![]() |
თავისუფლება № 5 (29), მაისი, 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ანთაძე ია , კურტანიძე კახაბერ (მღვდელი), ბაქრაძე აკაკი, თევზაძე გიგი , ლიპარტელიანი გვანცა |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge |
![]() |
1 კორუფცია გუშინ, დღეს, ხვალ... |
▲ზევით დაბრუნება |
ია ანთაძე
რადიო ,,თავისუფლება“
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში კორუფცია გასცდა უმწვავეს პრობლემათა კატეგორიას და სახელმწიფოს ყოფნაარყოფნის საკითხად იქცა.
პრობლემის გაუბრალოება იქნებოდა, ,,კორუფცია“ გვეწოდებინა იმ მოვლენისთვის, როდესაც თითოეული უწყება გადაქცეული იყო ფინანსურ პირამიდად, სადაც ქვედა რგოლიდან ,,ჩრდილოვანი“ თანხები მიემართებოდა ზევით და ზევით - ვიდრე წვერამდე; როდესაც ერთ პირამიდას ეფუძნებოდა მეორე და ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიდა პირველს, სანაცვლოდ კი თავის წილს იღებდა.
ასევე არ იქნებოდა სწორი, ,,კონტრაბანდა“ გვეწოდებინა კორუფციული პირამიდების მიერ განხორციელებული ,,შავი იმპორტისთვის“, რომელიც ყველას თვალწინ შემოედინებოდა ეშელონებით, გემებით და ტრაილერებით და რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ლეგალურ იმპორტს.
იმ მოვლენამ, რასაც ჩვენ ,,კორუფციას“ ვუწოდებთ, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ეკონომიკური ოკუპაციის სახე მიიღო, რადგან ქვეყანა ცხოვრობდა მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული პირამიდებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებით და არა ფორმალური კანონებით.
როგორ ებრძოდა ქვეყნის პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე - იმ მოვლენას, რომელსაც თავად ,,სახელმწიფოს სხეულზე მოდებული ავთვისებიანი სიმსივნე“ უწოდა?
2000 წლის ზაფხულიდან, სახელმწიფოში არსებული მრავალმხრივი კრიზისის აღმოსაფხვრელად, თითქმის ერთდროულად ხუთი დამოუკიდებელი ჯგუფი და კომისია ამოქმედდა.
პირველი კომისია მესამე მოწვევის პარლამენტში შეიქმნა დავით გამყრელიძის ხელმძღვანელობით. მას 1999 წლის საბიუჯეტო კრიზისის მიზეზები უნდა გამოეძიებინა და სამომავლო რეკომენდაციებიც შეემუშავებინა.
ოდნავ მოგვიანებით, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჩამოყალიბდა ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფი, რომელსაც ლადო ჭანტურია ხელმძღვანელობდა და რომელსაც არაოფიციალურად თავიდანვე ,,შვიდკაცა“ დაერქვა. სწორედ ,,შვიდკაცას“ საფუძველზე შეიქმნა მოგვიანებით ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის სათათბირო ორგანოს წარმოადგენდა.
ამავე პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინ-დელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის რჩევით, საქართველოში საქმიანობა დაიწყო პოლონელი რეფორმატორის - ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფმა.
ვიდრე ქართველი ანალიტიკოსები არკვევდნენ, თუ რა საიდუმლო განზრახვას მოიცავდა ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილება, რომ ლადო ჭანტურიასა და ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფებს ცალ-ცალკე ეწერათ რეკომენდაციები, ამასობაში, კიდევ ორი კომისია შეიქმნა: ერთ მათგანს ჩრდილოვანი ეკონომიკის შესწავლა და მასთან ბრძოლა დაევალა - ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, ვანო ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით. მეორე კომისია კი - ბიზნესმენთა შემადგენლობითა და პარლამენტარ ლევან გაჩეჩილაძის თავკაცობით - პრეზიდენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაში უნდა დახმარებოდა.
ხუთივე კომისიისა და ჯგუფის ფუნქცია დიდწილად თანხვედრი იყო: მათ უნდა მოეძებნათ გზები, რათა ქვეყანას კრიზისი დაეძლია, კორუფცია მოეთოკა, რეფორმები დაეგეგმა და ჩაეტარებინა, ეკონომიკური წინსვლის ტენდენცია გამოეკვეთა.
ანალიტიკოსებისა და მთელი საზოგადოებისთვის მაშინ ბუნდოვანი დარჩა მთავარი საკითხი: რისთვის იყო საჭირო ამდენი ჯგუფისა და კომისიის შექმნა? ხომ არ შეუშლიდნენ ისინი ხელს ერთმანეთს და ხომ არ აღმოჩნდებოდა მათი რეკომენდაციები ურთიერთგამომრიცხავი? მით უმეტეს, რომ სულ მალე ცხადი შეიქნა: ბალცეროვიჩი პირველი რიგის ამოცანად ასახელებდა საბაჟო და საგადასახადო სისტემის რეფორმას, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლას საჩქაროდ არ მიიჩნევდა. ბიზნესმენებს კი საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაცია ლამის პანაცეად ესახებოდათ.
ორივე ჯგუფისგან განსხვავებით, საზოგადოებას კრიზისის აღმოფხვრის ერთადერთ რეცეპტად ისევ და ისევ პოლიტიკური ნება მიაჩნდა და ამ რეალობას ყველა ერთხმად აღიარებდა.
გავიდა დრო და დადასტურდა ეჭვი, რომ პრეზიდენტი ,,დეკორაციების“ მუდმივი ცვლით დროს აჯანჯლებდა და რეალურ ცვლილებებს გაურბოდა. ბალცეროვიჩის, ჩხარტიშვილისა და გაჩეჩილაძის კომისიების საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი. გამყრელიძის კომისიამ ,,აღმოაჩინა“, რომ საბიუჯეტო კრიზისში დამნაშავე მთავრობა კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილა. ანტიკორუფციულმა ,,შვიდკაცამ“ კი სხვებზე ნაყოფიერად იმუშავა და შეიმუშავა პროგრამა, რომელიც, ცხადია, არ განხორციელებულა. ჯგუფის წევრებმა პირველსავე პრესკონფერენციაზე აღიარეს, რომ პასუხს აგებდნენ ანტიკორუფციული პროგრამის შექმნაზე და არა მის განხორციელებაზე. ასე რომ, მათ თავისი ვალი პირნათლად მოიხადეს... კორუფციასთან ბრძოლის იმ ეტაპიდან, როდესაც ხუთ კომისიას მრავალმხრივი და მომაკვდინებელი დარტყმა უნდა მიეყენებინა კორუფციისთვის, ქართულმა საზოგადოებამ განხიბვლის მეტი ვერაფერი მიიღო.
რატომ არ ებრძოდა ედუარდ შევარდნაძე კორუფციას?
მან მშვენივრად იცოდა, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა საქართველოს პრეზიდენტს სწორედ ამ დამანგრეველ მოვლენასთან ბრძოლისკენ მოუწოდებდა. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლება სატელევიზიო რეკლამისთვის იყენებდა ფრაზას, სადაც ედუარდ შევარდნაძე თავის ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ ხელი არ აუკანკალდება კორუმპირებულთა დასასჯელად. ბევრს სჯეროდა, რომ მეორე ვადით არჩევის შემდეგ შევარდნაძე მართლაც შეცვლიდა მართვის ტექნოლოგიას და სახელმწიფოს გადარჩენას შეეცდებოდა. მანამდე, 1995-2000 წლებში, იგი ეყრდნობოდა ბალანსის პოლიტიკას და ამბობდა, რომ ,,რეფორმის და, ზოგადად, გარდაქმნების ტემპს განსაზღვრავს არა პრეზიდენტის ნება, არამედ, გარდამავალი პერიოდის კანონზომიერებები“. ეს ფრაზა გულისხმობდა, რომ ქვეყანაში არსებობს ორი ბანაკი: საბჭოთა ნომენკლატურა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ კომუნისტური რეჟიმისგან მემკვიდრეობით მიიღო და რეფორმატორთა გუნდი, რომელიც შევარდნაძემ შექმნა და გააძლიერა. ,,გარდამავალი პერიოდის კანონზომიერებები“ პრეზიდენტს ჰკარნახობდა, რომ არ იყო საჭირო აჩქარება კორუმპირებულ და გავლენიან ნომენკლატურასთან ბრძოლაში, რადგან სერიოზულ რყევებს შეეძლო ჯერ კიდევ სუსტი სახელმწიფო მანქანის ,,აყირავება“. ეს ლოგიკა წლების განმავლობაში ,,ჭრიდა“, მაგრამ როდესაც 2000 წლის გაზაფხულზე, მეორედ არჩევის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ისევ ძველი, უაღრესად არაპოპულარული და იმიჯშელახული მთავრობა წარუდგინა დასამტკიცებლად, ედუარდ შევარდნაძის მიმართ ჯერ კიდევ არსებული ნდობის ლიმიტი ერთბაშად ამოიწურა. მართლაც, სახელმწიფოს მართვა ნელ-ნელა ,,ნომენკლატურული ბანაკის“ ხელში გადავიდა და, შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნილება რეალობის სივრციდან საბოლოოდ გაიტყორცნა.
კორუფციისადმი მიძღვნილ მრავალრიცხოვან კვლევებს შორის არსებობს იელის უნივერსიტეტის პროფესორის, სიუზან როუზ-აკერმანის წიგნი: ,,კორუფცია და ხელისუფლება“. ეს ნაშრომი, რომელიც კორუფციის და კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებას აანალიზებს, პასუხობს ქართველებისთვის უაღრესად მნიშვნელოვან და, გარკვეულწილად, ბუნდოვან შეკითხვას: მაინც, რატომ არ დაუპირისპირდა კორუფციას ედუარდ შევარდნაძე და რატომ დაასრულა მან თავისი კარიერა ისე, როგორც დაასრულა?
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის ის მონაკვეთი, რომელიც კორუფციისა და პოლიტიკის ურთიერთობას ეძღვნება. აქ საუბარია კლეპტოკრატულ მმართველობაზე და ტერმინი ,,კლეპტოკრატი“ ასეა განმარტებული:
,,მმართველი ან მაღალი რანგის მოხელე, რომლის უმთავრესი მიზანია პირადი ინტერესების დაცვა და რომელიც თავის ძალაუფლებას ამ მიზნისთვის იყენებს“.
მართვის კლეპტოკრატული მოდელის საუკეთესო მაგალითებად ავტორს მიაჩნია პარაგვაიში პრეზიდენტ ალფრედო სტროსნერის (1954-1989), ზაირში მაბუტუ სესე სეკოსას (1965-1997) და ჰაიტიში ჟან-კლოდ დუვალიერის (1957-1986) ხანგრძლივი, დიქტატორული მმართველობა. წიგნის ავტორი, პირველ რიგში, ერთმანეთისგან განასხვავებს კლეპტოკრატიის ორ სახეობას: პირველ შემთხვევაში კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებშია კონცენტრირებული; მეორე შემთხვევაში კი ქრთამის აღებ-მიცემობაში ქვედა რანგის მოხელეებიც ერთიანად არიან ჩართული. პირველი მოდელი შედარებით ძლიერ, ავტორიტარულ მმართველობით სისტემას ქმნის, მეორე კი - მეტისმეტად სუსტს.
მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელი მოქმედებს, როგორც კერძო მონოპოლისტი. იგი ცდილობს პროდუქტიულობის ამაღლებას, მაგრამ მოგების გაზრდის მიზნით წარმოებას ზღუდავს. თუ სახელმწიფო მართავს რკინიგზასა და სატელეფონო სისტემას, მას შეუძლია მოახდინოს ფასების მონოპოლიზება, ან შეზღუდოს მიწოდება - ფასის გაზრდის მიზნით. კლეპტოკრატი უპირატესობას ანიჭებს იმ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი რესურსების საკუთარ ჯიბეში გადაქაჩვას და არა ეკონომიკის პროდუქტიულობას. იგი, ცხადია, ეწინააღმდეგება პოლიტიკას, რომელიც მთელ საზოგადოებაში მოგების გადანაწილებას ითვალისწინებს და სახელმწიფო დაწესებულებაში ქრთამის გადახდის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.
სუსტი მმართველის შესაძლებლობები შეზღუდულია - იგი აკონტროლებს სახელმწიფო რესურსს და არა მთელ ეკონომიკას. ასეთი მმართველობის პირობებში სამოქალაქო სამსახური სუსტი და არალოიალურია, ხოლო ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა - წინააღმდეგობრივი და დაუხვეწავი. სუსტი მმართველი იძულებულია, ითანამშრომლოს სხვადასხვა გავლენიან ფიგურასთან, რაც თანხების მოზიდვის არაეფექტური საშუალებაა. სამაგიეროდ, მას შეუძლია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც არ ზრდის საერთო ეროვნულ შემოსავალს, მაგრამ მისთვის, როგორც ქვეყნის პირველი პირისთვის, ხელსაყრელია. სუსტი კლეპტოკრატი უპირატესობას ანიჭებს გაბერილ და არაეფექტურ სახელმწიფო აპარატს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს კორუფციის შესაძლებლობა.
პარაგვაის პრეზიდენტი ალფრედო სტროსნერი (1954-1989)
როგორც სიუზან როუზ-აკერმანი წერს, პარაგვაიში საჯარო სექტორი სტროესნერის პირად საკუთრებად იყო მიჩნეული. ქვეყნის ადმინისტრაცია ერთმანეთისგან თითქმის არ განასხვავებდა ,,ეკონომიკისა“ და ,,პოლიტიკის“ სფეროებს. მკაფიო ზღვარი არც საზოგადო და კერძო საკუთრებას შორის არსებობდა. შედეგად, სტროესნერი, თავის შეიარაღებულ და სამოქალაქო ხელქვეითებზე დაყრდნობით, საჯარო რესურსს პირად საკუთრებად განიხილავდა. ამ შემთხვევაში, მეცნიერის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არა იმდენად სტროესნერის კლეპტოკრატიული მიზნები, რამდენადაც მისი ,,დამქაშები“, რომლებსაც სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი ამოძრავებდათ. წარმატებული მონოპოლისტური სახელმწიფოს მართვის ნაცვლად, სტროესნერმა სამხედროთა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ასეთი გზა აირჩია: მან მაღალი რანგის მოხელეებს კონტრაბანდაში ჩართვის და ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის საშუალება მისცა.
ზაირის პრეზიდენტი მაბუტუ სესე სეკოსა (1965-1997)
ზაირში პრეზიდენტი მაბუტუ პირადად აკონტროლებდა ქვეყნის ბიუჯეტის მესამედს და, როგორც ამტკიცებდნენ, მანვე მიითვისა თუჯის ექსპორტიდან მიღებული მოგების მეოთხედი. მაბუტუს კორუფციული შემოსავლის გაყოფა უწევდა როგორც ახლო წრეში, ისე სხვა ოფიციალურ პირებთან. ზაირში კორუფციამ და ძარცვამ მთლიანად მოსპო ფორმალური კერძო სექტორი, ხოლო გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ კორუფციული შემოსავლის წყაროდ აქცია.
ჰაიტიში დიქტატორული მმართველობით
,,იხეირა მხოლოდ რამდენიმე ათასმა ადამიანმა, მათ, ვისაც ქორწინება, ოჯახური და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ძალაუფლებაში მყოფ ხალხთან“.
ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დუვალიერი (1957-1986)
აშშ კომერციული დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 1977-1978 წლებში ჰაიტის მთავრობამ უკანონოდ გაფლანგა სრული შემოსავლების 63%25. იქმნებოდა ინსტიტუტები, რომლებიც აფერხებდნენ ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მიზანმიმართულად ხდებოდა იმ ადამიანების დისკრიმინაცია, რომლებსაც წარმატებული საქმიანობის მოტივაციაც გააჩნდათ და შესაძლებლობაც. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ჰაიტიში პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი გახდა არა იმდენად სამოქალაქო მოძრაობა, რამდენადაც ელიტის ახალგაზრდა წევრების აქტიურობა, რომლებიც თავგამოდებით იბრძოდნენ მეტი ძალაუფლებისთვის. სიუზან როუზ-აკერმანი სტროესნერის, მაბუტუსა და დუვალიერის მმართველობის განხილვის შედეგად ასკვნის, რომ კლეპტოკრატი მმართველები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად მანიპულირებენ გადასახადებით, რეგულაციებით, სუბსიდიებით, ფასთწარმოქმნითა და პრივატიზაციით. როგორც წესი, რეგულირების და ლიცენზირების მოთხოვნები მოკლებულია ლოგიკურ არგუმენტაციას. მიზანმიმართულად იქმნება გამოუვალი სიტუაცია, როდესაც ფირმები იძულებული ხდებიან, გადასახადების გადახდას თავი აარიდონ. შედეგად, დასკვნა: რეგულირების სისტემის ეფექტური რეფორმა კლეპტოკრატისთვის მიუღებელია.
