![]() |
ცხელი შოკოლადი №52 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბაბუაძე თამარ, კოვზირიძე დავით, შავერდაშვილი შორენა, ჩიხლაძე დავით, კორძაია-სამადაშვილი ანა, გვახარია გიორგი, ცხადაია გიორგი, ბუხრიკიძე დავით, კიკნაძე ზურაბ, ჯგერენაია ემზარ, კიკალეიშვილი სალომე, გიგაშვილი ვაჟა, სარიშვილი მაია, შაჰნაზარი გივი, მორჩილაძე აკა, ლევი არიელ, ხატიაშვილი თეო, ბერძენიშვილი ლევან, მაისურაძე გიორგი, ღოღობერიძე ლანა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: აგვისტო-სექტემბერი 2009 გარეკანზე: მამუკა ჯაფარიძე ფოტო: დავით მესხი მთავარი რედაქტორი: ნინო ლომაძე აღმასრულებელი რედაქტორი: ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი: გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი: ნინო სვანიძე კორექტორი: ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: თამარ ბაბუაძე, გიორგი მაისურაძე, სალომე კიკალეიშვილი, დავით ბუხრიკიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით ჩიხლაძე, თეო ხატიაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი გვახარია, ლანა ღოღობერიძე, დავით კოვზირიძე, გიორგი ცხადაია, ზურაბ კიკნაძე, ემზარ ჯგერენაია, არჩილ ქიქოძე, ვაჟა გიგაშვილი, მაია სარიშვილი, გივი შაჰნაზარი, აკა მორჩილაძე. ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, მარიკა ქოჩიაშვილი, ქეთო ცაავა ილუსტრაცია: მაია სუმბაძე დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა: ლელა შუბითიძე სარეკლამო გაყიდვები: ნესტან ავალიანი დისტრიბუცია: ზვიად შენგელია გამომცემელი: შორენა შავერდაშვილი გამომცემლობა: შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ.: 912326 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სხვა გამოცემები: ლიბერალი, ბიზნესიადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები, დიალოგი, თიბისი და თიბისელები. სტამბა: შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140, ტელ.: 357002 ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება გამომცემლობის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲back to top |
ივლისის მიწურულს, გინდა არ გინდა, შარშანდელი აგვისტო გახსენდება, ან კიდევ უფრო ადრინდელი აგვისტო. და ომზე ფიქრობ. ომზე და საზღვრებზე. საზღვარზე თავისუფალ და არათავისუფალ სამყაროს შორის, რომელიც, სინამდვილეში, მხოლოდ ცნობიერებაში გადის.
გვინდა თუ არა დავიწყოთ რეალური განთავისუფლების პროცესი? მზად ვართ თუ არა დავანგრიოთ მსოფლმხედველობა, რომლითაც ათეულობით წელი ვიცხოვრეთ? რამდენად ღრმაა ჩვენში წარსულის ანაბეჭდი და რამდენ ხანს შეაკავებს ის განვითარების მუხტს? ვინ არიან ისინი, ვისაც ეს მემკვიდრეობა არ შეუფასებია და ისინი, ვისთვისაც ის დღემდე ძვირფასია? არიან თუ არა ეს ადამიანები პროგრესის „მსხვერპლი“, განვითარებისთვის გასაღები ხარკი? ვის აქვს მათი ლუსტრაციის უფლება? რამდენად რეალურია, შევქმნათ უნივერსალური სისტემა, რომელიც „სიმართლის დასადგენად“ ყველას ცხოვრებას ერთ ფილტრში გაატარებს? ლუსტრაციის, როგორც იდეის უნიკალურობა ხომ თავად პროცესშია და არა განაჩენში, რომელიც არასდროს არის ყველასთვის თანაბარად სამართლიანი.
„მერაბ მამარდაშვილი იტყვის, - 30 წელი ვცხოვრობდი რუსეთში და მჯეროდა, რომ ქართველები რუსებივით ბნელები არ არიან, მჯეროდა, რომ ქართველებს უყვართ სიცოცხლე, რადგანაც იუმორის გრძნობა და რაინდობის შეგრძნება აქვთ შენარჩუნებული, ე.ი. ინდივიდუალისტები არიან, სკეპტიკოსები და ა.შ.. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საბოლოო დამორჩილება შეუძლებელია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ილუზია იყო და რომ მენტალური, ფსიქიური, სიტყვიერი გახრწნის პროცესი ძალიან შორს წავიდა“. („რუსოფობია - დასავლეთის საზღვარზე“).
კითხვა ისევ იგივე რჩება - „თავისუფლებისგან, თუ თავისუფლებისკენ“. დღესაც ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ.
ნინო ლომაძე
მოგვწერეთ, editor@shokoladi.ge
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲back to top |
თამარ ბაბუაძე
ამერიკაში ცხოვრებიდან 8 თვის თავზე ოცნება ავიხდინე - ნამდვილ, მოძრავ ბანდას გადავეყარე, მინესოტასა და ილინოისს შორის გადაჭიმულ № შიდასაშტატო გზატკეცილზე. ჩვენ სკოლის ფურგონში ვისხედით და ჩიკაგოსკენ მივდიოდით, ბანდის წევრები - მოტოციკლებზე და არ ვიცი - საით. გზაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით - სკოლის ფურგონი და მოტოციკლების რიგი. ნელა ცრიდა და გარშემო გზაც და მინდვრებიც სულ ასფალტისფერი იყო. მსუბუქ ნისლში ხან გადაგვისწრებდა 12-იოდე მოტოციკლი, ხან ჩამოგვრჩებოდა. ტყავის სქელი ქურთუკები ეცვათ, დიდ ბათინკებში ჩატანებული ტყავის შარვლები, და დიდი შლემები სახეზე. სახეები საერთოდ არ უჩანდათ, სულ წინ, ჰორიზონტისკენ იყურებოდნენ. მწყობრად მოძრაობდნენ, ერთი მოტოციკლი აშკარა ლიდერი იყო, ყველას წინ უძღოდა. ფანჯარაზე მაიმუნივით აწებებული ვუყურებდი მოხეტიალე ბანდას და მზერის დაჭერას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ - ისე გაიყო ჩვენი გზები ორ შიდასაშტატო გზატკეცილს შორის, რომ ჩვენი ფურგონი არაფრად ჩაუგდიათ. ასფალტისფერ ნისლში მოტოციკლების ყრუ ღმუილით გაუჩინარდნენ. ამ შეხვედრიდან წლების თავზე ასე მგონია, რომ ისევ ფურგონის ფანჯარაზე სახემიკრული გვერდიდან და ოდნავ ზევიდან გავყურებ ნამდვილ ცხოვრებას, რომელიც საშტატო და შიდასაშტატო გზატკეცილებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და შლაგბაუმებს აბიჯებს და ასე თავისუფლად მიერეკება წინ, უცნობი ჰორიზონტისკენ. ამ ნამდვილ ცხოვრებაში ადამიანები გაბედულად აკეთებენ გაბედულ არჩევანს, ათასგვარ სიტუაციებში ცდიან თავიანთ თავს და თვითონვე აგებენ პასუხს საკუთარ ბედზე. ვიცი, რომ თუკი გეყოფა ნებისყოფა, თავისუფლების ამ ხარისხს ყველგან მიაღწევ. მაგრამ დედამიწაზე, ალბათ, მაინც არსებობს რამდენიმე იშვიათი ადგილი, რომელიც პირდაპირ გიბიძგებს თავისუფლებისკენ. ჩემი ქარაფშუტა და ველური ქალების ხეტიალიც ამერიკულ გზაზე ამის დასტურია.
დავით კოვზირიძე
ბრატცი, მოდი რა, ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოს გაუმარჯოს რა და იმენნა ღმერთმა ქნას, რო ჩვენმა შვილიშვილებმა მაინც იცხოვრონ ჯიგრულად.
შანსი არაა, ეს სიტყვები პირველად ჩემგან გაგეგოთ, რადგან საქართველოს ყოველი მეორე სადღეგრძელო ზუსტად ასე მთავრდება. აი, ტოჩ ვ ტოჩ, რა. ეხა, რატო ვამბობ ამას:
იმ დღეს ტიპი იძახის, ადრე ამისთვის არასდროს მიმიქცევია ყურადღება, ერთხელაც კიდე, მივაქციეო. მივაქციე და აზზე მოვედიო რა, რომ სანამ ესე ვბაზრობთო, ანუ ესე ვჩოთქავთო, ვერც ჩვენი შვილიშვილები და დაჟე ვერც იმათი შვილთაშვილები ცვეტში ვერ იცხოვრებენ ხოშიანადო. სხვანაირადაც ვიტყვი, თქვენ გენაცვალეთო - იქნება ისე, როგორც უკვე ორი ათასი წელია არის - ვიცხოვრებთ ცუდადო.
მარა იმ გოიმმა ორ ამბავს არ მიაქცია ყურადღება, ძმებო - პირველი: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ზნაჩიტ რაღაც მომენტში უეჭველი გავბრწყინდებით. და ჩვენ არ უნდა გავინძრეთ? არა ტო! რატო? იმიტო, რო: მეორე - ჩვენი შვილიშვილები გაინძრევიან, მაგათ შემოვევლე მე. არ გაინძრევიან? ნუ გაინძრევიან. მაშინ იმათი შვილიშვილები, მერე იმათი, მერე კიდე იმათი, ვინმე ხო გაინძრევა, მაგის დედა ვატირე?! გაგვიმარჯოს რა.
ჩვენს მეობაში, გაგებაში, კაცობაში, ჩახუტებაში და იქსპიატებში გაგვიმარჯოს!
უუხხ, სუ მაჟრიალებს ამ დროს...
![]() |
3 გამოხმაურება |
▲back to top |
სასოწარკვეთილი არხი
რამდენიმეთვიანი დაგვიანებით ვბეჭდავთ გამოხმაურებას „ცხელ შოკოლადის“ 45-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაზე, „სასოწარკვეთილი არხი“ (ავტორი თეა ჭანტურია). ჟურნალის ეს ნომერი დიდწილად განახლებული პირველი არხის ახალი გადაცემების კრიტიკას მიეძღვნა. ამ ნომერშივე დაიბეჭდა დისკუსია, სადაც არხის მთავარი პროდიუსერი, გია ჭანტურია და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან გახელაძე მონაწილეობდნენ. მალევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემეცნებითი მიმართულების პროდიუსერის, თამარ ბოლქვაძის ეს წერილი მივიღეთ. ჩავთვალეთ, რომ ქალბატონი თამარის გამოხმაურება მისი პირადი ინიციატივა იყო და რადგან ეს წერილი კიდევ უფრო ამძიმებდა პირველ არხზე შექმნილ შთაბეჭდილებებს, მისი გამოქვეყნება საჭიროდ არ ჩავთვალეთ. ჩვენი ღრმა რწმენით, არხის ადმინისტრაცია „დავზოგეთ“. თუმცა, მას შემდეგ, სხვადასხვა საჯარო შეხვედრებისას, ბატონმა გია ჭანტურიამ არაერთხელ იკითხა, რატომ არ დაბეჭდეთ ჩვენი პასუხი, ეს არის თქვენი ლიბერალობა და დემოკრატიის სიყვარულიო? ამ კომენტარებით მივხვდით, რომ ეს მხოლოდ თამარ ბოლქვაძის თვალსაზრისი კი არა, არხის „ოფიციალური პოზიცია“ იყო.
ახლა, როცა უკვე გამოცხადებულია ვაკანსია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის პოსტზე და ერთერთი კანდიდატი, სავარაუდოდ, გია ჭანტურიაც იქნება, ჩავთვალეთ, რომ ეს წერილი კვლავ აქტუალურია.
შორენა შავერდაშვილი
პირველი არხისადმი ვერგანწყობილთათვის...
საზოგადოებრივი მაუწყებლის შემეცნებითი მიმართულების პროდიუსერი - თამარ ბოლქვაძე
(წერილი იბეჭდება რედაქტირების გარეშე)
განახლებული ფორმატით პირველი არხი სულ თვენახევარია რაც წარდგა მაყურებელთა წინაშე. იმის ილუზია, რომ ყველა გადაცემა ყველასათვის მოსაწონი იქნებოდა, ნამდვილად არ გვქონია. კრიტიკულ მოსაზრებებსაც ველოდით, მაგრამ საფუძვლიანს და ობიექტურს. მოგეხსენებათ, საქმის მკეთებელს უფრო ხშირად აკრიტიკებენ, ვიდრე არაფრის მაქნისს. ეთერში გასვლიდან ერთი თვე საკმაოდ მცირე დროა საბოლოო დასკვნებისათვის. ნებისმიერი ტელეპროექტი გარკვეულ აპრობაციას გადის, იხვეწება და თუ სრულყოფის ტენდენციას ვერ ატყობ, გარკვეული დროის მერე ხსნი ეთერიდან. მაგრამ, გვაცალა ვინმემ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონსტრუქციული კრიტიკის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეთერში გასვლიდან ერთ თვეში ასეთი ბრალდება, რომ „საზოგადოებრივი არხი ქართულად საზოგადოებრივი არხის იდეის სრულ პროფანაციას ახდენს“, ჩასაფრებული და იმთავითვე უარყოფითად განწყობილის პოზიციას წააგავს. მე თავად, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ყველა გადაცემა უაპელაციოდ მოსაწონია, მაგრამ ყველაფრის დაწუნებაც გარკვეულ კითხვებს ბადებს: რატომ ასე ხელაღებით, ბატონებო? სექსუალური უმცირესობების უფლებებზე გულშემატკივრობის უკან მსუყე გრანტების სუნი ხომ არ ტრიალებს? აბა, ამ ომგადახდილ და ლამის ნახევარმილიონიანი ლტოლვილების ქვეყანაში მეტი საგულშემატკივრო არავინ და არაფერი მოიძებნა?
ახლა მივყვეთ კრიტიკის პათოსსა და დინამიკას. გიორგი კალანდიას დოკუმენტური სერიალი „ჩვენებურები“, რომელიც იმთავითვე შემეცნებით ნიშას იკავებს, თურმე „სამშობლოსა და ერისკაცების სიყვარულსაც ისევ მითებითა და ლეგენდებით, სისხლისა და გენის კივილით“ გამოხატავს. (იხ. ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, №45, გვ.39) ამ კომენტარის ავტორმა სიტყვები - შემეცნებითი, სისხლისა და გენის კივილი ბრჭყალებში ჩასვა და მათ გადაჭარბებით ხმარებას ასეთი ახსნაც მოუძებნა: „ამით, იმ ფსევდოფასეულობების გამოხატვას ვცდილობთ, რის რეპრეზანტაციასაც 1 არხი ახდენს“-ო. თურმე ნუ იტყვით, კალანდიას მიერ ათას არქივში მოძიებული დღემდე უცნობი მასალები, ოშკის, ხახულის, ტბეთის ნანგრევებში ნაპოვნი ქართული წარწერების ნაშთი და თამარ მეფის შვილიშვილის ტრაგიკული ბედი ფსევდოფასეულობა ყოფილა. ძვირფასო თეა, იქნებ ჩამოგვითვალოთ თქვენთვის მისაღები ფასეულობები და გვიხსნათ იმ „სასოწარკვეთისაგან“, ჩვენი „უმეცარი“ არხი რომ ჩავარდნილა.
ეგვიპტეში, ირანში, თურქეთსა და ბალკანეთში ოდესღაც მოღვაწე ქართველებზე ფილმების გადაღება მითოლოგიზირებულ ისტორიასა და გმირებზე მომართული იდეოლოგიის დამკვიდრება ყოფილა და ამით (და არა მხოლოდ) „საზოგადოებრივი არხი ქართულად საზოგადოებრივი არხის იდეის სრულ პროფანაციას ახდენს“. აი, ბრალდება! საინტერესოა, პირველ არხზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს რომ წაეყვანა გადაცემა რომელიმე დიდი ქართველის სადო-მაზო მიდრეკილებებზე, ეს „შემეცნების“ ფეიერვერკი იქნებოდა? მაშინ, ალბათ, არ გაგვიმეტებდით სასოს სასაშივე წარსაკვეთად...
ცნობისათვის, სწორედ თქვენ მიერ ირონიზირებულმა ერისკაცებმა მოიტანეს საქართველო დღემდე და არა სულთნის, შაჰისა და „დერჟიმორდა“ მეფისნაცვლის ხელშემყურე არაკაცებმა... (მაშინ, გრანტს სხვა სახელი ერქვა და ქისის სისქით განიზომებოდა).
ზემოხსენებული კომენტარის ავტორი, თეა ჭანტურია აღნიშნავს, რომ „შემეცნებით გადაცემებში (ვგონებ, ამ შემთხვევაშიც გიორგი კალანდიას ფილმებს გულისხმობს) არათუ რაციონალიზმის, შეფასების, გადააზრების ნაკლებობაა, არამედ ხშირად ისედაც ფალსიფიცირებული ისტორიისა და რეალობის უხეში ფალსიფიკაცია ხდება ნაციონალისტური ვნებების სასარგებლოდ“. ქალბატონო თეა, სამწუხაროდ, დროის მანქანა არ მაქვს და ერთი ცნობილი ფილმის გმირივით შუა საუკენეებში ვერ გადაგტყორცნით, თქვენი თვალით რომ განახოთ და საბოლოოდ დაგარწმუნოთ ერისკაცთა ღვაწლსა და თავდადებაში. პირადად ვერც შორეულ ეგვიპტეში გაყიდულ ქართველ ქალს გაგაცნობთ, მეჩვიდმეტე საუკუნიდან დღემდე რომ შემორჩა ქაიროს ნაფისა ხანუმის სახელით. ამ ქართველი ქალის ლეგენდადქცეული ისტორია, რომელმაც ეგვიპტის დაპყრობისას ნაპოლეონიც კი გააოცა იშვიათი დიპლომატიური ნიჭით, გამოხმაურება თურმე მხოლოდ „ნაციონალური ვნებების“ აღძვრას ემსახურება. საინტერესოა, რომელიმე ფრანგ ჟურნალისტს დოკუმენტური ფილმი რომ გადაეღო ნაპოლეონის მიერ ევროპის დაპყრობაზე, ამას ფრანგები „ნაციონალისტური ვნებების გაღვივებად“ ჩათვლიდნენ? ქართველმა თუ სადმე რამე ფასეული შექმნა და თავისი ღვაწლით უცხო ქვეყნის ლეგენდად იქცა, დავიჯერო, ამაში არაფერია შემეცნებითი? ან იქნებ, უსიუჟეტო, ლამის ერთ წინადადებაზე აგებული ასოცსერიიანი საპნის „ბუშტებია“ უფრო მარგებელი თვალისა და ყურისათვის. რატომღაც, საპნის ოპერად წოდებული სერიალები იშვიათად ხდება კრიტიკის საგანი.
იმ ქვეყნებში, სადაც ლანგარზე სულაც არ მოგართმევენ ქართველთა კვალის მაუწყებელ ისტორიულ ძეგლებსა და დოკუმენტებს, ჟურნალისტი თუ მაინც ახერხებს მათ მოპოვებას, შეთეთრებულ ან სულაც აფეთქებულ ქართულ ტაძრებში უძველეს წარწერებს ჩირაღდნის შუქზე ეძებს, ამით თურმე, მას ისედაც ფალსიფიცირებული ისტორიის ფალსიფიკაცია განუზრახავს და სადღაც ცხრა მთას იქით ქართველებზე გაგონილი ლეგენდებით და მითებით „გვაბოლებს“. დავესესხები „ცხელი შოკოლადის“ იმავე ნომერში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კომენტარის ავტორს: „ცუდად დავიწყებული ისტორია, ზოგჯერ ცხელ ნიუსზე უფრო სასარგებლოა!!!“ ქალბატონო თეა, გთხოვთ, დამისახელოთ კალანდიას დოკუმენტურ სერიალში ისტორიის ფალსიფიკაციის კონკრეტული მაგალითები. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე გიორგი კალანდიამ ამოტვიფრა ძველი ქართული წარწერები, თუ მან მოიგონა შუაგულ იმერხევში „მარიობის“ დღესასწაული? თურმე, რა საჭიროა ქართველმა მაყურებელმა იცოდეს მისი გენისა და სისხლის ისტორია. ყოველივე ამაში მარტივი ლოგიკა დევს, რაც ნაკლებად გვეცოდინება წარსული, მით უკეთეს მომავალს ავაშენებთ და რაც უფრო ბნელები ვიქნებით, მით მალე „გაბრწყინდება ივერია“! ასეთი ფასეულობების შკალაზე მოჭრილ სექტორს, უნდა შენი მაღალი ღირებულებითი ვექტორი? კალანდიას დოკუმენტურ ფილმებზე გეტყვის „ნაციონალისტურ ვნებებს“ აღვივებსო, „დიდ ათეულს“ თურმე, ყველასათვის თანაბარი დროის მიცემა და პარიტეტის დაცვაც ნაკლად ჩაეთვალა, მოწვეულ სტუმარს რომ უსმენენ და აზრს თავშივე არ აწყვეტინებენ, ესეც ვერ ყოფილა კარგი საქციელი.
გთავაზობთ, გადაცემასთან „დიალოგი როლში“ დაკავშირებით თეა ჭანტურიას კომენტარიდან კიდევ ერთ ამონარიდს: „ამდენ დაუსაქმებელ მსახიობსაც მოვიმადლიერებთ, მათთან სტუმრად მყოფი პოლიტიკოსიც კომფორტულად იგრძნობს თავს - მას წინასწარ მომზადებულ ყველა კითხვაზე დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი ექნება“.
გადაცემაში „თავი რომ დავიზღვიოთ“ სოციუმის ნამდვილი წარმომადგენელი კი არა, მსახიობი მოგვყავს „სომეხი საპოჟნიკისა“ და „ქურთი მეეზოვის“ როლში. აბა, რას მოითხოვთ, ქალბატონო თეა, ნამდვილი მეწაღეები და სანტექნიკოსები მოვიყვანოთ და უარვყოთ ჩვენი ფორმატის „დიალოგი როლში“ მხატვრული ხერხი? მაგ ლოგიკით, „ოტელოს“ როლიც მსახიობის ნაცვლად ნამდვილ შავკანიან მავრს ხომ არ შევასრულებინოთ?.. არა მგონია, ამ გადაცემებიდან თუნდაც ერთი გქონდეთ ნანახი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკოსთა პასუხებს „წინასწარ მომზადებულს“ ვერ უწოდებდით, რადგან მსახიობები იმდენად მწვავე კითხვებს სვამენ, რომ პოლიტიკოსებს ზოგჯერ 10-15 წუთი სჭირდებათ გონს მოსასვლელად. სტუმრად მოწვეულმა კობა სუბელიანმა კი გადაცემას ასეთი შეფასება მისცა: მეფის კარზე ხუმარა ყველაფერს პირში რომ მიახლიდა მეფეს, ეს პროექტი იმას მაგონებსო. რაც შეეხება თქვენს შენიშვნას უმუშევრად დარჩენილი მსახიობების „მომადლიერებასთან“ დაკავშირებით, ირონიის საგანს ნამდვილად ვერ მიგიხვდით. დასაქმებულ და გაპიარებულ მსახიობებთან ერთად თუ უმუშევრად დარჩენილებიც მოგვყავს და ამ ეკონომიკური კრიზისის დროს მათ ცოტა სულის მოთქმის საშუალებას ვაძლევთ, თურმე, ვერც ამით გავამართლეთ თქვენი იმედები. სწორედ ამას ჰქვია იმთავითვე უარყოფითად განწყობილის პოზიცია.
ერთი კითხვა მაქვს განახლებული პირველი არხისადმი „ვერადა ვერ“ განწყობილთათვის, სამოქალაქო სექტორის პატივცემულო წევრებო, ხომ იყო დრო, როცა მაყურებელს პირველი არხის ღილაკი ლამის გაუქმებული ჰქონდა, მაშინ არ გაღელვებდათ თქვენი ჯიბიდან დაფინანსებული, ყველასაგან მივიწყებული „მაუწყებელი“? (ინფორმაციისათვის: „პირველად საქართველოში“ სწორედ, პირველი არხი იყო, მდიდარი გამოცდილებითა და იმ პროფესიონალიზმით, ასე გულუხვად რომ გასცა შემდეგ გაჩენილი ტელეკომპანიების „ფეისებისათვის“. ალბათ, ვერც იმ ფაქტს უარყოფს ვინმე, რომ პირველი არხი ქართული ტელეჟურნალისტიკის ნამდვილი სამჭედლო იყო.) საინტერესოა, როდესაც ამ არხმა თავისი არსებობა შეგახსენათ და ცისფერ ეკრანს დალტონიზმი მოაშორა, ახლა გახდა უვარგისი?...
რაც შეეხება თეა ჭანტურიას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ისტორიულად საქართველოს შემადგენლობაში მყოფ ტერიტორიას და დაკარგულ შვილებს კი მივტირით, მაგრამ ამავე დროს, მათ არასრულფასოვან (როგორც არამართლმადიდებლებს) ქართველებად მივიჩნევთ“, ასეთი შეფასება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. იქნებ, ამ მოსაზრების ავტორმა კონკრეტული მაგალითი დაგვისახელოს, სად ნახა კალანდიას დოკუმენტურ ფილმებში „დაკარგული შვილებისადმი“ მსგავსი დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პოინტერის ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი როი პიტერ კლარკი იტყოდა, ეს ფაქტსა და გამონაგონს შორის ცურვას ჰგავს თავთხელ წყალში. ბატონებო, იქნებ, არ ღირდეს რელიგიური გრძნობებით ჟონგლირება, რადგან ვერც მუჰამედზე მეტი მუსლიმანი გახდები და ვერც პაპზე მეტი კათოლიკე. და საერთოდ, რა უბედურება გვჭირს ეს, ყველას ჩვენი ტოლერანტობა რომ უნდა ვუმტკიცოთ, მაშინ, როცა ყველა ხიზანი მასპინძლად გვექცა და თავად გასახიზნად გვექცა საქმე... დალოცვილებო, საუკუნეთა განმავლობაში ამდენი ეროვნება როგორ იცხოვრებდა ჩვენ გვერდით, ასეთი შეუწყნარებლები და კაციჭამიები თუ ვიყავით? სხვა აღმსარებლობის შემვიწროვებელთა გვერდით განა ძლებენ 26 საუკუნე?
შაჰის, სულთნის თუ რუსთა მეფის „ქისის კაცები“, ალბათ, არც შემორჩნენ ისტორიას, თუმცა, მათი „ღვაწლი“ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოს შაგრენის ტყავივით დაპატარავებაზე დააჩნდა.
ბრიტნი სპირსის საცვლები და ელტონ ჯონის ქუდების კოლექცია თუ დაგვაზეპირებინა მასმედიამ, გიორგი კალანდიას „ჩვენებურების“ სულისშემძვრელი ისტორიები რას გვიშავებენ ასეთს, რომ მათ გასწვრივ შემეცნებითი ჟანრი ბრჭყალებში ვახსენოთ?
ახლა კი დღეში ორჯერ საკითხავი მარადიულ ფასეულობათა კისრისტეხით გაუფასურების მოსურნეთათვის
ერთმა „ჭკუათმყოფელმა“ დიდგორის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა და ერთი ქართველის მიერ ათი მტრის მოგერიება წარსულის ჰიპერბოლიზაციად მონათლა. თურმე, არც დიდგორში გაგვიმარჯვია, არც დავითი, თამარი და სარწმუნოებისათვის წამებული ქეთევანი გვყოლია. იქნებ, არც არასდროს ვყოფილვართ და „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ ჩვენი საზღვრებიც მოგონილი მითია „ნაციონალისტური ვნებების გასაღვივებლად“. ასეთი ალერგია რამ შეგყარათ ყველაფერ ქართულზე? ვის აწყობს დაგვავიწყოს წარსული და ერის მეხსიერებიდან ამოშალოს ის, რაც არა მხოლოდ ქართველ, არამედ აღმოსავლელ და ევროპელ მემატიანეთა მიერ არაერთგზის დაფიქსირებულა უამრავ ისტორიულ წყაროში. გვაპატიეთ, ბატონებო, ჩვენს ცნობიერებაში „ჯეროვნად“ ვერჩატარებული „ევრორემონტი“! გვაპატიეთ, თუ მაინც ვარსებობთ და ჩვენსავე მიწა-წყალზე ეროვნულ უმცირესობად არ მოვიაზრებით. გვაპატიეთ, თუ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კალანდია ქართველ წინაპართა ნაკვალევს იკვლევს, თუ პირველ არხზე დიდ ქართველებზე და მათ ერისკაცობაზე საუბარს ვბედავთ, თუ 15 წლის განმავლობაში ორჯერ ომგადახდილ ქვეყანას ოდესღაც დიდ, ერთიან და ძლიერ საქართველოს შევახსენებთ, თუ უიმედობას და სასოწარკვეთას არ ვთესავთ და დილიდან დაღამებამდე უარყოფითი ინფორმაციით არ ვზაფრავთ მაყურებელს, თუ ომისშოკგადატანილ მოსახლეობას თბილ სიტყვას და კეთილ განწყობას ვთავაზობთ - აი, ჩვენი დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე!!!
P.S. ამას წინათ ახლობელი მოვინახულე. მისი ხუთი წლის ბიჭი 1 არხს უყურებდა. - მოგწონს-მეთქი, - ვკითხე. სულ ამას ვუყურებ, ეს არხი აქამდე რატომ არ იყოო? - კითხვა დამიბრუნა ბავშვმა.
როგორც ამბობენ, ბავშვის ენით ჭეშმარიტება ღაღადებს.
![]() |
4 ადამიანის არქიტექტურის ფოტოგრაფიული დეტალები გალერეის სიგრილეში |
▲back to top |
მიმოხილვა
ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
ფოტოგრაფმა ირინა აბჟანდაძემ და ექიმმა მაკა შაფათავამ შემოგვთავაზეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხატვრო პროექტი, რომელსაც „პარალელური ბიოგრაფიები“ ერქვა. ეს იყო რაფინირებული პოსტმოდერნისტული გამოფენა, რაც კი ბოლო წლებში თბილისში განხორციელებულა. მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“, რომელიც კუს ტბის გზის დასაწყისში მდებარეობს და რომელსაც ულამაზესი და კარგად მოვლილი გაზონები აკრავს გარშემო, კარგად შეეხამა ამ გამოფენის განწყობას, რომელიც სამეცნიერო ნახაზებისა და სანატორიუმის მედიტაციური სიმშვიდის გადაკვეთაზე იქმნებოდა. ორი ხელოვანი ქალის ეს ფოტოპროექტი, მიუხედავად მძლავრი არტისტული მუხტისა, მაინც ამ გარემოსავით გამჭვირვალე, მყიფე და ცოტა ნოსტალგიური იყო; ოღონდ ეს ნოსტალგია რაღაც ძალზე შორეულ, თითქმის უხსოვარ წარსულს უფრო შეგვახსენებს, ან შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ შორეულ მომავალს შეეხება.
ყველაზე პოეტური ის იყო, რომ გამოფენაზე არც ერთი ფოტო არ იყო თვითონ ავტორების გადაღებული. ეს ფოტოები ენციკლოპედიებიდან და გეოგრაფიული მეგზურებიდან ამოღებულ შავ-თეთრ ან სულაც უკვე ფერგადასულ მოგონებებს უფრო ჰგავდა, თუნდაც ისეთს, ქუჩის თაროებზე ნაპოვნ ძველ წიგნებში ჯერ კიდევ რომ შეიძლება ნახოთ - მაგალითად, როგორი იყო სპორტის სასახლე როდესაც ის აშენდა, ან რომელიმე ძეგლი თუ ობელისკი სულ სხვა, მისთვის უფრო ჩვეულ და ბუნებრივ დროში. მაგრამ არტისტებს მხოლოდ ეს მიზანი არ ჰქონიათ, რომ ეჩვენებინათ დროის სრბოლა და წიგნებში შემორჩენილი სურათ-ხატები.
პარალელურ ბიოგრაფიებში ორი ხელოვანი ორ სხვადასხვა ისტორიას გვიყვება. ირინა აბჟანდაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ არქიტექტურულ ძეგლებს, შენობებს, სპორტულ კომპლექსებს და სხვ. წარმოგვიდგენს, ხოლო მაკა შაფათავა ადამიანის ორგანიზმის მაკროსკოპიულ სამეცნიერო სურათებს გვათვალიერებინებს. დიახ, სწორედ „გვათვალიერებინებს“ არის გამოფენის ძირითადი ესთეტიკური ვექტორის ყველაზე ზუსტი განსაზღვრება, რაც გამოფენას პოსტმოდერნისტული პარადიგმის სიბრტყეზე ამყოფებს - როგორც წიგნს, ტექსტსა თუ პირად ალბომს. არტისტები აქ უბრალოდ აერთიანებენ არქიტექტურულ, სამედიცინო, ისტორიულ, ეგზისტენციურ და სამედიტაციო ენას. მაგრამ, მიუხედავად ლიტერატურულობის ასეთი რისკისა, რაც უარეს შემთხვევაში შეიძლება გამოფენის წიგნად გააზრებას მოჰყვეს, აქ ამ ურთიერთობების, პარალელური ბიოგრაფიების, მათი თანხვედრისა და გვერდიგვერდ ყოფნის მიღმა, სხვა შინაარსი და ფორმა არც იძებნება. გამოფენა ინტელექტუალური გააზრებისკენ არ უბიძგებს მნახველს, ის უფრო სანახაობრივია, რაც უდავოდ სამხატვრო მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს მხატვრები/ფოტოგრაფები საკუთარი ტექნიკის დემონსტრირებას ახდენენ თუ არა. კონტექსტების ხელოვნება მატერიალური საგნებით არ მიიღწევა.
ხელოვნების არეალში მეცნიერების შემოტანა დღეს ალბათ ისეთივე რევოლუციურია, როგორც საუკუნის წინ მეცნიერებისა და რელიგიის დაკავშირება იყო. მაკა შაფათავა გვიჩვენებს, რომ თურმე ადამიანის წარბის ერთი ღერი მაკროსკოპიულ სურათზე ჭადრის ხეს ჰგავს, ხოლო სისხლის მცირე მონაკვეთის შემადგენლობა ოთახში დახვავებულ, ფურცლებით გატენილ გაცვეთილ საქაღალდეებს მოგვაგონებს.
კედელზე ჩამოკიდებულ კონცეფციაში არტისტებს მნიშვნელოვანი აქცენტი ჰქონდათ დასმული ცოცხალ ორგანიზმებსა და ადამიანის ხელით შექმნილ საგნებს შორის გეომეტრიულ მსგავსებებზე. მართლაც, არ შეიძლება არ გაგიკვირდეს ქარგების ეს უნებლიე განმეორებადობა, რაც უზარმაზარ შენობა-ნაგებობებსა და ადამიანის სხეულის სხვადასხვა, შეუიარაღებელი თვალით აღუქმელ დეტალებს აკავშირებს. გამოფენა ერთგვარად შოკის მომგვრელიც იყო, თუმცა იმის მშვიდად გაცნობიერებაზე გათვლილი, რომ მასშტაბები მხოლოდ პირობითობაა. გამოფენის შინაარსის უხეში უტრირება რომ გავაკეთოთ, ვიტყვით, რომ დედამიწა, მთელი მისი გრანდიოზული ნაგებობებით, ერთი უმნიშვნელო მიკრობია რაიმე ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდ ორგანიზმში.
გარდა დროისა და მასშტაბის პირობითობებზე ფილოსოფიური დისკურსისა, ფოტოგრაფი ირინა აბჟანდაძე სხვა ხელოვანების მიერ აშენებულ ნაგებობებს გვათვალიერებინებს, ასევე სხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებს. არტისტის ეს თანამედროვე ფუნქცია, დაგათვალიერებინოს, მართლაც არც ფორმაზე მიუთითებს და არც შინაარსზე, არამედ სხვადასხვა პარადიგმის ურთიერთობაზე ანუ სინტაგმებზე.
პარალელური ბიოგრაფიები შეიძლება გავიგოთ, როგორც პარალელური რეალობები, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პარალელური სამყაროები სადმე, რაღაც დისტანციაზე არსებობენ. ამ ექსპოზიციიდან ვიგებთ, რომ ეს პარალელური სამყაროები და რეალობები, საერთოდ, გამორიცხავენ მანძილს და უბრალოდ, პირობითობის დონეს აღნიშნავენ - თუნდაც სხვადასხვა ვიზუალურ სიხშირეს, რაც არსებობს, მაგრამ ყოველთვის ერთნაირად დასანახი არ არის.
ასეთი დათვალიერება მოგვიწყვეს ირინა აბჟანდაძემ და მისმა მეგობარმა, მოსკოველმა სტომატოლოგმა, მაკა შაფათავამ. ხელოვანის სახეებით შეპყრობილობასა და ექიმის მოკრძალებულ, მორცხვ ფილოსოფიურობას შორის გავლებული მკრთალი ზღვარის აღმოჩენა კი ალბათ გამოფენის მთავარი მიღწევაა.
![]() |
5 ფეტიშურ სიყვარულს ლიტერატურის მუზეუმში ერთდღიანი ძეგლი დაუდგეს |
▲back to top |
მიმოხილვა
ავტორი: დავით ჩიხლაძე
16 ივნისს ლიტერატურის მუზეუმმა ახალგაზრდა მხატვრების ლალოსელის და ბესსას ინსტალაციას უმასპინძლა, ინგლისური დასახელებით, რომელიც ქართულად ასე ჟღერს - ჩვენ მიერ შექმნილი და დამსხვრეული კერპები ანუ კონკრეტულად კი „სიყვარული ფეხსაცმლით“. გამოფენის კონცეფცია აიგო ამას წინათ გახმაურებული ჟურნალისტური ჰედლაინის ირგვლივ, როდესაც ერაყელმა ჟურნალისტმა მუნტადჰა ალ-ზაიდმა პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა და ბინძური ძაღლი უწოდა.
მხატვრებს, როგორც ჩანს, სხვა არჩევანი აღარ ჰქონდათ, ამ მოვლენის სიყვარულის აქტად აღქმის გარდა. საქმე ისაა, რომ თურმე მუნტადჰა ალ-ზაიდის ოჯახი ერაყში სადამის რეჟიმის დროს რეპრესირებულთა რიცხვის მიეკუთვნებოდა. არადა, როდესაც ჯორჯ ბუშის მიერ წამოწყებულმა საომარმა კამპანიამ ეს დიქტატურა დაამხო, მუნტადჰა ალ-ზაიდი, მადლობის ნაცვლად, ფეხსაცმელს ესვრის მას.
აქედან ჩანს, რომ მხატვრები რაღაც პარადოქსულს იკვლევენ ჩვენს ყოველდღიურ, უბრალო ცხოვრებაში. ყოველდღიური ცხოვრება კი მხოლოდ მსოფლიო ნიუსებს არ გულისხმობს, არამედ თბილისში არსებულ მაკდონალდსის რესტორნებს, ისევე, როგორც დემოკრატიის ოდესღაც იდუმალ ელექსირს, კოკა-კოლას, ამდენი წელი რომ ველოდით და არც კი გვჯეროდა, ეს ოცნება თუ აგვისრულდებოდა. დღეს კი მხატვრების კონცეფცია საკმაოდ ბანალურ პარადოქსულ რეალობას ეყრდნობა, როდესაც კარგად ნაცნობ საზოგადოებრივ შეხედულებას ციტირებს: „კოკა-კოლას და მაკდონალდსის შემოსვლის შემდეგ სიამაყენარევი ზიზღით ვაცხადებთ, რომ „ჯადოსნური წითელი სასმელი“ „აბაზანის სახეხად საუკეთესო საშუალებაა“, ნანატრი ბიგ მაკი კი - „პესტიციდებით სავსე, უგემური ჩალა“.
და მაინც, მაკდონალდსი ბავშვების უსაყვარლესი ადგილია, და ამას ხშირად თავად მშობლებიც იზიარებენ. ამიტომაც, მსოფლიოში სწრაფი მომსახურებით სახელგანთქმული ამ ფანტასტიკური რესტორნის თბილისის ფილიალებში მუდამ ხალხმრავლობაა.
ეს ყველაფერი კი ერთი ცენტრალური, შემაჯამებელი სამხატვრო ობიექტით არის გამოხატული, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის ეზოში დაიდგა - 2 მეტრამდე სიმაღლის, გაცვეთილი ფეხაცმელებით აწყობილი აპოლონის დაფნის გვირგვინი, რომელსაც მწვანე ფერის ლაქი ჰქონდა გადასხმული, მისი ფაქტურა დაფნის ფოთოლთან, მზისადმი მიძღვნილ ამ ცნობილ მცენარესთან რომ მიეახლოებინა.
ლალოსელის და ბესსას ეს გაერთიანება, მსგავსად ასევე ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფისა „ბულიონი“, წმინდა პოსტმოდერნისტულ პარადიგმას ეყრდნობა. ასეთი პლატფორმის ხილულ ნიშნებს შორის პირველ რიგში თვალშისაცემია მათი ჟინი ანონიმურობაზე ან რაღაც კორპორატიული სახელების ქვეშ გაერთიანებაზე. მეორე დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ისინი სულაც არ ზრუნავენ მნახველის გართობაზე ან სანახაობის მოწყობაზე. ამ გამოფენის შემთხვევაში, ერთადერთი საგანი ფეხსაცმელების ობიექტი იყო. ყველა დანარჩენი აზრობრივი სპეკულაცია მხოლოდ კონცეფციის და წარმოსახვის ფარგლებში რჩებოდა გამომწყვდეული. მიუხედავად ფეხსაცმლების და დაფნის გვირგვინის პარადოქსული გაერთიანებისა, მაყურებელი მაინც ვერასოდეს მიხვდება, რომ აქ ჯორჯ ბუშის სიყვარულზეა ლაპარაკი, რომელიც რატომღაც ფეხსაცმლის სროლით გამოიხატა.
ამგვარად, ისინი საკუთარი თავის ირონიზებას ახდენენ - მართლაც, რა დიდი პრივილეგიაა, იყო მხატვარი, როდესაც შეგიძლია იყო გაცილებით მეტი - მიმნიშნებელი, თავისუფალი, უდარდელი და ჭკვიანი. სრული კომპონენტებია ცხოვრებით მოკრძალებული ტკბობისათვის.
ასეთი ტიპის გამოფენები კი, დადაიზმიდან დაწყებული ფლუქსუსის გავლით დღევანდელობამდე, ყოველთვის იმით იყო მიმზიდველი, რომ აქ ერთ ცოცხალ აზრზე ერთი უბრალო და ხალისიანი შეკრება მოდის, ისევე, როგორც ლალოსელის და ბესსას გამოფენაზე - ყველასთვის ერთი კათხა, მხატვრების სახლში გამოხდილი, „გინესზე“ ასგზის უფრო შავი, ძალზე უცნაური, მაგრამ მაინც სასურველი ლუდი, „ბენ ჯამალიმი“.
![]() |
6 ჯარჯი ბალანჩივაძესთან მზე მფრინავი თეფშია |
▲back to top |
მიმოხილვა
ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
4 ივლისს საკონცერტო დარბაზ „ორფევსში“, ჭავჭავაძის გამზირზე, იგივე „ხელოვნების მცირე აკადემიის“ შენობაში ქართული მუსიკის კონცერტი გაიმართა. ორკესტრმა მსმენელის წინაშე ანდრია ბალანჩივაძის ნაწარმოებები წარმოადგინა - ეპიზოდი სიმებიანებისათვის, პრელუდია ორკესტრისათვის, დაუმთავრებელი სიმფონიის ნაწილი და „რიწის ტბა“.
დღევანდელობის კონტექსტში ძალზე საყურადღებოა ანდრია ბალანჩივაძის ნაწარმოებების გახსენება. ალბათ უკეთესი იქნებოდა, ეს მუსიკა დღეს დაეწერა ვინმეს, მაგრამ უახლოესი წარსულისადმი დღევანდელ არამგრძნობიარე გარემოში მისი შესრულებაც კი უკვე თითქმის ქმნადობის ტოლფასია. საყოველთაო კლიშეებისგან თავისუფალი ეს კონცერტი გვახსენებდა დავიწყებულ, ქართულ საბჭოთა იმპრესიონისტულ მოტივებს, რომელთა წარმომავლობა უცნობი იყო, მაგრამ ის კი ვიცოდით, რომ მათ რაღაც სიტყვები თუ სურათ-ხატები ჰქონდა მიმაგრებული, როგორიცაა „დილა“, „კოლმეურნეობა“, „რადიო“, „ზაჰესი“, „მზე“, „საქართველოს სამხედრო გზა“. ასეთ მუსიკას, მიუხედავად ენთუზიასტური და ოპტიმისტური ჰარმონიისა, ოდნავ შესამჩნევი სევდა ადრეც ყოველთვის ახლდა. დღეს კი, როდესაც დროება შეიცვალა, ეს უფრო გასაგებიცაა და ნაწარმოების დროსთან კავშირზე მიუთითებს, ანუ მის ნამდვილობაზე.
განსაკუთრებით ლირიკული აღმოჩნდა კონცერტის დასასრული, როდესაც ორკესტრთან ერთად ბალერინამ საკუთარი სხეულით შეასრულა ანდრია ბალანჩივაძის მუსიკა ოპერა-ბალეტიდან „განგა“. ჰაეროვანი და უზადო შესრულებით ბალერინა გვანცა რეხვიაშვილი აქ მხოლოდ მოცეკვავე არ ყოფილა - კონცერტის დრამატურგიაში ის ორკესტრის ნაწილად მოიაზრებოდა, და მან ამ რთულ, პომპეზურობისკენ მიდრეკილ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი.
ორკესტრს ჯარჯი ბალანჩივაძე დირიჟორობდა. კონცერტის პირველი, შესავალი ნაწილი სწორედ ჯარჯი ბალანჩივაძის ნაწარმოებს, „ბუნების სურათებს“ დაეთმო, რომელიც 3 ნაწილისაგან შედგებოდა - „პეიზაჟი“, „ქმნადობა“ და „ძველი ბილიკი“. ეს კონცერტი ჯარჯი ბალანჩივაძის სურათების გამოფენასაც დაემთხვა, რამდენიმე დღის განმავლობაში „ბაია გალერეაში“ რომ მიმდინარეობდა და დამთვალიერებელს საუცხოო აურას გადასცემდა.
ჯარჯი ბალანჩივაძემ საკუთარი ფერწერული ნამუშევრები არ დაასათაურა. ისინი მართლაც რაღაც ერთი სამყაროს ფრაგმენტებია, რომელიც ბიბლიურიც არის და საბავშვოც, რაღაც რომანტიკულიც ურევია და ცოტა ფანტასტიკურსაც მოჰკრავთ თვალს. მაგალითად, ყვითელ ორცხობილას თუ მფრინავ თეფშს, რომელიც, როგორც მზე, თითქმის ყველა სურათში მეორდება.
ოსტატობის თვალსაზრისით, ეს ნამუშევრები ისეთ რაფინირებულ მხატვრობას მიეკუთვნება, რომელიც, მარკ შაგალის ნახატების მსგავსად, ორიგინალში უნახავად შეიძლება უბრალოდ მოგეჩვენოს.
ჯარჯი ბალანჩივაძის შემოქმედება, ჩემი დაკვირვებით, უხვად საზრდოობს მზის ენერგიით, იქნებ ამიტომაც დამამახსოვრდა ამდენი ყვითელი, მისი გამოფენიდანაც და კონცერტიდანაც.
![]() |
7 შერეკილები ART FACTORY-დან |
▲back to top |
აქცენტი
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ქეთევან ბეჟიაშვილი
ამჯერად ჩვენ, ანუ „ცხელი შოკოლადი“ და ანა კორძაია-სამადაშვილი, ორ რამეს გირჩევთ. გულით გირჩევთ, რადგან, - საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს, - ორივე რამ ძალიან კარგია. მაშ, ასე:
თუ დაბინდების შემდეგ გეზს ძველი კინოსტუდიის ტერიტორიისკენ აიღებთ, თაღს გაივლით, არად ჩააგდებთ შელანძღულ გასასვლელს, მამაცურად ივლით და მერე ხელმარცხნივ გაუხვევთ, თავს იმ სამყაროში ამოყოფთ, მთელი ბავშვობა რომ გენატრებოდათ: დაგხვდებიან აკრობატები, ცეცხლის მფრქვეველები, მუსიკოსები, მსახიობები, ლამაზი გოგოები და კარგი ბიჭები - მოკლედ, მოძრაობის თეატრი.
იყო დრო - სულ ცოტა ხნის წინათ, - როცა მოძრაობის თეატრს, მისი უაღრესად დემოკრატიული ხასიათის მიუხედავად, მხოლოდ ვიწრო წრე თუ ეწვეოდა ხოლმე. მეც კი, მის გულშემატკივარსა და გარკვეულწილად მეგობარს, სულ რამდენიმე წარმოდგენა მაქვს ნანახი - სამეფო უბნის თეატრში, მზიურში, კვარიათის სანაპიროზე და... მეტი არც მახსოვს. ახლა კი ყოველი კვირის ბოლოს კინოსტუდიის ხრეშით მოფენილ ეზოში ფესვები მაქვს ხოლმე გადგმული.
ეს თავისუფალი სივრცეა. განვმარტავ: ვისაც კი რამის გაკეთება შეუძლია და უნდა - ხატავს, ცეკვავს, მღერის, ამბავს ჰყვება თუ რამე აქვს სათქმელი, - თამამად შეუძლია, ეს ადგილი გამოიყენოს. მნახველი თუ მსმენელი რომ არ მოაკლდება, ფაქტია.
თეატრის სულისჩამდგმელმა, კახა ბაკურაძემ, ამიხსნა, რომ მისთვის ხელოვნება ერთიანი ჯაჭვია. რგოლები ხელოვნების სხვადასხვა სფეროებია, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ლითონისგან დამზადებული, მაგრამ ერთიანობაში ისინი ჯაჭვს ქმნის. თუ რომელიმე რგოლი სუსტი გამოდგა, დარტყმას დანარჩენები გაუძლებენ და ჯაჭვი არ გაწყდება. აქედან მარტივი დასკვნა და რჩევა პირველი: მოდი, ვიმეგობროთ, დავწეროთ, მოვყვეთ, დავხატოთ, დავუკრათ, ვიცეკვოთ, მხიარულად ვიყოთ, ამ თავისუფალ სივრცეში მაინც.
სწორედ აქ გავხდი დაუვიწყარი სანახაობის მოწმე. წარმოდგენას არ ვგულისხმობ, თავისთავად, შესანიშნავი იყო, აგვისტოში თავადაც დარწმუნდებით, როცა „შერეკილები 2“ მაყურებლის წინაშე დასრულებული სახით წარდგება. ახლა კი წარმოიდგინეთ ყველაზე სასურველი გოგო (გვანცა სადრაძე) და ყველაზე შეყვარებული ბიჭი (იაკობ გოგოტიშვილი). ისინი, რასაკვირველია, დაფრინავენ. რასაკვირველია, ძალიან ლამაზები არიან. თავისთავად ცხადია, მშვენიერი მუსიკა ისმის. ზემოთ კი, გუმბათის თავზე, ვიღაც დგას, მთხრობელი, სული - რა მნიშვნელობა აქვს, - და იძახის იმას, რისი თქმაც და რისი გაგონებაც ყველას ყველაზე მეტად უნდა:
„რომ შემპირდი, გახსოვს კიდევ?“
აი, მაშინ დავინახე ის, რის გამოც ამდენი ვწერე: თავისუფალ სივრცეში შეკრებილი უამრავი ადამიანი - ქალები და კაცები, მაღლები და დაბლები, ახალგაზრდები და არც ისე, შავთმიანები და ჟღალები, - წარმოდგენას ყველა, უკლებლივ ყველა განაბული უყურებდა, და სახეზე ყველას ერთი და იგივე ეწერა: მეც მინდა. სიყვარული მინდა. შემიყვარეთ, ძალიან გთხოვთ.
„კიდით კიდე გული ვზიდე...“ განაგრძობდა კახა ბაკურაძე. შეყვარებულები თავდავიწყებით ტრიალებდნენ, მე კი მინდოდა, ძალიან მინდოდა, რომ ვინმეს საიდანმე მხოლოდ ჩემთვის დაეძახა: „რომ შემპირდი, გახსოვს კიდევ?“ და პასუხად კახასთან ერთად მეც მეყვირა: „მიყვარხარ!“
რა ვქნა, მინდოდა. მე მგონი, ყველას უნდა. აქედან მარტივი დასკვნა და რჩევა მეორე: გაიხსენეთ, ვის რას შეპირდით და უთხარით, რომ გიყვართ. ისიც იგივეს გეტყვით. აი, ნახავთ, თუ არა.
![]() |
8 რუსოფობია - დასავლეთის საზღვარზე |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: გიორგი გვახარია
ვისაც ჯერ კიდევ გახსოვთ გაგრა და მისი გარეუბნები, დამეთანხმებით ალბათ, რომ გაგრასა და სარფს შორის რაღაც არის საერთო. ეს, თითქმის ყოველთვის ნისლიანი მთები ზღვის ნაპირს უჩვეულო ფორმას და, რაც მთავარია, უჩვეულო ფერს აძლევს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთა მოძრაობს და სადღაც, ზღვის ჰორიზონტისკენ მიემართება. ზღვისა და მთების რაღაც იდუმალი კონტაქტის ხილვა სარფში პირადად მე „ღრმა სიჭაბუკეში“ გადამიყვანს ხოლმე - გამუდმებით მახსენებს გაგრას, განთიადს, ლესელიძეს, იმ „ზონას“, სადაც მთავრდებოდა სამშობლო და იხსნებოდა ახალი სივრცე - განსხვავებული დიზაინით, ფერით, ენით. საბჭოთა კავშირი როცა დაინგრა და ლესელიძე-ვისიოლაიას გამშვები პუნქტი ოფიციალურად იქცა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრად, ეს ადგილი საბოლოოდ დამკვიდრდა ჩემს ცნობიერებაში, როგორც სამშობლოს დასავლეთი საზღვარი, როგორც ფანჯარა დასავლეთში, ე.ი. ევროპაში... არა რუსეთში, არამედ ევროპაში! მით უმეტეს, რომ 1992 წელს, ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე გადავკვეთე ეს საზღვარი მანქანით და უნგრეთისკენ გავემართე.
„პერესტროიკის“ ეპოქა დამთავრებული იყო. მიხეილ გორბაჩოვმა თავისი მისია ამოწურა და ხელისუფლება ბორის ელცინს გადაულოცა. საქართველოში პუტჩი მოხდა და თბილისს „პერესტროიკის“ ერთ-ერთი იდეოლოგი, ედუარდ შევარდნაძე დაუბრუნდა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც გამსახურდიას დამხობას დაუჭირა მხარი, დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანა პროვინციული ჩაკეტილობისგან გათავისუფლდებოდა და ედუარდ შევარდნაძე, „ბეიკერის, ბუშის, გენშერის მეგობარი“, დასავლეთთან ქვეყნის ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. თავადაც ასე თქვა, - ცოტა ხანში სამშობლოს „შვეიცარიად“ ვაქცევთო.
მაგრამ, შვეიცარიის ნაცვლად, მივიღეთ ტერიტორიებდაკარგული, დსთ-ში შეყვანილი საქართველო, რომელსაც ყველაფერთან ერთად დასავლეთის ეს საზღვარიც დაეკარგა.
გავა კიდევ რამდენიმე წელი და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ჩეჩენი ტერორისტების“ გადაადგილების თავიდან ასაცილებლად რუსეთი სავიზო რეჟიმს დაგვიწესებს, ატყდება დიდი ამბავი; თბილისი რუსეთის ამ ჟესტს „აგრესიად“ აღიქვამს. იმ საღამოს გადაცემა მექნება „რუსთავი 2“-ში. აკაკი ასათიანი მოვა სტუდიაში და იტყვის, - მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამ დღეზე - ბოლოს და ბოლოს რუსეთმა ვიზები დაგვიწესა - ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარაო.
ცოტა ხანში თურქეთი გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან. დასავლეთთან კონტაქტის წერტილი ლესელიძევესიოლაიადან სარფში გადაიწევს და ახლა თურქეთი გახდება საქართველოსთვის ცივილიზაცისთან ინტეგრაციის საშუალება. სტამბოლის აეროპორტი საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობა შეუძლია, გადაიქცევა ნამდვილ ტრანზიტულ ზონად - ყოფილ საბჭოთა სივრცეში გაჭედილ საქართველოსა და დანარჩენ ცივილიზაციას შორის.
დასავლეთის საზღვრის ასეთმა გადატანამ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ნელ-ნელა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამოიწურა „პერესტროიკის“ ეპოქისთვის დამახასიათებელი რუსოფილური ვნებები, მუდმივი დავა „ზვიადისტებთან“ რუსეთის თაობაზე, რუსეთის წარმოდგენა დასავლეთის ნაწილად... დაიმსხვრა პირადად ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ილუზია - რუსული საზოგადოების ცნობიერებაში დასრულდება საბჭოთა კავშირი და საქართველოსაც ეშველება... არ მოხდა ასე - რამდენემე წლის წინ ბერლინში ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა გულდაწყვეტილმა მითხრა, - ეჰ, რა კარგი დრო იყო ბერლინალეზე მოსკოვის გავლით რომ მიფრინავდი, სტუმრად მოდიოდი ჩვენთან, ყავას ვსვამდით და ვჭორაობდითო. წელს კი მოსკოვის კინოფესტივალზე სწორედ ეს ჩემი მეგობარი აღმოჩნდა თანაავტორი რეტროსპექტივისა „ქართული კინო - „ფიციდან“ - „მონანიებამდე“... ჰო, იმ ფესტივალზე „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტად“ წარდგენილი ბატონი ჩხეიძე რომ გამოვიდა დიდი მისასალმებელი სიტყვით - „ჩემი სამშობლო, ამ შემთხვევაში, საქართველოო...“, „უწმინდესი ილია მეორე გვეუბნება, - ჯერ მეზობელი და მერე მზეო...“, ე.ი. ჯერ თქვენ, რუსებო, და მერე მზეო...
არ ვიცი, როგორი გზით ჩავიდა ბატონი რეზო ჩხეიძე მოსკოვში. სტამბოლით თუ გადაფრინდა, ისიც გაივლიდა „ტრანზიტულ ზონას“ და უთუოდ დაწყდებოდა გული იმის გამო, რომ ჩრდილოეთის მეზობელთან მოსახვედრად სამხრეთის მეზობელი უნდა გაიაროს; „მართლმადიდებელ ძმასთან“ მოსახვედრად „თათრების“ აეროპორტში უნდა მოუწიოს ყურყუტი. ამ უსამართლობას იგი და კიდევ ბევრი სხვა ქართველი „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი“, ყოფილი კომუნისტები (რომელთაც დღეს უკვე არა ცეკას შენობაში, არამედ საპატრიარქოში უყვართ მიბრძანება), როგორც წესი, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებენ. კი, 90-იან წლებშიც არ მოსწონდათ ქართულ ბაზარზე თურქეთის აქტიური შემოჭრა - ხმას ავრცელებდნენ, - თურქული შოკოლადი და „პეჩენია“ უხარისხოა, მაგას „კრასნი ოქტიაბრის“ პროდუქცია ჯობსო; აგრესიულები არიან, ჩვენი ქალები მეძავებად აქციეს(!), არ ბანაობენო. მაგრამ დღეს, უფრო სწორად, გასული წლის აგვისტოს შემდეგ, როცა რუსეთის წარმოდგენა „ერთმორწმუნე ძმად“ უბრალოდ სამარცხვინო გახდა, კიდევ უფრო გაძლიერდა ასეთი ტიპის ადამიანების აგრესია იმის მიმართ, ვინც რუსეთს ჩაენაცვლა - სულ ერთია, ევროპა იქნება, ამერიკა, თუ დასავლეთის სარკმელი საქართველოში - მუსლიმური თურქეთი.
თავად რუსეთში თურქეთის მიმართ ეჭვიანობამ და იმ ერთმორწმუნე ხალხის სიყვარულმა, რომელიც მუსლიმთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა, საუკუნეებს გაუძლო. დიახაც, სიყვარულია ეს - სიყვარული, რომელიც კლავს, ახრჩობს, და არა აცოცხლებს (მთლად შექსპირმა აღწერა თავის დროზე ეს ვნება), ...და სწორედ ასეთი სიყვარული მგონია მე ქართულრუსული ურთიერთობაც.
თურქეთის მიმართ ეჭვიანობამ რუსეთი საშინელ პროვოკაციამდე მიიყვანა მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ამბოხებისკენ უბიძგა სომხებს ანატოლიაში. რუსეთმა იმდენად გააძლიერა სომხეთში თურქის მტრის ხატი, რომ დღემდე აქ აზერბაიჯანელებსაც კი „თურქებს“ უწოდებენ და დღემდე ასე ამართლებენ რუსეთთან თბილ ურთიერთობას: აბა, რა ვქნათ, მუსლიმური ქვეყნებით ვართ გარშემორტყმულნიო.
სომხეთში პროვოკაციამ გაჭრა. საქართველოში, მრავალი მიზეზის გამო, ეს ვერ მოხერხდა. თუმცა არაა გამორიცხული, „ერთმორწმუნე ძმებმა“ ამ მხრივ კვლავაც გააგრძელონ მუშაობა; „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებმა“ გამუდმებით გაგვახსენონ, რომ რუსეთმა ჩვენ სწორედ მუსულმანი დამპყრობლების შემოსევებისგან გვიხსნა, ჩვენი რწმენა გადაარჩინა, ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ფრესკები... მერე რა, რომ ქართულ ფრესკებს რუსული „გადაახატეს“? მთავარია, ვინაა გამოხატული ამ ფრესკებზე - ვისი გვწამს ჩვენ და რუსებს; თანაც, ერთნაირად!
1839 წელს ფრანგი მოგზაური, ასტოლფ დე კიუსტინი რუსეთში მოგზაურობის შემდეგ გაოცებული წერდა, - რუსებს საოცარი შიში აქვთ „ინოზემცების“. ჰგონიათ, რომ ყველა უცხოელს მათი დაპყრობა უნდა - ამ ხალხში უკიდურესი თვითკმაყოფილება და მუდმივი ტრაბახი შერწყმულია თავის თავში დაურწმუნებლობასა და გაუბედაობასთანო. არის რაღაც საერთო, არა? ეგრევე გაგახსენდებათ, პროვინციული ქართული ქსენოფობია, ჩვენი, უკვე კარგად გააზრებულ-შესწავლილი ნარცისიზმი და ჩვენივე ინფანტილიზმი. ამ თვალსაზრისით, ქართველებს და რუსებს იმდენი აქვთ საერთო, რომ 80-იან წლებში აკადემიკოსმა სახაროვმა კინაღამ გული გაუხეთქა თავის აქაურ თაყვანისმცემლებს, როცა რუსეთს „დიდი“, საქართველოს კი „მცირე“ იმპერია“ უწოდა.
მაგრამ ეს საერთოა სწორედ მოჩვენებითი - ის შემთხვევაა, როცა გერმანული ანდაზა გაგონდება - „ყველა შედარება მოიკოჭლებს“. ამ არააგრესიული, ყოფითი ქსენოფობიის მიუხედავად (ედუარდ შევარდნაძემ მას „პროვინციული ფაშიზმი“ უწოდა - ვიღაცამ ასწავლა, როგორ დაახასიათოს „ზვიადისტები“, დასავლელი ლიბერალების გული რომ მოიგოს), ქართველებს სწორედ უცხოს გაიდეალება-გაფეტიშება ეხერხებოდათ კარგად. წმინდა ნინო კაბადოკიელი, შუშანიკი, აბო ტფილელი, მთელი „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც ტარიელის დასახმარებლად „იდეალური უცხო“ მოდის - მთელი ეს კულტურა აგებული იყო ეთნიკურად არაქართველის უპირატესობაზე, ქართველთან შედარებით. და ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა ეს ტენდენცია, რომ არა რუსულ კულტურაში შეღწევა და „ერთმორწმუნე ძმასთან“ ინტეგრაცია - თანაც, ინტეგრაცია ენის დონეზე - რუსულად საუბარი „სვეტსკი“ წრეებში, რუსული სკოლების პრესტიჟულობა... მახსოვს, სკოლაში, როგორი თავაწეულები დავდიოდით ისინი, ვისაც ე.წ „მოსკოვის ფორმა“ გვეცვა და რაოდენ დათრგუნულად გრძნობდნენ თავს „ისანის“ ფაბრიკის ფორმაში გამოწყობილი თანაკლასელები.
იმ წლებს გაიხსენებს სწორედ მერაბ მამარდაშვილი, როცა იტყვის, - 30 წელი ვცხოვრობდი რუსეთში და მჯეროდა, რომ ქართველები რუსებივით ბნელები არ არიანო (ჰო, ასე წერს „ტიომნიე“), მჯეროდა, რომ ქართველებს უყვართ სიცოცხლე, რადგანაც იუმორის გრძნობა და რაინდობის შეგრძნება აქვთ შენარჩუნებული, ე.ი. ინდივიდუალისტები არიან, სკეპტიკოსები და ა.შ.. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საბოლოო დამორჩილება შეუძლებელიაო. ამას ვიმეორებდი მოსკოვში ცხოვრების დროს, თითქმის ყოველ დღეო.
„მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ილუზია იყო და რომ მენტალური, ფსიქიური, სიტყვიერი გახრწნის პროცესი ძალიან შორს წავიდა“.
რა გამოდის ამ სიტყვებით? რომ რუსეთმა გახრწნა ქართული მენტალობა? კეთილი, ვიყოთ ოდნავ უფრო პოლიტკორექტულები (რათა მერე „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებმა“ ფაშისტები და ქსენოფობები არ გვიწოდონ) და ჯობს, ასე ვთქვათ, - „საბჭოთა რუსეთმა გახრწნა ქართული მენტალობა“?
„საქართველოს ჰყავს მტერი - ეს არის კომუნისტური საბჭოთა სისტემა. რა თქმა უნდა, მთავარი სიმძიმე ამ მტრული ძალისა არის რუსეთში, მოსკოვში“, - ამბობს მერაბ მამარდაშვილი 80-იანი წლების ბოლოს, თბილისის ფიზიკის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე. ქართული პროვინციული ნაციონალიზმი მას კვლავაც არ აშორებს კოსმოპოლიტის სტიგმას, მაგრამ მამარდაშვილი თანმიმდევრული რჩება საბჭოთა რუსეთის შეფასებაში. დიახ, ის სივრცე, რომელსაც მამარდაშვილი გულისხმობს, არაა „სუფთა რუსული“... ანუ, ისევ და ისევ, დღევანდელი ქართველი რუსოფილების საყვარელ გამოთქმას თუ გავიხსენებთ, ეს არაა „დასტაევსკის რუსეთი“ („ამათ უნდათ, რომ არ ვიკითხოთ დასტაევსკი“! - იმეორებს ხოლმე ქ-ნი ბასა), მაგრამ „საბჭოთა რუსეთის“ კულტურა არც მთლად ცარიელ ნიადაგზე შექმნილა. მას თავისი საფუძვლები ჰქონდა, თუ გნებავთ - სწორედ მანდ, „დასტაევსკის რუსეთში“.
„ერების თანასწორობა ისევე აუცილებელია, როგორც ინდივიდების თანასწორობა“, „ერებმა ერთმანეთისგან უნდა ისწავლონ“ - ამ სიტყვების ავტორი, კარლ მარქსი თავის დროზე ისეთი ანტირუსული შეფასებებით გამოვიდა, რომ მოგვიანებით საბჭოთა იდეოლოგები იძულებულნი იყვნენ, უარი ეთქვათ მარქსისა და ენგელსის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემაზე.
„სლავი ბარბაროსები ნამდვილი კონტრრევოლუციონერები არიან, დემოკრატიის განსაკუთრებული მტრები“, - ამბობდა მარქსი და თავის ნათქვამს იმასაც აყოლებდა, რომ პეტერბურგის აშენება რუსეთის საზღვართან დიდი ტაქტიკის ნაწილი იყო - რუსეთი აპირებდა დასავლეთის დაპყრობას და პეტერბურგის დედაქალაქად გამოცხადებას.
„სანამ რუსული სახელმწიფო არსებობს, ევროპაში ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება“, - დაუმატა მოგვიანებით მარქსის ნათქვამს ფრიდრიჰ ენგელსმა... ანუ პროგრესს, განვითარებას, რევოლუციურ ცვლილებებს დასავლეთში (ცვლილებებს ყველა სფეროში - პოლიტიკაში, მეცნიერებაში, კულტურაში) ხელს უშლის „ყველაზე დიდი აღმოსავლურ-ბარბაროსული ქვეყანა“ - რუსეთი!
დღეს „გამართლმადიდებლებული“ რუსი იდეოლოგები, ყოფილი კომუნისტები და ნაციონალ-ბოლშევიკები კარლ მარქსს „პათოლოგიურ რუსოფობს“ უწოდებენ... თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა უარს არ ამბობს ბოლშევიკური რევოლუციის იდეებზე და არც მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის გადატანას ჩქარობს. რუსეთში ლამის ბესტსელერად იქცა სერგეი კარამურზას წიგნი „მარქსი რუსეთის რევოლუციის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, რუსული რევოლუცია ეწინააღმდეგებოდა მარქსის მოძღვრებას და მის რუსოფობულ იდეებს. კარამურზას მტკიცებით, ბოლშევიკურმა რევოლუციამ უბრალოდ გადაარჩინა რუსეთის იმპერია მენშევიკი-მარქსისტების გეგმის განხორციელებას; გეგმის, რომელიც რუსეთის დაშლას, რუსული იდენტურობის რღვევას და, რაც მთავარია, ამ ტერიტორიაზე კაპიტალიზმის დამკვიდრებას გულისხმობდა. ამით კარამურზა ფაქტობრივად ამართლებს სტალინურ რეპრესიებსაც - ვინ, ვინ და, სწორედ სტალინმა გამოუცხადა ბრძოლა მენშევიკებთან „ალიანსში შემჩნეულ“ ტროცკისტებს, გაანადგურა ყველა, ვისაც ბიზანტიურ-ავტორიტარული ვერტიკალის დანგრევა სურდა რუსულ იმპერიაში.
