![]() |
ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №8 (ნოემბერი, 2007) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გიორგობიანი ლელა, მარკოზაშვილი ნიკოლოზ, გარისონი პოლ, სულაბერიძე ბესო, ჭიჭინაძე კონსტანტინე, ჟორჟოლიანი გოჩა, კუპრავა თემურ , ჭითანავა ანზორ |
თემატური კატალოგი ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები |
საავტორო უფლებები: © ამირან ბაბუნაშვილი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 მენეჯერის პროფესია |
▲back to top |
ავტორი: ნიკოლოზ მარკოზაშვილი
GMCG Ltd - პარტნიორი.
ESM-თბილისი - მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი
„საკმარისი არაა, ბევრი იმუშაო;
ჭიანჭველებიც სულ მუშაობენ. კითხვა ისაა, რას აკეთებ.”
ჰენრი ტორო
ღმერთო, მომეცი ძალა, შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, მოთმინება,
რომ დავმორჩილდე იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია, და სიბრძნე, რომ
განვასხვავო ერთი მეორისგან.
ესპანური ლოცვა
„სხვა მიმართულებით რომ წავიდე, ჯერ უნდა გავჩერდე”.
ერიხ ფრომი
„What do managers do?“
„რას აკეთებენ მენეჯერები?“
მენეჯმენტის სპეციალისტები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ცდილობენ. დღემდე მუშაობენ, მენეჯერის საქმიანობის განსხვავებულ და საინტერესო მოდელებს ქმნიან. თითოეულ მოდელში „აღმოვაჩენთ“ ხოლმე მენეჯერის პროფესიაში ჩვენთვის ახალ, ამ მომენტამდე გაუცნობიერებელ ასპექტს. მაგრამ ის ფაქტი, რომ არც ერთი მოდელი, ჯერჯერობით, საშუალებას არ გვაძლევს, მენეჯერის პროფესია სრულყოფილად აღვწეროთ, პრობლემის სირთულეზე მეტყველებს.
მენეჯერის პროფესიის აღწერისას უნდა ვიცოდეთ ის, თუ რა არის საერთო დარგებში მართვის განსხვავებულ დონეებზე მყოფ მენეჯერთა და სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე (ბიზნესის მართვა, მარკეტინგი, ფინანსები, წარმოება და სხვა) მენეჯერთა საქმიანობაში.
თითქოს, პარადოქსულიც კია, მაგრამ უფრო ადვილია განსხვავებების აღწერა ხვადასხვა მენეჯერის საქმიანობაში, ვიდრე საერთო „ბირთვის“ სრულყოფილი გამოყოფა. მაინც, რატომაა ეს პრობლემა საინტერესო? ამ კითხვაზე მრავალგვარი პასუხი შეიძლება გავცეთ. მაგალითად, შეუძლებელია, მოამზადო პროფესიონალი მენეჯერი მხოლოდ ცალკეული „საგნების“ (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები), თუნდაც, ღრმა ცოდნის საფუძველზე. ბიზნესსკოლებში მენეჯერის მომზადების პროგრამის ფუნქციური დანიშნულება მენეჯერის პროფესიის ათვისებაა. ამ თვალსაზრისით, საგნების ცოდნა აუცილებელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისი პირობაა. მაგრამ: „What do managers do?“
არსებობს მენეჯერის პროფესიის აღწერის მიმართ სამი ძირითადი მიდგომა:
ფუნქციური („კლასიკური“), როდესაც მენეჯერის საქმიანობა სხვადასხვა ფუნქციის გაერთიანების გზით აღიწერება;
ქცევითი, როდესაც მენეჯერის საქმიანობა წარმოდგენილია, როგორც განსხვავებული როლების შესრულების აუცილებლობა და უნარი;
დომინანტური, როდესაც ორგანიზაციის ეფექტიანობის და მენეჯერის პიროვნული თვისებების ანალიზის საფუძველზე, ხელმძღვანელობის სხვადასხვა ტიპი (მართვის სტილი) გამოიყოფა.
მენეჯერის ფუნქციები
ფუნქციური მიდგომისას მენეჯერის საქმიანობა იმ სიბრტყეში განიხილება, რომლის განზომილებები მენეჯერის სხვადასხვა ფუნქციაა. ისტორიულად, მენეჯერის პროფესიის პირველი აღწერა სწორედ ასეთ ხასიათს ატარებდა და ის ანრი ფაიოლს ეკუთვნოდა. 1916 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, მან მართვის 5 ფუნქცია გამოყო: დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება, ხელმძღვანელობა და კონტროლი.
მას შემდეგ ამ მიმართულებით ბევრი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომლებიც ერთმანეთისგან, ძირითადად, ფუნქციების რაოდენობით და კრებულის შემადგენლობით განსხვავდება. მაგალითად, ზოგჯერ, კოორდინირების ან ხელმძღვანელობის ფუნქციის მაგივრად, „კადრების შერჩევის“ ფუნქცია განიხილება. ალბათ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფუნქციების გამოყოფა მენეჯერის საქმიანობის „გარედან“ დანახული ანალიზის საფუძველზე ხდება.
პიტერ დრუკერი, 1955 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, მენეჯმენტის სამ ფუნქციას გამოყოფს: ბიზნესის მართვა, მენეჯერების მართვა და შემსრულებლების მართვა, რისთვისაც მენეჯერი წარმატებით უნდა ფლობდეს 5 საბაზისო „ოპერაციას“: მიზნების დასახვა, სამუშაოს ორგანიზება, თანამშრომელთა მოტივაცია, მაჩვენებლების გაზომვა და ხელქვეითების განვითარების ხელშეწყობა.
H.Fayol. Administration industrielle et generale. Paris. 1916. L.H.Gulick. Notes on the Theory of Organization. New York. 1937. Peter F. Drucker. Practice of Management. Williams Publishing House. 1955.
მენეჯერის ქცევა
ამავე დროს, მენეჯერის ფუნქციები რეალური ქცევის მეშვეობით სრულდება, ანუ „ქცევით სიბრტყეში“, რომლის განზომილებებს ქცევის ე.წ. როლები წარმოადგენს. როლები ნებისმიერი მენეჯერის საქმიანობას ახასიათებს. ამავე დროს, მენეჯერთა შორის განსხვავება ამ როლების შესრულების პრიორიტეტების შესაბამისი განაწილებით აღიწერება. ასეთი მიდგომის ავტორია ანრი მინცბერგი, რომელმაც 1973 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში მენეჯერის საქმიანობა სამ ჯგუფად დაყოფილი 10 განსხვავებული როლის შესრულების აუცილებლობის სახით წარმოადგინა.
პირველ - ინტერპერსონალურ - ჯგუფში, სამი როლი მოხვდა: fi gurehead - გარე სამყაროში ორგანიზაციის წარმომადგენლის როლი, liaison - დამაკავშირებლის როლი და leader - ლიდერის როლი. ამ როლთა გამაერთებელი ნიშანია მენეჯერის მიერ გარემოსთან, თანამშრომლებთან და ხელქვეითებთან საინფორმაციო არხების შექმნის აუცილებელი უნარი.
მეორე - ინფორმაციულ - ჯგუფშიც სამი როლია: monitor - ინფორმაციის მიმღების (მონიტორის) როლი, dessiminator - ხელქვეითებში ინფორმაციის გამავრცელებლის როლი და spokesman - ორგანიზაციის გარემოში ინფორმაციის გამავრცელებლის როლი. ამ როლების შესრულებით, მენეჯერი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.
მესამე - გადაწყვეტილებების მიღების - ჯგუფში ოთხი როლია: entrepreneur - ინოვაციური ცვლილებების ინიციატორის - „მეწარმის“ როლი, disturbance handler - ორგანიზაციისათვის საფრთხის მომტან მოულოდნელ მოვლენებზე საჭირო რეაგირების, „მეხანძრის“ როლი, resource allocator - სხვადასხვა რესურსის გამნაწილებლის როლი, negotiator - ორგანიზაციის სახელით მომლაპარაკებლის როლი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მენეჯერს ამ როლების შესრულება დროის ნებისმიერ მომენტში უნდა შეეძლოს.
Henry Mintzberg. The Nature of Mnagerial Work. Harper&Row.1973. Henry Mintzberg. Mintzberg On Management. The Free Press. 1989.
მართვის სტილები
მართვის სტილზე ორიენტირებული მიდგომა დაკავშირებულია იცხაკ ადიზესის სახელთან. მან ორგანიზაციის ეფექტიანობისათვის საჭირო თვისებების (ლიდერობის სტილი, მენეჯერის შრომის მახასიათებლები, საქმიანობის ხასიათის დომინანტები, „წარმატების ვიტამინები“) ანალიზის საფუძველზე მენეჯერის შემდეგი ოთხი ტიპი გამოყო:
P - Producer - შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული მენეჯერი;
A - Administrator - მართვის პროცესების ორგანიზებაზე ორიენტირებული მენეჯერი;
E - Entrepreneur - ორგანიზაციის განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური აზროვნების მქონე მენეჯერი;
I - Integrator - კორპორაციული კულტურის შექმნაზე ორიენტირებული მენეჯერი-ლიდერი.
რადგან ამ თვისებებს შორის გარკვეული ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა არსებობს, პრაქტიკულად შეუძლებელია, მართვის ოთხივე სტილის მატარებელი მენეჯერი მოიძებნოს. მაგრამ, ამავე დროს, ორგანიზაციის ეფექტიან მართვას ოთხივე თვისება სჭირდება. ამიტომ, ჯენერალ მენეჯერის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ისეთი მმართველური კადრების შერჩევაა, რომელთა შორის ოთხივე ტიპის მენეჯერები იქნებიან. ადიზესი ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის ყოველ ეტაპს მართვის კოდს (ამ ეტაპისთვის საჭირო მართვის დომინანტებს) უსაბამებს. მაგალითად, ორგანიზაციის საწყისი ეტაპის კოდია paEi, ანუ ამ ეტაპზე ორიენტირება ერთი დომინანტის განვითარებაზე ხდება (რაზეც მიგვითითებს დიდი ასო E), სიყმაწვილის ეტაპის კოდია Paei შედეგის მიღწევაზე ორიენტირების დომინანტით, რის შემდეგ მოდის ეტაპი „მიდი-მიდი“ PaEi ორი დომინანტით.
Ichak Kalderan Adizes. The Ideal Executive. 2004. Ichak Kalderon Adizes. Managing Corporate Lifecicles. 2004.
აღსანიშნავია, რომ მენეჯერის პროფესიის აღწერისას ნებისმიერი მიდგომა ეყრდნობა მენეჯერის უნარს, ააწყოს ადამიანური ურთიერთობები ორგანიზაციაში.
ჟურნალის შემდეგ ნომრებში ცალ-ცალკე, დეტალურად განვიხილავთ ზემოთ მოყვანილ მიდგომებს. ამავე თემატიკაზე, ნოემბრის ბოლოს, ჩვენი სასწავლო ცენტრი „Sapienti Sat“ გეგმავს ლექციათა კურსს: „მენეჯერის პროფესია“ (შესაბამისი ინფორმაცია ორი კვირით ადრე გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.jobs.ge).
![]() |
2 კონფლიქტი - გამარჯვება თუ დამარცხება? |
▲back to top |
ავტორი: ლელა გიორგობიანი
PARTNERS-GEORGIA Ltd - პარტნიორი, მთავარი ტრენერ-კონსულტანტი
ESM-თბილისი - ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი
პრესტონის უნივერსიტეტის MBA (HRM)
ვაგრძელებ კონფლიქტის თემის განხილვას. იმედია, სტატიაში მოცემული საკითხები კიდევ უფრო გააღრმავებს თქვენს ცოდნას და ზოგიერთი ტიპური პრობლემური საკითხის ეფექტიანად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ერთ-ერთი ლექსიკონის განმარტებით, კონფლიქტი დაპირისპირება ან აზრთა სხვადასახვაობა, კამათი, პოლემიკაა; დისკუსია ან კინკლაობა, შეჯახებაა; ომი ან ბრძოლაა, ხანგრძლივი ბრძოლა. კონფლიქტი სერიოზული და ძლიერი პროცესია და, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ის აუარესებს პიროვნებათშორის ურთიერთობებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს არაპროდუქტიულსა და არაეკონომიურს ხდის. ცხადია, რომ ზოგიერთი კონფლიქტის თავიდან არიდება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინაშე ორი ამოცანა დგას - უნდა გავიაზროთ, თუ როგორ:
შევამცირებთ კონფლიქტების საერთო რაოდეობას;
გადავჭრით იმ კონფლიქტებს, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია.
არსებობს სპეციალური მეთოდი და ტექნიკა, რომელიც კონფლიქტს ასუსტებს, მის რაოდენობას ამცირებს. მათი დახმარებით შესაძლებელია მივაღწიოთ იმას, რომ კრიზისული სიტუაცია ძალაუფლებისათვის ბრძოლაში არ გადაიზარდოს. მაგრამ, ძალიან გულუბრყვილონი უნდა ვიყოთ, თუ ვიფიქრებთ, თითქოს, პიროვნებათშორის ურთიერთობებში ყველა კონფლიქტის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
ისიც აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის არარსებობა იმის არაორაზროვანი სიმპტომია, რომ ორგანიზაცია ან ჯგუფი არ ვითარდება, არ იცვლება, არ აღწევს წარმატებას, არ ახლდება და არ არის შემოქმედებითი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფის ან ორგანიზაციის სიჯანსაღეზე მიუთითებს არა კონფლიქტების რაოდენობა, არამედ ის, თუ როგორ ხდება მათი გადაჭრა. კონფლიქტების გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯგუფისა და ორგანიზაციისათვის.
ზოგიერთი მენეჯერი კონფლიქტის გადაჭრას თავს არიდებს, ზურგს აქცევს კონფლიქტს იმის იმედით, რომ ის თავისით მოგვარდება. როდესაც ამბობენ - „ჩვენ ერთი ბედნიერი ოჯახივით ვართ და კონფლიქტები არ გვაქვს“, ან „ოცი წელია დაქორწინებული ვართ და ჯერ კონფლიქტი არ გვქონია“, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ კონფლიქტს არ აძლევენ ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას, არ უპირისპირდებიან მას. ზოგიერთ ადამიანს კონფლიქტის ეშინია. კონფლიქტზე გაფიქრებაც კი ზარავს და „ნებისმიერ ფასად“ ინარჩუნებს მშვიდობას. თუმცა, ამგვარი ქცევა, როგორც წესი, ძალზე ძვირი ჯდება, რადგანაც დამალული კონფლიქტის შედეგად:
აღმოცენდება მტრული დამოკიდებულება. ეს ეხება ნებისმიერ დამოკიდებულებებს, არა მხოლოდ დამოკიდებულებას ხელმძღვანელსა და ქვეშევრდომებს შორის. როდესაც კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება, საერთო მტრული დამოკიდებულებები აღმოცენდება. ამან შესაძლოა თავი იჩინოს გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა, სრულიად უმნიშვნელო პრობლემის მიმართ. შეკავებული ღვარძლი უცებ, უმნიშვნელო პრობლემისათვის შეუსაბამოდ, დიდი ძალით გადმოხეთქავს ხოლმე.
ნეგატიური გრძნობები სხვა ადამიანებსა და საგნებზე გადავა. ხელმძღვანელი, რომელიც სამსახურში კონფლიქტებს არ აგვარებს, თავის ბოღმას სახლში, ოჯახის წევრებზე გადაიტანს: ცოლს საყვედურებს ეტყვის, შვილებს დასჯის, ძაღლს დაუყვირებს და სხვა.
ადგილი აქვს წუწუნს, ჭორაობას, საერთო უკმაყოფილებას. ყველაზე თვალსაჩინო სურათი იმისა, რომ ორგანიზაციაში გადაუჭრელი პრობლემები არსებობს, არის: გადაჭარბებული წუწუნით, ზურგს უკან კრიტიკით და მუდმივი ჭორაობით დაძაბული კლიმატი.
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტისაგან გაქცევა შეუძლებელია. კონფლიქტი კი არ უნდა დაიფაროს, არამედ, ღიად უნდა გაცხადდეს და გადაიჭრას.
როგორ აღმოცენდება კონფლიქტი და
ვინ მონაწილეობს მასში?
ზოგიერთი კონფლიქტი მაშინ აღმოცენდება, როდესაც მენეჯერის კორექტული და კონსტრუქციული კრიტიკა თანამშრომლის ქცევის ცვლილებას ვერ იწვევს. ყველაზე კორექტული და კონსტრუქციული უკუკავშირისგანაც კი არ უნდა ველოდოთ, რომ ის ყოველთვის წარმატებას მოიტანს. ეს ხდება მაშინ, როდესაც თანამშრომელს საკუთარი ქცევის შენარჩუნების ძალზე ძლიერი მოთხოვნილება აქვს, ან ცვლილების ეშინია.
მენეჯერი შესაძლოა მრავალ სხვადასხვა სახის კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვდეს. მას შეიძლება ჰქონდეს კონფლიქტი: მენეჯმენტის გუნდთან, ჯგუფის მხოლოდ ერთ ან რამდენიმე წევრთან, თავის უფროსთან, სხვა განყოფილების ან ჯგუფის ხელმძღვანელთან. დაბოლოს, იგი შეიძლება იძულებული გახდეს, თავისი ჯგუფის წევრებს შორის არსებულ კონფლიქტში ჩაერთოს.
შეჯამების სახით, კონფლიქტის თაობაზე შემდეგი შეიძლება ითქვას:
იგი უარყოფითად ზემოქმედებს ყველა სახის ურთიერთობებზე;
პიროვნებათშორის ურთიერთობებში მას ვერსად გავექცევით;
ზოგიერთი კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია შესაბამისი კომუნიკაციური ტექნიკის გამოყენებით;
ის გვხვდება იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ვითარდება და იცვლება;
ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც კონსტრუქციული კრიტიკა მიზანს ვერ აღწევს;
ხშირად მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც, პრობლემაზე მუშაობის პროცესში, ჯგუფი ცდილობს, ოპტიმალურ გადაწყვეტამდე მივიდეს.
კონფლიქტის გადაჭრის სამი მეთოდი
მენეჯერთა უმეტესობამ არ იცის, როგორ გადაჭრას კონფლიქტი. მათ ეს რთული საქმე ჰგონიათ და აქვთ განცდა, რომ ამისათვის მზად არ არიან. მათ ან აშინებთ და ძაბავთ კონფლიქტები, ან, უბრალოდ, ბრაზდებიან იმ ადამიანებზე, რომელთა ქცევაც პოლემიკას, აზრთა სხვადასხვაობას და კამათს იწვევს. ზოგი მენეჯერი კი კონფლიქტს საკუთარი უუნარობის სიმპტომად და ძალაუფლებაზე თავდასხმად აღიქვამს.
ეს რეაქციები სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან უმრავლესობისათვის კონფლიქტი, ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, დაკავშირებულია შიშთან, გაბრაზებასთან, გულის აჩქარებასთან და ყვირილთან, ტირილთან და ურთიერთდამოკიდებულებების გაუარესებასთან. კონფლიქტი დაკავშირებულია ძალაუფლებისათვის ბრძოლასთან, სადაც ვიღაც იმარჯვებს და ვიღაც მარცხდება.
კონფლიქტებთან დაკავშირებული უარყოფითი გამოცდილების ახსნა ძალზე მარტივია. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე თავიანთი ურთიერთობების დროს კონფლიქტის გადასაჭრელად გამარჯვება - დამარცხების მეთოდებს იყენებენ. არსებობს გამარჯვება - დამარცხებასთან დაკავშირებული ორი მეთოდი და ადამიანთა უმეტესობა ან ერთს იყენებს, ან მეორეს:
მეთოდი I: მე ვიმარჯვებ - შენ მარცხდები.
მეთოდი II: შენ იმარჯვებ - მე ვმარცხდები.
არსებობს კონფლიქტების გადაჭრის მესამე მეთოდიც, რომელიც ადამიანთა უმეტესობისათვის უცნობია და ორგანიზაციებში თითქმის არ გამოიყენება:
მეთოდი III: თითოეული იმარჯვებს
ამ მეთოდის ათვისება ვარჯიშს მოითხოვს და მარტივი არ არის. იმისათვის, რომ მისი გამოყენება გახდეს შესაძლებელი, საჭიროა კონფლიქტში ჩართული მხარეები კომუნიკაციის სხვადასხვა ტექნიკას ფლობდნენ (მაგალითად, მოსმენის ტექნიკას და ასერტიულ ქცევას).
თავიდან მოკლედ განვიხილოთ, თუ როგორ ფუნქციონირებს პირველი ორი მეთოდი და რა შედეგებს უნდა ველოდოთ მათი გამოყენების შემთხვევაში.
I და II მეთოდის პრინციპი
დავუშვათ, განყოფილების უფროსი ხართ. თქვენს დაქვემდებარებაში ხუთი მენეჯერია. ერთ-ერთი მათგანისგან - ნიკასგან მიიღეთ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მას სურს სამუშაოდან დაითხოვოს თავისი თანამშრომელი გიორგი. გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ თქვენთვის გაუგებარია, რადგანაც გიორგი დიდი ხანია თქვენთან მუშაობს და მხოლოდ საუკეთესო შედეგებით არის ცნობილი. გიკვირთ და ნიკას სთხოვთ, კიდევ ერთხელ სერიოზულად დაფიქრდეს თავისი გადაწყვეტილების თაობაზე. ნიკა უარზეა და გეუბნებათ, რომ დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.
კონფლიქტი აშკარაა. თუ ნიკას ეტყვით, რომ მას არ შეუძლია გიორგის გათავისუფლება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ იმარჯვებთ, იგი მარცხდება - მეთოდი I. ამ მეთოდის გამოხატვა დიაგრამაზე შემდეგნაირად არის შესაძლებელი (ნახ. 1)
მეთოდი I-ის მიხედვით, თქვენ აიძულებთ სხვას, თქვენი გადაწყვეტა მიიღოს. თქვენი მოთხოვნილებები კმაყოფილდება, სხვისი - არა. თქვენი გადაწყვეტილება რჩება, სხვისი - უარყოფილია. ბუნებრივია, დამარცხებული იბოღმება, რადგანაც გადაწყვეტილება უსამართლოდ მიაჩნია, ფიქრობს, რომ ყველა უპირატესობა გამარჯვებულის მხარესაა. მეთოდი I-ის გამოყენების შემთხვევაში, მზად უნდა იყოთ ნიკას მხრიდან უარყოფითი რეაქციისათვის, რომელმაც, შესაძლოა, ძალზე დააზიანოს თქვენი ურთიერთობები.
