![]() |
ახალი აზრი №1 (7), 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხელაშვილი გიორგი , გიგიაძე გიგი , ჩხეიძე ბექა , ღირსიაშვილი ლევან , რუბაშვილი ვასილ , ნადაშვილი ივანე , დათიაშვილი შალვა , ხმალაძე ნათია |
თემატური კატალოგი ახალი აზრი |
წყარო: ISSN 1512-1844 |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი (დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი |
![]() |
1 საქართველო და ერაყის ომი - შესაძლო შედეგები |
▲back to top |
პოლიტიკა
გიორგი ხელაშვილი
ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მაგისტრი
ერაყის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციის სამიზნე შეიძლება ირანი აღმოჩნდეს, საქართველო კი ამერიკელთა სამხედრო პლაცდარმად გადაიქცეს.
ერაყის ომის მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც საქართველოში მხოლოდ გლობალური არგუმენტებით კამათობენ. თუ ბუშის აპოლოგეტები სადამ ჰუსეინის რეჟიმის ანტიჰუმანურ ხასიათს აკრიტიკებენ, ომის მოწინააღმდეგეები მაშინვე ნავთობის პოლიტიკაზე, სისხლისღვრის ზნეობრივ გაუმართლებლობაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლსა და ამერიკული იმპერიალიზმის საშიშროებაზე ალაპარაკდებიან ხოლმე.
ქართული საზოგადოებრიობის ამგვარი დამოკიდებულება ერაყის ომის მიმართ საოკეანო ლაინერის კომფორტული კაიუტის ილუმინატორიდან ქარიშხლის თვალიერებას წააგავს. არადა, ჩვენ ხომ მსოფლიო პოლიტიკური ოკეანის ტალღებზე ატორტმანებული ერთი ნახევრადდაშლილი ტივის - ,,საქართველოს“ - მგზავრები ვართ და ომის ქარიშხალიც სულ უფრო გვიახლოვდება. ხომ არ დადგა დრო, ომს ზოგადსაკაცობრიო საზომის გარდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების თვალსაზრისითაც მივუდგეთ?
ომისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომაც ყალბად ,,ზოგადსაკაცობრიოა“. ჩვენი მთავრობა, განსაკუთრებით კი მისი მეთაური ისე იქცევა, თითქოს პატარა საქართველოს პრეზიდენტი კი არა, კვლავაც ყოვლისშემძლე ზესახელმწიფოს გავლენიანი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს. მეტისმეტი ფუფუნება ხომ არ არის პატარა ქვეყნისთვის გლობალური საკითხების ტვირთება?
,,ანტიერაყული პოლიტიკის“ დამცველები, რასაკვირველია, მარტივ და ბანალურ გამართლებას მოძებნიან - საქართველოს ხელისუფლება ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობსო. მართლაც, რა გვედარდება? რამდენიმე ხმამაღალი განცხადება, დიპლომატიური ჟესტი, სამხედრო ბაზების შეთავაზება და დიდი ,,ძია სემი“ ათმაგად დაგვიფასებს სამსახურს (აფხაზეთს დაგვიბრუნებს, ერთი; რუსებისაგან დაგვიცავს, ორი; ინვესტიციებს მოგვაყრის, სამი; ჯარს აგვიშენებს, ოთხი; ენერგეტიკას გამოგვისწორებს, ხუთი და ა. შ.). თანაც ამ გამარტივებულ ლოგიკას ლამის მთელი პოლიტიკური სპექტრი ეთანხმება, მთავრობაც და ოპოზიციაც, რომლებიც სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ ხოლმე.
ცოტა არ იყოს, სწორხაზოვანი და პრიმიტიული ხომ არ არის ამგვარი მსჯელობა? მოდით საკითხს სხვა კუთხითაც შევხედოთ. ბუშის პოლიტიკის უსიტყვო მხარდაჭერისას რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს საქართველოს მთავრობას?
ერთი შეხედვით, შვებით შეიძლება ამოვისუნთქოთ - ქვეყნის ეკონომიკისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეებში განცდილი დიდი მარცხის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელების საბოლოოდ დამეგობრებით ჭეშმარიტად ეროვნულ მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტას აპირებს. მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ხომ უკვე დაგვარწმუნა, რომ მისი მთავარი მიზანი ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შენარჩუნებაა. ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ამერიკელთა დახმარება ეროვნულ საქმეებს კი არა, საქართველოს მმართველი რეჟიმის გადარჩენას დაეხმარება. მოსახლეობაში ნდობის ტოტალური დაკარგვის, შიდა უსაფრთხოების სისტემის მოშლისა და მთავრობაში არაპროფესიონალების დამკვიდრების შემდეგ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაღა რჩება - უცხოელთა სამხედრო დახმარება.
ამერიკელების მიერ ერაყის ნავთობის ხელში ჩაგდების შემდეგ ამ ნედლეულზე მსოფლიო ფასები ბარელზე 8-10 დოლარამდე დაეცემა. ეს კი რუსეთში სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს. ეკონომიკური პრობლემების მიჩქმალვის მოსკოვისეული ტაქტიკა ხომ კარგად ცნობილია - ,,ახლო საზღვარგარეთთან“, პირველ რიგში კი საქართველოსთან გართულებების ინსპირირება. არც პანკისის, არც აფხაზეთისა და არც ჯავახეთის პრობლემა ჯერ არავის გადაუწყვეტია და პრეზიდენტ პუტინს მათით ხელახლა სპეკულირების კარგი შანსი ეძლევა; მეორეც, თურქეთის ისედაც მყიფე ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება უფრო გაურესდეს და სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. თურქეთში ინფლაციის მორიგი ტალღა აუცილებლად აისახება ქართულ ვალუტაზეც, რადგან დღეს თურქეთზე საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი მოდის. სხვათა შორის, იგივე ეხება რუსეთსაც.
მოდით, ახლო აღმოსავლეთის რუკას შევავლოთ თვალი. ვითომ, სადამ ჰუსეინით დამთავრდება ყველაფერი? დავუშვათ, ბუშის ადმინისტრაციის უპირველესი მოკლევადიანი მიზანი ერაყის ნავთობის მითვისებაა, მაგრამ უფრო გრძელვადიანი გეოპოლიტიკური მიზნებიც ხომ არსებობს - მაგალითად, ირანსა და სირიაში, შემდეგ კი საუდის არაბეთში არსებული არადემოკრატიული რეჟიმების პროამერიკული მთავრობებით შეცვლა.
ცხადია, რომ ერაყის შემდეგ ირანის რიგიც დადგება. ირანშიც ხომ ისლამური ტოტალიტარული რეჟიმია. გარდა ამისა, თეირანს საშუალო სიშორის რაკეტებიც აქვს და მალე შეიძლება მასობრივი განადგურების იარაღის მფლობელიც გახდეს. თან ირანს ნავთობი და ბუნებრივი აირიც მოეპოვება. ერთი სიტყვით, ბუშის ადმინისტრაციისათვის ირანი ერაყზე არანაკლებ იდეალური სამიზნეა, შეიძლება ბევრად უფრო მოსახერხებელიც კი (გავიხსენოთ, რომ 1980-იან წლებში ამერიკელები სადამ ჰუსეინს სწორედ ირანის წინააღმდეგ ომში ეხმარებოდნენ; ამას წინათ ისიც გაირკვა, რომ ბრიტანელებმა ერაყს ქიმიური იარაღის ქარხანა აუშენეს).
ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯორჯ ბუშს 2004 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების მოგება ჭირდება. არადა, ავღანეთისა და ერაყის ომებში გამარჯვების პოლიტიკური მარაგი ბუშის ადმინისტრაციას მანამდე არ ეყოფა, ამიტომაც კიდევ ერთი ომი უნდა მოიგოს. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამერიკელებმა საშუალოდ წელიწადნახევარში ერთი ომი აწარმოეს. ასე რომ, ერაყის კამპანიის დასრულების შემდეგ ირანის წინააღმდეგ მორიგმა სამხედრო კამპანიამ ზუსტად 2004 წლის ბოლომდე უნდა გასტანოს და ბუშს ხელახალი არჩევისათვის პოლიტიკური დივიდენდები მოუპოვოს.
თუ ირანის წინააღმდეგ ომი მართლაც დაიწყო, მაშინ ამ ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები 15 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელის ბედი დიდი საერთაშორისო პრობლემა გახდება. ირანზე ამერიკელების შესაძლო თავდასხმის შემდეგ თეირანის ისლამური რეჟიმის დაცემის შემთხვევაში აზერბაიჯანელებით დასახლებულ ჩრდილოეთ ირანში ქაოსის აღსაკვეთად ამერიკელებს კავკასიაში სერიოზული პლაცდარმი დაჭირდებათ, რაც საბოლოოდ მართლაც გამოიწვევს ამერიკული სამხედრო ბაზების კავკასიაში დამკვიდრებას. ბუშის ადმინისტრაციის მიერ აღებულ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, ეს სცენარი შეიძლება მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკვე რეალობად იქცეს. ამერიკელთა სამხედრო ბაზების შემოსვლიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის ნატო-ში გაწევრიანებამდეც აღარ იქნება შორი (,,2005 წლისათვის ნატო-ს კარზე დავაკაკუნებთ!“).
მაგრამ ამერიკული ბაზებისა და ნატო-ში სავარაუდო გაწევრიანების გარდა, რას მოუტანს ირან-ამერიკის შესაძლო ომი კავკასიას და საქართველოს? პირველ რიგში, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ხელისუფლების გამტკიცებას.
სხვა მხრივ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეს ომი დიდ არეულობას გამოიწვევს - ლტოლვილების დიდი ნაკადის, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტერორიზმისა და რელიგიური ფუნდამენტალიზმის გავრცელების გამო. აზერბაიჯანი შეიძლება უშუალოდ ომშიც კი აღმოჩნდეს ჩათრეული; მეორეც, სადამ ჰუსეინის ,,ას-სამუდ“ რაკეტებისაგან განსხვავებით, ირანის ,,შიჰაბ“ ტიპის რაკეტები არა მარტო თბილისის საცხოვრებელ უბნებსა და მთელ კავკასიას, არამედ რუსეთის სამხრეთ რეგიონებსაც თავისუფლად მიწვდება; მესამეც, ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განლაგება რუსეთის მხრიდან პროვოკაციების მთელ სერიას გამოიწვევს, ხოლო ამ პროვოკაციების შედეგების მოგვარება ამერიკელების ხელით ნამდვილად შეუძლებელი გახდება.
თუ ამერიკელები ირანში მართლაც შეიჭრნენ და ამისთვის საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთი ბაზების განლაგება დაჭირდათ, ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად, სამხედრო პირობებში გადავა. შუა გზაში ცხენებს არავინ ცვლის, ამიტომაც შეერთებული შტატები საქართველოს მმართველი რეჟიმის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებით იქნება დაინტერესებული. რა შეიძლება ამას მოყვეს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისათვის?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული იდეალები ამერიკის საგარეო პოლიტიკის წამყვანი თემაა მანამ, სანამ ის ვაშინგტონის ინტერესებს ემთხვევა. იქ, სადაც დემოკრატიასა და ამერიკის ინტერესებს შორის არჩევანია გასაკეთებელი, ვაშინგტონი ყოველთვის თავის ინტერესებს ირჩევს და ეს საერთაშორისო პოლიტიკის ,,ჟანრის კანონებს“ არც ეწინააღმდეგება.
ამერიკა ერაყის ომის შემდეგ აუცილებლად შეცვლის თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას მოუწევს გამკლავება ფენომენთან, რასაც საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარები ,,აბსოლუტური უსაფრთხოების“ პრობლემის სახელწოდებით იცნობენ. სადამ ჰუსეინის რეჟიმის მოსპობის შემდეგ შეერთებული შტატების უსაფრთხოება სულ ახალი და ახალი აღქმული და რეალური საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება. ამ საფრთხეების მოსაგერიებლად კი ვაშინგტონს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სულ უფრო მეტი სამხედრო ძალის გადასროლა და პოლიტიკური გავლენის გავრცელება მოუწევს. ფაქტობრივად, მსოფლიო კვლავაც ცივი ომის მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება, რომელშიც საერთაშორისო პოლიტიკის ,,შავ-თეთრი“ აღქმა ხელახლა გაბატონდება.
შესაბამისად, თუ ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ამერიკელთა მოკავშირეები იყვნენ ისინი, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებდა, მომავალში მარტო ,,დემოკრატობა“ ამერიკელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად საკმარისი აღარ იქნება (სწორედ ყველაზე დემოკრატიულმა ქვეყნებმა - საფრანგეთმა და გერმანიამ - ,,უღალატეს“ ამერიკას ყველაზე საჭირო დროს). სავარაუდოდ, ამიერიდან ამერიკა ,,დემოკრატობაზე“ მაღლა ,,ერთგულებას“ დააყენებს. საქართველოს კონტექსტში კი კარგად ვიცით, ვინ არ არის ,,დემოკრატი“, მაგრამ ვინ არის ,,ერთგული“. ,,ერთგულმა“ პრეზიდენტმა შევარდნაძემ, ქვეყანაში დაბანაკებული ამერიკელების დახმარებით, 2005 წლის გაზაფხულის მერეც შეიძლება შეინარჩუნოს ძალაუფლება (მით უმეტეს, თუ თეთრ სახლში კვლავაც ბუშის ადმინისტრაცია დარჩება).
რატომ ასეთი პესიმისტური პროგნოზი? მოდით, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიას გადავხედოთ.
თითქმის წელიწადნახევრის წინ, 2001 წლის დეკემბერში საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა პრეზიდენტ შევარდნაძეს დიდი სტრატეგიული ცვლილების მოახლოება ამცნო - მართლაც, მომდევნო რამდენიმე კვირაში ამერიკული სამხედრო ბაზები გაიხსნა ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში, სადაც მანამდე რუსეთი ერთპიროვნულად იყო გაბატონებული, ხოლო საქართველოში ,,წვრთნისა და აღჭურვის“ ამერიკული პროგრამა დაიწყო. პრეზიდენტი შევარდნაძე (დემოკრატიულ ოპოზიციასთან ერთად) მხურვალედ მიესალმა ამ ცვლილებებს. რა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ? სწორედ 2001 წლის შემდეგ დაწყებული პოლიტიკური რეაქციის ხანა ხომ დღემდე გრძელდება ისე, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს სერიოზული საერთაშორისო კრიტიკა ამის გამო არც შეხვედრია.
რა გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ შევარდნაძეს ამერიკელები ,,გადემოკრატიულებას“ მომავალში მაინც აიძულებენ? ის, რომ ამერიკა თავად დემოკრატიული ქვეყანაა? ამ დემოკრატიულ ქვეყანას ხომ მსოფლიოს ათეულობით საზარელ დიქტატორთან და უფრო მეტ ავტორიტარულ ლიდერთან ნაყოფიერი თანამშრომლობის უამრავი შემთხვევა აკავშირებს! რატომ იქნება საქართველო გამონაკლისი? ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალურია პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის ხანაში, რომელიც ეიზენჰაუერისა და რეიგანის პრაგმატულ-ცინიკური პოლიტიკის ღირსეული გამგრძელებელია.
რა თქმა უნდა, საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის მომავლის ეს აპოკალიფსური სურათი შეიძლება არც ახდეს. ამ მძიმე სურათის დახატვა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა შეიძლება მოყვეს ქვეყნის ხელმძღვანელობის დაუფიქრებელ მოქმედებებს.
რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოებრიობის მხრიდან პროტესტი ამერიკელების პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში ვერ შეცვლის. საერთაშორისო პოლიტიკაში პრეზიდენტი ბუში ლამის ღიად აღიარებს ძალის პოლიტიკის იდეალებს. საუბედუროდ, ძალა საგარეო პოლიტიკის იმდენად უხეში ინსტრუმენტია, რომ მსოფლიო მასშტაბის ,,ჯვაროსნული ომის“ წარმოებისას საქართველოსავით პატარა ქვეყანაში სამართლიანობის და უსამართლობისაგან ერთმანეთისგან გარჩევა ნამდვილად გაჭირდება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ომის ქარცეცხლში ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ხელმძღვანელობისაგან უპირობო მხარდაჭერა მიიღონ და ისე ,,უმადურები“ აღმოჩნდნენ, რომ სანაცვლოდ ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვონ.
სამწუხაროდ, კვლავაც დღის წესრიგში დგება საქართველოს ისტორიის თანამდევი მძიმე შეკითხვა - რა ალტერნატივა გაგვაჩნია? პასუხი კიდევ უფრო სამწუხაროა - არავითარი. გაერთიანებული ევროპა კვლავაც თავის პრობლემებში გარკვევას ცდილობს, ხოლო შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის რუსული ვარიანტი უფრო სახიფათოა, ვიდრე ამერიკელების ნებისმიერი თვითნებობა. ისღა დაგვრჩენია, ბედს მივენდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ბუშის მესიანურ მისწრაფებებს ისევ ამერიკელი ხალხი ალაგმავს.
![]() |
2 ევროპის საბჭოს მომავალი როლი და ფუნქცია |
▲back to top |
პოლიტიკა
გიგი გიგიაძე
საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი
წინასიტყვაობა
ევროპაში არსებულ მრავალრიცხოვან საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციებს შორის ევროპის საბჭო წარმოადგენს განსაზღვრულ პოლიტიკურ ინსტიტუტს, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი საკითხების განხილვით არის დაკავებული. წლების მანძილზე აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიზნები კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და მან ახალი ფუნქციები იტვირთა.
დღეს ევროსაბჭოს ძირითადი ამოცანებია:
- თითოეულ წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვის უზრუნველყოფა;
- პოლიტიკისა და სამართლის სფეროებში რეფორმების გატარებით ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის გაძლიერება.
- ისეთი აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განხილვა, როგორებიცაა: ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაცია, ადამიანის კლონირება, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტერორიზმი, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული.
- ევროპის ერთიანი კულტურული იდენტურობის განსაზღვრა და განათლების მხარდაჭერით საერთოევროპული თვითშეგნების ჩამოყალიბება.
ევროპის საბჭო უზრუნველყოფს ყვლაზე უფრო ეფექტურ და ფაქტიურად შეუცვლელ ფორუმს პოლიტიკური დიალოგისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დანარჩენ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ვერ მოახერხებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროპის საბჭო არის ერთადერთი ევროპული და ამავე დროს კონტინენტური ორგანიზაცია, რომელშიც ყველა ევროპული სახელმწიფო თანაბარ პირობებში თანამშრომლობს.
1. ისტორიული მიმოხილვა
თავისი არსებობის მანძილზე ევროპის საბჭომ სხვადასხვა ისტორიული ეტაპი განვლო. ორგანიზაციის დამაარსებელ სახელმწიფოებს სურდათ ევროპაში მესამე მსოფლიო ომის საფრთხის თავიდან აცილება. 1949-1952 წლებში არსებობდა ევროპის საბჭოს ევროკავშირად გადაქცევის პერსპექტივა, მაგრამ ვერ მოხერხდა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი ევროპული პროექტის შემუშავება.
50-60-იან წლებში ევროპის საბჭოს შემდეგი მიზნები გააჩნდა:
- დასავლეთევროპული დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ 10 დამფუძნებელ ქვეყანას, პირველი, ახალი წევრებისათვის ღია და სტაბილური ევროპული სტრუქტურის როლის შესრულება.
- შემაერთებელი ხიდის ფუნქციის გააზრება ევროპის ეკონომიკურ კავშირში შემავალ და მის ფარგლებს გარეთ დარჩენილ დასავლეთ ევროპის დემოკრატიებს შორის. ეს უპირველეს ყოვლისა აუცილებელი იყო 1972 წლამდე დიდი ბრიტანეთის გამო. მაგრამ ევროპის საბჭოში ეკონომიკური საკითხებისადმი არასაკმარისი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აღნიშნული შემაერთებელი ხიდის ფუნქციამ მხოლოდ ნაწილობრივ იქონია შედეგი.
- დასავლეთ ევროპაში კრიზისული სიტუაციების დარეგულირება და საბერძნეთის შემთხვევში მათი გადაწყვეტა.
- 1963-69 წლებში კუბის კრიზისის შემდეგ დაიწყო იმის განსაზღვრა, თუ რომელ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანასთან იყო შესაძლებელი თანამშრომლობის განვითარება ისეთ არაიდეოლოგიურ სფეროებში როგორებიცაა: კულტურა, მეცნიერება, ისტორიულ ძეგლთა დაცვა, განათლება, ბუნების დაცვა, სამართლის ცალკეული საკითხები. ამ პერიოდში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები დაინტერესებულნი იყვნენ ევროპის საბჭოს სტატუსის შეცვლით და მის საფუძველზე პან-ევროპული ორგანიზაციის ჩამოყალიბებით. ევროპის საბჭომ აღნიშნული პოლიტიკით მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია, რადგანაც უპირველეს ყოვლისა საბჭოთა კავშირი, მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გარდა, ნებისმიერი სახის კონტაქტზე უარს აცხადებდა.
- ევროპის იმდროინდელი რეალობის (იდეოლოგიისა და პოლიტიკური იდენტურობის მსგავსების) გათვალისწინებით საერთოევროპული შეთანხმებებისა და კონვენციების შემუშავება (კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ, ევროპის სოციალური ქარტია, ევროპის კონვენცია კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, კონვენცია წარმოქმნილი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ, სავიზო ვალდებულებების გაუქმება, სოციალური უსაფრთხოება და ა. შ.).
- 1969-წლამდე (ლუქსემბურგში, ევროპის საერთაშორისო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დაწყება) დასავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა.
- დასავლეთ ევროპისათვის დამახასიათებლი სიმბოლოების შემუშავება (ევროპის ემბლმა, ევროპის ჰიმნი და ევროპის დღე).
70-იან წლებში ევროპის საბჭომ საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და ლიხტენშტეინის მიღებით დაასრულა თავისი გაფართოება.
1982-83 წლებში ევროპის საბჭოს მხრიდან საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის ძალისხმევისა და ბრეჟნევის პერიოდის შემდგომ საბჭოთა კავშირის ახალი პოლიტიკის შედეგად ევროპის საბჭოს შესაძლებლობა მიეცა თავისი კარები გაეხსნა ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული ქვეყნისათვის.
1986 წელს ევროპის საბჭო კვლავ ჩრდილში მოექცა.
90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპის საბჭომ ახალი მიზნები დაისახა და განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. აღმოსავლეთ ევროპაში წარმოქმნილი ახალი სახელმწიფოები თავიდანვე ცდილობდნენ ევროსაბჭოს დახმარებით, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დიდ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. ევროსაბჭოში გაწევრიანება განიხილებოდა, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა. ამ პერიოდში ვროპის საბჭომ ბევრი ახალი წევრი მიიღო და მათთან აქტიური კონსულტაციები დაიწყო.
2. ევროპის საბჭოს ახალი პრიორიტეტები
ევროპის საბჭო ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს თავის რიგებში რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებას. ევროპის ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ორგანიზაციის წევრია.
დღეს ევროპის საბჭო 44 ქვეყნით არის წარმოდგენილი. აღმოსავლეთით გაფართოების დამთავრების შემდეგ ევროპის საბჭო ერთადერთი ევროპული, პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება, რომელშიც კონტინენტის ყველა ქვეყანა 50 წელიწადზე მეტია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობს.
1989 წლიდან ევროპის საბჭომ ცხადყო თუ რა დიდი განვითარების პერსპექტივები გააჩნია სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციას. თითოეულ ქვეყანაში წარმომადგენლის დანიშვნით, მოსამზადებელი კომიტეტების სამუშაო გრემიებით შეცვლით, ევროპის საბჭო თანამედროვე ორგანიზაციად გადაიქცა.
დროთა განმავლობაში ევროპის საბჭომ დიდი გამოცდილება შეიძინა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის განვითარებული კრიზისული სიტუაციების დარეგულირებისა და მათი მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესში.
1989 წლის შემდგომ დაწყებული ერთიანი, განუყოფელი ევროპის მშენებლობის პროცესი ახალ ისტორიულ პასუხისმგებლობას ცხადყოფს. ევროპის საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალი პოლიტიკური ინიციატივების განვითარებას.
დემოკრატიული პრინციპების განმტკიცება წარმოადგენს ევროპის საბჭოს უმთავრეს სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ამოცანას. მაგრამ ამასთანავე არსებობს სხვა უამრავი ახალი გამოძახილიც. დემოკრატიული აღმშენებლობის დღემდე არსებულ განმარტებას (ბალკანეთში ომის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში დახმარების აღმოჩენა, ბრძოლა დღითიდღე მზარდი ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ) ემატება დემოკრატიის უფრო ფართო გააზრება, რომელიც როგორც ფილოსოფიურ, ასევე მეცნიერულ, სოციალურ, საგანმანათლებლო-პოლიტიკურ და კულტურულ ასპექტებსაც მოიცავს. აქედან აღსანიშნავია ახალი ტექნოლოგიების განვითარებით გამოწვეული საფრთხე, ტექნიკურ წინსვლასთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემები, დანაშაულის ახალი ფორმები, კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მათი დაცვის საკითხები და სოციალური გაუცხოების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. თითოეული ეს პრობლემა განხილული უნდა იქნას ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების თანასწორუფლებიანობის გათვალისწინებით.
დღემდე შედგა მხოლოდ უმაღლესი დონის ორი შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობების მონაწილეობით.
1993 წელს ვენაში გამართული კონფერენციის დროს 32 ქვეყანამ ევროპის საბჭოს ევროპაში ,,დემოკრატიული უსაფრთხოების“ მეურვის როლი დააკისრა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს უნდა ემყარებოდეს და ამავე დროს ევროპაში სხვა ორგანიზებულ სამხედრო უსაფრთხოების ინსტიტუტებს უნდა ავსებდეს. 1997 წელს სტრასბურგში გამართული შეხვედრის დროს განისაზღვრა მოქმედებათა გეგმა ევროპის საბჭოს მიერ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, სოციალური თანამშრომლობის, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დემოკრატიული ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე მიმართული სამუშაოს გასაძლიერებლად.
1999 წლიდან კონცეფცია ,,ევროსაბჭო და დიდი ევროპა საზღვრებს გარეშე“ ორგანიზაციის პოლიტიკური მსოფლმხედველობის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს.
3. ადამიანის უფლებათა დაცვა
ადამიანის უფლებათა დაცვა ევროპის საბჭოს ყველაზე უფრო ცნობილ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ტრიბუნალთან ერთად, ასევე კონვენცია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ, ევროპის სოციალური ქარტია და ევროპის კომისია რასიზმისა და არატოლერანტულობის წინააღმდეგ აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.
აუცილებელია ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ტრიბუნალის მუშაობისა და მისი დაფინანსების ხელახალი ფორმულირება. არსებული გარემოებები აღნიშნული რეფორმის აუცილებლობას ცხადყოფს.
ამასთანავე ევროპის საბჭოს მზარდი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ევროპის საერთაშორისო სასამართლოში რეფორმის გატარებით.
ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სისტემა ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად მოიცავს საერთო ნორმებისა და მაკონტროლებელი მექანიზმების ფართო ქსელს, რომლის ეფექტურობაც გაუმჯობესებული სამუშაო მეთოდების გამოყენებისა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გაფართოების ხარჯზე კიდევ უფრო იხვეწება.
ასევე შესაძლებელია ევროპის საბჭოს საგანგებო წარმომადგენლის როლის გაზრდა ეროვნული პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით. ამასთანავე აუცილებელია აღნიშნულ სფეროში სახელმწიფოთაშორისო ძალისხმევის მუდმივი კონტროლი და ახალი პრიორიტეტების განსაზღვრა. ამას, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების ძიება, სიკვდილის დასჯის გაუქმება. ევროპის საბჭოს მომდევნო მიზანს წარმოადგენს სამართლის სფეროში თანამშრომლობის პროგრამების მხარდაჭერა და განვითარება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა უნდა განამტკიცონ სამართლებრივი სახელმწიფო და ხელი შეუწყონ წევრ ქვეყნებში იუსტიციის რეფორმის განხორციელებას.
ევროპის საბჭოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების იმ ნორმებისა და ძირითადი კანონების დაცვა და განვითარება, რომლებშიც უზრუნველყოფილია ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებების დაცვა. ამასთანავე საკმარისი არ იქნება მხოლოდ კონვენციების შემუშავება, მიღება და წევრი ქვეყნების მიერ მათი ხელმოწერა.
ნორმების ჩამოყალიბების პროცესში ევროპის საბჭო მუდმივ შესაბამისობაში უნდა იმყოფებოდეს ახალ გამოძახილებთან, რათა შესაძლებელი გახდეს წევრი ქვეყნების კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შევსება.
სახელმწიფოთაშორისო და საპარლამენტო სფეროში თანამშრომლობის ორმოცდაათწლიანი გამოცდილების შედეგად ევროპის საბჭო შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით ახერხებს სხვადასხვა სამართლებრივი და სოციალური პრობლემების დარეგულირებას.
ამასთანავე საერთოევროპული სივრცის ჩამოყალიბება და ევროპის საბჭოს ახალი როლი დღემდე უცნობ პერსპექტივებს ააშკარავებს. ორგანიზაციის სამუშაო მეთოდების გაუმჯობესება მოითხოვს ასევე სახელმწიფოთაშორისო კომიტეტთა სისტემის საფუძვლიან გადამოწმებას.
4. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის საბჭოს უმთავრეს ამოცანებს მიეკუთვნება. განსაკუთრებული როლი ენიჭება, როგორც შემაერთებელი ხიდის ფუნქციას, ასევე საერთო ინტერესებსა და გამოცდილების გაცვლას.
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს საერთო მიზნები გააჩნიათ მშვიდობიანი, სტაბილური და ძლიერი ევროპის მშენებლობასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მათ რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა უნდა განავითარონ.
ევროპის საბჭოს განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია დემოკრატიული უსაფრთხოების, არჩევნებზე დაკვირვების, უმცირესობათა დაცვისა და კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტის საკითხებში.
სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება ევროპის საბჭოს შემდეგ უპირატესობებს ანიჭებს:
- ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო სამართლის შემადგენელი ნაწილია.
- ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით პოლიტიკური დატვირთვის მქონე სასამართლო განაჩენების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მორალურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. აღნიშნული განაჩენები საერთაშორისო სამართლის მიხედვით სავალდებულოა ბრალდებული ქვეყნებისათვის.
- იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ახალი კანონების შემუშავბა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს როლს ახალი ნორმების ჩამოყალიბების პროცესში (მაგ. დამატებითი პროტოკოლების შემუშავება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციისათვის).
- ევროპის საბჭოს საგანგებო კომისარი ყოველწლიურად წარადგენს მოხსენებას ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.
- ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის შემავსებელი პროტოკოლების, ევროპის სოციალური ქარტიის, ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ ორი ახალი კონვენციის შემუშავებით ევროპის საბჭომ გარკვეულწილად მოახერხა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს უფრო გაფართოება, რაც ევროკავშირის დონეზე შეუძლებელია.
80-იანი წლების დასაწყისში ევროპის საბჭოს წამყვანი ადგილი ეჭირა ევროპაში სამართლის საკითხების შემუშავებაში. აღნიშნული მიმართულებით მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წევრი ქვეყნები. სამართლის ისეთი სფეროებისათვის, როგორებიცაა საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, კომუნალური და რეგიონული ავტონომიის სამართლის საკითხები, ევროკავშირი ჯერაც ვერ ახერხებს ახალი კანონებისა და ნორმების შემუშავებას.
ევროკავშირში და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისათვის აუცილებელი პირობების მსგავსების გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს ისეთ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა 200 კონვენცია და წევრი ქვეყნებისათვის 1000-მდე რჩევა. ისინი სავალდებულოა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ახალი ქვეყნებისათვის, რომლებსაც უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გააჩნიათ. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი წარმოადგენს ევროპის საბჭოს კონვენციების მონაწილე მხარეს, რაც ევროპის საბჭოს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობას ანიჭებს.
ევროპის საბჭოს სამართლის მნიშვნელოვან გამოძახილს წარმოადგენს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში არსებული სამართლებრივი ნორმების ევროკავშირისათვის მისადაგება და მათი ამოქმედება. უკვე რამდენიმე ათწლეულია არსებობს მოსაზრებები, რომ აუცილებელია ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტების დახვეწა და მათი გამკაცრება.
დღეს უფრო ხშირად საუბრობენ ევროკავშირის მომავალ კონსტიტუციაზე. 60-70-იან წლებში არსებობდა შეხედულება, რომ ევროპის საბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ევროპის კონსტიტუციის (ევროკავშირი) შემუშავების პროცესში, მაგალითად ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია, როგორც ევროკავშირის ძირითადი კანონის საფუძველი. შესაძლებელია, ასევე ევროპის საერთაშორისო სასამართლოს გადაკეთება ევროკავშირის საკონსტიტუციო სასამართლოდ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საერთაშორისო სასამართლო არ წარმოადგენს ევროპის საბჭოს შემადგენელ ნაწილს, არამედ მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის არსებობას ეფუძნება.
ევროპის საბჭოს გადაწყვეტილი აქვს ხელი შეუწყოს ევროკავშირთან აქტიური პოლიტიკური და იურიდიული თანამშრომლობის განვითარებას და ერთიანი მყარი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. იგივე ეხება ეუთო-სთან (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) თნამშრომლობას და გაერო-ს სხვადასხვა სპეიციალიზებულ დაწესებულებებთან ახლო ურთიერთობების დამყარებას.
ევროპის კავშირს ახლა, ისევე როგორც ადრე, გარკევული უპირატესობები გააჩნია სხვა ორგანიზაციებთან შედარებით.
მომავალში ევროპის საბჭომ, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა განავითაროს პროექტები, რომლებიც საზოგადოების მოლოდინს გაამართლებს, მრავალ წელიწადზე იქნება გათვლილი და სხვადასხვა სფეროებს მოიცავს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით მომავალში ევროპის საბჭოს საქმიანობა ძირითადად ოთხ მნიშვნელოვან საკითხზე იქნება კონცენტრირებული: ადამიანის უფლებათა დაცვა (საერთაშორისო სასამართლოს რეფორმა და ასევე ახალი პრიორიტეტების განსაზღვრა); დემოკრატია (ევროპაში დემოკრატიის ერთიანი და ყოვლისმომცველი დემოკრატიული ქარტიის შემუშავება და მისი მიღება); კულტურული მრავალფეროვნება (საგანმანათლებლო სფეროს რეფორმა, წევრი სახელმწიფოების ეთნიკური მრავალფეროვნების გათავლისწინებით ერთიანი კულტურის მხარდაჭერა და განვითარება, რაც თავისთავად კონფლიქტების პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს) და ბოლოს სოციალური საკითხები (ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის უფლება, ბრძოლა გაუცხოების წინააღმდეგ, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფა და ა.შ.).
აღნიშნული მიმართულებით ევროპის საბჭოს მუშაობას მუდმივ თვალყურს უნდა ადევნებდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალური დაწესებულებები, რათა საინფორმაციო პოლიტიკის დახმარებით მოხერხდეს მიღწეული შედეგების საზოგადოებისათვის მიწოდება.
![]() |
3 ეკონომიკა საქართველო და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვალდებულებების შესრულება და დადებითი შედეგები |
▲back to top |
ეკონომიკა
ბექა ჩხეიძე
მიხეილ პატაშური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო რგანიზაციასთან ურთიერთობის სამმართველო
დღეისათვის საქართველო მთელი თავისი მოსახლეობით დაახლოებით 5 მილიონიან ბაზარს წარმოადგენს. ბუნებრივია ასეთი მცირე მოსახლეობის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია დიდი და მსხვილი საწარმოების მომგებიანად ფუნქციონირებაზე საუბარი. ამიტომ ჩვენი აზრით საქართველოსათვის უფრო მეტად მისაღები იქნება ღია ტიპის ეკონომიკის ფორმირება, სადაც ადგილობრივი წარმოება ორიენტირებული იქნება საექსპორტო საქონლის წარმოებაზე და იბრძოლებს ახლო რეგიონში ბაზრების დაკავებაზე.
ამ მიზნის მისაღწევად ბუნებრივია საქართველოს დასჭირდება მსოფლიო ეკონომიკური სისტემაში სულ უფრო მეტი ინტეგრაცია. მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში სრულფასოვნად ინტეგრება საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად აუცილებელია საბაზრო პრინციპებზე დამყარებული ურთიერთობების განვითარება და მათი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევად შესაძლოა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანება ჩაითვალოს. ვმო ჩამოყალიბდა 1995 წელს ურუგვაის რაუნდის რვაწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმების ბაზაზე (GATT). ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო ძირითად პრინციპები შემდეგში მდგომარეობს:
- შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა;
- ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე. წ. ,,მიბმა“.
- ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის ,,უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” მინიჭებას;
- ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით.
ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია.
მოლაპარაკებების პროცესი
1994 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალურ შეთანხმებაზე (GATT) საქართველოს მიერთების მიზნით. საქართველომ იმავე წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ამ ორგანიზაციაში, მაგრამ 1995 წლის 1 იანვრიდან GATT-ის ვმო-ში გარდაქმნასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებათა პროცესის თავიდან დაწყება.
1996 წლის 26 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიენიჭა ვმო-ს დამკვირვებლის სტატუსი. 1996 წლის ივლისში საქართველოს მხარემ ოფიციალურად განაცხადა აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღების სურვილი, რის შედეგადაც ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ჩამოაყალიბა წევრი ქვეყნების სამუშაო ჯგუფი საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამუშაოდ. სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღებისათვის დაწესებული პროცედურის შესაბამისად 1997 წლის მარტში ვმო-ს სამდივნოს ოფიციალურად გადაეგზავნა ,,მემორანდუმი საქართველოს საგარეო ვაჭრობის რეჟიმის შესახებ“.
გაწევრიანების პროცესში, რომელიც დაახლოებით სამ წელიწადს გრძელდებოდა, გაიმართა 5 ოფიციალური მრავალმხრივი, აგრეთვე ორმხრივ მოლაპარაკებათა რამოდენიმე რაუნდი 30-მდე წევრ ქვეყანასთან, სულ 120-მდე შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრებზე წევრ ქვეყნებთან შეთანხმდა ბმული სატარიფო განაკვეთები საქონლის იმპორტზე და საქონლით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობები და ვალდებულებები მომსახურებით ვაჭრობის სფეროში. გაწევრიანების მუშა ჯგუფის ანგარიშში დაფიქსირდა ასევე ის ვალდებულებები, რომლებსაც საქართველო თანმიმდევრულად შეასრულებს 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზაში სათანადო ცვლილებათა გზით.
1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ მოიწონა სამუშაო ჯგუფის მოხსენება და ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს. 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები
ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე მიერთების ოქმის ხელმოწერით საქართველო მიუერთდა ამ ორგანიზაციის შეთანხმებათა მთლიან პაკეტს, აგრეთვე იკისრა ვალდებულებები, რომელიც დაფიქსირებულია ოქმის დანართ დოკუმენტებში. ესენია:
- საქართველოს ბმული ტარიფების ცხრილები;
- მომსახურებით ვაჭრობის სფეროში სპეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილები;
- მიერთების მუშა ჯგუფის ანგარიში.
ბმული ტარიფები
ბმული ტარიფების ცხრილები წარმოადგენენ საქონლის იმპორტზე საბაჟო ტარიფის იმ მაქსიმალური განაკვეთების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენების უფლებაც გააჩნია საქართველოს ვმო-ს წევრების დამატებითი თანხობის მიღების გარეშე.
ცხრილები ძირითადად შედგენილია ე. წ. ჰარმონიზირებული სისტემის ექვსნიშნა კოდების დონეზე, ხოლო იმ სასაქონლო ჯგუფებში, სადაც უფრო დეტალურ დონეზე ადგილი აქვს განსხვავებულ ტარიფებს - ცხრანიშნა დონეზე.
იმ სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფები დაფიქსირდა უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე მოქმედი ტარიფი (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფარმაცევტული პროდუქცია, მანქანა-დანადგარები, ზოგიერთი ნედლეული და ა.შ.), საქართველო გაწევრიანების დღიდან ვალდებული იყო მოქმედი ტარიფი მოეყვანა ,,ბმულის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში (დაეწესებინა მის დონეზე, ან უფრო დაბალი ტარიფი).
სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფის დონე მოქმედზე მაღალია, საქართველოს აქვს უფლება ასწიოს საიმპორტო ტარიფი ბმულის დონემდე, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
მაღალი დონეები გაწევრიანებისას შეთანხმდა ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (ალკოჰოლი, ხილის წვენები, გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, თამბაქო და ა.შ.), აგრეთვე მცირე რაოდენობის სამრეწველო პროდუქციაზე (სამშენებლო მასალები, მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი და ა.შ.).
ზოგიერთ პროდუქციაზე ბმული ტარიფები გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (5-6 წელი) განიცდიან თანდათანობით დაკლებას.
სატარიფო დაცვის დონის დახასიათებისათვის ჩვეულებრივ იყენებენ ე. წ. ,,საშუალო შეწონილი ტარიფის“ მაჩვენებელს, რომელიც ცალკეული სატარიფო დონის სიდიდესთან ერთად ითვალისწინებს შესაბამისი სასაქონლო პოზიციის იმპორტის მოცულობას ქვეყნის საერთო იმპორტში.
გაწევრიანების შემდგომ გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა მოქმედ ტარიფში შესატან ცვლილებათა თაობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციით სუსტი საბაჟო ადმინისტრირების პირობებში საქართველოს მთავრობას თავი უნდა შეეკავებინა საბაჟო ტარიფის განაკვეთების ყოველგვარი მომატებისაგან. საკითხის განხილვამ და შესაბამისი კანონპროექტის ირგვლივ გამართულმა კონსულტაციებმა გამოიწვია მისი პარლამენტში წარდგენის ხანგრძლივი პერიოდით დაგვიანება.
დღეისათვის საქართველოს პარლამენტმა მიიღო ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის ამოქმედებით შესრულდება საქართველოს ვალდებულებები სატარიფო სფეროში.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ 2001 წლის იმპორტის ბაზაზე ჩატარებული გათვლების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დააწესებს საიმპორტო საბაჟო გადასახადს ,,ბმულის“ დონეზე, საშუალო შეწონილი ტარიფი (თავისუფალი ვაჭრობის წილის გათვალისწინებით) შეადგენს 7,2%-ს.
მომსახურებით ვაჭრობაში სპეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილები
მომსახურებით ვაჭრობაში სპეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილებით განსაზღვრულია ის შეზღუდვები, რომლებიც ექნება მომსახურების ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებს.
შეზღუდვები ორი ტიპისაა:
- ე. წ. ,,ჰორიზონტალური“, რომელიც ეხება მომსახურების ყველა სექტორს;
- ე. წ. ,,ვერტიკალური“, რომელიც სპეციფიკურია კონკრეტული სექტორის მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურებით ვაჭრობის რეგულირება საქართველოს ფრიად ლიბერალიზებული აქვს, ე.ი. უცხოელ მომწოდებლებს ადგილობრივთან შედარებით დაუწესდათ მეტად მცირერიცხოვანი შეზღუდვები (საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, სამშენებლო და ზოგიერთ სხვა სექტორებში).
ზოგადი ვალდებულებები
გაწევრიანების პროცესში მუშა-ჯგუფის მიერ დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული და სახელშეკრულებლო ბაზა, რათა ვმო-ს წევრი ქვეყნები დარწმუნებულიყვნენ ვმო-ს ნორმებთან მის შესაბამისობაში.
გაწევრიანების მსვლელობაში გატარდა მრავალი საკანონმდებლო ცვლილება, რათა მომხდარიყო საქართველოს კანონმდებლობის რაც შეიძლება სრული ჰარმონიზაცია ვმო-ს მოთხოვნებთან, ხოლო აუცილებელი სამომავლო ცვლილებები, აგრეთვე ვმო-ს სხვადასხვა შეთანხმებების დაცვის პირობები, დაფიქსირდა გაწევრიანების მუშა ჯგუფის ანგარიშში ვალდებულებათა სახით.
ეს ვალდებულებები შეეხებიან საკმაოდ ფართო სპექტრის საკითხებს, ისეთს, როგორიცაა სამეწარმეო საქმიანობისა და ექსპორტ-იმპორტის ლიცენზირება, საგადასახადო სისტემა, სტანდარტიზაცია-სერტიფიკაცია, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, სუბსიდიები, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტები და ა.შ.
ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების დადებითი შედეგები
ვმო-ში საქართველოს წევრობის პერიოდი მეტად ხანმოკლეა, აღნიშნულის შედეგად მომხდარი ცვლილებების ყოველმხრივი ანალიზისა და ციფრობრივ მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანისათვის. გასათვალისწინებელია, რომ გაწევრიანებას მყისიერი შედეგი არც უნდა მოჰყოლოდა და ეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გადაწყვეტილება გახლავთ.
მიუხედავად ამისა, შესაძლებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომლის წევრ ქვეყნებზე მოდის საერთაშორისო ვაჭრობის 95 პროცენტზე მეტი, უკვე მოჰყვა გარკვეული დადებითი ძვრები:
- გაძლიერდა საქართველოს ინტეგრაცია მსოფლიო სავაჭრო სისტემაში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას როგორც საქართველოში, ასევე მთელს კავკასიის რეგიონში.
- საქართველომ მიიღო უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი 145 წევრი-ქვეყნის ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტირებულ საქონელს მათ ბაზარზე შეექმნება სხვა ქვეყნების საქონელთან შედარებით არანაკლები ხელშეწყობის რეჟიმი. სხვა უპირატესობებთან ერთად, ეს გამოიხატება წევრი ქვეყნების მიერ საიმპორტო ტარიფების შემცირებაშიც.
- ვმო-ში გაწევრიანების შედეგად აშშ-მ საქართველოს მოუხსნა ე. წ. ჯექსონ-ვენიკის შესწორების მოქმედება და მიანიჭა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი მუდმივ ბაზაზე, შემდგომ კი - განზოგადებულ პრეფერენციათა სისტემის (GSP) ბენეფიციარის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ 2002 წლიდან GSP-ს შეღავათები საქართველოზე გაავრცელეს ასევე პოლონეთმა და თურქეთმაც.
- საბაჟო გადასახადების შემცირება საქართველოში იმპორტირებულ მოწყობილობაზე, ნახევარფაბრიკატებსა და ნედლეულზე ხელს შეუწყობს შიდა ინვესტირებისა და წარმოების ზრდას და ამასთან შესაძლებელს გახდის დაინერგოს მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიები.
- საქართველოს ვმო-ში გაწევრიანება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. საქართველო შეიძლება გადაიქცეს მთავარ საინვესტიციო ,,ხიდად” იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან დაიწყონ ქვეყანაში წარმოება და განახორციელონ ექსპორტი ისეთი მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე, როგორიცაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნები, რუსეთი, თურქეთი და ასევე უფრო შორს მდებარე ქვეყნებიც. ვმო-ში საქართველოს წევრობა აძლევს ინვესტორს იმის გარანტიას, რომ ქვეყანაში არსებობს სტაბილური, პროგნოზირებადი და საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა, ამასთანვე აქ წარმოებული პროდუქცია უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმითაა დაშვებული საგარეო ბაზარზე.
- საქართველოს ინტერესები საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში დაცულია ვმო-ს დავების მოგვარების მრავალმხრივი მექანიზმებით.
- როგორც ვმო-ს სრულუფლებიანმა წევრმა საქართველომ მიიღო უფლება აწაარმოოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები ვმო-ში შემსვლელ ქვეყნებთან, რომელთა შორის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებიცაა (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და სხვა), ქართული პროდუქციისა და მომსახურებისათვის მათ ბაზრებზე დაშვების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფისათვის.
- საქართველომ მიიღო საშუალება აქტიურად ჩაერთოს მრავალმხრივ მოლაპარაკებათა ახალ ე. წ. ,,განვითარების რაუნდში“, რათა უკეთ წარმოაჩინოს და დაიცვას თავისი ეკონომიკური ინტერესები.
ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების უარყოფითი შედეგების შესახებ მოსაზრებები ძირითადად ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნის ანტიგლობალისტთა მიერ მომზადებულ მასალებსა და რეკომენდაციებს, ასევე შიშს, თუ რა მოჰყვება ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ მომავალ ქმედებებს. თუმცა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოში გაწევრიანებამდე არსებული ეკონომიკური მდომარეობა და დღეისათვის მიმდინარე ცვლილებები.
ერთ-ერთი უარყოფით შეფასებად ფიგურირებს თეზისი, რომ დაბალი ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური აქტივობის ქვეყნისათვის არ იყო მიზანშეწონილი ვმო-ში გაწევრიანება, რამდენადაც ეს აუცილებლად გამოიწვევს წარმოების ზრდის შეფერხებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაწევრიანებამდეც საქართველოს საკმაოდ ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი გააჩნდა. გვქონდა მხოლოდ სამი სატარიფო ხაზი 0%, 5% და 12%-ს სიდიდით, რაც ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფდა საკმაო სატარიფო დაცვას, ამასთან საქართველო არ გამოიყენებდა არანაირ არასატარიფო ბარიერს იმპორტის შეზღუდვისათვის. თუ გავითვალისწინებთ იმპორტის იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც შემოდიოდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არსებული შეთანხმებებით საბაჟო გადასახადისაგან თავისუფალი რეჟიმით დსთ-ს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, ეს თეზისი უკვე აზრს კარგავს. ამასთან თუ საქართველო არ გახდებოდა ვმო-ს წევრი, ჩვენი საექსპორტო საქონლისათვის უცხოური ბაზარიც მნიშვნელოვნად იყო ჩაკეტილი, მაშინ როდესაც ადგილობრივი მცირე მსყიდველუნარიანობის მქონე მოსახლეობის პირობებში საკმაოდ ძნელი იქნებოდა წარმოების მნიშვნელოვანი განვითარება.
შემდგომი მოსაზრება, რომელიც დაკავშირებულია უარყოფით შედეგებთან მდგომარეობს იმაში, რომ ბაზრის სწრაფად გახსნა გამოიწვევს იმპორტის სწრაფ ზრდას და შედეგად მივიღებთ ადგილობრივი მწარმოებლებისათვის მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებსა და გაზრდილ კონკურენციას. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული რისკი, რომ ლიბერალიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები. იმ შემთხვევაში, თუ მზარდი იმპორტი მნიშვნელოვნად გააუარესებს ადგილობრივი მწარმოებლების პოზიციებს, ვმო-ს ფარგლებში დასაშვებია სპეციალური დამცავი ღონისძიებების გატარება, რისი გამოყენებაც წევრ-ქვეყანას შეუძლია სათანადო კანონმდებლობის შემუშავების შემდგომ.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების შემდგომი ეტაპის სწორად წარმართვას, რათა საქართველომ შესძლოს აღებულ ვალდებულებათა შესრულება და ვმო-ს შეთანხმებებით გათვალისწინებულ უპირატესობათა სრულფასოვანი გამოყენება.
![]() |
4 გავლენის აგენტები |
▲back to top |
უსაფრთხოება
ლევან ღირსიაშვილი
პოლიტიკური კვლევების ცენტრი
ტერმინს - ,,გავლენის აგენტი“ დიდი ხნის ისტორია არა აქვს. ის სულ ახლახანს გაჩნდა და მაშინვე პოპულარული გახდა. თავად ამ ტერმინით აღნიშნული სპეციფიკური, განსაკუთრებით გასაიდუმლოებული აგენტურა ათასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა. სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყნაში ასეთი აგენტურა განსხვავებულად მოიხსენიებოდა, მაგრამ ჰქონდა საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი და სხვა აგენტურებისგან კარდინალურად განმასხვავებელი თვისებები.
ძირითადად, გავლენის აგენტები, არისტოკრატიული წარმომავლობის პირები იყვნენ, რომლებიც არაჩვეულებრივი შესაძლებლობებითა და მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩეოდნენ. სპეციალური მომზადების გავლისა და საგანგებოდ შეთხზული ,,ლეგენდის“ შემდეგ, მათ გზავნიდნენ მეზობელ თემებში, ტომებსა და სახელმწიფოებში. ამ აქციების ძირითადი მიზანი იყო, აშკარა ან პოტენციური მოწინააღმდეგის ძალაუფლების ფარულად შესარყევად, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში აგენტის დანერგვა (ინფილტრაცია).
ამ კატეგორიის აგენტების ,,შეგზავნა“, როგორც წესი, ინდივიდუალურად ხდებოდა, მაგრამ იყო გამონაკლისებიც. მაგ.: ალექსანდრე მაკედონელმა ჩვ.წ.აღ-მდე 328 წელს დაიპყრო სოგდიანუს მხარე (თანამედროვე უზბეკეთის და ტაჯიკეთის ტერიტორია), საბერძნეთიდან და მაკედონიიდან გამოიძახა კარგი განათლებისა და ინტელექტუალური მონაცემების მქონე წარჩინებული წარმომავლობის 100 ყმაწვილი. თავისი ძალაუფლების გამოყენებით მან სასწრაფოდ დააქორწინა ისინი ადგილობრივ არისტოკრატებზე. საქორწინო დღესასწაულებს იგი პირადად ხელმძღვანელობდა.
ამ აქციის ოფიციალური იდეოლოგია ერთი შეხედვით ჰუმანურია: ორი დანათესავებული ხალხის შვილები ერთმანეთში არ იომებენ. მაგრამ სინამდვილეში, ამ აქციის ჭეშმარიტი მიზანი სულ სხვა იყო - ალექსანდრე მაკედონელი ახორციელებდა თავის სტრატეგიულ ჩანაფიქრს, ქმნიდა რა ახალი ხელისუფლების ძლიერ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფდა მომავალში ბერძნულ-მაკედონიური იმპერიის ინტერესებს.
შემდეგში, გავლენის აგენტების სხვის მიწა-წყალზე ამგვარი ჯგუფური დანერგვა ისტორიაში არ შემონახულა, ხოლო განხორციელებული აქციები, ძირითად, მკაცრად ინდივიდუალური იყო.
ისინი დაკავშირებული იყვნენ შემდეგ ფაქტორებთან:
● გავლენის აგენტთა უზარმაზარი პოტენციალის მიუხედავად, დანერგვის და ლეგალიზაციის ტექნიკური მხარე საკმაოდ რთული იყო;
● საბოლოო მიზნის მიღწევა იგეგმებოდა შორეული პერსპექტივაში, იმ დროს, როდესაც ისტორიის მოულოდნელობისგან ოპერაციის ჩანაფიქრი შეიძლებოდა საპირისპირო გამხდარიყო.
რუსეთში გავლენის აგენტთა გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგალითისათვის ივანე IV მრისხანის დროს დიპლომატიური მისიის მოყვანა შეიძლება. მაშინ პოდოლსკის მთავარს, ივან მიხეილის ძე ვისკოვატს დაევალა დანიის სამეფოსთან სამშვიდობო შეთანხმების დადება. საქმეს ის ართულებდა, რომ დანიის მონარქს მოსკოვთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გაგონებაც არ სურდა. როდესაც ივან ვისკოვატი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჩვეულებრივი დიპლომატიური საშუალებებით წარმატებას ვერ მიაღწევდა, სხვა გზის ძებნა დაიწყო. ჰქონდა რა დარწმუნების არაჩვეულებრივი უნარი და გულუხვად ასაჩუქრებდა ახალ მეგობრებს, ძვირფასი საჩუქრებითა და ფულით შეძლო თავის მხარეზე გადაებირებინა რამდენიმე მთავარი. შემდეგში ამ ,,პრო-მოსკოვურად“ განწყობილი ლობით მან დაარწმუნა დანიის მეფე, მიეღო რუსეთისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.
და კიდევ ერთი მაგალითი:
მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთი მასობრივი გაფიცვების ტალღამ მოიცვა, ხოლო რუსეთის ხელისუფლება სრულ დაბნეულობაში იმყოფებოდა. სიტუაციის სტაბილიზაციისთვის მოსკოვის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ს.ვ. ზუბატოვმა ასეთი გამოსავალი იპოვა. მან შესთავაზა, გავლენის აგენტთა საშუალებით შეექმნათ პოლიციის მიერ საიდუმლოდ მართვადი პროფკავშირები, რომელთაც ექნებოდათ ,,დემოკრატიული“ ორგანიზაციების ყველა გარეგნული ნიშანი. ასე რომ, პროფკავშირული მოძრაობა მეფის რუსეთში უმეტეს წილად ,,ოხრანკის“ მეშვეობით შეიქმნა.
სსრკ-ში ამ თემამ განსაკუთრებული დატვირთვა 1980-90-იან წლებში შეიძინა. დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სსრკ-ის დაცემა მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ ,,გავლენის აგენტთა მეშვეობით მოხდა, რომლებიც საბჭოთა ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში მოქმედებდნენ.
1947 წლის დასაწყისში კომუნიზმთან ბრძოლის მიზნით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ეგიდით, დაიწყო ,,თანამოაზრეთა, დამხმარეთა და მოკავშირეთა“ მომზადების მთელი რიგი პროგრამების განხორციელება უშუალოდ სსრკ-ს ტერიტორიაზე. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმადაც მხოლოდ 1985-1992 წლებში დასავლეთმა (პირველ რიგში აშშ-მა) ,,სსრკ-ს დემოკრატიზაციის პროცესში“ დააბანდა 90 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. სსრკ-ში ფინანსური რესურსები სხვადასხვა საშუამავლო სტრუქტურების გავლით მოდიოდა, მაგ.: ,,რუსეთის რეფორმების საზოგადოებრივი კომიტეტი“, ,,ამერიკული ასოციაცია - ეროვნული შენატანი დემოკრატიაში“, და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ აშშ-ის კონგრესის ფონდი 1990 წელს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს შიდარეგიონულ დეპუტატთა საინიციატივო ჯგუფს აფინანსებდა.
