საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №6 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა ივლისი, 2004 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ.1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲back to top


24 საათი, 5.7.04
სარედაქციო წერილი
შოთა რუსთაველის ფრესკა დააზიანეს

გაზეთის ცნობით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში უცნობმა პირებმა შოთა რუსთაველის ფრესკა აფხიკეს. ფრესკა იმდენადაა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა შეიძლება ვერც კი მოხერხდეს. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტა გადასცა ისრაელის ელჩს საქართველოში. ნოტაში ნათქვამია, რომ საქართველო ისრაელის მთავრობას ვითარებაში გარკვევას და დახმარებას სთხოვს. ინფორმაცია ფრესკის განადგურების შესახებ იუნესკოსაც მიეწოდა.

„მთავარი გაზეთი“, 7.7.04
კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის ირინეოსისადმი.

წერილი ეხება ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის განადგურების ფაქტს. წერილში აღნიშნულია: „ამ ისტორიულად ქართულ სავანეში წლების მანძილზე მიზანდასახულად ხდება კედლებიდან ფრესკების ჩამოხსნა და უცხოეთში გაყიდვა“, თანაც „ასეთი დიდი დანაშაული იერუსალიმის საპატრიარქოსთვის შეუმჩნეველი და დაუსჯელი რჩება.“

ვითარების განმუხტვის მიზნით კათოლიკოს-პატრიარქი სთავაზობს იერუსალიმის საპატრიარქოს დროულად განიხილოს რამოდენიმე ქართველი სასულიერო პირის მოღვაწეობის დაწყების საკითხი ჯვრის მონასტერში.

ახალი თაობა, 8.7.04
მადია-ნიუსი
ილია II იერუსალიმის პატრიარქისგან პაასუხს ითხოვს

კატოლიკოს-პატრიარქის იმავე წერილის გადმოცემა.

ხვალინდელი დღე, 8.7.04
ვეფხია სამსონიძე
ყველაფერი სექტებში ჩაბმის მეთოდების შესახებ

ტოტალიტარული სექტები ისეთივე შიშს იწვევს, როგორც ტერორიზმი
სტატია იმის შესახებ, რა მეთოდებით ხდება ადამიანის ზომბირება ე.წ. ტოტალიტარული სექტების მიერ. ავტორი არ იშველიებს „ტოტალიტარული“ სექტის ამა თუ იმ დეფინიციას და კონკრეტულად არცერთ მათგანს არ ასახელებს.

ახალი თაობა, 23.7.04
პრაიმ-ნიუსი
ბასილ მკალავიშვილის ადვოკატებმა სასმართლოს შუამდომლობით მიმართეს

ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მკალავიშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ამანაშვილმა, განუცხადა პრაიმ-ნიუსს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მკალავიშვილის ბრალს დაადასტურებდა.

ახალი თაობა, 23.7.04
მედია-ნიუსი
ილია II ოსებს ახალი აღქმა ჩაუტანა

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართულ-ოსური კონქლიქტის ზონას ეწვია. მან ხუთ ეპისკოპოსთან ერთად სოფელ ნიქოზში საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის ლოცვა აღავლინა. ილია მეორემ რეგიონში ქართულ და ოსურ ენებზე თარგმნილი ახალი აღქმა ჩაიტანა, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება.

24 საათი, 27.7.04
ირინე ჭოღოშვილი
კიდევ ერთხელ ჰაგიოგრაფიის სწავლების შესახებ

ჟურნალისტს ესაუბრება განათლების სამინისტროს „განათლების რეფორმის ეროვნული სასწავლო გეგმების და სახელმძღვანელოების კომპონენტის“ ხელმძღვანელის სიმონ ჯანაშიას. საუბრის თემაა - ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის სწავლება-არსწავლება საშუალო სკოლებში, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. სიმონ ჯანაშიას თქმით, „ყველა ცვლილებაა მოსალოდნელი“, სპეციალური კომისია განიხილავს, რა მიზნით უნდა ისწავლებოდეს ჰაგიოგრაფიული ტექსტები, რომელ კლასებში, იყოს ის ლიტერატურის საგანი, თუ ისტორიის? სიმონ ჯანაშიას აზრით, „ეს ლიტერატურა მართლაც ასახავს წმინდანთა ღვაწლს და ეკლესიის ისტორიისათვის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ, ჰაგიოგრაფიის სკოლებში სწავლება, მაინცდამაინც მართლმადიდებლური სარწმუნოების პროპაგანდად და მოსწავლეთა რელიგიური ნიშნით აღრზდად არ უნდა ჩაითვალოს“.