ინდონეზიის პრეზიდენტი სუჰატო
კლეპტოკრატი მმართველისთვის პრივატიზაციაც მოგების წყაროა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ასეთი მმართველი საკუთარ თავს ან ოჯახის წევრებს საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად მიჰყიდის პრივატიზაციის მსუყე ობიექტებს. მაგალითად, ინდონეზიაში სუჰატოს მიერ ჩატარებული პრივატიზაციის შედეგად მთელი ქონება მისი შვილებისა და ახლობლების საკუთრებაში აღმოჩნდა. თუნდაც მყიდველი გარეშე პირი იყოს, კლეპტოკრატი მხარს უჭერს მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის უსარგებლო პრივატიზაციას. სიუზან როუზ-აკერმანის შეფასებით, კლეპტოკრატი მმართველი ხშირად ხვალინდელი შემოსავლის წყაროს ანადგურებს დღევანდელი სარგებლის მიღების მიზნით. როგორც წესი, კორუფცია ზედა ეშელონებში ამცირებს მორალურ და ფსიქოლოგიურ ვალდებულებებს ქვედა დონის ჩინოვნიკებს შორის. ძლიერი მმართველი ახერხებს, რომ გააკონტროლოს თანამდებობრივი დანაშაული ქვედა დონეზე, მაგრამ სუსტი მმართველის პირობებში ქრთამის აღება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით, გადასახადის ამკრეფ სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან.
საბოლოოდ, მეცნიერი ასკვნის, რომ ძლიერი კლეპტოკრატი მართავს საშინელ, მაგრამ შედარებით წარმატებულ სახელმწიფოს; ხოლო სუსტი კლეპტოკრატი მართავს წარუმატებელ სახელმწიფოს, რომელიც მოსახლეობისგან და ბიზნესმენებისგან ქრთამის გამოძალვითაა დაკავებული.
პარაგვაის, ზაირის, ჰაიტისა და ინდონეზიის მაგალითები მეტისმეტად ნაცნობია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ. ის, რაც ჩვეულებრივი მოქალაქის თვალით ედუარდ შევარდნაძისა და მისი გარემოცვის კერძო მაგალითია, მეცნიერის შეფასებით, სისტემური მოვლენაა. საქართველო იყო სუსტი კლეპტოკრატიული მმართველობის სახელმწიფო და წლების განმავლობაში ვითარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი კანონების შესაბამისად. ასე რომ, ედუარდ შევარდნაძემ, როგორც პრეზიდენტმა, საკუთარი თავი თავიდანვე მარცხისთვის გაწირა. და ვცდებოდით ყველა, ვისაც მისი მმართველობის შუა პერიოდში ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ მეორე ვადით არჩევის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე მართვის ტექნოლოგიას შეცვლიდა.
როგორც ჩანს, ჩვეულებრივი მოქალაქეები ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ მავანი მმართველი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორ შემოინახავს მის სახელს ისტორია. კლეპტოკრატი მმართველები ამაზე სწორედ რომ არ ფიქრობენ. დღეს უკვე ცხადია, რომ შევარდნაძეც უფრო ხშირად სულ სხვა თემებზე ფიქრობდა, ვიდრე საკუთარ როლზე საქართველოს ისტორიაში...
რა იქნება მომავალში?
ახალი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას არწმუნებს, რომ მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი - პოპულარულიც და არაპოპულარულიც - სახელმწიფოს გაძლიერებას ემსახურება. სუსტი კლეპტოკრატის მმართველობის შემდეგ ქვეყანაში აშკარაა ძლიერი ხელისუფლების დეფიციტი. მაგრამ ძლიერი მმართველობაც სხვადასხვაგვარი არსებობს და ზოგიერთი მათგანი ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია სახელმწიფოსთვის (მაგალითად, ძლიერი კლეპტოკრატიული მმართველობა), ამიტომ, პირადად მიხეილ სააკაშვილის მიმართ მაღალი ნდობის ფონზე, სულ უფრო მეტად აქტუალურია შეკითხვა: როგორი იქნება ქართული სახელმწიფო - ბიუროკრატიულკლეპტოკრატიული თუ სამართლებრივი?
მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ როგორღაც ბრძანა, რომ ვლადიმერ პუტინი მისთვის მისაბაძი პრეზიდენტია. სოციოლოგიური კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რუსეთის მოსახლეობა თავის პრეზიდენტს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე არმიას, ეკლესიას და მასმედიას ერთობლივად. მაგრამ როგორია პუტინის სახელმწიფო? მთავრობის აპარატის თანამშრომელთა 30%25 უშიშროების სამსახურის რეზერვისტია. ყველა წამყვან სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებიდან დაწყებული, მთელ ვერტიკალში ბევრი სამხრეებიანი ადამიანია. ძლიერდება სახელმწიფოს როლი, როგორც საზოგადობრივი პროცესების ,,ზემოდან“ მარეგულირებელი ძალისა. ამგვარად განოყიერებულ ნიადაგზე რუსეთის პრეზიდენტი ენერგიულად ნერგავს მართვის ავტორიტარულ სტილს. მაგრამ არსებობს ძლიერი სახელმწიფოს სხვაგვარი ნიმუშებიც. შვედეთის მოსახლეობა, დაახლოებით, ცხრა მილიონია, თუმცა, ამ ქვეყნის სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრთა რიცხვი 34 მილიონს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ შვედეთის თითოეული მოქალაქე ნებაყოფლობით არის გაერთიანებული სამ ან ოთხ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. ადამიანები იკრიბებიან და მონაწილეობენ საკუთარი ეზოს, ქუჩის, ქალაქის თუ ქვეყნის მართვაში. შვედეთის სახელმწიფოს ძლიერება და მისი მოსახლეობის კეთილდღეობა თითოეული ადამიანის სამოქალაქო აქტივობას ეფუძნება.
დავუბრუნდეთ შეკითხვას: როგორი იქნება ძლიერი ქართული სახელმწიფო - ბიუროკრატიულავტორიტარული თუ სამართლებრივი? ახალი ხელისუფლების ნაბიჯები არც ერთ გაგრძელებას არ გამორიცხავს. და, აი, რატომ. ბიუროკრატიული სახელმწიფო ორ ბურჯს ეყრდნობა: ძალოვანი სტრუქტურების ძლიერებას და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებას. სამართლებრივი სახელმწიფო კი ოთხ სეგმენტს ეფუძნება: ფართო უფლებების თვითმმართველობას, ხელისუფლებისგან გამიჯნულ ბიზნესს, ძლიერ არასამთავრობო სექტორს და დამოუკიდებელ მასმედიას.
თვითმმართველობა, ფაქტობრივად, არ გვაქვს; არასამთავრობო სექტორი განახლებას ვერ ახერხებს, მასმედია წნეხის ქვეშ არის მოქცეული, ხოლო ბიზნესი გარინდულია არასტაბილურ გარემოში თავის გადასარჩენად. ნებისმიერ შემთხვევაში, კორუფციის აღმოფხვრა შესაძლებელია არა ერთი და ორი ადამიანის პოლიტიკური ნებით, არამედ, ინსტიტუციური რეფორმების გზით. რეფორმა კი იგვიანებს. უეჭველია, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჯერჯერობით, ძალოვანი უწყებების ხარჯზე ძლიერდება. ძალოვანთა ქმედებაში ჩანს სამართლიანობის აღდგენის განზრახვა, მაგრამ არ ჩანს თავად სამართლიანობა და კანონის პატივისცემა. მეორე მხრივ, ორი რევოლუციის შემდეგ, არნახულად ძლიერია სამოქალაქო ფაქტორი და მოსახლეობის პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მორიგ გზაჯვარედინზე დგას. მასში არის ბიუროკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი აქცენტებიც და სამართლებრივი სახელმწიფოს ნიშნებიც.
საბოლოო სურათი განისაზღვრება იმ ურთიერთობით, რაც ჩამოყალიბდება ხელისუფლებას, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შექმნას თამაშის ისეთი წესები, რომელიც ბიზნესს პოლიტიკისგან გამიჯნავს და ორივეს კონკურენტულ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს.
როდესაც სახელმწიფოში იწყება ბრძოლა ბიუროკრატიულ და სამართლებრივ არჩევანს შორის, ამ პროცესის პირველი ნიშანია ბიზნესისა და ბიუროკრატიის დაპირისპირება. რუსეთში ბიუროკრატია ძლიერია და იგებს; ჯერჯერობით, ასეა საქართველოშიც. ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას ბიუროკრატია და ბიზნესი უმტკივნეულოდ იყო შეზრდილი. კონფლიქტები, რომლებიც ბოლოხანს ვითარდება გავლენიან ფიგურებს შორის თბილისში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა თუ ხაშურში, ადასტურებს, რომ კლანური პოლიტიკა ისევ არსებობს.
და ბოლო - შედარებით ოპტიმისტური - შტრიხი: ავტორიტარულ-კლეპტოკრატიული სახელმწიფო, როგორც წესი, სტაბილურობის მითზე დგას. ეს არის მითი, რომელიც სპობს რეფორმებს. სწორედ ამ მითის სივრცეში იცხოვრა საქართველომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლებში. პუტინიც, სტაბილურობის ფასად, რუსეთს ნელ მოდერნიზაციას სთავაზობს, რაც ,,იავნანასავით“ აძინებს ქვეყანას. ჩვენ ეს საფრთხე არ გვემუქრება. მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური ტემპერამენტით მეყსეულად ცვლის ყველაფერს, რასაც ეხება. ამიტომ, საქართველოში ცვლილებები ნამდვილად იქნება და სულ ცოტა დრო დასჭირდება იმის განსაზღვრას, თუ საით მიჰყავს ქვეყანა ახალ პრეზიდენტს: ავტორიტარულ-ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული მმართველობისკენ თუ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ.
![]() |
2 რა არის კარგი მმართველობა? |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
არც ისე დიდი ხანია, რაც ტერმინები ,,მმართველობა“ და ,,კარგი მმართველობა“ სულ უფრო მეტად გამოიყენება განვითარებად ლიტერატურაში. ცუდი მმართველობა კი ჩვენი საზოგადოების ყველა უბედურების უმთავრეს პრობლემად ფასდება. ძირითადი დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საკუთარი დახმარებებისა და სესხების გაცემის პირობებს სულ უფრო მეტად უკავშირებენ რეფორმებს, რომლებიც ,,კარგ მმართველობას“ უზრუნველყოფენ.
ჩვენ ამ სტატიაში შევეცდებით, რაც შეიძლება მარტივად ავხსნათ, თუ რას ნიშნავს ,,მართვა“ და ,,კარგი მმართველობა“.
მართვა
,,მართვის“ კონცეფცია იმდენადვე ძველია, რამდენადაც მსოფლიო ცივილიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ,,მართვა“ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებისა და ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების პროცესს. ტერმინი მართვა შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში ვიხმაროთ. მაგალითად, კორპორაციული მართვა, საერთაშორისო ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება და ადგილობრივი მმართველობა.
მას შემდეგ, რაც ,,მართვა“ აღიქმება როგორც გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი იმპლიმენტაციის პროცესი, ,,მართვის“ ანალიზი ფოკუსირებას ახდენს ამ პროცესებში ჩართულ ფორმალურ და არაფორმალურ მოთამაშეებზე და იმ ფორმალურ თუ არაფორმალურ სტრუქტურებზე, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებისა და დანერგვის პროცესზეა ორიენტირებული.
ხელისუფლება მმართველობის ერთ-ერთი სუბიექტია. მმართველობაში ჩართული სხვა მოთამაშეები იცვლებიან ხელისუფლების დონეების მიხედვით. მაგალითად, სოფლის ტიპის დასახლებებში სუბიექტები შეიძლება იყვნენ გავლენიანი მიწის მესაკუთრეები, გლეხთა ფერმერული ასოციაციები, კოოპერატივები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები, რელიგიური ლიდერები, საფინანსო ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები, სამხედროები და სხვები. ქალაქის ტიპის დასახლებებში ვითარება უფრო კომპლექსურია. N1 ცხრილი ასახავს ურთიერთკავშირს იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც ჩართულნი არიან ქალაქის მმართველობაში. საერთო ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების, ან გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტთა გარდა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედია, ლობისტები, საერთაშორისო დონორები, მულტი-ნაციონალური კორპორაციები და ა.შ. ხელისუფლებისა და ჯარის გარდა, ყველა მოთამაშე ერთიანდება ერთ ჯგუფად, როგორც სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელი ნაწილი. ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, სოფლად, სამოქალაქო საზოგადოების გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ასევე გავლენას ახდნენ ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატები.
ფორმალური სამთავრობო სტრუქტურები გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლიმენტაციის ერთი საშუალებაა. ეროვნულ დონეზე შეიძლება არსებობდნენ გადაწყვეტილების მიღების არაფორმალური სტრუქტურები, როგორიცაა მაგალითად, ,,კულუარული კაბინეტები“ ან არაფორმალური მრჩეველები. სოფლის ტიპის დასახლებებში გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ ასევე ორგანიზებული დანაშაულის ისეთ სინდიკატებს, როგორიცაა მაფია, ზოგიერთ დასახლებაში კი - გავლენიან ადგილობრივ ოჯახებს. გადაწყვეტილების მიღების ასეთი არაფორმალური პროცესი ძირითადად კორუფციული პრაქტიკის შედეგია ან კორუფციას გვიქადის.
კარგ მმართველობას აქვს 8 ძირითადი მახასიათებელი. ესაა მონაწილეობითობა, კონსენსუსზე ორიენტირება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, სწრაფი რეაგირება, ეფექტურობა და შედეგიანობა, მიუკერძოებლობა და ყოვლისმომცველობა და კანონის უზენაესობის მიმდევრობა. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, უმცირესობებისა და საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ფენების შეხედულებების გაზიარება და გათვალისწინება. კარგი მმართველობა ასევე უნდა პასუხობდეს საზოგადოების დღევანდელ და სამომავლო საჭიროებებს.
მონაწილეობა
ეფექტური მმართველობის ქვაკუთხედი არის როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მონაწილეობა. მონაწილეობა შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ასევე ლეგიტიმური მედიატორული ინსტიტუტების მეშვეობით, ან წარმომადგენლობითი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი, წარმომადგენლობითი დემოკრატია გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე წევრების შეხედულებების უცილობელ გათვალისწინებას ნიშნავდეს. მონაწილეობისათვის საჭიროა, იყო ინფორმირებული და ორგანიზებული. ეს, ერთის მხრივ, გულისხმობს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და მეორეს მხრივ კი, ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებას.
კანონის უზენაესობა
კარგი მმართველობა მოითხოვს სამართლიან სამართლებრივ სისტემას, მიუკერძოებელი აღსრულებითურთ. ის ასევე მოითხოვს ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი უმცირესობების, სრულ დაცვას. კანონების მიუკერძოებელი განხორციელებისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მიუკერძოებელი და არაკორუმპირებული პოლიცია.
გამჭვირვალობა
გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღება და მათი იმპლიმენტაცია ხორციელდება დადგენილი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. გამჭვირვალობა ნიშნავს იმასაც, რომ ინფორმაცია თავისუფლად ხელმისაწვდომი იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვისზეც ასეთი გადაწყვეტილების მიღებამ ან მისმა განხორციელებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს. ასევე საჭიროა საზოგადოება უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ინფორმაციით, რომლის მიწოდება მოხდება ადვილად გასაგები ფორმითა და მედიის საშუალებით.
რეაგირება
ეფექტური მმართველობა გულისხმობს, რომ ინსტიტუტები და პროცესები უნდა ემსახურებოდნენ ყველა დაინტერესებულ პირს, დროის რაციონალურ ვადაში.
კონსენსუსზე ორიენტირება
ამა თუ იმ საზოგადოებაში არაერთი მოთამაშე და იმდენივე თვალსაზრისია. კარგი მმართველობა მოითხოვს საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ ინტერესებს შორის მედიაციას, რათა მოხერხდეს ფართო კონსენსუსის მიღწევა იმ საკითხზე (და მისი განხორციელების გზებზე), რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება მთელი საზოგადოების ინტერესს. ის ასევე მოითხოვს საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის და მისი მიღწევის გზებისათვის ფართო და გრძელვადიანი პერსპექტივის არსებობას. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მოცემული საზოგადოების ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინების გზით არის შესაძლებელი.
მიუკერძოებლობა და ჩართულობა
საზოგადოების კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გრძნობს მისი ყველა წევრი თავს ამ საზოგადოების ნაწილად და არ არიას გარიყული მისგან. საჭიროა, ყველა ჯგუფს, განსაკუთრებით კი ყველაზე მგრძნობიარეებს, მიეცეთ შესაძლებლობა, გამოასწორონ და დაიცვან საკუთარი კეთილდღეობა.