ნათელია, რომ მეთოდი I არის კონფლიქტების მოგვარების იმგვარი მეთოდი, რომლის შემდეგაც გამარჯვებული და დამარცხებული არსებობს. ეს მეთოდი ცნობილია შემდეგი სხვადასხვა სახელით:
ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება;
ავტორიტარული გადაწყვეტილება;
ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
დომინანტობა.
კიდევ ერთხელ განვიხილოთ ზემოთ ნახსენები კონფრონტაციის სიტუაცია. დავუშვათ, თქვენ ზემოთ ნახსენები მეთოდი I კი არ გამოიყენეთ, არამედ - დაუთმეთ ნიკას იმის მიუხედავად, რომ მისი გადაწყვეტილება არასწორად მიგაჩნიათ. უთმობთ, რადგან, ვთქვათ, მისი მეგობრული განწყობის დაკარგვის გეშინიათ, ან მასთან სერიოზულ კონფლიქტში ჩაბმა არ გსურთ, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო. შედეგად იმას მიიღებთ, რომ ნიკა გაიმარჯვებს და თქვენ დამარცხდებით. მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება და თქვენი კი - არა. უპირატესობა მის მხარეს იქნება. ახლა უკვე თქვენ გაგიჩნდებათ ბოღმა ნიკას მიმართ, რის შედეგებსაც იგი მოგვიანებით აუცილებლად მოიმკის.
ამ შემთხვევაში, თქვენ მიერ გამოყენებულ იქნა მეთოდი I-ის სრულიად საპირისპირო მეთოდი II, რომლის შედეგადაც, სამწუხაროდ, ასევე მიიღება გამარჯვებული და დამარცხებული. მეთოდი II-საც აქვს სხვადასხვა სახელი:
უფლების მიცემა;
დამთმობი მენეჯმენტი;
თანამშრომლებზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება;
დაქვემდებარება;
მართვის სტილი - არჩარევა, ნებაზე მიშვება.
მეთოდი II შეიძლება შემდეგი დიაგრამით გამოისახოს (ნახ. 2)
არსებობს კონფლიქტის მოგვარების მესამე მეთოდი, რომელიც განხილული მეთოდების ალტერნატივაა. ამ მეთოდის დროს არავინ მარცხდება, ყველა იმარჯვებს. ამ მეთოდით მიიღება გადაწყვეტილება, რომლითაც კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის მოთხოვნილებები კმაყოფილდება. ერთი შეხედვით, ეს მეთოდი უცხო და არარეალური ჩანს, რადგანაც არ ეთანხმება ტრადიციულ გამოცდილებას, რომ თუ ერთი იმარჯვებს, მაშინ მეორე უნდა დამარცხდეს. მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგანაც სინამდვილეში ამ ორმხრივი მოგების მეთოდს ხშირად მიმართავენ, მაგალითად, მეგობრები, როდესაც საღამოს გეგმებს ადგენენ; ბავშვები, როდესაც ერთად თამაშობენ; მეუღლეები, როდესაც საოჯახო საქმეებს ინაწილებენ და სხვა. საქმე რთულდება, როდესაც კონფლიქტში ჩართული მხარეები არიან ხელმძღვანელი - ქვეშევრდომი, მშობელი - შვილი, მასწავლებელი - მოსწავლე. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ სიტუაციებში აშკარაა სხვაობა ძალაუფლებას შორის; რაც, როგორც წესი, არ არსებობს ბავშვებს, მეგობრებსა და მეუღლეებს შორის ურთიერთობაში.
აქედან გამომდინარე, გვერდს ვერ ავუვლით შემდეგ დასკვნას: როდესაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ძალაუფლება აქვთ, ისინი მისი გამოყენებისკენ არიან მიდრეკილნი. როდესაც არ აქვთ ძალაუფლება, მაშინ ათთვის ნათელი ხდება, რომ მხოლოდ ორმხრივი მოგების მეთოდი არსებობს.
ორმხრივი მოგების მეთოდი (მეთოდი III) ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი (ან ძალაუფლების მქონე პიროვნება) ბოროტად არ იყენებს ძალაუფლებას. ამის ნაცვლად, ხელმძღვანელი შემდეგ პოზიციას იკავებს:
„შენ და მე მოთხოვნილებების კონფლიქტი გვაქვს. მე პატივს ვცემ შენს მოთხოვნილებებს, მაგრამ ჩემი მოთხოვნილებების უარყოფის უფლებაც არ გამაჩნია. მე არ მსურს, ჩემს ხელთ არსებული ძალაუფლების გამოყენება ისე, რომ მე გავიმარჯვო და შენ დამარცხდე, მაგრამ არც ის შემიძლია, რომ დავმარცხდე და შენ ამის ხარჯზე გაიმარჯვო. მაშ, მოდი, ურთიერთშეთანხმებით ერთად ვეძიოთ გადაწყვეტილება, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც შენს, ასევე ჩემს მოთხოვნილებებსაც; ისე, რომ ორივემ მოვიგოთ“.
ორმხრივი მოგების მეთოდი პრობლემის მოგვარების სპეციფიკური ფორმაა. პროცესი, როგორც წესი, ექვს ნაბიჯს მოიცავს:
პრობლემის შეცნობა და განსაზღვრა;
ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავება;
ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეფასება;
გადაწყვეტილების მიღება;
გადაწყვეტილების განხორციელება;
შედეგების შეფასება.
დიაგრამაზე მეთოდი III შემდეგნაირად გამოისახება (ნახ.3).
მეთოდი III -ის ტიპიური მახასიათებლებია:
მხარეებს პრობლემის მოგვარების პროცესი, როგორც წესი, მიჰყავთ IV ნაბიჯამდე (გადაწყვეტილების მიღება), ხშირად - ბოლომდეც.
კონფლიქტი გაგებული და განსაზღვრული უნდა იყოს მხარეთა მოთხოვნილებების, გრძნობებისა და ინტერესების კუთხით. ერთ მხარეს სურს, რომ მისი პოზიცია გაიგონ, მაგრამ სხვისი პოზიციის გაგებასაც ისურვებდა.
მხარეთა მოთხოვნილებები, გრძნობები და ინტერესები კონფლიქტის მოგვარების პროცესის დამამუხრუჭებელი ბრალდებებისა და საყვედურების გარეშე გადმოიცემა.
გამოყენებული უნდა იყოს აქტიური მოსმენის ტექნიკა, რადგან ის ნათლად აჩვენებს, რომ მხარეებს ესმით ერთმანეთის გრძნობები. როდესაც ერთი მხარე აქტიური მოსმენის ტექნიკას იყენებს, მეორე მხარესაც უჩნდება აქტიურად მოსმენის სურვილი.
თავიდან გაცხადებული პრობლემა ხშირად ადგილს უთმობს სხვა, უფრო სიღრმისეულ პრობლემას, რომელიც ასევე უნდა გადაიჭრას.
ორმხრივი მოგების მეთოდის გამოყენების დროს კონფლიქტში ჩართულმა არც ერთმა მხარემ არ იცის წინასწარ, თუ რა გადაწყვეტა იქნება საბოლოოდ მიღებული. ის ცხადი გახდება ექვსსაფეხურიანი პროცესის გავლის შემდეგ. იმ მეთოდების შემთხვევაში კი, სადაც გამარჯვებულები და დამარცხებულები არიან, მხარეებს (ან ერთს მაინც) თავიდანვე აუცილებლად აქვს თვალწინ კარგად გამოკვეთილი გადაწყვეტა. მხარეები თავის ამოცანას იმაში ხედავენ, რომ საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით სხვის მორჩილებას მიაღწიონ. ამიტომაც I და II მეთოდების გამოყენებისას აღმოცენდება ხოლმე ბრძოლა ძალაუფლებისათვის, რომლის დროსაც ერთმანეთს კონკურენტული გადაწყვეტები ეჯახება. ორმხრივი მოგების მეთოდი კი ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტას ეძებს. ის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ძალაუფლებისათვის ბრძოლას, როდესაც მხარეები ერთმანეთს თავს ახვევენ გადაწყვეტის საკუთარ, წინასწარ მოფიქრებულ ვარიანტს.
გადაწყვეტილების მოძიებისათვის საჭიროა არა ძალაუფლება, არამედ შემოქმედებითი აზროვნება. მეთოდი III-ის დროს ქცევა ამოცანის ამოხსნას ჰგავს:
„გაერთიანებული ძალებით ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ისეთი გადაწყვეტის პოვნა, რომელიც ყველა ჩვენგანის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს“;
„რას შეუძლია ჩვენი კონფლიქტის გადაჭრა?“
„გადასაჭრელი გვაქვს პრობლემა; მოდით, კარგად დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?“
ორმხრივი მოგების მეთოდის (მეთოდი III) უპირატესობები:
გადაწყვეტილების შესრულების მეტი ვალდებულება
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება ეზრდება, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერთოს. იზრდება მისი მოტივაცია ამგვარი გადაწყვეტილების შესრულებისათვის. ამ მოვლენას „მონაწილეობის პრინციპი“ ეწოდება. როდესაც ადამიანები პრობლემის მოგვარების პროცესში მონაწილეობენ და ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების შემუშავებაზე მუშაობენ, მათ უჩნდებათ განცდა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა, რომ ისინი პასუხს აგებენ ამ გადაწყვეტილებაზე და მის დაცვაზე ზრუნავენ.
როდესაც ჯგუფი გადაწყვეტილების თაობაზე პასუხისმგებლობას გრძნობს, მენეჯერს ნაკლები ენერგიის ფასად უჯდება მიღებული შეთანხმების დაცვისთვის მათი სტიმულირება; მას აღარ უწევს პოლიციელის როლში ყოფნა. ამით მენეჯერი დიდ დროს ზოგავს სამუშაოს პროდუქტიულობაზე ზრუნვისათვის. ამ მეთოდის ეფექტი ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციისათვის: როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება, ისინი სრულდება. როდესაც კონფლიქტები გადაიჭრება, ისინი მოგვარებული რჩება.
უკეთესი გადაწყვეტილების მიღება
მეთოდი III მონაწილეთა კრეატიულობის, გამოცდილებისა და ინტელექტის გააქტიურებას იწვევს. ამიტომაც არის კარგი ამ მეთოდით გადაწყვეტილებების მიღება. საერთოდ, ძნელი წარმოსადგენიცაა, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტური სიტუაციის მოგვარება კონფლიქტში ჩართული მეორე ადამიანის ან ჯგუფის მონაწილეობის გარეშე. მათ თავისი მოთხოვნები უნდა წარმოადგინონ და თქვენი - გაიგონ, მათ უნდა შემოგთავაზონ თავისი გადაწყვეტები და თქვენი - მოისმინონ, მათ თითოეული გადაწყვეტილება თავის გამოცდილებას უნდა შეუფარდონ და წარმოდგენა შეიქმნან თქვენს გამოცდილებაზე, რომელსაც თქვენი გადაწყვეტა ეფუძნება.
გულთბილი ურთიერთობები
დიდია ალბათობა, რომ მეთოდი III-ის გამოყენება გამოიწვევს კონფლიქტში ჩართულ მხარეთა შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ამის მიზეზია ის, რომ ორივე მხარე მზად არის, ერთმანეთის მოთხოვნილებები გაითვალისწინოს და დრო ურთიერთმოსაწონი გადაწყვეტილების მიღებაზე დახარჯოს.
უფრო სწრაფი გადაწყვეტილება
მეთოდი III ეხმარება კონფლიქტში ჩართულ ადამიანებს, ღიად ისაუბრონ საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნილებებზე, გულწრფელად დასვან პრობლემა და შესაძლო გადაწყვეტები განიხილონ. პრობლემის გადაწყვეტამდე მისვლა სწრაფად ხდება, რადგანაც ამ დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულია ბევრი მონაცემი (ფაქტები და გრძნობები), რომლებიც ცალ-ცალკე თითოეული მხარისათვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.
არ არის საჭირო დარწმუნება
მეთოდი I-ით კონფლიქტის მოგვარების დროს, თავისი გადაწყვეტილების შესრულებაში თანამშრომელთა დარწმუნებისათვის მენეჯერს დიდი დროის დახარჯვა უწევს. გადაწყვეტილებაში დარწმუნების პროცესი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე მისი მიღებისთვის არის საჭირო. ამ მეორე ნაბიჯის (დარწმუნების) აუცილებლობა აღარ არსებობს მეთოდი III-ის გამოყენებისას. გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივად ყველა ჩართული მხარის მიერ და აღარ არის საჭირო მათი დარწმუნება - ისინი უკვე დარწმუნებულნი არიან.
რეკომენდაციები მეთოდი III-ის ექვსი ნაბიჯისათვის
პრობლემის მოგვარების პროცესის დაწყება შეიძლება მხოლოდ საკმარისი დროისა და შესატყვისი გარემოს (დაფა, საწერი საშუალებები და სხვა) გამოყოფის პირობებში. სასურველია, შეხვედრაზე არ მიხვიდეთ გადაწყვეტის წინასწარ მყარად განსაზღვრული ვარიანტით. ბუნებრივია, შეგიძლიათ, მხედველობაში იქონიოთ გადაწყვეტის ვარიანტების ნებისმიერი რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ღია იყოთ გადაწყვეტის სხვა ვარიანტებისათვის.
ის, რაც ერთ ადამიანთან კონფლიქტს ეხება, ასევე ეხება ისეთ კონფლიქტურ სიტუაციებსაც, სადაც რამდენიმე პიროვნებაა ჩართული.
ნაბიჯი I:
პრობლემის შეცნობა და განსაზღვრა
ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრობლემის მოგვარების პროცესში. პირველ რიგში, პრობლემის იმგვარად ფორმულირება უნდა მოახდინოთ, რომ ეს არც საყვედური იყოს და არც შეფასება.
როდესაც თქვენს თვალსაზრისს გამოთქვამთ, შემდეგ იმის გადმოცემა ცადეთ, თუ როგორ ხედავს კონფლიქტს მეორე მხარე. თუ ამის თაობაზე ინფორმაცია არ გაქვთ, მაშინ მეორე მხარეს სთხოვეთ, თავისი თვალსაზრისი წარმოადგინოს.
ხშირად პრობლემის ან კონფლიქტის აღწერას საკმაო დრო სჭირდება. შესაძლებელია მეორე მხარეს დიდი დრო დასჭირდეს თავისი სათქმელის ფორმულირებისათვის. იგი, შეიძლება, თავიდან არაკეთილგანწყობილად იქცეოდეს. ასეთ შემთხვევაში, მას აქტიურად უნდა მოუსმინოთ. მეორე მხარეს უნდა მიეცეს თავისი გრძნობების გამოხატვის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შემდეგი ნაბიჯებისათვის შესატყვისი განწყობა არ ექნება.
ნუ იჩქარებთ მეორე ნაბიჯზე გადასვლას. დარწმუნდით, რომ მეორე მხარის მოსაზრება სწორად გაიგეთ და თქვენი თვალსაზრისი სწორად წარადგინეთ. ნუ დაამცრობთ თქვენს საკუთარ გრძნობებს, თორემ მეორე მხარე პრობლემის მოგვარების პროცესში თავისი ჩართვის აუცილებლობას ვერ გააცნობიერებს.
ხშირად დისკუსიის მიმდინარეობის პროცესში შესაძლებელია საჭირო გახდეს პრობლემის თავიდან განსაზღვრა. პრობლემის თავდაპირველი აღწერა, შესაძლოა, ზედაპირული აღმოჩნდეს. მეორე მხარის თვალსაზრისმა შეიძლება პრობლემა ახალი კუთხიდან დაგანახოთ.
სანამ II ნაბიჯზე გადახვალთ, გადაამოწმეთ, ორივესათვის არის თუ არა მისაღები პრობლემის განმარტება. მაგალითად, ჰკითხეთ მეორე მხარეს, ფიქრობს თუ არა იგი, რომ ეს ნამდვილად ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ორივეს გსურთ; არის თუ არა ორივე მხარის მოთხოვნილებები ზუსტად ფორმულირებული? დაბოლოს, მეორე მხარემ მართლაც უნდა გაიგოს, რომ ორივე თქვენგანი ეძებთ გადაწყვეტას, რომელიც ორივეს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. გადაწყვეტა ორივე მხარისათვის მისაღები - ორივე მხარისათვის მომგებიანი უნდა იყოს.
ნაბიჯი II:
ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავება
ეს არის პრობლემის მოგვარების კრეატიული ნაწილი. ხშირად პირველივე ჯერზე კარგი გადაწყვეტა ვერ მიიღება ხოლმე. ჯერ მეორე მხარეს ჰკითხეთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტების შესახებ, თავად თქვენ საკმაო დრო გექნებათ გადაწყვეტის საკუთარი ვარიანტების სათქმელად. ყველანაირად აარიდეთ თავი მეორე მხარის მიერ შემოთავაზებული ვარიანტების ნებისმიერი ფორმით კრიტიკას და შეფასებას. მოუსმინეთ აქტიურად. სერიოზულად მიიღეთ მისი იდეები.
სანამ ცალკეული გადაწყვეტის შეფასებაზე და განხილვაზე გადახვალთ, ჯერ იდეების საკმაო რაოდენობა უნდა შეაგროვოთ. თუ მუშაობის პროცესი ჩიხში შევა, თავიდან მოახდინეთ პრობლემის ფორმულირება. ეს ხანდახან პროცესის წინსვლას უზრუნველყოფს.
როგორც წესი, ადვილი მისახვედრია, თუ როდის უნდა გადახვიდეთ III ნაბიჯზე - როდესაც საკმარისი რაოდენობით შეგროვდება გადაწყვეტის გონივრული და პრაქტიკული ვარიანტები, ან რომელიმე გადაწყვეტა გაცილებით უკეთესი აღმოჩნდება სხვებთან შედარებით.
ნაბიჯი III:
ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეფასება
ამ ეტაპზე თქვენი მოვალეობაა კრიტიკის გამოხატვა: სათუო ხომ არ არის გადაწყვეტის რომელიმე ვარიანტი? არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ რომელიმე ვარიანტი ვერ იმუშავებს? ძნელი ხომ არ არის მისი განხორციელება? სამართლიანია კი იგი ორივე მხარისათვის?
გადაწყვეტის უკვე შემუშავებული ვარიანტების შეფასებისას თქვენ შეიძლება თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც აქამდე დასახელებულებზე უკეთესი იქნება, ან რომელიმე არსებული ვარიანტი გააუმჯობესოთ. თუ ამ სტადიაზე იდეების გადამოწმებას არ მოახდენთ, დიდია რისკი, რომ ბოლოს არადამაკმაყოფილებელ გადაწყვეტასთან მოგიწევთ შეგუება, ან თქვენი გადაწყვეტა არ განხორციელდება.
ნაბიჯი IV:
გადაწყვეტილების მიღება
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე გრძნობდეს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, მოახდინეთ მისი ფორმულირება, რათა დარწმუნდეთ, რომ ორივეს გესმით, თუ რა გადაწყვეტილებას იღებთ.
ნუ დაუშვებთ შემდეგი სახის შეცდომას: ნუ შეეცდებით მეორე მხარის იძულებას ან დაყოლიებას გადაწყვეტილებაზე. თუ მეორე მხარე თავისი ნებით არ აირჩევს მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას, მაშინ შეიქმნება საფრთხე, რომ ის მას არ განახორციელებს.
ნაბიჯი V:
გადაწყვეტილების განხორციელება
ბუნებრივია, მხოლოდ კრეატიული გადაწყვეტილების მიღება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ის განხორციელდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოითათბიროთ მისი განხორციელების შესახებ: ვინ, რას, როდის აკეთებს?
ამ ეტაპზე არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარე შეთანხმებას არ შეასრულებს. ამ დროისათვის არ არის ჭკვიანური იმ ღონისძიებების შესახებ ფიქრი, რომლებიც უნდა განხორციელდეს, თუ გადაწყვეტილება არ შესრულდება.
თავი აარიდეთ შემდეგი სახის შეცდომას: მეორე მხარეს მუდმივად ნუ შეახსენებთ თავისი დავალების შესრულების შესახებ. ამის შედეგად, მეორე მხარე დამოკიდებული გახდება თქვენს შეხსენებებზე, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ქცევაზე თავად აგებდეს პასუხს.
ნაბიჯი VI:
შედეგების შეფასება
მეთოდი III-ით მიღებული ყველა გადაწყვეტილება იდეალური არ იქნება. ხანდახან მეორე მხარე ან თქვენ მის სუსტ წერტილებს აღმოაჩენთ. მაშინ პრობლემა თავიდან უნდა დადგეს. ხანდახან მნიშვნელოვანია, მეორე მხარეს გარკვეული დროის შემდეგ ჰკითხოთ, რა აზრის არის იგი გადაწყვეტილების შესახებ.
ორივეს უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ გადაწყვეტილების გადახედვა ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ არც ერთი თქვენგანი ამას დამოუკიდებლად არ გააკეთებს. ცვლილებები, ისევე, როგორც წინა გადაწყვეტილება, ორმხრივ შეთანხმებას უნდა ეყრდნობოდეს.
არასოდეს დაივიწყოთ, რომ პრობლემების ეფექტიანი მოგვარების საუკეთესო ინსტრუმენტებია:
აქტიური მოსმენა;
ღია და გულწრფელი საუბარი;
ყურადღება სხვისი მოთხოვნილებების მიმართ;
ნდობა;
ღიაობა ახალი ინფორმაციის მიმართ;
სიმტკიცე;
ძალისხმევის არდაშურება გადაწყვეტილების წარმატებით განხორციელებისათვის;
მეთოდ I-ზე ან მეთოდ II-ზე არდაბრუნება.
როდესაც მისაღები გადაწყვეტის პოვნა ძნელია
ზოგიერთი კონფლიქტი იმდენად რთული და მრავალმხრივია, რომ კარგი გადაწყვეტის მისაღებად ძალზე ბევრი კრეატიულობა და საზრიანობაა საჭირო. ქვემოთ მოცემული იქნება რამდენიმე გამოცდილი მეთოდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც რთულია ყველასთვის მისაღები გადაწყვეტის მოძიება:
დაუბრუნდით პრობლემის მოგვარების II ნაბიჯს და დამატებითი ალტერნატიული გადაწყვეტების შემუშავება ცადეთ.
დაუბრუნდით პრობლემის მოგვარების I ნაბიჯს და ცადეთ პრობლემის თავიდან განსაზღვრა. შესაძლებელია, არსებობდეს პრობლემა-საფუძველი, რომელიც ჯერ არ ამოტივტივებულა - „ფარული დღის წესრიგის საკითხი“.
