![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №1 ბიულეტენი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრესის მიმოხილვა იანვარი, 2006 წ. თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development |
![]() |
1 საერო პრესა |
▲back to top |
საგაზეთო პუბლიკაციების საერთო პათოსი ასე შეიძლება დავახასიათოდ: მართლმადიდებლური ფასეულობების მეტ-ნაკლებად ფრთხილი, მაგრამ განუხრელი დაცვა რეალური თუ წარმოსახვითი საფრთხეებისაგან.
„ქრონიკა“, 8.01.06
ვანო პავლიაშვილი
2005 წლის რელიგიური სკანდალები
ავტორი ძირითადად 2005 წელს „ქრონიკაში“ რელიგიურ თემატიკაზე დაბეჭდილ წერლებს მიმოიხილავს, მათ შორის საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც მისი აზრით, „მართლამადიდებლობისთვის დაგებული ხაფანგია და მეტი არაფერი.“ ავტორს მიაჩნია, რომ სწორედ „სკოლებში გაბატონების გზით, ეკლესიისთვის სახელმწიფო პოლიტიკური შეთავაზება ხაფანგია, რომელსაც უამრავი პროცესები მოჰყვება. პირველ რიგში კი სხვა რელიგიის წამომადგენელთა ჯანყი და ცივილიზებული დასავლეთის პროტესტი... ხომ ფაქტია, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული სწავლება სკოლებში პირდაპირ მართლმადიდებლობის ქადაგებას გულისხმობს, და არა მის სწავლებას ქიმიასავით ან ფიზიკასავით... რას ვეუბნებით ათასი სექტის მიმდევარს, აღარაფერს ვამბობ გრიგორიანელებზე, კათოლიკეებზე, მუსლიმანებსა და იუდეველებზე? იძულების წესით ვნათლავთ მართლმადიდებლებად?... ამ ყველაფერს მოჰყვება ისევ და ისევ მართლმადიდებელ ეკლესიაზე შტურმი, მისი დისკრედიტაცია... სწორედ მაშინ დაკარგავს ეკლესია მრევლსაც და ავტორიტეტსაც.“
„ვერსია“, 9-15.01.06
უწმინესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია
მეორეს საშობაო ეპისტოლე
სხვა საკითხებთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქი სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობებსაც შეეხო: „ის ძალები, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს უპირისპირდებიან, ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან და სურვილი აქვთ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით იგი წარმოაჩინონ სხვა კონფესიების უფლებების დამრღვევეად და ამის მიზეზად საკონსტიტუციო შეთანხმებასაც ასახელებენ. ისინი რელიგიური თავისუფლების მოტივით, ითხოვენ ყველას თანასწორულფბრიანობას, მაშინ, როდესაც მსგავსი სამართლებლივი მოდელი არცერთი ტრადიციული კულტურის სახელმწიფოში არ არის.“ პატრიარქმა იმედი გამოთვა, რომ პრეზიდენტი გაგებით მოეკიდება წმინდა სინოდის მიმართვას და საკონსტიტუციო შეთანხმების სრულფასოვანი ამოქმედების მიზნით მალე ორმხრივი კომისია ამუშავდება.
„24 საათი“, 12.01.05.
სახალხო დადმცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს საახალწლო მილოცვა
მილოცვას ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 19 ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი - არა.
„ჯორჯიან თაიმსი“, 12-19.01.06.
გიორგი არჩემაშვილი
შობის ღამეს სპეცრაზმელებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაჩხრიკეს
გაზეთი იუწყება, რომ შობის ღამეს „ათასობით მართლმადიდებლის თვალწინ... ამაზრზენი ფაქტი მოხდა. ... პრეზიდენტის დასაცავად მისულმა სპეცრაზმელებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს პატრიარქი, მღვდელმთავრები, და ტაძარში მისული ყველა მართლმადიდებელი, ბავშვების ჩათვლით“. ამ ინფორმაციას ყოფილი პარლამენტარი, დღეს ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებული ქალბატონი, პროფესორი ნესტან კირთაძეც ადასტურებს და მასში იმ ბრძოლის გამოძახილს ხედავს, რომელიც „ავადმყოფი ადამიანების გროვამ, „თავისუფლების ინსტიტუტმა“, სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია დაიწყო“. მისივე სიტყვებით, „ხელისუფლება, პიარ-ტექნოლოგიის გამოყენებით, ეკლესიის გვერდით დგომას კარგად იყენებს, სინამდვილეში კი მისი დაუძინებელი მტერია... ბრძოლა ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მთელ მსოფლოში მიმდინარეობს“.
„ახალი თაობა“, 13.01.06.
