ადამიანის უფლებების მიმოხილვა №2(7)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებების მიმოხილვა
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ თბილისი 2003 აპრილი - ივნისი



1 წინასიტყვა

▲ზევით დაბრუნება


მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (2003 წლის აპრილი-ივნისი) კიდევ უფრო გამოიკვეთა ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევის პრობლემა საქართველოში. პირველ რეგში იგულისხმება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური ოპონეტების მიმართ ძალადობის გამოყენება და სხვა უკანონო საშუალებების ამოქმედება, რაც არჩევნების მოახლოებასთან არის დაკავშირებული.

განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ კი სამართალდამცავი ორგანოები, ცდილობენ ყველანაირად შეავიწროონ და შეუზღუდონ საქართველოს მოქალაქეებს აზრის გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. ეს კარგად გამოჩნდა მოძრაობა „კმარას“ აქტივისტებისა და პოლიტიკურ მოძრაობათა სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა თუ მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სიმრავლეში. ამავე დროს ყველაზე საგანგაშო და ნეგატიური ტენდენციების მიმანიშნებელი გახლავთ ის ფაქტი, რომ საზოგადო განსჯისა და განხილვის გარეშე, ევროსაბჭოს რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონი, რითაც სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრდა მუხლი ცილისწამების შესახებ.

კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება პოლიციელების მიერ ადამიანთა ცემის ფაქტები და დაკავებულთათვის დაცვის უფლების ხელყოფა. აქტუალურია აგრეთვე სოციალური საკითხები, რაც ხელფასებისა და პენსიების საყოველთაო დაგვიანებისა და სხვა ზოგადი პრობლემების გარდა ზოგიერთ რეგიონში სპეციფიკურ ფორმებსაც იღებს. ამის მაგალითია პენსიონრებისათვის ერთი ლარის დაკავება და ელექტროკავშირის მიერ მოსახლეობისათვის 50 ლარის გადახდის დაკისრება კახეთის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბასილ მკალავიშვილს, მაგრამ ვერ (ან არ) დააკავა და ამასობაში „ძებნილმა“ მიმალვა მოახერხა. მის მხარდასაჭერად არა ერთი და ორი პარლამენტარი გამოდის. ისინი რელიგიური შუღლის გამაღვივებელი სიტყვების თქმასაც არ ერიდებიან, ხოლო არც პოლიტიკურ ელიტას, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ჩათვლით, და არც საზოგადოებრიობის ფართო სპექტრს ასეთი სიტყვების მიმართ შეფასება დღემდე არ მიუცია.

კვლავ შევიწროებულია რელიგიურ უმცირესობათა უფლებები. „საკონსტიტუციო შეთანხმებამ“, რომელსაც გასულ წელს ზარ-ზეიმით მოეწერა ხელი და რაშიც ლომის წილი დემოკრატიული იდეების მქადაგებელ პოლიტიკურ პარტიებსაც უდევთ, თავისი ნამდვილი ბუნება უკვე გამოამჟღავნა. ის კათოლიკური ეკლესიები, რომლებშიც 13-14 წლის წინათ სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა, ხსენებული შეთანხმების ძალით მართლმადიდებლურად გამოცხადდა და საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადავიდა. ამიტომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქუთაისელი კათოლიკეების სარჩელი, რომლებიც ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და კათოლიკური ტაძრის კათოლიკე მრევლისთვის დაბრუნებას ითხოვდნენ.

მართალია, კონფესიათა ურთიერთობაში ბოლო სამი თვის განმავლობაში არსებითად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ფაქტია, რომ აგრესიულად განწყობილი მართლმადიდებლების მხრიდან სხვათა ცემა-პერტყას, რამდენადაც ჩვენთვის წინამდებარე ფაქტებიდანაა ცნობილი, ადგილი არ ჰქონია. ამის თაობაზე ჟურნალისტმა და მიმომხილველმა დავით პაიჭაძემ შენიშნა: „აშკარაა, რომ დამრბევთა ხელწერა, ასე ვთქვათ, დაიხვეწა. თუ აქამდე ვუყურებდით, სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა როგორ პარსავდნენ ადამიანებს თმებს, თავზე ჯვარს ამტვრევდნენ, ავეჯსა და წიგნებს უწვავდნენ, ცემდნენ - დღეს რელიგიური ძალადობა გამოსახვის ახალ ფორმებს ეძებს და პოულობს. ესაა გზის გადაკეტვა, მისასვლელთა დაბლოკვა, შევიწროება, სიტყვიერი მუქარის პრიმატი... ამ დროს პოლიციაც უფრო მოსვენებულად გრძნობს თავს. მას არ აწუხებს ვალდებულება, გააშველოს მოძალადე და მსხვერპლი. პოლიცია დგას და უყურებს, რომ ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მივიდეს. ეს ბრბოა, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ - განუცხადეს პოლიციის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორმოცდაათიანელთა ხუცესს. ისიც მადლობელია, რომ მრევლთან ერთად ცემას გადაურჩა“ (რადიო „თავისუფლების“ გადაცემიდან „რელიგიურ დარბევათა ტრანსფორმაცია საქართველოში“).

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთმა საულიერო პირმა პოზიცია შეიცვალა. მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), რომლის აგრესიითა და არამართლმადიდებლების მიმართ სიძულვილით გაჟღენთილმა ტელეგამოსვლამ ლამის მსოფლიო რეზონანსი მიიღო და ყველა გააოგნა, დღეს ეკუმენიზმის მხარეს დგას. ამას გვაუწყებს და გვიდასტურებს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის საინფორმაციო ბიულეტენი „თავისუფალი“ (2003,№1). მასში ვკითხულობთ: „წელს აღდგომის დღესასწაული ბევრმა მოგვილოცა. ჩვენმა ეპისკოპოსმა მიიღო წერილები სხვადასხვა ეკლესიების წინამძღვრებისაგან, მაგრამ მას ყველაზე მეტად ეძვირფასება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის უპირატესი მიტროპოლიტის ათანასე ჩახვაშვილის სააღდგომო მილოცვა, რომელიც მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ თავად მოიტანა ჩვენს კათედრალში წითელ პარასკევს:

„მის მეუფებას,
ბატონ მალხზ სონღულაშვილს
რუსთავის მიტროპოლიტ ათანასესაგან

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს და ეპისკოპოსს ბატონ მალხაზ სონღულაშვილს

ქრისტეს მიერ ნამდვილად მოძღვრად რჩეულო ბატონო, ჩემო სასიქადულო, წმიდა და დიდებულო, დიდი ეკლესიის წინამძღვარო, ბატონო მალხაზ, მრავალს დაგასწროს ამ კაშკაშა აღდგომას თქვენი საქართველოს და მსოფლიოს მრევლით.

ქრისტე აღსდგა! დაე, აღდგომილმან ქრისტემან მოგვანიჭოს თავისი სიყვარული.

შენი მარად და მარადისობის იქითაც სიცოცხლის მსურველი და ლოცვა-კურთხევის მონატრული

რუსთავის მიტროპოლიტი
+ ათანასე
ქ. რუსთავი. 2003 წელი“.

წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შელახვის ფაქტების გამრავლებასაც შეინიშნება. პოლიტიკოსები, პარლამენტის ტრიბუნიდანაც კი, ეროვნული შუღლის გამაღვივებელი ფრაზების გამოთქმასაც არ ერიდებიან. ამის საილუსტრაციოდ პარლამენტარ ვახტანგ რჩეულიშვილის გამონათქვამებიც გამოგვადგება: „სომხურ კმარას ქართული კმარა დავუპირისპიროთ“; „მართლაც კმარა ამათი ბოგინი საქართველოში“ და სხვა.

2 პიროვნების ხელშეუხლებლობა

▲ზევით დაბრუნება


2.1 წამება, სასტიკი და არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა

▲ზევით დაბრუნება


  • ეჭვმიტანილის ცემა გორის პოლიციაში

2003 წლის 8 მაისს შსს გორის სამმართველომ დააკავა ქ. გორში მცხოვრები ლევან ამადალაშვილი, რომელიც იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. 11 მაისს მოსამართლე მარიამიძემ სამადალაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად ინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე ბრალი ედება ა/წ აპრილის თვეში სოფ ქვემო არცევში მამა-შვილ საბაშვილების მკვლელობაში.

პოლიცია ამტკიცებს, რომ ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე მიყვანილმა სამადალაშვილმა ნარკოლოგიურ ცენტრიდან გაქცევა სცადა; დააქცია ანალიზების ჩატარების მიზნით სინჯარაში აღებული შარდი და გადმოვარდა ნარკოლოგიური ცენტრის მეორე სართულის კიბეებიდან. ოქმში აღნიშნულია, რომ სამადალაშვილი იზოლატორში მიყვანისას განიცდიდა სახის არეში ყრუ ტკივილებს, ცემის კვალი კი ვიზუალურად არ ჩანდა.

იმავე დღესვე თბილისიდან შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებმაც აწარმოეს მოკვლევა. გორის პროკურატურაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებით, პოლიციელებმა სამადალაშვილი სცემეს, რის შედეგადაც მას ყბა გაუტყდა. თავად სამსადალაშვილმა უარი განაცხადა იმ პოლიციელების დასახელებაზე, რომლებმაც მას სცემეს.

15 მაისს თბილისის საოლქო სასამართლომ შეცვალა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება და ლევან სამადალაშვილს პოლიციის ზედამხედველობა შეუფარდა.

  • გიორგი ჯიბლაძე წყალტუბოს პოლიციის წინააღმდეგ

წყალტუბოს პოლიციის სოფ. ფარცხანაყანების ქვეგანყოფილების თანამშრომელმა კობა მაისურაძემ 2003 წლის 19 აპრილს ქვეგანყოფილებიდან გამოაგდო იმერეთის პოლიციაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯიბლაძე და შემდეგ მას ყბის არეში თავი ამოარტყა. ინცინედტი მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი ჯიბლაძე, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, სამი მოქალაქის - მიშა ლორიას, გაგა ხადურის და კახა არველაძის - დაკავების კანონიერების გარკვევას ცდილობდა.

ფარცხანაყანების ქვეგანყოფილების უფროსმა მერაბ ედიბერიძემ ადვოკატი იაგო მხეიძე დაკავებულებთან არ შეუშვა იმ მოტივით, რომ ორდერი წყალტუბოს საადვოკატო ბიუროში არ იყო გამოწერილი. დაკავებულები საღამოს 11 საათზე წყალტუბოს პოლიციაში გადაიყვანეს. პოლიციის უფროსმა გელა დარსაძემ ადვოკატი არც იქ შეუშვა.

კობა მაისურაძის მიერ გიორგი ჯიბლაძის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის საჩივარი პოლიციის სამხარეო სამმართველოში იქნა შეტანილი.

  • გამომძიებლის შვილის დაუსჯელობა

2003 წლის 12 მაისს ტ/კ „თრიალეთის“ ოფისში განთავსებულ ინტერნეტ-კაფეში იჯდა დავით ბოღრაშვილი, შს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის შვილი. მან დათრობის შემდეგ ტელევიზიის დაცვის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იგი ტელევიზიის დაცვის თანამშრომლებთან ერთად გორის პოლიციაში წაიყვანეს.

ამის შემდეგ ტელევიზიაში მიიჭრა შ/ქ მთავარი სამმართველოს გამომძიებელი პოლკოვნიკი სიმონ კაპანაძე, რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელევიზიის თანამშრომლებს. კაპანაძემ ტელევიზიიდან შს გორის სამმართველოში გადაინაცვლა, სადაც დაკავებული დავით ბოღრაშვილი იმყოფებოდა, და იქაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტ/კ დაცვის თანამშრომლებს, დახია პოლიციაში წარმოდგენის ოქმები, ახსნა-განმარტებები და დავით ბოღრაშვილი პოლიციიდან თვითნებურად გაიყვანა. ამის შემდეგ კაპანაძე ისევ ტელევიზიაში მიიჭრა და იქაც განაგრძო თანამშრომელთა შეურაცხყოფა და მუქარა.

