სოლიდარობა№5(38)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ტუღუში გიორგი, ხალილოვი ზაურ, ტაბატაძე შალვა, ბასილაია მერაბ, ჩიტაია ნუგზარ, მელიქიძე მაია, მიქოიანი მარი, ხუნწარია ტატა, ჩოფლიანი კობა, წულუკიანი თეა, კინწურაშვილი თამარ, გულიაშვილი ნათია, ბექიშვილი ნინო, ჰაიეკი ფრიდრიხ აუგუსტ, დაიმონდი ლარი, ანტონ სუროჟელი (მიტროპოლიტი), მინდიაშვილი ბექა, პაპუაშვილი ნუგზარ, აღდგომელაშვილი ეკა, საყვარელიძე ფრიდონ, ანდრონიკაშვილი ზაალ, მაისურაძე გიორგი
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე რედკოლეგია: გიორგი ტუღუში, ბექა მინდიაშვილი, თამარ შამილი, სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს მისამართი: თბილისი, რამიშვილის 6, ტელ.: 92 24 81 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა



1 * * *

▲back to top


0x01 graphic

სოლიდარობის მთავარი იდეა ის არის, რომ სხვისი ცხოვრება შენი ცხოვრების ნაწილად მიიჩნიო, გააცნობიერო, რომ შენი უფლებების დაცვა სხვისი უფლებების დაცვასთანაა გადაჯაჭვული, ხოლო შენი თავისუფლების უზრუნველყოფა წარმოუდგენელია სხვისი თავისუფლების პატივისცემის გარეშე.

როცა ჩვენგან განსხვავებულს ვეკიდებით როგორც მიუღებელს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც ყოველთვის განსხვავებული ვართ ვინმესთვის, ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ უმცირესობაში.

ამ ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერების ხელშეწყობაა ჩემი, როგორც უფლებადამცველისა, და კონკრეტულად ჩვენი გამოცემის ერთ-ერთი ორიენტირი.

ამიტომაც ჩვენი ჟურნალის მეშვეობით მკითხველს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და ლიბერალური დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს ვაცნობთ.

თუ ადრე ტოლერანტობის კულტურაში მოიაზრებოდა რელიგიურ ჯგუფებს შორის შემწყნარებლური დამოკიდებულება, დღეს იგი ნებისმიერი სოციალური და ინდივიდუალური განსხვავებისადმი, ნებისმიერი უმცირესობისა და დაუცველი ჯგუფისადმი ღია, ურთიერთპატივისცემაზე, თანადგომის მზაობაზე დამყარებულ მიმართებას გულისხმობს.

ამგვარი კულტურის გაღვივება და განვითარება კი წარმოუდგენელია იქ, სადაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიის პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს არ სცემენ პატივს.

ვიმედოვნებ, რომ ჟურნალის პუბლიკაციები, როგორც სააზროვნო მასალა, უფრო მეტად შეგვიქმნის იმის წინაპირობას, რომ ადამიანებმა გავუგოთ განსხვავებულს და არამარტო გავუგოთ, არამედ მისი ინტერესების, უფლებების დაცვა შევძლოთ, რადგან სხვისადმი გამოჩენილი ტოლერანტობა თუ სოლიდარობის აქტი მხოლოდ მორალური იმპერატივი კი არ არის, არამედ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის, ინტერესების, უფლებების დაცვის საუკეთესო შესაძლებლობაა.

გიორგი ტუღუში
საქართველოს სახალხო დამცველი

2 დისკუსია

▲back to top


2.1 ეთნიკური უმცირესობები - სახელმწიფოს ახალი ინიციატივა

▲back to top


მონაწილეობენ:

ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

შალვა ტაბატაძე - სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი

მერაბ ბასილაია - ილიას უნივერსიტეტის სამოქალაქო სწავლების ცენტრის დირექტორი,

ნუგზარ ჩიტაია - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი

მაია მელიქიძე - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტი

მარი მიქოიანი - საქართველოს სომეხთა სათვისტომო და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო

ტატა ხუნწარია - სახალხო დამცველის მოადგილე

კობა ჩოფლიანი - სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრი

უკვე წლებია, საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები - აზერბაიჯანელები და სომხები - უმაღლეს განათლებას, როგორც წესი, ქვეყნის გარეთ იღებენ. მათი გადინების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ უმეტესობამ ცუდად იცის სახელმწიფო ენა და კონკურენციას ვერ უწევს ქართულენოვან კონტინგენტს. ამ პრობლემის გადასაჭრელად და ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად წელს განათლების სამინისტრომ მათ დიდ ნაწილს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად გარკვეული შეღავათები დაუწესა. უმცირესობის წარმომადგენლები საერთო ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ, მშობლიურ ენაზე გაივლიან უნარ-ჩვევების ტესტს და, თუკი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, უნივერსიტეტებში მოხვდებიან. რას შეცვლის განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა? გამართლებულია თუ არა ამგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია? რამდენად ეფექტური იქნება ეს ნაბიჯი? ამ საკითხებზე სახალხო დამცველის ოფისში გამართულ დისკუსიაზე ვიმსჯელეთ.

ნინო ცინცაძე

  • რას გულისხმობს განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა და კონკრეტულად რა შეიცვალა წელს ეთნიკური უმცირესობებისთვის?

0x01 graphic

ზაურ ხალილოვი

ზაურ ხალილოვი: უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმის თაობაზე ვმსჯელობდით, თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო ეთნიკური უმცირესობების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება. წელს რეფორმის ფარგლებში ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა: ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაიზარდა. შევთანხმდით ასეთ მოდელზე: 1+4, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები პირველ წელს ქართულ ენას ისწავლიან და შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ გაივლიან ბაკალავრიატის პროგრამას. ეს ცვლილება მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც აზერბაიჯანულ და სომხურენოვან სკოლებში სწავლობს. კვოტა იყო გამოყოფილი ეთნიკური ოსებისა და აფხაზებისთვისაც, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათგან არცერთი განაცხადი არ

შემოსულა. წელს სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლადამთავრებულმა 300-მდე აბიტურიენტმა ჩააბარა უნივერსიტეტებში და დაფინანსებაც მიიღო. რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ რეალურად სომეხ და აზერბაიჯანელ აბიტურიანტთა რიცხვი გაცილებით მეტია. შეიძლება ითქვას, რომ ისევ მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს საქართველოში მიიღოს განათლება. თუმცა, ბოლო ოთხი წლის შედეგებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, ნამდვილად უკეთესი მდგომარეობაა.

0x01 graphic

შალვა ტაბატაძე

შალვა ტაბატაძე: არა აქვს მნიშვნელობა, რომელ სკოლას დაამთავრებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, თუკი ის ტესტირებას სომხურად და აზერბაიჯანულად გაივლის, კვოტირება მასზე გავრცელდება. რაც შეეხება სტატისტიკას, 2009 წლის მონაცემები არ გამოგვადგება, რადგან არაქართულენოვან სკოლებს მაშინ კურსდამთავრებულები არ ჰყოლიათ. 2008 წელს 250 აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი აბარებდა, 2010-ში კი - 335, მათი რიცხვი დაახლოებით 30-35 პროცენტით გაიზარდა. 2008 წელს 113-მა სომხურენოვანმა აბიტურიენტმა გაიარა ეროვნული გამოცდები. წელს მათი რიცხვი დაახლოებით 250-მდე გაიზარდა. აქედან 2008-ში 41 სომხურენოვანი და 29 აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. ვხედავთ, რომ მსურველთა რაოდენობა 2010 წელს თითქმის გაორმაგდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ აბიტურიენტები, მართალია, აბარებდნენ, მაგრამ შედეგი ძალიან დაბალი იყო. წელს უკეთესი შედეგი გვაქვს. აზრებაიჯანელთა შორის მოხვედრის მსურველთა მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ნახევარმა გადალახა ზღვარი. წელს სულ 588 განცხადება იყო შემოსული და 214 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

0x01 graphic

ნუგზარ ჩიტაია

ნუგზარ ჩიტაია: მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით სტატისტიკური მონაცემების შესწავლა ნაადრევი შეიძლება იყოს, რადგანაც სისტემაში ძირეული და პრინციპული ცვლილებები სწორედ ახლა ხდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანი ის არის, რომ განათლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ამუშავდა ბოლო, 2010 წლის დადგენილება. კვოტირება ნიშნავდა არა მათ ჩარიცხვას, არამედ - მათი სწავლის დაფინანსებას. ერთ წელიწადში შედეგი ვერ გვექნება, რადგანაც ის, რომ დაფინანსება არსებობს, ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტი მზადაა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად.

ვფიქრობ, შედეგებზე რამდენიმე წლის შემდეგ უნდა ვისაუბროთ. ამ დადგენილებას ნელ-ნელა მოჰყვება აბიტურიენტების დაინტერესება. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ძირითადი პრობლემა ქართული ენის არცოდნაა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ მათთვის ქართული მშობლიური ენა არ არის და, ბუნებრივია, - ვერ გაუწევენ კონკურენციას მათ, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, მით უმეტეს, როდესაც დაფინანსება ერთადერთი კომპონენტით, უნარის ტესტის მიხედვით, ხდებოდა. ამ ტესტის ჩაბარება, ცხადია, ქართულენოვან აბიტურიენტებს უფრო უადვილდებოდათ. რასაკვირველია, წლების განმავლობაში არსებობდა რუსულენოვანი ტესტები, მაგრამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ვერც დანარჩენ საგნებს აბარებდნენ სათანადოდ. მთელი ამ პროცესის გააზრების შედეგად მივხვდით, რომ საჭიროა ქართული ენის ცოდნის განვითარება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. შემოვიღეთ ბილინგვური სწავლების მეთოდები, როდესაც მოსწავლეები ორი ენის შესწავლის რეჟიმზე გადადიან. ქართული ენა მათთვის მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. ამას, ცხადია, წლები სჭირდება და შედეგს მალე ვერ მივიღებთ. იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება, გადაწყდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოგვემზადებინა უნარის ტესტები. ადრე სომხურ და აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტთა უმეტესობა სომხეთში, აზერბაიჯანში ან სულაც რუსეთში მიდიოდა სასწავლებლად. რეფორმის შედეგად, მართალია, გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებენ, მაგრამ მათთვის ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებით გარანტირებულია სახელმწიფო ენის შესწავლა და ამის შემდეგ ისინი მზად იქნებიან სწავლა ქართულ ენაზე გააგრძელონ - მომდევნო ოთხ წელიწადს ნებისმიერ, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ისწავლონ. ეთნიკური აზერბაჯანელები და სომხები კონკურსში არ მონაწილეობენ იმგვარად, როგორც სხვები. მათთვის უნარის ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაძლევა საკმარისია, რომ სტუდენტები გახდნენ. სწორედ ამით აიხსნება . ის ფაქტი, რომ წელს აზერბაიჯანულ და სომხურენოვან აბიტურიენტთა რიცხვი გაიზარდა. თუმცა უკეთეს შედეგს წლების შემდეგ ველოდებით. დღევანდელ მეათე და მეცხრეკლასელ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ექნებათ საიმისოდ, რომ სწავლა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

0x01 graphic

მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე: მივესალმები იმ ინიციატივას, რასაც წელს ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ ვშიშობ, რამდენად ეფექტური, რეალური და საკმარისია ის პროგრამა, რომელსაც უნივერსიტეტები არაქართულენოვან სტუდენტებს 60 კრედიტად სთავაზობენ? ისე ხომ არ მოხდება, რომ წლის ბოლოს მათ ისევ არ ეცოდინებათ ენა? პირველი კურსიდანვე უმაღლეს სასწავლებლებში შეთავაზებული კურსები ენის ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ორი გზა არსებობს. პირველი - უმაღლესმა სასწავლებელმა სტუდენტი, რომელმაც ენა არ იცის, მაინც ჩარიცხოს, მისცეს უფლება გააგრძელოს სწავლა, და მეორე - არ ჩარიცხოს და არ მისცეს სწავლის გაგრძელების საშუალება.

ნუგზარ ჩიტაია: ნუ გავყოფთ ასე, თითქოს ერთ წელიწადს ენა ისწავლება და ოთხ წელიწადს - საბაკალავრიატო საგნები. სტუდენტი ხუთი წლით ირიცხება, ხუთი წლით იღებს დაფინანსებას და ამიტომ, თუ უნდა, შეუძლია ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ენა ისწავლოს. მას ამ სტატუსს არავინ შეუჩერებს.

შალვა ტაბატაძე: პირველ წელს ყველა უნივერსიტეტში ქართული ენის შესასწავლად 60-კრედიტიანი სისტემა მოქმედებს, საგანი დაყოფილია კომპონენტების მიხედვით - წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი, არის გრამატიკის საკითხებიც. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ხდება ზოგადად ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში კრედიტების მინიჭება, შეიძლება სტუდენტმა ყველა კურსი დაძლიოს, სამოცი კრედიტიც მიიღოს, მაგრამ მისი ენობრივი კომპეტენცია არ იყოს შესაბამისი. ლექტორები მინიმალურ ქულას ყველას აძლევენ, ეს პრაქტიკა საქართველოში რეალურად არსებობს. მოგეხსენებათ, სტუდენტების მიერ კურსის დაუმთავრებლობის შემთხვევები ჩვენთან ძალიან ცოტაა და თანაც სტუდენტი ფინანსური წყაროა უნივერსიტეტებისთვის. თუმცა აქაც არის გამოსავალი. როცა სახელმწიფო აწესებს კვოტირების სისტემას - ეს კი საკმაოდ რადიკალური ნაბიჯია - მან შეიძლება რაღაც კონტროლის მექნიზმებიც შემოიღოს, - მაგალითად, მომზადდეს შეფასების სისტემა, ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ჩაატაროს ტესტირება და მხოლოდ იმ სტუდენტმა შეძლოს სწავლის გაგრძელება, ვინც შესაბამისი კომპეტენციის ზღვარს გადალახავს.

0x01 graphic

მარი მიქოიანი

მარი მიქოიანი: კარგად ვერ გავიგე და ეგებ განმიმარტოთ. მაგალითად, ვარ ახალქალაქის რომელიმე სოფლიდან, სომხურენოვანი, არ ვიცი ქართული ენა. ვსწავლობ პირველ კურსზე და ვერ ვძლევ პროგრამას. მეორე კურსზე ისევ შემიძლია ენის შესწავლა გავაგრძელო?

ნუგზარ ჩიტაია: რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გააგრძელოთ ენის შესწავლა, მაგრამ სტუდენტმა ხუთი წლის განმავლობაში 240 კრედიტი უნდა დააგროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ მიიღებს დიპლომს - მიიღებს ცნობას, რომ კურსი მოისმინა.

მაია მელიქიძე: მე სახელმწიფოს პოზიციიდან ვსაუბრობ და მსურს ამ ადამიანებს ჰქონდეთ მოქალაქეობრიობის განცდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქედან ჩნდება ენის შესწავლის სურვილი. რეალობიდან გამომდინარე, მიჩნდება შიში, რომ ამგვარი დაუძლეველი პრობლემების გამო ეს ადამიანები შეიძლება კვლავ წავიდნენ საქართველოდან და უმაღლესი განათლება სხვაგან მიიღონ. ეს შეიძლება კარგი შეთავაზებაა, მაგრამ, ვფიქრობ, პრობლემას მაინც ვერ გადაჭრის.

0x01 graphic

მერაბ ბასილაია

მერაბ ბასილაია: განათლების სამინისტროს ინიციატივა ერთადერთი და სწორი გამოსავალია. საშიშროება მაშინ არსებობდა, როცა მათ ვერაფერს ვთავაზობდით. ცნობილია, რომ ეთნიკური უმცირესობების უმეტესობა დახურული საზოგადოების, თემის, შიგნით ცხოვრობს. არა მხოლოდ, ვთქვათ, ახალქალაქში, თბილისშიც ასეა. წელს თითქმის გაორმაგდა აბიტურიენტების რაოდენობა და ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემას ნელ-ნელა თავს ვართმევთ. გეთანხმებით, გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ სახელმწიფომ თავისი პოლიტიკური ნება გამოხატა, განათლების სამინისტრომ კი ეს ნება აბსოლუტურად ადეკვატურად შეასრულა და წელს ახალგაზრდების უპრეცედენტო რაოდენობა მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში. როგორ გაართმევენ თავს პროგრამას, იქნებიან თუ არა წარმატებულები, ეს უკვე უნივერსიტეტების პრობლემაა. შესაძლებლობები უნივერსიტეტებს აქვთ - შეიძლება არ შემოიფარგლონ მხოლოდ აკადემიური სწავლებით და შექმნან კლუბები და ა.შ. წელს ერთი გამოცდით მივიღეთ სტუდენტები, მაგრამ მომავალი წლიდან, საატესტატო გამოცდები შემოდის და, ვფიქრობ, უფრო მომზადებული აბიტურიენტები მოვლენ. თუმცა არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც ცოდნის ზოგადი დონე არაქართულენოვან სკოლებში დაბალია, ისინი არ არიან მზად ჩააბარონ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის გამოცდები. ათი მოსწავლიდან შეიძლება მხოლოდ სამი იყოს მზად ამისათვის. მეორე პრობლემა ისაა, რომ დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი მომავალ წელს რა პირობები იქნება, აბიტურიენტებმა ჯერჯერობით არ იციან რა უნდა ჩააბარონ.

ნუგზარ ჩიტაია: ეს საკითხი ასევე გაურკვეველია ქართულენოვანი აბიტურიენტებისთვისაც. არ ვიცით არიან თუ არა მზად რვა გამოცდის ჩასაბარებლად. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რა სახით ჩატარდება გამოცდები. თუ ადრე არ უსწავლია, მეთორმეტე კლასელი ყველა საგანს ერთ წელიწადში ვერ ისწავლის. ბევრია ისეთი მოსწავლე, რომელიც ჰუმანიტარული განათლების მისაღებად ემზადებოდა და საბუნებისმეტყველო საგნებს არ სწავლობდა. საუბარია იმაზე, რომ ატესტატი გავცეთ არა რვა გამოცდით, არამედ - ოთხით. სამი საგანი იქნება სავალდებულო - მათემატიკა, ქართული და უცხო ენა, მეოთხე - რასაც მოსწავლე აირჩევს. მოსწავლე ისწავლის ოთხ საგანს, რაც მიღწევადი ამოცანაა. მაგრამ აქაც გარკვეული უხერხულობა წარმოიქმნება: როგორ უნდა გავცეთ ატესტატი მხოლოდ ოთხი საგნის მიხედვით? ასე რომ, ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს.

მაია მელიქიძე: ისევ ქართული ენის ცოდნის დონეს რომ დავუბრუნდეთ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯი პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს. დიდია იმის ალბათობა, რომ სტუდენტმა ვერ მოახერხოს ერთ წელიწადში ენის სრულყოფილად შესწავლა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს შიში უსაფუძვლო არ არის. ზრდასრული ადამიანის მოტივაცია უფრო ძლიერია და, შესაბისად, თითქოს უფრო უნდა გაუადვილდეს ენის შესწავლა, მაგრამ რჩება რისკფაქტორები. წლების განმავლობაში არ იყო სწორად მიწოდებული ენის სწავლების მოტივაცია. როდესაც სახელმწიფო ენას ვთავაზობთ როგორც ინსტრუმენტს, ეს, ბუნებრივია, არ იქნება ეფექტური, თუკი ადამიანი ვერ შეძლებს ენის გამოყენებას. წლების წინ სწორედ ამას ვეუბნებოდით: „ისწავლე ქართული და დასაქმდები“. ჩამოვიდნენ ახალქალაქიდან, ჩააბარეს, ენაც ისწავლეს. ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ პროცესს, მაგრამ მათი დასაქმება ვერ მოხერხდა. სახელმწიფო ენის ცოდნა არ აღმოჩნდა საკმარისი სამუშაოს საშოვნელად. ვფიქრობ, სახელმწიფო ენის სწავლება ინსტრუმენტული მიდგომის საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანმა თავი სახელმწიფოს მოქალაქედ უნდა იგრძნოს, ეს განცდა ადრეულ ასაკში, სკოლაშივე უნდა ჩამოყალიბდეს. მგონია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ამგვარი ღონისძიებები ვერ იქნება ეფექტური.

  • მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ აბიტურიენტმა გადაწყვიტა უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღოს და სხვაგან არ გაემგზავროს სასწავლებლად, უკვე მის მოტივაციასა და მოქალაქეობრივ განცდაზე მეტყველებს. აქ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია რამდენად ადეკვატური იქნება ის პროგრამები, რასაც მათ უმაღლესი სასწავლებლები შესთავაზებენ.

ზაურ ხალილოვი: რა თქმა უნდა, რისკფაქტორები არსებობს, მაგრამ, როცა ეს სისტემა, 1+4, მუშავდებოდა, უნივერსიტეტებიც იღებდნენ მონაწილეობას მის მომზადებაში, მათ ჰქონდათ სურვილი, რომ ეთნიკური უმცრესობების წარმომადგენლებს ესწავლათ. საუბარი იყო იმაზე, რომ ცვლილებები სკოლებსაც უნდა შეხებოდა. ეს პარალელურ რეჟიმში უნდა მომხდარიყო. სკოლას უნდა მოემზადებინა პოტენციური აბიტურიენტები, ქართული ენა სწორედ სკოლაში უნდა ესწავლებინათ ისე, რომ აბიტურიენტს გაადვილებოდა უნივერსიტეტში სწავლა. რაც შეეხება ზოგადად არაქართულ სკოლებს, იქ სწავლების დონე მართლაც დაბალია.

მაია მელიქიძე: ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა 65-მა პროცენტმა ქართული ენა არ იცის.

ზაურ ხალილოვი: ისიც საკითხავია, აკმაყოფილებს თუ არა არაქართულსკოლადამთავრებული მოსწავლის ზოგადი განათლების დონე იმ სტანდარტს, რასაც უმაღლესი სასწავლებლები ითხოვენ? დღეს, მაგალითად, აზრებაიჯანული სკოლების დიდ ნაწილს არ ჰყავს ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიისა და სხვა ძირითადი საგნების მასწავლებლები. ვინც არიან, მათი კვალიფიკაციაც საკმაოდ დაბალია. ხშირად ისეც ხდება, რომ ერთი საგნის პედაგოგი რამდენიმე საგანს ასწავლის. ეს ყველაფერი აისახება მოსწავლეებზე და როდესაც ასეთი სკოლადამთავრებული უნივერსიტეტში მოხვდება, უმაღლესი სასწავლებელი დიდი პრობლემის წინაშე დგება - სტუდენტმა ქართულ ენასთან ერთად სხვა საგნებიც თავიდან უნდა ისწავლოს. ჩვენ თავის დროზე უნივერსიტეტებს სხვა სისტემა შევთავაზეთ: ეს 60-კრედიტიანი კვოტა სხვადასხვა საგნებზე გადანაწილდეს, ძირითადი ქართულს მოხმარდეს, მაგრამ სხვა საგნების „ამოქაჩვაც“ მოხდეს. ან, ვთქვათ, ქართულად ასწავლონ სხვადასხვა საგანი. სამწუხაროდ, უნივერსიტეტები მზად არ აღმოჩნდნენ ამ სისტემისთვის.

მარი მიქოიანი: მე სკოლა რუსულად დავამთავრე, უნივერსიტეტი - ქართულად. ოჯახისგან, გარემოსგან მქონდა მოტივაცია და ვისწავლე სახელმწიფო ენა. ახლა რაც შეეხება სკოლის გასაჭირს. არაქართულ სკოლებში დღეს იმდენი პრობლემაა, თუკი მათი მოგვარებით არ დავიწყეთ, მოსწავლე უნივერსიტეტამდე ნამდვილად ვერ მივა. თუმცა მე, როგორც ერთ-ერთი სათვისტომოს წარმომადგენელი, მივესალმები განათლების სამინისტროს ამ შემოთავაზებას. აქამდე არაფერი არ გაკეთებულა და ის, რომ რაღაც კეთდება, ძალიან კარგია.

მერაბ ბასილაია: როცა ვსაუბრობთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე, ისიც უნდა ვთქვათ, რა გვინდა და რას მოველით მათგან. აზერბაიჯანული და სომხური სკოლები დიდხანს არ იქნებიან იმისთვის მზად, რომ კარგად მოამზადონ მოსწავლეები. პრობლემებია ქართულ სკოლაშიც. წარმოუდგენელია სკოლები თუნდაც ხუთ წელიწადში ისე შეიცვალონ, რომ იქიდან კარგად მომზადებული აბიტურიენტები მოვიდნენ. მაგრამ რა არის ჩვენი პოლიტიკური მიზანი? - მივცეთ მათ შანსი, რომ ერთი გამოცდით, რომელსაც თავიანთ მშობლიურ ენაზე აბარებენ, მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ჩვენი საზოგადოების გასაკეთებელია, ამით განვმუხტავთ იმ დიდ დაძაბულობას, რომელიც ამ თემებში არსებობს. თუკი უნივერსიტეტში ცუდად ისწავლის, დავუწიოთ თამასა, ეს ხომ დროებითი ღონისძიებაა. ვერ აგროვებს 60 კრედიტს? ჩავუთ ვალოთ 40 და გადავიყვანოთ შემდეგ კურსზე. ეს პოზიტიური დისკრიმინაცია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტსაც სჭირდება, ჩვენც გვჭირდება - საზოგადოებასაც სჭირდება ეს.

შალვა ტაბატაძე: რაც სამინისტრომ გააკეთა, ნამდვილად კარგია და ეს, წესით, საკამათო არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც დავიწყეთ, კარგად დავამთავროთ და პოზიტიური შედეგი მივიღოთ. არაქართულ სკოლებში მართლაც დგას მასწავლებელთა პრობლემა. მათი 62 პროცენტი 45 წლის ასაკს გადაცილებულია, საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა საკმარისი რაოდენობა არ გვყავს. რადგან სწავლება კვოტირების სისტემაზე გადავიდა, ჯობს ყველაფერი კარგად გაკეთდეს. ცხადია, სახელმწიფო შრომითი ბაზრის რეგულაციაში ვერ ჩაერევა, მაგრამ შეიძლება სახელმწიფომ მოითხოვოს, რომ იმ აბიტურიენტთაგან, რომლებიც სტუდენტები გახდნენ, რაღაც ნაწილი, ვთქვათ, 20 პროცენტი, მასწავლებლის სპეციალობებს დაეუფლოს. თორემ შეიძლება არცერთმა არ აირჩიოს მასწავლებლობა და სკოლა ისევ მასწავლებლის გარეშე დარჩეს. იქნებ აბიტურენტებთან გაგვეფორმებინა კონტრაქტები, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ ისინი ისევ რეგიონებში დაბრუნდნენ? ეს არ არის მხოლოდ საბჭოთა მოდელი. ამგვარი რამ ბევრგან ხდება.

ნუგზარ ჩიტაია: ვერ დაგეთანხმებით. თუ ჩვენ გვგონია, რომ 250 მასწავლებელს მივიღებთ, ვცდებით. იმ თანხას, რაც ეთნიკური უმცირესობებისთვის გამოიყო, კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა - აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების უცხოეთში გადინების შემცირება. მართალია, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა საკანონმდებლო ბაზით სომხეთსაც უსწრებს და აზერბაიჯანსაც, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ სასწავლო პროცესი ჩვენთან უკეთესია. თუკი აბიტურიენტი მხოლოდ იმიტომ ვერ სწავლობს აქ, რომ სახელმწიფო ენა არ იცის და სომხეთსა ან აზერბაიჯანში აგრძელებს სწავლას, მაშინ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია. ის პრობლემა კი, რომ სკოლაში მიღებული განათლება არ არის საკმარისი გამოცდების დასაძლევად, მარტო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა კი არა, ყველა ჩვენი აბიტურიენტის წინაშე დგას. რაც შეეხება პედაგოგებს, წელს ატესტაცია საკუთარი სურვილით დაახლოებით 11000-მა მასწავლებელმა გაიარა და მხოლოდ 10%25-მა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დაბალია პედაგოგთა განათლების ზოგადი დონე. ეს პრობლემა ერთ-ორ წელიწადში ვერ მოგვარდება.

  • ითქვა, რომ ქართული ენის ფლობის დონე იმ მასწავლებლებში, რომლებიც ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართულს ასწავლიან, სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. რა კეთდება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?

მაია მელიქიძე: ვიცნობ ყველა კვლევას, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდა. სამწუხაროდ, ვერცერთი რეალურ და ზუსტ სურათს ვერ გვაძლევს, თუმცა ზოგადი მდგომარეობა ყველგან ერთნაირია - სავალალო. ჩვენმა ცენტრმა დაიწყო კვლევა ეთნიკურად არაქართველი მასწავლებლების ქართული ენის დონის შესამოწმებლად. გვინდა შევიდეთ ყველა სკოლაში, საქართველოში მოქმედ ყველა ქართულის მასწავლებელზე გავიდეთ. საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს. სექტემბრის დამდეგს დავიწყეთ ტესტირება ქვემო ქართლში, ეს თვისობრივი კვლევის შემადგენელი ნაწილია; იგი იმიტომ კი არ ტარდება, რომ ვინმეს პრობლემები შევუქმნათ - რეალური სურათის დანახვა გვინდა. ცხადია, კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 2010 წლის მაისიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად ჩვენი ცენტრი ახორციელებს ვაუჩერული დაფინანსების პროექტს, რომელიც იაპონური გრანტის ფარგლებში მიმდინარეობს და ორი ქვეპროგრამისაგან შედგება; პირველი - წიგნიერების კვლევაა, რომელიც მხოლოდ დაწყებით კლასებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტარდება, მეორე - ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების ქვეპროგრამაა, რომელიც მთელ საქართველოში ყველა არაქართულენოვან სკოლას მოიცავს და გულისხმობს, რომ ყველა სკოლას უნდა მიეცეს ერთი ვაუჩერი, რათა მასწავლებელმა ენობრივი კომპეტენციების გაფართოება შეძლოს. სასწავლო პროგრამის შინაარსი და შეფასების კრიტერიუმი უკვე მოვამზადეთ. მაგრამ სწორედ აქ გაჩნდა ეს კითხვა: როგორ განვსაზღვროთ ვის როგორი კურსი სჭირდება? ზოგს ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების მეთოდიკა სჭირდება, ზოგს - ენის შესწავლა. ეს თუ არ მოგვარდა, სხვა ღონისძიებების გატარებას აზრი ეკარგება. ერთ-ერთი კვლევის შედეგებით, ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელთა 65-67-მა პროცენტმა ან საერთოდ არ იცის ქართული, ან ცუდად იცის, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში საშუალოდ ფლობს ქართულ ენას. მდგომარეობა სავალალოა, მაგრამ ეს მაინც ზოგადი სურათია. როცა მასწავლებელთა ცოდნის დონე ასე დაბალია, ვერც სახელმძღვანელო და ვერც მეთოდიკა ვერაფერს შეცვლის. მაშინ, როცა კარგი მასწავლებლის ხელში სახელმძღვანელოს არარსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება შედეგის მიღწევა.

0x01 graphic

ტატა ხუნწარია

ტატა ხუნწარია: ამ საკითხს საკმაოდ კარგად ვიცნობ. ხუთ წელიწადს ვმუშაობდი სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ვიცნობ რეგიონს და მის პრობლემატიკას. რომ ჩავედი, 2002 წელს, საშინელი მდგომარეობა დამხვდა, რომელიც ნელ-ნელა ჩემ თვალწინ იცვლებოდა, და 2007 წელს, როცა რეგიონი დავტოვე, ოდნავი გაუმჯობესება იგრძნობოდა. კმაყოფილი წამოვედი, რადგან დავინახე, რომ რაღაც შევძელით. რაც შეეხება განათლების სამინისტროს ინიციატივას, ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც მანამდე იყო. განათლების სამინისტროს წინა ხელმძღვანელობასთან ხშირად მისაუბრია ამ თემაზე და პასუხად სულ მესმოდა - „უმაღლესში საუკეთესო უნდა მოხვდეს!“. შეძლებდნენ თუ ვერა ეთნიკური უმცირესობები ყოფილიყვნენ საუკეთესოები, ამაზე არავინ ფიქრობდა. რამდენიმე ხნის წინ შეხვედრა მქონდა ახალქალაქის ქართულის მასწავლებლებთან და ორი სიტყვა ვერ გადააბეს ერთმანეთს ქართულად. იქ იყვნენ რუსული და სომხური სკოლების უფროსკლასელებიც, რომელთა უმეტესობამაც თქვა, რომ საქართველოში აპირებდნენ უმაღლესი განათლების მიღებას. მათაც დაგვიდასტურეს, მასწავლებლებმა ქართული არ იციანო. ამის გამო მათი უმრავლესობა კერძოდ ემზადება. როგორც ვიცი, ქვემო ქართლში ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, რადგან აზერბაიჯანელების რაღაც ნაწილს ქართულ სკოლაში შეჰყავთ ბავშვები, რაც ჯავახეთში არ ხდება.

მარი მიქოიანი: საკმაოდ ახლოს ვიცნობ ამ პრობლემას. ახალქალაქში ერთადერთი ქართულენოვანი სკოლაა, რომელიც დახურვის პირასაა. რას ვაკეთებთ ამ სკოლისთვის? ასევე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ადრე არ ისწავლებოდა ქართული არაქართულ სკოლებში, ისევე არ ისწავლება დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ რაც დღეს გააკეთა განათლების სამინისტრომ, ძალიან მომწონს, მაინც პესიმისტურად ვარ განწყობილი. არა ვარ დარწმუნებული, რომ იმ ერთი წლის შემდეგ აზერბაიჯანელს, სომეხს თუ ეროვნული უმცირესობის ნებისმიერ წარმომადგენელს ისე ეცოდინება ქართული, რომ მომდევნო ოთხ წელიწადს ბაკალავრიატში ქართულად სწავლა შეძლოს.

  • როგორია ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოში მცხოვრები უფრო მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის?

0x01 graphic

კობა ჩოფლიანი

კობა ჩოფლიანი: სამოქალაქო ინტეგრაციაში განათლებას უმთავრესი როლი აკისრია. ეროვნული უმცირესობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე მათი მშობლიური ენის თუნდაც იმ დონეზე ცოდნა, რომ კომუნიკაცია შეძლონ. ეს პრობლემა უფრო მცირერიცხოვან და არაკომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ. შეიძლება სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს არ იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, მაგრამ თუკი გვჯერა, რომ უმცირესობებმა სწორედ საკუთარი კულტურისა და ენის ცოდნით უნდა იგრძნონ თავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად, ბუნებრივია, იქ, სადაც მშობლიური ენის შესწავლა სურთ, უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ენა ზოგადი განათლების სისტემის ფარგლებში ისწავლონ. ასევე მნიშვნელოვანია მედიასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხებიც. გზები რომ გაკეთდა, ესეც ხელს უწყობს კომპაქტურად დასახლებული უმცირესობების ინტეგრაციას და ურთიერთობის პოზიტიური მიმართულებით წარმართვას. ზოგადად, პოლიტიკური გარემო უმჯობესდება, უფრო მეტი ინიციატივა მოდის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან და წინა წლებისაგან განსხვავებით ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ პროგრესს - ხორციელდება პროგრამები და დღეს უკვე იმაზე ვმსჯელობთ, როგორ გავხადოთ უფრო ეფექტური ამ პროგრამების მუშაობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ამ საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.

ნუგზარ ჩიტაია: განათლების სამინისტროს სტრატეგიულ გეგმაში წერია: „2011-2014 წლებში დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პროფესიონალ ქართული ენის მასწავლებელთა რაოდენობის ზრდა“. ამისთვის კონკრეტული ღონისძიებებიც ტარდება. ქართული ენის მასწავლებლები სახელმწიფოსგან სახელფასო დანამატს, 1000 ლარს, მიიღებენ. ყველა პედაგოგი, რომელიც გაივლის სერთიფიცირებას, დამატებით 280 ლარს მიიღებს. ეს მასწავლებლებისთვის კარგი სტიმული იქნება, რათა იმუშაონ საკუთარ თავზე, აიმაღლონ განათლების დონე, მეორე მხრივ კი, ეს ინიციატივა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს წაახალისებს, რომ პედაგოგის პროფესია აირჩიონ. ვფიქრობ, პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არა გვაქვს.

3 სამართალი

▲back to top


3.1 სამართლიანი სასამართლოს უფლება

▲back to top


ამონარიდები სახალხო დამცველის ანგარიშიდან საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (2009 წლის მეორე ნახევარი)

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.1

იმისათვის, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე იყოს დაცული და ცხოვრობდეს სამართლიან საზოგადოებაში, მეტად მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილი იყოს. თუმცა ამ უფლების მხოლოდ თეორიულ დონეზე დაცვა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. აუცილებელია, რომ მოქალაქეს, რომლის წინააღმდეგაც ჩადენილია დანაშაული ან რომლის უფლებებიც დაირღვა, ჰქონდეს სამართლიანობის აღდგენის განცდის რეალური მოლოდინი, რაც პირდაპირ მოითხოვს ჩვენს კანონმდებლობაში თავმოყრილ უფლების დამცავ ნორმათა პრაქტიკულ რეალიზაციას.

სასამართლო სისტემაში უკანასკნელი წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა (მოხდა სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეორგანიზაცია, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, შეიქმნა მოსამართლეთა გადამზადების სისტემა და სხვ), რაზეც დიდი ოდენობის თანხები დაიხარჯა, თუმცა როგორც სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებიდან იკვეთება და როგორც ქვეყნის შიგნით მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციები აღნიშნავენ, რიგი პრობლემებისა მაინც არსებობს. აღნიშნულს ადასტურებს 2010 წლის 11 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს მიერ 2009 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განხორციელება სახელდება.2

სამართლიანი სასამართლოს უფლებას სახალხო დამცველი თავის საანგარიშო მოხსენებებში არაერთხელ შეეხო და ხშირ შემთხვევებში კონკრეტული რეკომენდაციითაც მიუმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის. სასამართლო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არავის აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორცილებაში3, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საქმის სამართლიანად და მიუკერძოებლად განხილვის განცდა. ამ კუთხით კი მეტად მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის საქმიანობა. მით უმეტეს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, ომბუდსმენის მიერ მოსამართლეთა პროცედურულ ნაწილში კონტროლი და ზედამხედველობა სრულებით არ არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს.4

სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში, ისევე როგორც წინა საანგარიშო მოხსენებებში, გაანალიზებულია ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში სამარლიანი სასამართლოს კუთხით გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ მისი მანდატის ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმსაჯულების სისტემის განმტკიცებასა და ეფექტურობას, ხოლო რეკომენდაციები და შეფასებები კი გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების გამყარების იარაღი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის საანგარიში მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილებების არასაკმარისად დასაბუთების პრობლემაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

სასამართლო გადაწყვეტილებების არასაკმარისად დასაბუთებულობის პრობლემა

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს საქმის განხილვას კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ აპარატში შემოსული განცხადებები ცხადყოფს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი სასამართლო სისტემაში არის სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური თუ საბოლოო გადაწყვეტილებების (ბრძანება აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ, უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, განაჩენი და სხვ.) არასაკმარისად დასაბუთებულობის საკითხი. აღნიშნული პრობლემა არაერთ სისხლის სამართლის საქმეში გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დღესდღეობით სასამართლოს გადაწყვეტილებების არასაკმარისად დასაბუთებულობა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის დასაბუთებულობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპორცესო კოდექსის 1510-ე მუხლში ზუსტად არის განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და საფუძველი. აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ ბრძანების დასაბუთებისას ხშირ შემთხვევაში სასამართლო სწორედ აღნიშნული საფუძვლების მითითებითა და შესაბამისი მუხლის ციტირებით შემოიფარგლება.

მაგალითისათვის ბრძანებაში ხშირად ვხვდებით მითითებას - „არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა შესაძლოა თავი აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს“, „გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა“, „გაანადგუროს მტკიცებულებები“. ხშირ შემთხვევებში, ბრძანებაში ყველა აღნიშნული საფუძველი ერთად არის ნახსენები, თუმცა არ არის დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება „დასაბუთებული ვარაუდი“, რომ ბრალდებული თავს აარიდებს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს ან დაემუქრება პროცესის მონაწილეებს.

ასევე გვხვდება შემთხვევები, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ ბრძანებაში სასამართლო მიუთითებს, რომ „ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას“, რის გამოც მიზანშეწონილად თვლის, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს დაპატიმრება. გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის სიმძიმე არ შეიძლება ავტომატურად გახდეს ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის საფუძველი.

საქმეში ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პატიმრობის შეფარდება დადგენილი პრეზუმფციის გამო, რომელიც ემყარება ბრალდების სიმძიმესა და მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ჰიპოთეტურ საშიშროებას, არ შეესაბამება კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს. სასამართლომ განმარტა, რომ ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძიების (პატიმრობის) მიზანშეწონილობის დამადასტურებელი დასაბუთება. მიმალვის საფრთხე წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობის შეფასების ელემენტს, მაგრამ იგი არ შეიძლება დადგენილ იქნას დაუსაბუთებელი, აბსტრაქტული განცხადებების საფუძველზე.5

დაპატიმრების, როგორც აღკვეთის ღონისძიების ვადის, გაგრძელების დაუსაბუთებლობა

ასევე, ხშირ შემთხვევებში, დაუსაბუთებელია აღკვეთის ღონისძიების ვადის გაგრძელების ბრძანებები. პატიმრობის ვადის გაგრძელებისას, როგორც წესი, აღნიშნული სახის ბრძანებაში ხდება იგივე საფუძვლებსა და გარემოებებზე მითითება, რომლებზეც საუბარი იყო აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ ბრძანებაში.

საქმეში ნიკოლოვა ბულგარეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რაც დაკავების მომენტში წარმოადგენდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველს, იგივე საფუძველი ყოველთვის არ შეიძლება გამოყენებულ იყოს ასეთი ღონისძიების გასაგრძელებლად.6

სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ზოგადი სახის. უცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის და პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებაში საუბარი იყოს იმ გარემოებებზე, რომლებიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი.

შუამდგომლობაზე უარის თქმის დაუსაბუთებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, „სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „მხარეებს, სრული თანასწორობის საფუძველზე, უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.“

აღნიშნული ნიშნავს, რომ თანაბარ პირობებში უნდა განიხილებოდეს ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობები ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, მოწმის გამოძახებისა და მტკიცებულებების შეფასების შესახებ, ასევე მიუკერძოებელი და დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა იქნას გამოტანილი იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უარს ამბობს პროცესის მონაწილე რომელიმე მხარის შუამდგომლობაში აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმის არსებითი განხილვისას განსასჯელის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული და სასამართლო მხოლოდ აცხადებს, რომ ადვოკატის შუამდგომლობა უსაფუძვლოა, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რაში გამოიხატება აღნიშნული გარემოებების დადგენის უსაფუძვლობა. აღნიშნული პრობლემაც ასევე სისტემურ ხასიათს ატარებს და, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების მიხედვით, დამახასიათებელია არა მხოლოდ ერთი სასამართლოს ან მოსამართლისთვის, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი სასამართლოების პრობლემაა.

მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რ. ცაგარელის, ს. ბესელიას, რ. მილორავასა და ვ. კირვალიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ ბრალდების ერთ-ერთი მოწმის ჩვენების სისწორის დადგენის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი მომხდარი იყო აგვისტოში, ხოლო საქმის განხილვა მიმდინარეობდა ნოემბერ-დეკემბერში, დაცვის მხარე ითხოვდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება და განსახილველი ქმედების გარემოებების მსგავს პირობებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დაცვის მხარის განმარტებით, აუცილებლად გამოსარკვევი საკითხების დადგენის მიზნით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ შეუძლებლად მიიჩნია შემთხვევის მსგავსი პირობების შექმნა (შუამდგომლობაში მოთხოვნილი იყო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო მსგავსი განათებისა და ქუჩაზე ხალხის იგივე რაოდენობის პირობებში იმის დასადგენად, შეძლებდა თუ არა მოწმე გარკვეული გარემოებების დანახვას).

ამასთან, საინტერესოა აღნიშნულ საქმეში მოსამართლის განმარტება, როდესაც მან აღნიშნა, რომ მას, როგორც მოსამართლეს ეშინოდა შემდგომი პრობლემები არ შეექმნა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას პირადად მისთვის გადაწყვეტილების მიღებაში. სასამართლომ დაცვის მხარის შამდგომლობის უარყოფის შესახებ დადგენილება ასევე დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ შესაძლებელი იყო მოწმეს, რომელიც ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ შემთხვევის ადგილზე დაინახა გარკვეული გარემოებები და სწორედ ამ ჩვენების სინამდვილის დადგენისათვის ითხოვდა დაცვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას, ვერ ამოეცნო პირები. სასამართლომ უარი თქვა დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, დიდი სურვილი ჰქონდა დარწმუნებულიყო, რამდენად სწორი იყო მოწმის მიერ მიცემული ჩვენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იმ გარემოების დადგენაზე თქვა უარი, რასაც შესაძლოა ემოქმედა მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. თუმცა სასამართლო, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, დაინტერესებული უნდა იყოს განსახილველ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით. თუ მხარის მიერ დაყენებული იქნება შუამდგომლობა, რასაც სასამართლის აზრით, შეუძლია რაიმე გავლენა მოახდონოს მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, მან ხელი უნდა შეუწყოს მხარეებს ასეთი გარემოებების დადგენაში.

საბოლოო გადაწყვეტილებების არასაკმარისად დასაბუთებულობის პრობლემა

არასამკარისად დასაბუთების პრობლემა გვხვდება არა მხოლოდ შუალედურ, არამედ სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო გადაწყვეტილებებშიც.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი“.

არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო განაჩენში ეყრდნობა ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას, მაშინ როდესაც არსებობს ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება. მაგალითად, როდესაც საქმეში არის რამოდენიმე მოწმის ჩვენება, რომელთა ნაწილი ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო ნაწილი ბრალდებულის სასარგებლოდ მეტყველებს, განაჩენში განმარტებული უნდა იყოს, თუ რატომ აქვს ამა თუ იმ მტკიცებულებას უპირატესობა სხვა დანარჩენ მტკიცებულებებთან შედარებით, მაშინ როდესაც აღნიშნული ჩვენებები წინააღმდეგობრივია. ნ. ნადარაიას სისხლის სამართლის საქმეში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს ყაჩაღობის ნაწილში საფუძვლად დაუდო დაზარალებულ ზ. მაკარიძის ჩვენება, რომელიც აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო იყო საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებთან, თუმცა სასამართლოს აღნიშნული მოწმეების ჩვენებების შეფასება საერთოდ არ მოუხდენია.

ხშირ შემთხვევებში დაუსაბუთებელია განჩინება საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო საჩივრის განხილვისას უნეზაესი სასამართლო, როგორც წესი, უთითებს რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის წინაპირობები.

2009 წლის 04 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. ნადარაიას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

მნიშვნელოვანია, რომ უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელოს კონკრეტული საქმისათვის დამახასიათებელი გარემოებებით და მისი გადაწყვეტილება ემყარებოდეს სასამართლოს მიერ საქმის საფუძვლიანად შესწავლას, რათა განჩინება საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ არ აღიქმებოდეს ავტომატურ უარად.

0x01 graphic

დაცვის უფლება

სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებლობა პირდაპირ კავშირშია დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელებასთან, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი მე-3 პუნქტით.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი „სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, უზრუნველყონ მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.“ სასამართლოს წინაშე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა თუ რაიმე საკითხის დადგენის მიზნით შუამდგომლობის დაყენება და მტკიცებულებების თანაბრად შეფასება კი სწორედ ერთ-ერთი კანონიერი საშუალებაა დაცვის მხარისათვის თავისი პოზიციის გასამყარებლად. თუ აღნიშნულის დაკმაყოფილებაზე სასამართლო უარს ამბობს, მას უნდა ჰქონდეს საფუძვლიანი მიზეზი და სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა იყოს მყარი და არგუმენტირებული.

ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა საქმეების განხილვასთან დაკავშირებული პრობლემები

„სამართლიანი სასამართლო“-ს პრინციპების შესაბამისად განხილვას ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებიც.

ამ კატეგორიის საქმეების განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის შესწავლის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოთხოვილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა), 173-ე მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 1741-ე (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების საფუძველზე გამოტანილი დადგენილებები. გარდა იმისა, რომ ე.წ. „მუშა მუხლებს“ წარმოადგენენ, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები მათი კვალიფიკაციის თვალსაზრისით, იგივე შეიძლება ითქვას 1741-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზეც.

არსებული დადგენილებების ანალიზის საფუძველზე შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა სახალხო დამცველის აპარატის მიერ:

დადგენილებების შაბლონური ფორმა

დადგენილებების ფორმალური ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ თითოეულ მოსამართლეს ინდივიდუალურად შემუშავებული (ე.წ. შაბლონური) ფორმა აქვს, სადაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკვიზიტები იცვლება. დადგენილების სტანდარტული ფორმის შემუშავება, რომელიც სამუშაო პროცესს აადვილებს, თავისთავად დარღვევა არ არის. დადგენილების შაბლონური ფორმა პრობლემას იმ შემთხვევაში წარმოადგენს, როცა მასში მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება. განხილული დადგენილებების უმეტესობა (აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ჩათვლით) ზოგადი და უნივერსალური ხასიათისაა. ამგვარი დადგენილება ადვილად „ერგება“ სხვადასხვა შემთხვევას. თუმცა, იმის გამო, რომ არ შეიცავს მითითებებს კონკრეტული გარემოებების შესახებ, მტკიცებულებათა ნაკლებობის და დასაბუთებულობის პრობლემას წარმოშობს.

სამართალდარღვევის ფაქტების არასაკმარისად ასახვა დადგენილებაში

პრობლემა, რომელიც დადგენილებების შაბლონურობასთანაა დაკავშირებული სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებულ ერთერთ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „08 სექტემბერს ჰეიდარ ალიევის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ა.ა. საპატრულო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, რაზეც შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.“ დადგენილების აღნიშნული აღწერილობა ვერ იძლევა ინფორმაციას რა კანონიერი მოთხოვნა გააჩნდა საპატრულო პოლიციას სამართალდამრღვევის მიმართ, რაში გამოიხატა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, როგორი იყო სამართალდამრღვევად ცნობილი პირის პოზიცია და ა.შ.

მტკიცებულებებათა ნაკლებობა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას ეფუძნება. სწორედ ამგვარი გამოკვლევის საფუძველზე უნდა მიიღოს მოსამართლემ დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

დადგენილების ის ნაწილი, რომელიც საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებების აღწერას უნდა შეიცავდეს, როგორც წესი, ასეთი შინაარსისაა: „საქმის მასალების შესწავლით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, საქმის მასალებით დადასტურებულია ა.ა-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და საქმის გარემოებების მიხედვით მას უნდა განესაზღვროს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.“ ამდენად, დადგენილება ვერ იძლევა წარმოდგენას რა კონკრეტულ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო დადგენილების გამოტანისას, რამდენად საფუძვლიანი იყო ისინი და ა.შ.

პროცესის ზედაპირულობა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება თავისი მნიშვნელობით ვერ უტოლდება, თუმცა რაოდენობით ბევრად აღემატება სისხლისა და სამოქალაქო სამართალწარმოებას. ეს არ ამართლებს იმ ზედაპირულობას, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას ახასიათებს. კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ასევე უნდა შეიცავდეს ჩანაწერს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების, აგრეთვე სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისა (ექსპერტისა) და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებული მომსახურების ხარჯების კომპენსაციის შესახებ.7

დაახლოებით 900 დადგენილებიდან, რომელიც სახალხო დამცველის ოფისს თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოეწოდა, მსგავსი მითითება არცერთში არ გვხვდება. დადგენილებაში მსგავსი ჩანაწერების არარსებობა მტკიცებულებათა ნაკლებობაზე, პროცესის ზედაპირულობასა და დაცვის გარანტიების ნაკლებობაზე მეტყველებს.

დაცვის გარანტიების ნაკლებობა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე თითქმის არ ხდება მოწმის დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა და ა.შ. მსგავს პრაქტიკას მტკიცებულებათა ნაკლებობის გარდა, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი დაცვის გარანტიების ნაკლებობამდეც მიყავს.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, დადგენილებიდან ასევე არ ირკვევა აღიარებს ან/და ინანიებს თუ არა სამართალდამრღვევი მომხდარს, რამ უბიძგა მას სამართალდარღვევის ჩადენისაკენ და ა.შ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პირდაპირ კავშირშია სახდელის სახისა და ზომის განსაზღვრასთან, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სისხლის სამართლის კოდექსის მსგავსად, ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მისი დანიშნულება სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის „დაკანონებით“ შემოიფარგლება.

დასაბუთებულობის პრობლემა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვაგინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, - ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

აღნიშნული ნორმა სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არჩევანი არსებითად განსხვავებული სიმკაცრის სახდელებს შორის გააკეთოს. ამ თავისუფლების პარალელურად კოდექსი სასამართლოს უწესებს მოთხოვნას იხელმძღვანელოს კანონით და მართლშეგნებით, ხოლო მტკიცებულება შეაფასოს შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში. შესაბამისად, სასამართლოს თავისუფლებას - გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს შინაგანი რწმენით, უპირისპირდება მისი დასაბუთებულობის ვალდებულება. დასაბუთებული დადგენილება პასუხს უნდა იძლეოდეს 2 არსებითი მნიშვნელობის შეკითხვაზე: 1. რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ სამართალდარღვევა ჩადენილად; 2. რა გარემოებებზე დაყრდნობით განსაზღვრა სასაამართლომ სახდელის ზომა. ვინაიდან, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.8

როგორც სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშიდან გამომდინარეობს, განხილული დადგენილებების უმეტესი ნაწილი არ შეიცავს მითითებას, თუ რატომ გადაწყვიტა მოსამართლემ სამართალდამრღვევისთვის ამა თუ იმ სახდელის შეფარდება ან თუნდაც შენიშვნით9 შემოფარგლა.

სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა

დადგენილებების განხილვისას ყურადღება იქნა გამახვილებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დამოუკიდებლად გამოყენებაზე. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობისათვის.10 იმისთვის, რომ სახეზე დასახელებული შემადგენლობა გვქონდეს, აუცილებელია (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი) სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულება ან მოთხოვნა, რომელსაც სამართალდამრღვევი ბოროტად არ ემორჩილება. იმ შემთხვევაში, როცა 173-ე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად გამოიყენება, საკითხი მეტნაკლებად ნათელია და შეკითხვებიც აღარ ჩნდება.

ანგარიშში მოცემულია, რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა პირი არ ემორჩილება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მითითებას შეაჩეროს ავტოსატრანსპორტო საშუალება, ჩაიტაროს ალკოჰოლურ ან/და ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმება, შეწყვიტოს ხულიგნური ქმედება. 173-ე მუხლის გამოყენება, მოთხოვნის წარმომშობ სხვა ნორმასთან კავშირში, სრულიად ბუნებრივია.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ გაურკვეველია, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის რომელი კანონიერი მოთხოვნა არ სრულდება მაშინ, როცა სამართალდარღვევათა ოქმი მხოლოდ 173-ე მუხლს ეფუძნება. ჩვენს ხელთ არსებული დადგენილებების უმეტესობა დასახელებულ შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა. განხილულ დადგენილებები ასევე არ იძლევა იმის გარკვევის შესაძლებლობას, მსჯელობს თუ არა სასამართლო დასახელებულ საკითხზე. აღნიშნულმა გარემოებამ კი თავის მხრივ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ პრობლემებამდე, როგორიცაა ქმედების არასწორი კვალიფიკაცია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავება, სასამართლოს კონტროლის არარსებობა და ა.შ.

არასწორი კვალიფიკაცია

სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში მოცემულია, რომ კვალიფიკაციის პრობლემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებასაც შეეხება. დასახელებული მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის.11 შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესი ცალკე კანონით განისაზღვრება. სასამართლომ სწორედ ამ კანონის შესაბამისად უნდა შეაფასოს გარემოებები. 1741 მუხლი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სასამართლოს შესასვლელის ბლოკირების, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის. აღნიშნული გარემოების გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა.

ამისდა მიუხედავად, ანგარიში მიუთითებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი დადგენილებები საპირისპირო სურათს აჩვენებს ჩვენს ხელთ არსებული დადგენილებები. „[... აქციაში იღებდა რა მონაწილეობას, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, იგი ბოროტად არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, დაეცვა წესრიგი, დაეტოვებინა პარლამენტის წინ მიმდებარე ადგილი და არ მდგარიყო პარლამენტის შესასვლელთან...]“ დადგენილების ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ სასამართლომ აქციაში მონაწილეობა იმთავითვე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ჩათვალა (დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სამართალდამრღვევს სახდელის სახით 166-ე, 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა). ცალკეული შენობების შესასვლელებთან (ასევე მათგან 20 მეტრის რადიუსში) შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს.12 შესაბამისად, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პირს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლით უნდა დაკისრებოდა. ეს იმთავითვე არ გამორიცხავს, პირისთვის 166-ე ან/და 173-ე მუხლების შესაბამისად სახდელის დადებას.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების წარმოება, მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებით გამოირჩევა. მაგრამ ეს გარემოება მართლმსაჯულების არაჯეროვნად განხორციელებას ვერ ამართლებს. პროცესი, რომელიც 10-15 წუთი გრძელდება და ფორმალურ ხასიათს ატარებს, უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე ვერ უზრუნველყოფს. პროცესის ხანგრძლივობას, ისევე როგორც ფორმალური მხარეების დაცვასა და განმცხადებელთან სასამართლოს დამოკიდებულებას სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.13

თითოეული დასახელებული პრობლემა, დამოუკიდებლად აღებული, სამართლიანი სასამართლოსათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საპირისპირო სურათს იძლევა მათი სინთეზი. შაბლონურობა განხილულ დადგენილებათა ძირითადი ნაკლია. იგი გამორიცხავს საქმის გარემოებების სრულყოფილ აღწერას, მტკიცებულებათა შინაარსისა და გამოკვლევის შედეგებისას, ისევე, როგორც სამართალდამრღვევისა და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლების მითითებას.

პირს, რომლის მიმართაც განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, უფლება აქვს დადგენლიება ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამორკვეულ მტკიცებულებებს დააფუძნოს.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ზემოთ განხილული პრობლემების ნათელ მაგალითს წარმოადგენს ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიასა და ირაკლი კორძაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, სადაც გამოკვეთილია დასაბუთებულობის პრობლემა.

ამ საქმეების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა მოქალაქეების დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას კონსტიტუციით გათვალისწინებული შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება.

აღნიშნული საქმე ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას სასამართლოში არაერთი პრობლემა არსებობს. პროცესის ზედაპირულობას სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობამდე მივყავართ, შესაბამისად აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა ყოველი საქმისადმი და საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევა.

სამართლიანი სასამართლოს პრინციპის შემდგომი განმტკიცების მიზნით, სახალხო დამცველი კომპეტენტურ ორგანოებს მიმართავს შემდეგი რეკომენდაციებით:

საერთო სასამართლოებს:

  • საქმეთა განხილვისას საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიერ მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების (განსაკუთრებით საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმეებზე მიღებული) გათვალისწინება ადამიანის უფლებათა დარღვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს პარლამენტს:

  • მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი მოძველებულია როგორც შინაარსობრივად, ასევე სისტემურად. მასში ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული სამართალწარმოების წესი, საქმეთა განხილვის წესი, სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება, სასამართლო განხილვის პროცედურები, მხარეთა უფლებები და ა.შ. მიუხედავად პარლამენტის არაერთი მცდელობისა ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით შეევსოთ არსებული ხარვეზები, აღნიშნული საკანონმდებლო აქტის სრულყოფა პრაქტიკულად შეუძლებელად მიმაჩნია. - ხშირ შემთხვევებში მოქალაქეთა უფლებების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეების წარმოებისას, სწორედ ამ კანონის გაუმართაობის გამო ხდება. გამომდინარე ზემოთქმულიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნას ახალი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი“;

  • საქართველოს კანონში „საერთო სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ დისციპლინური სამართალდარღვევის ცალკე სახედ განისაზღვროს მოსამართლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინება, დადგენილება, განაჩენი, გადაწყვეტილება) დაუსაბუთებლობა.

შენიშვნები:

  1. ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის ვებ გვერდზე:

http://www.ombudsman.ge

  1. http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2009/eur/136032.htm№

  1. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლი.

  1. გასპერი შვედეთის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. 6 ივლისი 1998 წელი.

  1. ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება. საქმე №30779/04.

  1. ნიკოლოვა ბულგარეთის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. საქმე №40896/98.

  1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

  1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლი.

  1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი.

  1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი.

  1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლი.

  1. საქართველოს კანონის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე-9 მუხლი.

  1. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ.