შორენა კიწოწაშვილი
სააკაშვილმა სამებაში სამღვდელობა გააჩხრეკინა
შალვა ნათელაშვილმა, ამბობს ჟურნალისტი, ხელისუფლების ანტიმართლმადიდებლურ ნაბიჯებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ანტიმართლმადიდებლობა თანდათან ხდება ქართული პოლიტიკის ნაწილი. ამის დასტური არა მარტო ომბუდსმენის მიერ კონკორდატზე მიტანილი იერიში და მომრავლებული სექტებია, არამედ პრეზიდენტის პირადი დაცვის მიერ შობის ღამეს მღვდელთმთავრების და მრევლის გაჩხრეკაც.
„ახალი თაობა“, 16.01.06/
გიორგი უძილაური
პატრიარქის სიცოცხლეს ახალქალაქში საფრთხე ემუქრებოდა?
გაზეთი იუწყება რომ, 15 იავარს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარლამენტის სპიკერთან ერთად ახალქალაქში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ვიზიტი არ შედგა, ვინაიდან არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი შესაძლოა, კუმურდოს ტაძრის მონახულებისას მოეკლათ. ასეთი რამ, წერს ჟურნალისტი, კუმურდოელ სეპარატისტებს განუზრახავთ, რომლებიც „ახალქალაქელ სეპარატისტებთან ერთად გამოირჩევიან ანტიქართულობით“.
ავტორი საყვედურობს პრეზიდენტს, რომ იგი ვერ იცავს ქართველების უფლებებს, რის გამო საქართველო ცუდ მიჯნას უახლოვდება. ამ პროცესის დასაჩქარებლად „სომეხი სეპარატისტები იყენებენ ქართველებისთვის ისეთ წმინდა მცნებებზე თავდასხმას, როგორიცაა მართლმადიდებლური ტაძრები, მორწმუნეები და კათოლიკოს-პატრიარქი“.
„კვირის პალიტრა“, 16.01-22.01.06.
ეკა ლომიძე
ვინ აპირებდა შობის ღამეს პირდაპირი ტრანსლაციის ჩაშლას
გაზეთი იკვლევს, რატომ შეფერხდა წელს საქართველოს დამოუკიედებლობის შემდეგ ტრადიციად ქცეული საშობაო წირვის პირდაპირი ტრანსლაცია ადრე „სახელმწიფო“, ამჟამად კი „საზოგადოებრივი“ ტელეარხით და რატომ დაიწყო ის ერთი საათის დაგვიანებით. ჟურნალისტის რესპონდენტები - პარლამენტის წევრები, მარიკა ვერულაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი - ვარაუდობენ, რომ ტარნსლაციის ეთერიდან მოხნის გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობამ მიიღო. მათი მტკიცებით, ტრანსლაცია მაშინ დაიწყო, როდესაც ამ საქმეში მათ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ჩართეს.
არხის ხელმძღვანელი - თამარ კინწურაშვილი კი ტრანსლაციის დაგვიანებას ტექნიკური პრობლემებით ხსნის და მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებს უსაქმური ხალხის ჭორებს უწოდებს. არადა პარლამენტის თავმჯდომარემ გაზეთს განუცხადა, რომ საშობაო წირვის ტრანსლაციას ჩაშლის რეალური საფრთხე მართლაც შექმნია. „ამის შესახებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ვაცნობე, და საქმეში ჩვენი ჩარევის შემდეგ, მოვლენები ისე განვითარდა, როგორც უნდა განვითარებულიყო“.
„რეზონანსი“, 20.01.06.
ეკა გულუა
პარლამენტი სუბარის გაგდადგომას მოითხოვს?
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში, სადაც ორი დღის წინ სახალხო დამცველს ჰქონდა შეხვედრა, სოზარ სუბარი მკაცრად გააკრიტიკეს მისი პოზიცის გამო, რომელიც მან დეკემბერში პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომისას გამოხატა. მაშინაც და საკომიტეტო მოსმენის დროსაც პარლამენტარების უმრავლესობის აღშფოთება მისმა ორმა განცხადებამ გამოიწვია: ა) საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც დაიდო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დისკრიმინაციულ მდგიმარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს; ბ) როდესაც სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას უბრუნებს მის კუთვნილ საკულტო შენობა-ნაგებობებს, იგივე სხვა ეკლესიების მიმართაც უნდა ხდებოდეს.
დადგენილებაში, რომელიც კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, ნათქვამია, რომ პარლამენტი არ იზიარებს ომბუდსმენის მოსაზრებას კონკორდატის დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით და აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს სახელმწიფოს საქმიანობაში.