ტელევიზიის თანამშრომლები დაუკავშირდნენ სამხარეო სამმართველოს უფროსს ალეკო სუხიტაშვილს და აუხსნეს მდგომარეობა, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, მეორე დღეს სუხიტაშვილმა ტ/კ „თრიალეთის“ ეთერში განაცხადა, რომ იგი ვერ ადასტურებს კაპანაძის ნასვამობის და ტელევიზიაში მისი მიჭრის ფაქტს.

  • უბნის რწმუნებულის მასალებში დაზარალებული მხარე უგულვებელყოფილია

2003 წლის 29 მაისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს თელავში განცხადებით მიმართა სოფ. ქიწნისში მცხოვრებმა ცირა წიქარიძემ. მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია დავა აქვს მისსავე სოფელში მცხოვრებ ლიანა შუღლიაშვილთან მემკვიდრეობის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე თვის წინ შუღლიაშვილმა ცირა წიქარიძე სცემა, რის გამოც უკანასკნელმა ტვინის შერყევა მიიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წიქარიძემ პოლიციის პირველ განყოფილებას მიმართა. მოკვლევას აწარმოებდა სოფ. ქიწნისის უბნის რწმუნებული ზურაბ სეხნიაშვილი, მაგრამ მას დაზარალებულისათვის არანაირი ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევია. ახსნაგანმარტებები მან თვითონ შეთხზა, ხელმოწერებიც მოაგროვა და მასალები სასამართლოს ისე გადაუგზავნა, რომ დაზარალებული მხარე საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ამის გამო წიქრაძეს სასამართლო პროცესის ობიექტურად

წარმართვაში ეჭვი ეპარება და მკაცრ მონიტორინგს მოითხოვს.

  • ფრიდონ თუთაშვილის დაპატიმრება

ფრიდონ თუთაშვილი 2002 წლის წლის ივლისში იარაღის უკანონო შენახვა-გადაზიდვისა და ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული. საქმეს ზესტაფონის რაიონის სამართალდამცავები იძიებენ. წინასწარი გამოძიების პროცესში თუთაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობდა. გამომძიებელი მალხაზ მაჭავარიანი დაზარალებულის მეზობელია, რის გამოც დაპატიმრებულის მეუღლე მარინა ჭეიშვილი და ადვოკატი ქეთევან ქასრაშვილი ფიქრობენ, რომ იგი მიკერძოებას გამოიჩენს და, მათი მტკიცებით, მიკერძოების ნიშნები უკვე სახეზეა. ბრალდებული გამომძიებლისადმი პროტესტის ნიშნად შიმშილობდა და მუცელი გადაიჭრა კიდეც.

ადვოკატის განცხადებით, თუთაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა კანონდარღვევით ჩატარდა. წინააღმდეგობრივია პოლიციის თანამშრომლების ბაკურ შავდიასა და დავით ურატაძის ჩვენებებიც, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს. ერთი ამბობს, რომ ჩხრეკას ეჭვმიტანილი ესწრებოდა, მეორე ამბობს, რომ არ ესწრებოდა. გარდა ამისა, ერთი მიუთითებს, რომ იარაღი ქვაბში იპოვეს, მეორის ჩვენების მიხედვით კი იარაღი კარადაში აღმოაჩინეს.

2003 წლის 17 მაისს ქ.ზესტაფონში სასამართლო პროცესი შედგა. პოლიციის ზემოაღნიშნულმა თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე ბრალდებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოსამართლე ჰუსეინ მიქაბერიძეს ამ ფაქტზე რაიმე რეგირება არ მოუხდენია, რაც ადვოკატსა და დაზარალებულის მეუღლეს მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს აძლევს. ამ ფაქტის გამო ადვოკატმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციელებმა აღელვება მათი წინააღმდეგობრივი ჩვენებების შესანიღბად გაითამაშეს. ბრალდებულის მეუღლე მარინა ჭეიშვილი კი ამბობს, რომ იმ დღეს, როდესაც ხარაგაულში აღნიშნული ყაჩაღობა მოხდა, მისი მეუღლე, ფრიდონ თუთაშვილი, ავად იყო და სახლში იწვა. რაზეც მას მოწმეები ჰყავს - მეზობლები (თუთაშვილი ვანის რაიონის სოფელ ბზვანში ცხოვრობს).

მარინა ჭეიშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე ადრე ნასამართლევია, რასაც პოლიცია მისგან ფულის გამოძალვისთვის იყენებს. კერძოდ, მისი თქმით, ერთ დღეს მათთან სახლში მივიდა ვანის პოლიციის უფროსი და უთხრა: ნასამართლევი ხარ, თუ გინდა რაიონში იცხოვრო, 2000 დოლარი გადაგვიხადე, თუ არა და ჩვენთან ითანამშრომლეო. ფრიდონ თუთაშვილიმა პოლიციის წინადადება არ მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა, რომ საცხოვრებლად ბათუმში წასულიყო.

  • პოლიციელებმა უცდანაშაულო მოქალაქე სცემეს

20 ივნისს, დაახლოებით 20 საათზე, ქუთაისში მცხოვრები გოგა გაბადაძე, ირაკლი შვანგირაძე და ირაკლი წერეთელი ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, პოლიციის მე-5 განყოფილების მახლობლად, გოგა გაბადაძის კუთვნილ ავტომობილში ისხდნენ და საუბრობდნენ. მათ მიუახლოვდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მათთვის უცნობი ირი მოქალაქე. ერთ-ერთმა უცნობმა გოგა გაბადაძეს ჰკითხა, თუ სად იყიდა მან ავტომობილის საბურავების მისაგები ხუფები. გოგა გაბადაძის პასუხის შემდეგ უცნობმა მას უთხრა - ტყუიხარო. შემდეგ ორივე უცნობი ჩასხდა გოგა გაბადაძის ავტომობილში და მას ცემა და გინება დაუწყეს. ეს სიტუაცია გაგრძელდა მანამ, სანამ პოლიციის მე-5 განყოფილებიდან გამოსულმა თანამშრომელმა უცნობები არ დააშოშმინა. შემდეგში გოგა გაბადაძემ მისი მეგობრისაგან, ირაკლი წერეთლისაგან შეიტყო, რომ უცნობები იყვნენ პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლები: ლევან მოსეშვილი და დავით ავალიანი. გოგა გაბადაძემ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელთა დახმარებით აიყვანა ადვოკატი და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

  • მოქალაქეები პოლიციელებისაგან დაშინებული არიან

2003 წლის 19 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის წარმომადგენლობას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი პეტრე სირბილაძე დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ იმ დღეს, დაახლოებით 15 საათზე, უნივერსიტეტის თანამშრომელი ემზარ მუკბანიანი უნივერსიტეტის წინ, გაჩერებაზე, იდგა. იქვე გაჩერდა მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ოთხი პოლიციელი გადმოვიდა. ისინი მივარდნენ მუკბანიანს და წაავლეს ხელი მანქანაში ჩასაგდებად. უცნობებმა მუკბანიანს უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და განყოფილებაში უნდა წაეყვანათ. მუკბანიანს გაჩერებაზე მდგომი ადამიანები და მზესუმზირისა და სიგარეტის გამყიდველი ქალები გამოექომაგნენ, წივილკივილისა და ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ უცნობები მუკბანიანს შეეშვნენ, მაგრამ იქვე მდგომი სხვა ახალგაზრდა შეტენეს მანქანაში და წაიყვანეს.

თავისუფლების ინსტიტუტის კოორდინატორი მეორე დილით უნივერსიტეტში მივიდა, ინახულა პეტრე სირბილაძე და ემზარ მუკბანიანი. ორივემ მომხდარი ფაქტი დაადასტურა, მაგრამ მუკბანიანმა არ ისურვა ფაქტის გახმაურება. თუ რატომ, მიზეზი არ უთქვამს. თავისუფლების ინსტიტუტის კოორდინატორი მას შემდგომშიც დაუკავშირდა, მაგრამ მუკბანიანმა ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივრის შეტანაზე უარი თქვა. გახმაურებაზე ვერ დაითანხმა. მან არც უცნობი პირები დაახასიათა გარეგნულად და არც განყოფილება დაასახელა, სადაც წაყვანას უპირებდნენ.

  • პოლიცია ნარკოტიკების რეალიზატორს მფარველობს

2003 წლის 16 მაისს ნარკოტიკების რეალიზაციისათვის მსჯავრდებულმა შორენა ობოლაძემ სცემა გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტი მაგდა ჩინიჯიშვილი და მისი და. ჩინიჯიშვილმა რამდენიმე თვის წინ აღნიშნულ გაზეთში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ შორენა ობოლაძე ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას ეწევა და არც მალავს, რომ ნარკოტიკებით მას პოლიცია ამარაგებს; იგი აცხადებს, რომ პოლიციელების კუთვნილ საქონელს ყიდის და ამიტომ ვერავინ ვერაფერს დამაკლებსო.

წერილის გამოქვეყნებიდან არც თუ დიდი ხნის გასვლის შემდეგ შორენა ობოლაძე პოლიციამ ნარკოტიკების გასაღებისთვის დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა, რომელსაც ობოლაძე სახლში იხდის.

ობოლაძე რამდენჯერმე დაემუქრა ჩინიჯიშვილს ფიზიკური ანგარიშსწორებით. ჟურნალისტმა პოლიციას მიმართა, რომელმაც ობოლაძეს ხელწერილი დააწერინა, რომ ჟურნალისტს ფიზიკურად არ შეეხებოდა. მცირე პაუზის შემდეგ ობოლაძემ ისევ გააგრძელა მუქარა - ქუჩაში ან შენ ივლი, ან მეო და ეს მუქარა 16 მაისს აღასრულა კიდეც.

მაგდა ჩინიჯიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, რომელმაც ეს ამბავი ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილების უფროს ჯანო გრძელიძეს აცნობა. უბნის ინსპექტორმა იმ დღესვე დაიწყო მოკვლევა, მაგრამ ჟურნალისტი მაინც უკმაყოფილოა პოლიციის მოქმედებით, რადგან პოლიციაში მისთვის უთქვამთ: რაც მოხდა, ეს ელემენტარული მეზობლური დავაა და მეტი არაფერიო.

ობოლაძე და ჩინიჯიშვილი ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ. ჟურნალისტი პოლიციისგან ითხოვს დაცვას, რომ ობოლაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა არ გაიმეოროს.

  • შეუსაბამობა დაკავებისა და დანაშაულის თარიღებს შორის

ქუთაისის მე-2 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმარმა ზვიად ჯობაძემ 2003 წლის 22 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტყიბულის პოლიციამ ის გასული წლის მარტში დააკავა, მაგრამ ბრალად იმ დანაშაულში მონაწილეობა წაუყენა, რომელიც მისი დაკავებიდან სამი დღის შემდეგ მოხდა. საანგარიშო პერიოდში ზვიად ჯობაძეს ადვოკატი არ აუყვანია.

  • ბანდიტი პოლიციამ ვერ იპოვა, ქირურგმა - იპოვა

2003 წლის 24 აპრილს თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის წარმომადგენლობას მოქალაქე მარი კინწურაშვილმა მიმართა. მისი ძმა რომან კინწურაშვილი 23 აპრილს ღამის 11 სთ-სა და 30 წთ-ზე საკუთარ ბინასთან დაჭრა ვინმე ავთო გოდუაძემ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. რომან კინწურაშვილი იმავე ღამით მოათავსეს ავტოქარხნის საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა ვაჟა და გია გაბუნიებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ დაზარალებულს ძლიერი და ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებოდა, ამასთანავე - გადაუდებელი ოპერაცია ფეხის შესანარჩუნებლად. გაბუნიებმა ავადმყოფს უთხრეს, რომ ოპერაციას იმ შემთხვევაში გაუკეთებდნენ, თუ ფულს მიიტანდა. რომან კინწურაშვილი არის პოლიციის პენსიონერი (პოლიციაში ოცი წელი უმუშავია). მას მატერიალურად ძალიან უჭირს და ოპერაციის ფული არ აქვს.