ეს ფაქტი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. 1987 წლის 17 ივნისს უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე სსრკ-ის სუკ-ის ხელმძღვანელი კრიუჩკოვი გამოვიდა მოხსენებით - ,,ცსს-ს გეგმები საბჭოთა მოქალაქეებს შორის გავლენის აგენტურის მოსაპოვებლად“. კრიუჩკოვმა განაცხადა: ,,სარწმუნო მონაცემებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო საკუთარი სპეციალისტების მიერ სსრკ-ის განვითარების გზების ანალიზის და პროგნოზის საფუძველზე, ამუშავებს საბჭოთა საზოგადოებისა და სოციალური ეკონომიკის დეზორგანიზაციისთვის მიმართულ მტრული საქმიანობის გეგმას. ამ მიზნით ამერიკული დაზვერვა მიზნად ისახავს, განახორციელოს გავლენის აგენტურის გადაბირება საბჭოთა მოქალაქეთა რიგებიდან. ასწავლოს და შემდეგ ხელი შეუწყოს მათ წინსვლას პოლიტიკის, ეკონომიკის და მეცნიერების სფეროში.“
კრიუჩკოვის განმარტებით, ცსს-მ შეიმუშავა გავლენის აგენტთა ინდივიდუალური მომზადების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჯაშუშური საქმიანობის წარმართვას, ასევე მათ გარკვეულ პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ დამუშავებას. გარდა ამისა, ასეთი აგენტურის მომზადების ძირითადი მიზანი იყო სახალხო მეურნეობის სფეროში ხელმძღვანელობის მეთოდების შეცვლა. კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელობა ფინანსებს არ იშურებდა, იმ პირთა მოსაძებნად, რომელთაც გააჩნდათ მმართველობის აპარატში თანამდებობის დასაკავებლად პირადი ან საქმიანი თვისებები და რომლებიც შეძლებდნენ დასახული ამოცანების განხორციელებას. ამასთან, ცსს გეგმავდა, რომ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოღვაწე აგენტები, რომლებიც მოახერხებდენ საბოტაჟს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, კოორდინირებული იქნებოდა ამერიკული დაზვერვის ჩარჩოებში შექმნილი ერთი ცენტრისგან. ცსს-ს ჩანაფიქრით, გავლენის აგენტურის მიზანდასახულობა ხელს შეუწყობს სსრკ-ში ერთგვარი შიდაპოლიტიკური ხასიათის სიძნელეების შექმნას, შეაჩერებს ეკონომიკას, ჩიხისკენ წაიყვანს სამეცნიერო მუშაობას. კრიუჩკოვის განცხადებით, ცსს-ს ანალიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ გავლენის აგენტურის ამოქმედების მეშვეობით ამერიკული სპეცსამსახურების პროგრამა ხელს შეუწყობდა საბჭოთა საზოგადოების სხვადასხვა სფეროების თვისობრივ ცვლილებებს, რაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირში დასავლური იდეალების აღიარებას გამოიწვევდა.
ტერმინი ,,გავლენის აგენტი“ ამერიკული განმარტებით, შემდეგს ნიშნავს: ,,პირი, რომელიც შეიძლება გამოიყენო უცხოელ წარმომადგენლებთან ფარული გავლენისთვის, რომელიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს ორგანიზაციებში, გავლენიან წრეებში, რათა ხელი შეუწყოს თავისი ქვეყნის მთავრობის მიზნების განხორციელებას, ან აქვს საშუალება კონკრეტულად იმოქმედოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად“.
საბჭოთა და შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურების ტერმინოლოგიაში კი მას ასეთი განმარტება აქვს. ეს არის ,,გადაბირებული და სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშურ საქმიანობაში განსწავლული აგენტი, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უჭირავს და თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით შეუძლია მიზანმიმართულად უსიტყვო გავლენა მოახდინოს იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზე, ცალკეული მოვლენების განვითარებაზე, მოსახლეობის ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის აქტიურ მოქმედებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტიაზე, ორგანიზაციებზე, ან ხელი შეუწყოს დაზვერვისთვის სასურველი აზრის ჩამოყალიბებას ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე.“
ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ აგენტურის ამ კატეგორიის ფუნქციებსა და ამოცანებს, შერჩევის და მომზადების მეთოდებს, საქმიანობის ლეგენდირებას, აგენტების მიერ დაკავებული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ადგილს, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მოღვაწეობის ფორმებს.
დღეს ,,გავლენის აგენტურა“, როგორც წესი, არ ინერგება და არ გადაიბირება, არამედ მოთმინებით და რუდუნებით ყალიბდება. სხვადასხვა შემთხვევაში, ამას რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდი სჭირდება. აგენტურის შერჩევა და თავად გავლენის აქციების განხორციელებას, სპეცსამსახურები მკაცრად ასაიდუმლოებენ. საბოლოო მიზანიც ასევე დაფარულია ოპერატიული ინტერესის ობიექტისაგან, ოპერატიული ჟარგონით ამ საქციელს ,,ფარულად გამოყენება“ ჰქვია.
განსაკუთრებით კონსპირაციული წესით ხდება მსგავსი აქციების დაფინანსება. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მეგობრული კავშირები, საერთაშორისო პროფესიული ასოციაციები. ოპერატიულ თანამშრომლებს ეკრძალებათ ობიექტის უხეშად მოსყიდვა, რადგან ექსპერტთა აზრით, ამ შემთხვევაში აგენტის საიმედობა კლებულობს. ობიექტი მაშინ ხდება საკუთარი, როდესაც მსხვილ პროფესიულ ჰონორარებს იღებს უცხოელი გამომცემლებისგან წიგნებისთვის, რომელსაც არავინ კითხულობს, ლექციებისთვის, რომლებსაც არავინ უსმენს და ა. შ. ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს შედეგად ობიექტებს შთააგონებენ პოსტულატებს, რომლებსაც შემდგომში ისინი მკაცრად დაიცავენ.
გავლენის აგენტთა გამოყენების კლასიკურ მაგალითს ისრაელის დაზვერვა წარმოადგენს. ,,მოსადისთვის“ ძლიერი გავლენის აგენტთა ქსელის შექმნა მნიშვნელოვნად ითვლება. ,,მოსადის“ უცხოეთის რეზიდენტურები მცირერიცხოვანია, მაგრამ ეს მდგომარეობა წარმატებით კომპენსირდება ამ ქვეყნის ებრაული დიასპორის დახმარებით. მათ შორის შეიძლება იყვნენ სახელმწიფო დაწესებულებების მაღალი რანგის თანამშრომლები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ საიდუმლო ინფორმაციაზე, მსხვილი ბანკების და ფირმების მეპატრონეები, მათთან ერთად მოკრძალებული მოსამსახურეეები, რომლებიც სხვადასხვა დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ.
გავლენის აგენტურა შეიძლება განსხვავებული იყოს თავისი ფორმით, პოზიციით და მოქმედების ხასიათით. უფრო ხშირად, გავლენის აგენტურა მოქმედებს სრულიად ლეგალურად, ძლიერად ლობირებს ,,სხვის“ ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში, მეცნიერების, ტექნიკის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში. რეგულარულად გამოდის ტელევიზიით. ეს ყველაფერი ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა რეფერენდუმებსა და საარჩევნო კამპანიების დროს.
ამასთან, ყველაფერს რასაც ისინი აკეთებენ, თუ არ გაითვალისწინებ შესაძლო შედეგებს, შეიძლება ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოგეჩვენოს.
სპეციალისტები, ვინც ამ პრობლემაზე მუშაობენ, გავლენის აგენტთა რამდენიმე დამახასიათებელ ნიშანს გამოყოფენ:
1. საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზეგავლენის საშუალება, მთელ საზოგადოებაზე ან განსაზღვრულ ოფიციალურ და რეგიონალურ ჯგუფებში;
2. განსაზღვრულ და კონკრეტულ ქსელში ჩართვა. გავლენის აგენტი - ყოველთვის მხოლოდ ჭანჭიკია ,,პოლიტიკის გატარების“ რთულ მექანიზმში;
3. ,,პატრონის“ მიერ დასახული მიზნების მიღწევის ობიექტური ხელშემწყობი. გარკვეულ ეტაპზე ეს მიზნები წარმატებულად შესაძლოა დაემთხვეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ სინამდვილეში ისინი მხოლოდ ,,პატრონის“ - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესებს ემსახურება.
დასკვნა
გავლენის აგენტები განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებენ სუსტად განვითარებულ ან განვითარების გზაზე მყოფ ქვეყნებში. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესის სფეროშია მოქცეული. შორს რომ არ წავიდეთ, ამის კლასიკურ მაგალითს საქართველო წარმოადგენს.
თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი ათწლეულის ისტორიას, კარგად დავინახავთ, რომ ეს პერიოდი სწორედ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტთა მოქმედების პერიოდი იყო. მათი ,,ზეობის“ ხანა ამჟამადაც გრძელდება.
საქართველოში დღეს მოღვაწე გავლენის აგენტთა უმრავლესობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
1. 70 წლის მანძილზე შექმნილი საბჭოთა სუკ-ის აგენტურა არსად არ წასულა. ყველანი ადგილზე არიან და პირნათლად ასრულებენ ,,პატრონის“ მითითებებს.
2. მათი აქტიურობა ზუსტად ემთხვევა რუსეთის სამხედრო- სტრატეგიულ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ინტერესებს საქართველოში და, ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ საიდან იმართებიან ისინი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისგან მართული გავლენის აგენტურის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო და ძირითადად სამეცნიერო, რელიგიურ და ხელოვნების წრეებს მოიცავდა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები და მიზნები გააჩნდა, რადგან სწორედ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები სარგებლობდნენ და დღესაც სარგებლობენ მასებში პოპულარობით და პატივისცემით. მათ აძლევდნენ ერთი შეხედვით პატრიოტული და ეროვნული საქმეების კეთების საშუალებას და ზოგჯერ ,,ცენტრისადმი“ მათ კრიტიკულ გამოსვლებსაც იტანდნენ. ქართველ მეცნიერებს, ხელოვნების და კულტურის მოღვაწეებს ეძლეოდათ საზღვარგარეთ გასვლის და ქართული საქმეების კეთების საშუალება. ამით ხალხში მათი პოპულარობა იზრდებოდა. მათგან კი ცენტრი მხოლოდ ერთი რამეს ითხოვდა - საჭირო მომენტში დავალების შესრულება და მათი მითითებებით მოქმედება. შესაძლოა, ზოგ ასეთ მოღვაწეს არც კი ჰქონოდა გაცნობიერებული და არც ცოდნოდა, რომ ის სპეცსამსახურის თვალთახედვის არეში იყო მოქცეული და თავისი წარმატებები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნიჭის შედეგი ეგონა. მაგრამ ის, თავისი მოწოდებით და შეგნებით, უკვე ,,ცენტრზე“ დამოკიდებული ხდებოდა, რადგან მისი ბრწყინვალე კარიერა სწორედ ცენტრის წყალობით ხორციელდებოდა. სინამდვილეში კი მისი კარიერა ფარული ,,პატრონების“ მიერ დაგეგმილად და მიზანმიმართულად შენდებოდა.
ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქართველი მოღვაწე, ვინც საზღვარგარეთ დადიოდა, კრემლის ინტერესებს ემსახურებოდა, მაგრამ ასეთები გამონკლისები იყვნენ. მათ უმეტესობას კი გავლენის აგენტებად ნამდვიალდ იყენებდნენ. ზოგმა მათგანმა შეძლო ღირებულებების გადაფასება და ამ თამაშიდან გამოსვლა. მაგრამ ზოგი დღესაც პირუთვნელად ასრულებს ,,პატრონის“ მითითებებს, რადგან თავის დროზე ,,პატრონებმა“ მათი კომპრომეტირება მოახერხეს და დღეს ისინი იძულებულნი არიან, ცენტრის მიერ დადგენილ თამაშის წესებს დაემორჩილონ. და შედეგიც სახეზეა: ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს საზოგადოება დღემდე განიცდის დაშლის და დანაწევრების პროცესს, სწორედ ამ გავლენის აგენტების მოქმედების დამსახურებაა. რასაკვირველია, აქ უხერხული იქნება მათი ვინაობის დასახელება, რადგან მათი აგენტობის დამადასტურებელი მასალები მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის არქივებშია საგულდაგულოდ შენახული. ზოგმა გავლენის აგენტმა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძლება არც იცოდეს, რომ ის აგენტია და მხოლოდ და მხოლოდ ბრმა იარაღი იყოს ,,ცენტრის“ ხელში. ასეთ შემთხვევაში კი, ცხადია მისი პირადი საქმე არც კი იარსებებს. ამიტომ, ლუსტრაციის კანონის მიღებაზე დიდი იმედების დამყარებას აზრი არ აქვს. გავლენის აგენტთა გაშიფვრა, დღეს მხოლოდ და მხოლოდ ფხიზლად და ყურადღებით მყოფ საზოგადოებას შეუძლია.
![]() |
5 ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ნატო) |
▲back to top |
უსაფრთხოება
ვასილ რუბაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
მსოფლიო ისტორიაში ტერორისტული აქტები ხორციელდებოდა უძველესი დროიდან, მაგრამ მათ ინტენსიური ხასიათი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღეს. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ მძლავრი იმპულსი მისცა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების წარმოქმნას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ისრაელის სახელმწოფოს შექმნამდე და მას შემდეგაც თავის მხრივ ჩამოყალიბდა ებრაული ტერორისტული დაჯგუფებებიც.
ცივილიზებული მსოფლიო საზოგადოება, რა თქმა უნდა, ფაქტიდან ფაქტამდე გმობდა ტერორისტულ აქტებს, მაგრამ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ, რომელმაც დაახლოებით 5000 ადამიანი შეიწირა, მთლიანად შეცვალა ამ პრობლემისადმი მიდგომა, რაც გამოიხატა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების, უნივერსალური და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონკრეტული ხასიათის ნაბიჯების გადადგმაში.
2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ცდილობა ტერორიზმის განმარტებას: ,,ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით... თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე“. ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: ,,ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ტერორიზმი ეს არის ,,ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი - სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ“. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძლევა ტერორიზმის ოთხ ძირითად დამახასიათებელ ელემენტს:
● ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი.
● ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;
● ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ
● და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ.
ტერორიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება განისაზღვროს მისი გამოვლინების შემდეგი ძირითადი ტიპები:
1. პოლიტიკური ტერორიზმი:
ფართო გაგებით, პოლიტიკურ ტერორიზმში მოისაზრება ქმედებები, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის მთლიანად ან მისი რომელიმე ნაწილის შეცვლისაკენ.
2. ნაციონალური ტერორიზმი:
ნაციონალური ტერორიზმი ხასიათდება ეთნიკური ნიშნით. მას ახორციელებენ ეროვნულ უმცირესობათა ნაციონალურ-პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ისტორიული ტერიტორიების სუვერენიტეტის მოსაპოვებლად ან ავტონომიის გაფართოებისათვის (მაგალითად ბასკური ორგანიზაცია ეტა, ირლანდიის რესპუბლიკური არმია, ქურთების მუშათა პარტია).
3. სოციალური ტერორიზმი
სოციალური ტერორიზმი წარმოიშობა ღრმა სოციალურ-პოლიტიკური კონფლიქტების საფუძველზე და გამოვლინდება ორი ძირითადი ფორმით: მემარჯვენე და მემარცხენე ტერორიზმით (მაგალითად ტუპაკ ამარუ პერუში).
4. რელიგიური ტერორიზმი
რელიგიური ტერორიზმი ხასიათდება რელიგიური ნიშნით, მას ახორციელებენ რელიგიური დაჯგუფებები და გამოირჩევა ფანატიზმით (მაგალითად ჰესბოლა, ჰამასი, ალ-ქაიდა).
11 სექტემბრის მოვლენების შედეგების შეფასების მიზნით მნიშვნელოვანია გაანალიზდეს თუ რა მოვლენას ჰქონდა ადგილი, იყო მომხდარი ცალკეული შეტევა, წარმოადგენდა იგი ფართომასშტაბიანი შეტევის ერთ-ერთ ელემენტს, თუ იყო კარგად გათვლილი დარტყმა, რომელიც გამიზნული იყო არა მხოლოდ მსხვერპლსა და ნგრევაზე, არამედ უფრო მნიშვნელოვან, შორს მიმავალი მიზნების მისაღწევად. უნდა ვივარაუდოთ, რომ განხორციელებული ტერაქტი მიზნად ისახავდა როგორც აშშ-სადმი პროტესტის გამოხატვას, ასევე ისლამური სამყაროსთვის მაგალითის ჩვენებას, თუ რამდენად უსუსურია ამერიკის თავდაცვისუნარიანობა ამგვარი ბრძოლის წინააღმდეგ.
სექტემბრის თავდასხმების დაგეგმვა და ზოგადი ხასიათი ძალიან ჰგავს ალ-ქაიდას მიერ ადრე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. 11 სექტემბრის ოპერაცია იყო კოორდინირებული ქმედება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და ჩატარდა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თვითმკვლელი თავდამსხმელების გამოყენებით. ამ ოპერაციის მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ადამიანის მკვლელობა და დასახიჩრება. ამ მხრივ აღსანიშნავია ბინ ლადენის განცხადება მთელი მუსლიმური სამყაროსადმი: ,,ღმერთმა დალოცა რჩეულ მუსლიმთა ჯგუფი ისლამის წინა ხაზზე, რომელმაც უნდა გაანადგუროს ამერიკა“. ამავე საკითხს ეხმაურება მისი ადრინდელი გამონათქვამებიც: 1996 წელს იგი ლაპარაკობს გაერთიანებაზე ამერიკელების გასაჟლეტად და მოუწოდებს სხვებს თავს დაესხან ამერიკელ ,,მტერს“. 1998 წელს არაბულ გაზეთში ,,ალ-კუდს ალ-არაბში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ბინ ლადენი ამბობდა, რომ მუსლიმებმა უნდა გაანადგურონ ამერიკელები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ,,ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც კი მათ წააწყდებიან“. 1999 წელს არაბულ ტელეარხ ,,ალ-ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: ,,ჩვენი, მუსლიმების მტერია ყოველი ამერიკელი მამაკაცი, განურჩევლად იმისა, უშუალოდ გვებრძვის ჩვენ თუ გადასახადებს იხდის“. ეს სიტყვები ფაქტობრივად აღიარება და პასუხისმგებლობის აღებაა 11 სექტემბრის თავდასხმაზე. ამავე დროს, ამ გამონათქვამით, მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად გაყალბებულია ისლამის არსი. ბინ ლადენი და ,,ალ-ქაიდა“ ცინიკურად ესწრაფვიან ისლამის გამოყენებას მათი კაცთმოძულე გეგმების შესანიღბად, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვით ცივილიზაციისა და კაცობრიობის ღირებულებებზე თავდასხმა. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მუსლიმმა ლიდერებმა და სამღვდელოებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმეს ტერორისტული თავდასხმები, როგორც ისლამის გაუკუღმართება და ღალატი. ზემოაღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მათი ერთობლივი განცხადება ,,უაღრესად სერიოზული უბედურებაა, როდესაც ტერორიზმის მიმდევრები იყენებენ რელიგიას, როგორც ნიღაბს, ვინაიდან ჭეშმარიტი ისლამი ამ ყველაფერისგან უცოდველია. მისი მოძღვრება მიუწვდომელია იმ ხალხისათვის, ვისაც სწამს ძალადობის, როგორც სამოქმედო გეგმის, საბოტაჟის, როგორც მეთოდის და სისხლისღვრის, როგორც რეფორმისაკენ მიმავალი გზის. ზუსტად ისევე, როგორც მას არ უნდა მისცემოდა ნება, მოეხდინა ტერორისტული გატაცება და ცივსისხლიანი მკვლელობა 11 სექტემბერს, უსამა ბინ ლადენს არ უნდა მისცემოდა ნება, მოეხდინა ისლამის და საზოგადოდ რელიგიის კეთილი სახელის მიტაცება“. ამ მხრივ აღსანიშნავია მუსლიმი უმაღლესი სასულიერო პირების გამონათქვამიც: ,,ამგვარი თავდასხმა, ასეთი დიდი მასშტაბით, ეს მეტად აღმაშფოთებელია, იგი იმსახურებს ყოველგვარ გმობას. ვისაც არ უნდა მოეხდინა ეს თავდასხმა, მას არ ჰქონდა ამის ჩადენის უფლება რელიგიის სახელით, კერძოდ, ისლამის სახელით... მიზნის მისაღწევად უდანაშაულოთა მოკვლა არასოდეს ყოფილა რელიგიის მოთხოვნა“. იგივე კონტექსტში საგულისხმოა აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ავღანეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების წინ: ,,ჩვენს ბრძოლას ტერორიზმთან არაფერი აქვს საერთო რელიგიურ სხვაობასთან. ეს არის ყველა აღმსარებლობის ადამიანთა ერთობლივი ბრძოლა სიძულვილისა და ბოროტების, ძალადობისა და ფანატიზმის წინააღმდეგ“.
თანამედროვე ტერორისტებისათვის იდეალურ თავშესაფრად იქცა ე. წ. არშემდგარი სახელმწიფოები, ,,ალ-ქაიდას“ ბაზები ძირითად განლაგებული იყო სუდანში, ლიბიაში და ავღანეთში, სადაც მათი საქმიანობისათვის იდეალური პირობები იქნა შექმნილი. შეიცვალა ახალი თაობის ტერორისტების ხელწერაც. თუ ადრე ტერორისტები ცდილობდნენ ტერაქტების განხორციელებისას მიეღწიათ იმისთვის, რომ მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო და ამასთანავე საზოგადოებისათვის ცნობილი გამხდარიყო ტერორისტული აქტის ჩამდენი ორგანიზაციის ვინაობა, დღეს ტერორისტები ცდილობენ მათმა დარტყმებმა გამოიწვიონ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი.
საშიშროება გამომდინარეობს არა უბრალოდ ტერორიზმისგან, არამედ ანტიდასავლური ტერორიზმისგან, რომელიც უკავშირდება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას. ეს საშიშროება საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ევროპის არსებობას. მართალია 11 სექტემბერს მთავარ სამიზნეს აშშ წარმოადგენდა, მაგრამ ეჭვგარეშეა რომ ,,ალ-ქაიდა“ გეგმავდა ანალოგიურ აქციებს ევროპის კონტინენტზეც.
11 სექტემბრის ტერორისტულ აქტს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ფართო გამოხმაურება და რეზონანსი მოჰყვა მთელ მსოფლიოში. ბრძოლამ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მაგალითად დიპლომატიურ ფრონტზე - გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუციები (1452, 1455, 1456, 1373, 1377, 1390.) რომლებიც ავალდებულებს 189 წევრ ქვეყანას აღკვეთოს ტერორისტული საქმიანობა, შეწყვიტოს მათი დახმარება და მართლმსაჯულებას წარუდგინოს ტერორიზმის სულისჩამდგმელები.
,,ეს რეზოლუციები უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რესურსებისა და თავშესაფრის უქონლობა ნიშნავს, რომ გასაქცევი არსადაა.“ თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაულმა.
1373 რეზოლუზიაში, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2001 წლის 28 სექტემბერს მკაცრადაა დაგმობილი 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რეზოლუციის თანახმად გაერო თავის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს დაბლოკოს იმ პირებისა და ორგანიზაციების ეკონომიკური რესურსები და ფინანსური სახსრები, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან ტერორისტული აქტების მომზადებაში და განხორციელებაში. აგრეთვე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აუკრძალონ თავიანთ მოქალაქეებს და ორგანიზაციებს თავისი ტერიტორიის გამოყენება იმ პიროვნებების მიერ, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული არიან ტერორისტულ საქმიანობაში. ქვეყნებმა ეფექტური სასაზღვრო კონტროლის საშუალებით მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილე პირების თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა.
ზემოაღნიშნული რეზოლუცია ავალდებულებს გაეროს წევრ ქვეყნებს მოხდეს ოპერატიული ინფორმაციის სწრაფი გაცვლა ტერორისტების მოქმედებებისა და გადაადგილების, იარაღის უკანონო ვაჭრობისა და ტერორისტების მიერ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე.
გაერო აუცილებლად მიიჩნევს ქვეყნების თანამშრომლობას, პირველ რიგში ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და მექანიზმების ჩარჩოებში, რომელთა მიზანს ტერორისტული თავდასხმების აღკვეთა წარმოადგენს.
რეზოლუციის თანახმად გაეროს წევრმა ქვეყნებმა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ, რომ ტერორისტული აქტების ჩამდენმა თუ ორგანიზატორმა პირებმა ბოროტად არ გამოიყენონ ლტოლვილის სტატუსი, რის საფუძველზეც შესაძლებელია დაბრკოლდეს მათი გადაცემა სხვა სახელმწიფოსათვის.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ საერთაშორისო ტერორიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული ნარკოტიკებითა და სხვადასხვა სახის იარაღით, მათ შორის მასობრივი განადგურების (ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური) იარაღით ვაჭრობასთან და აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფოთა შორის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის გაუმჯობესებას.
1373 რეზოლუციის 6 მუხლის თანახმად შეიქმნა კონტრტერორისტული კომიტეტი, რომელსაც დაევალა ზემოხსენებულ პრობლემებზე მუშაობა.
1377 რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა 2001 წლის 12 ნოემბერს აღნიშნულია, რომ ტერორისტული აქტები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ საერთაშორისო მშვიდობისათვის და უშიშროებისათვის 21-ე საუკუნეში. დაგმობილია ტერორისტული ქმედებები, მიუხედავად მათი მოტივების და მიზეზებისა. საერთაშორისო ტერორიზმი, ისევე როგორც ტერორისტული აქტების დაფინანსება, დაგეგმვა და მომზადება ეწინააღმდეგება გაეროს წესდების მიზნებს და პრინციპებს. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ტერორიზმი ემუქრება ხალხის უსაფრთხოებას, ყველა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და გლობალურ სტაბილურობასა და განვითარებას. რეზოლუციის თანახმად 21-ე საუკუნის ბოროტების წინააღმდეგ აუცილებელია ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მიდგომა, რაც ითვალისწინებს გაეროს წევრი ქვეყნების აქტიურ მონაწილეობას და თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გაერო მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს შეურთდნენ შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს და ოქმებს, რომელიც შეეხება ტერორიზმის პრობლემებს. ქვეყნებმა გადადგან სასწრაფო ნაბიჯები გაეროს 1373 რეზოლუციის განხორციელების მიზნით. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიესალმება პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა კონტრტერორისტული კომიტეტის მიერ.
1377 რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებს დასჭირდებათ დახმარება 1373 რეზოლუციის ყველა მოთხოვნის შესასრულებლად და სთხოვს მათ ინფორმაცია მიაწოდონ კონტრტერორისტულ კომიტეტს იმ სფეროების შესახებ, სადაც მათ დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ამ კონტექსტში გაეროს უშიშროების საბჭო სთავაზობს კონტრტერორისტულ კომიტეტს განიხილოს საერთაშორისო, რეგიონულ და სუბრეგიონულ ორგანიზაციებთან საკითხები, რომელიც გაუადვილებს მას დახმარების გზების მოძებნას გაეროს წევრი-სახელმწიფოებისთვის.
2003 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა 1456 რეზოლუცია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღნიშნულ რეზოლუციაში გამოთქვამს შეშფოთებას იმ ფაქტის გამო, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრის ალბათობა, და ამის გამო აუცილებლად მიიჩნევს გამკაცრდეს კონტროლი მასობრივი განადგურების იარაღზე.
აღნიშნული რეზოლუცია მოუწოდებს ქვეყნებს სრული დატვირთვით განახორციელონ სანქციები, რომელიც მიმართულია ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, კერძოდ ეს შეეხება ,,ალ-ქაიდას“ და მოძრაობა ,,თალიბანს“.
რეზოლუციის თანახმად კონტრტერორისტულმა კომიტეტმა უნდა გააქტიუროს თავისი ძალისხმევა, რათა წევრმა სახელმწიფოებმა შეასრულონ 1373 რეზოლუციის ყველა დებულება.
გაერო მოუწოდებს ქვეყნებს მოხსენებები წარუდგინონ კონტრტერორისტულ კომიტეტს გაწეული სამუშაოს შესახებ. ხოლო კონტრტერორისტულ კომიტეტს სთხოვს აღმოუჩინოს ქვეყნებს ტექნიკური თუ სხვა ნებისმიერი სახის დახმარება საერთო მიზნის მისაღწევად.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების შეფასება, რომელთა საშუალებითაც ისინი განახორციელებენ ეფექტურ საქმიანობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლთან.
რეზოლუციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რეგიონულმა და სუბრეგიონულმა ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ თანამშრომლობა კონტრტერორისტულ კომიტეტთან გამოცდილების გაცვლის მიზნით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
გაერო თავის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს თანამშრომლობისკენ, რათა კონსესუსის გზით მიღებულ იქნას ყოვლისმომცველი კონვენციის პროექტი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.
ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად აუცილებელია მისი ფინანსური წყაროების მოსპობა. 60-ზე მეტმა ქვეყანამ დაბლოკა და გაყინა ის აქტივები, რომლებითაც სხვადასხვა ქვეყნებში ფინანსდებოდნენ ტერორისტები. 31 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა (Financial Task Force) განსაკუთრებით აქტიური როლი ითამაშა ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამოვლენასა და აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ბრძოლაში.
ყოველი სახელმწიფო საკუთარ გამოცდილებას, მოსაზრებასა და განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვასაც კი სთავაზობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. მრავალფეროვნება და მოქნილობა ამ უპრეცედენტო კოალიციის ძალას წარმოადგენს. ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ერთობლივი მოქმედებების გარეშე, თითოეული სახელმწიფო მარტო აღმოჩნდებოდა ტერორიზმის საფრთხის წინაშე.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემას აქტიურად გამოეხმაურა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსიც. ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (ეაპს) სახელმწიფო მეთაურების 2002 წლის ნოემბრის სამიტზე პრაღაში (ჩეხეთი) დამტკიცდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა.
დოკუმენტის თანახმად, ეაპს-ის ქვეყნები, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 რეზოლუციის, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის უნივერსალური ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე წინ აღუდგებიან ტერორიზმის ყველანაირ გამოვლინებას.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს ალიანსსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას. მისი განხორციელება მოხდება ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ინდივიდუალური პარტნიორობის (IPP) და ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმების (IPAP) საფუძველზე.