3.2 თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება და სასამართლოს როლი მისი დაცვის საქმეში

▲back to top


თეა წულუკიანი

1. უფლების ბუნება და შინაარსი

თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) მე-5 მუხლი იცავს. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:

ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

a) კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა;

b) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ანდა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;

c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;

d) არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;

e) პირის კანონიერი დაპატიმრება გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და მაწანწალის კანონიერი დაპატიმრება;

f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი გაძევების (დეპორტაცია) ან გადაცემისათვის (ექსტრადიცია).

მე-5 მუხლის პირველი პუნქტი საკმაოდ კომპლექსური და ბევრის მომცველია. თუმცა, მასში შედარებით სწრაფად გარკვევისათვის, საკმარისია, ვიცოდეთ, რომ მოცემული პუნქტის ზემომოყვანილი ა) ქვეპუნქტი ეხება განსასჯელის პატიმრობას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დღიდან, ხოლო ც) ქვეპუნქტი ფარავს დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის პერიოდს, რომელიც, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით1, მთავრდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისთანავე. დანარჩენი ქვეპუნქტები ინდივიდთა განსაზღვრულ კატეგორიებს (ალკოჰოლიკები, მაწანწალები, ნარკომანები, ფსიქიკური პრობლემების მქონე, არასრულწლოვნები) ან სპეციფიკურ საკითხებს (მაგალითად, პატიმრობას ექსტრადიციის ან დეპორტაციის მიზნით) ეხება.

მე-5 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევების სია, როდესაც პირი შეიძლება დაკავებულ ან დაპატიმრებულ იქნეს, არის ამომწურავი. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში თავისუფლებააღკვეთილი პირი უკანონო პატიმარია.

მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი სიტყვები „კანონი“ და „კანონით გათვალისწინებული“ შიდა სამართალთან არის უპირველეს ყოვლისა კავშირში და სახელმწიფოებს აკისრებს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული საკითხები შიდა სამართლის არსებითი და პროცედურული ხასიათის დებულებებთან შესაბამისობაში მოაგვარონ. მართალია, შიდა სამართლის განმარტება და გამოყენება პირველ ყოვლისა ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაა, მაგრამ ევროპულ სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს, ამ სასამართლოებმა ხომ არ დაარღვიეს კანონი, რადგანაც შიდა კანონის დარღვევა ავტომატურად მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას ნიშნავს.2 პატიმრობა, როგორც წესი, კანონიერია მე-5 მუხლის პირველი პუნქტის გაგებით, თუკი ის სასამართლო გადაწყვეტილებას ეფუძნება.

0x01 graphic

ამ მხრივ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და აწ უკვე ევროპულ სამართლებრივ დოქტრინაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქმეს ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ3, რომელშიც მომჩივნის განგრძობად პატიმრობას არამცთუ სასამართლო გადაწყვეტილება არ ედო საფუძვლად, არამედ გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლება მის გათავისუფლებაზე პირადი მოტივით ამბობდა უარს. გადაწყვეტილება ასანიძის საქმეზე აგრეთვე პირველი პრეცედენტი გახლავთ, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს პირდაპირ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, დუყოვნებლივ უზრუნველეყო მომჩივნის გათავისუფლება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრობის მხოლოდ შიდა სამართალთან შესაბამისობა კონვენციის დაცვას ავტომატურად არ ნიშნავს. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი დამატებით ითხოვს, რომ ინდივიდი დაცულ იქნეს თვითნებობისაგან.

მაშასადამე, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ამოსავალი პრინციპის თანახმად, შიდა სამართლის დარღვევით განხორციელებული დაკავება ან შეფარდებული პატიმრობა ვერ იქნება მე-5 მუხლთან შესაბამისობაში. თუმცა შიდა სამართლის შესაბამისი პატიმრობა ამასთანავე არ უნდა შეიცავდეს თვითნებობის ნიშნებს იმისათვის, რომ კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩაითვალოს დაცულად.4

მე-5 მუხლის პირველი პუნქტი არა მხოლოდ ინდივიდის ფიზიკურ თავისუფლებას, არამედ მის პირად უსაფრთხოებასაც იცავს. ევროპული სასამართლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში მოყვანილ თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლებას ერთ, განუყოფელ უფლებად განიხილავს და მიიჩნევს, რომ პირადი უსაფრთხოება თავისუფლების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ინდივიდის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის ფიზიკურ თავისუფლებას არ უნდა ემუქრებოდეს თვითნებურად შეზღუდვის საფრთხე. ეს დებულება უსაფრთხოების შესახებ შეახსენებს სახელმწიფოს იმ უპირობო ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების აღკვეთის სფეროში, სახელმწიფომ სამართლის უზენაესობის პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს და ელემენტარულად აუცილებელი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.5 ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ პირადი უსაფრთხოების დაცულობის აუცილებლობა თავისუფლების შეზღუდვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ორგანოებს კეთილსინდისიერების ვალდებულებას აკისრებს.6 ამიტომაც ინდივიდისთვის თავისუფლების აღკვეთის ან სხვაგვარად ამ თავისუფლების შეზღუდვის განზრახვა შენიღბული არ უნდა იყოს. აგრეთვე ინდივიდს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, გამოიყენოს გასაჩივრების სათანადო საშუალებები ამ ორგანოთა ქმედების წინააღმდეგ და საკუთარი თავისუფლების დასაცავად.7 როდესაც საქმე ადამიანის თავისუფლებას ეხება, სამართლებრივი გარკვეულობის პრინციპი8 განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კერძოდ, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის კანონი და, მეორე მხრივ, უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებანი და ქმედებანი იმდენად უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ცალსახა, რამდენადაც ეს საჭიროა, რომ ინდივიდმა, შესაბამისი იურიდიული რჩევის დახმარებით, შეძლოს გონივრულობის ფარგლებში განსაზღვროს შედეგები, რომლებიც მის ქმედებას შეიძლება მოჰყვეს.9 ევროპული სასამართლოს მიხედვით, დაკავების ფაქტი, რომელიც უგულებელყოფს სამართლებრივი გარკვეულობის პრინციპს, როგორც წესი, პირადი უსაფრთხოების უფლების შესაბამისი არ არის.10

ევროპული სასამართლოს წინაშე მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დღემდე დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნათა თითქმის 100%25 თავისუფლების უფლების ჭრილში გადაწყვეტილი საქმეებია. ძალზე ცოტაა პირადი უსაფრთხოების კუთხით განხილული საჩივრები, რადგან დღევანდელი ევროპული რეალობა ადამიანის დევნა-შევიწროებას ხელისუფლების მხრიდან თითქმის აღარ იცნობს და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა სამუდამოდ გამოეთხოვა ტოტალიტარიზმსა და ანტიდემოკრატიულ მმართველობას. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. სწორედ ამ გამონაკლისების აღკვეთისათვის ჩაიდო მე-5 მუხლში პირადი უსაფრთხოების ცნება იმ ექსპერტების მიერ, რომელთათვისაც ის ეპოქა, როდესაც ადამიანი ფეხქვეშ იქნა გათელილი, არცთუ ისე შორი წარსული გახლდათ. შესაბამისი სამუშაო დოკუმენტებიდან ირკვევა შემდეგი: 1949 წლის 19 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ მათი თაობის ადამიანებისათვის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აუცილებელი იყო იმაზე საუბარი, რომ ყველას უნდა ჰქონოდა სიცოცხლის დაცულობის, თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. მათ გაიხსენეს, რომ ეს უფლებები თავისთავად შეძენილად მიიჩნეოდა მანამ, სანამ არ აღმოჩნდა, რომ ადამიანს შეეძლო ბედნიერება ეპოვა სხვისი სისხლის სმით, დამტკბარიყო სხვისი ცრემლებითა და ოფლით. ამიტომაც, მათი აზრით, კონვენციაში აუცილებლად უნდა ჩადებულიყო შესაბამისი მუხლი, რომელიც ტოტალიტართა დაუოკებელი წყურვილისაგან დაიცავდა ყველაფერ იმას, რასაც ადამიანი წარმოადგენდა.11

სამწუხაროდ, პირადი უსაფრთხოების უფლების შესახებ ევროპული სასამართლოს ძალზე მწირ პრეცედენტულ სამართალს ახალი მნიშვნელოვანი შტრიხები 2009 წელს გიორგი ნიკოლაიშვილის ქართულ საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ შემატა.12 ამ საჩივრის განხილვისას ევროპული სასამართლოს ყურადღება იმ გარემოებებმა მიიქცია, რომლებიც თან ახლდა საქართველოს მოქალაქის, გიორგი ნიკოლაიშვილის („მომჩივანი“), დაკავებას 2004 წლის 30 მარტს საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანების მიერ. კერძოდ, ამ ორგანოებს არამცთუ არასოდეს უცნობებიათ, არამედ არც კი მიუნიშნებიათ მომჩივნისათვის, რომ მისი პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის რაიმე შესაძლებლობა არსებობდა. მომჩივანი დათქმულ დროს მივიდა პროკურატურაში, რათა დაკითხულიყო მოწმის სტატუსით მკვლელობის იმ საქმეზე, რომელსაც მასთან პირადად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ამ საქმეში მისი ძმა იყო გარეული და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამგვარ საქმეზე მოწმედ დაბარებული მომჩივანი თავისუფლდებოდა საკუთარი ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისაგან (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მაშინდელი რედაქციის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი). ევროპულმა სასამართლომ არ გამორიცხა, რომ მომჩივნის დაკითხვის შედეგად შესაძლოა აღმოჩენილიყო ისეთი გარემოებები, რომლებიც მისი დაკავების საფუძველს შექმნიდა იარაღის უკანონო ტარების მუხლით. თუმცა დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ნათელი ხდებოდა, რომ მომჩივანი დაკავებულ იქნა იმ გარემოებების საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ 2003 წლის ზაფხულის თვეებში იქნა გამოვლენილი მკვლელობის საქმის ძიების პროცესში. ეს გარემოებები ამ დროიდანვე აჩენდა მომჩივნის წინააღმდეგ ეჭვს იარაღის უკანონოდ ფლობის შესახებ. საქართველოს მთავრობამ ვერ დაასაბუთა ევროპული სასამართლოს წინაშე, თუ რით იყო გამოწვეული, რომ მომჩივანი არ იქნა დაკავებული მის წინააღმდეგ ამ გარემოებების გამოვლენისთანავე 2003 წელს, და რატომ გახდა გადაუდებლად აუცილებელი მისი დაკავება იმ დღეს, როცა ის ნებაყოფლობით გამოცხადდა პროკურატურაში მისი ძმის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისათვის.13 მომჩივნის დაკავების გარემოებები ევროპულმა სასამართლომ შემაშფოთებლად ჩათვალა, რადგანაც, მისი აზრით, შესაბამის ორგანოებს მომჩივანი განზრახ შეჰყავდათ შეცდომაში მის მიმართ არსებულ რეალურ ინტერესთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლოს მიხედვით, ამგვარი გაუმჭვირვალე მეთოდებით ადამიანის დაკავება არღვევდა სამართლებრივი გარკვეულობის პრინციპს, დაუცველობის განცდას აჩენდა მოწმის სახით დასაკითხად გამოძახებულ ადამიანებში და, ზოგადად, საზოგადოებას პროკურატურისადმი ნდობასა და პატივისცემას უკარგავდა. რაც შეეხება პროკურატურაში მიტყუებული მომჩივნის ამგვარი მეთოდით დაკავების რეალურ მიზეზს, ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაცვის მიერ მოტანილი არგუმენტი იმის შესახებ, რომ პროკურატურის შესაბამისი ორგანოები რეგულარულად ემუქრებოდნენ მომჩივნის მშობლებს და აფრთხილებდნენ, რომ თუ მომჩივნის ძებნაში მყოფი ძმა არ ჩაბარდებოდათ, ისინი მომჩივანს „დაიჭერდნენ“. ფაქტების ეს ვერსია მთავრობას არ გაუპროტესტებია. ევროპული სასამართლოს თვალში კი ის დამაჯერებლობას იძენდა სასამართლოების მიერ დაპატიმრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებში მოყვანილი მოტივებიდან გამომდინარე. კერძოდ, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას არც პროკურატურას და არც თავად სასამართლოებს არ უარუყვიათ ფაქტი, რომ მომჩივნის დაკავებით პროკურატურა მიზნად ისახავდა მომჩივნის ძმის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სათანადოდ გამოძიებას. მომჩივნის ამგვარი დაკავება, თუნდაც იგი შესაბამისობაში ყოფილიყო შიდა სამართალთან, ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს, რადგანაც ის მომჩივანთან არავითარი კავშირის მქონე სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის დამატებითი ბერკეტის მოპოვებას ემსახურებოდა. დაკავების ამგვარ მოტივს კი მე-5 მუხლის პირველი პუნქტი არ იცნობს. ევროპულმა სასამართლომ იქვე აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ გარკვეული ფანდების შემუშავებას კრიმინალთან უფრო ეფექტიანი ბრძოლისათვის. თუმცა ყველანაირი ფანდი და მზაკვრობა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ვერ იქნებოდა გამართლებული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მზაკვრობის განხორციელების მეთოდი არღვევდა სამართლებრივი გარკვეულობის პრინციპს. მოცემულ კონკრეტულ საქმეში, პროკურატურის მიერ დაკავების ფაქტის მორალურ იარაღად გამოყენება არ შეესაბამებოდა იმ მიზანს, რომელსაც ისახავს მე-5 მუხლი: ინდივიდი დაცული იყოს თვითნებობისგან14. ინდივიდის თვითნებობისგან დაცვა კი, ევროპული სასამართლოს აზრით, აუცილებლად გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, დაიცვას ადამიანები თავისუფლების აღკვეთის უსაფუძვლო მუქარისაგან.

2. დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების აუცილებლობა ინდივიდის თვითნებობისაგან დასაცავად

მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით:

[მე-5] მუხლის 1-ლი c) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ წარედგინება მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და იგი აღჭურვილია უფლებით, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. ასეთი გათავისუფლება შეიძლება პირობადებული იყოს სასამართლოში მისი გამოცხადების რაიმე გარანტიით.

მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული პროცედურის არაერთ ასპექტს ეხება: მოკლე ვადაში დაკავებული პირის სასამართლოსათვის წარდგენა პატიმრობის საკითხის გადასაწყვეტად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვა

ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის გონივრულობის ვალდებულება15, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, და სხვ.

თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ინდივიდის თვითნებობისაგან დაცვის თვალსაზრისით. ევროპულ სასამართლოში შეტანილ ქართულ საჩივართა დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემას ეხება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ქართულ სასამართლოებს სტრუქტურული პრობლემა ყოველთვის ჰქონდათ და, მიუხედავად ფაცურიას საჩივარზე გამოტანილი გადაწყვეტილების16 აღსრულების პროცესში განხორციელებული პროგრესისა, კვლავაც აქვთ. ასე, მაგალითად, საქმეში ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ, 2004 წლის მაისში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობის აუცილებლობის დასასაბუთებლად შემდეგი არგუმენტები გამოიყენა:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს დასაბუთებული ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის შერაცხული დანაშაული... მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის დაცვით იქნა მოპოვებული... ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა... საქმის მასალებით დასტურდება ეჭვი, რომ ბრალდებულმა, გათავისუფლების შემთხვევაში, შეიძლება ხელი შეუშალოს საქმეზე შეჭმარიტების დადგენას და, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით, დაემალოს გამოძიებას...

სააპელაციო ინსტანციამ ეს გადაწყვეტილება დაადასტურა. რაც შეეხება პირველ მოტივს, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იყო მომჩივნის წინასწარი პატიმრობა იმ დასაბუთებული ეჭვიდან გამომდინარე, რომ მას ჩადენილი ჰქონდა შერაცხული დანაშაული, ევროპულმა სასამართლომ შეგვახსენა, რომ ეს გახლდათ sine qua non პირობა იმისათვის, რომ რომელიმე ინდივიდის პატიმრობა ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა ეს პირობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პატიმრობა ჩაითვალოს აუცილებლად. ძალზე მოკლევადიანი პატიმრობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ მყარ არგუმენტებს უნდა შეიცავდეს იმის ასახსნელად, თუ რატომ ვერ ჩატარდება წინასწარი გამოძიება და რით დაზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების პირობებში.17 ყველა სახელმწიფოს უნდა ახსოვდეს, რომ თავისუფლება არის წესი, ხოლო მისი აღკვეთა გამონაკლისი და არა - პირიქით. საჯარო ინტერესის მნიშვნელოვანი ელემენტები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციის მიუხედავად, რომლითაც ბრალდებული სარგებლობს, უპირატესობა მის პატიმრობას მიენიჭოს.18 ამ ელემენტების არსებობას კი სასამართლო გადაწყვეტილებაში შესაბამისი დასაბუთება სჭირდება. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბრალდებულს აქვს უფლება გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში.19 ამდენად, ეროვნული მოსამართლის მიერ დასახელებული პირველი მოტივი მომჩივნის პატიმრობის სასარგებლოდ, აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იყო.

რაც შეეხება მეორე მოტივს (მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის დაცვით იქნა მოპოვებული), ევროპული სასამართლოს აზრით, ის არაფერ კავშირში არ იყო პატიმრობის გონივრულობის დასაბუთებასთან.

მესამე მოტივთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მომჩივანს ბრალად ედებოდა მძიმე დანაშაული, ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ეს არ გახლავთ ის მიზეზი, რომლის გამოც პატიმრობა აუცილებლად შეიძლება ჩაითვალოს. ამგვარი მიდგომა ბრალდებულთათვის პატიმრობის ავტომატურად შეფარდებას ნიშნავს და არ შეესაბამება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.20 გარდა ამისა, ეს იწვევს სხვა სახის პრობლემას, რომელსაც ციხეების გადატვირთულობა და პატიმრების არაადამიანურ პირობებში ყოფნა ჰქვია.

მოსამართლის შემდგომი მოტივი, რომ მომჩივანი შეიძლებოდა მიმალულიყო, სათანადო არგუმენტია პატიმრობის აუცილებლობის დასასაბუთებლად. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში მხოლოდ ამის მითითება არ კმარა. საჭიროა, დაზუსტებულ იქნეს ის კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც აფიქრებინებს მოსამართლეს, რომ ბრალდებული მართლაც შეიძლება მიიმალოს.21 მხოლოდ

მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე კი ამისათვის საკმარისი არ არის. ფაცურიას საქმეში მოსამართლეს არ მიუთითებია, თუ რომელი კონკრეტული გარემოების გამო არსებობდა მიმალვის საფრთხე, რათა პატიმრობა აუცილებელი გამხდარიყო. მოსამართლეს არ მოუყვანია გადაწყვეტილებაში ისეთი არგუმენტები, რომლებიც გადაწონიდა ან გააბათილებდა მომჩივნის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ის აუცილებლად ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, მოთხოვნისთანავე გამოცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოში, წარმოადგენდა საჭირო საბუთებს, ჰქონდა შეუბღალავი რეპუტაცია და სხვ. ამიტომ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმალვის საფრთხის შესახებ მოსამართლის არგუმენტი სათანადოდ ახსნილი და დასაბუთებული არ იყო.

რაც შეეხება იმ მოტივს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში მომჩივანი ხელს შეუშლიდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო ანუ რელევანტური არგუმენტია ბრალდებულისათვის პატიმრობის შესაფარდებლად, ის აგრეთვე არ იყო დასაბუთებული საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. აბსტრაქტული განცხადება იმის შესახებ, რომ საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დადგინდება, თუ ბრალდებული გამოძიების ხელთ არ იქნება საპატიმროში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი დაცულად ჩაითვალოს.22

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ ისიც მიუღებლად ჩათვალა, რომ სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლემ მომჩივანს დააკისრა მტკიცების ტვირთი. პროკურატურამ არასათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობა შეიტანა სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც მომჩივანი ყოველ ღონეს ხმარობდა თავი დაეცვა. ევროპულმა სასამართლომ საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ თავისუფლების აღკვეთის საკითხებში, ყოვლად დაუშვებელია დაკავებულ პირზე მტკიცების ტვირთის გადატანა, რადგანაც ის უდანაშაულო ადამიანია და მისთვის პატიმრობის შესაფარდებლად პროკურატურამ და სასამართლომ უნდა მოიტანონ სათანადო, დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები.23

და ბოლოს, ევროპულმა სასამართლომ დაგმო ის ფაქტიც, რომ მოსამართლეს არც კი განუხილავს პატიმრობის გარდა სხვა, ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი, მაშინ, როდესაც ეს მისი პირდაპირი მოვალეობა იყო. მართლაც, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება მიუთითებს, რომ ბრალდებულს აქვს უფლება, გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში და ეს გათავისუფლება შეიძლება პირობადებული იყოს სასამართლოში მისი გამოცხადების რაიმე გარანტიით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებები არ შეესაბამებოდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რადგან პატიმრობის აუცილებლობის დასამტკიცებლად მოყვანილი არგუმენტების ნაწილი არარელევანტური იყო, ხოლო დანარჩენი კი - არასაკმარისი.

მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის დასკვნამდე მივიდა ევროპული სასამართლო საქმეში საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ24. ამ შემთხვევაშიც თბილსის საქალაქო სასამართლომ, მიუხედავად მისთვის დაკისრებული მოვალეობისა, დამაჯერებლად აეხსნა თავის ბრძანებაში ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც ამართლებდა მომჩივნის პატიმრობაში დატოვებას და მიუხედავად ვალდებულებისა, განეხილა აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი, გადაწყვეტილება გამოიტანა დაბეჭდილი ბლანკის სახით, რომელშიც პატიმრობის საფუძვლები აბსტრაქტული სახით წინასწარ იყო ჩაბეჭდილი. ამ უხეში დარღვევის გამო მომჩივანი დამატებით ექვსი თვისა და 24 დღის განმავლობაში დარჩა ციხეში. ეს პერიოდი ევროპულმა სასამართლომ გონივრულად არ ჩათვალა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი აუცილებლობა არ იყო დასაბუთებული შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც შეიცავდა სათანადო და საკმარის მოტივებს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას, მოსამართლეს ევალება პატიმრობის ალტერნატიული ზომების შესაძლებლობაზეც იმსჯელოს. ამგვარ ზომათა შორის განსაკუთრებული ადგილი გირაოს უჭირავს. თუმცა ამ შემთხვევაშიც მოსამართლის მოვალეობაა, ისეთი ოდენობის გირაო შეარჩიოს, რომლის გადახდის რეალური საშუალებაც აქვს ბრალდებულს.25 თუ გირაოს არაგონივრულ ოდენობას თავად კანონი ადგენს და ამით მოსამართლეს „აიძულებს“, დაარღვიოს კონვენცია, მოსამართლეს უფლება აქვს, უგულებელყოს შიდა კანონი და პირდაპირ კონვენცია გამოიყენოს, რადგან კონვენცია მაღლა დგას სისხლის სამართლის კანონზე. ამ ნაბიჯის გადასადგმელად კი მოსამართლეს დამოუკიდებლობის სათანადო ხარისხი და, ზოგ, ავტოკრატიზმისაკენ მიდრეკილ ქვეყნებში, პროფესიული გამბედაობაც სჭირდება.

ერთ-ერთ ქართულ საქმეზე (ჩაკვეტაძე საქართველოს წინააღმდეგ26), რომელიც შემდეგ მორიგებით დამთავრდა, მომჩივანს 13 000 ლარი გირაოს გადახდა ჰქონდა შეფარდებული გამოძიების მიმდინარეობისას თავისუფლების სანაცვლოდ. გამომდინარე იქიდან, რომ ის სამი ლარისა და 50 თეთრის ქურდობისათვის იხდიდა სასჯელს და განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანი იყო, მოსამართლეს შეეძლო ევარაუდა, რომ მას გირაოს თანხის გადახდის არავითარი საშუალება არ ჰქონდა. ამგვარი გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რადგან მოსამართლე ილუზორულად აქცევდა ინდივიდის გათავისუფლების უფლებას გარანტიის სანაცვლოდ.

3. სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს აუცილებლობა თავისუფლების აღკვეთის საკითხის განხილვისას

მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით,

ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს მისი დაპატიმრების საკითხს და ბრძანებს მის გათავისუფლებას, თუ ეს დაპატიმრება უკანონოა.

ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის გარანტიები შეიძლება არ იყოს ისეთივე მკაცრი, როგორც ეს კონვენციის მე-6 მუხლის27 დაცვის მიზნით მოეთხოვებათ სახელმწიფოებს, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად სასამართლოს წინაშე უნდა მიმდინარეობდეს და უზრუნველყოფდეს ყველა იმ ტიპის გარანტიას, რომელიც შეესაბამება თავისუფლების აღკვეთის მოცემულ ფორმას კონკრეტულ საქმეში.28 იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლების აღკვეთა მოცემული პირის ძირითად უფლებებზე სერიოზულ გავლენას ახდენს, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი სამართლიანი სასამართლოს საბაზისო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.29 კერძოდ, პროცესი შეჯიბრებითობაზე უნდა იყოს დაფუძნებული და უზრუნველყოფდეს მხარეთა თანასწორობას.30 ამავე დროს, თუმცა მასში ამის შესახებ პირდაპირ არ არის მითითებული, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი მოითხოვს, რომ თავისუფლების საკითხების განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.31

საქმეში რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ32, ევროპულმა სასამართლომ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა დაადგინა შედარებით ახალ და, აქედან გამომდინარე, პრეცედენტული მნიშვნელობის მოტივებზე დაყრდნობით.

დაპატიმრებულმა მომჩივნებმა მათ მიმართ გამოტანილი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ ბრძანება გაასაჩივრეს. სასამართლო სხდომა 2005 წლის 2 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში შედგა. ევროპულმა სასამართლომ ამ სხდომასთან დაკავშირებით არა მხოლოდ მხარეების არგუმენტები, არამედ მომჩივანთა მიერ წარმოდგენილი ფოტო- და ვიდეომასალაც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ სხდომისას, სასამართლო დარბაზი იყო გადაჭედილი. მომჩივნები მოთავსებულნი იყვნენ რკინის გისოსებში დარბაზის ერთ ბოლოში. დარბაზში არსებული ზოგადი ხმაურის დონე, მათ შორის მწვავე კამათი და ლანძღვა-გინება, ართულებდა მოსმენას და იმის გაგებას, თუ რას ამბობდა სიტყვით გამომსვლელი მხარე. როდესაც სიტყვით გამოდიოდნენ ადვოკატები, მათ თვალს კვეთდა ჟურნალისტთა ფოტოკამერების ციმციმი და ჰალოგენის სინათლეები. მათ უსასრულოდ აწყვეტინებდნენ სიტყვას მოსამართლე თუ დამსწრე საზოგადოება, ისევე როგორც შემოსასვლელ კარზე გარედან ბრახუნის უწყვეტი ხმა და სასამართლოს სიახლოვეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ხმაური. აქა-იქ რეკავდა მობილური ტელეფონები და ისმოდა მათი მეშვეობით გამართული საუბრები. დაცვისა და ბრალდების მხარეებსა და მოსამართლეს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელსაც მუდმივად აფერხებდნენ ჟურნალისტები, შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ დამსწრე საზოგადოებისადმი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, რომ გვერდზე გაწეულიყვნენ ან დამსხდარიყვნენ იატაკზე. ჰაერის ტემპერატურა დარბაზში მაღალი იყო და დამსწრე საზოგადოება ოფლში იწურებოდა. სასამართლოს ზოგიერთი თანამშრომელი და, სავარაუდოდ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ძალოვანი აგენტები მუდმივად შედიოდნენ მოსამართლის სათათბირო ოთახში. იმისათვის, რათა დაენახათ, თუ რა ხდებოდა, ეპასუხათ მოსამართლისთვის ან მიეწვდინათ ხმა მსმენელთათვის, რკინის გისოსებში მოთავსებულ მომჩივნებს სკამზე დადგომა, რკინის გისოსებზე ჩამოკიდება და ყვირილი უხდებოდათ. ევროპული სასამართლოს აზრით, მოსამართლეს არ სურდა ან არ შეეძლო დარბაზში წესრიგის დამყარება. ამასთანავე, პროკურორი და მოსამართლე იმდენად ახლოს ისხდნენ ერთმანეთთან, რომ ადვილად შეეძლოთ ერთმანეთში საუბარი. რამდენჯერმე, როცა პროკურორს გაუძნელდა მომჩივანთა კითხვებზე პასუხის გაცემა, მოსამართლემ ან მის მაგივრად უპასუხა მათ, ან მისახვედრი ფორმით გაიმეორა მათი შეკითხვები.

უპირველეს ყოვლისა ევროპულმა სასამართლომ სავალალოდ მიიჩნია ფორმა, რომლითაც წარიმართა 2005 წლის 2 სექტემბრის სხდომა. მან დაადგინა, რომ ზეპირ მოსმენას ამგვარ ქაოტურ პირობებში ძნელად თუ შეეძლო კეთილგონივრული სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა. სასამართლომ არ მიიღო მთავრობის ის არგუმენტი, რომ ასეთ აურზაურში ჩატარებული სხდომის შედეგების გამოსწორება მხარეებს შორის მოსაზრებათა წერილობითი გაცვლა-გამოცვლის მეშვეობით მოხდა. მან მიუთითა, რომ ზეპირი და აუდიო-ვიზუალური კონტაქტი მხარეებსა და მოსამართლეს შორის საქმის ზეპირი განხილვისას უნდა მიმდინარეობდეს ღირსეულად, შეუფერხებლად და დინამიკურად. ევროპულმა სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია მომჩივანთა გამოკეტვა რკინის გისოსებს მიღმა და სხდომის დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელთა ყოფნა, რაც, მისი აზრით, უარყოფით გავლენას ახდენდა ადვოკატთა კონცენტრირების უნარზე, რის გარეშეც ისინი ეფექტიან დაცვას ვერ განახორციელებდნენ. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანთა ამგვარ დამამცირებელ პირობებში ყოლა საჯარო სხდომის მიმდინარეობისას, რომლის კადრებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადაიცა, ზიანს აყენებდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც დაცულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის დროსაც.33

ამასთან, ევროპული სასამართლოს განცხადებით, მას არ შეეძლო არ აღენიშნა, რომ სხდომაზე მოსამართლის საქციელი მის მიკერძოებაზე მეტყველებდა, კერძოდ, ის ეხმარებოდა პროკურორს შეკითხვებზე მის მაგივრად პასუხების გაცემით ან შეკითხვების ისე გადაკეთებით, რომ მათ პროკურორისთვის მომგებიანი ფორმა მიეღოთ. რაც შეეხება მოსამართლის დამოუკიდებლობას, ევროპული სასამართლოს აზრით, მას უდავოდ მიადგა ჩრდილი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ძალოვანი აგენტების დიდი რაოდენობისა და თვით სპეციალური დანიშნულების ძალების დარბაზში ყოფნის გამო. მოსამართლემ ვერ უზრუნველყო დამსწრე საზოგადოებისთვის თავისი დამოუკიდებლობა ეჩვენებინა, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო აკონტროლებდნენ დარბაზში სიტუაციას, ვიდრე თავად მოსამართლე. გარდა ამისა, სათათბირო ოთახში, რომელიც მოსამართლის პირადი და ხელშეუხებელი სივრცეა, უცხო ადამიანები მიმოდიოდნენ.

ევროპულმა სასამართლომ შესაბამისად დაასკვნა, რომ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული 2005 წლის 2 სექტემბრის სასამართლო სხდომა არ პასუხობდა საქმის სამართლიანი მოსმენის ძირითად მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, არ ქმნიდა გარანტიებს ინდივიდის თვითნებობისაგან დასაცავად, რაც ზოგადად მე-5 მუხლის და, უფრო კონკრეტულად კი, მისი მე-4 პუნქტის დარღვევაა.

ზემოხსენებულ საქმეში (საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევად ჩაითვალა აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას ზეპირი სხდომის ჩაუტარებლობა. კერძოდ, 2006 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანს პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით მხოლოდ პროკურორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა. ამის გამო მხარეთა შორის შეჯიბრებითობა ვერ შედგა და მათ შორის თანასწორობა დაირღვა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ დაბეჭდილი ბლანკის სახით იქნა გამოტანილი, რაც, როგორც ზევით აღინიშნა, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევაცაა.

ამავე ტიპის დარღვევები დაადგინა ევროპულმა სასამართლომ ზემომითითებულ საქმეში - გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.

თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცულობის ხარისხი მეტია იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. საზოგადოება, რომელშიც ინდივიდის თვითნებური, დაუსაბუთებელი დაკავების შესაძლებლობის თუნდაც მცირედი შიში მაინც არსებობს, არ არის მართული დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი შიში არ იარსებებდა. სწორედ ამ შიშის აღკვეთის ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს კონვენციის მე-5 მუხლით უზრუნველყოფილი პირადი უსაფრთხოების უფლება. რაც შეეხება თავისუფლების უფლებას, მისი დაცვისათვის საჭიროა დაკავება მოხდეს მხოლოდ დასაბუთებული (და არა გონივრული!) ეჭვის შემთხვევაში, დაცულ იქნეს პროცედურული გარანტიები დამკავებელი ორგანოების მიერ და დაკავებული პირი მოკლე ვადაში იქნეს სასამართლოს წინაშე წარდგენილი. აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ყველა ზემოხსენებული უფლების დარღვევის ფაქტი შეიძლება გამოსწორებულ იქნეს სასამართლოს მიერ, ამიტომაც სასამართლო ხელისუფლება დემოკრატიის გარანტად გვევლინება იმ ქვეყნებში, რომელთაც დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა შეძლეს.

შენიშვნები:

1. ვემჰოფი გერმანიის წინააღმდეგ, 27 ივნისი 1968 წ., §9, კრებულთა სერია A no.7; დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ, ნო. 73241/01, 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინება.

2. ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ [GC], no. 71503/01, §171, ECHR 2004 II.

3. ibid.

4. საადი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ [GC], no. 13229/03, §67, ECHR 2008.

5. ქემალ გიუვენი თურქეთის წინააღმდეგ (განჩინება), no. 31847/96, 30 მაისი 2000 წ.; კურტი თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1998 III, §§122-123.

6. ჩონკა ბელგიის წინააღმდეგ, no. 51564/99, §§41-42, ECHR 2002 I და ბოზანო საფრანგეთის წინააღმდეგ, 1986 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, კრებულთა სერია A no. 111, §55.

7. იხ. მაგალითად, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ, no. 36378/02, § 380, ECHR 2005 III.

8. „legal certainty“, ინგლისურად.

9. გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ, no 70276/01, §§62 და 68, ECHR 2004 IV; ლადენტი პოლონეთის წინააღმდეგ, no.11036/03, §§53 და 56, ECHR 2008; კაუკა პოლონეთის წინააღმდეგ, no. 25874/94, §49, 9 იანვარი 2001 წ.; ლუკანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997 II, §44.

10. იხ., მუტატის მუტანდის,ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 46221/99, §85, ECHR 2005 IV.

11. იხ. მე-5 მუხლის მოსამზადებელი სამუშაოები, CDH (67) 10, 20 ივლისი 1967 წ., სტრასბურგი.

12. გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, no. 37048/04, ECHR 2009 ... (ნაწყვეტები).

13. სტეპულეაკი მოლდოვას წინააღმდეგ, no. 8207/06, §76, 6 ნოემბერი 2007 წ.

14. ბენჰამი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1996 III, §43.

15. ზოგადად სისხლის სამართლის პროცესის გონივრულ ვადაში დასრულების ვალდებულება კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილ უფლებებში შედის. ამ შემთხვევაში პროცესის ხანგრძლივობა აითვლება დაკავების მომენტიდან საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილების გამოტანამდე. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადა კი წინასწარ პატიმრობას ეხება და, ევროპული პრეცედენტის თანახმად, აითვლება დაკავების მომენტიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტამდე.

16. ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ, no. 30779/04, 6 ნოემბერი 2007 წ.

17. ბელჩევი ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 39270/98, §82, 8 აპრილი 2004 წ.

18. ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ, no. 58442/00, §70, 28 ნოემბერი 2002 წ.; ი.ა. საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1998-VII, §102.

19. გარიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, no. 14348/02, §39, 6 თებერვალი 2007 წ.

20. ნიკოლოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 38884/97, §70, 30 იანვარი 2003 წ.

21. ლეტელიე საფრანგეთის წინააღმდეგ, 1991 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, საბუთთა კრებული A no. 207, § 43.

22. სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ, no. 46133/99 და 48183/99, §63, ECHR 2003 IX.

23. ილიკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 33977/96, §§84 და 85, 26 ივლისი 2001 წ.

24. საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ, no. 18768/05, 27 მაისი 2010 წ.

25. კაბალერო დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ [GC], no. 32819/96, ECHR 2000 II.

26. ჩაკვეტაძე საქართველოს წინააღმდეგ, no. 29869/07, 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება მორიგების შესახებ.

27. კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზრუნველყოფს და საქმის არსებითად განხილვის პროცესს მოიცავს.

28. ასენოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 28 ოქტომბერი, §162, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1998 VIII; ვუოხი პოლონეთის წინააღმდეგ, no. 27785/95, §125, ECHR 2000 XI; მეგიერი გერმანიიის წინააღმდეგ, 1992 წლის 12 მაისი, §22, კრებულთა სერია A no. 237 A.

29. შიშკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 38822/97, §77, 9 იანვარი 2003 წ.

30. ნიკოლოვა ბულგარეთის წინააღმდეგ [GC], no. 31195/96, §58, ECHR 1999-II; შისერი შვეიცარიის წინააღმდეგ, 1970 წლის 4 დეკემბერი, §§30-31, საბუთთა კრებული A no. 34.

31. ნოიმაისტერი ავსტრიის წინააღმდეგ, 1968 წლის 27 ივნისი, § 24, საბუთთა კრებული A no. 8; .. შვეიცარიის წინააღმდეგ [GC], no. 27154/95, §42, ECHR 2001 III; ბულბულ თურქეთის წინააღმდეგ, no.47297/99, §§26-28, 2007 წლის 22 მაისი.

32. მომჩივნები იმ კერძო მედიაკომპანიის დამფუძნებლები და თანამეწილეები იყვნენ, რომელსაც თბილისში მაუწყებელი სატელევიზიო არხი - TV 202 ეკუთვნოდა.

33. იუოვიეცკი პოლონეთის წინააღმდეგ, no. 27504/95, §76, 4 ოქტომბერი 2001 წ.; ლებედევი რუსეთის წინააღმდეგ, no. 4493/04, §95, 25 ოქტომბერი 2007 წ.

4 TOLERANCE

▲back to top


4.1 ტოლერანტობის ტესტი

▲back to top


თამარ ინწურაშვილი

„სიმამაცის ტესტი მაშინ დგება, როცა ჩვენ უმცირესობაში
ვართ, ტოლერანტობის კი - უმრავლესობაში ყოფნისას“.
რალფ უ. სოკმენი

0x01 graphic

როცა უცხოელ სტუმრებს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ ეთნიკურ უმცირესობებს დემონსტრაციულად წარუდგენენ და ხელის ჩამორთმევისას გვარ-სახელთან ერთად წარმდგენები მათ ეთნიკურ კუთვნილებასაც დააყოლებენ ხოლმე, თავის დამშვიდება იმით შეიძლება, რომ ამ შემთხვევაში განზრახ დისკრიმინაციასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ უბრალო ჩვევასთან. ერთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება ხომ საბჭოეთში დემონსტრაციულ ხასიათს ატარებდა, უმცირესობათა ჩართულობა ქვეყნის მართვაში კი კვოტირებულ-გეგმიური მოვლენა იყო. ჩვენში ამ მენტალიტეტის დაძლევას ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა იმის თქმა, რომ პოსტრევოლუციურმა ხელისუფლებამ ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით ძირეული გარღვევა მოახდინა, თანაც არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე, უდავოდ შეიძლება. სამართალდამცავი ინსტიტუტები ძალადობის, ქსენოფობიისა და რასიზმის გამოვლენაზე ადეკვატურად რეაგირებენ, ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს ინტეგრაციულ პროგრამებს, ტოლერანტობის კურსი სასწავლო კურიკულუმის ნაწილი გახდა და ა.შ. ... თუმცა რჩება გარკვეული დაკონსერვებული საკითხები, რომლებზედაც საჯარო დისკურსი ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად არ მიმდინარეობს და არც აღნიშნული პუბლიკაცია ისახავს მიზნად ამ თემებზე ტაბუს მოხსნას. სტატიის მიზანი უფრო იმის გარკვევაა, თუ რამდენად შეუქცევადი შეიძლება იყოს პროცესი, რომელიც შვიდიოდე წლის წინ დაიწყო. ამისათვის კი იმის გააზრება მოგვიწევს, თუ რის ხარჯზე მოხდა ჩვენში ეს გარდატეხა: 1) საზოგადოებამ გადააფასა თავისი ღირებულებები? 2) ინსტიტუციები გარდაიქმნენ თუ 3) უბრალოდ პროცესი მენეჯირებულია მმართველი ელიტის მიერ?

თუ ბოლო აკადემიურ კვლევას1 დავეყრდნობით, რომელიც საქართველოში საზოგადოების ღირებულებათა ტესტირებას ისახავდა მიზნად და 2006 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა, თქმა იმისა, რომ 2003 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ გაიღვიძა და რევოლუციის „პახმელიაზე“ ყველა თავისი ფასეულობა ერთბაშად გადაახალისა, გადაჭარბებული იქნებოდა. კვლევის თანახმად, ჩვენს საზოგადოებაში ძალზე დაბალია ნდობის ხარისხი ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური არაქართველებისა და არამართლმადიდებლური ჯგუფების მიმართ. უფრო მეტიც, როლანდ ინგლჰარტისა და პიპა ნორისის თანახმად, საზოგადოების შემწყნარებლობის დასადგენი ყველაზე კარგი ინდიკატორი არის მისი დამოკიდებულების განსაზღვრა ყველაზე მარგინალური ჯგუფებისადმი, ასეთად კი ისინი ჰომოსექსუალებს მიიჩნევენ. საქართველოში ამ ჯგუფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, 2006 წლის მონაცემებით, 79,2 პროცენტს აღწევს. ამდენად, საზოგადოების ფასეულობათა სისტემის ტრანსფორმაცია ყველაზე ნაკლებ შეიძლება მივიჩნიოთ ბოლოდროინდელ ცვლილებათა განმაპირობებელ ფაქტორად.

ბუნებრივია, ინსტიტუტებიც საზოგადოების ანარეკლია. ჩვენს შემთხვევაში საზოგადოების ფასეულობათა სისტემის თანხვედრა განსაკუთრებით მკაფიო ეკლესიისა და მედიის შემთხვევაშია. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყნის მედიაციის საშუალებას, უფრო მეტიც, ხშირად ის თავად გვევლინება ქსენოფობიური, რასისტული და ძალადობრივი განწყობების ტირაჟირების ინსტრუმენტად. თუ მოვლენებს სახელისუფლებო ინსტიტუტების პრიზმიდან შევხედავთ, ცხადია, ინსტიტუციური და მმართველობითი ფაქტორები ურთიერთკავშირში უნდა განვიხილოთ.

ისეთი ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაშიც კი, როგორიც დიდი ბრიტანეთია, არაპროფესიონალიზმთან ერთად სწორედ ინსტიტუციონალურმა ფაქტორმა და მენეჯმენტის უუნარობამ განაპირობა ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც ლონდონში 1993 წელს რასისტულ ნიადაგზე მოხდა, სამართალდამცავებს არ გამოუძიებიათ და ამ დანაშაულის გამო დღემდე არც არავინ გაუსამართლებიათ. თუმცა ოჯახის, სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის ხანგრძლივი და თანმიმდევრული ბრძოლის შედეგად, სტივენ ლორენსის საქმის სამთავრობო გამოძიებას შედეგად ფართო საზოგადოებრივი დისკურსი და, რაც მთავარია, ბრიტანული სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პოლიციის ინსტიტუტის ფუნდამენტური რეფორმირება მოჰყვა.

სტივენ ლორენსის საქმის გაანალიზებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე არსებითი ფაქტორის გათვალისწინება: პირველ ყოვლისა ეს არის მედიის, როგორც ინსტიტუტის, როლი გამოძიების პროცესში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საქმეში და, მეორეც, - სამთავრობო გამოძიების მიერ მოვლენების ადეკვატური შეფასების უნარი, უფრო თუ დავკონკრეტდებით, - ტერმინ „ინსტიტუციონალური რასიზმის“ ეფექტის ზემოქმედება პოლიციაზე, როგორც ინსტიტუტზე.

რაც შეეხება მედიის როლს რასისტული მოტივით ჩადენილ და რასისტული მოტივითვე გამოუძიებელ საქმეში, უნდა ითქვას, რომ ის მხოლოდ ფაქტების მშრალად აღწერით არ შემოიფარგლებოდა და გარკვეულწილად პროვოკაციულ ხასიათსაც კი ატარებდა. მაგალითად, 1997 წლის 14 თებერვალს „დეილი მეილმა“ ხუთი ეჭვმიტანილის გამოწვევა იმ პუბლიკაციით სცადა, რომელშიც ისინი „მკვლელებად“ გამოაცხადა, და მოუწოდა მათ, თუ ეს სიცრუე იყო, გაზეთისთვის, ცილისწამების გამო, სასამართლოში ეჩივლათ. სტატიას სათაურით - „მკვლელები: მეილი ბრალს სდებს ამ ადამიანებს მკვლელობაში. თუ ჩვენ ვცდებით, გვიჩივლეთ“, რომელსაც გერი დობსონის, ნილ ექორთის, ჯემი ექორთის, ლუკ ნაითის და დევიდ ნორისის ფოტოები ახლდა, გაზეთის წინააღმდეგ სარჩელის ინიცირება არ მოჰყოლია.

თუ თვალს გადავავლებთ იმდროინდელ ქართულ მედიას, როდესაც რელიგიურ ექსტრემისტთა ძალადობა და მათი დაუსჯელობა ზენიტს აღწევდა, დავინახავთ, რომ, „დეილი მეილისგან“ განსხვავებით, ჩვენი მედია დამრბევთა მიმართ გაცილებით მეტ სოლიდარობას იჩენდა, ვიდრე ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, და, ზოგადად, პროფესიული ნეიტრალიტეტის მწვავე დეფიციტს შევამჩნევთ.

მეორე ფაქტორი, რომელმაც პოლიციის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებში კატალიზატორის როლი შეასრულა, პოლიციის მიმართ ტერმინ „ინსტიტუციონალური რასიზმის“ გამოყენების შოკისმომგვრელი ეფექტი იყო. ლორენსის საქმის გამოძიებამ „ინსტიტუციონალური რასიზმის“ შემდეგი დეფინიცია შემოგვთავაზა:

ორგანიზაციის კოლექტიური უუნარობა, უზრუნველყოს ადამიანები სათანადო და პროფესიული სერვისით მათი კანის ფერის, კულტურის ან ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ის შესაძლოა გამოვლინდეს გაუცნობიერებელი ცრურწმენების, იგნორირების, გაუაზრებლობისა და რასისტული სტერეოტიპების სახით პროცესში, დამოკიდებულებებსა და ქცევაში, რაც ზიანს აყენებს ეთნიკურ უმცირესობებს და დისკრიმინაციის ტოლფასია.

0x01 graphic

მართალია, სამთავრობო გამოძიების ხელმძღვანელი უილიამ მაკფერსონი ამ ტერმინის გამოყენების გამო მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, მაგრამ სწორედ ინდივიდუალური და ინსტიტუციონალური რასიზმის ერთმანეთისაგან გამიჯვნა და მოვლენებისათვის თავისი სახელის დარქმება გახდა მკვლელობის ჩადენიდან ექვსი წლის შემდეგ პოლიციასა და სამართლებრივ სფეროში სისტემური ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. პოლიციელებმა ეს გამოწვევა საკუთარი მუნდირის ღირსების საკითხადაც მიიჩნიეს. სხვა ცვლილებებთან ერთად, აღნიშნულმა გამოძიებამ 2003 წლის კრიმინალური აქტის მიღებასაც დაუდო სათავე, რომელმაც შეცვალა ერთი და იმავე დანაშაულისათვის პასუხისგებაში განმეორებით მიცემის საუკუნოვანი სტანდარტი. თუმცა მკვლელობის ჩადენიდან 12 წლის შემდეგ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ლორენსის საქმის გავლენის თაობაზე ინგლისისა და უელსის პოლიციის სისტემაში ჩატარებულმა კვლევამ2 აჩვენა, რომ რასისტული სენტიმენტებისგან პოლიცია არ გათავისუფლებულა.

მსგავსი კვლევა ქართულ პოლიციაში, თუნდაც იმავე ბასილ მკალავიშვილის დაკავების შემდეგ, არ ჩატარებულა, თუმცა ძნელად დასაჯერებელია, რომ პოლიციის თანამშრომელთა შეხედულებები განსხვავებული ჯგუფებისადმი მეტი ლოიალობით გამოირჩეოდეს, ან საზოგადოებაში არსებულ იმ განწყობებს არ ასახავდეს, რომელზეც ზემოთ მივუთითეთ. იმავე ბასილ მკალავიშვილის დაკავების ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მმართველი ელიტის მიერ პროცესების მენეჯირებასთან უფრო გვაქვს საქმე (რაც თავის მხრივ ფუნდამენტური მოტივებით ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად), ვიდრე საყოველთაო კონსენსუსთან.

საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ დასკვნებში ხშირად მიუთითებენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი ზემოდან მართული პროექტია (top down project) და არის სფეროები, სადაც გაუცხოება განსაკუთრებით საგრძნობია. ბუნებრივია, ყოველივეს გათვალისწინებით, პროცესების შეუქცევადობა იმაზეა დამოკიდებული, ვინ მართავს მას და რა ღირებულებებითა და ორიენტირებით ხელმძღვანელობს ის, ვინც მართვის ბერკეტებს ფლობს. მიუხედავად პირადად ჩემი ოპტიმიზმისა, ვფიქრობ, ტოლერანტობის ტესტი ჯერ კიდევ ჩასაბარებელია და ამისათვის პრობლემებზე თვალის დახუჭვა გამოსავალი სრულებითაც არ არის. ამ პროცესში და საზოგადოებრივი განწყობების გაჯანსაღების საქმეში ხელისუფლებას პარტნიორობა სამოქალაქო სექტორმა, მედიამ და საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტმა, ეკლესიამ, უნდა გაუწიოს, მით უფრო, რომ, როგორც გასული საუკუნის დამდეგს კათალიკოს-პატრიარქი კირიონი თავის გუჯარში წერდა, ქართული ეკლესია კონფესიათა შორის ჰარმონიული თანაარსებობის მაგალითს ისტორიულად იძლეოდა:

„ჩვენი ეკლესიის სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ ის არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობების გამამწვავებელ იარაღად და ფანატიკოსების დამყარების მიზეზად. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ ქართული სახარება, ისრაელების თორა და მაჰმადიანთა ყურანი მშვიდობიანათ თავსდებოდნენ საქართველოში. ეკლესია იყო თავი მიზეზი იმისა, რომ ყველა უცხო ტომი ჩვენში ჰპოულობდა მეორე სამშობლოს და მისთვის სისხლსა ღვრიდა“.3

სტივენ ლორენსის საქმის არსი

1993 წლის 22 აპრილს 18 წლის შავკანიანი სტუდენტი, სტივენ ლორენსი, მეგობართან ერთად შინ ბრუნდებოდა, როდესაც ის სასიკვდილოდ დაჭრეს. ავტობუსის გაჩერებაზე სტივენსა და მის მეგობარს თეთრკანიანი ახალგაზრდების ჯგუფი დაესხა თავს. გაჩერებაზე მყოფი სამივე მოწმის სიტყვით, თავდასხმა იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, რომ მათ ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

1994 წლის აპრილში სტივენ ლორენსის ოჯახმა ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო. მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდება ორი თავდაპირველი ეჭვმიტანილის მიმართ და სამი დამატებითი ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სტივენის თანმხლები მეგობრის, დიუვანე ბრუკის, ჩვენების მიღება დაუშვებლად ცნო.

ხუთი ეჭვმიტანილი, რომლებიც თავდაპირველად დააპატიმრეს, არასდროს გაუსამართლებიათ. გამოძიების საწყისს ეტაპზე გამოიკვეთა, რომ სტივენ ლორენსის მკვლელობა რასისტულ ნიადაგზე მოხდა და რომ პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან საქმის გამოუძიებლობაც სწორედ რასისტულმა მოტივაციამ განაპირობა.

1997 წელს ლორენსის ოჯახმა პოლიციის საჩივრების სამსახურს მიმართა. პოლიციის მოკვლევის პარალელურად ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ ოფიციალური გამოძიების ინიცირება მოახდინა. გამოძიებამ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლე უილიამ მაკფერსონი ხელმძღვანელობდა, დაასკვნა, რომ პოლიციის მოკვლევა არაკომპეტენტურად წარიმართა, პოლიციის ოფიცრებმა შეცდომები დაუშვეს, მათ შორის - დაზარალებულისთვის ინციდენტის ადგილზე პირველადი დახმარების გაწევისას და დამნაშავეთა დაკავებისას. გამოძიების თანახმად, გამოიკვეთა სამი ფუნდამენტური შეცდომა: პროფესიული არაკომპეტენტურობა, ინსტიტუციონალური რასიზმი და მაღალი თანამდებობის პირების მმართველობითი უუნარობა.

შენიშვნები:

1. ქართული საზოგადოების ღირებულებები, 2006.

2. Assessing the impact of the Stephen Lawrence Inquiry (2005). Janet Foster, Tim Newburn and Anna Souhami. Home Office Research Study.

3. გუჯარი საქართველოს ეკლესიის სამწყსოის მიმართ, ქ. ტფილისი, 19 ოქტომბერს 1917 წ.

5 ზღვარი

▲back to top


5.1 5 წლის ბავშვი - ბაღში თუ სკოლაში?

▲back to top


2010 წლის 17 ივლისს „კანონში განათლების შესახებ“ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ზოგადი განათლების სისტემაში სწავლის დაწყების ასაკი 5 წელი გახდა. ცვლილება 2011 წლის სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

მოვლენა, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია და ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობებს უშუალოდ ეხება, არც აკადემიურ წრეებში და არც ფართო საზოგადოებაში წინასწარ საფუძვლიანად განხილული არ ყოფილა.

კითხვები კი, რომლებიც ალბათ ჯობდა საკითხის გადაწყვეტამდე დასმულიყო, ასეთია: არის თუ არა 5 წლის ბავშვი ინტელექტითა და სოციალურ-ემოციური განვითარებით მზად სკოლაში წასასვლელად? მოხდა თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმებში შინაარსისა და სასწავლო მიზნების ძირეული ცვლილებები ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით? მოხდა თუ არა მასწავლებელთა გადამზადება და სკოლის ინფრასტრუქტურული ცვლილება ამ ასაკის ბავშვების მისაღებად? რამდენად ეხმიანება და ითვალისწინებს ეს ცვლილება სკოლამდელი აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შინაარსს, რომლისთვისაც საბოლოო სახის მიცემაზე დონორი ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები დღემდე მუშაობენ? რამდენად ეხმიანება და ითვალისწინებს ეს ცვლილება სახელმწიფო პოლიტიკას ინკლუზიური სწავლების შესახებ, რომლის დანერგვაზეც ბოლო წლების მანძილზე დონორთა საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება? რამდენად ეხმიანება და ითვალისწინებს ეს ცვლილება არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრირების სახელმწიფო პოლიტიკას? რამდენად იყო ამ ცვლილების მიღებისას გათვალისწინებული სხვა ქვეყნების გამოცდილება და რა კვლევები უძღოდა წინ ამ ცვლილებას?

ნათია გულიაშვილი, ნინო ბექიშვილი

არიან თუ არა მზად

ოფიციალური პოზიცია ასეთია: ჩვენს ქვეყანაში ბავშვები საკმარისად აქსელერილებულები არიან საიმისოდ, რომ სკოლაში სწავლა 5 წლის ასაკში დაიწყონ. თუმცა, რომელ კვლევას ეფუძნება ეს მოსაზრება ან კონკრეტულად რა იგულისხმება აქსელერაციაში, ნათელი არ არის.

„ფსიქოლოგიაში 5 წლის ასაკის ბავშვი ითვლება თამაშის და არა სწავლის სუბიექტად. შესაბამისად, 5 წელი სკოლამდელ ასაკად მოიაზრება. სკოლისათვის მოსამზადებლად კი საბავშვო ბაღია გათვალისწინებული. მაშინ, როცა სკოლა ინფრასტრუქტურულადაც კი არაა მომზადებული საამისოდ, 5 წლის ბავშვის პირდაპირ სკოლაში შეყვანა არამარტო მიუღებელია, საშიშიცაა“, - ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ნათელა იმედაძე. მისი თქმით, კანონის ეს ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ სკოლა 5 წლის ბავშვს სპეციალურ პირობებს შეუქმნის, თუ სწავლა თამაშის მეთოდს დაემყარება, ანუ პირველი კლასი მოსამზადებელი კლასი იქნება. თუმცა კანონი მოსამზადებელი კლასის არსებობას არ ითვალისწინებს.

0x01 graphic

„ჩვენთან ყველა თავისებურად განიხილავს იმ საკითხს, თუ რას ნიშნავს სკოლისთვის მომზადება. ძალიან ბევრს დღეს საქართველოში ეს ესმის როგორც წერა-კითხვის სწავლება“, - აბობს ნეიროფსიქოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე. „ცნება - სკოლისათვის მზაობა - ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს. ეს არის შემეცნებითი, ანუ კოგნიტური, მზაობა, ნებელობითი, ფიზიკური და ემოციურ-პიროვნული მზაობა. თუ ბავშვი აქედან ერთი კომპონენტით მაინც ჩამორჩება თავისი ასაკისთვის შესაბამის მაჩვენებელს, მისი სკოლაში შეყვანა დანაშაულია“.

თამარ გაგოშიძის აზრით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ წერა-კითხვის სწავლება და სკოლისთვის მზაობა. ბავშვმა შეიძლება ძალიან კარგად ისწავლოს წერა-კითხვა, შევიდეს სკოლაში და მეორე კლასში დაიწყოს ჩამორჩენა. ეს სკოლისთვის მზაობის აუცილებელი კომპონენტებიდან ერთ-ერთის ნაკლებობით აიხსნება და ასე გამოიხატება: თავიდან ნიჭიერების, კარგი სმენითი და მხედველობითი მეხსიერების „ხარჯზე“ ბავშვი ახერხებს ყველაფრის დამახსოვრებას. როცა ხედავს, რომ მშობელს და მასწავლებელს ეს მოსწონს, წახალისებულია, ცდილობს მაქსიმუმი გაკეთოს და გამოსდის კიდეც, იზეპირებს ასოებს, მარცვლებს. მაგრამ როგორც კი შესასწავლი მასალა იზრდება, მოტივაცია უფრო და უფრო იკლებს და ბავშვს პროგრამის დაძლევა უჭირს.

„მერე აღმოჩნდება, რომ ამ ბავშვს კითხვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ელემენტარული ფონოლოგიური უნარი ჯერ არა აქვს მომწიფებული, არ შეუძლია ფონემა გრაფემაში გადაიყვანოს და პირიქით. ამიტომ სპეციალური თამაშები სჭირდება, რომლითაც ამ პრობლემას დაძლევს. თუ ასე არ მოვიქცევით, რაც არ უნდა ძლიერი ინტელექტი ჰქონდეს, ის კითხვას ვერ ისწავლის“, - ამბობს ქ-ნი თამარ გაგოშიძე, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში „ბავშვის განვითარების პრობლემების ადრეული იდენტიფიკაციისთვის“.

იმავე პრობლემას გამოყოფს ქ-ნი ნათელა იმედაძეც: „ბავშვმა სიტყვა უნდა განიცადოს, შეაფასოს როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, მისთვის სიტყვა გამჭვირვალეა და ის მხოლოდ მის შინაარსთან და მნიშვნელობასთან ასოცირდება. ამის დასაძლევად ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური მეთოდები არსებობს, რაც საბავშვო ბაღებში უნდა გამოიყენებოდეს. იმის შესამოწმებლად, რამდენად შეუძლია ბავშვს კითხვისას შინაარსის გამოყოფა, რომლის აღქმა თავიდან გლობალური და დიფუზურია, ეკითხებიან, რამდენი სიტყვაა წინადადებაში „სამი ბიჭი თამაშობს ეზოში“? პასუხი, როგორც წესი, არის - სამი. ან კიდევ, როცა ეკითხებიან, რომელი სიტყვა უფრო გრძელია ჭიანჭველა თუ გველი? პასუხობს - გველი“.

ასეთ დროს ბავშვს ინტელექტის მაჩვენებელი შეიძლება თავისი ასაკის შესაბამის მაჩვენებელზე მაღალიც ჰქონდეს და ადვილად შეძლოს ასოების დაზეპირება, რის გამოც ფონოლოგიური განვითარების პრობლემა ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება და გვიან იჩენს თავს.