მიმართეთ მონაწილეებს, მაგალითად, შემდეგი შეკითხვით: „თუ შეუძლია ვინმეს, ახსნას, რატომ გართულდა მისაღები გადაწყვეტის მოძიება? რა გვაფერხებს?“
განსაზღვრეთ, არის თუ არა ყველა მონაწილე მზად, საკითხის განხილვა შემდგომი დროისთვის გადადოს.
დასვით შეკითხვა, ხომ არ არის საჭირო მეტი მონაცემი და დამატებითი ფაქტების მოძიება. თუ ასეა, ეს საქმე ჯგუფის რამდენიმე წევრს უნდა დაევალოს, რომლებიც მოგვიანებით ანგარიშს წარმოადგენენ.
გარდა ამისა, ჯგუფმა, შესაძლებელია, მრჩეველი გარედან მოიწვიოს.
კიდევ ერთხელ გააკეთეთ აქცენტი მონაწილეთა მოთხოვნილებებზე, რათა თავი აარიდოთ კონკურენტულ გადაწყვეტებს.
თუ არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზები იმისთვის, რომ გადაწყვეტა სწრაფად ან მაშინვე იქნას მიღებული, ამ ცაიტნოტის შესახებ მონაწილეებს აცნობეთ და, ასევე, უთხარით, თუ რა შედეგები მოჰყვება ვადების არდაცვას.
დაადგინეთ, მზად არის თუ არა ჯგუფი ერთ-ერთი გადაწყვეტის განსაზღვრული დროით მოსინჯვისათვის.
მეთოდი III-ის გამოყენების საზღვრები
მეთოდის გამოყენება დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების იმ საზღვრებზე, რომელიც მენეჯერს აქვს, ანუ ეს უფლებამოსილების ფარგლების საკითხია. ყველა ხელმძღვანელს აქვს გარკვეული სივრცე, სადაც მეთოდი III-ის გამოყენება შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეთოდი III-ის გამოყენება შესაძლებელია იმ სიტუაციებში, სადაც მენეჯერს აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებამოსილება. რაც უფრო ქვედა რგოლის არის მენეჯერი, მით ნაკლებია ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა.
რა უნდა გააკეთოს მენეჯერმა, როდესაც მის ჯგუფში იმგვარი საკითხის გარშემო წარმოიშვება კონფლიქტი, რომლის შესახებაც მას გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება არ გააჩნია? რამდენიმე რჩევა ამგვარი შემთხვევებისათვის:
უთხარით თქვენი ჯგუფის წევრებს, რომ ამ საკითხის შესახებ არ არის შესაძლებელი მოლაპარაკება და აუხსენით, რატომ.
აქტიურად მოუსმინეთ მათ საჩივარს; ისე, რომ გაიგოთ, რამდენად და რატომ არ კმაყოფილდება მათი მოთხოვნები.
მოუწოდეთ მათ, შემოგთავაზონ წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ინსტრუქციების გაუმჯობესება.
თუ ეთანხმებით გაუმჯობესების წინადადებებს, შეგიძლიათ, განიხილოთ ეს ცვლილებები თქვენს წრეში (თქვენი უფროსის მენეჯმენტის გუნდში).
თუ გაუმჯობესების წინადადება უარყოფილ იქნება, უთხარით თქვენს ჯგუფს, რატომ მოხდა ეს და მზად იყავით, მოისმინოთ მათი რეაქცია.
ბოლო ორ რეკომენდაციას მნიშვნელოვანი პრინციპი უდევს საფუძვლად. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის ხელმძღვანელები, რომლებიც არ არიან საკუთარი თანამშრომლების მხარდამჭერნი და წარმომადგენელნი მენეჯმენტის ზედა საფეხურზე, გაცილებით უარესი პროდუქტიულობითა და სამუშაო მორალით ხასიათდებიან, ვიდრე ის მენეჯერები, რომლებიც თავისი თანამშრომლების ინტერესებს იცავენ.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც თანამშრომელი რაიმე პრობლემით მიმართავს არა მის უშუალო ხელმძღვანელს, არამედ, ზედა რგოლის მენეჯერს. ქვემოთ მოცემულია ნაბიჯები, რომლებსაც, მსგავს სიტუაციებში, შეუძლია მიჰყვეს ზედა რგოლის მენეჯერი:
მენეჯერმა თანამშრომელს ემპათიურად და გაგებით უნდა მოუსმინოს. თუმცა, არა იმ მიზნით, რომ განსაზღვროს, რაში მდგომარეობს პრობლემა, არამედ იმისათვის, რათა აჩვენოს, რომ ესმის თანამშრომლის გრძნობები - რაც არ ნიშნავს, რომ მას ეთანხმება. შესაძლოა, იგი თანამშრომელს ამითაც დაეხმაროს გადაწყვეტის დამოუკიდებლად მოძიებაში.
თუ თანამშრომელი პოულობს გადაწყვეტას, რომელიც მის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, მაშინ პრობლემა გადაჭრილია.
თუ თანამშრომელი გადაწყვეტამდე ვერ მიდის, მაშინ მენეჯერი ეკითხება მას, ხომ არ სურს თავისი პრობლემით პირდაპირ უშუალო ხელმძღვანელს მიმართოს, ამასთან, ურჩევს, რომ მას საყვედურების გარეშე დაუპირისპირდეს.
თუ თანამშრომელი მზად არის უშუალო ხელმძღვანელს მიმართოს, მაშინ მენეჯერს ამ პრობლემასთან საერთო აღარაფერი აქვს.
თუ თანამშრომელი წინააღმდეგია, უშუალო ხელმძღვანელს მიმართოს, მაშინ მენეჯერი მას ახალ წინადადებას სთავაზობს: მოიწვიონ უშუალო ხელმძღვანელი და სთხოვონ, შეუერთდეს მათ, მათთან ერთად შეიმუშაოს გადაწყვეტა, რომელიც მისაღები იქნება როგორც თანამშრომლისათვის, ისე - მისთვისაც (მეთოდი III).
თუ თანამშრომელი ამ ალტერნატივას უარყოფს, მენეჯერი უხსნის მას, რომ ისინი არ არიან მზად უშუალო ხელმძღვანელის გარეშე მიიღონ რაიმე სახის გადაწყვეტილება.
თუ თანამშრომელი დაეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად განხილვას, მენეჯერი უშუალო ხელმძღვანელს მასთან მისვლას სთხოვს და მოკლედ აუხსნის, რომ შეიტყო მასა და მის თანამშრომელს შორის არსებული პრობლემის შესახებ და რომ იგი მზად არის, დაეხმაროს მათ, მაგრამ ორივეს მონაწილეობა აუცილებელია.
მენეჯერი უძღვება პრობლემის მოგვარების პროცესს უშუალო ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის, როგორც ნეიტრალური კატალიზატორი. იგი არ ერევა პრობლემის შინაარსში, მაგრამ აქტიურად უსმენს და ეხმარება უშუალო ხელმძღვანელს და თანამშრომელს პრობლემი მოგვარების 6 საფეხურიანი პროცესის გავლაში და იმგვარ გადაწყვეტამდე მისვლაში, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნება.
ეს ნაბიჯები თითოეული ჩართული მხარისათვის სარგებლის მომტანია:
თანამშრომელი სწავლობს, რომ მენეჯერი არ მოაგვარებს კონფლიქტს მასა და მის უშუალო ხელმძღვანელს შორის.
თანამშრომელი სწავლობს, რომ მისგან ელიან, თავად ცადოს, თავის უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მოაგვაროს კონფლიქტი.
ხელმძღვანელი სწავლობს, რომ მენეჯერი არ ჩაერევა კონფლიქტში მის თანამშრომელსა და მას შორის. იგი ხედავს, რომ მენეჯერი არ იღებს ცალმხრივ გადაწყვეტილებებს მის გარეშე. იგი ასევე სწავლობს - და ეს ასევე ძალზე მნიშვნელოვანია - რომ მენეჯერი თანამშრომლის პრობლემას უბრალოდ თავიდან არ იშორებს, თუნდაც, მისთვის ავტომატურად მხარის დაჭერით.
თანამშრომელი და ხელმძღვანელი სწავლობენ, რომ მენეჯერი ამგვარ სიტუაციაში ქცევის გარკვეულ სახეს ანიჭებს უპირატესობას. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი პრობლემის ერთობლივი მოგვარებით გადაიჭრას და არა მიდგომით - ხელმძღვანელი ყოველთვის მართალია იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელია (ან საპირისპირო მიდგომით, თანამშრომლის მოთხოვნილებები ნებისმიერ ფასად უნდა დაკმაყოფილდეს).
ხელმძღვანელი სწავლობს, რომ მასაც შეუძლია, გვერდი აუაროს თავის მენეჯერს მასთან პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში.
როგორ მოვიქცეთ, როდესაც წესები ირღვევა
ყველა ორგანიზაციაში არსებობს წესები და ნებისმიერი საფეხურის მენეჯერი პასუხისმგებელია იმაზე, რომ მისმა თანამშრომლებმა ეს წესები დაიცვან. რა უნდა მოიმოქმედოს მენეჯერმა, როდესაც მისი თანამშრომლები წესებს არღვევენ? ქვემოთ მოცემულია ნაბიჯები, რომლებიც რეკომენდებულია ამგვარ სიტუაციაში ქცევისთვის.
დავუშვათ, თქვენმა თანამშრომელმა გიორგიმ დაარღვია წესი:
თუ დარწმუნებული ხართ, რომ გიორგიმ წესი დაარღვია, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ იგი იცნობს ამ წესს, რომ ესმის ეს წესი. თუ ასე არ არის, მაშინ აუხსენით მას წესი და, აგრეთვე, განუმარტეთ, რომ ამ წესის დაცვაზე ზრუნვა მისი მოვალეობაა.
თუ გიორგი რატომღაც მიიჩნევს, რომ მას შეუძლია, ეს წესი არ დაიცვას, მოუსმინეთ მას ემპათიურად, მაგრამ აუხსენით, რომ თქვენ არ ხართ უფლებამოსილი, თავისუფლება მიანიჭოთ ამ წესის დაცვის კუთხით - რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება თქვენი გავლენის სფეროს სცილდება.
თუ გიორგი კიდევ დაარღვევს ამ წესს, უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ტიპისაა მისი ეს ქცევა: მისაღებია თქვენთვის, თუ - მიუღებელი.
თუ გიორგის ქცევა (წესის დარღვევა), პრინციპში, თქვენთვის მისაღებია, შეგიძლიათ რაიმე ღონისძიებებს არ მიმართოთ და რაც ამ დარღვევას მოჰყვება, მისი საქმეა (რასაც დასთესს, იმას მოიმკის; მას აქვს პრობლემა). მაგალითად, თუ წესის დარღვევა იმით გამოიხატება, რომ გიორგი თავის ავტომანქანას სხვა თანამშრომლის ავტომანქანის ადგილზე აყენებს, შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ და არაფერიც არ მოიმოქმედოთ.
თუ არ შეგიძლიათ გიორგის ქცევის მიღება (თქვენ გაქვთ პრობლემა), მაშინ მას ამის შესახებ უნდა უთხრათ. მაგალითად, გიორგიმ ხელიდან გაუშვა მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურ მოსმენაზე უნდა გადახვიდეთ და მისი რეაქცია მხედველობაში მიიღოთ.
თუ გიორგი მაინც არ ცვლის თავის ქცევას, ეს უკვე მოთხოვნილებათა კონფლიქტის შესახებ მიუთითებს. III მეთოდს უნდა მიმართოთ. შესაძლებელია, ამგვარად აღმოაჩინოთ, რა მოთხოვნილებები უბიძგებს მას წესების საწინააღმდეგოდ მოქცევისკენ.
თუ III მეთოდს არანაირი - თქვენთვის მისაღები - გადაწყვეტა არ მოაქვს, მაშინ შეგიძლიათ, აირჩიოთ ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ალტერნატივებიდან:
(ა) ზუსტად უთხარით მას, შემდეგისთვის რა შედეგები მოჰყვება მის ქცევას (სულ ერთია, რა შედეგებია ეს: ფულადი ჯარიმა, სამსახურიდან დათხოვნა, დაქვეითება და სხვა);
(ბ) უკვე ამ ჯერისათვის გამოიყენეთ სანქციები;
(გ) გადაწყვიტეთ, რომ წესი უნდა შეიცვალოს და გადადგით აუცილებელი ნაბიჯები, რათა საკითხი თქვენს ხელმძღვანელს განუმარტოთ.
ამ ნაბიჯებს საკმაო საფუძველი აქვს:
ადამიანები ხშირად უცოდინარობის გამო არღვევენ წესებს;
ისინი წესებს არღვევენ, რათა თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ;
ადამიანები, როგორც წესი, რეაგირებენ თქვენს თხოვნაზე, გაითვალისწინონ თქვენი მოთხოვნილება;
ადამიანები მზად უნდა იყვნენ, მიიღონ თავისი ქცევის შედეგები, თუ გადაწყვიტეს, რომ წესების დარღვევა გააგრძელონ.
![]() |
3 მითი ATL-ის და BTL-ის |
▲back to top |
და სხვა „ნაცად და ჭეშმარიტ“ დასავლურ
საკომუნიკაციო საშუალებათა შესახებ,
რომლებიც ხშირად გამოუყენებიათ, მაგრამ
იშვიათად გაუმართლებია
ავტორი: პოლ გარისონი
სპეციალურად ჟურნალისთვის „ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“
პოლ გარისონი (Paul Garrison) 25 წელი საქმიანობდა მარკეტინგის სფეროში. მან მუშაობა Procter&Gamble-ში დაიწყო და შემდეგ გადავიდა Coca-Cola-ში - ჯერ შეერთებულ შტატებში, მოგვიანებით კი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში, სადაც კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოსტი ეკავა. ბოლოს მუშაობდა უნგრეთში მმართველი დირექტორის თანამდებობაზე. მისი მეცადინეობით, 90-იან წლებში Coca-Cola-მ მთელს რეგიონში განიმტკიცა პოზიციები, მათ შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. პოლ გარისონს ჯერ კიდევ იმხანად ჰქონდა საკუთარი სარეკლამო სააგენტო შეერთებულ შტატებში. ხუთი წლის წინ კი მან ბუდაპეშტში დააარსა სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Garrison Group-ი. მისი კლიენტები არიან IKEA, Sony PlayStation-ი, T-Com-ი, Pfi zer-ი, Raiff eisen Bank-ი, Bayer-ი, და, რა თქმა უნდა, - Coca-Cola. პოლი აგრეთვე არის European University-ს (CEU) ბიზნეს-სკოლის დეკანი და მარკეტინგის პროფესორი. მას ლექციების წასაკითხად ხშირად იწვევენ, როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში. იგი არის ავტორი წიგნისა „ექსპონენციალური (საჩვენებელი) მარკეტინგი“, რომელიც გამოიცა 2006 წლის ოქტომბერში. ჰყავს ორი ვაჟი - ზეფირი და კიპერი. ცხოვრობს ბუდაპეშტში.
მე ხშირად ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბიზნესმა განვითარების საკუთარი გზა უნდა აირჩიოს და ბრმად არ გადმოიღოს დასავლეთში გავრცელებული ბიზნესის კეთების ყველანაირი პრაქტიკა. არ ვიცი, საუკეთესოდ შერაცხული დასავლური გამოცდილებისადმი მიჯაჭვულობა, მხოლოდ ინტელექტუალური სიზარმაცის (ძნელია ორიგინალური აზროვნების ჩამოყალიბება და, თანაც, რა საჭიროა „ბორბლის ხელახლა გამოგონება?“), თუ დასავლეთის ბიზნესის შესახებ მცდარი შეხედულების ბრალია? ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ რადგან დასავლეთში ბიზნესი ღია საზოგადოებაში უფრო დიდი ხანია კეთდება, მას კარგი გამოცდილება უნდა შეეძინა. საუბედუროდ არ შეუძენია, ყოველ შემთხვევაში, მარკეტინგულ კომუნიკაციებში.
მინდა შევეხო დასავლეთში გავრცელებულ სამ ყველაზე ცუდ პრაქტიკას, რომლებიც აქ საუკეთესოდ მიაჩნიათ. ესენია:
ATL და BTL კომუნიკაციების გამიჯვნა.
სარეკლამო პაუზებზე დაფუძნებული საკომუნიკაციო საქმიანობა.
ცნობადობა “მეფეა”
ATL და BTL კომუნიკაციების გამიჯვნა
თქვენ რა თქმა უნდა იცით ATL-ისა (Above the Lineis ანუ ზღვარს ზემოთა) და BTL-ის (below the Line-ის ანუ ზღვარს ქვემოთა) კომუნიკაციების მნიშვნელობა. მაგრამ გულზე ხელი დაიდეთ და თქვით - იცით რა არის ეს ზღვარი რეალურად? თქვენ გაგაჩნიათ საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რა თანხა უნდა დახარჯოს ზღვარს ქვემოთ ან ზემოთ. ამასთან ATL-ს მიიჩნევთ, როგორც იმიჯის შესაქმნელ კომუნიკაციას, BTL-ს კი უშუალოდ საქონლის გაყიდვაზე ფოკუსირებულ კომუნიკაციას. სწორედ ამ მიზეზის გამო, BTL საკომუნიკაციო საქმიანობა უფრო მეტად ფინანსირდება, ვიდრე ATL-ი.
ATL-ის და BTL-ის ისტორია მოკლედ ასეთია: ეს ზღვარი იმ დროიდან დგინდება, რაც სარეკლამო სააგენტოები თავიანთი შემოსავლის დიდ ნაწილს მედიის სივრცის და დროის გაყიდვით მიღებული საკომისიოებიდან იღებდნენ. ზღვარს ზემოთ იყო კომუნიკაციის ყველა ის ფორმა, რომლის მედიაში განსათავსებლად სარეკლამო სააგენტო საკომისიოს იღებდა. მაგალითად, ტელევიზია, ბილბორდები, რადიო და ჟურნალ-გაზეთები. ზღვარს ქვემოთ კი რჩებოდა ყველა ის საკომუნიკაციო საშუალება, რაც საჭირო იყო კამპანიის მხარდასაჭერად და რასაც ძალიან ცოტა ფული შემოჰქონდა, ვინაიდან მასზე საკომისიოს დადება შეუძლებელი იყო. სარეკლამო სააგენტოებს ხშირად უხდებოდათ პროცესში BTL-ის, როგორც წამგებიანი მომსახურების ჩართვა. სწორედ აქედან მოდის ტერმინი „ზღვარს ქვემოთ“ - ანუ მოგების ზღვარს ქვემოთ. 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც სააგენტოთა უმრავლესობა უკვე ვეღარ იღებდა 15%25-იან საკომისიოს, დასავლეთში ATL-ისა და BTL-ის გამიჯვნა რეალურად აღარ ხდებოდა. საკომისიო სისტემა მნიშვნელოვნად მოძველდა მანამ, სანამ დაიწყებოდა ინტერნეტის როგორც სარეკლამო საშუალების სრულად გამოყენება. სწორედ ამიტომაა ძნელი იმის გარკვევა, ზღვარს ზემოთაა ინტერნეტი თუ - ზღვარს ქვემოთ. ისტორიულ კონტექსტში ეს საკითხი საინტერესოა, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი იმასთან დაკავშირებით, რასაც დღეს აკეთებთ მომხმარებლებთან კომუნიკაციისათვის. ასე რომ, დაივიწყეთ ე.წ. ზღვარი და ATL-ი თუ BTL-ი - ისინი სავსებით არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. დაფიქრდით, როგორც კლიენტი რამდენად ჭკვიანურია მარკეტინგული კომუნიკაციის ხარჯების დაყოფა იმ ძველ მოდელზე დაყრდნობით, რაც მაქსიმალურად მომგებიანია თქვენი სააგენტოსათვის.
თქვენ შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს ისტორიულ ასპექტს და რომ დღეს ATL-სა და BTL-ის ქვეშ პირობითად იმიჯის შემქმნელი და მომხმარებლის მასტიმულირებელი რეკლამები იგულისხმება. ეს საკითხისადმი უფრო საღი, მაგრამ მაინც არასწორი მიდგომაა.
მომხმარებლის წარმოდგენაში არ არსებობს ზღვარი იმიჯის შემქმნელ და მასტიმულირებელ რეკლამას შორის. ეს მხოლოდ თქვენი წარმოდგენის ნაყოფია. ყველაფერი ერთიანდება ერთ კონცეფციაში, რასაც ბრენდის ფასეულობა ჰქვია. ბრენდის ფასეულობა არის სარგებლისა და ფასის კომბინაცია და განსაკუთრებით ეფექტიანია, როცა კომუნიკაცია თანაბარი დატვირთვით ხორციელდება, როგორც უშუალოდ სავაჭრო გარემოში, ისე მის გარეთ. თუკი ძალიან გინდათ ATL-ისა და BTL-ის გამიჯვნა, ჯობს ეს უშუალოდ სავაჭრო გარემოში, ან მის მიღმა გააკეთოთ. როცა კომუნიკაციას სავაჭრო გარემოს გარეთ ახორციელებთ (მნიშვნელობა არა აქვს, ვირტუალურია ის თუ რეალური), რა თქმა უნდა, არ ვარაუდობთ, რომ საქონელს მაშინვე გაყიდით. ამიტომაც თქვენი კომუნიკაცია მომხმარებელში შესყიდვის სურვილის წარმოქმნაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ხოლო სავაჭრო გარემოში თქვენმა კომუნიკაციამ ორმაგი სამუშაო უნდა შეასრულოს და გაუჩინოს მყიდველს როგორც ყიდვის ზრახვა, ასევე ზემოქმედება უნდა მოახდინოს მის ქცევაზე და მოუწოდოს ქმედებისაკენ - იყიდე ახლავე!
სარეკლამო პაუზებზე დაფუძნებული
კომუნიკაციები
ამგვარად, ჩვენ უარვყავით საკომუნიკაციო საქმიანობების დაგეგმვისას ATL-ისა BTL-ის გამიჯვნის პრაქტიკა. ეს კარგი დასაწყისია. მაგრამ მოსაკლავი დაგვრჩა კიდევ ერთი დინოზავრი - პაუზებზე დაფუძნებული კომუნიკაციები. ესაა ის მომაბეზრებელი რეკლამები, რომლის მიზანია დაფარვისა და სიხშირის მიღწევა. თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ თუ როგორ მოგვიწოდებდნენ - აუცილებელია, დაფაროთ მომხმარებელთა 70%25 და სიხშირე უნდა იყოს არა უმცირეს 3-ისა. ტყუილია. ალბათ, ყველა დროის საუკეთესო სატელევიზიო რეკლამა იყო Apple McIntosh-ის რგოლი, რომელსაც „1984“ ერქვა. ის მხოლოდ ერთხელ გაუშვეს, მაგრამ ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა, რადგან პრაქტიკული და ჩამთრევი იყო.
