებელი მოთხოვნის უფლების, თავისუფლების უფლების, უფლებამოსილების და იმუნიტეტის საშუალებით. სარგებლის თეორიის მიხედვით კი, ოთხივე მათგანს ,,უფლების“ სტატუსს ანიჭებს ის, რომ ყოველ მათგანში კანონი უზრუნველყოფს უფლების მქონე პირთა სარგებელსა და კეთილდღეობას (მაგალითად, მაკკორმიკი, 1977, გვ.204-5). ჰოუფილდის აზრით, ,,უპირატესობა“ ოთხივე ტიპის უფლების საერთო ინგრედიენტია. თუმცა, სარგებლის თეორიამ შეიძლება ,,გაცხრილოს“ ჰოუფილდის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ,,უფლება“. მაგალითად, ადამიანი ,,თავისუფალია“ და შეუძლია, სიკვდილამდე იშიმშილოს. ზემოთ ნახსენებ სპეციფიკურ გარემოებათა გარეშე, შიმშილი არ შეიძლება ,,დადებითად“ ჩაითვალოს. მაშასადამე, არასწორია მივიჩნიოთ შიმშილობის თავისუფლება უფლებად მაშინაც კი, როცა ხალხი კანონით არ არის ვალდებული, არ იშიმშილოს. მეორეს მხრივ, თუ ვინმე დაასაბუთებს, რომ ნებისმიერი არჩევანის არსებობაში მხოლოდ ხარისხობრივი არჩევანია მომგებიანი, მაშინ ყოველგვარი თავისუფლებაც უფლებად ჩაითვლება.
ასევე, სარგებლის თეორიის მიხედვით, შესაძლებელია, არავის ინტერესის დამაკმაყოფილებელი იმუნიტეტი არ მივიჩნიოთ უფლებად, ანუ, თუ შენ არ გაქვს ძალა, რომ ჩემს სასარგებლოდ გააკეთო არჩევანი, მე ვარ დაზღვეული შენი მხრიდან სარგებლის მიღებისაგან, მაგრამ უაზრობაა, ამ იმუნიტეტს ვუწოდოთ ,,უფლება“.
ზოგიერთი თეორეტიკოსის აზრით, სარგებლის თეორია ადეკვატურად არ აფასებს უფლებებსა და მოვალეობებს შორის კავშირს, რადგან ის უფლებებს მოვალეობის ,,რეფლექსებად“ მიიჩნევს. სარგებლის თეორიამ დამაკმაყოფილებლად ვერ წარმოაჩინა უფლების მნიშვნელობა და როლი ლეგალურ თუ მორალურ ლექსიკონში. სხვები ფიქრობენ, რომ უფლების ცნების არსებობა საერთოდ ზედმეტია, რადგან უფლება და მოვალეობა ერთი კავშირის ორი მხარეა, ხოლო ეს კავშირი სრულიად შესაძლებელია, ტერმინით ,,ვალდებულება“ აღიწეროს (არნოლდი, 1978). სინამდვილეში ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. ,,სამხრეთი“ ,,ჩრდილოეთის“ ოპოზიციაა, თუმცა, გეოგრაფიულ ლექსიკონში ტერმინ ,,სამხრეთის“ ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგება. ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია, უკუვაგდოთ სარგებლის თეორიის მცდარი მოსაზრება, ანუ უფლებების უბრალოდ მოვალეობის ,,რეფლექსებად“ აღქმა. არსებობს შემთხვევები, როდესაც სარგებლის თეორეტიკოსები მორალურ უფლებებს სხვების მოვალეობების საფუძვლად მიიჩნევენ. ასე რომ, უფლებები ვალდებულებებზე პრიორიტეტულად აღიქმება (რაცი, 1986, გვ. 166-71, 184-6; Gგევირსი, 1982, გვ. 14-15). სამართალშიც არსებობს ამგვარი შემთხვევები, როდესაც თანაფარდ მოვალეობებთან მიმართებაში მოთხოვნის უფლებები ლოგიკურად პრიორიტეტულია. ამგვარად, ეს ლეგალური უფლებები არ შეიძლება, ლეგალური მოვალეობების უბრალო ,,რეფლექსებად“ ჩაითვალოს (მაკკორმიკი, 1977, გვ. 200-2; რაცი, 1984, გვ. 14-15). არსებობს სარგებლის თეორიის სხვაგვარი კრიტიკაც. არის შემთხვევები, სადაც უფლებები და სარგებელი ერთმანეთს არ ემთხვევა. ჰარტმა ამგვარი შემთხვევა აღწერა თავის ცნობილ მაგალითში, რომელიც შეპირებასა და შეთანხმებაში მესამე მოსარგებლე მხარის ჩართვას ეხება. (1967, გვ. 57-8; 1982, გვ.187-8).