ეფექტურობა და შედეგიანობა
კარგი მმართველობა ნიშნავს, რომ რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით, არსებული ინსტიტუტებისა და მიმდინარე პროცესების მეშვეობით ვიღებთ შედეგს, რომელიც პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს. შედეგიანობის კონცეფცია კარგი მმართველობის კონტექსტში მოიცავს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოს დაცვას.
ანგარიშვალდებულება
ანგარიშვალდებულება ეფექტური მმართველობის უმთავრესი მოთხოვნაა. არა მარტო სახელისუფლებო ინსტიტუტები, არამედ კერძო სექტორიცა და სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული ხალხისა და მათთან ინსტიტუციუნალურად დაკავშირებული ადამიანების წინაშე. ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ხდება გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება - ორგანიზაციის ან ინსტიტუტის გარეთ თუ შიგნით. ძირითადად ორგანიზაციები ან ინსტიტუტები ანგარიშვალდებულნი არიან მათ წინაშე, ვისზეც გავლენას ახდენს მათი გადაწყვეტილებები ან ქმედებები. ანგარიშვალდებულება გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის გარეშე ვერ მიიღწევა.
დასკვნა
დასასრულს შეიძლება დავასკვნათ, რომ კარგი მმართველობა არის იდეალი, რომლის ერთბაშად მიღწევა ძნელია. ძალზედ ცოტა ქვეყანა და საზოგადოება თუ მიუახლოვდა ერთბაშად ეფეტურ მმართველობას. თუმცა, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის, საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ეს იდეალი რეალობად იქცეს.
![]() |
3 საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოები |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
საქართველოში დაგეგმილი საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითადი მიზანი არის საჯარო დაწესებულებათა საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების გაზრდა და შესაბამისად, მათი ეფექტურობისა და პროფესიონალიზმის ამაღლება, საჯარო სამსახურში სერვისის გაუმჯობესება, რაც ხალხისადმი პატივისცემით მოპყრობაში გამოიხატება. წარსულში საჯარო დაწესებულებები ანგარიშვალდებულნი იყვნენ მხოლოდ ხელმძღვანელობის წინაშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში კი თითოეული საჯარო დაწესებულება და საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებული უნდა იყოს სხვადასხვა, მათ შორის საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოების, ასევე მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ჩვეულებრივი მოქალაქეების წინაშე.
სწორედ საჯარო დაწესებულების საქმიანობაზე საზოგადოების მხრიდან რეგულარული მეთვალყურეობის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოების სისტემა. იგი საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილებების არამართლზომიერი გამოყენება.
მაშინ, როცა აშკარაა საქართველოში ძლიერი და ეფექტური საზოგადოებრივი ზედამხედველობის შექმნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, წამოიჭრება არაერთი ფუნდამენტური პრაქტიკული თუ თეორიული საკითხი, რომელიც თავად საბჭოების მოდელსა და ორგანიზაციას უკავშირდება და სწორ გააზრებას საჭიროებს.
საბჭოების რაოდენობა/მასშტაბი და მათი წევრობა
იმის გამო, რომ არ არსებობს საზედამხედველო საბჭოების ოპტიმალური მოცულობა და სტრუქტურა, უმნიშვნელოვანესია, ზუსტად განისაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს საბჭოს წევრების შერჩევა ან დანიშვნა და ვის მიერ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საბჭოების შემადგენლობა ასახავდეს იმ საზოგადოებებს, რომელთაც ისინი უნდა ემსახურონ და წარმოადგენდეს სხვადასხვა ასაკის, სქესისა და შესაბამის რეგიონში არსებულ ეთნიკური ჯგუფების ნაკრებს. ქართული საზოგადოების ბუნების გათვალისწინებით, ლოგიკურია საზოგადოებრივი ზედამხედველობის ჯგუფების ქსელის შექმნა რეგიონული პრინციპით, თითოეული რეგიონალური საბჭოს საქმიანობას მუდმივი კოორდინატორი უხელმძღვანელებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი საქმიანობის გარკვეული კოორდინაცია ცენტრალურ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლასა და მონაცემთა შეგროვებას (იხ. ქვემოთ).
საზოგადოებრივი ზედამხედველობის ხასიათი და ხარისხი
საქართველოში სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან ამ საკითხის განხილვის შედეგად ნათლად გამოიკვეთა ერთი რამ: მაშინ, როცა ყველა თანხმდება საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოების ძირითად დანიშნულებაზე, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული კონსენსუსი მათი ზედამხედველობის ხასიათსა თუ ხარისხზე. ძირითადად არჩევანი უნდა გაკეთდეს სრულიად დამოუკიდებელ საზოგადეობრივ საბჭოსა და აუდიტორულ მოდელს შორის.
თავის მხრივ აღნიშნული ორი მოდელი საზოგადოებრივ ზედამხედველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის სამ ძირითად ტიპს მოიცავს:
- პირველი ტიპი გულისხმობს, მოქალაქეთა მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა საჩივრების გამოძიებასა და საჯარო დაწესებულებათა სამსახურებრივი დოკუმენტებისა და პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობას.
- მეორე მოდელში მოქალაქეები აკონტროლებენ, თუ როგორ ახდენენ რეაგირებას საჯარო დაწესებულებები მათთან შესულ საჩივრებზე, მაგრამ მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი გამოძიების უფლებამოსილება, რომელსაც, როგორც წესი, თვით საჯარო დაწესებულება ახორციელებს. ასეთ ჯგუფებს ასევე არ მიუწვდებათ ხელი საჯარო დაწესებულებათა სამსახურებრივ დოკუმენტებსა თუ ფაილებზე და შეზღუდული აქვთ სამსახურებრივ მოკვლევაზე რეკომენდაციების გაკეთების უფლებაც.
- და ბოლოს, მესამე მოდელში, მოქალაქეები ამოწმებენ, აკონტროლებენ, იძიებენ, ახდენენ მონიტორინგს და ამზადებენ ანგარიშებს იმის შესახებ, თუ რამდენად კვალიფიციურად, კანონიერად და ეფექტურად ახდენენ საჯარო დაწესებულებები მათზე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებას და დარღვევებზე რეაგირებას. თუმცა, ეს მოდელი არ ითვალისწინებს მოქალაქეების ჩართვას უშუალოდ კონკრეტულ საქმეთა გამოძიებასა და გადაწყვეტაში.
ხშირად სამოქალაქო მონაწილეობის სამივე ძირითადი მოდელისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ასპექტი კომბინირებულია ერთ სახეობაში, რათა მოხდეს ცალკეული მოდელებისათვის დამახასიათებელი ძლიერი მხარეების გამოყენება და სისუსტეების გამორიცხვა. მაგალითად:
- პირველი მოდელისათვის გამოძიების თვალსაზრისით დამახასიათებელია დამოუკიდებელობის ყველაზე მაღალი ხარისხი, რაც უმნიშვნელოვანესია საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფისათვის, თუმცა სანაცვლოდ ეს მოდელი მოითხოვს კანონით მინიჭებულ მნიშვნელოვან უფლებამოსილებას, ისევე როგორც სამოქალაქო გამომძიებელთა ექსპერტული გამოცდილების მნიშვნელოვან დონეს, სათანადო რესურსებს და თანამშრომლობასა და გახსნილობას საჯარო დაწესებულებათა მხრიდან. ნაკლებად სავარაუდოა, არსებული რესურსების პირობებში საქართველოში დღეს მსგავსი ტიპის მოდელის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, თუმცა სამომავალოდ ეს შესაძლებელია.
- პირველისგან განსხვავებით, მეორე მოდელი აღიარებს საჯარო დაწესებულებათა და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციას, ექსპერტულ გამოცდილებას, გამოძიებისათვის აუცილებელი რესურსებისა და ინფორმაციის უკეთ ხელმისაწვდომობას და იზიარებს მოსაზრებას, რომ საფუძვლიანი საზოგადოებრივი კონტროლი წარმოადგენს კეთილსინდისიერი უწყებრივი გამოძიების გარანტიას.
- მესამე მოდელი აქცენტირებას ახდენს ზოგად სტრუქტურულ რეფორმაზე, რისკების მართვასა და უწყებრივ სტრატეგიებზე, რომლებიც ძალადობის /დაშინების/ კორუფციის და აშ. შემცირებას ისახავს მიზნად, ასევე საქმეთა დეტალურ განხილვასა და ანალიზზე, ისეთი მიდგომის შესამუშავებლად, რომელიც დაეფუძვნება იმის გააზრებას, თუ რა გაკეთდა ცუდად და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი ინციდენტები მომავალში. ეს უკანასკნელი მოდელი მიზნად ისახავს „გადაბრალების კულტურისაგან“ გათავისუფლებას და ამის სანაცვლოდ საჯარო დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისა და რჩევების გზით, საჯარო სამსახურის ეფექტურობის გაზრდასა და შიდაუწყებრივი დისციპლინის განმტკიცებას.
პირველი მოდელი, როდესაც საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოები გამოძიებას საჯარო დაწესებულებათაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ, საქართველოსთვის სასურველია, თუმცა ამ მოდელის დაუყოვნებლივ შემოღება გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. სახელდობრ:
- ძალზე ამბიციურია;
- მოითხოვს მნიშვნელოვან კანონიერ უფლებამოსილებას;
- ძვირადღირებულია რესურსების მხრივ (სამოქალაქო გამომძიებელთა ტრენინგები და ა.შ.);
- სავარაუდოდ, არასასურველი მოდელია საჯარო დაწესებულებებისთვის;
- შესაძლოა, შექმნას მცდარი მოლოდინი საბჭოების შესაძლებლობებთან მიმართებაში და საბოლოო ჯამში გამოიწვიოს საზოგადოების იმედგაცრუება და უკმაყოფილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე და მესამე მოდელის კომბინაცია საუკეთესოდ იმუშავებდა დღევანდელ ქართულ რეალობაში. ეს კომბინაცია სრულებითაც არ გამორიცხავს საჯარო დაწესებულებათა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევაზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც, საზედამხედველო საბჭოები არ უნდა ჩაერთონ უმნიშვნელო საჩივრების გამოძიებაში, რომლებიც დისციპლინური სამართალწარმოების ნაცვლად, შესაძლოა გადაწყდეს მედიაციის გზით. თუმცა შეზღუდული რესურსების პირობებში, საბჭოებმა უმჯობესია აქცენტი გააკეთონ საჯარო დაწესებულებათა წინააღმდეგ შესული საჩივრების განხილვაზე, მონიტორინგსა და შემოწმებაზე, ასევე საზოგადოების მიმართ საჯარო მოსამსახურეთა მოპყრობის შეცვლის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაზე.
კონკრეტული ფაქტების თუ სამოქმედო პოლიტიკის განხილვა?
საზოგადოებრივ ზედამხედველობათა უმრავლესობა გულისხმობს საჯარო დაწესებულებათა წინააღმდეგ საზოგადოების მხრიდან საჩივრების მიღებასა და მათზე რეგირების მოხდენას. ამ მიდგომას საფუძვლად უდევს შეხედულება, რომლიც თანახმადაც, არაეთიკური საქციელისათვის საჯარო მოსამსახურის ინდივიდუალური დასჯა, შემზღუდავ ფაქტორს წარმოადგენს სხვა მოსამსახურეთათვის და შესაბამისად აუმჯობესებს საჯარო დაწესებულების საქმიანობას მთლიანად. თუმცა, თუკი სამართალდარღვევას უფრო ზოგადად განვიხილავთ, დასჯის გზით დაშინება მასთან ბრძოლის მხოლოდ ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს. სხვა უფრო ფართოდ გავრცელებული მიდგომა ითვალისწინებს პრობლემათა იდენტიფიცირებას და მექანიზმის შემუშავებას, რათა მოხდეს სამართალდარღვევის გამომწვევი პრობლემის გადაჭრა, რაც დაკავშირებულია მართვასთან, კონტროლთან, მომზადებასა და სხვა ასპექტებთან. საჩივრების მიღების გარდა, საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოებს ასევე შეუძლიათ განიხილონ საჯარო დაწესებულებათა სამოქმედო გეგმები და პროცედურები, ასევე შეიმუშაონ მათთვის რეკომენდაციები, როგორც ეს მესამე მოდელშია მოცემული. ამ გზით საბჭოებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმ რეფორმების პრაქტიკულ განხორციელებას, რომლებიც გამოიწვევენ სამართალდარღვევათა უფრო მკვეთრ შემცირებას, ვიდრე ამას მხოლოდ კონკრეტულ საჩივრებზე რეაგირების გზით მოახერხებენ.
თუმცა აქ წარმოიშობა კონფლიქტი, თუ რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი - ინდივიდუალური საჩივრების გადაწყვეტას და შესაბამისად, საზოგადოების კონკრეტული წევრების მიმართ მომსახურების და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას (რეაქციული მიდგომა) თუ სამართალდარღვევათა მთლიანი სისტემისა და ტენდენციის ანალიზს, რომელიც დანაშაულის შემდგომი ჩადენის რისკის შემცირებას მოახდენს (პრევენციული მიდგომა). ამ ორი მიდგომის კომბინაცია შესაძლებელია, თუმცა იგი წარმოშობს საბჭოში და საბჭოებს შორის რესურსების გადანაწილებისა და სხვადასხვა ფუნქციების კოორდინაციის საკითხებს. რომელ მიდგომასაც არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი, ცენტრალურ დონეზე ზოგადი რეკომენდაციების შესამუშავებლად, საბჭოებს შორის კოორდინაცია ინფორმაციის გაცვლის მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ რეკომენდაციების რეალიზება კი საჯარო სამსახურში მოხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოების კოორდინატორებს გააჩნდეთ სათანადო რესურსები და კვალიფიკაცია, რათა შეაგროვონ და ანალიზი გაუკეთონ საკუთარ მონაცემებს, რაც ხელს შეუწყობს გაცილებით აქტიური და პოტენციურად ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებას. შეიძლება ითქვას, რომ სასურველ მიდგომას წარმოადგენს კონკრეტული შემთხვევებისა და სამოქმედო პოლიტიკის განხილვის ნაზავი. მნიშვნელოვნად ჩაითვალა როგორც საზოგადოების წარმომადგენელთა ინდივიდუალური საჩივრების განხილვა, ისე მოპოვებული ინფორმაციის შედარება ქვეყნის მასშტაბით ჩადენილ დარღვევებთან, რათა გამოიკვეთოს, თუ რა ტიპის სამართალდარღვევები იჩენს თავს საჯარო სამსახურში და დადგინდეს ძირითადი ტენდენციები, რომელთა საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები საჯარო მოხელეთა საქმიანობის და ქცევის გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით აუცილებელია ცენტრალური ორგანოს არსებობა, რომელიც მოაგროვებს ინფორმაციას რეგიონული საბჭოებიდან და შეიტანს მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, ეს კი ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლასა და სპეციფიკური პრობლემების იდენტიფიცირებას.
განსახილველი საჩივრების ტიპი
რესურსების უკმარისობისა თუ შეზღუდული უფლებამოსილების გამო, საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოების საქმიანობა მხოლოდ გარკვეული ტიპის სამართალდარღვევათა განხილვითაა შეზღუდული. მაგალითად, ბრიტანეთში ახლად შექმნილი პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელი კომისია იძიებს ყველა სერიოზული ხასიათის დანაშაულს, ხოლო შედარებით მსუბუქი დანაშაულების გამოძიება პოლიციის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა. მსუბუქი დარღვევის გადაწყვეტა ხშირად არაფორმალურად, მომჩივანსა და პოლიციის ოფიცერს შორის მოლაპარაკების გზით წყდება.
იმის გამო, რომ საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელია, საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოებმა ყველა შესულ საჩივარზე აწარმოონ გამოძიება, საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს, თუ რა სახის საჩივრების გამოძიება/განხილვა უნდა მოხდეს; რომელი უნდა მოგვარდეს მედიაციის გზით; და რა სახის საჩივრებზეა დაუშვებელი რეაგირება. თუმცა საზოგადოებრივი საბჭოების კოორდინატორებმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიტანონ საჩივრები მონაცემთა ბაზაში, ანგარიშის ფორმალური პროცედურების დაცვისა და სისტემური ანალიზის მიზნით.
მანდატი/უფლებამოსილების ფარგლები
საჯარო დაწესებულებათაგან დამოუკიდებლად გამოძიების ჩატარებისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების, მოწმეთა დაკითხვის და თვით მომჩივანთა იურიდიული დახმარების გაწევის თვალსაზრისით, განსხვავებული უფლებამოსილებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოები არსებობს. განხილვის პროცესის დასრულებისას საბჭო შემდგომი რეაგირებისათვის რეკომენდაციებს წარუდგენს იმ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო მოსამსახურეთათვის ბრალის წაყენებასა ან დისციპლინურ სასჯელზე. როგორც წესი, ამ ეტაპზე უკვე საჯარო დაწესებულების დისკრეციაა, გადაწყვიტოს, თუ როგორ მოიქცეს, რადგანაც საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.
