ცხელი შოკოლადი №22


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბაბუაძე თამარ, კვატაშიძე ალექსანდრე, კიკალეიშვილი სალომე, ასათიანი ელენე, ტურაშვილი დათო, სადღობელაშვილი ქეთი, კორძაია-სამადაშვილი ანა, კაკულია სანდრო, ლომაძე ნინო, კოენ რიჩი, გვახარია გიორგი, მორჩილაძე აკა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი ნინო სლებჩენკო რედაქტორ-სტილისტი გაგა ლომიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე თამარ სუხიშვილი, სანდრო კაკულია ლაშა ბაქრაძე, ნინო ლომაძე ქეთი სადღობელაშვილი, ელენე ასათიანი ალექსანდრე კვატაშიძე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე ნიკო ტარიელაშვილი ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე რეკლამა ნატა ფედოსეევა, გვანცა გუშარაშვილი ნესტან ავალიანი, ანანო კეკელია დისტრიბუცია რატი ლორთქიფანიძე გამომცემელი M-Publishing „ცხელი შოკოლადი“ „კინო-ცხელი შოკოლადი“ „ოზონი“ „დიალოგი“ შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Pუბლისჰინგ“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲back to top


0x01 graphic

ღამის პირველი საათი იყო. გუგა კოტეტიშვილის მასალის აწყობას ვამთავრებდით, რომ ჩვენი Cover story-ის გმირი რედაქციაში თავად გამოგვეცხადა. ამის მერე, ფილოსოფიური და კრიტიკული რემარკების ფონზე, მუშაობა ერთობლივი ძალებით გაგრძელდა. ყველაზე ღირშესანიშნავი გუგას სტუმრობაში ის ფურცლები იყო, რომელიც გუგამ მოიყოლა. ეს ვახუშტიმ გამომატანა, ცვეტაევას ლექსების ახალი თარგმანებიაო. ფურცლები ყველამ ერთიანად ავიტაცეთ და ლექსების ხმამაღლა კითხვა დავიწყეთ. ახალ თარგმანებს შორის აღმოჩდა ცვეტაევას ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი.

Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что тяжелый шар земной,
Не уплывет под нашеми ногами...

ძალიან კარგი თარგმანი იყო და ისეთ ხასიათზე დავდექი, ერთი პირობა გადავწყვიტე ჩემი წერილის ნაცვლად, ამ თარგმანის წაკითხვის ბედნიერებას მივცემ ჩვენს მკითხველს - მეთქი. მაგრამ აბა, პრაგმატულობამ მძლია და ცვეტაევა ამჯერად ვერ მოხვდა ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე. თუმცა, პირობას გაძლევთ, რომ ამ ლექსს შემდეგ ნომერში აუცილებლად იხილავთ.

ამჯერად „ცხელი შოკოლადი“ გუგა კოტეტიშვილთან გეპატიჟებათ სტუმრად. წარმოიდგინეთ, კედლებმორღვეული ოთხოთახიანი სახლი, სადაც ყველა ნივთი, კუთხე თუ კუნჭული შემოქმედებითობით სუნთქავს. მერე წარმოიდგინეთ, რომ ამ სივრცეში, სამი თაობის შემოქმედები ცხოვრობენ. ბატონი ვახუშტი, გუგა და ტატო. ბატონი ვახუშტის ცვეტაევას აკი უკვე დაგპირდით. მაგრამ ასევე გპირდებით, რომ შემდეგ საახალწლო ნომერში ტატოს ჰიმალაებში გადაღებულ ფოტოებსაც იხილავთ და მიხვდებით, რატომ ვერ ასრულებს ამ ნომერში „ცხელი შოკოლადი“ კოტეტიშვილებთან სტუმრობას. აქვე გეტყვით, რომ შემდეგი ნომერი პირობითად „მაგარი ქალების“ ნომერი იქნება. თუმცა მათი ვინაობის გამხელა ჯერ არ მინდა. კარგი სიურპრიზები არ გირჩევნიათ, ჩვენო საყვარელო მკითხველო?

შემდეგ ნომერშივე იხილავთ სპეც-პროექტს „2006 წლის ადამიანები“. ერთში ახლავე გამოგიტყდებით. ამ სპეც-პროექტზე მუშაობისას არ გვიცდია ზედმიწევნით ობიექტურები ვყოფილიყავით. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო იყო ვინ რამდენჯერ მოხვდა ტელეეთერში, ან ვისზე უფრო დიდი ჩოჩქოლი ატყდა ჩვენს პატარა ქალაქში. ჩვენ შევეცადეთ გვეხელმძღვანელა ზედსართავებით „ღირებული, ნოვატორული, ახალი, შინაარსიანი, პრინციპული“. რამდენად თანმიმდევრულები ვიყავით ჩვენს შეფასებებში, თავად შეაფასეთ!

შემოდგომა ჯერ არ მიწურულა და „ცხელ შოკოლადშიც“ გრძელდება ცვლილებები. გვყავს ახალი არტრედაქტორი, ნინო სლებჩენკო, რომელმაც თავის ხელი ჟურნალს უკვე ფუნდამენტურად დაატყო. ჩვენც დიდი სიამოვნებით დავექვემდებარეთ „ვიზუალის ახალ დიქტატს“ - პროფესიონალთან მუშაობა ხომ დიდი სიამოვნება და კომფორტია!

ახალგაზრდა შემოქმედებო! გააქტიურდით! „ცხელი შოკოლადის“ ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსი „დებიუტი“ 10 დეკემბრამდე გრძელდება. კონკურსში მონაწილეობის პირობებს ამ ნომერშიც იხილავთ. ასე რომ, ველით თქვენს ნამუშევრებს!

როგორც ხედავთ, ამ ნომრიდან ვიწყებთ თვენი წერილების გამოქვეყნებას.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა სწორედ თქვენი წერილების კითხვაა. არ დაგვზარდეთ! შემოგვეხმიანეთ! ხომ გინდათ, რომ „ცხელი შოკოლადი“ უფრო თქვენი იყოს?

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲back to top


0x01 graphic

თამარ ბაბუაძე

„ცხელი შოკოლადი“ რამდენი წლისაა? ხო, ორის. ხოდა, ჩვენი რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი ორი წელია მიმტკიცებს, ოროსანი ხარო. მაგრამ ეგეც ხომ იცით, რომ მასწავლებლებს ყველაზე მეტად სწორედ ცელქი ოროსნები უყვართ. იგივე პრინციპი მოქმედებს ჩემს მიმართაც რედაქციაში და ოროსან ბაბუს ხშირად ექსტრემალურ სიტუაციებშიც ანდობენ ხოლმე საგანგებო მისიის შესრულებას. ამჯერად საგანგებო მისია ე.წ. „ქავერ სთორის“, ანუ წამყვანი მასალის, დაწერა აღმოჩნდა. ზაფხულის მერე აღარ მრგებია მსგავსი პატივი. რის გამო? აი, როგორც ოფიციალურ განცხადებებში იტყვიან ხოლმე: „ოჯახური მდგომარეობის გამო“... ჰოდა, კალაპოტიდან ამოვვარდი და ახლა ძლივს ჩავჯექი უკან. ჩემი საქმესთან დაბრუნება კი ორმა მამაკაცმა შეძლო - ჯორჯ ქლუნიმ და გუგა კოტეტიშვილმა. ერთს, ჩემს მაგივრად, ჟურნალი Vanity Fair-ი შეხვდა, მეორეს - პირადად მე. პრინციპში, ასეთი გადანაწილება მერჩივნა კიდეც და აი, რატომ: მართალია, ჯორჯ ქლუნის ამერიკაში ახალ პოლიტიკურ აქტივისტად სახავენ, მაგრამ ის ჩემთვის მაინც ტარანტინოსა და როდრიგესის მსახიობად რჩება, სწორედ ამ ამპლუაში მომწონს და არა ახალ, პოლიტიკურ კონტექტსში. თუმცა, კაცია (თუ ქალია) და გუნება - ვისაც ჯორჯ ქლუნი ჩემზე მეტად გესიმპათიურებათ, Vanity Fair-ი პირდაპირ მის ვილაში შეგახედებთ. გუგა კოტეტიშვილი კი სულ სხვაა. ძალიან კარგი მოსაუბრე, ძალიან თანამედროვე, ძალიან გემოვნებიანი, ძალიან ნოვატორი და ძალიან თავისუფალი. კიდევ დიდხანს დავრჩებოდი მასთან - შინ, მაგრამ კიდევ კარგი დროულად გამოვფხიზლდი; თორემ „ქავერ-სთორიც“ დაუწერელი დამრჩებოდა და ოროსანის იარლიყიც სამუდამოდ შემრჩებოდა..

თუმცა, პარადოქსია, თუ უბრალო დამთხვევა, არ ვიცი, მაგრამ ახლაც თავისებური ოროსანი გამოვდივარ - ორ რესპონდენტს წარმოგიდგენთ. ასე რომ, კარგი, ხო, ვარ ოროსანი!

0x01 graphic

ალექსანდრე კვატაშიძე

ამერიკა ხომ ის ქვეყანაა, რომელსაც ყველა აკრიტიკებს. ამერიკელი ერი ხომ არ არსებობს, ის უბრალოდ ემიგრანტთა ნაკრებია, რომელიც სხვის კონტინენტზე ცხოვრობს. უგემური საჭმელი და უგნური პრეზიდენტი - ამაზე დიდი წყევლა რა გინდა?!

მე კი ავდგები და წამოვიძახებ: გაუმარჯოს ამერიკის შეერთებულ შტატებს! ბოღმა ევროპელების ჯინაზე, ამერიკა ძალიან მაგარი ქვეყანაა და გულზე გასკდეს, ვისაც ეს არ უხარია (მაგალითად, ჟირინოვსკი). ალბათ უკვე დამეტყო, რომ ამერიკის ფანი ვარ. არ იფიქროთ, რომ მონმარტრის კაფეები არ მინახავს ან ტრასტევერეზე არ დამიბირჟავებია. კროიცბერგიც მიყვარს და ქოვენთ გარდენიც, მაგრამ თავისუფლების გემო კალიფორნიაში ვიგემე და რა ვქნა?! ჰოდა, რამდენიმე გვერდს რომ გადაშლით და ჩემს აზრებს გაეცნობით, განმსაჯეთ, დამეთანხმეთ ანდა გამაკრიტიკეთ. თქვენი ხმალი და ჩემი კისერი!

0x01 graphic

ქეთი სადღობელაშვილი

1989 წელს უნივერსიტეტს ვამთავრებდით. იმ წელს მეხუთეკურსელებმა ყველაზე ძნელი სახელმწიფო გამოცდა - 9 აპრილი ჩავაბარეთ, პატარა თუ დიდი მიტინგების ჩათვლით. იმ დღიდან მოყოლებული, ამოსუნთქვას რომ ეყოფა, იმგვარი პაუზებით, მიტინგებში ვიყავით გადავარდნილები. მალე მოვიდა თბილისის ომი, სამოქალაქო ომი (გახსენებაც კი საშინლად მრცხვენია). კიდევ ერთი, ამოსუნთქვასავით პაუზა და დაიწყო კიდეც ომი აფხაზეთში, მოგვიანებით - სამაჩაბლოში. შედეგად - მსხვერპლი, რომელსაც ომის დროს „გაშანსულები“ დღემდე „უაზროს“ უწოდებენ, ასიათასობით დევნილი და რაც მთავარია, ფსიქიკადარღვეული, დამარცხებულის სინდრომით დაავადებული თაობები. სად ომი და სად - შოკოლადი? თანაც, ცხელი - იკითხავს „ცხელი შოკოლადის“ სირბილესა და სითბოს მიჩვეული მკითხველი და მართალიც იქნება. არადა, იმ ადამიანებისაც მესმის, რომლებიც ერთი თვითკმაყოფილი ჩინოვნიკის განცხადების გამო - ახალ წელს ცხინვალში შევხვდებიო - მთელი წელი ომის მოლოდინით იყვნენ დამუხტულები. ქუჩაში მოხვდებოდი, ტაქსში თუ ახლობლის ოჯახში, გამორიცხულია, ზოგს შიშით და ზოგსაც სიამაყით არ ეთქვა: ივლისში შევდივართ (გასაგებია, სადაც); არა, აგვისტოში; არა, სექტემბერში. ტერიტორიებდაკარგული ქვეყნისთვის ომის განცდა რომ მუდმივია და ჩვენებური ომებივით დაუსრულებელი, ჩემგან არ გესწავლებათ. ჰოდა, შოკოლადი რომ მიირთვათ (ჯარისკაცულ რუკზაკში მიმტვრეულ-მისრესილი კი არა, ცხელი, ფაიფურის ჭურჭელში), რატომ შეუშლის ვითომ ამ პროცესს ომი კი არა... ომის კულტურაზე საუბარი?

3 კულტ-მიმოხილვა

▲back to top


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

უბრალოდ, ფოტოგამოფენა

საგამოფენო დარბაზია ბაია
21 ოქტომბერი. 18:00

გამოფენაზე დაგვიანებით და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი - როცა გალერეა „ბაიას“ კარი დამთვალიერებელთათვის იხურებოდა და თამუნა საკუთარი ფოტოების ჩამოხსნას იწყებდა.

თამუნა ჯალაღანიას სარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ რეჟისორობას ჯერ არ აპირებს. ბევრ ფოტოს იღებს, ბევრს ხატავს და შიგადაშიგ ბატიკაზეც მუშაობს. პირველი გამოფენა ტაშკენტში ჰქონდა, როცა გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდა და ექსპრომტად წამოსულ წინადადებას - გამოფენას ხომ არ გამართავო - დაუფიქრებლად დათანხმდა.

გალერეა „ბაიაში“ წარმოდგენილ გამოფენას ძალიან უბრალოდ, „ფოტოგამოფენა“ ერქვა. მასზე წარმოდგენილი ფოტოებიც უბრალოებით და სისადავით იყო გაჟღენთილი. მარტოობა და სიცარიელე, დროის წარმავლობა და სევდა - ყველაფერი ეს იმ ფოტოებს აერთიანებდა, რომლებიც თამუნამ 5 წლის მანძილზე საქართველოში, პარიზსა და ალჟირში გადაიღო, იქნებოდა ეს დედა-შვილის პორტრეტი, ნოტრ-დამის ხედი, ჭუჭყიანი წყლით სავსე ონკანის ნიჟარა, რომელიც ოდესღაც შარდენზე აღმოუჩენია თუ ახალქალაქში, მატარებლების სასაფლაოზე გადაღებული კადრები.

0x01 graphic

თეატრალური ეზოს პრეზენტაცია

ვაკის თეატრალური სარდაფი
8 ნოემბერი. 17:30

8 ნოემბერს, ვაკის თეატრალურ სარდაფში არათუ შესვლა, ლამის მიახლოებაც შეუძლებელი იყო. საქმე კი ის გახლავთ, რომ თეატრში ახალი დარბაზის - ღია დარბაზის პრეზენტაცია და კლასიკური მუსიკის საღამო იმართებოდა.

მართალია სინოპტიკოსებმა წინა დღეს ბევრი იძახეს - გარეთ არც ისე ეციება და ქარის ნასახი არ იქნებაო, მაგრამ იმ დღეს თბილისში ყინავდა, სუსხიანი ქარი უბერავდა და ნოემბრის ქალაქის ამინდი, მარტივად რომ ვთქვათ, საშინლად იქცეოდა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა დღეში იყვნენ ღია ეზოს სტუმრები და რაც მთავარია, დირიჟორ კობა მერმანიშვილის კამერული ორკესტრი (რომლის დებიუტიც სწორედ იმ ქარიან დღეს შედგა) და პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, რომელთაც სარდაფის თეატრალური ეზო 2-საათიანი კლასიკური მუსიკის საღამოთი გახსნეს.

ორგანიზატორებმა დაგვაიმედეს, რომ სამომავლოდ ეზო გადაიხურება, სითბოს გამომცემი, თანამედროვე მაგიდასკამებით იქნება აღჭურვილი და ბევრი საინტერესო საღამო გაიმართება.

0x01 graphic

ეროვნული პროდუქცია მატერია-ში

ლესელიძის 22
27 ოქტომბერი. 20:00

დროა, ჩვენი ქვეყანაც მაღალხარისხიანი ტანსაცმლის მწარმოებელი იყოს! ამის გარანტი ჩვენ ვართ: მოდელების სახლი „მატერია“ - ხმამაღლა განაცხადა მაღაზია-სალონ „მატერია“-ს პრეზენტაციაზე სახლის ხელმძღვანელობამ. უამრავი ქსოვილი, უზარმაზარი ძაფის კოჭები, ბებიისდროინდელი დიდი, რკინის უთოები და წარმოდგენილ სამოსთა მრავალფეროვნება - ეს იყო ის, რაც მოდელების სახლი „მატერია“-ს მაღაზია-სალონში შესვლისთანავე მოგხვდებოდათ თვალში.

„მატერია“ დიზაინერებს - თეონა თავართქილაძეს, თიკა შენგელიას და დავით სულიკაშვილს აერთიანებს. თუმცა გახსნაზე, დიზაინერ ქეთი კალანდაძის მიერ შექმნილი სამოსი იყო წარმოდგენილი - შემოდგომის კოლექცია, რომელიც ორიგინალური გადაწყვეტით, საინტერესო დეტალებით და არჩევანის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. „მატერია“ ოდესღაც ცნობილი თბილისის „მოდელების სახლის“ ბაზაზეა დაარსებული და ინდივიდუალური მომხმარებლის გარდა, რამდენიმე მსხვილ კომპანიაზეც ზრუნავს.

სხვა თუ არაფერი, ინტერესის გამო მაინც ხომ ღირს შესეირნება?!

0x01 graphic

ზაფხულის ღამის სიზმარი

. მარჯანიშვილის სახ. თეატრი
3 ნოემბერი. 20:00

წლევანდელი სეზონი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა რამდენიმე პრემიერით გახსნა.

ესენი იყო: გიზო ჟორდანიას „სამგროშიანი ოპერა“, სოფიკო ჭიაურელის მიერ აღდგენილი „ურიელ აკოსტა“ და ლევან წულაძის „ზაფხულის ღამის სიზმარი“.

ლევან წულაძეს, იგივე ჭოლას, ყველა იცნობთ. მისი სპექტაკლები თეატრალური სარდაფის სცენაზე გექნებათ ნანახი. თუმცა მას შემდეგ, რაც ლევანი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, მისი წარმოდგენების ნახვა მარჯანიშვილის თეატრის განახლებულ შენობაში მოგიწევთ.

„ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელიც ანშლაგებით მიდის, ერთი მხიარული სანახაობაა - ღმერთების ადამიანური გრძნობებისა და უიმედოდ შეყვარებულთა კომედია, რომლის ნახვა უდავოდ კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

0x01 graphic

პოეტური განწყობის გამოძახილი

ლიტერატურული კაფე ქარავანი
11 ნოემბერი. 18:00

- ლექსი კონკრეტული განწყობის გამოძახილიაო - თქვა პოეტმა საკუთარ საღამოზე;

- კონკრეტული განწყობის გამოძახილი, ის ოვაცია და გაბრწყინებული თვალებია, რაც ამ პოეტის საღამოზე შევნიშნე ხალხსო - გაიფიქრა ჟურნალისტმა.

ლიტერატურული კაფე „ქარავანის“ პირველი სტუმარი პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე გახლდათ, რომელმაც შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს, საზოგადოებას საკუთარი პოეზიის საღამო აჩუქა.

დარწმუნებული ვარ, ეს სახელი და გვარი ნამდვილად იცით და თუ არ იცით, უდავოდ გეცნობათ. ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი „წონიანი“ ავტორი ხომ არაერთხელ ყოფილა თქვენი მეგზური გასაოცარ აღმოსავლურ სამყაროში. მაგრამ ჟურნალი იქით იყოს, და თუ არ იცით, გეტყვით, რომ გიორგი ლობჟანიძე არაერთი არაბული და სპარსული წიგნის მთარგმნელია, იქნება ეს სპარსული ზღაპრების წიგნი, იბნ ალ-მუკაფას „წიგნი ქილილასა და დამანასი“ თუ ფორუყ ფაროხზადის „მეორედ დაბადება“. თუ დიდად არც ეს სახელები გეუბნებათ რამეს, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ წიგნის მაღაზიებს და შესანიშნავად ნათარგმნ წიგნებს თავად გაეცანით. ეს ისე... თუმცა, ის თუ იცოდით, რომ გიორგი მთელი 13 წელი ერთი დიდი წიგნის თარგმანზე მუშაობდა? - „ყურანის“ თარგმანზე, რომელზე მუშაობაც ახლახანს დაამთავრა და ორიგინალიდან ნათარგმნი წიგნი სულ მალე იხილავს დღის შუქს.

0x01 graphic

ევროპელი არქიტექტორები თბილისში

საგამოფენო დარბაზი ქარვასლა
31 ოქტომბერი. 19:00

ოქტომბრის დასასრულს, ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა საგამოფენო დარბაზ „ქარვასლაში“ გაიხსნა, სადაც არქიტექტორ მაია მანიას ფოტოები იყო წარმოდგენილი. გამოფენის ორგანიზება ევროკომისიის წარმომადგენლობამ ითავა. ფოტოებზე ის შენობები იყო გამოსახული, რომლებიც თბილისში მე-19 საუკუნიდან მოყოლებული აუშენებიათ ევროპელ არქიტექტორებს: ჯოვანი სკუდიერის, ჯუზეპე ბერნარდაჩის, ვიქტორ შრეტერმის და სხვა. თითოეული წარმოდგენილი შენობა, ნაცნობი თუ სრულიად უცნობი, ფოტოების ავტორის - მაია მანიას, როგორც არქიტექტორის კვლევის საგანი და ობიექტივის სამიზნეა.

0x01 graphic

VIVA CUBA

რესტორან ქალაქურის დარბაზი
8 ნოემბერი. 21:00

8 ნოემბერს „ქალაქურში“ ტურ-ოპერატორმა ინტერკონტინენტალმა დახურული საღამო გამართა - საღამო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ადგილს - კუბას მიეძღვნა, სადაც მაესტრო მორისი, თავის ჯგუფთან ერთად, კუბური ჰანგების და ცეკვების შესრულებაზე ზრუნავდა; ყველა ნამდვილ კუბურ სიგარებს ეწეოდა და დარბაზში მყოფები კუბურ მოხიტოს ბარმენებთან ერთად ამზადებდნენ. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ ინტერკონტინენტალელებს ხმამაღლა განეცხადებინათ - დღეიდან, კუბაზე გამგზავრების მსურველებს გამგზავრების სრულ პაკეტს ვთავაზობთ. რაც მთავარია, ამ გასაოცარ ადგილას პირდაპირი რეისით აღმოჩნდებით და მოსკოვის აეროპორტში სატრანზიტო მარშრუტის გამო ყურყუტი აღარ მოგიწევთო. ასე რომ, VIVA LA CUBA!

0x01 graphic

0x01 graphic

ნამდვილი მეჯლისი!

სასტუმრო შერატონის დარბაზი
4 ნოემბერი. 18 : 00

From the halls of Montezuma, To the shores of Tripoli, We fi ght our country's battles in the air, On land and sea. First to fi ght for right and freedom, And to keep our honour clean; We are proud to claim the title Of United States Marine.

0x01 graphic

შაგანგებოდ საღამოს კაბებში გამოწყობილ ქალბატონებს საზღვაო ქვეითები წითელ ვარდებს ჩუქნიდნენ

ასე იწყება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ჰიმნი, სადაც მებრძოლი „მარინები“ სამშობლოს, მისთვის თავდადებას და ერთგულებას უმღერიან.

საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც 1775 წლიდან, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჩამოყალიბების დღიდან აღინიშნება, ამერიკელი დიპლომატებისა და სამხედრო პირთათვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. დღესასწაული, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ საზღვაო ქვეითთათვის იმართება, თბილისშიც არაერთხელ აღუნიშნავთ.

4 ნოემბერს „შერატონის“ ერთ-ერთ დარბაზში, რიგით 231-ე „საზღვაო ქვეითთა მეჯლისი“ ტრადიციების სრული დაცვით და პომპეზურობით გაიმართა.

ნამდვილად ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე მსგავს მეჯლისზე ამოვყოფდი თავს. საგანგებოდ საღამოს კაბებში გამოწყობილ ქალბატონებს საზღვაო ქვეითები წითელ ვარდებს ჩუქნიდნენ და თავი, არც მეტი და არც ნაკლები, სამხედრო თემატიკაზე გადაღებულ ამერიკულ ფილმში მეგონა.

მეჯლისი თავისი ტრადიციული ცერემონიით გაიმართა: სიტყვით გამოსვლებით, ოფიციალური სადილით და გვიანობამდე გამართული ცეკვებით. ტრადიციის თანახმად, დარბაზში ამერიკის და მესაზღვრეების დროშები აღიმართა, ამერიკის ჰიმნი დაუკრეს, United States Marine Corps-ის წარწერიანი ტორტი ხმლით დაჭრეს და ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვან „მარინებს“ გაუმასპინძლდნენ.

თბილისში 6 საზღვაო ქვეითი იმყოფება. მათ შორისაა 23 წლის სერჟანტი უილიამ ერგუერა. უილიამი 6 წელია, რაც საზღვაო ქვეითთა კორპუსის წევრია და სწორედ ახლა, კუთხეში დგას, ხელში ქალბატონებისთვის გამზადებული ხასხასა წითელი ვარდები უჭირავს და გულმკერდზე ჩამოკიდებულ მედლებს სიამაყით დაატარებს. „ასე მგონია, დღეს ჩემი დაბადების დღე არისო“ - მეუბნება ამაყად და მედლების ჩამოთვლას იწყებს: ომში მიღწევებისთვის, ერაყში სამსახურისთვის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის...

„ეს არის ტრადიცია, დიპლომატიური ცხოვრების ნაწილი, რომელიც ყველა დიპლომატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულ მეზღვაურებს, ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვან მეზღვაურებს. რაც მთავარია, ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მყოფი ამერიკული სათვისტომოს წევრები ერთად შეიკრიბოს. 35 წელია, რაც პროფესიონალი დიპლომატი ვარ და ამ დღეს ყოველ წელს დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ და ვუერთდები“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა, ბატონმა ჯონ ტეფტმა, რომელმაც სევდიანად დაამატა, რომ მეჯლისზე მოსვლა მეუღლის გარეშე მოუხდა. თუმცა იქვე შენიშნა - არა უშავს, მარტო არ მოვსულვარო და ყველას გასამხიარულებლად, ქუდების საკუთარი კოლექციის უკანასკნელი შენაძენი - შვეიცარიული ყველის ფორმის ქუდი მოირგო თავზე.

4 აქცენტი

▲back to top


0x01 graphic

ივანეს და-ძმის, ვასო მაჩაბლის ოჯახი:
მარცხნიდან პირველი გიორგი მაჩაბელი დგას

მაჩაბლები

„როგორი ეგოისტი ვარ, როგორ ძალიან მიყვარს სხვებისთვის საჩუქრების კეთება“ - იტყოდა ხოლმე ელენე მაჩაბელი. ელენე იმ მაჩაბელთა გვარის შთამომავალი იყო, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას საკუთარი სამშობლოსათვის, საყვარელი ადამიანებისთვის ზრუნავდნენ.

მამა ბუნდოვნად თუ ახსოვდა, ივანე მაჩაბელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 4 წლის ქალიშვილის მოგონებებში მამა მხოლოდ მონათხრობად, მოგონებებად და ამბებად შემორჩა.

4 დეკემბერს, TBC ბანკის საგამოფენო დარბაზის სტუმრებს მაჩაბელთა ისტორიებს საოჯახო არქივში შემონახული პირადი ნივთები, წერილები და ფოტოები მოუყვება. გამოფენის ორგანიზატორი ქალბატონი მარინა ჩერქეზიშვილი ივანე მაჩაბლის შთამომავალია. ამბები ბებიამ დაუტოვა, სიკეთის, წარჩინებისა და კეთილშობილების მაჩაბლისეული ამბები.

ივანე მაჩაბელი საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი იყო, ბანკის მთელი მოგება განათლებასა და კულტურის განვითარებას ხმარდებოდა. თვლიდნენ, რომ ასეთი სახის ინვესტირება ერის განვითარებისთვის ყველაზე წარმატებული იყო. ილია ჭავჭავაძესთან ერთად, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. ფონდის დაფინანსებით წიგნები გამოიცემოდა. დრამატურგიული საზოგადოება მსახიობებსა და თეატრალურ დასებს ეხმარებოდა. ქართველ სტუდენტებს გასანათლებლად ევროპაში უშვებდნენ. პარალელურად წერდა ლექსებს, თარგმნა შექსპირი. ხელმძღვანელობდა ჟურნალ „დროებას“. დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის წიგნსაცავს პირველად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაცემული წიგნებით ჩაეყარა საფუძველი.

ერთ დღეს, ივანე მაჩაბელს ბანკში გიორგი ქართველიშვილმა მიაკითხა და დანაზოგი ფულის სარფიან საქმეში ჩასადებად რჩევა ჰკითხა. მაჩაბელმა ხორბლის ყიდვა ურჩია, რითაც გიორგიმ დიდი მოგება ნახა და გადაწყვიტა, მოგების ნაწილი საქველმოქმედო საქმეში ჩაედო - ამ თანხით, მაჩაბლისავე რჩევით ჩაეყარა საფუძველი ზიჩის მიერ ილუსტრირებულ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას.

ივანეს ძმისშვილი გიორგი 1912-1917 წლებში გერმანიაში ცხოვრობდა. იგი ფარულად წყალქვეშა ნავით სტუმრობდა ბათუმს და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში იარაღი შემოჰქონდა. გიორგი იმდროინდელ კაიზერ (იმპერატორ) ვილჰელმთან ძალიან დაახლოებული პირი ყოფილა. კაიზერი დაუთანხმებია, გერმანია საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ მფარველად გამოეცხადებინა და საქართველოს სუვერენიტეტი ეღიარებინა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის წაგების შემდეგ, კაიზერს საქართველოსთვის დახმარება აღარ შეეძლო. აღარც გიორგის დარჩა სამშობლოს გათავისუფლების იმედი და ამერიკაში გაემგზავრა.

„პრინც მაჩაბელი“ - ასე იცნობდა 30-იანი წლების ამერიკა გიორგი მაჩაბელს. ნიუ იორკის მაღალი საზოგადოების ქალბატონებისთვის მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სუნამოსთან ასოცირდებოდა. ამერიკაში სუნამოების ფაბრიკა დააფუძნა და საკუთარი ბრენდი - „პრინც მაჩაბელი“ შექმნა. იგი თავად აზავებდა სუნამოებს. ჩამოსასხმელი ბოთლის, შეფუთვის დიზაინის და სარეკლამო სლოგანების ავტორიც თვითონ იყო.

აბაზანის ზეთის ცარიელი ფლაკონი, წარწერით „აბანო“, საგვარეულო გერბის ფორმის სუნამოს შუშა, „პრინც მაჩაბელის“ სუნამოს შემორჩენილი სუნით - ეს ის ნივთებია, რომლებიც მაჩაბელთა გვარის საოჯახო კოლექციას მისგან სახსოვრად შემორჩა. კოლექცია 4 დეკემბერს მნახველს TBC ბანკის საგამოფენო დარბაზში ელოდება.

ავტორი: ელენე ასათიანი

0x01 graphic

მაქს ერნსტ
(1891-1976)

მაქს ერნსტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა და მისი კატალოგის პრეზენტაცია 6 დეკემბერს, 18 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიხსნება.

მაქს ერნსტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დადაისტი და სიურეალისტი მხატვარია. გთავაზობთ ნაწყვეტებს ცნობილი გერმანელი ხელოვნებათმცოდნის, ვერნერ შპისის წინასიტყვაობიდან, რომელიც გამოფენის კატალოგისთვის დაიწერა. კატალოგის გერმანულიდან თარგმანი ლაშა ბაქრაძეს ეკუთვნის.

„მაქს ერნსტის შემოქმედება ენებსა და ერებს შორისაა მოქცეული. წარმოშობით რაინლანდელი, ოცდაათისა იყო, პარიზში რომ გადავიდა საცხოვრებლად და იქ თანამოაზრეებს დაუკავშირდა. ორმოციანი წლების დასაწყისში, ნაციონალ-სოციალისტებს აშშ-ში გაექცა. ათი წლის შემდეგ, ევროპაში დაბრუნდა, პარიზსა და სამხრეთ საფრანგეთში დაფუძნდა. წიგნებისა და გრაფიკის გამოფენა ამ მღელვარე ცხოვრებას ირეკლავს.

ადგილი, რომელიც მაქს ერნსტს დღეს მეოცე საუკუნის ხელოვნების ისტორიაში უჭირავს, უზარმაზარია. თამაშისა და ხილვის გაუგონარი ნაზავი თავის ტოლს ეძებს იმ ეპოქაში... მისი ხელოვნება, მთლიანობაში, უფრო ხშირად გვაბნევს, ვიდრე გვიზიდავს“.

. . .

ესეც აქვს ნათქვამი: „მხატვარმა შეიძლება იცოდეს, რა არ უნდა. მაგრამ ვაი მას, თუ მან უნდა იცოდეს, რა უნდა! მხატვარი დაიღუპება, თავისი თავი თუ იპოვა.“ ის, რომ მან თავისი თავი ვერ იპოვა, მაქს ერნსტი თავის ერთადერთ „დამსახურებად“ თვლიდა.

ჯერ კიდევ 1921 წელს მან იპოვა პროგრამული ტერმინი, რომელიც ფრიდრიხ ნიცშეს გვაგონებს, - „მხატვრობის მიღმა“. ასე იპოვა მან ჯადოსნური ფორმულა იმისთვის, რაც უფრო და უფრო გვიზიდავს ამ უსასრულოდ მდიდარ, არადოქტრინულ ნაშრომში, რადგანაც ეს სიტყვა ერთდროულად ორ სფეროს ეხება - როგორც გამოსახულის შინაარსს, ასევე ტექნიკას. ორივე ითხოვს საზღვრის გადალახვას. და ეს უარყოფა საზღვრისა, შეზღუდვისა ყოველგვარი კონვენციური მხატვრობის პრაქტიკას უარყოფს. მართლაც, ძნელია მოძებნო სხვა ხელოვანის ბიოგრაფია, რომელშიაც ასე ბავშვობიდან მოყოლებული, ყველაფერი მხატვრულისა და ესთეტურის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

ხელოვნება და ხელობა
(ნაწყვეტი მაქს ერნსტის ტექსტიდან)

ყველას გაეგება რამე ხელოვნებაში: ფილოლოგს, თეოლოგს, კრიტიკოსს, იურისტს, ვაჭარს, ხელოვნების ისტორიკოსს და ბატონ ქალაქისთავს. ყველას ხომ „თავისი“ გემოვნება აქვს. კარგით რა, ჩემო ბატონებო, ხელოვნებას არაფერი კავშირი არა აქვს გემოვნებასთან, ხელოვნება იმისთვის არ არსებობს, რომ ის „დაიგემოვნოთ“. მაგრამ ბატონი ქალაქისთავი ამბობს, რომ ხელოვნება იმისთვისაა, რომ „შეაფასო“, თანამედროვე ხელოვნება კი „საქმიანი პოზიციიდან უნდა შეფასდეს“. საოცარია, რომ ასეთი ორიგინალური იდეა ბატონი ქალაქისთავის ტვინში შეიძლება აღმოცენდეს! რაც ბატონ ქალაქისთავს უნდა, იმას აკეთებენ დიდი და პატარა გაზეთების კრიტიკოსები. მათ სურთ ხელოვნება შეაფასონ. ეს ძალიან მოსახერხებელია - შეფასება შეიძლება სრულიად არასწორი იყოს, მაგრამ მათ არავინ არასდროს არ განსჯის. ხელოვნების მოსამართლენი ხშირად საუბრობენ „ხელობაზე“ და წუწუნებენ, რომ ეს ხელობა „ახალგაზრდებმა“ სრულიად დაივიწყეს. ზოგჯერ ეს წუწუნი სრულიად სერიოზულ სახეს იღებს. მაგრამ, ჩემო ბატონებო, იცით კი რას ნიშნავს „ხელობა“? არა, თქვენ ეს არ იცით. თქვენ ფიქრობთ, ხელობაა, ხატო სწორად, ისე როგორც ფოტოგრაფიულ აპარატს „შეუძლია“ ეს, მას შემდეგ, რაც ფერადი ფოტოგრაფია გამოიგონეს. ცხვირი არ უნდა იყოს ზედმეტად გრძელი და ფეხი - ზედმეტად მოკლე. ეს „სერიოზული საძირკველია“, რომელიც ხელოვნების აკადემიებშია გამაგრებული და რომელიც მუყაით ხელოსანს აყალიბებს. იცოდე „ხელობა“, ნიშნავს ხორცშესხმა შეგეძლოს. ამ შეძლების წინაპირობაა, შეგეძლოს ხაზის შინაგანი ცხოვრების და ფერის შეგრძნება (ხაზი და ფერი საგნისგან დამოუკიდებლადაც. აბსოლუტური მხატვრობა აბსოლუტური მუსიკის გაგებით). ხელობა მოითხოვს, გქონდეს თავგადასავლის განცდა.

გაზეთიფოლკსმუნდ, ბონი 30.10.1912
გერმანულიდან თარგმნა ლაშა ბაქრაძემ

0x01 graphic

შინი შინაა

ჯგუფ „შინ“-ის წევრებმა თავიანთი „შინ“ 12 წლის წინ საქართველოდან წაიღეს და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ. მას მერე თან დააქვთ და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისთვის თანამედროვე ქართული მუსიკა ახლობელი და საყვარელი გახადეს. ქართული სული, ტემპერამენტი და საუკუნეების მანძილზე გენში გამჯდარი მუსიკალობაც მათი „შინის“ ნაწილია.

ქართულ ფოლკლორთან შერწყმული ჯაზი, ფანდურისა და დუდუკის ხმასთან აჟღერებული ულადო ბას-გიტარისა და აკუსტიკური გიტარის დიალოგი, ინდური ტაბლა და ტამტამების აფრო-ქართულ-ევროპული რითმები, ფლამენკოს, სამბასა და როკის ელემენტებით შეზავებული გურული, აჭარული თუ კახური კილო - აი, დაახლოებით ასეთია „შინ“-ის მუსიკის რეცეპტი.

4 დეკემბერს „შინ“-ი საქართველოში კონცერტს გამართავს. ჯგუფის ახალი პროექტი „ეგარი“ გერმანულ, იტალიურ, რუსულ ფესტივალებზე უკვე მოისმინეს. „ისინი გიტარის ფესტივალის სენსაცია იყვნენ გასაოცარი ფიუჟენ ჯაზის, უზადო და ნატიფი იუმორის და ბრწყინვალე ვირტუოზულობის გამო.“ Michael Lohr. Accustik Gitarre.

პროექტის დისკი მუსიკის ცნობილმა ლეიბლმა JARO-მ ჩაწერა და მის პრომოუშენს ევროპაში ეწევა. 4 დეკემბერს კი, „შინ“-ი რუსთაველის თეატრის სცენაზე იმ „შინს“ დაგვიბრუნებს, ახლა უფრო დახვეწილს და თანამედროვეს, 12 წლის წინათ საქართველოდან წასულმა მუსიკოსებმა თან რომ წაიღეს.

ავტორი: ელენე ასათიანი

5 პრუსტის კითხვარი

▲back to top


რუსუდან ფეტვიაშვილი
მხატვარი

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

როგორი წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?

ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება

თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან?

ნაგელი (კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“) ალუდა ( ვაჟა ფშაველა „ალუდა ქეთელაური“)

თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი?

დავით აღმაშენებელი

ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?

ადამიანები, რომლებიც უპატრონო ბავშვებზე ზრუნავენ

თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ?

სიკეთე და გონიერება

თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება?

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი

ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია?

არ მახსენდება

თქვენი საყვარელი საქმიანობა?

ქალაქგარეთ, კლასიკური მუსიკის ფონზე, ქაღალდზე აკვარელით ცდების დაყენება

არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?

ისევ ის, ვინც ვარ

თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?

მიკერძოებულობა

რას აფასებთ მეგობრებში ყველაზე მეტად?

ერთგულებას

თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?

ფეთქებადი ხასიათი

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?

ბოროტების არსებობა

რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

ყველგან, სადაც მიზანს მივაღწევ, მაგრამ სამშობლო ყოველთვის საქართველო იქნება

თქვენი საყვარელი ფერი?

ლურჯი

თქვენი საყვარელი ყვავილი?

თეთრი ვარდი, ოდნავ ვარდისფერი გულით, ნაზი სუნითა და ღეროთი

თქვენი საყვარელი ჩიტი?

ბეღურა

ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპათიურად ხართ განწყობილი?

მურვან ყრუ

რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოვებული?

გონიერებით

როგორ სიკვდილს ისურვებდით?

ბედნიერ სიკვდილს, როცა მზად ხარ წასასვლელად

თქვენი დევიზი?

ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია არ დაკარგო იმედი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

არაფრის ანუ ყველაფრის

საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ?

არავის

თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?

უზომო თვითკრიტიკა

რა შემთხვევაში ცრუობთ?

როცა ჩემს თავში არა ვარ დარწმუნებული

ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ საუბარში რომელ ფრაზებს იყენებთ?

კაი რა, არ არსებობს

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

იმას რომ წვრილმანსა და მნიშვნელოვანს ერთმანეთისაგან ვერ ვარჩევ, რის გამოც ადამიანებისთვის მიწყენინებია

განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

ომის წლებში, ყოველდღე ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე ვივლიდი, რათა მუდმივობის და სიმყარის შეგრძნება არ დამეკარგა

რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?

არაფერს

რაზე ოცნებობთ?

ჰარმონიაზე საკუთარ თავში და გარემოსთან

6 ფოტომოთხრობა

▲back to top


ქალაქი, რომელიც ქართველებს უყვართ

ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: ჯარჯი აქიმიძე

ანტონიო გაუდის, ყველაფერი გაუდის...

კატალუნიური ხალხური

0x01 graphic

გაუდის ბარსელონა

ანტონიო გაუდის მართლა ყველაფერი გაუვიდა, რაც სხვებისთვის, უბრალოდ, აკრძალული იყო და შეიძლება ამიტომაც გამოუვიდა ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა.

ის იყო ჯიუტი კატალუნიელი და პრინციპულად არ საუბრობდა ესპანურად მაშინაც კი, როცა დანარჩენ კატალუნიელებს კატალუნიურად ლაპარაკი, უბრალოდ ეკრძალებოდათ.

კატალუნიელები თავის ენას კატალანს უწოდებენ და თვლიან, რომ ეს სხვა ენაა და არა ესპანურის დიალექტი, როგორც ეს დანარჩენი ესპანელებისთვის ცხადზე ცხადია. დანარჩენი ესპანელებისთვის ცხადია ისიც, რომ კატალუნიური სეპარატიზმის საფუძველი ეკონომიკაა და არა ლინგვისტური ან ეთნიური ფაქტორი და ზემოთქმული ბარსელონაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. კატალუნიელები გამუდმებით ითვლიან ფულს, გამუდმებით ანგარიშობენ და ბრაზობენ, რომ სამხრეთ ესპანელები მათ ხარჯზე ცხოვრობენ. კატალუნია, ესპანეთის სხვა მიწებს შორის, მართლაც ყველაზე განვითარებულია, მაგრამ დანარჩენ ესპანელებს ზემოთქმული ნაკლებად აღელვებთ და (თავის გასამართლებლად) კატალუნიელებს ებრაელებს ეძახიან. სხვათა შორის, კატალუნია და მთლიანად ესპანეთი, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ებრაელებმა ებრაელობაზე უარი თქვეს და მიზეზიც სრულიად გასაგებია - ესპანური ინკვიზიცია (სინამდვილეში) ებრაელების დევნით დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსენეს ესპანელებმა ერეტიკოსი თანამოძმეები. მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ანტონიო გაუდი დაიბადა, რასაკვირველია, ინკვიზიცია უკვე წარსული იყო, მაგრამ კატალუნიელმა გენიოსმა ესპანელებს სამარცხვინო წარსული მაინც არ აპატია და მთელი ცხოვრება სწორედ იმის ახსნას ცდილობდა, თუ როგორ ესმოდა თვითონ ანტონიო გაუდის ქრისტეანული მისტერიები. სახარებისეულ ეპიზოდებსაც ის ყვებოდა, როგორც წმინდა ოჯახზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი და ვისაც მისი კოსმიური ტაძარი უნახავს ბარსელონაში, ადვილად დაიჯერებს, რომ ამ საოცრების შესაქმნელად, მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. ამიტომაც, როცა კატალუნიელი გენიოსის, ანტონიო გაუდის შესახებ საუბრობენ, წარმოუდგენელი ნიჭის გარდა, ყოველთვის ახსენებენ საიდუმლო ცოდნას, რომელიც მას ჰქონდა. შეიძლება გაუდის საიდუმლო, როგორც ხდება ხოლმე, ძალიან მარტივი და, იმავდროულად, გენიალური იყო - ის იყო ისეთი თავისუფალი ადამიანი, როგორც ამას სინამდვილეში ქადაგებდა იესო ქრისტე და ამიტომაც აგდებს შოკში მნახველების უმრავლესობას ფამილია საგრადა. დოგმატური აზროვნებით დამძიმებული ჩვენი დამახინჯებული გულისა და გონებისთვის, უბრალოდ, ძნელი დასაჯერებელია, რომ სინამდვილეში ქრისტეანობა არის კიდეც უსაზღვრო თავისუფლება, რომელიც ხშირად გვაშინებდა და ახლაც გვაშინებს. ანტონიო გაუდი კი, სრულიად უშიშარი ადამიანი იყო (ან სულაც არ იყო ადამიანი, ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით) და ყველაზე შთამბეჭდავიც გაუდის ბარსელონაში სწორედ ამის აღმოჩენაა. ანტონიო გაუდი არის ყველგან, სადაც ბარსელონაა, მაგრამ მაინც ვერ იჯერებ, რომ ის არსებობს და მისი სიკვდილიც (ყველაზე პროზაული დასასრული ყველაზე პოეტური სიცოცხლისა) სულაც არ არის შემთხვევითი.

0x01 graphic

გაუდის საიდუმლო, ძალიან მარტივი და გენიალური იყო - ის იყო ისეთი თავისუფალი ადამიანი, როგორც ამას სინამდვილეში იესო ქრისტე ქადაგებდა და ამიტომაც აგდებს შოკში მნახველებს ფამილია საგრადა.

ანტონიო გაუდის სიკვდილი (ჩვენი აზრით) სწორედ იმის მინიშნებაა, რომ ის ნამდვილად (თუნდაც დროებით) მიწიერი არსება იყო და ნამდვილად ცხოვრობდა კატალუნიის დედაქალაქში, სადაც იგი ნებისმიერ ქუჩაზე შეიძლება შეგხვდეს. ბარსელონა მართლა მისი ქალაქია და ის შეიძლება შეგხვდეს იმ ქუჩაზეც კი, სადაც არაფერი აუშენებია, თუმცა ასეთი ქუჩა ბარსელონაში იშვიათობაა. მისი ფასადების ცნობაც ძალიან ადვილია, თუ ერთ-ერთი შენობა მაინც ნანახი გაქვს და გაუდი იმდენია, რომ ბოლოს შეიძლება დაიღალო კიდეც. ალბათ დაიღლები, მაგრამ გაუდის საიდუმლოც სწორედ ის არის, რომ რამდენჯერაც ერთსა და იმავე შენობას ნახავ, იმდენჯერ გგონია, რომ პირველად ხედავ და ისევე გაოგნებული უყურებ, როგორც პირველად.

დარწმუნებული ვარ, რომ 1926 წლის 12 აპრილს, თვითონ ანტონიო გაუდიც, მის მიერვე აშენებულ ტაძარს გაოგნებული უყურებდა, როცა მას ტრამვაი დაეჯახა და ყველაზე თავისუფალი კატალუნიელი რამდენიმე საათში გარდაიცვალა კიდეც...

სვანური ბარსელონა

0x01 graphic

ქართული ეკლესიის გახსნის ნებართვაც სვანებს მხოლოდ ოცნება ეგონათ, მაგრამ წელს უკვე ნებართვაც მიიღეს და შუაგულ ბარსელონაში ქართული ეკლესიაც უკვე გახსნეს. სწორედ აქ, კვირაობით, ყველაზე მეტი სვანის ნახვა შეიძლება.

საქართველოში ამბობენ, რომ ბარსელონაში იმდენი სვანი ცხოვრობს, რომ ბარსელონას ქუჩებში ძირითადად სვანური ისმის, რაც სიმართლეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება, მაგრამ რომელიმე სვანი რომ შემოგვხვდეს ბარსელონას რომელიმე ქუჩაზე, სავსებით რეალურია. რასაკვირველია, ისიც არავინ იცის, ზუსტად რამდენი სვანი ცხოვრობს კატალუნიის დედაქალაქსა და მის შემოგარენში, მაგრამ ცოტანი ნამდვილად არ არიან და არც ისეთი ცუდი სახელი აქვთ, თბილისში რომ ჰგონიათ. მეტიც - პირადად გვინახავს კატალუნიური გაზეთი, სადაც ბარსელონას მერია მადლობას უხდის სვანებს სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, რაც საამაყოა და პრესტიჟული, რადგან ბარსელონაში შენობებისა და ფასადების მოპირკეთებას მხოლოდ პროფესიონალებს ანდობენ. ჩვენში მოარული აზრიც, რომ უცხოეთში ქართველები მხოლოდ კრიმინალური საქმიანობით არიან დაკავებული, რა თქმა უნდა, ტყუილია და პირიქით - საზღვარგარეთ უამრავი ქართველი გაცილებით მონდომებით შრომობს, ვიდრე სამშობლოში. სვანებსაც თავიანთი შრომისმოყვარეობა, მგონი, კატალუნიაში ყველაზე მეტად გამოადგათ და სულაც არ გამიკვირდება, რომ ბარსელონაში სვანური კოშკიც ააშენონ. მშენებლობაში უკვე წარმატებით გაწაფულ სვანებს კოშკის აშენება იმდენად არ გაუჭირდებათ, რამდენადაც ნებართვის მიღება, თუმცა შეუძლებელი არაფერია - სულ ცოტა ხნის წინ, ბარსელონაში ქართული ეკლესიის გახსნის ნებართვაც მხოლოდ ოცნება ეგონათ, მაგრამ წელს უკვე ნებართვაც მიიღეს და შუაგულ ბარსელონაში ქართული ეკლესიაც უკვე გახსნეს. სწორედ აქ, კვირაობით, ყველაზე მეტი სვანის ნახვა შეიძლება, თუ, რასაკვირველია, ჩვენსავით გაინტერესებთ სვანურის მოსმენა...

თუ სვანური ქართველურ ენებს შორის ყველაზე არქაულია, შესაბამისად ყველაზე ახლოს უნდა იყოს საერთო წინაპარ იბერიულთან და სვანურ ენაში შეიძლება იბერიული პრობლემის მთავარი გასაღებიც იმალებოდეს. რასაკვირველია, ზემოთქმულში ძალიან ღრმა ლინგვისტური შრეები იგულისხმება, მაგრამ ზედაპირული მსგავსებებიც არსებობს, რომელთა შემჩნევაც ძალიან ადვილია. მაგალითად, ესპანეთში მეორდება სვანური ტოპონიმიკა: მესტია და ლენტეხა, მეორდება სვანური გვარები: ნავერიანი და სუბელიანი, მეორდება ლაგურკა და ლამარიაც კი და ესპანეთის სოფლებში ახლაც ნახავთ სვანურ მარხილს, რომელსაც არა მსგავსი, არამედ ზუსტად ქართული ბორჯღალი ამშვენებს. მაგალითები ბევრია და საკმაოდ ადვილი აღმოსაჩენიც, თუკი ეძებ და, როგორც წესი, ვინც ეძებს, პოულობს კიდეც...

თუმცა ჩვენ სვანურ ბარსელონაზე ვლაპარაკობდით, რომელიც ერთადერთი არ არის, რადგან ბარსელონა ჭრელი და ევროპული ქალაქია და ყველას და ყველაფერს იტევს...