ამ სიტყვების დასტურად გავიხსენებდი ძველ ჩინურ გამონათქვამს:
უთხარი და დაავიწყდებათ, უჩვენე და დაამახსოვრდებათ, გააკეთებინე და გაიგებენ.
On January 24th, Apple Computer will introduce Macintosh. And you'll see why 1984 won't be like „1984"
ეს სწორი იყო ორი ათასი წლის წინ და სწორია ახლაც, მიუხედავად ნაირგვარი საშუალებისა და კონცეფციებისა, რომელთაც გამოიყენებთ თქვენს ურთიერთგამიჯნულ კომუნიკაციებში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადამიანებს სამჯერ, ან თუგინდ ოცჯერ, უჩვენებთ და ეტყვით რამეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ თქვენი საქონლის ყიდვა მოუნდებათ. ეს შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ ხალხს თქვენი რეკლამა დაამახსოვრდება. თუკი თქვენ მარკეტინგული საქმიანობის ეფექტიანობას მხოლოდ მომხმარებლის მიერ რეკლამის გახსენების დონით შეაფასებთ, შეიძლება აღფრთოვანებულიც დარჩეთ. თუმცა, თქვენმა უფროსმა შეიძლება არ გაიზიაროს იგი.
ყიდვის განზრახვასა და მყიდველის ქცევას ბრენდის რელევანტურობა განაპირობებს. რელევანტურობას ჩვენ ისე ხშირად ვიყენებთ მარკეტინგში, რომ ზოგჯერ გვავიწყდება მისი მნიშვნელობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ თქვენი პროდუქტი არ იქნება ღირებული მომხმარებელთათვის, არავინ არ იყიდის მას. ესაა და ეს. საჭიროა, ისე განვავითაროთ ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგია, რომ ის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს მომხმარებელთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ არა პაუზებზე დაფუძნებული კომუნიკაციები, არამედ უნდა შევარჩიოთ მომენტი, როცა კლიენტი თქვენი ბრენდის შესახებ არსებული გზავნილის მისაღებად სათანადო მდგომარეობაში იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ უფრო და უფრო ჭარბად იჩენს თავს მექანიზმები, რომლებიც საშუალებას აძლევს კლიენტს, მიიღოს ან უარყოს ასეთი სარეკლამო გზავნილები, საჭიროა, ვიჩქაროთ და სასწრაფოდ ჩამთრევი კომუნიკაციებისკენ ავიღოთ გეზი.
ცნობადობა „მეფეა“
ცნობადობა არ არის რელევანტური. მე არ ვგულისხმობ, რომ ის უმნიშვნელოა, უბრალოდ, ვამბობ, რომ ის ამ შემთხვევაში, არარელევანტურია. ცნობადობა მხოლოდ მაშინ გახდება მომხმარებლისათვის რელევანტური, როცა თქვენ აქცევთ მას ასეთად. ამდენად, საჭიროა ბევრად უფრო მეტი რამ, ვიდრე მხოლოდ ყურადღების მიმქცევი სახელი და თვალშისაცემი ლოგო. რასაკვირველია, აუცილებელია, მომხმარებელმა იცოდეს თქვენი ბრენდის სახელი. აბა სხვაგვარად როგორ გამოარჩევს თქვენს საქონელს. მაგრამ მთავარი ისაა, რატომ გამოარჩევს ის თქვენს პროდუქციას? ნუთუ მართლა მიგაჩნიათ, რომ მომხმარებელი იმდენად ბრიყვია, რომ შეუძლია, მხოლოდ სახელის გულისთვის ეძებოს და იყიდოს რამე? რა თქმა უნდა, არა. მომხმარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოარჩევს და იყიდის ბრენდს, თუკი ის რელევანტური იქნება მისი ცხოვრებისთვის.
სწორედ ცნობადობასთან არის დაკავშირებული მარკეტინგული ფულის უდიდესი ხარჯები, რადგან საკომუნიკაციო სტრატეგიას სწორედ ცნობილობისკენ სწრაფვა წარმართავს. ყველაფერ ამას ყოველდღე ვაწყდებით, როცა ვუყურებთ, თუნდაც, საყვარელ ფეხბურთელთან ინტერვიუს და მის ზურგს უკან აჭრელებულ ბილბორდებს, რომელთა ჩამოსაკიდადაც ვიღაც გზააბნეულმა მარკეტინგის მენეჯერმა დიდი ფული გადაიხადა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთის სპონსორობა ყოველთვის ზედმეტი ხარჯია. მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ საპრესკონფერენციო დარბაზში და სათამაშო მინდვრის ირგვლივ ლოგოების გაკვრა ფულის უაზროდ წყალში გადაყრაა. როცა Coca-Cola-ში ვმუშაობდი, თანამშრომლები ხუმრობდნენ - თუ რამ მოძრაობს, ვასპონსორებთ და თუ არ მოძრაობს, წითლად ვღებავთო. მართლაც ასე ხდებოდა, და ჩვენი ეს საქმიანობა, ძირითადად, ფულის ფლანგვა იყო.
როცა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჩვენი ბიზნესის მარკეტინგის დირექტორად ვმუშაობდი, კომპანიაში გვქონდა ტერმინი - „ქოლგების მარკეტინგი“. მოგეხსენებათ, რა ბრძოლაა გაჩაღებული რესტორნებში Pepsi-ს ნაცვლად Coca-Cola-ს ქოლგების და საპროდუქტო ჯიხურებში ფირმის საიდენტიფიკაციო კომპლექტის დასადგმელად. ლუდისა და მაგარი სასმელების მწარმოებლებიც არიან ჩაბმულები ამ საღვთო ომში, რომელიც სახელის გასათქმელად მიმდინარეობს. ეს ბრძოლა არასოდეს ცხრება და ის მხოლოდ დროისა და ფულის უყაირათო ხარჯვაა, როგორც ბრენდთა მესვეურთათვის, ისევე რესტორნებისა თუ ჯიხურების მეპატრონეთათვის. მეცინება, როცა ვხედავ ახალ რესტორანს, რომლის კეთილმოწყობისა და ბრწყინვალე ინტერიერის შესაქმნელად ასობით ათასი დოლარია დახარჯული და შემდეგ მთელი ეს შრომა და ფული წყალშია გადაყრილი მხოლოდ იმიტომ, რომ რესტორნის მეპატრონე დახარბდა რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულების ქოლგებს, სკამებსა და ტენტებს. რადგან ზოგიერთი ბრენდის მენეჯერს ჰგონია, რომ „ცნობადობის“ გაზრდით თავისი ლუდისა და უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელების გაყიდვას შეუწყობს ხელს.
სპონსორობა და სახელის გავრცელებასთან დაკავშირებული აქტივობა მხოლოდ მაშინ აანაზღაურებს თავის თავს, თუკი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ ცნობადობაზე ზრუნვას და ძირითად ძალისხმევას კლიენტებისთვის იმ ახალი ასოციაციების შექმნისკენ მიმართავთ, რაც რელევანტური იქნება მათთვის. არსებობს ცერა თითის კარგი წესი: უნდა დახარჯოთ 20%25 სპონსორობაზე და 80%25 აქტივაციაზე. აქტივაცია კიდევ ერთია მარკეტინგის იმ ტერმინთა შორის, რომელთაც ხშირად, მაგრამ დამახინჯებულად ვიყენებთ ხოლმე. ის არ ნიშნავს BTL კომუნიკაციას, როცა მაღაზიების სავაჭრო სექციები სპონსორებს უწყობენ ხელს და არა - პირიქით. აქტივაცია ნიშნავს კლიენტის გულისა და გონების თქვენი პროდუქციის საყიდლად მომართვას. ამისათვის მომხმარებელს უნდა შესთავაზოთ პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი ან, სულ ცოტა, საგულისხმო იქნება მისთვის. აუცილებელია, დასპონსორების შესაძლებლობათა ისეთი აქტივიზაცია, რომ თქვენი ლოგოთი მონიშნული საგნები, ბრენდისა და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებთან იყოს მჭიდრო ურთიერთკავშირში. ამ ურთიერთკავშირის გასარკვევად (თუკი იგი მართლაც არსებობს) ბრენდის არქიტექტურა სპონსორობის თქვენეულ ხედვაზე უნდა ააგოთ, შემდეგ, შეუფარდოთ ეს თქვენი ბრენდის არქიტექტურას და ნახოთ, არსებობს თუ არა სინერგიზმი? და თუკი იარსებებს საჭირო სინერგიულობა, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმართეთ მთელი ძალისხმევა იქით, რომ აცნობოთ მომხმარებელს ამ სასარგებლო ერთობლიობის შესახებ.
როცა იმაზე ვსაუბრობ, რამდენად არ არის რელევანტური მხოლოდ სახელის გათქმისკენ მიმართული კომუნიკაცია, ჩემი ოპონენტები ხშირად იშველიებენ მარკეტინგის სახელმძღვანელოს, სადაც წერია ყიდვის პროცესის 5 საფეხურის შესახებ. ისინი აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში აუცილებელია, შეიქმნას სახელი და მხოლოდ შემდეგ შევუქმნათ მომხმარებელს წარმოდგენა და გავუჩინოთ ყიდვის ზრახვა. ჩემი აზრით ეს მიდგომა ძალიან სწორხაზოვანია და თანაც ძვირადღირებული. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მიდიოდე ბარსელონაში „უიქენდზე” და ჯერ თავად ჩახვიდე და მერე დაბრუნდე და წაიღო ბარგი. რა გინდათ ბარსელონაში ბარგის გარეშე? განა შეუძლებელი იყო, თავიდანვე თან წაგეღოთ ბარგი? რას აპირებთ მას შემდეგ, რაც შექმნით 75%25-იან ცნობადობას? ყიდვის განზრახვის შექმნას? ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გაკეთდეს. ცნობადობასთან ერთად შექმენით ყიდვის განზრახვაც. თქვენი ცნობადობა რელევანტური გახდება და ყველა ბედნიერი იქნება.
საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, თქვენ გაქვთ ბრწყინვალე შესაძლებლობა, მიაღწიოთ მეტს და უკეთ წარმართოთ ბრენდის კომუნიკაციები. თუკი ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები მალე აანაზღაურებს თავის ხარჯებს და მნიშვნელოვნად გაზრდით გაყიდვებს. მე არ ვამტკიცებ, რომ თქვენ უარი უნდა თქვათ წარსულის ყველა „ნაცად და სწორ“ მეთოდზე. ამ მეთოდთაგან ზოგიერთი ახლაც ძლიერ ეფექტიანია. მაგრამ ზოგი მათგანი, როგორიცაა, მაგალითად ზემოთ ჩამოთვლილი სამი „საკვანძო“ კონცეფცია, როგორც მოგახსენეთ, ძალიან ხშირად გამოიყენებოდა დასავლეთში, მაგრამ იშვიათად ყოფილა საიმედო. ისინი არასოდეს ქმნიდნენ ყიდვის ზრახვას და ვერასოდეს ზრდიდნენ გაყიდვებს. ასე რომ, დაფიქრდით ამაზე მომავალში, როცა გაიცნობთ დასავლეთიდან შემოსულ ახალ იდეებს. გააანალიზეთ, რამდენად რელევანტურია ისინი თქვენი ბიზნესისთვის და საიმისოდ, რომ ღირებულება შემატონ თქვენი მომხმარებლის ცხოვრებას. თუკი ჩათვლით, რომ პასუხი დადებითია, დანერგეთ ეს მეთოდები, ოღონდ თვისობრივად ახალ დონეზე, რადგან ქართული ბაზრის უნიკალური სპეციფიკისთვის მისასადაგებლად აუცილებლად მოგიწევთ მათში საკუთარი ინოვაციების შეტანა.
![]() |
4 დრამატურგია თუ თხრობა |
▲back to top |
შინაარსის გადაცემა სატელევიზიო რეკლამაში
ავტორები: ბესო სულაბერიძე
ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი CTC, ტრენერ-კონსულტანტი
კონსტანტინე ჭიჭინაძე
ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ქცევისა და კოგნიტიური
ფუნქციების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გოჩა ჟორჟოლიანი
სარეკლამო კომპანია „Taia Group“,
აღმასრულებელი დირექტორი
სატელევიზიო რეკლამაში შინაარსი სხვადასხვა საშუალებით გადაიცემა. მკვიდრდება ახალი მხატვრული ხერხები და თამამი შემოქმედებითი გადაწყვეტილებები მიიღება. სატელევიზიო რეკლამის მხატვრული ფორმა ვითარდება, სულ უფრო რთული და დახვეწილი ხდება. კინემატოგრაფიული ხელოვნებისაგან განსხვავებით, მხატვრული ხერხები აქ მარკეტინგული ამოცანის გადაჭრის საშუალებაა. განსხვავებულია კავშირი ფორმასა და შინაარსს შორის.
სარეკლამო რგოლის გარჩევისას ხშირად მოისმენთ: „აჯობებდა შინაარსის სხვა საშუალებების გამოყენება“, „სხვა საშუალებების გამოყენება უფრო ეფექტური იქნებოდა“. მხატვრულ ფილმში გადაცემის საშუალებასა და შინაარსს შორის კავშირი უფრო მჭიდრო და ორგანულია - შეუძლებელია, მხატვრული ხერხი ნაწარმოების მთლიანობის დარღვევის გარეშე შეიცვალოს.
რადგან სატელევიზიო რეკლამა კონკრეტული მარკეტინგული მიზნების მიღწევას ემსახურება და ამისთვის განსხვავებულ მხატვრულ ხერხს იყენებს, შინაარსის გადაცემის სხვადასხვა საშუალების შეფასება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
შინაარსის გადაცემის საშუალებანი
სატელევიზიო რეკლამაში შინაარსის გადაცემის საშუალებათა ეფექტიანობის შეფასება მათ კლასიფიკაციას, გარკვეულ ჯგუფებში გაერთიანებასა და შედარებას ითხოვს. კლასიფიკაციისათვის მრავალი პრინციპი შეიძლება იქნას გამოყენებული. ჩვენ „დრამატურგიული“ და „თხრობითი“ საშუალებების დაპირისპირების მოდელს გთავაზობთ. დრამატურგია თამაშის ხელოვნებაა. აქ თამაშს, თეატრალურ შესრულებას, გმირებს შორის სიმბოლური დატვირთვის მქონე ურთიერთობას (symbolic interactionism) გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თამაში მოვლენათა განვითარებაში გმირების მონაწილეობას გულისხმობს. დრამატურგიის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ის ფაქტიცაა, რომ თამაში და მოვლენათა განვითარება აუდიტორიისათვისაა განკუთვნილი, მიზნად მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს - სცენის მხატვრული გაფორმებით, მსახიობთა ჟესტებითა და რეპლიკებით, მუსიკით, ჩაცმულობით და სხვა საშუალებებით. დრამატურგიაში გმირები არა მხოლოდ მოვლენათა მამოძრავებელი ძალაა (რასაც უშუალოდ ვხედავთ), არამედ, სწორად განვითარებული მოვლენები მაყურებელს საშუალებას აძლევს, გარკვეული დასკვნები გააკეთოს გმირისა და მოვლენების შესახებ.
Visa-ბარათის სარეკლამო რგოლი ასეთ დრამატურგიულ ხერხს იყენებს. ათიოდე წამის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ეძლევა, გაეცნოს მოქმედების ადგილს და სიუჟეტის გმირებს - ავტომობილით მიმავალ ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს. მათ ავტომობილს გზაზე დავარდნილი ორანგუტანგი გადაეღობება. მძღოლი იძულებულია, ავტომობილი გააჩეროს. ჩვენი ნაცნობები მანქანიდან გადმოდიან და მაიმუნისაკენ მიდიან. მთავარი მოვლენების განვითარება სწორედ ამ მომენტიდან იწყება. სანამ გმირები იმის გარკვევას ცდილობენ, თუ რა მოხდა, ორანგუტანგების გუნდი ავტომობილიდან ბარგს იპარავს. გმირები ხვდებიან, რაც მოხდა, ავტომობილისაკენ გარბიან, მაგრამ უკვე გვიანაა - ერთერთი მაიმუნი ბოლო ხელჩანთას მიათრევს. მძარცველთა მეთაური ორანგუტანგიც წამოდგება და მიმალვას აპირებს. მოვლენათა განვითარება კულმინაციას აღწევს. საგზლად წამოღებული ბანანის საშუალებით ქალი ახერხებს ხელჩანთის დაბრუნებას, სადაც მას, თურმე, Visa -ბარათი აქვს. ბარათის დახმარებით კი მოახერხებს, მთელი ბარგი „გამოისყიდოს“. ორანგუტანგთა მეთაური, რომელსაც ავტომობილის გასაღების მოპარვა მოუხერხებია, Visa-ბარათს ავტომობილის გასაღების სანაცვლოდ მოითხოვს. აქ მოვლენათა განვითარება სრულდება. მაყურებელი დაასკვნის: „თუ Visa-ბარათის გამოყენება ასეთ ვითარებაში და ასეთ ადგილზეც კი შეიძლება, ის მართლაც მოხერხებული რამ ყოფილა“.
ეს სარეკლამო რგოლი არ მოუთხრობს მაყურებელს იმას, რისი თქმაც რეკლამის მიმცემს სურს. მასში მხოლოდ ისტორიაა წარმოდგენილი, რომელიც აუდიტორიას შინაარსის გამოცნობას სთავაზობს - მოვლენათა წყება გარკვეული გამოცანაა, მოქმედებითი ალეგორიაა, რომლის შინაგანი ლოგიკის წვდომამ მაყურებელი რგოლის შინაარსს უნდა მიახვედროს. სიტყვები - „მიხვედრა“, „წვდომა“ - ზუსტად აღწერს დრამატურგიული საშუალებისათვის დამახასიათებელი შინაარსის გადაცემის მეთოდს. დრამატურგიული ნაწარმოები მაყურებლის აქტიურ მონაწილეობას ითხოვს, რადგან მხოლოდ ამ უკანასკნელის ინტელექტუალური ძალისხმევის შედეგად შეიძლება გაკეთდეს სათანადო დასკვნა.
დრამატურგიული საშუალებებისა და თხრობის დაპირისპირება ხელოვნებათმცოდნეობაში კარგად ცნობილი მოვლენაა. მრავალი ავტორი იყენებს დრამატურგიულ ხერხს და ოსტატურად ახერხებს მის შერწყმას თხრობასთან. ასეთ შემთხვევაში, ნაწარმოების მსვლელობისას ერთმანეთს ორი რამ ენაცვლება. პირველი მოქმედების განვითარებაა, რომლის ინტერპრეტაცია და გაგება მკითხველის აქტიურ შემეცნებას ითხოვს. მეორეა თხრობა, სადაც ავტორი თავად ამბობს იმას, რისი თქმაც სურს; პირდაპირ მიმართავს მკითხველს - ყოველგვარი მოვლენათა განვითარებისა და მოქმედებითი ალეგორიის გამოყენების გარეშე; აძლევს მას საშუალებას, ინფორმაციის პასიური მიმღები იყოს.
ჭურჭლის სარეცხი საშუალება Fairy-ს სარეკლამო რგოლში გამოყენებული შინაარსის გადაცემის საშუალებები ახლოსაა თხრობასთან. მსახიობი პრობლემის შესახებ საუბრობს - ცხელი წყალი არ მოდის, მას კი ცხიმიანი ჭურჭელი აქვს გასარეცხი. იგი მოიშველიებს Fairy-ს და ამბობს: „ცხელი წყალი არ მოდის? არა უშავს. Fairy აქტიური ოქსიდებით ცივ წყალშიც კი გაუმკლავდება ცხიმს“. ამას Fairy-ის მოქმედების დემონსტრირება მოსდევს. მაყურებელს არ სჭირდება რაიმეს გამოცნობა, რაიმეში წვდომა; შინაარსი ზედაპირზევეა და სრულიად ნათელია.
აშკარაა განსხვავება დრამატურგიულ საშუალებებსა და უშუალო თხრობას შორის. პირველი მათგანი გამოცანებით, იგავ-არაკებით, დაფარული ალეგორიებითა და გამოსაცნობი თავსატეხებით ლაპარაკს მოგვაგონებს, კომუნიკაციის პროცესში აუდიტორიის შემეცნებით მონაწილეობას ითხოვს. მეორე შემთხვევაში კი შინაარსი მარტივი და გასაგები ენით უშუალოდ მიეწოდება აუდიტორიას.
თუ დრამასა და თხრობას განვიხილავთ, როგორც ერთი წარმოსახვითი ღერძის ორი საპირისპირო პოლუსს, მაშინ, შესაძლებელია, ამ ღერძის პოლუსებს შორის სატელევიზიო რეკლამის რგოლებიც განთავსდეს. მათი ერთი ნაწილი, თავისი ფორმით, ახლოს იქნება დრამატურგიასთან, ხოლო მეორე ნაწილი - თხრობასთან. სარეკლამო რგოლების უმეტესობა ერთდროულად ორივე ხერხს იყენებს და ამ ღერძზე დრამასა და თხრობას შორის შუალედურ მდგომარეობას იკავებს.
მაყურებლის რეაქცია და სარეკლამო
რგოლის ეფექტიანობა
ეფექტიანობის საუკეთესო მაჩვენებელი მაყურებლის რეაქციაა, რომელიც რთული, მრავალეტაპობრივი პროცესია და მხოლოდ ყიდვა - არყიდვის გადაწყვეტილების მიღებით არ შემოიფარგლება.
მომხმარებლის რეაქციის შესწავლის მრავალი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ABC - კონცეფცია, რომლის თანახმად, A - ნაწილი არის არსებული სიტუაცია, ობიექტურად აღწერილი მოვლენა; B - ნაწილი წარმოადგენს ადამიანის მიერ აღქმულ სინამდვილეს, სუბიექტურ სურათს, შემფასებლურ მოსაზრებებს; ხოლო C - ნაწილი - ქცევას, ქმედებას და ემოციურ დამოკიდებულებას.