დოკუმენტი ითვალისწინებს დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას, რათა მათ შეძლონ ახალ გამოწვევებთან ეფექტური ბრძოლა. ამისათვის, ინტენსიური ხასიათი მიეცემა პოლიტიკურ კონსულტაციებსა და ინფორმაციის გაცვლას, სადაც მოკავშირეები და პარტნიორი ქვეყნები რეგულარულად იმსჯელებენ ტერორიზმის სფეროში მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების თაობაზე.
დოკუმენტი ითვალისწინებს ეაპს-ის ფარგლებში ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის შესაბამისი მომზადების დონის ამაღლებას. ამისათვის დაგეგმილია: თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირება, თავდაცვის დაგეგმარების განვითარება, საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო მიმოსვლის მენეჯმენტი, ინფორმაციის გაცვლა, ვარჯიშებისა და წვრთნების ჩატარება და ზურგის სფეროში თანამშრომლობის განვითარება.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში მოცემულია პარტნიორების დახმარების სპეციალური მექანიზმები, როგორებიცაა: პოლიტიკურ-სამხედრო საკოორდინაციო კომიტეტის დაფუძნება, სადაც პარტნიორები წარადგენენ ინფორმაციას მათთვის ტერორიზმის წინაღმდეგ საბრძოლველად საჭირო კონკრეტული დახმარების თაობაზე; ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის“ დაარსება, რომელიც ძირითადად ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის იქნება გამიზნული. შეიქმნა აგრეთვე ე. წ. ,,მენტორული“ პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოცდილების გაზიარება.
* * *
2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ აუცილებელია ტერორიზმის პრობლემის და მისი გამომწვევი მიზეზების მასშტაბური და დეტალური შესწავლა. თუ ადრე ევროპა და აშშ გეოგრაფიულად იზოლირებულნი იყვნენ პოლიტიკურად არასტაბილური კერებისგან დღესდღეობით სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. 11 სექტემბრის ტერორისტული დარტყმა გახდა გარდამტეხი მომენტი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში.
დღესდღეობით ალბათობა იმისა, რომ ტერორისტების მიერ გამოყენებული იქნება მასობრივი განადგურების იარაღი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიდრე ,,ცივი ომის“ დროს. დღეისათვის ამ საფრთხესთან ბრძოლა წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანას. აქ აუცილებელია ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაეყრდნობა, არა მარტო სამხედრო ძალას, არამედ გამოიძებნება თანამშრომლობის ახალი ფორმები დიპლომატიის, ეკონომიკის, დაზვერვის და საბაჟო სფეროებში. ეს ნიშნავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ნორმების გამკაცრებას. ეს ნიშნავს ახალი ტრანსატლანტიკური სტრატეგიის შემუშავებას ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი რეგიონისათვის, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი. ეს ნიშნავს დასავლეთის გააქტიურებას, რათა განვითარდეს ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა და ჩამოყალიბდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, რის შედეგადაც ლიკვიდირებულ იქნება ზემოაღნიშნულ რეგიონში ნოყიერი ნიადაგი ტერორისტებისათვის.
![]() |
6 თურქეთი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: სტატუს ქვო და ახალი შესაძლებლობები |
▲back to top |
რეგიონი
თურქეთი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: სტატუს ქვო და ახალი შესაძლებლობები1
ივანე ნადაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთის სამმართველოს უფროსი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქემალისტური თურქეთის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემამ სერიოზული ცვლილება განიცადა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი რეგიონში შექმნილ ვითარებასთან.
სწორედ აღნიშნული პრიორიტეტებიდან გამომდინარე ავითარებდა ერთდროს ძლიერი ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური იმპერიის სამართალმემკვიდრე თურქეთი თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებთან.
წინამდებარე ნაშრომში ავტორი მოკრძალებით შეეცდება ისტორიულ ანალიზს დაუქვემდებაროს რეგიონის ქვეყნების ურთიერთობათა დინამიკა, ქვეყნებისა, რომლებიც ლინგვისტური და ეთნო-კონფესიური თვალსაზრისით ესოდენ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.2.
ეს ურთიერთობები შეგვიძლია დავყოთ სამ პერიოდად:
I. ურთიერთობები 1991 წლიდან 1994 წლამდე;
II. ურთიერთობები 1994 წლიდან 2000 წლამდე;
III. ურთიერთობები 2000 წლიდან დღემდე;
პირველი პერიოდი (1991-1994 წწ.)
წარმოდგენილი პერიოდი უნდა დავახასიათოთ, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ახლადწარმოქმნილი სუბიექტების პირველი შეხება საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემასთან. 1991-1994 წლები ხსენებული პოსტ-საბჭოური სივრცის ქვეყნების თანამედროვე ისტორიაში გამოირჩეოდა ძლიერი ქაოტურობით, საყოველთაო განუკითხაობითა და ანარქიით. სსრკ-ს ტოტალიტარული რეჟიმის კოლაფსის შედეგად აღნიშნულ გეოპოლიტიკურ სივრცეში თავი იჩინა ულტრამემარჯვენე მოძრაობის ფატალურმა პრეცედენტებმა და მწვავე ეთნო-კონფესიურმა კონფლიქტებმა. ხოლო, საქართველოს მაგალითზე ადგილი ჰქონდა სამოქალაქო დაპირისპირებასაც კი. აღნიშნული უმართავი პროცესები გრძელდებოდა 1993 წლის ბოლომდე.
მეორე პერიოდი (1994-2000 წწ.)
ეს პერიოდი სამხრეთ კავკასიის თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში ხასიათდება, როგორც ,,ახლადწარმოქმნილი სუვერენული ქვეყნების კონსოლიდაცია“. იგი სათავეს იღებს 1994 წლიდან და გრძელდება 1999 წლის ბოლომდე. ამ დროს, თურქეთის მრავალფეროვანი რეგიონალური ინიციატივების საფუძველზე, საფუძველი ეყრება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური კავშირების განვითარებას.
მესამე პერიოდი (2000 წლიდან დღემდე)
ზემოხსენებული პერიოდი, თურქეთის ცნობილი დიპლომატისა და საგანგებო ელჩის უნალ ჩევიქოზის განსაზღვრების თანახმად, შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც ,,ახალი შესაძლებლობების ეტაპი“, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალ შესაძლებლობებთან ერთად მასში მოიაზრება ის პოტენციური საფრთხე და რისკ-ფაქტორებიც, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს რეგიონის ქვეყნების ტოტალიტარულ-ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიისა და ლიბერალურ პრინციპებზე გარდამავალ პროცესს.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გადავიდეთ ჩვენი ანალიზის პირველ ეტაპზე და მოკლედ გადავავლოთ თვალი სამხრეთ -კავკასიის ქვეყნებისა და თურქეთის ურთიერთობებს 1991 წლიდან.
როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამმა სახელმწიფომ (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) მოიპოვა დამოუკიდებლობა, თურქეთმა ქვეყნის ახალი საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის თანახმად, დაუყოვნებლივ აღიარა მათი დამოუკიდებლობა, რითაც ფაქტიურად სისრულეში მოიყვანა დასავლეთის, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსის (NATO) ე. წ. ,,გაფართოების კონცეფცია“. ამასთანავე, აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ უკანასკნელის მიერ ხსენებული ქვეყნების სუვერენიტეტის აღიარების პროცესში ადგილი არ ჰქონია არავითარ დისკრიმინაციულ პოლიტიკას, მათ შორის სომხეთთან მიმართებაში.
ქემალისტური თურქეთის მსგავსი გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყნის მე-VIII პრეზიდენტმა თ. ოზალმა მისთვის ჩვეული პრაგმატიზმით დროულად განჭვრიტა თანამედროვე ევროპის პოლიტიკური რუკის მასშტაბები და მეზობლად განლაგებული რეგიონის გეოგრაფიული საზღვრების ცვალებადობა.
1991 წლამდე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსს თურქეთის სახით გააჩნდა საერთო სახელმწიფო საზღვარი ე. წ. ვარშავის სამხედრო-პოლიტიკური პაქტის ყველაზე აგრესიულ წევრთან - სსრკ-თან, რაც თავის მხრივ სავსებით ობიექტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა NATO-ს სტრატეგიული გაფართოების კონცეფციასთან და თავად ქემალისტური თურქეთის ე. წ. პან-თურქისტული დოქტრინის ძირითად პოსტულატებთან. ამდენად, ბი-პოლარული სამყაროს დაპირისპირების პერიოდში თურქეთი წარმატებით ასრულებდა შეკავების რგოლის ძირითადი ბასტიონის ფუნქციას და არაფერია საკვირველი იმაში, რომ მან და დასავლეთის სტრატეგებმა - სამხრეთ კავკასიისა თუ ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის აღიარებით პრაქტიკულად გააფართოვეს თავიანთი გეოპოლიტიკური ზეგავლენის სფერო, ხოლო ,,ველიკოდერჟავულ“ რუსეთს კი მაქსიმალურად შეუმცირეს ექსპანსიური ზრახვების განხორციელების არეალი, არამხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალური აზიისა და ბალკანეთის გეოპოლიტიკურ სივრცეშიც.
პირველი პერიოდის მანძილზე, 1991-1994 წლებში, ოფიციალური ანკარა ძალღონეს არ იშურებდა, რათა შეექმნა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით მაქსიმალურად ხელსაყრელი ნიადაგი. მან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთანავე დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები და დიპლომატიური წარმომადგენლობანი გახსნა ამ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, სომხეთთან არსებულ ცივ ურთიერთობებს მრავალი ანალიტიკოსი აფასებს, როგორც თურქეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის ფიასკოს.
აღნიშნული პოლიტიკური ნაბიჯების შემდეგ, თურქეთის ოფიციოზის წარმომადგენლების მიერ დღის წესრიგში დაისვა რეგიონალური ინტეგრაციისა და თანამშრომლობისაკენ მიმართული მრავალი ინიციატივა, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, ქვეყნის მე-VIII პრეზიდენტის თ. ოზალის იდეა ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (BSEC) ფორმირების შესახებ.
BSEC-ის ფორმირების პროცესში დამფუძნებელთა სტატუსით მონაწილეობის მისაღებად თურქეთმა მიიწვია სამივე სამხრეთ კავკასიული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი წარმოადგენენ ე. წ. Nukleus-ს3 აღნიშნული ნაბიჯით, ოფიციალურმა ანკარამ საყოველთაოდ დეკლარირებული საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის საპირისპიროდ, რომელიც ითვალისწინებს ეთნო-კონფესიური თვალსაზრისით მონათესავე აზერბაიჯანთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, თავიდან აიცილა ყოველგვარი დისკრიმინაცია სომხეთთან მიმართებაში, რასაც საკმაოდ მძიმე შეფასება მიეცემოდა იმპერიალისტური რუსეთის გეოპოლიტიკური სკოლების წარმომადგენელთა და პოლიტოლოგთა მიერ.
ხოლო, BSEC-ის დაფუძნებით რეგიონის მაკრო-ეკონომიკური სისტემაში გამოწვეული პოზიტიური ძვრები, ალბათ არავისში არ იწვევს ეჭვს.
თურქული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და ქვეყნის ეკონომიკური სისტემის არქიტექტორის თ. ოზალის ზემოთ წარმოდგენილი ინიციატივის შემდეგ, ქვეყნის ამჯერად მე-IX პრეზიდენტის ს. დემირელის მიერ დღის წესრიგში დაისვა რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული ე. წ. ,,კავკასიის სტაბილურობის პაქტის“ განხორციელების იდეა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს საკმაოდ აქტუალურ ხასიათს.
თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში გადადგმულ ესოდენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს მოჰყვა წმინდა სავაჭრო-ეკონომიკური შინაარსის ღონისძიებები, კერძოდ: ავიაკომპანია ,,თურქეთის ავიახაზებმა“ სტამბოლისა და ანკარის მეშვეობით დააკავშირა თბილისი და ბაქო დასავლეთ-ევროპული სივრცის ქვეყნებთან და აქტიურად შეუდგა საქმიანობას ზოგადად რეგიონის ქვეყნებში.
ამის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლების ეკონომიკური დატვირთვის მქონე მორიგ ინიციატივას, რომელიც აგრეთვე მიმართული იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ, წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიას, ცენტრალური აზიისა და ბალკანეთის რეგიონში ,,თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს“ (TIKA) დაარსება, რომლის მეშვეობითაც თურქეთმა ფაქტიურად გზა გაუხსნა თურქ ბიზნესმენებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს პოსტ-საბჭოურ სივრცეში მცირე და მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად. TIKA-ს წარმომადგენლობა შეძლებისდაგვარად ხელს უწყობდა ამა თუ იმ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ცენტრალიზებული გეგმური ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ მეტად მტკივნეულ პროცესში, საფუძველი ჩაუყარა მრავალი ეკონომიკური ხასიათის პროექტების განხორციელებას (მაგ.: იმერეთის მხარის სოციალ-ეკონომიკური აღორძინება, ცენტრალური აზიისა და ბალკანეთის ქვეყნებში ძველი ისტორიული ძეგლების აღდგენა და ა.შ).
მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმ არსებით გარემოებას, რომ პირველი პერიოდის მანძილზე (1991-1994 წლები) თურქეთი პრაქტიკულად მარტო აღმოჩნდა ხსენებულ რეგიონში მიტოვებული თავისი ტრადიციული მოკავშირეების ევროპისა და აშშ-ს მიერ, რომელთაც იმდროისათვის ფაქტიურად არ ჰქონდათ მკვეთრად განსაზღვრულ სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკა, რაც რაღა თქმა უნდა უფრო აძნელებდა დასახული ამოცანებისა და მიზნების სრულფასოვან განხორციელებას. ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნების მსგავსი უსუსურობით ბრწყინვალედ ისარგებლა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე - რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ამ დროის მანძილზე შეუდგა ე. წ. ,,რე-სოვეტიზაციის“ ეტაპობრივი გეგმის განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა კიდეც ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ ფორმირებით.
სწორედ ამიტომ ენიჭებოდა თურქეთის ხელისუფლების მიერ ესოდენ დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენს მიერ ზემოთ განხილული პირველი პერიოდის მანძილზე დასახული ამოცანების სისრულეში მოყვანას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 1993 წლის მეორე ნახევრიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და თურქეთის ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვალა.
დიდ ყურადღებას იმსახურებს 1993 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის მიერ ახალი მილიტარისტული დოქტრინისა და ე. წ. ,,ახლო საზღვარგარეთის“ კონცეფციის გამოცხადების ფაქტი, რომელმაც პრაქტიკულად გამოაღვიძა დასავლეთი. რუსეთის ამ გეოპოლიტიკური ნაბიჯის შედეგად, მრავალი პრიორიტეტი იქნა გადახალისებული ევროკავშირის ქვეყნების საგარეო-პოლიტიკურ დამოკიდებულებაში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონთან მიმართებაში. შეიცვალა თვით აშშ-ის ისტებლიშმენტის მიდგომაც აღნიშნული პრობლემატიკისადმი.
დასავლეთმა და NATO-მ დროის მცირე მონაკვეთში გაითავისა, რომ ,,ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო“ (NACC) აღმოჩნდა არაქმედითუნარიანი აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ევროპული გეოპოლიტიკური სკოლებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები 1994 წელს დადგნენ ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP)4. კონცეფციის პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობის წინაშე და ,,ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შემადგენლობაში“ შემავალმა ქვეყნებმა დაიწყეს PFP-ს ხელშეკრულებების ხელმოწერის პროცედურა NATO-სთან. ამას კი რა თქმა უნდა მოჰყვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში აღმოცენებული კონფლიქტების (სამაჩაბლო, აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი) კონსოლიდაცია-გაერთიანება ერთიან პოტენციურად საშიშ კერაში და თანამედროვე ევროპა დადგა მათი დარეგულირების აუცილებლობის წინაშე,
დღეისათვის, საქართველოსა და აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტები დასავლეთის მიერ გამოჩენილი აქტიური ძალისხმევის (გაერო, ეუთო) შედეგად გაყინულია.
ამავე პერიოდში საფუძველი ეყრება ე. წ. მინსკის პროცესის დასაწყისსა და ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პირველ რაუნდს.
აღნიშნული ისტორიული პროცესების განვითარების პარალელურად, რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო ჩეჩნეთის პირველმა სამხედრო კამპანია, მაგრამ ეს უკვე 1994 წლის მეორე ნახევარია.
ჩეჩნეთის კონფლიქტმა შეიძლება ითქვას, რომ ძირეული გარდატეხა შეიტანა თვით იმპერიალისტური რუსეთის პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში, ვინაიდან ტოტალიტარული საბჭოთა სისტემის პოლიტიკური კოლაფსის ნიადაგზე სამაჩაბლოში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში წარმოქმნილი შეიარაღებული დაპირისპირების ტენდენციამ ცხადყო, რომ მათ შეუძლიათ ჯაჭვური რეაქცია მოახდინონ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე, რაც თავის მხრივ პოტენციური საფრთხის წინაშე აყენებს თვით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.
წარმოდგენილი პოლიტიკური სურათის ფონზე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა მეტი ყურადღების გამოჩენა დაიწყო ჩვენი რეგიონისადმი. ხოლო, კასპიის ზღვის აუზის წინასწარმა ჰიდროკარბონატულმა შესწავლამ დაიწყო რეალური შედეგების მოტანა და აზერბაიჯანი უკვე 1994 წლიდან იწყებს კონტრაქტების ხელმოწერას საერთაშორისო ენერგეტიკულ და ნავთობკომპანიებთან ზემოხსენებული რესურსების დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირების მიზნით. ამის პარალელურად, დღის წესრიგში დგება ევრაზიული დერეფნის (TRACECA) ამოქმედების საკითხი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს 1994 წლიდან ჩვენს მიერ ზემოთ განხილული მეორე პერიოდის დასაწყისს. სამწუხაროდ, მეორე პერიოდი არ აღმოჩნდა იმდენად პროდუქტიული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების თვალსაზრისით, რამდენადაც მათი გარკვეული კონსერვაციით. ამ პერიოდის მანძილზე საერთაშორისო თანამეგობრობა და სამშვიდობო ინსტიტუტები ცდილობდნენ შეექმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი ნიადაგი კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად. მინსკის პროცესი ჩიხში შევიდა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა აღნიშნული კონფლიქტების გადაწყვეტის მიზნით, ახალი პოლიტიკური მექანიზმების შექმნა.
1999-2001 წლები გახლავთ ორმხრივი მოლაპარაკებების პერიოდი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის, რომლებიც ზემოხსენებული პერიოდის მანძილზე დაახ. 16-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2001 წელს მარტში აშშ-ის ფლორიდის შტატში ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც წარმოადგენდა მინსკის პროცესის გარკვეულ გაგრძელებას. 1999 წელს თურქეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ინიციატივით ქ. სტამბოლში გაიმართა ეუთო-ს (OSCE) სამიტი, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ფედერაციამ, პრეზიდენტ ბ. ელცინის ხელმძღვანელობით აიღო ისტორიული ვალდებულება საერაშორისო თანამეგობრობის წინაშე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო ბაზებისა და შენაერთების გაყვანის თაობაზე.
აღნიშნული პერიოდის მანძილზე, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ, მაქსიმალურად მიეპყროთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მეზობელი რეგიონისაკენ. მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა მეორე პერიოდი არ აღმოჩნდა პროდუქტიული სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონქფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, თურქეთის IX პრეზიდენტის ს. დემირელის მიერ 2000 წელს ქ. თბილისში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის დროს, დღის წესრიგში დაყენებულ იქნა ე. წ. ,,კავკასიის სტაბილურობის პაქტად“ მოხსენიებული ახალი რეგიონული ინიციატივა, რომელიც წარმოადგენდა სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის პაქტის (SECI) გარკვეულ მიბაძვას. დემირელის აღნიშნული ინიციატივა მიმართული იყო არაიმდენად რეგიონში მიმდინარე მწვავე ეთნო-კონფესიური დაპირისპირების მოგვარებისაკენ, რამდენადაც საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიური ჩართვისაკენ წარმოდგენილ პრობლემატიკაში.
ამ გეგმის ფარგლებში, თურქეთის ხელისუფლების მიერ მაქსიმალურად მოკლე დროში შემუშავებულ იქნა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან მიმდინარე თანამშომლობის განვითარება-გაფართოებისაკენ მიმართული მკვეთრად განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემა, რომელიც თავის მხრივ დღემდე ემყარება სამ ძირითად პრინციპს:
I. პოლიტიკური დიალოგის გაფართოება;
II. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება;
III. დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში.
სწორედ აღნიშნული სამი პრინციპის გატარება დაიწყო თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა მესამე პერიოდში.
1994-დან 1995 წლების შუალედში თურქეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიმართებაში წარმოებული საგარეო-პოლიტიკური ვექტორი უმთავრესწილად ემყარებოდა უმაღლესი დონის ორმხრივი და მრავალმხრივი ვიზიტებისა და კონსულტაციების პრინციპს, მაგრამ ხსენებული ვიზიტების ფარგლებში შეუძლებელი იყო ამა თუ იმ კონკრეტული რეგიონული საკითხის დეტალების თაობაზე შეთანხმების მიღწევა და საქმე მთავრდებოდა მხოლოდ ოფიციალური, მყარი დეკლარაციული ხასიათის განცხადებების გაკეთებითა და გადაწყვეტილებების მიღებით. აქედან გამომდინარე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღის წესრიგში დაისვა მეზობელი რეგიონის ქვეყნებთან ყოველწლიური პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის აუცილებლობის საკითხი (ავტორისაგან: საქართველოს მაგალითზე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კონსულტაციები ორ ქვეყანას შორის იმართება პერმანენტულად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ). დღეისათვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთს ჩატარებული აქვს პოლიტიკური კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი.
მეორე პრინციპი, რომელსაც ემყარება ჩვენთან მიმართებაში თურქეთის მიერ წარმოებული საგარეო-პოლიტიკური ვექტორი გახლავთ, როგორც უკვე აღინიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული მიზნის წარმატებით განსახორციელებლად თურქეთის ხელისუფლების მიერ წამოყენებულ იქნა ორმხრივი - სამთავრობათაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კომისიისა და გაფართოვებული ბიზნეს-საბჭოს დაარსების ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მხარეების მიერ პერმანენტულად განიხილება წმინდა ეკონომიკური ხასიათის საკითხები.
და ბოლოს მესამე მნიშვნელოვანი პრინციპი - თანამშრომლობის განვითარება უსაფრთხოების სფეროში. როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე საერთაშორისო ტერორიზმისა და სეპარატიზმის საფრთხე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს რეგიონის ზოგად პოლიტიკურ ლანდშაფტზე და პოტენციური საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნების სტაბილურობას. ამ მიზნით, ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით პერიოდულად იმართება შეხვედრები. მსგავსი ხასიათისა და შინაარსობრივი დატვირთვის სამიტი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით გაიმართა თურქეთის შავიზღვისპირეთის ქ. ტრაპიზონში 2001 წლის 30 აპრილს. ზემოხსენებული ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.
ზუსტი განსაზღვრება, რომ მიეცეს თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის დინამიკას აღსანიშნავია, რომ მესამე გეოპოლიტიკური პარადიგმის კონსტრუქციაზე მუშაობა დაწყებული 2000 წლიდან მიმდინარეობს ამ ეტაპზეც. ეს გახლავთ აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტიული ინიციატივების პერიოდი. მოდით, ყველამ ერთად გადავავლოთ თვალი იმ გლობალურ ეკონომიკურ პროექტებს, რომლბმაც თვალსაჩინო მომავალში უნდა უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. უწინარეს ყოვლისა ეს არის ენერგეტიკული დერეფანი, რომლის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზსადენი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შაჰდენიზის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება თურქეთის მიმართულებით. დღის წესრიგში უკანასკნელი წლების მანძილზე საკმაოდ აქტუალურად დგას თბილისი-ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი. რა თქმა უნდა, ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა, როგორიც არის თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, ძალზე ნელა მიმდინარეობს და ამ მიმართულებით პრაქტიკულად არავითარი პროგრესი არ შეიმჩნევა. მაგრამ 2003 წლის იანვარს გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე თურქეთის სახელმწიფო მინისტრთან ქურშად თუზმენთან აღინიშნა,öრომ მას სათანადო ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში რეალურად შეესხმება ხორცი.5. ამ მიზნით ორი ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ერთობლივი წინადადებით მიმართავენ დონორ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს კრედიტის გამოყოფის თაობაზე.
ამასთან ერთად, უაღრესად სერიოზულ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს საქართველოსა და თურქეთს შორის, რიგით მესამე სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტის გახსნის პროექტი, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია ე. წ. ჩილდირ-აქთაშისა (თურქ.)6. ანუ კარწახის (ქართ.) საბაჟოს სახელწოდებით. კარწახის საკითხი უკანასკნელი წლების მანძილზე აქტიურად განიხილება ორი ქვეყნის წარმომომადგენელთა შორის მიმდინარე შეხვედრებისა და ოფიციალური ვიზიტების დროს.çდღეისათვის, ჩილდირ-კარწახის გადასასვლელის ქართული მხარის მოწყობისა და გზის გაყვანის სამუშაოების დაწყების მიზნით თურქეთის ყოფილიıპრემიერ-მინისტრის, ბულენთ ეჯევითის განკარგულების შესაბამისად, განიხილება 10 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფის საკითხი, რაც კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული 2003 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბ-ნი ა. ჯორბენაძის ოფიციალური ვიზიტის დროს.
გარდა ამისაöორი ქვეყნის ხელმძღვანლობის მიერ განიხილება ფოთისა და რიზეს წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის7 მეშვეობით დაკავშირების საკითხი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს გლობალური ტრანსევრაზიული საკაბელო სისტემის (TAE) შემადგენელ ნაწილს.
ამდენად, ზემოთწარმოდგენილი ერთობლივი პროექტების ეტაპობრივი განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია ვისაუბროთ მესამე პერიოდის წარმატებულ დასრულებაზეც კი, რომელიც თვისობრივად ახალ განზომილებაში და კეთილმეზობლური ურთიერთობების სიბრტყეში აიყვანს ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს.
__________________
1. აზერბაიჯანში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მისი აღმატებულება უნალ ჩევიქოზის მოხსენების მიხედვით
2. სუნიტური ისლამის მიმდევარი თურქეთი, მართლმადიდებლური საქართველო, შიიტური აზერბაიჯანი და გრიგორიანული სომხეთი;
3. Nukleus - იგივეა, რაც ,,Hinterland“-ი, გეოპოლიტიკური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ,,სანაპიროებიდან დაშორებულ შიდა რეგიონებს“.
4. Partnership for Peace.
5. 2003 წლის იანვარი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავ. ჯორბენაძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა თურქეთის სახელმწიფო მინისტრთან ქურშად თუზმენთან.
6. Çıldır-Aktaş Sınır Kahısı
7. ფოთი-რიზეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემის (ღირებულება შეადგენს 8 მლნ. აშშ დოლარს, რომელიც მხარეთა მიერ წილობრივად უნდა იქნას დაფარული) პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპა-აზიის სატრანსპორტო მაგისტრალის სრულფასოვნად ამოქმედების თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტით დაინტერესებული არიან არა მხოლოდ თურქეთი და საქართველო, არამედ აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებიც. ფოთი-რიზეს მაგისტრალი განიხილება, როგორც ტრანს-აზია-ევროპის (TAE) მაგისტრალის შემადგენელი ნაწილი და კარგი ალტერნატივა აღნიშნული პროექტის იმ მონაკვეთისა, რომელიც აკავშირებს ფოთს სოჭი-ნოვოროსიისკთან წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. თურქეთის ქ. რიზედან უკვე არსებობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა გაყვანილობა ანკარისა და სტამბოლის მიმართულებით, ევროპის გლობალურ სატელეკომუნიკაციო სისტემაში შემდგომი ჩართვით;
![]() |
7 წყალი და მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში -კონფრონტაცია თუ თანამშრომლობა? |
▲back to top |
ახლო აღმოსავლეთი
შალვა დათიაშვილი
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები თვალნათლივ მიანიშნებს წყლის წილის შემცირებას რეგიონში მცხოვრებ თითეულ მოსახლეზე. ნათელია ის ფაქტიც, რომ ამოწურულია რეგიონის იაფი წყლით მომარაგების შესაძლებლობები. ისრაელში, იორდანიაში, დასავლეთ ნაპირზე და ღაზას სექტორში დაფიქსირებულია ერთ სულ მოსახლეზე წყლის წილის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც ყოველწლიურად მცირდება მოსახლეობის ზრდასთან ერთად. აქედან გამომდინარე, წყლის პრობლემა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში პრიორიტეტული პრობლემა ხდება.
ამ პრობლემის გადაწყვეტის სფეროში გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებები ისრაელსა და პალესტინას შორის, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს პალესტინის პრობლემის გადაჭრისა და რეგიონში ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებისათვის აუცილებელ პირობას.