მთავარი გაზეთი, 27.7.04
ილიკო ცისკარიშვილი
ბასილ მკალავიშვილს სინდისის პატიმარს უწოდებენ

26 ივლისს გლდანის ეპარქიის მრევლმა და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციამ“, სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ „პოლიტპატიმრის“, „სინდისის პატიმრის“, „ციხეში უკანონოდ მყოფ“ ბასილ მკალავიშვილის სასამართლო პროცესის გადადებას, და მოითხოვდნენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება ერთ თვეზე მეტია რაც დაასრულა და საქმე სასამართლოს გადასცა, ვაკე-საბურთალოს სასამართლო კი შეგნებულად აჭიანურებს პროცესის დაწყებას. მკალავიშვილის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ შვებულებაში გასვლა მოიმიზეზა, რომ არ განეხილა მისი შუამდგომლობა მკალავიშვილის და მასთან ერთად პატიმრობაში მყოფი პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

ალია, 27-28.7.04
თამარ როსტიაშვილი
რა ბრალდებებს უყენებენ ქართველი მართლმადიდებელი მღვდლები საქართველოს საპატრიარქოს?!

სტატიაში მოთხრობილია კიდევ ერთ ინციდენტზე, რომელიც ადასტურებს, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში „პროცესები სულ უფრო უმართავი ხდება“. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელს მამა ზაზა თევზაძეს დაუპირისპირდა მღვდელი ზაქარია მარგალიტაძე, რომელსაც მამა ზაზა „ფანატიზმის იდეოლოგად“ მოიხსენიებს. კონფლიქტმა ისეთი სახე შეიძინა, რომ მამა ზაზამ კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა განცხადებით: „. . . გამომდინარე იქიდან, რომ საპატრიარქოს აპარატი პირიქით ხელს უწყობს ეკლესიაში მოთარეშე ექსტრემისტულ სასულიერო პირებსა და მათ დაქვემდებარეში მყოფ დაჯგუფებებს, იძულებული ვარ, მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა მათ ჩემი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყონ.“

დეკანოძი ბასილ კობახიძის მტკიცებით, რომელსაც ჟურნალისტი ამ ინციდენტან დაკავშირებით გაესაუბრა, მღვდელი ზაქარია მარგალიტაძე საპატრიარქოს აპარატის უფროსის შორენა თეთრუაშვილის ახლობელია და მისი ინიციატივითაა გადაყვანილი წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, რათა იქედან მამა ზაზა თევძაძე განდევნოს. „ამ ქალბატონის და მისი ზეგავლენის წყალობით, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს ფილიალად იქცა,“ - ამბობს დეკანოზი ბასილ კობახიძე. ეკლესიის წიაღში გაბატონებულ „ექსტრემისტ სასულიერო პირებზე“ და მათგან მრთულ „ბოევიკების ჯგუფებზე“, როგორიცაა, მაგალითად, „დავით აღმაშენებლის საზოგადოება“. წმ. პანტელეიმონის ეკლესიის მღვდელი გიორგი ჩაჩავაც საუბრობს ამ თემაზე და იმ თავდასხმას იხსენებს, რომელიც ამ ზაფხულს მასზე და მისი ოჯახის წევრებზე განხორციელდა ბორჯომში. მამა გიორგი აპირებს საპატრიარქოს წინაშე დააყენოს საკითხი „დავით აღმაშენებლის საზოგადოების“ შესახებ: „თუ საპატრიარქო ამ საზოგადოებას კანონგარეშე არ გამოაცხადებს, მეცოდინება, რომ საპატრიარქო მათ მხარეს არის.“

„ალია“ საპატრიარქოსაც დაუკავშირდა და პრესცენტრის უფროსის მოადგილეს ზურაბ ცხოვრებაძეს გაესაუბრა, რომელიც მამა ზაზამ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში დაადანაშაულა. ცხოვრებაძემ უარყო ყოველგვარი კავშირი „დავით აღმაშენებლის საზოგადოებასთან“, მამა ზაზას ბრალდება კი იმით ახსნა, რომ მან ზაზა თევძაძის შესახებ „საპატრიარქოს უწებანში“ „მამხილებელი“ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ის და მისი თანამოაზრეები ქართული ეკლესიის წიაღში განხეთქილების ფუძემდებლებად“ მოიხსენია.