ამდენად, ცხადი ხდება განსხვავება წერა-კითხვის სწავლებასა და სკოლისათვის მომზადებას შორის, რასაც ხშირად სკოლებში, ისევე როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ყურადღებას არ აქცევენ.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის წევრი თეონა ლოდია, რომელიც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდის ტესტზე მუშაობს, ამბობს, რომ იმ პროგრამების, სახელმძღვანელოების, მეთოდებისა და ფიზიკური გარემოპირობების იმედით, რასაც დღეს სკოლა გვთავაზობს, 5 წლის ასაკში სწავლის დაწყება აბსურდია. „ყველაფერი გადასახედია. როგორც ვიცი, ამაზე პასუხისმგებელია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც უნდა მოამზადოს პროგრამის სტანდარტები და მის საფუძველზე ახალი სახელმძღვანელოები უნდა შეიქმნას“.

მისი აზრით, პრობლემური იქნება 5 წლის ბავშვის ექვსწლიანებთან ერთ ჯგუფში ყოფნაც, რადგან ამ ასაკში მათ სხვა ტიპის აქტივობები სჭირდებათ, ვიდრე 6-7 წლის ბავშვებს. ეს ეხება გაკვეთილების და დასვენებების ხანგრძლივობასაც - 5 წლის ბავშვს გაცილებით ცოტა ხანს შეუძლია ყურადღებისა და ნებისყოფის მობილიზება. მისი აზრით, შესაძლებელია პრობლემა ინდივიდუალური მიდგომებითაც მოგვარდეს, თუმცა ესეც ძნელად განსახორცილებელი ხდება იმ პირობებში, როცა ჯგუფში 30-35 ბავშვია.

„რა თქმა უნდა, შეიძლება 5 წლის ბავშვმაც დაძლიოს პროგრამა, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია და გამონაკლისად ითვლება. უმეტესობას არ შეუძლია მოერგოს იმ მოთხოვნებს, რასაც სკოლა უყენებს და ამის გამო შემდეგ თავს იჩენს თვითშეფასების პრობლემა, რაც ბავშვის მომავალი განვითარების სერიოზული შემაფერხებელი შეიძლება გახდეს. როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი თანატოლი კარგად უმკლავდება მასალას, კარგად წერს და კითხულობს, გამართულად ზის გაკვეთილზე, თვითონ კი ყოველივე ამას თავს ვერ ართმევს, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ინიციატივიანი ხდება, ნაკლებად ცდილობს საკუთარი ძალები მოსინჯოს“.

ეროვნული გამოცდების ცენტრის წევრი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ბაღებისთვის დაიხვეწოს და შეიქმნას ახალი სასწავლო პროგრამები, ვიდრე სკოლაში მოხდეს ყოველივე ამის გადატანა, სადაც არაფერია მზად იმისთვის, რომ 5 წლის ბავშვები მიიღონ და ასწავლონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპეტენტური ფსიქოლოგი დაწერს სკოლებისთვის სათანადო სწავლების პროგრამას, პრობლემად პედაგოგები და მათი მომზადების ხარისხი რჩება.

თეონა ლოდია: „დაწყებითი სწავლების მეთოდოლოგია ცალკე ფილოსოფიაა და ძალიან მეეჭვება 1-2-კვირიანი ტრენინგებით ეს უნარები შეიძინონ მასწავლებლებმა. ვიცნობ დაწყებითი სწავლების სახელმძღვანელოებს და მათ შორის ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს ითვალისწინებს. ზოგჯერ ისინი 6 წლის ბავშვისთვის გაუგებარი ტერმინოლოგიის გამოყებითაც კია შედგენილი. როგორ, რა მეთოდით მიაწოდებს ცოდნას მასწავლებელი მოსწავლეებს, და, საერთოდ, გაამახვილებს თუ არა მცირეწლოვნათა სწავლების თავისებურებებზე ყურადღებას, ეს მასწავლებლის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. არ მინდა ყველაფერი მათ გადავაბრალო. ალბათ უნივერსიტეტებშიც ვერ ვთავაზობთ შესაბამის განათლებას პედაგოგებს, თანამედროვე მეთოდოლოგიების სახელმძღვანელოები არ არის ხელმისაწვდომი, მით უმეტეს რაიონებში“.

სახელმწიფოს აქვს პრეროგატივა რაღაც ეტაპზე გადაწყვიტოს, რომ სისტემაში ცვლილებების შეტანით დაწყებით კლასში მიღების ასაკის ერთი წლით დაწევა შესაძლებელია, მაგრამ ამასთანავე მას სათანადო პირობების შექმნის ვალდებულებაც ეკისრება. თამარ გაგოშიძე: „ჩვენთან სახელმწიფო ამგვარი ცვლილებისთვის საკმარისად მიიჩნევს თქვას, რომ თანამედროვე ბავშვი აქსელერირებულია, ესე იგი, შესაძლებელია მან 5 წლის ასაკში დაძლიოს პირველი კლასის მასალა. ამგვარი მიდგომის უარყოფითი შედეგები, თავს მომავალში იჩენს. 5 წლის ბავშვის ფიზიკური განვითარების დაჩქარების პირდაპირპროპორციულად გაიზარდა მის მიმართ მოთხოვნაც და გარემო გამღიზიანებლებით დატვირთვაც, რასაც „აქსელერირებული“ ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა ვერ უძლებს. აქ მე როგორც სპეციალისტი, ყოველთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ადვოკატი ვიქნები და ვერასოდეს მივემხრობი აზრს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე ვასწავლოთ ბავშვს“.

რა შეიცვალა

სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, დაწყებით კლასში მისაღები ასაკის ერთი წლით დაწევა საფუძვლიან სისტემურ და პროგრამულ ცვლილებებს მოითხოვს. განათლების სამინისტროს ოფიციალური განმარტება ასეთია: „5 წლის ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ფარგლებში შეიქმნა ახალი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც შემუშავდა სასწავლო გეგმა“. თუმცა, როგორც ცენტრის თანამშრომლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, მართალია, პირველი კლასის გეგმას დაემატა რამდენიმე შედეგი და ინდიკატორი, მაგრამ სტანდარტი კი არ გამარტივდა, ან ხუთი წლის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებანი კი არ იქნა გათვალისწინებული, არამედ უფრო დაკონკრეტდა, ცალკე გამოიყო და მეტი ყურადღება დაეთმო ანბანის ათვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რიგორიცაა ფონოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება, წერილობითი კოდის გაშიფვრა და სხვ. ყველაფერმა ამან კი სტანდარტი არ გაამარტივა, არ მოარგო ის ხუთი წლის ბავშვის შესაძლებლობებს - ასეთი რამ არც იყო ჩაფიქრებული, როცა ამაზე დაიწყეს მუშაობა 2010 წლის იანვარში და 2010 წლის სექტემბრის ბოლოს დაასრულეს. ასაკის დაწევასთან დაკავშირებული ცვლილება კი ივლისში დაკანონდა. რამდენადაც ცნობილია, არც სკოლებში მასწავლებელთა გადამზადება ან რაიმე ინფრასტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელებულა.

წინასასკოლო პოლიტიკა

სპეციალისტების აზრით, სწორედ ბაღის დამამთავრებელი ეტაპია 5 წლის ბავშვისთვის ოპტიმალური, როცა მან შეიძლება სკოლისათვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინოს. ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ერთიანი სასწავლო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ბაღებმა შეიძლება იხელმძღვანელონ. ამიტომ დამამთავრებელ ჯგუფებში სკოლისათვის მოსამზადებელ აქტივობებს ბაღის ხელმძღვანელების მხრიდან წამოსული ცალკეული ინიციატივების სახე აქვს. თუმცა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს მუშაობა სკოლამდელი განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე. ამ მუშაობაში ჩართული იყო საქართველოს პარლამენტის საინიციატივო ჯგუფი, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უწყებები. ამ მუშაობის შედეგად, სხვა დოკუმენტებთან და ცვლილებებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა ბავშვის ადრეული განვითარების სტანდარტები. ამ სტანდარტების საფუძველზე განათლების სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი დღემდე მუშაობს ბაღებისათვის სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომლის ძირითადი ნაწილი სწორედ 5-6 წლის ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებსა და აღზრდის მეთოდოლოგიას ეთმობა. გეგმის მიხედვით, ამ სახელმძღვანელოზე მუშაობა 2011 წლის დამდეგისთვის უნდა დასრულდეს და შემდეგ იგი ბაღებს უნდა გადაეცეთ. თუმცა სავარაუდოდ წიგნის ეს ნაწილი ბაღებში საჭირო აღარ იქნება...

შესაბამისობა სახელმწიფოს სხვა ინიციატივებთან

როგორც ცნობილია, ბოლო წლების მანძილზე სახელმწიფოში აქტიურად მუშაობენ ინკლუზი სწავლების დანერგვისა და არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციის მიმართულებით. ამ მიზნების მისაღწევად საკმაოდ დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი იხარჯება. საეჭვოა, რომ სკოლის ასაკის დაწევა ამ ორ ინიციატივას რამენაირად დაეხმაროს, რადგან, თუ მაღალი, ასაკთან შეუსაბამო, მოთხოვნები რისკის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვების უმრავლესობისათვის, მით უმეტეს სახიფათოა ასეთი მოთხოვნების წაყენება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის (და ამ შემთხვევაში არაქართულენოვანი ბავშვებიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთა კატეგორიაში შედიან). სხვათა შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობას იწყებდა პროექტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართულენოვანი სკოლამდელი განათლების ჯგუფების გახსნას გულისხმობდა, სადაც ბავშვებს ქართული ენა, ქართულენოვანი მასწავლებლის მეშვეობით, თამაშის გზით უნდა შეესწავლათ. როგორ მოერგება ეს პროექტი ახალ ინიციატივას, ჯერ გაურკვეველია.

სხვა ქვეყნების გამოცდილება

სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებში განსხვავებულია როგორც სკოლაში მიღების ასაკი, ისე დაწყებითი კლასის ცნების განსაზღვრება და სკოლამდელ და სკოლის სასწავლო პროგრამებისადმი მიდგომის პრინციპებიც. ოღონდ ერთი რამ, ძირითადად, საერთოა: იქ, სადაც სავალდებულო სწავლება 5 წლიდან იწყება, სწავლის პირველი წელი ე.წ. preschool-ად ითვლება. ასეთ კლასებში არ დგას მერხები და არაა სასკოლო გარემო. პროგრამებიც აბსოლუტურად გამიჯნულია დაწყებით სკოლის სწავლების მეთოდოლოგიისგან.

ალბათ გასათვალისწინებელია, რომ ფინეთში, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემის მქონედაა აღიარებული, სკოლაში სწავლა 7 წლის ასაკიდან იწყება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო გამოკვლევებით ფინელი მოზარდები მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანთა რეიტინგში ლიდერობენ. 15 წლის მოსწავლეებში მათ უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს 57 ქვეყნის მონაწილეთა შორის. ფინეთი პირველ ადგილს არავის უთმობს პროგრამების საერთაშორისო შეფასებისას, როცა მოსწავლეთა საგანმანათლებო მიღწევები კომბინირებული სისტემით ფასდება. ბოლო გამოცდის დროს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა და მეცნიერების შესწავლის ხარისხს აფასებდა, ფინელმა სტუდენტებმა ზოგად მეცნიერებებსა და უმაღლეს მათემატიკაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ფინელი მოსწავლეების აკადემიურმა წარმატებამ მრავალი ქვეყნის მასწავლებელთა და განათლების სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო. ისინი ყოველწლიურად აკვირდებიან და იკვლევენ, თუ როგორ მოახერხა სახელმწიფომ ჰქონდეს ასეთი განათლების სისტემა, ჰყავდეს ამდენი მაღალკვალიფიციური მასწავლებელი და სისტემატურად ზრუნავდეს მათ პროფესიულ განვითარებაზე.

„მაიკრსოფტის“ ფინელი განათლების მენეჯერი კატი ტურალა მიიჩნევს, რომ ფინური განათლების სისტემის წარმატება სხვა ფაქტორებთან ერთად შეიძლება იმ მნიშვნელოვან რეფორმებსაც მივაწეროთ, რაც ფინეთში 1970-იან წლებში გატარდა. ეს რეფორმები გულისხმობდა სკოლამდელ განათლებას ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ბავშვისთვის.

სკანდინავიის სამივე ქვეყანაში მოსწავლეები სკოლაში შვიდი წლის ასაკიდან შედიან. მაგრამ, სანამ სკოლაში შევლენ, ყველა მოსწავლე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ 2-წლიან წინასასკოლო პროგრამას გადის. ნახტომებზე ფოკუსირებული აკადემიური პროგრამებისგან განსხვავებით, ეს ადრეული საბავშვო პროგრამები თვითრეფლექსიასა და სოციალურ ქცევაზეა ორიენტირებული. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ ფინელი ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება მათი პიროვნული პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხია. ადრეული ასაკიდან თვითრეფლექსიაზე ფოკუსირება განიხილება როგორც სწავლის პროცესში პასუხისმგებლობის განვითარების ამოსავალი კომპონენტი.

ეს მიდგომა ეხმიანება საბავშვო ბაღების ორიგინალურ თეორიას, რომელიც გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ ფროებელმა 1837 წელს შეიმუშავა. ფროებელის ნაშრომებში გვხვდება ასეთი მსჯელობა: „ჩვენი დაკვირვებით, თუკი ბავშვები ვერ იღებენ ისეთ აღზრდას, რომელიც მათ განვითარებას განსჯის მიმართულებით წაიყვანს, მათ მოაკლდებათ ის საფუძველი, რაც აუცილებელია იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც სკოლაშიც და მომავალი ცხოვრების მანძილზეც აღმოჩნდებიან“. ის იმასაც ამბობს, რომ „ნებისმიერი სოციალური კლასის ქალებისა და მამაკაცების დღევანდელ და ხვალინდელ ცხოვრების სტილს განაპირობებს ადრეულ ბავშვობაში მიღებული აღზრდა, რომელიც მენტალურ და ფიზიკურ განვითარებას გულისხმობს“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული „პერლის“ სკოლამდელი კვლევის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდა ადამიანზე მთელი მომავალი ცხოვრების მანძილზე ახდენს ზეგავლენას. კვლევაში მონაწილე მეცნიერთა თვალსაზრისით, მოქალაქეების სოციო-ეკონომიკური სტატუსის ფართო სპექტრის და ამ ჯგუფში შემავალი მშობლების განსხვავებული შეხედულებებისა და განათლების გათვალისწინებით, მოზარდების ჰომოგენიზაციისა და განათლებაზე ორიენტირებული ახალი თაობის აღზრდის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ უნივერსალურ წინანასკოლო განათლების შემუშავებაზე უნდა გადიოდეს.

ბავშვების სოციალური და ემოციური ჩვევების გამოსავლენად მარტინ ჰაბერმანის თეორიაზე დაფუძნებული კვლევაც ჩატარდა აშშ-ის 207 სკოლაში. ჩიკაგოში დაფუძნებული ჯგუფის, CASEL-ის (the Collabora-tive for Academic, Social, and Emotional Learning - საერთო აკადემიური, სოციალური და ემოციური სწავლება), ოთხწლიანი კვლევა გვიჩვენებს, რომ, თუკი პედაგოგი დროს უთმობს მოსწავლეებისთვის ემოციების მართვის სწავლებას, თანაგრძნობის, ყურადღებისა და თანამშრომლობის გამომუშავების საშუალებით, მაშინ არა მხოლოდ სკოლის საერთო სოციალური კლიმატი უმჯობესდება, არამედ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხიც იზრდება.

ფინეთში ამ პროცესს ჯერ კიდევ სკოლამდელი წლებიდან იწყებენ და სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს მომავალ დადებით შედეგებს. „ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და სხვა ბუნებრივი რესურსები ან სიმდიდრეები. ცოდნა და განათლება - ეს არის ის, რაც ფინეთს და ფინელ ხალხს კონკურენტუნარიანს ხდის მთელ მსოფლიოში“, - ამბობს ერთ-ერთი ფინური სკოლის დირექტორი ელენ ფრანცი.

P.S.

მართალია, საქართველოში სკოლაში სწავლის დაწყების ასაკმა დაიწია, მაგრამ სასკოლო მზაობის კვლევა ახლა მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ამ კვლევას ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი „სკოლამდელი განათლების ინიციატივების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ახორციელებს. კვლევა საქართველოს მასშტაბით შერჩეული 1500 პირველკლასელის სასკოლო მზაობის შეფასებას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევისთვის შეიქმნა სპეციალური კითხვარი და ბავშვზე დაკვირვების ინსტრუმენტი. ამჟამად მიმდინარეობს საველე სამუშაოები. შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნება ბავშვთა სასკოლო მზაობის დონის შედარება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, ასაკის (5 და 6 წლის), საცხოვრებელი ადგილის (ქალაქი/სოფელი) და სხვა მახასიათებლების მიხედვით. კვლევის შედეგები 2010 წლის ბოლოსთვის იქნება წარმოდგენილი. საინტერესოა, რას იტყვის ეს კვლევა ჩვენი ბავშვების აქსელერაციის თაობაზე?

მასალის მომზადებისას
გამოყენებულია Ellen Gamermann-ის
სტატია Finish Kids

6 თარგმანი

▲back to top


6.1 რატომ არ ვარ კონსერვატორი1

▲back to top


თავისუფლების გულწრფელი მეგობრები ყველა დროში ცოტანი იყვნენ, თავის გამარჯვებას ის უმცირესობებს უნდა უმადლოდეს. ეს უკანასკნელნი კი წარმატებას მხოლოდ იმ მოკავშირეებთან ერთად აღწევდნენ, რომლებსაც ხშირად სულ სხვა მიზნები ჰქონდათ; ამგვარი ალიანსი, რომელიც რისკიანია ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგჯერ დამღუპველიც აღმოჩენილა, ვინაიდან ამით მოწინააღმდეგეებს მათი წინსვლისთვის წინააღმდეგობის გაწევის სამართლიანი საფუძველი ეძლეოდათ.

ლორდი აქტონი

ფიდრიხ ჰაიეკი

0x01 graphic

1. იმ დროს, როცა თითქმის ყველა პროგრესულად მიჩნეული პოლიტიკური მოძრაობა პიროვნული თავისუფლების წინააღმდეგ შეტევისკენ მოგვიწოდებს2, მისი დამცველები იძულებულნი არიან მათ ოპოზიციაში ჩაუდგნენ. ამრიგად, ისინი ერთ ბანაკში აღმოჩნდებიან ხოლმე მათთან ერთად, რომლებიც, როგორც წესი, ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია, რომლის აღწერასაც მე ვცდილობ, ნაწილობრივ „კონსერვატიულია“, ის კარდინალურად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც ტრადიციულად მოიაზრება ამ ტერმინში. ეს ომონიმური ორაზროვნება, რომელიც ოპოზიციის ერთიანი ბაირაღის ქვეშ აერთიანებს თავისუფლების ქომაგებსა და ნამდვილ კონსერვატორებს, - რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მათი იდეალებისთვის, - ძალიან საშიშია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვასხვაოთ პოზიცია, რომელსაც ქვემოთ აღვწერ, იმ პოზიციისგან, რომელიც საკმაო ხნის მანძილზე, - და შესაძლოა უფრო დასაბუთებულადაც, - ცნობილი იყო კონსერვატიზმის სახელით.

მკაცრი გაგებით კონსერვატიზმს აქვს არსებობის უფლება და ის ალბათ აუცილებელი და, უდავოდ, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მსოფლმხედველობაა, რომელსაც მკვეთრი ცვლილებების მიუღებლობა ახასიათებს. საფრანგეთის რევოლუციიდან საუკუნენახევრის განმავლობაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მანამ, სანამ სოციალიზმი ძალას მოიკრებდა, ამ მსოფლმხედველობის ოპოზიცია ლიბერალიზმი იყო. მათ შორის დაპირისპირებას არანაირი პარალელი არ მოეძებნება აშშ-ის ისტორიაში, რამდენადაც ის, რაც ევროპაში იწოდებოდა „ლიბერალიზმად“, აქ საერთო ტრადიციას წარმოადგენდა, რომელიც ამერიკული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საფუძველი გახდა: ამრიგად, ევროპული კრიტერიუმებით, ამერიკული ტრადიციის მიმდევარი ლიბერალი იქნებოდა.3 ამგვარი დომხალი კიდევ უფრო გაღრმავდა ევროპული ყაიდის კონსერვატიზმის ამერიკულ ნიადაგზე გადანერგვის ბოლოდროინდელი მცდელობებით, რამაც, უცხო იყო რა ამერიკული ტრადიციისთვის, უცნაური ხასიათი შეიძინა.4 ცოტა უფრო ადრე ამერიკელმა რადიკალებმა და სოციალისტებმა საკუთარი თავის „ლიბერალებად“ მოხსენიება იწყეს. მიუხედავად ამისა, მე შემდგომშიც „ლიბერალურს“ ვუწოდებ საკუთარ პოზიციას, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, არანაკლებად განსხვავდება ნამდვილი კონსერვატიზმისგან, ვიდრე სოციალიზმისგან. თუმცა ნება მომეცით აქვე ვაღიარო, რომ ეს ეპითეტი ჩემში ეჭვებს იწვევს და წინამდებარე სტატიის დასასრულს მე განვიხილავ საკითხს თავისუფლების პარტიის ყველაზე უფრო შესაფერისი დასახელების შესახებ. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ტერმინს „ლიბერალი“ თანამედროვე აშშ-ში მუდმივად არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა, არამედ ისიც, რომ ევროპაში რაციონალისტური ლიბერალიზმის გაბატონებული მიმდინარეობა უკვე დიდი ხანია გადაიზარდა სოციალისტების მოძღვრებაში.

ნება მიბოძეთ ახლა გამოვთქვა არგუმენტი, რომელიც, ჩემი აზრით, კონსერვატიზმის ნებისმიერი იმ სახეობის მთავარ უარყოფას წარმოადგენს, რომელსაც ამ სახელს (კონსერვატიზმს) სამართლიანად უწოდებენ. ჩემი არგუმენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ კონსერვატიზმს თავისი ბუნების გამო არ ძალუძს ჩვენი მოძრაობის ამჟამინდელი მიმართულების არავითარი ალტერნატივის შემოთავაზება. თანამედროვე ტენდენციებისადმი დაპირისპირების თვალსაზრისით მას შეუძლია წარმატებით შეანელოს არასასურველი პროცესები, მაგრამ რამდენადაც განვითარების სხვა მიმართულებას ის არ გვთავაზობს, მიმდინარე ტენდენციის საბოლოო შეჩერება მას არ შეუძლია. ამ მიზეზით კონსერვატიზმი განწირულია უნებურად იაროს გარედან თავსმოხვეული გზით. კონსერვატორთა და პროგრესისტთა ჯგუფების მიერ ბაგირის გადაძალვები ხან ერთ და ხან მეორე მხარეს გავლენას ახდენს მხოლოდ ტემპზე და მიმდინარე განვითარების მიმართულებაზე. პირადად მე ვაღიარებ „პროგრესის ლოკომოტივზე მუხრუჭის“5 არსებობის აუცილებლობას, მაგრამ არ შემიძლია მარტო იმით დაკმაყოფილება, რომ მხოლოდ დამუხრუჭებაში დავეხმარო მათ. ლიბერალმა შემდეგი შეკითხვით უნდა დაიწყოს: „საით ვაპირებთ წასვლას?“ და არა „რამდენად სწრაფად?“ ან „რამდენად შორს?“. სინამდვილეში ლიბერალი უფრო მეტად განსხვავდება დღევანდელი რადიკალ-კოლექტივისტისგან, ვიდრე კონსერვატორი. მაშინ, როცა ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მხარს უჭერს თავისი დროის სტერეოტიპების მხოლოდ ზომიერ და შერბილებულ ვერსიას, დღევანდელი ლიბერალი ვალდებულია საკმაოდ მკვეთრად გააკრიტიკოს რიგი ფუნდამენტური პრინციპებისა, რომლებიც კონსერვატორთა უმრავლესობას სოციალისტებთან აახლოებს.

2. ამ სამი პარტიის ურთიერთ-დამოკიდებულების ტრადიციული აღწერა უფრო აბუნდოვანებს, ვიდრე განმარტავს მათ ნამდვილ ურთიერთობებს. ჩვეულებრივ მათ გამოსახავენ როგორც სხვადასხვა წერტილს ერთ ხაზზე: სოციალისტები მარცხნივ, კონსერვატორები მარჯვნივ, ლიბერალები კი სადღაც შუაში. მაგრამ ეს სურათი საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. თუკი დიაგრამის გაკეთებაა საჭირო, უფრო მოხერხებული იქნებოდა სამკუთხედის დახაზვა, რომელშიც ერთ დაბოლოებას კონსერვატორები ექაჩებიან, მეორეს სოციალისტები და მესამეს ლიბერალები. მაგრამ რამდენადაც სოციალისტებს უფრო დიდხანს და ძლიერად უხდებოდათ ეს „გადაქაჩვა“, კონსერვატორებმა ამჯობინეს სოციალისტების და არა ლიბერალების მიმართულებით წასულიყვნენ და დროგამოშვებით ითავისებდნენ იდეებს, რომლებმაც ავტორიტეტულობა რადიკალური პროპაგანდით შეიძინეს. სწორედ კონსერვატორები მიდიოდნენ სოციალიზმთან რეგულარულ კომპრომისზე, იპარავდნენ რა მათ მქუხარებას. „შუალედური გზის“6 მიმდევრები, კონსერვატორები, რომელთაც საკუთარი მიზნები არ გააჩნდათ, ხელმძღვანელობდნენ შეხედულებით, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტება ორ უკიდურესობას შორის სადღაც შუაშია, - ამიტომაც ცვლიდნენ საკუთარ პოზიციას ყოველთვის, როდესაც რომელიმე მხარეს ექსტრემისტული მოძრაობა წარმოიქმნებოდა.

ამიტომ პოზიცია, რომელსაც ნებისმიერ დროს დასაბუთებულად შეიძლება ვუწოდოთ კონსერვატიული, დამოკიდებულია მიმდინარე ტენდენციების მიმართულებაზე. რამდენადაც უკანასკნელ ათწლეულებში საერთო განვითარება სოციალისტური მიმართულებით მიდიოდა, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ კონსერვატორებიც და ლიბერალებიც ცდილობდნენ შეენელებინათ ეს ტენდენცია. მაგრამ ლიბერალიზმის მთავარი თვისება სწორედაც რომ მოძრაობისაკენ და არა უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნისკენ სწრაფვაში მდგომარეობს. მართალია, ჩვენს დროში, შესაძლოა, ამის თაობაზე საპირისპირო შთაბეჭდილება იქმნება, რადგან ლიბერალიზმს წარსულში უფრო ფართო მხარდაჭერა ჰქონდა, ხოლო ზოგიერთი მისი მიზანი ახლოს იყო განხორციელებასთან. და მაინც, იგი არასოდეს ყოფილა უკან მიმართული დოქტრინა. ისტორიამ არ იცის შემთხვევები, როცა ლიბერალური იდეალები მთლიანად და ბოლომდე განხორციელებულიყო ცხოვრებაში: ლიბერალიზმი არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით, ყოველთვის მომავლისკენ იმზირებოდა, მიისწრაფოდა რა ინსტიტუტების შემდგომი სრულყოფისკენ. ლიბერალიზმისთვის არ არის უცხო ევოლუცია და ცვლილებები. იქ, სადაც სახელმწიფო კონტროლი თრგუნავს სპონტანურ ცვლილებებს, ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისთვის იბრძვის. დღევანდელ სამყაროში, სამთავრობო პოლიტიკასთან მიმართებით, ლიბერალი ვერ ხედავს აზრს არსებული წესრიგის შენარჩუნებაში. უფრო მეტიც, ლიბერალს ეჩვენება, რომ მსოფლიოს უმეტესი რეგიონი დაუყოვნებლივ საჭიროებს იმ გზის საფუძვლიან გაწმენდას უამრავი დაბრკოლებისგან, რომელიც თავისუფალ განვითარებას უწყობს ხელს.

ეს განსხვავება ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის არ უნდა დაიჩრდილოს იმ ფაქტით, რომ აშშ-ში ჯერ კიდევ შესაძლებელია პიროვნული თავისუფლების დაცვა, ტრადიციული ინსტიტუტების დაცვის პარალელურად. ლიბერალი აფასებს მათ არა მათი ხანგრძლივი ისტორიის ან ამერიკის ტრადიციისადმი კუთვნილების გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეესაბამება მათ იდეალებს.

3. სანამ ძირითად პუნქტებს განვიხილავდე, რომელთა მიხედვით ლიბერალური პოზიცია რადიკალურად ეწინააღმდეგება კონსერვატიულს, უნდა აღვნიშნო, რომ ლიბერალს შეუძლია ბევრი სარგებლობა მიიღოს კონსერვატიულად მოაზროვნეთაგან. ჩვენ დავალებულნი ვართ მათ მიერ მოწიწებითი შეგნებით განხორციელებულ კვლევებში გამოთქმული ზოგიერთი ღრმა აზრისაგან აქამდე განვითარებული ინსტიტუტების მნიშვნელობის შესახებ (ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური სფეროს მიღმა), რომლებიც უდავოდ დაგვეხმარა თავისუფალი საზოგადოების ბუნების გააზრებაში. რა რეაქციონერებადაც არ უნდა გამოავლინონ საკუთარი თავი ისეთმა მოღვაწეებმა, როგორებიც არიან კოლრიჯი, ბონალდი, დე მესტრი, იუსტუს მოზერი ან დონოსო კორტესი, ისინი ძალიან კარგად აცნობიერებდნენ სპონტანურად განვითარებადი ინსტიტუტების - ენის, სამართლის, მორალისა და წეს-ჩვეულებების - მნიშვნელობას. ისინი ითვალისწინებდნენ ყოველივე ამას საკუთარ თეორიებში, რომლებსაც შეუძლიათ ლიბერალებსაც და თანამედროვე მეცნიერულ მიდგომებსაც გაუწიონ სამსახური. მაგრამ თუ კონსერვატორები იხიბლებიან კიდეც თავისუფალი განვითარებით, ეს მხოლოდ გარდასულ დღეებთან მიმართებით ხდება. მათ, როგორც წესი, არ ჰყოფნით გამბედაობა, რათა მიესალმონ ასეთივე დაუგეგმავ ცვლილებებს აწმყოში, ცვლილებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ახალ ხელსაწყოებს წარმოშობენ კაცობრიობის პროგრესის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

ახლა კი გადავდივარ პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც კონსერვატიული და ლიბერალური მსოფლმხედველობები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კონსერვატორი ავტორები ხშირად აღიარებდნენ, რომ კონსერვატიული მიდგომის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ცვლილებებისადმი შიშში მდგომარეობს, სიახლის, როგორც ასეთისადმი, ფრთხილ უნდობლობაში7, მაშინ, როცა ლიბერალური პოზიცია სიმამაცესა და საკუთარ თავში დარწმუნებულობას, ცვლილებებისადმი ნდობას ეფუძნება, მაშინაც კი, როცა არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება თუ რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები. ალბათ განსაკუთრებული აზრი არ აქვს კონსერვატორების კრიტიკას, თუკი მათ ათვალწუნებული აქვთ ძალიან სწრაფი ცვლილებები ინსტიტუტებსა და სახელმწიფო პოლიტიკაში; აქ არსებობს პირდაპირი საფუძველი იმისათვის, რომ ვიყოთ ფრთხილნი და ვიმოქმედოთ აუჩქარებლად. მაგრამ კონსერვატორები მიდრეკილნი არიან მთავრობის ძალა ცვლილებების შესაჩერებლად ან მისი მასშტაბის მაქსიმალური შეზღუდვისთვის გამოიყენონ. კონსერვატორები მომავალს რწმენის გარეშე უყურებენ, მაშინ, როცა ლიბერალი თავისი რწმენის გამო იძულებულია ოპტიმისტურად განეწყოს ცვლილებებისადმი თუნდაც მან არ იცოდეს, როგორ უნდა განხორციელდეს აუცილებელი კორექცია. უფრო მეტიც, ლიბერალური მსოფლმხედველობის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენს თეზისი, რომ ბაზრის თვითრეგულირებადი ძალები, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, როგორღაც მიაღწევენ საზოგადოების აუცილებელ ადაპტაციას ახალი ვითარებისადმი, თუმცა არავის ძალუძს იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ მოხერხდება ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ბაზრისადმი მოქმედების თავისუფლების მინიჭების მიმართ ასე ძალიან გავრცელებული უნდობლობა ადამიანებში, შესაძლოა, განპირობებულია მათი უუნარობით წარმოიდგინონ შესაბამისი წონასწორობა მოთხოვნასა და მიწოდებას, ექსპორტსა და იმპორტს შორის და ა.შ. კონსერვატორი თავს დაცულად და კმაყოფილად გრძნობს მაშინ, როცა მან იცის, რომ რომელიღაც უმაღლესი ბრძნული ძალა აკონტროლებს და ზედამხედველობს მიმდინარე ცვლილებებს, თუკი რომელიმე ძლიერი ინსტიტუცია ვალდებულია უზრუნველყოს ამ ცვლილებების „მოწესრიგებული მსვლელობა“.

უკონტროლო საზოგადოებრივი ძალებისადმი მინდობის შიში მჭიდროდ არის დაკავშირებული კონსერვატიზმის ორ სხვა თვისებასთან: ხელისუფლებისადმი მოწიწებასა და ეკონომიკურ ფაქტორთა მოქმედების ბუნების ზედაპირულ ცოდნასთან. რამდენადაც კონსერვატიზმი არ ენდობა არც აბსტრაქტულ თეორიებსა და არც ზოგად პრინციპებს,8 მას არ ესმის სპონტანურად მოქმედი ფაქტორებისა, რომლებსაც ეფუძნება თავისუფლების პოლიტიკა, არც ბაზა გააჩნია ამ პოლიტიკის პრინციპების გამომუშავებისთვის. კონსერვატორის წარმოდგენით, წესრიგი ხელისუფლების მუდმივი ყურადღების შედეგია. შესაბამისად, საჭიროა ხელები გავუხსნათ ხელისუფლებას - დაე, გააკეთონ ის, რასაც ითხოვს სიტუაცია საკუთარი თავის აუცილებელი წესებით შეზღუდვის გარეშე. პრინციპებისადმი ერთგულება თავიდანვე გულისხმობს ძირითადი ფაქტორების ბუნების ამოცნობას, რომლის წყალობითაც საზოგადოების კოორდინირება ხდება, - მაგრამ კონსერვატიზმის სწავლებაში საზოგადოების შესახებ მსგავსი თეორია, განსაკუთრებით ეკონომიკურ მექანიზმთან დაკავშირებით, შეგნებულად არ არსებობს. კონსერვატიზმს არ წარმოუქმნია ამქვეყნად არავითარი განზოგადებული კონცეფცია, რომელიც ახსნიდა, თუ როგორ ინარჩუნებს სტაბილურობას ესა თუ ის საზოგადოებრივი წყობა. ასე რომ, კონსერვატიზმის თანამედროვე აპოლოგეტები, ცდილობენ რა შექმნან თეორიული ბაზა, იძულებულნი არიან იმ ავტორებს მიმართონ, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებად მიიჩნევდნენ. მაკოლეი, ტოკვილი, ლორდი აქტონი და ლეკი მტკიცედ და სამართლიანად თვლიდნენ საკუთარ თავს ლიბერალებად; ედმუნდ ბერკიც კი „ძველ ვიგად“9 დარჩა სამარის კარამდე და, ვფიქრობ, გააჟრჟოლებდა კიდეც, თუ ვინმე მას თორად10 მიიჩნევდა.

ნება მიბოძეთ დავუბრუნდე ჩემს ძირითად თემას, კერძოდ, კონსერვატორთათვის დამახასიათებელ შემწყნარებლობას ოფიციალური ხელისუფლების მოქმედებებისადმი: კონსერვატორის მთავარი საზრუნავი ის გახლავთ, რომ ეს ძალაუფლება არ შესუსტდეს, და არა ის, რომ მისი სიძლიერე გარკვეულ საზღვრებში „დაიჭიროს“. რთულია ასეთი მიდგომის მორიგება თავისუფლებისათვის ზრუნვასთან. როგორც ჩანს, დასაშვებია შემდეგი განზოგადებული ფორმულირება: კონსერვატორს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ხელისუფლების მხრიდან იძულების ან თვითნებობის მიმართ მანამ, სანამ ასეთი მეთოდები იმ მიზანს ემსახურება, რომელიც მას სამართლიანი ჰგონია. თუკი ქვეყნის ხელისუფლებაში პატიოსანი ადამიანები არიან, - მიაჩნია მას, - არ არის საჭირო სახელმწიფოს მოქმედებათა შეზღუდვა მკაცრი წესებით. რამდენადაც კონსერვატორი თავისი ბუნებით ოპორტუნისტია, რომელიც პრინციპების დეფიციტს განიცდის, მისი უმთავრესი იმედი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის მმართველ ელიტაში მხოლოდ ბრძენი და მართალი ადამიანები იქნებიან, რომლებიც არა მხოლოდ პირად მაგალითს აძლევენ რიგით მოქალაქეებს, არამედ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების პრაქტიკული განხორციელების გზით მიდიან11. სოციალისტის მსგავსად, კონსერვატორი ზრუნავს არა იმდენად სახელმწიფოს შეზღუდვაზე, რამდენადაც შემდეგ საკითხზე: ვინ იქნება ხელისუფლებაში; სოციალისტის მსგავსად, კონსერვატორი უფლებას აძლევს თავს სხვებს საკუთარი ფასეულობები მოახვიოს.

როცა აღვნიშნე, რომ კონსერვატორს არ აქვს საკუთარი პრინციპები, არ მიგულისხმია, რომ ის უზნეოა. ტიპური კონსერვატორი, როგორც წესი, არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მყარი მორალური შეხედულებების მატარებელია. მე ვგულისხმობდი, რომ მას არ გააჩნია პოლიტიკური პრინციპები, რომელიც განსხვავებული მორალური შეხედულებების მქონე ადამიანებთან ერთად ისეთი პოლიტიკური რეჟიმის შექმნის შესაძლებლობას მისცემდა, რომლის პირობებშიც ყველა ადამიანს ექნებოდა საკუთარი მსოფლმხედველობის შესაბამისად ცხოვრების საშუალება. მხოლოდ ამგვარი აუცილებლობის აღიარება უშვებს სხვადასხვა ფასეულობათა სისტემის თანაარსებობას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს ხდის მშვიდობიანი საზოგადოებრივი წყობის დამყარებას მინიმალური ძალადობის გამოყენებით. ამგვარი პოლიტიკური პრინციპების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ თანახმანი ვართ მოვითმინოთ ბევრი ჩვენთვის მიუღებელი რამ. ფასეულობათა კონსერვატიული სისტემა ბევრ ისეთ რამეს შეიცავს, რაც ჩემში სიმპათიას იწვევს, განსხვავებით სოციალისტების იდეალებისგან; და მაინც, ლიბერალისთვის პრიორიტეტული სტატუსი, რომელსაც იგი გარკვეულ მიზნებს ანიჭებს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სხვების იძულებას გაიზიარონ იგი. მე თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ჩემს კონსერვატორ მეგობართაგან ბევრი შოკირებული დარჩება იმ „დათმობებით“ (როგორც ისინი შეაფასებენ) თანამედროვე შეხედულებების წინაშე, რაზედაც მე წავედი ჩემი წიგნის მესამე ნაწილში.12 მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მე კონსერვატორებზე უფრო თავშეკავებულად ვიწონებ ასეთ ზომებს, და, შესაძლოა, მათ წინააღმდეგაც მიმეცა ხმა, ამავე დროს ჩემთვის უცნობია რაიმე ზოგადი პრინციპი, რომლის საფუძველზეც შევძლებდი ოპონენტების დარწმუნებას ამგვარი ზომების შეუსაბამობაში საზოგადოების განზოგადებულ სახესთან, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი მიისწრაფის. იმისათვის, რომ წარმატებით ვთანამშრომლობდეთ სხვასთან, არ არის საკმარისი საკუთარი კონკრეტული მიზნების ერთგულება. აუცილებელია აზრთა გარკვეული სისტემა - იმ ტიპის საზოგადოებრივი წყობის ერთგულება, რომელშიც პირადად შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებშიც კი ადამიანებს ეძლევათ ნება სხვა მიზნების ქონისა.

აი, სწორედ ამის გამო ლიბერალისთვის არ არსებობს რაიმე გამამართლებელი მიზეზი როგორც ზნეობრივი, ისე რელიგიური ხასიათის იდეალების იძულებითი განხორციელებისთვის, მაშინ, როცა კონსერვატორებისა და სოციალისტებისთვის არ არსებობს მსგავსი შეზღუდვები (რომელსაც ლიბერალი უწესებს საკუთარ თავს. - მთარგმ.). ზოგჯერ მეჩვენება, რომ ლიბერალიზმის ყველაზე ცხადი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც მას თანაბრად განასხვავებს როგორც კონსერვატიზმისგან, ასევე სოციალიზმისგან, არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ზნეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქცევით სტილთან მიმართებით, თუ ისინი უშუალოდ არ იჭრებიან სხვა ადამიანების ცხოვრების კანონით დაცულ სფეროში, იძულება დაუშვებელია. იქნებ ეს გარემოება იმასაც განმარტავდეს, რატომ არის ყოფილი სოციალისტისთვის საკუთარი ახალი მექის პოვნა შესაძლებელი კონსერვატიზმის და არა ლიბერალიზმის წიაღში.

საბოლოო ჯამში, კონსერვატიული პოზიცია ეფუძნება წარმოდგენას, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ უმაღლესი თანრიგის ადამიანები, იმ ნამემკვიდრევი პრინციპებისა და ღირებულებების მატარებელნი, რომლებიც სათუთად უნდა იქნეს დაცული, - და სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებსაც ყველაზე მეტი წონა უნდა ჰქონდეთ საზოგადოების ცხოვრებაში. ლიბერალი, რასაკვირველია, არ უარყოფს, რომ ერთი ადამიანი აღემატება მეორეს, - საბოლოო ჯამში, ლიბერალი მაინც არ გახლავთ ეგალიტარული ტიპი, - მაგრამ უარყოფს იმ შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც ვიღაცებმა (ვინც არ უნდა იყვნენ ისინი) უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ უნდა იყვნენ ეს უმაღლესი კატეგორიის ადამიანები. მაშინ, როცა კონსერვატორი მიდრეკილია დაიცვას უკვე დადგენილი კონკრეტული იერარქია, და იმედი აქვს, რომ ხელისუფლება დაიცავს იმ პირებს, რომელთაც მათ თვალში მაღალი ფასი აქვთ; ლიბერალი თვლის, რომ ტრადიციული ფასეულობებისადმი არავითარ პატივისცემას არ შეუძლია გაამართლოს მონოპოლური პრივილეგია ან ნებისმიერი სხვა შემთხვევა სახელმწიფოს ძალაუფლების გამოყენებისა ეკონომიკური ცვლილებების შედეგებისგან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დასაცავად. თუმცა ლიბერალი ყოვლითურთ აცნობიერებს კულტურული და ინტელექტუალური ელიტის მნიშვნელოვან როლს ცივილიზაციის განვითარებაში, მაგრამ ის იმავდროულად მოელის, რომ ამ ელიტებმა საქმით დაამტკიცონ საკუთარი ფასეულობა, - კერძოდ, საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნება ყველასათვის საერთო წესების პირობებში.

ამასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული აგრეთვე ტიპური კონსერვატორის შეხედულება დემოკრატიაზე. ზემოთ მე ნათლად აღვნიშნე, რომ უმრავლესობის ძალაუფლებას ვთვლი არა მიზნად, არამედ მხოლოდ საშუალებად; იმის თქმასაც გავბედავ, რომ ეს, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად სულელური ვარიანტია მმართველობის იმ ფორმებს შორის, რომელთაგან აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ერთი რომელიმე. მაგრამ, როგორც მე მეჩვენება, კონსერვატორები ცდებიან, როდესაც დემოკრატიას აბრალებენ ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელ ყველა საშინელებას. მთავარი ბოროტება - ეს არის მმართველი გუნდის შეუზღუდავი ძალაუფლება; არავის აქვს უფლება ჰქონდეს შეუზღუდავი ძალაუფლება.13 თანამედროვე დემოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებანი, მოქცეული მცირე ელიტის ხელში, საერთოდ აუტანელი იქნებოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც ძალაუფლება უმრავლესობის ხელში მოექცა, წარმოიშვა შეხედულება სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამ კუთხით დემოკრატია და შეუზღუდავი ძალაუფლება ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. მაგრამ აქ კრიტიკას იწვევს არა დემოკრატია, არამედ იდეა შეუზღუდავი ძალაუფლების შესახებ. მე ვერ გამიგია, რატომ არ შეიძლება შევზღუდოთ უმრავლესობის ძალაუფლება იმავე მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც იზღუდება ყველა სხვა ძალაუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის უპირატესობანი მშვიდობიანი ცვლილებებისა და პოლიტიკური განათლების შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სფეროში იმდენად აღემატება ყველა სხვა წყობის ღირსებებს, რომ მე არანაირად არ შემიძლია სიმპათია გამოვხატო კონსერვატიზმში ანტიდემოკრატიული ტენდენციების მიმართ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა არა ის, თუ ვინ მართავს, არამედ ის, თუ რისი უფლება აქვს მთავრობას და რისი არა.

ის გარემოება, რომ კონსერვატორთა პროტესტი მთავრობის მხრიდან ზომაზე მეტი კონტროლის მიმართ პრინციპის საქმე კი არ არის, არამედ მთავრობის კონკრეტულ მიზნებთან უთანხმოებაა, ნათლად ჩანს ეკონომიკის დარგში. სამეწარმეო სფეროში კონსერვატორები, როგორც წესი, კოლექტივისტური და ბიუროკრატიული სტილის წინააღმდეგ გამოდიან და აქ ლიბერალები მათში მოკავშირეებს ხედავენ. მაგრამ ამავე დროს აგრარულ სფეროში კონსერვატორები პროტექციონიზმის მომხრენი არიან და ხშირად უჭერენ მხარს სოციალისტური ხასიათის ზომებს. უფრო მეტიც, მიუხედვად იმისა, რომ დღევანდელ სამეწარმეო და სავაჭრო სფეროში არსებული შეზღუდვები ძირითადად სოციალისტური შეხედულებებიდან მომდინარეობს, სოფლის მეურნეობაში ასეთივე სერიოზული შეზღუდვების უმრავლესობა გაცილებით ადრე კონსერვატორების მიერ იქნა შემოღებული. ხოლო თავისუფალი მეწარმეობის დისკრედიტირების საქმეში წამყვანი კონსერვატორები სოციალისტებს ეჯიბრებოდნენ.14

4. მე უკვე ვახსენე განსხვავებები ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის წმინდა აზრობრივ სიბრტყეზე, მაგრამ მომიწევს კვლავ მივუბრუნდე ამ საკითხს, რადგან ამ სფეროში კონსერვატორთა შეხედულებანი არა მხოლოდ კონსერვატიზმის სისუსტეა, არამედ საშიშია ყველასთვის, ვინც მათთან კავშირში შევა. კონსერვატორები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ ცვლილებათა პირველმიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ახალი იდეები. აქედან გამომდინარეობს სრულიად ბუნებრივი შიში ახალი იდეების მიმართ - კონსერვატიზმი ხომ, არ გააჩნია რა საკუთარი განმასხვავებელი პრინციპები, ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს მათ. მისი უნდობლობა თეორიებისადმი და ფანტაზიის სიმწირის გამო რაიმე ახლის წარმოდგენის უუნარობა იმასთან შედარებით, რაც უკვე პრაქტიკითაა შემოწმებული, მიზეზია იმისა, რომ კონსერვატიზმს აკლია ყოველგვარი „შეიარაღება“ იდეური ბრძოლისთვის. ლიბერალიზმისგან განსხვავებით, რომლისთვისაც იდეათა შორსმიმავალი სიძლიერის რწმენა განუყოფელია, კონსერვატიზმი იძულებულია შემოიფარგლოს იმ იდეების ნაკრებით, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო წარსულისგან, და რამდენადაც კონსერვატიზმს არგუმენტირების გარეშე სჯერა მათი, მისი საბოლოო დასკვნა მარტივია - ის ფლობს უმაღლეს სიბრძნეს (superior wisdom), რომელიც დაფუძნებულია განსაკუთრებულობის პრეტენზიებზე.

ეს განსხვავება ყველაზე ნათლად ცოდნის გამრავლებისადმი ორი ტრადიციის სხვადასხვა მიდგომაში ვლინდება. თუმცა ლიბერალი ყოველგვარ ცვლილებას პროგრესად არ თვლის, ცოდნის გამრავლებას იგი უსიტყვოდ მიაკუთვნებს კაცობრიობის განვითარების პრიორიტეტულ ამოცანათა რიგს, რომელიც, მისი აზრით, თანდათან გადაწყვეტს ყველა პრობლემასა და სირთულეს, რომელთა გადაჭრის მხოლოდ იმედი შეიძლება გვქონდეს. ლიბერალი შორს არის იმ აზრისგან, რომ ყოველივე ახალს უპირატესობა მიანიჭოს მხოლოდ მისი სიახლის გამო, - მაგრამ იგი აცნობიერებს, რომ კაცობრიობის მიღწევები ყოველთვის რაღაც ახალს გვთავაზობს და მზად არის მოურიგდეს ამ ახალ ცოდნას იმისდა მიუხედავად, მოსწონს თუ არა მას მისი პირდაპირი შედეგი.

თუ პირადად ჩემს შეფასებაზე ვისაუბრებთ, კონსერვატიული აზროვნების ყველაზე საძრახის თვისებად მიმაჩნია მისი მიდრეკილება უარყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული ახალი ცოდნა იმის გამო, რომ კონსერვატორს არ მოსწონს მისი ზოგიერთი გარეგანი შედეგი, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, ობსკურანტიზმია. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სწავლულები ყველაზე მეტად არიან დაქვემდებარებულნი მოდას და რომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მათ დასკვნებს, რომლებიც თავიანთი უახლესი თეორიებიდან გამოაქვთ. მაგრამ რაციონალური უნდა იყოს, ისინი უნდა განვაცალკეოთ იმ დანანებისგან, რომელიც ჩვენში წარმოიქმნება, როცა ვხედავთ, რომ ახალი თეორია ეწინააღმდეგება ჩვენს საყვარელ რწმენა-წარმოდგენებს. მე პირადად ვერ ვიტან მათ, ვინც, მაგალითად, უარყოფს ევოლუციის თეორიას ან სიცოცხლის ფენომენთა ე.წ. „მექანიკურ ახსნებს“ იმის საფუძველზე, რომ ამ თეორიებიდან გარკვეული მორალური ხასიათის შედეგები შეიძლება წარმოიშვას. უფრო მეტად კი ისინი მაღიზიანებენ, რომლებიც საერთოდ არასაჭიროდ და საჩოთიროდ მიიჩნევენ ამ საკითხების განხილვას. კონსერვატორი მხოლოდ ასუსტებს თავის პოზიციას იმით, რომ არ სურს ფაქტებს თვალებში ჩახედოს. დასკვნები, რომლებიც რაციონალისტურ შეგნებას გამოაქვს ახალი სამეცნიერო აღმოჩენებიდან, ხშირად სულაც არ გამომდინარეობს ამ უკანასკნელთაგან. მაგრამ მხოლოდ ახალი სამეცნიერო აღმოჩენების შედეგებთან დაკავშირებით წამოწყებულ დისკუსიებში აქტიური ჩართვით შეგვიძლია გავიგოთ იპოვიან თუ არა ისინი ადგილს ჩვენს საკუთარ მსოფლმხედველობაში. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი ზნეობრივი პრინციპები დამოკიდებულია ჩვენს წარმოდგენებზე, რომელთა მცდარობაც უკვე დამტკიცებულია ფაქტობრივად, - რამდენად ზნეობრივია ამ პრინციპების დაცვა და ხსენებული ფაქტების უარყოფა?

ყოველივე ახლისა და უცხოსადმი კონსერვატორთა უნდობლობასთან არის ასევე დაკავშირებული მათი მტრული დამოკიდებულება ინტერნაციონალიზმისადმი და მათი მიდრეკილება აგრესიული ნაციონალიზმისკენ. აქ არის დაფარული კონსერვატიზმის სისუსტის მეორე წყარო იდეათა ბრძოლაში. კონსერვატიზმი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იდეები, რომლებიც ცვლიან ჩვენს ცივილიზაციას, არ ცნობენ საზღვრებს. ახალი იდეების გაცნობაზე უარის თქმა ნიშნავს საკუთარ თავს მოაკლო შესაძლებლობა წარმატებით გააკრიტიკო/გააბათილო ისინი, როცა ამის აუცილებლობა დადგება. იდეების განვითარება ინტერნაციონალური პროცესია და მხოლოდ მათ შეუძლიათ მასზე დიდი გავლენის მოხდენა, ვინც ბოლომდე მონაწილეობს დისკუსიაში. გამოაცხადო რომელიმე იდეა „არაამერიკულად“ ან „არაგერმანულად“ - ჯერ კიდევ არ წარმოადგენს არგუმენტს. მცდარი ან მანკიერი იდეა ვერ გახდება უკეთესი მხოლოდ იმის გამო, რომ ის რომელიმე ჩვენი თანამემამულის თავშია გაჩენილი.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა კონსერვატიზმის სიახლოვეზე ნაციონალიზმთან, მაგრამ აღარ შევჩერდები ამ მომენტზე იმიტომ, რომ არ წარმოიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ჩემი მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას სიმპათიით ვიყო განწყობილი ნაციონალიზმის ნებისმიერი ფორმის მიმართ. მე მხოლოდ დავამატებ, რომ ეს წინასწარგანწყობა ნაციონალიზმის მიმართ ხშირად ხდება დამაკავშირებელი რგოლი კონსერვატიზმსა და კოლექტივიზმს შორის: თუ თქვენ მრეწველობას ან ბუნებრივ რესურსებს აღიქვამთ როგორც „ჩვენსას“, მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი რჩება მოწოდებამდე ნაციის ეს მონაპოვარი ნაციონალური ინტერესების სამსახურში ჩადგეს. ცხადია, ამ კუთხით კონტინენტური ლიბერალიზმი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციიდან იღებს სათავეს, კონსერვატიზმზე უკეთესი არ აღმოჩნდება. ალბათ ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ასეთი ტიპის ნაციონალიზმი საფუძველშივე განსხვავდება პატრიოტიზმისგან და რომ ნაციონალიზმისთვის ზურგშექცევა (aversion) სავსებით შეთავსებადია ნაციონალური ტრადიციებისადმი ერთგულებასთან. თუმცა ის ფაქტი, რომ მე პატივს ვცემ ჩემი საზოგადოების ზოგიერთ ტრადიციას, არ უნდა გულისხმობდეს მტრულ დამოკიდებულებას განსხვავებულისადმი და ჩემთვის უცნაურისადმი.

ის გარემოება, რომ კონსერვატიზმის ანტიინტერნაციონალიზმი ასე ხშირად ასოცირდება იმპერიალიზმთან, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს პარადოქსული. რაც უფრო ძლიერია ადამიანის სიძულვილი ყოველივე უცხოსადმი და დარწმუნებულობა საკუთარის უპირატესობაში, მით უფრო ღრმად არის იგი თავდაჯერებული, რომ სხვების „გაცივილიზების“ (civilize) მისია აკისრია15 - გაცივილიზება არა ნებაყოფლობითი და დაუბრკოლებელი ურთიერთგაცვლის აზრით, რომელსაც ლიბერალი მიანიჭებდა უპირატესობას, არამედ ეფექტური სახელმწიფოს „სიკეთეების“ სხვებისათვის გადაცემის გაგებით. სიმპტომატურია, რომ ამ საკითხთან მიმართებაშიც კი, როგორც ეს ხშირად ვლინდება, კონსერვატორები კავშირს კრავენ სოციალისტებთან ლიბერალების წინააღმდეგ - არა მხოლოდ ინგლისში, სადაც ცოლ-ქმარი ვებები (Webbs) და მათი ფაბიანური საზოგადოება16 გააფთრებული იმპერიალისტები იყვნენ, ან გერმანიაში, სადაც სახელმწიფო სოციალიზმი და კოლონიური ექსპანსიონიზმი17 ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ და „კათედერ-სოციალისტების“18 მხარდაჭერაც მოიპოვეს, არამედ აშშ-შიც, სადაც უკვე პირველი რუზველტის დროს იყო ცხადი: ჯინგოისტები19 და სოციალისტ-რეფორმატორთა მოძრაობის მომხრეები გაერთიანდნენ და პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და საკუთარი ცეზარისტული პატერნალიზმის პროგრამის განხორციელებას აპირებდნენ; როგორც ჩანს ეს საფრთხე აღარ გვემუქრება მხოლოდ იმის წყალობით, რომ სხვა პარტიებმა მათი პროგრამის ხარისხითა და ფორმით ზომიერი ვარიანტი მიიღეს.20

5. გარკვეული აზრით, დასაშვებია სოციალისტსა და კონსერვატორს შორის ლიბერალის მოაზრება: ლიბერალი ისევე შორს დგას სოციალისტის (რომელსაც ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტის გარდაქმნა სურს იმ გეგმის მიხედვით, ცალკე აღებულ მის თავში რომ გაჩნდა) უხეში რაციონალიზმისგან, როგორც მისტიციზმისგან, რომელიც ასე ხშირად ხდება კონსერვატორის თავშესაფარი. პოზიციას, რომელსაც მე აღვწერ როგორც ლიბერალურს, კონსერვატიზმთან გონებისადმი უნდობლობა აახლოებს იმ ზომით, რა ზომითაც ლიბერალი ნათლად აცნობიერებს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ჩვენ არ ვიცით. უფრო მეტიც, ლიბერალი არც იმაში გახლავთ ბოლომდე დარწმუნებული, რომ მისთვის ცნობილ პასუხთაგან ყველა სწორია და რომ, საერთოდ, ადამიანს უნარი აქვს ყველა კითხვაზე იპოვოს პასუხი. ლიბერალი არც იმას თაკილობს, რომ დახმარებისთვის ნებისმიერ ირაციონალურ ინსტიტუტსა და წეს-ჩვეულებას მიმართოს, რომელთაც დაამტკიცებული აქვთ საკუთარი ღირსება. კონსერვატორისგან ლიბერალი გამოირჩევა თავისი მზადყოფნით - არ დახუჭოს თვალი საკუთარ უმეცრებაზე, და იმის აღიარებით, რომ ჩვენ ძალზე ცოტა ვიცით; გონების უძლურების დროს ის არ მიმართავს ზებუნებრივ ძალებს დახმარებისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ლიბერალი აშკარა სკეპტიკოსიცაა,21 - მაგრამ გარკვეული დოზით დამთმობლობაც არის საჭირო, რათა ვცნოთ სხვათა უფლება ბედნიერებისკენ საკუთარი გზებით იარონ და მტკიცედ ვაღიაროთ ტოლერანტობის პრინციპი, რომელიც ლიბერალიზმის განუყოფელი ნაწილია.

ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალისთვის უცხოა რელიგიურობა. ფრანგული რევოლუციის რაციონალიზმისგან განსხვავებით, ნამდვილი ლიბერალიზმი არ ებრძვის რელიგიას; მე მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვხატო იმის გამო, რომ მე-19 საუკუნის კონტინენტური ლიბერალიზმი ხშირად იყო გამსჭვალული მებრძოლი, არსობრივად არალიბერალური ანტირელიგიურობით. ის ფაქტი, რომ ათეიზმი არ წარმოადგენს ლიბერალიზმის განუყოფელ ნაწილს, ნათლად ჩანს მისი ინგლისელი დამფუძნებლების - „ძველი ვიგების“ - მაგალითზე, რომლებიც პირიქით, თავგამოდებულადაც კი უჭერდნენ მხარს კონკრეტულ კონფესიას. თუმცა, განსხვავებით კონსერვატორისგან, ლიბერალი, როგორი ღრმად მორწმუნეც არ უნდა იყოს თავად, არასოდეს მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვას მოახვიოს თავზე საკუთარი რწმენა; მისთვის საკრალური და სეკულარული სხვადასხვა სფეროებია, რომელთა ერთმანეთში აღრევა დაუშვებელია.

6. ჩემ მიერ აქ წარმოდგენილი მსჯელობა შესაძლოა საკმარისიც იყოს იმის ასახსნელად, თუ კონსერვატორად. თუმცა ბევრს ალბათ მოეჩვენება, რომ ზემოთ წარმოდგენილი პოზიცია ძალიან მცირედით ჰგავს იმ მსოფლმხედველობას, რომლის „ლიბერალიზმად“ მოხსენიებასაც არიან მიჩვეულნი. მაშასადამე, ახლა უნდა გადავიდე იმ საკითხზე, შეეფერება თუ არა ჩვენს დროში ეს სახელწოდება თავისუფლების პარტიას. უკვე აღვნიშნე, რომ, თუმცა საკუთარ თავს მუდამ ლიბერალს ვუწოდებდი, ბოლო დროს ამას რაღაც არცთუ ისე დიდი ხალისით ვაკეთებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ში ეს ტერმინი მუდმივად გაუგებრობებს წარმოქმნის, არამედ იმიტომაც, რომ სულ უფრო მწვავედ ვაცნობიერებ რა დიდი უფსკრულია, ერთი მხრივ, ჩემს პოზიციასა და, მეორე მხრივ, რაციონალისტურ კონტინენტურ ლიბერალიზმსა და უტილიტარისტთა ინგლისურ ლიბერალიზმს შორის.