კომიტეტის თამჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ პარლამენტს არ შეუძლია ამ მიზეზით სუბარის გადაყენება, როგორც ამას პარლამენტარების ნაწილი ითხოვს, მაგრამ, მისი აზრით, ომბუდსმენს მოუწევს აღნიშნულ საკითხებზე პარლამენტის პოზიცია გაიზიაროს.
„რეზონანსი“, 21.01.06.
ნინო ფრანგიშვილი
კათოლიკეები ორმოცდაათიანელების წინააღმდეგ
ახალქალაქის რაიონის სომხურ სოფელ წინუბანში ადგილობრივი კათოლიკეები ევანგელისტ-ორმოცდაათიანელებს დაუპირისპირდნენ. სოფელში 300 მოსახლეა, საიდანც 36 ორმოცდაათიანელია, დანარჩენი კი კათოლიკეები. გაზეთის მიხედვით, ორმოცდაათიანელების მიმართ განსაკუთრებული შეუწყნარებლობით ადგილობრივი კათოლიკე მღვდელი - მამა პოღოს გრიგორიანი გამოიჩევა, რომელიც მათ წიააღმდეგ ეკლესიაში ქადაგებს. მან ორმოცდაათიანელებს „კარიტასის“ ფონდის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც შეუწყვიტეა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კათოლიკე თანასოფლელებმა ორმოცდაათიანელებს სოფლის სასაფლაოზე შესვლა აუკრძლეს - სხვა ადგილი მოითხოვეთო. ირკვევა ასევე, რომ სოფლის საშუალო სკოლაში მამა პოღოსი რელიგიის გაკვეთილებს ატარებს, რაც კანონითაა აკრძალული; მღვდელი ამ ფაქტს თვითონაც არ უარყოფს.
ორმოცდაათიანელებმა თავის უფლებების დასაცავათ სახალხო დამცველის ოფისს მიაშურეს. ფაქტების გადამოწმების შემდეგ აქ ჩათვალეს, რომ ადგილი აქვს აშკარა რელიგიურ დისკრიმინაციას და გენერალურ პროკურატურას მიმართეს.
„ბასტა“, 22.01.06.
ვერიკო გულუა
სახალხო დამცველი კონკორდატს დისკრიმინაციად მიიჩნევს
სტატიის თემა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებაა. როგორც მასში წერია, საკომიტეტო მოსმენის დროს ომბუდსმენს ისევ იმის მტკიცება მოუწია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება შეიცავს მუხლებს (საუბარი ძირითადად საეკლესიო ქონების დაბრუნებას ეხება), რომელიც დისკრიმინაციულია სხვა ეკლესიებთან მიმართებაში, რასაც, მისი სიტყვებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენმა და გაერომაც გაუსვა ხაზი. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა მიიღო დადგენილების პროექტი, სადაც წერია, რომ კონკორდატში ჩადებული პრინციპები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.
„კვირის პალიტრა“, 23.01-29.01.06.
ეკა ლომიძე
„ინკოგნიტო“ მისიონერების 24 ტონა კონტრაბანდული ლიტერატურა
გაზეთის ცნობით, სარფის საბაჟოზე გაჩერებულია ტვირთი - აჭარაში შემოსატანად გამზადებული, ქართულ ენაზე თარგმნილი 24 ტონა რელიგიური შინაარსის მუსლიმანური წიგნები. „კვირის პალიტრისათვის“ ეს ამბავი ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის პედაგოგს - ვახტანგ მახარაძეს შეუტყობინებია. ტვირთის გაჩერების მიზეზად საბაჟოს უფროსმა მამუკა მახარაძემ, რომელსაც გაზეთმა განმარტებისთვის მიმართა, სათანადო დოკუმენტაციის არარსებობა დაასახელა. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება, საბაჟოს არანაირი უფლება არა აქვს ტვირთი არ გაატაროს.
ვახტანგ მახარაძე ყურადღებას ამახვილებს აჭარაში მუსლიმანური ფაქტორის გაძლიერების ხელის შემწყობ ფაქტებზე: შენდება ახალ-ახალი მეჩეთები და მედრესეები, გააქტიურებულან თურქი მისიონერები, მასიური ვრცელდება რელიგიურ-იდეოლოგიური ლიტერატურა და ა.შ. „იმავეს გაგვაკეთებინებენ ჩვენ თურქეთში? აგვაშენებინებენ ეკლესიებს? - კითხულობს მახარაძე და „აჭარელი ხალხის უმრავლესობის სახელით“ დაჟინებით სთხოვს ხელისუფლებას შეცვალოს კანონმდებლობა, რათა აიკრძალოს აჭარაში საკულტო შენობა-ნაგებობებისა და დაწესებულებების გამრავლება.