კონცეფციის თანახმად, ობიექტურად აღწერილი მოვლენა კი არ წარმოშობს ჩვენში ამა თუ იმ ემოციურ დამოკიდებულებასა და ქცევას, არამედ, სუბიექტურად აღქმული სინამდვილე და შემფასებლური მოსაზრებები. სუბიექტური აღქმა, შემფასებლური მოსაზრება ეგრეთ წოდებულ „რიგიდულ რწმენას“ უკავშირდება. ამგვარი „რწმენა“ ადამიანს ბავშვობიდან უყალიბდება და იმდენად ფუნდამენტური და ღრმაა, რომ ადამიანი მას ვერც კი აცნობიერებს და აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნევს. სწორედ ასეთი „რწმენის“ საფუძველზე დება აღქმა, რომლის შესაბამისია შემდგომი ქცევა და ემოციური დამოკიდებულება.
ABC - კონცეფცია მრავალი გამოყენებითი მოდელის საფუძველი გახდა. ისინი სხვადასხვა დარგში გამოიყენება (ფსიქოთერაპია, პედაგოგიკა, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი და სხვა). მარკეტინგში „ABC კონცეფციაზე“ დაფუძნებული მრავალი მოდელი გამოიყენება. ჩვენ მიერ გამოყენებული ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმებიც ამ მოდელებს ეყრდნობა. შეფასების პროცესი კი სამი თანმიმდევრობითი ეტაპისაგან შედგება:
პირველი ეტაპი მაყურებლის ყურადღების მოზიდვას და მიღებული ინფორმაციის გააზრებას მოიცავს. მეორე ეტაპი გარკვეული ემოციის, დამოკიდებულებისა და შეფასების ჩამოყალიბების პროცესია. მესამე ეტაპი კი მოქმედებას გულისხმობს.
საინტერესოა, როგორ განსხვავდება დრამა და თხრობა ამ კრიტერიუმების მიხედვით. რომელი მეტად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას? რომელი უფრო საინტერესოა? რომლის შინაარსია უფრო ადვილად გასაგები? რომელი იწვევს უფრო ცოცხალ, ემოციურ გამოხმაურებას? რომელი უკეთ ამახსოვრდება ადამიანს?
კვლევა
კვლევა მიზნად ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა. რესპონდენტთა ჯგუფს, რომელიც 51 ადამიანისგან შედგებოდა, თანმიმდევრობით წარედგინა შედარების ობიექტები - სატელევიზიო სარეკლამო რგოლების ხუთი წყვილი. თითოეული წყვილიდან ერთი რგოლი შინაარსის გადაცემის საშუალებად იყენებდა დრამას, ხოლო მეორე - თხრობას.
ყოველი სარეკლამო რგოლის წყვილის ჩვენების შემდეგ ჯგუფის წევრები ავსებდნენ სპეციალურ კითხვარს, რომლის საშუალებით მაყურებლის რეაქციის დაფიქსირება ხდება (ყურადღება, დამოკიდებულება, გაგება, დამახსოვრება, სტიმული მოქმედებისაკენ).
სარეკლამო რგოლის წყვილში შემავალ ორივე რგოლს მაქსიმალურად უნდა დაეკმაყოფილებინა ერთგვაროვნების პრინციპი. შემუშავებულ იქნა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებიც პროდუქტის კატეგორიას, კომუნიკაციის მიზანს, ბრენდის ცნობადობას, ხანგრძლივობას, მუსიკას, ფერთა პალიტრას, გმირის არსებობას და ენას ეხებოდა. ყოველ წყვილში მოხვედრილი ორივე კლიპი, შეძლებისდაგვარად, მსგავსი იყო ამ ნიშნების მიხედვით და მხოლოდ მათ მიერ გამოყენებული შინაარსის გადაცემის საშუალებით განსხვავდებოდა.
შეირჩა 51 ადამიანი. მათ შორის, 62.7%25 ქალი და 37.3%25 მამაკაცი. მათი ასაკი 17-დან 48 წლამდე მერყეობდა. განათლებისა და პროფესიის მიხედვით ჰუმანიტარული და ტექნიკური განათლების მქონე ადამიანები დაახლოებით თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი. ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მცხოვრები ადამიანები.
კითხვარი შედგებოდა 8 კითხვისაგან, რომლებიც 6 პირობით კლასტერად დაჯგუფდა: ყურადღების მიქცევა (attraction), ყურადღების შენარჩუნება (attention), ესთეტიკური დამოკიდებულება (like /dislike), გააზრება და გაგება (insight, information, understanding), მოწოდება მოქმედებისაკენ (stimulus, induce), დამახსოვრება (retention, memory). რესპონდენტთა მიერ ყოველი სარეკლამო რგოლი ხუთბალიანი სკალით ფასდებოდა. ყოველი კითხვისათვის განმარტებული იყო სკალის თითოეული განაყოფის მნიშვნელობა.
კვლევის შედეგები
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სარეკლამო რგოლი, რომელშიც გამოყენებულია დრამატურგია, უფრო ეფექტიანია ყურადღების მიქცევის, ყურადღების შენარჩუნების, მოწონების, კეთილგანწყობისა და დამახსოვრების თვალსაზრისით, მაგრამ ნაკლებეფექტიანი - გააზრებისა და ინფორმაციულობის თვალსაზრისით (გრაფიკი 2).
მიღებული სურათი შეიძლება ტვინის ნახევარსფერული ასიმეტრიით აიხსნას. ამ თეორიის თანახმად, ადამიანის აღქმამ და აზროვნებამ ორი განსხვავებული ფორმა შეიძლება მიიღოს. მარცხენა ნახევარსფერო მოვლენას ერთგვაროვან კონტექსტში აღიქვამს და გაიაზრებს. მოვლენის შემადგენელ ელემენტებს შორის არსებული კავშირებიდან ის ამოირჩევს ყველაზე გამოხატულს, ყველაზე ცალსახას, წინააღმდეგობრივ კავშირებს უკუაგდებს და ამით სურათს ამარტივებს. იგი ქმნის სინამდვილის მოდელს - თავისი არსით, უფრო ფორმალურ-ლოგიკურს და რედუქციონისტულს.
აღქმისა და აზროვნების მარჯვენა-ნახევარსფერული ფორმა განსხვავებულია. აქ აღიქმება ყველა კავშირი, მათ შორის, ურთიერთგამომრიცხავი; ფორმირდება რთული, მრავალმნიშვნელოვანი კონტექსტი, სინამდვილის შედარებით სრული, ხატოვან-გრძნობადი სურათი, რომელსაც თან მრავალი განცდა სდევს.
ფორმალური მარცხენა-ნახევარსფერული კონტექსტი იოლად შეიძლება გადაიცეს მაღალსტრუქტურირებული, თანმიმდევრული ტექსტის მეშვეობით. მრავალმნიშვნელოვანი მარჯვენა-ნახევარსფერული სურათის გადაცემა კი უფრო რთული ამოცანაა. მისთვის დამახასიათებელი ხატოვან-გრძნობადი ხასიათი, შეიძლება, გადაცემულ იქნას ისევ და ისევ ხატოვანი საშუალებების მეშვეობით. ამ შემთხვევაში, საქმე სიტყვათა და მეტყველების საშუალებათა სიმცირეში კი არა, მარჯვენანახევარსფერული წარმოსახვისათვის დამახასიათებელი სურათის ჰოლისტურ ბუნებასა და სიმდიდრეში, მის წინააღმდეგობრიობასა და სირთულეშია (გრაფიკი 3).
თუ აუდიტორიას მივმართავთ მარცხენა-ნახევარსფეროსათვის ადვილად აღსაქმელი სიმბოლოებით, ანუ მივაწვდით არაწინააღმდეგობრივ, თანმიმდევრულ და ერთგვაროვანი ხასიათის ინფორმაციას, იგი მეტად მოხერხებული იქნება გაგებისა და გააზრებისათვის. მაგრამ მარცხენა-ნახევარსფერულ აზროვნებას ახასიათებს უხილავი, შეგრძნებითი კომპონენტის არარსებობა, იმ განცდითი სიმდიდრისა და მრავალფეროვნების დაკარგვა, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია მარჯვენა-ნახევარსფერული აზროვნებისათვის.
თანმიმდევრული, სტრუქტრირებული ინფორმაცია მარცხენა ნახევარსფეროს კოგნიტურ თავისებურებებთან უფრო ახლოსაა. განწყობა, განცდა, ემოციური მეხსიერება და ცოცხალი ინტერესი კი მარჯვენა ნახევარსფეროსათვის არის დამახასიათებელი. შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამა, რომელიც იყენებს დრამატურგიულ ხერხებს, მარჯვენა-ნახევარსფერული აზროვნების პროდუქტია და მას ამ ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელი ხატოვნება ახასიათებს. ამიტომ იგი უფრო ეფექტიანია ყურადღების მიქცევის, დამოკიდებულების, განცდისა და დამახსოვრების თვალსაზრისით. სატელევიზიო რეკლამა, რომელიც იყენებს პირდაპირ მიმართვასა და თხრობას, მშრალ, ცალსახა, თანმიმდევრულ ინფორმაციას მარცხენა-ნახევარსფერული აზროვნებისათვის უფრო ადვილი აღსაქმელია და, შესაბამისად, მოკლებულია ხატოვან-გრძნობად კომპონენტს, ანუ რაციონალურია. იგი ეფექტიანია მაშინ, როდესაც მიზნობრივი აუდიტორიისათვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.
პრაქტიკული რჩევები
სარეკლამო რგოლის გადაცემის საშუალებათა განსაზღვრისას, რეკლამის დამკვეთიც და დამამზადებელიც მნიშვნელოვანი შეზღუდვის პირობებში იმყოფებიან. ამას გადაცემის საშუალებათა შეზღუდვა შეიძლება ეწოდოს (executional framework trade-off ). თუ მივმართავთ თხრობას, როგორც შინაარსის გადაცემის სტრატეგიას და ვეცდებით, აუდიტორიას ინფორმაციული და იოლად გასაგები რგოლი მივაწოდოთ, მოგვიწევს, დავთმოთ მისი ემოციური მიმზიდველობა, ყურადღება, მაყურებლის კეთილგანწყობა და უკეთესი დამახსოვრება. თუ გვსურს, მოვიპოვოთ მომხმარებლის ყურადღება, მოწონება, კეთილგანწყობა და უკეთეს დამახსოვრებას მივაღწიოთ, მაშინ იძულებულნი ვიქნებით, დავთმოთ ინფორმაციულობა, სიმარტივე და დრამატურგიას მივმართოთ.
სატელევიზო სარეკლამო რგოლი კომუნიკაციის იმგვარი ფორმაა, სადაც შეგვიძლია, ერთ-ერთი სტრატეგიისაკენ მხოლოდ მეორე სტრატეგიის ხარჯზე გადავიხაროთ. ორივე ხერხის ერთდროული გამოყენება, ანუ, ასე ვთქვათ - მესამე სტრატეგია, მხოლოდ კომპრომისული ვარიანტია. ამ სტრატეგიის გამოყენების შემთხვევაში, ნაწილობრივ ვთმობთ სიმარტივესა და ინფორმაციულობას, ასევე, ვამცირებთ ყურადღებას, მოწონებას, კეთილგანწყობასა და დამახსოვრებას.
ეს შეზღუდვა გათვალისწინებულ უნდა იქნას შინაარსის გადაცემის საშუალებთა განსაზღვრის, ექსპოზიციისა და მედია-განთავსების გეგმის შემუშავების, სარეკლამო სააგენტოს შერჩევის პროცესში. შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ზემოთ აღწერილ დასკვნას ეფუძნება:
შინაარსის გადაცემის საშუალებათა არჩევისას, არ არსებობს ეფექტიანი და არაეფექტიანი საშუალება. არჩევანი უნდა გაკეთდეს მიმდინარე მარკეტინგული ამოცანის მიხედვით (სიტუაციური მიდგომა). თუ მიმდინარე ამოცანა კომპანიის ან ახალი პროდუქტისადმი ყურადღების მიქცევა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა, უმჯობესია, დრამატურგიას მივმართოთ. თუ კომპანია ან ბრენდი საკმაოდ ცნობადია და მომხმარებელი ინფორმაციის მოგროვების ფაზაზე იმყოფება, უმჯობესია, თხრობას მივმართოთ.
რადგან დრამატურგიული კლიპის შინაარსის წვდომა რთულია, ამ სახის კლიპების გამოყენებას შედარებით დაბალი IQ-ს მქონე მოსახლეობის ჯგუფებისათვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
თუ პროდუქტი პირველადი მოხმარების საგანია (commodity goods), დრამატურგიული ხერხებისათვის დამახასიათებელი ნაკლებინფორმაციულობა საფრთხეს არ წარმოადგენს. იმ პროდუქტის რეკლამირებისას, რომლის ყიდვა მომხმარებლის მხრიდან დიდი ინფორმაციის გადამუშავებას მოითხოვს, საჭიროა, დრამატურგიული საშუალებისათვის დამახასიათებელი ნაკლებინფორმაციულობის კომპენსაცია მარკეტინგული კომუნიკაციის სხვა ინსტრუმენტებით მოხდეს.
პოზიციონირებისას დრამატურგიას მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ემოციებზე აგებულმა სარეკლამო რგოლმა შეიძლება მიზნობრივი აუდიტორიის მხრიდან მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია გამოიწვიოს.
დრამატურგია და თხრობა დამახსოვრების თვალსაზრისით მეტად განსხვავდება. მათთვის ექსპოზიციის განსხვავებული სტრატეგია და მედიაგანთავსების გეგმა უნდა არსებობდეს.
რაც უფრო მაღალია სარეკლამო ქაოსი (clutter), მით მეტად ეფექტიანია დრამატურგიის გამოყენება.
თუ დრამატურგიას მიმართავთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ სარეკლამო სააგენტოს შესაბამისი გამოცდილება და შესაძლებლობა აქვს (მთავარი კითხვებია - ვინ იქნება რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, როგორ დაიდგმება, როგორი იქნება მონტაჟი და სხვა).
თუ სატელევიზო რეკლამის დამამზადებელი სააგენტო დრამატურგიას გამოიყენებს, შემოქმედებით ჯგუფს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ დრამატურგიის წესების დაცვა შეზღუდავს მას მარკეტინგული ინფორმაციის გადაცემის თვალსაზრისით.
თუ რეკლამის დამკვეთი და სარეკლამო სააგენტო ორივე სტრატეგიის ერთობლივ გამოყენებაზე თანხმდებიან, მნიშვნელოვანია, მათ გააზრებული ჰქონდეთ, რომ ამგვარი სტრატეგია კომპრომისულია.
![]() |
5 იაპონია და... ეკონომიკური პრობლემები? |
▲back to top |
იაპონური რეცესიის ახსნა
ავტორი: თემურ კუპრავა
ESM - თბილისი - ეკონომიკის და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი, პრესტონის უნივერსიტეტის MBA
1990 წელს, ეკონომიკური „სასწაულიდან” რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, იაპონიამ მკვეთრად დაამუხრუჭა და მას შემდეგ მისი ეკონომიკა სტაგნაციის ფაზაში იმყოფება. რატომ? ცნობილმა ეკონომიკურმა სკოლებმა - ქეინსიანელებმა და მონეტარისტებმა - ამ კითხვებს დასაბუთებული პასუხი ვერ გასცა. მხოლოდ ეკონომიკური ციკლის ავსტრიულმა თეორიამ მოგვცა მოვლენათა საფუძვლიანად ახსნა.
ჩვენი მიზანი ეკონომიკური თეორიების განხილვა და შედარება კი არა, იაპონიის მაკროეკონომიკური მდგომარეობის განხილვა და იმის შეფასებაა, თუ რა გამოცდა მოუწყო მან სხვადასხვა ეკონომიკურ თეორიას. როდის დაიწყო ეს ყველაფერი? რა გზებით შეეცადნენ სიტუაციის გამოსწორებას? როგორია პერსპექტივა? ამ საკითხების ირგვლივ ვისუბრებთ სტატიის ამ - მეორე - ნაწილში.
1985-2000 წლები
იენის კურსის გაძლიერებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა საექსპორტო სექტორს, შეამცირა ეკონომიკური ზრდა 4.4%25-დან 1985 წელს 2.9%25-მდე 1986 წელს. ამავე წლებში, იენის გაძლიერების შედეგების გასაბათილებლად, მთავრობამ ფულადი პოლიტიკა შეარბილა. იაპონიის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 5-დან 2.5%25-მდე შეამცირა. ეკონომიკის სტიმულირების შედეგად, მკვეთრად გაიზარდა ფასები ფასიან ქაღალდებზე და უძრავ ქონებაზე, ამან კი სათავე დაუდო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ბუმს. საპასუხოდ, მთავრობამ გაამკაცრა ფულადი პოლიტიკა, 1989-1990 წლებში 5-ჯერ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი, რასაც უკვე საფონდო ბირჟის ჩავარდნა მოჰყვა. საფონდო ინდექსი Nikkei თითქმის 60%25-ით დაეცა. სტაგნაციის ფაზაში მოექცა მთლიანი შიდა პროდუქტიც - 1998 წლიდან დაწყებული, მისი ზრდა “მინუსით” აღინიშნა. უმუშევრობის დონე 2.1%25-დან 1997 წელს გაიზარდა 4.7%25-მდე 2001 წელს. საერთოშორისო სტანდარტებით, უმუშევრობის დონის ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის, მაგრამ იაპონიაში არსებული თანამშრომელთა სიცოცხლის ბოლომდე დაქირავების პრაქტიკის გამო - მაღალია.
რას ამბობენ ქეინსიანელები
ქეინსის მაკროეკონომიკური თეორიის თანახმად, ეკონომიკურ რყევებს ერთობლივი მოთხოვნის მკვეთრი დაცემა იწვევს. ითვლება, რომ ერთობლივი მოთხოვნის ერთ-ერთი კომპონენტი - მოხმარება - შედარებით სტაბილურია და, ამიტომ, ერთობლივი მოთხოვნის დაცემას ინვესტიციების კლება იწვევს. ქეინსის თეორიაში ფასები მოუქნელია შემცირების მიმართულებით. და თუ ფასების კორექცია მაინც დააბრუნებს ეკონომიკას წონასწორობის მდგომარეობაში, ამას დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ, რეცესიის დასაძლევად, მთავრობამ უნდა განახორციელოს აქტიური საბიუჯეტო პოლიტიკა გადასახადების შემცირებისა და სახელმწიფო ხარჯების გაზრდის გზით იმისათვის, რომ ერთობლივი მოთხოვნა გაზარდოს და ინვესტიციების შემცირება დააბალანსოს. ქეინსიანელები, როგორც წესი, სახელმწიფო ხარჯების გაზრდის მომხრეები არიან.
იაპონიის მთავრობის პოლიტიკის ზოგიერთი ელემენტი ქეინსიანელების რეკომენდაციებს შეესაბამება. 1990-იანი წლების განმავლობაში, იაპონიის მთავრობამ ბიუჯეტის სტიმულირების 10 პროგრამა განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ 10 ტრილიონი იენა შეადგინა. მაგრამ ეკონომიკა რეცესიიდან ამან მაინც ვერ გამოიყვანა. სამაგიეროდ, საბიუჯეტო ხარჯების ზრდის შედეგად, სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 100%25-ს გადააჭარბა.
ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, იაპონიის ბანკმა საპროცენტო განაკვეთები დაწია და ფულის ექსპანსია მოახდინა. შედეგი ვერც ამ მცდელობამ გამოიღო, რაც, ეკონომისტების შეფასებით, ეგრეთ წოდებული „ლიკვიდურობის ხაფანგის” წარმოქმნის შესაძლებლობაზე მიუთითებს. მათივე შეფასებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი იაპონიის ბანკის კიდევ უფრო აქტიური ფულადი პოლიტიკა უნდა იყოს.
რა არის „ლიკვიდურობის ხაფანგი”? ქეინსი ეკონომიკურ აქტიურობას განიხილავს, როგორც ფულადი ნაკადების ცირკულაციას. ერთი სუბიექტის ხარჯები მეორე სუბიექტის შემოსავლის ნაწილია, ხოლო მეორე სუბიექტის ხარჯები - პირველი სუბიექტის შემოსავლისა. რეცესია საპასუხო რეაქციაა იმ გარემოებებზე, როდესაც მომხმარებლები - გარკვეული ფსიქოლოგიური მიზეზების გამო - გადაწყვეტენ, საკუთარი ხარჯები შეამცირონ და დანაზოგები გაზარდონ. შედეგად მოჯადოებულ წრეს ვღებულობთ: თუ ადამიანიები არ არიან მომავალში დარწმუნებულები, ისინი ნაკლებს ხარჯავენ და მეტს ზოგავენ, რაც კიდევ უფრო აქვეითებს ეკონომიკურ აქტიურობას და მოსახლეობას უბიძგებს, კიდევ უფრო მეტი დაზოგოს.
ამ ლოგიკის მიხედვით, რეცესიის გასაკონტროლებლად ცენტრალურმა ბანკმა ფულის მასა უნდა გაზარდოს და აქტიურად შეამციროს საპროცენტო განაკვეთები. როგორც კი მომხმარებლებს ჯიბეებში მეტი ფული გაუჩნდებათ, მათი რწმენა გაიზრდება და მეტს დახარჯავენ, რაც ფულადი ნაკადების ცირკულაციას აღადგენს.
ქეინსი უშვებდა, რომ შეიძლება წარმოიქმნას სიტუაცია, როდესაც ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების აქტიური შემცირება მათ იმ მინიმალურ დონემდე დაიყვანს, რომლის ქვემოთ, უბრალოდ, ვეღარ დაეშვებიან. ასეთი სიტუაცია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მოსახლეობა ჩათვლის, რომ საპროცენტო განაკვეთებმა ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია და ლიკვიდურობის უპირატესობა თითქმის უპირობო გახდა, ანუ ფულის ფლობას დაბალპროცენტიან ობლიგაციებში კაპიტალდაბანდებას ამჯობინებს. შედეგად, მოსახლეობა კიდევ უფრო გაზრდის დანაზოგებს და ნაკლებს დახარჯავს, იმის მიუხედავად, რამდენად ინტენსიურად ზრდის ცენტრალური ბანკი ფულის მასას.
როდესაც ეკონომიკა ლიკვიდურობის ხაფანგში იმყოფება, ქეინსიანელები ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით შემდეგ რეკომენდაციას იძლევიან: მთავრობა საწარმოების პირდაპირ დაკრედიტებაზე უნდა წავიდეს - საბანკო სისტემაში ლიკვიდურობის შექმნის ნაცვლად.