ბოკერიების ბარსელონა

0x01 graphic

ბარსელონაში ბოკერიას სახელობის ქუჩაც არის და მოედანიც, რომელსაც ხუან მიროს ულამაზესი მოზაიკა ამშვენებს.

კატალუნიაში, ისევე როგორც მთელს ესპანეთში, არამხოლოდ ქართულის მსგავსი, არამედ სრულიად იდენტური გვარებიც ბევრია და მათ შორის ერთი, ნებისმიერმა კატალუნიელმა კარგად იცის. მიზეზი მარტივია - ბარსელონაში ბოკერიას სახელობის ქუჩაც არის და მოედანიც, რომელსაც ხუან მიროს ულამაზესი მოზაიკა ამშვენებს. გარდა ამისა, კატალუნიელ ბოკერიებს, შუაგულ ბარსელონაში, უკვე მესამე საუკუნეა სავაჭრო ცენტრი აქვთ გახსნილი და ამ ცნობილ ადგილს დღემდე მისი ძველი სახელი ჰქვია და დღემდე ასე მოიხსენიებენ კიდეც მას ბარსელონელი მშრომელები - ბოკერიას ბაზარი.

გია ხაზარაძისგან ვიცი, რომ ბარსელონაში ჩასულმა ქეთი ბოკერიამ პირველივე დღეს ამ ბაზრის ნახვა მოითხოვა დაჟინებით და მერე ფრიად კმაყოფილიც დარჩა ნანახით. თუ ასევე გაახარებთ სხვა ქართველებს თავიანთი გვარების აღმოჩენა ესპანეთში, უმრავლესობას ეს ბედნიერება განაღდებული აქვს. შორს რომ არ წავიდე, აქვე, მაგალითად (ბარსელონასთან ძალიან ახლოს), შემიძლია ქართველ როდონაიებს კატალუნიელი როდონაიების სოფელი მივასწავლო, რომელსაც სახელიც იგივე ჰქვია და მართალია იქ მეგრული არ იციან და სიმინდის ღომსაც კი ვერ შემოგთავაზებენ, მაგრამ მოგვარეების ნახვა ნამდვილად გაუხარდებათ. სხვათა შორის, კატალუნიური ესპანურისგან უფრო ნაკლებად დაშორებული ენაა, ვიდრე მეგრული - ქართულისგან, მაგრამ კატალუნიელებმა უფრო მეტი მოინდომეს და ახლა კატალუნიურ სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც სავალდებულოა ამ ენის ცოდნა. უცნაური ის არის, რომ ბარსელონა ყველაზე ევროპული ქალაქია ესპანეთში და კატალუნიელებიც გამუდმებით საუბრობენ ევროპულ ინტეგრაციაზე. მადრიდისა და ბარსელონას შედარებისას, ყველაზე თვალშისაცემიც სწორედ ეს არის და მადრიდი ნამდვილი ესპანეთია (ჯერ კიდევ) და ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობთ ესპანეთის დედაქალაქში. მადრიდში გამუდმებით გრძნობ, რომ ესპანეთში ხარ და ბარსელონა კი, უკვე ევროპული ქალაქია ამერიკული აქცენტით და ეს აქცენტი (არამხოლოდ ლინგვისტური) კატალუნიის სანაპიროებზე განსაკუთრებით იგრძნობა და ამ სანაპიროებით კატალუნიელები ძალიან ამაყობენ. თუმცა ბარსელონა ამ მხრივ, ახლოსაც ვერ მივა ბასკეთისა და კანტაბრიის ნაპირებთან და ყველაზე ცუდი ბარსელონაში ის არის, რომ მზე ზღვაში არ ჩადის.

ჰოდა, თუ საღამოს ზღვაში მზის ჩასვლას ვერ ნახავ, რად გინდა ან ასეთი მზე, ან ასეთი ზღვა და ან ასეთი ბარსელონა...

ბარსელონას მთავარ ქუჩაზე, რომელსაც რამბლა ჰქვია, მანქანები ტროტუარებს მიუყვებიან და ხალხი კი შუა გზაზე დააბიჯებს. ამ გრძელ ქუჩაზე ამაყად დასეირნობენ ბარსელონელები და ეჭვი არ ეპარებათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ცხოვრობენ.

0x01 graphic

გორელების ბარსელონა

1920 წელს გორში ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ შუა ქუჩაში მიმავალ ადამიანზე ქართლში დღემდე ამბობენ, გორელივით დადისო და როგორც ჩანს, იმ მიწისძვრის შემდეგ, შენობების ჩამონგრევის შიშით, გორელები შუა ქუჩაში კარგა ხანს დადიოდნენ. ამიტომაც, პირადად, ბარსელონაში ჩასვლისთანავე, გორი გამახსენდა, რადგან კატალუნიელები გორელებივით, მართლა შუა ქუჩაში დადიან, მაგრამ არა მიწისძვრის შიშით, არამედ მთავარი ქუჩის უცნაური დაგეგმარების გამო. ბარსელონას მთავარ ქუჩაზე, რომელსაც რამბლა ჰქვია, მანქანები ტროტუარებს მიუყვებიან და ხალხი კი შუა გზაზე დააბიჯებს. ამ გრძელ ქუჩაზე ამაყად დასეირნობენ ბარსელონელები და ეჭვი არ ეპარებათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ცხოვრობენ. ბარსელონა მართლაც ლამაზი ქალაქია, თუმცა მადრიდელებს, ბარსელონას ხსენებაზე, ყველაზე კარგ შემთხვევაში, უბრალოდ ეღიმებათ. ზემოთქმულის ახსნა მრავალნაირად შეიძლება, მაგრამ რაღაი სულ რუსეთის ხსენებაში ვართ, შორს აღარ წავალ და მოსკოვისა და ლენინგრადის მაგალითს გავიხსენებ და შესადარებლადაც ადვილი იქნება. არცერთი მოსკოველისთვის საკამათოც კი არ არის პეტერბურგის უპირატესობა და ლენინგრადი, რა თქმა უნდა, მოსკოვზე ლამაზია, მაგრამ მოსკოველებისთვის პეტერბურგი მაინც დიდი სოფელია და ისინი სწორედ ასე მოიხსენიებენ კიდეც მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს.

ბარსელონას დიდება და პოპულარობა კი, როგორც თავად ბარსელონელებიც აღიარებენ, 1992 წლის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ცხონებულმა ფრედი მერკურიმ სხვაგანაც ბევრი იწვალა, მაინც ყველაზე კარგად სწორედ ბარსელონას უმღერა მონტსერატ კაბალიესთან ერთად. ქალბატონი მონტსერატი ძირძველი ბარსელონელია და მისი ოლიმპიური მონდომება კატალუნიელებისთვის სულაც არ იყო გასაკვირი და ამიტომაც ისინი განსაკუთრებული მადლიერებით ცხონებულ ფრედის მოიგონებენ ხოლმე.

როდის გაჩნდა თბილისში ბარსელონას მოდა ან რატომ უყვართ ქართველებს მაინცადამაინც ეს ქალაქი ასეთი მონდომებით, არავინ იცის. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კატალუნიის დედაქალაქი განსაკუთრებით ქართველ ქალებს იზიდავს და ქართველმა ქალებმა კი ქალაქების უმიზეზოდ ამოჩემება იშვიათად იციან...

ზვიგენების ბარსელონა

0x01 graphic

ტიბურონი, ანუ ზვიგენი საფეხბურთო კლუბ ბარსას კაპიტნის, პუიოლის მეტსახელია, რომელიც მართლა ჰგავს დაღლილ, მაგრამ კეთილ ზვიგენს.

გაუდის გარდა, ბარსელონა პიკასოს და მიროს ქალაქია და სალვადორ დალის ულვაშებსაც ამ ქალაქში ვერსად დაემალებით. ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლსაც დღეში რამდენჯერმე ნახავთ, რადგან ისეთ ადგილას დგას და თანაც ისეთი მაღალია, ვერაფრით აცდებით. თუმცა კოლუმბს კატალუნიურად კოლონი ჰქვია და ბარსელონაში იმ ადგილსაც გაჩვენებენ, სადაც დიდმა მოგზაურმა თავისი ექსპედიციისთვის სამეფო კარისგან წერილობითი ნებართვა მიიღო. ის ზღვასთან ახლოს დგას, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ბარსელონას სანაპიროზე მაინც აკვარიუმია, სადაც იმდენ ზვიგენს ნახავთ, რომ უბრალოდ გაგიკვირდებათ, როგორ ვერ აღწევენ ისინი შავი ზღვის ნაპირებამდე. ალბათ სურვილი არა აქვთ, თორემ ამ ზვიგენებისთვის, შეუძლებელი არაფერია და ამ უზარმაზარი ზვიგენებისთვის აშენებული აკვარიუმიც, შესაბამისად, გრანდიოზულია. თუმცა მთავარი მაინც აკვარიუმის ფორმაა და ისეთი დაგეგმარება აქვს, გგონია, რომ სპეცსკაფანდრით ხარ მოსული და როცა თავზე თეთრი ზვიგენები გადაგივლიან, ცოტა შეშფოთდები კიდეც. მკაფიო და გამჭვირვალე აკვარიუმის ქვემოთ, მინის გვირაბებში დადიხარ და მართლა გაქვს ეჭვი, რომ აი, ახლა შეგჭამს რომელიმე ზვიგენი და სთივენ სპილბერგიც მოისვენებს და გაიხარებს.

ბავშვებს კი მართლა უხარიათ და უფროსებისგან განსხვავებით, საერთოდ არ ეშინიათ ზვიგენების. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, სწორედ ბავშვები მამხნევებდნენ ბარსელონას აკვარიუმში, როცა რომელიმე კბილებდაკრეჭილი ზვიგენი ისე მიახლოვდებოდა, რომ მხოლოდ გაქცევაზე ვფიქრობდი.

თუმცა ბარსელონელებს განსაკუთრებით უყვართ არა აკვარიუმის, არამედ „ბარსას“ ფეხბურთელი ზვიგენები და მათ ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ტიბურონი, ანუ ზვიგენი, მათი საამაყო „ბარსას“ კაპიტნის, პუიოლის მეტსახელია, რომელიც მართლა ჰგავს დაღლილ, მაგრამ კეთილ ზვიგენს. ის ერთადერთი, განუმეორებელი სიყვარულით სარგებლობს ბარსელონაში, რადგან პუიოლი, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, კატალუნიელია და თანაც უნივერსიტეტი იმის გამო მიატოვა, რომ „ბარსასთვის“ ძველი დიდება დაებრუნებინა. „ბარსა“ კი ბარსელონელისთვის გაუდიც არის და მიროც, სალვადორ დალიც და მონსერატის შავი მადონაც.

ის მუდამ გაღიმებული შავი ზვიგენიც ისე ცხოვრობს ბარსელონაში, როგორც სტალინი კრემლში და რამდენ სიამოვნებასა და სიხარულსაც „ბარსას“ ფანებს ანიჭებს ხოლმე, განა მეტის ღირსი არ არის?...

ჰოდა, ბარსელონელები ამბობენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ და, მგონი, მართალიც არის. „რეალის“ მთავარი პრობლემა კი სწორედ ის არის, რომ „ბარსასგან“ განსხვავებით, მათ არ გააჩნიათ დუენდე, რაც ქართულ სლენგზე ჯიგარს ნიშნავს. მადრიდელებს ჰგონიათ, რომ მთავარი ფულია და რაც მეტ ვარსკვლავს იყიდიან, უკეთესი გუნდიც ეყოლებათ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ პრინციპს შედეგი არ მოაქვს. „ბარსა“ კი ისევ ამტკიცებს, რომ ფეხბურთში (ისევე როგორც ცხოვრებაში), ფული არ არის ყველაზე მთავარი და ფულის გარდა, წარმატების მისაღწევად, კიდევ რაღაც არის საჭირო, თუნდაც დუენდე.

ეს დუენდე ანდალუზიური წარმოშობის სიტყვაა და კატალუნიელებს კი სამხრეთ ესპანელები სულაც არ ეხატებათ გულზე და ამ სიტყვასაც იშვიათად იყენებენ. თუმცა არც სჭირდებათ, რადგან ახლა „ბარსა“ მართლა საუკეთესო გუნდია მსოფლიოში და ასეთი ნაკრები ჩვენ რომ გვყავდეს ფეხბურთში, რუსები მართლა გაიყვანდნენ საქართველოდან ჯარებს და ქართველებსაც ბარსელონაში არ მოუწევდათ წასვლა საშოვარზე, საწვალებლად და ზვიგენების სანახავად...

7 დისკუსია

▲back to top


ომის კულტურა

ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: დავით მესხი

დალაი ლამა იტყვის: პოლიტიკა კი არ არის ბინძური, კაცობრიობის
პოლიტიკური კულტურის დონეა ძალინ დაბალი და ამიტომაც,
სუფთა ზრახვები, მაღალი იდეალები და კეთილშობილური მიზნები
დამახინჯებულ სახეს იღებენ.

რა გვასწავლა ბოლო 15-წლიანმა საქართველოს ისტორიამ?
გავაცნობიერეთ რაიმე, გავიზარდეთ თუ პატრიოტიზმისა და
რომანტიკის ხათრით, იგივეს ჩავიდენთ, რაც აქამდე ჩაგვიდენია?
გაგვაჩნია თუ არა ომის კულტურა და ვერკვევით თუ არა ომის
ფსიქოლოგიაში? - დისკუსიაში მონაწილეობენ: მწერალი ლაშა
თაბუკაშვილი, სამხედრო ექსპერტი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე,
კინოდოკუმენტალისტი ქუცნა ამირეჯიბი, პროდიუსერი გია
საღინაძე და ფსიქოლოგი თემურ ჯალიაშვილი.

0x01 graphic

თემურ ჯალიაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი

0x01 graphic

თემას რომ სასურველი მიმართულება მივცეთ, ფსიქოლოგს ვკითხოთ: თუკი კულტურა გარკვეულწილად საზოგადოების მიღწევათა ერთობლიობაცაა, შესაძლებელია თუ არა ომის განხილვა კულტურის ისტორიის ჭრილში.

თემური - ომი კაცობრიობის კულტურის ნაწილია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ომის კულტურაზე საუბარი. რაც შეეხება ომის ფსიქოლოგიას, არსებობს წმინდა სამხედრო ფსიქოლოგია იმ თვალსაზრისით, როგორ მოამზადონ ჯარისკაცები და ოფიცრები ომისთვის. მეორე მხრივ, ომის ფსიქოლოგიური მექანიზმები დაიყვანება ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა ძალადობა, სტრესული სიტუაციები, ომისშემდგომი, პოსტტრავმული მოვლენები და ა.შ.

ქეთი - მაშინ ვთქვათ, ჩვენი ისტორიის მანძილზე, რამდენად ჩამოგვიყალიბდა ომის კულტურა. საქართველოს ისტორია ხომ, ფაქტობრივად, ომების ისტორიაა.

ვახტანგი - ომი, გარკვეული დოზით, კულტურის ნაწილია. ამა თუ იმ ერისთვის დამახასიათებელია კულტურული შრე - თუ როგორ აღიქვამს ომს. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ანალიტიკოსები მოწინააღმდეგეს სწავლობდნენ, არჩევდნენ, რით განსხვავდებოდა იაპონელი ოფიცერი ევროპელისგან. იაპონელი ოფიცერი იყო უფრო მეომარი, ვიდრე ბრძოლის წარმმართველი. ის თავის ღირსებასა და პატივს უფრო წინ აყენებდა, ვიდრე ბრძოლის მართვას. ტრადიციებიდან გამომდინარე, იაპონელისთვის ომი იყო კულტურის დედა, აღორძინების მამა და ა.შ. ევროპელი იმით სჯობდა მას, რომ ბრძოლას თავად მართავდა.

ქეთი - ქართველის შემთხვევაში როგორ არის?

ვახტანგი - ძველ წყაროებში ასახელებენ 1900 წელს გამოცემულ წიგნს „კავკასიის სამხედრო გეოგრაფიული ნარკვევები“. კავკასიელების დახასიათებისას ნათქვამია: თუ ხედავს, რომ ბრძოლის ველზე ვიღაც უყურებს, თავს მოიკლავს, უდიდეს გმირობას აჩვენებს; მაგრამ თუ დარწმუნდა, რომ არავინ უყურებს, ყველანაირი სისაძაგლის გამკეთებელიაო. ეს შეფასება ნაწილობრივ მართალია.

ქეთი - გამოდის, რომ ომის კულტურა არ გვქონია.

ვახტანგი - ომი უფრო სხვა რამეა. ჩვენ გვაქვს ბრძოლის კულტურა, რადგან ტრადიციულად მოგვდგამს სიმამაცე. ომში ვიყავი და იქ მამაციც ვნახე და მხდალიც. გვინდა, რომ ყველაფერში გამორჩეულები ვიყოთ. არადა, სხვების მსგავსად, ისტორიული, მენტალური ტემპერამენტის გარკვეული დამატებები ვართ. ტემპერამენტი და ფსიქოლოგია ძალიან კომპლექსურია, შიში და სიმხდალე კი ადამიანის ბუნებრივი თვისებებია. სწორედ სამხედრო არის ის ორგანიზაცია, რომელიც წვრთნითა და დისციპლინით, მებრძოლს საშუალებას აძლევს, საკუთარ თავში შიში დაძლიოს.

ქუცნა - ალბათ უნდა გავმიჯნოთ მოხალისეთა, არაპროფესიონალთა ომი და სამამულო, სადაც ყველა იღებს მონაწილეობას, მეომარიც და არამეომარიც.

ვახტანგი - რაც შეეხება სამამულო ომს. გერმანელები მოსკოვს იყვნენ მომდგარი, მოხალისეებით გაივსო ყველაფერი, მაგრამ თუ მოხალისე საწყის სამხედრო წრთვნას არ გაივლიდა, ბრძოლის ველზე არ გაჰყავდათ, რადგან ერთი დაჭრილის გამოყვანას უფრო მეტი კაცი სჭირდება და შეიძლება უფრო მეტი დაგეხოცოს, ვიდრე ის ერთი გადაარჩინო.

ლაშა - ასეც ხდებოდა აფხაზეთში. აგერ, ქუცნას ძმა ირაკლი და ბევრი ბიჭი სწორედ დაჭრილების გამოყვანის დროს დაიღუპნენ. სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეეწირნენ ბიჭები.

ქეთი - კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ჭაბუა ამირეჯიბს შვილის დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. მან ასეთი რამ თქვა: სამშობლოს სჭირდება სისხლი და ცრემლი და ჩემმა ოჯახმა ორივე გაიღო. მოგვიანებით კი ორ ინსულტგადატანილს ასეთი ფრაზა წამოცდა: ირაკლის სიკვდილმა მწუხარების ჭურჭლად მაქციაო.

ქუცნა - რაღაც მომენტებში, თუნდაც კულტურულ მდგომარეობებში, მსხვერპლის გაღება უნდა შეგეძლოს. მსხვერპლი კი, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლეა. ყველა ჩვენგანი ირაკლის დაღუპვას ასე მივუდექით. რა თქმა უნდა, ტრაგიკული იყო, მაგრამ ვფიქრობ, სწორად გაცნობიერებული.

ქეთი - ე.ი. როცა ომში მიდიხარ, იცი, რომ სიკვდილზე მიდიხარ?

ქუცნა - თუ პროფესიონალი ხარ, სიკვდილზე არ მიდიხარ, მაგრამ იცი, რომ შეიძლება მოგკლან. აგერ, გია ომების მონაწილეა და იცის, რას ნიშნავს, როდესაც სიკვდილისთვის მზად ხარ.

ქეთი - ქუცნა მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდს ეხება. საინტერესოა, საბჭოეთის ნგრევას რატომ მოჰყვა სხვადასხვა ხასიათის ომები მაინცდამაინც კავკასიაში და არა სხვაგან, თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

ქუცნა - დიდი ხნის განმავლობაში, კავკასიაში სახელმწიფოებრიობის დეფიციტი იყო. ეს ნაციები არ იყვნენ სახელმწიფოები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამხედრო, პოლიტიკური, ეროვნული შეხედულებები არ ჰქონდათ. ამიტომაც მოახერხა იმპერიამ, ადვილად აერ-დაერია ყველაფერი. როცა ომის კულტურაზე ვსაუბრობთ, მინდა ამ სიტყვას დეფინიცია მივცე. „კულტურა“ ლათინურად დამუშავებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, კულტურა ამა თუ იმ ისტორიულ ეტაპზე, ნიშნავს შენი ნაციის მეთოდიკას, რომელიც ძალიან დინამიურია იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება გარემო. ისტორიულად, ჩვენი კულტურა მილიტარისტული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში, გადარჩენის ერთადერთი გზა - ომებში, სიცოცხლის ფასად, ფიზიკური მონაწილეობა აღმოჩნდა. მილიტარისტულში ვგულისხმობ ომზე ორიენტირებულს და არა ომის მოსურნეს. მთელი ჩვენი საზოგადოების შიდა ორგანიზება ასეთი იყო - ვზრდიდით შვილებს იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან ომში წავიდოდნენ და თუ მოკვდებოდნენ, ამისთვისაც მზად ვიყავით. ფიზიკური თვითგადარჩენის მექანიზმი ადრეული საუკუნეებიდან ჩაგვერთო, მაგრამ კომუნისტების დროს, მარტო ფიზიკურზე აღარ იყო ლაპარაკი. უკვე იდეალებისა და სარწმუნოების გადარჩენაზე მიდგა საქმე. ამიტომაც, თვითგადარჩენის რეჟიმმა სახე იცვალა. ბევრი რამ იცვლება დღეს ჩვენთვის და ჩვენი კულტურისთვის. ქართული კულტურა სხვანაირი ხდება.

გია - ჩემი აზრით, 90-იანი წლების დასაწყისში, ომის კულტურა არ გვქონია და შეიძლება არც ახლა გვაქვს. ომის კულტურის ჩამოყალიბებას, პირველ რიგში, ისეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო სჭირდება, რომელიც თავად ჩამოგიყალიბებს სისტემებს და შეგიქმნის კულტურას - თუ როგორ აწარმოო ომი. თავად ვარ ასეთი ფაქტის მომსწრე: როდესაც ჩვენი ასეული დროშით მიდიოდა აფხაზეთში, აეროპორტში გზა გადაგვიჭრა ფუთებით აღჭურვილმა 200-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც დუბაიში სავაჭროდ მიდიოდა. ასეთ მდგომარეობაში, როცა ერთი ჯგუფი ომში მიდის და მეორე სავაჭროდ, ომის კულტურაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ქეთი - ასე არ იყო თბილისის ომის დროსაც? რუსთაველზე, „საქინფორმიდან“ ტელეგრაფამდე თოკი იყო გაბმული. იქით ომი მიდიოდა, აქეთ - სახალხო სეირნობა.

გია - ჩვენს გენებში ბრძოლისუნარიანობა და ომისთვის შინაგანი მზაობა ძლიერადაა. ამიტომაც იყო, რომ ბევრი ადამიანი გულანთებული წავიდა ომში, თუმცა არ გვქონდა საჭირო გამოცდილება. როცა გამოცდილება შევიძინეთ, მაშინ დავკარგეთ კიდეც აფხაზეთი. რაც შეეხება სამხედროებს, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ ხალხს გამორჩეულ პატივს სცემენ. როცა ადამიანი სამხედრო ხდება, პირდაპირ ამბობს: ჩემი ქვეყნისთვის, რაც შემიძლია და რაც ყველაზე ძვირფასი გამაჩნია - სიცოცხლე, იმას ვთმობ. სხვაა, როცა ომში მიდის ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი, ჯარგაუვლელი ადამიანი, უმძიმესია პირველი შოკი. როცა მეგობარი გეღუპება, ძნელია ამის უცებ აღქმა, მაგრამ პირველი ორი ბრძოლის მერე ეჩვევი და ისეთ ტრაგედიად აღარ აღიქვამ.

ქეთი - მოდი, ლაშასაც მოვუსმინოთ. ბოლო პერიოდის ომები არც მის ოჯახს აცდენია.

0x01 graphic

გია საღინაძე, ვახტანგ კაპანაძე

0x01 graphic

ლაშა - ვერ ვიტყვი, რომ ვიომე, რადგან ამ სიტყვას ცოტა მეტი მოეთხოვება. როცა ომის კულტურაზე ვლაპარაკობთ, გავიხსენოთ, როგორ იყო მოშლილი და ეროვნული ისტერიით წალეკილი კულტურული ფასეულობები. საკუთარი დედ-მამის, წინაპრების გინებითა და მთელი ერის საბჭოთა აგენტურად მონათვლით არ იწყება ეროვნული მოძრაობა-მეთქი, თავის დროზე ვამბობდი. წეღან ვახტანგმა ბრძანა, რომ არსებობს ევროპული პრაგმატიზმის კულტურა და კულტურა იაპონური ბუშიდოსი, მისიმას ხარაკირის დონეზე. რაინდული კოდექსი, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენთანაც არსებობდა. ჩვენ დიად მაგალითებზე გვზრდიდნენ და აქედან იყო გამოყოლილი თუ რა, როცა ბრძოლის ველზე გბომბავენ და არავითარ შემთხვევაში არ წვები, უკვე კრეტინი ხარ. ეს ის „პიჟონსტვაა“, როცა ვიღაც გიყურებს. არადა, სხვას რომ არ ეყურებინა, მშვენივრადაც წამოწვებოდი მხართეძოზე. ეს რომანტიკა ლამის პაციფიზმში გადაგვივიდა. სხვათა შორის, ლებედმა, რომელიც ჭკუით არ გამოირჩეოდა და დიდი სისხლიც ედო კისერზე, თქვა: ვისაც უომია, მას სძულს ომიო. არ შეიძლება გიყვარდეს დიდი საყასბო, სადაც ცხოველების მაგივრად ადამიანებს კლავენ, არ შეიძლება ომი რომანტიკის საგანი გახდეს. სხვათა შორის, 9 აპრილი მინიმოდელი აღმოჩნდა ყველა იმ ომისა, რაც საქართველოში მოხდა და რომლებსაც თავისუფლად შეიძლებოდა ავცდენოდით. არავინ თქვას, რომ აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან ვიომეთ. ჩვენ, პრაქტიკულად, ერთმანეთს ვეომეთ. ეს იყო ერთი დიდი ბაზალეთი, ბოდიშს ვიხდი კატეგორიულობისთვის. 1918 წლიდან, 24 წლის აჯანყების შემდგომი მცდელობები, დაწყებული მცირედით და დამთავრებული ფართომასშტაბიანი ომით, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ქართველების ბრძოლა ქართველებთან.

ვახტანგი - მოუმზადებლობისა და უამრავი ლაფსუსის მიუხედავად, შეგვეძლო ეს ომი არ წაგვეგო, იქ სხვა ძალები, თამაშები და პოლიტიკა ჩაერია. იმ ბიჭების ბრალი კი არ იყო, ომში ხალისით რომ მიდიოდნენ. მათ გული ერჩოდათ და მიდიოდნენ. იმათი ბრალი იყო, ვისაც ისინი მიჰყავდა. ლევან აბაშიძეს მის სიცოცხლეში თოფი არ გაუსვრია. როგორ შეიძლებოდა მისი ომში წაყვანა?! ბოლო დღეებში (მაშინ ალყაშემორტყმულ სოხუმში ვიყავი), ოჩამჩირეში ვინც იყო, მეუბნებოდნენ - პირდაპირ ქუჩაში აკრეფილი ხალხი მოჰყავდათ, ყუმბარმტყორცნი რომელი მხრიდან დაეჭირათ, არ იცოდნენო. მარშალ მონტგომერის აქვს ნათქვამი: მასობრივი გმირობები ცუდი მეთაურობის ბრალიაო. ჯარისკაცს გმირობა არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან გმირობა არასწორად გაკეთებული საქმის იძულებითი გამოვლენაა. ტერმინი „ბოევიკი“, ანუ მებრძოლი, რუსულიდან შემოვიდა და დამკვიდრდა. ჩემი აზრით, მებრძოლი აღმატებითია, „ბოევიკი“ უფრო ბანდიტს უახლოვდება. ჯარისკაცი არის დისციპლინირებული, კანონზე ორიენტირებული, მოწინააღმდეგის ჯარისკაცთან საბრძოლველად მომზადებული. „ბოევიკი“ ამის ანტიპოდია. არსებობს მებრძოლების ოთხი კატეგორია. I კატეგორია - ეს არის „ლუზერები“, ხელმოცარულები, დაკნინებულები და კომპლექსიანები. მათ იშოვეს იარაღი და ცდილობენ მისი ძალით დაიმკვიდრონ სტატუსი. II კატეგორიაში შედიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ ხედავენ მომავალში და ომში ერთგვარ რომანტიკას ეძებენ. ნათქვამია, ვინც 13 წლის ასაკში ხელში კალაშნიკოვს აიღებს, სიცოცხლის ბოლომდე არ გაუშვებსო (გავიხსენოთ ავღანური მაგალითი). III კატეგორიაა ე.წ. პატრიოტები, რომლებიც იდეის გულისთვის ომობენ. ისინი ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული არიან, დიდი რწმენა გააჩნიათ და ომის შემდეგ მათი მობრუნება საზოგადოებაში ყველაზე ადვილია. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორია დანაკარგი და შენარჩუნებულია თუ არა მიზანი, რისთვისაც იარაღი აიღეს ხელში. IV კატეგორია ყოფილი სამხედროებია, ანუ საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში ფენა. აქ ერთიანდებიან ხელმოცარული ოფიცრები, სერჟანტები, ქარიზმატული ქვეითები, რომლებიც თავიანთ გარშემო იკრებენ ხალხს, ხდებიან კასტის ბელადები და მმართველობაში მოსვლას ცდილობენ. ესაა კლასიკური დაყოფა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი თავი და მიხვდეთ, ვინ და როგორი თანაფარდობით იბრძოდა ჩვენს ომში.

თემური - ჩვენ ომზე და, თავისთავად, ომის კულტურასა და ფსიქოლოგიაზე ვლაპარაკობთ. საბჭოთა პერიოდში, მთელი ჩვენი ეროვნული ამოცანა სულიერების შენარჩუნება იყო, ხშირად რომანტიულ-რაინდული ფორმებით გამოვლენილი. როგორც პატარა ბავშვი არაა მზად რეალურ ცხოვრებასთან შესახვედრად, ისე ჩვენც ამ ომებს შევეჯახეთ. მაინტერესებს, რამდენად გავიზარდეთ და რამდენად შეგვეცვალა დამოკიდებულება ამ ომების მიმართ. რჩება შთაბეჭდილება, რომ გავიზარდეთ, თუნდაც ის ისტერიული ფონი, რაც მაშინ იყო, აღარ არის.

ქეთი - მაპატიე, მაგრამ ამ ისტერიას დღესაც ვგრძნობ. ამ ზაფხულს, როცა საზოგადოება ომის მოლოდინით ცხოვრობდა, 19-20 წლის ბიჭები ჩემი თაობის ბიჭებივით აღტკინებულები ამბობდნენ, რომ ომში წავლენ, აბა, რა?

0x01 graphic

უცნა ამირეჯიბი

თემური - მაშინ მთავარი იყო ომში წასულიყავი და გესროლა. დღეს ხალხი ასე ფიქრობს: ომი რომ დავიწყოთ და წავაგოთ? საზოგადოება უფრო პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული გახდა.

ქუცნა - ვფიქრობ, რომ ამ ომებმა, ნაწილობრივ, ჩვენი ზრდა განაპირობა. 90-იან წლებში, საკმაოდ ბრმა მდგომარეობაში ვიყავით, რადგან წინ გვედო მოდელი - ჰეროიკულობა, როგორც ქართველობის მთავარი იდენტიფიკატორი. ამიტომაც ვიშიშვლეთ ხმლები და წინ წამოვიდა უტვინო პატრიოტიზმი, ანუ ინტელექტმა არ იმუშავა, რადგან ინტელექტუალური პროცესი, ერთი მხრივ, სამზარეულოში იყო შეკეტილი, მეორე მხრივ - ВПК-ში იყო წასული. ამ ყველაფერს დამარცხებულობის განცდა, ნიჰილიზმი დაემატა. მსგავს ვითარებაში კი ვერაფერს გააცნობიერებ, რადგან თუ დეპრესია გაქვს და არავინ იწუხებს თავს, რომ მდგომარეობიდან გამოგიყვანოს, ვერ გაიგებ, რატომ გაქვს დეპრესია. დროა საჭირო. საზოგადოების ნაწილმა მთლიანად მოახერხა სიტუაციიდან თავის დაღწევა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა ხედვა იმისა, სად ვდგევართ, რისგან შედგება ჩვენი კულტურა ანუ ცხოვრების წარმოების ჩვენეული მეთოდიკა.

გია - 90-იან წლებში, ძალიან ბევრისთვის უინტერესო იყო ის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში ხდებოდა. ომი სხვაგან და სხვისთვის მიდიოდა, ის კი უკეთ იწყობდა ცხოვრებას. მოიგებდნენ თუ არა ბიჭები ომს, ნაკლებად წუხდა. რაღაცას ხომ მაინც გააკეთებდნენ. ახლა ხვდება, რომ თუ რამე მოხდა, მასაც შეეხება, რადგან ეს უკვე სახელმწიფოა, სისტემაა და შეიძლება მისი შვილიც გაიწვიონ ჯარში, მის შვილსაც მოხვდეს ტყვია. სახელმწიფოებრიობა უკვე სხვაგვარ მიდგომებს ითხოვს. საზოგადოებასაც უჩნდება კითხვა: მზად ვართ თუ არა?

ქეთი - თუკი გააცნობიერეს, როგორც თქვენ ამბობთ, პირველ რიგში, ეს ლიტერატურასა და კინოში უნდა ასახულიყო. ერთეული ემოციური და დოკუმენტური ქრონიკის გარდა, თანამედროვე ომების მასშტაბური ანალიზი ვერსად ვნახე, მაშინ, როცა ამერიკული ლიტერატურისა და კინემატოგრაფის დიდი წილი ამერიკა-ვიეტნამის ომის მონაწილეთა დახლეჩილ ფსიქიკაზეა აგებული. თუ არ ვცდები, „ვიეტნამის სინდრომი“ სამედიცინო ტერმინადაც კია ქცეული.

ლაშა - კინოზე ერთი პასუხია - არ არის ფული. სხვა რამეა ლიტერატურა. იმ ბიჭებმა, რომელთაც იომეს, რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები დაწერეს. საერთოდ, ომწაგებული კაცი ომზე ძნელად წერს, რადგან ხდება განხიბვლა, იმედგაცრუებები, შინაგანი ტრავმები... ჩემი შვილი ომის შემდეგ გაღიმებული იშვიათად მინახავს. სანამ აფხაზეთში არ დაბრუნდება, ეს თაობა მთელი ცხოვრება უბედური იქნება. საზოგადოების დამოკიდებულებამ ნაწილი ყველაფრის მიმართ გააგულგრილა, დეპრესიულ, ხელჩაქნეულ ადამიანად, ნაწილი კი - აგრესიულ, თვითკმარობას მოკლებულად აქცია. გაუგებარია მთავრობის კურსიც, როცა ერთი ამბობს, რომ დაბადების დღეს ეშერაში გადაიხდის, მეორე ახალ წელს ჭიქას აწევს ცხინვალში, მესამე კი ბიჭვინთის ტყეში 26 მაისს იზეიმებს. ეს აბსოლუტურად არაფერზე დაყრდნობილი განცხადებებია. ჯერ ერთი, არავინ არ აომებს საქართველოს. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. არ გაომებს მსოფლიო თანამეგობრობა, არ გაომებს რუსეთი. ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს, სჯობდა ერთმანეთისკენ მოვტრიალებულიყავით და სახალხო დიპლომატიის ჩართვით, მეომრებისა და დაღუპული ბიჭების დედების შერიგებით, ერთმანეთის საფლავებზე შეკრებით, ამხელა სისხლი ჩამოგვერეცხა. სანამ თვითონ აფხაზს არ შეურიგდები, აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ.

გია - ომის სინდრომზე იყო ლაპარაკი და თუ ვინმემ იცით, დამისახელეთ ერთი ადამიანი მაინც, ვინც ომის შემდეგ რეაბილიტაცია გაიარა. ეგ კი არა, ომის მონაწილეები საზოგადოებისთვის განტევების ვაცად იქცნენ. თურმე მათი ბრალია, რომ ომი წავაგეთ და ყაჩაღებია სუყველა. ზოგჯერ კი, როცა ხელისუფლებას სჭირდება, ესენი არიან გმირები და ა.შ. აბსოლუტურად სიტუაციის მიხედვით ხდება შეფასება. არადა, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი გმირობა ხდებოდა, უდიდესი თავგანწირვა, ხშირად უსმელ-უჭმელი ხალხი ომობდა, მთელი სულითა და გულით იცავდა თავის სამშობლოს... მესმის, რასაც ითხოვთ მწერლობისგან, მაგრამ ისეთ მოვლენაზე, როგორიც ომია, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნები. ერი ომს იგებს თუ აგებს, გმირობა ყოველთვის ფასდება. გვინდა თუ არ გვინდა, სამყაროში ყოველთვის ხდება ომები და თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვისო - ზუსტი გამონათქვამია.

ქეთი -ნებისმიერ ომს ამზადებს იდეოლოგია და იმისათვის, რომ ომი წარმართო, უნდა გაგაჩნდეს სტრატეგია და არა უმართავი ემოცია. ჩვენს ქვეყანას რამდენად აქვს იდეოლოგია და სამხედრო სტრატეგია, იმისათვის, რომ მუდმივად დამარცხებულის სინდრომით არ იყოს ავად?

ვახტანგი - არსებობს მთელი ამერიკული წესდება, ვთქვათ, პროცედურები დაჭრილებისა და მიცვალებულების შესახებ. თუ გინახავთ, როცა ომში დაღუპული ჩამოჰყავთ, როგორ გადმოასვენებენ ხოლმე, როგორ აფარებენ დროშას? ოჯახში მიდის კაპელანი, მეთაური ან მთავრობის წარმომადგენელი, უსამძიმრებს მათ და დაკეცილ დროშას გადასცემს. შესაძლოა, ეს ანტურაჟია, მაგრამ სხვაგვარად განაწყობს მშობელს იმ მშობლისგან განსხვავებით, რომელიც, მაპატიეთ, და მორგში შეჰყავთ გახდილი შვილის სანახავად. აი, ეს არის იდეოლოგია და ქვეყნის მომზადება. მართალია შვილი დაგეღუპა, მაგრამ დროშის ქვეშ, ღირსეულად მოგიკვდა. რაც შეეხება სტრატეგიას. ომის გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკოსები, სამხედრო მათ დაკვეთას ასრულებს. სამხედროს მოვალეობაა, რომ სახელმწიფოს უთხრას, ის ომი გამარჯვებამდე მივა თუ არა. ომი კომპლექსური ცნებაა, არსია, რომელიც პოლიტიკაცაა, ეკონომიკაც და ფსიქოლოგიაც; მოკლედ, მრავალწახნაგოვანია. თუ ქვეყანას გაცნობიერებული აქვს, რომ ყველა და ყველაფერი ომის მოგებაზე უნდა მუშაობდეს, ის ომს მოიგებს. სამხედროს რაც ეხება, ის გეგმავს კამპანიას. პოლიტიკოსი წყვეტს, უღირს თუ არა ომი. უნდა უკუაგდო მოწინააღმდეგე, მოიგერიო, დაამარცხო თუ გაიმარჯვო ომში - სულ სხვადასხვა ცნებებია. ომში გამარჯვება ნიშნავს, რომ შენი დროშა მოწინააღმდეგის დედაქალაქის თავზე აღმართო.

ქეთი - დამარცხებულის სინდრომისგან განკურნება როგორ ხდება?

ქუცნა - დამარცხებულის სინდრომი მხოლოდ გამარჯვებით განეიტრალდება. არ არის აუცილებელი, გამარჯვება ფიზიკურმა მსხვერპლმა მოგიტანოს. როგორც კი დიდი შერიგება დაიწყება, დამარცხება ისე წაიშლება, თითქოს არც ყოფილა.

0x01 graphic

გია - ჩვენ იმისთვის ვომობდით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ყოფილიყო. თუკი ჩვენს განუყოფელ ნაწილებს ომის გარეშე დავიბრუნებთ, ჩათვალეთ, რომ ეს ომიც გამართლებული იყო.

ვახტანგი - ყველაფერს აქვს ნათელი და ბნელი მხარე, დამარცხებულის სინდრომიც უნდა მართო. კი არ დაშინდე და შედრკე, დღედაღამ უნდა ივარჯიშო იმ ინტერესით, რომ დაკარგული დაიბრუნო. ამერიკაში მთელი თაობა ვიეტნამის სინდრომით დაღდასმული დარჩა - ლოთი და ნარკომანი გახდა. ვერაფერიც ვერ უშველეს, სანამ ამერიკამ შემდგომში პატარ-პატარა ომები არ მოიგო. ჩვენთან კი, ვინც ომში იყო, ყველა მოიშორეს თავიდან, სამხედროიანრიგითიანად. არადა, მათი გამოცდილების გამოყენება უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკა. ის ბიჭები, ვინც ტყვიის წვიმაში გაიარა, რატომ არ მიჰყავთ ჯარის ნაწილებში? რა, ცუდ ამბებს მოჰყვებიან? არ არის ომი მარტო დროშის დაჭერა და რემბოსავით ლენტების გადაკიდება. ომი არის გაუთავებელი ტალახი, ჭუჭყი, სუნი, სანგარი...

ლაშა - განგრენაა რა, ერთი დიდი განგრენა.

თემური - მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუსმენდი საუბარს იმაზე, რომ ომი ცუდია და არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ თითოეული თქვენგანი მიდიოდა იქითკენ, თუ როგორ ვიომოთ კარგად. ჩემი აზრით, ომის გაცნობიერებას დრო სჭირდება და ზუსტად ამის ბრალია ის, რომ ამ ომმა ასახვა ვერ ჰპოვა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ვერ ჩამოვყალიბდით იმაშიც, ვინ იყო მტერი. წავაგეთ ომი და ვთქვით, რომ ვეომეთ რუსეთს და რუსებს როგორ მოვუგებდით, თავი ვიმართლეთ, ანუ ვიპოვეთ კომფორტული გამოსავალი. დამარცხებულის სინდრომიც ჩვენთან ისეთი არაა, როგორც ამერიკაში. ამერიკელი თავს ვერაფრით გაიმართლებდა, რადგან ის აწყობილი ქვეყნიდან მიდიოდა სადღაც, სხვა სამყაროში ომობდა და ბრჭყვიალა ქვეყანაში ბრუნდებოდა. ზუსტად ეს იწვევდა ვიეტნამის სინდრომს, რომელიც ამერიკაში 58%25-მდე ავიდა. საქართველოში არ არის ამხელა პროცენტი, რადგან ჩვენივე სამყაროში, საქართველოში მიდიოდა ომი. ჩვენსა და ამერიკას შორის უდიდესი განსხვავებაა, მექანიკურ შედარებას ვერ გავაკეთებთ.

ლაშა - ხრუშჩოვმა, თუ არ ვცდები, 56 წლიდან აკრძალა სამხედრო კარიერა. არ არსებობდა სამხედრო ინტელიგენცია, არანაირი სამხედრო მომზადება. ჩვენს გადამცემებზე ისხდნენ აფხაზები და ყველაფერი მშვენივრად ესმოდათ, რომ არაფერი ვთქვათ იმ ღალატზე, რაც შიგნიდან იყო და მასმედიის ცუდ როლზე, როცა ჩვენი მეომრებისა და ტექნიკის გადაადგილების პუნქტებს ტელევიზიით პირდაპირ აჩვენებდნენ... ნუ გავიწყდებათ ისიც, რომ საბჭოთა იმპერია გუშინ დაინგრა და ყოველი მესამე თუ მეოთხე ინფორმატორი იყო.

გია - სამხედრო ელიტა ვერ ჩამოყალიბდება იმ ქვეყანაში, სადაც პირადი ერთგულების ნიშნით არჩევენ. როცა ადამიანებს არა პროფესიონალიზმის, არამედ იმის მიხედვით ცვლი, თუ რამდენადაა შენი ერთგული ან მონა - არაფერი გამოვა.

ვახტანგი - ჯარი საზოგადოების ყველაზე კონსერვატიული ნაწილია. მისი მუდმივი ცვლა არ შეიძლება, რადგან ის ტრადიციების შედეგად ყალიბდება. არ შეიძლება ჯარში „ჩემი გუნდის“ პოლიტიკური სისტემა შემოიტანო. რომელ სტრატეგიაზეა საუბარი, როცა არ იცი მართვა, ფაზირება, რისგან შედგება შტაბი. გამოდიან და ნაწილს, შენაერთს და ქვედანაყოფს ერთმანეთში ურევენ.

ქეთი - ამ გარკვევასა თუ გაურკვევლობაში ომები კიდევ შეგვხვდება?

ვახტანგი - XIV საუკუნის ფრანგული გამოთქმაა: სულელური, როგორც მშვიდობა. მე არც ნაჩუქარი მშვიდობის მომხრე ვარ და არც ისეთის, რომ არც მშვიდობა იყოს და არც ომი. თუ მოსახდენია, უნდა მოხდეს, მაგრამ ყველაფერი ჭკუით, შიდა წესრიგის დამყარებით, დაგეგმარებით და მომზადებით უნდა გაკეთდეს. მსოფლიო შენს მხარეზე უნდა იდგეს. ამერიკა რომ ამერიკაა, მასაც სჭირდება მხარდაჭერა. თუ დააკვირდებით, ამერიკა არასოდეს ამბობს, რომ ნავთობის ან სხვა რაიმე ინტერესისთვის იბრძვის. ის ამბობს, რომ დემოკრატიული იდეალებისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ომობს. ესაა მისი იდეოლოგია. ბიბლიაში არის ასეთი ადგილი: დავითი საბრძოლველად მიდის. ერთ-ერთი მებრძოლი, საული თავის აბჯარს შესთავაზებს. არ მინდაო - ეუბნება დავითი, - შენი ან დიდი მექნება, ან მომიჭერსო. ქართველებმაც უნდა მოვირგოთ მხოლოდ ჩვენი. თუშებს ჰქონდათ ბრძოლის ხუთკაციანი სისტემა. ყველაზე მოხუცი მეთაური იყო, უმცროსი იზრდებოდა და თან ინფორმაციის გატანგამოტანაზე მუშაობდა, სამკაციანი მარბიელი ჯგუფი კი შემსრულებელი იყო. ქართველებს სისხლში გვაქვს ორგანიზების, საბრძოლო ხელოვნების უნარი, რომელსაც თანამედროვე თარგზე მოჭრა და სამეცნიერო დონემდე მიყვანა უნდა. ბოლოს და ბოლოს, ომი დუელია, რომელსაც წესდებები კი არ იგებს, პიროვნებები იგებენ. ყველაფერი ინდივიდამდე დადის. ამავდროულად, ქვეყანა უნდა იყოს მზად - ეკონომიკა, ფსიქოლოგია, იდეოლოგია, მსოფლიო მხარდაჭერა, დიპლომატია, პოლიტიკა - ყველაფერი ომის მოგებისკენ უნდა იყოს მიმართული.

0x01 graphic

ლაშა - და სულიერება, ზნეობა აუცილებელია. როცა ერთ-ერთმა მხედართმთავარმა ქალაქი აიღო, მოსახლეობას მიმართა - ქალებს შეუძლიათ დატოვონ ქალაქი და წაიღონ ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნიათო და ქალებმა თავიანთი დაჭრილ-დახოცილი ქმრები, მამები და ძმები გამოიყვანეს. ესაა ის სულისკვეთება, რამაც დღემდე მოგვიყვანა. სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი ამ გენის გადაჯიშებისკენაა მიმართული.

ქეთი - შესაძლოა ძალიან პაციფისტურად გამომივიდეს, მაგრამ ვთქვათ მაინც, რამდენადაა გამარჯვება ომში გამარჯვება, თუკი ის მაინც სისხლის ფასად მოიპოვება.

ლაშა - ეს კაზუისტიკაა. რომ გაგვემარჯვა, აფხაზებისთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან აფხაზეთი თვითმყოფადობას შეინარჩუნებდა. 10 წელი რუსეთთან თანაცხოვრებისგან რა დარჩება აფხაზეთს, არ ვიცი. იცი, როგორი ინტელექტუალი მეგობრები მყავდა რუსეთში? ხშირად ვიკრიბებოდით და არ არსებობს, სმის დროს მაინც არ წამოცდენოდათ ის, რაც გულში ჰქონდათ - იმპერიული, შოვინისტური. არანაირად არ მჭირს რუსოფობია, მაგრამ კარგი რაღაც მოხდა იმ მხრივ, რომ კონკრეტულ მტერში საბოლოოდ გავერკვიეთ. რუსეთმა ხელი ისე გვკრა, რომ უკან დაბრუნების შანსი არ არის. ნეკა თითი რომ დავუთმოთ, მტევანს მოითხოვს, მტევანი რომ დავუთმოთ, მკლავს მოითხოვს და ა.შ.

ქეთი - იქნებ შევაჯამოთ ჩვენი დისკუსია, თორემ, როგორც ვატყობ, კაცებთან ომზე საუბარი ისეთივე სახიფათო და დაუსრულებელია, როგორც თავად ომი.

ქუცნა - როგორც ლაშამ თქვა, მთავარია მტრის ამოცნობა და მისი მეთოდიკის გარკვევა. ქართული მეთოდიკა და კულტურა ხელახლა უნდა შევქმნათ თავისუფალ გარემოში. ეს ქვეყანა თვითგაცნობიერებასა და ინტელექტზე უნდა მოიმართოს. თვითგადარჩენის რეჟიმი დამთავრდა, ახალ რეჟიმში სხვა დეფინიციებია საჭირო.

გია - დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ - ხან ვეცემით, ხან გვტკივა, თუმცა ნიჰილიზმში არ უნდა ჩავვარდეთ.

ვახტანგი - ქართველებს ჩვენი ადგილი, ჩვენი ისტორია და კულტურა გვაქვს. ვეცადოთ, ამის გარშემო შემოვიკრიბოთ და ინტელექტი წამოვიდეს წინ.

ლაშა - დღევანდელ დეპრესიულ ფონს შებრძოლება სჭირდება. დრო წინ მიდის და მართალია, ბევრი რამ ისე აღარ იქნება, როგორიც ჩვენს ყმაწვილკაცობაში იყო. მაგრამ ამას პასიურად და ინდიფერენტულად კი არ უნდა შევეგუოთ, ახლის შექმნის პროცესში თავად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ბრძოლა ღირს იმისთვის, რომ წავიდეთ წინ, ოღონდ თვითმყოფადობა არ დავკარგოთ.

თემური - ომი და ტერიტორიების დაბრუნება არ არის პრობლემის გადაწყვეტა. მთავარია იმის გაცნობიერება, რომ აფხაზეთში მაშინ დავბრუნდებით, როცა აფხაზები ჩვენი ძმები გახდებიან. ვიცით, რომ ომი ცუდია. თუ აუცილებლობა მოიტანს, იქნება. მაგრამ გამარჯვება არის შერიგება.

ვახტანგი - ომში გამარჯვება ბრძოლის გარეშე - ესაა ყველაზე დიდი ხელოვნება.

8 წერილი კალიფორნიიდან

▲back to top


წერილი

ავტორი და ფოტო: ალექსანდრე კვატაშიძე

0x01 graphic

პრეისტორია

ამ ამბის მოყოლა ალბათ იმ სატელეფონო ზარით უნდა დავიწყო, რომელმაც სამშობლო მთელი ერთი წელიწადით დამატოვებინა. საუბრის დასრულებისთანავე ჩემს შეყვარებულს დავურეკე მოსკოვში და ვახარე: „სტიპენდია მოვიგე და ამერიკაში მიდვივარ! შენც წაგიყვან.“

ცოტა ხანში, თვრამეტი რჩეული ქართველი აირექსის (IREX) ოფისში დაგვიბარეს და ამერიკაში მოქცევის წესები აგვიხსნეს. რჩეულ ქართველებს წარმოვადგენდით მასმედის თანამშრომლები, იურისტები, ბიზნეს-ადმინისტრატორები, პარლამენტარები და თვით ახლანდელი ერთ-ერთი მინისტრიც. ამერიკაში მოქცევის წესები კი ასეთი იყო:

1. რიგში დგომის წესი (ეს ის წესია, როდესაც ყოველი მომდევნო ადამიანი ერთმანეთის ზურგს უკან იკავებს ადგილს, ქართული წესისგან განსხვავებით, სადაც ყველა პირველია).