რუსი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი გარკვეული თვალსაზრისით მართალია - ბოლშევიკურმა რევოლუციამ შეუძლებელი გახადა რევოლუცია დასავლეთში. ე.ი. სოციალისტური რევოლუცია მოხდა არა იქ, სადაც მარქსი ელოდა - ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში... არამედ ჩინეთში, კუბაზე, რუსეთში - იქ, სადაც დამკვიდრებული იყო გლეხურ-თემური მენტალიტეტი, რომლისთვისაც, თავის მხრივ, კაპიტალიზმი, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმითა და სამოქალაქო საზოგადოებით, მოსისხლე მტერია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „თანასწორობისა და ძმობის“ იდეამ გავრცელება დაიწყო გლეხურ თემში, სადაც ყველა ისედაც „ერთნაირი“ იყო... სადაც არ არსებობდა ინდივიდუალიზმის გამოცდილება. 60-იან წლებში, სახელგანთქმული მეოცე ყრილობის შემდეგ, როცა ხრუშჩოვმა სტალინის კულტი დაგმო და მოგვიანებით, 80-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირში „პერესტროიკის“ ეპოქა დაიწყო, აშკარად შეიმჩნეოდა მარქსიზმისა და სოციალ-დემოკრატიისკენ ქვეყნის დაბრუნება. სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი საბჭოთა იდეოლოგიის დაშლას.
საქართველოს მაშინ მიეცა უნიკალური შანსი, გამიჯვნოდა რუსეთს სწორედ რუს სოციალ-დემოკრატებთან თანამშრომლობით, როგორც ეს ნაწილობრივ გააკეთეს ბალტიისპირელებმა. მაგრამ რუსეთის აგენტურამ მოასწრო და სახელი გაუტეხა სოციალ-დემოკრატიას საქართველოში („ილია სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს!“ - ბოლშევიკების მიერ შეთითხნილ მითს კვლავაც ბევრი იზიარებს საქართველოში). „სტალინურ თემს“ ჩაენაცვლა „ნაციონალისტური თემი“, ძველ კომუნისტურ ხატებს ახალი ხატები (რომლებიც „ტირიან“) და კაპიტალიზმს, ინდივიდუალიზმს, ე.ი. დასავლეთს ისევ გადაეკეტა გზა.
საზღვარი დაიკარგა. მერაბ მამარდაშვილი გარდაიცვალა. ანტირუსული საწყისი ჩემში გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენს ანტირუს პოლიტიკოსებშიო, - ამბობდა მერაბ მამარდაშვილი და განმარტავდა, - რადგანაც ისინი მეტისმეტად არიან დამოკიდებულნი მტერზეო... ჰო, არ რცხვენოდა ამ კაცს სიტყვა „მტრის“ ხმარება, პატივცემულო ქართველო ჰუმანისტო-პაციფისტებო თქვენ - რუსოფობიის შიშით, დღეს „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტების“ თანამოაზრეებად რომ იქეცით... აბა, წარმოიდგენდით ოდესმე თქვენ თავს ჯანსუღ ჩარკვიანისა და რეზო ჩხეიძის თანამოაზრეებად? ოდესღაც ავანგარდულ ლექსებს რომ წერდით და სიტყვა „ტრაკს“ წარმატებით იყენებდით რითმისთვის, წარმოიდგენდით ოდესმე, რომ „რუსულენოვანი მწერლების ფესტივალს“, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით გრიგოლეთში (ლამის აგვისტოს მოვლენების წლისთავს რომ დაემთხვა), საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები დალოცავდნენ?
არ შერცხვებოდა მამარდაშვილს არც იმ „ჯაჭვში“ ჩადგომა გასულ წელს რომ მოეწყო საქართველოში. ყველა ეს გამოთქმა: „სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ჯაჭვში არ ჩავდგები“, „რა უგემოვნებაა ეს ჯაჭვები“, „არ მინდა მასაში ყოფნა“ ძველთაძველი საბჭოთა-ინტელიგენტური კომპლექსებია, რომლის შედეგებს ახლაც იმკის ქვეყანა
მაგრამ მერაბ მამარდაშვილის ამ მოსაზრებაში მაინც არა იმდენად „მტერია“ მნიშვნელოვანი, რამდენადაც „მეტისმეტად დამოკიდებულნი არიან“. ქართველი ფილოსოფოსი დარწმუნებული იყო, რომ რუსული-საბჭოთა სივრციდან გამიჯვნის მოთხოვნილება პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს. ხელისუფლების ინიციატივით კი არ უნდა თქმულიყო უარი ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობაზე, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, არამედ სპორტსმენებს თავად უნდა გასჩენოდათ ეს იდეა; ხელისუფლებამ კი არ უნდა იძახოს „ფეკალური მასები“, „ლილიპუტი-პრეზედენტი“, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. „ჯაჭვების“ ორგანიზება უნდა შეძლოს არა მთავრობამ, არამედ სამოქალაქო საზოგადოებამ... იმ „სტრუქტურამ“, რომელიც სწორედაც რომ თემებისა და თემური აზროვნების რღვევას მოითხოვს, რათა ადამიანებმა ინდივიდუალურობა დაიბრუნონ, ე.ი. რათა ჩვენი სამყარო კიდევ უფრო ჭრელი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
მაგრამ რუსეთშიც და საქართველოშიც, ეს „ერთმორწმუნეობა“, გაჟღენთილი ბიზანტიურ-სტალინური კოლორიტით, ეს ეგრეთ წოდებული „სობორნოსტ“, ისევ ხელს უშლის პიროვნების პიროვნებად ჩამოყალიბებას. ჩემი დაკვირვებით, დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე ყოფნისას მხოლოდ რუსებს და ქართველებს გვიყვარს ერთად, ჯოგურ-თემურად სიარული. სხვებისთვის კინოფესტივალი არაჩვეულებრივი საშუალებაა, გაიცნო უცხოელები, დაელაპარაკო, გაიგო რა ხდება მის ქვეყანაში, საერთოდ, პლანეტაზე... ჩვენ კი ერთად გვიყვარს ყოფნა! ერთად გახარება და ერთად გაბრაზება!
ჰოდა, ისევ მივადექით მოსკოვის უკანასკნელ კინოფესტივალს, სადაც მსახიობმა მიხეილ მესხმა მადლობა გადაუხადა პრიზისთვის მოსკოვს (ყველა ფესტივალზე მადლობას თავად ფესტივალს, კინოს, ხელოვნებას, ანდა ცოლს, შვილებს, ზოგჯერ ძაღლებსა და კატებს უხდიან ხოლმე), ხოლო „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი“ თავის რუს კოლეგებს დაჰპირდა, რომ ცა აუცილებლად მოიწმინდება... ე.ი. ისევ ერთად ვიქნებით.
დაჯილდოების ეს ცერემონიალი, რომელზედაც პრიზი კინემატოგრაფში გაწეული ღვაწლისათვის რეზო ჩხეიძეს პუტინის მთავრობის წევრმა, კულტურის მინისტრმა გადასცა, მიჰყავდა ნიკიტა მიხალკოვს, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობაზე ქურდულად წაართვა დემოკრატიულად არჩეული თავმჯდომარის პოსტი მარლენ ხუციევს. პირადად ჩემთვის ამ სკანდალს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - რუსული კინოს „შეფის“ როლი არ დათმო პუტინისა და რუსეთის პატრიარქის მეგობარმა, „გამართლმადიდებლებულმა“ ნიკიტა მიხალკოვმა; არ დაუთმო მარლენ ხუციევს, კაცს, რომელსაც გადაღებული აქვს საბჭოთა 60-იანელთა „დევიზი“ ფილმი - „ილიჩის საგუშაგო“, მერე კი „პერესტროიკის“ ეპოქის ყველაზე ზუსტი პორტრეტი - „უსასრულობა“... მიაქციეთ არა, ყურადღება ამ სათაურს?
„უსასრულობა“
1992 წელს გადაღებული ფილმი გადაიქცა საბჭოთა კავშირის თავისებურ რეკვიემად და წინასწარმეტყველებადაც. საბჭოთა სამოციანელი, რაღაცით აკადემიკოს სახაროვს რომ ჰგავს, რაღაცით მერაბ მამარდაშვილს, რაღაცით კი თავად მარლენ ხუციევს, ცდილობს თავის ფიქრებში მაინც მიაგნოს თავისუფლებას და გადალახოს ჩაკეტილი სივრცის საზღვარი... ვერ ახერხებს. მეტისმეტად ძლიერია ეს „თემი“, რომელიც თავისკენ ექაჩება. თემის უკან დგას ხელისუფლება, ეკლესია, ათასი ჯიშის იდეოლოგიური ინსტიტუტი, ჯარი. ამ თემის უკან დგას რუსეთის ინტელიგენცია თავისი მიხალკოვებითა და „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებით“, ისევ რომ არ დაუთმეს ხუციევის მსგავს რომანტიკოსებს ძალაუფლება. „უსასრულობა“ მათ კვლავ აშინებთ, რადგან არავინ იცის, დარჩებათ თუ არა პრივილეგიები ამ უსასრულობაში, მაგრამ იმ „სასრულ“ სივრცეში, რომლის აღდგენაზე ოცნებობენ, საქართველოს მაინც არ თმობენ.
„სააკაშვილი გვიშლის ხელს და ამერიკა, თორემ ქართველებს როგორ ვესროდით?“ - წერს ვიღაც ერთ რუსულ ინტერნეტფორუმზე და უმატებს: „დუხოვნოსტ“ ქართველებს განსაკუთრებული აქვთო. მაინც რა „დუხოვნისტ“ იგულისხმეს ამისთანა? რითი უფრო ნაკლები „დუხოვნოსტ“ აქვთ, მაგალითად, სომხებს? რა, ცუდი არქიტექტურა აქვთ? მხატვრები არ ჰყავთ კარგი, თუ მწერლები? რატომაა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს რუს ბავშვებს საქართველოს, როგორც ლამის მიწიერი სამოთხის სურათს, ისე უხატავდნენ? სკოლებში ასწავლიდნენ, რომ საქართველო - ესაა წარმტაცი ბუნება, მთა, ზღვა, ესაა „ბორჯომი“, შესანიშნავი ღვინო და სტუმართმოყვარე ხალხი?
„ქართული სამოთხის“ ამ სახის ხატვა ჯერ რუსმა პოეტებმა დაიწყეს („ბარბაროსების სივრცეში“, როგორც იტყოდა მარქსი), მერე კი მათმა მემკვიდრეებმა - რუსეთის ინტელიგენციამ. ჯერ კიდევ 30-იან წლებში დაიწყო რუსული-საბჭოთა ინტელიგენციის დაკავშირება სტალინის მიერ შექმნილ „კანონიერ ქურდებთან“ და ამ ორი სივრცის - ქურდულისა და კულტურულის გაერთიანება... და ვინაიდან „კანონიერი ქურდების“ ეს ინსტიტუტი, თავისი „ცეხავიკებით“, გამფლანგველებით, ყველაზე დიდი წარმატებით სწორედ საქართველოში დამკვიდრდა, რუსეთის ინტელიგენციას საქართველოს მიმართ ლტოლვა კიდევ უფრო გაუმძაფრდა... შეიქმნა, ცოტა არ იყოს, „კენტავრული“, მაგრამ საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი სოციალური ჯგუფი - ინტელიგენციისა და კანონიერი ქურდების ერთობლიობა, რომელსაც წარმატებით აკონტროლებდა საბჭოთა უშიშროება - პრივილეგიებით აცხოვრებდა და არაფერს აკლებდა. საქართველოში ამ ერთობლიობამ ვერ შეითვისა „პერესტროიკის“ სოციალ-დემოკრატული რიტორიკა, რადგან სტალინური იდეალების ნგრევა გარკვეულწილად ქურდული სამყაროს იდეალების ნგრევას ნიშნავდა... მაგრამ ამ ხალხს არც ეროვნულმა მოძრაობამ დაუჭირა მხარი, რაც სრულიად საკმარისი გახდა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისთვის. ქურდულ-კულტურულმა ელიტამ საქართველოს ედუარდ შევარდნაძე დაუბრუნა და ყველანაირად შეეცადა, შეენარჩუნებინა ის ენა, რომელიც მისთვის ყოველთვის გასაგები იყო - საბჭოთა რუსეთის ენა - მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად შეცვლილი ახალი ხატებით (რომლებიც ტირიან).
დღეს ეს ხალხი „საკანს“ სტუმრობს და უკვე ღიად მისტირის რუსეთს, თავისი „დასტაევსკით“ და საბჭოთა საქართველოს, თავისი „ქურდულ-ქუჩური ინსტიტუტით“. დღეს ეს ხალხი დიდი ჰუმანისტის როლში წარმოგვიდგება; არ მოსწონს, მაგალითად, რომ დასავლური ფასეულობების აქტიურ შემოჭრას საქართველოში ადამიანის ღირსების გათელვა მოჰყვა.
ადამიანის ღირსება! ოჰ, ეს „დასტაევსკი“!
„სანამ რუსები არ მოეშვებიან ამ რიტორიკას - „მე არ შემიძლია ვიყო ბედნიერი, რადგან აფრიკაში ბავშვი ტირის“, - მუდმივად იქნება საფრთხე, ვითომც ცრემლის მოწმენდის მიზნით მოვიდნენ და... დაგიპყრობენ“.
ამბობდა მერაბ მამარდაშვილი. ამას ჰქვია სწორედ სიყვარული, რომელიც ახრჩობს და კლავს. სწორედ ისეთი, შექსპირმა რომ აღწერა.
ამიტომაც, მეძახეთ „რუსოფობი“, ბატონო პაციფისტებო, ჰუმანისტებო, ინტელიგენტებო და ქურდებო... ჩემთვის დასავლეთის საზღვარი, დიდი ხანია, სარფის საგუშაგოზე გადის. იმ საზღვრით იწყება ჩემთვის უსასრულობა და პიროვნული თავისუფლება.
![]() |
9 ფრანგული სეკულარიზმი და მუსლიმური ტანსაცმელი |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: გიორგი ცხადაია
2009 წლის 22 ივნისს ფრანგული პარლამენტის ორივე პალატის წინაშე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამოსვლამ, ქალების მიერ მუსლიმური ტანსაცმლის ტარების შესახებ, დასავლეთში გაჩენილი ურთიერთგამომრიცხავი აზრები კიდევ უფრო გაამწვავა. ეს გამოსვლა იმითაც გამოირჩეოდა, რომ 1873 წლის შემდეგ პრეზიდენტმა პირველად მიმართა პარლამენტს. ბევრი დამკვირვებლისთვის მსგავსი ცერემონია დრომოჭმულ, შუა საუკუნეობრივ, მონარქიულ სიმბოლოდ აღიქმება. რევოლუციური სულის საფრანგეთში ასეთი შეფასება არცთუ სახარბიელოა, განსაკუთრებით, როდესაც თავად თემაც მძიმეა და რთული. მუსლიმური ტანსაცმლის ტარება პრეზიდენტმა გენდერულ უთანასწორობასთან გაათანაბრა. მისი არგუმენტი მარტივია: ქალისა და კაცის თანაბარი ლეგალური სტატუსის პირობებში, მიუღებელია საჯარო სივრცეში ე.წ. ბურქას (ბურქა, იგივე ფარანჯა) ტარება, რადგან ქალები ასეთი სამოსით სოციალურ ცხოვრებას მოწყვეტილებად აღიქმებიან და პატიმრებს ჰგვანან. „ბურქა არ არის რელიგიური სიმბოლო. იგი მონურ დამცირებასა და შეურაცხყოფას გამოხატავს, - აცხადებს სარკოზი, - საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი ტარება მიუღებელია“. სარკოზი თვლის, რომ ევროპას არ უნდა ეშინოდეს თავისი ღირებულებების, არამედ უნდა დაიცვას ისინი.
ბურქას აკრძალვის შესახებ სხვადასხვა პარტიის იურისტები სპეციალური კომისიის ფარგლებში დღესაც განაგრძობენ მუშაობას. ექვსთვიანი მისიის მიზანია, დაადგინოს, თუ როგორ მოხდა რელიგიური სიმბოლიკის მქონე ტანსაცმლის აკრძალვა. 2004 წელს საფრანგეთმა რელიგიური შინაარსის ტანსაცმლისა და სიმბოლოების საჯარო სკოლებში ტარება აკრძალა, მაშინაც აქტიური წინადადებით გამოდიოდა ნიკოლა სარკოზი. თუმცა, ამავე დროს, ის მხარს უჭერდა სახელმწიფოს მიერ მეჩეთების დაფინანსებას, რაც მუსლიმი იმიგრანტების ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს.
თავის დროზე ამ აკრძალვას სამეცნიერო, ინტელექტუალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ წრეებში ვრცელი და ცხარე დებატები მოჰყვა. ფრანგული სეკულარიზმის გაანალიზებისა და ურთიერთსაპირისპირო საკითხების წამოწევისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ საფრანგეთის საზღვრებს გარეთ მოღვაწე მეცნიერები და პოლიტიკოსები. 22 ივნისის გამოსვლამაც მსგავსი რეაქცია გამოიწვია.
უკვე 25 ივნისს BBC-ზე, ჯერემი პექსმენის გადაცემაში, ბურქას აკრძალვას ლონდონის ყოფილი მერი, კენ ლივინგსტონი და ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, ბერნარ-ანრი ლევი პირდაპირ ეთერში განიხილავდნენ. პექსმენის პირველი კითხვა ლევისადმი საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მოქალაქეებისთვის, ამ შემთხვევაში, მუსლიმი ქალებისთვის მიცემული დირექტივის მართებულობას ეხებოდა. ლევი ამბობდა, რომ ეს არ იყო დირექტივა, არამედ მოწოდება - გენდერული თანასწორობის გარანტიების დაცვის მიზნით. ქალებს აქვთ სახე და არა ხორცის ნაჭერი, რომელიც, სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, უნდა დაიმალოს. იგივე კითხვა გაუმეორეს ლივინგსტონსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მისი 40-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბრიტანეთში მსგავსი აკრძალვები მიუღებლად ითვლებოდა; უფრო მეტიც, პოლიტიკოსები მის ქვეყანაში რელიგიური სიმბოლოების საჯაროდ აკრძალვის შესახებ თითქმის არ საუბრობენ, თუ არ ჩავთვლით ლეიბორისტული პარტიის წევრ ჯეკ სტროს, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველ ქალებს სთხოვა, რომ მასთან შეხვედრისას ჩადრი მოეხსნათ. როგორც დავინახეთ, ბრიტანული და ფრანგული სეკულარიზმის ტრადიციები ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ლივინგსტონმა აღნიშნა, რომ ფრანგებმა ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში სამღვდელოების ნაწილი გაანადგურეს და ამ თემისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან. სინამდვილეში, საფრანგეთში, ისევე როგორც მის ზღვისგადაღმა მეზობელ ქვეყანაში დღემდე ხდება სახელმწიფოს მიერ რელიგიური სკოლებისა და დაწესებულებების სუბსიდირება.
უბრალოდ, ისტორიულად აგრესიულ ფრანგულ ტრადიციას ქრისტიანებისა და იუდაისტებისათვის უპირატესობის მინიჭებაც ემატება. ლივინგსტონი ამტკიცებდა, რომ ლევის ლოგიკას თუ მივყვებით, კათოლიკური ეკლესიის მიერ ქალებისათვის აღსაყდრებაზე უარის თქმა ისეთივე გენდერულ დისკრიმინაციას წარმოადგენს, როგორც ბურქას ტარება, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი ალბათ კათოლიკეების წინააღმდეგ არ გაილაშქრებს, რადგან ამით ხმებს დაკარგავს. ამაზე ლევიმ უპასუხა, რომ ამჟამად საფრანგეთში კათოლიკურ რწმენაზე მეტად მუსლიმური მძლავრობს. ალბათ ფრანგმა ფილოსოფოსმა დებატების მხოლოდ ამ მონაკვეთში აჯობა ლივინგსტონს. თუმცა შეიძლება სარკოზის გამოსვლის დისკრიმინაციულ ხასიათზე მაინც ვიმსჯელოთ. ის ხომ საფრანგეთს ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილად თვლის, ამ კონტექსტში კი, მუსლიმური ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
საფრანგეთში იუდეოქრისტიანული სამყაროს კონცეფცია კონსერვატორულ წრეებში ისევე პოპულარულია, როგორც ამერიკასა ან დასავლეთის სხვა ქვეყნებში. ვიშის ფაშისტური რეჟიმის ებრაელებისადმი დამოკიდებულება ფრანგისთვის ისეთივე სამარცხვინო წარსულია, როგორც გერმანელისთვის - ჰოლოკოსტი. ამიტომ იხარჯება იუდაისტურ სიმბოლიკაზე გაცილებით ნაკლები პოლიტიკური ენერგია, ვიდრე მუსლიმი იმიგრანტების რელიგიური თავისუფლებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებზე. სხვადასხვა იდეოლოგიის დასავლელ პოლიტიკოსებს ქალების მიერ რელიგიური დანიშნულების ტანსაცმლის ტარების შესახებ საინტერესო პოზიციები აღმოაჩნდათ. მაგალითად, კონსერვატორები, რომლებიც, ტრადიციულად, რესპუბლიკისა და სეკულარიზმის ევროპულ იდეალებს იცავენ (ხშირად ქრისტიანულ კულტურასთან კავშირში), ბურქას აკრძალვის საკითხში მემარცხენეების პოზიციას იზიარებენ, კონკრეტულად კი - ფემინისტებისას, რომლებიც აქტიურად ებრძვიან რელიგიური ინსტიტუტების მიერ ქალების დისკრიმინაციას როგორც ქრისტიანულ, ასევე მუსლიმურ სამყაროში. განზე რჩებიან მულტიკულტურალისტი ლიბერალები, რომლებიც ევროპის ლიბერალურ საზოგადოებრივ დისკურსს ჯიუტად იცავენ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩარევისგან. სწორედ ამ უკანასკნელ პოზიციას განვიხილავთ იმისათვის, რომ ფრანგული სეკულარიზმის კრიტიკას ჩავუღრმავდეთ. მულტიკულტურალისტებიც მემარცხენეებად შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა ამას ბევრი პოლიტიკოსი თუ სოციალური მეცნიერი არ იზიარებს, რადგან 11 სექტემბრის შემდეგ დასავლელი კონსერვატორული წრეები ტერაქტებით შეშინებული ამომრჩევლის თვალში მათ დისკრედიტაციას ადვილად ახდენენ.
მულტიკულტურალიზმი წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ საკამათო კონცეფციაა, რადგანაც ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს კულტურული ჯგუფების დაცვაში ინდივიდუალური თავისუფლება იკარგება. ვიღაცისთვის შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მულტიკულტურული მიდგომის ნაკლებობა ფრანგული სეკულარული სახელმწიფოს მიერ მოქალაქის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით უფრო გვაინტერესებს, ვიდრე გლობალურ იდეოლოგიურ კონტექსტში. პირველი არგუმენტი მოჰყვა 2004 წელს სკოლებში „შესამჩნევი რელიგიური ნიშნების“ აკრძალვის მიზნით შექმნილი ე.წ. სტასის კომისიის მიერ ფრანგული სეკულარიზმის დასაცავად და „მულტიკულტურალური“ შეხედულებების წინააღმდეგ მიმართულ დასკვნას. კომისია აცხადებდა, რომ ამ შემთხვევაში, ისინი იცავდნენ არა მხოლოდ ფრანგულ სეკულარულ ტრადიციას, ე.წ. „laı.cite“-ს, არამედ ილაშქრებდნენ „communautarisme“-ის წინააღმდეგ, ანუ მათ თამაშში შემოჰყავდათ სამი აქტიორი: სახელმწიფო და მისი აგრესიული სეკულარიზმი, უმცირესობათა ჯგუფები თავიანთი კომუნიტარიული იდეოლოგიით ანუ communautarisme-ით და კერძო პირები ანუ მოქალაქეები. აქედან გამომდინარე, სტასის კომისიის ლოგიკა კომუნიტარიზმის თავიდან აცილებასა და, ერთიანი ნაციონალური ერთობის შენარჩუნების მიზნით, საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნების აკრძალვას გულისხმობდა. საწინააღმდეგო ბანაკიდან კომისიის კრიტიკამ არ დააყოვნა და ის თავისუფლების იდეის მოძველებულ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს.
საქმე ის არის, რომ 1789-1799 წლების საფრანგეთის რევოლუციის ეპოქიდან მოყოლებული, თავისუფლების იდეა უპირისპირდებოდა ე.წ. „მიკუთვნებულობის“ იდეას. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდები განიხილებოდნენ პრემოდერნული ტრადიციებისა და ცალკეული ჯგუფების კუთვნილებად, და პოზიტივისტური განათლების მიზანი იყო მათი აზროვნების რაციონალიზაცია. ეს კი ნაციონალისტური სულისკვეთების მატარებელი მოქალაქეების აღზრდას (საჯარო სკოლებიც ამიტომ შეიქმნა) გულისხმობდა. ამ მიზეზით, კომისიამ დღესაც რელიგიურ სიმბოლოებზე გაამახვილა ყურადღება და არა თავად პრობლემაზე; ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ ქალების მიერ რელიგიური დანიშნულების ტანსაცმლის ან აქსესუარების ტარება სეკულარული საზოგადოებისთვის პრობლემაა.
კანონმორჩილი ფრანგული ტრადიციისთვის რელიგიური ნიშნები ფლობენ ადამიანებს, და არა - პირიქით. ბურქას შემთხვევაშიც, არავის მოსვლია აზრად, რომ მისი აკრძალვით, შესაძლოა, იმათი უფლებებიც ირღვეოდეს, ვინც ბურქას არ ატარებს, თუმცა ამის სურვილი აქვს, და არა მხოლოდ იმათი, ვინც საჯარო სივრცეში მას ყოველდღიურად ხმარობს. სტასის კომისიისა და ბურქას აკრძალვის წინააღმდეგ მიმართული მეორე არგუმენტის თანახმად, სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, რა მიეკუთვნება რელიგიურ სიმბოლოს და რა - არა; ანუ მხედველობაში არ იღებენ იმას, რომ რელიგიური ნიშანი შეიძლება იმიტომ იყოს რელიგიური, რომ ადამიანის რწმენასა და შეხედულებებს გამოხატავდეს და არამხოლოდ რელიგიური ან ეთნიკური ერთობის მიერ აღიარებულ სიმბოლოს წარმოადგენდეს.
გამოდის, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ებრძვის გარკვეული რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების გამომხატველ ნიშნებს და არ ითვალისწინებს იმას, რომ რწმენა უფრო ფართო სფეროა, ვიდრე გარკვეული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა. ამით უპირველესად სეკულარიზმის ინდივიდუალისტური ტრადიცია ირღვევა.
და ბოლოს, ლიბერალურ იდეოლოგიას რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით ვიმსჯელოთ, დავასკვნით, რომ ამ რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, თუნდაც „პოლიტიკური ისლამისკენ“ გადახრილი ელემენტების, საზოგადოებაში ინტეგრირება გაცილებით უფრო ეფექტურია მათი მსოფლმხედველობის გარდაქმნის, ტრანსფორმაციის გზით, ვიდრე „ბოროტისა და კეთილის“ დაპირისპირების ხელის შეწყობით. ფრანგული სეკულარიზმი ამ შემთხვევაში ისევე მოქმედებს, როგორც ამერიკული ნეოკონსერვატორული იდეოლოგია, ანუ მტრის ხატის შექმნით ცდილობს პრობლემებთან გამკლავებას; ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ ეს იდენტობებს შორის ბრძოლაა, როდესაც უნებლიეთ შეიძლება თავად შექმნა მტერი, ვიდრე დაამარცხო. ამ შემთხვევაში, იმიგრანტთა საზოგადოებებში სარკოზის გამოსვლამ რელიგიურ ელიტას გაცილებით უფრო მყარი პოზიციებიდან საუბრის საშუალება მისცა, ეს კი პოტენციურ სეკულარულად მოაზროვნე მუსლიმების აზრებს გადაფარავს.
იმიგრანტთა შორის რელიგიური გრძნობების გაღვივება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ ფუნდამენტალისტურ ქადაგებებს არ გამოუწვევია, ამ მოვლენის უკან სერიოზული ეკონომიკური და სოციალური მიზეზები დგას. ეს თავის გამოსვლაში თავად სარკოზიმაც აღნიშნა, თუმცა არ მგონია, რომ ბურქას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია საზოგადოებაში სოციალური დისჰარმონიის აღმოფხვრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა იყოს; რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამით სერიოზულად ზარალდება ლიბერალური იდეოლოგია და თავად სეკულარიზმის იდეა.
![]() |
10 X MEN |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: დავით კოვზირიძე
ჩემმა შორეულმა ნაცნობმა, სხვათა შორის გოგომ, თავისი ერთადერთი საცხოვრებელი, ოთახნახევრიანი ბინა გაყიდა და „იქსპიატი“ იყიდა. ოთახის ფული უშუალოდ მანქანაში დაიხარჯა, დარჩენილი ნახევრის კი, რასაკვირველია, ნომერში. დღეს ნაქირავებში ცხოვრობს, არ მუშაობს, ალბათ ბენზინის პრობლემაც აქვს, მაგრამ რა მოსატანია ეს დეტალები მაშინ, როცა ეზოში ტრადიციული ქართული შეფერილობის „იქსპიატი“ გელოდება, როცა შარდენზე ღირსეულად მიხვალ და მედიდურად წამოხვალ.
„იქსპიატის“, ანუ წმინდა ქართული მას-ოცნების ფენომენი მოულოდნელად არ შემოჭრილა ჩვენს ცხოვრებაში, მას დიდი ისტორია აქვს და ოთხმოცდაათიანებში იწყება; იწყება „ძევიტით“, მხედრიონელთა სპეც-ტრანსპორტით.
რა იყო მაშინდელი „ძევიტი“, თუ მას ოპიუმისგან დადარდიანებული და „რეიბანს“ ამოფარებული აგრესიული რაინდები თვლემა-თვლემით არ ატარებდნენ, ძალიან ნელა, ან ძალიან სწრაფად; თუ რაინდი მარცხენა ხელით წვივებს და ცხვირს არ იფხანდა, სიგარეტით და წვენით დატვირთული მარჯვენა კი საჭეზე არ ედო ანაზდად; თუ ფანჯრებიდან ავტომატის ლულები და ხანდახან ფეხები არ იყო გადმოფენილი; თუ თუფაქში გადაზელილი ბოზიშვილივიყო ალილუიასავით არ ისმოდა, და თუ მანქანას გარედან ერთი-ორი ნატყვიარი არ ემჩნეოდა. მაშინ „ძევიტებს“ კაკაოსფერი „შესტები“ დასდევდნენ, მაგრამ პროფესორრეჟისორის ხელმოწერილი ფურცლები ამ დევნას ფიქციად აქცევდა.
მერე ისევ „ძევიტი“ იყო, ოღონდ ტრაკიანი. თვლემა ცოტა საშიში გახდა, რადგან იმ ფურცლებმა ძალა დაკარგა და კაკაოსფერი „შესტებიც“ გააქტიურდნენ. ნელ-ნელა გაქრა ნატყვიარები და ლულები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ფეხები. თუფაქი ბარი უაიტმა შეცვალა, „პულია“ და რამე. რახან თვლემის ამბავი გამკაცრდა, ტრაკიანში ნაშები მომრავლდნენ, უფრო კაკაოსფერთა ყურადღების ასარიდებლად.
აი, აქ მთავრდება ქართული მას-ოცნების საბჭოთა ეპოქა და იწყება გერმანული ეპოპეა, რომელსაც მერე და მერე ამერიკულ-იაპონური კონკურენცია შეავიწროვებს, თუმცა მანამდე ჯერ შორია, მანამდე კიდევ საფეხურებია გასავლელი.
პირველი შოკი, ისტერია და მანქანა-კივილი იყო „შისოტი“, „შისოტკა“, „შესოტი“, „შესტისოტი“, როგორც გენებოთ - ყველგან მავალი, ყველაფერზე მეტყველი, ყველაფრის მკადრებელი სოლიდური ვეშაპი, რომელშიც ძირითადად ისინი შესახლდნენ, ვინც კაკაოსფრების არმიას ხელმძღვანელობდა და ვინც ნაღვლიანი „ძევიტელების“ განადგურება-ემიგრაციას შეუწყო ხელი. „შისოტის“ გასიებული მხედრები მალე ღაბაბზე ჰალსტუხს ძლივს შემოიწვდენენ, სახიდან ზეთისდენა მოიმატებს, ბარის მიშა შუფუტინსკი შეცვლის, შირმა-ნაშებს კი სამშობლოში დაბრუნებული, თურქეთის მაგისტრატურის წარმატებული კურსდამთავრებული, კუთხური აქცენტის მქონე და უარის თითქმის არაფერზე მთქმელი პუტანკები, რომელთა მორალი მხოლოდ ორალზე იწყებდა პროტესტს.
და ამ დროს ახალი ცუნამი მოაწყდა ბედკრულ საქართველოს! „შისოტებსა“ და „მარშუტკებს“ შორის არსებული ვაკუუმი შეავსო ბრენდმა, რომლის ზუსტი სახელი ჯერ კიდევ უცნობია. ძირითადად მას „ბეემვეს“ უწოდებენ, შედარებითი გაქექილობის პრეტენზიის მქონენი „ბიემდაბლიუს“ (თუმცა მაინც ფრთხილად, რთული „ლ“-ა ბოლოში), ან უფრო სვეცკად, „ბიემს“, ხოლო დანარჩენები - „ბეენვეს“. „ბეენვემ“ შეცვალა ყველაფერი - წიგნი, ცირკი, საჭმელი, სასმელი, სინდისი და ნამუსი. „ბეენვეს“ ყიდიდა და ყიდულობდა ნახევარი ჯორჯია. თითო „ბეენვე“ ყველა ოჯახში! ძალა „ბეენვეშია“! მამული, ენა, სარწმუნოება, „ბეენვე“!..
იყო „ხულიგანკა“, იყო „აკულა“, იყო „ტროიკა“, იყო „ემპიატი“, იყო „სიმსოტი“, იყო „ზეტტრი“. აღარ იყო ერთი გამორჩეული ფენა, ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა, ზეთიანსახიანები და მოწყენილები, პერეგონშიკები და შოუბიზის სტარები, ერი და ბერი, იგლესიასი ენრიკე და ჯანელიძე ენრიკო...
მაგრამ რაა ეს ყველაფერი „იქსპიატთან“ შედარებით?! იქ მყოფს ყველაფრის უფლება გაქვს. შეგიძლია შუა გზაში მიუყენო ტყუპისცალს და მოძრაობა გააქვავო, შეგიძლია, შეგიძლია კი არა, ვალდებული ხარ, არავის არაფერი დაუთმო, გაიარო წითელზე, გასრისო ფეხით მოსიარულე, ფანჯრიდან ნაგავი ისროლო, მერე ფურთხიც მიაყოლო და ბოლოს „მოაკაწრინო“, აგინო „ოპელ ვექტრას“, კიდევ ერთ ქართულ ფენომენს.
საერთოდ, არსებობს „იქსის“ ეკვივალენტური ფასეულობა? ან ოცნება, მისი სადარი? ან საზომი ერთეული, ასეთი ზუსტი და უტყუარი? მერე, რა ამაყად არიან ჩაწიკწიკებულნი უთვალავ რესტორანთა გასწვრივ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მზიურ და ჭაღარა დედაქალაქში. რამდენი „პარლამენტ ლაითი“ იწევა ამ შავ და ვერცხლისფერ რაშებში. რა ზევით ზიხარ, როცა ზიხარ „იქსპიატში“!
არა რა, ეს მანქანა ჩოხაა, ჩოხა-ახალუხი.
![]() |
11 PINA, რომელიც არ იწონება |
▲back to top |
კომენტარი
ავტორი: დავით ბუხრიკიძე
მაიკლ ჯეკსონის სიკვდილით გამოწვეული ვნებათაღელვის შემდეგ ძნელია, ვინმე კიდევ გააკვირვო მოკრძალებული ნეკროლოგებით, თუმცა როგორც პოეტი ამბობს, „ყველას თავისი აქვს სახსოვარი“. ჩვენი „მცირემეტრაჟიანი“ კომენტარი ვუპერტალში 68 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილ, დიდ გერმანელ ქორეოგრაფს, პინა ბაუშს ეძღვნება. ონკოლოგიური დიაგნოზი, რომელიც მას ექიმებმა გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაუსვეს, კატასტროფული სისწრაფით დადასტურდა. 30 ივნისს, საღამოს იგი მშობლიურ ვუპერტალის თეატრს (სადაც თითქმის 35 წელი ქორეოგრაფიულ ექსპერიმენტებს უძღვნა), კოლეგებს და მეგობრებს გამოეთხოვა.
თუ ოდესღაც ნებით მოხვდით, ან ვთქვათ, ჩემნაირმა ქორეო-მანიაკებმა ძალით „შეგათრიეს“ თანამედროვე ცეკვის უზნეოდ თვალისმომჭრელ ლაბირინთში (სავარაუდოდ, იქ ცოტა ხანს მაინც დაჰყოფდით), აუცილებლად გეცოდინებათ ეს უცნაური ქორეოგრაფი ქალი - პინა ბაუში. მაღალი, თხელი, უფრო ზუსტად სიფრიფანა, უცნაურად მომზირალი, დიდი შუბლით, მწვანე თვალებით, უკან გადაწეული შეკრული თმებითა და წარმოუდგენლად ნერვიული, პლასტიკური ხელებით. იგი, დიდი ხანია, თანამედროვე ცეკვის სიმბოლოდ იქცა. კრიტიკოსთა თქმით, პინა ბაუშმა თანამედროვეთა ცნობიერებაში გააფერმკრთალა, ან ჩაანაცვლა ლეგენდარული ამერიკელი ქორეოგრაფის მართა გრეჰემის სახე. იმ განსხვავებით, რომ მართა გრეჰემმა ლამის საუკუნე იცოცხლა, ხოლო პინა ბაუშმა მხოლოდ სამოცდარვა.
პინა ბაუშმა არა მარტო შეცვალა თანამედროვე ცეკვის თეატრის ლანდშაფტი, არამედ სრულიად მოულოდნელი პერსპექტივის შესაძლებლობაც დასახა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მოსკოვში, ჩეხოვის მერვე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გაოგნებულმა დირექციამ (სადაც 14-15 ივლისს უნდა წარმოედგინათ პინა ბაუშის ლეგენდარული სპექტაკლი „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“), საგანგებო პრესკონფერენციაც კი მოიწვია. მაგრამ მოგეხსენებათ, სიკვდილი თვით ყველაზე კარგად დაგეგმილ და ძვირადღირებულ ღონისძიებებსაც არ ცნობს...
პინა ბაუში (უფრო ზუსტად, ფილიპინა ბაუში) 1940 წელს, სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენში დაიბადა. 50-იანი წლებიდან ცნობილ ესენში, „ფოლკვანგის“ ცნობილ სკოლაში სწავლობდა, რომელიც თავის დროზე გერმანული ექსპრესიონისტული ცეკვის დამაარსებელმა და თეორეტიკოსმა კურტ იოსმა შექმნა. ნიჭიერი მოსწავლე მაშინვე შენიშნეს და მოდერნიზმის უკეთ ასათვისებლად ნიუ-იორკს აფრინეს. რამდენიმე წელი ბაუშმა ჯულიარდის ხელოვნების სკოლაში გაატარა, რომლის დამთავრების შემდეგაც ნიუიორკის მეტროპოლიტენის სცენაზეც გამოდიოდა. მაგრამ დიდი ქორეოგრაფებით - ალვინ ეილითა და ენტონი ტიუდორით, ამერიკული ჯაზითა და 60-იან წლებში მოდური „ლივინგ თეატრით“ „მოწამლულმა“ სულ სხვა გზა აირჩია.
70-იანი წლების დასაწყისში პინა ბაუში გერმანიაში ბრუნდება და ნაცრისფერ, არაფრით გამორჩეულ და სამრეწველო ქალაქ ვუპერტალში ცეკვის თეატრს აფუძნებს, რომელიც მალე არა მარტო გერმანული, არამედ ზოგადად, თანამედროვე ცეკვის თეატრის სიმბოლოდაც იქცა.
„პინა ბაუშმა რაღაც განსაცვიფრებელი მოახდინა: ცეკვის აკადემიურ ფორმებს, გახევებულ და მომაბეზრებელ კლასიკურ ჟესტებს სოციალური და მეამბოხე სული შთაბერა“ - ეს ბალეტის კრიტიკოსთა შეფასებაა. წორედ ვუპერტალში 1975 წელს დაიდგა ზემოხსენებული სპექტაკლი „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ ბერტოლდ ბრეხტის ტექსტისა და კურტ ვაილის მუსიკის მიხედვით. ერთი მხრივ პატარა ადამიანის უმწეო და სასაცილო ამბოხი და მეორე მხრივ - სოციალური სისტემის მუდმივი მზადყოფნა, გაუსწორდეს სწორედ სუსტსა და დაუცველს (განსაკუთრებით კი ქალებს), შემდგომში მისი სპექტაკლების მთავარი თემა გახდა.
იგორ სტრავინსკის მუსიკით შთაგონებულ „კურთხეულ გაზაფხულში“ ფეხშიშველა ქალები, უბრალო ჩითის კაბებით, საგანგებოდ დაყრილ მიწაზე ყოველგვარი კლასიკური თუ ნეოკლასიკური ნორმების დაცვის გარეშე ცეკვავდნენ. ეროტიკულად მღელვარე სხეულებს უცნაური, სასაცილო და ამავე დროს მეამბოხე ელფერი ჰქონდათ. თუმცა ეს არც კაცებისადმი სიძულვილს ნიშნავდა და არც ფსიქოლოგიურ ან გენდერულ ნიადაგზე აღმოცენებულ შურისძიებას.
1978 წელს პინა ბაუში დგამს სახელგანთქმულ სპექტაკლს „კაფე მიულერი“, რომელიც, ცნობილი კრიტიკოსების აზრით, ზოგადად თანამედროვე ცეკვის თეატრის სიმბოლოდ იქცა.
...რომელიღაც რიგით კაფეში მორცხვი, დაბნეული კაცები და მთვარეულებივით მოძრავი ქალები ურთიერთობას არკვევენ. დროდადრო ეს პაროდიულ ცეკვა დუელში გადადის, რომლითაც მოხიბლულმა პედრო ალმოდოვარმა სპექტაკლის ფრაგმენტი თავის ფილმში, „ესაუბრე მას“, გამოიყენა. თავად პინა ბაუში კი ჯერალდინა ჩაპლინის პერსონაჟის „დახმარებით“, რეჟისორისათვის სიუჟეტის ერთ-ერთ მთავარ ღერძად იქცა.
თავის დროზე ფედერიკო ფელინიმ ფილმში „და მიცურავს გემი“ პინა ბაუში მიიპატიჟა ბრმა პრინცესას როლში, რომელიც ჭადრაკს თამაშობს და რომელსაც სახეზე გამოუცნობი ღიმილი დასთამაშებს.
მის სპექტაკლებში მტანჯველი სექსუალური კომპლექსები გაბათილებულია ირონიული სცენური ნიშნებითა და მეტაფორებით. მაგალითად, ნაშიმშილები ზებრებივით ზანტი ქალები საღამოს კაბებში ნიანგის ფიტულებით „მოპირკეთებულ“ ინტერიერში როკავენ; ხოლო ზედმეტად ნერვიული კაცები ერთსა და იმავე მოძრაობას ჯიუტად იმეორებენ (სპექტაკლი „კონტაქტჰოფი“). მართალია, კრიტიკოსები მას ზოგჯერ ფემინისტსაც უწოდებდნენ, მაგრამ კოლეგა-კინორეჟისორებისაგან განსხვავებით, იგი ქორეოგაფ-მამაკაცებს ბევრად მოკრძალებულად აღიქვამდა.
პინა ბაუში ყოველთვის ისწრაფვის სოციალურის, პოლიტიკურისა და ესთეტიკურის სინთეზისაკენ, ხოლო მის წარმოდგენებში ქორეოგრაფია მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლია სცენურ ფორმასა და პუბლიცისტურობას შორის. თანამედროვე ცეკვის ლაბირინთებში 30-წლიანი „ხეტიალის“ შემდეგ აღმოაჩინა ახალი სამყარო - ეს იყო სპექტაკლების ციკლი „ქალაქების დღიურები, რომლებმაც ჩვენს გულში კვალი დატოვა“. მისი დახვეწილი, სტილიზებული, პოლიტიკურ-სოციალური წარმოდგენების შემდეგ „ქალაქების დღიურები“ უფრო ინტერნაციონალურ ცეკვა-თამაშობებს ჰგავდა. ფემინისტური შეუპოვრობა შემწყნარებლურმა ლირიკულობამ შეცვალა, ხოლო გერმანული ექსპრესიონისტული ცეკვის ტრადიცია - სხვადასხვა ეთნოგრაფიული ცეკვების თავისებურებებმა.
მისი ბოლოდროინდელი ინტერნაციონალური წარმოდგენები („მაზურკა ფოგო“, „პალერმო, პალერმო“, „ნეფესი“, „ბამბუკის ბლუზი“, „ფანჯრების მწმენდავი“), რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება, სავსეა ერთი შეხედვით შეუთავსებელი და მოულოდნელი ფსიქოლოგიური დეტალებით. იმპროვიზებული დასის წევრები - ბრაზილიელები, ინდოელები, პორტუგალიელები, ფრანგები თუ ფინელები - იმედების მსხვრევისა თუ გაცოცხლების შთამბეჭდავ სურათებს ხატავენ. თუმცა იგი არ ცდილობდა სხვადასხვა ცეკვის ტექნიკის იმიტირებას, პირიქით - თითქოს ყველაფერს ადნობდა და ასხამდა საკუთარ ქორეოგრაფიულ ყალიბში, რის გამოც, მაყურებელს ერთდროულად მოულოდნელობის და ნაცნობობის განცდა ეუფლებოდა.
სპექტაკლებს ამთლიანებს პინა ბაუშის სცენოგრაფისა და თანამოაზრის, პეტერ პაბსტის გენიალური დეკორაციები და ზუსტი კონცეფცია. გერმანელი ქორეოგრაფის სიკვდილის შემდეგ მისი გავლენა თეატრალურ სამყაროზე გაცილებით დიდია, ვიდრე ცალკე აღებული რაიმე კონკრეტული მოვლენა ან თუნდაც მასშტაბური თეატრალური მიმდინარეობა.
პინა ბაუშს მინიჭებული ჰქონდა ქორეოგრაფიაში ყველაზე პრესტიჟული, ვაცლავ ნიჟინსკის სახელობის პრემია; აგრეთვე, ევროპის ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ჯილდო - „ევროპა თეატრს“. იაპონიაში კი სპეციალური პრემია, რომელსაც ფილოსოფიასა და ხელოვნებაში გაწეული დიდი დამსახურებისათვის ანიჭებენ.
2009 წლის სექტემბრიდან, ცნობილ გერმანელ რეჟისორს, ვიმ ვენდერსს უნდა დაეწყო ფილმის გადაღებები სახელწოდებით „პინა“, მაგრამ ნაადრევმა სიკვდილმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. პინა ბაუშის შესახებ წერდნენ: „მან შექმნა ყველაზე დამანგრეველი და ყველაზე ლირიკული სანახაობა, რაც ოდესმე გერმანულ საცეკვაო სცენას უნახავს და ჩვენ გულისტკივილით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მისი სიკვდილით გაწყდა უკანასკნელი ჯაჭვი, რომელიც დიდ გერმანულ ექსპრესიონისტულ ცეკვასა და თანამედროვე თეატრს აკავშირებდა“.
![]() |
12 შეცვლილი ისტორიული რეალობა |
▲back to top |
ორი ესეი ომზე
ავტორი: ზურაბ კიკნაძე
გვახსოვს, რუსეთ-ჩეჩნების ომის დროს ბევრი ქართველი და, ვფიქრობ, უმეტესობა ჩვენს საზოგადოებაში შურით უყურებდა ჩეჩნების შეუპოვარ წინააღმდეგობას, რომელსაც მათთვის არავითარი წარმატება არ მოუტანია. იყო თავგანწირვანი, ეს უდავოა, შეგვეძლო აღფრთოვანება ამ აქტებით, და შურიც იმის გამო, რომ ჩვენ ჩვენს ომში ამგვარად მოქცევა ვერ შევძელით, მაგრამ იყო ისეთი სისასტიკეები, არ ვგულისხმობ მხოლოდ ტერორისტულ აქტებს, გარდაუვალ თანამდევთ მცირე ერების განმათავისუფლებელ ბრძოლებში, რისი მოქმედნიც ნამდვილად არ ვისურვებდით, რომ ვყოფილიყავით. მაშინაც ვგრძნობდით ერთგვარ უნდობლობას ამ ბრძოლებისადმი. ვის სჭირდებოდა ეს ბრძოლები? რის დასაბრუნებლად იბრძოდა ეს ხალხი? იქმნებოდა ილუზია, თითქოს ამარცხებდნენ რუსეთს და ახლოს იყვნენ დამოუკიდებლობასთან, რომლის გამოცდილება მათ არ ჰქონიათ ისტორიულად და, საეჭვოა, გამოეყენებინათ. ამ კუთხის დამოუკიდებლობის შემთხვევაში რუსეთს შეეძლო ისე წარემართა საქმე, რომ ამ მცირე ხალხს ბედი ეწყევლა და კვლავ მის წიაღს დაბრუნებოდა. მაგრამ რუსეთმა გადაწყვიტა, ისე მოქცეოდა, რომ მათ საბოლოოდ დაჰკარგოდათ დამოუკიდებლობის ხალისი. იქნებ ამას მიაღწია კიდეც თავისი ხალხის გადამეტებული სისხლის და ქვეყნის გაპარტახების ფასად. კიდევ ერთი ომი და, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იგი ამ ტომისთვის კატასტროფით დამთავრდება.
რატომ დავიწყე ჩვენი მეზობლების მწარე და, შესაძლოა, უნაყოფო გამოცდილებაზე ლაპარაკი? არა ტრივიალური მოტივით, რომ გავფრთხილდეთ, რომ რუსეთთან ომი შეუძლებელია, რომ მასთან ბრძოლაში დამარცხება გარდაუვალია. ეს ისედაც ცხადია, ხოლო მარცხი არ არის არც სირცხვილი და არც საბოლოო კატასტროფა. ამ ლაპარაკით მსურდა მიმენიშნებინა, რომ არის არსებითი განსხვავება ხალხებს შორის. არის ხალხი, რომელსაც, ან უფრო სწორად, მათ, ვინც მათი სახელით იბრძვიან, დასაკარგავი არაფერი აქვთ. და არის ხალხი, რომელსაც იმ ლანდშაფტში და ოიკუმენაში, სადაც სახლობს იგი უკვე რამდენი ათასწლეულია, და ინახავს ამის ხსოვნას, ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია. რა ხანია, ერთი და იგივე რიტორიკა გაისმის: დავიბრუნოთ ტერიტორია, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა! მაგრამ პოლიტიკურად სრულიად კანონზომიერი ეს ლოზუნგი ცალმხრივია და, ამდენად, მანკიერი. აქა-იქ იყო შეძახილი: რატომ ვლაპარაკობთ ტერიტორიის დაბრუნებაზე და არა ადამიანების დაბრუნებაზე? მაგრამ სუსტი იყო ეს ძახილი და იგი მოწოდებად არ ქცეულა. შეიძლება პარადოქსი იყოს, მაგრამ ეს ორივე ტერიტორია იმ ხალხთან ერთად, რომელიც ამ მხარეებში ცხოვრობს, უფრო ადრე დავკარგეთ, ვიდრე ომი დაიწყებოდა. ტრაგიკული იმდენად არა ტერიტორიის დაკარგვაა, არამედ ხალხის გაუცხოება და, საბოლოოდ, ყველაზე მძიმე პერსპექტივაში მტრად ქცევა. ეს ხალხი თანდათან იკარგებოდა. ეროვნულ მოძრაობას, რომელმაც დააჩქარა ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, ლომის წილი აქვს, ვერავინ შეეცილება - ვერც ოზგანი, ვერც არძინბა, ვერც ჩოჩიევი, ვერც ტორეზი და ვერც კოკოითი. ვერც რუსები. რას გახდებოდნენ ეს პერსონები და უფროსი ძმა, ჩვენ რომ რეალურად ისეთი ძმური ურთიერთობა გვქონოდა ამ ხალხებთან, როგორსაც წარმოვიდგენთ ხოლმე და რომლის პრეზენტაციასაც ვახდენთ ხშირად ტელეგადაცემებში. ერთი მწარე შეცდომაა დაშვებული: ერთმანეთში გვაქვს აღრეული პირადი ურთიერთობები ხალხების წარმომადგენლებთან და ურთიერთობები ხალხებთან, როგორც ხალხებთან. გვავიწყდება, შესაძლოა, არც ვიცით, რომ ინდივიდი სხვაა და ხალხი, რომელიც ამ ინდივიდებისგან შედგება, სხვა. სხვაა არა მხოლოდ ოდენობით, არამედ თვისობრიობით, რომ მას აქვს თავისი იდენტობა და მის უგულებელყოფას მტკივნეულად განიცდის. რა გვაქვს დასამალი: ჩვენ შეგვეძლო მათი მწყემსი ვყოფილიყავით. მე მიყვარს ჩემი „იტალიური ეზოს“ მეზობელი, უკანასკნელ ლუკმას ვუყოფ მას, თავს დავდებ მისთვის, რადგან მას ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, ეგზისტენციალური არსებობა აქვს, მისი ბედი ჩემს ბედთან არის გადაჭდობილი, მაგრამ თუ ვხედავ პიროვნებას იმ სიმრავლეში, რომელსაც ჩემი მეზობელი ეკუთვნის? სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. თუ მიფიქრია, განსაკუთრებით ჩვენი საამაყო ეროვნული მოძრაობის დროს, რომ მას, როგორც ხალხს და ჩემს მეზობელს მასთან ერთად, შეიძლება გასჩენოდა არსებობის შიში ჩემი ქცევების გამო? არ მიფიქრია. თუ მიგრძვნია პასუხისმგებლობა მისადმი და არ დამიტოვებია ადგილი სხვისთვის, რომელსაც მესამე ძალას ვუწოდებდით, რომ შემცილებოდა პასუხისმგებლობაში?
ნაცვლად იმისა, რომ „აიდგილარასა“ და „ადამონ ნიხასის“ ხალხთან ძმურად და მეზობლურად გვესაუბრა, მოგვეწვია ისინი ჩვენ თავყრილობებზე, გაგვეწევრიანებია ჩვენს პარტიებსა თუ მოძრაობებში, ცალკ-ცალკე დავუგზავნეთ მათ გულისწყრომისა და მუქარის წერილები და იქამდე მივიყვანეთ საქმე, რომ მათ ერთმანეთთან შეკრეს კავშირი ჩვენს წინააღმდეგ. მათი ალიანსი ჩვენი ეროვნული მოძრაობის პირმშოა. ჩვენ გვეგონა, რომ ავტობუსებით „გმირული“ იერიში ცხინვალისკენ და მერე „დიდსულოვნად“ უკან გამობრუნება უკვალოდ ჩაივლიდა. ასეთი ჩავარდნები ბევრი გვქონდა განსაკუთრებით ამ უკანასკნელ ათეულში. თუმცა ჩვენ ისტორიულად მოცემული გვქონდა უნიკალური შანსი და ალბათ ისტორიულად მოწოდებულიც ვიყავით საქართველოში ახალი წესრიგის და ახალი ერთობის დასამყარებლად. მაგრამ ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი და ისტორიული მოწოდება, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებში ამ ორი ხალხის ინტერესებიც გაგვეთვალისწინებინა, რომ ისინიც გამხდარიყვნენ ქვეყნის მომავლის შენების მონაწილეები. და დღემდე, როცა ჟამი გაშვებულია, ვლაპარაკობთ ისევ და ისევ ტერიტორიულ მთლიანობაზე, იქ მცხოვრები ხალხი კი მესამე ძალას ჩავაბარეთ, რათა გამოეყენებინა იგი როგორც ინსტრუმენტი იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიის, ეკონომიკის, საყოფაცხოვრებო კულტურის შენებით მათთვის მიმზიდველი გაგვეხადა ეს გაუცხოებული ქვეყანა (დასავლეთ-აღმოსავლეთ გერმანიის მაგალითი რომ გავიხსენოთ), ლეგალური თუ ფარული ურთიერთობებით აღგვედგინა ურთიერთნდობა და ტრადიციული კავშირები, დავადექით ახალი კონფრონტაციის გზას საეჭვო ღირებულების ალტერნატიული ადმინისტრაციის შექმნით და, რაც მთავარია, ქვეყნის მილიტარიზაციით, რომლის მატერიალური რესურსი სამ დღეში გაცამტვერდა და მორალურიც გადაიყოლა. არავინ გაამართლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობას წამოწყებული ომის გზით, არც თუნდაც უნებლიე წამოგება ანკესზე - სიბეცისა თუ სულმოკლეობის ნიშანი - არის საპატიებელი იმ სახელმწიფოსთვის, სადაც უშიშროება „ქვეყნის ხერხემალია“. სხვაგან სად უნდა გამოჩენილიყო ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა, თუ არა იქ, სადაც პროვოცირების საფრთხეა ჩასაფრებული? ამ საფრთხეს ხორცი შეესხა, როცა შეიარაღება (მილიტარიზაციის ერთგვარი ევფემიზმი) ქვეყანაში პრიორიტეტული გახდა. ამბობენ და ასეც მოხდა: პირველ აქტში დატენილი თოფი ბოლო აქტში გავარდა. ამ იგავის ილუსტრაციას შევესწარით ჩვენს დღეებში.
ქრესტომათიულია, რომ საქართველოს ისტორია ომების ისტორიაა და რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ომების პროცესში ჩამოყალიბდა. მაგრამ რამდენად გამოსადეგია ეს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება დღევანდელ ისტორიულ პირობებში, დღევანდელ, როგორც იტყვიან, გამოწვევებში, რომელთა წინაშე დგას ეს ქვეყანა? ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით დაუბრუნებია დაკარგული ტერიტორიები, რჩება თუ არა დღესაც ერთადერთად და უალტერნატივოდ? ჩვენში მოარული იყო და, შესაძლოა, დღესაც არის, თქმა: ძალით წართმეულის დაბრუნება მხოლოდ ძალით შეიძლება. ეს დებულება ვიცით, მაგრამ არ ვიცით, ან არ ვცნობთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ისტორია იცვლება; რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიც არის შეცვლილი ისტორიული ვითარება; რომ ისტორიული რეალობა შეიძლება შეიცვალოს, ჩვენ კი ჩვენი მოლოდინებით და ოცნებებით წარსულში ჩავრჩეთ. ჩვენთვის დღემდე იდეალი დავით აღმაშენებლისა და თამარის ძლევამოსილი ერთიანი საქართველოა. იდეალს არსებობის უფლება აქვს და თითქოს სასარგებლოც არის: უკეთესისკენ სწორებას მოგვიწოდებს, მაგრამ საბედისწერო შეცდომაა, როცა ეს სწორება ისევ და ისევ წარსული ეპოქის შინაარსით არის ავსებული. რომელი ხელისუფლება გაბედავს დღეს თავისი მეტოქეების იმ მეთოდებით ჩამოშორებას, რომელთაც მეფე იყენებდა? დავფიქრდეთ, რის ფასად უნდა დაჯდომოდა (წყაროები დუმან) მოსახლეობას უცხო ტომის ჩამოსახლება, ან თუ შეძლებდა დღევანდელი ხელისუფალი, მიემართა ამ საშუალებისთვის ქვეყნის გასაერთიანებლად, ქვეყნის შიგნით სტაბილიზაციის დასამყარებლად ან თუნდაც, გარეშე მტრების მოსაგერიებლად? ან თუ შევძლებდით დღეს მოვქცეულიყავით ისე, როგორც თამარის მხედართმთავარი მოიქცა, რომელმაც დურძუკების ხელით დაარბია ტახტისგან განმდგარი დიდოელები და ფხოველები (არც ერთი, არც მეორე, როგორც დღევანდელ შემთხვევაში, ქართველთა ნათესავს არ ეკუთვნოდა)? ან თუ აღგვაფრთოვანებდა დღეს ის სიტყვები, რომლებითაც ივანე ათაბაგმა მიულოცა მეფეს გამარჯვება („იქმნა ბრძანება შენი! მოვაოხრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი“) და ამის შემდეგ კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედით ვიქნებოდით?
ისტორიული ვითარება კვლავ შეცვლილია. ის, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელ რეალობად გვეჩვენება, უკან მოუბრუნებლად ჩაიძირა წარსულში. ჩვენ იქ აღარ ვდგავართ, სადაც გუშინ და გუშინწინ ვიდექით.
![]() |
13 ომი: რევოლუცია ჩვენს სულებში |
▲back to top |
ორი ესეი ომზე
ავტორი: ემზარ ჯგერენაია
„ომია ყველაფრის მამა“ - ამბობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი და მართლაც, აგვისტოს ომმა თანამედროვე მსოფლიოს სიღატაკესა და ბრწყინვალებას, ღირსებასა და ნაკლს ერთდროულად ახადა ფარდა. აგვისტოს ომმა საქართველო ისტორიის, მსოფლიო ისტორიის სუბიექტად აქცია. 2008 წლის აგვისტოს ომმა, ჩვენ, თანამედროვე მსოფლიო ისტორიის ქმნადობის პროცესში ჩაგვრთო. თუმცა მავანი იკითხავს: მერე რა? რა მოვიგეთ აქედან? ჯერჯერობით ბევრი არაფერი, უფრო მეტიც, მავანი იტყვის - წავაგეთ. მაგრამ ახლა ძნელია აგვისტოს ცხელი დღეების ზუსტი და საბოლოო შეფასება. საერთოდ, უახლესი ისტორიის შეფასება ძალზე სახიფათო წამოწყებაა, რადგან უახლესი ისტორიული ფაქტის „წაკითხვას“ სჭირდება კონტექსტი, „მტვერი“, შორსხედი. მხოლოდ დროის გავლის შემდეგ, და ისიც პრობლემური სიზუსტით, შეიძლება შეფასდეს ისტორიისათვის კონკრეტული ფაქტის მნიშვნელობა.
სოციოლოგები ვიტყოდით, რომ ყოველ სოციალურ ქმედებას თან ახლავს გაუთვალისწინებელი შედეგები. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ ომის შედეგებზე, ომის მიერ ჩვენს სულებში ჩატარებულ „რეფორმაზე“. მაგრამ ჩვენ კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ სივრცეში მოქცეულ არსებებს-ადამიანებს, რომელთაც ჩვენი სიცოცხლის ხანმოკლეობის გამო, მეტნალებად სრული კონტექსტის ხილვას არავინ დაგვანებებს, ყოველთვის გვაქვს იძულება პასუხი გავცეთ აწმყოს მიერ დასმულ კითხვებს. ეს პასუხები (და კითხვებიც) კი სოციალურ სივრცეში ჩვენს ადგილზე, ჩვენს კულტურულ კაპიტალზე, ჩვენს გემოვნებაზე, ესთეტიკაზე, ჩვენი ბავშვობის ტრავმებზე, შიშებზე, „ბოღმასა“ და, თუ გნებავთ, ჩვენი სხეულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ჩემი პასუხი „ცხელი შოკოლადის“ კითხვებზე, ბუნებრივია, ვერ იქნება თავისუფალი ჩემი პირადი პრობლემებისგან და, ამდენად, ეს პასუხიც მხოლოდ ჩემი, კონკრეტული სხეულისა და სულის მატარებლის პასუხი იქნება და არა „ღირებულებებისაგან, გრძნობებისაგან თავისუფალი“ - მიუკერძოებელი, გულგრილი ექსპერტის (ან ექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე ქართველის) მოსაზრება.
კარგად მახსოვს ერთმა ჩემმა მეზობელმა, სულაც 8 აგვისტოს, მითხრა, „შენ რა გინდა? რუსები თავის აშენებულს ანგრევენო“. დღესაც გულში წყენად მაქვს ეს ფრაზა. თუმცა არის მასში გარკვეული სიმართლე. ის ნაციონალური იდენტობა, რომელიც საშუალო-სტატისტიკურ ქართველს დღესაც აქვს (სულო ცოდვილო და, ალბათ, მეც), ჯერ რუსული კოლონიალიზმის (მეცხრამტე საუკუნის ინტელექტუალური ელიტის მიერ), ხოლო შემდეგ რუსული სოციალიზმის პირობებში (კომუნისტური ნომენკლატურის, კომუნისტური ინტელექტუალური ელიტის და, მათ შორის, დისიდენტების მიერ) შეიქმნა. აგვისტოს ომის დროს რუსებმა დაბომბეს არა მარტო „თავისი აშენებული“ 31-ე ქარხანა, სენაკის სამხედრო აეროპორტი და ა.შ., არამედ იდენტობის ის ტიპი, რომელიც თეთრი და წითელი იმპერიის საშოში ჩაისახა. და ამ ომის შემდეგ, საქართველო, როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, „სხვაგან აღმოჩნდა“.
80-იანი წლების ბოლოს მერაბ მამარდაშვილი ხშირად საუბრობდა ქართველებსა და საქართველოზე. მერაბი ქართველების ხასიათის ერთ თვისებას უსვამდა ხაზს: „უმიზეზო მხიარულებას“. „უმიზეზო მხიარულების“ ერთ-ერთი ნიმუში სუფრა კი - ჩვენი კარნავალია. კარნავალი, თუ ზოგიერთ ინტელექტუალს დავუჯერებთ, სუსტადგანვითარებული, მითში მყოფი საზოგადოებების აღგზნებული დღესასწაულია. აგვისტოს ომი ამ დღესასწაულზე დარტყმაც იყო. და ეს ყველაფერი აგვისტოში მოხდა, მაშინ როცა ყველა ემზადება შვებულებისათვის, კარნავალისათვის, დღესასწაულისათვის. რუსებს, შესაძლოა, სულაც არ სურდათ ამ „დღესასწაულზე“ დამყარებული გრძნობის ამოძირკვა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მაინც მოხდა. მოხდა, თუმცა არა ყველა ქართველში. განსაკუთრებით „გაუჭირდა“ ჩემს თაობას, რომელსაც 80-იანი წლების დაუძლურებული საბჭოთა კომუნიზმი ბავშვობას, დღესასწაულს და კარნავალის მარადიულ სამოთხეს, „ცისფერ მთებს“ გვპირდებოდა. ეგებ, რუსებს დღესაც სულაც ის აღიზიანებდეთ, რომ მათ, თუ კი ოდესმე საქართველოში ჩამოვლენ, აქ არ დახვდებათ ის, რაც ჩვენში ხიბლავდა, რისი მეტაბოლიზმი რუსი გენერლების სხეულებს დღესაც ღრღნის - „უმიზეზო მხიარულება“. იმედი მაქვს, რუს ტურისტს აქ დახვდება ფულზე, წარმატებაზე, „უნარებსა“ და ამ უნარების გაყიდვაზე ორიენტირებული ქართველი. მაგრამ ჩვენშიც ჯერჯერობით არიან ადამიანები (მე მათ სიკეთეს ვუსურვებ, რადგან მეც შორს არ ვარ მათგან), რომლებიც მოითხოვენ „სამოთხეს დაუყოვნებლივ“, დღესასწაულსა და კარნავალს.
ომმა ჩვენ „კანის გამოცვლის“ პროცესში მოგვისწრო. რუსეთში ეს პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. რუსეთი (მისი პოლიტიკური ისტებლიშმენტი) კვლავ ძველი, პრემოდერნული ღირებულებების ერთგულია. ეს ღირებულები კი სრულებით აშკარაა: ძალა, ომი, ხიშტი. ჩვენ „დაეჭვებული ადამიანების ერთობა ვართ“. დასავლურმა ღირებულებებმა ჯერ ისე ვერ შემოაღწია, რომ ის ჩვენი სულის - სოციალური ჰაბიტუსის - ნაწილად იქცეს და არც კოლონიალური მეხსიერება გამქრალა ბოლომდე. ამიტომ ჩვენ სუსტები ვართ, მაგრამ ღმერთს ხომ სუსტები უყვარს?
დემოკრატია აწმყოში ცხოვრებაა. ის გვაიძულებს ვიცხოვროთ არა მომავალში, არა წარსულში, არამედ დღეს, ახლა და აქ. ის კი არ გვაერთიანებს, არამედ გვყოფს. დემოკრატია იწვევს დიფერენციაციას, ინდივიდუალიზაციას. ერთიანობა დემოკრატიაში, და თუ გნებავთ სოლიდარობაც, თითოეულის პრაგმატული ინტერესების პრაგმატული დამთხვევით მიიღწევა. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს, ამასთან შეგუება მოგვიწევს.
აგვისტოს ომი „გაჟეჟილი“ ომი იყო. მისგან კმაყოფილება არავის მიუღია. ჯერჯერობით არავინ მოიგო. მაგრამ ჩვენ ვეძებთ დამნაშავეებს. დამნაშავის მოძებნა ადვილია. საზოგადოება თავის თავს ვერც დაადანაშაულებს და ვერც გაამართლებს, რადგან ცნება „საზოგადოება“ მხოლოდ ფიქციაა, უშინაარსო ტერმინია. ამიტომ ის ვერც პასუხს აგებს ვინმეს წინაშე და ვერავის მოსთხოვს პასუხს. მთელ საზოგადოებას საუბარი არ შეუძლია. ვინ არის მისი პირი? ვინ არის რეპრეზენტატორი? ვინ ლაპარაკობს? დემოკრატია არ ცნობს მორალურ ავტორიტეტს, უფრო სწორად, ყველა მორალი (მათ შორის „ჩარეცხილების“) თანაბარუფლებიანი და თანასწორია; მოქალაქეს არ შეუძლია მთელი საზოგადოების სახელით ილაპარაკოს, ყველა ლაპარაკობს თავისი სოციალური კლასის, პირველადი სოციალური ჯგუფის სახელით, პირადი ინტერესიდან გამომდინარე და „ახალი ზღაპარი“, რომელშიც ყველანი აღმოვჩნდით, სულ უფრო ემსგავსება წარმართული, გვარისა და კლანის ღმერთების დაპირისპირებას, რომლის მიღმა ყოველთვის კონკრეტული ჯგუფისა და კლანის მიზანი და ინტერესი დგას (ამ აზრით, „მონოთეიზმი“ დემოკრატიისათვის რელევანტური რელიგიის ფორმა არ არის), ხოლო ის, ვინც თავის თავს ხალხს უწოდებს, ყოველთვის მოტყუებული დარჩება.