იაპონიაში არსებობს ფისკალური ინვესტირების და დაკრედიტების პროგრამა - იაპონიის არასაბიუჯეტო ორგანო, რომელიც საბიუჯეტო თანხების თითქმის 70%25-ს ოპერირებს. ამ პროგრამის დაფინანსების უმთავრესი წყარო საფოსტო-საშემნახველო ბანკებია. ამ სახსრების განაწილებას ფინანსთა სამინისტროს სატრასტო ფონდის ბიურო და მისი სხვადასხვა სააგენტო ახდენს, რის გამოც, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტიანი პროექტების გვერდის ავლით იხარჯება. ბუნებრივია, რომ ამ სახელმწიფო დაწესებულებებს მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. მართალია, პირდაპირი დაფინანსების ეს ქეინსიანური მეთოდი საშუალებას იძლევა, გვერდი ავუაროთ ბანკებს, რომლებსაც არ სურთ კრედიტების გაცემა, მაგრამ ის ხელს არ უწყობს ეკონომიკის აღდგენას იმიტომ, რომ სახსრები ნაწილდება არა საბაზრო მოთხოვნილებების შესაბამისად, არამედ იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც პოლიტიკური კავშირებით სარგებლობენ.
ნეოქეინსიანელმა პოლ კრუგლანმა აღიარა, რომ „იაპონური საფოსტო-საშემნახველო სისტემა, რომელიც ისეთ საზოგადოებრივ პროექტებში აბანდებდა თანხებს, რომლებსაც არავითარი სოციალური უკუგება არ მოუტანიათ - „მონუმენტურად არაეფექტიანია”; იმავეს თქმა შეიძლება სესხების გადავადების შესახებ ისეთ კომპანიებზე, რომლებიც ვერასდროს გახდებიან მომგებიანი - ისინი ამით ინარჩუნებენ აქტივებს, რომლებიც არავის სჭირდება”.
ნეოქეინსიანელების აზრით, ეს არ არის პრობლემა იმიტომ, რომ იაპონიის საწარმოო სიმძლავრეები არ არის მთლიანად დატვირთული. და თუ ყურადღებას მიწოდებაზე გავამახვილებთ, მაშინ მხედველობიდან გავუშვებთ ძირითად პრობლემას - მოთხოვნის უკმარისობას. ზოგიერთი ეკონომისტი კი, საპირისპიროდ, თვლის, რომ იაპონიის პრობლემა მოთხოვნის კი არა - მიწოდების სტრუქტურაა, რომელიც მომხმარებლების კონკრეტულ მოთხოვნილებებს არ შეესაბამება. იმ საქონლის წარმოება, რომელიც არავის სჭირდება და მცდარი ინვესტიციების სტიმულირება ვერც ერთ ეკონომიკას ვერ უშველის. ეს პოლიტიკა ვერ აიძულებს მწარმოებლებს, თავიანთი წარმოება ისე გადააწყონ, რომ მომხმარებელთა მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.
მონეტარისტების ახსნა
მონეტარისტებიც უყოყმანოდ ავლენენ იაპონური რეცესიის მიზეზებს. მათი აზრით, რეცესიის მიზეზები ფულის მასის შემცირებაში ან ზრდის ტემპის შენელებაშია. როგორც ვთქვით, 1989-1990 წლებში იაპონიის ბანკმა მკვეთრად, 5-ჯერ, გაზარდა საპროცენტო განაკვეთი (6%25-მდე), შეზღუდა კრედიტები და, შედეგად, ფინანსური „ბუშტიც“ გასკდა. ფულის მასის შეკვეცის შემდეგ იაპონიაში დაიწყო რეცესია. მონეტარისტები თვლიან, რომ იაპონიის ბანკმა ძალიან ადრე შეამცირა ფულის მასა და რეცესია სწორედ ამან გამოიწვია. ამ შემთხვევაში მათი ტრადიციული რეკომენდაცია ინფლაციის განახლებაა.
ექსპანსიურმა ფულადმა პოლიტიკამ იაპონიის ეკონომიკა ვერ გამოაცოცხლა. თავისი პიკური დონის (6%25) შემდეგ ის 0.5%25-მდე დაწიეს 1994 წელს, მაგრამ იაპონიის ეკონომიკის სტიმულირება ამანაც ვერ მოახდინა. უნდა ითქვას, რომ მიზეზი ფულადი პოლიტიკის უუნარობა არ ყოფილა. ყველა ეთანხმებოდა აზრს, რომ იაპონურ საბანკო სისტემას რეორგანიზაცია სჭირდებოდა. საპროცენტო განაკვეთის შემცირებით გამოწვეული მასტიმულირებელი ზემოქმედების უმეტესი ნაწილი რეალიზებული არ ყოფილა იმიტომ, რომ ბანკებმა, დაკრედიტების გაფართოების ნაცვლად, წინა პერიოდში დაკარგული ლიკვიდურობა აღადგინეს. ბანკების უმეტესობას პრობლემური სესხები ჰქონდა, რომელთა გირაო იმ მომენტისთვის გაცემის თარიღში მათი ღირებულების მხოლოდ 60-80%25 შეადგენდა. ზოგიერთი ბანკი გაერთიანდა, ზოგის ნაციონალიზაცია მოხდა. სწორედ ამის გამო ექსპანსიურ ფულად პოლიტიკას ეფექტი არ მოჰყოლია.
ზოგიერთი მონეტარისტი ამტკიცებს, რომ საპროცენტო განაკვეთებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ფულის მასა უნდა ვარეგულიროთ. მილტონ ფრიდმანი ფულის მიწოდების შემდეგ წესს იცავს: ფულის მასის ყოველწლიური ზრდა 3-4%25-ით. 1990 წლებში ფულის მასა მუდმივად იზრდებოდა. მონეტარისტების თქმით, ფულის მასის მკვეთრმა გაზრდამ და შემდგომმა მკვეთრმა შემცირებამ გაბერა „ბუშტი” აქტივების ბაზრებზე და მისი გასკდომა გამოიწვია.
თუ იაპონური საბანკო სისტემის მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ფულის მასის რეგულირება შეიძლება სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. იაპონური რეცესიის პირობებში ზოგიერთი მონეტარისტული მეთოდი (ქეინსიალებისაგან განსხვავებით) მთლიანად უგულებელყოფილი ვერ იქნება, მაგრამ მონეტარისტულმა პოლიტიკამ მაინც ვერ გამოიყვანა იაპონიის ეკონომიკა რეცესიიდან.
ავსტრიული სკოლის ახსნა
ეკონომიკური ციკლის ავსტრიული თეორია არასტაბილური ბუმის თეორია უფროა, ვიდრე რეცესიის თეორია. იაპონური გამოცდილება 1980 წლების ბოლოს კარგი მაგალითია იმისა, რასაც ავსტრიული სკოლა აღწერს, როგორც არასტაბილურ ბუმს, რომელიც კრახით შეიცვლება. ავსტრიული სკოლის მიხედვით, 1980 წლების ბოლოს ეკონომიკური ბუმი ხელოვნურ ხასიათს ატარებდა იმიტომ, რომ იაპონიის ბანკის ექსპანსიური პოლიტიკით იყო გამოწვეული. ბუმი დაიწყო 1985 წელს ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებით. ამის შემდეგ, 1986-1990 წლებში, ფულის მასა ყოველწლიურად 10.5%25-ით იზრდებოდა. ავსტრიული სკოლა ფულის მასის ექსპანსიას ახასიათებს, როგორც პრობლემას (ქეინსიანელების და მონეტარისტებისაგან განსხვავებით, რომელთა აზრით, ეს ზომები არ უნდა იწვევდეს პრობლემებს თანმდევი ფასების დონის სტაბილურობის გამო).
ავსტრიული სკოლის მიხედვით, ფულის მასის მკვეთრი გაფართოება საპროცენტო განაკვეთებს ამცირებს, რაც ასტიმულირებს ბიზნესს, გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციები მოახდინოს. პრობლემა ისაა, რომ შემცირებული საპროცენტო განაკვეთები არ ასახავს მომხმარებლების დროით უპირატესობებს. 1987-1999 წლებში კერძო მოხმარება გაიზარდა 5.6%25-ით, ხოლო ინვესტიციები ძირითად საშუალებებში - 10.63%25-ით.
მოკლევადიან პერიოდში მოხმარება და ინვესტიცია ურთიერთშემცვლელებია. თუ ეკონომიკა თავისი საწარმოო შესაძლებლობების ზღვარზე ფუნქციონირებს, მაშინ მოკლევადიან პერიოდში მომხმარებლები მოიხმარენ მეტს და აკეთებენ ნაკლებ ინვესტიციას, ან - პირიქით. 1980 წლების ბოლოს ეკონომიკაში ერთდროულად გაიზარდა ხარჯები და ინვესტიციები იმიტომ, რომ ცენტრალურმა ბანკმა თავისი მოქმედებებით დაამახინჯა საპროცენტო განაკვეთების სიგნალები, რომლებიც მომხმარებლებიდან მწარმოებლებისაკენ მომდინარეობს. მსგავსი სიტუაცია შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ცენტრალური ბანკი ინფლაციის ტემპის ზრდის პოლიტიკას გააგრძელებს. როგორც კი ინფლაცია შენელდება, ბუმი მკვეთრად შეწყდება და დაიწყება რეცესია. რეცესიის პერიოდში, ბუმის დროს განხორციელებული მცდარი ინვესტიციები ლიკვიდირებულ იქნება და წარმოების სტრუქტურა ისევ დაიწყებს მომხმარებლების ნამდვილი უპირატესობების ასახვას. იაპონიაში ამ პროცესს სათავე 1990 წელს დაედო. როდესაც ცენტრალურმა ბანკმა ფულის ექსპანსია შეწყვიტა, აქციების ფასები დაეცა, ინვესტირება მკვეთრად შეიკვეცა და ამას რეცესია მოჰყვა; ეს ავსტრიული სკოლის პროგნოზებს ამტკიცებს.
ავსტრიული სკოლის თეორიის მიხედვით, რეცესია აუცილებელია: ამ პერიოდში ხდება მცდარი ინვესტიციების ლიკვიდირება და ეკონომიკა თვითონვე გამოასწორებს შეცდომებს. ასეთ ავტოკორექციას კი დრო სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ თუ მთავრობას რეცესიის შერბილება სურს, მაშინ ერთადერთი სწორი გზა ეკონომიკაში ჩაურევლობის პრინციპია. არასტაბილური პოზიციის ნებისმიერი მხარდაჭერა მხოლოდ გადაავადებს ლიკვიდაციას და ისედაც არახელსაყრელ პირობებს ამძიმებს.
იაპონიის მთავრობამ კი ყველა შესაძლო ზომები მიიღო ერთი ვარიანტის გარდა: უარი ეთქვა ეკონომიკაში ჩარევაზე და მისი ავტოკორექცია დაეშვა.
დასკვნის სახით
ეკონომიკური განვითარების იაპონურ მოდელს განასხვავებს სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ეკონომიკაში. რეცესიის პერიოდში სახელმწიფოს ჩარევა ვლინდება საბიუჯეტო სტიმულირების პროგრამებში, რომლებიც მოიცავს საზოგადოებრივი სამუშაოების დიდ მოცულობას, ფულის მასის ზრდას და ზოგიერთი ბანკების ნაციონალიზაციას, საწარმოების პირდაპირ დაკრედიტებას სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, სახელმწიფო ხარჯების ზრდას დაბეგვრის სისტემაში ზოგიერთი გადასახადის შემცირებების ფონზე.
იაპონიის ეკონომიკაში ავსტრიული სკოლისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ციკლი შეინიშნება. პირველი ბუმი წარმოიქმნა ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ფულადი ექსპანსიის შედეგად. ყველაზე სერიოზული საინვესტიციო შეცდომები კაპიტალტევად დარგებში წარმოების საწყის ეტაპზე განხორციელდა.
სახელმწიფოს მხრიდან განმეორებადი ჩარევის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა არ აღსდგა. იაპონური ეკონომიკის აღსადგენად სახელმწიფომ ჩარევა უნდა შეწყვიტოს და საშუალება მისცეს საბაზრო ძალებს, წარმოების სტრუქტურა მომხმარებლების მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს.
შეუძლია იაპონიას კონკურირება?
ზოგიერთი ექსპერტი ეჭვის ქვეშ აყენებს იაპონიის უნარს, წარმატებით განავითაროს ეკონომიკა ახალ ათასწლეულში - იმის მსგავსად, როგორც მან ეს შეძლო ნაკლებად გახსნილ, დინამიკურ და ტექნოლოგიურ ეკონომიკურ გარემოში 1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში. იაპონიის ზოგიერთი ძლიერი მხარე მის სუსტ მხარედ გადაიქცა.
ღრმად დამკვიდრებული სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც ცუდად შეესაბამება ინოვაციებს, მეწარმეობას და რისკის აღების სურვილს, ხელს უშლის იაპონიას, მიაღწიოს წარმატებას. ზოგიერთი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ისინი ფიქრობენ, რომ იაპონიას თავისუფალი ბაზრის პირობები აქვს. იაპონური ფირმები მრავალ დარგში ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანები არიან. იაპონური მენეჯმენტის ზოგიერთი ელემენტი ჯერ კიდევ ძლიერია. ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, იაპონიამ დამსახურებულად დაიკავა ადგილი მსოფლიო ლიდერებს შორის ინოვაციების კომერციალიზაციის დარგში. იაპონია მრავალი საერთაშორისო პატენტის რეგისტრაციას ახდენს, ხოლო სამეცნიერო ნაშრომების ინდექსი ერთ სულ მოსახლეზე დათვლით საკმაოდ მაღალია. მეცნიერებაში და ტექნოლოგიებში არსებული პრობლემების მიუხედავად, იაპონია ბევრ ქვეყანას უსწრებს. მეწარმეობა ასევე აღმავალია - განსაკუთრებით, ტრადიციული რეგიონების, ტოკიოსა და ოსაკის გარეთ. ბოლოს და ბოლოს, იაპონელი მენეჯერები და მუშები განათლებულები და კარგად მოტივირებულები არიან - რითიც ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.
დიახ, იაპონიას შეუძლია, წარმატებით განახორციელოს კონკურენცია, მაგრამ ამისათვის ბიზნესის პრაქტიკისა და მთავრობის მუშაობის პრინციპების მკვეთრად შეცვლა სჭირდება. ის პრობლემები, რომელთა წინაშეც იაპონია დღეს დგას, არაერთი ცვლილების ერთდროულ განხორციელებას მოითხოვს. სამწუხაროდ, იაპონიაში ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმის თაობაზე, თუ რაა წარუმატებლობის მიზეზები და რა უნდა გაკეთდეს მომავალი წარმატებებისათვის.
იაპონია ის ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს თავის ტრადიციებს. მართალია, იაპონელები სტაბილურობას აფასებენ, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც ქვეყნის კეთლდღეობა საფრთხის ქვეშ დგას, იაპონელებს შეუძლიათ, ტრანსფორმირების სასწაულებრივი უნარი გამოავლინონ. იაპონია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, იმ მილიონობით ადამიანის ძალისხმევის შედეგია, რომელიც აღსდგა დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უნარი, განახორციელოს ცვლილებები არასასურველ პირობებში, იაპონიამ ომის შედგომ პერიოდში, სულ მცირე, კიდევ ორჯერ მაინც გამოვლინდა. 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისი იაპონიის მრეწველობისთვის უმძლავრესი ბიძგი გახდა. 1973 წელს, როდესაც ნავთობის ფასი ოთხჯერ გაიზარდა, ეკონომიკის ყოველწლიური 10%25-იანი ზრდა შეჩერდა. 1974 წელს მშპ დაეცა კიდეც და ორწლიანი რეცესიის პერიოდი დაიწყო. ამ პირობებში იაპონურმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების განვითარებაში და დაიწყეს პროდუქციის გამოშვება მაღალი დამატებული ღირებულებით. ნავთობის კრიზისმა იაპონიას ხელი შეუწყო, წამყვანი პოზიცია დაეკავებინა ენერგოტევადი ტექნოლოგიების დარგში, რაც მრავალ სხვა დარგსაც წაადგა. ნავთობის კრიზისმა ბიძგი მისცა ინოვაციებს, რამაც გაამყარა ქვეყნის პოზიცია ისეთ მაღალტექნოლოგიურ დარგებში, როგორებიცაა ავტომშენებელობა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა. მაგალითად, ტელევიზორების იაპონელმა მწარმოებლებმა, ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიიის მიზნით, პირველებმა გამოიყენეს ტრანზისტორები ვაკუმური ნათურების ნაცვლად, რამაც მათ პროდუქციას მთელი რიგი დამატებითი უპირატესობები მიანიჭა სანდოობის, ფუნქციურობისა და ტექნოლოგიურობის თვალსაზრისით.
იაპონური ვალუტის კრიზისის შედეგად, იენის ღირებულება სულ რაღაც ორ წელიწადში, 1985 წლისთვის, 100%25-ით გაიზარდა. ამ პროცესმაც სწრაფი გარდაქმნები გამოიწვია. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იაპონური საქონელი მკვეთრად გაძვირდა, იაპონელთა ხელფასები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გახდა მსოფლიოში. ამ ცვლილებების შედეგად, დაიკარგა იაპონური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით - იაფი მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა. ასეთ რთულ სიტუაციაში რომ აღმოჩნდნენ, იაპონურმა ფირმებმა მწარმოებლურობა გაზარდეს, იაფი და მარტივი პროდუქციის წარმოება უცხო ქვეყნებში გადაიტანეს, თვითონ კი იმ უფრო რთული პროდუქციის წარმოებაზე გადავიდნენ, რომელიც საფასო კონკურენციას ნაკლებად ექვემდებარება.
მეთოდები, რომლებიც იაპონიამ ამ კრიზისული სიტუაციების დასაძლევად გამოიყენა, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მაგრამ დღევანდელი სიტუაცია რადიკალურად სხვაა. დღეს ნაკლებად საგრძნობია წინა კრიზისებისთვის დამახასიათებელი სიმწვავე - მათი გამომწვევი მიზეზები უფრო მკაფიო და ცხადი გახლდათ. მაშინ მიზანი დანახარჯების შემცირება, ენერგიის ეკონომიურად გამოყენება და პროდუქციის ხარისხის ამაღლება იყო. დღეს კი სიტუაცია ბევრად ბუნდოვანია.
ცვლილებების კატალიზატორი
რა შეიძლება გახდეს რეალური ცვლილებების კატალიზატორი? შესაძლებელია, რამდენიმე წყარო გამოიყოს.
პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც თანდათან არაეფექტიანი და მიუღებელი გახდა სხვა კომპანიების საკუთრების „ჯვარედინი მფლობელობის” ტრადიცია - რომელიც ხელს უშლის აქციების გადაყიდვას - უცხოური ინვესტორები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იაპონური კომპანიების კაპიტალში. სავარაუდოდ, ამ ცვლილებების შედეგი ის იქნება, რომ იაპონელები უფრო მეტ მზადყოფნას გამოავლენენ, უარი თქვან არამომგებიან წარმოებაზე, ყურადღება შედეგიანობის მაჩვენებლებზე გაამახვილონ, ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა გაზარდონ, მეტი ყურადღება მიაქციონ ოპტიმალურ მართვას.
მეორე მხრივ, სულ უფრო მეტი უცხოური კომპანია გამოდის იაპონურ ბაზარზე იაპონური კომპანიების შეძენის გზით. დაბალი ფასები აქციაზე და ფინანსირების ახალი წყაროების ძიება კომპანიის კონტროლის შესაძლებლობას აუმჯობესებს. ეს პროცესი 1990 წლების ბოლოს დაიწყო. 1998 წელს უცხოურმა კომპანიებმა იყიდეს (ნაწილობრივ ან მთლიანად) და მიიერთეს 85 იაპონური კომპანია, რაც ამ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი გახდა. 1999 წლის აგვისტოში ამ ციფრმა 861-ს მიაღწია. 1999 წლის ივლისში ბრიტანულმა კომპანიამ Cable &Wireless ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ შეიძინა იაპონური კომპანიის Intenational Digital Communications (IDC) აქციების 53%25, რაც პირველი წარმატებული შთანთქმა იყო იაპონიის ისტორიაში.
აქციონერებმა, რომლებიც ახლებურად უყურებდნენ ბიზნესს, სხვადასხვა დარგში შეაღწიეს. შედეგად, იაპონურმა კომპანიებმა ახალი მიზნების დასახვა და კონკურენციის მიმართ ახალი მეთოდების გამოყენება დაიწყეს. 1999 წელს კომპანიამ Renault შეიძინა კომპანია Nissanis აქციების 37%25 და მისი ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა. ამის შემდეგ, Nissan-მა, რომელიც ბოლო ექვსი წლის მანძილზე ზარალობდა, გაყიდა თავისი წილი არამომგებიან კომპანიებში და თავისი სადილერო ქსელის ოპტიმიზირებას შეუდგა. Nissan-ის ტოპ მენეჯერებისათვის საკვირველი აღმოჩნდა Renault-ის მიერ ახლად დანიშნული დირექტორის, კარლოს ჰანსის თხოვნა, რომ მათ კონკურენტების ავტომანქანებით ევლოთ და ისინი საკუთარ პროდუქციასთან შეედარებინათ.
გარდა ამისა, ცვლილებები განიცადა კეირეცუს სისტემამ. ეს პროცესი მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო. 1999 წელს ბანკმა შუმიტომო გამოაცხადა ბანკ შაკურა-სთან შეერთების შესახებ იმ კონსოლიდაციის გეგმის მიხედვით, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ბანკები International Bank of Japan და Fuji Bank. ყველა ეს ბანკი თავიანთ კეირეცუში წამყვანი კომპანიები იყვნენ. ცხადია, რომ ასეთი შეერთებები ასუსტებს კეირეცუს სისტემას. იმავეს ჰქონდა ადგილი სხვა კომპანიების აქციების ჯვარედინი მფლობელობის სისტემასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი კატალიზატორი მთავრობის მიერ გატარებული ორგანიზებული რეფორმაა. ამ რეფორმების მიხედვით, სამინისტროების რაოდენობა 22-დან 13- მდე შემცირდა. კანონი ითვალისწინებდა ჩინოვნიკების რაოდენობის 10%25-ით შემცირებას, ხოლო კერძო ბიზნესის შეფასებით, ჩინოვნიკების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად - 25%25-ით შემცირდება.