დავუშვათ, X შეჰპირდა Y-ს, რომ Y-ის არყოფნის შემთხვევაში, იგი მის ხანშიშესულ დედას, ძ-ს მოუვლიდა. ამგვარი შეთანხმება სარგებლის თეორიის წინაშე ორ სირთულეს აყენებს. პირველი, შეთანხმებიდან მოსარგებლე ძ-ს X-თან მიმართებაში უფლებები არ გააჩნია, ხოლო Y-ს გააჩნია. X დავალებულია Y-ის წინაშე - სწორედ Y-ს შეუძლია, დააკისროს ან მოუხსნას ვალდებულება X-ს, ან დაზარალდეს იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეასრულებს თავის ვალდებულებას. მეორე, Y-ის დედა ძ არის X-ის მოვალეობის გამიზნული მოსარგებლე. დედას არა აქვს რაიმე უფლება X-თან მიმართებაში, რადგან X დაჰპირდა არა მას, არამედ მის შვილს Y-ს. ამრიგად, ამ მაგალითის მიხედვით, შესაძლოა, არსებობდნენ უფლების მქონე არამოსარგებლე პირებიც და უუფლებო მოსარგებლეებიც.
როგორ განმარტავენ ამ შემთხვევას სარგებლის თეორეტიკოსები? ზოგი მათგანი უბრალოდ უარყოფს ჰარტის თვალსაზრისს და მიიჩნევს, რომ თუ დაპირება ან კონტრაქტი მკაფიოდ მესამე მხარის სასარგებლოდაა მიმართული, ამ მხარეს გააჩნია უფლება. ამგვარად, Y-ის დედა ძ-ს აქვს უფლება, რომ X-მა მას მოუაროს (ლაიონსი 1969 გვ.180-82; მარშალი, 1973, გვ. .229-31;) მაკკორმიკი არ ეთანხმება მათ (1977, გვ.208-9; ჰარტი 1982, გვ. 187). მაგრამ, ამგვარი კონტრმტკიცება ვერ ხსნის მაგალითში მოყვანილ მეორე სირთულეს. უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ შეპირებულ Y-ს არავითარი უფლება არ გააჩნია, რადგან არ წარმოადგენს შეპირების მოსარგებლე მხარეს. რა თქმა უნდა, ყველა დაგვეთანხმება, რომ შეპირებულ Y-ს აქვს უფლება პირობის დამდებ X-თან მიმართებაში. თუ სარგებლის თეორეტიკოსი ვალდებულია, ადეკვატურად გაუმკლავდეს ამ სირთულეს, მან შეპირების მნიშვნელობა უნდა წარმოაჩინოს, როგორც შეპირებულისათვის სარგებლის მომტანი მაშინაც კი, თუ სპეციფიკური შეთანხმება იდება, რათა სარგებელი მოუტანო სხვას და არა მას, ვისაც შეჰპირდი. დანაპირების აღსრულება მის ინტერესშია, ვისაც დაჰპირდი. ამგვარი პირობის შესრულებაზე არსებული საზოგადო ინტერესი მკვეთრად განსხვავდება სხვა ინტერესთაგან (რაცი, 1986, გვ.175-6; ჰარტი,1982, გვ. 187).
სარგებლის თეორიამ ნაკლებად შეძლო დანარჩენი, სხვა სახის უფლებათა შესაძლებლობების აღწერა. ამა თუ იმ შესაძლებლობის ქონა, ხშირ შემთხვევაში, თავად პიროვნების ინტერესშია. მაგალითად, უფლება, აისრულო წადილი ან საკუთრების უფლება. მაგრამ გასათვალისწინებელია იმგვარი სპეციფიკური შესაძლებლობანი, რომლებიც ხალხს ოფიციალურად აქვთ მინიჭებული, მაგალითად, მოსამართლეებისთვის და ექიმებისთვის მინიჭებული განსაკუთრებული უფლებები. არ შეიძლება ამ უფლებების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. თუმცა, არ არის ადვილი დაადგინო, ატარებს თუ არა საკუთარ ინტერესს მოსამართლე, როცა სამოქალაქო სარჩელს განიხილავს და მისდამი მინიჭებულ უფლებას იყენებს, ან როცა ექიმი ვინმეს ნარკოტიკს უნიშნავს. ვთქვათ, მე მსურს ავიყვანო ჩემი ინტერესების მეთვალყურე მეურვე. ამ თანამდებობაზე დავნიშნე სმიტი და არა უილსონი. ამის შემდეგ სმიტს, როგორც ჩემს მეურვეს, აქვს გარკვეული უფლებები, რაც უილსონს არ გააჩნია. თუმცა, უაზრობაა ავხსნათ ეს განსხვავება, როგორც სმიტისთვის ,,სარგებლის “ მომტანი, ხოლო უილსონისათვის - არა.