ისრაელსა და არაბებს შორის მრავალმხრივი მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, წყლის რესურსების სამართლიანი გადანაწილების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. მოსახლეობისა და ცხოვრების დონის სტანდარტების პერმამენტული ზრდა რაც შეიძლება მეტი რაოდენობის წყლის გამოყენებას მოითხოვს. უკანასკნელი მოთხოვნის დაუკმაყოფილებამ კი შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურება ახლო აღმოსავლეთში.
პალესტინის არაბული მოასახლეობის ზრდა დასავლეთ ნაპირზე წლიურად 3%-ია, ღაზას სექტორში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ისრაელის მოსახლეობის ნამატი იყო 2%. 1991 წლიდან ეს ციფრი 2,3%-ს მიუახლოვდა, რაც განპირობებულია ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებიდან ემიგრანტების მოზღვავებით. იორდანიაში მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელია 3,4%. ამას დაემატა 300.000 იორდანელი მუშახელის გამოდევნა ყურის ქვეყნებიდან, რაც განაპირობა იორდანიის მიერ ქუვეითის წინააღმდეგ სადამ ჰუსეინისთვის მხარდაჭერამ. ამის გამო იორდანიის მოსახლეობა 10%-ით გაიზარდა. სირიის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელია 3,8%, ლიბანისა - 2,1%. ამ მონაცემების გათვალისწინებით, რეგიონის მოსახლეობა ყოველ 20-25 წელიწადში ორმაგდება.
სპეციალისტები გარკვეულ ოპტიმიზმს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ მოსახლეობის ზრდა, რომელიც განპირობებული იყო იორდანიაში ყურის ქვეყნებიდან იორდანელების გაძევებით და ისრაელში ემიგრანტების მოზღვავებით, შენელდება. თუმცა აქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს შემცირება არ არის საკმარისი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პალესტინელებსაც გააჩნიათ უკან დაბრუნების უფლება მომავალში. თუ უგულებელვყოფთ პალესტინელების დაბრუნების ფაქტს, ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარებული წყლის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე წლიურად იქნება 100 მ3. აქედან გამომდინარე, პალესტინელები, იორდანელები, სირიელები და ლიბანელები, რომლებიც მდ. იორდანეს აუზში ცხოვრობენ, უახლოეს ორ ათწლეულში დარჩებიან სასმელი წყლის გარეშე.
იმ შემთხვევაში თუ არ მოხერხდა მშვიდობის დამყარება რეგიონში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მთავრობები იძულებულები გახდებიან შეიმუშაონ ისეთი ცალმხრივი გეგმები, რომლებიც გაზრდიან წყლის მოხმარებას. ამ გეგმებს კვლავ საერთო ფინალი ექნებათ: უზარმაზარი კაშხლების აგება მეზობელი ქვეყნების ინტერესების გაუთვალისწინებლად, რაც ზიანს მიაყენებს წყლის საერთო ხარისხს. ამასთან, წყლის დეფიციტის მიზეზად კვლავ დაასახელებენ მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის სწრაფ ზრდას, გვალვებს და სხვა.
სწრაფი განვითარების გამო მდ. იორდანეს აუზში წყლის რესურსები სრულად არის ათვისებული და შეუძლებელია ერთი სახელმწიფოს მიერ წყლის გამოყენების გაზრდამ ზარალი არ მიაყენოს მეორე ქვეყანას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამჟამად რეგიონში აღარ არსებობს ,,ზედმეტი წყლის“ რესურსები, რომლებიც ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ განვითარების სამომავლო გეგმები.
დასავლეთის მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ არსებობს ,,ზედმეტი წყლის“ მოძიების ორი გზა: პირველი - რეგიონის ქვეყნებმა უნდა განახორციელონ საკვები პროდუქტების უფრო ფართომაშტაბიანი იმპორტი, რაც შეამცირებს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რაოდენობას. ელექტროენერგიის ნაცვლად შესაძლებელია გაზის და ნავთობის გამოყენება, რითაც შემცირდება რეზერვუარებიდან წყლის აორთქლების მაჩვენებლი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობა სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს, მისთვის ძნელია სოფლის მეურნეობის სექტორის და მასში გამოყენებული წყლის მოცულობის შეზღუდვა. მეორე -წყლის რესურსების უფრო ეფექტურად და უდანაკარგო გამოყენება ფერმებში, სახლებსა და საწარმოებში, ასევე გამოყენებული წყლის გაფილტვრის ტექნოლოგიების დანერგვა.
ამჟამად წყლის ერთადერთი რესურსი მდ. იორდანეს აუზში, რომელიც სრულად არ არის გამოყენებული, მდ. იარმუქია. სირიის მხარე ცალმხრივად განაგრძობს წყლების ათვისებას მცირე კაშხლების მეშვეობით, რაშიც მას ხელს უწყობს ბუნებრივი გეოგრაფიული პირობები. ამასთან, მისი ქმედებით უგულებელყოფილია იორდანიისა და ისრაელის კანონიერი უფლებები. ამ მდინარის სრულფასოვანი და სამართლებრივი ათვისებისათვის აუცილებელია სამმხრივი ხელშეკრულების დადება სირია-იორდანია-ისრაელს შორის, რომელშიც აისახება ისრაელის კანონიერი უფლებები და ამასთან, იორდანია მიიღებს მისთვის განკუთვნილ წილს. მდ. იარმუქზე ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მხოლოდ სირია-ისრაელის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების დადების შემდეგ, ეს კი არცთუ ახლო მომავლის პერსპექტივაა. პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, იარმუქი შეიძლება გახდეს, როგორც თანამშრომლობის, ისე ომის მიზეზიც.
რეგიონში წყლის კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ისრაელსა და იორდანიას შორის შეთანხმების მიღწევაა, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული მდ. იორდანეს ათვისების საკითხები. ამით იორდანია მიიღებს 150-200 მლნ კუბ. მ-ით მეტ წყალს ე.ი. მისი წყლით მომარაგება გაიზრდება 20-25%-ით. არსებულ პერიოდში იორდანელები ისრაელთან თანამშრომლობენ 90-იან წლებში დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მაგრამ მასში არ არის გათვალისწინებული სამომავლო კონკრეტული გეგმები, რომლებშიც ასახული იქნებოდა ორი ქვეყნის წყლით მომარაგების გაუმჯობესება. დადებულ ხელშეკრულებებში არ იხსენიება ალ-ვაჰდას კაშხლის მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პირობების სანაცვლოდ ისრაელი არ იქნება მისი მშენებლობის წინააღმდეგი. იმ შემთხვევაში, თუ სრული მასშტაბით განხორციელდება იორდანია-ისრაელის თანამშრომლობა, მაშინ მათ პროექტებში უნდა იქნეს ჩართული სირია, ან მაქსიმალურად მაინც უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი უფლებები და საჭიროებები. სხვაგვარად, სირიას, როგორც მდინარის ზემო დინების ქვეყანას, შეუძლია ჩაშალოს ან დიდი ზიანი მიაყენოს მათ გეგმებს, რაც ქვეყნებს ახალი ომის წამოწყებისაკენ უბიძგებს. ალ-ვაჰდას კაშხლის მშენებლობით (იორდანიის ტერიტორიაზე) შესაძლებელი გახდება ტიბერიადის ტბის დონის გაკონტროლება, რის გამოც ამ სფეროში თანამშრომლობას შეიძლება გამოუჩნდეს მძლავრი ოპოზიცია ისრაელში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ისრაელში, მისი შექმნის დღიდან, მეზობელი არაბული ქვეყნის საზღვრებთან სიახლოვეს უფრთხიან ისეთი ნაგებობის აგებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ზეგავლენის მოხდენა ქვეყნის შიგნით არსებული უდიდესი მტკნარი წყლის წყალსაცავზე.
გარდა ამისა, ისრაელ-იორდანიის საზღვარზე რამდენიმე კაშხლის აგების შესაძლებლობაა. ეს კაშხლები ხელს შეუწყობენ წყლების გამტკნარების ოპერაციებს. იორდანელები განაგრძობენ თავიანთი გეგმების განხორციელებას, რაც გამოიხატება მის ტერიტორიაზე მდ. იორდანეს აღმოსავლეთ ვადიანებზე (შენაკადებზე) არსებული კაშხლების მოცულობის გაზრდაში. ეს პროექტი ხელს შეუწყობს იორდანიის წყლით მომარაგებას ნალექიანი წლების დროს, როდესაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი წყლის კარგვა. იორდანელი სპეციალისტების აზრით, ეს პროექტი ყოველწლიურად რეზერვაციას გაუკეთებს 350 მლნ მ3 წყალს.
ისრაელ-იორდანიას შორის პოტენციური თანამშრომლობის გეგმად, შესაძლოა, მოიაზრებოდეს მკვდარი ზღვა-მეწამული ზღვის დამაკავშირებელი არხის მშენებლობა. მისი განხორციელება ორივე სახელმწიფოს ინტერესების სფეროშია და ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
რაც შეეხება ისრაელს, მას 1967 წლის საზღვრებში არსებული წყლის რესურსები სრულად აქვს ათვისებული. დასავლეთი ნაპირის გრუნტის წყლებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ერთი რამ ითქვას: ისრაელისათვის დიდი დარტყმა არ იქნება მისი აღმოსავლეთ აუზის პალესტინისათვის გადაცემა. ჩრდილო-დასავლეთ აუზებთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა. იმ შემთხვევაში, თუ პალესტინელებს სამშვიდობო ხელშეკრულებით გადაეცემა ეს აუზები, მათ მიერ მოხმარებული ყოველი წვეთი მნიშვნელოვნად აისახება ისრაელის წყლით მომარაგების ბალანსზე.
ისრაელ-პალესტინას შორის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს პალესტინელების პრეტენზიები და მოთხოვნები, რომლებსაც ისინი უყენებენ ისრაელს დასავლეთ ნაპირის წყლის რესურსების გამოყენების სფეროში. პალესტინელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ებრაელები გადაჭარბებული რაოდენობით იყენებენ დასავლეთ ნაპირის გრუნტის წყლებს, რაც საფრთხის წინაშე აყენებს პალესტინელთა წილს. პალესტინელები რუსეთს და სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ შეზღუდონ ებრაელთა მასიური ემიგრაცია, რაც საფრთხეს უქმნის წყლის რესურსებს. პალესტინელები პრეტენზიას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციამ გაყინა პალესტინელებისათვის გამოყოფილი წყლის წილები და ამასთან არასაკმარისი რაოდენობით ამარაგებს პალესტინის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგებს. პალესტინელთა მტკიცებით, ისრაელმა მათ ტერიტორიაზე დაამონტაჟა ახალი წყლის გაყვანილობები და ამარაგებს ახალ ებრაულ დასახლებებს.
პალესტინელები ამტკიცებენ, რომ ებრაელთა მიერ ღრმა ჭების ამოღებით დაშრა მცირე ზომის მდინარეები და პალესტინელების მცირე ზომის ჭები, რომლებსაც იყენებდნენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ღაზას სექტორში ამგვარმა ქმედებამ გრუნტის წყლების დაბინძურება გამოიწვია. პალესტინელთა განცხადებით დიდია იმ წყლის ფასი, რომლითაც ისრაელის ხელისუფლება ამარაგებს პალესტინის ავტონომიას. ამით ისრაელს კონტროლის ახალი საშუალება უჩნდება პალესტინელებზე. პალესტინელები სამომავლო ხელშეკრულებებში ისრაელს პირობის სახით წაუყენებენ ამოღებული ჭების სიღრმის შეზღუდვას, რათა ზიანი არ მიადგეს პალესტინის გრუნტის წყლებს. პალესტინელები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული ახალი პროექტები, კერძოდ: ახალი რეზერვუარების, გადამრთველი არხებისა და სხვა შენობების აგება მიმდინარეობს ებრაელთა დასახლებებში. პალესტინელები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიღწეულ იქნება ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულება და მოხდება პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მისთვის გამოყოფილი წყლის რესურსი აღარ იქნება საკმარისი ქვეყნის განვითარებისათვის. ამასთან, თუ პალესტინელები განახორციელებენ წყლის იმპორტს იორდანიიდან, ისრაელის ხელში აღმოჩნდება პოლიტიკური და პრაქტიკული კონტროლი. და ბოლოს პალესტინელების სურვილია, რომ მათი წყლების მართვის სადავეები გადავიდეს პალესტინიის ავტონომიის ადმინისტრაციის ხელში.
პალესტინელთა მოთხოვნებისა და პრეტენზიების ფონზე ებრაელებსაც გააჩნიათ კონტრარგუმენტები რომლებიც გათვალისწინებულნი უნდა იქნეს სამომავლო ხელშეკრულებაში. ისრაელი მოითხოვს:
1. აღიარონ მისი ისტორიული და მდინარისპირა უფლებები დასავლეთ ნაპირის გრუნტის წყლებზე, რომელთა უმრავლესობის ბუნებრივი ნაკადი მიემართება მისი ტერიტორიისაკენ. ამასთან, მათი ათვისების სამუშაოები განხორციელებულ იქნა ისრაელის მიერ.
2. ისრაელი შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პალესტინელები შექმნიან სახელმწიფოს, ისინი დასავლეთი ნაპირის წყლებს გამოიყენებენ მხოლოდ საკუთარი მიზნებისათვის. ამასთან ებრაელები დარწმუნებულები არიან, რომ მომავალში პალესტინელების მიერ გადამეტებული წყლის ამოტუმბვა დააბინძურებს სასმელი წყლის ხარისხს. ეს ნიშნავს ისრაელის წყლით მომარაგების შემცირებას 300 მლნ მ3-ით, რაც 3 მლნ. მოსახლეს დატოვებს სასმელი წყლის გარეშე. ამის გამო, ისრაელს სურს სამომავლო ხელშეკრულებაში ჩადებულ იქნეს გრუნტის წყლების ათვისების საერთო კონცეფცია.
3. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აუნაზღაურებელი ზიანი მიადგება საერთაშორისო გრუნტის წყლებს და მათ გამოსაყენებლად უვარგისს გახდის. 1990 წ. 10 აგვისტოს ისრაელის შეიარაღებული ძალების რეზერვის გენერალმა რაფიელ ეითანმა, ყოფილმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ებრაულ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განაცხადა, რომ ისრაელს არ შეუძლია ხელიდან გაუშვას ოკუპირებული ტერიტორიების წყლის რესურსები, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ქვეყნისათვის აუცილებელი წყლის რესურსების დამცავ რეზერვებს.
4. ებრაელები პალესტინელების მიერ გადაჭარბებული წყლის მოხმარებას დასავლეთ ნაპირზე უკავშირებენ მათ დაბინძურებას, რაც საზიანოა ორივე მხარისათვის. ისრაელი მოითხოვს მასთან შეათანხმონ ამოსაღები წყლის რაოდენობა.
5. პალესტინელები აცხადებენ, რომ არაბებს მიეწოდებათ შესაბამისი წყლის რაოდენობა მათ მიერ აგებული წყლის მილსადენით. 1967 წ. შემდეგ პალესტინელებს ნება დაერთოთ ამოეღოთ 40 ახალი ჭა. ამასთან, ისრაელი მათ ამარაგებს ეროვნული წყლის კარიერის მეშვეობით. 1967 წ. ისრაელმა გაზარდა წყლის მიწოდება ერთ სულზე. რაც შეეხება ღაზას სექტორს, ამ რაიონში დაბინძურებული გრუნტის წყლების მიზეზი, ისრაელის მტკიცებით, არაბების მიერ გრუნტის წყლების გადაჭარბებული რაოდენობით ამოტუმბვაა. პალესტინელთა მცირე ზომის ჭებისა და მდინარეების დაშრობის ფაქტად ებრაელები ასახელებენ 1988-1991 წლების გვალვებს.
ისრაელ-პალესტინის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაში აუცილებელია ორივე მხარის მოთხოვნილებების გათვალისწინება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მშვიდობის დამყარება ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა კი ქვეყნებს მისცემს თანამშრომლობის განვითარების საშუალებას. რაც შეეხება ლიბან-ისრაელის ურთიერთობების პერსპექტივებს წყლის რესურსების სფეროში, აქ შემდეგი სურათია. 2000 წლის ივნისში ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის დატოვება არ ნიშნავს ორ ქვეყნას შორის მშვიდობის დამყარებას. ლიბანის ტერიტორიაზე არსებული გამოუყენებელი წყლების არჩართვა სამომავლო საერთორეგიონულ გეგმებში საბოლოოდ გამოიწვევს ღია აგრესიას ლიბანის მიმართ, რისი მიზანიც ლიბანის წყლის რესურსების ხელში ჩაგდება იქნება. (ამის ნათელი მაგალითია 2002 წლის ისრაელ-ლიბანის მწვავე დაპირისპირება მდ. ჰასბანის თაობაზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ რაც ლიბანმა განიზრახა მდინარეზე წყალსაქაჩი სადგურის მშენებლობა) აგრესორად შეიძლება მოგვევლინოს როგორც ისრაელი, ისე სირია, რომლის ჯარების დიდი კონტიგენტი ლიბანშია განლაგებული.
რეგიონული თანამშრომლობის პოტენციურ გეგმად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მდ. ლიტანის წყალდიდობის წყლების გადაშვება მდ. იორდანეს აუზში. ეს წყლები ამჟამად უქმად ჩაედინება ზღვაში. სხვა გეგმების მსგავსად ამ გეგმის განხორციელება შესაძლებელია რეგიონში სრულმასშტაბიანი მშვიდობის დამყარების შემდეგ. ამ ოპერაციის განხორციელებით რეგიონი მიიღებს დამატებით 50-200 მლნ მ3 წყალს.
აქვე შეიძლება დავასაბუთოთ იმის შესაძლებლობაც, რომ მომავალში წყლის პრობლემა შეიძლება გახდეს დაპირისპირების ერთ-ერთი საგანი არა მარტო ისრაელ-არაბებს, არამედ თვით არაბულ ქვეყნებს შორისაც. ასე მაგალითად, იორდანიაში, ქ. ამანისა და მისი მოსაზღვრე დასახლებების წყლით მომარაგების განვითარებისათვის იორდანიას კადისის გრუნტის წყლების ათვისების დიდი იმედი აქვს, რომელიც მდებარეობს იორდანია-საუდის არაბეთის საზღვრის რაიონში. ამ სფეროში ერთმანეთს ეჯახება ორი არაბული ქვეყნის ინტერესები. გრუნტის წყლების ნაკლია ის, რომ ისინი დიდი მანძილით - დაახლოებით 800 კმ-ით არიან დაშორებულნი ამანიდან. დიდ დაბრკოლებს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს რაიმე შეთანხმება, რომელიც დაადგენდა თითეული ქვეყნის წყლის წილს. ეს რეგიონი ახლო მომავალში შეიძლება ახალი დაპირისპირების ასპარეზად გადაიქცეს.
წყლის რესურსები შეიძლება დაპირისპირების საგნად იქცეს ლიბანსა და სირიას შორის. 1991 წ. სირია-ლიბანს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებში შეტანილ იქნა მდ. ორონტისა და მდ. ან-ნაჰრ ალ-ქაბირის საკითხი. დამასკოს განაცხადებით, ეს მდინარეები წარმოადგენენ არაბულ სამყაროს მდინარეებს და ორივე ქვეყანისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე წყლის რესურსებია. ამის გამო, კაშხლის აგებით მოგებული დარჩება ორივე მხარე. 1993-1994 წლებში სირიასა და ლიბანს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, რომელებიც ეხებოდა ორი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებს, ხაზგასმული იყო სირიის მხარის ინტერესები ლიბანის ისეთი მდინარეების მიმართ, როგორიცაა ლიტანი და ორონტი.
1994 წ. 20 სექტემბერს სირიასა და ლიბანს შორის დადებული ხელშეკრულებით ორონტის წყლების გაყოფის თაობაზე, ლიბანს რჩებოდა ამ მდინარის წყლების 20% - მათ შორის მდინარის სიახლოვეს არსებული ჭები ან სხვა სახის ნაგებობებით მოპოვებული წყლები. ეს მაშინ, როდესაც 1950 წ. ლიბანური მონაცემებით, ლიბანი იყენებდა ამ მდინარის 40%-ს. აქ უეჭველად ვაწყდებით ორ არაბულ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო წყლის რესურსების არასამართლებრივი გადანაწილების ფაქტთან. ეს ხელშეკრულება დადებულ იქნა არასამართლებრივ ბაზაზე, რასაც მხარს უმაგრებს ერთი ქვეყნის - სირიის სამხედრო ძალა და მისი ჯარების არსებობა ლიბანის ტერიტორიაზე. ახლო მომავალში ამ მდინარის წყლების გადანაწილების სამართლებრივი საკითხი შესაძლოა დაპირისპირების საგნად იქცეს.
მდ. ორონტის სამართლებრივი გადანაწილების გზით მიღებული წყლის მოცულობა სირიას შესაძლებლობას მისცემს უფრო მოქნილი პოლიტიკა გაატაროს სამხრეთში, კერძოდ მდ. იარმუქის აუზში. ეს მისი მხრიდან იქნება წინ გადაგმული ნაბიჯი რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
ხელშეკრულების არდადების შემთხვევაში სირია-იორდანიას შორის დაპირისპირების საგნად შეიძლება იქცეს მდ. იარმუქის წყლების გადანაწილება.
ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის წარმატებით დასრულება შეუძლებელია სირია-ისრაელის სამშვიდობო ხელშეკრულების გარეშე, რაც თავის მხრივ მოითხოვს ორ ქვეყანას შორის წყლის რესურსების პრობლემის გადაჭრას.
დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემთხვევაში მდ. იორდანეს გამოუჩნდება კიდევ ერთი კანონიერი მფლობელი. ამის გამო აუცილებელი გახდება ხელშეკრულების დადება პალესტინასა და იორდანიას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში არაბული ერთიანობის განუხორციელებელ იდეას კიდევ ერთი ბზარი გაუჩნდება - ამჯერად საერთაშორისო წყლის რესურსების გადანაწილების მიზეზით.
სამომავლოდ რეგიონში წყლის კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს წყლის ტრანზიტი მოსაზღვრე რეგიონებიდან. ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა, რაც ნაყოფიერ ნიადაგს შეუქმნის მშვიდობის დამყარებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, დააფიქსირა შიმონ პერესმა თავის წიგნში ,,ახალი ახლო აღმოსავლეთი”.
1979 წელს, კემპ-დევიდის ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეზიდენტმა ანვარ სადათმა ისრაელს შესთავაზა ნილოსის წყლების მიყიდვა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი გარიგება სასიკეთოდ აისახებოდა სამშვიდობო პროცესზე. მოგვიანებით ამ იდეას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები სუდანის ისლამური მთავრობისა და ეთიოპიის მთავრობის სახით. ამჟამად ეგვიპტის პრესაში ასეთ იდეას ნეგატიურ შეფასებას აძლევენ.
80-იან წლების დასაწყისში იორდანიაში დაიწყეს ფიქრი ერაყიდან ამანში 160 მლნ მ3 წყლის გადატუმბვაზე. ამ იდეის განხორციელებას ხელი შეუშალა ტრანსპორტირებული წყლის ფასმა - 1 ლიტრი - 2 დოლარი და 1982 წ. ევფრატიდან ერაყის წყლის წილის საგრძნობლად შემცირებამ, რაც თავის მხრივ, თურქეთის მხარის მიერ მისი წყლების ჭარბმა გამოყენებამ გამოიწვია.1.
წყლის კრიზისის გადაჭრისა და მშვიდობის დამყარების გარანტად შეიძლება ქცეულიყო 1987 წელს თურქეთის იდეა ,,მშვიდობის წყალსადენის" მშენებლობის შესახებ. მას უნდა გაევლო რეგიონის ყველა ქვეყანაში და დაემყარებოდა ეკონომიკურ საფუძვლებს და არა სტრატეგიულ უსაფრთხოებას. ეს გეგმა თურქეთმა განსახილველად გაუგზავნა ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევის ცენტრს. მასში ნავარაუდები იყო ჭარბი წყლების გატარება ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან ამ რესურსის ნაკლებობას.
ამ პროექტის პირველი გეგმა განიხილავდა ორ მთავარ მილსადენს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით. აღმოსავლეთის მილსადენს თურქეთიდან უნდა გაევლო ერაყი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და გადასულიყო ომანში. დასავლეთის მიმართულებით ის თურქეთიდან გაივლიდა სირიაში, ისრაელში, დასავლეთ ნაპირზე, საიდანაც გადავიდოდა იორდანიაში და დასრულდებოდა საუდის არაბეთში.
თურქეთის პრეზიდენტის თ. ოზალის ძალისხმევის მიუხედავად, რეგიონის ქვეყნები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ ამ წინადადებას. არაბულ ქვეყნებს ეშინოდათ, რომ ამ გეგმის განხორციელებით ისინი დამოკიდებულნი აღმოჩნდებოდნენ თურქეთზე. ამასთან, საუდის არაბეთი დამოკიდებული აღმოჩნდებოდა არა მარტო თურქეთზე, არამედ სირიაზე, ისრაელზე და იორდანიაზე. ეს ფაქტი აშინებდა სხვა არაბულ ქვეყნებსაც.
თავდაპირველი გათვლებით პროექტის საწყისი ფასი იყო 2 მლრდ დოლარი. საწყისი ეტაპი დაფინანსდებოდა 2,1 მლნ დოლარით. ამერიკელი ექსპერტების გათვლებით, ტრანსპორტირებული წყლის ფასი ყურის ქვეყნებში გამტკნარებული წყლის ფასზე იაფი იქნებოდა (1 კუბ.მ გამტკნარებული წყლის ფასია 5 დოლარი, ტრანსპორტირებული წყლისა - მხოლოდ 0,1 დოლარი).
პროექტის მთავარი ნაკლი ის იყო, რომ მის განხორციელებას სჭირდებოდა 10 წელი. ამ პერიოდში წყალზე მზარდი მოთხოვნილება აიძულებდა რეგიონის ქვეყნებს აეგოთ წყლის გამამტკნარებელი ქარხნები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს ურჩევნიათ ასეთი ქარხნების აგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამტკნარებული წყალი 5-ჯერ ძვირი იქნება. მათთვის ეს არის ფასი, რომელსაც გადაიხდიან დამოუკიდებლობისათვის. მათი ამგვარი პოზიციის გამო ჩაიშალა ამ პროექტის განხორციელება და ამით მთავარი დაზარალებულნი გამოვიდნენ მდ. იორდანეს აუზის ქვეყნები.
90-იან წლებში ისრაელმა წამოაყენა მცირე თურქული მილსადენის პროექტი, რომლითაც მომარაგდებოდა იორდანია, პალესტინა და ისრაელი. მასში აღარ იყო შეტანილი არაბეთის ნახევარკუნძული.2. ისრაელი ფიქრობს, რომ წყლით მომარაგება გაიუმჯობესოს თურქეთის წყლების ტრანსპორტირებით, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა არაბულ ქვეყნებთან და კერძოდ, სირიასთან.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში წარმოიქმნებოდა კიდევ ერთი პრობლემა: კერძოდ დღევანდელი განვითარების ტემპებიდან გამომდინარე 2025 წლისათვის თვითონ თურქეთი დადგება წყლის რესურსების პრობლემის წინაშე, რაც საბოლოოდ ,,მშვიდობის წყალსადენის“ სიცოცხლისუნარიანობას საეჭვოს გახდიდა.
* * *
პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად, პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროექტებში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თავისი წყლის რესურსების ახლო აღმოსავლეთში ტარნსპორტირებით, რაც, თავის მხრივ, დამატებით პოზიტიურ იმპულსს მისცემს ახლო აღმოსავლეთის წყლის რესურსების პრობლემის გადაჭრას. აღნიშნული პრობლემა კი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოდან ახლო აღმოსავლეთში წყლის რესურსების ტრანსპორტირების იდეა პირველად საქართველოს პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ 1999 წლის მარტში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბ. ნეთანიაჰუს საქართველოში ვიზიტის დროს წამოაყენა).
რა ელით მდ. იორდანეს აუზის ქვეყნებს ახლო მომავალში?
პალესტინაში 1995 წ. წყლის წილი ერთ სულ მოსახლეზე იყო 100მ3. 2025 წლისათვის ეს მოცულობა იქნება 40 მ3. ამ პერიოდისათვის პალესტინას დამატებითი წყლის სახით დასჭირდება 425 მლნ მ3 და იმ შემთხვევაში, თუ პალესტინის ხელისუფლება 100 მლნ. მ3 მოიპოვებს აღმოსავლეთ აუზების გამოყენებული რეზერვუარებიდან, მაშინ მას მოსაპოვებელი ექნება 325 მლნ მ3. მსგავსი პრობლემის წინაშე დადგება იორდანიაც. 1995 წლისათვის წყლის წილი ერთ სულ მოსახლეზე იყო 250 მლნ მ3. 2025 წლისათვის ეს ციფრი 90 მლნ. მ3 იქნება. წყალზე მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო იქნება 370 მლნ მ3. ისრაელთან დადებული ხელშეკრულებით, იორდანია მიიღებს დაახლოებით 170 მლნ მ3-ს. მოსაძიებელი ექნება 200 მლნ მ3.