ამასვე ამბობს გაზეთთან საუბარში თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის დოცენტი ბეჟან ჯავახია. მისი აზრით, სახელმწიფომ რელიგიურ-იდეოლოგიური ლიტერატურის შემოდინებისაგან დაცვის მექანიზმები უნდა გამოიმუშავოს. ერი, მისი სიტყვებით, რელიგიურ ერთიანობაში „გამოიხატება“ და ამ ერთიანობის რღვევა არ შეიძლება.
„კვირის პალიტრა“, 30.01-5.02.06.
ეკა ლომიძე
რაც ხდება მხოლოდ ქართული ეკლესიის პრობლემა არ არის
წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით ქართულად ნათარგმნი მუსლიმანური ლიტერატურის შემოტანის მცდელობას ეხებოდა, საპატრიარქო გამოეხმაურა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ზურაბ ცხოვრებაძე, ვის ინტერვიუსაც ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით აქვეყნებს გაზეთი, თვლის, რომ საქართველოში, სადაც საკმაოდ შესუსტებული იყო ტრადიციული ისლამი, მისი ექსტრემისტული მიმდინარეობების გავრცელებას ნოყიერი ნიადაგი არსებობს და მოუწოდებს სახელმწიფოს, თავი დაიცვას ასეთი რისკისაგან. ცხოვრებაძე ეჭვობს, რომ ისლამის ასეთი მასირებული შეტევა საქართველოზე შეთანხმებულია არ არის სამხრეთ კავკასიის მუსლიმან ლიდერებთან, ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და ტრადიციულ ისლამს შორის რეგიონში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.
გაზეთი იუწყება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, „აჭარის ინტელიგენცია“, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად, წერილს ამზადებს პრეზიდენტის სახელზე.
![]() |
2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა |
▲back to top |
წინა თვეების მსგავსად ამ თვეშიც მართლმადიდებლურ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ ქადაგებებში, ინტერვიუებსა და სტატიებში, მართლმადიდებლური ნაციონალიზმის თემა ჭარბობს: მოურიდებლად იქადაგება ქართული მესიანიზმი ანუ სხვა ერებზე ქართველთა აღმატებულობა, მათი ღვთივრჩეულობა (ეს გზავნილი ყველაზე ხშირად კათოლიკოს-პატრიარქისაგან მოდის); შენარჩუნებულია ანტიგლობალისტური და ანტიდასავლური განწყობები; კვლავინდებურად უგულებელყოფილია ლიბერალური ფასეულობები - ლიბერალიზმი ლამის ცოდვადაა შერაცხული; ისევ დასტურდება ეკუმენიზმიზმის სრული შეუწყნარებლობა. განსაკუთრებული რადიკალიზმით ახალი ჟურნალი „ქვაკუთხედი“ გამოირჩევა, რომელიც ფორმალურად არც საპატრიარქოს, არც რომელიმე ეპარქიის გამოცემა არ არის.
ამავე დროს სხვა რელიგიების მიმართ ტონი აშკარად შერბილებულია, აღარ გვხვდება კათოლიციზმის, ან სხვა კონფესიების, კრიტიკა.
ამ თვის გამოცემები დიდ ადგილს მოზარდთა აღზრდის საკითხებს და ნარკომანიასთან ბრძლოლას უთმობენ.
![]() |
2.1 ქართველთა ღვთივრჩეულობა |
▲back to top |
22 იანვრის საკვირაო ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ისევ იმეორებს მის მიერ არაერთხელ გამოთქმულ აზრს ქართველთა რჩეულობის შესახებ: „ბევრჯერ მითქვამს, რომ ქართველი ადამიანი ღვთისაგან მადლმოსილია, ღვთისაგან დაჯილდოვებულია, მაგრამ ამავე დროს, მას ბევრი მოეთხოვება. შეიძლება სხვა ერის წარმომადგენელს იმდენი არ მოეკითხოს, რამდენიც ქართველ კაცს, რადგან ვისაც უფალი ბევრს აძლევს, მას ბევრსაც მოჰკითხავს“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №4, გვ.5. 26.01.06).
![]() |
2.2 ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივება |
▲back to top |
„უძველესი დროიდანვე ჩვენში ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და ქართველობა ერთმანეთის სისნონიმები იყო“, - ამბობს თავის ინტერვიუში მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) და ამ პოსტულატის დასამტკიცებლად ვრცელ ისტორიულ ექსკურსს მიმართავს, რათა ხაზი გაუსვას მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილს ერის გადარჩენასა და გაერთიანებაში: „ქართველებისაგან ვინც მიიღო უცხო სარწმუნოება, ისინი ეთნიკურად შემდგომში გადაგვარდნენ, ხოლო ვინც დაიცვა მართლმადიდებლობა და იყო წმინდა ეკლესიის წევრი, მან შეინარჩუნა ქართველობაც.“
მეუფე ანანია თვლის, რომ დღეს ქართველთა ეროვნულ მეობასა და სარწმუნოებას საფრთხე ემუქრება და „მათი წაშლის პროცესი ფარულად მიმდინარეობს“, ისტორიის მთავარ დანიშნულებად კი „აწყმოს გაგებას და მერმისის გამოკვლევას სიბნელისაგან“ მიიჩნევს („ქვაკუთხედი“ №2, გვ. 6-8.).