როგორ უნდა გამოვიცვალოთ კანი? სად არის გამოსავალი? დიდი მოლოდინების შეუსრულებლობას, როგორც წესი, დიდი იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე. „განტევების ვაცის“ ძიებისას თან ყველას თავისი სტრატეგია, თავისი არგუმენტები აქვს. მაგრამ ამომრჩევლებს ყოველთვის „მეტი სიმართლე“ აქვთ. ეს მეტი სიმართლე დემოკრატიის ბუნებაში დევს: მოქალაქეები ირჩევენ ხელისუფლებას და მას გარკვეული ვადით მართვის სადავეებს გადასცემენ, ამიტომ სრულებით ბუნებრივად, წარუმატებლობის შემთხვევაში, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ბევრ გამოსავლთა შორის, ერთ-ერთი გამოსავალი საკუთარი თავის დადანაშაულებაა, საკუთარი ქედმაღლობის დაძლევა და ყოველდღიურ ცხოვრებაში კანონის მუდმივი გათვალისწინება. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს, როგორ უნდა გავხდეთ კანონმორჩილები, ან როგორ უნდა იქცეს ადამიანის უფლებები ჩვენი სულის ნაწილად (ეს გვეხება ყველას) ის კითხვაა, რომელსაც იმედია, „ცხელი შოკოლადი“ სხვა რესპონდენტებს დაუსვამს.
![]() |
14 სამოთხის რეპეტიცია |
▲back to top |
წერილი წინანდლიდან
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
„ჭავჭავაძეთა არა აქვნდათ მათთან მამულნი და ამით მსახურეს ერეკლესა მეფისა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ერეკლე პირველი წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის დაასახლნა ადგილსა წინანდელსა და მიიღო აზნაურად. შემდგომან მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყრმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფრორე მეფემან მეორე ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდნენ მამუჩის შვილებად“.
აი, ასე დაწყებულა ამბავი ჭავჭავაძეების სასახლისა, სადაც, ნინა ჩემო, ჩემი მშვენიერი ცხოვრების ორი უმშვენიერესი დღე გავატარე, რისთვისაც დიდი მადლობა თათია ღვინერიას, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის, გიორგი ხარაბაძეს და, რასაკვირველია, შენ, პატარა ნინა. მაგრამ დაიცა, ჯერ გიამბო.
წავედით სამნი: ლაშა მდინარაძე, შინაურებისთვის - გუდუ, ეველინა ტაუნიტე, CandyCactus-ად ცნობილი, და მე. წავედით ძალიან მდაბიურად - სამარშრუტო ტაქსით, რომელშიც ბოლო ხმაზე ჟღერდა გაუგონარი რუსული პოპი, რომლის ფონზეც „Юбочка из Плюша“ „სიხარულის ოდად“ მოგეჩვენებოდა. მაგრამ მე ნებისმიერ ტრანსპორტში მკვდარივით მძინავს, გუდუს და ეველინას კი ყურში რაღაცები ჰქონდათ გაჩრილი, ამიტომ გადავრჩით.
მივაღწიეთ წინანდლამდე. დაიწყო!
ამ პარკის შემქმნელი ვინმე არნოლდ რეგელია. ეს ბერლინელი კაცი რუსული სამებაღეო დიზაინის ფუძემდებელი ყოფილა. თურმე, ის თხუთმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა თავის არაჩვეულებრივ წიგნზე - „ნატიფი მებაღეობა და მხატვრული ბაღები“. წიგნი მხოლოდ ინტერნეტით ვნახე, ძალიან სერიოზული რამ ჩანს, მაგრამ ეს რომც არ დაეწერა და სიცოცხლეში საერთოდ არც არაფერი გაეკეთებინა, მხოლოდ წინანდლის პარკიც ეყოფოდა სახელის უკვდავებისა და სულის ცხონებისათვის.
არნოლდ რეგელი 1887 წელს დაგეგმილი იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვიზიტისთვის მოიწვიეს - ბაღის გადაკეთება უნდა მოესწროთ. გამალებული მუშაობა მიმდებარე ნაკვეთების შემოერთებასაც ითვალისწინებდა, რაც მეზობლად მცხოვრებ გლეხებს არ ეამათ. დავით კლდიაშვილი თავის მემუარებში წერს, რომ ერთ-ერთ „გაჯიუტებულ გლეხს კი წინ კედელი აუშენეს, რომ აივანზე მოსეირნე მეფედედოფალს თვალში არ შესჩხირებოდათ“.
ჰეი, ნინა, იცი, როგორი ბაღია? ჩემზე კარგად ის თავის დროზე ალექსანდრე დიუმამ აღწერა: „წინანდალი ივნისის თვეში ფერიების სასახლე გეგონებათ; აქ ერთმანეთში არეულია ყვავილები, ყურძენი, ბროწეული, ლიმონი, ნარინჯი, ცხრატყავა, ვარდები. მცენარე და ხილი ერთდროულად ყვავის, იფურჩქნება და მწიფდება. ჰაერი გაჟღენთილია მრავალი ერთმანეთში არეული სურნელით“.
ისე, ჭორად გეტყვი, რომ თუ მადლი მართლა შვიდ თაობაზე გადადის, ჩვენს პაკოსაც კარგად ჰქონია საქმე: გაბრიელ ბრაგვაძე, რომელმაც ეს წალკოტი გააშენა, მისი დიდი დიდი ბაბუა ყოფილა, და პაკო სიამაყისგან გონს არაა - სავსებით სამართლიანად.
ფოტო: ლაშა მდინარაძე
ეველინა შესვლისთანავე დამუნჯდა. გუდუმ კამერა ამოიღო და კარგა ხანს ვყავდი შტატივის როლში. ასე გადავიღეთ მაგნოლია, რომელიც, ნუ იტყვი, ბუჩქი ყოფილა. ბუჩქი! რას იტყვი?
დიდი ხნის წინათ აქ ორი შენობა მდგარა. ვახტანგ ორბელიანსა აქვს ასეთი ლექსი: „ორი შენობა“. ეგაა.
ერთი სასახლეა, რომელიც ჭავჭავაძეებისთვის ალექსანდრ ოზეროვს აუშენებია. ოზეროვი დიდად განსწავლული არქიტექტორი ყოფილა. მას ოდესაში უსწავლია ღვინის ქარხნების მშენებლობა და ხუროთმოძღვრება. შენც გინახავს მისი სახლები: ერთი პუშკინის ქუჩაზეა, ის, თეთრად და წითლად რომაა შეღებილი, მეორეს სარდაფში კი ახლა „ბითლზ კლუბია“. გარდა ამისა, რუსეთის იმპერატორის განკარგულებით, ოზეროვს აუშენებია პირველი ღვინის ქარხანაც, რომელიც დღეს მელიქიშვილის გამზირს გადმოჰყურებს, თავის დროზე კი თურმე „წყნეთის ქუჩისა და ხევის კუთხეში“ იდგა. აი, ასეთი ოსტატის აგებულია წინანდლის ღვინის ქარხანა, ჯადოსნური სარდაფებით - ამას სხვა დროს მოგიყვები, თორემ რეტი დაგესხმება, - და სასახლე.
„მგზავრად მიმავლის თვალს იზიდავს მისი მშვენება;
წალკოტი მშვენიერად მის კედელთ გარე,
ზურმუხტ მდელოთი მოსილია იმისი არე,
გარეთ და შიგნით მის კედელი არის მორთული,
როგორც რომ სასძლოდ მშვენიერი ტურფა ასული...“
ლექსი, ცხადია, მე არ დამიწერია, ვახტანგ ორბელიანისაა. უბრალოდ, მე უკეთ ვერ აღვწერ, არქიტექტურული წიაღსვლები კი აბა, რად გინდა. არც ცუდ ამბებს მოვყვები: როგორ გადაწვეს სასახლე შამილმა და მისმა კაცებმა, როგორ წაიყვანეს მძევლებად ქალები და ბავშვები, როგორი სიმწრით ეცადა დავით ჭავჭავაძე მის აღდგენას და საბოლოოდ როგორ გადასცა თავისი მამული საუფლისწულო მამულების დეპარტამენტს - სხვაგვარად თავისიანებს ვერ გამოისყიდდა. არც იმას გიამბობ, პატარა ნინა, რა დღე გამოიარა ჭავჭავაძეების სახლმა კომუნისტების მმართველობის დროს და მერე ხომ საერთოდ...
„იმის წიაღში ამოსულა ბალახი მწარე,
შამბით და ეკლით მოცულია იმისი არე;
ვინც მას შეხედავს, დაფიქრდება და შეიბრალებს,
იმის დანახვა გულს აწუხებს, თვალს არ ახარებს“.
ეს კვლავ ვახტანგ ორბელიანია, მერე რა, რომ ზემოთ ხსენებულ დროს არ შესწრებია, სწორად კი აღწერა.
„სწორედ ასეთი სახით მოაღწია ჩვენამდე ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმმა“, - მიყვებოდა თათია. გარეთ ვისხედით, ბაღში, ლიტერატურული კაფეს წინ - როგორც ყველა თავმოყვარე მუზეუმს, ამასაც თავისი კაფე და პატარა მაღაზია აქვს.
„2006 წლიდან, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, აქაურობას „სილქ როუდ გრუპი“ 49 წლის განმავლობაში გაუწევს მფარველობას. ეს საქართველოში პირველი არაკომერციული პროექტია - ბიზნესი კულტურისთვის იღწვის. 2008 წელს ჩვენ მიერ ჩატარებულმა რეკონსტრუქციამ მთლიანად შეცვალა შენობის აქამდე ცნობილი სახე. კვლევითმა სამუშაოებმა არა მარტო დააზუსტეს პირველი სართულის თარიღი, არამედ ფუნქციური დატვირთვაც მიანიჭეს. ცენტრალურ ნაწილში და მუზეუმის უკანა ფასადზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის პირველი სასახლის ნაშთი აღმოჩნდა, რომელიც 1886-87 წლების ოზეროვისეული სასახლის სტრუქტურაში იყო ჩართული. პირველ სართულზე განთავსდა ოთახი-ექსპონატი, შამილისდროინდელი გადამწვარი სასახლის ნაშთით. ფუნქციურად გამრავალფეროვანდა მუზეუმის უკანა ფასადიც. ეს მონაკვეთი სასახლის ერთ-ერთი ძველი ნაწილი აღმოჩნდა და ახლანდელი რეკონსტრუქცია მისი პირველადი სახის გათვალისწინებით განხორციელდა.
ამოქოლილი თაღები გახსნის შემდეგ საზაფხულო ღია გალერეის ფუნქციას ასრულებს.
ჯერ კიდევ ალექსანდრ ოზეროვმა 1886-87 წლებში გადამწვარი სასახლის ნაშთი ჰარმონიულად ჩართო ახალი სასახლის სტრუქტურაში. ახლად ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა კი, პროექტზე მომუშავე არქიტექტორ-რესტავრატორების ძალისხმევით, შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ სასახლის განახლება, არამედ მისი ისტორიის აღდგენა და ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მხარეების გამოკვეთა.
აღმოჩენები მეორე სართულზეც გველოდა: დიდ მისაღებ ოთახში ალექსანდრესეული პირველი სასახლის ნაშთი აღმოჩნდა. სასახლის ძველი მონაკვეთი მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი გახდა. გარკვეული სიახლეები შეეხო შენობის ინტერიერსაც. ექსპონატების დიდ ნაწილს ჩაუტარდა რესტავრაცია. განახლდა ექსპოზიცია. მუზეუმი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების მიხედვით მოეწყო. ამასთან ერთად შეიქმნა კულტურული, საგამოფენო, საკონცერტო სივრცე, სადაც ბევრი საინტერესო ღონისძიება გველის.
იმედია, ჩემო ნინა, ყველა ეს სიკეთე უჩვენოდ არ ჩაივლის. მანამდე კი ერთ ჭორს გიამბობ. მთავარი მოქმედი გმირის ვინაობა გოგოებმა არ გამიმხილეს, ეტყობა, ვიცნობ, და ერთიათად მიკაწკაწებს სული, ნეტა, ვინაა? მოკლედ, წინანდალში, სასახლის გახსნის შემდეგ დიდი სუფრა გაშლილა და ერთ ქალბატონს, ვიღაც ძალიან საპატიო კაცის მეუღლეს, უბრძანებია, რომ მუზეუმში ჭაღები აღარაა! მართლა აღარაა, ან, რატომ უნდა იყოს? ჭედური ჭაღები იყო ალბათ, გასული წლის 60-იანი წლებისა, რა შუაშია? ქალბატონს მოახსენეს, რომ ისინი საცავში ჩაიტანეს. ქალბატონს, როგორც ჩანს, ეგონა, რომ „შედევრები“ ვიღაცამ სახლში წააცუნცულა და აღარ დაოკებულა, - ვაი, ჭავჭავაძის ჭაღებიო, - იძახა. არ იყო ჭავჭავაძის და ჰა!
კაი. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ცუდებზე არ ვილაპარაკებთ. ამიტომ მეორე სახლის შესახებ გიამბობ, სადაც - დიდება „სილქ როუდ გრუპს“! - ჩვენ ვცხოვრობდით.
იცი, რა მაგარია, დაცვის თანამშრომელი რომ გეტყვის, - უკაცრავად, პარკი უკვე დაიკეტა და უნდა წაბრძანდეთო, - და შენ რომ ამაყად უპასუხებ, - ჩემო ბატონო, მე აქ ვცხოვრობო?!
ადრე აქ გარსევან ჭავჭავაძის სასახლე მდგარა. ახლა დგას მშვენიერი, მყარი სახლი, რომლის ინტერიერიც ზოგიერთებს არ მოსწონთ, მე კი ვგიჟდები, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობა და ყველაფერი, რაც მას მახსენებს, ეს სახლი კი სწორედ ასეთია: საბჭოთა ესთეტიკის გამარჯვება. ყველაფერი მომწონს: მოოქროვილი სანათურებიც, გალაქული ავეჯიც, სტალინის პორტრეტიც კი - შემიძლია, ენაც გამოვუყო და არაფერიც არ მოხდება! თურმე, მუზეუმის საცავში სოცრეალიზმის მრავალი ნიმუშია დაცული, და ექსპოზიციას ცვლიან ხოლმე, ხან ხრუშჩოვი კიდია, ხან - წინანდლის სასახლის აივანზე მდგომი პუშკინი, რომელიც რატომღაც ფუნიკულიორის ფონზე უკითხავს ლექსებს ნიკოლოზ ბარათაშვილს. აბა, როგორ არ მომწონდეს!
ამ სახლს აქვს უზარმაზარი აივნები, სადაც გუდუ და მე სავარძლებში ჩავსხედით და მივხვდით, რომ კეთილმა სულებმა გადაწყვიტეს, - კმარა, რაც დაიტანჯნენ, დაე, გაიხაროს სამმა პატარა ადამიანმაო, - და აქ გამოგვიშვეს, წინანდალში. ეველინა პიანინოს მიუჯდა, ტკბილად უკრავდა და თავისთვის კრუტუნებდა: „მე კარგად მესმის სულების, მათ კი - ჩემი“...
იცი, ნინ, ასეთ ადგილას ყველაზე ახლობელ ადამიანებთან უნდა წახვიდე. ნამდვილ მეგობრებთან ერთად. სხვანაირად გამწარდები. წარმოიდგინე, რომელიმეს რომელიმესთან დაკავშირებით რამე გეგმები რომ გვქონოდა, ხომ ვერ გავიხარებდით? იქნებოდა პრანჭვა, დაძაბულობა, ათასგვარი გაუგებრობა. ახლა კი - ციტატა: „შეგვიძლია, მუცელი აღარ შევისუნთქოთ, უშნოდ ვიცინოთ და ბევრი ვჭამოთ, ვის რა, რო?...“ ხომ გეუბნები, კეთილი სულების ამბავი იყო.
ერთი კეთილი სული პირადადაც გავიცანით. ქალბატონი ვალენტინა ყარაულაშვილი, მუდამ კოხტად ჩაცმულ-დავარცხნილი, მოხდენილი, ლამაზი სამკაულით. ნინ, ეგ ქალი ადამიანი არაა. ეგრე არ ხდება. ხომ არ შეიძლება, ადამიანმა ზუსტად იცოდეს, რა გაგიხარდება ყველაზე ძალიან, რას ჭამ და რას - არა, ხომ არ შეიძლება, ფეხის ხმა არ გესმოდეს და ვერ ხვდებოდე, როდის გაქრა თეფში და როდის გაჩნდა მაგიდაზე გათლილი ცივი ატმითა და გარგრით სავსე სინი?
რა იყო ესა?
ეველინამ თქვა, რომ, როგორც ჩანს, უკვე გარდაიცვალა და სამოთხეში მოხვდა, ნეტა, რით დაიმსახურა? გუდუმ იკითხა, - ქალბატონო ვალია, აქ ანგელოზებიც დაფრინავენო? ქალბატონმა ვალიამ, - ანგელოზები არა, მაგრამ ღამურები - გაგიხარნიაო. ჩვენ დავასკვენით, რომ ეს სხვანაირი ღამურებია, თუ დაიჭერ და აკოცებ, ანგელოზებად გადაიქცევიან. გუდუ მაინც დაფრთხა და კაპიუშონი ჩამოიფხატა. ბატონმა დავით ბოლქვაძემ (რაღა დაგიმალო და, ესეც ცოტა საეჭვო კაცი იყო; საერთოდ, არსებობს, თუ დაგვესიზმრა?) უთხრა, რომ საკუთარი ნებით არც ერთი ღამურა არ დააფრინდება თავზე; და ღელვას ჯობს, სუფრას მივხედოთო.
სუფრა, ნინა! დედას პური, გუდის ყველი, ნუნუ ლუარსაბოვას ოქროს ხელით დამზადებული სასწაულები, კამეჩის მაწონი და ბატონი დავითის გამოხდილი ჭაჭა, პატარა, დაორთქლილ გრაფინში, ქალბატონი ვალიას მიერ მოტანილი - ვაი, დედიკო, დედა...
ასე ვისხედით, ჩემო ლამაზო, იქ, სადაც გარსევან ჭავჭავაძის სასახლე იდგა, დიდ აივანზე, ყველაზე კარგ სუფრასთან, გავცქეროდით ბაღს, რომლის მსგავსიც ალბათ არსებობს, მაგრამ მე არ მეგულება, ვგეგმავდით, რომ ხვალ ლაბირინთში ვიხეტიალებთ, ღვინის სარდაფებს ავითვისებთ და საერთოდ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. თან ვიცოდით, რომ სულ ორ ნაბიჯში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში ახლა საათები წიკწიკებენ, იატაკი ჭრაჭუნობს - ვიღაცა დადის, ვიღაცა, სრულიად არაჩვეულებრივი, იმიტომ, რომ იქ ცუდს და ავყიას არ დაედგომება.
ისე, ჩვენც რა გვიშავდა, არა, ნინა?
![]() |
15 კაცი, რომელიც პიმოთანს ეძებს |
▲back to top |
ისტორია
ანუ რამდენიმე ამბავი მხატვარ მამუკა ჯაფარიძეზე
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი, პირადი არქივი
„მექანიკური ფორთოხალი“ გამახსენდა. თვალწინ დამიდგა თეთრ კომბინეზონებში გამოწყობილი ანარქისტები, მოძალადეები, საზოგადოების „პირმშონი“, ისინი, ვინც საკუთარმა ხალხმა, გარემომ შვა. ეს იყო რეაქცია, ძალადობით, სისხლით გამოხატული რეაქცია. სასტიკი პასუხი მშობლებს, ხალხს. ყველა გარემოს თავისი ანარქისტული, დესტრუქციული პირმშო ჰყავს, ვინც ამბოხს, პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. სხვადასხვაგვარია მათი პასუხიც. ვინ იყვნენ „მე-10 სართულის“ მხატვრები? ანარქისტები, მეამბოხეები, იმ დროსა და სივრცეზე „გაბრაზებული“ ახალგაზრდები, რომელთაც გარემოს შეცვლა, მისი გამოცოცხლება უნდოდათ. რომლებმაც ახალი რეალობის შესაქმნელად საკუთარი ცნობიერების ნგრევა დაიწყეს.
რამდენიმე წუთის წინ შეღებილი ჭიშკარი ფრთხილად გამიღო. შინდისის სახლის 3-წლიანი მშენებლობა წელს მთავრდება. თითქმის უკაცრიელ გარემოში მისთვის უჩვეულოდ, განდეგილივით ცხოვრობს და გასახალისებლად ათასგვარ საქმეს იგონებს. აიღებს ხოლმე ფოტოაპარატს, წიგნს - სოკოთა ნაირსახეობებზე და ტყეში მიდის. შინდისი და მისი მიმდებარე დასახლებულ-დაუსახლებელი ტერიტორია ზეპირად იცის. სოკოებს აკვირდება, წიგნში ნახულობს, ფოტოებს უღებს. თავზე საშუალო ზომის კრემისფერი ქუდი ახურავს და შავ-თეთრი ბურთებით აწყობილი უბრალო მძივი უკეთია. სექტემბერში სოფელში არიფანას მოსაწყობად ემზადება. ძველი ტრადიციის აღდგენა უნდა, რომელიც ოდესღაც ქართლში არსებობდა. სოფლის მაცხოვრებლები კალათებით ხელში რომ გამოდიოდნენ დიდ ველზე და ყველას საჭმელ-სასმელი მოჰქონდა თან. იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, ქეიფობდნენ. მოკლედ მხიარულად ატარებდნენ დროს. არიფანამდე პიარ-კამპანიის ჩატარებასაც გეგმავს; ღონისძიების მაუწყებელ პლაკატებზე მუშაობს, რომელსაც საკვანძო ადგილებში: მაღაზიასთან, წყაროსთან და ავტობუსის გაჩერებაზე გააკრავს. მანამდე კი ანთიასთან ერთად სახლში რაღაცებს ჩორკნის და ხის მოაჯირიანი აივნიდან ლამაზი ხედის ცქერით ირთობს თავს.
ანთია ძალიან ლამაზი, ბრიტანელი ქალია, მამუკას მეგობარი და ცხოვრების პარტნიორი. ბრისტოლიდანაა და წელიწადში მხოლოდ 3-4 თვეს ახერხებს მამუკასთან ყოფნას. ანთია მუქი შორტებით და დაჭმუჭნული მაისურით დადის შინდისში და დრელით ხელში ხან სად ჩაიცუცქება და ხან - სად. მშენებლობის პარალელურად, ანთია წიგნზე მუშაობს და, როგორც მამუკამ მითხრა, სიჩუმე და მოსვენება სჭირდება; ანუ ის, რაც მამუკასთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი მდგომარეობაა. აქ, ამ სიწყნარეში, რომელსაც ზოგჯერ ანთიასგან ახმაურებული რომელიმე ინსტრუმენტის ხმა ახშობს, ბევრი დრო აქვს იმისათვის, რომ აივანზე მოკალათებულმა რაღაცები გაიხსენოს, პასუხი გასცეს თავში უკვე მერამდენედ ამოტივტივებულ კითხვებს. როგორც თვითონ თქვა, „დააკვირდეს ცას და ჰაერს“, იმას, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი შეიძლება ყოფილიყო. მაშინ, როდესაც ყველაფრის შეცვლას ცდილობდა, როდესაც საღებავში ამოთხუპნული დადიოდა და ყველგან თავის კვალს ტოვებდა. სახელოსნოში მეგობრებთან ერთად მუშაობდა და გამოფენებს აწყობდა. სადაც 90-იანების ბნელ პერიოდში იკრიბებოდნენ მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, პოეტები. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, გამოფენებს აწყობდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, თუკი ვინმე არტისტი ჩამოდიოდა, ყველა აქ სახლდებოდა. სიგიჟე, არტი, ეზოში გამართული გიჟური საღამოები; ის, რაც ხელის ერთი მოსმით გაქრა, რამაც ადგილი ძველს და „მარადიულს“ დაუთმო. დღეს იმ ეზოს აშრიალებულ ბალახებში ისევ ისე, სრულ სიწყნარესა და სიჩუმეში დგას ძველი, ბრინჯაოსა და თიხაში ჩამოსხმული ბიუსტები. ეზოს პირდაპირ სახელოსნო მშობლებმა გადაუღებეს; ჩათვალეს, რომ იმ ყველაფერს, რაც იქ იქმნებოდა, ნამდვილად ჯობდა ერთი სიმპათიური, კომფორტული სტუდია. ამიტომ აღარც იქ სიარულით იკლავს თავს და ვეღარც ფერწერულ ტილოებს ქმნის, მთელ იმ გარემოს დაკარგულ სამოთხეს ეძახის. „არ შემიძლია, უცებ დავჯდე და დავხატო. ჩემი გარემო მჭირდება, სივრცე, სადაც ჩემი მეხსიერება იქნება; ადგილი, სადაც ყველა ნივთი ნაცნობია, სადაც მოდის მედიტაცია, ინსპირაცია, სადაც ქმნი“. სახელოსნოს არქონის გამო, სინთეზური ხელოვნებით დაკავდა და ცდილობს, ისეთი მასალით გააკეთოს ნამუშევრები, რომლითაც იოლად იმოგზაურებს. უკვე 15 წელია, რაც დახეტიალობს და ადგილ-სამყოფელს იცვლის შვეიცარიაში, ინდოეთში, გერმანიაში, ინგლისში. ამიტომაც იყო, რომ აკადემიაში მხოლოდ 4 თვე მოახერხა ლექციების წაკითხვა და ერთხელ „კმარაჩვეულებრივი“ გამოფენა გააკეთა. ნატურის ტანზე სტუდენტებს მათივე ფოტოები გადაატანინა, მერე კი ფოტოებით აჭრელებული ქალი აბანოში გაუშვა, - აბანოში რომ გაიხდის, აი, იქ ნახეთ, რა მოხდება. წადით და ნახავთ, როგორი კმარაჩვეულებრივი გამოფენა იქნებაო.
ფრაგმენტულად ცხოვრობს, თითქოს მისი ერთი ნაწილი ინდოეთშია, მეორე შვეიცარიაში, მესამე - კიდევ სადღაც. იქნებ შინდისი აღმოჩნდეს გამთლიანების ადგილი? იქნებ დაკარგული სამოთხე გააცოცხლოს, სადაც ისევ მოვლენ მეგობრები, ღვინოს მოწრუპავენ, ამბებს მოყვებიან, თან დაბალ ხმაზე მუსიკას მოუსმენენ. სახლზე გაახსენდა - „სულ გვინდოდა, სახლი გვქონოდა. მე და ანთიამ რაღაც ბინა ვიყიდეთ. არ მიყვარს ამ ამბის გახსენება, გაყიდული აღმოჩნდა თუ რაღაც... მოკლედ 4 წელი სასამართლოებში ვირბინეთ, სულ ტყუილად. მაგრამ, ის მაშინ იყო, სურვილის ის ცოცხალი ტალღა, რომელიც გარემოებებმა შეაჩერა. ახლა კი ვაშენებთ, მაგრამ თითქოს იმან ჩაიარა და თავიდან ამ ფოკუსში მოქცევა არ გამოდის, ძნელია“. ჯონი კეშის სიმღერას იხსენებს სახლებზე. სახლებზე, რომლებიც იყო და აღარ არის.
მამა-შვილი
ყოველთვის ჭრელი სამეგობრო წრე ჰყავდა. რისკიანი ხალხი უყვარს, გაბედულები, თავისუფლების მაძიებლები. ასეთ ხალხს კი უფრო ხშირად პერიფერიებში, მარგინალურ გარემოში პოულობს. ყოველთვის ჰყავდა საკუთარი წრე. წრე, რომელიც არავის ეხებოდა, არც სკოლას, არც - მშობლებს.
არასდროს ყოფილა იდეალური შვილი, თუმცა ეს არ იყო იმ გაუცხოების, საერთო ენის ვერგამონახვის მიზეზი, რომელიც მუდამ არსებობდა მასსა და მამამისს შორის. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს დღემდე ელოდება მისგან აღიარებას, თუნდაც მოწონებას. „ძნელია, როდესაც სხვადასხვა მსოფლმხედველობა ეჯახება ერთმანეთს. მამაჩემი ვერასდროს ხედავდა ჩემს ნამუშევრებს, ვერ გრძნობდა. დავტოვებდი რაღაცებს, მოვიდოდი და სადღაც გადაყრილი მხვდებოდა; ჩავკეტავდი, მაინც სადღაც იყო მოსროლილი. ჩემი ერთადერთი ნამუშევარიც მხოლოდ იმიტომ უდევს სახელოსნოში, რომ ოქროსფერ ჩარჩოშია მოთავსებული. აი, ზედ რაღაცები რომ აწერია - როლექსი, ომეგა, და ოქროსფერი ჩარჩო გარშემო. ბაზარს ხომ რატომღაც ყოველთვის უარესი ურჩევნია, ჰოდა, ერთ დღესაც ვიფიქრე, - რა გინდათ, რას ითხოვთ ხელოვნებისგან, ნუთუ ჩარჩო განსაზღვრავს ხელოვნების ღირებულებას-მეთქი? და ამ ირონიით გავაკეთე ეს ნამუშევარი. მაგრამ, მგონი პირიქით გამოვიდა. ფაქტია, იქ დევს“.
ყველაფერს ახსნას უძებნის. მამამისი სტალინის ეპოქის თაობას ეკუთვნის, როდესაც ყველა ერთ, „სწორ“ ჩარჩოში ცხოვრობდა. ამიტომ, ხელოვნებაზე მას განსხვავებული შეხედულება აქვს. მაშინ ავტორიტეტები არსებობდნენ და ეფემერული ხელოვნება საერთოდ არ ესმოდათ, არც ახლა ესმით. „მისი ნამუშევრები მომწონს, მას ჩემი - არა. სულ ჰგონია, რომ რაღაც სხვა უნდა ვაკეთო. მკაცრი და ძლიერი ხასიათი აქვს. მიჭირს მოვუყვე ნამუშევარზე და მასში აღფრთოვანება გამოვიწვიო. ძნელია. თუ მისგან პასუხს ელოდები, მაშინ ძალიან ხმამაღლა უნდა უთხრა, რაც არ შემიძლია. არ ვარ რადიკალური, არ მიყვარს ფეტიშიზმი, ავტორიტარიზმი. მისი პერიოდი კი ზუსტად ეგ იყო. როგორ ვუთხრა, რომ არ არის საჭირო, გამოთალო სკულპტურა; რომ აი, არის ქვა, რომელზეც გადაწვები და ოკეანეს ამოტრიალებულად დაინახავ, იგრძნობ, რომ მიფრინავ. ეს არის სკულპტურა, რომელსაც არც აწვალებ და არც ხელს ახლებ“.
40 წლის რომ გახდა, ბიენალეზე იყო. ისე, ამ ბიენალეზე ერთი კი გაიხუმრა, ქართველების ყოველი წასვლა რატომღაც ასე ცხადდება - „საქართველო პირველად წარდგება“... როგორც ჩანს, ყველა ახალ მთავრობას უნდა ვენეციის ბიენალეზე პირველობის მისაკუთრება. მაისურზე შავი კვადრატი დაიხატა და ქვემოთ მიაწერა - მამუკა ჯემალევიჩ; ანუ მალევიჩი, რომლის ხელოვნება საკუთარი აზრის ანალიზია და რომელიც თვითონ იგონებს ტრადიციას, მეორე მხრივ კი - მშობლები და ტრადიცია, ის, რაც წარსულიდან მოგყვება.
შეუძლებელია, მამუკა ჯაფარიძეს ელაპარაკო მხატვრობაზე გუშინ და დღეს და არ ახსენო თავისუფლების, ექსპერიმენტების ის პატარა კუნძული, რომელიც 80-იანებში აკადემიის მე-10 სართულზე არსებობდა. რაღაც იმედი თუ მომავლის მხატვრობა, რომელზეც ასე ამბობს, - „კარგი იქნებოდა აქ ყოფნა, მთელი ჩემი თაობა კონფორმისტი რომ არ გამხდარიყო“.
მეათე სართული გუშინ და დღეს
მასწავლებელი არ ჰყოლიათ. საკუთარ თავს სიბნელეში, ხელის ცეცებით ეძებდნენ. ყოველდღე ახალი სივრცე, ახალი ნამუშევარი უნდა შეექმნათ. არავინ აქცევდა ყურადღებას მასალის ხარისხს და ექსპერიმენტებს ყველაფერზე და ყველაფრით აკეთებდნენ. მთავარი პრინციპი იყო ხუთივე აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო. მაშინ მიხვდნენ, თუ გყავს 5 დამთვალიერებელი, ეს უკვე საკმარისია. ცდილობდნენ, რაც შეიძლება შორს წასულიყვნენ და თამაშთამაშში, თავისით მიმხვდარიყვნენ - რა არის არტი! ივიწყებდნენ ყველაფერს, რასაც აქამდე დისციპლინებად, ფორმულებად იცნობდნენ. ივიწყებდნენ ცნობილი მხატვრებისგან მიღებულ შთაგონებას, შთაბეჭდილებას. მათ საკუთარი მახინჯი ხელწერის დანახვა უნდოდათ. „ჩვენ ხომ ყოველთვის მაღალ ფასეულობას ვეძახით იმას, რაც რაღაცას ჰგავს. სამოცდაათიანებში ხატავდნენ პიკასოსავით, ჩვენ ტაშს ვუკრავდით და ვამბობდით, - „აი, როგორ პიკასოსავით გამოუვიდა; აი, როგორი ვან გოგია“.
ხატვისას სულ ვიღაცას აწყდებოდნენ - კიფერს, კლემენტს, სხვებს. გრძნობდნენ, რომ მასალა და ტექნიკა მუშაობდა და არა - თვითონ, ინდივიდი. ამიტომ ალტერნატიული მასალის ძიება დაიწყეს. მეტალი გამოჰქონდათ, პირდაპირ დებდნენ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, აკრიტიკებდნენ, მსჯელობდნენ. მთავარი, რაც მათ „მე-10 სართულმა“ ასწავლა, იყო საკუთარი თავის პროვოცირება, გამოწვევა. სახელოსნოდან გამოსულებს ეგონათ, რომ მუშაობას აგრძელებდნენ, დადიოდნენ ქალაქში და ნამუშევრებს ათვალიერებდნენ. რეალობასა და არტს შორის ზღვარი არ არსებობდა. სულ საღებავებით დათხვრილები იყვნენ და სადაც მიდიოდნენ, ყველგან საკუთარ გარემოს ქმნიდნენ. ტელევიზიის გადაღებვის, მსუბუქი ტერორისტული აქტის ჩატარების იდეაც მაშინ გაუჩნდათ. თეთრი კომბინეზონებით და თეთრი საღებავის კომპრესორებით ტელევიზიის შენობაში უნდა შევარდნილიყვნენ და რასაც მოასწრებდნენ, ყველაფერი თეთრი ფერით გადაეღებათ გარემოს შესაცვლელად. გარემო, რომელიც გაძლევს შთაგონებას და შთაგონება, რომელიც ქმნის შინაარსს. ამბობს, - იმ გარემოში, ადამიანებს მხოლოდ ცუდი აზრები ებადებოდათო. „მე-10 სართული“, რომელმაც შემოქმედთა ახალი წრე, საზოგადოება ჩამოაყალიბა, ხომ თავიდან ბოლომდე თამაში იყო. თამაში-შეჯიბრი სწავლასა და დომინანტობაზე. ამბიციური ახალგაზრდების თამაში.
„ექსპრესიონიზმის პერიოდი იყო, უფრო ტრანსაგრესიული ექსპრესიონიზმის. ეს დამოკიდებულება 90-ებში იყო პოპულარული; პანკის მოძრაობა, ბერლინის კედელი. ხალხი ახატავდა, აფურთხებდა კედელს. ეს ნამდვილი აგრესია იყო. წვავდი ტილოს, ჭრიდი, აფურთხებდი, აქციას ატარებდი სურათთან და ისიც ცოცხლდებოდა.
როდესაც თბილისში ომი იყო, მე და კარლო კაჭარავა ვამბობდით, - კიტოვანმა თბილისი მოაკიფერაო... კიფერი ცნობილი მხატვარია, რომელიც წვავს ტილოებს, ჩეხავს. ეს აგრესიაც, სროლები და ნგრევა ჩვენში პოზიტიური ვანდალიზმის განცდას ბადებდა. როცა ანგრევ, არ იცი, ამას რა მოჰყვება და რა იქნება. მაგრამ იცი, რომ ნგრევა საჭიროა; რომ ნანგრევი იმ ნახატს ჯობია, რაც გაქვს. ეს არის ტრანსი, რომელიც გადადიოდა ემოციაში. მაგრამ მერე დაიწყო ერთმანეთის ჭამა, ჭორაობა. ეს ოდესღაც ისედაც დამთავრდებოდა. ამას ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მივხვდი, ვიგრძენი, რომ რაღაც გათავისუფლდა, მოეშვა. ჩვენ ხომ გაბრაზებული, დეპრესიული თაობა ვიყავით, ბრეჟნევის პერიოდის ეპოქაში ვცხოვრობდით მაშინ, როდესაც ჩემი თაობის ხალხი დასავლეთში სულ სხვა კულტურას ქმნიდა. და როდესაც სიბრაზის გამომწვევი ზედაპირი ქრება, ეს მუხტი იკარგება.
შემოქმედების მჯერა, როცა ის გონიერია. რასაც ჩვენ ვაკეთებდით, რეაქცია იყო, პროვოცირებული რეაქცია, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო პოზიტიური. ის არ იყო შემოქმედის მიერ შემოთავაზებული. მაშინ, როდესაც დაქსაქსულები ვიყავით და აღარ არსებობდა ლოგოსი, ვეღარ ვლაპარაკობდით და მხოლოდ ვბლუყუნებდით, მაშინ მივხვდი, საჭირო იყო გონება და არა ემოცია.
გადავერთე და ვამჯობინე მინიმალი მეკეთებინა, სწორედ მაშინ გავაკეთე „რკინის ლოგიკა“, რკინის კუთხე, რომელიც მზის სხივის მოხვედრით ჩრდილს აკეთებდა კედელზე. ეგ იყო და ეგ. მამუკა ცეცხლაძემ ჩათვალა, რომ ხელოვნება ხელობა იყო და ბაზრის მოთხოვნას დამორჩილდა. დაინახა, რომ ხალხი ყიდულობდა ძველ ავეჯს და მიხვდა, რომ ასეთ ავეჯს ძველი ნახატები მოუხდებოდა; კოკა რამიშვილი თავის პროექტებზე ამბობდა, - ვსპეკულირებდი, რომ მემოგზაურა და საელჩოებისთვის რაღაც პროექტები მაგიტომ გავაკეთეო, - თუმცა მერე ფერწერას დაუბრუნდა; ნიკო ცეცხლაძეს უფრო პერფორმანსი უნდოდა, არტი, მაგრამ ისიც ხატავს და მართლა კარგად ხატავს. ექსპრესიონისტული გამოხატვა ჩვენ შორის ყველაზე კარგად ნიკომ მოახერხა. ოლეგი სიმაღლეზე იყო, და უცებ ბავშვობას დაუბრუნდა. ვერ გაბედა, ტრანსფორმაცია ვერ განიცადა. მეც ჩემი პრობლემები მქონდა. ხეტიალის გამო, ფერწერა მივატოვე. ჰო, შეიძლება უფრო პრაქტიკულები გავხდით.
ვაცნობიერებდით, რომ როცა ვაკეთებდით ნამუშევარს - ვდგამდით ნაბიჯს. არ ვიცოდით, რა იქნებოდა მერე, მაგრამ ვიცოდით, რომ უნდა გვევლო... ასეთ პროვოკაციას დღეს საკუთარ თავს აღარავინ უკეთებს. 90-ში სერიოზული გადაფასება მოხდა, მაგრამ... ბახ, და ისევ ცხენიანი კაცი დაგვიდგეს! რევოლუცია დამარცხდა, კონსერვატორები მობრუნდნენ, ისინი, ვინც წარსულში უნდა დარჩენილიყვნენ. თაობამ ნაყოფი არ გამოიღო, რაშიც ჩემს თავსაც ვადანაშაულებ. 70-იანი წლების თაობა კონფორმიზმს გადაჰყვა, მოისპნენ.
ერთხელ ილიკო ზაუტაშვილთან ერთად სოხუმში ვიყავი და ერთმა ებრაელმა გალერისტმა მკითხა, - ეს რას ხატავ? შენ რა, ჰაერის გაყიდვა გინდაო? არადა, ჩვენ ხომ ფულის გამო არ ვაკეთებდით, ვაკეთებდით იმიტომ, რომ სასწაულების კეთება გვინდოდა, გვინდოდა გაგვეჩინა ის, რაც არ გვქონდა. დღეს მგონია, რომ ჩვენი თაობა მხოლოდ ბანერივით წინ ასაფარებლად სჭირდებათ; ბიენალეებზე გასაშვებად და იმის საჩვენებლად, რომ ჩვენთანაც რაღაც ხდება. სინამდვილეში კი აქ არანაირ პირობებს არ გიქმნიან. ჩვენთან არიან ავტორიტეტები, არის ელიტა, სადაც თუ მოხვდი, მერე შეგიძლია წყნარად იცხოვრო. ამ ადგილის მოპოვებაში კი ზომით ან წონით დომინანტობა დაგეხმარება. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება იცხოვრო შენს თანამედროვე დროში და არ გამოიყენო ის მასალა, რასაც ეს დრო გთავაზობს. რატომ უნდა წახვიდე უკან? დღეს ძალიან ბევრი მხატვარი ცდილობს, ხალხს გემრიელი საჭმელი გაუკეთოს და ვერ ხვდებიან, რომ ამ დროს თვითონვე ტყუვდებიან. არტი უნდა იყოს კვლევა და აქედან წამოსულ მიღწევებზე მუშაობა. თუ ეს ასე ხდება, მაშინ საზოგადოება თავისუფალია, აზროვნებისუნარიანია. ხოლო თუ უბრალოდ, „კოსტუმს“ მოირგებ, რომელიც იცი, რომ ფასეულია, რადგან მუზეუმში კიდია, მაშინ ოპორტუნისტი ხარ. შენი შინაარსიდან უნდა გამოხვიდე და არა სხვისი ფორმიდან.
მენტალიტეტი და აზროვნება ყველაზე კარგად ხელოვნებაში ჩანს. 21-ე საუკუნეა, ამდენი ეკლესია აშენდა და ჩვენ ისევ არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. მე-12 საუკუნის იდეალების დონეზე დავრჩით და ვერ ვვითარდებით. პატრიარქალური საზოგადოების სტრუქტურაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე დემოკრატიასთან, დიალოგთან. წმინდა გიორგი წარსულიდანაა მოტანილი, არ არის დროის ადეკვატური და ნამდვილი ანაქრონიზმია, რომელიც თანამედროვეობასთან კონფლიქტში მოდის, მაგრამ ამაზე გეუბნებიან, - კაცმა ამდენს მიაღწია და შენ ვინ ხარ რომ არ მოგწონსო? არ მომწონს იმიტომ, რომ სწორედ ასეთი დომინანტობით, პირამიდაზე აძრომით მიაღწია.
გია ბუღაძეს დიდი ხანია ვიცნობ და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ბევრჯერ მითქვამს მისთვის, - რასაც შენ აკეთებ, ფეოდალიზმის ეპოქისაა. თუ შენ ხატავ ისე, როგორც შენ აზროვნებ - და ეს ასეა - მაშინ შენ აუცილებლად მოგყვება ავტორიტარიზმი, სადაც პრეზიდენტს თავი მეფე ეგონება და ისევ ის პირამიდა დადგება. როცა გინდა, ყველაზე დიდი დახატო, ისეთი დახატო, რომ აღარ წაიშალოს და ისე გააკეთო, რომ ყველა წერტილს ოკუპაცია გაუკეთო, ანაქრონიზმია. გული მწყდება, რომ მოდერნიზმის, პოსტმოდერნიზმის მერე, მთელი იმ ფასეულობათა ცვლილების მერე უკან გადატყორცნილები აღმოვჩნდით. მარტო ჩემ თაობაზე არ ვლაპარაკობ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ გვყავდეს თაობა, რომელიც ფუნჯით მოინდომებს გარემოს შეცვლას, თუნდაც დაისვაროს. მგონია, რომ მათთვის სტაბილურობა გახდა მთავარი.
თუ გახსოვს, აკადემიის ბავშვების აქცია ფურთხებაზე. მაშინ ძალიან გავაკრიტიკე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეები იყვნენ. ვისი ნამუშევარია? რას ნიშნავს ხუთნი ვართ და ყველანი ვართ ავტორები? ვითომ რადიკალური აქცია ჩაატარეს, მაგრამ პასუხისმგებლობა გაეფანტათ. მეტი რადიკალიზმი იყო საჭირო, მეტი გამოწვევა, მათ კი ეს ყველაფერი გალერეაში ჩაატარეს. რატომ ჩარჩო? რატომ გალერეა? აქ აკეთებ, იმიტომ, რომ თავი უფრო დაცულად იგრძნო? რადგან იფიქრებენ, რომ არტია? დაამტკიცე, რომ არტი ქუჩაშია. თორემ გალერეაში, რასაც გინდა, იმას გააკეთებ. ჩემი ნამუშევარი გამახსენდა, ოქროს ჩარჩო და შიგნით „როლექსი“, აი, რომ გაჩვენე... ნუთუ ჩარჩო და გალერეა ვიღაცას უკვე არტი ჰგონია?
წვიმის დღიურები, ჩრდილის ანაბეჭდები და Я здесь Шагал
ჯაჭვური რეაქციასავით არის - ყოველ ნამუშევარს ახალი ეტაპი, ახალი გამოცდილება მოჰყვება. რამდენიმე ხნის წინ რადიო-არტში ჩაება და უკვე რამდენიმე პროექტი აქვს გასაკეთებელი. არასდროს უფიქრია იმაზე, რომ ნამუშევარი კარგად გაეყიდა. მისთვის მთავარი ის არის, რაც ამ ნამუშევარს შეუძლია მოიტანოს: ახალი ხალხი, ქვეყნები, შთაგონება. მამუკასთვის მხატვრობა არ არის პროფესია, ეს ცხოვრების წესია და მისგან არასდროს ელოდება მატერიალურ ჯილდოს. ჰგონია, რომ „ვხატავ და ვყიდი“ უკვე ნიშნავს კონფორმიზმს. მაშინ როგორ უნდა იარსებო? „მექანიკაა, არის შრომა, არის ანაზღაურება. გასაგებია და რაციონალურია. მაგრამ არსებობს კომპლექსურობის თეორია, რომ მარტივად არაფერი ხდება, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში, კომპლექსურად განიხილება. მხატვარიც ამის ნაწილია. ქმნი, მას კი მოაქვს რაღაც. ეს რაღაც შეიძლება იყოს ახალი ხალხი, შემოთავაზებები, მოგზაურობა, შეიძლება ფულიც“.
94-ში, როდესაც ფაქსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო საშუალება იყო, შემთხვევითი აღმოჩენის შედეგად მამუკამ და ანთიამ წვიმის დღიურების კეთება დაიწყეს. გაყოფდნენ ხოლმე ფურცლებს წვიმაში და შემდეგ, დასველებულ ქაღალდს ცეცხლზე ათბობდნენ, იქ კი წვეთებისგან პატარ-პატარა ვარსკვლავები ჩნდებოდა და ერთმანეთს ასეთ წერილებს უგზავნიდნენ. ნამდვილი raindiary არისო. ამ სიტყვაში უცებ india ამოიკითხეს და... წავიდნენ. ერთი თვე ინდოეთში ყველაზე ბედნიერი იყო. საღებავებში ცხოვრობდა და გათენებამდე ხატავდა. სწორედ იქ აღმოაჩინა ჩრდილების ქაღალდზე დაბეჭდვის ტექნიკა. ციანიდის და ფერუმის რეაქციის შედეგად უამრავი ნამუშევარი გააკეთა, რომელმაც ისე, როგორც ჯაჭვური რეაქცია მოითხოვდა, ბევრი ქვეყანა მოატარა.
აი, ნახეო, - მითხრა და მზის შუქით გადანათებულ ოთახში, გახსნილი ლეპტოპით წინ და უკან დაიწყო სირბილი. მოჩვენება უნდა ეჩვენებინა, მისი გაკეთებული მოჩვენება, რომელიც კუბიკებით აჭრელებული ფორმის მიღმა უნდა მოგელანდოს. მამუკას ხომ თემა ჰქონდა მოჩვენებებზე. როდესაც დარბაზში ჯერ თვალები გიჭრელდებოდა, მერე იქვე ერთი ფინჯანი გემრიელი ჩაის მირთმევის შემდეგ - რაც სპეციალურად, გარემოსთვის თვალის შესაჩვევად კეთდებოდა - უამრავ სახეს ლანდავდი ნამუშევრებზე. გარეთ დახურულ საბარგულიანი მანქანა გხვდებოდა „ტაქსი ოპტი-მისტიკური ტრანსპორტაციისათვის“. ჯდებოდი მანქანაში, სადაც კამერა-ოფსკურას პრინციპით, თეთრ ქაღალდზე გარედან შემოსული გამოსახულების პროექცირება ხდებოდა; იმ ყველაფრის, რაც შეიძლება დანახულიც გქონდა, მაგრამ... გამოსახულება მკრთალი და ამოტრიალებული იყო. „ფიგურების გასარჩევად კი მხედველობის დაძაბვა გჭირდებოდა და - არაფერი ისეთი, ტრანსში გადიოდი. მთელ შენ ინსტინქტებს ატყუებდი“. ეს აქცია ჯერ თბილისში ჰქონდა, მერე ტაივანში, ცოტა ხანში იგივეს გაკეთებას ლონდონში აპირებს. მოგზაურობს.
ვიტებსკში იყო წასული, შაგალის სამშობლოში. წავიდა მარტო იმიტომ, რომ დაემტკიცებინა, ნებისმიერი ასეთი წასვლა მისი პირადი მისია უნდა იყოს და არა კურატორის, რომელმაც თუ მოინდომა აუცილებლად ამოგაყოფინებს თავს სადმე. ძირს გრძელი ქაღალდი დააფინა და აქეთ-იქით საღებავები შემოუწყო. საღებავში ჩაწობილი ფეხებით დადიოდა წინ და უკან და საკუთარ ნაფეხურებს ბოლოს წარწერაც გაუკეთა „Я здесь Шагал“. ისევ სიტყვების თამაში. ყველაფერში ცდილობს, ჯერ იპოვოს სიტყვა და მერე დაიწყოს მუშაობა. სიტყვების აღმოჩენაზე დიდხანს შეუძლია საუბარი.
გალაკტიონი და ინგლისი
სკოტერები ინგლისში ყოველთვის არსებობდნენ. ტრადიციაა ასეთი. თუკი ვინმე ნახავდა ცარიელ, უპატრონო შენობას, შიგნით შედიოდა და სრულიად ლეგალურად, ამ შენობის ბინადარი ხდებოდა მანამ, სანამ სახლს პატრონი არ გამოუჩნდებოდა. ერთ-ერთ ასეთ ადგილას მუხა ცხოვრობს, მალხაზ მუხიგული, მამუკას დიდი ხნის მეგობარი. მამუკა შემოდგომაზე აპირებს იქ წასვლას და იცის, მუხა აუცილებლად დაახვედრებს ერთ ოთახს. კომუნაა, სადაც უამრავი ჯურის ადამიანი ცხოვრობს და ყოველ საღამოს მამუკას საყვარელი საქმიანობა იწყება: აზრთა გაცვლა, კომუნიკაცია, ურთიერთობა. მგონი, ეს იმდენად ენატრება, რომ ლონდონში წასვლა აღარ ჰყოფნის და ამის გამო ახალ პროექტზე მუშაობს, ასეთი შინაარსით „რაჭა-ფორესტრის გაცვლითი პროგრამა მხატვართათვის“. როგორც მითხრა, რამდენიმე მხატვარი რაჭაში დღესაც მუშაობს, სადაც ვორკშოპები ტარდება. ფორესტრი კი მხატვართა დასახლებაა ლონდონში, ჰოდა ამ ექსჩეინჯს აუცილებლად მოვაბამ თავსო, - ამბობს.
ჯონის ფოტო მაჩვენა, მეგობარია. ერთი ოთახი ჰქონია, ხის კარით. როცა კარი დაკეტილია, ესე იგი მუშაობს, თუ გააღო - გამოფენას აწყობს. ამიტომ ყველამ იცის, თუ ჯონს კარი ღია აქვს, ესე იგი შესვლაც შეიძლება. „ერთხელ გამოფენაზე მივედით. სახლი იყო. ტიპური ინგლისური, ვიქტორიანული პერიოდის. კარი გამოღებული. შევიხედე, ძირს ლეიბი იდო, იქვე მაისურები და წინდები ეყარა. ხვდები, რომ იაფფასიან ოთახში ხარ, ოთახში დაყრილი ნივთებით ხვდები, აქ ვიღაც სტუდენტი ცხოვრობს. ოთახი ისეთი პატარაა, რომ ფანჯარაც არა აქვს. ჩაგმანულია. რაღაც დეპრესიული განწყობა მოაქვს. უცებ ძირს ხედავ ლიუკს, აწევ და ცა! ქვემოთ სარკეა, რომელიც ცას ირეკლავს და ხვდები, რომ ამ ტიპს საკუთარი, საიდუმლო ცა აქვს. არაფერი, უბრალოდ პოეზია დავინახე. ამ ტიპის გამოფენები არც ისე ხშირად იმართება, მაგრამ ხვდები, რომ ეს ენაა, რომელმაც შეიძლება უფრო მეტი გითხრას, ვიდრე ნახატმა“.
მეგობრებთან ერთად ხატვის კლასი ჰქონდა, რომელიც დროებით, გასარემონტებელ შენობაში გახსნა. ვისაც ხატვა უნდოდა, ყველა მოდიოდა. ბოლოს კი ყველამ იცოდა, როცა მოუნდებოდა, იქ შეეძლო მისულიყო; მარტო, მეგობრებთან ერთად, დაბადების დღიდან, გამოფენიდან. კითხულობდნენ, ხატავდნენ, უკრავდნენ, საღამოებს მართავდნენ, მიკრო სამყარო იყო. სახალისო რამე მოიფიქრეს - ყველა სკამს ქვემოდან შიშველი უკანალის ფოტოები ააკრეს. ძირს წვებოდნენ და ამოტრიალებულ სკამთან ერთად ფოტოს იღებდნენ. ახლა იმ ადგილას პაბია და ის უკანალიანი სკამებიც ისევ იქ დგას. ნეტავ ვინმე თუ აღმოაჩენს? „ეს ბუნუელის შვილიშვილია, - ფოტოებს მათვალიერებინებს, - ხელებზე დავაკარი მან რეის გადაღებული ლუისის ფოტოები და მერე სულ ასე დადიოდა. ეს იაპონელი გოგოა - ტომაკო, ძალიან მაგარი მხატვარი. აი, აი სერაფიმე, არფაზე რომ უკრავს“. მამუკა კიდევ დიდხანს მიყვება თავის გმირებზე ამბებს. ბოლოს ისევ სახლი ახსენა.
ჩემთვის ვიფიქრე, - ამდენი დრო გავიდა, ამდენი რამე მოხდა, ის კი დღემდე პიმოთანს ეძებს-მეთქი. პიმოთანზე მითხრა, გალაკტიონის ლექსია, რომელზეც ვტიროდით, ვგიჟდებოდით ისე მოგვწონდა. ლექსი ერთ ადგილზეა, რომელიც იყო და აღარ არის, სადაც ოდესღაც „უმშვენიერესი ხალხი იკრიბებოდა და ფანტასტიკური ამბები ხდებოდა“. ლონდონში იმ „მაგარ“ ადგილსაც ხომ „პიმოთანი“ დაარქვა. არაფერს მისტირის, უფრო ის დრო ენატრება, ამბოხის, თავისუფლების, ექსპერიმენტების, შემოქმედებითი შეჯიბრის - დრო, როცა საღებავში ამოთხვრილი ყველგან თავის ნაკვალევს ტოვებდა.
![]() |
16 გლოვა დაკარგული გროშის გამო |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: დავით ბუხრიკიძე
მრავალტანჯული ქართული ინტელიგენცია და ალბათ ინტელექტუალებიც (ეს ისე, თანამედროვე და სავალდებულო განსაზღვრება რომ გამოვიყენოთ) ისევ ეგზისტენციალურ გზისგასაყარზე არიან: მარცხნივ თუ მარჯვნივ; თავისუფლების-„კენ“ თუ თავისუფლების-„გან“; ვიღაცის დასაცავად თუ ვინმეს წინააღმდეგ; ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით? უკვე მერამდენე წრეზე, სახალხოდ გვესმის და ვხედავთ, წარსულის აჩრდილები შეცდენილი და მიტოვებული სამშობლოს სახელით როგორ გვიტყუებენ და გვიხმობენ - „დაიცავი საქართველო!“
აჩრდილთა სამყარო
აჩრდილებზე და ტყუილებზე გამახსენდა. „ბნელეთი იტყუებს წარსულს“ - ასე ჰქვია თანამედროვე ავსტრიელი დრამატურგის, გუსტავ შვაბის ერთ-ერთ პიესას, რომელშიც წარსულითა და განდიდების მანიით შეპყრობილი თანამედროვე ინტელექტუალები თავიანთი გაუაზრებელი საქციელით თვითმკვლელობამდე მიდიან. იმიტომ, რომ წარსულში ჩარჩნენ, უფრო ზუსტად, მხოლოდ წარსულით ცხოვრობდნენ. ისინი განუწყვეტლივ ციტირებენ ჰერმან ბროხის ნოველებს, იხსენებენ მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნიდან გაქცეულ ებრაელ ფიზიკოსებს, ბოდავენ ცნობილ პიანისტ ანი ფიშერზე, რომელიც მოცარტს და შუბერტს ყველაზე კარგად უკრავდა... მაგრამ ჯიუტად არ უნდათ აღიარონ, რომ სივრცისა და დროის კოორდინატები აერიათ. ერთი სიტყვით, „შეურყვნელ“ ვენას მისტირიან, სადაც არ არსებობდა „ჭრელი აფრიკული ბალაგანი“ და რომელსაც „აღმოსავლეთ ევროპის მეძავები ჯერ არ იყვნენ შესეულები“.
ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ამგვარი ინტელექტუალური თვითგანადგურების აქტი პიესის მიხედვით სწორედ ვენაში და სწორედ დღეს ხორციელდება. კულტურული სივრცე თითქოს არ იძლევა „დროიდან ამოვარდნის“ საშუალებას, მაგრამ პარადოქსის სიცხადეც ესაა - ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ კულტურულ ღირებულებებს, თავადვე განდევნიან მას, ანუ განდევნიან საკუთარ თავს ისტორიიდან და გუსტავ შვაბის პიესის ძირითადი გზავნილიც ესაა.
ვენის აქტუალური გზავნილიდან ჩვენებურების დრამატულ აწმყომდე პირდაპირი გზა გადის. ქართული ინტელიგენციის უდიდესი ნაწილის წარმოდგენა, მითი საკუთარი მნიშვნელობის აბსოლუტურობასა და უცვლელობაზე, 70-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არ შეცვლილა. განსხვავებით დასავლეთისაგან, სადაც ინტელექტუალები ძირითადად აქტიურ და მკვეთრად გამოხატულ მემარცხენე მეინსტრიმს ქმნიდნენ, საქართველოში ნომენკლატურულ ინტელიგენციას არ შეეძლო ახალი იდეების ხორცშესხმა და საკუთარი არსებობის, ავტონომიის დადასტურება. ოპონენტები იტყვიან, რომ იმდროინდელი ინტელიგენციისთვის ეს შეუძლებელიც იქნებოდა და ამგვარ თავისუფლებას მხოლოდ კანტი-კუნტად არსებული დისიდენტები მოიპოვებდნენ. ისიც მათი სოციალური თუ პოლიტიკური განდევნის ფასად.
პოლიტიკური სისტემის რღვევის შემდეგ, ინტელიგენციის დიდი რაზმის არცთუ ხანმოკლე მეხსიერება ისევ სოციალისტური ყოფიერებიდან გამოყოლილი პრივილეგიების „აუტანელ სიმსუბუქეს“ ინახავს. წარსული გამართლებული და სასარგებლო ტყვეობა აღმოჩნდა, რომლის აჩრდილები კი არ გაქრენ, არამედ ტრანსფორმაცია განიცადეს.
გარკვეული დროისა და დისტანციის შემდეგ, კულტურული ფასეულობები უფრო სამუზეუმო განზომილებაში დარჩა. კულტურის სახელით გადასარჩენთა „შინდლერის სიები“ სულ უფრო მცირდება და არ არის გამორიცხული დღევანდელმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს სიები მალე საარქივო მასალად აქციოს. არქივებს კი ერთი უცნაური თავისებურება ახასიათებს - ისინი შეიძლება მომავალმა ხელისუფლებამ „უდროო დროს“ გახსნას და დღევანდელი კულტურული ელიტა შესაძლოა დისიდენტებად ან წამებულებად მოგვევლინონ.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, მშვიდი, მაგრამ მყიფე სოციალისტური რეჟიმის პირობებში ინტელიგენცია პირდაპირ ან ირიბად ასრულებდა სახელმწიფო დაკვეთას, რადგან დაფინანსება სწორედ სახელმწიფოდან მოდიოდა. ერთგვარი გარიგება სახელმწიფოსა და ინტელიგენციას შორის დაახლოებით ასე იკითხებოდა: გაძლევთ თავისუფლებას და სამაგიეროდ ვითხოვთ თავდაუსხმელობას. ჯანდაბას, კრიტიკას, ოღონდ მისაღებ ფარგლებში. ეს ძალიან კარგად წარმოჩინდა შევარდნაძის „ოქროს ხანაში“. როცა იღებდნენ ფილმებს რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი და თენგიზ აბულაძე, წერდნენ ოთარ ჭილაძე და ჭაბუა ამირეჯიბი, დგამდნენ სპექტაკლებს თუმანიშვილი, სტურუა, ჩხეიძე; ანუ კულტული „ერთეულების“ ხანა, რომელსაც ინტელიგენცია დღესაც მისტირის. მაგრამ გასაგებია, რომ იმ დროს შექმნილი სანიმუშო არტ-ნიმუშები ვეღარ და აღარ იქნება დღევანდელი. ახალი დრო ახალ შეკვეთებს ითხოვს.
ბიზანტიურ-რუსული სივრციდან „ახალ იერუსალიმამდე“
საბჭოთა სისტემის კულტურულ-იდეოლოგიური გარემო „ფორმით ინტერნაციონალურ და შინაარსით ნაციონალურ კულტურას“ ითხოვდა, ამ შეკვეთას ქართული კულტურა იდეალურად ასრულებდა, თანაც საერთაშორისო მასშტაბით. ოთარ იოსელიანის დიდი წარმატება ბერლინში, დიდი კრიტიკოსოს, ჯორჟ სადულის აღიარება; სტურუას „რიჩარდ მესამე“ ავინიონის ფესტივალზე, მაშინ, როცა ავღანეთში უკვე საბჭოთა ჯარები შევიდნენ, მიხეილ თუმანიშვილის „დონ ჟუანი“ ედინბურგში (როცა პიტერ ბრუკმა მას უდიდესი რეჟისორი უწოდა), რეზო გაბრიაძის ტრიუმფი შვეიცარიასა და საფრანგეთში, როცა მის მარიონეტების თეატრს საოცრებას უწოდებდნენ და ხან ფილიპ ჟანტის მითიურ თეატრს ადარებდნენ... ეს ყველაფერი შეფუთული და წარმოდგენილი იყო როგორც საბჭოთა ხელოვნების გამარჯვება, რომელსაც ყოველთვის კარგად იყენებდნენ იდეოლოგიური და ინტერნაციონალური თვალსაზრისით.
შევარდნაძის შემდგომი ეპოქა პირველ რიგში ამერიკანიზაციის ფაქიზი ექსპანსიით დაიწყო და ახალი რევოლუციით დაგვირგვინდა, რამაც ხელისუფლების სრულიად ახალი მითოლოგემა შექმნა. 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ახალ ხელისუფლებას სჭირდებოდა არა ნომენკლატურული და საზოგადოებისთვის ცნობილი ინტელიგენციის სახეები, არამედ ადამიანის უფლებების დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლიბერალური ღირებულების მქონე ინტელექტუალები, კანონმდებლობაზე მომუშავე იურისტები... გარდასული საბჭოთა ეპოქისა და ახალი დროის საქართველოს ღირებულებათა დაპირისპირება, შეიძლება ითქვას, სწორედ კულტურულ სისტემათა და ფასეულობათა დუელში გადაიზარდა.
საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც მაინც ბიზანტიურ-რუსული კულტურული ველის ისტორიულ ნაწილად აღიქმებოდა, ცხადია დაუპირისპირდა ანგლოსაქსურად მონათლულ კულტურას, რომლის შემოჭრა საქართველოში უკავშირდება განათლების, პოლიტიკისა და უსაფრთხოების ახალ სისტემას. ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში ნასწავლმა და საბჭოთა განათლების უარმყოფელმა ახალგაზრდებმა იოლად ჩაანაცვლეს ძველი, რუსულენოვანი ინტელიგენცია (ანუ კლასიკურ ბიზანტიურ-რუსული სასულიერო და სალიტერატურო სივრცე). გადამწყვეტი გახდა არა წარსული დამსახურება, ან წარსული აღიარება და „არასაჭირო“ ცოდნა, არამედ კანონების, უფლებების და პროექტების ენა.
ცხადია, ყოფილი კულტურული სივრცისა და ენის ასეთი მოულოდნელი და დრამატული აღსასრული ქვეყნის ფსიქოლოგიაში ცვლილებებს მოასწავებდა. შესმთელი საბჭოთა კულტურული სისტემა თავისი შემოქმედებითი კავშირებით (კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, ლიტერტურა), კულტურული ფასეულობებით, ორიენტირებით თუ შემოქმედებითი ორგანიზაციებით, რომლებიც მიბმულნი აღმოჩნდნენ რუსულ ენასთან, ახალი ხელისუფლების პირობებში განიდევნა არტისტული სივრციდან. ევრო-ამერიკულმა, ანუ „ახალი იერუსალიმის“ თაობამ (ეს ლიტერატორისა და ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის ძალიან ზუსტი და ირონიული ტერმინია) ინგლისურის წყალობით ეს სივრცე უნახავად და უპრობლემოდ მიატოვა, მაშინ როცა ძველი თაობის ინტელიგენცია რუსულ-ბიზანტიურ კულტურას ისევ უმთვარეს იპოსტასად მიიჩნევს.
დღეს რეალურად ჩამოყალიბებულ და განსხვავებულ პოლიტიკურ და სააზროვნო სივრცეს ყოფილი საბჭოთა ინტელიგენცია ბოლოდე ვერ იღებს ან მტრულად იღებს, რის გამოც ის უფრო აროგანტული და ვიწრო ინტერესების გამომხატველი ხდება. ამიტომ მისი დასაყრდენი სწორედ ისეთი ტრადიციული დისკურსი ხდება, როგორიცაა ერთმორწმუნე და მართლმადიდებელ რუსეთთან სიახლოვე და ქართული ტრადიციების „უცხოთა და ურწმუნოთა“ შეურაცხყოფისაგან დაცვა.
„კავკასიური“ კარნავალის შემდეგ
გვეგონა, რომ უშფოთველი და უდარდელი ცხოვრება საქართველოში „კავკასიური ცარცის წრის“ კარნავალური სულისკვეთებით გაგრძელდებოდა, მაგრამ ის, რაც ფორმა იყო ამ საკულტო სპექტაკლში, 90-იან წლებში ჩვენთვის მის დრამატულ შინაარსად იქცა: სახელმწიფო შინააშლილობა, გაქცეული თავადი ჯანდიერი, რომელსაც მოღალატეობაში სდებენ ბრალს, გადამწვარი თბილისი, საიდანაც გრუშე ვაჩნაძე გარბის, ლტოლვილები, ჯარისკაცები, დეზერტირები, ჩამოხრჩობილი და მოღალატე თავადები... და ბოლოს, ლოთი და მხიარული ჯამბაზი - მოსამართლე აზდაკი. გეგონებათ, სპექტაკლი არა შორეულ და უზრუნველ 70-იანი წლებში, არამედ 1991 წლის სამოქალაქო ომის შემდგომ დაიდგა. თუმცა 30 წლის შემდეგაც ამ გაცრეცილი დეკორაციების, „დაბერებული“ მიზანსცენებისა და მსახიობების ფონზე სანახაობას პირველქმნილი პოეტურობა და ცინცხალი ირონია არ დაუკარგავს. „კავკასიური“, რომელიც სტურუამ ჩაიფიქრა და განახორციელა როგორც კარნავალი, მოგვიანებით ლამის წინასწარმეტყველებად გვექცა, ხოლო სპექტაკლი წლების განმავლობაში ქართული კულტურის უმთავრესი და საამაყო ბრენდი გახდა.
„კავკასიურმა“ 35 წელი იცოცხლა და პოსტსაბჭოთა კულტულ ელიტასაც „გაასწრო“. სხვათა შორის, ამ ელიტამ 90-იანი წლების დასაწყისში (ეს ძალიან რთული იყო ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობის პირობებში) ხალხის კონსოლიდაცია ვერ მოახერხა. ყოვლად გაუაზრებელმა და მოუმწიფებელმა სურვილებმა ხელისუფლების მხრიდან და ყოფილი საბჭოთა ინტელიგენციის სრულმა უპასუხისმგებლობამ თუ კონფორმიზმმა კრიტიკულ მომენტში, დაანგრია არა მარტო მითი ქართული ინტელიგენციის შესახებ, არამედ საერთოდ ქვეყნის შესახებ წარმოდგენა შეცვალა. ცნობილი მწერლები, პოეტები, რეჟისორები, მსახიობები, რომლებიც სოციალისტური ეპოქის კულტურული ლანდშაფტის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ, უკვე მტკივნეული ისტორიული გამოცდილებისა და შეცდომების შემდეგ, ისევ იმ მოჯადოებულ წრეს უბრუნდებიან, რომელიც 20 წლის წინაც უშედეგოდ გამოიარეს.