მისმა დამ თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლებს სთხოვა, გაერკვიათ, ჰქონდა თუ არა ექიმს ოპერაციის გაკეთებაზე უარის თქმის უფლება; აუცილებელი იყო თუ არა წინასწარ ფულის მიტანა. აღნიშნული ინსტიტუტის რეგიონალური თანამშრომელი გოჩა ჩხეტია დაუკავშირდა ვაჟა და გია გაბუნიებს. მათ თქვეს, რომ დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაშია და შეიძლება ფეხი მოსაჭრელი გახდეს, თუ ავადმყოფის ახლობლები ძლიერ მედიკამენტებს არ შეიძენენ და ვინმე ოპერაციას არ დააფინანსებს.

ვითარება უნუგეშო იყო. პოლიცია ბანდიტის დაჭერის იმედს ვერ იძლეოდა, რის გამოც ქირურგი ვაჟა გაბუნია იძულებული გახდა, რომ საკუთარ თავზე აიღო კინწურაშვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირის მოძებნა, თუ დაზარალებული არ იყვირებდა და პალატიდან მის გაგდებას არ შეეცდებოდა. კინწურაშვილი, რადგან მეტი გზა არ ჰქონდა, დათანხმდა. გაბუნიამ სიტყვის შესრულება იმავე ღამით მოახერხა, - ეჭვმიტანილი ადვილად მოიძებნა და კინწურაშვილის მკურნალობა მან დააფინანსა. კინწურაშვილს ქირურგებმა ფეხი ვერ შეუნარჩუნეს და ამპუტაცია გაუკეთეს.

  • პატიმრები მათი საქმეების გადახედვას ითხოვენ

2003 წლის 30 აპრილს, დილიდან, საქართველოს პენიტენციური სისტემის ყველა დაწესებულების 7000-მდე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო.

12 მაისს ქუთაისის მე-2 საპყრობილეში პატიმარ აბელ გოგნაძის თხოვნით და თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული ოფისის ინიციატივით მოეწყო პრესკონფერენცია. აბელ გოგნაძემ ჟურნალისტებს თავი გააცნო საქართველოს ციხეებში და კოლონიებში დაწყებული შიმშილობის საპროტესტო აქციის ორგანიზატორად. მისი განცხადებით, უკვე წელიწადი და ორი თვეა, რაც ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება; დაკავებისა და დაკითხვის დროს იგი ცემეს თერჯოლისა და თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა; აღიარებით ჩვენებას მან დენის აპარატზე შეერთების შემდეგ მოაწერა ხელი. მიუხედავად პროკურატურაში გაგზავნილი უამრავი საჩივრისა, არ მომხდარა ამ ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიება.

გოგნაძის მტკიცებით, ქუთაისის ციხეში 170-მდე პატიმარია, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად თვლიან. ისინი მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ. გოგნაძემ ჩამოაყალიბა მოთხოვნები, რომელსაც იზიარებენ საქართველოს პენიტენციალური სისტემის პატიმრები. ეს მოთხოვნებია: შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია გენერალური პროკურატურის, ომბუდსმენის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. აღნიშნული კომისიის მიერ მოხდეს იმ პატიმართა საქმეების რევიზია, რომელთაც გააჩნიათ პრეტენზიები გამოძიებასთან.

2.2 თავისუფლების უკანონო აღკვეთა

▲ზევით დაბრუნება


  • პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქმე არ აღძრა

2003 წლის 20 ივნისს ქუთაისის საოლქო სასამართლოში ჩატარდა სააპელაციო პროცესი გოგა ჩხეიძის გატაცებაში ეჭვმიტანილ იამზე კირკიტაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე. მოსამართლე რევაზ სულწაძემ დაარღვია განაჩენის გამოცხადების საჯაროობის პრინციპი, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესის წარმომადგენლები არ იქნენ დაშვებული განაჩენის გამოცხადებაზე.

გოგა ჩხეიძის გატაცებაში ბრალდებულებმა: ავთო კერსელიძემ, იამზე კირკიტაძემ, ზაზა ჩაჩხიანმა და იაკობ ხიტიბაშვილმა 21 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უარყვეს რაიმე კავშირი აღნიშნულ გატაცებასთან და განაცხადეს, რომ თავს თვლიან უკანონო პატიმრებად. მათ შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა და მოთავსებულნი არიან ქუთაისის მე-2 საპყრობილეში.

იაკობ ხიტიბაშვილი აცხადებს, რომ მამუკა ჩხეიძემ (გატაცებული გოგა ჩხეიძის მამამ) გამტაცებლებიდან შვილის მობრუნების დღეს ის და მისი ისრაელელი ნათესავი ილო სეფიაშვილი მოტყუებით მიიპატიჟა სახლში, ჩაკეტა სარდაფში და აწამა. მამუკა ჩხეიძე მათგან მოითხოვდა შვილის გამტაცებლების დასახელებას. იაკობ ხიტიბაშვილმა წამების და ცემის შედეგად დაკარგა 7 კბილი და მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რის დასტურადაც მას აქვს ექსპერტის დასკვნა. მომხდარის შესახებ დაკითხვის დროს ქუთაისის პროკურატურის გამომძიებელს მან შესაბამისი ჩვენება მისცა. მიუხედავად ამისა, პროკურატურას მამუკა ჩხეიძის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საფუძვლიანობა დღემდე არ გამოუძიებია და ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს.

  • მოვალემ მევალეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა

2003 წლის 23 მაისს თბილისში რკინიგზის დეპატამენტის თავმჯდომარის აკაკი ჩხაიძის ბრძანებით, აღნიშნული დეპარტამენტის შენობაში, სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უკანონონდ ჰყავდათ დაკავებული ნათელა ჩხიკვაძე.

ნ. ჩხიკვაძის განცხადებით, რკინიგზის დეპარტამანეტის თავმჯდომარეს ნ. ჩხიკვაძის ვალი მართებს, რომელსაც ა. ჩხაიძე არ უბრუნებს. უკანასკნელმა დახმარებისათვის სხვადასხვა ინსტანციას მიმართა. იყო „რუსთავი 2“-ის რედაქციაშიც, რომლის თანამშრომლებმა, „60 წუთის“ ჟურნალისტებმა, მას მოვალესთან ფარული კამერით შესვლა და საუბრის ჩაწერა ურჩიეს. ნ. ჩხიკვაძეს ეს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და დაპარტამენტის თავმჯდომარის კაბინეტში „60 წუთის“ ფარული კამერით აღჭურვილი შევიდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ თავმჯდომარისა თუ მისი მოადგილის მახვილმა მზერამ და სმენამ კამერის არსებობა შენიშნა. მოვალე აენთო და აფეთქდა. ნ.ჩხიკვაძემ ძლივს მოახერხა „60 წუთთან“ მობილურით დაკავშირება, მაგრამ ტელეფონში მხოლოდ შეკივლება მოასწრო, რამაც ცხადყო, რომ იგი უკვე თავმჯდომარისა და მისი მოსამსახურე პერსონალის ძალადობის მსხვერპლი გახდა.

თავისუფლების ინსტიტუტისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დეპარტამენტს მიადგნენ. მათ გვერდით „კმარას“ აქტივისტებიც იყვნენ. გამოიძახეს პოლიცია და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, მაგრამ ა.ჩხაიძის ხელქვეითებმა შენობაში არც პოლიციელები შეუშვეს, არც სახალხო დამცველის წარმომადგენელი და არც რეპორტიორები. ადამიანის უფლებათა დამცველები იძულებული გახდნენ, რომ შენობის შესასვლელების პიკეტირება მოეხდინათ. ვითარება დაიძაბა; მოპიკეტათა რიცხვი იზრდებოდა, რის შემდეგაც აკაკი ჩხაიძე იძულებული გახდა, შენობაში შეეშვა სახალხო დმცველის წარმომადგენელი და რამდენიმე უფლებადამცველი. თითქმის ნახევარსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ იგი იძულებული გახდა, ნ.ჩხიკვაძე გაეთავისუფლებინა.

ნ. ჩხიკვაძემ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გენერალურ პროკურატურაში შეიტანა.

3 სამოქალაქო თავისუფლებანი

▲ზევით დაბრუნება


3.1 ა. სიტყვისა და პრესის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


  • საქართველოს პარლამენტი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

2003 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამნტმა პირველი წაკითხვით მიიღო შესწორებები და დამატებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც ბევრად გაამკაცრა სასჯელი ცილისწამების გამო და სისხლის სამართლის კოდექსში შემოიტანა ახალი დეფინიცია - შეურაცხყოფა - რითაც, ფაქტობრივად, პატივისა და ღირსების დაცვა სამოქალაქო სამართლის სფეროდან სისხლის სამართლებრივ სფეროში გადაიტანა. ამის საქართველოს პარლამენტმა მკვეთრად შეზღუდა სიტყვის თავისუფლების ხარისხი და ფარგლები და, ფაქტობრივად, დამძიმებული ფორმით აღადგინა საბჭოთა პერიოდის ნორმები. კერძოდ, პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მიღებულ ცვლილებებსა და დამატებებში ნათქვამია:

1. 148- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 148. ცილისწამება

1. ცილისწამება, ესე იგი ისეთი ცრუ ცნობის შეგნებული გავრცელება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს ან სხვაგვარად სახელს უტეხს სხვა პირს, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით ასიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) პრესის, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ან კომპიუტერული ქსელის გამოყენებით;

ბ) ნაბეჭდ, საჯაროდ დემონსტრირებულ ან სხვაგვარი ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში;

გ) არაერთგზის;

დ) საჯარო გამოსვლისას, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ცილისწამებისთვის ადრე მსჯავრდებული პირის მიერ;

ბ) მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაბრალებით ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნით, - ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა ან რაიმე სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

2. კოდექსს დაემატოს 1481-ემუხლი შემდეგი რედაქციით

მუხლი 1481. შეურაცხყოფა

1. შეურაცხყოფა, ესე იგი სხვისი პატივისა და ღირსების შელახვა, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) პრესის, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ან კომპიუტერული ქსელის გამოყენებით;

ბ) ნაბეჭდ, საჯაროდ დემონსტრირებულ ან სხვაგვარი ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში;

გ) არაერთგზის;

დ) საჯარო გამოსვლისას, -

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი შეურაცხყოფისთვის ადრე მსჯავრდებული პირის მიერ, - ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა ან რაიმე სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვთით ვადით ხუთ წლამდე.“

კანონპროექტს უარყოფითი დასკვნა მისცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველი წაკითხვით მის მიღებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის 101-მა წევრმა (იხ. დანართი №1).

  • გრძელდება ტელეკომპანია ოდიშის სასამართლო პროცესი

2003 წლის 29 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა ტელეკომპანია „ოდიშთან“ დაკავშირებით. საქმე ეხებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, რევაზ ჩიქობავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს. ამ პირის ხელმძღვანელობით პოლიციის თანამშრომლებმა 2002 წლის 27 სექტემბერს ხსენებული ტელეკომპანია დაარბიეს. სამხარეო პროკურატურამ საქმე შეწყვიტა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო (დაწვრილებით იხ. გასული წლის მიმოხილვა, გვ.68-69). „ოდიშის“ მეპატრონემ გრიგოლ ქობალიამ პროკურატურის გადაწყვეტილება ქუთაისის სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო სხდომის წინა დღეს ქუთაისში ჩავიდნენ თავისუფლების ინსტიტუტის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოსამართლე ხაჭაპურიძემ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმის კვლავ აღძვრის შესახებ და საქმე იმერეთის საოლქო პროკურატურას ხელახლა დაუბრუნდა.