![]() |
2.3 ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა რელიგიები |
▲back to top |
„საპატრიარქოს უწყებანის“ ქრონიკაში განთავსებულ განცხადებაში საპატრიარქო გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ინტერნეტით გავრცელებული „პროვოკაციული დეზინფორმაციის“ გამო, რომელიც აშუქებდა 29 დეკემბერს საპატრრიარქოში შემდგარ კათოლიკოს-პატრიარქისა და რაბინ აბრაამ მიხელიშვილის შეხვედრას და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ამ შეხვედრაზე ფსალმუნთა გალობით შესრულდა ერთობლივი ლოცვა და დაინთო ხანუქის სანთელი.“
საპატრიარქო აცხადებს, რომ „საქართველოს ეკლესია, სჯულის კანონის შესაბამისად, მიუღებლად მიიჩნევს ერთობლივ ლოცვას არა თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, არამედ სხვა არამართლმადიდებელ ქრიასტიანებთანაც კი, რაც აისახა 1998 წლის ოქტომბრის წმინდა სინოიდს დადგენილებაში“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №3, გვ.5. 19-25.01.06).
22 იანვრის საკვირაო ქადაგებაში (ტექსტი „საპარტირქოს უწყებანშია“ დაბეჭდილი) კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს რელიგიური ტოლერანტობისაკენ მოუწოდა: „ბედნიერი ვართ იმით, რომ ვდგავართ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ვიცავთ მას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვეყოთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ნებისმიერი სარწმუნოების მქონე ადამიანს. და დავანახოთ ჩვენი რწმენა, ჩვენი სიყვარული, თავმდაბლობა. ამასთან, არ უნდა ველოდოთ, როდის მოვა ჩვენთან გზააცდენილი, - თავად უნდა მივიდეთ მასთან და დავეხმაროთ“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №4, გვ. 5-7. 26.01.06).
![]() |
2.4 ლიბერალური ფასეულობების აღქმა |
▲back to top |
იმავე ქადაგებაში, რომლის ტექსტსაც აქვეყნებს „საპატრიარქოს უწყებანი“, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ადამინის უფლებების დაცვის თემასაც ეხება: „თანამედროვე საზოგადოებაში ძალან ბევრი ლაპრაკია ადამინის უფლებებზე. წარმოიშვა მთელი რიგი ორგანიზაციებისა: ბავშვების უფლებების დაცვის კომიტეტი, ადამინთა უფლებების დაცვის კომიტეტი და სხვა მრავალი. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ვიწონებთ და ვიცავთ იმას, რაც ვნებს ადამიანს. ასეთი თავისუფლება, ჩვენი არასწორი მიდგომით, მე ვიტყოდი ჩვენი თავხედობით, აღვირახსნილობამდე მიგვიყვანს! მივდივართ იქამდე, რომ ცოდვა ცოდვად აღარ მიგვაჩნია... ზოგიერთი ადამიანი იმას ქადაგებს, რომ ადამიანმა უნდა აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №4, 26.01.06. გვ.5-7).
სათაურით: „როგორ იჭრებიან უცხო ძალები ადამიანის სხეულში?“ - საპატრიარქოს ოფიციალური ორგანო, გაზეთი „კანდელი“, ბეჭდავს ინტერვიუს ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ გიორგისთან (თევდორაშვილი), სადაც ადამიანის სულიერი დაცემის სხვა მიზეზთა შორის ლიბერალური ღირებულებების გაზიარებაცაა დასახელებული: „ეშმაკეულთა განსაკუთრებულ სახეს მიეკუთვნებიან ეგრეთ წოდებული ლიბერლობის მოყვარულნი, ანუ ქრისტიანული და ყოველგვარი ჯანმრთელი აზროვნების გარეშე ესოდენ თავისუფალი მოაზროვნე-ნიჰილისტები...“ („კანდელი“, №46, გვ. 2-3).