2. პირადი სივრცის წესი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მანძილზე უნდა იმყოფებოდე სხვა ადამიანისგან, რომ ამ უკანასკნელმა თავი შეწუხებულად არ იგრძნოს.

3. სექსუალური აგრესიის წესი, რომლის თანახმადაც, თუ ლამაზ ქალს შეხედე ორჯერ ან სამჯერ, ან თუნდაც ერთხელ, მაგრამ დახანებით, მას შეუძლია პოლიციას გამოუძახოს და შენი თავი დააჭერინოს, როგორც სექსუალური აგრესორი; ხოლო თუ ლამაზმა ქალმა თავად შემოგხედათ დახანებით, მაშინ თქვენც შეგიძლიათ იგი პოლიციას დააჭერინოთ და, შესაბამისად, არ დანებდეთ მის აგრესიას. მოკლედ, აგვიხსნეს წესები და უნივერსიტეტების გზას გაგვიყენეს. ზოგი ჯორჯიაში მოხვდა, ზოგიც ნებრასკაში, თქვენი მონა-მორჩილი კი - კალიფორნიაში.

სილიკონ ველი

სან ხოსე კალიფორნიის იმ ქალაქების რიცხვს განეკუთვნება, სადაც ეთნიკური უმრავლესობა არ არსებობს. ჰოდა, მეც ვიეტნამური რესტორნის გვერდით ვცხოვრობდი და მექსიკელი მეზობელი მყავდა, რომელიც ფანჯრებს აღებდა და მუსიკას ხმამაღლა რთავდა, რის გამოც ერთხელ საშინაო დავალება ვერ დავწერე და იძულებული გავხდი, მის გაღებულ ფანჯარაზე დამებრახუნებინა. ჩაუწია.

ქალაქის ცენტრში დგას მაღალი შენობა და აწერია Adobe. ეს ის კომპანიაა, რომელიც ყველასთვის საყვარელ ფოტოშოპს, აკრობატს და სხვა კომპიუტერულ პროგრამებს აწარმოებს. სწორად ამ ადგილიდან იწყება და ჩრდილოეთისკენ, სან ფრანცისკოს მიმართულებით იშლება სილიკონ ველი, რომელიც დაახლოებით ალაზნის ველისხელაა, მაგრამ ღვინის ნაცვლად, აქ სილიკონს ასხამენ. ეს ის სილიკონი (silicone) არ გეგონოთ, რომელსაც ლამაზი ქალბატონები ხშირად იყენებენ, რათა უფრო ლამაზები გახდნენ, ეს სხვა სილიკონია (silicon), რომელიც ქვასავით მაგარია და მისგან მიკრო-პროცესორებს ამზადებენ. თუ ამ ველს ჩრდილოეთით გავყვებით, სხვა მაღალ შენობებსაც დავინახავთ, სახელებით: Yahoo!, McCaff e, Sun, Google, Oracle, Roxio და უამრავი სხვა. იქვეა განთავსებული კომპანია Apple (ეს ის კომპანიაა, რომლის კომპიუტერებსაც მოკბეჩილი ვაშლი ახატია).

0x01 graphic

SAN JOSE STATE UNIVERSITY

მიუხედავად ჩემი მაღალქულიანი TOEFL-ის სერთიფიკატისა, პირველი ორი კვირა, ჩემი ლექტორების საერთოდ არ მესმოდა. დავღონდი. მერე „კურიერის“ წამყვანის, დავით კიკალიშვილის რჩევა გამახსენდა, რომელიც მან 2000 წელს, თვითმფრინავში შეხვედრისას მომცა. მე რომში მივფრინავდი, დათო - ვენაში, კონფერენციაზე. სტამბულამდე ერთად ვიფრინეთ და სწორედ მაშინ გამოვუტყდი დავითს ჩემი ინგლისურის არასრულფასოვნების შესახებ. მანაც, ჩემდა გასახარად, გამიმხილა, რომ არც თვითონ აბულბულებდა: მთავარია სერიოზული სახის გამომეტყველება გქონდეს და შიგადაშიგ თავი დააქნიოო.

მეც ვაქნიე თავი მთელი სემესტრი, სანამ მიდ-ტერმ (შუა სემესტრული გამოცდები) არ მომადგა კარს. აი, მაშინ კი მომიწია თავისთვის ძალის დატანება და ბიბლიოთეკაში ღამეების თენება. სამაგიეროდ, მეორე სემესტრში მესმოდა კი არა, იმდენს ვლაპარაკობდი, რომ ვეღარ მაჩერებდნენ. ის კი არა, კათედრის გამგემ მითხრა, მოდი, ლექციებს ნუღარ დაესწრები, შენი ფილმის პროექტი გააკეთე და ჩვენ აპარატურასაც დაგახმართ და სხვა სტუდენტებსაცო.

მეორე სემესტრი ოცწუთიანი, ბევრისთვის გაუგებარი ფილმის წარდგენით დავხურე.

სტაჟირება

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, სან ხოსეს უნივერსიტეტს დავემშვიდობე და სტაჟირებაზე სან ფრანცისკოში ერთ კომპანიაში, სახელად Spy Post გავემგზავრე. ეს კომპანია თავს ციფრულ ლაბორატორიას უწოდებს და ძალიან ძვირი რომ ღირს, ისეთი აპარატურით არის ეკიპირებული. Spy Post-ში ძირითადად რეკლამების, მუსიკალური კლიპების და მოკლე ფილმების ეგრეთ წოდებული გრეიდინგი ხდება, რაც კინოფირის სკანირებას, ფერის კორექციას და დამატებით ციფრულ დამუშავებას ითვალისწინებს.

თავი უბედნიერესად მეჩვენა, როცა წარმოვიდგინე, რომ სამი თვე ამ ტექნოლოგიებთან მექნებოდა საქმე, თუმცა პირველსავე დღეს ჩემს ხელში მხოლოდ ბუნკერის გასაღები აღმოჩნდა და ოფისიდან ნაგვის გატანა დამევალა. ჩემი რეჟისორული ამბიცია აკურატულად მოვათავსე უზარმაზარ შავ პარკში და ბუნკერში გულმოდგინედ ჩავკეტე.

არა, არ იფიქროთ, რომ ამერიკელები უმოწყალო ხალხია, უბრალოდ იქ ხომ ყველაფერი დამსახურებითაა. ჰოდა, მეც დავიმსახურე: მითიური Silicon Graphics-ის კომპიუტერებზე ვიზუალური ეფექტების და Da Vinci-ს აპარატურით ფერის კორექტირების საიდუმლოებებიც მასწავლეს და დამშვიდობების დღეს, ბეისბოლის მატჩზეც წამიყვანეს.

0x01 graphic

ჰოლივუდი, Universal studios

0x01 graphic

ჰოლივუდის ბულვარი

0x01 graphic

ჰოლივუდის ბულვარი, ჯონ ლენონის ვარსკვლავი

სან ფრანცისკო

სან ფრანცისკო კეთილი გიჟების ქალაქია. ეს კი მას ძალიან უშუალოს და სანახაობრივს ხდის. არა, სანახაობები მას არც უგიჟებოდ აკლია. ქუჩის მუსიკოსებიც გულმოდგინედ ზრუნავენ ქალაქის იმიჯზე და, მოკლედ რომ ვთქვათ, სრულიად უფულო ტურისტიც რომ იყოთ, მხოლოდ ქუჩებში სეირნობით უამრავი საინტერესო სცენის მომსწრე გახდებით. ეს შეიძლება იყოს მუსიკოსი, რომელიც მარკეტ სტრიტზე ვედროებზე უკრავს ან ახალგაზრდა ლიზა, რომელიც ამავე ქუჩაზე ვირთხით ხელში ზის და რომანს კითხულობს. იქვე შეხვდებით ბუთხუზა ზანგ ქალბატონს, რომელსაც მუსიკა აქვს ჩართული და თავისი პატარა მოცეკვავე ბიჭუნათი და მის მიერ მიღებული შემოწირულობებით ტკბება. არ ვიცი, ბუნებრივი კლიმატის ბრალია თუ იმ ადამიანური უშუალობის, რასაც ქალაქში გრძნობ. ერთი კი ფაქტია, რომ სან ფრანცისკო მაგნიტივით იზიდავს ხალხს მთელი პლანეტიდან. ქალაქი სამი მხრიდან წყლით რომ არ იყოს გარშემორტყმული, ალბათ უზარმაზარი მეტროპოლისი გახდებოდა. შვიდასათასიან სან ფრანცისკოში ასოთხმოცდაათი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს. ჰოდა, ერთხელ მეც აღმოვჩნდი რუსულ ეკლესიაში, სადაც წირვას ქართველებისთვის პოლონელი მღვდელი ატარებდა.

ეს პატარა დედამიწა

დედამიწა რომ მრგვალია და ბრუნავს - ეს ბავშვობიდან ვიცი. თუ სწორად მახსოვს, „მაინც ბრუნავსო“ - ასე გაიძახოდა ცხონებული ჯორდანო ბრუნო, როცა მის ფეხქვეშ დანთებულ კოცონს შეშას უმატებდნენ. თვითმფრინავით პირველად რომ ვიმგზავრე, ფანჯარასთან მოვხვდი და ჰორიზონტის სიმრუდეც საკუთარი თვალით დავინახე. მაგრამ ეს მრგვალი დედამიწა რომ ასეთი პატარა ყოფილა, მაშინ მივხვდი, როცა ერთხელ ვაშინგტონის მეტროში ესკალატორით ჩავდიოდი და ჩემს გვერდით ამომავალ ესკალატორზე მდგარ ჩემს საბურთალოელ მეგობარს ჩავუარე. მაშინ პირველად ვთქვი, რა პატარაა ეს დედამიწა-მეთქი. აი, მეორედ კი მაშინ ვთქვი, როცა ზემოთ ხსენებული რუსული ეკლესიის წინ შეკრებილ ქართველებში მდგარი ჩემი მეგობარი მამუკა ბერიკა დავინახე.

ბერიკამ რომ ამერიკის ვიზის მისაღებად საბუთების შეგროვება დაიწყო, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ასი დოლარის დაკარგვით დასრულდებოდა, მაგრამ მაინც სცადა (უყვარს ხოლმე ცდების ჩატარება). საკონსულოში მისულმა აღმოაჩინა, რომ იქ მსხდომი ქართველებისგან განსხვავებით, მას არც ბანკის ანგარიში ჰქონდა სოლიდური დანაზოგით, არც მომგებიანი ბიზნესის მეპატრონე იყო და არც მრავალჯერ ამერიკაში ნამყოფი და უკან დაბრუნებული, კანონიერ ვადებში. იმ ნასესხებმა ასდოლარიანმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. რაც იქნება, იქნებაო - გაიფიქრა მან, როცა კონსულმა ტყვიაგაუმტარ ფანჯარასთან მიიხმო და ბანალური კითხვა დაუსვა. მამუკას პასუხი სულელური მაგრამ გულწრფელი იყო: იმიტომ მივდივარ, რომ ბავშვობიდან ჰიპური ცხოვრებით ვცხოვრობ და მინდა ჰიპების მშობელი ქალაქი ვნახოო.

მოდით, ამ ამბის მოყოლას იმით დავასრულებ, რომ როცა ბერიკას პასპორტი დაუბრუნეს, შიგნით ამერიკის ვიზა ეკრა.

ჩემს ჰიპ მეგობარს ხშირად ვხვდებოდი და დროს კონცერტებზე ან კინოსეანსებზე მულტიეთნიკური მეგობრების გარემოცვაში ვატარებდით.

ვისაც ბერიკას ბედი აინტერესებს, მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ მამუკა ჰიპების ქალაქში თავს ბედნიერად გრძნობს, ჰყავს უამრავი მეგობარი, უკრავს მუსიკას ათასი რჯულის ხალხთან და შაბათ-კვირას, დილაობით ქართულ საცხობში მუშაობს და უგემრიელეს ხაჭაპურს აცხობს.

0x01 graphic

რინო, ნევადა, მანქანების აუქციონი

გასეირნება ნევადაში

თუ სან ფრანცისკოდან ლას ვეგასში მანქანით წახვედით, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავის ბილეთზე 300 დოლარი დაგენანათ (ყოველ შემთხვევაში, მე დამენანა) და თავს ცხრასაათიანი მგზავრობა მიუსაჯეთ. შტატებს შორის საზღვარი პირობითია და ვერც კი მიხვდებოდით მის გადაკვეთას, რომ არა უშველებელი კაზინო, რომელიც ნევადის ტერიტორიაზე პირველივე შემხვედრი შენობაა. გამგზავრების წინ, ჩემს მეორე ნახევარს შევფიცე, რომ კაზინოებში გასართობად კი არა, ამერიკის ნაციონალურ მაუწყებელთა ასოციაციის (NAB) სიმპოზიუმზე მივდიოდი.

სიმპოზიუმი თავბრუდამხვევი სანახაობა იყო, კაზინო - უარესი: ასობით ახალგაზრდა, ზრდასრული თუ მოხუცი პენსიონერი ზის სათამაშო მაგიდებთან და თავიანთ დანაზოგს კაზინოს მფლობელებს უწილადებენ, რომლებიც, თავის მხრივ, ამ თანხით ხან რემონტს აკეთებენ, ხანაც ახალ კაზინოს აშენებენ. მეც არ გავხდი გამონაკლისი და რულეტკის დილერს ასი დოლარი მივეცი. მან კი რამდენჯერმე დამრთო ნება, რკინის ბურთულის ბზრიალისთვის მედევნებინა თვალი. სამაგიეროდ ვიცი, რომ მომდევნო დღეს კაზინოს დარბაზში რომ ახალი ხალიჩა დააგეს, იმის ორი კვადრატული მეტრი ჩემი შენატანით იყო დაფინანსებული.

მითიური ჰოლივუდი

რაც არ უნდა აკრიტიკოთ ამერიკული კინო თავისი უგემოვნობით თუ კომერციული ორიენტაციით, ჰოლივუდში ფეხის დადგმისთანავე ფარ-ხმალს დაგაყრევინებთ და თავის გრანდიოზულობას გაღიარებინებთ. Universal Studios-ს ტურის ბილეთები წინასწარ მქონდა ინტერნეტით შეძენილი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვისაც მზად გახლდით. უზარმაზარ რიგში დგომის შემდეგ, ღია ვაგონებში ჩაგვსვეს და მოგზაურობაც დაიწყო. ორწუთიანი მგზავრობის შემდეგ, ნიუ იორკში ამოვყავით თავი, თანაც ორი საუკუნის წინანდელში. ეს არ იყო მუყაოზე დახატული ფასადები. ეს მეცხრამეტე საუკუნის ქალაქის გეგმის მიხედვით აშენებული მთელი კვარტალი გახლდათ, თავისი მართობული და პარალელური ქუჩებით. იმდროინდელი მანქანებითა და მათზე დამაგრებული იმდროინდელი ნომრებით. ჩვენმა პატარა მატარებელმა გვირაბში შეუხვია და მიწისქვეშა ქალაქში აღმოვჩნდით. უცებ ხელმარცხნივ, საიდანღაც ცეცხლმოკიდებუ ლი ვერტმფრენი ჩამოვარდა. გზას განვაგრძობდით და როცა ჩვენი ვაგონი დიდ რკინის ხიდს კვეთდა, ამ დროს მოვიდა კინგ კონგი, აგრესიულად დაგვიღრიალა და ხიდის რყევა დაიწყო. მერწმუნეთ, ძნელია ყვირილის შეკავება, როცა ბნელეთის ხიდზე ვიღაც მაიმუნი იმ ვაგონს ანჯღრევს, რომელშიც შენ ზიხარ. როგორც იქნა, სამშვიდობოს გამოვაღწიეთ და ახლა ტბის სანაპიროზე აღმოვჩნდით, სადაც მეთევზის სახლი იდგა. ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა გვითხრა, რომ აქ გადაუღიათ ცნობილი ფილმი „ყბები“. ძლივს მოასწრო ამის თქმა, რომ უცებ წყლიდან უზარმაზარი ყბადაღებული ზვიგენი ამოვარდა და ისედაც გულგახეთქილ მგზავრებს წივილ-კივილი აგვატეხინა. გზა განვაგრძეთ და ავიაკატასტროფის მომსწრენი გავხდით. ეს იყო ერთ-ერთი სცენა ფილმიდან „სამყაროთა ომი“. საბედნიეროდ, აქ უცხოპლანეტელები ჩვენს შესაშინებლად არ მოსულან, მაგრამ ერთმა ნიუანსმა დამაფიქრა. საქმე ის არის, რომ ჩვენს წინ ეგდო ბოინგ 747, რომელსაც ბოლი ასდიოდა და ნაგლეჯებად იყო დანაწევრებული. ექსკურსიამძღოლმა გვითხრა, რომ ეს მართლაც ნამდვილი ბოინგი იყო, საგანგებოდ ამ სცენისთვის შეძენილი და შემდგომ დანაკუწებული. ვისაც სპილბერგის ეს ფილმი ნანახი გაქვთ, შეიძლება ეს სცენა არც დაგხსომებოდათ, რამეთუ იგი მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება. მოგზაურობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ჩავუარეთ ალფრედ ჰიჩკოკის სამუშაო კოტეჯს, „აპოლო 13-ის“ კოსმოსურ კაფსულას, „უკან, მომავალში“ თმაგაბურძგნული პროფესორის მიერ გამოგონილ დროის მანქანას და უამრავ სხვას, რითიც ჰოლივუდი თავს გვაწონებს ხოლმე ვერცხლისფერი ეკრანიდან. მასშტაბების წარმოსადგენად კი გეტყვით, რომ ღია ცის ქვეშ აშენებული სცენები და დეკორაციები რომ არ ჩავთვალოთ, Universal Studios-ში სამოცი გადახურული პავილიონია, თითოეული უზარმაზარი ზომის.

ჰოლივუდის ბულვარი სავსეა ტურისტებით და იაფფასიანი მაისურების მაღაზიებით, ტროტუარი კი - ვარსკვლავებით. მიდიხარ და ძირს იყურები, იქნებ შენი საყვარელი რეჟისორი, მსახიობი ან მომღერალი აღმოაჩინო, მერწმუნეთ, ეს არც ისეთი ადვილია, როგორც თავიდან შეიძლება გეგონოთ. ბევრი ვიარე, სანამ ჯონ ლენონის ვარსკვლავს მივაგნებდი.

0x01 graphic

მამუკა ბერიკა

შემოდგომა

შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ჩემი კალიფორნიკაციაც დასრულდა და სამშობლოში დასაბრუნებლად გავემზადე. მაინცდამაინც მაშინ მოხდა ლონდონის აეროპორტში არეულობა, რამაც საერთაშორისო ნორმების გამკაცრება გამოიწვია და ჩემი მძიმე ჩემოდნები, უეცრად ძვირიც გახდა. ბარგზე წონის ლიმიტი შეამცირეს და ზედმეტი წონის მტკივნეული საფასურიც გადამახდევინეს. წიგნები და სხვა მძიმე ნივთები ფოსტით გამოვგზავნე და დღესაც ველოდები.

რაც შეეხება ოკეანის მიღმა შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ნაყოფი გამოიღო; თუმცა წიწილებს შემოდგომით ითვლიან.

9 პრომოუშენი

▲back to top


როგორც ის, მუშა თავადი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

მე ასე ვიცოდი: მივდივარ ენისელში, სადაც ბაგრატიონების სახლი დგას. წასვლამდე ამიხსნეს, რომ ჩემი მასპინძელი, სანდრო ბაგრატიონი, კარგი ბიჭია და სახლი ლამაზი სახლია. ეს იყო და ეს. გზადვე გაირკვა, რომ სად ხარ, ანა!

სანდრო: როცა ჩვენები მუხრანის სასახლიდან გამოასახლეს... მთლად ბაგრატიონ-მუხრანსკი ხარ, ყმაწვილო?

ალბათ აჯობებს, თავიდანვე ავხსნა, თან პათეტიკურად: მე თავისუფალი ხალხის ჩამომავალი ვარ, უბატონო მხარისა; თუ რამისტი ვარ, მარქსისტი ვყოფილვარ; მეჯავრება ხალხი, რომელიც თავისი წინაპრებით ამაყობს და თვითონ არაფრისმაქნისია; ძალიან ბევრი მაგარი მამის დებილი შვილი მინახავს, და ა.შ.

შესაბამისად, ვინერვიულე. მაგრამ ბრძენი ხალხი იყო ჩინელები: ჭიდან წყალს თუ ამოიღებ, შეიძლება თან მთვარეც გამოიყოლო. მე მოვხვდი... ო, სად მოვხვდი, მკითხველო!

კახეთში, სოფელთან, რომელსაც ზღაპარივით სახელი ჰქვია - საბუე, ბორცვზე პატარა სალოცავი დგას, წმინდა ნიკოლოზის სახელობისა. იქ დაკრძალულია კაცი, რომლის შესახებაც საუკეთესოდ საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა გიამბობთ: აქ განისვენებს ზაქარია ჯორჯაზე, მუშა თავადი.

ცნობისთვის: ზაქარია ჯორჯაძე იყო ქართველი მეწარმე, მეღვინე, დავით სარაჯიშვილის თანამოაზრე და მეგობარი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე კაცი. მან საფრანგეთში, მონპელიეში, მეღვინეობა-მევენახეობა შეისწავლა და საქართველოში დაბრუნებულმა, ენისელში ქარხანა ააშენა. სწორედ აქ დამზადდა პირველად ე.წ. ევროპული ღვინო. ზაქარია იყო პირველი, ვინც ყურძენი მოსახლეობისგან ჩაიბარა - გლეხებსაც ხეირი და მათაც, ვისაც კარგი სასმელი უყვართ. 1888 წელს ამ ღვინომ ბრიუსელში, საერთაშორისო გამოფენაზე, ოქროს მედალი მიიღო.

სახლი კი ზაქარია ჯორჯაძეს 1886 წელს აუშენებია. სახლიცაა და სახლიც!

0x01 graphic

0x01 graphic

ესეც ბიცოლა - ისეთ კაბაში გამოწყობილი, ყველა გოგოს რომ ენატრება.

0x01 graphic

ამ შესანიშნავ სახლში ჩვენი მასპინძელი, ალექსანდრე ბაგრატიონია

იცით, როგორ სადარბაზოში შევედი? რამხელა ჭერია! და როგორი ბუხრები! და როგორი ოთახები! კედლებიდან მშვიდი ხალხი დაგვცქერის, ისინი, ვინც ამ სახლში ცხოვრობდნენ და ვისი კვალიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება: ჯორჯაძეები, ბაგრატიონები, ორბელიანები, ქობულაშვილები, ვინ აღარა. მაქვს ეჭვი, რომ სახლს სარდაფიც ფრიად შთამბეჭდავი აქვს, მაგრამ მასპინძელ ქალბატონს იქ ჩასვლის პერსპექტივა არ ესიამოვნა, და მეც ვიფიქრე: ყველა თავმოყვარე ძველ სახლს ერთი საიდუმლო მაინც უნდა ჰქონდეს, და დარჩეს ეს სარდაფი იდუმალ ადგილად, რა მოხდა, ბოლოსდაბოლოს...

აივნიდან დაუჯერებელი ხედი იშლება - თავადაც წარმოიდგენთ, ყვარლის მთებს სულ არ სჭირდება ჩემი ქება-დიდება. ერთადერთი, პარკი აღარ არსებობს - რაში ედარდებოდათ საბჭოთა დროს ზაქარია ჯორჯაძის და მისი მეუღლის, თამარ ბაგრატიონის ლანდშაფტის არქიტექტურა და კუდგაშლილი ფარშევანგები?! წარსული დიდების ნაშთი, უზარმაზარი კვიპაროსები, მხოლოდ ძველ ჭიშკართან იწონებენ თავს, მაგრამ ეგ არაფერი - მაინც ლამაზი ეზოა.

ზაქარია ჯორჯაძეს გაუმართლა: ის 1915 წელს გარდაიცვალა და სახლ-კარის და ქარხნის თავს დატრიალებულ უბედურებებს ვერ მოესწრო. ქარხანა 1924 წელს სახელმწიფო საკუთრებად იქცა, მისი სულისჩამდგმელის უფროსი ვაჟი, გიორგი, პირველ მსოფლიო ომში დაიკარგა, შუათანა, ალექსანდრე, გზების და გვირაბების მშენებელი (ტრანსციმბირის მაგისტრალი, საქართველოს სამხედრო მაგისტრალი - განვაგრძო?), ციმბირში გადაასახლეს, სადაც ის რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა, ისე, რომ გვარის გამგრძელებელი არ დაუტოვებია. ზაქარიასა და თამარის ერთი შვილიღა დარჩა, ქალიშვილი, ნინა.

წმინდა გიორგის ჯვარი, რუსეთის იმპერიის ჯილდო. დაარსდა 1807 წელს ჯარისკაცებისა და უნტეროფიცრების დაჯილდოებისთვის. 1856 წლიდან ჰქონდა ოთხი ხარისხი. გაუქმდა 1917 წლის 10 (23) ნოემბერს.

ეს ნინა ჯორჯაძეა, ზაქარია ჯორჯაძის და თამარ ბაგრატიონის ასული. განათლება ჯერ შვეიცარიაში მიიღო, შემდეგ სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა. იმ სახლში, რომლითაც ამ ამბის თხრობა დავიწყე, კედელს ფოტოსურათი ამშვენებს: ლევ ტოლსტოი და როიალთან - ქალი, ვანდა ლანდოვსკაია. ის ქალბატონ ნინას მუსიკის მასწავლებელი ბრძანდებოდა. ახლა ვეღარც იმას დავადგენთ, როგორი მუსიკოსი იყო ნინა, და ვეღარც იმას, რატომ არ გათხოვდა ეს მშვენიერი ქალი. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ ის ფოტომოყვარული ბრძანდებოდა, ჰქონდა კოდაკის ფოტოაპაამ რატი და საოცარ რამეებს იღებდა: ბატალურ სცენებს, ომის საშინელებებს...

თომიდან დაბრუნებული ნინა ჯორჯაძე ოთხი წმინდა გიორგის ჯვრის მფლობელი იყო. ნამდვილად არ იყო ისეთი ქალი, იოლად რომ დააშინებდით.

0x01 graphic

0x01 graphic

საშინელებები ქალბატონმა ნინამ უხვად ნახა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის მოწყალების და იყო, მოხალისე, და სად არ მოუწია ყოფნა. ის იღებდა... რაღად გიამბოთ, თავად ნახავთ.

ომიდან დაბრუნებული ნინა ჯორჯაძე ოთხი წმინდა გიორგის ჯვრის მფლობელი იყო. ნამდვილად არ იყო ისეთი ქალი, იოლად რომ დააშინებდით. შესაბამისად, როცა აუხსნეს, რომ მამისეული სახლი სოფლის ტექნიკუმის სასარგებლოდ უნდა დაეტოვებინა, ქალბატონმა ნინამ გარკვევით აუხსნა, რომ არ დატოვებდა. თუმცა, ერთ დარაბას ახლაც ამჩნევია ნატყვიარი.

ასე თუ ისე, ქალბატონმა ნინამ სახლის შენარჩუნება შეძლო და იქ მოიწვია საცხოვრებლად თავისი ნათესავი, მიხეილ ბაგრატიონი, რომელიც საკუთარი სახლიდან, უფრო სწორად, სასახლიდან, ცხადია, გამოასახლეს და მერე ძალიან ვერაგულად მოკლეს - მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

1945 წელს, იალტის კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ვინსტონ ჩერჩილმა ბრძანა, რომ კონიაკი „ენისელი“ დიდებული სასმელია. ჩერჩილი გემოვნებას არ უჩიოდა.

ასე აღმოჩნდნენ ზაქარია ჯორჯაძის სახლში ბაგრატიონები. მართალია, ცუდ დროს აღმოჩნდნენ - ქარხანა მათ არა, ყველას, ანუ აღარავის აღარ ეკუთვნოდა, და ოჯახში თითქოს ტაბუდადებული თემა იყო. მაგრამ ალექსანდრე ბაგრატიონს (იმისთვის, რომ გზათმშენებელში არ აგვერიოს და ყოველ ჯერზე გვარის გამეორება არ მოგვიწიოს, სანდროდ მოვიხსენიებ), ჩვენს მასპინძელს, მაინც ძალიან უნდოდა, ისევე ეცხოვრა, როგორც თავის წინაპარს, მუშა თავად ზაქარია ჯორჯაძეს.

ეზოში, საკმაოდ მაღლა, მინის მილებია გადებული, სადაც ღვინო მიედინებოდა - რთული ტექნოლოგიური პროცესია, მიხსნიდნენ და მაინც ვერ გავიგე. ხანდახან, როგორც მინის წესია, მილები ტყდებოდა ხოლმე და სანდრო ვედროებით დარბოდა, და ზემოდან ღვინო მოედინებოდა. როგორც რაღაც უცნაურ ზღაპარში.

დასტურად იმისა, რომ ყველა ოცნება ადრე თუ გვიან სრულდება, მოგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინათ სანდრო ღვინის ქარხნის მფლობელი გახდა და ახლა კვლავ აწარმოებს კონიაკს, რომელსაც, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, „ენისელი ბაგრატიონი“ ჰქვია, ენისელის ვენახებიდან მოკრეფილი ყურძნისგან ბაგრატიონის მიერ დამზადებული სასმელი.

სანდროს ჰყავს მეუღლე, მერი გომელაური, ქალიშვილი ლიზა და ვაჟი ერეკლე. მას აქვს ყველაზე ლამაზი სახლი, რომელიც ძალიან უყვარს, იმდენად, რომ ტახტის ქვეშ დაბუდებულ ხოჭოსაც ვერ ერჩის, თუმცა ის სულ რაღაცას ხრავს და ხმაურობს. ბუხართან ჩამომჯდარი სანდრო ამბებს ჰყვება: კარგი კაცების, თავდადებული ქალების, დიდი ღალატის და საქმის ერთგულების - მოკლედ, ამბები არ ელევა, ისევე, როგორც ზაქარია ჯორჯაძისეულ სახლს.

0x01 graphic

ჩვენს მასპინძელს უნდოდა, ისევე ეცხოვრა, როგორც მუშა თავად ზაქარია ჯორჯაძეს.

თუკი მარკ ტვენს დავუჯერებთ, და კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა დავუჯეროთ, ყოველი ნორმალური ბიჭის ცხოვრებაში დგება დღე, როცა მას განძის პოვნის სურვილი ეუფლება.

0x01 graphic

სანდრომ ყოველთვის იცოდა, რომ სახლში განძი იყო დამალული. ცხადია, ეძებდა, მაგრამ ამაოდ.

ერთ მშვენიერ დღეს სანდროს მამამ, ასევე ალექსანდრე ბაგრატიონმა, ერთ-ერთი დიდი კედლის ღუმელის დაშლა დაიწყო და აღმოაჩინა ჰალვის ყუთი, ყუთში - ძველი, დიდი კუპიურები: დოლარები, გირვანქა სტერლინგები და, რაც მთავარია, ჩეკი, სადაც ძალიან მრავალნიშნა რიცხვი ეწერა.

ეს გავარვარებული საბჭოეთის ხანა იყო. ვინმეს რომ გაეგო, ბაგრატიონებმა განძი იპოვნესო, ღუმელს კი არა, მთელ სახლს დაშლიდნენ აგურებად. ამიტომ სანდროს მამამ უჩუმრად გაატანა თავისი აღმოჩენა რომელიღაც ნათესავს, იმის გასარკვევად, თუ რასთან ჰქონდათ საქმე.

კაცი ევროპიდან დაბრუნდა, საჩუქრად სუვენირი ჩამოიტანა და სევდიანად თქვა, არაფერიც არ ყოფილა ეს თქვენი განძიო. ჩეკი ბანკში რომ მივიტანე, სიცილი დამაყარესო. აღარც ჩამომიტანია, ვის რად უნდოდა, სადღაც მიმეკარგაო. სულ ცოტა ხანში კი ეს კაცი მეუღლეს გაშორდა, დასავლეთში გაემგზავრა და მას მერე არც არავის უნახავს და არც მისი ამბავი სმენია ვისმეს. ხომ ტკბილი ისტორია გიამბეთ?

- აბა, ბედნიერად, ელზა, მურაბის გამყიდველო. და გზა მშვიდობისა! - თქვენც მშვიდობით იარეთ, ოსტატო ჰანს! და მალე გეპოვოთ თქვენი ბედნიერება!

გახსოვთ არჩილ ქიქოძის „ავარიული სახლი“? დამასწრო, დამასწრო არჩილმა, თორემ სულ სხვაგვარად მოვყვებოდი ამბავს იმისა, თუ როგორი სახლი დგას კახეთში, საბუესთან, რა ხალხი ცხოვრობდა იქ და რა ხალხი ცხოვრობს. მაგრამ დასკვნის სახით - ზუსტად ვიცი, არჩილი არ გამიჯავრდება, - მოდი, მაინც სახლს მოვაყოლებ, როგორი იქნება ის სულ მალე:

„გარშემო კვლავ მექნება ყველაზე ლამაზი პარკი, ოღონდ ფარშევანგების გარეშე - სანდრომ თქვა, რატომღაც ითვლება, ფარშევანგი ცუდი ნიშანიაო. იმ პარკში აუზიც იქნება და მერი და ერეკლე ყოველთვის საგუბარზე არ ივლიან საბანაოდ. სადაც ახლა მიწაში უზარმაზარი ქვევრებია ჩაყრილი, იმხელები, დილეგებს რომ ჰგავს, იქნება დიდი დარბაზი, მუზეუმი. სულ ივლიან სტუმრები, თან იმდენნი, რომ მე ვეღარ დავიტევ და სასტუმროში დასახლდებიან. და რაც მთავარია, ჩემს წინ იქნება ყველაზე კარგი ღვინის ქარხანა, და ყველას ეცოდინება, რომ მე ის სახლი ვარ, სადაც „ენისელი ბაგრატიონის“ შემქმნელების მრავალი თაობა ცხოვრობდა და ცხოვრობს.“

როგორია? ეს რა დღეში ჩამაგდო ეს არარომანტიკული ქალი ბაგრატიონების სახლმა!

0x01 graphic

- სანდრომ თქვა, რატომღაც ითვლება, ფარშევანგი ცუდი ნიშანიაო.

0x01 graphic

გარშემო კვლავ მექნება ყველაზე ლამაზი პარკი, ოღონდ ფარშევანგების გარეშე.

0x01 graphic

ნინო ჯორჯაძე

ფოტოალბომი

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ეს მხოლოდ ნაწილია იმ უზარმაზარი მასალისა, რომელიც ბაგრატიონების ოჯახურ არქივშია დაცული. ფოტოსურათების მოწოდებისა და დახმარებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ ქ-ნ თამარ ლორთქიფანიძეს

10 ცხოვრების წესი

▲back to top


კონცეპტუალისტი, მშვილდოსანი და გაღუნული ლურსმნები

ავტორი: სანდრო კაკულია
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

რთულია ცხოვრების წესი უწოდო იმას, რაც სინამდვილეში ცხოვრების გზაა. წესი წესია და ამ წესს თავის წესები აქვს. დათო მონავარდისაშვილის ცხოვრების წესი სწორედ ეს ცხოვრების გზაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, წესების კლასიკურ განმარტებას გასცდა და ცხოვრების უცვლელ გზად იქცა.

ცხოვრების წესი, ამ შემთხვევაში, მისამართებად იყოფა - უბრალო, საფოსტო მისამართებად. ადრესებად... ხოლო ეს მისამართები კი, თავის მხრივ, დროებად და პერიოდებად. ასე რომ, როგორც უკვე გითხარით, ყოველი მისამართი წესი კი არა, გზის გაგრძელებაა.

ნუცუბიძის II მიკრორაიონი,
III სადარბაზო, მე-5 სართული:

დათო მონავარდისაშვილის ნამუშევრები ცირკის მეორე სართულის ფოიეში მქონდა ნანახი, თუმცა სახოლოსნოში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შესვლისთანავე დამავიწყდა, რომ ნუცუბიძის ხრუშჩოვკის ტიპის სახლში ვიყავი. ჭერს ავხედე - მაღალი ჭერია, მეტი არც არის საჭირო. დანარჩენი კი უკვე ნამუშევრებია...

ერთი დიდი ოთახი და პატარა სამზარეულო. ნამდვილი სახელოსნო, ოღონდ კომუნისტებისდროინდელი სახელოსნო, რომელიც გადატენილია ყველა დროის ნამუშევრით. „ყველა დროში“ ბევრად მეტი რამ იგულისხმება, ვიდრე თვითონ სიტყვა გულისხმობს. რომის იმპერია, 60-იანები, ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნე, პირველყოფილი ადამიანები, 80-იანები, 20-იანები და ა.შ. უყურებ და გაკვირვებს მასალა, მერე შესრულება და საბოლოოდ - შედეგი, სწორედ ის საბოლოო შედეგი, რომელმაც ბინა დათოს სახელოსნოში დაიდო. როგორც თვითონ ამბობს, უმეტესობა მათგანმა სამუდამოდ. ყველა ნამუშევარი გახსენებაა და ყოველი მათგანი სამახსოვრო ბარათივითაა. მათ შემხედვარეს, ის დრო ახსენდება, როცა საკუთარ სახელოსნოში გამოკეტილი, მთელ დღეს მხოლოდ ახალი იდეების ხორცშესხმას ანდომებდა. ქმნიდა - აკეთებდა. ფიქრობდა - აკეთებდა - აკეთებდა - მერე ისევ ფიქრობდა და... ასე უწყვეტი რგოლივით - წრე, რომელიც უცნაური ხელობისა და ასეთივე პროდუქტის გარშემო იკვრება.

გერმანია

გახსოვთ 90-იანი წლები? წყვდიადში მოქცეული თბილისი და უიმედობის უცნაური განცდა? ამ ქალაქში არაფერი რომ არ ხდებოდა და მთელი ქვეყანა ნიჰილიზმის ტალღის ქვეშ რომ იყო მოქცეული? დათო ამ დროს გერმანიაში წავიდა...

იქ სახელოსნოს ქირაობს და იწყებს მუშაობას. მანამდე ახალ ტექნიკაზე არ მუშაობდა. მხოლოდ პოპ-არტი და გრაფიკა იყიდებოდა. კონსერვატორმა გერმანელებმა იციან დაფასება, თუმცა არის ერთი წინააღმდეგობა. გერმანია დიდი ქვეყანაა, ევროპის გულია და მსოფლიოს მესამედის ცენტრი, კულტურული რევოლუციების სამ შობლო და მოდერნისტული არტ-ცხოვრების მექა. დათო გრძნობს, რომ ამ ქალაქს მისგან ბევრად მეტი სჭირდება და პირიქით. ამიტომ ერთ დღესაც, საკუთარ გერმანულ სახელოსნოში გადაწყვეტს, რომ დროა მოქმედებაზე გადავიდეს.

ამ ქალაქში მეორადი ავეჯი, საოჯახო ნივთები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა კანონმორჩილ გერმანელებს ერთსა და იმავე დღეს გამოჰქონდათ და სახლის წინ ყრიდნენ, შემდეგ მანქანა ჩამოივლიდა და... დათო ველოსიპედზე ზის და ქუჩებს ზვერავს, სახლებთან ჩერდება და ნაგვის მანქანის მოსვლამდე, მისთვის საინტერესო ნივთებს აგროვებს. ასე იწყება მისი კრეატიულობის ახალი ეტაპი.

თბილისში ბრუნდება და ისევ სახელოსნო, უამრავი ნაგავი (მხოლოდ ახლა თბილისურ-ქართული), ბევრისთვის უჩვეულო ხელწერა... ნუცუბიძის სახელოსნოში კი ყველა ნივთი გახსენებაა.

0x01 graphic

ისევ ნუცუბიძის II მიკრორაიონი,
III სადარბაზო, მე-5 სართული:

დათო სახლშიც ხშირად მუშაობს და ამიტომ მისი ბინაც სახელოსნოს ჰგავს. დიდი ბინა არ არის, თუმცა იქ ბევრნი ცხოვრობენ - დედა, მეუღლე, ორი შვილი და უამრავი ნამუშევარი.

ხე, ლურსმანი, რკინა, სარკე, შუშა, ფერადი მინა, ძველმანები, და ათასი რამ... ეს ყველაფერი დათოსთვის მასალაა... შექმნისთვის აუცილებელი მასალა.

გრაფიკოსობიდან უცნაურ მიმდინარეობამდე გადასვლა თავისთავად მოხდა. დათოს ყოველთვის იტაცებდა პოპ-არტი! აკადემიაში იმ წლებში სწავლობდა, როცა თბილისი ყველაზე თავისუფალი ქალაქი იყო. მაშინდელი აკადემია მართლაც რაღაც მისტიკურ-რომანტიკული სასწავლებელი იყო, სადაც ჩუმად, თუმცა მაინც ფეთქდებოდა ნაღმები... ჩუმი თავისუფლების ნაღმები. დათოს საუბარზეც ეტყობა, რომ იმდროინდელი, უკვე ნახსენები „ნამდვილად თავისუფალი“ ტიპია. ნამუშევრები ამყარებენ ამ შთაბეჭდილებას.

კედელზე ვხედავ ხის უცნაურ ნამუშევრებს. რაღაცით 20-იანი წლების ფრანგულ თეატრს მაგონებს, ხან - იმდროინდელ ევროპულ კაფეს...

ოთახში ბევრი ადამიანია. ნამდვილი ადამიანები. გაშეშებულები. პონტიუს პილატეებიდან დაწყებული, ნოემდე დამთავრებული. აქვეა დათოს ბებიის გადიდებული ფოტო ხეზე, მასთან ერთად კი - მისი წინაპრების. ვხედავ დათოს ავტოპორტრეტებს... ერთი, ორი...სამი... შარჟები არ არის! უბრალოდ, ასეა! წარმოდგენაა მისი. მზერას სკამზე ვაჩერებ. რკინის სკამია, პირსაბანით, სარკეებით და ბევრი ძველი ფოტოთი. ვხედავ დათო მიქაბერიძეს, ოთარ იოსელიანს, ირაკლი ფარჯიანს, გოგი თოთიბაძეს. უცნაური სურათია...

სახელოსნოში შესვლისთანავე, პირველი, რაც თვალში გხვდება, ნატურალური ზომის რომაელი ჯარისკაცია. ერთ-ერთ ყოფილ მინისტრს ახალი იტალიური რესტორნისთვის შეუკვეთავს. ასე რომ, თუ რომელიმე რესტორანში მისულს, მაგიდასთან თქვენი სადილის ან ვახშმის დასაცავად თავზე წამომდგარ რომაელს იხილავთ, იცოდეთ, რომ ის დათოს გამოგზავნილია.

შეკვეთებზეც მუშაობს. იყო დრო, როცა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რომელიმე ნამუშევრის გაყიდვაზე მყიდველს უარს ეტყოდა. ახლა კი სხვა დროა და ამიტომაც, დამოკიდებულება თავისთავად შეიცვალა.

თვითონ ისეთი ტიპია, რომ მისი შემხედვარე, შეიძლება ვინმეს შეშურდეს კიდეც - ძალიან ცოცხალია. მის შექნილ „ცოცხალ“ ნამუშევრებს რომ თავი დაანებო, საუბრის ტემპიდან და მოძრაობებიდანაც შეიძლება დარწმუნდე, რომ ენერგია ამ ადამიანიში იმდენივეა, რამდენიც შეიძლება სტუდენტობის დროს ჰქონდა. ამიტომაც არის, რომ თუ მის გზას თვალს გადაავლებ, ადვილად დაინახავ მიზანმიმართულობისა და საუკეთესო შედეგის დადგომის ქვეცნობიერ ჟინს. ალბათ დაუცხრომელსაც. ასე რომ არ ყოფილიყო, ჯანმრთელობის გაფრთხილებისა და სამომავლოდ ფიზიკური ენერგიის რაციონალურად გამოსაყენებლად არც სიგარეტის მოწევას შეწყვეტდა. ასეა ხანდახან: ადამიანები პატარ-პატარა მსხევრპლზე მიდიან იმისთვის, რომ მომავალში უფრო დიდი მსხვერპლი აიცილონ თავიდან.

რუსთაველის გამზირი.
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

ქალაქის ცენტრში მდგარ ამ შენობას, ოპერის თეატრს, მოყვარული თუ მოძულე, ბალეტის თაყვანისმცემელი თუ მაგინებელი, ერთნაირად უყურებს. მის დარბაზში მოხვედრილს წამით ავიწყდება გარეთ მოტოვებული განაცრისფრებული თბილისის აუტანელი, ზო გჯერ დამღლელი ცხოვრების რითმი. მიზეზი მარტივია - აურა! არქიტექტურა, მუსიკა, და რაც მთავარია დეკორაცია! ზოგჯერ სპექტაკლის მიმდინარეობას არც უყურებ და მხოლოდ ის გსიამოვნებს, რომ კარგად აწყობილ სცენას უყურებ. ეს არის ადგილი სადაც წამით ყოველ ჩვენგას თავი ბავშვობისდროინდელ ზღაპრებში, ჩვენს საყვარელ რომანებსა თუ გამაოგნებელ რომანტიკულ ამბებში გვგონია.

ამ თეატრში დეკორაციას დათო აკეთებს. თუ უახლოეს მომავალში სპექტაკლი იგეგმება, დილით ადრე სახლიდან გამოსული, პირველად სწორედ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიდის. ასეთია მისი ახალი სამსახური. მხატვარია, თან ისეთი მხატვარი, ბევრი რეჟისორი რომ ინატრებს. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა პირველად სპექტაკლზე იმუშავა. ბიძამისი ბალეტმეისტერი იყო და სწორედ მისი თხოვნით დაიწყო დათომ სცენის გაფორმება.

მახსენდება მის სახელოსნოში ნანახი ნამუშევრები, რომლებმაც ჩემში სწორედ თეატრისა და სცენის, სიმყუდროვისა და ზღაპრულობის ასოციაციები გამოიწვია. მივხვდი, რომ დათოსთვის ეს ადგილი ნამდვილად შესაფერისია. დათოსთვის დეკორაციაზე მუშაობა სიამოვნებაა, შთაგონების წყარო კი ბევრია - თუმცა მთავარი მაინც სუბიექტური გემოვნებაა. მისთვის ადვილია სცენის მოწყობა, იქაური დეკორაციის აწყობა. დათო სპექტაკლზე ბევრს მუშაობს, ძალიან ბევრს. „რომეო და ჯულიეტაზე“ 6 თვე მუშაობდა. ამ სპექტაკლს ყველაზე მასშტაბური დეკორაცია ექნება. დათო დარწმუნებულია, რომ 5500 მეტრი სიგრძის მქონე დეკორაცია სარეკორდოა.

0x01 graphic

საბურთალოს ერთ-ერთი ქუჩის ერთ-ერთი სახლის
ეზო. ტიპიური თბილისური ავტოფარეხი

აქ დათო მუშაობს - ნახევრად ფარეხში, რომელიც მთლიანად საამქროა. იყო დრო, როდესაც ეს ქალაქი სავსე იყო საამქროებით. აქ ხომ ურბანზაციისა და მულტი-ქარხნული ცხოვრების რიტმი შეიცვალა, გადაკეთდა, უკვალოდ გაქრა. ამიტომაც გამოსავალს მიაგნო. ადგა და თვითონ მოაწყო. ყველა ნამუშევარს აქ აკეთებს, დამხმარეების გარეშე. ხანდახან მთელი დღეები იქ არის. როცა მუშაობს, სხვა ვერაფერზე ფიქრობს. ასეა, ჭეშმარიტად ფასეულს სწორედ ასეთ ვითარებში ქმნი. მესმის დათოსი.

ჰყვება, როგორი გაოცებული უცქერენ ჯართის მიმღები, საბითუმო პუნქტების თანამშრომლები მათთან ერთი უცნაური თხოვნით მისულ მამაკაცს, რომელიც ჩაბარებული რკინის ნაწილებისა და ათასი გამოუსადეგარი ნივთის ყიდვას ითხოვს. თანხმდებიან, თუმცა ვერ ხვდებიან, რად უნდა... სინამდვილეში კი, დათოს ეს „ნაგავი“ ყველაზე მეტად სჭირდება.

0x01 graphic

11 ისტორია

▲back to top


გუგა კოტეტიშვილთან - შინ

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
გუგა კოტეტიშვილის პირადი არქივი

0x01 graphic

0x01 graphic

გუგა კოტეტიშვილს თბილისში ყველგან შეხვდები - კაფეებშიც, გალერეებშიც, მეგობართან სტუმრად სახლშიც და მშრალ ხიდზეც - ძველმანების ძებნაში გართულს. ეს ძველმანები სხვებს ჰგონიათ გადასაყრელი. გუგა კოტეტიშვილი კი მშრალი ხიდიდან წამოღებულ ნივთებს არქმევს პალიტრას და მათ ისევე იყენებს, როგორც ფერწერაში მუშაობისას - ფერებს. ჯართად ქცეული რკინეულობის, ქსოვილების, ხის მასალისა და შუშის ქილებისგან გუგა ქმნის იმგვარ ნივთებს, აქსესუარებსა და ინტერიერებს, რომელთაც განმარტებით ლექსიკონში მარტივად და მშრალად ინტერიერის დიზაინი ჰქვია, ისე კი, შინაურულად სულ რამდენიმე სიტყვა გამოხატავს ბოლომდე: თავისუფლება. კომფორტი. უბრალოება.

0x01 graphic

დღეს ორმაგი სიამოვნება გელით. გუგა კოტეტიშვილს ორმაგად შეხვდებით - პირადად მასთან დიალოგშიც და მისივე ნამუშევრებშიც. ასეთი რამ კი, გარწმუნებთ, ხშირად არ ხდება.

0x01 graphic

0x01 graphic

გუგას აბაზანადქცეული საძინებელია.

როცა ცივა, გუგა კოტეტიშვილი, მხარზე ჩანთაგადაკიდებული, შავი შლაპითა და ჭრელი ნეპალური შარფით დადის და ასე იპყრობს გამვლელთა ყურადღებას. მაგრამ ვინც მას უკვე ახლოს იცნობს, გუგასგან აღარაფერი აკვირვებს, არც მისი ხელები. არადა, დაუვიწყარი სანახაობაა: დიდი ხელისგულები და თითები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საღებავითაა დაწინწკლული და აშკარად ეტყობათ, რომ მათი პატრონი ან გამუდმებით ღებავს, ან დღედაღამ გრდემლთან მუშაობა უწევს. ამიტომ, ვინც გუგას კარგად არ იცნობს, ცოტა იბნევა და ძალაუნებურად წამოსცდება კითხვა: გუგა, ძალიან ძალიან დიდი ჯაფა გადგათ? გუგა ყოყმანით გიპასუხებს, რომ დიახ, ძალიან შრომისმოყვარეა, მაგრამ არ შეცდეთ: ეს სულ სხვა ტიპის შრომისმოყვარეობაა. ის ბოჰემურ ცხოვრების წესშია არეული და გულისხმობს ღამეების თენებას და შუადღემდე ძილს, მუზას აყოლას და იდეების ყოველდღიურ სიტუაციებში, წიგნებსა და მუსიკაში ძებნას. მოკლედ, ამ ტიპის შრომისმოყვარე კაცების შრომას სხვანაირად კარგი შედეგი მოაქვს ხოლმე და პრინციპში, თვითონ შრო მის პროცესიც სხვანაირად სასიამოვნოა - თავისუფალია და იმიტომ.

ამიტომაც არ ანაღვლებს გუგას საღებავში ამოთხვრილი ხელები. მეტიც, მათ თავისი ბოჰემური კრეატივიზმის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იყენებს. იცნობდეთ, ეს დიზაინერის, მხატვრის, ფოტოგრაფისა და თავისუფალი მოგზაურის ხელებია.