იმ შემთხვევაში თუ 2025 წლისათვის ისრაელი იმავე რაოდენობის წყლის გამოყენებას დააპირებს, რამდენსაც ამჟამად იყენებს, მაშინ წყლის წილი ერთ სულ მოსახლე 300 კუბ. მ3-დან 150 მ3-დე დაეცემა, ე. ი. წყლის ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 795 მლნ მ3.3
ანალოგიური დილემის წინაშე აღმოჩნდებიან სირია და ლიბანი. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთის ეს რეგიონი დგას წყლის რესურსების კატასტროფული ნაკლებობის წინაშე. ამ პრობლემის გადაჭრაზე იქნება დამოკიდებული არა მარტო მდ. იორდანეს აუზის ქვეყნების განვითარება, არამედ მათი სამომავლო ფიზიკური არსებობაც. სამომავლო არსებობის და განვითარების ერთადერთი გზა, მჭიდრო მშვიდობიანი ურთიერთთანამშრომლობაა. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი მეზობელი რეგიონებიდან წყლის ტრანზიტით დამატებითი, სასიცოცხლო მნიშვნელობის წყლის რესურსების მოძიება და წყლის დეფიციტის დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა დამყარდება თუ არა რეგიონში მშვიდობა, ლოზუნგი ,,მიწა - მშვიდობის სანაცვლოდ” შეიცვლება ლოზუნგით ,,წყალი - მშვიდობის სანაცვლოდ”. ამ ლოზუნგის ავტორად შეიძლება მოგვევლინოს რეგიონის ნებისმიერი ქვეყანა, რომლის კანონიერი უფლებები შელახული იქნება, ან არ იქნება ბოლომდე გათვალისწინებული მეზობელი სახელმწიფოების მიერ.
____________________
1. Lowi M, Water and Power, The policits of a scarce resource in the Jordan river basin, Cambridge, 1993, 140
2. Watchel A, The Peace Canal Project A Multiple Conflict Resolution Perspective for the Middle East, J. Isaac, H. Shuval (ed) Amsterdam, 1994; 363-374
3. Shuval V. I., Toward Resolving Conflicts Over Water Between Israel and its Neighbours; The Isreal-Palestinian Shared Use of the Mountain Aquifer as a Case Study, in J. A. Allan. (ed) Water Peace and the Middle East; Negotiating Resources in the Jordan Basin, New-York, 160-162
![]() |
8 დასავლეთი და ისლამი |
▲back to top |
ახლო აღმოსავლეთი
ნათია ხმალაძე
საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი
ცივი ომის დასრულების შემდეგ, დასავლეთის ექსპერტებმა ახალი მტრის არსებობა გააცნობიერეს, რომელსაც ,,ისლამური საფრთხე“ უწოდეს.
დასავლეთის იდეოლოგიური მოწინააღმდეგის, საბჭოთა კავშირის აღსასრულმა, ,,საფრთხის ვაკუუმი“ წარმოქმნა. მაშინ, როდესაც საერთაშორისო სისტემის წონასწორობა დამაბალანსებელ კონფლიქტზე იყო დამოკიდებული, ამერიკის შეერთებული შტატები, სრულიად მოულოდნელად, მთავარი მტრის გარეშე დარჩა. მოაზროვნენი ცივი ომის დასასრულს ისტორიული პროგრესისათვის დიდ დარტყმად მიიჩნევდნენ. მაგალითად, ფრანსის ფუკუიამა ისტორიის დასასრულზე ალაპარაკდა. იგი მწუხარებით ამბობდა, რომ ,,დასრულდა ომი აღიარებისათვის“ და ბოლო მოეღო ადამიანების მზადყოფნას საკუთარი სიცოცხლე იდეისათვის შეეწირათ. ამრიგად, ,,კეთილსა“ და ,,ბოროტს“ შორის ბრძოლა, რაც ამერიკელ პოლიტიკოსთა შთაგონების წყაროდ იყო ქცეული, წარსულს ჩაბარდა. ამგვარ ვითარებაში ისლამური საფრთხის გამოჩენა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების გასაცხოველებლად კარგი მიზეზი იყო. სამუელ ჰანტინგტონის თანახმად, ისლამი და ეგრეთწოდებული აღმოსავლური რელიგიები რადიკალურად ეწინააღმდეგება ,,დასავლურ იდეოლოგიას ინდივიდუალიზმის, ლიბერალიზმის, კონსტიტუციონალიზმის, ადამიანის უფლებების, თანასწორობის, თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის შესახებ“. ჰანტინგტონი მიიჩნევს, რომ სწორედ ისლამი წარმოადგენს ზღვარს, რომელიც დასავლეთს დანარჩენი მსოფლიოსაგან გამოყოფს. ფუკუიამასაგან განსხვავებით, იგი ირწმუნება, რომ დასავლეთსა და ისლამს შორის არსებული საუკუნოვანი კონფლიქტი ნაკლებსავარაუდოა რომ შერბილდეს და დასასრულს მიუახლოვდეს. ,,პირიქით, იგი კიდევ უფრო გამძაფრდება“.
დასავლეთში ბევრს საუბრობენ ისლამური საფრთხის, მისი დაძლევის საშუალებათა შესახებ. არსებობს მრავალი მოსაზრება და მიდგომა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტთა უმრავლესობა ისლამს უბრალოდ არ იცნობს. როგორია საფრთხე? რამდენად ძლიერია იგი? რა შედეგს გვაძლევს დასავლეთის პოლიტიკა? ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საერთაშორისო დღის წესრიგს მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში.
ისლამისტთა მიერ შემუშავებული პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასწორად იწოდება ,,ისლამურ ფუნდამენტალიზმად“, მეტად იდეალიზებული ძველი წესრიგის აღდგენას გულისხმობს. მუსლიმი რადიკალები ისტორიული დეტერმინიზმის იდეით შეგულიანდნენ, რომელიც ისლამის გარდაუვალ ტრიუმფს ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრულად მიიჩნევს. ისლამი სამართლიანი სახელმწიფოს სრულფასოვან, რეალურ მოდელს გვთავაზობს, რომელიც, მათი აზრით, იმპორტირებულ დასავლურ მოდელზე უკეთესია.
შექმნილი რთული ვითარების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არსებული მსოფლიო სისტემიდან მუსლიმური სამყაროს გარიყულობაა. მუსლიმთა აზრით, ისლამურ სამყაროს, წარსულ სიდიადესთან შედარებით, უსამართლოდ შეზღუდული პოზიცია უკავია. მუსლიმები შექმნილ ვითარებაში მუსლიმურ სახელმწიფოთა მმართველ ნაციონალისტურ ძალებს ადანაშაულებენ. ნაციონალიზმი, რომელიც დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკურ ბატონობას უნდა დევნიდეს, პრაქტიკულად, დასავლური მმართველობის მოდელს წინააღმდეგობასაც კი ვერ უწევს, რომ არაფერი ვთქვათ ისლამური ტრადიციების აღდგენაზე. ახლო აღმოსავლეთში ისლამის რადიკალიზაცია კულტურული და ინტელექტუალური სტაგნაციის, დასავლური კოლოიალიზმისა და მმართველობის სეკულარული მოდელის მარცხის შედეგია. ისლამისტებს სურთ ჭეშმარიტ ანტიიმპერიალისტურ ძალად მოიაზრებოდნენ, რომელიც არა მხოლოდ დასავლეთის პოლიტიკურ ჰეგემონიას, არამედ ისეთ დასავლურ იდეოლოგიებსაც ებრძვის, როგორიც არის ლიბერალიზმი, სოციალიზმი და სეკულარიზმი.
მუსლიმური ქვეყნების მთავრობები მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ ვერ შეძლეს მუსლიმი ხალხის დარწმუნება, რომ საკუთარ თავზე აღებული ამოცანები (პალესტინის განთავისუფლება, პან-არაბული და პან-ისლამური გაერთიანება, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა) მათ წარმატებით განახორციელეს. უფრო მეტიც, ხელისუფლების შენარჩუნებისათვის და საშინაო ოპოზიციისა და მეზობელი სახელმწიფოების აგრესიის დაძლევისათვის ისინი უფრო და უფრო მეტად ეყრდნობიან უცხოურ მხარდაჭერას. მუსლიმურ მთავრობათა დასავლეთზე დამოკიდებულება ნათლად აისახა ერაყის ანექსიისაგან ქუვეითის დასაცავად აშშ-ის მიერ წარმოებულ კამპანიაში. იმავეს ცხადჰყოფდა ალჟირში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, სადაც ხელისუფლებაში პროისლამური ძალების მოსვლის საფრხე გაჩნდა, დასავლეთის აშკარა ჩარევა.
შეიძლება ითქვას, რომ არსებული რეჟიმები ისლამიზმის აღზევების საფრთხეს შინაგანი სისუსტის გამო ვერ უმკლავდებიან. ისლამისტები მოსახლეობის ფართო მხარდაჭერით სარგებლობენ, რადგან ისინი საზოგადოებას იმ მიზნების განხორციელებას პირდებიან, რაც მათმა ხელისუფლებამ ფესვგადგმული კორუფციის, დასავლეთზე დამოკიდებულებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაწესებული შეზღუდვებისადმი მორჩილების გამო ვერ განახორციელა.
ისლამისტები ნაციონალისტების პროგრამას უჭერენ მხარს, მხოლოდ მას რელიგიურ ასპექტში მოიაზრებენ. ალჟირელი ისლამისტი ლიდერი, ,,ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის“ ყოფილი მებრძოლი აბასი მადანი, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შემდეგ მართავდა, მიიჩნევს, რომ ,,ისლამის გადარჩენის ფრონტის“ პროგრამა 30 წლის წინ დასრულებულ ,,განმათავისუფლებელ ფრონტთან დაბრუნებაა“. ისლამისტთა დაჯგუფებები ათასობით სამხედროს იზიდავს, რომელთაც სხვადასხვა პარტიებში მოღვაწეობის პოლიტიკური გამოცდილება გააჩნიათ და რომელნიც იმედგაცრუებულნი დარჩნენ ამ პარტიათა უძლურების გამო დასახული მიზნებისათვის მიეღწიათ. ერთმა ლიბანელმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ 20 წლის წინ აღნიშნა, რომ არაბი მმართველები ძირითადად ნაციონალისტები, ხოლო ფართო მასები რელიგიურები არიან. ფორმულა შეიძლება მარტივი, მაგრამ აშკარად ზუსტია.
ვინაიდან ,,ისლამის გადარჩენის ფრონტი“ ,,ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის“ წიაღში წარმოიშვა, როგორც ამას ალჟირელი სოციოლოგი - მუჰამედ ჰარბი მიიჩნევს, დიდი შეცდომა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ დღევანდელი ისლამისტები მუსლიმური საზოგადოების იმ ტრადიციული ფენებიდან გამოდიან, რომლებიც დამოუკიდებლობის შემდგომ მოდერნიზაციის პოლიტიკას უგულებელყოფდნენ. სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ალჟირში, ლიბანში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში ისლამისტ აქტივისტთა დიდ ნაწილს სტუდენტობა წარმოადგენს. ეს სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ დასავლური იდეოლოგიის უარყოფა იმის გაცნობიერებიდან გამომდინარეობს, თუ სადამდე მივყავართ მოდერნიზმს. ისინი უკამყოფილებას გამოთქვამენ ტრადიციული რელიგიური სისტემის მიმართ და მას პასიურობასა და მთავრობისადმი მორჩილებაში სდებენ ბრალს.
გასაკვირი არ არის, რომ ამ ქვეყანათა ტრადიციული რელიგიური სისტემა პან-ისლამისტური მოძრაობის მიმართ გულგრილია. ეგვიპტეში ალ-აზარის რელიგიური უნივერსიტეტი, რომელმაც ახლო წარსულში დაარსებიდან ათასი წელი აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკის მხარდამჭერია. საუდის არაბეთში, რელიგიურ ინსტიტუტთა უმრავლესობა არსებულ რეჟიმს უჭერს მხარს. ალჟირში, ამგვარი დაწესებულებები ,,ისლამის გადარჩენის ფრონტის“ საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებენ.
დღევანდელი ისლამისტები რელიგიით ინსპირირებულ ისლამურ მოძრაობათა მესამე თაობად გვევლინება. პირველი თაობა უცხოური ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას წარმოადგენდა. 1928 წელს ჰასან ალ-ბანამ ,,ძმები მუსლიმების“ ასოციაცია დააარსა, რომელიც ბრიტანეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართული ეგვიპტის ეროვნული ბრძოლის მთავარ ძალად მიიჩნეოდა. ერაყში ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ მიმართული ,,1920 წლის რევოლუციის“ რელიგიური და ნაციონალისტური იდეოლოგიის მხარდამჭერთა ერთმანეთისაგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი (ფრანგული კოლონიალიზმის წინააღმდეგ) იმდენადვე ისლამური იყო, რამდენადაც ნაციონალისტური.
დამოუკიდებლობის შემდეგ, ნაციონალისტებმა სახელმწიფოს მართვაზე მონოპოლიზაციას მიაღწიეს. მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უმრავლესობაში ნაციონალისტმა და სეკულარულმა სამხედრო ოფიცრებმა სახელმწიფო აპარატზე მმართველობა მოიპოვეს, ანტიდასავლური ბრძოლისათვის დამახასიათებელი რელიგიური ელემენტები თანდათან გაქრა. ეგვიპტეში, ერაყსა და სირიაში მუსლიმურ საძმოებს დევნიდნენ. თურქი მუსტაფა ქემალი (ათათურქი), ირანის შაჰი და ტუნისელი ჰაბიბ ბურგუიბა დასავლურ პოლიტიკას ემხრობოდნენ (განსაკუთრებით ქალთა უფლებების საკითხში). ამრიგად, ისლამისტთა მეორე თაობა ,,წამებულთაგან“ შედგებოდა, რომლებიც მოკლული, დაპატიმრებული, ან გაძევებული იქნენ საკუთარი ხელისუფლების მიერ.
მმართველი ელიტა ამჟამად ისლამისტთა მესამე თაობის აღზევების მოწმე გახდა, რომლის აღორძინებასაც არსებული რეჟიმების უსუსურობამ შეუწყო ხელი. ამ თაობას ხელი დასავლურ განათლებაზეც მიუწვდება. მათ სწამთ, რომ ისლამიზმი ხელისუფლებაზე ნაციონალისტთა მონოპოლიას მოუღებს ბოლოს (როგორც ირანსა და სუდანში მოხდა და რაც ალჟირშიც თითქმის განხორციელდა). ისლამისტები მეტი მოთმინებით გამოირჩევიან. ისინი ცდილობენ მთავრობაზე ზეწოლის გზით საკუთარი პროგრამის იმპლემენტაცია ეტაპობრივად მოახდინონ და არა პირდაპირ დაამხონ არსებული რეჟიმი. მაგალითად, 1980 წელს ისლამისტებმა ეგვიპტის კონსტიტუციაში შესწორება შეიტანეს, სადაც შარიათი (ისლამური სამართალი) კანონმდებლობის მთავარ წყაროდ იყო წარმოდგენილი. მსგავსი ცვლილებები 1983 წელს მავრიტანიაში და 1985 წელს პაკისტანში განხორციელდა. მთავრობები იძულებულნი იყვნენ გარკვეულ დათმობებზე წასულიყვნენ, რათა ისლამისტთა ძალაუფლებისადმი სწრაფვა გაენელებინათ. თუმცა ამგვარი მცდელობები, საბოლოო ჯამში, უშედეგოდ მთავრდებოდა. ისლამისტები პროფკავშირებს აკონტროლებდნენ, ,,ისლამურ ტერიტორიებს“ აყალიბებდნენ, სადაც სახელმწიფო კონტროლს სამხედრო დაჯგუფებების მიერ დამყარებული წესრიგი ცვლიდა. ქაიროს გარკვეული შემოგარენი, ზემო ეგვიპტის ნაწილები, ღაზას სექტორი, სამხრეთ ერაყის ტერიტორიები და ა.შ ამგვარ ,,ისლამურ ტერიტორიებს“ მიეკუთვნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა ისლამისტთათვის ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება (ირანის რევოლუცია, ანვარ ელ სადათის მკვლელობა, ალჟირის არჩევნების შედეგები), საზოგადოების ისლამიზაცია მაინც წარმატებით მიმდინარეობს. არამუსლიმური უმცირესობისა და სეკულარული ელიტისათვის ეს ფაქტი საკმაოდ შემაშფოთებელია. მთავრობათა უმრავლესობას ამ მოძრაობის შეჩერება არ ძალუძს. სადამსჯელო ოპერაციებით ისინი მხოლოდ ამ პროცესის დაჩქარებას უწყობენ ხელს.
უნდა აღინიშნოს, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ისლამისტები სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებას სთავაზობენ. ისინი სასწავლო დაწესებულებებს ძვირადღირებული სახელმძღვანელოებით ამარაგებენ, უზრუნველყოფენ უფასო სამედიცინო მომსახურებას, ქუჩების სანიტარულ დასუფთავებას, მიწისძვრით ან სხვა სტიქიური უბედურებებით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენას და ა.შ. მაშინ როდესაც, ქვეყნის მთავრობას, ფესვგადგმული კორუფციის გამო, მსგავსი ქმედებების განხორციელება არ ძალუძს.
საყურადღებოა, რომ ისლამისტთა ერთ, მთლიან ჯგუფად მოაზრება შეცდომაში შეგვიყვანდა. სპარსეთის ყურის ომში ზოგიერთი ისლამური დაჯგუფება მხარს ერაყს უჭერდა, სხვები კოალიციის მომხრენი იყვნენ და ერაყის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. ზოგი ღირსეული ქმედებებისა და დიდი მოწოდებებისათვის იღწვის, სხვები კი, ჯამაათის სახელით ცნობილ მცირე, ძალადობისაკენ მიდრეკილ საიდუმლო ჯგუფებში მოღვაწეობას ამჯობინებს. მაგალითად, ექსპერტთა უმრავლესობა ეგვიპტეში ისლამისტების ორ მიმდინარეობას განასხვავებს: პირველი კარგად დაფუძნებული მუსლიმური საძმოა, რომელმაც პროფკავშირების არჩევნებში გაიმარჯვა; მეორე მიმდინარეობა ჯამაათია, რომელიც სახელმწიფო მოხელეებისა და სეკულარულად მოაზროვნე ჩინოვნიკების წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებს ახორციელებს. ამ ბოლო დროს მათ მსხვერპლად დასავლელი ტურისტებიც გვევლინებიან. ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთისათვის რაიმე დაბრკოლებას წარმოადგენენ. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ექსტრემისტთა მეთოდები, ზომიერ ისლამისტებში მათ მიმართ პატივისცემას იწვევს. პროფკავშირების არჩევნებში ექსტრემისტი ისლამისტები ზომიერ ისლამისტთა დასახმარებლად იღწვოდნენ, რათა ამ უკანასკნელთ გამარჯვება მოეპოვებინათ. მათი ერთობლივი ძალისხმევა ხელისუფლებას პოლიტიკის ისლამიზაციისაკენ უბიძგებს. ეს მმართველ ელიტას ზომიერი ისლამისტების ექსტრემისტთა წინააღმდეგ გამოყენების საშუალებას მისცემს. უკანასკნელ წლებში ეგვიპტის ,,ძმები მუსლიმების“ ასოციაციის წევრების დაპატიმრება იმას მოწმობს, რომ ისლამისტთა ამ ორ მიმდინარეობას შორის განსხვავება უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. ამრიგად, მთავრობა დილემის წინაშე აღმოჩნდა: თუ იგი ისლამისტებს ერთიან ძალად მოიაზრებს, მაშინ ის ექსტრემისტებს გაუწევს სამსახურს, ხოლო თუ იგი ამ ორ მიმდინარეობას ერთმანეთისაგან განასხვავებს, მაშინ გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, რათა ზომიერ ისლამისტთა მოთხოვნები მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს.
და მაინც, რა უნდა გაკეთდეს ვითარების განსამუხტავად? დასავლეთის ელიტა, ჩვეულებრივ, დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს, როგორც არარელიგიური, ან ნაკლებად რელიგიური რეჟიმების ალტერნატივისაკენ. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კრიტიკული მდგომარეობის მიზეზი არა იმდენად მმართველი რეჟიმების მარცხში უნდა ვეძიოთ, არამედ არარელიგიური ოპოზიციის სისუსტეში. მუსლიმურ სახელმწიფოთა უმრავლესობაში, ნაციონალისტური, ლიბერალური და მარქსისტული ძალების რეპრესიების ათწლეულებმა ღია, დეპოლიტიზირებული საზოგადოება დატოვა და პოლიტიკურ-ინტელექტუალური ვაკუუმი შექმნა, რომელიც სამხედრო ისლამმა შეავსო. ხომეინი მიიჩნევდა, რომ რესპუბლიკურ, ლიბერალურ და მემარცხენე დაჯგუფებებზე შაჰის მკაცრმა ზეწოლამ მის რევოლუციას მეტად შეუწყო ხელი. ეგვიპტეში ისლამურ ჯამაათს დიდად დაეხმარა რეჟიმის მარცხი ლიბერალური და სეკულარული ოპოზიცია სამთავრობო პოლიტიკაში ჩაერთო, ან ჭეშმარიტად კონკურენტული არჩევნების ორგანიზება განეხორციელებინა.
ათწლეულების დევნის შემდეგ ისლამისტების მიმართ (მათი სეკულარული მეტოქეებისაგან განსხვავებით) შედარებით შემწყნარებლური მიდგომა ჩამოყალიბდა. ხელისუფლება სეკულარული ოპონენტების წინააღმდეგ ისლამისტების გამოყენებასაც ცდილობდა. ელ სადათმა ეგვიპტეში ისლამისტების დაბრუნებას შეუწყო ხელი, რათა მისი მმართველობის ნასერისტული ოპოზიცია დაებალანსებინა. სუდანში, ალ ნიმეირი ისლამისტების მიმართ ლოიალობას იჩენდა და მათ ზოგიერთ მოთხოვნასაც კი აკმაყოფილებდა, სანამ იგი სუდანის კომუნისტურ და დემოკრატიულ პარტიებს ებრძოდა. ისლამისტები ათწლეულების მანძილზე იორდანიის მეფის ჰუსეინის მოკავშირეები იყვნენ რადიკალი პალესტინელებისა და არაბი ნაციონალისტების წინააღმდეგ. ამჟამად, სახეზე სხვა სურათი გვაქვს. მმართველი რეჟიმები ისლამური საფრთხისაგან თავდასაცავად სეკულარული ოპოზიციის ძალების გამოყენებას ცდილობენ. თუმცა, სეკულარულ ჯგუფებს შორის გაბატონებული უნდობლობა და სისუსტე რეჟიმის გაძლიერებას ვერ ემსახურება.
დემოკრატიზაციის პროცესისათვის ხელსაყრელი მომენტი ერთი ან ორი ათწლეულის წინ შეიქმნა, რადგან ამ პერიოდში მმართველი რეჟიმის სეკულარული ალტერნატივა არსებობდა. მაშინ ისლამისტებს ჯერ კიდევ პოლიტიკურად გარიყული პოზიცია ეკავათ. გაბატონებული პოლიტიკური ხედვა ძირითადად სეკულარული იყო. მმართველ კლასს ხელი დასავლურ განათლებაზე მიუწვდებოდა. მთავრობას საზოგადოების კონტროლი შეეძლო. დემოგრაფიული აფეთქება ჯერ კიდევ არ მომხდარიყო. ურბანიზაცია რეგულირდებოდა და სეკულარული პარტიების დისკრედიტაცია არ ხდებოდა. მაგრამ, არსებული რეჟიმები მეტისმეტი ავტორიტარულობის გამო საჭირო რეფორმების გატარების აუცილებლობასა და გადაუდებლობას ვერ აცნობიერებდნენ. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დამარცხებული და დასავლეთიც გაცილებით ნაკლებად ინტერესდებოდა ადამიანის უფლებებითა და დემოკრატიით.
დღეს ეს რეჟიმები იმავე პრობლემათა წინაშე დგანან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალი ევროპული მთავრობის თავსატეხი გახდა: რა ხერხებით იყო შესაძლებელი მძლავრ კომუნისტურ პარტიებთან გამკლავება, რომელიც ელექტორატის 20-30%-ს შეადგენდა, როდესაც ეს მთავრობები მზად არ იყვნენ დემოკრატიული, მშვიდობიანი ალტერნატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვა საკუთარ თავზე აეღოთ. საფრანგეთისა და იტალიის მთავრობებმა პარლამენტსა და ქალაქის საბჭოებში კომუნისტური პარტიების დაშვება არჩიეს (მაგრამ არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში), სანამ 1980-იან წლებში ისინი პოლიტიკური სცენიდან თანდათან თავისით არ გაუჩინარდნენ.
თანამედროვე მუსლიმური მთავრობებიც იმავე გზას რომ დასდგომოდნენ, ისლამურ დაჯგუფებებს მათი პოზიციების დამცველი მხარდამჭერთა რეგისტრაციისა და პარლამენტის წევრების არჩევის ნებას დართავდნენ. ასევე, ხელისუფლება მათ მუნიციპალურ და პროვინციულ მთავრობებში წარმოდგენასაც დაუშვებდა. ამ გზით ისლამური მმართველობის და მისი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შესაძლებლობები წარმოჩინდებოდა, რომელიც ხელისუფლებაში მყოფი მთავრობის პოლიტიკისაგან რადიკალურად განსხვავდება.
მმართველმა ელიტამ ეს არგუმენტი არ მიიღო. ხელისუფლება ამგვარ მოსაზრებას მეტისმეტად სარისკოდ მიიჩნევდა. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ისლამისტებს შესაძლოა 20-30%-ით მეტი ხმა მოეპოვებინათ. ალჟირის 1991 წლის 26 დეკემბრის არჩევნები ამის კარგი მაგალითი იყო. ელექტორატი, რომლისთვისაც თავისუფალი არჩევნების პრაქტიკა უცნობია, ვერ აცნობიერებს, თუ რა დევს სასწორზე. შედეგად, საზოგადოების ქმედებათა პროგნოზირება მეტად რთულია.
დასავლეთი, ადგილობრივ მთავრობათა მსგავსად, მეტად შეშფოთებულია ისლამური საფრთხით. რა ხერხს შეიძლება მიმართოს დასავლეთის ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ ისლამიზმით ინსპირირებული საერთაშორისო ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლოს. დემოკრატიის უხეში მხარდაჭერა ადგილობრივი მთავრობების ანტაგონიზმს იწვევს, რაც დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება. დასავლეთის არცერთ მთავრობას არ სურს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მარცხის გამეორება, რომელმაც ირანი ,,დაკარგა“. თავის მხრივ, ისლამისტები დასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოთქვამენ პროტესტს. მართლაც, არ შეიძლება დასავლეთმა განუსაზღვრელად აწარმოოს პოლიტიკა, რომლის თანახმადაც იგი სადამ ჰუსეინის და ირანის დიქტატორულ რეჟიმს გმობს, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის სხვა დიქტატორებისა და აბსოლუტური მონარქების პოლიტიკაზე უბრალოდ თვალს ხუჭავს.
ფუნდამენტალიზმის საფრთხე მართლაც რეალურია, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთშიც. მუსლიმმა მებრძოლებმა უდავოდ დაადასტურეს, რომ მათ ძალუძთ არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნების, არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობას შეუქმნან საფრთხე. პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მართლაც საკვირველია, თუ რამდენად მცირე დრო და ყურადღება ეთმობოდა პოლიტიკური ისლამის ბუნების შესწავლას. ისლამური სამყარო დასავლეთის მიერ, ნაწილობრივ, ცალსახად აღიქმება. მისი მიდგომა აშკარად სტერეოტიპულია. ისლამი დასავლეთის თვალში ძალადობასთან ასოცირდება. ამგვარი იმიჯის დამკვიდრებას ხელი დასავლეთის მედიამაც შეუწყო. იგი არასოდეს ცდილობდა მუსლიმი ხალხის, რომელიც ხშირად საკუთარ პროტესტს ძალისმიერი მეთოდებით გამოხატავდა, მწუხარების მიზეზთა გაგებას. ახლო აღმოსავლეთის მმართველ ელიტებს პოლიტიკური ისლამის ფენომენი უბრალოდ უსაფრთხოების საკითხამდე დაჰყავთ, ხოლო მათი დასავლელი თანამოაზრეები ისლამურ ფუნდამენტალიზმს საერთაშორისო ტერორიზმის სტატუსამდე ამცირებენ.
თუმცა, გამოსავალის მოძებნა ნამდვილად შესაძლებელია. თუ დასავლეთს ნამდვილად სურს ,,რკინის ფარდის“ გარღვევა და იმ გაუგებრობების დაძლევა, რაც დასავლურ და ისლამურ სამყაროებს შორის განხეთქილების მიზეზი ხდება, მაშინ მან საკუთარი შეცდომები უნდა აღიაროს და კარგად გაიაზროს ისლამური პოლიტიკის ურთულესი ელემენტები, რამაც მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი მოიცვა. ამისათვის, დასავლეთმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოს თუ ვინ არიან ისლამისტები და რას მოღვაწეობენ ისინი. ამის მიღწევა კი შეუძლებელი იქნება, თუ დასავლეთი ისლამიზმს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხად განიხილავს და მისი ანალიზი ისლამისტთა საპროტესტო განცხადებებზე კონცენტრირდება. ხშირად, ისლამური დაჯგუფებები დასავლური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ერთ ფენომენად, ერთიან ძალად მოიაზრება. ეს უსამართლობაა და თავის მოტყუებას ნიშნავს. ამგვარი მიდგომა ისლამურ დაჯგუფებათა შორის არსებულ განსხვავებებს უგულებელყოფს და ცალსახად მიიჩნევს, რომ ისლამიზმი ერთადერთი ანტიდასავლური ძალაა მოცემულ საზოგადოებაში. უსაფრთხოების პრობლემაზე აქცენტირება დასავლეთის მმართველ ელიტას ხელს უშლის სწორად შეაფასოს ისლამისტთა მოთხოვნები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სამართლიანია. დასავლეთი ვერც დამფრთხალ, იზოლაციაში მყოფ ადგილობრივ მთავრობებს დაეყრდნობა.