ამავე რესპონდენტის ინტერვიუ სახელწოდებით: „აქვს თუ არა ქრისტიანს სხვა აღმსარებლობის ადამიანის განკითხვის უფლება“ - დაბეჭდიდლია „კანდელში“. მამა გიორგი ამ ინტერვიუშიც ეხება ლიბერალურ ფასეულობებს, კერძოდ, რელიგურ ტოლერანტობას, რომელსაც „ჭეშმარიტებათა პლურალიზმის“ პროპაგანდად აღიქვამს. „...ყველა წმინდა მამა, ყველა მსოფლიო თუ ადგილობრივი საეკლესიო კრება, ყოველთვის მტკიცედ და შეუცვლელად ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტება ერთია. ჭეშმარიტებათა პლურალიზმი (მრავლობითობა) ან რელატივიზმი (შედარებითობა) ზნეობის სფეროში არ არსებობს... არასდროს თქმულა, რომ არსებობს რამოდენიმე ჭეშმარიტება... თუკი რომელიმე „მოაზროვნე“ ფანატიზმად მიიჩნევს მართლმადიდებლობის მხარეზე დგომას და იმის შეურყეველ აღიარებას, რომ ცხონებას მხოლოდ მართლმადიდებლობა გვანიჭებს, მაშინ გამოდის, რომ მსოფლიო და ადგილობრივი კრებებიც ფანატიზმად უნდა გამოვაცხადოთ... ეკლესია არ იცნობს არავითარ „ლიბერალურ“ მართლმადიდებლობას... რელიგიური თანასწორობის მეთოდი, რომლის ცრუ სწავლების თანახმადაც, ყველა ადამიანი ცხონდება - სულერთია რას იწამებს, ოღონდ იწამოს, ცრუ და მიუღებელია“.
იმავ დროს, სხვა რელიგიებთან და კონფესიებთან მიმართებაში მამა გიორგის წმინდა მოციქული პავლეს სიტყვებიც მოჰყავს: „ჩვენ სხვებს არ განვიკითხავთ“ („კანდელი“, №1, გვ. 7-8).
![]() |
2.5 დღევანდელი ქართული ხელისუფლება და მსოფლიო შეთქმულება |
▲back to top |
ამ თემას ძირითადად ახალი ჟურნალი „ქვაკუთხედი“ ამუშავებს. ჟურნალის ქრონიკაში განთავსებულია ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გიორგობის დღეს ყველა „ქართველ სამხედრო მხედართმთავრისთვის „მალბოროს“ მარკის სიგარეტი და ასანთი ჩამოურიგებია საჩუქრად“. სასაჩუქროდ შერჩეულმა სიგარეტის მარკამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა „ქვაკუთხედს“, რომ საქართველოს ხელისუფლება „არჩეული პროამერიკული კურსის ერთგული რჩება... როგორც ჩანს, აქაც სოროსის დახმარების ხელი ურევია“ („ქვაკუთხედი“, №2, გვ. 8).
იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში იყო წარმოებული მინისტრის მიერ „მხედართმთავრებისთვის“ ნაჩუქარი ასანთი, ქრონიკა დუმს.
„ქვაკუთხედშივე“ განთავსებულია პროფესორ იაკობ ახუაშვილის წერილი სახელწოდებით: „ხალხი ბრბოა, ბრბო ბრმა ძალაა“. სტატიის თემა იუდევურ-მასონური მსოფლიო შეთქმულებაა, რომლის საილუსტრაციოდ ავტორი „სიონის ბრძენთა ოქმების“ ციტირებას მიმართავს.
„ვარდების რევოლუციის“ ტალღაზე მოსულ მმართველ პოლიტიკურ ძალას ავტორი ამ შეთქმულების ნაწილად მოიაზრებს: „ხელმძღვანელი „მმართველი“ ძალის მიერ ბრბოდან ამოყვანილი სალახანა, თაღლითი, ხშირად ფსიქიურად გაუწონასწორებელი პირია. გარეშე მტერი და ბრბოს სამართავად შერჩეული ცბიერი და პირმოთნე პირველი პირი მუშაობს არსებული სახელმწიფოს დაღუპვაზე და მსოფლიოს შეთქმულთა პროგრამის ხორცშესხმაზე... ვგონებ უკვე გვაქვს პასუხი იმაზე, თუ რატომ იცვალა სახე და რატომ დაივიწყა ჩვენმა პრეზიდენტმა ის დაპირებები, რომლებიც უხვად ჩამოურიგა ხალხს“ („ქვაკუთხედი“, №2, გვ. 17-18).