ახალი თაობა, 27.7.04
ზაზა ბექაშვილი
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სკანდალი გრძელდება

სტატია იმავე კონფლიქტს ეხება, რომელზეც წინამდებარე წერილში იყო საუბარი. ავტორს ეჭვი არ ეპარება, რომ საპატრიარქოს აქვს მორალური უფლება მამა ზაზა „ანტიკლერიკალური ჯგუფის წევრად და მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგედ“ ჩათვალოს. „საპატრიარქოს, როგორც იერარქიულად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს ორგანოს, უფლება აქვს არ მოსწონდეს მღვდელი მამა ზაზა თევზაძის მოღვაწეობა თბილისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში…საქართველოს პატრიარქისადმი მამა ზაზას მიმართვის ტექსტიდან გასაგები ხდება, რომ სასულიერო პირსა და მისი მხარდამჭერებისთვის (რომელთა შორის არიან: მამა ბასილ კობახიძე, კავკასიური სახლი, თავისუფლების ინსტიტუტი, საზოგადოებრივი ინსტიტუტი - სიც!) საპატრიარქო თურმე რუსული გავლენის ქვეშ იმყოფება, რომ შიგნით თურმე ექსტრემისტული დაჯგუფებები, ფანატები და ფაშისტები დათარეშობენ და ა.შ. ამის შემდეგ რატომ უკვირს, რომ ქუჩაში გასვლისას მას ცნობენ და აძაგებენ? - გულწრფელად უკვირს ავტორს.“

ახალი ვერსია, 28-29.7.04
ნინო ხარშილაძე
ანაფორიანი კმარელები ქართული ეკლესიის დაპატრონებას აპირებენ

„რევოლუციის გზით მოსული მთავრობა ყველა სფეროში მინირევოლუციებს გეგმავს. ჯერი საპატრიარქოზეც მიდგა.“ „ახალი ვერსიის“ ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს „პატრიარქობის დატოვების საფრთხე ემუქრება.“ ჟურნალისტი ამასთან დაკავშირებით გურამ შარაძეს ესაუბრება. გურამ შარაძე თავის მხრივ „ხმამაღლა აცხადებს, რომ ოცსაუკუნოვან საქართველოს ეკლესიას ანაფორიანი კმარელები შემოესივნენ.“ ასეთებად შარაძე მღვდვლებს ზაზა თევზაძეს და გიორგი ჩაჩავას, დეკანოზ ბასილ კობახიძეს და, მისი სიტყვებით, ექვსჯერ ნასამართლევ ფოთის არქიეპისკოპოს გრიგოლ ბერბიჭაშვილს ასახელებს. „საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებთან“, შარაძის მტკიცებით, განათლების მინისტრი კახა ლომაიაც არის „გადაჯაჭვული“ - მას „დავალებული აქვს ქართული განათლების და მეცნიერების აფეთქება, ბასილ კობახიძე იგივეს უპირებს ეკლესიას.“ შეთქმულების მონაწილეთა შორის შარაძე მეუფე დანიელსაც ასახელებს. შარაძეს მტკიცედ აქვს გაგდაწყვეტილი შემოდგომაზე სასამართლოში საქმე აღძრას, როგორც თვითონ ამბობს, „არა მხოლოდ ანაფორიანი კმარელების წინააღმდეგ“. საინტერესოა, კიდევ ვის წინააღმდეგ?

ხვალინდელი დღე, 28.7.04
მანანა ნოზაძე
გურამ შარაძე - ანაფორიანი კმარელების ნათქვამში სიმართლის ძებნას აზრი ეკარგება

დაანებონ თავი ეკუმენიზმს, ქართული ეკლესიის გახლეჩას, პატრიარქის ტახტის ხელში ჩაგდებას ისევ გურამ შარაძის ინტერვიუ თემაზე - ვინ აპირებს პატრიარქის დამხობას? შარაძე თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს „ახალი ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, ოღონდ ამჯერად ქართული მართლმადიდებლობის მტერთა და „სატანის მოციქულთა“ შარაძისეულ სიას საქართველოს ახალი ხელისუფლება, ჯორჯ სოსროსი და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილზი ამშვენებენ.

ხვალინდელი დღე, 28.7.04
რუბრიკა: ხალხის აზრი
მანანა ნოზაძე
ეკლესიაში დაპირისპირება უმძიმეს შედეგებს მოიტანს

ვის აძლევს ხელს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაპირისპირების შექმნა?
გაზეთის ამ კითხვას რამოდენიმე რესპონდენტი პასუხობს. ორი მათგანი თვლის, რომ დაპირისპირება სასულიერო დაჯგუფებათა შორის არც ისეთი მწვავეა, როგორც ამაზე ბოლო დროს საუბრობენ, ერთის აზრით, „მუშაობს უხილავი სისტემა ქართული ფენომენის წინააღმდეგ.“ თსუ-ს პროფესორი ზურაბ კიკნაძე საპატრიარქოს პასუხისგებლობაზე საუბროს, რომელიც არ აფიქსირებს თავის პოზიციას ფუნდამენტალიზმის მიმდევრების მიმართ, ვინც „საზოგადოებაში დაბნეულობას და შუღლს აღვივებს.“ თეოლოგი ნოდარ ლადარია, თუმცა არ ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ყველგან რუსეთის სპეცსამსახურის კვალი უნდა ვეძებოთ, მაგრამ მაინც თვლის: „დღეს ერთადერთი იდეოლოგიური იარაღი, რომლის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ შეუძლიათ, სწორედ ეკლესიაა და ეს ადამიანები (ფუნდამენტალისტები - რედ.) საქართველოს სახელმწიფოს ებრძვიან“.