უფლება, როგორც არჩევანი
სარგებლის თეორიის მთავარი კონკურენტია არჩევანის ანუ ნების თეორია. მისი ყველაზე ცნობილი თანამედროვე წარმომადგენელია ჰ. ლ. ა. ჰარტი (1967, 1982; კერნსი, 1975, 1987, გვ. 96-101). როგორც ვნახეთ, ჰარტი მიიჩნევს, რომ უფლების ფლობისათვის მოვალეობის არსებობა აუცილებელი პირობა არ არის. ჰარტისთვის უფლება არჩევანის ფორმაა. უფლების წარმომქმნელი მოვალეობის ძირითადი თვისება არის ის, რომ პიროვნებას, ვის წინაშეც ვალდებულება უნდა აღსრულდეს, შეუძლია, გააკონტროლოს ამ ვალდებულების აღსრულება. მაგალითად, კრედიტორის უფლება შეთანხმებულია მისი მოვალის ვალდებულებასთან იმიტომ, რომ მოვალის ვალდებულების აღსრულება კრედიტორის გადასაწყვეტია. კრედიტორს შეუძლია, გააკეთოს არჩევანი: ან დაჟინებით მოითხოვოს ვალის გადახდა, ან შეამსუბუქოს გადახდის პირობები, ან მოვალე ვალისგან სრულად გაათავისუფლოს. ამგვარად, ჰარტის მიხედვით, აზრს მოკლებულია საუბარი უფლების და ლეგალური ვალდებულების თანაფარდობაზე იქ, სადაც მოსარგებლე მხარეს არჩევანის საშუალებით შეუძლია სულაც არ ისარგებლოს ამ ვალდებულებით. მაგალითად, ამერიკის კანონმდებლობით, სიკვდილით დასჯის შემთხვევაში, პოტენციურ მსხვერპლს არ შეუძლია გაათავისუფლოს პოტენციური მკვლელი ვალდებულებისაგან, რათა მან არ ჩაიდინოს მკვლელობა. მაშასადამე, ჰარტის აზრით, შეუსაბამოა იმის თქმა, რომ მათ აქვთ ლეგალური უფლება, არ იყვნენ მოკლულნი. ასე რომ, ლეგალური უფლება არის ,,ლეგალურად დაფასებული არჩევანი“ (1988, გვ.189). ამგვარი არჩევანის არსებობა აზრს აძლევს მსჯელობას როგორც ვალდებულებებზე, ისე უფლებებზე. ჰარტი აღნიშნავს, რომ უფლება-მოვალეობის კავშირი არ არის ჯაჭვი, რომელიც ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს, არამედ ეს არის ჯაჭვი, რომლის ერთი ბოლო ვალდებულების მატარებელ ადამიანს აქვს, ხოლო მეორე უფლების მატარებლის ხელშია, რათა მან იგი თავისი სურვილისამებრ აამოქმედოს (1967, გვ. 58).
არჩევანის თეორიის მიხედვით, ხალხს გააჩნია უფლებები სამოქალაქო და არა სისხლის სამართლის კანონმდებლობით, რადგან მხოლოდ
,,სამოქალაქო სამართლის მიხედვითაა ხალხი მოვალე, აკონტროლოს სხვისი ვალდებულების აღსრულება.”
ჰარტის მოსაზრების მიხედვით, ეს კონტროლი სამი ელემენტისგან შედგება:
1) უფლების მქონეს შეუძლია, მოითხოვოს ვალდებულების აღსრულება ან უარი განაცხადოს მასზე;
2) მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლების მატარებელ პირს შეუძლია, ყურადღება არ მიაქციოს ამ ფაქტს ან სარჩელი აღძრას თავისი უფლების ასამოქმედებლად;
3) მას შეუძლია, დააკისროს ან მოუხსნას კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვება წინამდებარე ვალდებულების დარღვევით (1982 გვ.184).
ჰარტის აზრით, იურისპრუდენციის კიდევ ერთი სფერო, რომელიც სათანადოდ განიხილავს უფლებებს, არის შეწყალება. სამოქალაქო სამართლისგან განსხვავებით, შეწყალების უფლების შემთხვევაში კანონი დიდი მასშტაბის არჩევანს ვერ იძლევა. მაგრამ ის შესაძლებლობას აძლევს პიროვნებებს, გააკეთონ შესაბამისი არჩევანი, ანუ მიიღონ ან უარი განაცხადონ სარგებელზე, რომელზეც მათ უფლება გააჩნიათ. ასევე არსებობს ამ ვალდებულების აღსრულების გაკონტროლების საშუალებები (1982 გვ.185-6). თუმცა, პიროვნებას, რომელსაც კანონი არ აძლევს სხვისი ვალდებულების აღსრულებაზე კონტროლის საშუალებას, არ გააჩნია უფლებები მაშინაც კი, თუ ისინი გამიზნულად და პირდაპირ სარგებლობენ ამ ვალდებულებით.