ხელოვნებათმცოდნეებსა და ჟურნალისტებს ეს თვისება გვახასიათებს, იმის დასტურად, რომ რესპონდენტის იდეებს ბოლომდე ვწვდებით, ფილოსოფოსობას ვიწყებთ, ათასგვარ დეტალს ვაბუქებთ და საკუთარ ფილოსოფიებში გართულები, ხშირად შეცდომით ვამტკიცებთ, ამ კაცს ამით აი, ზუსტად ამის თქმა უნდოდაო. გუგას ასეთები ხშირად შეხვედრია და მათი გზას აცდენილი ფილოსოფოსობაც საკუთარ თავზე გამოუცდია. მაგრამ ასეთ შემფასებლებზე ცოტა ქვევით, თვითონ გიამბობთ. ახლა კი, სანამ მეც ფუჭად მჭევრმეტყველ ჟურნალისტთა რიგებს მიმათვლიდეს, სჯობს საქმეზე გადავიდე და კოტეტიშვილებს კარზე მივუკაკუნო, შიგნით თქვენც რომ შეგახედოთ.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ვახუშტი კოტეტიშვილის ქუჩაზე მდებარე კოტეტიშვილების სახლი ორადაა გაყოფილი. ერთ მხარეს მამა - ვახუშტი ცხოვრობს, მეორე მხარეს შვილი და შვილიშვილი - გუგა და ტატო. სახლის ამ ნაწილის კარი თითქმის მუდამ ღიაა. შიგნით კი ის ტრიალებს, რასაც ისევ ჩვენ, ჟურნალისტებისა და ხელოვნებათმცოდნეების გაცვეთილ ენაზე, შემოქმედებითი აურზაური ჰქვია. აქ, ამ ინტერიერში, თითქმის ისეთივე წარმატებით შეგიძლიათ უცნაური ნივთების უცნაურ ადგილზე აღმოჩენა, როგორც - კარლსონთან, სახურავზე. ფარდაგები, ჭრელი ბალიშები, ნეპალური თასები, ძველი ქართული თუნგები, საკრავები, ნათურები, ქოთნის ყვავილები, შუშის ქილები და მათ შორის კიდევ უამრავი სხვა საინტერესო ნივთი, ისე, მცირედ დეტალად გამოყენებული. ჰო, კიდევ ერთი: ამ სახლში განათებას თვითონ მზე არეგულირებს. ცხადია, ამის ნებას მზეს თავად მასპინძელი აძლევს: ოთხკუთხედ სარკმელს მაღლა, თითქმის ჭერში ჭრის, იატაკზე კი შუშის ორსართულიან პატარა მაგიდას, შუშის ქილითა და თეთრი გამხმარი ყვავილებით, ზუსტად იმგვარ ადგილას დებს, რომ მზის სხივები ერთ სწორ ზოლად ჯერ კედელს მიყვება და მერე ზუსტად შუშის მაგიდაზე ეცემა. თან ეს სქელი და ნათელი სხივი ოთახის ამ კუხეში თითქმის ისეთივე კვალს ტოვებს, როგორც - ცაზე ახლად ჩაფრენილი თვითმფრინავი.

ის, რომ ადამიანის მომავალი საქმე სათავეს ბავშვობიდან იღებს, კარგად გაცვეთილი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც ჭეშმარიტება. ასეა გუგას შემთხვევაშიც. ის, რისი ძებნაც ზრდასრულმა გუგამ დიზაინის ეგიდით მშრალ ხიდზე დაიწყო, ბავშვობაში ბაბუის სახლში უხვად ჰქონდა. „ბაბუაჩემი, დიდი ვახუშტი ხომ მრავალმხრივი ადამიანი იყო - ლიტერატორიც, მოქანდაკეც, მხატვარიც. ამიტომ სახლი სულ მისი ნივთებით იყო სავსე და თან ძალიან მრავალფეროვანი ნივთებით. ეს ყველაფერი ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, აი, დაახლოებით იმ ასაკიდან, როცა ჯერ წესიერად სიარულიც არ იცი, იატაკზე შენთვის დაბობღავ და აწყდები უცნობ ნივთებს, ვთქვათ, ბაბუის ქვის ქანდაკებებს, სამუშაო იარაღებს, ფუნჯებს, წიგნებს. იქვე, სადმე, ირმის დახვეული რქაც მხვდებოდა, სახლში კი იმდენად ყველაფერი ბაბუის გაკეთებული იყო, რომ მეგონა, ეს რქებიც ვახუშტიმ დაგრიხა.“

გარემომ გუგას თვალსაწიერზე ისე იმოქმედა, რომ ხატვა დაიწყო. ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა, თან კერამიკა ისწავლა და თან არქტიტექტურულად აზროვნება დაიწყო. სტუდენტობის პერიოდში ადგენდა უამრავ არქიტექტურულ ესკიზს და ეგონა, რომ მათ განხორციელებაზე ფიქრს არასდროს დაიწყებდა. მაგრამ მერე ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა. ომის წლებში, როცა კოტეტიშვილების სახლი დაიწვა, გუგამ ბიზნესი წამოიწყო - ტყავის ჩანთების კერვა. „უცნაური ჩანთები იყო. ფორმა თითქმის ყველას ერთნაირი ჰქონდათ, სამაგიეროდ იცვლებოდა ზედხედი. ზოგი მაქმანებით იყო, ზოგი ფარდაგს ჰგავდა. თითქოს ყოველდღიური ჩანთები იყო, მაგრამ ამავე დროს სადმე, საღამოს წვეულებაზე გასაპრანჭადაც იყენებდნენ გოგოები. მერე ერთბაშად იმდენი ჩანთა გავყიდე, რომ გოგოები ერთმანეთს ქუჩაში გუგას ჩანთის მიხედვით ცნობდნენ.“

ჩანთების შემდეგ, გუგას იდეები უფრო გართულდა და დაიხვეწა. გუგამ კიდევ ერთი ბავშვობიდან ჩარჩენილი კითხვა გაიხსენა - „როგორ აკეთებენ რკინის ნივთებს?“ ქუჩაში ძველი ლითონის ნაჭერი იპოვა და მეგობართან, რატი ერაძესთან ერთად, ლითონის სკამი გააკეთა, ფარდაგით მორთული. მერე, ერთ დღეს, გია აბულაძის სახელოსნოში იჯდა, შუა საუბარში სიტყვამ მოიტანა და ახლად დამზადებული სკამიც ახსენა. მისმა აღწერამაც კი სახელოსნოში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ რკინის სკამი ნანახიც არ ჰქონდათ, გუგას ერთაბაშად ოთხი სავარძელი შეუკვეთეს.

0x01 graphic

0x01 graphic

სავარძლებს ოთხმაგად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იქედან გამომდინარე, რომ თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს, სავარძლების ამბავმა სასტუმრო „ბეტსის“ მფლობელის ყურამდეც მიაღწია და გუგას სასტუმროს ნომრების დიზაინი შეუკვეთეს. „ლოგინებით დამთავრებული, „ბეტსის“ ყველაფერი გავუკეთე. „ბეტსიდან“ უკვე ამერიკელებმა გაიგეს ჩემი სახელი და ასე მიჰყვა ერთმანეთს ყველაფერი. ინტერიერების და ავეჯის შეკვეთასაც მაძლევდნენ.“

ამავე პერიოდში, გუგამ ომის დროს დამწვარი კოტეტიშვილების სახლიც გადააკეთა. „სტანდარტული ოთხოთახიანი ბინა იყო, რომელიც არასტანდარტულად ვაქციე. რაღაცეები ისე შევცვალე, რომ სულ სხვა სახლი გამოვიდა. ერთი საძინებელი ოთახი აბაზანად გადავაკეთე და ფანჯრებიანი აბაზანა მივიღე, მაგიდით და სკამებით. ყველაზე მთავარი რაც იყო, კედლები მოვარღვიე და დიდი თავისუფალი სივრცე დამრჩა“.

მოკლედ, ხან ასეა, ხან - ისე. გუგას ხან ძველის გადაკეთება უწევს, ხან სრულიად თავისუფალ და ახალ სივრცეში მუშაობა. ცხადია, ეს უკანასკნელი შემთხვევა ურჩევნია, მაგრამ მთავარი დანახვაა და კიდევ პრინციპი - არცერთი უაზროდ დარჩენილი ადგილი.

„თითოეული კუთხე რაღაც ფუნქციით უნდა დავტვირთო. ორმეტრიან კორიდორსაც კი რაღაც იდეა თუ ფუნქცია უნდა მივცე. ორი მეტრი რა ფართია, ხო? არაფერი, მაგრამ იქაც კი, გავლისას, რაღაც ემოცია უნდა დაგრჩეს. ვთქვათ, უცნაური ფორმის სარკემ მოგჭრას თვალი, ან კუთხეში მიდგმული მაგიდა მოგეწონოს, რომელზეც გამხმარი ყვავილები დევს. თუმცა, მაინც არ მიყვარს, როცა ტყუილად იყენებენ რაღაც დეტალებს. მაგალითად, როცა ჭერში ხის ძელებს მხოლოდ გასაფორმებლად აწყობენ. ეს უკვე ყალბი გამოდის. მთავარია, ძელები რაღაც ფუნქციას რეალურად ასრულებდეს.“

მუშაობის დროს, გუგა, პირველ რიგში, ინტუიციას ეყრდნობა. „ინტერიერებს ზეპირად ვიგონებ. წუთში რამდენიმეს. ამას ყველგან ვაკეთებ - ქუჩაში, სახლში. ამიტომაც არ მეზარება მარტო სიარული. ცუდ და უინტერესო თანმხლებს, მარტო სეირნობა მირჩევნია. თავი სულ მუშაობს. ყველაფერს სანტიმეტრებამდე ვთვლი. უცებ ვაგებ სივრცეს. როცა მუშაობას ვიწყებ, რამდენიმე ვარიანტს ვაკეთებ. მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ბოლოს მაინც პირველს ვუბრუნდები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სივრცის და იდეის პირველი შეფასება არასდროს მატყუებს.“

ასე იყო მაშინაც, როცა გუგა „კალას“ მფლობელებმა მეორე რესტორნის გასაკეთებლად მიიწვიეს. ახალი „კალასთვის“ პურის მოედანზე ერთი დიდი სარდაფი შეირჩა. გადაწყვეტილი იყო თბილისური რესტორნის გაკეთება. გუგამ კი სარდაფში ჩასვლისთანავე თქვა, მოდი კედლები შავად შევღებოთო. თავიდან შეთავაზება ყველამ ყოყმანით მიიღო, მაგრამ ბოლოს იდეა ნაწილობრივ მაინც განხორციელდა. თამბაქოსფერ კედლებზე დიდი, შავი ნიშები გაკეთდა და ძალიან ეფექტური გამოვიდა.

0x01 graphic

ახალი რესტორნის, დუქნის

0x01 graphic

საპირფარეშო. გოგა ხაინდრავას კოლექციიდან.

0x01 graphic

გუგას -ის ფორმის სკამი ვენის გალერეიდან.

რაც შეეხება თბილისურ სტილს, გუგამ ეს აურა ბევრი ფარდაგების და ძველი წითელი აგურების გამოყენებით შექმნა. აქა-იქ ძველი ჭრაქები ჩამოკიდა, დიზაინერ მაკინტოშის სახელით ცნობილ წითელ სკამებსაც ქართული ფარდაგის დასაჯდომი გაუკეთა და ისე მიუდგა წითელ ხის მაგიდებს. ზოგი მაგიდა კი ერთმანეთისგან რკინის რიკულებიანი ღობეებით გამოჰყო, რითაც კოლორიტული თბილისური ეზოს ისეთი აურა შექმნა, რომ გგონია, იქვე სადმე მეზობელი კაცები დომინოს უნდა თამაშობდნენ.

„გამოკვეთილად თბილისურ სტილზე არც მიფიქრია. თბილისური ხომ ეკლექტურობას ნიშნავს. ამიტომ ბუნებრივად გამოვიდა ასე“.

არსებობს ორი ტიპის დამკვეთები - ეჭვიანები და დამყოლები. ეჭვიანები დიზაინერის ყველა იდეას სკეპტიურად უყურებენ, უსმენენ, უსმენენ და მერე ინტერიერში ერთ ისეთ დეტალს შეიტანენ თვითნებურად, რომ მთელ ჩანაფიქრს აფუჭებენ. ასეთებთან მუშაობა საშინელებაა, მაგრამ მაინც უწევს ხოლმე. სამაგიეროდ, ყველაფერი სულ სხვაგვარადაა დამყოლ დამკვეთებთან. ასე იყო „კალას“ შემთხვევაში. „მიმიშვეს, ყველაფერი მე გამაკეთებინეს და გამოვიდა კიდეც. მთავარია, გაითვალისწინო, ვისთვის აკეთებ ინტერიერს. ამ შემთხვევაში, მიზანი სიმყუდროვის შექმნა იყო. ამას კი ძალიან დახარჯვა არც სჭირდება. კედლები პირველი პირი გაჯის არის. ხშირად რას აკეთებენ, იცი? სპეციალურ, ძალიან ძვირ მასალას იყენებენ, რომელიც მსგავს ეფექტს ქმნის. მაგრამ ხოლოდ მსგავსს. ამ მასალას მაინც ეტყობა, რომ დეკორაციაა. რატომ უნდა გამოიყენო ის, როცა შეგიძლია პირდაპირ დატოვო პირველი პირი გაჯი? ასე ხომ გარემო უფრო ბუნებრივი გამოვა. მერე უმატებ ამ ყველაფერს ფიჭვის კოჭებს - ძველი ფაქტურისთვის, ხის იატაკს, სვეტებს, კედლის ნიშებში ჩადგმულ განათებებს, აზიურ კუთხეს და სიმყუდროვეც ეგაა - სინამდვილეში ყველაფერი მაქსიმალურად მარტივია.“

გუგა კოტეტიშვილის კიდევ ერთი ახირება საპირფარეშოებია. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ეს ახირება არასდროს ავიწყდება, არც თავის სახლში, არც თავის რესტორანში და არც სხვებისთვის დამზადებულ ინტერიერში. ამიტომაც არის, რომ გუგას მიერ გაფორმებულ რესტორნებში, უკაცრავად და, საპირფარეშოშიც ისევე კომფორტულად გრძნობ თავს, როგორც სუფრასთან.

„ტუალეტი - ეს აბსოლუტურად უნიკალური ადგილია; ადგილი, სადაც რესტორნის ხმაურს სცილდები და საკუთარ თავთან მარტო რჩები. ამიტომ ესთეტიკა აქაც საჭიროა. იქ ისეთი გარემო უნდა დაგხვდეს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო თავი და დაუფიქრებლად მოგინდეს უკან დაბრუნება.“

რკინა, ხე, შუშა, ქსოვილი, ბუნებრივი განათება და ნათურა - გუგა კოტეტიშვილი აბსოლუტურად ყველა ტიპის მასალას ურევს ერთმანეთში და ყოველთვის ისეთ შედეგს იღებს, რომ აუცილებლად „შინ“ გაგრძნობინებს თავს. და კიდევ ერთი: რაც არ უნდა ევროპული თუ აზიური ელფერის იყოს გუგას დიზაინი, სადღაც მაინც გამოსჭვივის ქართული ფოლკლორი. ეს, ალბათ, მამისგან და ბავშვობიდან შემორჩა:

0x01 graphic

„ვახუშტი ლომია, რა, და თვისებებიც ეგეთივე აქვს. შეიძლება ბავშვური, დამთმობი და ამყოლი იყოს სხვა საკითხებში - მისგან უარი არცერთ ჩემს სურვილზე არ მახსოვს - მაგრამ, როცა ლიტერატურაზე მიდგება საქმე, სულ სხვა სახე უხდება. არასდროს მავიწყდება ასეთი რამ: როცა მანქანით სადმე ერთად მივდიოდით, ვახუშტი საჭესთანაც კი საყვარელ ლექსებს ხმამაღლა ამბობდა. იმდენჯერ მეორდებოდა ერთი და იგივეს, რომ მეც ზეპირად მასწავლა ყველაფერი.“ ამ შთაბეჭდილებებს შემდეგ სხვებიც დაემატა და, ალბათ, აქედანაც წამოვიდა ქართული ფარდაგების, აღმოსავლური ორნამენტების და დივნების სიყვარული.

რაც შეეხება გავლენებს, გუგა რაღაცეების პირდაპირ გადმოტანას ვერ იტანს. ისე კი, ყველაზე ხშირ შემთხვევებში ფილიპ სტარკის ნამუშევრები მოსწონს. ბოლოს ძვირფასი ფრანგული ბიჟუტერიის, „ბაკარას“ მუზეუმი ნახა, რომელიც სტარკმა გააკეთა - ამდენმა შუშამ გააოგნა, მუზეუმის რესტორანმა კი კიდევ უფრო დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა: „იქ სტარკი კონტრასტებზე თამაშობდა. აგურის ინტერიერში ეს „შიკარნი“ „ბაკარა“ ისე ბრჭყვინავდა, რომ...“

ცნება „კონცეპტუალისტს“ გუგა კოტეტიშვილი საკუთარ თავს არასდროს უწოდებს, მაგრამ ერთხელ მის ბიოგრაფიაშიც იყო შემთხვევა, როცა ისეთი კონცეპტუალური გამოფენა გააკეთა, რომ ვენის კრიტიკოსები დიდხანს ალაპარაკა. გამოფენა ვენის ერთ-ერთ გალერეაში მოეწყო. თვითონ დარბაზი 200 კვ.მ. იყო, წინ კი 400 კმ.მ.-იანი ბაღი ჰქონდა. გამოფენის იდეა აუცილებლად კონცეპტუალური უნდა ყოფილიყო. „მე კი მაშინ ფერწერას ვაკეთებდი. ესეც რომ არა, ან ავეჯში რა კონცეფცია უნდა იყოს? მაგრამ მუშაობა მაინც დავიწყე. ერთი წლით ადრე ვერსალში ვიყავი. ციოდა და წვიმდა, ბაღში არავინ იყო ჩემს გარდა, მხოლოდ გაკრეჭილი კვიპაროსები და ბრეზენტებში გახვეული ქანდაკებები იდგნენ. იმდენად საინტერესო სანახავი იყო ცარიელი ბაღი, შეფუთული ქანდაკებებით, რომ ბევრი ფოტო გადავიღე. მერე გავიგე, რომ იმ წელს პარიზში დიდი შტორმი ყოფილა და ვერსალის ბაღი სულ გაუნადგურებია. გამიჩნდა აზრი, რომ საჭიროა ამ ყველაფრის დაცვა. და მერე, როცა ვენის გალერეაში გამოფენაზე დავიწყე ფიქრი, ეგ იდეა გამოვიყენე. ინტერიერი ბაღში გავიტანე, ბაღი კი ინტერიერში შემოვიტანე - მისი დაცვის და გაფრთხილების მიზნით. შუაგულში დავდგი ლათინური ასო „ს“-ს ფორმის, 21 მეტრი სიგრძის მქონე ბაღის სკამი, პირამიდასავით გაკრეჭილი კვიპაროსის ფორმის განათებები დავაყენე, კედლებზე კი მთელ სიგრძეზე, ვერსალის ბაღში გადაღებული ფოტოები დავკიდე. გარეთ, ბაღში კი, უზარმაზარი ხალიჩა დავაგე, დავდე ავეჯი და სარკეები.“

0x01 graphic

0x01 graphic

თუმცა, გუგას კონცეფცია ამით არ ამოწურულა. მან საქმეში ვახუშტიც ჩართო. მამას სთხოვა, რილკეს რომელიმე სტრიქონი გაეხსენებინა, რომელიც გამოფენას მიესადაგებოდა. გაირკვა, რომ რილკეს ჰქონდა მე-14 სონეტი, რომელიც თითქოს გუგას გამოფენისთვის იყო დაწერილი. ტექსტში ნახსენები იყო ბაღები. ლირიკული პერსონაჟი მიმართავდა ჰაერს: ნუთუ ვერ მცნობ, შენ ხომ ამდენჯერ შეხებიხარ ჩემს სახეს... შენ, მართალია, ხალიჩის ერთი წვრილი ძაფი ხარ, მაგრამ იცოდე, ერთი დიდი ხალიჩის ნაწილს შეადგენ - მოკლედ, აქაც ხალიჩა და ბაღები. ეს ლექსი ისე ჰარმონიულად ჩაჯდა კონცეფციაში, რომ გუგამ „ს“-ს ფორმის სკამის საზურგეზე ამოტვიფრა. დეტალად გამოიყენა სპარსული ფერწერაც - ნახატები ჩადრიანი ქალებით. დარბაზში ჩამოკიდებულ ვერსალის ბაღის ფოტოებზე კი თავისი სახელი და გვარი დიდი შავი ზოლით სანახევროდ დაფარა - წარწერა ძალიან ედიდა და იმიტომ. და აი, ზუსტად აქ მოხდა ის, რაც თავში მოგახსენეთ - ხელოვნებათმცოდნეების როლებში შეჭრის ამბავი. ერთმა ავსტრიელმა ეს შავად გადაშლილი წარწერა და ჩადრიანი სპარსი ქალები ერთმანეთს დაუკავშირა და ამტკიცებდა, რომ ავტორი აზიელი ქალების უფლებებს იცავს და გამოფენის კონცეფციაც პოლიტიკურია.

„არადა, ყველაფერი რა მარტივი იყო“, - ახლა ეღიმება გუგას და ვენაში დატოვებული „ს“-ის ფორმის სკამის თბილისში ჩამოტანა უნდა. „ეს სკამი ძალიან მომწონდა. რაღაც კარგ გარემოს ქმნიდა ჩამოსაჯდომად, სალაპარაკოდ. ხო გრძელი იყო, მაგრამ ისეთი ფორმა ჰქონდა, რომ გალერეაში მოსული სტუმრები თუ იქვე ჩამოჯდებოდნენ, მაინც რაღაც საერთო სასაუბრო სივრცე იქმნებოდა.“

როგორც ხედავთ, გუგას ნაამბობს მუდმივად თან გასდევს სახელი „ვახუშტი“. ისინი ხშირად ერთად მუშაობენ. გუგა მამის წიგნებსაც აფორმებს, მამა კი შვილს თავისი წიგნების თანაავტორად მიიჩნევს.

„განსაკუთრებით ზღაპრულად მახსენდება ერთი პერიოდი. მაშინ სახლში სამნი ვცხოვრობდით, სამი კაცი - მე, მამაჩემი და ჩემი ძმა. დიდმარხვის პერიოდი იყო. ჩემმა ძმამ მარხვის დაცვა გადაწყვიტა, მეც ავყევი და მერე ვახუშტიც მარხვაზე დავსვით. იმ პერიოდში რილკეს თარგმნიდა, ორფეოსისადმი სონეტებს. ვახუშტიმ ჯერ გადაწყვიტა, რომ თეთრ ლექსად ეთარგმნა. მერე კი გარითმვა მოინდომა. ამიტომ ყოველი დილა რილკეთი იწყებოდა. ერთად ვსხდებოდით მაგიდასთან. და ვახუშტი სათითაოდ გვიკითხავდა ახალ გარითმულ სონეტს. მერე ვიჯექი ბანზე, იყო გაზაფხული და სიგრილე და მახსენდებოდა დილის სონეტი. ჩემთვის ვიმეორებდი „კვიპაროსი“, „ღრუბელი“ და ბედნიერი ვიყავი; ან თუნდაც ეს მეტაფორა: შებინდებულ ცაზე ღამურის კვალი ისეთივე ნაზია, როგორც ფაიფურზე ბზარი... ეს რილკეს დღეები ისე დამამახსოვრდა, რომ პარადოქსული რამ მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ გერმანულს ბავშვობიდან ვსწავლობ და მხატვრულ ლიტერატურას მაინც ვერ ვკითხულობ ორიგინალში, რილკე ერთადერთია, რომელიც ყველაზე კარგად მესმის; ხო, გერმანელთათვისაც კი რთულად გასაგები რილკე.”

ვახუშტის და გუგას მეგობრობა უკვე დიდი ხანია, გუგას და ტატოს მეგობრობით გაგრძელდა. მამა-შვილობა ამ შემთხვევაშიც ზედმიწევნით მეგობრულია. თუმცა, გუგა ფიქრობს, რომ ტატო კიდევ უფრო თავისუფალ გარემოში გაიზარდა, ვიდრე თვითონ. „ტატოს სახლში ნივთების კიდევ უფრო მდიდარი პალიტრა დახვდა. მშრალ ხიდზე რასაც ვყიდულობდი, ყველაფერი ტატოს თვალწინ დაუდევრად ეყარა. არჩევანიც გაცილებით დიდი ჰქონდა. გემოვნებით არჩევა თუ შეგიძლია, ეგ უკვე ნიჭია“.

სახლში დაუდევრად და ქაოტურად მიმოფანტული პალიტრის გარდა, შვილს გუგამ კიდევ ერთი რამ უსახსოვრა - ნეპალით გატაცება. წლების წინ, იქ მარტო იყო და ახლახანს იქ შვილი წაიყვანა. „მინდოდა ტატოსაც ენახა და გამოეცადა ეს ყველაფერი. პირველად რომ ვიყავი, უამრავი ფოტო გადავიღე, მეორედ ადგილი უკვე ტატოს დავუთმე.“

გუგას მონოლოგების მოსმენა ძალიან ხშირად საინტერესოა, მაგრამ თვითონ სწორედ ნეპალზე საუბრისას იჭრება როლში. „ჩემთვის არის ორი ნეპალი - ღრუბლებს ქვევით და ღრუბლებს ზევით. 4500 მეტრის ქვევით როცა ხარ, მაინც მიწაზე ხარ. მართალია, ძალიან მაღლა, მაგრამ მაინც. წევხარ ბალახზე და მთებს უყურებ, პლანებად იშლება შენს წინ, არასდროს არ მთავრდება, როგორც ოკეანე. ამ დროს გახსენდება ქალაქი, დედა, მამა, შვილები, იმიტომ, რომ მაინც მიწაზე ხარ. მაგრამ ჩემი ჰიმალაი 4500 მეტრის ზევითაა - იქ, სადაც ქვევით ტოვებ ყველაფერს - დედამიწას, მშობლებს, შვილს. ზევით აბსოლუტურად მარტო რჩები და ბედნიერი ხარ. თითქოს დედამიწის ქიმზე დგახარ. და როცა მზე ჩადის, შენს ქვეშ წითლდებიან ღრუბლები. ამ ყველაფერს ფოტოსაც კი ვერ გადაუღებ, რადგან ობიექტივში ვერ ჩატევ. ჩარჩოში ვერ ჩასვამ... მინდოდა, აი, ეს ყველაფერი ტატოსთვის მეჩვენებინა.“

0x01 graphic

0x01 graphic

ჰგვანან ფირუზს და ხანაც ქარვას ცაზე ღრუბლის თუ იწყებენ ქარგვას. ღამე მარჯნის და დილა ოპალის სურვილს გიჩენენ რამის მოპარვის მზე თბილია და მეტად საამო ისვე უშენო მელის საღამო

ლექსი გუგას დღიურიდან

მოკლედ, ასეა - გუგა კოტეტიშვილი ფოტოებსაც იღებდა, ფერწერაშიც მუშაობდა, თიხასაც ძერწავდა, ერთხანს ლექსებაც წერდა - როგორც თვითონ ამბობს, ჰქონდა ასეთი ვნებების პერიოდი, მაგრამ ახლა ინტერიერის დიზაინია მისი ყველაზე დიდი გატაცება. ამ ფონზე კი, საკუთარი რესტორნის გაკეთება ერთი დიდი ოცნების ახდენაა.

„ჩემი რესტორანი“ - ამბობს გუგა და დეტალურად ხსნის ინტერიერექსტერიერს, რომელიც მხოლოდ მისი იქნება - დამკვეთის სურვილებისგან ასი პროცენტით თავისუფალი.

სოლოლაკში არის ერთი პატარა მოედანი ბაღით, რომელსაც აბასაბადის ბაღი ჰქვია. სწორედ ამ ბაღის ნაპირას იქნება გუგას რესტორანი. იქნება ორი სივრცე - რესტორანი ნამდვილი ფრანგული სამზარეულოთი და სარდაფში განთავსებული ე.წ. „ჩილ-აუთი“. კედლები აგურისაა. ბარი რკინის გისოსებში ზის - ზუსტად ისეთში, ჯართში რომ იპოვის კაცი. იატაკი ფიცრისაა და ალაგ-ალაგ ამოჭმული. „ეს თავისებურ ხიბლს მატებს ინტერიორს. არადა, არცერთი დამკვეთი არ დამატოვებინებდა ასეთ იატაკს.“ დარბაზში სტალინის პერიოდის მაგიდები დგას. და როგორც გუგას ყველა ინტერიერში, აქაც აბსოლუტურად გამორჩეული საპირფარეშოებია - ფანჯრებით, ჭაღით და ტახტით. აღმოსავლურ სარდაფში კი სულ ტახტებია და გუგას ის მუსიკალურ, ლიტერატურულ და კინო-საღამოებად აქვს ჩაფიქრებული. რესტორანი საშობაოდ გაიხსნება და კიდევ ერთი, კულინარული დეტალით იქნება სხვათაგან გამორჩეული: ღამენათევ სტუმრებს დილის ცხრა საათიდან დაახვედრებენ კრუასანებსა და ცხელ ყავას... „მერე ბაღის ათვისებაც მინდა. ერთჯერადი აქციების გამართვა შეიძლება, ვთქვათ ფოტო-გამოფენების“ - გეგმებს აწყობს გუგა და, ალბათ, პარალელურად თავში ახალ-ახალ ინტერიერებს აგებს. მისი ტვინი ხომ გამუდმებით მუშაობს...

0x01 graphic

დასვენება საჭიროა
Ну хотя бы раз в году.
ღმერთმა ასე მოინდომა,
ნახოს გუგამ კატმანდუ

ლექსი გუგას დღიურიდან

12 მუსიკის შექმნის საიდუმლო

▲back to top


ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მაკა ვირსალაძე

0x01 graphic

ყველა წარმოშობის ხმა; ქუჩის, ხეების, ქარის, მანქანის - მისთვის, უბრალოდ, ინფორმაციაა, რომელიც უნდა დაამუშაოს და მერე ასახოს, მოყვეს. შემოქმედისთვის (კომპოზიტორისთვის) ეს ჩვეულებრივი თხზვის პროცესია, ნაცნობი და ყოფიერი. სხვა პროფესიის ადამიანებისგან მუსიკის სმენის კულტურითაც განსხვავდება. ფიქრის დროს, ნებისმიერი მუსიკის ფონი მისთვის ქაოსი და ზედმეტი გადატვირთვაა. იდეალური სამყოფელი - სიჩუმეა. ამიტომ მისთვის მუშაობის დრო ღამე იწყება, როდესაც ჩვენ, ყველას მძიმე, ღრმა ძილით გვძინავს.

მაკა ვირსალაძე „ახალი მუსიკის“ კომპოზიტორია, 40-მდე მუსიკალური ნაწარმოების ავტორი. შეიძლება ითქვას, რომ მისი სახელი საქართველოს ფარგლებს გასცდა და სხვადასხვა ფესტივალსა და კონცერტებზე უკვე საპატიო სტუმრად ითვლება. კონსერვატორიაში საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ასწავლის, არასამთავრობო ორგანიზაციაში, „ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი“ შემოქმედებითი სესიები მიჰყავს და თხზავს, ახალ მუსიკას წერს.

მემკვიდრეობა

მაკა ვირსალაძეების „დინასტიის“ მეოთხე თაობაა. თანმიმდევრობა ასეთია: დიდი ბებია, ანასტასია აბდუშელიშვილი-ვირსალაძე, პიანისტი და ქართული პიანისტური სკოლის დამფუძნებელი; ანასტასიას შვილიშვილი, პიანისტი ელისო ვირსალაძე; შვილთაშვილები დინი (მაკას უფროსი და) და მაკა ვირსალაძეები. დებმა სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობა აირჩიეს: დინი კლასიკური ჯაზის მუსიკოსია, მაკა „ახალი მუსიკის“ კომპოზიტორი.

საერთოდ, ვირსალაძეების ოჯახში ორი პროფესიის ადამიანები ჭარბობენ, მუსიკოსები და მედიკოსები, ექიმები. მაკას მშობლებიც - დედა მუსიკათმცოდნეა, მამა - ექიმი.

სახლში

მაკას მშობლიური სახლი კრილოვის ქუჩაზე დგას, დროისა და ბუნებრივი სტიქიებისგან კედლები სულ დაბზარვია და ბათქაშიც აქა-იქ თუ შერჩენია. ჭრაჭუნა ხის კიბეებს მეორე სართულზე ერთადერთ ხის კართან მივყავარ. ნათელი, დიდი ოთახები, მასიური, მოპირკეთებული ფანჯრები, საოცარი აკუსტიკით და ალბათ პატარა შთამომავალთათვის საგულდაგულოდ შემონახული წინაპრების ისტორიებით. ხუთ წუთში, სანამ მაკას ველოდი, აი, ეს დავინახე.

დღეს მეუღლესთან ერთად, კეკელიძეზე ცხოვრობს. მაგრამ იქ, თავის მშობლიურ სახლში ხშირად დადის, ძირითადად მაშინ, როდესაც სამუშაო აქვს. იქ ყოველთვის ისეთი სიჩუმეა, როგორიც მას სჭირდება. თავისი მკაცრი შინაგანაწესი აქვს. ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს, რადგან ამ დროს მთელი თავისი არსებით, მუშაობის პროცესში ერთვება და თხზავს.

ისტორია

აკი გითხარით, მაკა „ახალი მუსიკის“ კომპოზიტორია-მეთქი.

ამ მიმდინარეობას ფართო მსმენელი არ ჰყავსო, მაკა ამბობს. მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების ნუსხა დაახლოებით ასე გამოიყურება: ვარიაციები, პიესები, რომანსები, სონატები, დუეტები, ნაწარმოებები კამერული თუ სიმფონიური ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსთვის, ფლეიტისთვის, გუნდისთვის, კაპელისა თუ სოპრანოსთვის. აქედან უმეტესობა საქართველოს ფარგლებს გარეთ შესრულებულა. ფესტივალებზე და კონცერტებზე - გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში...

ყველაფერი კი სათავეს ძალიან ადრე, სიყრმის ხანიდან იღებს.

ყრმობა

დებს შორის სხვაობა 10 წელია. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, მაკასთვის უფროსი და, დინი ერთგვარი ორიენტირი რომ იყო - კარგად თუ შეჭამდა, დინის სიმაღლე გაიზრდებოდა; ბევრს თუ იმეცადინებდა, დინისავით კარგად დაუკრავდა და კიდევ ბევრი ასეთი ახსოვს.

საბავშვო ბაღში არ უვლია. მთელი დღეები მეზობელ ბავშვებთან ერთად თამაშობდა. პირველი მელოდიაც ამ დროს „დაწერა“, კიდევ ხატავდა. მოკლედ ბედნიერად და ლაღად ცხოვრობდა. სანამ 1 სექტემბერს, პირველი რკინიგზის სკოლაში, პირველ კლასში სრულიად ახალი და უცნაური სამყარო არ აღმოაჩინა. „დამრიგებელი“ 40 ბავშვს საკლასო ოთახში შეუძღვა, მოსწავლეები სრულიად გაუგებარი პრინციპით გადაანაწილა მერხებზე და თანაც რაღაც გაურკვეველი წესების დამორჩილება მოსთხოვა. ეს ახალი „სამყარო“ ცოტა მოსაწყენი ეჩვენა, ვერაფრით შეიყვარა.

ასე იყო. ერთხელ რომ გაცივდებოდა, მერე დიდხანს, დიდხანს ლოგინში იწვა და ავადმყოფობდა. ხატავდა და მელოდიებს იგონებდა. ქვეცნობიერი შიში სულ ჰქონდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა, ისევ იმ სკოლაში არ წაეყვანათ და ნახევარი დღე იმ მკაცრ, ჩაკეტილ სივრცეში არ დაეტოვებინათ. 7 წელი ამ „განცდით“ იცხოვრა. მერე, მეშვიდე კლასიდან მუსიკალურ ათწლედში გადაიყვანეს. იქაურ გარემოს ადვილად შეეთვისა, მოეწონა კიდეც. მასწავლებლები უფრო კეთილგანწყობილი ეჩვენა, არც ორმოცი ბავშვი დახვდა კლასში და მეგობრებიც მალე გაიჩინა.

წაღვერი

„ზაფხულს მთელი წელი ველოდით, ყველანი ერთად წაღვერში რომ წავსულიყავით. იქ ჩვენი საგვარეულო აგარაკია, სადაც თავის დროზე მამა, ელისო და მთელი ჩვენი ნათესაობა ისვენებდა.“ სახლი შემაღლებულ ადგილას, არჯევანიძის ტყესთან ახლოს დგას. მთელი დღე ბავშვებთან ერთად ამ ტყეში დახეტიალობდა, ლაშქრობებზე დადიოდნენ, ახალ თამაშებს იგონებდნენ და ასე ერთობოდნენ. „მახსოვს, ერთი „დაუძლეველი“ მწვერვალი რომ დავიპყარით - გვირგვინა ერქვა. ალბათ, ეს ამბავი ნამდვილ ალპინისტს სასაცილოდაც არ ეყოფოდა. ჩემთვის კი, ეს რაღაც მიუწვდომელ ოცნებას გავდა. ისიც კი გავიფიქრე, ადამიანებს ხანდახან ოცნებები, ალბათ, მართლა უსრულდებათ-მეთქი.“

მაშინ ლექსების წერით იყო გატაცებული, და მეზობელი ბავშვების, მეგობრების კარიკატურებს ხატავდა. კი არავის დასცინოდა, არა, საღამოს წრეზე ერთად დასხდებოდნენ და ბევრს იცინოდნენ ხოლმე.

წაღვერში ახლაც ყოველ წელს დადის. შეთხელებული ტყეების გარდა, კიდევ ბევრი რამე ხვდება შეცვლილი. ხალხიც თითქოს გამოიცვალა - ზოგმა სახლი გაყიდა, ზოგიერთმა ქალაქს მიაშურა, მაგრამ ბავშვობის ის „სული“ მაინც ყოველთვის ხვდება - სუნი, ეზო, ტყის ხმაური და მთა.

კომპოზიტორობამდე

1990-91 წლები მის სტუდენტობის ხანას დაემთხვა. კონცერტებისთვის ერთი ნათურით განათებული, გაყინული დარბაზები, შემსრულებლების გაშეშებული, გათოშილი ხელები. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს პერიოდი მაინც კარგად ახსენდება, იმიტომ, რომ ეს მისთვის თვითგამორკვევის გრძელი და რთული პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური იყო. ამის მერე, უკვე ნაწარმოებები იქმნება.

კონსერვატორიაში კომპოზიციას ჯერ ბიძინა კვერნაძე ასწავლიდა, მერე ასპირანტურაში ნოდარ მამისაშვილი ხელმძღვანელობდა. კონსერვატორიის ბოლო წლები მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. გამორკვევის პერიოდი აქ სრულდება და დგება დრო, როცა ეს მხოლოდ მეცადინეობა აღარ არის. „მთელი პროცესი თვითკმაყოფილების გრძნობას მანიჭებს და როდესაც ვქმნი, ბედნიერი ვარ. დამოკიდებულებაც სულ შეიცვალა. ამ დროს ფიქრები - როგორი იქნება? კარგია, ცუდია, ვის მოეწონება, ვინ დაუკრავს, აღიარებენ? - არ არსებობს და მთავარია ის განცდა, რომ ეს ახალი სიცოცხლეა და სულ შენია. შენი პირმშოა, და როგორც შვილის დაბადებისთვის, მისთვისაც ის ცხრა თვეა (პირობითად) საჭირო, რომ მომწიფდეს, განვითარდეს და დაიბადოს. მერე ის ემოცია და ენერგია აუცილებლად უკან გიბრუნდება და ეს არის ის, რაც ისევ მუსიკაში მაბრუნებს და ამ თვითკმაყოფილების გრძნობას, უზარმაზარ ენერგიას მაძლევს. თუმცა, აქამდე მოსასვლელი გზა ძალიან რთულია.“

ბოლომდე რეალიზების განცდა მის მიერ შესრულებული ნაწარმოების მოსმენის დროს აქვს. სხვათა შორის, არ არის მკაცრი და ამბობს, რომ ბუნებრივია, შემსრულებელი ნაწარმოებს თავისებურად რომ მოიაზრებს და ხედვის მისეულ პრიზმაში მოაქცევს. „ეს ჩემთვისაც საინტერესოა. გამორიცხულია ერთი და იგივე ნაწარმოები სხვადასხვა ადამიანმა ერთნაირად შეასრულოს. ყველას თავისი ტემპი აქვს, განცდის წარმოჩენის და გამოხატვის დროც ადამიანებში განსხვავებულია. შეიძლება ამ განცდის აღქმისთვის უფრო დიდი დრო დამჭირდეს, სხვას - უფრო ცოტა. საინტერესოა ინტერპრეტაციის სხვადასხვაგვარობა. ამ მხრივ ძალიან რთულია ანსამბლის შესრულება. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანების ბიორიტმს - ერთ რიტმზე უნდა ააწყონ და ერთად განიცადონ.“

სივრცე, სადაც ცხოვრობს

სკოლის პერიოდში იოგათი იყო გატაცებული. სტუდენტობის დროს, თაი ჩით დაინტერესდა. მისი ნაწარმოებების თემებიც, სათაურებიც „საკრამენტი“, „იდუმალება“ სწორედ მისტიკისადმი ერთგვარ მიდრეკილებაზე და ინტერესზე მიუთითებს. უბრალო კუნთების ქნევა არ აინტერესებს. მისთვის თაი ჩი სიმბოლოების სამყაროა და ეს სიმბოლოები რეალური ყოფის აღქმაში ეხმარება. „ჩემთვის ეს ნივთიერი, მატერიალური ცხოვრების აღქმაა. იცი, რომ ჩაისუნთქავ მიწის ენერგია ჩაგდის. ყველა კონკრეტული მოძრაობით გარკვეულ ბუნებრივ ენერგიას იღებ. მჯერა მისტიკის, რადგან იქ ყველა ჩემს კითხვაზე პასუხს ვპოულობ.

0x01 graphic

იცით, გარკვეულ ასაკში, ადამიანები ამაზე დაფიქრებას იწყებენ და თავიანთი არსებობის საზრისის ამოცნობას ცდილობენ. ჩნდება უამრავი კითხვა, რომლის პასუხსაც ზოგი რელიგიაში ეძებს, ან მისტიკას მიმართავს, ან უბრალოდ, სკეპტიკოსად, ათეისტად ყალიბდება. ყოველ შემთხვევაში, ამაზე რომ არ იფიქრო, შეუძლებელია.“

შემოქმედება

1994 წელს კონსერვატორიის მეოთხე კურსზე რომანსებს („სირენას სიმღერა“, „პირამიდებში“, „სონეტი ლოცვის“) ქმნის. ამ რომანსებით მერე ტრიპტიქს აკეთებს - სიმებიანი ორკესტრისა და სოპრანოსთვის (ფორტეპიანოსთვის), რომელიც კონსერვატორიის მცირე დარბაზში შესრულდა და კულტურის სამინისტროს პრიზიც მოიპოვა. დღეს ფიქრობს, რომ ძველი შემოქმედებიდან ყველაფერს სხვანაირად დაწერდა, მაგრამ ყველა პერიოდს თავისი ხიბლი აქვსო და ამიტომ არაფრის შეცვლას არ აპირებს.

პერიოდულად, რელიგიურ თემატიკას, ფილოსოფიას უბრუნდება და სხვადასხვა ხერხით, სამყაროს შექმნის იდეის გააზრებას, ამოხსნას ცდილობს.

სადიპლომო ნამუშევრისთვის ციკლური ნაწარმოები შექმნა ბიბლიიდან აღებული ფსალმუნების ტექსტზე, შერეული გუნდის, სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტებისთვის.

მერე „აფორიზმები“ იქმნება, შოთა რუსთაველის ტექსტის ფრაგმენტებზე მუსიკა ეწყობა. „ქრისტიანული მორალი, სიკეთე, სიყვარული - რუსთაველთან. მისი სიბრძნე, მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და, ზოგადად, ჰუმანიზმი შევეცადე ერთ თემად ამეკინძა.“

ჰქონდა დაკვეთები ბერლინის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებული კამერული გუნდისგან, ოდესის საერთაშორისო ფესტივალისთვის დუეტ „კადანსისგან“, შვეიცარიული ფესტივალი „მენჰირის“ ორგანიზატორისგან და კიდევ სხვათაგან. საკუთარი ნაწარმოებების მოსმენის დროს განცდილი ემოციები ახსოვს. ერთხელ მოსკოვში, კონცერტზე შემსრულებლებმა უთხრეს, სოფია გუბაიდულინასთან აკორდეონს სუნთქვა რომ შეეძლო, ვიცოდით, შენი აკორდეონი კი ცაში ფრინავსო (ნაწარმოებს „ფრთები“ ჰქვია და ბაიანისა (შედარებით დიდი აკორდეონი) და ვიოლინოსთვისაა დაწერილი). გაეხარდა, თავისი შეგრძნებების მსმენელამდე მიტანა რომ შეძლო.

მუსიკა აბსტრაქტული ხელოვნებაა, ზოგად სიმბოლოებზე დაფუძნებული. ყველა ნაწარმოებს იმდენი პლასტი და დრამატურგიული ხაზი აქვს, ალბათ ძალიან ღრმა და ძალიან მუსიკალური უნდა იყო, ბოლომდე გააზრება რომ შეძლო. მუსიკის ზემოქმედება ძალიან ძლიერია, მაკას თქმით - ყველა ხელოვნებაზე უფრო ძლიერიც. უმალ თავის გავლენის ქვეშ გაქცევს და სხვადასხვა ამბავს გიყვება. ეს ამბები იმდენივეა, რამდენი ადამიანიც ამ კომპოზიციას ისმენს, განცდა და განწყობა კი - ერთია.

სამი წლის წინ, ჰოლანდიური საქსოფონების კვარტეტი „აურელია“ ქართული ანსამბლის, „მზეთამზის“ მოსმენის შემდეგ, ქართული ხალხური მუსიკით დაინტერესდა. ერთობლივი კონცერტის გამართვის იდეა გაჩნდა. საგანგებოდ ამ პროექტისთვის სამ კომპოზიტორს, ნოდარ მამისაშვილის, აბ სანდბრიკს და (ნოდარ მამისაშვილის რეკომენდაციით) მაკას ნაწარმოები დაუკვეთეს. ასე დაიწერა „მოგონება“.

„მოგონებაში“ ერის საერთო, გენეტიკურ მეხსიერებაში თანდათანობით ჩაღრმავება მომიხდა. ამ განცდამ „მუმლი მუხასაო“ გამახსენა და ერის სიმბოლოდ აქცია, რომელიც ჟამთა სვლას არ ექვემდებარება და უცვლელი რჩება.“

ყველა ნაწარმოებზე ცალკე შეუძლია მოყვეს - სულ თავიდან, ჩასახვიდან დაბადებამდე. და შექმნის დროს განცდილი ყველა ემოცია ახსოვს.

შვეიცარიული ფესტივალი

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარშან შვეიცარიაში მოგზაურობა. ინტერნეტის საშუალებით, მაკა ვირსლაძის შესახებ შვეიცარიელი დირიჟორი, გამომცემელი და ფესტივალ „მენჰირის“ დამფუძნებელი, სიმონ კამარტინი დაინტერესდა და კვლავ ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა. მაკა ცოტა დაიბნა და თავისი ნაწარმოების აბსოლუტურად უცნობი ადამიანისთვის გაგზავნა არ მოინდომა, სანამ არ გაარკვია, რომ ეს კაცი სამუსიკო სივრცეში ფრიად პატივცემული და ცნობილი ადამიანი ყოფილა. კამარტინიმ მაკას კამერული ორკესტრისთვის შექმნილი შვიდი ნაწარმოები შეისყიდა და ახლა მის გამოცემაზე ზრუნავს.

2005 წლის ფესტივალისთვის კი მას შვეიცარიელი პოეტი ქალის, ტერეზა რიუტერს-ზეელის რიტო-რომანულ ტექსტზე (შვეიცარიული ენა, რომელზეც მოსახლეობის სულ ორი პროცენტი საუბრობს), ვოკალურ-სიმფონიური ტრიპტიქი „ათასი მზერის მიღმა“ დაუკვეთა. ნაწარმოები 2005 წლის ოქტომბერში, ქალაქ ფალერაში, ფესტივალ „მენჰირზე“ შესრულდა. კამარტინიმ მაკა „სპეციალურად მიწვეული კომპოზიტორის“ (Composer in Residence) სტატუსით მიიღო.

ბალეტი

ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, მაგრამ თვითონ ყველაზე დიდი მოწიწებით და სიყვარულით მაინც ბალეტზე საუბრობს. „სარკე“ (საკუთარ ლიბრეტოზე) სიმფონიური ორკესტრის, შერეული გუნდისა და სინთეზატორისთვის 1998 წელს შექმნა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ მუსიკის სახით, მისი ფრაგმენტები თბილისის სიმფონიური მუსიკის ცენტრში გაჟღერდა.

სიურეალისტური სიუჟეტია, სიმბოლოებით გათამაშებული. კარნავალის სცენით იწყება. სამყაროს თეატრს და დიდ კარნავალს ადარებს. „სადაც ჩვენ, ყველას ნიღბები გვიკეთია და საერთო ფერხულში ვცეკვავთ. ვინ ვინაა სინამდვილეში, არავინ იცის. და ყველანი ერთად, დიდ სცენაზე ვცხოვრობთ. ერთი ასეთი ეპიზოდია, სადაც გოგონა საქანელაზე ქანაობს. პერიოდულად ჩნდება და ქრება. ესეც თითქოს იმ ილუზიის ახსნაა, რითიც ჩვენ ვცხოვრობთ და რისკენაც ხშირად მივილტვით. ვერ კი ვხვდებით, რომ ის მიუწვდომელია. დრამატული ხაზი ნელ-ნელა კულმინაციას აღწევს და ბოლოს ყველანი ისევ ცხოვრების ფერხულში ერთად ცეკვავენ, შენიღბულები.“

0x01 graphic

ოჯახი

მეუღლე არქიტექტორი ყავს. თვლის, რომ ნაწილობრივ ისიც მუსიკოსია. ხომ გაგიგიათ, რომ ამბობენ არქიტექტურა დროში და სივრცეში გაყინული მუსიკააო!

შვილი ერთი ჰყავთ - სამი წლის ლუკა. „შვილი ჩემთვის იმის აღქმაა, რომ ცხოვრება ისევ გრძელდება. ესეც ხომ ადამიანის თვითრეალიზაციის ტრადიციული ფორმაა. ამ ფუნქციის შესრულების გარეშე, ყველაფერი აზრს კარგავს. ამბობენ, შემოქმედისთვის მისი ნაწარმოები მისი პირმშოაო, თუმცა ეს სულ სხვა განცდაა.“

ცდილობს, მთელი თავისუფალი დრო შვილს დაუთმოს. მაგრამ მისთვის ადამიანებთან ურთიერთობის საზომი - დრო არ არის. მაკა საყვარელ ხალხთან ერთად გატარებული წუთებით და წამებით, ადამიანის სიყვარულს და სითბოს არ განსაზღვრავს. ამას დროის სისავსით და გაცემული (მიღებული) ენერგიით ზომავს.

თვლის, რომ ადამიანებს ყოფაში ყველაფერი გაუბრალოებული აქვთ. ამიტომ ცდილობს, რაღაც განსხვავებულის დანახვა შესძლოს. სულ ფიქრობს და ფიქრობს. ადამიანები, შეხვედრები, ყოველდღიური რიტუალური აქტები - ყველაფერს თავის კონტექსტში განიხილავს და ეს პროცესი მისთვის არასდროს სრულდება.

შვილთან ურთიერთობის დროს ხვდება, რომ ბავშვობიდან ერთი ძალიან კარგი თვისება - გაოცების უნარი შემორჩა. ამ თვისების გარეშე, შემოქმედის წარმატება წარმოუდგენელიაო, - ამბობს. „გაოცება ადამიანებს გამიწიურებისგან, გამატერიალიზებისგან გვიცავს. მისი წყალობით, მისტიურობის, ჯადოსნურობის განცდა არასდროს იკარგება და ცხოვრებაში პატარ-პატარა მიწიერი საოცრებებით გახარება შეგვიძლია.“

რას აპირებს მერე? არაფერს ახალს. ისევ გაიღვიძებს, მოივლის სამსახურებს, დაიღლება, საღამოს თავის ოჯახთან გაატარებს და ღამე, ძალიან გვიან, ინსტრუმენტს მიუჯდება და მუსიკას დაწერს.