ხვალინდელი დღე, 28.7.04
რუბრიკა: მართლმადიდებლობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
თამარ ნატროსაშვილი
რასაც ისწავლი, შენი ...

„თქვენის აზრით უნდა, ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები დაბალ კლასებში, თუ უმჯობესია იგი მაღალ კლასებში შევასწავლოთ ბავშვებს?“
ამ კითხვით „დღემ“ მიმართა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის სასულიერო აკადემია-სემინარიის სტუდენტებს. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. ამასთან, ორი რესპონდენტის გამოკლებით, ყველა გამოკითხული თვლის, რომ ეს საგანი უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ მაღალ კლასებში, რათა გასაგები იყოს მოსწავლეთათავის.

2 სასულიერო პრესა *

▲back to top


წინა თვეებთან შედარებით არსებითი ძვრები მიმდინარე თვის სასულიერო პრესაში არ შეინიშნება. კვლავ კრიტიკულია დამოკიდებულება სხვა კონფესიებისადმი. რადიკალურად უარყოფითია პოზიცია ეკუმენიზმისა და გლობალიზაციის საკითხების მიმართ. მიმდინარე თვის პუბლიკაციათა გარკვეული ნაწილი ეხმიანება სკოლებში რელიგიის სწავლების პრობლემებს.

____________________

* ყველა განხილული ჟურნალ-გაზეთი, გარდა გაზეთებისა „მრევლი“ და „აცხოვნე სული შენი“, ან საპატრიარქოს ოფიციალური ორგანოა, ან იბეჭდება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

2.1 დამოკიდებულება სხვა კონფესიებისა და ეკუმენური მოძრაობის მიმართ

▲back to top


არაქრისტიანული რელიგიების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე თვის პრესაში პრაქტიკულად არ გვხვდება. ტრადიციულად დიდი ყურადღება ეთმობა კოთოლიციზმის კრიტიკას. გაზეთ „აღსავალში“ დაბეჭდილ პუბლიკაციში „კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო“ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მართებულია კათოლიკეთა მიერ შაბათს მარხვის დაცვა და ღვთისმსახურებისას ორღანის გამოყენება. ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ქრისტიანული ღვთისმსახურებისას საორღანო მუსიკის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან ადამიანი ლოცვაში უნდა ამაღლდეს, „ეს კი შეუძლებელია თუ ლოცვა სრულდება არა ადამიანის, არამედ უსულო საგნის მიერ.“ („აღსავალი“ №15, 17.07.0, გვ.18).

გაზეთის იმავე გვერდზე მოყვანილია მართლადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის შესახებ. შესავალში აღნიშნულია, რომ გამონათქვამები ერთხმად ახასიათებენ პაპიზმსა და რომაულ კათოლიციზმს „როგორც აბსოლუტურად ყალბს, ჭეშმარიტი სამოციქულო ეკლესიიდან მოწყვეტილსა და ერეტიკულს“. („აღსავალი“,№15, 17.07.04, გვ.18).

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მართლმადიდებლური პრესის ავტორთა უმეტესობა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები არიან.

კათოლიკური ეკლესიისადმი უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულებით კვლავ გამოირჩევა გაზეთი „ერი და ბერი“. პუბლიკაციაში „რომი მოუწოდებს კათოლიკეებს იუდეველებთან ერთად მოამზადონ მესიის მოსვლა“ იბეჭდება ამონარიდი 1988 წლის ფრანგულ გაზეთ „პრეზანში“ გამოქვეყნებული მასალებიდან, სადაც ვკითხულობთ: „რომის სინაგოგაში გამოსვლისას პაპმა იუდეველ-თალმულისტებს უწოდა „ჩვენი უფროსი ძმები. . . ლიონეკის კარდინალმა დეკორტემ, რომელიც „დაჯილდოებულია „ბნაი ბრეტის“ მასონური ორდენით“, თავის ერთ-ერთ სიტყვაში განაცხადა: „კომუნიზმის დამარცხების შემდგომ თანამშრომლობამ იუდეველებსა და აღმოსავლეთ ქრისტიანებს შორის ხელი უნდა შეუწყოს მესიის მოსვლას (მესიაში ანტიქრისტე იგულისხმება - რედ.)“ („ერი და ბერი“, №9(27), 2004, გვ. 8).