ამგვარად, ჰარტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ზრდასრულ, არჩევანის გაკეთების უნარის მქონე ადამიანს შეუძლია, ჰქონდეს უფლებები. ჩვენ გაგვაჩნია ვალდებულება, რომ ცუდად არ მოვეპყროთ ცხოველებს და ბავშვებს, მაგრამ ცხოველებისთვის და ბავშვებისათვის თანაფარდი ,,უფლება“, რომ მათ ცუდად არ მოეპყრან - უაზრობაა (1967 გვ. 58). ჰარტმა მოგვიანებით შეიცვალა პოზიცია მორალურ უფლებებთან დაკავშირებით, თუმცა, კვლავ მიაჩნდა, რომ ბავშვს ლეგალური უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია, თუ მის ინტერესებს დანიშნული წარმომადგენელი იცავს.
ამგვარად, ჩნდება კითხვა, თუ როდის წარმოქმნის მოთხოვნის უფლებები ვალდებულებებს? არჩევანის თეორეტიკოსების პასუხი ამ კითხვაზე ამგვარია: მხოლოდ მაშინ, როცა ინდივიდს შეუძლია სხვისი ვალდებულების აღსრულების კონტროლი. სარგებლის თეორიის მსგავსად, არჩევანის თეორიასაც გააჩნია პრეტენზია სხვა სახის უფლებების განმარტებაზე. ამ გზით, თავისუფლების უფლებები და უფლებამოსილებები შესაძლოა, გავიგოთ, როგორც ,,ლეგალურად აღიარებული არჩევანი“ (ჰარტი, 1982, გვ. 188-9). ყოველი მათგანი შეიცავს ორმხრივ შესაძლებლობას - გავაკეთო თუ არ გავაკეთო, გამოვიყენო თუ არ გამოვიყენო. არჩევანის არქონა - უფლების არქონას ნიშნავს. მაგალითად, სმიტს აქვს უფლება (ეს არის თავისუფლების უფლება), იმსახუროს ჯარში. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სმიტი თავისუფალია საკუთარ არჩევანში, ანუ მას სურვილისამებრ შეუძლია, შევიდეს ან არ შევიდეს ჯარში. მაგრამ თუ შემდგომ აღმოვაჩენთ, რომ სმიტი სავალდებულო გაწვევის გამო მოხვდა სამხედრო სამსახურში, ეს ნიშნავს, რომ დასკვნა შეცდომით გავაკეთეთ. გარკვეულ დონეზე სმიტი თავისუფალია და ამ შემთხვევაში მას არა აქვს ვალდებულება, რომ არ იმსახუროს. მაგრამ, ამგვარადვე მას არა აქვს არჩევანი. იგი ვალდებულია, იმსახუროს და ამ შემთხვევაში უაზროა მსჯელობა, რომ მისი სამსახური უფლებით სარგებლობა უფროა, ვიდრე უბრალოდ ვალდებულების აღსრულება.
მოგვიანებით ჰარტმა მორალურ უფლებებზე აზრი შეიცვალა. ამ საკითხზე მსჯელობისას მან განაცხადა, რომ უფლებების კონცეფცია უფრო ინდივიდის მოთხოვნებზე უნდა აიგოს, ვიდრე ამ ინდივიდის არჩევანის ქონა-არქონაზე. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სისხლის სამართლის კანონი მკვლელობისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ უზრუნველყოფს სიცოცხლისა და პიროვნების უსაფრთხოების მორალურ უფლებებს. თუმცა, ჰარტს აზრი არ შეუცვლია არჩევანის თეორიაში ლეგალურ უფლებებზე. იგი თავისი მოსაზრების ერთგული დარჩა და განაცხადა, რომ ადვოკატებს არავითარი საბაბი არ გააჩნიათ, იმსჯელონ სისხლის სამართლის კანონით განპირობებული ლეგალური უფლებების შესაბამის მოვალეობებზე.