13 ალექსანდრ ვასილიევი

▲back to top


ოფიციალურად და არაოფიციალურად

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, ლადო ვაჩნაძე,
ალექსანდრ ვასილიევის პირადი არქივი

0x01 graphic

ოფიციალურად:

სახელი, გვარი - ალექსანდრ ვასილიევი;

პროფესიული საქმიანობა - საქვეყნოდ ცნობილი მოდის ისტორიკოსი, ინტერიერის დეკორატორი, სცენოგრაფი, პოპულარული სტატების და წიგნების - „განდევნილი სილამაზე“ და „რუსული მოდა. 150 წელი ფოტოგრაფიაში“ - ავტორი, ლექტორი და კოლექციონერი; 26 ქვეყანაში აქვს გაფორმებული 120 საბალეტო და საოპერო დადგმა; მთელს მსოფლიოში, 4 ენაზე კითხულობს კოსტიუმის ისტორიის კურსს და სახლში ყოვლად საამაყოდ ინახავს რუსული ხელოვნების პროპაგანდისთვის მიღებულ, ს.პ. დიაგილევის და ვ. ნიჟინსკის სახელობის მედლებს, „მეცენატის“ ორდენს. გარკვეული პერიოდი, თავი ჟურნალისტიკაშიც მოსინჯა, როცა „ვოგისთვის“ და „ჰარპერს ბაზაარისთვის“ პარიზიდან ექსკლუზიურ მასალებს ამზადებდა.

2006 წლის ოქტომბერში, ის სტამბოლის გავლით ეწვია თბილისს, სადაც ოპერისა და ბალეტის თეატრში ანდრე მესაჟის ბალეტი „ორი მტრედი“ გააფორმა. ახლო მომავალში, კერძოდ დეკემბერში, იგეგმება ალექსანდ ვასილიევის კიდევ ერთი ვიზიტი თბილისში, რომელიც საბალეტო დადგმა „ლაურენსია“-ს უკავშირდება. ამჟამად ცხოვრობს პარიზში, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ სახლები ჰქონდეს: უვერნიეში (საფრანგეთი), მოსკოვში, ბალტიის ზღვის პირას და ლატვიაში (საგვარეულო სახლი). მის სახლებს შეგიძლიათ ოფიციალურად ეწვიოთ ინტერნეტ მისამართზე: www.vassiliev.com

არაოფიციალურად:

სახელი, გვარი - საშა

ჰობი - მოგზაურობა ქვეყნებში, სადაც არავინ იცნობს;

აუცილებელი აქსესუარი - შარფი და ერთი-ორი გულსაბნევი;

პატარა რეკორდი - ერთ დღეში ეწვია: ბელორუსიას, ლიტვას, დანიას, პარიზს და ბოლოს ბრიუსელს, სადაც მის კოლექციაში წარმოდგენილი კოსტიუმების გამოფენა გახსნა;

მსგავსება... - თავის თავს ბორბალში მორბენალ ციყვს ამსგავსებს;

საქართველოსთან დაკავშირებული ეპიზოდი - ბავშვობაში, ქართველ გოგონას ფასანაურში გემრიელად მიუბერტყავს;

რაც დღემდე ვერ ისწავლა - ყვინთვა;

რასაც დღემდე განიცდის - არ ჰყავს და-ძმა;

სად ისვენებს - სასაფლაოზე;

რაზეც გული წყდება - არასდროს უმუშავია რუსეთის თეატრებში;

რა არ ხდება ცხოვრებაში... - „რატომაც არა, იქნებ რუსეთის კულტურის მინისტრიც გავხდე?!“

- მოდი დავხუროთ კარი, რომ არავინ მოგვისმინოს... აბა, რა გნებავთ ჩემგან? რა მოგიყვეთ? მკითხეთ, მკითხეთ... - ინტერვიუ ვასილიევმა დაიწყო.

ალექსანდრ ვასილიევი 1958 წლის 8 დეკემბერს, მოსკოვში, თეატრალების ოჯახში დაიბადა. მამა - ალექსანდრ ვასილიევი უფროსი, თეატრის ცნობილი მხატვარი იყო, რომლის კოსტიუმები ამშვენებდა ფაინა რანევსკაიას, იგორ ილინსკის, ლიუბოვ ორლოვას... დედა - ტატიანა ვასილიევა-გულევიჩი, მსახიობი.

ალექსანდრი ალბათ ხუთი წლის იყო, როცა თოჯინების თეატრისთვის პირველი კოსტიუმები და დეკორაცია გააკეთა; 12 წლისამ, თავისი პირველი სპექტაკლი-ზღაპარი - „ჯადოქარი ზურმუხტის ქალაქიდან“ გააფორმა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ქერა და გამხდარი. ძალიან დამჯერი ქერა და გამხდარი. კარგი ნიშნებით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა რაც უყვარდა, ოო, იმაში ვერავინ შეედავებოდა: ისტორია, უცხო ენა და ლიტერატურა. მაგრამ... ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა - დღემდე მიაჩნია იმ მეცნიერებებად, რომელზეც ნებისმიერ ბავშვს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, მაგრამ ამ სულელური საგნების სწავლა, რომლებიც პირადად მას არც არასდროს გამოდგომია, სრულიად ზედმეტია. ამიტომ, თუ შეშფოთებული ვასილიევის დანახვა გინდათ, საუბრისას ქიმიაფიზიკაზე უნდა ჩამოაგდოთ საუბარი.

- „ეს ძალადობაა... ქიმიური განტოლებები - ეს რა სიყალბეა! ღმერთო ჩემო, რა სისულელეა!... არაფერი დამამახსოვრდა H2O-ს გარდა. და რა? რაში გამომადგა?“

თბილისში არაერთხელ ყოფილა. პირველად 73-ში მამამისთან ერთად ჩამოვიდა, როცა საზაფხულო არდადეგები ფასანაურში გაატარა. ბოლო დროს, სოფიკო ჭყონიას მოწვევით ჩამოდიოდა და fashion კაფეში ლექციებს კითხულობდა; ახლა კი ნინო ანანიაშვილის მოწვევით ესტუმრა თბილისს, სადაც ახალი საბალეტო დადგმა „ორი მტრედი“ გააფორმა.

- „ძალიან კმაყოფილი ვარ; მგონი კარგი სპექტაკლი გამოვიდა. პრემიერა გვექნება და ვნახოთ... ერთადერთი დღეა, როცა დასვენება მაქვს და მარტო ახლა ვიგრძენი დაღლა. ისე, დაღლას არასდროს ვგრძნობ; ნუ, თუ ავად არ ვარ. მაგრამ, როცა იცი, რომ ღამის 3 საათზე უნდა ადგე, რადგან სტამბოლის გავლით მიფრინავ და 5-ზე აეროპორტში უნდა იყო, ცოტა დამღლელია. სტამბოლის გავლით მივფრინავ, იმიტომ, რომ... მინდა ვუთხრა საქართველოს, რომ რაც არ უნდა ცუდი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, საქართველოს არაფერი ემუქრება. თავისი უძველესი ისტორიით, ის არსებობს და იარსებებს. მჯერა, რომ ის ღირსებით და სიამაყით გადაიტანს ყველაფერს, რაც საერთოდ, ასე ახასიათებს ქართველ ერს.

- თქვენი ცხოვრების გრაფიკი წინასწარ, თვეებით ადრე იგეგმება; თან თუ იმ პატარა რეკორდსაც გავითვალისწინებთ, რომლის დროსაც ერთ დღეში 5 ქვეყანას ესტუმრეთ, კითხვა ჩნდება: რჩება კი დრო პირადი ცხოვრებისთვის?

- არა, არაფერი რჩება. მაგრამ ჩემს ასაკში აღარც უნდა ვიფიქრო ამაზე; გვიანია. ამაზე 20 წლისას უნდა მეფიქრა, ახლა, 47-ის ვარ და ეს ნაკლებად მაღელვებს. დღეს ჩემი საფიქრალი სხვა რამეა - ან კოლექციაზე ვფიქრობ ან კარიერაზე, ჩემს სახლებზე, რომელიც არც ისე ცოტა მაქვს: პარიზში, უვერნიეში, მოსკოვში, ბალტიის ზღვის პირას, ლიტვაში... ბევრი სახლი მაქვს, მაგრამ რომელია „ჩემი სახლი“? თვითმფრინავი, რა თქმა უნდა! თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი და სამჯერ შემოვუარე დედამიწას. ასე რომ - თვითმფრინავი!

- საფრანგეთი, იტალია, ამერიკა.... ამ ქვეყნებში დიდხანს მოგიწიათ ცხოვრება და მუშაობა. რა შეგძინათ ამ ქვეყნებმა?

- რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნები, სადაც დიდი შთაგონება, ინფორმაცია, ცოდნა, ფერები მივიღე...

რომი ყველაზე ლამაზია, ფერადია, მაგრამ ცოტა პროვინციული. პარიზი, თავისი კულტურით, ტოლს არ უდებს რომს; თავისი მუზეუმებით, თეატრებით, გამოფენებით... ამ ქვეყანაში 22 წელია ვცხოვრობ. აი, ამერიკა... ხშირად მიწევს იქ ჩასვლა, მაგრამ ეს არის კიჩის ქვეყანა. გერმანიაზეც იგივეს თქმა შემიძლია.

პარიზში, 2000 წელი რაღაც გარდატეხის პერიოდივით იყო ჩემთვის, როცა ევრო შემოვიდა და საფრანგეთში ყველაფრის ფასმა 6-ჯერ მოიმატა. ამის გამო, სულ ვმუშაობ! მეტს არაფერს ვაკეთებ. თუ ადრე შემეძლო 2 კვირა დამესვენა, მესეირნა და არაფერი მეკეთებინა, ახლა ნურას უკაცრავად! საშინელებაა! ზოგჯერ თავი ციყვი მგონია, მორბენალი ციყვი ბორბალში. უცხოურ კონტრაქტებს ისე ჩავაფრინდი, რომ... ცხოვრება არა მხოლოდ ძალიან ძვირი გახდა, არამედ ჩვენ დავკარგეთ შარმი. ის სიამოვნება, რისი მიღებაც ცხოვრებისგან შეგვეძლო, აღარ შეგვიძლია. უამრავი პარიზელი პროვინციებში გადაბარგდა; ქალაქში კი სხვა ნაციონალობის ხალხი დასახლდა. ძალიან ბევრი ჩინელია, შემოსევაა! ბევრი არაბია, ძალიან ბევრი. მაგრამ ჩინელები, თავიანთი პროდუქციით, ყველა ქვეყანას ასე შეესივნენ; ყოველი მესამე ადამიანი დედამიწაზე ჩინელია. ამ დროიდან ორჯერ მეტი მუშაობა მომიხდა, რათა ვიცხოვრო, საარსებო საშუალება მქონდეს.

- თქვენ გაფორმებული გაქვთ ლონდონის, შოტლანდიის, სინგაპურის, ტოკიოს, მექსიკის, ჰონკოგის და უამრავი სხვა ქვეყნის სცენები. სად უფრო საინტერესო იყო მუშაობა?

- არა, ასე ვერ გეტყვი. ყველგან თავისებურად საინტერესო იყო. ყოველ ქვეყანაში არის რაღაც თავისებური, უნიკალური; ეს შეიძლება იყოს ხალხი, წეს-ჩვეულებები, სამზარეულო...

კოსმოპოლიტი ვარ და დედამიწის გარშემო უკვე სამჯერ ვიყავი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი დედამიწა ჩემი სახლია; არასდროს არ მაწუხებს ნოსტალგიური მოგონებები და არასდროს ვამბობ: - ოო, ახლა როგორ მინდა პეკინში... ყველგან კარგად ვარ. აქ ვარ და მგონია, საკუთარ სახლში ვარ, არაფერია ჩემთვის უცხო. იგივეს ვგრძნობ ბუენოს აი რესშიც. საერთოდ, ძალიან მიყვარს რუინირებული ეფექტის მქონე ქალაქები, ეს ძალიან რომანტიულია და დიდი იმპულსია ხელოვანისთვის. აი, რასაც ვერ ვიტან - ევრორემონტი, როცა ყველაფერი გამოწკეპილი და დაწკრიალებულია. მაშინვე იკარგება ყოველგვარი შარმი. შარმის გარეშე კი ცხოვრება არ ღირს. ჩემი ყველა სახლი ძველებურია, სხვადასხვა ჟურნალიდან მოდიან და იღებენ, ბეჭდავენ... ინტერიერიც ჩემი ცხოვრების ნაწილია, ბევრი მდიდარი ადამიანისთვის გამიფორმებია ინტერიერი; ძირითადად ის ადამიანები მიკავშირდებიან, ვისაც ძველი სტილი მოსწონთ... მოდიან და ამბობენ, მე-18-19 საუკუნეების სახლი მინდაო. ეს, რა თქმა უნდა, ილუზიაა. ისტორიის ილუზია, რომელსაც ჩვენ მათზე ვყიდით. საქართველოში კი, ძალიან უყვართ ბრინჯაო, ინკრუსტაციები, ფაიფური, ვერცხლი, სერვანტები და ზედ დადებული ბროლი, ოღონდ ვერცხლში. ჰო, და კიდევ: აქ რომ ვნახე პეტერბურგული ავეჯი, ამდენი არსად მინახავს. ქართველებს სულ ლუქსისკენ გადახრილი გემოვნება ჰქონდათ, მაშინ როდესაც რუსები სულელურ გარნიტურზე გიჟდებოდნენ.

- თქვენ მთელს მსოფლიოში კითხულობთ ლექციებს, წერთ მოდის შესახებ და ტელევიზიით გადაცემათა ციკლიც გქონდათ; რა არის მოდა?

- მოდა - ეს კოლექტიური სიგიჟეა; მოდა - ეს ისტორიის სარკეა, სადაც აისახება ომები, ეკონომიკური სვლები, კოსმიური კვლევები, კინო, ადამიანები - მაგალითად, მერლინ მონრო ან ლედი დი. აქ არანაირი რეცეპტები არ არსებობს. იყო მოდური, ეს არის პატივმოყვარეობის ფორმა; თუ გინდა იყო მოდური, უნდა მიჰყვე და თვალი ადევნო მას, რაც მხოლოდ მდიდარ უსაქმურებს შეუძლიათ. დანარჩენებს არ აქვთ ამის დრო. რა ფერის ტუჩის საცხია ახლა მოდაში, რა ფერის და ზომის ქუსლი უნდა შეარჩიო, თმა, ჩანთა... ამის კეთება შეუძლებელია და არცაა საჭირო. მოდა გარკვეულწილად ცხოვრების მანერაა, რომელიც მხოლოდ სამოსთან არ არის დაკავშირებული; ეს არის საუბრის, ქცევის, სიარულის მანერა...

რაც შეეხება წიგნს „განდევნილი სილამაზე“, ჩემი ბესტსელერი იყო. 6-ჯერ გამოვეცი რუსულ ენაზე და ერთხელ ინგლისურზე. უნიკალურია, რომ წიგნი, ამდენი ხნის მანძილზე იყიდება, როგორც ცხელ-ცხელი ღვეზელი. იქ მოთხრობილია იმ უდიდეს წვლილზე, რომელიც ემიგრირებულებმა მსოფლიო მოდის განვითარებაში შეიტანეს: პარიზის, კონსტანტინოპოლის, ბერლინის... დიდი თავი ეძღვნება ქართული მოდის სახლებს, რომელიც არაერთი იყო პარიზში; მაგალითად, რუსი მეფისნაცვლის ცოლმა, გრაფინია ვორონცოვა-დაშკოვამ, რომელიც თბილისში არაჩვეულებრივ სასახლეში ცხოვრობდა, პარიზში ემიგრაციის შემდეგ, მოდის სახლი Imedie დააარსა; პიერ პიტოევს პარიზში დიდი მოდის სახლი ჰქონდა; 20-იან წლებში, პარიზში დიდი მოწონებით სარგებლობდა აბრეშუმის ქსოვილი „ტიფლისი“; მოდის სახლები ჰქონდათ კნიაზ შერვაშიძეებს, იყვნენ ჩოლოყაშვილები; სილამაზით განთქმული მერი ერისთავი პარიზული მოდის მანეკენი იყო. მერი ულამაზესი იყო, მაგრამ არასდროს იღიმოდა. ამიტომაც, არცერთი ნაოჭი არ ჰქონდა. ეს ძალიან საინტერესო თემაა და მგონია, რომ თქვენც უნდა გაინტერესებდეთ, მაგრამ ყველა ჩემი ვიზიტის დროს, არათუ ინტერესი, ბევრი ჩემი კითხვა და შემოთავაზება უპასუხოდ დარჩენილა. სამწუხაროა.

0x01 graphic

0x01 graphic

წიგნის დაწერის იმპულსი, პირველ ემიგრანტებთან ურთიერთობით მიღებული სიამოვნება და რა თქმა უნდა, არქივებში მუშაობის შესაძლებლობით იყო განპირობებული. საბჭოთა ემიგრაცია ყოველთვის მეზიზღებოდა, იმიტომ, რომ კომუნისტებისადმი ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა; წლების განმავლობაში, ეს კი არ გამინელდა, პირიქით, გამიუარესდა; და რამდენადაც ქართველები და ქართული კულტურა მიყვარს, იმდენად ვერ ვიტანს სტალინს; სიამოვნებით ჩამოვდივარ აქ, მაგრამ არასდროს მავიწყდება, რომ სტალინი ქართველი იყო; ეს გულს მიკლავს, იმიტომ, რომ სხვა ოჯახების მსგავსად, ამით ჩემი ოჯახიც დაზარალდა. ვთვლი, რომ რუსეთის დღევანდელი უბედურებები და ის, რაც ჩვენს შორის ხდება, ნაწილობრივ, აქედან მოდის; იმიტომ, რომ თავის დროზე განადგურდა გენოფონდი; ხოლო როცა გენოფონდი განადგურებულია, მაშინ აღარავინ არის, ვინც მართვას შეძლებს. ამიტომ, შემთხვევითი ხალხი მოდის სათავეში.

და რაც მთავარია: რუსებს ეგონათ, რომ რუსული მოდა თუ იუდაშკინით არა, ზაიცევით დაიწყო, რაც მტკნარი სიცრუეა.

- თვითონ რამდენად აქცევთ ჩაცმას ყურადღებას; რის გარეშე არ გავა გარეთ ალექსანდრ ვასილიევი?

- შარფის გარეშე; გულსაბნევების გარეშე. ცხოვრებაში სისადავე მიყვარს, სულ გარჭობილი ბუმბულით ხომ არ ივლი ადამიანი?! როცა გარეთ ვარ, მაშინ ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ ხალხი ჩემგან ამას ელოდება; სწყინთ, როცა ამას არ ვაკეთებ. ერთხელ დრეზდენში ჩავედი. 2000 წელი იყო და მაშინ მოდაში მინიმალიზმი, ნაცრისფერი იყო. არც შარფი მეკეთა, არც გულსაბნევი, ნაცრისფერი შარვალი და სვიტერი მეცვა. და ხალხმა სთქვა - Ой, а мы ждали звезду с Парижа, а к нам приехала серая мышка! და მივხვდი, რომ საჭიროა ბეწვი, გულსაბნევები... ხალხი ქმნის სტერეოტიპს და უნდათ, რომ ამ სტერეოტიპს აკმაყოფილებდე. იტყვიან - ასეთი უნდა იყო, ჩვენ ხომ ასეთს გელოდით?! ტელევიზორში შარფით გნახეთ, და რატომ ხართ მის გარეშე? არადა, გეგონება ზედ ამომდის ეს შარფი, მაგრამ... ვიცი, რომ თუ ასე არ ჩავიცმევ, ქუჩაში ვერავინ მიცნობს, იმიტომ, რომ ცნობენ არა ჩემს სახეს, არამედ ჩაცმის მანერას; იმ მანერას, რომელიც მე შევქმენი.

მოსკოვში, ჩემს სახლში მომღერალი ჟასმინი ცხოვრობს. ამის გამო, პაპარაცები მუდამ ყარაულობენ სახლს, რომ გადაიღონ, როგორ გამოდის თავის მეგობართან ერთად, ვინ არის ის ბიჭი... მოკლედ, ერთი ამბავი აქვთ სადარბაზოს შესასვლელთან. ამ დროს, დახეულ ჯინსებსა და მაისურში ნაგავი გამაქვს; და უცებ დაიწყო - ეს ხომ ვასილიევია! მიდი, მიდი, გადაიღე! ეს ისეთი საშინელება იყო! ვიფიქრე, ღმერთო, ნუთუ ნაგვის გადაყრის უფლებაც არ მაქვს?! წარმომიდგენია, რა დღეში არიან პოპვარსკვლავები! მათთან ხომ უფრო რთულადაა საქმე! საწყალი ალა პუგაჩოვა! ძალიანაც რომ მოუნდეს, ვერ წავა მაღაზიაში და ვერ იყიდის პურს! მე კი შემიძლია წავიდე მაღაზიაში, ავია სალაროში... ეს ისეთი სიამოვნებაა - თან დიდება, თან ინკოგნიტოდ ყოფნა. მაგრამ ეს დიდება მუშაობის რეზულტატია და არა დიდების ძებნის შედეგი.

იმდენს ვმუშაობ, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს; მარტო საწოლში და შხაპის მიღებისას ვისვენებ; ჩემს თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ არაფერი ვაკეთო. ან ზარებს უნდა ვუპასუხო, ან დღეში 50 მეილი მომდის და ის უნდა შევამოწმო; ყველას უნდა ვუპასუხო! ხშირად, ეს ჟურნალისტების გამოგზავნილი კითხვებია, რომელთაც რაც შეიძლება გრძლად უნდა უპასუხო; ხომ ვერ იტყვი - კი, არა. უკვე შევეგუე ბედს. როცა ზაფხულობით უვერნიეში ან ლიტვაში დავდივარ, იქ ვრგავ ყვავილებს, ვრწყავ, მიყვარს ბაღში მუშაობა. მაგრამ მაინც, პარალელურად, უნდა ვწერო ინტერვიუები, უნდა გავიღიმო, როცა ფოტოს მიღებენ. ჩემი სახე კარგად უნდა „გავყიდო“; ჩავიცვა, როგორც საჭიროა, რადგან ყველა ჩემს თვალიერებას იწყებს - რა ფეხსაცმელი აცვია, მანჟეტების როგორი საკინძები უკეთია... ცოტა არ იყოს, უკვე... მაგრამ! მაგრამ! არაფერი მაქვს საწუწუნო! ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი პროფესია, რომელიც ავირჩიე. შემეძლო ვმჯდარიყავი და არაფერი მეკეთებინა ან რომელიღაც „პატარა“, „მორიდებული“ პროფესია ამერჩია. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ცხოვრების მჭედლები. შეიძლება იმიტომაც ავირჩიე ეს პროფესია, რომ ის ჩემი მშობლების განვლილი გზა იყო და გარკვეული თვალსაზრისით, ეს გზა უკვე გაკვალული იყო ჩემთვის. 3 წლიდან ვიცოდი, რა არის ინტრიგა. მაგრამ ჩემზე არანაირი ინტრიგა არ მოქმედებს. წინასწარ ვიცი ხოლმე, საიდან უბერავს სიო. ერთი სიტყვით, ერთი გამოხედვით უკვე ყველაფერს ვხვდები. ასე რომ, კარგად ვიცი, რა არის მეგობრობა, ტყუილი, სიცოცხლის ფასი. ცხოვრებაში ვიგემე დიდება, უბედურება, ფული... ეს უკვე განვლილი ეტაპია. ნამდვილად არაფერი მაქვს საწუწუნო. ვთვლი, რომ ღმერთი ჩემს მიმართ ძალიან მოწყალე იყო. ყველაფერი ისე ამეწყო, როგორც მინდოდა. შეიძლება ყოველთვის ცოტა უფრო მეტზე ვოცნებობთ, მაგრამ რას იზამ?! სურვილს ვერ შეაჩერებ!

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, როგორც წარმომედგინა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ბევრს ვიმუშავებდი. ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ და მშვილდოსნები ბევრს მოგზაურობენ. ვერ გეტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არის რაღაც, რასაც არ ველოდი. როცა სულ საჭირო ხარ, ხალხს სულ უხარია შენი ნახვა, ეს უკვე ჯილდოს მეორე მხარეა. ადამიანებისგან ათას ღიმილს, ყვავილებს და სითბოს ვიღებ. თვითონვე გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველგან მიცნობენ. როცა ინტერნეტში ჩემს სახელს ვკრეფ, იმდენ საიტს მიგდებს, რომ... როგორც თქვენ, ქართველები ამბობთ ხოლმე - შეიძლება გაგიჟდე!”

0x01 graphic

0x01 graphic

ანდრე მესაჟის ორი მტრედი
ფოტო: ლადო ვაჩნაძე

დაბოლოს: თვლის, რომ ბედნიერი ადამიანია. ყოველ დღეს იმ განწყობით იწყებს, რომ ეს მისი ცხოვრების საუკეთესო დღე უნდა იყოს. ამისთვის პატარა დღიურსაც აწარმოებს. როგორც ამბობს, ეს ძალიან ეხმარება. ოღონდ მთელ ამ „დღიურობანაში“ მთავარი მარცვალი ის არის, რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად უნდა გადაიკითხო და მიხვდები, რა სულელურ პრეტენზიებს უყენებდი ცხოვრებას, რის გამო იტანჯებოდი; თვლის, რომ ცხოვრების გაწონასწორებაში სწორედ ეს დაეხმარა.

ჰო, რა თქმა უნდა, ძნელია იყო ვასილიევი. ეს სულ სამუშაო, სამუშაო და სამუშაოა - იმეორებს ხშირად. ამიტომ თუ თავისუფალი დრო ჩაუვარდა, აუცილებლად აიკრავს ხოლმე გუდა-ნაბად ს და სამოგზაუროდ მიდის - სადმე, სულერთია - სადაც არავინ იცნობს და სადაც ქუჩებში ხეტიალით, მარტოდმარტო იჯერებს ხოლმე გულს. ჯერ ისტორიულ ადგილებს და მუზეუმებს შემოივლის და მერე მიდის იქ, სადაც განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს; ის ხომ ნამდვილი გურმანია! თავის დროზე, გადაცემა „სმაკის“ წაყვანაც კი სთხოვეს, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს მის კარიერას ხელს შეუშლიდა და გადაცემის ხელმძღვანელობა უარით გაისტუმრა. ალბათ სწორადაც მოიქცა - სად შარფსა და გულსაბნევებში გამოწკეპილი მოდის ისტორიკოსის იმიჯი და სად მაიონეზსა და ფქვილში ამოგანგლული თეთრწინსაფრიანი კაცი?!

- „პროფესიული შური? კი, როგორ არა. ხან თეთრი და ხან შავი შურით შურთ. ეს გრძნობა ადამიანებისთვის ჩვეული, თანდაყოლილი გრძნობაა. შურთ სხვისი შრომისუნარიანობის, პროფესიული შურით შურთ; აბა, სხვა რა უნდა იყოს? აპოლონი მე არ ვარ, არც ძალიან ახალგაზრდა ვარ, არც შვილი მყავს, ვიღაცას ოჯახის გამო რომ შეშურდეს; შურთ ჩემი უკეთესი რეზულტატის, რომელიც თავჩახრილი შრომის შედეგია, თვითონ კი ყავას სვამენ და სიგარეტს აბოლებენ. კი არ უნდა გშურდეს, უნდა მუშაობდე! ეს ძალიან მარტივია. რაც ჩემზე იწერება, იმის 98 პროცენტი დადებითია, რჩება 2 პროცენტი - შხამის 2 პროცენტი. მაგრამ სადღაც ხომ უნდა გადმოანთხიოს ამ შხამმა?! ყველა ხმამაღალმა სკანდალმა, ხმამაღალმა ისტორიებმა გვერდი ამიარეს; ვერსად ვერ წაიკითხვათ, რომ ვასილიევმა თავისი წიგნი ბორტგამცილებელ გოგონას თავში ჩაარტყა, მიაძახა - შე ბებერო სულელოო და გაიქცა; არა! ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, და მეც ვცდილობ შორს გავიდე, გავეცალო, ყურადღება არ მივაქციო.“

და მაინც, ყველაზე კარგად თავს სასაფლაოებზე გრძნობს. ეს გასაკვირიც არ არის, თუ ისტორიის, წარსულის მიმართ მის სიყვარულს გავითვალისწინებთ, რაც როგორც მის საქმეში, ინტერიერების გაფორმების სტილში, გაფორმებულ საბალეტო დადგმებშიც შეიმჩნევა. ბალეტში ყველაზე მეტად თანამედროვე ტენდენცია - გათანამედროვება აშინებს, რასაც ხშირ შემთხვევაში, ფიზკულტურას თუ დაარქმევ. სასაფლაოები ის ადგილია, სადაც ფიქრის საშუალება ეძლევა. ძველი ბერძნული, ოტომანური, ეგვიპტური საფლავები, რომელთაც ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს უწოდებს - „სიკვდილის მიმართ ძალიან დადებითი დამოკიდებულება მაქვს. ყველანი დავიბადეთ და ყველანი მოვკვდებით, ამას ვერსად გაექცევი. ეს არის დასაწყისი და დასასრული. უბრალოდ, ჯობია, რომ დასასრული ღირსეული იყოს - ვთქვათ, საკუთარ საწოლში, ისე, რომ მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის ზედმეტი ტვირთი არასდროს გახდე.

- რა არ ხდება ცხოვრებაში...

- მოდის მუზეუმის გახსნა მინდა, ოღონდ სად, ჯერ არ ვიცი. ძალიან მწყდება გული, რომ რუსეთში არაფერი გამიფორმებია. არ ვიცი, რატომ. იქნებ ესეც ვიღაც-ვიღაცეების შურის ამბავია?! რა არ ხდება ცხოვრებაში. არ გამიკვირდება, თუ წლების შემდეგ, დიდი ინსტიტუტის ან სკოლის დირექტორი ვიქნები. არ გამიკვირდება, თუ ოდესმე რუსეთის კულტურის მინისტრი გავხდები... მთავრობაში ოდესმე ცივილური ხალხი ხომ უნდა მოვიდეს?! ტრადიციებით, ენების ცოდნით. მე ხომ 7 ენაზე ვლაპარაკობ! როდემდე უნდა იყვნენ ეს გაუთლელი უზრდელები, როდემდე? მოკლედ, როგორც ქართველებს გიყვართ თქმა, მეც ვიტყვი - როდემდე? შეიძლება გაგიჟდე კაცი!

14 ცოცხალი კლასიკა

▲back to top


ავტორი: რიჩ კოენი
ინგლისურიდან თარგმნა: თამარ ბაბუაძემ

ჯორჯ ქლუნი

0x01 graphic

©Vanity Fair
Originally Published in Vanity Fair

ამერიკას დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ორი სახის ძალაუფლებით მოაქვს ხოლმე თავი: ერთია მძიმეწონიანი ძალაუფლება, რომელიც ტანკებით, სამხედრო თვითმფრინავებითა და რაკეტებით გამოიხატება და მეორეა - მსუბუქი წონის ძალაუფლება, რომლიც ამ ეტაპზე გახლავთ ჯორჯ ქლუნი.

ის მოდაშია. საოცრად მომხიბვლელია. გემოვნებით შეჭრილი თმა მუდამ უბრწყინავს. მუქი და წყლიანი თვალები ღამის კლუბის მომღერალივით უციმციმებს. საჭირო დროს, საჭირო აზრებს ფიქრობს და გამოხატავს. ის ომის წინააღმდეგია, ხალხის მხარეზე დგას და ვერ იტანს თაღლითებს. ფილმ „სამი მეფის“ გადაღებებზე, ის ლამის ხელით შეეხო რეჟისორ დევიდ რასელს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებისადმი მისმა ცბიერმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა. წლების წინ, ერთ-ერთ ტელეფილმზე მუშაობისას, მან ფილმის პროდიუსერზე ხელით გაიწია იმიტომ, რომ პროდიუსერმა გოგო აატირა.

კარგი, გეთანხმებით, ეს მხოლოდ ორი პატარა დეტალია, მაგრამ დაუკავშირეთ ისინი ერთმანეთს და სურათი თვალწინ მთელი პერსპექტივით გადაგეშლებათ.

წელს კინოაკადემიის საზეიმო ცერემონიალზე ქლუნს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად - ის „ოსკარით“ დააჯილდოვეს. სცენაზე პრიზის მისაღებად ასული ქლუნი ძვირფასი სამკაულივით ბრწყინავდა, მაგრამ სადად და მკაფიოდ საუბრობდა; აშკარად ეტყობოდა, ყოველი უბრალო მოკვდავისთვის იხარჯებოდა. ის ღვაწლმოსილ მსახიობს ჰგავდა და არცთუ უმიზეზოდ: უამრავი როლის გარდა, მის პირად ანგარიშზე ხომ მისი პროდიუსერობითა და რეჟისურით შექმნილი კინოპროდუქციაცაა. ქლუნის მიღწევები კიდევ უფრო შთამბეჭდავი მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ ეს გახლავთ მსახიობი, რომლმაც გზა კინოსამყაროში 30 წლის ასაკში, ცნობილ ტელესერიალ „სასწრაფოში“ შესრულებული როლით გაიკვალა. როგორც ყველა მსახიობს, ქლუნსაც აქვს რამდენიმე „მაჯლაჯუნა“ ფილმი, მაგალითად, „ერთ მშვენიერ დღეს“ და „ბეტმენი და რობინი“. მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ თუ კომპრომისზე წავიდოდა და ფსკერისკენ დაეშვებოდა, ამასაც ერთგვარი გრაციით გააკეთებდა და გადაწყვეტილებას ჯერ-ჯერობით პირნათლად ასრულებს. იმ დღიდან მოყოლებული, მისი ფილმები ერთმანეთზე უკეთესი გამოდის (მეტ-ნაკლებად): „ო, ძმაო, სად ხარ?“, „სამი მეფე“, „თვალთახედვის მიღმა“, „Perfect Storm“, „ოუშენის 11 მეგობარი“, „საშიში გონების აღსარება“ - ეს უკანასკნელი სურათი ქლუნის გადაღებულია. ქლუნი კიდევ ორი სხვა ფილმის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი გახლავთ: „დაუძლეველი ბოროტება“ და „ღამე მშვიდობისა, წარმატებას გისურვებ“. ახლა ის „ოუშენის 13 მეგობარზე“ მუშაობს.

წინათაც უთქვამთ და ახლაც შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჯორჯ ქლუნი წარსული კინო-ეპოქის უკანასკნელი მოჰიკანია. ის თანამედროვე მსახიობებს შორის ერთადერთია, ვინც ისეთივე თვისებებსა და ქარიზმას ფლობს, როგორიც ჰქონდათ ძველ კინოვარსკვლავებს: ჯიმი სტიუარტსა და გრეგორი პეკს, ან თუნდაც თავად მაესტროს - კერი გრანტს - მსახიობს, რომელიც ისეთ შინაგან წონასწორობას ფლობდა, რომ მაყურებელს ყოველთვის თინეიჯერებით სავსე ოთახში დარჩენილ ერთადერთ ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ მამაკაცს აგონებდა.

ჯორჯ ქლუნიც ასეა. რა როლსაც არ უნდა თამაშობდეს, ყოველთვის თან სდევს იმ ღირსეული კაცის აურა, რომელსაც გიჟურ რეალობაში უწევს ცხოვრება. ექიმია თუ დამნაშავე, ქლუნი ყოველთვის ქლუნია და ყოველთვის მაყურებლის ოვაციას იმსახურებს; ისევე როგორც კინოაუდიტორიისთვის გეიბლი ყოველთვის რჩებოდა გეიბლად.

ჯორჯ ქლუნის ხიბლის საიდუმლო არც მხოლოდ მის გარეგნობაშია და არც მაყურებლის გაცურება-ცდუნების ნიჭში. ქლუნი ქლუნია იმიტომ, რომ ის ყოველთვის გამოირჩევა პრინციპული პოლიტიკური შეხედულებით, რომელიც შემდეგ მის მიერ შექმნილ პერსონაჟებზეც გადადის. მაგალითად, სთივენ გაგანის ფილმი „სირიანა“ გავიხსენოთ. 2005 წელს გამოსულ სურათში ქლუნი თამაშობს „ცეერუს“ აგენტის როლს, რომელიც კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ მოწყობილ სარკეებიან ლაბირინთში იკარგება; რომელსაც „ცეერუ“ წლების განმავლობაში ატყუებს და საიდუმლო მისიების ბრმა შემსრულებლად იყენებს. ყველაფრის მიზეზი კი ფილმში, ისევე, როგორც დღევანდელ მსოფლიოში - ნავთობია... ქლუნის გმირი ბოლოს ყველაფერს ხვდება და სიმართლისთვის ბრძოლას იწყებს.

ვეტერანი აგენტის როლის შესასრულებლად, ქლუნმა წონაში მოიმატა. ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას კი საშინლად დაშავდა. როცა ცემისა და წამების შემდეგ მისი გმირი სკამზე მიაბეს, ქლუნიმ სკამი ამოატრიალა, დაეცა და ზურგი იტკინა. ეგონა, რომ გაუვლიდა, მაგრამ შემდეგ, როცა ცხვირს იწმენდდა, ნესტოებიდან დიდხანს უცნაური სითხე მოსდიოდა. ეგონა ჩვეულებრივი გაციება იყო, არადა, ზურგის ტვინის ბრალი აღმოჩნდა...

„სირიანასთვის“ ქლუნი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარით“ დააჯილდოვეს.

ჯორჯ ქლუნი კინოვარსკვლავია და არა მასხარა, როგორც ჯონ სტიუარტი, ანდა სასაცილო კაცი, როგორიც ბენ სტილერი. ქლუნი პოპ-არისტოკრატია, ჰარპერ ლის გმირის, ატიკუს ფინჩის მსგავსად, რომანიდან „ნუ მოკლავ ჯაფარას“, რომელიც საწყალი შავკანიანის დასაცავად, სასამართლოს წინაშე მთელ თეთრკანიანთა კასტას აუმხედრდა.

ქლუნის კინოინდუსტრიაში მოსვლის შემდეგ, ნამდვილი სასწაული მოხდა: მოზარდებით დასახლებულ სამყაროში ზრდასრული გამოჩნდა, ახალბედა სტუდენტების ქვეყანაში - კურსდამთავრებული. კარგი აღნაგობის მქონე, შავგვრემანი, სიმპათიური და თმაშევერცხლილი ჯორჯ ქლუნი მეტყველი მზერით - უკანასკნელი ამერიკელი კაცი.

ჯორჯ ქლუნი ბევერლი ჰილსთან ახლოს, სტუდიო სითიში ცხოვრობს. იქამდე რომ მიხვიდე, ფართო და ვიწრო გზები უნდა გაიარო, მერე შეუყვე მალჰოლანდის აღმართებს, გადახედო ქვევით გაშლილ ქალაქსა და მინდვრებს, რომელთა თავზეც ქიმიური ნისლის ქულები ირწევა. ამ დროს ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს, სულ მაღლა და მაღლა მიიწევ, თითქოს, შანგრი-ლასკენ მიდიხარ, სადაც ლოტოსის პოზაში ფეხმორთხმული ბრძენი მაესტრო გელოდება. მაესტრო ზის, მცენარეების ჩაის ხვრეპს და შენს სამად-სამ კითხვას პასუხობს: რა ხდება სოდერბერგსა და თქვენს შორის? ვარსკვლავებსაც აქვთ ტკივილის გრძნობა და ჩვეულებრივი მოკვდავებივით კვდებიან? რომელ ქალთან დადიხართ ახლა?

თითს აჭერ უსაფრთხოების ყუთს, აფიქსირებ შენს ვინაობას, შემდეგ მიუყვები ხეებით დაბურულ სამანქანო გზას და აი, საგზაო ტრაფარეტიც: casa de Clooney - ქლუნის მამული.

თავად ვარსკვლავი ზღურბლთან დგას, შავ მაისურსა და ჯინსში. თეთრი ფეხსაცმელი წინდის გარეშე ჩაუცვამს. არც მაღალია და არც დაბალი - ჭეშმარიტი კინოვარსკვლავისთვის საჭირო სიმაღლე აქვს. თავი ტანთან შედარებით სულ ოდნავ დიდი უჩანს. ტანი კი ისეთი სწორი და თხელი აქვს, რომ ქლუნი ლამის ჰოლოგრამას ჰგავს, თითქოს, მხოლოდ მისი გარუჯული და ჭკვიანი სახე იყოს მხოლოდ რეალური. სხვათა შორის, ქლუნი კიდევ ერთ უნიკალურ ნიჭს ფლობს: ეკრანზე, რა როლსაც არ უნდა თამაშობდეს, ყოველთვის სახეზე აწერია, თუ რას ფიქრობს. თითქოს, მუდამ რაღაცას ანგარიშობს.

სახლს ვრცელი ფოიე აქვს, ზევით უზარმაზარი შანდალი კიდია; ფართო კიბე, ღმერთმა უწყის, საით ადის. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს, ირეალურ სახლში ვიყო. ეს უფრო სახლის იდეაა, ვიდრე თვითონ სახლი.

საპირფარეშოში ქლუნისა და ჯიმი კარტერის ფოტო ჰკიდია, იქვეა ფოტო „სამი მეფის“ გადასაღები მოედნიდან.

მასპინძელთან ერთად, მისაღებ ოთახში ვჯდები. ჭერში ხის ძელებია გადებული. კარი ღიაა და ეზოდან აუზის წყლის ბუყბუყი ისმის. კუთხეში ბარი დგას.

ქლუნი ამთქნარებს და იზმორება. მოგუდული ხმა აქვს. აზრებით სადღაც დაქრის. ფეხსაცმელს იძრობს და ფეხებს ჟურნალების მაგიდაზე ალაგებს. ტელევიზორის ხმა დაწეულია, ეკრანზე კი „სი ენ ენ“-ის გამოშვება მიდის. ქლუნი შარვალზე იყურება, მტვერს თითის წვერებით იშორებს და ამბობს: „დიდი ლებოვსკი“ ყველაზე სასაცილო ფილმია, ეგ და კიდე Dazed and Confused.

მერე იქვე: „არაფერი არ ყოფილა ჩემთვის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ელვის პრესლი, ოღონდ ჯარში წასვლის პერიოდამდე“.

და რამდენიმე წუთის შემდეგ: „სანამ კინოაკადემიის ცერემონიალი დაიწყებოდა, ტიმ რობინსი მოვიდა და მითხრა, თუ გაიმარჯვებ, სცენაზე რომ ახვალ, უნდა თქვა - გადადგეს ბუში!“

ჯორჯ ქლუნის სახლში ე.წ. „კინო ოთახი“ აქვს, სადაც ყოველდღე თითო ფილმს მაინც უყურებს. ამბობს, რომ ამერიკული კინოს ოქროს ხანა 60-70-იანი წლებში იყო. „ერთხელ მეგობრებს ჩამოვურიგე ჩემს მიერ არჩეული იმ ასი საუკეთესო ფილმის სია, რომლებიც 1964-1976 წლებშია გადაღებული. Dr. Strangelove-ითა და The Spy Who Came In From the Cold-ით იწყება და „პრეზიდენტის ამალით“ მთავრდება“. მათ შორის კი არის სიდნი ლუმიე დაახლოებით ათი ფილმით, ალან პაკულა ხუთი ფიმლით, ჰელ ეშბი წარმოდგენილია ფილმებით Harold and Maude და The Last Detail. კიდევ არის კოპოლას ორი ნამუშევარი - „ნათლია“ და „დიალოგი“.

ჯორჯ ქლუნის განსაკუთრებით უყვარს პარანოიდული თრილერები, რომლებშიც ლოგიკური ჯაჭვები ერთმანეთს არ ებმება და ყველაფერი კარგად არასდროს არ მთავრდება. მაგალითად, ფედი ჩაიევსკის „ქსელი“ („ეგ ფილმი 50-ჯერ მაინც მექნება ნანახი - მართლა არ ვაზვიადებ, ოღონდ,“ - ამბობს ქლუნი) და პაკულას „პარალაქსის ხედი“.

მერე მეუბნება: „ჩემი აზრით, ბოლო ორი-სამი წლის აღმოჩენა ქლაივ ოუენია. აი, ვინ არის კინოვარსკვლავი. ნამდვილი კაცია - სექსუალურიც არის და ვაჟკაცურიც“. ჯონი დეპზე ამბობს: „ჯონი თავის თავს არასდროს ღალატობს. ყოველთვის კარგ ფილმებს აკეთებს. ის უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან ნიჭიერი და კარგი მსახიობია. ბევრჯერ მიმიწერია მისთვის წერილი მარტო იმიტომ, რომ მეთქვა: „ძმაო, არც კი იცი, რა მაგარი ხარ!“

ქლუნი მეუბნება, რომ რეჟისორის პულტთან ჯდომა მოეწონა. ამბობს, რომ ფილმის გადაღებას მომავალ წელსაც აპირებს. მით უფრო, რომ არჩევანი დიდი აქვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა მისი სურათი „ღამე მშვიდობისა და წარმატებას გისურვებთ“.

„გადასაღებად თითქმის ყველანაირი ჟანრის ფილმს მთავაზობდნენ, მაგრამ სცენარში მოთხრობილ ამბავთან საერთო ხომ უნდა მენახა? ძალიან მნიშვნელოვანია ფილმში რაღაც საშენოს მოძებნა, სხვანაირად ვერ დაინტერესდები ისე, რომ ენთუზიაზმით იმუშაო“. ორივე ფილმი „სახიფათო გონების აღსარებაც“ და „ღამე მშვიდობისაც“ მაყურებელს ტელევიზიის გავლენის შესახებ უამბობდა, მე კი ტელევიზიის კულისებში გავიზარდე და ბავშვობიდან მოყოლებული, ტელებიზნესის შესახებ ჩემი გამორჩეული აზრი ჩამომიყალიბდა. ამიტომაც, ორივე ფილმზე მუშაობისას, შინაურად და საკითხის მცოდნედ ვგრძნობდი თავს, ეს კი საქმეს აშკარად აიოლებდა”.

როცა პირად ცხოვრებაზე ჩამოუგდებ სიტყვას, ჯორჯ ქლუნი სიცილით გიშორებს თავიდან. ამბობს, რომ იყო პოპულარული, ნიშნავს, გამუდმებით გდევნიდნენ. მაგრამ გამოსავალიც აქვს. იცის, რომ ასეთ მდგომარეობას შემოქმედებითად და ცოტა იუმორით უნდა მიუდგე და გაუმკლავდე. ცოტა ხნის წინ, ის ზუსტად ასე მოიქცა, როცა ვარსკვლავებზე მონადირე ერთ-ერთი ინტერნეტ-საიტის Gawker.com-ის აგენტებმა მოაბეზრეს თავი.

„ეს Gawker.com-ი იცით, რას აკეთებს? წერს იმის შესახებ, თუ კონკრეტულ დროს სად იმყოფება და რას აკეთებს რომელიმე ვარსკვლავი. მერე ცნობისმოყვარეები შედიან საიტზე და ამ ინფორმაციას კითხულობენ. Gawker.com-ს თავისი აგენტურა ჰყავს. სადაც კი ვინმეს ნახავენ, საიტის მესვეურებთან რეკავენ და ატყობინებენ: „აი, ახლა კინოთეატრში ვარ და ჩემს გვერდით ლინდსი ლოენი ზის“. მოკლედ, ვიცოდი, რომ მარტო მე არ მაბეზრებდნენ თავს და რომ სხვა მსახიობებსაც სურდათ ამ საიტის შესახებ საპროტესტო პრესკონფერენციის მოწყობა. თუმცა, პროტესტი და ამბის ატეხვა ამ შემთხვევაში უაზრობა იქნებოდა. გამოვიდოდა, რომ ჩვენ, მსახიობები, ვიღაცის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ვითხოვთ. ამიტომაც საკითხის მოგვარება საკუთარ თავზე ავიღე. დავწერე წერილი და გადავეცი ჩემს პრეს-მდივანს, რომელსაც ვთხოვე, ეს წერილი სხვა მსახიობების მიერ დაქირავებულ პრეს-მდივნებს შორის გაევრცელებინა. დაახლოებით ოცი კოლეგის მოძებნა ვთხოვე. ჩემი წერილი სწრაფად რომ გავრცელდებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა - საქმეში ხომ პრეს-მდივნები ჩავრთე. წერილში კი დავწერე: „თითოეულმა თქვენგანმა თქვენს ათ-ათ მეგობარს სთხოვეთ, საიტის ადმინისტრაციაში დარეკონ და თქვენი კლიენტი მსახიობების ადგილმდებარეობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მისცენ“; ანუ ასეთები ისევ ჭკუით და მოხერხებულობით უნდა გააცურო.

ახლა ქლუნის კიდევ ერთი გეგმა აქვს. „პაპარაცი ფოტოგრაფების თავიდან მოშორების ჩემეული თეორია შევიმუშავე. იცით, რა ჩავიფიქრე? სამთვიანი ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო. ყოველ ღამეს პაემანზე სულ სხვადასხვა მსახიობ ქალთან ერთად უნდა ვიარო. ერთ ღამეს ჰოლი ბერისთან ერთად გამოვჩნდები, მეორე ღამეს - სელმა ჰაიეკთან ერთად, მერე კი ლეონარდო დი კაპრიოს ჩავკიდებ ხელს და პლაჟზე ვისეირნებ. ხალხი კვლავაც იყიდის ჟურნალებს, კვლავაც დაინტერესდება ჩვენი ფოტოებით, მაგრამ აუცილებლად დაეჭვდება: „რა ხდება, ეს ხუმრობაა? ნუთუ, ჟურნალები რაღაცას გვატყუებენ?“. რამდენიმე თვის თავზე კი ყველაფერი იმით დასრულდება, რომ მეექვსე ავენიუზე ბომბი აფეთქდება და მანჰეტენის ცას ფერფლადქცეული ჟურნალ-გაზეთებით დაფარავს.

როცა ჯორჯ ქლუნი პოპულარობაზე საუბრობს, არასდროს ავიწყდება მამიდა როუზმერი - 50-იანი წლების ცნობილი მომღერალი, რომელზე საუბარსაც ჯორჯ ქლუნი ძველი დროის სხვა ცნობილ მუსიკოსებამდე მიჰყავს. ქლუნი ჯერ ჯონი მერსერს ახსენებს, შემდეგ გერშვინებსა და ქოულ პორტერს. ბოლოს კი თავის საყვარელ მელოდიებსაც გადასწვდება, ერთი ტონით დაბლა ასწორებს ხმას და სიმღერის Bewitched, Bothered and Bewildered-ის პირველ ტაეპს ღიღინებს. ბუხრის თავზე ორიგინალი „ოუშენის“ სარეკლამო ფოტო დევს. ერთად დგანან ფრენკ სინატრა, დინო, სემი დევის უმცროსი, პიტერ ლოუფორდი და რეტ ფექი და სურათიდანაც კი საოცარ ენერგიას აფრქვევენ. ახლა ქლუნი ფრენკ სინატრაზე მიყვება: „ფრენკი შეუდარებელი იყო - ისე მღეროდა, რომ ეს სიმღერები პირად საკუთრებად აქცია, თითოეული მელოდია პიჯაკივით მოირგო და გაითავისა.“

მერე ქლუნი გამოფხიზლდა, ძველ „ოუშენსა“ და ფრენკ სინატრაზე ფიქრებს შეეშვა, ისევ საკუთარი თავი გაახსენდა და თავის ცხოვრებისეულ ადგილსა და მიღწევებზე ჩაფიქრდა (ეს ცნება - „ჩემი ადგილი ცხოვრებაში“ - ხომ ძალიან ცვალებადია, ქლუნი კი განსაკუთრებული სიმძაფრით გრძნობს ხოლმე იმას, თუ მიწა ფეხქვეშ დროდადრო როგორ ერყევა). ჩაფიქრებულს თვალები გაუშტერდა, თითები აატკაცუნა და მერე ისევ ტონი ბენეტის ღიღინი განაგრძო:

Out of the tree of life, I just picked me a plum

(„ცხოვრების ხეზე მე მხოლოდ ქლიავი მოვწყვიტე“).