იმავე ჟურნალის ფურცლებზე სახელწოდებით: „ეროვნული მწერლობის როლი ახალგაზრდების პატრიოტებად ფორმირების საქმეში“ - გამოქვეყნებულია ინტერვიუ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილესთან, პოეტ ვაჟა ოთარაშვილთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და პრივატიზაციის პროცესის ინიციაციისათვის ხელისუფლებას ასე ახასიათებს: „...ეს გაგრძელებაა იმ სატანური ტენდენციებისა, რომელიც ბობოქრობს მსოფლიოში და აქაური ჩინოვნიკებიც მათ დაკვეთას ასრულებენ, რომელზეცდაც მოვიდნენ... ჩინგიზ-ხანის, თემურლენგის და პირსისხლიანი ბოლშევიკების დროსაც კი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას მსგავსი ანტიეროვნული მთავრობა... წვეთი არაა მათში ქართული. ჩვენ ოდითგანვე მართლმადიდებლური იდეოლოგიის მრწამსის მქონე ქვეყანა ვიყავით. სწორედ ამის ამოძირკვა დაუსახავთ მიზნად მავანთ, რის გამოც ებრძვიან, როგორც ქართულ მწერლობას, ასევე მეცნიერებათა აკადემიასა და განათლების სისტემას... ღრმავდება ტენდენცია ყოველივე ეროვნულის გაქრობისა“ („ქვაკუთხედი“, №2, გვ.12).
მსოფლიო შეთქმულების თემას ამავე გამოცემის ფურცლებზე უკვე ნაცნობი ავტორი, პროფესორი იაკობ ახუაშვილი განავრცობს სტატიში - „ვინ არის ჯორჯ სოსროსი/ჯერი ქართველებზეც მიდგა...“ (სტატია გადმობეჭდილია გაზეთ „აცხოვნე სული შენი“-დან, რომელიც დღეს აღარ გამოდის). ავტორის მიხედვით, სოროსი - „მსოფლიო თაღლითი, მასონი და ისრაელის სპეციალური სამსახურის - „მოსადის“ აგენტი“ - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედი მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდების, სხვადასხვა მსოფლიო ინსტიტუტების (მაგალითად, „ამერიკის მსოფლიო ინსტიტუტი,“ აშშ-ში მოქმედი „დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“), სხვადსხვა ქვეყნის მედია-საშუალებების, „მისი ბიჭების“ (რომელთა შორის ავტორი ისეთ ცნობილ „მასონებს“ მოიხსენიებს, როგორც ზბიგნევ ბრჟეზინსკი, მადლენ ოლბრაიტი, ტადეუშ მაზოვეცკი, ეგორ გაიდარი, სერგეი კირიენკო, ბორის ნემცოვი, რიჩარდ მაილზი და ა.შ.), ანუ „იუდევურ-მასონური“ ლობის მეშვეობით და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერით მსოფლიო ბატონობისაკენ მიისწრაფის „აშშ-ს ჰეგემონიის ქვეშ“.
საქართველოში, სტატიის მიხედვით, „იუდევურ-მასონური“ ლობი ძირითადად „ფონდით ღია საზოგადოება - საქართველოთი“, თავისუფლების ინსტიტუტით, „კმარათი“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ით არის წარმოდგენილი. ამ გზაზე, ავტორის აზრით, შეთქმულთა ერთერთი მიზანია გაანადგურონ და „დასაჯონ“ მართლმადიდებლობა. მმართველი პოლიტიკური ძალა და ქვეყნის პრეზიდენტი შეთქმულთა დავალებით მოქმედებენ („ქვაკუთხედი“ №2, გვ. 13-15).
ამავე გამოცემის ფურცლებზე ნომრიდან ნომერში ცალკე ქვეყნდება „ცნობილ ქართველ მასონთა სია“, რომელშიც სხვებთან ერთად ედუარდ შევარდნაძე („მასონური კლუბის „მაგისტერიუმის“ თავმჯდომარე“), კახა ბენდუქიძე („ბიოპროცესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე“), განსვენებული პოეტი ბულატ ოკუჯავა („რუსული პენიცენტრის (sic!) წევრი“), მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი („ინსტიტუტ „ღია საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი“), ჟურნალისტი ნიკოლოზ სვანიძეც („სრულიად რუსეთის ტელერადიოკომპანიის თავმჯდომარე“) მოიხსენიება. საგულისხმოა, რომ სიაში საქართველოს მენშევიკური მთავრობის მრავალი წევრის სახელია შეტანილია („ქვაკუთხედი“ №2, გვ. 19).