ნუთუ უნდა გამოვრიცხოთ სიკეთის მომტანი ყველა ის უფლება, რომელშიც არჩევნის გაკეთების საშუალება არა გვაქვს? ადამიანებს გააჩნიათ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები, როგორიცაა უფლება, იყო ობიექტურად გასამართლებული, ან არ იყო მორალურად თუ ფიზიკურად შეურაცხყოფილი. ნუთუ ამ უფლებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტორს, გვაძველენ თუ არა ისინი არჩევნის საშუალებას? (ანუ იყო შეურაცხყოფილი, ან არაობიექტურად გასამართლებული). |
ჰარტის აზრით, არჩევანის თეორია ვერ ხსნის იმუნიტეტის არსს. მაგალითად, იმუნიტეტური თავისუფლებები კონსტიტუციურად იმგვარადაა დაცული, რომ იმუნიტეტის მფლობელ პირებს, ანუ კანონმდებლებს არ შეუძლიათ მისი გაუქმება ან შეცვლა. ეს იმ შემთხვევას ჰგავს, როცა ინდივიდი შეთანხმების მოსარგებლე მხარეა, მაგრამ სურვილისამებრ თავის თავს ვერ აკონტროლებს. ჰარტის დასკვნა იმუნიტეტთან დაკავშირებით ნაჩქარევია იმიტომ, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანსარ შეუძლია, გათავისუფლდეს კონსტიტუციურად გამყარებული იმუნიტეტებისგან, მას საკმაოდ ადვილად შეუძლია, უარი თქვას სხვა სახის იმუნიტეტებზე, მაგალითად, აიყვანოს მისი ინტერესების გამტარებელი მეურვე ან გაერთიანდეს ისეთ ორგანიზაციაში, რომელსაც მმართველობა ჰყავს. ამ შემთხვევაში იგი გარკვეული სახის იმუნიტეტებისგან თავისუფლდება.
არჩევნის თეორიის სასარგებლოდ მრავალი რამის თქმაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არჩევანის თეორია სარგებლის თეორიაზე უფრო კონკრეტულად განსაზღვრავს უფლების არსს. იგი გვიჩვენებს, რომ არსებობს უფლებათა მიერ აღწერილი ლეგალური სისტემის თვისებები, რომლებიც სრულიად არ აისახება ტერმინში ,,ვალდებულება“. ტომას კერნსის აზრით, არჩევანის არსებობა გვაძლევს უფლებათა ლოგიკურ დასაბუთებას (1975, გვ. 478-9). მაგრამ ლეგალური სისტემის სათანადო ფუნქციონირებისათვის საჭიროა, რომ იგი მტკიცე და შორსგამიზნულ ნორმათა სისტემას წარმოადგენდეს. თუმცა, ძალზედ მკაცრად დაკანონებული ნორმებიც ნაკლებად ეფექტურია. უფლებათა ინსტიტუტი არის საშუალება, რომელიც გვიჩვენებს ლეგალურ სისტემაში ,,შეზღუდული თავისუფლების“ დონეს. ზოგი თეორეტიკოსი უფრო მასშტაბურად გამოთქვამს უკმაყოფილებას. მათი აზრით, არჩევანის თეორია ხელში იგდებს უფლებებსა და ინდივიდთა თვითმმართველობის დაცვას შორის არსებულ კავშირს, იმ კავშირს, რომელიც გვიჩვენებს უფლებათა კონცეფციით განხორციელებულ განსაკუთრებულ ნორმატიულ ფუნქციას. მეორე, არჩევანის თეორიის საშუალებით შეგვიძლია, გამოსავალი ვიპოვოთ იმ რთული სიტუაციიდან, როცა კონტრაქტსა თუ შეპირებაში ჩართულია მესამე მოსარგებლე მხარე. იმ მაგალითში, სადაც X-ი ჰპირდება Y-ს, რომ მოუვლის ძ-ს, Y-ს აქვს უფლებები X-თან მიმართებაში და არა მოსარგებლე ძ-ს, რადგან Y-ს შეუძლია, აკონტროლოს X-ის მოვალეობის აღსრულება და არა ძ-ს. მაგრამ თუ შეთანხმების პირობის მიხედვით ძ-ს მიეცემა X-ის ვალდებულების აღსრულებაზე კონტროლის შესაძლებლობა, ძ-ი ასევე აღიჭურვება უფლებებით (ჰარტი, 1982 გვ.187; მაკკორმიკი, 1977, გვ.208-9). მესამე, უფლებებთან მიმართებაში გამოყენებული სიტყვები ასე თუ ისე კავშირშია არჩევანის თეორიასთან. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ უფლების ,,მატარებელ“ ადამიანებზე, რომელთაც შეუძლიათ, ,,გამოიყენონ“, ,,მოითხოვონ“ ან ,,უარყონ“ ისინი. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ უფლება არის ჩვენს განკარგულებაში არსებული ისეთი ,,რამ“, რომელიც არჩევანის საშუალებას გვაძლევს.