იაპონური კომპანიების უმეტეს წილში ხელმძღვანელობაში ახალი თაობის ტოპ მენეჯერები მოვიდნენ, რომლებსაც უცხოეთში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ (ეს კი წარსულში მენეჯერთა კარიერულ წინსვლას წინააღმდეგობას უქმნიდა). ახალი თაობის კომპანიები გამსხვილდნენ. მათ განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდათ მთავრობის მიმართ. 1999 წელს კომპანია SoftBank-მა გამოაცხადა Nasdaq Japanis შექმნის შესახებ (Nasdaq - ელექტრონული საფონდო ბირჟის ინდექსი), რომელიც 2000 წელს შეუერთდა ფასიანი ქაღალდების ამერიკის ეროვნულ ასოციაციას. ამან იაპონურ ბაზრებზე აქციების პირველად განთავსებებთან დაკავშირებული პროცედურები გაამარტივა.
მაგრამ ყველაზე მთავარი კატალიზატორი მაინც თვით იაპონელები არიან, რომლებიც უკვე აღარ მოელიან, რომ სიცოცხლის ბოლომდე დაქირავების სისტემა მათ დაიცავს. ისინი უკვე თანახმანი არიან, ხელფასები სამუშაოს შედეგებს მიაბან, უკეთ ფლობენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ცვლილებების მიმართ უფრო მოქნილნი გახდნენ.
სულ უფრო მეტი იაპონელი აბანდებს საკუთარ სახსრებს აქციებში. მას შემდეგ, რაც შემცირდა ამონაგები საფოსტო-საშემნახველო დანაზოგებზე და ფულის დაზოგვის სხვა ტრადიციულ საშუალებებზე, იაპონელებმა სულ უფრო მეტი რესურსი მიმართეს ერთობლივ ფონდებში და აქციებში. დამზოგველებიდან ინვესტორებზე გადასვლა ნებისმიერ შემთხვევაში შეცვლის იაპონელების დამოკიდებულებას კომპანიების მუშაობის მიმართ.
იაპონიას სჭირდება ახალი მოდელი
შეიძლება იკითხოთ, რამდენად უღირს იაპონიას, გადავიდეს ეკონომიკის სტაბილურობაზე დამყარებული სისტემიდან კონკურენციაზე დაფუძნებულ სისტემაზე. მაგრამ საკითხის ასე დასმა არ იქნებოდა სწორი. თუ საქმე ეხება მაღალმწარმოებლურ და წარმატებულ დარგებს, იაპონია უკვე გადავიდა კონკურენციაზე დაფუძნებულ სისტემაზე. რეალური პრობლემა ისაა, რომ იაპონიამ მოახერხოს ამ სისტემის დროულად გავრცელება მთელ ეკონომიკაზე. კომპლექსური გადაწყვეტილების მისაღებად, იაპონიას მოუწევს გარკვეული დასავლური მიდგომების კოპირება, თუმცა, შედეგად მაინც არ მივიღებთ ამერიკული კაპიტალიზმის კიდევ ერთ კლონს. იაპონია აუცილებლად შექმნის რაღაც უნიკალურს.
ამ უნიკალურობის ზოგიერთი პოტენციური შესაძლებლობა შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს.
იაპონელებს აქვთ ექსტრაორდინარული უნარი, დაარღვიონ საზღვრები დისციპლინებს, ფუნქციებსა და კომპანიებს შორის. თუ სპეციალიზებული სწავლებით, ინტერნეტ-ტექნოლოგიებით და ახალი კონკურენტული აზროვნებით კოლექტიური მუშაობის უნარი გაძლიერდება, მაშინ ეს მწარმოებლურობაში და სტრატეგიებში გარღვევას გამოიწვევს. ახალი ცოდნა დისციპლინათაშორისი მიდგომების შედეგია. საუნივერსიტეტო კვლევების სისტემებში საკმარისი ინვესტირების შემთხვევაში, სტიმულირების სისტემების გაუმჯობესებით, უფრო აქტიური კონკურენციით და მთავრობის მხრიდან ეკონომიკაში ჩარევისგან უარის თქმით, იაპონია შეიძლება ინოვაციების პროდუქტიული წყარო გახდეს.
რაც შეეხება მოთხოვნას, შეიძლება ითქვას, რომ იაპონური ცხოვრების თავისებურება, მისი კულტურა და დემოგრაფიული თავისებურებები, ჯერ კიდევ უტოვებს მას უპირატესობებს, რომლებიც მომავალში, შესაძლებელია, კიდევ უფრო გაძლიერდეს. იაპონელებმა დიდი ხანია თავი გამოიჩინეს როგორც კომპაქტური, მრავალფუნქციური და უხმაურო პროდუქციის ერთერთმა ყველაზე მომთხოვნმა მომხმარებლებმა. ისინი ყურადღებიანნი არიან საქონლის გარეგნული იერის, დიზაინისა და შეფუთვის მიმართ. არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგიის დაზოგვის შესახებ, სადაც იაპონია უპირობო ლიდერია.
თუ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონე, სასურველია, უფრო მაღალი იყოს, იაპონელების პრაქტიკულად საყოველთაო უმაღლესი განათლება - თანამედროვე, ცოდნაზე დაფუძნებული, კონკურენციისთვის პოტენციურად ღირებული რესურსია.
წარმატებული კონკურეციის განსაკუთრებით ღირებული რესურსი იაპონელი ქალბატონები არიან, რომლებსაც კორპორაციული სექტორის ტრანსფორმირება, ეკონომიკის განვითარების პროცესისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ ქალების დასაქმებით მხოლოდ მოიგო, მაგრამ მათ უკვე მთლიანად გამოიყენეს ეს რესურსი.
დაბოლოს, მნიშვნელოვანი უპირატესობა შეიძლება აღმოჩნდეს იაპონური ინსტიტუტების უნარი კოოპერაციისაკენ - აშშ-ისთვის დამახასიათებელი საყოველთაო კონკურენციის საპირისპიროდ. ის დროც დადგა, რომ გადაიხედოს იაპონიის მთავრობის როლი ეკონომიური პროცესების განვითარებაში. მას აქვს მოთხოვნილება და შესაძლებლობა, გამოიმუშაოს ქვეყნის განვითარების უნიკალური, წმინდა იაპონური სტრატეგია და მისი რეალიზაცია მოახდინოს.
ერთხელ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიას თავისი ეკონომიკური სტრატეგიის შეცვლა მოუხდა. 1940 და 1950 წლებში იაპონია კონკურირებდა ძირითადად დაბალი ფასებით და დაბალი ხელფასებით, აწვდიდა რა ბაზარს დასავლური საქონლის იაფ იმიტაციას. შემდეგ კი იაპონია შთამბეჭდავ ტრანსფორმაციას დაექვემდებარა და კონკურენციის ახალ საშუალებებს დაეყრდნო. იაპონიამ დაიწყო ხარისხით კონკურირება. კონკურენციის ეს მეთოდები იაპონელების შემოღებული იყო, რამაც კონკურენცია მთელ მსოფლიოში შეცვალა. დღეს კი ეს არ კმარა. იაპონიამ სტრატეგიებითა და ინოვაციებით კონკურენცია უნდა დაიწყოს.
![]() |
6 ენერგორესურსების დილემა |
▲back to top |
ავტორი: ანზორ ჭითანავა
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
თანამედროვე ცივილიზაციისათვის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანია. მას გადამწყვეტი როლი აკისრია ჩვენი ქვეყნის სუვერენული განვითარების გზაზეც. ამ რესურსებით საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. თუმცა, მისი მუდმივად განახლებადობის მიუხედავად, წყლის რესურსების მართვაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს და, აქედან გამომდინარე, ქვეყანას და ხალხს.
60-იანი წლების დასაწყისში მიღებული უკანასკნელი დასკვნა, რომელიც იმ დროისათვის არსებულ ნორმატიულ აქტებსა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს ეფუძნებოდა, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ქვეყნის ძირითადი 319 მდინარის ენერგეტიკული პოტენციალიდან ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოსაყენებლად ეკონომიკურად მიზანშეწონილია 40 მლრდ. კვტ.ს. ეს კი არსებული პოტენციალის მხოლოდ 30%25-ს შეადგენს.
პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ახალ პირობებში, ეს დასკვნა, ცხადია, დასაზუსტებელია, რასაც უპირველესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ საკუთარი ენერგეტიკული რესურსების დადგენისა და გამოყენების თვალსაზრისით.
ქვეყანაში წყლის რესურსები არათანაბრადაა განაწილებული - დასავლეთ საქართველოზე მოდის ჩამონადენის 74,7%25 (42,5 მლრდ. კუბ.მ), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოზე 22,3%25 (14,4 მლრდ.კუბ.მ). რესურსების სტრუქტურიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში წყლის რესურსების ენერგეტიკული მიზნებისათვის ათვისებაა პრიორიტეტული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მისი გამოყენების კომპლექსურობას ცალსახა უპირატესობა ენიჭება (ენერგეტიკა, ირიგაცია, წყალმომარაგება და სხვა). სპეციფიკურია ისიც, რომ ეს რესურსები დანაწევრებულია მრავალრიცხოვან შენაკადებს შორის, რის გამოც გარემოსთან ურთიერთობის საკითხები ინდივიდუალურია ყოველი ცალკეული მდინარისათვის და რეგიონისათვის.
წყლის რესურსის რაციონალური გამოყენება კომპლექსური ამოცანების გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს. წამყვანი როლი უნდა დაეკისროს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განვითარებას როგორც გლობალური (რეგიონალური), ისე ლოკალური (შიდასახელმწიფოებრივი) ინტერესების გათვალისწინებით. ამ გზაზე ხელშემშლელი ფაქტორებიც ბევრია - გაურკვევლობა სამომავალო პროცესების შეფასებაში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სირთულეები ფინანსური პრობლემების გადაწყვეტისას და, ბოლოს, არსებული შეზღუდვები წყლის რესურსების მაქსიმალურად გამოყენების საქმეში.
მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ მოთხოვნა ელექტროენერგიაზე განპირობებულია მომხმარებლების ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდულობით, მოთხოვნილების სეზონურობით და მრავალი სხვა ფაქტორით. ელექტროენერგიის მიწოდება კი დამოკიდებულია საწვავის მარაგებზე, ენერგომოწყობილობების, დანადგარების და გადაცემის კომუნიკაციების მდგომარეობაზე, ჰესების სეზონურობაზე და სხვა მრავალ გარემოებაზე.
ჰიდროენერგეტიკის რესურსები
სამწუხაროდ, დღეს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების სტრატეგია და მისი რეალიზაციის დასაბუთებული პროგრამა არ არსებობს. ცალკეული მიმართულებების (სასმელი წყლით მომარაგება, ენერგეტიკა, მელიორაცია და სხვა) გათვალისწინებით და კომპლექსური მიდგომის გარეშე ვერ მოხერხდება გამართული და დასაბუთებული სახელმწიფო პროგრამის შექმნა. მუშაობაა საჭირო არსებული წყლის რესურსების კომპლექსურად ათვისების პარამეტრების დასაბუთებისათვის, იმ შედეგების შეფასებისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს წყლის რესურსების კომპლექსურად ათვისებას უახლოეს 2-3 წელიწადში. მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების შეთავსება, საჭირო ინვესტიციების მოზიდვა, მათი უკუგების სანდოობისა და ეფექტიანობის მექანიზმის შექმნა.
ამ ეტაპზე ენერგეტიკული მოწყობის საქმეში მრავალი პრობლემა არსებობს წყლის, როგორც ენერგომატარებლის, როლის სრულყოფილად წარმოჩენისათვის და დასაბუთებისათვის. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოებრივი ხედვა და საზოგადოებრივი აზრი ამ მიმართულებით ჩამოუყალიბებელია და იგი ფართომასშტაბიანი დაპირისპირების თემადაც კი შეიძლება გადაიქცეს.
ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მისი მიზეზი სასმელი წყალია, რომლის დეფიციტი მთელ მსოფლიოში 2010 წლიდან, ხოლო ჩვენთან უკვე დიდი ხანია სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. მიუხედავად ამისა, არ იქნა მიღებული სასმელი წყლის რესურსების გამოყენების კონცეფცია - დოკუმენტი, რომელმაც დაასაბუთა ამ პროექტის დეტალურად დამუშავების მიზანშეწონილობა და მისი განვითარების შედეგად მოსალოდნელი დადებით შედეგები ნათლად წარმოაჩინა. ხელისუფლებას ალტერნატიული კონცეფცია კი ჯერჯერობით არ შემოუთავაზებია.
ენერგეტიკულ პოლიტიკაში შეცდომებმა შეიძლება კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანოს ქვეყნის ეკონომიკა. საქმე, უპირველესად, ეხება დარგების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების სტრუქტურის სრულყოფას, შემოზიდული ორგანული სათბობის მოხმარების დონის და, რაც მთავარია, უსაფრთხოების რისკის ხარისხის შემცირებას.
ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ამოსავალი პრინციპი საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით თვითდაბალანსებული სისტემის შექმნა და ფუნქციონირება, მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან ინტეგრაცია უნდა იყოს. საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ წარმოების ელექტრიფიკაციის დაჩქარებული განვითარება ერის კეთილდღეობის ამაღლების აუცილებელი პირობაა ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებთან ერთად. ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობით ენერგეტიკულ სიმძლავრეთა შემდგომმა განვითარებამ საშუალება უნდა მოგვცეს თავიდან ავიცილოთ ენერგომატარებლით მომარაგებაში შეფერხებები და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ფასებზე. და, რაც მნიშვნელოვანია, მოთხოვნა ელექტროენერგიაზე ელასტიური გავხადოთ ხალხის გადახდისუნარიანობის მიმართ.
უპირველესად, საჭიროა არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება. ეს საშუალებას მოგვცემს 2-3 წელიწადში მისი წლიური გამომუშავება 8,5 მლრდ კვტს-მდე გავზარდოთ, რაც საპროექტო მაჩვენებელზე 1,0 მლრდ. კვტს-ით ნაკლები იქნება. ეს შეფასება რეაბილიტაციის პროექტებში გარემოს დაცვის თანამედროვე მოთხოვნებს ითვალისწინებს. პირველ რიგში, აქ იგულისხმება მდინარის კალაპოტში სანიტარული ხარჯების შენარჩუნების აუცილებლობა, ქვედა ბიეფში წყალდიდობის იმიტაციის ღონისძიებების პერიოდულად განხორციელება, წყალაღება სასმელი და სამეურნეო წყლით მომარაგებისათვის და სხვა. ქვეყანაში არსებული ყველა ჰესის საპროექტო გამომუშავება საშუალო წყლიანი პერიოდისათვის წელიწადში 9,5 მლრდ. კვტსთ.- ის ფარგლებშია. მაშასადამე, ქვეყანაში არსებული საერთო პოტენციალი დღეისათვის ათვისებულია მხოლოდ 7%25-ით.
არსებული პოტენციალის გამოყენება
ენერგეტიკული მიზნებისთვის გამოყენების თვალსაზრისით ქვეყნის მდინარეთა უმრავლესობა ხელუხლებელია. იმ მდინარეებზე კი, სადაც ეს პროცესი დაწყებულია, საკმაოდ დიდი რეზერვებია ასათვისებელი. უკანასკნელი საყურადღებოა თუნდაც იმიტომ, რომ სოციალური ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების არსებობა ხელს უწყობს მშენებლობის ტემპების დაჩქარებას და მდინარეების კასკადური ათვისების საფუძველზე ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების საშუალებას იძლევა.
ამასთან, მდინარის კასკადური ათვისების პირობებში თითქმის სრულად შეიძლება გამოირიცხოს ე.წ. „კატასტროფული ხარჯები” და ის დამანგრეველი ზემოქმედებაც, რომელიც წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე - წყალდიდობით გამოწვეული სტიქიური უბედურების სახით გვევლინება.
ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში წყალდიდობით გამოწვეულმა სტიქიურმა უბედურებებმა არნახული მასშტაბები მიიღო და, უმეტეს შემთხვევებში, კატასტროფებში გადაიზარდა. ვითარების გამწვავების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ხელოვნური ნაგებობების (კაშხლები, დამბები და სხვა ტექნიკური სისტემები) ფიზიკური მდგომარეობა და ექსტრემალურ პირობებში საექსპლუატაციო სისტემების გაუმართაობით გამოწვეული მართვაში დაშვებული შეცდომებიც გახდა. ჩვენს სინამდვილეში კი, გარდა ზემოაღნიშნულისა, მსგავსი პროცესების განვითარებას ისეთი სუბიექტური ფაქტორები განაპირობებენ, როგორიცაა: წყალსაცავის შევსების და დაცლის ნორმების უხეში დარღვევები, ქვედა და ზედა ბიეფების მოუმზადებლობა ექსტრემალური ხარჯების გატარებისათვის და სხვა.
დღეს ქვეყანაში შექმნილია წინაპირობა იმისათვის, რომ უმნიშვნელოვანეს ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებზე კატასტროფული პროცესები განვითარდეს და რეალურად არსებული ენერგეტიკული სიმძლავრეები მწყობრიდან გამოვიდეს. ამით შეიძლება (ეროვნული მეურნეობის განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე უარყოფითი გავლენის გარდა) აუნაზღაურებელი მატერიალური და მორალური ზარალი მიადგეს მოსახლეობას და გარემოს.
წყლის რესურსების ათვისება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევისათვის წყლის რესურსების გამოყენების გენერალური სქემის დამუშავებით უნდა დაიწყოს და მას სახელმწიფო პროგრამის სტატუსი უნდა მიენიჭოს. გენერალურმა სქემამ უნდა განსაზღვროს ჰიდროენერგიის გადანაწილების რეალური პარამეტრები და მიზანშეწონილობის აუცილებლობა. წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა ამ ამოცანის გადაწყვეტის ყველაზე რეალური გზაა წყლის ჩამონადენის სეზონურობის დარეგულირებისათვის. ბუნებრივია, რომ სამომავლოდ უპირატესობა ასეთ ობიექტებს უნდა მიენიჭოს. თუმცა, ფიზიკურგეოგრაფიული, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, სეისმოლოგიური და ეკოლოგიური პირობები ბევრ შემთხვევაში ამის საშუალებას არ იძლევა და საჭირო ხდება ძვირადღირებული დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.
წყლის რესურსების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა არეგულიროს მისი გამოყენების პარამეტრები და ამ მიზნით დამოუკიდებელი სპეციალიზირებული მარეგულირებელი სამსახურიც უნდა შექმნას.
დღეს, როგორც არასოდეს, დგება საკითხი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქვეყნის უნიკალური მდინარეების შესაძლებლობები, თანაც ისე, რომ არ დავამახინჯოთ ისინი ენერგეტიკულად და ეკოლოგიურად გაუმართლებელი ობიექტების მშენებლობით. ამ მიმართებით უდიდეს მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკულად ნაწილობრივ ათვისებულ მდ. ენგურზე ხუდონჰესის, მდ. რიონზე ნამახვანის ჰესების, მდ. მტკვარზე ახალციხის ჰესების კასკადის მშენებლობების დასაბუთება და განხორციელება. ამ წყალსაცავიანი ობიექტების აშენებით უნდა შეიქმნას რეალური წინაპირობა ადგილობრივი რესურსებით თვითდაბალანსებული ელექტროენერგეტიკული სისტემის მოსაწყობად. ეს სერიოზული განაცხადიც იქნება მეზობელ სისტემებთან კავშირების გასაძლიერებლად პიკური ენერგიის რეზერვის ბაზაზე.
80-იანი წლების დასაწყისში მთელს მსოფლიოში ნათლად გამოიკვეთა გარემოს დამცველთა პოზიცია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. ამ ფონზე გარკვეულმა ძალებმა ჩვენთანაც მოახერხეს მშენებლობაში მყოფი ობიექტების შეჩერება-ლიკვიდაცია (მაგალითისათვის ხუდონჰესის ცნობილი ისტორიაც საკმარისია) და პერსპექტიულ ობიექტებზე ყოველგვარი სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების შეწყვეტა. თუ რა მივიღეთ აქედან, საყოველთაოდ ცნობილია და კარგად არის გაცნობიერებული საზოგადოების მიერ. სამწუხაროდ, ამჟამად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, არც ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება უახლოეს პერიოდში შესაძლებელი არაა, უწინარეს ყოვლისა, მოძველებული დოკუმენტაციის განუახლებლობის გამო.
ამოცანა ისაა, რომ ენერგეტიკული კრიზისის შედეგების გაცნობიერების ფონზე, დაჩქარდეს ხუდონჰესის მშენებლობის განახლება. 700 მგვტ სიმძლავრის და 1.7 მლრდ.კვტ.სთ გამომუშავების მქონე ობიექტი ენგურის ჰესების კასკადის ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად შეცვლის ქვეყნის ენერგოსისტემის სიმძლავრის, გამომუშავების სტრუქტურას და მკვეთრად გააუმჯობესებს ქვეყნის ელექტრომომარაგებას, მიმზიდველს გახდის მეზობელ სისტემასთან პარალელური მუშაობის პირობებს. და, რაც მთავარია, განახლებადი ენერგიის ხარჯზე შემცირდება სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ძვირადღირებული იმპორტი.
მდ. ენგურის აუთვისებელი ნაწილის ენერგეტიკული გამოყენების შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები გადასასინჯია ეკონომიკური და ეკოლოგიური შეფასებისადმი ახალი მიდგომების გათვალისწინებით. უპირველეს ყოვლისა, ესაა კაპიტალდაბანდების ეფექტიანობის ნორმატიული ბაზის გამკაცრებული ფონი და, რაც მთავარია, სისტემის უსაფრთხოებისა და მდგრადობის თანამედროვე კრიტერიუმების სრულყოფილი დაცვა.
ამ მოთხოვნების გათვალისწინებით მდ. ენგურის ზემო წელში (ხუდონჰესის ზევით) უპირატესობა საშუალო სიმძლავრის ობიექტების მშენებლობას უნდა მიენიჭოს (ჩერიჰესი, ჯორკვალიჰესი და სხვა), რომელთა ჯამური სიმძლავრე 400 მგვტ-ს აღემატება. ხოლო გამომუშავება - 1,2 მლრდ. კვტ-სთ იქნება. შედეგად, ქვეყანას საშუალება მიეცემა ძირეული ძვრები მოახდინოს სახალხო მეურნეობის იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით უზრუნველყოფის საქმეში. გარდა ამისა, მდინარის კასკადური ათვისების სქემაში ენგურისა და ხუდონის წყალსაცავების ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას ჰიდროსააკუმულაციო დანადგარები არა მარტო საქართველოს ენერგოსისტემის მოთხოვნილების შესაბამისად, არამედ რეგიონალური სისტემის პარამეტრებით და ამით გაძლიერდეს ჩვენი ენერგოსისტემის როლი ტრანსკონტინენტალური ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში.
მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი
მდ. რიონი
მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობით გამოირჩევა მდ. რიონის აუზის ენერგეტიკული ათვისების შესაძლებობები, პირველ რიგში ნამახვანჰესების კასკადი (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი სიმძლავრე 450 მგვტ. გამომუშავება 1,6 მლრდ. კვტ.სთ), ონიჰესების კასკადი (სიმძლავრე 270 მგვტ. გამომუშავება 1,5 მლრდ. კვტ.სთ) და მდინარე ძევრულაზე ძევრაჰესი (სიმძლავრე 25 მგვტ. გამომუშავება - 90 მლნ. კვტ.სთ).
შორეული პერსპექტივისათვის მდ. რიონის შენაკადზე, მდ. ცხენისწყალზე, შესაძლებელია ორი სადგურის აშენება, რომელთა სიმძლავრე 350-400 მგვტ., გამომუშავება 1,3-1,5 მლრდ. კვტ-სთ იქნება. ჩამოთვლილი ობიექტები, საკუთარი მაღალი მაჩვენებლების გარდა, მდ. რიონზე არსებული ჰესების ეფექტიანობის ამაღლებასაც განაპირობებს და ნაკლებად საზიანოა ქ.ფოთის მიდამოებში შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვისა და საერთოდ, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თვალსაზრისითაც.
გარემოზე, კერძოდ კი - სანაპირო ზოლზე, უარყოფითი ზემოქმედების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია ისეთი მძლავრი პოტენციალის მქონე მდინარეების ენერგეტიკული გამოყენების საქმეში, როგორიცაა კოდორი, ბზიფი და ჭოროხი. ეს პროცესები ენერგეტიკული გამოყენების ფაქტორის გარეშეც ისედაც გამწვავებულად მიმდინარეობს ზღვის სანაპირო ზოლის საერთო დეფორმაციასთან დაკავშირებით. მასთან ბრძოლა კი, ტურიზმის როლისა და რეკრეაციული ფუნქციის გაფართოების გამო, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
აქედან გამომდინარე, ამ მდინარეების გამოყენებისას გამორიცხული უნდა იყოს ქვედა და შუა წელში ყრუ კაშხლების აშენება და დიდი წყალსაცავების შექმნა. მეტიც, მდინარეთა პოტენციალის ენერგეტიკულმა ათვისებამ სტიმული უნდა მისცეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების სალიკვიდაციო ან შერბილების ღონისძიებების დაფინანსებას, გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში მისი გათვალისწინების შედეგად.
მდ. ჭოროხი
უფრო რთულად დგას საკითხი მდ. ჭოროხის (ქვეყნის ფარგლებში) ენერგეტიკული მიზნებისათვის ათვისების მხრივ. თურქეთში დერინერის მაღალი კაშხლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით აჭარაში გარდაუვალია ზღვის ნაპირის დეფორმაციის გამწვავების პროცესი. მისი შერბილების რეალური გზა კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებაშია. ეს პრობლემა სპეციალისტებს საკმაოდ კარგად აქვთ გაცნობიერებული და შესწავლილი. საქმე ეხება შეკავებული ნატანების კომპენსაციას, კაშხლის ქვევით წარმოქმნილი ნატანების ტრანსპორტირებას მდ. ჭოროხის ბუნებრივი რეჟიმის მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით, მასთან დაკავშირებული სხვა უარყოფითი შედეგების შეფასებასა და შესაბამისი ღონიძიებების შემუშავებას. საჭიროა დერინერის კაშხლის ქვევით შავ ზღვამდე, თურქეთისა და საქართველოს სპეციალისტების მონაწილეობით, ჩატარდეს საძიებო და საპროექტო სამუშაოები მდინარის ამ უბნის რაციონალური ენერგეტიკული გამოყენების ისეთი სქემის შესამუშავებლად, რომელიც გამორიცხავს დერინერის კაშხლის ქვემოთ ნატანის შეკავებას, უზრუნველყოფს მისი დეფიციტის შევსებას და ნაპირის სტაბილურობის შენარჩუნებას.
დასავლეთ საქართველოს საშუალო და მცირე მდინარეების შესაძლებლობები განუსაზღვრელად დიდია. ჩვენი შეფასებით, პერსპექტიულია მდინარეების - ხობისწყლის, ტეხურის, ბახვისწყლის, ნატანებისა და გუბაზეულის კომპლექსური გამოყენება ენერგეტიკის, მელიორაციის, წყალმომარაგების, ტურიზმისა და საკურორტო ზონის სარეკრეაციო განვითარების პრობლემის გადასაწყვეტად.
მდ. მტკვარი
გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოში წყლის რესურების შეზღუდულობისა და წყლის მომხმარებელი სუბიექტების რაოდენობის ზრდის გამო. პირველ რიგში, მხედველობაში გვაქვს მდ. მტკვრის აუზში წყლის დეფიციტის, ირიგაციისა და სასმელი წყლით მომარაგების საკითხი. წყალდიდობის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა.
ნათელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაწყვეტა, მოკრძალებული პარამეტრების პირობებშიც კი, მდ. მტკვრის დარეგულირება ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს. როგორც ჩატარებულმა კვლევებმა და სამუშაოებმა აჩვენა, ამის რეალური შესაძლებლობა მდ. მტკვრის ზედა წელში (ახალციხიდან - საზღვრამდე) და მის შენაკადებზეა. ადრე არსებული მოსაზრებებისაგან განსხვავებით, მიზანშეწონილია ერთი დიდი მოცულობის წყალსაცავის ნაცვლად რამდენიმე შედარებით ნაკლები მოცულობის წყალსაცავების შექმნა, მოსახლეობის გადასახლებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის უარყოფითი შედეგების მაქსიმალურად შემცირება (პრაქტიკულად გამორიცხვა).
საინტერესოა მდ. მტკვრის კომპლექსური გამოყენების ის სქემები, რომლებიც ითვალისწინებენ მის დარეგულირებას გორი-თბილისის და თბილისი-რუსთავის ფარგლებში. მდინარის ამ მონაკვეთებში გამოვლენილია რეალური ობიექტები, რომელთა მშენებლობას, ენერგეტიკული დატვირთვის გარდა, დადებითი ეკოლოგიური მნიშვნელობაც ექნება და ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას, კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურების სრულყოფას. მხედველობაში გვაქვს ქ.რუსთავში ორი ჰესის, თბილისის ფარგლებში ფონიჭალაჰესის, დიღომიჰესის და კასპის რაიონის ზონაში ძეგვიჰესის მშენებლობის შესაძლებლობები.
არ უნდა გამოვრიცხოთ ამ ზონაში სხვა ობიექტების გამოვლენის შესაძლებლობებიც. სარწმუნოა, რომ აქამდე არსებული სქემების ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით გადამუშავება ამის საშუალებას მოგვცემს.
სამხრეთ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი
ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნები და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევისათვის საკუთარი ბუნებრივი რესურსების გამოყენების აუცილებლობა, ახლებურად აყენებს საკითხს სამხრეთ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების უაღრესად დიდი პერსპექტიულობისა და მიზანშეწონილობის შესახებ. მდინარეებისა (ფარავანი, ხრამი) და ტბების (ფარავანი, საღამო, ლევალგელი, სამსალგელი, კარა ტაშგელი და სხვების) ჩამონადენის გამოყენებით შესაძლებელია ამ რეგიონში ფართომასშტაბიანი, მრავალმიმართულებიანი სახალხო-სამეურნეო კომპლექსის შექმნა, რომელშიც წამყვანი როლი ენერგეტიკას დაეკისრება.
სასწრაფოდ უნდა განახლდეს საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რათა უახლოესი და შორეული პერსპექტივისათვის დადგინდეს კომპლექსის განვითარების ძირითადი პარამეტრები. ასეთი მიდგომის გარეშე ამ რეგიონში რომელიმე ობიექტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.
სამეცნიერო და საინჟინრო რესურსები
დღის წესრიგში დგება ენერგეტიკული თუ წყალსამეურნეო ობიექტების გამოვლენისათვის კვლევების, ძიებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანების მასშტაბური გადაწყვეტის, მისი ფინანსური, ნორმატიული საკანონმდებლო და ტექნიკური უზრუნველყოფის რეალურად გაუმჯობესების აუცილებლობა.
ამჟამად ეს პროცესები შეჩერებულია და სახეზეა ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის დეგრადაცია, ახლო მომავალში მისი განადგურების რეალური პერსპექტივით. ქვეყანაში დაგროვილი ინტელექტუალური ფასეულობანი (მეცნიერული კვლევის შედეგები, ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვ.) არ განიხილება როგორც ადგილობრივი ინვესტიცია და ამით დაუშვებლად ილახება მისი შემქმნელების - მეცნიერების, დამპროექტებლის, მშენებლობის, ექსპლუატაციის დარგის მუშაკების ინტერესები და საავტორო უფლებები.
უპირატესობა კვლავ ძვირადღირებული უცხოელი სპეციალისტების დასაქმებას ეძლევა და არა ეროვნული კადრების მიერ ეროვნული პროდუქციის შექმნას, ექსპერტიზასა და ინვესტირებაში მათი როლის ამაღლებას.
განვლილ პერიოდში კონკრეტული ისტორიული პირობებისათვის დამახასიათებელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გამო, ჰიდროენერგეტიკა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ყველაზე რენტაბელური და ერთადერთი დარგი აღმოჩნდა, რომელმაც უდიდესი მასტაბილიზირებელი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში და ამ რთული ისტორიული პროცესის თანმხლები უმძიმესი ნეგატიური შედეგების დაძლევის პერიოდის საკმაოდ გაჭიანურების პირობებშიც კი შეინარჩუნა საინვესტიციო მიმზიდველობა. ამაში, პირველ რიგში, ქართული საინჟინრო სკოლის დამსახურება უნდა დავინახოთ და მისი შენარჩუნება და განვითარება სამომავლო ენერგეტიკის მოწყობის საწინდარი გავხადოთ.
განვითარების ხედვა
დარგის უახლოესი ამოცანაა 2020 წლამდე პერიოდისათვის ელექტროენერგიის საკუთარი წარმოება რეაბილიტაციის ხარჯზე 3,5 მლრდ. კვტს-ით, დიდი სიმძლავრის ობიექტების ხარჯზე 5 მლრდ. კვტს-ით და საშუალო და მცირე ჰესების მეშვეობით 1,5 მლრდ. კვტს-ით გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას შეეძლება მეზობელი სისტემებიდან ენერგიის გადმოდინების გარეშე დააკმაყოფილოს მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე და გასცეს 2,0 მილიარდამდე კვტ.ს ჭარბი სეზონური ელექტროენერგია. რაც შეეხება სისტემის მდგრადობის და საიმედოობის საკითხს, ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი გადაწყვეტილი უნდა იქნეს ადგილობრივ ნახშირზე სარეზერვო სიმძლავრეების 20-25 პროცენტიანი დონის შექმნით ტყიბულისა და ახალციხის რეგიონებში.
როგორც მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, წყლის რესურსების ენერგეტიკული ათვისების დადებითი ზემოქმედება ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე გაცილებით სჭარბობს ბუნებრივი წონასწორობის ნაწილობრივი დარღვევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ამ პროცესის გონივრული განხორციელება საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი ეკოსისტემები, რომლებიც უშუალოდ იქნებიან დაკავშირებული მდინარის კალაპოტების გაწყლიანებასთან, წყალმოთხოვნის რაციონალური დონის დაკმაყოფილებასთან, წყალდიდობის დამანგრეველი მოქმედების აღკვეთასთან და მრავალ სხვა დადებით მომენტთან.
ამის გათვალისწინებით, სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მდინარე მტკვრის აუზის ფაქტიური მდგომარეობის შესწავლისა და მისი გაუმჯობესების სწრაფი გადაწყვეტისათვის. საიდუმლო არ არის, რომ მტკვარი დღეს ძლიერ დაბინძურებულია. სანიტარიული მოთხოვნების მინიმალური დონის დასაკმაყოფილებლად კი წყალმცირობის პერიოდში მარტო განზავებისათვის, წყალაღების აუცილებელი სიდიდის გაუთვალისწინებლად, საჭიროა 50 მ3-მდე წყალი წამში, მაშინ როცა წყალმცირობის პერიოდში იგი, ფაქტიურად, 25-30 მ3-მდე ეცემა.
არავისთვის არც ის უნდა იყოს ახალი, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა წყალსაცავების მოწყობით არის შესაძლებელი და მათ, ენერგიის აკუმულირებასთან ერთად, აკისრიათ და მომავალშიც დაეკისრებათ სისტემაში მისი რეგულირების ფუნქციებიც, რომლის ტოლფასოვანი შეცვლა რომელიმე ენერგომატარებლით ან ტექნიკური საშუალებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ინტეგრაცია რეგიონალურ
ენერგოსისტემებთან
ენერგოსისტემის ასეთი განვითარებისას იქმნება უნიკალური შესაძლებლობები მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან პარტნიორული ურთიერ- თობისთვის. შესაძლებელია დატვირთვის სადღეღამისო გრაფიკის ცვალებადი ნაწილის დაფარვა დაეკისროს წყალსაცავიან ჰიდროსადგურებს (მეზობელ სისტემებში არსებულ ატომურ და თბოელექტროსადგურებს ამ ცვალებადობის მიმართ ადაპტაციის უნარი, პრაქტიკულად, შეზღუდული აქვთ). შედეგად შეიძლება ბაზისური და პიკური სიმძლავრეების გაცვლის ისეთ დონეს მივაღწიოთ, როდესაც ბუნებრივი ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენება ორივე მხარისათვის ურთიერთმაბალანსებელი აღმოჩნდება. სისტემების ფუნქციონირების ამ დონის მიღწევას, პირველ რიგში, სჭირდება სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური ბაზა, ელექტროსატრანსპორტო კომუნიკაციების მდგრადობა. ქვეყანას საშუალება მიეცემა კაპიტალდაბანდებები მიმართოს ეკონომიკურად გამართლებული ორიენტაციით. ამ გზით წარიმართება მსოფლიო ბაზარი, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევროპის და აზიის ქვეყნების ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბებისათვის. ჩვენი ამოცანაა სადღეისო საქმიანობა თავიდანვე იქნეს ორიენტირებული ამ პროცესებისაკენ, რათა არ დაგვჭირდეს წინსვლის გზაზე ტექნიკური სერპანტინების გასწორება.
ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ახლებურად მოწყობას დიდი დრო და სახსრები სჭირდება. კრიზისიდან გამოსვლის რეალური დასაწყისი მეზობელ სისტემებთან კავშირების გაძლიერებაშია. ასეთი კავშირები განსაკუთრებით საჭიროა ნებისმიერი ქვეყნისათვის, მიუხედავად მისი ენერგოუზრუნველყოფის ხარისხისა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეზობელი ენერგეტიკული სისტემებიდან იზოლაციამ არსებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების არარაციონალურ და არაპროდუქტიულ გამოყენებამდე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობამდე მიგვიყვანა როგორც სათბობენერგეტიკული რესურსების წარმოების, ისე მისი გამოყენების, ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის და მათი ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში.
ეკოლოგიური უსაფრთხოება
ახლად შექმნილი ბუნებრივ-ტექნიკური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული პროცესია და ემსახურება ბუნებრივი წონასწორობის თვითაღდგენადობის პრინციპს. ეკოლოგიური საიმედოობა კი იმის საშუალებას იძლევა, რომ ბუნებრივ კომპლექსებზე და მისი კომპონენტების ეკოსისტემებზე არ განვითარდეს დასაშვებზე მეტი სიდიდის დატვირთვები. იგულისხმება ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, გეოდინამიკური, სეისმური, ტექტონიკური და მრავალი სხვა პარამეტრი, რომლებიც უმკაცრესი ნორმატიული ბაზის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. საკანონმდებლო ბაზა უნდა იძლეოდეს ამ ნორმატივების რეალური ამოქმედების საშუალებას. მრავალმხრივი მეცნიერული და საინჟინრო დასაბუთება სჭირდება იმ ქიმიურ-ბიოლოგიური პროცესების გამოვლენასაც, რომელიც შეიძლება განვითარდეს შავი ზღვის აკვატორიაში და მიმდებარე ზონებში. იდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით ამ რეგიონში საქმე ეხება ისეთი ფართომასშტაბიანი ბუნებისდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა სანაპირო ზოლის, დელტების, მდინარეთა აუზების, ატმოსფეროს და სხვადასხვა დაცვას.
ყველა ეს ელემენტი მუდმივ დინამიკურ წონასწორობაში უნდა იყოს, მაგრამ წონასწორობის დარღვევის ალბათობა შეიძლება დამოკიდებული იყოს როგორც შემთხვევით ფაქტორებზე, ასევე მისი ცალკეული ელემენტების მწყობრიდან გამოსვლაზე. ამ პროცესების მოდელირება და საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება ჰიდროენერგეტიკული ობიექტების დასაბუთების რეალური წინაპირობაა იმისათვის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ მოსალოდნელი შედეგები და მათი მასშტაბები.
ამ საკითხების დამუშავება და გადაწყვეტა საგრძნობ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს და, როგორც წესი, ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან და გარკვეულ უარყოფით გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. ენერგეტიკული ობიექტის მიზანშეწონილობის დასაბუთებისათვის და განხორციელებისათვის საჭირო რეალური დანახარჯები სრულად უნდა მოიცავდეს ობიექტის გარემოზე მიყენებული ზარალის საკომპენსაციო ღონისძიებებს, ხოლო მისი ფუნქციონირების პირობებში შესაძლებელი უნდა იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილების ან სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო დანახარჯებში (ტარიფში) გათვალისწინებით. და ამას თავისი გამართლება აქვს.
გარემოზე ზემოქმედების ანალიზი უნდა ხდებოდეს ობიექტის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში და უნდა ეყრდნობოდეს გაძლიერებული ნატურული კვლევებისა და დაკვირვების მასალებს. ამასთან ერთად, სისტემატურად უნდა კორექტირდებოდეს უსაფრთხო ექსპლუატაციის პროექტით დადგენილი პარამეტრები და რეკომენდაციები ეკოლოგიური გარემოს მოსალოდნელი ცვლილებების პირობებში.
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტისას ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის და ფინანსური მონიტორინგის პირობებში შესაძლებელი იქნება თავიდან ავიცილოთ სუბიექტური ფაქტორები და სრულად დავიცვათ და დავასაბუთოთ საკუთარ რესურსებზე დაფუძნებული ენერგეტიკული სისტემის მოწყობის მიზანშეწონილობა.
რეგიონალური (გარე) ენერგოსისტემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოს ენერგოსისტემის მიმზიდველობა მეზობელი სისტემებისათვის, უპირველეს ყოფლისა, მის სამომავლო სტრუქტურაშია. მეზობელ ქვეყნებში ელექტროდატვირთვის გრაფიკის პიკური ნაწილის დაფარვის პირობები მეტად გართულებულია და მძლავრი ჰიდროდანადგარების დეფიციტის პირობებში სისტემის დღეღამური რეგულირება ძირითადად თბოსადგურების მეშვეობით ხორციელდება. ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ საწვავის (სათბობის) არაეფექტიან ხარჯვასთანაა დაკავშირებული და ელექტროენერგიის გაძვირებას იწვევს. საქართველოში მოქმედი წყალსაცავიანი ჰესები (ენგური, ჟინვალი, ხრამი) და პერსპექტივაში დაგეგმილი ახალი ჰიდროტექნიკური ობიექტები ადვილად იპოვნიან თავიანთ ადგილს სისტემის პიკური ენერგიის დაფარვის საკითხის გადაწყვეტაში და საშუალებას მისცემენ ქვეყნის ენერგოსისტემას ურთიერთგადმოდინების ხარჯზე დაზოგოს ჰიდროენერგია გრაფიკის ბაზისური ნაწილის დასაფარად. ამით შესაძლებელი გახდება სათბობის ეკონომიიდან გამომდინარე ელექტროენერგეტიკის ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის პარამეტრების საგრძნობი გაუმჯობესებაც.
ახლებურად მოწყობილი და ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული სისტემა საინვესტიციო მიმზიდველობას იძენს და უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება ფართომასშტაბიანი ჰიდროენერგეტიკული მშენებლობების დაფინანსება და ამოქმედება. აღნიშნულს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე ალტერნატივა არ გააჩნია.
რაც შეეხება ქვეყნის შიდა ელექტროენერგეტიკული სისტემის მოწყობის პრინციპს. აქაც, ენერგომატარებლად წყლის, ქარის და ნახშირის არჩევის პირობებში, საშუალება გვეძლევა შიდა სისტემები ადგილობრივი რესურსებით დავაბალანსოთ და შევქმნათ შეკრული შიდა რეგიონალური ქსელები, რომლებიც სისტემური ავარიების შედეგად ექსტრემალური პროცესების განვითარებისას არ გაითიშებიან და იმუშავებენ შიდა რეგიონალური პარამეტრების ფარგლებში სასიცოცხლო ამოცანების გადასაწყვეტად.
და ბოლოს...
ჰიდროენერგეტიკა ქვეყნის უდიდესი საწარმოო ძალა უნდა გახდეს. მას ეკონომიკური ინტეგრაციისა და სტაბილურობის გარანტის ფუნქციებიც ეკისრება. მისი მნიშვნელობა განუზომლად გაიზრდება ატომური ენერგეტიკის რეანიმაციასთან დაკავშირებითაც. დღეისათვის საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დეკლარირებული საკითხი შეუსწავლელი და დაუსაუბუთებელია. შემოთავაზებული ენერგეტიკული მოწყობის სქემას კი კონკურენციას ვერ გაუწევს ვერც ერთი სხვა სქემა - წყალი და სეზონური ჭარბი ენერგია წყალბადის ენერგეტიკის განვითარებისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, რომლის სამომავლო პერსპექტივები ძირეულ გარდატეხას შეიტანს უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული განვითარების შეთავსებადობის საკითხებში. ამით საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირებისათვის და თანამშრომლობისათვის.
როგორც ვხედავთ, ენერგეტიკაში თავს იყრის მრავალი რთული ორგანიზაციული, ეკონომიკური და გარემოსთან ურთიერთობის საკითხები. მათ გადასაწყვეტად მობილიზებული უნდა იქნას ქვეყნის საუკეთესო ძალები და შეიქმნას ისეთი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პასუხს გასცემს ყველა კითხვას. მხოლოდ შემდეგ ამ პროგრამის რეალიზაციისათვის ზრუნვა ქვეყნის ყველა მოქალაქის შინაგანი მოთხოვნილება და რწმენის საფუძველი გახდება.