რასაკვირველია, ინტელიგენციისათვის უსიამოვნო და მტკივნეულია წარსულის შეხსენება და არცთუ ნათელ პერსპექტივაზეც საუბარი. მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ თავის დროზე მან საზოგადოებას ყალბი და გადაჭარბებული მოლოდინები შეუქმნა, მაგრამ უპასუხისმგებლო ქმედებით ეს მოლოდინი თავად დაამსხვრია. და ახლაც მერამდენედ, ისევ იმ მდინარეში, იმავე ფორმით აპირებს შესვლას - პრეტენზიას აცხადებს, საყოველთაო კრიზისისა და ხელისუფლების სიყრუის ფონზე შექმნას ახალი, რეანიმირებული კულტურულ-პოლიტიკური სივრცე, მოვლენების არაშესაბამისი აღქმისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე.
ეს არც უცნაურია და არც მოულოდნელი, განსაკუთრებით „ელასტიური“ წარსულის გათვალისწინებით. საქართველოში ყოველთვის იოლად შეიძლება აღმოჩნდე „აქაც“ და „იქაც“. იმოგზაურო დროშიც და პოლიტიკურ სისტემებშიც; ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. მოაზროვნეც გერქვას და პარტიის მანდატი წმინდა გიორგი ხატებითაც ჩაანაცვლო. გადაიღო ჯერ ეპიკური „ჯარისკაცის მამა“, მერე სოციალისტური შეკვეთით „რაიკომის მდივანი“. შემდეგ მორწმუნე გახდე, იმოგზაურო იერუსალიმში „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთლით“. ან ჯერ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდე, მერე დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის რიგითი წევრი, თუნდაც რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარე. ჯერ იცხოვრო საბჭოთა აკრძალვათა სისტემაში, შემდეგ საფრანგეთში, როგორც დიდმა კინორე-ჟისორმა და „პერესტროიკის“ ერთ-ერთ რეფორმატორს, ედუარდ შევარდნაძეს საშუალო დონის დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. შეიძლება ცალ ხელში „დათა თუთაშხიას“ სქელი ტომი გეჭიროს, მეორეთი გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით „წიგნი ფიცისა“ გადაიღო. წერო პატრიოტული ლექსები ცკ-ს პარტიულ სხდომებს შორის, პარალელურად კი სკაბრეზული ანეკდოტები შეთხზა დისკრედიტირებულ კომუნისტურ პარტიაზე.
განსხვავებით გუტუზოს, პიკასოს, პაზოლინისა და ვისკონტისგან, რომლებსაც, სხვათა შორის, არ რცხვენოდათ, რომ მემარცხენეები, უფრო ზუსტად კომუნისტები იყვნენ (იმიტომ რომ, ეს მსოფლმხედველობაა და, თუ გნებავთ, სამყაროს აღქმის ფილოსოფია, და არა ნაძალადევი სოციალური როლი), ქართული პარტიული და ინტელექტუალური ელიტა მუდამ მზად იყო სოციალური თამაშის ისეთი ფორმები გამოეგონებინა, რომლითაც ნიღბების მორგება იოლი გახდებოდა. შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც ასცდებოდა.
ასეთი „ორმაგი თამაში“ შესაძლოა არქეტიპულ-არტისტულ ოინბაზობას ნიშნავდა, ვიღაცისთვის კომუნისტური რეჟიმისათვის გაღებულ, სავალდებულო ხარკს, სხვებისთვის კი მარტივ სოციალურ მიმიკრიას. თითქოს ამ ყველაფრის მიღმა რაღაცის დაშიფვრა ან დამალვა იგულისხმებოდა, რაც ალბათ მხატვრულ ენაზე იგავის აუცილებლობას ნიშნავდა. ასეც იყო - გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, იგავური ფორმის გაბატონება კინოში, თეატრში, ლიტერატურაში მეტწილად საბჭოთა სისტემისადმი ორმაგმა და პოლიტიკურად ანგაჟირებულმა დამოკიდებულებამ განაპირობა. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, შეუძლებელი გახდება აღმოაჩინო განსხვავება ეგზისტენციალურ არჩევანსა და გამართლებულ კონფორმიზმს შორის. თუმცა ბევრი ცნობილი მწერალი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე შეგუებასა და კონფორმიზმს პოლიტიკურ მოქნილობას ან „სოციალურ ევოლუციასაც“ უწოდებს.
საბჭოთა ინტელიგენციის გზა, რომელიც სტალინის ეპოქიდან მოყოლებუმოყოლებული, მოკირწყლული იყო დახვრეტილებისა და გადასახლებულების სახელებითა და სისხლით, მუდმივი შეხსენებაა, რა პასუხი შეიძლება გასცე თავისამატკიებელ შეკითხვაზე - „სად იყავი შენ, ადამ?!“ თუმცა ჰაინრიჰ ბიოლის ტიპური მემარცხენე შეხედულებით გაჯერებული რომანისაგან განსხვავებით (ბიოლი თავის რომანში „სად იყავი შენ, ადამ?!“ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანიის კატასტროფას მხოლოდ უპასუხისმგებლო მოაზროვნეებსა და ინტელექტუალებს არ აკისრებს), საბჭოთა ინტელიგენცია ინიციატივას საკუთარ თავზე არცთუ უსაფუძვლოდ იღებდა, თუმცა მოგვიანებით კრიტიკულ მომენტში პასუხს სხვებს სთხოვდა.
ინტელიგენციის მოწინავე რაზმად „კურთხევა“ საქართველოში, ძირითადად, 60-80-იან წლებს ემთხვევა და, ჩვენი აზრით, დღევანდელ საზოგადოებაზე მათი პოლიტიკური და სოციალური ზეგავლენა ჯერ კიდევ დიდია. ელიტარული საპროტესტო ხმები და ზოგჯერ ლექსებიც სწორედ მათგან გვესმის.
„არტისტული სამოთხის“ დასასრული
ახალმა ხელისუფლებამ შევარდნაძის „ოქროს ხანის“ დროიდელი არტ-რაზმი „ჩარეცხილად“ გამოაცხადა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად ოდნავ სახეცვლილი ფორმით გაიმეორა ლენინის ცნობილი სკაბრეზული ფრაზა ინტელიგენციის შესახებ.
ამის პასუხად საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო!“ შეიქმნა. ჟურნალისტების უმთავრესი კითხვა, ამ დროს, ხელისუფლების მისამართით დაახლოებით ასე ჟღერდა: ნუთუ ჭაბუა ამირეჯიბი, ბიძინა კვერნაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რეზო ესაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ნინელი ჭანკვეტაძე, გოგი ქავთარაძე, დავით მაღრაძე და სხვები რუსეთიდან ფინანსდებიანო? რაზეც ხელისუფლებამ საკმაოდ ცინიკური პასუხი გასცა - რატომაც არა, უბრალოდ, ეს ადამიანები შეიძლება ან გულუბრყვილოები ან უპასუხისმგებლოები არიანო...
დროსა და სივრცეს აცდენილი ფუჭი ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს. იქნებ უკეთესია ამდენი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანის აქტიური სოციალური და პოლიტიკური ძალისხმევა და თვითდამკვიდრების მძაფრი ვნება ახალ იდეებს, ახალ განზომილებებს და ისევ შემოქმედებს მოხმარდეს? უხეშად რომ ვთქვათ, ეს დაუცხრომელი პოლიტიკური სუბლიმაცია პირველ რიგში შემოქმედებაში აისახოს.
მაგალითად, რობერტ სტურუამ დაასრულოს მაქს ფრიშის „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლების“ დადგმა მშობლიურ რუსთაველის თეატრში. კარგი იქნება სახელოვანმა მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა რომელიმე ახალგაზრდა რეჟისორთან ერთად რაიმე ალტერნატიულ პროექტში ან დადგმაში მიიღოს მონაწილეობა; ან ნინელი ჭანკვეტაძემ ბრეხტის „დედილო კურაჟისთვის“ მოიცალოს, რომლის დადგმასაც სპეციალურად მისთვის დავით დოიაშვილი აპირებდა. მოუთმენლად ველი როდის დაასრულებს ბატონი გოგი ქავთარაძე იბსენის „ხალხის მტერს“ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, სადაც მთავარ როლს ზურა ყიფშიძე შეასრულებს. კარგი იქნება თუ ბიძინა კვერნაძის რაიმე ახალს მოვისმენთ. ვერდიც ხომ წერდა 80 წლის შემდეგ ოპერებს? ან იქნებ ბატონმა რეზო ჩხეიძემ თბილისშიც გვიჩვენოს „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“, რომ მის მხატვრულ ღირებულებაში დავრწმუნდეთ.
თავის ერთ-ერთ წერილში ჟურნალისტი იულია ლატინინა ქართულ ინტელიგენციას საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ განადგურებულ არისტოკრატიას ადარებს, „რომელიც დაუსრულებლად მოთქვამს დაკარგულ პრივილეგიებზე. წუწუნებს, რომ ვერსალში მეჯლისები აღარ იმართება. და აღარც სამკაულები შემორჩა საამისოდ. მხოლოდ ცოცხლად შენახული და ლამაზი მოგონებები“. შესაძლოა მის ფრაზაში უფრო ცინიზმია, ვიდრე ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობა, მაგრამ როცა ადამიანებს არ შეუძლიათ, ან არ სურთ რეალურად შეაფასონ ღირებულებათა სისტემა, ან პერსპექტივა, ეს ნიშნავს რომ ისინი თანამედროვეობის, დროისა და რეალობის მიღმა რჩებიან.
გახსოვთ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“? დრამა, რომელშიც ბედისწერა და აუცილებლობა ერთმანეთს ერითმება. რანევსკაია, გაევი, ფირსი, ვარია - როგორც არ უნდა ვუთანაგრძნოთ ჩეხოვის პიესის სიმპათიურ პერსონაჟებს, გასაგებია, რომ „ალუბლის ბაღი“ მაინც გაიყიდება. თუმცა გუსტავ შვაბისაგან განსხვავებით, რომელიც ამპარტავან და ცინიკოს ინტელექტუალებს საერთოდ არ უთანაგრძნობს, ჩეხოვი დახვეწილი, მაგრამ უსაქმური არისტოკრატიის დასასრულს ძალიან განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ასევე კარგად იცის, რომ ბურჟუაზიამ და ისტორიულმა პროცესებმა ამ სახლს, ამ ბაღს, მათ ცხოვრებას განაჩენი გამოუტანა. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს საბედისწერო გზავნილი ჩეხოვის ბოლო პიესაში. „აცდენილი დროების“ დრამა, უფრო ზუსტად, ამ „დროების“ გამომხატველი ადამიანების შეუძლებელი კავშირი სასიცოცხლო სივრცესთან, მთავარ პრობლემად იქცა ჩვენი ინტელიგენციისათვისაც. სწორედ რეალურ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოსთან მათი სასიცოცხლო სივრცის შეუთავსებლობაა მთავარი დრამა. ცხადია ეს რთული და მძიმე პროცესია, მაგრამ გადასატანია.
P.S. როცა ათი წლის წინ პირველად ჩავედი ბერლინში და ცნობილ მაღაზია „სატურნში“ CD-ის უსასრულო თაროები ვნახე, პირველად ვიგრძენი რა ფუჭი ენერგია და დრო დამიხარჯავს წლების განმავლობაში ასობით ვინილის ფირფიტის შესაძენად. სწორედ იმ წუთებში გავაცნობიერე, რომ დრომ და ტექნოლოგიებმა ათწლეულებით ნაგროვები „მუსიკალური წარსული“ ულმობლად გაანადგურა. ოდესღაც 50 მანეთად ნაშოვნი მარია კალასი უეცრად გადაფარა ათასობით ფერადმა დისკმა. პიანისტ მიცუკო უშიდას დახვეწილმა მოცარტმა, პაბლო კაზალსის მიერ ჩელოზე შესრულებულმა ბახის „პარტიტებმა“, მაილს დევისის საუნდ-ტრეკმა ლუი მალის ფილმისათვის „ეშაფოტის ლიფტი“... და სრულიად მოულოდნელად იმ უზარმაზარ გროვაში აღმოვაჩინე ბეთჰოვენის შესანიშნავი საფორტეპიანო მინიატურა „გლოვა დაკარგული გროშის გამო“, არტურ შნაბელის შესრულებით. რატომღაც მგონია, რომ ჩემთვის მტკივნეული განცდები დროში „დაკარგულ“ ვინილის ფირფიტებთან დაკავშირებით, სწორედ მრავალტანჯული ინტელიგენციის „დაკარგულ“ წარსულს უკავშირდება. მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად რეალური და გულწფელია მათი გლოვა. ამ დაკარგული „გროშების“ გამო.
![]() |
17 იმოგზაურე საქართველოში |
▲back to top |
სპეცპროექტი
წამოგვყევი, მკითხველო! „ცხელი შოკოლადი“ და ქართველი მწერლები საქართველოს ყველაზე კარგ მხარეებში გეპატიჟებიან.
საქართველო კი ძალიან პატარაა, მაგრამ ნახე, როგორი მდიდარია! ჩვენი ავტორები სწორედ იმიტომ გიამბობენ ჯადოსნური მხარეების ამბებს, რომ შენც მოგინდეს ჩვენი მთა-ბარის სტუმრობა. ძნელი სულ არაა, არც ძალიან ძვირი ჯდება. უბრალოდ, ზურგჩანთა უნდა მოიკიდო და თუნდაც ავტოსადგურში გახვიდე. დანარჩენს იქვე გადაწყვეტ, გზა იმდენ მხარეს მიდის, რამდენი სახსარიც გვაქვს - ეს ბრძენმა ხალხმა თქვა, ჩვენი გამოგონილი არაა...
ანა კორძაია-სამადაშვილი
![]() |
18 ჩემი ხევსურეთი |
▲back to top |
სპეცპროექტი
ავტორი, ფოტო: არჩილ ქიქოძე
ხევსურეთში არის სოფლები, რომლებიც აღარასოდეს აღდგება. დათვისჯვრის უღელტეხილიდან შატილისკენ რომ დაეშვები, ერთ მოსახვევში გუროს ნასოფლარი მოჩანს. შორს ხეობაში ერთი წამით გამოჩნდება ციცაბოზე აშენებული გურო და ისევ მოეფარება თვალს. რამდენიმე წლის წინ კოშკიც მოჩანდა - მერე ჩამოინგრა. აღარ არსებობს. ასეთი ძალიან ბევრი ნასოფლარია ხევსურეთში. 2003 წელს ჩემ იქ ყოფნაში უკანასკნელი მაცხოვრებელი წამოვიდა სოფელ არჭილოდან და ბარში გადასახლდა, იქ კი მანქანამ დაარტყა და სამუდამოდ ჩააგდო ლოგინში. კიდევ არის სოფლები, ერთი ოჯახი, ანდა სულაც ერთი ადამიანი რომ ასოფლებს. ერთ ასეთ სოფელში, რომელსაც ეხლა არ დავასახელებ, ცხოვრობს წყვილი, რომელიც უკვე ნელ-ნელა შედის ასაკში. მათი შვილები დაოჯახდნენ და იქაურობას მოსცილდნენ. ჰოდა, ერთხელაც იქ ყოფნისას ოჯახის დიასახლისი მიყვებოდა: მე და ჩემი ქმარი კლასელები ვიყავით ბარისახოს ინტერნატში, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ბანკეტის მერე გამოვიპარეთ; ოღონდ არ უთქვამს, ამ სოფელში მარტო თვითონ რომ ცხოვრობდაო, მატყუებდა: დიდი სოფელიაო. ამ ბილიკზე რომ ამოვდიოდით და სახლი რომ გამოჩნდა, მაკოცა და მე ვუთხარი: სირცხვილია, ხალხი გვიყურებსო! თურმე ხალხი კი არა, საფრთხობელები იყოო...
აი, ეგეთი ამბებითაა სავსე ხევსურეთის ცხოვრება, რაღაცნაირი მაგარი, სევდიანი და მნიშვნელოვანი ამბებით. როცა მეკითხებიან, რომელია საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხე, სვანეთსა და თუშეთს ვასახელებ, მერე ხევსა და ჯავახეთს მოვაყოლებ ხოლმე და ყოველთვის დავამატებ, რომ სიყვარულით ყველაზე მეტად ხევსურეთი მიყვარს, დანარჩენების გვერდით კი იმიტომ არ ვასახელებ, რომ ეს ჩემთვის უბრალოდ ლამაზი კუთხე არაა. ხევსურეთს ყველაზე მეტი სიხარული უჩუქებია ჩემთვის და საპასუხოდ არაფერი მოუთხოვია. ხარ იქ და ხარ, არ ხარ და არაფერი შეიცვლება უშენოდ ხევსურეთის და ხევსურების - ამ თითო ოროლად დარჩენილი ამაყი და თავისებური ხალხის ყოფაში. ჩავსულვარ და არც გაკვირვებიათ ერთი ან ორი წლის მერე ჩემი გამოჩენა სოფლისკენ მიმავალ გზაზე, ისე მომსალმებიან თითქოს გუშინ დავშორებულიყავით ერთმანეთს. ჩემთან სახლში კიდევ - თბილისში, ყველაზე ძნელი შემოსატყუებლები არიან. ხევსურს არ უყვარს ქალაქი, მართლა არ უყვარს. ითრგუნება და იბუზება იქ. ხევსურეთისკენ კიდევ ბარიდან წამოსული ნელ-ნელა ლაღდება და ხანდახან გიჟმაჟდება კიდეც.
ერთი მეგობარი მიყვებოდა: მასპინძლის სულ პატარა შვილთან ერთად ავდიოდი რაღაც დიდ აღმართს, ძაან დავიღალე (მგონი, ნასვამიც იყო), გავჩერდი, ვეღარ მივდიოდი და ბავშვს ხევსურულად ვუთხარი: „შეძლება აღარ მაქვს, უთურგავო!“ უთურგას კიდევ - შეძლების ღმერთი გულშიაო! - უპასუხია. აი, ეგეთები არიან, რა. მაგაზე მეტი რა უნდა დავწერო ეხლა მე ხევსურეთზე. ბავშვებს აქ ყოველთვის დიდებივით ექცეოდნენ, ლაღად ზრდიდნენ. აქაურობის ყოველი გოჯი კი მითოსითაა სავსე, თანაც არსად მითს ისეთი კონკრეტული გეოგრაფია არ აქვს, როგორც ხევსურეთში. კიდე ხევსურული დღეობები, მიცვალებულის დოღი... მე ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მინახავს და რაღაც ძალიან ძველს და ფესვებისმიერს შევხებივარ თუნდაც ყოვლად გაუცნობიერებლად.
კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ ამ კუთხის რამდენიმე სოფელში და გვარში მიმესვლება. სადაც უნდა ვიყო, ჩემი გული ხევსურეთისკენ გაიწევს, ყველაზე მეტად კი მიღმახევისკენ - თითქმის მთლად დაცლილი თემისკენ საქართველოსა და ჩეჩნეთის საზღვარზე. მუცო ხომ გაგიგიათ - ამაყი და ამპარტავანი თორღვას კლდეზე ნაშენები მუცო. აი, მუცო მიღმახევშია. მის ციხე-კოშკებს რომ გასცდები, ორწყალთან არდოტისკენ თუ არ გადაუხვევ და პირდაპირ ივლი, მალე მიადგები ხონისჭალას, სადაც ცხოვრობენ შეთეკაურები, რომლებიც ძალიან მიყვარს (მაგრამ სახლში, თბილისში იმათაც ვერ ვიტყუებ). იქიდან ხუთ კილომეტრში შეთეკაურების საზამთრო სოფელი ხონეა - უკანასკნელი დასახლება, სასწაული ადგილი, პირდაპირ საჯიხვის ძირში. მთებზე რომ ჩამოთოვს ხოლმე, ჯიხვები სოფლიდანაც შეიძლება დაინახო. აქ დილით კაკბების კაკანი გაღვიძებს და ერთხელ თვეზე მეტი ვცხოვრობდი ხონეში და ყოველ ცისმარე დილას, გაღვიძებულს რომ მახსენდებოდა სადაც ვიყავი, გული სიხარულით მევსებოდა. მგონი, ეგეთი ბედნიერი იშვიათად თუ ვყოფილვარ. იმის მერე, აგერ უკვე მერამდენე წელი გადის და მაგდენი ხნით ვეღარ ავბარგდი ხევსურეთში და მარტო იმაში არ მგონია საქმე, რომ ჩემს თვალსა და ხელს შუა წამოზრდილ ოჯახს დიდი ხნით ვეღარ ვტოვებ, უბრალოდ მგონია, რომ ისე ლამაზად და კარგად აღარ იქნება ყველაფერი - უბრალოდ არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე ორჯერ განმეორდეს. იმდენი ხნით აღარ ჩავდივარ, თორემ ისე, მგონი, ვერც გავჩერდები წელიწადში ერთხელ მიღმახევი და ხონე - ხონისჭალა რომ არ მოვინახულო.
ყველაზე ლამაზია ხონე შემოდგომაზე, როცა ბალახი უკვე გათიბულია და სოფლის გარშემო უზარმაზარი ძაბრის მსგავსი არემარე უთვალავი პატარა თივის ბულულით არის დაფარული. მამაჩემს უყვარდა ამ თივის ბულულების გადაღება - უამრავი ფოტო აქვს მათთვის გადაღებული. ჯერ ბიძაჩემი ზურა იყო შეთეკაურების პირველი სტუმარი, მერე მამაჩემმა დაიწყო იქით სიარული და ბოლოს მეც. 2005 წლის ზაფხულში, როდესაც ზალიკო დაიღუპა, მიღმახევში, რომელსაც გარე სამყაროსთან არც მობილურით და არც სხვა რამ საშუალებით არა აქვს კავშირი, ეს ამბავი გვიან მივიდა. მაშინ შეთეკაურებმა და ზვიადაურებმა მამაჩემის სახელზე წყარო ააგეს ხონის წყლისა და ჰუროს წყლის შესართავში. მამაჩემისთვის უკეთეს ძეგლს ვერც ვერავინ ინატრებდა და ვერც ვერავინ მოიფიქრებდა.
ერთხელ ჩემი თვალით ვნახე, ორი ოჯახი სამუდამოდ როგორ სტოვებდა მიღმახევს და ბარში მიდიოდა საცხოვრებლად. ისინი დიდ სატვირთო მანქანაზე აბარგდნენ და წავიდნენ. მე ხონისჭალაში დავრჩი სპირტისგან ისეთი გაბრუებული, რომ ერთი დღე-ღამე მეძინა მერე, ლოგინიდანაც გადმოვვარდნილვარ და ბევრი სისულელეც მილაპარაკია, მაგრამ არაფერი მახსოვს. სამაგიეროდ ის წასვლა დამამახსოვრდა და თბილისში ჩამოსულმა დავწერე მოთხრობა, რომელიც, ცოდვა გამხელილი სჯობია და, დღემდე მომწონს - მიყვარს კიდეც. რამდენიმე მეგობარმა, რომელმაც ეს მოთხრობა წაიკითხა, მკითხა: ესენი გზაში იღუპებიანო?! მე არაფერი მსგავსი არ მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ დიდი სატვირთო მანქანა, რომლის წასვლითაც მოთხრობა მთავდებოდა, აუცილებლად უნდა დაღუპულიყო სადმე გზაში. გავიდა ორი წელი და იგივე მანქანა, იგივე მარტყოფელი მძღოლით, რომლის სახელიც არ ვიცი და რომელიც ჩემი მოთხრობის გმირი იყო, უღელტეხილზე გადაიჩეხა. მძღოლიც დაიღუპა და კიდევ ორი ადამიანი. აი, ეგეთი ამბავი იყო.
არ ვიცი, სხვა რა გითხრათ. მე მიყვარს ხევსურეთი - კლდესა და კლდეს შორის გამომწყვდეული პოეტების ქვეყანა.
![]() |
19 სადაც ბედნიერი ვიყავი |
▲back to top |
სპეცპროექტი
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ნინო ძანძავა
მატარებელი იქ ალიონზე ჩადიოდა და წუთნახევრით ჩერდებოდა, ამიტომ ჩანთები მოვისროლეთ და ჩავხტით - პირდაპირ სველ ჭინჭარში.
ხუთნი ვიყავით: სუხი, ული, ლაშა, ჰანსი და მე.
სუხიმ უკვე იცოდა, სადაც მივდიოდით, და უკვე კმაყოფილი იყო. ულის სულ არ ადარდებდა, სად მივდიოდით, მთავარია, რომ წავედით. ჰანსს ყველაფერი აინტერესებს და ყველაფერზე ყაბულსაა. აი, ლაშა კი...
ლაშას სძულს ქართული მატარებელი. არა მგონია, ვინმე გიჟდებოდეს, მაგრამ ლაშას მაინც განსაკუთრებით სძულს. ლაშას ეზიზღება სველ ბალახში დგომა, რაც, დამეთანხმებით, არც სხვებს ახალისებს დიდად, მაგრამ ლაშა ბრაზობს, თან ძალიან. ლაშას ჩემი გემოვნების იმედი არა აქვს და ამიტომ თავიდანვე უნდობლად შეხვდა ციხისძირში წასვლის წინადადებას.
„წყალი არის?“ მკითხა მან.
„კი“.
„ვითომ?“
„კი, წყაროა და ზღვასთანაც მტკნარი წყალი მოდის კლდიდან“.
არ ეამა.
„დაიცა და, დენი იქნება?“
„რად გინდა,“ გული გავუხეთქე. „მაინც გვიან ბნელდება“.
ლაშას არ სიამოვნებდა, მაგრამ მაინც წამოვიდა, და არ უნანია.
დღეს ყველანი მხოლოდ იმას ვნანობთ, რომ ვეღარასოდეს მოვხვდებით კლდის თავზე გადმოკიდებულ ყველაზე ლამაზ სახლში, იმიტომ, რომ ის სახლი აღარ არსებობს.
. . .
ჰანსი სანაპიროზე ჩავიდა - ხატავდა. მერე ჩვენც დავეშვით ციცაბო კიბეზე და ზღვის პირას დავწექით. წყალი გრილი და სუფთა იყო, პატარა ტალღები კენჭებს აჩხრიალებდნენ, ჩვენ ზანტად ვგორავდით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით, ან ვდუმდით, ან ვოცნებობდით - რა ვიცი. ულიც კი ამბობდა ხოლმე რაღაცებს, რაც სხვა დროს არ ახასიათებდა. კარგი გოგო იყო ული, მართალია, ძალიან „მწვანე“ და ცოტა ის, რასაც დიდი გერმანული ენა „სიბრძნეების მკუკავს“ უწოდებს, მაგრამ ეგ არაფერი - ლაშამ ერთი დაუტატანა და ჩაახშო.
სუხი წუხდა, რას ლაპარაკობთ, არ მესმისო. ლაშამ მიუგო, ძველბერძნულის სწავლას გერმანული გესწავლა, არ გერჩივნაო?
„რაღაც, არ მსიამოვნებს ეს ქაფები“, ბუტბუტებდა ზღვაში მოტივტივე ლაშა. სუხი ახითხითდა, ლაშამ შლამი დაგვიშინა და სულ თავის ნივთებს გაარტყა.
დაგვიბრუნდა ჰანსი, სასტიკად დამწვარი და ძალიან კმაყოფილი. „ბოლოჯერ შავი ზღვა 28 წლის წინათ ვნახე, ბულგარეთში, - ჰყვებოდა ჰანსი, - მაშინ სულ არ მომეწონა. ახლა გავგიჟდი. და ასეთი სახლიც არსად მინახავს“.
ჰანსი ცნობილი და შეძლებული კაცია და ნახევარი დედამიწა აქვს მოვლილი. ლაშას ამაყად გავხედე.
„ესეც მე ვარ?“
„რა? - შემიტია ლაშამ, - მე რა, ვთქვი, არ მომწონს-მეთქი?“
ღმერთია მოწმე, არ უთქვამს. საერთოდ, არასოდეს არავის უთქვამს აუგი ციხისძირის სახლზე.
. . .
ოცნება, რომელიც არასოდეს ახდება:
დადგება დღე და მთელ მსოფლიოში ეცოდინებათ, რომ შავი ზღვის პირას, კლდეზე, დგას პატარა სასახლე, რომელშიც ცხოვრობდნენ დიდი მხატვარი ჰანსი, მსოფლიოს მთავარი გარემოს დამცველი ული, კლასიკური ფილოლოგიის ახალი სკოლის დამაარსებელი სუხი, ქართული დემოკრატიის მამა, გენერალი ლაშა და, რასაკვირველია, მე, გადასარევი გოგო. ინტერნეტში შესულები წაიკითხავენ იდიოტურ ტექსტს, - ძირითადად, ხომ სულ ასეთი ტექსტებია, - რომ „ამ ადგილს სულიერი ფასეულობების გაცვლა-გამოცვლის დიდი ტრადიცია აქვს. ისტორიული მნიშვნელობის მქონე ხელოვანთა სახლში, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, დღეს უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულ ხელოვანებს ეძლევათ შემოქმედებითი საქმიანობის საშუალება. სასახლის თაღოვან სარდაფებში კვლავ უძველესი კონიაკია დაცული, ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე მთელი მსოფლიოს გამომცემლები ზრუნავენ, სასახლის გალერეის კოლექციაში თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებია წარმოდგენილი, ხოლო სანაპირო ზოლზე ახალი ნაწარმოებების საჯარო კითხვა, კონცერტები და გამოფენები იმართება. ეს სასახლე ლაშამ, ჰანსმა, ულიმ, სუხიმ და ანამ იმისთვის დაუტოვეს კაცობრიობას, რომ ადამიანებს ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების აქტუალური საკითხების შესახებ საუბრის და, რაც მთავარია, ბედნიერების განცდის საშუალება ჰქონოდათ...“
ჩვენ ბედნიერები ვიყავით.
. . .
სინათლე მართლა არ იყო. ღამით სანაპიროზე ჩავედით და იქ, თბილ ქვებზე მწოლები, ვუყურებდით, როგორი ვარსკვლავები ინთებოდა ზღვის თავზე. ინთებოდა, ვარდებოდა, ციმციმებდა - გადასარევი, თუ გინდა...
„არ მინდა, - ჰანსი მუცელზე გადმოტრიალდა, - ცუდად ვხდები. ძალიან ბევრია. მე მაინც მჯერა, რომ ჩემი ბედი სადღაც იქ წყდება და ამის ყურება მიჭირს“.
„ჩაფიქრებაზე რას იტყვი?“
„ვერ ვასწრებ ხოლმე. შენა?“
„მე - კი“, - ვუთხარი ამაყად. მართლა ვასწრებ. ერთმა კარგმა კაცმა მასწავლა, რა უნდა ვთქვა ხოლმე, და არ მავიწყდება: ღმერთო, მიშველე!
„გიხდება?“
„მე მგონი, კი“.
. . .
„აი, დააკვირდით, - მსჯელობდა ლაშა და ხელში მართლაც ნეკათითივით ბარაბულკას ატრიალებდა, - მხოლოდ რუსის ბატონობის ქვეშ მყოფ ერს შეუძლია, ამას თევზი უწოდოს!“
გემრიელი კი იყო.
საუზმედ მოგვართვეს დიდი, ქაფქაფა ჩაიდანი, უკვე დაყენებული ჩაით სავსე, სქლად დაჭრილი პური და კარაქი. მეც კი ვჭამე კარაქიანი პური, - ეს ვის გაუგია? ლაშამ წინა დღით რესტორნიდან ცარიელი სიგარეტის კოლოფით წამოღებული ლიმონიც კი გამოაცოცა.
„აჰა, - ერთი ნაჭერი მე და სუხის გამოგვიწოდა - გაიყავით!“ და თვითონ დიიიდი ნაჭერი ჩაიქუხა ჭიქაში. შენ ვინა ყოფილხარ? ჰანსი სიცილით მოკვდა.
ზემოთ, ტყეში, ლაშა ქვებით კაკალს ყრიდა ხიდან, მოგრძო, თხელნაჭუჭიან კაკლებს, დღესაც არ ვიცი, მართლა იჭმეოდა თუ ჩვენ გადავრჩით.
ჰანსი ყველა მწერს გულდასმით ათვალიერებდა:
„უნდა დავიმახსოვრო“.
„რათა?“ მწერების დიდი ტრფიალი არ გახლავართ.
„დასახატად“, - მომიგო ჰანსმა.
კიდევ კარგი, სასახლე იქვე დახატა. ვაიდა, არ დამახსოვრებოდა.
„მაგას რა დამავიწყებს, - ამოიოხრა ჰანსმა, როცა ჩვენი უბედურების ამბავი ვუთხარი, - ნეტა, არ გეთქვა. ვიოცნებებდი მაინცო“...
მე ვეღარ ვოცნებობ, იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე ნანგრევები, მიწასთან გასწორებული თაღი, გაჩეჩილი პალმა და სანაპიროდან - დაცარიელებული კლდე. სასახლე და ჩვენი ოცნება აღარ არსებობს. ვიღაცას, ვისაც ჩვენზე ბევრად მეტი ფული და ბევრად ნაკლები სინდისი ჰქონია, ეს ადგილი ძალიან მოსწონებია და უფიქრია, რომ სასახლე პატარა იყო და არაკომფორტული, და თუ მის ადგილას დიდსა და მდიდრულს ააშენებდა, უფრო ბევრი ფული ექნებოდა. ჰოდა, აიღო და ჩვენი სასახლე დაანგრია. შესაძლოა, უკვე სხვა რამე ააშენა კიდეც, რაღაცა, სადაც წყალიც იქნება და დენიც.
რა გაეწყობა.
ნეტა, ის მაინც თუ იცის, წყარო სად იყო, ზღვიდან ამოსულს კლდეზე ჩამოსული მტკნარი წყლით თუ უბანავია, ან ღამით თუ უნახავს, ზღვის თავზე, ღამის ცაში როგორ წყდება მისი ბედ-იღბალი?
რაღაც, არა მგონია.
აფსუს.
![]() |
20 მთიულეთი. ცეცხლიჯვარი |
▲back to top |
სპეცპროექტი
ავტორი: ვაჟა გიგაშვილი
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე
თერთმეტ-თორმეტი წლისა ვიყავი, როცა პირველად აქ მოვხვდი... შუა ზაფხულში... დიდი, მწვანე ქედი იყო და კეხზე კოშკი იდგა - ცეცხლიჯვარი... მთის ძირებში რაღაც ლურჯი ყანა მოჩანდა... მწყრები იძახოდნენ: „ქვით-ქვილიტ!.. ქვით-ქილიტ!...“, ერთი ჩემგან მარცხნივ იძახოდა, ყანის ბოლოში... მეორე ზემოთ, ზედ მთის ძირში... ყანის გადაღმა, დაბალი ხევიდან მოგუდული სიმღერა ამოდიოდა:
„სანადიროდ წასულიყვნეენ ამირან და ძმანი მიისნიი...
ჰარი, ჰარალი-ჰარალეე, ჰარი-ჰარალუ, ჰარულალოო...…“
და მერე:
„ამირანმა მუხლი დაჰკრაა, იქ შეიბა კარი მისიი...
შიგ იწვა მკვდარი ცამცუმიი, თავთით ეჯდა ცოლი მიისიი...
გულს ეძო ანდერძ-ქაღალდი, დაწერილი ცამცუმიისიი...
ვინც მოჰკლავს დევსა-ბაყბაყას, ჩემი ცოლი ალალალ მიისიი...
ჰარი, ჰარალი-ჰარალეე, ჰარი, ჰარალუ-ჰარულაალოო...“
ორმა ორბმა ჩაიარა ზედ ცხვირწინ... ასე ახლოს, გაფრენილები არასოდეს მენახა... გარკვევით ჩანდა აღერილი, ნაოჭებიანი კისრები და შეკეცილი შავი ფეხები... სახეზე შემეხო ფრთებით მოქნეული ჰაერი...
ოცდაათი წლის შემდეგ. ისევ ცეცხლიჯვარი.
...მაგიდისაკენ ნახევრად ზურგ-შექცეული ვზივარ და ეხლა კისრის მოუღრეცავად გავყურებ ცეცხლიჯვარს... ყურებში ოდნავ გახმიანდა ის ძველიძველი სიმღერა... შორეული, მოგუდული, გაწელილი...
„...სანადიროოდ წასუულიყვნეენ ამირან და ძმანი მიისნიი…“ - ფანდურის ერთ ტონში ჩხაკუნი და მერე: „... ჰარი, ჰარალი-ჰარალუუ, ჰარი-ჰარალუ-ჰარულაალო-დაა...“
… მართლა მღეროდა მაშინ ვიღაც, სადღაც, გამოუცნობ სივრცეში ( ახლოს?.. შორს?.. უსასრულობაში?..) ამ სიმღერას?.. მაშინ, ოდესღაც, ბუნდოვან ბავშვობაში, როცა მარტოკა მოვხვდი აქ და ამ არემარის პირველი დანახვისთანავე გავიგონე ეს სიმღერაც... არ ვიცი... მაგრამ სხვაგან რომ არსად გამიგონია, არასდროს?...
უთქმელად ავდექი სუფრიდან და სახლს უკან გავედი... სპანიელი სანჩო კისრისტეხით გამომიდგა და ხელში თხილამურის რკინის ჯოხითა და კისერზე დურბინდით რომ დამინახა, ჩემს გარშემო საზეიმო ხტუნვა-ცეკვის წრე შეასრულა...
...წავედით...
... აჰა, ბოლო-ბოლო დამთავრდა დიდი აღმართი, გამოვედით კეხზე... შემომსისინა გადაღმის ნიავმა (მსუბუქი ეიფორია) და ქვემოთ გაიხსნა ხეობა, ხადა... „ხადა სამოცკოშკოვანი“, როგორც ვახუშტის უწერია... სამოცის რაღა მოგახსენოთ, მაგრამ ოცამდე კოშკი კიდევ შეიძლება დაითვალო ხეობის შეყოლებაზე... მივდივართ მარჯვნივ, ცეცხლიჯვარისაკენ...
... კოშკის ძირსა და ტინის გიგანტური კვადრებით ნაგები კვრივის კედელს შორის ვიწრო გასასვლელში ჩავჯექი... გავაბოლე... ოდნავ უსისინებს ნიავი ვიწროში და თიშავს სამყაროს ხმიანობას... აი, ისევ მოაღწია ამ სიმღერამ... ძალიან შორიდან, მოგუდულად... აქ ყოველთვის ისმის ეს სიმღერა... ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის!.. ვიწყებ ჩაძირვას... იწყება გადასახლება...
...მაგრამ ამეებზე ლაპარაკი არ მინდა... ამეებზე არასოდეს არ ვლაპარაკობ... არა ღირს, არ გამოდის... ლაპარაკი გამოდის მაშინ, როცა არ იცი და ინტერესი და ფანტაზია გალაპარაკებს... მაგრამ თუ ერთხელ გამოსცადე სინამდვილეში, სრულიად კარგავ ლაპარაკის სურვილს... უკვე იცი, რომ ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია... შეუძლებელია...
ამოვიყურყუმელავე...
...და კეხზე სამი თეთრი, უზარმაზარი ნაგაზი დავინახე... სანჩო არ დაბნეულა, მაგრამ არც თავმოყვარეობა-ვაჟკაცობაზე გამოუდვია თავი... შემოტრიალდა და პირდაპირ ჩემკენ მოცოცხა... ზედ მკერდზე შემომაფრინდა და მეც ოპერატიულად მივიღე პატარა ყუმბარასავით მკვრივი სხეული... ხელდახელ მოერგო პოზიციას, უკვე თავდაჯერებულად გადახედა მოახლოებულ ნაგაზებს და გააფთრებული ღრენა-მუქარა გადაანთხია თავზე... ნაგაზებმა საკმაოდ მჭიდრო წრე შეკრეს ჩემს გარშემო...
სანჩოსაგან განსხვავებით მე მაგრად მაწუხებდა ღირსების შენარჩუნების საკითხი და ვცდილობდი არხეინად დამეჭირა თავი ჩვენკენ ზლაზვნით მომავალი ორი მწყემსის თვალწინ... ერთი, ბოხოხიან-ბუშლატიანი, წინწამოხრილი, ახმახი ბებერი... მეორე - ახალგაზრდა ბიჭი, ორივე გრძელი კომბლებით... ბებერი ძლივს მოჩოლახობდა ფერდობში, ახალგაზრდა კი დარბაისლურად, ოდნავ უკან და გვერდით, ყოვნებით მოჰყვებოდა, რათა უფროსისათვის წინ არ გაესწრო... რაღა ეხლა აუტყდა ამ ჩემისას გამორჩეული ზრდილობა და სუბორდინაცია?...
... ბოლო-ბოლო მოაღწიეს მწყემსებმა, ალყა მოიხსნა, საომარი სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ სანჩოს ძირს ჩაშვება მაინც არა ღირს... ვესალმებით ერთმანეთს... ბებერი უნდობლად მათვალიერებს... რაღაცა აწუხებს ჩემში, არ მოსწონს... რა?.. რა ვიცი?.. მაგრამ უცებ ვხვდები: გალიფე!.. გალიფე და ჩექმები... ალბათ, რაღაც ძველ ასოციაციებს იწვევს... მაგრამ ასოციაცია დამატება-დასრულებას მოითხოვს: კოკარდიან ქუდს ჩემს თავზე... იქ კი შალის ნაქსოვი ჩაჩი ეჩხირება თვალში... ამას ემატება მკერდზე ატატებული ხუჭუჭა, გრძელყურებიანი არსება, რომელიც არც ბავშვია და არც ბატკანი...
„...ეგ რაია?..“ - მეკითხება ბებერი...
„ძაღლია...“ - ვეუბნები.
„ძაღლიიი?..“ - კითხულობს რაღაცნაირად შეძრწუნებული... ლაპარაკი არ გამოდის... ვცდილობ ძაფის გაბმას... ვახსენებ ცხავატს, ღუდას, წამალაიძეებს, მიდელაურებს... ცალყბად მპასუხობს, არ უნდა, არ გამოდის... კავშირები გაწყვეტილია... მე მისთვის იმდენად უცხო ვარ და გაუგებარი, რომ ღია კონტაქტში შემოსვლა მის ძალებს აღემატება... აღარ უნდა... აღარც მე მინდა და - „აბა წავედი!.. კარგად იყავით!..“ - ვიძახი და გადაღმა ფერდობზე გადავდივარ...
„საით მიხვალ?..“ - მადევნებს დაეჭვებულ კითხვას
„ქოროღოს!.. საყდარს დავხედავ!..“
...მივერეკები ქვევითკენ... უკან ავხედე... აგე, დგას კეხზე, ახმახი, წამოკაკული, ბოხოხ-ჩამოფხატული, შეფიქრიანებული...
... ვითომ მართლა გაწყვეტილია კავშირები ჩვენს შორის?.. თითქოს... მაგრამ ჩემგან არა... მე არასოდეს არაფერი გამიწყვეტია... მე ხომ ყველაფერი ვიცი მისი... ყოველთვის ვიცოდი და ყოველთვის მეცოდინება... რა გაწყვეტს, რა წაშლის?... იმისგან ჩემკენ კი კავშირი გაწყვეტილია... იმან ჩემზე აღარაფერი აღარ იცის და აღარც აღარასოდეს გაიგებს...
ქვემოთ, კეხის ბოლოს, კონცხზე საყდარი გამოჩნდა... მის გვერდით ფერდას ორი-სამი ორბი და ყვავებისა და ჭკების გუნდები დასტრიალებს... ალბათ ხატობა იყო ამ დღეებში და შეწირული საკლავის თავ-ფეხი და შიგნეულობა ჰყრია... სანჩო თამამად მიჰქრის ქვემოთკენ ყვავ-ყორნების დასაწიოკებლად...
...ალბათ წელსაც წავალ სეთურებში, ავალ ცეცხლიჯვარზე... მოვისმენ...
![]() |
21 ყაზბეგი (სტეფანწმინდა) |
▲back to top |
სპეცპროექტი
(ამ წერილს ვუძღვნი ერთ პატარა მატყუარა ბიჭსა და მარიამს)
ავტორი: მაია სარიშვილი
ფოტო: არჩილ ქიქოძე
ყაზბეგში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად, როცა 10 წლის ვიყავი და ტურბაზაში ვისვენებდი მშობლებთან ერთად და მეორედ სტუდენტობის დროს - ერთი დღით. პირველი ასვლისას ძალიან ნათლად მახსოვს ავტობუსის მძღოლი - უხმო, მშვიდი, ღონიერი ახალგაზრდა კაცი, არანაირი რეპლიკები მგზავრების მიმართ. ისე ვიჯექი, რომ მის პროფილს ვხედავდი მთელი გზა და სულ ველოდი, ჩემკენ როდის გამოიხედავდა, მაგრამ ერთხელაც არ გამოუხედავს...
დაღლილები ჩავედით. ციოდა. უმზეო დღე დაგვხვდა. ნისლი მიდიოდა და მოდიოდა მშვიდად. და რაღაც არაბუნებრივი სიჩუმე იდგა. პატარა ხის კოტეჯში შეგვიყვანეს. მე საწოლზე დავეგდე დაქანცული. „მიუნჰაუზენის“ კითხვა დავიწყე და ჩამეძინა. გამაღვიძა ხმაურმა. მეზობელი ქალი გამხდარიყო ცუდად და ექიმები, ჩემები და უცხო ხალხი ეხვეოდა გარს. რადგან ჩემთვის არავის ეცალა, ჩვენს ეზოს საკმაოდ გავცდი და მარტომ ვიბოდიალე დიდხანს. არასდროს დამავიწყდება ეს განცდა - ქალი, რომელიც თავის კოტეჯში კვდებოდა და გარეთაც აუწერელი სევდა. ირგვლივ უზარმაზარი მთები, უსაზღვროდ გაშლილი სივრცე, ნისლის სიფრიფანა ნარჩენები და ჰაერი - სულიერი არსებასავით რომ შემოდიოდა ტანში და მცვლიდა... უცებ, ვიღაცამ მუშტი მომარტყა ბეჭზე და რომ შემოვბრუნდი, მოულოდნელობისგან მუხლები მომეკვეთა. ჩვენი სკოლის ერთი პირველი კლასელი ბიჭი მიღიმოდა. მამამისთან ერთად იდგა. ამ ბავშვის მთელი წელი ისე მეშინოდა, როგორც არავისი, რადგან საშინელი რამ დამაბრალა - ჩვენს კლასში იყო შემოსული და დავინახე ჩემი ქუდი როგორ გაიტანაო, პალტოს სახელოში ჰქონდა შემალულიო. მასწავლებლებმაც დაუჯერეს და ვიტანჯებოდი საშინლად. ჩემზე სამი წლით პატარა იყო, მაგრამ სულ ვემალებოდი - დამცინოდა, საზარელ სიტყვებს მეძახდა. მე სულელი კი ტუალეტში შევრბოდი საცოდავად და იქ ვტიროდი ჩუმად... მოკლედ, აი, ახლა, აქ, ყაზბეგში, როცა მეზობელი ქალი კვდება, როცა ირგვლივაც აუტანელი სინაცრისფრეა და არ ვიცი სად გავიქცე, სწორედ ახლა გამომეცხადა ჩემი მაწამებელი - გაღიმებული სახითა და თავზე იმ დაკარგული ლურჯი ქუდით! „ვიპოვეო“ - თავზე თითი დაიკაკუნა, უფრო მეტად გაიკრიჭა, წავიდა და მამამისიც გაღიმებული გაჰყვა... კოტეჯში შევბრუნდი. დედა საწოლზე იჯდა. მეც გვერდით მივუჯექი და აღარაფერი მითქვამს.
აი, ეს პირველი დღე მახსოვს ასე დეტალურად, მერენდელი კი ბარათებად: ულამაზესი ჩანჩქერი - პატარძლის კაბასავით, ვარდისფერი და მოყვითალო ყვავილები მთების ძირებამდე - თოვლის ხაზამდე, ცხვრებისა და ცხენების არაზუსტი კონტურების ნისლში, გერგეთის სამების ეკლესია - ტყე-ტყე რომ ადიხარ იქამდე, ალექსანდრე ყაზბეგის სახლი და საფლავი, რძის ტკბილი სუნი და ღამის დაუვიწყარი ცა...
მერე გაიარეს წლებმა და ისევ ავედი ყაზბეგში. ავტობუსში შესვლისთანავე მძღოლს დავაკვირდი - საერთოდ არ ჰგავდა იმ პირველს. ხმაურობდა, ბევრს იცინოდა და ჩემკენაც ხშირ-ხშირად იყურებოდა... ყაზბეგი კი დამხვდა მზით! - ათასჯერ უფრო ნათელი და ღონიერი, თითქოს იქაურობაც ჩემთან ერთად გაზრდილიყო და მოძლიერებულიყო. აღმაფრენის მეშინოდა...
საღამოს, უკან დასაბრუნებლად ავტობუსში ასვლას რომ ვაპირებდი, ვხედავ მარიამს! - პეტრე-პავლეს ეკლესიაში გავიცანი და უზომოდ შემიყვარდა. ეს ტრაგიკული ბიოგრაფიის გაუთხოვარი ქალი - ნიჭიერი და უცნაური. სულ ცუდად იყო - სიყვარულს რომ ვეძებ იმიტომო - ამბობდა. ბევრს კითხულობდა და რაღაც რელიგიურ ტექსტებს თარგმნიდა რუსულიდან. პატარა გოგო ვიყავი და მაოგნებდა. მოუვლიდა სიგიჟე, გაწვებოდა ეკლესიის გვერდით, საფლავებს შორის, ჯვრის ფორმას მიიღებდა და ცას აჰყურებდა. ჰოდა, ეს მარიამი დავინახე ყაზბეგში, ცალი ფეხი რომ უკვე ავტობუსში ასასვლელად კიბეზე მქონდა შემოდგმული, მაშინ. „იჩქარეთო!“ - მძღოლმა იღრიალა და ვეღარ გავბედე მისკენ წასვლა. ხელიც ვერ დავუქნიე, ჩემკენ არ იყურებოდა...
მას მერე მარიამი აღარ მინახავს. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შემთხვევით გავიგე, რომ გარდაცვლილა... სულ ამ ორ ადამიანს - პატარა ლურჯქუდიან ბიჭსა და მარიამს მაგონებს ჩემი ყაზბეგი - იმ გამაოგნებელი სილამაზის ბუნებასთან ერთად...
![]() |
22 ქვათახევი |
▲back to top |
სპეცპროექტი
ავტორი: გივი შაჰნაზარი
ფოტო: მირიან კილაძე
წესად მაქვს, როცა სასწრაფო საქმეა გასაკეთებელი, ავიკრავ ხოლმე ჩემ მწირ „გუდა-ნაბადს“ და ქალაქგარეთ გავდივარ...
ამგვარი „გასვლები“ განსაკუთრებით ნაყოფიერია გვიანი შემოდგომიდან მოყოლებული ადრეულ გაზაფხულამდე, როცა ჩვენი ახლო-მახლო სააგარაკო დაბები დამსვენებლებისგან თითქმის დაცლილია და რაღაცის „ჩხიბვისთვის“ სასურველ მარტოობას მეტი ფასი ედება...
აი, ახლაც ვერის ხიდისყურში (აფერუმ, ხალხმა გალაკტიონის ხიდად რომ მონათლა!) ვზივარ ამ დილაუთენია, თვალი ავტოსადგურისკენ მაქვს და ვფიქრობ: საით წავიდე, დეკემბრის თვის ასეთ ცრიატ დღეებში სად ჯობია „ღუზის ჩაშვება“...
„...მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ცვენა...“
შესავალი, მგონი ისეთი გამომდის, თითქოს დიდად თავგადაკლული საქმიანი კაცი ვიყო... არადა, მთელი ცხოვრება საკუთარ სიზარმაცეს ვებრძვი და ბევრი არა გამომდის რა, პროფესიონალისა ვერაფერი გავიკარე; ეს ოხერი, ყოველდღიურად დღიურები მაინც მეწერა! იქნებ ასე მშველებოდა რამე!..
ოღონდ, ერთი კია, თუკი თარსი გატყდა და სათქმელს წყაროსავით სადინარი გამოუჩნდა, ყველაფერი სწრაფად და გვარიანადაც გამომდის (მხოლოდ იმისთვის გთხოვთ ამ თავხედობის პატიებას, რომ ამ „ქადილში“ პატივმოყვარეობის ნატამალიც კი არ ურევია!).
არჩევანი მანგლისზე შეჩერდა.
იქნებ იმიტომაც, რომ ბებოჩემის, ვარო ადამაშვილის ადგილის დედაა იქვე, თონეთში, სადაც, სხვათა შორის, ვაჟა-ფშაველას მასწავლებლობის მადლიც სცხებია ცხონებულს... თანაც ამ უთოვლო ზამთარში თრიალეთის ამ კალთაზე პირველი თოვლიც ჩამოეყარა.
ერთი სიტყვით, რამდენიმე საათში უკვე ადგილზე ვიყავი. დაბის ძველებური სასტუმრო დაწკრიალებული დამხვდა. თუმცა წინასწარ გაფრთხილებული არ მყავდა, სასტუმროს დიასახლისს მომსვლელთათვის უკვე თადარიგი დაეჭირა და ერთ, იქნებ ყველაზე კარგ „ნომერში“ შემიძღვა.
ამ კეთილშობილი ბერძენი ქალბატონის „მდგმურად“ ადრეც ვარ ნამყოფი და ისიც კარგად ვიცი როგორც „წიგნის კაცს“, განსაკუთრებული ყურადღებით რომ მექცეოდა; აქ ალისიასთვისაც და არა მხოლოდ მისთვის, ალბათ „უცხო ფრინველად“ ვჩანდი...
როცა საქმეში ისე გავერთობოდი, რომ ჭამაც კი არ მახსენდებოდა, რაღაც ჩემთვის სასურველ სოფლის ნობათს ისე მომაწვდიდა, გაოცებული ვრჩებოდი, როგორ გრძნობდა, რომ მისი კარზე დაკაკუნება ამ დროს მუშაობაში ხელს უკვე აღარ შემიშლიდა.
ოთახში გერმანული თუჯის ღუმელი ბუბუნებს, საკმარისზე მეტად ცხელა. ვაღებ სარკმელს და ქუჩაში გავდივარ. ახალგაზრდა ვარ და, „ადაპტირების გრძელი ხიდის გადავლა“ თუმცა არ მჭირდება, მაინც მინდა გავიარო ცნობილ ტყე-პარკში ქალაქში რომ საერთოდაც ძნელად „განვიცდით“, ცას ავხედო - მაღალს, თეთრ ღრუბლებიანს, ლაჟვარდოვანს, ვისუნთქო წიწვნარის ოდნავ ნესტიანი, მაგრამ სანატრელი სურნელით. გარეთ აღარ თოვს, მაგრამ მარადმწვანე ნაძვის, ფიჭვისა და სოჭის ტოტები ხურხლითაა დამძიმებული. თოვლი უძრავად დევს ხეებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარი ახლა იკრებს ძალას და კვლავაც ითოვებს. ნიავი არ იძვრის. ჩემს სიახლოვეს ფიჭვის ტოტიდან თოვლის ნამცვრევი წამოიშალა, გეგონება თქორავსო... ის იყო, ვიფიქრე, თოვლში ციყვი ან შაშვი თუ იქექება-მეთქი და ყვითელნისკარტა შაშვმაც იფრთხიალა.
რაღა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ეკლესიაც მოვინახულე. მანგლისი აკი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი დაუმქრალი კერაა! თუ არ ვცდები, პირველი ეკლესია აქ IV საუკუნეშივე აიგო და სულ მალე ეს მხარე საეპისკოპოსო ცენტრადაც იქცა.
მოჭარბებულმა ჟანგბადმა მგონი თავისი ქნა. საფეთქლები მებერება და სხეულში უჩვეულო პულსაციას ვგრძნობ. ვბრუნდები სასტუმროში და მცირე წახემსების მერე საწერ მაგიდასთან ვეწყობი...
უნგრელი კლასიკოსის, დრამატურგ იოჟეფ კატონას ისტორიული დრამა „ბანკ ბანი“ უნდა ვთარგმნოთ. ერთ ნაწილს მიშა ქვლივიძე თარგმნის, მეორე მე უნდა ვთარგმნო, პიესის მეტი ნაწილი, ლექსად, თითქმის ორი ათასზე მეტი სტრიქონი.
ჩემი და მიშას ასე დაწყვილება უკვე კარსმომდგარი უნგრეთის თეატრალური ფესტივალის გამო მოხდა. ცალ-ცალკე საქმეს ვერც ერთი მოვაბამდით თავს და, ვახტანგ ჯავახაძის რჩევით (ასე მცირე დროზე მხოლოდ გივის თუ დაიყოლიებო), მიშა „თავის“ მოსკოვში და მე „ჩემს“ მანგლისში ვიწყებთ „საჯილდაო ქვის“ აწევას...
„სტარტის აღებამდე“ ფიქრი სულ სხვა მხარეს გამირბის. მახსენდება, ოქტომბრის მიწურულს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტთა და მასწავლებელთა ერთი ნაწილი როგორი წვალებით ჩავიდა ქვათახევის სამონასტროში.
საქმე ის იყო, რომ კეცხოველისეული უნივერსიტეტის გარაჟის უხუცესი მძღოლი, ძია სერგო დილაუთენია უმანქანოდ გამოგვეცხადა ვარაზისხევში და დამწუხრებულმა მოგვიბოდიშა - რა ვქნა, შვილებო, მოტორმა გვიმტყუნაო...
ჩვენ, უკვე გამობრძმედილმა, ქველმა პილიგრიმებმა, იხტიბარი არ გავიტეხეთ და მალევე რკინიგზის სადგურისკენ გავწიეთ. იქნებ ძია სერგოს ძველ „პიკაპს“ ვერც კი ჩავეყვანეთ ისე სწრაფად, როგორც ბორჯომის მატარებელმა ჩაგვიყვანა. ქვათახევის ზოგ-ზოგთათვის კარგად ნაცნობმა პატარა ბაქანმა კეთილი მასპინძლის გულითადობით კი მიგვიღო, მაგრამ ტაძრამდე მისასვლელად მანქანის შოვნა ძალზე გაგვიჭირდა, ბოლო-ბოლო ერთი ნაწილი საბარგო მანქანის ძარაზე აღმოვჩნდით (ზოგიერთებმა ითაკილეს კიდეც, მაგრამ არ გაგვიმხილეს - ტაძრამდე ხომ მომლოცველი ფეხით უნდა მიდიოდეს!); მანქანის ძარა ფანტიაშვილების კნეინას საწოლივით ისე საეჭვოდ ირწეოდა, რომ ემანდ რამე ხიფათს არ გადაგვყაროსო, ვიფიქრეთ. ჩვენი სიფრთხილე გამართლდა, ბაქანიდან ორ-სამ კილომეტრში სასიკვდილოდ განწირულივით ერთი ამოიოხრა და ესეც გაჩერდა.
თუმცა წვალება-წვალებით, მაგრამ ყიჟინითა და დიდი ხალისით გავიარეთ კავთურას წყლისპირები და ქვათახევს მივადექით.
შიდა ქართლის ტყეებს მოდებულ მანგლელ მთიულებს ტაძრის ეზოში ჭრელ-ჭრელი ჯეჯიმები დაეფინათ და მთელს ეზოში საკერკედ შინდი გაეფინათ. იშვიათი სილამაზე იყო ჩვენი პირველი მასპინძელი. ფეხდაფეხ მოგვყვნენ ჯანმაგარი, დაუზარელი „სირაჯები“ და სავსე ტიკები გადააწვინეს წყაროს პირას. მე ვახუშტის გადავხედე და სპარსული წამღერებით დავიწყე:
„მას შემდეგ, რაც კი მზე და მთვარე ცაზე ჰკიდია,
მადლი ღვინისა ამა ქვეყნად დიდზე დიდია,
ისინი, ღვინოს გასაყიდად ვინც იმეტებენ,
ვერ გამიგია, ღვინოზე კარგს რას იყიდიან“.
ხაიამის ვახუშტისეული ეს რობაია, ეზოში სულ ახლახან შემოკრებილთ, მართლაც რომ შუმი ღვინოსავით მოეკიდათ. მერე, თავის მხრივ, არც ვახუშტიმ დააყოვნა და ძველი პოეტის, ნაჰაპეტ ქუჩაკის ჩემეული თარგმანით შემეხმიანა:
„ქუჩიდან თვალი მოვკარი,
თეთრეულს ქარში გაფენილს,
ხალათი გამოვარჩიე
სამკერდით, ოქროთ ნაფერით,
მონადირისგან თავდახსნილ
ხოხობს ვამსგავსე აფრენილს,
ჩემად ვინატრე პატრონი,
ეს იყო... სხვა არაფერი!..“
სხვათა შორის, ტაძრის გალავნის თავს ხევსურული ჭრელი ტანსაცმელი ეფინა გასაშრობად.
ცოტა რომ სული მოვითქვით და მოვწესრიგდით, შევედით ტაძარში და სანთლები დავანთეთ. საერთო განწყობილება ისეთი ამაღლებული იყო, სახეზე ყველას ნათელი ეფინა - „სამშობლოს ხატი გულზე ესვენა“ ყველას.
ამასობაში ჟამი სადილობისა უკვე ვახშმობისკენ იწევდა და სუფრის ვაშლის თადარიგს ქალბატონები და საქალბატონენი უკვე შესდგომოდნენ, მამაკაცები კი „შინდის შამფურებზე“ უკვე სამწვადეს ასხამდნენ და წყაროს წყალში გაგრილებულ ღვინოს აჭაშნიკებდნენ.
თამადად, აბა, ვახუშტიზე უკეთესს ვის ვინატრებდით, თუ არა გულქართლ მასპინძელსა და ტოლუმბაშობაშიც სახელიანს.
ქეიფში შემოგვათენდა, ამ დალოცვილმა ქართულმა სუფრამ ყველა ისე მოაჯადოვა, რომ დაღლილობის მიუხედავად ძილი არავის გაჰკარებია, ხალხურ ლექსს ხალხური ლექსი ცვლიდა, რობაიას-რობაია, ჰაირენს-ჰაირენი, ყველანი შეყვარებულები ვიყავით, სიმღერას სიმღერა მოსდევდა. ღმერთმანი, იმ ღამეს ჩვენს სუფრას მართლა ღვთის თვალი დასტრიალებდა.
ეჰა! მე აკი სასწრაფო საქმეზე ვარ ჩამოსული! მე ისევ აქ ვარ, მანგლისში, სხვათა შორის, ქვათახევიდან სულ რაღაც ოცდახუთიოდ კილომეტრზე; ასეა, კლდეკარის ვიწრო გასასვლელ კარიბჭეს თუ გახვალ და შიდა ქართლისკენ დაეშვები, წმინდა გიორგის სახელობის მრავალ ეკლესიასა თუ ბაზილიკასაც მოიხილავ და სულ მალე კელაპტარივით „დანთებულ“ ქვათახევს მიადგები, მაგრამ ახლაკი დროა, პირიანი კაცის სახელი არ გავიმტყუნო და საქმეს შევუდგე.
P.S. მკითხველო, იმის გამო, რომ ეს „პილიგრიმული ფრაგმენტი“, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნის წინანდელია, სახელთა ჩამოთვლას, გასაგები მიზეზებისა გამო, მოვერიდე. მრავალი მათგანი უკვე ცოცხალი აღარ არის, გაანათლოს უფალმა მათი სულები.
ვახუშტი კი...
ვახუშტი, იმ შემზარავ აგვისტოს, ქართლში ჩარჩენილმა, ვერ გავაცილე.
ქვიშხეთიდან დაკრძალვაზე წამოსულს რუსის ჯარისკაცმა გზა გადაგვიკეტა...
ჩემმა ვერანაირმა მცდელობამ ვერ გაჭრა.
ვერ შევასმინე ვერც რიგითსა და ვერც ოფიცერს, რომ ხელთ არაფერი მქონდა და სიყრმის მეგობრის დაკრძალვაზე მივდიოდი მხოლოდ.
უფალო, აშორე ქვეყანას ასეთი განსაცდელი.
![]() |
23 პატარა ბიჭები და პატარა ქალაქები |
▲back to top |
სპეცპროექტი
ავტორი: აკა მორჩილაძე
ფოტო: არჩილ ქიქოძე
ბავშვობაში ბევრს დავდიოდი ზემო იმერეთში, ყოველ ზაფხულს და სიმართლე რომ ითქვას, ეგრე ბევრი არაფერი მიყვარდა.
ბებიაჩემი იყო ზემო იმერელი, აქედან გამომდინარე სიგამხდრით, თხელი ჭადებით, ამბებით ყაჩაღებსა და მღვდლებზე და უზარმაზარი სანათესაოთი.
მას უამრავი ამბავი ახსოვდა - ყველანაირი, სასაცილოც და საშინელიც. იმათ შორის კი ახსოვდა საჩხერის განთქმული ხანძარიც, რომლის დროსაც ეს პატარა ქალაქი მთლიანდ გადაიწვა. მამამისი შესწრებიყო ამ ხანძარს და იმათ შორის იყო ვინც ხალხს სახლებიდან ქონების გამოტანაში შველოდა.
იქ ისეთი ამბავი და წივილკივილი ყოფილიყო, რომ არეულობაში ქურდები და თვალხარბი ხალხი დატრიალებულიყო და გადამწვარი დუქნების მიმოფანტულ ქონებას უსაფრდებოდა.
შინ მობრუნებულ ბებიაჩემის მამას უთქვამს, ერთი გლეხკაცი მომიტრიალდა და მითხრა, - ამდენს რომ ეზიდები ამ ოხერი ვაჭრების ქონებას, რამე უბეში გააქანეო. რამეს როგორ მოკიდებდა ხელს იმ უბედურების დროს, მაგრამ იდგა თურმე და უყურებდა, როგორ მიარბენინებდნენ ვიღაცები ნაირგვარ ნივთებს.
ჰოდა, თურმე შინ რომ ბრუნდებოდა ამ ნახანძრალი ქალაქიდან, გზაზე დაგდებული ჩაის კოლოფი დაუნახავს.
რკინის, ლამაზი კოლოფი იყო, მე ბევრჯერ მინახავს ჩემს ბავშვობაში ეგ კოლოფი, და აუღია და წამოუღია. კიდევ კარგი, წამოვიღეო, თორემ გზაში ერთი ათი კაცი შემხვდა და, - საჩხერიდან მოდიხარ და არაფერი წამოგიღიაო, - მეკითხებოდნენო; ქუჩაზე უპატრონოდ ეყარა დუქნების ყველაფერი და ამას ვაჩვენებდიო.
ეს კოლოფი ბებიაჩემს შენახული ჰქონდა, არ ვიცი - იმ ძველი ამბების სამახსოვროდ, არ ვიცი, რაღაც სხვა მიზეზით. აივანზე იდო კარადაში და შიგ ლურსმნები ეწყო.
მამამისს კი დასცინოდნენ თურმე, - მთელი იმხელა ხანძრებიდან და უპატრონო ქონებიდან სახლში ჩაის ცარიელი კოლოფი წამოიღოო.
მოკლედ, ძველი ამბები. ნიკოლოზის დროისა.
მე კიდევ ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა, ერძოდ სოფელ სხვიტორში, სადაც ბებიაჩემის და ცხოვრობდა.
სხვიტორი მიბმულია საჩხერეზე, ერთი აღმართი და იქა ხარ.
ეს იყო ვერანდების მოშენების ეპოქა. ასე იტყოდნენ ხოლმე, - რამდენ კაცს დასვამ ვერანდაზეო. ბევრი რამე მახსოვს იმ დროის, იმიტომ, რომ ზემო იმერეთის სოფელს და იქაურ ბიჭებს ძნელად რომ რამე შედარებოდა ჩემთვის იმ ეპოქაში. თან სხვიტორი იყო, ის კი არა. წერეთლების ორი სასახლე იდგა. ერთში სკოლა იყო, მეორეში კი, მოგეხსენებათ - აკაკის მუზეუმი.
ეხლაც კი მახსოვს, პირველად რომ ვიყავი აკაკის სახლში. რა დამამახსოვრდა და, ბუხრები. ვფიქრობდი, - ასე ყველა ოთახში ბუხარს რა უნდა-თქო. თან რაღაცნაირი სიბნელე იყო, ოთახები ბნელი იყო. მგონი, აკაკის საწოლ ოთახში ბუხარზე მიკრული იყო ორი პატარა თეფში, რომლებზეც ბანქოს ქაღალდები იყო გამოსახული. ეს მეტად მომეწონა, ასეთი რამე აბა სად მენახა.
აბა, მაშინ რა ვიცოდი, რომ ეს გვარიანად სიმბოლური რამ იყო და ახლაც მაინტერესებს, ვინ მიაკრა ბუხარზე ის თეფშები.
ოღონდაც, ამბავი კი სხვა იყო.
სხვიტორი ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც პირველად შევიტყვე სიყვარულის ამბავი. ბევრი ვერაფერი გავუგე, მაგრამ საიდუმლოს მფლობელი კი გავხდი. ის საიდუმლო ალბათ სხვებმაც კარგად იცოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საიდუმლოს უფროსებისგან შენახვა იყო.
არ ვიცი, რატომ მენდო ასე ჩემზე გვარიანად უფროსი ბიჭი, მაგრამ ასე კი გამოვიდა და, თავისი საიდუმლო კი გამანდო და ამბებიც მიაბო. მერე და მერე ასეთი რამე მრავალჯერ დამმართნია ცხოვრებაში, ჰა თუ თხრობით, ჰა თუ მოწერილით, ადამიანებს ისეთები უამბნიათ, რომ ხშირად ვერც გამიძლია, რომ როგორმე, სიტყვა მაინც არ შემეშველებინა, მაგრამ ეს პირველი იყო და მღელვარება მომედო.