ჯორჯ ქლუნი დაიბადა და გაიზარდა კენტაკიში - შტატის იმ ნაწილში, რომელიც ცინცინატის ორბიტის გავლენას უფრო განიცდის. იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კენტაკის პეიზაჟები ფილმებიდან მახსოვს: მთაგრეხილები და მათ ძირში გაშენებული უზარმაზარი მამულები, ვისკითა და პიტნით დამზადებული სასმელი ჯულეპი და სიმინდის ტაროები, მიტკლის თეთრ პერანგებში ჩაცმული ჭაღარა კაცები და ამბიციური, დახვეწილი გარეგნობის მქონე ახალგაზრდები, რომელთაც უკეთესი სამხრეთის აშენება სურთ.

თუ 1974 წელს კენტაკის რომელიმე ქალაქში მოხვდებოდი, აუცილებლად ნახავდი ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს. ის ტელეეკრანზე ყოველდღე ჩანდა, ხან ახალ ამბებს ამცნობდა ტელეაუდიტორიას, ხანაც დღის ეთერში საავტორო შოუს უძღვებოდა. მას ნიქ ქლუნი ერქვა (რამდენიმე ხნის წინ, ნიქმა კონგრესში იყარა კენჭი, მაგრამ დამარცხდა).

ნიქს ისეთივე მაღალი რეპუტაცია ჰქონდა, როგორც დღეს, ვთქვათ, ჯონ კარსონს აქვს; ჰყავდა მეუღლე, გოგონა, და ვაჟი, სახელად ჯორჯი. თინეიჯერი ჯორჯი, მამის წყალობით, ტელევიზიაში მუშაობდა. უბრალო საქმეს აკეთებდა, ხან რას, ხანაც - რას. ერთხანს ფურცლებსაც დაარბენინებდა საჭიროებისამებრ, თან ინტერესით აკვირდებოდა ვეტერან, გამოცდილ წამყვანებს, სიუჟეტის შესავლის წერაში რომ იყვნენ გართულნი. სწორედ ამ ტელესამყაროში მიღებული შთაბეჭდილებების გამო ამტკიცებდა შემდეგ ჯორჯი, რომ ტელევიზიასა და საინფორმაციო გადაცემის სპეციფიკას ხუთი თითივით იცნობს. ქლუნის დღემდე სჯერა, რომ ტელეჟურნალისტის ცხოვრებას რაღაც განსაკუთრებული რომანტიკა ახლავს თან. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ქლუნი აღმერთებს მამას. ინტერვიუებში ნიქს გამუდმებით ახსენებს; ხოლო ფილმი „ღამე მშვიდობისა და წარმატებას გისურვებთ” მართლაც ვეტერან ტელეწამყვანებს უძღვნა. ნიქის კერპი ხომ ყოველთვის ედვარდ რ. მაროუ იყო. და ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ფილმი მაროუზე მეტად ნიქ ქლუნის ამბავს მოგვითხრობს. ეს კი კიდევ ერთი მიზეზი გახლდათ იმისთვის, ფილმისთვის შავ-თეთრი ფირი აერჩია: აბა, რომელ შვილს წარმოუდგენია მშობლების წარსული მხიარულ ფერებში?

ერთი სიტყვით, ნიქ ქლუნი თავიდან ბოლომდე ნიუსრუმის ცხოვრებით ცხოვრობდა, მისი და როუზმერი კი - შოუბიზნესის ცხოვრებით. 1950-იან წლებში იყო ერთი მონაკვეთი, როცა ამერიკას როუზმერი ქლუნიზე პოპულარული მომღერალი არ ჰყავდა. ის იმ ეპოქის ბრიტნი სპირსი გახლდათ. მის ფოტოს ბეჭდავდნენ ჟურნალ „თაიმის“ გარეკანზე. ჰქონდა ფან-კლუბებიც. როუზმერი ქლუნი ცოლად მსახიობ ხოსე ფერერს გაჰყვა, მერე დაცილდა და ისვე ხოსე ფერერზე გათხოვდა. ბობოქარი ცხოვრებით იცხოვრა - ინტერესების ცვლა, დეპრესიის შეტევები, წამლებზე შეჯდომა... კარიერის დასასრულს როუზმერის ტელესერიალ „სასწრაფოში“ მისცეს პატარა როლი. მან განასახიერა მოხუცი ქალი, რომელსაც სულ რაღაც ავიწყდება.

როუზმერი ქლუნის ამქვეყნიურ მისიათაგან ერთ-ერთი მთავარი იყო ისიც, რომ ის ძმიშვილისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. სწორედ როუზმერისგან ისწავლა ჯორჯ ქლუნიმ, რომ პოპულარობას უცნაური ზნე აქვს - ის მოჩვენებითია და წარმავალი. ჯორჯმა ისიც გაითავისა, რომ ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს უარესისთვის, ფულის დაგროვებას უნდა ეცადო, არაფერი უნდა მიიტანო გულთან ახლოს, წყლიდან მშრალი უნდა ამოხვიდე. „როუზმერი პირდაპირ არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ყველაფერი ისედაც აშკარა იყო, მის ტანზე ვკითხულობდი ყველაფერს: არ მოწიო დღეში სამი კოლოფი სიგარეტი. ცოტ-ცოტა ივარჯიშე. არ დაუჯერო ყველას, როცა 21 წლისას გეტყვიან, რომ ძალიან მაგარი ხარ. არც მაშინ დაუჯერო ყველას, როცა 27 წლისას სინანულით გადმოგხედავენ და გეტყვიან, რომ ძალიან უიღბლო და ხელმოცარული გამოდექი.

ჯორჯი როუზმერის გარდა, მამიდაშვილების ცხოვრებასაც აღტაცებით აკვირდებოდა. მათი ცხოვრება დევიდ ჰოქნის ნახატს ჰგავდა. მწვანე ეზოში ჩადგმულ საცურაო აუზში წყალი ისეთი კამკამა და ლურჯი იყო, არარეალური გეგონებოდა. „ეს ყველაფერი ისეთი რომანტიკული და ისეთი ზღაპრული მეჩვენებოდა, რომ აღტაცებას ვერ ვმალავდი. კენტაკიში ხომ არავის ჰქონდა სახლი საცურაო აუზით, და არც ჩოგბურთის კორტი ეზოში. ფერერების სახლი ჩემთვის ნამდვილი სასწაული იყო.“

0x01 graphic

0x01 graphic

ჩნდება კითხვა: ჯორჯმა თავიდანვე ამოიღო თუ არა მიზანში, რომ თვითონაც ცხოვრების ამ წესით, ასეთივე ფუფუნებაში ეცხოვრა? ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ქლუნი სწორედ როუზმერის მიმართულებით მიდიოდა. დროდადრო, ჯორჯი მამის ტელეშოუში მონაწილეობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩრდილოეთ კენტაკის უნივერსიტეტში სამაუწყებლო ჟურნალისტიკის სწავლა დაიწყო - მამის კვალს დაადგა. მაგრამ ერთ დღეს მამიდაშვილმა დაურეკა (იმ პერიოდში ჯორჯი ნახევარ განაკვეთზე თამბაქოს დამხარისხებლად მუშაობდა) და ლექსინგტონში დაპატიჟა, სადაც ბიძია ხოსე, თავის შვილებთან ერთად, ცხენების დოღის შესახებ ფილმს იღებდა. ჯორჯი ჩავიდა და გადასაღებ მოედანზე დაახლოებით სამი თვით დარჩა. ერთ-ერთ ეპიზოდში გადაიღეს კიდეც და რაღაც ფრაზაც ათქმევინეს. ამით დასრულდა მის ცხოვრებაში კენტაკის ეპოქა. ის ლოს ანჯელესში გადასახლდა და მამიდა როუზმერის მარჯვენა ხელი გახდა. მის ყოველდღიურ საქმეებს აგვარებდა, მანქანით დაატარებდა, მისი სახლის ღობეს ღებავდა, მაგრამ პარალელურად, ფილმებისა და ტელეშოუებისთვის გამოცხადებულ არც ერთ სინჯს არ აცდენდა.

„ნათლად მახსოვს ჩემი პირველი დღე ლოს-ანჯელესში. მიგელ ფერერმა სანსეტ ბულვარზე მანქანით გამატარა. ერთ-ერთ კუთხეში შუქნიშანზე გავჩერდით. იქაურობა სავსე იყო მეძავებით. 15-მდე ქალი იდგა ქუჩაში. მეძავი ჩემს ცხოვრებაში არ მენახა. და როცა ფანჯარასთან მოვიდნენ და რიგ-რიგობით მეპატიჟებოდნენ თავისთან: „საყვარელო, გინდა გართობა?“ „წამოდი, ჩემთან ერთად გაერთე“ - ვიფიქრე, რომ ძალიან მაგარი ბიჭი ვარ. მიგელს ვუთხარი, შეხედე, გოგოები რა დღეში ჩავყარე, გიჟდებიან ჩემზე. აქამდე სად ვიყავი, რა მინდოდა კენტაკიში-მეთქი. მიგელმა დამცინა - იდიოტო, ეგენი ხო ბოზები არიანო!!!“

შიგადაშიგ სინჯებზე უმართლებდა და პატარ-პატარა როლებს შოულობდა. ასე გაჩნდა მის ფილმოგრაფიაში სათაურები: Return to Horror High, Return of the Killer Tomatoes! თუმცა, ძირითადად, ქლუნის პირველი ათწლეული ჰოლივუდში მხოლოდ ჩავარდნილი ტელესერიალებითა და ტელეეთერში გასვლამდე დაბლოკილი სასიგნალო ვერსიებით იყო სავსე.

ქლუნი ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანი იყო, რომელსაც წლების განმავლობაში დამწყები ჰქვია; რომელზეც წლების განმავლობაში ამბობენ, რომ სულ ცოტაც დარჩა და აი, ახლა, გაუმართლებს და გახდება პოპულარული...

ამ წლებში ქლუნი იმდენ ტელეშოუში გადაიღეს და იმდენი იმედი გაუცრუეს, რომ ბოლოს მსახიობს სასოწარკვეთისა და მარცხის სუნიც ეცა. ის თითქოს ბედს დანებდა და ვარსკვლავობაზე ოცნებას შეეშვა, მაგრამ სწორედ იმ წამს როცა ვარსკვლავობაზე ოცნება დაივიწყა, მსახიობად იქცა. უფრო ნათლად რომ ამიხსნას, რასაც გულისხმობს, ჯორჯი როუზმერისთან დიალოგს იხსენებს. როუზმერი მაშინ უკვე მოხუცი იყო, ნოტებსაც ვეღარ იღებდა წესიერად, მაგრამ მაინც შეუდარებელი გახლდათ. ერთ-ერთი შოუს დასრულების შემდეგ, კულისებში იჯდა. ჯორჯი მასთან შევიდა და ჰკითხა, როგორ ახერხებდა როუზმერი ამდენს. მამიდამ უთხრა: უკვე აღარ მჭირდება მსმენელს ვუმტკიცო, რომ სიმღერა შემიძლია.

„ეს მართლაც ძალიან კარგი გაკვეთილი გამოდგა. სულ უნდა ეცადო, რომ თამაშზე არ წაგასწრონ“ - მიხსნის ქლუნი.

1994 წელს ჯორჯ ქლუნი ტელესერიალ „სასწრაფოს“ საპილოტო ვერსიაში გადაიღეს. დებიუტიდან ერთი თვის თავზე, სერიალი ნამდვილ ჰიტად იქცა. და აი, ასე მოულოდნელად და დაუგეგმავად მოვიდა ქლუნისთან პოპულარობა. შემდეგ უკვე პრესაც ამუშავდა. ჟურნალისტები თითქოს ერთმანეთისგან იწერდნენ ქლუნის ბიოგრაფიის პიკანტურ დეტალებს, რომ:

იქორწინა და გაეყარა მეუღლეს;

სახლში ჰყავდა ღორი, რომელიც 200 ფუტს იწონიდა;

პაემანებზე ულამაზეს ვარსკვლავებს დაატარებს, მაგრამ საქმე სერიოზულ ურთიერთობამდე არასდროს მიჰყავს;

უყვარს ხუმრობა და მეგობრების გაშაყირება (ერთხელ ბრედ პიტის „პრიუსს“ სტიკერი მიაწება, რომელზეც ეწერა: „მე ცისფერი ვარ და ხმის მიცემის უფლება მაქვს!“);

ხშირად დაქრის ანტიკვარადქცეული მოტოციკლეტებით;

ცხოვრობს ჰოლივუდ ჰილზში და კომოს ტბის ნაპირას, იტალიაში აქვს სახლი...

თუმცა, პრესას ქლუნის შესახებ ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რჩებოდა, რადგან მსახიობი ყოველთვის ახერხებდა თავის ოსტატურად დაძვრენას და პირადი სივრცის შენარჩუნებას.

„სასწრაფოს“ სუპერ-წარმატებული ტელეეთერის შემდეგ, ქლუნიმ ცნობილი ჰოლივუდური ორილეთიანი ცეკვის მეორე ილეთის შესწავლა დაიწყო. პირველი ილეთი - ტელე-შოუში გამოჩენა და პოპულარობის მიღწევა - მას უკვე კარგად გამოსდიოდა. ცეკვის მეორე ნაწილი კი გახლდათ ჰიტი ტელესერიალიდან დამაჯერებლად და გრაციოზულად კინოში გადასვლა.

ქლუნიმ მეორე ილეთიც ისწავლა და ეს ცეკვა ბოლომდე იცეკვა. ჯერ დიდბიუჯეტიან ფილმებში მცირე როლების შესრულებით დაიწყო (The Thin Red Line), შემდეგ მცირებიუჯეტიან ფილმებში მთავარი როლებით განაგრძო (Three Kings) და ბოლოს დიდბიუჯეტიან ფილმებში მთავარი როლების შესრულებით დააგვირგვინა („მხედველობის არეს მიღმა“).

ის, რასაც ჰოლივუდსა და, საერთოდ, შოუბიზნესში „ვარსკვლავის დაბადებას“ ეძახიან, ჯორჯ ქლუნის შემთხვევაში ფილმ Perfect Storm-ში მოხდა. როგორც ამერიკულ კინოინდუსტრიაში ამბობენ, ეს იყო პირველი ფილმი ქლუნის მონაწილეობით, რომელმაც თავიდანვე კარგი სტარტი აიღო და ბოლომდე მომგებიანად და ეფექტურად იარა. მართალია, Perfect Storm-ში ჯორჯ ქლუნმა თავისი არტისტიზმის ბოლომდე გამომჟღავნება ვერ შეძლო, მაგრამ სამაგიეროდ, ფილმმა ბევრი ფული მოიტანა. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ვაჟი კინოვარსკვლავი გახდა.

0x01 graphic

ახლა კი იმას დავუბრუნდები, რაც თავში მოგახსენეთ - ჯორჯ ქლუნი უკანასკნელი ამერიკელი კაცია-მეთქი. ქლუნი მართლაც მამაკაცურობასა და მოწიფულობას ასხივებს. მაგრამ ეს მოწიფულობა უფრო ამ ეპოქისაა. ქლუნი გახლავთ მოწიფული მამაკაცი პოსტმოწიფული მამაკაცების ხანაში. შევერცხლილი თმა, მკვეთრად გამოხატული პოზიცია, ძალაუფლება და გავლენა - აი, ამ თვისებებით ახვევს ის თავბრუს საზოგადოებას. ქლუნი იმ ტიპის მსახიობია, რომელსაც ალფრედ ჰიჩკოკი, ცოცხალი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით გადაიღებდა თავის ფილმებში. ამიტომაც ამსგავსებენ ქლუნის ჰიჩკოკის ყველაზე ცნობილ მსახიობებს: კერი გრანტს, ჯიმი სტიუარტსა და გრეგორი პეკს.

ის თვისება, რაც ჯორჯ ქლუნის თავისი თანამედროვე მსახიობებისგან გამოარჩევს, ამერიკული მოხერხებულობის განსაკუთრებული ფორმა გახლავთ. ეს თვისება ისეთივე ძველია, როგორც ჰეკ ფინის გაიძვერობები, მაგრამ ჩვენს რეალობაში ის კიდევ უფრო აქტუალური და გავრცელებული თვისება გახდა. რასაც არ უნდა ამბობდეს, ჯორჯ ქლუნი მუდამ თვალს გიკრავს, თანაც ეშმაკურად - ვერასდროს ხვდები, დაუჯერო თუ არა. ამიტომ სულაც არ გახლავთ უბრალო დამთხვევა ის, რომ ქლუნი მაცდუნებელი და მომხიბვლელი გაიძვერების როლებს ასე ხშირად ასრულებს ხოლმე: გაქცეულ თაღლითს ფილმში „ო, ძმაო, სად ხარ“ და „მხედველობის არეს მიღმა“; კრიმინალ ბოსს „ოუშენის“ ორ სერიაში; ოქროს მაძიებელ სამხედრო ოფიცერს „სამ მეფეში“. „თაღლითების როლებზე მუშაობა ძალიან სახალისოა“, - ღიმილით მეთანხმება ის.

იმ რეჟისორებს შორის, რომელთაც ჯორჯ ქლუნის ნიჭი ამომწურავად გამოუყენებიათ, პირველები ძმები კოენები არიან. კოენები ამბობენ: „არ ვიცით, ჯორჯმა იცის თუ არა, მაგრამ ის მასხარისა და თაღლითის როლის ყველა სტილისტურ და ესთეტურ მოთხოვნას აკმაყოფილებს“.

ჯორჯი კი, თავის მხრივ, კოენებზე დასძენს: „ძმებს აქვთ საოცარი უნარი, რომ თვითრწმენით აგავსონ. ყოველთვის, როცა მათთან ვმუშაობ, ერთიორად თავდაჯერებული ვხდები. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის წინასწარ ვიცი, კარგი პროდუქტი გამოუვათ... ვიცი, რომ მათი ფილმი არაფრით არ ჩავარდება“.

კოენების ფილმებში ქლუნის გმირები ყოველთვის სასაცილოები არიან. ასეა ფილმში „ო, ძმა, სად ხარ?“ და ასეა „დაუძლეველ ბოროტებაშიც“. პირველ შემთხვევაში ქლუნის გმირი, რომელიც კანონის დამცველებს გაურბის, საკუთარ გარეგნობაზე გიჟდება და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი არ ავიწყდება ამოჩემებული ტუჩის საცხი. მეორე შემთხვევაშიც ქლუნის გმირი უაზრო დეტალებზეა ჩაციკლული. როცა ფილმში პირველად ჩნდება, თან გაცხარებით ლაპარაკობს მობილურზე და თან კბილებს მათეთრებელი პასტით იხეხავს. ქლუნი ამბობს: „ჯოელ კოენს სურდა, „ბოროტებაშიც“ ზუსტად ისეთივე იდიოტი მეთამაშა, როგორც „ო, ძმაო, სად ხარ?“-ში შევქმენით. ასეც გამოვიდა.“

მომავალ წელს ჯორჯ ქლუნი კოენებთან ერთად ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას, სახელწოდებით „წაკითხვისთანავე დაწვი“. ფილმი მოგვითხრობს „ცეერუს“ აგენტის ამბავს, რომელიც მემუარული ხასიათის წიგნს წერს და დისკს, სადაც მასალას ინახავდა, კარგავს. „იმ კაცის როლს ვთამაშობ, რომელიც უამრავ ადამიანს ხოცავს. მაგარი სახალისოა. ეს ჩემი მესამე იდიოტის როლი იქნება. კოენები ამბობენ, რომ უკვე მალე გასამდება და იდიოტი გმირების ტრილოგია მექნება.“

კინოსა და შესრულებულ როლებზე საუბრის შემდეგ, ქლუნი გემრიელად იზმორება. მერე სწრაფად დგება და კარამდე მაცილებს. გარაჟთან ვდგევარ, მზე კაშკაშებს, ხეებზე ფოთლები შრიალებს, ქლუნის ალაყაფს მიღმა ცხოვრება დუღს, მაგრამ აქ ეს საერთოდ არ იგრძნობა. მსახიობი გარაჟში მახედებს. ორი მანქანა დგას. ერთი მათგანი ელექტროა, პატარაა და შავი და დომინოს ქვის ფორმა აქვს, რაღაცით გოლფის მოედნის გაბერილ მანქანასაც მაგონებს. ამ მანქანაში მარტო ორი ადამიანი ეტევა, მძღოლი კი იძულებულია იდაყვები ფანჯრებში გადაყოს, მაგრამ სამაგიეროდ სწორ გზატკეცილზე საოცარ სიჩქარეს ავითარებს.

ჯორჯს კიდევ იაგუარიც ჰყავს, ძველი და კლასიკური, მაგრამ ის თითქმის სულ განაახლა. ამოაცალა გასული საუკუნის ძრავა და ჰიბრიდად გადააკეთა. ეს მანქანა მგონი თვითონ ჯორჯ ქლუნის სიმბოლოდაც გამოდგება.

ჯორჯ ქლუნიც ხომ ასეა - წარსულისა და აწმყოს, ძველისა და ახლის მიქსი. მას ბოგარტის სხეული აქვს, მაგრამ ხვალინდელი დღის სული.

მინდა ეს ყველაფერი პირადად ვუთხრა, მაგრამ თავს ვიკავებ, ვჩუმდები. ვჯდები ჩემს ძველმოდურ, გაზზე მომუშავე მანქანაში და მივუყვები გზას ქვევით, ათიათასობით მანქანის გამონაბოლქვით დაბინძურებული ხეობისკენ.

15 მოგზაურობა

▲back to top


სპეც-პროექტი

ავტორი: ნინო ლომაძე

მოგზაურობა მხოლოდ მგზავრობა და დათვალიერება როდია. მოგზაურობა განცდების და ემოციების მთელი არსენალია, რომელიც განსაზღვრულ დროში, ერთ კონკრეტულ, გეოგრაფიულ მისამართზე ცოცხლობს. „მოგზაურობა“ წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიტყვაა. ერთგან დიდი გზის პატარა ფრაგმენტია, ხან კი თავად გზაა, ან ნატვრა. ამბები, რომელთაც აქ მოგითხრობთ ჩვენი გმირების საყვარელი მოგზაურობების გახსენებაა. გახსენება კი, მოგეხსენებათ, ცოტა სენტიმენტალურიც არის. ჰოდა, ჩვენი შემოდგომის უმოწყალოდ ცივმა ქარებმა თქვენც თუ დაგაღონათ, სავარძელში თბილად მოკალათდით და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად!

0x01 graphic

ონდონი

ნინო ორჯონიკიძე
ჟურნალისტი

0x01 graphic

ბავშვობაში, მახსოვს, პირველად ლონდონი დედაჩემის ჩამოტანილი სუვენირის წყალობით აღმოვაჩინე. დედა მოცეკვავე იყო და ხშირად მოგზაურობდა. გვქონდა ათასნაირი, სხვადასხვა წარმომავლობის სუვენირი. არ ვიცი, რა ნიშნით გამოვარჩიე და რატომ ამოვიჩემე, მაგრამ ყველაზე მეტად საფერფლე შევიყვარე, პიკადილის გამოსახულებით. ცოტა რომ წამოვიზარდე, „საფერფლეების ლონდონიდან“ ოსკარ უაილდისეულ ლონდონზე გადავედი. მერე იყო Beatles-ის ლონდონი. თინეიჯერობისას Blow Up ვნახე და მივხვდი, რომ ასეთი განწყობა მხოლოდ ლონდონში შეიძლებოდა მქონოდა... გამოდის, სულ „ჩემი“ ლონდონისკენ მივდიოდი, რომელიც ძალიან მინდოდა ცოცხალი და ნამდვილი მენახა.

გახსოვთ ალბათ 1993 წელი. დედაჩემს ერთი კეთილი და გულისხმიერი მეგობარი ლონდონში ენის შემსწავლელ კურსებზე ჩემს გასაშვებად ფინანსურ დახმარებას შეპირდა. საფერფლეზე დანახული სამყარო სწორედ მისი წყალობით გამიცოცხლდა. და, უცებ, ეს ინგლისი მთელი თავისი „სიმძიმით“ „თავს დამატყდა“.

აქედან რომ გავემგზავრე, ჯიბეში 200$ მედო და დარწმუნებული ვიყავი, რომ სამი თვე იქ საცხოვრებლად ეს თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა. ზუსტად ორ დღეში მივხვდი, რომ სასწრაფოდ რამე უნდა მეღონა - ჩინურ რესტორანში ჭურჭელი მერეცხა, ან არ ვიცი, ყველაფერი გამეკეთებინა და მებრძოლა იმისთვის, რომ ამ უცხო სამყაროში თავი ადამიანად მეგრძნო და რაიმესთვის მიმეღწია. Kings Road-ზე ერთი კეთილი იტალიელი ქალის ოჯახში ვცხოვრობდი, რომელმაც მითხრა, რუსული და ქართული ენების სწავლა მინდა და კვირაში რამდენიმე გაკვეთილი ჩამიტარეო. უხერხულობა რომ მოეხსნა, ასე, არაპირდაპირი გზით გადაწყვიტა ჩემი დახმარება. მართლაც, საოცრად კეთილი ადამიანი იყო.

სამ თვეში ძალიან გაზრდილი, თავისუფალი და ძლიერი დავბრუნდი. და ამ მოგზაურობის მერე, ეს უკვე რაღაც სიგიჟეს დაემსგავსა. სულ იმიტომ ვმუშაობდი, იმიტომ ვსწავლობდი, რომ მერე ისევ ლონდონში დავბრუნებულიყავი. 10 წელი ვიბრძოლე, რომ ბრიტანეთის მთავრობის გრანტი მომეპოვებინა და იქ სასწავლებლად წავსულიყავი. მოკლედ, 10 წლის მერე, ლონდონში უკვე საკუთარი ძალებით ჩავედი და ერთ სახლში დავსახლდი, რომლის ეზოც Regent's Park-ში გადიოდა. ამ ფანტასტიურ სახლში ბედნიერად ვცხოვრობდი და თავი ვირჯინია ვულფი მეგონა.

ეს არის ქალაქი, სადაც არასდროს მქონია ტურისტის განცდა და ვცდილობ, იქ აუცილებლად რაღაც მიზეზით, მისიით ჩავიდე. ლონდონი - დიადი, ლამაზი, სასტიკი, მართალი, სადაც ერთნაირად შეიძლება იყო უბედური, მარტოსული და ლაღი, ბედნიერი; სადაც ცხოვრებას მთელი სისავსით შეიგრძნობ.

ახლაც ასეა. მთელი წელი ვიმუშავე და წლის ბოლოს მე და ჩემი შვილი ერთი თვით ისევ იმ სახლში დავბრუნდებით, Regent Park-ში რომ დგას. არ ვიცი, ალბათ გაისადაც ასე იქნება, ვნახოთ.

0x01 graphic

თუშეთი

ირაკლი სუთიძე
მხატვარი

0x01 graphic

მეგობარი მყავს პირიქითა ხევსურეთში, გარსევან (გარსია) ზვიადაური. ზვიადაურები არდოტიდან არიან. აქედან ავიდნენ ანდაკსა და არჭილოში.

გარსევანი ახლა მესაზღვრეა, ზაფხულში შვებულება ჰქონდა და გადავწყვიტეთ ცხენებით თუშეთში გადავსულიყავით.

თბილისიდან სამნი წავედით: ზაზა ჩიტრიკაშვილი, ზურაბ ზურაბიშვილი და მე. გარსევანმა ცხენები დაგვახვედრა, ერთი სამარქაფოც წავიყვანეთ და ანდაქის წყალს მუცოს ჭალიდან შევუყევით. ავიარეთ მუცო, არდოტი, ანდაქი და დღეს მიტოვებული არჭილო.

მეორე დილით ბორბალოს უღელტეხილს შევუდექით. სულ უვალზე ვიარეთ, მდინარის კალაპოტში. არ ვიცი, როგორ გაუძლეს ცხენებმა. ახლა აქ კაციშვილი აღარ დადის. ადრე ბილიკები გადიოდა, შეხვდებოდი მეცხვარის ბინას, ან ჩეჩნეთისკენ მიმავალ ქისტს.

სოფელ არჭილოდან, ერთ დღეში, თუშეთის ალაზნის თავში გადავედით. ძალიან დიდი გზაა, რთული. თუმცა, 1978 წელს, ოცკილოგრამიანი ზურგჩანთით, ფეხითაც გადავსულვარ იქ. ეს ადგილები შეუდარებელია. მთაზე, სადაც ტერასას დაინახავ, ყოფილი ყანებია. ადრე აქ მარცვლეულს თესავდნენ. ამას რომ ხედავ, ხვდები, რა დიდი ყოფითი კულტურა იყო. სწორედ აქ დარბოდა ბავშვობაში ფეხშიშველი გარსია...

უკვე ბორბალოს მთის მწვანე ბილიკებით ალაზნის თავში გადავედით, იქ, სადაც თუშ მეცხვარეთა დიდი ბინებია. მოშორებით გავჩერდით. ღამით მეცხვარეთა ცხენების ჯოგმა შემოგვიტია, კინაღამ ჩვენი ცხენები დაფანტეს. როგორღაც მოვიგერიეთ...

დილით ბილიკს ნაროვანის თავისაკენ შევუყევით. აქ მდინარე ნაროვანი იღებს სათავეს, პირიქითა ალაზანს უერთდება და თუშეთის ორ ალაზანს შორის მოედინება. უღელტეხილია, რომლითაც პირიქითა ალაზანზე გადავედით. ეს ყველაზე რთული გზა აღმოჩნდა, ნახევრად თოვლზე ვიარეთ. ეტყობა, აქაც დიდი ხანია არავის გაუვლია.

მესაზღვრეთა საგუშაგოსთან დავეშვით. გაუკვირდათ, რადგან ამ მხრიდან არავის ელოდნენ. სულ 1978 წლის ლაშქრობა მახსენდებოდა, მაშინ ეს გზა ფეხით გადავიარეთ.

დილით თუშეთის სოფლებს გვერდი ავუარეთ და გზას მესამე უღელტეხილისაკენ ავუყევით, რომელსაც ისევ პირიქითა ხევსურეთში გადავყავართ. ეს აწუნთაა, წინა ორზე მაღალი, 3441 მ. სიმაღლისა. აქედან მთელი აღმოსავლეთი კავკასიონი მოჩანს. დაინახავ მყინვარწვერს, თებულოს, დიკლოს... და ისევ პირიქითა ხევსურეთის ხეობებს. დაშვებაც რთული გამოდგა, ბილიკი არ ჩანდა, ნაშალზე ვიარეთ.

მადლობა ღმერთს, მშვიდობით დავბრუნდით. გამოდგა, რომ ძალიან სწრაფად ვიარეთ და თუშეთის ულამაზესი სოფლები ბიჭებმა ვერ ნახეს.

ხევსურეთში დავბრუნდით, სადაც XX საუკუნის დასაწყისში ისეთივე წესით ცხოვრობდნენ, როგორც ათი საუკუნის წინ. ეს ერთგვარი ჩაკეტილი სამყარო იყო. აქ ხომ არავინ მოდიოდა. ზამთარში ურთიერთობა მხოლოდ მეზობელ ქისტებთან შეეძლოთ.

აბა, ამას რომ ნახავ, რა განცდა უნდა გქონდეს? ოცნებაა, სიმშვიდე.

იქ ისე ხშირად დავდივარ, ტურისტი აღარ მეთქმის, უკვე მასპინძელი ვარ.

0x01 graphic

იერუსალიმი

გიორგი ახვლედიანი
ჟურნალისტი

0x01 graphic

0x01 graphic

იერუსალიმში აღდგომამდე 10 დღით ადრე ჩავედით. მაცხოვრის ტაძარში ცეცხლის „გარდამოსვლა“ რომ გვენახა და „დროებისთვის“ სიუჟეტი გადაგვეღო. ეს აღდგომის წინა შაბათს, დღის 1-2 საათისთვის ხდება. ამ დროს ტაძარში დაახლოებით ათი ათასი ადამიანია შეკრებილი, შეიძლება მეტიც. ყველა ერთად დიდ სასწაულს ელის. იმ განწყობაზე, რაც იქ ტრიალებს, შთაბეჭდილებას ტელეეკრანებზე ნანახით ვერაფრით შეიქმნი, იმიტომ, რომ სინამდვილეში, იქ, სულ სხვა რამე ხდება.

ტაძარში უამრავი ხალხია, ყველა მხრიდან ვიღაც გეხება, გრძნობ მათ მძიმე სუნთქვას. ისეთი ჭეჭყვაა, მხოლოდ თავის გარხევას თუ ახერხებ. იქ ყველასთვის მხოლოდ წინაღობა ხარ გზაზე და სასწაულის უფრო ახლოდან დანახვაში ხელს უშლი. ტაძარში ჩხუბის კერები მრავლდება. ნამდვილი ფიზიკური ძალის დემონსტრაცია ხდება. აბა, ვინ ვის მოერევა - ცემენ, ურტყამენ, ჭრიან. ბერძენი სასულიერო პირები სომხებს თავ-პირს ამტვრევენ ან - პირიქით. ბოლოს, ებრაელი პოლიციელების მოთმინების ფიალაც ივსება და ყველა მოჩხუბარს ხელკეტებით დაერევიან. სჯობს წინ იყურო და არაფერზე იფიქრო. მაგრამ არ გამოგდის. ხვდები, რომ შენც იმ ბოღმით და ღვარძლით ივსები, რასაც გარშემო მყოფთაგან გრძნობ. გარშემო ყველა - ერთ ტაძარში შეყრილი, შენი მტერია. ეს მართლაც უცნაური განცდაა და პარადოქსულიც - ამხელა ზიზღი და სიძულვილი ქრისტიანულ სამყაროში, ყველაზე დიდი სასწაულის მოლოდინში. ეს უსიამოვნო განცდა მაშინვე ქრება, როგორც კი სანთლის დიდი კონები ამ ღვთიური ცეცხლით აალდება და ირგვლივ ყველაფერი უმალ იცვლება.

უცებ აღმოჩნდება, რომ ტაძარში იმდენი თავისუფალი ადგილია, სადაც ყველას შეუძლია თავისთვის დადგეს და არავინ არავის აღარ მიეკრას, დააბიჯოს. იქვე დასაჯდომი ადგილიც გამოჩნდება. ტაძარიც თითქოს გაგანიერდა. ამ დროს იქიდან ჯერ არავინ გასულა. ხალხი, ვინც ერთმანეთს სცემდა და აგინებდა, უცებ მოსიყვარულეე ბი, კეთილები გახდნენ. ყველა ერთმანეთით ბედნიერია.

მგონია, რომ ადამიანი ძალიან პატარაა და ცოტაა იმისათვის, რომ ბოლომდე გაიაზროს, შეიგრძნოს და დაიტიოს ეს უზარმაზარი სასწაული, რაც მის გარშემო ხდება. არ ვიცი, ასეთი განცდა მქონდა, მაგრამ ეს ალბათ უნდა ნახო და მერე მიხვდები.

შოტლანდია

ნანა შონია
მსახიობი

0x01 graphic

0x01 graphic

პირველად კაპიტალისტურ ქვეყანაში 1990 წელს მოვხვდი. რუსთაველის თეატრის დასი გლაზგოში, შოტლანდიაში თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს. წავედით. ზოგადად, ქვეყანაზე ჩემს შთაბეჭდილებებს აღარ მოვყვები, მართლა ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ ყველაზე ძლიერი განცდა მაინც ფესტივალის დახურვის დღეს მქონდა.

სამანიშვილის დედინაცვალს ვთამაშობდით. 26 მაისი იყო. შევდივართ თეატრში და ვხედავთ ჩვენი ქვეყნის დროშებით აჭრელებულ კედლებს, იქვე შვედური სუფრა გაუშლიათ, პერსონალი თავიანთ ნაციონალურ კოსტიუმებში გამოწყობილან და ისეთი, ნამდვილი სადღესასწაულო განწყობაა. თეატრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დღე რომ მოგვილოცა, მივხვდით, რაშიც იყო საქმე და სრულიად პატრიოტული განცდით, ჩვენც ავივსეთ. ისე, ჩასვლისთანავე ვიგრძენით, რომ გამორჩეულად თბილად, დიდი პატივისცემით გვექცეოდნენ, მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით - რატომ. ამ ორი ხალხის (უფრო სწორად, ერთი ქვეყნის და მეორე დიდი ქვეყნის ერთი რეგიონის) ბედი ერთმანეთთან გააიგივეს და დიდი მჩაგვრელისგან გაწამებული პატარა ერის კონტექსტში გააერთიანეს.

სპექტაკლის დასასრულს, ჩვენმა ხელმძღვანელმა, გიზო ჟორდანიამ თეატრის მესვეურებს დიდი მადლობა გადაუხადა ჩვენი „ეროვნული“ დღესასწაულის აღსანიშნავად ასეთი დიდი ზეიმის მოწყობისთვის. როცა მაყურებელმა გაიგო, რა ხდებოდა, წამით ყველა გაისუსა. გიზოს „სამადლობელი“ „ჩემო კარგო ქვეყანას“ სიმღერით დავასრულეთ... და ვხედავთ, დარბაზი შეინძრა, პარტერი წამოიშალა და ხალხი გუგუნით სცენისკენ წამოვიდა. მოდიან ჩვენთან ეს უცხო შოტლანდიელები აცრემლებული თვალებით და გაშლილი ხელებით. ერთმანეთს ძმურად ვეხვევით და ვეხუტებით. ჩვენ-ჩვენს ნაციონალურ ჰიმნებს ერთდროულად ვმღერით, ვცეკვავთ, ცრემლებამდე ვიცინით და ვტირით. არ მახსოვს, ეს პათეტიკა რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ის მახსოვს, სპექტაკლის მერე, ენერგიადაცლილები ისევ თავიდან რომ ავდუღდით და ავივსეთ. ეს საოცრად დიდი და ძლიერი განცდა იყო, რომელსაც ეს რამდენიმე ათეული ადამიანი აბსოლუტურად ერთნაირად იზიარებდა და განიცდიდა.

იცით რა იყო მაინც ყველაზე საოცარი? მაშინ პირველად დავიჯერე, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ძალიან მალე მოვიპოვებდით. და ეს პოლიტიკისგან აბსოლუტურად განყენებული და უწყინარი შოტლანდიური საზოგადოების პირველ აღიარებად წარმოვიდგინე.

0x01 graphic

ამერიკა

გია ნოდია
პოლიტოლოგი

0x01 graphic

1989 წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში საბჭოთა იმპერიის საზღვრებს გარეთ გავემგზავრე, ამერიკაში (ვაშინგტონში) წავედი ორი თვით.

თბილისიდან, ცხადია, მოსკოვის გავლით გავფრინდით. ვაშინგტონამდე კანადის ერთ პატარა ქალაქ განტერში გავჩერდით. ქალაქს ასეთივე პატარა აეროპორტი ჰქონდა. სხვა ამხელა თვითმფრინავი იქ, ალბათ არც ჯდებოდა. აეროპორტში ერთი, შედარებით დიდი Duty Free მაღაზია იყო. დღეს გაგეცინებათ, მაგრამ საბჭოთა ადამიანისათვის ეს მაღაზია არანაკლები ღირშესანიშნაობა იყო, ვიდრე ტაჯ-მაჰალი ან ნიაგარის ჩანჩქერი. ეს იყო მაღაზია, სადაც რაღაცეები მართლა იყიდებოდა! ბევრისგან გამიგია, საბჭოთა ადამიანი ნამდვილ დასავლურ მაღაზიაში პირველად რომ მოხვდებოდა, ან გული უწუხდებოდა, ან ისტერიკა ემართებოდა, ან მერე რამდენიმე ღამე არ ეძინა. მოკლედ, აეროპორტში გავედით, სადაც არავინ იყო ჩვენი თვიმფრინავის მგზავრების გარდა. საოცარი სცენა იყო. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 150 ადამიანი ამ Duty Free-ს მაღაზიაში აბსოლუტურად გაქვავებული სახეებით დადის და ყველა ცდილობს სახეზე არანაირი ემოცია არ შეიმჩნიოს. ერთმანეთს არავინ ესაუბრება. დადუმებულები, რობოტებივით დაიარებიან და ფერად ვიტრინებს ათვალიერებენ. არც ერთი არაფერს ყიდულობს: ერთი ცენტიც კი არ დახარჯულა. მოლარეებიც მოწყენილები, სრულიად გაუცხოებული სახეებით სხედან, არავის უყურებენ. ალბათ ისინიც შეჩვეულები იყვნენ. ყოველდღე დიდი თვითმფრინავი ჩამოდის, საიდანაც 100-150 კაცი გადმოდის, ყველა Duty Free-ს მაღაზიაში შედის და არავინ არაფერს ყიდულობს. ძალიან დამთრგუნველი სცენა იყო. ამერიკაში რომ ჩავედი, მაღაზიებით განცვიფრების ეტაპი უკვე მოხდილი მქონდა. მატერიალური სიკეთეების სიმრავლე აღარ მაკვირვებდა: ყველაზე განმაცვიფრებელი ის იყო, რომ ადამიანებს ერთმანეთისთვის გაღიმება არ ეზარებოდათ. მაგრამ მეორე ძლიერი შთაბეჭდილება მაინც უკან დაბრუნებას უკავშირდება.

საერთოდ ამერიკიდან საბჭოთა კავშირში დაბრუნება თავისთავად მძიმე ტრავმა იყო: თითქოს ციხიდან ცოტა ხნით გარეთ გაგაჭყიტეს, ნორმალური ცხოვრება დაგანახეს და მერე, ისევ ციხეში გიკრეს თავი. ეს განცდა ვაშინგტონის აეროპორტშივე გამიჩნდა. აეროფლოტის რეგისტრაციის რიგი სხვებისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა. რაღაც ნეგატიურ ველში შედიოდი. მაგრამ იყო პოზიტიური მხარეც. ისევ განტერის აეროპორტში გავჩერდით. ისეთივე 150 კაცი გადმოვიდა და Duty Free-ში შევიდა - მაგრამ ისინი უკვე ჩვეულებრივი ადამიანებივით იქცეოდნენ. ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, იცინოდნენ, ვიღაც სუვენირს ყიდულობდა. მოლარეებიც გამოხალისდნენ: იცოდნენ, რომ ამერიკიდან დაბრუნებული საბჭოელები უკვე სხვები არიან, იღიმოდნენ, რაღაცას ურჩევდნენ. განტერის პატარა აეროპორტი თითქოს ექპერიმენტული დასაბუთება იყო: საბჭოთა ადამიანს ორი კვირითაც თუ ჩაასუნთქებდი თავისუფლების ჰაერს, უკვე სხვა ჩამოდიოდა.

0x01 graphic

აფრიკა

მამუკა კუდავა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

0x01 graphic

საფრანგეთში ვსწავლობდი და სტაჟირებაზე სამუშაოდ წასასვლელად, შემეძლო მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ამომერჩია. ბევრი მიზეზის გამო, აფრიკა ავირჩიე. 4 თვე კამერუნში ვცხოვრობდი და ბევრს ვმოგზაურობდი. ვნახე ცენტრალური აფრიკის რეგიონის რამდენიმე ქვეყანა: გაბონი, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო.

პირველი, რითიც აეროპორტში დავინტერესდი, ჩემი ახალი სახლის მისამართი იყო. „მკვდრების ხეობაში“ მივდივართო, მიპასუხეს. ასეთი საშიში სახელი აქვს, თორემ ისე ძალიან ლამაზი ადგილია და ხალხიც ასეთივე, ბავშვურად მიამიტი და კეთილი ცხოვრობს.

მყავდა მძღოლი და ერთი დაცვის ბიჭი, რომელსაც ჩემი სახლის აივანზე ეძინა და საათი და ორმოცი წუთი ფეხით დადიოდა, რომ ჩემამდე მოსულიყო. თვეში ოც აშშ დოლარს უხდიდნენ, იქ ეს ნორმალური ხელფასია.

კამერუნშიც და სხვა ქვეყნებშიც ბუნების საოცარი მრავალფეროვნებაა: წყნარი ოკეანის ქვიშის ულამაზეს სანაპიროსაც ნახავთ, მშვენიერი პლაჟებით; არის წვიმის ტყეები, სადაც პიგმეებს შეხვდებით, მთიანი ადგილები, უღელტეხილები, ნახევრად უდაბნოები, საფარები. ხალხიც ასეთივე სხვადასხვანაირია. მარტო კამერუნში 200 ტომის ეთნოსია. აქედან ზოგი მუსულმანია, ზოგი ქრისტიანი, არიან პროტესტანტებიც, უფრო მეტი კათოლიკე და ბევრი ანიმისტი (ძველი, წარმართული რელიგიის მიმდევრები).

ერთი რეგიონია, სადაც პოლიგამიაა მიღებული და ბანტუს ხალხთა ბამილეკეს ტომი ცხოვრობს. 2-3 იშვიათად, უფრო 7-8 ცოლი ჰყავთ. ჩემი მძღოლიც ამ ტომიდან იყო და ერთხელ ვკითხე, რამდენი ცოლი გყავს-მეთქი. მე ქალაქში ვცხოვრობ, დიდი ხარჯი მაქვს და ამიტომ ერთიო, მიპასუხა. მაგრამ ჩემს სოფელთან ახლოს ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ასზე მეტი ცოლი ჰყავდაო. ეს უკვე ვეღარ დავიჯერე. მაშინ მისამართი ჩამაწერინა, თუ იქ მოხვდები, თვითონ ნახავო. ჰოდა, ერთხელ მართლა მომიწია იქით მოგზაურობა და რომ ვიკითხე, ის სოფელი ნახევარი საათის სავალზე აღმოჩნდა. ერთ-ერთ „ბირჟაზე“ მიმასწავლეს - იქით, სოფელში რაც სახლები ჩანს, სულ ეგენი არიანო. შამანი ყოფილა და სუსტ სქესში დიდი პოპულარობით სარგებლობდა: მართლა ასზე მეტი ცოლი ჰყოლია, სამასზე მეტი შვილი. 95 წლის მომკვდარა.

იქ ხვდები, რომ სულ სხვა ცივილიზაციაში მოხვდი. ხვდები ადამიანებს, რომელთაც ფეხსაცმელი არასდროს ცმიათ და მათი ტერფი ერთ დიდ ნიჩბის თავს დამსგავსებია; ან ესაუბრები კაცს, ვინც საკუთარი ასაკიც არ იცის (წერა-კითხვაზე ლაპარაკი ზედმეტია). თუმცა, მეორე დღეს შეიძლება შეხვდე პეტრომილიონერებს და სტადიონზე, რომელზეც ერთადერთი თეთრი მაყურებელი ხარ, ცოცხალ როჟე მილას გაესაუბრო. ეს კამერუნია, აფრიკის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო. იქ ცხოვრების სულ სხვა ტემპია. ხალხიც ასეთია, დუნე და ნელი, თუმცა თითქმის ყველა კეთილგანწყობილია. სულ გიჩნდება შეგრძნება, რომ გაყინულ დროში ცხოვრობ და ამით ისვენებ.

ხელზე საათი არავის უკეთია. ერთხელაც დავინტერესდი. ერთი საოცარი გამონათქვამი აქვთ და ასევე მიპასუხეს: „თქვენ, თეთრებს გაქვთ საათი და ჩვენ გვაქვს დრო“.

0x01 graphic

საქართველო

კოტე ყუბანეიშვილი
პოეტი

0x01 graphic

0x01 graphic

ალბათ ყველა ქართველი შემოდგომით ერთხელ მაინც ნამყოფია კახეთში. ჰოდა, წელს გოგა ხაინდრავასთან, მის პატარა შვილ მარიამთან და ჩემს მეუღლესთან, ნანასთან ერთად, სრულიად დაუგეგმავად აღმოვჩნდი სიღნაღში, თანაც როდესაც იქ ღვინის ფესტივალი ტარდებოდა. აზერბაიჯანის საზღვარზე, ჩვენი მეგობრის, რუსტამ იბრაგიმბეკოვის გასაცილებლად მივდიოდით, რომელიც ფესტივალ „საჩუქრის“ სტუმარი იყო და თავის მეგობრებთან ერთად, მანქანით კახეთის გავლით ბაქოში ბრუნდებოდა. ეს უნიკალური ქალაქი იმ დღეს განსაკუთრებით ლამაზი იყო. ვიწრო ქუჩაზე ორი მხრიდან ღვინის დიდი კასრები იდგა, რომლებზეც უბრალოდ თიხის დოქები, გუდის ყველი და მწვადი იყო. გარშემო კი, ჭიქებით ხელში, სიღნაღელები იდგნენ და გამვლელებს უგემრიელეს წითელ ღვინოს და მწვადს სთავაზობდნენ. აივნებიდან კახური ფარდაგები იყო გადმოფენილი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაც ფილმის გადაღებაზე მოვხვდი; მით უმეტეს, თან კინემატოგრაფისტები მახლდნენ.

რამდენიმე საათის შემდეგ მივხვდით, რომ წასვლის დროა და განსაკუთრებული კახური სითბოს და უგემრიელესი მასპინძლობის შემდეგ დავიძარით საზღვრისკენ, სადაც ჩვენი სტუმრებისთვის სპეციალურად ბაქოდან ჩამოსული მანქანა დაგვხვდა. იმპროვიზებული სუფრა პირდაპირ საზღვარზე გაიშალა. ჩვენ სტუმრებს კეთილი მგზავრობა ვუსურვეთ და ისევ მთელი კახეთის გავლით დავბრუნდით თბილისში.

მეორე დღეს კი, ისევ მე, გოგა და მარიამი წავედით რაჭაში, სადაც პოეზიის ფესტივალი ტარდებოდა. გამოვიდა, რომ სამ დღეში მთელი საქართველო შემოვიარე. ასეთი შთამბეჭდავი ჩემი არცერთი მოგზაურობა არ ყოფილა. თითქოს ეს ქვეყანა 55 წლის ასაკში პირველად გავიცანი. ადრე ეს ადგილები ფეხით მქონდა შემოვლილი, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად, მწიფე თვალით ვუყურებდი. საჩხერე, ჭიათურა გავიარე, მერე ზესტაფონში მოგვიწია დაბრუნება. ტყიბული, თერჯოლა... და რაჭაში ავედით. ეს მთები, შემოდგომა და სულ მწიფე, მწიფე ფერები.

შემეცოდა ეს ყველაფერი, რაღაცნაირად დავიწყებული, მიტოვებული მომეჩვენა. გადიხარ ულამაზეს კილომეტრებს და არავინ ამის დამნახავი არ არის. გული გწყდება. სულ ვფიქრობ, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, რა იქნება მერე? მგონი ამას, უბრალოდ, სიყვარული უნდა.

16 თავისუფლების დღიურები

▲back to top


რადიო თავისუფლება წარმოგიდგენთ
მექა ხანგოშვილი

0x01 graphic

22 ოქტომბერი, კვირა

ამთავითვე უნდა ვაღიარო, რომ ჩემი დღიურები ბოლომდე გულახდილი ვერ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის არაფერი იქნება ნათქვამი ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ - ამას ჩეჩნური ტრადიცია სასტიკად კრძალავს. და მე, როგორც ტრადიციების ერთგული დამცველი, ამ ძირძველ ტრადიციასაც არ ვღალატობ და თუ გავბედე და მეუღლე რამდენჯერმე ვახსენე, ეს მხოლოდ აუცილებლობა და ქართული კულტურის კეთილი გავლენა იქნება.

დღიურები ჩემი ცხოვრების ყოველდღიური და აუცილებელი ატრიბუტი იყო დაოჯახებამდე. გათხოვების შემდეგ, მხოლოდ გამორჩეული დღის ჩანიშვნას ვახერხებ. ჩეჩნეთის ომში ბევრი რამ დავკარგე. პირველი ომი რომ დაიწყო, გროზნოში ვცხოვრობდი და სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. ისე უცბად დაიწყო დაბომბვები, ცოცხლებმა ძლივს გამოვასწარით. დაკარგულ ნივთებში ყველაზე მეტად დღიურებმა დამწყვიტა გული, რომლებიც ჩემს უბედნიერეს და ულამაზეს სტუდენტურ წლებს მიცოცხლებდა.

დილის 5 საათზე ვდგები. დღეს მარხვის ბოლო დღეა. სანამ თეთრი და შავი ძაფის ერთმანეთისგან გარჩევას შეძლებდე, ე.ი. სანამ ცისკარი დადგებოდეს, ჭამა უნდა მოვასწროთ, რადგანაც საღამომდე, სანამ არ დაბინდდება, პირში წყლის წვეთის ჩაშვებაც არ შეიძლება. ეს მუსლიმანური მარხვის მკაცრი მოთხოვნაა.