იქნებ მართლაც დადგა დრო, როცა დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი სეკულარული ერი-სახელმწიფოს მოდელი არც ისე უნივერსალურია, როგორც ის მიიჩნევს და რომ პოლიტიკური ორგანიზაციის სხვა ფორმებიც შეიძლება ეფექტური იყოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო აღარ არის სტრატეგიულად მრავალპოლუსიანი, კულტურული თვალსაზრისით იგი ასეთად რჩება. ცივ ომში დასავლეთის გამარჯვება, ხშირად არასწორად მოიაზრება მისი პოლიტიკური და ინტელექტუალური მოდელების ტრიუმფად.
დროა ისლამის შესახებ გავრცელებული ზოგიერთი პოპულარული ,,ჭეშმარიტების“ გადახედვაც მოხდეს. ისლამის რელიგიის შესახებ დასავლელ ექსპერტთა მიერ თავსმოხვეული შეხედულებები მუსლიმურ საზოგადოებაში დემოკრატიის სიმწირის, ქალთა მდგომარეობის, ეკონომიკური კრიზისის მიზეზებს არ ხსნის. ბოლოსდაბოლოს არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ავტორიტარიზმი, როგორც მმართველობის ფორმა, არა მხოლოდ მუსლიმურ სამყაროში, არამედ ჩინეთში, რუსეთში, ლათინურ ამერიკასა და ევროპის უმეტეს ნაწილში უხსოვარი დროიდან ბატონობდა. ეკონომიკური კრიზისი და რესურსების გაფლანგვა მხოლოდ ისლამური მსოფლიოსათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება როდია. ეს პრობლემა ტიპიურია მესამე მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოსათვის. უფრო მეტიც, ისიც უნდა ითქვას, რომ ქალის სტატუსი ისლამურ მსოფლიოში უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ არაისლამურ აზიურ სახელმწიფოში.
გამუდმებული კრიტიკა და დასავლეთის მედიის მიერ მუსლიმთა უარყოფითი სტერეოტიპის შექმნა ისლამურ პარანოიას იწვევს. ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს, როდესაც ისლამს უნიკალურ რელიგიას უწოდებს. ისლამისტებსაც სურთ მუსლიმები დაარწმუნონ, რომ ისლამი ვერასოდეს შეეგუება და მოერგება მოდერნიზმსა და დემოკრატიას.
დასავლეთმა ახლო აღმოსავლეთის რეჟიმებს მმართველობაში ზომიერი ისლამისტური ძალების ეტაპობრივად ჩართვისაკენ უნდა მოუწოდოს. ისლამიზმის იდეოლოგიური მიმდინარეობის იგნორირება აღარ შეიძლება. ისლამისტთა ჩართვა სახელმწიფოს საკანონმდებლო, მოგვიანებით კი აღმასრულებელ ორგანოებშიც უნდა მოხდეს. დასაწყისისათვის, მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ ძალთა შორის (ისლამისტების ჩათვლით) წინასაარჩევნო შეთანხმებები უნდა გაფორმდეს. შეთანხმებები იმის გარანტი უნდა იყოს, რომ არც ერთი პარტიის მიერ დემოკრატიული პროცესის უარყოფა არ მოხდება. არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ მთავრობათა უმრავლესობა და სეკულარული ოპოზიცია იმდენადვე გამოირჩევა დემოკრატიულობით, რამდენაც თავად ისლამისტები. ამიტომაც საარჩევნო კანონმა უნდა აღკვეთოს სისტემა, სადაც გამარჯვებული მთელ ძალაუფლებას იღებს ხელში. უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო ხელშეკრულებების გაფორმება ზოგიერთ ქვეყანაში მართლაც მოხდა (ქუვეითში, იორდანიაში, იემენში). სამწუხაროდ, დემოკრატიის ეტაპობრივად მიღწევისა და თავად პროცესის შეუქცევადობისაკენ მიმართული ამგვარი ექსპერიმენტები სამთავრობო მანიპულაციის იარაღად იქცა. თუმცა, შედარებით დიდ, გავლენიან ქვეყნებში არც ამგვარ მცდელობებს ჰქონია ადგილი.
დასავლეთმა ადამიანის უფლებათა შეზღუდვისა და საარჩევნო პროცესის დარღვევის ფაქტები უნდა დაგმოს ყველგან და ყოველთვის, როცა კი ისინი ხდება. თუმცა, ამგვარ საკითხებში დასავლეთს ნაკლებად ენდობიან. მართალია, სადამ ჰუსეინი დასავლეთის მიერ სამართლიანად იგმობა, მაგრამ არც ერთი მისი მეზობელი სახელმწიფო, ზოგიერთი მათგანი ასევე დიქტატორული, არ არის ასე დეტალურად შესწავლილი და გაშუქებული. დასავლეთის მოძღვრება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველთვის სტრატეგიულ მიზნებს ეფუძნებოდა. ამგვარი პირობითობა შეიძლება კანონიერიც იყოს - ზნეობრიობისათვის ბრძოლა იქ წყდება, სადაც ინტერესები იწყება, მაგრამ ასეთ შემთხევაში, დასავლეთის მთავრობას არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს უფრო მაღალ ეთიკურ სტანდარტებზე, ვიდრე ანტიდასავლურ ძალებს გააჩნიათ. დასავლეთი მართლაც თავად ირჩევს როგორც მტერს, ასევე გაერო-ს რეზოლუციებს, რომელთა ამოქმედებაც მას სურს. ასე, რომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ მის ზნეობრივ მოძღვრებას მესამე სამყაროში სკეპტიკურად უყურებენ.
დასავლეთის სახელმწიფოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დემოკრატია აუცილებლად ერთპიროვნულ, ერთხმივ სისტემას როდი გულისხმობს. რთულ, განვითარებად საზოგადოებებში არსებული ეთნიკური ჯგუფების უფლებები იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადამიანის, ან პიროვნების უფლებები. არც ინდივიდუალიზმია უნივერსალური, ან ზნეობრივად უპირატესი ფილოსოფია. აქედან გამომდინარე, უმცირესობათა უფლებების დაცვა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული ნებისმიერი მიდგომის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტი უნდა იყოს. ისლამს ერთ პოლიტიკურ ერთეულში რამდენიმე კანონმდებლობის არსებობის პრაქტიკა ისტორიულად ახასიათებს, რაც ინდივიდთა რელიგიურ მრწამსს უკავშირდება. თუ მუსლიმთა მმართველობა შარიათს უნდა ეფუძნებოდეს, არამუსლიმებს გააჩნიათ უფლება საკუთარი კანონმდებლობისა და წესჩვეულებების საფუძველზე იმართებოდნენ. სამართლისა და სოციალური პლურალიზმის ამგვარი ფორმის მიღწევა გაცილებით უფრო ადვილია და, შეიძლება ითქვას, უფრო აუცილებელიც, ვიდრე დასავლური პლურალიზმი. მმართველობის ამგვარი ფორმა ისლამისტთათვის უფრო მისაღებიც არის.
დასავლეთმა თავისი წვლილი არაბულ-ებრაული კონფლიქტის გადაწყვეტაშიც უნდა შეიტანოს. პალესტინის სახელმწიფოს შექმნა პალესტინელთა შორის მზარდი ისლამური რადიკალიზმის გაბათილების ერთადერთი საშუალებაა. ამ პრობლემის გადაჭრა არაბულ სახელმწიფოთა პოლიტიკაზე სამხედრო კონტროლს შეამცირებდა და საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს გააბათილებდა, რომლის მიხედვითაც ქრისტიანული დასავლეთი პალესტინელ არაბთა წინააღმდეგ ისრაელს უჭერს მხარს. არაბული ხელისუფლების წინაშე, ისრაელის საკითხის გარდა, უამრავი პრობლემა დგას. უმნიშვნელოვანესია ისლამისტთა საფრთხე, რომელიც არსებულ მმართველობას ემუქრება. თუმცა, მუსლიმები პალესტინის საკითხის გამო მაინც მეტად შეშფოთებულნი არიან, ვინაიდან არ სურთ მუსლიმური მიწები უცხოური ძალის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდეს.
ისრაელის დამოკიდებულება ისლამური დაჯგუფებების და ირანის სამხედრო შეიარაღების მიმართ ბოლო დროს მეტად გამწვავდა. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი წლების განმავლობაში ,,ჰამასს“ უჭერდა მხარს ,,პალესტინის განმათავისუფლებელი ფრონტის“ წინააღმდეგ. აშშ-ირანის გარიგებაში - ,,იარაღი-ტყვეთა სანაცვლოდ“ ისრაელი იარაღით ამარაგებდა ხომეინის ირანს. ახლა იგი მზარდი ისლამური გავლენის გამო ჩივის, რასაც თავად შეუწყო ხელი.
ებრაელი ექსპერტები ისრაელსა და არაბულ მთავრობებს ირანისა და ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებენ. თუმცა, სანამ ამგვარი ალიანსი რეალობად იქცევა, ისრაელს მრავალი პრობლემის დაძლევა მოუხდება. პირველ რიგში მას მოუწევს პროირანულ დაჯგუფებებთან თავისი წარსული ურთიერთობებისა და ირან-ერაყის ომში ირანის მხარდაჭერის აღიარება. მას ასევე მოუწევს სამშვიდობო პროცესში ,,პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის“ თანამოსაუბრედ ცნობა, ისევე, როგორც პალესტინის სახელმწიფოს მიღება, როგორც გარდაუვალი შედეგისა. ,,პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციასთან“ ურთიერთობების შესახებ კნესეტის მიერ ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობა სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ისრაელის პოზიციაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევენ ისლამისტები სამშვიდობო პროცესისადმი არაბულ მთავრობათა მხარდაჭერას. პალესტინელთათვის მისაღები შეთანხმების მიღწევის გაჭიანურება გამოიწვევს ,,ჰამასის“, როგორც ,,პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის“ ალტერნატივის და ისლამისტების, როგორც სეკულარული არაბული ხელისუფლების ალტერნატივის გაძლიერებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის მთავრობა ნებისყოფით არ გამოირჩევა, რის გამოც მას ნაკლებად ენდობიან და რაც სამშვიდობო პროცესს აჭიანურებს.
და ბოლოს, დასავლეთს მოუწევს სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებული პირობითი მიდგომის შეცვლა. ნებისმიერი მუსლიმი, ისეთიც კი, რომელიც ისლამისტების მიმართ ლოიალობით არ გამოირჩევა, კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მიდრეკილია აშშ ჩაებას ისეთ კონფლიქტებში, სადაც მუსლიმები ერთმანეთს ებრძვიან (ქუვეითი, ქურთების დასახლება, სომალი) და თითქმის უმოქმედო დარჩეს მაშინ, როცა მუსლიმი ხალხი არამუსლიმთა მსხვერპლი ხდება (ბოსნიის შემთხვევა). დასავლეთის გადაწყვეტილებები სხვადასხვა სტრატეგიულ ინტერესებზე, მიზნებსა და სამხედრო შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და განიხილება, როგორც ყოველივე აქედან გამომდინარე ლოგიკური შედეგი. ხოლო მუსლიმთათვის ეს, საუკეთესო შემთხვევაში, ორმაგი სტანდარტის გამოყენებას ნიშნავს.
მუსლიმები კარგად გრძნობენ დასავლეთის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ინტერვენციონისტური პოლიტიკის გაძლიერებას მუსლიმურ მსოფლიოსთან მიმართებაში. დასავლეთს არ უნდა გაუკვირდეს მუსლიმური ქსენოფობიის გამძაფრება, რასაც მისი ნებისმიერი სახის ჩარევა იწვევს, თუნდაც ჰუმანიტარული მიზნებით. ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა პოლიტიკაში დასავლეთის ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ მისი მიდგომა ისლამური მსოფლიოს პრობლემების მიმართ (ისლამური სამყარო განსაკუთრებით მგრძნობიარეა ისრაელი-პალესტინის საკითხის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სიმდიდრის არათანაბარი განაწილების საკითხის მიმართ) სამართლიანი იქნება. სხვა შემთხვევაში, დასავლეთის ორმაგი სტანდარტები და თვითნებური ქმედებები მხოლოდ ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყობენ ხელს, რაც ამ ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესს კიდევ დიდი ხნით გადადებს.
![]() |
9 დღეს მინისტრობა უფრო ,,სახალისოა”, ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში |
▲back to top |
სტუმარი
ჩვენი ნომრის სტუმარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ პაპავა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნის სტრატეგიის, დღეს არსებული საგადასახადო კოდექსის, საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობებისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების თაობაზე გვესაუბრება. ინტერვიუს უძღვება კახა ოქროჯანაშვილი.
- ბატონო ლადო, როგორ შეაფასებდით პოსტსაბჭოთა საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნის სტრატეგიას? რამდენად შეესაბამებოდა საქართველოში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნები ქვეყნის ინტერესებს? ამავე დროს, საქართველოს მიზანი ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა. დღეს ნატოში გაწევრიანება შედარებით უფრო ახლო პერსპექტივად აღიქმება. ევროკავშირში გაწევრიანება კი (თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იქნება) უფრო რთულ ამოცანად მიიჩნევა. შეიძლება ითქვას, ამას უკვე მიაღწიეს ბალტიის ქვეყნებმა. დაახლოებით ერთნაირი სასტარტო პოზიციების მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ჩვენი ბალტიისპირეთის ქვეყნებისაგან ასეთი ჩამორჩენის მიზეზი?
- ძალიან საინტერესო კითხვაა, უფრო სწორედ კითხვათა კასკადი, რაზეც შეძლებისადაგვარად, თანმიმდევრობით გიპასუხებთ. რაც შეეხება სტრატეგიას, იგი რამდენჯერმე შეიცვალა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში. თავდაპირველად, საქართველოს სტრატეგია უარყოფის სტრატეგია გახლდათ. იგი მდგომარეობდა რუსეთის ფაქტორის უარყოფაში, ე.ი. არ გვინდა რუსეთი, მაგრამ რა გვინდა, ეს არ იდგა დღის წქესრიგში. უბრალოდ არ გვინდოდა რუსეთთან, რაც ისტორიული თუ მიმდინარე საკითხების ფონზე ლოგიკურად ახსნადი იყო. მაშინ მთავარი მაგისტრალური ხაზი იყო - ,,ოღონდაც არა რუსეთი“! ეს ლოგიკურად ახსნადი იყო, მაგრამ როდესაც უარყოფის სტრატეგია გაქვს და არა კონსტრუქციული სტრატეგია, ეს ცოტა სირთულეებს იწვევს. მე მინდა მკითხველს შევახსენო ჩვენი პირველი პრეზიდენტის დაპირისპირება ამერიკის პრეზიდენტის, უფროსი ბუშის მიმართ, რაც ასევე გაუგებარი იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ რუსეთი არ გინდა, მაშინ რუსეთისაგან ხსნის გზა ხომ უნდა ნახო? ნუთუ იმასაც უპირისპირდები, ვინც შეიძლება დაგეხმაროს? ამის შემდეგ გაჩნდა ე. წ. ,,კავკასიური იდეა“ - უნდა შექმნილიყო ერთიანი კავკასიური სივრცე, სადაც საქართველოს ექნებოდა წამყვანი ისტორიული ადგილი. თავისთავად იდეა ძალიან კარგია, მაგრამ მოკლებულია რეალობას: შენ რომ დათვს შეეჭიდე და მერე ამბობ, აღარ მინდა დათვთან ჭიდაობაო, დათვი თავს დაგანებებს? მსგავსი მდგომარეობა გვქონდა რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ რომ რუსეთს დავუპირისპირდით, რაც შეცდომად ნამდვილად არ მიმაჩნია, და განვაცხადეთ, რომ დამოუკიდებლობა გვინდა, რაც თავისთავად ძალიან კარგია, დამოუკიდებლად ვინ გამყოფებს? არ ეკითხები იმ რუსსაც? მიუხედავად იმისა, რომ აშშ ძალიან შორსაა, ბუნებრივია, რომ მისი ინტერესები არ შემოიფარგლება მხოლოდ აშშ-ის ბუნებრივი მეზობლებით. გინდა თუ არ გინდა, უნდა გაითვალისწინო მსოფლიო ინტერესები, მსოფლიო ტენდენციები. ეს ეხება პოლიტიკას, ეს ეხება ეკონომიკას და აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელი სივრცის შექმნა საკმაოდ სათუო აღმოჩნდა მე-20 საუკუნის ბოლოს. ეს არ იყო არც მე-17, არც მე-18 და არც მე-19 საუკუნე, როდესაც ტერიტორიული ფაქტორები ძალზე მნიშვნელოვანი იყო გარკვეული პრობლემების გადაწყვეტის დროს. იმ დროს, თუ რომელიმე სახელმწიფო ძალიან შორს იყო, შენ, შესაძლოა რაიმე ინტერესი არ გქონოდა მის მიმართ. დღეს კი, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პირობებში, ეს ფაქტორი საერთოდ მოხსნილია და ჩვენ ამის არაერთი მაგალითის მომსწრენი ვართ, თუნდაც იგივე ამერიკა-ავღანეთისა და ამერიკა-ერაყის ომებიდან გამომდინარე. ასე რომ, მთლიანად ეს სტრატეგიული კურსი ხსნიდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარემოსაც.
მინდა მკითხველს შევახსენო, რომ 90-იანი წლების დასაწყისში, კერძოდ კი 1991 წელს, ქვეყანაში მიიჩნევდნენ, რომ უნდა აშენებულიყო სახელმწიფო კაპიტალიზმი. დღეს ბევრი მისტირის იმას, თუ რატომ არ გაკეთდა ეს. ზოგი ამბობს, რომ ეს არასწორი იყო. მე მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ ეს სწორი არ იყო. როდესაც თავისუფალი ბაზრის ელემენტებიდან გადადიხარ სახელმწიფო კაპიტალიზმზე, ანუ ინარჩუნებ კერძო ინიციატივას, ეს სულაც არ შეიძლება წარმოიდგინო, როგორც უარყოფითი მოვლენა. მაგრამ, როდესაც სოციალიზმიდან მოდიხარ სახელმწიფო კაპიტალიზმში, ეს უბრალოდ შეიძლება ხშირად აბრის შეცვლა, სიტყვების თამაში იყოს, მაგრამ შინაარსობრივად ბევრი რამ არ შეიცვალოს. ამას მოჰყვა საქართველოში სამხედრო გადატრიალება, რის ფონზეც შეიქმნა სიტუაცია, რომ ქვეყანას გამოკვეთილი სტრატეგია არ ჰქონდა. ეკონომიკური პოლიტიკა საკმაოდ სუსტი იყო. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდით, რუსული რეფორმების დუბლირება იყო. 1992 წელს გაიდარი თავად აკეთებდა პოლონური რეფორმების დუბლირებას, ხოლო ერთი თვის დაგვიანებით უკვე ჩვენ ვაკეთებდით ქართულ ვარიანტში გაიდარის რეფორმების დუბლირებას. ამ დროს, მინდა გითხრათ, რომ პოლონური რეფორმები და გაიდარის მოდიფიკაცია, სულაც არ იყო მცდარი. იმ დროს იმაზე მეტი ცოდნა, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, საერთოდ არ არსებობდა. მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ამან უფრო მეტი პრობლემა შექმნა, ვიდრე პოლონურ ან თუნდაც რუსულ სინამდვილეში, ვინაიდან პოლონეთი კომუნისტური რეჟიმის დროსაც დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები გააჩნდა. რუსეთი კი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე იყო, ანუ მასაც შერჩა საბჭოთა კავშირის ყველა ინსტიტუტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა პერიოდში ამ ინსტიტუტებში დასაქმებულთა უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ, ცხადია, რომ მათ გარკვეული კადრებიც შერჩათ. საქართველოს ასეთი ინსტიტუტები არ გააჩნდა. ახლა წარმოიდგინეთ, გაატარო შოკური თერაპიის სქემის თუნდაც ელემენტები, რომლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ამ დროს შენი საკუთარი ფული არ გქნოდეს, ეს უბრალოდ ნონსენსია. როგორ გაატარებ მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, თუ შენ ფული არა გაქვს, რის მიმართაც მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატარო? სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ჩვენ საკუთარი ფული არ გვქონდა, მაგრამ არც მკაცრი პოლიტიკა გაგვიტარებია, ანუ ვატრიალებდით ,,ჰაერის“ ფულს, რომელიც საპნის ბუშტივით სკდებოდა. დაგროვდა გაუთვალისწინებელი ვალდებულებები და პრაქტიკულად გამოვიდა, რომ შოკური თერაპიის სქემამ ვერ იმუშავა და ამის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის ის, რომ ინსტიტუტები არ იყო და აგრეთვე ისიც, რომ ქართვლებმა არანაკლები შეცდომები დაუშვეს. 1993-94 წლებში ქვეყანაში ჩამოყალიბდა ჰიპერინფლაციური გარემო, როდესაც ინფლაცია თვეში 50-70%-ს აღწევდა. ქართული კუპონი დევალვირებადი იყო. თუ შემოღებისას, 1993 წლის აპრილში, ერთი დოლარი დაახლოებით 300 კუპონს უდრიდა, 1994 წლის სექტემბერში ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2,7 მილიონი კუპონი, ხოლო არაოფიციალური - 5,3 მილიონი გახლდათ. ეს იყო ვალუტის ფანტასტიკური დევალვაცია. ჩვენს კუპონზე მხოლოდ პურის ყიდვა და მცირეოდენი კომუნალური გადასახდელების გადახდა შეიძლებოდა. სხვა დანარჩენი შეუძლებელი იყო.
1993-94 წლებში ჩვენ არ გვქონდა ბიუჯეტი. შეგახსენებთ, რომ 1993 წელი აფხაზეთში ჩვენი კატასტროფის წელია. აფხაზეთის მკვიდრი მოსახელობა საკუთარ სამშობლოში ლტოლვილი აღმოჩნდა. ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ უმართავი სიტუაციის პირობებში გართულდა კრიმინოგენული ვითარება. რეალურად მივიღეთ სიტუაცია, რომ ქვეყანას ფული არა აქვს, ჰიპერინფლაციურია, ვალუტა დევალვირებადია, ბიუჯეტი არ გააჩნია, ომი წაგებული აქვს და უზარმაზარი რაოდენობით ლტოლვილები ჰყავს. მაშინ, 1993 წლის შემოდგომაზე, პარლამენტის სპიკერი გამოდის წინადადებით, რომ ქართველებს თვითონ არ შეუძლიათ საკუთარი ეკონომიკის მართვა. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, აღარ ვეომოთ რუსეთს და ვთხოვოთ, რომ დაგვაბრუნოს რუბლის ზონაში. კიდევ კარგი, ასე არ ფიქრობდა ყველა, ასე არ ფიქრობდა იმდროინდელი პარლამენტის უმრავლესობა და ასე არ ფიქრობდა სახელმწიფოს მეთაური! საბოლოო სიტყვა მაინც მისი გადასაწყვეტი იყო. ასეა თუ ისე, 1994 წელს სახელმწიფოს მეთაურმა შეძლო საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში იმ პირების მობილიზება, რომელთაც სულაც არ უნდოდათ რუბლის ზონაში დაბრუნება და იცოდნენ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო და ეს ნაბიჯები გადაიდგა კიდეც. ამის შედეგად, 1994 წელს უკვე დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მოხდა მაკრო-ეკონომიკური სტაბილიზაცია, ანუ შეწყდა ვალუტის გაუფასურება, ორი კურსიდან - ლეგალურიდან და არალეგალურიდან - გადავედით ერთზე, მოხდა კუპონის გამყარება. რა თქმა უნდა, ეს გამყარება პირობითია, რადგან რეალურად კუპონზე პურის მეტი არაფერი იყიდებოდა და ამიტომაც ეს გამყარება მოხდა პურთან მიმართებაში, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო ფულის რეფორმისათვის შესაბამისი ნიადაგის მოსამზადებლად. 1995 წელს პირველად დაფიქსირდა, რომ ქვეყანაში შეჩერდა ეკონომიკური ვარდნა და მცირედ - 2%-იან ზრდასაც კი მივაღწიეთ. თუმცა, მანამდე, 5 წლის განმავლობაში, ეკონომიკის სამჯერად ვარდნას ჰქონდა ადგილი. ეს წელი იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ ინფლაციის წლიურმა ტემპმა 51% შეადგინა (მაშინ, როცა წინა წლებში იგი თვეში 50-70%-ს აღწევდა). 1996-97 წლები კი უფრო გამოირჩევა ეკონომიკური აღმავლობით, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10%-ზე მეტია, წლიური ინფლაცია საშუალოდ 7-13%-ის ფარგლებში მერყეობს. ამავე დროს, 1995 წელს შემოვიდა ახალი ვალუტა - ლარი, რომლის კურსსაც აკონტროლებდა ეროვნული ბანკი და იგი საკმაო პერიოდის მანძილზე იყო სტაბილური.
შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს საქართველოს ეკონომიკური სტრატეგია იყო ის, რომ არ გამოგვეგონებინა ველოსიპედი და მიგვეღო ის, რაც ცნობილია ეკონომიკურ თეორიაში, ის მოდელები, რომელსაც გვთავაზობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ანუ ქვეყანა უნდა გადასულიყო იმ სტრატეგიულ ხაზზე, რომელსაც მიჰყვება მსოფლიოს საფინანსო ,,მატარებელი“. ამ შემთხვევაში არსებობს ორი შესაძლებლობა: ან ჩაჯდები, თუნდაც ბოლო ვაგონში, ან დარჩები მიღმა. შენით ,,მატარებელს“ ვერ შექმნი. ამის საშუალება ქვეყანას უბრალოდ არც მაშინ გააჩნდა და არც დღეს გააჩნია. არ გააჩნია ბევრი ფაქტორის გამო: ქვეყნის მასშტაბების გამო, ბუნებრივი რესურსების არასათანადო სიდიდის გამო და სხვ. აქედან გამომდინარე, ქვეყანას ჰქონდა მკაფიოდ გამოკვეთილი სტრატეგია - ქვეყნის ეკონომიკის იმ მოდელზე აწყობა, რომელიც დასავლურ ფასეულობებს (და არა ღირებულებებს!) ემყარება. საბოლოო ჯამში გამოიკვეთა საკმაოდ კარგი სტრატეგიული მონახაზი.
1998 წელს კი იწყება გაუთვალისწინებელი შეცდომების კასკადი, როგორც პოლიტიკურ არენაზე, ისე ეკონომიკურ პოლიტიკაში. აქედან, ზოგიერთი გაუთვალისწინებელი შეცდომის გათვალისწინება (მაგალითად, გალის მოვლენები), ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო. მოხდა პრეზიდენტზე თავდასხმა, გაეროს წარმომადგენლების გატაცება. ამასვე დაემატა ბუნებრივი კატაკლიზმებიც, როგორიც იყო პირველი დიდი გვალვა 1998 წლის ზაფხულში. შემდეგ მოჰყვა შეცდომა საქართველოს მთავრობაში, როდესაც მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა წამოაყენა საფინანსო გარღვევების დოქტრინა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო საგადასახადო ვალების პატიება. ამას, ლოგიკურია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. 1998 წელს არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რუსეთის საფინანსო კოლაფსი, რომელმაც, ფაქტობრივად, სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს. მაშინ ყველა მექანიზმი იქნა გამოყენებული, მათ შორის რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში, სადაც ჩამოდიოდა თვითმფრინავები უზარმაზარი რაოდენობის რუსული ბანკნოტებით. ყოველივე ამას ვერ დაუპირსპირდებოდა საქართველოში არსებული დოლარის მასა, რასაც მოჰყვა ლარის დევალვაცია და უკვე 1998 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკი იძულებული გახდა შეეჩერებინა ინტერვენციების გზით ლარის კურსის დაჭერა. ამგვარი ზომების შედეგად, მოხდა ლარის მცურავ რეჟიმში გადაყვანა. ლარი გაუფასურდა, მაგრამ არა კატასტროფულად, რადგანაც მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაგრძელებულ იქნა. ამავე დროს, 1998 წელს დაფიქსირდა 12%-იანი საშუალო წლიური ინფლაცია.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიას, 1998 წლის საფინანსო გარღვევის დოქტრინიდან მოყოლებული იწყება გაუგებარი მოვლენები საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაში, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანას გარკვეული სტრატეგია არ გააჩნია. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა დაპირსპირება პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხვდნენ საეჭვო განათლებისა და საეჭვო ინტერესების პირები, რომლებიც უფრო საკუთარი ბიზნესის ლობირებით იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე ქვეყნის აღმშენებლობითი საქმიანობით. პარლამენტთან დაპირისპირებაში, ფაქტობრივად ამ უკანასკნელებმა გაიმარჯვეს და განიმტკიცეს პოზიციები 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ეს ის პერიოდია, როდესაც ამერიკელების დახმრაებით უხმობენ ლეშჩეკ ბალცეროვიჩს - ე. წ. ,,პოლონური ეკონომიკის მამას“ - პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის რანგში, რადგანაც ამ პერიოდში ჩვენმა პრეზიდენტმა უარყო ყველა ქართველი ეკონომისტი. მან ჩათვალა, რომ ფინანსთა მინისტრი უნდა იყოს ფიზიკოსი, რადგანაც ფინანსები და ფიზიკაც ორთავე ,,ფი“-ზე იწყება და რაღა თქმა უნდა, ამ ფონზე, სხვა გზა აღარ იყო გარდა იმისა, რომ დაეძახათ ბალცეროვიჩისათვის. მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ბალცეროვიჩი ურჩევდა, თუ ქართველი კაცი? როგორც მანამდე არ ესმოდათ, რა უნდა გაეკეთებინათ, არც მერე უნდოდათ რამის გაგება. თქვენ ყველამ კარგად იცით ბალცეროვიჩის ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომ საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ რა მოდელის ეკონომიკას აყალიბებს, რომელი ორიენტაციისაა - უფრო მემარჯვენე თუ მემარცხენე. ჩვენთვის ეს განცხადება გაუცნობიერებელი დარჩა არა მარტო მაშინ, არამედ დღესაც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ქართულ პოლიტიკაში მემარჯვენე და მემარცხენე ორიენტაცია ძალზე პრიმიტიულ დონეზეა გაგებული. ხშირად ვინც თავის თავს მემრჯვენეს უწოდებს, ძალიან დიდი მემარცხენე შეხედულებების მატარებლია, ხოლო ვინც მემარცხენეობას იბრალებს, ან მემარჯვენე იდეებს ქადაგებს, ან რეაქციული ულტრა-მემარცხენე, წითელი პარტიზანების იდეების გამომხატველადაც მოგვევლინება ხოლმე. ეს ჩევნი დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგია და ამას დრო და თაობათა ცვლა სჭირდება. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბალცეროვიჩს ფორმალურად არ შეუწყვეტია თავის მოღვაწეობა, მაგრამ ფაქტობრივად, ქვეყანა რომ მიტოვებულია, ეს სახეზეა. არც ბალცეროვიჩი ჩამოდის და არც მისი ჯგუფის წევრები, რადგან მათ აქვთ თავიანთი ავტორიტეტი და აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ისინი არ სჭირდებათ და ისედაც არაფრის გამკეთებლები არიან. ასე რომ, დღეს ეკონომიკური პოლიტიკა უაღრესად სუსტია, რადგან მეტისმეტად პოლიტიზირებულია. დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი არჩევნებს აქვს ,,შეჭმული“. მთელი ძალისხმევა, რომელიც პარლამენტის თუ მთავრობის მხრიდან უნდა იყოს მიმართული ქვეყნის აღმშენებლობაზე, გადასულია მომავალი საპარლამენტო არჩევნების ინტრიგაზე და აქედან გამომდინარე, ეს აისახება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც.