თუ სიტყვა „ლიბერალიზმი“ ახლაც იმის აღმნიშვნელი იქნებოდა, რასაც იგი ნიშნავდა ინგლისელი ისტორიკოსისთვის, რომელიც 1827 წელს 1688 წლის რევოლუციას ახასიათებდა როგორც „იმ პრინციპთა ტრიუმფს, რომლებიც თანამედროვეობის ენაზე ლიბერალურად ან კონსტიტუციურად იწოდება“,22 ან, თუ ჩვენ უწინდებურად შეგვეძლებოდა, ლორდ აქტონის მსგავსად, ბერკი, მაკოლეი და გლადსტონი სამ უდიდეს ლიბერალად მოგვეხსენიებინა, ან, თუ ჩვენ, ჰაროლდ ლასკისებურად, ტოკვილსა და ლორდ აქტონში „მე-19 საუკუნის მთავარ ლიბერალებს“ დავინახავდით,23 მე უდიდეს პატივად ჩავთვლიდი საკუთარი თავისთვისაც იგივე მეწოდებინა. მაგრამ როგორი მაცდუნებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის მათი შეხედულებების ლიბერალიზმად მოხსენიება, იძულებული ვარ ვაღიარო, რომ კონტინენტურ ლიბერალთა უმეტესობა მხარს უჭერდა იმ იდეებს, რომელთა წინააღმდეგ იბრძოდნენ ეს ადამიანები, და ისინი უფრო იმ სურვილით ხელმძღვანელობდნენ, რომ თავს მოეხვიათ ამ სამყაროსთვის წინასწარ მოფიქრებული რაციონალური მოდელი, ვიდრე შეექმნათ შესაძლებლობა თავისუფალი განვითარებისა. მეტ-ნაკლებად იგივე ხდება ინგლისშიც, ყოველ შემთხვევაში ლოიდ ჯორჯის დროიდან, როცა ლიბერალიზმად წოდებული მოძრაობა იწყება.

ამრიგად, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ „ლიბერალიზმს“ თითქმის არაფერი აქვს საერთო არცერთ იმ პოლიტიკურ მოძრაობასთან, რომლებიც ჩვენს დროში ამგვარად (ლიბერალურად. - მთარგმ.) იწოდებიან. ასევე სადავოა, შეუძლიათ თუ არა ამ სახელწოდებასთან დაკავშირებულ ისტორიულ ასოციაციებს რომელიმე პოლიტიკური მოძრაობის წარმატების ხელშეწყობა. შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა მოცემულ ვითარებაში ამ ტერმინის რეაბილიტირება მათ მიერ, ვინც ფიქრობს, რომ მას არასწორად იყენებენ. პირადად მე სულ უფრო მწვავედ ვგრძნობ, რომ ამ ტერმინის გამოყენება ვრცელი ახსნა-განმარტების გარეშე ბუნდოვანებას წარმოქმნის, და რომ ის, როგორც პოლიტიკური იარლიყი, მოძრავი ძალიდან ბალასტად გარდაიქმნა.

აშშ-ში, სადაც სიტყვა „ლიბერალის“ გამოყენება უკვე შეუძლებელია იმ აზრით, რა აზრითაც მე ის ზემოთ გამოვიყენე, მისი ჩანაცვლება ხშირად სიტყვა „ლიბერტარიანით“ ხდება. შესაძლოა ეს გონივრულია.

მაგრამ მე ეს ტერმინი არ მიზიდავს, რაღაც ხელოვნური აგებულებისა ჩანს და ამით სუროგატული უფროა. მე მჭირდება სიტყვა, რომელიც ამომწურავად დაახასიათებდა სიცოცხლის პარტიას, პარტიას, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალ ზრდასა და სპონტანურ განვითარებას. მაგრამ ვძაბავ რა გონებას, მაინც ვერ ვახერხებ რაიმე დესკრიფციული ტერმინის შერჩევას, რომელიც ამ მოთხოვნების შესაბამისი იქნებოდა.

7. თუმცა, მოდით, გავიხსენოთ შემდეგი: როდესაც ეს იდეალები, რომელთა გადმოცემასაც მე აქ ხელახლა ვცდილობ, პირველად გავრცელდა დასავლეთში, პარტიას, რომელიც მათ პროპაგანდას ეწეოდა, საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება ჰქონდა. სწორედ ინგლისელ ვიგთა იდეალებით იყო შთაგონებული ის მოძრაობა, რომელსაც შემდგომ ლიბერალიზმი ეწოდა მთელ ევროპაში,24 და წარმოქმნა იდეები, რომლებიც მერე ამერიკელმა კოლონისტებმა წაიღეს ოკეანის გადაღმა; ამ იდეალებმა უბიძგა მათ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ და მალე მათი კონსტიტუციის ფუნდამენტად იქცა.25 უფრო მეტიც, სანამ ამ ტრადიციის ბუნება საფრანგეთის რევოლუციასთან დაკავშირებული დანაშრევებით, მისი ტოტალიტარულად დემოკრატიული და სოციალისტური მიდრეკილებებით არ დამახინჯდა, თავისუფლების პარტია სწორედ „ვიგის“ სახელწოდებით იყო საყოველთაოდ ცნობილი.

ქვეყანაში, სადაც ის გაჩნდა, ეს სახელი გარდაიცვალა: ნაწილობრივ იმიტომ, რომ პრინციპები, რომლებთანაც ის იყო ასოცირებული, გარკვეული დროის მანძილზე აღარ წარმოადგენდა რომელიმე კონკრეტული პარტიის განმასხვავებელ ნიშანს, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ სახელს ატარებდნენ, უღალატეს მის პრინციპებს. მე-19 საუკუნეში ბრიტანეთში და აშშ-ში ვიგთა პარტიამ საკუთარი სახელის დისკრედიტაცია მოახდინა რადიკალთა შორის. მაგრამ იმის გამო, რომ, ჯერ ერთი, ლიბერალიზმმა ვიგიზმის ადგილი მხოლოდ მას შემდეგ დაიმკვიდრა, რაც თავისუფლებისთვის ბრძოლის ტრადიცია ფრანგული რევოლუციის უხეში და მებრძოლი რაციონალიზმით განიმსჭვალა, და მეორეც, რაკი ჩვენი მთავარი ამოცანაა გავათავისუფლოთ ის ჰიპერნაციონალისტური, ნაციონალისტური და სოციალისტური გავლენებისგან, რომლებიც მას ამახინჯებს, ისტორიული პერსპექტივით სიტყვა „ვიგიზმი“ ადეკვატურად გამოხატავს ჩემს თვალსაზრისს. რაც უფრო მეტს ვგებულობ იდეების ევოლუციაზე, მით უფრო ღრმად ვრწმუნდები იმაში, რომ, უბრალოდ, გამოუსწორებელ „ძველ ვიგს“ წარმოვადგენ - აქ აქცენტი სიტყვა „ძველზე“ მოდის.

„ძველ ვიგებთან“ მიკუთვნებულობის აღიარება, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისწრაფებას წარსულისკენ, მე-17 საუკუნის დროინდელი მდგომარეობისკენ. წინამდებარე ნაშრომის ერთ-ერთ მიზანი შემდეგის დამტკიცებაა: დოქტრინები, რომლებიც პირველად იმ დროს ჩამოყალიბდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა ყველა კონკრეტული პოლიტიკურ პარტიის მიღმა. ეს პროცესი კი შეწყდა მხოლოდ 70-80 წლის წინ. ამ წლების მანძილზე ჩვენ საკმაოდ გავამდიდრეთ ჩვენი ცოდნა და ახლა შეგვიძლია ამ დოქტრინის ხელახლა გადმოცემა უფრო დამაკმაყოფილებელი და ეფექტური ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეულ გადამუშავებას ითხოვს ჩვენი დღევანდელი ცოდნის გათვალისწინებით, მისი ფუნდამენტური პრინციპები უპირველეს ყოვლისა „ძველ ვიგთა“ პრინციპებია. მართალია, რომ მოგვიანო ისტორიამ პარტიისა, რომელიც ამ სახელს ატარებდა, ბევრ ისტორიკოსს ეჭვი აღუძრა ვიგებისთვის დამახასიათებელი პრინციპების განსაკუთრებული კორპუსის არსებობაში. მაგრამ არ შემიძლია არ დავეთანხმო ლორდ აქტონს, რომელიც წერს: „თუმცა ამ დოქტრინის ზოგიერთი პატრიარქი საძაგელი ადამიანიც იყო, მაგრამ ის, რითიც დაიწყო ვიგიზმი, - უზენაესი კანონის გაგება, რომელიც მუნიციპალურ კოდექსებს ეფუძნება, - ინგლისელების უდიდესი მიღწევაა და მათი საჩუქარია ერისადმი“, - ჩვენ კი დავამატებდით - მთელი სამყაროსადმი. სწორედ ეს დოქტრინა უდევს საფუძვლად ანგლოსაქსონური ქვეყნების საერთო ტრადიციას. სწორედ ამ დოქტრინიდან კონტინენტურმა ლიბერალიზმმა იმემკვიდრა ყველაფერი ის, რის გამოც იგი ღირებულია. სწორედ ეს დოქტრინა გახდა ამერიკული სახელმწიფოებრივი წყობის საფუძველი. თავისი წმინდა ფორმით მან თავი იჩინა აშშ-ში არა ჯეფერსონის რადიკალიზმით, არა ჰამილტონის ან თუნდაც ჯონ ადამსის კონსერვატიზმით, არამედ ჯეიმს მედისონის, „კონსტიტუციის მამის“,26 იდეებში.

არ ვიცი სასარგებლო იქნება თუ არა ძველი სახელის აღდგენა პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით. ის ფაქტი, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობისთვის როგორც ანგლოსაქსონურ სამყაროში, ისე მის საზღვრებს გარეთ ეს ტერმინი არ ასოცირდება რაიმე კონკრეტულთან, უფრო უპირატესობაა, ვიდრე ნაკლი. მათთვის კი, ვინც იცნობს იდეათა ისტორიას, „ვიგი“, ალბათ, ერთადერთი სახელწოდებაა, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს ტრადიციის არსს. ის, რომ სოციალისტური წარსულის მქონე ნამდვილი კონსერვატორისთვის და, მით უმეტეს, კონსერვატორთა უმრავლესობისთვის სიტყვა „ვიგიზმით“ აღინიშნება მათი მთავარი დოქტრინა, მათი ქვეცნობიერი რეფლექსების სიჯანსაღეს მოწმობს. ამ სახელს ატარებდა იდეალთა ერთადერთი სისტემა, რომელიც მტკიცედ უპირისპირდებოდა ყოველგვარ დესპოტურ ძალაუფლებას.

8. აქ შეიძლება გაჩნდეს ლოგიკური შეკითხვა: ასე მნიშვნელოვანია სახელწოდება? აშშ-ის მსგავს ქვეყანაში, სადაც უწინდებურად შენარჩუნებულია თავისუფალი ინსტიტუტები და სადაც, შესაბამისად, უკვე არსებული წესრიგის დაცვა ხშირად თავისუფლების დაცვას ნიშნავს, მის ქომაგებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი თავი კონსერვატორებად მოიხსენიონ, მაგრამ აქაც კონსერვატიული ტრადიციის მიმდევრობა დიდ ეჭვებს იწვევს. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ერთსა და იმავე წყობას იწონებენ, საჭიროა ვიკითხოთ, რატომ მოსწონთ მათ ის - იმის გამო, რომ ეს წყობა უკვე არსებობს, როგორც მოცემულობა, თუ იმიტომ, რომ ის თავისი ბუნებით მათ სურვილებს შეესაბამება? კოლექტივისტური ტენდენციების წინააღმდეგ საერთო გალაშქრებამ არ უნდა დაჩრდილოს ის ფაქტი, რომ თავისუფლების რწმენა მომავლისაკენ სწრაფვას ეფუძნება და არა ნოსტალგიას წარსულის გამო ან რომანტიკულ აღფრთოვანებას იმით, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა.

ეს მკაფიო გამიჯვნა მით უმეტეს აუცილებელია იქ, სადაც, როგორც, მაგალითად, ევროპის ბევრ რეგიონში, კონსერვატორებმა უკვე გაიზიარეს მნიშვნელოვანი ნაწილი კოლექტივისტური კრედოსი, რომელიც ისე დიდხანს იყო პოლიტიკის წამმართველი ძალა, რომ მის მიერ შექმნილი ბევრი ინსტიტუტი აღქმულ იქნა როგორც მოცემულობა და სიამაყის წყაროდ იქცა „კონსერვატიული“ პარტიებისთვის, რომლებიც მისი შემოქმედნი არიან.27 აქ თავისუფლების მომხრე კონფლიქტში მოდის კონსერვატორთან და იჭერს რადიკალურ პოზიციას, რომელიც მიმართულია ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპების, მტკიცე პოზიციებისა და მყარად ფესვგადგმული პრივილეგიების წინააღმდეგ. უგუნურება და ბოროტმოქმედება არ შეიძლება გახდეს უკეთესი იმის გამო, რომ ისინი უკვე კარგა ხანია აღიარებულნი არიან საზოგადოებრივი წყობის საფუძვლად.

სახელმწიფო მოღვაწისთვის დევიზი Quieta non movere („მძინარეს ნუ გააღვიძებ“) ზოგჯერ ბრძნულ რჩევას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ ფილოსოფოსს (political philosopher) ის ვერ დააკმაყოფილებს. შესაძლოა, ფილოსოფოსს სურდეს კიდეც, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებანი წინდახედულად ხორციელდებოდეს და ამ დროს გათვალისწინებული იყოს საზოგადოებრივი მზაობაც, მაგრამ მას არ ძალუძს შეურიგდეს უკვე არსებულ წყობას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მოცემულ მომენტში საზოგადოებრივი აზრი ამაზე სანქციას იძლევა. სამყაროში, რომელიც კვლავ საჭიროებს (ისევე როგორც მე-19 ს-ის დამდეგს) პირველ ყოვლისა თავისუფალი განვითარების გამოთავისუფლებას ადამიანთა უგუნურებით წარმოქმნილი სხვადასხვა სახის დაბრკოლებისა და სირთულეთა წნეხისგან, ფილოსოფოსის უმთავრესი ამოცანა იმათ დარწმუნებასა და იმათი მხარდაჭერის მოპოვებაში მდგომარეობს, ვინც თავისი ბუნებით პროგრესისკენ არის მიდრეკილი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ეს ადამიანები ცვლილებების არასწორი მიმართულებით განხორციელებისკენ მიილტვიან, ისინი მზად არიან კრიტიკულად მიუდგნენ არსებულს და შეცვალონ ის, როცა ეს აუცილებელია.

იმედი მაქვს მკითხველი არ შემიყვანია შეცდომაში, როცა ზოგჯერ სიტყვა „პარტიაში“ ინტელექტუალური და მორალური პრინციპების დამცველ ადამიანთა ჯგუფს ვგულისხმობდი. წინამდებარე ნაშრომის მიზანი არ ყოფილა განეხილა ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკა. საკითხი იმის შესახებ, ის პრინციპები, რომელთა რეკონსტრუქციასაც ვცდილობდი ტრადიციის ნამსხვრევებიდან, როგორ გარდავქმნათ ფართო მასებისთვის მიმზიდველ პროგრამად, პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა უნდა გადაულოცოს „იმ ცბიერ და მოხერხებულ ცხოველს, რომელსაც, მარტივი ენით სახელმწიფო მოღვაწე ანუ პოლიტიკოსი ჰქვია, ვისი გადაწყვეტილებებიც მიმართულია საქმეთა ვითარების სპონტანური ცვლილებებისკენ“.28 პოლიტიკური ფილოსოფოსის ამოცანა შეიძლება იყოს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა და არა ადამიანების ორგანიზება პრაქტიკული მოქმედებებისთვის. ამ ამოცანას ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუკი პოლიტიკური მდგომარეობით, განუხრელად დაიცავს „ზოგად პრინციპებს, რომლებიც ყოველთვის უცვლელია“.29 ამ თვალსაზრისით მე ეჭვი მეპარება, შესაძლებელია თუ არა საერთოდ კონსერვატიული პოლიტიკური ფილოსოფია. კონსერვატიზმი ხშირად შეიძლება იყოს სასარგებლო პრაქტიკული მიდგომა, მაგრამ მისგან შეუძლებელია რაიმე სახელმძღვანელო პრინციპების მიღება, რომლებიც გავლენას მოახდენდნენ ხანგრძლივ განვითარებაზე.

თარგმნა და შენიშვნების ნაწილი დაურთო
დავით თინიკაშვილმა

შენიშვნები:

1. გამოქვეყნებულია: Hayek F.A. The Constitution of Liberty. Chicago: The University of Chicago Press, 1960.

2. ეს სიმართლეს წარმოადგენს აგერ უკვე საუკუნეზე მეტი ხანია. ჟერ კიდევ 1855 წელს ჯ. ს. მილი აღნიშნავს, რომ „ამჟამინდელ სოციალურ რეფორმატორთა თითქმის ყველა პროექტი მართლაც მომაკვდინებელია თავისუფლებისთვის“ (იხ.: Hayek F.A. John Stuart Mill and Harriet Taylor [London; Chicago, 1951]. p. 216).

3. Crick B. The Strange Quest for an American Conservatism//Review of Politics. 1955. Vol. XVII. p. 365. ის აგრეთვე სამართლიანად მიუთითებს, რომ „ნორმალური ამერიკელი, რომელიც საკუთარ თავს „კონსერვატორს“ უწოდებს, სინამდვილეში ლიბერალია“. როგორც ჩანს, ამ არაადეკვატური ზედწოდების მიზეზი ასეთ კონსერვატორებთან მიმართებაში „ახალი კურსის“ იმ დროში უნდა ვეძებოთ, როცა ამ სახელს ბოროტად იყენებდნენ.

4. საუბარია „მაკარტიზმზე“ - კომუნიზმის მხარდამჭერების დევნის კამპანიაზე, რომელსაც სენატორი მაკკარტი ხელმძღვანელობდა.

5. როგორც ეს გამოთქვა რ. ჯ. კოლინგვუდმა „ახალ ლევიათანში“ (Collingwood R.G. The New Leviathan. Oxford: Oxford University Press, 1942. p. 209).

6. სიმპტომატურია, რომ ბრიტანეთის ამჟამინდელმა (კონსერვატორმა) პრემიერ-მინისტრმა ჰეროლდ მაკმილიანმა ეს სახელწოდება აირჩია თავისი საპროგრამო წიგნისთვის (Macmillan H. The Middle Way. London, 1938).

7. შდრ.: „ბუნებრივი კონსერვატიზმი... ეს არის ცვლილებების მიუღებლობა; ნაწილობრივ იგი მომდინარეობს ყოველივე უცნობის მიმართ უნდობლობიდან“ (Cecil H. Conservatism. [London:] Home University Library, [1912]. p. 9.

8. შდრ. კონსერვატორის თვითდახასიათება: „მემარჯვენეებს ეშინიათ მასებიდან აღებული იდეების, განა სწორი არ იყო დიზრაელი, როცა თქვა, რომ პრაქტიკული ადამიანი „საკუთარ წინამორბედთა უხეშ შეცდომებს იმეორებს“? ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში საკუთარი ისტორიის მანძილზე ისინი ხელაღებით უპირისპირდებოდნენ სრულყოფის ყველა მცდელობას; ამტკიცებენ რა, რომ თაყვანს სცემენ საკუთარ წინაპრებს, მათ საკუთარი შეხედულებები ხშირად ძველ კერძო სტერეოტიპებამდე დაჰყავთ. მათი პოზიცია უფრო დაცული, მაგრამ იმავდროულად უფრო რთული ხდება, თუკი ამას იმასაც დავუმატებთ, რომ მარჯვენა ფრთა განუწყვეტლივ ცდილობს დაეწიოს მარცხენას; რომ ის ლიბერალური იდეების განუწყვეტელი ინექციით ცოცხლობს, და ამიტომაც იტანჯება კომპრომისის მუდმივად არასრულყოფილ მდგომარეობაში ყოფნით (Feiling K. Sketches in Nineteenth Century Biography. London, 1930. p. 174).

9. Whig - ასე ეწოდებოდა ბრიტანეთში იმ პარტიის წევრს, რომელიც მხარს უჭერდა პროგრესსა და რეფორმებს. მოგვიანებით ის ლიბერალურ პარტიად გარდაიქმნა (Oxford Advanced Learner's Dictionary of Current English, 7th edition, 2009).

10. Tory - ბრიტანული კონსერვატიული პარტიის წევრი ან მხარდამჭერი (Oxford Dictionary… 2009).

11. იმედი მაქვს, მეპატიება აქ იმ აზრის გამეორება, რომელიც სხვა დროს გამოვთქვი და არცთუ უმნიშვნელო მეჩვენება: „ინდივიდუალიზმის მთავარი ღირსება, რომელსაც ქადაგებდნენ [ადამ სმიტი] და მისი თანამედროვენი, მდგომარეობს შემდგომში: ეს არის წყობა, რომლის დროსაც უგუნურ ადამიანებს ნაკლები ზიანი მოაქვთ. ეს არის საზოგადოებრივი წყობა, რომლის ფუნქციონირებისთვის არ არის აუცილებელი, რომ პატიოსანი ადამიანები ვიპოვოთ ქვეყნის მართვისთვის, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანი უკეთესი გახდეს. პირიქით, ეს წყობა გვაიძულებს ყველა ადამიანს ვემსახუროთ მათთვის დამახასიათებელ მრავალფეროვნებასა და არაერთგვაროვნებაში, რასაც ზოგჯერ მწყობრი, ზოგჯერ ქაოსური, ზოგჯერ გონივრული და ხშირად კი უგუნური ხასიათი აქვს“ (Hayek F.A. Individualism and Economic Order [London; Chicago, 1948]. p. 11).

12. „თავისუფლების კონსტიტუციის“ მესამე ნაწილში საუბარია სახელმწიფო რეგულირების იმ ელემენტებზე, რომლებიც ჰაიეკს ლიბერალიზმთან შეთავსებადად მიაჩნდა სოციალური დაზღვევის, საგადასახადო, ქალაქის დაგეგმარების, განათლებისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების სფეროებში.

13. შდრ. ლორდი აქტონის სიტყვები: „საშიშროებას არ წარმოდგენს, რომ ესა თუ ის კონკრეტული კლასი მართვის უნარს არის მოკლებული. არცერთ კლასს არ ძალუძს მართვა. თავისუფლების კანონი იქითკენ მიისწრაფის, რომ გააუქმოს ბატონობა ერთი რასისა მეორეზე, ერთი სარწმუნოებისა მეორეზე, ერთი კლასისა მეორეზე“ (Letters of Lord Acton to Mary Gladstone /Ed. H. Paul. London, 1913. p. 73).

14. ჟ. ჰიქსი სამართლიანად აღნიშნავდა ამასთან დაკავშირებით „ახალგაზრდა დიზრაელის, მარქსისა და გებელსის მიერ დახატულ კარიკატურაზე“ (Hicks J.R. The Pursuit of Economic Freedom//What We Defend/Ed. E.F. Jacob [Oxford: Oxford University Press, 1942]. p. 96). ამ კონტექსტში კონსერვატორთა როლის შესახებ იხ. აგრეთვე ჩემი ნაშრომი „Introduction to Capitalism and the Historians“ (Chicago: University of Chicago Press, 1954. p. 19 ff).

15. შდრ. მილთან: „მე არ ვიცი ადამიანთა რომელ ჯგუფს ეკუთვნის უფლება სხვები ძალით აზიაროს ცივილიზებულობას“ (Mill J.S. On Liberty/Ed. R.B. McCallum. Oxford, 1946. p. 83).

16. ფაბიანური საზოგადოება - 1884 წელს დაფუძნებული ინგლისური სოციალ-რეფორმისტული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ქადაგებს თანდათანობით გადასვლას სოციალიზმისკენ ნაწილობრივი რეფორმების გზით. მოგვიანებით გაერთიანდა ლეიბორისტულ პარტიასთან კოლექტიური წევრის უფლებებით.

17. კათედერ-სოციალიზმი („სოციალიზმი კათედრიდან“) - მე-19 საუკუნის 60-იან წლებში წარმოქმნილი გერმანული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ქადაგებს კაპიტალიზმის მშვიდობიან „შეზრდას“ სოციალიზმში რეფორმების გზით.

18. ჯინგოისტი - დიზრაელის ახლოაღმოსავლეთთან დაკავშირებული აგრესიული პოლიტიკის მიმდევარი. გადატანითი მნიშვნელობით - შოვინისტი, ვაშაპატრიოტი .

19. J. W. Burgess, The Reconciliation of Government with Liberty (New York, 1915), p. 380.

20. შდრ.: „თავისუფლების სული - ეს არის სული, რომელიც ძალიან დარწმუნებული არ არის საკუთარ სიმართლეში“ (Hand L. The Spirit of Liberty/Ed. I. Dilliard. N.Y., 1952. p. 190). იხ. აგრეთვე ოლივერ კრომველის ხშირად ციტირებადი გამონათქვამი შოტლანდიური ეკლესიის ასამბლეისადმი 1650 წლის 3 აგვისტოს მიმართული წერილიდან: „ქრისტეს გულისთვის, გთხოვთ გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენ შეიძლება ცდებოდეთ“. სიმპტომატურია, რომ ბრიტანეთის ისტორიიდან ცნობილი ამ ერთადერთი „დიქტატორის“ გამონათქვამთა შორის ყველაზე უფრო ღრმად ხალხის მეხსიერებას სწორედ ეს გამონათქვამი შემორჩა!

21. Hallam H. Constitutional History. T. III. [London], 1827. p. 90. არსებობს აზრი, რომ ტერმინი „ლიბერალი“ მომდინარეობს ესპანური სიტყვისგან „ლიბერალეს“, რომელიც მე-19 საუკუნის დამდეგს ესპანეთის ერთ-ერთი პარტიის სახელწოდება იყო. ჩემი აზრით კი, ეს სიტყვა ადამ სმიტის მიერ არის შემოტანილი მიმოქცევაში ისეთ კონტექსტებში, როგორიცაა: „თავისუფალი ექსპორტისა და იმპორტის ლიბერალური სისტემა“ (Smith A. [An inquiry into the nature and causes of the] w[ealth] o[f] n[ations]. Vol. II [London, 1776]. p. 41) და „თითოეულ ადამიანს უნდა მიეცეს ნება განახორციელოს თავისი ინტერესები საკუთარი ქცევების მიხედვით, თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ლიბერალური გეგმის მიხედვით“ (p. 216).

22. Letters of Lord Acton to Mary Gladstone/Ed. H. Paul. London, 1913. p. 44. შდრ. ასევე მისი მსჯელობა ტოკვილის ლიბერალობის შესახებ ნაშრომში „Lectures on the French Revolution“ (London, 1910. p. 357).

23. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დამდეგს შენიშნა ერთმა ინგლისელმა, რომ „მას არ შეეძლო გაეხსენებინა ერთი უცხოელიც კი, არა აქვს მნიშვნელობა გერმანელი იქნებოდა ის, ფრანგი, იტალიელი თუ თურქი, რომელიც ინგლისში დაფუძნების შემდეგ ვიგად არ ქცეულიყო“ (ციტირებულია: Guttridge G.H. English Whiggism and the American Revolution [Berkeley: University of California Press, 1942]. p. 3).

24. აშშ-ში ტერმინ „vigis“ მნიშვნელობამ, რომელიც მე-19 საუკუნეში გამოიყენებოდა, წაშალა ხსოვნა იმ ფაქტისა, რომ მე-18 ს-ში ის იმ პრინციპებთან იყო ასოცირებული, რომლებმაც რევოლუციას სული შთაბერა, ქვეყანას დამოუკიდებლობა მოაპოვებინა და კონსტიტუციის საფუძვლად იქცა. სწორედ ვიგების საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ჯეიმს მედისონისა და ჯონ ადამსის პოლიტიკური იდეალები (შდრ.: Burns E.M. James Madison [New Brunnswick (N.J.): Rutgers University Press, 1938]. p. 4); ჯეფერსონის მოწმობით, სწორედ ვიგების პრინციპებით მოქმედებდა ყველა იურისტი, რომლებიც აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ მათ შორის, ვინც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, ასევე კონსტიტუციური კონვენტის მონაწილეთა შორისაც (იხ.: Writings of Thomas Jefferson. Ò. XVI [Washington, 1905]. p. 156). ვაშინგტონის ჯარისკაცებიც კი ტრადიციული ვიგური ფერებით - „ლურჯი და კამეჩის ტყავის ფერებით“ - მორთულ ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი, რაც მათ ინგლისური პარლამენტის ფოქსის (the Foxites) პარტიის ვიგებთან აახლოებდა. ჩვენს დრომდე ეს ფერები შემორჩა ჟურნალ „ედინბურგრევიუს“ ყდას. თუკი სოციალისტთა თაობამ ვიგიზმი თავის საყვარელ სამიზნედ გაიხადა, უფრო გონივრული იქნებოდა ამ სახელის დაცვა სოციალიზმის მოწინააღმდეგეთა მხრიდან. დღეისთვის ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელიც ადეკვატურად ახასიათებს ლიბერალ-გლადსტონიანელებს, რომლებიც მეიტლენდის, აქტონისა და ბრაისის თაობის წარმომადგენლები არიან, უკანასკნელი თაობისა, რომლისთვისაც მთავარი მიზანი თავისუფლება იყო და არა თანასწორობა ან დემოკრატია.

25. Acton, lord. Lectures on Modern History. London, 1906. p. 218

26. შდრ. ს. პადოვერის სიტყვები მისი წიგნიდან „Introduction to The Complete Madison“ (N.Y., 1953. p. 10): „ჩვენი დროის ენით მედისონი დახასიათებული იქნებოდა როგორც „ლიბერალ-ცენტრისტი“, ჯეფერსონი კი როგორც „რადიკალი“. ეს სავსებით სწორი და ძალიან მნიშვნელოვანი აზრია, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ე. კორვინი ჯეფერსონის დაუძლეველი გავლენის წინაშე მედისონის მოგვიანო კაპიტულაციაზე საუბრობს (Corwin E.S. James Madison: Layman, Publicist, and Exegete//New York University Law Review [1952]. Vol. XXVII. p. 285).

27. შდრ. დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის პოლიტიკური პლატფორმა, სადაც საკმაოდ არგუმენტირებულად არის საუბარი იმის შესახებ, რომ „ეს ახალი კონცეფცია [სოციალური უზრუნველყოფის სისტემა] კოალიციური მთავრობის მიერ იყო შემუშავებული, რომელშიც უმრავლესობა მინისტრი-კონსერვატორები იყვნენ და რომელიც ერთხმად მოიწონა კონსერვატორთა უმრავლესობამ... [ჩვენ] შევიმუშავეთ პრინციპები საპენსიო უზრუნველყოფისთვის და გავითვალისწინეთ დახმარებები ავადმყოფობისთვის, უმუშევრობისთვის, მრეწველობის შეფერხებისა და სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემისათვის“ (The Right Road for Britain. London, 1950. p. 41-42).

28. Smith A. Op. cit. Vol. I. p. 432.

29. Ibid.

6.2 თავისუფლების ტექნოლოგია

▲back to top


ლარი დაიმონდი

ლარი დაიმონდი

არის ჰუვერის ინსტიტუტისა და ფრიმენ სპოგლის სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი და დემოკრატიის ჟურნალის დამფუძნებელი თანარედაქტორი.

2003 წლის მარტში გუანჩჟოუს (კანტონი ჩინეთში) პოლიციამ დააკავა 27 წლის სან ჟიგანგი და მას დროებითი საცხოვრებელი ნებართვისა და პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვა. ვინაიდან დაკავებულმა ვერ შეძლო ამ საბუთების წარდგენა, ის დაკავების ცენტრში გაიგზავნა. სამი დღის შემდეგ სან ჟიგანგი გარდაიცვალა დაწესებულების საავადმყოფოში. სიკვდილის მიზეზად დაფიქსირდა გულის შეტევა, მაგრამ მისი მშობლების ნებართვით ჩატარებული გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ის უმოწყალოდ იყო ნაცემი.

სანის მშობლემა თავიანთი შვილის ისტორია მიიტანეს ლიბერალურ გაზეთში „Nanfang Dushi Bao (სამხრეთ მეტროპოლისის ყოველდღური გაზეთი), რომლის გამოძიებამაც დაადასტურა, რომ სანი ცემით იყო მოკლული პატიმრობისას. როგორც კი 25 აპრილს გამოძიების შედეგები გამოქვეყნდა, „გაზეთებმა და ვებგვერდებმა მთელ ჩინეთში გაავრცელეს ანგარიში, ინტერნეტის ფორუმები და ელექტრონული განცხადებების დაფები აღშფოთებამ მოიცვა“ და ეს შემთხვევა სწრაფად გახდა ნაციონალური ისტორიის ნაწილი1. ცენტრალური ხელისუფლება იძულებული შეიქნა საკუთარი გამოძიება დაეწყო და 27 ივნისს მან გამოავლინა თორმეტი ადამიანი, რომლებსაც ბრალი მიუძღოდათ სანის სიკვდილში.

სანის საქმე, რომელიც ოფიციალური სამართალდარღვევის გამოვლენითა და დამნაშავეთა დასჯით დამთავრდა, იშვიათი შემთხვევა იყო ჩინეთში, მაგრამ მან ფართო და ხანგრძლივი ზეგავლენა იქონია, რადგან ეროვნული დებატები გამოიწვია „დაპატიმრებისა და რეპატრიაციის“ (C&R) ზომების თაობაზე, რომლის მიხედვითაც პოლიციას უფლება ჰქონდა დაეკავებინა სოფლიდან ემიგრირებულები (ჩვეულებრივ, საზარელ პირობებში მცხოვრებნი) საცხოვრებელი ადგილის ან დროებითი ნებართვის უქონლობის გამო. სანის სიკვდილის შემდგომი აღშფოთების ტალღის დროს მრავალმა ჩინელმა მოქალაქემ გამოაქვეყნა ინტერნეტისტორიები „დაპატიმრებისა და რეპატრიაციის“ საკუთარ გამოცდილებაზე, ხოლო კანონმდებლობის კონსტიტუციურობა ცხარე დებატების საგნად იქცა უნივერსიტეტებში. ინტერნეტით გამოქვეყნებულმა პეტიციამ, რომელიც თხოვდა სრულიად ჩინეთის ეროვნულ წარმომადგენელთა მუდმივ კომისიას გადაესინჯა დაპატიმრებისა და რეპატრიაციის მექანიზმი, მალე მოიპოვა საყოველთაო სახალხო მხარდაჭერა და 2003 წლის ივნისში მთავრობამ განაცხადა, რომ ის მთლიანად დახურავდა რვაასზე მეტ C&R დაკავების ცენტრს.2

0x01 graphic

სანის შემთხვევა გარდატეხად აღიქმებოდა - პირველად მოხდა, რომ საზოგადოებრივი აზრის მშვიდობიანმა გამოხატვამ აიძულა ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება შეეცვალა ეროვნული წესი. მაგრამ მალე ეს მოვლენა რედაქტორ ჩენგ იზჰონგის არამართლზომიერ საქციელში დადანაშაულების საბაბადაც იქცა, რომელიც ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა მის სამ კოლეგასთან ერთად დააპატიმრეს მათი იმ მცდელობის საპასუხოდ, რომ გამოძიებინათ დანაშაული, რამაც სანის სიკვდილი გამოიწვია. სამართლებრივი დაცვა, რომელიც ხიუ ზჰიონგმა წამოიწყო ოთხი ჟურნალისტის სახელით, თავად იქცა გახმაურებულ სასამართლო პროცესად. იმ დროს, როდესაც მათმა კოლეგა ჟურნალისტებმა უპრეცედენტო კამპანია დაიწყეს მათი განთავისუფლებისთვის, რისთვისაც სხვა საშუალებებთან ერთად ინტერნეტპეტიციაც გამოიყენეს, ხიუმ შექმნა ვებგვერდი - ღია კონსტიტუციური ინიციატივა - საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და იურიდიული არგუმენტების გამოსაქვეყნებლად. ყოველივე ეს „უფლებების დაცვის“ - weiquan-ის - მზარდი მოძრაობის სახეს იღებდა. მაგრამ როდესაც ჩენგი და მისი მოადგილე რედაქტორი ბრალდების გარეშე გამოუშვეს ციხიდან, მათ დაკარგეს სამსახური და ხელისუფლებამ დახურა ხიუს ვებგვერდი. ხიუმ უფლებების დაცვის კუთხით მოღვაწეობა გასული წლის ივლისამდე გააგრძელა, იმ დრომდე, ვიდრე მის ორგანიზაციას დახურავდნენ და მას დააკავებდნენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გადასახადებისაგან თავის არიდების გამო.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით ოპტიმისტები აღნიშნავენ ინტერნეტისა და „თავისუფლების ტექნოლოგიის“ სხვა ფორმების საოცარ უნარს - გააფართოონ ადამიანური შესაძლებლობები, ხელი შეუწყონ დამოუკიდებელ კომუნიკაციას და მობილიზაციას და გააძლიერონ განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოება. პესიმისტები ამტკიცებენ, რომ ჩინეთში ძირეულად არაფერი შეცვლილა. ჩინეთის კომუნისტური პარტია მყარად რჩება ძალაუფლების სათავეში ანგარიშვალდებულების გარეშე. Weiquan-მოძრაობამ კრახი განიცადა, ხოლო ჩინეთის სახელმწიფომ დააწესა ციფრული ცენზურის უპრეცენდენტო სისტემა.

ორივე ხედვა გარკვეულწილად მართებულია. თავისუფლების ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მოქალაქეებს გაავრცელონ ახალი ამბები, გამოავლინონ სამართალდარღვევები, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, მოახდინონ საპროტესტო მოძრაობის მობილიზაცია, თვალი ადევნონ არჩევნებს, აკონტროლონ ხელისუფლება, გააღრმაონ ჩართულობა და გააფართოონ თავისუფლების ჰორიზონტი. მაგრამ ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოებს, როგორიც ჩინეთი, ბელორუსია და ირანია, შეძენილი და გაზიარებული აქვთ შთამბეჭდავი ტექნიკური შესაძლებლობები ინტერნეტის გასაფილტრად, გასაკონტროლებლად და განსხვავებული აზრის მქონე პირების გამოსავლენად და დასასჯელად. დღესდღეობით დემოკრატები და ავტორიტარები ეჯიბრებიან ერთმანეთს ამ ტექნოლოგიების დაუფლებაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, არა ტექნოლოგია, არამედ პოლიტიკური წყობა და სტრატეგია და დამკვიდრებული ნორმატიული, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ „გაიმარჯვებს“ ამ შეჯიბრში. თავისუფლების ტექნოლოგია - ეს არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ნებისმიერი ფორმა, რომელსაც შეუძლია გააფართოოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თავისუფლება. თანამედროვე ეპოქაში ეს გულისხმობს ციფრული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არსებითად ახალ, ურთიერთდაკავშირებულ ფორმებს - კომპიუტერს, ინტერნეტს, მობილურ ტელეფონს და ურიცხვ ინოვაციურ აპლიკაციებს, რომელთა შორისაა ისეთი „ახალი სოციალური მედიასაშუალებები“ როგორიცაა Facebook-ი და Twitter-ი. ციფრულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ადრინდელ ტექნოლოგიებთან შედარებით გარკვეული თვალშისაცემი უპირატესობები აქვს. ინტერნეტის დეცენტრალიზებული ხასიათი და შესაძლებლობა (მობილურ ტელეფონებთან ერთად), რომ უმოკლეს დროში მიაწვდინოს ხმა ადამიანთა დიდ რაოდენობას, ძალზე ხელსაყრელია ფართო მასების ორგანიზებისთვის. რადიოსა და ტელევიზიისგან განსხვავებით, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ორმხრივია და კომუნიკაციის მრავალმხრივ ფორმებსაც შეიცავს. ისეთი საშუალებებით, როგორც არის Twitter-ი (სოციალური ქსელების და მიკრობლოგების მომსახურება, რაც მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები, რომლებიც 140-მდე სიმბოლოს შეიცავენ), მომხმარებელს შეუძლია მყისიერად დაუკავშირდეს ასობით და ათასობით „მიმდევარს“. ამგვარად, მომხმარებლები არიან ინფორმაციის არა მხოლოდ პასიური მიმღებნი, არამედ ჟურნალისტები, კომენტატორები, ვიდეოოპერატორები, გართობის ინდუსტრიის მუშაკები და ორგანიზატორები. მიუხედავად იმისა, რომ ამ საშუალებათა გამოყენების უდიდესი წილი არაპოლიტიკურია, ტექნოლოგიას შეუძლია გაზარდოს მათი შესაძლებლობები და უფლებები, ვისაც სურს პოლიტიკური იყოს და გააკრიტიკოს ავტორიტარული მმართველობა.

აღსანიშნავია, რომ მისი პოტენციალის გამო არსებობს შეხედულება ინტერნეტზე, როგორც პოლიტიკური მოვლენების განვითარებაში უპრეცედენტო მედიასაშუალებაზე. თუმცა ისტორია ფრთხილია ასეთი წარმოდგენების მიმართ. მეთხუთმეტე საუკუნეში ბეჭდვით პრესაში ძირეული გარდატეხა მოხდა ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების თვალსაზრისით, რამაც საფუძველი დაუდო რენესანსს, პროტესტანტულ რეფორმაციას და სამეცნიერო რევოლუციას. ამ ფუნდამენტებზე აღმოცენდა თანამედროვე დემოკრატია. მაგრამ ბეჭდვითმა პრესამ ასევე ხელი შეუწყო ცენტრალიზებული სახელმწიფოს წარმოქმნას და დააჩქარა მოძრაობა ცენზურის მიმართულებით.3 ერთნახევარი საუკუნის შემდეგ წარმოდგენილი იყო ტელეგრაფი, როგორც მშვიდობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობის საშუალება. უეცრად მსოფლიო შეიკუმშა; ახალი ამბები, რომელთა მსოფლიოში გავრცელებას ერთ დროს კვირები სჭირდებოდა, მყისიერად შეიძლებოდა გადაცემულიყო. ამას მოჰყვა არა მშვიდობა და თავისუფლება, არამედ ყველაზე სისხლიანი საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში. თავისუფლების ტექნოლოგიის დღევანდელი ენთუზიასტები შეიძლება დავადანაშაულოთ მათი ვიქტორიანელი წინაპრების ანალიტიკური ცოდვების ჩადენაში, „ტექნოლოგიურ უტოპიზმსა“ და „ქრონოცენტრისტულობაში“ - რაც გულისხმობს „ეგოცენტრულობას იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანის თანამედროვე თაობა იკავებს ადგილს ისტორიის მწვერვალზე“.4

საბოლოო ჯამში ტექნოლოგია მხოლოდ იარაღია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც კეთილშობილი, ისე ბილწი მიზნებისთვის. რადიო და ტელევიზიაც ხომ, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს საინფორმაციო პლურალიზმისა და რაციონალური განსჯის გამტარი საშუალება, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი შესაძლოა ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ფანატიკური მობილიზაციისა და სახელმწიფოს ტოტალური კონტროლის მიზნით იმართებოდნენ. ავტორიტარულ სახელმწიფოებს შეუძლიათ ამავე მიზნებისთვის ხელში ჩაიგდონ ციფრული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიც. და მაინც მანამ, სანამ ახლებურად მოაზროვნე მოქალაქეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ და უკეთესად გამოიყენონ ეს საშუალებები, მათ შეუძლიათ ჩაახშონ ავტორიტარიზმი - როგორც ეს რიგ შემთხვევებში განახორციელეს კიდეც.

მობილიზაცია ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ ციფრული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების „განმანთავისუფლებელი“ ფუნქციის მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა. ვიდრე დემოკრატიის უმაღლეს წერტილამდე მობილიზაციას მოახერხებდეს, მანამდე გაცილებით ადრე ეს საშუალებები შეიძლება გამოყენებული იქნეს საზოგადოებრივი სფეროს გაფართოების ხელშეწყობისათვის, სიახლეების, კომენტარებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის უფრო პლურალისტური და ავტონომიური პლატფორმის შესაქმნელად. ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებები ძლიერი ინსტრუმენტებია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, დოკუმენტური დასაბუთების თვალსაზრისითაც, აგრეთვე ადამიანთა უფლებების დარღვევის შესაკავებლად და დემოკრატიული პროცესების გასავითარებლად. და, მართალია, აქ ამ აზრს ვერ განვავითარებ, მაგრამ ციფრული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სიღარიბისა და დაავადებათაგან ხალხის ხსნის საშუალებაცაა: ის გვაწვდის დროულ ინფორმაციას მოსავლის ფასებზე, უზრუნველყოფს მიკროდაფინანსებას მცირე მეწარმეებისთვის, იძლევა ინფორმაციას ეპიდემიების გავრცელების კერების შესახებ და უფრო ქმედითად აკავშირებს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებს სასოფლო დასახლებებთან.5

მალაიზია: საზოგადოებრივი სფეროს გაფართოება

ავტორიტარული მმართველობის კრიტიკული საყრდენი არის ინფორმაციის კონტროლი. ბლოგების (ამჟამად მთელ მსოფლიოში ას მილიონზე მეტი ბლოგია), ინტერნეტდღიურების, თემატური ჩეტების და უფრო ფორმალიზებული ინტერნეტ-მედიის მეშვეობით ინტერნეტი უზრუნველყოფს ექსკლუზიურად ახალ საშუალებებს საინფორმაციო ნაკადის გამრავლებისა და კომენტარების, დებატებისა და აზრთა სხვადასხვაობის მასშტაბების გაფართოვებისთვის.

ამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია ინტერნეტ-გაზეთი მალაისიაკინი, რომელიც მალაიზიაში ახალი ამბებისა და კომენტარების უმთავრეს ალტერნატიულ წყაროდ იქცა.6 „თავისუფლების სახლის“ თანახმად, მალაიზიაში იზღუდება პრესის თავისუფლება. რეჟიმი (როგორც სახელმწიფო, ისე მმართველი კოალიცია Barisan Nasional-ი) აკონტროლებს ბეჭდვით და სამაუწყებლო მედიასაშუალებებს პირდაპირი მფლობელობისა და მონოპოლიური მეთოდების მეოხებით. ამგვარად, მას შეუძლია ფორმა მისცეს იმას, რასაც კითხულობენ და უყურებენ მალაიზიელები და შეუძლია სამსახურიდან დათხოვნით დასაჯოს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები. რეპრესიული კანონები მკაცრად ზღუდავენ ინფორმაციის მიწოდების, გამოქვეყნებისა და გადაცემის თავისუფლებას. მაგრამ მალაიზიაში, განათლების მაღალი დონის მქონე სწრაფად განვითარებად ქვეყანაში, მკვეთრად გაიზარდა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა (ხოლო ბოლო დროს ფართოხაზოვანი მისაწვდომობა), თუ გავითვალისწინებთ, რომ 2000 წელს ინტერნეტით სარგებლობდა მოსახლეობის 15%25, ხოლო 2009 წელს - 66%25 (რაც ტაილანდის მონაცემებს უტოლდება და ცოტათი ჩამორჩება ჰონკონგისას).7 ტრადიციულ მედიასაშუალებებზე მთავრობის მკაცრი კონტროლისა და ფართოდ გავრცელებული ინტერნეტმისაწვდომობის და მასში შედარებითი თავისუფლების კომბინაციამ მალაიზიაში გზა მისცა ინტერნეტჟურნალისტიკას, რომელშიც მოღვაწეობა დაიწყო ორმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა - სტივენ განმა და პრემეშ ჩანდრანმა. განმა და ჩანდრანმა, რომლებიც სტუდენტობის დროიდან ავტორიტარული მმართველობის ოპონენტები იყვნენ, 1998 წლის რეფორმების პერიოდში გააცნობიერეს, რომ მალაიზიაში დადგა მედიის რეფორმირების და დამოუკიდებელი ინფორმაციის მიწოდების დრო. თითქმის 9000 აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი დანაზოგით მათ 1999 წლის ნოემბერში მალაისია კინი დააარსეს და თითქმის დაუყოვნებლივ მოიხვეჭეს სახელი, როდესაც გამოააშკარავეს, თუ როგორ ამოჭრა სამთავრობო გაზეთმა ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის (და პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილის) ანვარ იბრაჰიმის გამოსახულება მმართველი პარტიის პოლიტიკოსების ჯგუფური ფოტოდან.

მალაისია კინმა თავიდანვე მკითხველთა ლოიალური და მზარდი აუდიტორია მოიპოვა იმის გამო, რომ სანდო და დამოუკიდებელ ცნობებს აწვდიდა საზოგადოებას მალაიზიური პოლიტიკისა და მმართველობის შესახებ. მისი მკითხველების რიცხვის ზრდის პროპორციულად ვიწროვდებოდა ძირითადი გაზეთების მკითხველთა წრე. მოულოდნელად მალაიზიელებს საშუალება მიეცათ წაეკითხათ დიდი ხნის ტაბუდადებული თემების შესახებ, როგორიც არის კორუფცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, ეთნიკური დისკრიმინაცია და პოლიციის სისასტიკე. ამჟამად ინტერნეტ-გაზეთი დღეში დაახლოებით თხუთმეტ ახალ ამბავს აქვეყნებს ინგლისურ ენაზე, გარდა იმისა, რომ აქ იბეჭდება საავტორო სტატიები, წერილები, მკითხველთა შენიშვნები და ყოველდღიური სატირული ნაკვესები (კარტუნ კინიში), ამასთან ერთად - თარგმანები და ორიგინალური მასალები ჩინურ, მალაიურ და თამილურ ენებზე. მალაისია კინი წერს იმ სკანდალურ თემებზე, რომლებსაც არ შეეხებოდა არცერთი სამთავრობო გაზეთი; ეს თემებია - ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვა, რაც ქვეყნის მთავარი პორტის სააგენტოში არსებულ ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება, და ფინანსური დარღვევები ბანკში (Bank Islam Malaysia), რომელიც მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს. ანვარ იბრაჰიმის მიმართ რეჟიმის მხრიდან ახალი სამართლებრივი იერიშის პირობებში, მალაისია კინი არის ერთადერთი ადგილი, სადაც მალაიზიელებს შეუძლიათ მიიღონ მიუკერძოებელი ინფორმაცია ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ. 2008 წლის ივლისში ის გახდა მალაიზიის ყველაზე ხშირად მონახულებადი საინფორმაციო გვერდი, რომელიც თვეში თითქმის 2,5 მილიონ ვიზიტორს ითვლის. მაგრამ მაინც, ისევე, როგორც ინტერნეტ გამოცემათა უმრავლესობა მთელ მსოფლიოში, ის კვლავ ცდილობს მოიპოვოს ფინანსური მდგრადობა.

თუმცა დღესდღეობით მალაიზიაში ავტორიტარული მმართველობა არ შესუსტებულა იმასთან შედარებით, რაც მალაისია კინის დაარსების დროს იყო ათი წლის წინ, ის უფრო კონკურენტუნარიანი გახდა და შესაძლოა უფრო მიუახლოვდა დემოკრატიულ „გარღვევას“, ვიდრე ოდესმე გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში მომხდარა. თუ გარდატეხა მიღწეულ იქნა, ეს ძირითადად პოლიტიკური ფაქტორების დამსახურება იქნება - ეფექტური ოპოზიციური ძალების გაერთიანების და ქედმაღალი რეჟიმის უხეში შეცდომების დამსახურება. ამასთან, ეკონომიკური და სოციალური ცვლილება წარმოშობს უფრო განათლებულ და მრავალფეროვან მოსახლეობას, რომელიც ნაკლებად ტოლერანტულია მთავრობის მხრიდან გადაჭარბებული მეურვეობისა და კონტროლის მიმართ. არჩევნების შედეგები და სხვა მონაცემები მიუთითებენ, რომ ახალგაზრდა მალაიზიელები განსაკუთრებით ემხრობიან (უფრო დემოკრატიულ) ოპოზიციას. მაგრამ ძნელია ამ პოლიტიკური და სოციალური ფაქტორების ჩამოშორება დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სფეროს გაფართოებისაგან, რისი ინიციატორიც მალაისია კინი იყო. 2008 წლის მარტში „ბარისან ნასიონალმა“ ნახევარი საუკუნის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი მიიღო არჩევნებში, როდესაც, პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ორი მესამედი დაკარგა. ამას ხელი შეუწყო ინტერნეტჟურნალისტიკის მზარდმა განვითარებამ, რამაც დააკნინა კოალიციის ძლიერი უპირატესობა მედიის მისაწვდომობის მხრივ და „თავზარი დასცა ქვეყანას“ პოლიციის მიერ დემონსტრანტების, განსაკუთრებით ინდური წარმოშობის პირების, შეურაცხყოფის უხეში ფაქტების დასაბუთებით.

მალაისია კინი და მისი საძმო გარკვეულ დემოკრატიულ ფუნქციებს ასრულებენ. ისინი ისეთ ფაქტებსა და გამოსახულებებს გადასცემენ, რომელთაც მალაიზიელები სხვაგვარად ვერ გაეცნობოდნენ; კომენტარებისა და დებატებისთვის უზრუნველყოფენ ცენზურისგან თავისუფალ ფორუმს, რაც კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებრივ სფეროს წარმოშობს; სთავაზობენ სივრცეს და აზრის გამოთქმის უფლებას მათ, ვისაც შემოსავალი, ეთნიკური წარმომავლობა ან ასაკი საზოგადოების მარგინალურ წევრებად აქცევს; პოლიტიკურ ოპოზიციას, რომლისთვისაც მიუწვდომელია სამთავრობო მედია, აძლევენ შესაძლებლობას დაიცვას თავისი პოზიცია. ამ პროცესში ისინი პოლიტიკურ განათლებას აწვდიან მალაიზიელებს და ხელს უწყობენ უფრო დემოკრატიული ნორმების დამკვიდრებას. ბევრი ონლაინპუბლიკაცია და ინტერნეტბლოგის საიტი ასრულებს ანალოგიურ ფუნქციებს სხვა ნახევრადავტორიტარულ (როგორიცაა ნიგერია) და მზარდი და არალიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. მაგრამ შეუძლიათ თუ არა ამ ფუნქციებს დამკვიდრება ისეთ ავტორიტარულ ქვეყანაში, როგორიც დღეს ჩინეთია?

საზოგადოებრივი სფეროს წარმოშობა ჩინეთში

გავრცელებული პასუხია - არა: ჩინეთის „დიდი დამცავი ეკრანი“ (Great Firewall), ინტერნეტის გაფილტვრისა და კონტროლისთვის გამიზნული, ხელს უშლის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სფეროს გაჩენას ინტერნეტში. მართლაც განსაცვიფრებელია ჩინეთში ინტერნეტსივრცის კონტროლის როგორც მასშტაბები, ისე სირთულე. ჩინეთს დღესდღეობით ინტერნეტმომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს მსოფლიოში - 380 მილიონ ადამიანზე მეტი (ეს რიცხვი მოსახლეობის 29%25-ს უტოლდება და თექვსმეტჯერ აღემატება 2000 წლის მაჩვენებელს). მაგრამ მას აქვს აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული, „მრავალფენოვანი“ და რთული სისტემა „ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონებზე ცენზურის, მონიტორინგისა და კონტროლის ზომებისათვის“.8 გლობალურ ქსელთან დაკავშირება მონოპოლიზებულია მთავრობისგან მართული რამდენიმე ოპერატორის მიერ, რომელთაც მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული, რაც წარმოშობს არსებითად „ეროვნულ შიდა ქსელს“, რომელიც გათიშულია ყველაფრისგან, რამაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მონოპოლიას ძალაუფლებაზე. კრიტიკული ვებგვერდებისა და ონლაინმაუწყებლობის მისაწვდომობა სისტემატურად ფერხდება. კომპანია Google-ი გავიდა ჩინეთიდან ცენზურისადმი პროტესტის ნიშნად, ხოლო YouTube-ი, Facebook-ი და Blogspot-ი, სხვა ფართოდ გამოყენებად საიტებთან ერთად, ინტენსიურად იბლოკებიან ან დაბრკოლებები ექმნებათ. ჩინური კომპანიები, რომლებიც საძიებო და ქსელურ მომსახურებას უზრუნველყოფენ, საერთაშორისო კომპანიებზე უფრო მკაცრ თვითცენზურაზე თანხმდებიან. საპროტესტო ტალღის აგორების (როგორც, მაგალითად, ეს მოხდა ტიბეტის ირგვლივ 2008 წელს) ან სხვა სენსიტიური პოლიტიკური მომენტების მოახლოებისას, ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა საინფორმაციო ცენტრებს და ონლაინფორუმებს ხურავს. ამჟამად ერთპარტიული მმართველობა ცდილობს აღმოფხვრას ანონიმური კომუნიკაცია და ქსელური კავშირები ბლოგებსა და კომენტარებზე ნამდვილი სახელების რეგისტრაციის მოთხოვნით და ინტერ-ნეტკაფეების მჭიდრო კონტროლითა და მონიტორინგით. ორმოცდაათიათასკაციანი ინტერნეტპოლიცია მალულად დაძვრება ინტერნეტსივრცეში და აუჩინარებს „მავნე შინაარსის“ შემცველ ინფორმაციას - როგორც წესი, 24-48 საათის განმავლობაში. სტუდენტებს ქირაობენ მათ თანატოლებზე თვალთვალის მიზნით და რეჟიმი ფულს უხდის მეოთხედ მილიონ ინტერნეტჰაკერს (რომელთაც „50-ცენტიანებს“ უწოდებენ, რადგან დაბალ ანაზღაურებას ჯერდებიან), რომ სახელმწიფოზე დადებითი კომენტარები დაწერონ და ცნობები მიაწოდონ ხელისუფლებას უარყოფითი კომენტარების შესახებ.

0x01 graphic

მაგრამ ინტერნეტსივრცის ამგვარი, თითქმის ტოტალური, კონტროლი ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია. უბრალოდ, ძალზე დიდია კომუნიკაციისა და ქსელური კავშირების მოცულობა ინტერნეტში (და მობილურ სატელეფონო ქსელებში) იმისათვის, რომ სახელმწიფომ ყველაფერს გაუწიოს ცენზურა და მონიტორინგი. უფრო მეტიც, ჩინეთის ქსელის მომხმარებლებს - განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის წიაღში იზრდებიან - გამჭრიახი გონება აქვთ, მიზანდასახულები და ცინიკურები არიან ოფიციალური ორთოდოქსალობის მიმართ. ბევრი მათგანი მუდმივად ეძებს უკეთეს ტექნოლოგიებს, რათა დაუძვრეს ინტერნეტცენზურას, და ისინი მოკლე დროში უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მიგნებებს. თუ ჩინეთის ახალგაზრდა ინტერნეტმომხმარებელთა უმრავლესობა აპოლიტიკური და ფრთხილია, ისინი ასევე შორს არიან პოლიტიკური ავტორიტეტებისგან და მგზნებარედ მიმართავენ დაუმორჩილებლობის ზომიერ ფორმებს, რისთვისაც ხშირად იყენებენ სიტყვათა თამაშს.

რამდენიმე ხნის წინ ახალგაზრდა ჩინელმა ბლოგერებმა გამოიგონეს და ინტენსიური პროპაგანდა გაუწიეს ანიმაციურ ცხოველს, რომელსაც ისინი პროტესტის გამოხატვის ნიშნად „ბალახის ტალახიან ცხენს“ უწოდებენ (სახელი ჩინურად ბილწი კალამბურია). ეს მითიური ცხენი, როგორც ისტორია მოგვითხრობს, მამაცი და გამჭრიახი ცხოველია, რომლის საცხოვრებელში შეიჭრნენ „მდინარის კიბორჩხალები“. ჩინურად ამ მტკნარი წყლის კიბოსებრთა სახელწოდება (hexie) ძალიან ჰგავს სიტყვას, რომელიც აღნიშნავს ჰიუ ჯინტაოს ოფიციალურ მმართველ ფილოსოფიას „ჰარმონიაზე“ - ეს არის იარლიყი, რომელიც, კრიტიკოსთა აზრით, ცოტათი მეტია, ვიდრე ევფემიზმი ცენზურისა და კრიტიკის დახშობის აღსანიშნავად. გაზეთ China Digital Times-ის რედაქტორის ხიაო პიანგის განცხადებით, ბალახის ტალახიანი ცხენი იქცა ცენზურის მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლოდ. გამოხატულება და ანიმაციური ვიდეოები შეიძლება ჩანდეს, როგორც ახალგაზრდული პასუხი არარაციონალური მმართველობისადმი, მაგრამ ის ფაქტი, რომ გუნდს შეუერთდა ინტერნეტმოსახლეობის დიდი უმრავლესობა, სერიოზული მეცნიერებით დაწყებული პოლიტიკისადმი, ჩვეულებრივ, გულგრილი ქალაქელი მუშა-მოსამსახურეებით დამთავრებული, გვიჩვენებს, თუ რამოდენა რეზონანსი აქვს ამ გამოხატულებას.9

დაუმორჩილებლობის მოძრაობის გავრცელებისათვის ჩინელებს ციფრული ინსტრუმენტების მზარდი არჩევანი აქვთ. Twitter-ი პოლიტიკური და სოციალური ქსელური კავშირებისათვის ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალება გახდა ახალი ამბების, შეხედულებებისა და გამანადგურებელი სატირის სწრაფად გასავრცელებლად. 22 აპრილს პეკინის სახალხო უნივერსიტეტში ადამიანთა უფლებების დამცველმა სამმა აქტივისტმა გააპროტესტა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცნობილი პროპაგანდისტის ვუ ჰაოის გამოსვლა. მას დაბალფასიან ბანკნოტებს აყრიდნენ და უყვიროდნენ - „ვუ ჰაო არის ვუ მაო!“ (ანუ ვუ ჰაო არის ორმოცდაათცენტიანი). Twitter-მა ამ ეპიზოდის ფოტოები მთელ ჩინეთს აჩვენა, რამაც გაამხიარულა მილიონობით სტუდენტი, რომლებიც სიამოვნებით ამასხარავებენ მოძველებულ შინაარსს, ტირანულ აზროვნებას და რეჟიმის მიმდევრების სისასტიკემდე უხეშ ქცევას.