ჯერ კიდევ განხილვის საგანია, კონკრეტულად თუ რა უფლებამოსილება უნდა გააჩნდეთ საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოებს საქართველოში. იდეალური ვარიანტია, საბჭოების რეკომენდაციები განიხილონ და მათზე რეაგირება მოახდინონ შესაბამისმა ადგილობრივმა /რეგიონულმა და/ან ცენტრალურმა ორგანოებმა. ამისათვის კი აუცილებელია, ხსენებული რეკომენდაციების განხილვა და მათზე რეაგირება საჯარო დაწესებულებისათვის სავალდებულო ხასიათს ატარებდეს.
სამართალდარღვევის გამოძიება
საზედამხედველო საბჭოების მოდელისა და ორგანიზაციასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების გარდა, უნდა გადაწყდეს გაცილებით პრინციპული საკითხები, მათ შორის საჯარო დაწესებულებათა მიერ დარღვევათა შიდაუწყებრივი გამოძიების. საჯარო სამსახურზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელებისათვის, აუცილებელია განისაზღვროს, თუ რომელი ორგანიზაციაა სანდო საჯარო მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტურად და სამართლიანად გამოძიებისათვის. დღესდღეობით მოქალაქეები საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ საჩივრებით თავად საჯარო დაწესებულებებს მიმართავენ.
მაშინ როცა, საჯარო დაწესებულება პასუხისმგებელი უნდა იყოს შემოსული საჩივრების შიდაუწყებრივ განხილვაზე, გადამწყვეტია არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც კონკრეტული უწყების წინააღმდეგ შესულ საჩივრებს განიხილავს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- საზოგადოების წევრებს არა აქვთ სურვილი, საჩივრებით მიმართონ უშუალოდ იმ საჯარო დაწესებულებას, რომელსაც ისინი არ ენდობიან.
- იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციამ დაშინება და მუქარა გამოიყენა იმ ინდივიდების მიმართ, რომელთაც ოფიციალური საჩივრებით უშუალოდ პოლიციას მიმართეს და ზეწოლის გამო აიძულეს ეს ადამიანები, უკან გაეტანათ საჩივრები.
გადასაწყვეტია სხვა პრინციპული საკითხებიც, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საჯარო დაწესებულებათა მიერ მათ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამოძიებას, მაგალითად:
- რა მასშტაბის დისკრეცია უნდა გააჩნდეთ დაწესებულების ხელმძღვანელებს, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მხრივ.
- უნდა მოახდინოს თუ არა საჯარო დაწესებულებამ რეაგირება საზედამხედველო საბჭოების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე?
- უნდა იყოს თუ არა ტრანსპარენტული და საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილი შიდა უწყებრივი გამოძიება და დისციპლინარული პროცედურები მედიის, გენერალური ინსპექციის ან სხვა საზედამხედველო ორგანოს მიერ?
ძალზე მნიშვნელოვანია პროცესის დასაწყისშივე გაირკვეს საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.
პროგნოზირებადი პრობლემები/ პერსპექტივები
საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების შექმნა და შენარჩუნება ხშირად ძალზე რთული პროცესია. პოლიტიკური და ორგანიზაციული განვითარების შედეგად, მოსალოდნელია წარმოიქმნეს მნიშვნელოვანი პრობლემები როგორც საწყის, ისე შემდგომ ეტაპებზე. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ფაქტორებმა შეიძლება შეუწყონ ხელი ან პირიქით, შეაფერხონ საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელება.
- თანმიმდევრული და მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია ეფექტური საზოგადოებრივი ზედამხედველობის დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა გამოკვეთილად უჭერს მხარს ამგვარ ზედამხედველობას, ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ ,,სამართალწესრიგის“ ინტერესების მოტივით, ზედამხედველობის უფლებამოსილება შეიზღუდოს. ამ თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია პროექტზე მომუშავე ჯგუფმა აქტიური პროპაგანდა გაუწიოს იდეას, რომ კანონის აღსრულებისა და დემოკრატიული პოლიტიკის თანაარსებობა სრულიად შესაძლებელია.
- ხშირად ძალზე რთულია თანამშრომლობა საჯარო დაწესებულებებთან, თუმცა ეფექტური ზედამხედველობა მოითხოვს რაციონალურ სამუშაო ურთიერთობას თითოეულ უწყებასთან. ამიტომაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ საზედამხედველო საბჭოების წევრები მიუკერძოებლად, სამართლიანად და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
- ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დამცველთა მხრიდან მხარდაჭერამ შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი ზედამხედველობის უზრუნველყოფაში. თუმცა, საჯარო სამსახურისადმი ნდობის დეფიციტი შესაძლოა გახდეს მიზეზი, რის გამოც ისინი რეფორმაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ. საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ლობირება ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის რეფორმის წინსვლას.
- საზოგადეობრივი ზედამხედველობის საბჭოები საჭიროებენ მნიშვნელოვან რესურსებს მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. რესურსების ნაკლებობის პირობებში შესაძლოა, შემცირდეს მათი ეფექტურობა, რაც თავის მხრივ, მათ მხარდაჭერასა და ლეგიტიმურობაზე აისახება.
- ეფექტური მართვა და ხელმძღვანელობა ძალზედ მნიშვნელოვანია საზედამხედველო საბჭოების წარმატების და უფრო მეტად მათი საქმიანობისადმი პოლიტიკოსების, სხვადასხვა დაწესებულებებისა და საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. სუსტი მართვა/ხელმძღვანელობა გამოიწვევს არაეფექტურ ზედამხედველობასა და საზოგადოებრივი მოლოდინის გაცრუებას. გადამწყვეტია ასევე საბჭოების დაკომპლექტებისა და სელექციის პროცედურების სწორად წარმართვა, ნაყოფიერი მუშაობისათვის საჭირო პირობების შექმნისა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაინტერესების გაზრდის, ასევე მათი მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით.
- ასევე ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება საზედამხედველო საბჭოების მიმართ, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ხასიათის. პოზიტიურ დამოკიდებულებას შეუძლია ხელი შეუწყოს ზედამხედველობის გაუმჯობესებას, მაშინ როცა ნეგატიური დამოკიდებულება შესაძლოა ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინოს. მაგალითად, თუ საზედამხედველო დაწესებულებები არ იქნებიან დამოუკიდებელნი, მათ შესაძლოა დაკარგონ საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
საბჭოების საქმიანობის შეფასება
საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოების დაფუძნებამდე, აუცილებელია მათი საქმიანობის შეფასების მექანიზმების შემუშავება. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური მონაცემები საჩივრების შესახებ არ არის საბჭოების მიერ მათი მოვალეობების შესრულების საუკეთესო მაჩვენებელი, რადგანაც საჩივრების დონეზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. საბჭოების საქმიანობის წარმატების საზომად იმ აქტივობათა დიაპაზონი უფრო გამოდგება, რომლებშიც ისინი იქნებიან ჩართულნი, კერძოდ:
- საზოგადოებასთან ურთიერთობა.
- საზოგადოებასთან გამართული შეხვედრების რაოდენობა.
- აღნიშნულ შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენელთა რაოდენობა.
- განხილული საკითხები.
- საჯარო დაწესებულებათა სამოქმედო პოლიტიკისა და პროცედურების განხილვასთან დაკავშირებული საქმიანობა.
- საჯარო დაწესებულებებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების რაოდენობა და ხასიათი.
- საჯარო დაწესებულებების მიერ გაზიარებული რეკომენდაციების რაოდენობა და ხასიათი.
რაოდენობრივი კრიტერიუმის გარდა, აუცილებელია ხარისხობრივი მონაცემების შეგროვებაც, რათა დადგინდეს, რამდენად კანონიერად და პატიოსნად ასრულებდნენ საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოები თავიანთ მოვალეობებს, მაგალითად:
- არის თუ არა საჩივრების განხილვის პროცესი სამართლიანი, საფუძვლიანი და ობიექტური როგორც საჯარო მოსამსახურეთა, ისე მომჩივანთა მიმართ (პატიოსნება)?
- საჩივართა წარმოების პროცესის გააზრების უნარი (კანონიერება).
- ხელს უწყობს თუ არა ზედამხედველობის პროცესი ცვლილებას (შესწავლა).
ეს საკითხები შეიძლება შეაფასონ საზოგადოებრივი საბჭოების კოორდინატორებმა, კლიენტების (მომჩივანები და საჯარო მოსამსახურე) შემოწმების გზით.
რეკომენდაციები
მიმდინარე რეფორმების პროცესი იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, შეიქმნას ორგანიზაციები, რომელთაც ექნებათ უფლებამოსილება და რესურსები, რათა უზრუნველყონ საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ საჩივრების მიღება, შემოწმება და განხილვა. ვინაიდან საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების შემუშავება
პოლიტიკური ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს, სიტუაციის ნორმალიზაციასთან ერთად, საბჭოების როლი სავარაუდოდ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, საქმიანობის ახალ და უფრო ეფექტურ ფორმებთან მიმართებაში საზედამხედველო მექანიზმები მოქნილი და ადვილად ადაპტირებადი უნდა იყოს და პასუხობდეს შესაძლო ცვლილებს.
შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეფასებასა და მონიტორინგს.
საჭიროა განისაზღვროს:
- საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოების სტრუქტურა.
- წევრების სელექციის კრიტერიუმი.
- საზედამხედველო საბჭოების ფუნქცია.
- საბჭოების უფლებამოსილება. ამ საკითხების გადაწყვეტის შემდგომ, უკვე შესაძლებელი გახდება მისაღები კოორდინატორების და იმ პიროვნების შერჩევა, რომელიც შესძლებს საზოგადოებრივი საბჭოების ერთიანი ქსელის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. მათ დასჭირდებათ წვრთნა სხვადასხვა საკითხებში, თუმცა შესაძლოა, უკვე ჰქონდეთ გარკვეული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
- ადამიანის უფლებები და კანონის აღსრულება.
- საზოგადოებასთან მუშაობა.
- მედიასთან მუშაობა.
- ინფორმაციის ტექნიკურ/სტატისტიკური ანალიზი.
- შეფასების მეთოდიკა.
- მონიტორინგის პროცესი.
![]() |
4 ფუნდამენტალიზმის გადალახვა |
▲ზევით დაბრუნება |
მღვდელი კახაბერ კურტანიძე
თესალონიკის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური
ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დოქტორანტი
იმედგაცრუებული ადამიანები პირადი ხელმოცარულობის დასაფარად ხშირად მიმართავენ სარწმუნოებას და მას თავისი ეგოიზმის სამსახურში აყენებენ. იგი უპირისპირდება სხვებს და ილაშქრებს მათ წინააღმდეგ, თვით ღმერთის წინააღმდეგაც კი, ოღონდ სჯერა (და გულწრფელადაც), რომ იბრძვის ღმერთის წმინდა და შეურყვნელი რწმენისათვის.
არადა, ღვთისადმი რწმენა არის სიყვარულის საქმე ანუ მისი მოქმედება. სიყვარულთან ერთად იზრდება რწმენა1 და თუ სიყვარული მცნებების დაცვით ხორციელდება, მაშინ ადვილი გასაგებია, რომ ღმერთი მოუწოდებს ადამიანს პიროვნული ურთიერთობა-ზიარებისაკენ სხვასთან - ღმერთთან და ადამიანთან.2 თუკი ამგვარი თანაზიარება არ ხორციელდება, მაშინ არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება. ნამდვილი, ქრისტიანული ცხოვრება არის ქრისტეში (ქრისტეს მიერ, ქრისტეთი) - ღმერთთან და ადამიანებთან პიროვნული ურთიერთობის ცხოვრება. ხოლო ქრისტიანის სათნოება არის სულიწმინდასთან ზიარების ნაყოფი. ამგვარად, ეკლესია არ წარმოადგენს ადამიანურ წესდებას, არამედ არის განღმრთობის მუდმივი წვდომა და ეკლესიის ღვთისმეტყველება არ აღმოცენდება ადამიანური სიტყვისაგან, არამედ ღმერთის სიტყვისაგან (ქრისტესაგან).
საბოლოო აზრით, ქრისტეა ,,მხოლოდ ღმერთიცა და თეოლოგიც.“3 ადამიანი კი ღირსი ხდება ღვთისმეტყველებისა მხოლოდ როგორც ღვთის სიტყვის თანაზიარი და მეგობარი.4 ღმერთთან პიროვნული ზიარება-ურთიერთობის გარეშე თეოლოგია არა მხოლოდ ნაკლულია, არამედ შეიძლება იყოს ცდომილებაც და ამასთან ერთად ზიანის მომტანიც.
პიროვნების ჭეშმარიტების სისავსე არსებობს მხოლოდ სამება ღმერთში. ადამიანი, როგორც ინდივიდუალური (ატომური) არსება, არის მხოლოდ პოტენციური პიროვნება. როგორც ამას ხშირად ამბობდა არქიმნადრიტი სოფრონი სახაროვი, მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი მისია ამა სოფელში ისაა, რომ დაეხმაროს ადამიანს გააცნობიეროს და შეითვისოს პიროვნების ჭეშმარიტება. ცნობილი თეოლოგი, პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) წერს:
,,თუკი დღევანდელ ცივილიზაციაში არსებობს ისეთი რამ, რაც ნებას გვაძლევს და გვიბიძგებს დავფიქრდეთ ადამიანის პიროვნების ჭეშმარიტ ღირებულებაზე, მას უნდა ვუმადლოდეთ IV საუკუნის კაბადიკიელ მამებს... დასვლურ აზროვნებაში ბატონობს ,,პიროვნების“ ავგუსტინისეული გაგება, რომლის მიხედვითაც პიროვნება განისაზღვრება როგორც ატომური (ინდივიდუალური) ბუნება...“
ვამბობთ რა ,,პიროვნება“-ს, ვგულისხმობთ საკუთარ თავში გამოკეტილ ინდივიდ- ატომს. დღეს დასავლეთის ფილოსოფოსების მხრიდან არსებობს სხვადასხვაგვარი მცდელობები, რათა გამოიხსნან ,,პიროვნება“ ,,ინდივიდ-ატომისაგან.“ ქრისტიანობის შეჯახება სხვა რელიგიებთან როგორიცაა ბუდიზმი, ადამიანს აიძულებს, გადახედოს პიროვნების ინდივიდ-ატომურ ტრადიციულ გაგებას... დღეს შეიძლება იყოს საუკეთესო დრო იმისათვის, რომ მივუბრუნდეთ კაბადოკიურ ანუ მართლმადიდებლურ სწავლებას პიროვნების შესახებ.“5
ამაში დღევანდელ მსოფლიოს უნდა დაეხმაროს (და ეს მისი უპირველესი ვალიც არის) მართლმადიდებელი ეკლესია. მაგრამ იგი მუდამ აწყდება ისეთ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლიან და აყოვნებენ მას ამ მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებაში. დღეს ერთ-ერთი ამგვარი და განსაკუთრებით რთული პრობლემაა ფუნდამენტალისტური მოძრაობა ეკლესიის შიგნით. ფუნდამენტალიზმის მეტასტაზები ბუნებრივია მოდებული აქვს საქართველოს ეკლესიასაც, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. ეს კი უთუოდ აბრკოლებს მის საუკეთესო ძალებს. აფერხებს მათ, იმსჯელონ თავისუფლად და იმოქმედონ აქტიურად, რათა მკაფიოდ და არა ,,გაწონასწორებული“ სახით წარმოაჩინონ ეკლესიის წსავლება.“
***
ყველაზე მიახლოებული ეკლესიური განსაზღვრება, რომელიც შეიძლებოდა მოგვეყვანა ფუნდამენტალიზმის განსამარტავად, არის ზილოტიზმი (მოშურნეობა). მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ცნება არ არიან სინონიმი, მათ მაინც ბავრი რამ აქვთ საერთო:
ა) ზილოტიზმსაც და ფუნდამენტალიზმსაც თავიდან დადებითი მნიშვნელობები ჰქონდათ, მაგრამ შემდგომში შეიძინეს უარყოფითი დატვირთვა, განსაკუთრებით - ფუნდამენტალიზმმა;
ბ) ზილოტიზმსაც და ფუნდამენტალიზმსაც, უპირველეს ყოვლისა, აქვთ რელიგიური ხასიათი და ამოზრდილები არიან ამა თუ იმ რელიგიური ტრადიციიდან;
გ) ორივეს მიზანია შეინარჩუნონ ტრადიცია და დაიცვან იგი განმაახლებლობისაგან, ამავე დროს, გამოიყენონ ეს ტრადიცია, როგორც ქმედითი საშუალება. აწმყოსა და მომავლის შემოსაზღუდავად;
დ) ზილოტიზმიცა და ფუნდამენტალიზმიც თანაბრად უგულვებელყოფენ პიროვნებას და აბსოლუტურ მნიშვნელობას ანიჭებენ კანონებსა და უპიროვნო საწყისებს.