  • ქუთაისის გუბერნატორი ჟურნალისტების წინააღმდეგ

2003 წლის 5 მაისს გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტი ნათია ბილიხოძე მერიის შენობის დაცვის თანამშრომლის, მამუკა შაშიაშვილის თავდასხმის ბიექტი გახდა.

გაზეთის რედაქტორი ნატო გუბელაძე და ჟურნალისტი ნათია ბილიხოძე იმ დღეს თბილისელ კოლეგასთან მარინა ვაშაყმაძესთან და ამერიკელ ჟურნალისტებთან: ჯოდი მაკ ფილიპსა და დეივ ბლოსთან ერთად იმერეთის გუბერნატორის პრესკონფერენციაზე მყოფებოდნენ. პრესკონფერენციიდან გამოსულებმა შენობის წინ მათხოვარი დაინახეს, რომელიც ქუჩაში იწვა და ეძინა. ჟურნალისტმა მათხოვარი გადაიღო, მაგრამ იქ მაშინვე გაჩნდა დაცვის ორი თანამშრომელი, რომლებმაც ქუჩაში მძინარე კაცს წიხლები დასცხეს. ჟურნალისტი ნათია ბილიხოძე ამ ფაქტის გადაღებასაც შეეცადა, მაგრამ მასთან გაჩნდა მამუკა შაშიაშვილი, რომელმაც ფოტოაპარატის დამსხრევა მოინდომა. იგი ყვიროდა და აპარატის წართმევას ცდილობდა. ამ სურათის გადაღება ამერიკელმა ჟურნალისტმაც მოინდომა, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა მისკენაც გაიწია.

შეურაცხყოფილი ჟურნალისტები მაშინვე შეხვდნენ დაცვის სამსახურის უფროსს გიგა კუპატაძეს. მან ჟურნალისტებს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა, თავად შაშიაშვილმა კი ბოდიშის მოხდა იუკადრისა.

გიგა კუპატაძისგან ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ ისინი უშუალოდ გუბერნატორის ბრძანებას ასრულებდნენ. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ გუბერნატორს არ სურდა, ქუჩაში დაგდებული მათხოვარი ამერიკელ ჟურნალისტებს შეემჩნიათ.

  • ახალციხის გამგებელი თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ

2003 წლის 10 და 14 აპრილს გამართულ ახალციხის რაიონის გამგეობის თათბირზე რაიონის გამგებელმა რაგულ სამსონიძემ ღიად გაილაშქრა ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ: ჟურნალისტები - რაიონში მიმდინარე მოვლენების არაობიექტურ გაშუქებაში, ხოლო არასამთავრობოები გამგეობის მუშაობის უარყოფით შეფასებაში დაადანაშაულა.

ამ განცხადების შემდეგ, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამგეობიდან მიიღეს წერილობითი მოთხოვნა ორგანიზაციის წესდების, ბიუჯეტისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ხოლო ტელეკომპანიების „ლომსიასა“ და „იმპერიას“ ხელმძღვანელობას გამგეობამ ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა: გამგეობა დახურავდა და „უცხო პირებს“ არ დაასწრებდა სხდომებს, თუ ისინი აკრედიტაციას არ გაივლიდნენ. ამასთანავე, ახალციხის გამგეობამ აკრედიტაციის თავისებური დეფინიცია მოახდინა: ტელეკომპანიების წარმომადგენლებს გამგეობაში უნდა მიევლინათ ჟურნალისტები, რომელთაც მოეთხოვებოდათ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ჟურნალისტის ეთიკის კოდექსის ცოდნა. რედაქციების მიერ შერჩეულ ჟურნალისტთაგან კი თავად გამგეობა განსაზღვრავდა, თუ ვის მისცემდა აკრედიტაციას და ვის არა. აკრედიტაციის ერთ-ერთი პირობის თანახმად, ჟურნალისტებს წინასწარ უნდა გაეცნოთ გამგეობის წარმომადგენლებისთვის ის მასალა, რომელიც გამგეობის შესახებ ეთერში გავიდოდა.

ტელეკომპანიებმა უარი განაცხადეს ასეთი დირექტივის შესრულებაზე, რის გამოც ახალციხის ქონების მართვის სამმართველოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ტელეკომპანია „იმპერიას“ ჟურნალისტი არ დაუშვეს.

ამასთან დაკავშირებით 14 აპრილს ახალციხეში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს საპროტესტო განცხადება. 18 აპრილს გამგეობის თავმჯდომარემ პოზიცია შეარბილა და თავისი განცხადებები მხოლოდ უწყინარ შეთავაზებად შეაფასა.

  • რადიო ძველი ქალაქი გაძარცვეს

2003 წლის 17 აპრილს, ღამით, რადიო „ძველი ქალაქის“ გადამცემი ანტენა მოიპარეს.

აღნიშნული რადიოსადგურის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გაცილებით ადრე დაიწყო (ვრცლად იხ. წინა ნომერი, გვ. 23-24). მოსახლეობის ნაწილი, რომელიც რადიოსადგურის წინააღმდეგ ილაშქრებდა და მისი გადამცემი ანტენების ქალაქის ცენტრიდან გადატანას ითხოვდა, ოფიციალურ მიზეზად იმ მავნე ზემოქმედებას ასახელებდა, რომელიც თურმე მისი ანტენის გამოსხივებითაა გამოწვეული. ამავე დროს, უკვე დიდი ხანია, რაც მოსახლეობაში ვრცელდებოდა ხმა, რომ „ძველი ქალაქი“ თითქოს იეჰოვას მოწმეებისა და კათოლიკეების რადიოა, ვინაიდან ამ რადიოს საშუალებით კვირაობით გადიოდა ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის მიენრ მომზადებული გადაცემები. ამა წლის იანვარ-თებერვალში ადგლობრივმა სასამართლოებმა მას მაუწყებლობის უფლება კიდეც წაართვეს და კიდეც აღუდგინეს. 14 თებერვალს თბილისიდან ქუთაისში ჩასულმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ რადიოკომპანია სანიტარული ნორმების ფარგლებში მაუწყებლობს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა.

28 მარტს, თითქოს სპეციალისტების დასკვნის პროტესტის ნიშნად, დაახლოებით ოცამდე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პრესის სახლის შენობის სახურავზე აიჭრა, ნაჯახით ანტენა დაამტვრია და ხუთსართულიანი შენობის სახურავიდან გადააგდო.

ეს ინციდენტი მოიკვლია ქუთაისის შს პირველმა განყოფილებამ, რომელმაც მოკვლეული მასალები 5 აპრილს ქუთაისის სამხედრო პროკურატურას გადაუგზავნა, რადგანაც ჩათვალა, რომ იკვეთებოდა სამხედრო პირის დანაშაული. 8 აპრილს სამხედრო პროკურატურამ მასალები ქალაქის პროკურატურას გადაუგზავნა. სამხედრო პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის განმარტებით, ქალაქის პროკურატურაში საქმის გადაგზავნის მიზეზი ის არის, რომ სამხედრო პირის დანაშაული არ გამოიკვეთა. 10 აპრილს ქალაქის პროკურატურამ მასალები გადაუგზავნა ქუთაისის საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც პოლიციის მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამსახურის უფროსის ჯუმბერ ლელაძის თქმით, მათ სამთვიანი საგამოძიებო ვადა აქვთ, მაგრამ შეეცდებიან კანონიერი გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღონ. ლელაძის თქმით, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია. „გარკვეულ მოქმედებებში“ კი მან მხოლოდ მოწმეების დაკითხვა დაასახელა. ის თვლის, რომ პროცესი არ ჭიანურდება, თუმცა ფაქტია, რომ საქმე უწყებიდან უწყებაში სიარულით უკვე გაჭიანურდა.

ინციდენტი, რომელსაც 17 აპრილის ჰქონდა ადგილი, ამგვარი გაჭიანურების ლოგიკურ შედეგად უნდა მოვიჩნიოთ.

3.2 ბ. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


  • მშვიდობიანი აქციის დარბევა გორში

2003 წლის 27 მაისს გორში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ჩავიდა, რომელსაც გ.ერისთავის სახელობის თეატრში მოქალაქეებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეები გორის ქუჩებში გამოვიდნენ ტრანსფარანტებით: „მოვითხოვთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, „მოვითხოვთ დემოკრატიული საარჩევნო კანონის მიღებას“.

აქციის მონაწილეები, მათ შორის ქალები და მოხუცები, ხელკეტებით დაარბია გორის მაჟორიტარი დეპუტატის ვახტანგ ყანჩაველის სიძის გიორგი კანდელაკისა და გორის ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარის ამირან გიგუაშვილის მიერ ორგანიზებულმა ბრბომ. თავდამსხმელებმა დახიეს ტრანსფარანტები და დროშები, სცემეს ჟურნალისტები, ხოლო გაზეთ „თრიალეთის“ კორესპონდენტს წაართვეს ციფრული ფოტო-კამერა, რომელიც აღარ დაუბრუნებიათ.

დარბევის დროს სხეულის დაზიანებები მიიღეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა ნიკოლოზ ვანიშვილიმა, იოსებ გიგუაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ლადო გეგელაშვილმა. „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეგიონალურმა ომბუდსმენმა ვალერი ტეტუნაშვილმა. ასევე დაშავდა მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის გიორგი იორამაშვილი და ირაკლი ბერელაშვილი.

აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას აწარმოებს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გორის განყოფილება. გაზეთმა „თრიალეთმა“ და ტ/კ „თრიალეთმა“ დარბევაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს პრეზიდენტის რწმუნებულს დავით ქობლიანიძეს, გამგებელს ზაზა კოშაძეს, შ/ქ შს მთ. სამმართველოს უფროსს ალეკო სუხიტაშვილს და გორის შს სამმართველოს უფროსს რევაზ კოტიაშვილს.

  • მოძრაობა კმარას დარბევა საგარეჯოში

2003 წლის 8 ივნისს საგარეჯოს პოლიციის 4-მა თანამშრომელმა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საღებავი გადაასხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „კმარას“ აქტივისტებს.

„კმარას“ აქტივისტები საგარეჯოში ჩავიდნენ, რათა ადგილობრივ თანატოლებთან ერთად ქალაქის ქუჩებში სიტყვა „კმარა“ დაეწერათ. წერის დროს მათ თავს დაადგნენ ზემოაღნიშნული პოლიციის თანამშრომლები და დებოში ატეხეს.

დაახლოებით ერთი საათის შემდე საგარეჯოში დაზარალებული სტუდენტების მხარდასაჭერად თავისუფლების ინსტიტუტის წევრები და „კმარას“ სხვა აქტივისტები ჩავიდნენ. მათ იქ, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად, აქცია გამართეს და პოლიციელების საქციელი დაგმეს.

  • მონიტორინგის მომხრეთა ცემა გორში

2003 წლის 11 ივნისს გორის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სცემეს გორის სტუდკავშირის თავმჯდომარეებს. სტუდენტების მიმართ ძალადობას ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი ხელმძღვანელობდა. სტუდკავშირის ერთ-ერთი თავმჯდომარის განცხადებით, დაპირირსპირების მიზეზი გახდა სტუდენტური კავშირების ინიციატივა, რომ გორის ახალგაზრდობის დეპარტამენტში თანხების განკარგვის თაობაზე მონიტორინგი ჩატარდეს.

  • კმარას აქტივისტების დაკავება თბილისში

2003 წლის 12 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან „კმარას“ 8 აქტივისტი იქნა დაკავებული. დაკავება უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის, ბრძანებით მოხდა. ბრძანება მას შემდეგ იქნა გაცემული, რაც „კმარას“ აცტივისტებმა სამინისტროს ეზოში საღებავებით სიტყვა „კმარას“ წერა დაიწყეს. აქტივისტების პროტესტი ორი დრით ადრე საგარეჯოში მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია. იმავე ღამეს მინისტრმა ტელეეთერში ოფიციალური განცხადება გააკეთა და „კმარას“ მისამართით კონტრბრალდებები წამოაყენა. მან „კმარას“ აქტივისტებს ხულიგნობაში დასდო ბრალი, რითაც კონსტიტუციის დარღვევის საფრთხე შექმნა, რადგან მან ამ განცხადებით დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და გამოძიებაზე გავლენის მოხდენა სცადა.