6 საათსა და 30 წუთზე დილის ლოცვას ვასრულებ. შემდეგ ორშაბათისთვის სტუდენტებისთვის წასაკითხ ლექციას ვამზადებ. სულმოუთქმელად ვკითხულობ „ნორდოსტის“ ტრაგედიაზე ტოპოლის წიგნის - Роман о любви и терроре-ს - ბოლო ფურცლებს და ხვალინდელი დღისთვის მზადებას ვიწყებ.

ისე გაირბინა დღემ, ვერც კი შევამჩნიე. რვის ნახევარზე მარხვა გავხსენით. ახლა ახალ ამბებს უნდა ვუყურო ქართულ და რუსულ არხებზე. მართალია, ქართული ენა ოჯახში ჩემს გარდა არავის ესმის (მეუღლე ცოტ-ცოტას საუბრობს ქართულად, მაგრამ სიღრმისეულად მაინც არ ესმის), როცა სახლში ვარ, ტელევიზორი სულ ქართულ არხებზეა ჩართული. მეუღლე ყოველდღე, 8 საათზე, „იმედის“ არხზე გადამირთავს ტელევიზორს და მეძახის: მოდი, შენი ახალი ამბები იწყებაო. მაგრამ შემდეგ გულს მიღონებს, ყველაფერი მითარგმნეო.

აი, ახლაც, ახალი ამბები დაიწყო და განცვიფრებულები ვუყურებთ იმ კადრებს, სადაც რუსეთიდან დეპორტირებული ქართველები თვითმფრინავის საბარგულით ჩამოჰყავთ, და პროტესტის გრძნობა მახრჩობს. გოეთეს სიტყვები მამშვიდებს: „ხალხის შევიწროება შეიძლება, მაგრამ დამონება - არასოდეს.“ აკი თავისუფლებისმოყვარე ჩეჩნები ვერ დაიმონეს მიუხედავად იმისა, რომ ბარბაროსებმა არა მარტო შეავიწროვეს, გენოფონდიც გაუნადგურეს... მაგრამ ვერ დააჩოქეს და ვერც მებრძოლი სული ჩაუკლეს. მათ ომის პირველივე დღეებიდან ფარად აიტაცეს ჯოჰარ დუდაევის სიტყვები: Раб, не стремящийся освободиться от рабства, заслуживает двойного рабства. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ქართველი ხალხი შეუშინდება რუსეთის იმპერიის კარგად შეჩვეულ მუქარას და მეც მინდა, ისევ და ისევ დუდაევის სიტყვებით გავამხნევო ჩემი საქართველო: „არ გატყდეთ, არ იტიროთ, არ დაივიწყოთ!“

ერთ-ერთ რუსულ არხზე ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ვერსიებზე საუბრობდნენ. ანას სიკვდილი ჩემთვის მეხის გავარდნასავით იყო. მე და ანა მეგობრები ვიყავით და 2002 წლის სექტემბერში პანკისშიც მე წავიყვანე. მახსოვს, ჩვენს ეზოში ვისხედით, ანა მამაჩემს ესაუბრებოდა. ამ დროს პანკისის ცაზე სამხედრო ვერტმფრენმა გადაიფრინა. ჩემი 3 წლის ძმისშვილი ყვირილით გამოვარდა - ხელში ხისგან ნაკვეთი ავტომატი უჭირავს და ვერტმფრენს უმიზნებს, თან მიხსნის: „მამიდა, რუსები მოდიან!“ ანა ღიმილით მეუბნება: „ჩვენ გვესვრის, ხომ? ეს ხომ ჩვენი დანაშაულია, ჩვენ ვაიძულეთ ეს პატარა არსება, თუნდაც ხის თოფი აეღო ხელში...“ ასეთი სამართლიანი იყო ანა, მის შესაფასებლად სიტყვები არ მყოფნის. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ტყვია ვისაც არ უნდა ესროლა, ანასთვის კი არ უსვრიათ, არამედ თავისუფალ სიტყვას და სიმართლეს ესროლეს. ასეთი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, ალბათ, იმ არაკაც რამზან კადიროვსაც არ გაუჭირდებოდა, მაგრამ არაფრით არ მინდა დავიჯერო, რომ ასეა, რომ მისი სიცოცხლე, რომელიც ასე ჭირდებოდა პირველ რიგში ჩეჩენ ხალხს, სწორედ მათივე ხელით იქნა უგულებელყოფილი. ხვალინდელ „ქრონიკაში“ ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდება.

23 ოქტომბერი, ორშაბათი

დილის ექვსის ნახევარზე ვდგები. გათენებამდე ოჯახის ყველა წევრმა დაბანა უნდა მოვასწროთ. ეს რამადანის დამთავრების და ჩეჩნების ყველაზე საყვარელი დღესასწაულის - „იიდის“ აუცილებელი ატრიბუტია.

6 საათზე პირველი ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე. ეს მუჰამედია, მხცოვანი ჩეჩენი, რომელიც ომმა ლტოლვილად აქცია და პანკისში ჩამოიყვანა. ის დღევანდელ დღეს გვილოცავს ასე ადრიანად. ალბათ, უნდოდა, პირველი ყოფილიყო, მაგრამ პირველი ჩემი დისშვილი დაგმარი იყო, ჩემი უსაყვარლესი არსება, ვინც დღესასწაული დადგომისთანავე, როგორც კი საათი 12-ს გადავიდა, ბელგიიდან მოგვილოცა, სადაც მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ომის სისასტიკემ გადაისროლა.

მთელი დღე არ შემწყდარა სატელეფონო ზარები, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან რეკავენ ჩეჩნები, რომლებიც ამ უბედურმა დრომ მთელი დედამიწის მასშტაბით მიმოფანტა. მუდამ მაწვალებს ფიქრი იმაზე, თუ როდის დადგება ის დრო, როდესაც სამშობლოდან უსამართლოდ დევნილი ჩეჩნები საკუთარ კერას, წინაპართა ძვლებით გამძღარ და მათი სისხლით გაჟღენთილ მიწას დაუბრუნდებიან. მახსოვს, გასული საუკუნის 90-იან წლებში სირიაში, იორდანიასა და თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი მუჰაჯირების შთამომავლები თვალდაუხამხამებლად ჰყიდდნენ საკუთარ სიმდიდრეს, ხუთსართულიან ვილებს, უზარმაზარ მიწებს და, ნოსტალგიით გაწამებულები, წინაპართა სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

...12 საათზე სუფრა უკვე გაწყობილია და სტუმრებმაც უკვე ნელ-ნელა დაიწყეს მოსვლა. სამის ნახევარზე სახლიდან გავდივარ, 3 საათზე „კავკასიურ სახლში“ უნდა ვიყო - ოთხის ათ წუთზე ჩეჩნური ენის ლექცია მაქვს კავკასიოლოგიურ უნივერსიტეტში. ვიცი, ამ ლექციის გაცდენას რექტორი, ყურანის ქართულად მთარგმნელი, უაღრესად კეთილშობილი და დიდსულოვანი ადამიანი, გიორგი ლობჟანიძე, აუცილებლად მაპატიებდა, მაგრამ როგორ ვუღალატო იმ ორ ცქრიალა ქართველ გოგონას - მაკა ქადაგიშვილს და სოფო გოლეთიანს, რომლებიც ასეთი ენთუზიაზმით სწავლობენ ჩემს მშობლიურ ენას?

დიდი მონდომებით ვიწყებთ ლექციას, ჯერ გრამატიკაში ვაღრმავებთ ცოდნას, შემდეგ - ლიტერატურაში. „მამის ანდერძის“ ჩეჩნურ ვარიანტს ვკითხულობ და სტუდენტები ქართულად თარგმნიან. გული სიხარულით მევსება. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მალე ჩეჩნურ ენაზე ალაპარაკდებიან და საუკეთესო ექსპერტები გამოვლენ კავკასიის საკითხებში. ეს კი ნაირა გელაშვილის დამსახურებაა. ამ უნივერსიტეტის შექმნის იდეა ხომ მას ეკუთვნის.

თვალის დახამხამებაში გაირბინა ერთმა საათმა. კიბეზე ჩამოვდიოდი, ტელეფონმა რომ დარეკა. დედაჩემია, ჩემთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი ამ ქვეყანაზე. ნაღვლიანი ხმით მეუბნება, რომ ჩემი შვილის საფლავზე იყო გასული ბავშვებთან ერთად (ამ დღეს ქისტები ტკბილეულით საფლავზე გადიან). ჩემი სიყრმის შვილი, რომელიც დაბადებისას დაიღუპა, სამშობიაროდან პანკისში ჩაასვენეს ისე, რომ თვალითაც არ მინახავს. შარშან ამ დროს პაწია ქვით დამშვენებული საფლავი მოვინახულე, რომელზეც ერთი თარიღია დაბადებისაც და გარდაცვალებისაც: „იდიგოვა ხავა ომარის ასული, 2005 წელი.“

როგორც დედა მიყვება, მამიდაჩემს პაწია თეთრი ქვებით მორთული დაუხვედრებია მისთვის თავისი ძმისშვილიშვილის საფლავი. ეს ჩემი უსაყვარლესი და უბედური მამიდაა, ვინც სიცოცხლეშივე სასაფლაოზე დაიდო ბინა: მეუღლე, რომელთანაც მხოლოდ 3 წელი იცხოვრა, ძმები, ძმისშვილები... ბოლოს კი ერთადერთი ვაჟიც აქ დამარხა.

ჩემს ძმისშვილებს - 8 წლის ომარს და 6 წლის მუსლიმს - ყვავილები დაუკრეფიათ და პაწია მამიდაშვილის საფლავი შეუმკიათ. სასწაულია, საიდან მოაფიქრდათ?! მუსლიმანური წესით ეს ხომ იკრძალება! ალბათ, ქართულმა მიწამ ასე მოითხოვა - საქართველოზე უზომოდ შეყვარებული დედის შვილის საფლავი, ქართული წესით, ყვავილებით მორთულიყო.

...ფიქრმა გამიტაცა და ახლო წარსული გამახსენა. ჩაჩავას სახელობის სამშობიარო, ბლოკის კარებთან ატუზული თვალცრემლიანი, დევებივით ჩეჩნები. მაშინ მეც პირველად ვიტირე, ოღონდ უკვე მერე, როცა პალატაში შევედი და მარტო დავრჩი. ჩემი ცრემლები შვილს არ ეკუთვნოდა, ეს ხომ დიდი სირცხვილი იქნებოდა, პირველ რიგში, ღმერთის წინაშე, შემდეგ - საკუთარი სინდისის წინაშე და, ბოლოს, ძალიან ბევრი ჩეჩენი დედის წინაშეც, ვინც არაერთი შვილი დაკარგა ომში. ჩემი ცრემლები იმ პაწია ბარათებს ეკუთვნოდა, ჩეჩენმა ვაჟკაცებმა რომ მომწერეს და სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათთვის უპირველესი ჩემი სიცოცხლე იყო, რომელიც ღმერთმა შემინარჩუნა. ჩეჩნური ტრადიციით, მამაკაცებს სამშობიაროში მისვლა ეკრძალებათ. ჩემს შემთხვევაში ჩეჩნებმა ეს წესი დაარღვიეს და დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ ჩეჩნებში ქალის პატივისცემა ტრადიციაზე მაღლა დგას.

სახლში მოსულს ოჯახის წევრები ძალიან ნაღვლიანები დამხვდნენ: ჩემს მეუღლეს მამიდა გარდაცვლოდა... საოცრად ტრაგიკულია ჩეჩნების ბედი, სამძიმარზე წასვლის უფლებაც წაართვეს რუსებმა... მათი დასამშვიდებელი სიტყვებიც ვერ გამოვნახე, ერთადერთი - ტელევიზორი არ ჩამირთავს და ისინი საკუთარ ფიქრებთან დავტოვე.

0x01 graphic

24 ოქტომბერი,
სამშაბათი

ტატო ბარათაშვილისადმი მიძღვნილმა შოთა ჩანტლაძის ლექსმა წარმოდგენაში ის დრო გამიცოცხლა, როცა კნეინები წინანდლის ბაღში დასეირნობდნენ. განსაკუთრებით შემდეგი სტროფი მომწონს:

ვორონცოვისგან სიცბიერე
გამიკვირდება?
და ქალს ხომ ახლა იშვიათად
ნახავ პირიანს.
მაგრამ მინდა, რომ ვაღიარო,
ძმაო, პირდაპირ -
ჭავჭავაძისგან ეს ამბავი
გასაკვირია!

ჩემთვის ყოველი დილა პოეზიით იწყება. თუნდაც მრავალჯერ წაკითხული ერთი-ორი ლექსის წაკითხვა მხნეობას მმატებს და ცხოვრებას მილამაზებს. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ყველაზე საყვარელი ქართული პოეზიაა.

რამადანის დღესასწაული 3 დღე გრძელდება. სუფრა დილიდანვე გაშლილია, სტუმრებიც ნელ-ნელა მოდიან. კარებზე ისევ კაკუნია, ეს ჩეჩენი კაზბეკია, ქართველების სიძე. მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა, ის ამჟამადაც მეუღლის გარეშე მოვიდა და ჩემი საყვედურიც დაიმსახურა. ვერაფრით ვერ მოვაშლევინე ეს ჩეჩნური ხასიათი. მართალია, შექსპირი „რომეო და ჯულიეტაში“ გვასწავლის, რომ სიყვარულში საჭიროა ზომიერება, - მხოლოდ ასეთი სიყვარული გაძლებს ბოლომდეო - მაგრამ ჩეჩნებს ყველაფერი კრიტიკულ ზღვრამდე მიჰყავთ. მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხვევნა-კოცნის, მაგრამ ჩემს მეუღლეს ჩეჩნებმა რუსთაველზე ჩემთან ერთად გასეირნებაც კი ცოდვად ჩაუთვალეს. რას იზამ, ტრადიცია ტრადიციაა...

ისევ სამსახურში მივიჩქარი, გერმანელი ჟურნალისტი მელოდება ინტერვიუს ჩასაწერად. მიხარია, რომ მივასწარი, არ მინდა, ევროპელებმა რამეში გვაჯობონ, თუნდაც, პუნქტუალობაში!

სამსახურიდან ისევ სახლში მივრბივარ, სტუმრები მელოდებიან. სტუმრებს ჩემი ულამაზესი დაიკო ნონა და ცქრიალა მული ოქსანა ემსახურებიან. სასწრაფოდ ვლოცულობ (ამ რიტუალს დღეში ხუთჯერ ვასრულებ და ასე იქნება, სანამ პირში სული მიდგას, როგორც ჭეშმარიტ მუსლიმანს შეეფერება). ბოლო სტუმარი ბესლანია, ჩემი უსაყვარლესი ჩეჩენი. მასაც ვეჩხუბები, ცოლი თან რომ არ მოჰყავს, ის კი მეხუმრება, რომელი ცოლიო. „ძალიან ბევრი ცოლი გყავს? ვიცი, რომ ერთიც ძლივს შეგრთეს“ - ტოლს არ ვუდებ მე. ალბათ, პირველი ჩეჩენი ქალი ვარ, ვისაც ასეთი გულახდილი ურთიერთობა აქვს ჩეჩენ მამაკაცებთან და ისინიც ყოველთვის დიდი სიყვარულით მპასუხობენ. მაგრამ, თუ უსამართლობას წავაწყდები, ზღვარს გადავდივარ, ტრადიციასაც ვღალატობ, ასაკსაც არ ვეპუები და, თუ ღრმა მოხუცი არ არის, მეხივით დავატყდები თავს და ვაიძულებ, სიმართლის წინაშე ქედი მოიდრიკოს. დედაჩემს ეს ჩემი შეუპოვარი ხასიათი არ მოსწონს და სულ იმას მეხვეწება, არავის აწყენინოო, მაგრამ თან კარგად იცის, რომ ამ თვისებას ჩემში ვერ ჩაკლავს. მამა კი იცინის და ამბობს, აი, ამიტომ არ მიჰყავდა იმამ შამილს ომში დიშნელების სიძეები: საკუთარ ოჯახში ომი რომ აქვთ, ისიც ეყოფათო.

სამზარეულოდან ვუსმენ ახალ ამბებს, ვლოცულობ და ამ დღიურს ვწერ. უკვე ღამის სამი საათია. ძილის დროა. რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაკლია, ძილია. მაქსიმუმ ხუთი საათი თუ მძინავს დღე-ღამეში. მეზობლებს უკვირთ, რომ ჩემს სახლში შუქი ყველაზე გვიან ქრება, თუმცა, ისიც იციან, რომ ამ ოთხ უზარმაზარ კორპუსში ყველაზე სტუმრიანიც სწორედ ჩეჩნების ოჯახია.

25 ოქტომბერი,
ოთხშაბათი

დილის რვის ნახევარზე ვდგები, ვლოცულობ და საწერ მაგიდას ვესალმები, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს პაწია ბინაში. სანამ ოჯახის წევრები გაიღვიძებენ, სტუდენტებისთვის გადასაცემი მასალა უნდა მოვამზადო.

დღეს სამი შეხვედრა მაქვს. ერთი ლექციამდე და ორი - ლექციის შემდეგ. 12 საათზე სახლიდან გავდივარ, გაჩერებაზე ვდგები და სამარშრუტო ტაქსის ველოდები. მოპირდაპირე მხარეს ნაგვის ურნა დგას და ზედ დიდი ასოებით აწერია: „გთხოვთ, დახუროთ სახურავი!“ ურნას ნელ-ნელა უახლოვდება შუახნის ქალი, შიგ ნაგვით სავსე პარკს აგდებს... სულითა და გულით მინდა, სახურავი დაახუროს, მაგრამ ის, გველნაკბენივით, უკან ბრუნდება და მყვირალა წარწერას აინუნშიაც არ აგდებს. მინდა, დავუძახო და მივაბრუნო, მაგრამ თავს ვიკავებ და 10 ნომერ სამარშრუტო ტაქსიში ვჯდები. მთელი გზის გასწვრივ, ყოველ ათ მეტრში, ხეებზე და სინათლის ბოძებზე პაწია ნაგვის ურნებია მიმაგრებული, თანაც ძალიან შესამჩნევი ფერის - მკვეთრი მწვანე და ნარინჯისფერი. აგერ, ყმაწვილმა ურნას ჩაუარა და იქვე, ორ მეტრში დააგდო სიგარეტის ცარიელი კოლოფი. გული კიდევ უფრო ჩამწყდა. გვეშველება რამე?

კავკასიურ სახლში მისულს, მანანა ჭრელაშვილი უკვე იქ დამხვდა. მას ჩეჩნური ტექსტების ქართულად თარგმნაში ვეხმარები.

ოთხის ათ წუთზე ჩეჩნური ენის ლექცია იწყება. სოფო და მაკა, როგორც ყოველთვის, პუნქტუალურები არიან. სოფომ ჩეჩნეთის ჰიმნი წაიკითხა ზეპირად, ქართული აქცენტით, რომელიც ასე უხდება ჩეჩნურ ენას. ის დღე გამახსენდა, როცა მაკამ ურთულესი ლექსი წაიკითხა ჩეჩნურ ენაზე და ერთ-ერთ ჩეჩენს თვალები ცრემლებით აუვსო, ე.ი. კავკასიურმა უნივერსიტეტმა თავისი მისია ნაწილობრივ უკვე შეასრულა.

ლექციის მერე შევხვდი მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობების კაბინეტის მეთოდისტს, ნანა ბურკაძეს და კულტორგანიზატორს, ლელა გველესიანს. მთელი არსებით მივესალმები მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კავკასიური სახლის შექმნის იდეას და თბილისში მცხოვრები სხვადასხვა კავკასიელი ეთნოსებისთვის ქართული ენის სწავლების გეგმას. ასევე სიამოვნებით ვიღებ შემოთავაზებას, ერთ-ერთ კვირა დღეს მათს კაბინეტს ვესტუმრო.

სტუმრებს ვაცილებ და კარებთან ორი ულამაზესი გოგონა მელოდება. პანკისელი ქისტები არიან, ჩემი შორეული ნათესავები. ნაზი დაქიშვილმა საკმაოდ მაღალი ქულები მოაგროვა მისაღებ გამოცდებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მოიპოვა 30-პროცენტიანი გრანტი, იქ კი წლიური გადასახადი სამი ათასი ლარია. ამ თანხას მისი ოჯახი ვერაფრით ვერ გადაიხდის. გოგოებს აქვთ ინფორმაცია, რომ მაღალმთიან რეგიონებზე დამატებითი ლიმიტები გამოიყო და ჩემი დახმარება სჭირდებათ. მე, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ ვრეკავ განათლების სამინისტროში და ვაზუსტებ, რომ რეგიონიდან სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს გამგებლის შუამდგომლობა. გოგონებს ვარიგებ და ვემშვიდობები. ძალიან მინდა, რომ ნაზი სტუდენტი გახდეს. თუნდაც ერთი განათლებული ადამიანი პანკისის ხეობისთვის დიდი სიმდიდრეა. ბოლო 8 წელია, პანკისის ხეობის განათლების საქმეს ვემსახურები და მეამაყება, რომ ბევრი ქისტი ახალგაზრდის გადარჩენაში ჩემი წვლილი ძალიან დიდია. ისიც მიხარია, რომ ჩემი ხეობა ამ ამაგს მიფასებს.

ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ. ია მერკვილაძე ამერიკიდან მწერს, რომ „ახალი 7 დღე“ წავიკითხო. ჩეჩნების უფლებების დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიგზავნიან წერილებს და რეზოლუციებს.

0x01 graphic

26 ოქტომბერი,
ხუთშაბათი

დღეს დილით სიყრმის მეგობარმა, ნაირა ნარინდოშვილმა დამირეკა - უაღრესად ნიჭიერმა, კეთილშობილმა, პატრიოტმა, დიდსულოვანმა და ინტელექტით სავსე ადამიანმა. ისე გამახარა მისმა ხმამ, რომ ეს სიხარული მთელი დღე გამყვა. ამდენი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ერთი ხინჯი არასდროს ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში. აკი ამბობს ჩემი უსაყვარლესი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, მეგობრობა ისეთივე იშვიათი ნიჭია, როგორც პოეტობაო. ღრმად მწამს ამ შეგონების.

...ბაგების სტუდქალაქი - ჩვენი პაწია სტუდენტური ოთახი. მე ქისტურ გადანას ვხარშავ, ჩემი დაიკო (ჩეჩნურად ასე ვეძახით ერთმანეთს) ხელში გიტარით, თავისი უნაზესი, უტკბესი ხმით (სხვა ნიჭთან ერთად, მას სიმღერის უდიდესი ნიჭიც აქვს ღვთისგან მომადლებული) მიმღერის და მიმღერის:

შირაქის ველზე მივდივარ, უკან მაბრუნებს
ქარიო,
წინ შემეყარა პეპელა, წითლად უჩანდა მხარიო,
საყვარლის კაბას ვამსგავსე, ღმერთო, დამწერე
ჯვარიო!

ლამის სირბილით გავრბივარ სახლიდან, კავკასიურ სახლში ჩეჩენ ლტოლვილებთან შეხვედრა მაქვს დანიშნული. ეზო და სადარბაზო ნაგვით სავსეა. არ მახსოვს, ეს სამი წელი, რაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად, ჩემს გარდა ვინმეს დაეხვეტოს ეზო. ერთადერთი, ვინც თავისი ბინის წინა მონაკვეთს მაინც ჰგვის, ღრმად მოხუცებული ია დეიდაა. არც ქურთი მეეზოვისთვის ემეტებათ თვეში ერთი ლარი.

ფეხით მივუყვები გალაკტიონ ტაბიძის, ჩემი უსაყვარლესი პოეტის, სახელობის ქუჩას. შუახნის დარბაისელი ქალი მაჩერებს: „ქალბატონო მექა, რატომ არ გამოდიხართ ბოლო დროს ეთერში? რომ იცოდეთ, როგორ გვიყვარხართ მთელ ჩემს ოჯახსაც და მთელ საქართველოსაც. თქვენ რომ ეთერში გამოჩნდებით, ჩვენს ოჯახში ბუზის გაფრენის ხმა ისმის. ჩემი დედამთილი ეკრანზე გეფერებათ. აღფრთოვანებული ვართ თქვენი პატრიოტიზმით და ვაჟკაცური სულით...“ - კიდევ ათასნაირ ხოტბას მასხამს, რასაც ვერ დავწერ. რაც დავწერე, ისიც კადნიერება მგონია ჩემი მხრიდან.

მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღე მეორდება. სწორედ ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერება და ღვთისგან ბოძებული ფასდაუდებელი საჩუქარი. აი, ასე დამიბრუნა ღმერთმა ჩემი უკიდეგანო და უსაზღვრო სიყვარული ჩემი ძვირფასი სამშობლოს - საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.

მთელი ჩემი ბიბლიოთეკა გადავქექე ამ საღამოს და შოთა არაბულის „მტრების წუთისოფელს“ ვერ მივაგენი. ვინმეს ხომ არ ვათხოვე და არ დამიბრუნა? ეჭვი მღრღნის. ეს ჩემი უსაყვარლესი მოთხრობებია, მთის უკანასკნელი მოჰიკანების - ქისტი ელიმარძისა და ხევსური მანგიას ღირსეული მტრობისა და ძმობის შესახებ. მინდა, ეს მოთხრობა ყველამ წაიკითხოს, ამჟამად ჩემი სტუდენტებისთვის ვეძებ.

ჩემს მეუღლეს უკვირს, რომ ყველგან ჩემი წიგნებია: საძინებელშიც, მისაღებშიც... სამზარეულოს ერთი კარადაც წიგნებს უკავია. მაგრამ მეუღლე არ მსაყვედურობს - ესმის, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

მთელი დღე უშედეგოდ ველოდი გელა გელაშვილის ზარს... ე.ი. ბატონი გოგი ხარაძე არ მოვიდა, ვისზედაც ჩემი დისერტაციის ბედია დამოკიდებული.

0x01 graphic

27 ოქტომბერი, პარასკევი

დილით ჩემმა უსაყვარლესმა რძალმა ნესტანმა დამირეკა. ხვალ საღამოს სახლში იქნება ჩემს პაწია ძმისშვილ მანსურიკოსთან ერთად. ეს სახელი - მანსური - პაპამ დაარქვა ერთადერთი ძის მესამე ვაჟს და სწამს, რომ მისი შვილიშვილი შეიხ მანსურივით, ჩეჩნეთისა და დაღესტნის პირველი იმამივით, კარგი ვაჟკაცი გაიზრდება. ღმერთმა უსმინოს!

12 საათისთვის პანკისელ ქისტებს შევხვდი, რომელთაც მძიმე ავადმყოფი ჰყავთ და მისი საზღვარგარეთ წაყვანა უნდათ. რაც შემეძლო, ყველაფერი გავარკვიე: ბილეთის ფასი, რეისი. ერთადერთი, ვიზის პრობლემა დგას... ღმერთმა ქნას, მალე შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება და იქიდან ჯანმრთელად დაბრუნება. 5 საათზე ტელერადიოკომპანია „მირის“ რედაქციაში უნდა ვიყო შეხვედრაზე. ხუთის ნახევარზე ახლად გარემონტებულ მეტროს სადგურ „ისანში“ შევდივარ. რემონტი თვალს ახარებს. ესკალატორზე ფეხი შევდგი და ჰოი, საოცრებავ! პლასტიკით მოპირკეთებული გვირაბის კედლები მუშტებით და თითებით არის შენგრეული. ლამის გული გამისკდეს! ეს რა გვჭირს, ღმერთო, ნუთუ ასე ვაპირებთ ქვეყნის შენებას?! გუნება საშინლად წამიხდა. ვაგონში შევედი და ხალხის დაღონებულმა და დათრგუნულმა სახეებმა კიდევ უფრო დამამძიმა, ძლივს მივიტანე რედაქციის შენობამდე ჯერ პირადი და ახლა საერო პრობლემებით დამძიმებული და განადგურებული სული. შეხვედრის მიზანია, გაარკვიოს, რა მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.

საინტერესო დისკუსია გაიმართა, დიდი ყურადღება დაეთმო ჩეჩნეთის თემასაც. შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი შინ. №105 სამარშრუტო ტაქსიში ვჯდები, მძღოლს ჩეჩნური მუსიკა აქვს ჩართული. ყურებს არ ვუჯერებ, თან ძალიან მიხარია. საოცარი დამთხვევაა! როგორც მძღოლმა ამიხსნა, ჯარის მეგობარი ჩეჩენი ჰყოლია. თვალნაღვლიანი ამთავრებს საუბარს: „ნეტა, ცოცხალი თუა?“ მისმა განწყობამ ქართველი პოეტის სიტყვები გამახსენა:

ქრისტიანი ვარ, დაგლოცავთ,
შევბედავ ჩეჩნურ მეჩეთშიც,
ოღონდაც თავისუფლება
ქუხდეს ლომგულა ჩეჩნეთში!

ამაღლებულ გრძნობაზე ვარ. როგორ მინდა, ყველა ქართველს და ყველა ჩეჩენს ასე უყვარდეს ერთმანეთი! მწამს, რომ ასე იქნება.

სახლში მივედი, საღამოს ლოცვა შევასრულე და ახალი ამბების მოსასმენად მოვემზადე. კარებზე კაკუნია. ეს ჩემი მეუღლის მეგობარი, ქართველი რუსი ვიტალია, რომელიც ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს. ძალიან, ძალიან ვაფასებ ჩეჩნებში ამ თვისებას, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, რუსები არ სძულთ და მშვენივრად ესმით, რომ რუსი ხალხი აქ არაფერ შუაშია; რომ ყველა უბედურების დამტრიალებელი რუსული ისტებლიშმენტი და კრემლია...

მადლობა ღმერთს, ევროსაბჭომ, როგორც იქნა, თვალი გაახილა და დაინახა, რომ რუსეთში საშინლად ირღვევა ქართველების უფლებები და რომ თუკი რუსეთი თავის იმპერიულ ზრახვებს არ დაივიწყებს, თვითონვე გაუთხრის საფლავს საკუთარ იმპერიას.

28 ოქტომბერი, შაბათი

ცუდი სიზმარი ვნახე, შეშინებულს გამეღვიძა. ონკანის წყალს გავატანე საშინელი ზმანება. უკვე 7 საათია, ე.ი. ლოცვის დროც. ვილოცე და ისევ წამოვწექი (დღეს ხომ შაბათია!), მაგრამ არაფრით არ დამეძინა.

ხელში მომხვდა ცნობილი ჩეჩენი მწერლის აბუზარ აიდამიროვის რომანი „გრძელი ღამეები“, რომელიც მუჰაჯირების ტანჯვით და წამებით განვლილ გზაზე გვიამბობს. ის შორეული ეპოქა ჩემში დღევანდელ ჩეჩნეთთან ასოცირდება, ისტორიის საშინელი ფურცელი მერამდენედ განმეორდა.

ახლა ფიქრები მედინას მიწვდა, ჩემს უსაყვარლეს დაიკოს, რომლის მონატრებაც თითქმის ყოველდღე ტირის ჩემში. ტყუპებივით გავიზარდეთ, ზოდიაქოთიც ტყუპები ვართ ორივე და მხოლოდ ერთი წელი და ერთი კვირა გვაშორებს ერთმანეთს. ერთია, რომ ის ძალიან სათნო და მშვიდია, მე კი - ფიცხი და ფეთქებადი.

...იანვრის ცივი დილა იდგა. კიოლნიდან ბრიუსელში ჩქარი მატარებლით ჩავედი - იქ სიძე მელოდებოდა. შემდეგ მატარებლითვე გავემგზავრე ლებეკეში, სადაც ჩემი და ცხოვრობს თავისი ულამაზესი ოთხი შვილით და მეუღლით. ლებეკეს გაჩერებაზე ჩამოვედით და დავინახე, როგორ ქარივით მოქროდნენ ჩემი დაგმარი და აჰმედი. ღმერთო, რამხელები გაზრდილან... ახლა კიბის თავზე მდგარი, თოჯინასავით ლამაზი ბავშვი შევნიშნე. ვიფიქრე, ჩეჩნების გოგონა იქნება-მეთქი - ვიცოდი, რომ ჩემი დის მეზობლად ჩეჩნები ცხოვრობდნენ. „თოჯინა“ ჩემს დანახვაზე ტყვიასავით გავარდა და მალე დედასთან, ჩემს მედინასთან ერთად გამოჩნდა: ჩემი დისშვილი მუჰამედი ყოფილა, რომელიც იმ დღეს პირველად ვნახე.

არასდროს დამავიწყდება მედინას სიტყვები: ყველაზე მეტად საქართველო და დედა მენატრებაო. როგორ კარგად მესმის ჩემი დაიკოსი! უკვე ოთხი წელი ხდება, დედა არ უნახავს. მე სულ ორი კვირაა, დედას დავშორდი და უკვე უსაშველოდ მენატრება...

მექა ხანგოშვილის დღიურები
იბეჭდება შემოკლებით.

17 ცრემლიანი სათვალე

▲back to top


ნაწილი მეთოთხმეტე

გენერალური რეპეტიცია

1986

ავტორი: გიორგი გვახარია
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

ჰიჩკოკი წერდა, „სასპენსი“, ანუ დაძაბულობის ზრდა, თანმიმდევრული, აუჩქარებელი სვლაა ორგაზმისკენო. ეიზენშტეინიც დაახლოებით იგივეს წერდა „პოტიომკინზე“, სადაც ჯავშნოსანის ლულები სწორედ იმ დროს ამაღლდებიან, როცა რევოლუციონერთა ექსტაზი კულმინაციას აღწევს.

ჯერ გამაგრდებიან, მერე ამაღლდებიან.

ქვათა ამ ღაღადის შემდეგ, როცა ქვის ლომებსაც გადაედებათ ექსტაზი, ჯავშნოსანის „პუშკა“ გაისვრის! ბედნიერი მეზღვაურები ერთმანეთს გადაეხვევიან.

რევოლუციონერთა ამბორი იქამდე გაგრძელდება, სანამ ჯავშნოსანი საბოლოოდ არ ამოიფრქვევა.

მოკლედ, დაძაბულობის თანმიმდევრული ზრდა რევოლუციური ორგაზმის ფორმულაა. მისი ამოქმედება მაშინ იწყება, როცა მასებს „ძველებურად აღარ შეუძლიათ ცხოვრება“... ეს პროცესი ხშირად ხანგრძლივია და გაჭიანურებული, მაგრამ „სასპენსის“ მთელი სიტკბო ამაშია - სიამოვნება უნდა გაწელო!

ცოტა სასაცილოა ჰიჩკოკი და ეიზენშტეინი რომ წედნენ ამაზე. ხალხი ხომ ამბობს, სექსზე ბევრს ის ლაპარაკობს, ვისაც სექსი არ აქვსო. სექსუალური სასპენსის ნიუანსები ჰიჩმა მხოლოდ ქორწინების შემდეგ, 25 წლის ასაკში განიცადა. ეიზენმა კი აღიარა, რომ „პოტიომკინის“ გადაღების დროს, საერთოდ არ ჰქონდა სექსუალური გამოცდილება.

კინოს ისტორია სწორედ ასეთი ხალხის მიერ მოგონილი ფორმულებით შეიქმნა. ბევრი იკითხეს საუკუნის დასაწყისის ფსიქოანალიტიკოსთა, სექსოლოგთა ნაშრომები და დაასკვნეს - სიამოვნება თუ არ გაწელე, ექსტაზის ნეტარებას ვერასდროს იგრძნობო.

მაგრამ 1986 წელი - უკვე საუკუნის ბოლოა. დრო მართლა ფული ღირს და სწორედ ფული ენაცვლება იმას, რასაც ეიზენი და ჰიჩი „სიამოვნებას“ უწოდებენ. დასავლელ კაცს (და ქალს) დრო აღარ აქვს სხეულის ნეტარებისთვის. ყველაფერი სწრაფად ხდება. სისწრაფეს კი მოულოდნელობა ახლავს ხოლმე.

თუმცა რატომ მხოლოდ დასავლელ კაცს (და ქალს)?

ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ, რომელიც ცეკას სპეციალური დადგენილებით დაიწყო, მნიშვნელოვნად შეცვალა საბჭოთა ადამიანის ცხოვრების წესი. მაღაზიებს არყის გაყიდვა მხოლოდ 14 საათის შემდეგ შეეძლოთ, ისიც კაცზე მხოლოდ ერთი ბოთლის. რუსეთის ქალაქებში გასტრონომებთან უზარმაზარი რიგები დადგა. ფხიზელი ცხოვრების მოყვარულებს (არ ვიცი, თუკი მართლა არსებობდნენ ასეთები რუსეთში) გამდიდრების შანსი მიეცათ - ზოგი დაკავებულ რიგს ჰყიდდა, ზოგიც კი არყის ბოთლს, რომლის საყიდლად მინიმუმ 5 საათი უნდა მდგარიყო რიგში. გამდიდრდნენ ღამის ცვლაში მომუშავე ტაქსის მძღოლებიც - დილით მაღაზიასთან იდგნენ, ღამით კი სამმაგ ფასად ასაღებდნენ სიმწრით მოპოვებულ „სტოლიჩნის“. არყის გამოხდა არალეგალურად დაიწყო ბინებში, სარდაფებში, სხვენებზე… რაც დაუყოვნებლივ აისახა მაღაზიის დახლებზე - შაქარი აღარ იშოვებოდა.

თუმცა ეს მხოლოდ რუსეთში, თორემ ჩვენ ვინ გაგვიბედავდა შაქრის დეფიციტს! მართალია კახეთში ვიღაცეები ძალიან სწრაფად დამორჩილდნენ ქართული ცეკას ბრძანებას და ვენახის გაჩეხვა დაიწყეს, მართალია ზოგიერთმა სანიმუშო კომკავშირელმა უალკოჰოლო ქორწილიც მოიწყო, ერთი ბოთლი არყისთვის რიგში აბა რომელი ქართველი დადგებოდა?

ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ იმ კახელი გლეხის გარდა, რომელმაც იჩქარა და ვაზი გაჩეხა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კინემატოგრაფისტები დააზარალა; ქართული ფილმებიდან სასწრაფოდ ამოჭრეს „სუფრის სცენები“. არადა, აბა ვის გაუგია ქართული ფილმი სუფრისა და სადღეგრძელოს გარეშე? საერთოდ, საქართველო - სუფრისა და სადღეგრძელოს გარეშე?

0x01 graphic

არა... გამონაკლისები არსებობს. მე, მაგალითად... იმხანად არა იმდენად პურ-მარილის აკრძალვა, არამედ მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფა უფრო მაღელვებდა.

„გაგიჟდი? წვიმს. ქოლგის გარეშე როგორ გამოხვედი?“

ერთი მსუქანი ქალი ტელევიზიაში მემონტაჟედ მუშაობდა. იმან მითხრა ასე.

2 მაისი იყო. იმხანად უკვე ახალ გადაცემას ვამზადებდი პათეთიკურზე პათეთიკური სათაურით, რომელიც, არ მახსოვს, ვინ მოიგონა - „ამბავი ნამდვილი ადამიანებისა“. მგონი, რომელიღაც ცუდ საბჭოთა ფილმს ერქვა ასე. პრინციპში, „ამბავი ნამდვილი ადამიანებისა“ იგივე იყო, რაც „ილუზიონი“. ერთი განსხვავებით - პროგრამაში მხოლოდ საბჭოთა და კომუნისტური ბლოკის ქვეყნების ფილმები უნდა გვეჩვენებინა. ფილმს მეტ-ნაკლებად უნდა გაემართლებინა გადაცემის სახელწოდება - „ნამდვილ ადამიანებში“ იგულისხმებოდა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გმირი. „დადებითი“, ცხადია, საბჭოთა იდეოლოგთა გაგებით. თუმცა ანტიალკოჰოლური კამპანიისა არ იყოს, ქართველი ტელეჩინოვნიკები მაინცდამაინც არ იკლავდნენ თავს ნამდვილი ადამიანის ფორმულის დადგენაზე. ამიტომ, ამ პროგრამაში შეგეძლო გეჩვენებინა ყველაფერი, რასაც ისურვებდი.

Гласность... - არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს სიტყვა პირველად ტელევიზიის მაშინდელი შეფისგან, ნუგზარ ფოფხაძისგან გავიგე. ერთი მოსკოველი ჟურნალისტი დაინტერესდა ჩემი გადაცემით და ინტერვიუს ასაღებად, სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში. შეფმა დამიბარა (მგონი ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა), მითხრა, საბავშვო გადაცემებში უფრო მომწონხარ, ვიდრე კინოპროგრამებშიო და ეს გოგო - მომავალში ჩემი კარგი მეგობარი და ლეონიდ პარფიონოვის ცოლი, ლენა ჩეკალოვა გამაცნო. მაშინ თქვა სწორედ - Гласность... ფოფხაძემ მთლად გორბაჩოვს დაასწრო! ასეთი გადაცემები გვინდა, საჯაროდ უნდა განვიხილოთ თემებიო...

ჰოდა, მეც დავიწყე განხილვა.

2 მაისსაც გადაცემა მქონდა. მსუქანმა მემონტაჟე ქალმა ამიხსნა, რომ ქოლგის გარეშე წვიმაში სიარული არ შეიძლება. რადიაციული წვიმის წვეთებიაო. არადა, წინა დღეს, „ვრემიამ“ საპირველმაისო დემონსტრაციის კადრები აჩვენა კიევში. ჩერნობილის აფეთქებაზე რაღაც ჭორები დადიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კიეველმა დემონსტრანტებმა თქვეს: У нас, в Киеве, чистый воздух! საბჭოთა მოსახლეობა დამშვიდდა. წვიმაში ხალხი ისევ ქოლგების გარეშე გამოდიოდა.

რა არის, გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმაზე უკეთესი!

„ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას...“ - იწყევლებიან ამ ქართულ სიმღერაში. მაგრამ „მტრის რადიოსადგურებზე“ წყევლამ არ გაჭრა - „ამერიკის ხმა“, „ბიბისი“, „რადიო თავისუფლება“, დღე და ღამე ერთი და იგივეს იუწყებოდნენ - ჩერნობილის აფეთქება ჩვენი პლანეტისთვის შეიძლება კატასტროფით დასრულდეს.

გორბაჩოვს ჯერ კიდევ არ უხსენებია თავისი საყვარელი სიტყვები гласность და перестройка, მაგრამ „მტრის რადიოსადგურების“ მოსმენა უკვე ადვილად შეიძლებოდა. მე ჩემი მეთოდი მქონდა - რადიოს ანტენას რადიატორს მივადებდი ხოლმე და ის აუტანელი „კაგებეშნიკური ბანები“ ეგრევე ქრებოდა. წკრიალა ხმები იუწყებოდნენ, რომ ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის მიზეზი თანამშრომელთა დაუდევრობა იყო.

ვიღაცას, შესაძლებელია, არყის რიგის დასაკავებლად გასტრონომში ეჩქარებოდა. ვიღაცას კი უბრალოდ მობეზრდა დაჟანგულ რეაქტორთან ბრძოლა და ხელი ჩაიქნია, ამის დედაც, რაც იქნება, იქნებაო.

მაგრამ ჩემი კოლეგები, ეტყობა, დასავლურ რადიოსადგურებს არ უსმენდნენ. კინემატოგრაფისტებს უფრო „სუფრის“ ამბავი აწუხებდათ. რა უნდა ექნათ ახლა? როგორ უნდა გარდაექმნათ, მაგალითად, ქართული კომედიის სტილი? ვის გაეცინებოდა ფილმზე, თუკი მის გმირებს შორის მთვრალი მღვდელი არ იქნებოდა? როგორ უნდა გამოგვეწვია მაყურებელში კმაყოფილების, ბედნიერების განცდა, თუკი ქართული ფილმი დიდი ქორწილით, ანუ პურმარილით არ დამთავრდებოდა? თუკი ფინალში ჩვენებურ ”მრავალჟამიერს” არ შემოსძახებდნენ?

კინოშნიკებმა ამაზე ბევრი იმსჯელეს ყრილობაზე, რომელიც სწორედ იმ დროს გაიმართა, როცა თბილისში უკვე „რადიაციულად წვიმდა“... როცა „ახალგაზრდა კომუნისტმა“ დაბეჭდა ჩემი სტატია „ოცნება მშვიდობიან ბრძოლაზე“, რომელშიც ახალგაზრდა რეჟისორებს ვეხვეწებოდი, გაინძერით ცოტა, მამების ტირაჟირებას ნუ ეწევით, გააკეთეთ რამე ახალი, გვითხარით, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

მეორე დღეს ეს ახალგაზრდა რეჟისორები კინოსტუდიაში დაიბარეს და ჩემს წინააღმდეგ უშველებელი პასკვილი დააწერინეს. „ოცნება მშვიდობიან ბრძოლაზე“ - „პროვოკაციად“ მონათლეს. საოცარი წერილი იყო! ახალგაზრდა რეჟისორები ამტკიცებდნენ, რომ მონობა კარგია და რომ არ უნდათ თავისუფლება. აი, ამაზე აწერდნენ ხელს.

მერე ყრილობაზეც გამოვიდნენ სიტყვით და „მამებს“ სიყვარული აუხსნეს.

У нас, в Киеве, Чистый воздух! - აი, ამ რიტორიკას ჰგავდა ეს ყველაფერი.

თამრიკო დულარიძემ, რომელიც იმხანად ჩვენს კინოსტუდიაში მხატვრული ფილმის გადასაღებად მოსკოვიდან მოიწვიეს, ერთად შეყრილი ეს ახალგაზრდა რეჟისორები როცა დაინახა, თავი ვერ შეიკავა და შემოსძახა: „მონებო... ეს რაზე მოაწერეთ ხელი?“

მეორე დღეს კინოსტუდიამ სცენარის წარმოებაში ჩაშვებაზე უარი უთხრა და მოსკოვში გააბრძანა.

საქართველოდან „გაბრძანება“ დაემუქრა სერგო ფარაჯანოვსაც, როცა გაირკვა, რომ „სურამის ციხის“ ავტორმა (ფილმი სწორედ იმ წელს გამოვიდა ეკრანებზე), „შუშანიკის“ გადაღება მოინდომა. ყრილობაზე ტრიბუნასთან სოფიკო ჭიაურელი ავიდა და ძალიან მორიდებულად, თითქმის ხმის კანკალით თქვა: „რა მოხდა, ფარაჯანოვს „შუშანიკის“ გადაღების უფლება რომ მივცეთ?“ დარბაზმა იქუხა: „არა, არა... გაასომხებს! არ შეიძლება“.

0x01 graphic

აქ ისევ თამრიკო დულარიძემ აურია ყველაფერი. „თუკი ქართველ რეჟისორს შეუძლია გადაიღოს სერვანტესის „დონ-კიხოტი“, რატომ არ შეუძლია ფარაჯანოვს გადაიღოს „შუშანიკის წამება“, რომლის გმირი, სხვათა შორის, სომეხია?“

აუ, რა ატყდა? ჩემი „ოცნება მშვიდობიან ბრძოლაზე“ ვისღა ახსოვდა. იმდენად დაავიწყდათ, რომ მოსკოვში, კინემატოგრაფისტთა საკავშირო ყრილობის დელეგატადაც კი ამირჩიეს.

ახლა კი განსაკუთრებულ ყურადღებას გთხოვ, ჩემო საყვარელო მკითხველო. რადგანაც ამბავი, რომელსაც გიამბობ, ამტკიცებს, რომ ჰიჩი და ეიზენი ძალიან ცდებოდნენ - ორგაზმს არანაირი შემზადება არ ჭირდება. ეაკულაცია შესაძლებელია მოულოდნელად მოხდეს... ისე, პატარა ბიჭებს რომ ემართებათ ხოლმე.

ყრილობის დელეგატად არჩევამ ძალიან გამახარა. ვიცოდი, რომ კრემლში, სადაც ასეთი ყრილობები ეწყობოდა ხოლმე, ძალიან მაგარი წიგნების მაღაზია იყო და პირველად მომეცა შანსი, მცირე ტირაჟით გამოსული ლიტერატურა არა სპეკულანტებთან, არამედ საბჭოთა მაღაზიაში შემეძინა. გარდა ამისა, ხმები დაირხა, მოსკოვში დიდი ამბები ხდება, ყრილობის დელეგატებს შორის ვერ მოხვდნენ კინოკავშირის პირველი მდივანი კულიჯანოვი და იმ დროის საბჭოთა კინოს მთავარი მაფიოზი სერგეი ბონდარჩუკიო... რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ ცენტრალური კომიტეტი შემოქმედებითი კავშირების მუშაობაში აღარ ერეოდა; რომ ყრილობაზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლებოდა მომხდარიყო.

მაგრამ „სასპენსის“ მოლოდინი თავიდანვე ჩაკვდა, როცა დელეგატები დაგვამწკრივეს და ყრილობის გახსნის წინ, ლენინის მავზოლეუმში წაგვიყვანეს.

ურიგოდ შეგვიყვანეს, რა თქმა უნდა!

„რადიატორზე“ მიდებული რადიომიმღებიდან მქონდა ინფორმაცია, რომ ლენინს კატასტროფული ტემპით ეზრდებოდა ფრჩხილები, რომელსაც „სპეციალისტები“ ყოველდღე აჭრიდნენ და რომ მარცხენა ხელი უმოკლდებოდა... ჰოდა, რატომ არ უნდა მენახა ვითომ ეს მუმია, რომელიც საბჭოეთისთვის ღმერთის ჩანაცვლების ტოლფასი იყო, რატომ უნდა მეთქვა უარი კვაზიღმერთის ურიგოდ ნახვაზე?

ლენინის ბალზამირებული სხეულის ხილვამ ჩემი კოლეგა, მარინა კერესელიძე ისე დააბნია, რომ ინსტინქტურად გადაიწერა პირჯვარი. უწვერულვაშო საბჭოთა ჯარისკაცმა, რომელსაც მუმიის დაცვა ევალებოდა, ეგრევე დაუღრინა. ეს „პირჯვარი“, ალბათ, თავდაცვითი ინსტინქტი უფრო იყო - „ღმერთო, არ გამეცინოს, ღმერთო, არ გამეცინოს!“... - დააახლოებით, ასეთი „გოდებით“. მე სხვა ხერხს მივმართე - ტუჩის მოკვნეტა დავიწყე. იმდენად კარგად გამომივიდა, რომ უწვერულვაშო ჯარისკაცმა იფიქრა, ახლა არ ატირდეს ეს კაციო და მარინას თვალთვალი ჩემზე გადამოიტანა.

მოკლედ, გადავრჩით. კრემლშიც შეგვიშვეს, წიგნებიც გვაყიდინეს და აქაურ ბუფეტში, გროშ-კაპიკებად ხიზილალის ბუტერბროდებიც მოგვყიდეს.

ქართველებს, რა თქმა უნდა, დაგვეზარა ყრილობის დელეგატთა მოხსენებების მოსმენა. ასე, ვისხედით კრემლის ბუფეტში, თითქმის მთელი დელეგაცია და ჩვენი კინოს პერსპექტივებზე ვსაუბრობდით. იმ ახალგაზრდებმა, კოლექტიურ წერილს რომ მოაწერინეს ხელი ჩემს წინააღმდეგ, გული გადამიშალეს - რა უნდა გვექნა, ფილმი უნდა ჩავუშვათ წარმოებაში, მაგ წერილზე ხელი რომ არ მოგვეწერა, გადაღების უფლებას აღარ მოგვცემდნენ, არადა ყველაფერში მართალი ხარო. აქაურ „ბუფეტშჩიცასაც“ დავუმეგობრდით - კომპლიმენტებით გაგვავსო, მიყვარს ქართული კინო, რაღაცნაირი, გულუბრყვილო გმირები გყავთო.

მოულოდნელად ბუფეტში კორა წერეთელი შემოვარდა - კინომცოდნე, რომელიც, თუ არ ვცდები ერთადერთი ქართველი იყო, ვისაც კრემლის ყრილობათა სასახლის დარბაზში ჯდომა არ დაეზარა.

- ხალხო, რა დროს ხიზილალა და ყავაა? ამოდით ჩქარა, თქვენ არ იცით, რა ხდება დარბაზში. აქ რევოლუციაა, ნამდვილი რევოლუცია!

ხიზილალას სწრაფად მოვუღეთ ბოლო და კორას გავყევით. ხმაური დერეფანშიც კი ისმოდა.