![]() |
2.6 აპოკალიპსური განწყობები |
▲back to top |
ჟურნალ „დედაეკლესიაში“ გამოქვეყნებული ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველის წერილის - „ანტიქრისტე“-ს მთავარი მესიჯი ასეთია: ანტიქრისტეს (ვისი დედაც „მრუში იქნება ებრაელთა ტომიდან“) კარს მომდგარ გამეფების პარალელურად რუსეთში სულიერი აფეთქება მოხდება: „რუსეთი ყველა სლავ ხალხებთან ერთად შექმნის ძლიერ სამეფოს, რომელსაც სათავეში ეყოლება მართლმადიდებელი ღვთისცხებული მეფე. მისი დამსახურებით რუსეთში ყველა სექტა და სქიზმა გაქრება... მაცხოვარი შეიწყალებს რუსეთს, რამეთუ მასში ანტიქრისტეს საშინელი წინა პერიოდი უკვე იყო. ყველა სხვა ქვეყანა კი, გარდა რუსეთისა და სლავური მიწებისა, ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ მოექცევა...“ მართალია, ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი საქართველოსაც აძლევს მცირე იმედს: „ღმრთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა, მაგრამ მცირე ხნით, როგორც ასეთი ანტიქრისტე იქ ვერ გამეფდება, საყდარს ვერ განიმტკიცებს“ („დედაეკლესია“, №23, გვ.30-31).
![]() |
2.7 თანამედროვე მუსიკალური დინებების აღქმა |
▲back to top |
აზრი როკ-მუსიკის სატანური ბუნების თაობაზე, რომელიც ხშირად გვხვდება მართლმადიდებლურ გამოცემებში, არც ამ თვეში მისცემია დავიწყებას. ჟურნალი „კრიალოსანი“ სახელწოდებით - „გალობამ საკმაოდ სწრაფად დაჯაბნა ჩემი „მეტალისტური“ გატაცება“, აქვეყნებს ინტერვიუს ე.წ. მძიმე როკის ყოფილ შემსრულებლებთან: გიორგი ცაგარელთან და ავთანდილ ხარაბაძესთან. რესპონდნტები ერთხმად გვარწმუნებენ, რომ მძიმე როკის ყველა სახეობა ძირითადად ტექსტზეა აგებული: „თუ ტექსტი არ არის ანტიეკლესიური, ის მუსიკა „ბლექი“ აღარ არის.“ ექს-მუსიკოსები ყვებიან, რომ „მეტალმა“ გამოიწვია მათი ცხოვრების გაუკუღმართება, შეაზიზღა ყველაფერი ქართული - მუსიკა, კინო: „საგალობლების შესახებ არც კი გვსმენია... „მეტალისტების“ პატრიოტიზმი კი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამპარტავნების პიკს წარმოადგენს“. რესპონდენტები ამბობენ, რომ ყოველივე ეს მხოლოდ მაშინ გააცნობიერეს, როდესაც ეკლესიაში სიარული დაიწყეს („კრიალოსანი“ №1, გვ. 44).
![]() |
2.8 დამოკიდებულება ტელევიზიისადმი |
▲back to top |
ტელევიზიის თემას შეეხო თავის საშობაო ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: „მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას...“, ამას „ხელს უწყობენ გარკვეული ძალებიც და ამას თავისუფლებას და დემოკრატიას უწოდებენ და განვითარების პროცესად წარმოგვიდგენენ, რითაც დარტყმას, უპირველეს ყოვლისა, ქართულ სახელმწიფოს და ხელისუფლებას აყენებენ.“
წერილში „ანტიქრისტე“, რომელიც მოახლოვებული უკანასკნელი ჟამის აღწერას წარმოადენს, ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი წინასწარმეტყველებს, რომ ამ მოვლენაში ტელევიზია ჭეშმარიტად ავბედით როლს შესრულებს: „უწინ კუთხეში მაგიდა იდგა წმინდა ხატებით, შემდეგ კი მაცდურ ყუთს დადგამენ ადამიანების მოსახიბლად. მრავალი ჭეშმარიტების გზისგან შეცდომილი იტყვის: ჩვენ გვსურს მოვუსმინეთ ახალ ამბებს. აი სწორედ ახალ ამბებში წამოსდგება ანტიქრისტე და ისინიც გაჰყვებიან მას... მთელი ქვეყანა ერთდროულად იხილავს მას... ვინც მას უყურებს და მოუსმენს მის ღვისმგობ ლაპარაკს, ყველა მიწიერი სიკეთის აღთქმით (დაპირებით) მოიხიბლება და თაყვანს სცემს მას, რის გამოც მასთან ერთად წავა საუკუნო ცეცხლში“ („დედაეკლესია“, №23, გვ. 30-31).
![]() |
2.9 მედიცინა |
▲back to top |
უავტორო სტატიაში - „ნევროზი სულიერი დაავადება, დაუთმეთ და ყველაფერი გაივლის“, რომელსაც აქვეყნებს ჟურნალი „კრიალოსანი“, ნევროზი ადამიანთა ცოდვების გამო მოვლენილ სასჯელადაა შერაცხული და მისგან განკურნებას მორჩილებით და ლოცვით გვირჩევენ“ (კრიალოსანი №1, გვ 44-45).