ზილოტიზმს ძალიან გრძელი წინაისტორია აქვს, მაშინ როცა ფუნდამენტალიზმი სათავეს იღებს მე-20 საუკუნის დასაწყისში და აღმოცენებულია რელიგიური მოდერნისმის საპირისპიროდ. ეს დაპირისპირება პირველად ტრადიციით ღარიბ პროტესტანტიზმში წარმოიშვა. ამ წინააღმდეგობის პირველადი მიზანი იყო რელიგიური საფუძვლების დაცვა. 1919 წელს ამერიკაში დაფუძნდა მსოფლიო ფუნდამენტალური საზოგადოება. რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში ფუნდამენტალური მოძრაობა იწყება მას შემდეგ, რაც ვატიკანის II კრაბამ განმაახლებლური გადაწყვეტილებები მიიღო. მართლმადიდებლობის შემთხვევაში კი შეიძლება აღინიშნოს ძვალმესტილეობა საბერძნეთში, საროობრიადელების გააქტიურება რუსეთში და ეკუმენური მოძრაობის მოწინააღმდეგ დაჯგუფეები, რომლებიც გაბნეულნი არიან მთელ მსოფლიოში.
ფუნდამენტალიზმი განსაკუთრებით მძლავრად განვითარდა მუსლიმანურ სამყაროში მას შემდეგ, რაც ისლამი შეეჯახა დასავლეთს. და ბოლოს, ფუნდამენტალისტურ მოძრაობებს ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეთ არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ხასიათი. შეიძლება არსებობდეს პარადოქსიც - ფუნდამენტალისტური დასავლური დემოკრატია.
ფუნდამენტალიზმის ტიპოლოგია ვლინდება, როგორც მებრძოლი კონსერვატორობა. თუკი თავად კონსერვატორობა შემოიფარგლება ტარდიციის მშვიდობიანი დაცვით, ფუნდამენტალიზმს იერიში მიაქვს იმ ძალებზე, რომლებიც მას ემუქრებიან. კონსერვატორობა მიჯაჭვულია წარსულთან, რადგან იქ ეგულება ჭეშმარიტება, ხოლო ფუნდამენტალიზმი წარსულს მიიჩნევს განსაკუთრებულ ჭეშმარიტებად, ებრძვის აწმყოს და მიმართულია მომავლისაკენ. არც კონსერვატორობას და არც ფუნდამენტალიზმს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ტრადიციულობასთან, რადგან პირველი რჩება წარსულში და არ აინტერესებს ტრადიციის განვრცობა აწმყოსა და მომავალზე, ხოლო მეორე დაინტერესებულია აწმყოთი და მომავლით, მაგრამ ცდილობს, მოათავსოს ისისნი წარსულის გაქვავებულ ნაჭუჭში.
ფუნდამენტალიზმი, მიუხედავად მისი რელიგიური წარმომავლობისა, არ წარმოადგენს წმინდად რელიგიურ ფენომენს და, რა თქმა უნდა, არც პოლიტიკურს ან საზოგადოებრივს. ფუნდამენტალიზმი არ წამოჭრის დრომოჭმულ საკითხებს, პირიქით იგი ყურადღებას ამახვილებს ჩვენი ეპოქის ცენტრალურ პრობლემებზე. ყოველი მცდელობა, რომ ფუნდამენტალიზმი გაირიყოს, როგორც დასაცინი ან დემონური მოვლენა და ეწოდოთ მათ და მის მიმდევრებს მანიქეველები, ბნელები, ,,ბნელზე უფრო ბნელები“ ან თუნდაც ,,თალიბანები“ და ,,მტრები“, ხელს უშლის პრობლემის საფუძვლიან შესწავლას და იმ შრეების დანახვას, რომელიც მის სიღრმეში ძევს. ამგვარად მცირდება შესაძლებლობა, შეიზღუდოს და აღიკვეთოს მისგან მომდინარე ზიანი. ზედაპირული კინკლაობის ნაცვლად საჭიროა ფუნდამენტალიზმის ონტოლოგიის შესწავლა, ანუ ფუნდამენტალიზმის არსობრივი საფუძვლების გამოკვლევა და მისი დაძლევის გზების შემუშავება.
ფუნდამენტალიზმის მთავარი საყრდენი არის პიროვნება (და არა საზოგადოება ან პოლიტიკური ორგანიზაციები), საიდანაც იგი მეტასტაზივით ედება მთელ საზოგადოებას. თუკი საზოგადოებათმცოდნეობას შეუძლია, შეისწავლოს ფუნდამენტალიზმის ფენომენოლოგია და განსაზღვროს მისი კავშირი საზოგადოების სტრუქტურასთან, თეოლოგიას შეუძლია უფრო მეტად ჩაუღრმავდეს მას და ჩასწვდეს მის არსობრივ მხარეს (ონტოლოგიას), რადგან ძირითადად თეოლოგიის პრეროგატივაა შეისწავლოს ადამიანის პიროვნება.
სულიერი სამყაროს რღვევამ დღეს დრამატულ ზღვარს მიაღწია. რელიგიური რწმენის უგულვებელყოფამ წარმოშვა ადამიანის მიუსაფრობა, მას აღარა აქვს რამდენიმე საყრდენი და წარიტაცება ნებისმიერი მიმართულებით, საითკენაც შემთხვევითობა უბიძგებს. ასეთ ვითარებაში ფუნდამენტალიზმი ცდილობს შეინარჩუნოს რაიმე ძირითადი ღირებულებები, მათ წარსულში პოულობს და მოიაზრებს როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელს აწმყოსა და მომავლისათვის.
ისეთ არასტაბილურ დროში, როდესაც ყველაფერი ირყევა და ადამიანი გზააბნეულია ათასგვარი იდეოლოგიების კალეიდოსკოპური მონაცვლეობით, რაიმე საყრდენის ძიება საძრახისი კია არა, პირიქით, სწოდრედ რომ სასიცოცხლო აუცილებლობაა. ამიტომ დასაძრახია არა ფუნდამენტალისტთა ძიება და მცდელობა - იპოვონ რაიმე გამოსავალი. არამედ საჭიროა, გამოაშკარავდეს მათი ცდომილება ონტოლოგიის სფეროში, ე. ი. ნაჩვენები იქნეს მათი ძიების არსობრივი შეცდომა. ამისათვის სულაც არ არის სავალდებულო მათზე თავდასხმა და ლანძღვა, მით უმეტეს, რომ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების პოზიციიდან ფუნდამენტალიზმი, პირველ ყოვლისა, თეოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. და ეს ხდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს მისი ტიპიური რელიგიური გამოვლინება, არამედ მაშინაც კი, როდესაც იგი ჩნდება, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფენომენი.
ფუნდამენტალიზმი ეძებს საფუძველს, რომელსაც აბსოლურურად მიიჩნევს. ეს ძიება არის ღრმად რელიგიური, მაგრამ მისი შედეგი არ არის თეოლოგიური მართლმადიდებლური გაგებით. ამგვერი ძიების შედეგად ხშირად ქმედება იკავებს შეუქმნელის (ღმერთის) ადგილს. ეს შეიძლება მოხდეს თვით აშკარად რელიგიურ, მათ შორის ,,ქრისტიანულ“ ფუნდამენტალისტურ მოძრაობებშიც. მაგალითად: პროტესტანტულ ფუნდამენტალიზმში გაკერპებულია წმ. წერილი: რომის კათოლიკურსა და მართლმადიდებლურში წმ. წერილს ემატება ტრადიციების სიმბოლური სისტემები და ახლა ეს ორი რამ მიიჩნევა აბსოლუტურად. ისეთ მონოთეისტურ რელიგიებში კი, როგორიცაა ისლამი, საერთოდ გამოირიცხება პიროვნული ურთიერერთობა შეუქმნელთან, რადგან მასში ღმერთი მოაზრება როგორც თავის თავში ჩაკეტილი. ქმნილებისათვის აბსოლუტის თვისებების მიწერა არის რელიგიური წარუმატებლობის მიზეზი. და რადგან ამის გაკეთება ამსოფლიურზე შეჩერებას ნიშნავს, ცხადია, რომ იგი უარყოფს ქრისტეს და იგივეა, რაც კერპთმსახურება. იგი ასახიჩრებს ანთროპოლოგიასაც, რადგან ქმნილება ხრწნადია და წარმავალი და არ შეუძლია იხსნას ადამიანი სიკვდილის შიშსა და მძლავრობისაგან და მიანიჭოს მას თავისუფლება და სისავსე. ადამიანს, როგორც პიროვნებას, აღარ აქვს მომავალი და მიზანი და მასში ჩნდება სიცარიელის გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი შეგრძნება. ხოლო მას კი, თავის მხრივ, მოსდევს ფუნდამენტალიზმის წარმოშობა.
ამრიგად, ფუნდამენტალიზმს არ აქვს ონტოლოგიური საფუძველი. ამის ნაცვლად ფუნდამენტალიზმი აიძულებს თავის მიმდევრებს, მიიღონ ეთიკა, ქცევის წესი, როგორც ონტოლოგია. ესაა მისი სასიკვდილო შეცდომა და უძლურება, მაგრამ აქედანვე გამომდინარეობს მისი ფანატიზმი და დაუნდომლობა. და რადგან ფუნდამენტალიზმი ცდილობს, ეთიკური გადაანაცვლოს ონტოლოგიის სიბრტყეზე, მასთან შეხვედრა და დაპირისპირება საჭიროა სწორედ ამ სიბრტყეზე, ე. ი. საჭიროა ისეთი ონტოლოგია, რომელიც გამოავლენს და გააშიშვლებს ფუნდამენტალისტური ონტოლოგიის უსუსურობას.
* * *
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ადამიანი ღმერთის ,,ხატად და მსგავსად“ არის შექმნილი (შდრ. დაბ. 1-26). იგი შექმნილია და სრულყოფას აღწევს მხოლოდ ღმერთთან კავშირში (ტერმინი ,,რელიგია“ სწორედ კავშირის აღდგენას ნიშნავს). ადამიანის უკიდურესი ონტოლოგიური ზღვარი არის არარაობა ანუ ,,არ არსი“ (,,შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანე ჩუენ“ - წმ. ოქროპირის წირვა). მეორე უკიდურესი ზღვარი არის ღვთის ნების გამეორება ქმნილ სიბრტყეზე. ადამიანი არის პოტენციური პიროვნება ანუ ჰიპოსტასი. მისი, როგორც პიროვნება-ჰიპოსტასის სრულყოფილება შეადგენს ადამიანის არსებობის მიზანს და განხორციელდება მისი ზეამაღლებით ღმერთისაკენ. ასეთი ზეამაღლების გარეშე ადამიანი რჩება დატუსაღებული დროსა და სივრცეში და ექვემდებარება ხრწნასა და სიკვდილს. რადგან ადამიანი ერთხელ ნებით დაემორჩილა ცოდვას და ამ გზით მასზე გაბატონდა სიკვდილი, მისი ზეამაღლება არ შედგა. მაგრამ ღმერთი მას მუდმივად სთავაზობს ამის რეალიზების შანსს - და ეს უკვე არის როგორც ღმერთის საჩუქარი ანუ ქრისტეს ძღვანი. ქრისტეს პიროვნებაში გამოჩნდა ნამდვილი ადამიანი, მასში ვლინდება ჭეშმარიტი პიროვნება - საყოველთაო ადამიანი (მეორე ადამიანი, რომლისთვისაც აღარ არსებობს არც გარეგანი ბორკილები და არც ძალაუფლება, არამედ - აბსოლუტური სიყვარული და თავისუფლება.
,,პიროვნება არის არა მეორადი, არამედ პირველადი და აბსოლუტური ცნება, აზრი არსებობისა. არაფერი არ არის პიროვნებაზე უფრო წმინდა და პრიორიტეტული. პიროვნება არ შეიძლება შეიწიროს მსხვერპლად ან დაექვემდებაროს რაიმე ,,იდეებს“, რაიმე ეთიკურ ან ფიზიკურ წესს, სარგებელს ან მიზანს - თუნსაც წმინდასა და ღირებულს. რომ იარსებო ჭეშმარიტად, რომ იყო ,,ვინ“, უნდა იყო პიროვნება, ე. ი. თავისუფალი ყოველგვარი აუცილებლობა-იძულებისა ან რაიმე მიზნისა, ბუნებისა, რელიგიური ან იდეოლოგიური ეთიკისაგან.“7
,,ის, რაც არსებობას აძლევს მნიშვნელობას და ღირსებას, არის პიროვნება, როგორც აბსოლუტური თავისუფლება.“8
,,არავის აქვს უფლება, ზეწოლა მოახდინოს ადამიანზე და მის ნებაზე ან დაავალდებულოს იგი რაიმე არჩევნით.“9
არც ღმერთი ავალდებულებს ადამიანს, არამედ, როდესაც იგი თავისუფალი ნებით ემონება ცოდვას, მას მოუწოდებს, რომ დაუბრუნდეს თავისუფლებას.
მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი არ არის აბსოლუტურად თავისუფალი. მას აქვს მხოლოდ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. იგი მოქმედებს ერთდროულად ორ სიბრტყეზე:
ა) ქმნილი სამყაროს სიბრტყეზე, სადაც ვლინდება როგორც ელემენტი ამ სამყაროსი და დაქვემდებარებულია ფიზიჯურ აუცილებლობას.
ბ) შეუქმნელის სფეროში, სადაც იგი მოქმედებს როგორც ჰიპოსტასი - ღმერთის ჰიპოსტასის ,,ხატი“ და იმყოფება ყოველგვარი შემოსაზღვრულობის გარეშე.
ამრიგად, ადამიანში ერთდროულად თანაარსებობენ: დამოკიდებულება და თავისუფლება, ხრწნა და უკვდავება, მონობა და თავისუფლება. ვინც ნებაყოფლობით რჩება მხოლოდ ქმნილის სიბრტყეზე, იგი ეფლობა ფიზიკურ აუცილებლობებში. უძლურია იცხოვროს ნამდვილი ცხოვრებით და განხორციელდეს როგორც პიროვნება ღმერთის ხარისამებრ. იგი კარგავს შესაძლებლობას, გაიხსნას და გაფართოვდეს შეუქმნელისაკენ, მიუახლოვდეს სისრულეს და წარიტაცება ავადმყოფური მდგომარეობისაკენ. ადამიანს სურვილი - მოიშოროს თავისუფლების მომაშთობელი ხუნდები, რომლითაც მას ბორკავს მისი დაცემული ბუნება - გადაიზრდება ბუნების საწინააღმდეგო წადილში.
,,ადამიანი მოწოდებულია, რათა გაითავსიუფლოს თავი თავისივე ბუნების ძალმომრეობისაგან და იმოქმედოს როგორც ფიზიკური კანონებისაგან თავისუფალმა პიროვნებამ... პიროვნების ასკეტური მისწრაფების10 გარეშე, მისწრაფებისა, რომ განთავისუფლდეს ბუნებრივი აუცილებლობა-იძულებისასგან. არავის შეუძლია გახდეს ,,ხატი ღმრთისა“, რადგან ღმერთში პიროვნება და არა ბუნება არის ,,მიზეზი“ მისი არსებობისა.“11
სამება ღმერთის პიროვნების ჭეშმარიტება ცხადდება ეკლესიაში. წმ. სამების ყოველი პიროვნება არის სავსება ღმრთეებისა. მაგრამ თანადროულად თითოეული პიროვნება არის ღია დანარჩენების მიმართ და არ შემოისაზღვრება თავის თავში. ღმერთის პიროვნებების ურთიერთგამსჭვალვა, რომელშიც ვლინდება წმ. სამება ღმერთის აბსოლუტურ ერთობაში, რეალიზდება კენოტიკური (წარმოცარიელებითი) სიყვარულით. ამიტომაც არის ღმერთი უპირველესად სიყვარული (შდრ. ინ. 1 4 - 8). ეს სიყვარული იღვრება ,,ხატებად“ შექმნილზეც. რამდენადაც შორს იმყოფება ადამიანი სიყვარულისაგან, იმდენად არასრულია მისი არსებობა როგორც პიროვნებისა. პიროვნების სისრულე ხორციელდება სიყვარულსა დათავისუფლებაში.