ნუთუ უნდა გამოვრიცხოთ სიკეთის მომტანი ყველა ის უფლება, რომელშიც არჩევანის გაკეთების საშუალება არ გვაქვს? ადამიანებს გააჩნიათ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები, როგორიცაა უფლება, იყო ობიექტურად გასამართლებული, ან არ იყო მორალურად თუ ფიზიკურად შეურაცხყოფილი. ნუთუ ამ უფლებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტორს, გვაძლევენ თუ არა ისინი არჩევანის საშუალებას? (ანუ იყო შეურაცხყოფილი, ან არაობიექტურად გასამართლებული).
არჩევანის თეორიას ძირითადად ექსკლუზიურობის გამო აკრიტიკებენ. ალბათ უაზრობაა, როცა სამოქალაქო კანონით, პიროვნების და საკუთრების პროტექცია გვაძლევს უფლებებს, ხოლო სისხლის სამართლის კანონით - არა?! ნათელია, რომ არჩევანი უფლებების ჩვეული თვისებაა. ნაკლებად გასაგებია არჩევანის უფლების აუცილებელ თვისებად მიჩნევა. მაკკორმიკის აზრით, თუ უფლების მიზანია ინდივიდის სიკეთის უზრუნველყოფა და თუ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ნებით აირჩიოს, თუ რა არის მისთვის სიკეთე, მაშინ უფლებები არჩევანის ფორმად უნდა იქცეს. ამგვარი ,,ლიბერალური“ თვალსაზრისი საფუძველს უყრის დისკუსიას იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს უფლების ძირითადი სუბსტანცია; ის არჩევანს უფლებათა ანალიტიკურ თვისებად არ ქმნის. უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა უფლების ქონაში არჩევანი ერთადერთი სიკეთე არ არის, ჩვენ ვამჯობინებთ ხალხისთვის არჩევანის საშუალების მინიჭებას. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა ხალხისთვის ამ შესაძლებლობის ჩამორთმევა გამართლებულია (მაკკორმიკი, 1977 გვ.207-8).
არჩევანის თეორია ასევე მკაცრ ლიმიტს აწესებს უფლების ქონაზე. ცხოველს არ შეუძლია, სათანადოდ არჩევანის გაკეთება, ასე რომ, ეს თეორია აშკარად გამორიცხავს ყოველგვარ წარმოდგენას ცხოველის უფლებაზე. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა უუფლებოდ ტოვებს მრავალი კატეგორიის ადამიანს, - მათ შორის, არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ გონებრივად შეზღუდულთ, უგონო მდგომარეობაში არსებულთ და მომავალ შთამომავლობას.
ფაქტობრივად, ჰარტმა თავის გვიანდელ ნაშრომში უარყო არჩევანის თეორია, მორალური უფლებების სასარგებლოდ. მორალურ საკითხზე მსჯელობისას მან განაცხადა, რომ შესაძლოა, მოხდეს უფლების კონცეფციის გამოყენება უფრო ინდივიდების მოთხოვნილებებზე ყურადღების გასამახვილებლად, ვიდრემათ არჩევანზე. ამგვარად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სისხლის სამართლის კანონი მკვლელობის და შეურაცხყოფის წინააღმდეგ უზრუნველყოფს სიცოცხლის და პიროვნების უსაფრთხოების მორალურ უფლებას. თუმცა, ჰარტმა არ შეიცვალა აზრი ლეგალურ უფლებებზე. იგი უშვებს სისხლის სამართლის კანონის შესაძლებლობას, რათა დაიცვას პიროვნების მორალური უფლებები და მიაჩნია, რომ არ არსებობს მიზეზი ადვოკატთათვის, რომ ილაპარაკონ ლეგალურ უფლებათა შესაბამის მოვალეობებზე, რომლებიც სისხლის სამართლის კანონითაა განპირობებული.
უფლება, როგორც უფლებამოსილება
არჩევანის და სარგებლის თეორიები ექსკლუზიურნი არ არიან. ზოგი თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ უფლებების ანალიზში ორივე თეორია თანაბრად მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც ვნახეთ, არც ერთი მათგანი არ არის უნაკლო, ამიტომ უმჯობესია, უფლების კვლევა სხვა გზით მოხდეს. უფლების კონცეფცია კანონთა სისტემაში არ ფიგურირებს, ასევე, ის არც მორალურ ნორმათა კომპონენტია.საინტერესოა, რა აერთიანებს ლეგალურ სისტემებსა და მორალურ ნორმებს უფლებების კონცეფციასთან? უფლებას აუცილებლად ჰყავს მფლობელი. მაგრამ, ეს არაა მხოლოდ უფლებისთვის დამახასიათებელი თვისება. ეს ასევე ახასიათებს ზოგ სხვა ლეგალურ თუ მორალურ კონცეფციასაც. მაგალითად, არ შეიძლება, არსებობდეს მოვალეობა ან ვალდებულება, თუ ის ვინმეს მოვალეობას ან ვალდებულებას არ წარმოადგენს. თუმცა, ამდაგვარი თვისება უცხოა ნორმატიულ სტრუქტურათათვის. მაგალითად, არ არის აუცილებელი, ნორმა ან პრინციპი, უფლებების მსგავსად, ვინმეს ,,ეკუთვნოდეს“. უფლებებისა და მოვალეობებისგან განსხვავებით, ნორმა არ საჭიროებს სპეციფიკურ ,,მფლობელს“.