ამ ბიჭს ერთი გოგო უყვარდა და როგორც ეტყობოდა, ის გოგოც არ იყო გულგრილი.
როგორც დავატყვე, გოგოს არასდროს უთქვამს, - მიყვარხარო, - და ბიჭიც მგონი, პირდაპირ არ ეუბნებოდა ამას. იმ დროში და იქ, აბა რომელი გოგო გეტყვის, - მიყვარხარო, - მაგრამ მათ ერთმანეთი უყვარდათ.
ერთ სკოლაში სწავლობდნენ, საჩხერეში, ოღონდ სხვადასხვა კლასში.
ბიჭმა შემიყვანა პატარა ოთახში, სადაც ძველი, გვარიანად ნატანჯი წიგნების მაგიდა იდგა ზედ ათასგვარი ნივთით, რომელთა შორისაც ორი ცარიელი ათლიტრიანი ბოცაც კი იყო, გამოსწია ჩამძიმებული უჯრა, რაღაცების ქვეშ შეაცურა ხელი და იქედან ფოტოები გამოიღო.
გოგოს ხშირი, შავი თმა და დიდი შავი თვალები ჰქონდა. მისი სახელი და გვარი ახლაც მახსოვს; ოღონდ, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. როგორ დამავიწყდებოდა, ეს იყო პირველი გოგო ჩემს ამხანაგს რომ უყვარდა, ზემო იმერეთის პატარა ქალაქში, სადაც მაშინ რაიკომის მდივნად იყო რევაზ მიტოფანოვიჩ ღლონტი, თეთრთმიანი სიმპათიური კაცი, რომელსაც გლეხები სულ აქებდნენ.
კიდევ რა ვიცი იმ გოგოსი? ძმა ჰყავდა უფროსი.
მოკლედ, სიყვარული იყო, მაგრამ იქ იდო დიდი პრობლემაც, რომელიც მალე იჩენდა თავს.
მე დიდად ვერ ვხვდებოდი, ის ბიჭი კი უფროსი იყო და ხვდებოდა, რომ ამას ვერაფერს მოუხერხებდა.
საჩხერე მაშინ მეტად ტკბილი ქალაქი იყო. ზამთარში იქ არა ვყოფილვარ, მაგრამ ზაფხულში რაღაც მყუდროება ჰქონდა. პერსონაჟებიც კი მეტად მრავალფეროვანნი იყვნენ, კოლორიტულს რომ ეტყვიან. მახსოვს ასეთი სრულიად დაუვიწყარი სახელი, ჟორა ტინტილოზოვი, იგივე ჟორა ანგლია, დიდი შეძლებული კაცი, რომელსაც იმ წლებში რატომღაც ხშირად ახსენებდნენ. არ მახსოვს რატომ. ანდა ქალაქის ინტელექტი და მეცნიერება, გენადი სადუნიშვილი. კიდევ ათასი ვინმე და რამე.
ამ ქალაქის ერთ-ერთი ნიშანი ისიც იყო, რომ იქ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. უბანი იყო ასეთი, აბრამას გორა და იქა. ის აღმართი ახლაც მახსოვს.
როგორღაც ისე იყო, რომ ებრაელობა იდუმალი თემა გახლდათ.
არც იყო გასაკვირი, ის წლები იყო ზუსტად, დიდი ხმაურისა ამასთან დაკავშირებით.
ოღონდაც მე ამისა ბევრი არაფერი ვიცოდი.
ჰოდა ამ საიდუმლოს ერთი მთავარი საიდუმლო ისიც იყო, რომ გოგო ებრაელი გახლდათ.
მე ამ ამბის განსაკუთრებულობას ვერა ვგრძნობდი, მაგრამ ეტყობოდა, რომ შეყვარებული ბიჭისთვის ეს ლამის მთავარი საკითხი იყო.
მაჩვენა ეს ფოტოები, რომელთაგან სამი სამუდამოდ დამამახსოვრდა და გამანდო ეს ამბავი, ჰოდა ისიც თქვა, - ებრაელია და რა ვქნაო. მიყვარსო.
მე აბა ამაზე რა უნდა მეპასუხა.
ამ სიტყვას ახლაც ვერ ვამბობ გამართულად, იმან კი რაღაცნაირად მოკლედ და მტკიცედ თქვა, ამოსუნთქვით და თვალები აუციმციმდა.
მე ჩემის გამოუცდელობით დავეკითხე, - უნდა მოიტაცო-თქო? რადგან გამეგონა, რომ გოგოებს იტაცებენ. ჩასვამენ მანქანაში და ჰაიდა. თუმცა იმის მერე კი რაღა ხდებოდა, ვერ ვიტყოდი.
იმას მეცხრე დაემთავრებინა, მე მეხუთეში გადავდიოდი.
ჯერ არ შეიძლება, დამიჭერენო, - ამიხსნა. აუცილებლად დამიჭერენ, არ შემარჩენენო. სკოლა უნდა დავამთავრო და ალბათ მოვიტაცებ, სხვანაირად არაფერი გამოვა, მაგრამ თუ წავიდნენ მანამდე, რაღა ვქნაო.
ესეც ვიცოდი, რომ ებრაელები მიდიან.
სად მიდიან, არ ვიცოდი. მიდიან და მორჩა. ეს წასვლა რაღაც სამუდამოს ელფერისა იყო, უკანა გზა აღარ არსებობდა.
დედაჩემსაც ვკითხე, - ებრაელები სად მიდიან-თქო და, - ისრაელში მიდიან, ეგ არი მათი ქვეყანაო.
ვააახ.
მე ვერაფერი გავიგე ამ საქმისა.
ამბავი კი ასე იყო, რომ ამ ბიჭმა იცოდა, რომ გოგო სკოლას დაამთავრებდა თუ არა, ოჯახი ისრაელში წავიდოდა. თუ რამე იყო, იქამდე იყო მოსასწრები.
ეს ალბათ თავად გოგომ უთხრა. ისიც წარმოიდგინეთ, როგორი საიდუმლოებით უნდა გადაეცა თავისი ფოტოები. უყვარდა იმასაც, აბა რა.
ახლა ვხვდები, რომ რომც მოეტაცა ეს გოგო, ოჯახს ვერ მოწყვეტდა. მგონი, ამას თვითონაც ხვდებოდა.
იმ დროში და იმ ადგილას არ მოგცემდნენ თავის ფოტოებს. გამორიცხულია. მაგრამ აბა პატარები რას გადაწყვეტენ, როცა დიდები ასე ძლიერები არიან.
მოწყვეტა ძნელია. თან წარმოიდგინე, სამუდამო მოწყვეტა.
შენიანები ყველანი წავიდნენ და შენ კი დარჩი და იმის იმედიც არაა, რომ ოდესმე ნახო. ვინ რა იცოდა მაშინ, რა მოხდებოდა. თექვსმეტი წლის ებრაელი გოგო და თექვსმეტი წლის ზემო იმერელი ბიჭი.
მერედამერე მივხვდი, ეს მოტაცების ლაპარაკი, უბრალოდ სურვილი იყო. არ იყო ეგეთი ბიჭი და ამ მოტაცებისას აზრსაც ვერ ხედავდა, არ ეიმედებოდა.
პატარა რომ ხარ, დიდად ვერ ერკვევი ხასიათებში, უბრალოდ რაღაცა მოგწონს ადამიანში და იმას მისდევ.
ეს უთქმელი ბიჭი იყო. ახლა წარმომიდგენია, როგორ უყვარდა. ვხვდები, რომ ძალიან ლამაზი ამბავი იყო და ეგებ მოტაცებით ანდა გაპარვით ასეთი საერთოდაც არ გამოსულიყო და არც დაგხსომებოდა კაცს.
ზაფხული თავდება ხოლმე. ეგეთი წესი აქვს, მერე სკოლა იწყება.
მეორე ზაფხულს რომ ჩავედი, უკვე აგვისტო იყო.
გოგო ერთი კვირის წასული იყო ისრაელში.
დავლიეთ გამოსაშვებზე მე და მაგის ძმამ და ყველაფერი ვუთხარიო. თვალები უციმციმებდა რაღაცნაირად. ასეთი ბიჭი იყო, გული აუჩქროლდებოდა თუ უცინოდა, ორივე შემთხვევაში თვალები უციმციმებდა.
მე ისევ ვერ მივხვდი, კარგი იყო ეს, თუ ცუდი.
ან ძმამ რა უთხრა.
უყვარდა გოგოსაც და წავიდნენ.
ისევ იმ ოთახში აღმოვჩნდი.
ისევ ის ძველი საწერი მაგიდა და უჯრა.
ფოტოები და კონვერტი, კიდემოხეული კონვერტი მისამართის გარეშე. ეს წერილი გოგოს მოეწერა წასვლის წინ. მაჩვენა, ხომ არ წამაკითხებდა.
ზოგჯერ კაცს ავანტიურიზმი შემოგიტევს ხოლმე, თუნდაც ნორჩი იყო; ნორჩს - მით უმეტეს. ერთი ხანობა ვფიქრობდი, როგორმე ეგ წერილი უნდა წავიკითხო-თქო.
იდიოტი ხარ ნამდვილი, ასეთ რამეს რომ გაიფიქრებ.
მაგრამ სიუჟეტისადმი მიდრეკილება თუ იყო.
ეს კონვერტიც სამუდამოდ დამამახსოვრდა.
ასე გაიყარენ. არ ვიცი, რამდენი შეიძლეს, სანამ ერთმანეთის ნახვა შეეძლოთ. არ არის პატარა ქალაქი სვიდანიების და ხშირი ერთად ყოფნის ადგილი, თუ ამბავი უკვე სახალხოდ ცნობილი და გამოცხადებული არაა.
ჩემი პირველი საიდუმლო კი ნამდვილად ეს იყო.
დიდი არაფერი თავგადასავლია და ეგებ ჩემიც საერთოდ არ არის.
მაგრამ სამუდამოდ კი ჩამრჩა გულში.
იმის შემდეგ აბა, რამდენი დრო გავიდა. მე იქით იშვიათად და იშვიათად ვხვდები, ბოლო ოც წელიწადს ხომ საერთოდ.
თუ რაღაცნაირად წავეყრებოდი ნათესავებს, იმ ბიჭის ამბავსაც მოვიკითხავდი. მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ ხომ იცით, როგორ არის ხოლმე. გაქრა ის ნაკადი, წავიდა და აბა როგორღა დაიჭერ. შენ ბიჭი ვერასდროს იქნები, ყვირილაში დახრჩობისგან ვეღარასდროს გადაგარჩენენ და მარანშიც ჩუმად აღარ შეგაპარებენ, - ცოტა ღვინო წავიღოთ ჭალებზეო.
მოვიკითხავდი და მეტყოდნენ, - დადის უცოლოდ, გადაგვრიაო.
იმ ჩვენი ამხანაგობის დროიდან ოცდაათი წლის თავზე შეურთავს ცოლი. კაცი სულ მარტოდ ყოფილიყო დარჩენილი, უკვე გაჭაღარავებული, იმხელა ეზოში და სახლში. შევრთეთ, ვივაჟკაცეთო, ხო იცი, იმერლებმა როგორც იციან. გადასარევი გოგოაო.
ერთიც იყო და, მოვხვდი იქით. რა თქმა უნდა, ჩვენებურ ამბავზე. დაკრძალვაზე.
უკვე ეგ დრო იყო, რომ დასავლეთში დაკრძალვამდელი ქელეხები თანდათან გამოდიოდა წესიდან; თბილისიდან ბევრი ხალხი ჩამოდის და იმათებურად გავაკეთოთო.
ჰოდა, აბა ჩვენც ვიყავით სამი მანქანით.
დიდი ქელეხიც იყო და ვისხედით იქა და წინ კი ცოტა რომ წამოიშალა ხალხი, თანდათან ის ბიჭები ჩამისხდნენ, ვინც დახრჩობას გადამარჩენდა ხოლმე ბავშვობაში. რაღა ბიჭები, იმათი ხელები გენახა, ნამუშევარი და ნაწვალები და გავაბით ტკბილები და სად არის მეთქი, კაცო, დილიდან აქა ვარ, ერთი თვალი ვერ მოვკარი-თქო.
ეხმარებაო, მერე ამოვაო. იმ მომხმარეებშიც ვიდექი და იქაც არ იყო მანამდე.
მართლა ამოვიდა. ააციმციმა თვალები.
გადავეხვიეთ ერთმანეთს.
ეს ქელეხი ხო დაუსრულებლად არ გაგრძელდებოდა.
გადავიდეთ ეხლა ჩემთანო, არ გამაგიჟოო.
როგორია, მანქანა გელოდება. გისიგნალებენ ჭიშკრის იქიდან, - დაღამებამდე გვინდა თბილისშიო.
კაცი რო იყო და დრო იყოს ეგეთი, უნდა დარჩე და, დარჩე და ცხოვრებაც ეგ არი, მარა, აბა სად და როგორ?
წავედი-მეთქი, გენაცვალე, და ვერ მოვითმინე და იმ გოგოს სახელი ვუთხარი, რამე იცი მეთქი?
იმაზე ძვირფასი და იდუმალი ჩვენ ორთა შორის არაფერი იყო.
ააციმციმა თვალები, ტირილსა და სიცილს შუა, როგორც იცოდა და ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, რო ეხლა თქვენ იფიქრებთ, - ამან წაიღო ტვინი თავისი ჩატკბილებებითო.
მართლა ეგრე იყო და, რა ვქნა, განგებ მწარედ მოვყვე?
ხო იცი, რაღაცნაირ ძალას რო გრძნობ ჩახუტებისას, სხვანაირი ჩახუტება როა.
დარდიც როა შიგ, სიხარულიც როა, სიყვარულიც როა და, ეს ჩემი დედა-ძაღლი ცხოვრებაო, რომ იტყვი, ისიც როა.
არი, კარგად არიო, - მითხრა, - შვილიშვილი ყავსო.
თვითონ კი შვილიც არ ჰყავდა.
ეგ ამბავია ჩემი ჩაის კოლოფი საჩხერიდან. სხვამ თუ მეტი წამოიღო, იმან იცის.
ეგრე მიყვარს მე ეს ზემო იმერეთი, ეგეთ ამბებში, თორე ღვინო აბა კახელებმა რო იციან...
![]() |
24 ლესბინაცია: როდესაც ლესბოსელებმა ამერიკის გზები აამტვერეს |
▲back to top |
ისტორია
ავტორი: არიელ ლევი
თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი
ისტორიას ახსოვს ერთი მცირედი მონაკვეთი, როდესაც სამყაროს ქალები მართავდნენ, ყოველ შემთხვევაში - თავიანთ სამყაროს მაინც. 1970-იანი წლების ბოლოს რამდენიმე ათასმა ჩრდილო ამერიკელმა ქალმა უარი თქვა თანასწორად შესრულებულ საქმეში კაცებთან ხელფასის გაყოფაზე, უარი თქვეს ქმრებთან ხვეწნაზე, რომ ხანდახან მაინც დახმარებოდნენ ცოლებს ჭურჭლის გარეცხვაში; და საყვარელი კაცებისთვის იმის მტკიცებაზე, რომ ქალის სხეულში არსებობს ორგანო, სახელად კლიტორი.
რატომ კომპრომისი და რატომ ტყვეობა, თუკი შეიძლება განცალკევდე და იცხოვრო შენივე შექმნილ სამყაროში? ამ იდეით შეპყრობილი უტოპისტი სეპარატისტი ქალები ამერიკის ისტორიაში პირველად ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ადრეულ წლებში გამოჩნდნენ: ნიუ ინგლენდში იყვნენ „შეიკერები“, პენსილვანიაში - ათასწლეულის რეპიტები, ონეიდელი პერფექციონისტები - ნიუ იორკში. ამ ქალებმა ზურგი აქციეს საზოგადოებას, რომელშიც კულტურა და კანონი ქალთა მეორეხარისხოვანი როლის ლეგალიზაციას აწესებდა. და გადაწყვიტეს, დაეარსებინათ საკუთარი ქალაქები და ფერმები, ეცხოვრათ ცალკე, მხოლოდ ქალთა გარემოში. მიზნის მისაღწევად საჭირო იყო ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციასთან გამომშვიდობება, მაგრამ ესეც იოლად გადაწყდა - სეპარატისტი ქალების უმეტესობა ისედაც ლესბოსელი იყო, დანარჩენებს კი ნამდვილი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თავიანთ ნამდვილ ორიენტაციაზე უარის თქმა უღირდათ.
ერთი თაობის წინ კი ლესბოსელმა სეპარატისტებმა უკვე შექმნეს პარალელური რეალობა და დაიწყეს ალტერნატიულ, უპენისო სინამდვილეში ცხოვრება. რამდენიმე დაჯგუფება გაჩნდა: ბერკლიში იყვნენ „გათერ დაიქსები“, სიეტლში - „გორგონები“, რამდენიმე ასეული რადიკალ-ლესბოსელიც - ნიუ იორკში; ვაშინგტონში იყვნენ - the Furies, სან ფრანცისკოს კი „მრისხანე, ამაყი და ძლიერი სეპარატისტები“ წარმოადგენდნენ. მთლიანად შტატებსა და კანადაში ქალთა ავანპოსტები გაიშალა. ეს იყო ადგილები, რომლებსაც ქალები მართავდნენ, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და იქ მხოლოდ ქალებს უშვებდნენ. „მხოლოდ ქალები ჩვენ მიწაზე“ - ეს იყო სეპარატისტი ქალების მთავარი ფრაზა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მამაკაცებს და პატარა ბიჭუნებსაც კი მათ მიწაზე ფეხის დადგმა ეკრძალებოდათ (ისინი ხშირად ქალის აღმნიშვნელ ინგლისურ სიტყვა woman-საც განსხვავებულად წერდნენ, კაცების სახსენებელი ამ სიტყვიდანაც რომ ამოეგდოთ: „ქალი“ იწერებოდა ხან, როგორც - wimmin, ხან - womyn). სეპარატისტების მიზანი აბსოლუტური ავტონომია იყო, რომელიც გულისხმობდა სეპარატისტული საკვები პროდუქტების კოოპერატივების, საგამომცემლო სახლების და საკრედიტო კავშირების შექმნას. „მალე შევძლებთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კონტრასტული მხარეები შევრწყათ და შიზოფრენიულ არსებობას ბოლო მოვუღოთ - დღისით ხომ ჩვეულებრივ სამსახურებში დავდივართ, ღამით კი რადიკალურ პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევით“, - წერდა ნენსი გროშვიცი 1979 წელს გამოქვეყნებულ ტრაქტატში „პრაქტიკული ეკონომიკა ქალთა კომუნებისთვის“. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეპარატისტული წამოწყება იყო ქალთა მუსიკალური ფესტივალი და პროექტი „ოლივია რიქორდსი“, რომელიც 1973 წელს ამოქმედდა, 1990-იანი წლებიდან კი „ოლივია“ ლესბოსელთა კრუიზებსა და საკურორტო დასვენებაზე ზრუნავდა.
„ქალთა სეპარატიზმი შავკანიანთა სეპარატიზმიდან მოდის“, - აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი და ავტორი წიგნისა „60-იანები: იმედის წლები, მრისხანების დღეები“, ტოდ გიტლინი. „რელიგიური დაჯგუფების, „ისლამიური ნაციის“ ამბებმა მალკოლმ იქსს ისტორია უამრავი მიმდევარი გაუჩინა. სეპარატიზმით თითქოს ჰაერიც გაიჟღინთა. რამდენიმე წლის თავზე სულ უფრო მეტი ადამიანი გაურბოდა ნორმალურობას და მის ჩარჩოებს, თვითონ ნორმალურობა კი, ვიეტნამის ომის გამო, კიდევ უფრო გიჟური ჩანდა.
სეპარატიზმის ხიბლი კომპლექსურია. გვაქვს მისი უამრავი ვერსია; გაქცევის განსხვავებული ფორმები“.
არ არსებობს სანდო სტატისტიკა, თუ მაინც რამდენი ქალი უწოდებდა საკუთარ თავს ლესბოსელ სეპარატისტს მოძრაობის აღზევების ჟამს. „შეუძლებელია, განსაზღვრო უფრო ზუსტად, ვიდრე ასე - ისინი იყვნენ „ათასობით“, - აღნიშნავს ლესბოსელთა ისტორიის შესახებ 6 წიგნის ავტორი ლილიან ფეიდერმანი. ყველა დაჯგუფებას სეპარატიზმის თავისებური გაგება ჰქონდა - ზოგი უარს ამბობდა მამაკაცებთან ურთიერთობაზე, ზოგი - ჰეტეროსექსუალ ქალებთან კონტაქტსაც გაურბოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც იმ ლესბოსელ ქალებთანაც წყვეტდნენ კავშირს, რომლებიც სეპარატიზმის იდეას არ იზიარებდნენ.
ყველაზე უფრო ჭრელი სეპარატისტები „ვან დაიკები“ იყვნენ - ქალები, რომლებსაც არც განსაკუთრებული გავლენა ჰქონიათ ქალთა მოძრაობაზე და არც განსკუთრებულად მწყობრი იდეოლოგია. სამაგიეროდ, ისინი იყვნენ ფურგონით მოხეტიალე ქალები, რომლებიც იპარსავდნენ თმას, ხმას არ სცემდნენ მამაკაცებს, ოფიციანტების და ავტომექანიკოსების გარდა, რამდენიმე წლის განმავლობაში დაქროდნენ ჩრდილო ამერიკის გზებზე და თუ ჩერდებოდნენ, მხოლოდ სეპარატისტ „ქალთა მიწებზე“. „ვაინ დაიკები“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მსოფლიო „ტესტოსტერონითაა მოწამლული“ და ამ ფონზე მათი მისიაც უფრო ზუსტად იკვეთებოდა: ეპოვნათ დედამიწაზე „დაიკების“ სამოთხე.
ამ მისიას თან სრული სერიოზულობით ასრულებდნენ და თან სანახევროდ იუმორითაც. ანდა შეიძლება ასეც ვთქვათ: მათ ქმედებას სერიოზულობა არ აკლდა, მაგრამ ქალებმა ისიც იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი ოდნავ სასაცილოც იყო (ისინი რადიკალები იყვნენ, მაგრამ ქარაფშუტები). როდესაც „ვან დაიკების“ დამფუძნებელი ქალები ჰითერ ელიზაბეტი და ეინჯ სპოლდინგი პირველად დაადგნენ გზას 1977 წელს, Mr. sandman-ის მელოდიაზე სხვა ქალების მისაზიდად სიმღერა დაწერეს. ტექსტი ასეთი იყო:
„მომავალო ვან დაიკებო,
გაგვიმხილეთ თქვენი ოცნებები,
გამოთქვით ნათლად თქვენი სურვილები,
...გვახარეთ, რომ საათებიღა გვაშორებს იმ დრომდე, როცა ჩვენ მიწას ვიპოვით, მზით გამთბარ მიწას, სადაც მკვლელი დაიკები ცხოვრებით დატკბებიან, ხორბალს დათესავენ და მარცვლებს შეაგროვებენ.
მოდი, ერთად ვიპოვოთ გზა ამ მიწისკენ!“
ცოტა ირონიული იყო ჰითერ ელიზაბეტის მხრიდან მიწათმოქმედების სიხარულზე სიმღერა, მაშინ, როცა მას ახალი მიტოვებული ჰქონდა ასეთი ცხოვრება მეგობარ ქალთან კრის ფოქსთან ერთად. 1976 წელს ჰითერმა, კრისმა და კიდევ ერთმა ლესბოსელმა წყვილმა ტორონტოს მახლობლად ერთი მოფახფახებული ფერმა შეიძინეს და წარმოიდგინეს, რომ იქ ნამდვილ „ქალთა მიწას“ შექმნიდნენ, სადაც საკუთარი პრინციპების მიხედვით იცხოვრებდნენ და ბაღში საკუთარ მოსავალს მოიყვანდნენ. ყველაზე დიდი სიამოვნებით კი ფანტაზიორობდნენ იმაზე, თუ როგორ იმუშავებდნენ საკუთარ ბაღში, მზის გულზე სულ შიშვლები. თუმცა, ფანტაზია ვერ ახდა. მათ ფერმაში იმხელა თოვლი იდო ხოლმე, რომ ფანჯარას აღწევდა. თოვლის გადასაბერტყი მანქანა ყოველ სამ დღეში ერთხელ დადიოდა. პერიოდულად დენი ითიშებოდა. სახლი ცუდად თბებოდა. ცხოვრება ფერმაში ყინულოვანი და გაუსაძლისი იყო. ერთხელ, ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ქალები ტორონტოში წავიდნენ საყიდლებზე, ჰითერი შემთხვევით ეინჯს გადაეყარა - გაბრჭყვიალებულ და გარუჯულ ეინჯს, რომელიც, უკვე ერთი წელი იყო, თბილ ადგილებში თავისი ფურგონით მოგზაურობდა. ეინჯმა ჰითერს უამბო, თუ როგორი თავისუფალი და ანონიმური იყო ცხოვრება გზაზე. მაგალითად მექსიკაშიო, - ჰყვებოდა ეინჯი, - შეგიძლია გზის პირას მოწყვეტილი ხილით გახვიდე იოლასო.
რამდენიმე საათში ჰითერმა გადაწყვიტა, მიეტოვებინა კრისი და გაყინული, ქალებით დასახლებული ფერმა.
ჰითერ ელიზაბეტი და ეინჯ სპოლდინგი პირველი „ვან დაიკები“ გახდნენ. ეინჯმა ბრუკ ვან დაიკი დაირქვა, რადგან ბევრი ლაპარაკი უყვარდა: ის მორაკრაკე ბრუკი (ბროოკ - ქართულად წყარო) იყო. ჰითერმა კი მეტსახელად აირჩია გვარი, რომელსაც დღემდე ატარებს. ვიდრე 29 წლის გახდებოდა, მან სამჯერ გამოიცვალა გვარი. სამი გვარი სამ ყოფილ მეუღლეს ეკუთვნოდა. თუმცა, ისინი მას აღარაფერში სჭირდებოდა, აღარც მამის ხსენება სურდა. მისი თანამედროვეების, მალკოლმ იქსისა და მუჰამედ ალის მსგავსად, ჰითერს უნდოდა სახელი, რომელიც მის ემანსიპაციას გამოხატავდა და არა წარსულ მონობას.
ვან დაიკი ამ მხრივ ზედგამოჭრილი იყო. ეს სახელი არა მხოლოდ შინაარსობრივად იყო ზუსტი - სწორედ დაიკები ცხოვრობდნენ ფურგონებში - არამედ დიდ პოტენციასაც ფლობდა. ამ სახელით ისინი შეძლებდნენ მთელ ამერიკასა და კანადაში და ასევე მთელ მსოფლიოში ყველა ლესბოსელი დაერწმუნებინათ, რომ საჭირო იყო მონობის აღმნიშვნელი სახელის მოშორება; სახელის, რომელიც მათ ან დაბადებისას, ანდა საკურთხეველთან ჯვრისწერისას მისცეს. ყველას უნდა ეპოვა თავისი ნამდვილი სახელი - რომელიც მტკიცედ გამოხატავდა სათქმელს: „თვალი არ გატყუებთ: მე ნამდვილი ლესბოსელი ვარ“. დაიკები ხშირად წაიოცნებებდნენ ხოლმე, როგორ მიმართავდა მათ ბანდას სადმე, მსოფლიოს რომელიმე წერტილში მეტრ'დ'ოტელი: „ვან დაიკები, ესე იგი, წვეულება ოთხისთვის“? ხოლო ჰეტეროსექსუალების ჯინაზე უამრავი ლესბოსელი აიმაღლებდა ხმას საკუთარი უფლებების დასაცავად.
დრო კი ისეთი იდგა, ყველა ფანტაზიას ახდენა ეწერა: 1977 წელი იყო ანუ - ნიუ იორკის სტოუნვოლის ამბოხამდე ათ წელზე ნაკლები ხანი რჩებოდა. ამ ამბოხით კი ამერიკაში ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის ბრძოლის გრანდიოზული მოძრაობა გაიშალა. თუმცა, ლესბოსური ორიენტაციის ცხოვრებისეულ ნორმად აღიარება ჯერ კიდევ ახალი ამბავი იყო, ამიტომ ფეხმოუკიდებელიც. 1961 წლამდე ჰომოსექსუალიზმს ყოველ შტატში კანონი არეგულირებდა, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალური სქესობრივი კავშირი არალეგალურად ცხადდებოდა. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ნუსხაში კი ჰომოსექსუალობა, როგორც მენტალური დარღვევა, 1973 წლამდე ფიგურირებდა (მანამდე, მიუხედავად ფროიდის მტკიცებისა, რომ ჰომოსექსუალიზმი „უკურნებელია“, ლესბოსელი ქალების გამოსაჯანსაღებლად საკმაოდ ძლიერი ინდუსტრიაც მოქმედებდა. 1956 წლის ჟურნალ „თაიმში“ ერთი ფსიქოანალიტიკოსი წერდა, რომ ჰომოსექსუალების 90 პროცენტის განკურნება შესაძლებელია და ისინი უნდა განვკურნოთ კიდეც, რადგან არ არსებობს „ჯანსაღი ჰომოსექსუალი“).
ახლა კი ლესბოსელობა უკვე კრიმინალი კი აღარ იყო, რომელსაც მენტალურად დაავადებული ადამიანები „სჩადიოდნენ“, არამედ რადიკალური პოლიტიკური ქმედება, რომელსაც ქალთა მოძრაობა ედგა სათავეში. ფემინისტი ავტორი სიუზენ ბრაუნსმილერი თავის წიგნში „ჩვენ დროში: რევოლუციის მემუარი“ „გამოსვლის“ (coming-out) ვნებას ზღვის მძლავრ ტალღას ადარებდა: „მაცოფებდა ბევრი ჩემი ნაცნობი აქტივისტის უეცარი ცვლილება და თავიანთი ორიენტაციის ღიად დაფიქსირება“. ლესბიანიზმმა ბევრი ისეთი ფემინისტიც ჩაითრია, რომელთაც სინამდვილეში ქალები არც მოსწონდათ, რადგან მათ სჯეროდათ, რომ ლესბოსელობა - ეს „სექსუალური სურვილი კი არ იყო, არამედ პოლიტიკური არჩევანი, რომელიც ყოველ ქალს უნდა მიეღო, თუკი სურდა, რომ იდენტიფიცირებულიყო, როგორც ქალი და, შესაბამისად, ბოლო მოეღო მამაკაცთა უზენაესობისთვის“, - წერდნენ Furies-ის პირველ ნომერში, რომელიც ამავე სახელწოდების სეპარატისტების პერიოდული გამოცემა იყო.
ფემინისტი ტი-გრეის ატკინსონი ისე შორსაც წავიდა, რომ ამტკიცებდა, თითქოს მარტოსული „პოლიტიკური ლესბიანიზმი“ მორალურად უფრო მაღლა იდგა, ვიდრე სექსუალურად აქტიური ლესბიანიზმის ვერსია. თუმცა, სქესობრივ ორიენტაციას ასე მოწამეობრივად მხოლოდ ატკინსონი არ განიხილავდა. 1975 წელს გამოქვეყნდა სეპარატისტი ლესბოსელის, ბარბარა ლიპშუცის ესეი სათაურით: „არავის სჭირდება ჟიმაობა“. ესეს ავტორი მოუწოდებდა ქალებს, „გაეთავისუფლებინათ ლიბიდო ორგაზმის ძიებისგან. ხანდახან ჩახუტება ჯობს“, - ამტკიცებდა ის. თუმცა, ეს არგუმენტი მოძრაობის წევრ ქალებს, რომლებიც მართლაც ლესბოსელები იყვნენ, არასდროს იტაცებდათ.
ლესბოსელობა, და ლესბოსელობის დაჩემებაც, იმდენად გავრცელებული ამბავი გახდა, რომ ბეტი ფრიდენმა მას „ლავანდას საფრთხე“ უწოდა. 1973 წელს „თაიმს მეგეზინში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ფრიდენი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს იდეას სთავაზობდა, ქალთა მოძრაობის დისკრედიტაცია მოეხდინა და ამ მიზნით, მოძრაობაში ჰომოსექსუალი ქალები აგენტებად შეეპარებინა. ისე, ფრიდენი ერთ რამეში კი იყო მართალი: „ვან დაიკებსაც“ და მათ სეპარატისტ ამხანაგებსაც ისეთი იდეები ჰქონდათ, რომ მათ ფონზე ქალთა ნაციონალური ორგანიზაცია მოთმენის პოლიტიკის გამტარებელს ჰგავდა.
70-იან წლებში ლესბიანიზმი პრაქტიკოს მიმდევრებს რადიკალური ამბოხის გზასა და ფემინისტთა გაძლიერებას ჰპირდებოდა. სეპარატიზმი უნდა ყოფილიყო იმ ალტრუიზმის საპირწონე, რომელიც ქალებს უხსოვარი დროიდან სტანჯავდათ. ახლა, როდესაც ფრაზა „ლესბოსელი დედა“ აბსოლუტურად ჩვეულებრივად ჟღერს, ძნელი წარმოსადგენია დრო, როდესაც ლესბიანიზმი კონტრკულტურული ქვეტექსტით იყო გაჟღენთილი, ქალებს კი ის იდეოლოგიის გამო უფრო იზიდავდათ, ვიდრე - სქესობრივი სურვილისთვის.
ამიტომ თუკი შენც თანამედროვე ახალგაზრდა ლესბოსელი ხარ, ძნელი იქნება იმ იდეის გაგება, რომლის მიხედვითაც, შენი არსებობა შენსავე სექსუალურ არჩევანზეა დამოკიდებული.
პირველივე ჯერზე, თვალი შევავლე თუ არა „ვან დაიკების“ უკანასკნელ წარმომადგენელს, ვიცოდი, რომ ის იყო, სიტყვის უთქმელად. ჯონი კეშს ჰგავდა, მაგრამ კიდევ უფრო ბრგე და ძლიერი ჩანდა. თავისი ტყავის ქურთუკით, სიეტლის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში იჯდა. აქ ცხოვრობდა ის იმ დღის მერე, რაც 1980 წელს ფურგონით ქალაქში შემოვიდა - ხეტიალით, ნაირგვარი სექსით, სხვებთან გასაზიარებელი ქონებით, რადიკალური ფემინიზმითა და სახელ - ჰითერით დაღლილი. თურმე ბავშვობაში ასე ამბობდა ხოლმე: „მე ჰეიდი ლემარი ვარ, კინოვარსკვლავი!“ სულ ამ ფრაზას იმეორებდა, რადგან საიდანღაც დამახსოვრებია ეს სახელი და მისი ჟღერადობა მოსწონებია. ეს ამბავი მან ერთ ქალს, სახელად ბეარს უამბო, როგორც კი ქალაქში შემოვიდა. ბეარმა კი მიუგო: „დღეიდან შენ ლემარი ხარ“. იმ დღიდან მოყოლებული ჰითერი ლემარ ვან დაიკი გახდა.
ვან დაიკი მართლაც გამორჩეულად ახოვანი ტანის ქალია. გამვლელები ხშირად ჩერდებიან ხოლმე და აკვირდებიან. 6 ფუტი სიმაღლისაა, მსუქანი არ არის, მაგრამ კარგად ჩაფსკვნილია. ძალიან შთამბეჭდავია ერთი შეხედვითაც. „შემხედავ თუ არა, ყოყმანს არ მოჰყვები, ეგრევე დაბეჯითებით იტყვი, რომ დაიკი ვარ და გეი, - მეუბნება ლემარი, - მაგრამ თუკი ასე არ იფიქრებ, მაშინ მთლად ჯანზე ვერ უნდა იყო“. მოკლე, მუქი ფერის თმა აქვს, სვირინგები კი ორივე მკლავზე აქვს აცმული. ზოგიერთი მათგანი საკუთარი ხელით გაიკეთა იმ 18 წლის განმავლობაში, როდესაც სვირინგების ჯიხურს ფლობდა.
როდესაც შევხვდი, შევატყვე, ვნერვიულობდი.
მეც რომ ქალი და მეც რომ გეი არ ვიყო, ვეჭვობ, საერთოდ შემხვედროდა. „ახალ თაობას უნდა, სიტუაციას მოერგოს, სხვა არაფერი, - მეუბნება დაიკი, - ეგაა თქვენი ოცნება - მინდა, შენ გგავდე. მე კი ამ ქვეყნად ყველაზე ბოლოს რაც მინდა, ისაა, რომ შენ გგავდე“. მიუხედავად ამისა, თავის სახლში მაინც წამიყვანა. სახლს წინკართან მეტალის დაფა ჰქონდა მიკრული წარწერით: „ქალბატონები“. ოთახები კი გაფორმებული იყო ნეონის განათებებით, ბოულინგის ბურთებით, ლემარის ნახატებით, რომლებზეც ადამიანი-ჩიტებია გამოსახული, იქვე იყო ჩინური ფარნები, პარიკმახერის ძველმოდური სკამი, დიდი, იასამნისფერი ბროლის ჟეოდა გვირგვინით და კიმონოს უზარმაზარი სკულპტურა, რომელიც თავისი ხელით გამოაქანდაკა, მას შემდეგ, რაც ძილში ნახა. „ერთხელ დედამ შემხედა და მითხრა, - უბრალოდ, არ მესმის, როგორ აღმოჩნდი იქ, სადაც აღმოჩნდი, შენ ხომ შინაგანად ასეთი მდიდარი ხარ, - მიამბობს ვან დაიკი, თავის სასტუმრო ოთახში, ლეოპარდის ლაქებიან ტახტზე მოკალათებული, - მე კიდევ შევუბრუნე, - დედა! ვინ მპრანჭავდა, სამი წლის რომ ვიყავი, ვინ მამღერებდა სიმღერებს თავისი მეგობარი ქალებისთვის შინაურულ წვეულებებზე, ვინ მატარებდა სტეპის ცეკვის გაკვეთილებზე, რას ნიშნავს არ გესმის, დედა, რა გჭირს?“ - და უცებ ვან დაიკი სიცილს იწყებს.
ლემარ ვან დაიკის ბავშვობის სახელი ჰითერ ელიზაბეტ ნელსონია. ის კანადაში დაიბადა 1947 წელს, გაიზარდა ბუფალოში, ნიუ იორკის შტატში. დედა დიასახლისი იყო, მამინაცვალი კი - წყალგაყვანილობის მექანიკოსი. „ძალიან მტკიცე ხასიათის გერმანელი იყო, მაგრამ ყველაფერს უკრძალავდა ჰითერს: „ამას არ გააკეთებ, იმას არ გააკეთებ, სახლიდან ფეხს არ გაადგამ“, - უჩიჩინებდა გერს. „მთელი თინეიჯერობა მასთან ომში გავატარე. იყო რაღაც ფროიდული ჩვენ ურთიერთობაში. ძუძუები გამეზარდა თუ არა, სულ გამოყეყეჩდა“.
19 წლის იყო, სახლიდან რომ წავიდა. აფრო-ამერიკული ორგანიზაციის Black Panther-ის წევრთან არნელთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ დაფეხმძიმდა. სან ფრანცისკოში გადავიდა, სადაც კლიმატი უფრო თბილი იყო, კულტურული ჩარჩოები კი მყიფე. ბავშვი იქ გააჩინა, მაგრამ გოგონა მაშინვე გააშვილა. „ბევრი არ მიფიქრია. ჩემ დებს ბავშვების გაზრდაში ზოგჯერ ვეხმარებოდი ხოლმე და კარგად ვიცოდი, რასაც ნიშნავდა დედობა. ზუსტად მესმოდა, რომ მე ამას ვერ შევძლებდი. შვილზე მტკიცე უარი ისე ვთქვი, არც მიყოყმანია. ვამბობდი, - ამ ბავშვს კარგი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, ოღონდ ჩემგან მოშორებით და სულ სხვაგან“.
ბავშვის გაჩენის შემდეგ, ექვსი წლის განმავლობაში ჰითერი სამჯერ გათხოვდა. ქმარი №1 ჯერ კიდევ სამშობიაროში გაიცნო, სადაც ის ვიღაც ქალის სანახავად იყო მისული. მაგრამ ჰითერმა მაინც გადაწყვიტა, - „არა უშავს, მაინც შევაბამ“. კაცი ფსიქიატრი იყო და ყოფილი პატიმრებისთვის გამოსაჯანსაღებელი ცენტრი ჰქონდა გახსნილი. ჰითერი მის სახლში ექვს თვეს დარჩა. ერთ დღეს ბუფალოში, ოჯახის წევრების მოსანახულებლად რომ ჩავიდა, ქმარ №2-ს შეხვდა. ის მოტოციკლეტისტი იყო, სახელად სკიპ ბრუმი, ბანდის Road Vulture-ის წევრი. ვან დაიკმა გახუნებული გაზეთის ნაგლეჯი მიჩვენა. 1968 წლის გამოშვება იყო, გაცრეცილ საგაზეთო ფოტოზე კი ჰითერი ჩანდა, გრძელი ყავისფერი თმით, გვერდით ბრუმი იდგა თავისი მოტოციკლეტით. ორივეს ველური და მხიარული იერი ჰქონდა (ბრუმი მალე დააპატიმრეს მოსაწევის გაყიდვისთვის, მერე კი ამბოხების დროს ატიკაში აღმოჩნდა). ამ ადრეულ ურთიერთობებში ვან დაიკისთვის „ყველაზე დიდი ხიბლი იყო კაცების მოპოვების პროცესი; ამ ფრაზის სიმსუბუქე: „ეი, შენ, რა სიმპათიური ხარ. ნეტა, გახდები ჩემი?“ „ნუ, ჰო, კარგი“, - პასუხი სულ ასეთი დადებითი იყო, რადგან კაცები ხომ ასე არიან - სადაც შეყოფა შეიძლება, ყველგან ყოფენ“.
ქმარი №3, ბრიუს ბეიერი, ანტისაომარი საპროტესტო დაჯგუფების წევრი იყო. ჯგუფის ერთ-ერთი საპროტესტო აქცია უნიტარულ ეკლესიაში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა და ამერიკელმა მარშლებმა დაარბიეს. ბეიერს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა და რომ არ დაეჭირათ, ჰითერთან ერთად სტოკჰოლმში გაიქცა, სადაც წყვილმა 1972 წელს იქორწინა კიდეც. „№3-თან შეუღლება თავგადასავლებსა და ფედერალური ბიუროსგან მალვას უკავშირდება. ეს იყო მსოფლიოს გარშემო სირბილი ყალბი პასპორტებით და საზღვრების არალეგალური გადაკვეთით. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. მჯეროდა, რომ ასე სჯობდა“, - იხსენებს ვან დაიკი.
იმავე გაზაფხულზე ნიუ მეხიკოელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფეი დანაუეის გმირს ჰგავდა ფილმიდან „ბონი და კლაიდი“, ბეიერების ოჯახს სტოკჰოლმში ეწვია. სტუმარი ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად იყო ჩასული. ჰითერმა გადაწყვიტა, კონფერენციაზე თვითონაც წასულიყო. იქ მოსმენილმა რადიკალურმა ფემინისტურმა იდეებმა კი მაშინვე აღაფრთოვანა, განსაკუთრებით მოიხიბლა ერთი იდეით: რომ მას თურმე კაცი საერთოდ არ სჭირდებოდა; რომ შეიძლებოდა თვითონ ყოფილიყო საკუთარი ცხოვრების მთავარი მოქმედი გმირი, საკუთარი თავგადასავლის მთავარი პერსონაჟი. ფემინისტების აზრით, ამ ახლებური ძალაუფლების მთავარი განსახიერება იყო სექსი სხვა ქალებთან. ჰითერი და მისი სტუმარი კონფერენციიდან ერთი სურვილით შეპყრობილები გამოვიდნენ, რომ რაც შეიძლება მალე ეს თვითონაც განეცადათ. ბრიუს ბეიერმა ხუმრობით შესთავაზა ქალებს, - თქვენს ექსპერიმენტში ჩავერთვებიო, - მაგრამ ქალებმა მტკიცე უარი სტკიცეს. „ვუთხარი, არაფრის დიდებით. დღეს ჩემთან ეს წვება, შენ ტახტზე გამწესდები, - იხსენებს ვან დაიკი და თან ბოხი, როხროხა ხმით გიჟივით იცინის, - ამიერიდან, მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შენი ადგილი ტახტზე იქნება“.
ბეიერმა, რომელიც ახლა ბუფალოში ცხოვრობს და დურგლობით ირჩენს თავს, მითხრა, - „მახსოვს, ვიწექი გვერდით ოთახში, ვწრიალებდი და ვფიქრობდი, მგონი, ეს ყველაფერი დიდად არ მომწონს. მერე ვეღარ მოვისვენე, წამოვდექი და დილის ოთხ საათზე პარკში წრეებს ვარტყამდი“.
მის ცოლს კი ლესბოსურმა სექსმა თითქოს თვალები აუხილა. ეს გახდა მისი მორიგი საყვარელი გატაცება, რისთვისაც სიცოცხლე ღირდა. რამდენიმე ღამის შემდეგ ჰითერმა შინ „კაცთმოძულე ინგლისელი ქალები“ მიიყვანა. ბეიერი მიხვდა, რომ მის ცოლს უკვე სულ სხვა პრიორიტეტები ჰქონდა. „მაგრამ იმ დროს საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლი ქალების მხარდაჭერა ანტისაომარი მოძრაობის წევრებისთვის სავიზიტო ბარათად ითვლებოდა, - იხსენებს ბეიერი, - არ მინდა, ახლა გმირად შემრაცხოთ, მაგრამ ეს გავლენა მეც განვიცადე. ჰითერს ყოველთვის ისე ვუყურებდი, როგორც მერი პრანკსტერს ქალთა მოძრაობიდან. ის ყოველთვის თავქარიანად იქცეოდა. ერთი კი უნდა ვაღიარო, მისმა ქცევამ გული გამიტეხა“.
ჰითერი ტორონტოში გადავიდა, სადაც გაგონილი ჰქონდა, რომ ბევრი ლესბოსელი ცხოვრობდა. მალევე დაუმეგობრდა ერთ წყვილს, რომლებიც ქალთა გაზეთს გამოსცემდნენ, სეპარატიზმთან დაკავშირებით ატარებდნენ ექსპერიმენტებს და „ამსხვრევდნენ მონოგამიას“. შერეული სექსი იყო „ჩვენი რეზისტენტული ომის ფინალური აქტი, - ამბობს სიცილით ვან დაიკი, - ჩვენი მიზანი იყო, არაფერი მიგვეღო ფაქტად და ფაქტების რეალურობა თავადვე განგვესაზღვრა აბსოლუტურად ყველაფერთან მიმართებაში. გვინდოდა ურთიერთობები, რომლებშიც მაქსიმალურად დავიხარჯებოდით. მოკლედ, განვიზრახეთ, რომ ყველა გააკეთებდა იმას, რაც უნდოდა, როცა უნდოდა და ვისთან ერთადაც უნდოდა. ეს გარკვეულწილად თავისუფლებაც იყო ჩვენთვის და მსუბუქი დრამაც. იმ დროს, როდესაც ვან დაიკები ფურგონით აქეთ-იქით დახეტიალობდნენ, ყველა ყველასთან იწვა. დიდი ქაოსი იყო“.
ქმრებთან გაყრით და ჰეტეროსექსუალური რეალობის კონტრკულტურის შექმნით სეპარატისტი ქალები ეპოქის ტენდენციებს მაინც გამოხატავდნენ. „ისე უცნაურია ჩემთვის, როცა ამბობენ, რომ ფემინიზმი ანტისექსუალური მოძრაობა იყო, თითქოს... თითქოს! - ამბობს კრის ფოქსი, ქალი, რომელიც ერთხანს იმ გაყინულ ფერმაში დასახლდა ჰითერთან ერთად, ახლა კი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში სადოქტოროს იცავს ვიქტორიის უნივერსიტეტში, - რას ამბობთ, იმ დროს ქალები ხომ ჟიმაობის მეტს არაფერს აკეთებდნენ“.
მაგალითად, ჰითერ ვან დაიკს ასეთი გატაცება ჰქონდა - მას თავი ყველა ქალისთვის უნდა შეეყვარებინა. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ჰითერი ახერხებდა, ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც კი ამ ქალების მეგობრად დარჩენილიყო, შიგადაშიგ კი საყვარლადაც მიბრუნებოდა მათ. ჰითერის ერთგულები რომ რჩებოდნენ, გარკვეულწილად ეს მისი მაცდუნებელი პერსონის ბრალი იყო. ის დღემდე ისეთი ენთუზიაზმით აფრქვევს თავის გიჟურ იდეებს, რომ რაღაც ეტაპზე გაფიქრებინებს, - ვინ იცის, იქნებ... ესეც რომ არა, თინეიჯერობის წლებში ჰითერი მოდელობდა, 1970-იანებში კი თავისი გადახოტრილი თმით არაამქვეყნიურად მშვენიერი იყო. გარდა ამისა, თავისი საყვარელი ქალებივით, ჰითერსაც სჯეროდა, რომ როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, თავისუფალმა ქალმა თავი არ უნდა შეიზღუდოს.
1978 წელს, ეინჯ სპოლდინგთან ერთად გზებზე ხეტიალში გატარებული ერთი წლის თავზე ჰითერი კანადაში დაბრუნდა, ფერმის თავისი წილი უნდა გაეყიდა. გზად მას ახალი ქალი გადაეყარა, სახელად ჯუდითი. მაგრამ ჰითერს ხეტიალი სურდა და არა სტაბილური პარტნიორი და დაწყვილება. თავის მხრივ, ჯუდითს ფურგონში, ბანდის წევრებთან ერთად ცხოვრების დრამატიზმი იზიდავდა, ამიტომ ქალთა დაჯგუფებაში თავისი მეგობარი ნენსიც გააწევრიანა - ქალი, რომელიც იმ დროს უიღბლო ქორწინებას უღებდა ბოლოს და ქმარს ეყრებოდა. ნენსის სურდა, გაყრის დეტალები დანარჩენებისთვის გაეზიარებინა, თან ახალი ცხოვრების სტილი გამოეცადა. მალე ჰეტეროსექსუალი ქალისგან, რომელსაც შვილებიც ჰყავდა, აღარაფერი დარჩა. ნენსი სქაი ვან დაიკი გახდა, ლესბოსელი სეპარატისტი საკუთარი ფურგონით.
ვან დაიკებმა გადაწყვიტეს, რომ ტეხასში შეიკრიბებოდნენ და იქიდან ყველანი ერთად მექსიკაში გადავიდოდნენ. ჰითერი დარწმუნებული იყო, რომ დაიკების სამოთხეს ან აუცილებლად იპოვნიდნენ, ანდა თვითონვე შექმნიდნენ, თუკი ამ უმთავრეს მიზანს მხედველობის არიდან არასდროს დაკარგავდნენ. გადაწყდა, ჰითერი დაიმგზავრებდა ჯუდითს, სკაი თავისით წავიდოდა, ყველანი ერთად კი საწვავის ფულს გაუგზავნიდნენ კრის ფოქსსა და ეინჯ სპოლდინგს, რომლებსაც ერთად უნდა ემოგზაურათ.
კრისმა ამ მოგზაურობაში წასვლა მაინც გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ჰითერის ფერმიდან წასვლის გამო ჯერაც გულნატკენი იყო. იცოდა მიზეზიც - ეს მაშინ მოხდა, როცა უცებ გამოჩნდა არენაზე „გარუჯული ეინჯი, სიგარეტის მოწევის საოცრად სექსუალური მანერით“. თუმცა, ახლა არც თვითონ და არც ეინჯი თავს მიტოვებულ საყვარლებად არ გრძნობდნენ, რომლებიც სულ სხვასთან დაწყვილებულ ჰითერს აედევნენ მოგზაურობაში. მათ სჯეროდათ, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდათ, ვიდრე სიყვარულისგან მიყენებული ჭრილობები და გატეხილი გულებია. ეს იყო ბრძოლა, რომლის შედეგადაც უნდა გაშორებოდნენ ჰეტეროსექსუალურ რეალობას. „ეინჯთან ერთად სულ რამდენჯერმე განვიხილეთ ის ფაქტი, რომ ჰითერმა ორივე მიგვატოვა, - ამბობს კრის ფოქსი (მოგვიანებით მან სახელი გადაიკეთა და თორნ ვან დაიკი გახდა, რადგან ენა ჰქონდა მწარე (thorn - ინგლისურად ეკალია), - მერე კი, უბრალოდ, ჩავალაგე დურგლის ხელსაწყოები და ეინჯთან ერთად წასასვლელად გავემზადე, არა როგორც მისი საყვარელი, არამედ როგორც მეგობარი. როგორც ნამდვილი ვან დაიკი“.
რამდენიმე თვის შემდეგ ჰითერ ვან დაიკი სან ანტონიოს მერიის წინ კიბეებზე იჯდა თავის ახალ საყვარელთან ჯუდით ვან დაიკთან ერთად და აღტაცებით გასცქეროდა ქალაქში იმ წუთას შემოგრიალებულ ნაცნობ ფურგონს, რომელშიც მისი ორი ყოფილი ქალი იჯდა. მათ მალე სკაი ვან დაიკიც მოჰყვათ. სკაის თან კიდევ ერთი ქალი ახლდა, რომელიც გზად ჩაუსვამს. ქალს უკვე სახელიც შეცვლილი ჰქონდა - მას ახლა ბირჩ ვან დაიკი ერქვა. იმ დროს მობილური ტელეფონები არ არსებობდა, არ იყო არც იმეილი. ამიტომ მართლა ღირსშესანიშნავი ფაქტი იყო, რომ მიზანს მიაღწიეს. რადიკალი ლესბოსელების „მოგონება, რომელიც არასდროს გავიწყდება“, შედგა.
1979 წელს, ახალი წლის ღამეს ექვსმა ვან დაიკმა ოთხი ფურგონით მექსიკის საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთით, იაკატანის კუნძულისკენ გასწია. როცა ჩიჩენ იცას მიაღწიეს, ქალები ციცაბო ზიქურატზე აძვრნენ, თვალი მოავლეს ქვის საკურთხეველს, აქა-იქ ჩამქრალი ცეცხლის ლაქებით და უცებ მიხვდნენ, რომ იდგნენ იმ ადგილას, სადაც წინათ ქალებს მსხვერპლად სწირავდნენ. „აშკარა იყო, რომ იქ ქალებს წვავდნენ“, - იხსენებს ლემარ ვან დაიკი. ამიტომ დაიკებმა სწრაფად ჩამოირბინეს კიბეები, ჩასხდნენ ფურგონებში და იქაურობას უკანმოუხედავად გაშორდნენ.
ვან დაიკები თავს ხეებზე მოწყვეტილი ხილით ირჩენდნენ. ამ ჯგუფს მართლაც ჰქონდა ერთი საერთო თვისება და ეს იყო ქარაფშუტობა. ზოგჯერ პარკებში შლიდნენ კარვებს, შუაცეცხლზე სოიოს მარცვლებს ხარშავდნენ და ტოფუს პატარა ნაჭრებს აყოლებდნენ, ანდა ძეხვს შეწვავდნენ, როგორც განსაკუთრებულ ვეგეტარიანულ ულუფას. ამ ამბებიდან 30 წლის თავზე ქალი, რომელსაც წინა ცხოვრებაში ჰითერი ერქვა, უარყოფს, რომ ის იყო ვან დაიკების ლიდერი, რადგან დაიკები იერარქიას განიხილავდნენ, როგორც პატრიარქალურ მოვლენას. თუმცა, ფაქტია, რომ ლემარ ვან დაიკს დაიკების დაჯგუფებაზე კატალიზატორის ეფექტი ჰქონდა. „ყველასთან ვიწექი, სკაის გარდა, ამიტომ, თუ რამე ხდებოდა, მე ვიყავი ხოლმე შუაში“, - ამბობს ვან დაიკი. „ხო იცი, არა, ადამიანს, ვისთან ერთადაც წოლილხარ, სათქმელს სულ სხვანაირად ეტყვი, ვიდრე მას, ვისთანაც არ წოლილხარ. ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც - თითქმის თითოეულ მათგანს ასე ვუკეთებდი. ურთიერთობები მათ ერთმანეთშიც ჰქონდათ, მაგრამ არა ისეთი ინტიმური და ღრმა, როგორც ჩემთან“. ქალთა ამ სამყაროში კი ინტიმურობა იყო ვალუტა, რომელიც მუდამ ჭრიდა.
კოზუმელში ვან დაიკები ერთმა ადგილობრივმა ქალმა, პალომამ შეიფარა. პალომას სამკაულების მაღაზია ჰქონდა გახსნილი და მეხიკო სიტიში მალულად ვიღაცის საყვარელი იყო. კოზუმელში, მისი ლერწმით გადახურული სახლი ქალაქის განაპირას იდგა, ოკეანიდან რამდენიმე ნაბიჯში. ვინ იცის, იქნებ მიწა, რომელსაც ვეძებთ, სწორედ აქ არისო, - იფიქრეს ვან დაიკებმა და კარვებიც იქვე დასცეს. „ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზები ვისწვლეთ, როგორიც იყო: „los hombres son Puercos“, - იხსენებს ვან დაიკი, - არ გვინდოდა, სიტყვა „დედამოტყნული“ გვეხმარა, რადგან ეს სიტყვა რაღაც საშინელს გულისხმობდა ქალის მიმართ, ამიტომ ვამბობდით, „შენი მამა მოვტყან“. მგონი, ესპანურად ეს ასე ჟღერს - Chinga su padre - თვითონ არ იყენებენ, ჩვენ მოვიგონეთ“.
ერთ დილას ვან დაიკებს დილის ექვს საათზე გაეღვიძათ და ნახეს, რომ მექსიკელი პოლიციელების ალყაში იყვნენ მოქცეულნი. ბრალდება დაიკების წინააღმდეგ ძალიან ბუნდოვანი იყო, მაგრამ ისინი მაინც ესკორტით მიაცილეს პოლიციის პუნქტში. სანამ შიგნით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ვან დაიკები რამდენიმე საათს იცდიდნენ. „ბოლოს პოლიციელებმა განგვიცხადეს, რომ მათ ყურამდე მიაღწია ამბავმა ჩვენი საქციელის შესახებ; რომ მათ ქალაქში ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და ჩვენ მათ გარემოზე კარგ გავლენას არ ვახდენდით“, - იხსენებს ვან დაიკი.
ინციდენტს დაიკებს შორის მცირედი განხეთქილებაც მოჰყვა. ბრუკს სურდა, ქალები ბელიზეში გადაეყვანა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჰითერმა გაიმარჯვა და დაიკებიც ისევ უკან, შტატებში დაბრუნდნენ. „მთელ ქვეყანას მოვედეთ, - ჰყვება ვან დაიკი, - მოვიარეთ „ქალთა მიწები“ ჩრდილოეთ კაროლინაში, ფლორიდაში, ტექსაში, არკანზასში, ნიუ მეხიკოში, არიზონაში, ასევე რამდენიმე ასეთი კომუნა კალიფორნიასა და ორეგონში. დრო იყო ასეთი, შეგეძლო, მთელ ქვეყანაში გემოგზაურა, ქალთა ერთი მიწიდან, მეორემდე და შეხვედროდი ქალებს, რომლებიც ყველგან ერთსა და იმავეს აკეთებდნენ. ჩახვიდოდი ნიუ მეხიკოში და ნახავდი ქალებს, რომლებიც ტეხასში გაიცანი... მაშინ მთელი სამყარო ჩვენ ვიყავით“.
ეს იყო ლესბი-ნაცია.
ერთ-ერთი მორიგი განხეთქილების დროს თემაზე, ვინ ვისთან იწვა, ჯუდითმა ჯგუფი დატოვა და სან ფრანცისკოსკენ მიმავალ უცნობს თან გაჰყვა. მან იქ სექს რადიკალები პეტ კალიფია და გეილ რუბინი გაიცნო, რომლებმაც ლესბოსელთა სადომაზოხისტური ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელსაც შამოის დაარქვეს ზუსტად ისე, როგორც „The Story of O“-ში წამების სახლს ჰქვია. „ჯუდითი ამ ქალებს დაუმეგობრდა და როდესაც უკან დაბრუნდა, გვითხრა, რომ მათი გატაცება ჩვენც ძალიან მოგვეწონებოდა“, - მიამბობს ვან დაიკი. ჯუდითი არ შემცდარა: მალე დაიკების ფურგონებში ტოფუ ტყავმა ჩაანაცვლა. მათ მოსწონდათ სადომაზოხიზმის დრამა, რადგან ის მათ აძლევდა უფლებას, ეთამაშათ ძალაუფლების თამაშები - რაც ისედაც სულ აინტერესებდათ. მაგალითად, ჰითერ ვან დაიკისთვის, რომელიც მთელ კონტინენტზე დახეტიალობდა და ეძებდა აღთქმულ მიწას ცოლების, ყოფილი ცოლების და მომავალი ცოლების თანხლებით, ძალიან მიმზიდველი იყო იდეა, სადომაზოხიზმის გზით მოეპოვებინა გავლენა და უპირატესობა სხვებზე.
უფრო მასშტაბურ დონეზე კი, ის, რაც ვან დაიკების წრეში ხდებოდა, მთელ ქალთა მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა. თავის წიგნში „ჩვენ დროში“ სიუზენ ბრაუნსმილერი წერს, თუ როგორ დაურეკა 1981 წელს ერთმა გერმანელმა ფემინისტმა ელი შვარცერმა:
„ის თითქოს მეუბნებოდა, რომ ვიღაც კალიფორნიელი ქალი, სახელად პეტ კალიფია, რომელიც პორნოწიგნებს წერდა, ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ქალთა მოძრაობას აყალიბებდა...
რა ტიპის მოძრაობაზე მეუბნები? - ჩავეძიე მე ინტერესით.
ლესბოსური სადომაზოხიზმი, - მომიგო შვარცერმა. თავიდან ვიფიქრე, რაღაც მომესმა-მეთქი, მაგრამ მერე ტელეფონის ყურმილში ჩამყვირა - ლესბოსური სადომაზოხიზმი-მეთქი. ეს შენს მოძრაობას გააცამტვერებს. არ იცოდი?“
1970-იან წლებში ლესბიანიზმი იყო მოსიყვარულე და მზრუნველი დების კავშირი, რომელშიც სექსი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საერთო ცნობიერების ამაღლება. ამიტომ სადომაზოხიზმი გეი ქალების უმრავლესობისთვის ლესბიანიზმის ამ ადრინდელი რბილი გაგების სრული ანტიპოდი გახდა. ეს იყო ერთგვარი ნებართვა, მთელი გულისყური მიეპყროთ იმისკენ, რაც თითოეულ მათგანს აღაგზნებდა და არა იმისკენ, რაც პოლიტკორექტული იყო. ეს იყო ლტოლვის დაკანონება და ძალაუფლების წყურვილი - ანუ ის, რაც ფემინისტთა დოქტრინის მიხედვით, მამაკაცურ საწყისად განიხილებოდა. „ჩვენ თანასწორ უფლებებს ვცემდით პატივს და უცებ ამ პატივისცემას გადავაბიჯეთ“, - დასძენს ლემარ ვან დაიკი.
სადომაზოხიზმის შესახებ კამათმა ქალთა მოძრაობაში ასევე „ცხელ თემას“, პორნოგრაფიას გადაამეტა. საკითხი მწვავე დისკუსიის საგნად იქცა. ფემინისტები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ „ლესბოსელებმა საკუთარ თავს მხოლოდ იმ სექსუალური ინტერესების გამოვლენის უფლება უნდა მისცენ, რაც მათ უზენაეს ფემინისტურ იდეალებს შეესაბამება“, - წერს ლილიან ფეიდერმენი თავის წიგნში „ბევრნაირი გოგოები და ბინდ-ბუნდის საყვარლები: ლესბოსური ცხოვრების ისტორია მეოცე საუკუნის ამერიკაში“. „ისინი შიშობდნენ, რომ ლესბოსელი სექს-რადიკალები არა მარტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სექსს, რომელიც ლესბოსელებისთვის უმნიშვნელო და შემთხვევითი ამბავი უნდა ყოფილიყო, არამედ ატყუებდნენ საკუთარ თავსაც და სხვა ქალებსაც, თითქოსდა, მამაკაცური იმიჯები, ფანტაზიები და თვისებები მათთვისაც სასურველი იყო“.
ვან დაიკებმა თავიანთი პირველი სადომაზოხისტური „ვორკშოფი“ 1979 წელს მიჩიგანის ქალთა მუსიკალურ ფესტივალზე გამართეს, რითაც დამსწრეების უმრავლესობა დაზაფრეს. „ფესტივალები ქალებისთვის უსაფრთხო ადგილია, სადაც ისინი ოჯახური ძალადობისგან სულს ითქვამენ ხოლმე“, - წერს ბონი ჯეი მორისი თავის ნაშრომში „ევას აშენებული ედემი: ქალთა მუსიკალური ფესტივალების კულტურა“. „მათრახებისა და ჯაჭვების, ანდა მარყუჟების გამოყენება კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ მიზანს არ ემსახურებოდა“, - ნათქვამია იქვე. ამიტომ ვან დაიკების ამ გამოსვლის შემდეგ ფესტივალებზე სადომაზოხიზმის საჯარო აქტები აკრძალეს, რადგან ნიუ ინგლენდის ქალთა მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, ამ აქტების გამო, მონაწილეებს ფსიქიკური ტრავმა მიეღოთ.
ამ სადომაზოხისტურმა ელემენტებმა, ჯაჭვებმა და მათრახებმა ვან დაიკელებს შორის სიტუაცია დაძაბა: დამცირებისა და ძალადობის გიჟური შეტევები ნორმა გახდა. ერთ ღამეს ჰითერმა იეჭვიანა, როცა გაიგო, რომ ჯუდითი და ბრუკი მის გარეშე აპირებდნენ საცეკვაოდ წასვლას და ჯუდითს საცეკვაო ფეხსაცმელები დაუმალა. როცა მოგვიანებით ჯუდითმა ფეხსაცმელები ჰითერის ნივთებს შორის აღმოაჩინა, შური იმით იძია, რომ ჰითერის ფურგონი ცეცხლს მისცა.
„ლემარი იტყვის, რომ სწორედ სადომაზოხისტურმა ელემენტებმა მიბიძგა ისევ ძველ, გაცილებით უფრო ჰეტერო, ოჯახურ მდგომარეობას დავბრუნებოდი, - ამბობს კრის ფოქსი, - მაგრამ არა მგონია, ეს მართლა ასე იყოს. იმ მოგზაურობაში იმიტომ წავედით, რომ გვინდოდა ფული დაგვეზოგა, უკან დავბრუნებულიყავით და ჩვენივე კომუნა დაგვეარსებინა, რითაც სხვებსაც კარგ საქმეს გავუკეთებდით. მაგრამ ამ მოგზაურობამ დამანახა, რომ ადამიანები ხშირად პირადი მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ და არა საერთო ინტერესებით“.
ლემარ ვან დაიკი კი სადომაზოხისტურ გატაცებას ასე ხსნის: „მთელი ცხოვრება მეგონა, რომ რაც მჭირდა, ყველაფერი ჩემი ბრგე აღნაგობის, მყვირალა ხმის, მომთხოვნი ხასიათის და ძალაუფლებისადმი მიდრეკილების გამო მჭირდა. როცა ეს სადომაზოხისტური ამბავი აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ეს იყო გარემო, სადაც ადამიანებს სწორედ ჩემი ამ თვისებების გამო მოვწონდი. ამან გამამხნევა და ნამდვილი თავისუფლება მაგრძნობინა. ეს ნამდვილი გამართლება იყო, ბედის საჩუქარი“.
მას შემდეგ, რაც ჰითერ ვან დაიკი 1980 წელს სიეტლში გადასახლდა და ლემარი გახდა, სვირინგი და ტყავი მისი ცხოვრების ახალი ინტერესი გახდა. ადგილობრივმა სადომაზოხისტებმა კი ის მთავარ ფიგურად აღიარეს. ლემარს კიდევ ერთხელ ერთგული ქალი მიმდევრების ახალი წრე გაუჩნდა. 1994 წლის ერთ შუადღეს ლემარის სვირინგების ჯიხურში ტელეფონის ზარი გაისმა. უცნობ ახალგაზრდა ქალს ჰითერ ნელსონთან საუბარი სურდა. ლემარი გაცეცხლდა. „არ მეგულებოდა არავინ, ვისაც ჩემთან უნდა დაერეკა და ამ სახელისა და გვარის ადამიანთან ლაპარაკი ეთხოვა - მასთან კავშირი დიდი ხნის გაწყვეტილი იყო, - იხსენებს ვან დაიკი, - ზარბაზანივით ვიფეთქე. ვინ ხარ, რა გინდა-მეთქი? ვუყვიროდი. მეგონა, გამოძიების ფედერალური ბიუროდან რეკავდნენ. არც მოვუსმინე, ისე გავუთიშე“. ყურმილი დაკიდა სატელეფონო ხაზის მეორე მხარეს ახალგაზრდა ქალმაც, რომელიც ოკლენდიდან, კალიფორნიიდან რეკავდა, ტრეისი ლუისი ერქვა და ის ბავშვი იყო, რომელიც 26 წლის წინ ვან დაიკმა გასაშვილებლად სამშობიაროში დატოვა. ის, თურმე, ერთი თვის განმავლობაში ეძებდა თავის ბიოლოგიურ დედას. „მაგრამ რომ დავურეკე, ძალიან უხეშად მელაპარაკა“, - მითხრა ტრეისიმ, რომელიც ოკლენდში, ერთ აფრო-ამერიკულ უბანში მცხოვრებ ოჯახს უშვილებია და ტრეისის თავისი გამზრდელი მშობლები დღემდე ძალიან უყვარს. თუმცა, იმ ქალთან შეხვედრა, რომელმაც მას სიცოცხლე მისცა, ყოველთვის ძალიან უნდოდა. „გამხდარი წარმომედგინა, ტანზე მომდგარ პიჯაკში, - იხსენებს ლუისი, - საქმიანი ქალი, რომელიც ვინმე ბობს გაჰყვა ცოლად. წარმოდგენილი მქონდა, როგორ გამოვჩნდებოდი მის ცხოვრებაში ამდენი წლის მერე და ვეტყოდი, გამარჯობა, მე შენი პატარა შავკანიანი საიდუმლო ვარ“.