როდესაც Google-მა 2010 წლის მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უარს ამბობდა ჩინეთში ინტერნეტსაძიებო მომსახურებაზე (მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა მისი კონფლიქტი მთავრობასთან ცენზურისა და კიბერშეტევების გამო), ჩინეთის Twitter-სფერო გამოცოცხლდა. ბევრი ჩინელი გულდაწყვეტილი იყო, რომ Google-ი ტოვებდა მათ ალტერნატიული ჩინური საძიებო სისტემების (როგორიც არის Baidu) უფრო ფართოდ მოქმედი ცენზურის ხელში და შიშობდნენ, რომ „დიდი ეკრანი“ დაბლოკავდა სხვა სერვისებსაც, როგორიც იყო Google Scholar-ი და Google Maps-ი. ზოგიერთი ეჭვობდა, რომ Google-ი აშშ-ის მთავრობის ბრძანებას ასრულებდა. მაგრამ კომპანიის პოზიციამ თანაგრძნობისა და გლოვის დიდი ტალღა გამოიწვია, იმისი მსგავსი, რაც იანვარში მოხდა, როდესაც Google-მა პირველად გამოაცხადა, რომ წასვლაზე ფიქრობდა: „მოქალაქე-რეპორტიორები გამუდმებით აქვეყნებდნენ ახალ ამბებს „Twitter-ზე, აჩვენებდნენ ჩინელ ინტერნეტმომხმარებლებს, რომლებიც გაუთავებლად სთავაზობდნენ ყვავილებს, ბარათებს, ლექსებს, სანთლებს და ქედსაც კი იხრიდნენ Google-ის აბრის წინაშე, რომელიც კომპანიის ოფისების წინ ეკიდა პეკინში, შანხაისა და გუანჩჟოუში“.10 დაცვის თანამშრომლები მგლოვიარეებს ფანტავდნენ, მათ მიერ შეთავაზებულ ძღვენს კი „უკანონო ყვავილების ხარკს“ უწოდებდნენ. ეს ტერმინი სწრაფად გავრცელდა ჩინეთის ინტერნეტფორუმებში და სიმბოლურად თავისუფლების ჩახშობას გამოხატავდა.

რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი სფერო ჩინეთში უფრო ფართოა, ვიდრე ის აუდიტორია, რომელსაც „Twitter-ის ანუ „Twitter-ის მომხმარებლები შეადგენენ. ისინი ხშირად უკავშირდებიან უფრო ვრცელ ბლოგებს, სადისკუსიო ჯგუფებსა და ახალი ამბების რეპორტებს. იმ საიტების დიდი ნაწილი, რომლებიც ააქტიურებს აზროვნებას, უფრო ძნელად დასაბლოკია, რადგან მათში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ორთოდოქსალობის კრიტიკა უფრო დახვეწილი ფორმით ხდება, აქ მოცემულია დემოკრატიული პრინციპებისა და ზოგადი ფილოსოფიური კონცეფციების ახსნა-განმარტება, ზოგჯერ მინიშნებებით კონფუციანიზმსა და დაოიზმზე, ასევე ტრადიციული ჩინური აზროვნების სხვა შეზღუდვებზე, ამიტომ მათ აკრძალვას ჩკპ ვერ ბედავს. სრულმასშტაბიანი ბლოგების განცხადებები (რომლებზედაც არ ვრცელდება „Twitter-ის მკაცრი ლიმიტები ტექსტის სიგრძესთან მიმართებით) გაცილებით უფრო მოსახერხებელია მთავრობის კრიტიკისთვის (თუმცა ეს, ცხადია, ოსტატურად და შერბილებულად უნდა მოხდეს). რებეკა მაკკინონი ფიქრობს, რომ ჩინეთში ბლოგოსფერო „გაცილებით უფრო თავისუფალი სივრცეა, ვიდრე მთავარი მედიასაშუალებები“, - იქ ცენზურის მასშტაბები განსხვავებულია ბლოგების სერვისის იმ თხუთმეტი მიმწოდებლის ცენზურის მასშტაბებისაგან, რომლებიც მან შეამოწმა. ამგვარად, „პოლიტიკურად სენსიტიური მასალის დიდი ნაწილი ცოცხლობს ჩინეთის ბლოგოსფეროში და მისი გადარჩენის შანსები შეიძლება გაიზარდოს ცოდნისა და სტრატეგიის დახმარებით“.11

კონტროლის გავრცელებული მექანიზმების მიუხედავად, ჩინელი აქტივისტების აზრით, ისეთი ციფრული საშუალებები, როგორიცაა „Twitter-ი, Gmail“-ი და პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ ფილტრაციას თავი აარიდონ, იძლევიან კომუნიკაციის, ქსელური კავშირებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალებას, რაც სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა დღევანდელ ჩინეთში. თავისუფლების ტექნოლოგიის დახმარებით დისიდენტი ინტელექტუალები ადამიანთა ლიბერალური კლასიდან, რომელთაც არ გააჩნიათ კონკრეტული მიზანი ან პროგრამა, ცოცხალ და თვალსაჩინოდ მზარდ ერთიან ძალად იქცნენ. მათმა პროგრესულმა მანიფესტმა - „ქარტია 08“-მ, რომელიც მოწოდებაა ცხრამეტი რეფორმის განხორციელებისაკენ, რათა ჩინეთში დამკვიდრდეს „თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა“ - ხელმომწერათა უმრავლესობა მოიპოვა ბლოგების დახმარებით, როგორიც არის, მაგალითად, bullog.cn. როდესაც „ქარტია 08“ გამოქვეყნდა ინტერნეტში 2008 წლის 10 დეკემბერს, სამასზე მეტი ჩინელი ინტელექტუალისა და ადამიანთა უფლებების დამცველის ხელმოწერებით, მთავრობამ სასწრაფოდ დაიწყო მისი ყველანაირი ხსენების ჩახშობა. მაგრამ შემდეგ „მოხდა რაღაც უჩვეულო. ჩვეულებრივმა ადამიანებმა, როგორიც იყო ტანგი [ხიაოძაო], რომელთაც არასოდეს გაუკრიტიკებიათ მთავრობა, დაიწყეს დოკუმეტის გავრცელება და თავს მხარდამჭერებად აცხადებდნენ“, რითიც დაძლიეს თავისი ადრინდელი შიში. ერთი თვის განმავლობაში ხუთი ათასზე მეტმა ჩინელმა მოქალაქემ მოაწერა ხელი დოკუმენტს. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უბრალო დისიდენტები, არამედ „სწავლულები, ჟურნალისტები, კომპიუტერის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მასწავლებლები და სტუდენტები, რომელთა სახელი წარსულში არ ყოფილა დაკავშირებული ასეთ მოძრაობებთან, აქვე იყვნენ ჩინეთის სოციალური იერარქიის დაბალი ფენების წარმომადგენლებიც - ფაბრიკა-ქარხნებსა და მშენებლობებზე დასაქმებული მუშები და ფერმერები“.12

მთავრობამ მალევე დახურა ტანგის ბლოგი, მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა ქარტიას, და ამნაირადვე გაუსწორდა უამრავ სხვა ბლოგს, რომელიც მას მხარს უჭერდა (მათ შორის bullog.cn-ის მთლიან საიტს). მაგრამ კამპანია გრძელდება იატაკქვეშა სალონებში, მოკლე მინიშნებებში და ანტისახემწიფოებრივ ხუმრობებში, რომლებიც ვირუსისებურად ვრცელდება სოციალური მედიითა და სწრაფი ტექსტური შეტყობინებებით. ერთი ასეთი ხუმრობის მიხედვით, ჩინეთის გულფიცხი პრეზიდენტი ჰიუ ჯინტაო პრეტენზიებს გამოთქვამს ქარტიის დემოკრატიულ კონცეფციებზე, როგორიცაა ფედერალიზმი, ოპოზიციური პარტიები და კავშირების შექმნის თავისუფლება. „საიდან მოდიან ესენი?“ - კითხულობს ის. მისი ფავორიტები მოიძიებენ წყაროებს და ცუდი ამბით დაბრუნდებიან: ეს აბეზარი ცნებები სათავეს იღებენ მაო ძედუნის, ჩჯოუ ენლაის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ოფიციალური გაზეთისა (The Xinhua Daily) და თავად სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციიდან. აღელვებული ჰიუ ფიქრობს რა გააკეთოს. მისი ქვეშევდრომები სთავაზობენ აკრძალოს ამ ცნებების ხსენება. „თქვე იდიოტებო!“, წამოიყვირებს ჰიუ, „თუ მათ აკრძალავთ, ბარემ მეც ამკრძალეთ!“ „რა გითხრათ“, შეეპასუხნენ ქვეშევრდომები, „ხალხი ამბობს, რომ, თუ ისინი თქვენ აგკრძალავენ, ქარტიას მაინც დაანებებენ თავს“.13

მმართველობის მონიტორინგი, დარღვევების გამოვლენა

თავისუფლების ტექნოლოგია ამავდროულად „ანგარიშვალდებულების ტექნოლოგიაა“ იმით, რომ ის უზრუნველყოფს ეფექტურ და ძლიერმოქმედ საშუალებებს გამჭვირვალობისა და მონიტორინგისთვის. ციფრული კამერები ისეთ საიტებთან კომბინაციაში, როგორიც არის YouTube-ი, ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოვლენისა და გამოძიებისთვის. პოლიციის მხრიდან სისასტიკის ფაქტებს იღებენ მობილური ტელეფონების კამერებით და დებენ YouTube-სა და სხვა საიტებზე, რის შემდეგაც ბლოგერები აღშფოთებული საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობენ მათზე. ჩაწერეთ „ადამიანთა უფლებების დარღვევა“ YouTube-ის საძიებო სისტემაში და მიიღებთ დაახლოებით ათი ათას ვიდეოს, რომლებზეც ნაჩვენებია ყველაფერი: ბამბის მწარმოებლების სამუშაო პირობები უზბეკეთში, სამთო მრეწველობის მეთოდები ფილიპინებზე, ადამიანის ორგანოების ამოკვეთის ფაქტები ჩინეთში, ბაჰაისინის დევნა ირანში. YouTube-ზე ატვირთულმა ვიდეომ, რომელზეც წარმოდგენილია ახალგაზრდა მალაიზიელი ქალი, რომელსაც პოლიცია ჩაბუქვნას აიძულებს შიშველ მდგომარეობაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახადა დამოუკიდებელი გამოძიება მოეთხოვა. როდესაც ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა აკრძალა რადიო კარაკასის სატელევიზიო მაუწყებლობა 2007 წლის მაისში, მან YouTube-ის საშუალებით გააგრძელა მაუწყებლობა. და გასაკვირი არ არის, რომ ისეთმა ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, როგორიც ირანი და საუდის არაბეთი არიან, მთლიანად დაბლოკეს შესვლა ამ საიტზე.

მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით კი აფრიკაში, ანგარიშვალდებულების ძიებისას გამოიყენება თავისუფლების ტექნოლოგიის უმარტივესი ფორმა: ტექსტური შეტყობინებები მობილური ტელეფონებით (დადასტურებული ფაქტია, რომ მობილური სატელეფონო ქსელები განსაკუთრებით გამოსადეგია ინფრასტრუქტურის სიღარიბით გამორჩეულ აფრიკაში, რადგან ისინი დიდ ტერიტორიებს ფარავენ, რისთვისაც ფიჭური კავშირგაბმულობის რამდენიმე ანძის გარდა ბევრი არაფერია საჭირო). მსოფლიოს გარშემო მობილური ტელეფონების გავრცელების არეალი და შესაძლებლობები მკვეთრად იზრდება ისეთი ღია ტიპის პროგრამული უზრუნველყოფით, როგორიცაა FrontlineSMS“-ი, რომელიც უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან ორმხრივ ტექსტურ კავშირს მობილური ტელეფონების საშუალებით. უკანასკნელ წლებში პროგრამა გამოყენებული იყო მობილური სატელეფონო ქსელების საშუალებით ეროვნული არჩევნების მონიტორინგისათვის ნიგერიასა და განაში, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სწრაფი შეტყობინებისთვის - ეგვიპტეში, კორუფციის საწინააღმდეგო და დამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებისთვის - სენეგალში, და სამოქალაქო არეულობის მონიტორინგისა და აღწერისთვის - პაკისტანში. კენიური ორგანიზაცი „უშაჰიდი“ (სუაჰილურად „მტკიცებულება“) იყენებს პროგრამას „კრიზისების დაგეგმარებისთვის“. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, რომ ადრესატს მიაწოდოს კრიზისის შესახებ ინფორმაცია ტექსტური შეტყობინებით მობილური ტელეფონის, ელფოსტის თუ ონლაინ საკონტაქტო ფორმის საშუალებით, შემდეგ კი აერთიანებს ინფორმაციას და გამოსახავს მას რუკაზე რეალურ დროში. თავდაპირველად ეს ხერხი გამოყენებული იყო მოქალაქე ჟურნალისტების მიერ კენიაში არჩევნების შემდგომ გაბატონებული ძალადობის ფაქტებზე შეტყობინებების რუკაზე დატანის მიზნით 2009 წლის დამდეგს, რაშიც ჩაერთო თითქმის 45000 კენიელი მომხმარებელი. მას შემდეგ ის გამოიყენებოდა სამხრეთ აფრიკაში ქსენოფობიის ნიადაგზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების აღწერისას, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგისათვის - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და არჩევნებზე დაკვირვებისათვის - ავღანეთში, ინდოეთში, ლიბანსა და მექსიკაში.

0x01 graphic

როგორც Ushahidi-ის, ისე FrontlineSMS-ის უმსხვილესი დამფინანსებელი არის Omidyar Network (ON) - საქველმოქმედო საინვესტიციო ფონდი, რომელიც ექვსი წლის წინ დაარსეს Bay-ის დამფუძნებელმა პიერ ომიდიუარმა და მისმა მეუღლე პემმა. ის Bay-ის მიდგომას ავრცელებს პოლიტიკური და სოციალური ინოვაციების სამყაროში: ყველას ეძლევა თანაბარი უფლება მიიღოს ინფორმაცია და შესაძლებლობა, რომ დაარეგულიროს ადამიანთა პოტენციალი და ბაზრების ძალა. ამ ახლებური მიდგომის ფარგლებში (რომელიც მოიცავს როგორც ერთობლივი სააქციო კაპიტალის ფონდს, მიმართულს მოგებაზე ორიენტირებული წამოწყებებისკენ, ასევე არაკომერციული გრანტების გამცემ ფონდსაც) გაცემულია 325 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციებისა და გრანტების სახით ორ ფართო სფეროში: „კაპიტალის მისაწვდომობა“ (მიკროფინანსირება, მეწარმეობა და საკუთრების უფლება) და „მედია, ბაზრები და გამჭვირვალობა“ (რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობის მხარდამჭერ ტექნოლოგიას, ანგარიშვალდებულებას და ნდობას მედიის, ბაზრებისა და მთავრობის დონეზე). ON ეხმარება ეროვნულ პარტნიორებს ნიგერიაში, განასა და კენიაში, რომლებიც იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს მმართველობის გაუმჯობესებისა და სიტყვის თავისუფლების ამაღლების მიზნით. მათ შორისაა Infonet-ი - ვებპორტალი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ადვილად მისაწვდომ ინფორმაციას ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტებზე კენიაში, და Mzalendo - მრავლისმომცველი საიტი, რომელიც საშუალებას აძლევს კენიელებს თვალი ადევნონ მათი პარლამენტის წევრების მოღვაწეობას.

ON-ის მხრიდან გამჭვირვალობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერა ვრცელდება სხვა ქვეყნებზეც და აშშ-ში დაფუძნებულ ორგანიზაციებზეც. მათ შორისაა Global Integrity“, რომელიც იყენებს ინტერნეტს და სხვა საინფორმაციო წყაროებს ოთხმოცდაათზე მეტ ქვეყანაში კორუფციის დეტალური შეფასებების შესადგენად; და ფონდი Sunlight-ი, რომელიც იყენებს ინტერნეტს და შესაბამის ტექნოლოგიას, რომ აშშ-ის ამომრჩევლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია ფედერალური მთავრობის დანახარჯებზე, კანონმდებლობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე.

ციფრული მობილიზაცია

ციფრული რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი, ძლიერი და ავტორიტარული რეჟიმებისთვის საგანგაშო ეფექტი ის არის, რომ იგი ხელს უწყობს სწრაფ და ფართომასშტაბიან სახალხო მობილიზაციას. მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფუნქციით აღჭურვილმა მობილურმა ტელეფონებმა შესაძლებელი გახადეს ის, რასაც ტექნოლოგიის გურუ ჰოვარდ რეინგოლდი „ფლეშმობს“ უწოდებს - ეს არის მასობრივი ქსელები მომხმარებლებისა, რომლებიც ერთმანეთთან დიდი სისწრაფით ურთიერთობენ, იერარქიული სისტემით თუ ცენტრალური დირექტივით, და ერთიმეორეს ატყობინებენ შეიკრიბონ (ან „მოგროვდნენ“) გარკვეულ ადგილას პროტესტის გამოხატვის მიზნით. 2001 წლის იანვარში ფილიპინების პრეზიდენტი ჯოზეფ ესტრადა „გახდა ისტორიაში სახელმწიფოს პირველი მმართველი, რომელმაც დათმო ძალაუფლება „ფლეშმობის“ სასარგებლოდ“, როდესაც ათობით ათასი, და შემდეგ, ოთხი დღის განმავლობაში, მილიონზე მეტი ციფრულად მობილიზებული ფილიპინელი შეიკრიბა ისტორიულ საპროტესტო ადგილზე მანილაში.14 მას შემდეგ თავისუფლების ტექნოლოგია იყო ხელშემწყობი თითქმის ყველა შემთხვევაში, როდესაც ხალხი მასობრივად გამოვიდა დემოკრატიისა და პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით.

თავისუფლების ტექნოლოგია გარკვევით ფიგურირებდა ნარინჯისფერ რევოლუციაში, რომელმაც დაამარცხა არჩევითი ავტორიტარული რეჟიმი უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციების მეშვეობით 2004 წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ახალი ამბებისა და ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა ინტერნეტგაზეთი „უკრაინსკაია პრავდა“, რომელიც წერდა როგორც რეჟიმის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, ისე ოპოზიციის მიერ ამის შეჩერების მცდელობებზე. რევოლუციის დასასრულისთვის ეს ინტერნეტგაზეთი გახდა „ყველაზე ფართოდ წაკითხვადი საინფორმაციო წყარო, რაც კი ოდესმე ყოფილა უკრაინაში“.15 ვებგვერდის სადისკუსიო ფორუმები აქტივისტებს აძლევდნენ სივრცეს, სადაც მათ შეეძლოთ გაყალბების ფაქტების დასაბუთება და საუკეთესო პრაქტიკული მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.16 ტექსტური შეტყობინებების დახმარებით შესაძლებელი გახდა მასობრივი სახალხო პროტეტის მობილიზება და კოორდინირება, რამაც ყინულოვან ამინდში გამოიყვანა ასობით ათასი კიეველი დამოუკიდებლების მოედანზე და საბოლოოდ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გამოიწვია, რომელშიც დემოკრატიულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა.

ამ ციფრულმა საშუალებებმა ხელი შეუწყვეს აგრეთვე 2005 წლის კედრის რევოლუციას ლიბანში (რამაც გააერთიანა რომლებიც სირიული ჯარების გაყვანას ითხოვდნენ), 2005 წელს გამართულ საპროტესტო აქციებს ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის კუვეიტში, 2007 წელს ვენესუელელი სტუდენტების პროტესტს რადიო კარაკასის ტელევიზიის დახურვის გამო და 2008 წლის აპრილის სახალხო ამბოხებას ეგვიპტეში, სადაც ათობით ათასი ახალგაზრდა დემონსტრანტის მობილიზება Facebook-ის დახმარებით განხორციელდა.17 2007 წლის სექტემბერში „ინტერნეტმა, კამერიანმა ტელეფონებმა და სხვა ციფრულმა ქსელურმა ტექნოლოგიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს“ ბირმის ზაფრანის რევოლუციაში, რომელსაც ასე ეწოდა ათასობით ბუდისტი ბერის მონაწილეობის გამო. მართალია საპროტესტო მოძრაობის მობილიზაციაში ციფრული ტექნოლოგიის პირდაპირი როლი მცირე იყო, მაგრამ ის ხმამაღლა ატყობინებდა მსოფლიოს ამის შესახებ და სააშკარაოზე გამოჰქონდა სისხლიანი სადამსჯელო ღონისძიებები, რომლებიც მთავრობამ წამოიწყო საპასუხოდ: „ბირმის მაცხოვრებლები მობილური ტელეფონებით იღებდნენ ფოტოსურათებსა და ვიდეოებს და ჩუმად ტვირთავდნენ მათ ინტერნეტკაფეებიდან ან ციფრულ ფაილებს აგზავნიდნენ საზღვრებს გარეთ ინტერნეტში ასატვირთად“. ასეთმა საერთაშორისო ხილულობამ შესაძლოა ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა იმით, რომ შეაჩერა სამხედროების მიერ ძალის გამოყენება ისე ფართოდ და ისეთი სისასტიკით, როგორც ეს 1998 წელს მოხდა.18

ჩინეთში ტექსტური გზავნილებით ყოვლისმომცველი კავშირი იყო მასობრივი საპროტესტო ტალღის წარმოშობის მთავარი ფაქტორი. 2007 წელს მობილური ტელეფონებით გაგზავნილი ასობით ათასი ტექსტური გზავნილის ვულკანისებურმა ამოხეთქვამ ქალაქ სიამინში, რომელიც ტაივანის სრუტეზე მდებარეობს, საფუძველი დაუდო ისეთ სახალხო მღელვარებას ეკოლოგიურად მავნე ქიმიური ნივთიერებების ქარხნის შენობასთან, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა პროექტი.19 ტექსტური გზავნილების ზეგავლენა გაიზარდა და გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როდესაც ბლოგერებმა ჩინეთის სხვა ქალაქებში მიიღეს ისინი და სწრაფად გააღვივეს უკმაყოფილება. ტექნოლოგიამ შეაღწია ჩრდილოეთ კორეაშიც კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი საზოგადოებაა, რადგან ჩრდილოკორეელი ემიგრანტები და სამხრეთკორეელი ადამიანის უფლებების დამცველები ცდილობენ დაიყოლიონ ჩრდილოკორეელები თან წაიღონ ტელეფონები სამშობლოში ჩინეთიდან და შემდეგ გამოიყენონ მოვლენების განვითარების შესახებ ცნობების გადასაცემად (ჩინეთის მობილური ქსელების მეშვეობით).20 ნავთობით მდიდარ ყურეში მდებარე სახელმწიფოებში ტექსტური შეტყობინებების დახმარებით სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური ოპოზიციონერები „ადგენენ წევრების არაოფიციალურ სიებს, ავრცელებენ ცნობებს დაკავებული აქტივისტების შესახებ, მოუწოდებენ ამომრჩევლებს შეიკრიბონ, გეგმავენ შეხვედრებსა და დემონსტრაციებს, ორგანიზებას უწევენ კამპანიებს საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად. ყოველივე ეს მთავრობის მხრიდან კონტროლირებადი გაზეთების, სატელევიზიო სადგურებისა და ვებგვერდების გვერდის ავლით ხდება“.21

ბოლოდროინდელი ყველაზე დრამატული მაგალითია ირანის მწვანე მოძრაობა, რომელიც მოჰყვა აშკარა უკანონო ქმედებებს არჩევნების დროს, რის შედეგადაც, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ვერ მოიპოვა გამარჯვება 2009 წლის 12 ივნისს. წინა წლებში ირანის ინტერნეტსფერო სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, რასაც მოწმობს ქვეყანაში არსებული „60000 სისტემატურად განახლებადი ბლოგი“, რომელიც მოიცავს სოციალური, კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს;22 Facebook-ის მკვეთრი პოპულარიზაცია, რომელმაც შემოიკრიბა თითქმის 600 000 სპარსულენოვანი მომხმარებელი;23 და ახალი ამბების სააგენტოების, სამოქალაქო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მიერ ინტერნეტის მოხმარების ინტენსიური ზრდა.

როდესაც 13 ივნისს არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმედი ნეჯადის გამარჯვება გამოცხადდა (ხმათა 62%25-იანი უპირატესობით), ინტერნეტის სასაუბრო ფორუმებზე, ბლოგებზე და სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა შემაშფოთებელი ცნობები კენჭისყრის გაყალბების შესახებ. Twitter-ის, ტექსტური გზავნილების, Facebook-ის და ისეთი სპარსულენოვანი სოციალური ქსელების საიტების საშუალებით, როგორ არის Balatarin-ი და Donbleh-ი, ირანელები სწრაფად ავრცელებდნენ ახალ ამბებს, შეხედულებებს, დემონსტრაციებისკენ მოწოდებებს. 17 ივნისს მუსავის მხარდაჭერებმა Twitter-ის დახმარებით მოუწოდეს ათობით ათას თანამოქალაქეს თეირანის ცენტრში გამოსულიყვნენ. ინტერნეტმომხმარებლები მთელი თვის განმავლობაში აწყობდნენ საპროტესტო აქციებს მთელ ქვეყანაში, მათ შორის იყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები დედაქალაქში, ასევე აქციები, რომლებსაც ორიდან სამ მილიონამდე ადამიანი ესწრებოდა. YouTube-ი ასევე უზრუნველყოფდა სივრცეს ფოტო და ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად ადამიანის უფლებების დარღვევათა და მთავრობის მიერ რეპრესიული ზომების მიღების ფაქტებზე. 20 ივნისს თეირანის ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს ნედა აგჰა-სოლტანის სიკვდილის ამსახველი 37-წამიანი ვიდეოკლიპი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში, ისევე, როგორც პოლიციისა და რეჟიმის ავაზაკების ფოტოები, რომლებიც სცემდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. ნედას სიკვდილმა და ბარბაროსული სისასტიკის შემაშფოთებელმა კადრებმა ბოლო მოუღეს ისლამური რესპუბლიკის ნარჩენ ლეგიტიმურობას როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო არენაზე.

დღემდე მწვანე მოძრაობა წარმოადგენს განთავისუფლების ტექოლოგიის როგორც პოტენციალის, ისე შეზღუდვების მაგალითს. ამ დრომდე ისლამური რესპუბლიკის რეაქციონერი ისტებლიშმენტი ძალაუფლებას იმით ინარჩუნებს, რომ ზეწოლის ბერკეტებს აკონტროლებს და ცდილობს ისინი სასტიკი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის გამოიყენოს. ციფრულმა ტექნოლოგიამ ვერ შეაჩერა ტყვიები და ხელკეტები 2009 წელს და ვერ შეუშალა ხელი ბევრი პროტესტანტის გაუპატიურებას, წამებასა და სიკვდილით დასჯას. მაგრამ მან ნათლად დაასაბუთა ეს ბოროტი ქმედებები, ააშკარავებდა რა რეჟიმის ხელშემწყობი ბაზის მთავარ საყრდენებს, რომელთა შორის არის შიიტური სამღვდელოების დიდი ნაწილი. მაშინ, როდესაც რეჟიმი წამებით ცდილობდა დისიდენტებისგან მათი ელფოსტის პაროლის მოპოვებას, რათა მეტი ოპონენტის ვინაობა დაედგინა, ინტერნეტი ხელს უწყობდა სამოქალაქო და პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრებას ირანში; ქვეყნის შიგნით მოქმედ ოპოზიციას ირანულ დიასპორასთან და სხვა მსოფლიო თემებთან აკავშირებდა; ავითარებდა აგრეთვე ცნობიერებას, ცოდნასა და მობილიზების უნარს, რაც ბოლოს და ბოლოს დაამარცხებს ავტოკრატიულ რეჟიმს ირანში. მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როდის მოხდება ეს, ერთმანეთთან ირანელების უფრო თავისუფლად და უსაფრთხოდ ურთიერთობაა ინტერნეტით.

კედლების ნგრევა

ყველაზე თავისუფალ გარემოშიც კი ახალ ციფრულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებს სერიოზული შეზღუდვები და ხარჯები აქვთ. ძალზე მკრთალია ზღვარი პლურალიზმსა და კაკოფონიას შორის, პროპაგანდასა და არატოლერანტულობას შორის და საზოგადოებრივი სფეროს გაფართოებასა და მის უიმედო დანაწევრებას შორის. მედიაპორტალების რიცხვის გამრავლების შედეგად უფრო მეტ ადამიანს მიეცა აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ყველა აზრი როდია რაციონალური და ცივილიზებული ყოფის შესაფერისი. საინტერნეტო (და საკაბელო) მედიის გავრცელებით ცალსახად არ გაუმჯობესებულა საზოგადოებრივი აზროვნების ხარისხი, ახალმა ტექნოლოგიამ წარმოშვა ერთგვარი „ექოკამერა“ იდეოლოგიურად ერთნაირად მოაზროვნე ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ მიბაძონ ერთმანეთს. ხოლო ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს გაცილებით უარესს: ზიზღის გაღვივებას, პორნოგრაფიას, ტერორიზმს, კიბერდანაშაულობებს, ონლაინშპიონაჟს და საინფორმაციო ომს. ეს რეალური პრობლემებია და ზედმიწევნით ანალიზს მოითხოვს - მარეგულირებელი და საკანონმდებლო ნორმების მიღებამდე - რათა განისაზღვროს, როგორ შეუძლია დემოკრატიას დააბალანსოს ადამიანის თავისუფლების, ცოდნისა და უნარების განვითარების უდიდესი შესაძლებლობები და ის საფრთხეები, რომლებსაც ეს ტექნოლოგიები ერთნაირად უქმნის ინდივიდუალურ და კოლექტიურ უსაფრთხოებას.

და მაინც ყველაზე დიდი გამოწვევა ციფრული სამყაროსთვის კვლავაც თავისუფალი მისაწვდომობაა. ინტერნეტით სარგებლობის გაფილტვრა და გაკონტროლება არადემოკრატიული რეჟიმების მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირდება და ამავე დროს უფრო კომპლექსურიც ხდება. ხოლო ზოგიერთ ნაკლებად რთულ ხერხს, რომლებიც კომერციულ პროგრამებს იყენებენ გასაფილტრად, საიტების ერთმანეთისგან განურჩევლად დაბლოკვა შეუძლია. ამჟამად სამ ათეულ სახელმწიფოზე მეტი ახორციელებს ინტერნეტის გაფილტვრას ან საერთოდ უკრძალავს იქ შესვლას თავის მოქალაქეებს.24 საზრიან მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ტექნოლოგიები, რომლითაც თავს აარიდებენ კონტროლს, მაგრამ ზოგიერთი ასეთი ტექნოლოგია პროგრამების დაყენებას მოითხოვს, რაც არ არის შესაძლებელი, თუ ინტერნეტში შესვლა საჯარო კომპიუტერიდან ან ინტერნეტკაფედან ხორციელდება; ბევრი ქსელური აპლიკაცია იბლოკება იმავე ფილტრებით, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საიტებს ბლოკავენ; გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიების უმეტესობა მომხმარებლისგან ტექნიკური ცოდნის გარკვეულ დონეს მოითხოვს.25 ყველა შემოვლითი მეთოდი არ იცავს ქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის საიდუმლოებას და ანონიმურობას, რაც შეიძლება განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცეს, როდესაც ინტერნეტის მომწოდებელი სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიაა. ირანელებში პოპულარული უფასო პროგრამა Tor-ი მომხმარებელს იმ გზით სთავაზობს ანონიმურობის დაცვას, რომ „ახორციელებს კოდირებული ინფორმაციული ნაკადის გადამისამართებას მრავალი გადაცემის საშუალებით... მსოფლიოს გარშემო“, რაც აძნელებს რეჟიმის მიერ ტრანსმისიის შეჩერებას.26 მაგრამ თუ ის ეფექტურად ახდენს ინტერნეტმომსახურების მიწოდების მონოპოლიზებას, სასოწარკვეთილი რეჟიმი, როგორიც ბირმაში იყო 2007 წელს, ყოველთვის შეძლებს საპასუხო ზომების მიღებას ქვეყნის ინტერნეტმომსახურების გათიშვით ან, როგორც ეს ირანის მთავრობამ გააკეთა, სიჩქარის შენელების მეშვეობით სერვისის პარალიზების გზით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ელექტრონულ საინფორმაციო ნაკადში ეძებდა პროტესტის შემცველ ინფორმაციას.27

ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებშიც კი თავს იჩენს ხელმისაწვდომობის საკითხი. ბოლო პერიოდში ქსელის მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აშშ-ის მთავრობა შეაშფოთა ავსტრალიაში გამოცემულმა უაღრესად ვრცელმა საკანონმდებლო წინადადებებმა, რომლებიც აიძულებენ ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლებს, რომ გარკვეული სამართლებრივი და მორალური მოსაზრებებით (მათ შორის ბავშვთა დაცვის მოტივით) დიდი რაოდენობის საიტთა შავი სია შეადგინონ. ჩინეთში მიღებული პრაქტიკა, რომელიც აიძულებს ინტერნეტპროვაიდერებს პასუხისმგებლობა აიღონ იმ შინაარსზე, რომლის ხელმისაწვდომობასაც ისინი უზრუნველყოფენ, აღწევს ინტერნეტთან დაკავშირებით ევროპის სამართლებრივი და მარეგულირებელი ნორმების განხილვებში.28

დღესდღეობით მიმდინარეობს ტექნოლოგიური შეჯიბრი დემოკრატებს, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ინტერნეტის ცენზურას, და დიქტატურულ რეჟიმებს შორის. ბოლო ხანებში ისეთმა დიქტატურულმა რეჟიმებმა, როგორიც ირანისაა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რეპრესიების კუთხით. ნაწილობრივ ეს იმით არის განპირობებული, რომ დასავლური კომპანიები, როგორიცაა ნოკია-სიმენსი, მზად არიან მიჰყიდონ მათ პროგრესული სამეთვალყურეო და ფილტრირების ტექნოლოგიები. ნაწილობრივ კი ეს თავად დიქტატორული რეჟიმების დამსახურებაა, რომლებიც სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ყველაზე ცუდ მეთოდებს. ახალი შემოვლითი ტექნოლოგიების საბაზო კომპიუტერული სისტემა შემოდის ბაზარზე და მილიონობით ჩინელს, ვიეტნამელს, ირანელს, ტუნისელსა და სხვას მხურვალედ სურს მათი მოპოვება. ლიბერალური დემოკრატიის მდიდარმა ქვეყნებმა ბევრად მეტი უნდა გააკეთონ ასეთი ტექნოლოგიების მხარდასაჭერად და ხელი შეუწყონ (სუბსიდირებითაც) მათ გავრცელებას ხელმისაწვდომ ფასად და უსაფრთხოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტი იზღუდება. კიდევ მეტის გაკეთება შეიძლება კოდირების გასაუმჯობესებლად, რათა ავტორიტარული მმართველობის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის ონლაინკომუნიკაცია და ორგანიზება უფრო უსაფრთხო იყოს. პროგრესი შეიძლება მიღწეული იქნეს იმგვარი სატელიტური შეღწევის გავრცელებითაც, რომელიც გვერდს უვლის ეროვნულ სისტემებს, თუკი სატელიტური თეფშების ფასი და ყოველთვიური სარგებლობის ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდება. დასავლურ სახელმწიფოებს შეუძლიათ დახმარების გაწევა ფილტრირებისა და მეთვალყურეობის გაუმჯობესებული ტექნოლოგიების რეპრესიული მთავრობებისთვის ექსპორტის აკრძალვით და დასავლური ტექნოლოგიური კომპანიების მხარდაჭერით, როდესაც დიქტატორული რეჟიმები ახორციელებენ მათზე ზეწოლას, რომ „გადასცენ ინტერნეტის მომხმარებელთა პირადი მონაცემები“.29 და საბოლოოდ, ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებმა ხმა უნდა აღიმაღლონ იმ ბლოგერების, აქტივისტების, ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, რომლებიც დაკავებული იქნენ მშვიდობიანი რეპორტაჟებისთვის, ქსელური კავშირების დამყარებისა და ინტერნეტის საშუალებით საორგანიზაციო საქმიანობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადოს, როგორც ეს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა თავის ისტორიულ გამოსვლაში 21 იანვარს, რომ „ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან ინტერნეტს, სადაც მთელ კაცობრიობას თანაბარი უფლება აქვს მიიღოს ცოდნა და გამოხატოს იდეები“. მაგრამ ბრძოლა ელექტრონული ხელმისაწვდომობისთვის რეალურად არის საინფორმაციო საშუალებების გამუდმებული ბრძოლა თავისუფლებისთვის. არა ტექნოლოგია, არამედ ადამიანები, ორგანიზაციები და მთავრობები განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს.

შენიშვნები:

1. Sophie Beach, „The Rise of Rights?“ China Digital Times, http://chinadigitaltimes.net/2005/05/rise-of-rights.

2. Yongnian Zheng, Technological Empowerment: The Internet State and Society in China (Stanford: Stanford University Press, 2008), 147-51.

3. Ithiel de Sola Pool, Technologies of Freedom (Cambridge, Mass.: Belknap Press,1983), 251.

4. Tom Standage, The Victorian Internet (New York: Berkley, 1998), 210, 213.

5. For various accounts, see http://fsi.stanford.edu/research/program-on-liberation-technology .

6. This account draws heavily from a student research paper conducted under my supervision: Astasia Myers, „Malaysiakini: Internet Journalism and Democracy,“ Stanford University, 4 June 2009.

7. Figures on the growth of Web use in Malaysia and China are available at www.internetworldstats.com/stats3.htm.

8. Freedom House, „Freedom on the Net: A Global Assessment of Internet and Digital Media,“ 1 April 2009, 34; available at www.freedomhouse.org.

9. Private email message from Xiao Qiang, May 2009. Quoted with permission.

10. S.L. Shen, „Chinese Forbidden from Presenting Flowers to Google,“ UPI Asia Online,15 January 2010; available at www.upiasia.com/Politics/2010/01/15/chinese-forbidden-from-presenting-flowers-to-google/4148.

11. Rebecca MacKinnon, „China's Censorship 2.0: How Companies Censor Bloggers,“ First Monday, 2 February 2009; available at http://firstmonday.org/htbin/cgiwrap/bin/ojs/ index.php/ fm/article/view/2378/2089. See also Ashley Esarey and Xiao Qiang, „Below the Radar: Political Expression in the Chinese Blogosphere,“ Asian Survey 48 (September-October 2008): 752-72.

12. Ariana Eunjung Cha, „In China, a Grass-Roots Rebellion,“ Washington Post, 29 January 2009.

13. „Charter 08 Still Alive in the Chinese Blogosphere,“ China Digital Times, 9 February 2009. Larry Diamond 83

14. Howard Rheingold, Smart Mobs: The Next Social Revolution (New York: Basic Books, 2003), 158.

15. Michael McFaul, „Transitions from Postcommunism,“ Journal of Democracy 16 (July 2005): 12.

16. Robert Faris and Bruce Etling, „Madison and the Smart Mob: The Promise and Limitations of the Internet for Democracy,“ Fletcher Forum of World Affairs 32 (Summer 2008): 65.

17. Cathy Hong, „New Political Tool: Text Messaging,“ Christian Science Monitor, 30 June 2005; Jóse de Córdoba, „A Bid to Ease Chávez's Power Grip; Students Continue Protests in Venezuela; President Threatens Violence,“ Wall Street Journal, 8 June 2007.

18. Mridul Chowdhury, „The Role of the Internet in Burma's Saffron Revolution,“ Berkman Center for Internet and Society, September 2008, 14 and 4; available at http://cyber.law.harvard.edu/sites/cyber.law.harvard.edu/files/Chowdhury-Role-of-the-Internet -in-Burmas-Saffron-Revolution.pdf-0.pdf

19. Edward Cody, „Text Messages Giving Voice to Chinese,“ Washington Post, 28 June 2007.

20. Choe Sang-Hun, „North Koreans Use Cell Phones to Bare Secrets,“ New York Times, 28 March 2010. Available at www.nytimes.com/2010/03/29/world/asia/29news.html .

21. Steve Coll, „In the Gulf, Dissidence Goes Digital; Text Messaging is the New Tool of Political Underground,“ Washington Post, 29 March 2005.

22. John Kelly and Bruce Etling, „Mapping Iran's Online Public: Politics and Culture in the Persian Blogosphere,“ Berkman Center for Internet and Society, April 2008; available at http://cyber.law.harvard.edu/sites/cyber.law.harvard.edu/files/Kelly&Etling-Mapping-Irans-Online-Public-2008.pdf.

23. Omid Habibinia, „Who's Afraid of Facebook?“ 3 September 2009; available at http://riseoftheiranianpeople.com/2009/09/03/who-is-afraid-of-facebook .

24. In addition to Freedom House, Freedom on the Net, see Ronald Deibert, John Palfrey, Rafal Rohozinski, and Jonathan Zitrain, Access Denied: The Practice and Policy of Global Internet Filtering (Cambridge: MIT Press, 2008). For the ongoing excellent work of the OpenNet Initiative, see http://opennet.net.

25. University of Toronto Citizen Lab, „Everyone's Guide to By-Passing Internet Censorship,“ September 2007; available at www.civisec.org/guides/everyones-guides.

26. Center for International Media Assistance, National Endowment for Democracy, „The Role of New Media in the 2009 Iranian Elections,“ July 2009, 2; available at http://cima.ned.org/wp-content/uploads/2009/07/cima-role-of-new-media-in-iranian-electionsworkshop-report.pdf.

27. Rory Cellan-Jones, „Hi-Tech Helps Iranian Monitoring,“ BBC News, 22 June 2009. Available at news.bbc.co.uk/2/hi/technology/8112550.stm.

28. Rebecca MacKinnon, „Are China's Demands for Internet „Self-Discipline“ Spreading to the West?“ McClatchy News Service, 18 January 2010; available at www.mcclatchydc.com/2010/01/18/82469/commentary-are-chinas-demands.html.

29. Daniel Calingaert, „Making the Web Safe for Democracy,“ ForeignPolicy.com, 19 January 2010; available at www.foreignpolicy.com/articles/2010/01/19/making-the-web-safe-for-democracy .

7 LUMEN

▲back to top


7.1 არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა

▲back to top


მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ქვემოთ წარმოდგენილი საუბარი 1972 წელს ბი-ბი-სის რუსულენოვანი რელიგიური პროგრამით გადაიცა

0x01 graphic

რწმენაზე საუბრისას ყოველთვის ღვთისადმი რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში ადამიანისადმი რწმენაც არსებობს. იგი თითქმის ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის რწმენა. ამასთან, ღვთისა ყველას არ სწამს, ადამიანებთან თანაცხოვრება კი მათდამი რწმენას მოითხოვს. საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ოჯახური გარდაქმნის ყველა მცდელობა ადამიანისადმი რწმენას ეფუძნება. რელიგიისა თუ ცხოვრების ახალი წესის ქადა-გებისას ჩანაფიქრი ვერასოდეს განხორციელდება ადამიანის შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ამიტომ ყოველი გარდამქმნელი, ყოველი ადამიანი, რომელიც ხალხს რაიმე სიახლისკენ მოუწოდებს, თავის მოწოდებას მათდამი რწმენაზე აფუძნებს. წვრილმანებში, ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერს განსაზღვრავს რწმენა იმისა, რომ ადამიანში არის რაღაც კარგი, კეთილი, რომელიც გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს ეხმიანება და ცხოვრების წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ რწმენაზე მსურს საუბარი.

ასეთი რწმენა მალემრწმენობასა და გულუბრყვილო დამოკიდებულებას როდი გულისხმობს. იგი არ ნიშნავს, თითქოს ყველაფერი შესაძლებელია და ადამიანის თანაგრძნობის მოსაპოვებლად მხოლოდ მიმართვა კმარა. ამავე დროს უნდა გვჯეროდეს, რომ არ არსებობს ადამიანი ჭეშმარიტი ადამიანური სიღრმეების გარეშე, არ არსებობს კაცი, რომელშიც ვერ გააღვიძებ სიკეთესა და ღირსებას.

ასეთ დასკვნამდე მივყავართ ცხოვრების ყველა სფეროში დაგროვებულ გამოცდილებას. მაგალითად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულებითი სისტემის გარდაქმნა მიმდინარეობს. ადრე დამნაშავეს ციხეში ათავსებდნენ საზოგადოებისგან მოსაცილებლად. იგი მოკვეთილ ნაწილს წარმოადგენდა. დღეს ციხეს სულ უფრო ხშირად იმ ადგილად განიხილავენ, სადაც შესაძლებელია, დაეხმარო პატიმარს, გახდეს ადამიანი. ადამიანისადმი რწმენა სწორედ ასეთ დამოკიდებულებას გულისხმობს. იგი არ ეფუძნება სიცხადეს. ხშირად გვიწევს სიცხადის მიღმა გახედვა და აღმოვაჩენთ რაღაცას, რაც თითქოს არც კი არსებობს. სახარებაში ორი ამბავია გადმოცემული, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ადამიანისადმი ქრისტეს დამოკიდებულებას, ადამიანის მიმართ მის რწმენას.

პირველი იოანეს სახარების მერვე თავშია მოთხრობილი. ეს არის ამბავი მრუშობაში მხილებული ქალისა, რომელიც მაცხოვართან მიიყვანეს. ფაქტები მის წინააღმდეგ იყო მიმართული. მას დანაშაულზე წაასწრეს და გმობასა და მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. ქრისტემ განიკითხა არა ის ქალი, არამედ მისი საქციელი. იგი მემრუშედ კი არ მიიღო, არამედ მისი სულის სიღრმეში ჩაიხედა, განჭვრიტა მასში სიწმინდე და ახალი ცხოვრების შესაძლებლობა ამოიკითხა. როცა ქალი სამსჯავროს წინაშე წარდგა და გააცნობიერა, რომ მისი ცოდვა სიკვდილის ტოლფასი იყო, ის, რა თქმა უნდა, გამოფხიზლდა. იმ წუთში რეალობად იქცა ის, რასაც ეუბნებოდნენ, რომ ცოდვა აკვდინებს და ანგრევს: მან შესცოდა და მათი რჯულის მიხედვით, უნდა ჩაექოლათ. ქალი მიხვდა, რომ, თუკი სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, არასოდეს ჩაიდენდა იმას, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა. მაცხოვარმა ზუსტად განჭვრიტა ეს, მიუბრუნდა გარშემომყოფთ და უთხრა:

- ვინც უცოდველია თქვენს შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა!...

ყველა წავიდა. ქრისტე მარტო დარჩა ქალთან:

- სად არიან შენი განმსჯელნი?

- წავიდნენ, - უპასუხა ქალმა.

- არც მე განგიკითხავ. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.

ეს მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ განჭვრიტა ქრისტემ ადამიანი და დაინახა ის შესაძლებლობები, რომელიც დაფარული იყო მისი ქმედებით.

ასევე საოცარია მეორე ამბავი, ქრისტეს შეხვედრა პეტრე მოციქულთან მას შემდეგ, რაც ეს უკანას-კნელი დაფრთხა, შიშმა შეიპყრო და სამჯერ უარყო მაცხოვარი. ქრისტე არ ეკითხება მას, ნანობს თუ არა იმის გამო, რაც ჩაიდინა, არამედ ეუბნება:

- გიყვარვარ?

პეტრე მთელი გულით პასუხობს:

- დიახ, უფალო, მიყვარხარ.

მაცხოვარი სამჯერ უსვამს მას ამ შეკითხვას. უცებ პეტრე ხვდება, რომ ფაქტების სიცხადე მის წინააღმდეგაა მიმართული. იგი ამბობს:

- უფალო, შენ უწყი ყოველი, უწყი, რომ მიყვარხარ! ქრისტემ კვლავ მოწაფეთა შორის მიუჩინა მას ადგილი.

განა ჩვენ ასე ვიქცევით? განა ვიჯერებთ, რომ ადამიანს, რომელიც ცუდად მოგვექცა, აქვს უფლება, გვითხრას:

- დიახ, მიყვარხარ! მე არც მამაცობა მეყო, არც სულიერი ძალა და სიღრმე, მაგრამ მაინც მიყვარხარ! - და ყოველივე შესაძლებელი ხდება.

ნეტავ, ჩვენც ასე ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის გვჯეროდეს და არ გვაბრმავებდეს ადამიანების ქმედებები, არ გვაყრუებდეს მათი სიტყვები, არამედ შეგვეძლოს ადამიანის სულში ჩუმად ჩახედვა და მასში ჰუმანურობის, შესაძლო ადამიანური სიდიადის დანახვა და, აქედან გამომდინარე, ადამიანს ახალ ცხოვრებას, ჩვენს ნდობას ვთავაზობდეთ და საკუთარი ადამიანური ღირსების შესაბამისად ცხოვრებისკენ მოვუწოდებდეთ. ასე რომ ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, მაშინ ადამიანთა შორის ყველაფერი შესაძლებელი გახდებოდა, ნებისმიერი გარდაქმნა და კაცობრიობისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა.

წინა საუბრის დროს მკითხეს: რა მოვიმოქმედოთ მაშინ, როცა ადამიანი ამბობს: „არ შემწევს ძალა, შენი ჩემდამი რწმენა და ნდობა ვიტვირთო.“ ეს კითხვა მეტად მნიშვნელოვანია და მსურს, პასუხი გავცე.

ჩვეულებრივ, ძალიან განვიცდით ჩვენდამი უნდობლობას. ვგრძნობთ, რომ გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ მათ განსახორციელებლად გვჭირდება რწმენით სავსე გულის მხარდაჭერა, იმ ადამიანის სიყვარული, რომელიც გვეტყოდა: „შენ შეძლებ შენი თავის რეალიზებას, განხორციელებას.“ ხდება ისეც, როცა ნდობას გვიცხადებენ, უცებ შიში გვიპყრობს, ვაითუ ვერ გავამართლო ეს ნდობა, არაფერი გამომივიდეს და ჩემი ოცნებები ისე გაიფანტოს, როგორც ნისლი მზის ამოსვლისას. რა მოხდება მაშინ? ნუთუ სრულად დავკარგავ იმ ადამიანების ნდობას, პატივისცემას და, შესაძლოა, სიყვარულსაც კი, რომლებსაც ასე ვეიმედებოდი?

ეს გარემოება ხშირად აბრკოლებს ადამიანს. მაგრამ უფრო დიდი ხელშემშლელი ფაქტორი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ძალიან ხშირად, როცა მეორე ადამიანი ნდობას გვიცხადებს, მას თითქოს შეუძლებლის სწამს და არ ითვალისწინებს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ. გვგონია, რომ ის ჩვენგან ძალიან ბევრს მოელის, თითქოს ყოვლისშემძლენი ვიყოთ, ყველაფრის გაკეთება შეგვეძლოს უპირობოდ, შეუზღუდავად. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, რომ, ერთი მხრივ, ეს შეუძლებელია და ნაბიჯის გადადგმის შიში გვიპყრობს, მეორე მხრივ, როცა რაიმეს განხორციელებას ვცდილობთ, აღმოვაჩენთ, რომ ვერ ვმაღლდებით იმ „უგუნურ“, „გაუაზრებელ“, „უპასუხისმგებლო“ ნდობამდე, რომელიც გამოგვიცხადეს. აქ ორი გარემოება იკვეთება.

ერთი მხრივ, ის, ვინც მეორე ადამიანს ენდობა და თავის რწმენას მას შთაგონებისთვის უძღვნის, ამას დაფიქრებით, გონივრულად და ბრძნულად უნდა აკეთებდეს. მეორე მხრივ, ადამიანი, რომელიც ამ რწმენის ღირსი ხდება, ფხიზლად უნდა იყოს, გონივრულად მოქმედებდეს და მთელი ძალისხმევა მიმართოს იქით, რომ შემოქმედებითად განახორციელოს თავისი მოწოდება. ამასთან, უნდა აცნობიერებდეს, ზოგიერთი შეზღუდვა მაინც არსებობს. ეს შეზღუდვები ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, სანამ საქმეს შევუდგებით. მხოლოდ მაშინ, როცა ვიწყებთ რომელიმე მეცნიერების შესწავლას, წიგნის კითხვას, რაიმე საქმიანობას, ვხედავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და სად გადის ჩვენი შესაძლებლობის ზღვარი. მაგრამ დაწყება აუცილებელია. არ უნდა შევუშინდეთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვართან მიახლოებას, რადგან (ეს ძალზე მნიშვნელოვანია) ჩვენდამი ნდობა, ჩვენდამი რწმენა გულისხმობს არა ყოველივე იმის განხორციელებას, რაც საერთოდ ადამიანისთვისაა შესაძლებელი, არამედ იმას, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად განვახორციელოთ საკუთარი თავი.

ეს აზრია ჩადებული ქრისტეს იგავში ტალანტების შესახებ. სიტყვამ „ტალანტი“ ასწლეულების მანძილზე სპეციფიკური ელფერი შეიძინა. ყველამ იცის, რა იგულისხმება ტალანტში, როცა საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე. ქრისტეს დროს ტალანტი ფულად ერთეულს წარმოადგენდა. აი, რომელიღაც პიროვნებას მიეცა ანაბარი, შესთავაზეს მისი დაბანდება და იმის მაქსიმალურად მიღწევა, რაც მას შეეძლო. თუ ეს ადამიანი ნიჭიერია, მთელი ძალისხმევის დაძაბვით გააორმაგებს და გაასამმაგებს მისთვის ბოძებულ ტალანტს, საჩუქარს, ნიჭს. თუ ის ნაკლებად დაჯილდოებულია, მცირედს მაინც მიაღწევს. მაგრამ მას არა აქვს უფლება, დაემსგავსოს იგავში წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან იმას, ვისაც ყველაზე ნაკლები ტალანტი, ნაკლები ნიჭი მიეცა. მას შეეშინდა, ვაითუ, ის, რაც ჩემშია ჩადებული, რაც მებოძა, გავფლანგო, დავკარგო და ამის გამო პასუხი მომეთხოვება. მან ტალანტი დაფლა, ანუ უბრალოდ, გვერდით გადადო, მიწაში ჩამარხა, შეინახა. განსჯისა და ანგარიშის გასწორების დრო როცა მოვიდა, სამივენი პატრონის წინაშე წარდგნენ. აღმოჩნდა, რომ პირველმა და მეორემ რაღაცას მიაღწიეს, რაღაც მოიგეს, მხოლოდ მესამემ ვერ მოიპოვა ვერაფერი.

ის განსაჯეს არა იმიტომ, რომ თავის პატრონს ვერაფერი მოაგებინა, არამედ იმიტომ, რომ შეშინდა და ვერაფრის გაკეთება გაბედა, გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

თუ ამ სურათს ჩვეულებრივ ყოფაში გადმოვიტანთ, იგავში მოხსენებული ტალანტი შეიძლება გავაიგივოთ ხელოვნების, ლიტერატურის, პოეზიის სფეროში გამოვლენილ ნიჭთან, მაგრამ ეს იგავის შეზღუდული გაგება იქნებოდა. თავიდანვე ჩვენში ჩადებული ტალანტი არის ყოველივე ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის. ეს არის მთელი სიმდიდრე, მრავალსახეობა, მრავალფეროვნება ჩვენი პიროვნებისა. შევძლებთ მის ხორცშესხმას თუ არა? შევძლებთ. თითოეულს შეუძლია ყოველივე იმის განხორციელება, რაზეც მას ნებისყოფა, გამბედაობა, შთაგონება ეყოფა. სწორედ აქ არის სიმძიმის ცენტრი, ეს არის ამ პრობლემის არსი. ადამიანის იმდენად უნდა გვწამდეს, ისეთი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, ისე უნდა შთავაგონოთ, რომ მან საკუთარ თავში აღმოაჩინოს სიმამაცე, მხნეობა, იგრძნოს შემოქმედებითი სიხარულის ძალა თვითრეალიზაციის დროს. მართალია, შეიძლება ის გენიოსი არ არის, მაგრამ ადამიანია, შეიძლება არაფრით გამოირჩეოდეს, მაგრამ იყოს თავისთავადი, რამდენადაც ძალა შესწევს, მშვენივრად და სრულყოფილად შეძლოს ეს. ამ შემთხვევაში აღარ დავადებთ მას მძიმე უღელს, აღარ ავკიდებთ ტვირთს, რომლის ტარებაც არაფრით ძალუძს, არ მოვითხოვთ მისგან, გახდეს ისეთი, როგორიც ის არასდროს (თავის ოცნებაშიც კი) გახდება, არამედ ვეტყვით: შეხედე, რა სიმდიდრეა შენში, განკარგე ის, ნუ გაზომავ მას, წარმოაჩინე შენში შემოქმედი და განახორციელე იგი! რასაც გონება ვერ მისწვდება, გულს უხმე; როცა სიმტკიცე გიღალატებს, მეგობარს მიმართე და ნახავ, რომ, რის განხორციელებასაც მარტო ვერ შეძლებ, სხვებთან ერთად ფრთებს შეასხამ და კაცობრიობის საგანძურში შენს წვლილს შეიტან.

თუ ასეთი რწმენით მივუდგებით ადამიანს, მის შთაგონებასაც შევძლებთ, არც ჩვენი ნდობით დავამძიმებთ და იგი, თავისი შესაძლებლობის შესაბამისად, შემოქმედებითი სიხარულით გაიზრდება.

გერმანელი მწერლის ბერტოლდ ბრეხტის ერთ-ერთ მოთხრობაში დაახლოებით ასეთ დიალოგს ვხვდებით. ერთ კაცს ეკითხებიან: „რას აკეთებთ, როცა ვინმე გიყვართ?“ „მე, - პასუხობს ის, - მასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას ვადგენ“. „გეგმას? შემდეგ რას აკეთებთ?“ „შემდეგ ვზრუნავ, რომ ორივე ერთმანეთს მოერგოს, შეესაბამებოდეს“. „მითხარით, ვინ ან რა უნდა მოერგოს მეორეს: ადამიანი გეგმას თუ გეგმა ადამიანს?“ „რა თქმა უნდა, - პასუხობს ბატონი კერნერი, - ადამიანი უნდა შეესაბამებოდეს გეგმას“.