თქვენ დამისვით ძალიან სერიოზული კითხვა და სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი ბოლო სტატია სწორედ ამის თაობაზეა. მართლაც, რა მოხდა? თითქოს ერთნაირი სასტარტო პირობები გვქონდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი უკვე ნატოს წევრია და ევროკავშირის კარსაც მიუკაკუნეს და ამ მხრივ, უბრლაოდ ტექნიკური და დროის ასპექტია დარჩენილი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს კენჭისყრით, უნდათ თუ არა ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აღიარა, რომ ეს ქვეყნები თავსებადია ევროკავშირთან, როგორც ზოგადად დემოკრატიული ფასეულობების, ისე კონკრეტულად საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების და საბაზრო ეკონომიკის განვითარების დონით. პრაქტიკულად, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ქვეყნებში დასრულდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. დგება საკითხი, რა არის განსხვავება, რატომ ჩამოვრჩით ჩვენ ასე? ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უფრო რეალურად ჩანს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ კარგები და ყოჩაღები, არამედ იმიტომ, რომ ნატოს წამყვან წევრ სახელმწიფოებს სურთ იხილონ საქართველო თავიანთ რიგებში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივაღწიეთ რაღაც სტანდარტებს და მივუკაკუნეთ ნატოს კარებს. ჩვენ უბრალოდ იმ ,,საყვარელი კატუნიას“ როლში ვართ, რომელსაც პატრონი სახლში შესაღწევად კარების ძირში მისთვის განკუთვნილ პატარა ხვრელს უკეთებს. ნატოს წევრ ქვეყნებსაც სურთ, რომ თავიანთ დიდ ოჯახში საქართველო ადვილად შევიდეს, თორემ რაც დღეს საქართველოშია, ნატო-ში მიღებულ სტანდარტებს ვერცერთი პასუხობს, დაწყებული დაკარგული ტერიტორიებით, კონფლიქტური რეგიონებით, რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობით, რაც თუნდაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ სისუსტეს ადასტურებს და საერთოდ იმ არასასურველი მდგომარეობით, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვის სტრუქტურებში და მთლიანად ეკონომკური განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ ნატო მაინც მზად არის. სამაგიეროდ, ევროკავშირში გაწევრიანება ასე ახლოს არ ჩანს. ევროკავშირი არა მარტო და არა იმდენად პოლიტიკური ორგანიზაციაა, რამდენადაც ეკონომიკური. იგი ეკონომიკურ ორგანიზაციად თითქმის ჩამოყალიბებულია, პოლიტიკურად კი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. ახლა იწერება კონსტიტუცია. სადისკუსიო თემაა, შემოღებული უნდა იქნეს თუ არა ევროკავშირის პრეზიდენტის თანამდებობა, ანუ ევროკავშირი, პოლიტიკური თვალსაზრისით ჯერ კიდევ ტრანსფორმაციას განიცდის, მაშინ როცა ეკონომიკურად თითქმის დასრულებული მოდელია. ამრიგად, საქართველო ორი ალტერნატივის წინ რჩება: ან ევროპა ან რუსეთი. ჩემი აზრით, რუსეთს რომ ცოტა მეტი გონებამახვილობა და გამჭრიახობა ჰქონდეს, და იმ აგრესიას არ იყენებდეს, და საერთოდ არ ჰქონდეს აგრესიული დამოკიდებულება ყოველივე ქართულისადმი, შესაძლოა, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი სულ სხვა ყოფილიყო - თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობას, ჩამოყალიბებულ მენტალიტეტს, ენობრივი ურთიერთობის სიმარტივეს (ჯერ-ჯერობით მოსახლეობის უმრავლესობას რუსული ენის ბარიერი არ აქვს). ამიტომ ის, რომ ჩვენ რუსეთს ვშორდებით, უფრო რუსეთის ბრალია. საქართველოს არა აქვს დაპყრობლი რუსეთის მიწა. რუსეთს კი დაპყრობილი აქვს საქართველოს ტერიტორია. ახლა, დამპყრობელს ცისფერ ჩაფხუტს ჩამოაცვამ თუ მწვანეს, ჩაფხუტის ფერით ჩაფხუტის ქვეშ მდგომი კაცის შინაარსი არ იცვლება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მისწრაფება არის ევროპისაკენ და ეს გარკვეულად ისტორიული მისწრაფებაცაა. რაც უფრო მალე გავიცნობიერებთ ყველა, რომ ჩვენ არამარტო გეოგრაფიულად, არამედ შინაგანადაც გვინდა ვიყოთ ევროპელები, მით უკეთესი იქნება. დღეს, შესაძლოა, არ ჩანდეს საფრთხეები, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში და შემდგომ ახალი საფრთხეების წინაშე დავდგებით, რომელიც ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს აქვთ. ეს გასათვალისწინებელია გლობალიზაციის საერთო კონტექსტში. ეს არ იქნება წმინდა ქართული ან საქართველოს პრობლემა. ეს არის ყველა სახელმწიფოს პრობლემა, მათ შორის იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც მცირე ტერიტორიებით და მცირერიცხოვანი მოსახლეობით არიან წარმოდგენილნი ევროკავშირში.
- სავალუტო ფონდთან 12 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე საქართველო დიდი ენთუზიაზმით არასდროს მოკიდებია მათ რეკომენდაციებს. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ქვეყანას ბოლომდე შეესრულებინოს სავალუტო ფონდის პირობები. როგორც ვიცით საქართველო არც ამჟამად დახვდა პირნათელი ფონდის აღმასრულებელ დირექტორს. რა შეიძლება მოჰყვეს ამჯერად ამას? ხომ არ დაჯდება ეს პარიზის კლუბში სავალუტო ფონდის მხარდაჭერის ფასად?
- რაც შეეხება ამ პრობლემას, საქართველოში სავალუტო ფონდს თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდნენ. 1991 წელს ნოემბერში ჩამოსულ მისიას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მას დიდი ვერაფერი შედეგი მოჰყვა, რადგანაც იმავე წლის დეკემბერში სამხედრო გადატრიალება დაიწყო. 1992 წლის თებერვალში ჩამოსულმა მისიამ მთელი ქვეყანა და განსაკუთრებით მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტა შოკში მოგვაქცია. სავალუტო ფონდმა გვირჩია ფული არ შემოგვეღო და დავრჩენილიყავით რუბლის ზონაში. დასავლეთში გამოცემულ ძალიან ბევრ სახელმძღვანელოში, რომელიც ამ პრობლემას ეხება, ეს ფაქტი შესულია, როგორც სავალუტო ფონდის ყველაზე თვალშისაცემი შეცდომა. რა იყო ამის მიზეზი, რუსული ფაქტორი, თუ საკუთარი მოუმზადებლობა, დღეს უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ სავალუტო ფონდის კომენტარი მე არ წამიკითხავს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი, რომ საქართველომ საკუთარი ვალუტა არ შემოიღო. ჩვენ იმდენი შეცდომები დავუშვით, რომ სავალუტო ფონდს კიდეც რომ ეთქვა, შემოიღეო, ჩვენ შეიძლება არც დაგვეჯერებინა (თითქმის არაფერში არ დაგვიჯერებია და რაღა ამაში დავუჯერებდით). მაგრამ, 1994 წელს, როდესაც ქვეყანაში დაიწყო რეფორმები და სახელმწიფო მეთაურმა მთავრობასა და ეროვნულ ბანკში მოიყვანა შესაბამისი ხალხი, ყველაფერი ცოტა სხვანაირად წარიმართა. სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა გვქონდა. რასაკვირველია, მთავრობის უმეტეს ნაწილს ეს აღიზიანებდა, მაგრამ ვინც სავალუტო ფონდთან მუშაობდა, მათ შესწევდათ უნარი, რომ ეს პროგრამა გაეტარებინათ. თუმცა, გაღიზიანება უფრო მეტად იზრდებოდა. მაგალითად, ღიზიანდებოდა სიგარეტის ბიზნესში დაკავებული ხალხი, რადგან ეს პირდაპირ ურტყამდა მათ საქმიანობას. ღიზიანდებოდა ბენზინის ბიზნესში და სხვა ისეთ ბიზნესში დაკავებული ხალხი, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური ზეგავლენა ან უშუალო მონაწილეობით, ან მთავრობასა თუ პარლამენტში მათ მიერ ნაყიდი ხალხით. ეს ბუნებრივიც იყო. რაც შეეხება დღევანდელობას, შეიძლება ითქვას, რომ სავალუტო ფონდით გაღიზიანების ფაქტორი მოიხსნა. დღეს რა პროგრამის ქონასაც გვედავება სავალუტო ფონდი, მე - ის კაცი, რომელიც 6 წელი მუშაობდა სავალუტო ფონდთან, პროგრამასაც ვერ ვუწოდებ. ეს არის უბრალოდ რეალური ბიუჯეტის მიღება და მისი შესრულება, რასაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის გარეშეც უნდა ვაკეთებდეთ. საჯაროდ ვაცხადებ, რომ დღეს სავალუტო ფონდს სერიოზული პროგრამა კი არა, არანაირი პროგრამის მონახაზიც კი არა აქვს. სავალუტო ფონდი გვეუბნება: ,,ქაჯები ნუ იქნებით, იყავით ნორმალური ქვეყანა და ამაში გვერდზე დაგიდგებით“. ასე არ იყო 90-იან წლებში. მაშინ არსებობდა ურთულესი პროგრამა. ურთულესი ვალდებულებები. დღეს მინისტრობა უფრო ,,სახალისოა“, ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში. ადვილს არ ვგულისხმობ, სახალისო!
- ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად ქვეყნის გამართული საგადასახადო სისტემა მიიჩნევა. ამ მიმართებით საქართველოს ყველაფერი რიგზე რომ არა აქვს, ამაზე ალბათ არსებული ვითარებაც მიგვითითებს. ხშირად ,,გამოუსადეგარი“ საგადასახადო სისტემის ქონას სავალუტო ფონდს აბრალებენ. ასეც რომ იყოს, 6 წელიწადში ალბათ უნდა მოგვეხერხებინა 1997 წელს მიღებული საგადასახადო კოდექსის შეცვლა. როგორ ფიქრობთ რა არის ამგვარი ,,სიზარმაცის“ მიზეზი და შეცვლის შემთხვევაში როგორი უნდა იყოს იგი?
- დავიწყოთ იმით, რომ საგადასახადო კოდექსის მიღებისას, მართლაც სავალუტო ფონდის წნეხის ქვეშ ვიყავით. დღეს ასე არ არის. სავალუტრო ფონდი აქეთ გვეხვეწება რაღაცის გამარტივებას. ასეთი რამ, ნამდვილად არ მახსოვს, რომ სავალუტო ფონდი აქეთ გვეხვეწებოდეს, რაღაცა გაამარტივეთო. გვეუბნებიან, რომ მცირე ბიზნესზე დამატებული ღირებულების გადასახადი შეგიძლიათ მოხსნათ, გაამარტივოთ ბუღალტერია. დღეს თუ 24 ათას ლარამდე წლიური ბრუნვაა გათავისუფლებული დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აწიეთ ეს თასმა 100 ათას ლარამდე. თუ ჩვენი მთავრობას მოისურვებს, ეს შეიძლება 100 ათას დოლარამდეც აწიოს. მაგრამ ამასაც არ აკათებს ჩვენი მთავრობა. რატომ არ აკეთებს? - არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი. რომ ვერ ხვდებიან ან ეკონომიკური მიზანშეწონილობა არ ესმით. უფრო მგონია, რომ ,,ექსპერიმენტს“ ატარებენ, თუ სადამდე გაწელავენ სავალუტო ფონდთან ,,რქებით ჭიდილს“. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის შეცვლას, 1998 წლიდან მოყოლებული მასში არის ასეულობით ცვლილება შესული, რამაც საერთოდ გააფუჭა იგი და უფრო ბუნდოვანი და გაუგებარი გახადა. ამიტომ დადგა საკითხი - რა უნდა გაკეთდეს? უნდა გამარტივდეს, შევიდეს ცვლილებები თუ საერთოდ ახალი დაიწეროს? ფინანსთა სამინისტრო აფიქსირებდა ბოლო დრომდე პოზიციას, რომ ეს კოდექსი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთო. მაშინ, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს და უნდა დაიწეროს ახალი საგადახადო კოდექსი, მოიძებნა კიდევაც ნიკო ორველაშვილი და მისი ჯგუფი, რომელთაც დაწერეს ახალი საგადასახადო კოდექსი. დაწერეს თუ არა საგადასახადო კოდექსი, ყველა გაბრაზდა. როგორ შეიძლება, რა დაწერეს? რატომ დაწერა ორველაშვილმა და არა მე? წმინდა ქართული დამოკიდებულება - უჩემოდ როგორ გაბედეთ და იმღერეთო? მინდა გითხრათ, რომ ორველაშვილის ჯგუფის მიერ დაწერილი კოდექსი, პრაქტიკულად არის საბაზოდ აღებული საგადასახადო კანმონმდებლობის რუსული მოდელი. მან დადებითი შედეგები რუსეთში უკვე აჩვენა. მაგრამ რუსეთს არ აქვს პროგრამა სავალაუტო ფონდთან და მას არც სჭირდება ეს პროგრამა, რადგანაც ჯერ-ჯერობით მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები აძლევს მას საშუალებას, ჰქონდეს პროფიციტური ბიუჯეტი და არეგულიროს რუბლის კურსი. ღმერთმა არ ქნას რომ რუსეთის ბიუჯეტი პროფიციტურიდან დეფიციტური გახდეს, რადგან ჩვენ ყველაზე მეტად რუსეთის კრიზისი დაგვაზარალებს. აქედან გამომდინარე, დღეს სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ მეტი მუშაობა გვჭირდება სავალუტო ფონდთან, რომ საგადასახადო კოდექსის პრინციპები იყოს მასთან შეთანხმებული. ამას ვერც ორველაშვილი შეძლებს და ვერც სხვა. ეს, პირველ რიგში, იმ სტრუქტურის ფუნქციაა, რომელსაც ევალება საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება. ეს არის ფინანსთა სამინისტრო. ფინანსთა მინისტრმა უნდა გაითავისოს ეს, ჯერ უნდა გაიგოს და მერე უნდა გაითავისოს. ეს ორივე ძალიან რთულია ჩვენი დღევანდელი ფინანსთა მინისტრისათვის.
- რას გვეტყოდით დღეს მსოფლიოში არსებული ე. წ. ,,დოლარის კრიზისის“ შესახებ? მას უკვე თვით სოროსიც აღარ ენდობა, პიროვნება, რომელიც ,,კომერციული ალღოს“ ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. რა შეიძლება მოჰყვეს ამას მსოფლიოში და რამდენად დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოზე?
- დაუშვათ თქვენ გიდევთ ჯიბეში 100 დოლარი, არ ენდობით ამ დოლარს და გადაახურდავეთ ლარში ან ევროში. ამისთვის ყვირილი უნდა ატეხოთ? ანუ მარტივად დგას საკითხი. თუ მართლა არ ენდობა სოროსი, მიეცა დავალება შესაბამისი სტრუქტურებისთვის და ერთი ვალუტიდან მეორეში გადაყვანა განეხორციელებინა. მაგრამ მან ეს გააკეთა არა ჩვეულებრივად, არამედ საჯარო განცხადებით. ეს განცხადება დიდი ბიზნესის შემადგენელი ნაწილია. ანუ ის ამბობს, რომ მე ხომ ვარ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, აი მე ამას ვაკეთებ და თქვენ მომბაძეთ. ეს შეიძლება რაღაც ხაფანგია. ის გამოძვრება, ხოლო შენ დარჩები ხაფანგში გახვეული. ეს ის კაცია, რომელიც ხშირად სწორედ ამ პრინციპით აკეთებს ფულს. აქედან გამომდინარე, ეს თემა სერიოზული თემაა და ეს თემა ახალი არ არის. ჯერ კიდევ 11 სექტემბრის ტერაქტამდე ძალიან პოპულარული იყო სცენარები დოლარის შესაძლო კრახის შესახებ. განსაკუთრებით პოპულარული იყო ეს რუს ექსპერტებში. პრაქტიკულად პროცესები მართლაც ისე მიდიოდა, რომ მართლაც მზადდებოდა დოლარის სერიოზული კრიზისი. ამის მთავარი მაჩვენებელი იყო ნასდაკის ინდექსი. მზადდებოდა ე. წ. ,,საპნის ბუშტი“, მისი აფეთქება. 11 სექტემბრის ტერაქტმა შეცვალა ყველაფერი. სულ სხვა მიმართულებით წავიდა პროცესები. ამას დაემთხვა ავიაკომპანიების გაკოტრება, სერიოზული პრობლემები გაჩნდა. გაჩნდა თვისობრივად ახალი მოთხოვნა თავდაცვის საშუალებებზე. გახსოვთ, ერთი პერიოდი აირწინაღებზე იყო მოთხოვნა, როგორც ეხლა დოლბანდებზეა მოთხოვნა ატიპიური პნევმონიიდან გამოდინარე? ანუ სხვა მიმართულებით წავიდა ეკონომიკური ცვლილება. შემდეგ ამას დაემატა ომი ავღანეთში, ანუ სხვა ხარჯები და უზარმაზარი სახელმწიფო ხარჯები. პრაქტიკულად წავიდა რეალურ სექტორში, ანუ ტრადიციულ ეკონომიკაში ფულის დაბანდება. თუმცა, საჭირო გახდა მაღალი ტექნოლოგიების განვითარებაც. თავდაცვის საშუალებები სულ უფო მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებენ. აქედან გამომდინარე, ამ პროცესებმა ცოტა გადაავადა დოლარის კრიზისი. ამავე დროს, ამერიკის ეკონომიკა რომ ერთ ადგილს ტკეპნის, ესეც ფაქტია. ზრდის ტემპები ძალიან დაბალია და რაღაც ახალი ინექცია სჭირდება. რაც შეეხება სოროსის გადაწყვეტილებას, ისიც ნუ დაგვავვიწყდება რომ სოროსი დემოკრატების მნხარდამჭერია და არ იზიარებს ბუშის შეხედულებებს. ანუ აქ პოლიტიკა და ეკონომიკა არის გადახლართული. რა თქმა უნდა, დოლარის კრიზისის საფრთხე მოხსნილი არ არის. წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ყველამ უარი თქვას დოლარზე (ამის თქმა კი ჩემდა თავად ნამდვილად არ მინდა), მაგრამ თუ ტერორისტული აქტის კონტექსტში განვიხილავთ, ეს ყველაზე უფრო დიდი ტერორისტული აქტი იქნება, რადგან ეს იქნება მსოფლიო საფინანსო წესრიგის დარღვევა. ასე, რომ საფრთხე ნამდვილად რეალურია. ამას გაცილებით უფრო სერიოზული შედეგები მოყვება, ვიდრე ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას და თუნდაც სავაჭრო ცენტრის დანგრევას, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პრევენციული ზომები ამერიკელებს გათვლილი ექნებათ. არ მინდა დავიჯერო, რომ აშშ-ის ხელისუფლებას არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს თავიდან აიცილოს. უკვე სამი წელიწადია დოლარის კრახზე იწერება და თუ მე, ლადო პაპავამ, თბილისში ამის შესახებ ვიცი, წარმოუდგენელია ამის შესახებ არ იცოდნენ ვაშინგტონში, ნიუ იორკში და აშშ-ს ანალიტიკურ ცენტრებში. რა თქმა უნდა იციან, და რაც შეეხება სოროსის განცხადებას, ღმერთმა ნუ ქნას რომ სოროსს გამოუჩნდეს სერიოზული მიმბაძველები, რადგან ეს სერიოზული დარტყმა იქნება მსოფლიო ეკონომიკაზე. მერე კი ვეძებოთ სად არის ტერორიზმი, და ვინ არის ტერორისტი...
- გაერთიანებული დემოკრატების მიერ შემოთავაზებულ და შემდგომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს 115 ლარიანი მინიმალური ხელფასის შესახებ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. აღნიშნული დებატების დროს ძალიან ხშირად ჟრერდა თქვენი სახელი. ორივე მხარე თქვენს მათდამი მხარდაჭერას იჩემებდა. თქვენი პოზიცია კი ორივე მხარისაგან განსხვავებული იყო. თქვენ მთავრობას 115 ლარიან მინიმალურ ხელფასზე ე. წ. ,,ნარნარი“ გადასვლა შესთავაზეთ. რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება?
- ძალიან კარგია რომ თქვენ ეს კითხვა დამისვით და არა იმიტომ, რომ ლადო პაპავას ახსენებდნენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ვიღაცას სჭირდები და შენს სახელზე ხდება აპელირება, როგორც ავტორიტეტზე. მაგრამ მე ამაში სულ სხვა რამე დავიჭირე. ქვეყანაში სერიოზული ეკონომისტების დეფიციტია. ლადო პაპავას სახელის ხსენებაში იყო ეკონომისტზე მითითება, რომ არიან ქვეყანაში ეკონომისტები და მათ უნდა ვკითხოთ, როცა ვიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას. ეკონომისტების დეფიციტი აქვს როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას. მოდით და რეალურად ვთქვათ. დამისახელეთ ორი სერიოზული ეკონომისტი, რომელიც იქნება რომელიმე პარტიაში. ერთს მე გეტყვით - რომან გოცირიძე ნაციონალურ მოძრაობაში. მისი პოზიციებიც ამ ბოლო დროს შეირყა, განსაკუთრებით, ამ ჩარხებისა და ,,კიროველების“ ფონზე. ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. დაასახელეთ ან სახელისუფლებო ან ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ვისაც სერიოზული ეკონომისტი ჰყავს. ამ დროს, იმის დეფიციტი კი არ არის, რომ ქვეყანაში სერიოზული ეკონომისტი არა გვყავს. უბრალოდ, ჩვენს პოლიტიკოსებს თავიანთი თავი იმდენად დიდ ,,კიტრად“ მოაქვთ, რომ გონით ეკონომიკა იციან. სწორედ ის, რომ ლადო პაპავას ახსენებდნენ, მე აღვიქვი, როგორც რეაქცია, რომ კრიტიკულ მომენტში, თურმე, ეკონომისტი საჭიროა. მე ერთ-ერთ ტელეარხზე დავაფიქსირე, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებმა დაიწყეს ლადო პაპავას, ავთანდილ სილაგაძის და სხვა ეკონომისტების გვარების დასახელება. მათ ეს ხალხი თუ სჭირდებოდათ, ისინი მათთან იყვნენ და თავისით არ გაქცეულან. როცა გაუჭირდათ, მერე გაახსენდათ? ეკონომისტებმა ამ დებატებში აჩვენეს ერთი რამ. მიუხედავად სხვადასხვა ნიუანსებში განსხვავებისა, პრინციპულ საკითხებზე ყველა ერთი შეხედულების იყო. ანუ რისი გაკეთებაც არ შეიძლება, ის არ შეიძლება. არცერთ ქართველ ეკონომისტს თავისით არ მოუგონებია, რომ არ შეიძლება მყისიერად ხელფასის გაზრდა. ეს აღწერილია წიგნებში. მილტონ ფრიდმენს, ნობელის პრემიის ლაურიატს, აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მინიმალური ხელფასი, როგორც კატეგორია შემოღებული და შემდეგ იწყებდეს მის აწევას. ეს, პირველ რიგში, ურტყამს ბიზნესს. მართალია, თუ ეროვნული ბანკის საკრედიტო ემისიით არ დააფინანსებ მის ზრდას, ეს, ბუნებრივია, ინფლაციას არ გამოიწვევს. მაგრამ შენ რომ მინიმალურ ხელფასს ზრდი, ბიზნესმენმა რა უნდა გააკეთოს? ან პროდუქციის ფასი უნდა გაზარდოს, ან ნაკლები მოგება უნდა მიიღოს, ან კი ჩრდილში გადავიდეს. აქედან არცერთია კარგი. ეს არ არის განსაკუთრებული აღმოჩენა. ეს არის ცნობილი რამ. ამავე დროს, პოპულარულობის მოსაპოვებლად ეს ძალიან კარგია. მთავრობამ შესთავაზა სამი წელი. გაერთიენებულმა დემოკრატებმა მოითხოვეს მყისიერად. ჩემი პოზიცია კი ასეთია - ამის გაკეთება შეიძლება ერთ წელიწადში. არა იმიტომ, რომ მე მოხრე ვარ მინიმალური ხელფასის კატეგორიისა. პირიქით, მე მომხრე ვარ, რომ ასეთი კატეგორია საერთოდ არ არსებობდეს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, რომ არსებობდეს მანქანის მინიმალური ფასი, ან პურის მინიმალური ფასი. მაშინ ყველაფერზე შემოვიღოთ მინიმალური ფასი. არ შეიძლება ამის გაკეთება. ბაზარმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მათ შორის შრომის ფასი. არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ,,ჩრდილოვანი ეკონომიკის“ ზრდას შეუწყობს ხელს. ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ ეს პოლიტიკური რეალობაა და ამას ვერ გავექცევით, მაშინ ეს გავაკეთოთ არა სამი წლის განმავლობაში, არამედ მიზანმიმართულად, ერთი წლის განმავლობაში. შეიძლება იკითხოთ, რატომ ვთქვი ასე? მე ნამდვილად არ მინდოდა ასოცირება არც ხელისუფლებასთან და არც მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციურ შეხედულებებთან. მე შევთავაზე ასეთი რამ, ეს ცუდია, მაგრამ, თუ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, გავაკეთოთ ოპერატიულად ერთ წელიწადში. ყველაზე ოპტიმალური რამ იქნებოდა რომ ეს გაგვეკეთებინა წელიწადში ან წელიწადნახევარში და როგორც კი გავზრდიდით ხელფასებს, მინიმალური ხელფასის კატეგორია საერთოდ გაგვეუქმებინა.
- წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ალბათ უნდა შეეცადოს მოსახლეობისათვის საგრძნობი ეკონომიკური ეფექტის ჩვენებას, რაც, საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი საარჩევნო კაპიტალია. რა შეუძლია გააკეთოს ხელისუფლებამ? რა რეკომენდაციებს მისცემდით ხელისუფლებას ამ მიმართულებით?
- დღეს ვერაფერს ვერ გააკეთებს მყისიერს, ისეთს რომ თავი კარგად ვიგრძნოთ. მთავარია, რომ თავი ცუდად არ ვიგრძნოთ. ამისათვის მთავრობამ ის უნდა გააკეთოს, რომ სავალუტო ფონდთან პროგრამა უნდა გვქონდეს რაც შეიძლება სწრაფად, ბიუჯეტში გარღვევა არ დაფიქსირდეს, რომ მივიღოთ ის გრანტები და კრედიტები რაც მისაღებია, რომ ბიუჯეტი დავაბალანსოთ და სავალუტო ფონდთან პროგრამა გვქონდეს, რომ პარიზის კლუბში მოხდეს ვალების რესტრუქტურიზაცია, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს დეფოლტის წინაშე და ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად. ამას თუ გავაკეთებთ, მთავრობას ტაშს არავინ დაუკრავს, ეს ისედაც მისი საქმეა, მაგრამ თუ არ გაკეთდა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა, რაც შეიძლება მოხდეს.