გაზეთი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ეკუმენურ მოძრაობას და საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს აღნიშნული თემისადმი მიძღვნილ მასალას. სტატიაში „შეინანიე, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ ეკუმენიზმი კვლავ მოიხსენება როგორც „ერესთა ერესი“, „ანტიქრისტეს რელიგია“. სტატია მოგვითხრობს თუ როგორ გაერთიანდა რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები დაახლოებით 50 წლის წინ აღნიშნულ მოძრაობაში, რამაც სასტიკად დააზიანა „იერარქიისა და აკადემიური სამღვდელოების საკმაოდ დიდი ნაწილი და გარყვნა სამწყსოს უმრავლესობა“. ქართველ წმიდა მამათა მცდელობების შედეგად ქართული ეკლესია გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს რიგებიდან, მაგრამ საფრთხე კვლავ დიდია და უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან „მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენლები ემზადებიან ჩამოაყალიბონ „გაერთიანებული რელიგიათა ორგანიზაცია“ (United Religions), რომლის შტაბ-ბანაკი კალიფორნიაში უნდა იყოს“. („ერი და ბერი“ №9, გვ. 9). მსგავსი ორგანიზაციები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ და კონტროლი დაამყარონ ადამიანური ცხოვრების ოთხ მთავარ სფეროზე: პოლიტიკურ, ფინანსურ, ინტელექტუალურ და რელიგიურზე. სტატიის ანონიმური ავტორი შეშფოთებული აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს ეკლესიას უამრავი მტერი გამოუჩნდა. ისინი ალიანსისკენ მოუწოდებენ ერთმანეთს. ამის დასტურად მოყვანილია თავყრილობა, რომელიც 2002 წლის 2 თებერვალს კავკასიურ სახლში შედგა, სადაც „მიღებულ იქნა „ეკუმენური ქარტია“. ქარტიას ხელს აწერენ

საქართველოში არსებული ოთხი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები: სომხური სამოციქულო ეკლესია, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია, ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია, რომაულ-კათოლიკური ეკლესია. სტატიის ბოლოს ავტორი ასკვნის: „დღეს ჩვენ, მართლმადიდებელს, საქართველოს ღირსეულ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარ ქვეყანაში დედაეკლესიას გვართმევენ და ჩვენ თაობას ქრისტეს დაუძინებელ მტერთა შხამს აზიარებენ.“ („ერი და ბერი“ №9, გვ. 10).

იმავე გაზეთის პუბლიკაციაში „ვატიკანთან გაერთიანებული ეკლესია კარგავს მართლმადიდებლობას“ მკაცრად არის შეფასებული უნიები და უნიატობა: „უნიისათვის პაპის ძალაუფლების უპირობო აღიარება ვატიკანის მხრიდან ყოველთვის იყო უცილობელი პირობა. მათთვის უნია იყო მართლმადიდებელთა მიერ კათოლიციზმის ძალადობრივი მიღების იარაღი. ხოლო უნიატობა სრული კათოლიციზმისაკენ გარდამავალი ეტაპი“. პაპის ამ მისწრაფებათა მთავარი გამტარებელი დღევანდელ ვითარებში არის სწორედ ეკუმენიზმი. აქვე გაკრიტიკებულია „ბალამანდის უნია“, რომელიც მოუწოდებს ეკუმენური თანამშრომლობისაკენ და მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს განიხილავს როგორც ეკლესია-დებს: აცხადებს, რომ უნდა აღსდგეს ერთობა, რომელიც ათას წელზე მეტი არსებობდა ჩვენს ეკლესიებს შორის. ეს პუბლიკაცია არის ამონარიდი წიგნიდან „მართლმადიდებლობასა და ლათინოპაპიზმს შორის არსებული განსხვავებანი“.

2.2 თანამედროვე ეპოქის დახასიათება, გლობალიზაცია

▲back to top


მიმდინარე თვის პრესა მნიშვნელოვან ადგილს უთმობს აღნიშნული თემისადმი მიძღვნილ პუბლიკაციებს.