დაკავებულებთან ადვოკატი მხოლოდ სამი საათის შემდეგ შეუშვეს, ასევე - დაკავების ოქმი დაკავებიდან მხოლოდ შვიდი საათის შემდეგ გაფორმდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში „კმარას“ აქტივისტები შსს შენობაში უკანონონდ ჰყავდათ დაკავებული. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი ჯაბა ჯანხოთელი კმარას ერთ-ერთ აქტივისტს წამებით დაემუქრა, რომ მის მიმართ ცემასა და წამების სხვა ფორმებსაც გამოიყენებს.

დაკავებულები განთავისუფლებულ იქნენ მხოლოდ არასამთვრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და კერძო პირების მიერ საპროტესტო აქციის მოწყობის შემდეგ.

3.3 გ. აღმსარებლობის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


  • ბაპტისტები მსჯავრდებულთა ზონაში არ შეუშვეს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას 2003 წლის 30 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით პატიმართა კვირეული უნდა მოეწყო. ამ ეკლესიის მსახურები და საზოგდოებრიობის წარმომადგენლები მე-5 ქალთა და არასრულწლოვანთა კოლონიებში შესვლას აპირებდნენ. დაგეგმილი იყო მუსიკალური სპექტაკლის „სიცოცხლის სარკის“ წარმოდგენა, ანსამბლ „მენორას“ კონცერტი, ჰუმანიტარული პროდუქტებისა და ტანსაცმლის დარიგება.

აღნიშნული ეკლესიის ხელმძღვანელობამ, სათანადო უფლება რომ მოეპოვებინა, 24 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპეტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კახა კახიშვილს. უკანასკნელმა მთხოვნელებს განუმარტა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არამართლმადიდებელთა მიერ ნებისმიერი ღონისძიების ჩატარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. მან დაიმოწმა იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2001 წლის 20 აპრილს დადებული ხელშეკრულების მე-2 მუხლი და დასძინა, ამ ხელშეკრულების პრინციპის შესაბამისად ევანგელისტ-ბაპტისტთა განცხადების ტექსტი საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადაეგზავნოსო.

საქართველოს საპატრიარქომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაპტისტთა თხოვნას მკვეთრად უარყოფითი პასუხი გასცა. ოფიციალურ წერილში, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კახიშვილის მისამართითაა გაგზავნილი, 2003 წლის 4 აპრილით დათარიღებული (¹105) და ხელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივანი დეკ. ზაქარია მაჩიტაძე აწერს, ვკითხულობთ:

„...საქართველოს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების სახელზე მოსული თქვენი წერილის (№23/14-1269) პასუხად გაცნობებთ, რომ ქალთა და არასრულწლოვანთა კოლონიებში ბაპტისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება ეწინააღმდეგება პროზელიტიზმთან (რომელიც... ასევე მოიხსენიება არამართლზომიერი პროზელიტიზმის სახელით) დაკავშირებულ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, რაც გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მეთოდებით - ჰუმანიტარული დახმარებით, მატერიალური დაინტერესებით, ასევე მოტყუებით... ცალკეული ადამიანისა და ადამიანთა ჯგუფების ერთი სარწმუნოებიდან მეორეზე მოქცევას ან მოქცევის მცდელობას. ასეთი ქმედებანი არღვევს სხვადასხვა სარწმუნოების აღმსარებელთა მშვიდობიანი თანაცხოვრების წესს, იწვევს დაძაბულობას და ხშირ შემთხვევაში - რელიგიურ დაპირისპირებას.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება საქართველოში სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიურ უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისა. ამ ტრადიციის გაგრძელების სურვილით 2001 წ. ჩვენი ეკლესია გამოვიდა ინიციატივით და გააკეთა კიდეც ერთობლივი განცხადებები სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან, სადაც რელიგიათშორის ურთიერთობებში დაიგმო პროზელიტიზმი ანუ სხვა სარწმუნოებაზე მიუღებელი მეთოდებით ხალხის გადაბირების მცდელობა.

რაც შეეხება ბაპტისტების მიერ წარმოდგენილ სიაში მითითებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარს, დეკანოზ ბასილ კობახიძეს, მისი ბოლოდროინდელი ყველა ქმედება არის თვითნებური...

ასე რომ, ბაპტისტების აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო აღიარებულ ნორმებს, ისე 2001 წლის 5 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ბაპტისტებს შირის გაფორმებულ ერთობლივ განცხადებას.

...იუსტიციის სამინისტროს საქართველოს საპატრიარქოსთან გაფორმებული აქვს ორმხრივი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების II მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის თავიდან აცილების მიზნით, სხვა სარწმუნოების მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კოორდინირებას უწევს საქართველოს საპატრიარქოს პენიტენციალურ სისტემასთან ურთიერთობის დეპარტამენტი…

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ბაპტისტების ინიციატივას უარი უნდა ეთქვას...“

ასე რომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, საპატრიარქოს მითითების შესაბამისად, ბაპტისტებს საპყრობილეში ჰუმანიტარული ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცა. იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის დადებული ხელშეკრულების მე-2 და მე-4 მუხლები ასეთია:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ სასჯელაღსრულებით დაწესებულებასა და იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო პოლიციაში მიავლენს მოძღვრებს საღმრთო ლიტურგიის და სხვა საეკლესიო წესების აღსრულების მიზნით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გასწევს კოორდინირებას და უზრუნველყოფს სხვა კონფესიების მსახურთა მოწვევას ამ კონფესიის წარმომადგენელ მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოძღვართა უსაფრთხოებასა და დაუბრკოლებელ გადაადგილებაზე.“

„მხარეები ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას სასჯელაღსრულების ცალკეული დაწესებულებების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ მეურვეობაში ტაპობრივი გადაცემის შესახებ. ეკლესიის სულიერ მეურვეობაში სასჯელაღსრულების ალკეული დაწესებულებების ეტაპობრივი გადაცემის წესისა და პირობების დასადგენად და გადაცემის პროცესის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ერთობლივი კომისია.“

ამდენად, აღმსარებლობით არამართლმადიდებელმა მსჯავრდებულმა, ვთქვათ, მუსლიმმა, იეზიდმა, იეჰოვას მოწმემ ანდა შამანმა, სულიერ მოძღვართან შეხვედრა ან რელიგიური რიტუალის შესრულება რომ მოითხოვოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ აპარატს (საპატრიარქოს) უნდა დაუკავშირდეს და ეს აპარატი, თუ საჭიროდ ჩათვლის, თვითონ მოიწვევს ციხეში შესაბამისი კონფესიის მსახურს. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში დაუშვებს, ანდა რა შემთხვევაში არ დაუშვებს ანუ რატომ, რა მიზეზით არ დაუშვებს საპატრიარქო „სხვა კონფესიების მსახურთა“ სასჯელაღსრულების ზონაში შეშვებას. ამ კითხვაზე პასუხს ვპოულობთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივნის ზემოწარმოდგენილ წერილში, სადაც დამოწმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლი ინტერპოლირებულია ასე (იხ. ზემ.): „არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის თავიდან აცილების მიზნით...“ ამავე ინტერპოლაციას იმეორებს კ.კახიშვილი წერილში საქართველოს რწმენის თავისუფლების ცენტრის თავმჯდომარისადმი, დავით ჯუღელისადმი (07.04.2003), რომელშიც ვკითხულობთ:

„...ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების II მუხლს, რომლის თანახმადაც არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის თავიდან აცილების მიზნით, სხვა სარწმუნოების მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კოორდინირებას უწევს საქართველოს საპატრიარქოს პენიტენციალურ სისტემასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.“

ამ წერილიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი აღიარებს, რომ არამართლმადიდებელ მსჯავრდებულთა „რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კოორდინირებას უწევს“ საქართველოს საპატრიარქო. დამოწმებული ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ საქართველოს საპატრიარქო არა მარტო „სხვა სარწმუნოების მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას“ უწევს კონტროლს, არამედ განსხვავებული მრწამსის წარმომადგენელთა საპატიმროებში შესვლაარშესვლასაც, იმის მიუხედავად, გარკვეულია თუ არა შესვლის მიზანი.

რამდენადაც სასჯელაღსრულების ზონები კონფესიური ნიშნით არ არის დაყოფილი, დაისმის კითხვა: პირველი, აქვთ თუ არა უფლება არამართლმადიდებელ მორწმუნეებს, მაგალითად, მუსლიმებს, მათ მიმართ არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის მცდელობად აღიქვან საქართველოს პენიტენციურ სისტემაზე მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი კონტროლის დაკანონება? მეორე, რა მექანიზმით შეიძლება დადგინდეს ამა თუ იმ, კერძოდ, საპატრიარქოსათვის მიუღებელი კონფესიის წარმომადგენლის ან წარმომადგენლების კოლონიებში ვიზიტის ნამდვილი მიზანი? მესამე, ამგვარი ბარიერის მეშვეობით საპატრიარქოსათვის არასასურველ რელიგიურ ჯგუფებს ხომ არ ეზღუდებათ ელემენტარული მოქალაქეობრივი უფლება და ზნეობრივი ვალდებულება, რომლის აღსრულებას იესო ქრისტე თითოეულ კეთილი ნების ადამიანს აკისრებს.

  • მკალავიშვილს პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ვერ აკავებენ

2003 წლის 4 ივნისს, ექვსსაათიანი დახურული სხდომის შემდეგ, ვაკე-საბურთალოს სასამართლომ (მოსამართლე მამუკა ნოზაძე) დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბასილ მკალავიშვილს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავად მკალავიშვილი პროცესს არ დასწრებია, თუმცა სასამართლოს შენობა და ეზო მისი მრევლით და მომხრეებით იყო სავსე. მათ ხელში ეჭირათ ჯვრები, დროშები (ბაირაღები), ხატები და სანთლები, გალობდნენ და თან რისხვა-მუქარას არ მალავდნენ. ისინი სასამართლოს, ხელისუფლებისა და მთელი საზოგადოების გასაგონად იმეორებდნენ იმ „წინასწარმეტყველებას“, რაც მათმა ლიდერმა არაერთგზის წარმოთქვა და რითაც ქვეყანას დაემუქრა: „ჩემი დაპატიმრება საქართველოს დიდ უბედურებას მოუტანს... იქნება მიწისძვრა და მეხთატეხა!“

როდესაც აქციის მონაწილეებმა მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, ვითარება დაიძაბა. მათ გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი და აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის სახლისაკენ დაძვრითა და სამოქალაქო ომის დაწყებით დაიმუქრნენ... აქციაზე ბასილ მკალავიშვილს მხარი დაუჭირეს პარლამენტარებმა გურამ შარაძემ და ფრაქცია „აღორძინების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ. სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მას არ ახსოვს, როდესმე დაესაჯოთ ვინმე იეჰოვას მოწმე ან ჰომოსექსუალისტი. მან თქვა: „შევარდნაძის რეჟიმის წარმომადგენლები იმ ადამიანის დაპატიმრებას ცდილობენ, რომელიც მართლმადიდებელთა ინტერესებს იცავს. აქ იმისთვის მოვედი, რომ მხარი დავუჭირო ბასილის და მისი მომხრე აქციის დარბევა არ დავუშვა“. გურამ შარაძემ აქციის მონაწილეებს ვაკე-საბურთალოს სასამართლოს შენობის დარბევისაკენ მოუწოდა. მან აღნიშნა: „მე არ მჯერა, რომ ლადო ჭანტურიასა და მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. ისინი „თავისუფლების ინსტიტუტის“ დაკვეთას ასრულებენ. ეს ხალხი კი საქართველოს და მართლმადიდებლობის მტრები არიან... გამოვყაროთ უზენაესი სასამართლოდან ლადო ჭანტურიას ტყუილად რეფორმირებული გუნდი და ვაიძულოთ მოსამართლეები, ქვეყნის ინტერესების დამცველი, კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღონ“.