სხვათა შორის, მოგვიანებით გაირკვა, რომ საბჭოთა კინემატოგრაფისტთა ამბოხება ანტიალკოჰოლური კამპანიის გამო დაიწყო. 1986 წელს საბჭოთა ტელემაყურებელი პირველად შეხვდა ახალ წელს რიაზანოვის „ბედის ირონიის“ გარეშე. ამ პოპულარულ ფილმში „სუფრის სცენას“ ვერავინ ამოჭრიდა, რადგან, მოგეხსენებათ, ყველაფერი აქ „არყის გარშემო“ ხდება.

მაგრამ „ალკოჰოლური ცენზურის“ დაგმობა მოულოდნელად სხვა რამეში გადაიზარდა; ვიღაცამ ტარკოვსკის რეაბილიტაცია მოითხოვა, ვიღაცამ გენერალი-კინორეჟისორებისთვის ძალაუფლების წართმევა, ვიღაცამ თენგიზ აბულაძის „მონანიების“ პრემიერა... ბოლოს კი ის საბჭოთა ფილმები გაიხსენეს, რომლებიც კაგებემ ჯერ კიდევ 20 წლის წინ შემოდო თაროზე.

„მგონი ახლა ყველას დაგვიჭერენ!“ - ვიფიქრე და თვალი გავაყოლე ჩვენი კინემატოგრაფისტების დელეგაციას, იმ ახალგაზრდა რეჟისორებს, რუსი „ტურებისა და აფთრების“ ამბოხებამაც კი რომ არ გამოაფხიზლა. ისინი კვლავაც ამთქნარებდნენ დარბაზში და ვერ ხვდებოდნენ, რომ ახლა, მათ თვალწინ, კრემლში სახელმწიფო გადატრიალება ეწყობოდა; ვერ ხვდებოდნენ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფისტთა ეს ყრილობა კომუნიზმის დანგრევის გენერალური რეპეტიცია იყო.

სიტყვის თავისუფლება სასიამოვნო რამეა... არ ჩერდები, სიტყვებს ეთამაშები, შენს ხმას უსმენ და ბედნიერი ხარ - რა კარგია, როცა ყველაფრის თქმა შეგიძლია! კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა არა მარტო გესმის შენი ხმა, არამედ ხედავ აუდიტორიის გაბრწყინებულ სახეებს, შენი თავისუფალი სიტყვის ერთგვარ აკომპანემენტს. ესეც „სასპენსის“ ფორმაა - შენი სიტყვებით ნელ-ნელა ექსტაზში შედიხარ და გრძნობ, რაოდენ წარმატებით შეგიძლია დაეუფლო დიდ სივრცეს, უზარმაზარ აუდიტორიას, ხალხს თავისუფალი სიტყვის ნეტარება გადასდო.

მაგრამ ეფექტი უფრო ძლიერია მაშინ, როცა თავისუფალი სიტყვა უცაბედად აჟღერდება, როცა გაჭიანურებულ და არაფრისმთქმელ მონოლოგში მოულოდნელად გაისმის სიმართლე.

სანამ ქართველი კინემატოგრაფისტები ამთქნარებდნენ, რუსებმა კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველ მდივნად იმხანად აკრძალული ფილმის, „აგონიას“ ავტორი, ელემ კლიმოვი აირჩიეს.

მეორე დღეს „მტრის რადიოსადგურები“ იუწყებოდნენ, კომუნისტური კინოს „ტიტანიკი“ ჩაიძირა, საბჭოთა კავშირში რევოლუცია დაიწყოო.

0x01 graphic

საბჭოთა პრესა, რა თქმა უნდა, დუმდა. ყრილობის მასალები დიდხანს არ ქვეყნდებოდა. თბილისში როცა დავბრუნდი, ტელევიზიაში მითხრეს, მართალია მაგ ყრილობაზე სტალინი გალანძღეს და ქართველები „სტალინიზმში“ დაგვადანაშაულესო?

აი, ასეთი ინფორმაცია ჩამოიტანა ვიღაცამ მოსკოვიდან. ასე გაიგეს ჩვენში „პერესტროიკა“ და „გლასნოსტ“ - სტალინიზმის კრიტიკა, როგორც ქართველთა დამცირების ახალი მოდელი. ამიტომაცაა, რომ საქართველო ფაქტობრივად გაემიჯნა მოსკოვში მიმდინარე რეფორმებს.

იქ ჩქარობდნენ. ჩვენ კი ძალიან, ძალიან გვეზარებოდა ბრძოლა. ჩვენ ისევ ვამთქნარებდით. ისევ ვლივლივებდით ქართულ-საბჭოთა „ტიტანიკში“, რომელიც ნელ-ნელა არა... უკვე ნამდვილად იძირებოდა!

სამგზავრო გემი „ადმირალ ნახიმოვი“ 1925 წელს, გერმანიაში ააგეს. გერმანელებმა მას „ბერლინი“ დაარქვეს და ერთხანს ამაყობდნენ კიდეც ამ კომფორტულზე კომფორტული საოცრებით. ომის შემდეგ, „ბერლინი“ საბჭოთა კავშირს ერგო. „ადმირალ ნახიმოვი“ საერთაშორისო კრუიზებში გაუშვეს. მერე, როცა ხომალდი მოძველდა, შავ ზღვაზე მოისროლეს და საბჭოთა ტურისტების გართობის ცენტრად აქციეს.

ოდესა - იალტა - ნოვოროსიისკი - სოჭი - სოხუმი - ბათუმი... და უკან!

ეს იყო ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქისთვის საოცნებო კრუიზი, რომელიც საშუალებას გაძლევდა:

1. შეგეძინა დეფიციტური „შმოტკები“ ოდესის ბაზარზე, ეგრეთ წოდებულ „ტოლკუჩკაზე“;

2. გაგესინჯა იალტის განუმეორებელი „გლიასე“;

3. საკუთარი თვალით გენახა საბჭოთა პროსტიტუტკების ბირჟა სოჭში, ლენინის ძეგლთან („ბაბა ლენა“ ერქვა ამ ადგილს);

4. გეგრძნო სოხუმის ყავახანის სურნელი;

5. მიახლოვებოდი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვარს ბათუმში და გაგეცნობიერებინა, რომ ამ პლანეტაზე მარტო არა ხარ.

გემზე აღარაფერს ვამბობ. აქ მოწყენა შეუძლებელი იყო.

ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ მხოლოდ ცოტა ხნით დააზარალა საზღვაო ტურიზმი. სპეციალური დადგენილებით, საზღვაო ხომალდებს უფლება მისცეს, ალკოჰოლი „შეზღუდული რაოდენობით“ გაეყიდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა კანონები გემებზე აღარ მოქმედებდა. აქ, ჩვენს მოქალაქეებს მართლაც „ლივლივის“ გრძნობა უნდა დაუფლებოდათ.

შავი ზღვის კრუიზის ერთადერთ, არცთუ ისე სასიამოვნო გაჩერებად ქალაქი ნოვოროსიისკი ითვლებოდა. არაფერი იყო ამ ქალაქში - არც „გლიასე“, არც „ტოლკუჩკა“... ლენინის ძეგლი იდგა, მაგრამ პროსტიტუტკები სადღაც სხვაგან იკრიბებოდნენ.

1986 წლის 31 აგვისტოს „ადმირალ ნახიმოვი“ ნოვოროსიისკიდან სოჭისკენ სულ სიმღერ-სიმღერით გავიდა. აქაურ დისკო-ბარ „ვარნაში“ ალა პუგაჩოვას ახალ დისკს უკრავდნენ. რესტორანში, მაღაროელის დღესთან დაკავშირებით, კონცერტი ეწყობოდა. „ადმირალ ნახიმოვის“ კინოთეატრებში ფილმების ჩვენება დაიწყო - ერთ დარბაზში ეტორე სკოლას „მეჯლისს“ უჩვენებდნენ (ღმერთო, რა საშინელი ფილმია!), მეორეში აზერბაიჯანელი რეჟისორის, რასიმ ისმაილოვის ჰეროიკულ დრამას „მიყვარდით ცხოვრებაზე მეტად“ ქართველი მსახიობის, ბადრი კობახიძის მონაწილეობით.

მგზავრებმა იცოდნენ, რომ ეს იყო „ადმირალ ნახიმოვის“ უკანასკნელი რეისი, საზღვაო ტური, სახელწოდებით „1986 წლის ზაფხულთან გამომშვიდობება”... რეისის დასრულებისთანავე, ეს დანჯღრეული გემი უნდა დაეშალათ.

მაგრამ „ადმირალ ნახიმოვის“ 1200 მგზავრს ნჯღრევა არ უგრძვნია. მშვენიერი ამინდი იყო და ყველას უხაროდა ცხოვრება.

საზღვაო ხომალდი ნოვოროსიისკის პორტიდან 22 საათზე გავიდა. დაახლოებით ერთ საათში, „ადმირალ ნახიმოვის“ მიმართულებით სატვირთო გემი წამოვიდა. შეჩერება ვერცერთმა მხარემ ვერ მოასწრო. შეჯახებიდან 7 წუთის შემდეგ, „ადმირალ ნახიმოვი“ ფსკერზე დაეშვა. იმ ღამეს, ნოვოროსიისკის ყურეში, „ადმირალ ნახიმოვის“ 433 მგზავრი დაიღუპა.

ავარიის მიზეზად ისევ სიჩქარე და დაუდევრობა გამოცხადდა. „ადმირალ ნახიმოვს“ სოჭში, „ბაბა ლენას“ ქალაქში წასვლა ეჩქარებოდა, სატვირთო ხომალდს კი - ნოვოროსიისკში ხორბლის გადმოტვირთვა.

ჩერნობილის ავარიისგან განსხვავებით, „ადმირალ ნახიმოვის“ ჩაძირვის ამბავი არა „მტრის რადიოსადგურებმა“, არამედ საბჭოთა ტელევიზიამ გამოაცხადა.

კატასტროფის კადრების ხილვამ რაღაც ახალი გრძნობა დაბადა საბჭოთა მოქალაქეში. აქამდე ასეთი კადრები მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებში გვენახა... ახლა კი აღმოჩნდა, რომ ხიფათი არც ისე შორსაა. ყველაფერი ეს აქ მოხდა, ჩვენს სივრცეში, „ჩვენნაირ ხალხს“ დაემართა. აღმოჩნდა, რომ ერთ წამში შეიძლება ბედნიერად იგრძნო თავი იმით, რომ ზედმეტი ალკოჰოლი მოგყიდეს; იმით, რომ სასურველ გოგოსთან ერთად პუგაჩოვას „მაესტროზე“ ცეკვავ... მეორე წამში კი, მოულოდნელად, შეიძლება ზღვის ფსკერზე ამოჰყო თავი. აღმოჩნდა, რომ ოდესმე შეიძლება მოულოდნელად მოკვდე!

„ადმირალ ნახიმოვის“ კატასტროფის ამ კადრებმა დაჩრდილა ყველაფერი, რაც 1986 წლის ტელევიზიამ გადმოსცა - პირველ რიგში, გორბაჩოვის განცხადება ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შესახებ, სახაროვის გათავისუფლება, ახალი გადაცემის „პროჟექტორ პერესტროიკის“ სიუჟეტები.

მოდით ვაღიაროთ, რომ გვიყვარს კატასტროფის ხილვა! რაღაც ხდება ჩვენში, როცა რბილ სავარძლებში ვართ ჩაფლულნი, ჩაის მივირთმევთ, ეკრანზე კი რაღაცის ნგრევას უჩვენებენ.

მოდით ვაღიაროთ, რომ სწორედ ასე შევცქეროდით ყველაფერს, რაც იმხანად საბჭოთა კავშირში ხდებოდა. მოგვწონდა, გვაინტერესებდა, მაგრამ მონაწილეობას არ ვიღებდით. ჩვენ ეს არ გვეხებოდა. ჩვენთან არაყზე რიგები არ იდგა და შაქარიც იშოვებოდა. ნამდვილ, ქართულ ქორწილებსა და ქელეხებსაც ვაწყობდით - სადღეგრძელოთი, კახური ღვინით და ჩვენებური „მრავალჟამიერით“.

У нас, в Тбилиси, чистый воздух!

0x01 graphic

18 პირადი ენციკლოპედია

▲back to top


ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

შელიზ კორნერ

- ეს კაფე ვაშინგტონშია. ძალიან სხვაგვარი ადგილია და თუ ერთხელ მოხვდი, აუცილებლად დაგამახსოვრდება. კედელზე თავად შელის ფოტოებიც ჰკიდია.

ვინ იყო ეს შელი, არ ვიცი. იერით ებრაელი კაცი, შლაპით და ძველი კინოების სამოსით, ტანით - პატარა.

იქ მე და რეზიკო ასისამ მიგვიყვანა. კაი საღამო ჩამოდგა და იმ დღეს სტუდენტური კალათბურთის ფინალი იყო. სტუდენტური კალათბურთის ფინალი კიდევ, ო-ჰო-ჰო, რა სერიოზული ამბავია. ახლა ვფიქრობ, რას შევადარო, რომ მისი სახალხო მნიშვნელობა გასაგები გახდეს, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი მოვიფიქრე.

მეორე გუნდი არ მახსოვს, მაგრამ ერთი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გუნდი იყო, რომელიც ჩემპიონი გახდა. ვაშინგტონელებისთვის კი ჯორჯთაუნი ყველაზე მშობლიური გუნდია. ამიტომ, შელის კორნერში უამრავი ხალხი იყო და შინაურ სტუდენტობას ქომაგობდა.

როგორც ჩანს, შელის სიგარები უყვარდა და ეს კაფე რომ დააარსა, სიგარების მოყვარე ხალხის ამბავი გაითვალისწინა. სხვა ადგილი არც მინახავს, სიგარის სუნით ამგვარად რომ ყოფილიყო გაჯერებული - ამერიკის დედაქალაქში, თამაბაქოს აკრძალვის მთლად გულში.

ამ კაფეში სიგარების მენიუ ასჯერ უფრო სქელია, ვედრე კერძებისა.

ბრაზილიურიო, ტრინიდადულიო... რა ვიცი, საიდან აღარ მოუტანიათ.

თუმცა იქავე იტალიური ღვინოც ტკბილად მოიპოვება, მთლად ჩვენებური თეთრის მსგავსი.

მაშინ ვაშინგტონში გვარიანად ციოდა.

საერთოდ, კიდევ, ასეთი თბილი ადგილი იშვიათად მინახავს. სინათლეც ისეთი თბილი იყო, რომ ძველი რაღაცნაირობით გაჯერებული წიგნები გაგახსენდებოდა. ასეთ ადგილას მთავარი რა არის? ის, რაც დუქნის კარს მიღმაა, უნდა გაქრეს, დაგავიწყდეს, სადღაც წავიდეს. მგონი მივხვდი, როგორი იყო ძველი ამერიკა. იმ შელიმ იცოდა.

0x01 graphic

დანანებული ნივთები

- ერთხელ ლონდონში, ჩიზიკის უბანში სიძველეების დუქანში შევბოდიალდი. ფული კი არა მქონდა, მაგრამ მაინც. მე თუ მკითხავ, სიძვლეების დუქნები ხშირად მუზეუმებსაც ჯობია. რა თქმა უნდა, იქ ვან გოგს ვერ გადააწყდები, მაგრამ ათიათას საინტერესო რამეს კი იპოვი: ზოგჯერ ისეთს, რომ სხვაგან ვერსად იქნებოდა.

სიძველეთა დუქნებში ერთი საოცარი ეშმაკობაა ჩადებული: მათ კართან რომ გაჩერდები და შეიჭყიტავ, გგონია, რომ დუქანი პატარაა, შიგ შესული კი მალევე იმდენ გასასვლელს, კიბესა და დარბაზს აღმოაჩენ, რომ დუქანი კი არა, ქარვასლა შეგრჩება ხელში.

მოკლედ, ერთ-ორ საათს სრულიად დაუნანებლად გაატარებ იქ.

ჯერ მარტო ღია ბარათებს თვალიერება არ უნდა? ანდა ძველ ტელეფონებს, ანდა თამბაქოს მოწყობილობას, თაროებს და ყუთებს, სკამებსაც კი...

ჰოდა, შევედი. დუქანს „ძველი კინო“ ერქვა.

იქ ორი რაღაც ვნახე, რომელთა ყიდვაც ძალიან მომინდა.

ოღონდ საქმე ისე გამოვიდა, რომ როცა ჯიბეში ფული მქონდა, ვეღარ მივედი.

ერთი იყო, ჩემი ანგარიშით, ასე, ორასორმოცდაათზე მეტი წლის გრავიურა, თუმცა სადაური - ვერ მოგახსენებთ. ზედ მხოლოდ ლათინურად ეწერა. გრავიურა დიდი არ ყოფილა და ჩარჩოშიც ჩაესვათ, ოღონდ სულმთლად გაყვითლებული იყო - მეტი რომ არ შეიძლება, ისე. ჩარჩოდან და მინიდან რომ ამოგეღოთ, იმწამსვე დაიშლებოდა და დაიფერფლებოდა.

ამ გრავიურაზე გამოსახული იყო დონ კიხოტი, თუ არ ვცდები, ფუნდუკის კართან: სრულ სარაინდო აბჯარში, მთელი სერიოზულობით, ყოველგვარი კომიკურობის და თავზე საპარსი ჯამის გარეშე.

ძალიან შთამბეჭდავი აბჯარი ემოსა და დაკეტილ კარს დაძაბული სახით შესცქეროდა. ეწერა დონ კიხოტიაო, თორემ მე აბა რას მივხვდებოდი?! არაფრით გავდა დონ კიხოტს.

რაც მთავარია, გაპარსული იყო. არავითარი წვერ-ულვაში.

გაპარსული დონ კიხოტი ხშირად გინახავთ?

ჰოდა, იქ იყო, კედელზე ეკიდა და ფასი კი ბარე ორას გირვანქას ურტყამდა.

უწვერულვაშო, დიახ.

ისეთი დონ კიხოტი იყო, არავის უნახავს ოდესმე. ძალიან დრამატული.

მერე ალბათ ვინმემ იყიდა. ჩიზიკში აღარ მოვხვედრილვარ და ძალიან კი დამენანა. ვის ეყოლებოდა ეგეთი დონ კიხოტი?

მეორე რამეც იქავე ვნახე, ოღონდ სხვენში. სხვენში თუ ანტრესოლში. წვრილი კიბე კი ადიოდა და არ ვიცი, რომელი დავარქვა. ეს, ასევე ჩარჩოში ჩასმული, დიდი ინდური გობელენი იყო და „ვეფხისტყაოსნიდან“ ნამდვილი სურათი გახლდათ.

ძალიან ძნელი დასაჯერებლი იყო, რომ სურათი, რომელიც მოექარგათ, „ვეფხისტყაოსნისა“ არ იყო. მხოლოდ ის თუ დაგარწმუნებდათ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ალბათ არ არის ზუსტად ამგვარი ეპიზოდი.

ვეფხვის ტყავით შემოსილი ძალიანაც წარმოსადეგი, თხელწვერულვაშიანი კაცი იდგა და ხელში თავისი ცხენის აღვირი ეჭირა. ხმალი, მათრახი და სხვა საჭიროებანი სულ ადგილზე ჰქონდა. მისგან მარცხნივ კი ასევე მოყმესავით გამოწყობილი, მხოლოდ ულვაშიანი ვინმე ჩამუხლულიყო კოცონთან და შამფურებს დასტრიალებდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, მწვადს სწვავდა. მშვილდი და ხმალი გვერდით მოედო. უკან კი რაღაც, პალმების მსგავსი ხეები ჩანდა.

ასეთი ნამდვილი ტარიელი და ავთანდილი ხომ საერთოდ არასდროს მინახავს.

ეს არის, რომ საკუთრივ წიგნში, მწვადი ერთად არ შეუწვავთ. როცა ერთმანეთს შეხვდნენ და პირველად ილაპარაკეს, ეგებ შეწვეს კიდეც, მაგრამ გამოსაჩენად არ არის ნათქვამი.

ძაან ნამდვილი იყო. ისეთი, რომ ლამის გული დამეწო, ეს სად ჩიზიკში შემოკეტილანთქო და აქავე უნდა დავტოვოთქო.

მაგის ფასიც კაი გვარიანი იყო ჩემ ჯიბეზე.

ისე დამენანა, რომ მეტი არ შეიძლება. ეგრე იცის სიძველეების დუქნებმა. თორემ აბა ერთხელ სტამბოლში ბოსფორის ცრუ რუკაც შემომაჩეჩა ერთმა კარგმა კაცმა. მე მომწონს და იყოს ცრუ. ნამდვილები რაც იყო, ვერ ვიყიდე და...

0x01 graphic

ლომოიდო

- ძველ დროში გაზეთ „რეზონანსში“ ვმუშაობდი, რომლის რედაქციაც ოფიციალურად აგლაძის, სახალხოდ კი ელიავას ქუჩაზე მდებარეობდა, სწორედაც რომ იმ განთქმული ბაზრობის შორიახლოს, ბაზრობისკენ მიმავალ ქუჩას რომ ჩაჰყვებოდი.

იქ ბევრი ზაბეგალოვკა იყო, იმათ შორის კი „ლომოიდო“. ოთხი მაგიდა ღაი ცის ქვეშ იდგა, სულ კუბოკრული სუფრებით. სუფრები გაწეპილი იყო და ყველა კერძი ლარი ღირდა. ცოცხალ ხახვს არ ინანებდნენ და სრულიად ცეცხლოვანი ტომატის საწებელი ჰქონდათ, რომელსაც დაკვირვებული კაცი ალაბთ მექსიკურ სიცხელეთა შორის თუ აღმოაჩენს.

რახან ყველა კერძი ერთი ლარი ღირდა, გემოც ერთი ჰქონდა, რაც სრულიად სამართლიანი იყო. საწებელი კი უფასო გახლდათ. უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მთავარ კერძად მაინც ეს საწებელი გამოდიოდა, ვინაიდან, რაც არ უნდა შეგეკვეთა, ერთნაირი იყო და თანაც ეს საწებელი ასევე სრულიად დაუნანებლად ესხა ზედ. ეგებ ერთნაირი გემო ამიტომაც ჰქონდა, თუმცა, მგონია, რომ მის გარეშეც, ერთნაირი ექნებოდა. საწებელი მოქონდათ ცალკეც, გათლილი ჭიქებით და თუ გეცოტავებოდა, დაუმატებდი. მოკლედ, მთავარი რამ უფასო იყო, არამთავარი რამეები კი - ფასიანი, ხოლო „ლომოიდო“ რას ნიშნავს, ვერ დავადგინე.

0x01 graphic

თემურ ლენგის სიკვდილი

- თემურ ლენგი გზაში მოკვდა: ჩინეთზე სალაშქროდ იყო დაძრული. ისეთი სერიოზული ლაშქრობა იყო, რომ თავის ხაზინადარებს ჯარისთვის ხუთი წლის ხელფასი მიაცემინა. ჰოდა, გზაში ცუდად გახდა და ვეღარაფერი უშველეს. ეტყობა, კარგა ხანს კვდებოდა. მივბურნდეთო, თქვა, სამარყანდში წამიყვანეთო. ტახტრევანი გაუკეთეს, რომ ეტარებინათ და შიგ ვეღარც ჩაჯდა. იბრიდებოდა და რაღას ჩაჯდებოდა?!

თავისი უფროსი შვილი დაიბარაო, ასე ამბობენ მემატიანეები და დიდხანს ელაპარაკაო. თუ ეგეთი მომაკვდავი იყო, ალბათ დიდხანს იმიტომაც ელაპარაკა.

რაც კი რამ სიბრძნე იცოდა, ყველაფერი დაუბარაო, ასწავლა ქვეყნის მართვა როგორ უნდოდაო. ალბათ სულ კეთილ რამეებს ელაპარაკებოდა. უკეთესს ძნელად მოისმენს კაცი.

მე ორი რამე მახსოვს იქედან: დიდ კაცს პატარა კაცის საქმე არ ჩააბაროო და პატარას - დიდისო. და მეორე: მტერს დრო არ მისცეო. სიკეთეზეც ულაპარაკია, ასეო და ისეო, ღმერთიო, ყველაფერიო, სამართლიანობაო, არაფერი გამოგრჩესო, თორე ხო იციო, მაღლა ყველაფერი ჩანს და იწონებაო.

ვერ გავიგე ამ დამპყრობლების და ეგეთი ხალხის. ჯერ მიდიან და ანგრევენ, იპყრობენ და იპყრობენ, წვავენ და წვავენ და თან ეგეთი ჭკვიანები არიან, რომ ყველაფერს ხვდებიან.

მოდიოდა აქ და წვავდა ყველაფერს. რა უნდოდა? რა უნდათ ხოლმე? სიჭაბუკეში ქარავნებს ეცემოდა, ყაჩაღობდა. მერე ქვეყნებს ეცემოდა, კულტურებსაც კი. მიდი და გაიგე.

თან, ეგეთებს შვილები ვერ ემსგავსებიან ხოლმე. ცდილობენ და ვერ იმსგავსებენ.

წაასვენეს სამარყანდში. მობრუნდა ეს ამხელა ჯარი. გამზადებული იყო ჩინელების დასაქცევად.

19 ფილმები, წიგნები

▲back to top


ფილმები

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

აპოკალიპტო

კინოთეატრი რუსთაველი
რეჟისორი: მელ გიბსონი

საოცარი სარეჟისორო გზა აქვს გავლილი. მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის სექსუალურ მამაკაცთა ათეულში მოხვდა და ამერიკულ კინოში არაერთი მებრძოლი, მამაცი თუ cool ბიჭის სახე შექმნა, სარეჟისორო სკამზე მორგება გადაწყვიტა და ჰოლივუდი გულისამაჩუყებელი, ასატირებელი ფილმებით გაამდიდრა. აბა რომელი ერთი გაგახსენოთ? „მამაცი გული“ თუ „ქრისტეს ვნებანი“?

მაგრამ ერთი კი ფაქტია: ეს კაცი იმდენად მოხიბლულა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მომხდარი ამბებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ფილმი „აპოკალიპტო“ გადაიღო. დეკემბრის დასაწყისში, კინოთეატრ „რუსთაველშიც“ ვიხილავთ გაუგებარ ენაზე „მოლაპარაკე“ კინოს. გაუგებარზე კი იმიტომ, რომ ეს ფილმი მაიას უძველეს ტომთა შესახებ მოგვითხრობს, სადაც „ქრისტეს ვნებანის“ არ იყოს, გმირები საკუთარ ენაზე - yucateco-ზე საუბრობენ. ადამიანთა მსხვერპლშეწირვები, მისტიური რიტუალები და ტომის ცხოვრება ესპანელ კოლონიზატორებამდე - ეს არის ის, რაზეც მელ გიბსონი მოგიყვებათ. და ისევ აგატირებთ, ალბათ.

0x01 graphic

The Holiday

კინოთეატრი ამირანი
რეჟისორი ნენსი მეიერსი

დრამასა და სასიყვარულო თავგადასავლებზე ძალიან ბევრი ფილმი მინახავს, ძალიან ბევრი. ზოგი პოეტურად უმღერის სიყვარულს „სიყვარულო, ძალსა შენსაო“, ზოგი გულისამაჩუყებლად გიყვება, თუ რა დამანგრეველია ეს გრძნობა ზოგზოგიერთისთვის და ზოგიც სასიყვარულო სამკუთხედს, ანდა მრავალკუთხედს გვთავაზობს ხოლმე.

ისიც მინახავს, როგორ ცვლიან ქმრები ცოლებს და ცოლები - ქმრებს... ამიტომ, მეგონა ამქვეყნად აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ სად ხარ?!... საყვარელი ადამიანის პოვნას ბინის გაცვლა თუ შველოდა, ნამდვილად არ წარმომედგინა; ანუ იმის გაკეთება, რასაც ნენსი მეიერსის ფილმის გმირები ქეით უინსლეტი და კამერონ დიასი აკეთებენ. აი, ის კამერონი, ერთგან ვიღაც ჟურნალისტმა რომ მიაძახა - რას გევხარ, რას? სუფთა გაბერილი ბაყაყი ხარო...

მოკლედ, ასეთი ამბავია: ამანდა ამერიკაში ცხოვრობს, ირისი - ინგლისში. კი, კარგი გოგოები არიან, მაგრამ ორივეს ერთი გასაჭირი ჰქონიათ საზიაროდ - ვერცერთი ვერ შოულობდა საჭირო კაცს. ჰოდა, რა უნდა ჰქნა თურმე ამ დროს? ადგე და ბინები და, შესაბამისად, ქვეყნები გაცვალო. ამბავიც შესაბამისად მთავრდება; ბინებგამოცვლილი კარგი გოგონები კარგ ბიჭებს პოულობენ და happy end-ის შემყურე, ცრემლიც გარანტირებულია.

0x01 graphic

კარგი წელი

კინოთეატრი ამირანი
რეჟისორი რიდლი სკოტი

აბა, ახლა მითხარით, რა ასოციაციები მოგივათ პირველ რიგში თავში, როდესაც გეტყვით, რომ ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტია და მთავარი როლის შემსრულებელი რასელ ქროუ? თქვენც იგივე გაგახსენდათ, არა? - გლადიატორი, ჩხუბები, შერკინებები...

ახლა კი ფილმის პოსტერს დახედეთ და რასელ ქროუს მზით გადანათებულ, ბედნიერ სახეს დააკვირდით. თავად მიხვდებით, რომ ეს სულ სხვა ამბავია. ქროუ აქ ერთი ლონდონელი, საბირჟო მოთამაშეა, რომელიც ყველაფერს თავს ანებებს და პროვანსში, ბაბუის დანატოვარ მიწებზე ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩადის. თუმცა, მოულოდნელად, პროვანსში ერთი მშვენიერი ქალბატონი გამოეცხადება...რით დამთავრდება სკოტის ეს დრამა, ამას „ამირანში“, დეკემბერში გაიგებთ.

რეცენზია

ფილმი მემკვიდრეობა თუ კინომემკვიდრეობა ბაბლუანებთან

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

გარდა იმისა, რომ მამა-შვილი არიან და ორივე კინოს აკეთებს, კიდევ აქვთ რაღაც საერთო; ის წარმატება და აღიარება, რაც სხვადასხვა დროს ორივე რეჟისორს მათმა პირველმა ფილმებმა მოუტანა: თემურ ბაბლუანს „ბეღურების გადაფრენამ“ (გრან-პრი კიევის კინოფესტივალზე; მამაკაცის როლისთვის და მონტაჟისთვის პრიზები მოსკოვის კინოფესტივალზე) და გელა ბაბლუანს - „13“-მა (ვენეციის კინოფესტივალზე დებიუტისთვის „მომავლის ლომი“; გრან-პრი სანდეწნსის საერთაშორისო კინოფესტივალზე; „ვერცხლის პრომეთე“ თბილისის კინოფესტივალზე).

თავბრუდამხვევი დებიუტის შემდეგ, გელა ბაბლუანის ახალ კინოს ბევრი ელოდა. თუმცა ამჯერად, მამა-შვილმა ბაბლუანებმა სარეჟისორო ტანდემი შემოგვთავაზეს და ახალი ფილმის, „მემკვიდრეობის“ პრემიერა ვიწრო წრეში, კინოთეატრ „ამირანში“ გამართეს. ეს არის ფილმი, რომელმაც „13“-ის წარმატება ვეღარ გაიმეორა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ამბავი თბილისში იწყება. ქალაქში ჩამოსული სამი ფრანგი, რომლებიც მთელი ფილმის მანძილზე ტურისტებისთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტიკით დასეირნობენ, სვანეთის მაღალმთიან კუთხეში წასასვლელად, ერთი ჯაბახანა ავტობუსით, ორდღიან უსასრულო გზას გაუყვებიან. მათი მიზანი იმ დანგრეული კოშკის მონახულებაა, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ქართველი წინაპრისგან მემკვიდრეობით ერგო. გზად მათ წარბებშეჭმუხნილი ბაბუა და ახალგაზრდა შვილიშვილი (გიორგი ბაბლუანი) უერთდება; როგორც ირკვევა, ბაბუა და შვილიშვილი ერთ-ერთ სოფელში მიდიან, სადაც ბაბუა (40 წლის წინ დაწყებული ორი გვარის ქიშპობის გამო) უნდა მოკლან და ამით, ორივე მხარეს დაღუპულთა რაოდენობა გაათანაბრონ. სწორედ ამიტომაც დაათრევენ ზურგზე შემოდებულ სასახლეს. შვილიშვილს ბაბუის გვამის წამომღების მისია აკისრია. ეგზოტიკური რიტუალის გადასაღებად, კამერებით აღჭურვილი ტურისტები ბაბუას და შვილიშვილს მიჰყვებიან, თუმცა, მათივე ცნობისმოყვარეობის გამო, ისინი ამ მკვლელობის უშუალო მონაწილენი ხდებიან. ბაბუას გული იქამდე უსკდება, ვიდრე მტერი ჩახმახს გამოჰკრავს ხელს; მსხვერპლი კი ისევ საჭიროა... ასე შეეწირა ამ ამბავს „მემკვიდრეობის“ ყველაზე კეთილშობილი და ახალგაზრდა გმირი (გიორგი ბაბლუანი) და „13“-ის ცნობილი ბედისწერა ახალი ელემენტით - ტრადიციის მონაწილეობით გადათამაშდა, სადაც მემკვიდრეობით ზოგს კოშკი ერგო და ზოგს - სიკვდილი.

„ეს ავტოპორტრეტია, ავტოპორტრეტი და არა თვითკრიტიკა; გაცრეცილი ავტოპორტრეტი, წარსულის ფერებით...“ - წერს ფილმის შესახებ თემურ ბაბლუანი.

თვითკრიტიკაში, მამა ბაბლუანი უდავოდ ფილმის იმ ძირითად ხაზს გულისხმობდა, რომელიც ფაბულად გასდევს „მემკვიდრეობას“ და რაც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის, სვანეთის ძირძველი ტრადიციის და ცხოვრების შემადგენელი ნაწილია - სისხლის აღების ტრადიცია, რომლის აბსურდულობა და არა ეგზოტიკურობა ასე მკაფიოდ დავინახე ფილმში.

მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თავიდან მონდომებით ვცდილობდი ოპონირება გამეწია იმ კრიტიკოსებისათვის, ვინც ფილმს ეგზოტიზაცია დასდო ბრალად. თუმცა, რაც უფრო ჩავუღრმავდი ფილმს და ვნახე მისი სარეკლამო რგოლი, მით მეტად დავფიქრდი ჩემს პირველ შთაბეჭდილებებზე. თუ ტრადიციაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ანუ იმაზე, რაც ფილმში ბედისწერის ელემენტებით გადათამაშდა, არ შეიძლება არ გაგახსენდეს ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმი „გადაეცით ჩემებს, რომ მე მკვდარი ვარ“; ფილმი, რომლის სიუჟეტი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ვითარდება; სადაც ერთი კონკრეტული ადამიანის გარდაცვალებიდან დაწყებული, მის მე-40 დღემდეა ყველაფერი ნაჩვენები. როგორ დაიტირებენ კაცს, როგორ ემზადებიან პანაშვიდებისა და დასაფლავებისთვის, როგორ „ართობენ“ მიცვალებულს და საერთოდ, როგორ იქცევიან ამ დროს ადამიანები. ამ რიტუალისადმი ამ კუთხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, თუმცა... პირადად ჩემზე, იმდენად გამაღიზიანებლად იმოქმედა ამ ხალხმა და მათმა ცრურწმენებმა (მიცვალებული მარტო რომ არ იყოსო, სასახლის გვერდზე თამაშობენ დომინოს), რომ ჩემში საშინელი აგრესია გამოიწვია და სულმთლად გამაცოფა იმ უცნობი ადამიანის ზარმა ეთერში, რომელმაც თქვა - აქ მიცვალებულისადმი ქართველი ხალხის და ამ კუთხის სიყვარული ჩანსო. რაა? ეს არის სიყვარული? სიყვარულია თუ ბრმა ატავიზმი? თუმცა ეს სულ სხვა თემაა. ნინო კირთაძემ ყოველგვარი ზედმეტი სუბიექტურობის გარეშე გაამახვილა ყურადღება ყველაფერზე და ძალიან საინტერესო დოკუმენტური მასალა, დოკუმენტური ისტორია შექმნა.

აქ კი რა ხდება? როგორც მოგახსენეთ, ფილმის ძირითადი ფაბულა სვანების სისხლის აღების ტრადიციაა; უაზრო ტრადიცია, რომელსაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები უნდა შეეწირონ მარტო იმიტომ, რომ ისინი ერთ-ერთი მოქიშპე ოჯახში დაიბადებიან. კარგი, ესეც გასაგებია, ბაბლუანებს ამ ტრადიციის აბსურდულობის ჩვენება უნდოდათ, მაგრამ აქ ბევრი „მაგრამ“ და „მაგალითად“ ჩნდება. მაგალითად, რამდენად აუცილებელი იყო ფილმში უცხოელ ტურისტთა ხაზის შემოყვანა? შეიცვლებოდა კი ფილმში არსებითად რაიმე მათი ხაზის არარსებობით? არა, რა თქმა უნდა, არა და მათი არარსებობა ალბათ ჯობდა კიდეც. იქნებ შევცდი და სარეკლამო რგოლში ნათქვამი ფრაზა, რომელიც ასე მჭრის დღეს ყურს - „უცხოელთა თვალით დანახული სვანების ვენდეტა“ სწორედ რომ ფილმის დედააზრი იყო?! და იქნებ არც ისინი ცდებიან, ვინც ფილმს შოვინისტური ეგზოტიკა უწოდა?!

დარწმუნებული ვარ, არავინ შემომედავება იმაში, თუ ვიტყვი რომ, ასეა თუ ისე, ყველა რეჟისორი თავის ფილმებში ერთსა და იმავე თემებს უტრიალებს (რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმის ნახვის შემდეგ). უბრალოდ, საქმე ის არის, თუ როგორ გადმოცემ ყოველ ჯერზე შენს სათქმელს, მაგრამ... მაგრამ სხვა საკითხია, ასე ნათლად რატომ გაიმეორეს ბაბლუანებმა „13“-ი თავიანთ ახალ ფილმში? „13“-ის აუცილებელი ატრიბუტები - ბედისწერა და შემთხვევითობა, ახალი ელემენტით - ტრადიციის ელემენტებით გადაათამაშეს და ამით მოულოდნელობის ეფექტი თავიდანვე მოსპეს. ბოლოს და ბოლოს, აქაც იგივე გმირია, ბედისწერის იგივე მსხვერპლი, რომელსაც ისევ გიორგი ბაბლუანი თამაშობს და რომელიც უკვე მეორედ, უმოწყალოდ გასწირეს ბაბლუანებმა. როცა სასახლეს თუ სიკვდილს, სიკვდილისთვის შეწირული ბაბუა და შვილიშვილი ერთად დაატარებენ; როცა სიკვდილის წინ, ბაბუის ჩანახედ სარკეში - აჰა, ამას გიტოვებო, შვილიშვილიც იხედება და... და დახლოებით იგივე გამოვიდა, რომ აგეღო რომანი და ადაპტირებულ, 2-გვერდიან მოთხრობად გადაგეკეთებინა. ამ მხრივ, ბაბლუანების ახალ მასკულინურ კინოში, სამწუხაროდ, არაფერი იყო ახალი.

რეზიუმეს სახით კი, შეიძლება ითქვას, რომ ერთსერიანი ფილმი ბედისწერასა და შემთხვევითობაზე ისევ ერთსერიან ფილმად ჯობდა დარჩენილიყო; ანდა, თუ მაინცდამაინც საჭირო იყო ნაცნობ თემებთან დაბრუნება, კი ბატონო... თქვენი ნებაა, მაგრამ არა ცნობისმოყვარე ტურისტების თვალით! მაშინ ხომ ეს ასეთი აშკარა ეგზოტიზაციაა!

წიგნები

ავტორი: თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

ფალავანთფალავანი გივი კარტოზია

იდეის ავტორები: გურამ ბექაია, ჯიმი ხეცურიანი
პროექტის ავტორი: მანანა კარტოზია
გამომცემლობა ისინდი
2006 .

ქართველი ფალავანი და პირველი საბჭოთა ათლეტი, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, სამი წლის შემდეგ კი - ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელიც. ეს გივი კარტოზიაა, ახლად შედგენილი კრებულის მთავარი გმირი. ფალავანთფალავანს ვინ აღარ იხსენებს: ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ საღარაძე, მერაბ ბერძენიშვილი, ზურაბ ლეჟავა, გიზო ნიშნიანიძე, ზურაბ ქაფიანიძე, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები. მოგონებები იმდენი ცოცხალი დეტალებითაა სავსე, რომ თითქოს მხატვრული ტექსტივით იკითხება. მწერალი ნუგზარ შატაიძე წინათქმაში ამბობს კიდეც, რომ წიგნში თითქმის ყველა ის ლეგენდაა გაცოცხლებული, რომლებიც კარტოზიაზე მთელ საქართველოში დადიოდა: თუ როგორ ხტებოდა ის მუხრანის რკინის ხიდის თაღიდან მტკვარში, როგორ მიცოცავდა ტანვარჯიშის ბაგირზე ფეხებზე მობმული ორფუთიანი გირებით, როგორ აჩუქა სრულიად უცნობ ბერიკაცს 1500 მანეთი... მოკლედ, ეს ძალიან მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნია, რომელიც გივი კარტოზიას შესახებ პირად მოგონებებს უყრის თავს, მკითხველის ფართო აუდიტორიისთვის კი საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს.

0x01 graphic

პატრიარქის შემოდგომა

გაბრიელ გარსია მარკესი
გამომცემლობა სიესტა
2006 .

და კიდევ ერთხელ მარკესი. სიცხით ადუღებული კოლუმბია და ტირანი მმართველი, სიურეალისტურად დახატული პოლიტიკა და თითქმის უდიალოგო ტექსტი. გრძელი წინადადებების უწყვეტი ნაკადი, რომელიც პირდაპირ გენერლის გონებიდან მოედინება, დიქტატორის, ხალხის, ქალის გონებაში გადადის და მერე ისევ უკან ბრუნდება. არაჩვეულებრივად გამოკვეთილი პერსონაჟები, სიურეალისტური იმიჯები და სიტუაციები. მოკლედ, ეს მარკესის სამყაროა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უკვე ზეპირად იცნობთ. მე, პირადად, მაინც გადავხედავ „პატრიარქის შემოდგომის“ ქართულ ვერსიას ელზა ახვლედიანის თარგმანით, კიდევ ერთხელ ვისიამოვნებ მარკესის ენით და კიდევ ეთხელ დავესწრები პატრიარქის შემოდგომას. თქვენც გირჩევთ.

0x01 graphic

კარლო კაჭარავა

ორტომეული
გამომცემელი: ოთარ ყარალაშვილი
2006 .

კვადრატის ფორმის წიგნი წითელია და მთლიანად კარლო კაჭარავას ნახატითაა გაფორმებული. ფერი და გამოსახულება თვალს ისე ჭრის, ავტორის სახელი და გვარი ყურმოკრულიც რომ არ გქონდეს, წიგნს აუცილებლად აიღებ და შეათვალიერებ. გადაშლი და ერთში კაჭარავას ლექსები დაგხვდება, მეორეში - სტატიები. წიგნის რედაქტორი სამსონ ლეჟავა კი დაგარწმუნებს, რომ ორივე ტომი უნდა წაიკითხო, თუ ხელოვნება გიყვარს და გაინტერესებს. „პოპ-არტი, როგორც გამოცდილება“, „რობერტ რაუშენბერგი“, „ქართული ავანგარდის ისტორიისთვის“, „მამუკა ცეცხლაძე ამერიკის საელჩოში“, „ჩაკეტილი მხატვრები“... - ეს და დანარჩენი სათაურები იმდენ საინტერესო ინფორმაციას და შეხედულებას იტევენ, რომ წიგნის დახურვის შემდეგ, თავს ორმაგად განათლებულად იგრძნობთ. მერე კი იქნებ სულიერი საზრდოს მიღებაც მოგინდეთ და ამისთვის პოეზიის წიგნიც გადაშალოთ...

ეს ორტომეული მაღაზიებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და თუ ჯერ არ შეგინიშნავთ, გირჩევთ წაიკითხოთ!

რეცენზია

ცხოველების ფერმა ჯორჯ ორუელი

გამომცემლობა სიესტა, 2006 .
ავტორი: თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

როცა წიგნს გადაშლი და ამ თხელი რომანის სათაურს წაიკითხავ, ქვეშ ნახავ წარწერას - „ჯადოსნური ამბავი“. ეს მართლაც ჯადოსნური ამბავია, შეიძლება ითქვას, ზღაპრულიც, აბა, სად გინახავთ - ცხოველთა ფერმაში ჩამოყალიბებული რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ღორების საბჭო და ერთი გამორჩეული ღორი უდგას? ერთი შეხედვით, ეს არის კიდეც საბავშვო ისტორია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. იწყებ კითხვას და პირველივე გვერდიდან ხვდები, რომ საქმე გაქვს სატირასთან და ალეგორიასთან, თანაც ძალიან მარტივ და სადა ალეგორიასთან. ჯორჯ ორუელი ხომ ასეთების დიდოსტატია.

„ცხოველების ფერმა“ 1946 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოებია, მაგრამ ქართულად ახლაღა ითარგმნა. ასე რომ, „სიესტას“ მიერ დასტამბული ტექსტი, რომელიც დავით აკრიანმა გააქართულა, პირველი გამოცემა გახლავთ. აკრიანის თარგმანი კი იმდენად კარგია, რომ წიგნი თავს თავიდან მათაც წააკითხებს, ვისაც მანამდეც შეუხედავს მანორის ფერმაში (თუ, რა თქმა უნდა, ის ორუელის მკითხველი ბრძანდება).

„ცხოველების ფერმას“ ყოველთვის ჰქონდა თავისი კონტექსტიც და ქვეტექსტიც, რომელსაც ლაკონურად ასე აყალიბებდნენ ხოლმე: წაიკითხეთ „ცხოველების ფერმა“ და ნახეთ, რა შეიძლება მოიტანოს უკუღმაწასულმა რევოლუციამ. ამგვარი ქვეტექსტი უფრო ზოგადია, რადგან ორუელმა ის ერთ კონკრეტულ რევოლუციას - 1917 წლის რევოლუციას მიუძღვნა, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა და თითქმის ისეთივე აბსურდული და კომიკური ცნებები დაამკვიდრა, როგორებიც ცხოველებმა შემოიღეს მას შემდეგ, რაც ფერმის მეპატრონე მისტერ ჯოუნზი გააძევეს, ზურგსუკან მიუჯახუნეს ხუთძელიანი ჭიშკარი და ფერმის ტერიტორიაზე მარტონი დარჩნენ - ადამიანის ძის ჭაჭანება აღარსად დატოვეს. მათ შემოიღეს შვიდი მცნება:

ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.

ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.

არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.

არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.

არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს.

ყველა ცხოველი თანასწორია.

თუმცა, ეს უკვე წიგნის 21-ე გვერდია. ალეგორიები და ირონია კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თავიდანვე უხვადაა. მოხუცი, პრემიამინიჭებული თეთრი ღორი - მეიჯორი სიმბოლურ სიზმარს ნახავს - ვითომ ფერმაში ხდება აჯანყება და ადამიანთა ტირანია ინგრევა. ცხოველები კი თანასწორად და ძმურად იწყებენ ცხოვრებას. მეიჯორს სიზმარში ჩაესმის გათავისუფლებული ცხოველების ჰიმნიც კი! შემდეგ წინასწარმეტყველი ღორი კვდება, მთელი დანარჩენი წიგნი კი მისი სიზმრის ახდენაა და სხვა არაფერი. თავიდანვე ჩნდება კიდევ რამდენიმე სახასიათო პერსონაჟი: შინაური ყორანი მოსე, რომელიც ადამიანთა მოდგმის, ანუ ფერმის მეპატრონის ჯაშუშია და ცხოველებს ტყუილებით ბერავს: რომ არსებობს ცხოველთა იმქვეყნიური განსასვენებელი „შაქარყინულის მთა“. იქ ყველა დღე კვირაა, სამყურა მთელი წლის განმავლობაში ყვავის, ხოლო ნატეხი შაქარი პირდაპირ გალავნებზე ხარობს. იქვეა ფაშატი „მოლიც“, რომელიც გიჟდება ბაფთებზე და სხვა ადამიანურ მოსართავებზე და გულის სიღრმეში არაფრით არ ესმის, რა საჭიროა რევოლუცია. ამიტომაც არის, რომ შემდეგ ის გათავისუფლებული ცხოველების რესპუბლიკიდან გაიქცევა და თავისი ნებით შეებმება უღელში - თავისუფლებას ლამაზლამაზ ბაფთებზე გაცვლის.

განხორციელებულ რევოლუციას კი, როგორც ხდება ხოლმე, თავიდან დიდი სიკეთეები მოაქვს. ცხოველები საკუთარი ნებით მუხლჩაუხრელად შრომობენ. იცავენ თანასწორობის პრინციპებს და არც შვიდ მცნებას არღვევენ. მაგრამ გადის დრო და თანდათან რევოლუციის მიერ მოტანილი მოჩვენებითი იდილია ირღვევა, ღორები - რომელთა ერთმა ღირსეულმა წარმომადგენელმაც აჯანყების მოხდენა იწინასწარმეტყველა, დანარჩენებმა კი ახლად შექმნილი რესპუბლიკის ინტელექტად დასახეს თავი, თანდათან გაბატონებულ ფენად ყალიბდებიან. შესაბამისად, თანდათანვე ირღვევა და იცვლება შვიდი მცნება. ემატება სიტყვები და იცვლის აზრს დაახლოებით ასე: არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს უმიზეზოდ. არცერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს ზეწრიან საწოლში...

ბოლოს მოძმე ცხოველებით სავსე რესპუბლიკა ახალი ტიპის ტირანიად გადაიქცევა. გაიცემა სპეციალური განკარგულება და აიკრძალება რევოლუციის ჰიმნის შესრულებაც. მიზეზი მარტივია - ერთი რევოლუცია უკვე მოხდა, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, რაღა საჭიროა... სულ ბოლოს, ცხოველები ადამიანებთან გარიგებების დადებასაც კი იწყებენ. სიტუაცია თანდათან იძაბება და ბოლოს შესანიშნავ ფინალამდე მიდის. ფინალური სცენა და ბოლო წინადადება კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ არ აგიწერთ. თუ წიგნით დაინტერესდით, ჯობს თვითონ წაიკითხოთ.

„ცხოველების ფერმა“ თავსატეხს ჰგავს. ამდენი ალეგორია, სიმბოლო, შეცვლილი მნიშვნელობა და ქვეტექსტი კი თავსატეხის ამოხსნის და თითოეული სიტყვის გაშიფვრის ხასიათზე გაყენებთ. ასე რომ, თამამად იმოქმედეთ. ორუელის მიერ კომუნისტურ რევოლუციაზე მორგებული ცხოველების რევოლუცია მოარგეთ ნებისმიერ იმ რევოლუციას, რომელიც პირადად თქვენ გაწუხებთ ანდა გახსენდებათ, და შეაღეთ მანორის ფერმის კარი, სადაც ძალიან მალე ცხოველები ბებერ ფერმერს, მისტერ ჯოუნზს გააძევებენ და საკუთარ რესპუბლიკას დაამყარებენ.

მე კი აქვე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ენამოსწრებული შეფასებით, „ცხოველთა ფერმა“ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვის“ შემდეგ, საუკეთესო სქელტანიანი ნოველაა.

20 რადიო უცნობის ამბები

▲back to top


0x01 graphic

0x01 graphic

ვირტუალური უცნობი

თუ გინდათ რადიო უცნობს მოუსმინოთ, მაგრამ არ გაქვთ რადიო, შეგიძლიათ ჩვენს ახლად გახსნილ საიტზე, www.ucnobifm.ge შეხვიდეთ, სადაც ჩვენი გადაცემების და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლეს ინფორმაციას მიიღებთ.

დაგვირეკეთ და გააკეთეთ კომენტარები ჩვენს გადაცემებზე, დასვით შეკითხვები და ჩვენი წამყვანები პირდაპირ ეთერში გიპასუხებენ. მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და ჩვენ, მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ.

რადიო უცნობი ინტერნეტშიც აჟღერდა, გვისმინეთ ყველგან და გახსოვდეთ, ჩვენი საიტის მისამართია: www.ucnobifm.ge.