ასეთ მიდგომას ხშირად ადამიანისადმი რწმენას უწოდებენ, თითქოს ადამიანის შესწავლა, მისი შეცნობა, ყველა შესაძლებლობის განჭვრეტა, გეგმის შედგენა და ის, რომ ადამიანი აიძულო, ამ გეგმას მოერგოს, შესაძლებელი იყოს. ეს შეცდომაც არის და დანაშაულიც, რომელსაც უშვებენ ცალკეული ადამიანები ოჯახში, საზოგადოებები და იდეოლოგიური დაჯგუფებები როგორც მორწმუნე, ისე ურწმუნო ადამიანებისა. ოჯახურ ცხოვრებაში ეს მოვლენა ზოგჯერ ტრაგიკულ ასპექტს იძენს. მშობლები წინასწარ განსაზღვრავენ, რა მოუტანს მათ შვილებს ბედნიერებას. ისინი აიძულებენ მათ, გახდნენ ბედნიერები ისე, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ. ეს ეხება ცოლქმრულ ურთიერთობებსაც, მეგობრებთან დამოკიდებულებასაც: „არა, მე ვიცი, რა არის სასარგებლო შენთვის, რა არის უკეთესი! ნახავ, რა კარგად იქნება ყველაფერი!“ და ამ მომაკვდინებელი, სულის შემხუთველი, ცხოვრების დამანგრეველი სიყვარულის მსხვერპლი ზოგჯერ ევედრება კიდეც: „თუნდაც ნუღარ გეყვარები, ოღონდ მომეცი თავისუფლება!“

ადამიანთა საზოგადოებებში ეს გარემოება ხშირად უფრო ტრაგიკულ ფორმებს იღებს, როცა უმრავლესობა ან რომელიმე ძალაუფლების მქონე დაჯგუფება ცალკეულ ადამიანებს თუ მთლიანად სხვა დაჯგუფებას თავის გავლენის ქვეშ აქცევს და მოითხოვს, რომ ყველამ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედოს. ისინი, ვინც ამას აკეთებენ, ყოველთვის ფიქრობენ, რომ მათ სწამთ ადამიანისა, სჯერათ, რომ ის შეიძლება დიდი და მნიშვნელოვანი გახდეს. ფიქრობენ, რომ თავად მას არ სჯერა საკუთარი თავისა. ეს რომ ასე იყოს, ის ყველაფერს მიატოვებდა და მათი დიქტატის მორჩილი გახდებოდა. სინამდვილეში ასეთი მიდგომა ადამიანის რწმენის სრული უარყოფაა. ასეთი მიდგომა ეფუძნება იმას, რომ ადამიანის ან საზოგადოების ცივი, გონებისმიერი, პროფესიული ანალიზის შედეგად, ყველა მონაცემის შეგროვების შემდეგ, იკვეთება გამოსახულება, სახე ადამიანის, საზოგადოების ან მთლიანად კაცობრიობისა. შემდგომ კი ამ საცოდავი საზოგადოების, ანუ კაცობრიობის „გეგმაში ჩასმას“ ცდილობენ. ამ დროს ავიწყდებათ, რომ ადამიანისადმი რწმენა იმას ნიშნავს, რომ იმ ცოდნის ზღვრის მიღმა, რაც უკვე მის შესახებ შევიტყვეთ, თვალთახედვის ზღვრის მიღმა მას ჩვენთვის მიუწვდომელი სიღრმეები აქვს: უძირო, სიღრმისეული ქაოსი, რომლის შესახებ გერმანელი ფილოსოფოსი ნიცშე ოდესღაც წერდა: „ვინც თავის თავში ქაოსს არ ატარებს, ის ვერასოდეს შობს ვარსკვლავს.“

აქედან გამომდინარე, ბ-ნ კერნერის მიდგომა, რომელზეც ბრეხტი მოგვითხრობს, ზუსტად შემოქმედებითი ქაოსის შესაძლებლობას გამორიცხავს. ოღონდ არა იმ ქაოსის, რომელიც უიმედო მოუწესრიგებლობას ნიშნავს, არამედ ქაოსის, როგორც ჩამოუყალიბებელი ყოფიერებისა, რომლის ღრმა ფესვებიდან თანდათან ამოიზრდება წესრიგი, გააზრებული ქმედება. ადამიანისადმი ჭეშმარიტი რწმენა ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ დამკვირვებლისთვის ადამიანი საიდუმლოდ რჩება. მითუმეტეს, გონებით დამკვირვებლისთვის, რადგან ჭეშმარიტი ხედვა ადამიანისა არა ჭკუა-გონებიდან გამომდინარეობს, არამედ გულიდან. მხოლოდ გულია ჭეშმარიტი მჭვრეტელი. მხოლოდ მას შეუძლია, გონება მიუწვდომელ სიღრმეში ჩაახედოს. ადამიანისადმი ჭეშმარიტი რწმენა ითვალისწინებს სიღრმეების არსებობას და მათ ფარულ შესაძლებლობებს და მუდამ ელის, რომ რაღაც მოულოდნელი, არაჩვეულებრივი შეიძლება მოხდეს.

მაგრამ ერთი რამ თითქმის ყოველთვის ხდება. ჩვენ ადამიანს თავისუფლებას ვანიჭებთ და ამავდროულად ვენდობით, ჩვენი რწმენით ვამდიდრებთ მას და შთავაგონებთ. ხშირად დამკვიდრების პროცესში ადამიანი ზურგს აქცევს იმას, ვინც მისი შთამგონებელი და დამხმარე იყო; და არა მარტო ზურგს აქცევს, პერიოდულად მისთვის ეს აუცილებლობასაც წარმოადგენს. ის ვალდებულია, განაგრძოს თვითგანვითარება და პიროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცება, მანამდე არსებულ ურთიერთობათაგან გამიჯვნა. და ადამიანი, რომელიც შემოქმედებითი რწმენით შთააგონებს დიდს თუ პატარას, საერო საზოგადოებას თუ ეკლესიურს, იმისთვის მზად უნდა იყოს, რომ მას ზურგს შეაქცევენ. ამ დროს მან სხვათა მიმართ საკუთარი რწმენა უნდა გამოსცადოს. გამოსცადოს დაუეჭვებლად, შეურყევლად, ზურგის შექცევის გარეშე. მან როგორც სასიხარულო აღმოჩენა, ისე უნდა მიიღოს, ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც უწინ მასზე იყო დამოკიდებული (თუნდაც მხოლოდ მისი ნდობისა და მისივე რწმენის მხრივ), ამჟამად დამოუკედებლად იწყებს არსებობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. თუ ადამიანი, რომელმაც თავიდან შთააგონა მეორე და ირწმუნა მისი, მაშინაც ურყევი დარჩება, როდესაც ჩამოყალიბების პროცესში დროებით ზედმეტი აღმოჩნდება, თუ შეძლებს უარი თქვას ძალაუფლებით ძალადობასა და დარწმუნების სურვილზე, ანდა ნაზი (ზოგჯერ კი სასტიკი) სიყვარულით ძალადობაზე, მაშინ ის თვითონ გახდება ადამიანი, ამ სიტყვის სრული, უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვის აღმატებული მნიშვნელობით.

ამრიგად, იმისთვის, რომ სხვა ადამიანი იწამო, უნდა გაბედულად და შემოქმედებითად გწამდეს საკუთარი თავის; და თუ ეს ასე არ არის, თუ არ გვწამს იმ სიღრმეებისა, რომელთაგან შესაძლოა ამოიზარდოს მიუწვდომელი სიდიადე, მაშინ ვერც სხვას ვუბოძებთ ისეთ თავისუფლებას, რომელიც მას საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება. დაეხმარება გახდეს მოულოდნელი და მიუწვდომელი, ისეთი, განსაკუთრებულ წვლილს რომ შეიტანს საზოგადოებისა და კაცობრიობის ცხოვრებაში, არა დადგენილს, არამედ გამორჩეულს (ინდივიდუალურს) და შემოქმედებითს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, შეუძლებელია გწამდეს სხვა ადამიანის, თუ საკუთარი თავის არა გვწამს. რა არის საკუთარი თავის რწმენა? პროფესიულად და ყოფიდან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობა გვიპასუხებდა: საკუთარი თავის რწმენაა, როცა ურყევად გჯერა, რომ თუკი ნებისყოფას დაძაბავ და გონების მთელ ძალებს მოიკრებ, ყოველივე სასურველს მიაღწევ, რა თქმა უნდა, დასაშვებ ფარგლებში... საკუთარი თავის ასეთი რწმენა სადღაც თავდაჯერებულობას ესაზღვრება, მასში ადვილად გადადის და საბოლოო ჯამში ეს არის რწმენა არა საკუთარი თავისა, არამედ იმის დაჯერება, რომ გარშემომყოფნი ჩვენს ძალისხმევას დაემორჩილებიან. რაღაც ასპექტში ეს იმის დაჯერებაცაა, რომ მეყოფა ძალ-ღონე, გარდავქმნა და შევცვალო გარშემომყოფნი ან ვითარება, მოსალოდნელი სიტუაციები ჩემს გარშემო.

საკუთარი თავის ჭეშმარიტი რწმენაა, როცა მჯერა, რომ ჩემში არის რაღაც ისეთი, რაც არ ვიცი, რაც ჩემთვის მიუწვდომელია, რაც იზრდება, ვითარდება და, შესაძლოა, სრულყოფილებამდე მივიდეს. თავდაჯერებულობის საფუძველი საკუთარი თავის ცოდნაა, ზოგჯერ - გადაჭარბებული თვითშეფასება. რწმენას კი არავითარი თვითშეფასება არ სჭირდება, რადგან მისი კვლევის საგანი არის ადამიანის საიდუმლო. და როდესაც ადამიანის საიდუმლოზე ვსაუბრობ, იმის თქმა კი არ მსურს, რომ ადამიანში არის რაღაც მიჩქმალული, არამედ იმის, რომ ადამიანი მთლიანობაში არის მუდმივი დინამიკა, უწყვეტი სიცოცხლე, მოძრაობა და ზრდა. და არც ერთი წამით, ვერც თვით ადამიანი, ვერც ვინმე სხვა ამის შეკავებას ვერ შეძლებს. დინამიკას ვერ შეაჩერებს. მისი კვლევის, მის არსში წვდომის მიზნითაც ვერ შეაჩერებს. დინამიკა გაყინვას არ ექვემდებარება: ადამიანი დინამიურია ყოველჟამს და მარადის.

გამოდის, რომ ადამიანისა და საკუთარი თავის რწმენა არის რწმენა იმისა, რომ ჩემშიც და ყოველ ადამიანში, სიცოცხლის დაუმარცხებელი დინამიკაა ჩადებული. და ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ დინამიკის განხორციელებას და რეალობაში გადაზრდას, არის ჩემი სიმხდალე, გაუბედაობა. გარემოებები, რაოდენ კარგი და ცუდი, რაოდენ სასტიკიც უნდა იყოს, როგორც უნდა იყოს მიმართული პიროვნების გატეხაზე, განადგურებაზე, მხოლოდ იმის საბაბს იძლევა, რომ შინაგანმა შემოქმედებითმა დინამიკამ გამოამჟღავნოს თავი ახლებურად, სხვაგვარად, მოულოდნელი სახით, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გამოამჟღავნოს. საკუთარი თავის რწმენა არის დაჯერებულობა ამ შინაგან, საიდუმლო, შემოქმედებით, და საბოლოო ჯამში, გამარჯვებულ დინამიკაში. საკუთარი თავის რწმენა ამიტომაც საკუთარ თავში დაჯერებულობაცაა. გჯერა, რომ ყოველ ადამიანში და, კერძოდ, ჩემშიც არის ისეთი სიღრმე, რომელიც ჩემთვისაც შეუმჩნეველია. და თუ დღიდან დღემდე სულ უფრო მეტი სრულყოფილებით გამოამჟღავნებ შენს თავს, მაქსიმალური გულახდილობით, სიმართლით, ღირსებით და გაბედულად, საბოლოო ჯამში, გამოაჩენ და აამოძრავებ სულ უფრო ახალ და ახალ ძალებს, რომელთა შეჩერება შეუძლებელი იქნება.

მაგრამ ზემოაღწერილი ბრმა პროცესს არ წარმოადგენს, მასში ხედვის უნარიცაა. ადამიანი თვითგანვითარების დროს საკუთარი თავის მეთვალყურეც უნდა იყოს - ოღონდ უშიშარი და უშფოთველი. არ უნდა უსვამდეს საკუთარ თავს შეკითხვას: ვარ კი მე ის, ვინც მინდა გავხდე, ან ვინც მინდა ვიყო? არამედ ცხოველი ინტერესით, როგორც მეთვალყურე, რომელიც პროცესს თვალს ადევნებს, მის აღრიცხვას აწარმოებს და ცდილობს გამოიყენოს, მოიხმაროს, იღონოს ყველაფერი ის, რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებში შედის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მოსმენა, უპირველეს ყოვლისა, ყური დაუგდოს სინდისს, ანუ იმ სიმართლეს, რომელიც მასშია დავანებული. იმიტომ, რომ თუ სინდისის ხმა, სიმართლის ხმა მიჩუმებულია, მას ვერანაირად და ვერასოდეს შეენაცვლება კანონიერება, პირო-ბითობა, ადამიანური წესები. შემდგომ, ადამიანმა ყური უნდა მიუგდოს ცხოვრების ხმას, ანუ იმას, რასაც მას ცხოვრება ასწავლის: ცალკეული ადამიანის ცხოვრება და მის გვერდით საზოგადოების, ხალხის ცხოვრება, კაცობრიობის ცხოვრება, ბიოლოგიური სიცოცხლე. და საბოლოოდ, მორწმუნემ, უეჭველად, ყური უნდა დაუგდოს თვით უფლის ხმას, რომელიც წმინდა წერილშია გაცხადებული, რომელიც უფრო ხმამაღლა, სამართლიანად და ჭეშმარიტად ჟღერს, ვიდრე ადამიანის სინდისი.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადამიანს საშუალებას აძლევს, მიაკვლიოს საკუთარ თავში, ყური დაუგდოს და თვალი ადევნოს სიღრმეებს და ამით ცხოვრება გაამდიდროს, გაამრავალფეროვნოს. როგორც უკვე იყო ნათქვამი, მას მოუწევს მთელი ძალისა და დიდი გამბედაობის მოკრება, რადგან ეს პროცესი არის ცხოვრების ბრძოლა კვდომის წინააღმდეგ, ბრძოლა შემოქმედებისა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მას კლავს, ბრძოლა სინდისისა იმის წინააღმდეგ, რაც უსინდისოდ ცხოვრებას უწყობს ხელს.

მოითხოვს კი ეს სიმამაცეს? - დიახ, მაგრამ ამავე დროს მოითხოვს თავმდაბლობასაც და მორჩილებასაც. არა იმ გაგებით, რომ ჩვენ ვინმეს უნდა დავექვემდებაროთ, არამედ იმ გაგებით, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ თავმდაბლურად, მორჩილად მივენდოთ ცხოვრების კანონს და ვიყოთ მზად, ვიცხოვროთ თუნდაც ჩვენივე სიკვდილის ფასად. ეს გამოთქმა, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, ველურ გამოთქმადაც კი, მაგრამ მორწმუნისგან ამის მოსმენა არც უცნაურია და არც ველური. რადგან მხოლოდ იმას შეუძლია, თავისი ცხოვრება იდეალს შეწიროს, ვისაც სიცოცხლის სწამს და სიკვდილის გამარჯვების არ სჯერა. ვისაც შესწევს უნარი, შეიყვაროს მთელი სულით, გულით, გონებით, ნებისყოფით, მთლიანი სხეულით. მხოლოდ იმ ადამიანს, რომელშიც სიცოცხლემ სიკვდილი დაამარცხა, ძალუძს, გასწიროს თავისი ცხოვრება. გასწიროს ისე, რომ გარეგნულად დამარცხებული, გატეხილი გამოჩნდება, სიკვდილი დაეტყობა, მაგრამ შინაგანად ეცოდინება, რომ გაიმარჯვა. ოდესღაც შლისელბურგის ციხეში წარწერა აღმოაჩინეს: „ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი, თავისუფლებაც ციხეა“. ზუსტად ეს კონტრასტი - ძლევაშემოსილი სიცოცხლე და გარეგნული სიკვდილი - ადამიანის საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტი რწმენის დამახასიათებელი ნიშანია, არა თვითდაჯერებულობის ნიშანი, არამედ ცხოვრების დაუმარცხებელი დინამიკისადმი რწმენისა, ვისი სახელიც არის ღმერთი.

თარგმნა
გიორგი არავიაშვილმა

7.2 ბატონი თუ მსახური?

▲back to top


უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა
(2. კორ. 12, 9)

ბექა მინდიაშვილი

ბავშვის ძალაუფლება

ტაძრების გუმბათებიდან თუ საკურთხევლებიდან პანტოკრატორი, ყოვლისმპყრობელი ქრისტე, მშვიდი, მაგრამ პირქუში, იმპერატორული სიმკაცრით დაგვცქერის. ეს მზერა იმის მანიშნებელია, რომ სწორედ მას უპყრია სამყარო, რომელშიც დედამიწა ჭიანჭველების ბუდეს წააგავს. ის არის ნამდვილი მეფე, მის ხელთაა უკიდეგანო დრო და სივრცე, სიცოცხლე და სიკვდილი. მისი პრეროგატივაა კაცობრიობის განკითხვა.

ღმერთის ამ იერს სახარება არ უარყოფს, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული პერსპექტივიდან გვთავაზობს მისი ძალაუფლების დანახვას, შებრუნებული პერსპექტივიდან, რომელშიც პირველი ხდება უკანასკნელი, ბატონი ხდება მსახური, მდიდარი ხდება ღატაკი, ძლიერი ხდება უძლური, ადამიანი ხდება ღმერთი, რადგან თავად ღმერთი ადამიანის, უფრო მეტიც, მონის ხატს შეიმოსავს და ასე, გომურში, პირუტყვების სამშობიაროში, ყოველგვარ დიდებას მოკლებული, ჩვილი ბავშვის სახით მოევლინება ქვეყანას, რადგან მისთვის არ გამოჩნდება სხვა თავშესაფარი. მართლმადიდებლურ ხატზე მის ბაგას აკლდამის ფორმით გამოსახავენ - თითქოს ის იმთავითვე სიკვდილისთვისაა დაბადებული, თითქოს ეს არის ის ადგილი, რომელიც კაცობრიობამ ღმერთს უნდა მიუჩინოს.

სახარება მოგვითხრობს, რომ რომის იმპერიაში, ღმერთი ადამიანად მაშინ დაიბადა, როცა იმპერატორმა ავგუსტუსმა თავი ღმერთად გამოაცხადა, ხოლო მის კოლონიაში, იუდეაში, ადგილობრივი ტირანი ჰეროდე თავისი პატარა ტახტის დაკარგვის შიშით ძრწოდა და ბავშვებს მოსაკლავად დასდევდა, რათა მისი და მისი ოჯახის ბატონობისათვის მეტოქეობა არავის გაეწია.

ჰეროდეზე ხელჩაქნეული მღვდლები, რჯულისმოძღვრები, უბრალო ხალხი იმჟამად მართლაც რჩეული ერის ნამდვილ წინამძღოლს, მეფესა და მღვდელმთავარს - მესიას ელოდნენ, რომელსაც რომის უღელი უნდა გადაეგდო, იერუსალიმის ტაძარი ახალი მსოფლიო წესრიგის ცენტრად ექცია და ერთი ღმერთის თეოკრატიული წყობა დაემყარებინა დედამიწის ყველა კუთხესა და კუნჭულში.

თუმცა პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი ბეთლემში დაბადებული მესიის ძალაუფლებას სწორედ ახალშობილი ბავშვის ძალას ადარებს. ჩვილი უკიდურესად უმწეოა. მას იოლად ავნებ. ამიტომ მის წინაშე უფროსები ჩურჩულით ლაპარაკობენ, ფეხაკრეფით დადიან. ერთადერთი, რითაც ბავშვი მათ იპყრობს, მისი არსებობით გამოწვეული იდუმალების, სიხარულისა და სიყვარულის შეგრძნებაა. მასთან ურთიერთობა მშობლების უპირველესი საზრუნავი და საქმე ხდება, მას მუდმივი, მოუდუნებელი ყურადღება სჭირდება, რომელიც გღლის, მაგრამ საზრისისა და ბედნიერების განცდას სწორედ ეს განიჭებს. შმემანი ამბობს, რომ ღმერთიც ბავშვია, ისეთივე უძლური, როგორც ახალშობილი, და ისეთივე ძლიერი, როგორც მისი დაბადების გარშემო შემოკრებილი ცხოვრების აზრი - სიყვარული. მისი ძალაუფლება კი ადამიანის თავისუფლებისადმი მინდობაში ხორციელდება.

ბრძოლა უდაბნოში

მათე და ლუკა მახარობლები გვიამბობენ, რომ მსახურების დაწყებამდე 30 წლის მესია სულის მიერ უდაბნოში იქნა აყვანილი და გამოიცადა. 40-დღიანი მარხვის მიწურულს მოხდა შეხვედრა, ოღონდ არა ღმერთთან, როგორც ეს ხდება ხოლმე ასეთ უდაბურ ალაგებში, არამედ მაცდურთან, რაკი ღმერთი თავად ეს ნამარხულევი ადამიანი იყო, რომელსაც იქ ძალიან მოშივდა.

იუდეის უდაბნო აზიური ლავაშის მსგავსი ბრტყელი პატარა ქვებით იყო მოფენილი. თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურად იქცნენ - გაისმა ხმა. იმ დროს ყველა ებრაელმა იცოდა, რომ მესიის მოსვლა მათ ეკონომიკურ პრობლემებსაც მოუღებდა ბოლოს. დააპურე მშიერი ხალხი, აჩუქე მათ ბედნიერება და გამოგყვებიან. მოახდინე ეკონომიკური სასწაული და ყველანი შენი რელიგიის ადეპტებად იქცევიან. მაგრამ იესო ამ, ერთი შეხედვით, ეფექტურ გამოსავალს უარყოფს, რადგან არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა თავად უნდა იცხოვრონ თავიანთი ცხოვრება, თავად უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი თავსმოხვეული ბედნიერების გარეშე.

თუ ძე ხარ ღვთისა, გადაფრინდი ტაძრის ქიმიდან, „რადგან დაწერილია: თავის ანგელოსებს უბრძანებს, და აგიტაცებენ, რათა არ წამოჰკრა ქვას ფეხი“, - ეუბნება მაცდუნებელი. აი, მაგალითად, აატირე ქანდაკებები, სისხლი ან მირონი ადინე ხატებს, უცებ უმიზეზოდ ცეცხლი აღმოაცენე შენს ტაძარში ან დადექი ტაძრის ქიმზე და გადაფრინდი! უვნებლად დაეშვები. როცა ამ საოცრებით სახელს გაითქვამ, ყველანი შენ გამოგყვებიან. არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი, - უპასუხებს იესო, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანები იძულებულები გახდებიან გაღიარონ იმიტომ, რომ დაინახავენ და მათი რწმენა ისევ თავისუფლებას მოაკლდება, სუსტი და ხანმოკლე იქნება.

ბოლო, მესამე, გამოცდაც: „აიყვანა ეშმაკმა იგი ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი, და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე“. მიწიერი აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობა გადაიშალა ღონემიხდილი ქრისტეს თვალწინ. გამშორდი სატანა, რადგან დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე, - უცხადებს ქრისტე.

პური, სანახაობა, სასწაული - ესაა მატერიალური ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების, ადამიანების მართვის მექანიზმი, ესაა იმ ტრადიციული წესრიგის საფუძველი, რომელზედაც იდგა პოლიტიკაც და რელიგიაც, კაპიტოლიუმიც და ტაძარიც.

ეს სამი ცდუნება თითქოს ლაიტმოტივად გასდევს ქრისტეს მთელ გზას. იესო ქრისტე მართლაც ათასობით ადამიანს აპურებს ხუთი პურითა და ორი თევზით, გაივლის წყალზე, წყალს ღვინოდ გადააქცევს, კურნავს მძიმე ავადმყოფებს, აღადგენს მიცვალებულებს, მას შეუძლია ფიზიკური ძალაც გამოიჩინოს და ტაძრიდან განდევნოს მოვაჭრეები. ყოველივე ამის გამო ხალხი მას მართლაც მიჰყვება. თავისი გზის მიწურულს ის დიდებით შედის იერუსალიმში, სადაც ხვდებიან როგორც აღთქმულ მეფეს, ისრაელის ყველაზე ძლევამოსილი მმართველის, დავითის, მემკვიდრეს, რომელმაც დამშეული ხალხი უნდა დააპუროს, რელიგიური მონოპოლია დაამყაროს, მთელი მსოფლიოს ბატონ-პატრონად, ახალ საღვთო იმპერატორად იქცეს. ამიტომაც მას ოსანას უმღერიან, პალმის რტოებსა და სამოსს უფენენ.

ნაზარეველს თითქოს ერთი ნაბიჯიღა აშორებს ძალაუფლების ზენიტამდე, იერუსალიმის ტაძრის დაუფლებამდე. რადგან სწორედ ეს ტაძარია თეოკრატიული მმართველობის სიმბოლო, რომელშიც რელიგიური, იდეოლოგიური, პოლიტიკური ძალაუფლების მთელი კომპლექსი მოიაზრებოდა. მაგრამ დავითის ქალაქში დიდებით შესული მესია იმ დროს, როცა მისი მოწაფეები ამ ნაგებობის დიდებულებით არიან აღტაცებულნი, ყველასთვის გასაგონად გამაოგნებელ სიტყვას წარმოთქვამს: ტაძარს დავანგრევ და მესამე დღეს აღვადგენ მას. ეს არის იესო ქრისტეს პასუხი უდაბნოს გამოცდაზე.

0x01 graphic

ახალი ტაძარი

ცხადია, ქრისტე ტაძრის დანგრევაში არა ქვის ნაგებობის, არამედ მთელი რელიგიური სისტემის დეკონსტრუქციას გულისხმობდა, რათა მასში მხოლოდ მისი არსი დაეტოვებინა: ადამიანისა და ღმერთის ურთიერთსიყვარული.

იერუსალიმში შემოსული მესია ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად ყველა იმ მითს ანგრევს, რომელიც მისი მესიანური დანიშნულების გარშემო წარმოიშვა ხალხში, ყველა იმ მოლოდინს აქარწყლებს, რომელიც მასთან დაკავშირებით გაუჩნდათ მცოდნეებსაც და უმეცრებსაც. ის იწყებს ბატონობის, მიწიერი, ობიექტურად მოცემული ძალაუფლების სტრუქტურიდან გასვლას. ტოვებს იერუსალიმის ტაძარს, სადაც მისი საკურთხეველია აღმართული, და, პირობითად რომ ვთქვათ, გოლგოთის ბორცვისკენ იღებს გეზს. აქედან მოკიდებული ყოველი მისი მომდევნო ნაბიჯი მისი მიმდევრების თვალში აკნინებს მის დიდებას, მის მნიშვნელობას, აფერმკრთალებს მისდამი სიმპათიებს.

პირველი, რასაც ამ გზაზე მოიმოქმედებს, ის არის, რომ პასექის აღნიშვნის დროს (პასექი გადასვლას ნიშნავს) ფეხებს დაბანს მოციქულებს. გაკვირვებული მოწაფეები ვერ ხვდებიან, რატომ სჩადის ამას. ნუთუ პირიქით არ უნდა იყოს? მათ არ უნდა დაბანონ უფალს, ბატონს, ფეხი? ნუთუ ყოვლისშემძლე მოძღვარმა, მაგალითად, ამ გაბურძგნული მეთევზის, სიმონპეტრეს, წინაშე ასერიგად უნდა დაიმციროს თავი?

„იესო ადგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა, მერე წყალი ჩაასხა საბანელში, და დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების ბანა და პირსახოცით შემშრალება, რომელიც წელზე ერტყა. და მივიდა სიმონ-პეტრესთან და უთხრა მას პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს? მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც მე ვიქმ, შენ ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ. უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. უთხრა მას პეტრემ: უფალო, არა მარტო ფეხებს, არამედ ხელსაც და თავსაც... და როცა ფეხები დაბანა, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახით დაჯდა და უთხრა მათ: იცით რა გიყავით თქვენ? თქვენ მე მიწოდებთ უფალს და მოძღვარს და კარგად ამბობთ, რადგანაც ვარ. ხოლო, თუ მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ერთმანეთს ფეხებს. ვინაიდან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისევე მოიქცეთ“ (იოანე. 13. 3,15)

ადამიანების მსახურებისათვის მოვლენილი ღმერთი მოწაფეებს მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხელს იქ, იერუსალიმში, შეკრების საიდუმლოს. ეს საიდუმლო ქრისტეს მიერ მათთვის გაზიარებული, მსხვერპლშეწირული სიცოცხლეა, ეს არის არსობის პურიც და ღვინოც - ღმერთის ადამიანური სისხლი და ხორცი, ახალი აღთქმის ახალი მცნება: როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენ ერთმანეთი, იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ ერთმანეთის სიყვარული (იოანე. 13. 34,35) .

მესიის ეს უცნაური ქცევა საძირკვლად დაედება, ახალი ტაძრის, ახალი აღთქმის ეკლესიის მშენებლობას.

ძალაუფლების დათმობა

საიდუმლო სერობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ფეხს დაბანს მოციქულებს და გააცხადებს, რომ მან საკუთარი მისიის შესასრულებლად, ახალი ტაძრის ასაგებად თავისი სიცოცხლე უნდა გაიღოს მსხვერპლად, ქრისტე თითქოს მიზანმიმართულად იწყებს იმ ძალაუფლების დათმობას, რომლის აღებასაც მისგან მოციქულებიც და მისი მიმდევრებიც ელოდნენ.

პირველი, ვინც ხვდება, რომ იესო სულაც არ არის მეფე, არ არის ის, რადაც თავს აცხადებდა, იუდაა. ამის შემდეგ ის გადაწყვეტს ვაჭრობის საგნად აქციოს იგი, ივაჭროს იმ ინტერესით, რომელიც მის მიმართ გაუჩნდათ, ივაჭროს იმ შიშით, რომლითაც მღვდელმთავრები არიან აღძრულნი, რაკი ხვდებიან, რომ ის საფრთხეა მათი რელიგიური და იდეოლოგიური სისტემისთვის, მათი ტრადიციებისთვის, რომლის საბოლოო მიზანს ძალაუფლება წარმოადგენს.

იუდას სურს უჩვენოს თავის მოძღვარსა და მეგობარს, რომ ტაძრის, კერპის, იმედის მსხვრევა მტკივნეული რამაა, რომ ამის გამო მან პასუხი უნდა აგოს. რომ ნანატრი ძალაუფლების გზიდან გადახვევას მტკივნეული პასუხი შეიძლება მოჰყვეს. რა გამოვიდა? მან სამი წელი გაატარა მასთან ერთად ამაო ხეტიალში და ვერაფერი მიიღო დაბანილი ფეხის, პურის ნატეხისა და ჭიქა ღვინის გარდა. არადა, სწორედ მას ებარა საერთო სალარო. ამიტომაც ის ამ საქმიდან ხელცარიელი არ უნდა გამოვიდეს. მას კი სიმდიდრე და ძალაუფლება სწყუროდა, ისევე, როგორც იმ მოციქულებს, რომლებიც ურიგდებოდნენ მომავალ მეფეს, შენს გვერდით პირველები ჩვენ დავსხდებითო. ახლაღა მიხვდა იუდა, რას გულისხმობდა მოძღვარი, როცა ამბობდა, ვისაც პირველობა სურს, ის უკანასკნელი აღმოჩნდებაო. იუდას ნამდვილად არ სურდა ბოლო რიგში ჯდომა, ის მართლაც პირველი იყო. მან სხვებს დაასწრო, პირველმა ჩაიქნია იესოზე ხელი. მოლარემ მოძღვარი და მეგობარი სწორედ სავაჭრო, სამომხმარებლო პროდუქტად აქცია. თუკი გაჩნდა მასზე მოთხოვნილება, სხვა რა დარჩენია, მან მიწოდება უნდა უზრუნველყოს, ცოტათი ჯიბეც გაისქელოს. ამით იუდამ ძალაუფლება მოიპოვა იესოზე - ის მასზე მდიდარი გახდა. ფორმალურად ნაზარეველი სწორედ მისი გაცემის მსხვერპლი აღმოჩნდება. გეთსიმანიის ბაღში, სადაც ქრისტეს შეიპყრობენ, მასთან ერთად კიდევ სამი მოციქულია - იაკობი, იოანე და სიმონ-პეტრე. ამ უკა-ნასკნელს ყველაზე გულმხურვალედ უყვარს რაბი. როცა მღვდელმთავრის მსახურები და რომაელი ჯარისკაცები მას შესაპყრობად მოაკითხავენ, მოციქულები მოძღვრისგან სასწაულს ელიან. ასეთი რამ მანამდეც არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ყოველთვის დაუღწევიათ თავი. სასწაულს ელიან, მაგრამ ახლა მსგავსი არაფერი ხდება, ამიტომ პეტრე მახვილს იშიშვლებს და მარჯვენა ყურს ჩამოათლის მომხდურს. ქრისტე სწორედ ამ დროს ახდენს სასწაულს, ეს მისი ბოლო სასწაულია - შეპყრობილი მესია ყურს გაუმთელებს შემპყრობს.

პეტრე კი გაოგნებულია. მას სწამს, რომ ქრისტეს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ვერ ხვდება, რატომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ თავი დააღწიოს მტრებს. ის ხომ მესიაა, მან ხომ სულ მოკლე ხანში მსოფლიო უნდა დაიპყროს. აქ კი რა? მის შესაპყრობად რამდენიმე ათეული ადამიანია მოსული. ამ უმოქმედობის გამო პეტრეს ჩვეულებრივი, ადამიანური შიში იპყრობს. ის საგონებელში ვარდება და ისე მოხდება, რომ გათენებამდე, მანამდე, სანამ მამალი სამჯერ იყივლებს, სამჯერ უარყოფს თავის მეგობარსა და მასწავლებელს. მიმოიფანტებიან დანარჩენი მოციქულებიც. მათ, ისევე როგორც პეტრემ, უარყოფის გზა უნდა გაიარონ. მათი იმედებიც უნდა დაიმსხვრეს.

ღვთისმსახურთა სამსჯავრო

შეპყრობილი ღმერთკაცი ჯერ რელიგიური ძალაუფლების წინაშე წარდგება. მას, ფაქტობრივად, მისივე მსახურები, მღვდელმთავრები, ასამართლებენ. უღონო ღმერთი ძლევამოსილი ღმერთის სახელით განიკითხება. ეს რელიგიური ძალაუფლების, მესიანისტური იდეოლოგიის დეკონსტრუქციის დასაწყისია. ორთოდოქსი სინედრიონის წევრები იცავენ ჭეშმარიტებას ჭეშმარიტებისგან. მღვდელმთავრები, სჯულის მეცნიერნი, უხუცესები - იერუსალიმის ტაძრის ელიტას წარმოადგენენ. ისინი ალბათ გულწრფელი მორწმუნეები არიან, დარწმუნებულები, რომ რელიგიის არსი მისი ტრადიციის უბიწო ერთგულებაა, დარწმუნებულები, რომ მრუში დედაკაცი აუცილებლად უნდა ჩაიქოლოს, რომ სამარიტელ სექტანტს გამარჯობა არ უნდა უთხრა, რომ მეძავებთან, მევახშეებთან, სოციალურ კეთროვნებთან, ურჯულოებთან საქმე არ უნდა დაიჭირო, მათ ჭერქვეშ არ უნდა შეხვიდე, რომ რჩეული ერი და რელიგია ყველაზე აღმატებულია, რომ მტერს მტრულად უნდა მოეპყრო და რაღაც სისულელეები არ უნდა მოროშო მათი სიყვარულის აუცილებლობის შესახებ, რომ სწორედ ეს დიდებული ტაძარი, ეს ქვის ნაგებობა, რომლისთვისაც ასამართლებენ გალილეველს, სამყაროს უწმინდესი ადგილია, ხოლო მის დანგრევაზე ლაპარაკი გაუგონარი მკრეხელობაა ღვთის წინაშე, რომ ეს მათი ფაქიზი რელიგიური გრძნობების ენითუთქმელი შეურაცხყოფაა. ბოლოს და ბოლოს ყოვლისშემძლე ღმერთს ხომ შეუძლებელია ეს მოხეტიალე პროვინციელი გამოერჩია საკუთარი ერის დასამწყემსად.

ამ გლახაკ გალილეველში რელიგიური არისტოკრატია საფრთხეს ხედავს - მან შეიძლება ბევრი აცდუნოს, მის მიერ ჩადენილი და ნათქვამი სისულეების გარდა, მას სასწაულების მოხდენაც ძალუძს. ამიტომ მღვდელმთავარი კაიაფა იტყვის: ჯობს ერთი მოკვდეს მთელი ერისთვის, ვიდრე ათასობით ადამიანი ცდუნდეს, აცდეს ჭეშმარიტების გზას. ეს ფრაზა მარადიული სიმბოლოა იმისა, რაც შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ ერთი სიტყვით - ინტერესები. ეკლესიის ინტერესები, ერის ინტერესები, უსაფრთხოების ინტერესები, ჭეშმარიტების ინტერესები მოითხოვს მოკვდეს ერთი, თუნდაც სრულიად მართალი და უდანაშაულო, თუნდაც ბავშვივით უცოდველი, თუნდაც ღმერთი. ინტერესები უპირველეს ყოვლისა! იესო დგას მათ წინაშე, ჭეშმარიტი, ლეგიტიმური მღვდელმთავრების წინაშე, როგორც ცრუ, თვითმარქვია მღვდელმთავარი. ის დუმს.

სინედრიონში მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ და იუდეის პრეფექტს გადასცემენ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

გაგრძელება მომდევნო ნომერში

8 თვალსაზრისი

▲back to top


8.1 სტერეოტიპები, კანონები და მოქალაქეთა თანასწორობა პოსტსაბჭოურ საქართველოში

▲back to top


ნუგზარ პაპუაშვილი

დრო შეიცვალა. სტერეოტიპები?

მართლმადიდებელ ეკლესიას 1972 წლიდან დავუკავშირდი. თბილისში ახალი ჩამოსული გახლდით; უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, როდესაც გავიგე (მასწავლებლისაგან, პროფესორ მეია ყუბანეიშვილისაგან), რომ აღდგომას ეკლესიებში ღამისთევით ხვდებიან; ასეა თბილისშიც, განსაკუთრებით სიონში. დავინტერესდი და გადავწყვიტე, სააღდგომო ღამისმთეველებს მეც შევერთებოდი. ასე აღმოვჩნდი დიდი შაბათის შუაღამეს სიონში, სადაც წესისა და რიგის მიხედვით დიდი ლიტანია და წირვა შედგა. იგრძნობოდა ზეიმი და სიხარული, თუმცა ეგვტერში, რომელსაც მაშინ რუსების სამლოცველოს ეძახდნენ (რადგან იქ ჟამი რუსულად იწირებოდა), კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ II -ის (სიდამონიძის) ახალგარდაცვლილი ცხედარი ესვენა.

ხალხი ბლომად იყო, მეტწილად ახალგაზრდები, რამაც გამაკვირვა. მაგრამ უფრო ახალგაზრდების იმ არცთუ მცირე ნაწილის საქციელმა გამაკვირვა, რომლებიც თან პირჯვარს იწერდნენ, სანთელსაც ანთებდნენ და თან სიცილით კვდებოდნენ. ვინმე მათგანი ზოგჯერ დაიჩოქებდა კიდეც, რასაც ჩვეულებრივ უკან მდგომთა დემონსტრაციულად ხმამაღალი შეძახილები და ხარხარი მოჰყვებოდა: „ნახე, ნახე, დაიჩოქა, ჩემი კარგი!“; „ბიჭო, შენ, გაიგე, კათალიკოსი ეფრემი თურმე დღეს უნდა გაცოცხლდეს“; „ვა, ხედავ?!“ კვლავ სიცილი და ურთიერთმუჯლუგუნი. ვიფიქრე, ესენი საეჭვო კულტურის მოსეირე ხალხია, რომლებსაც ეოხუნჯებათ და კიდეც ოხუნჯობენ, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ საქმე ასე მარტივადაც არ იყო.

0x01 graphic

იქნებოდა დილის 4 თუ 5 საათი, როდესაც ეკლესიიდან გამოვედი და სახლში წასვლა გადავწყვიტე. ამ დროს წინ გადამიდგა რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთა შორის ხსენებული მოსეირე-მეოხუნჯეები შევიცანი. მითხრეს, ჩვენთან უნდა წამოხვიდეო. ცივი უარი მიიღეს: „იქნებ ქურდები ხართ, იქნებ ყაჩაღები ხართ!“. მაგრამ როცა წითელი წიგნაკები მაჩვენეს, შევშინდი და მათ სრული მორჩილება გამოვუცხადე. წამიყვანეს და შემიყვანეს შენობაში, სადაც ახლა სასულიერო სემინარია და აკადემიაა. აღმოვჩნდი ანტირელიგიური რეიდის ტყვეობაში და ანტირელიგიურ შტაბში, რომლის ხელმძღვანლად გამოიყურებოდა ცნობილი და იმ დროს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პარტიული მუშაკი, თანაც მეცნიერი, საქართველოს ისტორიის სპეციალისტი, საყურადღებო გამოცემების ავტორი ამ დარგში. იგი მაშინ მასობრივი ათეიზმისათვის იბრძოდა და, ამდენად, ეკლესიას ებრძოდა (თანამდებობაც, კომკავშირის უმაღლესი ეშელონი, ამას ავალებდა), დღეს კი ცისა და ქვეყნის გასაგონად მასობრივ მორწმუნეობას ქადაგებს და მართლმადიდებელი ეკლესიის აპოლოგეტობის პრეტენზია აფიშირებულად აქვს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მისი გარემოცვა მას დიდ ნდობას უცხადებს და საპატრიარქოს ველში ის ერთ-ერთი საპატიო პროფესორი და აკადემიკოსია. იგი დღეს ახალგაზრდებს მოუწოდებს: იარეთ ეკლესიაში და დაიცავით მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები! დიახ, ასეა დღეს. მაშინ კი მან მე დამგმო: როგორ არა გრცხვენია, კომკავშირელი ხარ და ეკლესიაში დადიხარო! ყველაფერი თითქოს ამით ამოიწურა და, ცხადია, ქვეყანა არ დაქცეულა.

ერთი შეხედვით აშკარაა რევოლუცია მსოფლმხედველობაში ანუ, რომ დავაკონკრეტოთ, შემდეგი ვითარება: კაცს (ამ შემთხვევაში პროფესორს) არ სწამდა, რომ ღმერთი არსებობს, მერე კი ირწმუნა ეს, რაც მისასალმებელია, თუკი გული გაფაქიზდა და გონება გაფართოვდა. გვმართებს გავითვალისწინოთ ის, რასაც თეოლოგები, ფილოსოფოსები თუ მორალისტები ხშირად ამბობენ და ადასტურებენ: ღვთისა და მისი ანგელოზების რწმენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სიკეთე, თუკი ასეთი სარწმუნოება კაცს გააკეთილშობილებს და გააუმჯობესებს. ამ თეორიით, რომელიც მკაცრ ლიგიკასა და გამოცდილებაზეა დამყარებული, სარწმუნოება ყოველთვის არ წარმოადგენს ზნეობრივ ღირებულებას, პირიქით, სარწმუნოება შეიძლება უზნეობის წყაროდაც გადაიქცეს. ტერორისტები განა მორწმუნეები არ არიან? გავიხსენოთ, რას გვეუბნება მოციქული: „შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია. კარგს შვრები! მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და კანკალებენ... რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია“ (იაკობი 2, 19-20). მაშასადამე, შეიძლება არსებობდეს ღვთის რწმენა, თეორიულად და დოგმატურად მართალი და ადეკვატური (მონოთეისტური, რომ ღმერთი ერთია, ერთარსებაა), თანაც ისეთი ღრმა, მტკიცე და შეუორგულებელი, რომელიც მორწმუნეს აათრთოლებს და ააკანკალებს, მაგრამ შორს იდგეს სიკეთისა და ზნეობრივი ღირებულებისაგან. ეს ვრცელი თემა და ცალკე მსჯელობის საგანია.

ალბათ მიხვდებით, რომ მიზნად ხსენებული პროფესორისა და ძველი ფუნქციონერის სულის მდინარის ანალიზი არ დამისახავს (არც მის გულწრფელობაში შემაქვს ეჭვი). იგი მაგალითად მოვიხმე, რათა მივანიშნო, რამდენად გამოიცვალა დარი და ადამიანებიც დროის შესაბამისად. მაგრამ საკითხავია: არსობრივად შეიცვალა დრო? ზნეობრივადაც გამოიცვალნენ ადამიანები და მსოფლმხედველობითაც გაკეთილშობილდა ანუ განათლდა ჩვენი გარემომცველი საზოგადოება? გვმართებს აქვე ასევე ვთქვათ: რევოლუცია მსოფლმხედველობაში კარგია, თუკი იგი ინტელექტისა და ზნეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. მაგრამ რა სარგებელს ნახავს ან პიროვნება, ან კოლექტივი, ერთი სიტყვით, - ერი და ბერი, ანუ ქვეყანა, თუკი ამა თუ იმ მსოფლმხედველობის ერთი სტილი მეორე მსოფლმხედველობის იმავე სტილმა და აზროვნების იმავე ჰორიზონტმა, მხედველობის იმავე ველმა შეცვალა? რა ბედენაა, თუკი სახელმწიფოს ერთი იდეოლოგიის ადგილი მეორემ, მაგრამ არსობრივად იმავე ფორმამ და იმავე სტილმა დაიკავა? არსობრივად რა შეიცვლება, თუკი ერთ უზურპატორს მეორე ჩაენაცვლა? გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი აღმსარებლობა და, ზოგადად, მსოფლმხედველობა ფორმისა და სტილის თვალსაზრისით შეიძლება იყოს ასეთიც და ისეთიც, ლიბერალურიც და ფუნდამენტალისტურიც, ლმობიერიც და ულმობელიც, შემბრალებელიც და მონსტრიც იაკობ მოციქულის ზემოთ დამოწმებული სიტყვისა და შეგონების შესაბამისად.

მართალია, ჩვეულებრივ ვითარებაში კერძო და რიგითი პიროვნების სულის მდინარეში ვერ ჩაიხედავ და არც გაქვს უფლება, რომ ჩაიხედო, რადგან ეს სივრცე ავტონომიურია და ხელშეუხებელი, მაგრამ ყურადღებას ვერ მოადუნებ და თვალსაც ვერ დახუჭავ მათ მიმართ, რომლებიც სულიერი და გონებრივი ღირებულებების კლიმატს სხვებისთვისაც ქმნიან, მით უფრო მაშინ, როდესაც სიტყვა და საქმე საზოგადოების ჭირ-ვარამს შეეხება. საზოგადოების სახეს და მის ჭირ-ვარამს ხომ სწორედ პიროვნებები აპირობებენ? - ის პიროვნებები, რომლებსაც ამ კონტექსტში ვგულისხმობთ და რომლებსაც მიეცათ საშუალება, შემთხვევით თუ კანონზომიერად, მსოფლმხედველობრივი სტერეოტიპები შექმნან, კლიშეები ჩამოაყალიბონ და სხვებს გეზი და ორიენტაცია მისცენ იქით თუ აქეთ.

გავიმეორებთ: ფაქტია, რომ დრო და გარემო ჩვენს სინამდვილეში და ჩვენ თვალწინ (ჩემი თაობის თვალწინ) გამოიცვალა. მაგრამ თავს იჩენს (და ზოგჯერ მწვავედაც) კითხვა, რომელიც, წინამდებარე ინტერესების შესაბამისად, ასე წარმოგვიდგება: დრო კი გამოიცვალა, მაგრამ როგორ და რა მიმართულებით შეიცვალა საზოგადოების მსოფლმხედველობა? სიკეთისაკენ? დემოკრატიისაკენ? იმისაკენ, რასაც დღეს ევროპულსა და დასავლურ ღირებულებებს ვეძახით? აქ იბადება ეჭვი, რომელიც, პირველ ყოვლისა, გუშინდელი და დღევანდელი დღეების მსოფლმხედველობრივ სტერეოტიპთა მიმოხილვისაკენ, მასის განწყობილებისა და მისი რელიგიურობის რაგვარობის გამოკითხვისაკენ გვიბიძგებს. თუ გაირკვევა, რომ მორწმუნედ გადაქცეული ათეისტები და მათი შვილები მეტად გახსნილი გონებისა და ფართო აზროვნების არიან, ვიდრე ისინი, მშობლები, ურწმუნოებაში იყვნენ, შეგვეძლება ვთქვათ: სტერეოტიპები დაიმსხვრა! მაგრამ თუ ისინი, სტერეოტიპები, არ დაიმსხვრა და მხოლოდ გამოიცვალა, საზოგადოებას და ქვეყანას არსობრივად არაფერი არ შემატებია.

რელიგია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში

შეგვიძლია დოკუმენტურადაც დავადასტუროთ, რომ ჩვენი საზოგადოება და, პირველ ყოვლისა, სტუდენტობა პერესტროიკამდელ საქართველოში ცნობიერედაც და ქვეცნობიერადაც ეკლესიისაგან იმაზე უფრო შორს იდგა, ვიდრე ამას შესაბამისი რეჟიმისა და პროპაგანდის სიმძაფრე გულისხმობდა. არ ვლაპარაკობ იმ ახალგაზრდებზე, 1972 წელს სიონში ჩემ თვალწინ რომ ოხუნჯობდნენ. ისინი სპეცსამსახურის მსახურები იყვნენ და ამ სამსახურის მსახურები, კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ერთი ჩანაწერის თანახმად, თურმე ყოველ აღდგომას, განსაკუთრებით 30-იან წლებში, ასე ოხუნჯობდნენ. მხედველობაში მყავს აღნიშნული პერიოდის საზოგადოება, რომელიც ეკლესიასთან და სარწმუნოებასთან დამოკიდებულებაში მეტწილად დიახაც რომ ცინიკური, ანდა, უკეთეს შემთხვევაში, გულგრილი იყო. მასას მხოლოდ რელიგიური შეფერილობის ხალხური რიტუალების დათმობა ეძნელებოდა და, თუ ვინმე ხანდახან ეკლესიის კარსაც შეაღებდა, უფრო ტრადიციის გავლენითა და მაგიური რწმენა-წარმოდგენების კვალდაკვალ (სხვადასხვა სახის აღთქმები, ბავშვების მონათვლა, - ავი არაფერი შეგვემთხვესო და ასე შემდეგ).

ვინც იმ თაობისაა და ვისაც რელიგიის საკითხები მაშინაც აინტერესებდა, დამეთანხმება, რომ საქართველოში მრევლის თვალსაზრისით ყველაზე ღარიბულად ამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია გამოიყურებოდა. სიონში, მაგალითად, კათალიკოს-პატრიარქ დავით V-ის (დევდარიანის) დროს (1972-1977) სამღვდელმთავრო ლიტურგიაზე, ჩვეულებრივ, 20-25 მლოცველი თუ გროვდებოდა. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთისა და სომხეთის საპატრიარქო ტაძრები ხალხს ლამის ვეღარ იტევდა. თბილისის მუდმივი მრევლის დიდ ნაწილს იმ დროს რუსი ქალები, „მატუშკები“, შეადგენდნენ. მახსოვს მეცნიერული ათეიზმის ერთი პროფესორის, სახაროვის, საჯარო ლექცია იმავე 1972 წელს საზოგადოება „ცოდნის“ აუდიტორიაში. მან ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა: მოსკოვში, საკავშირო მთავრობის ცენტრალურ აპარატში, საბჭოთა მოქალაქეების რელიგიურობის თაობაზე დიდი თათბირი და სჯა-ბაასი გაიმართა. აღინიშნა: საქმე ყველაზე კარგად საქართველოშია; ათეისტობის, ე.ი. ღვთისმგმობელობის, თვალსაზრისით ყველაზე კარგი მოქალაქეები საქართველოს ჰყავს; ამ რესპუბლიკის, საქართველოს, ათეისტი აგიტატორები და პოლიტხელები ყველაზე ბეჯითად მუშაობენ და ჩვენც მზად ვართ საქართველო, და მხოლოდ საქართველო, მასობრივი ათეიზმის რესპუბლიკად გამოვაცხადოთ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან ამ ქვეყანაში ძლიერი სინაგოგები არსებობსო! ეს მართლაც ასე იყო. გავითვალისწინოთ, რომ ებრაელების რეპატრიაცია ჯერ დაწყებული არ იყო. მე ისიც მახსენდება, თუ რა სიამაყით წარმოუთქვამთ ონელ ებრაელებს: „ჩვენ ვიცავთ და ვინახავთ მამა-პაპების რჯულს თქვენგან, ქართველებისაგან, განსხვავებით!“. იმავე პროფესორის თქმით, საქართველოსათვის აღნიშნული ტიტულის („მასობრივი ათეიზმის რესპუბლიკა“) მინიჭებას ხელს უშლიდა აგრეთვე თბილისის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბაპტისტური ეკლესია (მისი დეფინიციით - სექტა), რომელშიც ქართველები ბლომად არიან, მაგრამ ყველაზე მდიდარი მაინც რუსული თემიაო. დავაზუსტებთ, რომ ამ თემის ძირითად ბირთვს ყოფილი მალაკნები, წყლით მონათლულებიც და მშრალად მონათლულებიც („სუხოი ბაპტისტები“), წარმოადგენდნენ.

შეფასებას, რომ საქართველო თითქმის მასობრივი ათეიზმის რესპუბლიკაა, კომუნისტების მითად და ფანტაზიად ვერ მოვნათლავთ, რადგან ამასვე გვიდასტურებს მაშინდელი საქართველოს სინამდვილეც, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა. იმ დროს ბატონობდა აზრი და თეორია, რომლის თანახმად ქართველები ბუნებითად არაეკლესიური ხალხია. ამბობდნენ და საკმაო რიხითაც: ჩვენ რელიგიის მიმართ ყოველთვის გულგრილები ვიყავით; საეკლესიო რიტუალები არ გვიყვარს და არც უნდა გვიყვარდეს, რადგან ჩვენ, ქართველები, ასეთებად ვართ დაბადებული; ჩვენ, რუსებისაგან განსხვავებით, არა დოგმატურები და ავტორიტეტებს მინდობილები ვართ, არამედ ლაღები, პოეტურები და თავისუფლად მოაზროვნეები; საქართველოს მთამ და ბარმაც კი ჯვარცმული ღმერთი და მისი მცნებები არ მიიღო; ჩვენ ბუნების შვილები ვიყავით და ბუნების შვილებად დავრჩით, რაც შორსაა ქრისტიანობისაგან და ეს შორსყოფნა ჩვენი სიამაყეა!

ასეთი გახლდათ საბჭოთა საქართველოს სტერეოტიპები და, თუ ვინმეს არ სჯერა, გადახედოს იმდროინდელ ლიტერატურულ პროდუქციას და დარწმუნდება, რომ ეს ასეა. ეს პათოსი და თვალსაზრისები, ცხადია, მოსახლეობის ინტელიგენტურ ფენებში მუშავდებოდა და მათშივე ტრიალებდა. მართალია, ალტერნატიული პოზიციებიც არსებობდა, მაგრამ ისინი პრესტიჟულად არ მიიჩნეოდა და პოპულარობას ვერ იხვეჭდა. მოკლედ, საბჭოთა საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ასეთ თემებზე ფიქრი არ ეზარებოდათ, ეროვნულ იდეალსა და იდენტობას წარმართობასა და ათეისტობაში უფრო ხედავდნენ, ვიდრე ქრისტიანობასა და ეკლესიურობაში.

საბჭოთა კავშირში და, ცხადია, საქართველოშიც სოციოლოგიურ გამოკვლევებს დიდი დრო და რესურსი არ ეთმობოდა; ითვლებოდა, რომ ამის გარეშეც ყველაფერი ნათელია და გარკვეული. პოსტსაბჭოთა საქართველოში ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა, მაგრამ სოციოლოგები და სტატისტიკოსები რელიგიური თემებითა და მოტივებით გვიან დაინტერესდნენ. ამის მიუხედავად ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ამ ქვეყნის მოქალაქეების რელიგიასთან დამოკიდებულების ცვალებადობის სურათი წარმოვაჩინოთ. ჩვენ ხელთაა შესაბამისი შინაარსის როგორც პერესტროიკამდელი, ისე პერესტროიკის შემდეგდროინდელი დოკუმენტური მონაცემები ანუ სტატისტიკის შედეგები, რომელთა გათვალისწინებით რეალური ვითარების წარმოსახვა ხერხდება. ამ გზით შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ როგორ, რა დინამიკით და რა მიმართულებით შეიცვალა ჩვენი თანამოქალაქეების რელიგიისადმი დამოკიდებულება. ყურადღებას იქცევს რელიგიის ისტორიის პროფესორის თეიმურაზ ფანჯიკიძის ინფორმაციები, რომლებიც გვხვდება მის ქვემოთ მითითებულ წიგნებსა და სტატიაში და რომლებიც ახალგაზრდებში რელიგიის ადგილისა და როლის გარკვევას ისახავს მიზნად ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით.

1978 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა-გამოკვლევა, რომლის მიზანს ღვთის რწმენასთან და ეკლესიასთან სტუდენტების დამოკიდებულების გარკვევა წარმოადგენდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფაკულტეტის 360-მა სტუდენტმა. მორწმუნედ თავი თურმე გამოკითხულთა მხოლოდ ერთმა პროცენტმა გამოაცხადა, დანარჩენები კი ჩამოყალიბებული ათეისტები (26%25) ანდა ღვთისა და სარწმუნოების მიმართ ინდიფერენტულები აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ კატეგორიაში გამოიკვეთა ჯგუფი (20%25), რომელიც თავს მორწმუნედ არ თვლის, მაგრამ ამბობს: „ადამიანი, რომელსაც ღმერთი სწამს, არ შეიძლება ცუდი საქმეების ჩადენაზე და ბოროტებაზე ფიქრობდეს“, ე.ი. რელიგია და მორალი, ამ მსჯელობით, ფაქტობრივად ერთი და იგივეა. არანაკლებ საინტერესოა იმ რესპონდენტების მოტივაცია, რომლებიც იმ ერთ პროცენტს, ე.ი. სამ-ოთხკაციან ჯგუფს, მიეკუთვნებიან. აი, ერთ-ერთი მათგანის სიტყვები: „მე მწამს ღმერთი. მწამს ისე, რომ ჩემი ბედი მისთვის მიმინდვია... ღმერთს ჩემი თხოვნა შეუსრულებია... დიაღ, მე მჯერა ღმერთის, მე დიდ იმედებს ვამყარებ მასზე“ (თ. ფანჯიკიძე, თანამედროვე ახალგაზრდობა და რელიგია, თბ., 1978, გვ. 8-11; მისივე - რელიგია, ათეიზმი, ახალგაზრდობა, თბ., 1979, გვ. 10-15). იმდროინდელი ვითარების ზოგადი შეფასება, რომელსაც დასახელებული წიგნები წარმოგვიდგენს, ასეთია: საქართველო, „საბჭოთა ხელისუფლების პირობებში გაწეული გიგანტური მუშაობის შედეგად, მსოფლიოში პირველი იქცა მასობრივი ათეიზმის ქვეყნად“ (გვ. 3). ეს დასკვნა ნამდვილად არ არის სინამდვილისაგან შორს, რაშიც დავრწმუნდებით, თუკი არ დავიზარებთ და მეხსიერებაში 70-იანი წლების (ზოგადად, საბჭოთა საქართველოს) რეალურ სურათს აღვადგენთ. იტყვიან, დევნილება იყო და ხალხი სარწმუნოებრივი გრძნობების გამომჟღავნებას ვერ ბედავდაო. კი, რელიგიის საფუძველზე რაღაც დოზით დევნა აღნიშნულ წლებშიც გრძელდებოდა (მისი მარწუხი, რაც აღვნიშნე და რაც აღსანიშნი დამრჩა, მეც ვიწვნიე), მაგრამ მას ის მასშტაბი და სისასტიკე არ ჰქონია, რომ ამით მართლმადიდებელი ეკლესიისაგან ქართველი მოსახლეობის თითქმის ტოტალურ განდგომას ახსნა და გამართლება მოეძებნოს (ებრაელებს ნაკლებად სდევნიდნენ, ანდა ბაპტისტებს?).

ანალოგიური ღონისძიება, ანუ გამოკითხვა, აღნიშნული უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის 2000 წელსაც ჩატარდა. იმავე პროფესორის განმარტებით, „გამოკვლევის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ გაგვერკვია, რა ტრანსფორმაცია განიცადა ჩვენმა რწმენამ მას შემდეგ, რაც პოსტსაბჭოურ სივრცეში რელიგია აკრძალული ხილიდან ნებადართულ ფენომენად იქცა; დაგვედგინა... რა როლს ასრულებს რელიგია ჩვენს ცხოვრებაში, გვხდის კი იგი უფრო სრულყოფილს და ზნეობრივს?!“. ეს კითხვა, რომელიც ძახილის ნიშნით მთავრდება და, ამდენად, რიტორიკულია, ერთგვარად სიახლის ელფერს ატარებს, რადგან ამ საგანზე, განსაკუთრებით მაშინ, ძველი და ახალი ათასწლეულების გზაგასაყარზე, კითხვის ნიშანს არავინ სვამდა. გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მეცნიერული ათეიზმის ყოფილი კათედრის წარმომადგენლები „პაპზე მეტი კათოლიკეები“ გახდნენ და რელიგიას, როგორც ასეთს, ზნეობისა და მორალის წყაროდ უსიტყვოდ და უპირობოდ აღიარებდნენ, მით უფრო მაშინ, როდესაც სიტყვა „ქართული მართლმადიდებლობისა“ და „ქართული ეკლესიის“ ეროვნულ როლსა და მნიშვნელობას შეეხებოდა. და, აი, 2001 წელს ქვემოთ დამოწმებულ პუბლიკაციაში თითქმის მოულოდნელად გაიელვა აზრმა და დაშვებამ, რომ თურმე შეიძლება, რომ რელიგიამ და, წარმოიდგინეთ, მართლმადიდებლობამაც კი ადამიანი სრულყოფილების გზაზე წინ ვერ წასწიოს და ზნეობრივად ვერ გააუმჯობესოს; შეიძლება ადამიანი გახდეს მორწმუნე მართლმადიდებელი, მაგრამ ზნე და ხასიათი არ გამოუკეთდეს. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ არანაკლებად გვაინტერესებს სტატისტიკური მონაცემები. ისინი კი ასეთ სურათს გვაძლევენ: 2000 წელს მორწმუნედ თავი ქართველი სტუდენტების 88,8%25-მა გამოაცხადა, 6,2%25-მა - არამორწმუნედ, 5%25-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა. მორწმუნეთა უმრავლესობა - 97,5%25 - მართლმადიდებელია, დანარჩენი, ე.ი. 2,5%25 ისლამის, იუდაიზმის, კათოლიციზმისა და ბაპტიზმის მიმდევრები არიან (თ. ფანჯიკიძე, როგორა გვაქვს საქმე ღმერთთან. - გაერთიანებული სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 2001, გვ. 61-62). ბოლო პერიოდის სხვადასხვა სტატისტიკა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა მიზნით წარმოებული, ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობაში მორწმუნეთა რიცხვი იზრდება და ეს პროცესი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ მიმდინარეობს. სხვა კონფესიების მიმდევართა რიცხვი, იქნებიან ისინი ქრისტიანები თუ არაქრისტიანები, მცირდება. მუსლიმები, მაგალითად, აჭარაშიც კი, 2002 წლის აღწერით, უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მკვეთრად შემცირდა კათოლიკეების რიცხვი კათოლიკური ტრადიციის სოფლებშიც (მესხეთში).