დემონსტრანტები ზარების რეკვით, წყევლითა და მუშტების ქნევით ჯერ უზენაესი სასამართლოს შენობისაკენ დაიძრნენ და იქ მოაწყვეს აქცია. შემდეგ მათ კანცელარიასთან მისვლა დააპირეს, მაგრამ პოლიციამ ისინი რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სპეციალურად მოყვანილ ავტობუსებში ჩასვა და „გლდანის დევნილი ეპარქიის“ სამლოცველომდე მიაცილა.

ბასილი მკალავიშვილის ადვოკატებმა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატმა ხათუნა სულაქველიძემ მოსამართლე მ.ნოზაძეს მექრთამეობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა. საოლქო სასამართლომ საკასაციო საჩივარი 10 ივნისის სხდომაზე განიხილა, მაგრამ ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ბრალდების დადასტურების შემხთვევაში ბ.მკალავიშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლოციამ ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის დღესვე, 4 ივნისს, ოფიციალურად განაცხადა, რომ შეუდგა მსჯავრდებულის ძებნას. ამის მიუხედავად, ბ.მკალავიშვილის დაკავება განსახილველ პერიოდში (2003 წლის 1 ივლისამდე) ვერ მოხერხდა. პოლიციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მკალავიშვილი მართლმსაჯულებას ემალება და მას ვერ პოულობენ. ვრცელდება ხმები, რომ მან უკვე დატოვა საქართველო.

  • ბაპტისტების ეკლესიის დაწვა ყვარელში

2003 წლის 15 ივნისს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელში დაუდგენელმა პირებმა ბაპტისტების ეკლესია დაწვეს. ამ ეკლესიის წევრთა განცხადებაში ნათქვამია: „იმ დღესვე არ მოხდა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან რეაგირება, უბნის ინსპექტორი დათო სიმონიშვილი იმ დღეს დაიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩამოვიდა საქართველოს რწმენის თავისუფლების ცენტრის გენერალური მდივანი ლელა ქართველიშვილი. იგი შეხვდა სოფლისა და რაიონის გამგებლებს, პოლიციის უფროსს და პროკურორს, რის შემდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პრეზიდენტეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის განცხადებაში, რომელიც მან რადიო „თავისუფლების“ ეთერში გააკეთა, აღნიშნულია: „სულთმოფენობა დილას, 4 საათზე, ვიღაც მივიდა იქ „კოლხოზნიკის“ ტიპის მანქანით და 30-45 წუთში ადგილობრივი მოსახლეობა გააღვიძა კრამიტისა და შიფერის ლაწალუწმა, რომელსაც ცეცხლი ჰქონდა მოდებული. ეს იყო ნაგებობა, რომელიც ეკლესიად იყო გადაკეთებული; ქვითკირის, საკმაოდ კაპიტალური შენობა იყო.“ ლ.ქართველიშვილმა იმავე ეთერში რამდენიმე დეტალი დააზუსტა: „იმუქრებოდა ადგილობრივი მღვდელი მამა ბესარიონ ზურაბიშვილი. მას ცოტა ბნელი წარსული აქვს... შავ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი, მღვდელობიდანაც გააგდეს და მერე ვიღაც-ვიღაცეების ჩარევით აღადგინეს და ახლაც აქვს ამ შავ სამყარისთან რაღაც ურთიერთობა. ის იმუქრებოდა ღიად. ეს მთელმა სოფელმა იცის, მაგრამ გამოძიების გარეშე ხელს ვერავინ ვერ დაადებს, რადგან ეს მოხდა ღამით და დაფარულად.“

აღნიშნული გარემოებანი თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმაც დაადასტურა. იგი საგანგებოდ ჩავიდა ახალსოფელში, სადაც შეხვდა იქაური ბაპტისტური ეკლესიის მესვეურებს და მოკვლევა აწარმოა. ახალსოფლელი ბაპტისტების თქმით, მათი სოფლის მართლმადიდებელი მღვდელი ბესო ზურაბაშვილი ინა ერთი წლის განმავლობაში გამუდმებით ემუქრებოდა ბაპტისტებს - მაგ ეკლესიას მალე დაგიწვავთო. ამასთანავე: 14 ივნისს, ე.ი. ინცინდენტამდე ერთი დღით ადრე, ახალსოფლის მართლმადიდებლურ ეკლესიაში „ვარდისტაბლობის“ დღესასწაული გადაიხადეს. სოფლის ადგილობრივმა მღვდელმა ბესო ზურაბაშვილმა და ნეკრესის ეპარქიის მართლმადიდებელმა მმართველმა, მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი), მრევლს საჩუქრად სხვადასხვა ლიტერატურა დაურიგეს, მათ შორის - ბროშურა, რომელშიც წმ. თეოფანე დაყუდებულის ქადაგებაა წარმოდგენილი. ხსენებული მამა აშკარა აგრესიისაკენ მოუწოდებს ყველა „ჭეშმარიტ მართლმადიდებელს“ კათოლიკური, ანგლიკანური თუ ნებისმიერი პროტესტანტული სარწმუნოების მიმართ.

22 ივნისს ყვარლის რაიონში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელთა ჯგუფი ჩავიდა შემდეგი შემადგენლობით: უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, მისი მოადგილე რუსუდან ბერიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი მეუღლითურთ, გერმანიის ელჩი უვე შრამი და სხვა ოფიციალური პირები, აგრეთვე მართლმადიდებელი დეკანოზი ბასილ კობახიძე, რომელიც საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო ამჟამად უმუშერვად არის დარჩენილი. ისინი, მ.სონღულაშვილისა და ლ.ქართველიშვილის თანხლებით, შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურებსა და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებმაც მათთან საუბარში მწუხარება გამოხატეს მომხდარი დივერსიის გამო და პირობა დადეს, რომ ყველაფერს იღონებენ „დამნაშავე ელემენტების“ პოვნისა და დასჯის მიზნით. სტუმრები ახალსოფლის ბაპტისტთა ეკლესიასაც ეწვიენ, სადაც პრეზიდენტ-ეპისკოპოსმა საგანგებო ღვთისმსახურება აღასრულა. კ. ნარჩემაშვილი და თ.ჯაფარიძე მსახურებაზე არ გაჩერდნენ - ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და აქ დგომას რჯული გვიკრძალავსო. ისინი გარეთ გავიდნენ და ეზოში სოფლის აგრესიულად განწყობილ მართლმადიდებელ მოსახლეობასთან დიალოგი გამართეს.

ბაპტისტური ეკლესიიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ თანამშრომელს შემდეგი შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს: უმაღლესი ჩინის მუშაკთა ყვარელსა და ახალშენში სტუმრობიდან ერთი დღის შემდეგ, ე.ი. 23 ივნისს, იმ უბანში, სადაც მათი დამწვარი ეკლესია მდებარეობს, კვლავ მივიდა ნეკრესის ეპარქიიის მიტროპოლიტი, რომელმაც შეკრიბა ხალხი და ახალსოფლელი მართლმადიდებლები კვლავ აამხედრა სხვაგვარადმორწმუნე მეზობლების წინააღმდეგ. 24 ივნისს, თითქოს ამ წაქეზების უშუალო შედეგად, დაუდგენელმა პირებმა იმავე სოფლის ბაპტისტთა ეკლესიის ეზოს კარიბჭე ჩამოგლიჯეს და ღობე მილეწ-მოლეწეს.

გამოძიება დაწყებულია, მაგრამ შედეგი ჯერჯეობით არ ჩანს. ბაპტისტები ხელისუფლებას მათი უფლებების დაცვას და უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვენ.

  • აფეთქება იეჰოვას მოწმეების სამლოცველო სახლში

7 აპრილს, ღამის 2 სთ-ზე, ჭიათურაში, „იეჰოვას მოწმეების“ სამლოცველო დარბაზის ტერიტორიაზე, აფეთქება მოხდა. სამლოცველოში იმ დროს ორი დარაჯი იმყოფებოდა, მაგრამ დივერსანტის მოქმედება მათთვის შეუმჩნეველი დარჩა. აფეთქებას ძლიერი ხმა ჰქონდა, რამაც მეზობლები პანიკაში ჩააგდო, თუმცა შენობა არ დანგრეულა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკვლევა აწარმოვა დანივთმტკიცებანი ამოიღო. საქმეში ჩაერთო გენერალური პროკურატურა და სახალხო დამცველი, მაგრამ გამოძიების პროცესი ჯერჯერობით ადგილიდან არ დაძრულა.

ადგილობრივმა იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი სამლოცველოს შემოღობვა გადაწყვიტეს. ამის თაობაზე მათ სათანადო ორგანოებისაგან 5 მაისს ნებართვაც მოიპოვეს, მაგრამ საჯარო რეესტრი უარზეა, რომ მათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ამონაწერი მისცეს.

  • მასწავლებლები ჰარი პოტერის წინააღმდეგ

რადიო „თავისუფლების“ თბილისელმა კორესპონდენტმა, დავით პაიჭაძემ თავისუფლების ინსტიტუტს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქ.ქუთაისის ერთ-ერთ სკოლის მასწავლებელმა მოწაფეები, რომელთა რვეულებზეც ჰარი პოტერი იყო გამოსახული, აიძულა, ყდები დაეხიათ და ახალი, უპოტერო ყდები შემოეკრათ. ეს ამბავი აღწერილი იყო გაზეთ „საპოვნელაში“, სადაც ასევე დაბეჭდილი იყო წერილი, სადაც ჰარი პოტერი გამოცხადებული იყო ანტიქრისტეს მოსვლის მოსამზადებელი გეგმის ნაწილად.

  • რუსი 50-იანელების შევიწროება გრძელდება

თბილისელი რუსულენოვანი ორმოცდაათიანელები, რომელთა რიცხვი დღეს 200 კაცს არ აღემატება, 2002 წლის მარტიდან გლდანი-ნაძალადევის რაიონში, დავით გარეჯელის ქუჩაზე, კერძო ბინაში იკრიბებიან და ღვთისმსახურებას იქ აღასრულებენ. ესაა მათი პასტორის ნიკოლაი კალუცკის სახლი. მისი თქმით, ვითარება აქ მას შემდეგ გაუარესდა, რაც აღნიშნულ ქუჩაზე ახალგაზრდა მართლმადიდებელი მღვდელი დასახლდა. მან მეზობლებს რიტორიკული შეკითხვების დასმა დაუწყო: როგორ ითმენთ, რომ ჩვენი წმინდა მამის, დავით გარეჯელის სახელობის ქუჩაზე სექტანტები იკრიბებიანო?! სასულიერო პირის აგრესიულმა მოწოდებებმა შედეგად ის მოიტანა, რომ ექსტრემისტული იდეებით ატაცებული მართლმადიდებლების ჯგუფმა 2002 წლის 5-7 ივლისს ნ.კალუცკის სახლთან პიკეტი მოაწყო, დაარბიეს სამლოცველო ოთახი და მორწმუნეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ლანძღვა-მუქარას ალაგ-ალაგ ანტირუსული ხასიათიც ჰქონდა, რასაც ისმენდნენ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც იქვე იდგნენ და ზოგჯერ წამქეზებლის როლშიც გამოდიოდნენ. ინციდენტს თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლებიც ადევნებდნენ თვალს და ვითარების განეიტრალებას ცდილობდნენ (ვრცლად იხ. წინა წლის მომოხილვა, გვ. 105-106).