რამდენიმე დღის შემდეგ ლუისმა დედას ისევ დაურეკა და ავტომოპასუხეზე შეტყობინება დატოვა იმ სახელით, რომელიც ლემარ ვან დაიკმა მას დაბადებისას მისცა - ჩერის მიშელი.
„კინაღამ გავგიჟდი. იმდენად იმოქმედა ამ შეტყობინებამ ჩემზე, რომ ქმედების უნარი დავკარგე. მერე წინ და უკან დავრბოდი ჰოლიდან სამზარეულოში, თავში ხელებს ვიცემდი და ხმამაღლა ვყვიროდი, - ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! მერე მეგობარ ქალს დავურეკე, ჯეი სის, და ვთხოვე, - უნდა დამეხმარო, უნდა დაურეკო. გიჟივით ვიყავი. ჯეი სიმ მითხრა, - დაისხი ცოტა ჯეკ დენიელსი, ჩაწექი აბაზანაში და მალე გადმოგირეკავ“.
ჯეი სი ტრეისი ლუისს მართლაც ესაუბრა, გამოჰკითხა ყველაფერი - დაბადების თარიღი და სხვა დეტალები. ბოლოს ლემარს შეატყობინა - „ყველაფერი სწორია. ის მართლა შენი ქალიშვილია. ეგ კიდევ არაფერი, შენ უკვე ბებიაც ხარ. ჰა-ჰა!“ „მხოლოდ 30 წამს მოვახერხე თავის შეკავება“, - იხსენებს ვან დაიკი, - მერე კი ვეცი ტელეფონს და ეგრევე დავურეკე. გამარჯობა - ხმა ჩამიწყდა და ლამის ჩურჩულით მივესალმე... მერე უკვე 5-6 ღამის განმავლობაში ხუთ-ხუთი საათით ტელეფონზე ვეკიდეთ“.
რამდენიმე კვირაში ვან დაიკი ოკლენდში გაფრინდა და ქალიშვილსა და მის ოჯახს შეხვდა. ლუისის დედამ ეზოში ბარბეკიუ მოაწყო, ამ საზეიმო საღამოს ტრეისის მეგობრები და ნათესავებიც დაესწრნენ. „ყველა ძალიან აღელვებული იყო, - იხსენებს ლუისი - ხუმრობა ხომ არ იყო - მე ჩემი ნამდვილი დედა ვიპოვე! გადავწყვიტეთ - ახლა ყველამ სვირინგები უნდა გავიკეთოთ!“ მართლაც, მეორედ, როდესაც ვან დაიკი ოკლენდში ჩაფრინდა, თან თავისი ხელსაწყოებიც წაიღო: ტრეისიმ წვივზე თევზი ამოისვირინგა, მისმა მეგობრებმა კი - ვარსკვლავები და ყვავილები. „სასიამოვნო და შვებისმომგვრელი იყო იმის გაგება, თუ რა გზა ჰქონდა დედაჩემს გავლილი - ამბობს ლუისი. - ბავშვობაში ჩემი გეგმა მქონდა და სხვას არაფერს ვუყურებდი. ხო იცი, როგორც განიცდიან ხოლმე ბავშვები, თუ რამე შარში გაეხვევიან? მე კი ჩემს საკუთარ მუსიკას ვუკრავდი, საკუთარ რიტმზე მივერეკებოდი. იმას ვაკეთებდი, რაც გამეხარდებოდა“.
ლუისი უკვე 42 წლისაა, თავის ბიოლოგიურ მამას კი დღემდე ეძებს. იმედი აქვს, რომ ოდესმე მასაც იპოვის. 1994 წელს ოკლენდში ორგანიზაცია black panthers-ის 30 წლისთავის აღმნიშვნელ საიუბილეო შეკრებასაც დაესწრო, დადიოდა შეკრებილ ხალხს შორის და პატარა ბარათებს არიგებდა, რომლებზეც მისი ისტორია იყო დაბეჭდილი. იმედი ჰქონდა, რომ ვინმეს მაინც ეს ამბავი გაახსენდებოდა და ლუისს დაეხმარებოდა. მაგრამ კაცი, სახელად არნელი არავის ახსოვდა. ვინ იცის, იქნებ, ის panther-ების წევრი საერთოდაც არ იყო.
ვან დაიკის სახლი მოფენილია ტრეისი ლუისის ფოტოებით, რომელიც დედასავით მაღალია, ზოგ ფოტოზე კი ტრეისისთან ერთად მისი შვილებიც ჩანან: მონიკა, რომელიც ახლა 18 წლისაა და როისი, რომელიც 8 წლის გახდა. მონიკა რივერსაიდში კალიფორნიის უნივერსიტეტში პირველ კურსზე სწავლობს, ვან დაიკს კი ფორტეპიანოზე უდევს მისი სკოლის ბანკეტის ფოტო, რომელზეც მონიკას ლურჯი კაბა აცვია და თავის შეყვარებულთან ერთად ხელიხელჩაკიდებული დგას, ფონად კი ფოტოზე პარიზული ქუჩის დეკორაცია ჩანს. ბოლო 14 წელია, ტრეისი, პაოლა, მონიკა, როისი და ლემარ ვან დაიკი დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ და არდადეგებსაც ოჯახურად, ერთად ატარებენ.
ბრუკ ვან დაიკი 2000 წელს მსხვილი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა. ზუსტად არავინ იცის, რა ბედი ეწია სკაის. ჯუდითმა კი ყველანაირი კავშირი გაწყვიტა თავის მოხეტიალე ქალთა კლუბთან მას მერე, რაც ვან დაიკებს მაისურების გამო მოუხდათ ჩხუბი (მაისურებზე ჰითერის ნახატის ზევით, რომელზეც გამოსახული იყო ავტომატით შეიარაღებული პეტი ჰირსტი, იყო წარწერა „მკვლელი დაიკი“ და ეს მაისურები ქალთა ფესტივალებზე ერთ ხანს დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა). თორნ ვან დაიკი ისევ კრის ფოქსი გახდა. ის გზებზე გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ კანადაში დასახლდა. „ახლა ჩემი ცხოვრება ისევ ძალიან სტანდარტული გახდა, - ამბობს 58 წლის ფოქსი, - 1980 წელს დავბრუნდი შინ ხანგრძლივი მოგზაურობიდან. მაშინ 30 წლის ვხდებოდი და თითქმის ეგრევე გავაბი ურთიერთობა ერთ ქალთან, რომელიც დღემდე ჩემ გვერდით არის. მუშაობით კი ქალაქის მერიაში ვმუშაობ“. მამაკაცებთან უბრად მყოფ კრის ფოქსს ფიცის გატეხვაც მოუხდა, ახლა ის კაცებს ჩვეულებრივ ელაპარაკება, რადგან მის პარტნიორ ქალს ორი ვაჟი ჰყავს.
შარშან აპრილში, ერთ მზიან შუადღეს უკანასკნელ ვან დაიკთან შესახვედრად წავედი. გეზი სიეტლის ცენტრისკენ მქონდა. იქ, ინტერნეტ-პროვაიდერ ფირმაში ბოლო დაიკი, ხუთი წელია, მუშაობს. ეს, ალბათ, ყველაზე სტანდარტული სამსახურია, რაც კი ლემარ ვან დაიკს ოდესმე ჰქონია. სულ რამდენიმე კვირაში 61 წელი უსრულდებოდა. მან კი ახლახან მოახერხა ცხოვრებაში პირველად უხმარი ავტომობილი, შავი „ფოლცვაგენ ხოჭო“ შეეძინა. ვან დაიკს ახლა საკუთარი სახლიც აქვს, მაგრამ საკრედიტო ბარათებს კვლავაც არ ხმარობს. „არ მინდა, კაპიტალისტ ღორებს დავემსგავსო“, - ასე ამიხსნა მიზეზი.
„უაილდ როუზში“, ლესბოსელთა ბარში წავედით, ორი ფეხის ნაბიჯში იმ ადგილამდე, სადაც წინათ ლემარის სვირინგების ჯიხური იყო. ბარში 15-იოდე ქალი იჯდა, რამდენიმე ბავშვი კი მაგიდებს შორის დარბოდა. ერთი მოკლეთმიანი ქალი მოგვიახლოვდა, მიწებებული წამწამებით, ვან დაიკს სთხოვა, მისი შვილიშვილების ფოტოები დაეთვალიერებინა; თურმე, რამდენიმე თვის წინ ვან დაიკი ამ ქალთან პაემანზე ყოფილა. ახლა კი გაუნძრევლად და ურეაქციოდ იჯდა. ქალიც იძულებული გახდა, გაგვცლოდა. „მე ცოლი კი არ მინდა. ისეთი ვიღაც მჭირდება, ვისთან ერთადაც აქეთ-იქით ვირბენ... აი, როგორც ბეტმენი და რობინი არიან, გესმის?“ - მითხრა მერე.
ვან დაიკს ახლა მუშაობა რვა მამაკაცთან ერთად უწევს და ელაპარაკება კიდეც მათ. ლაპარაკობს მენოპაუზაზე, შვილიშვილებზე, საკუთარ ბაღზე. მაგრამ მაინც ეტყობა, რომ არ შეცვლილა და ისევ ისეთი ზორბა და ველური ქალია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პარტნიორებად სხვადასხვა სქესის უამრავ ადამიანს ირჩევდა, მას საკუთარი თავგადასავლისთვის მაინც არასდროს უღალატია. 60 წელს მიტანებული ქალი, რომელიც რაც თავი ახსოვს, სულ იმას აკეთებს, რაც მის გულს გაეხარდება, ძნელი საპოვნია. რთულია, ასეთს წააწყდე თუნდაც ფილმებში, წიგნებში, ანდა ცხოვრებაში.
„შენ თაობას უნდა, რომ დროს მოერგოს, - გამიმეორა მეორედ, - წარმოგიდგენია? ჰომოსექსუალები სამხედრო სამსახურში მიდიან და ოჯახებს ქმნიან; სულ ესაა, რაც აზრად მოგივიდათ?“ მის ხმაში ზიზღი სულაც არ იგრძნობოდა, ეს უფრო სხვა რამ იყო - შვილის შესაძლებლობებში დაეჭვებული დედის იმედგაცრუება. „ჩვენ ერთ ადგილზე არასდროს ვჩერდებოდით, არც ტელეფონებს ვეჯაჭვებოდით, არც კომპიუტერებს, არც ტელევიზორებს, საერთოდ არანაირ ეკრანებს, - მითხრა მან, - ჩვენ მონიტორიდან კი არ ველოდით სიგნალს მოქმედების დასაწყებად, პირდაპირ საქმეზე გადავდიოდით და იმას ვაკეთებდით, რაც თავად გვსურდა“.
![]() |
25 არტი და პოლიტიკა |
▲back to top |
დისკუსია
ავტორი: თეო ხატიაშვილი
მონაწილეები:
დათო ალექსიძე
მხატვარი
ლადო ბურდული
მუსიკოსი
ვახო ბაბუნაშვილი
მუსიკოსი
ზურა ჯიშკარიანი
არტისტი
გერმანელი თეორეტიკოსი ვალტერ ბენიამინი ამბობდა, რომ ღმერთისადმი სკეფსისით აღბეჭდილ თანამედროვე კულტურაში რელიგიის ადგილი პოლიტიკამ დაიკავა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ტოტალიტარულ რეჟიმებში, რომლის მემკვიდრეობა საქართველოშიც სხვადასხვა - მათ შორის ხელოვანიხელისუფალის ალიანსის სახით ჩნდება. სიმპტომურია, რომ პოლიტიზირებულ საუკუნეში ხშირად მსჯელობენ არა მხოლოდ ხელოვანის ნამუშევრის ესთეტიკურ-მხატვრულ მხარეზე, არამედ პოლიტიკურ კონტექსტსა და თვით ამ ხელოვანის პოლიტიკურ ნაბიჯებზე.
თეო ხატიაშვილი: ველასკესი არავის დაუდანაშაულებია იმაში, რომ ის „კარის მხატვარი“ იყო. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება პოლიტიკური კონტექსტი განსჯის თემა თანამედროვე ხელოვანის შემოქმედების შეფასებისას?
დათო ალექსიძე
დათო ალექსიძე: განსჯის თემა კი არ არის, ბრალდების ფორმა მიიღო, რადგან ერთგვარი ანგაჟირების საშუალებაა. როდესაც „კარის მხატვრად“ მოიხსენიები, ფინანსურადაც უზრუნველყოფილი ხარ და სოციალური პრივილეგიებიც გაქვს. ველასკესი უკვე ძალიან შორსაა ჩვენგან, არ გვეხება, ამიტომ მტკივნეულიც არ არის. მაგრამ აი, შენ გვერდით რომ ვიღაც ამ პრივილეგიებით სარგებლობს, ეს უკვე განსჯის თემა ხდება. აქ წმინდა ადამიანური შურის მომენტია.
თეო ხატიაშვილი: მე მაინც მგონია, რომ მაშინ ეს დისკურსიც არ არსებობდა; პირიქით, საზოგადოებაში ხელოვანის დაფასების, მის მიმართ პატივისცემის საფუძველიც იყო.
დათო ალექსიძე: შეიძლება ველასკესს ამაში ვიღაც სდებდა კიდეც ბრალს, უბრალოდ ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. მხატვრებს შორის შუღლი ჩვეულებრივი ამბავია. გავიხსენოთ თუნდაც კარავაჯოსა თუ ბენვენუტო ჩელინის წერილები ან მიქელანჯელოსა და ლეონარდოს შორის დაპირისპირება...
თეო ხატიაშვილი: კი, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ თქვით, ეს ჩვეულებრივი ადამიანური თვისებაა, მაგრამ სწორედ XX საუკუნე, რომელიც გრძელდება XXI-ში, არის ყველაზე მეტად იდეოლოგიების ბრძოლისა და გავლენების ეპოქა. ხშირად პირიქითაც არის - ხელოვანის პოლიტიკასთან კავშირი გასაკიცხი კი არა, დაფასებული ხდება - მაგალითად, ანტივიეტნამური ან ანტიერაყული კამპანიის აქტივისტები. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის საქართველოში პოლიტიკურად აქტიური ხელოვანი ან საერთოდ რამდენად უნდა იყოს ასეთი?
ვახო ბაბუნაშვილი: ეს, მე მგონი, ადამიანის, და არა მარტო ხელოვანის ინდივიდუალურად გადასაწყვეტია, აქტიურად ჩაებას თუ არა პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ლადო ბურდული
ლადო ბურდული: თქვენ ცოტა შორიდან დაიწყეთ, მე კი ერთს ვიტყვი: კომუნისტების პერიოდში ძალიან დიდი დაფასება ჰქონდა ხელოვნებას, მაგრამ, ამ დაფასების სანაცვლოდ, პარტიაზე უნდა გემღერა. ეს ყველაფერი იყო საქართველოში. ვითომ რაღაც შეიცვალა, ვითომ კაპიტალიზმში ვართ, ვითომ ბურჟაზია ჩნდება, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი ძველებურად რჩება. 3-მილიონიან ქვეყანაში პროფესიონალი მხოლოდ საკუთარი მცდელობით ვერ შეძლებს, თავი ირჩინოს, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ არსებობს აუდიტორია. აქედან გამომდინარე, იძულებითი არჩევანია, პოლიტიკაში მივიდეს, რადგან ფული პოლიტიკას აქვს და შოუ-ბიზნესიც დღეს პოლიტიკაა და არა ხელოვნება. სამწუხარო ფაქტია - და ამას თითქმის ყოველდღიურად დისკუსია ვეჯახები - რომ ყველაფრის არჩევა ისევ პოლიტიკური ნიშნით ხდება; თუ ადრე კომუნისტი იყავი და მღეროდი რაღაცაზე, კაი ტიპი იყავი, და თუ შენი იდეები გქონდა და თავისუფალი ხელოვანი იყავი, ეგრევე ნონ გრატა ხდებოდი. შეიძლება ბევრი შემეკამათოს, მაგრამ პირადად მე რასაც ვაწყდები, ვხვდები, რომ ისევ კომუნისტური პერიოდია, უბრალოდ ამათ ნაციონალები ჰქვიათ. ამდენი დრო გავიდა და ვერ გავიგე, რა პრინციპით განსხვავდება ნიჭიერი და უნიჭო, ეს ინფრასტრუქტურა როგორ მუშაობს? საქართველოში კი არა, დანიაში ვერ მუშაობს შოუ-ბიზნესი; ვან დამმა თქვა, - ბელგიაში რომ დავრჩენილიყავი, ჩემგან არაფერი გამოვიდოდაო და იგივე თქვა შვარცნეგერმა, - ავსტრიაში ვერაფერს გავაწყობდიო; იმიტომ რომ შოუ-ბიზნესს სჭირდება დიდი აუდიტორია. ადრე ეს რაოდენობა საქართველოსთვის იყო რუსეთი, აქ, სადაც ყველა ყველას იცნობს, ფულის კეთება ძალიან ძნელია. ჩემს მაგალითზე მივხვდი, რომ ურჩევნიათ, ჩემთან მოვიდნენ და იქ მოისმინონ ჩემი სიმღერები, ვიდრე კონცერტზე ფული გადაიხადონ. როგორც ვხედავ, საქართველოში სულ ასე იქნება. ის, რომ ასფალტს გვიგებენ და სინათლე არის, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბედნიერად ვიგრძნო თავი.
თეო ხატიაშვილი: ხელოვანიც გარკვეულწილად იმისთვის არსებობს, რომ მუდმივად გამოხატავდეს ამ უკმაყოფილებას.
დათო ალექსიძე: ხელოვანი პოლიტიკურად აქტიური ვერასოდეს იქნება. უბრალოდ არის ისეთი პერიოდები, როცა სხვადასხვა სახის ხელოვნება შეიძლება საჭირო გახდეს სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ხელოვანი ყოველთვის დამოკიდებულია ბაზარზე. საქართველოში ვერც მწერალი და ვერც მუსიკოსი ვერ შეინახავს თავს მხოლოდ გაყიდვებით.
ლადო ბურდული: კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი საქართველოში - თუ ხელოვანი, ვთქვათ, სააკაშვილს აძლევს ხმას, ამას იდეურად არ აკეთებს. მაგალითად, თუ ჯექსონი ბუშს უჭერდა მხარს, მართლა მოსწონდა და, ამის გამო, ფულის გადმორიცხვას არ ელოდებოდა...
ზურა ჯიშკარიანი
ვახო ბაბუნაშვილი: მუსიკოსი ხარ, დურგალი ხარ, ჟურნალისტი ხარ - რა მნიშვნელობა აქვს ამას; მოქალაქე ხარ და როდესაც საარჩევნო ყუთში აგდებ შენ ხმას, იქ მთავრდება შენი პოლიტიკაში მონაწილეობა. მე მგონი, ისევ ველასკესს ვუბრუნდებით. მაშინაც და დღესაც ხელოვანი ეძებს ბაზარს. საბოლოოდ ან გაყიდის, ან ვერა - ყოველთვის ასე იყო. ხელოვნებას ვიღაც თავისი მიზნებისთვის იყენებს. დათომ სწორად თქვა, მე ველასკესის პოზიცია არ მაღიზიანებს, იმიტომ, რომ მაინტერესებს მხოლოდ მისი დანატოვარი მხატვრობაში. დღეს მე ტომ იორკის პოზიცია უფრო მაღელვებს იმიტომ, რომ ჩემხელაა, ჩემთან ერთად ცხოვრობს ამ პლანეტაზე; თუმცა პირველ რიგში მაინც მისი მუსიკა მაინტერესებს.
თეო ხატიაშვილი: შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვა „იდეოლოგიები“ და ლადომაც თქვა, რომ, ხშირად მხარდაჭერა იდეების მხარდაჭერას არ ნიშნავს. როცა პოლიტიკურ აქტიურობაზე გკითხეთ, მხედველობაში მქონდა არა ის ახდენს თუ არა ხელოვანი იდენტიფიცირებას ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან, არამედ რამდენად ვლინდება პოლიტიკური პოზიცია და მსოფლმხედველობრივი პრინციპები ნამუშევარში და ხელოვანის საქმიანობაში.
დათო ალექსიძე: ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ჩვენ რატომღაც გამოვდივართ ისევ საბჭოური მიდგომიდან, რადგან ეს საბჭოური მენტალიტეტი ძალიან ღრმად ზის ჩვენში. რუსთაველმა თქვა, - „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების“. თუ პოლიტიკის გარდა, თავში არაფერი მიტრიალებს, რა თქმა უნდა, ჩემი ნამუშევარი პოლიტიკური შინაარსის იქნება.
თეო ხატიაშვილი: პოლიტიკურ კონტექსტში ნებისმიერი ტექსტი შეიძლება წავიკითხოთ.
დათო ალექსიძე: ანტიპოლიტიკური პოზაც პოზაა და პოლიტიკური პოზიციაა. ამიტომ კითხვა - უნდა იყოს თუ არა? - არასწორია, ეს თვითონ ხელოვანმა უნდა გადაწყვიტოს ან შეიძლება არც გადაწყვიტოს და უბრალოდ რაღაც გარემოებებმა შექმნას ისეთი ნამუშევარი, რომელიც პოლიტიკურ რეალიებთან იქნება კავშირში, თუ მას ეს აწუხებს; თუ მას ეს არ აწუხებს, შეიძლება ვიღაცამ მაინც გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის.
თეო ხატიაშვილი: ეს კი ხშირად მაშინ ხდება, როდესაც ხელოვანი პოლიტიკურად ინდიფერენტულია.
დათო ალექსიძე: ანდერგრაუნდს გულისხმობ?
თეო ხატიაშვილი: არა, ანდერგრაუნდი სწორედაც რომ პოლიტიკური განაცხადია. საბჭოთა მემკვიდრეობა ახსენე და პოლიტიკისგან დისტანცირებაც ამის ინერცია მგონია; ხელოვანებისგან ხშირად მესმის, მე პოლიტიკისგან შორს ვარ, ეგ ბინძური სფეროა, მე ჩემს საქმეს - დიდ ხელოვნებას ვემსახურები... საბჭოთა კავშირში ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი იყო, ნონკონფორმიზმის გამოხატულება, რითიც შენთვის მიუღებელ, ერთადერთ იდეოლოგიას ემიჯნებოდი.
ლადო ბურდული: პოლიტიკამ უნდა შექმნას თავისუფალი სივრცე და არ უნდა აიძულოს შემოქმედი, პოლიტიზირებული გახდეს. მე მგონია, ბიძგები უფრო პოლიტიკოსებისგან მოდის, არტისტები რომ ჩაითრიონ პოლიტიკაში და თავისიანად აქციონ, ვიდრე შეუქმნან სივრცე, სადაც არტისტი თავისუფლად იმუშავებს. აქ თითქმის გმირობის ტოლფასია, დარჩე თავისუფალი. ჩვენთან ასეთი ალტერნატივაა - თუ სააკაშვილი არ მოგწონს, მაშინ ოპოზიციას უნდა შეუერთდე. მე არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე. მინდა, მქონდეს ჩემი სამოძრაო სივრცე და ჩემმა მთავრობამ, რომელსაც ვირჩევ, შემიქმნას პირობები, სადაც შევძლებ ჩემი ხელოვნების რეალიზაციას და მერე უკვე ხალხი გადაწყვეტს, ეს კარგია თუ არა.
დათო ალექსიძე: შენ ამბობ, რომ თავისუფალი ხარ. მაგალითად, რომელიმე პარტია გიკვეთავს, ვთქვათ, კონცერტის მოწყობას და ამის სანაცვლოდ არაფერს გთხოვს. თანახმა იქნები თუ არა? ამითი პოლიტიკაში ერთვები? შენ ხომ შენს საქმეს აკეთებ უბრალოდ.
ლადო ბურდული: მთავრობას ჩემთვის არასდროს დაუკვეთავს და ვერაფერს გეტყვი ამაზე, ალბათ, ვახო უფრო გიპასუხებდა...
ვახო ბაბუნაშვილი: არა, რატომ? შენც გაგიკეთებია ჟვანიასთვის... მე მგონი, ამ შემთხვევაში გულწრფელობაა მთავარი.
ლადო ბურდული: ერთადერთხელ გავაკეთე ჟვანიას მხარდასაჭერი აქცია, როდესაც ის გადადგა თანამდებობიდან. ეს იყო ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, ეს სულ სხვა რამეა, აქ პოლიტიკა არ არის.
თეო ხატიაშვილი: როგორ არ არის. სწორედ ეგ თქვა ვახომ. მთავარია, რამდენად გულწრფელად, შენი პრინციპების შესაბამისად აკეთებ ამას.
ვახო ბაბუნაშვილი: მაგალითად, ბობ დილანი გამოვიდა და კლინტონს დაუჭირა მხარი - მერე რა? თუ მე ვარ რესპუბლიკელი, იმ შემთხვევაში შეიძლება გამაღიზიანოს ბობ დილანის დემოკრატებთან დგომამ. თუ ხელოვანი ხარ, შენი ხელოვნებით გამოთქვამ სათქმელს და თუ გულწრფელი ხარ შენს პოლიტიკურ არჩევანში, ესეც ჩანს. თუ არ ხარ გულწრფელი - დღეს ერთთან ხარ, ხვალ მეორესთან, წმინდა მერკანტილური მოსაზრებით, იმიტომ, რომ კარგად იცხოვრო. მე ამაში ვხედავ პრობლემას. მნიშვნელობა არა აქვს პროფესიას.
ვახო ბაბუნაშვილი
ზურა ჯიშკარიანი: სახელმწიფოს როლი უნდა შემოიფარგლებოდეს მოქალაქის დაცვით და იმ ბაზის შექმნით, რომლის საფუძველზეც, ხელოვანს საშუალება ექნება, დამოუკიდებლად იარსებოს და არ დასჭირდეს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. სახელმწიფო რა არის? - ეს არის რაღაც დიდი ორგანიზაცია, რომლის სამართავადაც საუკუნეების წინ შეიქმნა პოლიტიკა. დღემდე ის რჩება პატრიარქალურ, მამრების მიერ შექმნილ ორგანიზაციად, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს ონტოლოგიური სიწყნარე - ანუ ყოველდღე სოციალური სტრუქტურები უნდა მოქმედებდეს და ჩვენ უნდა შეგვექმნას ილუზია, რომ ყველაფერი წყნარად და ნორმალურად არის. ხელოვნება ჩემთვის არის სამყაროს პირადი კვლევა და ხელოვანი თავისდაუნებურად პოლიტიკური ხდება მაშინ, როცა ეწინააღმდეგება ამ ონტოლოგიურ სიწყნარეს ანუ სისტემის ყოველდღიურ კვლავწარმოებას. სახელმწიფოს, როგორც ორგანიზაციას, მუდმივად სჭირდება PR, ამისთვის ის ეძებს კრეატიულ რეკლამას. ჩვენ შემთხვევაში, სახელმწიფო და პოლიტიკა იმდენად მძლავრია, რომ ყოველთვის ცდილობს პოპულარული სახეების მოზიდვას და ამით რეკლამირებას - აი, ხედავთ, ყველა ჩვენთანაა, ე.ი. ჩვენ რაღაც კარგსა და საინტერესოს ვაკეთებთ. რამდენადაც სახელმწიფოს როლს ვზრდით ჩვენს ცხოვრებაში, იმდენად სჭირდება სახელმწიფოს ეს რეკლამა, ეს სახეები და ეს სიმღერები. აბსურდულია, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს სურთ კონცერტის გაკეთება და იმის გამო, რომ ფული იშოვონ, აუცილებლად რომელიმე საარჩევნო ნომერს უნდა დაუჭირონ მხარი.
ვახო ბაბუნაშვილი: მე ვერ ვხედავ საქართველოში მაგის აუცილებლობას და ეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, იმიტომ, რომ დიდი ხანია, ამ ბიზნესში ვარ და ბევრ ახალგაზრდასაც ვიცნობ, რომელიც კონცერტის მოსაწყობად პოლიტიკურ პარტიებს არ მიმართავს. ისიც არ მესმის, რა უნდა შეგიქმნას ხელისუფლებამ, რომ შენ შენი პროდუქტი გაყიდო?
ლადო ბურდული: უნდა შექმნას თავისუფალი სივრცე: არანაირად არ მუშაობს კლუბები, ვერ შეიქმნა პირობები საშუალო ბიზნესისთვის და ა.შ... ან მაგალითად, კულტურის სამინისტროში შემაქვს პროექტი, არ გადის. რატომ? როგორ შეიძლება ყოველთვის გადიოდეს მხოლოდ მათთან დაახლოებული პირების პროექტი და ჩემი არასდროს? იცვლებიან მინისტრები და არ იცვლება მათი დამოკიდებულება.
დათო ალექსიძე: თითქმის თვითონვე გაეცი პასუხი კითხვას - ეს დამოკიდებულია იმ ადამიანების ინტელექტზე და გემოვნებაზე, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.
თეო ხატიაშვილი: ვარდების რევოლუციის შემდეგ ხშირად ამბობენ, რომ ე.წ. წითელ ინტელიგენციას ახალი არტ-ელიტა ჩაენაცვლა, რომელიც ხელისუფლება ახალისებს; ზოგჯერ შეიძლება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდეს, მაგრამ გარანტირებული აქვს გრანტები, რომლითაც მოაწყობს ფესტივალს, გამოფენებს. ფესტივალები თავისთავად კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ჯგუფის პრეროგატივა, კონკურენცია უნდა არსებობდეს.
დათო ალექსიძე: რა კონკურენციაზეა საუბარი, როდესაც ერთი ჯგუფი აწყობს გამოფენას ან კონცერტს და ის იწვევს მათ, ვისი მოწვევაც უნდა. ამის გამო, ვერანაირად ვერ ვიქნები ნაწყენი. ვიღაც შეიძლება ნანტში წავიდეს გამოფენაზე, მე, მაგალითად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოწყობილ Open Up-ზე მარტივად შემომთავაზეს, - მოიტანე ნამუშევრებიო. აქ არანაირი პოლიტიკა არ ყოფილა.
თეო ხატიაშვილი: პოლიტიკა ხომ არ არის რაღაც ხისტი გამოსახულება, რომელიც პირდაპირ მოქმედებაში ვლინდება. გავიხსენოთ, როდის ჩატარდა ეს გამოფენა-აქცია, როდესაც ქალაქის ცენტრში საკნების მინი-ქალაქი მოეწყო, რის გამოც, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ყურადღების სხვაგან გადატანის მცდელობა. თავისთავად არც ამაში ვხედავ რაიმე საგანგაშოს, პირიქით, რაც მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ ამ ერთგვარი „პრეისტორიული ორდის“ მენტალიტეტიდან გამოვიდეთ და „გავხსნათ ტვინები“, მით უკეთესი; შესაძლოა, ამისთვის უა მრავი იდეა მქონდეს, მაგრამ რამდენად შემიძლია მე დღეს ამ ქვეყანაში მათი რეალიზება, ამაზეა ლაპარაკი.
ვახო ბაბუნაშვილი: ერთია იდეის ქონა, მეორე მათი განხორციელება და მერე მათი გაყიდვა. იდეის შეთავაზება და გაყიდვა ვიღაცას კარგად გამოსდის, ვიღაცას ვერა.
ზურა ჯიშკარიანი: ჰოლანდიაში რამდენიმე ტიპმა, დააარსა საზოგადოება „ტრანს არტისტს“. იშოვეს სხვადასხვა დამოუკიდებელი ფონდებიდან პატარ-პატარა თანხები, სახელმწიფომაც დააფინანსა და მუშაობენ. შენ შეგიძლია იქ იცხოვრო, ვთქვათ, ერთი წელი, შენი პროექტი განახორციელო, ამაში ფულს გიხდიან. სახელმწიფომ ეს ფული მისცა უანგაროდ, არა იმიტომ, რომ მხარი დაუჭირონ, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება, ჰქონდეს თანამედროვე ხელოვნება.
დათო ალექსიძე: და ეგ პოლიტიკა არ არის? სახელმწიფოს სჭირდება ჯეფ კუნსი და მსგავსი ხელოვნება.
ზურა ჯიშკარიანი: ჰო, მაგრამ ფულის მიცემა იქ არ არის იდეოლოგიური დავალება. თუ ადრე საქართველოში იყო კომუნისტური იდეოლოგია, ახლა პატრიოტულია.
ვახო ბაბუნაშვილი: აქ მე ფინანსურ ინტერესს უფრო ვხედავ. როცა ბრიტანეთმა დაინახა, რომ „ბითლზმა“ არა მხოლოდ თავისი მუსიკით შემოიტანა დიდი ფული ბიუჯეტში, არამედ გაიყიდა უამრავი ველვეტი, „შუზები“, რადგან მათ ეცვათ და ა.შ. სახელმწიფომ დაინახა, რომ ამით ფული კეთდება. მაგალითად, მანჩესტერში ჰქონდათ ასეთი პროგრამა: მიდიოდი მუნიციპალიტეტში, აკეთებდი განაცხადს, რომ ხარ მუსიკოსი. ისინი გაძლევდნენ საცხოვრებელს და ფულს მინიმალური არსებობისთვის, რომ ყოფით პრობლემებზე დრო არ დაგეკარგა; ოღონდ იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაატარებდი კონცერტს, იმღერებდი კლუბებში, ჩაწერდი ალბომს.
თეო ხატიაშვილი: ეს მაგალითი საპირისპირო არგუმენტაციისთვის უფრო გამოდგება, რომ საქართველოში საამისო ინფრასტრუქტურა არ იქმნება. დასავლეთში იმიტომ დებს სახელმწიფო ფულს, რომ მიხვდა - დღეს კულტურა ყველაზე კარგად იყიდება. ამაში, რასაკვირველია, არის იდეოლოგია, ოღონდ სულ სხვა მიმართულებით, ვიდრე ეს საქართველოშია. საქართველოში მიიღებს სრულიად უცნობი ახალგაზრდა ხელოვანი ასე უბრალოდ ფულს? ვაღიაროთ, რომ არსებობს ხელოვანთა ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მიბმულია ხელისუფლებასთან. რითი დაიმსახურეს ეს?
ვახო ბაბუნაშვილი: კონფორმიზმით. როცა შეგიძლია შენი თავის, შენი რწმენის საწინააღმდეგოდ აკეთო...
დათო ალექსიძე: კიდევ ერთი ფაქტორი - რატომ ხდება ხელოვნება ოფიციოზისთვის მისაღები: ხელოვნება მაინც რაღაც კლანურ ხასიათს ატარებს საქართველოში; ვინც ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთის ხელოვნება მათთვის მისაღებია და, თუ ისინი იტყვიან, რომ კარგია, მერე ითვლება, რომ კარგი ხელოვანია, რაც ალბათ მარტო საქართველოს პრობლემა არ არის.
ზურა ჯიშკარიანი: ასეთი ჯგუფები მართლაც ყველგან არიან, მაგრამ განსხვავება ჩვენსა და დასავლეთს შორის ისაა, რომ ისინი დამოუკიდებელი არტისტების არსებობას ხელს არ უშლიან, აქ კი ეს ჯგუფი იმპერატიულად წყვეტს, რა არის კარგი და რა ცუდი.
დათო ალექსიძე: არა, მაგას არა, არამედ რაში ჩავდებ ფულს და რაში არა. საქართველოში იმდენად მცირე არეალია, რომ ერთის წინსვლა ყოველთვის მეორეს უკუსვლას იწვევს. იყო ასეთი მხატვარი კაროვინი, რომელსაც ყველა ლანძღავდა, მასზე არც ერთი დადებითი რეცენზია არ დაწერილა, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს კაცი აფორმებდა სპექტაკლებს, ყიდდა ნამუშევრებს, დამოუკიდებელი თეატრები იწვევდნენ და ცხოვრობდა მშვენივრად. ჩვენთან არ არის ბაზარი.
თეო ხატიაშვილი: მარტო ბაზარსაც ნუ დავაბრალებთ, სურვილიც არ არის და არა მარტო ხელისუფლების მხრიდან, ხელოვანის მხრიდანაც, რომ თუნდაც ეს ხელისუფლება, ან, უფრო მეტიც, საზოგადოება გააღიზიანოს, „უკბინოს“.
დათო ალექსიძე: მე არ „ვიკბინები“, როგორც ხელოვანი... მაპატიეთ, ჩემს თავზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ნახატები მეც შემომიტრიალეს, - გაიტანე დარბაზიდან, ოჯახთან ერთად ვერ შემოვსულვართ, გვრცხვენიაო. გენიტალიების ასეთი ფორმით დახატვა აღმოჩნდა სრულიად მოულოდნელი და მიუღებელი საზოგადოებისთვის. თუმცა ამაში არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა, ვაკეთებდი სრულიად ბუნებრივად, მაგრამ სოციუმმა აღიქვა, როგორც სილის გაწვნა.
ვახო ბაბუნაშვილი: მცდელობები ყოველთვის არის, მაგალითად, რაღაცის შეცვლის ამბიცია გვქონდა, როცა დავაარსეთ ჟურნალი „ოზონი“, ვაწყობდით პატარა კონცერტებს. ეს ამბიცია ჰქონდა ლადოსაც, ირაკლი ჩარკვიანს. სიმღერისთვის „შენ აფრენ“ ირაკლის ყველა დედას აგინებდა, დღეს რომ იკითხო, გეტყვიან, რომ მისი ძეგლი უნდა დაიდგას.
ლადო ბურდული: როცა ანდერგრაუნდის მშენებლობას ვიწყებდით 80-იან წლებშში ქიშო, დადა, მე და სხვები, მაშინაც იყო პრობლემა, როგორ გაგვეტანა და გაგვეყიდა, იმიტომ, რომ ძალიან სკანდალური იყო ჩვენი მუსიკა იმ დროისთვის. ირაკლი ჩარკვიანი აღმოჩნდა კარგი მთარგმნელი, რომელმაც ამ სკანდალებს შორის გაიარა და ამ ხალხს რაც უნდოდა, ის მიაწოდა. რატომ წავიდა საქართველოდან ქიშო, დადა? რატომ მოიკლა ჯოზეფამ თავი? მთელი ამ ჯგუფიდან მარტო მე დავრჩი. ასე მარტივად და ლამაზად არ მომხდარა, შორიდან როგორც ჩანს. ჩვენი მუსიკა ძალიან ხისტი იყო თავის დროზე. მერე სხვებმა გაამსუბუქეს, გაასუფთავეს, რაღაცას მოარგეს. პრობლემა რაც მაშინ იყო, ისევ დარჩა, რომ ეს ქვეყანა გამხდარიყო უფრო ცივილიზებული, უფრო ლოიალური თანამედროვე ხელოვნებისადმი. ქვეყანა აკეთებს ისევ იმას, რასაც აკეთებდნენ კომუნისტები - ფოლკლორის, ხანჯლების, ღომის, საცივის... ამ სუვენირების გაყიდვას; ქვეყანას ეშინია თავისი თანამედროვე ხელოვნების, ამ ხალხის და ცდილობს, მაქსიმალურად არ გამოჩნდნენ ისინი, რადგან რაღაც დონეზე ამან პროტესტი, სხვა იმპულსები არ გამოიწვიოს. ამიტომ ურჩევნიათ პრიალა, გაქლიბული ურთიერთობები. შემოქმედებას ეს ღუპავს. ახალგაზრდობა დღეს ხედავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც სიტუაციას მოერგო; ყველამ ჩაიგდო „საკაიფო“ თანამდებობები, „საკაიფო“ გრანტები, „საკაიფო პონტები“... ის, ვინც ცდილობს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, შექმნას რაღაც, რაც თუნდაც მიუღებელია, ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია, ჩემი ჩათვლით. ასეთი კიდევ კოტე ყუბანეიშვილი ვიცი... დანარჩენი ან მოკვდა, ან წავიდა. ანუ ქვეყანა კი არ ცდილობს, ხელი შეუწყოს ასეთ ტიპებს, აქციოს რაღაც ძალად, რომ ამან მერე კულტურაში ნაღდი პროცესები გამოიწვიოს, არამედ არჩევს ქლესა ტიპებს და შენ უკვე ძალა აღარ გყოფნის, ამ ყველაფერს გაუთავებლად შეეწინააღმდეგო. მე ვერ ვხედავ, რომ სისტემა, რაც კომუნისტებმა შექმნეს, შეიცვალა. დღეს კულტურას იყენებენ...
თეო ხატიაშვილი: მაშინაც იყენებდნენ.
ლადო ბურდული: მაშინ კომუნისტები პრომოუშენს მაინც უკეთებდნენ: თუნდაც მწერალთა კავშირები, კომპოზიტორთა სახლები. საქართველოში მწერალი სად არის, ეგ კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ვიღაცები ხომ დღესაც ჩხუბობენ, - მწერალთა სახლი დაგვიბრუნეთო. ხელისუფლებაში არ არიან ნაღდი ტიპები და ამიტომ ვერ ხედავენ ნაღდს კულტურაშიც; როცა არ გაგივლია რაღაც გზა და პირდაპირ გენერალი გახდი, ვერასდროს დაინახავ, რა ხდება ქვევით.
ვახო ბაბუნაშვილი: ცოტა ვერ ვხვდები, რაზეა დისკუსია და რაზე ვწუწუნებთ - ფული გვინდა ბევრი? პირობები გვინდა?
დათო ალექსიძე: პირობები გვინდა, რომ ვიმუშაოთ.
ვახო ბაბუნაშვილი: და ვინ უნდა შექმნას, ხელისუფლებამ?
ზურა ჯიშკარიანი: ხელისუფლება, ამ მხრივ, არაფერ შუაშია. ის თუ საერთოდ არ ჩაერევა კულტურულ პროცესებში, უკეთესია. ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა იმაშიც გამოიხატება, რომ არ შეუშალოს დამოუკიდებელ არტისტებს ხელი.
დათო ალექსიძე: ჩემს თავს შეიძლება ვუწოდო „ინდმეწარმე“. 43 წლის ვარ და არასდროს არავისთვის მიმიმართავს დასაფინანსებლად, იმიტომ, რომ ვიცოდი, ამას მოჰყვებოდა გარიგებები. ერთადერთხელ მომინდა გამეკეთებინა ნამუშევარი, ქანდაკება, რომელსაც ჩემი სახსრებით ვერ გავაკეთებდი, ფული სჭირდებოდა. მერე ამ იდეამ მიიღო გრაფიკული სახე, მაგრამ ფული რომც მეშოვა და ქანდაკება გამეკეთებინა, ისიც არ ვიცი, სად უნდა წამეღო - სახლში ვერ დავდგამდი, მოთხოვნილება კი არ არის.
თეო ხატიაშვილი: თბილისის ცენტრში დგას ალბათ ყველაზე უფრო ოდიოზური ქანდაკება, რომელიც გაკეთდა არა რამდენიმე საუკუნის წინ, არამედ რამდენიმე წლის წინ. ვთქვით, ხელისუფლება არაფერ შუაში არ არისო - არ არის ეს სახელმწიფო პოლიტიკა? არ არის ის ვალდებული, წაახალისოს თანამედროვე ხელოვნება, ამ შემთხვევაში ქანდაკება და არა არქაული, ფსევდომონუმენტური ფორმები? სად წარმოგიდგენიათ დაიდგას დღეს წმინდა გიორგის მონუმენტი ასეთი სახით, რუსეთის გარდა?
ზურა ჯიშკარიანი: წეღან ვსაუბრობდით იმ ჯგუფის ინტელექტზე და გემოვნებაზე, რომელიც არჩევს, რა შეიძლება იყოს საინტერესო - პრობლემა სწორედ ეს არის. არის ასეთი მხატვარი ლადო ონიანი, რომელსაც უნდოდა შენობის თავზე დაეყენებინა მცველები. მერიაში რომ მიიტანა ეს პროექტი, უამრავი პრობლემა აღმოჩნდა, მათ შორის ის, რომ არ არსებობს საავტორო უფლებების კარგად გამართული მექანიზმი და ეს ქანდაკებები ნებისმიერს შეეძლო მოეპარა; მეორე ის, რომ მერია ვერ მიხვდა, რამდენად მომგებიანი იქნებოდა ის ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის...
თეო ხატიაშვილი: ჰო, იმიტომ, რომ არ ჯდება რელიგიურ, პატრიოტულ და ა.შ. კონტექსტში, რაშიც ჯდება იგივე წმინდა გიორგის ქანდაკება.
ზურა ჯიშკარიანი: არ ჯდება სახელმწიფოს რეკლამაში, ამიტომ ის აღმოჩნდა უსარგებლო.
თეო ხატიაშვილი: სამაგიეროდ ამ რეკლამას კარგად პასუხობდა მუსიკალური კლიპი - არ ვიცი, ზუსტად რა ერქვა, მგონი, - „ფსოუს წყალი“, რომელზეც დიდი თანხა დაიხარჯა. დაუფარავი მილიტარისტული რიტორიკის კლიპი სახელმწიფო პოლიტიკის ორმაგ სახეს აჩვენებდა, რომელიც, ერთი მხრივ, გაიძახოდა, რომ მშვიდობიანი კურსი აქვს არჩეული და, მეორე მხრივ, იარაღის ჟღარუნი ისმოდა; მით უმეტეს, რომ ეს არ იყო ერთი, გამონაკლისი შემთხვევა - თითქმის პარალელურად კეთდება ისევ სახელმწიფოს დაკვეთით და ასეთივე რიტორიკის სარეკლამო რგოლი - „წამო რეზერვში“. ვახო, პირადად თქვენ მოგმართავთ, რადგან კონკრეტულ მოვლენებზე საპასუხო აქციების თუ კონცერტების ჩატარების გამოცდილება გაქვთ, როდესაც ამ კლიპების გაუთავებელ ტრიალს უყურებდით, არ გაგიჩნდათ, ვთქვათ, ანტიმილიტარისტული აქციის მოწყობის სურვილი?
ვახო ბაბუნაშვილი: როცა ეს კლიპი ვნახე, ჩავთვალე უნიჭო, არასწორი მესიჯის გადმოტანის ფორმად, რომლის არც მხატვრული გადაწყვეტა, არც იდეური ჩანაფიქრი არ მომწონდა. თქვენ რას ითხოვთ, რომ ყოველი ასეთი ცალკეული შემთხვევის გამო აქცია მოვაწყო?
ზურა ჯიშკარიანი: ჩვენ გვაქვს არტჯგუფი, რომელიც სხვადასხვა რაღაცას აკეთებს: მუსიკას, პერფორმანსებს, არიან ისინიც, ვინც პოლიტიკურ არტს აკეთებენ. მოვიგონეთ პროექტი, გაკეთებულიყო სიმღერები, რომლებიც ძალიან ადვილი მოსასმენი იქნებოდა ყველასთვის, „მარშრუტკის“ მძღოლიდან დაწყებული, ოღონდ იქნებოდა განსხვავებული მესიჯები: ანტიმილიტარისტული, „ვაღადავებდით“ სახელმწიფოს დაკვეთით გადაღებულ ამ კლიპებსა და რეკლამებს. რამდენიმე კონცერტიც ჩატარდა და პერფორმანსიც მოეწყო: მოვიდა 50 კაცი და წავიდა სახლში. თქვენც არ გაგიგიათ ამის შესახებ. ეს ყველაფერი ენთუზიაზმით კეთდება. გვაქვს კიდევ ერთი იდეა - დამოუკიდებელი ინტერნეტ-ტელევიზიის გაკეთება, სადაც გვინდა სახელმწიფო რიტორიკის იქით არსებული სხვა საქართველო ვაჩვენოთ. მაგრამ ისევ - როგორ ვიშოვოთ ფული? მე სახელმწიფოსგან არ ვითხოვ დაფინანსებას, მაგრამ იმის საშუალება უნდა მქონდეს, რომ, NGO-ს როცა მივმართავ, იმასაც არ ეშინოდეს. მაგალითად, თუ ვამბობ: მოდი, არ გვინდა ეს აფხაზეთი და ოსეთი, რაც გვაქვს, იმას მაინც მივხედოთ, ეს პირდაპირ ღალატად ითვლება.
ვახო ბაბუნაშვილი: რასაკვირველია, სახელმწიფო ხელს არ შეუწყობს იმას, რაც მის ინტერესებში არ ჯდება. მე პირადად ერთმანეთისგან ვმიჯნავ ჩემ მოქალაქეობრივ პოზიციას და ჩემ შემოქმედებას...
თეო ხატიაშვილი: ცოტა გაუგებარია ჩემთვის, თქვენ, როგორც მოქალაქე და როგორც მუსიკოსი, სხვადასხვა ადამიანი ხართ? ამ დისტანცირებას, რომ მე, როგორც მოქალაქე სხვა ვარ და შემოქმედება სხვა არის, ხშირად მივყავართ პოლიტიკურად სრულიად გაუაზრებელ ნაბიჯებამდე. მაგალითად, ერთი თვეც არ არის გასული, რაც დამთავრდა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც ქართული კინო უჩვეულოდ რეპრეზენტატული იყო: მონაწილეობდა კონკურსში, პარალელურ პროგრამაში, მოეწყო რეტროსპექტივა და ა.შ. ანუ რუსეთმა ისევ დაიწყო „ერთმორწმუნე ერის“, ერთიანი კულტურის და ა.შ. შეხსენებით ჩვენი მოხიბვლა, მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ გააკეთა საქართველოში და ქართველებიც ძალიან ადვილად გაებნენ ამ მახეში. რეტროსპექტივას ერქვა „ფიციდან მონანიებამდე“ - თითქოს არაფერი, უბრალო ქრონოლოგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჭიაურელის „ფიციდან“ აბულაძის „მონანიებამდე“ პერიოდის თვალის გადევნებას ითვალისწინებდა. მაგრამ აშკარაა პოლიტიკური ქვეტექსტი, რომელიც საუკუნეების წინ ნებაყოფლობით დადებულ ერთგულების ფიცსა და მოსალოდნელ მონანიებას (ყოველ შემთხვევაში, რასაც ელოდება რუსეთი) გახსენებს. ეს გადავყლაპეთ, უფრო მეტიც, გაგვიხარდა - ქართული კინო უყვართ რუსეთში, ტაში დაგვიკრეს. ამავე ფესტივალზე რეზო ჩხეიძე დაჯილდოვდა კინოში, ალბათ საბჭოურში, შეტანილი წვლილისთვის, რაზეც რეჟისორმა „ამაღელვებელი“ სიტყვით უპასუხა: „როცა ვიღვიძებ, ჯერ მეზობელ რუსეთს ვხედავ და მერე მზეს“-ო. არ ვიცი, ჩემთვის რეზო ჩხეიძის სიტყვები და მისი შემოქმედება არ იმიჯნება.
ვახო ბაბუნაშვილი: არა, ჩემთვის იმიჯნება - იმიჯნება „ჯარისკაცის მამა“ და ეს სიტყვები.
თეო ხატიაშვილი: „რაიკომის მდივანი“ და ეს სიტყვები?
ვახო ბაბუნაშვილი: არ შემრცხვება და გეტყვით, რომ ერთხელ ჯარში მარტო ვიჯექი და „ჯარისკაცის მამაზე“ ვიტირე. შეიძლება მე ძალიან მდაბიო გემოვნება მაქვს, მაგრამ ჩემზე ამ ფილმმა იმოქმედა. რეზო ჩხეიძის ამ სიტყვებმაც კინაღამ ამატირა, იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამაზრზენია ეს პოზიცია, მაგრამ რა გითხრათ, ეს ჩემთვის მაინც სხვადასხვაა. იმის გამო, რომ რეზო ჩხეიძემ „ჯარისკაცის მამა“ გადაიღო, არ ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა ჩემთვის უპირობოდ მისაღებია, არც რობერტ სტურუასი და არც ნებისმიერი ასეთი ღვაწლმოსილი ქართველის. გავიხსენოთ კნუტ ჰამსუნი, რომელიც თანაუგრძნობდა ფაშისტებს.
თეო ხატიაშვილი: რის გამოც, მასაც ბევრს აკრიტიკებდნენ.
ვახო ბაბუნაშვილი: მაგრამ ეს ჩემთვის აღარ არის საინტერესო, მე მისი ნაწერები უფრო მაინტერესებს. შეიძლება ამაზრზენი პიროვნება იყო, მაგრამ დადო უმაგრესი ნაწარმოებები.
თეო ხატიაშვილი: მე მაინც მგონია, რომ შენი მსოფლმხედველობრივი პრინციპები აუცილებლად აირეკლება შენს ნამუშევარში - კნუტ ჰამსუნი ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური ინფანტილიზმის შედეგად რეაქციულ იდეოლოგიასთან აღმოჩნდები, თუმცა შინაგანად ამ იდეებს შეიძლება სრულიად არ იზიარებდე. მოვიყვან სხვა მაგალითს - ლენი რიფენშტალს, ასევე სადავო ფიგურას კინოში, რომელიც იდეურად ფაშისტი იყო და ეს მის ფილმებშიც ჩანს.
ზურა ჯიშკარიანი: ყოველგვარი იდეოლოგია არის შიზოფრენია. შენ ხარ თავისუფალი ადამიანი, მით უმეტეს, თუ ხარ არტისტი, ერთხელ გაჩნდი ამხელა სამყაროში და იკვლევ მას. თუ მთელი ცხოვრება ხელმძღვანელობ ერთი იდეოლოგიით, ხდები რობოტი, იმიტომ, რომ არასდროს აღარ იცვლები. პოლიტიკური ხელოვნება არის ის, რაც ადამიანებს აქცევს რობოტებად. იდეოლოგია მოიგონეს იმისთვის, რომ ადვილად სამართავი, სტაბილური იყოს საზოგადოება. ასეთი საზოგადოების ჭანჭიკებს უკვე სკოლაში „ამზადებენ“. პოლიტიკური ხელოვნებაც ამას ემსახურება. მაგრამ კაპიტალიზმს ერთი კარგი თვისება ის აქვს, რომ არსებობენ დამოუკიდებელი არტისტებიც, რომლებიც თავისი ხელოვნებით აკეთებენ ფულს.
თეო ხატიაშვილი: რისთვისაც ჩვენში ჯერ არ არის ნიადაგი და დღეს რატომაც ვსაუბრობთ.
ზურა ჯიშკარიანი: ჩვენში ეს მხოლოდ ენთუზიაზმის დონეზე კეთდება და როდემდე გეყოფა ეს ენთუზიაზმი, არ იცი.
თეო ხატიაშვილი: გამოსავალს რაში ხედავთ?
ვახო ბაბუნაშვილი: მაგალითად, ის, რისი მცდელობაც ჰქონდა „ოზონს“, რისი მცდელობაც აქვს ჩვენს სტუდიას, შექმნას ახალგაზრდა ჯგუფებისთვის სივრცე, სადაც მათ რეალიზაციის საშუალება ექნებათ, ბოლო ხანს ჩატარებული ფესტივალი Tbilisi - Open Air...
თეო ხატიაშვილი: ეს ხომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩატარდა?
ვახო ბაბუნაშვილი: კი, ასეთი ფესტივალები ყველგან სახელმწიფოს მხარდაჭერით ტარდება, ლადო რომ ატარებს 15 წლის განმავლობაში როკ-ფესტივალს, იმასაც სახელმწიფო აფინანსებს... დავთანხმდით იმ პირობასაც, რომ „სტეფანე და სამი გოგო“ მიიღებდა მონაწილეობას, იმის მიუხედავად, რომ ისინი ამოვარდნილები იყვნენ ზოგადად ფესტივალიდან. მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან კონფორმიზმი არ ყოფილა, არამედ იყო კომპრომისი, რის შედეგადაც მოვახერხეთ ფესტივალის ჩატარება, რომელსაც, სამი წელია, „ვქაჩავდით“. ვინც ამ კონცერტებზე მოვიდა, ძალიან კმაყოფილი იყო, მათ არც ახსოვთ „სტეფანე და სამი გოგოს“ გამოსვლა, მათ სხვა რაღაცები დაამახსოვრდათ. რა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა - გავჯიუტებულიყავით და მერე თავი მოგვეწონებინა, რომ პრინციპულები ვიყავით და პროექტი ჩაგვეშალა, თუ რაღაცაზე უკან დაგვეხია და ფესტივალი გაგვეკეთებინა?
ზურა ჯიშკარიანი: ვახომ ახსენა განსხვავება კონფორმიზმსა და კომპრომისს შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისეთ საზოგადოებაში, სადაც არსებობს „მეფის კარის მხატვარი“, იქმნება კულტურული ტაქტიკა, სადაც პატარ-პატარა კომპრომისებით ახერხებ, მიაღწიო დიდ ნაბიჯებს ისევ და ისევ იმ დამოუკიდებელი სივრცისთვის - ეს უკვე საინტერესოა.
თეო ხატიაშვილი: თუ ხედავთ იმის პოტენციას, იქნება ეს ხელოვანთა თუ პოლიტიკოსთა ნება, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს და ხელოვანი არ იყოს მიბმული პოლიტიკაზე?
ლადო ბურდული: მაისში ნანტში ვმონაწილეობდი ქართული კულტურის დღეებში, სადაც წარმოდგენილი იყო არა ფოლკლორი, ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე, არამედ ალტერნატიული ქართული კულტურა. ჩამოსული იყო თბილისის მერიც. ვფიქრობდი, რომ მას მერე, რაც დაინახეს, რა რეზონანსი გამოიწვია თანამედროვე ქართულმა ხელოვნებამ „სხვა სცენაზე“, უფრო გახსნიან კარს, უფრო ბევრი წინადადება წამოვა, მაგრამ ჩაკეტილი კარი ისევ მხვდება.
დათო ალექსიძე: მე მხატვრობაში ერთადერთ პერსპექტივას ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციაში ვხედავ, როცა ქართველ მხატვარსაც გაიცნობენ, მას ექნება ნამუშევრების ადვილად გატანის საშუალება.
ზურა ჯიშკარიანი: მე მგონია, რომ რაც უფრო დიდი დრო გადის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაინც მეტი ადამიანი ფიქრობს უფრო თავისუფლად. მე ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვანაირ სივრცეში არსებობენ. ვფიქრობ, ისინი არ უნდა გაჩერდნენ, ფეხებზე უნდა დაიკიდონ მთელი ეს ავტორიტეტები, სისტემა და ა.შ.
თეო ხატიაშვილი: ანუ ფიქრობ, რომ თაობათა ცვლა ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად მოაგვარებს?
ზურა ჯიშკარიანი: მოაგვარებს, თუ ადამიანები იქნებიან აქტიურები, თუ არ გაჩერდებიან და არ მოერგებიან სისტემას, როცა დამოუკიდებელ არტისტთა ერთი „ლეიბლი“ დაუკავშირდება სხვებს და ამის შედეგად შეიქმნება დამოუკიდებელი სივრცე.
![]() |
26 ქვათა ღაღადი |
▲back to top |
iსაქართველო
URBAN REACTOR
www.ureactor.blogspot.com
22-30 ივნისს სევილიაში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომა საქართველოსთვის არასასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა. მცხეთის ისტორიული ძეგლები, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსთან, ბაგრატის ტაძართან და ზემო სვანეთთან ერთად, უკვე თხუთმეტი წელია, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად ირიცხება, საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო ნუსხაში შეიტანეს.
ქართული საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც კონვენცია წევრ ქვეყანას აკისრებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუდმივმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა ეს თემა ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად უკანა პლანზე გადასწია. ჩვეულებისამებრ, საკითხი „მონოპოლიზებულ“ იქნა ცალკეული ექსპერტების მიერ და საზოგადოების თვალსაწიერს მიღმა უხმაუროდ განვლო უკვე თხუთმეტმა წელიწადმა.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის დასკვნების მიხედვით, ამ ხნის მანძილზე საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის და კონკრეტულად მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ძირითად მიზეზებად არასათანადო მართვა, სახელმძღვანელო დოკუმენტების არარსებობა და, აქედან გამომდინარე, შეუსაბამო ჩარევები სახელდება. ეს მაშინ, როცა UNESCO-ს ექსპერტების მონაწილეობით და საერთაშორისო დაფინანსებით, დიდი ხანია, შექმნილია „მცხეთის მემკვიდრეობის და ტურიზმის გენერალური გეგმა“, რომლის ოფიციალურ სამოქმედო დოკუმენტად დამტკიცებას ამაოდ ითხოვს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ბოლო ექვსი წლის მანძილზე.
კომიტეტის დასკვნები და მოთხოვნები გამომდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფუნდამენტური დებულებებიდან, რომლის უპირველესი მიზანია, გამოავლინოს, დაიცვას და მომავალ თაობებს გადასცეს განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში იგულისხმება არა მარტო კონკრეტული არქიტექტურული ანსამბლები ან არქეოლოგიური მონაპოვარი, არამედ ისტორიული ქალაქები და დასახლებები, ტექნოლოგიისა და მეცნიერების მიღწევები და კულტურული ლანდშაფტები. ამიტომაც იტევს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხა როგორც პართენონსა და პირამიდებს, ასევე ნორვეგიიდან უკრაინამდე გადაჭიმულ სტრუვეს გეოდეზიურ მრუდს, ფილიპინებზე იფუგაოს ბრინჯის პლანტაციების ტრადიციულ ტერასებს და რვაასზე მეტ სხვა ღირსშესანიშნავ ადგილს.
კონვენცია მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა „შეიმუშაონ და დაამტკიცონ ეროვნული პოლიტიკა, რომელიც კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას საზოგადოების ცხოვრების ფუნქციურ ნაწილად აქცევს“, შექმნან შესაბამისი საკანონმდებლო, სამეცნიერო, ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური გარემო; დააფუძნონ ეროვნული და რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრები და აღკვეთონ ნებისმიერი ქმედება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანს მიაყენებს მემკვიდრეობას.
კონვენციის სამოქმედო პრინციპები განმარტავს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისთვის შესაბამისი დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ძეგლთა დაცვის სისტემის დეცენტრალიზება, განვითარებისა და კონსერვაციის ჰარმონიული პოლიტიკის შემუშავება, გრანტებისა და საგადასახადო შეღავათების მეშვეობით კერძო მესაკუთრეების წახალისება, ცვლილებების კონტროლი, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ძეგლების მართვის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ეს ყველაფერი თანაბრად ეხება საქართველოს, როგორც კონვენციის წევრ ქვეყანას, რომ აღარაფერი ვთქვათ სპეციალურად საქართველოსათვის განკუთვნილ კონკრეტულ მითითებებსა და რეკომენდაციებზე. მაგრამ, მოდით, დროებით დავივიწყოთ საერთაშორისო რეგულირება და დავფიქრდეთ, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ეროვნულ დონეზე ჩვენი მემკვიდრეობის მიმართ.
ქართული საზოგადოებისთვის ისტორიული ძეგლები უმეტესად სასკოლო ექსკურსიებთან და შაბათ-კვირის პიკნიკებთან ასოცირდება. ბუნების წიაღში, თვალწარმტაც ხეობაში მიმალული ტაძარი, იქვე ჩეროში გაშლილი სუფრა და წყაროში ჩაციებული ღვინო კულტურული მემკვიდრეობის ქართული გაგების ყველაზე რეალური გამოხატულებაა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეკლესია, და არა სხვა რამ, არის ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარული სიმბოლო. ეს არცთუ უსაფუძვლოა, რადგან ქვეყნის ისტორიული განვითარების პროცესში ეროვნული იდენტობა და მართლმადიდებლობა მჭიდროდ ჩაეწნა ერთმანეთს; იმდენად მჭიდროდ, რომ დღეს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არის ქვეყნის მოძრავი და უძრავი ეროვნული საგანძურის აბსოლუტური უმრავლესობის იურიდიული მფლობელი. მათ შორის, ყველა მოქმედი და არამოქმედი ეკლესია-მონასტრის, მათი ნანგრევების და მიწის ნაკვეთების, რომლებზედაც ისინია განლაგებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც მფლობელს, სწორედ ეკლესიას აკისრია ამ ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის უპირველესი მოვალეობა.
ეს დეტალები უადგილო იქნებოდა, რომ არა ჩვენი საამაყო ისტორიული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობა, რისი დასტურიც სვეტიცხოვლის, ჯვრის, სამთავროს ტაძრებისა და ბაგინეთის არქეოლოგიური ნაშთების საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეტანაა. სამწუხაროდ, მხოლოდ UNESCO-ს დასკვნებიდან არის შესაძლებელი იმ ფაქტების დადგენა, რის გამოც, მცხეთა ასეთ არასახარბიელო ნუსხაში მოხვდა. პროფესიონალები დუმილს ამჯობინებენ, სახელმწიფო ორგანოები თავს იმართლებენ, საზოგადოების უმრავლესობა კი „ივერიის გაბრწყინებას“ ელის. ჰოდა, საიდან ეცოდინება რიგით მოქალაქეს, რომ, ეკლესიის მესვეურთა ინიციატივით, სვეტიცხოვლის სამრეკლოს შემორჩენილი ნაშთები მიზანმიმართულად დაანგრიეს ახალი სამრეკლოს აშენების მიზნით? რომ ეკლესიის ადმინისტრაციამ აბსოლუტურად დაუშვებელი ახალმშენებლობები წამოიწყო ტაძრის ეზოში? რომ მაშინ, როცა მღვდელმთავარნი და მათი მადლიანი ინკოგნიტო დონორები ახალი იატაკის დაგებაზე ზრუნავენ, სვეტიცხოვლის ფრესკები განადგურების პირასაა? რომ მცირე ჯვრის ტაძარი ლამის თავიდან ააშენეს ღვაწლმოსილმა კონსერვაციის სპეციალისტებმა? რომ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის ესოდენ ამბიციური იდეა ისტორიული ძეგლის გაუგონარი ხელყოფაა და ა.შ?
ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით მტკივნეულია ეკლესიის წარმომადგენელთა თვითკმაყოფილი პოზიცია: „ეკლესია არ არის ჩვეულებრივი მესაკუთრე, რადგან „ეკლესიაში არიან და იყვნენ თავისი დროის ყველაზე განსწავლული ადამიანები“ და ამიტომ ეკლესია „უფლებამოსილია, განსაჯოს ისტორიული ძეგლების კონსერვაციის მეთოდოლოგიური საკითხები“. გასაკვირია, რომ „განსწავლულ“ მწყემსმთავართა ინიციატივები რატომღაც მხოლოდ ისტორიულ ეკლესია-მონასტრებზე მიშენება-დაშენებით შემოიფარგლება და ავთენტური ორიგინალის განადგურებით, დამახინჯებით და ხელყოფით მთავრდება.
ფინანსების ნაკლებობა - ტრადიციული მიზეზია, რითაც არა მარტო ეკლესია, არამედ სახელმწიფოც თავის გამართლებას ცდილობს. ისტორიული ნაგებობების პროფესიონალური შესწავლა და სათანადო საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება შრომეტევადი, ძვირი და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომაც ამჯობინებენ თვითნებურ იმპროვიზაციას; მით უმეტეს, რომ შედეგის საზეიმო დემონსტრაცია უმეტესად კონსერვაციის ნორმების შესახებ არასაკმარისად ინფორმირებული საზოგადოების წინაშე ხდება.
პარადოქსია, რომ „ფინანსების სიმწირის“ მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ახალი ეკლესია-მონასტრების ჯერ არნახული მშენებლობაა გაჩაღებული. საინტერესოა, თუკი მადლიერი მრევლი სოლიდურ შესაწირს არ იშურებს ახალი ტაძრების მშენებლობისა და ოქრო-ვერცხლით შესამკობად, განა უარს იტყოდნენ ჩვენი ეროვნული საგანძურის გადასარჩენად გაეღოთ თანხა? ან, თუკი მოიძებნება ფინანსები სვეტიცხოვლის ეზოში არქეოლოგიურ ნაშთებზე ბეტონის გადასასხმელად, რატომ არ შეიძლება რომ იგივე თანხები იმავე არქეოლოგიური ნაშთების შენახვას, მოვლას და მოსახლეობისათვის საკეთილდღეოდ გამოყენებას მოხმარდეს?
როგორც ცნობილია, ფინანსების ნაკლებობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტის პრიორიტეტულად და მიზანმიმართულად გამოყენება. ამ ლოგიკის მიხედვით, ეკლესია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიწათმფლობელი და ამასთან ერის იდეოლოგიური მოძღვარია, გაცილებით დიდ პრიორიტეტს ანიჭებს საეკლესიო პირთათვის ამქვეყნიური კომფორტის შექმნას, ვიდრე მათი მრევლისათვის და მომავალი თაობებისათვის სულიერი საზრდოს მიწოდებას, მათთვის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაცნობას და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვას.
ქართული საზოგადოების რელიგიური სულისკვეთებით განმსჭვალულ უმრავლესობას, ვგონებ, სჯერა, რომ „მცხეთა საპატრიარქოს წიაღში იშვა“ და მკრეხელობად მიაჩნია რელიგიურ პირთა კომპეტენციაში ეჭვის შეტანა. შესაბამისად, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა სვეტიცხოვლის კედლებზე შუა საუკუნეების ფრესკები იქნება თუ რომელიმე თანამედროვე ხატმწერის მიერ შექმნილი ასლი. მათ ავიწყდებათ, რომ მხოლოდ ისტორიული ძეგლების ავთენტური, დახავსებული ქვები, გაცრეცილი ფრესკები და ძლივსშესამჩნევი წარწერები ამტკიცებს ობიექტურად და მიკერძოების გარეშე ქართული კულტურის, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილის ასაკს და მნიშვნელობას და მონიშნავს მისი წარმოშობის ტერიტორიას და გავლენის სივრცეს.
ჩვენგან განსხვავებით, მსოფლიო საზოგადოებამ კარგად იცის ისტორიული ძეგლების ფასი და მნიშვნელობა. ჰოდა, ნუ გაგვიკვირდება, როცა მცხეთასთან ერთად საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში მალე „ახლად გარემონტებული“ ბაგრატი, გელათი ან ზემო სვანეთის ჯერ კიდევ თვალწარმტაცი კოშკები მოხვდება. მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძური ქართული ძეგლების გარეშეც არ დაკარგავს თავის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. ის კი დასაფიქრებელია, რას დავკარგავთ ჩვენ - ქართული საზოგადოება, თუკი ხმას არ ავიმაღლებთ ჩვენი ისტორიული ძეგლების გადასარჩენად; ან, თუკი ჩვენი ისტორიული ძეგლების გადარჩენას მხოლოდ „უფლის ნებას“ მივანდობთ.