დაიმსხვრა თუ შეიცვალა სტერეოტიპები?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ბუნებრივად წამოიჭრება ახალი კითხვა: რამ განაპირობა მართლმადიდებელ ეკლესიასთან მასის დამოკიდებულებაში ასეთი რადიკალური ცვლილება? მთავარი მიზეზი, ცხადია, არის ის, რაც ქვეყნის ოფიციოზში მოხდა, - ანტირელიგიური პროპაგანდის რელიგიური პროპაგანდით გამოცვლა. აქ უსათუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს „რელიგიური პროპაგანდა“ საქართველოს მთელი მასშტაბით მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლო პროპაგანდას გულისხმობს. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ამ პროპაგანდის წყალობით მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პროტექტორატში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესია გაძლიერდა ხალხით და ქონებით. ამ მიზეზს ორი შემავსებელი მიზეზიც დაერთო: კათალიკოს-პატრიარქის პიროვნება და ქართული მართლმადიდებლური ნაციონალიზმი. კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის იმიჯის შექმნაში დიდი როლი ზვიად გამსახურდიამ შეასრულა. ეს ვრცელი თემაა და ამჯერად მოკლედ აღვნიშნავთ: ზვიად გამსახურდია 70-იან წლებში, მისი აქტიური დისიდენტობის ხანაში, ამბობდა და წერდა კიდეც თვითგამოცემებში, რომ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია განათლებული და პატრიოტი პიროვნებაა, რომელსაც არასაბჭოურად მოაზროვნეებმა ნდობა უნდა გამოვუცხადოთო. მართალია, მან მისი უწმინდესობის გაპატრიარქების შემდეგ ეს დამოკიდებულება შეცვალა, მაგრამ მისმა ძველმა შეფასებებმა საზოგადოებაზე, განსაკუთრებით დისიდენტურად განწყობილ ნაწილზე, აქტიურად იმუშავა. ამის გამო და კიდევ სხვა პიროვნული თვისებების გამო პატრიარქმა ბევრი თბილისელი მოხიბლა და სიონში მრევლის რიცხვმა 1977 წლის დეკემბრიდან მატება დაიწყო.

ამ პროცესზე გაცილებით დიდი გავლენა იქონია ნაციონალურმა იდეოლოგიამ, რომელიც მასაში პერესტროიკის დროს ინერგებოდა „არაფორმალების“ მრავალრიცხოვანი აქციებისა და მასმედიის მიერ. მოკლედ: ბრძოლამ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის თავიდანვე მართლმადიდებლურ-რელიგიური შეფერილობამიიღო. გაჩნდა ლოზუნგები: „ქართველი ერი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთი და იგივეა!“, „გაუმარჯოს ერთიან, მართლმადიდებელ საქართველოს!“, „მართლმადიდებელი ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა!“, „იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველია!“. იდეები და პოზიციები, რაც ამ ლოზუნგების უკან დგას, სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებლური ნაციონალიზმი, უფრო ზუსტად, - ფილეტიზმი (მეტომეობა ეკლესიაში). იგი დაგმობილია კონსტანტინოპოლის დიდი კრების მიერ (1872 წ.); შეფასებულია „სეკულარულ მართლმადიდებლობად“ და მას მიცემული აქვს ერესის კვალიფიკაცია. ამის მიუხედავად ამ მოვლენისაგან არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია თავისუფალი არ არის. იგი განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ ელიტასა და პოლიტიზებულ მოსახლეობას იზიდავს, რომელიც მართლმადიდებლობას იჩემებს და რომელსაც მართლმადიდებლურ თეოლოგიასა და ეკლესიოლოგიაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს. ასეთი აღმოჩნდა, და ასეთია დღესაც, საქართველოს პოლიტიკური ელიტა და პოლიტიზებული მოსახლეობა.

ვხედავთ, რომ მართლმადიდებლურმა ნაციონალიზმმა პოსტსაბჭოური საქართველოს შესამჩნევი ნაწილი გლობალურად მოიცვა და მასის ცნობიერებაში ეს იდეოლოგია მყარ სტერეოტიპად იქცა. ჩამოყალიბდა რწმენა: საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა! ეს რწმენა უკვე ფაქტობრივად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის რანგშია აყვანილი და ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში არ ჩანს ძალა, რომელიც ამ სტერეოტიპს დაუპირისპირდება. პირიქით: ისე გამოიყურება, რომ ეს სტერეოტიპი თითქოს ყველას მოსწონს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც (უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა). ამ საკითხში ისინი ერთად არიან და რელიგიურ-ნაციონალურ რიტორიკაში, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესიის, უფრო სწორად - საპატრიარქოს, გულის მოგებასა და მოთაფლვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. პასუხი კითხვაზე, რა ბედი ეწია სტერეოტიპებს საქართველოში, ასეთია: ძველი კლიშეები და სტერეოტიპები ახალმა კლიშეებმა და სტერეოტიპებმა შეცვალა.

მოქალაქეთა თანასწორობა და კანონმდებლობა

ამჯერად ასეთი კითხვა გვახსენებს თავს: როგორია სახელმწიფოსა და საზოგადოების ჰუმანურობის ხარისხი პოსტსაბჭოთა საქართველოში, სადაც მართლმადიდებელი სარწმუნოება ერთი შეხედვით არნახულად აღორძინდა?

ფაქტი, რომ ქართული მართლმადიდებლური ნაციონალიზმი საქართველოში სახელმწიფო იდეოლოგიის რანგშია აყვანილი, თავისთავად გულისხმობს არამარტო ჰეტეროდოქსების, ე.ი. არამართლმადიდებლების, დისკრიმინაციას, არამედ იგი არაქართველი მართლმადიდებლებისთვისაც დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის. მართლმადიდებლური ნაციონალიზმის ფაქტობრივი გასახელმწიფოებრიობა სწორედ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს და ამ საფრთხემ უკვე დაგვანახა თავი კატასტროფული შედეგებითაც. ეს მძიმე თემაა და სიტყვის გაგრძელებისაგან თავს შევიკავებ. სავალალოა ის, რომ ამ საფრთხეს საქართველოში პოლიტიკური სპექტრი ვერ აცნობიერებს.

პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის დეკლარირებული ემოციები და ლოზუნგები ანუ იგივე ახალი შაბლონები, კლიშეები და სტერეოტიპები იურიდიულ სივრცეშიც აისახა. ამის ნიმუშია „საკონსტიტუციო შეთანხმება“ (კონკორდატი), რომელიც სახელმწიფომ მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან გააფორმა და სხვა აღმსარებლობის ეკლესიებთან ანალოგიური ან მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებაზე ხმამაღლა და მკაფიოდ უარი განაცხადა. ასეთი პროტექტორატის ქვეშ მყოფმა ეკლესიამ განუსაზღვრელი პრივილეგიები მიიღო და იგი ნებისმიერ არასახელმწიფო თუ სახელმწიფო ინსტიტუციაზე მაღლა დადგა. ამ დოკუმენტით (ანუ სახელმწიფოს ძირითადი კანონით) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გამოცხადებულია „ეროვნული მსოფლმხედველობის“ ჩამომყალიბებლად (პრეამბულა), რაც მოსახლეობის რელიგიური ნიშნით დახარისხების მუხტს შეიცავს (მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს უკვე სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა!). ასეთივე მუხტს შეიცავს აგრეთვე ბევრი სხვა პუნქტიც, რომელთა თანახმად სახელმწიფო უშვებს „საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლებას“ „ეკლესიის წარდგინებით“ (5,1) და, მაშასადამე, კონტროლით; ეკლესიის „არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან“ (6,5); ეკლესიის საკუთრებად გამოცხადებულია „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები... ნანგრევები... მიწის ნაკვეთები... სახელმწიფო დაცვაში მყოფი საეკლესიო საგანძური“ (7-8); სახელმწიფოს მიერ აღებულია ვალდებულება, აუნაზღაუროს ეკლესიას ზარალი (რამდენადმე მაინც), რომელიც მას XIX-XX სს-ში მიადგა (10).

ყურადღება რომ არ მივაქციოთ ცნებებს: „ეროვნილი მსოფლმხედველობა“, „მართლმადიდებლური ტაძარი“, „საეკლესიო საგანძური“ და სხვ., რაც აშკარად არაიურიდიული ცნებებია და შინაარსით არცთუ მთლად ნათელი და გამჭვირვალე, საკითხავია: არის თუ არა საქართველო სამოქალაქო, დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფო? თუ - კი, მაშინ იგი რატომ სხვა ეკლესიების „არაეკონომიკური მიზნით არსებულ ქონებასა და მიწას“ არ ათავისუფლებს გადასახადებისაგან? სახელმწიფო ამ დოკუმენტით იურიდიულად უარს ამბობს საქართველოს ქრისტიანული წარსულის ყველა მატერიალური ძეგლის მესაკუთრეობაზე და მათ ასევე იურიდიულად მართლმადიდებელ ეკლესიას აკუთვნებს. ამის შედეგად ქვეყნის მთელი არამართლმადიდებელი მოსახლეობა ამ საკუთრების მიღმა ხომ არ დგება? ანდა: აპირებს თუ არა იგი, ეს სახელმწიფო, არამართლმადიდებლებსაც (მუსლიმებს, ებრაელებს, კათოლიკეებს, ლუთერანებს) აუნაზღაუროს ზარალი, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში მიადგათ? თუ არ აპირებს, მაშინ ეს დოკუმენტი ლოგიკურად შეიძენს დისკრიმინაციულ ხასიათს და უკვე შეიძინა კიდეც. ამის ნიშანია რელიგიური მოტივით მოქალაქეთა დისკრიმინაციის არა ერთი და ორი შემთხვევა, რაც აისახა საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში.

დისკრიმინაციულ გარემოს სხვა ანალოგიური, თუმცა შედარებით დაბალი რანგის, საკანონმდებლო აქტებიც აპირობებს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შორის 2001 წლის 20 აპრილს დადებული ხელშეკრულება, რომლის მე-2 და მე-4 მუხლების თანახმად, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს სამოძღვრო და საღვთისმსახურო მისია. რაც შეეხება სხვა კონფესიის ეკლესიებს, მსგავს მისიას ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებენ, თუკი სანქციას ამის თაობაზე მართლმადიდებელი ეკლესია გასცემს. ასეთივე უფლებები აქვს მიცემული მართლმადიდებელ ეკლესიას სახალხო განათლებისა და მეცნიერების სფეროშიც. ამაზე მეტყველებს, ერთი მხრივ, „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ (8. IV. 2005) და, მეორე მხრივ (თანაც უფრო მეტად), „ურთიერთგაგების მემორანდუმი განათლების სამინისტროსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“, რომელსაც ხელი 2005 წლის 22 იანვარს საპატრიარქოში მოეწერა. ამ დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო მზადაა, საჯარო სკოლებში დაუშვას „მართლმადიდებელი სარწმუნოების სწავლება“ და ეკლესიის მხრიდან კონტროლიც აიტანოს. ასე რომ, პოსტსაბჭოურ საქართველოში დარღვეულია როგორც არამართლმადიდებელი პატიმრების, ისე არამართლმადიდებელი მოწაფეების უფლებები.

პოლიტიკური ელიტის ცნობიერება

კარგად გვახსოვს რისხვა და ისტერია, რომელიც საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ, ხელისუფლების მხარემაც და ოპოზიციამაც, რამდენიმე წლის წინ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს, დაატეხა თავს, რადგან მის ანგარიშსა და საპარლამენტო გამოსვლაში შემდეგმა აზრმა გაიელვა: სანამ მსგავსი პრივილეგიებით სხვა ეკლესიებიც (რელიგიური ორგანიზაციები) არ ისარგებლებენ, მანამ „საკონსტიტუციო შეთანხმებას“ დისკრიმინაციული ხასიათი ექნება.

ვდგავართ ოდიოზური ფაქტის წინაშე: რელიგიასთან დაკავშირებით არაიურიდიულ ცნობიერებას საქართველოში ყველაზე მეტად იურისტები, კანონშემოქმედები და კანონმდებლები ამჟღავნებენ. დავანებით თავი „საკონსტიტუციო შეთანხმებას“, რომლისთვისაც სასულიერო პირებზე მეტ ინტერესს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, მთავრობისა და ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის (და უფრო) იურისტები, ამჟღავნებდნენ (იდეა პოლიტოლოგსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ეკუთვნის, თუმცა მას ამ იდეის თანასწორუფლებიანობის პრინციპით განხორციელება უნდოდა). გავიხსენოთ, რა სკანდალსა და ისტერიას აქვს ადგილი, როდესაც ვინმე მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე იერარქიის წარმომადგენლის კრიტიკას გაბედავს. მაგრამ ყელაფერს გადააჭარბა ერთმა ამბავმა, რომლის შესახებ ორიოდე სიტყვის თქმას პირად მოვალეობადაც მივიჩნევ.

2009 წლის 2 დეკემბერს ინტერნეტით გავრცელდა „შეკითხვები პატრიარქს“ და „შეკითხვები ხელისუფლებას“, რომლებიც, ჩემი შეფასებით, არაკორექტულ, უსაგნო და ზედმეტ პუნქტებსაც შეიცავს. ამის მიუხედავად შეკითხვათა ტექსტებს ხელი მეც მოვაწერე, რადგან დავინახე აქცენტები იმ პრობლემებზე, რომელთა მოუგვარებლობა ქვეყნის დემოკრატიასა და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას დიდ საფრთხეს უქმნის. მხედველობაში მაქვს ის შეკითხვები, მეტწილად რიტორიკული, რომლებშიც გამოხატულია პროტესტი: საქართველოში ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფის კონსტიტუციური პრინციპი ირღვევა! ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ეს არაა მეორეხარისხოვანი პრობლემა. ვხედავ იმასაც, რომ საზოგადოება ამ პრობლემის სიმწვავეს ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს. ჩვენში ასეთი ცნობიერების დეფიციტია, რომლის ამოვსების სურვილი აღნიშნულ დოკუმენტებში დავინახე. ამიტომ მოვაწერე მათ ხელი, თუმცა, ვიმეორებ, ზოგიერთი დეტალი მათში არც მაშინ მომწონდა, როცა ხელს ვაწერდი, და არც ახლა მომწონს. ასეა თუ ისე, ესაა შეკითხვები, რაც ადრესატებს ან ასეთი, ან ისეთი პასუხის გაცემას ავალდებულებს, - იურიდიულადაც და ზნეობრივადაც.

მაგრამ რა ვნახეთ? სრულიად არაადეკვატური რეაქცია ყოველი მხრიდან, - ჯგუფური, კოლექტიური, ბოლშევიკური ყვირილი. მეტყვიან, კოლექტიურ წერილებსაც ბოლშევიკობის და ავადსახსენებელი კომუნისტური რეჟიმის სუნი ასდისო. კი, ბატონო! მაგრამ შეკითხვები მაინც შეკითხვებია, თუნდაც გამომწვევი და პროვოკაციული. გაეცეს მათ პასუხი და დასაბუთდეს, რომ ხმაურს, რომელიც იქაა ატეხილი, საფუძველი არა აქვს. მაგრამ რა დავარქვათ კოლექტიურ აყაყანებას, რომელიც ამ შეკითხვებს მოჰყვა? - ეს რა გაუბედია!? ეს რა დაუწერია!? ეს რა მოუჩმახია!?... არც პატრიარქმა და არც პრეზიდენტმა შეკითხვებს პასუხი არ გასცეს. უგულებელყოფის მოტივად საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ, ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში თურმე შემდეგი გარემოება დაასახელა: „ამ ადამიანებს (აღნიშნულ წერილებზე ხელის მომწერებს. - ნ. პ.) საზოგადოების ნაწილად არ ვთვლით და არ ვაპირებთ პასუხის გაცემას“. ძნელია დაიჯერო, რომ ეს სიტყვები სახარების მქადაგებელმა მღვდელმა წარმოთქვა, - სახარებისა, რომლის ცენტრალურ იდეას პიროვნების პატივისცემა, მისი ნებისა და სინდისის ხელშეუხებლობა შეადგენს. სულიერი მწყემსები და, მით უმეტეს, მწყემსმთავრები იმიტომ არიან მწყემსებად და მწყემსმთავრებად ხელდასხმულები, რომ შეკითხვებს, თუნდაც წარმართებისა და ეკლესიის მტრების მიერ დასმულთ, პასუხი გასცენ პეტრე მოციქულის შეგონების შესაბამისად: „წმიდაჰყავთ ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3,15). პრეზიდენტიც მწყემსმთავარია (ცხადია, არასასულიერო) და თანამოქალაქეების მიმართ მასაც იგივე მოვალეობა აქვს. მან კი, ბ-ნმა მიხეილ სააკაშვილმა, პასუხი ისეთი სიტყვებით ამოწურა, რაც არაფერს არ ნიშნავს: „კონკორდატი უნდა ამოქმედდეს ისე, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და ფუნქციას საქართველოს ისტორიაში საგანგებოდ გაესვას ხაზი“ (ვრცლად: ნ. ბექიშვილი,

კითხვები ეკლესიას და ხელისუფლებას. ეკლესიის საბჭოთა წარსული. - „ლიბერალი“, №15, გვ. 33).

იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებს თუ გადავხედავთ (მაშინ მე თბილისში არ ვიმყოფებოდი), ვნახავთ, რომ ისტერიამ „შეკითხვების“ გამო ინდიკატორის როლი შეასრულა და სხვადასხვა პიროვნებასა თუ კოლექტივს აზროვნების სტილისა და ხასიათების გამომჟღავნებისაკენ უბიძგა. აღმოჩნდა, რომ ჩვენში მართლმადიდებლობის დამჩემებელ და მართლმადიდებლობით გაამაყებულ ადამიანებს ადამიანის ქრისტიანულ კონცეფციასა და ადამიანის უფლებების საღვთო წარმომავლობაზე წარმოდგენა არა აქვთ. სხვაგვარად ვერ ავხსნით ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე რისხვითა და მუქარით წარმოთქმულ სიტყვებს: „ბექა მინდიაშვილი სექსუალური და რელიგიური უმცირესობების დაცვაშია შემჩნეული და ქართულ ეკლესიაზე ლაპარაკის უფლება არა აქვს“ („24 საათი“, 2009, 4. XII , №265, გვ. 2). არც ჟურნალისტებს, არც პოლიტიკოსებსა და არც საზოგადოების რიგით წევრებს არ დაუსვამთ კითხვა: უცხოა „ქართული ეკლესიისათვის“ „სექსუალური და რელიგიური უმცირესობების“ ადამიანურ უფლებათა დაცვა?! ვიმეორებ: ადამიანური უფლებების, - მათი პიროვნული ღირსებისა და უსაფრთხოების! ესაა, ქალბატონებო და ბატონებო, ქრისტიანობა და ქრისტიანული აზროვნება?

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ქ-ნ ნინო ბურჯანაძისა და ბ-ნ ედუარდ შევარდნაძის კომენტარებმა „შეკითხვებზე“. კითხულობ ამ ტექსტებს და არ გჯერა, რომ მათი ავტორები პოლიტიკოსები, ადრე სახელმწიფოს სათავეში მდგომი პირები არიან, ერთი მათგანი კი პროფესიონალი იურისტია.

ნ. ბურჯანაძე: „მე მიკვირს, ეს ხალხი, საერთოდ, სად გაიზარდა!.. ეს არის პირდაპირ სააკაშვილის კაბინეტში დაგეგმილი აქცია პატრიარქის წინააღმდეგ!.. ეს არის პირდაპირ პატრიარქის მკვლელობის მცდელობა... მსოფლიო პატრიარქი რომ ჩამოვიდა და უზარმაზარი დელეგაცია ჩამოიყვანა ჩვენი პატრიარქის პატივსაცემად, ვახშამი არ უნდა გამართულიყო და იმ ხალხისათვის სასტუმროს ფული არ უნდა გადაგვეხადა? მანქანაში ბენზინი არ უნდა ჩაგვესხა და გვეთქვა, ჩამოდით და თქვენ თვითონ იარეთო?“ („ასავალ-დასავალი“, 7-13. XII , №49, გვ. 24. ამავე ნომერშია დაბეჭდილი „შეკითხვების“ ტექსტები).

ე. შევარდნაძე: „იმ ხალხს, ვინც ეს კითხვები შეადგინა და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებს, ანგარიშს არ გავუწევდი, არანორმალურ ადამიანებად ჩავთვლიდი. ეს ერთი კაციღა დარჩა, ვისაც ხალხი ენდობა და მას გაფრთხილება უნდა. ვინც მას შეურაცხყოფას აყენებს და მასთან გაჯიბრებას ცდილობს, ასეთი ადამიანი ნორმალური ფსიქიკის ვერ იქნება. პატრიარქი ხალხმა უნდა დაიცვას!.. მე არ ვიცი, ვინ არიან ისინი და საიდან მოვიდნენ, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომ რაღაც ანტიეროვნულ ჯგუფთან გვაქვს საქმე. პატრიარქმა საქართველოს მოსახლეობა ეკლესიისაკენ შემოაბრუნა. მე, მაგალითად, კომუნისტი ვიყავი. ჩემისთანა ათასები და ასიათასებია და ჩვენ რომ ღმერთისაკენ შემოვბრუნდით, ეს პატრიარქის დამსახურებაა. ანტიეროვნულ ძალებს, ალბათ, სწორედ ეს აღიზიანებთ. ვფიქრობ, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და ის ადამიანები, ვინც პატრიარქის შეურაცხყოფას და ცილისწამებას ბედავს, უნდა გასამართლდნენ...“ („ასავალ-დასავალი“, 2009, 14-20. XII , №50, გვ. 16).

შეუძლებელია, კაცმა, თუნდაც შესაბამისი საქმისა და საგნის დილეტანტმა, ეს სტრიქონები წაიკითხო, ტონი და პათოსი განიცადო, ობიექტურ მხარეს ყურადღება მიაქციო, შინაგან ლოგიკას თვალი გაადევნო, აზრების დინამიკის თარგს გადახედო და სამართლის ანბანიც გაითვალისწინო, რომ ტრაგიკომედიის განცდა არ დაგეუფლოს.

კანონი თუ სამართლებრივი ცნობიერება?

ერთ საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოვისმინე: „საქართველოს კანონები კი არა, კანონიერება სჭირდება“. მეც ასე ვფიქრობ: საქართველოს მთავარი პრობლემა, რელიგიისა და მისტიკის სფეროს რაც შეეხება, პოლიტიკური ელიტის უცნაური ცნობიერებაა. ამ მოვლენის ზუსტ კვალიფიკაციას ამჟამად ვერ ვახერხებ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ერთ სიბრტყეზე აყენებს და ერთმანეთის სულისმიერ ძმებად წარმოაჩენს. მისი არსებითი ნიშანი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში არასამართლებრივი, არასახელმწიფოებრივი, არაეროვნილი, დიახაც რომ არაქრისტიანული და, მომიტევეთ, არაინტელექტუალური აზროვნების დემონსტრირებაა.

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ შეჯიბრში, რომელსაც „სოცშეჯიბრს რელიგიურობაში“ დავარქმევდი, ხელისუფლებას ოპოზიცია სჯობნის, მაგრამ ვერ სჯაბნის. რა შეედრება, მაგალითად, უფლებათა ცნობილი დამცველისა და სახელისუფლო გუნდის ერთ-ერთი აქტივისტის, ბ-ნ გია არსენიშვილის სიტყვებს, რომლებიც მან მოწაფეების წინაშე ამა წლის 23 აპრილს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, წარმოთქვა და იმ დღეს I ტელეარხის ეთერით გადაიცა. მისი პასუხი შეკითხვაზე, აქვთ თუ არა რელიგიურ უმცირესობებს პრობლემები საქართველოში, ასეთი იყო: არა აქვთ, თუმცა ჰქონდათ; „როდესაც ჩვენ თვითონ ვიყავით დაჩაგრულები, - გავიხსენოთ, რა გვიქნეს აფხაზეთში, როგორ შეგვეძლო შეგვეცოდებინა სხვები, სხვა რელიგიები?“.

კომენტარები ზედმეტია. როდესაც საჯარო პირი, უმაღლესი სახელმწიფო მოხელე და პროფესორი, მის ქვეყანაში არსებულ რელიგიებს ასე ახარისხებს, თანაც მოზარდების წინაშე: ჩვენი და სხვისი რელიგიები („სხვა რელიგიები“) და უხერხულობას ვერ გრძნობს, სარწმუნოებათა თანასწორუფლებიანობაზე, მოქალაქეთა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის არარსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

სიმპოზიუმი, რომელიც პოსტ-საბჭოთა საქართველოში რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებს მიეძღვნა და რომელზეც ზემოთ მოყვანილი სიტყვები მოვისმინე, ათი წლის წინათ შედგა. ამასობაში დრო და ხელისუფლება გამოიცვალა. რამდენიმე ექსტრემისტული აქტი აღიკვეთა და ზოგიერთი ექსტრემისტი დააკავეს, მაგრამ ექსტრემიზმის გამომწვევი და წამახალისებელი გარემო არ გამოცვლილა და არც გამოიცვლება, ვიდრე საზოგადოების ფართო სივრცეში, პირველ ყოვლისა კი პოლიტიკოსთა აზროვნებაში, მსოფლმხედველობრივი სტერეოტიპები არ დაიმსხვრევა.

9 STIGMA FREE

▲back to top


9.1 მითი გეიპრაიდის შესახებ

▲back to top


ეკა აღდგომელაშვილი

პირველი ჭორი საქართველოში გეიპრაიდის ჩატარების თაობაზე 2007 წლის გაზაფხულზე აგორდა. მაშინ ამ ჭორს კონკრეტული ავტორიც ჰყავდა - გაზეთი „ალია“ და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. ჟურნალისტი ირწმუნებოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მაისში ფოთში 5000-მდე გეი და ლესბოსელი აქტივისტი თავშეყრას და მსვლელობის მოწყობას აპირებდა:

ალიას კულუარული ინფორმაციით, მაისში დიდი ფორუმი გაიმართება... ალიას რესპონდენტი ტატო გვარწმუნებს, რომ მაისში ზღვისპირა ქალაქში საქართველოში გავრცელებული ყველა სექსუალური მიმდინარეობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, დაწყებული გეებით, დამთავრებული ლესბოსელებით.1

ერთი კვირის შემდეგ გაზეთმა თავადვე უარყო ჭორი, სამი თვის თავზე კი გეიაღლუმი თბილისში „გადმოიტანა“ და ქვეყანას ამცნო, რომ ევროსაბჭოს მიერ დაგეგმილი კამპანიის - „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“ - ფარგლებში დაგეგმილი აქცია, რომელიც 1995 წლის მერე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება და ტოლერანტობის ზრდასა და „რასიზმის, ანტისემიტიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას“ ისახავს მიზნად, სხვა არაფერი იყო, თუ არა „შენიღბული გეიაღლუმი“. სტატიის ბოლოს ისიც იყო მინიშნებული, რომ აქცია ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული:

არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილის მთავრობასთან შეთანხმებით, თბილისში გრანდიოზული გეი-პარადი ჩატარდება....

ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობა ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა ამგვარი ჭორების გასავრცელებლად და მედიის მიერ აგორებულ ქსენოფობიურ ისტერიაში საზოგადოების თითქმის ყველა ფენა ჩაერთო. აქციისა და კამპანიის თაობაზე, იმავე პერიოდში და იმავე მედიასაშუალებებით, აქციის ორგანიზატორთა და ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული არაერთგზისი განმარტებისა და განცხადების მიუხედავად, სიმართლის მოსმენა არავის სურდა. პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები როგორ გაუშვებდნენ ხელიდან შანსს, გაელანძღათ და კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინათ ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის „გარყვნასა და გადაგვარებაში“ და ესაუბრათ ხელისუფლების მონაწილეობაზე თუნდაც გაზეთის მიერ გამოგონილი აღლუმის ორგანიზებაში. საერთო ისტერიას ხელისუფლებაზე განაწყენებული ინტელიგენციის ის ნაწილიც შეუერთდა, ვინც „ჩარეცხილებს“ თუ „ჩასარეცხებს“ მიაკუთვნა თავი. ეკლესიამ საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც იმ „საფრთხის“ გენერალიზაციას ისახავდა მიზნად, რაც გეიაღლუმის ჩატარებას შეეძლო მოეტანა ქვეყნისათვის:

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის მძიმე ცოდვა, რომელიც უნდა იყოს მონანიებული და მისი პროპაგანდა და საჯარო დემონსტრირება მთელ ერს მძიმე განსაცდელად დააწვება.2

„ქართული აზრის“ მაშინდელი ლიდერი, რომელმაც მოგვიანებით „ქრისტიან-დემოკრატებთან“ გადაინაცვლა, კანცელარიასთან აპროტესტებდა გამოგონილ აღლუმს. ჩოხოსნებმა საგანგებო შეკრება მიუძღვნეს ამ მოვლენას, „სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენლებმა კი 29 ივლისს აქცია ჯერ საპატრიარქოსთან გამართეს, შემდეგ კი ვერის ბაღში გადაინაცვლეს და იქ ელოდნენ „ცოდვილთა“ აღლუმს მათთვის „ცხვირ-პირის დასაჟეჟავად“. არანაკლები აქტიურობა გამოიჩინა საკუთარი მოსაზრების გამოსათქმელად და „ქართული ტრადიციებისადმი“ ერთგულების გამოსახატავად ჰომოფობთა იმ ნაწილმაც, რომელსაც ოფიციალურ მედიაზე არ მიუწვდებოდა ხელი. გეიაღლუმი რომ „ალიას“ შემოგდებული „საგაზეთო იხვი“ აღმოჩნდა, მალევე გაცხადდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისის ფორუმის ჰომოფობი მომხმარებლების ექსტაზში ჩავარდნილი და საკუთარ ფანტაზიებში გახლართული ნაწილი კიდევ კარგა ხნის მანძილზე ავსებდა ათობით გვერდს იმის დაწვრილებითი აღწერითა და წარმოდგენით, თუ სად, როგორ და რა ფორმით დაარბევდნენ არარსებული აღლუმის არარსებულ მონაწილეებს.

დაგროვილი აგრესიის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მნიშვნელოვანი ისაა, თუ ვინ, საით და ვის წინააღმდეგ მიმართავს ხოლმე ასეთ სიტუაციაში „უმრავლესობის“ აგრესიას. განტევების ვაცის როლში, როგორც წესი, ქვეყანაში ყველაზე მეტად მარგინალიზებული და დისკრიმინირებული უმცირესობა აღმოჩნდება ხოლმე, რომლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა ხშირად ერთ ბანაკში აქცევს სხვა სიტუაციაში დაპირისპირებულ მხარეებს.

სავარაუდოდ, საკუთარი ჰომოფობიური მოსაზრებების ხმამაღლა და უკიდურესად აგრესიული ფორმით დეკლარირება იმდენად მაღალი დივიდენდის მომტანი აღმოჩნდა იმ ცალკეული ჯგუფების წარმომადგენელთათვის, ვინც მაშინ ამ მორალური პანიკის უკან იდგა3, რომ მას შემდეგ ეს შოუ ყოველ ზაფხულს იდგმება და სცენარის გაუმჯობესებაზეც კი არავინ იწუხებს თავს: რომელიმე გაზეთი ან სხვა მედიასაშუალება გააშუქებს ხოლმე რომელიმე ქვეყანაში ჩატარებულ გეიაღლუმს, მერე რომელიმე პოლიტიკოსი „კულუარულ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელებს ხმას იმის თაობაზე, რომ „სოდომ-გომორისტები“ ჩვენთან, „ათასწლოვანი ქრისტიანული ტრადიციის მქონე ქვეყანაშიც“ კი, აპირებენ ამ აღლუმის ჩატარებას მავანთა მხარდაჭერით და იწყება აურზაური. ვნება, რომლითაც ამ სპექტაკლის მონაწილეები ცდილობენ დაანახონ სხვებს (მაყურებლებს) და ერთმანეთს პოზიციის ერთიანობა ჰომოსექსუალებთან და ჰომო-სექსუალობასთან მიმართებაში, თავისი სიმძაფრით შეიძლება მხოლოდ „ტრადიციული თეატრის“ - ქართული სუფრის - იმ კულმინაციურ მომენტს შევადაროთ, როცა ერთიანობის ეიფორიული განცდით შეპყრობილი შეზარხოშებული თანამეინახეები ერთმანეთს ძმობას, სიყვარულსა და ქართული ტრადიციების ერთგულებას უმტკიცებენ. სიძულვილის ყოველწლიური სპექტაკლი კი ეკლესიისა და თავად პატრიარქის მიმართ გამოთქმული მადლობებით მთავრდება ხოლმე:

რომ არა საპატრიარქო, დღეს საქართველოში გეებისა თუ პედერასტების აღლუმი ბარე ათჯერ იქნებოდა ჩატარებული... რომ არა ჩვენი უწმინდესი, დღეს ბევრი უკანალზე წასმული პომადით ივლიდა. შეიძლება პარადზე მთავრობის ჩინოსნები არ გამოსულიყვნენ, რომლებსაც უკანალზე და ტუჩებზე პომადა უსვიათ, მაგრამ აქცია მაინც ჩატარდებოდა.4

ეკლესიიდან წამოსულმა პროტესტმა გამოიღო ის, რომ ეს აღარ მოხდება. ეს იყო დაგეგმილი თუ არ იყო დაგეგმილი, ეს ღმერთმა იცის.5

წლევანდელი წელი შედარებით გამორჩეული გახლდათ. ამას წინასაარჩევნოდ შექმნილი ახალი საჯარო სუბიექტის „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ ლიდერთა საჯარო რიტორიკაში სიძულვილის ენის (განსაკუთრებით ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ) უხვად გამოყენებამაც შეუწყო ხელი. მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ („წინ“) კი აქტიური ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო სოციალურ ქსელებში.

პრესასა და ტელეეთერში გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებებს 4 მაისს ილიას უნივერსტეტთან დაპირისპირება მოჰყვა, რაც „ლიბერასტებოს“ ძახილითა და აქციის მონაწილეთა ცემა-ტყეპით დასრულდა. „რწმენის დამცველთა“ დაუსჯელობით გათამამებულმა ნაწილმა, როგორც ჩანს, საკმარისად არ ჩათვალა საკუთარი რწმენის განსამტკიცებლად უნივერსტეტის კიბეებთან თავშეყრილი ადამიანების გინება (აქციის ერთ-ერთი მონაწილე სამსართულიანი გინების შემდეგ ხმამაღლა ყვირის: „ვისაც გვჯერა, რომ მართლმადიდებლები ვართ, ჭადრაკის სასახლისაკენ დავიძრათ“) და რამდენიმე დღის შემდეგ იერიში ტელეკომპანია „კავკასიაზე“ მიიტანა, როდესაც სტუდიაში სწორედ ილიას უნივერსიტეტთან მომხდარი ინციდენტის განხილვა მიმდინარეობდა. „კავკასიის“ ინციდენტში მონაწილე ადამიანების ერთი ნაწილის დაკავებამ და მოძრაობის ლიდერის კანონგარეშედ გამოცხადებამ ცოტა ხნით ჩააცხრო წინასაარჩევნო ჰომოფობიური ვნებათაღელვა მედიაში. ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გამოხატა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ სულიერი ლიდერის „ერისა და ეკლესიისთვის გაწეული ღვაწლისთვის“ დააჯილდოებით.

ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ პრესაში აქა-იქ, იშვიათად თუ გაიელვებდა მოსალოდნელი პრაიდის თემა, ისიც უკონტექსტოდ და ნაძალადევად, გამოყოლილი ინერციის ძალით. სხვაგვარად ვერც შევაფასებ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს გოგა ხაინდრავასთან, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ჟურნალისტის ყველა შეკითხვაზე მიჩურინის ვაშლივით ერთი პასუხი აქვს და საუბარს „ტანგაში გამოწყობილ კაცების რუსთაველზე მსვლელობით“ იწყებს და ამთავრებს.6

ერისა და ბერის დაშინებას მოსალოდნელი აღლუმით „სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის“ ულიდეროდ დარჩენილი წევრები და პარტია „თავისუფლების“ ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი განაგრძნობდნენ. ამ უკანასკნელმა გაზეთ „ყველა სიახლისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ხელახლა გააცოცხლა მითი „ცისფერთა შეთქმულების“ შესახებ, რომელსაც საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ „აღორძინების“ მაშინდელი ლიდერები 1998-2003 წლებში:

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოში ჩამოვიდა ორმოცდაათამდე უცხოელი გეი, შეიკრიბნენ სასტუმრორედისონში, ჩაიცვეს წითელი კაბები და ქართველ გეებთან ერთად გაირეპეტიციეს.

- რა ქნეს?

- გაირეპეტიციეს. უკვე აღარ მალავენ, რომ აგვისტოში თბილისში გეების პირველი აღლუმის გამართვას აპირებენ... ამის შესახებ სიუჟეტი ერთ-ერთ სატელევიზიო არხზეც გავიდა... არ არის ისე, თითქოს .. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ერთი-ორი კაცია. ისინი ბევრნი არიან, თანაც, მიზანდასახული გეგმით - 1987 წელს გამოცემული მანიფესტით მოქმედებენ.7

მაიკლ სვიფტის გეიმანიფესტი8, რომელზეც, სავარაუდოდ, საუბრობს სადღობელაშვილი, სწორედ საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მოქმედებასა და „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ იმ უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ დაიწერა, რაშიც დღეს ჩვენთან ცდილობენ ლგბტ ადამიანების დადანაშაულებას.

ასეა თუ ისე, აგვისტოში ბათუმში „დაგეგმილი“ გეიპრაიდის შესახებ გავრცელებული ჭორის სათავეს დღემდე ვერავინ მიაკვლია: „დაზუსტებული ინფორმაცია არც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ გვყავს ახლობლები, ვისი საშუალებითაც ვიგებთ ასეთ ინფორმაციებს“, - პასუხობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის შეკითხვას.9

0x01 graphic

ცალკე საკითხია, თუ რატომ უკავშირდება ასე მჭიდროდ ჰომოფობთა ფანტაზიები გეიაღლუმებთან დაკავშირებით მაინცადამაინც „ტანგაში გამოწყობილ მამაკაცებს“.

სანახაობას დახარბებული მედიის წარმომადგენლებისათვის უცხოეთში გამართული გეიპრადების გაშუქებისას თვალშისაცემი მხოლოდ ბოათი მორთული და მაღალ ქუსლებზე შემდგარი დრაგ-ქუინები და ტრანსვისტიტები არიან და სრულიად წაუკითხავი რჩება გზავნილი, რომელიც ამ მანიფესტაციებს ახლავს თან. არადა, ჰომოსექსუალთა უფლებებისათვის ბრძოლას ხანმოკლე, თუმცა მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დასავლური სამყაროს პოლიტიკურ და სამართლებრივ ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელმა დამოკიდებულებამ განსხვავებულობისადმი, სიძულვილის პროპაგანდამ, ორმა მსოფლიო ომმა, ცივილიზებული სამყარო ახალი ამოცანების წინაშე დააყენა. საზოგადოებამ საკუთარ თავზე იწვნია, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ანტილიბერალიზმმა. ახალი გაზეთ „ბათუმელების“ არქივიდან მსოფლიო წესრიგის საფუძვლად გაეროს წესდებაში გაცხადებული ადამიანის უფლებები, მისი პიროვნული ღირსება და თავისუფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა თუ დიდი და პატარა ერების თანასწორობა იქნა მიჩნეული.

60-იანი წლებიდან, დემოკრატიული მოძრაობის ზოგადი გაძლიერების ფონზე, გეებისა და ლესბოსელთა უფლებებისათვის ბრძოლამ რადიკალური ხასიათი მიიღო. მისი ახალი ლიდერი, ფრანკ კემენი, ამტკიცებდა, რომ საზოგადოებისაგან გულმოწყალება კი არ უნდა ეთხოვათ, არამედ ებრძოლათ სამოქალაქო უფლებებისათვის სხვა უმცირესობებთან ერთად. ამგვარმა რადიკალიზმმა განხეთქილება გამოიწვია ჰომოფიბიურ მოძრაობაში.

ლიბერალური ყაიდის ლიდერები, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოება საკუთარ უწყინარობაში დაერწმუნებინათ, მეორე ფლანგზე აღმოჩნდნენ და თანდათან გაუჩინარდნენ. ახალი ლიდერები კი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. რეგულარულად აწყობდნენ მიტინგებსა და საპროტესტო დემონსტრაციებს, არ ერიდებოდნენ პოლიციასთან შეტაკებასაც. 60-იანი წლების მიწურულს დიდ ქალაქებში გეილესბი მოძრაობა იმ დროისათვის პოპულარულ ჰიპებისა და ბიტნიკების მოძრაობასთან გადაიკვეთა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი მასშტაბები. ლიბერალურიდან რადიკალურ მოძრაობაზე გადასვლის სიმბოლურ ზღვარად სტოუნვოლის ამბოხია მიჩნეული, როდესაც ათასობით გეი, ლესბოსელი და მათი მხარდამჭერი გამოვიდა პოლიციის თვითნებობის გასაპროტესტებლად.

სწორედ სტოუნვოლის ამბოხს უკავშირდება უფლებების დამცველთა ყოველწლიური მსვლელობები, რომელთაც ჰომოსექსუალთა სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის პიონერებმა „სიამაყის მარში“ (pride parade) უწოდეს. ეს ლოზუნგი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო იმ მრავალწლიანი მცდელობის საპასუხოდ, რომელსაც საზოგადოება მიმართავდა, რათა ადამიანებისათვის მათი კანის ფერისა10 თუ სექსუალური ორიენტაციის გამო დანაშაულისა და სირცხვილის განცდა ჩაენერგა.

მოგვიანებით, უფლებადამცველთა მასობრივმა გამოსვლებმა ზოგიერთ ქვეყანაში თეატრალიზებული სახე მიიღო და უფრო სანახაობრივი გახდა.

გეიპრაიდების კომერციალიზაციასა და კარნავალიზაციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს თავად ლგბტ აქტივისტებს შორისაც, მეტადრე ისეთ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებულად ძლიერია ჰომოფობია. ისინი თვლიან, რომ მსვლელობის ფორმა აუფერულებს შინაარსს და უკანა პლანზე გადააქვს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას უკავშირდება. მათი მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის ძირითადი მიზნები უკვე მიღწეულია. სადღესასწაულო მსვლელობა კი მრავალდღიანი ფესტივალის ერთ-ერთ შემადგენელ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც ბრაზილიურ კარნავალს უფრო წააგავს, ვიდრე საპროტესტო მარშს. მიუხედავად ამისა, არსად, არცერთ ქვეყანაში, გეიპრაიდები არ რჩება მხოლოდ ქუჩის თეატრალიზებულ წარმოდგენად. მსვლელობის კოსტიუმირებული მონაწილეებისა და მოწვეული შოუმენების პარალელურად პრაიდის მონაწილე აქტივისტების უმეტესობა მსვლელობას სამოქალაქო თანასწორობის შესახებ საკმაოდ „პროზაული“ მოთხოვნებითა და ლოზუნგებით მიუყვება.

გეიპრაიდების თეატრალიზაციის პროცესები, ერთი მხრივ, ასოცირდება შუა საუკუნეების კარნავალურ ტრადიციებთან და უხვად იყენებს მისთვის დამახასიათებელ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა სანახაობისათვის მასობრივი ხასიათის მიცემა, მატერიალურ-სხეულებრივ საწყისზე ორიენტაცია, სკაბრეზულობა, გროტესკი, გადაცმა და სხვ. თუმცა მსგავსება ამ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულია. შუასაუკუნეობრივი კარნავალი პირველ ყოვლისა თავდაყირა აბრუნებს კულტურისათვის დამახასიათებელ ორპოლუსიან ნორმატიულ სამყაროს, რითაც ხაზს უსვამს მის პირობითობასა და წინააღმდეგობრიობას. ამგვარი სიმბოლური ინვერსია სექსუალურ და გენდერულ ნორმებზეც ვრცელდებოდა და ამის მაგალითები ქართულ ეთნოგრაფიაშიც უხვად მოგვეპოვება. საკმარისია თუნდაც ყეენობა-ბერიკაობის მივიწყებული ტრადიცია გავიხსენოთ, რომლის დროსაც სკაბრეზული ოხუნჯობანი, თამაშობათა ეროტიკული ხასიათიცა და გადაცმაც დღესასწაულის თანმდევი ელემენტი იყო.

ფშავში ყოფნისას შაიყრებოდნენ ბერიკაები, ბიჭებ იყვნენ. ქალის ფორმას ჩაიცომდნენ, ბაღდადს დაიხურავდეს, ახალგაზრდები ეტყოდეს უფროსებს, მაგვამზადენითავ. ბიჭები ჩაიცვამდეს ქალის ჯუბებს, ქალები ბიჭების ტანსაცმელს და ულვაშებს დაიხატავდეს.11

კარნავალი, როგორც საკრალურის პროფანაციის თუნდაც დროში შემოსაზღვრული აქტი, ბუნებრივია, ეკლესიის მხრიდან მოწონებას ვერ დაიმსახურებდა.

დამოკიდებულება, რომელიც დღეს მორწმუნეთა და ეკლესიის მსახურთა ერთ ნაწილს აქვს სახალხო დღესასწაულების, თეატრისა და კარნავალების მიმართ, რომლებიც ნიღბების უბრალო თამაშად იქცა, სწორედ შუა საუკუნეების ეპოქის ეკლესიის პოზიციას წააგავს (ორიოდე წლის წინ დარბეული ჰელოუენის მაგალითი გაიხსენეთ თუნდაც).

შუასაკუნეობრივ კარნავალურ ტრადიციასთან გეიპრაიდების მსგავსების გარეგნულ ფორმას შეგნებულად გავუსვი ხაზი, რადგან შეუძლებელია ერთ კატეგორიაში მოაქციო და ისე იმსჯელო ტრავესტის თეატრალურ ამპლუაზე, ინიციაციის პროცესის თანმხლებ გენდერული როლების ინვერსიაზე, კარნავალურ ტრანსვესტიზმსა და სექსუალურ ორიენტაციაზე ან თუნდაც გენდერულ იდენტობაზე.

თანამედროვე თეატრალიზებული გეიპრაიდების დასახასიათებლად გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელი კულტუროლოგისა და ესეისტის, სიუზან სონტაგის მიერ შემოტანილი ცნება „კემპი“ უფრო უპრიანი იქნებოდა:

რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე რაღაც ქალური მამაკაცურ მამაკაცში; რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე მამაკაცური ქალურ ქალში... კემპის ანდროგინულ მეწყვილეს წარმოადგენს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული, მაგრამ სინამდვილეში მოკლებული ამ თვისებას: გაზვიადებული სექსუალური დახასიათებისადმი და პერსონალური მანერულობისადმი გამძაფრებული გემოვნება... კემპი ტრიუმფია სტილისა, რომელიც არ განასხვავებს სქესებს („მამაკაცის და ქალის, „პიროვნების და ნივთის ურთიერთშენაცვლებადობა).... „კემპის ერთ-ერთი მთავარი მომენტია სერიოზულობის მოხსნა... სწორხაზოვანი სერიოზულობის გადალახვის ტრადიციული საშუალებები - ირონია, სატირა - ამჟამად სუსტად გამოიყურებიან. ისინი ვეღარ შეესაბამებიან იმ დატვირთულ გარემოს, რომელშიც მწიფდება თანამედროვე მგრძნობელობა. კემპს შემოაქვს ახალი სტანდარტი: ხელოვნურობა, როგორც იდეალი, თეატრალურობა12.

კემპურ გემოვნებასა და გეისუბკულტურას შორის არსებულ კავშირებზე საუბრისას, სონტაგი ხაზს უსვამს, რომ ეს ორი ცნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ბუნებრივია და თავისთავად შეუძლებელიც, ადამიანის სექსუალობის ისეთი მახასიათებელი, როგორიც სექსუალური ორიენტაცია და/ან გენდერული იდენტობაა, რაიმე უნივერსალურ კულტურულ სივრცეს აყალიბებდეს, რომელიც საერთო იქნებოდა ამ ადამიანებისათვის (წინააღმდეგ შემთხვევაში განსხვავებები არ უნდა არსებობდეს ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შექმნილ კულტურულ სივრცეშიც). სტილი გემოვნების საკითხია და კავშირი არა აქვს არც გენდერულ იდენტობასთან და არც ორიენტაციასთან. ამ მრავალფეროვან ერთიანობას, რასაც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ქმნიან თავიანთი სუბკულტურებითა და ცხოვრების სტილით, მხოლოდ ერთი რამ აკავშირებს და ეს ერთი რამ, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიაა.

იმის თაობაზე, თუ ვინ იდგა ამჯერად ანტიგეიპრაიდის უკან და რა იყო რეალური მიზეზი ახალი ისტერიის აგორებისა, ბევრნაირი ვარაუდი გამოითქვა - ნაწილმა ეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიდან მოქალაქეთა ყურადღების გადატანის მიზნით თავად ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად ჩათვალა, ზოგი ამას სახელმწიფოსთვის მრევლის დაპირისპირების კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნევს, სხვანი პირიქით - თვლიან, რომ ერთმანეთს გადახვეული მერიის (თუ საკრებულოს) წარმომადგენელი და მღვდელი ჰომოსექსუალებთან მიმართებაში ერთიანი პოზიციის გამოვლენას ემსახურებოდა, ზოგის აზრით, ეს ეკლესიაში მიმდინარე ძალაუფლების გადანაწილების პროცესის გარეგნული გამოხატულება იყო.

არცერთი ამ ვერსიათაგანი არაა საფუძველს მოკლებული, თუმცა ამჯერად ვინ ვის დაანახა ძალა და/ან ერთიანობა, ნაკლებად მაინტერესებს. უფრო მნიშვნელოვან პრობლემად კარდაკარ (თუ ბარდაბარ) ჯვრებით მოსიარულე მრევლი მიმაჩნია, რომელიც ჰომოსექსუალების ძებნით იყო დაკავებული მთელი დღის განმავლობაში, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ადამიანების ქალაქიდან გასაძევებლად („ჩვენ მათ გამოვრეკავთ ყველა დაწესებულებიდან“).

თავად მსვლელობის ორგანიზატორებმა აქციას „ქადაგება“ უწოდეს და ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ძალადობის წინააღმდეგნი არიან. რამდენად შეიძლება უწოდო „ქადაგება“ საზოგადოებრივ დაწესებულებებში შეჭრას „მტრების“ მოსაძებნად და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შეთავსებას (მსვლელობისა და მანიფესტაციების შესახებ ნებართვის გაცემა/აკრძალვას ვგულისხმობ), გაუგებარია.

პოლიტიკოსთა ჰომოფობიური გამონათქვამებისა და ძალადობისაკენ მოწოდების პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია სიმბოლური დომინირების პრობლემაც, როცა გარკვეული სოციალური ჯგუფი და/ან ინსტიტუტი, საკუთარი გავლენის სფეროს გასაზრდელად ცდილობს საზოგადოების ყველა ფენაზე გაავრცელოს საკუთარი ძალაუფლება და უპირობო კონტროლი გამოაცხადოს საჯარო სივრცეზე.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ამგვარ პროცესებს დადებითი მხარეც აქვს - ერთი მხრივ, ბევრი ადამიანისათვის, ვინც არ მიეკუთვნება ლგბტ ჯგუფს და უშუალოდ არ განიცდის დისკრიმინაციასა და ზეწოლას, ცხადი ხდება, რომ ჰომოფობია სერიოზული პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და მეორე - ძალადობის გამოვლენა (თუნდაც სიმბოლური სახით) ნაკლებ ადგილს ტოვებს სოციალური ინდიფერენტულობისათვის.

შენიშვნები:

1. გაზეთი „ალია“, № 41, 12-13 აპრილი, 2007 წელი. „ფოთში ცისფერები და ლესბოსელები საიდუმლო შეკრებისათვის ემზადებიან“.

2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია I I-ის განცხადება 2007 წელს გაზეთ „ალიას“ მიერ დაგეგმილ გეიაღლუმთან დაკავშირებით.

3. მედიაკვლევამ სამი ასეთი ანტრეპრენიორი გამოავლინა: მედია, პოლიტიკოსები და ეკლესია.

4. გაზეთი „კვირის ქრონიკა“, №37, 24-30 სექტემბერი. ავტორი: გელა ზედელაშვილი. „რომ არა ილია მეორე, დღეს ბევრი უკანალზე წასმული პომადით ივლიდა“.

5. „ნეტგაზეთი“, 2010.08.26. მრევლი ჰომოსექსუალებს ეძებს. http://netgazeti.ge/GE/22/Life/2294

6. „საერთო გაზეთი“. 2010-06-09. თუ ვინმე ლობირებს გეი-პარადის ჩატარებას საქართველოში, ერთ-ერთი მამუკა ახვლედიანია.

7. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/22065-agvistoshi-thbilisshi-geebis-aghlumis-gamarthvas-
gegmaven.html№ixzz12gaxgAo4

8. http://rainbowallianceopenfaith.homestead.com/GayAgendaSwiftText.html

9. http://netgazeti.ge/GE/22/News/2280/

10. 60-იან წლებში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მებრძოლთა მიერ ორგანიზებული მანიფესტაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოზუნგი სწორედ ასე ჟღერდა: „მე შავკანიანი ვარ და ვამაყობ ამით“ (I am black and I am proud).

11. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის არქივი.

12. სიუზან სონტაგი. „რადიკალური ნების სტილები“. თარგმანი შოთა იათაშვილისა. გამომცემლობა „ლომისი“. თბილისი. 1999.

10 ორიენტირი

▲back to top


10.1 მეამბოხე ვლადიმერ ბუკოვსკი

▲back to top


ფრიდონ საყვარელიძე

0x01 graphic

„- ჩვენ გადავკვეთეთ საბჭოთა საზღვარი და ოფიციალურად უნდა განგიცხადოთ, რომ თქვენ გაძევებული ხართ საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან.

- გაქვთ რაიმე განკარგულება ან დადგენილება?

- არა, არაფერი გვაქვს.

- და ჩემი განაჩენი? ის გაუქმებულია?

- არა, განაჩენი ძალაში რჩება.

- ეგ როგორ, გამოდის, რომ მე არდადეგებზე ან შვებულებაში მყოფი პატიმარი ვარ?

- ჰო, თითქოს ეგრეა...

... უცნაური გადაწყვეტილებაა, ყველა საბჭოთა კანონის საწინააღმდეგო. და ამის მერე ითხოვენ, რომ მათი კანონები სერიოზულად მივიღოთ. არც ციხეში ჩასმა შეუძლიათ კანონიერად, არც განთავისუფლება. მხიარული სახელმწიფოა, არ მოიწყენ“.

ასე მთავრდება გამოჩენილი რუსი დისიდენტის ვლადიმირ ბუკოვსკის წიგნი „და ბრუნდება ქარი“1. ზემოთ მოყვანილი საუბარი კი გაიმართა 1976 წლის დეკემბერში, პოლიტბიუროს დადგენილებით გამოყოფილ სპეციალურ თვითმფრინავში, რუს დისიდენტ ვლადიმირ ბუკოვსკისა და საბჭოთა კგბ-ს მაღალჩინოსან ოფიცერს შორის. დისიდენტი ბუკოვსკი ჩილელ კომუნისტ კორვალანზე გასაცვლელად მიჰყავდათ. სულ მალე შეზარხოშებული საბჭოთა პროლეტარები ასეთ კუპლეტებს ღიღინებდნენ:

Обменяли Корвалана
На Володыку-хулигана.
Где б найти такую б...ь,
Чтоб на Лёньку обменять?

საბჭოთა მოქალაქეებს ამ ანტისაბჭოთა კუპლეტის მთავარ გმირად მაინც საბჭოთა ლიდერი - ლეონიდ ბრეჟნევი - წარმოედგინათ, რომელსაც ისინი, როგორც ტექსტი ირწმუნება, რომელიმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალშიც კი სიამოვნებით გაცვლიდნენ. საბჭოთა მოქალაქეთა უმრავლესობამ არც კი იცოდა ვინ იყო ვალოდკა-ხულიგანი და არც ჩილელი კომუნისტების ლიდერზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ 1976 წლის დეკემბერში „უდრეკი“ ლუის კორვალანი ჩილეს რომელიღაც ბანაკიდან გაათავისუფლეს და საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს. ის ვლადიმირ ბუკოვსკიში გაცვალეს, რასაც წინ პოლიტბიუროს გადაწყვეტილება უძღოდა. გაცვლა მოხდა შვეიცარიაში, სადაც ბორკილებდადებული ბუკოვსკი სპეციალური თვითმფრინავით ჩაიყვანეს მრავალრიცხოვანი ბადრაგის თანხლებით. შემდგომ, 1983 წელს, კორვალანს პლასტიკური ოპერაციებით სრულიად შეუცვალეს გარეგნობა და „მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად“ ყალბი დოკუმენტებით კვლავ ჩილეში გადაისროლეს. ხოლო მას შემდეგ, რაც გენერალი პინოჩეტი ხელისუფლებას ჩამოსცილდა, კორვალანი მილიონერი არა, მაგრამ ძალიან მდიდარი ადამიანი კი ნამდვილად გახდა (ციხეში ყოფნის დროს ჩილეს ხელისუფლება აკურატულად რიცხავდა მის ანგარიშზე სენატორის ხელფასს), იყიდა მდიდრული ვილა სანტიაგოს შემოგარენში და მშვიდად განლია სიბერის წლები. ის სულ ახლახან, 2010 წლის ივლისში, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0x01 graphic

ლეონიდ ბრეჟნევი გულში იკრავს ამხანაგ „ლუჩოს“

მხოლოდ ფაქტები

ვლადიმირ ბუკოვსკი 1942 წლის 30 დეკემბერს დაიბადა ბაშკირეთის ქალაქ ბელებეიში. მამის მხრიდან მისი წინაპრები ეკატერინე I I დროს რუსეთში ჩამოსახლებული გერმანელები იყვნენ.

როდესაც 14 წლის ბუკოვსკიმ მოისმინა ხრუშჩოვის მოხსენება „პიროვნების კულტის შესახებ“, ის მტკიცე ანტიკომუნისტი გახდა. 1959 წელს სკოლიდან გარიცხეს ხელნაწერი ჟურნალის გამოცემისთვის. დაამთავრა საღამოს სკოლა. 1960-62 წლებში იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი (იური გალანსკისთან, ვლადიმირ ოსიპოვთან, ედუარდ კუზნეცოვთან ერთად) მოსკოვში ვლადიმირ მაიაკოვსკის ძეგლთან გამართული შეკრებებისა (ე. წ. „მაიაკოვკებისა“), რომლის მონაწილენი საჯაროდ კითხულობდნენ აკრძალული პოეტების - ახმატოვას, მანდელშტამის, გუმილიოვის და სხვათა ლექსებს. აქ და სტუდენტურ გარემოცვაში გამოთქმული მოსაზრებების გამო ბუკოვსკი გარიცხეს მოსკოვის უნივერსიტეტის ბიოლოგია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტიდან. მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ნაბეჭდი ტექსტი, რომელიც კგბ-მ „კომკავშირის დანგრევის თეზისებად“ მონათლა.

1963 წლის მაისში ბუკოვსკი დააპატიმრეს იუგოსლაველი კომუნისტ-რევიზიონისტის მილოვან ჯილასის საბჭოთა კავშირში აკრძალული წიგნის - „ახალი კლასის“ - ფოტოასლის დამზადებისათვის მისი შემდგომი გავრცელების მიზნით (ახალ კლასში ჯილასი გულისხმობდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ბიუროკრატიას, როგორც კოლექტიურ ექსპლოატატორს). სასამართლომ ბუკოვსკი შეურაცხადად ცნო, რის გამოც ის 1965 წლის თებერვლამდე იძულებითი მკურნალობის მიზნით ლენინგრადის სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. 1965 წლის დეკემბერში ბუკოვსკი კვლავ დააკავეს, როგორც „საჯაროობის მიტინგის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. მიტინგი პუშკინის მოედანზე გაიმართა დაპატიმრებული მწერლების ანდრეი სინიავსკისა და იური დანიელის დასაცავად. ის ისევ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას 1966 წლის ივლისამდე „მკურნალობდნენ“.

1967 წლის 22 იანვარს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, მცირერიცხოვანი დემონსტრაცია ტარდებოდა. ახალგაზრდების ჯგუფი აპროტესტებდა პოლიტიკური ბრალდებით ალექსანდრ გინზბურგის, იური გალანსკის და სხვათა დაპატიმრებას. დემონსტრანტები მყისვე დააკავეს. მათ შორის იყო ბუკოვსკი, რომელიც ამჯერად სასამართლომ ფსიქიკურად ჯანმრთელად მიიჩნია და, როგორც აქციის ორგანიზატორი, სამი წლით ბანაკებში გაამწესა. მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ბუკოვსკიმ არათუ არ აღიარა დანაშაული, არამედ რეჟიმის საწინააღმდეგო მწვავე სიტყვითაც გამოვიდა. ეს სიტყვა ფართოდ გავრცელდა შემდგომში „სამიზდატის“ მეშვეობით2.