,,სიყვრული არ არის გრძნობა, არ არის შეგრძნება, რომელიც აღმოცენდება ბუნებისაგან, როგორც ყოველი ხისაგან. სიყვარული არის კავშირ-ურთიერთობა, არის ნებაყოფლობითი გამოსვლა საკუთარი თავიდან, უარყოფა საკუთარი ნებისა. სხვა ვინმე და კავშირ-ურთიერთობა მასთან არის ის, რაც გვხდის იმად, ვინც ვართ.“12
- ესე იგი პიროვნებად. მეცხრე საუკუნის მუსულმანმა მისტიკოსმა სარი-ალ-საკიდიმ ეს შესანიშნავად ჩამოაყალიბა:
,,ორ ადამიანს მაშინ უყვარს ერთმანეთი სრულყოფილად, როდესაც ერთი მეორეს ასე უწოდებს: ,,ჰოი, ჩამო მეო.“13
***
ფუნდამენტალიზმის არ იცნობს პიროვნების ჭეშმარიტებას და არც თავად პიროვნებას. იგი არ ცნობს არც ჭეშმარიტების პიროვნულობას და არც იმას, რომ ჭეშმარიტებასთან ზიარებას აქვს პიროვნული ხასიათი. ფუნდამენტალიზმი ყოველთვის მოუწოდებს ჭეშმარიტებას, უხმობს, მაგრამ ვერასდროს იღებს მას, რადგან უგულვებელყოფს პიროვნებას. ხოლო როდესაც დაკარგულია არსი, მაშინ მის ადგილს იკავებენ ცხადად შეგრძნებადი მოწმობები, ლოგიკური სქემები, კანონები და ეთიკური აფორიზმები, რომლებიც ადვილად მიიზიდავენ და აღაგზნებენ ადამიანებს.
პიროვნული საწყისის უარყოფა იწვევს არსობრივ უძლურებას, ამგვარი უძლურებისაგან თავის დასაცავად კი ადამიანი თავს იტვირთავს ეთიკოლოგიით, კანონებით, დოგმატებით, ტრადიციით და ა. შ. ამგვარი ,,განმარტებით“ გამყარებული ადამიანი იძირება შინაგანი თვითკმაყოფილების ხიბლში, ეჩვენება, რომ იცავს წმიდასა და ღირებულს (თავად ღმერთსაც კი) და მიეცემა ტრიუმფალიზმს. ფუნდამენტალიზმის მთელი ისტორია არის ადამიანის მცდელობა, დაფაროს თავისი შინაგანი სიცარიელე ,,გარანტიებით“ ანუ ობიექტური დამაჯერებლობით.
,,გაუბრალოებული კონცეფციის მიზანია, სამყარო შეიყვანოს სულ პაწია თავში, იმ ვიღაცის თავში, რომელსაც ოდნავი სურვილი არ აქვს იაზროვნოს: ამგვარად, მას ყველა თავის განკარგულებაში ჰყავს ისე, რომ არავისგან არავითარ ძალისხმევას არ მოითხოვს და ამით ყველა კვაყოფილია,“ - წერს მ. მამარდაშვილი.
ქრისტანული ონტოლოგია არ შემოზღუდავს ადამიანს ფსიქოლოგიური ან საზოგადოებრივი სფეროთი. რა თქმა უნდა, ხდება არა მათი უარყოფა, არამედ მათი გამოყენება და ისინი ემსახურება ახალი თეოლოგიის პერსპექტივას. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს საზოგადოებრივ და ფსიქოლოგიურ სფეროში რეალიზებული ფაქტორები, და რაც არ უნდა გადამწყვეტი სასიცოცხლო შედეგები უნდა ჰქონდეთ ამ ფაქტორებს, ისინი მაინც დროში წარმოიშვება და დროშივე ქრება, თუკი არ ფართოვდებიან ონტოლოგიურ სფერომდე. ეს ონტოლოგია ჩნდება ქრისტეს პიროვნებაში და განიჭვრიტება ქრისტეს მიმსგავსებით მცხოვრები ადამიანის პიროვნებაში. ეთიკა მხოლოდ გამოავლენს და განმარტავს ამ ონტოლოგიას, ეფუძნება რა მას.
თუკი კანონი ან ეთიკა ჩაითვლება თვითკმარად, მაშინ გადასხვაფერდება, იგნორირდება ის ონტოლოგია, რომელზეც ისინი უნდა დაფუძნებულიყო. ქრისტიანული ეთიკის მიზანია სრულყოს ადამიანი, როგორც ,,ღვთის ხატება“. ეს ხორციელდება არა უპიროვნო კანონებისა და საწყოსების მორგებით. არამედ - პიროვნული ზიარებით პირველსაწყის პიროვნებასთან - ღმერთთან.
ყველა მორწმუნე მოწოდებულია, რათა შეუკავშირდნენ ერთმანეთს სამება ღმერთის მსგავსად:
,,რათა ყველა ერთ იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში“ (ინ. 17,22).
ეს ერთიანობა ხორციელდება სიყვარულით, რომელიც მოიცავს მთელს სამყაროს, თვით მტრებსაც კი, და თუ კაცს შეუძლია ჩაიხუტოს მტერი, მაშინ მას სიკვდილისა აღარ ეშინია. პიროვნება, რომელსაც უყვარს, არ უპირისპირდება სხვა პიროვნებას ან მთლიანად სამყაროს, არამედ აქვს შინაგანი ერთობა ყველასთან. ასეთი ქრიასტანული პერსპექტივა არის ფუნდამენტალიზმის საპირისპირო და ამავე დროს, თავის თავში მოიცავს შესაძლებლობას, აღემატის მას, გადალახოს იგი. ფუნდამენტალიზმი საშიშია საზოგადოებისათვის, მაგრამ უფრო მეტად საშიშია ეკლესიური საზოგადოებისათის:
,,თუ მარილს ზალა გამოეცალა, რაღათი დამარილდეს?“ (მთ.5-3).
ამიტომ, ფუნდამენტალიზმთან ბრძოლისას საჭიროა მეტი თავდადება და არა მყვირალა ჰეროიზმი, რადგან არასწორი მეთოდებით დაპირისპირება გამოიწვევს მის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამას კი ბუნებრივად მოჰყვება საზოგადეოების დეზორიენტაცია და არა მხოლოდ რელიგიასთან მიმართებაში.
***
როცა საზოგადოებრივ კავშირებთან ერთად დუნდება ეკლესიური შიგაკავშირები - ე. ი. როდესაც ეკლესიის შიგნით ქრება საზოგადოების ერთიანობის შეგრძნება და მორწმუნეები ცხოვრობენ როგორც ჩაკეტილი ინდივიდები - მაშინ საჭიროა რაიმე საყრდენი ნიშნულების მოძიება. ასეთ ვითარებაში ყველაზე ადვილ და სარწმუნო გამოსავლად იქცევა საბრძოლო არსენალში საეკლესიო გადმოცემების (ტრადიციების) - წმ. მამათა ტექსტების, ეკლესიური ცხოვრების სტილისა და კანონების - შეტანა. ამგვარად, ჭარმოიშვება ფუნდამენტალიზმი, რაც სპობს სარწმუნოების ჭეშმარიტებას და მის ადგილზე აყენებს ცხოვრების სტილს.
რაც უფრო მაღალია იმ ტრადიციის სანდოობა, რომლის დაცვაც ხდება, იმდენად უფრო მკაცრია ფუნდამენტალიზმი.
ასეთ შემთხვევაში ტრადიცია არ მიიჩნევა როგორც ცხოვრების ერთ-ერთი მოდელი, არამედ როგორც ობიექტური რეალობა, რომელმაც უნდა გადაფაროს ონტოლოგიური სიცარიელე, ე. ი. თავად იქცეს ყოფიერებად და ყოფიერების სათავედ. რეალურად აქ დომინირებს არა ტრადიცია, არამედ მისი გაქვავებული ქერქი არსებობს არა ტრადიციულობა, არამედ აგრესიული კონსერვატიულობა.
ფუნდამენტალიზმი იყენებს ქრისტიანული სიმბოლოების14 საუკეთესო ნაწილს. ამიტომ, გარეშე დამკვირვებლისათვის ძნელია ერთმანეთისაგან გაარჩიოს ფუნდამენტალისტური და საღი ეკლესიური მიდგომები. მაგრამ მაინც არსებობს აშკარა და ცხადი ნიშანი. ფუნდამენტალიზმი გამოაცალკევებს და აფსოლუტურ ხასიათს ანიჭებს ციმბოლურ სისტემებს და ეს შეიმჩნევა იმ პიროვნებებისა თუ დაჯგუფებების ქცევაში, რომლებიც მას იყენებენ (შდრ. მთ.7, 15-23). მაშინ როცა ჭეშმარიტი მორწმუნე საზრდოობს ამ სიმბოლოებით და მათგან ყოფიერებითი ზიარებისაკენ მიემართება, ფუნდამენტალისტი ნერვული დაძაბულობით ანიჭებს აბსოლუტურ ხასიათს იმავე სიმბოლურ სისტემას. რჩება ამსში და გააფთრებით თავს ესხმის ,,მოწინააღმდეგე ძმა-მტერს“.
როგორც სიყვარულის გამოვლინება, ქრისტიანობა საფუძველშივე ეწინააღმდეგება ფუნდამენტალიზმს. ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი თავის არსში არის არალოგიკური და უაზრო და აღმოცენებულია მხოლოდ როგორც მეორადი ფენომენი. ქრისტიანული ღმერთისადმი რწმენა და მისი თანაყოფნის გამოცდილება ადამიანს არ ხდისს ფანატიკოსსა და ულმობელს, არამედ გარდასახავს და მის სულში მშვიდობას ამკვიდრებს. ,,ცნებაში მყოფი ადამიანის (ვთქვათ, ფუნდამენტალისტის - კ. კ.) სინდისის ცბიერება დიდია და დახვეწილი. ქრისტეს სახელისათვის, რომელმაც ნებით სიკვდილს მისცა თავი მტრებისათვის, ადამიანები მზად არიან სისხლი დაღვარონ, ოღონდ არა თავისი სისხლი, არამედ - ,,ძმა-მტერისა.“15
ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი შედეგია ქრისტიანული იდეოლოგიისა და არა ცოცხალი რწმენისა ,,ცოცხალი (პიროვნული) ღმერთის“ მიმართ (შდრ. მთ. 16-16). იგი არის ქმნილება ადამიანისა, რომელმაც დაკარგა პიროვნული ღმერთის ჭეშმარიტება, ღმერთისა, რომელსაც უყვარს ადამიანი და მოუწოდებს, რათა ემსგავსოს მას, როგორც თავისუფალი პიროვნება.
მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ბუნებით არის აბსოლუტური. მართლმადიდებელი ეკლესია საფუძვლად არ ღებულობს ქმნილებებს, რაც ხდება ფუნდამენტალიზმში. იმ წუთიდან, როდესაც ეს ხდება, წყდება მართლმადიდებლობა და, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მართლმადიდებლური თეოლოგიის საფუძვლებიდან გამომდინარე, წყდება ქრისტიანობის არსებობა, რადგან ხდება ქმნილების მიმრთ კერპთმსახურება. ასეთი გამრუდების საფრთხე მარად არსებობს - როგორც მუქარა მართლმადიდებლობისათის. რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესია დაინტერესებულია დოგმატების დეტალური დაცვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც წინ მიიწევს ყოველგვარი ქმნილი ელემენტების უარყოფისაკენ, რადგან ისინი თავისი ბუნებით უძლურნი არიან, დაიტიონ უქმნელი (დოგმატის სიტყვიერი ფორმა ვერ დაიტევს გამოუთქმელ ღმერთს). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა მიზანი ეკლესიის აპოფატიკური და მისტიური ღვთისმეტყველებისა. და ბოლოს, ეს არის იკონომიის, როგორც განსაზღვრების აზრი, რათა დაიცვას ეკლესიური ცხოვრების სიზუსტე.
მართლმადიდებლური თეოლოგიის კრიტერიუმებით და განსაკუთრებით ქრისტიანული ეთიკის საზომით, რომლის გვირგვინს ,,ახალი ქმნილების“ ონტოლოგია წარმოადეგნს, ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი მიეკუთვნება ქრისტიანული ჭეშმარიტების შეტრიალებას და ქრისტიანობის გაწარმართებას, პიროვნებისა და მისი თავისუფლების უცოდინრობასა და უარყოფას.
***
ყველგან შეიძლება შეგვხვდეს ადამიანის ტიპი, რომელსაც აქვთ პრეტენზია, იყოს ჭეშმარიტების კრიტერიუმი. მენტალურობისა და სულიერების ამ ტიპისათვის უცხოა თავმდაბლობა, რადგან ამ ტიპის ადამიანებს არასოდეს ეპარებათ ეჭვი, რომ სწორად ესმით ეკლესიური სწავლება. სწორედ ასეთ ტიპს წარმოადგენს ფუნდამენტალისტი. იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ნებისმიერი არაფუნდამენტალისტური პოზიცია ართმევს ადამიანს იმედს, გახდეს და იყოს ნამდვილი ქრისტიანი. მაგრამ მისი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა მისი მისწრაფება - მოიძიოს და განაიარაღოს მტერი.
ფუნდამენტალისტს არ შეუძლია არსებობა მტყრის ხატის გარეშე, და რადგან მან თავის არსში უარყო პიროვნება, იგი ყოველთვის ქმნის ,,მტერს“. მისთვის არსებობს მხოლოდ იდეა ან იდეები.
,,მე მქამს მართლმადიდებლობისა.“
- ამბობს ფუნდამენტალისტი და რადგან არ იცნობს პიროვნულ ღმერთს. იგი მზადაა თავის, ,,მართლმადიდებლობას, ანუ თავის უპიროვნო ღმერთს შესწიროს ესა თუ ის პიროვნება, რათა უზრუნველყოს თავისი ინდივიდუალური ,,ცხონება“.
,,მოდის ჟამი, როცა ყოველ თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება... ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს მამა, არც მე (იოან. 16, 2-3).
მე მწამს ადამიანი“,
იტყოდა მიტროპოლიტი ანტონ სუროჯელი, რადგან იგი ადამიანში ხედავდა ღმერთის პიროვნების ხატებასა და პოტენციურ ღმერთს.
,,ეჭვი შეიტანე და თვალი გეჭიროს ყველა ადამიანზე, მას შეიძლება მწვალებლური აზრი ჰჰონდეს.“
- იტყვის ,,მართლმადიდებლობით“ შეპყრობილი ფუნდამენტალისტი, რომელიც
,,დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრ. 5, 8).
გაჯიუტებული ფუნდამენტალისტი საშინელი გააფთრებითა და დაუნდობლობით თავს ესხმის ,,საეჭვო“ პიროვნებას.
,,მართლმადიდებლობის“ საგუსაგოზე მარად მდგომნი არაფერზე დაიხევენ უკან, არც წინსვლას შეაჩერებენ და არც ,,მიღწეულით“ დაკმაყოფილდებიან ოდესმე. საბრძოლოსა და საომარს კი რა გამოლევს.
საქართველოს ეკლესიაში ასეთი ,,პრობლემები“ მრავლად გამიჩნდა. ჯერ იყო ,,ეკუმენიზმი“, შემდეგ მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა ცხონების საკითხი; მერე ,,აღმოაჩინეს“, რომ ქართული სამხმიანი გალობა ,,არაკანონიკურია“ და მისი აკრძალვა მოითხოვეს. შეიძლება სხვა რამეც გამოძებნონ: მაგალითად, რუსეთის პატრიარქის კურთხევით გამოსულ წიგნებში ხშირედ გვხვდება აზრის სხვა სარწმუნოების ადამიანიების შესაძლო ცხონების შესახებ, და ახლა ამ საკითხზე მოთხოვენ ჩვენს ეკლესიას მკაცრ რეაგირებას...
ასეთი და მსგავსი ,,პრობლემები“ ყოველთვის მოიძებნება.
ფუნდამენტალისტები ვერ შეჩერდებიან, სანამ არ გაბატონდებიან და თავისი აზრებით არ წარმართავენ ეკლესიის ცხოვრებას. მაგრამ არც ამაზე გაჩერდება ფუნდამენტალისტი, მისთვის დამახასითებელი ექსტრემისზმი ამის მერეც გაგრძელდება. მმართველობაში მოსული ექსტრემიზმი ყოველთვის ექსტრემიზმად რჩება. თავისი არსებობის გამართლებისათვის იგი ეძებს და წარმატებით პოულობს ,,მტრებს“, საბოლოოდ კი ,,მტრად“ აქცევს მთელ მსოფლიოს. რამდენადაც გაბატონებულ ექსტრემიზმთან შეგუება შეუძლებელია, აუცილებლად იწყება მის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოსდევს დესტაბილიზაცია, ნგრევა და საფრთხე საბოლოო განადგურებისა. მით უმეტეს, რომ მართლმადიდებლურ ფუნდამენტალიზმს ყოველთვის აქვთ სურვილი (ცხადი თუ დაფარული), დაიკავოს სახელმწიფო ეკლესიის პოზიცია ბიზანტიის თეოკრატიული პროტოტიპის მსგავსად და იგი აუცილებლად წაუყენებს სახელმწიფოს თავის უკიდურეს მოთხოვნებს.
მართლმადიდებელი ეკლესიის მისია ამა სოფელში ისაა, რომ გააცნოს ადამიანს პიროვნების ჭეშმარიტება.