11 ივლისი, 2009
![]() |
27 ლუსტრაცია |
▲back to top |
iსაქართველო
გიორგი ბ.
www.tavisupleba.org
ამას წინათ „საკნის“ ერთ-ერთ გადაცემაში ითქვა, - ჩვენთან საბჭოთა სინამდვილე დღემდე არ გაანალიზებულა და ჩვენ არ ვიცით, რა ფენომენია საბჭოთა ადამიანიო. მაგრამ, ცოტა ხანში ამის მთქმელი საბჭოთა სოციალური სისტემის ისეთ აპოლოგიას მოჰყვა, ისეთი ჭეშმარიტი და პატიოსანი კომუნისტები გაიხსენა, კაცი იფიქრებდა, ეს იდეა (კომუნიზმის იდეა) არც ისე ცუდი ყოფილა, რაკი ზოგიერთი ადამიანი ასე ერთგულად ემსახურებოდა, არც ისე ცუდი ყოფილა, რადგან მაშინ ცენზი და სოციალური გარანტიები არსებობდაო და ა.შ.
დავფიქრდი.
რატომ ლაპარაკობენ ეს ადამიანები ისეთ რამეს, რასაც მათგან საერთოდ არ ველოდი? რატომ ამოუშვეს მათ ჯინი საკანში? რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ისინი „საკანში“ დასხდნენ და ხელისუფლებას გარკვეული განწყობის მაყურებლის წინაშე „საქმე გაურჩიეს“?
საკანი თითქოს მოფიქრებულია როგორც პროტესტის სიმბოლური ფორმა, როგორც გამოხატულება იმისა, რომ ადამიანები თავისუფლად ვერ გრძნობენ თავს, დატყვევებულები არიან დღევანდელი ხელისუფლების, როგორც ისინი თვლიან, რეპრესიული რეჟიმის მიერ. მაგრამ თუ საკანში (და საკნებში) მიმდინარე საუბრებსა და მოვლენებს დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ აქ სხვა იდეამ ჰპოვა ხორცშესხმა: საკანი №5 არის გამოხატულება ნოსტალგიისა იმ დროზე, როცა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა (შევარდნაძისდროინდელი) ხელისუფლების პირობებში არსებობდა კიდევ ერთი, საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული ხელისუფლება - კანონიერი ქურდების ხელისუფლება. ეს ინსტიტუტი, როგორც ვიცით, სტალინის დროს შეიქმნა, როცა მილიონობით ადამიანი ერთბაშად ციხეებში გამოამწყვდიეს და ამის გამო პატიმრების კონტროლი გაუჭირდათ. მაშინ ერთგვარი გამოსავალი იპოვეს და თვით პატიმრებში გამონახეს ისეთები, რომლებსაც სხვა პატიმრების მწყემსვა დაავალეს, ასე ვთქვათ, „კანონის“ ფარგლებში და გარკვეული პრივილეგიების საფასურად. ჰოდა, რაც დრო გავიდა, გამოვიდნენ ეს კანონიერი ქურდები ხელისუფლების კონტროლიდან, დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდნენ, სახელიც მოირგეს და ავტორიტეტიც, საკავშირო ქსელიც შექმნეს და პოსტსაბჭოთა პერიოდშიც აწყობდნენ საერთო შეხვედრებს, სიტუაციის უკეთ სამართავად. ახლა ვიკითხოთ, რა განწყობაზე იქნებიან ის ადამიანები, ვინც კანონიერი ქურდების კლანს ეკუთვნოდა ან ამ კლანში გაწევრიანებას ესწრაფოდა და ვისაც დღევან დელმა ხელისუფლებამ, რბილად რომ ვთქვათ, ფრთები შეუკვეცა? მათი რაოდენობა ხომ არც ისე მცირეა.
და აი, რა აღმოვაჩინე მაშინვე, როგორც კი გადაცემა „საკანი №5“ გაჩნდა: საკნის იდეის ავტორი სწორედ ამ მენტალიტეტის მატარებელი ადამიანია და ამის უტყუარი საბუთებიც მრავლად ჩნდებოდა ეთერში ყოველი ახალი გადაცემის გასვლისას. ერთ-ერთ ადრეულ გადაცემაში გია გაჩეჩილაძე ამბობს (ფანჯარაში იხედება): „ვა, უბანს ძინავს. მე არ მძინავს და უბანს რატომ უნდა ეძინოს?“ მერე, როცა პირდაპირი ეთერის ვრცელ მონაკვეთებს იმეორებდნენ, ეს ადგილი ამოჭრეს, ანუ, ისე გამოვიდა, რომ მთელი ეს სცენა შეალამაზეს, იგრძნეს, რომ ავტორწამყვანმა რაღაც მიჰქარა და უბრალოდ „შეკრიჭეს“. საინტერესოა, ამგვარი ჟურნალისტიკისთვის მიანიჭეს „მაესტროს“ დამფუძნებელს რამდენიმე დღის წინ „ოქროს ფრთა“?
საზოგადო „მოღვაწეებს“ რაც შეეხება, შევნიშნე ის, რომ საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლები - თეატრალური რეჟისორები და მსახიობები, მწერლები, პოლიტიკოსები... - თითქოს ყოველდღიურ პატაკს აბარებენ დღევანდელი საქართველოს მთავარ კანონიერ ქურდს, ერთგულებას ეფიცებიან. აქაოდა, თუკი აღდგა ის, რაც ადრე იყო, თქვენს ერთგულ ყმებად გვიგულეო. ფაქტები თუ გინდათ, აი ერთ-ერთი: რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი ამბობს შემდეგს: „ვიღაცის (იგულისხმება რომელიმე ცნობილი ინტელიგენტის) შვილი ადრე რომ დაეჭირათ, ავიღებდი ყურმილს, დავურეკავდი კახა თარგამაძეს და იმ წუთას გამოუშვებდნენ. ახლა რომ დავურეკე ვიღაცის დაკავებული შვილის გამოსაშვებად, ვანო მერაბიშვილმა მკითხა, - რა ჩაიდინაო. ეს არის საქმე?“ ეს რას ნიშნავს, რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი საკუთარი პირით ამბობს, რომ იგი ხელოვანთა შორის ავტორიტეტი იყო, ანუ კანონიერი რეჟისორი? ასე მივიჩნიოთ?
აღნიშნული გადაცემის ნახვის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დღეს მართლაც სერიოზული ბრძოლა მიდის სწორედ სისტემის წინააღმდეგ, კერძოდ, კანონიერი ქურდობის ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც ასე გამჯდარი ყოფილა ნომენკლატურულ საზოგადოებაში - მწერლებში, მწერალთა კავშირში რომ ითხოვდნენ ღირსებებსა და პრივილეგიებს, რეჟისორებში, უცვლელად რომ ხელმძღვანელობდნენ თეატრალურ დასებს ხელისუფლებისადმი ლოიალობის პრინციპით, პოლიტიკოსებში, მთავრობასა და პარლამენტში რომ იყვნენ მოკალათებულნი და ერთადერთი, რაც მოქმედების თავისუფლების სანაცვლოდ მოეთხოვებოდათ, შევარდნაძის მხარდაჭერა იყო.
ჰოდა, აი ჩემი რეზიუმეც: საკან №5-ში იკრიბებიან ადამიანები, რომელთაც დღეს ხელისუფლების მხრიდან ავტორიტეტებად აღიარება აკლიათ, რომელთაც უთხრეს, თქვენს პროფესიულ ასპარეზზე თავი ჩვენგან მონიჭებული ჩინ-მედლების გარეშე, თქვენი ნიჭით გამოიჩინეთ და ირჩინეთო. ამას კი ისინი ჩვეულნი არ არიან და ამის გამო, დღეს განაწყენებულთა რიგებში „ჯდომა“ ურჩევნიათ („გალიებში ბულბულები ზიან“). ავტორიტეტობანა აუტყდათ. ეგ არის და ეგ.
რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ლუსტრაცია, რომლის განხორციელების დაწყებაც ხელისუფლებამ ვერა და ვერ გაბედა, საზოგადოებაში თავისთავად დაიწყო. აქედანაა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კრიტიკაც (რომლის ხსენებისას რატომღაც სიტყვა „საბჭოთა“ ამოვარდება ხოლმე - აქ ფროიდი უნდა მოვიშველიოთ ალბათ), მუზეუმისა, რომლის დაარსებამაც თავის დროზე პუტინი გააწიწმატა და ეს ფაქტი ქართული ხელისუფლების შეცდომად შეაფასა.
ხომ არ შეიძლება აქ იმაზე ვილაპარაკოთ, რომ, პიროვნული თავმდაბლობის გარეშე, მაღალინტელექტუალურ ავტორიტეტად აღიარებისკენ სწრაფვა, სწრაფვა იმისკენ, რომ იყო „ელიტა, რომელსაც სიტყვა ეთქმის“ დიდად არ განსხვავდება საბჭოურ-ნომენკლატურული ქურდულ ავტორიტეტად დამკვიდრებისკენ სწრაფვისაგან? კანონიერი ქურდებიც ხომ სინამდვილეში ინტელექტუალები და ნომენკლატურის წარმომადგენლები იყვნენ? ხომ არ შეიძლება, საბოლოო ჯამში, ვილაპარაკოთ თვითკრიტიკის ნაკლებობაზე, იმის უუნარობაზე, რომ შენი ინტელექტუალობა ხელისუფლების მიერ ავტორიტეტად აღიარების წყურვილს არ გადააყოლო?
13 ივლისი, 2009
![]() |
28 ჯონი |
▲back to top |
ესეი
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი
ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი
დიდმა რუსმა რეფორმატორმა სტოლიპინმა, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მუდმივად სასიცოცხლო და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სასჯელაღსრულების სისტემასაც არ მოაკლო თავისი მზრუნველობა და პატიმართა ციხეებში ეტაპირების საკუთარი სისტემა შემოიღო, რომელსაც ბარიერს იქით მყოფმა ადამიანებმა მისი სახელი დაარქვეს. სტოლიპინის მიხედვით შეიქმნა დამაგროვებელი განყოფილებები საეტაპო ციხეებში, სადაც თვეობით იკრიბებოდა ერთი მიმართულებით გასაგზავნი პატიმრები და როდესაც მათი რიცხვი სათანადო რაოდენობის ვაგონების გასავსებად (საბჭოთა დროში გადასავსებად) საკმარისი იყო, ეტაპირების შემდეგი სტადია ხორციელდებოდა. ასე გავიარეთ მე და ჩემმა ძმამ როსტოვის, რიაზანის და პოტმის ციხეები და თვენახევარი მოგზაურობის შემდეგ ჩავაღწიეთ მორდოვეთში, ბარაშევოს დასახლებაში.
ზონაში რომ შევედით, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ეს არ არის ზონა, ეს რაღაც სტოლიპინისეული რეფორმის შემადგენელი საშუალედო ნაწილია. ასე იმიტომ ვიფიქრე, რომ ეზოში დავინახე რამდენიმე ხე და, რაც მთავარია, პატარა ბაღი, რომელშიც ვარდები ხარობდა. ვარდები ჩემს წარმოდგენაში ვერაფრით უკავშირდებოდა პოლიტიკურ ბანაკს, ან, საერთოდ, ბანაკს, თუ იგი პიონერთა ბანაკი არ იყო. ვარდებთან იდგა რამდენიმე პატიმარი - დამხვედრი კომისია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქერა ახალგაზრდამ, რომელსაც თითქოსდა სლავური იერი კი ჰქონდა, მაგრამ გამოცდილი თვალი ამ იერით არ ტყუვდებოდა, აშკარად ჩანდა, ქართველი იყო.
ჯონი, ზაქარია კონსტანტინეს ძე ლაშქარაშვილი, 1954 წლის 12 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ დოესში დაბადებული, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე თბილისელი ტაქსის მძღოლი იყო. ეს გახლავთ უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს ან თუნდაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. ფრანგული წინააღმდეგობის გარდა, ტაქსისტი დისიდენტებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მოიპოვება. საბჭოთა ტაქსისტების დიდი ნაწილი (ყველა თუ არა), პირიქით, ორგანოებთან თანამშრომლობაში იყო შემჩნეული. ზაქარია ლაშქარაშვილმა ღრმა იატაკქვეშეთში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია - „სეგო“ შექმნა და პატრიოტული საუბრებით ტაქსში ჩამსხდარი კლიენტების ორგანიზაციაში გაწევრიანების რთულ და სახიფათო საქმეს შეუდგა. 1983 წელს შევარდნაძეს ძალიან სჭირდებოდა რუსეთისთვის თავისი მორჩილების დამტკიცება და გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის მომიზეზებით მთელს ქვეყანაში მაამებლური კამპანია გააჩაღა. გადაიღეს სათანადო ფილმები, დაიდგა შესაბამისი სპექტაკლები, დაიწერა ლექსები, პოემები, მოთხრობები და რომანები, დაიხატა ფანქრით, ზეთით, პასტელით, მოკლედ, კოლონიური მორჩილების ასი შესაძლებელი სიგნალიდან მოსკოვს ასოცი გაუგზავნეს. ქვეყანა მაშინ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შედიოდა: ხორცის და კარაქის ტალონებს მალე სრულიად ეგზოტიკური ლობიოს ტალონებიც დაემატა. სწორედ ლობიოს ტალონები მიაკრა ზაქარია ლაშქარაშვილის იდეის შესაბამისად „სეგომ“, ტრაქტატის წლისთავის აღნიშვნისადმი პროტესტის ნიშნად, ქართლის დედის ქანდაკებას. 1983 წლის 13 ივლისს „სეგო“ აღმოაჩინეს, მისი წევრები დააპატიმრეს და მკაცრადაც დასაჯეს: ხელმძღვანელს, ზაქარია ლაშქარაშვილს - 5 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია და 2 წელი გადასახლება, ხოლო მის თანამოსაქმეებს, ღვინიაშვილს და ობგაიძეს 4-4 წელი მიუსაჯეს.
ჯონი, როგორც აღმოჩნდა, ერთერთი საუკეთესო ტაქსისტი ყოფილა თბილისის ისტორიაში. მე მისი ტაქსისტობა არ მინახავს, მხოლოდ მომისმენია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე ჩემი ხანგრძლივი სამომხმარებლო პრაქტიკის განმავლობაში (მანქანა გვიან შევიძინე და ოცი წლის მანძილზე, ტაქსის გარდა, არც ერთ ტრანსპორტს არ ვცნობდი) არასოდეს არ შემხვედრია თბილისის გეოგრაფიასა და ტოპონიმიკაში ასე გარკვეული მძღოლი. ჯონიმ, მაგალითად, არა მხოლოდ ის იცოდა, რომ ჩემი „მშობლიური“ (ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ ბათუმელ კაცს ვინმემ ძირძველი თბილისელობის პრეტენზია არ მომაწეროს) ვეძინის ქუჩიდან სამანქანო გადასასვლელი არსებობს კოტე მესხის ქუჩაზე, არამედ ისიც კი, რომ ამ ორ ქუჩას ვიწრო გასასვლელიც აკავშირებს, უფრო სწორად ორი ვიწრო გასასვლელი, ერთი ცოტა ქვემოთ და მეორე ზედ ჩემი სახლიდან ოციოდე მეტრით ქვემოთ. ჩემი მისამართი ჯონიმ, როგორც ჭეშმარიტმა ტაქსისტმა, შორეულ მორდოვეთში ასე აღწერა: ვეძინის 17 - ეს არის სახლი მთაწმინდაზე, არსენას მიდამოებში, ვეძინის ქუჩისა და ვეძინის მეოთხე გასასვლელის გადაკვეთაზე, ზედ ამ სახლთან მთავრდება ასფალტი და მის შემდეგ ვეძინის ქუჩაც და ვეძინის მეოთხე გასასვლელიც ცუდად დაგებული ქვაფენილით გრძელდება. ასფალტი რომ ჩემს სახლთან მთავრდებოდა, პირველად მაშინ გავიგე, ადრე ამ ამბავს არ დავკვირვებივარ.
ჯონი გეოგრაფად იყო დაბადებული. თბილისი არ იყო მისი გეოგრაფიული მიდრეკილებების ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი. ზეპირად იცოდა ნებისმიერი ქვეყნის როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური გეოგრაფია. ტაქსისტის დონეზე იცოდა მსოფლიოს დიდი ქალაქები, შეეძლო მრავალსაათიანი მოხსენება წაეკითხა პარიზის, ლონდონის ან ნიუ-იორკის ცალმხრივ ქუჩებზე, საავტომობილო მარშრუტებზე და სამგზავრო შეზღუდვებზე. ისეთი ცნობილი ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ ყოვლისმცოდნე მათემატიკოსი ვადიმ იანკოვი და ასევე უნივერსალური გიორგი ხომიზური, ხშირად მიმართავდნენ ჯონის შეკითხვებით ზაირის მოსახლეობის რელიგიური არჩევანისა თუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზულუსების რაოდენობის შესახებ. ერთხელ პეტერბურგის წარმომადგენლობას, რომელსაც სახელ ლენინგრადს ვერ დააცდენინებდი, პოპულარულად აუხსნა არა მხოლოდ როგორ უნდა მოხვდე ამა თუ იმ ადგილიდან ვასილის კუნძულზე, არამედ დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რა დაჯდებოდა ასეთი მგზავრობა. სწორედ მაშინ თქვა პიტერელების აღიარებულმა ლიდერმა, მიხაილ პოლიაკოვმა, - ასეთი ტაქსისტი რომ შემხვედროდა პეტერბურგში, ვასილის კუნძულზე კი არა, ფინეთში გადავაყვანინებდი თავსო.
გეოგრაფიის სიყვარულმა მიიყვანა ზაქარია ლაშქარაშვილი წიგნების სიყვარულამდე. განსაკუთრებით ისეთი წიგნები უყვარდა, რომელშიც რუკები ან ნახაზები მაინც იქნებოდა. წიგნს ხელში რომ აიღებდა, სწრაფად გადაფურცლავდა და დიაგნოზს დაუსვამდა: ფუტურიზმი-დემოკრატია, ე.ი. რუკები არ არისო. ჩვენი მძიმე შრომისთვის კაპიკებს გვიხდიდნენ, თანაც ამ ფულს არ გვაძლევდნენ, ვირტუალურად არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ სრულიად არავირტუალურად წიგნების გამოწერა შეიძლებოდა. ზაქარია ლაშქარაშვილიც იწერდა და იწერდა ატლასებს. ბოლოს საბჭოთა კავშირის ხიოთო, ოღონდ ეს მისი სპეციფიკური რუსულით ასე გამოთქვა, давайте, вырежем Мордовию. ადმინისტრაციამ ჯერ вырежем ვერ გაიგო სათანადოდ და ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ხოლო როცა გაერკვია, რას გულისხმობდა სასჯელმისჯილი ლაშქარაშვილი, შეიცხადა, - წიგნიდან გვერდის ამოხევა როგორ შეიძლება, ჩვენ საბჭოთა ადამიანები ვართ, ვანდალები კი არაო. ამ დროს შემოვიდა ბიბლიოთეკის გამგის, პროფესორ ანდერსონის წინადადება, - ატლასი ბიბლიოთეკას გადაეცეს და ბიბლიოთეკა გვერდის ამოუხევლად დაბლოკავს მორდოვეთის რუკის დათვალიერების ყველა მცდელობასო. სასაცილო წინადადება იყო, შეიძლება სწორედ ამიტომაც გაჭრა. წიგნს წაეწერა дар библиотеке ЖХ 385/3-5 от администрации და პრობლემაც მოგვარდა, ოღონდ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მორდოვეთის გვერდი თითქმის შეუმჩნევლად ამოუჭრიათ (მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკას ვხელმძღვანელობდი, ასეთი ფილიგრანული ამოჭრები ბევრი მინახავს).
ზაქარია ლაშქარაშვილი უცოლო იყო. ჰყვებოდა თავის თბილისურ სიყვარულზე, უნივერსიტეტის სტუდენტი, ვინმე ქეთევანი ჰყვარებია და სახელებს ხაზს უსვამდა: ზაქრო და ქეთო (ცნობილ მულტფილმს გულისხ ტი რომ შემხვედროდა პეტერბურგში, ვასილის კუნძულზე კი არა, ფინეთში გადავაყვანინებდი თავსო. მობდა). იმასაც ჰყვებოდა, ამ ქეთევანისთვის, ჩათვლის სანაცვლოდ, რომელიღაც სახელგანთქმულ ლექტორს რომ უღირსი რამ შეუთავაზებია და როგორ დაუცავს მომავალ პოლიტიკურ პატიმარს ვარაზისხევში თავისი შეყვარებულის ღირსება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ლექტორი ამ ნაწერს აუცილებლად წაიკითხავს და საკუთარ თავს იოლად იცნობს, რადგან, გარკვეული გაგებით, ისიც უნიკალური მოვლენა იყო თავის ქვეყანაში.
საბოლოო ჯამში ქეთევანს ზაქარიასთვის გული კი გაუტეხავს, მაგრამ ჯონის ხელი არ ჩაუქნევია და იმ დღიდან ახალი სიყვარულის ძიებაში იყო. ორ ასეთ სიყვარულს მეც მოვესწარი. პირველი იყო ზონის ექიმი თამარა, რომელსაც ჩვენ იშვიათად ვხვდებო დით, მაგრამ ჯონის სუსტი ფილტვები ჰქონდა და ზონის „საავადმყოფოში“ ხშირად ხვდებოდა, განსაკუთრებით ზამთარში და, შესაბამისად, კონტაქტიც ჰქონდა ჩვენს ერთადერთ ექიმთან. სიყვარული აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ცალმხრივი და ხანმოკლე, რაიმე სერიოზული გართულებები (ლექსები, პოემები, ველად გაჭრა) მას არ მოჰყოლია; მაგრამ სხვა იყო სიყვარული უკანასკნელი (მე ვგულისხმობ სიყვარულს ზონაში): ჯონის შეუყვარდა ყველა პატიმრის კლასობრივი მტერი, ქალბატონი განიჩენკო - ცენზორი.
ქალბატონი განიჩენკო მართლაც განსაკუთრებული სილამაზის ქალი გახლდათ და შეღავათები, რომელიც პოლიტიკური ზონისთვის და საპატიმროებისთვის ბუნებას დაუწესებია, მას არ სჭირდებოდა. უკრაინული გვარი ქმრისა იყო (ეს კაცი ოდესღაც ჩვენი ზონის უფროსი ყოფილა, მაგრამ სტალინისტ რაზლაცკის მიმართ, უფრო სწორად, სტალინისტ რაზლაცკის ულვაშების მიმართ გამოჩენილი სირბილისთვის ამ თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ და თავის კარიერას მეზობელ მესამე ზონაში აგრძელებდა), თვითონ ქალბატონი მოლდოველი ყოფილა. ყველაზე მარტივი აღწერა მას ჯონიმ მოუფიქრა, ნესტან-დარეჯანი არისო: ტანი ალვა, სახე თეთრი, ტუჩები წითელი, თვალები და თმები შავი.
როდესაც ცენზორი განიჩენკო ზონაში შემოდიოდა, ემოციური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მაღლდებოდა (ჯონი ტარიელ ჭანტურიას კონგენიალობდა, პოეტის სიტყვების „- ვაიმე ბიჭო, რა გოგოა, რა დიაცია! ასი რენდგენით გაიზარდა რადიაცია“; უმეცრად რადიაცია იზრდებაო, ამბობდა): უმეტესობას მრისხანება იპყრობდა (პოლიტიკურ ბანაკში კვალიფიციური ცენზორის საქმიანობა კეთილად ვერავის განაწყობს, ამავე დროს თავის შავ საქმეს ქალბატონი ცენზორი აკეთებდა იმ განწყობით, რომელსაც რუსულად злорадство ჰქვია და რომლის ქართული სალექსიკონო შესატყვისები „ნიშნის მოგება“ და „ღვარძლიანობა“ ოდნავაც ვერ აღწერენ იმ სიხარულს, რომლითაც ლამაზი ქალბატონი ცენზორი წერილის გაგზავნის უკანასკნელ დღეს პატიმარს წერილს მომხიბვლელი და გარკვეული ინტიმის შემცველი ღიმილით უბრუნებდა, - ცენზურის თვალსაზრისით მიუღებელიაო). ზონის მთავარი პატიმარი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ფროიდისტ-იუნგადლერ-ფრომისტი, დოქტორი ბორის ისაკის ძე მანილოვიჩი ამტკიცებდა, - სინამდვილეში გარეგნულად ბოროტი ცენზორი შინაგანად კეთილი ადამიანია, პატიმარს რომ ახლობლებთან მიწერილ წერილს უკან უბრუნებს, ამ დროს ორგაზმთან მიახლოებულ იმპულსებს იღებს, ე.ი. პატიმარი უყვარსო. მიხაილ პოლიაკოვი ოსკარ უაილდის სიტყვებს იმეორებდა, - სილამაზე გენიის განსაკუთრებული სახეობაა, რადგან გაგება არ სჭირდებაო, - და მერე თავის შორეულ პიტერში უფრო ღრმად მიდიოდა, ხან თანამოქალაქე პუშკინის ციტირებას ახდენდა, - გენია და ბოროტება შეუთავსებელიაო, - ხან სხვა არანაკლებ სახელგანთქმულ თანამოქალაქეს იმოწმებდა, - სილამაზე იხსნის მსოფლიოსო; მაგრამ პეტერბურგელების და ქართველების დაცვა ვერ შველოდა ცენზორ განიჩენკოს, მის სილამაზეს ვერავინ ამჩნევდა, როდესაც ხელში პატიმრებისთვის უკან დასაბრუნებელი წერილების მთელ დასტას დაუნახავდნენ.
ერთხელ ცენზორის სილამაზემ მეც ჩამითრია და წამომაცდენინა ფრაზა „Я бы ей отдался“, რამაც ზონის დემოკრატთა უმრავლესობის ხმაური და მრისხანება გამოიწვია. მე მომიწია, ყოვლის მცოდნე ვადიმ იანკოვის თანხმობით, „ილიადიდან“ იმ ადგილის დამოწმება, სადაც ჰომეროსი ისე ოსტატურად აღწერს მშვენიერი ელენეს სილამაზეს, რომ ერთ სიტყვას არ ამბობს მის ტანზე, სახეზე ან თვალებზე: ტროელი მოხუცები ლანძღავენ ელენეს და როდესაც ეს ღვთაებრივი სილამაზე მათ წინ ჩაივლის, ნელ-ნელა ცვლიან ტონს და ბოლოს ასკვნიან, - რა თქმა უნდა, ასეთი ქალისთვის ტროას ომის დაწყება შეიძლებოდაო. მიუხედავად იმისა, რომ იანკოვმა შეაფასა ციტირების სიზუსტე და ბრძანა, - მთლიანობაში სწორადაა ჰომეროსი მოტანილიო, - ჩემი „გამოხტომა“ არ მოიწონა სოციალისტმა ფრედ ანადენკომ და შემახსენა მაოს სიბრძნე, - ნუ სვამ, მთვრალი შეიძლება კლასობრივ მტერს ჩაეხუტოო.
ზაქარია ლაშქარაშვილი თავიდან მტრულად იყო განწყობილი განიჩენკოს მიმართ. ეს გასაგებიც იყო, რადგან ჩემი ძმის, დავით ბერძენიშვილის წინადადებით, ჩვენ, სამმა ქართველმა, როგორც ზონაში ამბობდნენ, три швили, ბერძენიშვილებმა და ლაშქარაშვილმა ზონაში მოხვედრისთანავე დავიწყეთ წერილების წერა ქართულ ენაზე (მანამდე ყველა წერილი რუსულად იწერებოდა, ცენზორი კითხულობდა და ნაწილს უკან აბრუნებდა). სამი თვე გვეომებოდა განიჩენკო, სამი თვე გვაფრთხილებდა თბილისის სუკი, - ამ სულელურ ხუმრობას მოეშვითო. სამი თვე ჩვენმა ნათესავებმა და ახლობლებმა არაფერი იცოდნენ ჩვენ შესახებ, მაგრამ ინფორმაციამ უცხოეთში გაჟონა, - ხალხს მშობლიურ ენაზე წერას უკრძალავენო, - და განიჩენკომ ჩვენთან ომი წააგო. ჩვენი ქართული წერილები ახლა თბილისის სუკში გადიოდა ცენზურას და განიჩენკოს გვერდს უვლიდა. ჩვენი პატარა გამარჯვების შემდეგ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ პერმის პოლიტიკურ ბანაკებშიც დაიწყეს პატიმრებმა მშობლიურ ენებზე წერილების წერა.
ბუნებრივია, განიჩენკოს ამან ქართველებისადმი სიყვარული არ მოუმატა და ახლა ჩვენთან მოსულ წერილებზე დაიწყო ნადირობა, ახალი წესები შემოიღო, მე ცოლის წერილს არ მაძლევდა და ჯონის დედისას, - სხვა გვარის ხალხია, ესენი ცოლი და დედა ვერ იქნებიანო. სხვათა შორის, ეს საქმე სერიოზულად გაირჩა. ჩემთან მოვიდა წერილი, რომელსაც უკანა მისამართზე ეწერა, თბილისი, ვეძინის 17, ინგა შირავა. ცენზორი წერილს არ მაძლევდა, - შირავა ვინ არისო. მე ვეუბნებოდი, რომ შირავა ჩემი ცოლია, რომ საქართველოში ქალების უმეტესობა ქალიშვილობის გვარს ინარჩუნებს, ამიტომ ჩემი ცოლის და ლაშქარაშვილის დედის გვარები ჩვენს გვარებს არ ემთხვევა-მეთქი. თქვენო, - განაცხადა განიჩენკომ, - თქვენ ქართველები, люди этого племени, ერთმანეთს მოწმედ უდგებით, სანდონი არა ხართო, - და მოწმედ კავკასიურ საქმეთა ექსპერტი რაფაელ პაპაიანი გამოიძახა. პაპაიანმა თამამად განაცხადა, - ჩვენთან ცოლები ქმრის გვარს ატარებენ და საქართველოშიც ასე იქნებაო (ამაზე გამახსენდა ჩემი ერთი პედაგოგის მონათხრობი, თურმე დიდი რუსი აკადემიკოსი სობოლევსკი ვერ იჯერებდა, რომ ქართულში ქვემდებარე შეიძლება სამ ბრუნვაში იყოს. ქვემდებარის ბრუნვა სახელობითიაო, - ბრაზობდა). ამას მოჰყვა 1919 წლის შემდეგ არნახული ქართულ-სომხური დაძაბულობა, საქმეში შევიდა ქართული ანბანის, მცხეთის ჯვრის, რუსთაველის, კონიაკის, თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატის“ მტკივნეული არგუმენტები და საქმეში ჩაერია ჩვენი ბანაკის ჭეშმარიტი ბრძენი ნესტორი (ბანაკის ნესტორის, აქილევსის, მშვენიერი ელენეს და სხვათა დახასიათება ბორის მანილოვიჩმა შემოგვთავაზა), ვადიმ იანკოვი, რომლის სომეხმა მეუღლემ თურმე თავისი ქალიშვილობის გვარი ორივე ქორწინებაში შეინარჩუნა და რომელმაც, რა თქმა უნდა, იცოდა არა მხოლოდ ქართველი ქალების მიერ გვარების შენარჩუნების ამბავი, არამედ ქალის გვარის ურთულესი ლიტვური სისტემაც, როდესაც ქალიშვილს ერთი გვარი აქვს, გათხოვილს მეორე და ქვრივს მესამე (თანაც ყველგან შენარჩუნებულია თავდაპირველი ფუძე გვარი). აქ იანკოვს დაემოწმა ვიტაუტას სკუოდისი და განიჩენკომ უხალისოდ გადმომცა მეუღლის წერილი, მაგრამ ლაშქარაშვილს კიდევ ორი დღე აწვალებდა.
ასეთი ურჩხული შეუყვარდა ჯონის. როგორც კი თვალს მოჰკრავდა პოდიუმის ვარსკვლავივით მიმორხეულ მაღალ სილუეტს, დაიძახებდა он пришел-ო (он-она საკითხში პრინციპული იყო, ათასი შენიშვნის შემდეგაც საკუთარ დედასაც он-ით მოიხსენიებდა, გრამატიკულ სქესს პრინციპულად არ ცნობდა) და შესახვედრად გაემართებოდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა განიჩენკო, როცა ასი კაცის ცივი ზიზღით სავსე გამოხედვის ფონზე ერთი კაცის შეყვარებულ მზერას ხედავდა, მაგრამ პოლიტიკური ბანაკი წუხდა, პატიმრები ვერ იჯერებდნენ, რომ სიყვარული კლასობრივ სიძულვილს ამარცხებდა. საქმეს ვერ უშველა გალაკტიონის „ერთხელ საღამოთი“ (ეს ლექსი, ზეპირად თუ არა, ტექსტთან მიახლოებით მაინც იცის ყველა ნამდვილმა ბათუმელმა, რადგან მისი მოქმედება მათ ქალაქში ხდება: „ბათუმის მზე ჩასავალად ენთო, მშვიდი ქარი ხმაურობდა ზღვაზე“ - დენდისა და ვერონიკას ტრაგიკული გრძნობის ამბავი) ჩემი და ჟორა ხომიზურისეულმა სახელდახელო თარგმანმა, სადაც ქართული
„რა თქმა უნდა, მე ვიყავი თეთრი,
როს თოფების ატყდა ჭახაჭუხი“.
რუსულად ასე ჟღერდა:
Я конечно оказался белым,
Когда пули просверлили воздух.
მაგრამ ლექსის ფინალმა, სადაც ღვთაებრივი ვერონიკა ბოლოს და ბოლოს სრულიად ბულვარული რევოლუციონერი და კაცისმკვლელი კალუგელი ვერკა აღმოჩნდა, თავდაპირველი ჩანაფიქრის წინააღმდეგ ითამაშა. ამას არ დაეთანხმებოდა გალაკტიონი, რომელსაც მანამდე, სხვა ლექსში ვერონიკაზე და, შესაბამისად, განიჩენკოზე სხვა მოსაზრება ჰქონდა გამოთქმული, მაგრამ ფრედ ანადენკო და დმიტრო მაზური გალაკტიონს კი არა, ხანდახან ფრიდრიხ ენგელსსაც არ სცემდნენ პატივს (მარქსზე ამას ვერ ვიტყვი, ზონელი სოციალისტების ცოდვას ვერ დავიდებ).
შექმნიდნენ კომისიას (ქართველები მიკერძოებულ მხარედ მიაჩნდათ და განიჩენკომოძულე ხომიზურიც კი არ შეჰყავდათ კომისიაში), დაიბარებდნენ ჯონის, წაიკითხავდნენ შეყვარებული მგლის თავზე სახარებას, ჯონიც რაღაც პირობას დადებდა და მეორე დღეს ახალი ძალით იწყებოდა он пришел. არადა, ОН-მა გამომწვევი ტაქტიკა აირჩია - ჩაცმულობას და მოხატულობას ახალი და პატიმართგამანადგურებელი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, იმდენად, რომ ერთხელ ანადენკოსაც წამოაცდენინა, - ну, красива чертовка-ო. დადგა დრო და, ჯონი დაიბარეს ადმინისტრაციაში, - თუ იციო, - ჰკითხეს, - განიჩენკო ვისი ცოლიაო, პოლკოვნიკ განიჩენკოზე თუ გსმენია რამეო, - რაზეც ბავშვობაში კასპელმა ლაშქარაშვილმა კითხვა შეუბრუნა, - გიორგი სააკაძე თუ იცი, ვინ იყოო. არადა, უნდა იცოდე, ანტონოვსკაია უნდა წაგეკითხა ან კინოში მაინც გენახაო. ბოლოს სიტყვა დაუგდო, - это шутка, я его не люблю, у меня грузинский невеста ест-ო; და თავი გაანებეს.
რუსული უჭირდა. თამამად კი ლაპარაკობდა, მაგრამ გამართულ რუსულთან მწყრალად იყო. დედა ჩამოუვიდა სანახავად და რაკი პირადი შეხვედრა ჯერ არ ეკუთვნოდა (პირადი შეხვედრა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმარს ეკუთვნოდა წელიწადში ერთხელ, ერთიდან სამ დღემდე; ჩვენ, როგორც წესი, გვაძლევდნენ ორს, ჯაშუშებს, სამშობლოს მოღალატეებს, ტერორისტებს და სამხედრო დამნაშავეებს - სამს), ორსაათიანი შუშიან-ტელეფონიან-ტრიმაზკინიანი (ტრიმაზკინი ადმინისტრაციის ერთ-ერთი შედარებით უბოროტო ოფიცერი იყო) შეხვედრის უფლება მისცეს. დედამ რომ, - გამარჯობა შვილოო, - თქვა, - ტრიმაზკინმა შეიცხადა, - მხოლოდ რუსულად ილაპარაკეთო. და დაიწყო ქართველების ტანჯვა. ჯონი ჰყვებოდა, - მე ხომ მაგარი მერუსულე ვარ, მაგრამ დედაჩემთან შედარებით რუსულში პუშკინი ვარ, იმან სულ არ იცისო. გადავიდოდა დედა ქართულზე და ტრიმაზკინი შეუბღვერდა, შეუბღვერდა და მიიღებდა, - სიკვდილი და კუბოო. რუსულადო, - რომ შეუსწორებდა ტრიმაზკინი, - დედა იტყოდა смерть и гроб; ამდენი იდიომატური რუსული კი მორდოვური წარმოშობის ტრიმაზკინმაც არ იცოდა. ბოლოს, ჯონის თუ დავუჯერებთ, დაახლოებით ამგვარი რუსულით ულაპარაკიათ: Натела замуж вишел. Он такой красивый, ну, ламаз, что твалс вер вашореб, понимаешь? ტრიმაზკინი ღელავდა, - кто красивый-ო, - კითხულობდა. ნათელა, ნათელაა ლამაზიო, - ჯონი ეუბნებოდა. მე მგონი, ამ ამბების საჯარო გადმოცემისას ანუ ოციოდე პატიმრის წინაშე სოლო გამოსვლისას ჯონი, როგორც ჭეშმარიტი ქართველი მისტიფიკატორი, ცოტას აჭარბებდა, საყველპურო რუსული როგორ არ ეცოდინებოდა დედამისს, მაგრამ წლობით ერთმანეთის უნახავ დედა-შვილს რომ თავის ენაზე არ ალაპარაკებდნენ, ეს ფაქტი იყო და ამ კაციჭამია სისტემის ერთი აღზევებული ღვიძლი შვილი დღეს რომ გვიმტკიცებს, - საბჭოთა კავშირის დანგრევამ ვისაც გული არ ატკინა, იმას გული არ ჰქონიაო, - ჯონის, დედამისს და მე ვერ გვარწმუნებს, დამაჯერებლობა აკლია, ახალი დროის ამ მაქსიმის შემოქმედის სამუშაო ენაზე რომ ვთქვათ, - Wie bekannt, es ist eine unbestrittene Tatsache - როგორც ცნობილია, ეს უბრალოდ უკამათო ფაქტია.
ხაზანოვის ცნობილი პერსონაჟისა არ იყოს, ჯონისაც კულინარიული ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული, რადგან სუსტი ფილტვების გამო, საავადმყოფოში ხშირად ხვდებოდა, დიეტა ერგებოდა. დიეტა თავისუფლებაზეა ცუდი სიტყვა, თორემ ციხეებსა და ბანაკებში ეს ბერძნული, კეთილშობილი სიტყვა დატვირთული იყო უაღრესად პოზიტიური შინაარსით. დიეტა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა 1 ც მოხარშულ კვერცხს, 100 გ თეთრ პურს, 200 მლ რძეს, 20 გ კარაქს, 60 გ ყველს და 120 გ მოხარშულ საქონლის ხორცს (მთელი პატიმრობის მანძილზე ბანაკში არც ერთ ჩვენგანს თვალითაც არ უხილავს ეს ღვთაებრივი პროდუქტები). ჯონი ფილტვებს აკლებდა და გულს უნახავდა კარაქს - წყლიან ქილაში აგროვებდა ახალი წლისთვის. 1986 წელს ზაქარია ლაშქარაშვილმა დაამზადა საახალწლო ტორტი. ფქვილის როლს ასრულებდა ჩვენი საერთო ტექნოლოგიით მიღებული მასა; 1985 წლის 9 მაისს მიღებული თეთრი პური ჯონიმ მაშინვე წვრილად დაჭრა და 8 თვის განმავლობაში უმზეურად გაახმო, მერე დაფქვა (უფრო სწორად, დანაყა) და რაფაელ პაპაიანის პერსონალურ მიკროსაცერში გაცრა, ქატო მოხალა, გააშავა და ცალკე მოიხმარა ტორტის მოსართავად (ქატოთი გაკეთდა წარწერა 1986). კვერცხის ფხვნილით, კარაქით, „ფქვილით“ და წყლით მოიზილა ბისკვიტის მასა, რომელიც გამოცხვა გრიშა ფელდმანის სახელგანთქმულ ღუმელში. კრემის დასამზადებლად გამოყენებულ იქნა კარაქი, მოხარშული შედედებული რძე (სექტემბერში მიღებული ჩემი ამანათიდან სათუთად შენახული და ოქტომბერში მიღებული ჯონის ამანათიდან ვანილი (ეს სულ ასე იყო, ამანათში მე ვიღებდი ნიგოზს, ნიორს, გამხმარ წითელ პილპილს, დაფქულ შავ წიწაკას, ხმელ სუნელს, ხმელ ქინძს და უცხო სუნელს, ხოლო ჯონი მიხაკ-დარიჩინს, სურნელოვან წიწაკას, დაფნას, ჯანჯაფილს და ვანილს). ტორტის პრემიერა შედგა 1986 წლის 1 იანვარს, 0 საათსა და 1 წუთზე, ჩვენებური სასმელით ახალი წლის შემოსვლის დალოცვის შემდეგ. თეატრალებმა იციან, რა ჰქვია პრემიერის გრანდიოზულ წარმატებას. მე 1986 წლის 1 იანვრის პირველ წუთებში განცდილი კულინარიული შოკის აღწერა მხოლოდ ჰომეროსის მიბაძვით შემიძლია: ხომიზურმა თქვა ერთმარცვლიანი „ვაჰ“, რაფიკამ თქვა ორმარცვლიანი „პახ-პახ“, გენრიხამ თქვა სამმარცვლიანი „ყარაბაღ“ და მე ვთქვი „лучше Ганиченки“ (უკრაინელების ყაიდაზე უკრაინულ გვარებს ჩვენც ვაბრუნებდით, სხვათა შორის, თავის დროზე ჩეხოვიც ასე იქცეოდა: თბილისის იზოლატორში სხვა წიგნები რომ არ ჰქონდათ, ჩეხოვის მრავალტომეულის ბოლო ტომები, რომლებშიც მწერლის მიმოწერა იყო შეტანილი, თითქმის დავიზეპირე). ჯონი ბედნიერი იყო, - ხომ მცოდნია კულინარობაო!
ჩვენს ბანაკში ერთი ჰოლოგეორგიანული ანუ ოდენქურთული ინციდენტი მოხდა, იმის თქმა მინდა, რომ ინციდენტში მხოლოდ ეთნიკური ქართველები მონაწილეობდნენ. გიორგი ხომიზური რაბლეს აღმერთებდა, მე მიმაჩნდა, რომ ამაში მისი ქართველობა ვლინდებოდა, რადგან მსოფლიო ლიტერატურაში სულით ხორცამდე ფრანგ ფრანსუა რაბლეზე უფრო „ქართველი“ ავტორი საერთოდ არ მეგულება. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ რაბლე არც მორდოვეთისთვის იყო უცხო: დუბრავლაგსა და სარანსკში გაატარა თავისი პატიმრობის წლები რაბლეს შესანიშნავმა რუსმა სპეციალისტმა ბახტინმა. ასე რომ, რაბლე მშობლიური კაცი იყო ჩვენს ბანაკში. ერთხელაც პირსაბანების ოთახში, ე.წ. კურილკაში ვიდექით მე და ჟორა ხომიზური და ვსაუბრობდით რაბლეზე. ჟორა დაინტერესდა, - ქართულად თუ არის თარგმნილი რაბლეო. მე ვუპასუხე, როგორ არა, ის კი არა, ორი თარგმანიც კი არსებობს - ქალბატონ ბაგრატიონის არასრული და გოგიაშვილის სრული-მეთქი. თანაც, გოგიაშვილმა საინტერესო მხატვრულ ხერხს მიმართა, რაღაცები კახურ დიალექტზე თარგმნამეთქი. ამ საუბარს ზონის კიდევ ერთი ქართველი ბინადარი, არსენა ლოლაშვილი შემოესწრო, სიტყვა „კახურს“ რომ მოკრა ყური, იწყინა, - შენ კახელები ცუდად რად მოიხსენიეო და ჩემკენ გამოიწია. კურილკაში კონფლიქტი ვერ დაეტია და ზონის ეზოში აღმოვჩნდით: არსენას ჯონი აკავებდა და მე - ჟორა. ЖХ 385/3-5 უჩვეულო მოვლენამ - შიდაქართულმა კონფლიქტმა, რომელსაც ახლდა ქართული ენის განმარტებით და ორთოგრაფიულ ლექსიკონებში ვერდატეული ლექსიკური სიმდიდრე, გააოგნა: ვერავინ გვეკარებოდა.
არსენა ლოლაშვილი კახელი გლეხი კაცი იყო. კანონთან თავიდანვე მწყრალად ყოფილა და პოლიტიკურ სტატიას მხოლოდ მესამე ცდაზე გამოჰკრა ხელი. თურქეთთან საზღვრის დარღვევას აპირებდა და რაღაც ანტისაბჭოთა ნაწერებიც ჰქონია თან. მისი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვერაფრით ვერ მივხვდი, როგორ და რაში უღალატა სამშობლოს. გაბრაზებული იყო და საქართველოდან გარბოდა. ისე გაბრაზებული იყო და ისე გარბოდა, რომ არც უფიქრია, წინ თურქეთი იყო თუ სომხეთი. პოლიტიკაში ვერ ერკვეოდა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია ძირითადად სოდომის ცოდვაში ერეოდა. ზონაში მოხვედრის პირველ დღეებში არსენას და ჯონის დავუახლოვდით და კარგი ურთიერთობაც გვქონდა; არსენამ მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძულა, როდესაც ჟორა ხომიზურს და რაფაელ პაპაიანსაც დავუახლოვდით. ულტიმატუმი წამოგვიყენა, - ან მე ან ხომიზურიო (ხომიზურის სიძულვილის თავისი, არცთუ ისე ლიბერალური მიზეზებიც წარმოადგინა). დავშორდით მშვიდობიანად, თუმცა, როგორც ჩანს, გულში წყენა შეუნახავს.
საინტერესო მიზანსცენა იყო: ქართველები ერთმანეთზე მიიწევენ და ქართველებივე აკავებენ. მოულოდნელად არსენამ დანა დააძრო და დამკავებელ ჯონის მუცელში ჩაარტყა. პატარა დანა იყო, ყველას გვქონდა ასეთი დანა, საამქროში სამუშაოდ გვჭირდებოდა და ან საამქროში ვტოვებდით, ან ბარაკში, დანის ტარება თავში არავის მოსვლია აზრად. ჯონი რომ წაიქცა, არსენამ ჩემკენ გამოიწია, მე ჟორა მოვიცილე და ფეხი ისე მოვიქნიე, რომ არსენას დანა ხელიდან გავაგდებინე (შემდგომში ზონის აღიარებულმა პოეტმა და მემატიანე მანილოვიჩმა ამ ეპიზოდს მცირე პოემა მიუძღვნა). უდანოდ დარჩენილ არსენას ნახევარი ზონა თავზე დაახტა და მე და ჟორა ჯონის მივვარდით: ჭრილობა ღრმა არ იყო, მაგრამ სისხლი შადრევანივით მოდიოდა. ბალახების და მჩხიბაობის მამამ, არნოლდ არტურის ძე ანდერსონმა სასწრაფოდ მობანა ჭრილობა, მრავალძარღვათი და გვირილით დაფარა, შემდეგ ჯონის მაისურისგან ისეთი ოსტატობით გააკეთა ბინტი, რომ დაზარალებულის ტაშიც კი დაიმსახურა და ბინტში აბრეშუმის ჭიასავით შეახვია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია არ ჩანდა.
ჯონი საიდუმლოდ მივიდა არსენასთან და უთხრა, - რომ გკითხონ, დანა არ ახსენო, დანა საერთოდ არ ყოფილაო. ჯაშუშებით და მოღალატეებით სავსე ზონა მართლა ჯაშუშებით აღმოჩნდა სავსე და ადმინისტრაცია ყველა დეტალში, გარდა ჩხუბის წარმოშობის მიზეზისა, გაერკვა. არავინ არ დაუკითხავთ, მხოლოდ არსენა გამოიძახეს. რომ უკითხავთ, - დანა გქონდაო, - უპასუხია მქონდაო (შემდეგ თავს იმართლებდა, - აბა, ტყუილს ხომ ვერ ვიტყოდიო) და „შიზოში“ წაიყვანეს. ჯონის რომ ჩაედინა ასეთი რამ, ან მე, ან ჟორას, სასჯელისთვის 8 წლის დამატება და ჩისტოპოლის ციხეში (ჯოჯოხეთის ერთ-ერთი ევფემისტური სახელია) გადაყვანა არ აგვცდებოდა. არსენა კი იოლად გადარჩა, თუმცა, - დანა არ მქონიაო რომ ეთქვა, - შიზოშიც არ მიაბრძანებდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა, დავით ბერძენიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში მოხვდა როგორც ბათუმის მაჟორიტარი, და ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა, ვიღაცებს გაუჩნდათ სურვილი, არსენა ლოლაშვილის კარტი გაეთამაშებინათ და ამ, მათი აზრით, საიმედო კაცზე დაყრდნობით, ჩვენთვის ზონაში ჩადენილი „ავკაცობები“ დაებრალებინათ. ზვიად გამსახურდიამ გაიგო ქალების მიერ დაგეგმილი ამ „სასამართლოს“ ამბავი, რომელზეც მოწმე ლოლაშვილი პარლამენტის შენობაში უკვე მოყვანილი ჰყავდათ, თემურ ქორიძე გამოაგზავნა და ქალები ლოლაშვილიანად იფრინა, - პოლიტპატიმრებს მოფერება სჭირდებათ და არა ცილისწამებაო, სამგზის ნასამართლევი რეციდივისტი ლოლაშვილი, რომელიც ათი წლის წინ მაგინებდა, უზენაესის შენობაში როგორ შემოუშვითო და ა.შ.
ჯონის პოლიტიკური შეხედულებების დასახასიათებლად ქართულ ენაში სიტყვა არ მოიპოვება. პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ექსტრემისტული ულტრარადიკალიზმი, მაგრამ ეს მოვლენას სრულად ვერ აღწერს. ირლანდიის რესპუბლიკური არმია მიაჩნდა იდეალად. ტერორის გარეშე არაფერი იქნებაო, - ამბობდა. ბობოქრობდა და ბრაზობდა ლიბერალური დემოკრატიის ხსენებაზე. ტერორი, მხოლოდ ტერორი, შეიარაღება და ბრძოლა! ამას ამბობდა კაცი, რომელსაც არც მანამდე და არც შემდეგ ჭიანჭველისთვისაც არ დაუდგამს ფეხი.
1987 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირში პოლიტიკურ ბანაკში არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩა. არა, დარჩა ორი - ვახტანგ ძაბირაძე და ზაქარია ლაშქარაშვილი. როცა ყველა პოლიტპატიმარმა ჩათვალა და ერთმანეთთან შეათანხმა, რომ შეცვლილ ისტორიულ ვითარებაში საკმაოდ მსუბუქ ტექსტზე ხელის მოწერით (ხელის მომწერთა სიას სახაროვი და ორლოვი ედგნენ სათავეში) სახლში წასვლა შეიძლებოდა, ამ ორმა ქართველმა ესეც არ გააკეთა და კიდევ რამდენიმე თვე დაჰყო გულაგში. ზაქარია ლაშქარაშვილი, ფაქტობრივად, გამოაგდეს ციხიდან 1987 წლის 3 ივლისს.
გათავისუფლების შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში თავისი თავი ვერ იპოვა (სიტყვით ხომ რადიკალი და რევოლუციონერი იყო და თანამოძმეების პოვნა მართლა გაუჭირდა). ამას დაერთო მატერიალური გასაჭირი, მუდმივი უსახსრობა და ჯონი ლაშქარაშვილი ემიგრაციაში წავიდა. პარიზში დამკვიდრდა და იქაური ქართველების დახმარებით რადიო „თავისუფლებისგან“ რაღაც გროშებს იღებდა რეპორტაჟებისთვის. ჩვენს აქაურ ლიდერს იუდამ შხამი ჩააწვეთა და თბილისიდან ცნობილ დისიდენტს, გინზბურგს ინფორმაცია მიაწოდა, - ლაშქარაშვილს არ ენდოთ, „კაგებეს“ აგენტიაო. უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ამ ფაქტობრივად პოლიტიკური წმინდანის შეურაცხყოფა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უსინდისო და ბინძური იყო. იგი გათვლილი იყო იმ ფაქტზე, რომ განსწავლული და სასიქადულო ოჯახიშვილის, ნაციის მომავალი ლიდერის სიტყვა გაცილებით მეტად ფასობდა, ვიდრე საშუალო ტექნიკური განათლების მქონე ვიღაც ტაქსისტის სიტყვა. გინზბურგმა ქართველ ლიდერს დაუჯერა, ჩვენ არ მოგვისმინა და ლაშქარაშვილმა პარიზში სიმწრით ნაშოვნი სამსახური დაკარგა და შემდეგ უცხო ქალაქში წვალებით და ყოველდღიური უმძიმესი შრომით ირჩენდა თავს.
პარიზის დათვალიერების უმოკლესი ხერხია სათანადო ორსართულიანი ავტობუსის მეორე სართულზე ასვლა, ყურსაცვამის დამაგრება, სასურველი ენის შერჩევა (დასავლეთევროპული ენები, იაპონური, ჩინური, რუსული) და თვალების გაფაციცება. ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლია ჩახვიდე და ასევე ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლია კვლავ ახვიდე იმავე ფირმის ავტობუსზე. და ასე ორი დღის განმავლობაში. მე გირჩევთ, ტროკადეროდან დაიწყოთ, ხოლო ფირმებიდან უპირატესობა მიანიჭოთ Les cars rouge - წითელ ავტობუსებს. პარიზის ფართო და ვიწრო ქუჩებში ავტობუსი იოლად იმოძრავებს, რადგან ამ ფირმას სასტიკგამოცდაგავლილი ექსტრა კლასის მძღოლები ჰყავს. თუ გაგიმართლებთ და მძღოლის თავაზიან „ანტრე სილ ვუ პლეში“ ძლიერ ქართულ აქცენტს დაიჭერთ, იცოდეთ, თქვენ წინაშე ზაქარია ლაშქარაშვილია (ტაქსისტობა უნდოდა, ყველა გამოცდას - ტარებას, ტოპოგრაფიას, მარშრუტიზაციას ათიანზე აბარებდა, მაგრამ ფრანგულ ენას ვერაფერი მოუხერხა და პარიზის ტაქსისტობა აუსრულებელ ოცნებად დარჩა). საფრანგეთის დედაქალაქში, სხვას ვის იპოვიდა, რა თქმა უნდა, ზესტაფონელი ცოლი მოიყვანა. საუბრობენ ახლა მშობლები ქართულად და ბავშვები ფრანგულად ეჟღურტულებიან. ესენი მასწავლიან ფრანგულსო, - შემოგვჩივლებს ხანდახან.
![]() |
29 რიტუალი და „ანტირიტუალი“ |
▲back to top |
საავტორო
ავტორი: გიორგი მაისურაძე
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
„ნიშანი ვართ, განუმარტავი...“
ფრიდრიხ ჰიოლდერლინი
1845 წელს ფრანგმა ფსიქიატრმა ჟან-ჟოზეფ მორომ გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ ვინმეს „გიჟის“ განცდების თუ აზრების აღწერა და გაგება სურს, საჭიროა თავადაც გაგიჟდეს. ფსიქიური დაავადება, რომელსაც „გონების გახლეჩა“, ანუ შიზოფრენია ეწოდა, ისეთ არტიკულაციას ავითარებს, რომელიც არაშიზოფრენისათვის უცხო და გაუგებარია. ამის გამო, მისი გაგება „გარედან“ არ ხერხდება, რისთვისაც „ინსაიდერი“ იქნებოდა საჭირო, რაც ასევე შეუძლებელია, რადგანაც შიზოფრენიით დაავადებული ვერ აღწერს ან გამოხატავს თავის მდგომარეობას იმ სააზროვნო ენაზე, რომელზეც არაშიზოფრენი ადამიანი აზროვნებს. ამ დილემის მოსაგვარებლად მორომ ჰაშიშის გამოყენება სცადა. მისი აზრით, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ადამიანის სააზროვნო ენა შიზოფრენისას ემსგავსება, ხოლო ზემოქმედებიდან გამოსულს კი განცდილის აღწერა შეეძლებოდა. მაგრამ არც ეს ვარიანტი აღმოჩნდა დილემისგან ბოლომდე თავისუფალი, რადგანაც განცდილი არ არის და არც შეიძლება იყოს იმ სამეცნიერო-დისკურსული ენის ადეკვატური, რომლის ჟარგონებითაც გარკვეული არაორდინალური ფსიქიკური მდგომარეობები აღიწერება. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ სახეშეცვლილი სააზროვნო სტრუქტურა კი პოეტურ ხატებსა და მეტაფორებს წარმოშობს, რომელთა გაგება ცალკე სამეცნიერო სპეკულაციების საგანია.
მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეთნოლოგი ვიქტორ ტერნერი, რომლის სამეცნიერო რეფლექსიის მთავარი საგანი რიტუალი იყო. ტერნერი რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა ერთ აფრიკულ ტომს, შეისწავლა მათი ენა, აღწერა მათი ყოფა-ცხოვრება, მითოლოგია, რიტუალები, მაგრამ თავად რიტუალის არსის გაგება მისთვის ისევ ღია რჩებოდა, სანამ ტერნერი აკადემიური სტილის მეცნიერისათვის სრულიად უჩვეულო გზას არ დაადგა: იგი თავად გახდა ტომის წევრი და დაიწყო რიტუალებში მონაწილეობა. თავისი ინსაიდერული გამოცდილებების საფუძველზე, მან რიტუალის არსის პრობლემას რამდენიმე მონოგრაფია მიუძღვნა, რომელთაგან ყველაზე მეტად გახმაურებული - „რიტუალური პროცესი“ არაქაული ან „პირველყოფილი“ რიტუალური და სააზროვნო სიმბოლიკის თანამედროვე დისკურსულ ენაზე თარგმნის შეუძლებლობის პრობლემით იწყება. ეს განსაკუთრებით იმ რიტუალურ სახეობას თუ ფაზას ეხება, რომელსაც ტერნერი, ბელგიელი ეთნოლოგის არნოლდ ვან გენეპის მსგავსად, ლიმინალურს უწოდებს. ქართულ ენაზე ეს ტერმინი „ზღურბლურ მდგომარეობად“ შეიძლება ითარგმნოს, ანუ როდესაც ადამიანი ან რაიმე საგანი სადღაც - „არც აქ და არც იქ“ - შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება და თავადაც კარგავს ყოველგვარ იდენტობას, იმდენად, რომ მისი განსაზღვრებაც კი შეუძლებელია. ლიმინალურობაზე ყურადღების გამახვილებამ კი რიტუალის ყველაზე მიმზიდველი და იდუმალებით მოცული ასპექტი გამოამზეურა, სწორედ ის, რომელიც აღწერას ან გამოსახვას ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება.
არადა რიტუალების შინაარსი საკმაოდ კონვენციურია და სრულიად ცნობიერ მიზნებს ემსახურება; ეს ეხება როგორც საკრალურ, ასევე ყოფით თუ ყოველდღიურ რიტუალებს. რიტუალი წინასწარ განსაზღვრული და მკაცრად რეგლამენტირებული როლების თამაშს გულისხმობს, საიდანაც ყოველგვარი გადახვევა, განსაკუთრებით საკრალურ რიტუალებში, დაუშვებელია. რიტუალის შემსრულებელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს ან რა უნდა გააკეთოს: მაგალითად, როდესაც მორწმუნე-ქრისტიანი ეკლესიაში შედის და ლოცულობს, სანთელს ანთებს, ეზიარება, მას სჯერა, რომ მასზე ამით „მადლი გადმოვა“, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელ „მადლზეა“ საუბარი ან რა იცვლება მისი „გადმოსვლით“ ამ ადამიანის ცხოვრებაში. მორწმუნემ იცის, რომ ასეთი ქმედება „ღვთაებრივთან“, რაღაც არაყოფითთან „კომუნიკაციის“ საშუალებაა და რომ ღვთაებრივ ძალებს ამ ენაზე უნდა ელაპარაკოს. მან ისიც იცის, რომ ეს ენა ჩვეულებრივი, ყოფითი ენისაგან განსხვავებულია. თუ ვინმე არარელიგიურ კონტექსტში ამავე ენით სხვა ადამიანს დაელაპარაკება, ასეთი რამ შეიძლება ბოდვად გამოიყურებოდეს, მაგრამ არა რიტუალის დროს, რომელიც ნებადართული, ლეგიტიმური „ბოდვაა“. განსხვავება მორწმუნე ადამიანის რიტუალურ ქმედებასა და შიზოფრენის ბოდვას შორის, რომელიც ხშირად ასევე „ზებუნებრივ“ ძალებს ესაუბრება, გარეგნულ დონეზე მაინც, შეიძლება ის იყოს, რომ მორწმუნე კონვენციურ ფორმულებს გამოთქვამს, ანუ ის საკუთარ „აზრებს“ კი არ ამბობს, არამედ ვიღაცების მიერ შეთხზულ და აღიარებულ მრწამსს ახმოვანებს, რომელიც არანაირ გადააზრებას არ ექვემდებარება, რადგანაც მის უკან ასევე კოლექტიურად აღიარებული და დაჯერებული ღმერთის ავტორიტეტი დგას. შიზოფრენი კი ბოდავს, რადგანაც მისი სიტყვებისა და აზრების უკან არანაირი კონვენცია, არანაირი საყოველთაოდ დადგენილი და აღიარებული ნორმები არა დგას, რაც მის ნალაპარაკებს ან საქციელს გაუგებარს ხდის.
რიტუალური ქმედების ფუნქცია გარკვეული მსოფლმხედველობრივი თუ ქცევის ნორმებისა და წესების გათავისება, „გასისხლხორცება“ და მათი დემონსტრაციაა. მაგალითად, როდესაც ქართველი მამაკაცი იგინება, უცნაურ, აგრესიულ ხმას იღებს - ამით იგი გარკვეულ კონვენციურ სიმბოლიკას რეპრეზენტაციული რიტუალის ჟესტიკულაციით გადმოსცემს. ამით იგი აჩვენებს და ახილვადებს იმას, რაც მან იცის, მისთვის უსწავლებიათ და როგორადაც მას ეს ცოდნა წარმოუდგენია: რომ ის მამაკაცია, თანაც ქართველი მამაკაცი, რომელიც უნდა იგინებოდეს და ასეთი თვითგამოსახვით უდასტურებდეს საკუთარ თავსაც და მის ირგვლივ მყოფთაც, რომ იგი ქართველი მამაკაცის კონვენციურ, ანუ საყოველთაოდ მიღებულ და აღიარებულ სტერეოტიპს შეესატყვისება. ამის ანალოგიური „პროფანული“ რიტუალური ქმედებებია, როდესაც თანამედროვე საქართველოში ეკლესიის დანახვაზე კოლექტიური პირჯვრისწერა იფეთქებს ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საქართველოს ჰიმნის გაჟღერებაზე ყველა ფეხზე დგება და მარჯვენა მუშტს მკერდზე იბჯენს.
რეპრეზენტაცია კონვენციური ცოდნის გამომზეურების საშუალებაა, რომლისადმი რწმენას ადამიანი ასეთი გამეორებით კიდევ უფრო იმყარებს და იმის განცდასაც ინიჭებს, რომ იგი მარტო კი არაა, არამედ თავისნაირებშია - ერთ დიდ კოლექტივში, რომლებმაც იციან ის, რაც მან იცის და საკუთარ ცოდნას ასეთი რიტუალური ფორმით ერთმანეთს უდასტურებენ. რიტუალური რეპრეზენტაცია ქმნის იმ წარმოსახვით ერთობას, რომელსაც თემი, ტომი, სოციალური ფენა, სუბკულტურა და თვით ერი ეწოდება, რაც საყოველთაოდ მიღებული წესების აღიარებასა და გამოსახვას გულისხმობს.
ამ შინაარსის ცოდნა კი ადამიანებს ასევე რიტუალური პრაქტიკების მეშვეობით აქვთ მიღებული. განსხვავებით ყოფითი თუ „პროფანული“ რიტუალური რეპრეზენტაციებისაგან, რომელიც „ზეპირი შეთანხმებით“ დამკვიდრებული წესების საფუძველზე ხორციელდება, ყოველი საკრალური რიტუალის უკან რომელიღაც თხზულება, ნარაცია დგას, რომელიც გარკვეული სიმბოლიკითა თუ სიმბოლური ქმედებებით ხილვადდება (რამდენადაც რიტუალი ძირითადად უხილავ არსებებსა თუ წარმოდგენებს ასახიერებს). ასეთი გავიზუალებით რიტუალის მონაწილეს რეალური ხდომილების განცდა უნდა შეექმნას: საკრალური თხზულება გარდაიქმნება ლიტურგიულ სცენარად, ხოლო შემდეგ გადადის „სცენაზე“, რომლის მაყურებელი ამავე დროს თანამონაწილეც არის რიტუალში გათამაშებული სიუჟეტისა. რელიგიათმცოდნე მირჩა ელიადე წერდა, რომ ადამიანი რიტუალის მეშვეობით „სამყაროს შესაქმის“ და ყველა იმ საკრალური აქტის თანამონაწილე ხდება, რომლისგანაც მისი რელიგიის ფუნდამენტი შედგება.
რიტუალურ ქმედებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთ თეატრალურ ხერხს ეკუთვნის, რომელსაც „გაუცხოება“ ან „გაუცნაურება“ შეიძლება ეწოდოს: რიტუალური ჩაცმულობა, მუსიკა, საკმეველი, მოდიფიცირებული ენა, ცერემონია - ერთი მხრივ, „საკრალურისა“ და „პროფანულის“ გამიჯვნას, მეორე მხრივ, „საკრალურის“ დამაჯერებლობას ემსახურება, რომელიც ყოფითისაგან განსხვავებული, გაუცნაურებული ფორმით ერთგვარ ზერეალურ რეალობას გამოსახავს. მისი „საიდუმლო“ კი იმ თხზულებიდანაა ცნობილი, რომელმაც რიტუალური ინსცენირების მეშვეობით რეალურად არსებულის განცდა უნდა დაბადოს. ასეთი განცდა კი, რომელიც მთლიანად რიტუალური ეფექტებით მიიღწევა, წმინდად გარეგნულია და ხშირად რიტუალით განსახიერებული იდეებისა თუ „ჭეშმარიტებების“ გაგების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება, რადგანაც გარეგნულობა - ეკლესიაში სიარული, მარხვა, ლოცვა და სხვა მსგავსი რიტუალური ქმედებები თვითკმარობად იქცევა და ადამიანი იმაზე დაფიქრებასაც კი აღარ ცდილობს, თუ რა ჭეშმარიტებებზე შეიძლება ესაუბრებოდეს მას ის სარწმუნოება, რომლის მიმდევრადაც იგი საკუთარ თავს მიიჩნევს. ასეთ გარეგნულ რწმენას „ვირების საქციელს“ უწოდებდა შუა საუკუნეების (მე-13-14 სს.) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეოლოგი, დომინიკანელი ბერი იოჰან ეკჰარტი. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც აღსარებებითა და თვითგვემით გარეგნულად წმინდანებს ემსგავსებიან, „შინაგანად ვირები არიან, რადგანაც მათ ღვთაებრივი ჭეშმარიტების განსხვავება არ შეუძლიათ“. ეს კი, საბოლოო ჯამში, წარმოშობს საკრალურობის ილუზიას, რომელსაც არაფერი საერთო საკრალურობის თავდაპირველ არსთან აღარ აქვს.
რელიგიური რიტუალის ანალოგიურია სრულიად „მიწიერი“ პოლიტიკური რიტუალები: სასამართლო პროცესი, სამხედრო აღლუმი, საარჩევნო კამპანია, ინაუგურაცია. ისინი საკრალური რიტუალის სტრუქტურას იმეორებენ, სადაც მთავარი მომენტი კვლავაც გაუცნაურებაა. ხელისუფლება არა მხოლოდ კანონებით, არამედ კიდევ უფრო მეტად ძალაუფლებისა თუ კანონიერების ინსცენირებით ხორციელდება, მისი რიტუალური გამოსახვით უკავშირდება და მართავს ადამიანებს. გაუცნაურების მეშვეობით ხელისუფლება საკუთარ თავს მიჯნავს ყოფითი სფეროსაგან, საკუთარ აღმატებულებასა და ღვთაებრიობასაც კი გამოსახავს. ხელისუფლების უძველესი „თეორიები“ თუ იდეოლოგიები ყოველთვის მისი საკრალური წარმომავლობის მტკიცებაში იყვნენ და ეს პარადიგმა ბოლომდე არანაირ სეკულარიზაციას არ დაუძლევია. ხელისუფლების „ღვთაებრიობაში“, ისევე, როგორც თავად ღვთაების არსებობაში დარწმუნების მთავარი და ყველაზე მასობრივი საშუალება კი მისი რიტუალური გამოსახვა, რეპრეზენტაციაა. ღმერთისა ან ხელისუფლების არსებობის შესახებ ვიცით მათი წარმომადგენელი ინსტიტუციების - ეკლესიისა და სახელმწიფო დაწესებულების ინსცენირებებიდან.