გაზეთი „აღსავალი“ სტატიაში „მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ“ გვაუწყებს, რომ მზადდება ნიადაგი ანტიქრისტეს მოსვლისათვის, ხოლო უბედურება ის არის, რომ მსოფლიო „კონტროლდაწესებული“ კაცობრიობა ვერ შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას მისი ბოროტი ძალაუფლებისათვის. მსოფლიო კონტროლის დაწესება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ კომპიუტერის მეშვეობით ყოველი ადამიანი დარეგისტრირდება ბრიუსელში. კვლავ მეორდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „1974 წლის დასაწყისში დოქ. ელდემანმა ოფიციალურად გახსნა „მხეცი“, გიგანტური კომპიუტერი, რომელსაც სამი სართული უკავია ცამეტ-სართულიან შენობაში და რომელიც ჯვრის სახით არის აგებული. ამრიგად კომპიუტერის სახელწოდება „მხეცია“, ანუ ის, რაზეც წმიდა მოციქული იოანე წერს გამოცხარებაში. საერთაშორისო კომპიუტერული კოდი 666 ასევე ემთხვევა გამოცხადებაში დასახელებულ რიცხვს მხეცისა“ („აღსავალი“№15, 17.07.04, გვ. 12). იქვე ნათქვამია, რომ ციფრი 666 შეიძლება ბევრგან შეგვხვდეს - ავსტრალიის ბანკის ბარათებზე, ამერიკული „სელექთივ სერვისის“ ბართებზე, საერთო ბაზრის ქვეყნების მიერ გამოშვებულ ფეხსაცმელებზე და ა.შ.

მართლმადიდებლობის, როგორც იდეოლოგიის, მთავარი მტერი ლიბერალიზმია. აღნიშნულ პრობლემას ეძღვნება სტატია „ლიბერალიზმი, სიცრუე და ცოდვის მონობა თავისუფლების ნიღბით“. ავტორი, ეპისკოპოსი სტეფანე გვარწმუნებს: „დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად ყოველგვარი გამოცხადების გარეშე მკვიდრდება ლიბერალიზმი“. თურმე ამ რელიგიის (ლიბერალიზმის. - რედ.) ქურუმები ქვეყანას საზღვარგარეთიდან მართავენ, შიგნით კი ბოკერიები, გელაშვილები, ბუღაძეები და სხვანი გვმოძღვრავენ. ავტორი გმობს ლიბერალიზმის მიმდევართა მცდელობას, დაარწმუნონ ადამიანები, თითქოს ქრისტე და მისი მოციქულები ყველაზე დიდი

ლიბერალები იყვნენ. ქრისტეს სიტყვები: „როგორც გინდა შენ გექცეოდნენ, ისე მოეპყარი სხვას“, ავტორის აზრით ასე ესმით „შენ თუ გინდა კაიფი, სხვაც აკაიფე, რა!“

ეპისკოპოსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაიცვას ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევრის ინტერესები, სწავლების დროს არ მიენიჭოს უპირატესობა არც ერთ რელიგიას. მისი აზრით, ესეც ლიბერალიზმის გამოგონილია: „ლიბერალისმის გაგებით, ჭეშმარიტების ქადაგება სახელმწიფო სასწავლებლებში დანაშაულია, ანტიკონსტიტუციურია“ („ერი და ბერი“, №7, გვ. 7). და ბოლოს, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაურჩეს ნებაყოფლობით სიგიჟეს, თუ კი ყველა გაუწევს წინააღმდეგობას ლიბერალიზმს, როგორს ღვთისმგმობ, აღვირსახსნილ და წამლეკავ იდეოლოგიას.

იგივე გაზეთი სტატიაში „ასეთი დიქტატურა მხოლოდ ეშმაკს შეეძლო ესწავლებინა მათთვის“ გვთავაზობს ინტერვიუს მამა პაისთან (ნათარგმნია ი. ვორობევსკის წიგნიდან „Стук в Золотые врата“). საუბარი კვლავ საერთაშორისო „მასონისტურ-სიონისტურ“ შეთქმულების შესახებაა. „თალმულისტ-ლუციფერისტები“, რომლებიც მეთაურობენ მსოფლიო საიდუმლო მთავრობას, თავშეუკავებლად ისწრაფვიან მსოფლიო ბატონობისაკენ. კვლავ ყურადღების ცენტრშია ბრიუსელი და კომპიუტერი „მხეცი“. საკრედიტო ბარათები მიჩნეულია ეშმაკის ნიშნად, რომელთა გაუქმების შემდგომ ადამიანებს დადაღავენ ხელზე ან შუბლზე. ეს კი „ეშმაკის ბეჭედია“. „მიიღებ რა მას, შენ ამით უარყოფ წმიდა ნათლისღების საიდუმლოს ბეჭედს. შენ ირტყამ სხვა ბეჭედს. უარყოფ ქრისტეს და ღებულობ ეშმაკს“ („ერი და ბერი“ №7, გვ. 11).

2.3 ეკლესია და სახელმწიფო

▲back to top


მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები, როგორც წესი, თავს იკავებენ ეკონომიკური საკითხებში ჩარევისაგან, . გაზეთი „აცხოვნე სული შენი“ (№5 (23) 2004 წელი) ბეჭდავს სტატიას „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ“. სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ სასურველია, სახელმწიფომ შეძლოს და დამწყები მეწარმეები დროებით მაინც გათავისუფლოს გადასახადისგან. ეს გაუღვივებს მათ საქმის ინტერესს.