,,უფლების“ ცნების უახლოესი სინონიმი არის ,,უფლებამოსილება“. უფლების ქონა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც უფლებამოსილება. ლეგალური და მორალური სისტემები ხალხს უფლებამოსილებებს ანიჭებენ. სწორედ ეს აერთიანებს მათ უფლებებთან. უფლებამოსილება ნიშნავს იმას, რომ მისი მფლობელი ადრე თუ გვიან გახდება მორალთან ან კანონთან დაკავშირებული. თუ ინდივიდისადმი მინიჭებული უფლება მის საკუთარ მოქმედებებს ეხება (უფლება-თავისუფლება), ის ლეგიტიმურს ხდის და ამართლებს ამ ქმედებებს. ხოლო, თუ ის ეხება სხვის ქმედებებს (მოთხოვნაუფლებები), მაშინ იგი ნიადაგს ამზადებს, რათა ეს სხვა აიძულოს, იმოქმედოს უფლების მოთხოვნის შესაბამისად. უფლების ,,დასაკუთრების“ თვისება თვალსაჩინოა მისი ,,შელახვის“ დროს. რაიმე უფლების დარღვევა არასწორი ქმედებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ წესი დაირღვა, არამედ იმიტომ, რომ ეს ქმედება ამ უფლების მქონე პირისათვის საზიანოა. როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი ლეგალური თუ მორალური სისტემა სულაც არ ითვალისწინებს უფლებებს. ნორმათა სისტემას მარტივად შეუძლია შექმნას მსგავსი სტრუქტურა და ვინმესათვის ყოველგვარი უფლების მინიჭების გარეშე დააწესოს ქცევის წესები. ძველი აღთქმის ათი მცნება უუფლებო ნორმათა წესდების ნათელი მაგალითია (ჰარტი, 1967, გვ.59; ჰაგზერი, 1978, გვ.196). ეს უუფლებო ნორმები აწესებენ ვალდებულებებს, რომლებიც უნდა აღსრულდეს, რადგანაც ღმერთის მიერაა შექმნილი. ცხადია, ადამიანი ისარგებლებს ისეთი მცნებებისაგან, როგორიცაა ,,არა კაც ჰკლა“ და ,,არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა“, მაგრამ ამ მცნებათა მიერ დაწესებულმა ყოფაქცევამ შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს არა მხოლოდ ამ ქცევის ჩამდენს, არამედ სხვა ადამიანებსაც. ამგვარი სარგებლის მომტანი ქმედება არ არის ამ სხვა ადამიანთა საკუთრება, ამიტომ მოსარგებლე პირი არ მიიჩნევა ამ საქციელზე უფლების მქონედ. ათ მცნებაში შემავალი მორალური მოთხოვნები დაფუძნდა ღმერთის ნებაზე და არა ადამიანთათვის ღმერთის მიერ ნაბოძებ უფლებათა კრებულზე.
ამ შემთხვევაში მორალურ თუ ლეგალურ სისტემებს აინტერესებს არა ნორმათა სპეციფიკური შინაარსი, არამედ ის, თუ როგორ მოხდება ამ ნორმათა აღქმა. წესი ,,არა კაც ჰკლა“ შესაძლოა განიმარტოს, როგორც ინიდივიდთათვის უფლების მინიჭება, რომ არ იყვნენ მოკლულნი. მცნებათა ამგვარი განმარტება არასწორია. უფრო მართებულია მათი ,,უუფლებო ნორმებად“ მიჩნევა. ამგვარი ფენომენი გვევლინება ბუნების კანონის ისტორიაშიც. ბუნების კანონი საუკუნეების განმავლობაში განიმარტებოდა, როგორც ღმერთის მიერ ცოცხალ არსებათა სამართავად დაწესებული ნორმები, ანუ იგი ყოფაქცევის მოდელად აღიქმებოდა. მოგვიანებით, შუა საუკუნეებში, ადამიანებმა ბუნებით სამართალზე დაიწყეს საუბარი. მე-16, მე-17 საუკუნეებში ამგვარი მსჯელობები უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ამგვარად შეიცვალა არა ბუნების კანონის შინაარსი, არამედ მისი აღქმა. ხალხმა შეიცვალა წარმოდგენა ბუნების კანონზე. მათ ბუნების კანონი აღიქვეს, როგორც ბუნებითი უფლებების წყარო.