რიტუალების მეშვეობით კოლექტიური იდენტობისა და ერთობის განცდა იბადება, რომელთა გარეშეც, ასეთი ერთობები ვერ იარსებებდა. ეს განცდა კი რიტუალში წარმოდგენილ „უხილავ“ ძალებთან ზიარებით წარმოიქმნება და ის ადამიანს თავს სწორედ ამ ძალების ნაწილად აგრძნობინებს. რიტუალში ადამიანი კი არ იგებს ან იმეცნებს, არამედ იჯერებს, თავს უქნევს, ემორჩილება, იცვამს უნიფორმას, იპროგრამებს საკუთარ ცნობიერებას და ყოფის წესებს ვიღაცის მიერ დადგენილი მზა ნორმებისა და სტერეოტიპების მიხედვით. ესაა რიტუალის აღმზრდელობითი და „საკანონმდებლო“ ფუნქცია: იგი ინდივიდებს ერთ ანონიმურ და აბსტრაქტულ მასად გარდაქმნის, რომლებიც (არა)საკუთარი ცხოვრების სცენაზე უსასრულოდ და სრულიად მექანიკურად ერთსა და იმავე სპექტაკლში მონაწილეობენ, რომლის სცენარიც, ჟან-პოლ სარტრის ცნობილი სიტყვების პერიფრაზით რომ ვთქვათ, მათ არ ეკუთვნით.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, რიტუალებით, იმისაგან დამოუკიდებლად, საკრალური დაერქმევა მათ თუ პროფანული, მოწესრიგებული და სტატიკური სამყარო თუ მისი ილუზია ჩნდება. ესაა უსასრულო კოსმოგონია, რომელიც რიტუალში თამაშდება და მის მსახიობებს შესაქმის აქტში თანამონაწილეობის ილუზიას უქმნის. ამ ვირტუალურ სამყაროს კი სხვადასხვა დროსა და კონტექსტში განსხვავებული სახელები ჰქვია: ძველი ბერძნები მას „კოსმოსს“ ეძახდნენ, რაც „სამყაროს“ და „წესრიგს“ ნიშნავდა და მას ოლიმპიელი ღმერთებით გამოსახავდნენ; ქრისტიანული ეკლესიისათვის მას ქრისტეს სხეულში ერთობა ერქვა, რომელიც ევქარისტიის რიტუალში პურის ქრისტეს სხეულად გარდასახვით ეძლეოდათ; საფრანგეთის რევოლუციამ მას „ერი“ (Nation) უწოდა, რომელიც „მამულის“ (Patria) შვილებისგან შედგებოდა, რომლებსაც საკუთარი სისხლითა და თავგანწირვით უნდა დაეცვათ ეს უხილავი „მამა“; საბჭოთა კავშირს იგი კომუნისტური პარტიისა და მისი ბელადების სახით მოევლინა, რომლებიც ბედნიერ საბჭოთა ხალხებს კომუნიზმს აშენებინებდნენ; თანამედროვე საქართველოში ამ ყველაფრის ნაზავი „საქართველოს გაბრწყინებაა“, რომელსაც ერთხმად შეულოცავენ, როგორც „ზეციური საქართველოს“ დარაჯები, ასევე მისი მიწიერი წინამძღოლებიც.
თუმცა კი არსებობს ამ ფენომენის ნაკლებად პათეტიური სახელწოდებებიც, როგორიცაა კაპიტალიზმი, რომელსაც გერმანელი ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი ახალ უნივერსალურ რელიგიად მიიჩნევდა; ან ფრანგი თეორეტიკოსის ჟან ბოდრიარის შექმნილი ტერმინი „სემიოკრატია“, ანუ ნიშანთა სისტემის ტოტალური დიქტატი, როდესაც საგნებს კი არ ვხედავთ, არამედ მხოლოდ მათზე მიკერებულ მნიშვნელობებს და ამ მნიშვნელობების ლოგიკას ვემორჩილებით და მივსდევთ; ანდა ფრანგი ხელოვანის გი დებორის მიერ 1967 წელს შემოტანილი ტერმინი „სპექტაკლის საზოგადოება“, რომელმაც საზოგადოებრივ ურთიერთობებს მნიშვნელობებისგან დაცლილი და გაუფასურებული სიტყვებისა და ჟესტებისგან შემდგარი თეატრალური ინსცენირებები უწოდა.
საიდუმლო, რომელთან ზიარებასაც რიტუალი გვპირდება, ამ საიდუმლოს არარსებობაა და მის ილუზიას თავად რიტუალური ცნობიერება აწარმოებს. უფრო მეტიც: აზრისგან დაცლილი სიტყვებითა და უსიცოცხლო დოგმებით იგი იკავებს და კეტავს იმ სივრცეს, სადაც ახალი აზრის თუ ფორმის დაბადება იქნებოდა შესაძლებელი, რადგანაც მოწესრიგებულ და დასრულებულ ილუზიას, რომელიც უსასრულოდ სტერეოტიპულ მკვდარ ფორმებსა და დოგმებს ქმნის, სიახლის გაჩენამ დამანგრეველი საფრთხე შეიძლება შეუქმნას, რომელიც რიტუალს მიღმა არსებულ ერთადერთ საიდუმლოს - სხვა, დაფარულ და გადახატულ, არაკანონიკურ რეალობას ან მის ნაწილს მაინც აჩვენებს. სიახლე კი მანამ არის ახალი და სასიცოცხლო იმპულსების მატარებელი, სანამ მისი რიტუალში ინტეგრაცია და მისთვის უნიფორმის ჩაცმა არ მომხდარა. კანონიზაცია კი ამ ახალ და განსხვავებულ ელემენტს რიტუალურ სიმბოლიკის პანთეონში აღაზევებს და მის იდეოლოგიურ ინსტრუმენტად აქცევს.
ამის საწინააღმდეგოდ, „არაკანონიკური რეალობის“ შესახებ წარმოდგენას რიტუალური პრაქტიკებიდანვე ცნობილი შუალედური თუ ლიმინალური მდგომარეობები გვიქმნის. ასეთი მდგომარეობა ორი თვალსაზრისითაა შუალედური: ერთი მხრივ, როგორც გარდამავალი ფაზა ცხოვრების ერთი სფეროდან მეორეში (მაგალითად, პუბერტატი ან ინიციაცია); მეორე მხრივ, ესაა ერთგვარი ცარიელი, განუსაზღვრელი ადგილი რიტუალებით მოწესრიგებულ სამყაროსა და იმას შორის, რაც ამ „კოსმოსს“ არ მიეკუთვნება. პირველ შემთხვევაში, ადამიანი ამოვარდნილია ყოველგვარი სოციალური ფორმაციიდან, დაკარგული აქვს საკუთარი იდენტობა, სქესი; არქაულ და პირველყოფილ საინიციაციო ცერემონიებში ხშირად მასზე ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობა ხორციელდება; ის დაიყვანება „არარამდე“, რომლისგანაც მერე ისევ რიტუალურად „რაღაც“ იქმნება, ანუ მის იდენტობას ყალიბში ასხამენ, საიდანაც დან“ გამოსვლას და მის კონკრეტულ ცნებებსა და სიტყვებში გადმოტანას „ღორობას“ უწოდებდა, რადგანაც, მისი აზრით, ასეთი „ტრანსლაცია“ ამ იდუმალისა და უცნობის კონვენციების სისტემაში გადაყვანას და შემდეგ მის სარიტუალო-სამომხმარებლო საგნად ქცევას ნიშნავდა.
აქედან ერთგვარ გამოსავალზე მიუთითებდა ნიცშე: „მე აგცრით სიგიჟით, რათა ზეკაცისათვის მიწა შევამზადო“. „ზეკაცის“, როგორც ადამიანის კონვენციური წარმოდგენის მიღმა მდგომი არსების „შეცნობა“, „ნორმალურ“ ან „ბუნებრივ“ მდგომარეობაში შეუძლებელია. ნიცშესავე განმარტებით, ბუნებას მისი საიდუმლოების გამხელა „ბუნებრიობის“ კანონების წინააღმდეგ სვლით უნდა დავტყუოთ. თუმცა კი იგი იქვე იმასაც ამბობს, რომ თავად ბუნებრიობა ჩვენივე გამოგონილი და დაწესებული კონსტრუქციაა. არსებობს მოსაზრება, რომ თავად ნიცშეს შეშლილობა კონვენციათა სამყაროდან გასვლისა და სხვა განზომილებაში გადაბარგებისკენ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იყო.
„შეშლილობისადმი“ დამოკიდებულება წინამოდერნულ საზოგადოებებში უმეტესწილად პოზიტიური იყო და იგი ღვთაებრივ უნარადაც კი მიიჩნეოდა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ყოფით სამყაროს ტოვებს და ღვთაებრივ განზომილებაში გადადის. ანტიკური სამყაროს ყველაზე ცნობილი საკულტო ადგილი - დელფოს ორაკული, საიდანაც ადამიანს ღვთაებასთან დაკავშირება შეეძლო, აპოლონის ქურუმის მეშვეობით ხორციელდებოდა. ეს უკანასკნელი კი ღვთაებასთან საუბარს გონების დაბნელებითა და „შეპყრობილობით“ (ბერძნულად: foibo leptos - „აპოლონით შეპყრობილი“) ახერხებდა.
ადრექრისტიანულ აპოფატიურ (უარყოფად) თეოლოგიაში ამ განზომილებას „ღვთაებრივი წყვდიადი“ ჰქვია, რომელში მოხვედრის პირობებიცაა აგნოსია, ანუ - „არა-ცოდნა“ და ექსტაზია - მისტიური ექსტაზი, რომელსაც ყველა კონვენციური ცნების, მათ შორის „სამების“ და „ღმერთის“ მიღმა გავყავართ. ამ მიმართულების შემქმნელი ფსევდო-დიონისე არეოპაგელი ექსტაზიას, რომელიც ბერძნულად „შეშლილობას“ ნიშნავს, ეროსის, ანუ სასიყვარულო ვნების, ხორციელი სიყვარულის ფორმად განიხილავს. ამასთანავე იგი „ღვთაებრივ სიყვარულსაც“ სწორედ სიტყვა ეროსის მეშვეობით გადმოსცემს და არა ქრისტიანულ ლიტერატურაში საამისოდ არსებული სულიერი, „ამაღლებული“ სიყვარულის აღმნიშვნელი ტერმინ აგაპეთი, რის შედეგადაც „ღვთაებრივი წყვდიადი“, როგორც უხილავი და გამოუსახავი თუ ენით უთქმელი ჭეშმარიტების „ადგილი“, სხეულში აღძრული ვნებით მიღწევადად წარმოჩინდება. ამ „ადგილის“ მისამართი კი არანაირ რიტუალში არაა და არც შეიძლება იყოს.
მე-20 საუკუნეში „გამოუთქმელობის“ თემას დაუბრუნდა ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტაინი, რომლის თქმითაც, „რა თქმა უნდა, არსებობს ენით უთქმელი. იგი თავად აჩვენებს საკუთარ თავს - ესაა მისტიური“. ხოლო რადგან მასზე საუბარი შეუძლებელია, ამიტომაც მის შესახებ დუმილია საჭირო. მაგრამ სწორედ ამგვარი „ენით უთქმელის“ გამოსახვა სურდა გამომსახველ-ხელოვანს ანტონინ არტოს, თანაც ისე, რომ იგი ვერბალურ თუ ჟესტების კონვენციურ ენაზე ტრანსკრიპციად არ ექცია. საამისოდ იგი ისეთ რამეს იგონებს, რასაც პირობითად ანტირიტუალი შეგვიძლია ვუწოდოთ. თუკი „კოსმოსი“ - სამყაროს მითოლოგიური, რელიგიური და პოლიტიკური მოდელები, ასევე ყოფითი თუ „პროფანული“ ურთიერთობის პრინციპები, რიტუალური ფორმით გამოიხატება, რაც კოლექტიურ შეთანხმებას, კონვენციას გულისხმობს, ყოველივე ინდივიდუალური დასაბამს ანტირიტუალში იღებს. ესაა ერთგვარი ანტისხეული, რომელსაც კონვენციათა სამყაროში ქაოსი და გაუგებრობები შეაქვს. აზროვნება ან ხელოვნება იმდენად არსებობს, რამდენადაც ის სუბვერსიულია, ანუ მოწესრიგებულ და დასრულებულ სამყაროში არეულობისა და დამკვიდრებული ნორმების დამხობისკენაა მიმართული. ის ისეთივე სუბვერსიულია, როგორც მათეს სახარების გადმოცემით იესო ქრისტეს სიტყვები: „ნუ იფიქრებთ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავყარო კაცი თავის მამას, ასული თავის დედას და რძალი თავის დედამთილს. და კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან“ (10, 34-36). აზრის ან მხატვრული ფორმის დაბადება ბუნებრივ კონფლიქტში შედის სამყაროს ილუზორულ და გაქვავებულ წესრიგთან, რომელშიც ყველაფერი გარკვეულია, განსაზღვრულია, ყველაფერს თავისი კონვენციური სახელი და ფუნქცია აქვს და, ამდენად, სიახლისათვის ადგილი არ მოეძებნება. მისი გამოჩენა კი სწორედ დამკვიდრებული ნორმების ჭეშმარიტებულობას და ერთადერთობას აქარწყლებს. ამიტომაც კონვენციათა ილუზორული სამყარო იძულებულიც კია ჩანასახშივე მოსპოს, მწვალებლობად და „სატანურობად“ შერაცხოს აზროვნება, რომელიც მის მკვდარ ნორმებს არ ემორჩილება და მათ სიყალბეს ამზეურებს. ამის სამაგალითოდ თავისუფალი აზროვნებისა თუ ხელოვნების მიმართ ეკლესიის, როგორც ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის მქონე დაწესებულების, მუდმივი შუღლისა და სიძულვილის გახსენებაც შეიძლება. თუმცა არსებობს აზრის სუბვერსიულობის გამაუვნებელმყოფელი უფრო ეფექტური საშუალებებიც, როგორიცაა კანონიზაცია, რაც თავისი არსით სუბვერსიული მოვლენისა თუ საგნის რიტუალურ პრაქტიკებში ინტეგრაციასა და დანერგვას გულისხმობს, რომლის დროსაც იგი თავის სასიცოცხლო მუხტს კარგავს და საყოველთაო მოხმარებისათვის განკუთვნილ კულტურულ რელიკვიად გადაიქცევა. ეს საფრთხე პირველად ალბათ ნიცშემ გააცნობიერა თავის უკანასკნელ დასრულებულ წიგნში Ecce Homo, რომელშიც იგი წერდა: „მზარავს იმის შიში, რომ ერთ დღესაც შეიძლება წმინდანად შემრაცხონ“-ო. ამიტომაც მიმართავდა შეშლილობის ზღვარზე მყოფი თავის ერთ-ერთ პირველ თაყვანისმცემელს, - ვალდებული ხარ დამკარგოო. ამ წერილს ნიცშე „ჯვარცმულის“ სახელით აწერს ხელს და საკუთარი თავის ქრისტესთან გაიგივებით ჯვარცმის სიმბოლოს თავისებურ ინტერპრეტაციას იძლევა: ქრისტეს ჯვარცმა - ესაა მისი ღვთაებად შერაცხვა, თაყვანისცემის საგნად და შემდეგ სამყაროს მსაჯულად და განსხვავებულად, არაკონვენციურად მოაზროვნეთა ჯალათად ქცევა, რომლის სახელითაც სიძულვილის, ჩაგვრის, მომხვეჭელობის, ომებისა და ძალადობის გავრცელება და გამართლება ხდება. რიტუალებით კი ასეთი ქრისტეს კანონიზაცია მოხდა და არა იმის, რომელიც სიყვარულს და მიმტევებლობას ქადაგებდა და თავისუფლების გზად „ჭეშმარიტების შეცნობას“ („შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“. - იოანე 8, 32) აცხადებდა.
ამგვარი რიტუალური წესრიგის საპირისპიროდ „ანტირიტუალი“, უპირველეს ყოვლისა, რეპრეზენტაციულობის წინააღმდეგაა მიმართული: იგი არღვევს ნიშანთა სისტემის პრინციპებს - მასში არაფერი არაფერს არ წარმოადგენს, არაფერი არაფრის აღმნიშვნელი არაა და არაფერი არაფერს არ ნიშნავს, რამდენადაც ის ერთჯერადია, სინგულარულია და კონვენციურ ენაზე თარგმნის მომენტშივე ასრულებს თავის არსებობას და, უკეთეს შემთხვევაში, კულტურის ისტორიის სამუზეუმო უსულო ეგზემპლარად გადაიქცევა. „ანტირიტუალი“ ბადებს უფორმო ფორმებს, იეროგლიფებს, რომლებიც არ იშიფრება და მათი „გაგება“ ასეთივე გაუშიფრავი, ინდივიდუალური იეროგლიფებითვეა შესაძლებელი, ანუ არა ტრანსკრიპციის გზით, არამედ აღმქმელის ინსპირაციით, რაც ასევე „ანტირიტუალური“ ქმედებით გამოიხატება. ის გაჩენისთანავე წყვეტს ყოველგვარ კავშირს თავის აღმძვრელთან და ჩვენი ხედვის არეალში მორიგ რებუსად გაიკრთოლებს, როგორც ნიშანი, რომელიც განმარტებასაა მოკლებული და რომლის ადგილიც განმარტებულ სამყაროში არასოდეს იქნება...
![]() |
30 „რა მხრებით ვზიდო ამხელა დარდი“ |
▲back to top |
საავტორო
ავტორი: ლანა ღოღობერიძე
„ანიესის სანაპიროები“ - ასე ჰქვია ანიეს ვარდას ავტობიოგრაფიულ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფრანგული „ოსკარი“, ანუ „ცეზარი“ მიიღო. „სასაცილოა იდეა, დადგა და გადაიღო შენი ავტოპორტრეტი, როდესაც უკვე 80 წლისა ხარ. ეს იდეა დამებადა ერთხელ ნუარმუტიეს პლაჟზე, როდესაც გავიაზრე, რომ სხვა სანაპიროებმაც დააჩნიეს დაღი ჩემ ცხოვრებას, - წერს ავტორი, - ზღვის სანაპიროები იქცნენ ფილმის ბუნებრივ საბაბად და თავებად. ბევრ მოხუცს აქვს სურვილი, მოჰყვეს თავისი ცხოვრების ამბავი, მეც ასევე. მომინდა, გადავცე ჩემ ახლობლებს და ზოგიერთ სხვასაც ჩემი ცხოვრების ფაქტები და ნამუშევრები“. ამ სურვილების შედეგი - უცნაური, ძალიან სუბიექტური და თავისებური ფილმი, ფანტაზიის, წარმოსახვის, ირონიის და რეალობის ნარევი. „ჩემ ერთ-ერთ ფილმში მე ერთი წუთით გამოვჩნდი ეკრანზე. აქ პირდაპირ წყალში გადავეშვი და ვითამაშე საკუთარი თავი. ჩემს აზრებს, რომლებიც ახლოსაა სინამდვილესთან, კვეთს სკეტჩები, სადაც მე ღიად ვთამაშობ როლს. მომწონს, ვიყო ცოტათი მასხარა, რაც მაძლევს გაუცხოების საშუალებას“. ჩრდილოეთის ქარიანი, უსასრულო და უკაცრიელი სანაპირო, კამერა აღბეჭდავს 80-ოდე წლის, პატარა, „ჩოლკიან“, საკმაოდ ჩასუქებულ ქალს, ჩაფართხუნებულ სამოსში, ის მოდის კამერისკენ და ლაპარაკობს ფილმის მიზნებზე და თავის თავზე, რომელსაც მოიხსენიებს, როგორც „ერთ ენაჭარტალა მოხუც ქალს“, რაც უკვე თავისთავად განსაზღვრავს სურათის ირონიულ ინტონაციას და მაყურებელსაც ნდობით განაწყობს მომავალი ფილმის მიმართ... და ისევ ის უსასრულო ქარიანი სანაპირო და ადამიანები, ვარდა და მისი თანამშრომლები, რომლებიც ებრძვიან ქარს, რათა დადგან პლაჟზე, ანუ დაამაგრონ სხვადასხვაგვარ კონსტრუქციებზე სულ სხვადასხვაგვარი სარკეები, დიდი და პატარა, მრგვალი, მოგრძო, თუ ოვალური, ძველებურ, ხშირად მოხატულ ჩარჩოებში ჩასმული... და ამ მოულოდნელ ადგილას დამაგრებულ სარკეებში რაღაც უცნაურად აისახება თვითონ ავტორი, და სხვები, და ზღვა, და სანაპირო... ერთდროულად რეალური და არარეალური სამყარო. და ასეთია მთელი ფილმიც. ირონიული, ღრმა, გულწრფელი, თამამი. „ენაჭარტალა მოხუცი“ ჰყვება თავისი ცხოვრების ისტორიას - თავისივე ფილმების კადრებით, დღევანდელი გამოსახულებით, თავისი, ძველი და ახალი, ფოტოებით... და სიტყვით. „კინოს ერთ-ერთი მიზანი - ოცნებების გაცოცხლებაა“, - ამბობს რეჟისორი. ზღვის პირას ქალის და კაცის შიშველი, ერთმანეთზე გადაჯაჭვული სხეულები... ისევ ზღვის პირას, ერთმანეთისგან მოშორებით, სილაში მოთამაშე ბავშვი და ზღვისკენ მიბრუნებული კაცი, და ავტორის ტექსტი: მე ისინი ყოველთვის მაინტერესებდნენ - მოთამაშე ბავშვი და კაცი, რომელიც გაჰყურებს ზღვას. თვითონ ვარდა კი თამამად დააბიჯებს ეკრანზე, ხან შავად შეღებილი და ხან ნახევრად თეთრი თმით, ხან ფართხუნა შარვლით და ხან ეგზოტიკურ, მდიდრულ, აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი, და ყველა საშუალებით ჰყვება თავის თავგადასავალს, თავისი ფოტოგრაფობის ისტორიას ჟან ვილართან, ჟერარ ფილიპთან მუშაობის ამბებს, თავისი სიყვარულის და ოჯახური ცხოვრების ისტორიას „შერბურის ქოლგების“ ავტორ ჟაკ დემისთან, რომელიც თურმე - იმ დროს ეს საიდუმლოებით მოცული სიკვდილი იყო - შიდსით გარდაიცვალა. „სიყვარულის ეს მშვენიერი ამბავი, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, ბუნებრივად ჩაჯდა ჩემი კინემატოგრაფიული ცხოვრების ისტორიაში და ამ ფილმში“. მომხიბვლელი და დასამახსოვრებელი პლანი: ვარდა, რომელიც იყურება კამერაში და თან უკან-უკან იხევს, ასეთი კადრი რამდენჯერმე მეორდება, ხან პლაჟზე, ხან ქუჩაში, ხან გადაღების მოედანზე. „ეს ფილმიც ხომ თავისებური უკან დახევაა“, - ამბობს თვითონ. და კიდევ ერთი თავისებური პლანი - მისი ოჯახის წევრები, ორი შვილი და ოთხი თუ ხუთი შვილიშვილი, ყველანი თეთრებში, მოძრაობენ ეკრანზე, რაღაც ჯგუფებს ქმნიან და იშლებიან და მათ შორის - ანიესი, შავებში, ისიც მოძრაობს ამ თეთრი ჯგუფის ფონზე და თან გვესაუბრება: ესენი ჩემი ოჯახის წევრები არიან, მე არ ვიცი, ვიცნობ თუ არა მათ და მესმის თუ არა მათი, უბრალოდ ეს ჩემი ბედნიერებაა.
ანიეს ვარდას ჩემს წინა ცხოვრებაში ვიცნობდი. ჯერ როგორც რეჟისორს, მისმა პირველმა ფილმმა „კლეო ხუთიდან შვიდამდე“ ნამდვილი დაღი დააჩნია ჩემი თაობის კინემატოგრაფისტებს. მერე ვხვდებოდით ფრანგი რეჟისორის და ქართველი რეჟისორების დიდი მეგობრის - პასკალ ობიეს სახლში. პასკალი - გახმაურებული ფილმის „ვალპარაიზოს“ ავტორი, დიდი, ზონზროხა და დღეს უკვე ძალიან ღიპიანი, 70-იან წლებში ნამდვილი „შარმიორი“ იყო - მაღალი, ლამაზი, ნიჭიერი, კარგი მოსაუბრე, ტიპიური ფრანგი ბონვივანი... მიმზიდველია მისი წარმომავლობაც - ბაბუა - წიგნების ცნობილი გამომცემელი, დედა - მსახიობი, ახალგაზრდა პასკალს თავის მეგობრებთან - ჟერარ ფილიპთან და მარია კაზარესთან ერთად აკითხავდა ხოლმე თავგადახდილი მანქანით კონსერვატორიაში, (მოგვიანებით სამივე ერთად ჟან ვილარის თეატრის მსახიობები გახდნენ); მათ სახლში, რომელიც ლუქსემბურგის ბაღს გადაჰყურებს, უკრავდა დიუკ ელინგტონი. სრულიად არაევროპულად სტუმართმოყვარე პასკალის ჰობი, წინათაც და ახლაც - საჭმლის მომზადება და მრავალრიცხოვანი მეგობრების მიღებაა. უნდა ნახოთ, რა გატაცებით და რა შესანიშნავად, როგორც ნამდვილი გურმანი და შემომქმედი, აკეთებს, და ხშირად იგონებს, თხზავს სხვადასხვა კერძს, მისი სახლი სავსეა ყველა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუნელებით, და მათ შორის ყოველთვის მოიპოვება სვანური მარილი! სასაცილო ისაა, რომ პასკალს სამი ცოლი ჰყავდა და არც ერთმა არაფრის გაკეთება არ იცოდა; არ ვიცი, ამ ნიშნით არჩევდა ის თავის ცოლებს, რომ არავის შეეშალა მისთვის ხელი საყვარელ საქმეში, თუ ქალები სიამოვნებით ესადაგებოდნენ ქმრის მიდრეკილებებს. ყოველ შემთხვევაში, ყველა წვეულებისას, რაც ძალიან ხშირად იმართებოდა, და იმართება დღესაც, მათ ოჯახში, ყოველი ცოლი ფეხი-ფეხზე გადადებული ზის, წინსაფარაფარებული პასკალი კი სამზარეულოში ტრიალებს. ის ბევრჯერ ყოფილა საქართველოში, უკანასკნელად შარშანდელი ზაფხული თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად კვარიათში გაატარა, ჩვენს მიერ ამორჩეულ სახლში, იქიდან ვიღაცის დაყენებული ღვინოც ჩამოიტანა, რომელსაც დღემდე განსაკუთრებით უფრთხილდება და არავის ასმევს. საქართველოში მან კიდევ ერთი ჩვევა აითვისა - სადღეგრძელოების წარმოთქმა, და უნდა ნახოთ, რა ოსტატურად დაეუფლა ამ ხელოვნებას. აი, ამ პასკალთან ვხვდებოდი ანიეს ვარდას, ისევე, როგორც იმ დროის ფრანგული კინოს სხვა ცნობილ წარმომადგენლებს... და თუმცა მაშინ ანიესიც გარეგნულად სხვანაირი იყო, ალბათ, უბრალოდ ახალგაზრდა და თხელი, მე ეკრანზე დღესაც ზუსტად ის ადამიანი დავინახე - ცოცხალი, ირონიული და ყველაფრისადმი ინტერესით სავსე. და ჩემთვის კიდევ ერთხელ გამოვიტანე დასკვნა, რომ „დროის მსახვრალი ხელი“ არცთუ აუცილებლად სწვდება ყველა ადამიანს, უფრო ზუსტად, შეიძლება ისე წახვიდე ამ ქვეყნიდან 80 თუ 90 წლის ასაკში, რომ მოხუცის სტერეოტიპად არ იქცე.
დღეს რამდენიმე საათი კონკორდზე, ანუ „თანხმობის მოედანზე“ გავატარე. დავდიოდი, ვკითხულობდი, ვფიქრობდი... კონკორდი - ეს მთელი სამყაროა, და ის ყოველთვის ახლად მხიბლავს - თავისი განსაკუთრებული სინათლით, შადრევნებითა და სკულპტურებით, მწვანისა და ოქროსფერის შეხამებით, ხედებით - ტრიუმფული თაღისა და მადლენისაკენ, და, რაც მთავარია, სივრცის უსაზღვრობით, რასაც, თურმე, სრულიად გარკვეული ახსნა აქვს: ის ერთადერთი მოედანია მსოფლიოში, რომელიც არ არის შენობებით შემოზღუდული და ღიაა სამი მხრივ, შანზელიზეს, ტიუილრის ბაღებისა და სენის მიმართულებით. და სწორედ ეს გახსნილობაა მისი მთავარი თვისება, მისი ხიბლი. აქ ყოველთვის მეუფლება ჰარმონიულობისა და სიმშვიდის განცდა...
მაგრამ წარსული? მაგრამ გილიოტინა?
1793 წლის 16 ოქტომბერი.
მაშინ ამ მოედანს „რევოლუციის მოედანი“ ერქვა. მის შუაგულში გილიოტინა იდგა. 16 ოქტომბრის დღე იყო ნათელი, მაგრამ ცივი. 11 სათზე მარია-ანტუანეტა გამოიყვანეს კონსიერჟერიდან „მაისის ეზოში“, სადაც მას ტალახიანი ეტლი ელოდებოდა. ჯალათმა მიუთითა ადგილი, სადაც უნდა დამჯდარიყო. თვითონ მის უკან დაჯდა. ეტლი ნელა მიგორავდა კონკორდისკენ, გზაზე უამრავი ხალხი ხვდებოდა, მაგრამ არ ისმოდა არც ყვირილი, არც ლანძღვა, ჩურჩულიც კი. 30000 ჯარისკაცი ქმნიდა მთელ გზაზე ცოცხალ ღობეს. მხოლოდ სენტ-ონორეს მისასვლელთან გაისმა სიძულვილის შეძახილები. ლუვრის პირისპირ დედის ხელში მოკალათებულმა ბავშვმა კოცნა გაუგზავნა. დედოფალს თვალები ცრემლებით აევსო. ეტლი რევოლუციის მოედანზე შემოგორდა. მარია-ანტუანეტა ადიოდა ეშაფოტის კიბეზე, ასვლისას შემთხვევით ფეხი დააბიჯა ჯალათს ხელზე, მისი ბოლო სიტყვები იყო: „მაპატიეთ, ბატონო, მე ეს განგებ არ გამიკეთებია“. მერე ყველაფერი ჩვეული თანმიმდევრობით მოხდა. 12 საათსა და 15 წუთზე რიტუალი დამთავრებული იყო. ჯალათმა თმებში ჩაავლო ხელი მარია-ანტუანეტას თავს და აჩვენა ბრბოს, რომელმაც შესძახა: „გაუმარჯოს რესპუბლიკას!“
იგივე გზა რამდენიმე თვით ადრე ლუდოვიკო მე-16-მ გაიარა. 1793 წლის 21 იანვარს ის გახდა რევოლუციის პირველი მსხვერპლი. ისტორიაში დარჩა მისი ჯალათის, სამსონის წერილი, დაწერილი 1793 წლის 20 თებერვალს:
„როდესაც მივიდა გილიოტინის ფეხთან, იკითხა, შეწყდებოდა თუ არა დოლების ბრახუნი. სანამ ხდებოდა მისი მიბმა ფიცარზე, დაიყვირა: „უდანაშაულო ვარ“. მერე მოგვიბრუნდა ჯალათებს: „ბატონებო, მე უდანაშაულო ვარ ყველაფერში, რასაც მაბრალებენ. ვისურვებდი, რომ ჩემმა სისხლმა შეადუღაბოს ფრანგების ბედნიერება“. მეფემ აიტანა ეს ყველაფერი სიმშვიდით და სიმტკიცით, რომელმაც ყველა გააკვირვა. მე მჯერა, რომ ეს სიმტკიცე მან იპოვა რელიგიის პრინციპებში, რომელთაც მასავით არავინ ჩაწვდომია“.
რა საინტერესოა, არა, როგორ და რა სიტყვებით ლაპარაკობს ჯალათი თავის მსხვერპლზე. ამ წერილში თანაგრძნობაც იკითხება მეფის მიმართ, მოწიწებაც და პატივისცემაც. როგორ ეხამება ეს გრძნობები თვითონ თავის მოკვეთის ფაქტს?
წლების მერე ალექსანდრე დიუმა, მამა, რომელსაც უნდოდა ცერემონიის დეტალების დაზუსტება, შეხვდა სამსონის (ჯალათის) შვილს და შემოუნახა ისტორიას ამ საუბრის ჩანაწერი: „რა მოხდა მეფესა და თქვენი მამის დამხმარეთა შორის? - დიახ, მე შემიძლია გიპასუხოთ, მე იქ ვიყავი... როცა მეფე მიიყვანეს ეშაფოტთან, ხელები თავისუფალი ჰქონდა. ერთი დამხმარე ელოდა თოკით ხელში, მეორემ უთხრა: აუცილებელია შეგიკრათ ხელები. - არასოდეს! - შესძახა მეფემ, - არასოდეს! და თოკიან კაცს ხელი ჰკრა. სამი დანარჩენი მეფესთან მიიჭრა. მაშინ მამაჩემი მიუახლოვდა და დიდი მოწიწებით უთხრა: მხოლოდ ცხვირსახოცით, თქვენო უდიდებულესობავ. ამ მიმართვაზე - თქვენო უდიდებულესობავ, რომელიც დიდი ხანია, აღარ გაეგონა, ლუდოვიკო მე-16 შეკრთა და თქვა, - კარგი, იყოს ასე. ღმერთო ჩემო, ესეც! - და გაუწოდა ხელები დასაბმელად“.
მადამ დე სტალი ასე აფასებს ლუდოვიკო მე-16-ეს პიროვნებას:
„ამ კაცმა, რომელსაც აკლდა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის აუცილებელი ძალა, სითამამე - მტრების მოსაგერიებლად, კაცმა, რომლის ბუნებრივად მორცხვმა გონებამ ვერც საკუთარი იდეები გაიჩინა და ვერც სხვათა ნააზრევის ათვისება შეძლო, ტანჯვისა და ღირსეულად სიკვდილის გასაკვირი უნარი გამოამჟღავნა“. მე ეს სიტყვები ბევრის მთქმელად მიმაჩნია და მეფისა და დედოფლის გოლგოთას გზა კიდევ ერთხელ მაფიქრებს იმაზე, რა რთული და წინააღმდეგობრივია ადამიანის ბუნება და რამდენი, ერთმანეთის გამომრიცხავი თვისების დატევა შეუძლია მას.
ბინდდება. მე ისევ კონკორდის მოედანზე ვარ... რევოლუციის დროს გილიოტინის აქ აღმართვით ის რევოლუციის სისხლიან თეატრად იქცა. ამ მოედანზე თავი მოკვეთეს 1119 ადამიანს. უკანასკნელად, 1794 წლის 28 ივლისს - რობესპიერსა და მის მეგობრებს.
გილიოტინა... საინტერესოა, და რაღაც გაგებით, შემზარავიც ამ სახელწოდების წარმომავლობა. 1789 წელს ცნობილმა ექიმმა ჟოზეფ იგნას გილიოტინმა პარლამენტში ორჯერ ხოტბა შეასხა თავის მოკვეთის ახლად გამოგონებულ მექანიკურ მეთოდს, როგორც უფრო ჰუმანურს, ჩამოხრჩობასა და ნაჯახით თავის მოკვეთასთან შედარებით. გილიოტინი თვლიდა, რომ ახალი მექანიზმი უზრუნველყოფდა დასჯის მყისიერებას, რაც ღირსეული სიკვდილის აუ ცილებელი და აბსოლუტური პირობაა; თავისი ჰუმანური პროფესიიდან გამომდინარე, ის ცდილობდა, დაერწმუნებინა კანონმდებლები, უარი ეთქვათ ნაჯახით თავის მოკვეთისა და ჩამოხრჩობის ტრადიციაზე, რომლებიც სიკვდილმისჯილს დამატებით წვალებას აყენებდა; ის ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ შეძლო კიდეც დეპუტატთა დარწმუნება. ახალმა მეთოდმა შეცვალა ძველი, მაგრამ საბოლოოდ ეს გამარჯვება ჰუმანისტი ექიმისთვის პარადოქსულად ტრაგიკული შედეგით დასრულდა: თავის მოკვეთის ამ ახალ მექანიზმს მისი სახელი დაერქვა, რის გამოც, საწყალი გილიოტინი მთელი ცხოვრების მანძილზე ღრმა სინანულს გამოთქვამდა.
მაგრამ დასრულდა ტერორის ბნელი ეპოქა და 1795 წელს რევოლუციის მოედანმა შეიძინა თავისი ბევრისმთქმელი სახელი: კონკორდი. ანუ თანხმობა. მერე სხვა მნიშვნელოვანი ამბებიც მოხდა: 1831 წელს ეგვიპტის მეფემ მადლიერების ნიშნად აჩუქა საფრანგეთს ლუქსორის ტაძრის ობელისკი, ფრანგი მეცნიერის - შამპოლიონის - მიერ იეროგლიფების გაშიფვრის აღსანიშნავად; ლუდოვიკოფილიპე პირველმა კი გადაწყვიტა მისი დადგმა კონკორდის მოედანზე, რადგანაც „ის არ გაგვახსენებს არც ერთ პოლიტიკურ მოვლენას“. ასე აღმოჩნდა კონკორდის შუაგულში ეს 3300 წლის ასაკის, 23 მეტრის სიმაღლის, რამზეს მეორეს მადიდებელი იეროგლიფებით მოკაზმული, ვარდისფერი გრანიტის უმშვენიერესი მონოლითი, რომელიც ისეა აქ შერწყმული სივრცესთან, თითქოს, შორეულ ეგვიპტეში კი არა, არამედ პირდაპირ აქ, ამ ადგილას გაჩნდა, გაჩნდა იმისათვის, რომ სამუდამოდ დავიწყებას მისცემოდა რევოლუციური ტერორის ავბედითი წლები და თვითონ მოედანი ადამიანთა და ერთა შორის ურთიერთგაგების სიმბოლოდ ქცეულიყო.
და აი, დღეს, შენ დგახარ კონკორდზე და შეიძლება არც იცი, რომ სამი საუკუნის წინ ამ მოედანზე ცვიოდა ადამიანთა მოკვეთილი თავები და ამას ათასობით დამსწრე აღფრთოვანებით ხვდებოდა; მაგრამ თუ საღამოხანს, ბინდში იდგები დიდხანს, ზუსტად აქ, ამ ადგილას, უსათუოდ იგრძნობ რაღაც გაუგებარ თრთოლვას და იქნებ მოგელანდოს კიდეც თავის მოსაკვეთად მიმავალი, ლამაზმანი და გართობის მოყვარული დედოფალი, რომელიც სიკვდილის პირას წარმოთქვამს თავისი ცხოვრების ყველაზე გასაოცარ სიტყვებს, ჯალათისადმი მიმართულს: „მაპატიეთ, ბატონო, მე ეს განგებ არ გამიკეთებია“. მაგრამ ამ მოლანდებას მაშინვე გადაფარავს სილამაზისა და ჰარმონიულობის განცდა. და შენ მთელი არსებით შეიგრძნობ მშვენიერებას, რომელიც ასე ხშირად არის გადაჯაჭვული ტრაგედიასთან, აგვირგვინებს მას და იქნებ ამის გამო თვითონაც უფრო ღრმა, ბევრის დამტევი და მიმზიდველი ხდება.
მშვენიერება, როგორც ტრაგედიის გვირგვინი!
ამ ფიქრებში ჩაფლული ვბრუნდებოდი სახლში და უეცრად თვალწინ დამიდგა ჩვენი ქვეყნის ავბედითი წლები, ჩემი ბავშვობის, და მარტო ბავშვობის კი არა, ალბათ, მთელი ცხოვრების უმძიმესი დღე, რაჟდენ-ბიძას დაპატიმრების დღე. მაშინ 13 წლისა ვიყავი, და მიუხედავად იმისა, რომ უკვე განცდილი მქონდა მამის და დედის დაჭერა, მაგრამ ეს სულ ადრეულ ბავშვობაში მოხდა, 6 და 7 წლის ასაკში, როცა ამ მოვლენის ბოლომდე გააზრებაც არ შემეძლო. და აი, ახლა, რაჟდენ-ბიძა! - ადამიანი, რომელიც უმშობლებოდ დარჩენილი ბავშვის თავდავიწყებით მიყვარდა, რომელიც ჩემთვის მამაც იყო და დედაც, და კიდევ პიროვნება, რომელსაც ვეთაყვანებოდი. ყოველ წუთას მასთან ერთად მინდოდა ყოფნა, ეს იქნებ წინათგრძნობაც იყო და შიშიც, რომ მასაც უსათუოდ წამართმევდნენ! როცა ის ბათუმში მიდიოდა ლექციების წასაკითხად, მე მთელი დღეები ჩვენს პატარა რკინის აივანს ვაფარებდი თავს და ვტიროდი. როცა ის იჯდა თავის უზარმაზარ (როგორც მე მეჩვენებოდა მაშინ) საწერ მაგიდასთან და წერდა, მე იქვე მივუჯდებოდი და ასე ვამზადებდი გაკვეთილებს, ან ვკითხულობდი. როცა, თავისი ჩვეულებისამებრ, ოთახში ბოლთას სცემდა, მე მაშინვე ფეხებზე შევადგებოდი და ის, ყველასთან მკაცრი და შეუვალი, სტუდენტების რისხვა, მე, მის „შავტუხა გოგოს“, ვერაფერზე მეუბნებოდა უარს, იძულებული ხდებოდა აეტანა ეს ახირება, შემოეხვია ჩემს მხრებზე ხელები, ჩემთან ერთად ევლო ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში და ასეთ უცნაურ მდგომარეობაში ეფიქრა. ეფიქრა წიგნებზე და ფიზიკის სახელმძღვანელოებზე, რომლებსაც წერდა. მე გვიან მივხვდი, რომ ბავშვური ეგოიზმით უბრალოდ სიცოცხლეს არ ვაცლიდი, ის კი უდრტვინველად იტანდა ყველაფერს, ვინაიდან ალბათ მასაც ჰქონდა წინათგრძნობა, რომ იმ ბნელ ქვეყანაში ეს იდილია ობოლ ბავშვსა და მრავალჭირგამოვლილ 55 წლის კაცს შორის დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა... ან იქნებ ეს წინათგრძნობაც არ იყო, იქნებ მან უბრალოდ იცოდა, რაც ელოდა, ვინაიდან იყო ცნობილი გერმანოფილი, მის დიპლომს აინშტაინისა და პლანკის ხელმოწერები ამშვენებდა, ეს კი ნამდვილი დანაშაული იყო ჩვენ ასეთ „პროგრესულ“ ქვეყანაში, განსაკუთრებით გერმანიასთან ომის დაწყების მერე. იცოდა, რაც ელოდა, ვინაიდან ესმოდა სისტემის არსი... ვფიქრობდი რაჟდენ-ბიძაზე და უცებ გონებაში ამომიტივტივდა ლექსი, რომელიც დავწერე მისი დაპატიმრების დღეს. საკვირველია, ახლა პირველად მომინდა ამ ჩემი პირველი ლექსის სხვებისთვის განდობა. აქამდე ის ჩემი, და მხოლოდ ჩემი საიდუმლო იყო; ან უბრალოდ თვითონ ლექსს არ ვანიჭებდი არავითარ მნიშვნელობას. დღეს კი მან უცებ ჩემთვის დოკუმენტის ძალა შეიძინა, შავბნელი დროის მამხილებელი დოკუმენტის ძალა. და რაკი ვფიქრობ, რომ გამოქვეყნების ღირსია ყველაფერი, რაც იმ ეპოქაზე ლაპარაკობს, რომ დღევანდელმა ბავშვებმაც უნდა გაიგონ, რა იყო ეს მოვლენა, ეს „საბჭოთა კავშირი“, სადაც იცხოვრეს მათმა მშობლებმა და ბებიაბაბუებმა, ამიტომ ვუბრუნდები მას:
მოდი, მიშველე, მითხარი რამე,
თვალზე გააშრე ცრემლი ფარული,
მოდი, განდევნე ბოროტი ღამე,
შიგნით სხეულში შემოპარული.
ო, როგორ მტანჯავს ავი სიცივე,
ვის დავუშავე, რა დავუშავე,
როგორ მაშფოთებს სხვების სიცილი,
როგორ შემოდის გულში სიშავე.
უმთვარო ღამე მეძახის უხმოდ,
ჩემებრ ეული ფეხზე მეხვევა,
გულს, ნაიარევს თავისკენ უხმობს,
როგორც ნუგეშის ფრთხილი შეხება.
რადგანაც დავრჩი მასავით მარტო,
მე, რაჟდენ-ბიძას „შავტუხა გოგო“,
რა მხრებით ვზიდო ამხელა დარდი,
ანდა უმისოდ ვიცხოვრო როგორ.
ვიცი, დავკარგე მე მოსვენება,
აქ, სახლშიც ვხედავ კედლებს ციხისას,
მხოლოდ ეგ სახე, ვით მოჩვენება,
აღმობრწყინდება, როგორც თილისმა.
ბნელ სუდარაში მთლად გავეხვიე,
გულშიც ჩამდგარა უნათლო ღამე,
ელვა ელვარებს, თავზე მეხია,
ო, მანუგეშე, მითხარი რამე.
მართალი გითხრათ, არ ვიცი, ვის მივმართავდი და ვისგან ველოდი ნუგეშს! ის განცდა კი მახსოვს, რომ ჩემს პირისპირ ვხედავდი საშინელ ურჩხულს, რომელიც ჩემი უსაყვარლესი ადამიანის გადაყლაპვას ლამობდა! და ეს აღსრულდა კიდეც, ვინაიდან იმ დღეს რაჟდენ-ბიძა მართლაც სამუდამოდ დავკარგე - ის რამდენიმე თვის მერე ციხეში გარდაიცვალა დიზინტერიით.
კალდერისა და კანდინსკის გამოფენა ბობურში, ანუ პომპიდუს ცენტრში. კალდერი, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საქართველოში... პირველივე დარბაზიდან მოვიხიბლე მისი სრულიად განსაკუთრებული სამყაროთი, ამ „რკინის ძაფებით“ შექმნილი და ასეთი მეტყველი ფიგურებით და პორტრეტებით. 1926 წელს ეს ახალგაზრდა ამერიკელი დასახლდა პარიზში. ეს იყო „გიჟური წლების“ ეპოქა, როდესაც საფრანგეთის სრულიად კოსმოპოლიტურ დედაქალაქში თანაარსებობენ პაბლო პიკასო, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, კონსტანტინ ბრანკუჩი... განათლებით ინჟინერი და მოწოდებით მხატვარი კალდერი ჩქარა მონპარნასის ბოჰემის წევრი გახდა. მან ადრიდანვე მიაგნო რკინის, როგორც სკულპტურისათვის შესაფერისი მასალის შესაძლებლობებს, დემონსტრაციულად უარყო ქანდაკებისთვის ტრადიციული ბრინჯაო და მარმარილო და თავისი ფიგურებისთვის მასალად მხოლოდ რკინას, ნაჭერს, თოკს, ხეს და მავთულს იყენებდა.
და ეს მართლაც საკვირველი სანახაობაა! ეს რკინის ძაფებით „გამოძერწილი“, ჰაერში დაკიდებული, გამჭვირვალე, მთრთოლვარე ფიგურები და პორტრეტები, რომელთაც თანამედროვეებმა დაარქვეს „ნახატები სივრცეში“. ჟაკ პრევერი ამბობდა მის შესახებ: „ეს გიჟმაჟი ინჟინერი გაუგებარი საშუალებებით აწყობს ცხოვრების დღესასწაულებს“. სარტრი აღიქვამდა მის უცნაურად მოძრავ მავთულის სხეულებს, როგორც „ადგილობრივ დღესასწაულებს“. მირო ეძახდა „ჯირკვს მერცხლის სულით“.
და ბოლოს, მისი შემოქმედების კულმინაცია - ცირკი! კალდერამდე ტულუზ-ლოტრეკმა თუ პიკასომ და ბევრმა სხვამ, ნაკლებად ცნობილმა, უკვდავყვეს კლოუნები და აკრობატები. კალდერიც, თავის მხრივ, გამოხატავს რწმენას, რომ „ცირკი არის არსებობის სინონიმი“ და ქმნის თავის „მოხეტიალე ცირკს“. ის მოიცავს ორასამდე მინიატურულ პერსონაჟს და აქსესუარს, რომლებიც იზიდავენ მნახველს თავიანთი თავისებურებით და სადღესასწაულო განწყობით და რომლებიც მაშინ, მეოცე საუკუნის ოციან წლებში, მოძრაობაში მოჰყავდათ თვითონ კალდერს და მის ასისტენტებს. დღეს ითვლება, რომ ეს წარმოდგენები, რომლებიც იმართებოდა კერძო ბინებში თუ საჯარო დარბაზებში, იყო საუკუნის პირველი არტისტული პერფორმანსები.
როგორც ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი: „კალდერის ცირკი - ეს არის მაგიური სამყარო, სადაც სხეულები ამარცხებენ მიზიდულობის კანონს“.
და ისევ ტენისი! და ამჯერად - უიმბლდონი! და თუმცა მშვენივრად მესმის, რა სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს ჩემი მიდრეკილება „სპორტული კომენტატორობისადმი“, მაინც ვერ ვახერხებ გვერდი ავუარო ამ ჩემთვის (და, ცხადია, არა მარტო ჩემთვის) მართლაც მნიშვნელოვან მოვლენას.
უიმბლდონი, დიდი შლემის ყველაზე „ასაკოვანი“ და ყველაზე ტრადიციული ტურნირი, დღეს კიდევ ერთი ტრადიციის დამამკვიდრებელი გახდა: სწორედ აქ, უკვე მესამედ გათამაშდა კლასიკური, სრული სიგრძის ფინალი კაცთა შორის. 2007 წელს ფედერერმა ხუთი სეტით მოუგო ნადალს, 2008 წელს - ნადალმა ფედერერს, და აი ახლა, ისევ ხუთი სეტით, ფედერერმა დაამარცხა როდიკი, თანაც მეხუთე სეტი უგრძელესი იყო საერთოდ დიდი შლემების ისტორიაში, 16-14.
წელს ცენტრალურ კორტზე გააკეთეს რაღაც არაჩვეულებრივი გადახურვა იმისათვის, რომ იქაური ძალიან ხშირი წვიმების დროს არ შეწყვეტილიყო თამაშები, როგორც ეს მუდმივად ხდებოდა. და აი, სწორედ წელს ისე მიიწურა ტურნირის პირველი კვირა, რომ უიმბლდონის თავზე ერთხელაც არ უწვიმია. მომეწონა ამასთან დაკავშირებით ფრანგული დამცინავი კომენტარი: „ინგლისელები აღშფოთებულები არიან იმით, რომ არ წვიმს და ვერ ნახეს, როგორ იხურება ცენტრალურ კორტზე ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით შექმნილი სახურავი. მათი აზრით, ეს იმას ჰგავს, ნოეს რომ აეშენებინა თავისი კიდობანი და წარღვნა არ მომხდარიყო“, - წერს კომენტატორი. ტურნირი მართლაც ისე მიიწურა, რომ წარღვნა არა და არ დადგა, მაგრამ ერთხელ ოდნავ წამოწვიმა და ორგანიზატორებმა მაშინვე ამაყად გადახურეს კორტი, რასაც ლონდონელების საყოველთაო ტაშის გრიალი მოჰყვა.
ტურნირის შედეგები კი ჩემთვის უბრალოდ აღმაფრთოვანებელი იყო: ჯერ დებმა უილიამსებმა ნახევარფინალებში მოუგეს რუსებს და კიდევ ერთხელ (მგონი, მეშვიდედ) ერთმანეთს შორის ითამაშეს დიდი შლემის ფინალი, სადაც ამჯერად უმცროსმა - სერენამ - გაიმარჯვა. ფინალამდე ვენუს უილიამსი ასე პასუხობდა ჟურნალისტთა აურაცხელ შეკითხვებს: მე ყოველთვის მინდა, რომ სერენამ მოიგოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის ჩემთან თამაშობს. წაგების მერე კი ღიმილით თქვა, - ის დღეს ჩემზე ძლიერი იყო და ბუნებრივია, რომ მოიგოო. იმავე დღეს დებმა მოუგეს ავსტრალიელებს წყვილთა ფინალიც.
დები უილიამსების ცხოვრების ისტორია კი უბრალოდ დაუჯერებელია: ოცდაათიოდე წლის წინ ჰარლემში, ტენისის ერთი პატარა მიტოვებული კორტის გვერდით ცხოვრობდა ვინმე რიჩარდ უილიამსი, ღარიბი შავკანიანი თავისი ოჯახით. ერთხელ მან გაზეთში წაიკითხა, რომ ვიღაც ბულგარელმა ტენისისტმა ქალმა მოიგო პრიზი - 100 000 დოლარი; და რიჩარდმა გადაწყვიტა, გაეჩინა ორი გოგო და გაეზარდა ისინი ტენისის ჩემპიონებად. საკვირველი ამ ისტორიაში ის არის, რომ ეს უცნაური გადაწყვეტილება მან რეალობად აქცია: გაჩნდა ორი გოგო, რომლებიც ლამის დაბადებიდან მთელ დღეებს კორტებზე ატარებდნენ, ფულის უქონლობის გამო, მათ თვითონ რიჩარდი წვრთნიდა (რაც, სხვათა შორის, დღემდე გრძელდება), და მას მერე ვენუსმა და სერენამ მოიპოვეს მსოფლიო ტენისის ყველა ტიტული და ათიათასობით მილიონი დოლარი! მამა ყველა შეჯიბრზე დაჰყვება თავის შვილებს და ერთადერთი, რისი ნახვაც არ შეუძლია, ეს მათი ერთმანეთს შორის თამაშია. ასე იყო წელსაც - ფინალის დღეს ის უკვე თვითმფრინავში იჯდა და ამერიკისკენ მიფრინავდა.
ტურნირის მთავარი ინტრიგა კი ისევ და ისევ ფედერერის გარშემო ტრიალებდა, შეძლებდა თუ არა შვეიცარიელი გამარჯვებას და ამით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის სახელის მოპოვებას. და საბოლოოდ ეს მოხდა კიდეც: ფედერერი გახდა ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც მეთხუთმეტედ მოიგო დიდი შლემი! ამ მოვლენას სულგრძელი ენთუზიაზმით შეხვდა სამპრასი, ვისაც როლან-გაროსის მოგების მერე გაუთანაბრდა და ახლა გაუსწრო ფედერერმა და ვინც სპეციალურად ჩამოვიდა ამერიკიდან ამ მატჩზე დასასწრებად. - „ძალიან ვწუხვარ როდიკის გამო, რომელსაც ჰქონდა შანსი, - თქვა ამერიკელმა მატჩის ბოლოს, - მაგრამ ფედერერი, ეს ლეგენდაა. ხატი“. და კითხვაზე, არის თუ არა ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, უპასუხა: - „მე ვიტყოდი, რომ არის“. ფინალისტებმაც დაჯილდოების ცერემონიალზე ტენისისთვის რიტუალური კეთილშობილი სიტყვები წარმოთქვეს. სასოწარკვეთილმა როდიკმა, რომლისთვისაც უიმბლდონის ტიტულის მოპოვება მთელი ცხოვრების ოცნება იყო და რომელიც ამჯერად ბეწვზე წააგო, მოწიწებით მიმართა ფედერერს: „შენ დაიმსახურე ყველაფერი, რაც გაქვს“. ფედერერმა კი უთხრა: „მე მშვენივრად ვიცი, ენდი, რასაც გრძნობ შენ ახლა, ზუსტად იგივე გადავიტანე აქ შარშან და ნამდვილ ტკივილს განვიცდი დღეს შენ გამო“. ხოლო შეკითხვაზე, რას გრძნობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისევ გახდა მსოფლიოს პირველი ნომერი, უპასუხა: „ეს ნამდვილად სასიხარულოა, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ, რომ წელს აქ არ თამაშობდა რაფა (რაფაელ ნადალი) და როცა ის დაბრუნდება, ყველაფერი ახლად გადასაწყვეტი იქნება“.
მე, ცხადია, არ ვიცი, ვინ და რა მდენად გულწრფელია ამგვარი განცხადებების წარმოთქმისას, მაგრამ თავისთავად ძალიან მომწონს სულგრძელობის და მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ეს დამკვიდრებული სტილი. როგორც ამბობდა ცნობილი არქიტექტორი და ლადო მესხიშვილის დიდი მეგობარი ანდრეი ბუროვი: предпочитаю неискренную вежливость искреннему хамству.
ლადოს საშინლად მოსწონდა ეს ნათქვამი და ხშირად მისთვის ჩვეული გადაჭარბებული აღტაცებით იმეორებდა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი ფედერერი ასე აღწერდა მოგების მომენტს: - „ეს იყო წუთი, როცა მე ვუთხარი ჩემ თავს: შენ ეს გააკეთე! ენერგიის მოზღვავების გიჟური წუთი! რადგანაც მერე, როცა ვნახე გადაღებული ბოლო კადრები, გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, მე დავხტივარ, როგორც ბიჭი, რომელსაც არ სჯერა, რომ გაიმარჯვა“. და დაუმატა: - „დღეს ასე ვხედავ ჩემ თავს: და ახლა, რა გინდა კიდევ? შენ მიაღწიე ყველაფერს, რაც შეიძლებოდა, და ალბათ, ეს საუკეთესო მომენტია თავის დანებებისთვის, მაგრამ მე ისე მიყვარს თვითონ თამაში და კიდევ - ტენისისტის მოხეტიალე ცხოვრება, თან მირკაც არ შემეშვება, მასაც ურჩევნია უყუროს ჩემს თამაშს და მეც მირჩევნია ვიარო მასთან ერთად ტურნირებზე, ვიდრე ვიჯდე სახლში. ეს არ არის ჩემი ცხოვრება“. და კომენტატორი წერს: „ფედერერი - ეს მრავალ ენაზე მოსაუბრე, გლობალური სოფლის ჭეშმარიტი მკვიდრი, რომელსაც ცოლად ჰყავს ყოფილი ტენისისტი და აქვს გაუნელებელი ინტერესი უცხოური კულტურების მიმართ - არის თავის წინამორბედებზე ბევრად მეტად მორგებული იმისათვის, რომ გაიხანგრძლივოს კორტზე არსებობა“.
ჩვენც, ვისაც ნამდვილ სიამოვნებას გვანიჭებს ამ გამორჩეული ტენისისტის სრულყოფილება და ელეგანტურობა, სხვა არაფერი დაგვრჩენია, ვიდრე ველოდოთ მის მომავალ გაბრწყინებებს კორტზე.
და ეს ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენაც შედგა: ბარაკ ობამა ჩავიდა მოსკოვში და შეხვდა მედვედევს და პუტინს. ჩვენი მოლოდინი და მღელვარება: როგორ აისახება ეს შეხვედრა ჩვენს ქვეყანაზე?! ბევრია გამოხმაურება პრესაში, ძირითადად, ჩვენთვის მისაღები. (მინდა, ვუთხრა ქართველ მკითხველს, რომ ჩვენი ელჩი მამუკა კუდავა და მისი ხელმძღვანელობით საელჩო მართლაც ძალიან სერიოზულ მუშაობას ატარებს ამ მიმართულებით: ეს არის ყოველდღიური შეხვედრები იმ მიზნით, რომ აქაური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უფრო კარგად გაერკვნენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში და მეტად გააცნობიერონ რუსული ხელისუფლების იმპერიული ამბიციები და უფრო ზოგადად - რუსული საფრთხე). პირველ რიგში, გთავაზობთ 7 ივლისის „ლე მონდში“ დაბეჭდილ წერილს, რომელიც საინტერესოდ მეჩვენება. (ავტორი - მარი როჟე).
„...ნათელია ტონალობის შეცვლა, მაგრამ არსებითად პოზიციები დაშორებულია. სპეციალისტები თვლიან, რომ ერთადერთი ხელშესახები შეთანხმება შეიძლება იყოს შეთანხმება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ. მაგრამ აქაც: მოსკოვის ხელისუფლებაში მყოფი სამხედრო-პოლიტიკური ელიტა დაჟინებით თვლის (კარნეგის ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ტრენინის აზრით), რომ შეერთებულ შტატებს აქვთ დამალული სამოქმედო გეგმა: გაანადგურონ რუსეთი. ეს პარანოიული ხედვა გამომჟღავნდა უსაფრთხოების კრემლის მიერ დამტკიცებულ ახალ სტრატეგიულ ხედვაში (2009 წლის მაისი), რომლის მიხედვით, შეერთებული შტატები რჩება ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ.
ადვილია, დააჭირო „გადატვირთვის“ ღილაკს. სიძნელე ორი ქვეყნის „ხისტი მეხსიერების“ ფუნდამენტურ შეუთავსებლობაშია. რუსეთსა და ამერიკას არა აქვთ არც ერთი და იგივე პოლიტიკური სისტემა, არც ერთი და იგივე მიზნები და ღირებულებები. საერთო ეკონომიკური ინტერესების არარსებობის პირობებში, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი ტილო დამორჩილებულია უსაფრთხოებას და გეოპოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ ის არის სიამაყის და მბრძანებლობის აკვიატებული იდეის მძევალი. ამდენად ეს არის „ხისტი მეხსიერების“ პრობლემა, - წერს ანდრეი ზოლოტოვი, „რია ნოვოსტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
რუსეთის პოზიცია ორაზროვანია: ერთდროულად დასავლეთთან და დასავლეთის წინააღმდეგ. პოლიტიკურმა ელიტამ ისწავლა დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა, მაგრამ ერის კონსოლიდაციისათვის მას სჭირდება მტრების დასახელება, საკუთარი თავის წარმოჩენა ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრედ.
უკანასკნელ წლებში მოხდა დასავლეთთან ურთიერთობის აშკარა გაცივება. ის განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მომენტში, რის მერეც მოსკოვმა აღიარა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი. ამ მიმართულებით ჩიხი ტოტალურია. ათასობით რუსი სამხედრო დამკვიდრდა აქ ხანგრძლივი ვადით; ამავე დროს ბელარუსმაც კი, რუსეთის ტრადიციულმა მოკავშირემ, არ აღიარა ამ ქვეყნების არსებობა. „რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ პერიფერიაზე გაიჩინოს ქვეყნები - ვასალები. და თუ ეს შეუძლებელი იქნება, შექმნას სუსტი ქვეყნების არასტაბილურობის სარტყელი. ეს პოლიტიკა არის ინსტრუმენტი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, შეინარჩუნოს არქაული და ავტოკრატული რეჟიმი, რომლის ფესვები მე-19 საუკუნეშია“, ამბობს ლიდია შევცოვა, კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, რუსეთს აწუხებს ნატო-ს გაფართოება, რომელსაც ის ალყის შემორტყმად აღიქვამს.
გაბრუებულს ენერგიის მიმწოდებლის როლით, რუსეთს აქვს ამბიცია, ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებთან ერთად (ჩინეთი, ირანი, ვენესუელა), გახდეს 21-ე საუკუნის ძირითადი მოთამაშე, რომელიც შეძლებს შეეწინა აღმდეგოს დასავლეთის ჰეგემონიას. მაგრამ ამ ამბიციას აქარწყლებს ორი ფაქტორი. მიუხედავად ნავთობდოლარებით მოპოვებული სიმდიდრისა, მას არა აქვს წონა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელშიც მისი წვლილი 2%25-ს შეადგენს. გარდა ამისა, ის ერთადერთი ინდუსტრიული ქვეყანაა, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა კლებულობს უკანასნელი 40 წლის მანძილზე. განსაკუთრებით დაბალია მამაკაცებისთვის (61%25), ის უკავშირდება ალკოჰოლის და თუთუნის ჭარბ მოხმარებას და ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირეს. მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, 148, 9 მილიონი 1993წ. და 141,9 მილიონი 2009 წელს. სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2025 წლისთვის ქვეყანა დაკარგავს 11 მილიონ მაცხოვრებელს“.
ჩემი აზრით, სტატიაში რუსეთის ძირეული პრობლემებია ასახული. 2%25 მსოფლიო ეკონომიკაში, სიცოცხლის ხანგრძლივობის ძალიან დაბალი დონე და მოსახლეობის კატასტროფული კლება უმთავრესად საყოველთაო ალკოჰოლიზმის გამო! შეიძლება ასეთი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ჰეგემონის როლისაკენ მიისწრაფოდეს?
ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა დასავლეთის პრესის გამოხმაურება სამიტის დასრულების შემდეგ. „დეილი ტელეგრაფში“ დაბეჭდილია წერილი სათაურით: „ობამა აფრთხილებს კრემლს და ეუბნება, რომ საქართველოს აქვს უფლება, გახდეს ნატო-ს წევრი“.
ნაწყვეტები სტატიიდან:
„პრეზიდენტმა ობამამ გამოიწვია რუსი მასპინძლების აღშფოთება, როცა მან დაიცვა საქართველოს უფლება ნატო-ში შესვლისა და გააკრიტიკა კრემლი, იმის გამო, რომ მას სურს, იბატონოს თავის მეზობლებზე.
თავისი პრეზიდენტობის მესამე უმნიშვნელოვანეს გამოსვლაში, რომელიც შედგა მოსკოვში და საგარეო პოლიტიკას ეძღვნებოდა, მან მძლავრად დაიცვა ქართული და უკრაინული დამოუკიდებლობის პრინციპი.
საქართველო, რომელშიც რუსეთი შეიჭრა შარშან ზაფხულში, იყო ვიზიტის მეორე დღის მრავალჯერადი თემა - ბოლო დროს გაძლიერდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს კრემლი ახალი სამხედრო კამპანიის წამოწყებას საქართველოს პროდასავლელი პრეზიდენტის - სააკაშვილის განდევნის მიზნით.
რუსეთის ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად გამოაცხადა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები „თავისი ინტერესების პრივილეგირებულ სფეროდ“. მაგრამ ობამამ დაგმო ამგვარი მიდგომა, რასაც მან უწოდა ინტერესთა სფეროების განაწილების მე-19 საუკუნისდროინდელი ფილოსოფია.
„ძლიერი ქვეყანა არ ამჟღავნებს თავის ძალას სხვა ქვეყნების დამორჩილებით ან მათი დემონიზირებით“, - თქვა ობამამ.
აუდიტორიამ მხოლოდ ერთხელ დაუკრა ტაში ობამას. ეს გამოსვლა არ გადასცა არც ერთმა სატელევიზიო არხმა, რომლებსაც - ყველას უკლებლივ - სახელმწიფო აკონტროლებს. კომენტატორები ამბობენ, რომ ეს იყო ობამამანიის თავიდან აცილების სურვილი.
პრეზიდენტის მისიას ართულებდა მისი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, რომელიც მან წინა კვირას გააკრიტიკა, როგორც ადამიანი, რომელსაც ერთი ფეხი წარსულში აქვს“.
ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ასეთი ქარიზმული, საყოველთაოდ აღიარებული და არსებითად პროგრესული პრეზიდენტის სიტყვებს. მაგრამ არსებობს ფაქტორი ხელისუფლებისა, რომელსაც მიმართავს ობამა. როგორც წერს „ლოს ანჯელეს თაიმსი“: „ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ უთხრა მოსკოვის აუდიტორიას და ის, რაც გაიგონა რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ, შეიძლება არ იყოს ერთი და იგივე - მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები მის დასარწმუნებლად იყო გამიზნული“.
და „ოპტიმიზმისკენ მოქცეული“ ვუდი ალენი კი თავისი ახალი ფილმით „Whatever works“ ( რაც, ალბათ, დაახლოებით ასე უნდა ითარგმნოს: „როგორც გამოვა“), თავისი განუმეორებელი სტილით, სიმსუბუქით, თავისუფლებით და მოულოდნელი სიხალისით გვინერგავს რწმენას, რომ ეს ცხოვრება მშვენიერია თავისი სულ უბრალო, ხშირად პრიმიტიული გამოვლინებებით; რომ ჩამოყალიბებულმა მიზანტროპმაც შეიძლება გაუგოს გემო ამქვეყნიურ არსებობას, აღიაროს ადამიანური ურთიერთობების და სიყვარულის ძალა; სამხრეთის მკვიდრი, მკაცრი წესების და აკრძალვების მიმდევარი ქალი ეროტიკული ფოტოგამოფენის ავტორად და თავისუფალი სექსუალური ცხოვრების აპოლოგეტად იქცეს; მისმა ასეთივე კონსერვატორმა და სამხრეთული ტრადიციების დამცველმა ქმარმა უეცრად აღმოაჩინოს, რომ მთელი სიცოცხლე კაცებისკენ მიილტვოდა, და ამ აღმოჩენით გახდეს ბედნიერი... და კიდევ ბევრი მოულოდნელი რამ შეიძლება მოხდეს ადამიანების ცხოვრებაში. ამისათვის საკმარისია, უკუაგდო აღზრდით, თუ გარემოცვით ჩანერგილი ტაბუები, გათავისუფლდე შინაგანად, მისცე გზა მიდრეკილებებს, რომლებიც ჩამალულია შენში და ცხოვრება ხდება თავბრუდამხვევი, მხიარული თავგადასავალი, სადაც, თუ თავის მოსაკლავად გადახტები ფანჯრიდან (რასაც აკეთებს ფილმის გმირი, მიზანტროპი - ვუდი ალენის ალტერ ეგო), უსათუოდ დაეცემი ქალს, რომელიც თურმე განგებით შენთვის იყო განკუთვნილი და რომელმაც, როგორც მედიუმმა, ალბათ იცოდა კიდეც, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, და ეს გახდება შენი ახალი ცხოვრების დასაბამი...
ჩვენი არსებობის ტრაგიკული ასპექტების გათვალისწინებით, ძალიან გირჩევ, მკითხველო, როგორც კი გექნება შესაძლებლობა, ნახო ვუდი ალენის ფილმი უბრალოდ იმისათვის, რომ დაისვენო, გახალისდე და გაიხსენო, რომ შენც, შენც გაქვს უფლება, იყო შენი თავის გამგებელი და შეიგრძნო ამქვეყნიური ცხოვრების გემო.