2003 წელს ვითარება არ შეცვლილა. მეტიც, აგრესიამ თბილისელი 50-იანელი რუსების წინააღმდეგ თითქმის პერმანენტული ხასიათი მიიღო. 15 და 22 ივნისს ისინი მორიგი დარბევის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. დ.პაიჭაძის რეპორტაჟში, რომელიც რადიო „თავისუფლების“ ეთერში 25 ივნისს გადაიცა, აღნიშნულია: „ამ რელიგიური ჯგუფის მრევლს ძირითადად შუა ხნისა და ხანდაზმული რუსულენოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ. გასულ კვირას ისინი, ჩვეულებრივ, შეკრებასა და ღვთისმსახურებას აპირებდნენ, თუმცა, როგორც ერთი კვირით ადრე, 15 ივნისს, მათ შეკრება არც ახლა დაანებეს. ორმოცდაათიანელთა ეპისკოპოსი, ნიკოლაი კალუცკი, მიამბობს: „ადამიანების ჯგუფმა მანქანებით ქუჩა გადაკეტა და ხალხს არ უშვებდნენ, ინტენსიურად ავიწროებდნენ. ახალგაზრდებს ხელი ჩასჭიდეს და იქიდან გაათრიეს. ამის შემდეგ მე მომაწვნენ და მაიძულებდნენ ადამიანები გამეშვა და თავადაც წავსულიყავი. მემუქრებოდნენ ასეთი სიტყვებით: სექტანტებო, მოშორდით აქედან, თქვენ რუსები ხართ, ამდენად, სტუმრები და ამიტომ უნდა წახვიდეთ, აქ არაფერი გესაქმებათ და ა.შ. როცა დავინახე, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა და მათ შეეძლოთ ფიზიკური ზემოქმედებისთვისაც მიემართათ, რაკი პოლიცია არ იყო, მე ხალხს ვუთხარი, წასულიყვნენ“.

თბილისელი რუსულენოვანი ორმოცდაათიანელების დევნა გრძელდება. ექსტრემისტები მათ სამლოცველო სახლს თითქმის ყოველ კვირადღეს ესხმიან თავს და მორწმუნეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. აქტიურობს ულტრაფუნდამენტური და ექსტრემისტული ლოზუნგების ქადაგებით გამორჩეული მღვდელი დავით ისაკაძე. ხელისუფლება და პოლიცია მშვიდადაა. საპატრიარქოც დუმილის პოლიტიკას ამჯობინებს.

  • იეჰოვას მოწმეთა კონგრესების ჩაშლა ორთაშენში, ასპინძასა და ბოლნისში

2003 წლის 4 მაისს გორის რაიონის სოფელ ორთაშენში იეჰოვას მოწმეებს ერთდღიანი კონგრესი ჰქონდათ დანიშნული. დილით, სანამ მონაწილეები სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან ჩამოსვლას მოასწრებდნენ, გორის რაიონის გამგეობაში პარლამენტარი გურამ შარაძე გამოჩნდა და ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოდ, რაიონის გამგებელს ზაზა კოშაძეს კონგრესის ჩაშლა მოსთხოვა, რაზეც უკანასკნელმა თანხმობა განუცხადა და თანადგომა აღუთქვა. ორთაშენისაკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა. სოფლის ცენტრში სოფლის მაცხოვრებელთა ნაწილი შეიკრიბა. იყო აგრესიული მოწოდებები და მუქარა, რომლის თანახმადაც არც გ.შარაძე და არც მართლმადიდებელი ორთაშენელები „იაღოველებს“ მსგავსი ღონისძიების ჩატარების უფლებას არასოდეს მისცემენ და მათ წინააღმდეგ „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ“. კონგრესი ჩაიშალა.

ანალოგიური ფორუმი იეჰოვას მოწმეებმა 31 მაისს ასპინძაში დანიშნეს, მაგრამ კონგრესზე მიმავალ 500-მდე დელეგატს, რომლებიც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ისხდნენ, ასპინძის შესასვლელთან რაიონის გამგებელმა და ადგილობრივმა პოლიციამ გზა გადაუკეტეს. მათ მძღოლებს მართვის მოწმობები ჩამოართვეს, დაბრუნება დაუგვიანეს და კიდეც დატუქსეს. დელეგატები ფეხით გაემართნენ დანიშნული ადგილისაკენ და კონგრესი გახსნილად გამოაცხადეს. რამდენიმე წუთის შემდეგ სცენაზე რაიონის გამგებელი აიჭრა და გასცა ბრძანება, რომ კონგრესი დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ, თორემ ცუდი ამბავი მოხდებოდა. მოწმეებს ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობა არც ამჯერად გაუწევიათ.

იეჰოვას მოწმეებმა 1 ივნისს კვლავ სცადეს კონგრესის სოფ. ორთაშენში ჩატარება. 11 საათისათვის 600-მდე თანამორწმუნე შეიკრიბა, მაგრამ ეზოში, სადაც კონგრესი გაიხსნა, მოულოდნელად რამდენიმე პოლიციელი შეიჭრა. ისინი ავიდნენ სცენაზე, მომხსენებელი ჩამოიყვანეს და უმკაცრესი ტონით სხდომის შეწყვეტა მოითხოვეს. ღონისძიება ისევ ჩაიშალა.

7 ივნისს მსგავსი ღონისძიება ბოლნისში, ვახტანგ გაბუნიას სახლში უნდა ჩატარებულიყო. საოლქო კონგრესი დანიშნულ დროს დაიწყო, მაგრამ სხდომაზე ადგილობრივი პოლიციის უფროსი ემზარ გეთიაშვილი გამოცხადდა და სახლის პატრონს თითი დაუქნია, - ასეთი რამ მეორედ აღარ გაბედოო. მეორე დღეს კვლავ იყო სხდომა დანიშნული, ვაგრამ ვ.გაბუნიამ სტუმრების მიღება ვეღარ გარისკა და კონგრესის დასრულება შეუძლებელი გახდა.

16 ივნისს ორთაშენში იეჰოვას მოწმეების გაფართოებული კრება ჩატარდა. კრებაზე პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ და იეჰოვას მოწმეებს აუწყეს, - მეზობლები თავდასხმას აპირებენ და სასწრაფოდ დაიშალეთო. კრება დროზე ადრე დამთავრდა. გამოცხადდა ოთხი ქალი, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს და უკან გაბრუნდნენ.

ასე რომ, ქართველი იეჰოვას მოწმეები თავიანთ ქვეყანაში კონგრესს ვერ ატარებენ.

  • სასამართლომ ქუთაისელი კათოლიკების სარჩელი არ დააკმაყოფილა

2003 წლის 30 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირის „სავარდის“ გამგეობის თავმჯდომარის, რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპალური ვიკარის გაბრიელე ბრაგანტინის სააპელაციო სარჩელი განიხილა. მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტი, მესამე პირს კი - საქართველოს საპატრიარქო და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი. სხდომას ტარიელ ზამბახიძე თავმჯდომარეობდა.

სარჩელში გამოხატულია ქუთაისელი კათოლიკეების პრეტანზიები იმ საეკლესიო ნაგებობის თიობაზე, რომელიც ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ადგილობრივი მოსახლეობა მას დღემდე „კათოლიკური ეკლესიის“ სახელით იცნობს. ეს ეკლესია 1939 წელს კომუნისტურმა მთავრობამ მორწმუნეებს ჩამოართვა და მას სხვადასხვა დანიშნულებისამებრ იყენებდნენ. 1989 წლის ზაფხულში „ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიას“ მართლმადიდებელი მრევლი დაეპატრონა. ამის შემდეგ ადგილობრივი კათოლიკეები თავს ძალადობის მსხვერპლად და დაჩაგრულებად თვლიან, ისინი ხელისუფლების მაღალი ეშელონებისა და მართლმადიდებელი საპატრიარქოსაგან დღემდე ამაოდ ითხოვენ მათი თანამორწმუნე წინაპრების მიერ აშენებული ტაძრის დაბრუნებას. მათ საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური თხოვნით მიმართეს, რათა გამოეცა ადმონისტრაციული აქტი, რომ ისტორიული სამართლიანიბა აღმდგარიყო და შესაძლებელი გამხდარიყო სადავო ტაძრის იმ მიზნისა და დანიშნულებისამებრ გამოყენება, რა მიზნისა და დანიშნულებისთვისაც იგი აიგო. ქუთაისელი კათოლიკეების მოთხოვნები როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც უგულვებელყვეს. ამის გამო დაზარალებული მხარის, ქუთაისის კათოლიკური მრევლის, წინამძღვარმა და ეპისკოპალურმა ვიკარმა თბილისის საოლქო სასამართლოს ქუთაისში განხილული საქმის განხილვა სთხოვა (ვრცლად იხ. ჩვენი წინა ნომრები).

პროცესზე მოსარჩლე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, ბევრ სხვა იურიდიულ აქტთან ერთად, წარმოადგენს „საკონსტიტუციო შეთანხმება“, რომლის ძალითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიზე არსებული ყველა მართლმადიდებლური ტაძარი. იმის გამო, რომ ქვეყნის კონსტიტუცია სინდისის თავისუფლებისა და აღმსარებლობათა თანასწორობის პრინციპს აღიარებს, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებსაც უნდა დაუბრუნდეთ მათი ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი ისტორიული ნაგებობები.

მოპასუხის, საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო. მისი მტკიცებით სადავო ტაძარზე მართლმადიდებელთა უფლებები ჯერ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 აპრილის №183-მა დადგენილებამ განამტკიცა, შემდეგ კი იმავე „საკონსტიტუციო შეთანხმებამ“.

საპატრიარქოც სარჩელზე უარის თქმის კატეგორიული მოთხოვნით გამოვიდა. სასამართლომ მოპასუხე მხარისა და მესამე პირის (საპატრიარქოს) კონტრარგუმენტები ირწმუნა. საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ: „ კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი მოსაზრებების გამო.

პირველი, ქ. ქუთაისში ფელიქს ვარლამიშვილის (ყოფილი ერნსტ ტელმანის) ქუჩაზე №27-ში მდებარე ეკლესიის განკარგვის საკითხი უკანასკნელ წლებში განიხილა ქ. ქუთაისის ყოფილი ლენინის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა (07.06.1989 წ. №13/77-450 გადაწყვეტილება), სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ (30.08.1989 წ. ოქმი №9), რომლებითაც მითითებული ეკლესიის მოსარგებლედ განსაზღვრულ იქნა მართლმადიდებელ მორწმუნეთა რეგისტრირებული საზოგადოება.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 12.04.1990 წ. ¹183 დადგენილებით გაუქმებულად გამოცხადდა ამ დადგენილების მიღებამდე რეგისტრირებული ყველა რელიგიური საზოგადოება, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული ყველა საკულტო ნაგებობა გამოცხადდა მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად და სახალხო დეპუტატთა საქალაქო და რაიონული საბჭოს აღმასკომის დავალებით საკულტო ნაგებობების ქართული მართლმადიდებელ ეკლესიის საპატრიარქოსათვის გადაცემა (დაწვრილებით იხ. ს.ფ. 21,22).

ამჟამად სადავო ტაძარს ეწოდება ღვთისმშობლის ხარების ეკლესია და ეს არის მოქმედი ეკლესია.

მეორე, საქმეში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული არ არის XIX საუკუნის „ქუთაისის რომის კათოლიკური ძმობის საზოგადოების“ საარქივო ფონდი. მითითებული საზოგადოების ლიკვიდაცია განხორციელდა 29.06.1939 წ. (ს.ფ. 190).

კავშირი „სავარდი“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა 2000 წელს. კავშირი „სავარდი“ არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არ წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციას. საქართველოში ამჟამად არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის თაობაზე, შესაბამისად კავშირ „სავარდი“-ს არა აქვს მინიჭებული რელიგიური ორგანიზაციის სპეციფიკური სტატუსი.

სადავო შენობა XX საუკუნის 20-იან-30-იან წლებში ქუთაისის მაზრის აღმასკომს სარგებლობის უფლებით სახელშეკრულებო საფუძველზე გადაცემული ჰქონდა 1924 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის რელიგიურ საზოგადოებას. კავშირ „სავარდი“-ს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ სწორედ კავშირი „სავარდი“ წარმოადგენს რეგისტრირებულ ქუთაისის რომის კათოლიკური ეკლესიის რელიგიური საზოგადოების სამართალმემკვიდრეს (ს.ფ. 101).