აი, ამ სიტყვის დასკვნითი ნაწილი:

„...დამნაშავე ის კი არ არის, ვისაც ნაგავი სახლიდან გარეთ გააქვს, არამედ ის, ვინც ამ ნაგავს ყრის. და რამდენი ხნითაც უნდა მომიწიოს საპყრობილეში ყოფნა, საკუთარ რწმენას არასდროს უარვყოფ და გამოვთქვამ კიდეც მას... გული კი მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ იმ მოკლე ხანში - 1 წელი, 2 თვე და 3 დღე - რომელიც ციხის გარეთ დავყავი, ამისათვის ძალიან ცოტას გაკეთება მოვასწარი“.

სასჯელის მოხდის შემდეგ, 1970 წელს ბუკოვსკიმ რამდენიმე ინტერვიუ მისცა დასავლელ ჟურნალისტებს, რომლებშიც აღწერა პოლიტიკური პატიმრების ბედი და მათ მიმართ გამოყენებული ფსიქიატრიული რეპრესიები, რითაც ინფორმაცია „სადამსჯელო ფსიქიატრიის“ შესახებ საჯარო გახადა. ის ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ კვლავ დააპატიმრებდნენ, თუკი არ შეწყვეტდა ინფორმაციის გადაცემას დასავლეთში სსრკ-ში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მას აშკარად და დემონსტრაციულად უთვალთვალებდნენ. მიუხედავად ამისა, 1971 წლის დამდეგს მან ღია წერილით მიმართა საზღვარგარეთელ ექიმ ფსიქიატრებს და წერილს თან დაურთო ცნობილი დისიდენტების - პეტრე გრიგორენკოს, ნატალია გორბანევსკაიას, ვალერია ნოვოდვორსკაიას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნების ასლები, რომელთა ძალითაც ეს ადამიანები შეურაცხადად იყვნენ გამოცხადებულნი. ამ მასალებით თვალნათლივ დასტურდებოდა, რომ პოლიტიკური ბრალდებით დაკავებული და სასჯელმისჯილი დისიდენტები იძულებით ფსიქიატრიულ „მკურნალობას“ გადიოდნენ, რამაც მათ სულიერ მდგომარეობას მძიმე ზიანი მიაყენა. 1971 წელს ბუკოვსკი მეოთხედ დააკავეს, ამჯერად უკანასკნელად. დაკავებას წინ უძღოდა სტატია გაზეთ „პრავდაში“, რომელშიც მას ბოროტ ხულიგანს უწოდებდნენ. 1972 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მას რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისათვის („ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“) გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი მიუსაჯა - 7-წლიანი პატიმრობა: 2 წლის საპყრობილეში გატარება პლუს 5 წლით გადასახლება. სასჯელს ვლადიმირის ციხეში, შემდეგ კი პერმის ბანაკებში იხდიდა. იქ ყოფნის დროს თავის თანაბანაკელ სემიონ გლუზმანთან ერთად დაწერა მან გახმაურებული წიგნი - „ფსიქიატრიის სახელმძღვანელო დისიდენტებისათვის“.

1974 წელს, როგორც „რეჟიმის ბოროტი დამრღვევი“, კვლავ ვლადიმირის ციხეში დააბრუნეს. სულ ციხეებში, ბანაკებსა და სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში 12 წელი გაატარა.

ამასობაში ბუკოვსკის მხარდამჭერმა საერთაშორისო კამპანიამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რაც წერილის დასაწყისში აღწერილი ცნობილი გაცვლით დასრულდა.

კემბრიჯის მკვიდრი

საბჭოთა კავშირიდან გაძევების შემდეგ, მალევე, „ხულიგანი“ ბუკოვსკი თეთრ სახლში პრეზიდენტმა კარტერმა მიიღო. დიდმა ბრიტანეთმა კი პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ბუკოვსკი სამუდამოდ დარჩა დიდ ბრიტანეთში. დასახლდა კემბრიჯში, დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ნეიროფიზიოლოგის სპეციალობით (გეხსომებათ ალბათ, რომ თავის დროზე ის მოსკოვის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტიდან ჯერ გარიცხეს, შემდეგ კი მუდამ ახსენებდნენ მის არასრულ განათლებას. სწორედ ამიტომ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრება ბუკოვსკისთვის პრინციპული საკითხი იყო), დაიწყო მუშაობა, დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის მრავალ ენაზე ნათარგმნი „და ბრუნდება ქარი“, „რუსი მოგზაურის წერილები“, „მოსკოვის პროცესი“; კითხულობდა ლექციებს პოლიტოლოგიაში. მალე მან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო. 1989 წლის ზაფხულში ბუკოვსკი სსრკ-ში ჩავიდა. ის თვითმფრინავის ტრაპიდანვე ხელში აიტაცეს და მანქანამდე ასე მიიყვანეს. მოსკოვში სულ რამდენიმე დღეს გაჩერდა, ჩაატარა პრესკონფერენციაც, რომელზეც წარმოთქვა ცნობილი ფრაზა: „თავისუფლების გარეშე ძეხვი არ გექნებათ!“

1992 წელს ბორის ელცინმა ის ექსპერტის სტატუსით მიიწვია კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე. ბუკოვსკი შეუშვეს საბჭოთა საიდუმლო არქივებში, მათ შორის კგბ-ს არქივშიც, სადაც მას საშუალება ჰქონდა ენახა ათასობით სრულიად საიდუმლო დოკუმენტი, რომელთა ასლებიც ხელის სკანერისა და „ნოუთბუკის“ საშუალებით გადაიღო და განუმეორებელი არქივი შექმნა3. სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა მან ცნობილი წიგნი „მოსკოვის პროცესი“. არ დაიზაროთ ამ მისამართზე შესვლა და არქივის დათვალიერება. აქ უაღრესად საინტერესო, სკანდალურ და ბევრ კომიკურ დოკუმენტსაც წააწყდებით.

2008 წელს ცნობილმა მეცნიერებმა, მწერლებმა და ყოფილმა დისიდენტებმა ბუკოვსკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენეს, თუმცა საარჩევნო კომისიამ ის რეგისტრაციაში არ გაატარა, როგორც სხვა ქვეყანაში მცხოვრები პირი (თითქოს იმ სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით წავიდა!).

ბევრი მეგობრისგან განსხვავებით ბუკოვსკი კომუნისტური ტოტალიტარიზმისადმი ღია დაპირისპირების მომხრე იყო, თუმცა ბრძოლის სხვა, მათ შორის კონსპირაციულ, მეთოდებსაც განიხილავდა.

ბუკოვსკი იმ ერთეულ დისიდენტებს მიეკუთვნება, ვინც არასდროს წასულა კომპრომისზე საბჭოთა ხელისუფლებასთან. იგი უარს ამბობდა გარიგებებზე და ამიტომაც ყველაზე მკაცრ სასჯელებს იღებდა. კორვალანზე გასაცვლელად სწორედ ის შეარჩიეს, როგორც „აღზრდის“ თვალსაზრისით სრულიად უიმედო. ისეთივე შეურიგებელი „ექსტრემისტია“ ის დღესაც, ლიბერალებს შორისაც.

ვლადიმირ ბუკოვსკი ახლაც იმის წინააღმდეგ იბრძვის, რომ არ შეიძლება ადამიანს თავს მოახვიო იდეოლოგია, რომლისაც მას არ სწამს. ეს დანაშაულია, და სულერთია ამ დანაშაულს ვინ ჩაიდენს, კომუნისტები თუ „პოლიტკორექტული“ ადამიანები. ამიტომ ბუკოვსკი დღეს ისევე აკრიტიკებს „ფეტიშიზმამდე მისულ დასავლურ გატაცებას“, მაგალითად, გენდერული საკითხებით, ან კიდევ ევროკავშირში არსებულ ბიუროკრატიულ პრობლემებს, როგორც ადრე აკრიტიკებდა კომუნისტურ რეჟიმს. დიდი ხმაური მოჰყვა ბუკოვსკის გამოსვლას ბულგარეთში 2009 წელს, სადაც ის „ახალი ორუელისეული ეპოქის“ დადგომის შესახებ საუბრობდა. შეიძლება გავიხსენოთ მისი ამასწინანდელი ვიზიტიც თბილისში, სადაც ბუკოვსკიმ გულიანად აცინა მსმენელი, როდესაც ევროკავშირის რომელიღაც ბიუროკრატიული აპარატის დადგენილება გააცნო, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ფერმერი ვერ მიიღებს ლიცენზიას, თუ ფერმაში არ იქნება სათანადო რაოდენობის ფერადი ბურთები ღორების გასართობად.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ბევრი „პრინციპული“ ადამიანიც კი, მეტი რომ არ ვთქვათ, აარიდებდა თავს ამ თემებზე საუბარს. მაგრამ ეს ხომ ბუკოვსკია, მეამბოხე, მას სხვაგვარად არ შეუძლია.

თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში ბუკოვსკი იხსენებს მის პირველ საუბარს კგბ-ს გამომძიებელთან:

„16 წლისა ვარ და აი, ის მეუბნება:

- რისთვის გძულვართ ასე? მე ვპასუხობ: - ღმერთმა დამიფაროს, მე თქვენ არ მძულხართ, მე, უბრალოდ, არ მჯერა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ. თქვენ გინდათ კომუნიზმის აშენება, კი, ბატონო, აშენეთ, მაგრამ მე არ მინდა. არ შეიძლება ისე მოვაწყოთ, რომ ჩემს ორ კვადრატულ მეტრზე არ ვაშენო კომუნიზმი? თქვენ აშენეთ ირგვლივ, მე ხელს არ გიშლით, მაგრამ აი აქ მე არ მინდა ამის კეთება.

- როგორ ბედავ ასე ლაპარაკს, მთელი საბჭოთა ხალხი ენთუზიაზმით აშენებს კომუნიზმს.

- მთელმა საბჭოთა ხალხმა დაე აშენოს, მაგრამ მე ხომ საბჭოთა ხალხი არა ვარ“.

ასეთი იყო ახალგაზრდა ბუკოვსკი, ასეთია ის დღესაც - უკომპრომისო, მტკიცე, გაბედული, მიზანსწრაფული.

შენიშვნები:

1. ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ამ წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: http://www.vehi.net/samizdat/bukovsky.html

2. ამ სიტყვის ელექტრონული ვერსია იხილეთ მისამართზე: http://antology. igrunov.ru/authors/bukovsky/last-word. html

3. არქივის მისამართია: http://bukovsky- archives.net/

11 სეკულარიზაცია

▲back to top


11.1 სეკულარიზაცია და სეკულარიზაციის ბედი საქართველოში

▲back to top


ზაალ ანდრონიკაშვილი, გიორგი მაისურაძე

თანამედროვე ერების ჩამოყალიბება უშუალოდ უკავშირდება სეკულარიზაციის და მოდერნიზაციის პარალელურ და ურთიერთდამოკიდებულ პროცესებს პროცესს. მათი განხილვის გარეშე შეუძლებელია საუბარი საქართველოს ნაციონალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ. თანამედროვე საქართველოს ისტორიის ამ კუთხით წაკითხვა ბევრ ჯერაც უპასუხო კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებოდა იმდენად, რამდენადაც აქტუალური პოლიტიკური განვითარება უშუალოდ უკავშირდება იმ ისტორიულ პროცესს, რომელიც XIX საუკუნეში დაიწყო და რომლის მიზანიც ახალი ქართული ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოყალიბება იყო. ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორიას წინამდებარე სტატიაში სწორედ სეკულარიის პრიზმით განვიხილავთ.

თავდაპირველად საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის რამდენიმე ნიშანდობლივი მომენტი გავიხსენოთ, რომელიც, ჩვენი აზრით, პირდაპირ უკავშირდება თემათა კომპლექსს, რომლის პოლუსებზე სეკულარიზაცია და კონტრსეკულარიზაცია შეგვიძლია მოვათავსოთ.

2007 წ. 11 ოქტომბერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II პოლიტიკური ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. პატრიარქის მოსაზრებით, მონარქიის რესტავრაცია (კონსტიტუციური მონარქიის შემოღება) გახდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეროვნული ინტეგრაციის გადამწყვეტი ფაქტორი. პატრიარქის ინიციატივა ქართულ პოლიტიკურ დისკურსში შეიძლებოდა შემთხვევითადაც მიგვეჩნია, პოლიტიკურ არტიკულაციათა სერიაში რომ არ ეწერებოდეს. ეს სერია ხელისუფლების, ოპოზიციის და საზოგადოების დაპირისპირებას ზედაპირულად წარმოაჩენს და პოლიტიკური აზროვნების მექანიზმის პლანში მის სიღრმისეულ ერთიანობაზე მიგვანიშნებს.

2004 წ. საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ინაუგურაციის შემდეგ დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო ფიცი, ცოტა ხნის შემდეგ, გერმანიაში ვიზიტისას, შეკითხვაზე, რომელ ევროპას ეკუთვნის საქართველო, ძველს თუ ახალს, უპასუხა, საქართველო უძველეს ევროპას ეკუთვნისო.

მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია თავის მხრივ გაგრძელება იყო ედუარდ შევარდნაძის მიერ პოლიტიკურ რეპრეზენტაციაში დანერგილი რესაკრალიზაციისა (შევარდნაძის ინაუგურაცია სვეტიცხოვლის ტაძარში 1995 წ.), რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს ფასადის მიღმა ისტორიული და რელიგიური ლეგიტიმაციის შემოტანას გულისხმობს.

პოლიტიკური გამონათქვამების ეს სერია ძნელია შემთხვევითად ჩაითვალოს. ყველა ამ გამონათქვამს თუ პერფორმატიულ აქტს ერთი საერთო ნიშანი აქვს: მათი ვექტორი წარსულისკენაა მიმართული და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ჩვეულ ლეგიტიმაციის ფორმას (არჩევნები) აძლიერებს, ხანდახან კი ანაცვლებს ისტორიული და რელიგიური ლეგიტიმაციის ფორმებით. ისტორიული ან რელიგირური ლეგიტიმაციის მხოლოდ ანაქრონიზმად მონათვლა არასაკმარისია და უფრო ღრმა ანალიზსს საჭიროებს. აქ კი უშუალოდ მიუახლოვდით ჩვენს თემას: სეკულარიზაციას და მის როლს თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

0x01 graphic

0x01 graphic

სეკულარიზაციის პროცესი დასავლეთ ევროპაში გვიან შუა საუკუნეებში დაიწყო და მისი საბოლოო შედეგი მთელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წესრიგის პარადიგმის შეცვლა იყო, რაც ახალი ერების (Nation) და სამოქალაქო საზოგადოებების შექმნით დასრულდა. ამ პროცესის პირველი ნიშნები რენესანსის კულტურაში ჩნდება, როდესაც საერო ან მიწიერმა თემებმა სახვით ხელოვნებასა თუ ლიტერატურაში საკრალური თემების მონოპოლია დაარღვიეს და მათ გამიწიერებას შეუდგნენ1.

გამიწიერების პროცესი მალე პოლიტიკურ აზროვნებაზეც გავრცელდა, რამაც შუა საუკუნეების პოლიტიკური თეოლოგიის რღვევა გამოიწვია. ქრისტიანულ სამყაროში კოლექტიური იდენტობა ორ ძირითად პოსტულატს ემყარება: პირველ რიგში ესაა ქრისტიანი ხალხის ევქარისტიული ერთობა, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებზე, -

„თქვენ ხართ ქრისტეს სხეული“ (1. კორინთელთა მიმართ, 12;27) აიგება და რომლის განსახიერებაც ეკლესიაა.2 XII საუკუნის ევროპაში ამის აღსანიშნავად ახალი ტერმინი - corpus mysticum Cndeba.3 მეორე ძირითადი პოსტულატი ეკლესიის მიერ ხელდასხმული მონარქისადმი ლოიალობაა. „მეფის უკვდავი სხეული“4 მისი სამეფოა. 15 საუკუნის ინგლისში გაჩენილი მოძღვრების თანახმად corpus mycticum-ად სწორედ სამეფო ცხადდება, სადაც ცენტრალურ ადგილს უკვე intencio populi (ხალხის ნება) იკავებს5. ეს კი უკვე სეკულარიზმის დასაწყისს ნიშნავდა. ამ მიმართულებით გადამწყვეტი როლი განმანათლებლობამ ითამაშა. სწორედ განმანათლებლობის თეორეტიკოსების მიერ ხდება შუა საუკუნეების ქრისტიანული პოლიტიკური თეოლოგიის, როგორც ხელისუფლების მთავარი იდეოლოგიური პრინციპის და მასთან ჰარმონიაში მყოფი მონარქისტული აბსოლუტიზმის, როგორც ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური ფორმის დისკრედიტაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჟან-ჟაკ რუსოსეული „სუვერენი ხალხის“ (le peuple souverain) ცნება, რომელიც მონარქის, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლის ადგილს იკავებს. „სუვერენი ხალხი“ საფრანგეთში სიკვდილით სჯის მეფეს, რასაც სიმბოლურ დონეზე მსხვერპლშეწირვის ხასიათი აქვს ლოიალობის ახალი სუბიექტის - Patria-ს შესაქმნელად, რაც თითქმის სიტყვასიტყვით გამოიხატა რობესპიერის სიტყვებში: „ლუი (საგრანგეთის მეფე ლუი XVI - ზ.ა. და გ.მ) უნდა მოკვდეს იმისათვის, რომ მამულმა სიცოცხლე შეძლოს“. პიერ კლოსოვსკის თქმით, მეფის სიკვდილით დასჯა ღმერთის მოკვლის სიმულაკრია6. „ღმერთის მოკვლით“ საყრდენი ეცლება პოლიტიკურ თეოლიგიას როგორც თეოცენტრულ იდეოლოგიურ სისტემას. ღმერთის, როგორც ლეგიტიმაციის უმაღლესი სუბიექტის ადგილს მამული იკავებს. ეს სახელმწიფოს, როგორც სუვერენი ხალხის პოლიტიკური ერთობისა და ორგანიზების ფორმას ამიწებს, ანუ სეკულარულს ხდის. ასეთ მიწიერ ნიადაგზე წარმოიშობიან ახალი ერები, რომლებიც უკვე ახალ, საკუთარ ეროვნულ ნარაციებს თხზავენ. თუმცა ეს თხზულება უმეტეს წილად საკრალური ნარაციის სტრუქტურას იმეორებს და მისი ერთგვარი „თარგმანის“ სახე აქვს, ანუ საკრალური სიმბოლიკა ეროვნულით იცვლება. ამ პროცესს კი ყველა ქვეყანაში თავისებური გზა ჰქონდა.

აწმყო შობილი წარსულისაგან

ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა, განსხვავებით ევროპისაგან, XIX საუკუნის დასაწყისამდე მხოლოდ ერთ ფორმას, შუა საუკუნეების პოლიტიკურ თეოლოგიაზე დამყარებულ მონარქიას იცნობდა და ბაგრატიონების დინასტიასთან განუყოფლად იყო დაკავშირებული. 1801 წ. ქართული მონარქიის გაუქმებამ კოლექტიურ მეხსიერებაში ერთგვარი ტრამვატული ფიქსაციის სახე მიიღო და მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელიც კი გახდა იმ პროცესებისა, რომლებიც მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ ცნობიერებაში მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს.

ტერმინ „ტრამვატულ ფიქსაციას“ ფსიქოანალიტიკური ლექსიკიდან ვსესხულობთ და ჩვენს შემთხვევაში გარკვეულ ფსიქიკურ მექანიზმს აღნიშნავს, რომელიც სულიერ და ინტელექტუალურ ძალისხმევას ისეთი სიმბოლური წესრიგის შექმნისკენ მიმართავს, სადაც ხელოვნურად გაწყვეტილი პროცესის გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა. ამგვარი მიზანმიმართულება პოლიტიკურ რეალობაზე არაადექვატური რეაქციებითაც გამოიხატება, რაც პოლიტიკურზე წარმოსახვითის დომინირებას გულისხმობს. რეალობასთან მიმართებაში წარმოსახვითის არაადექვატურობა იმის გადარჩენის მცდელობაა, რის არსებობასაც რეალობაში საფუძველი აღარ გააჩნია. ამით აწმყო კი აღარ იბადება წარსულიდან, არამედ წარსულის, ანუ უკვე აღარ არსებულის პროექციების ასპარეზად გადაიქცევა. ისტორია არ იმიჯნება თანამედროვეობისგან და ორივეს ადგილს წარმოსახული უწყვეტელობა (continuity) იკავებს. გრიგოლ ორბელიანის 1832 წ. დაწერილი ლექსი „ჰე, ივერიავ“ კარგად გამოხატავს ამ განწყობას - საქართველო ამ ლექსში „ცხოვარს“ არის შედარებული „რომელსაცა მწყემსი (მონარქი, სახელმწიფოს საკრალიზებული რეპრეზენტანტი - ზ.ა და გ.მ.) არ უვის“. მონარქიის გაუქმება „საშინელ წარხდენად“ არის წარმოდგენილი, მისი აღდგენა კი „საღმრთო ვალი“ და „პატივის გზაა“. სახელმწიფოებრიობის იდეალი წარსულში, თამარის და დავითის ეპოქაშია მოთავსებული („თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „იარალის“), მომავლის პროექტი კი წარსულის აღდგენაა: „ვინ აღმოჩნდეს მომცემი წარსულ დღეთა!“

ენა, მამული, სარწმუნოება...

პირველი ადამიანი, რომელმაც არსებული პარადიგმა რადიკალურად შეცვალა და ამოსავალ წერტილად არსებული რეალობის აღიარება სცადა ილია ჭავჭავაძე იყო, რომლის სახელსაც უკავშირდება სეკულარიზაციის პროცესის დასაწყისი.

სეკულარიზაციის ილიასეულ პროექტს ლიტერატურული საფუძვლები აქვს - მისი განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული „მამათა და შვილთა ბრძოლასთან“ ლიტერატურული ენის შესახებ. ილიას 1861 წ. „ცისკარში“ გამოქვეყნებულმა სატიამ „ორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის-მიერ „შეშლილის“ თარგმანზედა“ მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც საკრალური ნიშნით მოიხსენიება - სამივე „ღვთაებრივი საუნჯეა“, მაგრამ ილიასეული გაგება საკრალურისა რადიკალურად განსხვავდება „მამათა“ „საკრალურისაგან“.

ენა7

„მამების“ წარმოდგენა სალიტერატურო ენაზე ანტონ ბაგრატიონისეულ გრამატიკას და რიტორიკას ეყრდნობოდა. ანტონისეული გრამატიკა და რიტორიკა, როგორც ენის და ლიტერატურის სტრუქტურირების პრინციპი, თავის თავში შემჭიდროვებული ფორმით მეტასტრუქტულ ბირთვს ატარებდა, რომელიც გაშლილი ფორმით გარკვეულ კოსმოგონიას გვაძლევს. ეს ბირთვი არა მარტო საკუთრივ ენობრივ და ლიტერატურულ საკითხებთანაა დაკავშირებული, არამედ ასევე ქართული შუა საუკუნეების სამყაროს გამოხატავს, რომელის რეალობა ილიას პერიოდში უკვე აღარ არსებობდა. „მამების“ თაობის წარსული, იმ დროისათვის უკვე არაადეკვატური ფორმების აღდგენაზე მიმართულ მსოფლმხედველობას ილიამ პროგრესის იდეა დაუპირისპირა. ისტორიის, როგორც პროგრესის გააზრებით ილია ერთის მხრივ ახალი დროის (Moderne) კონტექსტში ექცევა, მეორეს მხრივ კი საქართველოს ისტორისს ფუნდამენტურ გადააზრებას უყრის საფუძველს. თავდაპირველად ყურადღებას ზოგად კონტექსტზე შევაჩერებთ. გერმანელი ფილოსოფოსი კარლ ლოევითის თეზისს თუ დავეყრდნობით, ახალი დროის ისტორიის ფილოსოფია პროგრესის უნივერსალურ წარმოდგენაზეა კონცენტრირებული და თავის მხრივ ქრისტიუანულ „ისტორიის თეოლოგიის“ სეკულარიზაციის შედეგს წარმოადგენს. ამ რევოლუციური პროცესის დროს პროგრესი განგების ადგილს იკავებს, ხოლო ადამიანი, ისტორიის აბსოლუტური სუბიექტი, ღმერთისას. მიუხედავად ამისა, ისტორიის თეოლოგიას და მის სეკულარულ გამოხატულებას, პროგრესის რწმენას დროზე საერთო, „ფუტუროცენტრისტული“ წარმოდგენა აქვთ. ამ მოდელის მიხედვთ დრო შეუფერხებლად და კუმულატიურად მიისწრაფვის თავისი მომავალი მიზნისაკენ. კარლ ლოევითის აზრით, ამ მოდელის გაგება შეუძლებელია მისი თანამედროვეობის იუდეოქრისტიანულ მატრიცასთან დაკავშირების გარეშე: „რომ ისტორიის თანამედროვე ფილოსოფია მომავალი აღსრულების ბიბლიურ რწმენას შეესაბამება, და რომ ის ესქატოლოგიური იდეალის სეკულარიზაციით მთავრდება.8 ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება ილიასათვისაც ისტორიული თანმიმდევრობის რადიკალურ გაწყვეტას ნიშნავს და ესქატოლოგიურ კატასტროფას უტოლდება: „გასწყდა ჯაჭვი ცხოვრების ზედ-მიყოლებისა, აწმყოსა და წარსულს შორის ჩასტყდა ხიდი, შემდეგს სათავე და დასაბამი მოუწყდა ... ბუნებრივი ორკეცი დენა ცხოვრებისა შედგა, გაჩერდა“. ეს რღვევა არა ევოლუციის ან რევოლუციის, არემედ ესქატოლოგიურად გაგებული პოლიტიკური კატასტროფის შედეგი იყო. ბაგრატიონების სამეფოს და ახალ საქართველოს შორის ილიას აზრით თანმიმდევრობა შეწყვეტილია. ამ ორ საქართველოს რადიკალური ცეზურა მიჯნავს.9

ამ ესქატოლოგიური კატასტროფის გააზრებას ილია გრიგოლ ორბელიანისაგან რადიკალურად განსხვავებულ აზრამდე მიჰყავს. ილია წარსულის დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი“ („ქართვლის დედას“) და აქცენტს სამომავლო პროექტზე აკეთებს. ახალი დროის ისტორიის ფილოსოფიას შენარჩუნებული აქვს წარმოდგენა, რომ მოვლენებს მხოლოდ მაშინ აქვთ აზრი, როდესაც ისინი რაიმე მიზანს უკავშირდება, რომელიც მათ ტრანსცენდენციას ახდენს. ილიას ისტორიის სეკულარიზირებული ფილოსოფიაც ასევე სიუჟეტურია, ოღონდ ილიას ასევე „ფუტუროცენტრისტულ“ სიუჟეტს ზოგადევროპულისაგან სრულიად განსხვავებული მიზეზები აქვს. წარსულ დროზე ფიქრის მოკვლა, საბოლოო ჯამში, გარკვეულ სამომავლო მიზანს ემსახურება, რომელიც პოლიტიკური ერთიანობის ალტერნატიული პინციპების ძიებას გულისხმობს. ასეთ პრინციპად, ზოგად აზრად (იდეად) და მიზნად, რომელიც ისტორიას ამოძრავებს და მის სიუჟეტს ქმნის, ილიასათვის მამულის ცნება გახდა. ის „შემკრებლობითი დიდებული ერთიანი აზრი, რომელსა ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს“ არის „მამული“, რომელიც „მთელი ხალხის სამშობლოს“ ნიშნავს. ენის რეფორმით ილია შუა საუკუნეების საეკლესიო ქართულის სანაცვლოდ ხალხის ენას ალიტერატურულებს და ქართულ სეკულარულ დისკურსს ქმნის. ამით საეკლესიო და საერო ენების გახლეჩა ხდება. ახალი სალიტერატურო ენა უკვე ფართო მასებისათვის გასაგები და მისაღებია, რაც უკვე ლიტერატურას ყველაზე ძლიერ მას-მედიად აქცევს. ხოლო თუკი ახალ სალიტერატურო ენას მთავარ მედიურ ინსტრუმენტად წარმოვიდგენთ, მისი არხებით ეროვნული ნარაციის უწყება უნდა მოხდეს. ახალი ენა სწორედ ახალ სამყაროს და მის ცენტრს, „მამულს“ ამკვიდრებს. მამულის ცნება კი ნაციონალურ სახელმწიფოს არსებობის ბაზისია, რომლიც ახალ პოლიტიკურ ლექსიკონში უშუალოდ სეკულარიზაციიდან გამომდინარეობს.

მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?

„მამული“ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში საერთო მემკვიდრეობას ეყრდნობა. ტერმინოლოგიური თვალსაზრისით ეს სიტყვა ბერძნული patris და ლათინური patria-დან მომდინარეობს, თუმცა თავდაპირველი მნიშვნელობით მშობლიურ ქალაქს ან ადგილს აღნიშნავდა. პირველი შინაარსობრივი სახეცვლილება ამ ტერმინმა უკვე რომის იმპერიაში განიცადა, როდესაც ლათინურ ფორმულაში pro patria mori (მამულისთვის დაცემული რაინდების ჰეროიზაცია და აპოთეოზიც კი) უკვე არა მხოლოდ წარმომავლობის ადგილი, არამედ რომის იმპერია, მთელი მისი ინსტიტუციებითა და ღირებულებათა სისტემით იგულისხმებოდა.10 ეს წარმოდგენა ადრეულ ქრისტიანობაში მაცხოვრის ჯვარცმის როგორც „სრულყოფილი მსხვერპლის“ პარადიგმით შეიცვალა, მამულის კლასიკურმა ემოციურმა ღირებულებებმა რენესანსი დასავლეთ საქრისტიანოში XI I -XI I I საუკუნეებში განიცადა (ძირითადად ჯვაროსნული ომების შედეგად), ხოლო ბიზანტიასა და საქართველოში ოდნავ უფრო ადრე. „წარმოდგენამ „მამულის“ შესახებ... გადალახა ქალაქის ძველი საზღვრები და დაუკავშირდა ნაციონალურ სამეფოს, „სამეფო გვირგვინს“, როგორც ნაციონალური და ტერიტორიული ერთობის ხილულ სიმბოლოს“.11 მამულის, როგორც საკუთარი ქვეყნის ანუ სამშობლოს ცნება XVIII საუკუნის ევროპაში ჩნდება, სადაც იგი ფეოდალური მიწათმფლობელობის შინაარსს კარგავს და კოლექტიური იდენტურობის აღმნიშვნელად და ლოიალობის სუბიექტად გადაიქცევა. ეს ტერმინი „წარმოსახვით ერთობას“ (Imagined Community) ქმნის, სადაც ცენტრალურ ადგილს იკავებს. სწორედ ამ ერთობის ლოიალობის სუბიექტია არა მონარქი, რომელიც შუა საუკუნეებში სახელმწიფოს განასახიერებდა, არამედ სამშობლო, მამული. „მამულის“ სეკულარული შინაარსის საილუსტრაციოდ კარლ შმიტი საფრანგეთის რევოლუციის ავტორებს ლუი XIV-ის ცნობილი სიტყვების „სახელმწიფო - ეს მე ვარ!“ პერიფრაზს ათქმევინებს: „La patrie c'est moi“ („მამული - ეს მე ვარ!“).12 მაშინ, როდესაც დასავლეთ ევოპაში სეკულარიზაცია ტერმინი corpus mysticum-ის ხალხზე და „მამულზე“ გადატანით მოხდა, აღმოსავლეთ საქრისტიანოში საკრალურის მატარებელი არა „მამული“, არამედ მეფე იყო, უფრო სწორად კი მამული და მეფე ერთმანეთთან იყო გაიგივებული.

ამოცანა, რომელიც ილია ჭავჭავაძის წინაშე იდგა, იმ პრინციპის შექმნა იყო, რომელიც ქართველების გამაერთიანებელი, მათი კოლექტიური იდენტობის განმსაზღვრელი იქნებოდა. დაქუცმაცებული საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა მისი პროვინციის სტატუსით, მაგრამ მაინც გამთლიანდა. პოლიტიკურად გაერთიანებული ხალხი კი საკუთარ სახელმწიფოში არ აღმოჩნდა, ანუ მის ერთიანობას პოლიტიკური სუბიექტის სახე არ მიუღია. ასეთ ვითარებაში ერთობის ისეთი ფაქტორი უნდა მოძებნილიყო, რომელიც კოლონიალურ პირობებში ხალხს საერთო კულტურული მეხსიერებითა და მიზანსწრაფვით (intentio populi) გააერთიანებს. თუკი სახელმწიფოს დაკარგვა ესქატოლოგიური კატასტროფაა, მას ილია ე.წ. კონტრაპრეზენტული მეთოდით უპირისპირდება. ეს მეთოდი ერთგვარი მითოსის შექმნისკენაა მიმართული, რომელიც წარსულზე გარკვეული აქცენტების წამოწევით აწმყოს აშუქებს და მომავლის იმედს იძლევა13. ეს ილია ჭავჭავაძისეული „მამულის“ ნარაციის ცენტრალური პრინციპია, რომელიც მითოსურ წარსულს ინტენციონალურ საზრისს სძენს და ამის საფუძველზე მომავლის პროექტს ქმნის (ამ პრინციპის თითქმის პირდაპირი ილუსტრაციაა პოემა „აჩრდილი“). სწორედ მომავლის სტრატეგიის და, აქედან გამომდინარე, მთლიანად „მამულის“ ნარაციის მთავარი მითოლოგიური სახე (ან მითოლოგემა) არის ილიას მიერ გამოგონილი „ქართვლის დედა“ (არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „ქართვლის დედის“ ქვესათაური „სცენა მომავალი ცხოვრებიდანაა“.), რომელიც ილიას მითოპოეტურ კონტექსტში ღვთისმშობლის სეკულარული დუბლია, რაც საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვედრობის ნიკოლოზ გულაბერისძისეულ იდეისგან იღებს თავის ლეგიტიმაციას.14 „მამის“, როგორც სახელმწიფოს, სუვერენის რეპრეზენტაციული სიმბოლო მამულის სემანტიკაშია მოცემული, მისი აღორძინების ან გაცოცხლების („ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!“) ფუნქცია კი „ქართვლის დედაზე“ გადადის, რომელმაც მამულს სამსხვერპლო მზადყოფნაში მყოფი ვაჟკაცები უნდა გაუზარდოს („ნანა, მამულის მსხვერპლო, პაწაწინა ქართველო!“).

ჩვენი სტატიისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ფუნდამენტური ჩანაცვლება, რომელიც ლიტერატურის წიაღში ახალი საქართველოს შექმნის პროცესში ხდება. თუ ანტონის გრამატიკასა და რიტორიკაში ლიტერატურის ფუნქცია „ღვთაებრივი ჭეშმარიტების“ გამოხატვაა, ილიასთან ლიტერატურა რადიკალურად განსხვავებულ ფუნქციას იძენს. ლიტერატურის ფუნქცია „მამულის“ იდეის გამოხატვა ხდება. „მამული“ იკავებს ღვთაებრივი ჭეშმარიტების ადგილს, სწორედ ამ ჩანაცვლების ხარჯზე ხდება მამულის საკრალიზაცია და მისი შემდგომი ტრანსფორმაცია სეკულარულ „მამულის“ რელიგიად.15 ილიას ნარაციაში „აღდგენილი მამული“ შობს „მამულის სიყვარულს“ და „მამულიშვილობას“. მამულისთვის თავდადება ყოველი მამულიშვილის ცენტრალურ ღირებულაბად, უმაღლეს ვალდებულებად და მიზნად ცხადდება. ამ მოდელში მნიშვნელოვანია არა მარტო მარტვილობის ქრისტიანულ პარადიგმაზე დაყრდნობა, არამედ უფრო ძველი, ფუნდამენტური კავშირი საკრალურსა და მსხვერპლს შორის: მსვერპლი იძენს ეროვნული ერთობის მაკონსტიტუირებელი ფაქტორის ფუნქციას ესქატოლოგიურ ბრძოლაში.16 მამულიშვილის აპოთეოზი მის მამულისთვის თავდადებას გულისხმობს, გმირად აქვეცს მას და გზას უხსნის „ზეციურ საქართველოში“, სეკულარულ სამოთხეში, რომელშიც უკვდავება ისტორიაში გადმოტანილი. შემდეგი მნიშვნელოვანი ჩანაცვლება მეფის ფიგურას ეხება. 1801 წლის კატასტროფის შემდეგ ის საკრალური ადგილი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიაში ბაგრატიონთა დინასტიას, მეფეს ეკავა, დაცარიელდა. ამ მხრივ, სეკულარიზაციის კონტექსტი საქართველოში დასავლეთ ევროპულისგან და რუსულისგან განსხვავდებოდა. პოეტის, უფრო გვიან კი ხელოვანის და ინტელექტუალის გაიგივება სუვერენთან დასავლეთ ევროპაში მაღალი და გვიანი შუა საუკუნეების პოლიტიკური თეორიების პარალელურად მიმდინარეობს. ამასთანავე, ყველაზე გვიან დანტეს შემდეგ ცნობილი აექუიპარატიო პოეტისა სუვერენთან არა მარტო ანტიკურ მაგალითებს ეყრდნობა, არამედ იუსტინიანეს სამართალსაც.17 ევროპული განმანათლებლობისაგან განსხვავებით, ქართველ ინტელექტუალებს სამეფო კარისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ მოუხდათ. საქართველოში სეკულარიზაციას რევოლუციური გზით არ უვლია და ფაქტიურად ცარიელ, ურფო სწორად კი დაცარიელებულ ადგილას დაიდო ბინა. მეფის საკრალურ ადგილს ილიასთან პოეტი-წინასწარმეტყველიგენიოსის სეკულარული ფიგურა იკავებს, რომელიც ასევე „მამულის“ სეკულარული „რელიგიის“ ponifex maximus-ის ფუნქციებს ითავსებს.18 ილიამ სამოციანი წლებიდან მოყოლებული ქართველობის ახალი პარადიგმა შექმნა, რომელიც „მამათა“ მაღალი, საეკლესიო სტილის დესაკრალიზაციით დაიწყო და საკრალურის ცნების „მამულზე“ გადმოტანით დამთავრდა. „მამული“ ილიას სარწმუნოებაა, ხოლო ენა, რომლის წიაღიდანაც მამული იშვა, მისი „იდეის“ გამომხატველი. ილიას სეკულარიზაციული პროექტი ერთის მხრივ ევროპიდან იმპორტირებულ პროგრესის სეკულარულ იდეას უკავშირდება, რომელიც ილიას პუბლიცისტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ მოტივად გვევლინება, მეორეს მხრივ კი ამ მოდელის ქართულ რეალობაზე აპლიკაციას, რომელიც სარწმუნოების დესაკრალიზაციასა და ნაცონალურის საკრალიზაციაში ვლინდება.

მამულის, როგორც პოლიტიკური საზოგადოების ერთიანობის პრინციპის სეკულარული პროექტი ქართულ საზოგადოებას ბოლომდე არ მიუყვანია. ამის გამოხატულება იყო ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის ძველი, მონარქიული სიუჟეტის მეშვეობით ახსნაც - ილია სიცოცხლეშივე საქართველოს უგვირგვინო მეფედ და „ერის მამად“ (pater patriae) მონათლეს, ანუ (არარსებული) სახელმწიფოს რეპრეზენტანტის ფუნქცია ისევ მეფეს და არა „მამულს“ მიანიჭეს. ამრიგად ქართული პოლიტიკური დისკურსი ისევ პრესეკულარულ და პრემოდერნულ პარადიგმას დაუბრუნდა, რამაც საბჭოთა პერიოდამდეც გასტანა. პარადოქსულია, მაგრამ ფორმალურად რადიკალურად სეკულარულ საბჭოთა კავშირშიც კი მონარქიულმა პარადიგმამ სტალინიზმის სახით თავისი გამოხატულება ჰპოვა. თუმცა მონარქიულ პარადიგმას საბჭოთა სინამდვილეში რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო ჰქონდა - პირველ რიგში რუსული მესიანიზმი, რომელიც მოსკოვის მესამე რომის იდეაზეა დაფუძნებული. ისტორიოსოფიული ტრადიციის თანახმად, რომელიც ბერდიავისაგან იღებს სათავეს, რუსეთის იმპერიის როგორც მესამე რომის იდეის რეალიზაცია სწორედ საბჭოთა რუსეთის პირობებში მოხდა.19 სწორედ საბჭოთა კავშირში საბჭოთა სეკულარული ფორმით აღორძინდა შუა საუკუნეების აღმოსავლურ-ქრისტიანული პოლიტიკური თეოლოგია, რაც საბოლოო ჯამში სტალინის პერიოდში საბჭოური ბიზანტინიზმით დასრულდა. ფენომენი, რომელიც პიროვნების კულტის სახელით არის ცნობილი, სწორედ იმას ნიშნავს, რომ სტალინი სახელმწიფოს ერთადერთი რეპრეზენტანტი გახდა და ჩაანაცვლა არა მხოლოდ უკვე უფუნქციოდ დარჩენილი საბჭოები, არამედ თვითონ სახელმწიფოს (და სამშობლოს) ცნება. ზოგადსაბჭოთა, ძირითადად რუსული პოლიტიკური ტრადიციის კონტექსტის გარდა, სტალინის როგორც მონარქიული ტრადიციის ფიგურას, ლოკალური ქართული კონტექსტიც ჰქონდა, რომელიც ეროვნულ დისკურსში უშუალოდ დაუკავშირდა ილია ჭავჭავაძის რეცეფციას. შემთხვევითი არ არის, რომ ილია ჭავჭავაძის საბჭოთა „რენესანსი“ 1937 წ. ილიას იუბილეს სრულიად საბჭოთა მასშტაბის აღნიშვნით იწყება. ქართულ კონტექსტში სტალინი სწორედ ილია ჭავჭავაძის ტრადიციის გამგრძელებლის სახით განიცდის ლეგიტიმაციას. (ამ ლეგიტიმაციისთვის იქმნება მითოსი ილიას მიერ სტალინის, როგორც პოეტის აღმოჩენის შესახებ). ზურაბ კიკნაძის თქმით, საბჭოთა ქართულ მითოსში „აღსდგა ილიას მამულიშვილურ თხზულებათა მესიანისტური ინტერპრეტაცია“.20 ილიასეული ბაზალეთის ტბის ოქროს აკვანში მწოლარე ყრმა, „ვისიც არ ითქმის სახელი“ და ვისაც ქართველი „ჩუმის ნატვრით ნატრულობს“, ქართულ საბჭოთა მესიანისტურ დისკურსში სტალინთან იგივდებოდა. ამდენად სტალინი, გარკვეულ წილად, ეროვნული იდენტურობის სიმბოლო და ქართული მესიანიზმის რეპრეზენტანტი გახდა. სტალინის დედის - ეკატერინე ჯუღაშვილის მთაწმინდის პანთეონში დამარხვა სიმბოლურად მესიის დედის „ნაციონალიზაციას“, მის ნაციონალურ პანთეონში აღზევებას ნიშნავდა. 1956 წელს XX ყრილობის მიერ სტალინის პიროვნების კულტის კრიტიკა ქართულმა საზოგადოებრიობამ აღიქვა როგორც საქართველოზე თავდასხმა, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სტალინის, როგორც ქართველთა იდენტიფიკაციის ფიგურას. შეიძლება ითქვას, რომ პოსტსტალინისტურ საქართველოში ქართული ნაციონალიზმის რენესანსი დაიწყო, რომელიც თავის მხრივ უკვე ჰეტეროგენული კულტურული კოდების შერევის პროდუქტი იყო. ილიასეული ჰეროიკა ამ დისკურსში სტალინურ ჰეროიკას შეერწყა. თავისი არსით თეოცენტრულმა პიროვნების კულტმა ეროვნულ დისკურსში გადმოინაცვლა - თუკი ილია ხალხის ისტორიაზე აკეთებდა აქცენტს, საბჭოთა საქართველოში ისევ კონკრეტულ ფიგურებზე კონცენტრირებულმა პოლიტიკურმა ისტორიამ (ილიას თქმით „მეფეთა ისტორიამ“) წამოიწია წინა პლანზე.21 სახვით ხელოვნებაში ამავე სიმბოლოს გამოხატვა როგორც ისტორიულ, ისევე ისტორიასთან დაკავშირებულ მითოლოგიურ პერსონაჟთა ძეგლებია, ვახტანგ გორგასლით დაწყებული ქართლის დედით დამთავრებული.22 ამგვარი ისტორიული და მითოლოგიური ძეგლების მიერ შექმნილი სივრცე წარსულის თანამედროვეობაში ექსტრაპოლაციას ახდენს და ამავდროულად აწმყოს ცენტრად იქცევა. მიუხედავად ილიასეული სიმბოლიკით აქტიური სარგებლობისა პოსტსტალინური ქართული დისკურსი წყვეტს კავშირს მომავალთან და სიმბოლური ცენტრი წარსულში გადააქვს. შუა საუკუნეების საქართველო და მისი ძეგლებად ქცეული გმირები საზოგადოების თვითიდენტიფიკაციის ობიექტები ხდებიან. ამგვარად ეროვნული დისკურსი კვლავ პრესეკულარული პარადიგმის გამომხატველად იქცევა.

ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა, ერთის მხრივ, ილია ჭავჭავაძის სეკულარულ დისკურსს უკავშირდება, რომელიც კვლავ პრესეკულარული მოდელის მეშვეობით აღიწერება, მეორეს მხრივ კი გაიდეალებული შუა საუკუნეების ქართულ სახელმწიფოებრიობას, ისევე როგორც ქართული პოლიტიკური და კულტურული ისტორიის პერსონაჟების მიერ შექმნილ ისტორიულ სივრცეს, რომელიც თავის მხრივ სტალინური ჩამოსხმის საბჭოური ისტორიციზმის სერიოზულ კვალს ატარებს. ქართული საზოგადოების ცნობიერებაში სეკულარული და პრესეკულარული ფორმები აღრეულია, იმდენად, რამდენადაც სეკულარული ფიგურა (ილია ჭავჭავაძე) პრესეკულარული ტრადიციის გამგრძელებლად (წმ. ილია მართალი) და არა რეფორმატორად აღიქმება, ხოლო ისტორიული სივრცე სეკულარიზირებული პანთეონის სახეს იღებს. ასეთი სინკრეტიზმი ქმნის იმ კულტურულ გარემოს, რომელშიც ეროვნული მოძრაობა და ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის თანამედროვე იდეა იბადება. ქართული ნაციონალური იდეა (ე.წ. „დავიწყებული იდეა“) თავის თავად წარსულზეა ორიენტირებული. ეს იდეა შუა საუკუნეების პოლიტიკური და კულტურული დისკურსის მესიანისტურ გადააზრებას გულისხმობს. ქართული მესიანიზმი, რომლის ავტორებად შეიძლება აკაკი ბაქრაძე და ზვიად გამსახურდია მივიჩნიოთ, პროექციათა მთელი რიგის შედეგია, რომელშიც შუა საუკუნეების პოლიტიკური მოდელები სტალინური სეკულარული მესიანიზმის პრიზმაშია გარდატეხილი. ამავე კონტექსტში, ილია ჭავჭავაძის კანონიზაციის მოთხოვნა ეროვნული მოძრაობის მომავალი ლიდერების მიერ და მისი კანონიზაცია 1987 წ. ფაქტიურად ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ფუძემდებელი აქტი იყო. მისი ინტერერპრეტაცია სწორედ ამ სტატუსის გამო არის საინტერესო. ერთის მხრივ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქართული სეკულარიზაციის „ავტორის“ აბსორბციას აკეთებს, მას ითვისებს, და ამით მთელ სეკულარულ დისკურსს ანიველირებს. იგი ფაქტიურად უკან იღებს იმ დომინანტურ როლს დისკურსიულ და სიმბოლურ ფუნქციებში, რომელიც მას ილია ჭავჭავაძემ წაართვა. ამრიგად, თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლური კონტრსეკულარიზაციური აქტით იწყება. მაგრამ ამ აქტით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თვითონაც ტრანსფორმირდება. თუკი ილია ჭავჭავაძის სეკულარულ დისკურსში საკრალურის სტატუსი მამულმა დაიკავა და თვითონაც ეკლესიად, (ნაციონალურ) ერთობად იქცა, ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვით ეკლესია სეკულარულ სივრცეში გახდა მამულის დისკურსის მატარებელი და ამით ფაქტიურად ნაციონალურ (სეკულარულ) ეკლესიად მოგვევლინა. ეკლესიის ნაციონალიზაცია მშვენივრად გამოიხატა ტერმინში „ზეციური საქართველო“, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია II შემოიტანა. „ზეციური საქართველო“ სწორედ ქართული ისტორიული სივრცის საკრალურ სივრცეში გადატანას ნიშნავდა. „ზეციური საქართველო“ ეხმიანება განკითხვის შემდგომი „ზეციური იერუსალიმის“ ცნებას, (იოანეს გამოცხადებია 21-22). ქართულ კონტექსტში ეს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ესქატოლოგიური კატასტროფის შემდეგ იდეალური სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა, რომელიც თავის მხრივ შუა საუკუნეების გაიდიალებული ქართული სახელმწიფოს ანარეკლი იყო. სეკულარიზაციისა და ქრისტიანული თეოლოგიის სინკრეტიზაციის ყველაზე რადიკალური გამოხატულება 1989 წ. სააღდგომო ღამიდან მოყოლებული ილია II მიერ შემოღებული ახალი ფორმულაა: „ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, საქართველო აღსდგა!“, რაც corpus christi mysticum-ის, ქრისტეს სხეულის საქართველოსთან გაიგივებას ნიშნავდა. ამით ეკლესიამ ფქატიურად სეკულარულ მესიანიზმს საკუთარი მესიანისტური იდეა დაუპირისპირა, სამაგიეროდ საკრალური „ზეციური იერუსალიმის“ სეკულარიზაცია, გამიწიურება მოუხდა მისი ნაციონალიზაციის ფორმით. ეკლესიის ნაციონალურობა მარტო დისკურსიულ სივრცეში არ დარჩენილა. ეკლესიამ პოსტ-საბჭოთა პერიოდში იდეოლოგიური ვაკუუმი შეავსო. ახალი ქართული სახელმწიფო ეკლესიის იდეოლოგიურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს. ეს პროცესი უშუალოდ უკავშირდება საქართველოს მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს. შევარდნაძის ინაუგურაცია სვეტიცხოვლის ტაძარში ერთის მხრივ მისი პოლიტიკური ლეგიტიმაციის გაძლიერებას ემსახურებოდა, რაც 1801 წ. დარღვეული სახელმწიფოებრივი რეპრეზენტაციის ფორმის აღგდენის ელფერსაც ატარებდა. ალიანსი სახელმწიფოს და ახალ იდეოლოგიურ ძალას შორის 2003 წ. კონსტიტუციური შეთანხმებით გაფორმდა, რომელიც ეკლესიის განსაკუთრებულ როლს აღიარებდა საქართველოს ისტორიაში და ეკლესიას მნიშვნელოვან პრივილეგიებსაც ანიჭებდა.

ეროვნული მოძრაობისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჩასახული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის მოდელი მომავალ საქართველოს ანტიკვირებულ პარადიგმაში ხედავს - ამგვარი მოდელი თავისთავად გულსხმობს ძლიერი, ქარიზმატული ლიდერის არსებობას, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის ან იოსებ ჯუღაშვილის რეინკარნაციას. საქართველოს უკანასკნელი 18 წლის პოლიტიკური ისტორია სწორედ ამგვარი ლიდერების შექმნის და დამხობის სიუჟეტში ვითარდება (იმდენად, რამდენადაც იდეალური წარმოდგენა ქარიზმატულ ლიდერზე და რეალური პოლიტიკური ჯგუფების კონსენსუსი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან). ამ პირობებში ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცადა არსებული მოდელის ფარგლებში „ალტერნატიული“ გამოსავლის მოძებნა, და ქარიზმატული ლიდერის იდეა თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. რადგანაც ქართული საზოგადოება ლიდერის „ვინაობაზე“ შეთანხმებას ვერ ახერხებს, ამიტომ საიდენტიფიკაციო ფიგურა, ქართული სახელმწიფოს რეპრეზენტანტი კვლავ ბაგრატიონების დინასტიის წარმომადგენელი უნდა გახდეს, რომელიც ეკლესიის წიაღში აღიზრდება. ილიასეული „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის“ თავის მოდუსს იცვლის და შუა საუკუნეების პოლიტიკური თეოლოგიის გადამღერებად გარდაიქმნება. ერის, სეკულარული ერთობის ადგილს კვლავ ეკლესია, საკრალური ერთობა იკავებს. ამ ინიციატივის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა კი იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ელიტებმა თანამედროვე დემოკრატიული იდეალები და ღირებულებები მხოლოდ რიტორიკულ დონეზე გამოიყენეს.

თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბება უშუალოდ არის დაკავშირებული მისი ფუძემდებელი პრინციპების გააზრებასთან, ქართული პოლიტიკური აზროვნება კი სრულიად სხვა, პრესეკულარული პარადიგმის მოჯადოებულ წრეშია ჩაკეტილი. ილია ჭავჭავაძის მომავლისაკენ მიმართული სეკულარული პროექტი წარსულზე ორიენტირებულმა ნაციონალურ-რელიგიურმა სინკრეტიზმმა ჩაანაცვლა. ეს კი თავის თავად გულისხმობს მოდერნიზაციის პროექტთან, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვისაა აუცილებელი, ფუნდამენტურ იდეოლოგიურ შეუსაბამობას.

წიგნიდან
სეკულარიზაცია: კონტექსტი და კონცეპტები.
2009 .

შენიშვნები:

1. ერიხ აუერბახი უკვე დანტეში ხედავს „მიწიერი“ ლიტერატურის ტრიუმფის დასაწყისს. იხ.: Erich Auerbach, Dante als Dichter der irdischen Welt. Berlin und Leipzig 1929.

2. შდრ. Alfred Winkenhauser, Die Kirche als der mystische Leib Christi nach dem Apostel Paulus. Münster 1937, გვ.84-88.

3. corpus mysticum არის ეკლესიის ტანი, ხოლო მისი თავი თავად ქრისტეა. იხ. Ernst Kantorowicz, Pro patria mori.- Götter in Uniform. Stuttgart 1998, გვ. 305.

4. შდრ. Ernst Kantorowicz, The King's Two Bodies. A Study in Mediaeval Politikal Theology. Prinston 1957.

5. Eric Voegelin, Die neue Wissenschaft der Politik. München 2004, გვ. 57-59.

6. Pierre Klosowski, Sade mon prochain. ვსარგებლობთ ამ წიგნის გერმანული თარგმნით: Sade - mein Nächster. Wien 1996, გვ. 85-88. ასეთივე რიტუალური შინაარსის უნდა იყოს 1918 წელს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II -ისა და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებაც. ამით რუსეთში გაჭიანურებული სეკულარიზაციის პროცესი მთავრდება და Святая Русь-ს Великая Русь-ი ჩაენაცვლება.

7. ამის შესახებ დაწვრილებით: ზაალ ანდრონიკაშვილი, „მამულის დაბადება ლიტერატურის სულიდან. ენის რეფორმა როგორც სეკულარიზაციული პროექტი“ კრებულში: ირმა რატიანი (რედ.) ილია ჭავჭავაძე 170. საიუბილეო კრებული, თბილისი 2007.

8. Karl Löwith, Weltgeschichte und Heilsgeschehen. Die theologischen Voraussetzungen der Geschichtsphilosophie. Sämtliche Schriften II, Stuttgart 1953, გვ. 12.

9. ესქატოლოგიურად გაგებულ ისტორიულ კატასტროფას იდენტურობის დაკარგვა მოჰყვება. „რაკი წარსულსა და მაშინდელ აწმყოს შუა დედამიწა გაირღვა, წარსულ ანდერძებთან ერთად ყველაფერი დავკარგეთ. ისიც კი დავივიწყეთ, - ვინა ვართ და რანი ვართ“. იდენტობის დაკარგვა ილიასათვის ენის დაკარგვასაც ნიშნავს. სტატიაში „ორიოდ სიტყვა“ (1866-1876) ილია უნუგეშო დასკვნამდე მიდის: ქართველობაც და ქართული ენაც დაკარგულია: „სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თითონ ჩვენდა დასაღუპავად ქართველობაზე ხელი ავიღეთ? გონებით რომ აღარ ვსცხოვრობთ, ქართულ ენას აზრს როგორღა გამოვათქმევინებდით?“. „ძველი“ ენა, რომელიც წარსული რეალობის აღსაწერად გამოიყენება, ილიასათვის არა მარტო მოძველებულია, არამედ „დამუნჯებულიც“, ფაქტიურად მკვდარი ენაა.

10. Kantorowicz, Pro patria mori, გვ.292-293.

11. Kantorowicz, Pro patria mori, გვ. 296.

12. Carl Schmitt, Politische Romantik. Berlin 1998. გვ. 69.

13. იან ასმანის აზრით, ამ მითოსის ფუნქცია „კონტრაპრეზენტულია“: იგი გადუხჭირებულ აწმყოს გმირულ წარსულს უპირისპირებს და ამით დაკარგულ, გამქრალ თუ დავიწყებულ მომენტებს აცოცხლ.ებს. იხ. Jan Assmann, Das kulturelle Gedächtnis. München 1999. გვ. 79.

14. ამის შესახებ დაწვრილებით: გიორგი მაისურაძე, „მამული“ და „ქართვლის დედა“ - სეკულარული სიმბოლიკა ილია ჭავჭავაძის პოეტურ თხზულებებში. კრებულში: ირმა რატიანი (რედ.) ილია ჭავჭავაძე 170. საიუბილეო კრებული, თბილისი 2007.

15. შეად. ზურაბ კიკნაძე, „ილიას მამული“ კრებულში: ზურაბ კიკნაძე, საქართველო ათასწლეულების მიჯნაზე, თბილისი 2001, და გიორგი მაისურაძე, დასახ. ნაშრომი.

16. Walter Burkert, Homo Necans. Interpretation altgriechischer Opferriten und Mythen, Berlin New York 1997, გვ. 16.

17. Ernst Kantorowicz. Die Souveränität des Künstlers. Eine Anmerkung zu Rechtsgrundsätzen und Kunsttheorien der Renaissance. wignSi: Götter in Uniform. Stuttgart 1998, გვ. 329-348, აქ: გვ. 343.

18. ეს წარმოდგენა მწერლის და ხელოვანის შესახებ საქართველოში XX საუკუნის დამლევამდე აქტუალური იყო.

19. Николай Бердяев, Истоки и смысл русского коммунизма Париж 1955.

20. ზურაბ კიკნაძე, ილიას მამული, გვ. 42.

21. რომლის ალბათ ყველაზე მაშტაბური გამოხატულება ლევან სანიკიძის ეპიკური ჟანრის ისტორიული პოპ-რომანი „უქარქაშო ხმლებია“

22. ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ ერთის მხრივ პირდაპირ უკავშირდება ილიას „ქართვლის დედას“, მეორეს მხრივ კი სამამულო ომის სტალინურ სიმბოლიკას - ორივე შემთხვევაში დედის ფუნქცია მამულისათვის თავდასადებ გმირების გაზრდაა, მამულიშვილის, რომლის ერთადერთი დანიშნულება მამულისათვის თავის შეწირვაა.

12 Summary

▲back to top


The leading topic of the magazine „Solidaroba“ N5(2010) is integration problems of ethnic minorities and steps taken by different state agencies for enhancing their integration. This topic is highlighted in our rubric „Round-Table“ with participation of: Zaur Khalilov - the Executive Director of the Civil Integration Foundation, Shalva Tabatadze - the Head of the Centre for Civil Integration and Inter-Ethnic Relations, Merab Basilaia - the representative of the NGO „ALPE“, Nugzar Chitaia and Maia Mikeladze - the representatives of the Ministry of Education and Science, Mari Mikoyan - the representative of the Georgia's Armenian community and member of the Council of National Minorities under the Public Defender, Tata Khuntsaria - the Deputy Public Defender, Koba Chopliani - the representative of the Tolerance Centre under the Public Defender's auspices. The same topic is covered in the following articles: „Test on Tolerance“ by Tamar Kintsurashvili and „5 Years Old Child - School or Kindergarten?“ - by Natia Guliashvili and Nino Bekishvili.

In the rubric „Justice“ we present a summary of the chapter on the Right to a Fair Trial from the Public Defender's Annual Report and an article by Thea Tsulukiani „the Right to Freedom and Security“.

The translated articles tackle the issues of political ideologies and freedom of speech - „Why I am not a Conservative“ by Friedrich Hayek and „Liberation Technology“ by Larry Diamond.

The rubric „Lumen“ comprises the following articles on Christian tolerance: „Non-religious faith, Belief and Trust for Human being“ by Metropolitan Anthony of Sourozh and „Master or Servant“ by Beka Mindiashvili. In the same rubric our readers can get acquainted with an article „Stereotypes, Laws and Equality in Post-Soviet Georgia“ by Nugzar Papuashvili. Ekaterine Aghdgomelashvili presents analysis of the manifestation against the nonexistent gay pride in her article „Myth about the Gay Pride“.

Pridon Sakvarelidze continues cycle about soviet dissidents in the rubric „Orienteer“ and presents an article on the life of Vladimir Bukovski.