გაზეთი ინტერესდება ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის საქმიანობითაც. პუბლიკაციაში „არის თუ არა სინდისი უკვე გაყიდული“ აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ჯერ არ არის გაცხადებული. პრივატიზაციის პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ფრთხილად. სტატიის შესავალი ნაწილიდან ჩანს, რომ ავტორის თვალში ეკონომიკის მინისტრიც მთელი თავისი ლიბერალური პოლიტიკით საკმაოდ საეჭვო ფიგურაა.

როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ახლანდელი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხედრო მშენებლობას, ეკლესიაც დაუბრუნდა კაპელანების ინსტიტუტის როლის თემას არმიაში. სახელმწიფოსა და არმიის ურთიერთმიმართების თემას ეძღვნება ვ. ცინცაძის სტატია „სასულიერო მოღვაწეები სამხედრო სასახურში“ („მრევლი“,№10). სტატიის უდიდელი ნაწილი ეძღვნება რუს მხედართმთავრებს: ალ. სუვოროვს და პ. ბაგრატიონს. მოყვანილია დეტალური თარგმანი სუვოროვის ნაშრომებისა „Наука побеждать“ და რამოდენიმე სიტყვით ნათქვამია საქართველოში ე.წ. საყდრისშვილობის ინსტიტუტზე, რომელიც დასავლური სარაინდო ორდენების ერთგვარი ანალოგიაა.

2.4 მედიისადმი დამოკიდებულება

▲back to top


მედიისადმი დამოკიდებულება კვლავ კრიტიკულია. ამ თემას ეხმიანება არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) სტატია „ტელევიზორმა მოარღვია ჩვენი სახლის კარი“. საუბარია იმაზე, რომ თანამდეროვე ადამიანები ბოროტად იყენებენ ტექნიკის მიღწევებს. ტელევიზორი მიჩნეულია ჩვენი დროის სახლის ხულად, „...რომელიც მატერიალიზებულია, განვითარებულია, რომელიც ხან შეუმჩნევლად გვახვევს თავის აზრებს, ხან კიდევ აშკარად გვაწვალებს კოშმარებით“ („კანდელი“ №28, 16.22.04, გვ. 3). საუბარია აგრეთვე თეატრზე, როგორც ჭეშმარიტების იმიტირებაზე, სინამდვილის გათამაშებაზე. ეს კი მჭიდროდ უკავშირდება ვნებებს. თანამედროვე ადამიანი, ავტორის აზრით, გადაქცეულია ტელევიზორის მონად: „ტელევიზორი ახდენს ადამიანის პიროვნების ნიველირებას ...უნიფიცირებას უკეთებს, პიროვნებულობას უკარგავს მას“ („კანდელი“№29, 23-29.07.04, გვ. 8).

ტელევიზორი ავითარებს ანტიქრისტიანობას, რელიგია არის სულის კავშირი ღმერთთან, ტელევიზორი კი ამაში ადამიანს ხელს უშლის.

ტელევიზორის მავნე გავლენებზეა საუბარია აგრეთვე სტატიაში „სატელევიზიო ანტროპოფაგია“, რომელსაც გაზეთი „აცხვნე სული შენი“ ბეჭდავს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ერთიანდებიან და ცდილობენ დაამკვიდრონ ამქვეყნად მსოფლიო ხელისუფლების კონტროლი. ეს პროცესი კი ემსახურება იუდეო-მასონური ორგანიზაციების ოცნებას - სამყაროს მბრძანებლად ანტიქრისტეს მოყვანას: „შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი აღმაფრენით შეხვდება ტელევიზიის შემოქმედებით დადამბლავებული ბრბო სატანის მიერ წარმოგზავნილ ანტიქრისტეს („აცხოვნე სული შენი“, №5(29), 2004, გვ. 3).

იმავე გაზეთის პუბლიკაციაში „უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში ეროვნული სახელმწიფო ტელევიზია“ კვლავ იმავე პრობლემებზეა საუბარი. ამასთან ერთად, გამოთქმულია მყარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ შეიძლება არ არსებობდეს ეროვნული სახელმწიფო ტელევიზია. ავტორის აზრით: „სრულიად თვალსაჩინოა, რომ ევროკავშირსა და სხვა სატანურ ორგანიზაციებს არ აწყობთ ქვეყანაში არსებობდეს ეროვნული სახელმწიფოებრივი აზროვნების ყველაზე მძლავრი ბერკეტი. ავტორი ასევე კრიტიკულად არის განწყობილი „მასმედიის შესახებ“ კანონპროექტისადმი. სტატიაში გაშუქებულია აღნიშნული საკითხებისადმი მიღძვნილი ბრიფინგი, რომელიც ა.წ. 23 ივნისს ჟურნალისტთა სახლში გაიმართა, სადაც გამომსვლელებმა დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი პოზიცია ეროვნული ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის საკითხთან დაკავშირებით. (პუბლიკაციის ავტორი ხათუნა საგინაშვილი)

2.5 ეკლესია და განათლების სისტემა

▲back to top


მიმდინარე თვის რელიგიური პრესა ყურადღების გარეშე არ ტოვებს სკოლაში რელიგიის სწავლების საკითხს.