საერთოდ, ნორმები თავისთავად უფლების მომნიჭებელია იმიტომ, რომ მის ფორმულირებაში თითქმის ყოველთვის ფიგურირებს ტერმინი ,,უფლება“. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნორმის ფორმულირებაში სიტყვა ,,უფლება“ არ გვხვდება, ის ისეა აგებული, რომ მის არსში უფლების მინიჭება მოიაზრებოდეს. თუმცა, არსებობს ნაკლებად გასაგები ნორმებიც. ამ შემთხვევაში, თუ გვსურს გამოვარკვიოთ, არის თუ არა ესა თუ ის ლეგალური სისტემა უფლების მომნიჭებელი, უნდა გავიგოთ, თავად ლეგალურ სისტემაში არსებული ნორმები არიან თუ არა უფლების მომნიჭებელნი. როგორც რაცმა აღნიშნა, ამის დადგენა მხოლოდ კანონის გათვალისწინებით შეუძლებელია. ის შესაძლოა, დადგინდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ კანონმდებელთა მიზანმიმართულობას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, არჩევანის და სარგებლის თეორიები შეგვიძლია ახლებურად გავშიფროთ, ანუ, უფლებები სრულიადაც არ მივიჩნიოთ სარგებლად ან არჩევნის ფორმად (მეტიც, ლეგალური უფლება არ მივიჩნიოთ ლეგალურ არჩევნად ან ლეგალურ სარგებლად). უფრო მართებულია ვთქვათ, რომ ეს თეორიები წარმოადგენენ განსხვავებულ თვალსაზრისებს იმის შესახებ, თუ როდის უნდა მიანიჭოს კანონებმა ან ნორმებმა ინდივიდებს უფლებები. ამგვარად, კანონი, რომელიც შექმნილია კონკრეტულ ინდივიდთა სასარგებლოდ, შესაძლოა, გავიგოთ, როგორც ამ ინდივიდთათვის სარგებლობაზე უფლების მინიჭება. უფლება უბრალოდ სარგებელი არ არის. ის უფრო უფლებამოსილებაა სარგებელზე. განსაზღვრულ ინდივიდთა კეთილდღეობისათვის შექმნილი კანონი შეგვიძლია, მივიჩნიოთ ამ ინდივიდისთვის უფლების მიმნიჭებელ კანონად. თუმცა, ,,სარგებლობა“ უფლების ქონის მაჩვენებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სარგებელი გამიზნულია კონკრეტულ ინდივიდთათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ კანონის შემთხვევით ,,მოსარგებლისათვის“, ეს კანონი არ არის უფლების მომნიჭებელი. ამიტომ სარგებელი ნიშნავს უფლებას, თუ ეს განსაზღვრული ან გამიზნული სარგებელია. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, სადაც უფლებები აშკარად არ ასარგებლებენ უფლების მქონეთ. პიროვნებებს უფლებებს ანიჭებენ იმ მიზნით, რომ უფლებებმა თავად უფლების მქონე პირი ასარგებლოს. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზანი, რაც ნათლად ჩანს ძალაუფლების შემთხვევაში, სადაც ამ ძალაუფლებას სხვათა სასარგებლოდ იყენებენ. ასევე, შესაძლოა, ინდივიდი იყოს გამიზნული მოსარგებლე, მისთვის ამ სარგებელზე უფლებამოსილების მინიჭების გარეშე - ეს შემთხვევა ილუსტრირებულია კონტრაქტის მესამე მოსარგებლე მხარის მაგალითში.
ანალოგიურად, თუ ინდივიდს ანიჭებენ სხვისი ვალდებულების აღსრულებაზე კონტროლის განხორციელების საშუალებას, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ამ ინდივიდს აქვს უფლება, რომ ეს ვალდებულება აღსრულდეს. თუმცა, უცნაურია მივანიჭოთ ინდივიდს სხვისი ვალდებულების კონტროლი, თუ ეს ვალდებულება არ აღიქმება მის წინაშე ვალდებულებად. მეორეს მხრივ, არჩევანის არსებობა მხოლოდ უფლების მაჩვენებელია, ის თავისთავად არაა უფლება და არ იძლევა შესაძლებლობას, ინდივიდს ჰქონდეს უფლებები მაშინაც კი, თუ იგი გონებრივად შეზღუდულია.
![]() |
7 არასამთავრობო სტატისტიკა |
▲back to top |
რეიტინგი
2002 წლის ნოემბერში ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის, პროფესორ მასწავლებლების და მეწარმეების დამოკიდებულების სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში 1200 რესპონდენტის გამოკითხვა მოხდა.