სასამართლო კოლეგია ამ მიზეზით ვერ გაიზიარებს სამოციქულო ადმინისტრატორის მონსინიორ ჯუზეპე პაზოტის 02.04.2002წ. წერილში, რომლის ადრესატია კავშირი „სავარდი“, მითითებულ ინფორმაციას, რომ „სავარდი“ რომის წმინდა საყდრის მიერ აღიარებულია აღნიშნულ რეგიონში წარსულში მოქმედი კათოლიკური რელიგიური საზოგადოებების ერთადერთ კანონიერ მემკვიდრე ორგანიზაციად (ს.ფ. 217). მითითებულ ინფორმაციას არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი.

10.14.2002 წლამდე სადავო შენობას უკვე ფლობდა და სარგებლობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მითითებულ შენობაში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური ღვთისმშობლის ხარების ეკლესია.

სასამართლო კოლეგია ამახვილებს მხარეთა ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ 10.14.2002 წ. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

მესამე, კავშირი „სავარდი“ სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს მოპასუხემ საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს სამართლებრივი აქტი, რომლითაც სადავო ნაგებობა გადაეცემა სარგებლობის უფლებით კავშირ „სავარდი“-ს, ამასთან სასამართლო დაუდგენს ვადას საქართველოს პრეზიდენტს აქტის გამოცემის შესახებ.

საქმეში არსებული დოკუმენტების კრიტიკული შეფასების საფუძველზე, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო კოლეგია მოვიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი არ არის კანონსაწინააღმდეგო. მოპასუხის მიერ არ ყოფილა დარღვეული ის მოთხოვნები, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმა. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ კავშირ „სავარდი“-ს მოთხოვნის შეუსრულებლობით მოპასუხემ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლების ნორმები. ამ მიზეზით მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მეოთხე, ვინაიდან იურიდიული პირი კავშირი „სავარდი“ არ სარგებლობს შეღავათით სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი. ამასთან, სასამართლო კოლეგია ითვალისწინებს, რომ კავშირი „სავარდი“ არის არაკომერციული იურიდიული პირი, სასამართლო კოლეგია განსაზღვრავს, რომ მოსარჩელეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით გადაწყვიტა:

  1. მოსარჩელეს დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირს „სავარდი“-ს ეთქვას უარი მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხის საქართველოს პრეზიდენტის, მესამე პირების: საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიმართ.

  1. მოსარჩელეს ეთქვას უარი მის მოთხოვნაზე, საქართველოს პრეზიდენტს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მოსარჩელეს სარგებლობის უფლებით გადაეცემა კათოლიკური ეკლესიის შენობა მდებარე ქ. ქუთაისში, ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩაზე №27-ში, ამასთან სასამართლომ დაუწესოს საქართველოს პრეზიდენტს აქტის გამოცემის ვადა.

  1. მოსარჩელეს დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირს „სავარდი“-ს გადახდეს 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟი. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე: საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 2201011107, ანგ. №000141107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, სახაზინო ქვეანგარიში 0061, საერთო სასამართლოები.

  1. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების №32), თბილისის საოლქო სასამართლოში საკასაციო საჩივრის შეტანით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) ერთი თვის ვადაში დასაბუთებილი გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

თავმჯდომარე: ტ. ზამბახიძე
მოსამართლეები: დ. თორდაძე, ქ. დუგლაძე

4 სოციალური უფლებები

▲ზევით დაბრუნება


  • ახალციხეში ჰეპატიტის საქმე გრძელდება

ჰეპატიტის ეპიდემიამ ახალციხეში წყალკანალის გაუმართაობის მიზეზით 2001 წლის სექტემბერში იფეთქა და თითქმის ნახევარი წლის მანძილზე მძვინვარებდა. დაზარალებულებმა 2002 წლის 28 თებერვალს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და სახელმწიფოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს, მაგრამ გამოძიების პროცესი უსაშველოდ გაიწელა და საქმე სასამართლომდე გვიან მივიდა (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებების მიმოხილვა, 2002, გვ.151-152).

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ „ა“ ჰეპატიტთან დაკავშირებული საქმე ამა წლის 13 ივნისს განიხილა (მოსამართლე ცირა მაისურაძე) და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 375 მოსარჩელის პრეტენზიები ნაწილობრივ დაკმაყოგილდა. სასამართლომ თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ქალაქ ახალციხის გამგეობას და ახალციხის რაიონის გამგეობას დააკისრა არაქონებრივი ზარალის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება. ქონებრივი ზარალი ინდივიდუალურად განისაზღვრა თითოეული მოსარჩელისათვის, რომლის მაქსიმუმი 100 ლარს არ აღემატება. სულ საერთო ჯამში მოპასუხეებს 40 ათას ლარამდე აქვთ გადასახდელი.

ახალციხის რაიონული გამგეობა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სააპელაციო წესით მის გასაჩივრებას აპირებს. იგი საკომპენსაციო თანხის განახევრებას მოითხოვს. მოსალოდნელია, რომ გამგეობა სააპელაციო საჩივარს ზემდგომ ინსტანციაში შეიტანს. ეს კი ისედაც დაზარალებულ მოქალაქეებს კიდევ უფრო დააზარალებს, რადგან შემდგომი პროცესი კვლავ გაიჭიმება და მატერიალურ ზარალს ახლა ფსიქოლოგიური (გახანგრძლივებული და დაუსრულებელი მოლოდინით გამოწვეული) ზარალიც დაემატება.

  • თელაველ პენსიონერებს კუთვნილი პენსიის ნაწილს უკავებენ

თელაველ პენსიონერებს სახალხო ბანკის ადგილობრივი ფილიალი მათი კუთვნილი პენსიებიდან ერთ ლარს უკავებს. პესნიონერებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით დახმარებისთვის მიმართეს თავისუფლების ინსტიტუტის თელავის რეგიონალურ ოფისს. ინსტიტუტის მოთხოვნის პასუხად სახალხო ბანკის თელავის ფილიალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სეფერთელიძემ განაცხადა, რომ ამ ფაქტზე პასუხი ბანკის სათავო ოფისს უნდა მოეთხოვოს, რომლის განკარგულებითაც ხდება პენსიის დაკავება.

  • უკანონო გადასახადი

საქართველოს ელექტროკავშირის თელავის ფილიალი თავის აბონენტებს ახალი ქვესადგურის დამონტაჟებისთვის 50 ლარის გადახდას ავალდებულებს. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის თელავის ორგანიზაციის წარმომადგენლები 27 მაისს ელექტროკავშირის თელავის ფილიალის ხელმძღვანელს ბ.ჭიკაძეს შეხვდნენ. მან ფაქტობრივად პასუხი ვერ გასცა კითხვას, თუ რატომ ითხოვდა ელექტროკავშირი ამ თანხას, მაშინ როდესაც ქსელის განახლება მოხდა გრანტის საფუძველზე.

5 დანართი №1 (კენჭისყრის შედეგები)

▲ზევით დაბრუნება


პარამენტის წევრების სია, რომლებმაც 2003 წლის 6 ივნისს მხარი დაუჭირეს სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამების მუხლის გამკაცრებისა და კოდექსისთვის შეურაცხყოფის მუხლის დამატების პროექტს:

მოქალაქეთა კავშირი

  1. არველაძე რევაზი

  2. გადელია დემური

  3. გიორგაძე თამაზი

  4. თავაძე რობერტი

  5. თავბერიძე ილია

  6. მახარაძე მალხაზი

  7. სიმონიძე მაია

  8. ქარუმიძე ზურაბი

  9. შუღაროვი გივი

  10. ხაზარაძე ვიტალი

  11. ყიფიანი რევაზი

  12. ბერაია პეტრე

ალიანსი ახალი საქართველოსთვის

  1. გოგავა ირაკლი

  2. ავქოფაშვილი გურამი

  3. ბაიბურთი ვან

  4. ბაქიროვი რამაზი

  5. გვარამაძე გოჩა

  6. სულეიმანოვი აზერი

  7. ყურბანოვი იზუმრუდი

  8. ჯაფარიძე ლეონიდე

  9. მამედოვი მამედი

  10. .ლორთქიფანიძე როზა

  11. მუკბანიანი ზვიადი

  12. ჰუსეინოვი იდიდატი

  13. ბერიძე თეიმურაზი

  14. ხჩოიანი იური

  15. მახმუდოვი მიქაელი

  16. ნასარია ზურაბ

  17. კალანდაძე თენგიზი

თანადგომა

  1. ამაღლობელი ნოდარი

  2. ახვლედიანი არმაზი

  3. აბაშიძე დალი

  4. ბიჭიაშვილი ნანული

  5. გამყრელიძე თამაზი

  6. გონაშვილი ბეჟანი

  7. მეძმარიაშვილი ელგუჯა

  8. შაიშმელაშვილი გიორგი

  9. შამილაძე ვახტანგი

  10. ჩარკვიანი ჯანსუღი

  11. ხარატიშვილი იოსებ

  12. ჯგუშია თენგიზი

  13. ბეციაშვილი გიორგი

  14. გიგინეიშვილი მანანა

საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები

  1. გოგელია არჩილი

  2. ვახტანგიშვილი გურამი

  3. ინდუაშვილი ალბერტი

  4. ყანჩაველი ვახტანგი

  5. სამადაშვილი მერაბი

  6. მუშკუდიანი კარლო

  7. ჯაფარიძე თეიმურაზი

  8. მგალობლიშვილი როლანდი

აღორძინების კავშირი

  1. ბოლოთაშვილი გივი

  2. გელბახიანი ვალერი

  3. მეგრელიშვილი თეიმურაზი

  4. გულიაშვილი გიორგი

  5. ბალაძე ემზარი

ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატები

  1. ლორთქიფანიძე ვაჟა

  2. გიორხელიძე დემური

  3. დოლიძე როსტომი

  4. ეზუგბაია ჯანსუღი

  5. თედიაშვილი ლევანი

  6. მეჭიაური თამაზი

  7. საჯაია ჯემალი

  8. ჩიტიშვილი ავთანდილი

  9. ჯიქია ალექსანდრე

  10. ბარამიძე მალხაზი

  11. მარშანია ადა

  12. წოწონავა ანზორი

  13. ფაცაცია გერმანე

  14. ფენდერავა არნოლდი

მრეწველები

  1. გვენცაძე რომანი

  2. მანაგაძე ლავრენტი

  3. შარაძე გურამი

აფხაზეთი

  1. გვაზავა ელგუჯა(გია)

  2. გვაძაბია დავითი

  3. კალანდია გენო

  4. ლომინაძე გივი

  5. ქარსელაძე ვლადიემერი

  6. ყოლბაია ვახტანგი

  7. ჭითანავა ოთარი

  8. ჯაიანი დიმიტრი

  9. გასვიანი აკაკი

  10. ნადარეიშვილი თამაზი

ერთიანი საქართველო

  1. ასათიანი არჩილი

  2. გვარამია ვახტანგი

  3. აბაშიძე ვახტანგი

  4. ბაქრაძე რომანი

  5. გოგიტიძე ანზორი

  6. პატიაშვილი ჯუმბერი

  7. ღორჯომელიძე ოთარი

  8. ღუდუშაური ირაკლი

  9. ჯაფარიძე როსტომი

  10. მგელაძე არსენ

სოციალისტი

  1. კვიციანი ვახტანგი

  2. ნავაძე ნუგზარი

  3. ქაჩლიშვილი ივანე

  4. ჩიხრაძე იური

დამოუკიდებელი დეპუტატები

  1. ლეკიშვილი ნიკო

  2. ჟღენტი დავითი

  3. კოხრეიძე გიორგი

  4. ამირხანაშვილი კობა