გაზეთი „აცხოვნე სული შენი“ ბეჭდავს სტატიას “განათლების სამინისტრომ რეფორმის პროექტს „ილია ჭავჭავაძე“ უწოდა. არის კი ეს ნამდვილად ილიას გზა?!“ პუბლიკაციაში განხილულია ა.წ. 24 ივნისს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ჩატარებული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას. კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლების ძირითადი სულისკვეთება ასეთია: „რეფორმატორებს გავიწყდებათ ილიას მთავარი კრედო: „ენა, მამული, სარწმუნოება“, განსაკუთრებით სარწმუნოებას უტევენ - ამას რატომღაც ცუდ ტონად მიიჩნევენ“. ნოდარ ნათაძე: „ჩვენ საზოგადოებას ამზადებენ ნაცრისფერ სამონლად და არა შემოქმედად“. გამომსვლელთა დიდი ნაწილის აზრით სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ქრისტიანული რელიგიის ისტორია სახელმწიფო სახსრების ხარჯზე.

2.6 შიდასაეკლესიო ცხოვრება

▲back to top


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მრავლად არ გვხვდება. „საპატრიარქოს უწყებანი“ ბეჭდავს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ზურაბ ცხოვრებაძის სტატიას სათაურით „ვაი მის კაცისა, რომლიგან მოვიდეს საცდური“. ავტორი აკრიტიკებს ნატო ამონაშვილ-თევზაძის პუბლიკაციას „ტვირთი ერისა და ეკლესიის წინაშე“ („დილის გაზეთი“, 06.04), სადაც გამოთქმულია მოსაზრებები, რომ რევოლუცია ცვლილებებს ითხოვს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ეკლესიშიც. ზ. ცხოვრებაძე აღნიშნავს, რომ ავტორი დეკანოზ ზაზა თევზაძის მეუღლეა, ეს უკანასკნელი კი ტელევიზიისა და საერო გაზეთების მეშვეობით ხშირად აკრიტიკებს ეკლესიას. ამდენად აქ გადმოცემულია „არა მარტო ოჯახის კერძო აზრი, არამედ იმ ჯგუფისაც, რომლიც წევრებიც უკვე კარგა ხანია კოორდინირებულად მოქმედებენ“ („საპატრიქრქოს უწყებანი“, №24, 2.8.07.04, გვ. 9) ზ. ცხოვრებაძე კიდევ ერთხელ დებს ბრალს მამებს ზაზა თევზაძეს და ბასილ კობახიძეს, რომ ისინი ერეტიკოსებთან ერთად მონაწილეობენ რიტუალებში, პრესითა და ტელევიზიით შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლობის დამცველთ.

„საპატრიარქოს უწყებანი“ (¹24, 2-8.07.04) ბეჭდავს ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსის გრიგოლის 27 ივნისს წარმოთქმულ ქადაგებას, რომელიც ეხება გაზ. „24 საათში“ დაბეჭდილი მიმართვას კათალიკოს-პატრიარქისადმი რომელსაც ფოთელი მთავარეპისკოპოსი აწერს ხელს. ქადაგებაში ნათქვამია, რომ ეს მიმართვა არ იყო განკუთვნილი საგაზეთოდ. პრობლემები ყველგან არსებობს, დასძენს ეპისკოპოსი, მაგრამ ისინი უნდა დაიძლიოს პატრიარქისა და წმ. სინოდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.

მიმდინარე თვის პრესა ეხმიანება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის ჩამოფხეკის ფაქტს და სასტიკად გმობს მსგავს ქმედებებს. აღნიშნულ თემას ეძღვნება პუბლიკაციები. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ სათაურით „კვლავ იტყვის: მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა... მჭმუნვარებდეს რას არგებდეს ნაკადი ცრემლთა მანისა?“ (№25, 9-15.07.04).

ამავე გაზეთში ქვეყნდება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის წერილი წმიდა ქალაქ იერუსალიმსა და სრულიად პალესტინის პატრიარქ ირინეოსისადმი. „რატომ ცდილობენ გარკვეული ძალები ქართველთა კვალის ასე წაშლას წმიდა მიწაზე. ვინ გეგმავს ამ მიზანმიმართულ ვანდალიზმს?“ - წერია მიმართვაში. („საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 9-15.07.04, გვ. 4).