,,ამ მისიის წარმატება, - წერს პროტოპრესვიტერი ვლადიმის ფედოროვი, - მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ გადაილახება ფუნდამენტალიზმი... იგი წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას მართლმადიდებლობის შემოქმედებითი ქადაგებისათვის. ერთი შეხედვით, სწორედ ფუნდამენტალისტები ქადაგებენ აქტიურად, ინარჩუნებენ ტრადიციულ კეთილმსახურებას, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ცხადი გახდება, რომ შემოქმედებისა და პიროვნული არჩევანის გარეშე კეთილმსახურება არის ზედაპირული და იგი არ ეხება პიროვნებას. როგორც წესი, სწორედ ფუნდამენტალიზმი აბრკოლებს იმ ხალხს, რომლებიც იმყოფებიან ეკლესიის გარეთ, რათა მათ ინტერესითა და ნდობით შეხედონ ეკლესიურ ქადაგებას, მოუსმონონ პრინციპულად ახალ იდეებს, გამოიმუშაონ ტოლერანტული დამოკიდებულება ამ უჩვეულო ფასეულობების მიმართ. თავად ქრისტიანობას კი ღია და გახსნილი ხასიათი აქვს.იგი თავს არავის მოახვევს თავის მრწამს და აზრებს, არამედ მოუწოდებს ,,ვისაც აქვს თვალი - დაინახოს.“16
ფუნდამენტალიზმი უნდა გადაილახოს. მისადმი დათმობას სასურველი შედეგი არ მოაქვს, პირიქით, ყოველი მისი წარმატება ამძაფრებს სიტუაციას და აძლიერებს მას. ,,სუპერმართლმადიდებლობის“ მიშვებულობა დიდ ზიანს აყენებს ეკლესიას. ნებისმიერი პიროვნება, ვინც მათ ,,საეჭვოდ“ ეჩვენებათ, იძულებულია გაჩუმდეს ან საერთოდ წავიდეს ეკლესიიდან და სხვა სფეროში იმოღვაწეოს. მრავალი ნიჭიერი პიროვნება რჩება ეკლესიის გარეთ (მათ არ სურთ რაიმე კავშირი ჰქონდეთ ფუნდამენტალისტებთან, რომლებიც ეჭვით უყურებენ ყოველგვარ შემოქმედებასა და კულტურას, მათ შორის ქართულსაც) და მათი უნარი არ ხმარდება ეკლესიას, ხოლო ეკლესიაში დარჩენილი შემოქმედებითი პიროვნებები იძულებულნი არიან, იმოქმედომ ძალიან ფრთხილად და ძირითადად განყენებული და უმტკივნეულო, ,,გაწონასწორებული“ თმებით არიან დაკავებულნი. შედეგად წარმოიქმნება ჩაკეტილი წრე: სწორედ ფუნდამენტალისტები წარმოადგენენ ეკლესიის აქტიურ ,,შემოქმედებით“ პოტენციალს, რაც კიდევ უფრო ალიერებს მათ თავდაჯერებულობასა და თვითტკბობას და კიდევ უფრო აძნელებს ნამდვილ პიროვნულ შემოქმედებას.
,,ფუნდამენტალიზმის დაძლევა მთელი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს მისი ერთიანობის განმტკიცებას და უნდობლობის, მტრობის, ფსევდოპატრიოტიზმის, ნაციონალიზმის უარყოფას. ესაა შემოქმედების ამოცანა, ამოცანა ღმერთთან თანამოღვაწეობისა.“17
მაგრამ ჩვენში, სამწუხაროდ სწორედ საზოგადოება არის ინერტული, არადა საჭიროა, რომ საქართველოს საზოგადოებამ ხშირად და თამამად გამოთქვას თავისი, თუნდაც მკაცრი ან ფუნდამენტალისტებისათვის საეჭვო, თუნდაც მიუიღებელი ეკლესიური სწავლებისა და პოზიციისათვის.
განსხვავებული აზრის არსებობა კი არ არის საგანგაშო, არამედ ის, რომ ასეთი აზრი არსებობს დაფარულად და არ არის მასთან დიალოგის საშუალება. ამგვარი დიალოგის დაწყება უბიძგებს ეკლესიის წევრებს, აქტიურად ჩაერთონ დიალოგში და ხელს შეუწყობს, გამოვლინდეს ეკლესიის სწავლების პოტენცია და საჩინო გახდეს დიალოგის ორივე მხარისათვის. თუკი დღეს ეკლესია იძულებულია, წავიდეს რიგ დათმობებზე ფუნდამენტალისტებთან, ეს ქართული საზოგადოების ინერტულობის ნაყოფია.
,,პიროვნული ბრძოლა დღევანდელ სამყაროში დიდ ბრძოლასთან იგივდება, - ამბობს დიდი ბერძენი მწერალი ნიკოს კაზანძაკისი, - ყოველი პიროვნება უნდა ეცადოს, არ გაიმეოროს მღვდელთმთავარ კაიაფას სიტყვები:
,,გვიჯობს ერთი ადამიანი (პიროვნება) მოკვდეს ხალხისათვის (,,ქვეყნის მშვიდობისათვის“),18 ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“ (იოან. 11.50)
და ხელახლა ჯვარს არ აცვეს ქრისტე, რადგან ყოველი ადამიანი ქრისტეს ხატებაა, პიროვნებაა და პოტენციური ღმერთია. და ბოლოს, თუკი ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტეინებმა, უხმოდ გადავეცით თუნდაც ერთი პიროვნება გასანადგურებლად, როგორთა დავამოწმოთ ,,ცოცხალი ღმერთი“, პიროვნების ჭეშმარიტება მსოფლიოს წინაშე, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი?
,,თქვენ ხართ მარილი მოწისა. თუ მარილს ძალა გამოეცალა, რითიღა დამარილდეს?“ (მთ. 5. 13)
______________________________
1. ,,რწმენას, როგორც ნდობას და თვითმიტოვებას ღმერთში, ბევრი აქვს საერთო სიყვარულთან, რომელიც თავად ღმერთია. ამრიგად, როცა გვიყვარს და წინადაეგები (თავს მიუძღვნი), რამდენადაც მეტად შეგიძლია, სხვას (მეორეს), შენს ძმას - ქრისტეს - და წარმოცლი წინადაგებაში (მსხვერპლად) თავად თქვენს თავს ღმერთში, მაშინ იცნობ მას (ღმერთს): გწამს და იზრდება შენი რწმენა“. (Archimandritu Basilliu. Eisodikon. Agio Oros. 1993).
2. დოსტოევსკი ნათლად გვიჩვენებს, რომ ადამიანების სიყვარული გადაჯაჭვულია რწმენასთან და რომ ისინი სინამდვილეში ერთი და იგივენა. რომანში ,,ძმები კარამაზოვები“ ბერი ზოსიმე ეუბნება ქალბატონ ხოხლაკოვს (,,ქალბატონი მცირე რწმენით“): ,,შეეცადეთ, რომ შეიყვაროთ თქვენი ახლობელი (მოყვასი) ქმედითად და დაუღლელად. რაც მეტად წარმატებით სიყვარულში, მით მეტად დარწმუნებით ღმერთის არსებობასა და სული უკვდავებაში“.
3. გრიგოლ ჰალამა. Siggramata. T.1. Thessaloniki 1996. გვ. 93.
4. შდრ. ინ. 16, 14-16: ,,თქვენ ჩემი მტრაბი ხართ... მეგობრები გიწოდეთ“.
5. შდრ. Ziziulas I.,D The Contribution of Christian thought from Sinasos in Cappadocia. Athen 1985. გვ. 36-37
6. მკაფიოდ და ,,გაუწონასწორებლად“ ნიშნავს არა შეუმცდარობას, არამედ საკუთარი შეხედულებების გაბედულად გამოთქმას იმ იმედით, რომ თუკი გაიპარა შეცდომა ან უზუსტობა. ამას მოჰყვება არა რისხვა და ვარამი, არამედ შესწორდება დიალოგის მეშვეობით.
7. Matsuka Niko. O satanas. Thessaloniki 1999. გვ. 170: ,,რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მათ სრულ უარყოფას, ოღონდ ისინი არ უნდა გადაიქცნენ პიროვნების მარწუხებად, არამედ უნდა ემსახურონ პიროვნების სრულ რეალიზაციას: ,,მას, ვისაც არ აქვს ფეხქვეშ [მშობლიური] მიწა, მას არ ჰყავს არც ერთი ღმერთი: და რომელიც უარყოფს თავის სამშობლოს - უარყოფს ღმერთსაც - ამბობს თავადი მიშკინი [დოსტოევსკის ,,იდიოტი“]“. ამრიგად, თუკი ვინმეს არ უყვარს თავისი სამშობლო, თავისი მიწა და ქვეყანა, თვალთმაქცობს, როდესაც ამბობს, რომ უყვარს მთელი კაცობრიობა ან რომ არის იკუმენური (მსოფლიური); ...თუ ვინმეს სურს იყოს ჭეშმარიტი და თანმიმდევრული მებრძოლი იმისათის, რომ შეცვალოს ქვეყნიერება და დაამყაროს ჰუმანურობა, მშვიდობა და სიყვარული, აუცილებლად უნდა გამოავლინოს კონკრეტული ზრუნვა ახლობელზე (მოყვასზე), როდესაც მას უჭირს; სხვა მხრივ, იგი არის ცრუ და თვალთმაქცი, ჩაძირული განყენებულ იდეოლოგიაში“.
8. Ziziulas I.,DThe Contribution გვ. 34.
9. Archim. Sofronios. Opsometha tu Theou kathos esti. გვ. 334.
10. ასკეტიკის მიზანი და დანიშნულება - განხორციელდეს ადამიანი, როგორც საყოველთაო პიროვნება, მთელი ადამი, - ბრწყინვალედ ჩნდება ათონელი ბერის პაისიოსისა და ერთ-ერთი ახალგაზრდა მოღვაწის კითხვა-პასუხში: ,,ერთ-ერთმა ახალგაზრდა მოღვაწემ, რომელიც ფრიად წარმატებული იყო, ჰკითხა ბერ პაისიოსს:
- მოძღვარო ლოცვისას ჩემი გონება მოქმედებს თავსითავად არა მხოლოდ დღისით, არამედ როცა მძინავს [კიდეც]. ხშირად, როცა ვიღვიძებ ხოლმე, წვეტის გარეშე გრძელდება დანარჩენი ლოცვა. იქნებ ეს ცდომილებაა?
პასუხი:
- ცდომილება არ არის, ძმაო, მაგრამ არც შენი საკუთარია. არის ღმერთის საჩუქარი და საჭიროა მას მადლობდე და აგრეთვე ითხოვდე, რათა მიანიჭოს იგი სხვებსაც, რომლებიც შენზე უკეთესები არიან. ასე უნდა ეუბნებოდე ღმერთს: ღმერთო ჩემო, თუკი მე არ მომიძაგე, არამედ არამედ მომანიჭე ღვთაებრივი საჩუქარი, მაშინ იგი უნდა მისცე ყოველ შენს ქმნილებასაც, რომლებიც ჩემზე ბევრად უკეთესები არიან“ (Epistoles Gerondos Paisiou agioritou. Ekdosy isihastiriou “Evaggelistis Ioannis o Theologos“, Tessalonikis. 1999, გვ. 170).
ამ პასუხში თავმოყრილია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი კეთილგონიერებისა და მოღვაწეობის მიზნისა: 1. ,,უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ“ (ი. 15-5) - ამბობს უფალი. ასკეზა მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, მაგრამ მის სფეროშიც კი ყოველგვარი წარმატება შეიმჩნევა, ე. ი. ღვთის საჩუქარი გაცნობიერდება, საჭიროა ღვთისადმი მადლობა და არა თვითტკბობისადმი მიცემა: 3. გვმართებს არ დავიწყება, რომ ადამიანი არ არის მარტო, არამედ არიან სხვა ძმა-ადამიანები, არსებობს არა ,,მამაო ჩემო“, არამედ ,,მამაო ჩვენო“; 4. თავმდაბლობა - რაც აუცილებელია ადამიანისათვის, ე. ი. თვითკმარობის უკუგდება, რადგან მიზანი განღმრთეება, ხოლო ღმერთის სისრულე მარად მიუწვდომელია; 5. თავმდაბლობა არა მხოლოდ ღმერთის მიმართ, არამედ ადამიანების მიმართაც, როგორც ღმერთის ხატებისა, რომელთა მიმართაც მუდამ გვმართებს, შორს ვიყოთ ეგოიზმისაგან; 6. ლოცვა ყველასათვის. ადამიანის პიროვნება უნდა მოიცავდეს მთელ ხილულსა და უხილავ ქმნილებას. ამრიგად, ადამიანი გამოდის ინდივიდუალუალური კარჩაკეტილობიდან და თავმდაბლობისა და ღმერთისა თუ მოყვასის სიყვარულის გზით მიემართება საყოველთაო პიროვნებამდე.
11. Ziziulas I.,D The Contribution გვ. 34.
12. . Ziziulas I., The Contribution გვ. 34.
13. ნიკოს კაზანძაკისი. აღიარება გრეკოსთან. თბილისი 1999. გვ. 364.
14. ე. ი. ყველა მართლმადიდებლურ დოგმატურ ძეგლს, რომელიც გამოხატავს ეკლესიის სახელით მის რწმენასა და საღვთისმეტყველო სწავლებას.
15. არქ. სოფრონი (სახაროვი), ბერი სილუანი გვ. 128.
16. прот. Владимир Федоров ,,Христианское Чтение“, №18, 1999, გვ. 214
17. рот. Владимир Федоров, ibid… გვ. 214.
18. შდრ. ძამაშვილი ა., გვასალია ლ., ჭიაურელი ვ., კულტუროლოგია. ,,ტექნიკური უნივერსიტეტი,“ 1000 გვ. 37-38: ,,მშვიდობა არ უდრის მხოლოდ ომის არარსებობას. თუ მომხდურ მოძალადეს ნებით ჩააბარებ ყველა იმ ღირებულებას, რის წართმევას იგი ომით ცდილობს, ამით შენ თავიდან აიცილებ ომს, მაგრამ ეს შენთვის მშვიდობა აღარ იქნება. ვინაიდან შენ დაკარგული გექნება შენი ცხოვრების საზრისის მიმცემი ღირებულებები. ასეთ დროს მშვიდობა, როგორც ომის გამორიცხვა, იმის სასარგებლოდ მუშაობს, ვინც წაგართვა ღირებულებები. ...მშვიდობა უდიდესი ღირებულებაა მხოლოდ მაშინ, როცა ფლობ შენს ღირებულებებს... მშვიდობა პრობლემების გარეშე, ილიას აზრით (ლელთ ღუნიას სიტყვებით), მიცვალებულის მშვიდობაა: ,,ცარიელი მშვიდობა მიწაჩიც მეყოფის“-ო.“
![]() |
5 როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია საქართველოს სკოლებში |
▲ზევით დაბრუნება |
აკაკი ბაქრაძე
დღეს ბევრი საუბრობს სკოლაში რელიგიის ისტორიის სწავლების შესახებ აკაკი ბაქრაძის არქივში არის პატარა, ორგვერდიანი წერილი სათაურით - ,,ცნობისათის“, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ საინტერესო არის ამ თემის აქტუალურობის გამო, გავეცნოთ აკაკი ბაქრაძის მოსაზრებას და იმედი გვაქვს, რომ ის გახდება ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. სკოლაში რელიგიის სწავლების საკითხი ეხება, საერთოდ, სკოლისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც და ეკლესიის როლსაც სახელმწიფოში.
როგორც სკოლა გვინდა: სეკულარული - საერო, თუ? როგორი გვინდა რომ იყოს ახალი ქართული სახელმწიფო ახალ საუკუნეში?
მე მომხრე ვარ, რომ სკოლაში რელლიგია საერთოდ, მაგრამ - არა ქრისტიანობის ისტორია გამოყოფით. რელიგიის ისტორიის სწავლება ჩემთვის ნიშნავს ყველა დიდი რელიგიის - ქრისტიანობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის - ძირეულ დებულებათა შედარებით შესწავლას. ამისათვის ცალკე სახელმძღვანელო უნდა არსებობდეს. მართალია, კაცობრიობა დაყოფილია რასებად, ერებად, ენებად, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით, მაგრამ იგი მაინც ერთიანი და მთლიანია. ერთიანი და მთლლიანი მისი ადამიანური არსია. თუ იგი დაყოფილია რასებად, ერებად, ენებად, რელიგიებად, ეს კაცობრიობის მრავალფეროვნებაა - ანუ მშვენიერება ,,ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გავქვს უთვალავი ფერითა“. ქართველობა ამ უთვალავი ფერის ნაწილია. ქართველ ბავშვს უნდა ჰქონდეს ღრმა შეგნება იმისა, რომ იგი ქართველია, მაგრამ ამასთანავე ისიც მტკიცედ უნდა იცოდეს, რომ კაცობრიობის ნაწილია. ქართველი ბავშვი უნდა გაიზარდოს სკოლაში სიამაყის გრძნობით თავისი ეროვნების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მასში ნამცეციც არ უნდა ერიოს რასობრივი, ეროვნული, ენობრივი და რელიგიური საფუძვლისა. ეს ერთი მხარეა საკითხისა. მეორე გახლავთ ის, და ეს არსებითია, რომ ქართული სკოლის სახელმძღვანელო ქართველმა მუსლიმმა ბავშვმა ხელში ისე უნდა აიღოს, რომ რელიგიური დისკრიმინაციის რაიმე განცდა არუ უნდა გაუჩნდეს. თუ სახელმძღვანელო სავსე იქნება ქრისტიანული ლოცვებით, მაშინ იგი ამ სახელმძღვანელოს უნდობლად მოეკიდება. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ჩვენ სახელმძღვანელოების გაგზავნა უნდა შეგვეძლოს თურქეთშიაც იქაურ ქართველებისათვის. ირანში ფერეიდნელებისათვის და აზერბაიჯანშიც ინგილოებისათვის. მესამე - ზოგადსაგანმანათლებლო ქართული სკოლა არის საერო სკოლა. თუ მასში დიდ ოდენობით შევიტანთ ტექსტებს, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანულ მოძღვრებასთან, მაშინ მას იდეოლოგიურ ხასიათს მივცემთ: გვინდა თუ არ გვინდა, დავემსგავსებით კომუნისტური რეჟიმის დროინდელ იდეოლოგიურ სკოლას. სკოლა რუსეთში ყოველთვის იდეოლოგიური იყო (ბუნებრივია, საქართველოშიც ასეთი სკოლა ინერგებოდა). ცარისტულ რუსეთში სკოლა ეყრდნობოსა სამ პრინციპს - თვითმპყრობელობა, მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხალხურობა. კომუნისტებმა ეს პრინციპი დატოვეს სკოლისათვის, ოღონდ თვითმპყრობელობა შეცვალეს პროლეტარიატის დიქტატურით, მართლმადიდებლური ქრისტიანობა - მარქსიზმ-ლენინისმით, ხალხურობა კი უცვლელი დარჩა. დღევანდელი რუსული სკოლაც სამ პრინციპს ეყრდნობა - მართლმადიდებლობა (ძველი აღადგინეს), დემოკრატია (რუსულად გაგებული) და ხალხურობა.
ამდენად, ცარისტული სკოლაც იდეოლოგიური იყო. კომუნისტური სკოლაც და დღევანდელიც. საქართველოში კი უნდა შეიქმნას სკოლა. რომელიც ყმაწვილს მყარი ცოდნის საფუძველს მისცემს. გაზრდის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს და არა ამა თუ იმ იდეოლოგიის მონას. ჩვენ არ შეიძლება იდეოლოგიური სკოლა გვქონდეს 21-ე საუკუნეში. ეს იქნებოდა ყმაწვილის გონების დაჩლუნგება.
ვიმეორებ რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მაგრამ - ყველა დიდი რელიგიის, როგორც საკაცობრიო კულტურის ნაწილს. ჩვენ ისედაც ბევრი ლაპარაკი მოგვიწევს ქრისტიანობაზე სახელმძღვანელოებში, რაკი დღემდე მოღწეული ქართული მწერლობის ნიმუშები თავისი არსით ქრისტიანულია. სულ ერთია, ეს ძველი ქართული მწერლობა იქნება თუ ახალი. ამ ნიმუშების განმარტების დროს, ცხადია, ვერ ავუვლით გვერდს ქრისტიანულ მოძღვრებას და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ქართველ ბავშვს საკმარისი ცოდნა ჰქონდეს ქრისტიანობამდე, როგორც რელიგიაზე.
![]() |
6 ფული მიჰყვება კორუფცია - სტუდენტს“, უცოდინარობას |
▲ზევით დაბრუნება |
გიგი თევზაძე
იმ კორუფციულ ქმედებათა შორის, რომელზეც ჟურნალ ,,თავისუფლების“ მკითხველები თავიანთ ანკეტებში მიუთითებენ, ყველაზე ხშირი უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ თუ სემესტრულ გამოცდებზე ქრთამის აღება, ჩათვლებში სტუდენტებისგან ფულის გამოძალვაა. ნებისმიერ სისტემაში, მათ შორის განათლების სისტემაშიც კორუფციის დაძლევა მისი რეფორმირების გარეშე წარმოუდგენელია.
როგორ აპირებს სახელმწიფო დაუპირისპირდეს ე.წ. რეპეტიტორების ინსტიტუტს? მექრთამეობას არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ სკოლებშიც და საერთოდ, როგორ არ გადავიხადოთ ფული იმაში, რასაც უცოდინარობა ჰქვია? - მკითხველთა შეკითხვებზე პასუხს სცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი გიგი თევზაძე:
კორუფცია არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც აღნიშნული რეფორმები ხორციელდება, მაგრამ არა ერთადერთი. კორუფციის რეგულირება შესაძლოა, ჯარების შეყვანითაც, მაგალითად, გაიგებ, რომ სადღაც კორუფციულ ქმედებებს აქვს ადგილი და სროლის ბრძანებასაც გასცემ. მაგრამ ეს რეფორმები ძირითადად მიმართულია სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და ხარისხის ამაღლებისკენ, რისი დეფიციტიც დღეს აშკარაა. კორუფცია სწორედ იმიტომ არსებობს, რომ სწავლების დაბალი ხარისხია და არა პირიქით. მიზანი, ვიმეორებ, არის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, რადგან სწავლების გაუმჯობესებას ავტომატურად მოჰყვება კორუფციის აღმოფხვრაც.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება მისაღები გამოცდების სახელმწიფოს მიერ ჩატარება ოთხ საგანში. ესენია: ქართული, მათემატიკა, უცხო ენა და უნარების ტესტი. უნარების ტესტი გულისხმობს იმის გარკვევას, თუ კითხვის, ახსნის, კვლევის, მათემატიკური აზროვნების და ა.შ. როგორი უნარი გააჩნია აბიტურიენტს. ასეთი სახის ტესტები საქართველოსთვის ახალი მოვლენაა, თუმცა იგი ბევრ სახელმწიფოშია აპრობირებული, მაგალითად: ამერიკაში, ისრაელში და არაერთ ევროპულ ქვეყანაში. თავისთავად უნარების ტესტი არ მოითხოვს, მაგალითად, მათემატიკის მნიშვნელოვან ცოდნას, რაც მათემატიკის გამოცდისას აუცილებელია მათთვის, ვინც აბარებს ტექნიკურ ან საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე; დანარჩენები (ჰუმანიტარები) ჩააბარებენ მხოლოდ ქართულის, უცხო ენებისა და უნარ-ჩვევების ტესტს. აღნიშნული უნარ-ჩვევების ტესტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის მოითხოვს საგნების ბაზისურ ცოდნას, ანუ აბიტურიენტს უნდა შეეძლოს ტექსტის წაკითხვის შედეგად მისი შინაარსის სწორად გაგება, მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, რომელიც ელემენტარულ ცოდნას ეფუძნება. ამ და სხვა სახის ტესტებით ადვილად გაირკვევა, თუ რისი უნარი უფრო აქვს განვითარებული აბიტურიენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ფაქტიურად უმაღლეს სასწავლებელში საჭიროა არა იმდენად ცოდნა (რა თქმა უნდა, ცოდნას აქვს ბაზისური მნიშვნელობა), არამედ ის, რომ სტუდენტების განაწილება ფაკულტეტებზე უნარ-ჩვევების მიხედვით მოხდეს. მაგალითად, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს სჭირდება უფრო ისეთი სტუდენტები, რომელთაც კარგად აქვთ განვითარებული კვლევის უნარი და შესაძლოა, ნაკლებად სჭირდებოდეთ ისეთები, ვინც კარგად იცის ქართული ენა; ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე კი - პირიქით; რომელიმე ფაკულტეტი ალბათ საკუთარ პრიორიტეტად უცხო ენის ცოდნას გამოაცხადებს და ა.შ.
გადარჩევა მოხდება შემდეგნაირად: სასწავლო წლის დასაწყისში ფაკულტეტები გამოაცხადებენ, თუ რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას, მაგალითად, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, პირველ რიგში, შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს კვლევის უნარს, მეორე ადგილზე იქნება უცხო ენა, შემდეგ ქართული და ა.შ. ამის შემდეგ მოხდება რანჟირება და იმ სტუდენტების ტესტირების შედეგები, ვინც გაივლიან ამ გამოცდებს და აირჩევენ ფაკულტეტებს, სადაც მათ სურთ ჩაბარება, გაიგზავნება მათ მიერვე არჩეულ ფაკულტეტებზე. ფაკულტეტები გააკეთებენ რანჟირებას, შეფასებების ცენტრიც გააკეთებს რანჟირებას, რის შედეგადაც ეს სტუდენტები მოხვდებიან ამ ფაკულტეტებზე.
თავისთავად ეს სიახლე არაფერს შეცვლის, თუ უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების სისტემა არ შეიცვალა და არ დაინერგა ე.წ. ,,ფული მიყვება სტუდენტს“ სისტემა: სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს გამოცდას და მაღალ ქულას აიღებს, ექნება საშუალება, რომ სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს უმაღლესი განათლება. ამ ტესტების მოხერხებულობა კიდევ ის არის, რომ ფაქტიურად ამ სისტემაში ჩაჭრილი არ არსებობს; ანუ, ყველა უნივერსიტეტს, რომელიც გაივლის ინსტიტუციურ აკრედიტაციას, მიეცემა საშუალება, მიიღოს სტუდენტები; უბრალოდ, ძალიან კარგი უნივერსიტეტები მიიღებენ მაღალქულიან სტუდენტებს, რომელთაც მიეცემათ საშუალება, ისწავლონ სახელმწიფოს ხარჯზე. შედარებით დაბალქულიანები კი წავლენ ასევე კარგ უნივერსიტეტებში, სადაც სწავლის საფასურის ნაწილს ან თვითონ დაფარავენ, ან კრედიტს აიღებენ. ასევე შესაძლებელია, რომ თუ უმაღლეს სასწავლებელს აქვს საშუალება, მიიღოს დაბალქულიანი სტუდენტებიც, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს არ მოხდება სახელმწიფოს ხარჯზე - სტუდენტი თვითონ მოძებნის ან კერძო დამფინანსებელს, ან სურვილის შემთხვევაში, თავადვე გადაიხდის სწავლის თანხას.
ტესტირებას მთელ საქართველოში ჩაატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც 4 წელია, რაც არსებობს. აღნიშნული ცენტრი ფინანსდება განათლების რეფორმის ჩატარებისათვის მსოფლიო ბანკისგან აღებული კრედიტით.
ტესტირებით გამოცდების ჩატარება პირველად საქართველოში მომავალ 2005 წელს იგეგმება, მანამდე კი ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, საჭიროა უნივერსიტეტების ინსტიტუციონალური აკრედიტაციის ჩატარება, რაც წელს უნდა განხორციელდეს და რის შედეგადაც, პირველ რიგში, გაირკვევა, რამდენად არის ამა თუ იმ უნივერსიტეტში სწავლის პირობები (ბევრგან საერთოდ გაურკვეველი და სწავლისთვის შეუფერებელი გარემოა) და დადგინდება, თუ რამდენი სტუდენტის მიღების საშუალება გააჩნია თითოეულ მათგანს. დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე 15 წლის წინ, ანუ გარკვეული ფაკულტეტები აშკარად გაზრდილია. უნივერსიტეტების ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად ისიც გაირკვევა, რეალურად თუ რა ბაზა გააჩნია ამა თუ იმ უმაღლესს სასწავლებელს და რამდენი სტუდენტის მომზადება შეუძლია მას. ინსტიტუციურ აკრედიტაციას პროგრამული აკრედიტაციაც მოჰყვება, რის შედეგადაც დადგინდება, რამდენად შეესაბამება საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს ესა თუ ის უნივერსიტეტი. საუბარია იმაზე, რომ ის პროგრამა, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, იყოს ადეკვატური.
,,ფული მიყვება სტუდენტს“ დაფინანსების სისტემა, ცხადია, შემდგომში გამოიწვევს ფაკულტეტების გამსხვილებას, რადგან რაც უფრო მსხვილია ფაკულტეტი, მით უფრო გადარჩება და გაუძლებს ის კონკურენციას. დღეს ჩვენ გვაქვს საბჭოთა კავშირის დროინდელი ძალიან ვიწრო პროფილის ფაკულტეტები, (კლასიკური ფილოლოგიის, რუსული ფილოლოგიის და ა.შ.), რაც არ არის ნორმალური.
ამ დროს, როგორც წესი, ერთი კითხვა ჩნდება, - ვთქვათ, აძლევ ამ ფულს სტუდენტს სასწავლებლად და ამით ცდილობ მისაღები გამოცდების დროს კორუფციის აღმოფხრას. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ სემესტრული ჩათვლებისა და გამოცდების დროს ხდება საგნების ,,ჩაწყობა“?
ეს ასე არ იქნება, რადგან ის ფული, რომელსაც სტუდენტი მოიპოვებს სახელმწიფოსგან უკვე ამ სტუდენტის საკუთრება იქნება და თუ კორუფცია თავს იჩენს სწავლების პროცესშიც, სტუდენტი უბრალოდ მოკიდებს თავის ფულს ხელს და წავა სხვაგან, სადაც ის ცოდნას მიიღებს და არა ფულის, ან ნაცნობობის სანაცვლოდ - ჩათვლასა თუ ნიშანს. ანუ, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი იქნება მოწოდებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები გამოცდა ჩაატაროს. დღეს, ტარდება ძალიან ბევრი სემესტრული გამოცდა, ხოლო მიმდინარე გამოცდები (მაგალითად, ყოველი კვირის ბოლოს) საერთოდ არ არსებობს. ამიტომ უნივერსიტეტები მოწოდებულნი იქნებიან დააწესონ ნაკლები საბოლოო და მეტი მიმდინარე გამოცდები.
ამჟამინდელი მდგომარეობით უნივერსიტეტები ძალიან ჰგვანან დიდ ფაკულტეტებს, ხოლო ფაკულტეტებს, თავის მხრივ, არავითარი ავტონომია და გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნიათ. ეს ასე აღარ იქნება, კანონი ყველაფერს დაარეგულირებს.
რაც შეეხება სასკოლო რეფორმას, მაისის თვიდან შეიცვლება ძალიან ბევრი ასპექტი თვითონ რეფორმაში; დაჩქარდება სკოლების დეცენტრალიზაციისკენ მიმართული პროცესები, ასევე შევეცდებით, რომ განათლების სამინისტროს ჩარევა სკოლებში ძირითადად გამოიხატოს აკადემიური ვითარებისა და სასწავლო სისტემის რეალური შეფასებით, ხოლო სხვა სახის ჩარევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ამ მოდელის მიხედვით, სკოლა ჩვეულებრივ ჩაატარებს გამოსაშვებ გამოცდებს და გასცემს ატესტატებს. თვითონ სკოლა საკუთარი პასუხისმგებლობით განსაზღვრავს, თუ რა გამოცდებს დააწესებს ის აღნიშნული ატესტატების გასაცემად და ა.შ. ამ პროცესს ფართო უფლებებით აღჭურვილი სამეურვეო საბჭო და სკოლის დირექტორი ერთობლივად დაარეგულირებს, რაც მაქსიმალური გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის გარანტიებს იძლევა. სკოლის ძირითადი ამოცანა და მიზანი იქნება მოსწავლის ცხოვრებისთვის მომზადება და არა მაინცა და მაინც უმაღლესში ჩაბარება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლები 2005 წლიდან გადავლენ დაფინანსების სხვა ფორმაზე, ანუ ისინი პირდაპირ მიიღებენ თანხას მოსწავლეების მიხედვით - კონკურენცია სკოლებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება და მშობლებს ექნებათ არჩევანის აკეთების საშუალება. თუ მშობელს არ მოეწონება სკოლის მიერ შემოთავაზებული პირობები, მოკიდებს ხელს თავის ბავშვს (შესაბამისად, ფულსაც, რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს მოსწავლის განათლებას) და გადაიყვანს უკეთეს სკოლაში. რა თქმა უნდა, ყოველი გადასული ბავშვი სკოლისთვის ზიანია, რადგან ბავშვის გადასვლას ავტომატურად თან სდევს ფულის სკოლიდან გადინებაც. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათ კვალიფიკაციას და მომზადების დონეს, ადრე მათი ტესტირებები ტარდებოდა ქაოტურად და დამოკიდებული იყო განათლების განყოფილების გამგეებზე, - იმისდა მიხედვით, თუ სად იყო შესაძლებელი ,,ჩაწყობა“. რა თქმა უნდა, მასწავლებლები გაივლიან ლიცენზირებას, იქნება რეიტინგული სისტემაც. განათლების სამინისტრო ამ საკითხს მკაცრად დაარეგულირებს და თვალყურს მიადევნებს.
მასალა მოამზადა გვანცა ლიპარტელიანმა